ძიება
  • რეგისტრაცია
  • შესვლა

Qwelly

ძიების შედეგები - ფსიქოლოგიური ლიტერატურა

თემა: პროფესიების სისტემატიზაცია
ნამიურობაც: პროფესიები იქმნებიან, იცვლებიან და ქრებიან. იმავდროულად რიგი ერგონომიული, ეკონომიკური განვითარების, პროფესიის ფსიქოლიური და სხ. პრობლმების დამუშავება ცხადყოფს პროფესიათა კლასების შესახებ ინფორმაციის აუცილებლობასა და აქტუალობას. ცნობილია, რომ პროფესიათა განსხვავებულობამ განაპირობა სხადასხვა კრიტერიუმების საფუძველზე მათი სისტემატიზირების მცდელობა. არსებობს ე. წ. არაფსიქოლოგიური კლასიფიკაცია, რომლის კრიტერიუმია მაგ. მეურნეობის დაგები, შრომის ობიექტები, საშუალები და ა. შ. (კლასიფიკაცია ასმრეწველო, სატრანსპორტო, მანქანურ, ავტომატიზირებულ და სხვა სახის შრომის ფორმებად. ფსიქოლოგიურ კლასიფიკაციის კრიტერიუმად ტრადიციულად, მომუშავის უნარების პროფესიების სტრუქტურასთან შესაბმისობა იყო აღიარებული. პროფესიათა ფსიქოლოგიურ კლასიიკაცია, აღმოცენდა ფსიქოტექნიკის წიაღში (ჰ. მიუნსტენბერგი, ო. ლიპმანი). მიუხედავად იმისა, რომ პროფესიისა და პიროვნების ურთიერთმიმართების საკვანძო ფსიქოლოგიური საკითხები (შრომის მოტივაციები, პროფესიის მოხოვნები და სხ.) იმ დროს არ იყო დამუშავებული, პროფესიათა კლასიფიკაცია უკვე მაშინ აღმოჩნდა პროფშერჩევა - კონსულტაციის პრაქტიკული საკითხების გადაწყვეტაზე ორიენტირებული. განსაკუთრებული მნიშვნელობისა იყო კლასიფიკაცია შრომის ეფექტუროგის ფაქტორების მიხედვით (მაგ. ინტელექტის, ნებისყოფი და სხ.)      პროფესიული შრომა პიროვნებს ქცევაა და როგორც ყოველი ქცევა, გულისხმობს ქცევის სუბიექტის გარკვეულ ობიქტზე მიმართულ აქტივობას. პროფესიის ობიექტური მხასიათებლები და მომუშავე პერსონალი ქმნიან ფუნქციონალურად ურთიერთგანმსაზღვრელ მიმართებებს. პროფესიების კლასიფიკაციის ადრეული ვარიანტები ამ მიმართებების ცალკეულ ფორმებზე და არა სისტემაზე იყო დაფუძვნებული. ასეთი კრიტერიუმია მაგალითად. ჰ. მიუნსტენბერგთან სამუშაოს ანალიზურობა - სინთეზურობა; ო. ლიპმანთან - ინტელექტისა და ფანტაზიის ფაქტორები; როდმენთან და კლაპარედთან - პიროვნების ტიპოლოგიური თავისებურებები და ა. შ. გარდა ამისა, კლასიფიკაციის ადრინდელი, ფსიქოტექნიკის წიაღში შექმნილი ვარიანტები, ეფუძვნებოდა პროფესიისა და მომუშავის ფსიქოლოგიური მახასიათებლების მბიექტურ ანალიზსს, არამედ გამოცდილებისა და ჯანსათი აზრით მოპოვებულ ცოდნას.      პროფესიათა კლასიფიკაცია პროფორიენტაციული მუშაობის ინფორმაციული კომპონენტია და მის გაცნობით პიროვნება ღებულობს პირველად, მაგრამ მნიშვნელოვანი ცოდნას სამუშაოს ობიექტურ მახასიაებლებისა და მომუშავისათვის აუცილებელ ფსიქოლოგიური წარმონაქმნების შესახებ. პროფესიათა სისტემატიზაციის პროფორიენტაციული, მაშასადამე, ინფირმაციულ ღირებულებას განისაზღვრავს კლასიფიკაციის კრიტერიუმი, რომელიც უნდა ეფუძვნეოდეს როგორც პიროვნების ფსიქოლოგიური სტრუქტურის, ასევე პროფესიის მეცნიერულ შესწავლის (სამუშაოს აღწერა - ანალიზით) მოპოვებულ ძირითად მონაცემებს. მაშასადამე, კლასიფიკაციის კრიტერიუმი უნდა იყოს დიხოტომიური.      პროფესიის არჩევის და პიროვნების ფსიქოლოგიურ თვისებათა თეორიების ერთიანობას ემყარება ამერიკელი ფსიქოლოგის ჯ. ჰოლანდის მიერ დამუშავებული პროფესიათა კლასიპიკაციის ცნობილი ვარიანტი (1966, 1968). ჰოლანდის მიხედვით ქცევის წარმატება მნიშვნელოვნად განისაზღვრება პიროვნების ფსიქოლოგიური თვისება - მახასიათებლებით, კერძოდ: მიდრეკილებებით, ღირებულებებით, ინტერესებით, განწყობებით და მოტივებით და მათი პროფესიასთან შესატყვისობით. ამიტომ ფსიქოლოგიურ თვისებათა მეცნიერულად დადგენილი ტიპების შესაბამისობა პროფესიის ტიპებთან და კატეგორიებთან, შეიძლება გამოყენებულ იქნას არა მხოლოდ კლასიფიკაციის, არამედ პროფესიულ დიაგნოსტირების კრიტერუმადაც.      პიროვნების ფსიქოლოგიურ თვისებებსა, უნარებსა და პროფესიას შორის მიმართების პრობლემას მიუხედავად ხანგრძლივი ისტორიისა, არ მიუღია დასაბუთებული გადაწყვეტა. ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი ძვრები მოხდა დასული საუკუნის შუა წლებში, პერსონალისტურ ფსიქოლოგიის, განსაკუთრებით გ. ოლპორტის პიროვნების თეორიის გავლენით, როდესაც პიროვნების ე. წ. ნიშანი ან თვისება გაგებული იქნა არა მხოლოდ ქცევის აღნმძვრელ მოტივად, არამედ მის ეფექტურობის ფაქტორადაც. "... თვისება ქცევას აღძრავს, მაშასადამე, ის დინამიური ძალის მქონე მოტივაციური წარმონაქმნია. როგორც პიროვნების სტრუქტურის ელემენტი, თვისება მუდამ ესწრაფვის გამოვლენას: თუ ადამიანს, მაგალითად ახასიათებს ისეთი პიროვნული თვისება, როგორც კომუნიკაბელობაა, იგი კონტაქტის მუდმივ ძიებაში იმყოფება. საკუთვრივ მოტივთან შედარებით, თვისება უფრო ფართო რეგულაციურ ფუნქციას ასრულებს, აღძვრასთან ერთად ის განსაზღვრავს ქცევის სახეს, მის რაგვარობას. " (ი. იმედაძე, მე - 20 საუკუნის ფსიქოლოგიური მიმდინარეობები" 2004, გვ. 225).      ჯ. ჰოლანდი, გამომდინარე პროვნების მიდრეკილებების ძირითადი კომპონენტების - ღირეულებულებათა ორიენტაციის და ინტერესების ინდივიდუალური მახასიათებლებიდან, გამოყოფს პროფესიული ორიენტაციის ექვს ტიპს: 1. რეალისტურს (რეალ), 2. ინტელექტუალურს (ინტელ), 3. სოციალურს (სოც), 4. კონვენციონალურს (კონ.) – (საზოგადოებრივ ნორმებსა და ტრადიციებზე ორიენტიეულს), 5. ინიციატივიანს (ინც) და 6. მხატვრულს (მხატ). თითეული ტიპი ჰოლანდს დახასიათბული აქვს შემდეგი პარამეტრებით: ხასიათისა ნიშნებითა და ინტელექტის გარკვეული წყობით; ქცევის გარკვეული სახეობისადმი უნარით; საქმიანობის გარკვეული სახეობისადმი მიდრეკილებით: გატაცებების შინაარსებით; პროფესიული შესაძლებლობებით;      გარდა ამისა, კლასიფიკაციაში მითითებულია ტიპის პიროვნულ ნიშნებს, უნარების, მიდრეკილებების მიმართებები პროფესიული გარემოსა და უშუალოდ პროფესიებზე. საბოლოოდ, პიროვნების ტიპსა და პროფესიის ტიპს შორის მიმართება, ჰოლანდის მიხედვით ასეთია: 1. პიროვნული ტიპი - რეალისტური      პოროვნული თავისებურებები და უნარები: აქტივობა, აგრესიულობა, საქმიანობა, პრაქტიკული აზროვნება, რაციონალურობა, კარგი კოორდინირებულობა, სივრცითი წარმოსახვა, ტექნიკური უნარები;      მიდრეკილება და პრიორიტეტი: კონკრეტული რეზულტატზე, აწმყო მოვლენებსა და საგნებზე, მათ პრაქტიკულ გამოყენებაზე, საქმეზე, რომელიც საჭიროებს ტიზიკურ განვითარებისა და სიმარჯვეს, კომუნიკაციაზე ორიენტაციის უქონლობა;      პროფესიული გარემო: ტექნიკა, სოფლის მეურნეობა, სამხედრო საქმე, ისეთი კონკრეტული დავალებების გადაწყვეტა, რომელიც საჭიროებს მოძრაობას, მოტორულ უნარებს და ფიზიკურ ძალისხმევას. სოციალური ჩვევების ის მინიმუმი რომელიც დაკავშირებულია შეზღუდული მოცულობის ინფორმაციის მიღება - გადცემასთან;      პროფესიები: მექანიკოსი, ელექტრიკი, ინჟენერი, ფერმერი, აგრონომი, მებაღე, ავტოშემკეთბელი, მძღოლი და სხ. 2. პიროვნული ტიპი - ინტელექტუალური      პიროვნული თავისებურებები და უნარები: ანალიზური გონება; დამოუკიდებლობა და ორიგინალურობა მსჯელობაში; ენობრივი და მათემარიკური უნარების ჰარმონიული განვითარება; კრიტიკულ აზროვნება, ცნობისმოყვარეობა, ფანტაზიის უნარ - მიდრეკილება; ინტენსიური შინაგანი ცხოვრება, დაბალი ფიზიკური აქტივობა;      მიდრეკილება და პრიორიტეტი: იდეებზე; თეორიულ ღირებულებებზე; გონებრვი შრომაზე; აბსტრაქტული აზროვნების საჭიროების ინტელექტუალურ და შემოქმედებით ამოცანების გადაწყვეტა; ქცევებში კავშირ - ურთიერთობებზე ორიენტაციის უქონლობა; ურთიერთობის ინფორმაციული ხასიათი;      პროფესიული გარემო: მეცნერება; აბსტრაქტული აზროვნებისა და შემოქმედებითი უნარის საჭიროების ამოცანების გადაწყვეტა; ინტერპერსონალური ურიერთობების უმნიშვნელო როლი, თუმცა აუცილებელია რთული იდეების მიღება და გადაცემა;      პროფესიები: ფიზიკოსი, ასტრონომი, მოტანიკოსი, პროგრამისტი დ სხ. 3. პიროვნული ტიპი - სოციალური      პიროვნული თავისებურებები და უნარები: ადამიანებთან ურთიერთობის, ჰუმანურობისა და თანაგრძნობის უნარიანობა; აქტიურობა; გარემოსა დ საზოგადოების შეხედულებაზე დაოკიდებულობა; შეგუებადობა; პრობლემის გადაწყვეტა ემოციებზე და გრძნობებზე დაყრდნობით; ენებისადმი გადამეტებული უნარი;      მიდრეკილება და პრიორიტეტი: ადამიანები; ურთიერთობები; გარშემომყოფთან კონტაქტის დამყარება; სწავლებისა და აღზრდისადმი მიდრეკილება; ინტელქტუალური პრობლემბისაგან განრიდება;      პროფესიული გარემო: განათლება; ჯანდაცვა; სოცუზრუნველყოფა;მომსახყრება; სპორტი; სიტუაციები დაპრობლემები, რომლებიც დაკავშირებულია მუდმივი პირადი ურთიერთობისა და დარწმუნების სჭიროების ადამინების ქცევებსა და პრობლემებში გარკვევის უნართან;      პროფესიები: ექიმი, პედაგოგი, სოციალური მუშაკი და სხ. 4. პიროვნული ტიპი - კონვენციონალური      პიროვნული თავისებურებები და უნარები: რიცხობრივი ინფორმაციის გადამუშავების უნარები; სტერეოტიტული მიდგომები პრობლემებისადმი; სხვაზე დამოკიდებული; კონსერვატული ხასიათი; დაქვემდებარეულობა; ჩვეულებების მიმდევარი; შემსრულებლობითი; მათემატიკური უნარის სიჭარბე;      მიდრეკილება და პრიორიტეტი: წესრიგი; საქმიანობის ზუსტი განრიგი; მუშაობა ინსტრუქციით, მიღებული ალგორითმებით; გაურკვეველი სიტუაციების, სოციალური აქტივობის და ფიზკური დაძაბულობის თავარიდება; ხელმძღვანელის პოზიციის გაზიარება.      პროფესიული გარემო: ეკონომიკა; აღრიცხვა; ბუღალტერია; საქმის წარმოება; სამუშაო, რომელიც მოითხოვს რუტინულ ინფორმაციისა და რიცხობრივ მონაცემების გადამუშავების უნარ - ჩვევებს.      პროფესიები: ბუღალტერი, ფინანსისტი, ეკონომისტი, კანცელარიის მოსამსახურე და სხ. 5. პიროვნული ტიპი - ინიციატივიანი      პიროვნული თავისებურებები და უნარები: ენერგიულობა;უმპულსურობა; ენტუზიაზმი; აგრესიულობა; რისკიანობა;ოპტიმიზმი; თვითდაჯერებულობა; ენებისადმი უნარის სიჭარბე; კარგ ორგანიზაციული თვისებები.      მიდრეკილება და პრიორიტეი: ლიდერობა; აღიარება; ხელმძღვანელობა; ძალაუფლება;პირადი სტატუსი; დიდი ჯაფისა და ბეჯთობის, მოტორული ჩვევვებისა და ყურადღების კონცენტრირების საჭიროების საქმიანობებისაგან თავის არიდება; ეკონომიკითა და პოლიტიკით დაინტერესებულობა.      პროფესიული გარემო: ბოლომდე გაურკვრვრლი საკითხების გადაწყვეტა; ტიპების წარმომადგენლებთან განსხვავებულ სიტუაციებში ურთიერთობა; საქმიანობა, რომელი საჭიროებს ადამიანების ქცევის მოტივებში გარკვევის უნარს; მჭერმეტყველების უნარი.      პროფესიები: ბიზნესმენი, მარკეტოლოგი, მენეჯერი, დირექტორი, განყოფილების გამგე, ჟურნალისტი, რეპორტიორი, დიპლომატი, იურისტი, პოლიტიკოსი და სხ. 6. პიროვნული ტიპი - მხატვრული      პიროვნული თავისებურებები და უნარები: წარმოსახვა და ინტუიცია; ემოციონალურად რთული შეხედულება ცხოვრებაზე; დამოუკიდებლობა; ორიგინალური და მოწნილი აზროვნება;კარგი მოტორული უნარები და აღქმები.      მიდრეკილება და პრიორიტეტი: ემოციები და გრძნობები; თვითგამოვლინება; სემოქმედებითი საქმიანობა;განრიდება საქმიაობისგნ, რომელიც საჭიროებს ფიზიკურ ძალას და რეგლამენტირებულ სამუშაო დროს; ტრადიციებისა და წესების მიმდევრობა;      პროფესიული გარემო: სახვითი ხელოვნება; მუსიკა; ლიტერატურა; მხატვრულ გემოვნებასთან და წარმოსახვასთან დაკავშირებული პრობლემების გადაწყვეტა;      პროფესიები: მუსიკოსი, მხატვარი, ფოტოგრაფი, მსახიობი, რეჟისორი, გიზაინერი და სხ.      როგორც სპეციალისტების აღნიშნავენ (ე. ზეერი, ე. პ. ილინი და სხვ.) ვინაიდან ჰოლანდის პროფესიული ტიპები შესაბამის პროფესიულ გარემოზე, პროფესიათა კატეგორიებზე და კლასებზე არიან ორიენტირებულნი, ჩვენ შეგვიძლია, ამ შესაბამისობის საფუძველზე, ვიწინასწარმეტყველოთ პერსონალის შერჩევის ეფექტურობა, მისი პროფესიული ადაპტირებადობა. განსხვავებული პროფესიული ტიპის პროფგარემოსთან ადაპტაცია სქემატურად გამოხატულია ექვსკუთხედის საშუალებით, რომლის კუთხეები მიუთითებს პროფესიისა და გარემოს ტიპზე. ჰოლანდის მიხევით ადამიანისა და პროფესიული გარემოს თავსებადობა გამოიხატება შესაბამის კუთხეების შორის მანძილით: დაშორებულ კუთხეებზე განლაგებული პროფესიული ტიპები ნაკლებად თავსებადია (ე. ი. სუბიექტისათვის ნაკლებად მისაღებია, ადაპტირებადია), ვიდრე ახლომდებარე კუთხეებზე განლაგებული ტიპები. ასე მაგალითად, მხატვრულ ტიპი უფრო თავსებადია სოციალური და ინელექტუალური პროფგარემოსადმი, ვიდრე კონვენციალური. პირონების პროფესიულ ტიპსა და პრიფგარემოს შორის მიმართემა ასე გამოიხატება. პიროვნების ტიპები პროფესიული გარემოს ტიპები რეალ. ინტელ. სოც. კონვ. ინიც. მხატვ. რეალისტური (რეალ) ++ + - + - - ინტელექტუალური (ინტელ.) + ++ - - -- + სოციალური (სოც.) -- - ++ - + + კონვენციური (კონვ.) + - - ++ + - ინიციატივიანი (ინც.) - - + + ++ - მხატვრული (მხატვ.) - + + -- - ++       შენიშვნა. პირობითი აღნიშვნები:      ++ პროფესიულ გარემოსთან ძალიან კარგად ადაპტირებული პიროვნული ტიპი.      + პროფესიულ გარემოსთან კარგად ადაპტირებული პიროვნული ტიპი.      - პროფესიულ გარემოსთან არაცაკმარისად ადაპტირებული ტიპი.      - პროფესიულ გარემოსთან სრულიად არა ადაპტირებული ტიპი.      "ჯ. ჰოლანდის თეორიის მიხედვით პროფესიული შრომის წარმატება, საუშაოთი კმაყოფილება, პირველ რიგში, დამოკიდებულია პიროვნების ტიპის იმ პროფესიულ გარემოსთან შესატყვისობაზე, რომელიც იქმნება ანალოგიური პოზიციების, პროფესიულად მნიშვნელოვანი თვისებებისა და ქცევის ადამიანების მიერ." (Э. Ф. Зеер, «психология професии. » М - ва, ст.) * * *      რუსულ ფსიქოლოგიაში ფართე გავრცელება ჰპოვა სისტემური პოზიციებიდან პროფესიათა კლასიფილაციის ე. ა. კლიმოვის მიერ დამუშავებულმა ვარიანტმა, რომელშიც სისტემის პირველი შემადგენელია შრომის ობიექტი, ხოლო მეორე - შრომის სუბიექტი - ადამიანია. ე. ა. კლიმოვი ანსხვავებს პროფესიათა შემდეგ ხუთ ტიპი: 1. ადამიანი - ბუნება      შრომის ძირითადი საგანია მცენარეული და ცხოველური ორგანიზმები, მიკროორგანიზმები.      პროფესიები: აგრონომი, ბოტანიკოსი, ფიზიოლოგი, ზოოინჯენერი, ზოოლოგი, მებაღე, მეფრინველე, მეთევზე, ზეთის გაომხდელი, მეფუკრე, ბოტნეულის გადამუშავების ოპერატორ, ფერმერი, ძეხვის წარმოების ოპერატორი და. ა. შ.      ამ ტიპის პროფესიათა ჯგუფში გაოიყოფა შემდეგი ქვეჯგუფები: პროფესიები - დაკავშირებული მცენარეებისა და ცხოველების ცხოვრების პირობების შესწავლასთან; პროფესიები - დაკავშირებული მცევარეებისაა და ცხოველების მოვლასთან; პროფესიები - დაკავშირებული მცენარეებისა და ცხოველების დაავადებების პროფილაქტიკასა და მკურნალობასთან; პროფესიები - დაკავშირებული სოფის მრეწველობასთან, კვების მრეწველობასთან;      ამ ტიპის პროფესიებით მუშაობასთან დაკავშირებული მოთხოვნები: გარკვეული ცოდნა ცოცხალ ორგანიზმებსა და მიკროორგანიზმებს შესახებ; ინიციატიურობა და დამოუკიდებლობა შრომითი ამოცანების გადაწყვეტაში; მზრუნველობა; შორსმჭვრეტელობა; რთულ კლიმატურ პირობებში მუშაობისადმი მზადყოფნა;      ბიოლოგიურ ობიექტებთან შრომის განსაკუთრებული თავისებრება მდგომარეობს იმაში, რომ ისინი, თავისი ბუნებით ცვალებადნი, რთულიდა არასტანდარტულნი არიან. მცენარეები, ცხოველები, მიკროორგანიზმებიცოცხლობენ, იზრდებიან, ვითარდებია, ავადდებიან დ კვდებიან. ამიტომ ამ ტიპის პროფესიით მომუშავემ ბევრი უნდაიცოდეს არამარტო ცოცხალ ორგანიზმზე, არამედ შეეძლოს მოსალოდნელი ცვლილებების გნჭვრეტა (რომელოც შიძლება შუქცევადიც იყოს) და ადეკვატურირეაგირება. 2. ადამიანი - ტექნიკა      შრომს ძირითადი საგნები ტექნიკური ობიექტები, მაქანები, მექანიზმები, ენერგიის სახეები.      პროფესიები: მემანანე, ინჯენერ - მექანიკოსი, ელექტრიკოსი, მიკროსქემების ამწყობი, ტელეკომნიკაციის ცპეციალისტი, პილოტი, ბორტინჯენერი, კონსტრუქციის მემონტაჯე, მებათქაშე, დურგალი, მესაათე, ავტომძღოლი, შემდუღებელი და ა. შ.      ამ ტიპის პროფესიათა ჯგუში გამოიყოფა შემდეგი ქვეტიპები: პროფესიები - დაკავშირებული გრუნტისა და სამთო წიღისულის მოპოვებასა დადამუშავებაშთან; პროფესიები - დაკავშირებული არალითონური სამრეწველო მასალების, ნაკეთობების, ნახევარფაბრიკატების დამუშაებასთან და გამოყენებასთან; პროფესიები - დაკავშირებული ლითონის წარმოება - დამუშავებასთან, მანქანებისა და ხელსაწყოების მონტაჟთან; პროფესიები - დაკავშირებული ტექნოლოგიური მანქანების, დანადგარების სატრანსპორტო საშუალებების რემონტთან, გაწყობასა და მომსახრებასთან; პროფესიები - დაკავშირებული შენობა - ნაგებობების, კონსტრუქციების მონტაჟთან და რემონტთან; პროფესიები - დაკავშირებული ელექტრო მოწყობილობების, აპარატების აწყობასა და მონტაჟთან; პროფესიები - დაკავშირებული სატრანსპორტო საშუალებებთან; პროფესიები - დაკავშირებული სოფლის მეურნეობის პროდუქციების დამუშავებასთან;      ამ ტიპის მუშაობასთან დკავშირებული მოთხოვნები: ტექნიკური აზროვნება სივრცითი წარმოსახვის კარგი უნარი; ყურადღება; სიზუსტე;      ამ პროფესიით მომუშავეები აუცილებლად უნდა ფლობდნენ მოტრულ ჩვევებს, სენსომოტორულ კოორდინაციის კომპლექსს. ტექნიკური ობიექტების შეფასებისას მომუშავეს მოეთხოვება სიზუსტე და მოქმედების რეგლამენტურობა დროში და შივრცეში. რამდენადაც, პრაქტიკულად ტექნიკური ობიექტები ყოველთვის იქნება თვითონ ადამიანის მიერ, ტექნიკურ სამყაროსი განსაკუთრებით ფართო გასაქანი აქვს ნოვატორობას, გამომგონლობას და ტექნიკურ შემოქმედებას. ტექნიკის სფეროში საქმისადმი შემოქმედებითი მიდომა ადამიანისაგან მოითხოვს მაღალ საშემსრულებლო დიციპლინას. 3. ადამიანი - ნიშანთა სისტემა      შრომის ძირითადი საგანია - პირობიტი ნიშნები, ციფრები, კოდები, ბუნებრივი და ხელოვნური ენები.      პროფესიები: პროგრამისტი, სებ - პროგრამისტი, ინჟენერ - პოგრამისტი, მათემატიკოსი, ქიმიკოსი, სტატისტიკოსი, ბიბლიოთეკარი, ბიბლიოგრაფი, არქივარიუსი, ლინგვისტი, ისტორიკოსი, მთარგმნელი, მბეჭდავი. კორექტორი ფარმაცეპტი, მხაზველი.      ამ ტიპის პროფესიათა ჯგუში გამოიყოფა შემდეგი ქვეჯგუფები: პროფესიები - დაკავშირებული დოკუმენტების გაფორმებასთან, საქმის წაროებასთან, ტექსტის ანალიზთან, დამუშავებასა და ხელახალ კოდირებასთან; პროფესიები - რომელთა შრომის საგანს წარმოადგენს რიცხვები და რაოდენობრივი თანაფარდობები; პროფესიები - დაკავშირებული ინფორმაციის სისტემური ნიშნებით დამუშავებასა და ობიექტების სისტემურად წარმოსახვასთან;      მოთხოვნები, რომეიც ძალიან მნვნელოვანია ამ ტიპის პროფესიით მუშაობისას: ნიშნებთან და ციფრებთანმუშაობის უნარი; გადაწყვეტილებბისა და დასახული ამოცანების კონტროლი; ყურადღების კონცნტრაციის კარგი უნარი; მოძრაობის სისწრაფე და სიზუსტე მარტოდ შესასრულებლი სამუშაოებისადმი მიდრეკილება (ადამიანებთან ხშირი კონტააქტის გარეშე;      ამპროფესიით წარმატებული მუშაობსათვის, განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭებაბა ერთი შეხედვით "მშრალი "რიცხვების გააზრების უნარს, როცასაჭიროა ყურადთება გაამახვილო და აქცენტირება გააკეთოიმ ინფორმაციაზე, რომელსაც შეიცავსესა თუ ის ნიშანი. 4. ადამიანი - შემოქმედება      შრომის ძირითადი საგანია - შემოქმედების ხატი (მხატვრული ნიმუში), მისი შექმნის უნარი.      პროფესიები: ვოკალისტი, კონცერტმეისტერი, დირიჯორი, კინომცოდნე, ხელოვნებათმცოდნე, რეჟისორი, კომპოხიტორი, მუსიკოსი, მხატვარი, ქორეოგრაფი, მწერალი, პოეტი, აკრობატი, ილუზიონისტი, არქიტექტორი, დიზაინერი, რესტავრატორი, მოდელიორი, კულინარი და ა. შ.      ამ ტიპის პროფესიათა ჯგუფში გამოიყოფა შემდეგი ქვეტიპები: პროფესიები - დაკავშირებუი სახვით ხელოვნებასთან; პროფესიები - დაკავშირებული მუსიკალურრ აქმიანობასთან; პროფასიები - დაკავშირებლი ლიტერატურულ მხატვრულ საქმიანობასთა; პროფესიები - დაკავშირებული სმხატვრო და სასცენო საქმიანობასთან;      მოთხოვნები, რომლებიც ძალიან მნიშვნელოვანია ამ ტპისპროფესიებით მუშაობისას: განვითარებული მხატრული გემოვნება; შემოქმედებითი უნარი; მხატვრულიეფექტების წდომა; თვალსაჩინო - ხატოვანი წარმოდგენების სიცხადე; აზროვნების მოქნილობა; ხელოვნების ნიმუშების შეფასების უნარი; 5. ადამიანი - ადამიანი      შრომის ძირითადი საგანი - ადამიანი, ჯგუფი, კოლექტივი.      პროფესიები: მასწავლებელი, ექიმი, ფსიქოლოგი, მენეჯერი, მეთოდისტი, კონსულტანტი, ადვოკატი, მოსამართლე, პოლიციელი, სოციოლოგი, კულტუროლოგი, ადმინისტრატორი, სარეკლამო აგენტი და გიდი, ჟურნალისტი, ოფიციანტი, ბარმენი, სოციალური მუშაკი, სარეკლმო აგენტი და ა. შ.      ამ ტიპის პროფესიათა ჯგუფში გამოიყოფა შემდეგი ქვეტიპები: პროფესიები - დაკავშირებული ცამედიცინო მომსახურებასან (ექიმი მედდა, სანიტარი და ა. შ.) პროფესიები - დაკავშირებული სასწავლო - აღმზრდელობით საქმიანობასთან (მასწავლებელი, აღმზრდელი, მწრთვნელი ა. შ.) პროფესიები - დაკავშირებული საყოფაცხოვრებო მომსახურებასთან (გამყიდველი, ოფიციანტლ, ბორტგამცილებელი და ა. შ.) პროფესიები - დაკავშირებული საზოგადოებისა და სახელმწიფოს დაცვასთან (მოსამართლე, პოლიციელი, ადვოკატი და ა. შ.) პროფესიები - დაკავშირებული საინფორმაციო - სამხატვრო მომსახურებასთან და მხატვრული კოლექტივების ხელმღვაელობასთან;      თვისებები, რომლებიც ძალინ მნიშვნელოვანია ამ ტიპის პროფესიიმუშაობისას: ადამიანებთან ურთიერთობის კარგი განწყობა და დადებითი ემოციები; ადამიანების აზრების, ფანზრხვის, და განწყობის გაგების უნარი; სხვადასხვა ტიპის ადამიანებთან საერთო ენის გამონახვის უნარი; ადამიანებთან ურთიერთობის მოთხოვნილება; ადამიანებთან ურთიერთობებში სწრაფად გარკვევის უნარი;      ამ ტიპის პროფესიის არჩევისას მზად უნდა იყოთ მთელი სამუშაო დროის განმალობაში ადამიანებთან ურთიერთიბისათვის. უნდა შეგეძლოთ ადამიანებთან კონტაქტის დამყარება, გულისხმიერი დამოკდებულება და ა. შ.      მ. კლომოვის მიერ დამუშავებული პროფესიათა კლესიფიკაცის ფართე გავრცელება უდაოდ განაპიროა სამუშაოთა სისტემურობის კრიტერიუმის საფუძველზე დაჯგუფებამ, რითაც ეს კლასიფიკაცია შესამჩნევად განსხავდება პროფესიათა სისტემატიზაციის დანარჩენ ვარიანებისგან (მაგ, ო. ლიპმანი, ვ. ლოოსი, და სხ.). მიუხედავად ამისა, პროფესიათა ორივე გსნხილული ვარიანტები შეფასებულია როგორც ზოგადი და ურთიერ გადამფარავი დაჯგუფებების შემცველი. მომზადდა სპეციალურად www.qwelly.com-სთვის და ჯგუფისთვის "ფსიქოლოგია" მასალების გამოყენებისთვის დააკომენტარეთ ან მიმართეთ პოსტის ავტორს! …
დაამატა ლაშა to ფსიქოლოგია at 8:07pm on თებერვალი 18, 2015
პოსტი: ფილმის სოციოლოგიური ანალიზი - პოლანსკის მდგმური

ქეთევან პოპიაშვილი

მდგმური / THE TENANT

      რომან პოლანსკის ფილმი „მდგმური“, როლანდ…

დაამატა Ketevan at 4:16pm on ოქტომბერი 15, 2019
პოსტი: მაიკლ მურის ფარენჰეიტი 9/11

შუალედური წერა

მაიკლ მურის ფარენჰეიტი…

დაამატა Ketevan at 7:18pm on ივლისი 18, 2025
პოსტი: ბულინგი საქართველოს საჯარო სკოლებში, აკადემიური ნაშრომი

ბულინგი საქართველოს საჯარო სკოლებში, ბოლო ათი წლის მაგალითზე…

დაამატა Ketevan at 3:55pm on თებერვალი 20, 2019
თემა: ბიჰევიორიზმი და მისი განვითარება
