ძიება
  • რეგისტრაცია
  • შესვლა

Qwelly

ძიების შედეგები - ძებნა

თემა: ფსიქოკონსულტირება (მეორე ნაწილი)
(კლიენტს), გამოიყენოს საკუთარი შინაგანი რესურსები პოზიტიური მიმართულებით, საკუთარი პიროვნების განვითარებისა და საზრისიანი ცხოვრების და პოზიტიური პოტენციალის რეალიზებისათვის. კონსულტაციური კონტაქტი არის გრძნობებისა და განწყობების ერთობლიობა, რომელსაც განიცდიან და გამოხატავენ, ერთმანეთის მიმართ, კონსულტაციური კონტაქტის მონაწილენი. თეორიები კონსულტაციური კონტაქტის შესახებ ფსიქოანალიტიკური - რომლის თანახმად, კონსულტანტი ინარჩუნებს პირად ანონიმურობას, იმ მიზნით, რომ კლიენტმა თავისუფლად მოახდინოს კონსულტანტზე საკუთარი გრძნობების პროეცირება. ანალიზის დროს ძირითადი ყურადღება ეთმობა, კლიენტის გადატანის რეაქციას, წარმოქმნილი წინააღმდეგობების შემცირებას და ამ გზით უფრო რაციონალური კონტაქტის დამყარებას. კონსულტანტი, კლიენტის მიერ მოწოდებული მასალის (თავისუფალი ასოციაციები, სიზმრები, წაცდენები) ინტერპრეტირებას ახდენს. ამით კონსულტანტი ცდილობს ასწავლოს კლიენტს მისი აწმყო ქცევის წარსულ მოვლენებთან დაკავშირება და მას აწმყოში მისი ქცევის წარსული მოვლენებით ახსნაში ეხმარება. ადლერიანული მიმართულება - აქცენტი კეთდება პასუხისმგებლობის სწორ განაწილებაზე, კონსულტანტსა და კლიენტს შორის ორმხრივ ნდობასა და პატივისცემაზე, თანაბარი პოზიციებისა და კონსულტირების საერთო მიზნების დამყარებაზე. ბიჰევიორისტული თერაპია - კონსულტანტი არის აქტიური და დირექტიული მხარე. ის მასწავლებლის, მწვრთნელის როლს ასრულებს თერაპიულ პროცესში, რომლის მიზანს კლიენტის მიერ უფრო ეფექტური ქცევის დასწავლა წარმოადგენს. კლიენტი აქტიურად უნდა ახდენდეს ქცევის ახალი წესების აპრობირებას. პირადი ურთიერთობების ნაცვლად, აქ ყალიბდება სამუშაო ურთიერთობები დასწავლის პროცედურების ჩასატარებლად. რაციონალურ-ემოციური თერაპია (ა. ელისი) - კონსულტანტი ასრულებს მასწავლებლის როლს, კლიენტი - მოსწავლის. პიროვნულ ურთიერთობებს (მასწავლებელსა და მოსწავლეს შორის) არ ექცევა ყურადღება. ამ დროს ხდება კლიენტის სტიმულირება, რათა იგი საკუთარ პრობლემებს ჩაწვდეს და საკუთარი პრობლემების გაგების საფუძველზე, რაციონალურ შეხედულებებზე დაყრდნობით, საკუთარი ქცევები შეცვალოს. კლიენტზე ორიენტირებული თერაპია (კ. როჯერსი) - კონსულტაციური კონტაქტი კონსულტაციის არსებით პროცესს წარმოადგენს. განსაკუთრებით ხაზი ესმევა კონსულტანტის მხრიდან სითბოს, სიალალეს, პატივისცემას, ემპათიასა და მხარდაჭერას და ამ განწყობების გადაცემას კლიენტისთვის. კონსულტირების დროს კლიენტის მიერ ათვისებული უნარ-ჩვევები ვრცელდება სხვებთან ურთიერთობებზე. ეგზისტენციალური თერაპია - კონსულტირების ძირითად ამოცანას წარმოადგენს. კლიენტის ეგზისტენციაში შესვლა(იცხოვრო მისი ცხოვრებით), რაც ეხმარება აუტენტური (ჭეშმარიტი) ურთიერთობების დამყარებას.       კონსულტანტთან კონსულტირებისას კლიენტი საკუთარ უნიკალურობას აღმოაჩენს ხოლო მათ შორის ურთიერთობა განიხილება როგორც ორ, თანაბარი ფასეულობისა და ღირებულების მქონე, ადამიანურ არსებას შორის ღრმა კომუნიკაციური, აქ და ამჟამად, შეხვედრა და კავშირი. ამგვარი ურთიერთობის დროს იცვლება როგორც კლიენტი, ასევე კონსულტანტი. კონსულტაციური თერაპიული გარემოს - ატმოსფეროს შექმნა:       კონსულტაციური ხარისხი დამოკიდებულია 2 ძირითად და მნიშვნელოვან ფაქტორზე: თერაპიული კლიმატი. კონსულტანტის ვერბალური და არავერბალური ურთიერთობის დამყარების უნარი       თერაპიული ატმოსფერო, თავისმხრივ, მოიცავს რამდენიმე, ფიზიკურ და ემოციურად მნიშვნელოვან კომპონენტს. თერაპიული ატმოსფეროს ფიზიკური კომპონენტები       ფიზიკურ კომპონენტებში იგულისხმება, კონსულტანტის ადგილის, ანუ კაბინეტის მოწყობილობა. აგრეთვე, კონსულტანტისა და კლიენტის სივრცეში განლაგება (დისტანცია), დროის სტრუქტუირება ანუ თუ როგორ ხდება დროის გამოყენება და განაწილება.       ა) საკონსულტაციო გარემო - კაბინეტი       კონფიდენციალური ატმოსფეროს შექმნისა და შენარჩუნების მიზნით კაბინეტში უნდა იყოს მყუდრო გარემო, იგი ხმაურისაგან უნდა იყოს დაცული; ოთახი არ უნდა იყოს ძალიან დიდი; იგი უნდა იყოს მშვიდ ფერებში შეღებილი და კომფორტული; კლიენტს განათება სინათლის სხივი პირდაპირ არ უნდა ხვდებოდეს სახეში; რელაქსაციის მიზნით სასურველია დასაწოლი დივანი და სხვა აუცილებელი აქსესუარები; კლიენტის მიღება ერთსა და იმავე კაბინეტში უნდა მოხდეს.       ბ) სივრცის და დროისა სტრუქტურირება საკონსულტაციო სივრცის კონსტრუირება       კლიენტისა და კონსულტანტის ურთიერთობაში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი, სივრცის კონსტუქტირებაა, რომელსაც ადგილი აქვს პირველივე ვიზიტისას, რადგან ეს, კლიენტის ფსიქოლოგიურ გუნება-განწყობილებაზე ახდენს მნიშვნელოვან გავლენას.       შეხვედრა იწყება გაცნობით. ამ დროს უნდა დავიცვათ გარკვეული ეტიკეტი: უნდა ფეხზე წამოვდგეთ და შუა გზაში შევეგებოთ მას; მოვიპატიჟოთ იგი,თავი გავაცნოთ და ვსთხოვოთ წარმოგვიდგეს; მივსცეთ მას იმის საშუალება რომ თვითონვე აირჩიოს დასაჯდომი ადგილი. იმისათვის, რომ კლიენტმა თავი შეუბოჭავად და თავისუფლად იგრძნოს, კონსულტანტმა უნდა შეასრულოს სტუმართმოყვარე მასპინძლის როლი და მოიქცეს ბუნებრივად, ყოველგვარი დაძაბულობის გარეშე.       მეორე მნიშვნელოვანი საკითხი დაკავშირებულია, კონსულტაციური სივრცის სტრუქტურირებასთან, ანუ კონსულტანტისა და კლიენტის ერთმანეთისადმი სივრცეში განთავსება განლაგებასთან. თუ ისინი მაგიდის საპირისპირო მხარეს სხედან, მაშინ, ადგილი აქვს სოციალურ დისტანციას. აქ მაგიდა ურთიერთობის ბარიერის როლს ასრულებს. ამიტომ, უმჯობესია, ისინი, მაგიდის ერთ მხარეს ისხდნენ.       სოციალურ ფსიქოლოგიაში, ადამიანებს შორის დისტანცია, გამოხატავს პირადი სივრცის ფენომენს. იგი იცვლება და დამოკიდებულია ემოციურ დამოკიდებულებაზე საუბრის თემასა და კულტურულ განსხვავებულებებზე. ეს დისტანცია პირდაპირ პროპორციულია ემოციური დამოკიდებულებისა ანუ ერთმანეთისადმი სამპათიის მქონე ადამიანები სივრცეშიც ერთმანეთთან ახლო განლაგდებიან და პირიქით. იმის მიხედვით, თუ რანაირი დამოკიდებულება გვაქვს ადამიანთან ეს სივრცეშიც აისახება. როლო მეი მას სიყვარულის გეომეტრიას უწოდებს. ამ საკითხებს პროქსემიკა შეისწავლის. შეხება ძალიან ახლო, ინტიმურ კავშირს გამოხატავს.       კონსულტაციის პროცესში არაეროტიული შეხებას დიდი მნიშვნელობა აქვს. იგი წარმოადგენს ურთიერთობის ყველაზე კარგ და ფასეულ კომპონენტს განსაკუთრებით       იმათთვის, ვინც სოციალურად და ემოციურად ჩამოუყალიბებელია,ახლობლების დაკარგვის შედეგად ფსიქიკური ტრავმით გამოწვეულ კრიზისულ მდგომარეობაში იმყოფება და და როდესაც ემოციური მხარდაჭერის დემონსტრირება გვსურს. დროის სტრუქტურირება       თერაპიული კლიმატი, გულისხმობს, დროის სტრუქტურირებას. კლიენტთან პირველი შეხვედრისას დახარჯული დრო, არ უნდა აღემატებოდეს მომდევნო შეხვედრების დროს (დაახლოებით, 50 წთ-დან 1 სთ-მდე, თუ ნაკლებია, მაშინ კლიენტი წინასწარ განიცდის და ნერვიულობს, რომ დრო არ ეყოფა). საუბრის ხანგრძლივობა შეიძლება იცვლებოდეს ასაკის მიხედვით. ზოგი თვლის, რომ 4-7 წლის ბავშვთან საუბარი არ შეიძლება 20წთ-ზე მეტად, ხოლო 8-12 წლის ბავშვთან 1 სთ-მდე. სეანსის ხანგრძლივობა განისაზღვრება დასაწყისში. კლიენტმა უნდა იცოდეს, რამდენი ხანი აქვს პრობლემის განსახილველად. თუ კონსულტანტი არ განსაზღვრავს წინასწარ დროის ხანგრძლივობას, პაციენტი ნერვიულობს იმის შესახებ, რომ სეანსი შეიძლება დამთავრდეს ყოველ წუთს. დროის განსაზღვრა შეიძლება მოხდეს სხვადასხვა ხერხით,… შეიძლება მიმართო: "ჩვენ გვაქვს 60 წთ. და მზად ვარ მოგისმინოთ. თქვენ იქიდან უნდა დაიწყოთ, თუ რას ელოდებით ჩემგან, როგორ გინდათ, რომ გამოიყენოთ დღევანდელი ჩვენი შეხვედრა, ჩვენ გვაქვს 1სთ.       იმისთვის, რომ ჩვენ უფრო კარგად მოვახდინოთ დროის გამოყენება, 40წთ-ის შემდეგ უნდა შევახსენოთ თუ რამდენი დრო დაგრჩათ, რადგან პრობლემების მქონე პაციენტი ცუდად ერკვევა დროის ხანგრძლივობაში. ამიტომ დროის ხანგრძლივობის განსაზღვრა მას აფხიზლებს. აგრეთვე უნდა გაირკვეს კონსულტაციის ხანგრძლივობა. სჯობს, რომ 3-4 შეხვედრაზე წინასწარ კონტრაქტი დაიდოს და 3-4 შეხვედრის შემდეგ გაირკვევა ღირს თუ არა კონსულტაციის გაგრძელება. კონსულტაციის დასაწყისში აუცილებელია განისაზღვროს შეხვედრების სიხშირე. ითვლება, რომ ყველაზე პროდუქტიულია 1-2 შეხვედრა კვირაში. თერაპიული ატმოსფეროს ემოციური კომპონენტები       თერაპიული ატმოსფეროს - საკუთრივ, ემოციურ კომპონენტებს განეკუთვნება ორმხრივი ნდობის ატმოსფეროს ჩამოყალიბება. კონსულტანტის სიალალე და მისი ემპათიის უნარი, პაციენტისადმი უპირობო პატივისცემა და ორმხრივ ნდობაზე აგებული თერაპიული ალიანსის ჩამოყალიბება აუცილებელია თვითექსპლორაციის ხელსაყრელი გარემოს შექმნისათვის.       თუ პაციენტი თავიდანვე ნდობით არ განიმსჭვალა კონსულტანტის მიმართ, მაშინ კონსულტაცია არაეფექტური და უაზრო იქნება. ორმხრივი ნდობის ჩამოყალიბება ნიშნავს თერაპიული კლიმატის ჩამოყალიბებას, რომელიც დამოკიდებულია კონსულტანტის პიროვნულ თვისებებზე და მის დამოკიდებულებაზე კონსულტაციისადმი. ადამიანმა, რომელმაც კონსულტანტს ან ფსიქოთერაპევტს დახმარებისათვის მიმართა ადვილად მოწყვლადია და შფოთვისა და შიშის გავლენის ქვეშ იმყოფება. როდესაც პაციენტი ენდობა კონსულტანტს და მასთან თავს უსაფრთხოდ გრძნობს, მაშინ ის ადვილად და გაბედულად უზიარებს მას თავის განცდებს, აზრებსა და შიშებს, რასაც სხვებთან ადვილად ვერ ახერხებს.       თერაპიული ატმოსფეროს ჩამოყალიბებას განაპირობებს: კონსულტანტის მხრიდან პაციენტისადმი ნამდვილი ინტერესის და მისი დახმარების სურვილის არსებობა. პაციენტები ძალიან კარგად გრძნობენ იმას, თუ როგორ ეპყრობა მათ კონსულტანტი, აინტერესებს თუ არა მას მათი პრობლემები თუ ისინი მისთვის უბრალოდ კვლევის ობიექტებს წარმოადგენენ. არავის სიამოვნებს "დაკვირვების საგანად" ყოფნა. კონსულტაციის დროს კონსულტანტის მხრიდან ყურადღება ყურადღებიანობა. კონსულტანტის მთელი ყურადღება მიმართული უნდა იყოს პაციენტზე და არა სხვა საქმეებზე (ტელეფონზე საუბარი, კოლეგის შემოსვლა...). პაციენტისათვის თვითგამოხატვის ოპტიმალურად კარგი პირობების შექმნა. პაციენტის თვითგამოხატვისათვის მაქსიმალური პირობების შექმნა. პაციენტს უნდა მივცეთ თვითგამოხატვის მაქსიმალური შესაძლებლობა, რადგანაც პაციენტი საკუთარი გადაუწყვეტელი, მისთვის მძიმედ ასატანი პრობლემებით მოდის და მათი განხილვის სურვილი ამოძრავებს; კონსულტანტი "დეტექტივის" როლში არ უნდა მოგვევლინოს. მან უნდა შეაგროვოს მხოლოდ ის ინფორმაცია, რომელიც პაციენტის პრობლემას ეხება და რომელიც საჭიროა პრობლემის სრულფასოვანი გაგებისათვის; კონფიდენციალურობა. პაციენტი დარწმუნებული უნდა იყოს იმაში რომ მის მიერ მონაყალი საიდუმლოდ რჩება. პროფესიული საიდუმლოს შენახვა აუცილებელია. ინფორმაციის გავრცელების საჭიროების შემთხვევაში აუცილებელია პაციენტისაგან ნებართვის აღება. კონსულტანტის აუტენტურობა. მან უნდა გამოავლინოს თანაგრძნობა, სიალალე და მეგობრული დამოკიდებულება რათა პაციენტმა თავი უშუალოდ და თავისუფლად იგრძნოს თავი უშუალო ატმოსფეროში თავისუფლად იგრძნოს... განკითხვას მოკლებული მიდგომა. პაციენტის პრობლემებს უნდა მივუდგეთ განკითხვის გარეშე, კონსულტანტმა კი არ უნდა გაამტყუნოს პაციენტი, არამედ მოუსმინოს და გაუგოს მას.       კარლ როჯერსმა თუ მაშინ "პრინციპის გამოყენებით ეს პროცესი შეაფასა" შემდეგნაირად:       თუ მე ალალად და თბილად ვეპყრობი ადამიანს და ვცდილობ მივუდგე მას ინდივიდუალურად და დავაფასო მისი ძალისხმევა, მაშინ: პაციენტი თვითმყოფადობის იმ ასპექტების რეალიზაციას მოახდენს, რომელსაც ადრე დევნიდა და გაურბოდა; იგი უფრო ინტეგრირებული გახდება და სრულფასოვანი ცხოვრებით იცხოვრებს. ის უფრო მიუხლოვდება საკუთარი თავის იდეალს ანუ უფრო დაემსგავსება იმას, როგორიც უნდა რომ გახდეს. ის გახდება საკუთარ თავში უფრო დაჯერებული და თვითგამოხატვისათვის მეტი საშუალება ექნება; ის უფრო უნიკალური და თვითაქტუალიზირებული გახდება; უფრო კარგად გაუგებს სხვებს და უფრო მდგრადი იქნება ცხოვრებისეული სირთულეებისადმი.       როჯერსმა აგრეთვე (Rogers C. 1961) განსაზღვრა ის კითხვები, რომელიც კონსულტანტმა უნდა დაუსვას საკუთარ თავს. შემიძლია თუ არა ვიქცე ისეთ ადამიანად, რომ სხვა ადამიანებმა სანდოდ ჩამთვალონ; შემიძლია თუ არა მკაფიოდ გამოვხატო ჩემი აზრები, რათა ორაზროვანი არ ვიყო; შემიძლია თუ არა ვიყო თბილი, მზრუნველი, დაინტერესებული და პატივისცემის მქონე; შემიძლია თუ არა ვიქცე იმდენად ძლიერ პიროვნებად, რომ სხვებისაგან განსხვავებული ვიყო. შემიძლია თუ არა იმდენად თავდაჯერებული ვიყო, რომ სხვას უფლება მივცე ჩემგან განსხვავებული დარჩეს (ზოგს სურს პაციენტი თავისებურად გადააკეთოს). შემიძლია თუ არა სრულად ჩავუღრმავდე სხვა ადამიანის გრძნობებსა და პირად მნიშვნელობებსა და საზრისებს და თანავუგრძნო მას. შემიძლია თუ არა მივიღო სხვა ადამიანი ისეთად, როგორიც ის არის და მივახვედრო მას ეს. შემიძლია თუ არა იმდენად ფაქიზი ვიყო სხვებისადმი, რომ ჩემი საქციელი არ იქნეს აღქმული როგორც საშიში. შემიძლია თუ არა გავათავისუფლო სხვები გარეგანი შეფასების საშიშროებისაგან. შემიძლია თუ არა შევხედო სხვა ადამიანს როგორც განვითარების, სრულყოფის პროცესში მყოფი არსებას და არ შევიზღუდები იგი ჩემი და მისივე გამოცდილებით;       ორმხრივი ნდობის ატმოსფეროს შექმნისთვის კონსულტანტს, აუცილებელია ჰქონდეს პირველად როჯერსის მიერ გამოყოფილი კონსულტანტის თვისებები (1951) სიალალე, ემპათიის უნარი, უპირობო პატივისცემა ადამიანებისადმი. კონგრუენტულობა       კონსულტანტის სიალალე ანუ კონგრუენტულობა - ერთ-ერთი მნიშვნელოვან როლს თამაშობს თერაპიული ატმოსფეროს ჩამოყალიბებაში. კონგრუენტულობის სწავლა შეუძლებელია ყოველ შემთხვევაში ადვილი არ არის. მაგრამ კონსულტანტი უნდა ცდილობდეს სხვა ადამიანის სამყაროში შეღწევას, ისეთნაირად რომ შეღწევის ეს მცდელობა გაგებულ და აღქმულ უნდა იქნას, როგორც მხარდაჭერა და არა, როგორც საშიშროება. ღოჯერსის თანახმად კონგრუენტულობა ნიშნავს ინტერპერსონალურ ურთიერთობაში კონსულტანტის განცდების უშუალო და აუტენტურ გამოხატვას. იგი პროფესიური ფასადური დემონსტრაციის საპირისპიროა ამ დროს საკმარისია კონსულტანტის თავისთავადობა და თვითმყოფადობა. ემპათია კონსულტირებისას       ემპათიის პოზიტიური მნიშვნელობა ყველას მიერაა აღიარებული. მის დიდ მნიშვნელობას არც ერთი ორიენტაციის ფსიქოთერაპია და ფსიქოკონსულტირება არ უარყოფს. იგი წარმატებული ფსიქოთერაპიის და ფსიქოკონსულტირების აუცილებელ პირობას წარმოადგენს. ის გულისხმობს სხვებთან იდენტიფიცირების ისეთ სახეს, რომლის დროსაც შესაძლებელი ხდება ურთიერთგაგება განსხვავებულ ადამიანებს შორის. ა. ადლერი თვლიდა, რომ ემპათია ჩნდება ორი ადამიანის ურთიერთობისას და კომუნიკაციისას. შეუძლებელია გაუგო მეორე ადამიანს, თუ მასთან არ გაიგივდებით. თუ ჩვენ გვინდა გავიგოთ, საიდან ჩნდება სხვა ადამიანის მსგავსი მოქმედების და გრძნობის უნარი, მაშინ ჩვენ აღმოვაჩენთ თანდაყოლილ სოციალურ გრძნობას. ის კოსმიური ხასიათისაა და ადამიანის ცხოვრების აუცილებელ მახასიათებელს წარმოადგენს.       იუნგის თანახმად, ამ დროს ხდება შერწყმის პროცესი. ამ პროცესის დროს იცვლება როგორც კონსულტანტი ისე პაციენტიც. იუნგი ამ ფენომენს ალქიმიურ პროცესს ადარებდა. ორი პიროვნების შეხვედრა ორი ქიმიური სუბსტანციის მსგავსია, თუ რეაქცია წარმოიშვება ორივე სუბსტანცია იცვლება. ითვლება, რომ ექიმი ზეგავლენას ახდენს პაციენტზე ეფექტური მკურნალობის ყველა შემთხვევაში მაგრამ ეს ზეგავლენა შესაძლებელია მაშინ, თუ პაციენტიც ზემოქმედებს ამ პროცესზე.       ემპათია შემდეგი სიტყვებით შეიძლება გამოიხატოს "მომეცი შენი თვალი, რომ შენი თვალით შევხედო სამყაროს"-ეს ემპათია ნიშნავს, რომ კონსულტანტი მგრძნობიარედ და ზუსტად რეაგირებს პაციენტის გრძნობებზე, თითქოს ეს მისი საკუთარი განცდები იყოს. აქ იგულისხმება, კონსულტანტის უნარი თანაუგრძნოს პაციენტს და დროებით მისი ცხოვრებით იცხოვროს. ამ დროს მას უნარი აქვს ჩაწვდეს პაციენტის ცხოვრების სხვადასხვა მოვლენების მნიშვნელობას. სხვის ცხოვრებაში ამგვარი ჩაწვდომა განკითხვისა და შავთეთრი შეფასების გარეშე უნდა მოხდეს.       როდესაც კონსულტანტი სწორად ამოიცნობს პაციენტის ამა თუ იმ გრძნობას (ბრაზს, შიში, მტრულ განწყობა, შფოთვა, სიხარული) მაშინ პაციენტს საკუთარი თავის მოსმენისა და გაგების უფრო მეტი შესაძლებლობა აქვს. ემპათია ასევე გვეხმარება პაციენტის არასაკმარისი გულახდილობის მიზეზების გარკვევაში და იმ წინააღმდეგობის გაცნობიერებაში, რომელიც გულახდილ გამოხატვას ხელს უშლის, ანუ იმის გარკვევაში, თუ რისი დამალვა უნდა პაციენტს...       როდესაც სხვის სამყაროში შევდივართ კონსულტანტი უნდა დარჩეს ავტონომიური.       საშიშროება -რომელზედაც როჯერსი წერდა:       "თუ მე მართლა ღია ვარ იმისადმი, რომ სხვას გაუგო და მისი თვალებით შევხედო სამყაროს, დავდგე მის პოზიციაზე, მისი სამყარო მივიღო როგორც ჩემი ანუ გავითავისო მაშინ საშიშროებაა ჩემ სამყაროს სხვისი თვალით ვუყურო და ამის შედეგად დავკარგო საკუთარი ხედვა, საკუთარი მე. მეორე უკიდურესობაა, როდესაც შენი თვალით უყურებ სამყაროს და სხვის აზრს არასოდეს ითვალისწინებ" პაციენტის უპირობო პატივისცემა       უპირობო პატივისცემაში იგულისხმება უპირობო და განკიცხვის გარეშე პაციენტის პიროვნების სრული მიღება.       როჯერსი 1957 წელს გვთავაზობდა შემდეგ განმარტებას: "უპირობო, პოზიტიური დამოკიდებულება, ნიშნავს, პაციენტის სუბიექტური (შინაგანი) სამყაროს მიმართ პატივისცემასა და შემწყნარებლობას. ამ დროს თითქოს შენ თვითონ ხარ მისი ნაწილი. პოზიტიური დამოკიდებულება არ აყენებს არცერთ პირობას, მაგალითად როგორიცაა: "შენ მაშინ მომეწონები, როცა ამას ასე და ასე გააკეთებ" და გამორიცხავს ცუდ და კარგ თვისებებად უხეშ დაყოფას. საჭიროა კლიენტის ყველა სოციალური გრძნობის და განწყობის გააზრება და განვითარება დატევა. არამარტო დადებითი – ნორმალური ზრდასსრული, არამედ უარყოფითისაც- შიშისმომგვრელის, არანორმალური და ა.შ. უნდა შევეგუოთ კლიენტის წინააღმდეგობრივ ბუნებას ამგვარ სიტუაციაში ვლინდება კლიენტისადმი ზრუნვა, საკუთარი განწყობების უარყოფა, საკუთარ მოთხოვნილებებზე უარის თქმა. პაციენტზე უნდა ვიზრუნოთ, როგორც დამოუკიდებელ, თავისუფალ პიროვნებაზე, რათა მან იცხოვროს, საკუთარი ცხოვრებით. "       კონსულტანტს მხოლოდ კლიენტის პატივისცემისას შეუძლია იყოს გულახდილი და კონფრონტაციაში შევიდეს მასთან.       კვლევამ (Lietaer, 1984; Barret-Lennard, 1986) გვიჩვენა, რომ უპირობო, პოზიტიური დამოკიდებულება, ეს რთული მოვლენაა, რომელშიც შეიძლება გამოიყოს რამდენიმე დამოუკიდებელი ფაქტორი. ლიეტარის და ლენარდის (1986) მიხედვით არსებობს ორი არსებითი ფაქტორი: 1. ურთიერთობის დონე; 2. უპირობო დამოკიდებულება; პირველში იგულისხმება, ერთი ადამიანის მეორის მიმართ ემოციური რეაგირების ზოგადი გამოხატულება. მაგ პოზიტიური დამოკიდებულება და ურთეირთობა გულისხმოს მოიცავს სითბოს სიმპათიას ზრუნვას კლიენტის შეფასებას მასზე კონტროლის და მისი მართვის სურვილის გარეშე. თუ ურთერთობის დონე ვლინდება კლიენტისადმი პოზიტიური ან ნეგატიური გრძნობების გამოხატვით მაშინ უპირობო დამოკიდებულების ფაქტორი უნდა ჩაერთოს და პაციენტი უნდა მივიღოთ ისეთად როგორადაც ის გვევლინება კონკრეტულ მოცემულობაში ყოველგვარი "მაგრამ და თუ-ს" გარეშე. ამგვარი უპირობო მიმღებლობა გულისცმობს იმას რომ ჩვენი დამოკიდებულება კლიენტისადმი არ იცვლება და არ არის დამოკიდებული კლიენტის ემოციურ მდგომარეობისა და ქცევაზე.       ზოგი კრიტიკოსი თვლის, რომ ფსიქოთერაპიიასა და ფსიქოკონსულტირებისას კლიენტისადმი უპირობო პატივისცემა არარეალურია, რადგანაც უპირობო პატივისცემა წინააღმდეგობაში მოდის კონსულტანტის სხვა მოთხოვნებთან. უპირობო პატივისცემაში იგულისხმება პაციენტის სურვილები, აზრებისა და ფანტაზიების მიღება. თერაპიული ურთიერთობების ჩამოყალიბება და მათი შენარჩუნება არავერბალური ურთიერთობები; კონსულტაციური კონტაქტის თავისებურებანი - არავერბალური ურთიერთობა       ურთიერთობისას ადამიანები ერთმანეთს გადასცემენ ინფორმაციას არა მარტო მეტყველებით, არამედ სახის გამომეტყველებით, სხეულის პოზით, ჟესტების ენით და დისტანციის დამყარებით. ეს იმას ნიშნავს, რომ სხვა ადამიანებთან ყოფნისას ჩვენ ურთიერთობებს ვერ გავექცევით. ჩვენ უსიტყვოთ გამოვხატავთ ჩვენს გუნებგანწყობას ფიქრებსა და სურვილებს. არავერბალურ ქცევას ნებისმიერი ურთიერთობისას დიდი მნიშვნელობა აქვს. უკიდურესად მნიშვნელოვანია პაციენტმა აღიქვას არავერბალური მესიჯები, რეაგირება მოახდინოს მათზე, ამავე დროს გააცნობიეროს საკუთარი არავერბალური ქცევა.       აზდა 1984 არავერბალური ურთიერთობები შემდეგ 4 ძირითად მოდალობად დაჰყო:       1) არავერბალური ქცევა და დროის სტრუქტურირება.       ა. მოგვიანებული რეაგირება კლიენტის ინფორმაციაზე,       ბ. პრიორიტეტების დადგენა – დროის რაოდენობა რომელიც გარკვეული თემების განხილვას ეთმობა.       2) არავერბალური ურთიერთობა სხეულის გამოყენებით.       ა. თვალების კონტაქტი, აუცილებელია გავითვალისწინოთ თუ რამდენ ხანს უყურებენ პარტნიორები ერთმანეთს და როგორ უყურებენ. თვალის კონტაქტის დროს ყურადღება უნდა მივაქციოთ თუ რომელ ობიექტებს უყურებს პარტნიორი, გამომწვევად იყურება იგი თუ სხვადასხვა ობიექტებზე გაურბის მზერა, კონსულტანტის პირდაპირ მზერას გაურბის, თვალებს ხუჭავს ხელებით და სხვა.       ბ. თვალები თვალების ციმციმი, წარბის აწევა, თვალცრემლიანობა თვალების გაფართოება მიუთითებეს კლიენტის ემოციურ მდგომარეობაზე       გ. კანი. გაფითრება, გაწითლება გამოხატავს შინაგან მდგომარეობას.       დ. პოზა. პოზა შეიძლება გამოხატავდეს ფიზიკურ გადაღლას, თავდაცვას ( მაგ.გადაჯვარედინებული ხელები და ფეხები).       ე. სახის გამომეტყველება. ეს უმთავრესი ხერხია არავერბალური ქცევის გასაგებად. სახეს ურთიერთობის დროს დიდი პოტენციალი აქვს. იგი გამოხატავს ემოციურ მდგომარეობას, ინტერპერსონალურ განწყობას და უკუკავშირს და მეტყველებასთან ერთად წარმოადგენს ინფორმაციის გადაცემის ერთერთი უმთავარეს საშუალებას. დოსტოევსკი აზრით ადამიანის ხასიათს უფრო უკეთ შეიძლება ჩავწვდეთ მისი სიცილით ვიდრე მდორე ფსიქოლოგიური გამოკვლევით."       ვ. ხელები და ჟესტები. ხელების მოძრაობა და სხეულის სხვა ნაწილების მოძრაობა სიმბოლური ხასიათისაა.       ზ. სხეულით მანიპულირება ვლინდება საკუთარი ფრჩხილების მოკვნეტით სახსრების ტკაცუნით თმების წიწკვნით.       თ. მონოტონური ქცევა ხშირად ნერვოტულობის ნიშანია.       ი. მომთხოვნი სიგნალები. ხელების ტუჩებთან მიტანა სიჩუმის მოთხოვნით თითით მითითება და სხვა       კ. შეხება. შესაძლებელია იყოს მეგობრული და სექსუალური.       ბრეისემი და გერსო სხეულის მოძრაობის 4 ტიპს გამოყოფენ: სიმბოლური, რომელიც სიტყვის მაგივრად იხმარება. მოძრაობა-დემონსტრაცია რომელიც მეტყველებას მოსდევს, რომლის მიზანს სიტყვით გამოთქმულის ახსნა წარმოადგენს გამაძლიერებელი. რეგულატორები, რომლებიც დამატებით მნიშვნელობას ძენენ და ავსებენ ვერბალურ ურთიერთობას მაგ. პოზის შეცვლა. თავის დაქნევა ადაპტორები. სხეულის მოძრაობა, რომელიც გაცნობიერებული მიზანშეწონილება არ გააჩნიათ ცნობიერად მიზანმიმართული არ არის, მაგრამ ხშირად გამოხატავს აზრებსა და ემოციებს მაგ. თუჩების კბენა       3) არვერბალური ურთიერთობა ხმის საშუალებით.       ა. ხმის ტონი. მონოტონური, გრძნობას მოკლებული, მკაცრი, ნაზი, დამაჯერებელი, სუსტი, გაუბედავი და ა.შ.       ბ. მეტყველების ტემპი. ჩქარი, ზომიერი, შენელებული.       გ. ხმის ინტენსივობა. ძლიერი, ზომიერი, ჩუმი.       დ. ხმის გამოხატულება. მკაფიო, გაურკვეველი.       ე. ხმის მოდალურობაში ხშირად ვლინდება ადამიანის დამოკიდებულება იმის მიმართ, რასაც გამოთქვავს.. გულახდილობა ვლინდება მკაფიო ხმაში, ხოლო გამბედავობა-მყარში. ჩუმი არამკაფიო ხმა ხშირად ურთიერთობის არ სურვილს ნიშნავს. ამიტომ ხმის ტონით შეიძლება განვსაზღვროთ ისიც რაზეა საუბარი, თუნდაც სიტყვები ვერ გავიგონოთ. ნერვიულობ ან ემოციური გაურკვევლობა ხშირად ხმის ტონში ვლინდება.       4) არავერბალური ურთიერთობა და გარემოს სტრუქტურირება.       ა. დისტანცია. გამოხატავს ჩვენს ემოციურ დამოკიდებულებას ადამიანისადმი. იმისდა მიხედვით თუ რა ურთიერთობა გვინდა ადამიანთან მასთან ისეთ დისტანციას ვიკავებთ;       ბ. თუ როგორი გარემოა და როგორაა ის დალაგებული. თუ როგორაა გარემო მოწყობილი და ოთახი დალაგებული;       გ. მართალია ტანსაცმელი ადამიანს არ ქმნის, მაგრამ ტანსაცმლის დეტალები და ჩაცმულობა გამოხატავს მის განწყობებს;       დ. სივრცეში პოზიცია;       ურთიერთობის არავერბალური ფაქტორები მნიშვნელოვან წილად განსაზღვრავენ საუბრის ემოციურ განწყობას. როდესაც არავერბალური სიმბოლოები თან ახლავს ჩვენს ვერბალურ გამონათქვამებს, ისინი ხშირად მათ მნიშვნელობას და კონტექტს ცვლიან.       ე. მაგ.: გთხოვთ შემობრძანდით, შეიძლება სხვადასხვა მნიშვნელობა ჰქონდეს იმისდა მიხედვით თუ რას გამოხატავს არავერბალური ქცევა თუ ჩვენ პაციენტს ვხვდებით მას ვუყურებთ სახეში, ვართმევთ ხელს, თბილად და მეგობრულად მივმართავთ ეს სულ სხვაა. აგრეთვე მნივნელობას იძენს კონსულტანტის მეტყველების ელემენტები: ხმის ტონი, ინტერვალი სიტყვებს შორის. აქცენტები, დიქცია, პაუზა, გამეორება, დახველება და ა.შ. ძალიან მნიშვნელოვანია არავერბალური ქცევა პაციენტის კონსულტირებისას. პირველ რიგში ეს კონსულტანტს აძლევს დამატებით ინფორმაციას პაციენტის გრძნობებისა და აზრების შესახებ. ხშირად სიტყვებით ითქმის ერთი, ხოლო სახის გამომეტყველება, სხეულის პოზა და ხმის ტონი სულ სხვას გამოხატავს.. კონსულტანტმა უნდა მიაქციოს ყურადღება არავერბალურ და ვერბალურ ქცევას შორის შეუსაბამობას და ამით ხელი შეუწყოს პაციენტს გამოხატოს ნამდვილი გრძნობები. კონსულტანტის პაციენტის არვერბალურ ქცევაზე ყურადღების მიქცევა პაციენტის ნდობას ხარისხს ზრდის. კონსულტანტის მიერ არავერბარული გზავნილების კითხვის უნარი კონსულტანტის განსაკუთრებულ ნიჭს, მის მეექვსე გრძნობას მიეწერებაა. არავერბალურ ქცევას უნდა შევხედოთ როგორც პაციენტის გრძნობებისა და მოტივების სამყაროს გასაღებს. მაგრამ პირდაპირი და სწორხაზოვანი ინტერპრეტაცია მიუღებელია, რადგანაც არავერბალური ურთიერთობა ქცევის უფრო ფართო კონტექსტის ერთ-ერთ ასპექტს ნაწილს წარმოადგენს.       ამავე დროს ძალიან მნიშვნელოვანია კონსულტანტის არავერბალური ქცევა, რადგან ასეთი ქცევა გამოხატავს კონსულტანტის გრძნობებსა და აზრებს. ზოგიერთ არავერბალურ ქცევას ყველა ჩვენთაგანი ერთნაირად აღიქვამს, რადგან მათ ზოგადი ხასიათი მიიღეს.       კონსულტანტმა უნდა გააკონტროლოს თავისი არავერბალური საქციელი, რითაც ის ავითარებს კონსულტაციურ კონტაქტს.       ევანი გამოყოფს ხუთ აუცილებელ პირობას ფიზიკური, ნამდვილი, ორმხრივი კონტაქტისა (ევანი, 1986): კონტაქტი თვალი თვალში. ფიზიკური პირობები, გარემო საშუალებას უნდა აძლევდეს კონსულტანტს და პაციენტს მთლიანად ხედავდნენ ერთმანეთს. ეს ფიზიკური გარემოება უნდა ეუბნებოდეს პაციენტს მე თქვენთვის მისაწვდომი ვარ, მე არჩევანი გავაკეთე, რომ თქვენთან ვიყო. ღია პოზა. გადაჯვარედინებული ფეხები და ხელები ხშირად აღიქმება როგორც თავდაცვითი, განურჩეველი და უკან დახევის პოზა და პირიქით, ღია პოზა მიანიშნებს, რომ კონსულტანტი მზად არის მიიღოს ყველაფერი რასაც მას პაციენტი უგზავნის. დროდადრო შეიძლება მივუახლოვდეთ პაციენტს. მიახლოვება სივრცეში ნიშნავს, რომ მე გეახელი. როდესაც კონსულტანტი პაციენტისკენ იხრება, ამით ეუბნება- მაინტერესებს ყველაფერი რასაც იტყვი. თვალის კონტაქტის შენარჩუნება. იმისთვის, რომ ხაზი გავუსვათ პაციენტისადმი ყურადღებას და დაინტერესებას. თუმცა ეს პირდაპირი თვალი თვალში ყურება არ უნდა იყოს განუწყვეტელი რადგან ის მომაბეზრებელი ხდება პაციენტისათვის და გამომძიებლის მზერას ემსგავსება. მეორეს მხრივ თუ კონსულტანტის თვალები სხვაგანაა და ერთი საგნიდან მეორეზე გადადის და მისი მზერა არ ჩერდება კლიენტზე მაშინ კლიენტს ექმნება შთაბეჭდილება რომ კონსულტანტი გაურბის მასთან კონტაქტს. კონსულტანტი უნდა იყოს მშვიდი და რელაქსირებული. გარემო უნდა იყოს მშვიდი, რადგანაც პაციენტების უმრავლესობა ღელავს კონსულტირების პერიოდში. კონსულტანტის დაძაბულობა გაზრდის პაციენტის მღელვარებას. კონსულტანტი ბუნებრივად უნდა ფლობდეს თავის სხეულს, თავის არავერბალურ ქცევას, რითაც პაციენტს აჩვენებს თავის ემპათიურ ჩართულობას კონსულტაციის პროცესში. ვერბალური კომუნიკაცია       მუხედავად არავერბალური ურთიერთობის დიდი მნიშვნელობისა, უმთავრესი მოვლენები ხდება ვერბალურ დონეზე. ვერბალური ურთიერთობა ხორციელდება კონსულტაციის ძირითადი მეთოდებით.       პაციენტის მოსმენა. - კონსულტაციის პროცესში, კონსულტანტის ვერბალური აქტივობა უნდა იყოს მინიმალური. იმისთვის, რომ კლიენტმა შეძლოს საკუთარი პრობლემებსა და სიძნელეების გამოხატვაზე ყურადგების მოქცევა. ამიტომ კონსულტანტი უფრო უნდა უსმენდეს, ვიდრე ლაპარაკობდეს. მოსმენის უნარი, ნიშნავს, სხვა ადამიანებით ალალ დაინტერესებას.       არსებობს ორი ძირითადი ასპექტი: ნებისმიერი ადამიანი მისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე სხვა ადამიანთან ურთიერთობის მოთხოვნილებას განიცდის; სხვების მოსმენისა, მათი მხარდაჭერის და მათთან შეთანხმების ჩვენი მიდრეკილება დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ გვისმენენ სხვები. შეიძლება ითქვას, ადამიანების ურთიერთობის ხარისხი, დამოკიდებულია, მოსმენის უნარზე.       ხშირად არის, რომ პაციენტის გამონათქვამი არ შეესაბამება კონსულტანტის განწყობას და ამიტომ, იგი უყურედღებოდ უსმენს პაციენტს. ფართოდ გავრცელებული მანერა, რომელიც კონსულტირების პროცესში იჩენს თავს, მდგომარეობს იმაში, რომ, კონსულტანტი კი არ უსმენს თანამოსაუბრეს, არამედ რეაგირებს მის გამონათქვამზე წინასწარ ფორმულირებული რეპლიკებით, პასუხებით, კითხვებით - ეს მხოლოდ მოჩვენებითი მოსმენაა.       სოციალური დასწავლის ერთ-ერთი შედეგი არის ის, რომ, ჩვენ გავურბივართ სხვა ადამიანის შესახებ ზედმეტ ინფორმაციას. ეს ხშირად განაპირობებს, რომ კონსულტანტი ეწინააღმდეგება პაციენტის მონათხრობს, რომელიც ეხება ძალიან პირად პრობლემებს და ამ წინააღმდეგობის გამო ნაკლებად უსმენს პაციენტს. ხშირად არის, რომ პაციენტის მიერ მოთხრობილი ამბავი, კონსულტანტში იწვევს უსიამოვნო გრძნობას, შფოთვასა და დაძაბულობას. ამიტომ ეს ხელს უშლის მას ყურადღებით უსმინოს პაციენტს და ამის გამო ხშირად გამორჩება მნიშვნელოვანი დეტალები.       ხშირად, პაციენტი თავისი წუწუნით, ერთი და იმავე პრობლემის ბევრჯერ გამეორებითა და ჩივილით ( სომატური ჩივილები), სირთულეებს ქმნის და მოსმენის პროცესს ართულებს. მოსმენის დროს ადგილი აქვს უკუკავშირს პაციენტის აზრებსა და გრძნობებზე, რაც აიძულებს პაციენტს უფრო მეტი ილაპარაკოს თავისი პრობლემების შესახებ.       კოქსის აზრით, როდესაც პაციენტს ყურადღებით ვუსმენთ, იგი თავისი წინადადების ბოლოს წერტილს კი არა, არამედ მძიმეს სვამს, და რაც ბოლოდ გვეჩვენებოდა ახალი უფრო ღრმა აღსარების პრელუდიად იქცევა.. ყველა შემთხვევაში, მოსმენა არის აქტიური პროცესი.       ბიუჯენტალის მიხედვით, ეს პროცესი ყველა სახის შეგრძნებებს, ინტუიციას, ასახვას და ემპათიას მოიცავს.       უილიამ ოსიე თავის სტუდენტებს ურჩევდა კარგად მოესმინათ თავისი პაციენტებისათვის, რათა მათგან დიაგნოზი მოესმინათ ("პაციენტი თვითონ გეუბნება დიაგნოზს").       როჯერსი (1969წ.) წერს - "ცხოვრებაში, ხშირად მოულოდნელად ვაწყდებოდი გადაუწყვეტელ პრობლემებს და ამ დროს განვიცდიდი, თითქოს წრეზე დავდივარ. ზოგჯერ არასრულფასოვნების გრძნობა და უიმედობა მიპყრობდა, და მეგონა რომ ფსიქოზით დაავადდი. ამ დროს, ვფიქრობდი, რომ, ბედნიერი ვიქნებოდი, მენახა ის ხალხი, ვინც მე მომისმენდა და გამიგებდა, ყოველგვარი განკითხვისა და დიაგნოზის დასმის გარეშე. დავრწმუნდი, რომ, ფსიქოლოგიური დისკომფორტის დროს, თუ შენ ვინმე ამგვარად მოგისმენს და არ აიღებს საკუთარ თავზე პასუხისმგებლობას და არ შეეცდება ურთირთობის ჩამოყალიბებას, მაშინ თავს უზომოდ კარგად გრძნობ. დაძაბულობა მომენტალურად ქრება. საშიში განცდები, რომელიც მანამადე თვითბრალდებას, უიმედობასა და არეულობის გრძნობას იწვევდა, ხდება ჩვენი შინაგანი სამყაროს ნაწილი. როდესაც მე მისმენდნენ და ჩემი ესმოდათ, მაშინ მე ახლებურად აღვიქვამდი ჩემ განცდებს, შევძელი წინ წავწეულიყავი. გაოცებას იწვევს, ის, რომ გრძნობები, რომლებიც საშინლად მეჩვენებოდა ასატანი ხდება, როდესაც ვინმე გისმენს და გადაუწყვეტელი პრობლემები წარმოჩინდება სხვა განზომილებაში, უფრო იოლად გადასაწყვეტი ხდება(?). ღრმად ვაფასებ ფაქიზ, ემპათიურ, ყურადღებიან მოსმენას". მოსმენის ტექნიკა ემპათიური მოსმენა       ემპათიური მოსმენა ეს მოსმენის ისეთი სახეა რომლის მიზანია პაციენტის, სხვა ადამაინის თვალსაზრისის და პერსპექტივის გაგება და რომელიც არ ნიშნავს ავტომატურად მის თვალსაზრისის დათანხმებასა და გაზიარებას. ის არ გულისხმობს ემპათიისას იდენტურ მდგომარეობაში გადასვლას ანუ ზუსტად ვიგრძნოთ იგივე რასაც სხვა ადამიანი გრძნობს.       ეფექტური მოსმენის ხელისშემსლელი ფაქტორები: უყურადღებობა - როდესაც ადგილი აქვს მსმენელის მხრიდან ყურადღების გაფანტვას; მოსმენა ცალი ყურით - მოსაუბრის შეწყვეტა ან ნაწილობრივი მოსმენა მიუხედავად კითხვის გამეორებისა "რა თქვით?" სასურველის მოსმენა – როდესაც მსმენელი საკუთარი პერსპექტივით საკუთარი თვალსაზრისით, ხშირად ტენდენციურად, აფერადებს იმას რასაც ისმენს ანუ იგებს იმას რისი გაგებაც სურს. ჩასაფრებული პოზიციიდან მოსმენა - მოსმენისას პოზიტიურზე გამახვილების ნაცვლად შეტევის განხორციელებისთვის,შესაძლებლობისათვის საბაბის ძებნა დაცვითი პოზიცია როდესაც მსმენელი საშუალებას აძლევს საკუთარ ემოციებს დაბინდოს დანისლოს სიტყვიერად გადმოცემული შეტყობინება საკუთარი უნარები რომელიც მსმენელს მოეთხოვება ემპათიურიმოსმენისათვის       აქტიური ემპათიური მოსმენისათვის საჭირო ვერბალური უნარები: კითხვების დასმის ხელოვნება : გამოაშკარავების კლარიფიკაციის მიზნით მეტი ინფორმაციის მოძიება- შეგროვებისათვის ფსიქიკის უფრო ღრმა პლასტებზე გასვლისათვის ემოციების განტვირთვისათვის და გაგების ატმოსფეროს შესაქმნელად პასუხების გაცემის ტექნიკა : მხარდამჭერი და გამამხნევებელი სიტყვების გამოყენების მიზნით; პერეფრაზირება და განზოგადოება როდესაც მსმენელი პერეფრაზირებასა და განზოგადოებას ახდენს იმისა რაც ითქვა       ემპათიური მოსმენისათვის საჭირო არავერბალური უნარები მხარდამჭერი ჟესტები – ღიმილი, თავის დაქნევით დადასტურება თვალების კონტაქტი – პირდაპირი მაგრამ არა დაჟინებული თვალჩიციებული ცქერა ჩანაწერის გაკეთება იქ სადაც ეს ადექვატურია დაინტერესებული პოზა - პირისპირ ყურება, ოდნავ წინ წამოწეული ჯდომა მშვიდი გამომეტყველება სახისა ღია გამომეტყველება და სხეულის სპონტანური ენა გადატანა ტრასფერი და კონტრგადატანა კონტრტრანსფერი; გადატანა ტრანსფერი       ფროიდის მიერ ტრანსფერის აღმოჩენა ფსიქოანალიზის ძირითად მიღწევად ითვლება. გადატანა ფსიქოანალიტიკური მკურნალობის ალფა და ომეგაა       გადატანა არის ურთიერთობის განსაკუთრებული ფორმა რომლის დროსაც პაციენტი აწმყოში იქცევა ისე თითქოს ის წარულში იყოს. ტრანსფერი არის გამეორება, ძველი ურთიერთობების ახალი გამოცემა.       ამ დროს პაციენტის იმპულსები, გრძნობები, ფანტაზიები, ლტოლვები, სურვილები და დაცვითი მექანიზმები რომლებიც მას წარსულში, მისთვის ემოციურად მნიშვნელოვან პიროვნებების მიმართ, ჰქონდა გადმოინაცვლებს აწმყოში და წარიმართება აწმყოში არსებულ პიროვნებაზე ძირითადად ანალიტიკოსზე. ამ დროს ადგილი აქვს გადანაცვლებას.       ტრანსფერი აწმყო სიტუაციისადმი არადაექვატურია, თუმცა წარსულის მოვლენებთან       შესაბამისობაშია. თრანსფერს ადგილი აქვს როგორც ანალიზის პროცესში ასევე მის გარეთ. იგი გვხდება ნევროზით და ფსიქოზით დაავადებულ პირებში და ჯანმრთელ ადამიანებშიც.       მნიშვნელოვანია რომ ტრასფერის დროს გახსენებისა და მოგონების ნაცვლად მაგივრად პაციენტი ქცევაში იმეორებს წარსულს და ამაში ხელს უწყობს წინააღმდეგობა რომელიც გახსენების მოგონების აქტს ხელს უშლის.. გარკვეულ წილად ყველა ადამიანური ურთიერთობა შესაძლებელია განვიხილოთ როგორც რეალისტური და ტრასფერული რეაქციების ნარევი. გადატანა არის ყოველთვის არაადექვატური, რადგანაც პაციენტი ანალიტიკოს ყოველთვის მცდარად აღიქვამს და მას მიაწერს იმ თვისებებს რომელიც სხვა ადამიანების კუთვნილებას წარმოადგენდა.       გადატანა შეიძლება იყოს დადებითი და უარყოფითი. დადებითის დროს ხდება დადებითი სასიყვარულო იდეალიზირებული ფსიქიკური შინაარსის მიწერა ანალიტიკოსზე ანუ ადგილი აქვს პროექციის ფენომენს.       უარყოფითის დროს კი ბავშვობაში განცდილი უარყოფითი განცდების (გარიყვის სიძულვილის უგულვებელყოფის) გადმოტანა ხდება კონსულტანტზე.       ტრანსფერი არაცნობიერ პროცესს წარმოადგენს.იგი უფრო ხშირად წარმოიშვება იქ სადაც ბავშვობის გადაუწყვეტელ კონფლიქტებთან გვაქვს საქმე კონტრგადატანა       რადგანაც საკონსულტაციო პროცესი და კონტაქტი ქუჩაში მანქანების ორმხრივ მოძრაობას ჰგავს, აშკარაა, რომ ამ დროს კონსულტანტიც პაციენტთან ურთიერთობისას თავის ცხოვრებისეულ სიძნელეებს რთავს. კონტრგადატანა ისეთივე უნივერსალური მოვლენაა ფსიქოთერაპიაში, როგორც გადატანა და კონსულტანტის პიროვნების განვითარებისა და ჩამოყალიბების დონეზე არ არის დამოკიდებული, რადგანაც კონსულტანტიც ადამიანია, რომელსაც აქვს გადაუწყვეტელი პრობლემები და შინაგანი კონფლიქტები. ეს შინაგანი მტკივნეული თემები წარმოშობენ კონტრგადატანას თუ პაციენტი უნებლიედ შეეხო მათ.       განასხვავებენ გადატანის კლასიკურ და უფრო ფართე განმარტებას.       უფრო ფართე განმარტება მოიცავს კონსულტანტის ყველა ემოციურ რეაქციის გადატანას პაციენტზე, ამიტომ კონტრგადატანაში, ამ დროს, იგულისხმება სრულიად ბუნებრივი რეაქციები, რომლებიც ფსიქოკონსულტანტის შინაგან კონფლიქტებზე არ არის დამოკიდებული.       კლასიკური განმარტებით კი, კონტრგადატანა არის პაციენტის გადატანაზე საპასუხო რეაქცია.       შუალედური კონტრგადატანას განმარტავს, როგორც, კონსულნანტის საკუთარი პრობლემების პროეცირებას პაციენტის მიერ მიწოდებულ მასალაზე, რომელიც დაკავშირებულია გადატანასთან.       კონტრგადატანის ყველაზე ხშირი მიზეზები არის : კონსულტანტის სურვილი, პაციენტის მხრიდან მოწონების, კარგად შეფასების და აღიარების. კონსულტანტის შიში, რომ პაციენტი მასზე ცუდად იფიქრებს და არ მოვა შემდეგ შეხვედრაზე. ეროტიკული და სექსუალური გრძნობების პროეცირება პაციენტზე + ფანტაზიები. უკიდურესი რეაქცია პაციენტზე, რომელიც კონსულტანტში იწვევს იმ გრძნობებს, რომელიც დაკავშირებულია მის საკუთარ კონფლიკტებზე. წინასწარმეტყველური პოზიციის დაკავების მცდელობა და პაციენტის აკვიატებული, იძულებითი რჩევების მიცემა, ე.ი. როგორ უნდა იცხოვროს.       კონსულტაციის პროცესში დგება საკითხი თერაპიულია თუ ანტითერაპიული კონტრგადატანა? ხელს უშლის თუ ეხმარება კონსულტირების პროცესს? კარგია თუ ცუდია ? ამ კითხვებზე პასუხი დამოკიდებულია იმაზე ვლინდება თუ არა კონტრგადატანა ქცევის გარეგანი ფორმით, თუ ის კონსულტანტის განცდების ფარგლებში რჩება.       პირველ შემთხვევაში იგულისხმება კონსულტანტის მოქმედება საკუთარი კონფლიქტების საფუძველზე და ასეთი კონტრგადატანა განხილულ უნდა იქნას კოლეგებთან, რადგან არაკონტროლირებადი და ცუდად გაცნობიერებული გადატანა ხელს უშლის კონსულტანტის ობიექტურობას. შინაგანი განცდების დონეზე არსებული კონტრგადატანა, შესაძლებელია, ძალიან ფასეული იყოს, რადგანაც ეხმარება კონსულტანტს უფრო კარგად ჩაწვდეს თუ რა ზეგავლენა აქვს პაციენტის ქცევას კონსულტანტზე და სხვებზე. ← დასაწყისი გაგრძელება → …
დაამატა ლაშა to ფსიქოლოგია at 4:35pm on სექტემბერი 6, 2015
თემა: მისის მანტლიპის საშინელი თოჯინები
გრიეს? - რაღაც ციხე დაუნგრევიათ, ადრე. - ბასტილია, - გამახსენდა მამაჩემის მოტანილი კარლაილის წითელი წიგნი. - რაც არის, - თავი გადააქნია სემმა. - ტაუერი რომ დაენგრიათ, ახლა სადღა ჩაგსვამდნენ? - ლონდონი რომ დაენგრიათ, მაშინ კომენდატურაც არ გაიხსნებოდა ლესტერ სკვერზე. - ეგეც მართალია, მაგრამ სამხედროები რატომ არ ჩანან? აკი ქუჩებში დააბოტებენო? ერთი სამხედრო არ შეგვხვედრია, - დაეჭვდა სემი. - ვიწრო ქუჩებზე არ შემოდიან. შენ გგონია, კომუნიზმი შემოეტევა ამ პატარა სტოუროუდზე? აი, გოლდჰოუკზე კი ნაღდათ შემოვლენ, ბუშმარკეტელ ინდუსებს ტანკებს ქვეშ გაეღვიძებათ... - ჰეი... - დაუსტვინა სემმა, - ეგ შენი საზიზღარი გენერალი კომუნისტების უფროსია? - იცი, კომუნისტი რა არის? ჩვენ კომუნისტები სხვანაირი... - ვიცი, ვიცი, - ხელი აიქნია სემმა, - ვიცი კომუნისტები... საკუთარ ბებიებს და ბაბუებს რომ ჭამენ, ეგენი არ არიან? - მთლად ბებიებს და ბაბუებს არა, მაგრამ, ზოგადად, ყველაფერს. - როგორ არა, რადიოში თქვეს, ეფემ რადიოში... ჩვენ ჩემი სახლის სადარბაზო კარის კიბეზე ვისხედით. მხარმარჯვნივ მისის მანტლიპის ორქიდეების ბუჩქი ირხეოდა, მხარმარჯვნივ კი დიდი, საგულდაგულოდ დახურული სანაგვე ყუთები იდგა. ჩემთან ასვლა არ გვინდოდა, რადგან ვიცოდით, იქ გენერალი როდიონოვი გველოდა. უფრო სწორედ კი, მე მელოდა და სემი სულაც არ აინტერესებდა, მაგრამ შესვლას ვერ ვბედავდი და ამიტომაც ვიჯექი აქ ასე: როგორც ერთ დროს - ორჯონიკიძის რაიონის სამხედრო კომისარიატის კართან. მოგეკალი და იქ შეგეშვი. და ახლა აქ... - მიწის სართულზე ვინ ცხოვრობს? - დაბლა, ფანჯრებს ჩახედა. - დევიდი. - რა კაცია ეგ დევიდი? - კრუპიეა, კაზინოში. - წიგნი რომ დაწერა და მამამ რომ ქალი იმას უქნა? - მაგდენი არ ვიცი. - ეგ არ გამოგვადგება, - ჩაილაპარაკა სემმა და ძმურად გადამხვია ხელი, - მიაფურთხე ამას, ჯორჯია. მიაფურთხე მაგ გენერალს, კაი ამბავში წავიდეთ... - სად? - ტაუერის ეზოში ყვავი რობერტი გარდაიცვალა. ნაღდი შოტლანდიელი ყვავი. მამაჩემის ხნისა... - ახალგაზრდა ყოფილა. - ჰო, შემჯდარა და ცე ჰეპატიტიო... - ეგეც შენი შესმული იქნება. - წამო, წამო, წავიდეთ, გავაცილოთ უკანასკნელ გზაზე, - წამოდგა სემი. - მერე მოვიდეთ და ეგებ აღარც დაგვხვდეს ეგ შენი გენერალი. - მით უარესი, წავა და ჩემს მეგობრებს დახვრეტს... სემი ჩაფიქრდა. ერთხანს ქუჩა ათვალიერა და მერე ტიმოთის პაბს დაადგა თვალი. - აი, „არმზი“. მანდაური ბიჭები სანდო ხალხია? - კი. - ჰოდა, მაგათ მოვიხმარ. - სემ, პაბი კიდევ სამ საათს არ გაიღება. - ვიცი. მაგის მეტი რა ვიცი? ათზე სრულიად ინგლისში ლუდის ჩამოსხმა იწყება. რა სისულელეა... ვითომ, რვაზე რომ ჩამოასხან... - რა მოიფიქრე, სემ? - აქამდე რაც მოვიფიქრე, ყველაფერი სისულელე გამოდგა... ყველაფერში დავმარცხდით. რა მინდოდა ისტ ენდში? ერთი-ორ ჯეელ ბიჭს აქაც ვიშოვი და გავკოჭავთ იმ შენ გენერალს... პირი დავაღე. - მერე, ეგ აჩრდილებს რამეს დააკლებს? - სულ იმის ბრალია, რომ გათენდა, - შეცბა სემი. - ჩემი ნახევრადანგელოზური ამბავი დამთავრებულია... ახლა მხოლოდ პორტობელოელი დილერი ვარ... კიდევ კარგი, გამომაფხიზლე, ჯორჯია, თორემ რაღაც სისულელეს ჩავიდენდი... - წადი, სემ, - ალალად ვუთხარი, - მეტი რაღა უნდა ქნა? ძალიან მომეხმარე და... მთელი ამბავი. წადი, გაახვიე შენი წილი ჰაშიში, თორემ დაგიგვიანდება... - დაგიგვიანდებაო? ჩანს, რაღაც მაგარი გამოთხარე, ჩემო ბიჭუნავ, თორემ დილის შვიდის ნახევარზე რომელ დაგვიანებაზე ლაპარაკობ? - ეს არ იყო სემის ხმა. სემი ჩემ წინ იდგა და ჩემს უკან ვიღაცას მიშტერებოდა. მოვიხედე და, ჩემი ლენდლორდი მისტერ მანტლიპი არ შემრჩა ხელში? ძველი, ხაკისფერი კომბინეზონი ეცვა და ვარდისფერი კედები. თავზე თავისი რუხი კეპი ეხურა, ყელზე მეთოფეთა საკლუბო შარფი მოეგდო. მორგვივით კაცი იყო მისტერ მანტლიპი, დიდი ღიპითა და წითელ ცხვირ-პირზე მიწებებული ოქროსფერი ულვაშით. თვალები თითქმის არ უჩანდა, ამიტომ ბედნიერ ადამიანს ჰგავდა. განა არ ვიცოდი? შეფერდს ბუშ გრინზე მიდიოდა სარბენად. ყოველ დილით ასე იყო და ახლაც ასე იქნებოდა. მისტერ მანტლიპი მისის მანტლიპის ფერფლისფერ შნაუცერს, ვესლის გაიგდებდა ხოლმე წინ და ისე დარბოდა გრინის ბილიკზე. მაგრამ ამჯერად ვესლი არ ჩანდა. - დილა მშვიდობისა, მისტერ მანტლიპ. - დილა მშვიდობისა, - ამოახველა მისტერ მანტლიპმა, - ძაღლი გამომექცა და... - აქ არ გამოსულა, - უთხრა სემმა. მისტერ მანტლიპმა კი გულიანად გაუწოდა ხელი და შესცინა: - ენდრიუ კამელოტ მანტლიპი, ამ სახლის პატრონი... - სემ ფილიპსი, თქვენი მოქირავნის ბიძა, - უთხრა სემმა და შლაპა მოუხადა. - ბიძა? - შეცბა მისტერ მანტლიპი. - დიახ... მაგრამ მისტერ მანტლიპის გონება უკვე სხვაგან ქროდა. - ძალიან კარგი ძმისშვილი გყავთ, მისტერ ფილიპს. პირდაპირ გადასარევი. მე კმაყოფილი ვარ. იცით, რა მომიტანა? იან რაიტის ფოტო ავტოგრაფით. ენდრიუს პირველი მეთოფისაგან... თქვენ კი უნდა გაგეგონოთ იან რაიტი. გაგიგონიათ, არა? მე სულ ვეუბნები, ბიჭუნავ, ნამდვილი ფეხბურთი ჰაიბერიზეა. მე ხომ ისლინგტონელი ვარ. ისლინგტონში დავიბადე... არა, ჩემ პენი აღარ მახსოვს, მაგ დროს, ალბათ, ძალიან შორს ვიყავი და არავინ არაფერს მეკითხებოდა, მაგრამ გახსოვთ, ჩარლი ნიკოლსი? გახსოვთ ჩარლი ჯორჯი? სად არის ჩარლი ჯორჯი?.. აირინს არ უყვარს ფეხბურთი და მე მარტო აღარ დავდივარ ჰაიბერიზე, - მისტერ მანტლიპს სახე მოეღრუბლა და „არმზისკენ“ გაიშვირა ხელი, - აი, იქ ვუყურებ ხოლმე... აირინი ისეთი ქალია, სახლში „სქაიც“ არ მიყენია. აირინს არ უყვარს ფეხბურთი, - და მისტერ მანტლიპის შეძახილმა სისხამის სიჩუმე გაჰკვეთა: - განერზ, განერზ, განერზ!* - მე ნოტინგჰილელი ვარ, - მიუგო სემმა. - მე სამხრეთში დავდივარ და სამხრეთში ვქომაგობ... - „ჩელსი“? - ჩაეკითხა მისტერ მანტლიპი, - ჰა, ხომ გამოვიცანი? ჩაცმულობაზე შეგატყვეთ, ოსგუდის ხალხი... სემი წარბშეჭმუხნილი შესცქეროდა. - მაგრამ ეგ არაფერი... მთავარია, რომ თქვენი ნათესავი სწორ გზაზე დგას, ასე არ არის, ბიჭუნავ? - დიახ, მისტერ მანტლიპ. - მაშ, მე გავიქცევი, თორემ, - შარფი გაისწორა მისტერ მანტლიპმა, - მოიცა ერთი, პირდაპირ მითხარი, გასაღები დაკარგე? - არა... - აბა, აქ რას დამდგარხართ? ბიძას სახლში ვერ შეიპატიჟებ? ოთახი პატარაა, მაგრამ ფასიც ხომ არ არის დიდი? - ჩვენ... და სემმა ნაბიჯი წადგა კეთილი ლენდორდისკენ, ხელკავი გაუყარა მას და წასჩურჩულა: - მხოლოდ ორ წუთს წაგართმევთ... - და ისინი ნელი ნაბიჯით გაუყვნენ სთოუროუდის ქვაფენილს. სახლთან ვიდექი და ვუყურებდი, როგორ მისეირნობდნენ. მისტერ მანტლიპი ორ ნაბიჯს გადადგამდა და შედგებოდა, სემი კი მონდომებით უხსნიდა იმას, რასაც... ვიცოდი, რასაც უხსნიდა, მაგრამ მისტერ მანტლიპს რა უნდა ექნა? დიდი-დიდი, ეთქვა, უმჯობესი იქნება, სხვაგან გადაბარგდეო... ისინი გოლდჰოუკის კუთხემდე მივიდნენ, ზუსტად მანქანების მაღაზიამდე, შემდეგ მოტრიალდნენ. სემი კვლავ ლაპარაკობდა. რაც უფრო მიახლოვდებოდნენ, მისტერ მანტლიპი მით უფრო უჩქარებდა ნაბიჯს. სემი თითქმის სირბილით მოსდევდა. მომიახლოვდნენ თუ არა, მისტერ მანტლიპი გადამეხვია, და სემი რომ არა, ხელის გაშვებას არ აპირებდა. - ჩემო ბიჭუნავ, არასოდეს მიყვარდა ის, რაც აღმოსავლეთში ხდებოდა, - მითხრა ვაჟკაცურად და სემს მიხედა, - არ იციან, რომ ჩემი სახლი - ჩემი სახლია? - მათი აზრით, შენი სახლი მხოლოდ იმიტომაა შენი, რომ ჯერჯერობით მათ არ სჭირდებათ. - ჰმ... გესმის, ჩემო ბიჭუნავ? - მაგან ყველაფერი იცის, - გააწყვეტინა სემმა. - და ის ვიღაც გაფხორილი ინდაური ახლა ჩემს სახლშია, ოთახი უჭირავს და ამ ბიჭუნას... რას უპირებს ამ ბიჭუნას? - ტაუერში ჩასმას. - პირდაპირ ტაუერში? სკოტლენდ იარდშიც არ გაატარებს? - სკოტლენდ იარდსაც, საადმირალოსაც, ბოდიში და, ვესტმინსტერსაც, ტაუერში გაისტუმრებს... - ვინ არის, გენერალიო? - თავისუფლების მხედარი, - აუხსნა სემმა. მისტერ მანტლიპმა კვლავ ამოახველა და სადარბაზოსკენ დაიძრა. - კარგია, კარგია, - ბუტბუტებდა თავისთვის, - კარგია, ხომ იცი, - უკვე სემთან ჰქონდა საქმე და არა ჩემთან. - აქ მოიცადეთ, ფილიპს. აირინი, ხომ იცით... აირინი უნდა შევამზადო. ასე არ გამოვა. აირინი ისეთი ქალია, რომ... ჩემო ბიჭუნავ, შენ ხომ იცნობ ჩემ ცოლს? როგორ არ ვიცნობდი, ბარე ასჯერ მენახა მისის მანტლიპი, უსიტყვო და ოდნავ გაშტერებული დეიდა. მისტერ მანტლიპი რომ სადარბაზოში შევიდა, ჩვენ კვლავ კიბეზე ჩამოვსხედით. - არ მინდოდა, რომ ასე დამთავრებულიყო ეს საქმე, ჯორჯია, მაგრამ სხვა გზას ვერ ვხედავ, - ამოიოხრა სემმა. - როგორ, ასე? - აი, ასე. ამ მანტლიპებით და მთელი... - სემმა ხელი ჩაიქნია, - მაგრამ... რა ვიცი... ეგებ... - ეგებ, სულაც არ არის იქ! - შევძახე მე. - ვინ? - გენერალი როდიონოვი. სემმა გადააფურთხა, თავი ჩაქინდრა. - შენ მე სულელი გგონივარ, ჯორჯია?.. ის გენერალი შენს უბადრუკ სავარძელში ზის და გელის. წათვლიმა, ისაუზმა, მშვენიერ ხასიათზეა. მაგის მეტი რა ვიცი? რაღაც უცნაური გაზეთი უჭირავს და ათვალიერებს. იქაა, ჯორჯია... საუბარი მისტერ მანტლიპმა შეგვაწყვეტინა. უქუდოდ იყო და ბარგიც სახლში დაეტოვებინა. შინ შევედით და კიბეს ავუყევით. ჩემი ოთახის კარს რომ გავუსწორდი, გამაჟრჟოლა. - მხნედ, მხნედ, ტომლინსონ! - შესძახა მისტერ მანტლიპმა და მესამე სართულზე აგვიძღვა, სადაც თვითონ სახლობდა მისის მანტლიპთან ერთად. კარი შეაღო და შესძახა: - აირინ! აი, რა სტუმრები მოგიყვანე, აი-რიინ!.. მისის მანტლიპი გაწეწილი იყო, ჭრელი ხალათი შემოეცვა და უსიტყვოდ, რაღაცაზე ნაწყენი გვათვალიერებდა. - აი, ჩვენი ბიჭუნა, ეს კი - ბიძამისი... სარბენად მივდივარ და კარებთან არ ატუზულან?.. აქეთ, აქეთ, მობრძანდით. აირინს არ უყვარს ხოლმე... მაგრამ ჩაის კი სიამოვნებით მოგართმევთ, არა, აირინ? მიბრძანდით, - მისტერ მანტლიპმა სასადილო ოთახში შეგვიშვა და კარი მოგვიხურა. - რა უთხარი, სემ, ამ კაცს? - არაფერი. ვუთხარი, რომ შენს ოთახში ვიღაც ჩასახლდა. - მერე? - ნუ ნერვიულობ. თავიანთ სახლზე დარდობენ, შენსაზე კი არა. - მერე, რა უნდა ქნან? ქალაქი რუსის ჯარით არის სავსე... - ნახავ, რასაც იზამენ, ოღონდ, ნუ აიფოფრები. მისტერ მანტლიპი ხელების ფშვნეტით შემოთახთახდა ოთახში: - ჩამოსხედით, რას დამდგარხართ? ჩაი ახლავე იქნება... - როგორღაც უხერხულია, მისტერ მანტლიპ. შემოგეჭერით, - ავბლუკუნდი მე. - მე თვითონ დაგპატიჟეთ. აირინი ახლავე გაამზადებს ყველაფერს. ბარე თხუთმეტ წუთს ვისხედით ასე, დაპირებული ჩაი კი არ ჩანდა. მისტერ მანტლიპი მზისფერ ულვაშს იწიწკნიდა კბილებით, თუმცა ვერ მივხვდი, ამგვარი ქცევა უდარდელობას გამოხატავდა თუ მღელვარებას. სემი კედლის საათს უყურებდა. ჩაი არ ჩანდა და სულაც არ ვიყავი ცხელი რამეების ხვრეპის ხასიათზე, მაგრამ მისტერ მანტლიპმა იმდენჯერ ახსენა ჩაი, რომ ახლა სხვა ვეღარაფერზე ვფიქრობდი. - შუქი გამორთე, ენდი, - მოისმა ჰოლიდან. - შუქი ჩამქრალია, ძვირფასო, - წამოხტა მისტერ მანტლიპი და კარი გამოაღო. - რა დავაშავე? - მისის მანტლიპს თავზე წოწოლა შავი შლაპა ეხურა, - რა დავაშავე, ენდრიუ მანტლიპ? თვრამეტი წელიწადია, შენი ცოლი ვარ და ვერაფერი ისწავლე... ქსელში გამორთე, ქსელში! თორემ ნათურები აფეთქდება. რა პირი დაგიღია, ენდი? მისტერ მანტლიპი შემოსასვლელი კარისაკენ გაქანდა. ჩვენც უკან მივყევით. საიდანღაც ელექტროფარანი დააძრო და ნიშაში შეანათა. ღილაკებს მალე მიაგნო და ჰოლშიც ჩამობნელდა. - ჩაი? - წამომცდა მე. მისის მანტლიპმა მეტად ავად შემომაქცია ზურგი და რომელიღაც ოთახის კარი შეაღო. - ნუ აჩქარდები, ჩემო ბიჭუნავ, - მისტერ მანტლიპიც გვარიანად დამფრთხალი ჩანდა, - აირინმა იცის... აირინ, ძვირფასო, შეიძლება, შენთან შემოვიდეთ? ნეტავ არ შევსულიყავით. სემს ღირსეულად ეჭირა თავი, იმაიაკელს და თანაც ნახევრადანგელოზს. მე კი, რა მეჭირა, აღარც კი მახსოვს. თავი რომ არ მეჭირა, ეს კი ვიცი... - აი, ჩვენც მოვედით, აირინ... ოთახში ბნელოდა, ორი რაღაც ტიალი სანთელი ბჟუტავდა მრგვალ მაგიდაზე და ეს წოწოლაქუდიანი დეიდა აირინი უზარმაზარ წიგნს ჩაჰკირკიტებდა. რას ხედავდა იმ შუქზე, ვერ მივხვდი, მაგრამ ბუტბუტებდა კია და იმ ბუტბუტმა იყო, რომ წამახდინა: - დანმორ... მაგორი... ბელია... სინ... სინ... მაგორი... რიჰინ... დორ... ლრუი... დრუი... კორო... თეთრი... მოდის... მოდის... რამლი... შარ... პინო... ამბი... სინ... კონი... შვიდობითი... მოდის... თეთრი... დაიკავებს... მე... ვარ... ალუინი... ალუინი... თეთრი... მომეხმარე... შენ... ბელია... მაგონი... -ისე აცქერდებოდა ამ წიგნს, თითქოს მზერით უნდა გახვრიტოსო, - მიშველი... დღეს... კოშკურის... ბატონო... კოშკების... მეუფევ? აირინმა ამოგვხედა და აი, მაშინ კი მივხვდი, რომ მისტერ მანტლიპი კაი გაძლების კაცი იყო, ამოგვხედა, მაგრამ სად ჰქონდა თვალები? თვალების მაგივრად იისფერი ნათურები უბზინავდა. კატა რომ შემოგხედავს სიბნელეში. იისფერი ნათურებიდან კრთებოდა რაღაც უცნაური ხაზები, მულტფილმებში რომ მოკლე ჩართვას ხატავენ, ისეთი, და მეხი რომ გამოჩნდება ღამის ცაზე, ზუსტად ისეთი. „ნეშენალ ჯიოგრაფიკში“ მინახავს ეგეთი მეხის ფოტოები და იისფერი ნათურების შუქი კი ფილმ „ოთხ ოთახში“. მაგრამ მისის მანტლიპი იმ ფილმის კუდიანებს არ ჰგავდა. - აირინი მოყვარული ჯადოქარია, ჩემო ბიჭუნავ, ვიქენდებზე ერთობა ხოლმე, - ამოღერღა მისტერ მანტლიპმა. - ლამპარი, - თქვა მისის მანტლიპმა. - ეს თუ მოყვარულია, მაშინ მე ძუძუთა ბავშვი ვყოფილვარ, - აღნიშნა სემმა. - ორი ლამპარი, - თქვა მისის მანტლიპმა. - ჩვენი არ ესმის, - განგვიმარტა მისტერ მანტლიპმა, - მაგრამ სამი ლამპარიო რომ იტყვის, უნდა მოვახსენოთ. - რა მოვახსენოთ? - სამი ლამპარი, - თქვა მისის მანტლიპმა. - სურვილი, - ჩქარა უნდა მოახსენოთ, - თქვა მისტერ მანტლიპმა. - რა სურვილი? - ენა დამება მე. - პიტერ ჯეფერსის ოთახი განთავისუფლდეს... - სამი ლამპარი! - ხმას აუწია აირინმა. - მოახსენეთ... - დაიცალოს მანტლიპთა მიერ პიტერ ჯეფერსისათვის მიქირავებული ოთახი... - დააზუსტა სემმა. - სამი ლამპარი!!! - შეჰკივლა აირინმა. სემმა შლაპა დაახეთქა ძირს: - არ მინდოდა ეს საქმე, ჯორჯია! არ მინდოდა ეს საქმე! გასკდეს, აფეთქდეს, დაიგლიჯოს ათას ნაკუწად ის, ვინც სამუდამო სატანჯველი განუზრახა პიტერ ჯეფერსს! იისფერი შუქი გაქრა აირინის თვალებში. - ადასტურებ? - მე შემომხედა. თავი დავუქნიე. - ჰო-თქო, ჰო-თქო, - მუჯლუგუნი წამკრა მისტერ მანტლიპმა. - ჰო. - ჩაისხას ქვაბში გირვანქა წვინტლი! - წაისისინა აირინმა. - ჩაიფქვას ძაღლის კბილის ნახრავი... გაიმეორეთ! - ლაყე კვერცხები და აქლემის მაწვნის დო, ასკილში აგლესილი. - ღამურის კანჭი, სახურავიდან ჩამოტანილი. დამპალი წყალი, დამპალი წყალი... ეგ რა გიჭირავს? - არაფერი, მისის... - მიპასუხე: „მკვდარი კატა“. - მკვდარი კატა. - ჰი, სულ არ გაშეშებულა? - შეიცხადა სემმა. - მკვდარი კატის ნაღველი და ღვიის ფესვის ნამწვავი. გავიმეორეთ. - ყველაფერი მოხმარდეს, ყველაფერი მოხმარდეს. - ყველაფერი მოხმარდეს, - სამ ხმაში გავიმეორეთ. - ღამით სახურავიდან ჩაშვებული თოკები შემოეჭდოს კისერზე... - შემოეჭდოს, - ამოიოხრა სემმა. - აბა, ახლა მომეცით, ნივთი, - აირინმა ხალათის ჯიბიდან უსახო თოჯინა ამოიღო. ნივთი და მაქო, ძაფი და ნემსი. - რა ნივთი? - შევცბით ჩვენ. - ნივთი, - ახლა მისტერ მანტლიპმა გამოგვიცხადა. - ნივთი? - მომეცით ნივთი, - მისის მანტლიპი ჰაერში ხელების ლივლივს მოჰყვა. სემი კედელთან ჩაცუცქდა. - იმ კაცის ნაქონი ნივთი გვინდა, ვისაც ჯადოს ვუტარებთ, - დაგვაკვალიანა მისტერ მანტლიპმა, - სულ დამავიწყდა, ჩემო ბიჭუნავ... - მე წავალ, - ამოიოხრა სემმა, - წავალ, რამეს ავართმევ... - ცხვირსახოცი, ღილი, სათვალე, მობაილის ელემენტი, ფეხსაცმლის ზონარი... - გააგრძელა მისტერ მანტლიპმა. - წვინტლი, წვინტლი შეიძლება? - დაიყმუვლა სემმა. - წვინტლი არა, - განმარტა მისის მანტლიპმა, - წვინტლი არა... - აბა, სულ წვინტლი, წვინტლიო, იძახდით და ახლა აღარ შეიძლება? მისის მანტლიპმა მაჯის საათს დახედა. - მერკური უახლოვდება პლუტონს, ირმის ნახტომზე მესამე პატარა აციაგდება. დრო ილევა... სამ წუთში ვეღარაფერს მოვახერხებთ... - სამ წუთში კიბეზე ჩასვლას ვერ მოვასწრებ, - ხელი ჩაიქნია სემმა. - ეგ რაღა ჯადოქრობაა, მე თუ მარბენინებთ... თანაც იქიდან ცოცხალი დავბრუნდები თუ არა... რომ ვერ მოვასწროთ, რა ვქნა? - საღამომდე უნდა მოვიცადოთ. ვარსკვლავების საჭირო განლაგებას უნდა დაველოდოთ. - საიდან ხედავთ ამ განლაგებას დღისით? - ინტერვიუ ფული ღირს, - მიუგდო მისის მანტლიპმა. - აირინს არ უყვარს, როცა... პატივცემულო ძიავ, - მისტერ მანტლიპი ოფლს თუ იწმენდდა შუბლიდან. - აირინს ბევრი არაფერი უყვარს და ვშიშობ, ვეღარაფერს მოვასწრებთ. - საღამომდე... - დაიწყო სემმა, მაგრამ უეცრად მოისმა: - მოიცათ! მოიცათ! აი, მე რა მაქვს! მოიცათ! ეს ჩემი ხმა იყო. ჯიბეებში ვიქექებოდი, ხურდა, ცხვირსახოცი და გასაღები, უვარგისი საკრედიტო ბარათი, გაზინტლული, ძია ბერტის სისხლშემხმარი ცხვირსახოცი - ყველაფერი გადმომიცვივდა და მაინც, გარეთა ჯიბეში მივაგენი - ის იყო, წყეული წერილი: „პეტას გაუმარჯოს...“ - აი, ეს მაქვს, - წერილი გავუწოდე მისის მანტლიპს, - ეს გამოდგება? - რა არის? - წერილი ჩამომართვა მოყვარულმა ჯადოქარმა, - აჰ, რაღაც ბარათი, მაგიური ნიშნებით. რა საინტერესო ნიშნებია? არც მინახავს ასეთი... - ეგ ანბანია, მისის... - ანბანი. საინტერესოა... შეგიძლია, მასწავლო? - დრო... აირინ, - შეწუხდა მანტლიპი. - რა სულელი ხარ, ენდი. მეოთხე პატარა ვარსკვლავიც ხომ უნდა დაიძრას ირმის ნახტომიდან? - აბა, მესამეო... - ენდი, წადი, უყურე ახალ ამბებს. წადი... ნივთი ხელთა მაქვს და, რაღა მეჩქარება? - აი, ასეთია, ჩემო ბიჭუნავ, ასეთი საყვარელია. - მოიცა, - ხელი აიქნია მისის მანტლიპმა, - მოიცა, ენდი, ეს იმ კაცის ნივთია? - არა, ჩემი, მაგრამ მან მომცა, - მივუგე მე. - ვის დაწერა ეს წერილი? დიდი ხნის წინათ დაწერესო, ასე მითხრა გენერალმა... ერთმა... - ამისმა ბიძამ დაწერა, - თქვა სემმა. - თქვენ, მისტერ ფილიპს? - პირი დააღო ჩემმა ლენდლორდმა. - არა, სხვამ. - რამდენი ბიძა გყოლია, ჩემო ბიჭუნავ, - გახალისდა მისტერ მანტლიპი. - მე ერთხელ ბარბადოსზე ვიყავი, იქ ყველა ერთმანეთის ბიძა ან ბიცოლაა... - ენდი! - დაჰკივლა მისის მანტლიპმა, - ახალი ამბები დაიწყო. - აირინ, აირინ... რამდენი ბიძა ჰყოლია... - ერთი ბიძაა, - თქვა სემმა, - ასე დაგვისაბუთა ლორდმა... - ლორდებთანაც იყავით? ლორდთა პალატაში? - გადაირია მისტერ მანტლიპი. - გამაგებინეთ, იმ კაცს ეჭირა ხელში ეს ქაღალდი? კეფა მოვიქექე. - კონვერტი ეჭირა, ეს წერილი კონვერტში იდო. მისის მანტლიპი წიგნს ჩააცქერდა. - არ ვიცი, რა გამოვა, - თქვა ხმადაბლა, - ეგებ სულ სხვა ვიღაც გავახვიოთ ხლართში... - მკვდარია. - ვინ? - ვინც წერილი გამომიგზავნა. მისის მანტლიპს აღარაფერი უთქვამს. ბარათი ორად გაკეცა და ხალათის ალბათ უძირო ჯიბიდან ძაფის კოჭა ამოაძვრინა. შემდეგ წერილი უსახო თოჯინას შემოაკეცა ტანზე და ძაფი შემოახვია. ახვევდა და ახვევდა, სანამ კოჭა მთლიანად არ დაიცალა. მახათები, ერთი, ორი, სამი... ექვსი მახათი. - მზადაა, - თქვა მისტერ მანტლიპმა, - არ იფიქროთ, რომ აირინი რამეში მრევს... ერთადერთხელ, ოთხმოცდაათ წელს, თასის ფინალი იყო და მხოლოდ ცოტა რამ ვთხოვე, სულ პატარა რამ, უბრალოდ, რომ აეცილებინათ. მგონი, ახლა მართლა დაიწყო ახალი ამბები, ჩემო ბიჭუნავ. ჩაის კი მე მოგართმევთ... წავიდეთ, დანარჩენი მხოლოდ აირინის საქმეა. ასე არ არის, ძვირფასო?.. - გაჩუმდი, ენდი, - თვალები გაკვესა მისის მანტლიპმა - წადი, სინათლე ჩართე. მერე ტელევიზორი ჩართე და უყურე. თქვენ კი სახლში ჩადით... - სახლში რა უნდათ? - ათუხთუხდა მისტერ მანტლიპი. - სახლში ჩადით, მსხვერპლთან მიდით და ჩვეულებრივად მოიქეცით. - კი მაგრამ, - კვლავ მე ვიყავი. - წავედით, - კარი გამოაღო სემმა. - წავიდეთ, წავიდეთ, - კვლავ გახალისდა მისტერ მანტლიპი და ბნელ ჰოლში გავარდა. - შენ აქ დარჩი, ენდი, - მოისმა მისის მანტლიპის ხმა. - ტელევიზორს უყურე. მისტერ მანტლიპი დამნაშავესავით შემოგვაცქერდა. - როცა ყველაფერი მოგვარდება, ამოიარეთ, ჩაი დავლიოთ, - გვითხრა მოწყენით. - ჩაიდანი ჩართე, - ჩაიცინა სემმა და კარი გამოაღო. ქვემოთ ჩავედით და კართან დავდექით პანაშვიდს შემორჩენილი ბიძებივით. - არ მინდოდა ასე, - გაიმეორა სემმა, - მაგრამ რას იზამ? ახლა კარი გააღე, ჯორჯია, და შედი. რაც მოხდება, მოხდეს. თუმცა, ეს ქალი მაგარი ვინმე კი ჩანს, მაგრამ... რაც არ უნდა იყოს, იცოდე - არ მინდოდა, რომ ასე და ამგვარად... - მარტო შევიდე? - ყბა ჩამომივარდა. - შენი სახლია და აბა მე ხომ არ შევალ? სახლი შენია, საქმე შენია, კომენდანტურა შენია. მე რა შუაში ვარ? მე, აი, აქ დავჯდები, კიბეზე... სემს არ ეშინოდა. ვერ დავიჯერებდი, რომ ასეთმა რამემ წაახდინა. მე მეშინოდა, სემს კი - არა, მაგრამ უკვე მერამდენედ, მარტოს მიშვებდა. - აი, ასე, - ჩამოჯდა სემი. - მიდი, მიდი, რას მათვალიერებ? დილერი ვარ, სემი. პირველად მხედავ? გასაღები უკანა ჯიბეში გაქვს... ვაი, შენს გოგიას! ჩხაკ! კარი შევაღე და არც კი ვიცი, მე შევედი, თუ ვიღაც სხვა. ვერცხლისფერ სააღლუმო მუნდირში, ოქროსფერი ეპოლეტებით და მბზინავი ორდენებით მისის მანტლიპის კუთვნილ ჭილის სკამზე იჯდა ამიერკავკასიის წითელდროშოვანი ჯარების სარდალი გენერალი იგორ როდიონოვი და ჩემს საბრალო ელექტროსაპარსს ატრიალებდა ხელში. - ჰეი, მანდ, ვინ მოდის? - მშვენიერ გუნებაზე ჩანდა, - ჰეი, მანდ, ვინ მოდის მომავლიდან? Отзовитесь, горнисты. Вы, студенты ленинских университетов миллионов. - მე ვარ, - ნაბიჯი გადავდგი და ჩემი სათაგურის შუაში აღმოვჩნდი. - ოჰო, არწივი მოფრენილა, - კაი მაგარ ნასაუზმევს ჰგავდა, - არწივი. შეხედეთ, ჩკალოვი, კოკინაკი... იცი, რას გეტყვი, თადარიგის ლეიტენანტო? აქედან რომ მიფრინავდი, მართვე იყავი, პწენჩიკი, არწივად კი დამიბრუნდი. აბა, მომახსენე, როგორ ჩაიარა ოპერაციამ? - კარგად, ამხანაგო გენერალო, - გავიღიმე მე და მუცელი ამტკივდა. - თამამად, ყმაწვილო, თამამად, ამოალაგე ნახაზები ბრუს-პარტინგტონისა. - მხოლოდ მიკროფილმები მაქვს... - ტყუილის თქმა არასოდეს მიჭირდა. - ოჰო, - ხელები მოიფშვნიტა გენერალმა როდიონოვმა. - კაი გამოცდილი ვინმე ყოფილხარ... არც კი ველოდი. ია-ოცდასამი ხაზზეა? - ხაზზეა, - გავიჭიმე მე. - შენ მე მაოცებ, იანეკ. მაქსიმე ისაევი ხომ არ შეგხვედრია ვულიჩის ახლოს? ის შენს დამზღვევად დავაბრუნეთ. - კი მაგრამ, პოლკოვნიკი ისაევი თუ გყავდათ, ჩემგან რა გინდოდათ? - აჰა, რა ჭკვიანი ხარ! - წამოდგა გენერალი და მუნდირის ტოტები დაქაჩა, - ჩვენთვის ის იყო მნიშვნელოვანი, რომ სწორედ შენი დავერბოება მომეხდინა, თორე ისაევი გმირიც კია... - დავერბოება? - ჰო, უმცროსო ლეიტენანტო, დავერბოება. დავერბოება, მგონი, ქართული სიტყვაა და კარგა ხანს მამულიშვილურ საქმიანობად ითვლებოდა თქვენში. ეს მერე იყო, რომ ცხვირი აიბზუეთ და ჰა, შედეგიც... - ვნახე ის თქვენი ისაევი, ისლიგტონში დაეხეტებოდა და ბუტბუტებდა, ინგრიდ, სახელოზე ღილი შემიკარიო. ქუჩის კაცები ამბობდნენ, ეს კაცი ოდესღაც გენერალისიმუსი იყო, ახლა კი შიზოფრენიკიაო... სულაც არ იყო ლამაზი კაცი, თქვენ რომ მეუბნებოდით, ლამაზი კაცია, ლამაზი კაციო... მაგრამ გენერალი მე აღარ მისმენდა. თავის მეოთხე სამმართველოში მოვლილ მუცელზე წაევლო ხელები და თითქოს რაღაცისთვის მიეგდო ყური. განა არ ვიცი? სამხედროები მეოთხე სამმართველოში არ დაიარებიან, თავიანთი პანსიონატ-სანატორიუმები აქვთ ზღვის პირებზე და იქ უვლიან სტომაქს, მაგრამ, პრინციპში, ეს მაინც მეოთხე სამმართველოა. ყველაფერი მეოთხე სამმართველოა. ჯობდა, ყველანაირ მთავრობას მეოთხე სამმართველო რქმეოდა, იმიტომ რომ, მთავრობა თითქოს იმის გამო არსებობდა, რომ არსებობდა მეოთხე სამმართველო. ხოლო მეცხრე სამმართველო კი იმიტომ არსებობდა, რომ არსებობდა მთავრობა. აქედან კი გამოდის, რომ მეცხრე სამმართველო მეოთხე სამმართველოს გამოისობით შეექმნათ. არ ვიცოდი, არსებობდა თუ არა მეათე სამმართველო, მაგრამ მერვე და პირველი, მესამე და მეშვიდე, მეორე, მეხუთე და მეექვსე რომ ნაღდად იქნებოდა, ვერავინ უარყოფს. ეტყობა, ეს არ იყო მნიშვნელოვანი სამმართველოები, თორემ მათი რაობაც გასაგები იქნებოდა. უნივერსიტეტში, სადაც ვსწავლობდით, სამმართველოები არ იყო, თუმცაღა ორ ვიწრო კარს იქით შებუდებულიყო მეორე და მესამე (თუ პირველი) განყოფილება. ერთი ჯარში გვიწვევდა, მეორე თვალყურს გვადევნებდა... ეჰ, გენერალო, მე ვამაყობ, რომ ორჯონიკის რაიონიდან ვარ და, როგორც მრავალი ათასი ორჯონიკიძის რაიონელი წვევამდელი, ავადმყოფი გახლდით. ვამაყობ, გენერალო, და ვმადლობ ყველას, ვინც დეზერტირად მაქცია. ყოველ შემთხვევაში, არ მრცხვენია... მაგრამ ეს ჩემი წილხვედრი გენერალი არ მისმენდა; მუცელზე წაევლო ორივე ხელი და მოკუნტულიყო. სიმართლეს ვიტყვი - არ კვნესოდა. - რა... რა მოგივიდათ? - ამინდი, - ამოღერღა მან, - ამინდის ბრალი თუა. ჰავის... ორმოცდასამში, გომელთან... ძველი ჭრილობა. - აჰ! - და უცებ ბეჭზე წაივლო ხელი, - უჰ! - ახლა ფერდზე იტაცა. ღმერთო! როგორ იკლაკნებოდა. ის დაუთოებული მუნდირი ტანზე ასკდებოდა. - რა... რა... რა... - ავბლუკუნდი და ვეტაკე. ღონიერი მკლავები კი ჰქონდა. ერთი გამკრა და კუთხეში მიმაგდო. წამოჭარხლებული დამხობილიყო იატაკზე და მაინც არ კვნესოდა. მხოლოდ შეხტებოდა ხოლმე. - ამხ...ამხ... - გენერალო, ამხანაგო! - ვყვიროდი მე. - აააააა! - აააააა! - დაიღრიალა უცებ და სცადა, წელში გასწორებულიყო, მაგრამ არაფერი გამოუვიდა, მისის მანტლიპის ვერაგ მახათებს როგორ აჯობებდა? სიმწრისაგან სამკერდე ნიშნებს იგლეჯდა და კვლავ ცდილობდა, წამომდგარიყო და ავი წელკავი დაეჯაბნა. ამასობაში კი მუცელი ებერებოდა, ღილები სულ დაასკდა მუნდირზე... აჰ! არავინ მინახავს უფრო... უფრო... - აააააა! აააააა! - კვლავ აღმოხდა მას. არავინ მინახავს სხვა, არავინ მინახავს ვინმე, ამგვარი სიჯიუტით (უფრო კარგი სიტყვა კი „ვაჟკაცობა“ იქნებოდა) რომ ცდილიყოს ფეხზე წამოდგომას. ჩემს ჭილის სავარძელს ებღაუჭებოდა ღონიერი ხელებით. ცალ მუხლზე წამოჩოქილი ფეხების გამართვას ლამობდა, მაგრამ წყეული ტკივილები სახსრებს ჰკვეთდა და გაოფლილი, თვალებჩასისხლიანებული იგრიხებოდა. და მაინც, უეცრად, მოულოდნელად, წარმოუდგენლად, საწყალობლად დაკრეჭილ კბილთა რიგებს შორის მაინც გამოაღწია - ააააა! აააააა! ააააააა! ააააა-აღსდექ კრულვითა დაააააღ... დაღ...დასმ...აღსდეგ... ეს იყო მისი უკანასკნელი სიტყვები, ვინაიდან გაუგონარმა შელოცვებმა მაღლა ასტყორცნეს და ჭერს შეანარცხეს. თვალებზე ხელებს ვიფარებდი, კუთხეში მიკუნჭული ვცდილობდი, აღარაფერი დამენახა. ეშმაკმა წამიღოს, რა ძვირი ყოფილა სიმშვიდე-მეთქი, ვფიქრობდი და მახსენდებოდა სემის ნათქვამი, ასე არ მინდოდაო. არ მინდოდა, ასე ყოფილიყოო... და ამგვარად მოკუნტული ვიყავი მანამდე, სანამ არ მესმა ხმა საშინელი გრგვინვისა... თითქოს გასკდა ბუშტი ფრიდრიხსაჰაფენიდან ნიუ-იორკს გაფრენილი ცეპელინისა და მოსწყდა ცისკიდურის აპარტამენტი ცეპელინისა და თავზე დაასკდა წითელკანიან მონადირეს, დასავლეთიდან მომფრინავი თეთრი კაცი რომ ეზმანა სამი ათასი წლის წინათ. იმ კაცს, მგონი, ერქვა კეცალკოატლი, ხოლო გოგოს - ლუჩია, იტალიელნი კი ბევრნი იღუპებოდნენ მაშინ აბისინიაში და ჩვენ, მოხეტიალე სტუდენტები, გვარიანად ვითბობდით ხოლმე გულს ამით და რა გასაკვირია, რომ ლუჩიას გამო თვალები გამოვახილე? გამოვიჭვრიტე ჩემი უბადრუკი კუთხიდან და ლუჩია ვერ დავინახე; აღარც გენერალი როდიონოვი იყო იქა და აღარც ჩემი დიდფანჯრიანი კედელი. კედელი აღარ ჰქონდა ჩემს ოთახს. აი, კი გაგიჟდებოდა მისტერ მანტლიპი... გრგვინვა კი, ალბათ, სწორედ ამიტომ მესმა, კედელი თუ გაანგრია იმ ჩემი ცოდვით სავსემ. მაგრამ ლუჩია... - სემ! - ვისი იმედი გექნება კაცს ასეთ დროს? არა მოაკლდეს მთავრობაი შვილთა შენთა და ნათესავთა მათთა, სემი არ ჩანდა. ფანჯრიდან რომ გადავიხედავდი ხოლმე ტიმოთის „არმაზს“ ვხედავდი. მაგრამ რა მეთქვა მისტერ მანტლიპისთვის ამ კედლის გამო? უნდა მეთქვა, რომ ეს სტუმრის პატივისცემის ჩვენებური წესია, კედლებისგან ტივებს ვაკეთებთ და უცხოელ სტუმრებს ტემზაზე ვასეირნებთ-მეთქი. მაგრამ დამიჯერებდა? თბილისში უნდა დამერეკა და კასეტის გამოგზავნა მეთხოვა. ერთ-ერთ ფილმში ხომ არის აღწერილი ეს ამბავი? აი, მაშინ კი დამიჯერებდა მისტერ მანტლიპი. სად წაუვიდოდა ფილმს? შვარცენეგერის გმირობისა სჯეროდა და ამას არ დაიჯერებდა? მაგრამ ფანჯრიდან „არმზი“ კი არ ჩანდა, არამედ რაღაც ძალიან დიდი და მოლივლივე: თითქოს, კვამლში გახვეული ქალაქი. ქალაქი თუ სოფელი. აბა, რა ვიცი? იქნებ მთელი ქვეყანაც ან რაღაც უფრო დიდი. რა ჰქვია რაღაც უფრო დიდს? მგონი, ციხე. ჰო, ციხე ჰქვია. აუღიათ-მეთქი, დაუჭერიათ სიგუტკინებს ლონდონ-თაუნი. დაუჭერიათ და ახლა, ალბათ, ტრიბუნას აშენებენ. იცი, რა იოლია ტრიბუნის აშენება? ბრიტანეთის მუზეუმს ზურგი უნდა გამოუნგრიო, ახლომახლო სახლები ააფეთქო დინამიტით და მერე ამავე ნანგრევებით აღმართო მშვენიერი თაღოვანი კვალრცხლბეკი... მსვლელობა ჰაიდ პარკ კორნერიდან დაიწყება. ოქტომბრის რაიონის მშრომელები... დახე, რა ხდება? მართლა მოდიან. მოდიან და მოაბიჯებენ. მოაქვთ ტრანსპარანტები, ტახტრევნებზე შემოდგმული ძეგლები და დიახ, დიახ, აგუგუნდება მთა-ბარი! რაებსა ვხედავ ამ გამონგრეულიდან? ციხეა, ციხე! ბიჭია, ბიჭი! ხარჩოსა, კაცო! ხარჩოსა! ნახეთ და დარდაკასაც! ვააჰ, ეს რაები ხდება, კაცო? თბილისის ციხესა ვხედავ. დარდაკასა და ხარჩოსა, სულ ყვავილების ვაჭრებსა და ის ვინ არის, ერთობ შილიფი? თმა კი აქვს გრუზა და ულვაშიც - გადაგრეხილი, და ვერაგულ რამეს კი უპირებენ ეს დარდაკა და ხარჩო? ვინ? ვინ არის!? ჰეი, მანდ, ვინ მოდის მომავლიდან! მომავლიდან კი არა, ეგ ხომ უკვე ვთქვი? წარსულიდან. ვინა და, ისა ყოფილა, სერგო ყოფილა ის შილიფი, და რას უპირებენ? ხარჩო და დარდაკა ლექსებს არა სწერავენ და გასაგებია, რასაც დაუპირებენ. ყველაფერია, ყველაფერი და ღამეები კი მიჰქრიან, როგორც ვერცხლის ნალებით დაჭედილი ბედაურები ანუ დიდი მძიმე ღამეებია, რახანღა ვერცხლი უფრო რბილია, ვიდრე ნაბადი და გამცვდარ და გალეულ ნალებს მალიმალ უნდა ცვლა. ჩვენ კი ქალაქისაკენ მივქრივართ. რა ქალაქია? არსებობს ეჭვი, რომ ამ ქალაქს ატნაშენია ჰქვია. აჰ, რა სისულელეა. რას ვფიქრობ? ვბოდავ? გენერალი სადღა წავიდა. აკი ამბობდნენ დილიჟანსელი ქალბატონები, მიადგები ქუხილიან უღელტეხილსო. ამ ნაფანჯრალიდან... მამისონია? რა სისულელეა, მაშ, მარუხი? ეს რა დავინახე... ჩემო ქალაქო, ჩემო კარგო, რად გინდა ტაში... შენ ხომ ატნაშენია გიყვარდა. ატნაშენია! ატნაშენია და არაფერი, ატნაშენიას გარდა. შენ ხომ... ორი ფრთა ატნაშენიასი-ტელეფონი და რესტორანი! ნუთუ ეს ლონდონია? მაშ, რად მღერის გეპეის ჯაზი? არა, ეს გეპეის ჯაზი არ არის. ეს ქვაფენილი ლონდონისას არა ჰგავს. ლონდონს ერთი-ორი აღმართ-დაღმართი აქვს და ისიც ვერ ჩაითვლება ჭეშმარიტ საქოშინო ალაგებად. მაგრამ, ქალაქსა ვხედავ და რა ვქნა? - სემ! შეხედე, სემ! ვეჭვობ მე, ძმანო, რომ დამთავრდა ჩვენი მოგზაურობა! ვფიქრობ მე, ძმანო, რომ სემუელ ფილიპსს დაუკარგავს უნარი ფრენისა, მივუტოვებივარ და დამდგარა პორტობელოზე ჩეკებით ჯიბეგამოტენილი. დგას „ლედბროკის“ კანტორაში და მსოფლიოს გუშინდელი დოღების ტელეტექსტებს აჩითვინებს უმცროს ბუკმეიკერს. მაგრამ, მოიცა - რაებსა ვხედავ! ეს... ეს... ოჰ, რა უცნაური ფანჯარა გამოდგა. თუმცა, რაღა ფანჯარა ეს იყო? ჩემს წინაშე გადაშლილიყო ხედი უცნაური ველ-მინდვრისა თუ ქალაქისა, რომელიც არ ჰგავდა ლონდონს, მაგრამ კი ჩამოჰგავდა თბილისს. მაგრამ თბილისიც ვერ დაერქმეოდა, რადგან ჩამოჰგავდა მინსკს. იცით მინსკი? არის ასეთი დიდი ქალაქი. და, საერთოდ, გიფიქრიათ, რით ჰგავს თბილისი მოსკოვს? მე ვიცი, რით არ ჰგავს. იქ ბევრი კოშკურიანი სახლია, ჩვენთვის კი მხოლოდ ერთი გამოიმეტეს, ისიც სასტუმროდ და სამინისტროდ კი არა, მეშახტეთა სამმართველოდ. რად უნდათ მეშახტეებს კოშკურიანი სახლი და წვეტიანი სახურავი? არა, აეროპორტის შენობასაც ჰქონდა წვეტიანი და სადგურსაც, მაგრამ ეს წვეტები და კოშკურები მალე დაივიწყა ხალხმა. უცნაური ტერიტორია იყო, ჩემმა მზემ, ჯარები მოძრაობდნენ, პოლკები, დივიზიები და თეთრ ცხენზედ ამხედრებული ზორბა ტანის პოეტი შუკებში დააჭენებდა ამ ცხენს და გაჰყვიროდა, დამშვიდდით, დამშვიდდით, ყველაფერი კარგად იქნებაო. ხმა ამ პოეტისა განთქმული და ნაცნობი იყო, ერთ დროს მგრგვინავი, ჭერმიჭალიდან, მეფეთა პალატებიდან, დუქნებიდან და რატომღაც პარიზს დაზომებული ჰიდრომეტცენტრის კოშკიდანაც კი, ამშვიდებდა, ატკბობდა ყველას, ვინაიდან ჰქონდა უნარი უბრალო ამბებისა და ჩვეულებრივი წამწამების რითმებად ქცევისა და ამიტომაც მისი მუდარაგარეული ღრიალი, დამშვიდდით, ყველაფერი კარგად იქნებაო, სარწმუნოდ ჩანდა. დააჭენებდა ამ ცხენს, ვითარცა ძველი მხედარი, და ამშვიდებდა, კარგად იქნებაო. აი, როგორც თქვენ გიყურებთ, ისე ვუყურებდი ამ ამბავს ჩემი გამონგრეული ფანჯრიდან, რომლისგანაც, დიაღაც რომ ტივი გაეკეთებინა ყარაჩოღურ ნაკვალევზე შემდგარ კაცს. მინსკია ვითომ თუ ყარაგანდა? რით ჰგავს თბილისი ყარაგანდას? და გორი - ულან ბატორს? დააჭენებდა ამ ცხენს და დავინახე, რომ ერთ ქუჩაზე ცხენი დაფრთხა. დაფრთხა რა, ამ დაფრთხობით მივხვდი, რომ უფრო თბილისსა ჰგავდა ეს ადგილი, რადგან ქალმა, დედილომ, რომელსაც არ გაუგონია ქალაქში მქროლავი პოეტის დამამშვიდებელი მოწოდებანი, აივანზე ნარეცხი წყლით სავსე ტაშტი გამოიტანა და - თხლაშ! - გადმოუშვა ქვაფენილზე და რას იტყვით? უცნაურია ცხოვრება. განა თეთრი ცხენი, უნაგირის არმკადრებელი, მკადრებელი მხოლოდ პოეტის ყმობისა, უშიში, ვითარცა მამალი ხოხობი განთიადისას, ანუ, მაშინ, როცა მონადირე ვერ ხედავს, ამ არცთუ ჩარექი წყლის გადმოსხმაზე დაფრთხებოდა? ცხენს წყალი მტერი ეგონა და არ იცოდა, რომ პოეტი აგრე შემცბარი და მაინც იმედიანი, იმპერატორის ნათელ-მირონიც კი გამოდგებოდა. დამშვიდდიო!.. და ცხენი შედგა ყალყზე. და განა პოეტი კავალერისტი იყო? ზურგით და კეფით დაენარცხა ქვაფენილს და მჯერა, გაიფიქრა, არ დაიდგამსო, და ის სიმშვიდეც ვეღარ დაინახა, აგრე რომ არ სჯეროდა თვითონ. გაქრა მისი შეძახილი, გაქრა, წაიღო სამხრეთის ქარმა. პოეტი კი წამოჯდა გაჭირვებით, კეფაზე მოისვა ხელი, დახედა გასისხლიანებულ თითებს და, სისხლიო, ამოთქვა. ის არ იყო კავალერისტი, არც არტილერისტი, მაგრამ მაინც მოახერხა და ისროლა. რევოლვერი გამორჩეული იყო, ზარნიშიანი, ალბათ, წარწერიანიც. სამიზნე ახლოს იყო. რა იდიოტური გამოთქმა შემოვიდა: ტყვია პირში მისცა. ორ რამეზე ამბობენ ასე. გაგიჟდები კაცი, სად სექსი და სად ლულაში ჩამჯდარი ტყვია. თუმცა, დოქტორი, ჰემსპტედელი დოქტორი კი გამოიყვანდა აქედან რამეს. ნეტავ შეგვევლო საწყალ ძია ბერტთან ერთად. საგულისხმოებს კი გვეტყოდა, მაგრამ რაღა დროს ვენელი დოქტორია? რაღა დროს ეგაა, ხალხი კოსმოსში გაფრინდა, მაგრამ პოეტი... სიმშვიდეს რომ გვთავაზობდა, ის პოეტი მოკვდა. მოკვდა, როგორც მოტყუებული მიჯნური. ეჰ, ვერ მიხვდა. ამ დროს სად დადგებოდნენ კლოდელი, ჟამი და სიუარესსი, თუმცა, ისინიც... მოკვდა პოეტი და ის ქალიც, ჯერ კიდევ აივანზე რომ იდგა ცარიელი ტაშტით ხელში, აკივლდა. აკივლდა შიშით, უბედურებითა და, რა თქმა უნდა, ოდნავ სცენიურ თავდავიწყებით, ისევე როგორც კივიან ჯორჯიაში ტყვიით მოკლულთა გამო უბედური დედები და ბებიები, რომელთაც უკვირთ, რად მოვესწარით ამ დღესო. თოფ-იარაღი, თოფ-იარაღი, თოფ-იარაღი. შეჰკივლა ქალმა, შეჰკივლა და გაღმა, მეორე აივანზე გამოსულმა კაცმა დაუნანებლად ჰკრა ტყვია ქალს პირდაპირ გულში - ვინ არის, რომ ამ უთენია მიფრთხობს სიმშვიდეს, ეს რა წესია ამ ქალაქში, რომ ყველამ ყველას ყველაფერი უნდა გააგებინოსო. ჰკრა ტყვია, არც უფიქრია და მივხვდი, დასრულდა სიმშვიდე. დამშვიდდითო, ყვიროდა ის პოეტი, როგორც მესიტყვეს, თავისთვის გამოეგონებინა ეს სიტყვა და მიმხვდარიყო, რომ ქუჩის შეძახილი ქარს მიაქვს. შეძახილი ხომ ვაზნა არ არის, რომ ხმა ქარს გაატანოს, ტყვია კი დასტოვოს სამუდამო მოთქმა-ვაების დასაწყებად. თითქოს რადიოს აუწიესო იქ, ქალაქში, სადაც მოძრაობენ ვიღაცეები და სადაც არსებობს ოცნება სტრიპტიზ-ბარების გახსნისა. ოცნება, ჩუმი და გამოუთქმელი, საუკუნო ოცნება თვალის ძღომისა და საუკუნეთა ბოქლომები. ჰეი, თქვენ, მებოქლომენო, გაუმაძღარნო ომითა, თქვენს საფლავებთან მოსვლა მომინდა, ოღონდ არა მუხლის მოსაყრელად. ერთხელ უკვე მოვიყარე მუხლი, ყველამ მოიყარა და დავრჩით მე და წოპე ფეხზე მდგომნი და მუშტშეუკვრელნი. ძალიან შეგვრცხვა და მოვიყარეთ. ბევრი არაფერი გამოსულა იმ საქმიდან, რადგან ყვირილით არავინ ყვიროდა, დამშვიდდითო. სიმშვიდე მოკვდა! ფრანც მოორ! შენ არ არსებობ. სიმშვიდეში, წიგნებში კარგი ვინმე ხარ, ლამის უფსკრულში გადმოგყვები, მუსიო ვალჟან, მაგრამ სიმშვიდე მოკვდა... რა ქალაქია? ულან-უდეა, თუ სიკტივკარი? ეი, პრავადნიკ! უზლავოია! ციმბირისაკენ, ციმბირისაკენ. თოვლისა და ავი სვირინგის მხარეში. დახეთ, რამდენ მატარებელს ვხედავ დეპოში? მატარებლები მიდიან და მოდიან, ტყვია კი რჩება. შიგ გულში! ერთი მოხდენილი დარტყმით ძირს დასცა გაი გისბორნი. რატომ მატყუებდი, რობინ? მთელი ბავშვობა მატყუებდი... პარკს ვხედავ, პარკს. რიჯენთს პარკი. როგორ გეკადრებათ, სერ. აქ ბალახი ცოტაა, ვარდისფერი ხვინჭა კი - ბევრი. სამაგიეროდ, ბაბუები თამაშობენ ჭადრაკს. ათიოდ ბაბუა იქნება? ეჰ, სადღა ნახავ ელამ ბაბუას, გულისფიცარზე მიკიდულ მედლით. აი, სიმშვიდე სად სუფევს. პოეტს ცხენი არ შემოუჭენებია, მაგრამ ამათ არც სჭირდებათ მოწოდება. მოხუცთა ბანაკი ისედაც ზეცას მიემგზავრება! ზეცას მიემგზავრებიან ძველი პალტოებით, შვილების პიჯაკებით. მოხუცთა ბანაკი ზეცას მიემგზავრება... სვეტლანა ტომა! აჰ, ჩვენი ბავშვობის შვიდკაბიანი სტრიპტიზი. ბოლო არა აქვს. წესით, არ უნდა იცოდეს, მაგრამ შავსათვალიანი მოხუცი ამბობს: - ძველ ინდურ დაცვას მეთამაშები? ორმოცდაათი წელია, ძველინდური დაცვით ვარჩენ ოჯახს! ხე-ხე-ხე... გესმის, პლატონიჩ? ამის თქმა და, რას ვხედავ? გამხეცებული პარტნიორი დანას იძრობს და უღერებს: - ყველაფერი ვიცი შენი, ალიოშა შტერო! - აჰა, შინსახკომის ვეტერანები ყოფილან და ჭეშმარიტად არ ვიცი, ვინ მოერევა. ჩეკას ბებერი ნაბოზრები, საბუღალტრო ფრონტის ვალმოხდილი მუშაკები, თუ მეცნიერების დამსახურებული მოღვაწენი? მარდად იბრძვიან, მარდად ისვრიან, დანის ამბავშიც სწორუპოვარნი ჩანან, აბა, რა იქნება? თითო კილო ძველებური მედალი ყველას სახლში უდევს. - ართმელაძე ვარ მე, ართმელაძე, - წითელ წიგნაკს და ხელჯოხს ერთდროულად იქნევს შლაპიანი და მოვლილი. - ვაგონების ქურდებო! ქვების წვიმა მოდის. - პურის ტალონების ქურდებო! აი, პირველი სისხლი, ძმებო. პირველი სისხლი ვალმოხდილი კაცისა. ჰაი, მოხუცნო, სისხლი. ჰოი, ღამევ, ფიქრისა ჩამისაებრ ბნელო! სემ, შეხედე, სემ? მოხუცები. თოთხმეტი დახვრეტა გადაუდია, მოდი და ნუ დაუჯერებ. ეკლესია ისტორიული ძეგლიაო, ყველაზე კეთილი ასე ამბობს. ისტორიული ძეგლები კი ხშირ-ხშირად ინგრევა ხოლმე მთავარ მოედანზე. ჰო, მართლა, სად არის მთავარი მოედანი? იქ ვისი ძეგლიც იდგება, იმით ამოვიცნობთ, რომელი ქალაქია, სად არის მთავარი მოედანი? აგე, წაიქცა მოხუცი პარკში, გულგანგმირული. მაინც ისროლა იმ საზიზღარმა ვიღაცოვიჩმა. ზეიმობენ სანაყინის უკან, ზეიმობენ. ეს რა მოისმის? კი, ის არის, ის. ის არის, მღერიან ტკბილად და ამაყად. გაფრინდიო, გაფრინდიო და ამბავი ჩამომიტანეო, საფოსტო მტრედებს თუ მოუწოდებენ. - თოთხმეტი დახვრეტა მაქვს გადადებული და მერე გაუქმებული. შევედი ტყიბულის შინსახკომში და დავუგდე გოგლიძის ხელმოწერილი, - გლოვობენ ფოტოატელიეს უკან. - მამამისი ლიოჰკი კავალერისტი იყო. ყველა შეკრული იყო, ლიოჰკი კავალერისტი და ესეც შეიყვანა, მერე შინსახ... ამასობაში კი შევიტყვე, ძმებო, თბილისი ყოფილა, ჩვენი თბილისი. აბა, გოგლიძეო და... სხვაგან სად იქნებოდა? თბილისი ყოფილა, მზის და ვარდების მხარეო. ყველა მოხუცი და ყველა ელამი. სცოდნიათ ომი, სცოდნიათ. მაგრამ რა თბილისი? გოგლიძე მინსკშიაც ყოფილა უფროსად. რა ქვეყანაა? თფუ, რა ქალაქია? ჩემი ქვეყნის ოქროყანა გამოვა. სწორია. ოქროყანაში უნდა ახვიდე და გადმოხედო, მაშინ მიხვდები, რა ქალაქია. მაგრამ თუ ოქროყანაა... მოხუცები კი იბრძვიან. პარკში ომია და აქეთები რომ მტრედს მოუწოდებენ, იქეთებმა თქვეს, ერგეაშვა. ვაჰრადას სულაც არა ჰგავს ერგეაშვა, მაგრამ საკვირველიც ეს არის, რომ მას პარკელი მოხუცები მღეროდნენ. ეს არის და, აფხაზური სიმღერა გავიგონეთო, სანაყინის საფრიდან თავგამეტებით ააკაკანეს ტყვიისმფრქვეველი. - ღალატია, ღალატი! - აფხაზები ყოფილან... - აბა, ქართველი მაგას იზამდა? ვუთხრა ჩემს შვილიშვილს, საგადასახადოში როა... - აქამდე მოსულან! დააყარე, თეოფილე! მორჩა, თბილისია, თბილისია. ჩიტაში აფხაზები არ ცხოვრობენ. ფოტოატელიეს მხრიდან კი თავზე ხელი აიღეს. - სამშობლოსათვის, სტალინისათვის! - და ვირთხებით სავსე ყუთი გადმოისროლეს. სწორედ ეს დროა და პარკში სამხედროთა სასულე ორკესტრი შემოვიდა. მას წინ მოუძღვის „ჩემო ტკბილო მეგობაროს“ ჰანგი. - ჩვენები არიან, - ხრინწი ეპარება ორივე ბანაკს. - ვაშააა, ურაააა!.. ჰაი, აფეთქებულო პრაღის ქუჩებო! პრაღა რაღა შუაშია? ეს თბილისია, ძმებო, თბილისი! მშობელ მიწაში მიდგას ფესვები და აღარაფრისა მეშინია. ჩემი ლამაზი და მშვიდი მოხუცები. არსად ასე არ მღერიან მოხუცები, არსად ასე არ უკრავენ. მხოლოდ მოსკოვში... ისევ მოსკოვი. მოსკოვი, კრემლი. თბილისის თავზე ფრიალებს ჩითის ნიფხავთა სერპანტინი. ეს თოკი მოსწყვეტია ავლაბარში ბოძს. ამიტომაც ფრიალებს აგრე ამაყად. მამაკაცის ჩითის ნიფხავთა მშვენიერი ცეკვები ცაში. გაუმარჯოს ნიფხვოსან რესპუბლიკას! მაგრამ ცაში დარხეული სილამაზეები რას მიეხმარება მიწაზე? დიახ, ბღავიან მოხდენილი ქარიშხლები ცათა შინა, იგრე ბღავიან, რომ სულაც არ არის ბღავილი, არამედ ხმანი ჩვენს განთქმულ ბანთა და ტენორთა, მაგრამ ეს იქ, მაღლა... იმღერებ, რატო არ იმღერებ? სიმღერის მეტი რა დაგრჩენია. და სანამ ჯარი მწყობრი ნაბიჯით ცდილობს სიმშვიდის აღდგენას და ამშვიდებს ამ განუმეორებელი გამონაგონით ანუ ტყვიით, თუ რაცა ჰქვია: მოასვენებენ მოხუცებს, მოასვენებენ თავიანთი ფრონტის ხაზიდან. აჰ, ამას პოეტის სიტყვა დაამშვენებდა, მაგრამ პოეტს ხომ ცხენი დაუფრთხა, ის ტომრიანი კაცი კი დადიოდა. თურქული ფქვილის ტომარა იყო, იმ კაცს კიდევ კაცი არც ეთქმოდა, ცალი ულვაში მომპარსეთო, ვინმე რომ დაიქადნებს და რომ მოპარსავენ, ზუსტად ისეთი იყო, მომიტინგეთა შორის დაძვრებოდა და პირმოხსნილ ტომარას უჩვენებდა, შევეწიოთ ჩვენს განმათავისუფლებელ მოძრაობასო. ეჰ, რამდენი იძრობდა უკანასკნელ სამმანეთიანს, ზოგიერთი შეშინებული კი - ოცდახუთმანეთიანსაც - და მოიკიდებდა ამ ტომარას ზურგზე, რათა შინ წაეღო და სულაც არ ფიქრობდა დამეწყრილთათვის სახლების აშენებას, ვინაიდან თვითონაც არ ჰქონდა სახლი. ჭეშმარიტი გამათავისუფლებელი იყო, ხალხს სამმანეთიანებისგან ათავისუფლებდა განთავისუფლების ფრონტის სახელით. ჰოდა, სწორედ ეს კაცი დავინახე, უჰ, რას დაახალეს ტყვიები? ბიჭები იყვნენ, სულ დარჩეული ჯეელები. რა დაამშვიდებდათ? ზოგჯერ პოეტი რომ გეუბნება, დამშვიდდიო, სწორედ რომ პირიქით გამოდის. ზოგი ალალი პოეტი ცხენს მაინც დააჭენებს ქუჩებში და ასე შეგაგონებს. ზოგიერთი კი შეარჩევს ძნელბედობის ჟამს და სწორედ იმ დროს გამოგვეცხადება ტელევიზორში ძახილით, დამშვიდდი, თორემ არ მოგვითმენენ, დამშვიდდი, თორემ შენ თუ არ დამშვიდდი, მეც არ მომითმენენო. ის ცხენოსანი პოეტი საწყალი იყო და არაფერი გაეგებოდა ამ საქმისა. დააჭენებდა და ფიქრობდა, ეგებ მართლა კარგია, რომ ხალხი მშვიდად იყოსო. ეს ტომრიანი კაცი კი მიცხრილეს, ჩემის არ იყოს, მის სახლსაც აღარ ჰქონდა ფანჯარა, სატანკო ჭურვით გამოენგრიათ და ეგრევე ეგდო საწერ მაგიდასთან მისი ხელი, რომელიც ტომარას ბღუჯავდა. იმ ტომარაში ყოფილა ყველაფერი. ხოლო თავად სად გაქრა, ვეღარ დავინახე. ალბათ, უკეთეს სამყაროში თუ მოხვდა, მაგრამ ხელი, ემაგის მარჯვენა ხელი, გაჯიუტდა თუ რა იყო, არ ვიცი. ეტყობა, ტომარა დაენანა და აქ დარჩა. აი, სულელი. რა თქმა უნდა, ის კაცი, თორემ ხელმა თავის საქმე იცოდა - ჩაებღუჯა ფულით სავსე ტომარა. მერე მოვიდნენ ვიღაცეები, შემოლაგდნენ ნანგრევ ოთახში და იმ ტომარაჩაბღუჯული ხელის გარშემო მდგომებმა დაიწყეს პაპიროსების წევა. რა უნდოდაო, თქვეს, დღეში ოცი ღერი პაპიროსი და ცოტაოდენიც სიყვარულიო. აჰ, როგორ ვიცოდი, რომ ტყუილი იყო! იმ ხელს ტომარა ჩაებღუჯა, რადგან მის ოდინდელ პატრონს დაენახა, ჩემი ფანჯრისკენ საჰაერო ყუმბარა მოშხუილებსო, და ეტაცა ხელი ტომრისთვის. ტანი ყუმბარამ წარიტაცა, ხელი კი დარჩა, ვითარცა ხატი მისი. დაიჭირეს ეს კაცი და მკლავი მოსჭრეს, ფული რატომ აგიღიაო. ჩვენი ფული იყოო და როგორ არ უნდოდა ოც პაპიროსსა და სიყვარულზე მეტი? მეტი უნდოდა, მაგრამ იქ ჩამომსხდარნი სულაც არ ფიქრობდნენ ამის გამო, ეტყობოდა, დიდი ხნით აპირებდნენ ჩამოსხდომას, პაპიროსის წევას და ბჭობას. ამბობდნენ კიდეც, სად შევურჩიოთ სამუდამო ადგილი ამ ხელსო, ერთი ამბობდა, მოდი, ბუხრის თავზე მივაჭედოთო, მეორე - ყველაზე მაღალ ადგილას გამოვდოთ, რათა ადამიანებმა დაინახონ და სამუდამოდ ახსოვდეთ ჩვენი დიდი მეგობარიო. ზოგიერთი პაპიროსს პაპიროსზე უკიდებდა და აგრე იტყოდა, მოდით, კრემაცია მოვუხდინოთ ამ ჩვენი პატიოსანი და მოსიყვარულე კაცის ხელს და ამით ყველანი ავალაპარაკოთ, რახანღა ჩვენს ქალაქში დაფერფვლა ჯერ არ მოხერხებულაო. ამაზე შეთანხმდნენ და ტომარაჩაბღუჯული ხელის გასვენებაც გადაწყვიტეს, ოღონდ კი ისე გამოვიდა, რომ ხელიდან ტომარა ვერ გამოართვეს, ისე ჩაებღუჯა ცხონებულს, რომ შევატყვე, ოფლი დასდიოდათ. ჩამოსხდნენ და გააბოლეს პაპიროსები, გაუშვი, ტომრიანად დავწვათო. მაგრამ ტომარა არ ეთმობოდათ და ამის გამო დიდი კამათი და გაწევ-გამოწევაც მოუხდათ. მერე ერთმა ჩააქრო პაპიროსი და თქვა, ქვემოდან გავჭრათ ტომარა, რაც შიგ ვნახოთ, დავინაწილოთ, რადგან ვიცი, ჩვენთან მოჰქონდა ეს ყველაფერი, სიკეთითა და გულისხმიერებით, ოციოდ პაპიროსითა და ცოტა სიყვარულით გამთბარსო. ამით ყველამ გაიხარა და დაიჭირეს პაპიროსები სამ-სამი თითით, ვითარცა წმინდა სანთლები, და თქვეს მხურვალედ, აქ ვინც ღვიძლები ვართ, შურს ვიძიებთ. გადავტენით და გადმოვტენით... ამასობაში კი წვიმა წამოვიდა. ოჰ, ღმერთო ჩემო, არასოდეს მინახავს ასეთი ლამაზი, ასეთი მათრობელა, ასეთი გემრიელი წვიმა. ერთიხანობა ვიფიქრე, ბორდოს ღვინო თუ მონაკადულობს ციდან-მეთქი, მაგრამ ამ ქალაქს მეწამული ცა როდი ადგა თავზე. სადღაც სკდებოდა საწნახელის ტოლა ჭურვები და ქუჩებშიც ყვიროდნენ, ღმერთი გაწყრა და სრესის ავზების ხეთქვა დაიწყოო, მაგრამ ეს წვიმა, ოჰ, განუმეორებელი და გემრიელი, ვითარცა უზრუნველობა! ეს წვიმა ფერადი იყო და, ქალაქის ასფატლს დამსკდარი, როდი ადნებოდა ზედ, არამედ აქავე რჩებოდა, როგორც ნივთი, ზედ დაგდებული. წვეთები იყო შაურიანის ტოლა, წითელი, ყვითელი, მწვანე და ლურჯი, ფერები საქარხნო წარმოებისა. და ამოვიცანი ამ გემრიელ წვეთებში წვიმა ჩიპებისა: ხუთლარიანისა, ათლარიანისა და სხვათა, უფრო დიდთა და ტევადთა. ერთი-ორი ოქროსიც კი გამოერია, დავინახე იმათი ბრწყინვალება. მოდიოდა ჩიპების წვიმა და გალობდნენ ჩემთვის უცხონი სადღაც ძალიან ახლოს, „ჩიპ-სოლდ, ჩიპ-სოლდ, პას პაროლ, წითელი და შავიო“ და როდესაც მეჩვიდმეტედ გავიგონე „პას-პაროლ, სერვი, სერვი, პას პაროლ“, უეცრად ამოიზარდა მიწიდან მრავალსართულიანი, ორასბინიანი სახლები, თეთრი და ჭუჭყიანი, ჭუჭყიანი და თეთრი და კვლავ შევძახე, ნუთუ მინსკია ანდა კიდევ - ზელინოგრადი? ჩელიაბინსკია თუ ტულა? - აჰ, თბილისია, მგონი, თბილისი, რახანღა სხვაგან არსად ივერცხლება ამგვარად თმა, სხვაგან არსად ისვრის ნაპერწკალს ამგვარად თვალი, შემალული გაფარჩხულ, ჭაღარა წარბების ქვეშ. ეს ფიქრი იყო და, გამოცვივდნენ ამ დიდი სახლების სადარბაზო კართაგან სხვადასხვაგვარი ატნაშენია ბიძიები სულ ნაირ-ნაირად მოსილნი, და გაქანდნენ ჩიპების ნიაღვრებისკენ, დაღმართებში რომ ჩამოჰგავდნენ იმერულ ღელეებს. გზადაგზა უცვიოდათ რევოლვერები, ბლოკნოტები, კრიალოსნები, მობილურები, მალბოროს კოლოფები, ოქროს საათები, მზის სათვალეები, ექვსასიან მერსედესთა გასაღებები, რაიც, აგრეთვე, გახლავსთ ატნაშენია, მაგრამ როდი ბრუნდებოდნენ მათ წამოსაკრებად, არამედ უკან მოუხედავად მირბოდნენ ჩიპის ღელეებისკენ და ხტებოდნენ შიგ, ვითარცა ომარ შარიფი - ერთ დავიწყებულ, მამაპაპურ ფილმში. ძიაკაცები ყლაპავდნენ ჩიპებს და თავ-პირს და ხელებს უშვერდნენ ცით წამოსულ ჩიპეულობას. სადა ნაღდდება ეს ჩიპებიო, ამოიხრიალა ვიღაცამ და მეტი ხმაც არ ყოფილა, დაცურავდნენ ამ ჩიპებ-ღელეებში, პირაღმა ტივტივებდნენ შიგა, თვალგახელილნი და ნეტარნი, დგაფუნობდნენ და ეხვეოდნენ ერთმანეთს, ბედნიერნი და ხრინწიანნი, არასოდეს ამოყვინთავდნენ ამ ბედნიერებიდან... მე კი ვიდექი ჩემს გამონგრეულ კედელთან და მეშინოდა მათი, ვინაიდან ატნაშენია - ატნაშენიად, მაგრამ განა მგლებს აქვთ ატნაშენია? ამოდის, ნათდება! ეს კი აღარ მოეწონებოდა ლეგჩოხა ბიჭ ტოტიას. ვშიშობდი, ვაითუ წვიმამ გადაიღოს და მერე ჩიპების განაწილება გაჭირდეს-მეთქი. ამის ფიქრში რომ ვიყავი, შევნიშნე, ბიძიებს თანდათან იერი ეცვლებოდათ, ვითარცა პინოქიოს, ონავართა კუნძულზე რომ მოხვდა, და ბიძიები დინოზავრებს ემსგავსებიან. კოსტუმებიც კი, კოსტუმებიც, ბედის უხილავ მკერავთა მიერ, ახალ თარგზე ეჭრებოდათ. საყელოები ფართოვდებოდა, ჰალსტუხის მარყუჟები მსხვილდებოდა და პერანგები ფერს იცვლიდა. აქამდე არასოდეს მენახა თმაწამოზრდილი, ქილვაშიანი დინოზავრები, რომლებსაც მოკასინები ეცვათ. ეტყობოდა, ჩიპთა მდინარეებში მოლაღე ბიძიები თავადაც გრძნობდნენ ამ მოულოდნელ ცვალებადობას, ერთმანეთს ათვალიერებდნენ და სინჯავდნენ ხელებით, შენა ხარ, თენგიზ, თუ შენა ხარ, თამაზ, თუ შენა ხარ, რობერტ, ან კიდევ, ავთუშ, ნოდარ და გურამო? ვიფიქრე, ეს უთუოდ თბილისი უნდა იყოს-მეთქი, და ცრემლი მომადგა თვალზე, რადგანაც მივხვდი, რომ ჩემთა, საკუთართა, გადინოზავრებას ვუცქეროდი, ისინი კი დაბნეულნი, ვითარცა ტალახში მოსვრილი სესილია თაყაიშვილი „ნატვრის ხეშია“, ჩიპთა ღელეებში ჩაჩოქილიყვნენ და შველას ითხოვდნენ ნაპერწკალწართმეული თვალებით უძლური მტაცებლებისა, ეს წამია, რომ ტყვია ჰკრა ჩაუქმა მონადირემ და სწორედ ამ დროს, ბუთქა, მაგრამ რა ბუთქა... მეხი იქნებოდა? არასოდეს მინახავს მეხის დაცემა, მაგრამ ეს არ იყო მეხი. თითქოს ვიღაცას დაენაღმა სარდაფები, ვიღაც უცნობს ჩაელაგებინა ჭურვები ქალაქის რესტორნებსა და სხვადასხვა სამმართველოებში და ახლა ბორცვს მოფარებული აჭერდა ღილაკებს. ჩვიდმეტი ადგილი დავთვალე, სადაც იბუთქა, წახდა ყოველი კოხტა ალაგი, და დაემთხვა თუ რა იყო, აღარ ვიცი, შეწყდა ჩიპების წვიმა და ჩრდილოეთიდან მობერილმა ქარმა საიდანღაც შემოაფრიალა ალისფერი ბარათები. მილიონობით ალისფერი ბარათი დაქროდა ამ ნაქალაქარ ადგილას, და რატომ დავმალო, ბარე ორასი ცალი ჩემს გამონგრეულშიაც შემოფრინდა. თავიდან, რომელიღაც საკრედიტო ბარათის სარეკლამო კამპანიის ბარათები მეგონა და ცაში დირიჟაბლს დავუწყე ძებნა, იქიდან ხომ არ ყრიან-მეთქი, მაგრამ, ნურას უკაცრავად, სულ სხვა რამ გამოდგა. რახანღა დავწვდი, მოგახსენებთ - ეს იყო მეთვრამეტე პარტიული კონფერენციის დელეგატთა მანდატები. აღარსად ჩანდა ჩიპების მდინარეები და აღარც ისინი გალობდნენ „ჩიპსოლდის“... სადღაც აგრუხუნდა რადიო და თვალებით დავუწყე ძებნა. რეპროდუქტორი იყო. ერთი მოედნის ერთ კუთხეში გადმოსცემდა და რას? მღერას - ტაშკენტისკენ ცხრა მთა გადავიარეთო. იქნებ ტაშკენტია? პურის ქალაქი. ერთ დროს ხომ იქაც მოხდა უბედურება, დაინგრა ყველაფერი და ხალხი ნანგრევებს ქვეშ დაინთქა. მაგრამ რეპროდუქტორმა ნგრევა შეწყვიტა და ვიღაცის ატმის მურაბაში ჩამბალი უბერებელი ხმა გამოუშვა. ეს ხმა ჯერ რაღაც ლექსს კითხულობდა, მერე კი იმ დღეს სხვადასხვა დანაშაულისათვის დაპატიმრებული ადამიანების გვარების ჩამოთვლას მიჰყო ხელი. რატომღაც სულ გარეუბნელ სიდედრთა გარეუბნელი მკვლელები ჩამოთვალა. მერე კი... თურმე, ნუ იტყვით და, ქალაქში ომი მიმდინარეობს, მე კი არ ვიცოდი. მანდატებში ჩამხრჩვალი ბიძიები კი ჩიპების ღელეებს მიჰქონდა სადღაც, მინგეჩაურისკენ. არა, ეს არ არის ტაშკენტი. ამბობენ, ტაშკენტიდან ქარავნები მოდიანო. აქედან გასული ქარავანი კი ჯერ არ დამინახავს. არც სქელი ქალი ზის აქლემზე და არც რაღაცეები მოაქვს. ამიტომ ეს არ არის ტაშკენტი. და, საერთოდ, რა მტკიცება უნდა? რას ამოვიჩემე? ახლა მთავარი რადიორეპროდუქტორია, ანუ ინფორმაცია. ადრე რომ განათლებულს ეტყოდნენ, ახლა ინფორმირებულია. აგრე აღნიშნავენ. ყველაზე ცუდი კი რადიოში ის არის, რომ შორით მოსულ ხმას გაჩვევიხარ და წარმოიდგენ, ამგვარი სიტკბოებით, მეგობრულობით, ვაჟკაცობით, თუ ათასი სხვა რამით გაჯერებული ხმის პატრონი უეჭველად ასეთი და ასეთი ვინმე უნდა იყოსო, მერე, ერთ მშვენიერ დღესაც, სადმე გაიცნობ წამყვანს და იმედგაცრუებული რჩები პიკასოს ბიჭობის ამბავში. მაგრამ ახლა რადიოზე ფიქრის დროა? გამომცხადებელი უკვე დამჯდარიყო სტუდიაში და ქალაქს ამბავს ამცნობდა. ლაპარაკობდა დინჯად, თითქოს დარდიანად, მაგრამ მაინც უდარდელად. ეტყობოდა, სხვის დაწერილს კითხულობდა, და თანაც - პირველად. დარდიანობა მისი სტილი თუ იყო, უდარდელობა კი ხასიათის ერთ-ერთი ნიშანი. განაპირასო, ასე ჰყვებოდა, სადაც ოდესღაც მაუდ-კამვოლის ქარხნის მილები ალამაზებდნენ ცისკიდურსო, ბლინდაჟი გაუმართავს ყოფილ ბუღალტერთა გაბოროტებულ რაზმეულსო. ბუღალტერთა მთავარ შტაბში, რომელიც მაუდ-კამვოლის ქარხნის პარტკომის აპარტამენტებშია გამართული, უწყვეტ ნაკადად მიედინება ხალხი და მუქარის წერილებიო. შუადღისთვის ველით ყოფილ ბუღალტერთა შემოტევას, რადგან ქარხნის ეზოში უკვე თავს იყრიან ბუღალტერთა მხარდამჭერი გაავებული ყოფილი ინჟინრები და მოუღლელად იქნევენ ჯოხებს, რომლებსაც მალე შეცვლიან თოფ-იარაღით, რახან ბუღალტრებს ფული შეუგროვებიათ და თოთხმეტი ტომარა გაუგზავნიათ ტრაქტორისტებისთვის, რომელთაც დაუფიცნიათ, ამ თოთხმეტი ტომრისთვის ტრაქტორებს ტანკებად გადავაკეთებთო. ათასეულები დგებაო, ანუ დუმნებიო, ამბობდა წამყვანი და მოუღლელად აღნიშნავდა ბუღალტერთა ამბიციების სრულ უადგილობას. ამას ისიც დაერთო, რომ რადიომ ქვეყანას მოჰფინა ჭეშმარიტ ბუღალტერთა და მთავარ ინჟინერთა მრისხანე განცხადება: „მაუდ-კამვოლის მილებს ქვეშ შეკრებილნო, რიგითო მოღვაწენო, დაფიქრდით, განვლილ ცხოვრებას ხაზს ნუ გადაუსვამთ, ხომ იცით, რომ ნამდვილი ბუღალტრები და ინჟინრები ჩვენა ვართ, თქვენი მეთაურები, და თქვენ უჩვენოდ ვერას გახდებით; ამიტომაც მოგიწოდებთ, დასტოვეთ მაუდ-კამვოლის წმინდათაწმიდა აკვანი მშრომელ კაცისა და დაუბრუნდით ქუჩაში პაპიროსისა და მამალოს გაყიდვას, ასევე - ტაქსისტობას და სხვა ამგვარ ხელობებს, რომელთა მეშვეობითაც თავს ირჩენდით ბოლო ხანს, ვინაიდან თქვენი ბუღალტრობა და ინჟინრობა აღარაფრით გამოვა. ყველამ ვიცით, რომ თქვენი ბუღალტრობა და ინჟინრობა ცრუ იყო, ამიტომ, ნავთის ჩამომსხმელობას უნდა დასჯერდეთო“. გამომცხადებელმა ერთი ისე ამოისუნთქა, ბედნიერების ახლო მოტრიალე პატარძალი რომ ამოისუნთქავს ხოლმე. ალბათ, ის გაუხარდა, ადრეც გამომცხადებელი ვიყავი და ახლაც გამომცხადებელი ვარო, და განაგრძო მთავარ ინჟინერთა და ბობოლა ბუღალტერთა მუქარის კითხვა: „თქვენ, გზასაცდენილნო, კარგად იცით, რომ ჩვენ გვყავს ახალი ბუღალტრები და ახალი ინჟინრები, რომლებიც საანგარიშოთი და ყალბი ფაქტურებით კი არ ირჯებიან, არამედ კომპიუტერსა და ინგლისურ ენას ფლობენ და თურქ მუშათა ხელმძღვანელობა და ამერიკელ მენეჯერთა ხელქვეითობა შეუძლიათო. ისინი განაწყენებულან თქვენი უგვანო თავშეყრით და ახლა თავადაც იარაღდებიან, თქვენი დაპირისპირება მესამე ძალის წისქვილზე ასხამს წყალს, მეტს კი ჯერჯერობით ვერაფერს მოგახსენებთო.“ ამის თქმა იყო და, აკაკანდა კიდეც. ტყვიების ჯერმა დაადუმა რეპრდოუქტორი. ვიფიქრე, აჯანყებულ ბუღალტრებს თუ ეწყინათ და სნაიპერი აამოქმედეს-მეთქი, მაგრამ ამ ვერსიის გადამოწმებამ აზრი დაკარგა, რახან მოედანზე ათი-თორმეტი მანქანა შემოგრიალდა და იქაურობას იმგვარი ბუღი აადინა, რომ ერთხანს ვეღარაფერს ვხედავდი. იმ მანქანებიდან ჯეელები გადმოცვივდნენ და იმგვარი ცეკვა-თამაში გააჩაღეს, რომ თვალები ამიჭრელდა. კარგა მოვლილი ჯეელები ჩანდნენ და ზოგიერთი ელვის პრესლის ჰგავდა, ზოგიერთი - ჯონი დეპს, დანარჩენები კი ცდილობდნენ, კინუ რივზის იერისა ყოფილიყვნენ. აქეთ-იქით ქუჩებიდან მედოლეები მორბოდნენ, აქაოდა, საჩქაროდ მოვემსახუროთ ბატონკაცებსო. თუ ფიქრობდნენ, დოლებს სულ ფულით დაგვიტენიანო და ისინიც, მე რომ მეგონა, ავტომატის ჯერით დაადუმეს რადიო-მეთქი, თურმე რევოლვერივით მოხდენილად და სასიკვდილოდ ისროდნენ შამპანურის ბოთლის საცობებს. რასაც დაუმიზნებდნენ, იქვე აჯენდნენ ნიშანში. ჯერ საცობს ისროდნენ, მერე კი საკონტროლო გასროლის ამბავში ბოთლსაც დააყოლებდნენ ხოლმე. თანაც, ამ საქმეს გაქანებული ცეკვა-თამაშის დროს ახერხებდნენ, დაახლოებით ისე, ძველ დროში თავადიშვილ-აფიცრები რომ ჩამოუვლიდნენ ხოლმე ნაგანის სროლით. ქუჩაზე გაჩერებულ მოსეირნე ხალხს ეს კაი ბიჭები წელში უვარდებოდნენ და აშინებდნენ: - დაითესე აქედან! მესამე ძალა მოვედი!.. ხალხს კი ეშინოდა, მაგრამ წასვლას არა ჩქარობდა. ხან ვის შეასკდებოდა საცობი შუბლში და ხან ვის, მაგრამ მეზობელთა დარდი არავის ჰქონდა და არც ამგვარ გასროლათა შიში. აბა, ვინ იფიქრებს, რომ შამპანურის ბოთლის საცობით აღესრულება? ესენი კი, მართლაც, საუცხოოდ ტაშფანდურობდნენ, ოღონდ დოლების ბრაგაბრუგის ხმა ხეირიანად არც ისმოდა, რადგან ღრიანცელი, ტაშისცემა და მანქანებიდან გამოფრენილი ჰანგები ერთმანეთში არეულიყო. ჯეელები მოუღლელად ცეკვავდნენ და თავიანთი მანქანების სახელებს შესძახებდნენ ხოლმე. ცხადია, ამგვარი ხმაურობა ბევრს გაუღვიძებდა მოედანზე გამოჩენის სურვილს. ამიტომ, დიდად არ გამკვირვებია, როცა იქ მოძრავ-მექანიზებული აბანოები შემოახრიგინეს. ყოველ გორგოლაჭებიან აბანოს წინ თითო განთქმული მამაშა მოუძღოდა. ყოველ ასეთ მამაშას ხელში მობილური ტელეფონი ეჭირა. ყოველ მოძრავ-მექანიზებულ აბანოს ბანზე მეგაფონიანი პუტანა შემოსკუპებულიყო და ყოველი მათგანი საჯაროდ აცხადებდა: - გზა, გზა, მიგვიშვით კლიენტებთან! ხალხი გულითადი ტაშით შეეგება მოსულებს. - ძველ დროში ქალი არიგებდა მოსისხლეებს, - თქვა ვიღაცამ, ოდნავ გლეხურად განათლებულმა, - ახლაც ამათი იმედი უნდა გვქონდეს, ესენი შეგვარიგებენ! - ქალი სიტუაციის საუკეთესო ფილტრია, თქვა მიქელანჯელო ანტონიონიმ, - თქვა ვიღაცამ, ოდნავ ინტელექტუალმა. - უგანდონოდ მაინც არ შეიძლება! - მოისმა ბრბოდან. - აპასნია, მა რა, ტრაბზონიდან ეგრე მოგორავენ და სოფელი არ გაუცდენიათ. ამასობაში კი მოცეკვავეთა შორის ერთი რამ გაუგებრობა შეიქნა. ერთმა მოცეკვავემ ექსტაზში შესძახა: - ჩემი ფერარის დალნები ყველაზე მაგარი დალნებია მსოფლიოში! სამწუხაროდ, მის ახლოს მროკავი ვერაგი მსახიობი გამოდგა და ამიტომ ექსტაზში არ იყო. როგორც შევატყვე, მხოლოდ დილიხორისთვის ცეკვავდა და ამიტომ კარგად გაიგონა კომპანიონის ნათქვამი. ჩანს, ეს საწყენად დაურჩა და იქვე მიაძახა: - ჩემი ლენდკრუიზერის დალნები შენი ფერარის დალნებზე შორს დამანახებსო... ამან გამოიწვია მოსალოდნელი შელაპარაკება სინათლის სიჩქარისა და ღირსების საკითხებზე და შედეგად ბოთლებით ხმალაობა მოჰყვა. ეჰ, ორივე დაიღუპა... ალბათ, დაიღუპა, რადგან ძმაკაცებმა ბოთლები დაიმარჯვეს და დაუნანებლად დაუშინეს საცობები მოდავეებს. მოკლედ, ჩაქოლეს შამპანურის საცობებით, მაგრამ ამის შემხედვარე ხალხი აღელდა და წარმოდგენის ჩამშლელებად მედოლეები დასახა, ჯეელები ამათმა უგვანო ბრაგუნმა გააღიზიანაო. ამიტომ ყველანი მედოლეებს დაერივნენ და იმ თავისი ნაქები დოლების თავზე ჩამომხობა უწყეს. მერე ვიღაცამ შესძახა, აბანოს გოგოების ბრალი არ დაივიწყოთ, ხალხო, გაიხსენეთ, რაგვარი მეძვირეები არიანო, და ბრბო მოძრავ-მექანიზებულ საროსკოპოებს შეერია. ყველა მამაშამ იძრო მობილური და წივილ-კივილით უხმო მილიციას, ანუ იმ მილიციელებს, რომლებსაც მუქთად გაესინჯათ მათი გოგოები. მუქთი ხომ კარგი იყოო, კიოდნენ ყურმილებში. როგორც შევატყვე, მილიცია შეშინებული ჩანდა და მოედანზე გამოსვლა უჭირდა. ბედი არ გინდა? ან სად იყო ამდენი გზა პირკეთილ ქალაქ ტაშკენტში... ოჰ, თბი... ოჰ, რა ყველაფერი შემოეტია ამ ოხერში. ფარდა რომ მქონოდა ჩემს გამონგრეულზე, ნაღდად ჩამოვაფარებდი, მაგრამ ამხელა ფარდა სად მქონდა? არადა, ყველაფერს ერთბაშად ხომ არ... ეჰ, როგორ ყველაფერს... წაიმურდლაო, ბიძები რომ იტყვიან. ამხელა ფარდა ოპერაშიც არ ექნებათ. დიახ, ყველაფერი ერთმანეთს ემთხვეოდა. ძალიან შემაშინა ზარის ხმამ. კომპრაჩიკოსთა მეთაურის, ბერინალი დუს გალდაუზენის ნათქვამი გამახსენდა, შუა ზღვაში სიკვდილის ზარი რეკავსო. ამასობაში, გაირკვა, რომ ეს იყო მთელი ქალაქის კერძო უნივერსიტეტების დიდი დასვენების მაუწყებელი ზარი და მე დავინახე, როგორ შეესივნენ სუპერმარკეტებს აშორდიას სტუდენტები. ბედი არ გინდა? ყველაფერი ერთმანეთს დაემთხვა. ახლა ეს სტუდენტები, რომელთაც ჯერ არ გაესინჯათ ყავა „ბუენდიასი“ და ვისკი ჩ(შ)ივას რიგალისა. თანაც, გადაეწყვიტათ, სუპერმარკეტის ქალწულები ზედ სალაროებზე უნდა შევიცნოთ, საღეჭ რეზინთა და ეკლერთა შორისო. სწორედ ამ დროს კი ცვლა დაწყებულიყო და სახელმწიფო დაცვის ათასობით თანამშრომელი ლუდხანების გაღებას და ფენოვან ხაჭაპურს ითხოვდა. ყველაფერი ერთად, ყველაფერი ერთად. წარმოგიდგენია? რა ქალაქია... მაინც არ მასვენებს მწარე სინანული. რომელი ქალაქია, რომელი ქალაქია... უსახელო მაღლობზე... ამხანაგო მიშაკოვ, ძმაო შალამბერიძე. საიდან მოისმის ეს უცნაური შეძახილები? კვლავ აფეთქება. ერთი, ორი, სამი, ოთხი... ფეთქდება და ფეთქდება ნაირგვარ ადგილებში. მივხვდი! ვიღაც მეტროს სადგურებს აფეთქებს. ლამაზ მეტროს სადგურებს. აი, რა იყო მკვიდრი, უბერებელი და უკვდავი. არა, არა, ვიღაც დაძვრება ამ ქალაქში, ვიღაც ეშმაკი და ვერაგი მენაღმე. აბა, რა არის? წეღანაც ააფეთქა, ახლაც ააფეთქა. სტალონესავით კაცია, ვიღაცაა. ვაჰ, დაძვრება და აფეთქებს. ამფეთქებელი. მიყვარს უჩინარი ფრონტის მსახურნი, თუმცა არ მგონია, რომ ბევრისშემძლენი იყვნენ. მაგრამ რა დროს ეგეებია? დახე, ამ წითელ ავტობუსებს? ესენიც მოედნისკენ არ მოეტენებიან? იქნებიან ეგრე, ორასამდე. დიდი სისულელეა, ჩემმა მზემ, ასეთ მოუქნელ რამეს „იკარუსი“ დაარქვა. მოეტენებიან და ვერც მოეტენებიან. აგე, რამხელაა ეს ქალაქი, ავტოსადგურები დაილია? მაგრამ აქეთ უნდათ. ავტობუსებიდან კი დაქანცული, გაოფლილი, ორღამენათევი ქალები ჩამოდიან. თითოს სამ-სამი დიდი ჩანთა უჭირავს, კუბოკრული, ნაცნობი ჩანთები. დაქანცულები კი არიან, მაგრამ არეულობის შემხედვარენი არ იზარებენ და სახელდახელოდ ახდილ წყალსადენის ხუფებთან იკავებენ რიგს. აჰა, მივხვდი, ჩანთებს მალავენ ქალაქის კლოაკაში. და უცებ რეპროდუქტორი ირთვება. უცნაურია, უცნაური. ჯართის ჩამბარებლებიც რიგით ბუღალტრებს მიმხრობიან, იმიტომ რომ, ჯართზე ფასი დაცემულია. გამომცხადებელი გვამცნობს, რომ ყველა ტრაქტორი უკვე ტანკად გადაუკეთებიათ და დაძრულან მაუდ-კამვოლის მხრიდან. ამ სიტყვებზე მიწისქვეშა გადასასვლელებიდან ამოდიან რძის ფხვნილით იმერული ყველის დამამზადებელ მიწისქვეშა საამქროთა მუშაკები და ყველისა და ჰუმანიტარული რძის ფხვნილის ყუთებისაგან აგებენ ბარიკადებს. ფრონდა! ფრონდა! იგვირგვინებს ბაგრატივანი. რადიოში კი დაუნდობლად აცხადებენ, რომ ფინანსურ ბიუროში გაიცემა პროფესორთა დავალიანება. ეს ადამიანები კი პროფესორები ყოფილან! ყველაზე ბოლოს მოდიან, ყველას გზას უთმობენ. ბედია ყველაფერი! ის ვიღაც ვერაგი ახლა ფინანსურ ბიუროს აფეთქებს. ფინანსთა ბიუროსაც და სხვა რამეებსაც, გრუშე. ამოზრდილი სახლების სახურავებზე ალისფერი დროშები ფრიალებს. აჰ, როგორ იცვლება ყველაფერი. მზემ გამოანათა და რას ვხედავ? ეს წითელი დროშები სულაც არ ყოფილა დროშები, არამედ საწმერთულები, თანაც იმგვარი საამო ფერისა, რომ წეღან - ნიფხვები და ახლა კიდევ საწმერთულები. ეტყობა, ამ სახლებში ქალწულები ჰყავთ დატყვევებული. ვიცი, ვიცი თქვენი ამბავი: შაჰინშაჰთან გასაგზავნ მზეთუნახავებს მალავთ. ვხედავ ამ ქალწულებსაც. სანამ გულდამშვიდებული მშობლები რადიოს უსმენენ და ლოჯიის ფანჯრებიდან ხოხბისყელისფერ ხალიჩებს ფენენ, იმათ თავიანთი დალალები გადაუშვიათ საწოლი ოთახების აივნებიდან. რა გასაკვირია, და დალალებს ღატაკი გვარდიელები მოსჭიდებიან. აი, სიყვარული. ძლივს სიყვარული არ გამოჩნდა? ესე იგი, გადაგვარჩენს. მაგრამ დახეთ ვერაგობას! ჭეშმარიტია: სად კაცი დაიბადება, სამარეც იქავეა გამზადებული. ყოფილ ინჟინერთა ლაშქრის სნაიპერები რადიოს კი აცდიდნენ ლაპარაკს, მაგრამ მშობელთაგან მალულ მიჯნურობას კი ვეღარ უძლებენ და, უცნობ ადგილებში მიმალულნი, დამიზნებით, მოკლე ჯერით სწყვეტენ ნაწნავთა თოკებს საბრალო ყმაწვილებს. აჰ, აღარ ვიცი, რა ქალაქია. ჩიპთა ჭაობებში იღვიძებენ დინოზავრებად ქცეული ბიძიები და ავი ღმუთუნით ათვალიერებენ ახმაურებულ გარემოს. ცა ისეთია, როგორიც ტურისტულ ბუკლეტებსა და ლექსებში. იქ, სადაც ადრე რეპროდუქტორი იდგა, ახლა უზარმაზარი ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო წამომართულა. მისი ჩალეწილი მინებიდან კი მაწანწალა ბავშვებს გადმოუყვიათ ლულები. ბარე თორმეტი ლაშქარი დავთვალე უკვე. უცხადესია, ყველა იბრძოლებს. ეჰ, სემ, სემ. გეუბნებოდი, სისხლი, სისხლი-მეთქი, შენ კიდევ იამაიკურად დაიჩემე, უხერხულიაო, რა არის უხერხული? აგე, უყურე, სადა ხარ? შენ მაინც სადა ხარ. ეს კარიც ვიღაცას ჩაუკეტავს. - არ მინდოდა ასე, მაგრამ რას იზამ? ნივთი არ იყო ისეთი... კონვერტში ჩადებული წერილი როგორ გაიჩხიბება? - მისის მანტლიპის ხმა იყო. - კარს ვერ ვაღებ, შიგნიდანაც ჩამიჩუმი არ ისმის, - ამბობდა სემი. - მე შევანგრევ. მახსოვს, ერთხელ ლუთონში გავყევი გუნდს და იქ სტუმართა ტერასის კარი შევანგრიეთ, - მისტერ მანტლიპს თავისი მხარბეჭის იმედი თუ ჰქონდა. - სისულელეებს ნუ ლაპარაკობ. წადი, ტელევიზორს უყურე. ამ კარს გამოლოცვა სჭირდება, შენგრევა კი არა, - მაინც მაგარი იყო ეს ჩვენი მისის მანტლიპი. - აქა ვარ! აქ! - მოვრთე ღრიალი, მაგრამ მივხვდი, რომ ჩემი არ ესმოდათ. ამასობაში კი მილიციელებს გაებედათ და მეძავეთა დასახმარებლად წამოსულიყვნენ. ესენიღა აკლდნენ ჩვენს დროის გატარებასო, ასე იფიქრებდა ადამიანი, მაგრამ სადღა იყო ფიქრის დრო. ავისმომასწავებელი გრუხუნი ტრაქტორებისა უკვე ახლოდან მოისმოდა. ამ გრუხუნში აღარც კი ისმოდა რადიოს წამყვანის უდარდელი სიტყვები: კომპიუტერის მცოდნე ბუღალტრები არ დაუშვებენ უვიცთა დიქტატს და უკვე შეიარაღებულნი მოიწევენ ფრონტის ხაზის გასამაგრებლადო. ამასობაში კიდევ ვიღაც კაცი გამოხტა და მოჰყვა გრგვინვასა და ქაღალდების ფრიალს: - გავერთიანდეთ, ხალხო, რაც კარგები ვართ, იდეოლოგია შევიმუშაოთ და პატაგონიაში წავიდეთ! ქაღალდები ამის თაობაზე უკვე მივიღე და მითვლიან, რაც კარგები ხართ, წამოდითო!.. აი, ქაღალდები!.. ვინ არის შენი პატაგონიაო. და დააყარეს ზოგმა რა, ზოგმა კიდევ - რა. ტყვიით დაწყებული, თავწაწყვეტილი ბეღურებით დამთავრებული, ყველაფერს ესროდნენ. ათიოდე ამგვარი ბეღურა და სამი-ოთხი ტყვია ჩემს ნაოთახარშიაც შემოვარდა და კინაღამ ოხრად დამარჩინა მე, მტვერი სთოუროუდის ქვაფენილისა. იმ უბედურ ქაღალდებიანს რაღას უზამდა? სწორედ ამ დროს აფეთქდა რამდენიმე საპრივატიზაციო ობიექტი. ნეტავ ის ოხერი ამფეთქებელი დამანახვა და ისე მომკლა. ბოლოს ხომ ამ ჩემს გამონგრეულსაც მოსწვდება და აი, მაშინ თუ ვნახავ. ვაჰ! ის იქნება - გენერალი. არა, რა სისულელეა? ის ხომ გასკდა? გასკდა და გაქრა. გაქრა. საპნის ბუშტია? თუ გენერალი? აი, რას ვფიქრობ! ეს ყველაფერი, მთელი ეს ამბავი მის ჯიგარში თუ იყო გამომწყვდეული და რახან მისის მანტლიპმა თავისი მახათები დაუტრიალა გულ-გვამში, ჩემი მტანჯველი გასკდა და ეს უცნაური ქალაქი გადმოისროლა ჩემს გასაგიჟებლად. მოუმზადებელო ყმაწვილებო, ნუ დაეტაკებით დე კუინსის ნაწერებს. იცით, როგორ ვარ? თითქოს სამი ბოთლი ხენდროს ლიქიორი დამელიოს აგვისტოს ღამით და მერე ტაქსი ვერ დამეჭიროს შინ მოსასვლელად. აი, ასე, ლიქიორდანალევს თავწაწყვეტილ ბეღურებს რომ შემოგიყრიან გამონგრეულში, რა დღეში იქნები? ამასობაში კი შევამჩნიე, კვლავ დაიწყო საშინელი გარდასახვა და ეს ხალხი სულ ერთმანეთს დაემსგავსა. ქალს და კაცს ერთმანეთისგან ვეღარ გაარჩევდი, ყველა შავ, ღილებიან კომბინეზონში გამოწყობილიყო. ყველასთვის თავი გადაეპარსათ და რუსული ყურებიანი ქუდები დაერიგებინათ. რატომ დავმალო? მეც ეს წყეული უშანკა მეხურა თავზე. საიდანღაც აგურები გამოეთრიათ და ერთმანეთს აწვდიდნენ, იქით კი ქაფჩა-ცემენტის ამბავი ტრიალებდა. აგურების მოგზაურობა წულუკიძის მხარეშია. რუსთავის მხარეში. ქსანი, ტუბზონა. პაემანის ოთახები? იმუშავეთ, ვირებო, ჭამეთ, ბრიგადირებო. რა ქალაქია? მელიორაციის სისტემას ვაგვარებთ? ტყუილად კი არა ვარ ივან დენისოვიჩი. აი, მოვხვდი აქაც, ხლებარეზკის ვირთხებო! ვირთხუშ პეტროვიჩებო. გრელკით შემოგზავნილი სპირტი. ეს რა არის? ზონა. მთელი ლონდონი ზონაა. ლონდონი? ნეტავ ლონდონს თუ აშენებდნენ გერმანელი ტყვეები? იქნებ სწორედ ესენი არიან გერმანელი ტყვეები. ჰაიტ, აბა, როგორია? ეჰ, მე რომ არა ვარ გერმანელი? ვხვდები, ყველა ამათგანი თავად მე ვარ, მაგრამ ჯერჯერობით ვიმალები ჩემს გამონგრეულში. ჯერჯერობით ვერ მომაგნეს. ეს კიდევ რა ჯანდაბაა? ჰო, სასტუმრო. მივლინებაში ვარ. - რა მიზნით ჩერდებით ჩვენს სასტუმროში? ნახე, რამხელა სასტუმრო ააშენეს უცბად? გარჯა, შრომა. არა, ამას ჩვენ ვერ ავაშენებდით. ნუ ჩხუბობთ, ნუ ჩხუბობთ. ხედავთ, დაერივნენ ადმინისტრაციას. ვაიმე, დედა! აჰ, რა საზარელი მკვლელობაა. ხოცავენ, ხოცავენ, გამარჯვება ახლოა! ისევ დირიჟაბლები, დირიჟაბლები და წითელკანიანი მონადირეები. ლუჩია, ლუჩია, სად არის შენი აბისინიაში მებრძოლი ქმარი? ახია ჩემზე, ნახეთ, როგორ მითრევენ? დროშებით ხელში მობობღავენ ჩემს გამონგრეულში. დამანებეთ, თავი და-მა-ნე-ბეთ. დამიტოვეთ ერთი პატარა გამონგრეული, ჩემი ტკბილი, გამონგრეული ოთახი, ადგილი, სადაც სისუფთავე და სინათლეა. ხელი უშვით! ხელი უშვით ვუდი ალენის წიგნს! აი, თქვე, ჭიანჭველებო. რადიოს ხელი უშვით და „ტაიმსის“ შეხუნებულ ნომრებსა! ხელი უშვი დე კვინსის, შე ვირიშვილო! შე, ტუსაღო! დამანებეთ ჩემი გამონგრეული, ჩემი გამოქვაბული! ჩემი გამოქვაბული ჩემი ციხესიმაგრეა! რა გინდათ? ყვავად ვიქცე და ტაუერის ეზოში ვისეირნო? მაგასაც ვიზამ, მაგრამ იქაც რომ მომადგებით? ხელი უშვი, ბიჭო! ხელი უშვი ჩემს ქაღალდებს... ჩემი ბრალია, ჟან, ჟან ვალჟან, შენი ბრალია. აორთქლება შეიძლებაო, შენსავ ქალაქში შეიძლება, იარო უჩინმაჩინის ქუდით და იყო მშვიდი, მომთმენი და მოარული ვიწრო ქუჩაზეო. აბა, ნახე, თუ შეიძლება... მობობღავენ, მობობღავენ და მეც ჩავყვები, ჩამათრევენ ქვემოთ ჩემი გამონგრეულიდან და მერე მომხვდება შამპანურის საცობი. ნეტავ კი მომხვდეს და გათავდეს, მაგრამ ვინ მოგარტყამს? თქვენ მაინც მიშველეთ, ბიძიებო... ვიცი, ვიცი, რა ქალაქია, გადამწვარა და არც გადამწვარა. ყველაფერი იწვის და დუქნები - არა. მედუქნეებო! მედუქნეებო ყველა უბნისა, შეერთდით და მთელი ქვეყანა თქვენი იქნება! ფეხები წამართვეს, მექაჩებიან. საწოლის კიდეს ვებღაუჭები... აჰა! ეს რა არის? თქვენი ჭირიმე, თქვენი ჭირიმე, ავო მესაყვირენო! ეს რა ჰანგი ჩაჰბერეთ ემაგ წითელდროშოვან საყვირებში, რომ ხელი შემიშვეს? მომიყარეს ჩემი ყდაახეული ვუდი ალენები და დე კვინსები. საით გარბიან? საით გარბიან ასე ერთად? უუუ... თქვენ გენაცვალეთ. ამ ახალგათენებულზე ჩაჰბერეთ, ჩაჰბერეთ დილის საარსა და არღანიც ატირდება იმ თეთრ ადგილებში. რა დაგვრჩენია? ორი მისხალი ენა ვართ. დაასხი, ჩვენს ბიძაშვილებს გაუმარჯოთ. ბიძაშვილებს, ბასკებს გაუმარჯოთ. ბიძაშვილი ეგრე კარგად მოწყობილიყოს, არც გამიგია. კაი ადგილზეა, მარა მაინც უკმაყოფილოა, სამმართველოს უფროსთან ვერ არი კარგათ. დაასხი, დაასხი. ბიძაშვილებისა ხომ გითხარი? დაო დოლორეს, ძმებო ბასკებო, ეი, მეეტლევ, შეაჩერე ელდორადოსთან! ოთხი კარეიკა გაგვიკეთე... დავთვერი თუ რა არის? მესაყვირენი. მწყობრად მოდიან პიონერები. ჩქარა - ზურგჩანთა, შრომით სემესტრში მივემგზავრებით. შენ ჯარში რა გინდა, აქ ვერ დადიხარ ქუჩაში. აჰ, რამსისქე კომისარია! ქაბულში გამიხსენებ, პადლეც? შენ ხარ ავად? ტვინის დამბლა გაქვს? ქაბულში გამიხსენებ, ხო გაიგე. არ მეშინია, შენი არ მეშინია. ვიცი, არ წავსულვარ ქაბულში. კუს ტბაზე კი გნახე ერთხელ, ამხანაგო კომისარო. რა დაღლილი სახე გქონდა. ოჰ, რა დაღლილი. ვიფიქრე, ავად თუ არის-მეთქი. ქაბული კიდევ რა? ჩემზე კარგები ჩაალაგეს თუთიის კუბოებში და, ალბათ, ისინი თუ გიხსენებდნენ. დეზერტირების რაიონი ხართ და ვიღაც გაბრაზებული დეზერტირის მამის ყვირილი იმ სასტუმროს დერეფანში: - ეგ დეზერტირები გაჭმევენ პურს, თქვენი დედა... ქაბული. იქნებ ქაბულია? მაგრამ საყვირი, მაგრამ ჰანგი არ არის მათი. ჰანგი ჩვენია. ჩვენი რომ არ იყოს, გაიქცეოდნენ. მივხვდი - ომი იწყება. კომისარიც ამიტომ ბრაზობდა. სულ ნაკუწებად აქცია საავადმყოფო ფურცელი. ექიმ-ნევროლოგთა დასკვნა დაიკიდა ფეხებზე, ქაბულში წახვალო. ომია და იმიტომ. მაგრამ სად არის რიგით ბუღალტერთა და ყოფილ ინჟინერთა ლაშქარი? ლაშქარი ჩვენი მღელვარებისა. მოდიანო, ჩოჩქოლია. მოდიანო და დედაბუდიანად სპობენ ყველაფერსო. წითელი ძაღლებივით მოდიანო, კრუსუნებენ დინოზავრი ბიძიები და მაუგლის ეძებენ. აჰა, ვხედავ ლაშქრის თავს. ის რა არის, ბუზებსავით რომ მოჩანს მზის ჩასვლის ადგილას? ცხადია, ლაშქარია. ბოდიში და, რომში ხომ არა ვართ? ალარიჰი და იმის ჯეჯგვები ხომ არ მოიწევენ? სადა, ჩვენ ვინ მოგვცა ეგ ადგილები. აქ უნდა ამოგვხდეს სული. ამნისტია მზადდებაო. ამ რადიოს ახლა მე ვესვრი, რაც ხელში მომხვდება, იმას. წყალი რომ გადავასხა? აი, ქალები. დედასამშობლო გეძახის. რამდენი რამ უპოვიათ თავდასაცავად. დაიცავენ და მერე შეუტევენ. ლიმონათის ყუთებიო, ფქვილის ტომრებიო (აი, თურმე, სად ყოფილა ფქვილი, რომ ამბობდნენ, სამი დღის მარაგიღა დაგვრჩაო). ესეც კიდევ ჰალსტუხებისგან გამოკვანძული ქამანდებიო. ბუღალტერთა ტრაქტორები კი თანდათან იკავებენ ქუჩებს. კედლებზეც კი ადიან. ეს ვინღაა? სარეკლამო სიუჟეტს ხომ არ იღებენ? ვიღაც პატიოსანი ტელევიზორებს ისვრის ფანჯრიდან. სწორია! ტელევიზორი მხოლოდ ლუდხანაში უნდა იდგეს. მიხვიდე, ფეხბურთს უყურო და მორჩა. კინო? კინოს კინოში უნდა უყურო. ახალი ამბებიო? ახალ ამბებს ლუდხანაში გაიგებ. აბა, მეტი რად გინდა? მით უმეტეს, რომ არც ერთი ახალი ამბავი არ გამოდგება მთლად ახალი. აჰა, მოდიან! განა ძველები? ახლები, კომპიუტერიანები. თავიანთ ცოდნას იცავენ, განა რაიმე სხვას? ცოდნა უნდა დავიცვათო, დაუჭერიათ ელექტრონის ბოძები და ტრაქტორებს დასდევენ. განა ეს ბრძოლაა? ძიძგილაობაა და მეტი არაფერი. რა ვქნა? ვეღარ ვსუნთქავ და... თუ ომია, ომი იყოს. თორმეტი არმიის ბრძოლა-მეთქი და თითო-თითო დარბიან, როგორც დაუფინანსებელ ფილმებში. ვითომ ომია და ერთი დარბის. კარი, კარი გამიღეთ, სემ! ვიხრჩობი. ეს ქალებიც როგორ კივიან? მოტირალთა ბიუროა თუ ომი? ნახე, იმან გარდერობიც გადმოაყოლა. ქაბული იქნება, ქაბული! ტელევიზორებს ტანკებს ესვრიან ფანჯრებიდან. არა, ეგ ჩვენც ვიცით. ქაბული არ გამოდის. რას ამოვიჩემე? დინოზავრები კი... დახე დინოზავრებს? ჩუმ-ჩუმად დასუნსულებენ. პირველი სართულის ფანჯრებში ძვრებიან, მერე მეორესკენ მიხოხავენ. ნახე - მესამეზეც ასულან. კარგად დაძვრებიან, ხო იცი! სანამ აქ ომია. უბედური მოხუცები, მირახრახებენ უნომრო ტროლეიბუსით. რა უნდათ? ტყვიას ვეძებთო, ყვირიან. ე! ე! ე! ეს ვინ მოძვრება? - ვინა ხარ, ე? - კაი მოგლეჯილი ბიჭია, შობელძაღლი. თვალები დაურბის. ახლა ეს მაკლდა ჩემს გამონგრეულში. - ორი წუთი, ამოვისუნთქო, - ლოგინზე ჯდება. - ვინა ხარ, ე? - ესა, ნახე, ეხლა რა მოხდეს? ნახე, რა დაბათქუნდეს? - ვინა ხარ? - ისა, ამფეთქებელი. ნახე, ეხლა... - წადი აქედან, აქ რა გინდა? - მაიცა რა, ამოვისუნთქო. - წადი აქედან. რატომ აფეთქებ? - პრიკაზია, ჯიგარო. მე რა, ხელობა მაქ ეგეთი... - ვისი პრიკაზია, სიგუტკინის? - ეგ არ ვიცი. წყალი არა გაქ? - ვისი პრიკაზია? - ვინ იძლევა პრიკაზებს? - აბა, რა ვიცი. - მაიტა, დამალევიე... ფუ, - შემთბარი ლუდის ბოთლს დადგამს იატაკზე. საათზე იყურება, - აი, ნახე. აი, ოციდან უკან დაითვალე... - სულ უკან რატომ უნდა ვითვალო? - სულ უკან მიდიხარ და, აბა, წინ როგორ დაითვლი! ბრძენია, ხო იცი. - ვისი პრიკაზია? - მარშლისა. - მარშალი ვინ არის? - არი ეგეთი, ლოყაწითელი, - საათზე იყურება, - ყურებში ხელები გაიკეთე, ჯიგარო. ნახე, როგორ აალდეს. - წამოდგება და ყურებში ირჭობს თითებს, - პირი კარქა დამუწე... ბახ! ბაბახ! ბახ! ბახ! ბარაბახ! მართლა ფეთქდება, ყველაფერი ფეთქდება. ყველაფერი ინგრევა. არა, არა, არა, შე ვირიშვილო. არა, ე, სად წავიდა ეს ჩათლახი? გაიპარა. იწვის. ქანდაკებები ინგრევა, ჩვენი გამზრდელი ცხენოსან-ხმლოსნები! სად მიაქვთ? რაო? ზარბაზნებად ადნობენო? არა, ჯიგარო, არ გაგატანთ. ფრონტს სჭირდებაო? რომელ ფრონტს? სად არი ფრონტი? ცეცხლსა და მტვერში, ამ ნანგრევებში რას გაარჩევ შენიანს და მტერს? რაო? აუცილებელი არ არის? რაო, რა არის მთავარიო? მთავარი მოქმედებააო? მოქმედება როგორ არის მთავარი, შე კაი კაცო? არა ხარ კარგი კაცი? კარგები მხოლოდ სასაფლაოზე ხდებიან? მალე ყველა იქ ვიქნებით? არა, მე არა, მე არა. მე ხომ ტელევიზორი არა მაქვს? არ ვმონაწილეობ. აი, ჩემი ოთახი აი, ჩემი... ჩვენს შორის ხუთი საათი ამოსუნთქული ფრენაა. არაფერი არ არის ჩვენს შორის? არც ერთი ნაბიჯი? უნდა იყოს. აი, ნახავ, იქნება, იქნება... ვხედავ, ვხედავ, ბრძოლა დაიწყო. აჯანყებულთა თავები დაფრინავენ. თუმცა, აჯანყებულები რომლები არიან? ყველანი, ყველანი. ეს ათი-თორმეტი ლაშქარი. აი, ხმალი, აი, ომი. ვინა თქვა, დაგვავიწყდაო. ალბათ, იმან, ვინც „ბორჯომის“ გამორჩეულ როლს და მანდარინის ექსპორტს აწვებოდა. ვაიმე, ნახეთ, ნანგრევებში. ნანგრევებში. რა დროს ქალია, ჯარისკაცო, რა დროს სექსია. არ უნდა. თქვენ კი, რატომ ხვრეტთ ერთმანეთს. კომბლიანო, ფრთხილად, ბავშვია. ბავშვი კი არა, მანქანაა. „მერსედეს-600“. ვაჰ, როგორ შეება. რატომ იმსხვრევა ეს ტანკები ბოცებივით? ალბათ, იმიტომ, რომ ნამდვილი არაა. შეხედეთ, ბუღალტერთა სარდალი! ღმერთო, რა ქაჯური ჰალსტუხი უშოვია. დამიცავ, ჩემო გამონგრეულო! გამიღე, სემ! ყველგან კვამლია, გემრიელი, მაგრამ მახრჩობელა. კვამლია, უჰ. თფუ, ამოვიღე ყველაფერი. რა ნაცნობი, რა გემრიელი სურნელია. რისი კვამლია? რამდენი ცეცხლია! რამდენი ცეცხლია! თითქოს პილპილს მაყრიან ცხვირ-პირში. ცხრა ლახვარი... რატომ? რისთვის? მზე კვლავ მიეფარა ღრუბლებს. ყველაფერი შუშისა ყოფილა. ყველაფერი მე ვარ და მაინც ჩემს გამონგრეულში დავრჩი. ცისკარა ვარ, წყალი დამალევინეთ. გაქვავებულთა ქალაქში დავდივარ. კიდევ კარგი, გაქვავდნენ, თორემ ხომ ამოჟლეტდნენ ერთმანეთს. ეს თქვენ იყავით, ლავრენტი პავლეს ძევ, თუ ვინმე გახლდათ უფრო მასშტაბური? მოიცათ!!! მოიცათ!!! მოიცააათ... რაზმეულო, სწორდი, სმენა! პირველი-მეორეზე გაითვალეთ! ეს რა არის იქ, მაღლა? კომკავშირული გუულიიი... მფრინავი თეფშები? თუ, კომკავშირული ქალაქი ყოფილა. ძნელაძეო, თუ რაღაც. მივხვდი, მივხვდი, რა ქალაქია! ეს რა არის? ჩემი კომკავშირის ბილეთი. მორჩა, ვთავდები. ვისი ხელები და ფეხებია? ამდენი ხელი და ამდენი ფეხი? აკი შუშისააო, ქვისააო, ზღაპარიაო... ისევ ფეთქდება... იქითაც. რა საშინელი ქვაბია, რა მყრალი ფაფაა!!! მოიცათ!!! ხელი!!! ომია, ომი!!! დაგვცხეს, დაგვცხეს, ტო! მოიც... სეეემ!.. ეს რაები გამოჩნდნენ ცაში? არ ჩამოართვა, არ ჩამოართვა ხელი კომანდორს!.. და შაჰრაზადს შემოათენდა ნებადართულ სიტყვებზე. უჰ... რომელი საათია? …
დაამატა Kakha to ლიტერატურა at 4:45pm on ოქტომბერი 19, 2018
თემა: ადამიანთა სევდა (ნაწილი I)
წლისა ვარ და სულ სამი წელია მას აქეთ, რაც მწერლობა დავიწყე. მაგრამ, ასე მგონია, სამი წლის მაგიერ, სამი საუკუნეა გასული და ვიტანჯები, დღემდე გუდამაყრის ხეობის შესაფერი რომ ვერაფერი დავწერე.       აქამდე მეგონა, გუდამაყრის ხეობა დიდი წიგნია და შიგ უამრავი მოთხრობაა მეთქი.. არა, არა! ნამდვილად რაღაც არის ჩემს თავს. ადამიანებს ისე აღარ ვუყურებ, როგორც ამ სამი წლის წინათ ვუყურებდი. ახლა ყველა ადამიანი მოთხრობა მგონია და ყოველ მათგანს სათაურს ვუძებნი. აი, სადმე რომ შემხვდე და ლაპარაკი დამიწყო, იმწუთში წარმოვიდგენ, რომ მოთხრობა ხარ და სათაურს მოგიძებნი. არ ვიცი, რას მივაწერო, თავდაპირველად მარტო გუდამაყრელები მეჩვენებოდნენ მოთხრობებად, ახლა, ვინც უნდა იყოს, და რა ეროვნებისაც უნდა იყოს, მოთხრობა მგონია. თუ აქამდე მარტო გუდამაყრის ხეობა იყო უცნაური მოთხრობებით სავსე წიგნი, ახლა მგონია, რომ დედამიწა არის მზითა და მთვარით განათებული დიდი წიგნი, სადაც უამრავი ცოცხალი მოთხრობა დადის. ოო, იცი, რა დიდებულია ეს წიგნი! თვითონ მოთხრობები უდგამენ კარგ მოთხრობებს ძეგლებს, უხილავი შემოქმედის ხელით იწერება და იშლება ეს წიგნი და, ნეტა ვიცოდე, რა მემართება - ახლა წარმომიდგა, რომ დედამიწა იმ დიდი წიგნის ფურცელია, რომელსაც სამყარო ჰქვია, ნეტა მაცოდინა, სად არის დალოცვილი მწერალი, რომლის ხელითაც იწერება ეს დიდი წიგნი. ან დასაწყისი სადა აქვს ამ წიგნს, ან დასასრული. ან იქნებ არ ერთი აქვს და არც მეორე.. დედამიწა მისი ერი ფურცელია, გუდამაყრის ხეობა კი ალბათ სხვა, უამრავი მოთხრობების ქვესათაური. - მე?       მე ვინღა ვარ? - ალბათ მეც მოთხრობა ვარ.       მერედა, რა ხელი მაქვს ჩემს გარშემო მყოფ მოთხრობებთან?       იცი, რა მინდა? - რა? - რომ გითხარი, გუდამაყარზე რომანის დაწერა მინდა მეთქი, მოდი, მართლა დავწერ.       ალბათ ვერ წარმოიდგენ, როგორ ვიტანჯები: რომ არ დავწერო, არ შემიძლია, არადა, რა დავწერო, როგორ დავწერო.. ერთი კია, როგორც არის, ისე ვწერ, არაფერს გამოვტოვებ, მაგრმ დაწყება მიჭირს. ალბათ შემოქმედსაც ძალიან უჭირდა დაწყება, როცა სამყაროს წიგნის წერა დაიწყო. როგორ მინდა, ზუსტად ისევე დავიწყო და არ დავამთავრო.. ყველაფერზე მინდა ისე ვილაპარაკო, როგორც ვხედავ და როგორც განვიცდი. თანმიმდევრობა ხომ ჩემი საქმე არ არის, მოთხრობებზეა დამოკიდებული, იმათ კი ასეთი უცნაური ზნე ჭირთ, სულ არ მეკითხებიან არაფერს.       თავი მოგაბეზრე, არა?       რას იზამ, დასაწყისი ვერ ვიპოვე, არ ვიცი, რით დავიწყო, როგორ მოვუყარო ამდენ მოთხრობას ერთად თავი. აგერ ახლა ფანჯრიდან ვხედავ სამი მთვრალი მოთხრობა მოდის გზაზე სიმღერით. ერთმანეთისათვის ხელები გადაუხვევიათ და მობარბაცებენ. მოდი, ისევ სხვა რამეთი დავიწყებ, თორემ ეგენი არ მოგვასვენებენ, იმ სოფლიდან არიან სადაც სულ გიჟი მოთხრობები ცხოვრობენ. ამას წინათ მაგათ სოფელზე დავწერე და იმის მერე მოსვენება მაქვს დაკარგული.. აგე, ჩემი სახლისაკენ ჩამოუხვიეს. წინასწარ ვიცი, ჩემთან ჩხუბი სწადიათ. საეროდ, შეჩვეული ვარ მაგათთან ჩხუბს. მარტო ეგენი კი არა, ყველა ჩემი მოთხრობა მეჩხუბება. - რაზე? - ბოლოს რატო გვკლავო. იმიტომ ვკლავ, რომ მიყვარან. ეგენი კი არ მიჯერებენ, ვერ იტანენ სიკვდილს. - სიკვდილს ვერავინ იტანს. - მე ვიტან, მიყვარს, როცა მოთხრობებს სიკვდილით ვამთავრებ, სიკვდილი ისევე ალამაზებს მოთხრობების სიცოცხლეს, როგორც მზე და მთვარე ალამაზებენ წყვდიადს. - მერედა, სიკვდილისთვის არ გენანებიან შენი მოთხრობები? - მენანებიან, მაგრამ წესი მაქვს ეგეთი. ისე არაფერზე ვწერ, თუ არ მიყვარს, ხოლო რაც მიყვარს, იმას სიკვდილის მომენტში წარმოვიდგენ ხოლმე და მერე ვნანობ, რომ მოვკალი, ჰოდა, ეს სინანული მაიძულებს სიცოცხლეზე ფიქრს. გუდამაყრელები კი მოდიან და მეჩხუბებიან. - რაო? - ჩვენ ჯერ ცოცხლები ვართ და რად დაგვხოცეო?       ვეუბნები ტყულია - მეთქი.. - რა არის ტყული? - ის, რასაც ადამიანი ხედავს და განიცდის, ყველაფერი მოგონილია და სიკვდილიც იმიტოა საჭირო, რომ ამ მოჩვენებას მოუღოს ბოლო, თუმცა, რატომ ვატყუებ, არაფერი არ არის მოჩვენებითი, ყველაფერი მართალია და სიცოცხლე ძალიან ლამაზია, მე კი ნაადრევად ვკლავ გუდამაყრელებს, ეწყინებათ, მა რა იქნება ყველამ რომ ერთ დღეს მოიკლას თავი, რა გამოვა.. იმ დღეს ერთ ჩემ მოთხრობას მიასვენებდნენ დანარჩენები. ცხელოდა, ზემოთ მთაზეა საფლავები, იქ მიჰქონდათ.       რატომღაც ყველანი მე მიყურებდნენ. ადრევე მოვკალი მე ეგ ქალი და მაშინ მეჩხუბა კიდეც: - რატომაო? - ახლა მართლა მოკვდა და დანარჩენები ისე მიყურებდნენ, თითქოს ჩემი ბრალი ყოფილიყოს, მე განსვენებულს ვუყურებდი და რატომღაც გავიფიქრე: - რა მნიშვნელობა აქვს, ადრე მოკვდებოდა თუ გვიან, მე რომ მოვკალი, მაშინ იმდენი მეჩხუბა, განა რა არის, რა შეიცვალა მას მერე. - ალბათ, აქვს მნიშვნელობა, ალბათ შეიცვალა.       თუმცა ასე არ მინდოდა დამეწყო, სულ სამი მთვრალის ბრალია, ჩამოვიდნენ, მეჩხუბნენ და წავიდნენ. ისე საცოდავად მიბარბაცებდნენ, მე კი იმაზე მეჩხუბებოდნენ - რატო წერ ჩვენზეო. ჩვენ არ დავიხოცებითო.. მაგრამ ეს რა საინტერესოა, მოდი, ვცდი და, ისევ სხვა რამეთი დავიწყებ:       დასაწყისი       მზემ ჩაბრძანება დააპირა და საოცრად მომინდა წერა. ოთახში არ ბნელოდა, მაგრამ დაწყების წინ გადავწყვიტე, საწერ მაგიდაზე სანთელი ამენთო.       ცეცხლი ავანთე და სანთელი მივუფიცხე. დანით თხლად ვათლიდი გვერდებს და ხელისგულზე ვზელდი, რომ უფრო კარგად დარბილებულიყო. მერე გამახსენდა, რომ ჩამოსახვევად ბამბის ძაფი იყო საჭირო, ვეძებე და, რომ ვერ ვიპოვე, შალის ძაფზე ჩამოვახვიე. მივედი, საწერ მაგიდასთან დავდექი და სანთლის ანთება დავიწყე.. რამდენჯერაც მოვუკიდე, იმდენჯერ ჩაქრა. შალის ძაფს ცეცხლი არაფრით არ მოეკიდა. მერე ბამბის ძებნას შევუდექი, მაგრამ ვერ აღმოვაჩინე. გარედან ვიღაცამ დაიძახა. გავედი, თბილისიდან ჩამოსულიყო ერთი გუდამაყრელი მოთხრობა და ჩემ სანახავად მოვიდა. დავსხედით. მაშინვე მისი სათაურის შერჩევა დავიწყე. ის წასვლას არ აპირებდა, ბოლოს, ეტყობა, აღარ ვუსმენდი და ვერ გავიგე, როდის წავიდა. ისევ შინ შევედი და სანთლის გულის ძებნა განვაგრძე. ერთ სკივრში კარგა სქლად შეკრული ქაღალდების დასტა ვიპოვე, ზედ გასანთლული ბამბის ძაფი ჰქონდა შემოხვეული. ქაღალდებისთვის ყურადღება არც კი მიმიქცევია, იმ ძაფზე მაშინვე სანთელი ჩამოვახვიე, ავანთე, ისევ საწერ მაგიდასთან დავდექი და დავიწყე ლოცვა: - ღმერთო, სამყაროს დიდო მწერალო, სადაც ხარ და როგორცა ხარ, იდიდე და იძლიერე. ვიცი, რომ გაჭირდა დაწყება, სხვანაირად არ შეიძლებოდა, გაუჭირვებლად არაფერი მოდის. ოო, ალბათ რა დიდებულად დაიწყე. მაგრამ შენს წიგნში ყველაფერს იმდენი მადლი დაახარჯე, ძნელია, კაცმა გაიგოს, სად არის დასაწყისი. თითქოს აქაც არის, მაგრამ ამავე დროს იქაც არის, ჩემშიც არის და აგე, სამი მთვრალი მოთხრობა, რომ ჩამოდიოდა გზაზე ბარბაცით, იმათშიც არის. ძაღლშიც არის, ძროხაშიც, წყალშიც. ჰაერშიც, მიწაშიც. შენ ისე დიდებულად წერ, იმდენ რამეზე და ისე       თავისუფლად წერ.. სურვილი მაქვს, მეც თავისუფლად ვწერო, ერთი ამბიდან მეორეზე ისე გადავიდე, ვითომც არაფერი. შენ ახერხებ, ყოველნაირ გადახვევა გადმოხვევაში დიდი კანონზომიერება დაიცვა. აი, სანთელი რომ შალის ძაფზე ჩამოვახვიე, არ აენთო, იმიტომ რომ შენ წიგნში სხვანაირად წერია - სანთელი შალის გულზე არ აინთება და კაცი კიდევ ძაღლის გულით ვერ იკაცებსო..       ამასობაში სანთელი ჩაიწვა და ხელმეორედ მივედი სკივრთან, რომ კიდევ ამეღო ბამბის ძაფი. ერთი წყება კიდევაც შემოვხსენი და რატომღაც იმ ქაღალდებით დავინტერესდი.       რამდენიმე გვერდი წავიკითხე და ჩემ სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა, როცა საბოლოოდ დავრწმუნდი, რომ აქ სწორედ იმ საოცარ ლაშქრობაზე იყო მოთხრობილი, რომელიც სოფელ ჩოხის მცხოვრებლებმა მოაწყვეს გუდამაყარში. ამ საუცხოო ლაშქრობაში პირადად ბებიაჩემიც იღებდა მონაწილეობას და რადგან საიდუმლოს შენახვით განთქმული ქალი იყო, ეტყობა, ეს ქაღალდები იმიტომაც ჩაუბარებიათ. დედაჩემს ამ ლაშქრობაში არ მიუღია მონაწილეობა, იმ ზამთარს ავად იყო, ხოლო მე და ჩემი და, რადგან ჩვენთან სკოლა არ იყო, სხვაგან ვიყავით გაბარებულნი. ასე, რომ ყოველთვის გული მწყდება, როცა ჩემი ტოლები ამ ლაშქრობაზე მიყვებიან..       აი, ახლა სწორედ იქ მიმიყვანა ბედმა, საიდანაც უნდა დამეწყო და, რადგან ჩანაწერები არეულია, შევეცდები, ოდნავ მაინც დავალაგო და ისე წარმოვიდგინოთ.       ჩანაწერებს გარედან სქელი ყდა ავქს შემოკრული და მსხვილი ასოებით აწერია:       ლაშქრობა გუდამაყარში       პირველ გვერდზე მოყვანილია ამ სახელოვან ლაშქრობაში მონაწილეთა სია:       1. ვაჟი გოგი - მთავარსარდალი.       2. ბიბღაი - დეკანოზი (ანუ მედროშე).       3. სებაი - ზარის მრეკველი.       4. სამხარაული - მოლაშქრეთა ისტორიკოსი გეოგრაფი (მემატიანე).       5. ქიმბარი - ფილოსოფოსი.       6. ჩაღი - მოლაშქრეთა მწერალი.       7 ზინაი - ექიმი.       8. გამიხარდაი - დარდების შემგროვებელი.       9. სალომე - მესაიდუმლე (ევალება საჭიროების შემთხვევაში ჩანაწერების გადამალვა).       10. შეთე - სასიძო.       11. ელენაი - დიასახლისი (პურის გამოცხობა, კერძის დამზადება და სხვა).       12. ტატიაი - მზვერავი.       13. ტაშკენტაი - მზვერავი.       14. გარახტინაი – მზვერავი.       (ამათ საჭიროების შემთხვევაში უნდა დაიხმარონ ელენაი და სალომე).       15. სოფიაი – მყვირალი.       16. კატუშაი – მყვირალი.       17. მართაი - მყვირალი.       (ამათ მტრის ჯარში პანიკა და არეულ-დარეულობა უნდა შეიტანონ ყვირილით, კარგი ყვირილი იციან).       18. ქეთუაი – უბრალო მოლაშქრე.       19. ნინუაი – უბრალო მოლაშქრე.       20. სიდუაი - უბრალო მოლაშქრე.       21. ტასაი – უბრალო მოლაშქრე.       22. კოტორაანთ ქალი – საიდუმლო ნაწილი.       23. შარვანიანთ ქალი - საიდუმლო ნაწილი.       24. შიჯანათ ქალი – საიდუმლო ნაწილი.       25. ქალთამზე - საზღვაო ნაწილი (რადგან გუდამაყარში ზღვა არ არის, ამათ ევალებათ არაგვთან კავშირი, სანამ ლაშქრობა არ დამთავრდება, მანამდე სულ არაგვ-არაგვ უნდა იარონ).       26. თებრუაი,       27. დარიკო,       28. ლელაი,       29. თამარაი,       30. გალილეი,       (ესენი უნდა დარჩნენ ჩოხში და სოფელს მიხედონ, საქონელს აჭამონ, ფრინველებს და ლოგინად ჩავარდნილ ბებრებს მოუარონ).       აი, დაახლოებით სრული სია იმ სახელოვან მოლაშქრეთა და მამაც მებრძოლთა, რომელთა უმრავლესობა ქალებია, იმიტომ რომ ზამთრობით კაცები ცხვარში მიდინ, ახალგაზრდები - ქალაქში და გუდამაყარი ქალებსა და ბავშვებსღა რჩებათ.       ავტორისაგან       მანამ დანარჩენ ჩანაწერებს წარმოგიდგენდეთ, მინდა ზემოხსენებულ სიში მყოფი რამდენიმე მოლაშქრე გაგაცნოთ. 1. ვაჟი გოგი (მთავარსარდალი)       ზამთარია. გუდამაყრის ხეობა თოვლით არის გალესილი. თბილა.       აღმოსავლეთ მთის ფერდზე სოფელი ჩოხია შეფენილი. აქა იქ სახლებიდან ზლაზვნით ამოდის ბოლი. მზე ნება ნება ამოიწია და სხივები სოფელს მოეფინა. სოფელში ჯერ სიმყუდროვეა. ძაღლის ყეფაც კი არსაიდან ისმის. მერე თანდათან გამოვიდნენ სახლებიდან აქ შემორჩენილი მოხუცები. გამორეკეს საქონელი, წყაროზე დაარწყულეს და მზის გულზე დააყენეს. ძროხებმა სიამოვნებით მიუფიცხეს მზეს შემცივნებული ზურგები.       გამოვიდა სახლიდან ვაჟი გოგი, კალობანზე დათვის ტყავი მიიფინა და მზეს მიეფიცხა.       ნებ ნება, თითო-ოროლაობით მოიყარა ვაჟი გოგის ბანზე სოფელმა თავი. რამდენიც ახლად მოვიდა, იმდენმა ჩაახველა და ჩუმად დაჯდა.       სიჩუმეა ირგვლივ.       ჩუმად ზის ვაჟი გოგიც და გონებაში ახალ ტყუილს იგონებს.       თითქმის ყოველდღე ასეა, მოვლენ ეს მოხუცები, რა ვიცი, ზოგს მოხუცობა არც ეთქმის, შუახნისები არიან, თუმცა უმეტესობა უკვე ხანშია შესული და იმიტომ ვამბობ, მოხუცები მეთქი. ისინი ცალკე თავიანთი შვილებისა და შვილიშვილების უნახაობით არიან მოწყენლნი, ცალკე ზამთრის გრძელი ღამეებითა და სიწყნარით გულგამოკლულნი. ერთადერთი ვაჟი გოგიღა არის მაგათი გამამხიარულებელი.       ვაჟი გოგი ორ ომშია ნამყოფი და ამით ძალიან მოაქვს თავი. მკერდზე განუშორებლად რამდენიმე მედალი ჰკიდია და, როცა მზე ადგათ, ისე ბრწყინავენ, მათი შემხედვარე ჩოხელები ძალაუნებურად იჯერებენ ვაჟი გოგის ტყუილებს. რა ვიცი, შეიძლება ტყუილებიც არ არის, მაგრამ ისეთ რაღაცეებს ჰყვება, რამდენჯერაც მოვუსმინე, მგონი ტყუილი უფროა, ვიდრე მართალი. - ეეჰ, ხანდახან არ დაგიფასებენ კაცს შრომას.. - დაიწყო გულნატკენი კილოთი ვაჟი გოგიმ.       ხალხმა ყური მიუგდო და გაინაბა. - მეტი რაღა დაფასება გინდა, მედლებით გაქვს აყვავებული მკერდი, - წამოიძახა ბიბღამ. - ეე, ეს რა არის, მე რო შრომა დამფასებიყო, ეხლა განა აქ, თქვენთან უნდა ვმჯდარიყავ?.. - მაშ სად უნდა იჯდე? - იქა, მაშ! - რა ყო, სად იქა? - რა და, თორმეტი წელი წყალქვეშა გემის კაპიტანი ვიყავ. თორმეტი წელი წყლიდან არ ამოვსულვარ. დღეს რომ ამ წყლის ძირ ვიყავ, ხვალ კიდევ იქ ვიყავი, ეე! რა ქალაქები და ქვეყნებია წყლის ქვეშ, რო იცოდეთ, ერთი არ გასჩერდებოდით აქა, დღესვე წყალში ჩასცვიოდით, მაგრამ, რა გამოგივათ? არაფერი, თქვენ იმათი ენა არ იცით და იმათ თქვენი.. ვერ შეეწყობით7 ისევ აქ გირჩევნიათ ყოფნა. - გინდა ენაც ვიცოდეთ, ზღვა სადა ვნახოთ. - აი, ზემოთ ნარიანაის მთაზე რო ტბა არის, იქ შეგიძლიათ ჩასცვივდეთ, ეგ ტბა ისეთი ძირის პატრონია, პირდაპირ ზღვასთანა აქვს კავშირი. - მართლა იძახი?! -– დაეჭვდა ბიბღაი. - მართლა, მაშა, განა ერთხელ შამამიცურნია მაგ ტბაშია და ორჯერა, მაგრამ თავის ამოყოფა არ შეიძლებოდა, საიდუმლოდ დავცურავდი. ზოგჯერ მწყემსების ლაპარაკი გამიგონია ტბის ნაპირიდან, მაგრამ თავს ხო არ ამოვყოფდი. ერთი ქალაქი მაგ ტბის ძირშიაც არის. - ისენიც სხვა ენაზე ლაპარაკობენ? - ისენიც, იქ არავინ ჩავარდეთ, თორო, სუ ერთია, იმათ ლაპარაკს ვერ გაიგებთ და შეიძლება ვეღარც ამოხვიდეთ. - მაინც როგორი ენა აქვთ, როგორ ლაპარაკობენ? - აისერიო მისერიო მისერ, - თქვა ვაჟი გოგიმ. - ეგ რას ნიშნავს? - კაცს ისე არ აფასებენ, როგორც უნდა აფასებდნენო, - მართალიც არის. ეხლა მე აქ უნდა ვიჯდე?! მაგრამ რა გინდა, თორმეტი წლის განმავლობაში ერთხელ ამოვყავ წყლიდან თავი და მაშინაც სამშობლოს ღალატი დამწამეს. - რატომ? - არ უნდა ამოგეყო. - რაღა უთხარი. - ანდე თქვენა და ანდე თქვენი გემი მეთქი. - მერე? - ორი წელი ჩამსვეს ციხეში. იქიდან რომ გამომიშვეს, რეაქტიულ თვითმფრინავზე დავიწყე მუშაობა. ისეთი სწრაფი იყო, თოლს ვერ მოჰკრავდი. - არც იქიდან უნდა გამოგეყო თავი? - არა. როგორი გაძლება გინდა.. გადავუვლიდი ამ ჩვენს სოფელს და გადმოხედვის უფლება კი არ მქონდა. მივდიოდი, რომელიმე ქვე-ყანას დავბომბავდი და მოვდიოდი ისევ უკან, გადმოვივლიდი ამ ჩვენი სოფლის თავზე, ჩემთვის კი გავიფიქრებდი, მოდი, გადავიხედავ, იქნებ ხატობა აქვთ მეთქი, მაგრამ ჯერ მაშინ შევცდი, წყლიდან რომ ამოვყავ თავი. - შენ ადგილზე რომ ვყოფილიყავ, მე თვითმფრინავიდანაც გადმოვიხედავდი, - თქვა ტატიამ. - ჰოდა, რომ გადმოვიხედე, იმიტომაც ვზივარ თქვენთან, - თქვა ამოოხვრით ვაჟი გოგიმ და გაჩუმდა.       სხვებიც ჩუმად ისხდნენ.       მერე ეს სიჩუმე ოზანოს მთიდან გამოქანებულმა ზვავის გრიალმა გააყრუა. კარგა ხანს აძლევდა გუდამაყრის ხეობა ზვავის ხმას ბანს, მერე ისევ დადუმდა ყველაფერი.       ახლა ყველანი ჩუმად გაჰყურებდნენ გალილეის, რომელიც თოვლის კაცებს აკეთებდა თავისი სახლის ბანზე. გალილეიც ომშია ნამყოფი და, რაც იქიდან       მობრუნდა, სულ ომობანას თამაშობს. ისე ჰყვანან ქათმები მიჩვეული, აღარ სცილდებიან, ახლაც გარს ახვევია მთელი სოფლის ქათმები. ის კი ჯერ მათ ყურს არ უგდებს, თოვლის კაცებს აკეთებს, იქვე ახლოს ქათმებისთვის არაყში აზელილი პური უდგას ქვაბით. კაკანებენ ქათმები. გალილეი არყიან პურს უყრის და ისინი ჯერ ჩიჩახვებს დაიბერავენ. მერე, საკმაოდ შემთვრალები, ერთმანეთს დაერევიან საჩხუბრად. გალილეი მთავარსარდალია. როგორც უნდა, ისე მიჰყავს ომის მსვლელობა, ხან წითელ ქათმებს ეხმარება, ხან თეთრებს. ხელში ყოველთვის ხმალი უჭირავს, ჰაერში იქნევს და ქათმებს დაჰკივის: - ტატიაანთ ქათამო, მარცხენა მხრიდან შეუტევ მოწინააღმდეგეს და რაც შეიძლება ცოცხლად! ღალატია, ღალატი!!! აეგრე!       ყვირის გალილეი და მთვრალი ქათმებიც აღარ ინდობენ ერთმანეთს. ბრძოლა იმდენ ხანს მიმდინარეობს, ვიდრე ქათმების ჯარს ბრძოლის ველზე არ ჩაეძინება. - რომლებმა გაიმარჯვეს გალილეი? - ეძახის ვაჟი გოგი ხმალშემართულ გალილეის. - ჭრელებმა! - პასუხობს გალილეი და ბანის პირზე ბარბაცით მიმავალ ჭრელ მამალზე უჩვენებს ხმლით. მამალი ნება-ნება მიდის, გამარჯვებულის ნაბიჯებით. - ეგენი ვინ არიან? - თოვლის კაცებზე ანიშნებს ვაჟი გოგი. - ეს ნაპოლეონია, - აჩვენებს გალილეი, - ეს ალექსანდრე მაკედონელი, ეს ჰიტლერი, ეს აქილევსი, ეს შაჰაბასი, ეს კიდევ თემურ ლენგი.. ყველანი ჩემს წინაამდეგ არიან ამხედრებულნი. მაგრამ ვერაფერს გააწყობენ.       გალილეიმ მწყობრი ნაბიჯით ჩამოუარა თოვლის კაცებს. მერე განზე გადგა და შესძახა: - წაგასლეკთ თავებს! - ხმალი ჰაერში დაატრიალა და დაერია. ჯერ თავები დააჭრა, მერე მიადგა და სულ ერთმანეთში არივ დარია. ცოტა ხანს დაისვენა და ახლა მძინარე ქათმებს დასჭყივლა: - პადიომ, ადექით! ადექით მე თქვენი! - და რამდენიმე ქათამს წიხლი ამოარტყა, ქათმებმა გამოიფხიზლეს და წამოფარფატდნენ. - სწორდით! - შესძახა გალილეიმ და ერთი ბღუჯა საკენკი დაუყარა. ქათმებმა უცებ შეკენკეს და გალილეის მიაჩერდნენ. - ეხლა გაღმა სოფელში მივდივართ სალაშქროდ, იქაურ ქათმებს მუსრი უნდა გავავლოთ. ვაი თქვენი ბრალი, თუ დამარცხდით! - თქვა ბოლოს გალილეიმ და ქათმებს გაუძღვა. ისინიც უკან მიყვნენ.       დედაკაცები წიოკით გამოედევნენ გალილეის. - სად მიგიდის ქათმები, შე გიჟო, შენა! - მამშორდით! - იყვირა გალილეიმ და ქათმებს ანიშნა, მამყევითო. - ნუ გადაგვირიე ე ქათმები, შე ცეტო, შენა! - წაგასლეკთ თავებს! - დაიძახა გალილეიმ და ხმლით გამოუდგა დედაკაცებს.       ვაჟი გოგიმ გალილეი დაიჭირა, ხმალი წაართვა და საბლით ბოძზე მიაბა. - წაგასლეკთ თავებს! - ყვიროდა გალილეი.       დედაკაცები ისევ ვაჟი გოგის მიუსხდნენ და ვაჟი გოგიც მორიგი ტყუილის სათქმელად მოემზადა.       თანდათან დათბა და გაღმა მთაზე ისევ წამოვიდა ზვავი გრუხუნით.       მერე კვლავ ჩაწყნარდა მიდამო. მარტო ბოძზე მიბმული გალილეი არღვევდა სიჩუმეს: - წაგასლეკთ თავებს! - ემუქრებოდა დედაკაცებს. ქათმები გარს ეხვეოდნენ და კრიახ კრიახით რაღაცას ელაპარაკებოდნენ თავიანთ მთავარსარდალს, თავიანთ ენაზე. - სადა ხართ, ხალხო! - დაიძახა ვიღაცამ გალილეის ბანიდან. - მიშველეთ! - იყვირა გალილეიმ, როგორც კი ამ ხმას ყური მოჰკრა. - გამიხარდაი, - თქვა ვაჟი გოგიმ. - აქა ვარ, აქა! - ყვიროდა გალილეი.       გამიხარდაი მოვიდა და შორიდანვე დაიწყო: - ვის რა გიჭირთ, მეზობლებო, ვის რა გადარდიათ, - თან გუდას იხსნიდა ზურგიდან და იქიდან სქელტანიან რვეულს იღებდა. - ჯერ მე, ჯერ მე! - იყვირა გალილეიმ. გამიხარდაი მასთან მივიდა, რვეული გადაშალა და დაწერა: დარდი №1671 ჩოხელი გალილეი - რა გადარდებს? - ის, რომ ხელში ხმალი არა მაქვს და დატყვევებული ვარ. - მეტი არაფერი? - ამხსენი ეხლავე. - ეგ ჩემი საქმე არ არის, - თქვა გამიხარდაიმ. - ამხსენ, თორემ წაგასლეკ თავს! - ჩემი საქმე არ არის.. - მაშ რა არის შენი საქმე? - მე დარდებს ვაგროვებ, ხალხის დარდს ვაგროვებ, ვის რა უჭირს, ვის რა ადარდია, - თქვა გამიხარდაიმ და გალილეის მოშორდა. - უჰ შენი! - ჩაილაპარაკა გალილეიმ. - აბა, მეზობლებო, ახალი დარდები თუ გაქვთ, - დედაკაცებთან მივიდა გამიხარდაი და რვეულში დარდის ნომერი ჩაწერა: დარდი №167 ჩოხელი ვაჟი გოგი - რა გადარდებს? - ისევ ისა. - ისა? - ჰო, ისა. - მაინც ჩავწეროთ.. - წყლიდან რომ თავი ამოვყავ, ის მადარდებს. - მეტი არაფერი? - თვითმფრინავიდან რომ გადმოიხედე? - იკითხა ტატიამ. - ჰო, ეგაც მადარდებს. - მე კი არ ვიდარდებდი მაგასა, - თქვა ტატიამ. - მეტი რაფერი გადარდებს? - იკითხა გამიხარდაიმ. - მეტი არაფერი, - უთხრა ვაჟი გოგიმ, ჰო, თუმცა: აისერიო, მისერიო, მისერ. - რა? ეგ რა არის? - დარდია. - ვისი დარდია? - წყალქვეშა ვინც ცხოვრობენ, იმათი. - რა დარდია ეგეთი? - ის, რომ ხშირად ადამიანს ისე არ აფასებენ, როგორც უნდა აფასებდნენ. - ეგ ხომ წყალზემოთ მყოფების დარდიც არის. - კი, ჩვენი დარდიც ეგ არის. - მადლობთ, ძალიან საინტერესო დარდი ჩამაწერინეთ, - თქვა გამიხარდაიმ და მორიგი დარდის ჩასაწერად ნომერი აღნიშნა. დარდი № 167 ბიბღაი (სოფლის დეკანოზი) - რა გადარდებს? - ხომ იცი, რაც მადარდებს. - ადრე რაც გადარდებდა, ვიცი, მაგრამ ხომ შეიძლება, დღეს სხვა რამე გადარდებდეს? - მე მაინც ავაშენებ იმ სახლს, მაგრამ ამისათვის საჭიროა..       ბიბღაი ცოტა ხნით გაჩუმდა და მერე, ვინ იცის, მერამდენედ დაიწყო უკვე გაზეპირებული ამბავი: - ჩემო მეზობლებო, ხომ იცი, ტყუილი არ ვიცი, პროექტი უკვე დიდი ხანია შედგენილი მაქვს, ეს თქვენც კარგად მოგეხსენებათ და გამიხარდაისაც. ამ სახლის       ასაშენებლად სოფლის მოედანი უნდა დამითმოთ და აშენებაში თქვენც მომეხმაროთ. მარტო ჩემთვის კი არ მინდა იმხელა სახლი. - რამდენი ოთახი იქნება? - ჰკითხა სებამ. - მე ხუთასი ოთახი მაქვს გადაწყვეტილი. - ხუთასი? მერედა, რად გვინდა მაგდენი, ან მასალა საიდან მოვიტანოთ? - მასალას ვიშოვით, რაც სახლები გვაქვს, სულ დავშალოთ და ერთი დიდი სახლი ავაშენოთ, შევიდეთ და ვიცხოვროთ ტკბილად, სულ ერთი არ არის? მაინც ერთად გვინდა ყოფნა. ყველაფერი შიგ იქნება იმ სახლში. ჯერ მარტო ოცოთახიანი სასადილო აიგება. - რა საჭიროა მაგდენი ოთახი? - თქვა ტატიამ. - როგორ თუ რა საჭიროა, თუ ჭამა არის, ჭამა უნდა იყოს.. - მაინც, მაგდენი ოთახი.. - პირველ ოთხში ფეხებზე დაიხდი, მეორეში - პალტოს, მესამეში ქუდს მოიხდი და ჩამოჰკიდებ, მეოთხეში სარტყელს მოიხსნი.. - ქალებმაც უნდა გავიხადოთ? - იკითხა სალომემ. - არა, ქალებმა ისე რა, შიგადაშიგ. - როგორ თუ შიგადაშიგ? - ვისაც უნდა გაიხდის, ვისაც უნდა, არა. - მეხუთეში რა იქნება? - მეხუთე კოვზების ოთახია, აიღებ კოვზს და გახოლ მეექვსეში, იქ თეფშები აწყვია, ეგე გაჰყვები.. ყველა ოთახში სისუფთავეა, მეათე ოთახში რომ მიხვალ, იქ ბორშიანი ქვაბი დაგხვდება, დაისხამ ბორშსა და გახოლ მეთერთმეტეში. - მეთერთმეტეში რაღა არის? - მეთერთმეტე ბლის ოთახია, მაგრამ.. - რაღა მაგრამ, კარგია. - კარგი კია, მაგრამ შეიძლება გავაუქმოთ. - რატომ? - ზამთარში სად ვიშოვოთ ბალი? - როცა ბალი არ იქნება, სხვა რამე შევინახოთ მეთერთმეტეში. - ხო, ეგაც შეიძლებ, თუმცა მაინც მადარდებს ეგ საკითხი. - ძალიან გადარდებს? - იკითხა გამიხარდაიმ და საწერი მოიმარჯვა. - ძალიან, - თქვა ბიბღამ. - მეტი არაფერი გადარდებს? - მეთხუთმეტე ოთახი მადარდებს კიდე. - მეთხუთმეტეში რაღა არის? - მეთხუთმეტეში მარწყვია და ზამთარში.. - კიდე რომელი ოთახი გადარდებს? - დანარჩენებში კარგად არის საქმე, მეთექვსმეტეში ხინკალია, მეჩვიდმეტეში - მწვანილი, მეთვრამეტეში - ვაშლი, მეცხრამეტეში მაგიდები დგას, დასჯდები, საჭმელებს დააწყობ, ერთი ლამაზ გაიჯორები, გამოხვალ მეოცეში, აქ გაშლილი ლოგინებია, მისწვები და მიიძინებ.       ბიბღამ სასადილოს აღწერა რომ მოათავა, ამაყად გადახედა მეზობლებს და ჰკითხა: - ჰა, როგორია? - კარგია, მაგრამ.. - რაღა მაგრამ? - აუცილებლად ძველი სახლები უნდა დავშალოთ, რომ ეგ სახლი ავაშენოთ? - კი, კი, ძველები, ჯერ ერთი, აღარაფერში აღარ ვარგანან, მეორეც, რაღა ცალ-ცალკე ვიცხოვროთ, სუ ერთად ყოფნა არა სჯობია, ძველ სახლს რომელსა აქვს ეგეთი სასადილო? მესამეც ისა, რომ მასალა არის საჭირო. - მასალის თაობაზე ხომ არაფერი გადარდებს? - იკითხა გამიხარდაიმ. - ჯერჯერობით არა. - ზემოდან რა უნდა გადავახუროთ იმ სახლს? - ჰკითხა ვაჟი გოგიმ. - თუნუქით დავხუროთ, რომ ბრჭყვიალი დაიწყოს და ჩვენ მტრებს თვალები დააჭრას, დაუბრმაოს, - თქვა ბიბღამ და მეზობლებს გადახედა. - გამიშვით თორო, სუ ქვებით დაგიხვრეტთ იმ თუნუქის სახურავს! - იყვირა გალილეიმ, რომელიც აქამდე ჩუმად ისმენდა სასადილოს ამბავს. - ვინც ამ სახლს რამეს დაუშავებს, ვერც იმის სასადილოში შევა, - თქვა ბიბღამ. - წაგასლეკთ თავებს! მე მარტო ბლის ოთახში შევალ! - ყვიროდა გალილეი. - გირჩევნია, ჭკვიანად იყვე. - ქათმების ოთახი ექნება თქვენ სახლსა? - იკითხა წყნარად გალილეიმ. - ქათმებისიც ექნება და ვირებისიც. - იცი, რას გიზამთ? - რას გვიზამ. - ჭამას რო მორჩებით მეცხრამეტეში, მეოცეში ხო დაიძინებთ.. - დავიძინებთ. - ჰო, მაგრა დაიძინებთ.. - მაგრა დავიძინებთ. - ჰოდა, შემოვალ და მძინარეებს წაგასლეკთ თავებს! - თქვა გალილეიმ და ნასიამოვნებმა გადაიხარხარა. დარდი № 1674 სებაი - რა გადარდებს? - არაფერიც არ მადარდებს! დარდი №1675 სამხარაული - რა გადარდებს? - ძალიან მადარდებს გუდამაყრის მივარდნილობა. - როგორ თუ მივარდნილობა? - ისა რომა, ისტორიულად და გეოგრაფიულად მივიწყებული და მოუხვედრელი ადგილია. ხევსურებს იცნობენ, ფშავლებს იცნობენ, თუშებს იცნობენ, მთიულებს იცნობენ, მოხევეებს იცნობენ და რომ სთქვა, გუდამაყრელი ვარო, ყველა სიცილით მოკვდება. - რატომ? - აბა, რა ვიცი, რა არის გუდამაყარიო. იშვიათად თუ ვინმემ იცის, რომ მსოფლიოში, საქართველოში არსებობს ხეობა, რომელზეც შავი არაგვი მოდის და ხეობას ჰქვია გუდამაყარი, სადაც გუდამაყრელები ცხოვრობენ. რომ გუდამაყრელები ძველთაძველი და მეომარი ხალხია, რომ იმ სამასი არაგველიდან, კრწანისის ველზე რომ დაეცნენ, უმეტესობა გუდამაყრელები იყვნენ. რომ იმათ სარდლობდა ათნოხელი ნინია აფციაური და რომ პირიმზის ხატში დაიფიცეს სათემო ხატზე და აქედან წაიღეს საბრძოლო დროშები. არავინ დღემდე არ იცის, რომ ჩოხის ზემოთ, მთის წვერზე, ბერების ნასაყდრალებია და ამ მთას ბერების მთას ეძახიან, რომ პირიმზე ახალციხიდან მოუბრძანებიათ ერთ ერთი ბრძოლის დროს.. გუდამაყარიიი..დროა, ბოლოს და ბოლოს, მსოფლიომ გაიგოს, რომ არსებობს ხეობა, რომელსაც გუდამაყარი ჰქვია.. - ეე, შენ, როგორც გეტყობა, ბევრი რამ გადარდებს, აი! - შეაწყვეტინა გამიხარდაიმ სამხარაულს, რომელიც ისე სწრაფად ჰყვებოდა თავის დარდებს, გამიხარდამ ორი სიტყვის ჩაწერაც ვერ მოასწრო.       სამხარაული გაჩუმდა. დარდი № 167.6 ქიმბარი - რა გადარდებს? - დასაწყისი სად არის, ის არ ვიცი. - რისი დასაწყისი? - აი, ყველაფერი იმისა, რასაც ვხედავთ და არ ვხედავთ. - ეე, შენც მოიგონე დარდი, რაღა! - რა, არ მოგწონს? - არა, ისე საინტერესო დარდია, მაგრამ რა ჩვენი საქმეა, სად არის დასაწყისი.. - მაშ თუ იცი, დასასრული სად არის? - დასასრული სიკვდილია. - სცდები, ტყუილია. - რატოა ტყუილი. - სიკვდილიც დასაწყისია, მაგრამ მთავარი არა, მთავარი დასაწყისი სხვა რამეა. - ღმერთი? - შეიძლება ღმერთი, მგრამ, სად არის? - ეგ გადარდებს? - ჰო, ვიცი, რომ დასასრული და დასაწყისი ერთად არიან, რომ დასასრულში დგას დასაწყისი, მაგრამ როგორ, რანაირად, სად არიან? - მეტი არაფერი გადარდებს? - მეტი რაღა უნდა მადარდებდეს.. - გალილეი რომ ბოძზეა მიბმული, არ გადარდებს? - არა. - რატომ? - რა ჩემი საქმეა, გალილეიმ დაიმსახურა და მიაბეს, შენ რატომ არ ახსენი? - არც ჩემი საქმეა. - ამხსენით, თორემ დედას გიტირებთ მეოცე ოთახში! - იყვირა გალილეიმ, მაგრამ კაციშვილმა ყური არ უგდო, მარტო ქათმებმა ატეხეს წიოკი. დარდი № 1677 ჩაღი - რა გადარდებს?       ჩაღი ახალგაზრდა ბიჭია. აქამდე ჩუმად იჯდა და ყურს უგდებდა მოხუცებს. ათი დღე იქნება, რაც ქალაქიდან ამოვიდა. უკვე მიეჩვია ამ მოწყენილ და თითქმის ერთფეროვან დღეებს. აქამდე ერიდებოდა დარდების შემგროვებელი გამიხრდაი მასთან საუბარს, ახლა დარდის ნომერი ჩაიწერა და ხელმეორედ ჰკითხა: - რა გადარდებს? - მე, არაფერი.. - სულ არაფერი?! - არა. - მაშ რატომა ხარ ეგე მოწყენილი? - რა ვიცი, ისე, ქალაქი მომენატრა. - შეყვარებული ხომ არა ხარ? - არა, არა.. - მაშ რა გადარდებს? - სადიპლომო თემა მაქვს დასაწერი. - რაზე უნდა დაწერო? - რა ვიცი, გუდამაყარზე უნდა დავწერო ნარკვევი, მაგრამ რა უნდა დავწერო. - ესე იგი, გადარდებს. - ჰო, მადარდებს.. - შეყვარებული მართლა არა ხარ? - არა, მაგრამ, გინდაც ვიყვე, სიყვარული რა დარდია. - როგორ არა, სიყვარული ყველაზე დიდი დარდია. - შენ შეყვარებული ხარ? - ვიყავი. - მერე? - გზაზე ყაჩაღები დახვდნენ და გააუბედურეს. იმან ჯერ არაფერი თქვა, ერთი დღე იჯდა და უხმოდ მიყურებდა. ვკითხე, რა დაგემართა - მეთქი. არაფერი არ მითხრა. მერე მოვიდა და მუხლებზე მაკოცა. მე იქვე ჩავიხვიე. ხელიდან გამისხლტა და წავიდა. წავიდა და ეგ იყო.. წავიდა.. ადევებულ არაგვში ჩაეხრჩო თავი. იმის მერე დარდებს ვაგროვებ. რაც რამ ქვეყანაზე დარდია, უნდა შევაგროვო და ღმერთთან წავიდე. - რა ერქვა? - ჰკითხა ჩაღიმ. - ნინო. - რომელი სოფლიდნ იყო? - დიდებათიდან. საფლავებიდან ცოტა მოშორებით დამარხეს. - რატომ? - რახან თავისი ნებით მოიკლა თავი. ეგეთი რა გაუჭირდაო, ბრაზობდა ხალხი, ჯერ არავინ იცოდა, რაში იყო საქმე. მერე ისევ იმ ყაჩაღებს დაეკვეხნათ.. - გამიხარდაის წყვილი ცრემლი მოადგა თვალებზე და ჩაღის რომ არაფერი შეემჩნია, შებრუნდა, სალომესთან მივიდა და რვეულში დარდის ნომერი ჩაწერა. დარდი №1678 სალომე - რა გადარდებს? - ხმა არ მინდა გავიდეს სხოგან. - რა ხმა? - ის, რომ საერთო სახლს ვაშენებთ. - გაიგონ, მერე რა. - ხელს შეგვიშლიან. - სხვა რა გადარდებს? - ისეთი პირი უჩანს ამინდს, შეიძლება დიდი თოვლი მოვიდეს. - მოვიდეს, მერე რა. - დიდი ზვავები წამოვა. - მეტი არაფერი გადარდებს? - ჩემი რძალია ავად და ბალღების ამბავიც არა ვიცი რა. - სხვა? - ჯერჯერობით მეტი არაფერი.. დარდი № 1679       ის იყო დარდის ნომერი ჩაიწერა გამიხარდაიმ, რომ ბანზე წიოკით ამოვარდა გარახტინაი, უკან ტაშკენტაი მოსდევდა წყევლით. - რა იყო, რა მოხდა? - ფეხზე წამოდგა ვაჟი გოგი. - ისა, რომ აღარაფრად გვაგდებენ ჩოხელებს. - როგორ თუ აღარაფრად გვაგდებენ, ეგ საიდან მოიტანე? - აი, ტაშკენტაი დამემოწმება, რომ მართალი ვარ, თქვა გარახტინამ და ტაშკენტას გადახედა. - დაგემოწმები კი არა რო, მეტსაც ვიზამ, - თქვა ტაშკენტამ. - ბალღო, მოდი აქა! - დაუძახა გარახტინამ თავის ბეჩავ ბალღს შეთეს, რომელიც საცოდავად მობუზულიყო ბანის კუთხეში. - აი. ამ ბალღს ხომ ხედავთ. - ვხედავთ, - თქვა სებამ. - ვხედავთ, - კვერი დაუკრა ვაჟი გოგიმ. - ჰო, სუყველანი ხედავთ, ხალხნო! - ხმამაღლა დაიძახა გარახტინამ. - წაგასლეკთ თავებს! - ხმა მისცა გალილეიმ. - გაჩუმდი, შენი! - დაუტია ვაჟი გოგიმ. - დედას გიტირებთ მეოცე ოთახში! - დაემუქრა გალილეი. - ხომ ხედავთ? - ყვიროდა გარახტინაი. - ვხედავთ! - ეუბნებოდა ხალხი. - ჩოხის წმინდა გიორგის სალოცავსაც ხომ ხედავთ. - ვხედავთ, შეგვეწიოს იმის მადლი! - მერედა, ხომ ისე იყო გუდამაყარში დაკანონებული, რომ ჩოხის წმინდა გორგის ყმა, კოჭლი იქნება თუ ბრმა, ვის კარზედაც უნდა მივიდეს ქალის სათხოვნელად, უარი არ უნდა უთხრან. - ეგეა! ეგე! - ფეხზე წამოდგა დეკანოზი. - მერე? - რა მერე? - მერე ისა, რომ ეგე აღარ არის. - როგორ თუ აღარ არის?! - აი, იმ ჩემ ბალღს ხომ ხედავთ, მოდი, შვილო, აქა, - თავისკენ მიითრია გარახტინამ საცოდავად მობუზული შეთე და მერე ჰკითხა: - ცოლი გინდა? - მინდა, - თქვა შეთემ. - ხომ გესმით, უნდა.. - მერე? - მერე ისა, რომ არ მოგვცეს. - ვინ არ მოგცათ ქალი! ვინ გითხრათ უარი?! - ვინა და, დიდებათ მწარიამ. - რაო? - ვერ მოგცემთო, ეხლა განა ისევ ის დროაო, ყურები გამოიჩიჩქნეთო, ეე, ბნელებოო. - ბნელებოო? - მართლა ეგრე თქვა? - ჰო, და, თანაც არ მოგცემთო, დაკანონებული იყოო, ეხლა აღარ არიო. - გულით გინდა, შვილო, ის ქალი? - ჰკითხა დეკანოზმა შეთეს. - ჰო, მინდა. - წამო, შეეხვეწე სალოცავს, - ხატისკენ წაიყვანა შეთე დეკანოზმა და დანარჩენებიც თან გაჰყვნენ, აღშფოთებულები, გამწარებულები. - ამხსენით, მე თქვენი! - ღრიალებდა გალილეი, მაგრამ იმას ყურს აღარავინ უგდებდა. ყველანი ხატის ქვემოთ, სამანთან იყვნენ დაჩოქილები.       გამიხარდაი გარახტინასთან მივიდა და დარდი ჩაიწერა. - რა გადარდებს? - მამწყდი თავიდან, ჩემო გამიხარდავ! - მითხარი რა გადარდებს. - ლამის არის, გულმა გამიტანოს დედაკაცი და ეს კიდევ.. - შენ მაინც მითხარი, - ახლა ტაშკენტას მიუბრუნდა გამიხარდაი. - ის მადარდებს, რომ ჩოხლებს დღეის მერე უპირატესობა გვეკარგება გუდამაყრის ხეობაში. დღეს დიდებათ გვითხრეს უარი, ხვალ გამსივლები გვეტყვიან, ზეგ ჩობოლაურნი. - სწორია ტაშკენტაი! - წამოიძახეს აქეთ იქითიდან. - სათემო ხატი უნდა გამოვაბრძანოთ და იმით შემოვიაროთ სოფლები, რომ მეორედ ვეღარავინ გაბედოს წინააღმდეგობა, - თქვა ვაჟი გოგიმ.       ეს აზრი, ეტყობა ჭკუაში დაუჯდა ხალხს, დეკანოზს ასძახეს ზემოთ (თვითონ სამანს ქვემოთ იდგნენ, იქით არ შეეძლოთ წასვლა): - სათემო ხატი გამააბრძანე, ბიბღაო! - იმის გამობრძანება არ იქნება, ჩამოსძახა ბიბღამ.       მაშინ ვაჟი გოგი, სებაი, და სამხარაული ზემოთ ავიდნენ და დეკანოზს მოეთათბირნენ, სწორედ ის დროა, სათემო ხატით დავაშინოთ გუდამაყრელები, რომ ძველი უფლებები აღვიდგინოთ სხვა სოფლებზეო.       სათემო ხატი       გუდამაყრის ხეობაში პირველად ჩოხლები დასახლდნენ და თავიანთ სოფელს ჩოხი დაარქვეს. მაშინ ჯერ კიდევ არ იყო ქრისტიანობა და ჩოხელებიც კერპთაყვანისმცემლები იყვნენ, ხოლო როცა ქრისტიანობა მიიღეს, თავიანთ მთავარ სალოცავად მთვარის ღვთაება - წმინდა გიორგი იწამეს.       გუდამაყრის ხეობაში თანდათან ახალ ახალი სოფლები გაჩნდა. ხევსურეთიდან მოსისხლეებს გამოქცეულნი იმ მიუვალ ხეობას აფარებდნენ თავს და აქვე სახლდებოდნენ. იმათ თავ თავიანთი სალოცავები აიშენეს.       წმინდა გიორგი სამას სამოცდასამ ნაწილად დაშლილა და ჩოხლების წმინდა გიორგი - ენა არის. ამის გამო ადრიდანვე ერიდებოდნენ გუდამაყრელები ჩოხელების «ენა-ყბაში ჩავარდნას».       ჩოხლებმა ოქრომჭედელს ხატი გამოაჭედვინეს და გუდამაყრის ხეობაში ახლად გაშენებულ სოფლებში ჩამოატარეს.       რომელ სოფელშიც შევიდოდნენ, ჯერ ზარებს დარეკავდნენ, მერე იმ სოფლის ხალხს ხატზე დააფიცებდნენ, რომ ჩოხლებს უნდა დამორჩილებოდნენ. ამ მორჩილების შინაარსი ძირითადად ის იყო, რომ დანარჩენი გვარები ცნობდნენ ჩოხლების გვარის უპირატესობას და თუ ჩოხელი მათთან ქალის სათხოვნელად მივიდოდა, უარი არ უნდა ეთქვათ, თუნდაც სანეფო კოჭლი ან ბრმა ყოფილიყო.       იმ დღიდან მოყოლებული დღემდე მოდიოდა ეს წესი, დღეს კი პირველად დაირღვა საუკუნეების მანძილზე და ამან ისე შეაშფოთა ჩოხელები, დედაკაცებიც კი აღშფოთებას ვეღარ მალავდნენ, სათემო ხატის გამობრძანებას მოითხოვდნენ.       ხატს სხვა მისიაც ეკისრებოდა. თუ მტერი მოადგებოდა საქართველოს, მაშინ ამ ხატს ჩამოატარებდნენ გუდამაყარში და ვისაც კი შეეძლო, უკან უნდა გაჰყოლოდა ხატიონს, უკანასკნელად კრწანისისაკენ მიმავალი სამასი არაგველი ეამბორა მას. - გამოაბრძანეთ, ჩვენც დავიფიცავთ, რომ ან აღვადგენთ ჩვენ უფლებებს, ან არც ერთი აღარ მოვალთ უკან! - შეჰკიოდნენ დედაკაცები დეკანოზს. რომელმაც მართლა გამოაბრძანა ხატი და ზარ ბაურაყი შეაჟღრიალა.       იმ ღამეს ვაჟი გოგის სასტუმრო დარბაზში თავყრილობა ჰქონდათ ჩოხელებს. უმრავლესობას დედაკაცები შეადგენდნენ და ისეთი ჟრიამული გაუდიოდათ, ყურთასმენა აღრ იყო.       გადაწყვიტეს, მეორე დღიდანვე მოეწყოთ ლაშქრობა გუდამაყარში. ჩამოწერეს მოლაშქრეთა სია და წესისა და რიგის მიხედვით დაანაწილეს.       შეკრებილთ ერხმად აირჩიეს ვაჟი გოგი მთავარსარდლად და მასვე მიანდეს ჯარის შედგენა. - ყველაფერი იმთავითვე ისე უნდა მავაწყოთ, რომ მერე აღარაფერმა შეგვაფერხოს, - თქვა ვაჟი გოგიმ და დედაკაცებს განუმარტა, რასაც გულისხმობდა: - არც ერი სახელოვანი ლაშქრობა ბრმად და უწესრიგოდ არ ჩატარებულა, - ამბობდა ვაჟი გოგი, - ყველა დიდ მთავარსარდალს როცა სხვა ქვეყნის დასალაშქრავად მიდიოდა, თან მიჰყავდა ხოლმე მწერლები, ფილოსოფოსები, ისტორიკოსები და გეოგრაფები. ეს, პირველ რიგში, მათ კულტურულობას უსვმდა ხაზს და ჩვენც ხომ არა ვართ მთლად შეუგნებლები. ეს ხალხი კიდევ იმიტომაა საჭი-რო, რომ ჯერ ერთი, მოწინააღმდეგე დაინახავს, რა განათლებულ გვართან აქვს საქმე, მეორეც, ჩვენთვისვეა სასარგებლო. ჩვენი ფილოსოფოსები და მწერალ ისტორიკოსები ბევრ რამეს ჩაიწერენ იმათგან, ვისაც სათემო ხატზე დავაფიცებთ. ეს ჩანაწერები შემდეგში ჩვენ შვილებსა და შვილთაშვილებს, ვინ იცის, რაში გამოადგებათ. თუ არ გამოადგებათ, ხომ არაფერს დაუშავებს? თანაც რაღაც რაღაცებს რომ ჩავიწერთ, ამით უფრო დავაბნევთ და დავიმორჩილებთ მოწინააღმდეგეს. პირველ რიგში საჭიროა, ავირჩიოთ ისტორიკოს გეოგრაფი, ეს აუცილებელია. ისტორიკოსი ისევე აუცილებელია ამ ლაშქრობისათვის, როგორც მთავარსარდალი, თუ არა ვცდები, სამხარაული უნდა ავირჩიოთ ისტორიკოს გეოგრაფ მემატიანედ. ადგეს ფეხზე სამხარაული.       სამხარაული ფეხზე წამოდგა. - ხართ მომხრე? - ვართ, - დაიძახეს აქეთ იქედან. - მე მგონი, ლაშქრის მწერლად ჩაღი უნდა წავიყვანოთ, - თქვა დარდების შემგროვებელმა.       ჩაღი ჯერ უარზე იდგა და, საერთოდ, წინააღმდეგი იყო ამ ლაშქრობისა. როგორ არ ეცადა, დაერწმუნებინა დედაკაცები, რომ სისულელეს სჩადიოდნენ, რომ დიდებათ მწარიაი მართალი იყო. - როგორ თუ მართალი?! - ისე რომ, გოგო იმისია, ვიზეც უნდა იმაზე გაათხოვებს და რატომ ცდილობთ, ვიღაცა დაიმონოთ და დაიმორჩილოთ? - როგორ თუ იმისია, რატო უნდა გვითხრას უარი? როდის ყოფილა, ჩოხლებისთვის უარი უთქვამთ.. - მინდა ცოლი და რატო მეუბნებიან უარს? - წამოიძახა კუთხეში მობუზულმა შეთემ. - ამხსენით ხალხოო, შემცივდა, - მოისმა გარედან გალილეის ყვირილი და ჩაღი გარეთ გავიდა. რამდენიმე წუთში შემობრუნდა. უკან გალილეი მოჰყვებოდა და გაიძახოდა: - დედას გიტირებთ მეოცე ოთახში წაგასლეკთ თავებს! - მაიცა, გალილეი, ჩვენ ხომ მოვილაპარაკეთ, - დააწყნარა ჩაღიმ და გალილეიც დაწყნარდა. - იქნები თუ არა ლაშქრის მწერალი? - ჰკითხა მთავარსარდალმა ჩაღის. - ჰო მაინც ნარკვევი უნდა დასწერო გუდამაყარზე, ჩაუჩურჩულა დარდების შემგროვებელმა. - ვიქნები, - დათანხმდა ჩაღი. - შენ გევალება ჩაიწერო მომხდარი ამბები, ფილოსოფიურ ამბებს მე ჩავიწერ და თან გამოკითხვებსაც ვაწარმოებ, - თქვა ქიმბარმა.       გადაწყდა.       იმავე ღამეს შედგა მოლაშქრეთა სია და მთავარსარდალმა ყველას თავისი ადგილი მიუჩინა ამ სიაში. ჯარი განაწილდა საჭიროებისა და საომარი წესის მიხედვით. გამოყვეს ქვეითი მოლაშქრენი, მყვირალები, მზვერავები, საიდუმლო ნაწილი, საზღვაო ნაწილი სამი ქალის შემადგენლობით, რადგან გუდამაყარში ზღვა არ არის, ლაშქრობის ადათ წესებს მაინც სცეს პატივი და «საზღვაო ნაწილს» დაავალეს, რომ არაგვ არაგვ იარონ, მანამ ლაშქრობა არ დამთვრდება, რამდენიმე ქალი და გალილეი თავიანთ სოფელში დასატოვებლად გაანაწილეს. - რაო? მე არ მიგყავართ ჯარში! - იწყინა გალილეიმ. - შენ აქ დარჩი, აქაც ბევრი საქმეა. - რომელი ხართ ჩემზე კარგი მეომარი, ვერ დაინახა თქვენმა დასათხრელმა თოლებმა წეღან, რამდენ სახელოვან მეომარს წავასლიკე თავი? - ჯალალედინი, მაკედონელი, აქილევსი, ჰიტლერი, ვერ დაინახეთ? - დავინახეთ. - მერე? რატო მირიდებთ. - ხო იცი, რო მტერი შეიძლება ჩვენ სოფელს დაესხას, აქ რომ არ ვიქნებით, ვინ უნდა გაუმაგრდეს? - აქა გყავართ! ვრჩები აქ! - დაიძახა გალილეიმ. - არის კიდევ ერთი რთული ამბავი, - თქვა მთავარსარდალმა და ჯარს გადახედა. - რაო? - ექიმი ხომ გვინდა. - გვინდა. - ჰოდა, ზინაი როგორმე უნდა წავიყვანოთ.       იმავე ღამეს გალილეი აფრინეს კიტოხში ცხენით და გუდამაყრის საერთო ექიმი მოაყვანინეს. გალილეიმ მოატყუა ექიმი, ვაჟი გოგი ავად არის, კვდებაო. აქ თავის გეგმა გააცნეს და ზინაი ჯერ უარზე დადგა, მერე დააშინეს: თუ არ წამოგვყვები, მოგკლავთო. - ჰო, წაგასლეკთ თავს, მაშ! - დაამატა გალილეიმ და ზინაიც დაითანხმეს ამ ლაშქრობაზე.       იმავე ღამეს გადაწყდა, რომ მზვერავებს მეორე დღიდან ზვავები უნდა ჩამოექანებინათ გუდამაყრის ხეობის შესასვლელში. რომ მანამ ლაშქრობა არ დამთავრდებოდა, ხეობაში არავინ შემოსულიყო. - მე ფეხით სიარული გამიჭირდება, ცხენი უნდა შემიბათ მარხილში, - თქვა ზინამ. - მართლა ვერ ივლის ეს, - დაემოწმა ტატია. - კარგი, სურსათი რომელ მარხილზეც გვექნება, იმ მარხილზე დაჯდები, - ნება დართო მთავარსარდალმა ექიმს.       იმ ღამეს თვალი არავის მოუხუჭავს. შეადგინეს საბრძოლო გეგმა. გადაწყდა, რომ იმ სოფელს, საიდანაც ქალი უნდა წამოეყვანათ, ბოლოს დასხმოდნენ. - ჰო, ეგრე სჯობს, ჯერ სხვები დავაფიცოთ, რომ მერე პირდაპირ ქორწილზე გადავიდეთ, - მოიწონა გარახტინამ სარდლის გეგმა.       შეაგროვეს სურსათი და, ვისაც როგორ შეეძლო, ისე შეიარაღდა. ყველაზე კარგი თოფები მზვერავებს მისცეს. თეთრი კაბები შეიკერეს მიტკლისაგან მზვერავებმა, რომ თოვლში შეუმჩნევლები ყოფილიყვნენ.       გათენებისას ერთი-ორი საათით წაიძინეს და კარგად რომ გათენდა ატყდა ზარების რეკვა.       ლაშქარმა გაიღვიძა და ხატის ქვემოთ, პატარა მინდორზე მოგროვდა. ყველა საბრძოლოდ იყო მზად. - სიმაღლის მიხედვით მოეწყვეთ! - ბრძანა მთავარსარდალმა და დედაკაცები ერთიმეორის მიყოლებით ჩამწკრივდნენ. ზოგს თოფი ეკიდა, ზოგს - ხმალი.       სებამ ზარები შეაჟღრიალა. დეკანოზმა სათემო ხატი გამოაბრძანა. გორზე გადმოდგა და დაიძახა: - ხატი გაუწყრეს, ვინც ლაშქარს უღალატებს! - ამინ! - დაიგუგუნეს დედაკაცებმა. - დაიფიცეთ, რომ ძველ წესს აღადგენთ! - ვფიცავთ! - გწყალობდეთ! - ამინ!       ამის მერე მთავარსარდალმა წასვლის ბრძანება გასცა და ლაშქარიც დაიძრა.       ისევ ავტორისაგან       ეს ყველაფერი გადმოცემით ვიცოდი და შეიძლება ბევრი რამ დავაკელი კიდეც, რაც შეეხება ჩანაწერებს, რომელთაც გარეთა ყდაზე აწერია: «ლაშქრობა გუდამაყარში», შევეცდები ასე წარმოგიდგინოთ, რომ ამ სასახელო ლაშქრობის თანმიმდევრობა არ დავარღვიო. ჩანაწერები სულ ხუთი საერთო რვეულისაგან შედგება.       ¹. ისტორიკოს გეოგრაფის რვეული. რომელსაც ყდაზე მსხვილი ასოებით აწერია - «მემატიანე».       /. ფილოსოფოსის რვეული, რომელსაც ასევე მსხვილი ასოებით აწერია - «გუდამაყრელთა ფილოსოფია».       ". მწერლის რვეული, რომელსაც აწერია - «ადამიანთა სევდა». ეს სათაური ძალიან მომეწონა და ჩემს რომანსაც იმიტომ ვუწოდე «ადამიანთა სევდა».       ". დარდების შემგროვებლის რვეული, რომელსაც გარედან აწერია «გუდამაყრის დარდები».       :. საიდუმლო ნაწილის რვეული. გარედან აწერია «საიდუმლო დავალებანი».       აი, ამ ხუთ რვეულში თითქმის ყველაფერია იმ ლაშქრობის შესახებ, არა მგონია, ყველაფრის აქ მოყვანა საჭირო იყოს. შევეცდები, რაც შეიძლება საინტერესო ამბები ამოვარჩიო.       კინაღამ გამომრჩა; ამავე რვეულებთან არის წერილები, რომელთაც მოლაშქრენი უგზავნიდნენ სოფელში მყოფთ და რამდენიმე ბრძნული ჩანაწერი, მთავარსარდალი გზადაგზა რომ იწერდა.       პირობა დაირღვა!       (მემატიანის რვეულიდან)       პირობა დაირღვა!       ამ ცნობამ ელვასავით დაუარა მთელ გუდამაყარს და ჩოხლები იძულებულნი შეიქმნენ გამოებრძანებინათ სათემო ხატი. უნდა დაილაშქროს მთელი ხეობა და მოსახლეობამ ხელახლა დაიფიცოს, რომ კვლავაც შეასრულებენ ჩოხლების მოთხოვნებს.       ლაშქარს სათავეში უდგას გამოცდილი ჩოხელი, მრავალ ომში ნაცადი, თორმეტ წელიწადს წყალქვეშ ნამყოფი, სახელოვანი მთავარსარდალი - ვაჟი გოგი.       დღეს, ამა წლის I თებერვალს, ჩოხლების ლაშქარი აღმოსავლეთისკენ დაიძრა. წინ დეკანოზი მიდის სათემო ხატით ხელში, უკან მთავარსარდალი მიჰყვება, შემდეგ მეზარე და ამის შემდეგ მივდივართ ჩვენ, ისტორიკოს ფილოსოფოსნი და მოლაშქრენი.       ბრძოლის გეგმა ("საიდუმლო დავალებათა" რვეულიდან)       მთავარსარდლობამ თვალი გადაავლო გუდამაყრის ხეობას და გადაწყდა შემდეგ სოფლებზე თავდასხმა:       1. ჩობოლაური, 1 კოტორიანი,       2. ლიდა, 11. ნისლაურნი,       3. ხოზა, 12. ლაგაზიანი,       4. ცუცქუნაურნი, 13.თორელაანი,       5. ფახვიჯი, 14. ბახანი,       6. საჩალის ჭალა, 15. წინამხარი,       7. ქიჭოხი, 16. მაქართა,       8. ლუთხუბი, 17. კიტოხი.       9. დიხჩო,       კიტოხის შემდეგ არის სოფელი დიდებანი. მთავარსარდლობამ გადაწყვიტა, კიტოხის აღების შემდეგ არ შევიდეს ამ სოფელში. აქ შევალთ ბოლოს, როცა ყველა სოფელს დავაფიცებთ ხატზე და ამათაც სხვა გამოსავალი აღარ ექნებათ. ამ სოფელს ჩუმად ავუვლით გვერდს და შემდეგი თანმიმდევრობით ვიღებთ დანარჩენ სოფლებს:       18. გამსი, 23. საქორე,       19. ჭალიველნი, 24. ქაქეენი,       2 . ათნოხი, 25. ბუსარჭილი,       21. ბოსელი, 26. სალაღო.       22. დუმაცხო,       ამის შემდეგ მთავარი ძალებით შევუტევთ სოფელ დიდებათ.       დღესვე ხეობის შემოსასვლელში გაიგზავნენ მზვერავები, რათა შემოსასვლელი ზვავებით ჩაჰკეტონ. საზღვაო ნაწილი გაგზავნილია არაგვზე.       ჩობალაურნი (მემატიანის რვეულიდან)       სოფელი ჩობოლაურნი ჩოხის აღმოსავლეთით ორიოდ კილომეტრზე მდებარეობს. სოფელს იქით და აქეთ კლდიანი ხევები ჩამოუდის. სოფელში შესვლა თოვლის გამო გაძნელებულია, ჭირს მარხილებით გავლა საცალფეხო ბილიკზე, მაგრამ მთავარსარდლის ბრძანება ურყევია: «პირველი დარტყმა ელვისებური უნდა იყოს და ამისათვის ყველა ძალა უნდა გამოვიყენოთ. პირველმა გამარჯვებამ უნდა აღაფრთოვანოს მებრძოლები და მომავალი გამარჯვებისკენ გაუკვლიოს გზა». - ეს მთავარსარდლის სიტყვებია.       ჯარი წინ მიიწევს. ირგვლივ თოვლი და სიწყნარეა. სოფელი გამოჩნდა. მთავარსარდალმა მოლაშქრენი შეაყენა და რაკი მზვერავები ჯერ არ დაბრუნებულან ხეობის დასაწყისიდან, ელენაი და სალომე გაგზავნა ჩობოლაურთას. ქალები თხუთმეტ წუთში მობრუნდნენ. - რა ამბავია? - ჰკითხა მთავარსარდალმა. - დედაკაცები ბანზე სხედან და წინდებს ჰქსოვენ, - თქვეს მზვერავებმა.       ჩვენი ლაშქრობა იმითაც არის გონივრული, რომ ზამთარში მამაკაცები ცხვარში არიან წასულნი. თუმცა ჩვენი ლაშქარიც დედაკაცებისაგან შედგება, მაგრამ ჩვენი დედაკაცებიი!..       მთავარსარდალმა შეტევის ნიშანი მისცა და საშინელი ყვირილით შეცვივდნენ სოფელში მყვირალები. მეზარემ ზარი აახმიანა. მეთოფეებმა თოფები დააქუხეს. სოფელი ალყაშია მოქცეული. საშინელი წივილ კივილია. მგონი მტერი გვნებდება, მაღალ ბანზე ჩვენი დროშა არის გამოკიდებული. აი, შეტევაც ამას ჰქვია!       პირველი გამარჯვება (ისევ მემატიანის რვეულიდან)       პირველი შეტევა პირველი გამარჯვებით დამთავრდა. ჯარი სოფელში შევიდა. მაღალ ბანზე ჩვენი დროშა ფრიალებს.       მთავარსარდალი და დეკანოზი ტახტზე სხედან. ჩვენებს მოწინააღმდეგენი ბანზე დაუჩოქებიათ და მორიგეობით აფიცებენ ხატზე, რომ კვლავაც სცნობენ ჩოხლების უპირატესობას, უმეტესად ქალის საკითხში. რა შეედრება ამ წუთს. ხატზე დაფიცება დამთავრდა და ახლა ფილოსოფოსებისა და მწერლების ჯერი დადგა. მოწინააღმდეგე ფილოსოფიით უნდა დააბნიო, რომ შემდეგში ადვილად ვეღარ გაგიწიოს წინააღმდეგობა. ცალკე მწერალი იწერს ამბებს, ცალკე ფილოსოფოსი, ცალკე ჯარისკაცები სწერენ სახლში გასაგზავნ წერილებს. მოწინააღმდეგე გაოგნებულია..       კითხვები (ფილოსოფოსის რვეულიდან) - გვარი. - წიკლაური სოლომონი. - რამდენი წლისა ხარ? - მეოთხმოცეში ვდგავარ. - შენი აზრით, რა არის სიცოცხლე ან საიდან მოვიდა. - ვითომ სიცოცხლე ღვთისგან არის, მე ეგე ვიცი. - კაცი რო დაიბადება, თავისა და მთორის სავალსა, მაშინ დაუწერს მწერალი, თავის თავგადასავალსა. თავში აწერიაო. - რა აწერიაო? - ბედი. ადამიანს თავის ბედი თავში აწერიაო. ერთი დედაკაცი ყოფილა მშობიარედ და ბიჭი ჰყოლებია. იმ ღამეს მისულა სამი მწერალი. ეს დედაკაცი ისმენს იმათ ლაპარაკს, ისენი ბედს უწერენ.. ერთს უთქომს რო: ემ ბალღმა იმდენ ხანს იცოცხლოს, სანამ ხეზე ახდომა შეეძლებაო, ჩამოვარდეს და მერე მოკვდესო. მეორემ - არაო: წყალმა წაიღოსო. მესამემ - ვიდრე აეს ნიგზურაი არ ჩაიწვებაო, - კერაზე ნიგზურაი ენთო, იმაზე თქო. ი, ბიჭის დედამ აიღო ნიგზურაი, ჩააქრო და შაინახა. - მერე? - გაიზარდა ის ბალღი, მაიყვანა ცოლი, იმ ნიგზურაის ამბავიც უთხრა თავის დედამ. - მერე? - ერთ მთვარიან ღამეს ცხვრიდან მოდიოდა სახლში. ყანებში თავის ცოლს წააწყდა მეზობელთან მწოლარეს. ისენი იქვე დახოცა, თვითონ ავიდა და ის ნიგზურაი ცეცხლში დაწო. იმავე ღამეს მოკლეს თოფით მოკლულის ძმებმა. - შენ რომ გქონდეს ეგეთი ნიგზურაი შენახული, რას უზამდი, როდისმე დასწვავდი? - ზოგჯერ ისე ჯავრი მამივაკე ჩემ თავზე, მეც დავწოვდი. - სიკვდილი რა არის? - ეგეც ღვთისგან არის. ღმერთს უთქომს: ორი ბიჭი ჰყავდეს ადამიანს და ერთი ქალიო. მერე ეშმაკმა უთხრა: შენ ვინღა გახსენებს, ადამიანები რომ არ მოკვდნენ და სუ ცოცხლები იყვნენო. მერე ისე გამიგონია, რომ მოიგონა ღმერთმა სიკვდილი. - ადამიანი რომ კვდება, სად მიდის? - იცვლებაო ადამიანი, ასე გამიგონია. - რა აზრი აქვს კაცის ხანგრძლივ სიცოცხლეს? - სიცოცხლე გვიყვარს, მეტი არაფერი. - ღმერთმა რომ გითხრას, რამდენი ხანიც გინდა, იმდენი წელი მთხოვეო. რამდენი წლის სიცოცხლეს სთხოვდი? - ოთხმოცდაათსა. - რო ეთქვა, არა, ორასს მოგცემო? - ვერ შავძლებდი, ვერ გადავიტანდი. - რატო ვერ შასძლებდი? - სიბერის გამო. დავვუძლურდებოდი. - როგორ გგონია, ეს დედამიწა სულ მუდამ იარსებებს? - რა თქმა უნდა, მე ეგე ვფიქრობ. მაშ რამ უნდა შაჭამოს, რომ ვთქოთ? - ომი რომ მოხდეს? - ომი არ არის, თქვენ რომ დაგვესხით, მა რა არის? - დიდი ომი რომ მოხდეს? - ომი მიწის ზევიდან იქნება, დაბლიდან ხო არა. დედამიწა რატო ჰქვია - ომსაც შაიშრობს და სისხლსაცა. - რო მოსწყდეს მოულოდნელადა? სად წავა? - თუ აორთქლდება, თორო სხოგან სად უნდა წავიდეს, აღარ ვიცი. წყალი წაიღებს, სად წაიღებს?! - აორთქლდება?! - ჰო, აორთქლდება. - ქვებსა და ხეებს ეყურება თუ არა? - ეყურება თავის ენაზე, მაგრამ მე, აბა, რა გავაგონო. ეგენიც თავის ენაზე ლაპარაკობენ. კლდისა კი რა გითხრა. - როგორ გგონია, ღმერთი სად არის? - აბა, მე ვინ მანახვებს. - სიზმარი რა არის? - სულ დადის და დახეტიალობს აქა იქ, ხან საიქიოს, ხან - საქააოს. - როგორ გგონია, ვარსკვლავებზე არიან ადამიანები თუ არა. - ზევითაც ხალხია და ქვევითაც, ჩვენ შუაზე ვართ და სარტყლები იმიტომ გვარტყია წელზედა. - აბა, მაშ ვინც ზევით ცხოვრობენ, იმათ თავზე ერტყმის? - რა თქმა უნდა. - ვინც ქვევით არიან? - იმათ ფეხები ექნებათ გაბმული და რანაირ დაიწყებენ სიარულს, არ ვიცი. - მკვდარს რატო გაუბამენკე ფეხებს. - არ ვიცი, რომ მარხავენ, მერე გაუხსნიანკე. არც ქუდს ახურებენ, გვერდზე უდებენ, - მარჯვენა გვერდზე. ერთისთვის დავიწყნიყოთ ფეხების გახსნა, ისე დაემარხათ, იმის დედა თურმე ყოველღამე სიზმარში ხედავს - მივა იმისი შვილი და ეხვეწება დედი, ფეხები მაქვს გაბმულიო. ამოეთხარა იმ დედაკაცს და მართლა გაბმული ჰქონიყო. - ქუდს არ ახურავენ? - არა, არ ახურავენ. - სიცოცხლე ხომ გიყვარს. - სიცოცხლე ყველაზე მეტად მიყვარს. რაც უფრო ვბერდები, მით უფრო მიტკბება სული.       მცირე გადახვევა ("საიდუმლო დავალებათა" რვეულიდან)       სანამ მწერლის რვეულიდან მოვიყვანდე ჩობოლაურებში ჩაწერილ მოთხრობას, მანამდე მინდა ერთი პატარა ცნობა მოვიტანო. «საიდუმლო რვეულში» წერია:       «ხეობის დასაწყისში გაგზავნილი მზვერავები მშვიდობით დაბრუნდნენ. ხეობა ზვავებით ჩაუკეტიათ. მოქმედება თამამად შეიძლება».       და ერთი წერილი მინდა რომ გაგაცნოთ. როგორც კი შეტევა წარმატებით დაამთვრეს, ჩოხლებმა თავიანთ სოფელში წერილები აფრინეს. წერილების მიტან მოტანა ევალებოდა საიდუმლო ნაწილს: კოტორიანთ ქალს, შარვანიანთ ქალს და ტასიას.       ჩვენ გავიმარჯვებთ (წერილებიდან)       «გამარჯვებათ, ძვირფასო დებო და ძმებო!       მოგიკითხავთ ყველას სულერთიანად. მოკითხვას გითვლიანთ ჩვენები, დიდის მოწყენითა და პირზე კოცნითა. მინდა გახაროთ, რომ საქმე კარგად დაიწყო. დღეს პირველი შეტევა გვქონდა. ჩობოლაურები აღებულია. ვაწარმოებთ ფილოსოფიურ მეცნიერულ გამოკვლევებს. ყველანი ისევ ჩვენი მორჩილები იქნებიან ამის მერე.       ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ!       ქვეითი მოლაშქრეები.       6.II– 68 წ.       დიადი სიტყვა (მემატიანის რვეულიდან)       როდესაც ფილოსოფიურ- მეცნიერული გამოკითხვა დამთავრდა, სებამ ზარები დარეკა და დეკანოზებმა სიტყვით მიმართა ჩობოლაურებს:       «ჩვენ და თქვენ ერთი ხეობის ხალხნი ვართ. ერთი ცა გვხურავს მაღლიდან და ერთი არაგვი ჩამოგვიდის ჭალაზე. დღეის მერე ერთმანეთთან მეგობრულად უნდა ვიყვნეთ. თუ ვინმემ რამეზე შეგაწუხოთ სხვა სოფლებიდან, იმწუთში შეგვატყობინეთ და მოგეხმარებით. ჩვენ რა გვაქს გასაყოფი? არაფერი. ნურც ნურაფერს დავუმალავთ       ერთიმეორეს. ჩვენ, ჩოხელებს, გადაწყვეტილი გვაქვს, ავაშენოთ ხუთასოთახიანი საერთო სახლი. ამისათვის გვჭირდება მასალა. თქვენ შეგიძლიათ დაგვეხმაროთ. აი, ეს კაკლები რომ გიდგათ, ამათაგან ძალიან კარგი მასალა გამოვა. რაც შეეხება ქალების გათხოვებას, ვინც ჩვენ არ გვინდა, ისინი ვიზეც გინდათ, იმათზე შეგიძლიათ გაათხოვოთ. თქვენ დღეს სათემო ხატზე დაიფიცეთ, ფიცის გამტეხს რისხავდეს სათემო ხატი!» - ამინ! - დაიძახეს ჩოხელებმა. - ამინ! - ხმა მისცეს ჩობოლაურთ       ამის შემდეგ მთავარსარდალმა მოლაშქრენი მოაწყო და გზას გავუდექით მეზობელი სოფლისკენ, რომელსაც ლიდა ჰქვია.       მღვდელი (მოთხრობა მწერლის რვეულიდან)       გუდამაყარში ერთმანეთშია არეული კერპთაყვანისმცემლობა და ქრისტიანობა. ახლაც აცხობენ პურისაგან მგლებს, რომელთაც აგურის კბილებს უკეთებენ. პურის მგელი საქონლის ბაგაზე მიაქვთ. ჯერ წნელით შეუკრავენ პირს და ულოცავენ.       «აესრემც შაუკვრის პირი იმ მგელს, რომელმაც ჩემაი ძროხიაის შაჭმა მაინდომოს».       მერე წნელს ახსნიან და მგელს აგურის კბილებს საქონლის ბაგაზე უმტვრევენ:       «აესრემც დაგენაყება, მგელო, კბილები!»       «აესრემც დაგემტვრევა მუხლები!» - ამტვრევენ მუხლებსა და ლუკმა ლუკმა ჩაციცქნილ მგლის კვერს საქონელს აჭმევენ.       ქრისტიანობა უცნაურად შემოდიოდა აქ. ჯერ ვერ ურიგდებოდნენ ახალ სარწმუნოებას. მერე თანდათან იწამეს.       რამდენიმე გუდამაყრელი მცხეთაში დაიბარა კათალიკოსმა და საყვედური გამოუცხდა იმის თაობაზე, გუდამაყრელები უმღვდელოდ რატომ იმარხებითო.       მღვდელი არა გვყავსო, - თავი გაიმართლეს ამათ.       მაშინ გუდამაყრელებს მღვდელი გააყოლეს და თან გააფრთხილეს, უმღვდელოდ დღეის შემდეგ მკვდარი აღარ დამარხოთო.       ათნოხში თორმეტი ქისტის მამკლავი, აკაი თამნიაური კვდებოდა. მიუყვანეს მღვდელი.       მოკვდა აკაი.       შემოდგომის გაყინული მიწა ძლივს ამოთხარეს წერაქვებით. ერთი ყარაული საფლავთან დააყენეს, რომ სამარეს ავი სულები არ დაჰპატრონებოდნენ, დანარჩენებმა ხვნეშით მოასვენეს მიცვალებული, სანამ ჩაასვენებდნენ, კიდევ რაღაც ლოცვები თქვა მღვდელმა: და, როცა მისი თანხმობა მიიღეს, მძიმედ ჩაუშვეს გაყინულ მიწაში კუბო. მერე უცებ მღვდელს სწვდნენ და თან ჩააყოლეს. ყვიროდა მღვდელი და ამოსვლას ცდილობდა. მაგრამ რამდენიმე გაყინული ბელტი ისე       მძლავრად მოხვდა თავში, უღონოდ გადააწვა კუბოს. გუდამაყრელები გულდაგულ ავსებდნენ სამარეს მიწით და თან ბუტბუტებდნენ. - მიწა ხარ და მიწად იქეც! - მიწა ხარ და მიწად იქეც!..       ამ საქმესაც მორჩნენ და კვირის თავზე ახალი სადარდებელი გაუხდათ, - დუმაცხოში ხუთი ქისტის მამკლავი გაგილაი გარდაიცვალა. გუდამაყრელები მცხეთაში ჩავიდნენ და კათალიკოსს მოახსენეს: - კაცი მოგვიკვდა და უმღდელოდ ვერა ვმარხავთ.. - ხომ გაგაყოლეთ მღვდელი! - გაიკვირვა კათალიკოსმა ამათი «მოქცევა». - ის მღვდელი სხვა მკვდარს ჩავაყოლეთ, ხო თქვით, უმღვდლოდ არავინ დამარხოთო, ეს კიდევ სხვა მკვდარია.       კათალიკოსმა რა უთხრა, არ ვიცი. ქრისტიანობამ კი ფეხი მოიკიდა გუდამაყარში. თუმცა კათალიკოსი იმის მეტს რას იტყოდა: - «არ ცოდნა, არ ცოდვა არისო». - მე მგონი, მეტს არაფერს იტყოდა.       ლიდა (მემატიანის რვეულიდან)       ლიდა ჩობოლაურის აღმოსავლეთით ერთი კილომეტრის დაშორებით არის. ამ სოფელსაც ორივე მხრიდან კლდიანი ხევები ჩამოუდის, გზაც უფრო მოსახერხებელია და რაც შეიძლება სწრაფად მივდივართ. წინა შეტევამ გვიჩვენა, რომ სწრაფად მოქმედება გამარჯვების ნახევარს უდრის. მზვერავები ეს ეს არის მობრუნდნენ და ამბავი მოიტანეს, რომ სოფელი თითქმის მთლიანად დაცლილია, მარტო უშვილო ცოლ ქმარიღა არისო დარჩენილი.. ქალი ავად ყოფილა, ლოგინად ჩავარდნილი. მთავარსარდალი ფრთხილობს: შეიძლება მტერი ჩასაფრებულია სადმე, რომელიღაც სახლში, საჭიროა ალყა შემოვარტყათ.       სოფელს გარს შემოვერტყით და დაიწყო სახლების ჩხრეკა. მართლა ცარიელი აღმოჩნდა სოფელი, ქალაქში გახიზნულან საზამთროდ. მთავარი იერიში ცოლ ქმარზე მივიტანეთ და ისინიც უცებ დაგვნებდნენ. სოფელ ლიდის თავზე ჩვენი დროშა ფრიალებს. დეკანოზი ცოლ ქმარს ხატზე აფიცებს და მთავარსარდლის ბრძანებით, ექიმი წამლებს აძლევს ავადმყოფ ქალს. სებაი ზარებსა რეკავს და ამით გუდამაყარს ამცნობს, რომ ლიდაც კვლავ ჩოხლების სურვილების აღმსრულებელია, უპირველეს ყოვლისა, ქალების საკიხში. შემდეგ იწყება ფილოსოფიური დაკითხვა.       სული და სიკვდილი (ფილოსოფოსის რვეულიდან) - სახელი და გვარი. - ბათილა ლიდიაური. - რამდენი წლისა ხარ? - ოთხმოცის. - შვილები გყავს? - არა უშვილო ვარ. - როგორ გგონია, სად მიდის სული სიკვდილის შემდეგ? - სული? სული არ დაიკარგება. ხორცს გაეყრება და სიზმარივით იქნება. სულ სიზმარივით იქნება. ცხონებული ვინც არის, ის სულ ნათელში იქნება, ბოროტებს სხო ადგილი ექნებათ. - შენ როგორ გგონია, როგორ ადგილზე მოხვდები? - მე.. უშვილოები, თურმე, პირქვე წვანან. ოღონდ მაგას ნუ დაწერ. - რატომ ნუ დავწერ? - უშვილო ვინმე წაიკითხავს და გულს შამააკლდება. - სიკვდილზე რას იტყვი. ქვებსა და ხეებს თუ აქვთ სიკვდილის განცდა? - სიკვდილი რომ გამაიგონა ღმერთმა, იფიქრა, მოდი გამოვცდიო და ჯერ ქვას მიარგინა იმის განცდა. ქვებმა ისე განიცადეს, იმდენი იდარდეს, დარდისაგან სუ იფშვნებოდნენ, აღარ ივიწყებდნენ თანამოძმის სიკვდილს და ყველანი იფშვნებოდნენ. ღმერთმა იფიქრა, ამათთვის ეს განცდა არ შეიძლება, ამისათვის სუსტებიაო, აარიდა ქვებს სიკვდილი და ახლა ხეს მიარგინა, იმათაც ძალიან განიცადეს, მთელმა ტყეებმა ტოტები ჩამაილეწეს და აღარ ივიწყებდნენ. ხეებსაც აარიდა და ახლა წყალს მიარგინა. ვერც წყალმა გაუძლო, დაშრობა დაიწყო. ადგა ღმერთი და ადამიანებს მიარგინა სიკვდილი. ადამიანმა იტირა, იტირა.. მერე დამარხა მკვდარი და ტირილით გადაიმგლოვა კიდეც. ჰოო, ამის მერე ღმერთმა ადამიანს მიაკუთვნა სიკვდილის განცდა.       მცირე საიდუმლო ("საიდუმლო დავალებათა" რვეულიდან)       მზვერავებმა ლიდაში ყოფნის დროს საზღვაო ნაწილის ცნობა მოიტანეს. შიჯანათ ქალი და ქალთამზე იტყობინებიან, რომ არაგვი რამდენიმე ადგილზე გაყინულია და საჭიროა ჩამტვრევა, რომ არაგვის გაღმა მყოფმა სოფლებმა გამოღმა კავშირი ვერ დაამყარონ. ზომები მიღებულია. დარდი № 1680 (დარდების შემგროვებლის რვეულიდან) - სახელი და გვარი? - ბათილა ლიდიაური. - რა გადარდებს? - ის რომ უწილ უკერძომ უნდ გადავიარო. - მეტი არაფერი? - ამაზე მეტი დარდი რაღა გინდა, ცოცხალი იყო და შენი არსებობის გამგრძელებლად შვილს ვერა ხედავდე. რა დავუშავეთ იმ დალოცვილ ღმერთს, რომ აქ შვილი არ გვაღირსა, იქ კიდევ პირქვე უნდა იწვნენ უშვილოები. - ჰოო, მართლა დიდი დარდია. ღმერთთან რომ წავალ ამ ჩემი დარდებით, პირველს თუ არა, მეორეს ვეტყვი უშვილოების დარდს.       სალომე ლიდიაური (მოთხრობა მწერლის რვეულიდან)       სოფელ ლიდის ზემოთავში ჩამონგრეული სახლ-კარია. ამ სახლში ათიოდე წლის წინათ მშობლებმა გამსიველ ბათირაზე დანიშნეს სალომე.       ჩალისფერი თმა კოჭებამდე სწვდებოდა სალომეს. ყანაში რომ მიდიოდა ყანისაგან ვერ გამოარჩევდით, ღელავდა ყანა და ღელავდა ქალიშვილი.       უცნაურად უყვარდათ სალომესა და ბათირას ერთმანეთი. ხანდახან თვეობით არც კი ნახავდნენ ერთიმეორეს, სიახლოვისა ეშინოდათ.       იმ გაზაფხულზე ბათირაის უფროსი ძმა სალომეს მშობლებს კალობანს უშენებდა. ბათირაის ძმას საღირაი ჰქვია. ეხლაც ცოცხალია საღირაი. ჩუმი კაცია, უთქმელი. მთელი დღე, რომ მასთან იყვე, ერთ ორ სიტყვას ძლივს ათქმევინებ.       მაშინ ბათირაი სალომეზე ჯერ არ იყო დანიშნული, ქალ ვაჟი ერთიმეორეს წყაროზე ხვდებოდნენ ხოლმე მთვარიან ღამეში. მივიდოდა სალომე, კოკას აავსებდა, მერე მხოლოდ ერთხელ შეხედავდა ბათირას და წამოვიდოდა სახლში.       ერთ ღამეს ყანებში საღირაი დახვდა სახლში მიმავალ სალომეს და მკლავში წაავლო ხელი. - ხომ ვიცი, ვისთანაც იყავი, - უთხრა საღირამ. - მერე რა გინდა! - ის რომ, მე მიყვარხარ. - მე არ მიყვარხარ.. - შეგიყვარდები, როცა ჩემი გახდები, შეგიყვარდები. - ეგ არასოდეს არ მოხდება. - მოხდება. თუ არადა, არც ერთს არ გაგახარებთ.       იმ ღამეს არ დასძინებია სალომეს. მეორე დღესაც შეხვდა ბათირას, მაგრამ საღირაის შესახებ ხმა არ ამოუღია.       საღირამ მშენებლობა მოათავა და სახლში წავიდა.       შემოდგომაზე ბათირამ მარჯეკლები მიაგზავნა და მშობლებმა სალომე ბათირაზე დანიშნეს. სალომეს სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა.       გაჯავრებულმა საღირამ ძმას უთხრა: - არ გინდა, ნუ მოიყვან სალომეს ცოლად. - რატომ? - იმად, რომ მე რომ მაგათას ვმუშაობდი, ყოველღამე მალვით მოდიოდა და ჩემთან წვებოდა.       იმ დღის მერე აღარც წყაროზე მისულა სალომეს სანახავად ბათირაი და არც ქორწილზე დაუწყია იმის მშობლებთან მოლაპარაკება.       სალომემ აღარ იცოდა, რა ექნა, მერე ამხანაგი გოგოს პირით ჰკითხა ბათირას მიზეზი, ბათირამ, რა თქმა უნდა, დაუბარა, ჩემი ძმის ნათრევს ცოლად ვერ მოგიყვანო.       სალომე ჯერ ხატში ასულა და დაუფიცნია, რომ მართალი იყო. მერე თურმე სულ ყარაულობდნენ მშობლები. თავს არაფერი მოუწიოსო.       გუდამაყრის არაგვი ხომ სუ შავი მოდის, გაღმა სოფლელებს დაუნახავთ, ჩამოვიდა სალომე არაგვზე, მოიხსნა თავშალი, იხვია თვალებზე და შედგა ხიდზე. ისე შეშინებულან, ვინც ხედავდა, ისიც კი ვეღარ მოუფიქრებიათ, რომ მიშველებოდნენ. ბათირასაც დაუნახია. ჯერ კი არც ის გაქცეულა.       გასულა თვალახვეული სალომე ხიდზე. მერე ისევ გამოსულა. მერე ისევ გასასვლელად მიბრუნებულა და ამ დროს იმისი მეგობარი ქალები გამოჩენილან წიოკით. შუამდე ვეღარც კი მისულა ხიდზე, გადაშვებულა წყალში. თურმე მისდევს ხალხი არაგვს და ვერავინ ბედავს შიგ შესვლას. ადევებული წყალი ყოფილა.       გამოქცეულა ბათირაი და შევარდნილა წყალში.       არაგვი ხომ შავია. თურმე მოჰქონდა წყალდაწყალ ბათირას სალომე, იმის თმაი ეგრე ლივლივებდა მდინარის ტალღებზე, როგორც მოსამკალი პურის ყანა ქარში..       სოფელ ლიდის ზემოთავში ჩამონგრეული სახლ კარია..       ხოზა (მემატიანის რვეულიდან)       მართალია, ლიდაში ხალხმრავლობა არ იყო, მაგრამ დეკანოზმა მაინც სცა იქ მყოფთ პატივი და წამოსვლისას გამოსათხოვარი სიტყვა წარმოთქვა:       «ჩვენ, დღევანდელი ჩოხლები, ვაგრძელებთ და კვლავაც გავაგ-რძელებთ ჩვენი წინაპრების ადათ წესებს.       ჩვენ ლიდის მცხოვრებლებთან ადრიდანვე მეგობრული ურთიერთობა გვქონდა დამყარებული. ისინი უარით ვერ გამოგვისტუმრებდნენ ქალის სათხოვნელად მისულებს. არაერთხელ და ორჯერ გაგვიწევია ერთიმეორესთვის დახმარება, ჩვენ კვლავაც უნდა დავეხმაროთ ერთიმეორეს, საშენი მასალითაც და ყველაფრით. მაგალითად, აი, ეს კაკლის ხეები ძალიან კარგ საშენ მასალას მოგვცემს და, რა თქმა უნდა, ამ დახმარებაზე უარს არ ვიტყვით, მით უმეტეს, მაშინ, როცა ასეთი გრანდიოზული შენობის წამოწყებას ვაპირებთ. პროექტი უკვე შედგენილია, საჭიროა მარტო მასალა.       თქვენ დღეს ხატზე დაიფიცეთ და მორჩილება გამოთქვით. სათემო ხატი რისხავდეს, ვინც ეს ფიცი გატეხოს!» - ამინ! - დაიძახეს ჩოხლებმა. - ამინ! - თქვა ბათილამ. - თქვენც თქვით, ქალბატონო, - ძალა დაატანეს ავადმყოფს. - ამინ! - ამოიკნავლა იმანაც.       სებამ ზარები დარეკა. ბანიდან დროშა ჩამოვხსენით და ხოზისაკენ გავუდექით გზას. ხოზამდე იგივე მანძილია, რაც ჩობოლაურიდან ლიდამდე.       სოფელს ზემო მხარეს ტყე აკრავს, ხოლო წინ დიდი მინდორია გაშლილი.       მთავარსარდალმა მზვერავები გაგზავნა და იმათ ამბავი მოიტანეს, ერთი მოხუცი ქალი სულს ებრძვის და წუთიწუთზე სიკვდილს ელოდება ხოზაშიო. - როგორ თუ ელოდება! - გაბრაზდა სარდალი, - სასწრაფოდ შეტევაზე და, რაც შეიძლება, ვიჩქაროთ, რომ ამ კაცმა საქმე არ ჩაგვიშალოს.       სოფლისათვის ალყა აღარ შემოგვირტყამს და სულ რაღაც ხუთ წუთში ჩვენი დროშა აფრიალდა ხოზის მაღალ ბანზე. - სად არის მომაკვდავი? - უყვირა ხოზელებს მთავარსარდალმა. - აქ არის, - აჩვენეს იმათ. - აბა, ექიმო, ჩვენ აქ ყოფნამდე არაფერი მოუვიდეს ამას, თორემ.. - გააფრთხილა ზინაი ვაჟი გოგიმ. - დაიჩოქეთ! - ბრძანა დეკანოზმა და მოლაშქრეებმა თოფები შეაყენეს. იმათაც დაიჩოქეს და დეკანოზმა მორჩილებაზე დააფიცა. სულ პირველად მომაკვდავი დააფიცეს, ის უფრო სასწრაფო იყო. ექიმმა გონზე მოიყვანა მომაკვდავი და დაიწყეს მისი ფილოსოფიური დაკითხვა.       სული და ხორცი (ფილოსოფოსის რვეულიდან) - სახელი და გვარი. - თამარ ხოზელი (მომაკვდავი). - რამდენი წელი გინდა სიცოცხლე? - რამდენსაც შევძლებდი. ადამიანმა იქამდე უნდა იცოცხლოს, მანამდე თავის ზიდვა შეუძლია. კაცმა სხო არ უნდა დააღონოს თავის სიცოცხლით. - მეორედ მოვლენ თუ არა მკვდრები? - შენი მტერი მოვიდეს, როგორც ესენი მოვლენ. მოგონილია, მოგონილია ისაცა, ვითომა სულნი არიანო, როგორც სიზმარშიო. სუ ტყუილია, მოკვდა კაცი და იქცევა მიწად. აღარც სული იარსებებს. - სულიც მიწაში წაჰყვება ხორცს? - არა, როგორც კი ტიკი გაჰბერო და მერე გამოუშვა, აეგე ამუვა სული კაცს და ჰაერში წავა. - ჰაერში ვერ იარსებებს? - აბა რას იარსებებს. წავა და ჰაერად იქცევა. - ღმერთი არსებობს? - არ ვიცი. ვერც იმას ვიტყვი, ვერც ამას. - რა აიძულებს კაცს თვითმკვლელობას? - ერთი ის, რო აღარ შეუძლია, საქმე აწუხებს, მეორე, - მწარე სიცოცხლე, ზოგს კიდევ ეშმაკი დაადგება თავზე და ის აბედვინებს თავის მოკვლას. მერე იმის სული ეშმაკთ რჩება, ეშმაკად იქცევა იმის სული. - ეშმაკები სად არიან? - კლდეში. მე ვიხილე, ანთებენ ღამე ცეცხლსა. ეხლა ხალხი იქცა ეშმაკადა. - ინატრებ რამეს? - არა. - რატომ? - დამაცა, ამოვისუნთქო..       ქალმა ამოისუნთქა და გათავდა.       მეშვიდე თაობა (მოთხრობა მწერლის რვეულიდან)       ის ქალი, რომელიც ეს ეს არის მიიცვალა, ასპანიანთ გვარის უკანასკნელი წარმომადგენელი იყო. რატომ ჰქონდათ ქართველებს წყევლაში, შვიდი თაობის მერე გაწყდიო, არ ვიცი, ყოველთვის კი ასე იყო. იშვიათად შესწყევლიდნენ გვარს, გაწყდიო და თუ შესწყევლიდნენ, ყოველთვის ასე: - მეშვიდე თაობაზედამც გაწყდება შენი გვარი. ასეა თუ ისე, შვიდი შემთხვევითი რიცხვი არ არის.       სწორედ ამ ქალის წინაპარი, შვიდი თაობის იქით, გუდამაყარში საქვეყნოდ განთქმული და მტრიანი ვაჟკაცის, კვირია ხარხელაურის ძმადნაფიცი იყო. კვირია       არავის ენდობოდა, გარდა ასპანიანთ ბუთულაისა, იმას აპარსვინებდა ხოლმე წვერს ხმლით. არასოდეს იარაღს არ იხსნიდა კვირიაი.       იმისმა მტრებმა ბუთულაი მოისყიდეს და ერთხელაც, როცა კვირიას პირს პარსავდა, გამოუსვა ყელში ხმალი და გააგდებინა თავი. მიგორავდა ნახევრად წვერმოპარსული კვირიაის თავი დედამიწაზე და ეძახდა ბუთულას: - შვიდი თაობას ქალებზე ჩამაილიოს შენი გვარი და მერე გასწყდითო.       სიტყვა, რომელიც დეკანოზმა წარმოთქვა (მემატიანის რვეულიდან) - ღრმა მწუხარებას განვიცდით, ასეთ გაჭირვებაში რომ გხედავთ. ვიზიარებთ თქვენს მწუხარებას, მით უმეტეს, ეხლა უფრო, როცა ერთხელ კიდევ დაგვიფიცეთ მორჩილებაზე. მოკვდა - ასე იტყვიან მაგათ გვარზე. ჩვენ კი ვაგრძელებთ გვარებს და რაც შეიძლება მეტი სიახლოვე და მხარდაჭერა გვმართებს. თუ რამე გაგიჭირდეთ, ჩვენ გვითხარით. განსვენებულს კაკლის კუბო გაუკეთეთ. კაკლები, საერთოდ, მარტო სამასალედ არის კარგი.       სათემო ხატი გაუწყრეს, ვინც ფიცი გატეხოს! - ამინ! - დაიგუგუნეს ჩოხლებმა. - ამინ! - თქვეს ხოზლებმა. - ჩამოხსენით დროშა! - ბრძანა დეკანოზმა და მეზარემ ზარები აახმიანა.       მთავარსარდალმა წასვლის ნიშანი მოგვცა, ჩვენ უხმოდ გავედით სოფლიდან. ამით პატივი ვეცით მათ. ხომ უნდა იცოდნენ, რომ კულტურული და შეგნებული თემი ვართ. მცირე საიდუმლო (საიდუმლო დავალებათა რვეულიდან)       დღეს მზვერავებმა ამბავი მოიტანეს. საზღვაო ნაწილს ერთ ადგილზე დატბორილი არაგვი უნახავს, ტბორი, თურმე, კალმახით არის სავსე. დღესვე საიდუმლოდ გაიცა განკარგულება, რომ შენიღბონ თოვლით ის ადგილი და დროდადრო ლაშქარი იმ კალმახით მომარაგდეს.       ცუცქუნაურნი (მემატიანის რვეულიდან)       ხევი გავიარეთ და მთავარსარდალმა ლაშქარს შეჩერება უბრძანა. უკვე შუადღეა. საქმე კარგად მიდის. ელენამ სუფრა გაშალა. ცეცხლი დავანთეთ და მზვერავების მიერ მოტანილი კალმახი შევწვით. აქედან ცუცქუნაურამდე ერთი კილომეტრია. თივის ზვინები ჩანს. აქა იქ კვამლი ამოდის. მზვერავები დასაზვერად წავიდნენ.       მზვერავები მობრუნდნენ და მთავარსარდალს მოახსენეს, რომ სოფელი დედაკაცებით არის სავსე. მთავარსარდალმა მადლობა გადაუხადა და მწერალს უბრძანა, დაეწერა ბრძანება მზვერავების დაჯილდოების შესახებ.       სუფრა ავალაგეთ და საბრძოლოდ დავიძარით. სოფელს სწრაფად მივუახლოვდით და სულ მალე ალყაში მოვიმწყვდიეთ. ჯერ მყვირალები შეცვივდნენ საშინელი კივილ ჭყივილით, მერე ქვეითები მიჰყვნენ, თოფოსნებმა თოფები დაცალეს. ფილოსოფოს ისტორიკოს მწერლებიც მივყევით მთავარსარდალს. მოვიარეთ მთელი სოფელი, მაგრამ კაციშვილს ვერ წავაწყდით.       მთავარსარდალმა მზვერავებს უხმო: - აკი სოფელი დედაკაცებით სავსეაო? - სათემო ხატსა ვფიცავთ! - მერე, მერე და, სად არიან თუ იყვნენ?! - იყვნენ და.. - დაგინახათ ვინმემ? - მგონი, არა. - სუსტად მუშაობთ. გააუქმე ბრძანება ამათი დაჯილდოების შესახებ! - უბრძანა მთავარსარდალმა მწერალს. - არის! - თქვა მწერალმა და ბრძანება გადახია. - ეტყობა, ამათი დაზვერვა კარგად მუშაობს, - თავი გააძეძა მთავარსარდალმა. - დროშა გამოვკიდოთ? - ჰკითხეს ვაჟი გოგის. - არა. ჯერ არა, სირცხვილი არ ვჭამოთ, ჯერ ხომ არ ვიცით, რას გვიპირებენ. გაამაგრეთ ალყა. - გირჩევნიათ, გამოჩნდეთ, თორემ დამალვისთვის ცეცხლს მივცემთ თქვენს სოფელს! - ოთხივე მხარეზე გასძახეს მყვირალებმა. - ხუთამდე გაძლევთ ვადას, - დაიძახა სარდალმა, ჯოხის ერთ ბოლოს თივა გამოაბა, ცეცხლი მოუკიდა, თივის ზვინთან დადგა და დაიწყო დათვლა: - ერთი.. ორი.. სამი.. ოთხი..       რას სჩადით, მართლა არ დაგვღუპოთ!       დაიძახა ვიღაც დედაკაცმა და თივის ზვინიდან გამოძვრა. თან ოცამდე დედაკაცი გამოჰყვა იქიდანვე. - ხედავ?! აი სტრატეგია! - გაიკვირვა მთავარსრდალმა და თივის ზვინში შეიხედა. - ხელები მაღლა! - დაიყვირეს თოფოსნებმა და ჩახმახი შეაყენეს.       დედაკაცებმა ხელები ასწიეს. - დაიჩოქეთ!       იმათ დაიჩოქეს. - დაიფიცეთ ამ სათემო ხატზე, რომ დღეის მერე არც დაგვემალებით, ქალებსაც მოგვათხოვებთ საქმის გაუჭიანურებლად და კიდევ სხვა რამესაც შეგვისრულებთ! - უბრძანა დეკანოზმა და მორიგეობით დააფიცა ხატზე.       მაღალ ბანზე ჩვენი დროშა აფრიალდა.       დაიწყო ფილოსოფიური დაკითხვა.       წერამწერალი (ფილოსოფოსის რვეულიდან) - გვარი და სახელი. - ცუცქუნაური ელისო მიხას ასული. - რამდენი წლისა ხარ? - მესამოცეში ვდგავარ. - შენი აზრით, რა არის სიცოცხლე? - მე არაფერი არ ვიცი რა, კაცო, გამანებე თავი! - მაინც რატომა ვართ? - ღმერთს დაუწერია, როგორ რატო. ღმერთმა ჩაგვიბერა სული და ღმერთი ამოგვაძრობს ისევ სულსა. - რა მიზნით? რა აზრი ავქს ან ჩაბერვას, ან ამობერვას თუ ამოძრობას? - ღმერთია სუყველაში. - ყველაზე კარგი დღე, შენი გავლილი დღეებიდან. - ვერა, ვერ მოვიგონებ. - თუ შეშინებულხარ სადმე, ისე რომ დღესაც გახსოვს? - ბუსარჭილიდან მოვდიოდი ღამე და წკნავილით რამ დამყვა. მე და ძალუაი ვიყავით როგორც კატაო ისე მოგვწკნაოდა. ეგ არ დამავიწყდება, სანამ ცოცხალი ვარ. - რა თქვეს, რა იყოო. - ეშმაკიო. - რატო არ გეჩვენა? - არ მეჩვენა, რავი, შეიძლება მჩვენებოდა, მაგრამ ესე მითხრა ძალუამ, უკან არ მიიხედო, ხუმრობა საქმე არ არიო. - სხვებსაც უნახავს? - რო მიიხედავს, ზოგს ეჩვენება. - სიკვდილისა გეშინია? - რატო მეშინია?! - რატომ არა? - იმიტომა რომა, სიკვდილი ვალია, უნდა მოიხადოს კაცმა თავისი ვალი. - რო მაიხდი, მერე სად წახვალ. - შავეთში, აბა სად წავალ, ჩემ წილ სამარეს ამოვავსებ.       მამამთილის სამართალი (მოთხრობა მწერლის რვეულიდან)       მართაი ცუცქუნაური სოფელ კიტოხში იყო გათხოვილი. ზაფხულში იქორწინა მართამ და შემოდგომაზე ცხვარში წავიდა იმისი ქმარი. სხვა მეცხვარეებიც ცხვარში წავიდნენ. სოფელში მარტო ხეიბარი კაცები, მოხუცები და ქალ ბალღებიღა დარჩნენ.       ზამთარია. თოვს. მართაის მამამთილი ფანჯრიდან გაჰყურებს თოვას. ოთხმოცდამეათე თოვლის მოსვლას შეესწრო წელს. ერთი კვირის წინ იმათმა ძროხამ პირველი ხბო მოიგო. - ადრე ბალღებს კლავდნენ, - თქვა მოხუცმა. - ჩუმად, ბალღებმა არ გაიგონონ, - აფრთხილებს რძალი და მეზობლის ბალღებზე ანიშნებს. ისინი ყურადღებით შესცქერიან მოხუცს. - გაიგონონ, მერე რა, განა ეხლაც ხო არ ვკლავთ ბალღებს. - ვინა კლავდა, პაპავ? - თავის პატრონები. - რატო კლავდნენ? - პირველად რომ ბალღი გაჩნდებოდა, ის ხატში უნდა დაეკლათ. - ეხლა? - ეხლა აღარა კლავენ. პირველგაჩენილ ბოჩოლებსა კლავენ იმათ მაგიერ. - ჩვენ როდის დავკლათ? ჰკითხა რძალმა. - თორმეტი დღისა რომ გახდება მერე, მანამდე არ შეიძლება. - ხვალ გახდება. - გადადი ნინიასთან და სთხოვე თავი მოგიჭრას, დიდი თოვლია, მე ვერ ამოვალ იქამდე.       მართაი ნინიასთან გადავიდა. ნინიამ პირობა მისცა, წაიყვანე ბოჩოლაი ხვალ ხატში და ამოვალო. ხატი სოფლის მაღლა არის, მთის წვერზე.       მეორე დილა გათენდა. თოვს. თეთრია ყველაფერი. მართას ძლივს მიჰყავს აღმართზე ხბო. ხანდახან ფეხი უსხლტება და ორივენი ეცემიან. მერე ხბოს ეტყობა, აღარ შეეძლო მეტი, წინა ფეხები ჩაიკეცა და ენის წვერით ფეხი აულოკა ქალს. იმან ზურგზე მოიკიდა და ისე ატარა მთის წვერამდე.       მთის წვერზე სალოცავი ნიშია აშენებული.       მართამ ხბო დაბლა დასვა და რატომღაც გააჟრჟოლა. «კიდევ კარგი, ხბო ამოვიყვანე დასაკლავად და ბალღი არაო», - გაიფიქრა.       ისევ თოვს.       თოვს.       ხბო საცოდავად მოიბუზა.       გავიდა კარგა ხანი, ნინიაი არ გამოჩნდა.       ხბოს ეტყობა, მოშივდა, დაიბღავლა. მერე ქალს ხელები აულოკა პატარა ენით.       დიდხანს იცდიდა ქალი. ნინიაი მაინც არ გამოჩნდა.       ქალმა იცოდა, რომ ხატში მიყვანილი ხბო უკან არაფრით არ უნდა წაეყვანა და იცდიდა.       თანდათან შემობინდდა.       გაღმა გორზე მგელმა დაიყმუვლა. ჯერ ერთმა, მერე გამოღმიდანაც მისცა რამდენიმემ ხმა. ქალმა იცოდა, რომ არ უნდა წაეყვანა ხბო უკან და თან არც ნინიაი ჩანდა.       უფრო ჩამოიბურა. მგლებმაც მოუხშირეს ყმუილს.       ქალმა სანთელი აანთო, დაილოცა, ხბოს შუბლი შეუტრუსა და სანთლები სალოცავის კედელზე მიაკრა.       დანა არ ჰქონდა. კედლიდან თოვლი გადახვეტა და ბასრპირიანი სიპი ქვა ამოარჩია.       წამოაქცია ხბო და გამოუსვა ყელში სიპი.       ხბომ დაიბღავლა.       თეთრ თოვლში თბილად ჩხრიალებდა სისხლი.       მოჭრილი თავი იქვე დატოვა, დანარჩენი მოიკიდა და სირბილით დაეშვა სოფლისაკენ.       უკან მგლების ყმუილი მისდევდა და ზურგს უხვრეტდა. - სადა ხარ აქამდე? - ჰკითხა მამამთილმა ეჭვით. - არ ამოვიდა.. - მაშ თავი ვინ მოგიჭრა? - მე. - სანთელიც შენ აანთე? - ჰო. - თავი რით მოსჭერი? - სიპით. - წადი! - სად? - ჩემ სახლში არ დავინახო შენი ფეხი.       მგლები ურო ხმამაღლა აყმუვლდნენ. - მაშ უკან ხომ არ წმოვიყვანდი, დაკანონებული ეგეა და.. - დაკანონებული ისიც იყო, ბალღებს რომ თავებს აჭრიდნენ. წადი, ჯერ ბოჩოლაის თავი ჩამაიტანე, ხატი არ შელახოს შენმა მოჭრილმა, მერე სახლში წადი. - პირდაპირ სახლში წავალ. - ჯერ თავი ჩამაიტანე. - იქ მგლები არიან. - ნუ გეშინია, მგლები შენ ვერას გიზამენ. - მეშინია. - მე გეუბნები!       მართაი ადგა და ხატისაკენ წავიდა. უკვე საკმაოდ ჩამობნელდა. ძლივს მიაგნო სალოცავს. მგლები აღარ ყმუოდნენ. სანთლებიც ჩამწვარიყო. ხელების ფათურით თავს დაუწყო ძებნა. რამდენიმე ძვალიღა შერჩა ხელში. ადგილზე გაიყინა. ასე ეგონა, სისხლი გაუჩერდა და ყინულად ექცა. მერე რაღაც მძიმე და თბილი დაეცა ზურგზე და რატომღაც წეღანდელმა სურათმა გაუელვა თვალებში ხბოს სისხლი თბილად ჩხრიალებდა თეთრ თოვლში.. ბოლოს ისღა იგრძნო, რომ რაღაც არსებები მის სხეულს ერთმანეთს ეცილებოდნენ..       მართაი ცუცქუნაურთიდან იყო.. სხეულები კი საერთოდ ეცილებიან ერთიმეორეს არსებობაში.       დეკანოზის სიტყვა (მემატიანის რვეულიდან)       მზე ჩასასვლელად გადაიხარა და ცუცქუნაურთიდან კოტორიანთ მიმართულებით დავიძარით. ჯერჯერობით ყველა მოლაშქრე ადგილზეა. საზღვაო ნაწილიდანაც კარგი ამბები ისმის. ჰაერიდან არაფრის გვეშინია, ჩვენმა მთავარსარდალმა ჰაერში ბრძოლა და იქაური ამბები ზეპირად იცის. კოტორიანთამდე ორი ვერსია. ვჩქარობთ, მაგრამ ეს რა ხდება? დეკანოზმა ჯარი შეაჩერებინა მთავარსარდალს. - რა მოხდა? - სიტყვა დამავიწყდა, - თქვა დეკანოზმა, - მოაბრუნეთ ჯარი! - გვაგვიანდება, დაღამებამდე როგორმე კოტორიანთი უნდა ავიღოთ. - არ შეიძლება, მოკლედ მოვუჭრი და წამოვალთ, - გაჯიუტდა დეკანოზი.       ვაჟი გოგიმ მზვერავები გაგზავნა კოტორიანთას და ჯარი ისევ ცუცქუნაურისაკენ შემოაბრუნა.       ცუცქუნაურთ დედაკაცები ისევ სამალავში შეიმალნენ. - გამოვრეკო? - ჰკითხა დეკანოზს სარდალმა. - არა, ნუ შეწუხდები, იქაც გაიგონებენ. - ჩვენი ხმა გესმით? - შესძახა ვაჟი გოგიმ დედაკაცებს. - გვესმის! გვესმის! - გამოსძახეს იმათ. - აბა, სიწყნარე იყოს!       დეკანოზმა სიტყვა თქვა:       «ქალებო და დედაკაცებო! ცუცქუნაურებო! არ იფიქროთ, რომ თავს დაგესხით, ეს ისე, მეგობრობა გვწადია თქვენთან. ჩვენ უნდა გავერთიანდეთ. იმას რა სჯობია,       მთელი გუდამაყრის ხეობა ერთად რომ ვიყვეთ. ავაშენოთ ერი დიდი სახლი და ვიცხოვროთ შიგ. პროექტი უკვე შედგენილი გვაქვს. რო იოდეთ, როგორი სასადილო გვექნება, დღესვე დაჭრიდით ამ თქვენ თხილ კაკლებს. მასალა არის აშენბისთვის საჭირო, მასალა! თქვენიც არის ის სახლი, განა მარტო ჩვენია. ჩვენ ხომ მეგობრები ვართ, ჰოდა, უნდა დაგვიჯეროთ კიდეც, ქალი უნდა მოგვცეთ და კაკალიც, სხვანაირად გარეშე მტერს ვერ გავუმკლავდებით. დაგვიჯერებთ? - დაგიჯერებთ! დაგიჯერებთ! - გამოსძახეს დედაკაცებმა. - უჩვენოდ არაფერი გადასწყვიტოთ მანდ! - არა, არა! - აბა, მეგობრებო, ნახვამდის! სათემო ხატი გაუწყრეს, ვინც ფიცი გატეხოს. - ამინ! - დაიგუგუნა ჯარმა. - ამინ! - გამოსძახეს დედაკაცებმა თივის გულიდან.       ჩვენ ისევ კოტორიანთაკენ ავიღეთ გეზი. გზაში მზვერავები შეგვხვდნენ და მთავარსარდალს მოახსენეს, კოტორიანთას ერთი მოხუცი კაცია და ხუთიც დედაკაციო. - დამალული რაზმი ხომ არსადა ჰყავთ? - არა, გულდაგულ გადავათვალიერეთ. - არა სცდებით? - არა, - სთქვეს მზვერავებმა. - დაწერე ბრძანება ამათ დაჯილდოების შესახებ, - მიუბრუნდა ვაჟი გოგი მწერალს. - არის! - თქვა მწერალმა. - ჩვენ ელვის სისწრაფით წავედით წინ. მზის ჩასვლამდე როგორმე უნდა მოვასწროთ კოტორიანთ აღება და სრული დამორჩილება. დამორჩილებაში ვგულისხმობ ფილოსოფიურ გამოკითხვებსაც. თუ ეს მეხუთე სოფელიც ავიღეთ, მაშინ ვიტყვი, რომ ჩვენი მთავარსარდალი უდავოდ დიდი ნიჭით არის დაჯილდოებული. დღემდე მსოფლიოს არ ახსოვს არც ერთი სარდალი, ერთ დღეში ხუთი ქვეყანა რომ აეღოს. მართალია, ჩვენ სოფლები ავიღეთ ქვეყნების მაგიერ, მაგრამ, რიცხობრივად თუ შევადარებთ ჩვენი ჯარის და დანარჩენი სარდლობის რაოდენობას, გამოდის, რომ ჩვენც ქვეყანა აგვიღია, მერე როგორ, ჯერ წვეთი სისხლი არ დაგვიღვრია და ყველა ქედს იხრის ჩვენს წინაშე, ყველა მონურ მორჩილებას გვპირდება. რა კარგა მოვიგონეთ ეს სათემო ხატი და ფილოსოფიური გამოკითხვები! სათემო ხატით ვაზავებთ და ვზარავთ, ფილოსოფიით ვაბნევთ.       ხუთი ქვეყანა ერთ დღეში.. თუმცა ჯერ მეხუთე არ აგვიღია და აი, მოვსულვართ კიდეც. ჯარისკაცები სოფელს ალყას არტყამენ, მყვირალები სოფელში შერბიან არევ დარევის შესატანად. მედროშე მაღალ ბანზე გარბის. ჩქარა! ჩქარა, თორემ მზე ჩადის და მერე აღარ გამოჩნდება დროშის ბრჭყვიალება. მზის ჩასვლის შემდეგ გამარჯვებას რა ფასი აქვს.       მეთოფეებმა თოფები დაცალეს. ქვეითები სოფელში შედიან. ყველაფერი რიგზეა. სახლებიდნ გამოჰყავთ დამარცხებულები და სათემო ხატთან იჩოქებენ. ისინი მორიგეობით გვპირდებიან მორჩილებას.       მზე სადაცაა ჩავა.       ასეთი მთავარსარდალი, მართლა არ ახსოვს მსოფლიოს. დროა, დრო! იწყება ფილოსოფიური დაკითხვა.       სიყვარული და სიცოცხლე (ფილოსოფოსის რვეულიდან) - გვარი და სახელი. - ვასილი კოტორაშვილი. - რამდენი წლისა ხარ? - სამოცდამეთექვსმეტეში ვდგავარ. - რა ურო ძლიერია, სიყვარული თუ სიცოცხლე? - სიცოცხლე დიაღაცა. თუ ცოცხალია კაცი, ჯერ სიცოცხლეა კარგი და მერე სიყვარული. - რა არის სიცოცხლე? - სიცოცხლე ის არის რომ, თოლებს ვახილებთ და ვხილულობთ მზეს, მთორეს. - სიბერისა გეშინია? - მე არ მეშინია, მაგრამ მუხლებს ეშინია. მე ის მგონია, გუშინ თუ გავჩნდი მეთქი. - სიკვდილისა? - არ მეშინია. - რატო? - არ ვიცი, ალბათ ისეთი გული მამცა რამანმე, რომ არ მეშინია. კაცი რო ავად არის და უნდა მოკვდეს, ისევ ის ჰგონია, არ მოვკვდებიო. - რისა უფრო გეშინია? - არაფრისა არ მეშინია, გაჯინთული ვარ. არ ვიცი, როდის მოვკვდები და, აბა, რა მაშინებს. - მიწა უფრო გიყვარს, თუ ჰაერი? - ჰაერი, ჰაერი რო არ იყვეს, მაშინ კაცი არც იცოცხლებდა, მიწა რაღას უშველიდა.       მიწა რო არ იყვეს, მაშინ ჰაერი რაღას უშველიდა? - ეგ სწორია, მაშინ სუ დავიღუპებოდით. - როგორ გგონია, სულ იქნება ეს დედამიწა? - მაშ სად წავა, იქნება და იქნება.. - დიდი ომი რომ მოხდეს? - მაინც დარჩება და მაინცა. ზღვა რომ გადმოვარდნილა, მაშინ წყალმა სამჯერ მოუსვა ცას ქაფიო, მაინც არის დღეს დედამიწა. - ღმერთი ადამიანშია თუ გარეთ? - აბა რა ვიცი, არის რამ კიდო თორე, რამ გააჩინა ეს ქოყნიერობა. ეს მზე თორე და აი, ეს ხალხი. იქნებ ჩვენა ვართ ღმერთები? - რას ამბობ? ეგ რამ გათქმევინა?! - ადმიანს როცა ეყრება სული, სად მიდის? - არსად. კაცი როცა მოკვდება, დაიკარგება. - მაშ უაზრობა ყოფილა აქ ყოფნა. რაში დასჭირდა ეს ღმერთს? - ვლოცულობთ და იმად. - მარტო მაგიტომ? - აბა მაშ? - მაგით რა ერგება ღმერთსა? - არაფერი. იმან მე უნდა მიშველოს, ჩემი შველა რად უნდა იმასა. - ჩვენ რაღა შველა გვინდა, თუ სიცოცხლის მერე აღარ ვიარსებებთ. - მანამ ცოცხლები ვართ, ხომ გვინდა კარგად ვიყვნეთ. - აი იმ კარგა ყონას რა თავშიღა ვიხლით, თუ მერე აღარცა ვიარსებებთ. - აბა, რა ვიცი, სულ ხომ არ ვიქნებით, არა? - მაშინ რაღა აზრი აქვს, ერთი წელი ვიქნებით თუ ასი. - სად ერთი წელი და სად ასი.. - ასი წელი იცოცხლე და მერე სულ დაიკარგე, ეგ რაღა არის? - მართლა მაინც ცოცხლობდეს სული. არა, არა, მე მგონი, იქნება რამე იქ. სიზმარი აკი არის? აქა ვარ და იქა ვარ.. სული არ წავიდა, მა რა არის?! - ბოროტება უნდა იყვეს თუ არა? - მაშ, აბა, როგორ, სიკეთეს უიმისოდ ფასი აღარ ექნებოდა. - ყველაზე კარგს რას ეძახი ადამიანის ცხოვრებაში? - ჯეელი რომ ხარ და ვიღაც გიყვარს. მერე თუ იმასთან კარგ დღესა და კარგ წუთისოფელს ჩამოლევ, ის არის ყველაზე კარგი. - ძალიან მაგრა რომ გაგჭირვებიყო, თავს მოიკლავდი? - არა! არ მოვიკლავდი თავსა, რას ამბობ?! გოდერძი ჩოხელი გაგრძელება ⟩…
დაამატა pino გიო to ლიტერატურა at 2:06pm on ივნისი 7, 2013
თემა: სოლომონიანი