რიზმი სრულიად ახალი ზოგადფსიქოლოგიური მოძღვრებაა, რომელიც პრინციპულად უპირისპირდება მანამდე არსებულ ფსიქოლოგიებს (შინაარსების ფსიქოლოგია, აქტფსიქოლოგია, სტრუქტურალიზმი, ფუნქციონალიზმი და ა.შ.). ის არის რეაქცია ამ ფსიქოლოგიების სუბიქტივიზმსა და ინტროსპექციონიზმზე. იგი უარს ამბობს ცნობიერების კვლევაზე, რადგანაც მისი შესწავლა თვითდაკვირვებას გულისხმობს. ფსიქოლოგიის საგნად ცხადდება ქცევა, რომელიც ობიექტურ დაკვირვებას და შესწავლას ექვემდებარება.       ჯონ ბროდეს უოთსონის (1878-1958) ბიოგრაფიიდან ნათელი ხდება, თუ ვისი გავლენა დაედო საფუძვლად მისი მეცნიერული მრწამსის ჩამოყალიბებას. იგი სწავლობდა ჩიკაგოს უნივერსიტეტში, ფუნქციონალიზმის ერთ-ერთ ცენტრში, ჯ. ენჯელთან. აქ 1903 წელს დაიცვა დისერტაცია იმის შესახებ, თუ რა შეგრძნებების გამოყენებაა საჭირო ვირთაგვას მიერ ლაბირინთის გავლისას. ეს შრომა მან ზოოფსიქოლოგიის მეტრის, რ. იერქსის ხელმძღვანელობით შეასრულა და ზოოფსიქოლოგიის პროფესორი გახდა. ჩიკაგოშივე სწავლობდა ჟ. ლიობთან - ცხოველთა შესწავლისადმი ობიექტივისტური მიდგომის აღიარებულ ლიდერთან. ამ გვარებს უნდა დაემატოს ჯ. დიუიც, რომელთანაც იგი ფილოსოფიას ეუფლებოდა. დიუი პრაგმატიზმის ერთ-ერთი ფუძემდებელია, თუმცა, როგორც თვით უოთსონი შენიშნავს ავტობიოგრაფიაში - კარგად მაინც არასოდეს მესმოდაო, რას ქადაგებდა დიუი. ზოგადად, უოთსონი ფილოსოფიას ერიდებოდა და თვლიდა, რომ მის ბიჰევიორისტულ პროგრამას არაფერი ჰქონდა საერთო ფილოსოფიასთან. ბორინგის შეფასებით, ბიჰევიორიზმი მართლაც არასისტემატური (არაფილოსოფიური) მოძღვრებაა; ობიექტურად იგი, ცხადია, გარკვეულ ფილოსოფიურ საფუძველზე დგას, თუმცა თვითონ ამაზე არ მსჯელობს. კლასიკური ბიჰევიორიზმის ფილოსოფიურ საფუძველს პოზიტივიზმი და პრაგმატიზმი წარმოადგენს. განა სწორედ პოზიტივიზმი არ მოითხოვს გამოირიცხოს მეცნიერებიდან ყველაფერი, რაც უშუალო დაკვირვებას არ ექვემდებარება? ამიტომ განიდევნა ბიჰევიორისტული კვლევიდან ცნობიერებაც და ფიზიოლოგიური მექანიზმებიც. უოთსონი ინტროსპექციონიზმს ებრძვის. მისი წინამორბედი აქაც პოზიტივიზმის ერთერთი ფუძემდებელი ო. კონტია. პრაგმატიზმის გავლენა მჟღავნდება ბიჰევიორიზმის საერთო განწყობაში, შეხედო მეცნიერებას პრაქტიკული სარგებლიანობის თვალსაზრისით.       რაც შეეხება მეცნიერულ შეხედულებებს, რომლებმაც გავლენა იქონია უოთსონის თვალსაზრისის ჩამოყალიბებაზე, აქ, პირველ რიგში, უნდა აღვნიშნოთ ცხოველთა ფსიქოლოგია, განსაკუთრებით ე. თორნდაიკი და ობიექტივისტური სკოლა შედარებით ფსიქოლოგიაში (იხ. თავი 7.4.). ამ გამოკვლევებს უოთსონი აფასებდა, როგორც რეაქციას საზოგადოდ ანტროპომორფიზმზე და არა ცნობიერების ფსიქოლოგიაზე. თავის ფსიქოლოგიას - ბიჰევიორიზმს, იგი, სავსებით სამართლიანად, სწორედ ასეთ ფსიქოლოგიაზე ნეგატიურ რეაქციად მიიჩნევს. აქ ი. პავლოვის და ვ. ბეხტერევის გავლენაზეც შეიძლება ლაპარაკი.       1908-1920 წლებში უოთსონი მუშაობს ჰოპკინსის უნივერსიტეტში, სადაც ამერიკის უძველესი ფსიქოლოგიური ლაბორატორია ფუნქციონირებდა. აქ გამოქვეყნდა მისი ძირითადი შრომები. თავში აღნიშნულ სტატიას, რომელსაც ბიჰევიორიზმის მანიფესტი შეარქვეს და რომლითაც დაიწყო ე.წ. ბიჰევიორისტული რევოლუცია, სხვა შრომები მოჰყვა: “ქცევა: შესავალი შედარებით ფსიქოლოგიაში” (1914) და “ფსიქოლოგია როგორც მეცნიერება ქცევის შესახებ” (1919). უოთსონის იდეებმა უზარმაზარი რეზონანსი გამოიწვია და სწრაფადაც გავრცელდა, რაზეც მეტყველებს თუნდაც ის, რომ 1915 წელს, ოცდაჩვიდმეტი წლისა, იგი ამერიკის ფსიქოლოგიური ასოციაციის პრეზიდენტად აირჩიეს. 1920 წელს უოთსონის ბრწყინვალე სამეცნიერო კარიერა მოულოდნელად წყდება და, ოჯახური პირობების გამო, იგი სარეკლამო ბიზნესში გადადის. ოცდახუთი წლის განმავლობაში უოთსონი დიდი ფირმის ვიცეპრეზიდენტი იყო. პერიოდულად გამოდიოდა პოპულარული ლექციებით, რომლებიც გამოქვეყნდა წიგნში “ბიჰევიორიზმი” (1925). ამ წიგნმა გრანდიოზული ინტერესი გამოიწვია მთელ მსოფლიოში. მიუხედავად ამისა, ბიჰევიორიზმი, არსებითად, მაინც ამერიკულ მოვლენად და მიმართულებად დარჩა.       უოთსონის კრიტიკა, უპირველეს ყოვლისა, ცნობიერების ფსიქოლოგიის ინტროსპექციონიზმის წინააღმდეგ არის მიმართული. იმჟამინდელი ფსიქოლოგია, მიუხედავად თავისი ექსპერიმენტულობისა, მართლაც ინტროსპექტული იყო. უოთსონის აზრით, ეს არის იმის მიზეზი, რომ თავისი არსებობის ორმოცდაათი წლის მანძილზე, ფსიქოლოგიამ როგორც ექსპერიმენტულმა და, უდავოდ საბუნებისმეტყველო მეცნიერებამ, ვერ მოახერხა დაემკვიდრებინა თავი სხვა საბუნებისმეტყველო დისციპლინათა გვერდით. თვითდაკვირვების არასანდოობის გამო ჩვენ ვერ ვახერხებთ მივიღოთ ერთნაირი, უტყუარი და სანდო მონაცემები. ამიტომაც გვიჭირს ძირითად საკითხებში შეთანხმება. ერთი და იმავე მოვლენის შესწავლისას თუ ფიზიკაში ან ქიმიაში ვინმემ ვერ მიიღო იგივე ცდისეული მონაცემები რაც სხვებმა, ეს ექსპერიმენტის პირობებს ბრალდება (ან აპარატურა არ არის საკმარისად მგრძნობიარე, ან სუფთა რეაქტივები არ გამოიყენება და სხვა). ფსიქოლოგიაში ვითარება სხვაგვარია. ამ შემთხვევაში პრეტენზიების ადრესატია არა ექსპერიმენტის პირობები, არამედ დამკვირვებელი. ყველაფრის მიზეზი ცდისპირის თვითდაკვირვების მოუმზადებლობაა. ამიტომაც აკრიტიკებენ ერთმანეთის თვითდაკვირვებას სტრუქტურალისტები და ვიურცბურგელები. ე. ტიჩენერმა ნ. ახს “სტიმულის შეცდომა” მოუნახა - შენ სტიმულებს აღწერ და არა განცდებსო (იხ. თავი 6.2.); ეს მაშინ, როცა ვიურცბურგელთა ე.წ. სისტემატური თვითდაკვირვება ინტროსპექციის მწვერვალია ორგანიზაციისა და ცდისპირთა გაწაფულობის მხრივ (იხ. თავი 7.1). არათვალსაჩინო შინაარსების აღმოჩენით მათ ინტროსპექციის ბუნებრივი საზღვარი აჩვენეს. ამ არათვალსაჩინო შინაარსში ინტროსპექციით უკვე ვეღარ შეაღწევ; ეს კი ეწინააღმდეგება შინაარსებისა და სტრუქტურული ფსიქოლოგიის მონაცემებს, რომლებიც აგრეთვე უფაქიზესი ინტროსპექციიდან გამომდინარეობენ და ამტკიცებენ, რომ ცნობიერება სენსორულწარმოდგენითია, ე.ი. თვალსაჩინოა. ვის შეუძლია ეს დავა გადაწყვიტოს, როცა ორივეს მეთოდი თვითდაკვირვებაა. განა შეძლო ინტროსპექციამ გადაეჭრა ძირეული საკითხი ფსიქიკური ელემენტების რაოდენობისა და ბუნების შესახებ? ზოგი მეცნიერისთვის ხომ გრძნობაც შეგრძნების სახეობაა. თვით შეგრძნების თვისებებიც არ არის გარკვეული. მოდალობას, ინტენსიობას, ხანიერებას უმატებენ ხან განფენილობას, ხან სიცხადეს, ხან მოწესრიგებულობას.       სანამ ინტროსპექციით ვხემძღვანელობათ, ჭეშმარიტებას ვერ დავადგენთ. ამიტომ, ფსიქოლოგიის მიერ ობიექტური მონაცემების მიღების იმედს უოთსონი ისეთი დარგების გამოცდილებაზე ამყარებს, რომლებშიც ინტროსპექცია არ გამოიყენება და დიდი წარმატებით ვითარდება, ესენია: რეკლამის ფსიქოლოგია, იურიდიული ფსიქოლოგია, ტესტოლოგია, პათოფსიქოლოგია, განსაკუთრებით კი ზოოფსიქოლოგია. უოთსონი მიუთითებს, რომ ცხოველის შესწავლა ინტროსპექციას გამორიცხავს; აქ გამოყენებული მეთოდები სავსებით მიესადაგება ბავშვის ფსიქოლოგიასაც. ამიტომ თავი უნდა დავანებოთ თვითდაკვირვებას და გარეგანი დაკვირვებით შემოვიფარგლოთ; იმას უნდა დავაკვირდეთ, რაც ობიექტურად არის მოცემული. ასეთია მოქმედება, ქცევა. ფსიქოლოგიამ უარი უნდა თქვას ცნობიერების კვლევაზე და შეისწავლოს ის, რასაც “ადამიანები აკეთებენ დაბადებიდან სიკვდილამდე”. ერთხელ და სამუდამოდ უარი უნდა ვთქვათ მენტალისტურ ტერმინოლოგიაზე, ხმარებიდან ამოვიღოთ “აღქმა”, “აზროვნება”, “წარმოდგენა”, “სურვილი” და სხვა (ყოველ შემთხვევაში მათი თავდაპირველი და ჩვეული მნიშვნელობით). უნდა შეიქმნას ახალი ენა და ყველა ფსიქოლოგიური მოვლენა გამოიხატოს ქცევით ტერმინებში, ისეთში, როგორიცაა სტიმული და რეაქცია, ჩვევების შემუშავება, მათი ინტეგრაცია და ა.შ.       უოთსონი ქმნის ფსიქოლოგიას ფსიქიკის გარეშე. იგი არ უარყოფს ფსიქიკის (ცნობიერების) არსებობას, როგორც ამას ზოგჯერ მიაწერენ ხოლმე. იგი, უბრალოდ, თავს არიდებს ამ პრობლემაზე მსჯელობას, ვინაიდან, როგორც თვითონ ამბობს, მასში ჩაღრმავებას აუცილებლად მივყავართ მეტაფიზიკამდე, რომლის გაგონებაც არ სურს. უოთსონი მხოლოდ იმას აღნიშნავს, რომ ცნობიერება, ფსიქოლოგიაში დამკვიდრებული მნიშვნელობით, არ შეიძლება სრულყოფილი ექსპერიმენტული შესწავლის ობიექტად იქცეს. მაშასადამე, ფსიქოლოგიამ ქცევა უნდა შეისწავლოს. იგი ამომწურავად აღიწერება S-R (სტიმული-რეაქცია) წყვილით. “ბიჰევიორიზმის მთავარი ამოცანაა შეკრიბოს ადამიანის ქცევაზე დაკვირვებათა მონაცემები, რათა ყოველ მოცემულ შემთხვევაში, ბიჰევიორისტს შეეძლოს იმის თქმა, თუ როგორი იქნება რეაქცია, ან, თუ რეაქცია სახეზეა, გაარკვიოს რა სიტუაციამ გამოიწვია იგი”. ფსიქოლოგიის ძირითადი მიზანი ქცევის წინასწარმეტყველებასა და მართვაში (კონტროლში) მდგომარეობს.       სტიმული უოთსონისთვის მოცემულ მომენტში ორგანიზმზე მოქმედი გამღიზიანებელია; მაგალითად, ტალღების სხვადასხვა სიგრძის სინათლის სხივები, განსხვავებული სიხშირისა და ამპლიტუდის აკუსტიკური ტალღები, ყნოსვის ორგანოზე მოქმედი ნივთიერების უმცირესი ნაწილაკები და ა.შ. გარდა ამისა, სტიმულის როლი შეიძლება ითამაშოს კუნთების შეკუმშვამ, ჯირკვლების სეკრეციამ და სხვა ორგანულმა პროცესმა, რომელიც მგრძნობიარე ნერვს აღიზიანებს. ორგანიზმზე, როგორც წესი, სტიმულთა ერთობლიობა მოქმედებს; აქედან გამომდინარე, შესაძლებელია ვილაპარაკოთ სიტუაციის ზემოქმედებაზე. რაც შეეხება რეაქციას, ამ ტერმინის ქვეშ უოთსონი გულისხმობს იმ ცვლილებათა ერთობლიობას, რასაც ადგილი აქვს კუნთებისა და ჯირკვლების მოქმედებისას; ე.ი. რეაქცია ორგანიზმის მოტორული და სეკრეტორული გამოვლინებაა.       ბუნებრივად ისმის კითხვა, ხომ არ არის ყოველივე ეს ფიზიოლოგიის კომპეტენცია? უოთსონს მიაჩნია, რომ ბიჰევიორიზმისა და ფიზიოლოგიის სამოქმედო არეალი განსხვავებულია. იგი ასე მსჯელობს: დავუშვათ, შევეხეთ თვალის რქოვან გარსს (ესაა სტიმული) და გამოვიწვიეთ თვალის დახუჭვა (ესაა რეაქცია). თუ ზუსტად არის აღწერილი სტიმული და რეაქცია და მათ შორის არსებული მიმართების ფაქტი ემპირიულად სანდოა, ბიჰევიორისტის საქმე შესრულებულად უნდა ჩაითვალოს. ფიზიოლოგიის ამოცანაა დაადგინოს შესაბამისი ნერვული კავშირები, მათი მიმართულება, რაოდენობა, ხანგრძლიობა, გავრცელებულობა და ა.შ., ანუ ის, რასაც ნეიროფიზიოლოგია შეისწავლის. ბიჰევიორიზმი არც ფიზიკო-ქიმიურ პრობლემებს ეხება, კერძოდ იმას, თუ რა ფიზიკური ან ქიმიური ბუნებისაა ნერვული იმპულსი, რა ენერგეტიკულ დანახარჯებთან არის დაკავშირებული რაექცია და სხვა. მაშასადამე, ყოველ რეაქციას აქვს ბიჰევიორისტული, ნეიროფიზიოლოგიური და ფიზიკო-ქიმიური ასპექტი. უოთსონის ანტიფიზიოლოგიზმი, არსებითად, ნეიროფიზიოლოგიაზეა მიმართული. ამიტომ, პავლოვის მოძღვრებიდან მისთვის მისაღებია მხოლოდ მეთოდიკური ნაწილი, ის ნაწილი, რომელიც პირობითი რეფლექსის შემუშავების (ანუ დასწავლის) პროცესს ეხება. უოთსონი სრულიად უგულვებელყოფდა პავლოვის მოძღვრების ნეიროფიზიოლოგიურ ასპექტს - მოსაზრებებს დროებით კავშირებზე, აგზნებისა და შეკავების პროცესებზე და ა.შ. რაც შეეხება ე. წ. დაკვირვებად ფიზიოლოგიას, იგი პირიქით, უოთსონის კვლევის ძირითად ობიექტს შეადგენდა; მოტორული ან ვისცერალური რეაქციები სწორედ დაკვირვებადი ფიზიოლოგიის სფეროს განეკუთვნება. აქედან გამომდინარე, ნათელი ხდება ერთი მოჩვენებითი შეუსაბამობის მიზეზი: ესაა შეუსაბამობა უოთსონის კატეგორიულ ანტიფიზიოლოგიზმსა და მისი შეხედულებების აშკარად ფიზიოლოგისტურად შეფასებას შორის.       უოთსონი უშვებს თანდაყოლილი და შეძენილი რეაქციების არსებობას. აგრეთვე გამოყოფს ექსპლიციტურ (გარეგან) და იმპლიციტურ (შინაგან) რეაქციებს. რეაქციათა ამ უკანასკნელმა სახეობამ, უოთსონის მიხედვით, უნდა შეცვალოს ის, რასაც ინტროსპექციული ფსიქოლოგია უწოდებს აზრს, ხატს, იდეას, წარმოდგენას და ა.შ. აზროვნება იმპლიციტური რეაქციის ტიპური ნიმუშია; იგი უნდა აღიწეროს არა წარმოდგენების და აზრების, არამედ მოტორული რეაქციების ტერმინებში.       იმ დროს ფსიქოლოგიაში უკვე მტკიცედ იყო აღიარებული ფსიქიკური ფუნქციების კავშირი სამოძრაო აქტივობასთან. ცნობილი იყო მაგალითად, მხედველობითი აღქმის დამოკიდებულება თვალის მოძრაობაზე, ემოციებისა - სხეულებრივ პროცესებზე, აზროვნებისა - სამტყველო აპარატზე და ა.შ. ბიჰევიორისტებისთვის ეს საკმარისი იყო სუბიექტური ფსიქიკური პროცესების ობიექტური მოტორული პროცესებით ჩანაცვლებისთვის. ასეთი ლოგიკა, პირველ ყოვლისა, აზროვნების დახასიათებაზე გავრცელდა. უოთსონი ცდილობდა ექსპერიმენტულად ეჩვენებინა არა მხოლოდ მეტყველებისა და აზროვნების მჭიდრო კავშირი, არამედ მათი იდენტურობაც. იგი სთხოვდა ცდისპირს წარმოეთქვა რაიმე ფრაზა; პარალელურად აფიქსირებდა პირის ღრუსა და ხორხის კუნთების მოძრაობას. ამის შემდეგ ცდისპირს ეს ფრაზა გუნებაში უნდა გაემეორებინა. ოსცილოგრაფის ჩანაწერი აფიქსირებდა იმავე მოძრაობებს, ოღონდ უფრო მცირე ამპლიტუდით. უოთსონს მიაჩნდა, რომ ეს მონაცემები ამტკიცებდა მეტყველებისა და აზროვნების იგივეობრივი ბუნების თეზისს - აზროვნება იგივე მეტყველებითი რეაქციაა, რომელიც ზუსტად ისეთივე სახის, ოღონდ უფრო სუსტი მოტორიკის თანხლებით წარიმართება. უოთსონი გრძნობდა, რომ ასეთი შორს მიმავალი დასკვნებისთვის საკმარის ემპირიულ მონაცემებს არ ფლობდა, მაგრამ სწამდა, რომ უფრო მგრძნობიარე ლაბორატორიული მოწყობილობა აუცილებლად დააფიქსირებდა უფრო დამაჯერებელ ფაქტებს. ასეა თუ ისე, იგი თვლიდა, რომ ენის სწავლის პროცესში სამეტყველო რეაქცია უკავშირდება გარკვეულ სტიმულს (საგანი). გარეგანი მეტყველება თანდათან, ჩურჩულის სტადიის გავლით, გადადის შინაგანში, იმპლიციტურში. შინაგანი მეტყველება (გაუხმოვანებელი ვოკალიზაცია) კი სხვა არაფერია, თუ არა აზროვნება. მეტყველების დასწავლას, არსებითად, ისეთივე სახე აქვს, როგორც ცხოველის დასწავლას ლაბირინთში, რომელიც ცდისა და შეცდომის გზით მიმდინარეობს. დასწავლა აქაც სტიმულისა და რეაქციის დაკავშირებაში მდგომარეობს, მაგრამ მეტყველების დასწავლის დიდი უპირატესობა ისაა, რომ ამ შემთხვევაში ცდა და შეცდომა საგნებით რეალურ მანიპულირებას არ გულისხმობს და სამეტყველო სიგნალების დონეზე მიმდინარეობს. აქედან გამომდინარე, იგი უფრო ეკონომიურია და არ შეიცავს რისკსა და საფრთხეს, რომელიც ყოველთვის თან ახლავს გარეგან პლანში შესრულებულ შეცდომით რეაქციას.       რეაქციების ჩამოთვლილი სახეების კომბინაცია რეაქციათა ოთხი კლასის გამოყოფის საშუალებას იძლევა: 1) ექსპლიციტური-შეძენილი (სამოძრაო ჩვევები - ცეკვა, ჩოგბურთის თამაში, ჩაცმა და ა.შ.); 2) იმპლიციტური-შეძენილი (შინაგანი მეტყველება ანუ აზროვნება); 3) ექსპლიციტური-თანდაყოლილი (უპირობო რეფლექსები - ცხვირის ცემინება, თვალის დახამხამება, გამოყოფა და ა.შ.); 4) იმპლიციტური-თანდაყოლილი (სეკრეცია, შინაგანი ფუნქციების მოქმედებასთან დაკავშირებყული მოძრაობები). როგორც უოთსონი აღნიშნავს, ბიჰევიორისტულმა კვლევამ, ბავშვების აქტივობის შესწავლამ, ნათელყო რომ ფაქტობრივად არ არსებობს რთული თანდაყოლილი რეაქციები, რომელთაც ინსტინქტებს უწოდებენ. თანდაყოლილია მხოლოდ მარტივი უპირობო რეფლექსები. ყველა, მეტნაკლებად რთული ქცევა, შეძენილია. თანდაყოლილ ქცევებთან, ინსტინქტებთან ერთად უარყოფილია სპეციალური თანდაყოლილი ნიჭიც (მხატვრული, მუსიკალური და სხვა). მაშასადამე, ბავშვი იბადება თანდაყოლილი მარტივი რეაქციების შეზღუდული რაოდენობით. გარემოს მიზანდასახული ცვლილების გზით ჩვენ შეგვიძლია წარვმართოთ მისი ფორმირების პროცესი საჭირო მიმართულებით. ქცევა დასწავლის შედეგია. დასწავლის საშუალებით ყველაფრის მიღწევა შეიძლება. ამასთან დაკავშირებით უოთსონი ამბობდა: “მომეცით რამდენიმე ჩვილი ბავშვი და შესაძლებლობა ავღზარდო ისინი სპეციალურ იზოლირებულ გარემოში. მე გაძლევთ გარანტიას, რომ შემთხვევით შერჩეული ერთ-ერთი მათგანისაგან ნებისმიერი პროფილის სპეციალისტს გამოვიყვან: ექიმს, ადვოკატს, მხატვარს, ვაჭარს, მათხოვარსა და ქურდსაც კი, მიუხედავად მისი მიდრეკილებებისა, ნიჭისა, მისი წინაპრების საქმიანობისა და რასობრივი მიკუთვნებულობისა”.       ხელმძღვანელობდა რა ამ რწმენით, უოთსონმა მცირეწლოვანი ბავშვების შესწავლის მთელი პროგრამა შეიმუშავა. მას სურდა ეჩვენებინა, რომ ქცევის პრაქტიკულად ყველა გამოვლინება თანდაყოლილი კი არა, ცხოვრების პროცესშია შეძენილი. ასეა, მაგალითად, მემარჯვენეობამემარცხენეობის შემთხვევაში; მან ამ მოვლენის ვერავითარი ბიოლოგიური საფუძველი ვერ აღმოაჩინა. ცდებიდან გამოირკვა, რომ თავდაპირველად არც ერთი ხელი არ არის დომინირებული. ასევე, საყოველთაოდ არის ცნობილი უოთსონის კვლევა-ძიება ემოციური რეაქციების გამომუშავებასთან დაკავშირებით. მან შეისწავლა ჩვილი ბავშვის ემოციური რეაქციები და მათი გამომწვევი გამღიზიანებლები. გამოვლინდა სამი სახის ძირითადი ემოციური რეაქცია: შიში, რომელსაც იწვევს ძლიერი ხმა ან წონასწორობის დაკარგვა; ბრაზი, რომელიც მოსდევს მოძრაობის შეზღუდვას და სიყვარული, რომელიც მოფერების, ხელის გადასმის, დარწევის პასუხია. ეს ემოციური რეაქციები სწავლის გარეშე ჩნდება. უოთსონი თვლიდა, რომ ყველა დანარჩენი ემოცია მათ საფუძველზე აღმოცენდება, როგორც დასწავლის, ან პირობითი რეფლექსის შემუშავების შედეგი.       ამ მიდგომის დემონსტრირებას ემსახურება უოთსონისა და რაინერის კლასიკური გამოკვლევა, რომელშიც თერთმეტი წლის ბავშვს (ალბერტს) უმუშავებდნენ შიშის რეაქციას თეთრ ვირთხაზე. ეს პროცესი პირობითი რეფლექსის გამომუშავების ჩვეულებრივი სქემით მიმდინარეობდა. უპირობო სტიმულს წარმოადგენდა რკინაზე ჩაქუჩის დარტყმით გამოწვეული ძლიერი ხმა, რომელიც იწვევდა შიშის უპირობო რეაქციას. პირობითი გამღიზიანებელი იყო თეთრი ვირთხა, რომელთანაც ბავშვი მანამდე სიამოვნებით თამაშობდა. ექსპერიმენტის მსვლელობაში ცხოველთან გართობის პროცესში ძლიერი ხმის საშუალებით ბავშვში იწვევდნენ შიშის რეაქციას; შედეგად იგი წყვეტდა ცხოველთან თამაშს და ტირილს იწყებდა. რამდენიმე გამეორების შემდეგ ეს რეაქცია წარმოიქმნებოდა უშუალოდ თეთრი ვირთხის დანახვაზე, ანუ მხოლოდ პირობით გამღიზიანებელზე, უპირობო სტიმულის გარეშე. უფრო მეტიც, შიში გავრცელდა სხვა თეთრბეწვიან ობიექტებზეც - კურდღელზე, ქურქზე, ბამბაზე და სანტა კლაუსის წვერიან ნიღაბზეც კი.       გარკვეული ობიექტური მიზეზების გამო უოთსონმა ვერ მოახერხა მუშაობის გაგრძელება ბავშვში შემუშავებული შიშის მოხსნაზე, თუმცა მას კარგად ესმოდა ამ საკითხის მნიშვნელობა. გადაჩვევა ზოგჯერ შეჩვევაზე უფრო მნიშვნელოვანია. გარკვეული ხნის მერე მას საშუალება მიეცა ჩაეტარებინა ეს სამუშაო თავის სხვა თანამშრომელთან მერი ჯონსთან ერთად. შეარჩიეს სამი წლის ბავშვი, სახელად პიტერი, რომელსაც სიგიჟემდე ეშინოდა ვირთხების, კურდღლების, ბაყაყების და თევზების. თავდაპირველად პიტერს აჩვენებდნენ სხვა ბავშვებს, რომლებიც უშიშრად თამაშობდენენ მისთვის შიშის მომგვრელი ობიექტებით და გარკვეულ პროგრესს მიაღწიეს. ამ მეთოდს ამჟამად მოდელირება ეწოდება და ა. ბანდურას და მისი კოლეგების მიერ ფართოდ გამოიყენება (იხ. თავი 12.2.). მაგრამ მოხდა ისე, რომ პიტერს და მის ძიძას შემთხვევით ძაღლი დაესხა თავს და მისი შიშები კვლავ აღდგა. ამის შემდეგ გადაწყვიტეს მიემართათ ე.წ. კონტრგაპირობებისთვის. პროცედურა შემდეგნაირი იყო: დიდი ოთახის ერთ ბოლოში ბავშვს აძლევდენენ გემრიელ საჭმელებს (მაგალითად ნაყინს და შოკოლადს). ამ დროს ოთახის მეორე ბოლოში დგამდნენ გალიას კურდღლით. რადგან ცხოველი საკმაოდ მოშორებით იყო, იგი არ იწვევდა დიდ შეშფოთებას. კურდღელს ყოველ დღე უახლოვებდნენ ბავშვს და თანდათანობით ისეთ მდგომარეობას მიაღწიეს, როცა პიტერი მას ყურადღებას აღარ აქცევდა, ბოლოს კი სრულიად მშვიდად რეაგირებდა მასზე, იყვანდა ხელში და ცდილობდა რაიმე გემრიელით გამასპინძლებოდა. მოხდა გადასწავლება. ცხოვრების პროცესში შემუშავებული შიშის რეაქცია ჩაქრა და მისი ადგილი სხვა ემოციურმა რეაქციამ დაიკავა. ეს გამოკვლევა ფსიქოლოგიის ისტორიკოსების მიერ ქცევითი თერაპიის გამოყენების პირველ მცდელობად არის მიჩნეული. ბიჰევიორალური ფსიქოთერაპიის სისტემატური გამოყენება მოგვიანებით, ორმოციანი წლების ბოლოს დაიწყო და, პირველ რიგში, ჯ. ვოლპეს სახელს უკავშირდება. ამრიგად, უოთსონმა აჩვენა, რომ ემოციები შეჩვევის და გადაჩვევის შედეგია; ისინი წარმოიქმნებიან, ქრებიან და იცვლებიან დასწავლის კანონების შესაბამისად. აქედან გამომდინარე, გასაგებია, რომ ჩვევის შეძენის, დასწავლის პროცესი ბიჰევიორიზმისთვის უმთავრესი საკითხია. დასწავლის პრობლემატიკას ამერიკულ ფსიქოლოგიაში დღესაც სოლიდური ადგილი უკავია. ამ საკითხის შესწავლისას უოთსონი იმ ხაზს გაჰყვა, რომლის სათავესთან იდგნენ თორნდაიკი და პავლოვი.       ედვარდ ლი თორნდაიკი (1874-1949) სამართლიანად ითვლება დასწავლის პრობლემატიკის კვლევის ერთ-ერთ პიონერად და ბიჰევიორიზმის ერთ-ერთ წინამორბედად, თუმცა თავის შეხედულებათა სისტემას იგი კონექციონიზმს უწოდებდა. თორნდაიკი დამსახურებულად არის მიჩნეული ერთ-ერთ უმთავრეს ფიგურად ამერიკული ფსიქოლოგიის ისტორიაში. თავისი ხანგრძლივი და ნაყოფიერი მეცნიერული მოღვაწეობა, რომელიც ძირითადად ჰარვარდის და კოლუმბიის უნივერსიტეტებში წარიმართა, მან უპირატესად დასწავლის კანონზომიერებების შესწავლას და მათ პედაგოგიურ პრაქტიკაში დანერგვას მიუძღვნა. უკვე 1898 წელს შესრულებულ სადისერტაციო ნაშრომში, რომელიც ეძღვნებოდა ცხოველთა ინტელექტის, ანუ დასწავლისუნარიანობის კვლევას, ჩამოყალიბებულია მისი სისტემის ძირითადი პრინციპები. ამ სისტემას თორნდაიკი შემდგომში სულ უფრო სრულყოფდა; ახალ ექსპერიმენტულ ფაქტებზე დაყრდნობით ცვლიდა ზოგიერთ თეორიულ დებულებას და, რაც მთავარია, ცდილობდა გადაეტანა ცხოველთა კვლევისას დადგენილი კანონზომიერებები ადამიანის ქცევაზე საზოგადოდ და, კერძოდ, ადამიანის სწავლაზე. ამგვარი გადატანის შესაძლებლობა თორდაიკში ეჭვს არ იწვევს, ვინაიდან იგი ვერ ხედავს თვისებრივ განსხვავებას ცხოველში და ადამიანში მიმდინარე დასწავლის პროცესებს შორის. იგი პირდაპირ აცხადებს: “ცხოველთა სამყაროს განვითარება, ამ თვალსაზრისით, გამოიხატება სიტუაციასა და საპასუხო რეაქციას შორის კავშირის დამყარების ერთი და იგივე პროცესის რაოდენობრივი ზრდით და რაოდენობრივი გართულებით, რომელიც დამახასიათებელია ყველა ხერხემლიანისთვის და უმდაბლესი ცხოველებისთვისაც, დაწყებული სალამურადან, დამთავრებული ადამიანით”. საკითხის ასეთი დასმა, პრინციპში, დამახასიათებელია დასწავლის მთელი ბიჰევიორისტული თეორიისთვის. ამ თეორიის პირველი ვარიანტი სწორედ თორდაიკს ეკუთვნის.       თორნდაიკის მიხედვით, დასწავლა არის კავშირის ანუ კონექციის დამყარება მოქმედებას (რეაქციას) და სიტუაციას (სტიმულს) შორის (აქედან მოდის სახელწოდება კონექციონიზმი). თვით კონექციის განსაზღვრება წმინდად ფუნქციონალურია და ასე გამოიხატება: კავშირი სტიმულსა და რეაქციას შორის არსებობს მაშინ, თუ მოცემულ სტიმულზე პასუხის აღმოცენების ალბათობა ნულზე მეტია. იმისათვის, რომ S-R კავშირი წარმოიქმნას, უნდა არსებობდეს გარკვეული პირობები, რომელთაც თორნდაიკი ე.წ. დასწავლის კანონების სახით აყალიბებს. მათ შორის განსაკუთრებული მნიშვნელობა ეფექტის კანონს ენიჭება. ამ კანონის თანახმად, “როდესაც სიტუაციასა და საპასუხო რეაქციას შორის კავშირის დამყარების პროცესს თან სდევს ან ცვლის სიამოვნების მდგომარეობა, კავშირის სიმტკიცე იზრდება; როდესაც ამ კავშირს თან სდევს ან ცვლის უსიამოვნების მდგომარეობა, მისი სიმტკიცე მცირდება”. თავის მხრივ, სასიამოვნოდ მიჩნეულია ის მდგომარეობა, რომლის გამოწვევასა და შენარჩუნებას ორგანიზმი ესწრფვის, ხოლო უსიამოვნებად - მდგომარეობა, რომელსაც ორგანიზმი ცდილობს განერიდოს. როგორც ვხედავთ, ეფექტი შეიძლება იყოს დადებითი ან უარყოფითი. დადებითი ეფექტი აძლიერებს, ამტკიცებს კავშირს, უარყოფითი ასუსტებს ან სულაც სპობს მას.       ვარჯიშის კანონში მოცემულია კანონზომიერება, რომლის მიხედვითაც S-R კავშირის სიმტკიცე გამეორებათა რიცხვის პროპორციულად იზრდება. თუმცა, აქვე ისიც არის აღნიშნული, რომ ეს კანონზომიერება მხოლოდ იმ შემთხვევაში მოქმედებს, თუ ყოველ შემდგომ გამეორებას დადებითი ეფექტი ანუ განმტკიცება მოყვება.       მზაობის კანონი იმ კავშირზე მიუთითებს, რომელიც დასწავლის სისწრაფესა და ორგანიზმის მოცემულ მდგომარეობას შორის არსებობს. თორნდაიკი აღნიშნავს, რომ “ყოველგვარი ფსიქოლოგიური კავშირი აღბეჭდილია ინდივიდუალური ნერვული სისტემით მის სპეციფიკურ მდგომარეობაში”. ვარჯიში, თავის მხრივ, ცვლის ორგანიზმის მზაობას, გაატაროს ნერვული იმპულსები. აქ ჩანს მინიშნება ფიზიოლოგიურ სუბსტრატზე, თუმცა დასწავლის ფიზიოლოგიური მექანიზმის შემდგომი დაზუსტება არ ხდება. ძირითადი სამი კანონის გარდა თორდაიკს ჩამოყალიბებული აქვს დასწავლის კერძო კანონები ან პრინციპები.       უოთსონმა უარყო თორნდაიკის ეფექტის კანონი ან დასჯა-წახალისების პრინციპი, ვინაიდან მასში ისეთი მენტალური მოვლენებია ჩართული, როგორიცაა სიამოვნება-უსიამოვნების განცდა. მან უარყო მზაობის კანონიც, ვინაიდან აქ ნეიროფიზიოლოგიაა გარეული. ამავე მიზეზის გამო უარყო პავლოვის ნეიროფიზიოლოგიური შეხედულებებიც. მიუხედავად ამისა, უოთსონი პირობით და უპირობო რეფლექსებზე ლაპარაკობს. მისი აზრით, დასწავლისთვის საკმარისია სტიმულისა და რეაქციის თანხვედრა, მოსაზღვრეობა, ერთდროულობა. ეს პოზიცია, ფაქტობრივად, ბიჰევიორისტულ ტერმინებში იმეორებს კლასიკური ასოციაციონიზმის შეხედულებას.       იმავე ტრადიციას განაგრძნობს ედვინ გათრი (1886-1959), რომელიც ვეისთან, ჰანტერთან, ჰოლტთან და ლეშლისთან ერთად, კლასიკური ბიჰევიორიზმის თვალსაჩინო წარმომადგენლად ითვლება. გათრისაც მიაჩნია, რომ ერთდროულობა S-R კავშირის შექმნის ერთადერთი პირობაა. სტიმული უკავშირდება ბოლო რეაქციას იმ რიგიდან, რომელიც მოცემული სტიმულის ფონზე აღმოცენდება. ამისთვის რაიმე სხვა ფაქტორი, მაგალითად განმტკიცება, საჭირო არ არის.       თორნდაიკის და უოთსონ-გათრის პოზიციამ დასაბამი მისცა ორ თვალსაზრისს დასწავლის ბიჰევიორისტულ თეორიაში. პირველის მიხედვით, დასწავლა შეუძლებელია დადებითი ეფექტის, განმტკიცების გარეშე. მიუხედავად იმისა, რომ საკუთრივ განმტკიცების ბუნება სხვადსხვაგვარად არის გაგებული, იგი ყოველთვის წარმოადგენს დასწავლის აუცილებელ მომენტს. მეორე თვალსაზრისის თანახმად, განმტკიცება სრულებითაც არ არის აუცილებელი დასწავლისთვის. აღნიშნული თვალასაზრისების დაპირისპირებამ, როგორც ქვევით დავრწმუნდებით, განსაკუთრებით იჩინა თავი ნეობიჰევიორიზმში, მაგრამ ამ მხრივ ერთიანი პოზიცია არც კლასიკური ბიჰევიორიზმის მიმდევრებში არსებობდა. მათ შორის განსვლა სხვა საკითხშიც აღინიშნებოდა. ეს იყო პრინციპული მნიშვნელობის საკითხი ქცევის მეცნიერებისა და ფიზიოლოგიის მიმართების შესახებ. უოთსონის თვალსაზრისი ცნობილია; იგი ეყრდნობა შეხედულებას “ცარიელი ადამიანის” შესახებ და გვერდს უვლის, როგორც ცნობიერებას, ისე ნეიროფიზიოლოგიასაც, ვინაიდან არც ერთი მათგანი არ ექვემდებარება პირდაპირ ობიექტურ დაკვირვებას. გათრი ამ საკითხშიც უოთსონის პოზიციას იცავს. პავლოვთან პაექრობისას იგი შენიშნავს, რომ ტვინის სტრუქტურებში მიმდინარე აგზნების და შეკავების პროცესებზე დაკვირვება არ შეიძლება; აქედან გამომდინარე, ამ ცნებებით ქცევაში რაიმეს ახსნა ყოველთვის იქნება შეუმოწმებელი და წინასწარმეტყველების უნარს მოკლებული.       ამის საწინააღმდეგოდ, ბიჰევიორისტების პირველი თაობის ერთმა ნაწილმა მიზნად სწორედ ის დაისახა, რომ ქცევა ფიზიოლოგიური საშუალებებით აეხსნა. მაგალითად ალბერტ ვეისი (1879-1931) შესაძლებლად მიიჩნევდა ფსიქოლოგიური მოვლენების გამოხატვას ნერვულ სისტემაში მიმდინარე ფიზიკო-ქიმიური პროცესების ტერმინებში. კარლ ლეშლი (1890-1959) წარმატებით შეისწავლიდა დასწავლის ნეიროფიზიოლოგიურ კანონზომიერებებს, რაც ზუსტ შესაბამისობაში არ იყო უოთსონის პოზიციასთან. წიგნში “ტვინის მექანიზმები” (1929), მან განაზოგადა თავისი მრავალწლიანი ექსპერიმენტული კვლევის შედეგები. ლეშლის ცდებში ცხოველებს ტვინის სხვადასხვა უბნებს აცლიდნენ და აკვირდებოდნენ, თუ როგორ იმოქმედებდა ეს ჩვევის შემუშავების პროცესზე (დასწავლაზე) და დასწავლილის შენარჩუნებაზე (მეხსიერებაზე). აღმოჩნდა, რომ ყველა შემთხვევაში ტვინის მასის დაკარგვა უარყოფით გავლენას ახდენს აღნიშნულ პროცესებზე; ამასთანავე, გავლენა მით უფრო დიდია, რაც უფრო მეტი ნივთიერებაა ამოკვეთილი ტვინიდან. ამ მონაცემებზე დაყრდნობით, ლეშლიმ ჩამოაყალიბა საერთო აქტივობის პრინციპი, ანუ ტვინის მასის ზემოქმედების კანონი, რომლის თანახმად, რაც უფრო მეტია თავის ტვინის ქერქის ნივთიერება, მით უკეთ მიმდინარეობს დასწავლა და დასწავლილის შემონახვა და პირიქით, დასწავლის უნარისა და მეხსიერების დაქვეითება ტვინის დაკარგული მასის პირდაპირპროპორციულია. აქ გადამწყვეტი მნიშვნელობა არა აქვს ტვინის რომელი უბანია დაზიანებული. თუ დაირღვა ტვინის ერთი ზონა, მის ფუნქციას სხვა უბანი იღებს. ტვინის უბნების ურთიერთჩანაცვლების თვისებას ექვიპოტენციალობა ეწოდა და გამოითქვა მოსაზრება, რომ ტვინი მუშაობს როგორც მთლიანი ორგანო. ლეშლის კვლევების მიხედვით, ტვინი გაცილებით მეტ როლს თამაშობს დასწავლაში, ვიდრე ამას უოთსონი უშვებდა. გარდა ამისა, ლეშლი უფრო დიდ მნიშვნელობას ანიჭებდა ინსტინქტებსა და მემკვიდრეობას.       უოთსონის სისტემას არც უოლტერ ჰანტერის (1889-1953) მონაცემები შეესატყვისებოდა, რომლებიც მან ე.წ. გადავადებული რეაქციების კვლევის შედეგად მიიღო. ამ ცდებში, რომლებმაც მის ავტორს გამოჩენილი ექსპერიმენტატორის სახელი მოუტანა, მაიმუნებს აჩვენებდნენ, თუ რომელ ყუთში ათავსებდნენ საკვებს მოცემული ორი ყუთიდან. შემდეგ ცხოველსა და ყუთს შორის დგამდნენ შირმას, რომლის მოშორებაც მაიმუნებს საშუალებას მისცემდა გაეკეთებინა არჩევანი ყუთებს შორის. ცხოველი წარმატებით წყვეტდა ამოცანას - პოულობდა საჭირო ყუთს; ეს ამტკიცებდა, რომ მას არა მხოლოდ პირდაპირი, არამედ გადავადებული რეაქციის უნარიც აქვს. ჰანტერის ექსპერიმენტებმა აჩვენა ღია ქცევის წინმსწრები განწყობის როლი, რომელიც გამოხატავს ორგანიზმის მიმართულობას სტიმულზე და აშუალებს კავშირს სტიმულსა და რეაქციას შორის. ამ “ჩართული” განწყობის იგნორი რება შეუძლებელს ხდიდა ბევრი ქცევითი ფენომენის გაგებას. მეორე მხრივ, მისი დაშვება ეჭვის ქვეშ აყენებდა სტიმულის მიერ რეაქციის პირდაპირი და უშუალო დეტერმინაციის უოთსონისეულ პრინციპს. ამის გათვალისწინებით ჰანტერმა ქცევის მეცნიერებისთვის ახალი სახელწოდებაც შემოიტანა - ანთროპონომია, მაგრამ ეს ტერმინი ვერ დამკვიდრდა.       ერთი სიტყვით, შეიძლება ითქვას, რომ კლასიკური ბიჰევიორიზმი, რომლის აღმავლობა გასული საუკუნის ათიან წლებში დაიწყო, არ იყო ერთიანი და ჩამოყალიბებული მიმართულება. ბიჰევიორისტული აზრი საკმაოდ დიდ დიაპაზონში მოძრაობდა და მთელი რიგი პრინციპული საკითხის სხვადასხვაგვარ გადაწყვეტას გვთავაზობდა, თუმცა, ისიც უნდა ითქვას, რომ ამოსავალ პუნქტში, რომელიც ცნობიერებისა და თვითდაკვირვების უარყოფას გულისხმობდა, უოთსონსა და სხვა ბიჰევიორისტებს შორის სრული თანხმობა სუფევდა. ისტორია გვერდს ვერ აუვლის იმ გარემოებას, რომ ანტიმენტალისტური და ანტიინტროსპექტული ორიენტაცია, რომელიც ბიჰევიორიზმის არსებითი ნიშანია, უოთსონის პირველივე შრომების გამოქვეყნებისთანავე დამკვიდრდა მთელ ამერიკულ ფსიქოლოგიაში. ბორინგის გადმოცემით, ოციან წლებში ყველა ამერიკელი ფსიქოლოგი, ტიჩენერის და მისი ჯგუფის გარდა, ბიჰევიორისტი იყო. მიუხედავად ამისა, მათი უმრავლესობა თავს ბიჰევიორისტს არ უწოდებდა და ბევრ საკითხზე ურთიერთსაწინააღმდეგო აზრებს გამოთქვამდა.       ბიჰევიორიზმის ესოდენ სწრაფ და ფართო გავრცელებას ამერიკაში თავისი ობიექტური მიზეზები ჰქონდა. პრაგმატიზმი ფილოსოფიასა და ცხოვრებაში, საქმიანი ცხოვრების წესისთვის დამახასიათებელი პრაქტიციზმი, ზუსტი პროგნოზის, მართვისა და კონტროლისკენ მისწრაფება ვერ ეგუებოდა ცნობიერების კლასიკური ფსიქოლოგიის ჭვრეტით ხასიათს და პრაქტიკულ უნაყოფობას. აქედან გამომდინარე, ამერიკული საზოგადოება მზად იყო ბიჰევიორიზმის აღსაქმელად; იგი აღტაცებით შეხვდა ინტროსპექციული ფსიქოლოგიის უოთსონისეულ კრიტიკას. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ბიჰევიორიზმი მაინც წმინდა ამერიკული მოვლენა იყო და ევროპაში ყოველთვის გაცილებით ნაკლები პოპულარობით სარგებლობდა.       უოთსონის წიგნი “ბიჰევიორიზმი” შეერთებული შტატების წამყვან გაზეთებში შეფასებულ იქნა, როგორც ყველაზე მნიშვნელოვანი შრომა, რომელიც ოდესმე დაწერილა და რომელიც ახალ ეპოქას ქმნის კაცობრიობის ინტელექტუალურ ისტორიაში. ესოდენ დიდ წარმატებას ზოგიერთი სუბიექტური ფაქტორიც განაპირობებდა. პირველ რიგში ეს იყო უოთსონის პიროვნული ძალა, საკუთარი პოზიციის ჭეშმარიტების რწმენა და პოლემიკური ნიჭი. როგორც ზუსტად შენიშნა ვუდვორთმა “ამერიკული ბიჰევიორიზმის აღმოცენება უფრო პროტესტი იყო, ვიდრე აღმოჩენა”. კლასიკური უოთსონისეული ბიჰევიორიზმის ყველაზე ძლიერ მხარედ მისი კრიტიკული ნაწილი უნდა ჩაითვალოს.       ბიჰევიორიზმის (ისევე როგორც გეშტალტფსიქოლოგიის) ასპარეზზე გამოსვლა ფსიქოლოგიური მეცნიერების ე.წ. ღია კრიზისის ეპოქაში შესვლას მოასწავებდა. პრინციპულად ახალი მიმართულების გაჩენა განაპირობა ცნობიერების ფსიქოლოგიის მეთოდოლოგიურმა შეზღუდულობამ, მეთოდიკურმა არასანდოობამ და პრაქტიკულმა არაპროდუქტიულობამ. XX საუკუნის დასაწყისისთვის ცნობიერების კლასიკურმა ფსიქოლოგიამ ფაქტობრივად ამოწურა თავისი ევრისტიკული შესაძლებლობები. იგი ფსიქიკურ სინამდვილეში შეღწევას მხოლოდ ინტროსპექტული გზით ცდილობდა. აქ არსებითი მნიშვნელობა არ ჰქონდა იმას, რომ თვითდაკვირვება ექსპერიმენტულ სიტუაციაში მიმდინარეობდა (სტრუქტურული და ფუნქციონალური ფსიქოლოგია, გრაცის და ვიურცბურგის სკოლა). ამდენად, ბიჰევიორიზმის მიერ ინტროსპექტული ფსიქოლოგიის კრიტიკა სავსებით სამართლიანი და დროული იყო. ობიექტური მეთოდების დანერგვა და ქცევის კატეგორიის ფსიქოლოგიის ცენტრალურ კატეგორიად გამოცხადებაც, თავისთავად, პროგრესულ ნაბიჯს წარმოადგენდა. მაგრამ ბიჰევიორიზმი მეორე უკიდურესობაში გადავარდა. მან საერთოდ მოწყვიტა ერთმანეთს ქცევა და ცნობიერება. ცნობიერების ფსიქოლოგიის მანკიერებათა დაძლევა სრულებითაც არ გულისხმობს ქცევისა და ცნობიერების დაპირისპირებას. სინამდვილეში საჭირო იყო ქცევის ისეთი გააზრება, რომ მასში ცნობიერების ადგილი და ფუნქცია მოძებნილიყო. ახალი ფსიქოლოგიის აშენება მხოლოდ ქცევისა და ცნობიერების (ფსიქიკის) კატეგორიების ურღვევი ერთიანობის საფუძველზე შეიძლებოდა. უოთსონისეულ ბიჰევიორიზმს თავისი რადიკალურობის გამო არ შეეძლო და არც უნდოდა ამ მიმართულებით რაიმე პოზიტიური ნაბიჯი გადაედგა. ამ მხრივ უძლური იყო სტრუქტურალიზმიც. ბიჰევიორიზმი ქცევას ცნობიერების გარეშე განიხილავდა, სტრუქტურალიზმი - ცნობიერებას ქცევის გარეშე. ამ მიმდინარეობებს შორის შეურიგებელი დაპირისპირება არსებობდა. ამიტომ ბუნებრივია, რომ უოთსონს პირველმა სწორედ სტრუქტურული ფსიქოლოგიის აღიარებულმა ლიდერმა ტიჩენერმა უპასუხა. იგი აღნიშნავდა, რომ მოტორული და ვისცერალური რეაქციები მოვლენთა სხვა რიგს განეკუთნება და არ შედის ფსიქოლოგიის სფეროში. ეს განცხადება იმ თეზისის დასაცავად გაკეთდა, რომლის მიხედვითაც ფსიქოლოგიის ერთადერთ საგანს ცნობიერების მოვლენები შეადგენს. მართალია იგი მიზნად არ ისახავდა ქცევისა და ცნობიერების მიმართების ახლებურ გააზრებას, მაგრამ არსებითად სწორი იყო. რეაქცია, რომელიც მოკლებულია ფსიქიკურ შინაარსს, მართალაც არ წარმოადგენს იმ მოვლენას (ქცევას), რომლითაც ფსიქოლოგია შეიძლება დაინტერესდეს. მოქმედებას ფსიქოლოგიურ ფაქტად სწორედ ეს შინაარსი აქცევს; სხვაგვარად იგი აქტივობის ფიზიოლოგიის ჩარჩოს ვერ გასცდება. უოთსონის მტკიცება, რომ შღ ფორმულით აღწერილი აქტივობა ფსიქოლოგიის შესწავლის საგანს შეადგენს, სერიოზულ საფუძველს მოკლებულია. გამღიზიანებელზე ყოველგვარი პასუხი (სამოძრაო და სეკრეტორული) შინაგანი, ანუ ფსიქიკური მომენტის გარეშე, სხვა არაფერია, თუ არა რეფლექსი. უოთსონი უფსიქიკო ფსიქოლოგიაზე ოცნებობდა, მაგრამ ასეთი მეცნიერების დამკვიდრება ლოგიკურადაც შეუძლებელი იყო და ფაქტობრივადაც. დ. უზნაძის შენიშვნისა არ იყოს, ფსიქიკისგან დაცლილი ბიჰევიორისტული ფსიქოლოგია, ძალაუნებურად, რეფლექსების მოძღვრებად იქცევა.       კლასიკური ბიჰევიორიზმი ოცდაათიანი წლებისთვის წყვეტს თავის არსებობას. მისი ტრანსფორმაციის საფუძველზე იქმნება ნეობიჰევიორისტული შეხედულებები, რომელთა უშუალო გავლენა ფსიქოლოგიაზე დღესაც შესამჩნევია. აქედან გამომდინარე, მართალი იყო უოთსონი, როდესაც ბიჰევიორისტულ მანიფესტში იწინასწარმეტყველა: მიუხედავად ახლადშექმნილი მოძღვრების ხარვეზებისა, ეს “თვალსაზრისი დიდ გავლენას მოახდენს ფსიქოლოგიის იმ ტიპზე, რომელიც მომავალში განვითარდება”; ეს ასეც მოხდა. 9.2. ნეობიჰევიორიზმი       უკვე ოციან წლებში, როცა უოთსონისეული ბიჰევიორიზმის პოპულარობა ზენიტს აღწევს, თანდათან შესამჩნევი ხდება მისი შეზღუდულობაც. საქმე ისაა, რომ ორთოდოქსალური ბიჰევიორიზმი S-R ფორმულის იქით არ მიდის; მას იგი სავსებით საკმარისად მიაჩნია და საჭიროდ არ თვლის მიუთითოს რაიმე ფსიქოლოგიურ ან ფიზიოლოგიურ პროცესებზე, რომლებიც სტიმულსა და რეაქციას შორის მიმდინარეობს. მაგრამ, ფსიქოლოგების მიერ ქცევის შესწავლისას მუდამ იჩენდა თავს შინაგანი, ფსიქიკური ფაქტორები და ბიჰევიორისტები იძულებული იყვნენ გაეთვალისწინებინათ ეს გარემოება. როგორც ზემოთ უკვე აღინიშნა ჰანტერის ცდებმა გადავადებულ რეაქციებზე გამოავლინა, რომ ცხოველები უშუალოდ არ რეაგირებენ სტიმულებზე. 1929 წელს რ. ვუდვორთმა შემოგვთავაზა ფორმულა შ-O-ღ რითაც პრინციპული ნაბიჯი გადადგა სტიმულსა და რეაქციას შორის მიმართების გამაშუალებელი ჰიპოთეტური კონსტრუქტის შემოსატანად. O (ორგანიზმი) აღნიშნავდა რაღაც უხილავ ფსიქოლოგიური ცვლადებს თუ პროცესებს (პირველ რიგში ლტოლვებს). და მაინც, მხოლოდ ე. ტოლმენმა, 1932 წელს, პირველად დაასაბუთა ამ პროცესების ჰიპოთეტური ხასიათი, მათ შუალედური ცვლადები უწოდა და შეეცადა დაეხასიათებინა ისინი მკაცრად ობიექტური და ოპერაციული პარამეტრებით. ამ ცვლადების თავისებურებები, რაოდენობა, ურთიერთმიმართება და მათი კავშირი სტიმულთან და რეაქციასთან გახდა იმ არაერთგვაროვანი ქცევის მოდელების განმსაზღვრელი ნიშანი, რომელსაც ნეობიჰევიორისტული მიმდინარეობა ეწოდა და რომელმაც დიდად განსაზღვრა საბუნებისმეტყველო, ექსპერიმენტული ფსიქოლოგიის სახე 30-60-იან წლებში. ამ მიმდინარეობის ყველაზე გამოჩენილი წარმომადგენლები არიან კ. ჰალი და ე. ტოლმენი. ორივე ფრიად ავტორიტეტული მოაზროვნე იყო და ძლიერ მიმართულებას ედგა სათავეში. მათი შეხედულებები მთელ რიგ პრინციპულ საკითხებში ერთმანეთისაგან განსხვავედებოდა, ისინი ბევრს კამათობდნენ, თუმცა ორივე ყოველთვის ნეობიჰევიორისტული ორიენტაციის ფარგლებში რჩებოდა.       კლარკ ლეონარდ ჰალი (1884-1952) თავისი სამეცნიერო მოღვაწეობის პირველ პერიოდში აზროვნების, ნიჭიერების ტესტირებისა და ჰიპნოზის საკითხებს შეისწავლიდა. უკვე ამ გამოკვლევებში იგი ე.წ. ჰიპოთეტურდედუქციური მეთოდის, ერთგვარ აპრობაციას ახდენს; ეს მეთოდი მისი თეორიული სისტემის საფუძველია. ჰალი ამოდის რამდენიმე ზოგადი ჰიპოთეტური დებულებიდან, რომლებსაც პრინციპებს ან პოსტულატებს უწოდებს. მათი სხვადასხვაგვარი კომბინირებით მიიღება ე.წ. თეორემები ან კერძო დებულებები, რომელთა ექსპერიმენტული შემოწმება შესაძლებელი და აუცილებელია. ის დებულებები, რომლებიც ვერ გაუძლებს ამ შემოწმებას, ახლებით იცვლება. ეს უკანასკნელნი, თავის მხრივ, აგრეთვე გაივლიან ექსპერიმენტულ შემოწმებას. საბოლოოდ, იქმნება თეორიული სისტემა, რომელიც პირველადი და მათგან დედუქციურად გამომდინარე მეორადი პრინციპების ერთობლიობად წარმოგვიდგება, იმის მსგავსად, როგორც ეს ევკლიდეს გეომეტრიაში ან ნიუტონის ფიზიკაშია. ჰალი ცდილობს ამ სისტემის მაქსიმალურ ფორმალიზაციას, დებულებების ზუსტი მათემატიკური ენით გამოხატვას. ფორმალიზაციის თვალსაზრისით, ჰალის სისტემა მართლაც სამაგალითოა ფსიქოლოგიაში.       ამ სისტემის ჩამოყალიბება მან იმის შემდეგ დაიწყო, რაც იელის უნივერსიტეტის კვლევით ჯგუფს ჩაუდგა სათავეში (1930-1950). აქ ჰალი დიდი გავლენით სარგებლობდა. მის მოწაფეთა, თანამშრომელთა და მიმდევართა შორის იყვნენ გამოჩენილი მეცნიერები - ჯ. ბრაუნი, ჯ. დოლარდი, ნ. მილერი, ჰ. მაურერი, რ. სირსი, კ. სპენსი, კ. ჰოვლენდი და სხვები, ვინც ეპოქა შექმნა ამერიკულ ფსიქოლოგიაში. ჰალის კონცეფციის პირველი ვარიანტი მოცემულია წიგნში “ქცევის პრინციპები” (1943), საბოლოო ვარიანტი კი ასახულია შრომაში “ქცევის სისტემა” (1952), რომელიც მოიცავს 17 პოსტულატს და 133 თეორემას.       როგორც ნამდვილი ნეობიჰევიორისტი, ჰალი ცდილობს გამოავლინოს და შეისწავლოს ის შუალედური ცვლადები, რომლებიც სტიმულსა და რეაქციას შორის არის მოთავსებული. ასეთებია, პირველ რიგში, ჩვევა (sHr) და მოთხოვნილება, იგივე ლტოლვა ან დრაივი (D). ჩვევის ცნება, ჰალის მიხედვით, გამოხატავს მოტორული და აფექტური პროცესების დაკავშირების გზით შექმნილ ნერვული სისტემის რეალურ მდგომარეობას; ის ვლინდება ქცევაში, როგორც ტენდენცია, ანუ სტიმულზე საპასუხო რეაქციის აღმოცენების ალბათობა. რაც უფრო ძლერია ჩვევა, მით უფრო დიდია ეს ალბათობა და პირიქით. დეტალურად არის დახასიათებული ჩვევის შემუშავების ანუ, რაც იგივეა, დასწავლის პროცესი. ამ პროცესში უმთავრეს როლს მოტივაციური ფაქტორი ასრულებს. ეს გულისხმობს აქტუალური მოთხოვნილების, დრაივის არსებობას და მის რედუქციას (შესუსტებას) სათანადო მოქმედების გზით. ყოველივე ამას განმტკიცება ეწოდება. ჰალი განმტკიცების მოქმედებას შემდეგნაირად ახასიათებს: თუ რეაქცია სტიმულზე ასოცირდება მოთხოვნილების დაქვეითებასთან, მატულობს ამ სტიმულის ტენდენცია, გამოიწვიოს მოცემული რეაქცია მომდევნო სიტუაციებში. ასეთი მატებანი ჯამდება და გვაძლევს ჩვევის საერთო ძალას (sHr), რომელიც განმტკიცებათა რიცხვის უბრალო ზრდადი ფუნქციაა.       მაშასადამე, სტიმულ-რეაქციული კავშირის (sHr) სიმტკიცე მთლიანად დამოკიდებულია განმტკიცების სიხშირეზე. განმტკიცება დასწავლის ძირითადი მექანიზმია. ეს მექანიზმი ლტოლვის შემცირებას, დრაივის რედუქციას გულისხმობს. მაგრამ რას ნიშნავს ეს? ცხადია, რომ აქ არ იგულისხმება მოთხოვნილებით მიღებული სიამოვნების ეფექტი, რომელსაც თორნდაიკმა “ეფექტის კანონი” უწოდა. ობიექტივისტი ჰალისთვის განმტკიცების ამგვარი მენტალისტურ-ჰედონისტური დახასიათება სრულიად მიუღებელია. იგი მხოლოდ დაკვირვებად და გაზომვად ცვლადებზე ლაპარაკობს. დრაივი არის მდგომარეობა, რომელიც ჰომეოსტაზის დარღვევით წარმოიქმნება და ობიექტური მონაცემებით იზომება, ისეთებით, როგორიცაა დეპრივაციის დრო, სისხლში ქიმიური ნივთიერებების კონცენტრაცია, ამა თუ იმ ინექციის დოზა და ა.შ. მაშასადამე, დრაივის რედუქცია ფიზიოლოგიური წონასწორობის, ჰომეოსტაზის აღდგენას ან დისბალანსის შემცირებას ნიშნავს.       ჰალის თანახმად, არსებობს რამდენიმე პირველადი დრაივი, რომელთა დაკმაყოფილების გარეშე ორგანიზმის სიცოცხლის შენარჩუნება შუძლებელია (შიმშილის, წყურვილის, სქესობრივი, ტკივილის გამოყოფის და სხვა). ობიექტებს ან მოვლენებს, რომლებიც მათ რედუქციას ახდენენ (საკვები, სითხე, სექსუალური აქტივობა, მავნე ვითარებისგან განრიდება და ა. შ.) განმამტკიცებლები ეწოდება. ორგანიზმის ყოველგვარი აქტივობა, მხოლოდ ამა თუ იმ დრაივის რედუქციას ემსახურება. დრაივ-თეორიაში პირველად დრაივებად მიჩნეულია რამდენიმე ბიოლოგიური მოთხოვნილება. ასევე, გამოთქმულია დებულება, რომ ცხოვრების პროცესში გარემოს სხვადასხვა ნეიტრალური ობიექტების (სტიმულების) პირველად დრაივებთან დაკავშირების გზით წარმოიქმნება ე.წ. მეორადი, ანუ დასწავლილი დრაივები და შესაბამისი მეორადი განმამტკიცებლები. ამასთან, იმ ობიექტების როლში, რომელთა დანაკლისსაც მეორადი დრაივები ასახავს, შეიძლება გამოდიოდეს, როგორც ბუნებრივი სტიმულები, ისე საზოგადოებრივ ცხოვრებასთან დაკავშირებული საგნები და მოვლენები. ადამიანისთვის ტიპური სოციალური მოტივები, ამ თეორიით, გაგებულია როგორც სასიცოცხლო მოთხოვნილებებიდან ნაწარმოები მეორადი დრაივების სახე. საზოგადოდ კი ნაგულისხმევია რომ თუ რაიმე აქტივობა არ ემსახურება პირველადი დრაივის რედუქციას, ის მეორადი დრაივით არის მოტივირებული. ამასთან, როგორც პირველადი, ისე მეორადი დრაივის რედუქცია, როგორც დასწავლის მექანიზმი, აძლიერებს და ამტკიცებს სათანადო აქტივობას.       მოტივაცია კიდევ ერთ ფუნქციას ასრულებს. ის აუცილებელია სტიმულსა და რეაქციას შორის შექმნილი კავშირის გამოსავლენად და ასამოქმედებლად ანუ, დასწავლის თეორიის ტერმინით რომ ვთქვათ, მოტივაცია შესრულების პირობაა. ცხადია, ორგანიზმს შეიძლება ჰქონდეს ძლიერი ჩვევა, მაგრამ არ გამოავლინოს იგი. შესრულება, ერთი მხრივ, დეტერმინირებულია იმით, თუ რა და როგორ აქვს დასწავლილი ორგანიზმს და, მეორე მხრივ, მისი მოტივაციური სფეროს ამჟამინდელი მდგომარეობით. ამასთან, ვერც ცალკე ჩვევა, ვერც დრაივი ვერ გამოიწვევს საჭირო ქცევას; ამისთვის მათი გაერთიანებული მოქმედებაა საჭირო. ქცევაში ამ ფაქტორების თანამონაწილეობის ასახსნელად ჰალს შემოაქვს კიდევ ერთი შუალედური ცვლადი, რომელსაც რეაქციის პოტენციალი ეწოდება და რომელიც ჩვევისა და დრაივის ფუნქციას წარმოადგენს: sEr = F (sHr x D).       ჰალის კონცეფცია ყოველმხრივი განხილვის საგანი გახდა. მაგალითად, ამერიკელ მეცნიერთა შორის მწვავე დისკუსია გაიმართა ჰალის იმ მოსაზრებების გარშემო, რომლებიც მან გამოთქვა განმტკიცების მექანიზმის შესახებ. როგორც ვიცით, ჰალისთვის ეს მექანიზმი დრაივის რედუქციას გულისხმობს და მკაფიოდ ანტიჰედონისტური ხასიათისაა. მკვლევართა ნაწილს, რომლებისთვისაც განმტკიცების გაგების ჰედონისტური ვერსია (ეფექტის კანონი) უფრო სარწმუნო იყო (მაგ., პაულ თომას იანგი) ამტკიცებდნენ, რომ დრაივის რედუქცია, როგორც მოთხოვნილების დაკმაყოფილების ფაქტი, დაკავშირებულია სიამოვნების მიღებასთან და სწორედ ამის გამო ხდება იგი ახალი ჩვევის განმტკიცების საფუძველი. ამ დებულებას ექსპერიმენტული საბუთი მოეპოვება. გამოირკვა, რომ მშიერ ცხოველს შეიძლება დაასწავლო ლაბირინთიდან გამოსვლა მაშინაც კი, როდესაც განმამტკიცებელ აგენტად საქარინიანი წყალი გამოიყენება. ასეთ სითხეს არა აქვს კვებითი ღირებულება, ამიტომ მას არ შეუძლია დრაივის რედუქცია გამოიწვიოს, შეამციროს შიმშილის მოთხოვნილება. უფრო მეტიც, ეს სითხე მაშინაც იწვევს განმტკიცებას, როდესაც გარეთ ფისტულის საშუალებით გამოიყვანება და კუჭს საერთოდ ვერ აღწევს. იანგი ამ ეფექტებს მხოლოდ სიტკბოს მიერ გამოწვეულ სიამოვნებას მიაწერს.       ჰალის დებულება, რომ დრაივის რედუქცია დასწავლის ერთადერთი მექანიზმია, სხვა ასპექტითაც გახდა სადავო. ასე მაგალითად, გამოირკვა, რომ დასწავლა მაშინაც ხორციელდება, როდესაც ფისტულის გამოყენების გზით საკვები ან წყალი არ აღწევს კუჭს, ან როდესაც კოპულაციას არ მოყვება ეაკულაცია. ამ ფაქტებს შეფილდი ე.წ. დამამთავრებელი პასუხის თეორიით ხსნის. დამამთავრებელი პასუხის ცნება შემოტანილია ეთოლოგების მიერ და აღნიშნავს იმ საბოლოო აქტს, რომელიც აგვირგვინებს, ასრულებს რაიმე მოთხოვნილების დაკმაყოფილებასთან დაკავშირებული აქტების წყებას. შიმშილის ან წყურვილის შემთხვევაში ეს არის ჭამა ან დალევა; სქესობრივი მოთხოვნილების შემთხვევაში - კოპულაცია და ა.შ. ჰალის ზოგიერთი ოპონენტი ფიქრობს, რომ განმტკიცების ფუნქციას დასწავლის პროცესში ასრულებს დამამთავრებელი პასუხი და არა დრაივ-მდგომარეობის რედუქცია. ამ თვალსაზრისის უარსაყოფად ჰალმა და მისმა თანამშრომლებმა ჩაატარეს სპეციალური ცდები: მათ საკვები შეჰყავდათ მშიერი ცხოველების კუჭში ან სისხლში უშუალოდ, ე.ი. მოთხოვნილების დაკმაყოფილება ხდებოდა გამოვლენილი დამამთავრებელი პასუხის გარეშე. გამოირკვა, რომ დასწავლა ასეთ შემთხვევაშიც ხორციელდება, რაც დრაივ-რედუქციის მოდელის სასარგებლოდ მეტყველებს. სამაგიეროდ, საწინააღმდეგოს ამტკიცებს ე.წ. ნაწილობრივი განმტკიცების ექსპერიმენტებში მიღებული ფაქტები; გამოირკვა, რომ, რიგ შემთხვევებში, დასწავლის ეფექტი იზრდება, თუ განმტკიცება თან ახლავს არა ყველა სწორ რეაქციას, არამედ მხოლოდ მათ გარკვეულ ნაწილს. საერთოდ კი უნდა ითქვას, რომ კვლევა და მსჯელობა დრაივ-რედუქციის მექანიზმების გარშემო დასწავლის ფსიქოლოგიის ფარგლებში ამოწურულად ვერ ჩაითვლება.       ჰალის მთავარი ოპონენტი მაინც ტოლმენი იყო. ისინი ერთმანეთს დასწავლის თეორიის ორ ფუნდამენტურ საკითხში დაუპირისპირდნენ. პირველი დასწავლის ფსიქოლოგიური არსის დადგენას ეხება, რისთვისაც საჭიროა გაირკვეს, თუ რა ახალი კავშირები იქმნება დასწავლის პროცესში და, საერთოდ, რა ფორმით შეინახება გამოცდილება. მეორე საკითხი დასწავლის პროცესს ეხება. აქ მთავარია გავიგოთ, თუ რა პირობებია საჭირო დასწავლის ეფექტის მისაღწევად. ჰალს მიაჩნდა, რომ დასწავლა ნიშნავს S-R კონექციების (კავშირების) შექმნას დრაივ-რედუქციის საშუალებით, ხოლო ტოლმენი თვლიდა, რომ ამ შემთხვევაში წარმოიქმნება შ1-შ2 სტრუქტურები რედუქციის მოტივაციური მექანიზმის გარეშე.       ედვარდ ჩეიზ ტოლმენმა (1886-1959) უმაღლესი განათლება თავდაპირველად ფიზიკა-მათემატიკის განხრით მიიღო. ამის შემდეგ დაინტერესდა ფსიქოლოგიით; სწავლობდა ჰარვარდში, სადაც მას მიენიჭა დოქტორის წოდება ფილოსოფიისა და ფსიქოლოგიის დარგში. მანამდე იგი ერთ ხანს ეუფლებოდა ფსიქოლოგიას გერმანიაში, კოფკას ხემძღვანელობით. ალბათ აქედან მომდინარეობს მის მიერ ტრადიციული ფსიქოლოგიის ცნებების მიმღებლობა და ის გახსნილობა, რომელსაც იგი იჩენდა მისი თანამედროვე ევროპული მიმდინარეობების, განსაკუთრებით, გეშტალტფსიქოლოგიისა და ფსიქოანალიზის მიმართ. ამავე დროს, ტოლმენი ყოველთვის რჩებოდა ბიჰევიორისტული მრწამსის პრინციპულ დამცველად. 1918 წლიდან მისი სახელი უკავშირდება ბერკლის (კალიფორნიის) უნივერსიტეტს, სადაც უდიდესი აღიარება მოიპოვა. ეკავა ხელმძღვანელი პოსტები აშშ-ს რიგ სამეცნიერო საზოგადოებებში, იყო ნაციონალური აკადემიის წევრი.       ცნობილია, რომ უოთსონისეულ ბიჰევიორიზმს თავი მოჰქონდა ანტიფილოსოფიური პოზიციით. ტოლმენის შეხედულებას, ისევე როგორც მთელ ნეობიჰევიორიზმს, ოპერაციონიზმის სახით ნათლად გამოკვეთილი ფილოსოფიური საფუძველი აქვს. ოპერაციონიზმის იდეები, რომელიც თავისი ბუნებით ლოგიკური პოზიტივიზმისა და პრაგმატიზმის ერთგვარ სინთეზს წარმოადგენს, პირველად 1927 წელს გამოთქვა ფიზიკოსმა ბრიჯმენმა ამ მეცნიერების ცნებათა ობიექტურობისა და “მეცნიერულობის” დასადგენად. ოპერაციონიზმის დასრულებულ ფილოსოფიურ სისტემად ჩამოყალიბების საქმეში დიდი წვლილი შეიტანეს როგორც ვენის წრის ფილოსოფოსებმა, ისე ნეობიჰევიორისტმა ფსიქოლოგებმა. ერთ-ერთი უმთავრესი ფაქტორი, რომელიც ოპერაციონიზმის ფილოსოფიური თეორიის დამუშავებას განაპირობებდა, ბიჰევიორისტული ფსიქოლოგიის პრინციპების დასაბუთების სურვილი იყო.       ოპერაციონიზმის მიხედვით, ყოველგვარი მეცნიერული ცნების შინაარსს შეადგენენ არა საგნისა თუ მოვლენის თვისებები, არამედ დაკვირვებადი ოპერაციების (მოქმედებების) სისტემა, რომლითაც ეს ცნება დგინდება. ბრიჯმენი ნათელყოფს ამ დებულებას ფიზიკის ცნებების, სახელდობრ, სიგრძის ცნების მაგალითზე, რომელიც მთლიანად დაიყვანება სიგრძის გაზომვის კონკრეტული ოპერაციების ჯამზე. იგივე ითქმის სხვა ცნებებზეც: სიჩქარე, მასა და ა.შ. თუ ცნება ოპერაციულ კრიტერიუმს ვერ აკმაყოფილებს, ის მეცნიერულ აზრს მოკლებული ხდება. ასეა, მაგალითად, სივრცის უსასრულობის ცნების შემთხვევაში, რომლის შინაარსის დადგენა უსასრულო რაოდენობის ოპერაციების შესრულებას მოითხოვს. იგივე ითქმის ფსიქოლოგიური ცნებების მიმართაც. მათი შინაარსი შესაძლებელია და საჭიროა გამოიხატოს დაკვირვებადი ოპერაციების ტერმინებში, რომელთაც მიმართავს ცდისპირი თუ ექსპერიმენტატორი. ასეთი მიდგომის შემთხვევაში ფსიქოლოგიური ცნებები, რომლებიც თავისი სუბიექტურობის გამო ნაკლებად ექვემდებარება ობიექტურ და ე.ი. მეცნიერულ დახასიათებას, თითქოს ნახულობს თავისი დადგენის ემპირიულად სანდო გზას. საბოლოო ჯამში, ოპერაციონიზმი სწორედ ცნებათა მეცნიერულობის კრიტერიუმების დადგენას ცდილობს. ამიტომ, სავსებით გასაგებია, რომ ისეთ ობიექტივისტურად ორიენტირებულ ფსიქოლოგიას, როგორიც ბიჰევიორიზმი იყო, ოპერაციონისტური მეთოდოლოგია ზედმიწევნით ზუსტად მოერგო.       ტოლმენი ამ მეთოდოლოგიას, პირველ რიგში, შუალედური ცვლადების შესწავლის ამოცანასთან დაკავშირებით მიმართავს. ამ ცვლადებთან ერთად, რომელთა შემოტანითაც ტოლმენმა მნიშვნელოვნად გაამდიდრა ფსიქოლოგიის ცნებითი აპარატი, გამოიყოფა ე.წ. დამოუკიდებელი და დამოკიდებული ცვლადები. დამოუკიდებელ ცვლადებად მიჩნეულია: გარემოს სტიმულები, ორგანიზმული ლტოლვა ანუ დარღვეული წონასწორობის საწყისი ფიზიოლოგიური მდგომარეობა, მემკვიდრეობა, გამოცდილება ანუ ძველი ვარჯიში და ასაკი. ეს ფაქტორები საწყისი მიზეზების სახით განსაზღვრავს ქცევას, ანუ დამოკიდებულ ცვლადს, მაგრამ ამას უშუალოდ, პირდაპირ კი არ აკეთებს, არამედ შუალედურ ცვლადებზე მოქმედების გზით.       თავის მთავარ ამოცანად ტოლმენი იმის ემპირიულ კვლევას მიიჩნევდა, თუ როგორ მიმდინარეობს შუალედური ცვლადების აღმოცენება-ფორმირება და, შემდგომ, მათი ჩართვა-რეალიზაცია ქცევის დეტერმინაციაში. ამ შუალედურ ცვლადებს მოტივაციური და შემეცნებითი რიგის მოვლენები შეადგენს. მათ აღსანიშნავად ტოლმენი მიმართავს ტრადიციული ფსიქოლოგიის ცნებებს, ასეთებია: მიზანი, მოთხოვნილება, ლტოლვა, მზაობა, განზრახვა, მოლოდინი, გეშტალტი და სხვა. ეს არ ნიშნავს, რომ ტოლმენი ცნობიერების ფსიქოლოგიის ცნებებით ოპერირებს. პირიქით, როგორც ნამდვილი ბიჰევიორისტი, იგი მთლიანად გამორიცხავს ცნობიერების, ინტროსპექციის მონაცემებს. შუალედურ ცვლადებში შემავალი ფენომენებისა და პროცესების დახასიათება ხდება წმინდა ობიექტური მონაცემებით, ოპერაციულად, იმ რეგისტრირებული ცვლილებების საშუალებით, რომლებსაც ისინი იწვევენ კონტროლირებად დამოუკიდებელ ცვლადებსა და ქცევაში. საბოლოოდ, ყველაფერი დაიყვანება ემპირიულად განხორციელებულ კონკრეტულ რეაქციებზე და ოპერაციებზე, რასაც ცდის სიტუაციაში ახორციელებს ცხოველი და მკვლევარი. შუალედური ცვლადის კლასიკური მაგალითია შიმშილი, რომელსაც, როგორც შინაგან მდგომარეობას, ცდისპირში პირდაპირ ვერ დააკვირდები ვერც ადამიანში და ვერც ცხოველში. მიუხედავად ამისა, შიმშილი შეიძლება სავსებით ობიექტურად და ზუსტად დავუკავშიროთ ექსპერიმენტულ ცვლადებს, მაგალითად დროის ხანგრძლიობას, რომლის განმავლობაში ორგანიზმი მოკლებული იყო საკვებს, ან დამოკიდებელი ცვლადის, ქცევის მახასიათებლებს - ვთქვათ, შეჭმული საკვების რაოდენობას ან მისი შთანთქვის სიჩქარეს. ამრიგად, არადაკვირვებადი ფაქტორი (ამ შემთხვევაში შიმშილი) ზუსტ ემპირიულ შეფასებას ექვემდებარება და ამით ხელმისაწვდომი ხდება გაზომვებისა და ექსპერიმენტული მანიპულაციებისთვის.       