აღმოსავლეთით შემოდგომის გრილი მზე ამოდიოდა. სოლომონს არც ცუდი სიზმარი უნახავს და არც ავი წინათგრძნობა გასჩენია. და თუ დღეები თავიანთ იდუმალ განზრახვას მართლა ამჟღავნებენ რაიმე ნიშნის მიხედვით, ამ ნიშნების ამოცნობას ალბათ უფრო ნატიფი და მგრძნობიარე სული სჭირდება. ადგა, ხელ-პირი დაიბანა, ჩაი აიდუღა, ისაუზმა და, შინიდან რომ გავიდა, კარი ფრთხილად გაიხურა, რათა ოჯახის დანარჩენი წევრები, რომელთაც ჯერ ისევ ეძინათ, არ გაეღვიძებინა.    სოლომონი, რომელიც იმ წელიწადს სამოცდასამისა გახდა და სამოცდამეოთხეში გადადგა, კარგა მაღალი კაცი იყო, ძვალმსხვილი და ფერხორციანი. თავის დროზე ალბათ წარმოსადეგიც ეთქმოდა, მაგრამ, რაც ასაკში შევიდა, თანდათან ქონი მოიკიდა. იმგვარი ღიპი, ღვინის მსმელ ხალხს რომ ედება ხოლმე, არ დასდებია. უბრალოდ, წელის არეში გასქელდა, თანაბრად და ყოველ მხარეს, ხოლო რაკი მხრები იმთავითვე ცოტა ვიწრო და დამრეცი ჰქონდა, საბოლოოდ ისეთი ფორმის ტანი გაუხდა, რომელიც განსაკუთრებით გეცემათ თვალში, როდესაც კაცს მჭიდროდ შემოტმასნილი და ყველა ღილზე შეკრული ლაბადა აცვია. სოლომონს კი ადრე შემოდგომიდან გვიან გაზაფხულამდე სწორედ ასეთი ლაბადა ეცვა - მჭიდროდ შემოტმასნილი, ყველა ღილზე შეკრული, კრემისფერი, გაუგებარი სიგრძის ლაბადა, რომელიც ხან ზომაზე გრძელი გეჩვენებოდათ, ხან ზომაზე მოკლე, იმისდა მიხედვით, თუ რას მოითხოვდა მოდა, ხოლო თავად მოდას არასოდეს თანხვდებოდა. თავზე (უკან გადავარცხნილი, ჭაღარაშერთული თმა ჰქონდა) მუდამ რუხი ფერის შლაპა ეხურა. როდესაც ჩვენში შლაპა შემოვიდა, ეჭვი არაა, სათქმელიც შემოიტანა რაღაც, მაგრამ ეს სათქმელი ძალიან მალე ამოწურა და დეგრადაციის გზას დაადგა: ჯერ მოძველდა, მერე მოდიდან გამოვიდა, ერთი ხანობა ახირებად იქცა, მერე ანაქრონიზმად, საბოლოოდ კი პროვინციალობის მანიშნებელ მყარ სიმბოლოთა შორის დაიმკვიდრა ადგილი. მთელი ეს რთული გზა შლაპამ სოლომონის თავზე გაიარა. თუმცა, უნდა ითქვას, სოლომონი ამას არავითარ ყურადღებას არ აქცევდა. მოდა მისთვის უცხო რამ მეცნიერება იყო, როგორც ჩინური გრამატიკა ან ველის ზოგადი თეორია, რომელიც არსებობით არსებობდა, მაგრამ მასთან არაფერი ესაქმებოდა. ქორწილის დღესაც კი, როდესაც კაცი ცდილობ, ამქვეყნად ყველაზე ლამაზი იყო, რაც ხელთ მოხვდა, ის ჩაიცვა, ისე რომ არც იცოდა, კარგად ეცვა თუ ცუდად. თუ ყოველივე იმას, რაც უკვე ითქვა, დავუმატებთ წითურ, ხორცსავსე სახეს, ჭროღა თვალების უმისამართოდ გულკეთილ მზერას და ხშირ, გრძელბეწვიან, ქერა წარბებს, მივიღებთ ისეთ ტიპიურ გარეგნობას, რომელშიც ხშირად ზედმეტი სიცხადით ირეკლება წუთისოფლის წარმავლობა და ადამიანის გონებრივი ზღვარდადებულობა და ამის გამო, ადვილი შესაძლებელია, ავტობუსში ახალგაზრდა და მჭლე, მაგრამ თავდაჯერებულსა და აზროვნების ურთულეს ლაბირინთებში ოპტიმისტურად ჩაძირულ ინტელექტუალს მის დანახვაზე თვალი გაუშტერდეს, გულზე კოსმიური მელანქოლია შემოაწვეს და ანალიზის ძაფი გაუწყდეს. თუმცა პირადად სოლომონი ამგვარ ხიფათს იშვიათად ქმნიდა, რადგან ფეხით სიარული უყვარდა და ავტობუსში, როგორც წესი, არ ჯდებოდა. მით უმეტეს, რომ შეძლებისდაგვარად ყველაფერი აწყობილი და წინასწარ დაგეგმილი ჰქონდა და ამიტომ თითქმის არასოდეს ეჩქარებოდა. ხელებს, ჩვეულებისამებრ, ზურგსუკან დაიწყობდა, ტანსაც ოდნავ უკან გადაზნექდა, დადიოდა დინჯად, აუჩქარებლად, მძიმე-მძიმედ და, რაკი გარემოსთან შეგუების უნარი კარგად ჰქონდა განვითარებული და ისეთი ჯიშის ხალხს ეკუთვნოდა, რომლებიც ტყვიების ზუზუნს ყურადღებას არ აქცევენ და სანამ თვითონ არ მოხვდებათ, არც სჯერათ, რომ სროლას შეიძლება მსხვერპლი მოჰყვეს, ცხოვრება იმაზე უკეთესი ეგონა, ვიდრე სინამდვილეშია.    სწორედ ამ მძიმე-მძიმე სიარულის გამო შეარქვეს ჯერ კიდევ ახალგაზრდობაში სოლომონ ბრძენი და, თუმცა სოლომონმა მშვენივრად იცოდა, რომ ეს სიტყვა სულაც არ ნიშნავდა ამ სიტყვას, ადამიანური სისუსტის წყალობით და ისეთი არაპირდაპირი, ბუნდოვანი მიზეზების გამო, როგორიცაა უეცარი გამოდარება, გემრიელი სადილი, მოულოდნელი განმარტოება, საკუთარი კეთილშობილური საქციელი და სხვა, ზოგჯერ ისე ჩაიხლართებოდა ყოველივე, ისე აირეოდა და აიჭრებოდა, წამით მოეჩვენებოდა, თითქოს ამ მეტსახელში ღრმად ჩამარხული, სხვათათვის უხილავი და თავად მეტსახელის შემრქმევთა მიერ გაუცნობიერებლად გამჟღავნებული სიმართლე იყო. საბედნიეროდ, ეს წამიერი სისუსტე, რომლისგანაც დაზღვეული არავინა ვართ და ამიტომ ღმერთიც იოლად გვპატიობს ხოლმე, მალევე ქრებოდა და მის ადგილს მყარი რეალობის ყოველდღიური და ნაცნობი გრძნობა იკავებდა. იმ დროს, როდესაც სოლომონს სოლომონ ბრძენი შეარქვეს, მის მძიმე, აუჩქარებელ სიარულს (და მძიმე, აუჩქარებელ ლაპარაკს) შესაძლებელია, ხელოვნურობის იერი დაჰკრავდა და ისეთი რამის ჩვენებას ლამობდა, რაც არ არსებობდა, მაგრამ მერე და მერე იგი ბუნებამ შეისისხლხორცა, საკუთარ ჩვევად აქცია და ისეთი ადგილი მიუჩინა თვისებათა ჭრელ ხალიჩაზე, ხელოვნური ახლა ის მოგეჩვენებოდათ, სოლომონი რომ უცებ აჩქარებული და ამჩატებული გენახათ. გარეგნულად ასაკი არ ემჩნეოდა. არა თავშენახულობის გამო, არამედ იმის გამო, რომ იმგვარ ფიზიკურ ტიპს ეკუთვნოდა, ვისშიაც დაბერების პროცესი ფარულად მიედინება და ზედაპირზე გვიან გამოვა ხოლმე, გვიან და ერთბაშად, როგორც მოულოდნელი დასკვნა. თუმცა, ვინც ფიზიკურ ტიპებში კარგად ერკვევა, ზოგიერთი არაპირდაპირი ნიშნის მიხედვით სოლომონის ასაკს მაინც იოლად გამოიცნობდა. პროფესიის გამოცნობა უფრო ძნელი იყო, რადგან ამგვარ გარეგნულ კონსტრუქციას ფართო დიაპაზონი აქვს და მრავალ განსხვავებულ ხასიათს, მრავალ ტიპოლოგიურ განშტოებასა და მრავალ პროფესიას ითავსებს. მაგალითად, ასეთი ბრგე, ფერხორციანი, ასაკის სიმსუქნეშეპარული, კრემისფერ ლაბადაში მჭიდროდ გამოკვართული, რუხშლაპიანი კაცი თავისუფლად შეიძლება იყოს ანტიკური ფილოლოგიის პროფესორიც, ვეტექიმიც, ხელმოცარული მუსიკოსიც, საფინანსო განყოფილების რევიზორ-ბუღალტერიც, ვეტერანი ფეხბურთელიც (უფრო ცენტრალური მცველი) და სხვა. სოლომონი ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი იყო. ასე იყო ოფიციალურად და ასე იყო ფაქტიურად. სულიერი მიდრეკილებითა და ემოციური დამოკიდებულებით, შესაძლებელია, მხოლოდ ლიტერატურის მასწავლებელი იყო, ვინაიდან გრამატიკა მაინცდამაინც არ უყვარდა. თუმცა ეს სუბიექტური მიდრეკილება ხელს არ უშლიდა, რომ გრამატიკასაც ისეთივე პროფესიული კეთილსინდისიერებით მოჰკიდებოდა, როგორც ლიტერატურას ეკიდებოდა. სოლომონი ზურგზე ხელებდაწყობილი და ოდნავ უკან გადაზნექილი გამოვიდა შინიდან, გასცდა მაღალი სახლების ალყაში მოქცეულ ვიწრო ქუჩას, გადაჭრა მომცრო მრგვალი მოედანი, რომელიც დილის მზეს ისე თანაბრად ირეკლავდა, უძრავ ჰაერში გარინდებული კამკამა ტბა გეგონებოდათ, კიდევ ერთი, შედარებით ფართო ქუჩა გაიარა და პატარა ბაღს მიადგა. აქ გზიდან გადაუხვია და ბაღში შევიდა. არა იმიტომ, რომ გზა შეემოკლებინა, არამედ იმიტომ, რომ ეს ბაღი უყვარდა. იქნებ ბაღი კი არა, თავისი ჩვევა უყვარდა, არავინ იცის. ჩვენ ხომ საკუთარ გრძნობებში ცუდად ვერკვევით და ის, რაც სიყვარული გვგონია, ხშირად თანდაყოლილი სიზარმაცეა, რომელიც გვაიძულებს მუდამ გატკეპნილი, ნაჩვევი გზით ვიაროთ, მუდამ იოლი, ნაჩვევი საქმე ვაკეთოთ, მუდამ შაბლონური, ნაჩვევი ფრაზებით ვიაზროვნოთ, ხოლო იმისათვის, რომ მოსალოდნელი თვითმხილება და აქედან გამომდინარე სინდისის ქენჯნა ავირიდოთ, სიზარმაცეს სიყვარულის ყდაში ვსვამთ და ამით იოლად ვიტყუებთ თავს, რადგან იგივე სიზარმაცე საშუალებას გვაძლევს ტვინი არ ვიჭყლიტოთ და სიმართლე არ ვეძიოთ. ასე იყო თუ ისე, სკოლაში რომ მიდიოდა და სკოლიდან რომ ბრუნდებოდა, სოლომონი ამ ბაღს თავისი დინჯი, დარბაისლური ნაბიჯით ყოველთვის თავით ბოლომდე გადაკვეთდა ხოლმე.    ბაღი ძალიან ძველი იყო (რაზედაც მეტყველებდა უზარმაზარი, საუკუნეს მიტანებული ხეები), მაგრამ სრულიად გაპარტახებული და ბედის ანაბარა მიტოვებული, ეტყობოდა, პატრონი არ ჰყავდა, ან თუ ჰყავდა, თავის მოვალეობას ცუდად ასრულებდა. თუმცაღა ბებერ ხეებს ალბათ არ სწყინდათ, პირიქით, უხაროდათ კიდეც, რომ ბაღს არავინ უვლიდა. მცენარეს ხომ, ისევე როგორც ცხოველს, ზრუნვა და დამცველი ზღუდე არც რგებს და არც სიამოვნებს, მას თავისუფლება უყვარს და ის ურჩევნია, თავისი წილი ჰაერი და საზრდო თვითონვე მოიპოვოს. ამიტომ დიდრონი ხეები მიტოვებულ ბაღში ლაღად იდგნენ, განიერი ტოტები ამაყად გადაეშალათ და, მიწიდან ამოზრდილები, ცისკენ მიისწრაფოდნენ. სამაგიეროდ, რასაც ადამიანის ხელი სჭირდებოდა, ყველაფერი სავალალო მდგომარეობაში იყო. უკვე უხსოვარი დროიდან აქაურობას არავინ გვიდა, რის გამოც ყველაფერი - დამპალი ნეშო, კონსერვის ცარიელი ქილები, დაჭმუჭნილი გაზეთები, სიგარეტის კოლოფები, სიგარეტის ნამწვი და სხვა - ერთმანეთში იყო არეული და მთელ ბაღში მიმოფანტული. ზოგიერთი ხის ძირას ჯერ კიდევ იდგა მორყეული, ნახევრად დამპალი მერხები, რომლებზედაც, თუ წინასწარ სიმაგრეს არ შეუმოწმებდით, დაჯდომა საშიში იყო და რომლებსაც, როგორც გაფცქვნილ თევზს ქერცლი, აქა-იქ შერჩენოდა საღებავის ნაშთი იმის ნიშნად, რომ ისინი ერთ დროს მწვანეები და, შესაძლოა, ლამაზებიც იყვნენ. შუაგულ ბაღში ერთი გაუქმებული აუზი იყო. ახლა ამ აუზის არსებობას მოწმობდა მხოლოდ ჩამოქცეული კედლები და ამ ჩამოქცეული კედლებიდან ამოშვერილი, ჟანგისაგან შეჭმული რკინის მილები, საიდანაც, ეჭვი არაა, ერთ დროს წყალი ამოჩქეფდა, თუმცა ახლა ალბათ ქალაქში ცოტაღა მოიძებნებოდა ისეთი კაცი, ეს რომ ხსომებოდა. აუზი ნაგვით იყო სავსე. აუზიდან ცოტა მოშორებით თაბაშირის ქანდაკება იდგა, რომელიც მოქანდაკეს ვიღაცის უკვდავსაყოფად აღემართა, რათა ამით საკუთარი უკვდავება უზრუნველეყო, მაგრამ ორივე მიზანი მიუღწეველი დარჩენოდა, რადგან დღეს აღარც იმის სახელი იყო ცნობილი, ვინც აღმართეს, და აღარც იმისი, ვინც აღმართა. ქანდაკება ერთ დროს თეთრი იყო, ახლა კი ისე გაეყვითლებინა ნესტში ღრმად ჩამკვდარ ჭუჭყს, რომ სიყვითლისა და ჭუჭყის გარდა სხვა შთაბეჭდილებას უკვე აღარ ტოვებდა. რომელიმე სუფთა და მოვლილი, თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისად თანაბრად გაკრეჭილი სკვერი ასეთ ქანდაკებას იქნებ დაემახინჯებინა კიდეც, მაგრამ აქაურობას ვეღარაფერს აკლებდა, რადგან ბაღს იგი თავისი გაველურებული ბუნების ნაწილად ექცია და ჩიტებიც კი უკვე ისე ეპყრობოდნენ, როგორც დანარჩენ ხეებს. ბაღის სიღრმეში, სადაც ერთ დროს ღია ესტრადა იყო, ახლა მის მოსაგონებლად იდგა ქვის დაბალი სვეტები (რომლებსაც ცემენტი შემოცლოდა და ამიტომ თავიანთ საიდუმლოს, რაც იმაში მდგომარეობდა, რომ ისინი ერთიანი სვეტები კი არ იყვნენ, არამედ ერთიმეორეზე დაწყობილი ბრტყელი და უთანაბრო ქვები, დაუფარავად ამჟღავნებდნენ), რკინის ჩონჩხი (რომელსაც ადრე იატაკი ეყრდნობოდა და რომელიც ახლაც პატიოსნად შეასრულებდა თავის მოვალეობას, იატაკი რომ არ დამპალიყო და ნაწილ-ნაწილ არ ჩაშლილიყო) და ესტრადაზე ამავალი ოთხსაფეხურიანი კიბე (რომელიც რაღაც მანქანებით ჯერ კიდევ იდგა, მაგრამ მის დგომაში უკვე უაზრობის კომიზმი იყო, რადგან, რაკი ფიცარნაგი აღარ არსებობდა, ისეთი შთაბეჭდილება იქმნებოდა, თითქოს იგი ახლა არარაობაში მიდიოდა). აუზი, ქანდაკება და ესტრადა ისე იყვნენ განლაგებული, რომ ტოლგვერდა სამკუთხედს ქმნიდნენ.    სოლომონს რაღაც ძალა ეწეოდა ამ ბაღისაკენ. ზოგჯერ სახლიდან განაგებ ადრე წამოვიდოდა, აუზს, ქანდაკებასა და ესტრადას შორის, დიდი ცაცხვის ძირას, ერთი, შედარებით მყარი მერხი ჰქონდა ამოჩემებული, ჩამოჯდებოდა ამ მერხზე და ფიქრებში ჩაიძირებოდა. ამ ხეებს რომ შესცქეროდა, რომლებიც ჯერ კიდევ მაშინ იდგნენ აქ, როცა ქალაქის დღევანდელ მცხოვრებთაგან დაბადებულიც კი არავინ იყო, ეჩვენებოდა, თითქოს ძველსა და შორეულ, სევდიან სურნელს გრძნობდა, ისეთ სურნელს, როგორსაც, მთელი ქვეყანა რომ შემოგევლოთ, ვეღარსად წააწყდებოდით. რაც შეეხება მერხებს, მათი ახალგაზრდობა და სიმწვანე კარგად ახსოვდა და ახლა, მათს გაქუცულსა და წასაქცევად გამზადებულ სიბერეს რომ უყურებდა, ზოგჯერ თავისი სიყმაწვილე აგონდებოდა, კერძოდ (ამის მიზეზს ვერ მიაკვლია, თუმცა რამდენჯერმე საგანგებოდ ჩაუღრმავდა), ის ხანა, მეზობლის გოგოებმა რომ პირველი კვირტები გამოიტანეს და ამის დანახვაზე ბიჭებს თავზე წინდაჩამოცმულებს ეძინათ, რათა ურჩი თმა მოერჯულებინათ და ისეთი მიმართულება მიეცათ, რომელიც, მათი აზრით, უფრო სოლიდურ შესახედაობას მიანიჭებდათ, ხოლო დილდილაობით, გაღვიძებისთანავე, კედელთან დგებოდნენ, სადაც მათი გუშინდელი სიმაღლის აღმნიშვნელი ხაზი იყო გავლებული, და გულის ფანცქალით ეზომებოდნენ იმ იმედით, რომ წუხელ ერთი-ორ სანტიმეტრს კიდევ მოიმატებდნენ. ხანდახან სოლომონს სულ სხვა პრობლემები გაიტაცებდა, უფრო ზოგადსაკაცობრიო პრობლემები, და თავის დანიშნულებაზე დაიწყებდა ფიქრს, არა თავის, როგორც სოლომონის, დანიშნულებაზე, არამედ სოლომონის, როგორც მთლიანი, განუყოფელი ადამიანის შემადგენელი ნაწილის დანიშნულებაზე. ასეთ დროს გაუვალ ლაბირინთებში იხლართებოდა, ძაფი უწყდებოდა, გზა ებნეოდა და გულში არარაობისა და მკვდარი სიცარიელის ტკივილი უჩნდებოდა, რომელიც მხოლოდ მას შემდეგ ქრებოდა, რაც, სკოლაში მისული, ყოველდღიურსა და გადაუდებელ საქმეებში ჩაეფლობოდა. ზოგჯერ ისე იჯდა ხოლმე, ტყუილად, და არაფერზე არ ფიქრობდა. უფრო სწორად, ალბათ ფიქრობდა, მაგრამ მერხიდან რომ წამოდგებოდა, უკვე აღარაფერი ახსოვდა, თითქოს ამ ხნის მანძილზე მის მაგივრად მერხზე სხვა ვიღაც იჯდა და სხვა ვიღაც ფიქრობდა. სკოლაში ყოველთვის მიუხაროდა. როდესაც ადამიანის მიდრეკილება და საქმიანობა ერთმანეთს ემთხვევა, იტყვიან ხოლმე, სამსახური მისთვის მეორე ოჯახიაო. ასეთი კაცისაგან განსხვავებით, სკოლა სოლომონისათვის პირველი და, გარკვეული აზრით, ერთადერთი ოჯახი იყო. ამგვარმა განცხადებამ შეიძლება შექმნას შთაბეჭდილება, თითქოს სკოლაში გულითადი მეგობრები ჰყავდა, რომელთა წრეში ტრიალი სულიერად ამდიდრებდა, მაგრამ ეს შთაბეჭდილება მცდარი იქნება. მასწავლებლების ურთიერთდამოკიდებულება, იშვიათი და დროებითი გამონაკლისების გარდა, საკმაოდ გულგრილი იყო და ფორმალური თავაზიანობის ზღვარს არ სცილდებოდა. და თუ სოლომონს მაინც მათთან ყოფნა ერჩივნა და კვირა დღე ჭირივით ეჯავრებოდა, ეს იმიტომ, რომ სამსახურსა და ოჯახს, ჩვეულებრივ, სხვადასხვაგვარ მოთხოვნებს ვუყენებთ და ზოგი წვრილმანი უსიამოვნება, რაზედაც სამსახურში იოლად ვხუჭავთ თვალს, ოჯახში გულსა გვტკენს და გუნებას გვიმღვრევს, თორემ, შინ რომ ჩხუბი და აყალ-მაყალი ჰქონოდა და მუდმივ დაძაბულობაში ეცხოვრა, როგორც არა ერთი და ორი ცხოვრობს, სოლომონს ეყოფოდა გამბედაობა (ყოველ შემთხვევაში, საიმისოდ მაინც ჰყოფნიდა, რომ ასე ეფიქრა) სულ მიეტოვებინა ოჯახი და სადმე გადახვეწილიყო. საბედნიეროდ, ასე არ ყოფილა საქმე. ეგ არის მხოლოდ, რომ შინ აღარაფერს ეკითხებოდნენ და ამის გამო თავს, ცოტა არ იყოს, ზედმეტ ბარგად გრძნობდა. შესაძლოა, აზვიადებდა კიდეც. მაგალითად, ხმამაღლა რომ ეთქვა, არაფრად მაგდებთო, იოლად დაუმტკიცებდნენ, რომ ცდებოდა. ზოგჯერ თვითონაც ეჩვენებოდა, რომ აზვიადებდა. უფრო მეტად მაშინ, როცა რაიმე საქმის გამო ქალაქიდან მოუხდებოდა გამგზავრება. საკმარისი იყო ორი დღით მოშორებოდა სახლს, გულზე მძიმე სევდა შემოაწვებოდა, თვალზე ლამის ცრემლი მორეოდა და ერთბაშად იგრძნობდა, თუ რა მწარედ ცდებოდა, როცა თავი ოჯახიდან გარიყული ეგონა. სახლ-კარს მოშორებული და მართლა მარტო დარჩენილი, შორიდან ნათლად ხედავდა, რომ იმ მოჩვენებითი მარტოობის უკან იდგა მყარი, მკვიდრი, მძლავრი ანდამატი, რომელიც თავგანწირულად იზიდავდა და სევდიანი, ცრემლმორევამდე სევდიანი ნატვრით უხმობდა, და მხოლოდ მაშინ, უკან რომ მობრუნდებოდა, შინ შევიდოდა, კედლებს შეხედავდა, ავეჯს შეხედავდა, ცოლ-შვილს შეხედავდა, ხვდებოდა, რომ თურმე ის „მყარი, მკვიდრი, მძლავრი ანდამატი“ საკუთარი ფანტაზიის ნაყოფი ყოფილა, ილუზია, მირაჟი, რომელიც გიზიდავს, მაგრამ არ არსებობს, და კვლავ გარიყულობის ნაცნობი გრძნობა ეუფლებოდა. ეს გაორებული დამოკიდებულება, თუმცა კი ხშირად გულზე უამურად უფხაჭუნებდა, ცხოვრების მთავარ კალაპოტს ვერ ამღვრევდა და ვერ აღელვებდა, გარიყულობისა და ზედმეტობის გრძნობაც ზედაპირზე დაცურავდა, გარედან, მხოლოდ კანზე ეხებოდა და, მართალია, ზოგჯერ მწვავე აფეთქებას იწვევდა, მაგრამ სულის ღრმა ფენებს, სადაც ჩვენი არსებობის ძირითადი ბირთვია მოთავსებული, ვერ წვდებოდა და ვერ აზიანებდა. ამის ერთი მიზეზი ის იყო, რომ სოლომონს მშვიდი ცხოვრება უყვარდა (ხოლო, ვისაც მშვიდი ცხოვრება უყვარს, ის ახერხებს კიდეც მშვიდად იცხოვროს), მეორე ის, რომ ოჯახის სადავეები ერთბაშად კი არ გამოსცლია ხელიდან, ნელ-ნელა დაკარგა, თანდათან, შეუმჩნევლად, ამიტომ ოპტიმიზმი არ დაუკარგავს. მეხის გავარდნა ხომ თავისი მოულოდნელობით გვაკრთობს, თორემ, ნელ-ნელა რომ მოდიოდეს და შეუმჩნევლად უმატებდეს ხმას, ისე გავარდებოდა, ვერც გავიგებდით, ან გავიგებდით, მაგრამ უკვე შეჩვეული ვიქნებოდით და ყურადღებას არ მივაქცევდით. და თუ სოლომონი თავის ცხოვრებას ბედნიერებას ვერ დაარქმევდა, ვერც უბედურებას დაარქმევდა, ეს კი რეალისტი კაცისთვის, ვისაც პატივმოყვარეობა არ ახრჩობს, სავსებით საკმარისია.    ცოლი ოცდახუთი წლისამ შეირთო. ნათესავებმა შეურჩიეს ქალი და ერთხელ, წვეულებაზე, შეახვედრეს. ქალი შესახედავად დიდი ვერაფერი შვილი იყო. სამაგიეროდ სოლომონს ძალიან მოეწონა ის, რომ ერთთავად მორცხვად თავდახრილი იჯდა და თვალებში შემოხედვას ვერ უბედავდა. გარდა ამისა, მოეწონა სახელი - ასმათი, რომელიც სიყრმიდანვე, როდესაც პირველად წაიკითხა „ვეფხისტყაოსანი“, რჩეულ სახელთა ნუსხის თავში მოექცა. იმ დროს სოლომონი ახალბედა მასწავლებელი იყო, ხოლო ასმათი ქიმწმენდაში მუშაობდა ტექნოლოგად. რაც შემდეგ მოხდა, იმის გამო სოლომონს არც ერთი საყვედურის სიტყვა არ დასცდენია თავის შუამავალ ნათესავებთან, რადგან იმ ფსიქოლოგიურ ცვლილებებს, რომელთა მოწმეც მოგვიანებით შეიქნა და რომლებიც იქნებ იმთავითვე ეწერა შუბლზე ასმათს, სოლომონის უბირი ნათესავები, ცხადია, წინასწარ ვერ განჭვრეტდნენ. თავიდან ყველაფერი წესსა და რიგზე მიდიოდა. ასმათი მეოჯახე, მოსიყვარულე, ალერსიანი და ერთგული ქალი იყო და ცოლის ყველა მოვალეობას კარგად და გულმოდგინედ ასრულებდა. როდესაც საღამოობით სოლომონი თავის სასკოლო სიხარულსა და გულისტკივილს უზიარებდა ხოლმე, ასმათი ყურადღებით უსმენდა. მართალია, საკუთარ მოსაზრებებს იშვიათად გამოთქვამდა, მაგრამ ამაში ცუდი არაფერი იყო. კაცს მსმენელი გჭირდება და არა მოსაზრებები. განსაკუთრებით ტკბილად აგონდებოდა სოლომონს ღამეული საუბრები, რომლებიც ხმადაბლა, ნახევრად ჩურჩულით მიმდინარეობდა ლოგინში, ძილის წინ, როდესაც საერთო სარეცელი მთელი ცხოვრების მყარ, მტკიცე, უღალატო კალაპოტად იქცეოდა, რომელშიაც ცოლ-ქმრის სული და ხორცი ამ სარეცელივით ერთი და განუყოფელი იყო და რომელშიაც ცოტა ჭარბი გულახდილობა, ცოტა ჭარბი სიმხურვალე, ცოტა ჭარბი რომანტიზმი და ცოტა ჭარბი იდეალიზმი ისე უბრალოდ, ისე ბუნებრივად, ისე კარგად ისხდნენ თავთავიანთ ადგილას, თითქოს ცხოვრება სწორედ ასეთი ყოფილიყოს, ხოლო ის, რაც დღისით ეგონა ცხოვრება, ახლა მის მრუდე ანარეკლად ეჩვენებოდა.    ორი წლის შემდეგ ასმათი გაერთიანება „ოქროს საწმისში“ გადავიდა სამუშაოდ და მალე ცეცხლთან თამაში დაიწყო. „ოქროს საწმისი“ ჩვენი პატარა ქალაქის ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და საჭირო დაწესებულება იყო, რომელიც მოსახლეობას ამარაგებდა საკუთარ საამქროებში დამზადებული (მაგრამ უვარგისი) და გარედან შემოტანილი (მაგრამ ძნელად ხელმისაწვდომი) ისეთი აუცილებელი საქონლით, როგორიცაა კაფელის ფილები, აბაზანები, უნიტაზები, ონკანები, ნიჟარები და სხვა. ასმათი ძველ სამსახურშიც გამოირჩეოდა სიყოჩაღითა და ენერგიით, მაგრამ „ოქროს საწმისში“ ისეთი ფხა გამოიჩინა, არა მარტო ბრწყინვალე კარიერა გაიკეთა, არამედ გზადაგზა კიდევ ერთხელ, საკუთარ მაგალითზე, დაამტკიცა, თუ რაოდენ რთული მოვლენაა ადამიანი და რა სახიფათოა მისი დღევანდელი დღის მიხედვით მის ხვალინდელ დღეზე მსჯელობა. ჯერ წუნმდებელი იყო, მერე ეკონომისტი, მერე უფროსი ეკონომისტი, მერე განყოფილების გამგე, ბოლოს კი დირექტორის მოადგილე გახდა. სულ რამდენიმე წელი დასჭირდა იმისათვის, რომ მორცხვი, უთქმელი, უპრეტენზიო ქალი პატივსაცემ, საქმიან, მკაცრ დირექტორის მოადგილედ ქცეულიყო, რომელსაც მანქანაც კი ემსახურებოდა. მართალია, ეს იყო იმ ტიპის „მოსკვიჩი“, უკან რომ ოთხკუთხა, დახურული, კიდობნის მაგვარი ძარა ადგას, მაგრამ მაინც მანქანა იყო, მძღოლი ჰყავდა, ბორბლები ჰქონდა და, რაც მანქანას მოეთხოვება, ყველაფერს მშვენივრად აკეთებდა. და თუ შესახედაობას მაინცდამაინც დიდ ყურადღებას არ მიაქცევდით, იმ სპეციფიკური დანიშნულებისათვის, რომელზედაც ქვემოთ გვექნება ლაპარაკი, შუშებით შემოღობილ, ღია, ყველა ცნობისმოყვარე თვალისთვის სააშკარაოზე მყოფ მანქანას ასეთი გაუმჭვირვალე კიდობანი სჯობდა.    ასმათი ჯერ მხოლოდ უფროსი ეკონომისტი იყო და თავისი კარიერის ბოლო პუნქტამდე კიდევ დიდი გზა ედო, როცა პირველად მოიტანა შინ რამდენიმე შეკვრა უცხოური კაფელი და ერთი უცხოური უნიტაზი. სოლომონს გაუკვირდა. საქმე ისაა, რომ არც კაფელი ჰქონდათ გამოსაცვლელი და არც უნიტაზი, ხოლო, რაკი მთელი მისი არსება მშობლიური ლიტერატურის სიყვარულში იყო გახსნილი და ამის გამო პრაქტიკული აზროვნება ცოტა მოჩლუნგებული ჰქონდა, ერთბაშად ვერ მიხვდა, რისთვის დასჭირდა ცოლს ამ ნივთების მოზიდვა. როცა გაიგო, გასაყიდად მოეტანა, აღელდა. ოღონდ აქ ისიც უნდა ითქვას, რასაც შესაძლოა გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდეს: სოლომონმა ყრუ ტკივილით იგრძნო, რომ მის არსებაში ღელავდა არა მარტო ზნეობრივი აღშფოთება, არამედ (იქნებ უფრო დიდი დოზითაც) შიში, შიში იმისა, რომ ვიღაც პასუხს მოსთხოვდა. თუმცა, როცა თავის აღელვებას გზა მისცა და სიტყვებად ჩამოყალიბებას შეუდგა, აქცენტი, რაღა თქმა უნდა, აღშფოთებაზე გადაიტანა, შიში კი მხოლოდ გაკვრით ახსენა (რაზედაც ასმათმა დამცინავად გაიღიმა). საერთოდ, სოლომონი ისე ვერ ღელავდა და ისე ვერ შფოთავდა, როგორც საჭირო იყო და როგორც აღელდებოდა და აღშფოთდებოდა, კაფელი და უნიტაზი რომ ცხვირწინ არ ჰქონოდა და საკითხი მხოლოდ თეორიულ პლანში ყოფილიყო გადასაწყვეტი. ალბათ ამანაც იმოქმედა, რომ ცოლ-ქმრის შეხლა-შემოხლა დიდხანს არ გაგრძელებულა, მას შემდეგ, რაც ერთმანეთს რამდენიმე მოკლე ფრაზა სტყორცნეს, რომლებშიაც ემოცია მეტი იყო, ვიდრე აზრი, და რომლებიც უმთავრესად ერთიმეორის სუბიექტურ დახასიათებას წარმოადგენდა, ასმათმა დოინჯი მრისხანედ შემოიყარა და ამ მრისხანებასთან შეუთანხმებელი, წყნარი, ჩუმი, ლამის საწყალობელი ხმით თქვა: - ბატონი ბრძანდები. შენა ხარ ოჯახის უფროსი და, როგორც მეტ-ყვი, ისე ვიზამ. ახლა რაღა ეშველება, ამ ერთ ღამეს გაუძელი და ხვალ მოვკიდებ ხელს და, საიდანაც მოვიტანე, ისევ იქ წავიღებ. - დოინჯიც რომ არა, ასეთი დასკვნა ისედაც არ გამომდინარეობდა წინამავალი საუბრიდან, ამიტომ სოლომონი ცდუნებას არ აჰყოლია და თავისი გამარჯვება არ დაუჯერებია, მით უმეტეს, რომ გულის შორეულ სიღრმეში გრძნობდა, რომ გამარჯვების შანსი თითქმის არ ჰქონდა (რადგან კიდევ უფრო შორეულ სიღრმეში, ვინ იცის, ეგებ არც უნდოდა ჰქონოდა). მართლაც ასმათმა თავისი სიტყვი ასე დაასრულა, - სულ მივატოვებ ამ ოხერ სამსახურს, ბავშვებს მაინც მივხედავ (ამ დროს უკვე სამი შვილი ჰყავდათ). ქალი სახლში უნდა იჯდეს და შვილებს ზრდიდეს. ოჯახს კაცი უნდა არჩენდეს, - აქ წამით შეყოვნდა, თითქოს ვითარება აწონ-დაწონაო, მერე დაუმატა, - მე შენ გეტყვი, ვერ გვაცხოვრებ შენი ხელფასით! სოლომონს ეს სიტყვები ემწარა, მაგრამ არც ისე, როგორც მოსალოდნელი იყო, რადგან ახლა იმასაც მიხვდა, რომ შვიდი წლის მანძილზე, რაც ერთად ცხოვრობდნენ, ამ სიტყვებს წინ უამრავი სხვა სიტყვა უძღოდა, რომლებისთვისაც აქამდე ყურადღება არ მიუქცევია და რომლებიც, ამ უყურადღებობის წყალობით, კიდევ უფრო მუყაითად მუშაობდნენ და კიდევ უფრო ბეჯითად ამზადებდნენ საბოლოო სათქმელს. ამიტომ აღარც იმის განცდა გამოდგა ახლა ძალიან მწვავე, რომ სოლომონს თურმე რა ხანია უკვე ოჯახის უფროსობა ჩამორთმეული ჰქონდა, ეკონომიკის სადავეები ასმათს ეპყრა ხელთ და ახლა მხოლოდ იმაზეღა იყო ლაპარაკი, რომ იდეოლოგიური სადავეებიც აეღო, რაც ეკონომიურ ბატონობას ადრე თუ გვიან უეჭველად უნდა მოჰყოლოდა.    და სოლომონი გაჩუმდა. ხოლო, რაკი სოლომონი გაჩუმდა, მშვიდობიანობაც ჩამოვარდა და ცოტა ხნის შემდეგ ასმათმა უკვე ტკბილად, დაყვავებით და დამაჯერებლად აუხსნა ქმარს, რომ მის საქციელში საძრახისი არაფერი იყო: როგორც ცნობილია, ადგილობრივი პროდუქცია ძნელად საღდება. ეს ამბავი, რაღა თქმა უნდა, ზემოთაც კარგად იციან. ამიტომ გეგმის შესასრულებლად გაერთიანებას დროდადრო უცხოურ საქონელს აწვდიან. ამ საქონელს, რომლის ეგრეთწოდებული „თავისი ფასი“, დავუშვათ, ასი მანეთია (რეალური ფასები სოლომონის თავში მალე აირ-დაირია, ამიტომ მხოლოდ შეფარდებები დაიხსომა), რაღაც მანქანებით ხელთ იგდებს გადამყიდველი და ყიდის სამას მანეთად. საქონელზე მოთხოვნილება დიდია და მუშტარი, ოღონდაც იშოვოს და, სიამოვნებით იხდის ამ თანხას. ასეთ ვითარებაში ასმათი სრულიად კანონიერად და ოფიციალურად ყიდულობს ამ საქონელს თავისი გაერთიანების მაღაზიაში, იხდის ას მანეთს, მოაქვს შინ და რომელიმე თავის ახლობელს აძლევს ორას მანეთად. ამ უმტკივნეულო კომბინაციით არა მარტო ასმათი იგებს ას მანეთს, არამედ მუშტარიც, მას ხომ ორასი მანეთი დაუჯდა ის, რაშიც უყოყმანოდ გადაიხდიდა სამას მანეთს! განა ცუდია, ადამიანს, რომელსაც, ვინ იცის, როგორ უჭირს, ასი მანეთი გადაუნარჩუნო? ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ეს სპეკულაციის წინააღმდეგ ბრძოლაცაა, რამდენადაც შავ ბაზარზე ფასების დაცემას უწყობს ხელს. ერთი შეხედვით, თითქოს ამგვარ ოპერაციას არც ისე კარგი სუნი უდის, მაგრამ, დავუშვათ, ასმათმა არ წამოიღო ეს საქონელი და სარეალიზაციოდ გაუშვა. რა მოხდება? იმდენი რომ იყოს, მოთხოვნილებას აკმაყოფილებდეს, კაი დაგემართოს ყველაფერი რიგზე იქნებოდა, მაგრამ ამდენი არ არის. ამიტომ იგი უეჭველად რომელიმე გადამყიდველს ჩაუვარდება ხელში და, ვისაც ასმათის წყალობით ორასი მანეთი დაუჯდებოდა, ახლა სამასი მანეთი დაუჯდება. ისიც, თუ იშოვა. ასეთი აღმოჩნდა საქმის ვითარება. და თუმცა სოლომონი გრძნობდა, რომ ამ უცნაური ლოგიკის უკან რაღაც შეუსაბამობა იმალებოდა, მაგრამ ფიქრის დრო აღარ დარჩა, ვინაიდან რვეულები ჰქონდა გასასწორებელი. იმ დღიდან მოყოლებული სოლომონის სახლში (ხოლო სამი წლის შემდეგ უკვე ასმათის სახლში, რადგან ძველი ბინა ჩააბარეს, ხოლო ახალი, რომელშიაც ამჟამად ცხოვრობდნენ, ასმათმა მიიღო) უნიტაზი ინტერიერის განუყოფელ ნაწილად იქცა. როდესაც ასმათმა ახლობლები და მეზობლები (ჯერ ძველ და მერე ახალ ბინაში) მოილია, იძულებული შეიქნა მოქმედების არე გაეფართოებინა. ამ მიზნით დაუკავშირდა ერთ მეზობელს, რომელიც ქვედა სართულზე ცხოვრობდა და სანეპიდსადგურში მუშაობდა მღრღნელებისა და ტარაკანისმაგვართა განყოფილებაში. შავი, პატარა ქალი იყო, გამხდარი, მოუსვენარი და მოძრავი. ერთთავად დარბოდა და დასუნსულებდა, თან სხეული ისე დაჰქონდა, გეგონებოდათ, ფართხალებსო. გაჩერებული რომ დაგენახათ, ვერც კი მოასწრებდით იმის შემჩნევას, რომ გაჩერებული იყო, თითქოს თქვენი გამოჩენის შეეშინდაო, ერთბაშად აკრეფდა სიჩქარეს და უეცრად გასუნსულდებოდა გაურკვეველი მიმართულებით. როცა მათსა ამოვიდოდა (ამოსვლით კი უკვე ხშირ-ხშირად ამოდიოდა), სოლომონს არაერთხელ წაუსწრია საკუთარი თავისთვის და გაკვირვებით გაუცნობიერებია, რომ თურმე სულ იმის მოლოდინში იყო, ან ახლა შეძვრება პლინთუსის ქვეშ და ან ახლაო. ეს ქალი ორი რამით იყო მეზობლებში ცნობილი: ერთი - სამსახურში საწამლავს იპარავდა და უბანში მცირე გასამრჯელოს ფასად კერძო ტარაკნებს სპობდა, და მეორე - დროდადრო უცხო ქალაქებშიც დასუნსულება, რაღაც-რაღაცეები ჩამოჰქონდა და ჰყიდდა. სახელად ლუბა ერქვა. ასმათის უნიტაზებისთვის ახალი სავაჭრო გზების გაჭრა სიამოვნებით იკისრა. იკისრა და, როგორც იტყვიან, შეასრულა კიდეც. ასმათს თავის, პირობითად რომ ვთქვათ, ას მანეთს მუდამ პატიოსნად აბარებდა, თავად რამდენს იგებდა, არავინ იცის, ყოველ შემთხვევაში, ენთუზიაზმის გამო, ცხადია, ასეთ საქმეს ხელს არ მოჰკიდებდა.    ამის შემდეგ, როგორც ეს ხშირად ხდება, როცა ადამიანებს საერთო საიდუმლო დააკავშირებს, ლუბა, ეს პატარა მღრღნელი, ისე შეეჩვია და გაუშინაურდა ასმათისა და სოლომონის ოჯახს, რომ, უნიტაზისა არ იყოს, მალე ინტერიერის შემადგენელი ნაწილი გახდა. დროს იშოვიდა თუ არა, მაშინვე ამოსუნსულდებოდა. ხან მურაბის რეცეპტი ამოჰქონდა, ხან მწნილის რეცეპტი მიჰქონდა, ხან ისე, სამუსაიფოდ ამოვიდოდა. თავიდან სოლომონი ვარაუდობდა, რომ ლუბა ტარაკნისგან უნდა ყოფილიყო წარმოშობილი, მაგრამ მერე, როცა თავად ლუბამ მისცა პირველი ბიძგი მისი სამი მნიშვნელოვანი დაკვირვებიდან ერთ-ერთს, კერძოდ იმას, რომელიც დარვინის მოძღვრებას ეხებოდა, სოლომონი იმ დასკვნამდე მივიდა, რომ საქმე პირიქით იყო - ტარაკანა წარმოიშვა ლუბასგან და არა ლუბა ტარაკნისგან. თვითონ სოლომონს რაც შეეხება, იმ საუბრის მერე, რომელმაც საბოლოოდ მოჰფინა ნათელი მისი ეკონომიური და, შესაბამისად, იდეოლოგიური დამოუკიდებლობის დაკარგვას, პროტესტს ხმამაღლა ვეღარ გამოთქვამდა, მაგრამ თავის გულში ასმათის საქმიანობას არასოდეს შერიგებია. ერთი ხანობა გადაწყვიტა ბავშვები მაინც გაეზარდა ისე, რომ ამ მაცდურ ქსელში არ მოყოლილიყვნენ, მაგრამ ვერ მოახერხა. არა იმიტომ, რომ ასმათი იყო ამის წინააღმდეგი. პირიქით, ასმათი მოხარული იქნებოდა, სოლომონი თუ თავის გადაწყვეტილებას შეასრულებდა, რადგან ადამიანმა, რა გზასაც არ უნდა ადგეს, მშვენივრად იცის, კარგი რა არის და ცუდი რა არის (სხვათა შორის, სწორედ ესაა მათი აქილევსის ქუსლი და არა შიში, როგორც მიამიტურად ვფიქრობთ), და ასმათმა გულის სიღრმეში (ხოლო ნათელ წუთებში გულის ზედაპირზეც) იცოდა თავისი საქმიანობის ფასი და ერჩივნა შვილები მისი გავლენის არეში არ მოქცეულიყვნენ, მაგრამ საქმე ის იყო, რომ, როდესაც სოლომონმა გადაწყვიტა ბავშვები ისე გაეზარდა, ცუდ გზას არ დადგომოდნენ, უბრალოდ, არ იცოდა, კონკრეტულად რა შინაარსი იდო ამ ზოგად და გვარიანად ბუნდოვან სიტყვაში „ისე“. ცხოვრება კი ამასობაში ასმათის ხაზს მიჰყვებოდა. და თუმცა ხაზის დასაწყისში არავითარი საამისო ნიშანი არ ჩანდა და, ვინმეს რომ ეწინასწარმეტყველა, სოლომონი დიდად გაკვირვებული დარჩებოდა, ფაქტი ის არის, რომ ამ ხაზმა ერთ მშვენიერ დღეს კონსპირაციამდე მიიყვანა. ძნელი დასაჯერებელია, მაგრამ, თუ დავუკვირდებით, ლოგიკის მრუდი, კერძოდ, ფსიქოლოგიური ლოგიკის მრუდი, სწორედ აქეთკენ მიდიოდა. სოლომონს, როგორც უკვე ითქვა, მთელი ქართული ლიტერატურა დიდი სიყვარულით უყვარდა. თუმცა რჩეულებიც ჰყავდა. რჩეულთა შორის რჩეული კი ილია ჭავჭავაძე იყო, ვინც თავგანწირვით იბრძოდა ყველა ეროვნულ ფრონტზე, თანაც, სოლომონის აზრით, მრავალთაგან განსხვავებით, იმიტომ კი არ იბრძოდა, რომ ერის წინამძღოლი გამხდარიყო, არამედ იმიტომ გახდა ერის წინამძღოლი, რომ იბრძოდა. რა თქმა უნდა, სოლომონს იმის პრეტენზია არა ჰქონია, ილია ჭავჭავაძის სიმაღლეებს შეჰპოტინებოდა, ან მასთან სულიერი კავშირი ეპოვა (და, საერთოდ, სოლომონი უპრეტენზიო კაცი იყო), უბრალოდ, ცდილობდა მისი ცხოვრების მაგალითზე საკუთარი გადაწყვეტილებანი და ნამოქმედარი შეემოწმებინა, რადგან ეს ცხოვრება ვეება სულიერი ეკრანი იყო და ყველა გადაწყვეტილება და ყველა მოქმედება იქ ჭეშმარიტ სახესა და ჭეშმარიტ ღირებულებას იძენდა. ამ მხრივ სოლომონი ზოგჯერ ღრმადაც შეტოპავდა ხოლმე. მაგალითად, როცა სახლში სანტექნიკური ბუმი დაიწყო, გვარიანად მკრეხელური, თუმცაღა სავსებით ბუნებრივი კითხვა დაებადა: ილია ჭავჭავაძე რომ მის დღეში ჩავარდნილიყო, რას იზამდა? ამ კითხვაზე სოლომონმა პასუხი ვერ იპოვა, რადგან ასეთი ვითარების წარმოდგენა შეუძლებელი აღმოჩნდა. შეუძლებელი აღმოჩნდა არა იმიტომ, რომ ის ილია ჭავჭავაძე იყო, არამედ სხვა, გაცილებით უფრო დიდი და ღრმა მიზეზების გამო, რომლებსაც სოლომონი თუმცა კი გრძნობდა, მოხელთებასა და აზრად ჩამოსხმას ვერ უხერხებდა. ერთი სიტყვით, ილია ჭავჭავაძე რჩეულთა შორის რჩეული იყო. სოლომონს განსაკუთრებით მისი პუბლიცისტური წერილები უყვარდა. ბევრი მათგანი ზეპირად იცოდა. და ყველას, მათ შორის იმათაც, რომლებიც ზეპირად იცოდა, ჟამიდან ჟამზე, უფრო ისეთ დროს, როცა ამა თუ იმ მიზეზის გამო ამბოხის გუნებაზე დგებოდა, მიუბრუნდებოდა და ისე-თი ჯიბრიანი სიამოვნებით ჩაუღრმავდებოდა, თითქოს ვიღაცის ჯავრს იყრიდა ან ვიღაცას ნიშნს უგებდა. იმ დღეს სწორედ „ქუთაისის ბანკის საქმეს“ კითხულობდა, როცა ასმათის ფეხის ხმა მოესმა და ამ ხმის გაგონებაზე გადაშლილი რვეული, რომელიც იქვე ედო, გვერდით, სწრაფად დააფარა წიგნს, თან კალმისტარი მოიმარჯვა და ისეთი სახე მიიღო, თემების გასწორებისას რომ ჰქონდა ხოლმე. როგორც კი თავისი საქციელი გააცნობიერა, წამსვე მიხვდა, რომ რვეულიცა და კალმისტარიც წინდაწინ ჰქონდა მომზადებული და, საერთოდ, ეს პირველი შემთხვევა არ ყოფილა, ასმათის გამოჩენაზე რომ წიგნს მალავდა. სოლომონს ეს ამბავი ცოტა გაუკვირდა. იქნებ უნდა შემცბარიყო კიდეც, მაგრამ არ შემცბარა, რადგან ეს იგივე შენელებული მეხი იყო, რომელსაც ყური ვეღარ აღიქვამს. გაკვირვებითაც მხოლოდ იმიტომ გაუკვირდა, რომ ასმათს არასოდეს მისთვის წიგნის კითხვა არ აუკრძალავს. როგორც ჩანს, სოლომონს თავად გამოუტანია დასკვნა, რომ, იმ დროს, როდესაც ცოლი ოჯახზეა გადაგებული და ყველაფერი ოჯახის სამსხვერპლოზე მიაქვს, ქმრის მხრივ, მეტი რომ არა ვთქვათ, უხერხულია ისეთი რამის კეთება, რასაც უშუალო მატერიალური სარგებლობა არ მოჰყვება.    გაცნობიერებას შედეგი არ მოუტანია. არც ავი, არც კარგი. და სოლომონმა არალეგალური მუშაობა განაგრძო, რისთვისაც წარმატებით იყენებდა მოსწავლეთა რვეულებს. რვეულების სწორების გამო, თუნდაც ამ საქმეში ღამეები ეტეხა, ვერავინ დაძრახავდა, დიდი-დიდი, ასმათს ცოტა კომიკური მოსჩვენებოდა შეფარდება შორმასა და ანაზღაურებას შორის და ამის თაობაზე რამე გესლიანი შენიშვნა გამოეთქვა.    საკვირველი კი იყო, მაგრამ ასმათი, რაც უფრო წინ მიიწევდა სამსახურებრივი კარიერის გზაზე, მით უფრო სანდომიანი ხდებოდა, თუმცა არავითარ პარფიუმერიასა და სხვა ხელოვნურ საშუალებებს არ იყენებდა. თითქოს უფრო მაღალი და ტანადიც კი გამოჩნდა. ამან სოლომონი იმ აზრამდე მიიყვანა, რომ თანამდებობა ადამიანს ალამაზებს. იქნებ ასეცაა (და, საერთოდ, ულამაზო ქალს ლამაზი ქალი ერჩივნა), მაგრამ უბედურება ის იყო, რომ ასმათის წინსვლისა და, შესაბამისად, გალამაზების კვალობაზე, რატომღაც თანდათან კნინდებოდა სოლომონის მამაკაცური გამბედაობა, რის გამოც ინიციატივამ ღამეულ საქმიანობაშიც ასმათის მხარეს გადაინაცვლა და სოლომონს ოდენ პასიური (ხანდახან გაბოროტებულად პასიური) მომლოდინის როლიღა შერჩა. ხოლო თქმა იმისა, რომ თავის სასკოლო სიხარულსა და გულისტკივილს ცოლს უკვე ვერც დღე და ვერც ღამე ვეღარ უზიარებდა, ალბათ ზედმეტიც კია. საბოლოოდ სოლომონი დაემსგავსა მდინარის ფსკერზე, თეთრი ლოდის ძირას ჩაგუბებულ პატარა მორევს, რომელიც ფორმალურადღაა მდინარის ნაწილი, რადგან, როდესაც მდინარე თავზე გადაუვლის და ხმაურით წავა, ამ დინებას არც აფერხებს და არც მიჰყვება, თავისთვისაა შეყუჟული ლოდქვეშ, თვალდახუჭულია, გატრუნული და, თუ ზაფხულის თბილი ნეტარება ვეღარ ახარებს, ვეღარც ზამთრის სუსხიანი ტკივილი აღონებს, თუ ერთ ადგილზე დგომით ობს მოიკიდებს, ისე ნელ-ნელა მოიკიდებს, ვერც კი მიხვდება, რომ ობი მოიკიდა, თუ ცოტ-ცოტაობით თეთრ ლოდს ძირს უთხრის, ამას თავისდაუნებურად სჩადის და ამიტომ არც ეძრახვის და არც მოეკითხება. ეს შედარება ეგებ ზედმეტად მძაფრია და, რახან სოციალურად შეზღუდულია, მაინცდამაინც ვერც სიზუსტეს დაიკვეხნის. სინამდვილეში, სანამ ცოცხალი ვართ, გვინდა თუ არა, ამ ფაქტს ანგარიში უნდა გავუწიოთ. ამიტომ, მას შემდეგ, რაც ოჯახის ძაფები დაუწყდა და შვილებისაკენ მიმავალი გზებიც დაკარგა, სოლომონმა მთავარი სასიცოცხლო აქცენტი სკოლაზე გადაიტანა.    როგორც უკვე ითქვა, სკოლაში (ცხადია, სკოლის გარეთაც) სოლო-მონს მეგობრები არა ჰყოლია. სამაგიეროდ, სკოლაში მოქმედებდა ერთგვარი დაუწერელი ეთიკური კანონი, რომელიც მოითხოვდა, რომ მასწავლებლებს ერთიმეორის არსებობა ეღიარებინათ, ერთიმეორის რეპუტაციას მოფრთხილებოდნენ და ერთიმეორის მიმართ, რამდენადაც ამის საშუალებას ცხოვრება იძლეოდა, თავაზიანობის ნორმები დაეცვათ. მართალია, ეს კანონი, როგორც კანონის წესია, მხოლოდ ზედაპირს ეხებოდა და არა არსს, სოლომონს იგი მაინც სავსებით აკმაყოფილებდა. ცხოვრება ჭრელია და, რაღა თქმა უნდა, ეს სიჭრელე აქაც იჩენდა თავს, შეხლა-შემოხლაც იყო, ინტრიგებიც, აყალ-მაყალიც, მაგრამ მთავარი დოზაა, მაქსიმალისტური მოთხოვნები კი სოლომონს პრაქტიკული ცხოვრების მიმართ არასოდეს ჰქონია. სამასწავლებლოში ხშირად სულიერადაც ისვენებდა. აქ ხშირი იყო საუბარი საკაცობრიო საკითხებზე, მნიშვნელოვან თემებზე, სულზე, მაღალ მატერიებზე. ჭორაობაც კი აქ უფრო ნატიფი და სასიამოვნო მოსასმენი იყო. ამ მხრივ, ეჭვი არაა, სოლომონის კოლეგები გაცილებით სჯობდნენ „ოქროს საწმისის“ ხმაურიან და ტლუ თანამშრომლებს, რომლებსაც ასმათი ზოგჯერ წვეულებას გაუმართავდა ხოლმე და რომელთა ინტელექტუალური და სულიერი დონე სოლომონს ყოველთვის ნაღვლიან გუნებაზე აყენებდა. ლუბაზე ხომ ლაპარაკიც ზედმეტი იყო. ლუბა ნაღვლიან გუნებაზე არ აყენებდა. ლუბა აღიზიანებდა. აღიზიანებდა არა იმიტომ, რომ ჩახლეჩილი, რაღაც უწმაწური ხმა ჰქონდა, და ამ ხმით ხშირად უწმაწურ აზრებსაც გამოთქვამდა, არამედ იმიტომ, რომ, საერთოდ, ლაპარაკობდა. სოლომონს რატომღაც მიაჩნდა, რომ ლუბას მეტყველების უნარი არ უნდა ჰქონოდა. დარწმუნებული იყო, მისგან რომ მხოლოდ ღმუილი და დაუნაწევრებელი ბგერები მოესმინა, ასე არ გაღიზიანდებოდა.   მოსწავლეებთან ურთიერთობა წლების განმავლობაში ჩამოყალიბდა და უკვე რა ხანია საბოლოო, დასრულებული, ინერციული სახე მიიღო. პედაგოგის პირვანდელ თეორიულ მოდელში, რომელიც გაჟღენთილი იყო ახალგაზრდობისათვის (მაშინდელი ახალგაზრდობისათვის) დამახასიათებელი იდეალიზმით, ცხოვრებამ საჭირო ცვლილებები შეიტანა, ჭრელაჭრულა კვირტები მოაშორა, უნიადაგო იდეალიზმის მყიფე შრეები გამოაცალა, დაწნეხა და პრაქტიკული, გამოყენებითი სახე მისცა. ეს იყო ჩვეულებრივი და გავრცელებული, მაგრამ, ამავე დროს, თუკი შეეგუებოდი და რაღაც ისეთს არ მოინდომებდი, რაც კოორდინატებში არ ეტევა, მყარი, უტყუარი და უღალატო მოდელი. სოლომონი შეეგუა, რადგან უკიდურესობას არც ერთ მხარეს არ ესწრაფოდა. იგი არ მიეკუთვნებოდა ეგრეთ წოდებულ „საყვარელი მასწავლებლის“ კატეგორიას (თუკი ასეთი კატეგორია მართლა არსებობს და იგი პირველკლასელებს არ მოუგონიათ, რომელთაც დედა ენატრებათ და, ეს ნატვრა რომ ილუზიურად მაინც აიხდინონ, უნებურად ჩანაცვლების მეთოდს მიმართავენ), მაგრამ არც იმ კატეგორიას მიეკუთვნებოდა, სკოლაში რომ შემთხვევით აღმოჩნდება. სოლომონი ბუნებით პედაგოგი იყო. მშობლიური ლიტერატურა, გარდა იმისა, რომ ძალიან უყვარდა, კარგადაც იცოდა და ცდას არ აკლებდა, რომ მოსწავლეებისათვის თავისი ცოდნა გადაეცა და თავისი სიყვარული გადაედო. სიყვარულის გადადება, რაც დრო გადიოდა, უფრო და უფრო ძნელდებოდა. ბავშვები იცვლებოდნენ. თაობები სოლომონის თვალწინ მიაბიჯებდნენ და სოლომონი ნათლად ხედავდა ცვლილებებს, რომლებიც უმთავრესად ინტელექტუალური და ფსიქოლოგიური ხასიათისა იყო. ერთი მხრივ, გაცილებით უფრო გონიერი, უფრო ფხიზელი, უფრო მომწიფებული, უფრო ორიგინალური და ინდივიდუალური აზროვნების მქონე ბავშვები მოდიოდნენ, მეორე მხრივ (შესაძლებელია, სწორედ ამ მიზეზით), ძალიან ადრე იბერტყავდნენ რომანტიკულ ყვავილებს (რასაც ზოგჯერ რომანტიკულ ბურბუშელასაც ვუწოდებთ ხოლმე), უფრო რეალისტები ხდებოდნენ, უფრო სკეპტიკოსები, ავტორიტეტები ნაკლებად სწამდათ, მასწავლებლებს ბრმად აღარ ენდობოდნენ, ხშირად მათს ცოდნასა და გემოვნებას კრიტიკულად ეპყრობოდნენ და საკუთარი საზომებით ამოწმებდნენ. დროდადრო ეს პროცესი იმდენად მძაფრი იყო, რომ სოლომონი, რომელიც თავისი საგნის მიხედვით მსჯელობდა, აშკარად და გარდაუვალად მოელოდა ლიტერატურულ ღირებულებათა გადაფასებას და მერე, წლები რომ მაშინდელ მოსწავლეებს მოწიფულ ხალხად აქცევდა და მოსალოდნელი გადაფასება კი არსად ჩანდა, უკვირდა და გულში ფიქრობდა, ნეტა ის ბავშვები რა იქნენ, რომ ხმას აღარ იღებენო.    მოსწავლეები არც სოლომონის დიდ სიყვარულს იზიარებდნენ და ზოგჯერ ისეთ სუსტ ადგილებს გაიხსენებდნენ მასწავლებლის სათაყვანებელ მწერალთა ნაწარმოებებიდან, რომლებიც, ერთი მხრივ, შეგნებულ სკეპტიციზმზე მიუთითებდა, საკუთარი შეხედულების გამართლებას რომ ყოველგვარი საშუალებით ცდილობს, მეორე მხრივ კი, მიზნად ისახავდა მასწავლებლის გამოცდას და შეძლებისდაგვარად „ჩაჭრასაც“, და ამიტომ, იმ დროს, როცა გაკვეთილი არ იცოდნენ, ციტატები ყველაზე ნაკლებ ცნობილი ნაწარმოებებიდან მოჰქონდათ. მადლობა ღმერთს, სოლომონი ზოგ-ზოგებს არ ჰგავდა, სასკოლო პროგრამის ფარგლებში რომ არიან გამომწყვდეულები. სოლომონმა საგანი ვრცლად და ღრმად იცოდა და მისი „ჩაჭრა“ იოლი არ იყო, თუმცა ვერც იმას დაიკვეხნიდა, თითქოს მოწაფეების სკეპტიციზმს შერყევას უხერხებდა.    ფარ-ხმალს მაინც არ ყრიდა, მაინც ცდილობდა მშობლიური მწერლობის სიყვარული გაეღვივებინა ბავშვებში, რადგან ამ სიყვარულის მართებულობა მისთვის წმინდა და შეუვალი ჭეშმარიტება იყო. ზოგჯერ, დამატებითი ბიძგების ძებნაში, საქართველოს ისტორიაზეც დაიწყებდა ხოლმე საუბარს (რასაც ბავშვები კმაყოფილებით ხვდებოდნენ, რადგან ასეთ დროს სოლომონს ხშირად ახალი მასალის ასახსნელად დრო აღარ რჩებოდა), ერთხელ გაბედული ექსპერიმენტი ჩაატარა, რომელიც კრახით დასრულდა: სოლომონმა ერთი ლექსი იცოდა. ბავშვობაში გაიგონა თავისი ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლისგან და სამუდამოდ დაამახსოვრდა. არა მხოლოდ იმიტომ, რომ ლექსი სადა იყო, ნათელი, ადვილი დასაზეპირებელი და სათქმელს ცხადად და მიუკიბავ-მოუკიბავად ამბობდა, არამედ იმიტომაც (ამას გვიან მიხვდა), რომ, იმ დროს, როცა მასწავლებელმა სოლომონსა და მის თანაკლასელებს ეს ლექსი უთხრა, მისი პათეტიკა სავსებით ბუნებრივი იყო და მის ეროვნულობას კოპწიაობის არავითარი დაღი არ ესვა, რადგან მთქმელიცა და მსმენელებიც ერთსა და იმავე განზომილებაში იმყოფებოდნენ. სოლომონს მთელი თავისი მასწავლებლობის მანძილზე, თითქოს ტანში ეშმაკი უზისო, არ ასვენებდა იმის სურვილი, რომ ეს სცენა გაემეორებინა. გრძნობდა, სხვა დრო იყო, და გაბედვა უჭირდა. მაგრამ უთქმელობაც აწვალებდა, ამიტომ გამუდმებით ემზადებოდა და ხელსაყრელ დროს ეძებდა. გასულ წელს, ბოლოს და ბოლოს, გაბედა, მაგრამ ამდენ ჭოჭმანსა და რჩევა-რჩევაში, როგორც ჩანს, საამისოდ ყველაზე ნაკლებ ხელსაყრელი დრო აირჩია. იმ ღდეს მეცხრე კლასში ახალი ქართული სალიტერატურო ენის შესახებ ჰქონდა საუბარი. როდესაც ამ საქმეში ილია ჭავჭავაძისა და აკაკი წერეთლის დამსახურებაზე ილაპარაკა, შეუმჩნევლად გასცდა საკითხის კონკრეტულ რკალს, ცოტა როლშიც შევიდა, შთაგონების მაგვარი რაღაც იგრძნო, უეცრად მიხვდა, რომ სწორედ ახლა იყო ის ხელსაყრელი დრო, რომელსაც თითქმის ორმოცი წელი ელოდა, აღელდა, გული აუძგერდა, თვალზე თხელი ბურუსი გადაეფარა (რის გამოც ფოკუსი აერია და კლასს ბუნდოვნადღა ხედავდა) და საუბარი ასე დაასრულა: - ...მათი ღვაწლი განუზომელია არა მარტო ახალი ქართული სალიტერატურო ენის დამკვიდრებაში, არამედ, საზოგადოდ, ქართული კულტურის აღორძინებაში. ეს სახელები წმინდა სახელებია, ან, როგორც პოეტი იტყოდა: ილია და აკაკი, აკაკი და ილია, ამისთანა სახელები თაფლზე უფრო ტკბილია.    კლასში წამით სამარისებური სიჩუმე ჩამოვარდა და სოლომონმა იგრძნო, რომ გულმაც ძგერა შეწყვიტა. ხოლო მეორე წამს ბოლო მერხიდან (მარცხენა რიგში), სადაც მსუქანი დათეშიძე იჯდა, მკაფიოდ, თითქმის დამარცვლით, გაისმა საპასუხო ლექსი: სოლომონ ბრძენი - სუპერმენი!    სოლომონი ორივე ხელით დაეყრდნო ჭიებისგან დაჭმულ, დაფუტუროებულ მერხს, მძიმედ წამოდგა, ხელები ზურგსუკან დაიწყო, ტანიც ოდნავ უკან გადაზნიქა და დინჯი, დარბაისლური ნაბიჯით გაუდგა გზას. არავითარი წინათგრძნობა არა ჰქონია. საერთოდ, წინათგრძნობა მისთვის უცხო ხილი იყო: თვალით არ ენახა, ყურით არ გაეგონა, გემოთი არ გაესინჯა და, როგორც სჩვევია ხალხს, ვინც ასეთ საკითხებში მხოლოდ საკუთარ გამოცდილებას ეყრდნობა და საზომად მხოლოდ საკუთარ თავს იყენებს, არც სჯეროდა მისი არსებობა. ბაღს გასცდა, ქუჩა ჩაათავა და პატარა, ვიწრო ჩიხში შეუხვია, რომლის ბოლოშიაც სკოლა იდგა.    სკოლის დანახვაზე ისე აუჩქროლდებოდა ხოლმე გული, როგორც პაემანზე დაგვიანებულ ქალს შეიძლება აუჩქროლდეს შეყვარებულის დანახვაზე, რომელიც ნერვიულობს, ტუჩებს იკვნეტს, წამდაუწუმ საათზე იყურება, მაგრამ მაინც დგას და ელის. ამ ჩიხში რომ შემოუხვევია და ეს აგურით ნაგები, სამსართულიანი, კოხტა შენობა დაუნახავს, რამდენჯერ დარდი გადაჰყრია და ამღვრეული გუნება დასწმენდია. სკოლა სოლომონისათვის ეკლესია იყო, რომელიც სახელმწიფოსგან დამოუკიდებლად არსებობდა და ამიტომ ასმათს მასთან ხელი არ ჰქონდა. ოცდათვრამეტი წლის განმავლობაში ერთადერთი შემთხვევა იყო, როცა ცოლი მის სასკოლო საქმეებში ჩაერია. ეს ამბავიც გასულ წელს მოხდა. ზამთრის პირი იყო. ასმათი სამსახურიდან უგუნებოდ დაბრუნდა. კარგა ხანს უმიზნოდ იწრიალა, როგორც გალიაში გამომწყვდეულმა ძუ ვეფხვმა, ბოლოს სოლომონს მიუახლოვდა და უთხრა, ერთი სათხოვარი მაქვს და უსიკვდილოდ უნდა შემისრულოო. სოლომონს გულმა რეჩხი უყო. „ოქროს საწმისის“ დირექტორის მოადგილე უმნიშვნელო საქმის გამო მის წინაშე თავს არ დაიმცირებდა და, საერთოდ, სოლომონს აღარც კი ახსოვდა, მას შემდეგ, რაც ბრძანების უფლება მოიპოვა, ასმათს მისთვის რამე ეთხოვოს. ასმათმა სოლომონს დამშვიდება აცალა, ამასობაში თვითონ, თავი მისკდებაო და, წამალი დალია და მერე სწრაფად, ერთბაშად, მოკვეთით უთხრა, შენს ერთ მოწაფეს ნიშანი უნდა აუწიოო. სოლომონმა შორს დაიჭირა, არც კი უკითხავს რომელ მოწაფეზე იყო ლაპარაკი. ასმათმა მაშინვე დაანება თავი, მაგრამ კვნესას უმატა. სოლომონი ვერ მიხვდა, კვნესა მეთოდი იყო თუ მართლა ასე აწუხებდა ტკივილი, ყოველ შემთხვევაში, არ დაუჯერებია, რომ იმას, რისთვისაც ქმრის წინაშე თავის დამცირება მოუხდა, ეგრე იოლად დათმობდა. ეჭვი სულ მალე გაუმართლდა. კვნესა მეთოდი გამოდგა, უფრო სწორად, შესავალსა და მეთოდს შორის გადებული ხიდი. თვით მეთოდი სწორხაზოვანი რისხვა იყო, რომელიც სოლომონს ირონიით შეზავებულ მეხად დაატყდა თავს (წმინდანი! მამა აბრამის ბატკანი! ქათქათა ხელები არ დაგილაქავდეს! მე ნემსის ყუნწში უნდა გავძვრე, ეკლებზე უნდა ვიარო და ათასი მამაძაღლობა ჩავიდინო, რომ ოჯახი შევინახო, არ მოგვშივდეს და არ მოგვწყურდეს, ეს კი ფეხიფეხშემოდებული უნდა იჯდეს, ხელში თავისი ქეციანი პატიოსნება ეჭიროს და მარაოსავით ინიავებდეს! მაგრად მოუჭირე ხელი, არავინ მოგტაცოს! შენ იმას როგორ იკადრებ, მოწაფეს ერთი ნიშანი აუწიო! აბა, მე კი არ მგავხარ! მე მიხარია ყოველ საღამოს ლუბასნაირ ვიგინდარებთან ჭუკჭუკი, უნიტაზების თრევა და სირცხვილის ოფლის წურვა! ან როგორ ჩერდები ასეთ ქალთან! მე რომ შენს ადგილას ვიყო, ჩემისთანა ცოლს ერთს გემოზე გავასილაქებდი, რომ ჭკუა ესწავლა და თავის ტყავში დატეულიყო. მაგრამ შენ ამას არ იზამ. ეს რომ ქნა, მერე პატიოსნებას ვიღასი ფულით იყიდი!..). - რა გვარია? - შეაწყვეტინა, სოლომონმა, რომელმაც იგრძნო, რომ ცხრაკლიტულის საგულდაგულოდ ჩაურდულებული კარი იღებოდა, და იმის წარმოდგენაზე, თუ რა სანახაობა ელოდა ხახადაღებული უფსკრულის ძირას, ტანში გააცია.    ყურაშვილი, - სწრაფად შეცვალა კილო ასმათმა, - ვარლამ ყურაშვილის გოგოა. მამამისი თავისი სარევიზიო ჯგუფით გუშინდლიდან „ოქროს საწმისში“ გვიზის და გვამოწმებს. შესამოწმებელი რა გვჭირს, ყველაფერი აჟურში გვაქვს, მაგრამ ადამიანები ვართ, გამწარებულმა კაცმა თუ მოინდომა, ყოველთვის გამოძებნის ხელმოსაკიდს. არადა, ფრჩხილის ტოლაც თუ იპოვა რამე, შეიძლება ზედ იმხელა მთა დადგას, მთელი გაერთიანება ქვეშ მოიყოლოს. ერთი ნიშანი ყველაფერს წაღმა შემოაბრუნებს.    ყურაშვილის ბავშვმა საგანი გამართულ სამიანზე იცოდა. გამართულ სამიანსა და დამადლებულ ოთხიანს შორის კი აბა რა ისეთი განსხვავებაა, ამდენ დავიდარაბად ღირებულიყო! ეგ კი არა, სოლომონი ზოგჯერ თავადაც ყოყმანობდა, ეგებ ჯობდეს ოთხიანი დავუწერო, წახალისდება და უფრო ბეჯითად იმეცადინებსო.    ოპერაციამ მშვიდობიანად და უმტკივნეულოდ ჩაიარა, თუ არ ჩავთვლით, რომ ამით დირექტორმა ისარგებლა და ერთი ნიშანი გიგიაძისთვისაც წაამატებინა. დირექტორმა ყურაშვილი ისე ახსენა, გაკვრით, რათა სოლომონისთვის ეგრძნობინებინა, საქმის კურსში ვარო, მოტივად კი ის გამოიყენა, რომ სკოლა სარემონტო იყო და ამ საქმეს გიგიაძის მამის დაუხმარებლად თავი არ მოებმებოდა.    სკოლას ირგვლივ დიდი ეზო ერტყა. წინ ნაძვნარი იყო, რომელსაც ჭიშკრიდან შენობის შესასვლელამდე მოკირწყლული ბილიკი გასდევდა, მარჯვნივ - კალათბურთის მოედანი, სადაც ყოველთვის ფეხბურთს თამაშობდნენ, უკან და მარცხნივ - ეგრეთ წოდებული „დამხმარე მეურნეობა“. აქ უმთავრესად კარტოფილი და სიმინდი მოჰყავდათ. შენობა ეზოს შუაგულში იდგა. სოლომონმა ნელა შეაღო მუხის დიდი, მძიმე კარი. სამივე სართულს ზუსტად ერთნაირი განლაგება ჰქონდა. შესასვლელთან, კიბის ძირას, ორი დერეფანი ემიჯნებოდა ერთმანეთს. ერთი - უფრო მოკლე - პირდაპირ მიდიოდა, მეორე - გრძელი და უფრო ნათელი - ხელმარცხნივ. მოკლე დერეფნების ბოლოში პირველ სართულზე ფიზკულტურის დარბაზი იყო, მეორეზე სამასწავლებლო და დირექტორისა და მისი მოადგილეების კაბინეტები, მესამეზე კლუბი. გრძელი დერეფნების ორსავ მხარეს, კედლებზე, ისეთ სიმაღლეზე, რომ მოწაფეები ვერ მისწვდომოდნენ, ეკიდა გამოჩენილ მწერალთა, მეცნიერთა, ხელოვანთა, სპორტსმენთა და პოლიტიკურ მოღვაწეთა პორტრეტები. ზოგი, განსაკუთრებით მნიშვნელოვანი პორტრეტი, სამივე სართულზე მეორდებოდა. პირველი სართულიდან მეორე და მესამე სართულზე ქვის კიბე ადიოდა, დამრეცი, დაბალსაფეხურიანი და სასიარულოდ მოხერხებული.    სოლომონი ქვის კიბეს შეუყვა. რამდენიმე საფეხური რომ აიარა, ზემოდან ჩქარი ნაბიჯით მომავალი ნუკრი ვაჩეიშვილი შეეფეთა, ფიზკულტურის მასწავლებელი და მთელი სკოლის მოსწავლეთა კერპი. ნუკრი ვაჩეიშვილმა მისალმების ნიშნად დიდი ხელი მსუბუქად შემოჰკრა მკლავზე, ბეჭის ძირას, და თვალებგაბრწყინებულმა უთხრა: - ნახე, ვერნისაჟამ რა სახინკლე გახსნა? თუმცა შენ სად ნახავდი! ერთი თქვენი რესტორანიცა და თქვენი კარგებიცო, თქვა და მიასნიკოვის და წულუკიძის კუთხეში სახინკლე გახსნა. ხომ იცი მერე, რა ჩალიჩა კაცია! თუმცა შენ საიდან გეცოდინება! ხინკალს აკეთებს, იმის დედა ვატირე! მიმიქარავს ჯოკონდას ღიმილი! ლუდიც მაგარი აქვს! ორმოცდაათი ცალი შევუკვეთე თორმეტი საათისთვის. ხომ არ წამოხვალ? თუმცა შენ რას წამოხვალ! ეს ყველაფერი ერთი ამოსუნთქვით თქვა და ისევ ისეთი სწრაფი, ენერგიული ნაბიჯით განაგრძო გზა.    ნუკრი ვაჩეიშვილი თავის დროზე მძიმეწონოსანი მოკრივე იყო და იმ თორმეტ წელს, რომლებიც აქტიურ სპორტს შესწირა, ყოველთვის მწარე სინანულით იგონედა, რადგან, როგორც თვითონ ამბობდა, მაშინ, როცა ისა და სხვა მისი მსგავსი მძიმეწონოსნები ორთქლის აბანოში იხარშებოდნენ და ოფლში ცურავდნენ, რათა ზედმეტი გრამები დაეკლოთ და მერე, რინგზე, უმიზეზოდ და უსასყიდლოდ თავ-პირს ამტვრევდნენ ერთმანეთს, დანარჩენი საზოგადოება არხეინად შეექცეოდა ხინკალს და ზედ ცივ ლუდს აყოლებდა. ამიტომ, ვეტერანებში გადაინაცვლა თუ არა, მტკიცედ გადაწყვიტა, ის გაცდენილი თორმეტი წელი აენაზღაურებინა და წინ წასულებს დასწეოდა, რისთვისაც ყოველ თავისუფალ წუთს სახინკლეში ატარებდა. მართლაც, არათუ დაეწია, მალე ყველა უკან მოიტოვა. ოღონდ იმის შიშით, რომ ამდენ ლუდსა და ხინკალს სპორტული აღნაგობისთვის არა ევნო რა, თითო კათხა ლუდში თითო ჭიქა არაყს ისხამდა ხოლმე. არავინ იცის, მართლა არაყი შველოდა თუ სხვა რამე საიდუმლო ჰქონდა, რომელსაც არ ამხელდა, ყოველ შემთხვევაში, ჯერჯერობით ქონის ნასახი არ დასტყობოდა, ძველებურად ხმელი იყო, გამართული და სპორტული. ბავშვებს ისე უყვარდათ, სულში იძვრენდნენ. ზოგჯერ ისტორიიდან ან მათემატიკიდან გამოპარულები, იმის მაგივრად, რომ კინოში წასულიყვნენ, მის გაკვეთილს ესწრებოდნენ. ასეთ სიყვარულს სერიოზული მიზეზები ჰქონდა: ჯერ ერთი, ნუკრი ვაჩეიშვილი ძველებურად ფლობდა კრივის ილეთებს და საიმოვნებითაც ასწავლიდა ბავშვებს, მეორე, თავისი სპორტული წარსულიდან ხალისით ყვებოდა ისეთ ეპიზოდებს, რომლებიც რინგს გარეთ, კულისებში, უფრო ზუსტად, სასტუმროს ნომრებში ან მივლინებაში მყოფი ქმრების სახლებში ხდებოდა, და მესამეც, მეტყველებაში არავითარ პირობითობას არა ცნობდა, თანამოსაუბრეებს არასოდეს ახარისხებდა სქესისა და ასაკის მიხედვით და ისეთ სიტყვებს ხმარობდა მეორე-მესამე კლასის მოსწავლეებთან, რომ ზოგი მათგანის მნიშვნელობის დადგენა სულხან-საბა ორბელიანის ლექსიკონშიც კი ჭირდა. სოლომონმა, კიბე რომ აათავა და მეორე სართულზე ავიდა, მარცხნივ, დერეფანში, ნატალია დავიდოვნას მოჰკრა თვალი და წამით შეჩერდა, მაგრამ მაშინვე ისევ განაგრძო გზა, რადგან ნატალია დავიდოვნამ, უფრო სწორად, ნატალია დავიდოვნას პიჯაკმა და ქვედა კაბამ, ერთი გაიელვა დერეფნის ბოლოში და მარჯვნივ გაუხვია.    იმ დღეს სოლომონს დილის ორი გაკვეთილი ჰქონდა, ერთი მეცხრე კლასში და ერთიც მეათეში, ამიტომ თერთმეტის ნახევარზე უკვე გათავისუფლდა და, რაკი ოთხ საათამდე თავისუფალი იყო, შინ წავიდა. არავითარი წინათგრძნობა არ გასჩენია. თუმცა, სანამ წავიდოდა, ერთი ისეთი ეპიზოდი მოხდა, რომ უფრო ფხიზელი და სკეპტიკური გონების კაცი იქნებ დაეჭვებულიყო კიდეც. სწორედ იმ დროს, როდესაც ლაბადის ღილების შეკვრა მოათავა და სამასწავლებლოდან გასვლა დააპირა, დირექტორმა თავისი კაბინეტიდან გამოსძახა: - სოლომონ!    სოლომონი შეჩერდა და სანახევროდ მიტრიალდა. დირექტორი მას ხან სოლომონს ეძახდა, ხან სოლომონ ბატონს. ისე კი მუდამ შენობით ელაპარაკებოდა. - არ დაიგვიანო, - უთხრა დირექტორმა, - ხომ იცი, განათლებიდან გვესწრებიან.     სოლომონმა უხმოდ დაუქნია თავი და სამასწავლებლოდენ გამოვიდა. ეს დამატებითი გაფრთხილება სრულიად ზედმეტი იყო, რადგან სოლომონს თუ რამე სწამდა, პირველ რიგში მოვალეობა სწამდა და, საცა კი ოდესმე გამოსაცხადებელი ყოფილა, ყველგან ყოველთვის დაუგვიანებლად გამოცხადებულა, მაგრამ მიუხედავად ამისა, დირექტორის ნათქვამს მაინც არ დაუეჭვებია. პედაგოგიური საბჭოს სხდომა ოთხი საათისთვის იყო დანიშნული. რა საკითხი უნდა განეხილათ, სოლომონმა არ იცოდა, რადგან დირექტორს დღის წესრიგი წინასწარ არ გამოუცხადებია. საკვირველი და დასაეჭვებელი არც ამაში ყოფილა რამე. თავისი ხანგრძლივი მასწავლებლობის მანძილზე სოლომონს ნაირ-ნაირი გარეგნობის, ნაირ-ნაირი ჭკუის, ნაირ-ნაირი ხასიათის დირექტორები ჰყავდა გამოცვლილი, მაგრამ, რაოდენ განსხვავებულიც არ უნდა ყოფილიყვნენ, ყველა მათგანს ჰქონდა რამდენიმე საერთო ნიშანი, რომლებიც, სოლომონის ვარაუდით, ცნება „დირექტორს“ ფორმას აძლევდა და კონკრეტულ სახეს ანიჭებდა. ერთი ამ ნიშანთაგანი იყო ერთგვარი არითმიის კანონი, რომელიც მოითხოვდა, რომ თანამშრომლები ზედმეტად არ შეჩვეოდნენ დირექტორს, როგორც მდინარის პირას დასახლებული კაცი ეჩვევა წყლის მონოტონურ დუდუნს და ვეღარც კი ამჩნევს, მდინარის პირას თუ ცხოვრობს. მდინარეს შეუძლია ფუფუნების ნება მისცეს თავს, დირექტორს კი ამის უფლება არა აქვს, ვინაიდან მისი ძალა, მდინარისაგან განსხვავებით, სწრაფწარმავალია და საყრდენი უმთავრესად გარეთა აქვს. ამიტომ იგი ხან აცხადებს წინასწარ პედსაბჭოს დღის წესრიგს და ხან არა. ახალბედა თანამშრომელს ხშირად აღიზიანებს დირექტორის ამგვარი ჩვევა, მასში უსამართლობას ხედავს და გულში ბუნტარული განწყობილებაც კი უჩნდება (რაც, როგორც წესი, გულის ფარგლებს არ სცილდება), მაგრამ მერე, კანონის ლოგიკას რომ იგრძნობს და მიზეზს დაინახავს, წყნარდება, რადგან ხელქვეითის გულისწყრომას იწვევს არა იმდენად უსამართლობა, რამდენადაც მოტივის უცოდინარობა. სოლომონის ამჟამინდელ დირექტორს, თუ მაინცდამაინც სასწორზე შეაგდებდით, კარგი უფრო ეთქმოდა, ვიდრე ცუდი. შესახედავად კარგი კი არა, მშვენიერი იყო: ახალგაზრდა, ლამაზი, ელეგანტური, მუდამ გამოწკეპილი, სუფთად გაპარსული და სუფთად დავარცხნილი, ლაღი, თამამი, დარდიმანდი. ისე შეგაყვარებდათ თავს, ვერც კი გაიგებდით, განათლების განყოფილებაშიც შინაურ კაცად ითვლებოდა. რაღაც ჭორები კი დადიოდა ვითომც მედლებითა და ატესტატებით ვაჭრობის თაობაზე, მაგრამ ასეთი ჭორები ვისზე აღარ დადის! ხალხის ლაპარაკს რომ ყური უგდო, შეიძლება ადამიანის სახსენებელი შეგძულდეს. სოლომონი აფასებდა დირექტორს და ზომიერების ფარგლებში პატივსაც სცემდა, თუმცა ერთხელ კინაღამ ჩხუბი მოუვიდათ. ეს ამბავი შარშანწინ მოხდა. დირექტორმა სულ სხვა საქმეზე დაიბარა და მერე, იმ საქმეს რომ მორჩა, სასხვათაშორისოდ პენსიაზე ჩამოუგდო სიტყვა. პენსიის ხსენებაზე სოლომონი ის იყო უნდა აფეთქებულიყო, მაგრამ დირექტორმა სწრაფად და სიცილ-სიცილით უკან წაიღო თავისი ნათქვამი, საიდანაც სოლომონმა ის დასკვნა გამოიტანა, რომ დირექტორი ან მართლა შემთხვევით შეეხო ამ საკითხს, ან, თუ გამიზნულად წამოიწყო, მაშინ დამარცხდა და აღიარა კიდეც თავისი დამარცხება. ძველ ბაღში სოლომონი კვლავ შეჩერდა, კვლავ ჩამოჯდა თავის ამოჩემებულ მერხზე აუზს, ქანდაკებასა და ესტრადას შუა და კვლავ მიაჩერდა ბებერ ხეებს, რომელთაც სიბერე დარბაისლურ სილამაზეს ანიჭებდა და რომლებიც გვიანი შემოდგომის ამ მოყვითალო დღეს უკანასკნელ ფოთლებს ეთხოვებოდნენ, მაგრამ ამის გამო ემსგავსებოდნენ არა გაძარცულებს, არამედ განწმენდილებს, ამიტომ ძველებურად ამაყად და მხნედ იდგნენ და მშვიდად, უდრტვინველად, დაჯერებულად უსწორებდნენ თვალს ზეცას. ეჭვი არ იყო, რომ ორი ათასი წლის დასასრულსაც ასე მხნედ შეხვდებოდნენ. სოლომონს თვითონაც უნდოდა ამ საოცარ წამს მოსწრებოდა. საერთოდ, სიცოცხლე უყვარდა და, რაც უფრო დიდხანს იცოცხლებდა, ის ერჩივნა, მაგრამ ახალი ათასწლეულის საკუთარი თვალით ნახვა განსაკუთრებული ნატვრა იყო, რომელსაც ვერავის უზიარებდა (რადგან არ იცოდა, რომ ამ დღეს ასეთივე გულისფანცქალით და თუმცა არაერთგვაროვანი, მაგრამ რაღაცის ერთნაირად გაურკვეველი, იდუმალი მოლოდინით მოელის ყველა - ურწმუნოც, მორწმუნეც და ცრუმორწმუნეც). სოლომონს იმედი ჰქონდა, რომ რაღაც მოხდებოდა. რა, არ იცოდა, ისე კი ხან გლობალურ წარღვნას წარმოიდგენდა, ხან გლობალურ განახლებას (რაც, შესაძლებელია, სულაც ერთი და იგივეა). როდესაც ამაზე ფიქრობდა, სოლომონი გონების თვალით ხედავდა ბუნდოვან კოსმიურ ძალას, რომელიც ცხოვრების მდინარეს კვლავ სათავეში აბრუნებდა და იმ მოუხელთებელ წამს, როცა ორი ათასი წელი უკვე დასრულდებოდა, ხოლო ორი ათას ერთი ჯერ კიდევ არ იქნებოდა დამდგარი, სამყარო ემგვანებოდა პირველი ხელმოცარვის შემდეგ ხელახლა მოზიდულ და გასატყორცნად გამზადებულ ისარს. ამ დროს სოლომონი აღარ იქნებოდა თავისი ოჯახის მამა, რომელსაც ოჯახში აღარაფერს ეკითხებიან, და თავისი მოსწავლეების მასწავლებელი, რომლის სიყვარულს არავინ იზიარებს. ეს იქნებოდა წამი, როცა ყველაფერი თავიდან იწყება, შეგიძლია შენი ცხოვრების გეზი ახალგაზრდობაშივე შეცვალო. მაგალითად, უარით გაისტუმრო შუამავალი ნათესავები და... ნატალია დავიდოვნა სოლომონის პატარა საიდუმლო იყო, საიდუმლო, რომლის არსებობა სოლომონის გარდა ქვეყნად არავინ იცოდა, მათ შორის არც ნატალია დავიდოვნამ. ეს ამბავი ოთხიოდე წლის წინ მოხდა. შუა აპრილი იდგა. ახლადგაღვიძებული ბუნება განახლების მწვანე სისხლად ჩაგუბებულიყო ხეთა ფოთლებსა და კვირტებში, იქიდან დამათრობელ სურნელად ჟონავდა და ქალაქს სიმსუბუქისა და სტიქიური აღორძინების მაცდურ ქსელში ხვევდა, რომელიც მიზიდულობის ძალას ფეხისგულებში უღიტინებდა და საამოდ აფორიაქებდა. ნათელი დილა იდგა. მზე ახალი ამოსული იყო და აპრილის ხასხასა ფერებში გახვეული მისი სხივები ჰაერში ნეტარებით ცახცახებდნენ. სოლომონს, ჩვეულებისამებრ, ხელები ზურგსუკან დაეწყო და გაზაფხულის მძაფრი სუნთქვით ოდნავ გაბრუებული და ოდნავ მოთენთილი, დინჯად მიიკვლევდა გზას იასამნის სურნელოვან ბურუსში. იმ ქუჩაზე რომ გადაუხვია, რომელიც ბოლოში სკოლის ჩიხს უერთდებოდა, უეცრად წინ მიმავალი ნატალია დავიდოვნა დაინახა. მიუხედავად ამისა, რომ ჯერ კიდევ გვარიანად გრილოდა, ნატალია დავიდოვნას თხელი, უმკლავებო კაბა ეცვა, ერთიანი და მწვანე ფოთლებით მოხატული. ეტყობა, სწორედ გაზაფხულის ბრალი იყო, რომ სოლომონს წამით თავბრუ დაეხვა და სამყარო უეცრად იქცა უსასრულო და ცარიელ სივრცედ. და ამ ცარიელ სივრცეში მხოლოდ ნატალია დავიდოვნა მოჩანდა, სავსე და მკვრივი, როგორც ბადრი მთვარე, მწვანეფოთლებიან კაბაში გამოწყობილი და არაამქვეყნიურად მშვენიერი. ნატალია დავიდოვნა თავად იღვრებოდა გაზაფხულის უცხო სილამაზედ, საკუთარი არსების ხატს, ნატალია დავიდოვნათა უსხეულო და უხილავ წყებას, სინათლის ტალღებად ასხივებდა ოთხსავ მხარეს, საკუთარი არსების წარმტაც სილამაზეში ახვევდა ყოველივეს და გაზაფხულის ნათელი და დამათრობელი ნეტარებაც სწორედ ეს იყო. საბედნიეროდ, ხილვა დიდხანს არ გაგრძელებულა და სოლომონი მალევე მოეგო გონს. ისა და ნატალია დავიდოვნა მხოლოდ სალმით იცნობდნენ ერთმანეთს. ზოგჯერ, ვთქვათ, ახალი სასწავლო წლის დადგომისას, როდესაც მასწავლებლებს დიდი ხანია ერთმანეთი არ ენახათ, თანახმად ურთიერთობათა კოდექსის მოთხოვნისა, სალამს თავაზიანი „როგორ ბრძანდებით - გმადლობთ, კარგად - თქვენ როგორ“ მოჰყვებოდა, ამაზე შორს კი საქმე არასოდეს წასულა. ამიტომ, როგორც კი სოლომონი გონს მოეგო, შიში და შვება თითქმის ერთდროულად იგრძნო. შიში იმისა, რომ შეიძლებოდა ასე შორიდან კი არ დაენახა, არამედ შეჰფეთებოდა, და შვება იმისა, რომ, მადლობა ღმერთს, არ შეჰფეთებია. რომ შეჰფეთებოდა, კარგა მოზრდილი მონაკვეთი მასთან ერთად უნდა გაევლო, სოლომონმა კი არ იცოდა, რაზე ელაპარაკა, რადგან ნაცნობობის ფორმათა შორის ყველაზე მძიმე ის არის, როდესაც ადამიანს ხანგრძლივი დროის განმავლობაში ყოველდღე ხვდები, მაგრამ ეს შეხვედრები არასოდეს ოფიციალური მისალმების ჩარჩოს არ გასცდენია და მუდამ ერთი და იმავე სარიტუალო ფორმულის გამეორებას წარმოადგენს. ეს კი ურთიერთობას არათუ აღარ აღრმავებს და ავითარებს, სიცოცხლის იმ პატარა ნიშანსაც აცლის, რაც თავიდან ჰქონდა, და უაზრო ჩვევად აქცევს, გახევებულ წესად, ერთგვარ მაგნიტურ კარად, რომელიც ჩვენი მიახლოებისას ავტომატურად იღება და, როგორც კი გავივლით, ასევე ავტომატურად იხურება. ასეთი ნაცნობობა ფრიად სახიფათო რამ არის, რადგან ყოველ წუთასაა მოსალოდნელი, რომ ცხოვრების ჭირვეულმა ხლართებმა ისეთ დროს შეგვყაროს მარტო, როცა თავის დაკვრის მშრალი რიტუალი საკმარისი არ იქნება და ვითარება საუბრის გაბმას მოგვთხოვს, საუბრის გაბმა კი მით უფრო ძნელია, რაც უფრო ხანგრძლივი იყო ურთიერთობა მკვდარი ფორმულის გაქვავებულ ფარგლებში. ამიტომ სოლომონი, თუმცა ეს განწყობილების ქაოტური ბრუნვა იყო და არა გამოკვეთილი აზრი, გულში მადლობას სწირავდა უფალს, რომ მასა და ნატალია დავიდოვნას შორის საპატიო მანძილი იდო და ეს მანძილი, მათი სიარულის ტემპის სხვადასხვაობის გამო, კიდევ უფრო იზრდებოდა. სოლომონს გაცილებით ერჩივნა, ასე დინჯად მიჰყოლოდა შორიახლო და ასე დარბაისლურად ემზირა ნატალია დავიდოვნას სრული, მაგრამ ჯერ კიდევ მოქნილი და მოხდენილი სხეულისათვის, რადგან ეს საამოც იყო და არც არაფერს ავალდებულებდა. მაგრამ მოულოდნელად ნატალია დავიდოვნა შეჩერდა, ჩანთა, რომელიც აქამდე მარჯვენა ხელში ეჭირა, მარცხენაში გადაინაცვლა, გახსნა და შიგ რაღაცას დაუწყო ძებნა. სოლომონი შეკრთა, მაგრამ შეშფოთებით არ შეშფოთებულა: მანძილი დიდი იყო და იმედი ჰქონდა, რომ, სანამ ეს მანძილი იმ ზომამდე შემცირდებოდა, რომლის იქითაც უკვე ხიფათია მოსალოდნელი, ნატალია დავიდოვნა იპოვიდა, რასაც ეძებდა, და გზას განაგრძობდა. ეს იმედი (თუ მანძილს გავითვალისწინებთ, სავსებით საფუძვლიანი) ერთხანს მხნედ მიუძღოდა წინ, მაგრამ მალე დნობა დაიწყო, რადგან მანძილი თანდათან მოკლდებოდა, ნატალია დავიდოვნა კი ჯერ კიდევ საქმიანად ჩხრეკდა ჩანთას. სოლომონს მღელვარება მოეძალა, გულში შიშმა თვალი გაახილა, კანის ფორებში ოფლის წვეთები შეირხნენ და ასაგორებლად მოემზადნენ. თუ ნახევარ წუთში ნატალია დავიდოვნა ვერ იპოვიდა, რასაც ეძებდა (ასეთს რას ეძებდა?), ადვილი შესაძლებელია, მერე უკვე გვიანი ყოფილიყო. ნაბიჯის შემდგომი შენელება სოლომონს აღარ შეეძლო, ვინაიდან ეს უკვე მოძრაობის სრული შეწყვეტა იქნებოდა, ამას კი ვერ გაბედავდა: რომ გაჩერებულიყო, ისეთი სურათი წარმოიქმნებოდა, არ შეიძლებოდა გამვლელებს საეჭვოდ არ მოსჩვენებოდათ, და გარდა ამისა, ერთიც ვნახოთ და, ნატალია დავიდოვნას მოეხედა, ხომ მთლად სულელურ ვითარებაში უნდა აღმოჩენილიყო, რომელსაც ვეღარაფრით ვეღარ გაამართლებდა. და სოლომონმა გზა განაგრძო. როდესაც მანძილი სულ რამდენიმე ნაბიჯამდე შემცირდა, უეცრად ნატალია დავიდოვნას შიშველ მკლავებზე ხორკლი დაინახა. ამ სანახაობამ რაღაც უცხო, მაგრამ ტკბილი და გამაბრუებელი გრძნობა აამოძრავა და მღელვარებამ სხვა ძალით და სხვა მხრიდან შემოუტია. ეს თეთრი, მკვრივი და ალბათ გრილი მკლავი წამით თითქოს სოლომონის სულის სარკისებურ ზედაპირს შეეხო და თავისი ხორკლის შესაბამისად დაკეჭნა. სოლომონს ტანში ჟრუანტელმა დაუარა. ამასობაში ის უკანასკნელი რამდენიმე ნაბიჯიც ამოიწურა და დადგა გარდაუვალი და გადამწყვეტი ჟამი, როცა სოლომონი მისალმების ფორმულის შემდეგ ჩვეულებისამებრ ვეღარ განაგრძობდა გზას, იძულებული გახდებოდა შეჩერებულიყო და ამით ერთგვარი შესავალი გაეკეთებინა იმ საუბრისათვის, რომლის გაბმასაც ვერ მოახერხებდა. მაგრამ ხსნა არსაით იყო და სოლომონი შეჩერდა. - დილა მშვიდობისა, ნატალია დავიდოვნა! - აა, ბატონო სოლომონ! - შემოსცინა ნატალია დავიდოვნამ, - დილა მშვიდობისა! - და (ეს საქციელი სოლომონისთვის გაუგებარი დარჩა) მაშინვე დაანება თავი იმის ძებნას, რასაც ეძებდა, ჩანთა დახურა და ისევ მარჯვენა ხელში დაიჭირა.    სოლომონმა ერთი პირობა დააპირა ეკითხა, ხომ არაფერი დაკარგეთო, მაგრამ წამსვე უარყო ეს განზრახვა, რადგან მოეჩვენა, რომ ეს სხვის პირად საქმეში უადგილო და უტაქტო ჩარევა იქნებოდა, და გარდა ამისა, რა იცი, რას ეძებდა.    ახლა ისინი ერთად, წყვილად მიარღვევდნენ იასამნის სურნელის მსუბუქ ბურუსს და დუმდნენ. ხორკლებიც რომ არ ჰქონოდა ნატალია დავიდოვნას გრილ მკლავებზე, სოლომონს მაინც გაუჭირდებოდა საუბ-რის გაბმა, მაგრამ ხორკლები (თუმცა ალბათ იმაზე მეტს აბრალებდა, ვიდრე იმსახურებდა) მართლა ძალიან უშლიდა.    რაკი ნატალია დავიდოვნას გახსნილი ჩანთა საუბრის ამოსავალ წერტილად არ გამოდგა, სოლომონმა სხვა თემებს დაუწყო ძებნა და ვერ იპოვა. უფრო სწორად, პოვნით კი იპოვა - სათქმელის მეტი რა იყო - მაგრამ ისეთი ვერ იპოვა, რომ თქმად ღირებულიყო. მაგალითად, განა სისულელე არ იქნებოდა, ეთქვა: „რა საამური დილაა არა, ნატალია დავიდოვნა?“ როცა ნატალია დავიდოვნა თავადაც მშვენივრად ხედავდა, რომ საამური დილა იყო. ან იმის კითხვას რა აზრი ჰქონდა, დღეს რომელ კლასში გაქვს პირველი გაკვეთილიო. სულ ერთი არ არის, რომელ კლასში აქვს ადამიანს პირველი გაკვეთილი? სოლომონმა ნატალია დავიდოვნას პირადი ბიოგრაფიიდანაც იცოდა ზოგი რამ, მაგალითად ის, რომ ნატალია დავიდოვნა ქვრივი იყო, რომ ქმარი დიდი ხნის წინ გარდაცვლოდა, რომ შვილი არ დარჩენოდა, რომ მოხუც დედასთან ერთად ცხოვრობდა სადღაც, აქვე, სკოლის მახლობლად. მაგრამ საუბრისთვის ეს ცნობები გამოუსადეგარი აღმოჩნდა. რაც იცოდა, იმას ხომ არ გამოიკითხავდა? და რაც არ იცოდა... „დედათქვენი რამდენი წლისაა, ნატალია დავიდოვნა?“ სულელური ცნობისმოყვარეობაა და მეტი არაფერი. ან დაქვრივების დროსა და გარემოებაზე ხომ ვერ ჩამოუგდებდა სიტყვას! ჯერ ერთი, რა შენი საქმეა, და მეორეც, ასეთ თემაზე ლაპარაკი ქალმა შეიძლება რაღაცის ქარაგმად მიიღოს და მთლად აირ-დაირიოს ყველაფერი. ახლა ისინი იასამნის სურნელის მსუბუქი ბურუსის გარდა სიჩუმის მძიმე ტალღებსაც მიარღვევდნენ.    უცებ სოლომონის თვალწინ (არა გადატანითი მნიშვნელობით, არამედ პირდაპირი მნიშვნელობით თვალწინ, ზუსტად წარბების სიმაღლეზე, ერთი ხელის დადების მოშორებით, იმდენად ნათლად, რომ ალბათ გარეშესაც თავისუფლად შეეძლო დაენახა) გაჩნდა სიტყვები, წვრილი, იისფერი მელნით დაწერილი სტრიქონი: „ნაპოლეონმა გარდმოავლო თვალი ფრანციას“. სოლომონი თავის თავს შემოსწყრა, რა დროს ფრანციააო, წარმოსახვის ძალით მარჯვენა ხელი ასწია, სტრიქონი ორი თითით აიღო და ტროტუარზე მოისროლა, მაგრამ სტრიქონი ჭიაყელასავით დაიკლაკნა, ასხმარტალდა, მერე რაღაც მანქანებით ჰაერში აიჭრა და ისევ ისე გამაღიზიანებლად და გამომწვევად გაიშალა წარბების სიმაღლეზე. ეს სტრიქონი მოსწავლეებს რატომღაც სასაცილო ეჩვენებოდათ, სოლომონი ამას საგნის უპატივცემულობად თვლიდა და ბრაზობდა, თან ცდილობდა, თვითონაც მოსწავლეების თვალით შეეხედა, რათა მიმხვდარიყო, მართლა იყო ამაში რამე სასაცილო თუ არა. სიჩუმე კი ამასობაში მძიმე ლოდად იქცა და, ვიდრე ამ ლოდის შესაკავებლად (ნაპოლეონმა გარდმოავლო თვალი ფრანციას) კაპიტალურ ბოძებს დაამზადებდა, მანამ რომ დროებით საყრდენი მაინც შეედგა (ნაპოლეონმა გარდმოავლო თვალი ფრანციას), თქვა: - სხვა, როგორ ბრძანდებით, ნატალია დავიდოვნა? - გმადლობთ, არა მიშავს, - გაიღიმა (რაზე გაიღიმა?) ნატალია დავიდოვნამ, - თქვენ როგორ გიკითხოთ? - გახლავართ ასე, გვარიანად. ნატალია დავიოდვნა, გვარად ჯორჯაძე, დედითაც და მამითაც ქართველი იყო, მაგრამ ბავშვობა და ახალგაზრდობა რუსეთში გაატარა და თუმცა ქართული ჩინებულად იცოდა (ამით ცოტ-ცოტას ამაყობდა კიდეც), ოდნავი, ძლივშესამჩნევი აქცენტი მაინც დაჰკრავდა, რაც მოწაფეებს სავსებით ჰყოფნიდათ საიმისოდ, რომ ათასი მაიმუნობა მოეგონებინათ, სოლომონს კი მიაჩნდა, რომ ეს ოდნავი აქცენტი, რომელიც თითქოს ნაზ, უცხო, ნახევრად გამჭვირვალე ქსოვილად ერტყა ირგვლივ (და ყოველდღიურობიდან გაქცევის სავსებით ადამიანურ ოცნებას რაღაც დამატებით საზრდოს აძლევდა), საყვარელი მიამიტობის გარდა, ძნელად განსასაზღვრ, მაგრამ ღრმა შინაგან მომხიბლაობას ანიჭებდა.    სოლომონი ერთბაშად მიხვდა, რომ საუბრის გაბმის საუკეთესო საშუალება გაუშვა ხელიდან. მართლაცდა, რა უნდა იყოს იმაზე ჩვეულებრივი და ბუნებრივი, ადამიანს ჰკითხო, ხომ არაფერი დაგიკარგავსო, როცა ხედავ, რომ ჩანთა გაუხსნია და შიგ რაღაცას ეძებს. ახლა ცხადზე უცხადესი იყო, რომ არავითარი უხერხულობა ამ შეკითხვას არ ახლდა, პირიქით, მოვალეც იყო ეკითხა. „დილა მშვიდობისა, ნატალია დავიდოვნა! რამე დაკარგეთ?“ „აა, დილა მშვიდობისა, ბატონო სოლომონ! დიახ... მგონი, გასაღები დამრჩა სახლში“. „ოჰ, რას ბრძანებთ! ეს როგორ დაგემართათ! მერედა, დედათქვენი შინ არ არის?“ „შინ არის, მაგრამ მამიდაჩემთან აპირებდა წასვლას და ვაითუ ჩემს იმედად იყოს და თავისი გასაღები თან არ წაიღოს“. „ეს ვერ იქნება კარგი საქმე... იცით რა? როგორც კი მივალთ სკოლაში, მაშინვე უნდა დაურეკოთ. გაქვთ ტელეფონი?“ „ეგ კარგი მითხარით. სწორედ ასე ვიზამ. ჩვენ არა გვაქვს, მაგრამ მეზობელთან შემიძლია დავრეკო“. „თუ დაირეკა (ირონიული ღიმილი)... ხომ მოგეხსენებათ ჩვენი ტელეფონების ამბავი... თუ არადა (მხნე კილო), შესვენებაზეც მოასწრებთ გადარბენას. მგონი, სადღაც ახლო ცხოვრობთ“. „დიახ, აქვე ვცხოვრობ, კუთხეში. თავისუფლად მოვასწრებ შესვენებაზე გადარბენას“. და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. მაგრამ უკვე გვიანი იყო. ახლა რომ ეკითხა, წეღან რომ ჩანთაში რაღაცას ეძებდით, რას ეძებდით, ხომ არაფერი დაგიკარგავთო, ამ კითხვას უკვე დაინტერესების სუნი აუვიდოდა და ამიტომ საეჭვოც იქნებოდა და სულელურიც. და იმ დროს, როცა ბეჭებში ჭირის ოფლის მანქანა სრული ძალით ამუშავდა, ნაპოლეონმა უკანასკნელად გარდმოავლო თვალი ფრანციას და მისი ადგილი (საიდან სადაო!) ჯემს უატმა დაიჭირა, ოღონდ სოლომონმა ვერ მოიგონა, ჯემს უატი და პოლზუნოვი სხვადასხვა პიროვნება იყო თუ ერთი და იმავე პიროვნების სხვადასხვა გვარი, ნატალია დავიდოვნას კი ამას ვერ ჰკითხავდა, რადგან შეიძლება არ სცოდნოდა და უხერხულ მდგომარეობაში ჩავარდნილიყო, ხოლო საერთო ნაცნობი, რომელიც უეჭველად წაგადგება თავს, როცა არაფერში გჭირდება, როცა გულით ნატრობ, არასოდეს გამოჩნდება. იმ დღეს სოლომონი, საკუთარ თავზე ისე გაბრაზებული, როგორც სხვაზე გავბრაზდებით ხოლმე, მთელი დღე (განსაკუთრებით კი ღამე) გუნებამოშხამული იყო, მაგრამ მეორე დილით, როდესაც დერეფანში შეხვდა ნატალია დავიდოვნას, რომელმაც ის იყო გაკვეთილი დაამთავრა და, მოწაფეებთან ნაომარი, სახეაწითლებული გამოვიდა საკლასო ოთახიდან, უეცრად ნათლად იგრძნო, რომ, მიუხედავად სამარცხვინო დუმილისა, მიუხედავად ნაპოლეონისა და ჯემს უატისა, გუშინდელ შეხვედრასა და ათიოდე წუთის უბრად, მაგრამ გვერდიგვერდ სიარულს (მკლავებზე ნატალია დავიდოვნას სიგრილის ხორკლები ეყარა) მისალმების გახევებული და გამომშრალი ფორმულისათვის თითქოს სასიცოცხლო ნამი ეპკურებინა და ურთიერთობაში ახალი (თუმცაღა ჯერ კიდევ სუსტი) ძაფი გაება. მაგრამ სოლომონის საიდუმლო ეს არ ყოფილა.    სოლომონის საიდუმლო ის იყო, რომ ერთხელ ნატალია დავიდოვნას შინ ეწვია. ამ ამბის შემდეგ წელიწადზე მეტი გავიდა, ცხოვრება კვლავ ძველ, პირობითობის ფორმალურ კალაპოტს დაუბრუნდა და ურთიერთობის დამატებითი ძაფი, რაკი საყრდენი ვერ იპოვა და გვერდით სხვა, ახალი ძაფები ვეღარ დაიგულა, ისევ გაწყდა.    მაგრამ ერთხელ, როდესაც სოლომონი, რომელსაც იმ დღეს თერთმეტის ნახევრიდან მოყოლებული ზედიზედ სამი გაკვეთილი ჰქონდა, სკოლაში მივიდა, აღმოჩნდა, რომ იმ სამი გაკვეთილიდან პირველი უცდებოდა, რადგან ქალაქში ვიღაც საპატიო სტუმრები ჩამოსულიყვნენ და განათლების განყოფილების განკარგულებით მთელი სკოლის ბავშვები დილაადრიან შესახვედრად წაელალათ. მომდევნო გაკვეთილამდე ერთი საათიღა იყო დარჩენილი და, რაკი შინ წასვლას აზრი არ ჰქონდა, სოლომონი ეზოში ჩავიდა, ნაძვნარში მერხზე დაჯდა, ფიქრებში ჩაიძირა და მალე თვლემაც წამოეპარა. სწორედ ამ დროს მოესმა ნატალია დავიდოვნას ხმა: - თქვენც გაგიცდათ გაკვეთილი, ბატონო სოლომონ?    ნატალია დავიდოვნას სირინოზის ხმა ჰქონდა (რაც ვარაუდი უფრო იყო, ვინაიდან სოლომონს სირინოზის ხმა არასოდეს გაეგონა). - დიახ, - გამოფხიზლდა სოლომონი და ზეზე წამოდგა, - მოვედი და არავინ დამხვდა, მეოთხე გაკვეთილისთვის დაბრუნდებიანო, დირექტორმა. - მესამისთვის უნდა დაბრუნებულიყვნენ, - თქვა ნატალია დავიდოვნამ, - მე ორი გაკვეთილი უკვე გამიცდა. მესამისთვის დაბრუნდებიანო, მითხრეს და მოვედი, მაგრამ არ დაბრუნებულან და ესეც მიცდება. - რას იზამთ, - უადგილოდ დაამშვიდა სოლომონმა. - მთელი საათი აქ უნდა ელოდოთ? - ჰკითხა ნატალია დავიდოვნამ და, როცა პასუხად სოლომონმა დინჯად და უხმოდ აიჩეჩა მხრები, დაუმატა, - იცით, ჩემთან წამობრძანდით, იქ უკეთ დაისვენებთ. თან დედაჩემი საუცხოო ჩაით გაგვიმასპინძლდება.    ეს იმდენად მოულოდნელი იყო, რომ, სანამ სოლომონი გაარკვევდა, თუ რატომ შედგებოდა ის ელდა, რომელმაც მთელი მისი არსება შეარყია, ერთმანეთში გადახლართული შიშისა და სიხარულისაგან, ალბათ, წუთზე მეტი გავიდა. შემდეგ, როდესაც ბურუსი გაიფანტა და ნაძვები, ეზო, სკოლა და ნატალია დავიდოვნა კვლავ თავთავიანთ ადგილს დაუბრუნდნენ, სოლომონის არსების რომელიღაც ნაწილმა, რომელიც ძალიან ფხიზელი და ძალიან გონიერი იყო, უარის თქმა დააპირა, რადგან, თუმცა დათანხმებაში არაფერი ისეთი არ იქნებოდა, რაც მორალური საზომით უნდა გაზომილიყო, რაღაც მოუხელთებელი კავშირით მაინც მორალს უკავშირდებოდა, მაგრამ სიხარულმა, უფრო სწორად, უცნაურმა გაბრუებამ, რომელიც, როცა დაიწმინდებოდა და საბოლოო სახეს მიიღებდა, არავინ იცის, სიხარული იქნებოდა თუ არა, იძალა, სიფხიზლე და გონიერება ბნელ ხაროში გამოამწყვდია და საბოლოოდ, მთელი ამ შინაგანი ბრძოლის შემდეგ, სოლომონმა ასეთი მერყევი გადაწყვეტილება მიიღო: - გმადლობთ, ნატალია დავიდოვნა, მაგრამ... უხერხულია... ვაითუ დედათქვენი შევაწუხო... - არა, რას ბრძანებთ! პირიქით, დედაჩემს ძალიან გაეხარდება. სტუმარი ჩვენთვის დღესასწაულია. ჩვენ ხომ აქ სულ მარტონი ვართ. არც ნათესავები გვყავს და არც ახლობლები.    სოლომონმა კინაღამ ჰკითხა, როგორ, მამიდაო? კიდევ კარგი, უკანასკნელ წამს გაახსენდა, რომ ეს მამიდა მისი შარშანდელი ფანტაზიის ნაყოფი იყო. მაშინ ცოტა კიდევ, ამჯერად წმინდა ფორმალური თავაზიანობის გამო, იყოყმანა და, როცა ნატალია დავიდოვნამ ეს ყოყმანიც იოლად გაუფანტა, მორჩილად წაჰყვა. საუბრის გაბმასთან დაკავშირებული გაჭირვება ამჯერად აღარ დადგომია, მეტიც: ერთი-ორჯერ სავსებით ბუნებრივი და საჭირო ფრაზაც მოუვიდა თავში, მაგრამ რად გინდა - ნატალია დავიდოვნას სწრაფი და უპაუზო ლაპარაკის მდინარეში, რომელიც სახლამდე სულ ჩუხჩუხით, შეუწყვეტლად დიოდა, ადგილი ვერ მოძებნა, რომ ჩაემატებინა. ნატალია დავიდოვნა ლაპარაკობდა თავის თავზე, დედაზე, ჩაის დაყენების მრავალრიცხოვან მეთოდზე, რასაც დედამისი ჩინებულად ფლობდა, რუსეთზე, სადაც ჰავა შედარებით მშრალია და ამიტომ ზამთრის სიცივეც ნაკლებშემაწუხებელია, სამოვარზე, მოწაფეებზე, რომლებიც ძალიან ანცები არიან, მაგრამ, ანცები რომ არ იყვნენ, არც ასეთი საყვარლები იქნებოდნენ, და კიდევ ათას რამეზე.    ნატალია დავიდოვნას დედას სოლომონის სტუმრობა მართლა გაეხარდა. ამ სიხარულს ხშირ-ხშირად ამჟღავნებდა, ხან ქართულად და ხან რუსულად. დედა-შვილი ვიწროდ ცხოვრობდა, ერთ პატარა ოთახში. სამაგიეროდ ოთახი ვრცელ აივანზე გადიოდა, საიდანაც ლამაზი ხედი იშლებოდა. ჩაი სწორედ ამ აივანზე დალიეს და მართლა დიდებული რამ იყო. ნატალია დავიდოვნა სწრაფად, პატარა გოგასავით მიდი-მოდიოდა და სუფრა უცებ და ლამაზად გაშალა. დედამისი ჩინებული ქალი გამოდგა. მართალია, სოლომონს ერთთავად საოპერო მუსიკაზე ელაპარაკებოდა, რაც სოლომონის მრავალრიცხოვან აქილევსის ქუსლთა შორის შესაძლოა ყველაზე სუსტი ქუსლი იყო, მაგრამ ნატალია დავიდოვნას დედა როგორღაც ისე ახერხებდა ამ თემაზე საუბარს, რომ სოლომონს არც ერთხელ თავისი უვიცობა არ უგრძვნია და ჭირის ოფლის მოწმენდა არ დასჭირვებია. საბოლოოდ ისე მოიხიბლა, რომ, როდესაც წასვლის მწუხარე ჟამმა დაჰკრა (გულახდილად უნდა ითქვას, სოლომონს წასვლა უკვე აღარ უნდოდა), რაღაც უცხო და გაუგებარი ელექტრობიძგის წყალობით, გამოთხოვებისას ნატალია დავიდოვნას დედას (ნატალია დავიდოვნას არა) ხელზე აკოცა.    იმ დღეს სოლომონს ზეაწეული განწყობა არ მოშორებია და ამიტომ ერთთავად იმის ცდაში იყო, სადავე მუდამ მოზიდული ჰქონოდა და თავი ნებაზე არ მიეშვა, რათა ისე არ ამჩატებულიყო, რომ მისი ქცევა სასაცილო და საეჭვო გამოჩენილიყო. განსაკუთრებით სახლში ფრთხილობდა. შინ დაბრუნებულმა ასმათის დანახვაზე უეცრად იგრძნო, რომ მისი იდუმალი ვიზიტი იყო არა უწყინარი თვითნებობა, როგორც აქამდე ეგონა, არამედ ღალატი (მრისხანე სიტყვაა, მაგრამ ვინ იცის, იქნებ არც შემცდარა. ბოლოს და ბოლოს, ღალატი მარტო ის ხომ არ არის, რაც ღალატია! ალბათ ისიც ღალატია, სხვასთან რომ უკეთ გრძნობ კაცი თავს, ვიდრე საკუთარ ცოლთან!).    ამის შემდეგ, თუმცა სოლომონისა და ნატალია დავიდოვნას შეხვედრები კვლავ ოფიციალური და თავაზიანი მისალმების ჩვეულებრივ კალაპოტში ჩადგა, სოლომონს ყოველთვის ისეთი გრძნობა ჰქონდა, თითქოს, მისალმებისას რომ ერთმანეთს გაუღიმებდნენ, მათი ღიმილის უკან რაღაც საიდუმლო იმალებოდა, სხვათათვის გაუგებარი და მხოლოდ მათთვის ცნობილი, შორეული, მაგრამ მთრთოლვარე და რომანტიკული საიდუმლო, და ძველ ბაღშიც სოლომონის ფიქრთა მჭიდრო ქარავანი დროდადრო გაიშლებოდა და თავისუფალ ადგილებში, რომლებიც ამ გაშლის შედეგად ჩნდებოდა, უხმაუროდ, ფრთხილად, შეკავებული მღელვარებით, როგორც იდუმალ და სახიფათო პაემანზე მიმავალი ქალი, შემოდიოდა ნატალია დავიდოვნა. შემოდიოდა და არა მხოლოდ ბუნებრივად და ლამაზად ეხამებოდა მისთვის ამ ახალ და უჩვევ ად-გილს, არამედ ქარავანის თავდაპირველ სიმძიმეში სიმსუბუქე, სიხალისე და უცხო სიცოცხლე შემოჰქონდა. ასეთ დროს სოლომონს ზოგჯერ ახალგაზრდობა მოაგონდებოდა და (სულო ცოდვილო!) წარმოიდგენდა, ვითომ მანამ, სანამ სულწასული ნათესავები ცოლს შერთავდნენ, შეხვდა ნატალია დავიდოვნას, რის გამოც ცხოვრება სულ სხვა გზით წავიდა და სამყარომ სულ სხვა სახე მიიღო. კერძოდ, რა გზით წავიდა და რა სახე მიიღო, ამას სოლომონის ფიქრები აღარ აზუსტებდნენ, რადგან ფიქრებს ბალღამივით უკან მიჰყვებოდა დანაშაულის გრძნობა, რომელიც წარმოდგენას ზედმეტად ფრთების გაშლის ნებას არ აძლევდა. შინიდან რომ წამოვიდა და კვლავ ბაღში შეუხვია (დღეს უკვე მესამედ), სოლომონი ამჯერად თავის საყვარელ მერხზე აღარ დამჯდარა, შეუჩერებლივ, ოღონდ ჩვეული დინჯი და დარბაისლური ნაბიჯით, ჩაუარა ძველ აუზს, ძველ ესტრადას, ძველ ქანდაკებას, ბაღს გასცდა და სკოლის გზას დაადგა. როდესაც სამასწავლებლოში შევიდა და ლაბადის გახდა დაიწყო, ოთხს ჯერ კიდევ ათი წუთი აკლდა.    სხდომაზე მოწვეულთაგან ნაწილი, უმთავრესად ისინი, ვისაც გვიანობამდე ჰქონდა გაკვეთილები და ამიტომ შინ წასვლა ვეღარ მოასწრეს, სამასწავლებლოში ტრიალებდა. ბესარიონ ჭედია კუთხეში თავის მაგიდას უჯდა და, როგორც ყოველთვის, გამალებული ფხაჭუნით წერდა რაღაცას. ბატონი დიმიტრი ფანჯარასთან იდგა, ხელები მკერდზე დაეკრიბა, სივრცეს გასცქეროდა და ფიქრებში წასულიყო. ალბათ შვილებზე ფიქრობდა. ბატონ დიმიტრის ორი სახელოვანი ვაჟი ჰყავდა, რომლებიც თბილისში ცხოვრობდნენ. ერთი მწერალი იყო, მეორე - საზოგადო მოღვაწე, და ორივე მაღალ და თბილ თანამდებობაზე მუშაობდა, რაც მამას საშუალებას აძლევდა, თავი იოლად არავისთვის გაეყადრებინა, დირექტორის მოადგილეები არად ჩაეგდო და ზოგჯერ თვით დირექტორისთვისაც კი თამამად შეებრუნებინა სიტყვა, რისთვისაც მხოლოდ ათასში ერთხელ თუ დასჭირდებოდა იმის ხმამაღლა თქმა, ვინ იყვნენ და რას წარმოადგენდნენ მისი ვაჟები. კატო მასწავლებელი, ჭაღარა და სანდომიანი, მშვიდი, საყვარელი ქალი, რომელიც დაწყებით კლასებს ასწავლიდა, სხდომის მოლოდინში დროს არ აცდენდა და თავისი ციცქნა მოწაფეების რვეულებს ჩაჰკირკიტებდა. ერთი გამოსვლა ეთერ გვალია გამოვიდა თავისი კაბინეტიდან და დირექტორის კაბინეტისაკენ გაეშურა, მაგრამ შუა გზაზე შეჩერდა, ცოტა ხანს ადგილზე იწრიალა და უკანვე დაბრუნდა, ეტყობა, დირექტორთან შესასვლელად დამაჯერებელი მიზეზი ვერ მოძებნა.    მალე ისინიც მოგროვდნენ, ვისაც შინ წასვლა და დასვენება მოესწრო. მათ შორის პირველი მოვიდა ნესტან ვაჩეიშვილი, ნუკრი ვაჩეიშვილის ალალი ბიძაშვილი, ქიმიის მასწავლებელი და მთელ სკოლაში (ზოგიერთების აზრით, მთელ ქალაქშიც) ულამაზესი ქალი, მაღალი, თხელი, ქანდაკებასავით ჩამოსხმული. შავი, სწორი თმა, რომელიც ისე ჰქონდა დავარცხნილი, რომ სანახევროდ ლოყებსაც უფარავდა, მხრებზე სცემდა. თვალ-წარბიც შავი ჰქონდა, ცხვირი - თხელი და სწორი, სახის ოვალი - მკაფიო და ნატიფი, მაღალი ყელი, მაღალი მკერდი, მაღალი თეძოები და მაღალი ფეხები. ნესტან ვაჩეიშვილის სილამაზე ადრე საკუთარ თავს თვითონვე შეჰხაროდა, უფრო ლაღი იყო, უფრო უშუალო და მახლობელი, და ადიდებულ მდინარეს ჰგავდა, რომელსაც ჯებირები მოურღვევია, ნაპირები გადმოულახავს და, საცა კი გაივლის, ყველგან კვალს ტოვებს. ამ დროს რომ მის გვერდით აღმოჩენილიყავით, თითქოს მისი სილამაზე გადმოგედოთო, თქვენი თავიც ლამაზი და მომხიბლავი მოგეჩვენებოდათ. რაც ასაკში შევიდა (უკვე ორმოცს იყო გადაცილებული), ძველებური სილაღე და სიგიჟმაჟე დაკარგა. ამის მიზეზი, ასაკს გარდა, ალბათ ისიც იყო, რომ ახლა ამ სილამაზის შესანარჩუნებლად საჭირო შეიქნა საგანგებო მოვლა და ყოველდღიური ზრუნვა. ნესტან ვაჩეიშვილიც ზრუნავდა. ამბობდნენ, საათობით შიშველი ზის აბაზანაში და სახისა და სხეულის მასაჟს იკეთებსო. რაღაც სპეციალური ვარჯიშიც სცოდნია. სიცილის დროს პირის ბოლომდე გაღებას უკვე ერიდებოდა, რათა ზედმეტი ნაოჭები არ გასჩენოდა. ნელსაცხებლებსა და სუნამოს, როგორც ირწმუნებოდნენ, თვითონვე ამზადებდა. ეტყობა, კარგადაც ამზადებდა. ყოველ შემთხვევაში, ფაქტია, რომ ოსტატურად ხმარობდა, რადგან, რამდენიც არ უნდა გეცქირათ, მის სახეზე ფერ-უმარილის კვალს ვერ შეამჩნევდით. ასეთი მოვლისა და ყურადღების შედეგად ახლაც წინანდებურად ლამაზი იყო. მართალია, ამ სილამაზეს ძველებური გადამდები ძალა დაკარგული ჰქონდა, ცივი გამხდარიყო, შორეული და ცოტა ამპარტავნულიც, სამაგიეროდ, უფრო დახვეწილი იყო, უფრო ჰარმონიული და უფრო მკაცრ ფორმაში მოქცეული. კოლეგები (ლაპარაკია, რა თქმა უნდა, ქალებზე) ზურგსუკან დასცინოდნენ და ზოგჯერ სოფლელი დედაკაცებივით ქოქოლასაც კი აყრიდნენ. ცხადია, მის უტყუარ სილამაზეში ეჭვს ვერ შეიტანდნენ. ეგ კი არა, თავის მოვლას რომ ამდენ დროს უთმობდა, ამაზეც ვერაფერს ამბობდნენ, რაკი შედეგი ასეთი განსაცვიფრებელი იყო. პირიქით, მისი გარეგნობის საქებრად იმაზე მეტსაც კი ლაპარაკობდნენ, ვიდრე გულში ფიქრობდნენ, რათა ამით უფრო გაესვათ ხაზი იმისთვის, რისკენაც მათი დაცინვის ისარი იყო მიმართული. ისარი კი მიმართული იყო ნესტან ვაჩეიშვილის სილამაზის უაზრობისაკენ. საქმე ის არის, რომ ნესტანი გაუთხოვარი იყო და არც არასოდეს ჰყოლია საყვარელი (რომ ჰყოლოდა, არ დაიმალებოდა). ამრიგად, მისი სილამაზე თითქმის უქმი, უსარგებლო და უაზრო იყო და ქალებმაც, რომელთაც კარგად ჰქონდათ შეგნებული თავიანთი შედარებითი შეუხედაობა, აქ იპოვეს ის სუსტი წერტილი, სადაც შეიძლებოდა შურისთვის დაცინვის სახე მიეცათ. სოლომონი, თუმცაღა ამ აზრს, ცხადია, ხმამაღლა არ გამოთქვამდა, ფიქრობდა, რომ ამ უაზრობაში შესაძლებელია ნამდვილი თავგანწირვა იმალებოდა. რაკი თავისი სილამაზე თვითონ არაფერს რგებდა, მაშასადამე, ნესტან ვაჩეიშვილი, ნებსით თუ უნებლიეთ, სხვებისთვის ზრუნავდა და სხვებისთვის ხარჯავდა იმ ძვირფას დროს, რასაც თავის გარეგნობას ანდომებდა. ვინ იცის, რამდენი დარდიანი კაცი ხასიათზე მოსულა და რამდენ გუნებამოშხამულს გულზე მოჰფონებია, ქუჩაში რომ ასხლეტილი და ყელმოღერებული, ჯიშიანი ცხენივით მიმავალი ნესტან ვაჩეიშვილი დაუნახავს. და ნესტან ვაჩეიშვილიც ცდილობდა, რაც შეიძლება დიდხანს ყოფილიყო ლამაზი, რათა რაც შეიძლება დიდხანს გაეცა ეს სილამაზე და უსასყიდლოდ დაერიგებინა ნაცნობებისთვის და უცნობებისთვის, მეგობრებისა და ამხანაგებისთვის, გამვლელებისთვის და გამომვლელებისთვის.    ბოლოს (მაგრამ დაუგვიანებლად, ზუსტად ოთხ საათზე) გამოჩნდა განათლების განყოფილებაც, რომელიც ამჯერად ქალბატონი ცისანას სახით მოვიდა. ქალბატონი ცისანა სქელი და მოსული ქალი იყო, მაგრამ ასეთ ბრგე ტანის კვალობაზეც კი რაღაც უაზროდ დიდი გავა ჰქონდა, დიდი და ყველა ნიშნის მიხედვით (ეს ერთი თვალის შევლებითაც აშკარად ჩანდა), სატარებლად ძალიან მოუხერხებელი. გავა შორ მანძილზე იყო გაშვერილი და ვეება გორელიეფს ჰგავდა, ამიტომ სიმძიმის ცენტრს ტერფებიდან ქუსლებზე გადაენაცვლებინა და ქალბატონ ცისანას, სხეულის ფარული ძალები რომ გამოეთავისუფლებინა და დაკარგული სიმძიმის ცენტრი უკან დაებრუნებინა, მკლავები გან-გან დაჰქონდა, როგორც კულტურისტს, რომელმაც აღარ იცის კუნთები სად დასტიოს, და სიარულის დროს ბეჭებს ღონივრად იქნევდა. ეს მძიმე შრომა იყო. ამიტომ სახე დაძაბული ჰქონდა, გამომეტყველება კუშტი და კონცენტრირებული, რის გამოც მეომარს უფრო ჰგავდა, ვიდრე განათლების განყოფილების წარმომადგენელს, და ადვილი შესაძლებელია გაგჩენოდათ უნებური სურვილი, გონების თვალით წარმოგედგინათ (რათა მერე შეგბრალებოდათ) მისი ქმარი. ქალბატონმა ცისანამ უხმოდ დაუქნია თავი სამასწავლებლოში მყოფთ მისალმების ნიშნად და პირდაპირ დირექტორის კაბინეტში შევიდა. მალე დირექტორმა დანარჩენებიც იქ იხმო. ქალბატონი ცისანა დირექტორის კაბინეტში სრულიად შეცვლილი იყო. ჯერ ერთი, უკვე სათათბირო მაგიდას უჯდა და მხოლოდ წელზევით ჩანდა, რასაც თავისთავად საგრძნობი კორექტივი შეჰქონდა მის გარეგნობაში, გარდა ამისა, და სწორედ ამიტომ (არა იმიტომ, რომ მხოლოდ წელზევით ჩანდა, არამედ იმიტომ, რომ იჯდა), სახე დაამებოდა, დამშვიდებოდა, საომარი გამომეტყველება წაშლოდა. ახლა იგი ოჯახის დედას ჰგავდა, რომელსაც კარგად აღზრდილი შვილები ჰყავს, სანდომიანს, კეთილს, მზრუნველს, ქმრის ერთგულსა და ამ ერთგულებით ქმარზე მეტად კმაყოფილს. მრგვალი თავი ჰქონდა, თეთრი და სუფთა სახის კანი, ცისფერი თვალები, ძალიან ქერა თმა, ვიწრო, პატარა ტუჩები და იშვიათი სილამაზის მოკლე, ნატიფი ცხვირი, რომელიც იქნებ სხვა სახე-ზე უფრო მომგებიანი ყოფილიყო, მაგრამ ქალბატონი ცისანას სახესაც ძალიან შვენოდა. რაკი მჯდომარე ქალბატონი ცისანა ასე მკვეთრად განსხვავდებოდა მოსიარულე ქალბატონი ცისანასაგან, ახლა მთავარი როლი ხმას ეკისრებოდა, ხმა შეიძლებოდა გამომდგარიყო ის ოცდამეერთე კაცი, რომელზედაც გადასაჭრელი პრობლემის ბედი ჰკიდია, რადგან დანარჩენი ოციდან ათი მომხრე აღმოჩნდა და ათიც წინააღმდეგი. მაგრამ, სამწუხაროდ, სხდომა ისე დამთავრდა, ქალბატონ ცისანას ხმა არ ამოუღია. საქმე ისაა, რომ იგი აქ უფრო წონის გამო იყო, ჩარევა მხოლოდ იმ შემთხვევაში ევალებოდა, თუ უკიდურესი აუცილებლობა წარმოიშობოდა, უკიდურესი აუცილებლობა კი არ წარმოშობილა.    სხდომას სულ თორმეტი კაცი ესწრებოდა და საბოლოოდ, როცა თორმეტივემ თავთავისი ადგილი დაიკავა ვიწრო და მოგრძო სათათბირო მაგიდის ირგვლივ, რომელიც დირექტორის საწერი მაგიდიდან მოწყვეტილი იყო და ცალკე იდგა კაბინეტის შუაში, ასეთი სურათი წარმოიქმნა: თავში დირექტორი იჯდა, ბოლოში ნუკრი ვაჩეიშვილი, დანარჩენები მაგიდის გასწვრივ ისხდნენ, ხუთი - ერთ მხარეს და ხუთი - მეორე მხარეს. დირექტორის ხელმარცხნივ, მაგიდის დასაწყისში, მოადგილეები ისხდნენ, ჯერ პირველი, მერე მეორე. პირველი ალექსანდრე ღუდუშაური იყო, წყნარი, ბუნჩულა და უპრეტენზიო კაცი, რომელიც, თუ ძალით არ ჩარევდნენ, თავისი ნებით არაფერში ერეოდა. საერთოდ, როგორც ცნობილია, თანამედროვე იერარქია მოითხოვს, რომ კიბის პირველი საფეხურის შემდეგ, სადაც დირექტორი დგას, მომდევნო რამდენიმე საფეხური ცარიელი იყოს და მხოლოდ კარგა ქვემოთ, ისეთ ადგილას, საიდანაც რიგითი თანამშრომლები უფრო ახლო არიან, ვიდრე დირექტორი, სხედან მოადგილეები და სხედან ძირითადად უსაქმოდ, რადგან დირექტორი მათ ნაკლებად ენდობა და ამიტომ ყველაფერს თვითონ აკეთებს. ზოგ მოადგილეს ასეთი საეჭვო მდგომარეობა არაფრად ეჭაშნიკება, ალექსანდრე ღუდუშაურს კი იგი სავსებით აკმაყოფილებდა და ის ერჩივნა, რაც ნაკლები თავსამტვრევი ექნებოდა. საერთოდ, უკვე ისეთ ასაკში იყო, როცა ცხოვრების საუკეთესო ნაწილი დიდი ხანია უკან დარჩა, ახალგაზრდობის იმედები და ოცნებები ნაწილი ასრულდა და ნაწილიც აუსრულებლად დაჭკნა, ისე რომ მშვიდი ინერციის მეტი წინ აღარაფერი ედო. ინერციას კი ალექსანდრე ღუდუშაური დიაღაც რომ აფასებდა და, საერთოდ, მიაჩნდა, რომ ამ ფუნდამენტური ცნების მიმართ ადამიანების დამოკიდებულება სერიოზულ გადახედვას საჭიროებს. თუმცა ერთი ნატვრა მაინც შემორჩა, რომლის ასრულება, მისი აზრით, ჯერ კიდევ შეიძლებოდა: იგი ისტორიას ასწავლიდა და ძალიან უნდოდა მოსწავლეებს მისთვის ჰეროდოტე შეერქმიათ. ამ მიზნით ისტორიის მამას გაცილებით უფრო ხშირად (ზოგჯერ უადგილოდაც) ახსენებდა ხოლმე, ვიდრე მის შედარებით გვიანდელ კოლეგებს. მაგრამ მოსწავლეებმა, რომლებიც უტყუარი ალღოთი გრძნობდენ, რა ურჩევნია მასწავლებელს და რა არა, არ აუსრულეს ნატვრა და არ შეარქვეს ჰეროდოტე. სამაგიეროდ შეარქვეს ჰეროდე, რაც სრულიად გაუგებარი იყო, რადგან ძნელი დასაჯერებელია, ბავშვებს გაგონილი ჰქონოდათ შორეული, ბუნდოვანი და საეჭვო ლეგენდა სისხლის აღრევის თაობაზე, რაც თითქოსდა ალექსანდრე ღუდუშაურის ახალგაზრდობის წლებს ედო ლაქად. ალექსანდრე ღუდუშაურის გვერდით იჯდა ეთერ გვალია ანუ „შმაგი ეთერი“, როგორც ბავშვები ეძახდნენ, მეორე მოადგილე, რომლისაც მოწაფეებს ყველაზე მეტად, თვით დირექტორზე მეტადაც კი, ეშინოდათ. არა იმიტომ, რომ ქალი იყო, არამედ იმიტომ, რომ უიმედოდ შეყვარებული იყო და, ბუნებრივია, ჯავრს მოსწავლეებზე იყრიდა. სიყვარულით კი დირექტორი უყვარდა, რასაც, მართალია, სიტყვიერად არ ამხელდა, მაგრამ სხვა ყველა შესაძლებელი საშუალებით გამოხატავდა. თათბირებზე და სხდომებზე სევდიანად მიბნედილ თვალებს არ აშორებდა და ამ თვალებში არა მარტო დირექტორს, არამედ ყველას, ვისაც კი ამის სურვილი ჰქონდა, დაწვრილებით შეეძლო წაეკითხა, გულში რა ედო. დღე ერთი იყო და ათჯერ მაინც შეაკითხავდა კაბინეტში. თუ საქმე არაფერი ჰქონდა, რამეს მოიგონებდა. ორი საქმე თუ ჰქონდა, ორივეს ერთდროულად არ მოითავებდა, რათა ხელმეორედ შესვლისთვის საბაბი შემოენახა. მის ცალმხრივ სიყვარულს საუკეთესო წამები მაშინ უდგებოდა, როცა რაიმე ხელმოსაწერი ქაღალდი შეჰქონდა. ასეთ დროს წინიდან კი არ მივიდოდა მაგიდასთან, როგორც სხვები შვრებოდნენ და როგორც, საერთოდ, წესია, გვერდიდან მიადგებოდა, ხელმოსაწერ ქაღალდს წინ დაუდებდა, თვითონაც დაიხრეოდა, ისე რომ მისი სხეულის რომელიმე ნაწილი დირექტორის სხეულის რომელიმე ნაწილს შეჰხებოდა და თავის სხეულში დატრიალებული დენი დირექტორის სხეულისთვის გადაეცა, თან ამ დროს ჩქარ-ჩქარა და მძაფრად სუნთქავდა. დირექტორი, რომელსაც არავითარი სექსუალური გასაჭირი არ ადგა (ან კი რა სექსუალური გასაჭირი უნდა დადგომოდა მისი სილამაზისა და სითამამის პატრონს!), მოადგილის გრძნობებს არ იზიარებდა (თუმცა შეტყობით ატყობდა) და განუხრელად იცავდა დაუწერელ კანონს, რომლის მიხედვითაც ხელმძღვანელი საკუთარ სამწყსოში სამიჯნურო ინტრიგებს უნდა ერიდოს, თორემ, ადვილი შესაძლებელია, ერთ მშვენიერ დღეს ყველაფერი ძმრად წამოსდინდეს. ასე რომ ეთერ გვალია, ვისაც ის კარი, რომლისკენაც დაუოკებლად მიილტვოდა, დაკეტილი დახვდა, ხოლო იმ კარისკენ, რომელიც ყურთამდე იყო ღია (რადგან შიგნით თვინიერი ქმარი ელოდებოდა), თავად აღარ მიუდიოდა გული, სულ მთლად მშრალზე დარჩა. ასეთ ვითარებაში კი არ შეიძლება არ დაგროვდეს ჭარბი მუხტები, რომლებიც ყველაზე იოლად მოსწავლეების თავზე ფეთქდება. ეთერ გვალიას შემდეგ მოდიოდნენ მათემატიკის მასწავლებელი, ჩუმი და უაღრესად თავაზიანი გურამ ხომერიკი, რომელიც ამავე დროს ქალაქის ჩემპიონიც იყო ასუჯრედიან შაშში, რითაც სკოლა ძლიერ ამაყობდა, ჩვენი სოლომონი და ნესტან ვაჩეიშვილი. მაგიდის მეორე მხარეს პირველი იჯდა ქალბატონი ცისანა, მერე ბატონი დიმიტრი, ბესარიონ ჭედია, ნატალია დავიდოვნა და კატო მასწავლებელი. ბოლოში, დირექტორის პირდაპირ, როგორც ითქვა, ნუკრი ვაჩეიშვილი იჯდა.    როდესაც მაგიდასთან ყველანი მოხერხებულად დასხდნენ და სკამების ხრიგინი მიწყდა, დირექტორმა მარჯვენა ხელით ჭრელი, ფოთლებიანი ჰალსტუხის სქელი ნასკვი შეისწორა, თუმცა ამის საჭიროება არ ყოფილა, რადგან ნასკვი მწვანედ მოელვარე პერანგის საყელოს ორივე წვეტიდან, რომლებზედაც უფუნქციო ღილები ისხდა, აბსოლუტურად თანაბარი მანძილით იყო დაშორებული (რის გამოც დირექტორის ჟესტსაც ფორმალური ხასიათი ჰქონდა: ცერითა და შუა თითით მან ოდნავ მისწი-მოსწია ჰალსტუხის ნასკვი, მერე ოდნავ ასწი-დასწია და საბოლოოდ იმავე ადგილას დატოვა, სადაც პროცედურის დასაწყისში იყო), და თქვა: - ერთი საჭირბოროტო საკითხი გვაქვს გადასაწყვეტი და ამიტომ შეგკრიბეთ. იმდენად მძიმე საკითხია, რომ აგერ, ქალბატონი ცისანას შეწუხებაც კი მოგვიხდა, - დირექტორმა ხელი წაიღო და ქალბატონ ცისანას მაჯას, რომელიც მაგიდაზე იდო, ოდნავ შეეხო, რათა ამით განათლების განყოფილებაში თავისი პოზიციის სიმტკიცისათვის კიდევ ერთხელ გაესვა ხაზი. ქალბატონმა ცისანამ პასუხად თვალები დახუჭა და გაახილა; ისე დახუჭა და გაახილა, თითქოს ორი პატარა, ოვალური, ოდნავ ნაოჭდაყრილი თეატრალური ფარდა ორ სცენაზე ერთდროულად დაეშვა და აიწია, ხოლო ეთერ გვალიას, რომელიც მარჯვენა ხელისგულს ნიკაპით დაყრდნობოდა და დირექტორს თვალმოუშორებლივ შესცქეროდა, სახეზე ტკივილმა და რისხვამ გადაუარა. დირექტორმა კი განაგრძო, - მშობელთა კოლექტიური განცხადებაა შემოსული. ორი დღის წინ გადმოგვიგზავნა განათლების განყოფილებამ. კიდევ გიმეორებთ: საკითხი რთულია, მძიმე და მტკივნეული. ამიტომ გთხოვთ გულდასმით მოისმინოთ და ყველამ მიიღოთ მონაწილეობა განხილვაში. აბა, ბესარიონ, წაიკითხე.    დირექტორი ქალბატონი ცისანასკენ გადაიხარა. ქალბატონმა ცისანამ, ეს რომ შენიშნა, ყური მიუშვირა (პატარა და თხელი, თითქმის გამჭვირვალე ყურები ჰქონდა). დირექტორმა რაღაც ჩასჩურჩულა. ქალბატონმა ცისანამ თავი დაუქნია (მერეც, მთელი სხდომის განმავლობაში, დირექტორი დროდადრო გადაიხრებოდა და მოშვერილ ყურში რაღაცას ჩასჩურჩულებდა, რაზედაც ქალბატონი ცისანა თავს უქნევდა).    ბესარიონ ჭედიამ პიჯაკის ჯიბიდან პატარა, მრგვალშუშებიანი სათვალე ამოიღო, ცხვირსახოცით კარგად გაწმინდა, გაიკეთა და საქაღალდე გაშალა. ბესარიონ ჭედია ყურცქვიტა კაცი იყო, ტანმორჩილი, გამხდარი და სულ მთლად ქაჩალი. სამაგიეროდ ულვაში ჰქონდა ძალიან გრძელი. ულვაში, ისევე როგორც ცხვირი, თითქმის ნიკაპამდე სწვდებოდა და სიარული იცოდა რაღაც უცნაური - ფიცხი და მუქარიანი. თქვენკენ მომავალს რომ დაინახავდით, განსაკუთრებით თუ ბინდი იყო და მაინცდამაინც არც სიმამაცით გამოირჩეოდით, გული შეგიქანდებოდათ და ადვილად შეიძლებოდა შეგქმნოდათ ცრუ შთაბეჭდილება, თითქოს ჯიბეში რევლოვერი ედო. სინამდვილეში უწყინარი კაცი იყო. წერა-კითხვა უყვარდა და ხმა ჰქონდა ისეთი ბოხი, მსუყე და სასიამოვნო, რომ დაგელაპარაკებოდათ, გეგონებოდათ, კი არ ლაპარაკობს, არამედ რაღაცას ძალიან გემრიელსა და სასარგებლოს ჭამსო. ამიტომ, თუკი სკოლაში რამე საჯარო წაკითხვას საჭიროებდა (საჩივრები, მადლობები, წინადადებები და სხვ.), ყველაფერს ის კითხულობდა. დაწერითაც ყველაფერს ის წერდა, მოყოლებული დირექტორის გამოსვლათა ტექსტებიდან და ნაირ-ნაირი საანგარიშო მოხსენებებიდან, დამთავრებული კოლეგების დახასიათებებით, შუამდგომლობებით, უბრალო განცხადებებით... ამაში არავითარ გასამრჯელოს არ იღებდა. მეტიც: მოცილე რომ გამოსჩენოდა, ალბათ იქით მისცემდა გასამრჯელოს, ოღონდაც თავიდან მოეშორებინა, ისე უყვარდა ეს საქმე. განსაკუთრებით წერა. უყვარდა და ემარჯვებოდა კიდეც. მართალია, შიგადაშიგ შეცდომებსაც უშვებდა, მაგრამ ეს შეცდომები უმნიშვნელო იყო და, საერთოდ, შეუმცდარი ვინ არის ამქვეყნად! მშობელთა კოლექტიური განცხადებაც, ჩვეულებისამებრ, ნელა წაიკითხა, გემრიელად, გამოთქმით, სასვენ ნიშნებთან ხანგრძლივად ჩერდებოდა და მსმენელებს საშუალებას აძლევდა უკვე წაკითხული აუჩქარებლად და გულდინჯად გადაემუშავებინათ. ეს იყო მხოლოდ, ცოტას კეკლუცობდა, რათა კოლეგები შეცდომაში შეეყვანა და თავის მსახიობურ ნიჭზე, რომელიც სინამდვილეში ჩანასახის სტადიაში იმყოფებოდა, მათთვის არასწორი წარმოდგენა შეექმნა, გარდა ამისა, კილო ჰქონდა ყალბი, სიტუაციისთვის შეუფერებელი და ცოტა ორჭოფულად საზეიმო, როგორც მხცოვან ოფიცერს, რომელიც თვითმოქმედების საღამოზე საკუთარ ლექსს კითხულობს, მაგრამ დანამდვილებით ჯერ კიდევ არ იცის, კარგია ლექსების წერა თუ ცუდი. *გაგრძელება*…
დაამატა Kakha to ლიტერატურა at 7:53pm on ოქტომბერი 17, 2016
თემა: სხვა - აკა მორჩილაძე
ძინა. ღამე იყო მთვარიანი, უქარო, ციცინათელებიც გაიელვებდნენ ხოლმე. კაცი ორმოცისა იქნებოდა, ან ცოტა მეტისა: რუხ კოსტუმსა და მოხდენილ შავ შლაპაში. ხელში ათამაშებდა მონიკელებულ სანთებელას, რომელსაც მალიმალ ჩამოჰკრავდა ხოლმე გზის გასაკვლევად მაშინ, როცა მთვარის შუქი ვერ აღწევდა ტოტებს შორის. ხელიხელჩაკიდებულნი მიდიოდნენ, უფრო კი ქალს მიჰყავდა კაცი. ქალი ოცდათვრამეტი წლისა იყო და მთვარის შუქზე კრთებოდა მისი ტანის სავსე და მადიანი მოხაზულობა. ქალს თმა დაევარცხნა ისე, როგორც პაემანზე მიმავალი ესპანელი ქალები ივარცხნიან ხოლმე. ისინი რესტორნიდან მოდიოდნენ, სადაც მშვენივრად ევახშმათ და საკმაოდაც ეთქვათ ერთმანეთისთვის. კაცს თითქოს გაუკვირდა, როდესაც ქალმა უთხრა, ნავახშმევს სასაფლაოზე გავისეირნოთო. რომელ ქალს მოუნდება შუაღამის პირზე სასაფლაოზე გასეირნება! მაგრამ კაცი იცნობდა ქალს და თითქოს მიხვდა კიდეც, რომ ქალს მისი გამოცდა, გათამაშება სურდა. მერე ტაქსში ჩასხდნენ და სასაფლაოსაკენ გასწიეს. ვერ ხედავდნენ მძღოლის შემცბარ თვალებს სარკეში, რადგან კაცმა ხელი გადაუსვა ქალს რესტორანში ნასვამი წითელი იტალიური ღვინით გაცხელებულ ფეხზე. ბარძაყისკენ შეასრიალა თითები და სცადა წინდებს შიგნით ჩაეღწია. ქალმა ბარძაყი მიაკრა ბარძაყს, თითქოს კარი გადაკეტაო და კაციც აღარ მისძალებია, მხოლოდ მეორე ხელი მოხვია მხრებზე და სცადა ეკოცნა, ესეც საკმაო მორიდებით. ქალმა კოცნაც აირიდა, ფანჯრისაკენ მიაბრუნა თავი. ასე ისხდნენ მთელი გზა. კაცს რომელიმე საფლავის ქვაზე უნდა დაეგო თავისი რუხი პიჯაკი, ზედ გადაეწვინა ქალი და ნელ-ნელა გაეხსნა მისთვის ღილები გულისპირზე. უნდა გაეგონა მისი კვნესა და კრუტუნი სასაფლაოს სიჩუმეში. უნდოდა, ქალს ის მოვლილი ვარცხნილობა გასწეწოდა და ფერუმარილი გადღაბნოდა ტუჩებზე. ხელში ღონივრად უნდა სჭეროდა მისი წვივები და თვალის კიდით დაენახა მისი თეთრი ფეხსაცმლის წვეტიანი ქუსლი. კაცს უნდოდა ეგრძნო, როგორ მოძრაობს ქალის სხეული მისთვის. სასტუმროს ოთახში ან სადმე სხვაგან, ამ სურვილებს ვერ აისრულებდა, რადგან ერთია ძველი საფლავის ქვა, მეორე კი – ზამბარებიანი ჭრიალა საწოლი. ერთია, როცა ნიავი აგრილებს გახურებულ სხეულებს, მეორე – როცა ტაშტში უნდა დაიბანო, ის კი, ვინც წამის წინ კვალს ტოვებდა შენს სხეულზე, ტოლჩიდან გისხამდეს წყალს ამ კვალის წასაშლელად. და მაინც, კაცმა არ იცოდა, რა უნდოდა ქალს, რას შესთავაზებდა ქალი. ტაქსის მძღოლმა ერთი ჰკიდა თვალი ქალს და შეცბა. იფიქრა, აზრი არა აქვს ასეთი ქალის სასაფლაოზე წაყვანასო. არა იმიტომ, რომ ეს მიღებული არ არის, არამედ იმიტომ, რომ არ იცი, რას უნდა მოელოდე ასეთი ქალისგან. რას გაუგებ ღამის ტაქსისტებს, მათ ხომ იმდენი რამ უნახავთ სიბნელეში, სხვას რომ არც დაესიზმრება. ქალმა წინადღით ნახა კაცი, რომელიც კაფეში იჯდა ვიტრინასთან. მაგიდაზე ალუბალჩარჩენილი მარტინის ჭიქა ედგა. მხარბეჭიანი კაცი იყო, ალესილი ნიკაპითა და ხშირი წარბებით, შავი თმა უკან გადაეყარა და სიგარას ეწეოდა. ქალს თითქოს ადრევე გადაეწყვიტა. კაფეში შევიდა და, თითქოს თავისუფალი მაგიდის ძებნა დაეზარაო, ისე ჰკითხა: შეიძლება? მეც მიყვარს ვიტრინასთან ჯდომა. შეხვედრა მეორე საღამოსთვის დათქვეს იქვე, მოედანზე, ჰერცოგის ძეგლის წინ. მაშინ იმ ძეგლთან ჯერ კიდევ არ იკრიბებოდნენ ჰაშიშის გამყიდველები და მოკოცნავე გოგო-ბიჭები, რომლებსაც ქვაფენილზე ფეხმორთხმით ჯდომა და ერთმანეთისთვის თვალებში ყურება უყვართ. კაცი ყვავილების გარეშე მივიდა, რაც ქალს აშკარად მოეწონა. სად უნდა ეთრია ყვავილები? მართლა შეცვლილხარო, უთხრა კაცმა. უკეთესობისკენ? გაიცინა ქალმა. მსუბუქი საჭმელი დაუკვეთეს, ქალი კი საკმაოდ მალე შეთვრა, თუმცა, მალევე იფხიზლა. კაცმა შეამჩნია, როგორ მოერია ქალი თავს, რათა მისი ნდომა სავახშმო სუფრასთანვე არ გადაზრდილიყო მღვრიე მოქმედებაში. შემთვრალი ქალი ხომ მუხლით ცდილობდა მის მუხლებს შორის შეღწევას. კაცი კუნძულის შესახებ უამბობდა, რაღაცას ყვებოდა ზანგურ მუსიკაზე, აქებდა იქაურ თევზს და ოკეანის მოტანილ მარილიანი წყლის სურნელს. როცა თავს მოერია, ქალმა მოუთხრო როგორ ცხოვრობდა. ისე არა, როგორც ჩვეულებრივ უამბობდა ხოლმე. კმაყოფილი ჩანდა თავისი ცხოვრებით, მაგრამ კაცი მიხვდა, რომ ეს კმაყოფილება დიდხანს არ გასტანდა, რადგან ქალი რაღაცას დაეძებდა. სხვაგვარად რატომ მოუჯდებოდა გვერდით იმ კაფეში? კაცს ეგონა, რომ თავგადასავლების სურვილი აღარ არსებობს და მხოლოდ თვითონღაა ასეთი, მოხეტიალე და მოგზაური, რომელსაც სურს, რომ ჩვეულებრივი პაემანი დაუვიწყარ ღამედ გადააქციოს. სასაფლაოზე ისეთი სიჩუმე იყო, როგორიც არის ხოლმე ღამის სიჩუმე ათასობით მკვდარს შორის. განა რა არის სასიამოვნო ღამის სასაფლაოზე? კაცი ფიქრობდა, რომ ქალი ღვინომ გაათამამა და ამიტომაც უშიშრად მოაბიჯებს საფლავებს შორის. ბილიკზე მიმავალს თავადვე დაქაჩა სახელოზე, შეაჩერა, შემოაბრუნა და კოცნა დაუწყო. დილით სასაფლაოს დარაჯი იგონებდა, რომ თითქოს მოესმა რაღაც ხმაური სასაფლაოს სიღრმიდან, ფარანიც აიღო, ჯოხიც და ძაღლიც წამოაგდო, ახლომახლო ადგილები ძახილით მიიარ-მოიარა კიდეც, მაგრამ ხმაური აღარ გამეორებულა და მშვიდად დაბრუნდა თავის ჯიხურში. გამოსაძინებლად შინ მიმავალმა ღამის ტაქსისტმა ბისტროში ახალ ამბავს მოჰკრა ყური, თითქოს ამ დილით სასაფლაოზე მოკლული კაცი ეპოვოთ. ტაქსისტმა ერბოკვერცხი და შემწვარი ძეხვი ძლივს შეჭამა, ყავა აღარც დაულევია, ისე ჩაჯდა თავის მანქანაში და საპოლიციო დეპარტამენტის რუხი შენობისკენ გასწია. მან უამბო გამომძიებელს, რომ წინაღამით იტალიური რესტორნის სადარბაზო კართან აიყვანა წყვილი, რომელმაც სასაფლაოს მთავარი შესასვლელის შორიახლოს გააჩერებინა მანქანა. მან თქვა, რომ ქალი და კაცი მთელი გზა დუმდნენ და მხოლოდ ამოოხვრა და გახშირებული სუნთქვა თუ შემოესმებოდა ხოლმე, რაც გამომძიებლისთვის გასაგები უნდა იყოს. ამის შემდეგ გამომძიებელი და მისი ორი თანაშემწე პროზექტურისკენ გაუძღვნენ მძღოლს, სადაც თუთიის მაგიდაზე გვამი ესვენა. დაჯერებით ვერ ვიტყვი, თქვა მძღოლმა: ღამე იყო, იმ კაცს შავი შლაპა ეხურა.       იერით კი ჰგავს. თითქოს ნიკაპი ასეთი ჰქონდა. რუხი კოსტუმი ეცვა, ეს მაშინ დავინახე, როცა რესტორნიდან გამოვიდნენ. ერთხანს ლამპიონთან იდგნენ, ახლო-ახლოს, თვალებში უყურებდნენ ერთმანეთს თუ რა იყო, არ ვიცი. გამომძიებელმა კმაყოფილებით გადაისვა თავზე ხელი და ქალის შესახებ ჰკითხა. ზედმეტ სითამამედ ნუ ჩამომართმევთ და იმ ქალის ტანი არ დამავიწყდება. მომხიბვლელი ქალი იყო. ქალს რომ უწოდებენ, სწორედ ისეთი. მანქანის სალონში ბნელა, ამიტომ მისი თეძოები უფრო მახსოვს, ვიდრე იერი, უპასუხა ტაქსისტმა: მკერდიც ზღაპრულად ედგა. თითქოს ყველაფერი საგანგებოდ ვიწრო ეცვა და მზად იყო. ამ დროისთვის გამომძიებელმა უკვე იცოდა მოკლულის ვინაობა. მისი პიჯაკის გულის ჯიბიდან ამოღებული საბუთებით დაედგინა მისივე ბოლო, მერიის არქივში აღნიშნული მისამართი და მისი ცოლის ვინაობა. ცოლს ტელეფონით შეატყობინეს მომხდარის შესახებ. მან კი ოდნავ სევდიანი, მშვიდი ხმით უპასუხა, რომ შვიდ წელიწადზე მეტია არ უნახავს თავისი ქმარი, რომელთანაც კანონით გაყრილი არ არის, რადგან ერთ მშვენიერ დღეს შინ დაბრუნებულს, ქმრის ნაცვლად, გამოთხოვების წერილი დაუხვდა და ახლა სულაც არ აპირებს მისი დაკრძალვის ხარჯების გაღებას. გამომძიებელმა შეახსენა, რომ მოკლული საკმაოდ შეძლებული კაცი იყო, რასაც მისი საბანკო ანგარიშების შესწავლა ადასტურებს, რადგან მისი რამდენიმე წიგნი მშვენივრად იყიდებოდა მთელ ევროპაში და ბანკში ინახება მისი ანდერძი, რომელიც მოწმეებისა და ნოტარიუსის თანდასწრებით უნდა გაიხსნას და მას, როგორც მოკლულის მეუღლეს, შეუძლია დაესწროს ამ აქტს. ქალმა კიდევ უფრო მეტი სევდით მიუგო, რომ არ აინტერესებს ქმრის ანდერძი და წუხს, რომ იგი ასეთ ტრაგიკულ ვითარებაში გარდაიცვალა, თუმცა, მისი ხასიათიდან გამომდინარე, ეს მოსალოდნელი იყო. გამომძიებელმა სთხოვა ქვრივს, მეორე დღეს საპოლიციო დეპარტამენტში სწვეოდა ადვოკატთან ერთად, რადგან მასთან გასაუბრება მაინც აუცილებელი იყო. სავარაუდოდ თქვენი ქმარი ქალმა მოკლა, უთხრა ცოლს. ესეც არ არის მოულოდნელი, გაეპასუხა ქვრივი და ყურმილი დაკიდა. გამომძიებელი კი იტალიური რესტორნისკენ გაეშურა, სადაც მიმტანებთან გასაუბრებას აპირებდა. სწორედ ამ დროს გაწვიმდა და გამომძიებელმა იფიქრა, კარგი იქნებოდა, დილით ლაბადა წამომეღოო. გაზაფხული ხომ ასეთი ცვალებადი და შემპარავია ამ განედებზე. რახან ლაბადა არ ჰქონდა, გამომძიებელმა კეპი ჩამოიფხატა მელოტ თავზე, პიჯაკის საყელო წამოიწია და ტრამვაის გაჩერებისკენ გაიქცა. მყუდრო და უბრალო რესტორანი იყო. მაგიდებზე შინდისფერი სუფრები ეფინა და, კლიენტების სიმრავლის მიუხედავად, ხმაური არ იყო. გამომძიებელი სამზარეულოსაკენ წავიდა და მენეჯერი იკითხა. მენეჯერი იტალიელი გამოდგა, მხიარული კაცი, რომელიც ხელების ქნევით ლაპარაკობდა. მიმტანებთან გასაუბრება კი გაჭირდა. არა იმიტომ, რომ ყველანი იტალიელები გამოდგნენ, არამედ იმიტომ, რომ მოუცლელნი აღმოჩნდნენ. სწრაფად დაალივლივებდნენ მბზინავ ლანგრებს მაგიდებს შორის. ყველაფერი სანელებლების სურნელით იყო გაჯერებული. გაჭყლეტილი ზეთისხილი ეწყო ღრმა ლამბაქებში და გარშემო ყველა კმაყოფილი ჩანდა, რადგან გაზაფხულის წვიმიანი საღამო იყო და იტალიური ვახშამი და ღვინო ხომ მისწრებაა ასეთ დროს. გამომძიებელი დარბაზის სიღრმეში იჯდა ორადგილიან მაგიდასთან და მიმტანებს მოკლული კაცის ფოტოს უჩვენებდა. მიმტანები სულ შვიდნი იყვნენ და მოიცლიდნენ თუ არა, მოდიოდნენ ამ მაგიდასთან. მეოთხემ გაიხსენა, რომ წინა საღამოს ემსახურებოდა ამ კაცს და მასთან ერთად მოსულ ქალს. მიმტანი პატარა კაცი იყო, ორმოცდაათს მიტანებული, მოუსვენრად დაურბოდა თვალები და უნდოდა ბევრი მოეთხრო, თუმცა, იმდენიც არაფერი იცოდა. გაიხსენა, რამდენი აჩუქეს ჩაისთვის, რა შეუკვეთეს და როგორ იქცეოდნენ. ეშხიანი ქალი იყო, თუმცა, ქალი რომ ვყოფილიყავი, კაცისკენაც გამექცეოდა თვალიო. ძალიან შინაურულად ლაპარაკობდნენ და ასეთ წყვილებს მაშინ თუ მიაქცევ ყურადღებას, როცა ქალი მომხიბვლელიაო, თქვა. ისიც გაიხსენა, რომ ქალს მრგვალი, დაბალი მუქი შინდისფერი ქუდი ეხურა, და მეტად ნატიფი თითები ჰქონდა, რასაც ალისფერი მანიკური ამშვენებდაო. ახლა რომ ნახოთ, იცნობთ იმ ქალს? ჰკითხა გამომძიებელმა. ვიცნობ, როგორ არა. შეიძლება ასეთივე იერის ქალში ამერიოს, მაგრამ სხვათაგან ნამდვილად გამოვარჩევ. ეშხიანი ქალი იყო, მკერდი ჰქონდა, რომ შეივსებიან და ძალიან რომ უხდებათ კორსეტი, მიუგო მიმტანმა. გამომძიებელმა მეორე დღის თორმეტი საათისთვის დაიბარა მიმტანი. რაც იცით, ქაღალდზე უნდა გადავიტანოთ და თანაც, ეგებ ახალი რამ მოხდესო. ერთხანს ორჭოფობდა, აქვე ხომ არ ვივახშმოო, მაგრამ წამოდგა და დაუმშვიდობებლად გამოვიდა გარეთ. დაუმშვიდობებლად წამოსვლა მისი ერთ-ერთი უცნაური ჩვევა იყო და დეპარტამენტში ამიტომაც ეძახდნენ ინგლისელს. თუმცა, ინგლისელს არაფერი უგავდა ამ ჩვევის გარდა, არც მოქანცული კაცის შავი თვალები და არც მოკლე, მონდომებით ნაკრეჭი შავი ულვაში. გარეთ ცრიდა, ტროტუარი ირეკლავდა ლამპიონების სინათლეს. გამომძიებელმა დაინახა, როგორ გადმოვიდა სველი მანქანიდან ნაცნობი ტაქსისტი და ხელი დაუქნია. აჰ, თქვენა? ჰო, მე აქ ვდგავარ ხოლმე, უთხრა მძღოლმა: ხედავთ როგორ წვიმს? ალბათ იმ საქმეზე მოხვედით, არა? დიახ, თქვენ მართალი იყავით. აქ ყოფილა ვიღაც ქალთან ერთად. მოხდენილი ქალი იყო, გაიხსენა ტაქსისტმა: სადმე მოშორებით ხომ არ მიბრძანდებით? წაგიყვანთ. არა, ფეხით გავივლი... ქუდი შეისწორა გამომძიებელმა: მაინც უნდა დამერეკა თქვენთვის. ხვალ თორმეტი საათისთვის დეპარტამენტში გელოდებით. აჰ, შეიცხადა მძღოლმა: გამოძინებას ვერ მოვასწრებ. ცოტა გვიან არ მოხერხდება? არა, მეტად საჭირო საქმეა, მიუგო გამომძიებელმა და გამოეთხოვა, ქუჩა გადაჭრა და მოედნისკენ წავიდა. მოედნის სამხრეთით, იმ ქუჩაზე, სადაც ახლა ნიდერლანდული ყვავილების მაღაზიებია, მაშინ კი მხოლოდ ერთი საყვავილე იყო, გამომძიებლის საყვარელი ცხოვრობდა მეორე სართულზე, პატარა ბინაში. ისინი კვირაში ორჯერ მაინც ხვდებოდნენ ერთმანეთს და გამომძიებელს უყვარდა მასთან ერთად ყოფნა. მარტოხელა, თავის მომვლელი ქალი იყო, რომელსაც ქმარი არასოდეს ჰყოლოდა და სამაკლერო კანტორაში მუშაობდა. ისეთი ქალი გახლდათ, რომ დიდად არაფერზე აიტკიებდა თავს, მასთან ყველაფერი იოლი იყო და მათი შეხვედრაც წარსულ ზაფხულს როგორღაც იოლად მოხდა. გამომძიებელი იმ კანტორაში მივიდა, რადგან მოხუცი დეიდისგან მემკვიდრეობით დატოვებული ბინის გაყიდვა გადაეწყვიტა. ხომ არ გვევახშმა? ჰკითხა ქალს მესამე ვიზიტისას. როდის? თუნდაც დღეს, შესთავაზა გამომძიებელმა. ძალიან კეთილი შემოთავაზებაა თქვენგან, მაგრამ დღეს არ მცალია, უპასუხა ქალმა: არც ხვალ. გნებავთ, ზეგ ვივახშმოთ ერთად, თქვენ როგორი სამზარეულო მოგწონთ? მე კაცი ვარ, გაეცინა გამომძიებელს: ის სამზარეულო მომწონს, რომელიც იმ ქალს მოეწონება, მე რომ მომეწონა და ვახშმად დავპატიჟე. მგონი, გავუგებთ ერთმანეთს, გაეცინა ქალსაც. ახლა გამომძიებელი ფიქრობდა, რომ ზაფხულში შვებულებას აიღებდა და სადმე სამხრეთისაკენ წაიყვანდა ქალს, ზღვისკენ. წინა საღამოსაც შეხვდნენ ერთმანეთს. საერთოდ, ჩვეულებად არ ჰქონდათ, რომ ზედიზედ დაეთქვათ პაემნები. გამომძიებელს არც კი დაურეკავს მისთვის, იტალიურ რესტორანში ყოფნამ თუ გადააწყვეტინა მასთან მოსვლა. იქაური სამზარეულოს სურნელმა გამოაფხიზლა და წამოიყვანა აქეთ, სადაც ქალი ეგულებოდა. ასეთია ამ ქალაქების სული. ის მართავს ადამიანებს, წვიმაშიც კი. საყვავილე ჯერ კიდევ ღია იყო. გამომძიებელმა ყვითელი ყვავილების პატარა თაიგული იყიდა და ისე შევიდა სადარბაზოში. ამ ყვავილების სახელი არ იცოდა, მაგრამ ყოველთვის მოსწონდა ისინი. კარს იქიდან ხმადაბალი მუსიკის ხმა მოისმოდა. რადიო "შავ ვარდს" უკრავდა. გამომძიებელმა ჩვეული რიტმით დააკაკუნა და მოაჯირს ჩამოეყრდნო. კარი არ გაუღეს. გამომძიებელმა კვლავ დააკაკუნა, ამჯერად უფრო მოურიდებლად, მაგრამ კვლავ არავინ ჩანდა. ეტყობა, სადმე წავიდა და რადიოსაც ამიტომ აუწია, გაიფიქრა კაცმა. მერე თაიგული კარის სახელურში გაუყარა და კიბეს ჩაუყვა. მოწყენილი წამოვიდა მოედნისაკენ. იქ ერთ კაფეში ძლივს იპოვა თავისუფალი სკამი. ალბათ წვიმის ბრალი თუ იყო, კაფეში რომ ამდენი ხალხი ირეოდა. დახლთან ვერ გაივლიდი, საპირფარეშომდე მისვლაც კი ჭირდა. დაორთქლილ ვიტრინებს მიღმა არაფერი ჩანდა, უკვე ისედაც ჩამობნელებულიყო. გამომძიებელმა ორმაგი ესპრესო შეუკვეთა და სიგარეტი ამოიღო. ნელა ეწეოდა, თითქმის არ სვამდა ყავას. კარგი იქნებოდა, საღამოს გაზეთი მეყიდა, დოღის წინასწარ ფსონებს მაინც ჩავხედავდი, გაიფიქრა გამომძიებელმა და სცადა კაფეში ახმიანებული რადიოსთვის მიეგდო ყური. სიგარეტი რომ ჩაამთავრა, წამოდგა და ჩახუთული კაფედან გამოვიდა, იქვე იყიდა საღამოს გაზეთი და საყვარლის სახლისაკენ გაეშურა. აჰ, მოსულა, გაიფიქრა გამომძიებელმა, როცა დაინახა, რომ კარის სახელურში თაიგული აღარ იყო და ხალისიანად დააკაკუნა. რადიოს ხმა აღარ მოისმოდა, მაგრამ კარიც არავის გაუღია. ეი, დააბრახუნა გამომძიებელმა, მე ვარ... რა ამბავში ხარ? კიბეზე ქალი ამოდიოდა, უკვე დაკეცილი სველი ქოლგა ეჭირა. სად ხარ? შეუბღვირა გამომძიებელმა: უკვე მეორედ მოვედი. სულაც არ გელოდი. შენთან რომ მოვსულიყავი ასე, დამხვდებოდი? ზერელედ აკოცა ქალმა და კლიტეს გასაღები მოარგო. ჩემი თაიგული სად არის? წაიბურდღუნა კაცმა: წეღან მოვედი და კარში თაიგული დაგიტოვე. თაიგული? ჰო, თაიგული. ვიღაცამ მოიპარა ჩემი თაიგული? გაიცინა ქალმა: რა სისულელეა. თაიგული დავტოვე. რადიო კი "შავ ვარდს" გადმოსცემდა. რადიო გამორთულია, თქვა ქალმა და ქოლგა მიაყუდა საკიდთან: რა გჭირს? უცნაურია, თქვა გამომძიებელმა და ჰოლში გაჩერდა. მოიხადე ეგ ქუდი და დამშვიდდი, დიდი ამბავი, ვიღაცამ ბოროტად იხუმრა და თაიგული მოიპარა. ბოროტების მეტი რა არის ამ ქალაქში? და "შავი ვარდი"? დაიჟინა კაცმა: არ ვიცი, აღარ ვიცი, ეგებ სულ სხვა მხრიდან მოდიოდა ეგ ხმა. ეგ შენი პროფესია გაგაგიჟებს, თქვა ქალმა: გაიხადე. არა, წამო წავიდეთ სადმე. აჰ, მე უკვე ვივახშმე. თან, სად წავიდეთ ამ წვიმაში? თუნდაც, ოპერეტაში, ან თეატრში სადმე, ანდა კინოში. არა, არა, გაიხადე-მეთქი, უთხრა ქალმა: მე გავახშმებ. მაქვს რაღაცეები, ვთქვათ, სალმონი. ახლავე შევწვავ ღვინოში. გამომძიებელმა ქუდი მოიხადა და თქვა: რაღაცით ოჯახს ვგავართ. რაღაცით. ოჯახის რა გაგეგება? სამზარეულოდან გამოსძახა ქალმა: რა იცი ოჯახის? მახსოვს, როგორ მოდიოდა მამაჩემი შებნელებულზე, თქვა გამომძიებელმა და სავარძელში ჩაჯდა: საღამოს გაზეთი მაქვს. ზეგინდელი დოღის ფსონებს შევათვალიერებ. აი, ზეგ წავიდეთ დოéზე, გამოსძახა ქალმა. მწერალი მოკლეს, თქვა უცებ გამომძიებელმა: სასაფლაოზე იპოვეს, ერთი ტყვია ესროლეს მიბჯენით, ხმაც კი არ გაუგონია არავის. მწერალი? ჰო, მწერალი ყოფილა, მე არც ვიცოდი. მის ცოლს ველაპარაკე დღეს. დიდი აბურდული ამბავია. გეხვეწები, არ მითხრა, როგორი ქალია მწერლის ცოლი. გამომძიებელს გაეცინა. სულ იმას ყვები, როგორი იყო ვიღაცის ცოლი, ჩაიხითხითა ქალმა. სამხრეთული სისხლის ბრალია. აი, თმაც იმიტომ გამცვივდა, რომ სამხრეთელი ვარ. "შავ ვარდს" გადმოსცემდნენ ამ შენს რადიოში. ფირფიტაც მაქვს, უთხრა ქალმა. ფირფიტაც? "ჩვენმა ჯარებმა გარკვეული წარმატება მოიპოვეს ჩრდილოეთ აფრიკაში მიმდინარე ბრძოლებში. მეხუთე განსაკუთრებული დივიზია და ალისფერლენტიანთა პოლკი ერთობლივ შეტევაზე გადავიდა ალ-ჰალეჯის მიდამოებში და აიღო მოწინააღმდეეგის ფორტიფიკაციები. უმნიშვნელო მსხვერპლის ფასად, ალისფერლენტიანთა პოლკმა დაიკავა გამაგრებული ადგილი ალ-მოჰაბი. მთავარმა შტაბმა სიმამაცის ჯილდოზე წარადგინა რვა ოფიცერი და თორმეტი ჯარისკაცი", მოისმოდა რადიოდან.       რას ნიშნავს უმნიშვნელო მსხვერპლი? გაბრაზდა გამომძიებელი. ბონაპარტი რომ ცოცხალი იყოს, კარგად აგიხსნიდა, უთხრა ქალმა. რა შუაშია აქ ბონაპარტი? არ ვიცი. რაღაც წიგნი ვიყიდე. აი, ნახე, მანდ აგდია, "წმინდა ელენე, იმპერატორის უკანასკნელი სამეფო". გამომძიებელი წამოდგა და ტორშერთან მიგდებულ წიგნს დასწვდა. აი, თქვა ყრუდ: სწორედ ეს კაცი მოკლეს გუშინ, ვინც ეს დაწერა. სასაფლაოზე. მოგზაურობდა და იმ ადგილების შესახებ წერდა, რომლებიც მოინახულა. კარგია, არა? ცუდია, როცა ასე მოგკლავენ. არ უნდა დაიმსახურო ასეთი სიკვდილი. წავიკითხავ ამ წიგნს. მოდი, ჯერ ივახშმე, სალმონი მზადაა. მერე ვნახოთ, რასაც წაიკითხავ, გაუცინა ქალმა: აი, ნახე, რა კარგი ლიმონები ვიყიდე. დილით მზემ გამოანათა. გამომძიებელმა ჯიბეში ჩაიტენა ქუდი და ისე შეახტა საპოლიციო დეპარტამენტისკენ მიმავალ ტრამვაის. თერთმეტ საათზე მოკლულის ქვრივი მოვიდა. წითლად თმაშეღებილი, სათვალიანი ქალი. კრემისფერი საზაფხულო შლაპა ეხურა და ფართხუნა, ვარდისფერი ბლუზა ეცვა. საერთოდ, ყველაფერი აჩაჩულ-დაჩაჩულად ედგა ტანზე, მეორე სათვალე ძეწკვით ჩამოეკონწიალებინა გულზე. დიდი ნაქსოვი ჩანთა ჰქონდა, იქიდან კი ახალი გაზეთების კიდეები მოჩანდა. რწევა-რწევით შემოვიდა დეპარტამენტში და გამომძიებელი მიხვდა, რომ ამ ახირებულ ქალთან ლაპარაკი დროის გაცდენის მეტი არაფერი იქნებოდა. ამის მიუხედავად, დასაკითხ ოთახში შეუძღვა და თანაშემწეს დაუბარა, რომ როცა მიმტანი და ტაქსის მძღოლი მოვიდოდნენ, მისთვის ეცნობებინა, ქალს კი ყავა შესთავაზა. ასეთ ადგილას, ყავა? გაუკვირდა ქვრივს: კარგი, ეს გემოც მეცოდინება. მათ კარგა ხანს ისაუბრეს და გამომძიებელმა ვერაფერი შეიტყო იმის მეტი, რომ ქალს განსვენებულის დანახვაც კი არ შეეძლო. ამის მიუხედავად, გამომძიებელმა გვამის ამოცნობა და მისი ვინაობის დადასტურება სთხოვა და ისიც შეახსენა, რომ მასზე უკეთ მიცვალებულის ვინაობას ვერავინ დაადასტურებდა. ამ ქალისა და კაცის თავგადასავალი საკმაოდ ჩვეულებრივი გამოდგა. ჩვეულებრივი ტკივილებით სავსე. ქალი მიტოვებული და შეურაცხყოფილი იყო და ეს შეურაცხყოფა არც კი განელებოდა, ძალიან ცუდი გულისა იყო თავის ყოფილ ქმარზე, რომელიც საბუთებით კვლავაც მის ქმრად ითვლებოდა. ერთმანეთი ათი წლის წინათ გაეცნოთ აფრიკაში. უცნაური იყო, რომ ქალს არასოდეს ეცხოვრა ამ ქალაქში და აქ ქმრის ხათრით გადმობარგებულიყო. ცხოვრებითაც კვლავინდებურად თავიანთ ძველ ბინაში, მდინარის ნაპირას ცხოვრობდა. ქმარი მწერალი იყო და რაც დაქორწინდნენ, ერთად მოგზაურობდნენ. წელიწადში ორ-სამ თვეს თუ ატარებდნენ შინ. კაცი ლაპარაკისა და განსჯების ოსტატი იყო, მახვილი თვალი ჰქონდა და ქალს მოსწონდა მისი ნაფიქრიც და ნაწერიც. ოღონდ კაცი ზომაზე მეტად მგრძნობიარე იყო და სასიყვარულო თავგადასავლები იზიდავდა. ქალი, რა თქმა უნდა, ამჩნევდა და მის გატაცებებსაც უპირისპირდებოდა, მაგრამ ყოველთვის ეგონა, რომ ეს გატაცებები მოგზაურობის, ახალ გარემოში ყოფნის გამო იბადებოდნენ. საერთოდ, ძალიან ეფლობოდა გარემოში, მისი ტყვე ხდებოდაო, ამბობდა ქვრივი და ყოფილი ქმრის პასპორტს ატრიალებდა ხელში. ჭკვიანი, მაგრამ მოცეცებული ქალი ჩანდა, მღელვარე და სულსწრაფი. თქვა, რომ არასოდეს უმუშავია და არც აპირებს, რადგან მშვენივრად ცხოვრობს თავისი რენტით, მეტი კი არ სჭირდება. თავიდან სიძულვილით კი დაიწყო, მაგრამ თანდათან არცთუ ავ რამეებს ამბობდა მოღალატე ქმარზე, საკმაოდ ფერადოვნად უამბობდა გამომძიებელს მის შესახებ. ამბავს ომახიანად, მშფოთვარედ იწყებდა და სევდაგარეული ჩურჩულით ასრულებდა, თითქოს ჰაერი აღარ ჰყოფნისო. პატარა ჯიბის საფერფლე ედგა მაგიდაზე და იქ ღონივრად და სწრაფად აქრობდა სიგარეტებს. ყველაზე მეტად იმიტომ იყო ნაწყენი, რომ ქმარი წერილით გამოეთხოვა. წერილი იმწამსვე ექცია ნაკუწებად და შვიდ წელიწადს არაფერი გაეგო მისი. ისეთი ურთიერთობა არ გვქონდა, რომ რაიმეს მორიდებოდა. არ უნდა მომქცეოდა ასე, ამბობდა ქალი: ამ შვიდ წელიწადში საბოლოოდ ამოვიღე გულიდან. ამიტომ არ დავესწრები მის დაკრძალვას. ეგებ რაღაც იყო? ვიღაც ქალი? ეგებ პირისპირ ვერ გაგიბედათ თქმა? ჰკითხა გამომძიებელმა. არა მგონია, ქალი ყოფილიყო. ის ძალიან გაწონასწორებული იყო ამ საქმეში. თუ თავგადასავალი არ აურევდა ტვინს, ასეთ ნაბიჯს არ გადადგამდა. მაშინ წიგნს წერდა. ინდიელებთან ვცხოვრობდით სამი თვე, ჩამოვედით და წერა დაიწყო. საბეჭდი მანქანა და ყველა მისი ქაღალდი გადავყარე. არ შემეძლო მათი ყურება. ქალი კი არა, რაღაც უფრო სერიოზული იყო, რაღაცამ მოუარა თავში. მგონი შევძულდი და ამიტომ გაიქცა. რატომ უნდა შეძულებოდით? გაუკვირდა გამომძიებელს. რას გაუგებ კაცებს. ეგებ რაღაც არ მოეწონა, რაღაც სისულელე და ამაზე მთელი თეორია ააგო. ასე იცოდა. მისი საყვარელი გამოთქმა იყო: მე მწერალი ვარ, ვისი რა საქმეა, რას ვაკეთებ? ნუ მთხოვ, რომ თეატრში წამოვიდე, იმიტომ რომ მე წიგნებს ვწერ. უცნაური აზრია. არც ისე, თქვა ქალმა: გახსოვთ ერთი ნათქვამი? დედა, იტირე, შენ მწერალი გაგიჩნდა. და ის წიგნი თუ გამოვიდა, ინდიელებზე რომ წერდა? ჰკითხა გამომძიებელმა. ეგ მისი მესამე წიგნი იყო. იმის შემდეგ კიდევ ხუთი გამოსცა. მაღაზიაში ვხედავდი, მაგრამ არც ერთი არ მიყიდია. იმ წიგნში სულ ჩემზე უწერია რაღაცეები, გადავფურცლე და რამდენჯერმე მომხვდა თვალში ჩემი სახელი. გესმით? თითქოს არაფერი მომხდარაო. თანაშემწემ შემოიხედა და გამომძიებელი მობოდიშებით გავიდა დასაკითხი ოთახიდან. კაბინეტში თვალებდასიებული ტაქსისტი და მიმტანი ელოდნენ. გამომძიებელმა დასაკითხი ოთახის მეორე მხარეს, ბნელ სარკმელთან მიიყვანა ისინი და ჯიქურ ჰკითხა: გინახავთ ოდესმე ეს ქალი, ბატონებო? რა თქმა უნდა, არ ენახათ. მაშინ გამომძიებელმა კიდევ უფრო ჯიქურ ჰკითხა: რაიმეთი ხომ არ ჰგავს ეს იმ ქალს, გუშინწინ რომ ნახეთ მოკლულთან ერთად? რასა ბრძანებთ, თქვა მიმტანმა, რასა ბრძანებთ... არა, არა, ეს ვიღაც პეპლების დამჭერი ქალია, ის კი ნამდვილი საყვარელი იყო, იუარა მძღოლმა და მსუქანი, წამოწითლებული სახე მოისრისა. გამომძიებელი სხვას არც არაფერს ელოდა, ამიტომ არ დააშორა ერთმანეთს მოწმეები და მათთან ლაპარაკზე დრო აღარ დაკარგა. ნაჩქარევად გამოემშვიდობა მათ და კვლავ ქალთან შებრუნდა. დღეს ოთხ საათზე ბანკში ნოტარიუსი მოვა და ჩემი და ორი გარეშეს თანდასწრებით თქვენი მეუღლის ანდერძს გახსნის. ეს ანდერძი მას სამი წლის წინათ შეუდგენია, თქვენ შეგიძლიათ დაესწროთ ამ საქმეს, გამოუცხადა ქალს. მე არ მაინტერესებს მისი ანდერძი. ეგებ უარიც ვთქვა, თუკი რაიმე დამიტოვა, უთხრა ქვრივმა. შეგეხმიანებით, ოღონდ ახლა გთხოვთ, დაბლა ჩამობრძანდეთ და მიცვალებული ნახოთ, უთხრა გამომძიებელმა. ქალი არ შემცბარა და აღარც უუარია, უთქმელად ჩაჰყვა გამომძიებელს პირველ სართულზე, პროზექტურაში. ხეირიანად არც დაუხედავსო, იხსენებდა მერე გამომძიებელი, თვალი შეავლო გვამს, ის არისო, თქვა ხმამაღლა და სწრაფად გამოვიდა ოთახიდან, თითქოს გაქცევა უნდოდაო. გამომძიებელმა მოუბოდიშა ამ მძიმე წუთისათვის და კიდევ ერთხელ შეახსენა ანდერძის ამბავი. ქალმა კვლავ იუარა და ასე დასცილდნენ ერთმანეთს. გამომძიებელი თავის ოთახში აბრუნდა, სადაც თანაშემწე ელოდა. თანაშემწეს უბრალო ჩიბუხი გაებოლებინა, ღია ფანჯარაზე ჩამომჯდარი ეფიცხებოდა მზეს. ტანხმელი, მაღალი კაცი იყო, გრძელი, წვეტიანი ცხვირით. უკვე დაედგინა რომელ სასტუმროში ცხოვრობდა მოკლული და გაკვირვებულიც იყო, თუ ეს კაცი მწერალი იყო და ფულიც ბლომად მოუდიოდა, იმ სასტუმროში რა უნდოდაო. მწერლებს ვერაფერს გაუგებ, უთხრა გამომძიებელმა: ახირებულად იქცევიან ხოლმე. ვინ იცის, ეგებ იმიტომაც მოეწყო ეგეთ უბრალო სასტუმროში, რომ რაღაცას აკვირდებოდა, ანდა აინტერესებდა, გახუნებულ êედლებში ცხოვრება როგორიაო. თანაშემწემ უამბო, როგორ მივიდა ამ სასტუმროში და როგორ დაალუქვინა მოკლულის ოთახი. სასტუმროს პატრონიც მოვიკითხე, მაგრამ იქ არ დამიხვდა და პორტიემ მითხრა, ნაშუადღევს დაბრუნდებაო. შენ ქაღალდებს მიხედე, მე სასტუმროში წავალ და ოთახს დავათვალიერებ, მერე კი ბანკში უნდა წავიდე, სადაც ჩვენივე მოთხოვნით, ანდერძი უნდა გაიხსნას. სასტუმრო პარკის მეორე მხარეს, ძველ ქუჩაზე იყო. ამ ქუჩას უცხოელებში სახელი გავარდნოდა, როგორც ქალაქის ყველაზე ბოჰემურ ადგილს, სადაც ძველი და იაფი კაფეები მისდევდა ერთმანეთს და ყოველ ამათგანში შებნელებიდანვე მუსიკას უკრავდნენ. იქ ყველაფერს მიმზიდველი სიღარიბის იერი ედო და სასტუმროებიც ორ-სამსართულიან ძველ სახლებში გაემართათ. ამ სასტუმროების ნომრებში არ იყო სააბაზანო ოთახები და საპირფარეშოებიც მხოლოდ თითო გაემართათ თითო სართულზე. ჩვეულებრივ, აქ ხანგრძლივად მცხოვრები კლიენტები არ იდგნენ. წყვილები ერთი ღამით დაიჭერდნენ ხოლმე ოთახებს, რათა უცაბედი სასიყვარულო ღამეები გაეტარებინათ იაფ საწოლებზე. პარკის კიდეზე იდგა ძველისძველი, ხით ნაგები ცირკის შენობა, სადაც მოგზაური მეორეხარისხოვანი დასები მართავდნენ ხოლმე წარმოდგენებს. ხანგრძლივ კლიენტებს სასტუმროებისათვის სწორედ მოხეტიალე დასთა წევრები წარმოადგენდნენ და კიდევ, თურმე ეს მწერალი, რომელსაც მისი მშობლიური ქალაქის საუკეთესო სასტუმროში შეეძლო ცხოვრება. ზოგიერთ სასტუმროში ოთახები მეძავებსაც ეჭირათ. ვინაიდან ქალაქში ბორდელები აკრძალული იყო, მეძავები იაფი სასტუმროების პატრონებს მოურიგდებოდნენ, ისედაც ცარიელი ოთახები უფასოდ ეჭირათ და თავიანთი შემოსავლიდან უხდიდნენ მათ. იმ სასტუმროს "თეთრი საყელო" ერქვა და მისი პატრონი ერთი ყვითელპალტოიანი ამერიკელი ყოფილიყო. უფრო სწორედ ეს ამერიკელი და მისი ცოლი, რომელიც წინაღამით მომკვდარიყო კიბოთი გამოწვეული გაუსაძლისი ტკივილებისგან. ალბათ სასტუმროს პატრონსაც ამიტომ შემოეცვა ყვითელი პალტო შიშველ და ბანჯგვლიან, თვალში საცემად ღონიერ ტანზე. გამომძიებელი, ცოტა არ იყოს, დააბნია ამგვარმა ვითარებამ: თურმე სასტუმროს სასაუზმო ოთახში მიცვალებული ესვენა. გამომძიებელმა შეწუხებისთვის მოუბოდიშა სასტუმროს პატრონს და მეორე სართულზე ავიდა, სადაც ოთახს ლუქი ახსნა. ერთი ბეწო ოთახი იყო. ფანჯარა ყრუ კედელს უცქეროდა. მინის საფერფლიდან ნამწვების ბორცვი ამოზრდილიყო. აბურდულ ლოგინზე სამოგზაურო ჟურნალები და გაყვითლებული საღამოს გაზეთები ეყარა. პატარა საწერ მაგიდაზე კი ყავის გაურეცხავი ფინჯნები და ვისკის ცარიელი ბოთლები იდგა. საკიდზე რუხი კოსტუმი ეკიდა, უჯრებში თეთრეული ჩანდა და იატაკზე პირქვე გაშლილი ყვითელი წიგნაკი ეგდო. გამომძიებელმა წიგნაკი აიღო. სულ გადაჭრელებული იყო ფანქრით ნაწერით. სხვა დროს, მოკლული მწერალი რომ არ ყოფილიყო, გამომძიებელი ყურადღებით ჩაუჯდებოდა ამ წიგნაკს, მაგრამ ახლა უაზროდ გადაფურცლა და უბეში ჩაიდო, რადგან გაეგონა, რომ მწერლები უამრავ ამბავს იწერენ წიგნაკებში და მერე ამ ამბებს თავიანთი წიგნებისთვის იყენებენ. სწორედ ეს წუთი იყო, რომ გამომძიებელს სასტუმროს პატრონი წამოადგა თავს, ოდესღაც ïლბïთ ლამაზი, ახლა კი თმაგაჩეჩილი და სახეარეული კაცი. მიაკვლიეთ მკვლელს? ჰკითხა უინტერესოდ. გამომძიებელი აირია, არ ეგონა, თუ ეს კაცი თავის მწუხარებას სხვა რამეს გაურევდა. ჯერ ვიძიებთ, მიუგო ხმადაბლა: ჯერ ვემზადებით. ეს მზადება სახლის ჩხრეკას გულისხმობს, არა? ჰკითხა იმავე განწყობით. ცხადია, უამისოდ არაფერი გამოვა. ცხადია, ცხადია, ჩაიცინა სასტუმროს პატრონმა: თუ მიაკვლიეთ რამეს? მაგალითად კუბოკრულ საღამურ ხალათს. სადღაც აქ უნდა იყოს, და კარადის კარი გამოაღო. აჰა, აქ არის. ხალათი გამოგლიჯა კარადიდან და ფეხებთან დაუგდო გამომძიებელს. ეს ხალათი ჩემმა განსვენებულმა მეუღლემ უსახსოვრა. დიდხანს ცხოვრობდა თქვენსას? ხალათს დასწვდა გამომძიებელი. შემოჩვეული ძაღლივით იყო. ზუსტად ასეთი ხალათი მეც მაქვს. ჩემს მეუღლეს მოსწონდა, რომ ქმარს და საყვარელს ერთნაირი ხალათები ეცვათ. რას ნიშნავდა ეს მისთვის, ვერ მოგახსენებთ, მაგრამ ასე კი იყო. მას მოსწონდა, ასე რომ იყო. ვფიქრობ, ეს ამბავი რაღაცით მის ავადმყოფობასთანაა დაკავშირებული. გამომძიებელმა ისღა მოახერხა, რომ სიგარეტის კოლოფი ამოიღო და ქვემოდან ცერი ამოჰკრა, რათა ღერი მოხდენილად ამოვარდნილიყო. დიახ, ასე იყო, თქვა სასტუმროს პატრონმა: თქვენ უხერხულობას გრძნობთ? სულ ტყუილად. საუხერხულო არაფერია. ჩვენი ცხოვრება ხომ ასეთი ბინძურია. მეთანხმებით? სიბინძურის წილი უზარმაზარია. არ მითხრათ, რომ ებრძვით სიბინძურეს, იმიტომ, რომ ეს შეუძლებელია. შეიძლება თქვენი მეუღლის ფოტო ვნახო? სასტუმროს პატრონს გაეცინა. თქვენ შეგიძლიათ ჩემი მეუღლე ნახოთ, ჰოლში ჩამობრძანდით და განახებთ ჩემს მეუღლეს. მგონია, რომ მკვდარიც კი ნდომას აღგიძრავთ. სასაუზმო ოთახში მისი აფიშაც ჰკიდია, ოდესღაც ის კაბარეში ცეკვავდა. მაგრამ სულ ტყუილად იფიქრეთ, რომ ჩემი მეუღლე სასაფლაოზე გაჰყვა მას და იქ მოუსწრაფა სიცოცხლე. მათ ეს არაფერში სჭირდებოდათ. ესეც არ იყოს, გუშინწინ ჩემი ცოლი ტკივილებს ებრძოდა, მე კი მთელი ღამე შპრიცით ვადექი თავს, რათა მორფიუმით მეშველა მისთვის. ის კი ამ დროს ქალს მიათრევდა სასაფლაოზე. თავადაც მიხვდებით, როგორი კაცი იყო. გამომძიებელმა რაღაც ჩაიფრუტუნა და უყურადღებოდ მოავლო თვალი ოთახს. რაც შეეხება მაგ წიგნაკს, უბეში რომ ჩაიდეთ, ჩემია, ჩაიქირქილა მასპინძელმა: მანდ გაზეთებიდან ამოკითხული უბედური შემთხვევებია ჩამოწერილი. რას იზამ, ყველას თავისი ჰობი აქვს. გამომძიებელმა წიგნაკი ამოიღო უბიდან და კიდევ ერთხელ გადაფურცლა. მართლაც, თქვა ხმადაბლა: მაგრამ მის ოთახში საიდან მოხვდა? მე ხშირად შემოვდიოდი აქ. გუშინ, ჩემი ცოლი რომ გარდაიცვალა, აქ მეძინა. პირველად გავატარე ღამე იქ, სადაც ისინი ხვდებოდნენ ხოლმე ერთმანეთს. მშვენიერი განცდა იყო, ორივე მკვდარია. ერთგვარად ნამდვილი სიყვარულის ამბავიც კი იყო. იაპონურ თხზულებებში რომაა ხოლმე, ისეთი. უერთმანეთოდ ვერ იცოცხლეს. თუმცა ჩემს მეუღლეს არც გაუგია მისი სიკვდილი. მაპატიეთ, წიგნაკი გაუწოდა გამომძიებელმა: მე მეგონა, რომ ეს მწერლის წიგნაკი იყო. მათ ხომ ასე უყვართ რაღაცეების ჩანიშვნა. ვიფიქრე, ეგებ გამოძიებას რამეში დაეხმაროს-მეთქი. ვიცი, რომ ისინი თავიანთი წიგნებისთვის იწერენ ამბებს, მაგრამ ამ შემთხვევაში ყველაფერი გამოსადეგია. სისულელეა. წერისა არაფერი გაეგებოდა, თქვა სასტუმროს პატრონმა. გინდათ თქვათ, რომ უვარგისი მწერალი იყო? მწერალი საერთოდ არ ყოფილა. საიდან მოიტანეთ, რომ მწერალი იყო? ოდესღაც რაღაცეებს ცდილობდა, როცა პირველად მოეხეტა აქ, ამბობდა, ფილოსოფოსის დიპლომი მაქვსო, რაც სიცრუე იყო. კარგი, თქვა გამომძიებელმა: კარგი, ბოდიში, რომ შეგაწუხეთ. შეგიძლიათ ოთახის დალაგება. უბიდან მოკლულის პასპორტი ამოიღო: თქვენ ამ კაცზე მელაპარაკებოდით, არა? ჰმ, არც ვიცოდი, თუ პასპორტი ჰქონდა. ნახეთ, როგორ გადაუყვია თმა! გამომძიებელი წამოვიდა, ჰოლში თვალი ჰკიდა განსვენებული ქალის პლაკატს და გარეთ გამოვიდა. ერთხანს სასტუმროს ზღურბლზე იდგა. რა ჯანდაბაა? ფიქრობდა, რა ვქნა? ამ სასტუმროს რეგისტრაციის დავთარიც არ ექნება და რომც ჰქონდეს, მოკლული ისეთ შინაურ კაცად ჩანს, რომ მას დავთარში არავინ ჩაწერდა. რაღაც ხომ არ აერია თანაშემწეს? თუმცა, სახელიც ემთხვევა, გვარიც და პასპორტის ფოტოსაც ყველა ცნობს. სასტუმროს პატრონი კი ალბათ გიჟია, მაგრამ ეს არაფერს ცვლის. თუ მწერალი ამდენ ხანს ცხოვრობდა ქალაქში, რაღა აქაურობა აირჩია? ადრეც იცნობდა ამ ცოლ-ქმარს და იმიტომ? სისულელეა. ვინ იყო ის ქალი, სასაფლაოზე რომ წაიყვანა ღამით? სასტუმროს პატრონის ცოლი? პლაკატზე მართლაც ჰგავს იმ ქალს, ტაქსისტმა და მიმტანმა რომ აღწერეს, მაგრამ, კიბოთი დატანჯული, მომაკვდავი ქალი ამდენს მოახერხებდა? ეს პატარა რევოლვერიც არ უნდა იყოს მაინცდამაინც ამათი.       თუ მოკლული მწერალი არ არის, აბა ვინ არის? ვინ ცხოვრობდა ამ სასტუმროში? გამომძიებელმა ქუჩა გადაირბინა და ერთ გადახუნებულ, უბრალო კაფეში შევიდა. ორმაგი ესპრესო მოითხოვა და ახალი სიგარეტი ამოიღო. დილის გაზეთი რომ მქონდეს, დოღის ფსონებს ვნახავდი, გაიფიქრა. ეი, ქაჩალო, არ დამპატიჟებ ყავაზე? ვიტრინასთან ჯდომა მეც მიყვარს. თავს ქალი წამოსდგომოდა, ალბათ მეძავი. ყოველ შემთხვევაში, მეძავს ჰგავდა. თან, სწორედ ის საათი იდგა, ღამენათევი მეძავები რომ იღვიძებენ და ყავის დასალევად შედიან კაფეებში. დაჯექი. რატომაც არა? გაუცინა გამომძიებელმა: გიხდება ეგ ფერფლისფერი პარიკი. შენ უპარიკოდ უნდა მნახო. ხელი აიქნია ქალმა: ეს დიდი მოულოდნელობაა. ხდება ხოლმე, რომ ვინმე თმებში ჩაგავლებს ხელს. კაცებს ხომ თავის შეკავება უჭირთ. ანდა რატომ უნდა შეიკავონ თავი, როცა თავშეუკავებლობაში იხდიან ფულს. ჰოდა, მოგავლებენ თმებში ხელს, ვითომ თვითონ არიან ამ საქმის უფროსები და პარიკი კი შერჩებათ. მე შავი თმა მაქვს, კაცი კი ძალიან დახვეწილი უნდა იყოს, შავთმიანი მეძავი რომ აირჩიოს. ასე არ არის? ალბათ, თქვა გამომძიებელმა. რატომ ალბათ? ჰკითხა ქალმა: მეძავი არ აგირჩევია? აქეთ იშვიათად დავდივარ, აღიარა გამომძიებელმა: ერთი კაცის ასავალ-დასავალი მინდა შევიტყო და ბევრი ვერაფერი დავადგინე. აი, იმ სასტუმროში ცხოვრობდა, მწერალი იყო. კარგად შესახედი კაცი, არა? ჩაეკითხა მეძავი: აქ იჯდა ხოლმე. ზოგჯერ დილიდან საღამომდე იჯდა. სქელ, ტრინიდადულ სიგარას ახრჩოლებდა და რაღაცეებს წერდა. თითები სულ გაყვითლებული ჰქონდა. ლაპარაკი უყვარდა. გოგოები ამბობდნენ, იმპოტენტი უნდა იყოსო. თავისთან არასდროს მიჰყავდა ვინმე. თვითონ მიჰყვებოდა და ფულსაც უხდიდა, მაგრამ არც მიეკარებოდა. ელაპარაკებოდა და ელაპარაკებოდა. მერე კი წამოვიდოდა. მაგრამ ეგ კაცი ხომ მოკვდა, მოკლული უპოვიათ სასაფლაოზე. ვიცი, მიუგო გამომძიებელმა. პოლიციელი ყოფილხარ, თქვა მეძავმა. ასეა, კვლავ გაეცინა გამომძიებელს. მე არ გაგთქვამ, გაეცინა ქალსაც: ბოლოს და ბოლოს ყავაზე დამპატიჟე. ვინ მოკლა ეგ მწერალი? არ ვიცი, გამომძიებელმა პასპორტი ამოიღო უბიდან და ქალს ფოტო დაანახვა: ამ კაცზე მელაპარაკები, არა? კი, ეგ არის, თავი დაუქნია ქალმა. სასტუმროს პატრონმა მითხრა, არავითარი მწერალი არ ყოფილაო. რა გითხრა? ხელი აიქნია ქალმა: ამ ქუჩაზე წიგნებს არ კითხულობენ. ისე კი წერდა რაღაცეებს, ყვითელფურცლებიანი წიგნაკი ჰქონდა. ზედ ხან ყავა გადაესხმებოდა, ხან რა. სასტუმროს პატრონი კი ბოროტი კაცია. თვითონ არის მწერალი და ეტყობა, შურდა. თვითონ არის მწერალი? ყოველ შემთხვევაში იყო. ლამაზი ცოლი ჰყავს. მოკვდა. მოკვდა? გაუკვირდა ქალს: როდის? წუხელ. საბრალო. ავადმყოფობდაო. გარეთ აღარც გამოდიოდა. დიდი ამაგი ჰქონდა ქმარზე. ეს სასტუმროც მისი იყო. ქმარი კიდევ იმპოტენტია. გამომძიებელს გულიანად გაეცინა: შენ რომ გკითხოს კაცმა, მაგ სასტუმროში ყველა იმპოტენტია. ეგ ცნობილი ამბავია. მაგ ამერიკელს მწერლობა უნდოდა და ოცი წლის წინ ომში წავიდა. იქ რაღაც მოახვედრეს საჭირო ადგილას, ისე რომ, აღარაფერი შეუძლია. ეს ქალი კი მაინც გაჰყვა ცოლად. ერთად ცხოვრობდნენ, მაგრამ ეს ძალიან ბოროტი კაცია. ერთხელ გადამიხადა და ცოლის ოთახში შემიყვანა. ქალიც იქვე იჯდა, სავარძელში. გამოუცხადა, აი, ახლა ეს გასწავლის, მამაკაცს როგორ უნდა დაეხმაროო. მერე? რა მერე?ქალმა განზე გაიხედა, ჭიქა ეჭირა ხელში, ალბათ სვამდა. აბა, ისე როგორ გაუძლებ, შენს ქმარს რომ ვიღაც უნდა დაეხმაროს? საერთოდ, ქალი გალოთებული იყო. ყველგან ბოთლები ყრია მაგათ სასტუმროში. მერე, დაეხმარე? არა. ფული მაგიდაზე დავდე და წამოვედი. რა წესია? ორი-სამი წლის წინ იყო ეგ ამბავი. მე კი მითხრეს, ეგ ქალი ამ მოკლული მწერლის საყვარელი იყოო. მაგასაც ეგ საზიზღარი კაცი გეტყოდათ. სულ ამგვარ რამეებს ამბობდა. ერთხელ საცვლების მაღაზიასთან იდგა და ჰყვებოდა, როგორ უნდა იყო აკრობატ ქალთან. ამბობდა, თითქოს ცირკის ვიღაცასთან ჰქონდა რომანი და მისი სხეულის მოქნილობას იყენებდა. ვიღაც სულელები პირდაღებულები უსმენდნენ. ასეთი კაცია, საზიზღარი. ერთი მწერალი იყო, ახლა ორი გახდა, თავი გააქნია გამომძიებელმა: თან ორივე იმპოტენტი. შენ რომ გისმინო, ყველაფერი სულ სხვა რამეზეა დამოკიდებული. შენ არა ხარ იმპოტენტი, ჩაიხითხითა ქალმა. რა იცი? თვალებში სამხრეთული ნაპერწკალი გაქვს, ამიტომაც გამელოტდი ადრე. სამხრეთელები ადრიდანვე დასდევენ ქალებს. ვიცი, მეც სამხრეთელი ვარ. სამხრეთელები ბევრნი ვართ, ჩაიცინა გამომძიებელმა: ტელეფონი არის აქ? არის, აი ეგერ, დახლს იქით. გამომძიებელმა საყვარელს დაურეკა. სამსახურში ხარ? როგორ ფიქრობ? მოესმა შორიდან. დღეს ვერ გამოგივლი, გავიჭედე ამ მკვლელობის გამო. ბანკში ანდერძის გახსნას უნდა დავესწრო. ხვალ კი მოედანზე შევხვდეთ, ათ საათზე, დოღზე ხომ უნდა წავიდეთ? რა თქმა უნდა, უპასუხა იქიდან ქალმა: მშვენიერი ფსონი მოვიფიქრე. "უდაბნოს უფლისწული" მოიგებს. სამწლიანებში ახლა უკეთესი ცხენი არ არსებობს. ოო, დიდი სპეციალისტი ხარ, გამოეთხოვა გამომძიებელი: დიდი სპეციალისტი. ეჭვი გეპარება? კარგი, კარგი. გამომძიებელი კვლავ მეძავს მიუჯდა გვერდით. აბა, კიდევ რას მეტყვი? ბოშა კი არა ვარ, მეტი რა უნდა გითხრა, გაეცინა ქალს: რამე უფრო სერიოზული ხომ არ დაგველია? გამომძიებელმა საათს დახედა. ნახევარ საათში უნდა წავიდე. პერნო, პერნო დავლიოთ. საზიზღრობაა. წითელი ღვინო დავლიოთ, უთხრა მეძავმა. ახლა კი მჯერა, რომ სამხრეთელი ხარ, თქვა გამომძიებელმა: კლიენტურის საქმე როგორ არის? იცი რა? მე ვამაყობ, რომ ამ საქმეს ვემსახურები, თქვა უცებ მეძავმა: ყველას არ შეუძლია ამის კეთება. მართლაც, ძნელი საქმეა. მაგრამ არ მგონია, რომ სასიამოვნო იყოს. შენ გსიამოვნებს, რომ დაწანწალებ და მკვლელს ეძებ? ეგ სხვაა, ღვინო მოსვა გამომძიებელმა: მე სულ სხვა რამეს ვემსახურები. და დადიხარ ვარდისფერი პერანგით და მელოტი თავით, არა? ჩაეკითხა ქალი: მერე შინ მიხვალ და ცოლი თევზს შეგიწვავს. უცოლო ვარ. ცოლი არ მყოლია. ხომ ვამბობდი, იმპოტენტი არა ხარ-მეთქი, გაიცინა მეძავმა. მე შეიძლება შეღამებულზე გამოვიარო. სად გნახო? აჰ, უკვე ასეა საქმე? არა. მგონია, რომ შეღამებულზე აქ სხვა ამბებიც ხდება, გარდა ყავის სმისა. ასეა, მიუგო ქალმა: აქ ბევრი რამ ხდება. არ იფიქრო, რომ თანამშრომლობას გთავაზობდე, უბრალოდ, მაინტერესებს. მკვლელი უნდა ვიპოვო. ალბათ, ქალი, არა? ჰკითხა უცებ მეძავმა. რა ვიცი, მოიღრუბლა გამომძიებელი. მისმინე, ამოიოხრა ქალმა: აქ, შორიახლოს, ერთი ლოგინად ჩავარდნილი ბიჭი ცხოვრობდა დედასთან ერთად. დედამისი ძალიან კარგი ქალი იყო. ეშხიანი და მოხდენილი. ახლა ორმოცს იქნება გადაცილებული, მაგრამ სწორედაც რომ ქალია. კაფე აქვს. ერთხელ, მის კაფეში რომ შევედი, გამიხმო და მთხოვა, მის ვაჟს დავხმარებოდი. კვირაში ერთხელ ან ორჯერ მივდიოდი ხოლმე მათთან და ბიჭი რომ კვდებოდა, მხოლოდ მე მახსენებდა. ექიმებს ეგონათ, რომ დედამისს ეძახდა. შენ გაგიკეთებია რამე ამგვარი? მერე ფულსაც აღარ ვართმევდი. რა დააშავა იმ ბიჭმა, სულ ფანჯარასთან რომ იჯდა საბანში გამოხვეული? ამას რატომ მეუბნები? ჰკითხა გამომძიებელმა. ბევრი რამის გამო. ერთი, რომ იცოდე, მეძავის ცხოვრებაც ცხოვრებაა. მეორეც ის, რომ მე ვალდებული არა ვარ რაღაცეები გიამბო და მესამეც, ის შენი მწერალი მაგ ქალის კაფეში არ დადიოდა, მაგრამ სამი დღის წინათ, აი, აქ, ამ ვიტრინასთან იჯდა და ის ქალი შემოვიდა და მიუჯდა, ზუსტად ისე, როგორც მე მოგიჯექი შენ. უცნაურია, თქვა გამომძიებელმა. რა არის უცნაური? სად შეიძლება იმ ქალის მონახვა? უბრალოდ, რომ შევხედო, მეტი არაფერი. კაფეში. კაფე "იმელდა". თქვა მეძავმა: ეგ ქალი იჭყიტებოდა ხოლმე, როცა მის ვაჟთან მივდიოდი. რატომ იქცეოდა ასე? რაღაც ხდება ხოლმე ასეთ დროს. ბიჭთან რომ მოვრჩებოდი, კაფეში ყავაზე ჩამომიპატიჟებდა ხოლმე. სულ ერთსა და იმავეს მეკითხებოდა, რა იყო, როგორ იყო, როგორ შეუძლია მის შვილს. არანორმალურად აინტერესებდა. მე კი არ მიყვარს ამგვარი ლაპარაკები. რა სალაპარაკოა? ესე იგი, ლამაზი ქალია. რას ნიშნავს ლამაზი? იცი, როგორი ქალია? რომ შეხედავ, იფიქრებ, თუნდაც ერთი დღით ჯოჯოხეთში გავყვებიო. შავი ვარდივითაა. კი მაგრამ, ასეთი ქალია და მარტოა? ვის უნდა ქალი, რომელიც სულ ავადმყოფ შვილს ახსენებს? ვის უნდა ქალი, ამგვარი მზითევი რომ მოჰყვება? გამომძიებელი სწრაფად წამოდგა. ჩემი წასვლის დროა, თქვა უცებ: მგონია, რომ კიდევ შევხვდებით. მე არ მგონია, გაუცინა ქალმა. კარგი, გეგონოს ასე, მაგიდაზე ფული დატოვა კაცმა: აიღე კიდევ რამე შენთვის. შენ არავინ გამოგყვება ჯოჯოხეთში? მე, არა. იმიტომ, რომ მე არ მივდივარ ჯოჯოხეთში. შემომხედე, ვგავარ ჯოჯოხეთში მიმავალს? გამომძიებელი ჩქარი ნაბიჯით გამოსცდა ამ ქუჩას, ცირკთან გამოიარა და პარკის კიდე გადაჭრა. უკვე დაძრულ ტრამვაის შეახტა და ახლაღა გაახსენდა, რომ დილის გაზეთის ყიდვა უნდოდა. ბანკში უკვე თავი მოეყარათ.       ნოტარიუსმა, რომელსაც საგულდაგულოდ გაკრეჭილი შავი წვერი ამშვენებდა, ქვაბურა შლაპის მოუხდელად წაიკითხა კანონის ის მუხლები, რომელთა საფუძველზეც დაბეჭდილი ანდერძი უნდა გაეხსნათ. გამომძიებელმა დააპირა ეთქვა, რომ ანდერძის გახსნა ნაადრევია, რადგან მოკლული მწერალი შესაძლოა სულაც არ იყოს ის მწერალი, რომლის ანდერძსაც ახლა ხსნიან. ძალიან აერია თავში ფიქრები და აღარაფერი თქვა. ეგებ ასე სჯობდეს, გაიფიქრა და ბანკის პრეზიდენტს გადახედა. ჩვენი ძველი კლიენტი იყოო, უამბობდა პრეზიდენტი უკვე დერეფანში: კარგი იქნება, თუ მემკვიდრე სხვაგან არ გადაიტანს მის დანაზოგებს. ჩვენ თაობებთან ვთანამშრომლობთ. ნოტარიუსი კი ძალიან ჰგავდა რაბინს. თითქოს, რომელიღაც ლექსს გალობსო, ისე კითხულობდა ანდერძს, რომელიც იუწყებოდა, რომ ამ ბანკში შენახული მთელი თანხა და ამ ქალაქში არსებული უძრავი ქონება ეკუთვნოდა მის ქვრივს. გამომძიებელმა ბანკიდანვე დაურეკა მწერლის ქვრივს და სთხოვა, ანდერძი ჩაიბარეთ, ხოლო რას გადაწყვეტთ მიღებულ მემკვიდრეობასთან დაკავშირებით, თქვენი საქმეაო. ქალმა, თავის მხრივ, უთხრა, რომ დაკრძალვას არ დაესწრება, თუმცა უკვე შეატყობინა ერთ-ერთ დამკრძალავ ბიუროს და მოკლულის დაკრძალვას სწორედ ეს ბიურო უხელმძღვანელებს. ერთსაც გკითხავთ, თუ შეიძლება, სთხოვა გამომძიებელმა: შესაძლებელია, რომ თქვენს ქმარს მთელი წელიწადი ეცხოვრა ამ ქალაქში, პარკს იქითა უბანში და თქვენ არაფერი გცოდნოდათ? შესაძლებელია, მიუგო ქალმა: თუ რაღაცის დაწერას გადაწყვეტდა, ჯოჯოხეთშიაც იცხოვრებდა. ის საზიზღარ, იაფ სასტუმროში ცხოვრობდა. იცხოვრებდა. და მეძავებით სავსე ჭუჭყიან კაფეში იკვებებოდა. შესაძლებელია. მეძავებთანაც არ მოიწყენდა. მაგრამ, ქალბატონო, იქ ხეირიანად არც იცოდნენ, რომ ის მწერალი იყო, თანაც ძალიან ცნობილი. ვინ ცნობს მწერლებს სახეზე? მაინც მინდა გკითხოთ, როდესაც გვამი ნახეთ, დარწმუნდით, რომ ის თქვენი ქმრის გვამია? მე მინდა გკითხოთ, ეგებ მოკლული სულაც არ იყო თქვენი ქმარი? იცით რა? ამოიოხრა ქალმა: შეიძლება მიცვალებული აგერიოს, მაგრამ შენი ქმარი არ აგერევა. მე ხეირიანად ვერ შევხედე, იმიტომ, რომ არ შემიძლია მკვდრების თვალიერება, მაგრამ პასპორტში, ფოტოზე ჩემი ქმარია და ისიც, თქვენთან რომ ესვენა, ძალიან ჰგავდა მას. სხვას ვერაფერს გეტყვით. ხომ არ მოგატყუებთ? გმადლობთ. გამომძიებელს კიდევ უნდოდა რაღაცის თქმა, მაგრამ ყურმილი ჩამოკიდა და გარეთ გავიდა. შემდეგ საპოლიციო დეპარტამენტში წავიდა, იქაურ ბუფეტში ორი სოკოს ღვეზელი შეჭამა და თავის ოთახში ავიდა. იქ დიდხანს არ გაჩერებულა, თანაშემწეს სთხოვა, სასაფლაოზე წასულიყო და კიდევ ერთხელ დაეთვალიერებინა იქაურობა, თვითონ კი უჯრიდან პისტოლეტი ამოიღო და პერანგის ქვეშ გაირჭო ქამარში. ტრამვაიში მიხვდა, რომ წელიწადის ამ თვეს ძალიან ნელა და გვიან ღამდება და პარკსიქეთა უბანში დაბრუნებას ჯერ აზრი არა ჰქონდა. ამიტომ, პირველსავე გაჩერებაზე ჩამოხტა და მოედნისაკენ აიღო გეზი. იქ უკვე აფრიალებდნენ საღამოს გაზეთებს. გუშინ ამ დროს წვიმდა, გაიფიქრა გამომძიებელმა და გაზეთი იყიდა. ჩამოვჯდები სადმე და წავიკითხავ. მაგრამ კაფეში ჩამოჯდომას მაინც საყვარელთან შევლა არჩია. ამას ადრეც ფიქრობდა, როცა დაურეკა, მაშინ. ქუჩას დაუყვა და საყვავილეში ისევ ის ყვითელი თაიგული იყიდა, წინა საღამოს რომ დატოვა მისი სახლის კარში. კიბეზე დინჯად ავიდა და შემოესმა "შავი ვარდის" ჰანგები. ზუსტად ისე, როგორც წინა საღამოს, გაიფიქრა გამომძიებელმა და დააკაკუნა. კარი არავინ გაუღო. გამომძიებელმა ახლა უფრო მკვეთრად დასცხო კარს მუშტი, მერე კი დიდხანს აღარ უფიქრია, თაიგული კარის სახელურში ჩატოვა და წამოვიდა. ჩემი ბრალია, დავურეკე და ხვალინდელზე შევუთანხმდი, ეს "შავი ვარდი" რაღა ჯანდაბაა? კაცმა პარკსიქითა უბნისკენ გასწია. გაგრძელება ►…
დაამატა Kakha to ლიტერატურა at 10:13pm on დეკემბერი 4, 2014
თემა: მიგელ დე უნამუნო - ევროპეიზაციისთვის
მაინც რა ასეთი სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს გარდასახვის იმ იდეებს საერთოდ და, კერძოდ, ჩვენთვის, სულ რომ ენაზე გვაკერია დიდსა თუ პატარას.       ორად ორი სიტყვით კი შეიძლება იმის გადმოცემა, რასაც ჩვენი ხალხისგან მოითხოვენ, რასაც ჩვენი ხალხი მოითხოვს და გააზრება იმისი, რაც მოვითხოვეთ; ეს ორი სიტყვა გახლავთ "ევროპელობა" და "თანამედროვეობა". "უნდა გავხდეთ ევროპელები!" "უნდა გავხდეთ თანამედროვეები!" "აუცილებელია ვიყოთ თანამედროვეები!" "აუცილებელია ფეხდაფეხ მივსდიოთ საუკუნეს!" "საჭიროა გაევროპელება!" ასეთია, ზოგადად, ეს მოთხოვნები.       ტერმინი "ევროპული" ცარიელი იდეაა, მეტისმეტად ცარიელი, უკიდურესად ცარიელი; მაგრამ ამაზე უფრო ცარიელია ტერმინი "თანამედროვეობა"; ხოლო თუ მათ შევაერთებთ, დავინახავთ, როგორ აკონკრეტებს და განმარტავს ეს ორი სიცარიელე ერთმანეთს და გამოთქმაც "თანამედროვე ევროპელი" კიდევ უფრო ნათელი გახდება, ვიდრე მისი ორი შემადგენელი ნაწილი ცალ-ცალკე, თუმცა, შესაძლოა, საფუძველშივე მათზე უფრო ცარიელი.       მოგეხსენებათ, მავანი და მავანი სულ იმას გვიკიჟინებს, ამგვარი თვითნებური მტკიცებები ძნელად დასასაბუთებელი და დასადასტურებელიაო, რაკიღა სრულიად უგულებელყოფილია თანამედროვე ევროპული ლოგიკა და მისი მეთოდები კი აბუჩად აგდებული.       ეგებ ასეცაა, მაგრამ მე გრძნობის მეტი მეთოდი არ ვიცი; და როცა გული ბოღმით მევსება, ეჭვები მღრღნის, ზიზღი მახრჩობს, მაშინ კი მივუშვებ ხოლმე გულს თავის ნებაზე, დაე, მან ილაპარაკოს, თქვას ყველაფერი, რაც პირზე მოადგება-მეთქი.       იტყვიან ხოლმე, თითქოს ჩვენ, ესპანელები ერთი თაღლითი, უქმად მოლაყბე ხალხი ვიყოთ და ლოგიკის სიცარიელეს რიტორიკით ვავსებდეთ, მახვილსიტყვაობით ვკაზმავდეთ და მაინც უქმად ვირჯებოდეთ, რადგან ამ სქოლასტიკური და კაზუისტური სულით დასკვნების გამოტანის უნარი არ შეგვწევდეს და ა.შ., ა.შ.       გამიგონია, ავგუსტინეც, ის დიდი აფრიკელიც, ამასვე ამბობდაო, როცა ეს მგზნებარე სულის ადამიანი რიტორიკის, ღვლარჭნილსიტყვაობის, ანტითეზების, პარადოქსებისა და მახვილგონიერების ტალღებს ააბორგებდაო. წმინდა ავგუსტინე, აი, ვინ იყო ნამდვილი გონგორისტიცა და კონსეპტისტიც მე თავად სწორედ მან დამარწმუნა, რომ კონსეპტიზმი და გონგორიზმი ვნებისა და გზნების ყველაზე უფრო ბუნებრივი გამოხატულებაა.       დიდი აფრიკელი, აფრიკელი ანტიკოსი! და აი, აკი მივიღეთ კიდეც გამოთქმა "აფრიკელი ანტიკოსი" და შეგვიძლია შევუპირისპიროთ "თანამედროვე ევროპელს", ყოველ შემთხვევაში, მნიშვნელობით შორს არაა; დიახ, აფრიკელი და ანტიკოსი გახლდათ წმინდა ავგუსტინე; ტერტულიანეც ხომ იგივე იყო; მაშინ რატომ არ შეგვიძლია ვთქვათ "საჭიროა ანტიკურობის გააფრიკულება", ანდა "აფრიკულის გაანტიკურება!"       მას შემდეგ, რაც ამ რამდენიმე წლის წინათ თანამედროვე ევროპის კულტურის კერები მოვინახულე და მერე ჩემსას მოვუბრუნდი, მარტო რომ დავრჩი საკუთარ ცნობიერებასთან, ვკითხე ჩემს თავს: "ვარ კი ევროპელი? ვარ კი თანამედროვე?" და ჩემმა ცნობიერებამ მიპასუხა: "არა, შენ არა ხარ ევროპელი, ანუ ის, ვისაც ევროპელს უწოდებენ! არა, შენ არა ხარ თანამედროვე, ანუ ის, ვისაც თანამედროვეს უწოდებენ!" და მე კვლავ მივმართავ ჩემს თავს: "და თუ შენ არც ევროპელად გრძნობ თავს და არც თანამედროვედ, მაშინ ვაითუ არც ესპანელად მიგაჩნია თავი!" მაგრამ ჩვენ, ესპანელები ხომ სულის სიღრმეში ესპანელებად ვრჩებით და ევროპულობისა და თანამედროვეობის შემადგენელ ნაწილებად არ ვიშლებით! მაშასადამე, რაკი ასეთები ვართ, აღარაფერი გვეშველება? მაშასადამე, თანამედროვეობისა და ევროპულობის გარდა სხვა ცხოვრება აღარ არსებობს? სხვა კულტურა, თუ რაც გნებავთ, ის დაარქვით, აღარა არის რა?"       ამთავითვე უნდა გამოვტყდე, რაც მეტს ვფიქრობ, მით უფრო იზრდება ჩემი აღშფოთება იმათ მიმართ, ვინც ევროპულ სულზე, დღევანდელ ორთოდოქსულ მეცნიერებაზე პირველად წამოიწყეს ლაპარაკი, მათს მეთოდებსა თუ ტენდენციებზე მიგვანიშნეს.       დღესდღეობით ორი თემა გახდა განსჯის საგანი - მეცნიერება და ცხოვრება. არც ერთი და არც მეორე, მართალი გითხრათ, დიდად არ მეფონება გულს.       მე რომ მკითხოთ, დიდი ახსნა-განმარტება არ სჭირდება მეცნიერებას, ანდა თუ გნებავთ, მეცნიერებას ფართო მნიშვნელობით, თუმცა კი ძალიან მოიკიდა ფეხი და დიდის მონდომებითაც იღვწის, როგორმე უფრო ღრმა აზრი და სიზუსტე მიანიჭოს უნივერსუმს. როდესაც მე, ასე თუ ისე, სპენსერიანელი გახლდით, მეგონა მეცნიერებაზე შეყვარებულიც ვიყავი, მერე კი მივხვდი, რომ ვცდებოდი და ისევე ვცდებოდი, როგორც ცდებიან ხოლმე ადამიანები, რომელთაც ეჩვენებათ ბედნიერები ვართო და სინამდვილეში არ არიან (თუმცა, მეორეს მხრივ, ვერც შეედავები, აკი ბედნიერებაც სწორედ ისაა, როცა გგონია ბედნიერი ვარო). არა, არასოდეს ვყოფილვარ მეცნიერებაზე გადარეული. მე რაღაც სხვას ვეძებდი, რაღაც სხვა მეგულებოდა მის მიღმა, მაგრამ როცა მის ავბედით რელატივიზმს შევეჯახე, მივედი კიდეც ignorabimus-მდე და ისიც კარგად გავაცნობიერე, რომ ყოველთვის მძულდა იგი. "მერედა რა შეიძლება მეცნიერებას დავუპირისპიროთ?" - ვამბობ ჩემთვის, - ეგებ უმეცრება! მაგრამ ზუსტი კია? მაშინ წინასწარმეტყველის, დავითის ძის, იერუსალიმის მეფის კვალად მეც უნდა გავიმეორო, მრავლის შეცნობა ადამიანს წუხილს უმრავლებს-მეთქი და მეცნიერსაც და უმეცარსაც ბოლო მაინც ერთი აქვს-მეთქი; მაგრამ სულ ასეც რომ არ არის! თუმცა რა საჭიროა ახალი სიტყვის ძებნა ან შეთხზვა, მეცნიერებას რომ დავუპირისპიროთ, როცა ასეთი სიტყვა არსებობს და ეს სიტყვა გახლავთ სიბრძნე; ფრანგულად -sagesse, ინგლისურად - wisdom, გერმანულად - wiesheit ან lugheit. მაგრამ უპირისპირდება კი იგი მეცნიერებას? - ვეკითხები ჩემს თავს და მივყვები მსჯელობის ჩემივე მეთოდს, ჩემი სულის გზნებით, ჩემი შინაგანი წინააღმდეგობრიობითა და შინაგანი ალღოთი წაქეზებული ვპასუხობ: "დიახ, უპირისპირდება; მეცნიერება ადამიანს განძარცვავს სიბრძნისაგან და გადააქცევს ცოდნით დამძიმებულ ლანდად".       მეორე თემა, რაზეც დღეს ყველა და ყველგან ლაპარაკობენ, გახლავთ სიცოცხლე და ამას კი ადვილად მოეძებნება საპირისპირო სიტყვა. სიცოცხლეს უპირისპირდება სიკვდილი.       ეს ახალი შეპირისპირება კი პირველის ნათელსაყოფად გამომადგება. სიბრძნე მეცნიერებისთვის იგივეა, რაც სიკვდილი სიცოცხლისთვის, ანდა, თუ გნებავთ, სიბრძნე სიკვდილისთვის იგივეა, რაც მეცნიერება სიცოცხლისთვის.       მეცნიერების საგანი გახლავთ სიცოცხლე, სიბრძნისა - სიკვდილი. მეცნიერება ღაღადებს: "უნდა ვიცხოვროთ!" - და ეძებს სიცოცხლის გახანგრძლივების, მისი გაუმჯობესების, გაიოლების გზებს, რომ ასატანი და საამური გაგვიხადოს ეს საწუთრო; სიბრძნე კი გვეუბნება: "მაინც მოვკვდებით!" - და ეძებს გზებს, რომ შეგვამზადოს სიკვდილთან უშფოთველი შეხვედრისათვის. "Homo liber de nulla re minus quam de morte cogitat et eius sapientia non mortis, sed vitae meditatio est". ამას ჩივის სპინოზაც თავისი "ეთიკის" IV თავში (LXVII). ესპანურად კი ასე ითარგმნება: "თავისუფალი ადამიანი ყველაფერზე ფიქრობს, გარდა სიკვდილისა, თუმცა მისი სიბრძნე არის მედიტაცია არა სიცოცხლეზე, არამედ სიკვდილზე".       ამ შემთხვევაში, ეს სიბრძნე, ეს sapientia, სიბრძნე კი აღარ არის, არამედ მეცნიერებაა. ალბათ მართებული იქნებოდა, ჯერ გაგვერკვია, რას ნიშნავს თავისუფალი ადამიანი, ადამიანი თავისუფალი უკიდურესი სევდისაგან, თავისუფალი გამუდმებული ძრწოლისაგან, თავისუფალი სფინქსის მზერისაგან, ანუ ადამიანი თანამედროვე ევროპის იდეალი რომ გახლავთ.       ახლა ვნახოთ მეორე კონცეფცია, რომელიც ჩემთვის არცთუ ნაკლებ უსიამოვნოა, ვიდრე ცხოვრება და მეცნიერება; ეს გახლავთ თავისუფლება. მაგრამ არ არსებობს სიკვდილზე უფრო ჭეშმარიტი თავისუფლება.       მერედა რა ძევს ყველაფერ ამის სიღრმეში? მაინც რას ეძებენ, რისთვის ილტვიან ისინი, ვინც ასერიგად ებღაუჭება მეცნიერებას, ცხოვრებასა თუ თავისუფლებას და ნებსით თუ უნებლიედ გვერდს უვლის სიბრძნესა და სიკვდილს? ისინი ეძებენ ბედნიერებას! აი, რას!       და მე მწამს, - თუმცა ეს ჩემი რწმენა შესაძლოა თვითნებობა თუ ახირებაც იყოს, - დიახ, მე მჯერა, რომ ჩვენ სწორედ ამ ძიების შუაგულში ვართ. ეგრეთ წოდებული თანამედროვე ევროპელი იმისთვისაა მოწოდებული, რომ ეძიოს ბედნიერება თავისთვისაც და სხვებისთვისაც; მეც ასევე ვფიქრობ, ადამიანი მუდმივად უნდა ილტვოდეს ბედნიერებისკენ, თუმცა მე თავად ეს არ ძალმიძს.       და ახლა, ჩემს ამ აღსარებაში ერთ ჩემს აკვიატებულ დილემაზე მინდა მოგახსენოთ, დილემაზე-მეთქი იმიტომ ვამბობ, რომ ლოგიკურად ამის დამტკიცებას ნამდვილად ვერ შევძლებ, რამეთუ იგი გულითა მაქვს ნაგრძნობი და არა გონებით განსჯილი; და აი, რა დილემაზე - ბედნიერება თუ სიყვარული. თუ გსურთ ერთი, მაშინ უარი უნდა თქვათ მეორეზე. სიყვარული კლავს ბედნიერებას, ხოლო ბედნიერება კლავს სიყვარულს.       ეს ყველაფერი კარგად ჩანს თუნდაც იქიდან, რომ ჩვენი დიდებული მისტიკოსები, ჩვენი უებრო, წმინდა სისხლის ფილოსოფოსები, ვინც იყვნენ ესპანური სიბრძნის შემოქმედნი და არა მეცნიერებისა, - საბედნიეროდ, ცნებები მეცნიერება და ესპანეთი სრულიად შეუთავსებელია, - სიყვარულზე კი არ ფიქრობდნენ, არამედ გრძნობდნენ მას და ამიტომაც უთქვამთ "ვკვდები, რომ არ მოვკვდე", ანდა "საამო ტკივილი" და კიდევ სხვა და სხვა, რაც სწორედ რომ გრძნობათა სიღრმეზე მეტყველებს.       *       კარგი და კეთილი, მაგრამ რა კავშირი აქვს ყველაფერ ამას ესპანეთის სულიერების პრობლემასთან? განა ეს წმინდა წყლის პოზიციაზე და მით უმეტეს, ინდივიდუალობასა თუ ნების თავისუფლებაზე მეტია? ანდა თავად მე, ყველაფერ ამას ისე განვიცდი, როგორც ესპანელი? ნუთუ ეს სწორედ ის ესპანური სულია, მე რომ შთამაგონებს?       იტყვიან ხოლმე, სულ კათოლიკე მეფეებისა და ეროვნული გაერთიანების წყალობითაა ჩვენი ისტორიის კურსი რომ შეტრიალდაო. ესეც არ იყოს, მას შემდეგ, ანუ ამერიკის აღმოჩენისა და ევროპის ქვეყნების საქმეებში ჩვენი გარევის შემდეგ მოხდა, რომ სხვა ხალხების ცხოვრების დინებას გავყევით და შემოიჭრა ესპანეთში რენესანსის მძლავრი ნაკადი, შემოიჭრა და წალეკა ჩვენი შუასაუკუნოებრივი სული. რენესანსი კი საფუძველშივე იყო მეცნიერება, უპირატესად ადამიანისა და ცხოვრების ფორმაში გამოხატული და მაშინ ყველაზე ნაკლებად ფიქრობდნენ სიკვდილზე; და ქრებოდა მისტიკური სიბრძნე.       ისიც არაერთხელ უთქვამთ, ესპანელი ყველაზე მეტს სიკვდილზე ფიქრობსო, ამასთან, ყველა ხერხითა და საშუალებით მიგვანიშნებდნენ, ზოგჯერ საკმაოდ მოურიდებლადაც კი, თითქოს სწორედ ეს, სიკვდილზე ამდენი ფიქრი იყოს მიზეზი, რომ ვერა და ვერ შევეთვისეთ ევროპულ თუ თანამედროვე ცხოვრების ყაიდას. სიკვდილიანობას, სალმობას და ჯანის სისუსტესაც კი ამ ყბადაღებული სიკვდილის კულტს აბრალებენ. მე კი, ჩემის მხრით, ვიტყოდი, პირიქით, ძალიან ცოტასაც კი ვფiქრობთ, უფრო სწორად, სანახევროდ თუ ვფიქრობთ-მეთქი.       ხოლო ამ სანახევროდ ფიქრისა და განსჯის მიზეზი კი ის არის, რომ მაინც იქით გვიჭირავს თვალი, ეგებ ევროპელები და თანამედროვეები გავხდეთ, მაგრამ არც ესპანელობაზე ავიღოთ ხელი; ეს კი არ ეგების. და აკი მივიღეთ კიდეც წმინდა სიბრძნისა და ეგზოტიკური მეცნიერების, სიკვდილის ღრმა განცდისა და იმავდროულად სიცოცხლეზე ზრუნვის სამარცხვინო ნარევი. მაგრამ არც პროგრესისთვის რომ აგვიქნევია ხელი, ჩუმჩუმად რომ მაინც შემოდიოდა ჩვენში!       "თავს ნუ მოიტყუებთ, - მითხრა ერთხელ ჩემმა ერთმა უცხოელმა მეგობარმა, რომელსაც რატომღაც თანამედროვედ და ევროპელად მივაჩნდი, - თავს ნუ მოიტყუებთ, თქვენს ესპანელებს სულ არ გააჩნიათ უნარი თანამედროვე ცივილიზაციას ეზიარონ, ის კი არადა, წინააღმდეგობასაც კი უწევენ მას". იგი გაოცებისაგან გაშეშდა, როცა ვუპასუხე: "რაო, განა ეს ცუდია?" - ისეთი თვალებით დამიწყო ყურება ანაზდად გაგიჟებულ კაცს რომ მიაშტერდებიან; ეტყობა, მოეჩვენა, რომელიღაც გეომეტრიულ თეორემაზე ვეკამათებოდი და ერთ ახსნა-განმარტებას მოჰყვა, მაგრამ მე აღარ ვაცალე: "არა, თავს ნუ შეიწუხებთ, ტყუილად ცდილობთ რაიმეში დამარწმუნოთ; ვგონებ, არც მე დამწამებთ ბაქიაობას და არც პირფერობაში ჩამომართმევთ და პირდაპირ გეტყვით, ეჭვი არ მეპარება, შეგიძლიათ უამრავი მაგალითიც მომიყვანოთ და კიდეც დამისაბუთოთ თქვენი მოსაზრებები, მაგრამ არც ისე მარტივად გადასაწყვეტია, რამეთუ ეს გრძნობის საკითხია და არა გონებისა".       ახლა უკვე გრძნობებზე მოინდომა სჯა-ბაასი, მაგრამ აქაც ერთბაშად მოვუჭერი სიტყვა: "არა, ჩემო მეგობარო, არა, თქვენი იარაღია ლოგიკა, მე კი გრძნობებზე მოგახსენებთ, გრძნობებს ხომ ვნება წარმართავს და არა ეგ თქვენი ლოგიკა". - ასე დავშორდით ერთმანეთს და მე კვლავ მივუბრუნდი დიდი აფრიკელი ანტიკოსის "აღსარების" კითხვას.       განა მართლა ასე არ არის, განა ჩვენ ესპანელები სულიერად ვეპუებით ამ ეგრეთ წოდებულ თანამედროვე კულტურას? და თუ ნამდვილად ასეა, ამიტომ უნდა დაგვჯაბნონ? ამიტომ არ შეგვიძლია ვიცხოვროთ და მოვკვდეთ, - მით უმეტეს, მოვკვდეთ, - ღირსეულად ამ ყბადაღებული კულტურის გარეშე?       ამით იმის თქმა კი არ მინდა, რომ მაინცდამაინც გულხელდაკრეფილები, უქმად უნდა ვისხდეთ-მეთქი, უბირები და რეგვენები დავრჩეთ-მეთქი; არა, იმისათვის რომ სულიერად ავმაღლდეთ, გავიზარდოთ, სიამაყე შევინარჩუნოთ, გავკეთილშობილდეთ და ზენაარის მადლს ვეზიაროთ, სხვა გზაც არსებობს და სულაც არ გვჭირდება მათი კულტურის დახმარება, დარწმუნებული ვარ, ჩვენი სიბრძნის დამკვიდრებას მათი მეცნიერების გარეშეც კარგად მოვახერხებთ, ეგ არის მარტო ერთი რაიმე საშუალებად თუ გამოვიყენებთ, ოღონდ თვალი ფხიზლად უნდა გვეჭიროს, ჩვენს სულს არაფერი ვავნოთ. დიდი მტკიცება არ უნდა იმას, რომ სიკვდილის ჩვენეული აღქმა თუ სიყვარული რაც ჩვენი ჭეშმარიტი ცხოვრების სათავედ მიგვაჩნია, სულაც არ გულისხმობს სიცოცხლის ძალით მოსწრაფებას, ანუ თვითმკვლელობას, პირიქით, სიცოცხლე ჩვენთვის არის შემზადება სიკვდილისთვის და რაც უფრო კარგად შევემზადებით, მით უკეთესი; იგივეა სიბრძნისადმი ჩვენი სიყვარულიც; ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ამ სიყვარულმა მთლად აგვაღებინოს ხელი მეცნიერებაზე, ეს ხომ გონებრივი თვითმკვლელობის ტოლფასი იქნებოდა; პირიქით, მეცნიერება უნდა მივიღოთ, როგორც შემზადება და მხოლოდ შემზადება სიბრძნისათვის.       მე კვლავ ჩემსას ვიტყვი, თანამედროვე ევროპის კულტურის კერები ფეხდაფეხ რომ არ შემომევლო, მაშინ ხომ ასეთ სიამოვნებას ვერ მომანიჭებდა ვერც ჩვენი ანტიკოსი აფრიკელისა და ვერც ჩვენი ხალხის სიბრძნე, რაც ასერიგად აღიზიანებს ინტელექტუალიზმის ყველა იმ ფარისეველსა და სადუკეველს, იმ ინტელექტუალიზმისას, სულს რომ გვიწამლავს. როცა მესმის, რა ჰიმნებს უძღვნიან მეცნიერებასა და ცხოვრებას, საშინელი უნდობლობა და შიშიც კი ამიტანს ხოლმე და ამიტომ შევიყვარე მე სიბრძნე სიკვდილისა, შევიყვარე ის მედიტაცია, სპინოზა რომ იტყოდა, როცა თავისუფალი ადამიანი არ ფიქრობს, ეს იმას ნიშნავს, რომ იგი ბედნიერიაო.       *       ამ რამდენიმე დღის წინ წავიკითხე ჩემი თანამოძმისა და მეგობრის, პიო ბაროხას სტატია, რომლის სათაურია "სევდიანი ქვეყანა!" და რომელშიც იგი წერს, ესპანეთი იმდენადვეა სევდიანი, რამდენადაც საფრანგეთი - მშვენიერიო; იგი საფრანგეთს, ამ მხიარულ, ნაყოფიერი მიწების, ველ-მინდვრების, წყალუხვი, ანკარა მდინარეების აყვავებულ ქვეყანას ადარებს ჩვენს ქვა-ღორღიან, ზაფხულში მზით გადაბუგულ, ზამთარში ყინვით დამზრალ ნახევარკუნძულს, მაგრამ ამავე დროს იმასაც შენიშნავს, საფრანგეთის სულიერი შემოქმედება ვერაფრით გაუტოლდება მისივე სასოფლო-სამეურნეო თუ სამრეწველო ნაწარმსო და რომ რასინის პიესები ისე ვერაა დამუშავებული, როგორც ბურდოს ღვინო და არც დელაკრუას სურათები ფასობს არკაშონის ხამანწკებზე მეტადო; თან დასძენს, სამაგიეროდ, ჩვენს დიდებულ ადამიანებს, როგორებიც გახლავთ სერვანტესი, ველასკესი, ელ გრეკო, გოია, მთელი დედამიწის ზურგზე ბადალი არ მოეძებნებათო, თუმცა ჩვენი საქმიანი ცხოვრება შესაძლოა ვერც მაროკოსა და ვერც პორტუგალიას ვერ გაეჯიბროსო.       მე კი ამას დავუმატებდი: "ნეტავი თუ უღირს საფრანგეთს ის თავისი საამური ცხოვრება დათმოს და სანაცვლოდ სერვანტესის, ველასკესის, გრეკოსა და გოიას სულით განიმსჭვალოს? განა მათი შედარება კი შეიძლება ბურდოს ღვინოსა და არკაშონის ხამანწკებთან?" ეგებ მე არცთუ დიდად მიუკერძოებელი შემფასებელი გახლდეთ და ისიც კარგად მესმოდეს, რომ ეს შედარებაც სრულიად უადგილოა, მაგრამ პირდაპირ გეტყვით, მირჩევნია, ჩემს კიხოტესთან დავრჩე, ჩემს ველასკესთან, ჩემს ელ გრეკოსთან და ჩემს გოიასთან, ვერც ბურდოს ღვინო მომხიბლავს და ვერც არკაშონის ხამანწკები, ვერც რასინი გადამიბირებს და ვერც დელაკრუა. იგივე შეგვიძლია ვთქვათ ვნებისა და სენსუალობის შედარების თაობაზეც, ვნება თავისუფალი ნებაა, სენსუალობა - ლოგიკა; ხოლო ლოგიკა თავის მხრივ, სხვა არაფერია, თუ არა სენსუალობის ერთ-ერთი სახესხვაობა.       "მთელი ჩვენი მატერიალური თუ ინტელექტუალური ნაწარმი გამომშრალია, მწკლარტეა, უგემურია, - განაგრძობს ბაროხა, - ღვინო ბლანტია, ხორცი - უვარგისი, ჟურნალ-გაზეთები - მოსაწყენი, ლიტერატურა - უსიამო. ვერ გამიგია, რატომაა მაინც ასეთი უსიამო ჩვენი ლიტერატურა?"       აქ კი უნდა შევჩერდე. კარგად ვერ მივხვდი, რანაირად შეიძლება სევდიანისა და უსიამოს გაიგივება; ეგებ ზოგიერთმა მიამიტმა პარადოქსადაც კი ჩამომართვას, მაგრამ მაინც ვიტყვი, ჩემთვის უსიამო სწორედ ისაა, რაც მავანს სასიამოვნოდ მიაჩნია. აბა, რა დამავიწყებს იმ უსიამოზე უსიამო განცდას, იმ ზიზღის გრძნობას, პარიზის აჟრიამულებულ და საზეიმოდ გაჩახჩახებულ ბულვარში რომ დამეუფლა; მას შემდეგ თექვსმეტი წელი გავიდა, მაგრამ დღემდე ვერ მომიშორებია ის დამთრგუნველი მოუსვენრობის გრძნობა. ახალგაზრდები, რომლებიც იცინოდნენ, ოხუნჯობდნენ, დროს ატარებდნენ, სვამდნენ და არშიყობდნენ, ისეთ შთაბეჭდილებას ახდენდნენ, თითქოს თოჯინები იყვნენ, თოკები ჰქონდათ გამობმული და ვიღაც სხვა დაატარებდათ; ასე მეგონა, გრძნობის ნატამალიც არ გააჩნდათ, ნამდვილი ლანდები იყვნენ. მე იქ, მათ შორის მარტოსული ვიყავი, თავს ნამდვილ ეულად ვგრძნობდი და ეს განცდა ტკივილს მგვრიდა; ვერაფრით დამეჯერებინა, რომ ცხოვრების ამ ორომტრიალში ჩაბმული ეს ადამიანები ჩემივ მსგავსნი იყვნენ, ჩემივ მოყვასნი და ცოცხალი არსებები, ანთუ ცნობიერება გააჩნდათ.       რა გაეწყობა, ასეა, ვისთვის სასიამოვნოა, ვისთვის უსიამოვნო, სამაგიეროდ, როცა ჩემს გატანჯულ ხალხთან ვარ, ზეცას რომ შეღაღადებენ და შესთხოვენ მოწყალება მოიღეო, როცა De Profundis-სა და Miserere-ს გალობენ, თავს ჩემიანებს შორის, ჩემს ძმებს შორის ვგრძნობ, მათთან მე სიყვარული მაკავშირებს. მერე ბაროხა წერს: "ჩემის აზრით, ყველაზე უფრო სავალალო ის არის, რომ ჩვენ, ესპანელებს უნარი არ შეგვწევს მსუბუქად და ლაღად ვიცხოვროთ..." აი, ჩემთვის კი, ერთი ყველაზე უფრო სავალალო რამ სწორედ ის იქნებოდა, ესპანელები მსუბუქები და ლაღები რომ ყოფილიყვნენ. მაშინ ხომ აღარც ესპანელები გვერქმეოდა და ვეღარც ევროპელებად ვივარგებდით; მაშინ კი მოგვიწევდა მთლად ხელი აგვეღო ჩვენს ჭეშმარიტ ნუგეშზე, ჩვენს ჭეშმარიტ ღირსებაზე, ესე იგი იმაზე, რასაც სიმსუბუქისა და სილაღის უუნარობად ნათლავენ. მაშინ ხომ ყველა ერთად და ერთბაშად უნდა შევდგომოდით მეცნიერების გამომათაყვანებელ, პოპულარული სახელმძღვანელოების ზუთხვას და სიბრძნესთან მიახლებასაც ვერ ვეღირსებოდით; სამაგიეროდ, შეიძლება უკეთესი ღვინოებიც გვქონოდა, ნაკლებად მძაღე ზეთიც და საუკეთესო ხამანწკებიც კი, მაგრამ იმის იმედი მოგვეშლებოდა, რომ კიდევ მოვესწრებოდით ახალ კიხოტეს, ახალ ველასკესს და ყველაზე უფრო ახალ სან ხუან დე ლა კრუსს, ანდა ფრაი დიეგო დე ესტელას, სანტა ტერესა დე ხესუსს, ინიგო დე ლოიოლას, ორთოდოქსებსა თუ იეზუიტებს, თუმცა, რას ვამბობ!       და ბოლოს, ბაროხა დაასკვნის: "სევდიანი ქვეყანა, სადაც ყოველ კუთხესა თუ სოფელში მთელი ცხოვრება ისე ცხოვრობენ, ყველაფერზე ფიქრობენ, მაგრამ ყველაზე ნაკლებად სიცოცხლეზე".       ასეთი თვითნებური განსჯა ისე მაშმაგებს, რომ ლამის ვყვირი: "უბედურები ისინი არიან, ევროპის ის ქვეყნები, სადაც მთელი ცხოვრება ისე ცხოვრობენ, რომ სიცოცხლის მეტი საფიქრალი არა აქვთ რა, უბედურები არიან ის ხალხები, რომელთაც მუდმივად არ ახსოვთ სიკვდილი, და განა არის კი სხვა რამ ისეთი, რაც წარმართავს ჩვენს ფიქრსა და ცხოვრებას, თუ არა აზრი, რომ ერთ დღესაც ყველანი დავიხოცებით!"       *       აქ კიდევ ერთი წუთით უნდა შევჩერდე, თუკი შევძლებ და შევაჩერებ ჩემს ფიქრთა სრბოლას, გავაყუჩებ ჩემს აზავთებულ გონებას და ვეცდები როგორმე განვმარტო, თუ რას ნიშნავს თვითნებობა.       უცხოელები, უწინ ფრანგები მყავს მხედველობაში, ჩვენსას არაფერს იღებენ და თუ იღებენ, ისეთს გამოარჩევენ, რაც ყველაზე ნაკლებადაა ჩვენი, და სულიერებასთან ხომ ახლოსაც არაა, - ეს ბუნებრივიც კია! - მაინცდამაინც იმისთანა იდეებს გამოჩხრეკენ, რაც მათს ყოფას მიესადაგება და, რაღა თქმა უნდა, ზედაპირულია. ჩვენ კი, ბეჩავები, ამ დროს, ვერც ვუხვდებით თვალთმაქცობას, ტაშსაც ველოდებით გარედან, ანუ იმათგან, ვისაც ჩვენი არც ესმის და ვერც ვერას გაიგებს.       მე მაინც კარგად ვერ მივმხვდარვარ, რატომ იჩემებენ, თითქოს ჩვენსას იღებდნენ და ჩვენიც გაეგებოდეთ რამე, მე რომ მათ ადგილზე ვიყო, სწორედ იმას გამოვჩხრეკდი და იმას მივაწვდიდი ჩემს თანამოძმეებს, რაც ყველაზე მწარედ მოხვდებოდათ გულზე, გააოგნებდათ და შეაშფოთებდა მათს სულსა და რწმენას, რაც უცხო იქნებოდა მათთვის.       მაგრამ არც მათი საქციელია გასაკვირი, ხალხს აკი ის მოსწონს, რაც მათს ფიქრებსა და ცრურწმენას კვერს დაუკრავს, სწორედ ის აამებთ, როცა ატყუებენ, და რჩებიან კიდეც მოტყუებულები.       რა უნდა იღონო კაცმა, როცა ამისთანა ხალხთან გაქვს საქმე, რას გააწყობ მათი საქციელის შემხედვარე, გინდა ნებსითი იყოს და გინდა უნებლიე, მაგრამ ჩვენც რომ დავყვებით ხოლმე, დავყვებით და ნელ-ნელა ვკარგავთ, ვღალატობთ ჩვენს ბუნებას; ანდა როგორ გაუძლებ, როცა გამუდმებით გიჩიჩინებენ: "თუ გნებავთ ჩვენნაირები გახდეთ და გადარჩეთ, მაშინ ჩვენიც უნდა მიიღოთო".       ეგებ ჩვენ თვითონ ვცადოთ და გავაესპანუროთ ევროპა? ეს ერთადერთი გზაღა დაგვრჩენია, რომ გავევროპულდეთ. ერთი დავფიქრდეთ, რა გვაქვს მათგან მისაღები, რას მიიღებს ჩვენი სული ევროპული სულისგან? მაგრამ ეს ცალკე მსჯელობის საგანია!       *       ერთნი თვითნებობას დამაბრალებენ, მეორენი, პირიქით, ისე გაიგებენ ჩემს ნათქვამს, როგორც არის და ეგებ ასეცაა სინამდვილეში, მაგრამ მე რა ვიღონო?       - კმარა! - იტყოდა მავანი და მავანი ლოგიკურად მოაზროვნე, თანამედროვე ევროპელი მკითხველი, - ახლა კი გაები, შენ თვითონ აღიარებ, რომ შენს ამგვარ მსჯელობას საფუძველი არ გააჩნია, უბრალოდ, ახირებაა, ვერაფრით დაასაბუთებ და საქმედ არ უნდა აქციო! მე კი ამ ბეჩავ, ლოგიკურ მკითხველს, ევროპულსა და თანამედროვეს და, რაღა თქმა უნდა, მეცნიერებასა და სიცოცხლეზე შეყვარებულ ადამიანს ასე ვუპასუხებდი, თუკი რაიმე აზრი ახირებად მიგაჩნიათ, გგონიათ, რომ მისი დამტკიცება-დასაბუთება ლოგიკური მსჯელობის გზით შეუძლებელია, მაშინ ვერც იმას დაამტკიცებთ, სიყალბეაო, მაგრამ რაც მთავარია, იმას მაინც ვერ უარყოფთ, ასეთი მტკიცებები სულს რომ ამხნევებს და ცხოველჰყოფს, შინაგან ცხოვრებას წააქეზებს, შინაგან ცხოვრებას, რაც სრულიად განსხვავდება ლოგიკასა და მეცნიერებაზე გადარეული მკითხველის ცხოვრებისგან.       *       ორიოდე დღეა ხელი აღარ დამიკარებია ჩემი ესეისთვის, ძაფი გამიწყდა და შემთხვევასღა ველოდი, რომ გამეგრძელებინა და აკი მომეცა კიდეც ასეთი შემთხვევა დღეს, 13 მაისს, როცა ერთ ფრაზას წავაწყდი, რამაც სრულიად შემაცვლევინა მსჯელობის გეზი. სწორედ იგივე ემართებათ ხოლმე მდინარეებსაც, როცა გზად კლდე გადაეღობებათ, ამოვარდებიან კალაპოტიდან და იქამდე მიექანებიან უგზო-უკვლოდ, სანამ ან სხვა მდინარეს, ან სულაც ზღვას არ შეერთვიან. საოცარია, მაგრამ აზრებსაც იგივე სჭირთ, განა იშვიათად მომხდარა, როცა თავში ათასნაირი აზრი ბორგავს და გზა ვერ უნახავს, წყვდიადში გაღივებაც უჭირთ, უთავბოლოდ დაბორიალობენ, ერთმანეთს ვერ ხვდებიან, ხვდებიან კი არადა, კიდეც გაურბიან, რადგან აზრებს ადამიანებზე უფრო ეშინიათ სიბნელისა; მაგრამ, აი, შემოიჭრება ახალი, ელვარე აზრი, გაანათებს ყველა კუთხე-კუნჭულს და აქამდე თავთავიანთთვის მიყუჟულები ერთბაშად წამოიშლებიან, გამოცოცხლდებიან, გაეცნობიან ერთმანეთს, გადაეჭდობიან, ლამის საძმოს შეკრავენ და ბოლოს მაინც ეწევიან ცხოვრების სისრულეს.       ერთი ასეთი კუნჭული მეცა მქონდა გულში და იქაც ასევე ბორიალობდნენ წყვდიადში გზააბნეული აზრები, სანამ ერთ დღეს, მადრიდის ყოველდღიურ გაზეთში "La Correspondencia de España" არ ამოვიკითხე ფრაზა, რომელიც პირდაპირ პასუხობდა ჩემს გუშინდელ, 12 მაისის ფიქრებს.       სტატიაში, რომელსაც ხელს აწერდა ფაბიან ვიდალი და რომლის სათაური იყო "დღევანდელობა: კანოვასი", ავტორი ამბობს: "საგასტამ გაუგო ესპანელებს, მაგრამ ვერ გაუგო ესპანეთს! კანოვასმა ვერასოდეს ვერ ამოიცნო, მაინც რა მასალისგან იყვნენ შექმნილნი მათი თანამოძმეები".       წავიკითხე თუ არა ეს, მაშინვე ვიგრძენი, როგორ გამინათდა გონება და ერთბაშად დავინახე ის სხვაობაც, რაც ესპანეთის სულსა და ესპანელების სულს შორის არსებობს, ყველა ჩვენი ესპანელისა, ვინც დღეს ვართ ცოცხლები და მყისვე ისიც გამახსენდა, ბოლო კარლისტური ომის დროს, - მაშინ სულ ყმაწვილი გახლდით, - ერთმა კაცმა რომ თქვა: "მთელი ბილბაოც რომ გამხდარიყო კარლისტი, ბილბაო მაინც თავისუფალი დარჩებოდაო!" პარადოქსია, როგორც იტყვიან, მაგრამ სწორი ნათქვამი კია, ნამდვილი ვნების ჭეშმარიტებაა, გულის ჭეშმარიტებაა. მას შემდეგ სულ ეს მიტრიალებს თავში. "საგასტამ გაუგო ესპანელებს, მაგრამ ვერ გაუგო ესპანეთს!" - განა იგივე არ ითქმის ყველა იმ უხამს გამგებელზე, თავის გემოზე რომ ცხოვრობს და მშვენივრადაც სარგებლობს თავისი ძალა-უფლებით, ყველა იმ უხამს მწერალზე, საკუთარი წიგნების ტირაჟებს რომ ბეჭდავენ და ასაღებენ, ყველა იმ უხამს ხელოვნების მოღვაწეზე, მოაზროვნეზე! დიახ, ყველა კარგად უგებს თავის თანამოძმეებს, მაგრამ არა თავის სამშობლოს. ასეა ეს!       ესპანეთის სულში კი ცხოვრობენ და იღვწიან ჩვენ, ცოცხლებს გარდა, ჩვენზე ბევრად უკეთესნი, ჩვენი წინაპრები; დღესდღეობით ცოცხალთა სულები კი მათსავით ჯერ ვერ დავმკვიდრებულვართ, რამეთუ ჩვენი სული მანამდე არ შეერწყმის ჩვენს სამშობლოს, სანამ არ დატოვებს სხეულს, დროებით სამყოფელს, სანამ არ გარდავიცვლებით, არ გავეყრებით ამ საწუთროს.       ნეტავი, ასე რაისთვის ვირჯებით, რაისთვის ვისწრაფით მაინცდამაინც ეს თანამედროვე აზროვნება დავნერგოთ და თანაც იმ ენაზე, რომელიც არც ევროპულია და არც თანამედროვე? აბა, გასინჯეთ, როცა ჩვენ ერთი რამის თქმა გვინდა, ის სულ სხვას გვათქმევინებს და ვერც ვერასოდეს გამოვთქვამთ იმას, რასაც სინამდვილეში ვფიქრობთ და პირიქით, ჩვენდაუნებურად ვიმეორებთ იმას, რისი თქმაც აზრადაც არ გაგვივლია.       რატომღაც ჩვენს მოვალეობად მიგვაჩნია, ბევრს მაინც, საკუთარი სული გავიმრუდოთ გარეშეთა მიბაძვით, ქომაგი და მისაბაძი რომ გვგონია და ვცდილობთ, როგორმე მივემსგავსოთ, მაგრამ არაფერი გამოგვდის, ვერც იმათ ვემსგავსებით, ვისაც ვბაძავთ და ვერც თავისთავადნი ვრჩებით. აქედან კი იბადება შემზარავი სულის ნაჯვარი, თითქმის უნაყოფო ჰიბრიდი.       აქედანვე იწყება ყველაზე უცნაური და საკვირველი რამ და ამას ერთ მშვენიერ დღესაც ყველანი მივხვდებით, თუკი გამოჩნდება ვინმე და ხელს მოჰკიდებს XIX-XX საუკუნეების გასაყარზე ჩვენი ესპანეთის სულიერი მდგომარეობის კვლევას; მაგრამ კიდევ უფრო უცნაური და საკვირველია, რომ სწორედ ის ესპანელი ითვლება ნამდვილ ევროპელად, ვინც ესპანელია სისხლით, ჯიშით, მოდგმით, გამოირჩევა ეგზოტიკურობით და სულის სიღრმით და პირიქით, ისეთებიც არიან, რომელთაც ბევრი მიამიტადაც მიიჩნევს ეგზოტიკური სულის გამო, ვითომ გაინგლისელებულები, გაგერმანელებულები, გადაფრანგებულები თუ განორვეგიელებულები, მაგრამ ფესვებით კი დაკავშირებულნი არიან მათთან, ვინც გახლდათ ესპანური სულის ჭეშმარიტი შემოქმედნი, რამდენჯერ შემიმჩნევია, გინდა გრამატიკულად ვთქვათ და გინდა რიტორიკულად, მარტო გარედან რომ აკრავთ ქერქი, თორემ ფესვებით ერთიანად ამოძირკვულნი ყოფილან სამშობლოს სულიდან და პირიქითაც; ერთ გაბღენძილ რეგვენს ვიცნობდი, ლიტერატორი ბრძანდებოდა და ერთ დროს კარგი სახელითაც სარგებლობდა, ჩვენს მისტიკოსებს ჩაჰკირკიტებდა, ეგონა, მათგან ვისწავლი თუ ვისწავლი წმინდა კასტილიურსაც და კარგ წერასაცო, მაგრამ კი ვერაფერი გაუგო მათ მგზნებარე სულს, ჭეშმარიტად ესპანური მოდგმის სულს და ვერც ვერაფერი შეითვისა მათგან, მაგრამ ამავე დროს ისეთებსაც ვიცნობდი, რომელთაც არც არაფერი წაუკითხავთ რა, არც აზრად მოსვლიათ მათ ლიტერატურულ ტრადიციებსა თუ ორთოდოქსულ რელიგიას ზიარებოდნენ, მაგრამ თავიანთ სამშობლოს სულიერ ატმოსფეროში კი ტრიალებდნენ და სწორედ იმ მისტიკური ჰაერით სუნთქავდნენ, მათ რომ ასულდგმულებდათ.       ნეტავი რითი აიხსნება ასეთი დაბნეულობა, რა უნდა იყოს ამის მიზეზი? არ ვიცი, მაგრამ ჩემი ვარაუდით ეს ყველაფერი იმის ბრალია, რომ ადამიანებს უწინ იმის დიდი სურვილი ამოძრავებთ, როგორმე თავი დიდ ბრძენკაცებად წარმოაჩინონ, ეგ არის, სიბრძნისა ცოტა რამ სცხიათ, და კიდევ ისიც, რომ მაინცდამაინც იმათგან მოითხოვენ ლოგიკას, ვინც ყველაზე უფრო ფიცხი და დაუყოლიებელია. "ხალხს, - მეტყვის ხოლმე ჩემი მეგობარი, როცა ასეთ თემაზე ჩამოვუგდებ სიტყვას, - ხალხს ისეთი რამ სჭირდება და ისეთ რამეს მოითხოვს, როგორც იტყვიან, ცხოვრებაში რომ გამოადგება, თუნდაც გარკვეული იდეები, სასარგებლო ცოდნა, მეცნიერული თუ სხვა ახალი ცნობები, გონივრული ახსნა-განმარტებები, ხოლო ეს ყველაფერი, მოგეხსენებათ, გრძნობებისა და ოცნებებისგან არ მოდის". ამისთანა აზრებს რომ ვისმენ, მაშინვე თავში გამიელვებს: "ბეჩავი ხალხი!" მერე კი, ცოტას რომ დავფიქრდები, მაინც ვიტყვი: "ერთის მხრივ, ეგებ მართლებიც არიან; ძალიან კარგი, თუკი ამას მაინც მოითხოვენ, მაგრამ ნუღარც სხვას ჰკრავენ ხელს! და, რაც მთავარია, რატომ არ უნდა მოეთხოვოს ყველას, თვითონაც გასცენ, თუკი აქვთ გასაცემი?" ახლა ჩვენი ხალხისაც ვთქვათ, რატომ ვართ ასე მონდომებული, რომ გავიმრუდოთ ეს ჩვენი შინაგანი ბუნება და უარი ვთქვათ იმაზე, რაც ბუნებითვე გვაქვს მომადლებული, ჩვენ კი სხვა რაღაცას ვეპოტინებით? ჩვენი ხინჯი, - ანუ ის, რაც სხვებს მიაჩნიათ ჩვენს ხინჯად, - სწორედ რომ ჩვენი უპირატესობაა, ის რაშიც სხვები ჩვენს წუნს ხედავენ და კიდეც დაგვცინიან ამისთვის, სწორედ რომ ჩვენი ღირსების ფუძეა. როცა კაცმა თავისი სიძუნწის ამბავი იცის, ისიც კარგად ესმის, რას ნიშნავს სიძუნწის ეთიკა და კეთილშობილური ხელგაშლილობის ფასსაც ხვდება, მაგრამ, თუ თავის ამ ნაკლს ვერ სძლია, ისევ საკუთარ თავს ავნებს და ასეთი კაცისგან სიკეთეს არ უნდა ელოდე. იგივე ითქმის ხელგაშლილზეც; როცა მან იცის თავისი ხელგაშლილობის ამბავი, კეთილშობილური გულუხვობის ეთიკაც არ არის მისთვის უცხო, მაგრამ თუ ამ ეთიკას გადაუხვევს, კვლავ თავის საკუთარ თავს მოუტანს ზიანს და არც მისგან უნდა ელოდეს კაცი დიდ სიკეთეს. ხოლო რაც ხდება ეთიკის სფეროში, იგივე ხდება ესთეტიკის სფეროში, რაც ხდება ინდივიდში, იგივე ხდება ხალხშიც.       არ არსებობს უნივერსალური ესთეტიკა, ისეთი ესთეტიკა, რომელიც ყველა ხალხისთვის ერთნაირად გასაზიარებელი იქნებოდა; წმინდა ესთეტიკა! არც გამიგია, თუ ასეთი რამ არსებობს და ვგონებ, არც შეიძლება არსებობდეს; განა ეს სწორედ ის ესთეტიკა არ არის, ჩვენი კონსეპტიზმი და გონგორიზმი ასე რომ გაკილა და ჩვენი წმინდა, ბუნებრივი მაღალფარდოვნება უგემოვნობად გამოაცხადა? არ არსებობს უნივერსალური ესთეტიკა, ყველა ხალხისთვის ერთნაირად მისაღები რომ იყოს, ეს იმათი ესთეტიკა გახლავთ, სხვისი, უფრო სწორად, ფრანგებისა, ვინც თავისი კანონები ბევრს მოახვია თავს. ამ ხალხის ლიტერატურისა და ხელოვნების უპირველესი ნაკლი ის გახლავთ, რომ შემაძრწუნებლად ლოგიკურია და სასოწარკვეთამდე გეომეტრიული, კარტეზიანული და სინამდვილეში ძალზე დაშორებულია კონსეპტისტური და გონგორისტული ესთეტიკისგან, მაგრამ მაინც რომ მოახერხა ჩვენშიც შემოეღწია თავისი კარგითაც და ავითაც. განა იმაზე უარესი შეიძლება წარმოიდგინო კაცმა, როგორიც გადაფრანგებული ესპანური ლიტერატურაა, ანდა ისეთი ესპანელი მწერლები, მართლაც რომ ყალბი და ბედითი, რომელთაც ფრანგული ლიტერატურის მიმბაძველობით მოიკიდეს ფეხი!       მაღალფარდოვნება! და თუ ეს მაღალფარდოვნება ჩვენთვის ბუნებრივია? თუ ეს მაღალფარდოვნება ჩვენი ბუნების სტიქიური გამოვლინებაა? თუ ეს მაღალფარდოვნება ჩვენი ვნების ისეთივე გამოვლინებაა, როგორიც მათი სენსუალობაა და ბუნებრივად და კეთილგონივრულად კი ნათლავენ ხოლმე! მე ერთი რამ ვიცი კარგად, როცა კაცი მართლა აღშფოთებულია ან აღფრთოვანებული, იგი არასოდეს არ გამოხატავს ამ გრძნობებს გონივრული, ნათელი, ლოგიკური, დალაგებული ფრაზებით, არამედ პირიქით, ან ერთბაშად, თავშეუკავებლად გადმოაფრქვევს, რაც კი ენაზე მოადგება, ანდა დითირამბების ბუქს დააყენებს. მეც ვიცი და ხალხსაც მშვენივრად მოეხსენება, რომ სამიჯნურო წერილები, - ნამდვილ სიყვარულს გულისხმობს, ტრაგიკულ სიყვარულს, რომელსაც ბედნიერება არ უწერია, - რაც არ უნდა ვთქვათ, მაინც ზოგადი ფრაზების ცეცხლოვანი ნაკადია.       ბევრჯერ მიფიქრია, ალბათ გონგორიზმი და კონსეპტიზმი, გარკვეული აზრით, ვნების გამოხატულებაა-მეთქი, მით უმეტეს, კონსეპტიზმი და ამას კიდეც ვამტკიცებ, რაღა თქმა უნდა, კვლავ თვითნებურად. თითქმის ყველა მგზნებარე სულის ადამიანი, რომელსაც კი იცნობს კაცობრიობის ისტორია, თვით დიდი აფრიკელიც, ვისზეც ზემოთ ვისაუბრეთ, კონსეპტისტებიც იყვნენ და თავიანთ სევდასა და წუხილს ანტითეზებში, პარადოქსებში და ისეთ ფრაზებში აფრქვევდნენ, ერთი შეხედვით, გონებამახვილობადაც კი მოგეჩვენებოდათ. ეგებ ეს იქიდანაც გამომდინარეობდეს, რომ ვნება ლოგიკის დაუძინებელი მტერია, რომ მასში ხედავს ტირანს და ესეც არ იყოს, კონსეპტიზმი ძირშივე გახლავთ ძალადობა ლოგიკაზე ლოგიკისავე მიერ; ამიტომაა, ცნებებით რომ თამაშობს და თავდაყირა აყენებს იდეებს, რომელიც გასაქანს არ აძლევს ისე იმოქმედოს, როგორც თავისივე ვნება უკარნახებს.       მე მჭირდება ჩემი სულის, ჩემი საკუთარი სულის უკვდავება, ჩემი ინდივიდუალური შემეცნების შეუზღუდავი მარადიულობა; მე ეს მჭირდება და უამისოდ, ამ რწმენის გარეშე სიცოცხლე არ შემიძლია; და ეს ეჭვი, ეს ურწმუნოება, რომ მე ეს არ ძალმიძს, საშინლად მტანჯავს. და რაკი ეს მჭირდება მე, ჩემი ვნებაც მაქეზებს ვამტკიცო ის, რასაც ვამტკიცებ და თანაც თვითნებურად, ამასთან ვცდილობ სხვებიც დავარწმუნო, მაგრამ სხვები რომ დავარწმუნო, ჯერ მე თვითონ უნდა დავრწმუნდე. მაგრამ, როცა მე ასე ვეურჩები ლოგიკას და სულ იმის ცდაში ვარ, პირაღმა დავცე იგი, ისეთ არგუმენტებს ვიშველიებ ხოლმე, რასაც სხვები გონებამახვილობად და პარადოქსებად ნათლავენ, ხოლო ეს ბეჩავი ხალხი, რომელთაც ვნების ნატამალიც არ გააჩნიათ, უდრტვინველად ეგუებიან აზრს, რომ ერთ მშვენიერ დღესაც ყველაფერი დაიქცევა და დამთავრდება.       მგზნებარება, თავისუფალი ნება ამბოხის საუკეთესო გამოხატულებაა; - ისეთი გროტესკული შთაბეჭდილება ჩემზე არაფერს მოუხდენია, როგორიც გადაფრანგებულ სუბიექტებთან შეხვედრამ მოახდინა, რომელთაც, რატომღაც დაუჩემებიათ, ყოველგვარ ტირანიას თავი დავაღწიეთო, თავისუფალი ნებაც გაგვაჩნია, ძლიერი სულიც და ხანდახან ანარქისტებიც და ხშირად ათეისტებიც გახლავართო; მაგრამ ლოგიკის დიდი ერთგულებიც რომ ბრძანდებიან და კარგი გემოვნების კოდექსის თავდადებული დამცველებიც; მორატინსაც კითხულობენ და საღი აზრითაც თავი მოაქვთ! ღმერთმა ხელი მოუმართოთ! დიახ, მაღალფარდოვნება, ქედმაღლობა, კონსეპტიზმი, პარადოქსიზმია სწორედ ვნების ენა და ჩვენთვის, ესპანელებისთვის, ყოველ შემთხვევაში, არცთუ ნაკლებ ბუნებრივი, ვიდრე ფრანგების ეგრეთ წოდებული naturel, რასაც დიდი გარჯის, დახვეწის, გააზიზებისა და ხელოვნური დამუშავების წყალობით თუ მიაღწიეს.       არ მახსენდება რომელიმე ფრანგს ეთქვას, ფრანგული ლიტერატურა ის ლიტერატურაა, რომელიც მჭევრმეტყველურად გადმოსცემს ყველაზე უფრო გახუნებულ აზრებსო. ვეთანხმები და კიდეც დავძენ, რომ ეს სწორედ ის ლიტერატურა გახლავთ, რომელმაც ჩვენს ესპანეთს ამდენი ვნება მოუტანა და კიდევ არ ეხსნება; ან როგორ პოულობს ამდენი საშუალო გრძნობებისა და საშუალო იდეების შესაფერის ფორმებს და მაინც რომ ვერ ჩაუტევია ის თავისი იდეები და დაუოკებელი გრძნობები, ვერ ჩაუტევია იმიტომ, რომ იგი გახლავთ უპირატესად სენსუალური და ლოგიკური ლიტერატურა, ამდენად ბრჭყვიალა და მხიარული. ხოლო ჩვენ, ესპანელები უფრო მგზნებარე ხალხი ვართ, ვიდრე სენსუალურები, უფრო თვითნებურები, ვიდრე ლოგიკურები. ასეთები ვართ და ასეთებად დავრჩებით; მაშასადამე, ისევ ჩვენს ოდინდელს უნდა მივუბრუნდეთ, რამეთუ ვშიშობ, მთლად ისეთები აღარა ვართ, რანიც ვიყავით! აბა, დავფიქრდეთ, ფრანგულ სულს ხომ ერთი დიდი მისტიკოსიც არ შეუქმნია, არც ერთი ჭეშმარიტი, დიდი, წმინდა მისტიკოსი არ წარმოუჩენია. პასკალს, რა თქმა უნდა, თავისუფალი ნებაც ჰქონდა და მაღალი, მგზნებარე სულიც, მაგრამ გეომეტრიამ, რაც არ უნდა ვთქვათ, მაინც თავისი დაღი დაასვა. თუმცა უნდა ვაღიაროთ, რომ პასკალი გახლავთ სწორედ ფრანგული სულის ყველაზე შესაშური გამოვლინება, ვისაც უფრო შევეთვისებოდით, თუკი ვინმეს შევეთვისებოდით; ესოდენ წამებულმა სულმა სხვა ათას რამესთან ერთად ორი თვითნებური აზრი ჩაგვინერგა და გვასწავლა, ანუ ორი თავსატეხი გაგვიჩინა, ერთია - pari, ანუ სანაძლეო და მეორე - II faut s’abetir, ანუ "უნდა გავპირუტყვდეთ", ვირწმუნოთ ის, რასაც გვარწმუნებინებენ. მაგრამ დიდ მისტიკოსს, ჭეშმარიტად წმინდა მისტიკოს ფრანგს მე არ ვიცნობ. აქ მე სიამოვნებით ვიტყოდი ორიოდ სიტყვას ნეტარ, სათნო, სენსუალურ და ლოგიკურ სან ფრანსუა სალეზე, ამ საღი აზრითა და საშუალო სულიერებით დაჯილდოებულ ადამიანზე, მაგრამ ამაზე სხვა დროს ვილაპარაკოთ.       და აჰა, ესეც ამ ხალხის ესთეტიკა, რომელიც ასე განსხვავდება ჩვენი ესთეტიკისგან, მიუხედავად ლათინებთან ნათესაობის ამდენი მითქმა-მოთქმისა, თუმცა ისიც არ ვიცი, არიან კი ისინი ლათინები. ანდა ჩვენ თუ ვართ ლათინები. რაც პირადად მე შემეხება, დანამდვილებით ვიტყვი, რომ ლათინებისა არაფერი მცხია. მეტი რა შეიძლება ვთქვათ ამ ხალხის ესთეტიკის თაობაზე, რომელმაც ასე გადააგვარა ჩვენი არა ერთი სულიერი ქმნილება.       ლათინები! ლათინები? მერედა, ვითომ რატომ ბერბერები არა ვართ, რატომ არ ვგრძნობთ და არ ვაცხადებთ თავს ბერბერებად? განა ჩვენს სატკივარზე თუ სასოებაზე რომ ვმღერით, ბერბერების ესთეტიკაზე ვფიქრობთ?       ცოცხალი ურთიერთობის ერთადერთი გზა ისევ აგრესიის გზაა, ნამდვილი ძმობა და ურთიერთგაგება მხოლოდ აგრესიის საშუალებით მიიღწევა, ანუ როცა ერთი თავს მოადრეკინებს მეორეს, იქნება ეს ინდივიდი, თუ ხალხი. მაგრამ როცა მინდა ჩემმა სულმა ჩემი მოყვასის სულში შეაღწიოს, მაშინ ჩემი მოყვასის სულმაც უნდა შემოაღწიოს ჩემს სულში და მე უნდა მივიღო იგი. მოციქულის ლოცვა-კურთხევა მაშინაა ალალი, როცა მის მიერ დალოცვილთა სულები შეაღწევენ მის სულში და იგი მიიღებს მათ. ამას ჰქვია კეთილშობილური პროზელიტიზმი.       არა, არაფერი არ უნდა დაგრჩეს განსაცდელი და გასავლელი; არასოდეს არ უნდა აიჩეჩო მხრები სხვათა იდეებზე და მით უფრო გრძნობებზე, პირიქით, არ უნდა დაინდო და პირდაპირ მიახალო, ეს უფრო აფხიზლებს ადამიანს. რაც შემეხება მე, ერთს კიდევ ვიტყვი, თუკი ვინმესგან ვყოფილვარ დავალებული, ყველაზე უწინ იმათგან, ვისაც უარსაყოფი უარუყვია და არ მიუღია ჩემგან ის, რაც მისთვის მისაღები არ ყოფილა. ღრმად მორალური ცხოვრება ისევ აგრესული ცხოვრებაა და ურთიერთგაგებინებაა, მაგრამ ისიც უნდა გვახსოვდეს, რაც გვასწავლეს, ღმერთმა შექმნა კაცი სახედ თვისად და ხატად თვისადო! მაგრამ დასაგმობი კი არის ყველა, ვინც თავისთავს სხვისი მიბაძვით ძერწავს, ვინც უარს ამბობს საკუთარ თავზე, რომ გახდეს სხვა, ანუ ის, ვინც სანიმუშოდ და მისაბაძად მიაჩნია. მაგრამ, ვაი, რომ ასეთი კაცი აღარც თავისთავადი რჩება და ვეღარც ის გახდება, ვისაც ბაძავს.       სხვა, სხვებიო კი ვამბობთ, მაგრამ მაინც ბევრი რამ მოიძებნება ევროპის სულში ისეთი, რაც მისაღებია, ოღონდ ეგ არის, ჩვენს ხორცად უნდა გარდავქმნათ იგი, ისევე, როგორც გარდავქმნით ხოლმე ცხოველისა თუ ფრინველის ხორცს, რითიც ვიკვებებით. მაგალითად, ხარის ტვინი აღაგზნებს ჩემს ტვინს, ღორის სუკი გულის ძგერას მიმატებს, თევზი და ფრინველის ხორცი ჩემს ხორცს ასაზრდოებს და ძალას ჰმატებს ჩემს სულს, რომ შეაძლებინოს სიღრმეებში შთასვლა და იქ ცურვა, სიმაღლეებში აიჭრას და იქ იფრინოს. რატომ არ შეიძლება სწორედ ასე შევირგოთ ევროპის სული? დიახ, როცა ხარებს, ღორებს, თევზებსა თუ ფრინველებს ვხოცავთ, თან ხომ ჩვენი ძალის უპირატესობასაც ვუმტკიცებთ და თანაც გვინდა დავასწროთ, რომ მათ არ დაგვასწრონ და არ შეგვჭამონ.       ღრმად ვარ დარწმუნებული, რაგინდ თვითნებურიც არ უნდა ვიყო, - რაც უფრო ღრმაა, მით უფრო თვითნებურია, - დიახ, ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ესპანეთის ჭეშმარიტი და ძირფესვიანი ევროპეიზაცია - ასე ვთქვათ, სანამ ევროპის მარგ ნაწილს არ შევირგებთ და ჩვენად არ გარდავქმნით, - მანამდე არ დაიწყება, სანამ ჩვენ თვითონ არ ვეცდებით და მათ არ გავაგებინებთ ჩვენს გემოს, სანამ არ ვეცდებით და არ გავაესპანურებთ ევროპას. დღეს კი სირცხვილი და გულისწყრომა მალაპარაკებს იმათზე, ვისაც აზრად მოსდის ევროპაში შესვლა სხვა გზით; თუნდაც ავიღოთ რომელიმე ჩვენი მწერალი, იქაურ ლიტერატორს თავის წიგნს რომ სთავაზობს სათარგმნელად და თან მარტო იმაზე ზრუნავს იმგვარად არ თარგმნონ ესპანურისა აღარაფერი დარჩესო; მთარგმნელსაც მეტი რაღა რჩება, მარტო სიტყვებს გადათარგმნის უცხოურ ენაზე და მორჩა; ასეთი მაგალითიც მახსოვს, ერთი ფრანგი მელაპარაკებოდა რომელიღაც ესპანური რომანის თარგმანზე და მიმტკიცებდა, ფრანგულად გაცილებით უკეთესი გამოვიდაო და ბოლოს, ესეც კი თქვა: "წიგნი თავის პირვანდელ ენას დაუბრუნდაო!"       ყოველ ადამიანს, რასაკვირველია, უფლება აქვს საკუთარი მეთოდიც ჰქონდეს, ესე იგი, საკუთარი შეხედულება და ქცევის საკუთარი წესიც გააჩნდეს; ის, რასაც ჩვენ ლოგიკას ვუწოდებთ, გონების მეთოდია, დასკვნების გამოტანის საშუალებაა და გონებასვე აკმაყოფილებს. ასე იქმნება მეცნიერება. მაგრამ როცა უკვე საქმე გონებასა და მის დაკმაყოფილებას აღარ ეხება, მაშინ აღარც ლოგიკა გვჭირდება. მე თავად იშვიათად თუ მივმართავ გონებას, ძალზე იშვიათად და თუკი ვინმე მისმენს და მკითხულობს, ის კითხულობს და უსმენს ჩემს მაგიერს.       ისიც ითქვა, თავისი ლოგიკა გულსაც გააჩნიაო, მაგრამ ცოტა არ იყოს, სახიფათოა, ლოგიკას გულის მეთოდი ვუწოდოთ, გულისმიერი, კიდევ არა უჭირს. მაგრამ არის კიდევ ვნების მეთოდიც და მას თვითნებობა ჰქვია და ეს არავითარ შემთხვევაში არ უნდა ავურიოთ ახირებაში, თუმცა კი ხშირად ურევენ. ერთია ახირებულობა, მეორე და საკმაოდ განსხვავებული - თვითნებობა. თვითნებობა, ანუ ხელაღებით იმის მტკიცება - გინდა თუ არა ასეაო, ანდა მე ასე მინდა ან ასე მჭირდებაო, ჩვენი სასიცოცხლო სიმართლის ქმნა გახლავთ და სწორედ ვნების მეთოდიც ესაა. ვნება თავისას ამტკიცებს და მისი მტკიცებები მისივე მტკიცების ძალაშია. მე სხვა მტკიცება არცა მჭირდება. როცა ვინმე საბრალობელი ინტელექტუალი, რომელიმე თანამედროვე ევროპელი მოდის და თავისი გონებითა და არგუმენტებით ჩემს მტკიცებებს უპირისპირდება, ჩემთვისღა ვიტყვი ხოლმე: "გონება, გონება და გონების მეტი არც არაფერი!" "აქ, - ალბათ იტყვით, - არაფერი მტკიცდებაო!"       ამ უკვდავი სტრიქონების ავტორი ესპანელი არ გახლავთ, თუმცა კი ღირსი იყო ესპანელი ყოფილიყო, იგი ინგლისელი ბრძანდებოდა.       "For Nothing worthy Proving can be proven, Not yet disproven, where fore thou be wise, Cleaver ever to the sunnier side of doubt And cling to Faith beyond the form of Faith!"       ლორდ ტენისონზე მოგახსენებთ, ეს თქვა თავის "Ancient Sage" -ში და კასტილიურად, ანუ იმ ენაზე, რომელზედაც ასეთი რამ პირველად უნდა თქმულიყო, ასე ითარგმნება: "არ არსებობს ღირსეული რამ ისეთი, რის დამტკიცებას ან უარყოფას შეძლებდეს თუნდაც ბრძენთა ბრძენი, ეჭვს მუდამ სინათლის მხრიდან უნდა შეხედო და ყველაზე უწინ ჩაებღაუჭო რწმენას, თუნდ რწმენის მიღმაც!" მართლაც მშვენიერი სტრიქონები დაგვიტოვა ტენისონმა და გვითხრა, რომ ცოდნა - Knowledge ანუ მეცნიერება ტბის ნაპირზე მდგარ ტირიფს ჰგავსო; იგი ტბაში კი ირეკლება, მაგრამ ოდენ ზედაპირზე ლიცლიცებს, სიღრმეში კი არასოდეს ჩააღწევსო.       კეთილი და პატიოსანი, მეც აქ დავასრულებ და მოვემზადები საფიქრებლად, თუ როგორ შეიძლება გავაესპანუროთ ევროპა და რომ ღირსსაყოფს არც მტკიცება და არც უარყოფა არ ჰფერობს.       დეკემბერი, 1906 წ. …
დაამატა Kakha to ლიტერატურა at 6:42pm on მაისი 4, 2015
თემა: კვლევა ინტერნეტში: ექსპერიმენტები, ინტერვიუები, მასალების ძიება და სიმულაციები
მოყენებით ექსპერიმენტების ოთხ ძირითად ტიპს გამოყოფენ: ექსპერიმენტები, რომლებიც სტატიკურ ბეჭდვით მასალებს იყენებენ (მაგალითად, დაბეჭდილი ტექსტი ან გრაფიკული გამოსახულებები); მეორეა ისინი, რომლებიც არაბეჭდვით მასალებს იყენებენ (მაგალითად, ვიდეო-აუდიო); მესამეა რეაქციის დროის ექსპერიმენტები; და ბოლოს, მეოთხეა ექსპერიმენტები, რომლებიც გარკვეული ფორმის პიროვნებათშორის ურთიერთქმედებას მოიცავენ. (Hewson et al. 2003: 48)       პირველი ტიპის ექსპერიმენტი გამოკითხვას იმით ჰგავს, რომ რესპონდენტებს ელექტრონული ფოსტით ან ვებგვერდის მეშვეობით ეგზავნებათ მზა მასალები (მაგალითად, გრაფიკულად წარმოდგენილი მასალები) და ექსპერიმენტული ზემოქმედება, ანუ, ჩარევა სხვადასხვა ჯგუფებისთვის სხვადასხგვარი მასალის გაგზავნა იქნება. აქაც ძალაში რჩება ყველა ის გაფრთხილება და კომენტარი, რომელიც გამოკითხვაზე საუბრისას ითქვა, განსაკუთრებით, ჩამოტვირთვის დროსთან, განსხვავებულ ვებ ნავიგატორებთან და პლატფორმებთან დაკავშირებული პრობლემები. თუმცა, ჩამოტვირთვის საკითხი მეორე ტიპის ინტერნეტ-ექსპერიმენტს უფრო ეხება, რომელშიც ვიდეო და აუდიო მასალები გამოიყენება და პროგრამული უზრუნველყოფის ზოგი პაკეტი ჩვენების უფრო მაღალ ხარისხს უზრუნველყოფს, ზოგი კი - გაცილებით დაბალს, იმისდა მიუხედავად, რომ ორიგინალი “ფაილი” ყველასთვის ერთი და იგივეა. ამ საკითხის მოგვარება შეიძლება ან ისეთი მასალების მიწოდებით, რომელთა ოპტიმალურად გაშვება ყველაზე ნელ კომპიუტერზეც კი შესაძლებელია (Hewson et al. 2003: 49), ან ექსპერიმენტის წარმატებით წარმოებისთვის აუცილებელი მინიმალური აპარატურული მოთხოვნების დაწესებით.       რეაქციის დროის ექსპერიმენტები, რომლებიც დროის ძალიან ზუსტად გაზომვას (მაგალითად, მილიწამებით) საჭიროებენ, ძნელი ჩასატარებელია მანძილზე, ვინაიდან განსხვავებული პლატფორმები და პიკის საათებში მომხმარებლებით გადატვირთული ინტერნეტ-ხაზები პრაქტიკულად შეუძლებელს ხდიან სტანდარტიზაციას. აქედან ერთ-ერთი გამოსავალია, ექსპერიმენტი ჯერ ჩამოიტვირთოს, შესრულდეს, შემდეგ უკან აიტვირთოს და გაიგზავნოს.       მეოთხე ტიპის ინტერნეტ-ექსპერიმენტები ურთიერთქმედებას მოიცავს და ინტერნეტ-ინტერვიუირებას (მოგვიანებით განვიხილავთ) ჰგავს, რომელიც “ჩატის” მეშვეობით ხორციელდება. თუმცა, ეს მხოლოდ წერილობითი ურთიერთობაა და ამიტომ, ამ ურთიერთობაში გამორიცხულია ინტონაციები, ხმის მოდულაცია, მერყეობა, არავერბალური მანიშნებლები, დამატებითი ლინგვისტური და პარალინგვისტური ფაქტორები. გარკვეული აზრით, ეს არასრული, არასაკმარისი პროცესია, თუმცა, ამას მზარდი ხელმისაწვდომობა და მარტივი ვებკამერების გამოყენება ამსუბუქებს. ფაქტობრივად, ინტერნეტის ეპოქაში ბოლოდროინდელი ტექნოლოგიური წინსვლა აფართოებს დაკვირვების გამოყენებით კვლევების ჩატარების შესაძლებლობას.       რეიპსი (2002a) აღნიშნავს, რომ ლაბორატორიულ ექსპერიმენტებთან შედარებით, ინტერნეტ-ექსპერიმენტებში უფრო მწვავედ იდგა კვლევიდან გამოთიშვის პრობლემა და გამოთიშვების სიხშირის მკვეთრი ცვალებადობა (1- დან 87 პროცენტამდე). გამოთიშვების რაოდენობა შეამცირა წამახალისებლების შეთავაზებამ, მაგალითად, ფულადმა ანაზღაურებამ ან ლატარიის ბილეთების გადაცემამ, შედეგად, კვლევის მიტოვებაში განსხავებამ 31 პროცენტი შეადგინა. ინტერნეტ-კვლევიდან გამოთიშვა მთელ რიგ ისეთ ფაქტორებს უკავშირდება, როგორიცაა, მაგალითად, მოტივაცია; რამდენად საინტერესო იყო ექსპერიმენტი; განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ექსპერიმენტის ნებაყოფლობითი ხასიათი (ამის საწინააღმდეგო მაგალითად შეიძლევა დასახელდეს სავალდებულო ექსპერიმენტები, რომელში მონაწილეობაც სტუდენტების სასწავლო პროგრამის ნაწილს შეადგენს). ზემოთ განხილული „მაღალი ბარიერის“ ტექნიკა აქაც გამოსადეგია. რეიპსი (2002b: 245 –6) იმასაც აღნიშნავს, რომ, ტექნიკური საკითხების გამო (მაგალითად, ინტერნეტ-კავშირის სიჩქარე, კომპიუტერის მუშაობის სიჩქარე, ერთდროულად გაშვებული რამდენიმე პროგრამა), შედეგების მეტი დისპერსია ინტერნეტ ექსპერიმენტებში უფრო მოსალოდნელია, ვიდრე - ტრადიციულ ექსპერიმენტებში.       მეორე მხრივ, რეიპსი (2002b: 247) ამბობს, რომ ინტერნეტ ექსპერიმენტები უფრო მიმზიდველია, ვიდრე ლაბორატორიული და ტრადიციული ექსპერიმენტები, ვინაიდან: უფრო ფართო შერჩევის გამო, მეტად განზოგადებადია; მეტი ეკოოგიური ვალიდობა აქვთ, რადგან, ჩვეულებისამებრ, მონაწილეებისთვის ნაცნობ გარემოში და მათთვის მოსახერხებელ დროს ტარდება („ექსპერიმენტი მიდის მონაწილესთან და არა პირიქით“), თუმცა, ამას მეორე მხარეც აქვს: ექსპერიმენტატორი ვერ აკონტროლებს ექსპერიმენტულ გარემოს (ღეიპს 2002b: 250); ვინაიდან მეტია ნებაყოფლობითი მონაწილეობა, მეტად აუთენტური ქცევების დაკვირვებაა შესაძლებელი.       ამ მტკიცებების მართებულობა ემპირიული საკითხია. მაგალითად, რთული და დახვეწილი პროგრამული პაკეტების (მაგალითად, ჟავა) გამოყენებამ შეიძლება შეამციროს ექსპერიმენტატორის კონტროლი, რადგან ამ პაკეტებს პროგრამირების სხვა ენებთანაც შეუძლიათ ურთიერთქმედება. შვარცი და რეიპსი (2001) აცხადებენ, რომ ექსპერიმენტში ჟავასცრიპტ-ის გამოყენებას 13 პროცენტით მეტი გამოთიშვის სიხშირე მოჰყვა, ვიდრე ეს გამოუყენებლობის პირობებში აღინიშნებოდა. გარდა ამისა, ერთი და იგივე მონაწილის კვლევაში რამდენჯერმე დაბრუნებას სანდოობის დაზარალება შეუძლია (ეს საკითხი ზემოთ განვიხილეთ, გამოკითხვის მეთოდებზე საუბრისას.       რეიპსი (2002a, 2002b) ინტერნეტ-ექსპერიმენტის ზოგიერთი „გააკეთე“-ს და „არ გააკეთო“-ს ჩამონათვალს გვთავაზობს. „გააკეთე“-ს რეიპსისეულ ნუსხაში ხუთი პუნქტი ხვდება: კვლევიდან გამოთიშვა დამოუკიდებელ ცვლადად აიღეთ; კვლევიდან გამოთიშვა მოტივაციური მდგენელების დასადგენად გამოიყენეთ (ანუ, დაადგინეთ ექსპერიმენტში მობეზრებისა და მოტივაციის დონეები); პირადი ინფორმაციის შესახებ კითხვები ინტერნეტ კვლევის დასაწყისში განათავსეთ. რეიპსი (2002b) გვეუბნება, რომ პირადი ინფორმაციის მოთხოვნა შეიძლება მონაწილეების ექსპერიმენტში დატოვებაში დაგვეხმაროს და ეს „მაღალი ბარიერის“ ტექნიკის ნაწილია, სადაც მონაწილეები თავად ირჩევენ კვლევის დატოვებას დასაწყისშივე და არა - ექსპერიმენტის მსვლელობისას; გამოიყენეთ ტექნიკები, რომლებიც ინტერნეტით მოპოვებული მონაცემების ხარისხის უზრუნველყოფაში დაგეხმარებათ (მაგალითად, ზემოთ განხილული „მაღალი ბარიერის“ და „გახურების“ ტექნიკები, ქვეშერჩევების გამოყოფა მონაცემების თანმიმდევრულობის დასადგენად და უზრუნველსაყოფად, მონაცემების ერთიანობის უზრუნველსაყოფად ერთი პაროლის გამოყენება, საკონტაქტო ინფორმაციის მიწოდება, კვლევიდან გამოთშვის სიხშირის შემცირება); კვლევის ასაწყობად და მის შესახებ ინფორმაციის გასავრცელებლად გამოიყენეთ ინტერნეტ-საშუალებები და სერვისები (გამოიყენეთ კომერციულად წარმოებული პროგრამული პაკეტები, რათა დარწმუნებული იყოთ, რომ დაძლეულია ტექნიკური და ვიზუალური ხასიათის პრობლემები). არსებობს ვებგვერდები (მაგალითად, ამერიკის ფსიქოლოგიური საზოგადოება), რომლებიც აცხადებენ ექსპერიმენტების შესახებ.       რეიპსის „არ გააკეთო“-ს ჩამონათვალშიც ხუთი პუნქტი შედის: არ მისცეთ გარეშე პირებს დაუცველ დირექტორიებზე მიწვდომის უფლება. ამით შეიძლება ეთიკური და სამართლებლივი მოთხოვნები დაირღვეს, ვინაიდან კონფიდენციალურ ინფორმაციაზეა საუბარი. გარდა ამისა, ამით ექსპერიმენტის სტრუქტურაზე მონაწილეებსაც შეიძლება მიუწვდეთ ხელი, რაც „გაჭუჭყიანებს“ მას; მონაწილეების კონფიდენციალური მონაცემები URL-ების მეშვეობით (Uნიფორმ რესოურცე ლოცატორს; პრობლემა იქმნება იმ შემთხვევაში, თუ რესპონდენტი GEთ ოპერატორს გამოიყენებს, რომელიც ჰტმლ გვერდის მოთხოვნის საშუალებაა, იმისდა მიუხედავად, იყენებს მოთხოვნის პარამეტრებს თუ არა) საჯარო არ გახადოთ. ეს ისევ და ისევ არღვევს ეთიკის ნორმებს; შემთხვევით არ გაამჟღავნოთ ექსპერიმენტის სტრუქტურა (რადგან ამან მონაწილის ქცევაზე შეიძლება იმოქმედოს). ეს შეიძლება ასოცირებულ ფაილში ექსპერიმენტის დეტალების ჩართვით ან იმავე დირექტორიაში ექსპერიმენტის დეტალების შემცველი ფაილის ჩაწერით მოხდეს; არ უგულებელყოთ ინტერნეტისთვის დამახასიათებელი ტექნიკური ცვალებადობა (როგორც ზემოთ ითქვა, ყველაფერმა შეიძლება დააზიანოს ექსპერიმენტი: კონფიგურაციის დეტალებმა, ვებ ნავიგატორებმა, პლატფორმებმა, გადაცემის სიხშირეებმა და პროგრამულმა პაკეტებმა); ნუ შეიტანთ მიკერძოებულობას მონაცემებში ფორმის ელემენტების არასათანადოდ გამოყენებით, როგორიცაა გაზომვის შეცდომები, სადაც გამოტოვებულმა გარკვეულმა კატეგორიებმა (მაგალითად, „ნეიტრალური“, „არ მსურს პასუხის გაცემა“, „არც ვეთანხმები და არც არ ვეთანხმები“) შეიძლება დაამახინჯოს შედეგები;       ფაქტობრივად, ინტერნეტ-გამოკითხვებსა და კითხვარებზე საუბრისას გამოთქმული მოსაზრებები ძალაშია ინტერნეტ-ექსპერიმენტების შემთხვევაშიც. ამიტომ, მკითხველს მათ გადახედვას ვურჩევთ.       რეიპსი (2002b) მიუთითებს, რომ არასწორია ინტერნეტ-ექსპერიმენტის ლაბორატორიული ექსპერიმენტის ეკვივალენტად განხილვა, ვინაიდან: ინტერნეტ-მონაწილეები თავად ირჩევენ როდის დატოვონ ექსპერიმენტი და მათ ამის გაკეთება ნებისმიერ დროს შეუძლიათ; მათ შეუძლიათ ექსპერიმენტის ნებისმიერ დროს და თავიანთ საკუთარ გარემოში წარმოება; ისინი ხშირად უფრო დიდ შერჩევებზე ტარდება, ვიდრე - ტრადიციული ექსპერიმენტები; ისინი დამოკიდებული არიან ტექნიკურ პირობებზე, ქსელის კავშირებსა და მონაწილეების კომპიუტერთან მუშაობის უნარზე; ისინი უფრო საჯაროა, ვიდრე - ტრადიციული ექსპერიმენტების უმეტესობა.       მეორე მხრივ, ის იმასაც გვაფრთხილებს, რომ ინტერნეტ-ექსპერიმენტები ლაბორატორიული ექსპერიმენტებისგან სრულიად განსხვავებულადაც არ უნდა მივიჩნიოთ, ვინაიდან: ბევრი ლაბორატორიული ექსპერიმენტი, ასევე, დამოკიდებულია კომპიუტერებზე; ლაბორატორიულ და ინტერნეტის ქსელში კვლევას ერთი და იგივე ფუნდამენტური იდეები აქვთ; ორივეს საშუალებით მსგავსი შედეგები მიიღება.       რეიპსი (2000ბ) ინტერნეტ-ექსპერიმენტების წარმოებისთვის შემდეგ რჩევებს გვთავაზობს: განიხილეთ ვებპროგრამები ექსპერიმენტული მასალების შემუშავებისთვის; სხვადასხვა პლატფორმაზე სცადეთ პილოტური ექსპერიმენტი, რათა საბოლოოდ ნათელი ინსტრუქციები გქონდეთ და თქვენი ექსპერიმენტი ხელმისაწვდომი იყოს სხვადასხვა პლატფორმაზე; გადაწყვიტეთ, იყენებთ თუ არა HTML-ს და თუ იყენებთ - განსაზღვრეთ მისი სირთულის დონე; გადაამოწმეთ ექსპერიმენტები კონფიგურაციის შეცდომებისა და სხვადასხვა კომპიუტერებს შორის განსხვავებების თვალსაზრისით; ექსპერიმენტი რამდენიმე ვებგვერდსა და სერვერზე განათავსეთ; შედარებისათვის ექსპერიმენტი ინტერნეტ-კავშირის (ონლინე) და კავშირის გარეშე (ოფფლინე) რეჟიმებში აწარმოეთ; გამოიყენეთ „გახურების“ და „მაღალი ბარიერის“ ტექნიკები, დასვით გამფილტრავი კითხვები (მაგალითად, მონაწილის სერიოზულობის, მათი წარსულისა და გამოცდილების, მეტყველების უნარების შესახებ); კვლევიდან გამოთიშვის ფაქტების გაანალიზებამ, შესაძლოა, მოტივაციის როლი გამოავლინოს; გადაამოწმეთ ფაილების დასახელებები და მიწვდომის პირობები (რათა ფაილები არ მოხვდეს მათ ხელში, ვისთანაც არ უნდა მოხვედრილიყვნენ); განიხილეთ პაროლებისა და სხვა პროცედურების გამოყენება (მაგალითად, თანმიმდევრულობის გადამოწმება) ერთი და იმავე კითხვარის რამდენჯერმე გაგზავნის შესაძლებლობის შესამცირებლად; აწარმოეთ ექსპერიმენტის ჩანაწერები მონაცემების ნებისმიერი სახის შემდგომი ანალიზისა და ვერიფიკაციისათვის; გააანალიზეთ და საბოლოო ანგარიშში შეიტანეთ კვლევიდან გამოთიშვის თემა; ექსპერიმენტზე დადებითი შთაბეჭდილების შესაქმნელად, მისი დეტალები ინტერნეტში განათავსეთ.       ამ წიგნის წერის მომენტისთვის, ინტერნეტით წარმოებული ექსპერიმენტები ბავშვის ფსიქოლოგიის სფეროს უფრო განეკუთვნება, ვიდრე - განათლებას. თუმცა, განათლების სფეროში ემპირიულ მონაცემებზე დაფუძნებული პრაქტიკის შემოტანისა და რანდომიზებული, გაკონტროლებული ცდების მომხრეთა მატების პირობებში, განათლების სფეროში ექსპერიმენტირების ამ ფორმის გამოყენებას უფრო ფართო პერსპექტივები აქვს. ინტერნეტ-ინტერვიუები       ინტერნეტ-ინტერვიუ რესპონდენტების ინტერვიუირების განუზომელ შესაძლებლობებს იძლევა. მაგალითად, “ონლაინ” ინტერვიუები, რომლებიც მთლიანად რეალურ დროში მიმდინარეობს და “ჩატით” სინქრონიზდება, შეიძლება ორივე მხარისთვის ანონიმური იყოს, თუ მათ ეს ასე სურთ და მეტია შესაძლებლობა იმისა, რომ რესპონდენტებთან კონტაქტი ორივე მხარისთვის მოსახერხებელ დროს შედგეს. მაგალითად, ამ წიგნის წერის მომენტისთვის სკაიპით კონტაქტი რეალურ დროში და პრაქტიკულად უფასოდ უშუალო კონტაქტის უახლესი საშუალებაა. ინტერნეტის ამ და სხვა მახასიათებლების გამო, მკვლევრებს შესაძლებლობა აქვთ ძნელად მისაწვდომ ჯგუფებს და ინდივიდებს დაუკავშირდნენ (მაგალითად, სენსიტიური საკითხების კვლევისას). მეორე მხრივ, როგორც ზემოთ უკვე ითქვა, ინფორმაციის წმინდად წერილობით ურთიერთგაცვლაზე დაყვანამ, როგორც მეთექვსმეტე თავში ვნახავთ, შეიძლება გააფერმკრთალოს ინტერვიუს ზოგიერთი არსებითი ნიშანი. საჭიროა ინტერვიუ სრულ სოციალურ ურთიერთქმედებად მივიჩნიოთ.       “ჩატი” ეკრანის გაყოფისა და გაზიარების და ამით მონაწილეებს შორის მიმდინარე დიალოგის დანახვის საშუალებას იძლევა. თუ “ჩატი” არ გამოიყენება, მაშინ მისი ალტერნატივა შეიძლება ელექტრონული ფოსტა იყოს, რომელიც, ასევე, იძლევა მიმდინარე დიალოგის წარმართვის საშუალებას, რაც კავშირის სიჩქარეზეა (ჩვეულებრივ, მაღალ სიჩქარეზე) დამოკიდებული. ამ მიდგომებს შეიძლება აკლდეს ტრადიციული ინტერვიუს სპონტანურობა და მრავალფეროვნება, მაგრამ, მათ მიმზიდველობას ანონიმურობა და პირისპირ შეხვედრის არარსებობა ქმნის (თუმცა ინტერვიუს მსვლელობისას ვებკამერების გამოყენებაც შეიძლება). გამოსახულების ხარისხი შეიძლება დაბალი იყოს და აკლდეს ტექსტთან სინქრონიზაცია - ხშირად გამოსახულება ოდნავ იგვიანებს და კადრების თანმიმდევრობა უფროა, ვიდრე ერთი უწყვეტი მოძრავი გამოსახულება. ინტერნეტ-ინტერვიუ შეიძლება რეალურ დროში კავშირის გარეშეც მიმდინარეობდეს: რესპონდენტები წერდნენ თავიანთ პასუხებს და სხვადასხვა დროს გზავნიდნენ, თუმცა ეს ინტერვიუს, გარკვეულწილად, კითხვართან აახლოებს და ერთადერთი დარჩენილი განსხვავება, ალბათ, ისაა, რომ ინტერნეტ-ინტერვიუში რესპონდენტი უფრო თავისუფალია კითხვების (შინაარსის, ხასიათის, წამოჭრილი საკითხების და შემდგომი შეხსენების) თვალსაზრისით, ვიდრე კითხვარების შემთხვევაში. ინერნეტ-ინტერვიუს უბრალოდ სჭირდება, რომ ორივე მხარე შეთანხმდეს დროზე, რომ ერთდროულად იყოს ხაზზე და თუ საჭიროა ან შესაძლებელი, ჩართონ ვებკამერა. კვლევის მასალების ინტერნეტში ძიება       ინტერნეტში კვლევის მონაცემების შენახვა და მოძიება მნიშვნელოვანია არამარტო მკვლევრებისთვის, რომ არ ჩამორჩნენ მიმდინარე პროცესებს/განვითარებას მთელი მსოფლიოს მასშტაბით, არამედ იმიტომ, რომ ხელმისაწვდომი ხდება მონაცემები, რომელიც მკვლევარს ლიტერატურის მოძიებისა და მიმოხილვის საშუალებას აძლევს და ხელს უწყობს საკუთარ კვლევაში კონსტრუქტის და შინაარსობრივი ვალიდობა უზრუნველყოს. ზოგიერთი კვლევა რეალურად დიდი მოცულობის ლიტერატურას ქმნის (მაგალითად, ჟურნალში Review of Educational Research გამოქვეყნებული კვლევითი ნაშრომები). ელექტრონული ჟურნალები, ამონარიდები და სათაურები მკვლევარს მიმდინარე თანამედროვე კვლევებთან გაცნობის და მისთვის საინტერესო თემის შესატყვისი მასალების მოძიების საშუალებას აძლევს. ვებგვერდები და ელექტრონული ფოსტა ქსელებისა და ინფორმაციის გაცვლის საშუალებას იძლევა. მაგალითად, თუ მკვლევრებს სურთ, რომ გლობალური უწყვეტი მიწვდომა ჰქოდეთ კვლევით ლიტერატურასა და კვლევაში უახლეს მიღწევებზე, ავსტრალიაში, აღმოსავლეთ აზიაში, დიდ ბრიტანეთსა და ამერიკის შეერთებულ შტატებში არსებულ ასოციაციებთან დაკავშირება მხოლოდ რამდენიმე წამის საქმეა ისეთი ვებ გვერდების საშუალებით, როგორიცაა, მაგალითად: ამერიკის განათლების კვლევის ასოციაცია (American Educational Research Association); ავსტრალიის განათლების კვლევის საბჭო (Australian Council for Educational Research); ბრიტანეთის განათლების კვლევის ასოციაცია (British Educational Research Association); ჩინურ-ამერიკური განათლების კვლევის ასოციაცია (Chinese American Educational Research Association); კურიკულუმის, შეფასებისა და მართვის ცენტრი (Curriculum, Evaluation and Management Centre) (დიდი ბრიტანეთი: მსოფლიოში ამ ტიპის მონიტორინგის ერთ-ერთი მსხვილი ცენტრი); ეკონომიკური და სოციალური კვლევის საბჭო (Economic an Social Research Council) (დიდი ბრიტანეთი);; Educators’ Reference Desk (the sourse of ERIC in the United States, publications of the American Educational Research Association); ევროპის განათლების კვლევის ასოციაცია (European Educational Research Association); ჰონგ-კონგის განათლების კვლევის ასოციაცია (Hong Kong Educational Research Association); ცენტრალური სამხრეთის განათლების კვლევის ასოციაცია (Mid-South Educational Research Association) (ძალიან მსხვილი რეგიონული ასოციაცია აშშ-ში); განათლების კვლევის ეროვნული ფონდი (დიდი ბრიტანეთი) (National FOundation for Educational Research); განათლებაში კვლევის შოტლანდიური ცენტრი (Scottish Council for Research in Education); ვაშინგტონის განათლების კვლევის ასოციაცია (აშშ) (Washington Educational Research Association).       