როგორც ვხედავთ, ტოლმენის ფსიქოლოგიური შეხედულება სავსებით იმსახურებს თავის ერთ-ერთ სახელწოდებას - ოპერაციული ბიჰევიორიზმი. ამავე დროს, ეს სახელწოდება არ არის ერთადერთი, მას აგრეთვე მოიხსენიებენ, როგორც მოლარულ ბიჰევიორიზმს, მიზნობრივ ბიჰევიორიზმს და შემეცნებით ანუ კოგნიტურ ბიჰევიორიზმს. უნდა ითქვას, რომ ყველა მათგანი სამართლიანია, რადგან სამივე ნაწარმოებია ტოლმენის მიერ გამოყოფილი ქცევის აღწერითი მახასიათებლებიდან. იგი ერთმანეთს უპირისპირებს ქცევის ორგვარ დახასიათებას: მოლეკულარულს და მოლარულს. პირველს მიმართავდა უოთსონი მარტივი S-R კავშირების ანალიზისას; ამ კავშირის საფუძველზე აშენებული აქტივობა მთლიანად აღიწერება ფიზიკურ და ფიზიოლოგიურ ტერმინებში, ანუ დაიყვანება იმ პროცესებზე, რომლებიც რეცეპტორებში, გამტარ გზებში და ეფექტორებში მიმდინარეობს. ტოლმენის სამართლიანი შენიშვნით, ასეთი მოლეკულარული მიდგომით ქცევის რამდენადმე მართებული გაგება შეუძლებელია. მისი აზრით, ყოველგვარი ქცევა მართლაც შეიცავს მოლეკულარულ სეგმენტებს, ანუ ფიზიოლოგიურ კომპონენტებს, მაგრამ იგი არ წარმოადგენს მათ მექანიკურ ჯამს, არ დაიყვანება მათზე; ქცევა ახალი თვისებრიობაა, მას საკუთარი აღწერითი მახასიათებლები და ნიშნები აქვს. ტოლმენს მოჰყავს მოლარული ქცევის მაგალითები: ვირთხა დარბის ლაბირინთში, კატა გამოდის ექსპერიმენტული გალიიდან, ადამიანი მიემართება სახლში სასადილოდ, ქალი ლაპარაკობს ტელეფონზე, მოსწავლე ავსებს ფსიქოლოგიურ ტესტს და ა.შ. მნიშვნელოვანი განსხვავებების მიუხედავად, მათ აერთიანებთ ის არსებითი გარემოება, რომ მოლარული ქცევა წარმოადგენს მთლიანი ორგანიზმის ერთიან შეგუებით აქტივობას და არა იზოლირებული სენსო-მოტორული პასუხების რიგს.       მოლარულ ქცევას სამი ძირითადი აღწერითი ნიშანი აქვს. 1) მიზნობრიობა ან მიზანმიმართულობა. აქ არ იგულისხმება მიზანი, როგორც ცნობიერების ფენომენი. ქცევა ობიექტურად არის მიმართული რაიმე რეზულტატზე, მიზანზე, მიუხედავად იმისა, გაცნობიერებულია ის თუ არა. ამიტომ, მიზანმიმართულობა ერთნაირად ახასიათებს ცხოველისა და ადამიანის ქცევას; ამ დებულებას მთლიანად ადასტურებს ტოლმენის საეტაპო შრომის სათაური: “მიზნობრივი ქცევა ცხოველებთან და ადამიანთან”. 2) მიზნის მისაღწევად გამოყენებულ ობიექტებთან მოპყრობის გარკვეული სურათი. როცა ადამიანი სამსახურიდან სახლში ბრუნდება, მისი ქცევა ხასიათდება არა მხოლოდ სათანადო მიზნით, არამედ იმ ობიექტებთან სპეციფიკური მოპყრობის წესით, რომლებიც ქცევის განხორციელების საშუალებებს წარმოადგენენ (გზა, ტრანსპორტი და ა.შ.). არსებითად, აქ ლაპარაკია იმაზე, თუ რა კონკრეტული მოქმედებების გამოყენებით სრულდება ქცევა. 3) სელექტიურობა საშუალებე ბად გამოყენებული ობიექტების მიმართ. ამაში ვლინდება ორგანიზმის მზაობა არჩეულ იქნეს ის საშუალებები, რომლებსაც მიზნამდე უმოკლესი გზით მივყავართ. ერთი სიტყვით, ცხოველისა თუ ადამიანის ქცევაზე დაკვირვება გვიჩვენებს, რომ იგი მიმართულია მიზანზე, ხორციელდება გარკვეული საშუალებების გამოყენებით და, რომ მიზნისა და საშუალებების მიმართებას გარკვეული სტრუქტურა აქვს. ეს სტრუქტურა პლასტიურია; ამოცანისა და ვითარებების გათვალისწინებით, ინდივიდს საშუალება აქვს, აირჩიოს და ქცევაში ჩართოს სხვადასხვა სენსორული და მოტორული სისტემები. ამაში მჟღავნდება ქცევის გონიერება, “გამგებიანობა” ან, უფრო ზუსტად, მისი შემეცნებითი, კოგნიტური ბუნება. მაშასადამე, “ქცევა, რომელიც განიხილება როგორც მოლარული, არის მიზნობრივი და კოგნიტური. მიზნები და შემეცნებითი მომენტები შეადგენს მის უშუალო საფუძველს და ქსოვილს”.       ყოველივე ეს ადასტურებს, რომ ტოლმენის თეორიის ყველა სახელწოდება, რომელიც დაკავშირებულია ქცევის მოლარულობასთან, მიზნობრიობასთან და კოგნიტურობასთან, კანონიერია. ისიც კანონზომიერია, რომ ყველაზე ხშირად ტოლმენის კონცეფციას კოგნიტურ ბიჰევიორიზმს უწოდებენ. საქმე ისაა, რომ ქცევის შემეცნებითი ხასიათი თეორიაში ვლინდება არა მხოლოდ მოვლენის (ქცევის) აღწერის, არამედ ახსნის დროსაც. ეს განსაკუთრებით იჩენს თავს დასწავლის მექანიზმების დახასიათებისას. ყველა ბიჰევიორისტის მსგავსად, ტოლმენისთვისაც დასწავლის საკითხი ქცევის ფსიქოლოგიის ცენტრალური საკითხია.       ტოლმენის მიხედვით, დასწავლის არსი მდგომარეობს არა S-R კავშირის შექმნასა და გაძლიერებაში, არამედ გარკვეული პერცეპტულ-კოგნიტური სტრუქტურების ჩამოყალიბებაში, რომლებიც შუალედური ცვლადები არიან. აქ, ფაქტობრივად, ლაპარაკია ცოდნაზე, სიტუაციაში გარკვეულ ორიენტირებულობაზე. ეს ცოდნა მოცემულია მოლოდინების სახით, რომლებიც აშუალებენ მიზნისა და საშუალებების ურთიერთმიმართებას. კოგნიტური სტრუქტურის (სხვანაირად გეშტალტის) ჩამოყალიბება ნიშნავს იმდაგვარი მოლოდინის წარმოქმნას, როცა მოცემულ სტიმულზე (s1) გარკვეული მოქმედებით (r1), პასუხის შემთხვევაში გაჩნდება სხვა სტიმული (s2). ჩემი ძაღლი, ამბობდა ტოლმენი, ავტომანქანის საყვირის გაგონებაზე გზაზე გამოდის და და ჩემი მანქანის გამოჩენას ელოდება.       ამგვარად, კოგნიტური სტრუქტურის ფორმულა ასე გამოიყურება (s1-r1s2). ასეთი სტრუქტურები ერთიანდება რთულ სისტემებში, რომლებსაც ტოლმენი კოგნიტურ რუქებს უწოდებს. “სწორედ ეს რუქა მიუთითებს ქცევის გზებსა (მარშრუტებსა) და მიმართულებებზე, გარემოს ელემენტების ურთიერთკავშირებზე და, საბოლოო ჯამში, ზუსტად განსაზღვრავს, როგორ საპასუხო რეაქციას განახორციელებს ცხოველი”. ასე მაგალითად, ლაბირინთიდან გამოსვლისას ცხოველი სამოძრაო ჩვევათა ერთობლიობას კი არ იძენს (როგორც ჰალი ფიქრობს), არამედ ლაბირინთის მარშრუტის ცოდნას, გზის კოგნიტურ რუქას. ეს რუქა, ფაქტობრივად, ლაბირინთის ასახვა, რეპრეზენტაციაა. მასში, ტოლმენის თქმით, მოცემულია ორიენტაცია სათანადო სტიმულებსა და რეაქციებს შორის არსებულ მიმართებებში: ამ კედლის დანახვისას უნდა გაკეთდეს გარკვეული მოძრაობა (მარჯვნივ გახვევა), რის შემდეგაც გამოჩნდება ახალი სტიმული, რომელზეც სხვაგვარი პასუხი იქნება საჭირო და ასე შემდეგ, მიზნამდე. იქმნება სიგნალთა გამოჩენის მოლოდინების ერთგვარი რიგი. თუ მოლოდინი არ გამართლდება, ქცევა შეიცვლება, თუ გამართლდება, პირიქით, განმტკიცდება. მაშასადამე, კოგნიტური რუქების ფორმირების პროცესი მოლოდინების გამართლებისა და არა მოთხოვნილებების დაკმაყოფილების გზით ხორციელდება. ტოლმენის აზრით, შემეცნებითი სტრუქტურის წარმოქმნისთვის საჭიროა არსებობდეს გეშტალტის შექმნის ობიექტური პირობები - შინაგანი კუთვნილება, მეზობლობა დროსა და სივრცეში და სხვა (აქ გამოჩნდა გეშტალტფსიქოლოგიის პირდაპირი გავლენა) და მოტივაცია. ეს უკანასკნელი აუცილებელია: 1) რათა ცოცხალი არსება დასწავლის პროცესში აქტიური იყოს და 2) რომ ის, რაც დასწავლილია, გამოვლინდეს. მიუხედავად ამისა, ჰალისაგან განსხვავებით, ტოლმენი უარყოფს დასწავლის პროცესში დრაივის რედუქციის, მოთხოვნილების დაკმაყოფილების აუცილებლობას.       ეს მოსაზრება გარკვეულ ფაქტებს ეყრდნობა. მათ შორის ყველაზე მნიშვნელოვანი, უდავოდ, ე.წ. ლატენტური დასწავლის ექსპერიმენტია. ის შემდეგში მდგომარეობს: ლაბირინთში მოთავსებული ვირთაგვების ერთი ჯგუფი ყოველთვის იღებს საჭმელს ლაბირინთიდან გამოსვლისას, ხოლო მეორე ჯგუფის ცხოველთა ქცევის განმტკიცება მხოლოდ რამდენიმე დღის მერე იწყება; მანამადე ისე გადაადგილდებიან ლაბირინთში, რომ საჭმელს არ იღებენ. მიუხედავად ამისა, მათი დასწავლის ეფექტურობის საბოლოო მაჩვენებლები თითქმის არ განსხვავდება პირველი ჯგუფის ცხოველების მონაცემებისაგან, ე.ი. მათი დასწავლა ბევრად უფრო სწრაფად მიმდინარეობს, ვიდრე ეს უნდა მომხდარიყო, თუ ლაბირინთი სრულიად უცხო იქნებოდა მათთვის. სავარაუდოა, რომ იმ დღეების განმავლობაში, როცა ცხოველების ქცევა არ მტკიცდებოდა, ისინი მაინც იძენდნენ ლაბირინთში სწორი მოქმედების გამოცდილებას, სწავლობდნენ გზას და იყენებდნენ ამ ცოდნას მაშინვე, როგორც კი ამის საჭიროება გაჩნდებოდა, ანუ როდესაც სწორ მოქმედებას განმტკიცება მოჰყვებოდა. ამ ექსპერიმენტებით თითქოს მტკიცდება, რომ დასწავლისთვის მოთხოვნილების დაკმაყოფილება აუცილებელი არ არის. თუმცა არსებობს ამ ცდების სხვაგვარი გააზრებაც, რომლის მიხედვითაც მოცემულ ცდებში მაინც ხდება გარკვეული სახის დრაივის, კერძოდ გამოკვლევის (ცნობისმოყვარეობა) მოთხოვნილების დაკმაყოფილება და, მაშასადამე, განმტკიცება.       ასეა თუ ისე, ტოლმენს მიაჩნდა, რომ აღნიშნული ექსპერიმენტები მხოლოდ იმას კი არ ამტკიცებს, რომ დასწავლა დრაივის რედუქციის გარეშეც ხორციელდება, არამედ ნაწილობრივ იმასაც, რომ დასწავლისას სწორედ კოგნიტური სტრუქტურები და არა S-R კავშირები იქმნება; ცხოველები ლაბირინთში ორიენტაციას სწავლობენ. ამ თეზისის გასამტკიცებლად ტოლმენი მიუთითებდა იმ ადამიანებზე, რომლებიც კარგად იცნობენ ქალაქს ან მიდამოს; მათ შეუძლიათ მივიდნენ ერთი წერტილიდან მეორეში სხვადასხვა გზით და მარშრუტით, რადგან აქვთ არემარის კოგნიტური რუქა. არსებითად იგივეს ადასტურებს ექსპერიმენტები, სადაც ცხოველები სწავლობენ ლაბირინთიდან გამოსვლას სირბილით, შემდეგ კი იძულებული ხდებიან ლაბირინთიდან ცურვით (ე.ი. სრულიად სხვა მოძრაობების, რეაქციების გამოყენებით) გამოაღწიონ, რასაც წარმატებით ართმევენ თავს.       ტოლმენის შეხედულება დასწავლაზე და ქცევასთან მის მიმართებაზე თითქოს უფრო პროგრესულად გამოიყურება. მართლაც, ჰალისგან განსხვავებით, მან აჩვენა, რომ ცოცხალი არსებები უბრალოდ კი არ რეაგირებენ გარემოცვაზე, ისინი ეცნობიან მას და თავის ქცევაში, მიმდინარე სტიმულებთან ერთად, იყენებენ გამოცდილებაში დაცულ გარემოს რეპრეზენტაციებს. ამავე დროს, ტოლმენის კონცეფციაში სერიოზულ სირთულეს ქმნის ჰომუნკულუსის პრობლემა; იგი არაპირდაპირი ფორმით გულისხმობს რეალური ვირთხის თავში პატარა ვირთხის არსებობას, რომელიც კითხულობს კოგნიტურ რუქებს და ირჩევს ქცევის მიმართულებას. ჰალის მიმდევრებმა ეს სირთულე შეუმჩნეველი არ დატოვეს. და მაინც, მოლარული ქცევის არსებითი ნიშნების დახასიათებით, დასწავლის მექანიზმების ექსპერიმენტულ-თეორიული კვლევით და, რაც მთავარია, შუალედური ცვლადების იდეის შემოტანით, ტოლმენმა უდავოდ, დიდი როლი ითამაშა ქცევის ფსიქოლოგიური შესწავლის საქმეში.       ნეობიჰევიორიზმის (პირველ რიგში, ჰალის) იდეების გადმოტანა პიროვნების ფსიქოლოგიის სფეროშიც სცადეს. ამ მხრივ განსაკუთრებით აღსანიშნავია ჯონ დოლარდის (1900-1980) და ნილ მილერის (1909-2002) კლასიკური შრომა “პიროვნება და ფსიქოთერაპია” (1950). ავტორებს სურთ ხიდის გადება ბიჰევიორიზმსა და ფსიქოანალიზს შორის. ფსიქოანალიზის ბევრი ცნება (განდევნა, გადატანა, იდენტიფიკაცია, სიმპტომი, სუპერ ეგო და სხვა) - განხილულია ბიჰევიორიზმის დებულებების ჭრილში. აქ იგულისხმება, როგორც დასწავლისა და მეორადი დრაივების ფორმირების მექანიზმები, ისე მილერის მიერ ჩამოყალიბებული მოტივაციური ტენდენციების კონფლიქტის მოდელი. ამ მოდელში მილერმა გამოიყენა ლევინის მოსაზრება მოტივაციური კონფლიქტის სამი სახის თაობაზე (მიახლოება-მიახლოება, განრიდებაგანრიდება და მიახლოება-განრიდება) და ჰალის სკოლაში გამოთქმული ჰიპოთეზა ე.წ. მიზნის გრადიენტის შესახებ. ამ ჰიპოთეზის თანახმად, მისწრაფების ძალა მიზან-ობიექტთან მიახლოების კვალდაკვალ იზრდება (მიახლოების გრადიენტი). შესაბამისად, განრიდების ტენდენცია მით უფრო დიდია, რაც უფრო მცირეა მანძილი უარყოფითი ვალენტობის მქონე ობიექტამდე (განრიდების გრადიენტი). ეს უკანასკნელი ტენდენცია პირველზე უფრო ძლიერია. მილერმა კონფლიქტის ტიპებისა და მიზნის გრადიენტის კონცეპტები ექსპერიმენტულად გაამყარა და შექმნა მოტივაციური კონფლიქტის საერთო მოდელი.       მილერმა და დოლარდმა გამოიყენეს ეს მოდელი, აგრეთვე შეხედულება შიშსა და შფოთვაზე, როგორც მეორად დრაივებზე და მათ რედუქციაზე იმის საჩვენებლად, თუ როგორ ხდება ნევროტული ქცევის ფორმირება. განვითარების პროცესში ბავშვმა უნდა მოახერხოს (ისწავლოს) თავისი პირველადი დრაივების (კვებითი იქნება, სექსუალური თუ აგრესიის) სოცი ალურად მისაღებ ფორმაში რეალიზება. ამ ტენდენციების მიუღებელ ფორმაში გამოვლენა ისჯება უფროსების მიერ. დასჯა იწვევს გარკვეული სტიმულების მიმართ შიშისა ან შფოთვის მეორადი დრაივების ფორმირებას. ეს დრაივები თვითონ ხდება ისეთი აქტივობის აღმძვრელები, რომელიც მათ რედუქციას იწვევს (მაგ., ბრძოლის ან განრიდების რეაქცია), ხოლო ეს რედუქცია, თავის მხრივ, მათ განმტკიცებას უზრუნველყოფს. თუ ამ ყველაფერს მიახლოებაგანრიდების ტენდენციების კონფლიქტსაც დავუმატებთ, მივიღებთ იმის სურათს, თუ როგორ ხდება, დასწავლის თეორიის თვალსაზრისით, ნევროტული კონფლიქტების სიმპტომების, ანუ ნევროზის ჩამოყალიბება.       მილერი და დოლარდი იმითაც ინტერესდებიან, თუ როგორაა შესაძლებელი ამ ნევროზების მკურნალობა. ისინი თანმიმდევრულნი არიან და ფსიქოთერაპიის პრინციპებსაც დასწავლის კანონზომიერებების შესაბამისად განიხილავენ. თუ ნევროტული ქცევა დასწავლის შედეგია, ამბობენ ისინი, მაშინ საწინააღმდეგო ეფექტის მიღწევა (დასწავლილის ჩაქრობა) შესაძლებელია იგივე პრინციპების შესაბამისად, რითაც დასწავლა ხორციელდებოდა. ფსიქოთერაპია ქმნის პირობების სისტემას, რომელიც დასწავლილი ნევროტული ჩვევების მოსპობისა და არანევროტული ჩვევების დასწავლის საშუალებას მოგვცემს. ამ შემთხვევაში თერაპევტი “მასწავლებლად” წარმოგვიდგება, ხოლო პაციენტი - “მოწაფედ”.       მილერმა და დოლარდმა უთუოდ მისცეს გარკვეული ბიძგი ქცევითი ფსიქოთერაპიის განვითარებას, მაგრამ ბიჰევიორალური ფსიქოთერაპიის ფუძემდებლად მაინც ჯოზეფ ვოლპე (1915-1997) ითვლება. ბიჰევიორიზმთან სრულ შესაბამისობაში, იგი ნევროტულ ქცევას განსაზღვრავს, როგორც დასწავლის პროცესში შეძენილი არაადაპტური ქცევის ჩვევას. ვოლპემ შეიმუშავა სპეციალური ტექნიკა პირობითი, შეძენილი ნევროტული რეაქციების ჩასაქრობად. ეს ე.წ. სისტემატური დესენსიბილიზაციაა. ვოლპე იყენებდა პროგრესული კუნთური რელაქსაციის ტექნიკას. პაციენტს ასწავლიან ღრმა რელაქსაციას. შემდეგ, რელაქსაციის მდგომარეობაში, მან თანმიმდევრულად უნდა წარმოიდგინოს გარკვეული სიტუაციები, რომლებიც მის შიშს უკავშირდება. თერაპევტი წინასწარ ადგენს ასეთი სიტუაციების იერარქიულ ნუსხას. თავდაპირველად პაციენტი წარმოიდგენს შფოთვასთან ან შიშთან ყველაზე ნაკლებად ასოცირებულ სიტუაციას. თუ რელაქსაციის ფონზე ის შემაწუხებლად აღარ განიცდება, მაშინ იწყება მუშაობა შედარებით უფრო მძიმე სიტუაციის წარმოდგენაზე და ა.შ. საბოლოოდ, ყველაზე მძიმე სიტუაციებიც კი შიშს აღარ იწვევეს. არსებობს ამ ტექნიკის სხვა ვარიანტებიც. მაგალითად, ზოგიერთ შემთხვევაში, პაციენტს პირდაპირ ათავსებენ ფობიურ სიტუაციაში. ფსიქოკორექციულ და ფსიქოთერაპიულ პრაქტიკაში ფართოდ გამოიყენება სხვა სახის ბიჰევიორალური მეთოდებიც (თუნდაც იგივე სკინერის “ჟეტონების სისტემა”, რომელსაც ქვემოთ შევეხებით).       კლასიკური ბიჰევიორიზმის უნაყოფობა S-R სქემის შეზღუდულობით იყო გამოწვეული. ჰალი, ტოლმენი და მათი მიმდევარი ნეობიჰევიორისტები ამ სქემის შუალედური ცვლადებით შევსების გზით ცდილობდნენ ქცევის ადეკვატური მოდელის ჩამოყალიბებას. მაგრამ ისინიც სერიოზული წინააღმდეგობების წინაშე აღმოჩდნენ, რასაც, საბოლოოდ, ნეობიჰევიორიზმის კრახი მოყვა. საქმე ისაა, რომ შუალედურ ცვლადებს, ფაქტობრივად, კვლევაში შემოჰქონდა ფსიქიკური (შემეცნებითი და მოტივაციური) ფაქტორები, რომელთა გარეშე ორგანიზმისა და გარემოს აქტიური ადაპტაციური ურთიერთმიმართება ანუ ქცევა შეუძლებელია. ნეობიჰევოირიზმის მიღწევები, რაც განსაკუთრებით თვალსაჩინოდ დასწავლის კანონზომიერებების შესწავლისას გამოვლინდა, სწორედ ამ ვითარების გათვალისწინების შედეგი იყო. მეორე მხრივ, პოზიტივიზმისა და მისი ნაირსახეობის, ოპერაციონიზმის მეთოდოლოგიაზე დამყარებული ობიექტივისტური მიდგომა, რაც საზოგადოდ ყოველგვარი ბიჰევიორიზმის არსებითი ნიშანია, რეალურად შეუძლებელს ხდიდა ამ ცვლადების ადეკვატურ გააზრებას. იგი კრძალავდა მათ წარმოდგენას შინაგანი, ფსიქიკური სამყაროს მოვლენების სახით და მოითხოვდა მათ აღწერას ობიექტურად დაკვირვებადი პროცედურებისა და ოპერაციების საშუალებით. ობიექტური ოპერაციებით კი მხოლოდ ობიექტურ ფაქტებს თუ გამოავლენ. ამრიგად, განაგრძობდა რა თეორიაში ფსიქიკის მნიშვნელობის უარყოფას, ნეობიჰევიორიზმი, ფაქტობრივად, უშვებდა ქცევაში ფსიქიკის მონაწილეობას. ეს წინააღმდეგობა, ბოლოს და ბოლოს, იმდენად საგრძნობი გახდა, რომ თვით ტოლმენი, თავის ერთ-ერთ ბოლო შრომაში, იძულებული შეიქნა განეცხადებინა: “შუალედურ ცვლადებს მივყავართ ისეთ ჰიპოთეზებამდე, რომელთა საფუძველია ინტუიცია, საღი აზრი, ფენომენოლოგია და ძალიან ზოგადი, არცთუ მთლად გამოკვეთილი ნეიროფიზიოლოგიური იდეები”. ეს აღიარება ძალიან ნიშანდობლივია; ის ეკუთვნის მკვლევარს, რომელმაც ფსიქოლოგიაში შუალედური ცვლადების ცნება შემოიტანა და, აქედან გამომდინარე, შესაძლებლად ჩათვალა ფსიქოლოგიური ცნებებისთვის ობიექტური მნიშვნელობის მინიჭება. მაგრამ, რა უნდა ითქვას ბიჰევიორისტზე, რომელიც ეყრდნობა ფენომენოლოგიას და ინტუიციას? 1960 წელს გამოცემულ გახმაურებულ წიგნში “ქცევის გეგმები და სტრუქტურები” ჯ. მილერი, ი. გალანტერი და კ. პრიბრამი შეეცადნენ პასუხი გაეცათ ამ კითხვაზე. ისინი მსჯელობენ, თუ რამდენად აზრიანია, რომ ცნობიერების ფენომენებს, კერძოდ გეგმას, შუალედური ცვლადი ეწოდოს და ამით ოპერაციონალური ბიჰევიორიზმის ტერმინებში გამოიხატოს; საბოლოოდ, ავტორები მიდიან დასკვნამდე, რომ ეს არაფერს მოიტანს, ვინაიდან, თუ ბიჰევიორისტი, პრინციპში თანახმაა საქმე იქონიოს ინტროსპექციის მონაცემებთან, იგი უკვე სუბიექტური ბიჰევიორისტია, მიუხედავად იმისა, სურს მას ეს თუ არა1. სწორედ ასე დაემართა ნეობიჰევიორიზმს. სამოციანი წლებიდან ის თანდათანობით თმობდა პოზიციებს; ქცევის მოდელები სულ უფრო მეტად ივსებოდა სუბიექტური შინაარსით. ეს იქამდე გრძელდებოდა, ვიდრე თეორიული პარადიგმა რადიკალურად არ შეიცვალა და ასპარეზზე ახალი მიმდინარეობა - კოგნიტივიზმი არ გამოვიდა. 9.3. ოპერანტული ბიჰევიორიზმი       გვიანდელი ბიჰევიორიზმის წამყვანი ფიგურაა ბერას ფრედერიკ სკინერი (1904-1990). იგი ამერიკის ერთ-ერთი ყველაზე სახელგანთქმული ფსიქოლოგი და ნაციონალური აკადემიის წევრი იყო. სკინერმა დაამთავრა ჰამილტონკოლეჯი ნიუ-იორკში და ასპირანტურა ჰარვარდში, სადაც 1931 წელს მიენიჭა ფილოსოფიის დოქტორის წოდება. შემდგომში მოღვაწეობდა მინესოტასა და ინდიანას შტატების უნივერსიტეტებში, ხოლო 1948 წლიდან ჰარვარდის უნივერსიტეტის პროფესორია. 30-იანი წლებიდან სკინერი შეუდგა დასწავლის მექანიზმების კვლევას ცხოველებში - “ორგანიზმების ქცევა” (1938); 50-იანი წლებიდან დაიწყო თავისი მოდელის გავრცელება ადამიანის ქცევაზე - “მეცნიერება და ადამიანის ქცევა” (1953), “ვერბალური ქცევა” (1957), ხოლო 70იანი წლებიდან სოციალური ქცევისა და საზოგადოებრივი მოვლენების გაგებაზეც - “თავისუფლებისა და ღირსების მიღმა” (1971). განმაზოგადებელი შრომებიდან აღსანიშნავია წიგნები “ბიჰევიორიზმის შესახებ” (1974) და “ფიქრები ბიჰევიორიზმსა და საზოგადოებაზე” (1978).       სკინერის აზრით, მეცნიერება ფაქტებიდან ამოდის და კანონზომიერებისკენ მიემართება. მისი ზოგადი მიზანია მოვლენების პროგნოზირება და მართვა. ქცევის ანალიზისას (ასე უწოდებს სკინერი თავის მიდგომას ფსიქოლოგიისადმი) კვლევა უნდა მიმდინარეობდეს მარტივიდან რთულისკენ. ამიტომ, უნდა დავიწყოთ შედარებით დაბალი რიგის ორგანიზმების შესწავლით, სადაც უფრო ადვილია ქცევის გამომწვევი გარემო ფაქტორების კონტროლი და მანიპულაცია. ადამიანის ქცევას აქვს თავისი სპეციფიკა, მაგრამ ფუნდამენტური კანონზომიერებები ყველგან ერთია. ამ კანონზომიერებების გამოვლენა შესაძლებელია ერთეული ორგანიზმის შესწავლისას, ამიტომ საჭირო არ არის დიდი რაოდენობის ინდივიდების კვლევასთან დაკავშირებული სტატისტიკური მეთოდების გამოყენება. ასეთია, მოკლედ, სკინერის სისტემის მეთოდოლოგიური პრინციპები. რაც შეეხება საკუთრივ ფსიქოლოგიურ თეორიას, ჰალთან და ტოლმენთან შედარებით, სკინერი უფრო რადიკალური ბიჰევიორიზმისკენ იხრება. იგი ანალიზის ორწევრიან სქემას უბრუნდება და მხოლოდ დაკვირვებად ცვლადებს აღიარებს; ესენია სტიმული, რეაქცია და განმტკიცება, რომლებიც ობიექტურად ფიქსირდება და იზომება. მათი ურთიერთმიმართების ზუსტი აღნუსხვით და დახასიათებით შესაძლებელი ხდება ქცევის მართვა, კორექცია, კონტროლი, რაც, სკინერის აზრით, ფსიქოლოგიური მეცნიერების საბოლოო მიზანია. მისი განხორციელება ფსიქოლოგიის პრაქტიკული გამოყენების საშუალებას იძლევა. სწორი, ადაპტური რეაქციების ფორმირების პროცესის კანონზომიერებათა შესასწავლად სკინერმა უამრავი ცდა ჩაატარა. ამისთვის მან გამოიგონა სპეციალური ექსპერიმენტული დანადგარი, რომელსაც შემდგომში სკინერის პრობლემური ყუთი შეარქვეს. ის თორნდაიკის პრობლემური ყუთების პირდაპირი მემკვიდრეა და წარმოადგენს გალიას, რომელშიც დამაგრებულია მანიპულატორი (ბერკეტი ან ღილაკი). გალიაში მოთავსებული მშიერი ცხოველი (სკინერი ცდებს თეთრ ვირთაგვებზე და მტრედებზე ატარებდა) შემთხვევით ეხება (თათით ან ნისკარტით) მანიპულატორს და იღებს განმტკიცებას (საკვებ ბურთულას). ფიქსირდება დაწოლვის ძალა, სიხშირე და ხანგრძლიობა, რაც რაქციების ბევრად უფრო ზუსტი აღრიცხვის საშუალებას იძლევა, ვიდრე, თუნდაც, თორდაიკის ყუთებში იყო შესაძლებელი.       ამ ხელსაწყოთი შეისწავლება რეაქციების გაძლიერებისა ან შესუსტების კანონზომიერებები სხვადასხვა სტიმულებისა (სინათლე, ხმა) და განმამტკიცებელი აგენტების (დადებითი ან უარყოფითი) მიწოდების რეჟიმებთან მიმართებაში. მაგალითად, შესაძლებელია განმტკიცება მხოლოდ გარკვეული სენსორული სიგნალის მერე ხდებოდეს; ასევე შესაძლებელია ცვალებადობდეს თვით განმტკიცების სქემა - იყოს მუდმივი ან ნაწილობრივი. პირველ შემთხვევაში განმტკიცდება ყველა სწორი რეაქცია. გამოირკვა, რომ განმტკიცების ასეთი რეჟიმის პირობებში რეაქცია სწრაფად გამომუშავდება, მაგრამ სწრაფადვე ქრება. ამ კუთხით უფრო ეფექტურია ნაწილობრივი განმტკიცება. ის, თავის მხრივ, შეიძლება იყოს ორი სახის: რეგულარული და არარეგულარული (ვარიატიული). პირველ შემთხვევაში განმტკიცება ხდება ყოველთვის, რეაქციების გარკვეული რაოდენობის შესრულების ან გარკვეული დროის მონაკვეთის გავლის შემდეგ; მეორე შემთხვევაში, განმტკიცება არ უკავშირდება რეაქციების მკაცრად განსაზღვრულ რიცხვს ან დროის ინტერვალს. ექსპერიმენტებმა უჩვენა, რომ ძლიერი და მყარი რეაქციების მისაღებად ყველაზე ეფექტური სწორედ ვარიატიული განმტკიცების რეჟიმია. თავად განმტკიცება შეიძლება ორი სახის იყოს: პოზიტიური და ნეგატიური. პოზიტიური განმტკიცება რეაქციის შემდეგ დადებითი სტიმულის (მაგ. საკვები, სითხე, სექსუალური კონტაქტი) მიცემას გულისხმობს, ხოლო ნეგატიური განმტკიცებისას უარყოფითი სტიმულაციის (მაგ., ტკივილის მომგვრელი ელექტროდენი, უსიამოვნო ხმა) მოცილება ხდება.       სკინერი თვლის, რომ ყველა მოქმედება, რეაქცია შეიძლება ორ კლასად დაიყოს. პირველს მიეკუთნება რეაქციები, რომლებსაც პავლოვი შეისწავლიდა. მათ სკინერი რესპონდენტულს უწოდებს. ამ შემთხვევაში რეაქცია ყოველთვის არის პასუხი რაიმე სტიმულზე (უპირობო ან პირობით გამღიზიანებელზე). დასწავლა იმაში მდგომარეობს, რომ ძველი რეაქცია (მაგ., ნერწყვის გამოყოფა) უკავშირდება ახალ გამღიზიანებელს (სინათლე ან ბგერა) უპირობო და პირობითი გამღიზიანებლების დროში მეზობლობის გამო. ამასთან, რეაქცია ყოველთვის და ავტომატურად განმტკიცდება. სკინერის ყუთში ცხოველი სხვაგვარ მოქმედებას ახორციელებს. მას ოპერანტული რეაქცია ეწოდება, და არ წარმოადგენს უშუალო პასუხს რაიმე სტიმულზე. ახალი რეაქცია (ბერკეტზე დაწოლა, ღილაკზე ნისკარტის დარტყმა) სპონტანურად აღმოცენდება და განმტკიცდება, თუ ის სწორია. ამ შემთხვევაში დასწავლა ახალი რეაქციის მონახვაში და გაძლიერებაში მდგომარეობს. მოქმედება განმტკიცების მიღების საშუალებაა, მისი ინსტრუმენტია; ამიტომ ასეთ დასწავლას, ინსტრუმენტულსაც უწოდებენ.       ოპერანტულ რეაქციებს სკინერი აქტიურ ქცევად განიხილავს. სწორედ მათი საშუალებით ხორციელდება გარემოსთან შეგუება. ბუნებრივად მიმდინარე ადაპტაციის პროცესში ოპერანტული ქცევის ფორმირება და შეცვლა განმტკიცებებთან მისი თანხვედრის შემთხვევითობაზეა დამოკიდებული. მაგრამ, თუ მოქმედების განმტკიცებასთან შეუღლების პროცესი მიზანდასახულად არის წარმართული, შესაძლებელი უნდა იყოს ქცევის მართვა ისე, როგორც გვესაჭიროება. ადამიანის ყველა მეტ-ნაკლებად რთული ქცევა ოპერანტული ბუნებისაა და ექვემდებარება იმ ზოგად კანონზომიერებებს, რაც ცხოველთა ქცევის შესწავლის საშუალებით დადგინდა. დასწავლის ფუნდამენტური პრინციპები და მექანიზმები, სკინერის აზრით, თავისუფლად შეგვიძლია მივუყენოთ ადამიანს, როცა მისი ქცევის ფორმირების, კონტროლისა და რეგულაციის ამოცანებია გადასაწყვეტი. აქედან გამომდინარე, ოპერანტული განმტკიცების ტექნიკა გამოყენებულ იქნა მოსწავლეებისა და სტუდენტების სწავლებაში, გონებრივად ჩამორჩენილი ბავშვების აღზრდაში, ფსიქიურ დაავადებათა მკურნალობაში და ა.