ჟურნალების უმეტესობას სტატიების აბსტრაქტებზე უფასო “ონლაინ” წვდომა აქვს, თუმცა მთლიანი სტატიის ნახვა მხოლოდ გამოწერით არის შესაძლებელი.       სამაგისტრო ნაშრომებისთვის გამოდგება Aslib Index to Theses და Networked Digital Library of Theses, ხოლო დისერტაციების მოძიება შეიძლება theses.org-ზე. ზოგიერთი ძირითადი სამთავრობო ვებგვერდიც გვთავაზობს უფასო საინფორმაციო მომსახურებას (მაგალითად, Ofted).       მკვლევრებისთვის, რომლებმაც არ იციან ვებგვერდების მისამართები, ხელმისაწვდომია სხვადასხვა საძიებო სისტემა. ამ სისტემებით მათ კონკრეტული ვებგვერდების მოძიება შეუძლიათ. დღეისათვის ყველაზე ფართო გამოიყენება შემდეგი საძიებო სისტემები: Google; MsN Search; AOL Search; Netscape Navigator; Fast Search; Internet Explorer; Alta Vista; Direct Hit; Excite; Ask Jeeves; Lycos; Go To; Yahoo; Hotbot; Northern Light; Metacrawler;       კიდევ ბევრი სხვა ასეთი ვებგვერდი არსებობს. ყველა ამ საძიებო სისტემაში მკვლევარს “სიტყვა-გასაღებებით” შეუძლია ძებნა. ზოგიერთი მათგანი პარალელური საძიებო სისტემაა (რომელიც სხვა საძიებო სისტემებს ეძებს), ზოგიერთი კი - “ფაილების” საძიებელია (რომელიც მთელ მსოფლიოში ეძებს “ფაილებს”).       კვლევის შესახებ ინფორმაციის პოვნა, იქნება ეს მონაცემთა ბაზებიდან თუ დისკებზე მოცემული ინდექსებიდან, ერთი ან რამდენიმე “სიტყვა-გასაღების” კომბინაციის (ორმაგ ფრჩხილებში ჩასმული სიტყვების) გამოყენებით, ხშირად, ინტერნეტით ცდისა და შეცდომის მეთოდით ხდება. ვებგვერდების „ჩანიშვნის“ (“bookmarking”) სისტემა მომავალში ამ გვერდების სწრაფად მიწვდომის საშუალებას იძლევა. ეს, ალბათ, მნიშვნელოვანია, რადგან ზოგიერთი ინტერნეტკავშირი ნელია, ხოლო ვებგვერდებზე განთავზებული მასალის დიდი ნაწილი, საუკეთესო შემთხვევაში - უსარგებლოა! ვებგვერდების შეფასება       იმისათვის, რომ განათლების სფეროში კვლევისთვის ინტერნეტი გამოვიყენოთ, საჭიროა ვიცოდეთ ვებგვერდების შეფასება. ინტერნეტი არაორგანიზებული და, ძირითადად, გადაუმოწმებელი მასალის უზარმაზარი საწყობია და მკვლევრებს საკმაოდ სწრაფად უნდა შეეძლოთ იმის დადგენა, თუ რამდენად გამოსადეგია ვებგვერდიდან აღებული მასალა. ვებგვერდების შეფასების რამდენიმე კრიტერიუმი არსებობს, მათ შორის (მაგალითად, Tweddle et al. 1998; Rodrigues and Rodrigues, 2000): ვებგვერდის მიზანი, რაც მომხმარებელს მისი რელევანტურობისა და შესატყვისობის დადგენის საშუალებას მისცემს; მასალის ოფიციალურობა და აუთენტურობა, რაც ნიშნავს, რომ ოფიციალური უნდა იყოს და უნდა სახელდებოდეს წყარო, საიდანაც მიღებულია ეს მასალა; მასალის შინაარსი - სიახლე, შესატყვისობა და დაფარვის სფერო; მასალის დამაჯერებლობა, სანდოობა და ლეგიტიმურობა (მაგალითად, აღიარებული წყაროდან ან ინსტიტუტიდან არის თუ არა); მასალის სისწორე, სიზუსტე, სისრულე და კეთილსინდისიერება; წარმოდგენილი და/ან განხილული მასალის ობიექტურობა და სიზუსტე.       განათლების სფეროში კვლევის ვებგვერდზე წარმოდგენილი მასალების შეფასებისას მკვლევრებსა და მასწავლებლებს რამდენიმე კითხვის დასმა შეუძლიათ (Hartley et al. 1997): დასახელებულია თუ არა ავტორი? ამბობს თუ არა ავტორი რაიმეს მოცემულ სფეროში თავისი გამოცდილების/პროფესიონალიზმის შესახებ და ნათელია თუ არა მისი ინსტიტუციური სტატუსი? ავტორიტეტულია თუ არა დასახელებული ორგანიზაცია? არის თუ არა მასალებში მითითებული გამოყენებული ლიტერატურა. ამბობს თუ არა ავტორი, როგორ მოაგროვა მასალა? რა მიზნით შეიქმნა ეს ვებგვერდი? რას აკეთებს (მაგალითად, ინფორმაციის მიწოდება, დარწმუნება)? ახალია თუ არა მასალა? რამდენად თავისუფალია მოცემული მასალა ტენდენციურობისგან, პირადი მოსაზრებებისგან და შეურაცხყოფებისგან? საიდან ვიცით, რომ ავტორი აუთენტურია ამ ვებ გვერდზე?       მნიშვნელოვანია, რომ მკვლევარმა შეინახოს ვებგვერდებიდან აღებული მასალების სრული ბიბლიოგრაფია, მასალის აღების თარიღისა და ვებგვერდის მისამართის ჩათვლით. კომპიუტერული სიმულაციები       კომპიუტერულ სიმულაციებსა და ვირტუალურ ტექნოლოგიას მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს განათლების სფეროში კვლევის წარმოებაში. სიმულაციებს ორი მთავარი კომპონენტი აქვს: სისტემა, რომელიც აინტერესებს მკვლევარს და მოდელირებასა და სიმულაციას ექვემდებარება; და ამ სისტემის მოდელი (ჭილცოხ 1997). სისტემა აერთიანებს ნებისმიერ ურთიერთდაკავშირებულ მახასიათებელს, ხოლო მოდელი, ანუ, სისტემის ანალოგი - ხშირად მათემატიკურია       უილოქსი (1997) სიმულაციის ორ ფორმას გამოჰყოფს: დეტერმინისტულ სიმულაციებში სისტემის კომპონენტებს შორის არსებული ყველა მათემატიკური და ლოგიკური მიმართება ცნობილი და ფიქსირებულია. სტოქასტურ სიმულაციებში, რომლის ძირითადი ტიპები, როგროც წესი, განათლების სფეროში წარმოებულ კვლევაში გამოიყენება, სულ მცირე, ერთი ცვლადი მაინც არის თავისუფალი. სიმულაცია რეალური სამყაროს მოდელია, რომელშიც შესაძლებელია კვლევაში მონაწილის შეყვანა და მანიპულირება. მოდელით შესაძლებელია თეორიის ოპერაციონალიზაცია, მისი კომპიუტერულ პროგრამად გარდაქმნა (იხილეთ Gilbert and Troitzsch 2005: 3) და ამით მისი დაშვებების ნათლად წარმოჩენა.       გილბერტს და ტროიცს (2005: 6) მიაჩნიათ, რომ კომპიუტერული სიმულაციების უპირველენი მიზანი აღმოჩენა, დასაბუთება და ექსპერიმენტია. უბრალოდ წინასწარმეტყველების გარდა, კომპიუტერული სიმულაციები იმის გაგებისა და ახსნის საშუალებასაც იძლევა, თუ როგორ მიმდინარეობს პროცესები, როგორ იშლება ისინი დროში და რა შედეგები მოჰყვება ამას. ეს აუფასურებს წინასწარმეტყველებას, როგორც თეორიის შემოწმების საშუალების ღირებულებას. ის ამტკიცებს, რომ თეორიის შემოწმება მისი ახსნითი და ჰერმენევტული სიმძლავრით უნდა მოხდეს და არა - მისი პრედიქტული ღირებულებით. სინამდვილეში, კომპიუტერული სიმულაციები თეორიების განვითარებისთვის უფრო შეიძლება გამოგვადგეს, ვიდრე - მათ შესამოწმებლად. კომპიუტერული სიმულაციები მკვლევარს ცვლადებისა და კომპონენტების კონტროლისა და მანიპულირების საშუალებას აძლევს და „თუ მაშინ“ ტიპის კითხვებზე პასუხების გასაცემად გამოდგება, მაგალითად, „რა მოხდება, თუ შევცვლი ამა თუ იმ პარამეტრს?“; „რა მოხდება, თუ შევცვლი გარემოს ასეთსა და ასეთ მახასიათებელს?“; სიმულაციაში ერთვება რელევანტური ელემენტები და შემდეგ, ამ ელემენტებით მანიპულირებენ - ცვლიან პარამეტრებს და ნახულობენ, რა მოხდება და შედეგად რა მიიღება.       კომპიუტერით ისეთი მოცულობის მონაცემებთან შეიძლება ძალიან სწრაფად გამკლავება, რომელთა დასამუშავებლადაც ადამიანს კომპიუტერის გარეშე წლები დასჭირდებოდა. მათემატიკურ მოდელირებაზე აგებული სიმულაციები (მაგალითად, ერთი და იგივე ფორმულის მრავალჯერ გამეორებას) მკვლევარს ქცევებისა და სისტემების იმიტირების საშუალებას აძლევს, ასევე, ეხმარება გაარკვიოს, რა მოხდება, თუ სისტემა გარკვეული დროის განმავლობაში იმუშავებს, ან ერთი და იგივე მათემატიკური გამოთვლები კიდევ და კიდევ მეორდება, როდესაც წინა გამოთვლით მიღებული მონაცემები იგივე ფორმულაში ბრუნდება და შემდეგი გამოთვლის საფუძველი ხდება. ჰოპკინსი და მისი კოლეგები (1996: 159 – 62) ასეთი შემთხვევის მაგალითად ცენტრალურ ზღვარით თეორემას (განხილულია მეოთხე თავში) ასახელებენ. აქ გამოთვლის ფორმულა 10,000-ჯერ მეორდება. ასეთი მოდელირება ქაოსისა და სირთულის თეორიებში იღებს სათავეს.       ლაპლასისთვის და ნიუტონისთვის სამყარო რაციონალური, დეტერმინისტული და საათივით აწყობილი იყო; ეფექტები მიზეზების ფუნქციას წარმოადგენდა, მცირე მიზეზები (მინიმალური საწყისი პირობები) მცირე (მინიმალურ და პროგნოზირებად) ეფექტებს ქმნიდა, ხოლო დიდი მიზეზები (მრავალმდგენელიანი საწყისი პირობები) - დიდ (მრავალმდგენელიან) ეფექტებს. პროგნოზირებადობა, მიზეზ-შედეგობრიობა, სქემატურობა, უნივერსალობა და „დიდი“ ყოვლისმომცველი თეორიები, სწორხაზოვნება, უწყვეტობა, სტაბილურობა, ობიექტურობა - ეს ყველაფერი სამყაროს, როგორც მოწესრიგებული და შინაგანად ჰარმონიული, თუმცა, რთული წონასწორობის მქონე მექანიზმის ხედვის მდგენელებს წარმოადგენს, რომელიც რაციონალური, დახურული და დეტერმინისტულია, ამავე დროს, მგრძნობიარეა შედარებით მარტივი მეცნიერული აღმოჩენებისა და კანონებისადმი. 1960-იანი წლებიდან ეს მოსაზრება სწრაფად დადგა ეჭვქვეშ, რამაც საფუძველი დაუდო ქაოსისა და სირთულის თეორიების წარმოქმნას. ამ თეორიებს რამდენიმე ძირითადი პრინციპი (მაგალითად, Gleick 1987; Morrison 1998; 2002a) ქვემოთ არის მოცემული: საწყისი პირობების მცირე ცვლილებებმა შედეგების მასობრივი და არაპროგნოზირებადი ცვლილებები შეიძლება გამოიწვიოს (მაგალითად, კარიბის ზღვაში პეპლის ფრთის ფრთხიალმა ამერიკაში ქარიშხალი შეიძლება გამოიწვიოს); ძალიან მსგავს პირობებს ძალიან განსხვავებული შედეგების გამოწვევა შეუძლია (მაგალითად, მარტივი მათემატიკური ტოლობების გამოყენება: Stewart 1990); ელემენტებს შორის რეგულარობა, შეთანხმებულობა და წრფივი დამოკიდებულება მათ შორის არარეგულარობით, მრავალფეროვნებითა და არასწორხაზოვნებით ირღვევა; მაშინაც კი, თუ დიფერენციალური განტოლებები ძალიან მარტივია, სისტემის ქცევა, რომლის მოდელირებასაც ისინი ახდენენ, შეიძლება არ იყოს მარტივი; ეფექტები მიზეზების წრფივი, უწყვეტი ფუნქცია არაა; სამყარო მეტწილად არაპროგნოზირებადია; თუ რაღაც ერთხელ გამოვიდა, ეს არ იძლევა გარანტიას, რომ ეს რაღაც მეორე ჯერზეც ზუსტად ისე გამოვა; დეტერმინიზმს არადეტერმინიზმი ანაცვლებს. დეტერმინისტული, წრფივი და სტაბილური სისტემები ჩანაცვლებულია „დინამიკური“, ცვალებადი, განვითარებადი სისტემებით და ფენომენების არასწორხაზოვანი ახსნებით; უწყვეტობა ჩანაცვლებულია დისკრეტულობით, ტურბულენტობითა და შეუქცევადი ტრანსფორმაციით; დიდი, ზოგადი და ყოველისმომცველი თეორიები და ფართომასშტაბიანი ახსნები სათანადოდ ვერ ხსნიან ლოკალურ და კონკრეტულ ფენომენებს; შეუძლებელია გრძელვადიანი პროგნოზების გაკეთება.       ქაოსის უფრო გვიანდელი თეორიები სირთულის თეორიამდე განივრცო (Waldrop 1992; Lewin 1993) ისეთი სისტემების ანალიზისას, რომლებშიც ერთი დონის მდგენელები მეორე დონის მდგენელების საშენ მასალას წარმოადგენენ. რთული სისტემა მოიცავს დამოუკიდებელ ელემენტებს, რომლებიც, თავის მხრივ, რთული სისტემებისგან შეიძლება შედგებოდეს. ეს ურთიერთქმედებს და სისტემაში, როგორც ერთ მთლიანში, მრავალფეროვან ქცევას წარმოქმნის. წესრიგი არ არის სრულიად წინასწარ განსაზღვრული და ფიქსირებული; სამყარო (ნებისმიერად განსაზღვრული) შემოქმედებითი, ფორმირებადი (გამეორებით, სწავლით, უკუკავშირით, რეკურსიულობითა და თვითორგანიზებით), განვითრებადი და ცვალებადი, ტრანსფორმირებადი და ტურბულენტურია. წესრიგი წარმოიქმნება რთულ სისტემებში, რომლებიც ურთიერთმოქმედი ორგანიზმებისთვის მარტივ წესებზეა (სავარაუდოდ, ფორმულებით) აგებული (Kauffman 1995: 24).       უკუკავშირის, ციკლური გამეორების, მღელვარების, თვითკატალიზის, დაკავშირებულობისა და თვითორგანიზაციის მეშვეობით, ხდება სირთულის უფრო მაღალი და რთული დონეების გამოდიფერენცირება. ნაკლებად რთული და არსებული დონეებიდან ახალი ფორმები წარმოიქმნება. ეს რთული ფორმები, ხშირად, შედარებით მარტივი წესებიდან მომდინარეობს - კერძო წესები და ქცევები უფრო რთულ გლობარულ წესრიგსა და მრავალფეროვნებას ქმნიან (Waldrop 1992: 16 – 17; Lewin 1993: 38). დინამიკური სისტემები (Peak and Frame 1994: 122) საწყისი პირობების და, ხშირად, მარტივი წესების ცვლილების პროდუქტია. არსებობს წარმოქმნის რიგის კანონები და არ არის აუცილებელი, რომ რთულ ქცევებსა და სისტემებს რთული საფუძვლები ჰქონდეთ (Waldrop 1992: 270). მნიშვნელოვანია, რომ ამ მარტივი წესებით შესაძლებელი იყოს ქცევისა და სისტემების კომპიუტერულ სიმულაციებში მოდელირება.       მნიშვნელოვანია, აღინიშნოს, რომ კომპიუტერული სიმულაციების საფუძველი სირთულის თეორიაში დევს. ეს პასუხობს მათდამი წაყენებულ ბრალდებას, რომ ისინი ზედმეტად ამარტივებენ რეალურ სამყაროს. სირთულის თეორია ამტკიცებს, რომ მრავალი თვალსაზრისით, რეალური სამყარო მართალია რთულია, მაგრამ შედარებით მარტივ წესებზეა აგებული, რომელიც ქმნის ასეთ სირთულეს (ასევე იხილეთ Gillbert and Troitzsch 2005: 10).       სიმულაციები ათწლეულების მანძილზე გამოიყენებოდა საბუნებისმეტყველო მეცნიერებებსა და ეკონომიკაში წინასწარმეტყველებისთვის. მაგალითად, ლევინი (1993) და ვალდროპი (1992) სახეობებისა და მათი ქცევის აღმასვლებისა და დაცემების კვლევაში აჩვენებენ, თუ როგორ უდებს სათავეს უსაზღვროდ მრავალფეროვან შედეგებს (მაგალითად, სახეობებს, ქცევას) მარტივი ფორმულების უწყვეტი გამეორება - განმეორებადი გამოთვლები, რომელიც შეზღუდული რაოდენობის ცვლადების (საწყისი პირობების) გამეორებას ასახავს, სადაც გამოთვლების ერთი ციკლის შედეგები იგივე ფორმულით მეორე ციკლის გამოთვლებში გამოიყენება და ა. შ. (ანუ, უწყვეტ უკუკავშირზე აიგება); და ეს არ ექვემდებარება მარტივ წინასწარმეტყველებას ან მარტივ მიზეზ-შედეგობრივ მიმართებას. ვალდროპს (1992: 241 – 2) ამისი საინტერესო მაგალითი მოაქვს ადრეული კომპიუტერული სიმულაციის პროგრამა Boids-დან: მის მათემატიკურ ფორმულაში მხოლოდ სამი საწყისი პირობაა ჩადებული, რომელიც ფრინველთა გუნდის ფრენის სურათის სრული რეალური მრავალფეროვნების დაჭერას ახერხებს. ეს პირობებია: პირველი - ფრინველები ცდილობენ, რომ სხვა ობიექტებთან (სხვა ფრინველების ჩათვლით) მინიმალური მანძილი შეინარჩუნონ; მეორე - ფრინველები ცდილობენ, რომ იგივე სიჩქარით იფრინონ, რომლითაც სხვები მიფრინავენ; მესამე - თითოეული ფრინველი ცდილობს, გუნდის ცენტრისკენ გადაინაცვლოს.       სიმულაციების ზოგიერთი ძირითადი მახასიათებელი ქვემოთ არის მოცემული: კომპიუტერით შესაძლებელია სისტემის ქცევისა და მისი ძირითადი ნიშნების მოდელირება და იმიტირება; კომპიუტერის გამოყენება შეიძლება დაგვეხმაროს სხვადასხვა სიმულირებულ, იმიტირებულ გარემო პირობებში სიმულაციის შემოწმების გზით (მაგალითად, მკვლევარს საშუალება აქვს, ნახოს „რა მოხდება, თუ...“ სისტემას შეეძლება თუ არა მოვლენის მსვლელობის გათამაშება ან თუ ცვლადებით მანიპულირებენ, ანუ, შესაძლებელია წინასწარმეტყველება) იმ სისტემაში გავერკვეთ, რომლის იმიტირებასაც ვახდენთ; რეალობის ძირითადი მახასიათებლების მოდელირება და ინტერპრეტირება - გამოსახვა და გადამუშავება მათემატიკური ფორმულით ხდება და არა - რეალობის წვრილი ელემენტების ჩაჭერითა და მანიპულირებით; დაშვებულია, რომ მათემატიკური მიმართებები დეტერმინისტულად მეორდება გაკონტროლებულ, შეზღუდულ და მკაფიოდ განსაზღვრულ სიტუაციებში და ზოგ შემთხვევაში დასაბამს აძლევს, წინსწარ განუჭვრეტელ, ფორმირებად და მოულოდნელ, ფართომასშტაბიან შედეგებს (Tymms 1996: 124); უკუკავშირი და უწყეტი გამეორება ფენომენებისა და ქცევების წარმოქმნის გასაგებად მისაღები პროცედურებია; რთული და დიდმასშტაბიანი ფენომენები და ქცევები საწყისი პირობების/ცვლადების განმეორებადი ურთიერთქმედებიდან მომდინარეობს; დეტერმინისტულ კანონებს (ფორმულის განმეორებად გამოთვლას) არაპროგნოზირებად შედეგებამდე მივყავართ.       ამ მიდგომას განათლების სფეროს შეუძლია შესთავაზოს ის, რომ სკოლები და კლასები - რთული, არასწორხაზოვანი და დინამიკური სისტემები - მარტივი მათემატიკური მოდელირებით შეიძლება გავიგოთ. ეს მხოლოდ ანალოგიის დონეზე შეიძლება იყოს (იხილეთ Morrison 2002a), მაგრამ, როგორც ტიმსი (1996: 130) შენიშნავს, თუ ანალოგია რეალობას ერგება, მაშინ მკვლევრებს ასეთი სირთული გაგების მძლავრი იარაღი აქვთ ძირითადი ცვლადების ან საწყისი პირობების და მარტივი წესების ნაკრების ურთიერთქმედების სახით. გარდა ამისა, თუ შესაძლებელია ასეთი საწყისი პირობების ან ძირითადი ცვლადების კონსტრუქტული ვალიდობის ჩვენება, მაშინ მკვლევრებმა იმის წინასწარმეტყველებაც შეიძლება მოახერხონ, რაც დროთა განმავლობაში მოხდება.       სიმულაციების სამი უახლესი გამოყენება საგანმანათლებლო ცვლილების სფეროს (Ridgway 1998), სკოლის ეფექტურობასა (Tymms 1996) და განათლების სისტემების გაგებას განეკუთვნება. პირველ შემთხვევაში რიჯვეი (1998) ამტკიცებს, რომ ცვლილების პროცესის სირთულე საუკეთესოდ შეიძლება იქნას გაგებული, როგორც რთული, წარმოშობადი სისტემა (ასევე იხილეთ Fullan 1999).       მეორე შემთხვევაში ტიმსი (1996) წრფივი (შესავალი და გასავალი) ან მრავალდონიანი მოდელირების შეზღუდვებზე მიუთითებს, როდესაც საქმე იმის გაგებასა და ახსნას შეეხება, თუ რატომ არის სკოლები ეფექტური, ან რატომაა ასეთი დიდი ცვალებადობა სკოლებში და სკოლებს შორის. ასეთი მრავალფეროვნებისა და ცვლადებადობის ახსნისას, ის უპირატესობას მათემატიკურ მოდელირებაზე აგებულ სიმულაციებს ანიჭებს. როგორც ამტკიცებს თავის პროვოკაციულ განცხადებაში: „სამყარო იმდენად რთულია, რომ შეუძლებელია მისი სიტყვებით გადმოცემა“ (Tymms 1996: 131) (ანალოგიურად, თვისებრივი მკვლევრებისთვის სამყარო შეიძლება იმდენად რთული იყოს, რომ შეუძლებელი იყოს მისი რიცხვებით გადმოცემა!). ტიმსი სკოლის ეფექტურობის კვლევის შეზღუდვებზე მიუთითებს, რომელიც წრფივ, მაგრამ დახვეწილ, წანამძღვრებს ეფუძნება. იგი სკოლის ეფექტურობის კვლევების დიდ ნაწილს ცივ წყალს ახსამს და ამტკიცებს, რომ: სიმულაციის მოდელების მიხედვით, შესაძლებელი რომც ყოფილიყო, რომ ზუსტად ერთსა და იმავე კლასს ორი წლის მანძილზე, ერთი და იმავე საკლასო ოთახში იგივე მასწავლებელი ჰყოლოდა, და ის ორი წელი კიდევ მეორეჯერ ეცხოვრათ, შედეგები მაინც ვერ იქნებოდა იგივე. (Tymms 1996: 132 – 3)       მას თითქმის არ უკვირს, რომ სკოლის ეფექტურობის კვლევამ ვერ ახსნა სკოლებს შორის ცვალებადობა, ვინაიდან ასეთი კვლევა მცდარ პრინციპებს ემყარება. იგი ამტკიცებს, რომ ასეთი განსვლა ძირითადი - საერთო - ცვლადების ურთიერთქმედების ბუნებრივი შედეგია.       მესამე მაგალითში გილბერტი და ტროიცი (2005: 117 – 23) გერმანიის სკოლებში და სკოლის მასწავლებლებში ომისშემდგომი გენდერული დესეგრეგაციის კვლევას განიხილავენ. მოდელში, რომელიც იყენებს პროგრამას MIMOSE, სამი ტიპის 150 სკოლის 4,500 მასწავლებელი გამოიყენეს. მასში კომპიუტერული მოდელი ახლოს იყო რეალური ცხოვრების სიტუაციასთან - მოხდა სიმულაციის ვალიდაცია. ეს მოდული მხოლოდ სამ დაშვებაზეა აგებული: პირველი - ყველა მასწავლებელს, რომელიც ტოვებს სამსახურს, ერთნაირი ალბათობით/შესაძლებლობით შეიძლება ჩაანაცვლონ მამაკაცებმა და ქალებმა (გვ.117); მეორე - მამაკაცები ერთ სამუშაო ადგილზე ორჯერ უფრო დიდხანს რჩებიან, ვიდრე ქალები; მესამე - ახალი ქალი მასწავლებლები ცალკეულ სკოლაში იმ მოცემული ალბათობით იკავებენ თანამდებობას, რომელიც ამ სკოლაში ქალი მასწავლებლების წილის მიხედვით იცვლება.       ამ თავში არ განვიხილავთ კომპიუტერული სიმულაციების შექმნის ეტაპებს (მაგალითად, კითხვის იდენტიფიცირება, მოდელირების სამიზნის დადგენა, პარამეტრებისა და ძირითადი ნიშნების დასადგენად წინასწარი დაკვირვებების წარმოება, სიმულაციის საყრდენად ასაღები დაშვებების ფორმულირება, სიმულაციის მუშაობის შემოწმება, სიმულაციის ვალიდაცია (რამდენად თანხვდება ის რეალური სამყაროს იმ სიტუაციას, რომლის მოდელირებასაც ახდენს) და იმის ანალიზი, თუ რამდენად მგრძნობიარედ რეაგირებს სიმულაცია საწყისი პირობებისა და პარამეტრების ცვლილებაზე (Gillbert and Troitzsch 2005: 18 – 19). არც სხვადასხვა სახის სიმულაციებს განვიხილავთ (მაგალითად, სისტემის დინამიკა, მიკროსიმულაცია, მოდელების მიმდევრობა, მრავალდონიანი მოდელები, უჯრედული ავტომატები, მრავალ-აგენტიანი მოდელები, სწავლის მოდელები). კომპიუტერული სიმულაციებისა და მათი სხვადასხვა ტიპების შესახებ უფრო სრული განხილვისთვის მიმართეთ Gillbert and Troitzsch (2005). კომპიუტერული სიმულაციების დადებითი და უარყოფითი მხარეები       ბეილი (1994: 322 – 4) სიმულაციების შემდეგ დადებითი მხარეებზე მიგვითითებს: ეკონომია: უფრო იაფია, ვიდრე რეალური ცხოვრების სიტუაციები; თვალსაჩინოება: მათ შეუძლიათ ფენომენი უფრო გასაგები გახადონ მკვლევრისათვის; კონტროლი: მკვლევარი სიმულაციას უფრო მეტად აკონტროლებს, ვიდრე რეალური ცხოვრების სიტუაციას; უსაფრთხოება: მკვლევრებს შეუძლიათ ისეთ სიტუაციებთან მუშაობა, რომლებიც ძალზე სახიფათო, მგრძნობიარე, ეთიკურად საჭოჭმანო ან რთული იქნებოდა რეალური ცხოვრების ბუნებრივ სიტუაციებში.       კომპიუტერული სიმულაციების კიდევ ერთი მძლავრი მახასიათებელი ისაა, რომ მკვლევრებს მომავლის წინასწარმეტყველების საშუალებას აძლევს (მაგალითად, ეკონომიკურ პროგნოზებში); ამასთან ის ფენომენის გაგებისა და შესწავლის შესაძლებლობასაც ქმნის. სიმულაციებით შეიძლება ჩანაცვლდეს ადამიანების გამოცდილება, ექსპერტული ცოდნა და ხანდახან არაპროფესიონალებსაც შეუძლიათ ისეთი კვლევის ჩატარება, რომელიც კომპიუტერების კველვაში შემოტანამდე მხოლოდ და მხოლოდ ექსპერტების საქმე იქნებოდა: გილბერტსა და ტროიცს (2005: 5) გეოლოგების, ქიმიკოსებისა და ექიმების მაგალითები მოაქვთ. ავტორები იმასაც ამბობენ, რომ კომპიუტერული სიმულაციები წვრთნის (მაგალითად, პილოტების) და, ფაქტიურად, გართობის მიზნებისთვისაც გამოდგება. თუმცა ისინი (2005: 5) ხაზგასმით აღნიშნავენ კომპიუტერული სიმულაციების უპირველეს მნიშვნელობას თეორიის აღმოჩენისა და ფორმალიზებისთვის (თეორიის ნათლად მოცემულობა, თანმიმდევრულობა, ოპერაციონალიზაცია, ელემენტების ჩართულობა და კომპეტენტურობა).       მეორე მხრივ, ბეილი (1994: 324 – 5) კომპიუტერული სიმულაციების მიმართ რამდენიმე შენიშვნას გამოთქვამს: ხელოვნურობა: ის ბაძავს ცხოვრებას და არ არის რეალური ცხოვრება; ღირებულება: მაგალითად, კომპიუტერული სიმულაციების შეძენა; მონაწილეების ტრენინგი: ბევრი კომპიუტერული სიმულაცია მნიშვნელოვან ტრენინგს საჭიროებს; რაოდენობრივი პრობლემები: პროგრამული უზრუნველყოფა და არა მხოლოდ თავად კომპიუტერული სიმულაცია შეიძლება პროგრამირების სპეციალისტს საჭიროებდეს.       კომპიუტერული სიმულაციების შესახებ რამდენიმე პრობლემური მომენტი და კრიტიკა არსებობს. იმ ბრალდების საპასუხოდ, რომ ისინი სამყაროს ხელოვნური რეპრეზენტაცია და აბსურდამდე დაყვანაა, შეიძლება ითქვას, რომ მკვლევრები, თეორეტიკოსების მსგავსად, რეალობის საუკეთესო ასლის აგებას ცდილობენ, რათა უფრო ამომწურავად ახსნან ის და რაც უფრო მეტად უახლოვდება ანალოგია - სიმულაცია - რეალურ სამყაროს, მით უკეთესი (Tymms 1996: 130). ეს კამათი სიმულაციის დახვეწას შეეხება და არა - მის უარყოფას. აბსტაქციის ასაგებად მხოლოდ ძირითადი ელემენტების ცოდნა გვესაჭიროება; ჩვენ არ გვჭირდება ყველა დაწვრილმანებული დეტალი.       ბრალდებებს, რომ კომპიუტერული სიმულაცია არაფრით სჯობია იმ დაშვებებს, რომელზეც ის აიგება და კომპიუტერი მხოლოდ იმას გააკეთებს, რის გასაკეთებლადაც დააპროგრამებენ (ადამიანის მოქმედებისა და თავისუფლების წილი უმნიშვნელოა), შეგვიძლია ასე ვუპასუხოთ: სიმულაციებს ისეთი ქცევების გამოვლენა შეუძლია, რომლებიც სოციალური აქტორების „ზურგს უკან ხორციელდება“ - ესაა სოციალური ფაქტები (Durkheim 1956) და პატერნები; სიმულაციებს შეუძლია, გვითხრან ის, რაც არ ვიცით (Simon 1996) - ჩვენ შეიძლება ვიცოდეთ წანამძღვრები და საწყისი პირობები, მაგრამ არ ვიცოდეთ საით შეიძლება მივყავდეთ მათ და რას მოიაზრებენ; ჩვენ არ გვჭირდება სისტემის მუშაობის ყველა ნიუანსის ცოდნა, საკმარისია მხოლოდ იმ ნაწილებისა, რომლებსაც მოდელისთვის არსებითი მნიშვნელობა აქვთ.       სიმულაციების შესახებ სხვა შენიშვნებიც შეიძლება გამოითქვას, მაგალითად: სირთულის და ქაოსის თეორია, რომელიც საფუძვლად უდევს ბევრ მათემატიკურ სიმულაციას, შეიძლება ხსნიდეს მრავალფეროვან, ცვალებად შედეგებს (როგორც ეს სკოლის ეფექტურობის კვლევაში ვნახეთ), მაგრამ რა სახის ჩარევებს სთავაზობენ პრაქტიკოსებს, თუნდაც, სკოლებში გაუმჯობესების მისაღწევად - აქ ახსნა რეტროსპექციულია და არა - პროსპექტული (Morrison 2002a). ეს კრიტიკული შენიშვნა იმთავითვე მოიხსნება, თუ მკვლევარი ახერხებს ცვლადების პარამეტრების მანიპულირებას და იმის დანახვას, თუ რა მოხდება ამის შედეგად; როგორ ადგენს მკვლევარი სიმულაციის ასაგებად საჭირო ძირითად საწყის პარამეტრებს (კონსტრუქტის ვალიდობა) და აქედან დაწყებულ სიმულაციებს როგორ მივყავართ პრაქტიკულ რეკომენდაციებამდე? რამდენად მისაღებია, რომ სისტემა ერთი და იგივე ფორმულის/მოდელის მრავალჯერად გამეორებად აღიქმება? ქაოტური სირთულის (მეცნიერული გაგებით) შესწავლისას, როგორ ახერხებს მკვლევარი უკუპროცესით იმუშაოს და იმ პირველ პრინციპებს, ელემენტებს ან საწყის პირობებს მიაგნოს, რომლებიც მნიშვნელოვანია - რთული შედეგი შეიძლება სრულიად განსხვავებული, სულ სხვა საწყისი პირობების ურთიერთქმედების შედეგი იყოს. ეს სკინერის ბიჰევიორიზმის ჩომსკისეულ (1959) გამანადგურებელ კრიტიკას ჰგავს - ქცევაზე დაკვირვებაზე დაყრდნობით შეუძლებელია კონკრეტული სტიმულის შესახებ დასკვნის გაკეთება, ჩვენ არ შეგვიძლია დაკვირვებიდან ან ნავარაუდევი ეფექტიდან მიზეზზე დასკვნის გაკეთება; სიმულაციები მხოლოდ საწყისი პირობების ურთიერთქმედებას ამუშავებენ და უშვებენ და ამით უგულებელყოფენ „გზაზე“ დამატებითი ფაქტორების გამოჩენას, ანუ, პროცესი ძალზე დეტერმინისტულია (და მაინც, არსებობს კომპიუტერული სიმულაციები, რომლებშიც კომპიუტერი „სწავლობს“ სიმულაციის პროცესში); ყოველივე ზემოთქმულიდან მხოლოდ ის ითქვა საღი აზრის დონეზე, რომ ადამიანების ურთიერთქმედება არაპროგნოზირებულ და არაპროგნოზირებად ქცევას წარმოქმნის. მას ძალზე მიმზიდველს ისიც ხდის, რომ ის მოქმედების აპოლოგეტია; დაგეგმილმა ჩარევებმა თავიდან შეიძლება იმუშაოს, მაგრამ საბოლოო ჯამში - არა (სავარაუდოდ, ჰოთორნის ეფექტის გამეორება); ჩვენ მხოლოდ იმის წინასწარმეტყველება შეგვიძლია, რომ არ შეგვიძლია წინასწარმეტყველება; ადამიანური ცვლადებით მანიპულირება ტექნიკის საქმეა; ქცევა უფრო მეტია, ვიდრე ერთი და იგივე მათემატიკური მოდელის მრავალჯერადი გამეორება; ყოველთვის უზარმაზარი განსხვავება იქნება რეალურ და სიმულაციით მიღებულ სამყაროებს შორის, იმ შემთხვევის გარდა, როდესაც ისინი არაფრისმომცემ მარტივ დონეზე განიხილებიან; ადამიანების, როგორც აგენტების მორალური და გააზრებული ქცევა არ არის ისეთი მარტივი, როგორც სიცოცხლის სხვა ფორმების ინსტინქტური ქცევა, უსულო ფენომენები, რასაც კომპიუტერულ სიმულაციებში სწავლობენ (მაგალითად, შესაბამისად, ფრინველები და მწერები, ქვიშის გროვები); სხვა რაოდენობრივი მიდგომების მსგავსად, სიმულაციებში შეიძლება კომბინირებული იყოს პროცესის დახვეწა და დაუმუშავებელი ცნებები (Ruddock 1981: 49); თუ რეალობა მოთამაშეთა „ზურგს უკან მუშაობს“, მაშინ სად ძევს ქმედებებზე პასუხისმგებლობა? როგორ მოქმედებს თავისუფალი ნება კომპიუტერულ სიმულაციებში? თუ კომპიუტერულ სიმულაციაში შესაძლებელია შემთხვევითი ელემენტის შეტანა, ეს ნიშნავს, რომ სიმულაცია რამდენჯერმე უნდა განხორციელდეს, რათა სხვადასხვა მნიშვნელობის პირობებში დადგინდეს სიმულაციის სიმყარე და ცვლილებისადმი მგრძნობელობა; სამყაროს რიცხვებზე დაყვანა, როგორი დახვეწილი და დამუშავებულიც არ უნდა იყოს, უბრალოდ მცდარია; სამყარო ძალიან რთულია რიცხვებისთვის.       ეს სერიოზული კრიტიკაა და იმაზე მიუთითებს, რომ კვლევის ამ სფეროში ბევრია გასაკეთებელი ლეგიტიმურობის მოსაპოვებლად. აგენტობის საკითხი მნიშვნელოვანია, რადგან შეიძლება ამტკიცონ, რომ კომპიუტერულ სიმულაციებში ის უფრო სუსტია, ვიდრე რეალურ ცხოვრებაში; თუმცა ვულდრიჯი და ჯენინგსი (ჭოოლდრიდგე ანდ ჟენნონგს 1995), მართალია, აღიარებენ ამას, მაგრამ თვლიან, რომ კომპიუტერულ სისტემაში მოქმედ აგენტებს ისეთი თანდაყოლილი მახასიათებლები აქვთ, როგორიცაა დამოუკიდებლობა, პროაქტიულობა, რეაქტიულობა და სოციალური უნარი.       კრიტიკა არ უარყოფს კომპიუტერულ სიმულაციებს. პირიქით, მის განვითარებისა და წინსვლისკენ ისწრაფვის. კონცეპტუალურ და პრაქტიკულ დონეებზე გამოთქმული ეს შენიშნვნები სიმულაციების საწინააღმდეგოდ კი არ არის მიმართული, არამედ - მათი განვითარებისა და დახვეწისკენ. მათგან ბევრს უნდა ველოდოთ და, განათლებისგან განსხვავებით, მეცნიერების სხვა სფეროებში უკვე საკმაო ღირებულებით სარგებლობენ. სირთულის თეორიისა და სიმულაციების შესახებ დაწვრილებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ შემდეგ ვებგვერდებს: santafe.edu (სანტა ფე ინსტიტუტის (Santa Fe Institute) ვებგვერდი - სირთულის თეორიის შემსწავლელი მთავრი ინსტიტუტი); brint.com (ვებგვერდი, რომელზეც მოცემულია სირთულის თეორიის შესახებ მასალების ინდექსი); complexity-society.com (დიდი ბრიტანეთის სირთულის თეორიის საზოგადოება); emergence.org (ჟურნალის Emergence: Complexity and Organization ვებგვერდი); jornal-ci.csse.monash.edu.au (ჟურნალის Complexity International ვეგ გვერდი); udel.edu (სირთულის თეორიის შესახებ ვებგვერდების ბმულები); answers.com (სირთულის თეორიის შესახებ ვებგვერდების ბმულები). დასკვნა       სიმულაციის მეთოდები მთელი რიგი ისეთი პრობლემების აღმოფხვრის საშუალებებს იძლევა, რომლებიც ლაბორატორიული ექსპერიმენების განუყოფელ ნაწილს წარმოადგენენ. ამასთანავე, ისინი ინარჩუნებენ მათ ზოგიერთ ღირსებას. როგორც პელისი (Pალყს 1978) შენიშნავს, სიმულაციებისა და ექსპერიმენტების საერთო მახასიათებელია, რომ ექსპერიმენტატორი სრულად აკონტროლებს მთლიანი სიტუაციის ყველა ასპექტს და მანიპულირებს. ამასთანავე, ცდის პირების ადამიანური ბუნება ხელუხლებელი რჩება იმ მხრივ, რომ ისინი რეალურ სიტუაციაში თავსდებიან, სადაც ისე იქცევიან, როგორც საჭიროდ თვლიან. დროის განზომილების ჩართვა სიმულაციის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი შენაძენია, რაც ცდის პირს გარემოსთან ურთიერთქმედებაში აქტიური როლის შესრულების საშუალებას აძლევს, ხოლო ექსპერიმენტატორს - სოციალური სისტემის მოქმედებაში დაკვირვების შესაძლებლობას, მისი უკუკავშირის ჯაჭვით, მრავალმიმართულებიანი მიზეზ-შედეგობრივი კავშირებითა და ა.შ. და ბოლოს, აღნიშნავს პელისი - ჩართულობის მაღალი ხარისხი, რაც, ჩვეულებრივ, სიმულაციებში მონაწილეობას უკავშირდება, აჩვენებს, რომ ლაბორატორიულ ექსპერიმენტთან ასოცირებული თვითცნობიერება გაცილებით იოლად იფლანგება. გეოგრაფიული საინფორმაციო სისტემები       მიუხედავად იმისა, რომ ეს არ არის ბოლომდე სიმულაცია, კომპიუტერულ გეოგრაფიულ საინფორმაციო სისტემებს უფრო და უფრო მეტად იყენებენ განათლების სფეროში წარმოებულ კვლევაში, მაგალითად, მოსწავლეების მოზიდვასა და სკოლის არჩევის პატერნების განხილვისას. განათლების პოლიტიკას ხშირად გეოგრაფიული მდგენელი და განზომილება აქვს, მაგალითად, დაფარვის არეალი, სკოლების დახურვა, თავისუფალი მიღება და სკოლის არჩევა, რესურსებისა და ფინანსური ხარჯების განაწილება, შეფასების ქულებისა და გამოცდების შედეგების განაწილება. გეოგრაფიული საინფორმაციო სისტემები კომპიუტერის ბაზაზე შექმნილი სისტემაა, რომელიც სივრცობრივი მონაცემების დაფიქსირებისთვის, შენახვისთვის, შემოწმებისთვის, ანალიზისა და წარმოდგენისთვის არის მოწოდებული; მასში გაერთიანებულია როგორც დიდი მოცულობის, ისე - მცირე ზომის და სხვადასხვა წყაროდან მიღებული სხვადასხვა ტიპის მონაცემები (Worrall 1990; Parsons et al. 1996; Gorard et al. 2002). ეს პოლიტიკური ინიციატივების მნიშვნელობისა და შედეგების გამოსავლენად გამოდგება, მაგალითად: „რა შედეგი მოიტანა მშობლების მიერ სკოლის დაფარვის არეალის თაობაზე გაკეთებულმა არჩევანმა?“; „როგორ ნაწილდება გამოცდის ქულები კონკრეტულ რეგიონში?“; „რამდენად ეფექტურია საშუალო სკოლების მომარაგება მოცემული პოპულაციისთვის?“; „როგორ შეიძლება გაუმჯობესდეს ტრანსპორტის მომსახურება, რომელსაც მოსწალეები სახლიდან სკოლაში და უკან დაჰყავს?“; „რა მიუთითებს კონკრეტულ ქალაქში ‚მიმზიდველი‘ და ‚წყალწაღებული‘ სკოლების წარმოქმნაზე?“; ამ მაგალითების მონაცემები წარმოდგენილია 10. 2 და 10. 3. ჩანართებში       ცხადია, რომ ასეთი მონაცემების პოლიტიკური სენსიტიურობა და მნიშვნელოვნება განუზომელია და გვიჩვენებს, თუ როგორ შეიძლება კვლევა უშუალოდ ჩაერთოს პოლიტიკასა და მის ეფექტებში. პარსონსი და მისი კოლეგები (1996) განათლების სფეროში კვლევის ამ მიმართულების მარტივ და სრულად რეფერირებულ შესავალს გვთავაზობენ. ისინი გვირჩევენ ისეთი შემთხვევების შესწავლას, როგორიცაა სკოლის დაფარვის არეალები და გამოცდაზე ნაჩენები შედეგები, სკოლის დაფარვის არეალების ხელახალი გადანაწილება და დაფარვაში გადაადგილებების პატერნები.       გეოგრაფიული საინფორმაციო სისტემების (GIS) შესახებ ინტერნეტში ინფორმაციის მოსაძიებლად შეგიძლიათ რამდენიმე ვებგვერდს გაეცნოთ, თუ საძიებო სისტემაში ჩაწერთ - „განათლების სფეროში კვლევა გეოგრაფიული საინფორმაციო სისტემები“ ან ქვემოთ ჩამოთვლილ ვებგვერდებს შემდეგ მისამართებზე ეწვიოთ: ჩანართი 10.2 გეოგრაფიული საინფორმაციო სისტემები საშუალო სკოლებში ჩანართი 10.3 სახლის საფოსტო კოდების განსაზღვრა გეოგრაფიული საინფორმაციო სისტემების გამოყენებით წყარო: LParsons et al. 1996 geo.ed.ac.uk (გეოგრაფიული საინფორმაციო სისტემების (GIS) World Wide Web რესურსების ჩამონათვალი); tec.army.mil (განათლებასთან დაკავშირებულ ბმულებსაც მოიცავს); census.gov (გეოგრაფიული საინფორმაციო სისტემების შესახებ რესურსები აშშ-ის მოსახლეობის აღწერის ბიუროდან); geo.uni.bonn.de (ევროპული ბმულების სერვერი); unr.edu (გეოგრაფიული საინფორმაციო სისტემების შესახებ რესურსები ინტერნეტში). ◄ წინა ნაწილი მომდევნო თავი ► …
დაამატა ლაშა to სოციოლოგია at 3:09pm on მაისი 17, 2017
თემა: წერილები მილენასადმი
იმით არაა გამოწვეული, რომ შეუძლოდ გრძნობთ თავს. თუ მიზეზი მხოლოდ ესაა, მაშინ მშვიდად შემიძლია ვიყო. მაგრამ სრულიად დასაშვებია, - და ამიტომაც გწერთ ახლა, ვგრძნობ, ჩემმა წერილებმა გული გატკინა (და თუ ეს ჩემდა უნებურად მართლაც მოვახერხე, ვაი ჩემს თავს!). ნუთუ მართალია ის საშინელება, რასაც მწერთ, ნუთუ მართლა შეგეკრათ სუნთქვა და ცუდად ხართ? უპირველეს ყოვლისა, მინდა გამოგიტყდეთ, რომ ამწუთას არც კი ვიცი, რა გითხრათ, რა გირჩიოთ. ეს ხომ ჩემთვის უცხოცაა და მეტად ნაცნობიც? მარტო იმას ვეკითხები საკუთარ თავს, რატომ არ მიემგზავრებით ვენიდან? თქვენ ხომ სხვებივით უსამშობლო არ ხართ? განა ბოემენში უფრო ახალ ძალებს არ მოიკრებთ? თუ რაღაც გარკვეული მიზეზების გამო, რომელთა შესახებაც წარმოდგენა არ მაქვს, არ გსურთ ბოემენში გამგზავრება, მაშინ იქნებ სხვაგან, თუნდაც მერანში, გამგზავრებამ უფრო გარგოთ? იცით მერანი? სხვა რა ვიფიქრო, აღარ ვიცი. თქვენ შემდგომ დუმილს მხოლოდ იმადღა მივიჩნევ, რომ ნუ წუხართ, მე კარგად ვარო, თუ არადა, ეგებ რამდენიმე სიტყვით მამცნოთ რამე. გულითადად, კაფკა ახლაღა გამახსენდა, თქვენი სახის ვერც ერთ ნაკვთს ვერ ვიხსენებ. მარტო, ის მაგონდება, მაშინ კაფეში მაგიდებს შორის, როგორ გაიარეთ, თქვენი ტანი, კაბა, ახლაც თვალწინ მიდგას. საყვარელო მილენა    თავს იტანჯავთ, როგორ თარგმნით ამ დანისლული ვენის წიაღში, ეს მაღელვებს და უნდა გითხრათ,მრცხვენია კიდეც. ალბათ ვოლფისაგან წერილს მიიღებდით. ამ რამდენიმე ხნის წინ რაღაც ერთ ნოველაზე მკვლელი მომწერა. მინდა გითხრათ, მაგ კატალოგში რაღაც გაუგებრობაა, ეგ ნოველა მე არ დამიწერია. თუმცა, ის რომ ეგ ნოველა ყველაზე საუკეთესოა, შესაძლოა მართალიც იყოს. უკანასკნელ ორ წერილში აშკარად გემჩნევათ დარდისა და ნაღველისაგან გათავისუფლდით. ეგ ალბათ თქვენს ქმარსაც ეხება. ამას მართლაც ძლიერ ვისურვებდი ორივესათვის. მახსენდება ერთი კვირა, ნაშუადღევი, წლების წინ, ფრანცენის ქუჩაზე კედელ-კედელ როგორ მოვიპარებოდი და უცბად თქვენს ქმარს გადავეყარე - ეს ორი, მეტისმეტად დაკავებული,თავატკიებული საქმოსანი. აღარ მახსოვს, მაშინ ერთიმეორის გვერდით განვაგრძეთ გზა, თუ ერთი წი6 წავიდა და მეორე - უკან, თუმცაღა როგორც უნდა ყოფილიყო, რა მნიშვნელობა აქვს. მაგრამ ეს წარსულში იყო და შორეულ წარსულადვე დარჩება. თქვენ შორის უკვე გამოიდარა?  გულითადი სალმით თქვენი კაფკა მერანი, სასტუმრო ოტობურგი   ძვირფასო მილენა  ეს-ეს არის ორი დღე-ღამის გადაუღებელმა წვიმამ, როგორც იქნა, გადაიღო. ალბათ ღირს ეს დროებითი მოვლენა ზეიმის საბაბად მივიჩნიოთ. ასეც ვიქცევი, წერილს გწერთ. ახლა ვიღაც მესტუმრა, გულს რომ ეამება, ისეთი ვინმეა. თუ არ ვცდები, თქვენც გაგიხარდებოდათ (შიგადაშიგ ნახევრად მუნჯი, ფიქრებში ჩაძირული თანმხლები აშკარად არ არის ურიგო). ისე მინდა გამოგიტყდეთ, რომ ყოველდღიური ურთიერთობები დამთრგუნველია, მაგრამ ზოგჯერ მაინც კარგია, ოღონდ არა ასეთი უცხოები? (თუ არც ეს უხარია კაცს, ეს უკვე საშინელების მომასწავებელია და არ არის სასურველი.) რომ ვთქვა, აქ კარგად ვარ-მეთქი, მართალი არ იქნებოდა. მომაკვდავი ლეშის მდგომარეობაში ყოფნა იოლი როდია. ჩემი ოთახის აივანი ბაღს გადაჰყურებს, რომელიც აყვავებულია ათასნაირი მცენარით (უცნაური ვეგეტაციაა აქ. ისეთ ამინდში, როგორიც პრაღაშია, ჭები იყინება, აქ, ჩემ თვალწინ კი, ყვავილობის ხანა იწყება.). უკვე ერთი კვირაა მცხუნვარე მზე ანათებს (ხვლიკები, ჩიტების სხვადასხვა წყვილი ესტუმრებიან ხოლმე ბაღს). მერანს თქვენთვის გულით ვისურვებდი. ამ ცოტა ხნის წინ ხომ მწერდით, აქ სუნთქვა მიჭირსო.  გულითადი სალმით თქვენი ფ. კაფკა *** მოკლედ, ისევ ფილტვებმა შემახსენა თავი! მთელი დღე თავბრუ მეხვეოდა. სხვა ვერაფერზე ვფიქრობდი. არა, იმიტომ კი არა, რომ ჩემი ავადმყოფობით მეტად შეშფოთებული ვარ. ვიმედოვნებ, - როგორც თქვენ მიხსნით, - თქვენ ალბათ უფრო სუსტი ფორმით გექნებათ. ფილტვების დაავადება (მეტ-ნაკლებად ფილტვებით ლამის ნახევარი დასავლეთ ევროპაა დაავადებული) უკვე სამი წელია მაქვს. მაგრამ ამან იქნებ ბევრ სიკეთესაც მწია, ვიდრე უბედურებას. სისხლის ღებინება ასე სამი წლის წინ, ღამით დამეწყო. შეშფოთებული წამოვდექი. ასეთ დროს ყველას ასე გვჩვევია (ნაცვლად იმისა, რომ არ გავნძრეულიყავი, როგორც ეს მოგვიანებით მითხრეს). ფანჯარასთან მივედი, გადავეყუდე, შემდეგ პირსაბანთან მივედი, ცოტაც ოთახში ვიბორიალე და საწოლზე ჩამოვჯექი - სისხლი არ წყდებოდა. მაგრამ რომ ვთქვა, იმ წუთას უბედურად ვგრძნობდი-მეთქი თავს, არა! უპირველესად კი ერთი გარკვეული მიზეზის გამო: სამი, ლამის ოთხი წლის უძილო ღამეების შემდეგ იმედი მქონდა, რომ სისხლის ამოღება მიშველიდა და დამეძინებოდა. როგორც იქნა, სისხლის დენა შემიჩერდა (მას შემდეგ აღარც განმეორებულა). იმ ღამის დარჩენილი საათებიც კარგად დამეძინა. დილით მოსამსახურე გოგონა მოვიდა (მაშინ შონბრუნის სასახლეში მქონდა ოთახი დაქირავებული). სასიამოვნო, მადისაღმძვრელი, მეტად საქმიანი გოგონა იყო. სისხლის დანახვაზე მითხრა: ,,pane doktore, s Vami to dlouho nepotvra.” (დოქტორო, თქვენ დიდი ხნის სიცოცხლე აღარ გიწერიათ). მე კი თავს უკეთ ვგრძნობდი. ჯერ ბიუროში წავედი, ასე ნაშუადღევისათვის კი ძლივს მივედი ექიმთან. დანარჩენი ამბავი უკვე აღარაა მოსაყოლი. ამით მარტო იმის თქმა მინდოდა: თქვენმა ავადმყოფობამ როდი შემაშფოთა (თუმცა განუწყვეტლად იმაზე ვფიქრობ და ფიქრებში ვცდილობ, როგორმე გავაცნობიერო და გითხრათ, ამასთან მტკიცედ, რომ თქვენ ავად არ ხართ. არანაირი ფილტვების დაავადება არ გჭირთ!), არა, ამან კი არა, არამედ იმ აზრმა, თუ რას შეეძლო ეს გამოეწვია. ამასთან ვცდილობ გამოვრიცხო ის, რაც თქვენს წერილებში წერია: რომ ვერსად სინათლეს ვერ ხედავთ, ყოველდღე ერთი და იგივე: ვაშლი, ჩაი... შესაძლოა რაღაც არ მესმის. პირისპირ საუბრისას იქნებ უფრო გაირკვეს. თქვენს წერილებში (რომელთა დავიწყებაც შეუძლებელია) მხოლოდ ერთს ვხედავ და ვცდილობ, როგორმე ავხსნა. საკუთარი დაავადებიდან გამომდინარე, ერთხელ ასეთი დასკვნა გამოვიტანე და ალბათ სხვა უამრავ შემთხვევასაც შეეფერება: მოხდა ისე, რომ გონებამ თავის თავზედ აღებული დარდი, ტკივილი ვეღარ აიტანა, ამიტომ თქვა: მორჩა, ხომ არის კიდევ აქ ჩემს მეტი, რომელსაც ჩემი ტვირთის ნაწილს მაინც ვუწილადებ და ცოტა ხანს კიდევ გავძლებო. აქ გამოეცხადა ფილტვები. დიდი დასაკარგი იქ არაფერი იყო. ასეთი შეთანხმება ფილტვებსა და გონებას შორის, ეტყობა, ჩემ დაუკითხავად მოხდა. ამას შესაძლოა უფრო საშინელი შედეგიც მოჰყოლოდა. რას იზამთ? არაფერია, თუკი ცოტათი თავს გაუფრთხილდებით. სხვებიც, უნდა მიხვდნენ და გაგიფრთხილდნენ. მით უმეტეს, ისინი, ვისაც უყვარხართ. მაშინ ყველაფერი ჩაყუჩდება. თუმცა არის კიდევ ერთი ხსნაც. მე ვთქვი, კიც - არაც, აღარ მინდა აღარანაირი ხუმრობა, არც მაქვს სახუმარო განწყობა, ან რა მეხუმრება, ვიდრე არ მომწერთ, რომ უფრო ჯანსაღ ცხოვრებას ეწევით. ცოტა ხანს ვენიდან რატომ არ მიდიხართ-მეთქი, ამას ბოლო თქვენი წერილის მერე აღარ გკითხავთ. ახლა უკვე მესმის თქვენი. მაგრამ ვენის სიახლოვესაც ხომ არსებობს ლამაზი დასასვენებლები, რაღაც შესაძლებლობები, რომ იზრუნოთ საკუთარ თავზე. დღეს სხვა არაფერზე გწერთ, მნიშვნელოვანი არც არაფერი მახსენდება. დანარჩენზე ხვალ იყოს. მადლობა რვეულისათვის, ნამდვილად გული ამიჩუყა, დამადარდიანა, თანაც გამახარა. არა, დღეს კიდევ ერთი რამ მინდოდა მეთქვა, კინაღამ დამავიწყდა: თუ თუნდაც ერთ წუთს თქვენი ძილის ხარჯზე სათარგმნი სამუშაოსათვის გამოიყენებთ, ჩათვალეთ, რომ მტანჯავთ, ეს ასეა. ალბათ სხვებიც ამასვე დაასკვნიან: მან მიიყვანა უძილობამდეო. ასე რომ, იფიქრეთ,ისევ მე ვიქნები წარდგენილი სამსჯავროს წინაშე. გეხვეწებით, ასე აღარ მოიქცეთ, ძილის ხარჯზე აღარასოდეს თარგმნოთ. თუმცა, როცა ამას გთხოვთ, ისევ და ისევ საკუთარ თავზე ვფიქრობ. თქვენი ფრანც. კ. საყვარელო მილენა, დღეს მინდა, თან არც მინდა, რომ სხვა რამეზე მოგწეროთ. ეს უფრო გონივრულად მიმაჩნია: ჯობს ხანდახან სადმე ბაღში, ნახევრად ჩრდილში შეზლოგინზე წამოწვეთ. დაახლოებით ათი ბოთლი რძე იქვე, თქვენთვის ხელმისაწვდომ ადგილას გედგათ. ეს ხომ ვენაშიც შეგიძლიათ გააკეთოთ. მით უმეტეს ზაფხულია. არანაირი მღელვარება, არანაირი შიმშილი, გთხოვთ. განა ეს ასე ძნელია? არავინ არის, ვინც ამას შეგაძლებინებთ და გაიძულებთ? რას გეუბნებათ ექიმი? ამ დიდი კონვერტიდან როცა რვეული ამოვიღე, ლამის იმედგაცრუებული დავრჩი. მინდოდა, თქვენ შესახებ გამეგო. მე კი ძველი სასაფლაოდან კარგად ნაცნობი ხმა შემრჩა. რატომ ჩაერია, რატომ ჩადგა ის ჩვენ შორის? ჰო, ის ჩვენ შუამავლობას გვიწევს.საერთოდ, გაუგებარია, საკუთარ თავზე ასეთი რამ როგორ იტვირთეთ? ისეთი ერთგულებით აკეთებთ ამას, ნამდვილად გულს მიჩუყებთ. წინადადებების ეს აღმა-დაღმა სვლა, ზუსტი წვდომა, შესაძლებლობები, ლამაზი, ბუნებრივი სიტყვები, ჩეხურ ენაზე მართლაც საოცარია. თავად ასე ვერ შევძლებდი. ნუთუ ასე ახლოსაა ჩეხური და გერმანული ენები? მაგრამ როგორც უნდა იყოს ეს, ძვირფასო მილენა, თქვენ რომ მოგწონთ ეს ნაწარმოები, ამას კი ვაფასებ, მაგრამ მთლიანობაში ეს ამბავი ჩემში ზიზღს ბადებს. მთრგუნავს სამყაროს ასეთი სახე. ალბათ ჯობს, ამაზე აღარაფერი ვთქვა. მოთხრობას სოფლის ექიმი ვოლფი გადმოგცემთ. ამის თაობაზე უკვე მივწერე. ხომ იცით, ჩეხური ენა მესმის. რამდენჯერმე მინდოდა მეკითხა თქვენთვის: რატომ არ მწერთ ჩეხურად? ამას იმიტომ კი არ გეუბნებით, რომ თქვენი გერმანული არ მომწონს. მართლაც, გასაოცრად ფლობთ. ზოგჯერ საოცარი თავისებურებებითაც კი ავითარებთ. სწორედ მაშინ არის განსაკუთრებით ლამაზი. ამას გეუბნებათ ერთი გერმანელი, რომელიც საკუთარ ენაზე ასე წერას ვერასოდეს გაბედავდა. მაგრამ მინდა, თქვენი ჩეხურად დაწერილიც წავიკითხო, თქვენ ხომ ამ ენას ეკუთვნით. ნამდვილი მილენა სწორედ იქ არის (ამას თქვენი თარგმანიც ამტკიცებს). აქ კი მუდამ ის მილენაა, რომელიც ვენაზე თუ ვენითაა მოცული. მოკლედ, გთხოვთ, ჩეხურად მომწერეთ. ის ფელეტონებიც, თქვენ რომ მწერთ, ჩეხურად გამომიგზავნეთ. ნუ იძუნწებთ! როდემდე უნდა გასტანოს ამ სიძუნწემ? არ ვიცი,ეგებ მეც უნდა ვიძუნწო? მაგრამ, არა! მირჩევნია, ისევ საუკეთესო შემფასებლის რანგში დავრჩე. თქვენ ჩემი ნიშნობის შესახებ მეკითხებით (უკვე ორჯერ, რა ვიცი, თუ გინდათ ვიტყვი, რომ უკვე მესამედ დავინიშნე. ორჯერ ერთსა და იმავე გოგოზე). მაგრამ ქორწილამდე რამდენიმე დღეშივე დავარღვიე ნიშნობა. პირველთან უკვე დიდი ხანია, ის რამდენი ხანია გათხოვდა და როგორც მითხრეს, პატარა ბიჭიც ჰყავს. მეორე კი ისევ ისეა და მეტისმეტად დამოუკიდებელ ცხოვრებას ეწევა, თანაც სხვა ადამიანების ხარჯზე. მთლიანობაში კი ასეთი რამ აღმოვაჩინე: მგონი, კაცები უფრო მეტად განიცდიან, ან უფრო ზუსტად რომ ვთქვათ: უფრო სუსტები არიან. ქალები უფრო დანაშაულის შეგრძნების გარეშე იტანჯებიან და არასოდეს ვარდებიან ისეთ უკიდურესობაში, როცა აღარაფერი შეუძლიათ. ამ აღარაფერი შემიძლიამდე სრულდება მათი ტანჯვა. აქვე დავძენ, რომ ამაზე ფიქრს და მსჯელობას აზრი არ აქვს. არაფერს მოგვიტანს. ეს იმას ჰგავს: როცა ვინმე თავად ცდილობს, თავი გაიტანჯოს. ჯერ ერთი, არ გამოსდის, მეორეც, თუ გამოსდის, მაშინვე გაღვივებულ ნაკვერჩხალზე იწვის, მაგრამ ჯოჯოხეთი თავისი სრული მშვენებით ისევ ისეთად რჩება. შემდეგ კი ისევ ახალი ტანჯვა ეწყება, თანაც სულ სხვანაირი. უპირველესად, სწორედ ჯოჯოხეთის ამ ბაღში უნდა შეძლო კაცმა წამოწოლა, ამ ავადმყოფობებისაგან თავის დაძვრენა, რაც შეიძლება მეტი ტკბილის დაგემოვნება. ტკბილი კი მართლაც რომ ბევრია მასში. თქვენი ფრანც კ. საყვარელო მილენა! დავიწყებ იმით, რასაც ჩემდა უნებურად ამ წერილიდან ამოიკითხავთ: უკვე თოთხმეტი დღეა საშინელი უძილობა მაწუხებს. ასეთი დღეები თავისთავად მოდის და მიდის. ეს მნიშვნელოვნად და საშინელებად არ მიმაჩნია. თანაც მათ ყოველთვის თავისი მიზეზი გააჩნია (ბადეკერის შემდეგ ეს მიზეზი შეიძლება მერანის ჰაერიც კი გახდეს). თვით მიზეზი ზოგჯერ შეიძლება უხილავიც იყოს, მაგრამ ველური ნადირივით მოუსვენარი. ერთით მართლაც ძალზე კმაყოფილი ვარ, რომ მშვიდად გეძინათ. ცოტა უცნაური კია. გუშინ ხომ საბოლოო რედაქტირების დღე იყო. თქვენ კი მაინც მშვიდად გეძინათ. ღამით, როცა ძილი გადამივლის ხოლმე, უფრო სწორად ჩამივლის, ვიცი მისი გზა და მეც იმ გზას მივყვები. ისე სისულელეც იქნებოდა წინააღმდეგობა. ძილი უდანაშაულო არსებაა, უძილო ადამიანია დამნაშავე. თქვენ კი სწორედ ამ უძილო ადამიანს უცხადებთ მადლობას ბოლო წერილში. ვინმე უცხო ან საქმეში ჩაუხედავი ამას თუ წაიკითხავს, იფიქრებს: რა კაცია! ეტყობა, მთების გადადგმა შეუძლიაო. არადა, თითიც არ გამინძრევია (გარდა წერისათვის საჭირო თითებისა). ვიკვებები საუკეთესო რძითა და კარგი რამეებით... ვაშლითა თუ ჩაით ან იქნებ ზოგჯერ მხოლოდ თვალწი6 მათი წარმოსახვით. მოვლენებს საკუთარი დინებით ვუშვებ, მთებსაც თავისსავე ადგილზე ვტოვებ. გახსოვთ დოსტოევსკის პირველი წარმატებული მოთხრობა? მიყვარს ამ ამბის მოყოლა. ახლა შეიძლება ზუსტად ვერც გავიხსენო: დოსტოევსკი, თავისი პირველი რომანი ,,ღარიბი ხალხი” რომ დაწერა, მაშინ თავის მეგობარ ლიტერატორთან, გრიგორიევთან ცხოვრობდა. ეს უკანასკნელი თითქმის მთელი თვეების განმავლობაში მაგიდაზე მარტო უამრავ დაწერილ ქმაღალდს ხედავდა, მაგრამ მანუსკრიპტი მხოლოდ რომანის დასრულების შემდეგ მიიღო. წაიკითხა და საოცრად აღფრთოვანდა. დოსტოევსკის, უკითხავად იმ დროისათვის ცნობილ კრიტიკოსს, ნეკრასოვს წაუღო. ერთ ღამეს, სამ საათზე, დოსტოევსკის კარზე ვიღაცამ ზარი დარეკა. გრიგორიევი და ნეკრასოვი იყვნენ. ისინი მის ოთახში შეიჭრნენ, მოეხვივნენ, გადაკოცნეს. ნეკრასოვმა, რომელიც მას საერთოდ არც იცნობდა, დოსტოევსკის რუსეთის იმედი უწოდა. მათ იმ ღამეს ორი-სამი საათი ილაპარაკეს, ძირითადად რომანზე. მხოლოდ გამთენიისას გამოემშვიდობნენ ერთმანეთს. ერთ წერილში დოსტოევსკიმ იმ ღამეს თავისი ცხოვრების უბედნიერესი ღამე უწოდა: გაოგნებული გადავცქეროდი ფანჯრიდან ქუჩაში მიმავალ ნეკრასოვსა და გრიგორიევს. გონს ვერა და ვერ მოვდიოდი. უცბად ტირილი ამივარდა და ჩავილაპარაკე: ,,რა საოცრად კეთილშობილი და დიდსულოვანი ადამიანები არიან! მე კი რა სულმდაბალი ვარ. მათ კი ეს არ იციან და რომც ვუთხრა, არც დამიჯერებენ!” დოსტოევსკის ეს ნათქვამი ცოტა გადაჭარბებულად მეჩვენება. მეტის მოყოლას აღარ ვაპირებ. რისი თქმაც მინდოდა, უკვე ვთქვი. ეს ამბავი იდუმალებითა და შთამბეჭდავობით ნამდვილად არ გამოირჩევა. უბრალოდ, ვფიქრობ: გრიგორიევი და ნეკრასოვი სულაც არ იყვნენ დოსტოევსკიზე კეთილშობილები, მაგრამ დოსტოევსკის ეს სიტყვები რომ ვირწმუნოთ, მათზე ნამდვილად შეგვექმნება ასეთი წარმოდგენა. ამ ამბავში მთავარი ისაა, რომ ვიღაც ამ ყველაფერს ფანჯრიდან უყურებს: როგორ მიდიან, თანდათან როგორ შორდებიან. სწორედ ეს სიშორეა ხაზგასასმელი. სამწუხაროდ, ამ ამბის მნიშვნელობა, თავისთავად, დოსტოევსკის დიდი სახელის მიღმა წაიშალა. ნეტა ახლა უძილო ღამემ საით წამიყვანა? რა თქმა უნდა, კარგი არაფრისაკენ!. ან ეს ამბავი რაში გამახსენდა? თქვენი ფრანც კ. ძვირფასო მილენა! მინდა, მხოლოდ რამდენიმე სიტყვა მოგწეროთ. ხვალ ისევ მოგწერთ, დღესკი თქვენი წერილის თაობაზე შთაბეჭდილებას გაგიზიარებთ. მთელი დღე და ღამე ამ შთაბეჭდილების ქვეშ ვარ. ქალბატონო მილენა, ნამდვილად განსაკუთრებული ვინმე ხართ. ცხოვრობთ ვენაში, რაღაც-რაღაცებისაგან იტანჯებით, თან გაოცების, აღფრთოვანების დრო მაინც გრჩებათ. დღეს კარგად ვერ ვგრძნობ თავს. წინა ღამით ცუდად მეძინა იცით, აქ სამ ჩემს მეგობარს რა გონივრული იდეა გაუჩნდა? სულერთია მდინარესთან, საერთოდ წყალთან ახლოს ვართ თუ არა, სულ წყალში გადაგდებას მიპირებენ. იმიტომ კი არა, რომ მათ რამე ცუდი გავუკეთე, სულაც არა. როცა მოზრდილი ასე ბავშვივით იმუქრება, ეს მხოლოდ ხუმრობასა და სიყვარულზე მიანიშნებს. ბავშვები ხომ ყოველთვის გულწრფელები არიან. არ იციან, სად არის ზღვარი შესაძლებელსა და შეუძლებელს შორის. ათჯერაც რომ დაეცეს, ვერ გადაარწმუნებ, რომ შემდეგ მცდელობაზე არ გამოუვა. შესაძლოა, ზოგჯერ ბავშვების სიტყვები ან განზრახვა, თუკი მათ მოზრდილის გონებით აღვიქვამთ, გვაშფოთებს, მაგრამ ისინი ხომ მხოლოდ და მხოლოდ ბავშვები არიან, რომელთაც უნდა მიეფერო, გულზე მიიხუტო. ერთხელ ერთი პატარა დამეძგერა, ლამის წყალში გადამისროლა. ჩემს დებს რომ არ დავეჭირე, ნამდვილად ჩავვარდებოდი. ცოტა მოშორებით კი ბავშვების მშობლები იდგნე6 (მეოთხე პატარის ეტლთან) და თავაზიანად იღიმებოდნენ. დასახმარებლად არც კი განძრეულან. ჰო, ეს ამბავი ასე დასრულდა. მეტი აქ დასაწერი და მოსაყოლი არაფერია. წყალში გადავარდნისაგან სასწაულმა გადამარჩინა. ბავშვებს შესაძლოა რაღაც განსაკუთრებული საბაბი არც გააჩნდათ, რომ გადავეგდე, თუმცა ვი6 იცის, იქნებ ერთი მოსაწყენი ვინმე დაინახეს ჩემში. ჩემი თქვენდამი წერილები რომ სცოდნოდათ, იქნებ მართლაც ასე ეფიქრათ... ბოლო წერილში რომ ვთქვი: კარგს არაფერს-მეთქი, იმედია, არ შეუშინებიხართ. მაქვს ისეთი პერიოდები სრული უძილო ღამეების შემდეგ, რასაც ვფიქრობ, ყველაფერს გწერთ. წერას დავასრულებ თუ არა თავბრუსხვევა, მოთენთილობა, დაძაბულობა მიპყრობს და ვეღარ ვხვდები, რატომ გიყვებით ამ ყველაფერს. თუმცა ბევრი რომ აარ ვილაპარაკო, ეს ჩემი გრძნობებიდან მოდის. სხვა რა დამრჩენია. ვერც ახლა გეტყვით რამეს განსაკუთრებულს. ჩემი გამოცემული წიგნებიდან ყველა გაქვთ. ბოლო წიგნს, მოთხრობების პატარა კრებულს სოფლის ექიმი, ალბათ ვოლფი გადმოგცემთ. ამაზე ამ ერთი კვირის წინაც მივწერე. ახალი არაფერი იბეჭდება. თქვენი წიგნებისა თუ თარგმანებისადმი დამოკიდებულება ნამდვილად მოსაწონია. სამწუხარო მხოლოდ ისაა, რომ ეს მე არაფრად მიღირს. არადა ხომ შემეძლო, ჩემი თქვენდამი ნდობა, რაც ნამდვილად გამაჩნია, ასე გამომეხატა. მე კი მიხარია რამდენიმე მწველი შენიშვნით, პატარას თუ გავირჯები. ეს მგონი, ჯოჯოხეთური სასჯელით წინასწარ ტკბობას ჰგავს, რაც ადამიანს აიძულებს, საკუთარ სიცოცხლეს კიდევ ერთხელ გადახედოს გაცნობიერებული მზერით. თუ ამ გადახედვის ჟამს რამე ბოროტმოქმედებას აღმოაჩენს, ეს კი არაა საშინელება, არამედ ის, რასაც დღემდე კეთილ საქმედ მიიჩნევდა. კარგია წერა. ახლა უფრო მშვიდად ვგრძნობ თავს, ვიდრე ამ ორი საათის წინ, ბაღში თქვენს წერილს რომ ვკითხულობდი. შეზლოგინზე ვიწექი. ცოტა მოშორებით ხოჭოს მოვკარი თვალი. ამოტრიალებულიყო და ფეხებს აფართხალებდა. შეშინებული ჩანდა. ვერა და ვერ სწორდებოდა. დიდი სიამოვნებით დავეხმარებოდი. იოლი იყო მისი დახმარება. მხოლოდ ერთი პატარა ბიძგი სჭირდებოდა, მაგრამ თქვენი წერილის კითხვისას საბრალო ხოჭო სულ გადამავიწყდა. ადგომის თავი აღარ მქონდა. გონზე ერთმა ხვლიკმა მომიყვანა. დავინახე, როგორ მიცოცავდა ხოჭოსაკენ, რომელიც უკვე უღონოდ ეგდო. გულში გავიფიქრე: ეს არაა უბედური შემთხვევა, ეს სიკვდილთან ჭიდილია. იშვიათი სცენაა, როგორ კვდება ცხოველი. უცბად, როცა ხვლიკი ზედ გადააცოცდა და ხოჭო თავისდა უნებურად გადმოაბრუნა,იგი ცოტა ხანს ისევ უძრავად იწვა, მერე კი ისე სწრაფად გასხლტა, გეგონება, არც არაფერი მომხდარაო. ამ სცენამ ცოტა ძალა მომცა, წამოვდექი, რძე დავლიე და თქვენთვის წერილის წერას შევუდექი. თქვენი ფრანც კ.  შენიშვნებს ხვალ მოგწერთ, თუმცა ბევრი არც არაფერია. უმეტეს გვერდზე თითქმის არცა მაქვს შენიშვნა. ისევ და ისევ მინდა გაოცება გამოვთქვა: თარგმანი საოცრად ბუნებრივად ჟღერს. არც ერთი ადგილი არ არის გაუგებარი და ბუნდოვანი. მაკვირვებს თქვენი თავდაჯერებული გაგების, წვდომის უნარი. თუმცა არ ვიცი ის, რაც თქვენს თარგმანში მომწონს, ჩეხებისთვისაც ასეთივე განცდას გამოიწვევს თუ არა (არცერთხელ, ჩემ გამოც კი არ გადაგისხვაფერებიათ ნაწერი). ჩეხური ენის მიმართ ჩემებური დამოკიდებულება, რა თქმა უნდა, მეც გამაჩნია და სრულიად დამაკმაყოფილებლად ვთვლი. ყოველ შემთხვევაში, თუკი ვინმე საყვედურს გამოთქვამს, ჩათვალეთ, რომ ეს დაავადებაა და იქვე ჩემი მადლიერებაც გაიხსენეთ.   საყვარელო მილენა! (დიახ, სათაური იქნებ უინტერესოდაც ჟღერს, მაგრამ ეს ამ საეჭვო სამყაროში ის ძირითადი ხელჩასაჭიდია, რომლისგანაც შეიძლება დაავადდე. გამოჯანმრთელების ჯერ არანაირი პირი არ ჩანს.) გერმანელ ხალხში ჯერ არასოდეს მიცხოვრია. გერმანული, შესაძლოა, ჩემი მშობლიური ენაა, მაგრამ ჩეხური ბევრად უფრო ახლოსაა ჩემს გულთან. ამიტომაცაა, რომ ზოგჯერ თქვენი წერილი, ამა თუ იმ გაუგებრობებს როცა ანადგურებს, მაშინვე თვალწინ მიდგება თქვენი სხეულის, ხელების სწრაფი, გაწაფული მოძრაობები. ეს უფრო შეხვედრას ჰგავს... ზოგჯერ წერილის კითხვისას თქვენ მზერასაც კი ვაწყდები. აი, მაშინ კი ასეთი ფიქრი გამიელვებს თავში: ეს რა არის? მხოლოდ ცეცხლი იფრქვევა! ცეცხლის მეტს ვერაფერს ვხედავ. თქვენ მიერ საკუთარი თავისთვის დაწესებული წესები თუ კანონები, რომელთაც ალბათ არც არასოდეს ინანებთ, ცოტა არ იყოს, მაცდურია. ბუნებრივია, ეს ასეც უნდა იყოს: საკუთარი თავისთვის რამის დაკანონება თუ დაწესება წმინდა წყლის მედიდურობა და ამპარტავნობაა. ამ კანონებს თუ ცდებს ერთადერთი ალბათ ისევ მე ვიწვნევ. თუმცა ამაზე ლაპარაკი აღარ ღირს. მხოლოდ მდუმარედ გეამბორებით ხელზე. პირადად მე, თქვენი კანონებისა მჯერა, მაგრამ, იმედია, ეს საზარელი კანონები სამუდამოდ არ დარჩება თქვენს ცხოვრებაში. ან იქნებ ეს მიღწევაცაა, მაგრამ მიღწევა მხოლოდ ცხოვრების იმ გზაზე, რომელიც უსასრულოა. მიწიერი გაგებით შეზღუდულ ადამიანს, რომელიც ამ გაღვივებულ ბუხარში მცხოვრებს გხედავთ,არ ესმის ეს. მინდა, ერთი რამ გითხრათ, თქვენზე რომ არაფერი მოგეყოლათ, უფრო გამაუბედურებდით,ორმაგად დამტანჯავდით. თქვენ რომ გიცნობთ, ჩემთვის ეს ბედნიერებაზე მეტია. სანდო ადამიანად რომ არ მიგეჩნიეთ, ალბათ რაღაც-რაღაცებს დამიმალავდით ან შემილამაზებდით. თუმცა ჩემი ახლანდელი მდგომარეობის გამო მაინც ვიგრძნობდი. ასე რომ, გამორიცხულია, ამას ვერ გააკეთებდით. ერთი სიტყვით, საკუთარი თავის გადარჩენა თავად უნდა სცადოს კაცმა. პატარა შესაძლებლობა ჩანს თქვენს წერილებში, რომელთაც მთელი სიმშვიდით, სიხარულით, ხშირად კი თავზარდაცემულიც ვკითხულობ. რასაც თქვენს ჯანმრთელობაზე მწერთ, ჩემი მდგომარეობა თქვენთან შედარებით უკეთესად მეჩვენება. ამ მთის ჰაერზე ძილს მაინც ვუჩივი, არ მყოფნის. თქვენი ექიმის დიაგნოზი ნამდვილად სახარბიელოდ არ მიმაჩნია. უფრო სწორად, არც სახარბიელოა, არც არასახარბიელო. ამ შემთხვევაში ყველაფერი თქვენზეა დამოკიდებული. რა თქმა უნდა, ექიმები შტერები არიან, სხვა ადამიანებზე უფრო შტერები იქნებ არც იყვნენ, მაგრამ მათი პრეტენზიები ნამდვილად სასაცილოა. როგორც კი მათ ხელში ჩავვარდებით და რამეს ვკითხავთ, უფრო შტერდებიან. თავიანთი მოთხოვნებით მარტო შტერები კი არა, აუტანლებიც ხდებიან. რა შეიცვალა მას შემდეგ თქვენს ცხოვრებაში, რაც ექიმს ელაპარაკეთ? აი, უმთავრესი შეკითხვა. მერე ჩნდება სხვა შეკითხვებიც, რომელთა დასმის უფლებასაც, იმედია, მომცემთ: რატომ და როდის აქეთაა არ გაქვთ ფული? რატომ ტრიალებდით უწინ, როგორც თქვენ მწერთ, ვენაში ბევრ ხალხში, ახლა კი აღარავისთან გსურთ ურთიერთობა? გატყობთ, თქვენი ფელეტონების გამოგზავნას არ აპირებთ, ალბათ არ მენდობით. გგონიათ, ამ ფელეტონებით თქვენზე წარმოდგენა შემეცვლება? ჩათვალეთ, რომ ამის გამო თქვენზე გაბრაზებული ვარ. ეს უბედურება ნამდვილად არაა. იქნებ წონასწორობის შესანარჩუნებლად ასეც ჯობდეს, რომ გულის ერთი ნაწილი ცოტათი გაბრაზებული იყოს თქვენზე. თქვენი ფრანც კ. პარასკევი მილენა, უპირველესად, მითხარით, ეგ რა ბინაა, რომელზეც კვირას მომწერეთ, ცარიელი და დიდი? თანაც დღედაღამ მარტო ხართ? ვატყობ, რა მოწყენილობაა მანდ. კვირას, მშვენიერ ნაშუადღევს, უცხო ადამიანებთან ჯდომა, რომელთა სახეებიც ნაჯღაბნი წერილივითაა, მთლად სასიამოვნო არ უნდა იყოს. მაგ მხრივ მე უკეთ მაქვს საქმე! დავიწყებ იქიდან, რომ ჩემი ოთახი პატარაა, ნამდვილი მილენაც აქ არის. ეტყობა, კვირა დღეს გამოგექცათ. თუ დამიჯერებთ, საუცხოოა ამ მილენასთან ერთად ყოფნა. თქვენ ამაოებაზე წუწუნებთ, სხვა დროს ასე არ იყო. რამ გაიძულათ, გეთქვათ ასეთი რამ? გაგაოცებთ, მაგრამ უნდა გითხრათ: საკუთარი ეშმაკით გატანჯული ადამიანი გაუაზრებლად მეორეზე იძიებს ხოლმე შურს. შეგეძლოთ თავის შველა, ხსნა, მაგრამ ამბობთ, აზრი არ აქვსო. ვის აქვს ასეთი მკრეხელობის უფლება? ასეთი რამ ჯერ ვერავინ შეძლო, თვით ქრისტემაც კი. მან ხომ გვითხრა: გამომყევი, აკეთე ჩემი სიტყვის მიხედვით და ნახავ, რომ ეს ადამიანის სიტყვა კი არ არის, არამედ ღვთისო (სამწუხაროდ, შეცდომით ვამბობ ამ ციტატას). მან ადამიანისაგან განდევნა ეშმაკი, რომელიც მას მოსვენებას არ აძლევდა. სხვათა შორის, ერთსაც დავძენ: ცდუნებები იმისთვის არსებობს, რომ გავუძლოთ. პარასკევი დღეს მოსაღამოვებულზე, როგორც იქნა, პირველად, მარტომ გავისეირნე, თანაც დიდი გზა გავიარე, თორემ სხვებთან ერთად მომიწევდა წასვლა ან შინ ჯდომა. ეს რა ლამაზი მხარეა! რა მშვენიერი ცაა! ფიქრებიც კი სადღაც გაქრნენ! მილენა, ნეტავ თქვენც აქ იყოთ... რომ გითხრათ, მომენატრეთ-მეთქი, მოგატყუებდით. ეს იყო მართლაც სრულქმნილი, საამო ტკივილის მომგვრელი ჯადოსნური სანახაობა. თუმცა თქვენც აქ იყავით... თქვენ ხომ მუდამ იქ ხართ, სადაც მე. ზოგჯერ ვფიქრობ, რომ იმ მილენას, რომელიც აქ არ არის,ვენატრები და მეკითხება: ნეტავ, ახლა სად ხარ? ხომ მომწერა მერანში ვარო... ჩემი ორი საპასუხო წერილი მიიღეთ? ძვირფასო მილენა, დღე ისეთი მოკლეა, თქვენთან და კიდევ წვრილმან რაღაც-რაღაცებთან ერთად გავატარე და აი, დასრულდა კიდეც. მცირე დროც არ დამრჩა, რომ ნამდვილი მილენასთვის მიმეწერა. თუმცა მთლად ნამდვილი მილენა მთელი დღე აქ, ამ ოთახში, აივანზე თუ ღრუბლებში იყო. საიდან გაჩნდა ეს ჯანსაღი, უზრუნველობა თქვენს ბოლო წერილში? რამე შეიცვალა? თუ ვცდები? ნუთუ მხოლოდ პროზაული ნაწარმოებების გამოა ასე? რას ნიშნავს ეს? თქვენი წერილი სასამართლოთი იწყება. გაქვთ კიდეც საყვედურის უფლება. უამრავი საზრუნავი და დარდი რომც მქონოდა, როგორც გწერდით, ვერაფერი შემაჩერებდა. წამითაც არ დავრჩებოდი აქ, ამ ბაღში, შეზლოგინზე. მაშინვე თქვენს ოთახში გავჩნდებოდი. ეს იქნებოდა ერთადერთი ჭეშმარიტი მცდელობა, სხვა ყველაფერი კი, ამ ბოლო სიტყვების ჩათვლით, ცარიელი ლაპარაკი. კარგი იქნება, შინაგანი გრძნობის მოხმობა რომ შემეძლოს. ის კი დადუმებულა, გულხელი დაუკრეფავს. სად ნახულობთ ასეთ სასაცილო ადამიანებს? რა სიყვარულითა და მომაჯადოებლად ამიწერეთ. რამდენ შეკითხვებს გისვამენ და ვერა და ვერ ძღებიან. ხომ შეგიძლიათ თქვენი აზრიც გამოხატოთ? აბა, ვინ გაიგებს, საიდან უნდა იცოდეს კაცმა ამ მსაჯული მილენას საიდუმლო ფიქრები? გატყობთ, მაგ სასაცილო ადამიანებს ათასგვარ სისულელეს აპატიებთ, თან გაგებით, სიყვარულით, პატივისცემით ეპყრობით. ჩემი აზრით,ეგ სულელური საუბრები სხვა არას ჰგავს, თუ არა იმ ძაღლის აქეთ-იქით სირბილს, რომელსაც პატრონი, საითაც უნდა, იქით მიარბენინებს. დარწმუნებული ვარ, თქვენს გაგებასა და მიმტევებლობას აქვს რაღაც გამამართლებელი, დადებითიც (მაგრამ თავისთავად მაინც დამებადა ეს კითხვა, რადგან ცოტა უცნაურად მეჩვენება). უცბად გამახსენდა, რამდენიმე წლის წინ მდინარე მოლდავაში ლამის დავიხრჩე. ცოტა ხანს დინებას მივყვებოდი, შემდეგ დაბლა, ხიდის ქვეშ, გავცურე. ისეთი გამხდარი ვიყავი, ვინც ხიდიდან მიყურებდა, ალბათ რა სასაცილო ვჩანდი. აკი, ერთმა მოხელემ, რომელსაც ხიდიდან დავუნახივარ, მითხრა: სამსჯავროს წინაშე წარდგენილს ჰგავდიო. *** ერთი სიტყვით, პატარა გასეირნება მოვაწყვე (ისეთი დიდი, როგორზეც მოგწერე, ვერ შევძელი). სამი დღე დაღლილობისაგან ისეთი ძალაგამოლეული ვიყავი, არაფრის თავი არ მქონდა, წერისაც კი. მარტო ერთი წერილი წავიკითხე და ჟურნალში გამოქვეყნებული სტატია. მაშინვე გავიფიქრე, რომ ასეთი რამ თქვენდა უნებურად დაწერეთ. ის ნამდვილად გზის მაჩვენებელივით არის იმ ადამიანთათვის, ვინც მუდამ ბედნიერი წინ-წინ მიიწევს, ვიდრე ერთ დღესაც გონება არ გაუნათდება და არ მიხვდება, რომ წინ საერთოდ ვერ მიდის და ჩვეულებრივზე უფრო აღელვებული, დაბნეული საკუთარ ლაბირინთებში აქეთ-იქით დაეხეტება. უნდა აღვნიშნო, რომ ამის დამწერი ჩვეულებრივი მწერალი სულაც არ არის. რაც ეს წავიკითხე, თქვენდამი უფრო მეტი ნდობით განვიმსჭვალე. თუ არ ვცდები, ჩეხურ ენაზე ენობრივი მუსიკალურობა ბოზენა ნემცოვას აქვს. აქ, თქვენთან კი, სულ სხვა მუსიკა ვიგრძენი: გაბედულება, სიყვარული, სწრაფვა და რაც მთავარია, სიჭკვიანე. ეს ამბოლო წლების გამოძახილია? ადრეც წერდით? ამის წამკითხავმა, მგონი იფიქროთ, ეს რა სასაცილო შეკითხვებს სვამსო. მაგრამ ეს იმიტომ, რომ დღეს ამ გაზეთში მართლაც მშვენიერი რამ აღმოვაჩინე. განსაკუთრებით ორმა ადგილმა მომხიბლა. ამას თქვენც მიხვდებით. სიამოვნებით დავიტოვებდი გაზეთს. მინდა, ჩემს დასაც წავაკითხო, მაგრამ თუ ხვალვე გჭირდებათ, სხვა რა გზაა. ისე თქვენი ქმარი იმ კაფეში სულ სხვანაირი მომეჩვენა: უფრო გაგებული, მშვიდი. ისეთ გადაჭარბებულ მამობრივ მზრუნველობას იჩენდა, ცოტა შევეჭვდი კიდეც. ვერ ვიტყვი, ამან მასზე შთაბეჭდილება შემაცვლევინა-მეთქი. მისადმი რიდი ყოველთვის მქონდა. აქვე იმასაც დავძენ, რომ ჩემს მეგობრებს, განსაკუთრებით კი მაქს ბროდს, მასზე კარგი შთაბეჭდილება აქვს. ახლაც თვალწინ მიდგას, იმ დღეს კაფეში როგორ იჯდა,არ ეძინა, მაგრამ ლამის თვლემდა. სკამის საზურგეზე თავი მიედო. დროდადრო ტელეფონი თუ დარეკავდა, შეკრთებოდა ხოლმე. ეს ალბათ იმიტომ აღვნიშნე, რომ ჩემთვის ნაცნობი მდგომარეობაა.  თქვენი კაფკა  რას ფიქრობთ? იმედი ვიქონიო, რომ კვირამდე კიდევ ერთ წერილს მივიღებ? იქნებ ეს შესაძლებელიც იყოს, მაგრამ რა აზრი აქვს ჩემს სურვილს? კმარა კი ანერთი წერილი, ან წინასწარ იმის ცოდნა, რომ მივიღებ? თუმცა იქნებ კმაროდეს კიდეც. მაგრამ პასუხის გაცემას ყოველთვის ვაყოვნებთ, წყურვილი და სწრაფვა წერილებისადმი კი არ წყდება. ამიხსენით ეს, მილენა მასწავლებელო, რატომ? ხუთშაბათი ახლა სხვა არაფერზე მსურს ლაპარაკი, გარდა იმისა, რომ თქვენი წერილი მივიღე, მაგრამ მარტო თვალი გადავავლე. როგორც მივხვდი, ორი სხვადასხვა წერილი იყო: ერთი იმისათვის, რომ შიგ ჩავმხრჩვალიყავი, მეორე, ფრო ალბათ ბოლოკი - რომ თავზარი დაეცა. როცა ვინმე ნაცნობს ხვდები და ეკითხები: რამდენია ორჯერორი? ნამდვილად გიჟური შეკითხვაა. ჩემი თქვენდამი შეკითხვაც ალბათ გიჟურად და იქნებ სასაცილოდაც მოგეჩვენოთ. არ მიყვარს, როცა რაღაცაში გამომიჭერენ ხოლმე. ამის გამო ზოგჯერ ურთიერთობებიც კი გამიწყვეტია. ლოგიკურიცაა (და იმ სხვას არც გაოცებია, პირიქით) რატომ, რა საჭიროა ამ მღვრიე ცხოვრების ისედაც მღვრიე წყალი, კიდევ უფრო აამღვრიო? ჩემთვის ამ გზის მხოლოდ ერთ ნაწილს ვხედავ. ნამდვილად არ ვიცი ჩემი ამჟამინდელი მდგომარეობის გამო, რომელი საშინელი, მიუღწეველი შორეთისაკენ ავიღო გეზი (ეს მოკრძალება კი არ არის, მედიდურობაა). მილენა, სწორედ ასეთ ფიქრებში მყოფს მომისწრო თქვენმა წერილებმა. როგორ უნდა ავხსნა ეს განსხვავება? ერთი მომაკვდავის სარეცელში ჭუჭყსა და სიმყრალეში წევს. მოფრინდება სიკვდილის ანგელოზი, ყველა ანგელოზზე სულიერი და მას თვალებში ჩახედავს. გაბედავს კი ეს კაცი სიკვდილს? ის მარჯვენა მხარეს გადატრიალდება, უჭირს სიცოცხლესთან განშორება. მოკლედ: მილენა, არ მჯერა, რასაც მწერთ. ვერც შეძლებთ ამის დამტკიცებას. დოსტოევსკისაც კი გაუჭირდებოდა იმ ღამით იმის აღიარება - ერთი ღამე დამრჩენიაო. იქნებ მე, ასეთ მდგომარეობაში მყოფმა, უფრო შევძლო ამის დამტკიცება, მაგრამ მეც გამიჭირდება. ჩემი შეკითხვა იქნებ თავიდანვე გამოიცნოთ. თუ დაღლილი მასწავლებელივით მოსწავლის სწორ პასუხს ზოგჯერ სპეციალურად რომ წაუყრუებს და იმედგაცრუებულს დატოვებს ხოლმე, ასე მოიქცევით? იმ მასწავლებელივით არც თქვენ გინდათ გამოტყდეთ, რომ მოსწავლემ სწორად გიპასუხათ? მოსწავლე კი ხვდება, რომ მართალია, მაგრამ მასწავლებელს ხომ ვერ შეეპასუხება. მარტო მან უნდა იცოდეს სწორი პასუხი. კვნესად, წუწუნად, ხვეწნა-მუდარად არ უნდა აღგექვათ ჩემი ბოლო ხუთი წერილი. ეს ხომ ერთი მთლიანობა იყო, მაგრამ დავანებოთ ახლა ამას თავი. ***  წერილს თვალი გადავავლე, გოგონაზეც ეწერა რაღაც. ახლა ამაზე მხოლოდ ერთს ვიტყოდი: თქვენ ამ გოგონას უეცარ ტკივილთან ერთად დიდი დახმარებაც გაუწიეთ. მტკივნეული ეჭვი მაქვს, თუმცა არ ვიცი, საიდან გაჩნდა ჩემში ეს იდუმალი სითბო. მაგონდება: როგორ ვისხედით ერთიმეორის გვერდით სავარძელში. იქ, იმ ბინაში, ვრშოვიტცის ქუჩაზე. ნოემბერი იყო. ეს ბინა ერთ კვირაში ჩვენი უნდა გამხდარიყო. ის ბედნიერი იყო. დიდი ძალისხმევის შემდეგ, როგორც იქნა, იპოვა ეს ბინა. გვერდით მომავალი ქმარი ეჯდა (ვიმეორებ: მხოლოდ ქორწინების შეტევა მქონოდა, ქორწილი დავაჩქარე. ის, რა თქმა უნდა, შეშინდა და უხალისოდ დამეთანხმა. შემდეგ, ეტყობა, ფიქრებში შეეგუა კიდეც). როცა ამ სცენას დეტალურად ვიხსენებ, ლამის გული გამისკდეს. უკვე მჯერა, როგორ შეუძლია ადამიანს უეცრად დაბრმავდეს. ყოველ შემთხვევაში, მაშინ მარტო დაბრმავებული როდი ვიყავი, ანგარიშიანადაც ვფიქრობდი, რომ ნამდვილად ხელსაყრელი ქორწინება შედგებოდა. გაუცნობიერებლად დაბრმავება, ვშიშობ, რძიანი ჭიქის პირთან მიტანას, განზრახ გატეხას და სახეში ნამსხვრევების შეყრას ნიშნავს. მინდა გკითხო: რატომ მეუბნები ასე? დიახ, შესაძლოა, მე ის ადამიანი გავაუბედურე, მაგრამ ის ხომ არ მსაყვედურობს, ჩუმად არის. ვფიქრობ, არც შინაგანად სჩადის ამას… *** დღევანდელ შემოტევასთან შედარებით სხვა ყველაფერი უმნიშვნელოა. ლოგინიდან ადრიანად წამომდგარს, თავს მოულოდნელი სტუმარი დამატყდა და გამაოგნა. უკვე ჩაცმული, პირდაბანილი ვიყავი, ჩემდა გასაოცრად პირიც კი გაპარსული მქონდა. როგორც მივხვდი, თქვენ გინდათ, ცოტა ხნით მაინც შორს იყოთ თქვენი ქმრისგან. ეს ახალი სულაც არ არის. ასე უკვე იყო ერთხელ. მიზეზებად თქვენს ავადმყოფობას, მის ნევროზულ მდგომარეობას, დაბოლოს, ვენაში არსებულ ურთიერთობებს ასახელებთ. სად გინდათ წასვლა? ჯობია რომელიღაც მშვიდ მხარეში, თუნდაც ბოემენში გაემგზავროთ. თანაც აჯობებს, თუ არ ჩავერევი და არ გამოვჩნდები თქვენს ცხოვრებაში. თუ ფული დაგჭირდებათ, მე მოგცემთ (ფულის უკან დაბრუნების პირობებზე შევთანხმდებით…) (ჰო, სულ დამავიწყდა მეთქვა, ერთი სასაცილო მოხელე გავხდი. ისეთი იოლი სამსახური მაქვს, არც კი ვიცი, ფულს რაში მიხდიან. ასე რომ, ფულის გამო სინდისის ქენჯნა ნუ შეგაწუხებთ) ამაზე ლაპარაკს აღარ გავაგრძელებ. იმედია, ამგვარ უცაბედ შემოტევასაც მაპატიებთ (ზოგჯერ საჭიროა ასეთი შემოტევები) თქვენი კაფკა. ***  ამ საშინელი, თუმცა სიღრმისეულად არც ისე საშინელი წერილის წაკითხვამ მისი მიღებით გამოწვეული სიხარული მთლად გადამავიწყა. პარასკევს, წესით, ჩვეულებრივი ფოსტა არ უნდა მოსულიყო. არც მქონდა იმედი, რომ ამ დღეს თქვენს წერილს მივიღებდი. ერთი სიტყვით, დამთრგუნველი, ნაღვლიანი სიმშვიდე სუფევდა. თქვენს ბოლო წერილში ისეთი ძლიერი მომეჩვენეთ, თვალწინაც კი დამიდექით, რამდენადაც ჩემი შეზლოგინიდან იმ მთის სიმაღლემდე ჩემი მზერის მიწვდენასა და თქვენს დანახვას შევძლებდი. წერილი სადილობისას მოვიდა. ხან ჯიბეში ჩავიდე, ხან ამოვიღე, ხანაც მაგიდაზე დავდე და თითებით ვაწვალებდი. ჩემს მაგიდასთან მჯდომ გენერალსა და ინჟინერს (არაჩვეულებრივ, თავაზიან ადამიანებს) ვეღარც კი ვამჩნევდი. მათი ხმები აღარ მესმოდა. საჭმელი (გუშინ მთელ დღეს არაფერი მიჭამია) საერთოდ აღარ მაღელვებდა… როგორც იქნა, გულდასმით წავიკითხე წერილი. უფრო სწორად კვირის წერილი წავიკითხე, ორშაბათისა - შემდეგი წერილის მოსვლამდე გადავდე. ისე ბოლომდე არც წამიკითხავს, მთლად ჯანმრთელად ვერ ვგრძნობ თავს. ჩემი აზრით, წერილი ძალიან ადრინდელია. როგორც მივხვდი, გზაში კიდევ ხუთი წერილი უნდა იყოს... მინდა გთხოვოთ, ისეთი წერილი გამომიგზავნოთ, რომელიც ორშაბათის წერილის ყველა საყვედურს ამიხსნის... აი, ახალი წერილიც. უკვე ძალიან გვიანია. იმ ინჟინერს შევპირდი, რომ დღეს უთუოდ ვესტუმრებოდი და მისი ბავშვების სურათებს ვნახავდი. ეს ინჟინერი და მე თითქმის ტოლები ვართ. ბავარიელია, ფაბრიკის დირექტორი, მაგრამ მეტად მხიარული და გაგებული კაცია. ხუთი შვილიდან ორიღა დარჩა. მის ცოლს მეტი ბავშვის ყოლა აღარ შეუძლია. ბიჭი უკვე 13 წლისაა, გოგო - 11-ის. რა უცნაურია ეს სამყარო. რამდენი უბედურება ნახა ამ ინჟინერმა და მაინც გაწონასწორებულია. არა, მილენა, თქვენ არაფერი გაქვთ სათქმელი გაწონასწორებულობაზე! თქვენი კაფკა *** კიდევ ერთხელ წავიკითხე კვირის წერილი, საშინელებაა. პირველი წაკითხვის შემდეგ მაშინვე გავიფიქრე: მილენა, თქვენი სახე კაცმა ორ ხელს შორის უნდა მოიქციოს და თვალებში ჩაგხედოთ. ეგებ საკუთარი თავი სხვის თვალებში მაინც შეიცნოთ? იქნებ სხვაგვარად ხედვაც შეძლოთ? პარასკევი როდის შეძლებს ადამიანი ამ გზაარეული სამყაროს სწორ გზაზე დაყენებას? დღისით-მზისით აქეთ-იქით დადის ფიქრებარეული და ამ ლამაზი მთებისა და ნანგრევების შემხედვარეს სჯერა, რომ ადამიანიც ასეთივე მშვენიერია. საწოლში კი, ძილის წინ რანაირი ფიქრი არ ეწვევა... სამშაბათის დილა და საღამო კიდევ ერთხელ მარწმუნებს ჩემი წინადადების სისწორეში. ვფიქრობ, შევძლებ ამ ვერაგი ურჩხულის მოთოკვას ჩემში. იქნებ ვაჭარბებ, მაგრამ ასეა. მე აღარ შეგხვდებით, არც ახლა, არც არასდროს. შეგიძლიათ იმ ქალაქში იცხოვროთ, რომელიც გიყვართ... მილენა, მგონი, თქვენი წერილების ზემოქმედებას ჩემზე სათანადოდ ვერ აფასებთ. ორშაბათის წერილი ჯერ ბოლომდე არ წამიკითხავს (დღეს დილით შევეცადე წამეკითხა). როგორც ჩანს, ჩემმა შემოთავაზებამ რაღაც შედეგი გამოიღო. სამშაბათის წერილი, ის უცნაური ღია ბარათებიც ყავის სახლშია დაწერილი? თქვენ მიერ ვერფელისათვის დადებულ ბრალდებაზე ალბათ უნდა მოგწეროთ პასუხი (მე საერთოდ არ გწერთ პასუხებს. თქვენ უკეთ მპასუხობთ და ეს გულს უხარია). დღევანდელმა თქვენმა წერილმა, მიუხედავად წუხანდელი უძილო ღამისა, საკმაოდ დამამშვიდა და იმედით ამავსო. ისე სამშაბათის წერილსაც აქვს თავისებური ნესტარი, სხეულში რომ გეჭრება… ფ. თუ თქვენთვის მეტად უსიამოვნო არ იქნება, გთხოვთ, ჩემი მოკითხვა გადასცეთ ვერფელს. რაღაც -რაღაცებზე მაინც არ მპასუხობთ, მაგალითად თქვენი ნაწერების შესახებ. ***  ამ ბოლო ხანს ისევ დამესიზმრეთ, გრძელი სიზმარი იყო. კარგად არ მახსოვს, მგონი, ვენაში ვიყავი. შემდეგ პრაღაში ჩამოვედი. თქვენი მისამართი დამავიწყდა. აღარც ქალაქი მახსოვდა, აღარც - ქუჩა. თავში მარტო ერთი სიტყვა წერა მქონდა, მაგრამ არ ვიცოდი, რას ნიშნავდა. მოკლედ, ვერსად გპოულობდით. ბოლოს,ვითომ ეშმაკურ ხერხს მივმართე: ავიღე კონვერტი და ზედ წავაწერე: მილენა, გთხოვ, ეს წერილი დროულად მიიტანე ადრესატთან, თორემ ფინანსთა სამინისტრო დიდ ზარალს ნახავს. ეტყობა, ამ მუქარით ვიმედოვნებდი, რომ ყველა ინსტანციას ჩავრთავდი ძიებაში. გთხოვ, ამან ცუდი აზრი არ შეგიქმნას ჩემზე. მარტო სიზმარში ვიყავი ასეთი შემზარავი. წერილი კიდევ ერთხელ ამოვიღე ჯიბიდან და ასეთ ადგილს წავაწყდი: გთხოვ, კიდევ ერთხელ მომმართე ასე - შენ! სამშაბათი ჩემი გამოანგარიშებით, თუ შაბათს დაწერე, კვირის მიუხედავად, სამშაბათს უკვე მოვიდოდა ჩემთან. სამშაბათს გოგონამ მომიტანა თუ არა, ხელიდან გამოვგლიჯე. რა კარგია, რომ არსებობს ასეთი საფოსტო კავშირი. და სწორედ ახლა უნდა გავემგზავრო და დავთმო?! რა კარგი ხართ, როგორ ზრუნავთ ჩემზე. მით უმეტეს, რომ ჩემგან მოკლებული ხართ წერილებს. ჰო, წინა კვირას რამდენიმე დღე არ მოგწერეთ. შაბათს კი ზედიზედ სამი წერილი გამოგიგზავნეთ. ხომ მიიღეთ სამივე წერილი? მგონი, ნატრობთ ისევ იმ დროს, იშვიათად რომ იღებდით ჩემს წერილებს. ამასობაში ალბათ მიხვდებით, რომ თქვენი შიში უსაფუძვლოა, გგონიათ, ძალიან გაბრაზებული ვარ, ბევრი რამ არ მომწონს თქვენს წერილებში,ფელეტონებში და ა.შ.? არა, მილენა შიშის არანაირი საფუძველი არ გაგაჩნიათ, თქვენ კი კანკალებთ! რა კარგია, რომ თქვენი წერილი მივიღე. მინდა, ჩემი გამოუძინებელი ტვინით გიპასუხოთ. არც კი ვიცი, რა მოგწეროთ. მივყვები თქვენს ფრაზებს, თქვენი თვალების სხივს,თქვენს სუნთქვას, ამ ლამაზ ბედნიერ დღეს… მერე რა, რომ ტვინი დაავადებული მაქვს, დაღლილი ვარ და ორშაბათს მიუნხენში მივემგზავრები?! შინ ჩემი გულისათვის გაიქეცით სულმოუთქმელად? რა კარგია, თქვენ ავად აღარ ხართ! მე თქვენი დარდი აღარ მაქვს. არა, ახლა ნამდვილად ვაჭარბებ, დარდი კი მაქვს, მაგრამ სულ სხვანაირი. ნეტავ ახლა ჩემ გვერდით იყოთ, რძეს თუ დავლევ, თქვენც დაგალევინებთ, ბაღიდან მონაბერ იმ ჰაერს, რომლითაც ვსუნთქავ და მაძლიერებს, თქვენც გასუნთქებდით, მოგაძლიერებდით. ორშაბათს სხვადასხვა მიზეზის გამო შეიძლება ვერ გავემგზავრო. მოგვიანებით პირდაპირ პრაღაში წავალ. ახლახან ახალი ჩქარი მატარებელი დანიშნეს - ბოზენა-მიუნხენი-პრაღა. თუ კიდევ გსურთ რამის მოწერა, შეგიძლიათ მომწეროთ, თუ აქ ვეღარ ჩამომისწრებს, პრაღაში გამომიგზავნიან. სულ კარგად მენახეთ! ფ. ხუთშაბათი ხედავთ, მილენა, ვწევარ ახლა, შუადღისას, ჩემს შეზლოგინზე ნახევრად შიშველი, მზეში, უძილო ღამის შემდეგ. ან რა დამაძინებდა, ჩემი ფიქრები ისევ და ისევ თქვენ დაგტრიალებთ… ასე ვიწექი, როცა თქვენი ორი წერილი მივიღე. მილენა, მგონი, ორივეს ერთი საერთო თავისებურება გვაქვს - ორივე მორცხვები და მშიშრები ვართ. ყოველი წერილი სულ სხვადასხვანაირია. ყოველი შემდეგი წერილის მოლოდინში უფრო მეტად გვეუფლება საპასუხო წერილის შიში. ბუნებით არც - თქვენ, არც მე არ ვართ მშიშრები, მაგრამ ეჭვები და ბრაზი უკვე ძვალსა და რბილში გამიჯდა, შიში სულ თან მდევს. ზოგჯერ ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, თითქოს ორივეს ერთი ოთახი გვქონდეს, ერთიმეორის მოპირდაპირედ. ერთდროულად მივდივართ კარის სახელურთან გამოსაღებად, მაგრამ თვალის დახამხამებაში უკანვე ვხურავთ. ზოგჯერ მგონია, ორივე ჩვენგანი თავისი ოთახის კარის უკანაა, მაგრამ ლამაზი ოთახი ისევ ცარიელია. აქედან მოდის სწორედ მტანჯველი გაუგებრობა. მილენა, თქვენ წუწუნებთ ზოგიერთ ჩემს წერილზე, არადა, თითქოს არც არაფერია იქ საწუწუნო. ან იქნებ, სწორედ ის, რაც ყველაზე მეტად მაკავშირებს შენთან, ის ლამაზი ტყე, სიმშვიდე, როცა მხოლოდ ფოთლებს შორის ცას უმზერ და არაფრის თქმა გსურს. მაგრამ ეს წამი დიდხანს არ გრძელდება. ჰა, ჰა, ერთი წამი. შემდეგ კი ისევ უძილო ღამეებია... შეგიძლიათ წარმოიდგინოთ, რა გზა განვლე თქვენამდე, რა ოცდათვრამეტი წლის გზაა უკან მორჩენილი (მე ებრაელი ვარ, თანაც ძალიან ძირძველი)? ამ გზიდან ერთხელ გადავუხვიე შემთხვევით და თქვენ დაგინახეთ, რასაც ნამდვილად არ ველოდი. ზოგჯერ რა სიგიჟეზე არ ვფიქრობ... მილენა, ნუ მოითხოვთ ჩემგან სიმამაცეს! მე არ შემიძლია ერთდროულად ჩემს შინაგან ხმასაც ვუგდო ყური და თქვენსასაც. მხოლოდ ერთი რამ მსურს, მოგენდოთ თქვენ და სხვას არავის ამქვეყნად. თქვენი ფ. მილენა, გთხოვთ, მისამართი ცოტა გარკვევით დაწერეთ. როცა თქვენს წერილს კონვერტში მოათავსებთ, ის უკვე ჩემი საკუთრებაა და ჩემი თხოვნაა, სხვის საკუთრებას ცოტა მეტი მზრუნველობით, პასუხისმგებლობით მოეკიდოთ. რატომღაც მგონია, ჩემი ერთი წერილი დაიკარგა. სხვათა შორის, დღეს თქვენგან წერილი არ მიმიღია. სიამოვნებით, სიამოვნებით გავიგებდი თქვენგან ხვალ რამეს. უკანასკნელი სიტყვები, რომლებიც თქვენი ბოლო წერილიდან ამოვიკითხე, კარის მიჯახუნებას ჰგავდა და საშინელება იყო. ყველანაირი კარის მიხურვა საშინელებაა!.. თქვენი ფ. მოკლედ, ახლა გუშინ შეპირებული ახსნა-განმარტება: მე არ მინდა (მილენა, დამეხმარეთ!) მე ვერ შევძლებ ვენაში წასვლას, ვერ გავუძლებ ამ სულიერ დაძაბულობას! მე სულიერად ავად ვარ. ფილტვებით დაავადება - ეს უკვე სულიერი დაავადების ამოხეთქვაა. ოთხი, თუმცა უკვე ხუთი წელია, ასე ავად ვარ, ჩემი პირველი ორი ნიშნობის შემდეგ. არ შემეძლო, თქვენი პირველი წერილით მონიჭებული სიხარული მაშინვე არ გამეზიარებინა. მხოლოდ მერეღა გამახსენდა: თქვენ ისეთი ახალგაზრდა, მგონი, ჯერ 25 წლისაც არ ხართ ან იქნებ - 23-ის. მე კი უკვე 38-ის ვარ, ამდენი უძილო ღამისა და თავის ტკივილისაგან შეჭაღარავებული, გატანჯული. ჩემი ისტორიის გახსენებისას, უდაბურ ტყეს რომ ჰგავს, ახლაც ვკრთი. ნეტავ ბავშვივით გულმავიწყი ვიყო, მაგრამ,არა! ჩემს თავზე სამმა ნიშნობამ გადაიარა, სამივეს ჩაშლაში მე მიმიძღვის ბრალი. ეჭვგარეშეა მხოლოდ მე! ორივე გოგო მე გავაუბედურე. მით უმეტეს - პირველი. ის მეტად მგრძნობიარე იყო. ერთი სიტყვაც კი გულს ტკენდა (მე რომ მომესურვებინა, ის ჩემ გამო ყველანაირ მსხვერპლს გაიღებდა). დიდხანს ვიყავი დარდსა და ნაღველში. ვერა და ვერ გადამეწყვიტა, ვერ წარმომედგინა ქორწინება. იქნებ დავიცავი კიდეც ჩემგან. თუმცა ზოგჯერ ეჭვები მღრღნიდა, რომ მიყვარდა. მაგრამ ყველაფერი, რაც მასთან ქორწინებისაკენ მიბიძგებდა, მაშინებდა. ლამის ხუთი წელი ვებღაუჭებოდი ამ გრძნობას. ის ძალიან ძლიერი იყო. პრუსიელ-ებრაელის ნაჯვარი. მე არ ვიყავი ასეთი მტკიცე. მე მას მხოლოდ ვტანჯავდი. *** ბოლომდე ამის დაწერას ვერ შევძლებ, ვეღარაფერს ავხსნი, მიუხედავად იმისა, რომ წერა ახლა დავიწყე. ვერც იმ მიზეზის ახსნას მოვახერხებ, რატომ ვერ ჩამოვალ ვენაში. დეპეშაზე ეწერა - შეხვედრის ადგილი კარლსბადი. გამოგიტყდებით, როცა წავიკითხე, საზარელი განწყობა დამეუფლა. მიუხედავად იმისა, რომ ვიცოდი რა ნაზი, საყვარელი არსება იდგა ამ დეპეშის მიღმა. ნამდვილად არ მინდა, სულ ავადმყოფობაზე ვილაპარაკო. მარტო ის ვიცი, რომ ორშაბათს აქედან მივემგზავრები. შიგადაშიგ დეპეშას გავხედავ ხოლმე, მაგრამ წაკითხვას ვერ ვბედავ. გეგონება, რაღაც საიდუმლო შრიფტით იყო დაწერილი და ასე ჟღერდა: ვენით გაემგზავრე! აშკარა ბრძანებას ჰგავდა. არა, მე ასე ვერ გავაკეთებ! მიუნხენში უმოკლესი გზა ასე გავიგრძელო? ახლა ერთ ცდას ვატარებ: აივანზე ბეღურა შევნიშნე. მაგიდიდან პური ავიღე. მინდოდა მისკენ, აივანზე, გადამეგდო, მაგრამ ამის ნაცვლად ოთახში, ჩემ გვერდით, მოვისროლე. ბეღურა იჯდა აივანზე და იქიდან, ოთახის წყვდიადში შესცქეროდა პურს. უსაზღვროდ იზიდავდა, ფართხალებდა, აქეთ-იქით ხტოდა, მაგრამ სიბნელე აშინებდა. ალბათ ჩემი, ამ იდუმალი არსების, დანახვაც აფრთხობდა. უცბად მაინც ისკუპა ზღურბლზე, სკამსაც მიუახლოვდა ცოტა, მაგრამ მეტი ვეღარ გაბედა. შიშისგან ისევ უკან გაფრინდა. მაგრამ ამ საბრალო ჩიტში იმდენად დიდი იყო საარსებო ლუკმის მოპოვების სურვილი და ძალა, რომ ისევ დაბრუნდა. მე ფრთხილი მოძრაობით, რომ არ დამეფრთხო, კიდევ დავუყარე პური, რათა როგორმე შეძლებოდა აღება. შვებულება ივნისის ბოლოს მიმთავრდება. აქაც დაცხება, რაც თავისთავად ხელს არ შემიშლის. სადმე ქალაქგარეთ გავალ. თქვენც ხომ გინდოდათ გამგზავრება? იქნებ იქ შევხვედროდით ერთმანეთს? რამდენიმე დღეს დავრჩები. შემდეგ იქნებ რამდენიმე დღით ჩემს მშობლებთან კონსტანტისბადში ან პრაღაში გავემგზავრო. ამ მოგზაურობის გეგმას რომ ვისახავ, ჩემი ჯანმრთელობაც არ უნდა დავივიწყო. ხომ ხედავ, ნაპოლეონივით, რუსეთთან ომს რომ გეგმავდა, ყველაფერი წინასწარ იცოდა, ისიც საიდან უნდა გამოსულიყო, მეც ყველაფერს ვითვალისწინებ. მაშინ, იმ არშემდგარი ქორწინების წინ, მივიღე თქვენი პირველი წერილი.ისე გამიხარდა, მასაც ვაჩვენე... თუმცა ეს სულაც არ არის ახლა მნიშვნელოვანი. მინდა გამოგიტყდე, რომ ვერ შევძლებ ვენაში გამგზავრებას. იქნებ უნდა გავემგზავრო, განა რა მოხდება ვენაში? ალბათ აღარც საუზმე მენდომება, აღარც - ვახშამი, მხოლოდ ერთი საკაცე დამჭირდება… კარგად მეყოლეთ, ალბათ მძიმე კვირა მელის... თქვენი ფ. თუ როდესმე ჩემთვის სიტყვა კარლსბადის დაწერა და ფოსტით გამოგზავნა მოგინდებათ, გთხოვთ მხოლოდ პრაღაში. უარს ვიტყვი ყველანაირ მოგზაურობაზე და მორჩა... კმარა ეს თეატრი! ქაღალდი, ჩემ წინ რომ დევს, თვალებს მწვავს, როგორ უნდა დავწერო… *** ნაშუადღევი იყო, ასე თერთმეტი საათი. პრაღაში დეპეშა გავაგზავნე, რომ კარლსბადში ვერ ჩავიდოდი. რატომ - ამის ახსნა დამაავადებდა. მე ხომ კარლსბადში სწორედ ჩემი დაავადების გამო მომიწია ჩასვლა. ასე ცოცხალ ადამიანს ვთამაშობ. კარლსბადში ლაპარაკი კი არა, დუმილიც არ შემეძლო. უფრო სწორად, ვლაპარაკობდი მაშინაც, როცა ვდუმდი. ეჭვგარეშეა, ვენაში არ მივემგზავრები. ორშაბათს მიუნხენის გავლით კი მივემგზავრები, მაგრამ სად, არ ვიცი... შაბათი გამუდმებით ვეკითხები საკუთარ თავს, როგორ გაიგო ჩემი პასუხი. მე ხომ ჩემი გუნება-განწყობის მიხედვით გიპასუხეთ, სხვაგვარად არ შემეძლო. დღედაღამ კანკალით ველი საპასუხო წერილს… ***  ერთი ჭორის მიხედვით - ვერ დავიჯერებ - დღეს საღამოს გაფიცვის გამო რკინიგზის მოძრაობა ტიროლთან შეწყდება. თქვენი წერილი მოვიდა. წერილმა კი გამაბედნიერა, მაგრამ, რაც შიგ ეწერა - რომ თქვენ პრაღაში ალბათ ვეღარ მომწერთ - მილენა, ეს ხომ მუქარაა. მით უმეტეს, როცა ამ კაცს ასე თუ ისე იცნობთ. მაგრამ იქნებ მართალიც ხართ, როცა მეუბნებით, აღარ მოგწერთო. ამ წერილში ზოგიერთი ადგილი ამის აუცილებლობაზე ნამდვილად მიანიშნებს. ამ ადგილების გამო ახლა წუწუნს არ მოვყვები... მე უნდა დავისვენო. თქვენი ფ. ხვალ კიდევ მოგწერთ. კვირა წერილებს ორნაირად წერთ, მე იმას კი არ ვგულისხმობ, ფანქრით თუ კალმით, თუმცა ფანქრით ნაწერიც რაღაცას მიანიშნებს და ყურადღებას იპყრობს. ეს განსხვავება არ არის გადამწყვეტი, ბოლო წერილი ბინის სურათით მაგალითად ფანქრით იყო დაწერილი და დიდი ბედნიერება მომანიჭა. საერთოდ, მშვიდი წერილები მსიამოვნებს, მაბედნიერებს (მილენა, გთხოვთ, გამიგოთ, ჩემი ასაკი და შენი ახალგაზრდობა, სინორჩე, სილაღე განსაკუთრებულ შიშსაც მგვრის და სითამამესაც). თქვენი წერილების წინაშე შემიძლია უსაზღვროდ ბედნიერმა მუხლი მოვიყარო. ეს წერილები მწველ თავზე წამოსულ წვიმასავითაა. ვიცი, ჩემი სისუსტის გამო ვერ ვახერხებ თქვენთვის ბედნიერების მონიჭებას. უცნაურია, მაგრამ ყოველი თქვენი წერილის მიღებისას წაკითხვამდე უკვე მაცახცახებს. ზოგჯერ ვგრძნობ, რომ არ შემიძლია მათი წაკითხვა, მაგრამ მაინც ვკითხულობ. წყალს მოწყურებული ცხოველივით ვეწაფები მათ, თანაც შიშისაგან ვკრთი. აქეთ-იქით ვაწყდები, გონდაკარგული ვლოცულობ, რომ ისევე შემოფრინდეთ ჩემს ოთახში ფანჯრიდან, როგორც ამ წერილში. ნეტავ შევძლებ ჩემს ოთახში ქარიშხლის დაოკებას? თქვენს დანახვაზე ალბათ თვით გველებიც შიშით ძრწიან! პარასკევის წერილი ოთხშაბათს მოვიდა მხოლოდ, ექსპრეს და სარეკომენდაციო წერილები ჩვეულებრივ უფრო გვიან მოდის. *** ოთხშაბათის, ხუთშაბათის წერილებიდან ვხვდები, ყველა ჩემს ხუმრობას მეტად სერიოზულად იღებ. მაგრამ, ბავშვო, ბავშვო, მე ხომ ამით მხოლოილ შენი გაცინება მინდოდა. მგონი, შიშის გამო ერთმანეთს ვერ ვუგებთ. გთხოვ, ნუ მაიძულებ, ჩეხურად მოგწერო. ჩემს წერილში ნამდვილად არ იყო არანაირი საყვედური, თუმცა შემეძლო მესაყვედურა, რომ ებრაელები, რომელთაც იცნობ (ჩემი ჩათვლით), სხვანაირებიც არიან! ვფიქრობ, მეტისმეტად კარგი წარმოდგენა გაქვს. მე კი ხანდახან სურვილი მებადება ყველა ებრაელი (ჩემი ჩათვლით) კარადის უჯრაში ჩავტენო, ცოტა ხანს დაველოდო, უფრო სწორად, მანამ მყავდეს შიგ გამომწყვდეული, ვიდრე არ დავრწმუნდები, რომ ყველა ამოიხრჩო. სხვათა შორის, მასზე სერიოზულად მოგწერე (აქ კაფკა მილენას ქმარს, ერნსტს, გულისხმობს, რომლის სახელის ხსენებასაც მუდამ ერიდება.) იქნებ მის მიმართ უსამართლო ვარ, ამის შესახებ არ დავფიქრებულვარ, მაგრამ მზარავს იმის გააზრება, რომ მასთან რაღაცნაირად დაკავშირებული ვარ, თანაც მყარად, ლამის, სიკვდილ- სიცოცხლით. ნეტავ შემეძლოს მასთან ლაპარაკი! მაგრამ მეშინია მისი, ის უფრო ძლიერია. იცი, მილენა, როცა მასთან მიდიხარ, საკუთარი სივრციდან დგამ ნაბიჯს, ხოლო, როცა ჩემთან მოდიხარ, სადღაც სიღრმეში აკეთებ დიდ ნახტომს. იცი, ეს შენ? ***  ისევ შენი ავადმყოფობა მესმის? უნდა ჩაწვე. იქნებ, როცა ახლა გწერ, უკვე წევხარ კიდეც. ერთი თვის წინ უკეთესი ვიყავი? უფრო ვზრუნავდი შენზე (ყოველ შემთხვევაში, ჩემს გულში მაინც). მუდამ თვალს ვადევნებდი შენს ჯანმრთელობას. ახლა კი საკუთარი ავადმყოფობისა და ჯანმრთელობის მეტი აღარაფერი მახსოვს. ისე ორივე შენგან მჭირს: ავადმყოფობაც და კარგად ყოფნაც. ფ. ცოტა გავისეირნე, თავი ჰაერზე რომ გამეტყუებინა. ის კარგი ინჟინერიც თან მახლდა. სწორედ ამ გასეირნებისას დაგიწერე პატარა წერილიც. ისე გამოგიგზავნე, სახელის მიწერაც დამავიწყდა. როგორც ვიღაც უცხოს, ასე ვეღარ გწერ. დღეს ადრიანად, ვიდრე გამომეღვიძებოდა, თუმცა სულ ცოტა ხნით ჩამეძინა, საზარელმა სიზმარმა შემომიტია. რაღაც აუტანელი რამ იყო. ამ სიზმრის ბრალია, ასე ცოტა რომ მეძინა. სხვათა შორის, საშინელ სიზმარს ისე ჰყავხარ ჩაბღაუჭებული, ვიდრე არ დასრულდება, თავს ვერ აღწევ. ვენაში ვიყავი. სწორედ ისე, როგორც ოცნებებში თუ ხილვებში წარმომედგინა (თუკი, რა თქმა უნდა, გავემგზავრებოდი იქ). ჩემს ხილვებში ვენა მარტო ერთი პატარა მშვიდი მოედნისაგან შედგება, ერთ მხარეს შენი სახლია, მეორე მხარეს კი - სასტუმრო, სადაც მე ვიცხოვრებ, მარცხნივ დასავლეთის სადგური, სადაც ჩემი მატარებელი ჩამოდგება, მარცხნივ კი - ფრანც იოზეფის სადგური, საიდანაც გავემგზავრები. ჩემი სახლის პირველ სართულზე, საბედნიეროდ, ვეგეტარიანული სამზარეულოა, სადაც ვჭამ... რატომ გიყვები ამ ყველაფერს? ეს ხომ სიზმარს არ განეკუთვნება (ეტყობა, სიზმრიდან გამოყოლილი შიშისაგან ჯერაც ვერ გავთავისუფლებულვარ). დიდი ქალაქი იყო: სველი, ბნელი, უამრავი ტრანსპორტით. უკვე მოსაღამოვებულიყო, სახლს, რომელშიც ვცხოვრობდი, შენი სახლიდან ოთხკუთხა ბაღი ჰყოფდა. ვენაში ისე მოულოდნელად აღმოვჩნდი, საკუთარ წერილებს ჩამოვასწარი (რაც რატომღაც ძალიან მაწუხებდა). ერთმანეთს შევხვდით (თან ისეთი გრძნობა მქონდა, რომ გაწუხებდი). მარტო არ ვყოფილვარ. ერთი გოგოც მახლდა, არ ვიცი, მაგრამ, მგონი, ჩემს სეკუნდანტად ითვლებოდა. თქვენ განუწყვეტლად ლაპარაკობდით, ალბათ ჩემზე, მე ნერვიულად გისმენდით, რაღაც ბუტბუტი ჩამესმოდა, მაგრამ არაფერი მესმოდა, არც მსურდა გამეგო. ვიდექი ჩემი სახლის მარჯვნივ ტროტუარზე და შენს სახლს ვაკვირდებოდი. ნამდვილი პატარა ვილა იყო, უბრალო, ლამაზი მრგვალი ქვის ლოჯიით პირველ სართულზე. აი, საუზმობის დროც მოვიდა, ლოჯიაში მაგიდა იყო გაშლილი. შორიდან ვხედავდი, როგორ მოვიდა შენი ქმარი, მარჯვნივ სკამზე დაჯდა. ნამძინარევს ჰგავდა, იზმორებოდა. მერე შენც მოხვედი, მაგიდის იქით დაჯექი, ისე, რომ შენი დანახვა კარგად შემეძლო. შენი ქმრის სილუეტიც გარკვევით მოჩანდა. არ ვიცი რატომ, მაგრამ თეთრ-ცისფერ მოლივლივე მოჩვენებას ჰგავდი. ხელებს მაღლა სწევდი, არა, კი არ იზმორებოდი, უფრო თითქოს რაღაც გიხაროდაო. როცა მოსაღამოვდა, ტროტუარზე ჩემ გვერდით იდექი. მე ერთი ფეხით ტრამვაიში ვიყავი, შენი ხელი მეჭირა. გაუთავებლად მოკლე-მოკლე წინადადებებს ვესროდით ერთიმეორეს. ასე გაგრძელდა სიზმრის ბოლომდე. მარტო ორი წინადადება მახსოვს. ნაცვლად მოსალმებისა, ყურში ჩაგჩურჩულე: - ალბათ სულ სხვაგვარად წარმოგედგინე! შენ მიპასუხე: - არ მოგატყუებ, უფრო ელეგანტური მეგონე! (კიდევ რაღაც დასძინე ვენური აქცენტით, მაგრამ აღარ მახსოვს.) შემდეგ გკითხე, კიდევ როდის შევხდეთ-მეთქი, რასაც შენგან გაურკვეველი რეაქცია მოჰყვა. ბოლოს ჩვენს ლაპარაკში ის გოგოც ჩაერია. მე მატარებლისკენ მივიწევდი, თან სადგურის სახელი აღარ მახსოვდა. სამგზავრო გეგმაზე დავუწყე ძებნა და გკითხე, ეს ხომ არ არის-მეთქი. როცა შემოგხედე, გავოგნდი, შენ შენს თავს არ ჰგავდი, უფრო მუქი, გამხდარი მომეჩვენე (საშინელება იყო). პიჯაკიც კი კაცის გეცვა. მგონი, იმავე ნაჭრის, რაც მე (გამახსენდა, ერთ წერილში რომ მწერდი: სულ ორად-ორი კაბა მაქვს და ძალიან მიხდებაო). ამ სიზმრის ბოლო ასეთი იყო: ჩვენ ერთმანეთის მოშორებით ვიდექით და ისევ შეხვედრაზე გეკითხებოდი.ვიცოდი, რომ შემდეგი დღე კვირა იყო და წარმოუდგენლად მეჩვენებოდა, რატომ არ შეგეძლო, ამ დღეს ჩემთვის დრო გამოგენახა. ბოლოს მაინც დამთანხმდი. მითხარი, რომ ორმოც წუთს მოიცლიდი ჩემთვის. ერთი სიტყვით, ამ სიზმრის საშინელება ეს წინადადებები კი არ იყო, არამედ მისი უშინაარსობა და უაზრობა, თან შენი გაუთავებელი მშვიდი არგუმენტები: - არ მინდა შეხვედრა. ჩემი მოსვლით რას გიშველი? - მე მაინც დაგელოდები, - გითხარი მე. შენ ჩაილაპარაკე: - კი. - და ვიღაცას მიუბრუნდი. პასუხმა ისე გაიჟღერა, რომ მივხვდი, არ მოხვიდოდი. ამით თითქოს მხოლოდ ლოდინის უფლებას მაძლევდი. - მე არ დაგელოდები, - ჩავილაპარაკე ჩუმად. მეგონა, ვერ გაიგებდი. ბოლოს ხმამაღლა ვიყვირე. შენ აღარ მაქცევდი ყურადღებას. მე ისევ უკან ქალაქისაკენ წავბარბაცდი. *** მაგრამ ორი საათის შემდეგ მოვიდა წერილები და ყვავილები, სიკეთე და იმედი. შენი ფ​. მილენა, მისამართი ისევ გაუგებარია. ფოსტაში თვითონ წაუწერიათ რაღაც. ჩემნაირი თვალები იქ რომ ჰქონოდათ, ალბათ მარტო შენს მისამართს დაინახავდნენ. მაგრამ კიდევ კარგი ფოსტაა... ორშაბათი ახლა, გვიან საღამოს, მივიღე შენი წერილები. ბავშვი რომ გიწოდე, მსაყვედურობ. წაკითხვა აღარ გავაგრძელე, ცოტა მაინც ხომ უნდა დამეძინა, თუ ხვალ დილით ბოზენაში ვაპირებ გასეირნებას. მაგრამ ცოტა ხნის შემდეგ მაინც გავაგრძელე. დაძაბულობაც მომეხსნა და სიმშვიდეც ვიგრძენი. იმ წუთას როგორ მომინდა, ჩემ გვერდით ყოფილიყავი, რომ შენს კალთაში შემძლებოდა თავის ჩარგვა. ალბათ ამას ჰქვია ავადმყოფობა, არა? კარგად გიცნობ. განა ბავშვო-თი რომ მოგმართე, ცუდია? ხუმრობაც კარგად მესმის, მაგრამ ისე ყველა სიტყვას შეიძლება კაცი გამოეკიდოს. მაგალითად, თუ მეტყვი: გუშინ შენს წერილში და დავითვალე, ამდენი და რატომ მომწერეო? ჩემს ყოველ ნათქვამს თუ ასე სერიოზულად მიიღებ, მეგონება, რომ ტკივილს გაყენებ და თავს უბედურად ვიგრძნობ. იქნებ, ეს მართლაც ავადმყოფობაა? ხუმრობა და სერიოზული ტონი ადვილი განსასხვავებელია. ადამიანი, ვინც გვიღირს, ერთხელ მაინც თუ ასე მიკროსკოპით ჩაუკვირდა შენს სიტყვებს, მერე უკვე განიცდის. ამ თვალსაზრისით ჯანმრთელი რომ ვიყავი, არც მაშინ გამოვირჩეოდინ სიძლიერით. მაგალითად, პირველ კლასში რომ ვიყავი, სკოლაში ყოველდღე ჩვენს მზარეულს დავყავდი. ერთი გამხდარი, ლოყებჩავარდნილი, გაყვითლებული ჩია ქალი იყო, მაგრამ ენერგიული, თავდაჯერებული. მაშინ, პატარა მოედნისა და დიდი მოედნის გასაყარზე რომ სახლი დგას, იქ ვცხოვრობდით. ჯერ დიდი მოედანი უნდა გაგვევლო, შემდეგ ხორცის მაღაზიის ჩავლით, ბაზრის მოედანზე. ასე დავდიოდით მთელი წელი, ყოველდღე. სახლიდან გამოსვლისთანავე მზარეული მემუქრებოდა, რომ მასწავლებელს მოუყვებოდა, შინ რა უწესოდ ვიქცეოდი. ძალიან უწესო არა, მაგრამ ჯიუტი, გამოუსადეგარი, მუდამ ნაღვლიანი, გულჩახვეული კი ვიყავი. ეტყობა, მზარეული თავისებურად თუ აპირებდა ამ ყველაფრის შეთითხვნას. რის თქმა უნდოდა მასწავლებლისთვის, ნამდვილად არ ვიცი. სახლიდან რომ გავდიოდით, არ მჯეროდა და მზარეულის მუქარას არად ვაგდებდი, ან ბავშვური სიბრიყვით ვფიქრობდი: ეს მზარეული როგორ გაბედავს პატივსაცემ მასწავლებელთან მისვლას-მეთქი?! მაგრამ სკოლას რომ ვუახლოვდებოდით, უკვე შიში მიტანდა და მზარეულის შებმას ვიწყებდი. ვეხვეწებოდი. ის კი თავს აქნევდა. რაც მეტს ვემუდარებოდი, მით უფრო მეშინოდა. ვთხოვდი, მაპატიე-მეთქი. ის კი ისევ სკოლისკენ მიმათრევდა. ბოლოს მუქარაზე გადავდიოდი, ჩემი მშობლებით ვევაჭრებოდი, კაბაზე ვექაჩებოდი, ქუჩის კუთხეში ვდგებოდი და ფეხს აღარ ვადგამდი. მაგრამ ის ძლიერი იყო. ჩემი მუქარის არ ეშინოდა. იცინოდა და ისევ იმას იმეორებდა: იცოდე, შენს მასწავლებელს მაგასაც მოვუყვებიო. უკვე რვა სრულდებოდა, წმინდა იაკობის ეკლესიის ზარებიც და სკოლის ზარებიც ერთდროულად იწყებდა რეკვას. სხვა ბავშვები უკვე გარბოდნენ სკოლისაკენ დაგვიანების ეშინოდათ. ჩვენც უნდა გავქცეულიყავით. გავრბოდი და თან სულ ეს ფიქრი მიტრიალებდა თავში: ეტყვის თუ არა? არა, ალბათ არ ეტყვის! მართლაც, არ ეუბნებოდა. არც არასდროს უთქვამს. მაგრამ ყოველდღე ამ მუქარით მივყავდი: დღეს კი აუცილებლად ვეტყვიო. ისე, მილენა, ეს რა სიგიჟეებს გიყვები. რაში გაინტერესებს ნეტავ,ის მზარეული, მთელი ეს მუქარა, საშინელი ეჭვები თუ ჭუჭყი, რამაც ეს 38 წლის კაცი გამოღრღნა და ფილტვებში ჩააკვდა. ამ ყველაფრის მოყოლას სულაც არ ვაპირებდი ან, სულ ცოტა, სხვაგვარად მაინც. უკვე გვიანია, უნდა შევწყვიტო წერა. დავიძინებ, თუ დამეძინა. თუ ერთხელ მოისურვებ გაიგო, როგორი ვიყავი უწინ, პრაღიდან დიდ წერილს მოგწერ. ამ ნახევარი წლის წინ მამაჩემს მივწერე, მაგრამ ჯერ არ მიმიცია. შენს წერილს კი ხვალ ვუპასუხებ, ან თუ გვიან საღამოს დავბრუნდები, მაშინ -ზეგ. შეიძლება რამდენიმე დღეც დავრჩე. ჩემი მშობლების მონახულებაზე ფრანცენსბადში უარი ვთქვი… კიდევ ერთხელ გმადლობ წერილისათვის. ფ. სამშაბათი დღეს ადრიანად ისევ დამესიზმრე. ერთმანეთის გვერდით ვისხედით. შენ თავს იცავდი ჩემგან, უბრალოდ, მეგობრულად და არა ცუდი განზრახვით. მე კი ძალიან უბედურად ვგრძნობდი თავს. იმიტომ კი არა, რომ გამირბოდი, საკუთარ თავზე ვბრაზობდი, რატომ მიმაჩნდი ასე ნაზ, მშვიდ, უსაყვარლეს ქალად. რაღაცას მეუბნებოდი, მაგრამ შენი ხმა არ მესმოდა. ვერაფერს გპასუხობდი. როგორც პირველ სიზმარში, აქაც უიმედოდ წავედი. აქვე ასეთი სიტყვები გამახსენდა: ჩემი შეყვარებული დედამიწაზე მოარული აალებული ცეცხლივითაა. ეს ცეცხლი მომედო მე, მაგრამ ცეცხლში გახვეულის ნაცვლად სხვას გაჰყვა. ოთხშაბათი შუადღისით ორი წერილი მოვიდა ერთად. წამეკითხა, თუ სახე ჩამერგო შიგ და გონი დამეკარგა?... იქნებ ჯობდა კიდეც, მართლა დამეკარგა გონი. 38 წლის ებრაელი და 24 წლის ქრისტიანი: რა ხდება? სად არის საერთოდ სამყაროს კანონები, ცის სამსჯავრო? შენ 38 წლის ხარ, დაღლილი, მაგრამ არა მარტო ასაკის გამო. უფრო სწორად, დაღლილი სულაც არ ხარ, ამ ფეხმოუკიდებელ დედამიწაზე სიმშვიდე დაკარგულს ნაბიჯის გადადგმის გეშინია, ორივე ფეხით ჰაერში ხარ გამოკიდებული. დაღლილი კი არ ხარ, მოუსვენრობისა და გაურკვევლობისგან დაქანცული, შიშს შეუპყრიხარ (შენ ხომ ებრაელი ხარ და იცი, რა არის შიში) შიშია, ათას სისულელეებზე რომ გაფიქრებს, საუკეთესო შემთხვევაში კარლპლატცზე მდებარე საგიჟეთზეც კი. მოკლედ, ასეთი მდგომარეობით რამდენი მეგობარი თუ საყვარელი ადამიანი გააუბედურე. მალე ბრძოლა და შეტაკებებგადავლილი იმ ინვალიდს დაემსგავსები, საბავშვო პისტოლეტის დანახვაზეც რომ კრთის და მსოფლიო ომში ჰგონია თავი. უცნაური იქნება, არა? იმაზეც იფიქრე, რომ იქნებ შენი ცხოვრების საუკეთესო დრო წესიერად ჯერ არავისთან გილაპარაკია. ორი წლის წინ, რვა თვე, ეჭვებშეპყრობილი, ყველასაგან განმარტოვდი და ერთ სოფელში ჩაიკეტე. არც არავის სწერდი არაფერს, არც შენი ფარული ავადმყოფობის შესახებ უმხელდი ვინმეს, მაგრამ რა შეიცვალა? კიდევ უფრო მეტად გაიმყარე შენი ძველი ხასიათი. მარტო თმა გაგიჭაღარავდა, სხვა არაფერი შეგცვლია. ეს რომ დასასრული არ ყოფილა, ამას მხოლოდ ამ ბოლო წელიწადნახევარში მიხვდი (მე ვგულისხმობ უკანასკნელ შემოდგომას, როცა შემართებით ვიბრძოდი). კეთილ სიყვარულში სიყვარულისათვის თავგანწირული გოგონა ღრმად მითრევდა, თანაც გამოსავალ გზასაც არ მიტოვებდა. აი, გეძახის მილენა ისეთი ხმით, რომ ერთნაირად აღწევს შენს გონებასა და გულში. არადა, მილენა არ გიცნობს. ის მხოლოდ შენმა რამდენიმე ამბავმა და წერილმა დააბრმავა. ის ზღვასავითაა: ძლიერი, უსასრულო, ბობოქარი და ამავე დროს, გაურკვევლობით აღსავსე ამავე ზღვაში ჩაძირული. ის შენ არ გიცნობს, ალბათ არც ესმის შენი. სწორედ ამიტომ გეშინია, არ გინდა, ახლოს მიხვიდე და ამით დასასრული დააჩქარო (სწორედ დასასრულის გეშინია!). მაგრამ უნდა გამოვტყდე: სხვა მრავალი შინაგანი მიზეზიც გაქვს იმისთვის, რატომაც არ მიდიხარ. უპირველესად კი ის, რომ არ შეგიძლია მილენას ქმარს შეხვდე და დაელაპარაკო. საერთოდაც რომ დაინახო. ისიც რომ არ იყოს იქ, თვით მილენასთან დალაპარაკების, მისთვის თვალებში ჩახედვის გამბედაობაც არ გექნება. ამგვარად, ორი ერთიმეორის საწინააღმდეგო მოსაზრება ეჯახება: ერთი, გინდაც ახლა დავთანხმდე, ჩამოვდივარ-მეთქი, იქნებ მილენას ამდენი მერყეობის შემდეგ, აღარც კი უნდოდეს და გითხრას, როგორც გინდა, ისე მოიქეციო. მეორე: დავუშვათ, მართლა გავემგზავრე ვენაში! მილენასთან სახლში, კარს რომ გაგიღებს, იმის გარდა, იქ ხომ ის, მაღალი, მეგობრულად მომღიმარი კაციც იქნება. ჰო, მას ეს ღიმილი მოხუცი დეიდისგან გამოჰყვა (ისიც სულ იცინის, მაგრამ ორივე მხოლოდ დაბნეულობისაგან იცინის). შემდეგ სადაც მიმითითებენ, იქ დავჯდები და ამით დასრულდება წინასწარ განცდილი მთელი სიხარული: ხმას ვეღარც ერთი ამოვიღებთ. ამისი აღარც სურვილი მექნება და აღარც - ძალა (ერთმა ჩემმა, ჩვეულებისამებრ, მუდამ მუნჯად მჯდომმა თანამშრომელმა მითხრა, სულიერად ძლიერი რომ იყოს, კაცი ხორცს უნდა ჭამდესო. ვეგეტარიანელი ვერც სულიერად იქნება ძლიერი და ვერც ბედნიერიო). ხედავთ, მილენა, რა გულახდილად გელაპარაკებით. თქვენ ხომ ჭკვიანი ხართ. მთელი ამ ხნის განმავლობაში ალბათ შენიშნეთ, რომ სრულ სიმართლეს, გულწრფელად ვლაპარაკობ. შემეძლო, ალბათ ულაპარაკოდ ჩამოვსულიყავი ვენაში, ცოტა ხნით მაინც მოვჯადოებულიყავი თქვენით, მაგრამ ასე რომ არ ვაკეთებ, ამით ჩემს სისუსტესაც ვამტკიცებ და გულახდილობასაც. აქ კიდევ თოთხმეტი დღე ვრჩები. ჩატარებული მკურნალობის შემდეგ კი შინ დაბრუნების მრცხვენია და მეშინია კიდეც. სამსახურშიც ალბათ სრულად გამოჯანმრთელებულს მელიან. როგორ მტანჯავს ასეთი შეკითხვები: რამდენი კილო მოიმატე? რა მოვიმატე, პირიქით, დავიკელი. (ეტყობა, ამით ჩემს ხელმოჭერილობას თუ უმიზნებენ) პანსიონს ვუხდი, მაგრამ ვერ ვჭამ... კიდევ ბევრი მაქვს სათქმელი, მაგრამ წერილი ისედაც დიდი გამომივა. ჰო, მართლა, აი, კიდევ რა მინდოდა მეთქვა: თუ ამ თოთხმეტი დღეში ისევე გენდომებათ, ჩამოვიდე ვენაში, როგორც ამ პარასკევს გსურდათ, მაშინ ჩამოვალ. თქვენი ფ. შაბათი ამ ჩახვეულ-ჩახლართულ წერილებზე კაცმა არ იცის, რა უნდა უპასუხოს. ყოველ შენს წერილზე წაკითხვამდე ვკანკალებ. შენი ჩეხური მესმის, მასში შენს სიცილსაც ვგრძნობ და შენი სიტყვებისა და სიცილის მიღმა ვიჩიჩქნები, მხოლოდ ერთადერთი სიტყვაღა მესმის: შიში. თუ ოთხშაბათსა და ხუთშაბათს მოწერილი წერილების შემდეგ კიდევ გაქვს ჩემი ნახვის სურვილი, ამას ნამდვილად ვეღარ წარმოვიდგენდი. შენ ხომ იცი ჩემი შენდამი დამოკიდებულება, მაშინაც ჩემში ხარ, როცა ვერ გნახულობ. შენი ჩემდამი დამოკიდებულება კი არ ვიცი და სწორედ აქ უსაზღვრო შიში მიპყრობს. ჩემს თავს ნამდვილი საშინელებაა: სამყარო ხან თავზე მენგრევა, ხან კი, პირიქით, თითქოს ახლებურად შენდება (შენ ჩემი მე ხარ, მილენა). სამყაროს მსხვრევაზე არაფერს ვამბობზ,არ ვწუწუნებ, ისედაც მენგრეოდა, მაგრამ ამ დანგრეულ სამყაროში შემოჭრილ მზის სხივზე, ხელახლა დაბადებაზე, ჩემს სისუსტეზე ვწუწუნებ და მოვთქვამ. რა იქნება მომავალში? თუ ჩემს წერილზე ჰო-ს მიპასუხებ, ვენაში აღარ უნდა დარჩე, აღარ გაქვს ამის უფლება. ეს შეუძლებელია, მილენა. შენ ჩემთვის გოგონა ხარ, საოცარი გოგონა, რომლისთვისაც ამ ჭუჭყიანი, გაყინული, აკანკალებული ხელის გაწოდებასაც ვერ გავბედავ… ფ. ოთხშაბათი რთულია სიმართლის თქმა, მაგრამ მხოლოდ ერთადერთი სიმართლე არსებობს. ის ცოცხლობს და სახეცვლილებასაც განიცდის. მე რომ შენთვის პასუხი ორშაბათს ღამით მომეწერა, საშინელება იქნებოდა, გაწამებული ვიწექი საწოლში, მთელი ღამე გპასუხობდი, ვწუწუნებდი, სიტყვებს ვეძებდი, რომლითაც შემეძლო დამეფრთხე; საკუთარ თავს ვწყევლიდი (ეს ალბათ იმიტომაც, რომ შენი წერილი გვიან საღამოს მივიღე და მასზე საპასუხო სიტყვებს აღელვებულმა გვიან დავუწყე ძებნა). მეორე დილით ბოზენაში გავემგზავრე, ელექტრომატარებლით კლობენშტაინში 1200 კმ. მაღლა ავედი. კი ვსუნთქავდი, მაგრამ მთლად გონზე ვერ ვიყავი. სწორედ იქ იმ სუფთა,ცივ ჰაერზე მოგწერე ეს წერილი. ახლა გადავწერ, რადგან დღეს ცოტა მძაფრი მეჩვენება. ასე მიდიან დღეები ჩემთან... როგორც იქნა, მარტო ვარ. ის ინჟინერი ბოზენაში დარჩა, მე უკან ჩამოვედი. აქამდე საკუთარ თავთანაც კი ვერ განვმარტოვდი. გუშინ საღამოს ასე პირველის ნახევრამდე წერაში გავატარე, უფრო სწორად შენზე ფიქრებში. გვიან ჩამეძინა, 6 საათამდე საწოლში ვიყავი. ექვსზე კი უცბად წამოვხტი, გეგონება, ვიღაც უცხოს საწოლში ვიყავიო. კიდევ კარგი,თორემ ალბათ მთელ დღეს გამოშტერებული უიმედოდ წერაში გავატარებდი. ღამე კი ასეთი მქონდა: რადგან შენი წერილით საოცრად გამგმირავი მზერა მესროლე, (მართლაც, გამგმირავი მზერა გაქვს, ქუჩაში ყველას თვალს იტაცებს. შორს ჭვრეტის უნარიც გაქვს. ჰო, ეს გაქვს შენ). შენში ყველა მხცოვან ეშმაკს ღვიძავს, ერთი თვალით რომ სძინავთ, მეორეთი კი ირგვლივ ყველაფერს ადევნებენ თვალყურს; ჰო, ეს მზერა საშიშიც არის, შიშისგან ოფლს მასხამს. თან კარგიცაა, სიძლიერის ნიშანია, საკუთარი თვალით აღიქვამ ყველაფერს (გაფიცებ მაგ უსაზღვრო ძალას, შენ უნდა წახვიდე ვენიდან). ამას რომ გეუბნები, კარგად მაქვს გააზრებული, რასაც ვამბობ (სამწუხაროდ, შენ სულ სხვა ახსნას უძებნი ამას). შეიძლება ბევრს არ გამოვიმუშავებ, მაგრამ ორივეს გვეყოფა, ავადმყოფობამ თუ არ შემიშალა ხელი. ამას გულწრფელად რომ გეუბნები, ვიმედოვნებ და მჯერა,შენი გამჭრიახობით, მიხვდი, რისიც მეშინიადა ლამისაა დავიხრჩო ამ შიშში, ეს ჩემი შინაგანი განწყობაა (ნეტა ისე ღრმა ძილი შემეძლოს, როგორც შიშში ჩაძირვა. იქნებ აღარც გამომეღვიძა) ჩემი განწყობა ალბათ უკეთ გაიგე მამაჩემისადმი მიწერილი წერილიდან, მთლად თუ არა ნაწილობრივ მაინც. ეგ წერილი მხოლოდ გარკვეული მიზნითაა დაწერილი. მე არ მიყვარს ჭადრაკის დაფაზე არარსებული ფიგურით თამაში, რომელსაც კიდევ რაღაც პრეტენზიებიც უჩნდება. არა, მე ასე ნამდვილად არ მსურს. მინდა, ჩემი შემოთავაზება უმტკივნეულო და ბედნიერების მომტანი იყოს. ***  გუშინ ასე ვფიქრობდი. დღეს კი გეტყვი, რომ ვერ ჩამოვალ ვენაში. დღეს დღეს არის და ხვალ - ხვალ. ამიტომ ვიტოვებ თავისუფლებას. შენს განცვიფრებას ნამდვილად არ ვაპირებ. თუ მაინცდამაინც გადავწყვეტ ჩამოსვლას, სპეციალურ წერილს მოგწერ (შენც იცი, მე მარტო შენი ნახვა მინდა, სხვის ნახვას ვერ ავიტან. სამშაბათამდე ხომ მით უმეტეს). მე სამხრეთ სადგურში თუ ჩამოვედი, არ ვიცი, იქიდან საით გავემგზავრები. იქვე, სადგურთან, სასტუმროში გავჩერდები. რომ ვიცოდე, მოხვალ სამხრეთ სადგურზე, იქ დაგიცდიდი. დღეს ვენის სამგზავრო გეგმას გადავხედე, წარმოუდგენლად მომეჩვენა, როგორ შეძლეს ამხელა ქალაქის აშენება. შენ კი შენთვის ჯერ ერთი ოთახი არ გაქვს. ფ. ხუთშაბათი გამოუძინებელი ადამიანი ზოგჯერ უფრო ჭკვიანია, ვიდრე ცოტა გამოძინებული. რამდენი სისულელე მოგწერე. არადა, ვენაში ჩამოსვლა სულაც არ არის უმნიშვნელო. მაგრამ არც შენს განცვიფრებას ვაპირებ, ამის წარმოდგენაზე უკვე მაკანკალებს. შენს სახლში მოსვლას ვერც გავბედავ და არც მოვალ. თუ ხუთშაბათს ელვადეპეშას არ მიიღებ, ეს იმას ნიშნავს, რომ უკვე პრაღაში გავემგზავრე. სხვათა შორის, ახლაღა გავიგე, რომ დასავლეთის სადგურზე ჩამოვდივარ. მგონი, გუშინ სამხრეთი გითხარი. თუმცა ამას ახლა რა აზრი აქვს. მართლა მეტისმეტად არაპრაქტიკული, არატრანსპორტაბელური და დაუდევარი ვარ. დარდი ნუ გექნება, ჩავჯდები ვენის მატარებელში და იმედია, როცა ვენაში გაჩერდება, მაშინ ჩამოვალ. ასვლაა ხოლმე პრობლემა. მოკლედ შეხვედრამდე (თუმცა ვენაში კი არა, უფრო მომავალ წერილშია). ფ. მილენას რაც შეეხება, არც გერმანელობასთან აქვს რამე საერთო და არც - ებრაელობასთან. მშვენივრად მესმის ჩეხების (თუ არ ჩავთვლით ჩეხ ებრაელებს). მილენა ჩეხურად, მოგწონს თუ არა შენ, არის diminutiv - მილენკა. ასე ამტკიცებენ ფილოლოგები (კაფკა ამტკიცებს, რომ მილენა არის ლათინური სიტყვა და ჩეხურად diminutiv - მილენკა, რაც ნიშნავს საყვარელს, სუფთა ჩეხურით, კაფკას აზრით, არის მილადა) მოვდივარ ვენაში, გიგზავნი დეპეშას. ყველა წერილს მარკები დავაკარი. როცა მიიღებ, ნეტა კონვერტზე აგლეჯილი იქნება მარკები? პარასკევი საღამო დღეს ადრიანად რა სისულელეები მოგწერე. შენგან კი სიყვარულით აღსავსე ორი წერილი მივიღე. ორივეზე მხოლოდ ზეპირად გიპასუხე. სამშაბათს, თუ რამე მოულოდნელი არ მოხდება, ვენაში ვიქნები. ნამდვილად გონივრული იქნება, თუ (ვაითუ სამშაბათს ფოსტა, საიდანაც დეპეშა უნდა გამოგიგზავნო, დაკეტილი იყოს) დღესვე გეტყვი, სად დაგელოდები. წინასწარ ვიცი, ახლა რა ადგილსაც დაგისახელებ, სამი დღე და ღამე ვიფიქრებ ამ ადგილზე: ნეტა უკვე იქ არის? მიცდის? მილენა, არა მგონია, ამ სამყაროში იმდენი მოთმინება არსებობდეს, რაც მე მჭირდება... ფ. სამშაბათი,10 საათი ალბათ წერილი 12 საათამდე არ მოვა. ალბათ კი არა, უფრო არ მოვა. ათი საათია, ანუ ჯერ კიდევ დილაა. ასე ჯობია. უკვე ვენაში ვარ. სამხრეთის სადგურზე, კაფეში ვზივარ (რა გამაცოცხლა, კაკაომ ნამცხვრით!) აქ კი ვზივარ, მაგრამ მთლად აქ არა ვარ. ორი ღამე არ მიძინია. მესამე ღამესაც დავიძინებ თუ არა, არ ვიცი. სასტუმრო რივაში ვცხოვრობ. სხვა უკეთესი არაფერი მაფიქრდება. ერთი სიტყვით, ოთხშაბათს 10 საათზე სასტუმროს წინ გელოდები. გთხოვ, მილენა, მოულოდნელად მარჯვნიდან ან მარცხნიდან, ან უკნიდან არ მომეპარო, გთხოვ. არც მე მოვიქცევი ასე. დღეს ალბათ ქალაქის ღირსშესანიშნაობებს დავათვალიერებ: ჯ-შტრასეს (სადაც მილენა ცხოვრობდა), ფოსტას და სხვ. მაგრამ შეძლებისდაგვარად უჩინარივით. შენი კვირა (პრაღა) (ამასობაში ისინი ვენაში შეხვდნენ ერთმანეთს.) დღეს მარტო ერთი რამის დაწერა შემიძლია: მილენა, მილენა, მილენა. მილენა - აჩქარებით, გაკვრით, დაღლილად. ან როგორ არ იქნება კაცი დაღლილი. დაჰპირდებიან ავადმყოფ კაცს შვებულებას და მისცემენ ოთხ დღეს, ხუთშაბათიდან კვირამდე. ისიც საღამოებს ჩამოაჭრიან. რა, ხომ არ ვიტყუები, მართლა ავად ვარ. მილენა! მგზავრობა? არ გამჭირვებია. ბაქანზე ახალი გაზეთი ვერ ვიშოვე. ვაგონს შევაფარე თავი. მატარებელიც დაიძრა. ისევ ჩემი ძველი გაზეთის კითხვა დავიწყე, მაგრამ გულს ვერ ვუდებდი. იქ შენ არ იყავი. უფრო სწორად ჩემთვის კი იყავი. მე შენ ჩემში გგრძნობდი მთლიანად. ეს არ ჰგავდა იმ ოთხ დღეს, როცა მართლა ჩემ გვერდით იყავი. ისევ კითხვა განვაგრძე. წამით თავი ავწიე. ჩემ წინ მჯდომი კაცი ნაროდნი ლისტს კითხულობდა. რაღაც ფელეტონს მოვკარი თვალი. ვთხოვე. მინდოდა წამეკითხა, მაგრამ ისიც გვერდზე გადავდე. შენი სახე დამიდგა თვალწინ: გამომშვიდობებისას როგორ იდექი ბაქანთან. იმწუთას ირგვლივ ბუნებაც სხვანაირი იყო. ასეთი მზე ჯერ არ მენახა: ღრუბლებისაგან კი არა, თავისთავად იყო დაბინდული. სხვა რა გითხრა? არც ხმა მემორჩილება, არც - ხელები. შენი მგზავრობის ამბის მოყოლას ხვალ გავაგრძელებ. რა სისულელეა, შენ ხომ ვერ შეძლებ მოსვლას. მამაჩემის წერილს ხვალ გამოგიგზავნი. გთხოვ, კარგად შეინახე, იქნებ როდისმე მივცე მამას. დამალე, რომ არავინ წაიკითხოს... შენი ორშაბათი დილა დღეს გიგზავნი წიგნს ,,საბრალო სათამაშო კაცი” (ფრანც გრილპარცერის ნოველა). რამე განსაკუთრებული მნიშვნელობის გამო კი არა,უბრალოდ. ისე არამუსიკალური, სატირალია, მაგრამ ზედმიწევნით ვენური. რამდენიმე წლის წინ მომცა მან. სახალხო პარკში ერთად დაგვინახა (ჰო, წარმოიდგინე, მილენა, შენ ჩემ გვერდით მოაბიჯებდი!). უფრო სწორად ალბათ იმიტომ გიგზავნი, რომ ამ ბიუროკრატს ერთი საქმიანი გოგო შეუყვარდა. ორშაბათი ნაშუადღევი პარასკევის წერილი ადრიანად მივიღე, მოგვიანებით პარასკევის ღამის წერილიც მოვიდა. პირველი საოცრად ნაღვლიანი იყო, მაგრამ შინაარსის გამო კი არა, უბრალოდ იქ აღწერილმა უკვე განვლო. მაგრამ ის ყველაფერი: ტყეში, ქალაქში, ხეივნებში ერთად სეირნობა განა შეწყდა? რა სულელური ხუმრობა იქნება, რომ ვთქვა, ეს დასრულდა-მეთქი. ჩემ წინ აურაცხელი ქაღალდია, დირექტორის წერილიც წავიკითხე, არ გავუთავისუფლებივარ. შიგადაშიგ ყურში ზარივით ჩამესმის: ის შენთან აღარ არის. და კიდევ უფრო მწარედ მწვდება სიტყვები ციდან: ის შენ მიგატოვებს. სწორედ ამ დროს დარეკა კარზე ზარმაც. შენი კვირა ღამის წერილი მომიტანეს. რა ძნელია ამის წაკითხვა, სუნთქვა მეკვრის,ვერ წარმომიდგენია, შენთან სიშორე. მაგრამ არ მინდა გიწუწუნო. რასაც ვწერ, არცაა წუწუნი. სულ შენი სიტყვები მახსენდება. *** ახლა მოგზაურობის ამბავი მინდა მოგიყვე. კიდევ იტყვი, რომ ანგელოზი არა ხარ? უკვე კარგა ხანია ვიცოდი, რომ ჩემი ავსტრიის პასპორტის ვიზა ორი თვის ვადაგასული იყო. მერანში მითხრეს, გავლით თუ მიემგზავრები, ვიზა არ არის საჭიროო. ავსტრიაში შესვლისას მართლა არ მოუთხოვიათ. ამიტომ ვენაში ყოფნისას ეს ამბავი სულ გადამავიწყდა. გმიუნდში კი ერთმა მოხელემ პასპორტების შემოწმებისას ეს მაშინვე შენიშნა. ჩემი პასპორტი მკაცრად გადადო გვერდზე. ყველას ნება დართო გაევლოთ, მე კი არა. თავზარი დამეცა (პირველ დღესვე დაბრკოლება შემხვდა.). ბიუროკრატი მოხელის მოსმენის არც თავი მქონდა, არც სურვილი. თანაც როცა ვიცოდი, რომ ეს ჩვენს შეხვედრას ხელს შეუშლიდა. მაგრამ ეს მათ არ გამოუვიდათ. ასე არ არის მილენა? (ამას ვერავინ ვერასოდეს მოახერხებს!) მოკლედ, ასე იყო. შემდეგ, ეტყობა, შენ ჩაერიე. ერთი სასაზღვრო პოლიციელი მოვიდა. ავსტრიელი იყო. მეგობრულად, ლაღად, გულისხმიერად მომესალმა და კიბეებისაკენ, სასაზღვრო ინსპექციის განყოფილებაში წამიყვანა. იქ კიდევ ერთი რუმინელი ებრაელი ქალი იდგა. მაღალმა ინსპექტორმა და მისმა თანაშემწემ მკაცრად განგვიცხადეს: - ვენაში გაემგზავრეთ და იქ პოლიციაში მოგცემენ პასპორტს! - თან რამდენჯერმე გამიმეორა, - სხვანაირად არ შემიძლიაო. - წარმოუდგენელია, ეგ ჩემთვის! - ვუთხარი მე. ინსპექტორმა კი გაბრაზებულმა, ირონიულად რამდენჯერმე გამიმეორა: - წარმოუდგენელი არაფერია, ეგ მხოლოდ ასე გეჩვენებათ. - ფოსტით რომ გამომიგზავნონ, არ შეიძლება? - ვკითხე ისევ. - არა. - არც იმ შემთხვევაში, ყველაფერი აქ ადგილზევე რომ გადავიხადო? - არა. - აქ უფრო მაღალი ინსტანცია არ არის? - არა. ქალი, რომელიც ხედავდა, როგორ ვიტანჯებოდი, ინსპექტორს სთხოვა, ეს მაინც გაუშვითო. ისევ სისუსტე, მილენა! ასე, შენ ვერ გადამარჩენ. მოკლედ, ბარგის ასაღებად ისევ საპასპორტომდე უნდა წავსულიყავი. დღევანდელი მგზავრობა ჩაიშალა. სასაზღვრო ინსპექციის ოთახში მოგვიწია ლოდინი. პოლიციელმაც ვერაფერი მითხრა საიმედო. ინსპექტორმა კიდევ რაღაც გვითხრა და ისევ თავის ოთახში შევიდა. ჩვენთან მარტო ერთი თანაშემწე დარჩა. ჩემთვის გონებაში ვანგარიშობდი: შემდეგი მატარებელი ვენაში 10 საათზე გადის, ღამის 3 % საათზე ჩავა. ვიდრე სასტუმრო რივასთან მივედი, ფიქრებმა გამაწამა: ნეტა როგორ ოთახს მომცემე6-მეთქი. მაგრამ არანაირი ოთახიც არ მომცეს. ახლა ელშტრასეზე გავემგზავრე და იქ ვითხოვე თავშესაფარი (ჰო, გამთენიისას, 5 საათზე). როგორც იქნა, ორშაბათს ნაშუადღევს გამოვიტანე ვიზა (მაშინვე მომცეს). იქიდან შენთან წამოვედი. შენი გაოცება მინდოდა. მერე უცბად გამიწყდა ფიქრის ძაფი და სხვაგან გამექცა გონება: რა იქნება ამ მგზავრობის შემდეგ? საღამოს ხომ ისევ უკან უნდა დავბრუნდე? 16 საათი მატარებელში მომიწევს ყოფნა. როგორ ჩავალ პრაღაში? რას მეტყვის დირექტორი? ახლავე დეპეშა უნდა გავუგზავნო და შვებულების გაგრძელება ვთხოვო. შვებისმომგვრელად მხოლოდ გმიუნდში ღამის გათევა დავენაში ადრიანად გამგზავრება მეჩვენებოდა. ამ ფიქრებით გულდამძიმებულმა იქვე მდგომ თანაშემწეს ვკითხე: - ვენისკენ რომელ საათზე გადის დილის მატარებელი? - 6 საათზე გადის და 11 საათზე ჩადის. მეც და იმ რუმინელმა ქალმაც გადავწყვიტეთ, ამ მატარებლით გავმგზავრებულიყავით. საუბრისას სრულიად შემთხვევით გაირკვა, რომ ამ პატარა თანაშემწეს შეეძლო ჩვენი დახმარება. თუ გმიუნდში გავათენებდით, გამთენიისას, 4 საათზე, პრაღაში სამგზავრო მატარებლით გაგვიშვებდა, რადგან იმ დროს ის ბიუროში მარტო იყო. ინსპექტორისათვის კი უნდა გვეთქვა, რომ დილის მატარებლით ვენაში ვაპირებდით გამგზავრებას. არაჩვეულებრივია! ყოველ შემთხვევაში, ამ სიტუაციისათვის. ინსპექტორი რომ გამოჩნდა, ჩვენ პატარა კომედია გავითამაშეთ. შეთანხმებისამებრ თანაშემწეს საღამოს უნდა შევხვედროდით, რათა დანარჩენზეც შევთანხმებულიყავით. მოკლედ, მე და ის ქალი ნელი ნაბიჯით გავემართეთ სადგურიდან (სწრაფი მატარებელი, რომელსაც ჩვენ უნდა გავყოლოდით,ჯერ ისევ იქ იდგა. ეტყობა, ბარგის შემოწმება დიდხანს გაგრძელდა... კიდევ კარგი, ქალაქში არ მოგვიწია გასვლა და იქვე ახლოს აღმოჩნდა ორი სასტუმრო. ერთ-ერთში გადავწყვიტეთ გაჩერება. სასტუმროს წი6 ლიანდაგი გადიოდა. ლიანდაგზე უნდა გადავსულიყავით. სწორედ ამ დროს სატვირთო მატარებელს უნდა გაევლო, მინდოდა გადამესწრო, მაგრამ ქალმა შემაჩერა. ჰოდა, ეს სატვირთო მატარებელი ჩვენ ცხვირწინ გაჩერდა. ჩვენც უნდა მოგვეცადა, სხვა რა გზა გვქონდა. ახლა კიდევ ეს დაგვერთო. ეს რომ არა, კვირას ვერ დავბრუნდებოდი პრაღაში. ეტყობა, შენ თუ შესთხოვე ზეცას ჩემი შველა. უცბად ჩვენთან პოლიციელი მოიჭრა ქაქანით, შორიდანვე მოგვაძახა: - სასწრაფოდ უკან დაბრუნდით, ინსპექტორი გიშვებთ! - როგორ, ნუთუ ეს შესაძლებელია? - ამოვიხავლე საცოდავად. ათჯერ მაინც ვთხოვეთ პოლიციელს, რომ ფული გამოერთმია. სულ სირბილით მივცვივდით ინსპექციის შენობაში, ბარგი გამოვიტანეთ და ისევ საპასპორტო შემმოწმებელი პუნქტისაკენ გავიქეცით. შენ კი მიხსენი, მაგრამ სირბილი ბარგით ისე მიჭირდა. შემთხვევით გვერდით მებარგული გაჩნდა. საპასპორტოსთან ზედახორა დამხვდა, პოლიციელმა გზა გამითავისუფლა. საბაჟოსთან ისე დავიბენი... აბა, რა ვიცოდი, თუ მოხელე სათვალის ბუდეზე შეუმჩნეველ ოქროს კნოპებს იპოვიდა და ეს საწვალებლად გამიხდებოდა. მაგრამ ბოლოს ჩავსხედით მატარებელში და გავემგზავრეთ. როგორც იქნა, ოფლი შემაშრა სახეზეც და მკერდზეც. დარჩი მუდამ ჩემთან!) ორშაბათი დაძინება მინდოდა, უკვე ღამის პირველი საათი იყო, მაგრამ მაქსი იყო ჩემთან. ძალიან გამიხარდა მისი მოსვლა, მაგრამ თან იმ გოგონასთან მეწადა ყოფნა, რომელსაც ჩემი გონება დაეპყრო. იმ გოგოსთან 9 საათამდე ვიყავი, მაქსთან - ასე პირველის ნახევრამდე. მგონი, დამიჯერა, რაც წერილებში მივწერე, რომ შენ, შენ, შენ.. წერა მიჭირს... ჰო,რომ შენ არსებობ. შენი სახელი არ იცოდა, მხოლოდ დღეს გაიგო (გარკვევით არ მიმიწერია, ვაითუ, ცოლს წაეკითხა). ჩემო გოგონა: დღეს უკეთესი დღე მქონდა. (როგო მეშინია დღეს შენთან გამოგზავნილი დეპეშის. საკუთარ თავს ვეუბნებოდი: გოგონა თბილად გწერს, მისწერე სიყვარულით. მაგრამ მინდა გამოვტყდე, რომ მკაცრად გწერ და არ დაიჯერო.) დღეს მთელი დღე მშვიდად ვარ. როგორც იქნა, გავბედე, მაქსისთვის მშვიდად მომეყოლა მილენაზე. ცოტა დაძაბული მაინც ვიყავი. მაგრამ როცა მთავარზე მიდგა ჯერი: ჩემ გვერდით დიდხანს ცახცახებდა გოგონა კარლპლატცზე. ხომ შემეძლო მეთქვა, რომ მინდა სულ შენ გვერდით დავრჩე, სხვა აღარაფერი მაინტერესებს. მის ბოლო კითხვაზე: არ მინდა წასვლა, მაინც გამიშვებ? პასუხი არ გამაჩნდა. სულ ვუფრთხოდი ამ შეკითხვას (ყოველგვარი ამპარტავნობის გარეშე ნათქვამ ამ სიტყვებში რაღაც შემაშფოთებელი იმალებოდა). ახლაც ამის გახსენებაზე შიშისაგან ვკრთი, მაგრამ ისევ და ისევ შენ გამო ვარ ასე. საერთოდაც, რას არ გავაკეთებდი შენთვის. ზოგჯერ მიფიქრია, ადამიანს თუ შეუძლია მოკვდეს ბედნიერებისაგან, ნეტავ ეს მე დამემართოს?! ის მაინც მეცოდინებოდა, რომ ბედნიერი მოვკვდი, სიკვდილის ჟამს მაინც ვიგრძნობდი თავს ბედნიერად და ასე სიცოცხლეც დამიბრუნდებოდა). მე შიშის გამო ვუთხარი: - ჰო. მან კი მიპასუხა: - მე რომ არ შემიძლია წასვლა? და ისევ ამ სიყვარულის ძალაზე მოჰყვა ლაპარაკს. ეს საყვარელი კეთილი არსება ვერ ხვდება, რომ ქმარი უყვარს, ჩემთან საიდუმლო შეხვედრები და ლაპარაკი კი იდუმალი გატაცებაა. როცა ცდილობდა, ჩემთვის ეს აეხსნა და ქმარი ახსენა, მინდოდა გამერტყა, მაგრამ არ მსურდა მისთვის ტკივილის მიყენება (მილენას მაქსისთვისაც კი უნდოდა მიეწერა და ეკითხა, რაზეც მისდამი დიდი სიყვარულისა და მაქსისადმი უსაზღვრო ნდობის გამო ნება დავრთე). ამ ნების დართვამ ის დაამშვიდა, მე კი ამაფორიაქა (მაქს ვთხოვე: - გთხოვ, იყავი ლმობიერი, მაგრამ მკაცრი, თუმცა უფრო მკაცრი, ვიდრე ლმობიერი. მაგრამ რას გეუბნები, თავადაც არ მესმის. ისედაც ვიცი, იმას მისწერ, რაც საჭიროა. ვიცი ჩემი შიში, რომ მას აქვს უნარი,ისეთი რამ მოგწეროს, რითაც თავისი გავლენის ქვეშ მოგაქცევს, ალბათ უმართებულოა. ვიცი, ეს არ არის ლამაზი, მაგრამ ამ ოხერი გულის ნაცვლად ჩემში მხოლოდ შიში ძგერს. ალბათ არ უნდა დამერთო ნება, შენთვის მოეწერა. ხვალ ისევ ვნახავ, ხვალ პარასკევია. იქნებ გადავათქმევინო შენთვის წერილის მოწერა, თუ უკვე არ მოუწერია. მაგრამ იქნებ ჯობდეს კიდეც მოგწეროს? იქნებ შენმა მეგობრულმა სიტყვებმა მაინც დაამშვიდოს? რაზე არ ვფიქრობ, სად არ გამირბის გონება… ფრანცი კიდევ ერთი მიზეზიც არსებობს, რატომაც უფლება მივეცი, შენთვის (აქ იგულისხმება მაქსი) მოეწერა. მილენას შენდამი მოწერილი წერილების ნახვაც უნდოდა, მაგრამ მე არ შემიძლია მათი ჩვენება. სამშაბათი ადრიანად უეცარი დარტყმა მივიღე: დეპეშა მოვიდა პარიზიდან. ბიძაჩემი, რომელიც, სხვათა შორის, ძალიან მიყვარს და მადრიდში ცხოვრობს, რამდენიმე წელია არ მენახა, ახლა კი ჩამოსვლას აპირებდა. დარტყმაა იმიტომ, რომ დროს წამართმევს, მე კი მთელი დრო და მთელი ძალაც, რაც კი არსებობს ჩემში, მხოლოდ შენთვის მსურს, შენზე ფიქრისათვის, შენთვის სუნთქვისათვის. სახლსაც აფორიაქება დაეტყობა, საღამოებსაც. როგორ მინდა, ახლა სხვაგან ვიყო, ყველაფერი სხვაგვარად იყოს. არც ამ ბიუროში მინდა ყოფნა. ვიცი, ასეთი ფიქრებისათვის ახლა ნამდვილად ვიმსახურებ სახეში გარტყმას... სამშაბათი საღამო მილენა, გიგზავნი წერილს, მაგრამ ნამდვილად არ ვიცი, შიგ რა წერია. მოკლედ, ეს ასე იყო: მე მას (იგულისხმება მილენა! შევპირდი, დღეს ნაშუადღევს, პირველის ნახევარზე, მისი სახლის წინ შევხვდებოდი. გვინდოდა, გემით გაგვესეირნა. მაგრამ გუშინ უკვე ისე გვიან მივაღწიე საწოლამდე, რომ დილით, ადრიანადვე მივწერე: ნაშუადღევს უნდა დავიძინო, მხოლოდ 6 საათზე შევძლებ მოსვლას. წერილებითა და დეპეშებით გამოწვეული მოუსვენრობა და მღელვარება დღითი დღე მიმძაფრდება. რა უნდა ვქნა? ჩემი იმედი, რომ მალე ბედნიერი გამოსავალი მოიძებნებოდა, ამაოა... პრაღაში ცოტა ნისლი ჩამოწვა. ჯერ არც ერთი წერილი არ მოსულა, გული დამიმძიმდა. თითქმის შეუძლებელია, რომ წერილი უკვე აქ იყოს, მაგრამ გულს ეს როგორ ავუხსნა?! ფ. სამშაბათი მოგვიანებით ის იყო წერილი ჩავაგდე, რომ გამახსენდა: რა უფლება მაქვს შენგან მოვითხოვო ეს, შენთვის ხომ შეუძლებელია, მიენდო სრულიად უცხო კაცს? მილენა, მაპატიე, ჩემი წერილები, დეპეშები და გაითვალისწინე, შენთან გამომშვიდობებამ, ისედაც დაავადებული გონება კიდევ უფრო დამიავადა. თუ გინდა, ნუ უპასუხებ. იქნებ მოიძებნოს რამე სხვა გამოსავალი. ამ სეირნობებისაგან ისეთი დაღლილი ვარ, ვგდივარ ახლა შეზლოგინზე და განძრევის სურვილიც არ მაქვს. ხვალ ბიძმაჩემიც ჩამოდის... ჩემს მარტოობასაც ბოლო ეღება. ჰო, ალბათ ახლა რაღაც კარგიც უნდა ვთქვა: იცი, ვენაში ყველაზე ლამაზი როდის იყავი? მოდი, ამაზე ნუ ვიკამათებთ - კვირას, ჰო, ლამაზი იყავი, მაგრამ უაზროდ გამოწყობილი. ოთხშაბათი, საღამო ორიოდე სიტყვით ნაჩქარევად ჩემს ახალ ბინაზე მინდა ვთქვა. ნაჩქარევად იმიტომ, რომ 10 საათზე ფრანცენსბადიდან მშობლები ჩამოდიან,12 საათზე კი ბიძაჩემი - პარიზიდან. ორივეს სურს, რომ სადგურზე გავუარო. ახალი ბინაა-მეთქი, როცა ვამბობ, იმიტომ, რომ ჩემი დის ცარიელ ბინაში, მარიენბადში გადავედი. ჩემი ბინა ბიძაჩემს დავუთმე. ცარიელი, დიდი ლამაზი ბინაა, მაგრამ ქუჩა ხმაურიანია. შეიძლება ითქვას, არცთუ ისე უხეიროა ეს გაცვლა. მილენა, ვიცი, რომ ბოლო წერილი წუწუნით იყო სავსე (უფრო საშინელი დღეს ნაშუადღევს დავხიე. შემრცხვა. შენგან აღარაფერი მოდის. ფოსტაზე დაჩივლება სისულელე იქნება. ფოსტასთან რა მესაქმება). შეგიძლია წაუკითხავად დაკეცო. მე შენში არ ვიყავი დარწმუნებული. მეშინოდა შენი დაკარგვის. თუმცა არც საკუთარ თავში ვარ დარწმუნებული. ნეტავ როგორიც ხარ, ისეთს შეგეძლოს ჩემთან იყო. რატომ გამიჩნდა ეს ეჭვები? იმ ხანმოკლე ფიზიკურმა სიახლოვემ და მერე ისევ განშორებამ ხომ არ იმოქმედა? (რატომ მაინცდამაინც კვირას? მაინცდამაინც 7 საათზე?) ეს ხომ კაცს გონებას აურევს? მაპატიე! გთხოვ, მიიღე ამ საღამოს ძილი ნებისად ყველაფერი ერთ ტალღად, როგორიც ვარ და რასაც ჩემში სანეტაროდ თვლი, შენში დაავანე. ფ. ხუთშაბათი ადრიანად ქუჩა ხმაურიანია. იქითა მხარეს მშენებლობაა. პირდაპირ რუსული ეკლესია კი არ არის, ბინებია უამრავი მცხოვრებით. მაგრამ ოთახში მარტო ყოფნა იქნებ ცხოვრების ჰიპოთეზაა, თუმცა, უფრო სწორი რომ ვიყო: დროებითი ბედნიერების ჰიპოთეზაა (მაგრამ ეს ჰიპოთეზა ან ამ ბინაში მარტოობა, რას მარგებდა, სამშობლო რომ არ მქონოდა, სადაც სიმშვიდეს ვპოულობ. და საერთოდ ეს ორიცეცხლოვანი,ცისფერი თვალი (იგულისხმება მილენა) რომ არ მაცოცხლებდეს. საბედნიეროდ, ამ ბინაში სიმშვიდეა: სააბაზანო, სამზარეულო, ჰოლი, კიდევ სხვა სამი ოთახიცაა; არა, სხვა ბინებს რომ სჩვევიათ, ისეთი ფორიაქი, აქეთ-იქით მორბენალი ფიგურები, უამრავი აზრი და ფიქრი, სურვილები, ყოველ კუთხეში ჩაბუდებული ურთიერთობები როდია, სადაც უკანონო ბავშვები ჩნდებიან... სადაც კვირაობით უამრავი სუნთქვით გადავსებულ გარემოში სუნთქვაც ჭირს. ჩემი და მოვიდა, დიდი გზა გამოიარა, რომ ჩემთვის საუზმე მოეტანა (რაც სულაც არ იყო საჭირო). დიდხანს მოუწია ზარის რეკვა, ვიდრე ჩემი ამ განმარტოებული სამყაროდან გამოვერკვოდი და წერილს მოვწყდებოდი. ფ. ბინა ჩემი არაა. ზაფხულობით აქ ხშირად ჩემი სიძეა. ხუთშაბათი შუადღე როგორც იქნა, შენი წერილიც მოვიდა. მინდა, რამდენიმე მნიშვნელოვანი სიტყვა მოგწერო. შესაძლოა, სიჩქარის გამო რაღაც უზუსტობა გამეპაროს, რასაც მერე ვინანებ. ეს ის შემთხვევაა, რომლის მსგავსიც, სხვა არ მეგულება. ამიტომ აქ სხვების გამოცდილება არ გამოგვადგება (დაუნდობლობა... ტანჯვა... სამის თუ ორის, მერე უცაბედი გაქრობა). მე არ ვარ მისი მეგობარი (გულისხმობს მილენას ქმარს). მეგობრისათვის არასოდეს მიღალატია, არც ვუღალატებ. მის ნაცნობადაც კი არ ვითვლები. თუმცა შეიძლება ითქვას მეტისმეტადაც ვარ დაკავშირებული, იქნებ მეგობარზე მეტადაც კი. შენც არ გიღალატია მისთვის, რადგან გიყვარს. ამას შენც ამბობ. ასეთ მდგომარეობაში მხოლოდ შიში, ტკივილი, ტანჯვა მოგველის. შენმა წერილმა ძალიან შემაშფოთა. სიმშვიდე დამაკარგვინა. ის სიმშვიდე, რაც მერანში ჩვენი შეხვედრის მერე ჯერ კიდევ შემომრჩენოდა. აქ, ამ უამრავ დაბრკოლებაში, ძნელია, მერანისეული სიმშვიდე შეინარჩუნო. იქნებ აშკარა გამოსავალი სამივესათვის გულახდილობაა? მდგომარეობის აწონ-დაწონა მიჭირს და არც მსურს. მე შენ მყავხარ და ბევრი ფიქრი არ მინდა, რადგან ფიქრი მომავალს უკვე საბრძოლო მოედნად აქცევს და ძირს უთხრის. ძირგამოთხრილ საძირკველს კი განა შეუძლია სახლი შეიმაგროს? ამის მეტს დღეს ვეღარაფერს მოგწერ. მესამე დღეა, ბიუროში ვარ და ერთი სტრიქონიც არ დამიწერია. იქნებ ახლა მაინც დავწერო. სხვათა შორის, როცა ამ წერილს ვწერდი, მაქსი (მაქს ბროდი) აქ იყო სტუმრად. საოცარია, მაგრამ მასში თვით დუმილიც კი დამაჯერებელია... ფ​. ნება მომეცი, ფული გამოგიგზავნო ლ-ს ხელით, რომელსაც ვეტყვი, რომ ვენაში ყოფნისას გესესხე და ის რედაქციის ჰონორარიდან გამოგიგზავნის? (ცოტა შეშფოთებული ვარ იმის გამო, რასაც შიშის გამო მწერ.) პარასკევი ყველაფრის მოწერა უაზრობა იქნება, უფრო სწორად, უაზრობაა. ისედაც ყველანაირ უაზრობას გწერ. უმჯობესი იქნებოდა, თუ ვენაში გავემგზავრებოდი. ვიცი, ასე შენ არ გინდა, მაგრამ მხოლოდ ორი შესაძლებლობა არსებობს. აქედან ერთი შედარებით უფრო კარგია მეორეზე: ან ჩამოდიხარ პრაღაში ან ლიბეცკში. გუშინ, ებრაელთა ძველი წესის მიხედვით, ჟ.-ს მივწერე. ლიბეცკში გამგზავრებამდე გავიგე, რომ მას შენი სტასისადმი დაწერილი წერილი ჰქონდა. ის არაჩვეულებრივი ადამიანია, საოცრად გულწრფელი, ჭკვიანი. ყველას მფარველობს. დახმარებისათვის ყოველთვის მზად არის. მეტად გაგებული ადამიანია. მას უნდოდა, თავის ცოლთან ერთად ქალბატონ ფლორიანთან გამგზავრებულიყო, იქიდან კი შენთან ვენაში აპირებდა ჩამოსვლას. დღეს საღამოს ისევ პრაღაში ბრუნდება. სტასის წერილი საოცრად მეგობრული და გულისხმიერია, მაგრამ მაინც აქვს რაღაც ნაკლი (ვერ ვიტყვი, რომ მისი წერილი ამ ნაკლის გარეშე უფრო გულითადი იქნებოდა, იქნებ პირიქითაც). ამ ნაკლში თუ, პირიქით, გადაჭარბებაში ვგულისხმობ ზედმეტი ფიქრის ძალას, რომელიც ამ კაცს, როგორც ჩანს, ხასიათში აქვს. გუშინ საუბრისასაც შევნიშნე. თუმცა მე რა მეთქმის ამ მართლაცდა კარგ ადამიანზე? ეჭვი, ეჭვია, მაგრამ, მილენა, გპირდები მასთან შენზე არასოდეს ვიწუწუნებ, მხოლოდ საკუთარ თავზე. ერთი რამ მაინც არ მესმის სტასას წერილში: ვგონებ, შენ მისგან რჩევას ითხოვდი. გინდოდა, შენს ქმარს დალაპარაკებოდა. რა ვიცი,მე ასე მომეჩვენა. იმედია, დღეს კიდევ ერთ ახალ ამბავს მივიღებ შენგან. კაპიტალისტივითაა კაცი, არ იცის რას ფლობს. ახლა შუადღეა. ბიუროში შენი ახალი წერილები მოვიკითხე. ერთი წერილი მომიტანეს. მერანიდან ჩემი გამომგზავრებიდან ცოტა ხნით ადრეა დაწერილი. ნამდვილად სასიამოვნო წასაკითხია. შენი რა უბედურებაა გუშინწინ ორი საშინელი წერილი მოვიდა. გუშინ მხოლოდ - დეპეშა (დეპეშა დამამშვიდებელი ჩანდა, თუმცა ცოტათი მშრალი მომეჩვენა, როგორც საერთოდ დეპეშებია ხოლმე). დღეს კი საერთოდ აღარაფერი მომსვლია. ის ორი წერილი არცთუ ისე დამაიმედებელი იყო ჩემთვის. მარტო იმას მეუბნები, რომ მალე მომწერ, მაგრამ არ მომწერე. გუშინწინ საღამოს სასწრაფოდ საპასუხო დეპეშა მოგწერე. წესით, პასუხი დიდი ხანია უნდა მოსულიყო. ვიმეორებ ტექსტს: ერთადერთი ესაა მართალი: იყავი მშვიდად, აქ შინ ხარ. ჩემს შეკითხვაზე: ფული როგორ გამოგიგზავნო?, არანაირი პასუხი არ მომსვლია. საკუთარ თავს ვეუბნები: მაშინ გაემგზავრე ვენაში. და იქვე დავძენ: მაგრამ მილენას ეს რომ არ უნდა. დარდი და ეჭვები აწუხებს, ალბათ ამიტომაც სჭირდება სტასა. მიუხედავად ამისა,უნდა გავმგზავრებულიყავი, მაგრამ მთლად ჯანმრთელად არ ვარ. ასეთ მდგომარეობაში მშვიდად როგორ იქნება კაცი. თუმცა შეძლებისდაგვარად ვცდილობ, მშვიდად ვიყო, რაც ამ ბოლო წლებში წარმოუდგენლად მეჩვენებოდა. არ მეგონა, რომ მშვიდად ყოფნა კიდევ შემეძლო. დღის განმავლობაში ძლიერი ხველა მაქვს, ხან ღამითაც მიტყდება. ალბათ ეს მერანის ველური დღეების შედეგია, იმ დროისა, ვიდრე შენ გაგიცნობდი და შენს თვალებში ჩავიხედავდი. რა წყვდიადით შეიმოსა ვენა. ის ოთხი დღე კი რა ნათელი იყო. ნეტავ რა დუღს იქ ახლა? წერას ვწყვეტ და თავს ხელებში ვრგავ. ფ​. სავარძელში მჯდომმა ღია ფანჯარაში წვიმა შევნიშნე. ათასნაირმა ფიქრმა და აზრმა გამიელვა თავში. უამრავი კითხვა დამებადა, ვაითუ ის ავადაა, საწოლში წევს… მერე კი ასეთი ფიქრი, რომ იღება კარი და შენ იქ დგახარ... ორშაბათი ეს იყო, სულ ცოტა, ორი თავზარდამცემი დღე. ახლა კი ვხედავ, რომ შენ მთლად უდანაშაულო ხარ ამაში და ვიღაც ბოროტმა სულმა ხუთშაბათის შენი წერილები შეაფერხა. პარასკევს მხოლოდ შენი დეპეშა მოვიდა. შაბათს - არაფერი, კვირასაც - არაფერი, დღეს კი ერთად ოთხი წერილი მომიტანეს: ხუთშაბათის, პარასკევის, შაბათის. ძალიან დავიღალე, რომ წერა შევძლო, დავიღალე ამ ოთხი წერილიდან ამოკითხული ეჭვების, ტანჯვის, სიყვარულის თუ უსიყვარულობის მთა-გორაში. სხვა რაღა დამრჩენია? დაღლილი,ორი დღე-ღამის ფიქრებისაგან გამოხრული, ადამიანი ეგოისტია... ხუთშაბათის ელვა-დეპეშა რომ გამოგიგზავნე, პასუხი რატომ არ მომწერე. ვერაფერი გავიგე. მერე ქალბატონ კ-ს დეპეშა გავუგზავნე, არც ამის მერე გამოჩნდა პასუხი. ნუ გეშინია, შენს ქმართან მიწერის სურვილი არ გამაჩნია. მარტო ვენაში ჩამოსვლა მსურს, მაგრამ არც ამას გავაკეთებ, ეს დაბრკოლებებიც რომ არ არსებობდეს: შენი უარი ვენაში ჩემი ჩამოსვლის გამო, საპასპორტო სირთულეები, ბიურო, ხველა, დაღლილობა, ჩემი დის ქორწილი (ხუთშაბათს)... ამ საშინელი შაბათ-კვირის ატანას, ისევ ჯობდა, გავმგზავრებულიყავი. შაბათს აქეთ-იქით დავეხეტებოდი, ცოტა ხანს ბიძასთან ერთად გავისეირნე, მერე - მაქსთან. ყოველ ორ საათში ერთხელ ბიუროში შევრბოდი, რომ წერილები მომეკითხა. საღამოს უკეთესობა მქონდა. ლ-სთან წავედი. რამე ცუდი რომ გაეგო შენზე, მეტყოდა, მაგრამ არა. იქიდან ფრაიე პრესაში კ-სთან დავრეკე, არც იმან იცოდა რამე. შენს ქმართან დარეკვა არ მინდოდა. ვიჯექი ლ-სთან, რადგან მარტო შენი სახელის ხსენებითაც ვხარობდი. ის კი ხშირ-ხშირად ახსენებდა შენს სახელს. სხვა მხრივ, მასთან საუბარი ნამდვილად არ არის იოლი. ბავშვივითაა, ჯერ კიდევ გამოუღვიძებელი ბავშვივით, ისევ ბაქიაობს, იტყუება, თამაშობს კომედიანობანას. მასთან მშვიდად ზიხარ, უსმენ და ხვდები, რა კომედიანტია. თუმცა მთლად ბავშვია-მეთქი, ვერ ვიტყვი, საოცარი თანაგრძნობის, მხარში ამოდგომის, დახმარების უნარი შესწევს. ამაში ის ზრდასრულად შეიძლება ჩაითვალოს. ამ ორმაგი თამაშის გამო ვერა და ვერ დააღწევ მისგან თავს. როგორც ვთქვი, ხშირ-ხშირად შენი სახელი რომ არ ემეორებინა, ალბათ არც დავრჩებოდი. მაგრამ ვფიქრობდი: კიდევ ერთხელ მოვისმენ შენს სახელს, კიდევ ერთხელ... თავისი ქორწილის შესახებაც კი ისე მომიყვა, ტონი არ შეუცვლია. კვირა საშინელი იყო. სასაფლაოზე მინდოდა წასვლა და კარგიც იქნებოდა. მთელი შუადღე საწოლში გავატარე. შუადღეზე ჩემი დის დედამთილ-მამამთილის სახლში უნდა მივსულიყავი. მათთან ჯერ არასოდეს ვყოფილვარ. ასე გახდა 6 საათი. ჯერ ბიუროში დავბრუნდი, რომ დეპეშა მომეკითხა. ისევ არაფერი. რა უნდა მექნა არ ვიცოდი. თეატრის პროგრამისთვის გადამეხედა? ჯ-მ ხომ გაკვრით ახსენა, რომ სტასა ორშაბათს ვაგნერის ოპერაში მიდიოდა. პროგრამაში ეწერა, რომ წარმოდგენა მართლაც 6 საათზე იწყებოდა. არადა, მიწვევაც 6 საათზე გვქონდა. ახლა ობსტგასეზე, სახლში ხომ არ გამევლო? იქაც ვერც შემსვლელი დავინახე, ვერც - გამომსვლელი. ცოტა ხანს შევიცადე სახლთან. ყველა მომჩერებოდა. სტასასთან გამევლო? ძნელი დასაჯერებელია, რომ ამ დროს შინ დამხვედროდა. ლამაზი, მყუდრო სახლი ჰქონდა პატარა ბაღით. კართან ზარს ჩამოვკარი. სახლის მეპატრონესთან დალაპარაკებას აზრი არ ჰქონდა, იმას მილენაზე მაინც არაფერი ეცოდინებოდა. ყველაზე დიდი სისულელე კაფე Arco-ში წასვლა იყო. რამდენი ხანია, იქ არ ვყოფილვარ. ვინ უნდა მეპოვა ისეთი,ვინც შენ გიცნობდა. საბედნიეროდ, იქ არავინ იყო. მალევე წამოვედი. მილენა, აღარ მინდა ასეთი კვირა დღეები! ფ. სამშაბათი, ცოტა მოგვიანებით შაბათ საღამოს წერილში დაღლილი მეჩვენები. ამ წერილთან დაკავშირებით ბევრი რამის თქმა მინდა, მაგრამ დღეს ასეთ დაღლილს არაფერს გეტყვი, დატანჯული გამოუძინებელი სხეულით ჩემთვის შეზლოგინზე გადავწვები (შენ ამბობ, რომ საკმაო სიყვარულს ვერ გაძლევო, მაგრამ განა შეიძლება იმაზე დიდი სიყვარული და სიხარული, ვიჯდე შეზლოგინში და შენ გვერდით მყავდე?). არც კივიცი ეს ბედნიერება სიტყვებით, თვალებით, გულით, ხელებით, როგორ ავწერო -ბედნიერება, რომ შე6 აქ ხარ და მე მეკუთვნი. ამასთან მე მხოლოდ შენ კი არ მიყვარხარ, არამედ ჩემთვის ნაბოძები შენი ამქვეყნად ყოფნაც. (წერილის კიდეზე: გუშინ ვერ მოგწერე, რადგან ყველაფერი მეტისმეტად ბნელად მესახებოდა ვენაში.) ფ. ხუთშაბათი ვიდრე ბიუროში წავალ, მინდა, ნაჩქარევად მოგწერო. მინდოდა, დუმილი შემენარჩუნებინა. სამი დღეა ამ აზრზე ვარ. მით უმეტეს, რომ შენც ასეთ ბრძოლას აწარმოებ ახლა. მაგრამ შეუძლებელია, ეს ხომ საკუთარ თავთან ბრძოლაა. უკვე ბოლო რამდენიმე დღეა, არ მძინებია. უბრალოდ მეშინია. ეს მაუძლურებს, თავის ნებაზე აქეთ- იქით მახეთქებს... შენს ბოლო სამ წერილში სამი რამ ამოვიკითხე, რამაც ბედნიერი, თუმცა საეჭვოდ ბედნიერი გამხადა. იქ ნათქვამმა მაშინვე დააჯერა გონიც და სხეულიც, მაგრამ იყო რაღაც, რამაც იმოქმედა, დამასუსტა - შენმა საოცარმა დამამშვიდებელმა, ამაღელვებელმა სიახლოვემ, იქ რომ იგრძნობოდა. მაგრამ ჩემ გვერდით,შიშის გარდა, არავინაა. სწორედ ამ შიშთან ვიბრძვი მთელი ღამეები ხელჩართული. სერიოზული რამაა ეს შიში. გარკვეული თვალსაზრისით თითქოს გასაგებია, იმასაც (მილენასაც) უნდა გაუგოს ადამიანმა. მილენაც ხომ ადამიანია, ეს არაა მხოლოდ პირადული შიში, ესაა ყველაფრის დაჯერების შიში. თანაც უკვე რამდენი ხანია. კარგია, რომ მოგწერე, ცოტა შვება ვიგრძენი. შენი ხუთშაბათი, მოგვიანებით ვაისე ჰანში, ღამის წერილი. (der weiße hahn - არის სასტუმრო ვენაში) ორშაბათის წერილი მოვიდა. ერთი ეტყობა, უფრო მოგვიანებითაა დაწერილი, თუმცა არც თუ ისე დამაჯერებელია. ერთხელ ნაჩქარევად გადავიკითხე. მინდა, ახლავე გიპასუხო და გთხოვო: ჩემზე ცუდად არ იფიქრო.. არანაირი ეჭვი არ არსებობს და არც იარსებებს, ეს მხოლოდ მარტო ყოფნის არაჯანსაღი სიზმრებია... მილენა, სულაც არ მინდა, ჩემ გამო სადარდებელი გაგიჩინო. ეგღა გაკლია. შიში რომ არა, რომელიც უკვე რამდენიმე დღეა მაწამებს, დღეს დილიდან უკვე ვწუწუნებ. მაშინ ტყეში ხომ მითხარი, რომ სხვაგვარად არც შენ გიფიქრია? ეს მეორე დღეს იქ, მაღლა ტყეში, მოხდა... მე დღეებს ზუსტად ვანსხვავებ. პირველი მეტად არადამაჯერებელი იყო, მეორე - უფრო დამაჯერებელი, მესამე კი - მშვიდი, მეოთხე - საოცრად კარგი. ახლა კი ჩემი დის ქორწილში უნდა წავიდე. რატომ ვარ სულ ასე გაურკვეველ მდგომარეობაში. რა ბედნიერება იქნებოდა, შენს ოთახში კარადა ვყოფილიყავი, რომელიც ყველანაირს და ყოველთვის გიყურებს, მაშინაც, როცა აივანზე შეზლოგინში წევხარ, ან საწერ-მაგიდასთან ზიხარ, ან გძინავს (სულ დალოცვილს გძინებოდეს!). ალბათ ტანჯვისგან მოვკვდებოდი, შენ რომ მაშინ, როცა ვენიდან მიემგზავრებოდი, მტირალი მენახე. ფ. ხუთშაბათი რა იოლი იქნება ცხოვრება, ერთად რომ ვიყოთ. როგორ გწერ ამას, მე გიჟი? - ახლა ჩემი ამ დილის წერილზე, სულ მცირე, ორშაბათამდე პასუხს უნდა ველოდო. გთხოვ, გამიგე და ნუ გამიბრაზდები. ორშაბათი მილენა, რაღაც-რაღაცები არ გესმის:ჯერ ერთი, მე არც ისე ავად ვარ, ცოტას თუ გამოვიძინებდი, მერანში რომ ვიყავი, იმაზე უკეთაც ვიქნებოდი. ფილტვებით დაავადება მეტწილად გულმოწყალეა, მით უმეტეს ცხელ ზაფხულში. შემოდგომაზე როგორ ვიქნები, ეს მომავლის საკითხია. ამ წუთას მხოლოდ რამდენიმე უმნიშვნელო ჩივილი მაქვს, მაგალითად, ის, რომ ბიუროში ვეღარაფერს ვაკეთებ. როცა შენ არ გწერ, შეზლოგინში ვწევარ და ფანჯრიდან ვიყურები. საკმაოდ ბევრი რამის დანახვა შეიძლება, რადგან პირდაპირ ერთსართულიანი სახლია. იმას ვერ ვიტყვი, თითქოს გარეთ ყურება მთრგუნავს. არა, უბრალოდ გათიშული მივშტერებივარ… მეორეც, ფული არ მაკლია. საკმარისზე მეტიც მაქვს. ფული, რომლის გამოგზავნაც შენთვის მინდოდა, ისევ აქ მიდევს და გულს მიმძიმებს. მესამეც, ჩემი გამოჯანსაღებისათვის უკვე ბევრი რამ გააკეთე. ყოველ წუთს აკეთებ, როცა ჩემზე ფიქრობ (წერილის კიდეზე ეწერა: მშვიდად იყავი, რაც შემეხება მე, უკანასკნელ დღეს ისევე ველი, როგორც პირველს) მეოთხეც, ყველაფერი, რასაც ეჭვით, შეფარვით პრაღაში მგზავრობაზე ამბობ, სრულიად მართალია. ამაზე დეპეშაშიც მოგწერე. შენს ქმარზეცაა იქ ლაპარაკი, ესეც სრული ჭეშმარიტებაა. დღეს ადრიანად უცბად დამეწყო შიშები, გულის ტკივილის გამომწვევი შიშები. შენ შეგეძლო უცბად, რაღაც წვრილმანის გამო ასე დაბნეულიყავი და პრაღაში ჩამოსულიყავი. წვრილმანმა შეძლო შენი დაბნევა, შენი, ვინც ასეთი სიცოცხლითა და აზრით ხარ სავსე? ვენაში გატარებულ დღეებზე კი უფლება არ გაქვს, ეჭვი შეგეპაროს. ეს აღარ გაიმეორო. და კიდევ: ამ ორი ახალი ამბის შესახებ ახლა ვიგებ შენი წერილიდან: პირველი - ჰაიდელბერგის გეგმაზე, მეორე პარიზში გაქცევის გეგმაზე, ან ბანკზე... (მისი ქმრის გეგმა. მილენას ქმარი იყო ბანკის მოხელე, მაგრამ მთლად ბედნიერად იქ თავს ვერ გრძნობდა). აღარ ვიცი, მხსნელი ვარ თუ მოძალადე? როგორც ვხედავ, კიდევ არსებობს მომავლის გეგმები და შესაძლებლობები. მეხუთე, ეს არის შენი საშინელი თვითგვემა, რაზეც ყოველდღე მწერ. ეს არის ერთადერთი ტანჯვა, რასაც შენ მაყენებ. მომწერე იშვიათად, მე მოგწერ, თუ გინდა, ისევ და ისევ ყოველდღე თითო წერილს. მაშინ მუშაობისათვის, რაც ასეთ სიხარულს განიჭებს, მეტ სიმშვიდეს შეინარჩუნებ. სამშაბათი შევძელი, რომ ბიუროში შენი წერილისგან თავი შორს დამეჭირა, თუმცა მეტად გამიჭირდა. დიდი ძალისხმევა დამჭირდა ამისთვის. ბიუროს სამუშაოს თავს ვეღარ ვართმევდი. წერილი სტასასადმი ჯ.საგან გუშინ, შუადღისით, უკვე ჩემთან იყო. სახლიდან რომ გავდიოდი, წერილი მაგიდაზე დავინახე, შიგ რა ეწერა, არ ვიცი. ალბათ საღამოს სტასი მეტყვის. წერილზე ფიქრმა საკმაოდ უგუნებოდ დამაყენა. საღამოს გამოირკვა, რომ სასიამოვნო წერილი იყო და ორივე მშვენიერ განწყობაზე დაგვაყენა... გუშინ ვურჩიე საკუთარ თავს, ყოველდღიურად არ მომეწერა შენთვის, დღესაც ამ აზრზე ვარ. ალბათ ორივესათვის ასე აჯობებს. კიდევ ერთხელ გირჩევ და დაჟინებულად გთხოვ, მილენა, მე ნუ მომბაძავ, მომწერე ყოველდღე, თუნდაც მოკლედ. იმაზე მოკლედაც, ვიდრე დღევანდელი წერილებია, მხოლოდ ორი სტრიქონი, მხოლოდ ერთი სიტყვა, მაგრამ ეს სიტყვა საშინელი ტანჯვისას გამომადგება. ფ. ოთხშაბათი რამდენად მნიშვნელოვანია, როცა ადამიანი გაბედულია. გროსის (ვენელი ფსიქოანალიტიკოსი) თქმით, იმდენად გადახარჯული მაქვს შინაგანი ძალები, კაცმა რომ თქვას, უკვე კარგა ხანია, ცოცხალი აღარ უნდა ვიყო. მოგვიანებით რა ან როგორ იქნება, ამაზე არ ვლაპარაკობ. აშკარა მხოლოდ ერთი რამაა: მე შენგან მოშორებით, სხვაგვარად არ შემეძლო ცხოვრება. ეს შიში შეიძლება სრულიად გამართლებულადაც მიმაჩნია. იქნებ ამ შიშს მეტისმეტად ვუწევ ანგარიშს, ვიდრე მინდა. მაგრამ ასე თავისთავად, იძულების გარეშე ხდება. მე შიშით ვარ მოცული. მართალი იყავი, როცა ვენაში შიშის გამო მისაყვედურე. მაგრამ ეს მართლაც განსაკუთრებული გრძნობაა, რომლის შინაგან კანონს არ ვიცნობ. მარტო მის მსახვრალ ხელს ვგრძნობ ყელში. სწორედ ესაა საშინელება. ასეთი რამ არასოდეს განმიცდია. ისეთი შთაბეჭდილება მექმნება, თითქოს ორივე დაქორწინებულები ვიყოთ, მე ჩემს შიშზე პრაღაში, შენ შენს ქმარზე ვენაში. და მგონი, ორივე ამ ჩვენს ქორწინებას მაგრად ვებღაუჭებით. ხედავ, მილენა, მე რომ შენი გადარწმუნება შემძლებოდა, ალბათ ეგ მიუხედავად ყველაფრისა აღარ იარსებებდა. უკვე აქ, ჩემთან, პრაღაში იქნებოდი და მორჩა. ის, რითაც ამ შენს უკანასკნელ წერილში თავს იმშვიდებ, მხოლოდ და მხოლოდ ნუგეშია. შენ ასე არ ფიქრობ? შენ რომ მაშინვე პრაღაში ჩამოსულიყავი, ან, სულ მცირე, ასე მაინც გადაგეწყვიტა, არანაირი მტკიცება აღარ დაგჭირდებოდა. შენ ჩემთვის ყველაზე ნათელი, საიმედო არსება ხარ, მაგრამ თავდაჯერება არ მყოფნის, ეს მიმძაფრებს შიშსაც. ჰო,იქნებ ეს სიბრაზის გამოა, რომ სწორედ მე - მხსნელი და სხვა არავინ ასე მყარად გაკავებ ვენაში. ფ. ავდარი იყო, მაშინ ტყეში რომ არ გვასვენებდა და გვემუქრებოდა, მაგრამ ჩვენ ხომ მაინც კარგად ვგრძნობდით თავს. ავდრის მუქარის მიუხედავად, მაინც განვაგრძობდით ცხოვრებას და სხვა არაფერი გვანაღვლებდა. არ მესმის, იმ ქალბატონის წერილის საწინააღმდეგო რა გაქვს? ალბათ მას ერთადერთი მიზანი ამოძრავებს, შენ ცოტათი გაეჭვიანოს. მიაღწია კიდეც ამას. ასეა? მგონი, სხვა დროს თვითონ დავწერო ასეთი წერილები, ეს ეჭვიანობა მირჩევნია, შენს დუმილს. გთხოვ, მომწერე რამდენიმე სიტყვა შენს სამუშაოზე! გაგრძელება →…
დაამატა Kakha to ლიტერატურა at 4:16pm on დეკემბერი 1, 2018
თემა: ბიძაჩემი იონა
მ უკანასკნელი აღმართი აიარა და სარკმლიდან სანაკლიოს ფერადი სახურავები გამოჩნდა, მაჯისცემა მკვეთრად გამიხშირდა; ის თავდაღმართიც რომ ჩავათავეთ და კივილით შევედით ძველ სადგურში, რომელიც დროის დინებას ისე გაჯიუტებოდა, იოტის ოდენადაც კი არ შეცვლილიყო, გული უკვე კედლებს აწყდებოდა და გარეთ გამოვარდნას ლამობდა; ბაქანზე გამოსულმა რომ ღრმად და სენტიმენტალურად ჩავისუნთქე მძიმე, დახუთული ჰაერი (ვინც ხანგრძლივი და უსახელო წანწალის შემდეგ მცირე ხნით მაინც სწვევია მშობლიურ ფუძეს, იცის, რომ, შეგრძნებათა სუბიექტურობის გამოისობით ასეთ დროს ყველაფერს საამო სუნი ასდის), ცრემლი მალულად მოვიწმინდე და ძალდაუტანებელი პათეტიკით გავიფიქრე: „ღმერთო, რამდენი დრო გამპარვია თვალსა და ხელს შუა!“; ხოლო მოსაცდელი დარბაზიც რომ გავიარე, რომელშიაც, როგორც მომეჩვენა, სიგარეტის ნამწვი იმავე ადგილას ეყარა, სადაც წლების წინ დავტოვე, და მოედანზე გავედი, ჩემი ბავშვობის ორეულები, ფეხშიშველები და მუხლებზე შარვალგამობდღვნილები, ქალაქის ყველა კუთხიდან წამოიშალნენ, შესახვედრად გამოეშურნენ და მუშტრის თვალით დამიწყეს ცქერა, თითქოს ამოწმებდნენ, აბა ერთი, რა გამოვიდა ჩვენგანო (სულელები! რა უნდა გამოსულიყო!). გული რაღაც ძალიან დიდით და ძალიან მსუბუქით მქონდა სავსე და გადავწყვიტე, ცოტა ხანს ქალაქის ქუჩებში მეხეტიალა. ახალი ნაწვიმარი იყო. ოღრო-ჩოღრო ტროტუარებზე მოფენილი მრავალრიცხოვანი გუბურები ამომავალი მზის ოქროსფერ სხივებს ხალისიანი ბრჭყვიალით ირეკლავდა. მალე ქალაქის ცენტრს მივუახლოვდი და მივხვდი, რომ მარადიულობის შთაბეჭდილება, რომელიც სადგურის დანახვაზე დამეუფლა, მცდარი ყოფილა. მშობლიური სანაკლიო შეცვლილიყო და გვარიანადაც შეცვლილიყო: მთავარი მოედანი გადაეკეთებინათ და გაეფართოებინათ, მილიციის შენობა ეკლარის ქვით მოეპირკეთებინათ, კვიპაროსები გაზრდილიყო, სასტუმრო დამწვარიყო, მთავრობის სახლის წინ ახალი რესტორანი გაეხსნათ, ბაღი დაეგავათ, ფსიქიატრიული საავადმყოფოსთვის კიდევ ერთი კორპუსი მიემატებინათ, შორს, ქვემოთ, სადაც ადრე ტრიალი მინდორი იყო და ჩემი შორეული ბავშვობა სიქის გაცლამდე ფეთიანივით დასდევდა ბურთს, ახლა მაღალ-მაღალი შენობები აეკოკოლავებინათ და შიგ სანაკლიელი მოქალაქეები დაბუდებულიყვნენ. ამ ცვლილებების დანახვაზე ჩემი ბავშვობის ცნობისმოყვარე ორეულები, თითქოს დაფრთხნენო, უკან-უკან წავიდნენ და თვალს მიეფარნენ, მაგრამ მე მაინც ვგრძნობდი მათს სიახლოვეს, მაინც მომდიოდა მათი ოფლის სუნი. ან კი სად უნდა დაკარგულიყვნენ! ამ ქალაქში მიწის ერთი გოჯი არ იყო, ზედ რომ ჩემი ფეხის ანაბეჭდი არ დამეტოვებინა. სანაკლიო, საყვარელი სანაკლიო! აქ დარჩა ჩემი ცხოვრების ყველაზე ნათელი ხანა, ყველაზე თბილი, ყველაზე სევდიანი, ყველაზე სათუთი მოგონებები... რა დამავიწყებს, სკოლიდან რომ კოლექტიურად გავიპარებოდით და მეორე დღეს სამასწავლებლოში დირექტორი ქამრით გვცემდა!.. დირექტორს ფართო, ჯარისკაცური ქამარი ერტყა, რომელიც მოქნევისას რაღაც უცხო, კოსმიურ ხმაზე წუოდა. იმ ქამრის შეხსნას რომ დაიწყებდა, მდედრობითი სქესის მასწავლებლები პირს მიიბრუნებდნენ ხოლმე. ჰოი, რა პატარები ვიყავით მაშინ, რა გულუბრყვილოები! რა მიამიტურად გვეგონა, რომ მდედრობითი მასწავლებლები ამას ჩვენი სიბრალულით სჩადიოდნენ. ან ნაკლისწყალზე, ქვემოთ, მოფარებულში, ზარის მოთამაშე ბიჭებს რომ შემოვეხვეოდით, სულგანაბულივადევნებდით თვალს და გული გამალებით გვიძგერდა, რადგან ვიცოდით, რომ ადრე თუ გვიან ჩხუბი მოუვიდოდათ და დანებს დააძრობდნენ... ეეჰ, რა ტკბი-ლია მოგონება და რა სევდიანი!.. გახსოვთ, ჩემო პატარა ორეულებო, ამურმა რომ პირველად გვტყორცნა ისარი და შიგ ათიანში გაგვარჭო? ის ისარი ახლაც აქ გდია სადღაც. ის ბანგიც აქ არის, ის ხანმოკლე, მაგრამ სიკვდილივით ტკბილი და საშიში თავდავიწყება... სახელი აღარ მახსოვს (დროო, დროო, უხამსო და მუხანათო!), მაგრამ ნახშირივით შავი გოგო იყო, იმდენად შავი, რომ გულის მესაიდუმლეები, რომლებსაც, უთქმელობას რომ არ გავეგუდე, ჩემს ხვაშიადს ვუზიარებდი ხოლმე, ალალი ინტერესით მეკითხებოდნენ, სიბნელეში როგორ ხედავო. თქვენ რა იცოდით, ჩემო გადავიწყებულო მეგობრებო, რომ მე გულზე მესხა თვალები, გულის თვალი კი ღამე ჭოტივით იყურება... პირველად რომ ვიგრძენი იღლიებქვეშ ფრთები და სანაკლიოს თავზე ღრუბლების გვერდით დავეკიდე, მათემატიკის უჯრებიანი რვეულიდან ექვსი ფურცელი ამოვხიე და ჩახრუხაულით გაწყობილი უგრძესი ლექსი მივწერე. ისეთ ხოტბას ვახსამდი, ზღაპრულ მზეთუნახავებს სიზმრად არ მოელანდებოდათ. ბოლოში, ყველაზე უკეთ გარითმული ოთხი ტაეპით, გაუაზრებლად ვიშველიებდი რა მესამე გამორიცხულის ლოგიკურ კანონს, ასეთ ალტერნატივას ვუყენებდი: ან მომკალი და ან ჩემი ცხოვრების მარადიული თანამგზავრი გახდი-მეთქი. მე ჩემს პოეტურ ნიჭზე დიდ იმედებს ვამყარებდი და, რაც უფრო დიდ იმედებს ვამყარებდი, მით უფრო მეშინოდა შედეგის, მით უფრო ვთრთოდი და ვცახცახებდი მღელვარებისაგან. ამასობაში საუკუნეები გავიდა და მეორე დღეს, როცა იმისგან, ვისაც ჩემი ნამუშაკევი გავატანე, შევიტყე, რომ ადრესატს ლექსი ბოლომდე წაეკითხა და თვალებანთებულს აღტაცებით ეთქვა, დედა, ეს რამშვენიერი პოჩერკი ჰქონიაო, ფრთებმა ქავილი დამიწყო და თოკებს, რომლებითაც ცაში ვეკიდე, ჭრაჭაჭრუჭი აუტყდა, ხოლო მესამე დღეს, როცა წერილობითი პასუხიც მივიღე – დიდი სიამოვნებით, მაგრამ სხვისთვისა მაქვს უკვე პირობა მიცემულიო – ბუმბულები შემოდგომის ფოთლებივით დამცვივდა, გამხმარი ფრთები მომძვრა, ტომარასავით მოვადინე ძირს ზღართანი და მოვკვდი. ისე უნუგეშოდ მოვკვდი, თუ გავცოცხლდებოდი, აღარ მეგონა... ეჰეჰე! რას ემგვანებოდა ჩვენი ცხოვრება, ფესვები რომ რომანტიკულ მოგონებათა კამკამა წყაროში არ გვქონდეს ჩაციებული! მე სევდიანად გავუღიმე ჩემს წარსულს, რომელიც გულის კოვზთან საამურად მიღიტინებდა, და გავიფიქრე: „ო, რა ტკბილი ხარ, ბავშვობის ნეტარო ხანავ!“ ამის გაფიქრებაზე ბიძაჩემი იონა გამახსენდა, იმავ წამს მარცხენა ფეხი კოჭამდე ჩავტოპე მოზრდილ გუბურაში, მყისვე დამავიწყდა, რაზე გამახსენდა ბიძაჩემი იონა, რადგან კარგა ხმამაღლა შევიკურთხე და ამით შემკრთალმა სწრაფად მიმოვიხედე, რომ დავრწმუნებულიყავი, ჩემს უნებურ ბილწსიტყვაობას მოწმე არავინ წასწრებია, მერე სველი ფეხსაცმელი რამდენჯერმე მაგრად დავკარი ტროტუარს, მაგრამ წყალი ბოლომდე არ გამოიწურა და, გზა რომ განვაგრძე, საამო მოგონებებს ერთხანს ამღვრეულ ფონად გასდევდა უსიამოვნო ჭყაპაჭყუპი. საბედნიეროდ, ყური მალე შეეჩვია იმ ჭყაპაჭყუპს და, როცა მე და ჩემი ქალაქი კვლავ ჰარმონიულად შევერწყეთ ერთმანეთს, ისევ გამახსენდა, რაზე გამახსენდა ბიძაჩემი იონა... არა, დავიწყებით არც არასოდეს დამვიწყებია და, საერთოდ, ბიძაჩემი იონა ისეთი კაცი არაა, ვინმეს თავი იოლად დაავიწყოს. გამახსენდამეთქი, იმიტომ ვთქვი, რომ იმ წამს მისი სახე უჩვეულოდ მკაფიოდ დამიდგა თვალწინ. ამის მიზეზი კი ის ფრაზა იყო, რომელიც გუნებაში „ო“ შორისდებულით დავიწყე. „ო“ შორისდებულზე ბიძაჩემმა იონამ წინადადებები იცოდა. მთელს სანაკლიოში ორად ორი ადამიანი იყო, ვისაც ბიძაჩემი იონა უყვარდა: მე და დედაჩემი. თუმცა, დედაჩემი იქნებ ანგარიშში ჩასაგდები არცაა, რადგან ძმა, მით უმეტეს უმცროსი ძმა, რა ღვთის პირიდან გავარდნილიც არ უნდა იყოს, დას მაინც ქვეყანას ურჩევნია. ასეთია ძმისა და, განსაკუთრებით, დის ბედი. მე რატომ მიყვარდა, დიდხანს არ ვიცოდი. მხოლოდ გვიან, როდესაც დიდი გავიზარდე და, როგორც ნატი-ფი ირონიით ვიტყვით ხოლმე, ჭკუაში ჩავვარდი, როდესაც შუადღემდე ძილი წმიდათაწმიდა მოთხოვნილებად მექცა, როდესაც მივხვდი, რომ ისე მოვკვდები, ვერა საქმეს გულს ვერ დავუდებ, როდესაც ცოლის შერთვის შიში მკვიდრად გამიჯდა ძვალ-რბილში, როდესაც ქცევის ნორმებზე და სხვა ამდაგვარ სისულელეებზე საბოლოოდ ჩავიქნიე ხელი (რის გამოც ჩემს გამოჩენაზე საზოგადოება უსიამოვნოდ და მგონი ცოტა უხერხულადაც იშმუშნება), როდესაც გადაჭრით დავადგინე, რომ გაცი-ლებით უფრო იოლი და სასიამოვნოა, ცხოვრების მდინარეს მიენდო და მიჰყვე, ვიდრე გულში უგუნური მიზანი ამოიჭრა და ტალღებთან უაზრო ჭიდილში ჟამიდან ჟამზე ჭუჭყიანი წყალი ყლაპო, როდესაც ყოველივე ეს ნათელი შეიქნა, აი, მაშინ მივხვდი, რომ მე და ბიძაჩემი იონა სულით უფრო მკვიდრი და ახლო ნათესავები ვიყავით, ვიდრე სისხლით, და რომ დედაჩემმა თვითონ არ იცოდა, რომ, როცა ჩემს წყევლას შინაარსიანს, ნათელს, კომპოზიციურად სანიმუშოდ შეკრულსა და მკაფიო, გამჭვირვალე შინაგან რიტმზე დამყარებულს, ტრადიციული ფორმულით დაასრულებდა – მოუკვდი, შვილო, დედაშენს, აგერ ნახავს შენი დასავსები თვალები, თუ ყველა სიგლახეში მაგ შენს უსაქმურ და უსაქციელო ბიძას არ გამოემგვანებიო – მისი ბაგეებით თავად ჭეშმარიტება ღაღადებდა. ოღონდ აქ ისიც უნდა შევნიშნო, რომ ზოგჯერ, როცა მამაჩემსაც წასძლევდა სული და ხსენებულ ფორმულას მიმართავდა (თუნდაც გაუბედავად და შერბილებული სახით), დედა მყისვე კლდესავით დადგებოდა თავისი მართლაც რომ უსაქმური და უსაქციელო ძმის დასაცავად. მამაჩემი, თავად მუდამ საქმიანი, უსაქმურობას ვერ იტანდა, ხოლო რაკი ბიძაჩემი იონა ჩვენთან ცხოვრობდა, ერთთავად იმის ცდაში იყო, როგორმე ცოლი შეერთვევინებინა. ეგონა, ამ გზით პრობლემას ერთ-ხელ და სამუდამოდ გადაჭრიდა, რადგან მისი წესიერების პატრონს ვერ წარმოედგინა, რომ ბიძაჩემ იონას შეეძლო ცოლიც ჩვენთან მოეყვანა. ერთით კი მაინც განვსხვავდებოდით მე და ბიძაჩემი: ის განათლებული იყო. სად და როდის განათლდა, არ ვიცი. მე, პირადად, ისეთ პოზაში არასოდეს მინახავს, რომელიც განათლების მისაღებად მოხერხებული იყოს. მართალია, რვა თუ ცხრა წელი უნივერსიტეტში ისწავლა და მგონიდამთავრებულიც კი ჰქონდა (დაბეჯითებით ძნელია ასეთი რამის მტკი-ცება), მაგრამ ჯერ ერთი, შვიდი წელი მეც გამიტარებია მაგ უნივერსიტეტში და არაფერი დამტყობია, და მეორეც, თქვენ თუ სადმე გინახავთ კაცი, უნივერსიტეტში განათლება შეეძინოს, მიჩვენეთ და მადლობელი დაგრჩებით. არადა, აშკარად განათლებული იყო. ეტყობა, რაღაც გაუგებრობა მოხდა. ჩემი ვარაუდით, ადრე, სანამ მე დავიბადებოდი, წიგნების ღრღნით იყო გატაცებული და, როცა ყველა წიგნი დაღრღნა და აბრეშუ-მის ჭიასავით ირგვლივ პარკად შემოიკრა, მერეღა გახდა პეპელა. რა თქმა უნდა, ეს სერიოზული ნაკლი იყო და ამ ნაკლსთვითონაც განიცდიდა. ან კი როგორ არ განეცადა, როცა ამის გამო იძულებული იყო დროდადრო ისეთ სამსახურში შეერგო თავი, სადაც ჰალსტუხი პიონერივით მუდამ ჯიბეში უნდა სდებოდა, რადგან კაცმა არ იცოდა, რა წუთს მოსთხოვდნენ მის შებმას. მართალია, ამგვარი ტანჯვა დიდხანს არ გრძელდებოდა ხოლმე, რამდენიმე თვეში ან თავისით წამოვიდოდა, ან სხვა გამოაგდებდა, მაგრამ იმ დაკარგულ რამდენიმე თვეს ხომ აღარაფერი ეშველებოდა და კაცს რა იმოდენა სიცოცხლე აქვს მონიჭებული ღვთისგან, რომ ასე უთავბოლოდ ფანტოს თვეები და წლები! გარდა ამისა, ამ უაზრო განათლების გამოისობით, შინაც არ ჰქონდა მოსვენება: დედაჩემი აიძულებდა, გაკვეთილების მომზადებაში დამხმარებოდა. დახმარება კი, ღვთის წინაშე, მართლა მჭირდებოდა. მოგეხსენებათ, არიან მოწაფეები, რომლებიც ერთ-ორ საგანს ამოიჩემებენ, დანარჩენზე კი ხელი აქვთ ჩაქნეული. მე, ჩემდა საბედნიეროდ, არასოდეს არაფერი ამომიჩემებია, ამიტომ ყველა საგანზე ჩაქნეული მქონდა ხელი და სკოლაში ისე ვგრძნობდი თავს, როგორც გემიდან გადავარდნილი მეზღვაური, რომელმაც ცურვა არ იცის. ბიძაჩემს მშვენივრად ესმოდა, რომ ვინმესთვის რაიმეს სწავლება, მეტი რომ არა ვთქვათ, უზრდელობაა, მაგრამ დის შიშით ვერაფერს ამბობდა. ეს ყბადაღებული „დახმარება“ დედაჩემს, როგორც საერთოდ დედების წესია, გაუცნობიერებლად ჰქონდა აკვიატებული, თორემ არ ყოფილა არც ერთი შემთხვევა, ბიძაჩემის დახმარებას რაიმე სასიკეთო ნაყოფი გამოეღოს. „ო“ შორისდებულის ამბავიც, ეჭვი არაა, კატასტროფით დამთავრდებოდა, იმ დროს რომ დედაჩემი არ შემოგვსწრებოდა... მახსოვს, თითო შორისდებულზე ორ-ორი წინადადება მქონდა დასაწერი. იმ გარდაუვალმა ჟამმა რომ დაჰკრა, როცა გადადება უკვე შეუძლებელი იყო, მაგიდას მივუჯექი და რიტმული ხვნეშა დავიწყე. ბიძაჩემი იონა ტახტზე იწვა და გუნებაში სამყაროს იდეალურ მოდელს -ქმნიდა. დედაჩემი სამზარეულოში ტრიალებდა და, ჩვეულებისამებრ, რაღაც ფანტასტიკურ სადილს გვიმზადებდა. ჩემი ბეჯითი და-ძმები დიდი ხანია მორჩნენ გაკვეთილების სწავლას და, როგორც დედაჩემი იტყოდა ხოლმე (ჩემი მისამართით), „სადღაც დაჩერჩეტობდნენ“. ბევრი ვიხვნეშე თუ ცოტა, „ო“-ს რომ მივადექი და ვიგრძენი, ფანტაზია უკანასკნელ ძახილის ნიშნამდე იყო ამოწურული, ბიძაჩემს შევეხმიანე: – ბიძია იო! – მმმ... – „ო“-ზე მითხარი რა წინადადება! – ორჯერ ორი ოთხია. – არა, არა. – აბა, შენი ვარაუდით, რამდენია? – უბრალო „ო“-ზე არ მინდა, „ო“ შორისდებულზე მინდა. – ოო! – მოწონებით თქვა ბიძაჩემმა – რამდენი წინადადება გინდა? – ორი. ბიძაჩემმა იონამ მძლავრად გაიზმორა, ხანგრძლივად და გადამდებად დაამთქნარა და თქვა: – ო, რა ტკბილი ხარ, სამშობლოს მიწავ! მე სამშობლოს მიწა ფხაჭაფხუჭით ჩავწერე და ვუთხარი: – მეორე? ბიძაჩემმა კიდევ უფრო ხანგრძლივად და კიდევ უფრო გადამდებად დაამთქნარა და თქვა: – ო, შე გათახსირებულო! – ო, შე მართლა გათახსირებულო და ზნედაცემულო! – მოისმა პასუხად დედაჩემის ხმა და იმავ წამს გამოჩნდა კიდეც კარის ზღურბლზე. ბიძაჩემი იონა ელვის სისწრაფით წამოხტა, ფეხები ფოსტლებში წაჰყო და პარტყაპურტყით გაიქცა. დედაჩემი არ დადევნებია, მხოლოდ წყევლა დაადევნა: – გაგიწყრეს, ძამიკო, მამაზეციერი, მიეწიე ბაბუაჩემ ინდიკოს და ჩაგაწვინე ადრე და მალე სანაკლიოს შავ მიწაში! რას ასწავლი მაგ უდღეურს, რომ ასწავლი! მაგის ჭკუის პატრონს მეტი კი არ უნდა, მართლა მასე დაწერს და ხომ გადაახია რვეული თავზე იმ ცოფიანმა პოლიევქტმა, ის კი მოუკვდეს მის გლახა ცოლ-შვილს! ერთი სიტყვით, იმ დღეს გადავრჩით მეც და ჩემი ცოფიანი პოლივექტიც. მე მეორე წინადადების დაწერას გადავრჩი, ის კი რვეულის დახევას, რაც მისი ასაკის კაცისთვის დიდი ფიზიკური დატვირთვა იყო, მით უფრო, რომ სიჯიუტისა თუ მიუხვედრელობის გამო, რვეულს ყოველთვის დახურავდა ხოლმე და ასე ერთიანად ხევდა, და თუმცა, პირს რომ გადაუხსნიდა, მერე შედარებით იოლად მიუდიოდა საქმე, სანამ პირს გადაუხსნიდა, დიდხანს ცოდვილობდა მარტვილის სახით. მაგრამ თავზე გადახევის ცერემონიალი ბოლოს მაინც შედგა. შედგა სხვა გარემოებათა გამო და შედგა ორი წლის შემდეგ, როცა მოხუცი პოლიევქტი კიდევ უფრო მოტეხილი იყო და კიდევ მეტად უჭირდა რვეულთან ჭიდილი... პოლიევქტმა თხზულება მოგვცა დასაწერად: „ჩემი სანაკლიო“. რაკი მშვენივრად ვიცოდი, რომ ასეთი თხზულების დამწერი არ ვიყავი, თავის დაძვრენის მიზნით სახლში აღშფოთებული თავმოყვარეობის მტკი-ცე კილოთი გამოვაცხადე, სანაკლიო არ მიყვარს და ამ თხზულებას არ დავწერ-მეთქი. მეგონა, პრინციპს დამიფასებდნენ და მომეშვებოდნენ. მაგრამ დედაჩემი მარტო თავის პრინციპებს ცნობდა და ბიძაჩემს უბრძანა, შენი დღე და მოსწრება რომ უქმად დაყიალობ, შენზე კი ჩაიცვას შენმა დამ შავები, მიეხმარე პატარა ამ დასამიწებელს და დააწერინე ის ოხერი თხზულებაო. არ ვიცი, უბრალოდ გარემოებანი დაემთხვნენ ასე თუ ბიძაჩემმა იონამ, „ო“ შორისდებულზე შიშნაჭამმა, განგებ შეარჩია ისეთი დრო, როცა დედაჩემი შინ არ იყო, ერთ საღამოს დამსვა მაგიდასთან, თვითონ ხელები ზურგსუკან დაიწყო, დინჯად მოჰყვა ბოლთის ცემას და მთელი თხზულება, თავიდან ბოლომდე, თავისი წერტილ-მძიმეებით, შეუფერხებლად მიკარნახა: „ჩემი სანაკლიო“ (თხზულება) ჩემი ტურფა და წალკოტოვანი ქალაქი უხსოვარი დროიდან ყოფილა დასახლებული. თანამედროვე სანაკლიოს მიდამოებში მიკვლეული უძველესი ჩონჩხი, რომელსაც მკვეთრად ეტყობა როგორც ადამიანის, ასევე მაიმუნის დამახასიათებელი ნიშნები, ეჭვმიუტანლად ამტკიცებს, რომ სანაკლიო განეკუთვნება მსოფლიოს იმ მნიშვნელოვანი რაიონების რიცხვს, სადაც ერთ დროს ადამიანად ჩამოყალიბების პროცესი მიმდინარეობდა. არქეოლოგიური და ანთროპოლოგიური ძიება დღესაც წარმატებით გრძელდება და მეცნიერებს იმედი აქვთ, რომ სანაკლიოში გაცილებით მეტ ადამიანისმაგვარ მაიმუნს წააწყდებიან, ვიდრე მსოფლიოს რომელიმე სხვა რეგიონში. იმ შორეული ეპოქიდან მოყოლებული სანაკლიოს ტერიტორიაზე სისხლსავსე და მჩქეფარე ცხოვრება არასოდეს შეწყვეტილა. ბერძენი ისტორიკოსების ცნობით, ანტიკურ ხანაში აქ მდგარა კარგად გამაგრებული და პრაქტიკულად მიუდგომელი ციხე, სადაც იმდროინდელი სანაკლიელები გაჭირვების ჟამს თავს აფარებდნენ. სამწუხაროდ, იმ ციხის არავითარი კვალი არ შემორჩენილა. მართალია, სანაკლიოში დღესაც დგას ციხე და დღესაც არა ერთი და ორი სანაკლიელი აფარებს იქ თავს, მაგრამ ეს ციხე მატერიალური კულტურის შედარებით გვიანდელი ძეგლია. ამჟამად უკვე დასაბუთებულად ითვლება, რომ სახელი „სანაკლიო“ წარმოდგება სიტყვისაგან „ნაკელი“ (ამ მოსაზრების სასარგებლოდ, კერძოდ, მეტყველებს ის ფაქტი, რომ სანაკლიო დღესაც განთქმულია სასუქეულით), თუმცა მეცნიერთა ერთი ნაწილი კვლავაც ფიქრობს,თითქოს სანაკლიოს სახელი მომდინარეობდეს სიტყვა „ნაკლიდან“. ამ ჰიპოთეზას უმთავრესად ემხრობა ბურჟუაზიული მეცნიერება, რომელიც, როგორც საყოველთაოდ ცნობილია, მუდამ იმას ცდილობს, ნაკლი გამოგვიჩხრიკოს, ჩვენს სახელოვან წარმატებებს კი განზრახ არიდებს თვალს. როგორც ითქვა, სანაკლიო განთქმულია სასუქეულით, რაც შემოსავლის ძირითად წყაროსა და მეზობელ ქალაქებსა და რაიონებში ექსპორტის მთავარ საგანს შეადგენს. სტატისტიკური მონაცემებით ამჟამად სანაკლიოში ერთ სულ მოსახლეზე წელიწადში ას ოცი ტონა სასუქი მოდის, რაც გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით ხუთი პროცენტით მეტია. სანაკლიო დიდი და ბარაქიანი რაიონის ცენტრია. აქ უმთავრესად სოფლის მეურნეობას მისდევენ. გაბატონებული მდგომარეობა უჭირავს კარტოფილის კულტურას. კარტოფილი, რომლის წარმოებამ წარმატებით შეცვალა წინათ ამ მხარეში მეურნეობის ფართოდ გავრცელებული ისეთი მძიმე და შრომატევადი სახეობები, როგორიცაა მევენახეობა, მეხილეობა, მესაქონლეობა, მეთამბაქოობა და სხვა., გაცილებით უფრო რენტაბელურია და შეიცავს თითქმის ყოველგვარ ვიტამინს. უკანასკნელ ხანებში კარტოფილმა სულიერი კულტურის სფეროშიც შეაღწია და იქაც დიდი პოპულარობა მოიპოვა. მაგ., თუ ადრე საესტრადო კონცერტებზე ლაყე კვერცხებითა და დამპალი პამიდვრით დაცხრილული მომღერალი მაყურებლის ჯინაზე მაინც შეუპოვრად განაგრძობდა სიმღერას, კარტოფილის დიდი კუთრი წონის მეოხებით ამგვარი სურათი ამჟამად უკვე ისტორიის კუთვნილება გახდა, რადგან ეფექტურად ნატყორცნი კარტოფილი სრულ გარანტიას იძლევა, რომ მომღერალი იმ საღამოს (ცალკეულ შემთხვევებში სამუდამოდაც) სცენაზე ვეღარ გამოვა. გარდა ამისა, კონცერტის დასასრულს მადლიერ მაყურებელს შეუძლია დახარჯული კარტოფილი ისევ აკრიფოს, რადგან ეს იშვიათი კულტურა დიდხანს ინარჩუნებს თავის თვისებებს და შესაძლებელია მისი მრავალჯერადი გამოყენება. თანამედროვე სანაკლიო ეკონომიკურად მძლავრად განვითარებული, მაღალი კულტურისა და სანიმუშო დისციპლინის ქალაქია. დღეს აქ ცხოვრება დუღს და გადმოდის. რაც გადმოდის, სპეციალური მილებით ნაკლისწყალში ჩაედინება და იქიდან შავი ზღვისა და ხმელთაშუა ზღვის აუზის გავლით მსოფლიო ოკეანეს უერთდება. რაც რჩება, ის ჩვენია, სანაკლიელების. ჩინებული გეოგრაფიული მდებარეობის, ბუნებრივი სიმდიდრის, გაცხოველებული აღებ-მიცემობისა და კიდევ მრავალი სხვა სიკეთის წყალობით (როგორიცაა მაგ., ხელმძღვანელი მუშაკები) სანაკლიელები ტკბილად და ბედნიერად ცხოვრობენ, დარდი არაფრისა აქვთ, დღე მშვიდად და უშფოთველად თვლემენ და ღამეც ასევე მშვიდად და უშფოთველად სძინავთ. სანკლიელები თავიანთ ქალაქს სიყვარულით ხშირად სამოთხეს ადარებენ და არცთუ უსაფუძვლოდ. მართლაცდა, აქ ისინი თავიანთ განსვენებულ თანამოძმეებზე ნაკლებად როდი გრძნობენ თავს! სანაკლიელები წყნარი, მშვიდობიანი, თვინიერი ხალხია, იციან მტრისა და მოყვრის პატივისცემა და განსაკუთრებული მიდრეკილება აქვთ ზეიმისაკენ. ან კი რა სჯობს სანაკლიურ ზეიმს ნაყოფიერი შრომის შემდეგ! სანაკლიელები ყველაფერს ზეიმობენ, ყველა დღესასწაულს ხალისიანი ცეკვა-თამაშით ხვდებიან (დღესასწაულებს კი ძებნა არ სჭირდება, რადგან აქ ყოველი ცისმარე დღე სასწაულია). ამ დროს რომ ვერტმფრენიდან გადმოიხედო, სულში ნათელი ჩაგიდგებათ იმის დანახვაზე, რომ მთელი ქალაქი ფეხის წვერებზე დგას. დღეს სანაკლიოში ოთხმოცდათვრამეტ ათასამდე სანაკლიელი ბინადრობს. სულ მალე ქალაქის ცხოვრებაში დადგება ყველაზე ამაღელვებელი წუთი: სანაკლიო ჩვეული ზარ-ზეიმით შეეგებება თავისი მეასიათასე მოქალაქის დაბადებას. ასეთია ჩემი მშობლიური სანაკლიო და მე დიაღაც ვამაყობ, რომ სანაკლიელი ვარ“. თხზულება შაბათ დილით მივიტანე სკოლაში, ხოლო ორშაბათ დილით პოლიევქტმა იგი თავზე გადამახია. გადახევის წინ პატარა შესავალი სიტყვა წარმოთქვა. საკლასო ოთახში შემოსულმა ერთი კი მწყრალად გადმოგვიგდო, დასხედითო (რაც წმინდა წყლის ფორმალობა იყო, რადგან ზეზე არავინ იდგა), მერე რვეულები მაგიდაზე დააწყო, დაეჭვებით მოგვავლო თვალი, მზერა ჩემზე შეაჩერა, ცოტა ხანს მიცქირა და მითხრა: – ადექი ზევით! მე, ყოველი შემთხვევისათვის, ისეთ სახე მივიღე, ვითომ ბრძანება სხვას ეხებოდა, და სავარაუდო ადრესატის მოსაძებნად ცნობისმოყვარედ მიმოვიხედე, მაგრამ პოლიევქტმა რომ მკვახედ მითხრა, აცა-ბაცა ნუ გაგირბის თვალები, ვითამ არ იცი, შენ რომ გეუბნებიანო, ზანტად წამოვდექი. მაშინ პოლიევქტმა ჩემი რვეული აიღო, ისე დაიჭირა ორივე ხელით, როგორც მიცვალებულის სურათი უჭირავთ ხოლმე პროცესიაზე, და მკითხა: – შენ დაწერე, ბიჭო, ეს თხზულება? – კი, მასწ. – მივუგე მე და შექების მოლოდინში მორიდებულად გავიღიმე. პოლიევქტმა არ დამიჯერა. – შენი მოსაცვლელი კბილი, ბიძიკო, – შეცდომით თქვა მან, – პოლიევქტ წოწორიას კაი ხანია მოტყუებული აქ. მარა, ვინცხამ ეს დაგაწერია, მასხრად ასაგდები სახლში ეყოლება. სად გინახავს, ბიჭო, შენ კარტოფილი სულიერ სფეროში, აა? ან არქეოლოგი სად გინახავს სანაკლიოში, აა? – აქ ერთი მწარე სინანულით გადაიქნია თავი და მეოცნებე გამომეტყველებით დაუმატა, – რატო ი დრო არაა, ქე რო იყო! იცოცხლე-თქვა, მითხარი, ამის დამწერს კი უკრავდენ თავს ვირის აბანოში, რავარც ბარე ორიზა უქნიათ, მამაჩემ პოლიევქტსა აქ ცხონება!.. ამის შემდეგ გადახევის რიტუალს შეუდგა. რვეულს ორივე ხელი მოუჭირა და, რაც ძალი და ღონე ჰქონდა, გასწია და გამოსწია. სახე დაეძაბადა თვალები ოდნავ გადმოეკარკლა. კლასში სამარისებური დუმილი იდგა. ყველანი სულგანაბული მივჩერებოდით. პოლიევქტს დიდი ხანი იყო არაფერი დაეხია და გულით გვაინტერესებდა, შენარჩუნებული ჰქონდა თუ არა სპორტული ფორმა. ცოტა ხნის შემდეგ პოლიევქტმა შეისვენა, ხელები მოადუნა, თან, ყოველი შემთხვევისათვის, მრისხანედ და გამაფრთხილებლად მოგვაჩერდა. მერე, რა დაისვენა, ისევ საქმეს შეუდგა. მეოთხე ცდაზე, როგორც იქნა, პირი გადაუხსნა (აქამდე ორ ცდაზე მეტი არასოდეს დასჭირვებია) და ყველამ, იმანაც და ჩვენც, შვებით ამოვისუნთქეთ. რაკი ერთი პირი გადაუხსნა, გახია, კიდევ გახია, კიდევ გახია, მომიახლოვდა, ორივე ხელით შემომაყარა სახეში, როგორც აღტაცებული მაყურებეილ შეაყრის ყვავილებს ვალმოხდილ მსახიობს, და მითხრა: – ხვალ თუ მშობელი არ მოგიყვანია, სკოლაში მოსული არ გნახო! მე დედაჩემის მიყვანა ვამჯობინე. თან ბიძაჩემ იონას წინდახედულად ვაცნობე თხზულების ბედი. ბიძაჩემმა ვითარება სწორად შეაფასა, უთანასწორო ბრძოლას თავი აარიდა და სკოლიდან მობრუნებულ დედაჩემს, პოლიევქტგამოვლილსა და გაალმასებულს, შინ არ დახვდა. შაბათ საღამომდე უგზო-უკვლოდ იყო დაკარგული. ბიძაჩემის არყოფნაში წყევლის აქცენტმა მთლიანად ჩემზე გადმოინაცვლა, ვინაიდან მამაჩემი და ჩემი და-ძმები საამისო საბაბს არ იძლეოდნენ. გარდა ამისა, ბიძაჩემის გაქრობით შეშფოთებულმა დედაჩემმა მამაჩემი აამოძრავა, ქალაქის ხელისუფლებს ენერგიულად შეუტია, სანაკლიოს მთელი მილიცია თავის სახალხო რაზმებიანად ფეხზე დააყენა, წვრილ-წვრილ გუნდებად დაჰყო და ხევ-ხუვები და სხვა საეჭვო ადგილები პირწმინდად მოაჩხრეკინა. ბიძაჩემი შაბათ საღამოს დაბრუნდა. დაბრუნდა ცოცხალი და საღსალამათი. ისეთი იყო, ვარდივით ღუოდა და ენას პირში ვერ აბრუნებდა. ბოლოს, როცა მეტყველების უნარი ნაწილობრივ დაუბრუნდა, მორცხვად გამოგვიტყდა, რაც აქედან წავედი, არ გამოვფხიზლებულვარო. მამაჩემი კუშტი სახით შევიდა თავის ოთახში და კარი ჯახუნით მიიკეტა,დედაჩემმა კი იმ ღამეს ერთი თავისი საუკეთესო წყევლათაგანი წარმოთქვა, ამაღლებული და შთაგონებული. მე და ბიძაჩემი პირდაღებული ვუსმენდით და ვცდილობდით არც ერთი სიტყვა არ გამოგვპაროდა. მე ჩემს უსაქმურსა და უსაქციელო ბიძას ბრმად შევხაროდი და დიდ-ხანს ვერ ვატყობდი, რა ხიბლი ჰქონდა ასეთი, რომ, როცა კი შეყვარებული არ ვიყავი, სხვასთან ყოფნას ყოველთვის მასთან ყოფნა მერჩია. მერე და მერე, როცა წამოვიზარდე, მივხვდი. მივხვდი, რომ იგი რაღაც ძალიან იოლად და არხეინად ცხოვრობდა, არაფერი აწუხებდა და თავს არაფერზე იტკიებდა. ირგვლივ დიდი და პატარა ყველა საგონებელს მისცემოდა, ყველა რაღაცას ჩიოდა, ყველა რაღაცაზე წუწუნებდა, ყველა რაღაცას წყვეტდა და არკვევდა. ბიძაჩემ იონას ყველაფერი გარკვეული და გადაწყვეტილი ჰქონდა. ერთხელ, გრძნობათმოზღვავების ჟამს, როდესაც სულში ბოჩოლა დაკუნტრუშობდა და ლაპარაკის საღერღელი უშნოდ მქონდა აშლილი, ეს ჩემი ბრძნული, მაგრამ დაუწმენდავი შთაბეჭდილება მამაჩემს გავუზიარე. მამაჩემმა დამიდასტურა. ოღონდ ამ დასტურს მცირე კომენტარიც მოაყოლა: სხვის ხარჯზე ყველა იოლად და არხეინად ცხოვრობსო, მითხრა. მამაჩემმა ისეთი ლაპარაკი იცოდა, რომ, სანამ გიყურებდა, მის ნათქვამში ეჭვს ვერ შეიტანდი. მეც დავიჯერე და ჩემი სანიმუშო დაკვირვება, ცოტა არ იყოს, გამიუფასურდა. მხოლოდ კარგა გვიან, მართლა რომ გავიზარდე, მივხვდი, რომ ხარჯში არ იყო საქმე. ბიძაჩემ იონასთვის არავითარი მნიშვნელობა არ ჰქონდა, სხვის ხარჯზე იცხოვრებდა თუ სხვას აცხოვრებდა თავის ხარჯზე, რადგან „ხარჯი“ ისეთივე ლიტონ სიტყვად მიაჩნდა, როგორც „მოვალეობა“, „ოჯახი“, „ზნეობა“ და მრავალი სხვა, რომელთა გამო უბედურმა ჰომოსაპიენსმა ასე აიწეწა და გაიმწარა ცხოვრება. რაკი ბედმა მამაჩემის სახლში მოიყვანა, მამაჩემის სახლში მოვიდა, ხვალ თუ სხვაგან წაიყვანდა, სხვაგან წავიდოდა და მიზეზების ჩხრეკას არ მოჰყვებოდა. პრობლემები არ აწუხებდა და ამით იყო ბედნიერი. პრობლემებს თავს არიდებდამეთქი, ვერ ვიტყვი. პირიქით, უფრო მართებული ალბათ იმის თქმა იქნება, რომ პრობლემები თვითონ არიდებდნენ თავს. პრობლემებს, საკუთარი წონისა და მნიშვნელობის ღრმა შეგნებით გატიკნილებს, შიში ჰქონდათ, რომ, როგორც კი ბიჩაძემ იოანას ხელში მოხვდებოდნენ, მყისვე სამარცხვინოდ დაიჩუტებოდნენ და წყალწყალა და სასაცილო შეიქნებოდნენ. იმიტომ, რომ ბიძაჩემი იონა ზღაპრის ბიჭს ჰგავდა, რომელსაც მთელი თავისი ავლადიდება პატარა ბოღჩაში გამოუკრავს, მხარზე გადაუდვია და არხეინად და ალალბედზე, ღიღინ-ღიღინით დასდგომია გზას. მაგრამ ვინ არ იცის, რომ ზღაპრის ბიჭს, რაკი ერთი გზას დაადგება, ადრე თუ გვიან, სურავანდივით შეეყრება თავისი საეჭვო ბედნიერება. ბევრიც რომ ისხმარტალოს, ბოლოს მაინც მზეთუნახავი უნდა შეირთოს და ტახტზე დაჯდეს. იმიტომ, რომ ბედისწერა განაგებს ყოველივეს, ბედისწერას საბელით ვყავართ გამობმული და ყველას ყველაფერი შუბლზე გვაწერია. მადლი უფალს, კითხვა არ ვიცით და უცხო მოლოდინის გრძნობა, ეს ერთადერთი პეწი და საყრდენი, მაინცა აქვს შემორჩენილი ჩვენს ცხოვრებას, თორემ, დღესვე რომ გავიგოთ, ხვალ რას ჩავიდენთ, მგონი მე და ბიძაჩემმაც კი ვეღარ შევინარჩუნოთ სიცოცხლის ხალისი. დიახ, ბედისწერა ულმობლად მიგვერეკება მზეთუნახავებისაკენ. როდესაც სანაკლიოს თავზე დატრიალებული ქარბორბალა ჩადგა, რომლის დამანგრეველი ზემოქმედების შედეგად დედაჩემი მრავალი წლის განმავლობაში ისეთი იყო, დანა პირს არ უხსნიდა, ხოლო მამაჩემი მრავალი წლის განმავლობაში დედაჩემის დასანახავად ისეთ სახეს იღებდა, ვითომ დანა პირს არ უხსნიდა, მე და ბიძაჩემმა იონამ დინჯად გავაანალიზეთ ყველაფერი და დავადგინეთ, რომ ბედისწერის მზაკვარი ხელი ჯერ კიდევ დიდი ხნის წინ გამოჩენილა, კერძოდ, იმ ავადსახსენებელი თხზულების ბოლოსწინა აბზაცში, სადაც ლაპარაკი იყო სანაკლიოს მეასიათასე მოქალაქის საზეიმო დაბადებაზე. მე ვამტკიცებდი, რომ ბიძაჩემმა იონამ თავისი ბედისწერა თვითონვე გააღვიძა. ბიძაჩემი იონა ჩემს მოსაზრებას არ იზიარებდა. შენ ჯერ ახალგაზრდა ხარ და არ იცი, რომ, რასაც არ სძინავს, იმას გაღვიძება არ ესაჭიროებაო, მეუბნებოდა, მე ჩემი ბედისწერა კი არ გავაღვიძე, უბრალოდ, პროვოკაციულად გამოვიწვიე და ვაიძულე გამოჩენილიყო, მაგრამ, სამწუხაროდ, უქმად გავისარჯე, ვინაიდან, გამოჩენით კი თუმცა გამოვაჩინე, დანახვით ვერ დავინახეო. შეიძლება მართლა ასე იყო, ყოველ შემთხვევაში, ამგვარი რამეები ჩემზე უკეთ ბიძაჩემმა იცოდა. მე იმ წელიწადს სკოლას ვამთავრებდი, ხოლო ჩემი თხზულების მესამე მოწმეს, საწყალ პოლიევქტს, მის წილად დასახევი ყველა რვეული უკვე დახეული ჰქონდა და, ამქვეყნიური სამოთხიდან იმქვეყნიურ სამოთხეში გადაბარგებული, უშფოთველად განისვენებდა სანაკლიოს ტურფა სასაფლაოზე. ყველაფერი დაიწყო იმით, რომ შემოდგომის ერთ წყნარ, ცოტა ნაღვლიან საღამოს ტელეფონმა დარეკა. მამაჩემმა, რომელსაც სანაკლიოს ორივე გაზეთი ედო წინ და მეთაურ სტატიებს ყურადღებით ადარებდა ერთმანეთს, ყურმილი აიღო და თქვა: – გისმენთ! ყურმილში ქალის ხმა გაისმა. ნელი, საამო და მოღუღუნე: – იონა კამკამიძე მინდა, თუ შეიძლება. მამაჩემს, ეტყობა, შეეშინდა, რომ ქალი შეიძლებოდა თავის ხმას მავთულში შემოჰყოლოდა და ყურმილიდან გამომძვრალიყო. ამიტომ ცივად მიუგო: – არ არის, ბატონო, სახლში იონა კამკამიძე! – ამ სიტყვებით ყურმილი უკმაყოფილოდ დააგდო და ტუჩების მოძრაობაზე შეეტყო, რომ ერთი იმ სიტყვათაგანი წარმოთქვა, რომელთა წარმოთქმას მე, მაგალითად, სასტიკად მიკრძალავდნენ. იმავ წუთს ტელეფონმა ხელახლა დარეკა. მამაჩემმა კვლავ აიღო ყურმილი. ყურმილში კვლავ გაისმა იგივე მოღუღუნე ხმა. მამაჩემმა ის იყო კვლავ დაიწყო, მე მგონია გარკვევით გითხარითო, რომ მოღუღუნე ხმაში უეცრად რაღაც უცხო და მკვეთრი კილო შეიჭრა. – მოითმინეთ, ამხანაგო! – ისე თქვა ხმამ იმ უცხო და მკვეთრი კილოთი, რომ მამაჩემს ცალი წარბი მაღლა გაექცა და ყურმილი დადების ნაცვლად კიდევ უფრო მიიჭირა ყურზე. მაშინ ხმამ ისევ რბილად, საამოდ განაგრძო, – კაციაგოგიას მდივანი გელაპარაკებათ. გადაეცით ბატონ იონა კამკამიძეს, რომ ხვალ ორ საათზე ჩვენთან უნდა მობრძანდეს, ბატონ კაციას თათბირი აქვს და ბატონ იონას სთხოვს, უეჭველად დაესწროს. ბატონი კაცია სთხოვს ბატონ იონას! მამაჩემმა ყურმილი აკანკალებული ხელით დადო და პირჯვარი გადაიწერა, რასაც თავისი თანამდებობრივი და საზოგადოებრივი მდგომარეობის გამო თითქმის არასოდეს სჩადიოდა. კაცია გოგია მთლად სანაკლიოს უფროსი იყო და, თუმცა მე დიდხანს არ ვიცოდი, რომელი იყო სახელი და რომელი გვარი, ეს ჩემი უცოდინარობა სრულებით არ უშლიდა ხელს ქალაქის მართვაში. ბიძაჩემი იონა ნაშუაღამევს მოვიდა. მეგობრებში პოკერი ეთამაშა და სამოცდათექვსმეტი მანეთი წაეგო. მამაჩემმა რომ ახალი ამბავი აცნობა, გაკვირვებით მაინცდამაინც არ გაკვირვებია, ესა თქვამხოლოდ, ცოტა გვიან დაენიშნა ოჯახაშენებულს, მაგას მე ტოროლა ხომ არ ვგონივარო. მეორე დღეს, ბიძაჩემი იონა რომ თათბირიდან დაბრუნდა, უფრო დაწვრილებით შევიტყეთ ყოველივე. შეკითხვებს აძლევდა მამაჩემი, მაგრამ ეს შეკითხვები ძალიან შორს წაგვიყვანს, ვინაიდან მამაჩემს ისეთი წვრილმანები აინტერესებდა, რომლებიც, ჩემი აზრით, არავითარი ყურადღების ღირსი არ არის, მოკლედ კი საქმე ასე ყოფილა: თათბირი ეხებოდა საზეიმო სამზადისს, ხოლო ზეიმი ეძღვნებოდა სანაკლიოს მეასიათასე მოქალაქის მომავალ დაბადებას, რაც ყველა ნიშნის მიხედვით მალე უნდა მომხდარიყო, და საიუბილეო კომისიის მდივნად – ბოლომდე დაუდგენელი დარჩა, რომელი გენიოსის წინადადებითა და ინიციატივით – დაუნიშნავთ ბიძაჩემი იონა. მამაჩემს თავი ისე ეჭირა, ვითომ არაფერი. დასაწყისში ყველას ერთსულოვნად მიგვაჩნდა, რომ ბიძაჩემი იონასთვის ასეთი საქმის მინდობა, მეტი რომ არა ვთქვათ, შეცდომა იყო. თუ ვინმეს რაიმე კომისიასთან საქმე ჰქონია, ეცოდინება, რომ მდივანი ის კაცია, ვინც მთელი კომისიის მაგივრად უნდა იმუშაოს. ბიძაჩემიონას შეეძლო მთელი კომისიის მაგივრად ეძინა, მთელი კომისიის მაგივრად უსაქმოდ ეხეტიალა და მთელი კომისიის მაგივრად პოკერი ეთამაშა. მუშაობას რაც შეეხება, მუშაობა საკუთარი თავის მაგივრადაც ძალიან უჭირდა. ამიტომ, ბუნებრივია, მოველოდით, რომ კომისია დღედღეზე მიხვდებოდა თავის შეცდომას და ძე შეცთომილი მალე მშობლიურ კერას დაუბრუნდებოდა. ყველა ჩვენგანის დიდად გასაოცრად (სწორედ აქ გამოჩნდა იმის გენიალური შორსმჭვრეტელობა, ვინც ბიძაჩემი იონა კომისიის მდივნად დანიშნა) საქმე სულ სხვაგვარად წარიმართა. ბიძაჩემ იონას მოულოდნელად პათოლოგიური აქტიურობის უმძიმესი ფორმა შეეყარა და მთელი თავისი ცოდვიანი არსებით ისე ჩაეფლო საიუბილეო საქმიანობაში, რომ ამქვეყნად სხვა ყველაფერი დაავიწყდა. რამდენჯერმე (როცა კარგ ფეხზე ავმდგარვარ და გაკვეთილების გასაცდენად დამაჯერებელი მიზეზი მომიგონებია) ჩემი თვალით მინახავს, რომ თერთმეტის ნახევარზე უკვე ზეზე იყო და ქაფქაფა ჩაით ყელს ითუთქავდა, აქაო და სხდომაზე მაგვიანდებაო. შინაურებმა გამოცდილებით ვიცოდით, რომ ეს ამბავი კარგს არაფერს მოასწავებდა. სიბეჯითის რეციდივები ბიძაჩემ იონას, მართალია, არც თუ ხშირად, მაგრამ ადრეც ჰქონია და, როცა კი ჰქონია, ყოველთვის რაღაც მოულოდნელი კატასტროფით დამთავრებულა. ლიტონი განცხადება რომ არ გამომივიდეს, ერთ ტიპიურ მაგალითს გავიხსენებ. ერთხელ ათასი მანეთი დასჭირდა. რად უნდოდა, არ ვიცი. თუ მის ნათქვამს დავუჯერებთ (რაც მთლად მართებული საქციელი არ იქნება), თვითონ კი არ სჭირდებოდა, არამედ მის ერთ უახლოეს მეგობარს, რომლისთვისაც ამ ათასი მანეთით ყოფნა-არყოფნის საკითხი წყდებოდა. „ყოფნა-არყოფნის საკითხი“ ჩემი აზრით, უფრო მამაჩემის გულის გასალღობად იყო ნათქვამი, მაგრამ მამაჩემის გული არ გალღვა. მამაჩემის გული არ გალღვა, ფულის შოვნის სხვა წყარო კი ბიძაჩემ იონას არ ჰქონდა. მაშინ ფიქრი დაიწყო. ერთხელ, ნაშუადღევს, დამიძახა და დახმარება მთხოვა: თავის ოთახში შემიყვანა, სკამზე დამსვა, თვითონ ჩემს პირდაპირ დაჯდა მეორე სკამზე, მძიმე საფიქრალი მაქვს დააზრის მოსაკრებად ცოტა ხანს რამე სიცარიელეს უნდა ვუყუროო, მითხრა და დაჟინებით მომაჩერდა შუბლში. თითქმის ნახევარი საათი ვეხმარებოდი. ბოლოს კმაყოფილი წამოდგა, აგაშენა ღმერთმა, შენ რომ არ მყავდე, რა მეშველებოდაო, და სადღაც წავიდა. ერთი კვირის განმავლობაში ისე დარბოდა და ფუსფუსებდა, მთელი ოჯახი ამოვარდნილი ვიყავით ცხოვრების ჩვეული რიტმიდან. კვირის თავზე ათასი მანეთი მოიტანა და თავისი უახლოესი მეგობრის ყოფნა-არყოფნის საკითხი დადებითად გადაჭრა. სწორედ ამ პერიოდში სანაკლიოს განაპირას, ერთ პატარა დასახლებას, რომელსაც ძროხათუბანი ერქვა, გზა გაუყვანეს. ეს იყო სულ ნახევარკილომეტრიანი მონაკვეთი, მაგრამ ისეთი გაუბედურებული, რომ მისი გამოისობით ძროხათუბანი კაი ხუთი წელიწადი თითქმის მთლიანად მოწყვეტილი იყო ქალაქს. მანქანა რა სათქმელია, ფეხითაც კი ისე ჭირდა სიარული, ერთ ნაპირს რომ მთელი მიადგებოდი, მეორე ნაპირზე შეიძლება ნაწილიღა გასულიყავი. კარგი ადგილი იყო. ბავშვები ხშირად დავდიოდით იქ და ნაირ-ნაირ შეჯიბრებებს ვმართავდით. ერთხელ ბიძაჩემმა იონამ ამბავი მოიტანა, ვითომ ძროხათუბნელებს ნახჭევანიდან ვიღაც სახელგანთქმული ჯამბაზი ჩამოეყვანათ და თოკზე სიარულის სწავლა დაეწყოთ. მე ეს მაინცდამაინც არ მჯეროდა. ჯერ ერთი, ვერ დავიჩემებ, რომ ბიძაჩემი ყოველთვის მართალს ამბობს, და მეორეც, თოკზე სიარულს რა ისეთი სიმარჯვე უნდა, რომ ასეთი გზის გადალახვაში გამოდგომოდათ. ასე იყო თუ ისე, ბოლოს და ბოლოს, ძროხათუბნელებს გზა გაუყვანეს. ისეთი გზა გამოვიდა, მახსოვს, კლასის ხელმძღვანელმა საგანგებოდ წაგვიყვანა ექსკურსიაზე მის სანახავად. თავიდან, რა თქმა უნდა, აზრად არავის მოსვლია, რომ ამ გზის გაყვანას შეიძლებოდა რაიმე კავშირი ჰქონოდა ბიძაჩემ იონას მოულოდნელ გააქტიურებასთან. არადა, პირდაპირი კავშირი ჰქონია. როგორც მოგვიანებით გამოირკვა, ძროხათუბნელებისთვის ეს გზა სწორედ ბიძაჩემ იონას გაეყვანა და ჰონორარად ათასი მანეთი აეღო. იმ ხუთი წლის განმავლობაში, რაც ქალაქის ცივილიზებულ ნაწილს მოწყდნენ, ძროხათუბნელებმა ბევრი ირბინეს, ბევრი იჩივლეს, ბევრიწერეს, ბევრიიკითხეს, ბევრი იყაყანეს და ბევრი იგინეს, მაგრამ არა გამოუვიდათ რა. როცა ყველა გზა მოსინჯეს და საბოლოოდ მიეცნენ სასოწარკვეთას, ერთ მშვენიერ დღეს, თურმე, ვისაც გზების გაყვანა ევალებოდა, თვითონ სწვევია ძროხათუბანს და იქაურებისთვის სიტყვით მიუმართავს. თქვე ოჯახქორებოო, უთქვამს, ჭამა გინდათ, სმა გინდათ, მზე გინდათ, მთვარე გინდათ, გათბობა გინდათ, განათება გინდათ, გზა გინდათ, ხიდი გინდათ და ფულის გადახდა არ გინდათ, როგორაა თქვენი საქმეო, და წინადადება მიუცია, შეკრიბეთ ოც-ოცი მანეთი, ოც-ოცი მანეთი არ დაგაქცევთ, და სამ კვირაში გზას გამოგიყვანთო. ძროხათუბანში ხუთასი ოჯახი ცხოვრობდა, მაგრამ ხუთასივე ხელმოჭერილი იყო და დიდხანს თურმე კბილებით იცავდნენ თავიანთი შრომითა და ოფლით მონაგარ ოც-ოც მანეთს. საბოლოოდ ათ-ათ მანეთზე მორიგებულან. სასწრაფოდ შეუქმნიათ კომისია სამი მოწინავე ძროხათუბნელის შემადგენლობით და სწორედ იმ დროს, როცა სიებით უნდა დაეწყოთ კარდაკარ სიარული, ასპარეზზე მოულოდნელად ბიძაჩემი იონა გამოვიდა. ბიძაჩემ იონას კომისიის წევრები ერთად შეუყრია და ახლა მას მიუმართავს სიტყვით. ვერ ხედავთ, თქვე დოყლაპიებო, რომ გატყუებენო, უთქვამს, ათ-ათი მანეთი რა ამბავია, ათ მანეთად სანაკლიოს ბაზარზე ლამის ათი კილო კარტოფილის ყიდვა შეიძლება, ან სამი კვირა რად უნდათ, დალოცვილებს სტამბოლამდე ხომ არ გაჰყავთ გზა, სულ ხუთასი მეტრია დასაგებიო, და, კარგად რომ აუღელვებია კომისიის სამივე წევრი, თავის მხრივ გაცილებით სარფიანი წინადადება მიუცია: ორ-ორი მანეთი შემიკრიბეთ და ერთ კვირაში გზას ჩაგაბარებთო. ძროხათუბნელებს ათ-ათი მანეთი უკვე გამოგლოვილი ჰქონდათ, ამიტომ ამ ახალ ამბავს ისეთი სიხარულით შეხვდნენ, თითქოს ორ-ორ მანეთს კი არ კარგავდნენ, არამედ რვა-რვა მანეთს საჩუქრად იღებდნენ. ამგვარად საქმის ერთი მხარე ბიძაჩემმა იონამ წარმატებით მოაგვარა, ახლა გზის გაყვანაღა იყო საჭირო. როგორც შემდეგ გამოირკვა, იმ დღეებში ბიძაჩემი იონა ისეთ საეჭვო ადგილებში ენახათ, როგორიცაა სტამბა, სამხატვრო სასწავლებელი, ფოტოლაბორატორია, ხე-ტყის გადამამუშავებელი ქარხანა და რა ვიცი... ვიღაცამ ნაგვიანევად ისიც გაიხსენა, ბაზრის კუთხეში გასაბერი ბუშტები იყიდაო, რაც სრული ჭეშმარიტება იყო. ოპერაცია რომ უეცარი კატასტროფით დამთავრდა, ბიძაჩემმა იონამ თვითონვე მიამბო ყველაფერი შეუფერებლად ოპტიმისტური კილოთი. მას შემდეგ, რაც მოსამზადებელი სამუშაოები წარმატებით დაუმთავრებია, ერთ დღეს სანიმუშოდ გამოწყობილა და იქ მისულა, საცა ჯერ არს. პირადი მდივანი რომ შესასვლელს ისე გადაფარებია, როგორც ლოდს მიაფარებენ გამოქვაბულს, სადაც საუნჯე აქვთ გადამალული, ბიძაჩემ იონას თავის მრავალრიცხოვან მოწმობათაგან (გახსოვთ, ალბათ, რამდენიმე თვეზე მეტს ვერც ერთ სამსახურში ვერ ძლებდა) ერთ-ერთი, რომელსაც, მისი აზით, ყველაზე საიმედო შესახედაობა ჰქონდა, ოდნავ ამოუწევია ჯიბიდან, მკაცრად მრავალმნიშვნელოვანი გამომეტყველებით დაუნახვებია მდივნისთვის, ცივი და ცოტა იდუმალი ხმით უთქვამს, არავინ შემოუშვაო, და, როცა ყოველივე ამით შემკრთალი და დაბნეული ლოდი გამოქვაბულის პირს ჩამოსცლია, წარმატებით შეუღწევია დანიშნულების ადგილას. დამხდურს ხმაურზე თავი აუღია და, ბიძაჩემი იონა რომ დაუნახავს, მკვახე გაკვირვებით უკითხავს, თქვენ ვინ ბრძანდებით და აქ რა გინდათო. ბიძაჩემ იონას თითი ტუჩზე მიუდვია, ჩჩშუო, უთქვამს, მერე ხმადაბლა დაუმატებია, ეს ჩემი დარბაზობა რომ გახმაურდეს, მეც დავიღუპები და თქვენცო. რაშია საქმე, ამხანაგოო, მაინც ვერ მოუშორებია მკვახე კილო დამხვდურს. თქვენ, რა თქმა უნდა, არ გემახსოვრებათ, ბიძაჩემს მიუგია, მე კი რა დამავიწყებს იმ მამაშვილურ ამაგს, რაც ჩემზე მიგიძღვითო, არ მეგონა, თუ როდისმე გადახდას შევძლებდი, მაგრამ, ეტყობა, სამყაროს გამრიგე ზოგჯერ ჩემისთანა პატარა კაცსაც აძლევს შანსს და მე დღეს უსაზღვროდ ბედნიერი ვარ, რომ საშუალება მაქვს სამაგიერო სამსახური გაგიწიოთო. ამაზე დამხვდურს ყოყმანით უთქვამს, კი მახსოვს ბუნდოვნად თქვენი სახე, მაგრამ ვეღარ ვიგონებო. მაშინ ბიძაჩემ იონას ჯიბიდან რამდენიმე ბუშტი ამოუღია, მაგიდაზე დაუყრია, საჩვენებელი თითი მიუშვერია და აიო, უთქვამს. ეს რა არისო გაკვირვებია იმას. ეს თქვენ ბრძანდებითო, უპასუხნია ბიძაჩემ იონას. რას ლაპარაკობ, კაცო, შენ, ეს ბუშტებიაო, ცოტა გამწყრალა ის. ერთი შეხედვით მართლა ბუშტებს ჩამოგავსო, კვერი დაუკრავს ბიძაჩემ იონას, და თქვენ თუ ბრძანდებით, ძნელი შესამჩნევია, სანამ არ გაიბერებაო. ამ სიტყვებით ერთი ბუშტი აუღია, ჰაერი რომ იოლად შესულიყო, ხელით გაუწელია და გაბერვა დაუწყია. რომ გაუბერია და იმას ბუშტზე თავისი პორტრეტი დაუნახავს, ჯერ რაღაც ხმა ამოუშვია, რომლის შინაარსი ბიძაჩემს ვერ გაუგია, მერე სლოკინი ასტყდომია. ბიძაჩემს რომ ბუშტი შეუტრიალებია და მეორე პორტრეტი უჩვენებია, მერე კიდევ რომ შეუტრიალებია და მესამე პორტრეტი უჩვენებია, იმას სლოკინი კიდევ უფრო გასძლიერებია. ბოლოს, სლოკინსა და სლოკინს შორის უთქვამს, ეს რას ნიშნავს, ამხანაგო, ამიხსენიო. ბიძაჩემ იონას ბუშტის მოგრეხილი ბოლოსთვის ხელი გაუშვია. ჰაერი რომ შხუილით გამოსულა, დაჩუტული ბუშტი ისევ მაგიდაზედაუგდია და უთქვამს, ეს ხალხის რისხვააო. იმას არ დაუჯერებია: რას ქვია ხალხის რისხვა, ნიკოლოზის დრო ხომ არ არისო. ეს კი უთქვამს, მაგრამ თან მეორე ბუშტი აუღია და შეეჭვებულს თვითონ დაუწყია გაბერვა. მაშინ ბიძაჩემ იონას მესამე ბუშტის გაბერვა დაუწყია. ისხდნენ თურმე ორივენი და ბუშტებს ბერავდნენ, რაც, ბიძაჩემი იონას ვარაუდით, გარეშე თვალისთვის ალბათ ცოტა უცნაური სანახაობა უნდა ყოფილიყო. ახლადგაბერილ ბუშტებზეც რომ თავისი სამ-სამი პორტრეტი უნახავს, იმას ხასიათი საბო-ლოოდ გაჰფუჭებია და გულმოსულს უკითხავს, ვინ ქნა ესო. მაშინ ბიძაჩემს ყველაფერი წვრილად უამბნია: თავგასულ ძროხათუბნელებს რაღაც ნახევარკილომეტრიანი გზის გულისთვის ამბოხების მოწყობა განუზრახავთო. ამბოხების მოწყობა, მოგეხსენებათ, იმითაა ძნელი, რომ ხალხს პირის შეკვრა უჭირს, ამ ფუნაქექია ძროხათუბნელებს კი როგორღაც მოუხერხებიათ, ხუთასი ოჯახი მუშტივით შეკრულა და უთქვამს, რაღაი ხელისუფლებას ამ ერთი მტკაველი გზის გაკეთება არ შეუძლია, აწი ჩვენ ვიცითო. დღეს პარასკევია. იქითა კვირას, ზეგის-სწორს, დილაადრიან, სანაკლიოს ლაჟვარდოვან ცაზე ორი ათასი ასეთი ბუშტის გაშვებას აპირებენ, რაღა თქმა უნდა, შესაფერისი წარწერებითო. ამ სიტყვებით ახლა ფოტოსურათები ამოულაგებია ჯიბიდან. ფოტოსურათებზე გამოსახული ყოფილა იგივე სამპორტრეტოვანი ბუშტები, რომლებსაც ქვემოთ, როგორც გაფიცულ უმუშევრებს, მუყაოები ეკიდათ და ზედ ნაირ-ნაირი (მათ შორის გვარიანად უხამსი) ლოზუნგები ეწერა. ფოტოებზე გამოსახული ბუშტების ნაწილი ხის სარებზე ყოფილა დამაგრებული და, რაკი მასპინძელს მათი დანიშნულება ვერ გამოუცვნია, ბიძაჩემ იონას აუხსნია, ხუთასი ცალი ბუშტი გასაკეთებელი გზის გასწვრივ იქნება ორივე მხარეს ჩამწკრივებულიო. მასალების დათვალიერებას რომ მორჩა, მასპინძელი თურმე ერთხანს ჩუმად იჯდა და თავისთვის ფიქრობდა, ბოლოს უთქვამს, ყველას დავიჭერ და ციხეში ამოვალპობო. ღირსნი არიანო, თანხმობა მიუცია ბიძაჩემს, მაგრამ რა საბაბით დაიჭერთ, პოლიტიკური ამბოხი ეს არ არის, სოციალური და ეროვნულიო. ორი ათასი ბუშტი რომ ასეთი ლოზუნგებით აიჭრება მზიური სანაკლიოს თავზე, თქვენ, ცხადია, მოგხსნიანო, დაუმატებია მერე. ეგ კი არაფერი, თქვენი თანამდებობის კაცს თავგანწირვა ჩემგან არ გესწავლებათ, მაგრამ ქალაქს რა ვუყოთ, ქალაქის პრესტიჟი რომ შეილახება, ამას რა ეშველებაო. აბა, აბაო, სინანულით უთქვამს იმას და საბოლოოდ მოღრეცია სახე. მანამ იმეორა თურმე, რა ვქნა და რა ვქნაო, სანამ ისევ ბიძაჩემი იონა არ დაეხმარა. ერთადერთი გამოსავალი დაგრჩენიათო, უთქვამს, უნდა დაასწროთ და შაბათ საღამოს გამზადებული გზა ჩააბაროთო. იმას ერთხანს კიდევ უყოყმანია, მაგრამ რას იზამდა, თვითონვე ხედავდა, რომ სხვა საშველი არ ჰქონდა. წამოსვლის წინ ბიძაჩემ იონას კიდევ ერთხელ გაუფრთხილებია, თქვენი ჭირიმე, არ გამამხილოთ, თორემ, ძროხათუბნელებმა რომ გაიგონ, მე მოგიტანეთ ამბავი, ჩაქოლვა არ ამცდებაო. მისაღებში რომ გამოსულა, პირადი მდივნისთვის, რომელიც მისი სიტყვით უაღრესად ფუმფულა ყოფილა, გამოთხოვების ნიშნად (თუ არ ტყუოდა) ლოყაზე ხელი მოუთათუნებია. მე მაშინ ისეთ ასაკში ვიყავი, რომ ყველაზე მკაფიოდ სწორედ ეს ეპიზოდი წარმოვიდგინე და ყველაზე დიდხანს სწორედ ეს ეპიზოდი დამახსომდა. მეორე დღეს სანაკლიოს ორივე გაზეთში ორი ერთნაირი შინაარსის სუსხიანი სტატია გამოქვეყნდა. სტატიები მკაცრადაკრიტიკებდნენ ზოგიერთ (სახელდებით არ იყვნენ მოხსენიებული) თბილ თანამდებობაზე მოკალათებულ ბიუროკრატს, რომლებიც მშრომელთა გასაჭირს ყურს არ ათხოვებდნენ, რის გამოც ქალაქის ერთი ულამაზესი უბანი უგზოობის გამო არაადამიანურ პირობებში იმყოფებოდა. შემდეგ პატარა ოდა იყო მიძღვნილი ქალაქის ხელმძღვანელობისადმი, რომელმაც დროულად ალაგმა ბიუროკრატების პარპაში და მშრომელთა სამართლიანი მოთხოვნის ოპერატიულად დაკმაყოფილებას შეუდგა. მართლაც, იმავე დღეს გზის გაყვანა დაიწყო. მომდევნო შაბათს მუშაობა დამთავრდა და ძროხათუბანში საზეიმო სხდომა და დიდი კონცერტი გაიმართა. კვირას სანაკლიოს ორივე გაზეთმა გამოაქვეყნა სტატიები სათაურით: „კიდევ ერთი კარგი საჩუქარი“. ორშაბათ საღამოს სტუმრები გვეწვივნენ. სამი უცხო კაცი მოვიდა და მამაჩემისა და დედაჩემის თანდასწრებით ბიძაჩემ იონას გამოუცხადეს, მოტყუებით რომ ორი ათასი მანეთი გამოგვძალე, ის ორი ათასი მანეთი დაგვიბრუნე, თორემ სასამართლოში გიჩივლებთ და უყარე მერე კაკალიო. მოულოდნელობის პირველმა დაბნეულობამ რომ გაუარა, ბიძაჩემი იონა აღტაცებაში მოვი-და ძროხათუბნელების მოხერხებულობით. როგორც მერე გამომიტყდა, განსაკუთრებით მოსწონებია თანხის გაორკეცება. თუმცა ვაჭრობა მაინც დაუწყო და იმდენი ევაჭრა, რომ, ბოლოს და ბოლოს, ათას ხუთას მანეთზე ჩამოიყვანა. ვინც იცის ბიძაჩემისა და მამაჩემის დამოკიდებუ-ლება ისეთი ცნებების მიმართ, როგორიცაა „პრესტიჟი“, „თავმოყვარეობა“, „სკანდალი“ და სხვა მისთანანი, ადვილად მიხვდება, რომ ამ საქმეში საბოლოოდ ყველაზე დაზარალებული მამაჩემი გამოვიდა. მამაჩემმა ძროხათუბნელებს ათას ხუთას მანეთი გადაუხადა. მართალია, ამ ათას ხუთას მანეთს ბიძაჩემი იონა, როგორც სახელმწიფო ბანკის სესხს, წლების განმავლობაში ფარავდა ნაწილ-ნაწილ, მაგრამ მორალურ ზარალს ვინ დაუფარავდა საბრალო მამაჩემს! ის ამბავი, რომ იმ ხუთასმეტრიან მონაკვეთს იმთავითვე „იონას გზა“ შეერქვა (ძროხათუბნელების საზეიმო ხუმრობა) მამაჩემისთვის, ცხადია, დიდი ვერაფერი ნუგეში იქნებოდა. როცა ოჯახში ასეთი დინამიტი გიდევთ, იდილიაზე ლაპარაკი ზედმეტია, ხოლო თუ ერთ მშვენიერ დღეს ეს დინამიტი, იმის ნაცვლად, რომ თავისთვის იდოს კუთხეში და იჟანგებოდეს, საეჭვოდ ათუხთუხდა და საბედისწერო აქტიურობით შრომით ფერხულში ჩაება, ასი თვალი და ასი ყური უნდა გამოისხათ, რომ აფეთქება არ გამოგეპაროთ და დროზე მოასწროთ ოჯახის გახიზვნა. იმ დღეებში მამაჩემი სახიფათო დავალებაზე გაგზავნილ მზვერავს ჰგავდა, დედაჩემი შეფიქრიანებული სახით იწყევლებოდა, ხოლო ბიძაჩემი იონას პოპულარობა სანაკლიოში საათობით იზრდებოდა. სანაკლიელებმა ხელად იყნოსეს, რომ ხელისუფლება მათ გრანდიოზული ზეიმისთვის ამზადებდა, და დიდადაც გაიხარეს, ვინაიდან, როგორც ითქვა, ზეიმი ძალიან უყვარდათ. მალე ისიც ცნობილი შეიქნა, რომ მომავალი დღესასწაულის მთავარი მამოძრავებელი ძალა, მისი გული და მისი მესაჭე იონა კამკამიძე იყო. საიუბილეო სამზადისის სადავეები ბიძაჩემმა იონამ პირველსავე სხდო-მაზე იგდო ხელთ. ეს არ იყო ძნელი საქმე და ბიძაჩემის მხრივ არც რაიმე განსაკუთრებულ სიმარჯვესა და მოხერხებას მოითხოვდა. პირი-ქით: კომისიის დანარჩენი წევრები იმ ჯიშისა და ხარისხის ადამიანები იყვნენ, რომელთა შესახებ ლოგიკური ლეგენდები (უმთავრესად ავტოლეგენდები) დადის ხოლმე – დღეღამეში ოცდახუთ საათს მუშაობენო. ამ ჯურის ხალხს დიდ და სერიოზულ კომისიებში ყოფნა კი ესახელებათ, კი შვენით, და რომ არ შეიყვანონ, კი ეწყინებათ და კი შეშფოთდებიან, მაგრამ მუშაობისთვის ვერ იცლიან. ბიძაჩემი იონა სწორედ ამიტომ დანიშნეს მდივნად. პირველი სხდომის დღის წესრიგიც ძირითადად იმას უნდა მიძღვნოდა, რომ კომისიის დანარჩენ წევრებს ყოველგვარი შავი სამუშაო ნელ-ნელა, ნაწილ-ნაწილ, შეუმჩნევლად მოეხსნათ და ბიძაჩემისთვის აეკიდებინათ. ბიძაჩემმა იონამ ისინი ამ საქმისგანაც გაათავისუფლა, თავადვე დაიდგა ქედზე უღელი, სხდომაზე გრძელი, პათეტიკური და პატრიოტულ-აღტკინებული სიტყვა წარმოთქვა და კომისიის წევრთა წამაქეზებელი შეძახილების ქვეშ ყველა საქმე თვითონითავა. ერთადერთი, რასაც ამ ხანგრძლივი სამზადისის პერიოდში კომისიისგან მოითხოვდა, ის იყო, რომ ჟამიდან ჟამზე სხდომაზე მოსულიყვნენ და მდივნის ანგარიში მოესმინათ. რაც დრო გადიოდა, ბიძაჩემი იონა უფრო და უფრო ღრმად ეფლობოდა შრომითი საქმიანობის ბლანტ ჭაობში. ამ ტრაგიკულსა და გაუგებარ მეტამორფოზას მთელი ოჯახი შიშით ადევნებდა თვალყურს და სახლში მუდამ დენთის სუნივით იდგა ავის მომასწავებელი მოლოდინი. ყველაზე მძიმე ალბათ ჩემი მდგომარეობა იყო. ჩემი გაუხარელი ბავშვობა, რომელიც იმ პერიოდში ძირითადად სასკოლო და სამიჯნურო ტრაგედიებისაგან შედგებოდა, ბიძაჩემი იონას ცხოვრების წესში თავისი ცხოვრების წესის გამართლებას ხედავდა, ბიძაჩემი იონა ეგულებოდა ერთადერთ საყრდენად, ერთადერთ იმედად, ერთადერთ ნათელ წერტილად სანაკლიოს კუნაპეტ ღამეში. და მე მწარე ტკივილით ვხედავდი, როგორ ქრებოდა ეს პატარა სინათლე, როგორ მეცლებოდა ფეხქვეშ საყრდენი, როგორ თვალსა და ხელს შუა ვკარგავდი იმედს. ბოლოს კი, ერთ მშვენიერ დღეს, როდესაც ბიძაჩემმა იონამ დედაჩემის ორ ვრცელ წყევლას შორის წარმოქმნილი მცირე პაუზით ისარგებლა და გამოგვიცხადა, ალბათ ღამის გასათევადაც ვეღარ ვივლი შინ და ნუ დამელოდებით, საწოლი შტაბში დავადგმევინე და, წინ და უკან სიარულში რომ ძვირფასი დრო არ დავკარგო, იქ დავიძინებ ხოლმეო, ცა საბოლოოდ დაიფარა ტყვიისფერი ღრუბლებით და მე ინტენსიურად დავიწყე ცხოვრების ამაოებაზე ფიქრი. საბედნიეროდ ბიძაჩემს, როგორც სჩვეოდა ხოლმე, სიტყვა არ შეუსრულებია. თუმცა კი ზოგჯერ მართლა გადაიკარგებოდა რამდენი-მე დღით, უფრო ხშირად მაინც შინ ეძინა. ეს ნუგეში კი იყო, მაგრამ ძალიან მცირე ნუგეში იყო, რადგან ჩემთვის სრულებით აღარ ეცალა, მისი ფიქრები და, საერთოდ, მთელი მისი არსება საზეიმო სამზადისს დასტრიალებდა. ეს კია, რომ, როცა შინ მოვიდოდა, ყოველთვის დაწვრილებით გვიამბობდა ხოლმე თავისი ავბედითი საქმიანობის ამბავს და ამგვარად, ჩვენდაუნებურად,ყველანიდიდისამზადისისმონაწილეებადვგრძნობდით თავს. თუმცა განა მარტო ჩვენ! იმ ხანებში პრესისა და რადიოს მეშვეობით მთელს სანაკლიოში გაისმოდა ბიძაჩემი იონას მქუხარე ხმა. ინტერვიუს ინტერვიუზე იძლეოდა, ყველა იდეა, ყველა პრობლემა, ყველა გადაწყვეტილება საზოგადოების სამსჯავროზე გამოჰქონდა, ქალაქი მუდამ საქმის კურსში ჰყავდა და აჟიოტაჟიც იზრდებოდა და იზრდებოდა. კომისიის წევრებს კვირაში ერთხელ რეგულარულად უყრიდა თავს. თვეში ერთხელ სხდომებს თვითონ კაცია გოგიაც ესწრებოდა, რომელიც ოფიციალურად კომისიის თავმჯდომარე და საიუბილეო მზადების მთავარი ხელმძღვანელი იყო. კომისია თითქმის ყოველ კვირას ახალ-ახალ იდეებს ისმენდა, რომლებსაც ბიძაჩემი იონას ფრთაგაშლილი ფანტაზია პანტა-პუნტით ისროდა, და ერთხმად იწონებდა. ერთ-ერთ პირველსავე სხდომაზე ბიძაჩემმა იონამ წინადადება შეიტანა, საიუბილეო მედალი დაემზადებინათ და ახალშობილი მეასიათასისათვის სამშობიარო სახლშივე მიერთმიათ. კომისიამ წინადადებას მხარი დაუჭირა და ესკიზის შესაქმნელად გამოცხადდა კონკურსი „სანაკლიო – 100000“. კონკურსი დახურული იყო. დახურული იყო ხუთი მხრიდან, მეექვსე მხარეს კი კომისიისთვის, რომელიც ამავე დროს ჟიურიც იყო, დატანებული ჰქონდა მცირე ჭუჭრუტანა. ამ ჭუჭრუტანამ კომისია-ჟიურის პასიურობაში ცოტაოდენი სიცოცხლე შეიტანა. კერძოდ, უახლოეს სხდომაზე, როდესაც წინასწარი თათბირი გაიმართა მომავალი გამარჯვებულის გამოსავლენად, თათბირში კომისია-ჟიურის თითქმის ყველა წევრმა მიიღო მონაწილეობა. უმრავლესობას თავისი საკუთარი კანდიდატურა ჰყავდა, მაგრამ საბოლოოდ, რა ყველაფერი კარგად მისხალ-მისხალ აწონეს, გამარჯვებულად სცნეს ქალაქის მთავარი მხატვარი ლეონარდო დიდიმამიშვილი. სანამ კომისია ბჭობდა, ბიძაჩემი იონა ჩუმად იყო, მერე კი, კომისიის აზრი რომ გამოიკვეთა, წამოდგა, გადაჭრით გაილაშქრა დიდიმამიშვილის წინააღმდეგ, თავის მხრივ წამოაყენა ვინმე კარლო წუწუნავას კანდიდატურა და, როცა თათბირის მონაწილენი ერთსულოვნად აღშფოთდნენ, რადგან ეს სახელი და გვარი არც ერთ მათგანს არ გაეგონა,თავისი მოსაზრება იმით დაასაბუთა, რომ, ჯერ ერთი, ხსენებული წუწუნავა სანაკლიური გენიის ამომავალი ვარსკვლავია, რომელიც სულ მალე ყველაზე მაღალ და მიუვალ მწვერვალებს დაიპყრობს, და მეორეც, წვრილშვილის პატრონია, ვიწროდ ცხოვრობს, გამოფენებზე არ იწვევენ და ოჯახის რჩენა უჭირსო. რაკი კომისია-ჟიურიმ ეს მოტივები საკმარისად არ ცნო და ბრძოლა განაგრძო, ბიძაჩემმა იონამ მისი სიჯიუტის გასატეხად გადამჭრელი საბუთი მოიშველია: რაკი ასე გსურთ, მე ჩემდათავად ყველა მოვალეობა მომიხსნია და სხვა მდივანი ეძიეთო. ასეთი დილემის წინაშე რომ დადგნენ, კომისია-ჟიურის წევრებმა ისევ დიდიმამიშვილის გაწირვა ამჯობინეს (მოგვიანებით, როცა ორი მნიშვნელოვანი გარემოება გამოირკვა – წუწუნავამ მართლა საუკეთესო ესკიზი მოიტანა, ხოლო დიდიმამიშვილს საერთოდ არ მიუღია კონკურსში მონაწილეობა – კაცია გოგიასა და მთელი კომისიის თვალში ბიძაჩემი იონას აქციები კიდევ უფრო ამაღლდა). ამის შემდეგ მომავალი იუბილარის ეკონომიურ უზრუნველყოფას შეუდგა და ამ საკითხის გამო ერთ-ერთ სხდომაზე კომისიის წინაშე ვრცე-ლი მოხსენებით წარდგა. შეცდომა რომ არა მოგვივიდეს რა, ამთავითვე უნდა ყველაფერი გავითვალისწინოთო, აღნიშნა მან, მართალია, სანაკლიელ მშრომელთა ცხოვრების დონე უკვე ისე ამაღლდა, ფეხის წვერებზე თუ არ შედექი, გადახედვაც კი ჭირს, მაგრამ, რაკი ცალკეული გამონაკლისები ჯერ კიდევ არსებობს, გამორიცხული არ არის, ჩვენი იუბილარი სწორედ ასეთ გამონაკლის ოჯახში დაიბადოს; სახლი არ ჰქონდეს, კარი არ ჰქონდეს, საჭმელი არ ჰქონდეს, სასმელი არ ჰქონდეს, ჩასაცმელი არ ჰქონდეს და დასახური არ ჰქონდეს. მერე რომ არ დაგვჭირდეს სახსრების ძებნა, როცა – ყველამ კარგად იცით ჩვენი ფინანსისტების წუწურაქობის ამბავი – შეიძლება გვიანღა იყოს, სჯობს ამთავითვე შევქმნათ საგანგებო ფონდი. თუ არ დაგვჭირდა, ხომ კარგი, და თუ დაგვჭირდა, საძებნელი არ გაგვიხდება. მოგეხსენებათ, მეასიათასე ისეთი ღირსშესანიშნაობა იქნება, რომლის ნახვას ქალაქის ვერც ერთი სტუმარი გვერდს ვერ აუვლის, ასეთი მნიშვნელობის ღირსშესანიშნაობა კი სანიმუშო და საჩვენებელი უნდა იყოს, ეს ჩვენი პრესტიჟის საქმეაო. კომისიამ წინადადება ერთსულოვნად მოიწონა და საიუბილეო ფონდი შეიქმნა. ტექნიკური საკითხები რომ მოაგვარა, ბიძაჩემმა იონამ თავად ზეიმის მზადებას მიჰყო ხელი. ჯერ ზოგადი გეგმა შეიმუშავა და კომისიას დაამტკიცებინა. გეგმა მრავალ საინტერესო ღონისძიებას ითვალის-წინებდა, როგორიცაა, მაგალითად, თეორიული კონფერენცია თემაზე „დედა, მამა და შვილი – პრობლემის ბიოლოგიური და ფსიქოლოგიური ასპექტი“, გაზეთ „სანაკლიოს დილას“ ორფურცლიანი ლიტერატურულსაიუბილეო დამატება სათაურით „აუ, რამდენი გავმხდარვართ უკვე!“, სახელდახელო მიტინგები წარმოება-დაწესებულებებში და მრავალშვილიან ოჯახებში, საზეიმო კონცერტები საბავშვო ბაგა-ბაღებში, ქალთა კონცერტი ოფიცერთა კლუბში, სატრანსპორტო საშუალებათა საზეიმო საყვირები ქალაქის ქუჩებში და სხვა. ყველაფერი ეს უნდა მომხდარიყო მეასიათასის დაბადების დღეს. მთავარი საიუბილეო სხდო-მა და მშრომელთა დემონსტრაცია გაიმართებოდა სამი-ოთხი კვირის შემდეგ (რათა იუბილარ დედა-შვილსაც შეძლებოდა მასში მონაწილეობის მიღება). დემონსტრაციისა და საზეიმო კონცერტის დასადგმელად ბიძაჩემ იონას თავიდან პროფესიონალი რეჟისორის მოწვევა ჰქონდა განზრახული, მაგრამ მერე, როდესაც ყველაფერი გულმოდგინედ აწონ-დაწონა, პირვანდელი გადაწყვეტილება შეცვალა, რადგან იმ დროს რეჟისორების მთავარი რეზერვაცია თბილისში იყო, პერიფერიებში კი, მათ შორის სანაკლიოშიც, მხოლოდ რამდენიმე კუდა რეჟისორი დაბოგინობდა, რომელთა ჩანასახოვან გემოვნებას თავისი ნატიფი ფანტაზია ვერ ანდო და საბოლოოდ ამ საქმესაც თავად მოჰკიდა ხელი. სცენარი დაწერა და მიზანსცენების მოფიქრებას შეუდგა. ზეიმი უნდა გამართულიყო მთავარ მოედანზე. ტრიბუნაზე ქალაქის ხელისუფალთა და ჩამოსულ სტუმართა გარდა იქნებოდნენ მრავალშვილიანი დედები, რამდენიმე ახლადშეუღლებული წყვილი და სამშობიარო სახლის წარმომადგენლები. ტრიბუნა მორთული იქნებოდა ცოცხალი ყვავილებით და მრავალფეროვანი ტრანსპარანტებით, რომელთა ძირითადი მოტივი უნდა ყოფილიყო მოწოდება გამრავლებისაკენ (როგორიცაა, მაგალითად, „წინ, მეორასიათასისაკენ!“). სცენარის პირვანდელ ვარიანტში ბიძაჩემ იონას გათვალისწინებული ჰქონდა ტრიბუნის მორთულობაში ისეთი დეტალებიც შეეტანა, რომლებიც ნაყოფიერების სიმბოლოდ გამოდგებოდა, მაგრამ კომისიის წევრები, რომელთაც ეს საკითხი თავთავიანთ ოჯახებში განეხილათ, ისეთი კატეგორიული გაწიწმატებით წინააღუდგნენ ამ განზრახვას, რომ ბიძაჩემი იონა იძულებული შეიქნა ამჯერად დათმობაზე წასულიყო. ტრიბუნას უწყვეტ ნაკადად ჩაუვლიდა ქალაქის თითქმის მთელი მოსახლეობა. ყველაზე წინ, ლამაზად მორთულ ორცხენიან ეტლში, იჯდებოდა იუბილარის ოჯახი. ეტლს მიჰყვებოდნენ ცხენებზე ამხედრებული რჩეული სანაკლიელი ჭაბუკები, მხედრების უკან – ბებია ქალები თეთრ ხალათებში, შემდეგ – შეთქვირებული გოგოები ლოზუნგებით: „მეც მინდა დედა გავხდე!