შ. ფსიქიური დაავადება ავადმყოფობად არც - განიხილება. ადამიანი ავად კი არ არის, არამედ, უბრალოდ, არაადეკვატურად რეაგირებს სტიმულებზე; მას არასწორი ქცევა აქვს ჩამოყალიბებული. ამ დეფექტის გასაგებად და აღმოსაფხვრელად სულიერი ტრავმების, ცნობიერი თუ არაცნობიერი კონფლიქტების, განდევნილი ლტოლვებისა თუ თვითშეფასების მექანიზმებზე კი არ უნდა ვილაპარაკოთ, არამედ ქცევის მართვის პრინციპებს მივმართოთ. ამ პრინციპების თანახმად, ადამიანებს არასწორი, “ავადმყოფური” ქცევა იმიტომ უყალიბდებათ, რომ სოციალურ გარემოში ადაპტური ქცევა არ იყო სათანადოდ განმტკიცებული და ხდებოდა არაადეკვატური ქცევის განმტკიცება. ასეა თუ ისე, მდგომარეობის გამოსწორება, ანუ ქცევის მოდიფიკაცია, გაუმჯობესება, ყველა შემთხვევაში შედარებით უფრო ადაპტური და ადეკვატური აქტივობის თანდათანობითი განმტკიცების გზით ხორციელდება.       ქცევის მოდიფიკაციის ტექნოლოგიის ერთ-ერთი ვარიანტი ფსიქიატრიულ კლინიკებში გავრცელებული ე.წ. ჟეტონების სისტემაა. პაციენტების მიერ სხვადასხვა პოზიტიური მოქმედებების შესრულება (მაგ., ოთახის დალაგება, მორიგეობა სასადილოში, ინიციატივის გამოჩენა და სხვა) ჯილდოვდება ჟეტონებით; პაციენტებს შეუძლიათ ამ ჟეტონების გადაცვლა მათთვის სასურველ საგნებზე (სიგარეტი, ტკბილეული, ჟურნალი, ბილეთი კინოში და ა.შ.). ფსიქიატრიული კლინიკის მკაცრად კონტროლირებად პირობებში ფაქტობრივად შესაძლებელია, რომ პაციენტის თითქმის ყველა მოთხოვნილების დაკმაყოფილება რაიმე “კარგი” ქცევის შესრულებას ან არშესრულებას დაუკავშირდეს. ირკვევა, რომ ჟეტონებით განმტკიცების ეს სისტემა საკმაოდ ეფექტურია არაადაპტური ქცევების ჩაქრობისა და ადაპტური ქცევების ფორმირების თვალსაზრისით. ქცევის მოდიფიკაციის ამ პროგრამამ გაამართლა სხვა სიტუაციებშიც, სახელდობრ, გონებაჩამორჩენილებთან, დელიკვენტურ მოზარდებთან, აგრესიულ ან აუტისტურ ბავშვებთან, აგრეთვე სასკოლო თუ საოჯახო პრობლემების დარეგულირებისას.       ფართოდ გავრცელდა სკინერის მიერ შექმნილი პროგრამირებული სწავლების მეთოდი. სკოლაში საგნების სწავლების ეფექტურობის ასამაღლებლად, აქაც ოპერანტული დასწავლის პრინციპები გამოიყენეს. სკინერი ყოველგვარ ცოდნას განსაზღვრავს, როგორც გარკვეული მასალის გამოყენების უნარს საჭირო შედეგის მისაღწევად. ამიტომ, პედაგოგიურ პროცესში ცოდნის მიღება, არსებითად, ორ რაიმეს გულისხმობს: სწორი მოქმედების მონახვას და მის ფიქსაციას. ამ პრინციპებზე აგებული სასწავლო პროგრამები მოთავსებულია სპეციალურ სასწავლო მანქანებში. პროგრამა წარმოადგენს კადრების გრძელ თანმიმდევრობას; ის შეიცავს გარკვეულ ინფორმაციას შესასწავლი საგნის შესახებ და ტექნოლოგიას, რომელიც უზრუნველყოფს ამ ინფორმაციის ეფექტურ გაგება-შეთვისებას და ცოდნის შემოწმებას. ამისთვის მოწაფეს ინფორმაცია ეძლევა ნაბიჯ-ნაბიჯ, მცირე დოზებით; სასწავლო მასალაში შეტანილია ხარვეზები, გამოტოვებულია სიტყვები ან სიმბოლოები, რომლებსაც მოსწავლე ავსებს და ამით მუდმივად აქტიურ მდგომარეობას ინარჩუნებს; უზრუნველყოფილია უწყვეტი უკუკავშირი და მოსწავლე დაუყოვნებლივ იღებს ინფორმაციას თავისი შედეგების შესახებ; ცოდნის ფიქსაცია-გამყარებისთვის გამოყენებულია გამეორებისა და განმტკიცების სისტემა. ამისთვის გამოიყენება სიტყვიერი წახალისება, შექება ან, უბრალოდ, იმის შეტყობინება, რომ პასუხი სწორია - წარმატება თავისთავად ახდენს სწავლების პროცესის სტიმულირებას. დასჯას საერთოდ არ მიმართავენ. სკინერი თვლის, რომ დასჯა არ აუმჯობესებს დასწავლას, თუმცა სკოლა, ტრადიციულად, ყოველთვის მიმართავდა მას. იცავს რა პროგრამირებულ სწავლებას, სკინერი ამტკიცებს, რომ თანამედროვე სასკოლო სისტემა მთლიანად გაკოტრებულად უნდა ჩაითვალოს, რადგან მას არ შეუძლია სხვაგვარად აიძულოს მოსწავლე ისწავლოს, თუ არ დააშინა იგი უსწავლელობის მოსალოდნელი შედეგებით. ავტორი თავისი გამოგონების ბევრ უპირატესობაზე მიუთითებს. პროგრამირებული სწავლებისას სწავლის პროცესი მოსწავლის ინდივიდუალური შესაძლებლობების შესაბამისად მიმდინარეობს; რთულ მასალაზე გადასვლა მხოლოდ წინა თემების სრულყოფილი ათვისების შემდეგ ხდება; შემთხვევითობა და ეშმაკობა გამორიცხულია, ვინაიდან სწორი პასუხი საკითხში გარკვეულობას გულისხმობს; მოსწავლე ზუსტადაა ინფორმირებული თავისი წარმატებების შესახებ.       დღეს სასწავლო მანქანები კომპიუტერებმა შეცვალა. ამან განუზომლად უფრო ეფექტური და საინტერესო გახადა სწავლის პროცესი. კომპიუტერი ცოდნის (ინფორმაციის) მიწოდების უზარმაზარ შესაძლებლობებს ფლობს. თანაც, კომპიუტერი ცოდნის გადაცემით არ იზღუდება; ის მოსწავლესთან დიალოგში შედის, აძლევს რჩევებს, ახსენებს, მიანიშნებს, აჩვენებს საკითხს სხვადასხვა რაკურსში და ა.შ.       რაც შეეხება სოციალური ქცევის ანალიზს, აქ ისეთივე სურათია რაც სხვა სახის ქცევების შემთხვევაში. სკინერს მიაჩნია, რომ სოციალური ქცევის მართვისთვის განმტკიცებების ორგანიზებული და ეფექტური სისტემაა საჭირო. ასეთი მიდგომისას “ლიტერატურა, ფერწერა და ესტრადა შეიძლება განხილულ იქნეს, როგორც კარგად გააზრებული განმტკიცებები”. ადამიანის შინაგანი სამყაროს გამომხატველი ცნებები - განზრახვა, მიზანი, გონება, თვითცნობიერება და პიროვნებაც კი - “ახსნით ფიქციებად” არის მიჩნეული. მეორე მხრივ, იგნორირებულია ის, რომ ქცევა, პირველ რიგში, აქციაა და არა რეაქცია, რომ მას აქტიური, შინაგნად დეტერმინირებული და შემოქმედებითი ხასიათი აქვს. აქედან გამომდინარე, როცა ყველაფერი განმტკიცებების მონაცვლეობასა და გარეგან კონტროლზეა დაყვანილი, მიღებულ აზრსა და მნიშვნელობას კარგავს ისეთი ცნებები, როგორიცაა თავისუფლება, ვალდებულება, ღირსება და სხვა. თავის სკანდალურად ცნობილ წიგნში “თავისუფლებისა და ღირსების მიღმა”, სკინერი აღნიშნულ კატეგორიებს მითებს უწოდებს. ამ შრომაში საზოგადოების პრობლემების გადაჭრისა და სოციალური ჰარმონიის მიღწევის გზად აღიარებულია ქცევის ტექნოლოგია, რომელიც, ისევ და ისევ, განმკიცებათა სახეობისა და მათი მიწოდების რეჟიმის კონტროლზე დაიყვანება. სკინერმა, რომელიც ახალგაზრდობაში მწერლობაზე ოცნებობდა, თავის პოპულარულ რომანში “უოლდენ ორი”, მხატვრულ ფორმაშიც კი აღწერა ის, თუ როგორ გამოიყურება ასეთი საზოგადოება.       ამ ყველაფრის მიღმა სერიოზული მოსაზრებები და არგუმენტებია, რომლებიც ქცევის დეტერმინირებულობის აუცილებლობას უკავშირდება, ხოლო დეტერმინიზმის პრინციპი, თავის მხრივ, მყარად არის დაკავშირებული მეცნიერებასთან. ფსიქოლოგიის ისტორიაში სკინერი, ალბათ, ყველაზე პრინციპულ დეტერმინისტად უნდა ჩაითვალოს. მისი პოზიცია ერთმნიშვნელოვანია და თანმიმდევრული. “თუ გვსურს გამოვიყენოთ მეცნიერული მეთოდები ადამიანთა ურთიერთობის სფეროში, ჩვენ ვალდებულები ვართ დავუშვათ, რომ ქცევა კანონზომიერებებს ექვემდებარება და დეტერმინირებულია. ჩვენ უნდა ვეცადოთ იმის აღმოჩენას, რომ ადამიანის ქმედებები გარკვეული პირობების შედეგია, და თუ ეს პირობები დადგინდება, ჩვენ შევძლებთ ვიწინასწარმეტყველოთ მისი მოქმედებები”. აქედან გამომდინარე, სკინერი ნამდვილ ბრძოლას უცხადებს ადამიანის ფილოსოფიაში შექმნილ წარმოდგენებს, რომლებიც, მისი აზრით, შეუძლებელს ხდის ადამიანის ქცევის მეცნიერულ შესწავლას. აქ საუბარია ადამიანის თავისუფლების, ღირსების, პასუხისმგებლობის, შემოქმედების იდეებზე. სკინერი კარგად ხედავს, რომ ამ წარმოდგენებით მთელი დასავლური ცივილიზაციაა გამსჭვალული და მათ ასე ადვილად არავინ დათმობს. “მოწოდება, რომ უკუვაგდოთ ეს შეხედულებები, ნიშნავს დაემუქრო ბევრ სათუთად ნალოლიავებ რწმენას, ძირი გამოუთხარო იმას, რაც ადამიანის ბუნების შთამაგონებელ და შემოქმედებით კონცეფციად გამოიყურება”. და მაინც, ამ ნაბიჯის გადადგმა აუცილებელია. ალტერნატივა გამოკვეთილია: ან კანონზომიერება, დეტერმინიზმი და მეცნიერება, ან თავისუფლება, ინდეტერმინიზმი და მითოლოგია. თავისუფლებას ორი მნიშვნელობა შეიძლება ჰქონდეს: ის ან იარლიყია, რომელსაც მივაწერთ ქცევას, როცა არ გვესმის ან არ ვიცით მისი მიზეზები, ან, “თუ თავისუფლება მართლაც არსებობს, ფორმები, რასაც ის იღებს, აბსოლუტურად შემთხვევითი უნდა იყოს”. ღირსება ისეთივე ახსნითი ფიქციაა, როგორც თავისუფლება. ჩვენს შიგნით მოთავსებული და საკუთარი ნების მქონე მე-ს იდეის ბოლო დასაყრდენი შემოქმედებაა, მაგრამ ესეც უბრალო მეტაფიზიკური იარლიყია, რომლის მიღმა ქცევის კონკრეტული მიზეზების არცოდნა იმალება. შემოქმედებითი ქცევა არაფრით განსხვავდება სხვა ქცევებისაგან, გარდა იმისა, რომ ელემენტები, რომლებიც მას წინ უსწრებენ და განსაზღვრავენ, ნაკლებად არის შესწავლილი. ქცევის ელემენტები თუ ფაქტორები, სკინერის მიხედვით, ადამიანის გარეთ, რეალურ გარემოში უნდა ვეძებოთ; ამიტომ, ოპტიმალური ქცევის ფორმირება და, საზოგადოდ, ნორმალური ცხოვრების მოწყობა შინაგან “ნებაზე” კი არ არის დამოკიდებული, არამედ გარემო პირობების სწორ და ეფეტურ ორგანიზაციაზე. ქცევა გარემოთი იმართება, მოგვწონს ეს თუ არა; ჩვენი საქმეა მივიღოთ ეს ფაქტი და გარემოცვის ისეთი კონსტრუირება მოვახერხოთ, რომ ის შეესაბამებოდეს ჰუმანისტურ მიზნებს. ამიტომ, პირველ პლანზე წამოიწევს პირობების მანიპულირება და ქცევის კონტროლი.       სკინერის პოზიცია უკომპრომისო და რადიკალურია, სწორედ ამიტომ ეწოდება მის სისტემას რადიკალური ბიჰევიორიზმი; მისი მთლიანი გაზიარება ფსიქოლოგთა უმრავლესობისთვის ძნელი აღმოჩნდა. საკმაოდ დიდი პროტესტი გამოიწვია სკინერის სისტემამ ფართო ინტელაქტუალურ საზოგადოებრიობაშიც, რაც ბუნებრივიცაა - როგორ შეიძლება ეჭვი შეიტანოს თავისუფლების იდეაში ერმა, რომლის სათავე თავისუფლების დეკლარაციაა. მიუხედავად ამისა, სკინერის პრინციპულობა და თანმიმდევრულობა უდიდეს პატივისცემას იმსახურებს. როგორც სხვა შემთხვევებში, სკინერმა რადიკალური მეთოდით სცადა თავისუფლების პრობლემის გორდიას კვანძის გახსნა: თუ თავისუფლების იდეა ვერ ურიგდება მეცნიერების მოთხოვნებს, აუცილებელია მისი უარყოფა, რაც არ უნდა ძნელი იყოს ეს კულტურული ტრადიციისა თუ მორალური ფილოსოფიის თვალსაზრისით. ქცევის მეცნიერული შესწავლის საქმე ამ პრობლემას ყოველთვის ჩიხში შეჰყავდა და ფსიქოლოგიურ აზროვნებას გამოუვალი წინააღმდეგობების ხლართებში აქცევდა. საკმარისია გავიხსენოთ თუნდაც უ. ჯეიმსი, ერთ-ერთი ყველაზე ნათელი მოაზროვნე ფსიქოლოგიის ისტორიაში; იგი ამბობდა, რომ თავისუფლების ცნება სამეცნიერო ლაბორატორიის კართან უნდა დავტოვოთო. ამავე დროს, შინაგანად სჯეროდა ნების თავისუფლებისა და გამალებით ცდილობდა ფარდა აეხადა ამ პრობლემის საიდუმლოებისათვის, თუმცა, სხვებივით, უშედეგოდ (იხ. თავი 6.4). შეიძლება ითქვას, რომ სკინერმა XXI საუკუნის ფსიქოლოგიას თამამი გამოწვევა ესროლა - შეინარჩუნოს, თუ საჭიროდ ჩათვლის, თავისუფლების იდეა და, ამავე დროს, არ გამოვიდეს ქცევის შესწავლის მეცნიერული ჩარჩოებიდან, დარჩეს დეტერმინაციისა და კანონზომიერების იდეების ერთგული.       საკმაოდ გავრცელებული შეხედულების თანახმად, სკინერს, როგორც თეორეტიკოსს, ფსიქოლოგიაში პრინციპული სიახლე არ შემოუტანია; იგი არსებითად, აგრძელებდა თორნდაიკისა და უოთსონის ხაზს, ხოლო მისი დიდი პოპულარობა, ძირითადად, ბიჰევიორალური ტექნიკის პრაქტიკული დანერგვით არის გაპირობებული. ეს შეფასება, გარკვეული აზრით, სამართლიანია, თუნდაც იმიტომ, რომ სკინერი საერთოდ სკეპტიკურად იყო განწყობილი მეცნიერებაში თეორიის როლის მიმართ და საკუთარ თავს “სისტემურ ემპირიკოსად” მიიჩნევდა. და მაინც, თუ მხოლოდ ამით შემოვიფარგლებით, გაუგებარი დარჩება, რატომ ითვლება სკინერი, ფროიდთან ერთად, XX საუკუნის ყველაზე გავლენიან ფსიქოლოგად. საქმე ისაა, რომ სკინერი იყო საბუნებისმეტყველო ან სციენტისტური ფსიქოლოგიის პრინციპების ერთ-ერთი ყველაზე აქტიური გამტარებელი. იგი ფიქრობდა, რომ: 1) მეცნიერების შესწავლის არეში უნდა მოექცეს მხოლოდ ობიექტურად აღრიცხვადი მოვლენები; 2) მკაცრი ექსპერიმენტული პროცედურების საშუალებით დადგინდეს მათ შორის არსებული მიმართებები და 3) გამოვლენილი კანონზომიერებების საფუძველზე შემუშავდეს პრაქტიკული პროგრამები ადამიანების ცხოვრებისეული პრობლემების გადასაჭრელად. ამ მარტივი და ცხადი პრინციპებიდან გამომდინარე, ფსიქოლოგიის საკვლევი სფერო იზღუდება დაკვირვებადი ქცევით, რომელიც, აგრეთვე, აღრიცხვადი და გაზომვადი ფაქტორებითაა გაპირობებული (სიტუაციისა და განმტკიცების რეჟიმების მონაცემები). ფართო ექსპერიმენტული კვლევის შედეგად სკინერმა ერთმნიშვნელოვნად დაადგინა ამ მოვლენებს შორის არსებული ურთიერთკავშირები და აჩვენა, თუ როგორ არის შესაძლებელი ქცევის გაკონტროლება და მართვა ლაბორატორიულ პირობებშიც და სასიცოცხლო ამოცანების გადაწყვეტის პროცესშიც. ზუსტი კანონზომიერებებისა და პრაქტიკული ეფექტურობის დეფიციტით შეშფოთებული ფსიქოლოგებისთვის სკინერის ეს წარმატებები მართლაც შთამბეჭდავად გამოიყურებოდა. სწორედ ეს იყო მიზეზი, რის გამოც მან, სავსებით დამსახურებულად, უდიდესი ავტორიტეტი და აღიარება მოიპოვა.       ყოველივე ამას თავისი შებრუნებული მხარეც აქვს. აღნიშნული მიღწევები ხომ ფსიქოლოგიური რეალობის გამარტივებისა და შეზღუდვის ხარჯზე მოხდა! ფსიქოლოგიური კვლევის მიღმა დარჩა ყველაფერი ის, რაც გარეგან დაკვირვებაში არ ფიქსირდება, ინდივიდის შიგნითაა, მაგრამ მაინც განსაზღვრავს ქცევას. ამ მოვლენებს არსებობის უფლება კი მიეცა, მაგრამ მათი მეცნიერული შესწავლა შეუძლებლად ჩაითვალა. ცოცხალი არსება, ადამიანი, შავი ყუთია. ჩვენ ვერ დავინახავთ, თუ რა არის მასში. შავი ყუთის შინაარსი პოზიტიური ცოდნის საგანი ვერ გახდება. ამიტომ ფსიქოლოგიის კვლევის სფეროდან გამოირიცხა ცნობიერი და არაცნობიერი პროცესები, პიროვნების თვისებები და დისპოზიციები. ისინი, ვინც ყოველივე ამას ადამიანის ბუნების მოუცილებელ ნაწილად თვლიდნენ, ცხადია, ვერ შეურიგდებოდნენ ეგზომ რადიკალურ თვალსაზრისს. ამიტომ სხვა პოზიციაზე მდგომი მეცნიერები ხშირად გამოთქვამდნენ უკმაყოფილებას სკინერის სისტემის ამა თუ იმ ასპექტის მიმართ. სკინერი, როგორც წესი, ასეთ გამოსვლებს უპასუხოდ არ ტოვებდა. ამ მხრივ საყურადღებოა მისი დისკუსია ხომსკისთან და როჯერსთან.       გამოჩენილი ლინგვისტი ნოემ ხომსკი (1926-) აკრიტიკებდა ბიჰევიორიზმის, კერძოდ სკინერის თვალსაზრისს მეტყველების პროცესის ბუნების შესახებ, რომელიც გადმოცემულია ცნობილ წიგნში “ვერბალური ქცევა”. სკინერის თანახმად, მეტყველება ქცევაა და ექვემდებარება იმავე კანონზომიერებებს, რასაც ყველა ქცევა. მეტყველების სწავლის პროცესში მშობლები დადებითად რეაგირებენ ბავშვის მიერ სიტყვის სწორ ხმარებაზე, გამართულ ფრაზაზე, კარგ გამოთქმაზე და პირიქით, შეძლებისდაგვარად ზღუდავენ არასწორ ვერბალურ რეაქციებს. მეტყველება, სკინერის მიხედვით, მთლიანად შეძენილი, დასწავლილი ქცევაა, რომელიც თითოეული ვერბალური რეაქციის თანდათანობითი განმტკიცების პროცესში ყალიბდება.       ამის საპირისპიროდ, ხომსკი ამტკიცებდა, რომ ენის შეთვისების პროცესის დაყვანა ოპერანტული დასწავლის კანონზომიერებებზე შეუძლებელია. ენის არსებითი კომპონენტები თანდაყოლილია. ენა არ ისწავლება ყოველი სიტყვის გამეორების მექანიკურ პროცესში. ბავშვები წარმოთქვამენ გრამატიკულად გამართულ ფრაზებს, რომლებიც არასდროს მოუსმენიათ. ხომსკის აზრით, ეს აიხსნება გარკვეულ სიღრმივ სტრუქტურებზე დაფუძნებული ბავშვის იმპლიციტური მიდრეკილებით ენის მიმართ. თანდაყოლილია ენობრივი ინფორმაციის გადამუშავებისა და ენის აბსტრაქტული სტრუქტურების ფორმირების ერთგვარი სქემა, ენის შეთვისების გამოცდილებამდელი მექანიზმი, რომელიც მეტყველების ფორმირების პროცესს განსაზღვრავს. ამით აიხსნება, რომ ბავშვები მთელ მსოფლიოში ერთი ტემპით ითვისებენ ენას და ამ პროცესში ერთსა და იმავე ეტაპებს გაივლიან ერთნაირი თანმიმდევრობით. ამ თანდაყოლილ მექანიზმს სხვაგვარად ენობრივ ნიჭიერებასაც უწოდებენ. ხომსკის ფრიად მკაცრი შეფასებით, ადამიანის სამეტყველო აქტივობის სკინერისეული გააზრებისას ბიჰევიორისტული თეორია აბსურდამდე მიდის და იმდენად შორს სცილდება რეალობას, რომ უკვე მეცნიერებადაც ვეღარ ჩაითვლება. ფსიქოლოგიის ისტორიკოსებს სამართლიანად მიჩნიათ, რომ ხომსკის კრიტიკამ, რომელიც პირველად 1959 წელს გაისმა, ერთ-ერთი ყველაზე შესამჩნევი გავლენა იქონია ზოგადად ბიჰევიორიზმის დასამარების პროცესზე.       სიღრმივი სტრუქტურების საკითხი მხოლოდ ვერბალურ ქცევასთან მიმართებაში არ დაისმის. სკინერი საზოგადოდ “ცარიელი ადამიანის” თეზისიდან ამოდის და მხოლოდ გარემოსეულ, სიტუაციურ განსაზღვრულობას აღიარებს. ინვაიერონმენტალიზმი საერთოდ ბიჰევიორიზმის დამახასიათებელი ნიშანია. სკინერის პოზიცია ამ შემთხვევაშიც რადიკალურია. მის მიერ ფაქტობრივად იგნორირებულია მთელი ის თეორიული და ემპირიული ცოდნა, რომელიც ფსიქოლოგიაში არსებობს პიროვნებისა და ხასიათის ტიპების, კონსტიტუციური ნიშნების, ნასახების, დისპოზიციების, მიდრეკილებების, პიროვნული თვისებების და ა.შ. თანამედროვე ფსიქოლოგიას მოეპოვება იმის სარწმუნო ემპირიული მონაცემები, რომ ადამიანის აქტივობის მრავალი ასპექტი (კოგნიტური ფუნქციები, ტემპერამენტი, პიროვნული თვისებები, ნიშნები და სხვა) მეტ-ნაკლებად განსაზღვრულია გენეტიკური (თანდაყოლილი) ფაქტორებით. ეს მონაცემები ძირს უთხრის სკინერის მტკიცებას, რომ ადამიანებს შორის ინდივიდუალური განსხვავებებისა და საერთოდ ქცევის განმაპირობებელი ფაქტორები მთლიანად გარემოშია მოთავსებული. სიზუსტისთვის საჭიროა აღინიშნოს, რომ სკინერი არ უარყოფს გენეტიკური ფაქტორების არსებობას, თუმცა მიაჩნია, რომ მათი როლი გადაჭარბებულადაა წარმოდგენილი. მემკვიდრეობის დადგენა შეიძლება ქცევის პროგნოზირებაში დაგვეხმაროს, მაგრამ ის უსარგებლოა ქცევის კორექცია-მართვის თვალსაზრისით, რადგან არ ექემდებარება შეცვლას. ამის გამო სკინერს გამართლებულად მიაჩნია მემკვიდრეობასთან დაკავშირებული მონაცემების იგნორირება.       კრიტიკის მეორე ტალღა წამოვიდა სკინერის იმ მოსაზრებებთან დაკავშირებით, რომლებიც ქცევის მართვასა და კონტროლს ეხება. ამ კუთხით მისი ყველაზე პრინციპული და ავტორიტეტული ოპონენტი კარლ როჯერსი იყო. სკინერის თვალსაზრისი შემდეგში მდგომარეობს: არსებობენ ადამიანები, ვინც კონტროლს ტირანიის გამოხატულებად მიიჩნევენ და მოგვიწოდებენ მთლიანად უარი ვთქვათ მასზე. ასეთი პოზიცია არა მხოლოდ უტოპიურია, არამედ მავნეც. კონტროლი სოციალურ ცხოვრებაში ყოველთვის იყო და იქნება, რადგან მის გარეშე საზოგადოება უბრალოდ ვერ იარსებებს. პრობლემა, სკინერის აზრით, მაკონტროლებელი ძალებისა და პირობების მოცილებაში კი არ არის, არამედ მათ მაქსიმალურად გეგმაზომიერ და ეფექტურ გამოყენებაშია. აქამდე კონტროლის ყველაზე გავრცელებული ფორმა დასჯის მექანიზმის გამოყენებას ითვალისწინებდა. სკინერის კვლევებმა აჩვენა, რომ დასჯა არაეფექტურია და ზოგჯერ მავნეც. ქცევა, რომელიც დასჯამ უნდა აღკვეთოს, როგორც წესი, არ ქრება და კვლავ იჩენს თავს. დასჯამ შეიძლება გამოიწვიოს ემოციონალურად და სოციალურად უარყოფითი შედეგები: შფოთვა, შიში, ანტისოციალური ქმედება, დარწმუნებულობისა და თვითპატივისცემის დაქვეითება და ა.შ. დასჯის მუქარამ შესაძლებელია იმაზე უარესი ქცევისკენ უბიძგოს ადამიანს, ვიდრე ის, რომლისთვისაც თავდაპირველად დაისაჯა. ერთი სიტყვით, იშვიათ შემთხვევებში უაღრესად არასასურველი ან სახიფათო ქცევის დასათრგუნად, შესაძლოა გამართლებულიც იყოს დასჯის გამოყენება, მაგრამ საზოგადოდ, უნდა ვეცადოთ შევქმნათ ისეთი გარემო, სადაც არა იძულების, არამედ დადებითი განმტკიცების მეშვეობით გამოვუმუშავებთ ადამიანებს საზოგადოებრივად მისაღები მოქმედების სტილს ან ქცევის ახალ ფორმებს. ასეთი კონტროლი რბილი, ჰუმანური და ეფექტურია.       სკინერს მიაჩნია, რომ კონტროლი ორმხრივ ხასიათს ატარებს, ანუ ვინც მართავს და ვისაც მართავენ, ერთმანეთს აკონტროლებენ. მას სჯერა, რომ დემოკრატიულ საზოგადოებაში კონტროლის ორმხრივობის დონე ისეთი იქნება, რაც გამორიცხავს არაჰუმანურ და ტოტალიტარულ მართვას.       ეს თეზისი როჯერსში სერიოზულ ეჭვებს აღძრავს. სკინერს მხედველობიდან რჩება, რომ ორმხრივი კონტროლი თითქმის ყოველთვის ასიმეტრიულია. მართალია, მონათმფლობელი და მონა, გარკვეულად, ერთმანეთს აკონტროლებენ, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ მათ კონტროლის ერთნაირი შესაძლებლობები გააჩნიათ. ამიტომ საკითხი გამკონტროლებლის ვინაობის, - ე.ი. ძალაუფლების შესახებ, დიდი საშიშროების შემცველია. ქცევის მართვის ტექნოლოგია ტირანის ხელში საზარელ იარაღად იქცევა. ესეც რომ არ იყოს, როჯერსი არც იმ მიზნებს აღიარებს, რომლებიც კონტროლის მეთოდების “წესიერი” გამოყენების შემთხვევაში უნდა იქნეს მიღწეული. სკინერისთვის ესაა ადამიანის ბედნიერება, ინფორმირებულობა, გაწაფულობა, ნაყოფიერება. რაც მთავარია, დადებითი განმტკიცების ტექნოლოგია გვეხმარება, რომ ამის მიღწევა ჰარმონიული გზით, წინააღმდეგობისა და აღშფოთების გარეშე შევძლოთ. მეტიც, ადამიანები აკეთებენ იმას, რაც მათ სურთ და თავს თავისუფლად გრძნობენ. ისინი იმართებიან ისე, რომ ვერც ამჩნევენ ორგანიზებულ კონტროლს. როჯერსი ფიქრობს, რომ ეს ადამიანების რობოტიზაციას, პიროვნების დაკარგვას ნიშნავს, რომ კონტროლირებადი ბედნიერება და ნაყოფიერება კარგი ცხოვრება კი არა, ფსევდოთავისუფლება და ფსევდობედნიერებაა. როჯერსი გვთავაზობს სხვა ღირებულებებს, რომლებიც მეცნიერებამ ადამიანის თავისუფალი ბუნების გათვალისწინებით უნდა დაისახოს და ამის შესაბამისი მეთოდებით განახორციელოს. ამ შემთხვევაში მთავარია არა იმდენად შედეგი, რამდენადაც პროცესი, პროცესი თვითაქტუალიზაციისა, შემოქმედებითი პოტენციალის გახსნისა, პასუხისმგებლობის განვითარებისა, მოქნილობისა და მრავალმხრივობის შეძენისა. როჯერსი დარწმუნებულია, რომ ამისთვის საუკეთესო პირობებს მის მიერ შემუშავებული კლიენტზე ორიენტირებული, არადირექტიული ფსიქოთერაპია ქმნის (იხ. თავი 11.1.).       როჯერსი ვერ ეგუება სკინერის მიერ თავისუფლების უარყოფას. მისი აზრით, თავისუფლება ადამიანის მოუცილებელი ნიშანია. ამავე დროს, მას კარგად ესმის, რომ მეცნიერება მოვლენათა დეტერმინირებულობის, პირობადებულობის, კანონზომიერების გარეშე წარმოუდგენელია. “თუ ქცევას განვიხილავთ როგორც მეცნიერულ ფენომენს, ცხადია, უმჯობესი იქნება ჩავთვალოთ, რომ იგი იმ მიზეზითაა გამოწვეული, რომელიც მას წინ უსწრებდა. ეს მეცნიერების მნიშვნელოვანი ფაქტია. მაგრამ ჩვენი ცხოვრების ასეთივე მნიშვნელოვანი ფაქტია პასუხისმგებლობის შემცველი პირადი არჩევანი, რომელიც ადამიანის ყველაზე არსებითი ნიშანია. იგი წარმოადგენს ფსიქოთერაპიის იმ მთავარ მონაპოვარს, რომელიც წინ უსწრებს ყოველგვარ მეცნიერულ გამოკვლევას”. სკინერს მიაჩნია, რომ ეს ორი ფაქტი, თუ ისინი მართლაც არსებობებენ, ურთიერთგამომრიცხავია.       შენიშვნები სკინერის სისტემის სხვა ასპექტების მიმართაც არსებობს. საერთოდ კი უნდა ითქვას, რომ XX საუკუნის ფსიქოლოგთაგან არავის განუცდია ისეთი მძაფრი კრიტიკა და, ამავე დროს, არავინ ყოფილა ისე დაფასებული, როგორც სკინერი. ამ მხრივ მას მხოლოდ ფროიდი თუ შეედრება. ირაკლი იმედაძე წიგნიდან: ფსიქოლოგიის ისტორია « წინა ნაწილი | გაგრძელება » …
დაამატა ლაშა to ფსიქოლოგია at 1:11pm on მაისი 23, 2018
თემა: ძალადობაგანცდილი ბავშვის ფსიქოლოგიური შეფასების ძირითადი მეთოდები
კარგად უნდა იცნობდეს ძალადობის პირდაპირ და ირიბ ინდიკატორებს. ბავშვის გარეგნულ იერი, სახე, სხეული, სასურველია, სპეციალური სამედიცინო ექსპერტიზისაგან განსხვავებით, ნაკლებად შესამჩნევად, რამე სხვა საბაბის მოშველიებით დავათვალიეროთ. აუცილებელია, შეძლებისდაგვარად, აღინიშნოს და აღიწეროს გარეგანი დაზიანებების (ჩალურჯებები, ჭრილობები, დამწვრობები და სხვა), კანის დაავადებების, მტკივნეული ზონების (რაც შეიძლება შინაგანი დაზიანებების მანიშნებელი იყოს) არსებობა ან არარსებობა. შემდგომში, როცა ბავშვთან კონტაქტი დამყარდება, მნიშვნელოვანია იმის გარკვევა, აღენიშნება თუ არა ბავშვს მადის, ძილის დარღვევები, ღამის კოშმარები, ტკივილები მუცლის არეში, თავის ტკივილები, მეხსიერებისა და ყურადღების გაუარესება, რაც ტრავმით გამოწვეული გამოვლინებებია ფიზიოლოგიურ დონეზე.       ამას გარდა, ბავშვს შეიძლება აღენიშნებოდეს ენურეზი, კანის შეწითლებები, გულისცემის აჩქარება, ფილტვების ჰიპერვენტილაცია (ღრმა და ხმაურიანი ჩასუნთქვები) და სხვა ფიზიოლოგიური რეაქციები.       მოზარდებსა და უმცროსი სასკოლო ასაკის ბავშვებს შეიძლება ჰქონდეთ აღქმის დარ- ღვევები ილუზიების, ჰალუცინაციების სახით, განსაკუთრებით საღამოს საათებში ან სუსტი განათების პირობებში. ბავშვის ქცევაზე დაკვირვება       დიაგნოსტიკის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მომენტია იმ ცვლილებების გამოვლენა, რომლებშიც აისახება ბავშვზე ძალადობის ემოციური და ქცევითი შედეგები. ამ მხრივ ბავშვზე დაკვირვებისას უნდა გაანალიზდეს: - დამოკიდებულება (როგორ ურთიერთობდა ბავშვი მკვლევართან, როგორ ასრულებდა სატესტო დავალებებს, როგორ აფასებდა თავის შესაძლებლობებს დავალებების შესრულებისას, როგორ რეაგირებდა წარუმატებლობებზე, როგორ იღებდა შექებას; - ინტელექტუალური შესაძლებლობები (მუშაობის ტემპი, გადაწყვეტილების ძიებისა და პასუხების გაცემის ხერხები); - მეტყველების თავისებურებები (რამდენად დალაგებულად მეტყველებს, როგორ პასუხობს და ა.შ.); - ვიზუალური მოტორული მოქმედება (უნარ-ჩვევები, რეაქციები და ა.შ.). ბავშვთან კონტაქტის ან იმ მოზრდილების მეშვეობით, რომლებიც თვალყურს ადევნებენ ბავშვს, ასევე მნიშვნელოვანია ინფორმაციის შეგროვება იმის შესახებ, შეინიშნება თუ არა: - ცვლილებები ბავშვის ყოველდღიურ ქცევებსა და ჩვევებში. სახლში, სახლს გარეთ, თანატოლებთან და უფროსებთან ურთიერთობაში. ბავშვმა შეიძლება ინტერესი დაკარგოს იმის მიმართ, რაც ადრე აინტერესებდა, შეიცვალოს ჩაცმის მანერა. ის შეიძლება უფრო ნერვიული, გაღიზიანებული, მფრთხალი გახდეს, გაურბოდეს ზოგიერთ ადამიანთან კონტაქტს. სექსუალური ტრავმატიზაციის შემთხვევაში შეიძლება შეინიშნებოდეს ქცევის ასაკისთვის შეუფერებელი სექსუალიზაცია (სექსუალური აგრესია, ადამიანებთან უჩვეულო სიახლოვე და სხვა). - რეგრესი ქცევაში. ბავშვი ისე იქცევა, თითქოს უფრო პატარა ასაკის იყოს, უკვე ათვისებულ უნარ-ჩვევებს "ივიწყებს". მაგალითად, უმცროსი სასკოლო ასაკის ბავშვი თითის წოვას ან ენის მოჩლექით ლაპარაკს იწყებს. - ზედმეტი სიფხიზლე ან მომატებული აგზნებადობა. არამოტივირებული ზედმეტი სიფხიზლე იმაში ვლინდება, რომ ბავშვი თითქოს საკუთარ თავს დარაჯობს, მუდმივად დაძაბულია, ერთგვარ "მზადყოფნაშია", რათა ნებისმიერ მომენტში აირიდოს როგორც შინაგანი, ისე გარეგანი საფრთხე. მომატებული აგზნებადობის დროს ბავშვებს არ შეუ- ძლიათ ერთ ადგილზე გაჩერება, ვერ ისვენებენ. - გარიდების მცდელობა ყველაფრისგან, რაც ტრავმას უკავშირდება. ბავშვს არ სურს იფიქროს, მოყვეს მომხდარის შესახებ, ეშინია იმ ადგილებში ყოფნა, რომლებიც გადატანილ ძალადობას უკავშირდება. მაგალითად, გოგონა უარს ამბობს ლიფტით სარგებლობაზე, რადგან იგი გადატანილ სექსუალურ ძალადობას უკავშირდება . - გარემომცველი ადამიანებისადმი ნდობის დაკარგვა. ბავშვებს მუდმივად აქვთ საფრთხის განცდა. მათ ეშინიათ მოზრდილების, ამასთან, არა მარტო მამაკაცების, რომელთაგან უფრო ხშირია ძალადობა, არამედ ქალებისაც, მათ აშინებთ ახალი ყოფითი სიტუაციები. - შიშების არსებობა. შიში შეიძლება იყოს ბევრნაირი და ხშირად - ძალზე მძაფრად გამოხატული. ზოგიერთ ბავშვს ოთახში მარტო დარჩენის ეშინია, ზოგს - სიბნელის, მოზრდილი ადამიანების, მათ შორის, - ნაცნობებისაც, ქუჩაში სიარულის და მრავალი სხვა. - დეპრესიული მდგომარეობები, სუიციდური აზრები და მცდელობები. რაც უფრო მცირე ასაკისაა ბავშვი, მით უფრო დაფარულია მისი დეპრესიული განცდები. ბავშვმა შეი- ძლება არც თქვას, რომ ის ცუდ ხასიათზეა, მაგრამ დეპრესია ჩივილების სახით ვლინდება: "ჭამა არ მინდა", "თამაში არ მაინტერესებს". სანამ ბავშვს არ აქვს ჩამოყავლიბებული წარმოდგენები სიკვდილსა და სიცოცხლეზე, სუიციდის მცდელობა არ ჩნდება. ამიტომ 6-8 წლამდე ასაკის ბავშვებში სუიციდური ტენდენციები უკიდურესად იშვიათია. ხოლო მოზარდებში, რომლებმაც ძალადობა განიცადეს (განსაკუთრებით სექსუალური ძალადობა), ხშირად ჩნდება მდგრადი დეპრესიული განცდები, სიკვდილზე ფიქრი, სუიციდური მცდელობები. - აგრესიულობა. სხვებთან მიმართებაში. ბავშვს შეიძლება აღენიშნებოდეს გაღიზიანების "აფეთქებები", ის ვერ აკონტროლებს თავს, ჩხუბობს, სასტიკად ეპყრობა ცხოველებს, ბრაზობს და მრისხანებს. მაგალითად, თოჯინების დამტვრევისას ბავშვები აგლეჯენ სათამაშოს ხელებს, ფეხებს, თავს, უთხრიან თვალებს. აღსანიშნავია, რომ ბიჭებსა და გოგონებს განსხვავებული რეაქციები შეიძლება ჰქონდეთ: ბიჭები უფრო აგრესიულები არიან სხვების მიმართ, ხოლო მოზარდი გოგონები უმეტესად აგრესიას საკუთარი თავის წინააღმდეგ ავლენენ. - თვითდესტრუქციული ქცევისკენ მიდრეკილება. ბავშვი ზიანს, ფიზიკურ ტკივილს აყენებს საკუთარ თავს. ამით ის ცდილობს, გონება გაათავისუფლოს ფიზიკური და ფსიქიკური ტკივილისაგან, რეალურ ცხოვრებას დაუბრუნდეს. ფიზიკური ტკივილის გადატანა მისთვის უფრო იოლია, ვიდრე სულიერი ტკივილის. ამას გარდა, ბავშვი თვლის, რომ ის ცუდია და საკუთარ თავს ისჯის. - დისოციაციები. ბავშვი თითქოს საკუთარ თავს გამოჰყოფს სხეულისაგან და ფიქრებ- ში ეფლობა, სამყაროსადმი ემოციურ გულგრილობას ავლენს. ამგვარი მდგომარეობა ბავშვს შეიძლება უცებ გაუჩნდეს, თამაშის დროსაც კი, თუკი ვინმემ მას აწყენინა ან რაიმემ ტრავმა გაახსენა. გამოთიშულობის მდგომარეობა ძალზე ხამოკლეა, მაგრამ თუ ბავშვი ვერ იპოვის ადაპტაციის სხვა, უფრო კონსტრუქციულ ხერხებს და ხშირად მოიშველიებს პრაქტიკაში ამგვარ დაცვით მექანიზმს, ამან შეიძლება გამოიწვიოს პიროვნების გაორება, რამდენიმე "მე"-ს განცდა, თუმცა ეს საკმაოდ იშვიათად ხდება. ბავშვის თამაშზე დაკვირვება       ცვლილებები აისახება თამაშის თემატიკაში, შინაარსში, როლების შესრულების ხასიათში და თამაშისას გამომჟღავნებულ განცდებში. თამაშის მეშვეობით ბავშვმა შეიძლება ირიბად განაცხადოს თავისი პრობლემების შესახებ. ამასთან დაკავშირებით, თამაში შეიძლება იყოს როგორც ტრავმის აღმოჩენის, ისე ტრავმის გადამუშავების საშუალება.       გადატანილი ტრავმის გათამაშებისას ბავშვს თამშში ძალადობის ატრიბუტები შეაქვს. ფიზიკური ძალადობის შემთხვევაში ეს შეიძლება იყოს იარაღის გამოყენება, ჭრილობების მიყენება, თამაშის ძალადობრივი დასრულება (სიკვდილი). სექსუალური ტრავმისას ბავშვმა შეიძლება სექსუალური ქმედებები გაითამაშოს. ძალადობაგადატანილი ბავშვების თამაშებში ბევრი განმეორებადი კომპონენტია, ბავშვები კვლავ და კვლავ უბრუნდებიან გათამაშებულ სიტუაციებს, მოვლენებს, სიუჟეტებს. მშობლის/მეურვის ქცევაზე, ბავშვისადმი მის დამოკიდებულებაზე დაკვირვება       ძალადობის დიაგნოსტიკის დროს დიდი მნიშვნელობა აქვს ბავშვის თანმხლებ მოზრდილზე (მშობელი, მეურვე) დაკვირვებას (განსაკუთრებით, თუ ოჯახში ძალადობას ვიკვლევთ).       ოჯახში ფიზიკურ ძალადობაზე შეიძლება მიუთითებდეს მოზრდილის ქცევის შემდეგი თავისებურებები: - მშობელი/მეურვე არ თანამშრომლობს ექიმებთან; - ბავშვის ტრამვის სიმძიმე არ შეესაბამება ტრამვის მიღების შესახებ მონათხრობს; მონათხრობის დეტალები მუდმივად იცვლება; - ექიმთან მიმართვის გადადება (კვალის წაშლის მიზნით); - არაადეკვატური რეაქცია ბავშვის ტრავმაზე - ტრავმა ფასდება უფრო მსუბუქად ვიდრე არის ("ეს არაფერია, ბავშვია, ხან რას მიეჯახება და ხან რას!") ; - ტრავმის მიზეზს არ ხსნიან - "ჯადოსნური ტრავმები" ("უი, არ ვიცი, ეს საიდან აქვს"); - მშობლები აღნიშნავენ, რომ ბავშვმა თვითონ დაიზიანა თავი ან დაზიანება მიაყენა დამ ან ძმამ, მაგრამ მიღებული ტრავმა არ შეესაბამება ბავშვის ასაკობრივ შესაძლებლობებს, მაგ., ბავშვმა ჯერ არ იცის სიარული; - მკურნალი ექიმის და საავადმყოფოს ხშირი გამოცვლა; - მშობლის მონაყოლი ტრავმის მიღების შესახებ ძალიან მოკლეა, დეტალებს არ აკონკრეტებს; - ბავშვისადმი მუდმივად ზედმეტად კრიტიკული დამოკიდებულება - ბავშვის ნეგატიური დახასიათება ("საშინელი ბავშვია, შემარცხვენელი, დაუფიქრებელი"); - ბავშვის გაიგივება არასასურველ ნათესავთან ("კოპიო ჩემი დედამთილია, რომელმაც სიცოცხლე გამიმწარა", "ჩემს ძმას ჰგავს, რომელმაც მთელი ცხოვრება ციხეში გაატარა და რომელიც ჩვენი ოჯახისთვის სამარცხვინო ლაქაა" და ასე შემდეგ). - ბავშვის დადანაშაულება ან საჯარო დამცირება - საკუთარ წარუმატებლობებზე პასუხისმგებლობის ბავშვისთვის გადაბრალება ("ყველაფერს ჯინაზე მიკეთებს", "ეს რომ არ მყოლოდა, ოჯახი არ დამენგრეოდა", "მუშაობა ამის გამო ვერ დავიწყე, თორემ ისეთი მომავალი მქონდა...." და სხვა). საუბარი და გამოკითხვა (ბავშვის, მშობლის/მეურვის) ბავშვის მონათხრობი ძალადობის ფაქტის შესახებ       ძალადობის ფაქტზე ინფორმაციის შესაკრებად ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ბავშვის მონათხრობს საკუთარი თავის, გამოცდილების, გრძნობების, საკუთარი სხეულისადმი დამოკიდებულების შესახებ. სპეციალისტი აგროვებს პირდაპირ ან ირიბ ინფორმაციას ძალადობის შესახებ, ყურადღებას ამახვილებს იმაზე, თუ როგორ აღიქვამს ბავშვი საკუთარ თავს, თავის სხეულს, რას გრძნობს სხვადასხვა სიტუაციაში, შეინიშნება თუ არა არსებითი ცვლილებები მის ჩვევებში, ქცევაში, ცხოვრების სტილში. სკოლამდელი და უმცროსი სასკოლო ასაკის ბავშვებისთვის ამგვარი მოთხრობის შედგენა უფრო ადვილია თამაშის სიუჟეტზე ან ნახატზე დაყრდნობით.       ზოგჯერ ჩნდება კითხვა: შეიძლება თუ არა, რომ ბავშვმა თავისი მონათხრობით სპეციალისტი დააბნიოს, ტყუილი თქვას მის მიმართ მოზრდილის მიერ განხორციელებული ძალადობრივი ქმედებების შესახებ, მაგალითად, მოიტყუოს სექსუალური ძალადობის შესახებ? სინამდვილეში, ბავშვები ძალიან იშვიათად იტყუებიან იმის შესახებ, რომ მათ მიმართ ძალადობა განხორციელდა. ბავშვების უმეტესობა შეძრწუნებული და შეშინებულია, ბევრს არ ესმის, - რა მოხდა. მოძალადის მიმართ შიშის გამო ბავშვმა შეიძლება შეამციროს ძალადობის ხარისხი, აგრეთვე ეჭვი შეიტანოს იმაში, რომ მას ვინმე დაუჯერებს. მშობლის/მეურვის გამოკითხვა       ბავშვის მშობელთან/მეურვესთან საუბრისას სპეციალისტი იღებს ინფორმაციას გადატანილი ძალადობისა და ბავშვზე მისი ზემოქმედების ხარისხის შესახებ. აგრეთვე დიდი მნიშვნელობა აქვს იმის გარკვევას, თუ რამდენად იცნობს მშობელი თავის შვილს, რა დამოკიდებულება აქვს მის მიმართ და ძალადობის ფაქტის მიმართ. ამისათვის სპეციალისტმა მშობელს შეიძლება დაუსვას კითხვები: - როგორია თქვენი ბავშვი ? (თავდაჯერებული, გაუბედავი და ა.შ.) - რამდენად დამოუკიდებელია თქვენი ბავშვი? - როგორ მოქმედებს თქვენს ბავშვზე შენიშვნის მიცემა? - რამდენად კონტაქტურია გარემომცველებთან თქვენი ბავშვი? - არის თუ არა თქვენი ბავშვი "ოჯახის თვალი" ან ოჯახის რომელიმე წევრის რჩეული? - რა გაღიზიანებთ თქვენს ბავშვში? როგორ უმკლავდებით ამას? - როგორ საუბრობთ თქვენს ბავშვთან? პასუხობთ თუ არა მის გაუთავებელ "რატომს"? - როგორ სჯით ბავშვს და როგორ რეაგირებს ბავშვი დასჯაზე? - აძლევთ თუ არა ბავშვს საშუალებას, აზრი გამოთქვას, თუდაც ეს სისულელედ ჩათვალოთ? - რამდენად ხშირად აქებთ ბავშვს? რა შემთხვევებში და როგორ აქებთ? - როგორ რეაგირებს ბავშვი შექებაზე? - როგორ იქცევით, როცა ბავშვს პრობლემები აქვს? (საყვედურობთ, ეხმარებით, თვი- თონ უგვარებთ, სჯით და სხვა); - რა მიგაჩნიათ მთავრად და მნიშვნელოვნად თქვენს ცხოვრებაში? თქვენი შვილის ცხოვრებაში? - რა გაწუხებთ (საკუთარ თავთან, ბავშვთან, სიტუაციასთან მიმართებაში)? რა გიშლით ხელს იმაში, რომ ნორმალურად იცხოვროთ და თავი კარგად იგრძნოთ? - რა ზომები მიიღეთ არსებული პრობლემის გადასაჭრელად? ვის მიმართეთ დახმარებისთვის? რის მიღწევა შეძელით? - როგორ წარმოგიდგენიათ თქვენი მომავალი? თქვენი შვილის მომავალი? - გინდათ შეცვალოთ თქვენი ქცევა, რათა არსებული პრობლემა გადაჭრათ? მზად ხართ ცვლილებებისათვის (რაღაცაზე უარის თქმისათვის)? - ბავშვი ყვება შემთხვევის უსიამოვნო მოგონებების შესახებ? - ბავშვს გაუჩნდა ძილის ან დაძინების პრობლემები? - მეგობრებთან, კლასელებთან, მასწავლებლებთან როგორ ურთიერთობს? - აკეთებს ბავშვი ისეთ რამეებს, რაც მისთვის უმცროს ასაკში იყო დამახასიათებელი: მაგალითად, ცერა თითს წოვს, ითხოვს მშობლებთან დაწოლას, გაჩნდა ენურეზი და ა.შ. - როგორ უმკლავდება ბავშვი ჩვეულ საქმიანობებს (სასკოლო მეცადინეობები, საოჯახო საქმე)? - ბავშვი ცუდ სიზმრებს ხედავს? - აქვს ბავშვს ყურადღების კონცენტრაციის პრობლემები? - გაითამაშებს თუ არა ბავშვი მომხდარ ამბავს? (ხატავს ან იგონებს). შემოქმედებითი პროდუქციის, სიზმრების, სპეციალური ფსიქოდიაგნოსტიკური მასალის ანალიზი       ძალადობაგადატანილ ბავშვს დასახატად შეიძლება მიეწოდოს თემა "ჩემი ოჯახი", რომლის ანალიზი მოიცავს: - დახატული და რეალური ოჯახების შემადგენლობის შედარება; - ოჯახის წევრთა განლაგების ანალიზი; - დახატული ფიგურების თავისებურებათა ანალიზი; - ხატვის პროცესის ანალიზი. დახატული და რეალური ოჯახების შემადგენლობის შედარება       მოსალოდნელია, რომ ბავშვი, რომელიც ოჯახში თავს კარგად გრძნობს, ოჯახის ყველა წევრს დახატავს.       ოჯახის რეალური შემადგენლობის დამახინჯება ყოველთვის განსაკუთრებულ ყურადღებას საჭიროებს, რადგან მის უკან ყოველთვის ემოციური კონფლიქტი და ოჯახური სიტუაციით უკმაყოფილება დგას.       უკიდურეს ვარიანტებს წარმოადგენს ნახატები, რომლებშიც: - საერთოდ არ არიან გამოსახული ადამიანები; - გამოსახული არიან ოჯახთან დაუკავშირებელი ადამიანები.       ამგვარი რეაქციების უკან უმეტესწილად იმალება: - ოჯახთან დაკავშირებული ტრავმული განცდები; - უგულებელყოფის, მიტოვებულობის განცდები; - აუტიზმი (ანუ ფსიქოლოგიური გაუცხოება, რომელიც გამოიხატება გარემომცველ სინამდვილესთან ბავშვის არაკონტაქტურობასა და საკუთარ განცდათა სამყაროში ჩა- ძირვაში); - ხშირი შფოთვა, უსაფრთხოების განცდის დეფიციტი; - ბავშვთან ფსიქოლოგის (ვინც იკვლევს) ცუდი კონტაქტი.       ბავშვებს ოჯახის იმ წევრების დახატვა "ავიწყდებათ", რომლებიც მათთვის ემოციურად ნაკლებ მიმზიდველნი არიან, რომლებთანაც ხშირად აქვთ კონფლიქტური სიტუაციები. მათი არდახატვით ბავშვი თითქოს გაურბის ზოგიერთ ადამიანთან დაკავშირებულ ნეგატიურ ემოციებს.       ყველაზე ხშირად ნახატში აკლია ძმები და დები, რაც ოჯახში არსებულ კონკურენციულ სიტუაციებთან არის დაკავშირებული. ამით ბავშვი მშობლების მხრიდან სიყვარულისა და ყურადღების დანაკლისს სიმბოლურ სიტუაციაში ინაზღაურებს.       ზოგჯერ ოჯახის რეალური წევრების ნაცვლად ბავშვი პატარა ცხოველებს, ფრინველებს ხატავს. ყოველთვის უნდა დავაზუსტოთ, მათში ვის გულისხმობს ბავშვი. ხშირად ასე ხატავენ დებსა და ძმებს, რადგან ამ გზით ბავშვი ცდილობს შეზღუდოს, შეამციროს, გააუფასუროს მათი გავლენა ოჯახში და მათ მიმართ სიმბოლური აგრესია გამოავლინოს. თუ ბავშვი საკუთარ თავს არ ხატავს, ან ოჯახის ნაცვლად მხოლოდ საკუთარ თავს ხატავს, ესეც ემოციური ურთიერთობის დარღვევაზე მეტყველებს.       ორივე შემთხვევაში ბავშვი საკუთარ თავს ოჯახის შემადგენლობაში არ რთავს, რაც ერთიანობის გრძნობის არარსებობას მოწმობს. ნახატში "მე"-ს არარსებობა უფრო იმ ბავშვებისთვის არის დამახასიათებელი, რომლებიც ოჯახის წევრთა მხრიდან უგულებელყოფას, მიუღებლობას, უარყოფას გრძნობენ.       თუ ნახატში მხოლოდ "მე"- არის წარმოდგენილი, მისი ანალიზი ბავშვის სხვა ფსიქოლოგიურ მახასიათებელსაც გვაჩვენებს.       თუ "მე"-ს გამოსახულებაში ბევრი დეტალი, ფერი, დეკორატიული ტანსაცმელია, ფიგურა დიდი ზომისაა, - ეს ეგოცენტრულობაზე, ხასიათის ისტეროიდულ შტრიხებზე მიუთითებს. ხოლო თუკი "მე"-ს გამოსახულება პატარა ზომისაა, სქემატურია, ფერთა გამით ნეგატიური ფონია შექმნილი, შეიძლება ვივარაუდოთ მიტოვებულობის, უარყოფის გრძნობებზე, ზოგჯერ - აუტისტურ ტენდენციებზე.       ინფორმაციული შეიძლება იყოს ოჯახის წევრთა რაოდენობის გაზრდა, ოჯახის ნახატში გარეშე ადამიანების ჩართვა. როგორც წესი, ეს დაკავშირებულია ოჯახში დედისერთების დაუკმაყოფილებელ ფსიქოლოგიურ მოთხოვნილებებთან, ბავშვს უნდა სხვა ბავშვებზე იზრუნოს, უხელმძღვანელოს მათ (იგივე ინფორმაცია შეიძლება მოგვცეს ოჯახის წევრებთან დამატებით ძაღლის, კატის და ა.შ. დახატვამ).       მშობლების გარდა (ან მათ ნაცვლად) ოჯახთან დაუკავშირებელი სხვა მოზრდილების დახატვა მიუთითებს, რომ ბავშვი ოჯახში თავს კარგად არ გრძნობს, ადამიანს ეძებს, რომელიც მას ახლო ემოციური კონტაქტის მოთხოვნილებას დაუკმაყოფილებს; ეს ასევე შეიძლება იყოს უგულებელყოფის, უარყოფის, ზედმეტობის განცდის შედეგი. ოჯახის წევრთა განლაგება       იგი ოჯახში ურთიერთდამოკიდებულებათა ზოგიერთ ფსიქოლოგიურ თავისებურებაზე მიუთითებს. აუცილებელია განვასხვაოთ, რას ასახავს ნახატი - რეალურს, სასურველს, თუ იმას, რისიც ბავშვს ეშინია, რასაც გაურბის.       თუ ბავშვი ოჯახის წევრებს ერთობლივი საქმიანობის პროცესში ან ხელჩაკიდებულებს ხატავს, ეს ფსიქოლოგიური კეთილდღეობის ინდიკატორებია. ოჯახის წევრთა განცალკევებულად გამოსახვა შეიძლება ემოციური კავშირების დაბალ დონეზე მიუთითებდეს.       თუ ბავშვი ცდილობს, რომ ფიგურები ერთმანეთთან ახლოს განალაგოს და ისინი შეზ- ღუდულ სივრცეში (ნავი, პატარა სახლი და ა.შ.) ჩაატიოს, ეს შეიძლება მიუთითებდეს ბავშვის მცდელობაზე, გააერთიანოს, შეკრას ოჯახი.       თუ ნახატებში ოჯახის ნაწილი ერთ ჯგუფადაა გამოსახული, ხოლო ერთი ან რამდენიმე პირი მათგან განცალკევებულია, ეს მიუთითებს გაუცხოების, ჩაურთველობის გრძნობაზე. ოჯახის ერთი წევრის მოშორებით და განცალკევებულად დახატვა შეიძლება ნიშნავდეს მის მიმართ ბავშვის ნეგატიური დამოკიდებულებას, ზოგჯერ კი მისგან მომდინარე საფრთხეს. დახატული ფიგურების თავისებურებათა ანალიზი       ოჯახის თითოეული წევრის გრაფიკული გამოსახვის თავისებურებები დიდი დიაპაზონის ინფორმაციას იძლევა: ოჯახის წევრებისადმი ბავშვის ემოციური დამოკიდებულების, ბავშვის "მე"-ს წარმოდგენის, მისი სქესობრივი იდენტიფიკაციის შესახებ, იმის შესახებ, თუ როგორ აღიქვამს ბავშვი თითოეულ მათგანს და ა.შ.       ოჯახის წევრებისადმი ბავშვის ემოციური დამოკიდებულების შეფასებისას აუცილებლად უნდა მივიღოთ მხედველობაში:       1) სხეულის დეტალების რაოდენობა. დახატულია თუ არა: თავი, თმები, თვალები, თვალის გუგები, წამწამები, წარბები, ცხვირი, პირი, კისერი, მხრები, ხელები, ხელის მტევნები, თითები, ფრჩხილები, ტერფები;       2) დეკორი (ტანსაცმლის დეტალები და გაფორმება): ქუდი, საყელო, ჰალსტუხი, ბაფთები, ჯიბეები, ვარცხნილობის ელემენტები, ტანსაცმელზე ორნამენტები, ღილები;       3) ფიგურის დასახატად გამოყენებული ფერების რაოდენობა.       სხეულის უწვრილესი დეტალები, დეკორი, ბევრი ფერის გამოყენება ადამიანისადმი კარგ ემოციურ დამოკიდებულებაზე მიუთითებს.       გამოხატული სქემატურობა, ნახატის დაუმთავრებლობა, სხეულის მნიშვნელოვანი ნაწილების (თავი, ხელები, ფეხები) გამოტოვება ადამიანისადმი ნეგატიური დამოკიდებულების გარდა შეიძლება მის მიმართ აგრესიაზეც მიუთითებდეს.       როგორც წესი, ბავშვები ყველაზე დიდად ხატავენ მამას და დედას, რაც რეალობას შეესაბამება. ზოგიერთი ბავშვი ყველაზე დიდად ან მშობლების ზომის ტოლად საკუთარ თავს ხატავს.       ეს შეიძლება ნიშნავდეს, რომ:       ა) ბავშვი ეგოცენტრულია;       ბ) მშობელთა სიყვარულის მოსაპოვებლად "კონკურენტს” ეჯიბრება, მით უმეტეს, თუ "კონკურენტს" საერთოდ არ ხატავს ან პატარა ზომისას ხატავს.       ოჯახის სხვა წევრებთან შედარებით საკუთარ თავს გაცილებით პატარად ხატავენ ბავშვები, რომლებიც:       ა) გრძნობენ, რომ უმნიშვნელონი, ზედმეტები არიან;       ბ) მშობლების მხრიდან ზრუნვას საჭიროებენ.       მთელ ფურცელზე, დიდ ფიგურებს იმპულსური, თავდაჯერებული, დომინირებისაკენ მიდრეკილი ბავშვები ხატავენ. ძალიან პატარა ფიგურები დაკავშირებულია შფოთვასთან, საფრთხის გრძნობასთან.       ანალიზისას ყურადღება უნდა მივაქციოთ სხეულის ცალკეული ნაწილების ხატვას:       ხელები სამყაროზე ზემოქმედების, სხვა ადამიანთა ქცევის ფიზიკური კონტროლის ძირი- თადი საშუალებებია.       თუ ბავშვი საკუთარ თავს ხელებაწეულს, გრძელი თითებით ხატავს, ეს ხშირად აგრესიულ სურვილებთანაა დაკავშირებული.       ზოგჯერ ასეთ ნახატებს გარეგნულად წყნარი, მშვიდი ბავშვებიც ხატავენ. შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ბავშვი გარემომცველებისადმი მტრულ დამოკიდებულებას გრძნობს, მაგრამ მისი აგრესია დათრგუნულია. საკუთარი თავის ამგვარად დახატვით ბავშვი ასევე შეი- ძლება მისი სისუსტის კომპენსირებას ცდილობდეს, გამოხატავდეს სურვილს, იყოს ძლიერი, სხვებზე ძალაუფლება ჰქონდეს. ეს ინტერპრეტაცია უფრო უტყუარია მაშინ, როცა ბავშვი "აგრესიული" ხელების გარდა განიერ მხრებს და ძალის სხვა ატრიბუტებსაც ხატავს. ზოგჯერ ბავშვი ხელებს ოჯახის ყველა წევრს უხატავს, მაგრამ საკუთარი თავისთვის ხელების დახატვა "ავიწყდება". თუკი იმავდროულად ბავშვი საკუთარ თავს არაპროპორციულად პატარა ზომისას ხატავს, ეს შეიძლება უმწეობის გრძნობასთან, გარემომცველთა მხრიდან მისი აქტივობის დათრგუნვის, ზედმეტი კონტროლის შეგრძნებასთან იყოს დაკავ- შირებული.       თავი - "მე"-ს, ინტელექტუალური მოღვაწეობის ცენტრი; სახე - ურთიერთობის პროცესში სხეულის მნიშვნელოვანი ნაწილი.       თუ ნახატში გამოტოვებულია სახის ნაწილები (თვალები, პირი), შეიძლება ეს ურთიერ- თობის სფეროში სერიოზულ დარღვევებზე, გარიყულობაზე, აუტიზმზე მიუთითებდეს. თუ ოჯახის სხვა წევრების დახატვისას ბავშვი არ ხატავს თავს, სახის ნაკვთებს ან მთელი სახეს შტრიხავს, ხშირად ეს მოცემულ პირთან კონფლიქტებზე, მის მიმართ მტრულ დამოკიდებულებაზე მიანიშნებს.       დახატულ ადამიანთა სახის გამომეტყველება ასევე შეიძლება ამ ადამიანების მიმართ ბავშვის გრძნობების ინდიკატორი იყოს. საერთოდ, ბავშვები უმეტესად გაღიმებულ ადამიანებს ხატავენ. ეს ნახატებში ერთგვარი "შტამპია", მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ბავშვები ასე აღიქვამენ გარემომცველებს. სახის გამომეტყველება ოჯახის ნახატის ინტერპრეტაციისათვის მხოლოდ იმ შემთხვევაშია მნიშვნელოვანი, როცა ბავშვი სხვადასხვა გამომეტყველებას აძლევს სახეებს.       გოგონები უფრო მეტ ყურადღებას უთმობენ სახის დახატვას, ვიდრე ბიჭები. ეს გოგონების სქესობრივი კუთვნილების კარგ აღქმაზე მიუთითებს.       გოგონების ნახატებში ეს გარემოება შეიძლება უკავშირდებოდეს საკუთარი გარეგნობის წარმოჩენის, ფიზიკური ნაკლის დაფარვის სურვილს, ქალური ქცევის სტერეოტიპის ჩამოყალიბებას.       ბავშვებში, რომლებსაც ორალური აგრესიისკენ აქვთ მიდრეკილება, ხატვისას ხშირია კბილებისა და პირის გამოყოფა. თუ ბავშვი ამნაირად საკუთარ თავს კი არა, ოჯახის სხვა წევრს ხატავს, ხშირად ეს შიშის გრძნობასთან, ბავშვის მიმართ ამ ადამიანის მტრული დამოკიდებულებას უკავშირდება.       როგორც ბავშვების, ისე მოზრდილების ფიგურებში დეტალების გამოტოვება, როგორც წესი, გარკვეული ფუნქციების უარყოფაზე, კონფლიქტზე მიუთითებს.       სქესობრივი მიკუთვნებულობის მიხედვით ბავშვთა ნახატებში ორი სახის სქემა გამოიყოფა. მაგალითად, მამაკაცის ტანი ოვალური ფორმისაა, ქალის - სამკუთხედის ფორმის. თუ ბავშვი საკუთარ თავს ისევე ხატავს, როგორც მისი სქესის სხვა ფიგურებს, შეიძლება ვთქვათ, რომ სქესობრივი იდენტიფიკაცია ადეკვატურია. თუ ორი ფიგურის (მაგალითად, მამისა და ვაჟის) პრეზენტაციაში ანალოგიური დეტალები და ფერებია, ეს შეიძლება განვმარტოთ, როგორც ჯანსაღი ემოციური კონტაქტები, ვაჟიშვილის მისწრაფება, მამას ჰგავდეს. ხატვის პროცესის ანალიზი       ხატვის პროცესის ანალიზისას აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ:       ა) ოჯახის წევრთა დახატვის თანმიმდევრობა; ბ) დეტალების დახატვის თანმიმდევრობა; გ) წაშლა; დ) უკვე დახატულ ობიექტებთან, დეტალებთან, ფიგურებთან დაბრუნება; ე) პაუზები; ვ) სპონტანური კომენტარები.       ბავშვი ნახატში თავდაპირველად მისთვის ყველაზე მნიშვნელოვან, მთავარ ან ემოციურად ყველაზე ახლობელ ადამიანს ხატავს. ხშირად ეს არის დედა ან მამა. ის, რომ ხშირად ბავშვები თავდაპირველად საკუთარ თავს ხატავენ, ალბათ დაკავშირებულია მათ ეგოცენტრულობასთან, როგორც ასაკობრივ მახასიათებელთან. თუ ბავშვი თავდაპირველად არც საკუთარ თავს ხატავს და არც მშობლებს, არამედ ოჯახის სხვა წევრებს, ეს ნიშნავს, რომ ემოციურად ეს მისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი პიროვნებაა.       საყურადღებოა შემთხვევები, როცა ბავშვი ბოლოს ხატავს დედას. ხშირად ეს დედისადმი ნეგატიურ დამოკიდებულებასთანაა დაკავშირებული.       თუ თავდაპირველად დახატული ფიგურა ყველაზე დიდი ზომისაა, მაგრამ სქემატურია და დეკორი აკლია, ეს მიუთითებს, რომ ბავშვი ამ პირის მნიშვნელობას, ძალას, ოჯახში დომინირებას აღიქვამს, მაგრამ გულითადი ურთიერთობა არ აქვს. ხოლო თუ პირველი ფიგურა მონდომებითაა დახატული, დეკორითაა შემკული, შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ეს ოჯახის ყველაზე საყვარელი წევრია, რომელსაც ბავშვი პატივს სცემს და ბავშვს უნდა, რომ მას ჰგავდეს.       ზოგიერთი ბავშვი თავდაპირველად სხვადასხვა ობიექტს, მიწას, მზეს, ავეჯს ხატავს და მხოლოდ ბოლოს იწყებს ადამიანების დახატვას. შეიძლება ჩავთვალოთ, რომ დავალების შესრულების ამგვარი თანმიმდევრობა თავისებურ დაცვას წარმოადგენს, რომლის დახმარებით ბავშვი მისთვის უსიამოვნო დავალების შესრულებას გაურბის, აგვიანებს. ხშირად ეს არახელსაყრელი ოჯახური სიტუაციის მქონე ბავშვებთან აღინიშნება, მაგრამ ეს ასევე ბავშვთან ფსიქოლოგის ცუდი კონტაქტის შედეგი შეიძლება იყოს. უკვე დახატულ რომელიმე ფიგურასთან, ობიექტებთან, დეტალებთან დაბრუნება მიუთითებს, რომ ის მნიშვნელოვანია ბავშვისათვის.       გარკვეული დეტალების, ოჯახის წევრების დახატვის წინ პაუზები ხშირად კონფლიქტურ დამოკიდებულებასთან არის დაკავშირებული და შინაგანი წინააღმდეგობის მანიშნებელია.       არაცნობიერ დონეზე ბავშვი თითქოს წყვეტს, დახატოს თუ არა ნეგატიურ ემოციებთან დაკავშირებული ადამიანი ან დეტალი.       დახატულის წაშლა, ხელახლა დახატვა შეიძლება დადებით ემოციასაც უკავშირდებოდეს და უარყოფითსაც. გადამწყვეტი მნიშვნელობა ხატვის საბოლოო შედეგს აქვს. სპონტანური კომენტარები ხშირად ბავშვის მიერ დახატულის შინაარსს განმარტავენ. ამიტომ მათ ყურადღებით უნდა მოვუსმინოთ. ისინი ნახატის ემოციურად ყველაზე "დამუხტულ" ადგილებს ააშკარავებს. ეს ხატვის შემდეგ შეკითხვების წარმართვაში და თვითონ ინტერპრეტაციის პროცესშიც დაგვეხმარება. სიზმრების ანალიზი       ბავშვების სიზმრები სიმბოლური ხასიათისაა. ძალადობის გამოცდილება ბავშვის ძილში კოშმარული სიზმრებით აისახება, მაგრამ სიზმრების გმირებად ხშირად გამოდიან არა რეალური ადამიანები, რომლებისაც მათ ეშინიათ, არამედ მათი განმასახიერებელი სხვადასხვა ხატები: ვამპირები, რომლებიც ბავშვის სისხლს სვამენ, ეშმაკები, ჩონჩხები, ავი მგლები, ზღაპრული პერსონაჟები - კუდიანი დედაბერი, დევი და ასე შემდეგ. ბავშვებს ესიზმრებათ, რომ მათ ვიღაც სცემს, კლავს, აშინებს. ღამით ისინი ხშირად იღვიძებენ და ტირიან.       