“ და ა. შ. და ა. შ. მთელი ამ ხნის განმავლობაში მოედნის დიდი ნაწილი დათმობილი ექნებოდა კონცერტის მონაწილეებს – მოცეკვავეთა ანსამბლებს, მომღერალთა გუნდებს, მსახიობ-დეკლამატორებს, აკრობატებს, ილუზიონისტებს, ხუმარებს, ხალხურ მთქმელებს და სხვ. სკვერებში და მოზრდილ გზაჯვარედინებზე სუფრები იქნებოდა გაშლილი. დღესასწაული უნდა დამთავრებულიყო საერთო-სახალხო პურისჭამით. ასეთ მასშტაბურ სპექტაკლს სანაკლიელი რეჟისორები, ცხადია, ვერ გაუმკლავდებოდნენ, ამიტომ ბიძაჩემმა იონამ ყველაფერი თვითონ იტვირთა და მხოლოდ ასისტენტები მოითხოვა, რომელთაც მის განკარგულებათა უსიტყვო შესრულება ევალებოდათ. იმისათვის, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში ქალაქს მეასიათასე მოქალაქის მოლოდინით ეცხოვრა, სანაკლიოს ორივე გაზეთში ჟამიდან ჟამზე იბეჭდებოდა შესაფერისი წერილები, ბოლო თვეს კი საგანგებო რუბრიკა შემოიღეს, სადაც ყოველდღიურად ქვეყნდებოდა ცნობები იმის შესახებ, თუ რამდენი დაიბადა და კიდევ რამდენი დარჩა დასაბადებელი. გარდა ამისა, ბიძაჩემმა იონამ საიუბილეო კომისიის სახელით თავიდანვე გამოაცხადა საერთო-სახალხო გამოკითხვა, რომლის შედეგადაც უნდა გადაწყვეტილიყო, რა სახელი დარქმეოდა იუბილარს. რაკი ბიძაჩემმა იონამ წინასწარ არ იცოდა, ბიჭი დაიბადებოდა თუ გოგო, თანაქალაქელებს სთხოვა ორივე შემთხვევისთვის გამოეთქვათ თავიანთი სურვილები. სანაკლიელები ხალისით გამოეხმაურნენ მოწოდებას და მალე შტაბს წერილების ნიაღვარი მოასკდა. საბოლოოდ ვაჟების სახელებში გამარჯვებული გამოვიდა „კაცია“, ხოლო ქალების სახელებში – „ვანდა“. ერთი სიტყვით, ბიძაჩემმა იონამ ჩვენი საყვარელი სანაკლიო ისე დამუხტა იუბილის მოლოდინით და ისე გადაავიწყა ყველა სხვა პრობლემა და ყველა სხვა საზრუნავი, თითქოს ეს საინტერესო ქალაქი იმთავითვე მხოლოდ იმ მიზნით შექმნილიყო, რომ თავის მეასიათასე მოქალაქის დაბადება ეხილა. ამასობაში დრო მიდიოდა და ნანატრი წამი ახლოვდებოდა. როდესაც საიუბილეო კონკურსის ვადა გავიდა, ავტორიტეტულმა ჟიურიმ გულდასმით განიხილა წარმოდგენილი ესკიზები და პირველი ადგილი ერთხმად მიანიჭა კარლო წუწუნავას. ყველასთვის მოულოდნელად, კარლო წუწუნავამ, კონკურსის შედეგი რომ შეიტყო, განცხადება შეიტანა საიუბილეო კომისიის სახელზე და (მას შემდეგ, რაც გულწრფელი მადლობა მოახსენა ჟიურის მისი მოკრძალებული ღვაწლის ესოდენ მაღალი შეფასებისათვის) ითხოვა, პრემიაცა და კუთვნილი ჰონორარიც საიუბილეო ფონდში გადაერიცხათ. კარლო წუწუნავამ განცხადება, წესისამებრ, კომისიის მდივანს მიართვა. ბიძაჩემ იონას, რომელმაც კარგად იცოდა წუწუნავების ოჯახის გაჭირვების ამბავი, ეს უადგილო გულუხვობა და ენთუზიაზმი თურმე არაფრად ეჭაშნიკა, განცხადება უკანვე დაუბრუნა ავტორს და მზრუნველი კილოთი აუხსნა, რომ საიუბი-ლეო ფონდი საკმარისად ღონიერი იყო და შეწირულობებს არ საჭიროებდა, რაზედაც კარლო წუწუნავას უპასუხნია, კაცო, შენ წინ იყურე და შენს საქმეს მიხედე, ჩემს ფულს მე როგორც მინდა ისე მოვიხმარო, და, გაუგებრობა რომ არა მომხდარიყო რა, განცხადება ოფიციალურად გაუტარებია კანცელარიაში. ბიძაჩემი იონა სახტად დარჩენილა (და, საერთოდ, მიუხედავად იმისა, რომ ყველა, ვინც მასზე სულელი ეგონა, ბოლოს, როგორც წესი, მასზე ჭკვიანი აღმოჩნდებოდა ხოლმე, ვერასოდეს სათანადო დასკვნა ვერ გამოჰქონდა). კარლო წუწუნავას კეთილშობილური საქციელი სანაკლიოს გაზეთებმა მეორე დღესვე აიტაცეს. გამოქვეყნდა გამარჯვებული ესკიზის ფოტო, ავტორის პორტრეტი, მოზრდილი ინტერვიუ და ერთი ხელოვნებათმცოდნის სტატია, რომელიც მკითხველებს უკიდურესი მხატვრულობით მოუთხრობდა ახალგაზრდა შემოქმედის ნიჭიერების ამბავს. ხანი რომ გამოხდა, გამარჯვებული მხატვარი კაცია გოგიასთან ჩაეწერა მიღებაზე და, როცა რიგმა მოუწია და შევიდა, აღელვებითა და ცოტა დაულაგებლად უამბო, თუ რა გაჭირვება დაატყდა თავს კონკურსში გამარჯვების შედეგად. ასეთი რა მოხდაო, უთქვამს, რაღაც ორი გროში შევწირე საიუბილეო ფონდს, თან ხომ არ უნდა გადამაყოლონო. ერთი რიგითი პატრიოტი ვარ და ისე მიყვარს ჩემი ქალაქი, როგორც დანარჩენ სანაკლიელებს, არც მეტი, არც ნაკლები, ჩემს ადგილას ალბათ ყველა ასე მოიქცეოდაო. რა გმირობა, რის გმირობა, ეს გახლავთ ჩვეულებრივი მოქალაქის ბუნებრივი მოთხოვნილება და, რომ მცოდნოდა, ასეთი ამბავი ატყდებოდა, ამას როგორ ვიზამდიო. მოსვენება აღარა მაქვს მნახველებისაგან. თუ გარეშე, თუ შინაური, ყველა თავის მოვალეობად თვლის სტუმრად მეწვიოს და დამათვალიეროს, ვითომ რაღაც უნახავი სანახაობა ვიყოო. მოვიდნენ, ვინ ოხერი, მაგრამ ერთი პატარა ოთახი მაქვს, ცოლ-შვილი დავტიო იქ, თუ სტუმრებიო. თვითონ სულ არ ენაღვლებათ და მე ლამისაა სახლიდან გადავიკარგოო. თანაც ზოგი ისეთი სტუმარია, თუ არ გაუმასპინძლდი, არ ივარგებს, არადა, ჩემი ხელფასის პატრონი რომელ ერთს გავწვდე, ოჯახს შიმშილით ხომ არ ამოვწყვეტო... მოკლედ, სანაკლიოს მეასიათასე მოქალაქე ჯერ კიდევ არ იყო დაბადებული, როდესაც დამწყებმა მხატვარმა კარლო წუწუნავამ ახალი ბინა და ახალი ხელფასი მიიღო, ხოლო სამი თუ ოთხი წლის შემდეგ (მაშინმე უკვე კარგა ხნის წასული ვიყავი სანაკლიოდან) ქალაქის მთავარ მხატვრად დაინიშნა, ქალაქის ყოფილი მთავარი მხატვარი კი, ლ. დიდიმამიშვილი, საკუთარი განცხადებით გადადგა პენსიაზე გასვლასთან დაკავშირებით. თუმცა ჩვენს სათქმელს მივუბრუნდეთ. რაც უფრო ახლოვდებოდა დიდებული წუთი, სანაკლიოში მით უფრო იზრდებოდა აჟიოტაჟი. გაზეთებმა უმატეს წერილების რაოდენობასაც და სიგრძესაც, რადიოკვანძი უკანასკნელ ცნობებში რეგულარულად გადმოსცემდა ინფორმაციებს სამშობიარო სახლიდან, გაიზარდა საიუბილეო კომისიის სხდომათა სიხშირე, ამაღლდა ამ სხდომებზე კაცია გოგიას დასწრების კოეფიციენტი. ერთი სიტყვით, მოახლოებული იუბილე სრულიად სანაკლიოს ერთადერთი სულიერი საზრდო გახდა. ყველგან – ქუჩებში, სკვერებში, ბაზარში, ეზოებში, სარეცლებში, ვაჭრობის კლუბში, სკოლებში და პროფ. სასწავლებლებში, ტაქსებსა და ტროლეიბუსებში, კარტოფილის რიგებში და ქალთა საპარიკმახერო სალონებში – ყველგან მეასიათასის ხსენება იყო. თვით შეყვარებული გოგო-ბიჭებიც კი, რომლებიც ქალაქის ბნელ-ბნელ კუთხეებში გამალებული ვარჯიშობდნენ კოცნაში, ისე ვერ მოისვენებდნენ, შუა ვარჯიშში ერთხელ მაინც მომავალი იუბილე არ ეხსენებინათ. ხოლო ქალაქის პულტთან იდგა ბიძაჩემი იონა და, რას ფიქრობდა, კაცმა არ იცის. იდგა, როგორც მთავარსარდალი, მხნე, ამაყი, გამარჯვებაში ღრმად დარწმუნებული, და დინჯად ითვლიდა. ცხრა, რთვა, შვიდი, ექვსი, ხუთი, ოთხი, სამი, ორი, ერთი... და აჰა, დაჰკრა დიდებულმა ჟამმა: მომავალი მეასიათასის დედას საიუბილეო ტკივილები დაეწყო. ბიძაჩემმა იონამ პრესისა და რადიოს მუშაკებთან, კომისიის სამ წევრთან და საზოგადოებრიობის რამდენიმე წარმომადგენელთან ერთად ბოლო ორი დღე სამშობიარო სახლში გაატარა. მეასიათასე დაიბადა აპრილის ცამეტს, ორშაბათ დღეს, გამთენიის ხანს, დილის ოთხ საათსა და ოცდასამ წუთზე. მოგვიანებით, ჩემს კითხვაზე, მახარობლები რომ ვესტიბიულში გამოცვივდნენ და იქ მელოგინის ოჯახის არც ერთი წარმომადგენელი არ აღმოჩნდა, გულმა რამე თუ გიგრძნო-მეთქი, ბიძაჩემმა იონამ დაფიქრებით მიპასუხა, როგორ არა, მაშინვე რეჩხი მიყო, მაგრამ ჩემი ტვინის ყველა თოთხმეტი მილიარდი უჯრედი (სიც) იმ დროს მკაცრად იყო დასაქმებული, მე ხომ მთელი სანაკლიოს მაგივრად ვაზროვნებდი, და გონებამ იოლად ჩაახშო გულის ხმა, დანარჩენებს კი, ვინც იქ მახლდა, თითოთითო უჯრედის მეტი არ გააჩნდათ, კაცზე ერთი უჯრედი კი ჩვენს ბობოქარსა და რთულ საუკუნეში ძალიან ცოტააო. ვის რამდენი უჯრედი ჰქონდა აპრილის იმ განთიადს სამშობიარო სახლის ოთახებსა და დერეფნებში, ამის ანგარიშს არ მოვყვები, ვინაი-დან ამან შეიძლება გვარიანად პესიმისტურ შედეგამდე მიგვიყვანოს, მხოლოდ იმას ვიტყვი, რომ მათემატიკა ბიძაჩემი იონას საქმე არ იყო. სამ მახარობელს ერთდროულად აუღია სტარტი და კეთილშობილური განზრახვით – რაც შეიძლება მალე მიელოცათ ოჯახისთვის ბიჭის დაბადება – დიდი სიჩქარით წამოსულან ვესტიბიულში მომლოდინე საზოგადოებისაკენ. ერთი მათგანი შუა დისტანციაზე ტაბურეტს წამოსდებია და შეჯიბრს, სადაც, როგორც ცნობილია, დამარცხებული არ არსებობს, ვინაიდან ყოველთვის მეგობრობა იმარჯვებს, იმთავითვე გამოთიშვია. დანარჩენი ორი ძახილით „ბიჭია, ბიჭი!“ ბოლომდე ისე მხარ-დამხარ მორბოდა თურმე, რომ გამარჯვებულის გამოვლენა, ბიძაჩემი იონას ვარაუდით, ფოტოფინიშის გარეშე შეუძლებელი იყო. მახარობელთა შეძახილების პასუხად ვესტიბიულში მქუხარე ტაში გაისმა. ცხადია, ეს საჭირო და კარგი იყო, საიუბილეო ბიჭი მთელ სანაკლიოს ეკუთვნოდა, მაგრამ მახარობლები სამართლიანად მოელოდნენ, რომ მილოცვას კონკრეტული ადრესატიც უნდა ჰყოლოდა. კონკრეტული ადრესატი კი არ ჩანდა და დაღლილი და აქოშინებული სპრინტერები შეფიქრიანებული და ცოტა გამწყრალი სახით აცეცებდნენ თურმე თვალებს. პირველი ბიძაჩემი იონა მოსულა გონს და, სანამ საერთო გაკვირვება უფრო მძაფრ სახეს მიიღებდა, ოცდახუთმანეთიანები დაუძვრია ჯიბიდან და გამარჯვებული მორბენლებისთვის პრიზებად დაურიგებია. ამასობაში ტრავმირებული მახარობელიც გამომჯობინებულა და, ბიძაჩემი იონას ხელში ოცდახუთმანეთიანები რომ დაუნახავს, ტკივილი სულ გადავიწყებია, წვივის არეში გადატეხილი მარცხენა ფეხი სასწრაფოდ აუკეცავს, ოდენ მარჯვენაზე შემდგარა, ელვისებური ასკინკილით წამოსულა და უიმედო და საწყალობელი ხმით უთქვამს ბიძაჩემი იონასთვის, ბიჭია, ბიჭი, ღმერთმა გაგიზარდოს და გაგიმრავლოსო, და ეს არასწორი მისამართით წარმოთქმული სიტყვები ბიძაჩემს კიდევ ერთი ოცდახუთმანეთიანი დაჯდომია. ეტყობა, ბიძაჩემ იონას თუ თოთხმეტი მილიარდი არა, ყოველ შემთხვევაში, რაც ჰქონდა, ყველა უჯრედი მართლა დასაქმებული იყო, რომ ამ პირველი საეჭვო გარემოებისათვის სათანადო ყურადღება არ მიუქცევია. ამის ნაცვლად ახალშობილის ზომა-წონითა და ჯანმრთელობით დაინტერესებულა. ეს მონაცემები მალე შეუტყვია. ბებია ქალი გამოსულა და ოცდახუთ მანეთად უთქვამს, წონა – ოთხი და სამასი, სიგრძე – ორმოცდათერთმეტი სანტიმეტრი, ხმა – ბოხი და ჯანმრთელიო. მაშინ ბიძაჩემ იონას კორესპონდენტები დაუთხოვია, ჯერჯერობით ეს ზოგა-დი ცნობები მივაწოდოთ მკითხველს, დანარჩენი ნელ-ნელა გამოვუზოგოთ, რომ მუდმივ სასიამოვნო დაძაბულობაში ვიყოლიოთო. ისინიც დაყაბულებულან, მაგრამ ამ დროს ფოტოკორესპონდენტები, რომელთაც, ბუნებრივია, ღამისთევის საფასური უნდოდათ, გაჭინჭყლებულან, სურათის გარეშე ცნობას ფასი არ ექნებაო. მაშინ თურმე, რაკი ახალმოლოგინებულთან აპარატის ჩხაკაჩხუკი მიზანშეწონილი არ იყო, ერთ სანიტარ გოგონას, რომელიც აქ სტაჟს აგროვებდა, რათა მერე ეს სტაჟი ნაკლული ცოდნის კომპენსაციად გამოეყენებინა და ამ გზით უმაღლეს სასწავლებელში მოხვედრილიყო, სასწრაფოდ გახადეს ტანთ, ქათქათა ლოგინში ჩააწვინეს, გვერდით ხუთიოდე დღისწინ დაბადებული ერთიბუთხუზა ბიჭი მიუგორეს და პრესის საიდუმლოებათა ღრმად მცოდნე ფოტოკორესპონდენტებმა სურათი ისე გადაიღეს, რომ მნახველს ბედნიერი დედის განწყობა ეგრძნო, ხოლო სახე და სხვა დეტალები ვერც ქალისა და ვერც ბავშვის ვერ გაერჩია. რაკი პრესა მოიშორა და ამ გზით უჯრედების ნაწილი გამოუთავი-სუფლდა, ბიძაჩემი იონას ყურადღების არეში მყისვე მოექცა ის უცნაური გარემოება, რომ მახარობელი ქალების დაძახილს ზუსტი ადრესატი არ გამოხმაურებია, ცოტა ხნის შემდეგ კი, როცა იმავე მახარობლებისა და ბებია ქალის გამოკითხვით დადგინდა, რომ, რაც იუბილარის დედა აქ იწვა, მისთვის არავის მოუკითხავს, ბიძაჩემ იონას თურმე გულმა კიდევ უფრო ძლიერი რეჩხი უყო და მკაფიოდ, ცხადად (როგორც ახლა შენ გიყუ-რებო, მითხრა) დაინახა ბედის ირონიული ღიმილი. ჩემი აზრით, ტყუოდა, რადგან ჩემს კითხვაზე, მარტო ღიმილი დაინახე თუ თვითონ ბედიც-მეთქი, ვერაფერი თქვა, მხოლოდ რეგვენი მიწოდა, რაც, შესაძლებელია, სიმართლე კი იყო, მაგრამ კითხვას სრულებით ვერ პასუხობდა. ასეა თუ ისე, ბიძაჩემი იონა გვარიანად შეშფოთებულა, კომისიის სამ წევრს, რომლებიც თან ახლდა, წინ გასძღოლია და შემდგომი კვლევა-ძიება სამშობიარო სახლის დირექტორის კაბინეტში გაუგრძელებია. ამ კვლევა-ძიებას შედეგი არ მოჰყოლია. სამშობიარო სახლში არავითარი ცნობა არ მოიპოვებოდა მელოგინის ოჯახის შესახებ. მაშინ საგონებელში ჩავარდნილ ბიძაჩემ იონას თავად მელოგინესთან საუბარი მოუთხოვია და მას შემდეგ, რაც ექიმს ქალის ჯანმრთელობა გულდასმით შეუმოწმებია და დამაკმაყოფილებლად უცვნია, ნებართვაც მიუღია. თეთრი ხალათი ჩაუცმევიათ, თეთრი ქუდი დაუხურავთ და, ამგვარად, ექიმისა და მისი ასისტენტების შემდეგ ბიძაჩემი იონა აღმოჩნდა პირველი კაცი, ვინც იუბილარის მშობელი დედა იხილა. ისეთი სახე ჰქონდაო, მიამბობდა მერე ბიძაჩემი, ისეთი მშვიდი, ისეთი სათნო, ისეთი ღვთაებრივი ნათელი ეფინა და ისეთი თბილი, ისეთი ნაზი და ისეთი უმწიკვლო ღიმილით შემომცქეროდა, მეტისმეტად შეშფოთებული რომ არ ვყოფილიყავი, მეტისმეტად შეფიქრიანებული დამეტისმეტად ბრიყვი (ეს უკანასკნელი სიტყვა გულზე მალამოდ მომეცხო, ვინაიდან ამ ყაიდის სიტყვებით, როგორც წესი, ყოველთვის მე მაჯილდოებდა ხოლმე, თავისთვის კი ძალზე იშვიათად იმეტებდა), ამ სახისა და ამ ღიმილის შემხედვარეს წინდაწინვე უნდა გამომეცნო მოვლენათა შემდგომი განვითარებაო. ბიძაჩემ იონას გულითადად მიულოცავს ვაჟიანობა და უთქვამს, ალბათ გეცოდინებათ, რომ თქვენი ბიჭი სანაკლიოს მეასიათასე მცხოვრებია და, ამგვარად, იუბილარის მშობელი ბრძანდებითო. ქალს დედობრივი სიყვარულის გულში ჩამწვდომი ღიმილითა და ცოტა მისუსტებული, მაგრამ საამო ხმით მიუგია, მე თუ არ ვიცი, მაშ, ვინ იცის, ორი დღეა ჯოჯოხეთურ ტკივილებს ვითმენო, ვის შეუძლია წარმოიდგინოს, რა ძალა სჭირდება ქალს, რომ ბუნებას აჯობოს და დაწყებული მშობიარობა მთელი ორი დღით გადასწიოსო. ამ სიტყვების შემდეგ ქალის სახეზე გადაფენილი ნათელი ბიძაჩემ იონას ისეთი ღვთაებრივი უკვე აღარ ეჩვენებოდა, მაგრამ მის გულში მომხდარი ღირებულებათა ეს გადაფასება, ცხადია, ბედნიერი დედისთვის არ უგრძნობინებია, ღიმილითა და დიდი ტაქტით ჩამოუგდია სიტყვა ოჯახზე და, რა შეუტყვია, ქალს ოჯახში არავინ ჰყოლია, ცოტა არ იყოს, შეცბუნებულა და გაუბედავად და არც ისე მკაფიოდ, როგორც ეწადა, უთქვამს, ეს ყველაფერი კარგი, მაგრამ... მმ... მეუღლე... ესე იგი, ბავშვის მმ... მამა... ეეჰო, ქალს უთქვამს, მოუკვდეს დედა ჩემს პატარა კაციას, მამა ვინ მისცაო. მაშინ ბიძაჩემ იონას სახის ნაკვთები იმდაგვარად გადაულაგებია, რომ ზედ სამძიმრის გამომეტყველება აღბეჭდილიყო, და თანაგრძნობით უკით-ხავს, ნუთუ გარდაიცვალაო, წამსვე ქალის ღიმილზე მიმხვდარა, რომ მიზანს ააცდინა, ნაკვთები უკანვე გადმოულაგებია, და აა, მიგატოვათო, უკითხავს. არც მომკვდარა და არც მივუტოვებივარო, უთხრა თურმე ქალმა, ჩემი პატარა კაცია, შემოევლოს დედა, უმამოაო. აპოკალიფსურმა ხილვამ რომ გაუარა, ბიძაჩემს უფრო პროზაული, უფრო რეალური და პრაქტიკული ეჭვი აუღია, მაგრამ ამ თემაზე საუბარი უხერხულად მიუჩნევია და, ვიზიტი რომ როგორმე სხვა თემით დაემთავრებინა, სახე-ლი და გვარი უკითხავს, რაც ანკეტიდან უკითხავადაც კარგად იცოდა. იამზე ბურძგლაო, ქალს უთქვამს, თქვენ თუ გინდათ, იაია დამიძახეთ, ახლობლები იაიას მეძახიანო. ბიძაჩემმა იონამ თურმე იგრძნო, რომ მშობლიური სანაკლიოს ლაჟვარდ ცაზე ლეგა ღრუბლები გამოჩნდა, პალატიდან გამოსულმა სასწრაფოდ ჩამოურეკა კომისიის დანარჩენ წევრებს, საგანგებო მდგომარეობა შეიქნა და დაუყოვნებლივ შტაბში გამოცხადდითო, და იმ სამ წევრთან ერთად, რომლებიც ბოლო ორი დღეა მუდამ თან ახლდა, თვითონაც შტაბს მიაშურა. ბიძაჩემი იონას ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ სანაკლიოს საიუბილეო, მეასიათასე მცხოვრები ნაბიჭვარი გამოდგა, სხდომაზე თურმე გლოვის ზარივით გაისმა. დიდხანს იდგა სამარისებური დუმილი. მერე, როცა პირველმა ელდამ გაიარა, გამოირკვა, რომ იაია ბურძგლა ბევრისთვის ნაცნობი სახელი და გვარი იყო, ხოლო კომიიის ერთი-ორი, შედარებით ახალგაზრდა წევრი, საეჭვოდაც კი შეიშმუშნა და სკამზე მოუსვენრად აწრიალდა. მცირე ხნის შემდეგბიძაჩემმა იონამ მძიმე, მაგრამ გვერდაუქცეველი კითხვა დასვა – რა ვქნათ, როგორ მოვიქცეთო – და კომისიის წევრთა გაუვალი, შეუღწევადი სახეების დანახვაზე მიხვდა, რომ ამ წუთიდან მოყოლებული მის უჯრედებს რაღაც დამატებითი და გაუთვალისწინებელი ტვირთი დააწვებოდა. მაგრამ ეს მომავლის ბუნდოვანი და ყრუ ძახილი იყო, რომელიც უცნობი ბრძოლისთვის მოწოდების შორეულ ზარს ჰგავდა, თორემ, როგორც ბიძაჩემმა იონამ ამიხსნა, როცა კომისიისთვის უკითხავს, რა ვქნათო, მხოლოდ ტაქტისა და სიფრთხილის იმ დოზას გულისხმობდა, რომლითაც ქალაქისთვის ეს მოულოდნელი და სავალალო ვითარება უნდა შეეპარებინათ, და იმ დროს აზრად არ მოსვლია, რომ საქმე შეიძლებოდა ისე დატრიალებულიყო, როგორც დატრიალდა. რაკი კომისიამ მის კითხვას პასუხი ვერ გასცა, ბიძაჩემმა იონამ გონივრული წინადადება შეიტანა: ასეთი პიკანტური საკითხები რა ჩვენისაქმეა, ბატონ კაცია გოგიას ვეახლოთ, ის არის კომისიის პატრონი და მთელი ქალაქის ალამდარი და დაე მისმა უზენაესმა გონებამ იმტვრიოს თავიო. კაცია გოგიას ხსენებაზე კომისიამ შვებით ამოისუნთქა. მართლაცდა (ვის არ გამოუცდია!), რამოდენა ლოდი გშორდება კაცს იმის გახსენებაზე, რომ არსებობს ვიღაც, ვისაც შეუძლია შენს მაგივრად იფიქროს და შენს მაგივრად წყვიტოს რთული და საჭოჭმანო საკითხები! კომისია მაშინვე წამოიშალა, მაგრამ მალე ისევ დაჯდა, ვინაიდან მოაგონდა, რომ ჯერ კიდევ ადრიანი დილა იყო. კაცია გოგია რვის ნახევარზე დგებოდა. ლოგინიდან ხომ არ წამოაგდებდნენ ამხელა კაცს! საათნახევარი კიდევ ისხდნენ და ბოლოს, როცა კაცია გოგიას ადგომის დრომ მოაწია, ყველანი მისი სასახლისაკენ გაემართნენ. კაცია გოგია საუზმეს უჯდა. კომისია რომ შევიდა და საიუბილეო წიაღში წარმოქმნილი საგანგაშო ვითარება აცნობა, ხიზილალიანი პური (კარტოფილი არ უყვარდაო, ამიხსნა ბიძაჩემმა იონამ) თურმე ჰაერში გაშეშებია და წამით დამუნჯებულა (ბიძაჩემი იონა რომ ამ დეტალს მიამბობდა, მე ცნობიერების ნაკადის რთული ასოციაციის მეშვეობით ეგნატე ნინოშვილი მომაგონდა), მერე ყავა რამდენჯერმე ნერვიულად მოუწრუპავს და დაფიქრებულა. ბოლოს ფიქრების შედეგი კომისიისთვის გაუცვნია, კერძოდ, უთქვამს, უმამოდ ბავშვის დაბადება ბნელეთის მოციქულთა მოგონილი ზღაპარია, რომელიც საბოლოო მიზნად მასების მორჩილებაში ყოფნას ისახავსო, გამოცდილება და პრაქტიკა ნათლად გვიჩვენებს, რომ ბავშვი იბადება მხოლოდ მამის დაუღალავი შრომის შედეგადო, ეს, შეიძლება ითქვას, ბუნების გარდაუვალი კანო-ნიაო, ამ შემთხვევაში ეტყობა საქმე გვაქვს არა უმამოდ დაბადებასთან, არამედ პირიქით, მამობის მრავალრიცხოვანი კანდიდატურების ერთობლივ მოღვაწეობასთან, რაც საშუალებას არ გვაძლევს ნამდვილი მამის ვინაობა დავადგინოთო. ამ მცირე თეორიული ექსკურსის შემდეგ უთქვამს, სამშობიარო სახლში წავიდეთ და ყველაფერი ადგილზე გავარკვიოთო. ბიძაჩემ იონას ეჭვი ეპარებოდა, რომ სამშობიარო სახლში იმის გარდა, რაც უკვე გაარკვია, კიდევ შეიძლებოდა რაიმეს გარკვევა, მაგრამ, რაკისანაკლიოში უფროსები არასოდეს ცდებიან, არ შეპასუხებია. სამაგიეროდ ტელეფონს მიწვდა, ყურმილი აიღო და სამშობიარო სახლის დირექციას კომისიის თავმჯდომარის გადაწყვეტილება წინდახედულად აცნობა. გასვლითი სხდომის გამართვას ვაპირებთ თქვენთანო, უთხრა, სხდომას თვით ბატონი კაცია დაესწრებაო, ამჟამად ბატონი კაცია საუზმეს შეექცევა და, რომ მოათავებს, წამოვალთ, ასე რომ ნახევარ საათში ალბათ უკვე მანდ ვიქნებითო. ბიძაჩემმა იონამ იცოდა, რასაც აკეთებდა. სამშობიარო სახლში წამსვე დაფაცურდნენ, იქაურობა ოპე-რატიულად დააკრიალეს, პერსონალს ახლადგაუთოებული ხალათები ჩააცვეს, თუ ვინმე მთვრალი იყო, შინ გაუშვეს, მელოგინე ქალები, რომლებიც თავიანთი რიგის მოლოდინში დერეფნის სხვა-დასხვა კუთხე-ებში შეკრებილიყვნენ და ერთმანეთს ინტიმურ გამოცდილებას უზიარებდნენ, თავთავიანთ პალატებში შელალეს, შემოსასვლელში საზეიმო წუთებისათვის საგანგებოდ შეძენილი დიდი ნოხი დააგეს, წინა ფასადზე ყოველი შემთხვევისთივს დროშაც გადმოფინეს და ამგვარად საპატიო სტუმრის შესახვედრად სანიმუშოდ მოემზადნენ. კაცია გოგია მაღალი კაცი იყო და ერთი შეხედვით კაკლის საბერტყ ჭოკს ჩამოგავდა, მაგრამ ადგილზე გარკვევამ უკვე არსებულ ცნობებს ახალი ვერაფერი შემატა. კომისიის საპატიო თავმჯდომარე მელოგინის ანკეტას დიდხანს გულისყურით ჩაჰკირკიტებდა და ისეთი სახე ჰქონდა, ეტყობა, ფიქრობდა. ხანი რომ გამოხდა, თქვა: „მდააა...“ და ისევ გაჩუმდა. კიდევ რომ გამოხდა ხანი, თავი ასწია, კომისიის წევრებსა და გარეშე დამსწრეებს (სამშობიარო სახლის დირექტორი და მთავარი ექიმი) ქორული მზერა, მოავლო, ხელისგული მკაცრად დაჰკრა მაგიდის კიდეს და ხმაში ფოლადი გამოურია: უკანონო ბავშვის მეასიათასე მცხოვრებად დანიშვნას არავინ გვაპატიებსო, თქვა, ვინ მოგვცემს იმის უფლებას, ქალაქის პრესტიჟი შევლახოთო, აქ ხმას დაუწია და უკვე სავსებით წყნარად დააბოლოვა, კომისიის წევრებს ვთხოვ თავიანთი აზრი გამოთქვანო. ეს, ცხადია, რიტუალური ფრაზა იყო და კომისიის წევრებს სინამდვილეში არაფერს ავალდებულებდა, რადგან, იმავე რიტუალის თანახმად,როცა კაცია გოგია საიუბილეო კომისიის (ან სხვა ნებისმიერ) სხდომას ესწრებოდა, მთავარ აზრს ყოველთვის თვითონ გამოთქვამდა, დანარჩენებს მხოლოდ კვერის დაკვრა მართებდათ. მართლაც, მცირე პაუზის შემდეგ, როცა რიტუალურად დარწმუნდა, რომ ხმის ამოღებას არავინ აპირებდა, შემდეგ ფორმულაზე გადავიდა, კეთილი, მაშინ მე დავიწყებო, და დაიწყო. უპრეცედენტო შემთხვევის წინაშე აღმოვჩნდით და, თუ დროზე რამე არ ვიღონეთ, შეიძლება გამოუვალ ჩიხში მოვემწყვდეთო. აქ ცოტა ხანს დაყოვნდა, მერე კომისიის ყველაზე დიდთავა წევრს მიუბრუნდა და რბილად ჰკითხა, ეგება კარგად ვერ დავითვალეთ, ხვიჩა ჩემო, და დაანგარიშებაში შეცდომა მოგვივიდაო, და, როცა ხვიჩამ სასწრაფოდ შეაგება, გამორიცხული არაფერია, გადავათვლევინებ თავიდანო, კმაყოფილმა დაუქნია თავი, გადაათვლევინე, გადაათვლევინეო. ხვიჩამ ბლოკნოტი ამოიღო და დავალება ჩაინიშნა, კაცია გოგია კი ახლა გარეშე დამსწრეებს (სამშობიარო სახლის დირექტორი და მთავარი ექიმი) მიუბრუნდა: „შემდეგი უკვე დაიბადა?“ სამშობიარო სახლის დირექტორმა და მთავარმა ექიმმა მიუგეს: „ახლა იტკიებს მუცელს ერთი მელოგინე“. „ძალიან კარგი“ თქვა კაცია გოგიამ და ისევ ხვიჩას მიმართა, „ან ეგება ამ ხნის განმავლობაში ვინმე ამოეწერა ქალაქიდან და ანგარიშში არ ჩაგვიგდია?“ „კი ბატონო, ეგეც შესაძლებელია. კაცმა რომ თქვას, რა დაუდგებოდა წინ!“, მიუგო ხვიჩამ. მაშინ საუბარში კომისიის თავმჯდომარის მოადგილე ჩაერია, ქალაქ სანაკლიოში კაცია გოგიას შემდეგ ყველაზე პატივსაცემი პიროვნება. მან თქვა: „იქნებ პირიქით, კი არ ამოეწერა, არამედ ჩაეწერა“, და თავისი აზრი რომ განემარტა, დასძინა, „ხომ არ აჯობებს, კაცია ადამოვიჩ, წინაზე ავიღოთ აქცენტი, რაც არ უნდა იყოს, უკვე დაბადებულია და ფაქტის სახით არსებობს?“ კაცია გოგიამ ერთხანს ჩუმად უყურა თავის მოადგილეს, მერე წყნარად დაუქნია თავი და იკითხა: „მამა ჰყავს?“ სამშობიარო სახლის დირექტორმა ანკეტა მოძებნა, ჩახედა და დაადასტურა: „ჰყავს“. ამით ნასიამოვნებმა მოადგილემ მშვიდობიანი ირონიით ჩაიცინა და შენიშნა: „მთელი სანაკლიო ბუშებად ხომ არ გადავიქცეოდით!“ გამსვლელი სხდომა წესით აქ უნდა დამთავრებულიყო, მაგრამ ამ დროს თურმე ბიძაჩემმა იონამ იკითხა: „ეს ყველაფერი კარგი, მაგრამ ამ ქალს რა ვუყოთ?“ „რომელ ქალს?“, ვერ გაიგო თავმჯდომარემ. „ნამდვილი მეასიათასის დედას“. კომისიის წევრთა უკმაყოფილო ხმაურში თავმჯდომარეს ასე უთქვამს: „ნამდვილი, იონა ჩემო, ქვეყანაზე არაფერი არ არის. ყველაფერი მეტ-ნაკლებად ნამდვილია და, როცა კორექტივის შეტანა აუცილებელია, აუცილებლად უნდა შევიტანოთ კორექტივი“. „იმ ქალმა იცის, რომ მეასიათასის მშობელია. ჩვენ ხომ ქალაქს ყოველდღიურად ვაწვდიდით ინფორმაციას!“ „ვცდი-ლობდით. არ უნდა გვექნა. მაგრამ არაფერია: შეცდომა, რომელსაც შეუძლია შემდგომ ზრდას შეუწ-ყოს ხელი, საშიში არაა. რაც შეეხება მაგ ქალს, თუ რამე დახმარება სჭირდება, დავეხმაროთ. ხომ გვაქვს საიუბილეო ფონდი! თუ საჭიროა, სულ მაგას მოვახმაროთ. ნურაფერს დავიშურებთ. ბინა სჭირდება, ბინა მივცეთ, ერთდროული დახმარება სჭირდება, ერთდროული დახმარება მივცეთ, სამსახური სჭირდება, სამსახური მივცეთ. თუ ჭეშმარიტი პატ-რიოტია, არც თვითონ ესიამოვნება, რომ ქალაქს მორალური ლაქა მოეცხოს. სხვათა შორის, ეს კარგი გამახსენე, იონა ჩემო!“, აქ კომისიას მიუბრუნდა, „იმ ქალთან ფაქიზი და ტაქტიანი მოლაპარაკებაა საჭირო. წინადადება შემომაქვს, ეს მოლაპარაკება დაევალოს ამხანაგ იონა კამკამიძეს. ვინ არის მომხრე?“ რაღა თქმა უნდა, თავიც კი არავის შეუკავებია და ბიძაჩემ იონას კიდევ ერთხელ ჩააცვეს თეთრი ხალათი და კიდევ ერთხელ დაახურეს თეთრი ქუდი. ბიძაჩემ იონას კაცია გოგიას წინადადება თავდაპირველად სავსებით მისაღებად და დამაკმაყოფილებლად უცვნია და შუამავლობაც სიამოვნებით უკისრია, რადგან, მისი აზრით მთავარი ეკონომიური სარგებლობა იყო, თორემ მეასიათასის სახელი და წუწუნავას გამოჩორკნილი მედალი ვის რა ჭირად უნდოდა. მაგრამ ამ გონივრულ ვარაუდს იუბილარის დედამ მალე უკომპრომისობის მღვრიე წყალი შეუყენა. ბიძაჩემი იონა პალატაში შესული რომ დაინახა, თავიდან ალერსია-ნად გაუღიმა თურმე, როგორც ძველსა და კარგ ნაცნობს. ბიძაჩემი სკამ-ზე ჩამომჯდარა და ზერელე, ქარაფშუტული მუსაიფი გაუბამს, ქალებს რომ უყვართ და შეეფერებათ, ისეთი. ცხადია, ამ გარეგნულად არხეინ საუბარს თავისი მიზანდასახულობა ჰქონდა, კერძოდ, თავიდან ბოლომდე ისეთი ფარული ლაიტმოტივი გასდევდა, რომელიც ქალის ქონებ-რივი ცენზის დადგენას ისახავდა მიზნად. მართლაც, ჩემს მზაკვარ ბიძას მალე დაუსკვნია, რომ იუბილარ დედას, თუ მცირეოდენ სულიერ კაპიტალს არ ჩავთვლით, სხვა არა ებადა რა, და ძალიანაც გახარებია, რადგან კარგად ესმოდა, რომ, რაც უფრო ღარიბი აღმოჩნდებოდა პატარა კაციას დედა, მით უფრო იოლი იქნებოდა მასთან მოლაპარაკება. ბოლოს, საუბარში რომ აიყოლია, ნელ-ნელა შეაპარა თურმე, საიუბილეო ანგარიშში, ეტყობა, შეცდომაა დაშვებულიო. ეს მოსაზრება რომ უფრო დამაჯერებელი და საშიში გაეხადა, დაუმატა, ვისაც დაანგარიშება ევალებოდა, კვადრატული ფესვი სწორად ვერ ამოუღია, რადგან ნიუტონის ბინომში რიცხობრივი მონაცემები მთლად სიმეტრიულად არ ყოფილა განლაგებულიო, ახლა თავიდან ანგარიშობენ და ვეჭვ, საიუბილეო ციფ-რი კვლავ თქვენზე მოვიდესო. ამის გაგონებაზე იაია ბურძგლას მსუბუ-ქი და რბილი გამომეტყველება ერთბაშად წაშლია და უეცრად თურმე, როგორც გაჭრილი ვაშლი, ისე დამსგავსებია მიქელანჯელოს ქალს, რომელსაც ბავშვი აუტატებია და, თუმც კი იმედი აღარა აქვს, მაინც ცდილობს წარღვნას როგორმე თავი დააღწიოს. მერე თვალი თვალში გაუყრია ბიძაჩემი იონასთვის და უთქვამს, ბინომები და დებილები თქვენსკენ მოიკითხეთ, იცოდეთ, მე ცოცხალი თავით არაფერს დავთმობო. მაშინ ბიძაჩემი იონა მთავარ კოზირს ჩასულა: ბინაო, შეპირებია, ერთდროული დახმარებაო, სამსახურიო. თავისი ინიციატივით ისიც დაუმატებია, სხვა რაიმე ეკონომიკური პრეტენზია თუ გაქვთ, არ მოგერიდოთ, მითხარით და ყველაფერს მოგიგვარებთო. იაია ბურძგლამ უყურა თურმე ამ ბიძაჩემ იონას, უყურა და ბოლოს ჰკითხა, თქვენ იონა კამკამიძე არა ხართო? ბიძაჩემ იონას ერთი კი გაკვირვებია, მერე გულში კმაყოფილებით გაუვლია, მღვდელი ჭილოფში იცნობაო, და უღიარებია, დიახ, ქალბატონო, იონა კამკამიძე გახლავართო. მერე არა გრცხვენიათო, ქალს უთქვამს, ვის აყოლიხართ ამხელა კაცი, რომ აყოლიხართო, მაგათი ანგარიში მე კარგად ვიცი, მაგრამ მე თქვენს ანგარიშს ვენდობოდიო, თქვენ არ იყავით, გაზეთებში რომ ცნობებს ბეჭდავდითო?! მე თქვენი ანგარიშის კვალობაზე ვანგარიშობდი და თქვენი იმედით ვიმშობიარე დღეს, თორემ მაგათი შემყურე ასე როგორ გავიწამებდი თავს და ამ ჯოჯოხეთურ ტკივილებს ორი დღე როგორ მოვითმენდი, გუშინწინვე ვიმშობიარებდიო. იცით თქვენ, რას ნიშნავს დაწყებული მშობიარობის შეკავებაო? არ იცითო. არ იცით და ღმერთმა ნურც გამოგაცდევინოთო! რას ვიფიქრებდი, თქვენც თუ მაგათი ჯიშის გამოდგებოდითო!.. რა ხანია ბავშვის გაჩენა მინდა და ვერ გამიბედავს, სულ იმას ვფიქრობ, რომ გავაჩინო, რითი გავზარდო-მეთქი! ამ იუბილის იმედით, როგორც იქნა, გავბედე და ახლა მეუბნებით, ვერ დაიანგარიშესო?!. აკი ყოველგვარ ეკონომიურ შემწეობას გპირდებიანო, ბიძაჩემს უთქვამს, და რა აუცილებელია საიუბილეოც იყოსო. ამაზე იაია კიდევ უფრო გაწიწმატებულა: რაც ჩემს კაციას ერგება, ენაცვალოს დედა, ფრჩხილის ოდენას არაფერს დავთმობო, ცხარედ მიუგია, თქვენი ეკონომია თქვენთვის შეინახეთ, თქვე ქურდებო და მამაძაღლებოო, რა შავ ქვად მინდა ან სახლი, ან სამსახური, შვილს თუ სირცხვილით თვალი ვეღარ გავუსწორეო! რა ვუთხრა, რომ გაიზრდება და მკითხავს, დედი, დედი, რატომ მე არა ვარ მეასიათასეო? ვუთხრა, შენი მეასიათასეობა, შვილო, ბინაში და სამსახურში გავცვალე-მეთქი? ჰა, ვუთხრა? ამას მირჩევთ ხომ? შვილის ბედით ვივაჭრო ხომ?... აქ ორი უცნაური და არაბუნებრივი რამ მომხდარა: „ერთი – იაია ბურძგლას უეცრად ტირილი ავარდნია, და მეორე – ბიძაჩემ იონას გული ასჩუყებია. აქვითინებული ქალი რომ სიტყვით ვერ დაუშოშმინებია, უკიდურესი ზომისთვის მიუმართავს: ლოგინის კიდეზე უღონოდ და უსასოოდ ჩამოდებულ მის ხელს თურმე ზემოდან თავისი ხელი დაადო და, რაც შეეძლო, ნაზად და ალერსიანად მოეფერა. იაია ბურძგლას ამაზეჯერ შეუწყვეტია ტირილი, მერე ისევ განუახლებია და მერე ისევ შეუწყვეტია. ბოლოს ცრემლი მოიწმინდა თურმე და უკვე მშრალად მოჰყვა ზლუქუნს, ეს რა დრო დაგვიდგა, ერთი კაცი აღარ დარჩა ამოდენა სანაკლიოში, რომ საწყალ უმამო ბავშვს დამცველად დაუდგეს და სამართალი გაუჩინოსო. სწორედ ამ დროს სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლა ბიძაჩემი იონას ორ ბუნებას შორის ერთ-ერთის გამარჯვებით დასრულებულა და ბიძაჩემი იონა ღალატის მოლიპულ გზას დაადგა. უღალატა თანამდებობას, უღალატა კომისიას, უღალატა მოვალეობას, უღალატა სინდისს, უღალატა მთელს სანაკლიოს, უღალატა ოთხმოცდაცხრამეტი ათას ცხრაას ოთხმოცდაცხრამეტ ადამიანს და სული ეშმაკს მიჰყიდა. როდესაც თავისი ამ უსინდისო ღალატის ამბავს მიყვებოდა, სახეზე ნეტარება ეწერა და კილოც ნეტარი ჰქონდა. ო, ეს საკვირველი რამ განცდააო, მარწმუნებდა, ახლაც კი ტანში ჟრუანტელი მივლის იმის გახსენებაზე, თუ როგორ მევსებოდა სული და როგორ მემუხტებოდა სხეული ბასრი და დიადი ღალატითო, თვალნათლივ ვხედავდი, როგორ ინაცვლებდნენ ადგილს პრინციპები, შეხედულებები, დამოკიდებულებები, სიმპათიები და ანტიპათიები, როგორ ლაგდებოდა ყველაფერი და როგორ ნათდებოდა სამყაროო. ვისაც ღალატი არ გამოუცდია, იმან არ დაიტრაბახოს, სისხლსავსე ცხოვრებით ვიცხოვრეო... ერთი სიტყვით, ბიძაჩემი იონა მაღალფარდოვნად და პათეტიკურად (ცოტა მეტი მომივიდაო, გამომიტყდა) დაჰპირებია იაია ბურძგლას, თუ ვყოფილვარ იონა კამკამიძე, თქვენ და თქვენს ვაჟიშვილს არავის დავაჩაგვრინებო, სრული ძალით აუმოქმედებია თავისი თოთხმეტი მილიარდი (ან უფრო რეალური რაოდენობის) უჯრედი და იმ წამიდან ფარული და, როგორც ქვემოთ ნახავთ, გვარიანად მზაკვრული ომი გაუჩაღებია საკუთარი კომისიის წინააღმდეგ. უპირველეს ყოვლისა, კაცია გოგია და მთელი კომისია დაურწმუნებია, ყველაფერი რიგზეა, ქალი ჩვენს პირობებზე დავითანხმეო, მერე კი, კომისია რომ კმაყოფილი და დამშვიდებული გაუსტუმრებია, ის ექიმი მოუნახულებია, რომელმაც იაია ბურძგლა მოარჩინა. როგორც მითხრა,ამ ექიმის შესახებ უკვე შეგროვილი ჰქონდა საჭირო ცნობები, კერძოდ, იცოდა, რომ იგი, გარდა იმისა, რომ, საზოგადოდ, თოთხმეტმარცვლიანი თეთრი ლექსით მეტყველებდა, ამავე დროს ადგილობრივი კედლის გაზეთის „მელოგინის ხმის“ რედაქტორი იყო, თვითონ წერდა, თვითონ ხატავდა და, რომ მოათავებდა, თვითონ ჰკიდებდა დერეფანში თვალსაჩინო ადგილას, და ამას ყველაფერს ხალისითა და ენთუზიაზმით აკეთებდა, რადგან აგერ უკვე მეხუთე წელი იყო ამ გაზეთში გაგრძელებებით აქვეყნებდა თავის ორიათასსტრიქონიან პოემას, რომელიც მხატვრული კუთხით აშუქებდა აბორტის პრობლემებს. ბიძაჩემ იონას კედლის გაზეთის რედაქტორისთვის კომისიის სახელით შეუხსენებია, რომ საჭირო იყო საგანგებო ნომრის გამოშვება მეასიათასის დაბადებასთან დაკავშირებით, ესკიზი თვითონვე შეუდგენია, გამოსაქვეყნებელი მასალის შინაარსი ჩამოუყალიბებია და შეუპირებია, რომ საღამოსთვის გაზეთი მზად იქნებოდა (საღამოს ცხრა საათზე გაზეთი მართლაც უკვე დერეფანში ეკიდა. გაზეთში გამოქვეყნებული იყო ერთი მეთაური სტატია იდეოლოგიური მუშაობის შემდგომი გაძლიერების აუცილებლობის შესახებ, ერთი რიტმული პროზით დაწერილი წერილი სათაურით „მშობლიურ სანაკლიოს იამზე ბურძგლასაგან!“, ერთი ლირიკული ლექსი ამავე თემაზე, კიდევ ერთი წერილი, სადაც ავტორი ოდას უძღვნიდა ექიმს, რომელმაც იუბილარის დედა მოალოგინა, მარჯვენას ულოცავდა და უსურვებდა მეორასიათასეც მისი მეოხებით გაჩენილიყო, გარდა ამისა, ქვეყნდებოდა პოემის ოცდამეთხუთმეტე თავის დასაწყისი და პატარა იუმორესკა ხალხური ზღაპრის სტილში იმის შესახებ, თუ რა მძიმე და ეკლიანი გზა გამოიარა პატარა კაციამ, რა დაბრკოლებები გადალახა, როგორ აჯობა ჭკუით, ხერხითა და ვაჟკაცობით ნაირ-ნაირ დევებს, გველეშაპებსა და კუდიან დედაბერს, რომლებიც ცდილობდნენ მისთვის მეასიათასეობა მოეტაცნათ და თავად მიეთვისებინათ. ბოლოში დახატული იყო საფოსტო ყუთი წარწერით „მოგვაწოდეთ წერილები!“. პრესა სანაკლიოშიც კი დიდი ძალაა და თუმცა კედლის გაზეთი ვერაფერი პრესაა, ბიძაჩემმა იონამ იცოდა, რომ, როცა ცოდვა-მადლი სასწორის პინებზე დალაგდებოდა და ყოველ მისხალს გადამწყვეტი მნიშვნელობა მიეცემოდა, იდეოლოგიური ბრძოლის ისეთ ჟანგმოდებულ იარაღსაც კი, როგორიცაა კედლის გაზეთი, შეიძლებოდა ძალიან დიდი როლი ეთამაშა. კედლის გაზეთის საქმე რომ მოუთავებია, წასულა და „საღამოს სანაკლიოს“ კორესპონდენტს სწვევია შინ, რათა ბრძოლაში ნამდვილი პრესაც ჩაება. სუფრას რომ მისხდომიან (სუფრა იმ დღეს სანაკლიოს უკლებლივ ყველა ოჯახში იყო გაშლილი), უთქვამს, საკვირველია პირდაპირ, ამ ხნის კაცი სანამ უნდა ტკეპნიდე ერთ ადგილს, ლიტმუშაკად ხომ არ გინდა მოკვდე, აღარ არის დრო, განყოფილების გამგე გახდე, რედაქტორის მოადგილე გახდე და ეს დახავსებული „საღამოს სანაკლიო“ ჭაობიდან ამოათრიოო, თუ სხვაზე ნაკლები ხარო? ეეჰ, ჩემო იონაო, კორესპონდენტს უპასუხნია, ნაკლები კი არა, მე რომ ჩვენს განყოფილების გამგეებს და რედაქტორს ვუყურებ, ჩემი ფეხის ფრჩხილად არ ღირს არც ერთი, მაგრამ რა გინდა ქნა, პატრონი უნდა გყავდეს კაცსო. კარგი, კარგი, მოვეშვათ ამასო, ბანზე აუგდია სიტყვა ჩემს ცბიერ ბიძას და საუბარი სხვა საგანზე გადაუტანია, რადგან ეჭვი არ ეპარებოდა, რომ საღერღელაშლილი კორესპონდენტი ახლა თვითონ აღარ გაჩერდებოდა. მართლაც არ გაჩერებულა. მაშინ ბიძაჩემ იონას ხმადაბლა, საიდუმლო კილოთი უთქვამს, შენი პირადი პატივისცემა, ჩემო იმანო, თორემ რა მრჯისო, რაც არის, არის, იუბილარის დედის სახელსა და გვარს გეტყვი და შენს ინფორმაციაში შეიტანე, ოღონდ არ გამთქვა, თორემ „სანაკლიოს დილაში“ სულ ჩემი ახლობელი ხალხი მუშაობს და სამუდამოდ დამკარგავენო. „საღამოს სანაკლიოს“ კორესპონდენტი ფიცით შეჰპირებია, არ გაგთვქამო. და იმ საღამოს სანაკლიოს საგაზეთო ცხოვრებაში მნიშვნელოვანი გარდატეხა მოხდა: დილისა და საღამოს გაზეთები ერთმანეთისაგან განსხვავდებოდა. კერძოდ, ინფორმაციაში, რომელიც მეასიათასე მოქალაქის დაბადებას იუწყებოდა, დილის გაზეთის ბოლო ფრაზა იყო: „პატარა კაცია და მისი ბედნიერი დედიკო თავს ჩინებულად გრძნობენ“,ხოლო საღამოს გაზეთისა: „პატარა კაცია და მისი ბედნიერი დედიკო – იამზე (ანუ როგორც ახლობლები ეძახიან, იაია) ბურძგლა – თავს ჩინებულად გრძნობენ“. „საღამოს სანაკლიოს“ მოხუც კორესპონდენტს სიტყვა არ გაუტე-ხია, ბიძაჩემი იონას საეჭვო ნამუსი ვაჟკაცურად შეუნახავს და დაკითხვაზე, რომელიც კაცია გოგიას კაბინეტში მიმდინარეობდა ბიძაჩემისა და კომისიის რამდენიმე სხვა წევრის თანდასწრებით, ინფორმაციის წყარო არ დაუსახელებია. თუმცა, უნდა ითქვას, მაინცდამაინც არც ვინმეს ძალა დაუტანებია, რადგან ამ მძიმე ვითარებაში კაცია გოგიას დამნაშავის დასჯა იმდენად არ აინტერესებდა, რამდენადაც დაშვებული შეცდომის გამოსწორება. ეს საქმე კი, როგორც სანდო და ნაცად კაცს, კვლავ ბიძაჩემ იონას მიანდო. ბიძაჩემი იონა ღრმად და ყასიდად დაფიქრებულა და ასეთი გეგმა შეუთავაზებია: როდესაც ახალ მეასიათასეს შევარჩევთ, ცნობა ისე გამოვაქვეყნოთ, რომ დედის სახელსა და გვარს ბუნებრივად და ტაქტიანად ავუაროთ გვერდი. მეტიც: პირველ ხანებში ჯობს მამაც კი არ მოვიხსენიოთ სახელით და როგორმე მარტო გვარით გავიდეთ ფონს, მაგალითად, „დიდი ხნის ნანატრმა ბედნიერებამ ერთხანს ზღაპრული ფრინველივით იტრიალა სანაკლიოს მოწმენდილ ცაზე და ბოლოს გოგიების – სიტყვაზე ვამბობ – ტკბილ ოჯახში დაიდო ბინა...“ ამით მკითხველის მეხსიერებიდან ნელ-ნელა ამოვძირკვავთ იამზე ბურძგლასო, მერე და მერე, როცა ამის შესაძლებლობას დავინახავთ, ახალ სახელსა და გვარსაც შევაპარებთო. კაცია გოგიას გეგმა მოუწონებია, მადლობის ნიშნად ბიძაჩემი იონასთვის მხურვალედ ჩამოურთმევია ხელი და (მე არა მჯერა და თქვენ როგორც გენებოთ) თვალზე ცრემლი მოსდგომია. სანამ კაბინეტიდან გამოვიდოდა, ბიძაჩემმა კიდევ ერთი უაღრესად მნიშვნელოვანი საკითხი შეუთანხმა კაცია გოგიას: პრობლემა ფრიად და ფრიად დელიკატურია და ყველა მოსალოდნელი გართულების წინასწარ გათვალისწინება შეუძლებელია, ამიტომ საჭიროდ მიმაჩნია, ყოველი შემთხვევისათვის, ცნობა ერთი მოქალაქის ამოწერის ან ერთი მოქალა-ქის ჩაწერის შესახებ (ჯერ არ ვიცით, რომელი ვარიანტი გამოგვადგება) ოფიციალურად გაიცესო. კაცია გოგიას იქვე დაურეკავს დიდთავა ხვიჩასთვის და წინადადება მიუცია, კომისიის მდივნის ყველა მოთხოვნა უყოყ-მანოდ შეასრულეო. ამასობაში ქალაქში ზეიმი დაიწყო. მართალია, ტახტი ჯერ კიდევ ცარიელი იყო, მაგრამ ქალაქი გაზეთის ცნობას დაეყრდნო და, როგორც დავალებული ჰქონდა, ზეიმს შეუდგა. წარმატებით ჩატარდა (მე თვითონ დავესწარი) კონფერენცია „დედა, მამა და შვილი – პრობლემის ბიოლოგიური და ფსიქოლოგიური ასპექტი“, გაიმართა სახელდახე-ლო მიტინგი სამშობიარო სახლის წინ, საბავშვო ბაგა-ბაღებში გაისმა ტაშფანდურის ხალისიანი ხმები. მართალია, შესაბამისმა ორგანოებმა შესაბამის ორგანიზაციებს ფრთხილად და ტაქტიანად ურჩიეს ჯერჯერობით თავი შეეკავებინათ, მაგრამ თეორიული კონფერენციისა და მიტინგის მონაწილეთა დროული გაფრთხილება ვერ მოხერხდა, ხოლო ბაგაბაღებში ეს გაფრთხილება, უბრალოდ, ყურად არ იღეს, რადგან აღმზრდელ პედაგოგებს, რომლებმაც ღამეები ათენეს და ტვინი ანთხიეს ლიტერატურულ-მუსიკალურ მონტაჟებზე, ბუნებრივია, ეშინოდათ ამდენი შრომა წყალში არ გადაჰყროდათ. მომდევნო სამი დღის განმავლობაში ბიძაჩემი იონა სახლში არ გამოჩენილა, ამიტომ მთელი ოჯახი, შეიძლება ითქვას, ბნელში ვისხედით და წარმოდგენა არ გვქონდა, რა ოინებს ატრიალებდა. ამ ამბებზე არც შემდგომში ლაპარაკობდა ჩვეული ენთუზიაზმით და, როდესაც თავისი თავგადასავლის კულმინაციურ და უაღრესად დრამატულ ეტაპს ეხებოდა (ჩემთან, თორემ სხვებთან ამ თემაზე საერთოდ არ ლაპარაკობდა), ყოველთვის უემოციო იყო, ინდიფერენტული, და ყოველთვის მოკლედ და შედარებით მშრალად, უმთავრესად ფაქტების ენით ყვებოდა. ფაქტები კი (ის, რაც პრესის საშუალებით გავიგე, და ის, რაც ბიძაჩემისგან ვიცი) ასეთი იყო: იმ დღეს, კაცია გოგიას რომ გამოეთხოვა, ჯერ სამშობიარო სახლში წასულა, კედლის გაზეთი ყურადღებით წაუკითხავს და კმაყოფილი დარჩენილა, მერე იაია ბურძგლა მოუნახულებია,„საღამოს სანაკლიო“ უჩვენებია და გაუხარებია, ოღონდ იქვე აუხსნია, ეს მხო-ლოდ დასაწყისია, მთავარი ბრძოლა წინა გვაქვსო. იქიდან დიდთავა ხვიჩას დაწესებულებას სწვევია და აღმოუჩენია, რომ ზოგჯერ (ცხადია, მხოლოდ წვრილმანებში) ბედი სწყალობდა: საოცარია, მაგრამ იმ დღეებში ერთი კაცი მართლა ამოწერილა ქალაქ სანაკლიოდან და ერთი კაცი მართლა ჩაწერილა, რის გამოც ხვიჩას დაწესებულებას ორივე ცნობა უმტკივნეულოდ, უხინჯოდ და დამშვიდებული სინდისით გაუცია. ხვიჩასგან წამოსული ისევ სამშობიარო სახლში დაბრუნებულა და სავარაუდო კანდიდატურები შეუმოწმებია. იაია ბურძგლას წინ უმშობიარია (ეს ბიძაჩემმა ადრევე იცოდა), ქალს, რომელსაც უშვია კანდიდატი გვარად შამოევი, იაია ბურძგლას შემდეგ (ცამეტი, საღამოს) უმშობიარია ქალს, რომელსაც უშვია კანდიდატი გვარად მეფისაშვილი. ორივე კანდიდატს თითო მამა ჰყავდა და ორივე მშვენიერი ოჯახიშვილი იყო. ბიძაჩემ იონას კანდიდატების მისამართი ამოუწერია და ორივეს ოჯახი მოუნახულებია (რა გააკეთა იქ, არ უთქვამს). შემდგომ ამისა რედაქციები ჩამოუვლია და კორესპონდენტები მოუმზადებია (მოვამზადეო, ასე მითხრა და, როცა დავინტერესდი, თუ რა ხასიათისა იყო ეს მომზადება, სიტყვა ბანზე ამიგდო). იქიდან კაცია გოგიას ხლებია და მოუხსენებია, ყველაფერი გეგმის მიხედვით ვითარდებაო. მერე კომისიის სხდომა მოუწვევია, მთავარი იუბილის დღე დაუნიშნავს (16 მაისი), მოსაწვევი ბარათის ტექსტი საკუთარი ხელით შეუდგენია (ხომ იცი, წერა-კითხვა ჩვენში რა პრობლემააო, მითხრა) და ერთ-ერთი ასისტენტის ხელით სტამბაში გაუგზავნია, მერე ეტლის, ცხენების, ყვავილების, ჩოხების და სხვა აქსესუარების შოვნის თადარიგს შედგომია და მთელი დღე ამაზე ურბენია. მეორე დილით, როდესაც კაცია გოგიას „სანაკლიოს დილაში“ წაუკითხავს: „სანაკლიო ეგებება თავის მეასიათასე შვილს დიდი ხნის ნანატრმა ბედნიერებამ ერთხანს ზღაპრული ფრინველივით იტრიალა სანაკლიოს მოწმენდილ ცაზე და ბოლოს შამოევების -ტკბილ ოჯახში დაიდო ბინა. დიახ, დიახ, ძვირფასო მკითხველო, სწორად მიმიხვდი: ქალაქ სანაკლიოს სტუმართმოყვარე კარიბჭე ომახიანი ძახილით შემოაღო მეასიათასე მცხოვრებმა. ვისწრაფი გაცნობო, რომ მშობიარობამ წარმატებით ჩაიარა, მელოგინეცა და ახალშობილიც თავს ჩინებულად გრძნობენ. ახლა, როცა ეს სტრიქონები იწერება, პატარა კაცია ალბათ ფუნჩულა ტუჩებით ჩაფრენია დედის ძუძუს“, მადიანად უსაუზმია, მაგრამ საღამოს, როცა „საღამოს სანაკლიოში“ წაუკითხავს: სანაკლიო ეგებება თავის მეასიათასე შვილს დიდი ხნის ნანატრმა ბედნიერებამ ერთხანს ზღაპრული ფრინველივით იტრიალა სანაკლიოს მოწმენდილ ცაზე და ბოლოს მეფისაშვილების ტკბილ ოჯახში დაიდო ბინა. დიახ, ძვირფასო მკითხველო, სწორად მი-მიხვდი: ქალაქ სანაკლიოს სტუმართმოყვარე კარიბჭე ომახიანი ძახილით შემოაღო მეასიათასე მცხოვრებმა. ვიჩქარი გაცნობო, რომ მშობიარობამ წარმატებით ჩაიარა. მელოგინეცა და ახალშობილიც თავს ჩინებულად გრძნობენ. ახლა, როცა ეს სტრიქონები იწერება, პატარა ვანდა ალბათ ფუნჩულა ტუჩებით ჩაფრენია დედის ძუძუს“, მადა დაკარგვია და პირში ლუკმა არ ჩასვლია. ხოლო ერთი საათის შემდეგთავის მშვენიერ კაბინეტში დაუნდობლად ურახუნებდა მუშტებს მუხის მყარ, გამძლე, მრავლისმნახველ მაგიდას და მტყუანსა და მართალს განურჩევლად აძრობდა ტყავს. ასეთ დაძაბულ ვითარებაში ბიძაჩემ იონას თურმე დამსწრეთა განსაცვიფრებ-ლად სიტყვა შუა ლანძღვაზე შეუწყვეტინებია და მთელი დანაშაული მარტო თვითონ უტვირთია. სხვას რას ემართლებით ყველაფერი ჩემი ბრალია და, თუ დასჯაა, მე ერთი უნდა დავისაჯოო, უთქვამს, მერე რა, რომ თავის მოსაფხანი დრო არ მქონდა, მაინც ბოლომდე უნდა მივყო-ლოდი და ბოლომდე უნდა შემემოწმებინა, ხომ ვიცოდი, რა ვირებთან და ყეყეჩებთან მქონდა საქმეო, მაგრამ სასჯელი სად გაიქცევა, სასჯელს მერეც მოვესწრები, ახლა მაგისთვის არა მცალია, ახლა მთავარია წამხდარ საქმეს როგორმე დროზე ვუშველოო. და უშველა. რა ქნა ასეთი, არ ვიცი (რაც საჭირო იყო, ის ვქენიო, მშრალად მიპასუხა, როცა დეტალებით დავინტერესდი, და მეტი ამ ეპიზოდზე კრინტი ვეღარ დავაძვრევინე), მაგრამ ფაქტია, რომ მეორე დღეს გაზეთებმა გასწორება დაბეჭდეს. დილით კაცია გოგიას, როდესაც „სანაკლიოს დილაში“ წაუკითხავს: „გასწორება ჩვენი გაზეთის გუშინდელ ნომერში გამოქვეყნებულ წერილში „სანაკლიო ეგებება თავის მეასიათასე შვილს“ კორექტორის მიზეზით გაიპარა შეცდომა. კერძოდ, ნაცვლად სიტყვებისა „...ბოლოს შამოევების ტკბილ ოჯახში“ და „პატარა კაცია ალბათ ფუნჩულა ტუჩებით...“ უნდა იყოს „...ბოლოს მეფისაშვილების ტკბილ ოჯახში“ და „პატარა ვანდა ალბათ ფუნჩულა ტუჩებით...“ დანარჩენი როგორც ტექსტშია“, კვლავ მადიანად უსაუზმია. სამაგიეროდ, როდესაც „საღამოს სანაკლიოში“ წაუკითხავს: „გასწორება ჩვენი გაზეთის გუშინდელ ნომერში გამოქვეყნებულ წერილში „სანაკლიო ეგებება თავის მეასიათასე შვილს“ კორექტორის მიზეზით გაიპარა შეცდომა. კერძოდ, ნაცვლად სიტყვებისა „...ბოლოს მეფისაშვილების ტკბილ ოჯახში“ და „პატარა ვანდა ალბათ ფუნჩულა ტუჩებით...“ უნდა იყოს „...ბოლოს შამოევების ტკბილ ოჯახში“ და „პატარა კაცია ალბათ ფუნჩულა ტუჩებით...“ დანარჩენი როგორც ტექსტშია“, ისევ დაკარგვია მადა. იმ დღეს ქალაქ სანაკლიოს ისეთი სახე ჰქონდა, თითქოს ატყობდა, რომ რაღაცას უპირებდნენ, მაგრამ, კერძოდ, რას ვერ გაეგო და ამიტომ შიშითა და მოლოდინით გატრუნულიყო, ხოლო კაცია გოგიას მრავლისმომსწრე მაგიდა შუაღამემდე იობის მოთმინებით იტანდა პატრონის მუშტებს. ამჯერად თურმე კაცია გოგიას კომისიაც ბანს აძლევდა, ჟამიდან ჟამზე ბიძაჩემისკენ იშვერდა თითს და „ჰკა მაგას! ჰკა მაგასო!“ გაიძახოდა. აღტაცებითა და სიამაყის კანონიერი გრძნობით უნდა აღვნიშნოთ, რომ ბიძაჩემ იონას აქაც ჰყოფნია უტიფრობა და, როგორც კი შესაფერისი შემთხვევა მოუხელთებია, სიტყვა წარმოუთქვამს. თავისთავად ცხადიაო, თავჩაღუნულს განუცხადებია მონანიე კილოთი, თქვენს თვალში საბოლოოდ და სამართლიანდ დისკვალიფიცირებული ვარ და ყოველგვარი ნდობა დაკარგული მაქვსო, მაგრამ, სანამ დამსჯიდეთ, ორიოდე სიტყვა მათქმევინეთო. ჯერ კიდევ არსებობს გამოსავალი და, თუ ერთ ცდასაც მომცემთ, გარწმუნებთ, ჩემს დიდ დანაშაულს გამოვისყიდიო. ამას გეუბნებათ კაცი, რომელსაც სავსებით შეგნებული აქვს თავისი შეცდომა და მზად არის ნებისმიერი სასჯელი ისე მიიღოს, როგორც ყველაზე მაღალი ჯილდო. ნდობით ნუ მენდობით, რაკი ჩემი ნდობა აღარ შეიძლება, მხოლოდ გამოსავალს გიჩვენებთ და თქვენ თვითონ იმოქმედეთო. და უჩვენა. თავი რომ დავანებოთ ამ ფრიად და ფრიად სამწუხარო გაუგებრობას, რაც ჩვენი გაზეთების ფურცლებზე დატრიალდა, ქალაქმა უკვე ისედაც იცის, რომ ნამდვილი მეასიათასე იამზე ბურძგლას ვაჟია, ამას ადასტურებს „საღამოს სანაკლიოს“ 13 აპრილის ნომერი, კედლის გაზეთი „მელოგინის ხმა“ და ის ორი მოქალაქე, რომელთაგან უკანასკნელი ათი დღის განმავლობაში ერთი ამოეწერა და ერთიც ჩაეწერაო. ამ ფაქტს ვეღარსად გავექცევით, ამიტომ გვინდა-არგვინდა მეასიათასედ ისევ მეასიათასე უნდა ვაღიაროთო. მოითმინეთ, ბატონებო, ბოლომდე მათქმევინეთ, ჯერ ხომ არ იცით, რა წინადადებას გთავაზობთო. შექმნილ ვითარებაში საქმის წაღმა შემობრუნება ამგვარად შეიძლებაო: ბურძგლას ქალი ბავშვის მამას დაასახელებსო. დაასახელებს თავის ერთ-ერთ კაცს, ან სხვა ნებისმიერ გვარსა და სა-ხელს, რაც კი ენაზე მოადგება, ამ საქმეს მე მოვუვლიო. ჩვენც ახალი გასწორება დავბეჭდოთ და ეს გვარი, უკვე საბოლოო და შეუცვლელი, გამოვაქვეყნოთ. არავინ გამოგვეკიდება და საგანგებო რკვევას არავინ დაიწყებს. ამით ახლა გადავრჩებით, იუბილესაც გადავიხდით, ეტლის სცენას, თუმცა ძალიან კი მეთანაღრება გული, ბოლოს და ბოლოს, სულ შევცვლით, ან არადა, ვინმეს დავიქირავებთ და, ვითომ ბავშვის მამაა, ბურძგლას გვერდით მოვუსვამთ. მთავარია, სტუმრების წინაშე არ შევრცხვეთ და მერე ანსულ დაავიწყდება ქალაქს ეს ამბავი, ან რამეს მოვიფიქრებთ. ყოველ შემთხვევაში ამჟამად სხვა გამოსავალი არა გვაქვსო. ბარემ აღარ უნდოდათ ბიძაჩემი იონასთვის დაეჯერებინათ, მაგრამ უკეთესი ვერავინ ვერაფერი მოიფიქრა. ამიტომ, მცირე ყოყმანის შემდეგ წინადადება მიიღეს. ბიძაჩემი იაია ბურძგლას მოსამზადებლად გაგზავნეს და, კიდევ რომ გაუგებრობა არა მომხდარიყო რა, ორივე გაზეთის კორესპონდენტი ერთდროულად მიაყოლეს უკან. ბიძაჩემმა იონამ იაია ბურძგლა იოლად დაითანხმა. როგორც დამა-რიგეთ, ისე ვიზამო, უთქვამს და, კორესპონდენტების შემოსაყვანად მიმავალი, მადლიერებისთბილი და, როგორც ბიძაჩემი მარწმუნებდა, უსპეტაკესი ღიმილით გამოუცილებია. მერე, ბიძაჩემს რომ კორესპონდენტები შემოუყვანია, იმ კორესპონდენტებს რბილი, შემრიგებლური საყვედურით შეხვედრია, ეს რა ამბავი აგიტეხიათ, რამ გაფიქრებინათ, რომ ჩემი პატარა კაცია, ენაცვალოს დედა, სულ მთლად უმამოაო! კორესპონდენტებს რაღაც მობოდიშების მაგვარი წაულუღლუღებიათ, მერე კალმისტრები მოუმარჯვებიათ და, ბარემ, თუ შეიძლება სახელი და გვარი გვითხარითო, უთხოვიათ. იაია ბურძგლას კიდევ ერთხელ შემოუხედავს ბიძაჩემი იონასთვის მადლიერების თბილი და უსპეტაკესი ღიმილით და უთქვამს, იონა ნოეს ძე კამკამიძეო... იუბილე მართლაც რომ სანაქებოდ ჩატარდა. სულ წინ, როგორც სცენარით იყო გათვალისწინებული, მიდიოდა ნაირფერი ყვავილებით მორთულ-მოკაზმული ღია ეტლი. ეტლში თეთრი ცხენები ება. კოფოზე სანაკლიოს სახალხო თეატრის მსახიობი იჯდა მეეტლის ტანსაცმელში გამოწყობილი. უკან ბედნიერი ოჯახი მოკალათებულიყო. პატარა კაცია გაკვირვებული და ცოტა დაეჭვებული ჩანდა. ბიძაჩემ იონას ჰალსტუხი ეკეთა. ბიცოლაჩემი იაია მინდვრის ულამაზეს ყვავილს ჰგავდა. ყიჟინსა და ოვაციებს ბოლო არ ჰქონდა... პროლოგი 12 ივნისს, როდესაც, ჩვეულებისამებრ, დილის ორ საათზე გავიღვიძე, ძილმა მოულოდნელად რამდენიმე წამით ისევ წამართვა თავი და მესიზმრა, ვითომ მშობლიურ სანაკლიოში ვიყავი და მე და ბიძაჩემი იონა მოცისფრო შუქით მკრთალად განათებულ დუქანში გაშლილ სუფრას ვუსხედით. ბიძაჩემთან ქეიფს რა სჯობს, მაგრამ რაღაც (შესაძლებელია, განათების ხარისხი) არ მომეწონა და ალბათ ამის გამო იყო, რომ, როცა თვალი გავახილე, ჯერ კიდევ გამოუფხიზლებელმა უეცრად სიგარეტის ნამწვის, ცარიელი ბოთლების, ყდაშემოხეული წიგნების, კონსერვის ქილებისა და, საერთოდ, ყველაფერი იმის მიღმა, რაც იატაკზე, მაგიდა-ზე, სკამებზე თუ თაროებზე ეყარა, სადღაც შორს, ძალიან შორს, მთელ სამყაროში უსასრულოდ გადაჭიმული ოთახის ბოლოში, კიდევ ერთხელ დავინახე ბიძაჩემი იონა. ასეთ სიზმარს რომ ასეთი ხილვა მოჰყვება, არ შეიძლება ადამიანი შიშმა არ შეგიპყროს და ავი წინათგრძნობა არ დაგეუფლოს. და მე მთელი დღე ველოდი მამაჩემისგან ზომიერი მწუხარებით გამსჭვალულ დეპეშას ბიძაჩემი იონას გარდაცვალების შესახებ. საბედნიეროდ, ბიძაჩემი იონა ჩემს სიზმრებს ნაკლებად ენდობა და დეპეშა არ მოსულა. მართალია, საღამოს წერილი კი მოვიდა, მაგრამ წერილი იტყობინებოდა არა ბიძაჩემის გარდაცვალებას, არამედ სულ სხვა რამეს: „ძვირფასო თანამემამულე ––––––––––––––––––––––––– ა. წ. 28 ივნისს ქ. სანაკლიო ზეიმობს თავისი მეორასიათასე მცხოვრების დაბადებას. იმედი გვაქვს ჩამობრძანდებით და ჩვენს დიდ სიხარულს გაიზიარებთ. აქვე გთხოვთ, რომ, თუ სურვილი გაქვთ მონაწილეობა მიიღოთ საზეიმო პროგრამაში რაიმე სახით (სიტყვა, ადრესი, სიმღერა, ცეკვა, დეკლამაცია, აკრობატიკა, საცირკო ნომერი, ორიგინალური ჟანრი და სხვ.), თქვენი სურვილი შეგვატყობინეთ 20 ივნისამდე, რათა დროულად გავითვალისწინოთ და საერთო პროგრამაში შესაფერისი ადგილი მივუჩინოთ. პატივისცემით საორგანიზაციო კომიტეტის მდივანი ი. კამკამიძე“. …
დაამატა Kakha to ლიტერატურა at 6:17pm on ნოემბერი 4, 2016
თემა: სოციალური და ემოციური განვითარება ჩვილობაში
ოციალური და ემოციური განვითარების რამდენიმე ფაზას. პირველ ყველაზე ახლო და მნიშვნელოვან კავშირს ადამიანი ამყარებს დედასთან, ან იმ ადამიანთან, ვინც ზრუნავს მასზე. 60-იანი წლებიდან მოყოლებული ამ პირველ ყველაზე მჭიდრო კავშირს ფსიქოლოგები მიჯაჭვულობის ტერმინით განსაზღვრავენ. ტერმინი მიჯაჭვულობა მოდის ე.წ. მიჯაჭვულობის ფსიქოლოგიიდან და იგი შეიმუშავეს ჯ. ბოულბიმ და მ. ეინსფორტმა. რა არის მიჯაჭვულობა?      ჯ. ბოულბისა და მ. ენსვორტის შრომებში საკვანძო ტერმინებია: ემოციური კავშირი, მიჯაჭვულობა და მიჯაჭვულობის ქცევა.      ემოციური კავშირი – ეს არის შედარებით ხანგრძლივი კავშირი, სადაც სხვა ადამიანი ჩვენთვის მნიშვნელოვანია, როგორც უნიკალური და შეუცვლელი პიროვნება. ემოციური კავშირის დროს ადგილი აქვს სურვილს მასთან სიახლოვის.      მიჯაჭვულობა – ეს არის ემოციური კავშირის ქვესახეობა, სადაც ემოციურ ურთიერთობას თან ახლავს დაცულობის გრძნობა. როცა თქვენ ვინმესთან ხართ მიჯაჭვული, მის გვერდით თავს დაცულად და კონფორტულად გრძნობთ. ემოციური კავშირი და მიჯაჭვულობა არის შინაგანი მდგომარეობა, რომელსაც ჩვენ ვერ ვხედავთ, მაგრამ ის გამოვლინდება მიჯაჭვულობის ქცევაში.      მიჯაჭვულობის ქცევა საშუალებას აძლევს ბავშვს ან მოზრდილს მოიპოვოს ან შეინარჩუნოს სიხლოვე ადამიანთან, რომელთანაც ის მიჯაჭვულია.      ბავშვის ზრდასთან ერთად, მიჯაჭვულობის ფორმები რთულდება. თანდათანობით ისინი გარდაიქმნება გარკვეულ პატერნებად - ადამიანის სხვა ადამიანებთან ურთი­ერთობის საშუალებებად. ბავშვობაში ჩამოყალიბებული მიჯაჭვულობის ტიპი საკმაოდ მდგრადია, მისი მოდიფიკაცია მიმდინარეობს მთელი ცხოვრების განმავლობაში.      მიჯაჭვულობა რეციპროკულია, იგი ორმხრივი პროცესია და უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს ადამიანის ჩამოყალიბების, მისი სრულფასოვანი განვითარების პროცესში.      აღსანიშნავია ისიც, რომ მოზრდილები თავს კომფორტულად გრძნობენ, როცა ვინმეს მიმართ მიჯაჭვულობას განიცდიან, ხოლო ბავშვებისთვის მიჯაჭვულობის განცდა აუცილებელია, რადგან ამის გარეშე იგი სრულფასოვნად ვერ ვითარდება. პოზიტიური ემოციური კავშირი ეხმარება ბავშვს დაძლიოს შიში და შფოთვა, გაუმკლავდეს სტრესს და ფრუსტრაციას. სანდო მიჯაჭვულობა ხელს უწყობს ემოციური იმპულსების კონტროლის უნარის ფორმირებას, საკუთარი და სხვა ადამიანების გრძნობების გაგებას, თვითპატივისცემის ჩამოყალიბებას, აქედან გამომდინარე სანდო მიჯაჭვულობა ამცირებს განვითარების დარღვევის რისკს.      მიჯაჭვულობის დარღვევამ შეიძლება გავლენა მოახდინოს არა მხოლოდ სოციალური უნარების, ღირსების გრძობების თუ ემპათიის ჩამოყალიბებაზე, არამედ ის ბავშვის ემოციური, ფიზიკური და გონებრივი განვითარების შეფერხებას იწვევს. ბავშვებს რომლებიც მიჯაჭვულობის გრძობის დეფიციტს განიცდიან, სამყაროს შეცნობის და ადამიანთა შორის დამოკიდებულების არაადექვატური აღქმა გამოუმუშავდებათ. ამასთან აღსანიშნავია ისიც, რომ მიჯაჭვულობის პატერნი შესაძლოა გადაეცეს თაობიდან თაობას, ანუ საკუთარი ბავშვობის გამოცდილება გავლენას ახდენს შვილებთან ემოციური კავშირის ფორმირებაზე.      იქიდან გამომდინარე, რომ მიჯაჭვულობა ასე მნიშვნელოვანია ჩვილის ფსიქოლოგიური განვითარების პროცესში, აუცილებლად უნდა განვიხილოთ ის მექანიზმები, რომელთა მეშვეობითაც იგი ფორმირდება. მერი ეინსვორტმა მიჯაჭვულობის ჩამოყალიბების პროცესში გამოყო ჩვილის ქცევის კომპონენტები, რომლებიც უზრუნველყოფენ სხვა ადამიანთან დაახლოებას. ესენია: ტირილი, ხმოვანი სიგნალები, ღიმილი; საორიენტაციო ქცევები: გამოხედვა, ყურება; სხვა ადამიანის ქცევით გამოწვეული ლოკომოცია: მიახლოვება, დადევნება; ასევე აქტიური ქმედებები, რომელიც მიმართულია ფიზიკური კონტაქტის დამყარებაზე: აცოცების მცდელობა, ჩაჭიდება, ხელების შემოჭდომა, ტაცება, ჩახუტება.      ეინსვორტი ახასიათებს ქცევის ამ ფორმებს, როგორც მიჯაჭვულობის კრიტერიუმებს, რადგან მათ გარეშე ახლო ემოციური ურთიერთობის ჩამოყალიბება თითქმის შეუძლებელია. წარმოიდგინეთ რამდენად რთულია ემოციურად დაუახლოვდეთ ახალშობილს, რომელიც გამუდმებით ჭირვეულობს, უარს ამბობს ხელში აყვანაზე, არ გიყურებთ სახეში, არ იღიმება და არ ღუღუნებს ნაცნობი ადამიანის დანახვისას.      ეინსვორტმა კვლევების შედეგად დაადგინა, რომ ბავშვებს, რომლებსაც ჩამოყა­ლიბებული ჰქონდათ სანდო მიჯაჭვულობა, ჰყავდათ ძალიან მგრძობიარე დედები, რომლებიც ყოველთვის რეაგირებდნენ ბავშვის მოთხოვნებზე. ისინი სწრაფად რეაგი­რებდნენ ჩვილების ფიზიოლოგიურ მოთხოვნილებებზე, ცდილობდნენ დაემყარებინათ კონტაქტი ექსპრესიებისა და ვოკალიზაციის საშუალებით. მათ ჩამოყალიბებული ჰქონდათ კვების, ძილის, თუ თამაშის გრაფიკი, რომელიც უშუალოდ ახალშობილის ცხოვრების რიტმზე იყო მორგებული.      რა თქმა უნდა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ დედა უნდა რეაგირებდეს ბავშვის ყველა სიგნალზე. ეს შეუძლებელია ყველაზე მგრძნობიარე დედებისთვისაც კი, იყოს ყოველწამიერად ბავშვთან და ბავშვისთვის. მნიშვნელოვანია ბავშვთან ურთი­ერთობისას იქნება ეს პირველადი, თუ მეორადი მოთხოვნილებების დაკ­მაყოფილება, დედა ემოციურად იყოს ჩართული ამ პროცესში.      ბოულბი თვლიდა, რომ მიჯჭვულობა დაფუძნებულია, როგორც ჩვილის, ისე მასზე მზუნველის გენეტიკურად დაპროგრამებულ ქცევაზე. მისი აზრით, მიჯაჭვულობა სწორედ ამ ქცევით იწყება და შემდეგ ნარჩუნდება მიღებული სიამოვნების, უსაფრთხოების, კომფორტის და სიყვარულის ხარჯზე. ე.ი. მიჯაჭვულობის ჩამოყალიბება და შენარჩუნება დამოკიდებულია მემკვიდრეობაზე და გარემოზე.      საბოლოო ჯამში, ბოულბი და ეინსვორტი მივიდნენ დასკვნამდე, რომ ურთიერთკავშირის ტიპი მშობელი-შვილი, რომელიც ყალიბდება მიჯაჭვულობის სახით პირველი ორი წლის განმავლობაში, წარმოადგენს ყველა სამომავლო ურთიერთობის საფუძველს. მიჯაჭვულობის თეორიები      სხვადასხვა თეორიები მიჯაჭვულობის ფორმირებას თუ მის მიმდინარეობას სხვადასხვაგვარად ხსნიან, თუმცა ყველა თეორიაში ხაზგასმულია ემოციური კავშირის უმნიშვნელოვანესი, შეუცვლელი როლი.      პირველი მეცნიერი, რომელმაც გამოთქვა მოსაზრება იმის შესახებ, რომ დედასთან ემოციური მიჯაჭვულობა საფუძველია ბავშვის სხვა ადამიანებთან ურთიერთობებისა იყო ზიგმუნდ ფროიდი. მისი ფსიქოდინამიკური თეორიის თანახმად, ბავშვი განვითარების პირველ ორალურ სტადიაზე, სიამოვნებას იღებს წოვით. მისი ეროგენული ზონა ამ სტადიაზე არის პირი. შესაბამისად მისთვის დამახასიათებელია მიჯაჭვულობის ჩამოყალიბება იმ ადამიანთან, ვინც მის ორალურ სიამოვნებას აკმაყოფილებს. იქიდან გამომდინარე, რომ უმრავლეს შემთხვევაში ბავშვს აჭმევს დედა, მიჯაჭვულობა სწორედ დედასა და შვილს შორის ყალიბდება, ანუ სწორედ დედაა ის ადამიანი, რომელიც ჩვილს ანიჭებს დაცულობის გრძნობას და სიყვარულს.      მიჯაჭვულობის ფორმირების პროცესში ემოციის მნიშვნელოვნების ფაქტს ხაზგასმით აღნიშნავენ ბიჰევიორალური თეორიის მიმდევრებიც. მათი მოსაზრებით, ბავშვს მიჯაჭვულობა უყალიბდება იმ ადამიანის მიმართ, ვინც კვებავს და მოთხოვნილებებს უკმაყოფილებს. უმრავლეს შემთხვევაში ეს ადამიანი არის დედა, რომელიც ჩვილის კვების პროცესში უკმაყოფილებს მას შიმშილის პირველად მოთხოვნილებას. ამ პროცესს კი თან ახლავს მოფერება, ღიმილი. ამით ხდება ჩვილის მეორადი მოთხოვნილებების დაკმაყოფილება. შესაბამისად, სწორედ ეს ადამიანი ასოცირდება ბავშვისთვის უსაფრთხოებასთან, სიამოვნებასთან და დაძაბულობის მოხსნასთან, რის შედეგადაც უყალიბდება მას მიჯაჭვულობა. ბავშვი დაისწავლის ყველანაირ ქცევას, იქნება ეს ღუღუნი, ღიმილი, ტირილი, თუ თვალებით კონტაქტი, ოღონდ იყოს იმ ადამიანის გვერდით, ვინც მას სიამოვნებას ანიჭებს და არიდებს სტრესს.      ერიკ ერიქსონი ეთანხმებოდა მოსაზრებას, რომ დედის როლი ძალიან მნიშვნელოვანია მიჯაჭვულობის ჩამოყალიბების პროცესში. თუმცა კვებაზე უფრო მნიშნელოვნად იგი მიიჩნევდა დედის რეაგირებას ბავშვის მოთხოვნილებებზე. ერიქსონის ფსიქოსოციალური განვითარების თეორიის პირველი სტადიის მიხედვით, ნდობა-უნდობლობა ყალიბდება დედის ქცევიდან გამომდინარე - როგორ რეაგირებს დედა (ან, ის ადამიანი ვინც მასზე ზრუნავს) ბავშვის მოთხოვნილებებზე, რამდენად თანმიმდევრულად პასუხობს იგი ბავშვის სურვილებს, რამდენად ემოციურადაა ჩართული იგი ბავშვთან ურთიერთობის პროცესში. სწორედ ეს ქცევის პატერნები უყალიბებს ბავშვს ნდობას ან უნდობლობას არა უშუალოდ დედის, არამედ მთელი გარემოს, ყველა გარშემომყოფი ადამიანის მიმართ. აქედან გამომდინარე, ჩვენ კიდევ ერთხელ ვხედავთ რამდენად მნიშვნელოვანია, ბავშვის განვითარების პროცესში მიჯაჭვულობის ჩამოყალიბება.      კოგნიტური თეორიის წარმომადგენლები მნიშვნელობას ანიჭებდნენ არა მხოლოდ მშობლის, არამედ ბავშვის როლს მიჯაჭვულობის ჩამოყალიბების პროცესში. ამ თეორიის თანახმად, იმისთვის რომ მიჯაჭვულობა ჩამოყალიბდეს, ბავშვი უნდა იყოს გარკვეულ კოგნიტური განვითარების საფეხურზე. მას უნდა შეეძლოს ერთმანეთისგან გაარჩიოს ნაცნობი და უცნობი სახეები, უნდა ესმოდეს საგნის მუდმივობა. წარმოუდგენელია მიჯაჭვულობა ჩამოყალიბდეს იმ ადამიანების მიმართ, ვისაც ჩვილი ვერ სცნობს, ან მით უფრო იმათ მიმართ, ვინც არსებობას წყვეტენ, როგორც კი თვალს მიეფარებიან. სწორედ ამიტომ კოგნიტური თეორიის მიმდევრები აღნიშნავენ, რომ მიჯაჭვულობის გრძნობა ჩნდება 7-9 თვის ასაკში. კერძოდ, სენსო-მოტორული სტადიის მეოთხე ქვესაფეხურზე, როცა ბავშვი იწყებს მის თვალწინ დამალული ობიექტების ძიებას, რაც იმის ნიშანია, რომ მას ესმის ობიექტის მუდმივობა.      ამ მოსაზრებას იზიარებს ბ. ლესტერიც, რომლის კვლევებმაც აჩვენა, რომ 9 თვის ბავშვები, ობიექტის მუდმივობის ტესტში მაღალი ქულებით, აპროტესტებდნენ დედასთან განშორებას. მაშინ, როცა მათი თანატოლები დაბალი მაჩვენებლებით ობიექტის მუდმივობის ტესტში, დედასთან განშორებას მშვიდად, პროტესტის გარეშე ხვდებოდნენ.      გასული საუკუნის 50-იან წლებში ჰარლოუ აღნიშნავდა, რომ მიჯაჭვულობის ჩამოყალიბებისთვის მნიშვნელოვანია კვება, თუ სხვა პირველადი მოთხოვნილებების დაკმაყოფილება, მაგრამ ეს არაა საკმარისი. ჰარლოუმ ჩაატარა მთელი რიგი ცდებისა მაიმუნებზე. მისი აზრით, გარემოს გაკონტროლებისათვის, სადაც უნდა მომხდარიყო დასწავლა, უკეთესი იქნებოდა მაიმუნების დაშორება დედასთან, რადგან მის ექსპერიმენტში დედა მაიმუნები, რომლებიც მოდელის როლს ასრულებდნენ შვილებისთვის, არაკონტროლირებადი ცვლადი იყო.      ჰარლოუმ სრულიად შემთხვევით აღმოაჩინა, რომ დედებთან განშორებისას პატარა მაიმუნებს ნეგატიური ქცევები აღმოუცენდებოდათ. ზოგი მათგანი დაიღუპა, ზოგი იყო ძალიან შეშინებული, გაღიზიანებული და უარს ამბობდნენ თამაშზე და ჭამაზეც კი. ცხადი გახდა, რომ პატარა მაიმუნებს წარმატებით განვითარებისათვის და უსაფრთხოების განცდისთვის სჭირდებოდათ რაღაც უფრო მეტი ვიდრე უბრალოდ რეგულარული კვება.      ჰარლოუ კოლეგებთან ერთად ატარებდა ექსპერიმენტებს ხელოვნური სუროგატი დედების გამოყენებით. თითოეული პატარა მაიმუნისთვის იყო შექმნილი მავთულის მანეკენი, რომელსაც ჰქონდა ბოთლი, საიდანაც იგი იღებდა საკვებს. ასევე ექსპერიმენტში იყო რბილი ქსოვილით დაფარული მანეკენი, რომლისგანაც პატარა მაიმუნები საკვებს არ იღებდნენ. იმის მიუხედავად, რომ მაიმუნი იკვებებიდა მავთულის მანეკენის საშუალებით, პატარა მაიმუნები უპირატესობას ანიჭებდნენ რბილი ქსოვილით დაფარულ მანეკენს. ისინი დიდ დროს ატარებდნენ რბილ სუროგატ დედებთან, ეჭიდებოდნენ მას, აძლევდნენ მას ხმოვან სიგნალებს, თუ რამის შეეშინდებოდათ, თავშესაფარს ეძებდნენ სწორედ რბილ სუროგატ დედასთან. ამის შედეგად ჰარლოუმ დაასკვნა, რომ შეხების კომფორტულობა არის მიჯაჭვულობის ფორმირების ერთ-ერთი უმნიშვნოვალესი ფაქტორი.      აღსანიშნავია ჰარლოუს დაკვირვებაც იმის შესახებ, რომ მიუხედავა იმისა, რომ ამ მაიმუნებს ჩამოუყალიბდათ მიჯაჭვულობა ხელოვნურ სუროგატ დედებთან, მათი განვითარება არ მიმდინარეობდა ნორმალურად. ზრდასრულობისას ყველა მათგანი თავს ესხმოდა სხვა მაიმუნებს, ან გაურბოდნენ მათთან ურთიერთობას.      ამ ექსპერიმენტების შედეგად დამტკიცდა ისიც, რომ მაიმუნები, რომლებსაც საშუალება ეძლეოდათ თავისი ასაკის სხვა მაიმუნებთან თამაშისა, ამჟღავნებდნენ ნორმალურთან მიახლოვებულ სოციალურ ქცევებს, ანუ ახერხებდნენ დედის დეპრივაციით გამოწვეული დეფიციტის კომპენსირებას.      საბოლოო ჯამში შეგვიძლია დავასკვნათ, რომ სრულფასოვანი სოციალური ურთიერთკავშირის დამყარება გადამწყვეტ როლს თამაშობს მაიმუნების ნორმალური განვითარების პროცესში. შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ეს მტკიცება ჭეშმარიტია ადამიანებთან მიმართებაშიც.      ნახევარი საუკუნის წინ კონრად ლორენცმა შეამჩნია, რომ პატარა ბატის ჭუკები ყველგან დასდევდნენ დედებს დაბადედის მომენტიდანვე. ეს კავშირი ეხმარებოდა ბატს დაეცვა საკუთარი შთამომავლობა. ლორენცმა ასევე აღმოაჩინა, რომ უდედოდ დარჩენილი პატარა ჭუკები, რომლებზეც მათი სიცოცხლის პირველი 24 საათის განმავლობაში თვითონ ზრუნავდა, ყველგან დასდევდნენ მას და არა სხვა ბატს. ზოგირთი მისი ბატის ჭუკი ამჯობინებდა ღამე გაეთია სწორედ ლორენცის ოთახში და არა დუნაის ნაპირებზე.      ლორენცმა შემოიტანა ცნება იმპრიტინგი (imprint. ინგ. - კვალი, ანაბეჭდი). იმპრინტინგი ეს არის სწავლის სპეციფიური ფორმა, გარკვეული ინფორმაციის მეხსიერებაში ფიქსაციის პროცესი. იმპრიტინგი არის პროცესი, რომლის საშუალებითაც ცოცხალი არსება ითვისებს სტიმულებს, რომელიც ინიცირებას უკეთებს მათ სოციალურ ინსტიქტებს. მაგალითად, ცხოველების და ფრინველების შვილები ”სწავლობენ”, რომელ მოძრავ ობიექტს უნდა გაყვნენ უკან. იმპრიტინგი შესაძლებელია ძალიან ხანმოკლე დროის პერიოდში, ე.ი. სენზიტიური (კრიტიკული) პერიოდის განმავლობაში. თუ იმპრინტინგს არ აქვს ადგილი თავის დროზე (კრიტიკულ პერიოდში), ჭუკებს ეშინიათ გარემოსი და საკუთარი მშობლებისაც კი. ხშირ შემთხვევაში ისინი უარს ამბობენ ბატის, საკუთარ დედად აღიარებაზე და იზრდებიან მარტო. ასეთი ჭუკების განვითარების პროცესი არის შეფერხებული, დროში გაწელილი და არასრულფასოვანი. როგორ ყალიბდება მიჯაჭვულობა?      ჯ. ბოულბი თვლიდა, რომ კვება არ არის მიჯაჭვულობის ჩამოყალიბების საფუძველი. მისი აზრით, მიჯაჭვულობას აქვს გენეტიკური ფესვები. ურთიერთობა ბავშვსა და მშობელს შორის იწყება თანდაყოლილი სიგნალების ნაკრებით, რომლითაც ბავშვი მოუხმობს უფროსს. ესენია: მიახლოება, გადევნება, ჩაჭიდება (მიკვრა), ღიმილი, თვალებით კონტაქტი, ტირილი, პროტესტი განშორებისას, ხელში აყვანის სურვილი, ძებნა. დროთა განმავლობაში წარმოიქმნება ახალი ემოციური კავშირები, რომელსაც საფუძვლად უდევს ახალი ემოციური და კოგნიტური შესაძლებლობები.      ამავე დროს ჩვილს განვითარებისთვის ჭირდება უფროსი ადამიანი, რომელიც მასზე უფრო ძლიერია (უშიშროება და დაცულობა) და ბრძენია (გამოცდილება). დედა (ან ადამიანი, რომელიც მას უვლის) ყოველდღიური ზრუნვის დროს პასუხობს (ან არ პასუხობს) ბავშვის მოთხოვნილებებს, რითაც ხელს უწყობს ჩვილს, განუვითარდეს წარმოდგენა იმის შესახებ, თუ რა რეაქციას უნდა ელოდეს მისგან სხვა დროს.      ბავშვის დაბადებიდან მცირე ხნის შემდეგ დედას შეუძლია გაარჩიოს თავისი და სხვისი შვილის ტირილი. მხოლოდ დედისთვის გასაგები ნიშნების მიხედვით, მან შეიძლება გაარკვიოს თუ რა არის ბავშვის მოუსვენრობის, წუხილის მიზეზი (შია, ეძინება, სველია და სხვა). ჩვილთან ხანგრძლივი ურთიერთობის შედეგად, მსგავსი მექანიზმები ერთვებად ჩვილზე მზრუნველ სხვა ადამიანებსაც. ბევრ ქალთან ეს მექანიზმი თავისთავად ერთვება (დედობრივი ინსტინქტი), მაგრამ ზოგიერთ ქალთან ბავშვის მიმართ გრძნობა თავიდანვე არ ჩნდება. ისინი დედის როლში თავს არაკომფორტულად გრძნობენ. დედასა და ბავშვს შორის ადრეული ურთიერთობა ძალიან მოწყვლადია, მაგრამ ის ძალიან მნიშვნელოვანია მიჯაჭვულობის ფორმირებისთვის.      არსებობს სპეციალური ტერმინი - "ჩვილიდან გამოწვეული სოციალური ქცევა". ჩვილთან ურთიერთობისას დედას (ან ადამიანს, რომელიც ზრუნავს ბავშვზე) ეცვლება თვალების, თავის, ხელების, სხეულის მოძრაობა; სახის გამომეტყველება; დისტანცია (მანძილი ბავშვსა და დედას შორის). ასევე, იცვლება დედის მეტყველების სტრუქტურა -მარტივდება სინტაქსისი, ფრაზები მოკლდება, იზრდება პაუზა, იცვლება ზოგიერთი სიტყვის წარმოთქმა, იცვლება ხმის ტემბრი (ჩნდება მაღალი ბგერები) და რითმი, მეტყველება ნელდება, ხმოვნები ნაწილობრივ იწელება. ყოველივე ეს იწვევს დედის მეტყველების მელოდიურობას. ეს კი უადვილებს ჩვილს, აღიქვას და გადაამუშაოს ინფორმაცია, მოახდინოს ადექვატური რეაგირება. ე.ი. ერთის მხრივ, ჩვილი იწვევს დედის (ან ადამიანის, რომელიც ზრუნავს ბავშვზე ) მხრიდან განსაკუთრებულ ქცევას და მეორეს მხრივ, მაქსიმალურად მიმართულია დედის ქცევის აღქმაზე.      მიუხედავად იმისა, რომ ახალშობილი საკმაოდ უსუსურია, მას გააჩნია უნარების მთელი რიგი, მიჯაჭვულობის ჩამოსაყალიბებლად - ტირილი, თვალებით კონტაქტი, ღიმილი. ახალშობილი "განწყობილია" უფროსის ძიებაზე, უპირატესობას ანიჭებს ადამიანის სახის და არა სხვა ობიექტების ყურებას; არჩევს დედის რძის სუნს, გამოხატავს სიხარულს, როცა მას მიმართავენ.      ბოულბის თეორიაზე დიდი გავლენა მოახდინა ლორენცის იმპრინტინგის თეორიამ. იგი თვლიდა, რომ ადამიანებშიც აქვს ადგილი იმპრიტინგს. ბავშვთა სახლებში აღზრდილი ბავშვების მაგალითზე, ბოულბიმ აჩვენა, რომ სიყვარულისა და მიჯაჭვულობის იმპრინტის არ არსებობის გამო (8-9 თვემდე), ყალიბდება ”გარიყულობის” იმპრინტი. ასეთ ბავშვებს არ შეუძლიათ მომავალში დაამყარონ ხანგრძლივი სასიყვარულო ურთიერთობები. ისინი სხვა ადამიანებს მხოლოდ საკუთარი ინტერესების დასაკმაყოფილებლად იყენებენ.      იმპრინტი ეს არის წარსული გამოცდილება, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია ადამიანისათვის. იმპრინტი ვლინდება იმაში, რომ ადამიანი ახდენს მისთვის წარსულში მნიშვნელოვანი ადამიანის ქცევის კოპირებას. მაგალითად, დედა გოგონას წარსულში აგრესიულად ექცეოდა. რა იმპრინტს ღებულობს გოგონა, როცა მას თვითონ ეყოლება შვილი? - გაზრდილი გოგონა თავის შვილსაც აგრესიულად ექცევა. მას შეიძლება თვითონაც არ მოსწონდეს საკუთარი ქცევა, მაგრამ ვერ ხვდება, რატომ იქცევა ასე.      იქიდან გამომდინარე, რომ ბოულბი თავდაპირველად ფსიქოანალიტიკური თეორიის მიმდევარი იყო, მან მაინც შეინარჩუნა იდეა, იმისა, რომ მიჯაჭვულობა, უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს დაცულობის გრძნობის ფორმირებასა და სხვა ადამიანებთან სანდო ურთიერთობების ჩამოყალიბებაში.      ბოულბი მიჯაჭვულობას ევოლუციურად მნიშვნელოვან რეაქციად მიიჩნევდა, რომელიც სჭირდება ადამიანს გადარჩენისთვის, იქიდან გამომდინარე, რომ მიჯაჭვულობა უზრუნველყოფს ადამიანის უსაფრთხოების განცდასა და მოთხოვნილებების დაკმაყოფილებას. მას რთულ ბავშებთან ურთიერთობის დიდი გამოცდილება ჰქონდა, რის შედეგადაც (მათზე დაკვირვების შედეგად), მივიდა დასკვნამდე, რომ ქცევის სირთულეები, ემოციური რეგულაციის პრობლემები, თუ პრობლემები სოციალურ ადაპტაციაში, ხშირ შემთხვევაში გამოწვეული იყო, ბავშვსა და მშობელს შორის ურთიერთობების პრობლემებით.      ბავშვი, რომელსაც ჩამოყალიბებული აქვს მიჯაჭვულობა, განს­ხვავებულად რეაგირებს მშობელთან განშორებაზე, ვიდრე ბავშვი, რომელსაც ასეთი მიჯაჭვულობა არ აქვს. მშობელთან მიჯაჭვულობის მქონე ბავშვი მკვეთრ რეაქციას იძლევა მასთან განშორებისას (ვინაიდან განშორებისას, ის თავს დაცულად არ გრძნობს). ბოულბი გამოყოფს ბავშვების მშობლებთან განშორებაზე რეაქციის 3 სტადიას. ესაა: პროტესტი, გულგატეხილობა და გარიყულობა.      პროტესტის სტადიაზე ბავშვები არ ღებულობენ მშობელთან განშორებას. ისინი ტირიან, ყვირიან, იქნევენ ფეხებს, არ შედიან სხვა ადამიანებთან კონტაქტში.      მეორე სტადიაზე (გულგატეხილობა), რომელიც შეიძლება დადგეს რამოდენიმე საათის ან დღის შემდეგაც კი, ბავშვები კარგავენ ყოველგვარ იმედს, რომ მშობელი დაბრუნდება. ისინი საკუთარ თავში იკეტებიან და ჩუმად სლუკუნებენ.      მესამე სტადიაზე (გარიყულობა) კი ბავშვები შედიან კონტაქტში სხვა ადამიანებთან. რჩება შთაბეჭდილება, რომ მათ დაძლიეს მწუხარება. მაგრამ მშობელთან შეხვედრისას არიან გულგრილები, შეიძლება აგრესიაც კი გამოავლინონ. მიჯაჭვულობის განვითარების ფაზები      მიჯაჭვულობის ჩამოყალიბება ადამიანის სიცოცხლის პირველი ორი წლის მანძილზე ხდება და იგი რამდენიმე ფაზას გაივლის:      მიჯაჭვულობამდელი ფაზა (დაბადებიდან 6 კვირამდე). თანდაყოლილი სიგნალები: ჩაჭიდება, ღიმილი, ტირილი, თვალებში ყურება, ახალშობილს სხვა ადამიანებთან კონტაქტში შესვლაში ეხმარება. საპასუხო რეაქციების მიღებისთანავე, ჩვილები მშობლებს მათ გვერდით ყოფნისკენ წაქეზებას ცდილობენ, რადგან მათთან სიახლოვე ჩვილებს აწყნარებს და კომფორტს უქმნის. ამ ასაკის ბავშვები დედის სუნს, ხმას ცნობენ, არჩევენ დედის ნაკვთებს. ამ პერიოდში ბავშვები ჯერ დედაზე მი­ჯა­ჭ­ვული არ არიან, ამიტომ არ აპროტესტებენ სხვა ადამიანებთან დარჩენას.      მიჯაჭვულობის ჩამოყალიბების ფაზა (6 კვირიდან - 6-8 თვემდე). ამ პერიოდში ბავშვები დედაზე (მომვლელზე) და უცხო ადამიანზე განსხვავებულად რეაგირებენ. მაგალითად, ბავშვი დედასთან უფრო თავისულად იღიმის, იცინის, ღუღუნებს. დედის მიერ ხელში აყვანისას სწრაფად მშვიდდება. ბავშვი სწავლობს, რომ მისი ქნედებები ირგვლივ მყოფთა ქცევას განაპირობებს. ბავშვებში იწყება ნდობის განვითარება, მოლოდინი იმისა, რომ მომვლელი (დედა) სიგნალის მიღებისას რეაგირებას მოახდენს. მიუხედავად იმისა, რომ ბავშვი უკვე ცნობს დედას, მასთან განშორებას არ აპროტესტებს.      მკვეთრად გამოხატული მიჯაჭვულობის ფაზა (6-8 თვიდან - 18 თვემდე). ამ დროს მომვლელის (დედის) მიმართ მიჯაჭვულობა აშკარაა. ბავშვში ჩნდება სეპარაციული (განშორება) შფოთვა, როცა მას მშობელი ტოვებს. ის მოუსვენარი ხდება და შფოთვას განიცდის. ეს მიუთითებს იმაზე, რომ მზრუნველი განაგრძობს ბავშვისთვის არსებობას, მიუხედავად იმისა, რომ ის მას ვერ ხედავს. შესაბამისად, ბავშვები, რომელთაც ჯერ არ აქვთ განვითარებული ობიექტის მუდმივობა (პიაჟე), მშობელთან განშორებისას შფოთვას არ განიცდიან.      ორმხრივი მიჯაჭვულობის ფაზა (18 თვიდან - 2 წლამდე). ამ ასაკში წარმოსახვის და მეტყველების განვითარება, ბავშვებს შესაძლებლობას აძლევს, გააცნობიერონ ის ფაქტი, რომელიც მშობლის წასვლა-მოსვლაზე ახდენს გავლენას და გარკვეულწილად გათვალონ მშობლის დაბრუნება. ამის გამო, განშორების მიმართ პროტესტი კლებულობს. ბავშვები მშობლებთან მოლაპარაკებასა და ”ვაჭრობას” იწყებენ, იყენებენ რა თხოვნასა და დარწმუნებას. მაგალითად, 2 წლის ბავშვი დედას ზღაპრის წაკითხვას სთხოვს, ვიდრე ის სამსახურში წავა.      მიჯაჭვულობის განვითარების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მომენტია უცხო ადამიანების და განშორების შიშის აღმოცენება ბავშვებში. ამ მომენტს ხშირად ,,7 თვიანების შფოთვას" უწოდებენ, იქიდან გამომდინარე, რომ იგი თავს იჩენს სწორედ 7 თვის ასაკის ბავშვებში. ბავშვები, რომლებიც უღიმოდნენ, თბილად ხვდებოდნენ უცნობ ადამიანებს უცაბედად იწყებენ ნერვიულობას და შფოთვას უცხო გარემოში.      ფსიქოლოგთა უმრავლესობა უცნობი ადამიანების შიშში ხედავს ბავშვის ინტელექტუალური განვითარების ნიშნებს. ზრდასთან ერთად, ბავშვი განასხვავებს ერთმანეთისგან მასზე მზრუნველ და მისთვის უცნობ ადამიანებს. უცხო ადამიანებთან მარტო დარჩენის შემთხვევაში ისინი იწყებენ შფოთვას, განიცდიან უსაფრთხოების გრძნობის დეფიციტს. შესაბამისად, გარემო უსაფრთხოა ბავშვისთვის მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მისი ახლობელი ადამიანები ახლოს არიან.      გორდონ ბრონსონმა დაკვირვების შედეგად აღმოაჩინა, რომ 9 თვის ასაკში ბავშვების შფოთვითი რეაქციები უფრო რთულდება. კერძოდ, ამ ასაკის ბავშვი უცნობის დანახვაზე იწყებს შფოთვას და ტირილსაც კი.      უცნობების შიში სოციალური განვითარებისა და მიჯაჭვულობის ჩამოალიბების პროცესში მნიშვნელოვან როლს ასრულებს. მას შემდეგ, რაც ბავშვი სწავლობს ნაცნობი ადამიანების იდენტიფიცირებას და შესაბამისად თავს უსაფრთხოდ და კომფორტულად გრძობს, იგი იწყებს უცნობი ობიექტებისა და გარემოს შესაწავლას. ამისგან განსხვავებით ბავშვები, რომლებიც გამუდმებით ცდილობენ მზრუნველებთან ახლოს ყოფნას და მათ გვერდითაც ვერ გრძნობენ თავს უსაფრხოდ, ხელიდან უშვებენ ახალი გამოცდილების მიღების, გარემოს შესაწავლის შანს, რაც ხელს უშლის მათ ნორმალურ განვითარებაში.      უცნობი ადამიანებისა და განშორების შიშის მიხედვით, შეგვიძლია შევაფასოთ მიჯაჭვულობის ტიპი ბავშვსა და მის მზრუნველს შორის. მიჯაჭვულობის ტიპები      მიჯაჭვულობა უვითარდება ყველა ბავშვს, მაგრამ მისი ხასიათი მნიშვნელოვნად განსხვავდება ერთმანეთისგან. მერი ეინსვორტის თანახმად მიჯაჭვულობა ყალიბდება თანდათან და მასში აისახება ბავშვის მოლოდინები დედის მიმართ. როგორ მოიქცევა ბავშვი სტრესულ სიტუაციაში, მიმართავს თუ არა იგი დედას დახმარებისა და თანაგრძნობისთვის, დამოკიდებულია ბავშვის გამოცდილებაზე და იმაზე თუ რას მოელის დედისგან.      ეინსვორტმა მიჯაჭვულობის ხარისხის შესაფასებლად შექმნა კვლევის პროცედურა - "უცნობი ადამიანის სიტუაცია".      ეინსვორტის ტესტი "უცნობი ადამიანის სიტუაცია", მოგვაგონებს მინი-სპექტაკლს, რომლის მიზანიცაა შეაფასოს მშობელი-ბავშვის ემოციური მიჯაჭვულობის ტიპი. ამ "სპექტაკლში" ჩართულია ბავშვი, მასზე მზრუნველი რომელიმე მშობელი და ერთი უცნობი ადამიანი. ექსპერიმეტის პროცესში, მშობელი და შვილი შედიან უცნობ, სპეციალურად მოწყობილ ოთახში, სადაც უამრავი სათამაშოა, ცოტა ხნის შემდეგ დედა გადის ოთახიდან და ტოვებს ბავშვს მარტო, ოთახში კი შემოდის უცნობი ადამიანიმ შემდეგ დედა ბრუნდება ოთახში. ხდებოდა დაკვირვება იმაზე, თუ რა ტიპის რეაქციას ავლენს ბავში დედის ოთახიდან გასვლისას და რა ტიპის ემოციით ხვდება იგი უკან დაბრუნებულ მშობელს.      ბავშვის ამ ქცევებიდან და ემოციებიდან გამომდინარე ეინსვორტმა გამოყო მიჯაჭვულობის 2 ტიპი:      1. სანდო მიჯაჭვულობა - ამ დროს ბავშვი შორდება დედას და რჩება უცხო ადამიანებთან, მართალია ეს ბავშვები წუხდნენ, როდესაც დედა გადიოდა ოთახიდან, მაგრამ დედის დაბრუნებისას მხიარულად და თბილად ხვდებოდნენ მას, ადვილად მშვიდდებოდნენ. შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ამ ბავშვებს მიღებული ჰქონდათ სენსიტიური, მათი მოთხოვნილებების დაკმაყოფილებაზე მიმართული ზრუნვა.      2. არასანდო მიჯაჭვულობა, რომელიც 3 განსხვავებული ფორმით ვლინდება:      განრიდებული მიჯაჭვულობა. ბავშვები ნაკლებად არიან დამოკიდებული დედაზე, არ ავლენენ რაიმე ტიპის ემოციას მის მიმართ. დედის ოთახიდან გასვლის შემდეგ არ ნერვიულობენ, არ გამოხატავენ შფოთვას და რაც ყველაზე ნიშანდობლივია უცხო ადამიანს ექცევიან ისევე, როგორც დედას. აღსანიშნავია ისიც, რომ ზოგჯერ თუ ბავშვები გამოხატავდნენ შფოთვას ოთახიდან დედის გასვლაზე, ისინი არ იჩენდნენ არანაირ ინტერესს მისდამი ოთახში დაბრუნებისას. შესაძლოა ბავშვი ბრაზობდეს დედაზე, როცა იგი ოთახს ტოვებს, მაგრამ გაურბის მასთან კონტაქტს დაბრუნების შემდეგ. შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ამ ბავშვებს არ ჰქონდათ მოლოდინი იმისა, რომ დედა შეძლებდა მათ დამშვიდებას. შესაბამისად, მათ დაისწავლეს ემოციებთან, თუ პრობლემებთან დამოუკიდებლად გამკლავება, ვინაიდან ვერ ღებულობდნენ დედის მხრიდან მათი ემოციური მოთხოვნილებების დაკმაყოფილებას.      ამბივალენტური მიჯაჭვულობა. ეს ბავშვები, თავდაპირველად ოთახში შემოსვლისას არ სცილდებოდნენ დედას (ასეთ ბავშვებს ”დედის კუდსაც” უწოდებენ) და არ ცდილობდნენ გარემოს შესწავლას. მათ გამოხატული ჰქონდათ მაღალი შფოთვა. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ დედის ოთახიდან გასვლის შემდეგ ისინი შეშინებულები, სასოწარკვეთილები ელოდნენ მის დაბრუნებას. თუმცა როცა დედა ბრუნდებოდა, ისინი გაბრაზებულები ცდილობდნენ ხელიდან დასხლტომოდნენ მას, ტიროდნენ, ეჩხუბებოდნენ და გაურბოდნენ მას. ეს ბავშვები ავლენდნენ ამბივალენტურ ემოციებს. მათი ამგვარი ქცევიდან გამომდინარე შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ბავშვებს გამოცდილებაში აქვთ ქაოტური, არათანმიმდევრული ზრუნვა.      დეზორგანიზაციული მიჯაჭვულობა. ეს არის ყველაზე სუსტი მიჯაჭვულობის ტიპი. ამ დროს ბავშვი იქცევა წინააღმდეგობრივად. დედის ოთახში დაბრუნების შემდეგ, იგი ავლენს ურთიერთ საწინააღმდეგო ემოციებს. ხშირ შემთხვევაში არ იძლევა ემოციურ უკუკავშირს, მხოლოდ ფიზიკურად ეკვრის მშობელს. ასეთმა ბავშვებმა შეიძლება ზურგი შეაქციონ დედას, როცა ის მათ ხელში აყვანას ცდილობს; შესაძლოა გაექცეს დედის მზერას, როცა ის ხელში აჰყავთ; შესაძლოა თავად ბავშვი მიეკროს დედას აპათეური უემოციო სახით. იყო შემთხვევები, როცა დამშვიდების, დედასთან შერიგების შემდეგ, ბავშვი თავიდან იწყებდა ტირილს. აქედან გამომდინარე შეგვიძლია დავასკვნათ, რომ ამ ბავშვების მზრუნველებთან ურთიერთობა დეზორგანიოზებულია და ისინი ვერ იკმაყოფილებენ ემოციურ მოთხოვნილებებს.      ედვარდ ტრონიკი იკვლევდა მიჯაჭვულობის რეციპროკულობის მიმდინარეობას, მას აინტერესებდა, როგორ ხდება ამ ორმხრივი ემოციური კავშირის ჩამოყალიბება, რა როლი ენიჭება ამ პროცესში ჩვილს, და რა როლი აქვს მასზე მზრუნავ ადამიანს.      ტრონიკმა ჩაატარა ლაბორატორიული ექსპერიმენტი, რომლის მიზანიც იყო შეესწავლა ურთიერთმოლოდინები მშობელსა და შვილს შორის. ამ ექსპერიმენტს ეწოდებოდა "გაყინული სახის" ექსპერიმენტი.      ამ ექსპერიმენტის ფარგლებში, მშობლებს სთხოვდნენ ჩვეულებრივად ისე, როგორც სახლში ეთამაშათ სამი თვის ასაკის ბავშვებთან. თითოეულ წყვილს ჰქონდა სპეციფიკური თამაშის მანერა, თუმცა ყველა შემთხვევაში, როცა ბავშვებს სჭირდებოდათ აქტიური მოქმედებებისგან დასვენება, ისინი ზურგს აქცევდნენ მშობლებს ან ხუჭავდნენ თვალებს სტიმულაციის შესამცირებლად. ამ მომენტში ექსპერიმენტატორი სთხოვდა მშობელს შეეწყვიტა ბავშვთან ურთიერთობა. მას უნდა ეყურებინა ბავშვისთვის გაყინული, უემოციო გამომეტყველებით. მშობლის ასეთი რეაქცია ბავშვში იწვევდა გაოგნებას. ის ცდილობდა სხვადასხვა მოქმედებებით ღიმილით, შეხებით, თუ ღუღუნით მშობლის რეაქციის შეცვლას. თუმცა მშობელი ინარჩუნებდა ”გაყინულ” სახეს. რამდენიმე წუთის შემდეგ ბავშვების ქცევა იცვლებოდა. ისინი იწყებდნე თითების წოვას და გამოიყურებოდნენ შეშინებულნი. ზოგი მათგანი იწყებდა ტირილს, ზოგს სდიოდა ნერწყვი, ზოგი ასლოკინებდა. მიუხედავად იმისა, რომ მშობელი ადრინდელივით ახლოს რჩებოდა ბავშვთან, ემოციური უკუკავშირის დეფიციტის გამო, ბავშვი იწყებდა შფოთვას. ექსპერიმენტის ბოლოს მშობელი აღადგენდა შვილთან ემოციურ თამაშს, სანამ ჩვილი არ დადგებოდა კარგ ხასიათზე.      ეს ექსპერიმენტი ცხადყობს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ემოციური კავშირის დამყარება ჩვილებთან. ტრონიკის მიხედვით, ბავშვების განვითარების ძირითადი დეტერმინანტი არის ორმხრივი ემოციური ურთიერთობის დამყარება.      რაც შეეხება მრავლობით მიჯაჭვულობას. ახალშობილები, რომლებიც იზრდებიან მხოლოდ ერთ მშობელთან მიდრეკილნი არიან გამოავლინონ ძლიერი შიში სხვა ადამიანების გარემოცვაში და მეტად აპროტესტებენ მშობელთან განშორებას. ამასთან, ეს ბავშვები შფოთვას ავლენენ გაცილებით უფრო ადრე, ვიდრე ის ბავშვები, რომლებიც იზრდებიან უფრო "ხალხმრავალ" გარემოში. აღსანიშნავია ისიც, რომ ბავშვი უფრო მძაფრად რეაგირებს მშობელთან განშორებაზე, თუ იგი გამუდმებით მის გვერდითაა, სძინავს მშობლის ოთახში, მშობლის საწოლში, გამუდმებით ხელში აყვანილი დაჰყავთ. მაშინ, როცა ბავშვი, რომელიც დაბადების მომენტიდან მიჩვეულია სხვა ადამიანებთან ურთიერთობას და მის მიმართ ჰიპერმზრუნველობას არ იჩენენ, გაცილებით უფრო მშვიდად, ნაკლები შფოთვით ეგუებიან მშობელთან განშორებას.      ცალსახად იმის თქმა, მრავლობითი მიჯაჭვულობა სჯობს, თუ მშობელი-შვილის ურთიერთობა, ფაქტობრივად შეუძლებელია. ეს დამოკიდებულია თავად ჩამოყალიბებული ურთიერთობების ფორმაზე. აღსანიშნავია ისიც, რომ ახალშობილებს, როგორც წესი, მიჯაჭვულობა უყალიბდებათ გარდა მშობლებისა, დებზე, ძმებზე, ბებია-ბაბუაზე ან სხვა უახლოეს ნათესავებზე, ვინც მათზე ზრუნავს. ერთმნიშვნელოვნად მხოლოდ იმის თქმა შეგვიძლია, რომ უცხო გარემოში, თუ უცხო ადამიანებთან ადაპტირება გაცილებით უმარტივდებათ ბავშვებს, რომლებზეც დაბადების მომენტიდან ზრუნავს რამდენიმე ადამიანი, ვიდრე იმ ბავშვებს, რომლებიც მხოლოდ ერთ მზრუნველს არიან შეჩვეულნი. თუმცა ამ შემთხვევაშიც აუცილებლად უნდა გვახსოვდეს ის ფაქტიც, რომ მრავლობითი მიჯაჭვულობის დროს, ბავშვის სრულფასოვანი განვითარებისთვის აუცილებელია, არსებობდეს ერთი ადამიანი, რომლის მიმართაც მას განსაკუთრებით ახლო ემოციური კავშირი ექნება.      დასკვნის სახით შეიძლება ითქვას, რომ ბავშვის ნორმალური განვითარება მნიშ­ვნელოვნადაა დაკავშირებული მიჯაჭვულობასთან. ბავშვის სამომავლო ქცევას დიდწილად განაპირობებს ის, თუ რამდენად აქვს მას ჩამოყალიბებული ადრეულ ბავშვობაში მიჯა­ჭვულობის გრძნობა. სირთულეებმა ამ პროცესის ჩამოყალიბებაში შესაძლოა გამოიწვიოს ქცევითი და ემოციური პრობლემები. უნდა გვახსოვდეს, რომ მშობლების, თუ ახლობელი ადამიანების ქცევის პატერნები ბავშვზე ზრუნვისას გავლენას ახდენს მისი განვითარების ყველა კომპონენტზე, იქნება ეს ფიზიკური ჯანმრთელობა, კოგნიტური განვითარება, სოციალური კომპეტენცია, თვითშეფასება, თვითპატივისცემის განცდა, თუ ზოგადად, ზრდასრულობაში სრულფასოვანი პიროვნული ფუნქციონირება.      მიჯაჭვულობის პრობლემების მქონე ბავშვი გარემომცველი სამყაროსა და ადამიანების მიმართ ნდობას რთულად ამჟღავნებს, რაც ხელს უშლის მას ნორმალურად ფუნქციონირებაში. მაშინ, როცა მზრუნველ და მოსიყვარულე გარემოში აღზრდა მას საკუთარი თავის და ზოგადად გარემოს მიმართ ნდობას უყალიბებს. მიჯაჭვულობის პატერნები ნარჩუნდება მთელი ცხოვრების განმავლობაში და გადაეცემა თაობიდან თაობას, შესაბამისად მაქსიმალური პასუხისმგებლობით უნდა მოვექცეთ ამ პროცესს. ემოციები სიხარული      სიხარული, რომლის გამოხატვაც ღიმილით იწყება და შემდეგ სიცილში გადადის მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ბავშვის განვითარებაზე. ჩვილები იღიმებიან და იცინიან ახალი უნარის დაუფლებისას, მოტორულ და კოგნიტურ სფეროში დახელოვნებისას. ბავშვები კარგად გრძნობენ, რომ მათი ღიმილი უფროსის უფრო მეტ სითბოსა და ყურადღების გამოხატვას განაპირობებს.      პირველი კვირების განმავლობაში, ბავშვები სიმაძღრის, თვალის სწრაფი მოძრაობის ძილის (REM), ნაზად შეხების, დედის ხმის გაგონების და რწევის დროს იღიმებიან. პირველი თვის ბოლოს კი საინტერესო საგნის დანახვისას გაიღიმებენ.      6-10 კვირის ჩვილის სახეზე ე.წ. "სოციალური ღიმილი" ჩნდება (იღიმება დედის დანახვისას ან მისი ხმის გაგონებისას). 3 თვის ჩვილი კი მისთვის ნაცნობ ადამიანთან ინტე­რაქციისას იღიმება.      ბავშვები სიცილს პირველად დაახლოვებით 3-4 თვის ასაკში იწყებენ. ღიმილის მსგავსი სიცილი ჩნდება აქტიური გამღიზიანებლის საპასუხოდ. მაგალითად, როცა მშობლები ბავშვს ეთამაშებიან.      6 თვის ბავშვები უფრო ხშირად ნაცნობ ადამიანებთან ინტერაქციისას იღიმებიან და იცინიან.      10-12 თვის ბავშვები კონტექსტიდან გამომდინარე სხვადასხვაგვარად იღიმებიან - მშობლის დანახვაზე ფართოდ იღიმებიან; უცხო ადამიანს თავშეკავებულად, უხმოდ უღიმიან; მასტიმულირებელი თამაშის დროს კი გულიანად იცინიან.      2 წლის ასაკისთვის კი ღიმილი გააზრებული, სოციალური სიგნალი ხდება. ბრაზი და სევდა      ახალშობილი სხვადასხვა არასასიამოვნო განცდაზე (შიმშილი, მტკივნეული სამედი­ცინო პროცედურა, სხეულის მაღალი ტემპერატურა და ა.შ.) ზოგადი დისტრესით პასუხობს.      4-6 თვიდან ბავშვებში ბრაზის გამოხატვის სიხშირე და ინტენსივობა იზრდება, რომელიც გამოწვეულია სხვადასხვა სიტუაციით. მაგალითად, მათთვის საინტერესო საგანს გამოართმევენ, ზღუდავენ მის მოძრაობას, აძინებენ, მზრუნველის წასვლისას ან თუ თავისი მოქმედებით, სასურველ მიზანს ვერ აღწევენ და ა.შ.      რატომ იზრდება ბრაზის რეაქცია?      ეს დაკავშირებულია კოგნიტურ და მოტორულ განვითარებასთან. მას შემდეგ რაც პატარები ნებისმიერი (მიზანმიმართული) მოქმედების უნარს იძენენ, საკუთარი მოქმედებების კონტროლისა და მათი შედეგების შეფასებას იწყებენ. ასევე უფროსი ასაკის ჩვილები უკეთ ახერხებენ ტკივილის და ფრუსტრაციის გამომწვევი მიზეზის განსაზღვრას.      ბრაზის ინტესივობის ზრდა ასრულებს ადაპტურ ფუნქციასაც. ბრაზით მობილიზებული ენერგია, პატარას თავდაცვის ან სირთულის დაძლევის საშუალებას აძლევს.      გასათვალისწინებელია ისიც, რომ ბავშვის გაბრაზება უფროსებს უბიძგებს მისთვის დისკომფორტის მოხსნაზე. მაგალითად, თუ ბრაზის გამომწვევი მიზეზია დედისგან სეპარაცია, მაშინ მომავალში დედამ შეიძლება მარტო აღარ დატოვოს ბავშვი.      სევდა შეიძლება გამოიწვიოს ტკივილმა, სასურველი საგნის გამორთმევამ, ხანმოკლე განშორებამ. სევდა ჩვილობაში ბრაზთან შედარებით იშვიათია.      სევდა როგორც წესი, მზრუნველთან განშორებისას ან მზრუნველსა და ჩვილს შორის კომუნიკაციის სარიოზული დარღვევის შემთხვევაში ჩნდება. შიში      ბრაზის მსგავსად, შიშივ ცხოვრების პირველი წლის მეორე ნახევარში ჩნდება. უფროსი ასაკის ჩვილები ახალი სათამაშოთი თამაშის დაწყებას ყოყმანობენ.      ცოცვის დაუფლების შემდეგ, ბავშვებს სიმაღლის შიში უჩნდებათ. ყველაზე ხშირად კი ჩვილებს უცხო ადამიანის შიში ახასიათებთ. ბევრი ჩვილი უცხო ადამიანს სიფრთხილით ხვდება, თუმცა არსებობს გამონაკლისიც. ბავშვის რეაქცია დამოკიდებულია რამოდენიმე ფაქტორზე: ტემპერამენტზე (ზოგი ბავშვი ბუნებით მშიშარაა), უცხო ადამიანთან ურთიერთობის გამოცდილებაზე და არსებულ სიტუაციაზე. თუ უცნობი ადამიანი ზის და არ ანხორციელებს აქტიურ ქმედებებს, ხოლო მშობელი ბავშვის გვერდითაა, მაშინ ჩვილი პოზიტიურ ქცევას და ცნობისმოყვარეობას ამჟღავნებს. უცხო ადამიანის მხრიდან სითბოს გამოხატვა, მიმზიდველი სათამაშოს შეთავაზება, ნაცნობი თამაშის წამოწყება, ბავშვთან ნელა მიახლოვება - ბავშვის შიშს ამცირებს.      6 თვის ბავშვებთან შიშის გრძნობის გაზრდამ, შეიძლება მისი ცნობისმოყვარეობა შეაფერხოს. ბავშვები მზრუნველს იყენებენ როგორც უსაფრთხოების საყრდენს, რომელსაც შეიძლება მოსცილდე გარემოს გამოსაკვლევეად და დაუბრუნდე საფრთხის შემთხვევაში.      დროთა განმავლობაში უცხო ადამიანის შიში და სხვა სახის შიშებიც მცირდება. კოგნიტური განვითარება საშუალებას აძლევს ბავშვს გაარჩიოს საშიში და უსაფრთხო სიტუაციები. ამასთანავე, ხრდასთან ერთად ბავშვი ეუფლება შიშის დაძლევის სტრატეგიებს. მე-ს ცნობიერებასთან დაკავშირებული ემოციები      ბაზისური ემოციების გარდა, ადამიანისთვის დამახასიათებელია უფრო რთული ემო­ციებიც, როგორიცაა - სირცხვილის და დანაშაულის გრძნობა, შური და სიამაყე. ასეთ ემო­ციებს მე-ს ცნობიერებასთან დაკავშირებულ ემოციები ეწოდება, ვინაიდან ამ ემოციებს მე-ს განცდის გაძლიერება ან შესუსტება შეუძლია. მაგალითად, ჩვენ ნეგატიურად ვაფასებთ ჩვენს საქციელს, თუ სირცხვილის გრძნობას განვიცდით.      დანაშაულის გრძნობა ვინმესთვის ზიანის მიყენების დროს ჩნდება. სიამაყე კი პირიქით, საკუთარი მიღწევებით კმაყოფილებას ასახავს.      მე-ს ცნობიერებასთან დაკავშირებული ემოციები ჩნდება 2 წლის ასაკში, როდესაც ბავშვებს საკუთარი მე-ს განცდა უჩნდებათ.      18-24 თვის ბავშვებში სირცხვილის, სიამაყის და უხერხულობის გრძნობა ჩნდება, ხოლო შური - 3 წლის ასაკში.      მე-ს ცნობიერებასთან დაკავშირებული ემოციების განვითარებას განაპირობებს, ერთის მხრივ, თვითშემეცნების განვითარება და მეორეს მხრივ, უფროსების მიერ მიცემული მითითებები, როდის უნდა გაუჩნდეს მათ სიამაყის, სირცხვილის ან დანაშაულის გრძნობა. უფროსები უკვე 2 წლის ბავშვებთან, სირცხვილის გრძნობის გამოყენებით, კარგი და ცუდი საქციელის ჩამოყალიბებას ცდილობენ. მშობლებმა უნდა გაითვალისწინონ, რომ გადაჭარბებულმა სირცხვილის გრძნობამ, შესაძლოა ბავშვის თვითშეფასებას ზიანი მიაყენოს.      3 წლის ასაკში მე-ს ცნობიერებასთან დაკავშირებული ემოციები თვითშეფასებას უკა­ვშირდება. ემოციების თვითრეგულაცია      ბავშვები სხვადასხვა ემოციების გამოხატვის გარდა, საკუთარი ემოციების მართვასაც სწავლობენ. ემოციების თვითრეგულაცია ეს არის სტრატეგია, რომელიც ჩვენი ემოციების ინტესივობას შეამცირებს. ემოციების თვითრეგულაცია რამოდენიმე კოგნიტურ უნარს მოითხოვს: ყურადღების კონცენტრაციას და გადატანას, აზრებისა და ქცევის მოთოკვას, დაგეგმვას და სტრესული სიტუაციიდან თავის დასაღწევად აქტიური ნაბიჯების გადადგმას.      ემოციების თვითრეგულაციას ვახდენთ მაშინ, როცა საკუთარ თავს ვახსენებთ, რომ შფოთვის გამომწვევი სიტუაცია მალე დასრულდება, მეგობრის ქცევით გამოწვეულ ბრაზს დავძლევთ ან საშინელებათა ფილმის ყურებას თავს ვარიდებთ.      ემოციების თვითრეგულაცია გულისხმობს ემოციების შეგნებულ მართვას. ამას კი განაპირობებს თავის ტვინის შუბლის ნაწილის განვითარება და უფროსების დახმარება (ასწავლიან პატარებს ემოციების მართვას).      ცხოვრების პირველი თვეების განმავლობაში ჩვილებს ემოციების მართვის შეზღუდუ­ლი უნარი აქვთ. მიუხედავად იმისა, რომ მათ შეუძლიათ არასასიამოვნო სტიმულს ზურგი შეაქციონ, გრძნობების გამძფრებისას ტუჩები ამოძრაონ და წოვონ, შინაგანი და გარეგანი სტიმულიბი გადატვირთავს მათ ნერვულ სისტემას. ამიტომ, ისინი უფროსებზე არიან დამოკიდებული, რომლებივ მათ ხელში აიყვანენ, დაარწევენ, მოეფერებიან.      4 თვის ჩვილებს, ყურადღების გადატანის უნარის განვითარება, მათ ემოციების კონტროლში ეხმარება. ბავშვები, რომლებიც არასასიამოვნო სიტუაციას ზურგს აქცევენ, ნაკლებ დისტრესს განიცდიან. ცხოვრების პირველი წლის ბოლოს ცოცვა და სიარული, სხვადასხვა სტიმულთან მიახლოვებით ან განშორებით, ბავშვებს ემოციების რეგულირების შესაძლებლობას აძლევს.      იმ მშობლების შვილები, რომლებიც ბავშვების ემოციურ სიგნალებს ”ამოიცნობენ” და მათზე თბილ, გულისხმიერ რეაქციას იძლევიან, ნაკლებად ნერვიულები და მეტად ცნობისმოყვარენი არიან. ასევე ისინი ადვილად მშვიდდებიან.      მშობლები, რომლებიც არ რეაგირებენ ბავშვის მიერ მიწოდებულ სიგნალებზე, სანამ ისინი ძალიან ინტენსიური არ გახდება, ბავშვებში ძლიერი დისტრესის გამოწვევას უწყობენ ხელს. მომავალში, მშობლებისთვის ასეთი ბავშვების დაწყნარება უფრო რთულია, ხოლო ბავშვებს ემოციების თვითრეგულაციის სწავლა უძნელდებათ.      თუ უფროსები ვერ არეგულირებენ ჩვილის სტრესულ მდგომარეობას, თავის ტვინის ის სტრუქტურა, რომელიც პასუხიმგებელია სტრესის შესუსტებაზე, შესაძლოა სათანადოდ ვერ განვითარდეს.      ერთ-ერთმა კვლევამ აჩვენა, რომ 5 თვის ბავშვები, რომლებიც ხელების მოძრაობის შეზ­ღუდვისას ტირილს იწყებდნენ, 10 თვის ასაკში, სათამაშოს ხელიდან გამორთმევის შემ­თხვევაში ძლიერ ტირილს იწყებდნენ.      მეორე წლის ბოლოს, წარმოსახვისა და მეტყველების განვითარებასთან ერთად, ემოციების რეგულირების ახალი მეთოდები ჩნდება. მაგრამ პატარებს ჯერ არ შეუძლიათ მეტყველების ეფექტურად გამოყენება. მას შემდეგ, რაც ბავშვი ისწავლის საკუთარი მდგომარეობის ახსნას, ის აგებინებს უფროსს საკუთარ განცდებს და მათ დახმარების შესაძლებლობას აძლევს. მაგალითად, 2 წლის გოგონამ ზრაპრის მოსმენისას, წამოიყვირა: - ”დედა მეშინია”. დედამ წიგნი გადადო და პატარას ჩაეხუტა. ტემპერამენტი      ჩვილები განსხვავდებიან ტემპერამენტით: ისინი განსხვავებულ რეაქციას იძლევიან ახალ ობიექტზე, განსხვავდებიან აქტიობის ხარისხით, ჩვეული გუნება-განწყობილებით, ზოგ მათგანს უყვარს სოციალური ინტერაქცია, ზოგს კი - მარტოობა, აქვთ განსხვავებული ცხო­ვ­რე­ბის რითმი.      ბასმა და პლომინმა ტემპერამენტი აღწერეს 3 მახასიათებლით: ემოციურობა, აქტიობა და კომუნიკაბელობა.      თომასამა და ჩესმა კი ტემპერამენტი აღწერეს 9 მახასიათებლით:      აქტიობის დონე - აქტიური პერიოდის თანაფარდობა, არააქტიურ პერიოდთან.      რითმულობა - ორგანიზმის სტრუქტურების ფუნქციონირების რეგულარულობა. მაგალითად, ზოგ ჩვილს აქვს რეგულარული: კუჭის მოქმედება, ძილი, კვება, ზოგს კი არა.      ყურადღების გადატანა - რამდენად შეუძლია გარე სტიმულს შეცვალოს ბავშვის ქცევა. მაგალითად, ზოგი ბავშვი წყვეტს ტირილს სათამაშოს მიწოდებისას, ზოგი კი -არა.      მიახლოება/განრიდება - რეაქცია ახალ საგანზე, ადამიანზე, საკვებზე. მაგალითად, ზოგი ბავშვი უღიმის უცნობ ადამიანს ან სიამოვნებით იღებს ახალ საკვებს, ზოგი კი ტირის და უარს ამბობს ახალი საკვების მიღებაზე.      ადაპტურობა - რამდენად ადვილად ეგუება ბავშვი გარემო ცვლილებებს. მაგალითად, ჩვილი შეიძლება შეშინდეს უცხო ადამიანის დანახვისას, მაგრამ მალე ჩერდება და შემდეგში მის დანახვაზე აღარ ტირის; ზოგი კი ხელმეორედ ნახვისას, ისევ იწყებს ტირილს.      ყურადღების მოცულობა და სიმყარე - აქტიობისთვის დათმობილი დრო. მაგალითად, ზოგი ბავშვი დიდხანს ათვალიერებს სათამაშოს, ზოგი კი რამოდენიმე წუთში კარგავს ინტერესს.      რეაქციის ინტენსივობა - რეაქციის ენერგიულობის დონე. მაგალითად, ზოგი ბავშვი ხმამაღლა ტირის/იცინის, ზოგი კი - ზომიერად.      რეაქციის ზღურბლი - რეაქციისთვის საჭირო სტიმულის ინტენსივობა. მაგალითად, ზოგი ჩვილი შეკრთება სუსტ ხმაზეც კი, სხვები კი ამ ცვლილებას ვერ ამჩნევენ.      გუნება-განწყობილება - მხიარული აქტიობების რაოდენობა. მაგალითად, ზოგი ბავშვი უფროსებთან ინტერაქციისას ხშირად იცინის, ზოგი კი - არა.      ტემპერამენტის მახასიათებლების მიხედვით, თომასმა და ჩესმა გამოყვეს ბავშვების 3 ტიპი:      ადვილი ბავშვი (40%) - ამ ბავშვის ტემპერამენტი ხასიათდება რეგულარული რეჟიმით, პოზიტიური გუნება-განწყობილებით, ადვილი ადაპტაციის უნარით.      რთული ბავშვი (10%) - ამ ბავშვების ტემპერამენტი ხასიათდება არარეგულარული რეჟიმით, გაძნელებული ადაპტაციით, ნეგატიური გუნება-განწყობილებით და ინტენსიური რეაქციებით.      მოდუნებული ბავშვი (15%) - ბავშვს ახასიათებს სუსტი რეაქციები, მაღალი ზღურბლი, უარყოფითი გუნება-განწყობილება, სუსტი ადაპტაცია.      ბავშვების 35%-ს კი ახასიათებს ტემპერამენტის შერეული ტიპი.      ფსიქოლოგების ყველაზე დიდ ინტერესს იწვევენ რთული ტემპერამენტის ჯგუფში მოხვედრილი ბავშვები. როგორც აღმოჩნდა, ისინი მომავლში ავლენენ აგრესიას და შფოთვას.      მოდუნებული ტემპერამენტის ჯგუფში მოხვედრილ ბავშვებს ნაკლები პრობლემები ახასიათებთ, თუმცა მათთვის დამახასიათებელია: შიშები, შფოთვა, ჩაკეტილობა, არაკომუნიკაბელობა.      მიუხედავად იმისა, რომ ჩვილები განსხვავდებიან ტემპერამენტის თანდაყოლილი მახასიათებლებით, ეს არ ნიშნავს იმას, რომ მათი რეგულაცია არ შეიძლება. ტემპერამენტის თანდაყოლილი მახასიათებლები - ფორმირდება, ძლიერდება, სუსტდებს ან ნეიტრალდება, ბავშვისა და უფროსების ურთიერთობის და მიღებული გამოცდილების შედეგად.      ბავშვები იბადებიან ქცევის განსხვავებული რეპერტუარით და ეს განსხვავება, არა მარტო გავლენას ახდენს ბავშვის მომავალ გამოცდილებაზე, ასევე ხელს უწყობს ბავშვი-მშობელის ურთიერთობის სტილის ფორმირებას. მაგალითად, მშობლები უფრო ხშირად სჯიან რთული ტემპერამენტის მქონე ბავშვებს, ვიდრე ადვილი ტემპერამნტის ბავშვებს. დასჯა კი თავის მხრივ გავლენას ახდენს ბავშვზე.      განათლებულმა მშობლებმა იციან, რომ ბავშვის ქცევის სირთულეები გამოწვეულია მისი ტემპერამენტი მახასიათებლებით და არა გაუზრდელობით ან მშობლების მიერ დაშვებული შეცდომებით. ასეთი მშობლები კი გონივრულად და ადექვატურად რეაგირებენ ბავშვის რთულ ქცევაზე. მე კონცეფცია      ბავშვებში მე კონცეფციის განვითარების გაგებაზე დიდი გავლენა იქონია ფროიდის და პიაჟეს თეორიებმა. ორივე მათგანი თვლიდა, რომ სიცოცხლის დასაწყის სტადიაზე, ბავშვებს არა აქვთ მე-ს განცდა. ფროიდი თვლიდა, რომ დედა და ჩვილი ერთ მთელს წარმოადგენენ და ჩვილი ვერ აცნობიერებს, რომ ის არის დამოუკიდებელი ინდივიდი, და მხოლოდ განვითარების პროცესში ხვდება თავის უნიკალურობას. მ. მალერის (ფსიქოანალიტიკოსი) აზრით, ფიზიკური დაბადებიდან რამოდენიმე თვის შემდეგ, ადგილი აქვს ”ფსიქოლოგიურ დაბადებას”.      მე კონცეფციის გაგებაზე, ასევე დიდი გავლენა იქონია ფ. ჯეიმსის თეორიამ. მან განასხვავა მე-ს 2 ასპექტი: "მე, როგორც სუბიექტი" (I-self, მე ვარ, მე ვარსებობ) და "მე, როგორც ობიექტი" (me-self, პიროვნების მახასიათებლები). "მე, როგორც ობიექტი” წარმოადგენს მე კონცეფციას, მაგრამ სწორედ, ”მე, როგორც სუბიექტი” განსაზღვრავს ობიექტურ მე-ს. როცა ადამიანი იძლევა პასუხს კითხვაზე: - ”ვინ ვარ მე?” , ის აღწერს, ”მე, როგორც ობიექტს”, მაგრამ ამ აღწერას აკეთებს ”მე, როგრც სუბიექტი”.      თანამედროვე თეორეტიკოსები მე-ს ამ 2 ასპექტისთვის დასახასიათებლად, იყენებენ სხვა ტერმინებს. მაგალითად, ლევისი თავის შრომებში ”მე, როგორც ობიექტის” ნაცვლად იყენებს ტერმინს - ”მე-ს მექანიზმი”, ”მე, როგორც სუბიექტის” ნაცვლად -”მე-ზე წარმოდგენა”.      კეისი იყენებს შემდეგ ტერმინებს: ”ნაგულისხმები მე” და ”აღწერითი მე”.      სუბიექტური მე. დღეისთვის მიჩნეულია, რომ უკვე ახალშობილს აქვს გარკვეული პრიმიტიული განცდა იმისა, რომ ის არის დამოუკიდებელი ინდივიდი. სიცოცხლის პი­რველი წლის განმავლობაში ჩვილი აცნობიერებს, რომ ის არის ”აქტიური შემომქმედი”. მას შეუძლია საკუთარი თავის გარშემო გარკვეული მოვლენების ორგანიზება. სიხარული, რომელსაც ბავშვი განიცდის, როცა თავისი აქტიობით გამოიწვევს მაგალითად, სათამაშოს ამოძრავებას, არის საბუთი იმისა, რომ ბავშვს აქვს საკუთარი თავის, როგორც ”შემომქმედის” განცდა. აქვე შეიძლება მოვიყვანოთ ა. ბანდურას შეხედულებაც. ის თვლიდა, რომ თვითეფექტურობის განცდა ყალიბდება პირველი წლის განმავლობაში, როცა ჩვილი ხვდება, რომ მას შეუძლია აკონტროლოს გარემოს გარკვეული მოვლენები. თვითეფექტურობის განცდა ჩნდება არა მხოლოდ ობიექტების მიმართ, არამედ ადამიანების მიმართაც. მაგალითად, უფროსი იღიმება ჩვილის ღიმილის საპასუხოდ. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ბავშვი გრძნობს თავის ”ეფექტურობას”, ძალას, საკუთარ მე-ს.      პიაჟე თვლიდა, რომ სუბიექტური მე-ს განვითარებაში გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ობიექტის მუდმივობის გაგებას, რასაც ადგილი აქვს 9-12 თვის ასაკში. როგორც კი ბავშვი მიხვდება, რომ მაგალითად, დედა განაგრძობს არსებობას მაშინაც კი, როცა მას ვერ ხედავს, ის ხვდება, რომ არსებობს დამოუკიდებლად.      ობიექტური მე. მეორე მნიშვნელოვანი ნაბიჯი მე-ს განვითარებაში არის ჩვილის მიერ იმის გაგება, რომ ისიც ობიექტია, ე.ი. აქვს გარკვეული თვისებები და მახასიათებლები. კვლევებით დასტურდება, რომ ობიექტური მე-ს განვითარებას ადგილი აქვს 15-18 თვის ასაკში. განვიხილოთ ერთ-ერთი საინტერესო კვლევა: ბავშვს ათავსებდნენ სარკის წინ და აკვირდებოდნენ მის ქცევას. 9-12 თვის ბავშვების იწყებდნენ თამაშს საკუთარ გამოსახულებასთან. გარკვეული პერიოდის შემდეგ, მკვლევარი ჩუმად უსვამდე ლაქას ცხვირზე. 9-12 თვის ბავშვები ადებდნენ ცხვირზე ხელს სარკის გამოსახულებას და არც ერთმა მათგანმა არ დაადო ხელი საკუთარ ცხვირს. მხოლოდ 21 თვის ბავშვების ¾ -მა დაინახა საკუთარ ცხვირზე ლაქა. ასევე 21 თვის ბავშვების ¾ , ფოტოს ჩვენებისას მიუთითებს საკუთარ თავზე და ამბობს სახელს.      როგორც კი ბავშვს უვითარდება თვითცნობიერება, იცვლება მისი ქცევის სპექტრი. ის ცდილობს დამოუკიდებლად შეასრულოს სხვადასხვა მოქმედებები და გამოხატავს დამოკი­დებულებას, სათამაშოებისა და სხვა მისთვის მნიშვნელოვანი ობიექტების მიმართ - ”ჩემია!” ალბათ ამას უკავშირდება ის ფაქტი, რომ 2 წლის ასაკის ბავშვები ძალიან თავნებები ხდებიან.      თვითშემეცნების განვითარებაზე მიუთითებს ისეთი ემოციების აღმოცენებაც, როგო­იცაა: სირცხვილი, სიამაყე, უხერხულობა. ლევისი აზრით, სირცხვილისა და სიამაყის გრძნობის აღმოცენება შედეგია, ქცევის გარკვეული სტანდარტების გაცნობიერების და საკუთარი ქცევის შედარების, ამ სტანდარტებთან. მაგალითად, 2 წლის ასაკისთვის იწყებს ბავშვი სიტყვა - ”ჭუჭყიანიას” ხმარებას. ე.ი. ის აფასებს საკუთარ თავს ან საგანს გარკვეულ სტანდარტთან მიმართებაში. 2 წლის ასაკიდან ბავშვები ცდილობენ დაიმსახურონ უფროსების შექება, იმასთან დაკავშირებით, რომ მათ შეძლეს სტანდარტის დაკმაყოფილება და გაამართლეს უფროსების ნდობა. მამის როლი ბავშვის აღზრდის პროცესში      ბავშვის დაბადების შემდეგ მამები შეიძლება სხვადასხვაგვარდ ჩაერთონ აღზრდის პროცესში. ესაა: ფიზიკური მოვლა, ბავშვის გასეირნება, თამაში, საუბარი და სხვა სახის ინტერაქცია. აღზრდის პროცესში დედასთან ერთად მამის მონაწილეობა მრავალფეროვანს ხდის ბავშვის გამოცდილებას. დედის და მამის განსხვავებული ქცევები და აღზრდის მეთოდები, აბალანსებს ერთმანეთს და ბავშვს სამყაროს აჩვენებს სხვადასხვა კუთხით, რაც პოზიტიურ გავლენას ახდენს განვითარებაზე.      კვლევების შედეგად დადგენილია:      ადრეულ ასაკში ბავშვის მოვლის პროცესში მამების ჩართულობა და პოზიტიური ემოციური ურთიერთობა, გავლენას ახდენს უსაფრთხო მიჯაჭვულობის ჩამოყალიბებაზე, რაც დადებითად აისახება ბავშვის ფსიქო-ემოციურ მდგომარეობაზე.      დედებს და მამებს აქვთ განსხვავებული თამაშის სტილი და ბავშვები სარგებელს იღებენ ორივე მიდგომიდან. მამები ამჯობინებენ ენერგიულ თამაშებს, რაც მოითხოვს ფიზიკურ დატვირთვას; ხოლო დედები ბავშვებთან უმეტესად თამაშობენ მშვიდ თამაშებს, იყენებენ მეტ სათამაშოს და წიგნებს. შესაბამისად, მამები უფრო მეტად უწყობენ ხელს მსხვილი მოტორული უნარების განვითარებას.      მამები უფრო მეტად წაახალისებენ ბავშვის დამოუკიდებლობას, მაშინ როცა დედები უფრო ფრთხილები არიან. მამა-შვილის ასეთი ურთიერთობა ზრდის ბავშვის თვითშე­ფასებას, თავდაჯერებულობას და ანვითარებს დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის საჭირო უნარებს.      მამების საუბარი ბავშვებთან განსხვავებული ხმის ტემბრისა და სხვა მახასიათებლების გამო, ხელს უწყობს მეტყველების განვითარებას. ბავშვებს, რომლებსაც მამები ხშირად უკითხავენ წიგნებს, უკეთესი ვერბალური უნარები აქვთ.      ბავშვებს, რომლებსაც მამის მხრიდან სწავლის პროცესში რეგულარული მხარდაჭერა აქვთ, უკეთესი კოგნიტური უნარები აღენიშნებათ.      მამებს მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვთ ბავშვის სოციალური უნარების განვითარებაშიც.      მამის აქტიური ჩართვა აღზრდის პროცესში, მომავალში ამცირებს ქცევითი და ემოციური სირთულეების გაჩენას.      ცხადია, რომ ბავშვის აღზრდის პროცესში მამების მხოლოდ ფიზიკური ჩართულობა არ არის ზემოთ ნახსენები პოზიტიური შედეგების გარანტი. მნიშვნელოვანია, რომ მამამ (ასევე დედამაც) გამოიყენოს სწორი აღზრდის სტილი. მ. მელიქიშვილი …
დაამატა ლაშა to ფსიქოლოგია at 3:46pm on აპრილი 22, 2015
  • 1
  • ...
  • 4
  • 5
  • 6
  • 7
  • 8
  • 9
  • 10
  • 11
  • 12
  • 13