მოზარდები სიზმრებში ხშირად ხელახლა განიცდიან ძალადობის სცენებს: ისინი კვლავ და კვლავ აღმოჩნდებიან იმავე სიტუაციაში, იმავე მოძალადესთან, შიშისა და საშინელების იგივე განცდები აქვთ, ცივ ოფლში იღვიძებენ და ყვირილით ითხოვენ დახმარებას. ზოგჯერ მათ ესიზმრებათ რამდენადმე სახეცვლილი სიტუაცია: მაგალთად, მოძალადედ სულ სხვა ადამიანი იქცევა, ან ძალადობა რომელიმე უცხო ადგილზე ხდება, ან მთელი სიზმრის განმავლობაში ბავშვი მდევარისაგან გაქცევას ცდილობს. სპეციალური ფსიქოდიაგნოსტიკური მასალის ანალიზი       ძალადობის ფაქტების გამოვლენა და ბავშვების ემოციურ-პიროვნულ განვითარებაზე ძალადობრივი გამოცდილების შედეგების დიაგნოსტიკა შეიძლება ემყარებოდეს სპეციალურ კითხვარებს, პროექციულ მეთოდებსა და სხვა ტესტურ მასალას. გამოკვლევის ჩატარება, ანალიზი და ფსიქოდიაგნოსტიკური მასალის განხილვა სპეციალისტისაგან მოითხოვს ფსიქოდიაგნოსტიკის პრინციპებისა და პრაქტიკული ხერხების ცოდნას. ამიტომ სპეციალური დიაგნოსტიკური პროცედურები უნდა ტარდებოდეს ფსიქოლოგის ან ფსიქოთერაპევტის მიერ.       სკოლამდელი და უმცროსი სასკოლო ასაკის ბავშვებზე ძალადობის შემთხვევების გამოვლენისას განსაკუთრებით ეფექტურად ითვლება პროექციული მეთოდების გამოყენება. ეს მეთოდები ეფექტურია პატარა ბავშვებთან კონტაქტის დასამყარებლადაც. ბავშვები, ჩვეულებრივ, ინტერესით ასრულებენ ტესტურ დავალებებს და მათში თავიანთი შინაგანი სამყაროს, მოთხოვნილებებს, კონფლიქტებს, შფოთვას, სუბიექტურ განცდებს გამოხატავენ. ამასთან ამგვარი დავალების შესრულებისას სხვა ტესტებთან შედარებით ბავშვი ნაკლებად შეზღუდულია და მას გამოხატვის მეტი თავისუფლება აქვს.       ბავშვს შეიძლება შესასრულებლად შევთავაზოთ ქვემოთ ჩამოთვლილ პროექციული მე- თოდებიდან რამდენიმე მათგანი: - "თავისუფალი ხატვა"; - ლუშერის ტესტი; - "დაუმთავრებელი წინადადებები"; - "ავტოპორტრეტი"; - "არარსებული ცხოველი"; - "სახლი. ხე. ადამიანი"; - "ოჯახის კინეტიკური სურათი"; - "დახატე ადამიანი".       ბავშვების ნახატებისა და მონათხრობის ინტერპრეტაციისას ყურადღება უნდა მიექცეს არა მარტო შფოთვისა და კონფლიქტების საყოველთაოდ აღიარებულ ნიშნებს, არამედ სპეციფიკურ დეტალებსაც. მაგალითად, სექსუალური ძალადობის შემთხვევაში ბავშვების ნახატებში შეიძლება აქცენტები იყოს გაკეთებული ინტიმურ ზონებზე, ბავშვმა შეიძლება დახატოს შიშველი სხეული ან სხეულის ნაწილი, საგნები შეიძლება გამოსახული იყოს სასქესო ორგანოების სახით და სხვა. სიტუაციის უფრო ზუსტი შეფასებისთვის პროექციული მეთოდის მეშვეობით მიღებული მონაცემები უნდა შედარდეს სხვა მეთოდებით მიღებულ მონაცემებთან. ბავშვზე ძალადობის შემთხვევების გამოვლენისას და მათი შედეგების სიმძიმის შეფასებისას პროექციული მეთოდების გარდა შეიძლება გამოყენებულ იქნეს შფოთვის შკალა, დეპრესიის შკალა, აგრესიის შკალა, აგრეთვე სპეციალური ანკეტები და კითხვარები, მაგალითად, "ტრავმული სიმპტომების კითხვარი".       ამგვარად, ბავშვზე ძალადობის შემთხვევათა ამოცნობა და შეფასება რთული და საპასუხისმგებლო ამოცანაა, რომელიც კომპლექსურ მიდგომას და სხვადასხვა მეთოდის გამოყენებას მოითხოვს. რეკომენდაციები ბავშვზე ძალადობის შემთხვევათა გამოვლენისა და შეფასებისას       ძალადობაგანცდილი ბავშვის ფსიქოლოგიური შეფასება ითვალისწინებს გარკვეული მე- თოდებით სარგებლობას, რომელთა კომპლექსური გამოყენება ძალადობის ფაქტის შესახებ სარწმუნო დასკვნის გაკეთების საშუალებას იძლევა. სპეციალისტი, რომელიც ბავშვის პირველად გამოკვლევას ატარებს, ფსიქოდიაგნოსტიკის პრინციპებსა და ხერხებს უნდა ფლობდეს, ტრავმით გამოწვეულ სიმპტომებსა და ნიშნებში კარგად უნდა იყოს ორიენტირებული.       ბავშვზე ძალადობის დიაგნოსტიკისათვის ძირითადად შემდეგი მეთოდები გამოიყენება: - დაკვირვება (ბავშვის სომატურ მდგომარეობაზე, ქცევაზე, თამაშზე, მშობლის/ მეურვის ქცევაზე, ბავშვისადმი დამოკიდებულებაზე); - საუბარი, გამოკითხვა (ბავშვის, მშობლის/მეურვის); - ანალიზი (ბავშვის შემოქმედებითი პროდუქციის - ნახატი, მოთხრობა, ლექსი და სხვა, ბავშვის სიზმრების, სპეციალური ფსიქოდიაგნოსტიკური მასალის).       არსებობს რეკომენდაციები, რომლებიც აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ ბავშვზე ძალადობის შემთხვევათა გამოვლენისა და შეფასებისას: - იმის განსაზღვრისას, იყო თუ არა ძალადობის შემთხვევა სპეციალისტი მხოლოდ რომელიმე ერთ მეთოდს არ უნდა დაეყრდნოს და მან ნაჩქარევი დასკვნები არ უნდა გააკეთოს. - თუ სპეციალისტს ეჭვი უჩნდება ბავშვის სიტყვების სიმართლეში, მას შეუძლია ბავშვს სთხოვოს უფრო დაწვრილებით უამბოს რომელიმე ეპიზოდის შესახებ. - რთული თემის განხილვისას სპეციალისტმა მომხდარი უნდა დააფიქსიროს ჩანაწერების, აუდიო ან ვიდეოტექნიკის მეშვეობით. - რთულ სიტუაციებში სპეციალისტმა კონსულტაცია უნდა გაიაროს სხვა სპეციალისტებთან. - ძალადობის ზემოთ ჩამოთვლილი ქცევითი ნიშნები არ არის სპეციფიკური ძალადობისათვის. მხოლოდ მათ საფუძველზე ძალადობის დიაგნოსტიკა არ შეიძლება. - ძალადობის დაშვება შესაძლებელია, როცა: ეს სიმპტომები ფიზიკურ ნიშნებთან ერთად ჩნდება. ბევრი სიმპტომია და მათ წარმოშობას სხვა ახსნა არ მოეძებნება. მშობელთა ქცევა ეჭვს იწვევს. - დიაგნოსტიკის პროცესში სპეციალისტმა ტაქტი არ უნდა დაივიწყოს და იმ თემებზე ისაუბროს, რისთვისაც ბავშვი მზად არის, ბავშვის უსაფრთხოებაზე იზრუნოს. ძალადობის მსხვერპლი ბავშვის ფსიქოლოგიური პორტრეტი       ძალადობის მსხვერპლი ბავშვისთვის დამახასიათებელია:       დაბალი თვითშეფასება - ბავშვი ვერ აფასებს თავის რეალურ შესაძლებლობებს და თვლის, რომ არაკომპეტენტურია;       საკუთარი თავის დადანაშაულება - ბავშვი შეურაცხმყოფელი საქციელის მიზეზს საკუთარ თავში ეძებს: "რაღაც არასწორად გავაკეთე", "ჩემი ბრალია, ასე არ უნდა მეთქვა" და ა.შ.;       ძალადობის უარყოფა - ბავშვი მალავს ძალადობის ფაქტს ან საერთოდ უარყოფს ძალადობას;       შეგუებულია ძალადობას - ბავშვი თვლის, რომ ძალადობა ჩვეულებრივი რამაა, "ეს ასეც უნდა იყოს". კრიტიკულად ვეღარ აფასებს ურთიერთობას, პრობლემას და თვითონ ცდილობს "გამოსწორებას";       მარტოობის განცდა - ბავშვი თავს მიტოვებულად და მარტოსულად გრძნობს; საკუთარი ზედმეტობისა და უღირსობის განცდა - ბავშვი თავს უმნიშვნელო და უღირს ადამიანად თვლის, რომელიც ყურადღებას არ იმსახურებს;       სიძნელეები სკოლაში - უჭირს ყურადღების კონცენტრაცია, თანატოლებთან ნორმალური ურთიერთობა; თვლის, რომ თანატოლთაგან განსხვავდება და მისი ცხოვრებაც იმიტომ არის განსხვავებული;       სტრესული რეაქციები - ძილის დარღვევა, დეპრესია, თავის ტკივილი, შიში, შფოთვა, უიმედობა, ჩაკეტილობა და სხვა. ავტორი: ე. თავართქილაძე       გამოყენებული ლიტერატურა: Александровская, Э.М., Гильяшева Н.И. (1993). Психодиагностика детей и подростков. Барлас ,Т.В. (2003). Психодиагностика в психологическом консультировании: задачи и подходы. Журнал практической психологии и психоанализа. № 1. Венгер, А.Л. (2004). Симптоматические» рекомендации в психологическом консультировании Коттлер, Дж., Браун, Р. (2001). Психотерапевтическое консультирование. – СПб. Мэй, Р. (2001). Искусство психологического консультирования. –М. Романова, Е.С., Потемкина, О.Ф. (1991). Графические методы в психологической диагностике . М. Соломин, И.Л. (1999). Психологическое консультирование и тестирование . Журнал Черников, А.В. (1997). Интегративная модель системной психотерапевтической диагностики. Greenspan, S. I. (1981). The clinical interview of the child. New York: McGraw-Hill. Sattler, J. M. (1988). Assessment of children (3rd ed.). San Diego, CA: Sattler. …
დაამატა ლაშა to ფსიქოლოგია at 4:15pm on მარტი 17, 2017
თემა: საზოგადოების მეგრელიძისეული თეორია
თხის ზოგადი ექსპოზიციის" შესახებ და აკრიტიკებს ნატურალისტების თვალსაზირს (ი. პავლოვის სახით), იშველიებს კარლ მარქსს. საქმე ის გახლავთ, რომ ნატურალისტები, ფიზიოლოგები ადამიანის ცნობიერებას განიხილავენ ცხოველური ცნობიერების გაგრძელებად, უბრალოდ უფრო გართულებულ ფორმად. "ადამიანურ ბუნებაზე მათი შეხედულების თანახმად, ბუნების შესაბამისი ინდივიდი (იგ. ადამიანი) მათ წარმოუდგებათ არა ისტორიულად წარმოშობილად, არამედ თვით ბუნების მიერ მოცემულ ინდივიდად."[1] შესაბამისად "ნატურალისტები ცდილობენ ადამიანის ცნობიერება ახსნან იმავე პრინციპის საფუძველზე, რომელსაც იყენებენ ცხოველთა ქცევის ასახსნელად" (მეგრელიძე, გვ. 47). ამის პასუხად კიტა მეგრელიძე ცდილობს პავლოვის შეხედულებას, თითქოს ადამიანის აზროვნება ესაა "ორგანიზმის რეფლექსი გარკვეულ გამღიზიანებელზე", დაუპირისპიროს მარქზსის შეხედულება. კერძოდ, ჩვენი ავტორი ამ ტკიცებს, რომ "არსებობენ ობიექტები, რომლებიც მიეკუვნებიან ცოცხალ არსებათა სამყაროს, თუმცა არ შედიან ფიზიოლოგიის კომპეტენციაში. მაგალითად, არავინ დაიწყებს იმის მტკიცებას, რომ შეიძლება არსებობდეს საქონლის ფასების ფიზიოლოგია, სამართლის, სახელმწიფოს ფიზიოლოგია, ისევე როგორც შეუძლებელია არსებობდეს გრამატიკის ან ლოგარითმული აღრიცხვის ფიზიოლოგია. თუმცა, ეს არაფრით არ აკნინებს ფიზიოლოგიის მნიშვნელობას, არც ბიოლოგიას, არც საერთოდ ექსპერიმენტულ მეცნიერებებს (მეგრელიძე, გვ. 49)". ამ მოსაზრებას ამყარებს მარქსის ციტირებით: "მიწას, არავითარი საერთო არ აქვს მიწის რენტასთან, მანქანას - არაფერი საერთო მოგებასთან. მიწათმფლობელისთვის მიწას აქვს მხოლოდ მიწის რენტის მნიშვნელობა, იგი იჯარით გასცემს თავის ნაკვეთებს და იღებს საიჯარო ქირას; ეს თვისება შეიძლება მიწამ დაკარგოს ისე, რომ არ დაკარგოს არც ერთი თავისი თვისება, არ წაერთვას, მაგალითად, თავისი ნაყოფიერების თუნდაც ნაწილი".[2] კიტა მეგრელიძე ასევე გამორიცხავს ფსიქოლოგიის საშუალებით მსგავსი ობიექტების გააზრების შესაძლებლობას, რადგან ის თვლის, რომ "ადამიანთა არავითარ ფსიქიკას ან ფიზიოლოგიის ანალიზს არ შეუძლია აღმოაჩინოს ეს ობიექტები. მათ ფესვი არ უდგიათ არც ადამიანთა ცნობიერებაში, არც ნივთთა ფიზიკურ გარსში. ისინი არსებობენ ჩამოყალიბებულ საზოგადოებრივ ურთიერთობათა სახით (წარმოადგენენ სოციალური ცხოვრების პროდუქტებს)" (მეგრელიძე, გვ. 49). მიუხედავად იმისა, რომ კიტა მეგრელიძე იზიარებს ევოლუციის თეორიას და თვლის - "ადამიანის ისტორია მომდინარეობს ცხოველური მდგომარეობიდან ადამიანურისკენ" (მეგრელიძე, გვ. 50) და შეიძლება სწორედ ამდენად ადამიანური ცნობიერება ცხოველურიდან მომდინარეობდეს, ის მაინც შეუძლებლად მიიჩნევს, რომ თანამედროვე სამყაროში, როდესაც უკვე ადამიანური არსებობა დამკვიდრდა, მისი აზროვნება მივიჩნიოთ ცხოველური აზროვნების ნაირსახეობად.      "განვითარების ადამიანურ საფეხურზე ცნობიერება საზოგადოებრივ-ისტორიული წარმონაქმნია. ადამიანის ცნობიერება არის არსებობის არა ბიოლოგიური, არამედ სოციალური პირობების რეზულტატი. (მეგრელიძე, გვ. 50)"      მას შემდეგ, რაც საფუძვლიანად უპასუხა ფიზიოლოგთა შეხედულებას აზროვნების შესახებ, წიგნის ავტორი შეიძლება ითქვას სრულიად "გადაეშვა" მარქსიზმში და საზოგადოებას და საზოგადოებაში ადამიანის აზროვნებას მარქსის შეხედულებების თანახმად განიხილავს. წიგნის მეოთხე პარაგრაფს მთლიანად უთმობს მარქსის ციტირებას და ერთ ლოგიკურ იდეად გვთავაზობს:      "ცნობიერება იმთავითვე საზოგადოებრივი პროდუქტია, და ასეთივე დარჩება, სანამ ადამიანები არსებობენ."[3]      "კაცობრიობის ისტორია იმით განირჩევა ბუნების ისტორიისგან, რომ პირელი შექმნილია ჩვენს მიერ, მეორე კი არა". ვიკოს სიტყვები გადმოცემული მარქსის მიერ წიგნში "კაპიტალი"[4]      "ცხოვრებისათვის საჭიროა უწინარეს ყოვლისა საჭმელი და სასელი, ბინა, ტანსაცმელი და კიდევ ზოგიერთი რამ. ამრიგად, პირველი ინსტორიული აქტი - ეს არის ამ მოთხოვნილებათა დაკმაყოფილებისათვის აუცილებლად საჭირო საშუალებათა წარმოება, წარმოება თვით მატერიალური ცხოვრებისა. ამასთან ეს ისეთი ისტორიული საქმეა, ყოველი ისტორიის ისეთი ძირითადი პირობაა, რომელიც (ამჟამად ისევე, როგროც ათასეული წლების წინათაც) ყოველდღიურად და მუდმივ უნდა სრულდებოდეს - უკვე მარტო იმისთვის, რომ ადამიანებს ცხოვრება შეეძლოთ, თუნდაც რომ გრძნობადობა დაყვანილი იყოს, როგორც ეს წმიდნა ბრუნოსთანაა ისეთ მინიმუმზე, როგორიც კეტია - იგი გულისხმობს ამ კეტის წარმოებისაკენ მიმართულ მოქმედებას, ამიტომ ყოველი ისტორიული სინამდვილის გარკვევისას საჭიროა უპირველეს ყოვლისა გავითვალისწინოთ აღნიშნული ძირითადი ფაქტი მთელი მისი მნიშვნელობითა და მოცულობით და მივუჩინოთ მას ის ადგილი, რომელსაც იგი იმსახურებს."[5]      "ეს მოქმედება... ეს წარმოება იმდენადაა ღრმა საფუძველი მთელი გრძნობადი სამყაროსი, როგორც ეს უკანასკნელი ამჟამად არსებობს, რომ თუნდაც იგი მხოლოდ ერთი წლით შეწყვეტილიყო, მაშნ ფოიერბახი დაინახავდა უდიდეს ცვლილებებს არა მარტო ბუნების სამყაროში, - სულ მალე აღარ იქნებოდა ადამიანთა მთელი სამყაროც, მისი, ფიერბახის, საკუთარი უნარი ჭვრეტისა და თვით ისი საკუთარი არსებობაც კი"[6]      "ეს წარმოება წესით უნდა განვიხილოთ არა მარტო იმ მხრიდან, რომ იგი ინდივიდთა ფიზიკური არსებობის კვლავწარმოებას წარმოადგენს. კიდევ უფრო მეტად ეს არის მოცემული ინდივიდთა მოქმედების გარკვეული წესი, გარკვეული სახე მათი სასიციცხლო მოქმედებისა, მათი გარკვეული ცხოვრების წესი. როგორიცაა ინდივიდთა სასიცოცხლო მოქმედება, ისეთივენი არიან თვითნ ისინი. ის, რასაც ისინი წარმოადგენენ, ემთხვევა, მაშასადამე მათს წარმოებას - ემთხვევა როგორც იმას, რასაც ისინი აწარმოებენ, ასევე იმასაც, თუ როგორ აწარმოებენ ისინი. თუ რას წარმოადგენენ ინდივიდები, - ეს დამოკიდებულია, მაშასადამე, მათი წარმოების მატერიალურ პირობებზე"[7]      "... კაცობრიობის მთელი ისტორია სხვა არა არის რა, თუ არა ადამიანის შექმნა ადამიანური შრომით"[8]      "ეს ნამდვილი წანამძღვრებია, რომელთაგან აბსტრაჰირება მხოლოდ წარმოსახვაში შეიძლება. ეს ნამდვილი ინდივიდებია, მათი მოქმედება და მათი ცხოვრების მატერიალური პირობები, როგორც მათ მიერ მზად ნაპოვნი, ისე მათი საკუთარი მოქმედებით შექმნილი პირობები. ამრიგად, ამ წანამძღვართა დადგენა შეიძლება წმინდა ემპირიული გზით"[9]      და ბოლო ციტატა ამ პარაგრაფში      "ადამიანები შეიძლება განვასხვავოთ ცხოველებისგან ცნიერებით, რელიგიით - საერთოდ რითიგ გნებავთ. თვით ადამიანები ცხოველებისგა თავიანთი თავის განსხვავებას იწყებენ, როგორც კი ხელს ჰკიდებენ მათთვის აუცილებელ საარსებო საშუალებათა წარმოებას"[10]      თავად მეგრელიძე კი დაამატებს მარქსის მსჯელობას, "თავიანთ საარსებო საშუალებებებს რომ აწარმოებენ, ადამიანები არაპირდაპირ აწარმოებენ თავიან მატერიალურ ცხოვრებასაც, აწარმოებენ თავიანთ საზოგადოებრივ modus vivendi-ს, ქმნიან თავიანთ ისტორიას და თავიანთ აზროვნების წესს" (მეგრელიძე, გვ. 60)      ამ ციტატებზე დაყრდნობით შეიძლება ითქვას, რომ მეგრელიძის საზოგადოებისეული ხედვა სრულიად ეფუძნება და თანხმდება მარქსისტულ ხედვასთან. მაგრამ საგულისხმოა ის ფაქტი, რომ ზემოთ მოყვანილი ციტატები წარმოადგენს ადრეულ მარქსს ("Theses on Feuerbach” 1845; "Die Deutsche Ideologie”, 1845; "Wage Labour and Capital” 1847), მოგვიანებით ამას დაემატება ციტატები კაპიტალის პირველი ტომიდანაც ("Capital, Volume I” (Das Kapital); 1867), მაგრამ არ ციტირებს მის არცერთ კომუნისტურ იდეას. ალბათ ეს სრულიად გასაგებიცაა, რადგან მეგრელიძის მთავარი ამოცანაა აზრის სოციალური ფენომენოლოგია განსაზღვროს, ამისთვის კი პირველ რიგში სჭირდება მეცხრამეტე საუკუნის ბოლოს და მეოცეს დასაწყისში არსებული და მომძლავრებული ფსიქოლოგიური შეხედულებები დაძლიოს ადამიანის და საზოგადოების აზროვნების იქამდე არსებული კვლევის მეთდები შეცვალოს, დაუმტკიცოს მათი რომ ადამიანის ცნობიერება ემიჯნება ცხოველურ ინსტიქტებს არ შეისწავლება იმ მეთოდები რომელსაც აქამდე იყენებად ფიზიოლოგია ცხოველებთან მიმართებაში, და მხოლოდ ამის შემდეგ დაიწყოს უშუალოდ ცნობიერების ფენომენოლოგიური შესწავლა ჰუსერლის კვალდაკვალ. იქამდე, კი ვიდრე მას მომხრეები გაუჩნდებიან ფსიქოლოგიაში ჰუმანისტური თეორიის სახით, რომელიც სხვა არაფერი იყო თუ არა კვლავ მარქსზე და ფენომენოლოგიაზე მოსაზრდოვე იდეები, მეგრელიძეს უწევს მარქსზე დაყრდნობით დაასაბუთოს ადამიანის და საზოგადოების აზროვნების სოციალურობა.      "ადამიანი და ცხოველი ერთნაირად არიან დაკავშრებულნი გარემომცველ სამყაროსთან მატერიალუ-ნივთიერი კავშირებით, მაგრამ ბუნების ამ დოვლათის ათვისების წესში ადამიანი არსებითად განსხვავდება ცხოველისაგან:      ნივთიერებათა ცვლა ცხოველურ, აგრეთვე მცენარეულ ორგანიზმებსა ად ბუნებრივ გარემოს შორის უშუალოდ მიმდინარეობს. ცხოველები და მცენარეები მხოლოდ და მხოლოდ მომხმარებელნი არიან იმისა, რასაც იძლევა ბუნება, ან თავად არიან ბუნების სხვა ორგანიზმების მოხმარების ობიექტები. ამ აზრით ცხოველები მუდამ რჩებიან მხოლოდ მომხმარებლებად და არასოდეს არ სცილდებიან ამ ელემენტარული ურთიერთობის საზღვრებს.      ნივთიერებათა ცვლა ადამიანებსა და ბუნებას შორის ხდება არა პირდაპირ და უშუალოდ, არამედ საწარმოო ძალების მეშვეობით. ადამიანსა და ბუნებას შორის ჩნდება მთელი რიგი გამაშუალებელი რგოლებისა, ახალ ურთიერთობათა მთელი სამყარო (მთელი სოციალური სინამდვილე), რომელიც არ გვხვდება არსად ზოოლოგიურ სამყაროში. უშუალო მოხმარებით ურთიერთობა - ეს ელემენტარული "ჰედოსისტური" ურთიერთობა - აქტივობის დაბალი საფეხურია. ცხოველის უნარი მხოლოდ იმას სწვდება, რომ მიითვისოს მოცემული. ხოლო თუ საჭირო ობიექტები მზა სახით არ ეძლევა, ცხოველთა სახეობა წყვეტს არსებობას ან სახეცვლილებას განიცდის, გადაშენდება. ყოველგვარი მოხმარება თავისი არსებით ინდივიდუალურია. უშუალო მოხმარებითი ურთიერთობის საფუძველზე შეუძლებელია სოციალური კომპლექსის წარმოშობა. ამ ურთიერთობას არ შეუძლია ორგანიზმები გაიყვანოს ბუნებრივ-ბიოლოგიური ჯოგისა და გუნდის მდგომარეობის ფარგლებს გარეთ." (მეგრელიძე, გვ. 61-65) ამრიგად, მეგრელიძემ განმარტა ფიზიოლოგიურ დონეზეც, თუ როგორ ურთიერთობენ ცხოველები და ადამიანები გარემომცველ სამყაროსთან, და მხოლოდ ამის შემდეგ იწყებს საუბარს მოტივებზე და ცნობიერებაზე - რატომ ურთიერთობენ ადამიანები იმდაგვარად როგორადაც ურთიერთობენ? და როგორ იქმნება საზოგადოება?!      მეგრელიძე ცდილობს ეს საკითხები განიხილოს სხვადასხვა საფეხურზე:      შრომა და შრომის პროდუქტი; შრომის პროდუქტი საზოგადოებრივ ურთიერთობათა მატერიალური შუამავალია; შრომა და საზოგადოება, ურთიერთგანპირობებულობა; სოციალურ ურთიერთობათა თავისებურება; საზოგადოების განხილვას იწყება შრომით, როგორც ბუნებასთან ურთიერთობების ფორმებთან პირდაპირ კავშირშია მყოფი მოქმედებით და ამ უკანასკნელის (შრომის) განმარტებისას მეგრელიძე მარქსს მოიშველიებს:      "შრომა არის უწინარეს ყოვლისა პროცესი ადამიანსა და ბუნებას შორის, პროცესი, რომელშიც ადამიანი თავისი მოქმედებით განაპირობებს, აწესრიგებს და კონტროლს უწევს ნივთიერებათა ცვლას თავისსა და ბუნებას შორის. ბუნების ნივთიერებას თვით ადამაინი უპირისპირდება როგორც ნუნების ძალა. მას მოძრაობაში მოყავს თავისი სხეულის ბუნებრივი ძალები: ხელები და ფეხები, თავი და თითები, რათა ნუნების ნივთიერება საკუთარი არსებობისთვის გამოსადეგი ფორმით მიიღვისოს. როცა ის ამ მოძრაობის საშუალებით გარეშე ბუნებაზე ზემოქმედებას ახდენს და ცვლის მას, იგი ამავე დროს ცვლის საკუტარ ბუნებასაც... ჩვენ აქ შრომის პირველ ინსტიქტურ ცხოველისებურ ფორმას არ ვეხებით... შორეულ პირველყოფილ ხანას მიეკუთვნება ის მდგომარეობა, როდესაც ადამიანის შრომას ჯერ კიდევ ვერ ჩამოუშორებია თავისი პირვანდელი ინსტიქტური ფორმა. შრომას ჩვენ ვგულისხმობთ ისეთი ფორმით, რომლითაც იგი მხოლოდ და მხოლოდ ადამიანის კუთვნილებას შეადგენს"[11]      და მიმართებას ადამიანის შრომით ურთიერთობას ბუნებასთან და სხვა ინდივიდებთან, მეგრელიძე ხედავს შემდეგში: "შრომის პროდუქტი ისეთი ობიექტია, რომელსაც აქვს ადამიანის მიერ მიცემული სასარგებლო თვისებები და რომელიც, მაშასადამე ასრულებს ადამიანისთვის სასარგებლო სამუშაოს, ე.ი. საზოგადოებრივ ფუნქციებს." (მეგრელიძე, გვ. 67), შესაბამისად ყალიბდება ურთიერთობათა განსაკუთრებული სფერო, განსხვავებული ბიოლოგიურისგან, სახელდობრ, საციალური კოპლექსი და სოციალური ურთიერთობები.      ეს შრომითი პროცესის ერთი მხარეა, მეორე მხარეს კი ვხედავთ შემდეგს, რომ "ადამიანთა შრომის პროდუქტებისა და მატერიალური დოვლათის ეს სამყარო, ისევე როგორც თვით შრომა, შესაძლებელია მხოლოდ ადამიანების საზოგადოებრივ ურთიერთობათა გარკვეულ პირობებში და არა სხვანაირად." (მეგრელიძე, გვ. 78).      "ინდივიდი საზოგადოებრივი არსებაა, ამიტომ მისი სიცოცხლის გამოვლინება (თუნდაც იგი არ გამოიხატებოდეს კოლექტიური, სხვებთან ერთდროულად მიმდინარე, ცხოვრების გამოხატულების უშუალო ფორმით) არის საზოგადოებრივი ცხოვრების გამოვლინება და გამოხატულება. ადამიანის ინდივიდუალური და გვარობითი ცხოვრება არ განსხვავდება ერთმანეთისგან, თუნდაც ინდივიდუალური ცხოვრების ფორმა აუცილებლად იყოს საზოგადოებრივი ცხოვრების მეტ-ნაკლებად კერძო, ან საყოველთაო ფორმა." [12]      როგორც ზემოთ ვახსენეთ, კიტა მეგრელიძე ევოლუციის თეორიას იზიარებს და სწორედ მსჯელობის ამ მომენტიდან იწყებს განსაზღვრებებს ცნობიერებების საწყისი ფორმების შესახებ, ცხოველიდან ვიდრე ადამიანამდე, იქნება ეს ცნობიერების ბიოლოგიური ფესვები, ინსტიქტები და რეფლექსური მოქმედებები, ცხოველთა ინტელექტუალური მოქმედებები და ა.შ. და მიზეზი ამ განხილვისა, როგორც თავად ამბობს, არის ის "არასწორად დაყენებული და ფუჭი საკითხი" რომელიც შეიძლება ვინმე მზაკვარს გაუჩნდეს საზოგადოებისა და შრომის ურთიერთმიმართების შესახებ, კერძოდ "რა რას უსწრებს? შრომა უსწრებს საზოგადოებრივ წარმონაქმნს და აყალიბებს მას, თუ საზოგადოებრივი წარმონაქმნი წარმოშობს შრომას?" (მეგრელიძე, გვ. 83)      ჩვენთვის საინტერესო შეიძლება გახდეს ერთი ქვეთავი - "სოციალურ ურთიერთობათა თვისებრივი თავისებურება" სადაც მეგრელიძე მრავლად ციტირებს მარქსს-ენგელსს, რომელთა დახმარებითაც აკრიტიკებენ ფოიერბახის ფილოსოფიას და მის მოაზრებულ - განყენებულ ადამიანს.      "საზოგადოებაში მწარმოებელი ინდივიდები, მაშასადამე, ინდივიდების საზოგადოებრივად განპირობებული წარმოება, - არი რა არის აშკარად საწყისი პუნქტი (იგულისხმება საზოგადოებისა და შრომის მიმართება კვერცხი-ქათამის მზაკვრული შეკითხვის საპასუხოდ). განმარტოებული და განცალკევებული მონადირე და მეთევზე, რომლებითაც იწყებენ სმიტი და რიკარდო, მიეკუთვნებიან XVIII საუკუნის ფანტაზიას მოკლებულ ქიმერებს". (მარქსი)      ფოიერბახზე კი, იგივე მარქსი წერს - "იგი ფორმით რეალისტია; მისი ამოსავალი წერტილი ადამიანია ,მაგრამ კრინტსაც არ ძრავს იმ სამყაროზე რომელშიც ეს ადამიანი ცხოვრობს, და ამიტომ ეს ადამიანი იმავე აბსტრაქტულ ადამიანად რჩება, როგორც რელიგიის ფილოსოფიაში მოგვევლინა. ეს ადამიანი დედის საშოდან კი არაა დაბადებული, იგი მონოთეისტური რელიგიების ღმერთიდან გამოფრინდა პეპელასავით. ამიტომ იგი ნამდვილ, ისტორიულად წარმოშობილ და ისტორიულად განსაზღვრულ ქვეყანაში როდი ცხოვრობს; მართალია, მას ურთიერთობა აქვს სხვა ადამაინებთამ, მაგრამ თითოეული მათგანიც მასავით აბსტრაქტული არსებაა."[13]      მეგრელიძე თავადაც აკრიტიკებს ფოიერბახს - "მას სავსებით გამორჩა მხედველობიდან შემდეგი: რათა ადამიანებს შორის ურთიერთობა შესაძლებელი გახდეს როგორც ადამიანური სოციალური ურთიერთობა, ამისთვის არ კმარა მხოლოდ ინდივიდების არსებობა, არამედ აუცილებელია, რომ ამ ინდივდებს აერთიანებდეს ან თიშავდეს (რაც არსებითად ერთი და იგივეა) გარკვეული მატერიალური ინტერესები" (მეგრელიძე, გვ. 177).      მეგრელიძისთვის, ისევე როგორც მარქსისთის, საზოგადოების მნიშვნელობაა გაცილებით მაღალი კოეფიცინეტისაა, ვიდრე ცალ-ცალკე თითოეული ინდივიდისა. მიუხედავად იმისა რომ ორივე მათგანი აღიარებენ პირუკუ კავშირს ("ისევე როგორც საზოგადოება ქმნის ადამიანს როგორც ადამიანს, ასევე საზოგადოებას ქმნიან ადამიანები"[14]), მათი მთავარი იდეა მაინც სოციალიზაციის პროცესში მდგომარეობს ანუ ადამიანი ვითარდება და ადამიანად ყალიბდება სწორედ საზოგადოებაში. ასე მაგალითად, "ჩვენ ვამბობთ, რომ ადამიანისთვის სხვა ადაიანი ადამიანურად მისაწვდომი გახდა მხოლოდ იმის მეშვეობით, რომ გარეგნულად თავის მოქმედების ობიექტებში ადამიანის აზრების, მიზნებისა და ზრახვების განვითარების საშუალებით გამოვლინდა. ამ შემოქმედებით მოღვაწეობის გარეშე ცნობიერება დარჩებოდა ცალკეულ, თავისთავში ჩაკეტილ არსებად, მხოლოდ ცალკეული ინდივიდის სუბიექტურ მიღწევათა ფორმით და არ ექნებოდა შესაძლებლობა, გაეზიარებინა სხვისი გამოცდილება, მისაწვდომი ყოფილიყო სხვა ინდივიდებისათვის." (მეგრელიძე, გვ. 179)      ბოლოსკენ, შეიძლება კიდევ ერთ საკითხს შევეხოთ, ესაა "ხალხურობის" აღნიშვნა. იგულისხმება ხალხური მუსიკა, პოეზია, ლიტერატურა და ა.შ. აქ, წიგნის ავტორი და მარქსიც კვლავ ერთ იდეას იზიარებენ, რომ არ არსებობს ზღვარი ინდივიდუალურსა და საზოგადოებრივს შორის. თითოეული მითი, თუკი რომელიმე დისციპლინის მეცნიერთა აზრით წარმოადგენს ერთი ინდივიდს ფანტაზიის ნაყოფს და შემდეგ საზოგადოებაში გადასხვაფერებულ და ინტერპრეტირებულს, იგივე მეგრელიძე მიიჩნევს რომ "ეს წარმონაქმნები ოდესღაც საკულტო, რელიგიურ-მსოფლხედველობრივი მარტივი მოტივების სხვადასხვა გამოვლინებაა. რომ ინდივიდუალურად ეს მოტივები არავის არ შეუქმნია და არ შეუთხზავს, ისევე როგორც შეუძლებელია ცალკეული ადამიანის გნოემბამ თავისი ფანტაზიით მიაღწიოს "ეშმაკის", "სულის" ან სხვა რაიმე მსგავსი იდეის გამოგონებას" (მეგრელიძე, გვ. 404)      მარქსი კიდევ უფრო აფერმკრთალებს ადამიანის ინდივიდუალური მოღვაწეობის საზღვრებს, ამბობს - "მაშინაც კი, როცა ხელს ვკიდებ მეცნიერულ და ა.შ. საქმიანობას, - საქმიანობას, რომელიც შემიძლია შევასრულო თვითონ, სხვებთან უშუალო ურთიერთობის უქონლად, - მაინც საზოგადოებრივად ვიქცევი, რადგან ვმოქმედებ როგორც ადამიანი, საზოგადოებრივი პროდუქტის სახით არა მარტო მეძლევა ჩემი საქმიანობისთვის მასალა, - მაშ შორის თვით ენაც, რომლის დახმარებითაც ვლინდება მოაზროვნის საქმიანობა, - არამედ ჩემი საკუთარი ყოფიერებაც, საზოგადოებრივი საქმიანობა: ამიტომ რასაც ჩემით ვქმნი, ჩემით ვქმნი საზოგადოებისთვის..."[15]      ბოლო, შეჯამების ციტატა, რომლითაც შეიძლება მარტივად გამოისახოს მეგრილიძესეული საზოგადოება:      "ყოველგვარ, თნადც კერძო და ინდივიდუალურ შრომაში, ადამიანი, რამდენადაც იგი რაღაცას აწარმოებს, მუდმივად ახდენს თავისი ინდივიდუალური ენერგიის სოციალიზაციას მის მიერ შექმნილ შრომის პროდუქტებში, მაშასადამე, შრომის ყოველ აქტში აისახება მისი საზოგადოებრივი ხასიათი." (მეგრელიძე, გვ. 83) ლაშა ჩილინდრიშვილი გამოყენებული ლიტერატურა • მეგრელიძე კ., აზრის სოციალური ფენომენოლოგია. თბილისი. 1990 [1] კ. მარქსი, პოლიტიკური ეკონომიკის კრიტიკისათვის, თბ., 1953, გვ. 256 [2] К. Маркс и Ф. Енгелс, Немецкая Идеологиа, М,. 1933, с 209. [3] კ. მარქსი და ფ. ენგელსი, გერმანული იდეოლოგიიდან, თბ., 1948, გვ. 31 [4] კ. მარქსი, კაპიტალი, ტ. 1, თბ., 1954, გვ. 472. [5] კ. მარქსი და ფ. ენგელსი, რჩეული ნაწერები სამ ტომად, ტ. 1, თბ., 1975, გვ. 24 [6] იქვე, გვ. 22 [7] იქვე, გვ. 11 [8] К. Маркс и Ф. Енгелс, Сочинения, т. III, М,. 1929, с. 632 [9] იქვე, c. 10 [10] კ. მარქსი და ფ. ენგელსი, რჩეული ნაწერები, ტ. 1, თბ., გვ. 11 [11] კ. მარქსი, კაპიტალი, ტ. 1, გვ. 228. [12] К. Маркс и Ф. Енгелс, Сочинения, т. III, с. 624 [13] კ. მარქსი და ფ. ენგელსი, რჩეული ნაწერები ორ ტომად, ტ. II, თბ., 1964, გვ. 405. [14] К. Маркс и Ф. Енгелс, Сочинения, т. III, с. 623 [15] К. Маркс и Ф. Енгелс, Сочинения, т. III, с. 624…