Welcome to
Qwelly

რეგისტრაცია
ან შესვლა

ღონისძიებები

  • დაამატე ღონისძიება

ბლოგ პოსტები

Why Gusu Chocolate Depositor Boosts Output?

გამოაქვეყნა jsszgusufood jssz_მ.
თარიღი: ივნისი 9, 2025.
საათი: 7:03am 0 კომენტარი 0 მოწონება

Precision and efficiency are the heartbeat of modern confectionery. For manufacturers seeking both, the Chocolate Depositor developed by Gusu and featured at gusumachinery.com delivers a seamless blend of speed, accuracy, and consistency. Built for professional food production environments, this intelligent depositing system enables high-output chocolate shaping with minimal waste and outstanding…

გაგრძელება

Lamine Yamal

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: ივნისი 6, 2025.
საათი: 3:30am 0 კომენტარი 0 მოწონება

In the world of soccer, wherever expertise frequently emerges within the unlikeliest of places, Lamine Yamal stands out for a beacon of prodigious talent and boundless opportunity. The young star has captured the imagination of enthusiasts and pundits alike, with performances that defy his many years. At just 16 a long time aged, Yamal is currently earning waves inside the sport—a testament to his incredible skill and devotion.



Early Lifetime and Background…



გაგრძელება

How They Operate, And Why They Subject for Employers

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: აპრილი 26, 2025.
საათი: 2:30pm 0 კომენტარი 0 მოწონება







In the present earth, history checks are getting to be a regular part of the selecting method, tenant screening, and in some cases volunteer variety. From verifying work historical past to examining felony information, qualifications check providers give vital insights into somebody's heritage. In the following paragraphs, we’ll include the kinds of track record checks, how they perform, and why They are really critical for each companies and people.



What exactly…

გაგრძელება

შემოქმედი მხატვარი

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 22, 2025.
საათი: 11:23pm 0 კომენტარი 3 მოწონება

თვალებს ძლივს ახელდა დასაძინებლად რომ წავედით, მაგრამ მაინც მოვახერხეთ ძილისწინა საუბრები. ამჯერად, თემა ნათესავები და ნათესაური კავშირები იყო და ცოტა ვერ მიხვდა რა სხვაობა შვილიშვილსა და შვილთაშვილს შორის. ის კი გაიგო, რომ პირველი - მესამე თაობას ნიშნავდა, ხოლო მეორე - მეოთხეს, მაგრამ თვითონ ეს სიტყვები - შვილი-შვილი და შვილთა-შვილი რატომ…

გაგრძელება
  • დამატება დღიურში
  • ყველა

Qwelly World

free counters

© 2025   George.   • Ning - platform for social network creation and community website building

პანაღია  |  პრობლემის აღმოჩენისას!  |  Terms of Service

საუბრის დაწყება!