დაამატა ლაშა to ფილოსოფია at 5:19pm on აპრილი 22, 2015
თემა: ფსიქოლოგია ემპირიასა და რაციოში
VIII საუკუნეში ჩამოყალიბდა. ის ცარიელ ადგილას არ წარმოქმნილა, წინა საუკუნეში იგი სპინოზამ, ჰობსმა და ლოკმა შეამზადეს. ამ უკანასკნელმა შემოიტანა ტერმინი “ასოციაცია”, ე.წ. ასოციაციის კანონები კი ჯერ კიდევ არისტოტელეს მიერ იყო დამუშავებული. სწორედ ასოციაციონიზმის განვითარებამ მოამზადა ნიადაგი იმისთვის, რომ ფსიქოლოგიას ფილოსოფიური ორიენტაცია თანდათან კვლევითმეცნიერულით შეეცვალა და XIX საუკუნის მეორე ნახევრიდან სრულფასოვანი დამოუკიდებელი დისციპლინის სახით დამკვიდრებულიყო. XVIII საუკუნის ბრიტანული ასოციაციური ფსიქოლოგიის ჩამოყალიბებაში ყველაზე დიდი წვლილი შეიტანა ჰიუმმა და, განსაკუთრებით, ჰერტლიმ. ხოლო იმ დროის ერთ-ერთმა უდიდესმა ბრიტანელმა ფილოსოფოსმა ბერკლიმ, მართალია ნაკლები გავლენა მოახდინა ემპირიული ფსიქოლოგიის ასოციაციურ მოძღვრებაზე, მაგრამ აღქმის ფსიქოლოგიის ზოგიერთი საკითხის დასმასა და გააზრებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა.       ჯორჯ ბერკლი (1685-1753) დაიბადა ირლანდიაში, იქვე მიიღო განათლება. მან ბევრი იმოგზაურა, იყო საკმაოდ გავლენიანი ფილოსოფოსი და რელიგიური მოღვაწე (ეპისკოპოსი). ახალგაზრდობაშივე დაწერა ორი ნაშრომი, რომლებიც საინტერესოა ფსიქოლოგიური თვალსაზრისით, ესენია: “ესსე მხედველობის ახალ თეორიაში” (1709) და “ტრაქტატი ადამიანური შემეცნების პრინციპების შესახებ” (1710).       ბერკლის ფილოსოფია სუბიექტური იდეალიზმია. დეკარტედან მომდინარე დუალისტურ თვალსაზრისს ორი განცალკევებული სამყაროს შესახებ, ბერკლიმ დაუპირისპირა “ახალი პრინციპი”, რომლის თანხმად, სუბიექტისაგან დამოუკიდებლად არსებული საგნების სამყაროზე ლაპარაკი აზრს მოკლებულია: საგანთა არსებობა (ყოფიერება) არის მათი აღქმა, აღქმულობა (სსე ესტ პერციპი).       მატერიის ცნება, როგორც სუბსტანციისა, საგანთა მიღმა მყოფი არსისა, უაზრობაა. იგი შემეცნებისთვის არ გამოდგება, ვინაიდან არაფერს მატებს საგანთა თვისებებს იმაზე მეტს, რაც შეიძლება მოგვცეს გრძნობადმა აღქმამ. მატერია უზოგადესი ცნებაა, რომელიც ინდივიდუალურ საგნებში არ არსებობს. ცოდნა ინდივიდუალური საგნებზე უნაშთოდ იშლება მის გრძნობად თვისებებად (ის მათი ჯამია). აქ მატერიისთვის, როგორც დამატებით მოცემული სუბსტანციისთვის, ადგილი არ რჩება, ის არც აღიქმება და არც მოიაზრება. ბერკლი ნომინალისტია - იგი ზოგადის რეალურ არსებობას უარყოფს, ხოლო თუ არ არსებობს ზოგადი, მაშინ არც მატერია არსებობს.       რეალურად არსებობს მხოლოდ იდეები. წარმოშობის თვალსაზრისით ისინი ოთხ ჯგუფად იყოფა: 1) შეგრძნებებით მიღებული იდეები; 2) იდეები, რომლებიც სულის მოქმედების ან მდგომარეობის საფუძველზე აღმოცენდება (განცდები); 3) წარმოსახვის საფუძველზე შექმნილი იდეები და 4) იდეები, რომლებიც ზემოთ დასახელებული იდეების შეერთების შედეგად წარმოიქმნება. ამგვარად, გონებას შეადგენენ შეგრძნებები, სულიერი განცდები და მათ საფუძველზე შექმნილი წარმოდგენები.       ამოსავალი ყველა იდეისთვის არის შეგრძნება, გრძნობადი აღქმა. ბერკლი სენსუალისტია, რაც თავისთავად ბუნებრივია იმ მოაზროვნისთვის, რომელიც საგანთა არსებობას მათ აღქმადობასთან აიგივებს. ერთადერთი, რისი მოცემულობის შესახებაც ადამიანმა ნამდვილად იცის, მისი შინაგანი გამოცდილებაა, პირველ ყოვლისა, შეგრძნებით მიღებული იდეებია. ადამიანი დარწმუნებით ვერაფერს იტყვის საგნებისა და მათი თვისებების ობიექტური, სუბიექტისაგან დამოუკიდებელი არსებობის თაობაზე. “მაგიდა, რომელზეც მე ვწერ, არსებობს. ეს იმას ნიშნავს, რომ მე მას ვხედავ, მე მას ვეხები. მე რომ ჩემს სამუშაო ოთახში არ ვყოფილიყავი, ვიტყოდი: მაგიდა არსებობს ოთახში და ვიგულისხმებდი, რომ ოთახში რომ ვყოფილიყავი, მე მას აღვიქვამდი ან რომელიმე სხვა სული აღიქვამდა მას”. თუ ავტორის ამ მაგალითს გავყვებით, შეიძლება ვთქვათ, რომ მაგიდას, პრინციპში, შეუძლია აღძრას ფორმის, მოცულობის, სიმკვრივის, ფერის, სუნის, ტემპერატურისა და სხვა შეგრძნებები მათი შესაბამისი იდეებით. ლოკის მიხედვით, ზოგი მათგანი ამ საგნის ობიექტურ თვისებას ასახავს ანუ თვით ობიექტის კუთვნილებაა (პირველადი თვისება), ზოგიც მხოლოდ სუბიექტის, დამკვირვებლის, მისი გონებისა თუ სენსორული აპარატის უნარებს გამოხატავს (მეორადი თვისება).       ავითარებს რა ლოკის აზრს, ბერკლი ფიქრობს, რომ პირველადი და მეორადი თვისებების განცალკევება არ შეიძლება; პირველადი თვისებები დაკავშირებულია მეორადთან (მაგ., შეუძლებელია ფიგურას არ ჰქონდეს რაიმე ფერი, თუნდაც თეთრი ან შავი). ამიტომ თუ მეორადი თვისებები გონებაშია (გონების პროდუქტია), რა საფუძველი გვაქვს ვიფიქროთ, რომ პირველადი თვისებებიც არაა ასეთი წარმოშობისა? მით უფრო, რომ შეხედულება პირველად თვისებებზე ეყრდნობა რწმენას განფენილი მატერიალური სუბსტანციის არსებობის შესახებ (საგანთა პირველადი თვისებები განფენილობიდანაა წარმოებული); ამ რწმენის უსაფუძვლობაში კი ბერკლის ეჭვი არ ეპარება.       რამდენადაც საგნების თვისებების დამადასტურებელი შეგრძნებები გონებაშია, თვით საგნებიც სხვა არაფერია, თუ არა ამ შეგრძნებათა შესატყვისი იდეების კრებადობა. ისინი, როგორც წესი, მყარ კომბინაციებს ქმნიან, მათ ერთ სახელს ვუწოდებთ და, ამიტომ, ერთ საგნად მივიჩნევთ. მაგალითად, აღვიქვამთ რაიმე ფერს, გემოს, სუნს, ფორმას, კონსისტენციას, რაც ერთდროულადაა მოცემული და ამას ვუწოდებთ “ვაშლს”. იდეათა სხვა კრებული არის ქვა, ხე, წიგნი, სახლი და ა.შ. შეგრძნებათა ეს ერთიანობები იწვევენ სიხარულს ან მწუხარებას იმის მიხედვით, სასიამოვნოა ისინი ჩვენთვის თუ უსიამოვნო. თითოეული შეგრძნებიდან მომდინარე იდეა სხვა იდეებისაგან გამიჯნული და განსხვავებულია, მაგრამ, ვინაიდან ისინი ყოველთვის ერთდროულად გვეძლევა, ერთი საგნის იდეად ერთიანდებიან. ამ იდეათა შეკავშირების მექანიზმი, არსებითად, ასოციაციურია (მეზობლობის ასოციაცია), თუმცა იგი ბერკლისთან ჯერ კიდევ არ არის სათანადოდ გააზრებული და ფორმულირებული.       ბერკლის მოძღვრების მთავარი პრინციპი გულისხმობს საგნის არსებობის დაყვანას მის აღქმადობაზე. აქედან გასაგებია, რომ აღქმის, პირველ ყოვლისა, მხედველობითი აღქმის საკითხს იგი საგანგებო ყურადღებას აქცევს. მისი ერთ-ერთი მთავარი თხზულება მხედველობითი აღქმის ახალი თეორიის აგების მცდელობაა. მასში მართლაც არის მრავალი სიახლე, განსაკუთრებით, სივრცის აღქმის გააზრების თვალსაზრისით. მანამდე თვლიდნენ, რომ საგნების სივრცით თვისებებს - სიდიდეს, დაშორებულობას, ფორმას, ადგილმდებარეობას და სხვას - ჩვენ უშუალოდ ვხედავთ, ისევე როგორც ფერებს. ბერკლის მართებულად მიაჩნია, რომ ასეთი გაგება არ არის ადეკვატური. თავის მტკიცებებში ბერკლი ძირითადად ეყდნობა თვითდაკვირვებას, რამდენადაც “ყოველი თვითონ არის საუკეთესო მსაჯული იმისა, რას აღიქვამს და რას არა”. ბერკლი არ კმაყოფილდება თვითდაკვირვებით და, ლოგიკურ მსჯელობასთან ერთად, იყენებს არსებულ დაკვირვებებს დაბადებიდან ბრმა ადამიანებზე, რომელთაც თვალი აეხილათ. ეს მის არგუმენტაციას უფრო დამარწმუნებელს ხდის. ჯერ ერთი, მანძილი არ აღიქმება უშუალოდ თვალით თუნდაც იმიტომ, რომ მანძილი რაიმე ობიექტამდე არის თვალის მიმართ პერპერდიკულარული ხაზი, რომელიც პროექციაში იძლევა მხოლოდ წერტილს. აქ მნიშვნელობა არა აქვს, თუ რა მანძილია ობიექტამდე. მეორეც, ის უსინათლოები, ვისაც მხედველობა დაუბრუნდა, უშუალოდ სივრცეს ვერ ხედავენ და მხოლოდ თანდათან ეჩვევიან ამას. ეს განსაკუთრებით მესამე განზომილების აღქმას ეხება.       მაშასადამე, განფენილი სხეულები სამ განზომილებაში მხოლოდ მხედველობით არ აღიქმება. ამაში უდიდეს როლს ასრულებს შეხებითი და თვალის მოძრაობასთან დაკავშირებული კუნთური შეგრძნებები, რომლებიც უკავშირდებიან მხედველობით შეგრძნებებს. მათ შესაბამის იდეებს შორის ასოციაციური კავშირი გამეორებათა სიხშირის გამო მყარი ხდება. ამრიგად, ის, რასაც ჩვენ სივრცის მხედველობით აღქმას ვუწოდებთ, სინამდვილეში წარმოადგენს მხედველობის, შეხებისა და კუნთური შეგრძნებების კომბინაციას. როგორც ვხედავთ, მინიშნება აქაც ასოციაციის მექანიზმზე კეთდება.       ბერკლი გამოყოფს და განიხილავს რამდენიმე ფაქტორს, რომლებიც განაპირობებენ სივრცის აღქმის სიზუსტეს. მათ შორის გადამწყვეტია ე.წ. “მანძილი გუგებს შორის”, რომელიც ცვალებადობს ობიექტის დაშორების შესაბამისად (დღევანდელი ტერმინოლოგიით, ეს არის კონვერგენცია ანუ თვალების ღერძების კოორდინირებული შებრუნება შიგნით) და ე.წ. “თვალის დაძაბვა” (დღევანდელი ტერმინოლოგიით, ეს არის აკომოდაცია ანუ ბროლის ჩაზნექა და ამოზნექა საგნის დაშორების შესაბამისად). თანამედროვე შეხედულების მიხედვითაც, მხედველობითი აპარატის ამ მოძრაობებთან დაკავშირებული კუნთური შეგრძნებები, საკუთრივ ოპტიკურ შთაბეჭდილებასთან ერთად, უდიდესწილად განსაზღვრავენ სივრცის (განსაკუთრებით, რელიეფის, სიღრმის) აღქმას, ამიტომ მათ პირველად ფაქტორებს უწოდებენ. გამოიყოფა, აგრეთვე, ე.წ. მეორადი ფაქტორები. უნდა აღინიშნოს, რომ ბერკლი იყო პირველი, ვინც ზოგიერთ მათგანზე მიუთითა. მაგალითად, მან აღნიშნა, რომ მანძილის შეფასების სიზუსტე მატულობს, თუ აღმქმელსა და საგანს შორის სხვა ობიექტებიც არის განლაგებული (დღეს ამას სივრცის შევსებულობა ჰქვია); ბერკლიმ იმასაც მიაქცია ყურადღება, რომ მანძილის მატებასთან ერთად ობიექტის გამოსახულება ბუნდოვანი ხდება და ადამიანი ამ გამოცდილებას მანძილის შეფასებისას ითვალისწინებს (დღეს ამას ჰაერის პერსპექტივის ფაქტორის ზემოქმედებით ხსნიან). ერთი სიტყვით, ბერკლიმ სავსებით მართებულად მიუთითა სივრცის აღქმის ფაქტორებზე, თუმცა, ცხადია, არ ესმოდა აქ მოქმედი ფიზიკური, ფიზიოლოგიური და ფსიქიკური მექანიზმების ბუნება. ეს მხოლოდ მომდევნო საუკუნეებში გაირკვა. ბერკლი სწორად მიხვდა იმასაც, რომ სივრცის აღქმა უპირატესად შეძენილი უნარია (ამას შემდგომში გენეტიზმი ეწოდა). მან ასევე, მართებულად მიანიშნა, რომ სივრცის აღქმა რამდენიმე შეგრძნების გაერთიანებული მოქმედების შედეგია, ანუ ინტერმოდალური ხასიათისაა. ბერკლის ხაზი მეცხრამეტე საუკუნის ასოციაციონიზმში განაგრძო ა. ბეინმა, რომელიც სპეციალურად აღნიშნავდა კუნთური შეგრძნების როლს სივრცის აღქმაში.       შემდეგი ბრიტანელი, რომელმაც ფსიქოლოგიაზე კიდევ უფრო მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა, ვიდრე ბერკლიმ, იყო დევიდ ჰიუმი (17111766). ჰიუმი დაიბადა ედინბურგში. ერთხანს სწავლობდა იქვე უნივერსიტეტში, შემდეგ კი განათლების მიღება განაგრძო საფრანგეთში. ინგლისში დაბრუნების შემდეგ თავი მრავალ სფეროში გამოსცადა: მუშაობდა ბიბლოთეკარად, ადვოკატად, დიპლომატად, ბავშვის მასწავლებლად მდიდარ ოჯახში. დაწერა არაერთი პუბლიცისტური ესსე და ინგლისის რვატომიანი ისტორია. ჰიუმის მთავარი ფილოსოფიური და ფსიქოლოგიური თხზულებებია “ტრაქტატი ადამიანის ბუნების შესახებ” (1739) და “გამოკვლევა ადამიანის შემეცნების შესახებ” (1748).       ჰიუმის ფილოსოფიაში ფსიქოლოგიურ პრობლემატიკას დიდი ადგილი უკავია. ეს გასაგებიცაა. როგორც თანმიმდევრული სუბიექტური იდეალისტი, იგი სრულებით უარს ამბობს ობიექტური სამყაროს შესახებ მსჯელობაზე და მთლიანად სუბიექტური სინამდვილის ანალიზით იფარგლება. ჰიუმი, ლოკის მსგავსად, ადასტურებს მარტივი და რთული იდეების არსებობას და ამ უკანასკნელთა წარმოქმნის ასოციაციურ პრინციპს უფრო ჩამოყალიბებულ სახეს აძლევს. ასევე, მეტი ადეკვატურობით გამოირჩევა ცნობიერების შინაარსების ჰიუმისეული ანალიზიც. მთელ შინაგან გამოცდილებას, ცნობიერების მდგომარეობათა ერთობლიობას მან პერცეფცია უწოდა და ორ კლასად დაყო: შთაბეჭდილებებად და იდეებად. “შთაბეჭდილებებში” იგულისხმება შეგრძნებები, გრძნობები და ვნებები. “იდეები” კი არის შთაბეჭდილებათა მკრთალი სურათები ან ასლები ჩვენს გონებაში. ამგვარ გამიჯვნას პრინციპული მნიშვნელობა ჰქონდა. მისი წყალობით, როგორც თვითონ ავტორი აღნიშნვს, სიტყვა “იდეამ” თავდაპირველი მნიშვნელობა დაიბრუნა, რომელიც მას ლოკმა დაუკარგა, ვინაიდან შეგრძნებებსაც იდეებს უწოდებდა. იდეა არის ისეთი განცდა, რომელიც არსებობს მისი შესაბამისი საგნის სუბიექტზე უშუალო ზემოქმედების გარეშე. ფსიქოლოგიის თვალსაზრისით ის იგივეა, რაც წარმოდგენა. ეს ტერმინი დღესაც ამ მნიშვნელობით იხმარება, რასაც ვერ ვიტყვით ტერმინ “შთაბეჭდილების” ჰიუმისეულ გაგებაზე.       შთაბეჭდილება და იდეა განცდის ორი სახესხვაობაა. მათი გამიჯვნის ძირითადი კრიტერიუმი არის განცდის სიცხოველე: შთაბეჭდილებები უფრო ძლიერი, გამოკვეთილი და ცხადია. ეს განსხვავება მართლაც ადვილად გამოიკვეთება შინაგან გამოცდილებაში. მაგრამ მთავარი ის არის, თუ როგორია ამ განსხვავების საფუძველი, მხოლოდ რაოდენობრივი, როგორც ჰიუმს მიაჩნდა, თუ თვისებრივიც. ალბათ ძნელია იმის უარყოფა, რომ ზოგიერთი იდეა უფრო ძლიერი და მკაფიოა, ვიდრე რაიმე სუსტი შთაბეჭდილება. ქუხილის იდეა, მაგალითად, აშკარად უფრო ინტენსიურია, ვიდრე საათის ტიკტიკის ოდნავ შესამჩნევი შეგრძნება. ისეთი მახვილი თვითდაკვირვების უნარის მქონე მკვლევარს, როგორიც ჰიუმი იყო, არ შეიძლებოდა ეს არ შეემჩნია. იგი პირდაპირ მიუთითებს ისეთ მდგომარეობებზე (სიზმარი, ტრანსი და ა.შ.), როდესაც იდეის ინტენსიობა უტოლდება ან აჭარბებს კიდეც შთაბეჭდილების ძალას. მიუხედავად ამისა, ავტორს არ უჩნდება კითხვა, თუ რატომ უნდა ვუწოდოთ მაშინ ასეთ სუსტ ფსიქიკურ შინაარსს შთაბეჭდილება, ხოლო უფრო ძლიერს - იდეა. აქ საქმე მხოლოდ ინტენსიობაში არ უნდა იყოს. შთაბეჭდილებასა და იდეას შორის განსხვავება ჰიუმმა ემპირიულად დაადგინა. უშუალო გამოცდილების ფარგლებში ეს იმდენად აშკარაა, რომ აღნიშნული სირთულის მიუხედავად, მეცნიერებამ იგი მაინც მიიღო. მაგრამ, ამ განსხვავების სიცხადე მათ შორის არსებულ უფრო მნიშვნელოვან განსხვავებაზე მიანიშნებს; იგი მხოლოდ განცდების ძალითა და სიცხოველით კი არ ამოიწურება, არამედ თვისებრივ, რომელობით განსხვავებას ეხება. ფაქტია, რომ გრძნობადი აღქმა იმდენად თვალსაჩინოდ განსხვავდება მეხსიერების ან წარმოსახვის განცდებისაგან, რომ იშვიათად ხდება მათი აღრევა (მაშინაც კი, როცა მათი ინტენსივობა, სიცხოველე თანაბარია). ეს ფსიქიკურ მასალაში პირველადი, რომელობითი განსხვავების არსებობაზე მიუთითებს. აქ იმის მსგავსი განსხვავებაა, რომელიც არსებობს, ვთქვათ, ფერისა და გემოს განცდებს შორის.       შთაბეჭდილებები იყოფა შეგრძნების შთაბეჭდილებებად (ანუ უბრალოდ შეგრძნებებად) და რეფლექსიის შთაბეჭდილებებად. ეს უკანასკნელნი იდეის მიერ აღძრული შთაბეჭდილებებია და, ფაქტობრივად, ვნებებსა და ემოციებს აღნიშნავენ. მათი წარმოქმნა შემდეგნაირად ხდება: ჩვენ განვიცდით სიცივეს, შიმშილს, ტკივილს და სხვა შეგრძნებებს, ისინი იწვევენ სათანადო იდეებს, ამ იდეებს კი შეუძლიათ ახალ შთაბეჭდილებათა გამოწვევა, მაგალითად, მისწრაფების, იმედის, შიშის, ზიზღის და სხვა. მათი პირველადი საფუძველი ამ შემთხვევაშიც შეგრძნებებია.       რაც შეეხება იდეებს, მათში გამოიყოფა მეხსიერებისა და წარმოსახვის იდეები. მეხსიერების იდეები უფრო შთაბეჭდილებებს გვანან და მეტი სიმკვეთრით და სიცხოველით ხასიათდებიან. უნდა აღინიშნოს, რომ ექსპერიმენტული ფსიქოლოგიის მონაცემები არ ადასტურებენ ჰიუმის ამ მოსაზრების მართებულობას. ჰიუმის მიხედვით, შთაბეჭდილებები, ისევე როგორც იდეები, შეიძლება იყოს მარტივი ან რთული. მარტივი იდეა უთუოდ ჰგავს მარტივ შთაბეჭდილებას, მაგალითად, წითელი ფერის იდეა - ანალოგიური შინაარსის შეგრძნებას. მარტივ შთაბეჭდილებებსა და იდეებს არა აქვთ ნაწილები, ხოლო რთული იდეები განსხვავებული ნაწილების ან თვისებების ერთობლიობას წარმოადგენენ. მაგალითად, ვაშლის აღქმაში ან იდეაში განვასხვავებთ ფორმას, ფერს, გემოს და ა.შ. რთული იდეები შინაარსის მხრივ ასევე შეესაბამებიან რთულ შთაბეჭდილებებს (აღქმებს), მაგრამ, არსებობენ ისეთი რთული იდეებიც, რომლებიც არ გვანან არავითარ აღქმით შთაბეჭდილებას და მარტივი იდეების ახლებური შეერთებით წარმოიქმნებიან.       როგორც ზემოთ ითქვა, რთული (ზოგადი) იდეების წარმოქმნა, ლოკის მიხედვით, უპირატესად, გონებრივ მოქმედებათა (შედარება, განყენება, შეერთება და სხვა) საშუალებით ხორციელდება. ამ საკითხის განხილვისას ჰიუმი ბევრად უფრო თამამად საუბრობს ასოციაციის მექანიზმზე, ვიდრე მისი წინამორბედნი, თუმცა ამ ტერმინს თავადაც არ ხმარობს დარწმუნებით. იგი ასე მსჯელობს: პრინციპში ყველა მარტივი იდეა შეიძლება განცალკევდეს სხვა იდეებისაგან და ნებისმიერად, წარმოსახვის უნარის გამოყენებით ყოველნაირი კომბინაციით ხელახლა დაუკავშირდეს სხვადასხვა იდეებს. ჩვენ შეგვიძლია დავუკავშიროთ ერთმანეთს ცხენის ტანი ადამიანის თავს და ასე შევქმნათ კენტავრის იდეა. მაგრამ ეს კავშირი ბუნებრივი არ არის. ამიტომ უნდა არსებობდეს მუდმივი დამაკავშირებელი უნივერსალური პრინციპი, რომელიც ყველგან და ყოველთვის მოქმედებს. იგი საშუალებას იძლევა, მარტივი იდეები გაერთიანდნენ რეალურად ერთსა და იმავე კომპლექსებში ისე, რომ ერთმა იდეამ ბუნებრივად გამოიწვიოს მეორე, როგორც ეს ჩვეულებრივ ხდება ხოლმე. ასეთი პრინციპია ასოციაცია. ასოციაცია გაგებულია, როგორც მიზიდულობა იდეებს შორის, მათი დამაკავშირებელი ძალა. ასოციაცია არ არის რაღაც აუცილებელი კანონი, რომლითაც იდეები ერთმანეთს უკავშირდება. როგორც ითქვა, წარმოსახვის საშუალებით იდეების ყოველგვარი დაკავშირებაა შესაძლებელი. ასოციაცია ის მუდმივმოქმედი პრინციპია, რომელიც ქმნის უფრო ხშირ, “როგორც წესი” არსებულ კავშირებს. ჩვეულებრივი ობიექტების ან მიმართებების შესახებ ჩვენში მოცემული რთული იდეები სწორედ ასოციაციის მექანიზმის მოქმედების შედეგადაა აღმოცენებული.       თავდაპირველად ჰიუმმა გამოყო ასოციაციის სამი კანონი: მსგავსების, მეზობლობის (დროსა ან სივრცეში) და მიზეზ-შედეგის. შემდგომში, ეს უკანასკნელი, ფაქტობრივად, მეზობლობაზე იქნა დაყვანილი. ჰიუმი არჩევდა ერთდროულ (სიმულტანურ) და თანმიმდევრულ (სუქცესიურ) ასოციაციებს. იგი მიუთითებდა აგრეთვე ე.წ. გაშუალებულ ასოციაციებზე, როდესაც ორი ობიექტი ერთმანეთს უკავშირდება არა იმის გამო, რომ ისინი ერთმანეთის მსგავსია ან ერთმანეთის მეზობლად მდებარეობს, არამედ იმიტომ, რომ მათ შორის მოთავსებულია მესამე ობიექტი, რომელიც თითოეულ მათგანთან ერთერთი ამ მიმართებით არის დაკავშირებული.       ასოციაციის ყველა ეს ვარიანტი თუ კანონი გვხვდება როგორც ყოველდღიურ ცხოვრებაში, ისე მეცნიერულ აზროვნებაში. ეს განსაკუთრებით მკაფიოდ კაუზალური მიმართების ჰიუმისეულ ანალიზში ჩანს. იდეა იმის შესახებ, რომ რაიმე მოვლენას (მიზეზს) აუცილებლად მოჰყვება სხვა მოვლენა (შედეგი), ე.ი. რომ ერთი იწვევს მეორეს, არის ილუზია. აქ ყველაფერი მოვლენათა, უფრო ზუსტად კი, შთაბეჭდილებათა და შესაბამის იდეათა მეზობლობაზე დაიყვანება. სინამდვილეში ერთ იდეას, როგორც წესი, მოჰყვება მეორე. ასეთი თანხვედრის სიხშირის გამო ჩვენ გვიჩნდება რწმენა, რომ ერთი მეორის მიზეზია. მაგრამ ის, რომ მოვლენები ერთმანეთიდან გამომდინარეობს, აღქმაში არ გვეძლევა, ამის შესაბამისი შთაბეჭდილება არ არსებობს. ჩვენ განვიცდით მხოლოდ მოვლენათა (შთაბეჭდილებათა) თანმიმდევრობას. მაგალითად, ელვას ქუხილი მოსდევს, მაგრამ თანმიმდევრობიდან მიზეზობრიობაზე დასკვნის გამოტანა ლოგიკური შეცდომაა: პოსტ ჰოს, ერგო პოპტერ ჰოს (ამის შემდეგ, მაშასადამე ამის გამო). თუკი მიზეზობრიობა, როგორც რეალური მიმართება არ აღიქმება, მაშინ არც შესაბამისი იდეა შეიძლება არსებობდეს, ვინაიდან იდეაში უნდა იყოს მხოლოდ ის, რაც შთაბეჭდილებაში იყო მოცემული. მაშასადამე, მიზეზობრიობის იდეა, რომელიც კაუზალურ კავშირს, როგორც რეალობას სახავს, დროში მოსაზღვრეობის ასოციაციის გზით ყალიბდება და სინამდვილეში მხოლოდ ჩვეულებას ან სუბიექტურ რწმენაზე დაფუძნებულ ილუზიას (ჰიუმის გამოთქმით, ქიმერას) წარმოადგენს.       ამრიგად, ჩვენ ვერაფერს ვამბობთ ობიექტური სამყაროსა და იქ მოქმედი კაუზალური კავშირების რეალურ არსებობაზე. რეალურად არსებობს მხოლოდ შთაბეჭდილებათა და იდეათა ჩვევად ქცეული კომპლექსები. მათ, მოსახერხებლობის გამო, ერთ სახელს ვუწოდებთ და რეალური არსებობის რწმენით ვაჯილდოვებთ. მაგრამ, იმავე ლოგიკით, თუ არ არსებობს რეალური ობიექტი, არ არსებობს რეალური სუბიექტიც. სუბიექტის, “მე”-ს ცნება ზუსტად ასევეა კონსტრუირებული ჩვენ მიერ. “მე” არის ჩვენი ცნობიერების შინაარსების კავშირი, კომპლექსი: “როცა საკუთარ მე-ში ვღრმავდები, ყოველთვის ვაწყდები ამა თუ იმ ერთეულ პერცეფციას - სიყვარულს ან სიძულვილს, ტანჯვას ან სიამოვნებას, და ვერასოდეს ვიჭერ ჩემს “მე”-ს, პერცეფციისაგან დამოუკიდებლად”. ცნობიერების ამ მდგომარეობათა კრებადობას მხოლოდ ჩვეულების გამო ვუწოდებთ “მე”-ს, მაგრამ ამ კომპლექსის რეალური არსებობის შესახებ დანამდვილებით არაფრის თქმა არ შეგვიძლია. პიროვნება, “მე”, როგორც ასეთი, დაკვირვებას არ ექვემდებარება და, ამდენად, ფსიქოლოგიურ ილუზიად, ქიმერად უნდა ჩაითვალოს. თუმცა, ჰიუმი აქვე აღიარებს, რომ კარგად არ ესმის, თუ რა შემადგენლობისაა “მე”-ს იდეა და როგორ არის კონსტრუირებული. სამაგიეროდ, ზუსტად განმარტავს კიდევ ერთი “ქიმერული იდეის”, სახელდობრ, ღმერთის იდეის სტრუქტურას, რომელიც, მისი აზრით, ყოვლისმცოდნეობის, ყოვლისშემძლეობისა და მშობლიური სიყვარულის იდეათა გაერთიანებაა.       იქიდან, რაც “მე”-ს შესახებ ითქვა, შეიძლება დავასკვნათ, რომ სწორედ ჰიუმის “დამსახურებით” დარჩა ფსიქოლოგია კარგა ხანს, ასე ვთქვათ, უსუბიექტო მდგომარეობაში. სულიერი ცხოვრების ანალიზში “მე”-ს, პიროვნების კატეგორიები არ ფიგურირებდა. ფსიქიკა გაგებული იყო, როგორც სცენა, რომელზეც ცნობიერების სხვადასხვა შინაარსი ჩნდება, ცოცხლობს და ქრება. ჰიუმი პირდაპირ ამბობს: “სული თეატრს ჰგავს, რომელშიც ერთმანეთის მიყოლებით გამოდიან სხვადასხვა პერცეფციები”. სხვათა შორის, თეატრთან შედარებას დეკარტეს ფსიქოლოგიურ შეხედულებათა მიმართაც ხშირად იყენებდნენ. მათ “კარტეზიანულ თეატრს” უწოდებდნენ და გულისხმობდნენ, რომ სული სხეულის შიგნით ზის და უყურებს თეატრალურ სცენას, რომელზეც გარე და შინაგანი სამყაროს ამსახველი იდეები გამოდიან. ფსიქოლოგიის ერთ-ერთი ისტორიკოსის ზუსტი შეფასებით, ჰიუმმა გამორიცხა სული (ანუ “მე”, სუბიექტი) კარტეზიანული თეატრიდან და ფსიქოლოგიური რეალობის სახით მხოლოდ მისი სცენა დატოვა (თ. ლიხი).       ასეთია ჰიუმის ფსიქოლოგიური წარმოდგენები, რომლებიც უკიდურესი ემპირიზმის ნიშანს ატარებს: მხედველობაში უნდა მივიღოთ მხოლოდ ის, რაც გამოცდილებაშია (ცნობიერებაშია) მოცემული. ამ გამოცდილების პირველადი მასალა კი შეგრძნებებიდან მიიღება. ამიტომ მეცნიერებამ შეიძლება მხოლოდ დაკვირვებად მოვლენებზე იმსჯელოს. ეს პოზიცია მომდევნო საუკუნეში გაგრძელდება და განვითარდება პოზიტივისტურ ფილოსოფიაში და საკმაოდ დიდ გავლენას მოახდენს ფსიქოლოგიური აზროვნების ფორმირებაზე. მიუხედავად თავისი უკიდურესობისა და ცალმხრივობისა, განვითარების სწორედ ეს ვექტორი მიიყვანს ფსიქოლოგიას ექსპერიმენტამდე და, საბოლოოდ, ფილოსოფიისაგან დამოუკიდებელი ემპირიული მეცნიერების დამკვიდრებამდე.       ჰიუმის ფილოსოფია ყველაზე უფრო ფსიქოლოგიზირებული მოძღვრებაა. მასში პირდაპირ არ არის ნათქვამი, მაგრამ საკმაოდ ნათლად არის მინიშნებული, რომ ფსიქოლოგიურ ცოდნას გამორჩეული მნიშვნელობა აქვს მეცნიერებათა მთელი სისტემის დაფუძნების თვალსაზრისით. “ყველა მეცნიერება, ამბობს იგი, ადამიანის ბუნებას ენათესავება და ერთადერთი საძირკველი, რომელსაც ისინი შეიძლება ეყრდნობოდნენ, ესაა მეცნიერება ადამიანის ბუნების შესახებ”. ამასთან მასალა, რომლის გათვალისწინებითაც შესაძლებელია ადამიანის ბუნების შესწავლა, პერცეფციებით ანუ ფსიქიკური შინაარსებით ამოიწურება. მაშასადამე, სუბიექტური სინამდვილის შესახებ ცოდნის სისტემა ყოველგვარი ცოდნის საფუძველია. ტერმინი “ფსიქოლოგია” იმ ხანად კიდევ ეს-ესაა იკიდებდა ფეხს სამეცნიერო ლექსიკონში. ამიტომ, მართალია ამ კონტექსტში ფსიქოლოგია ჰიუმის მიერ არაა ნახსენები, მაგრამ ის დანამდვილებით არის ნაგულისხმევი.       დევიდ ჰერტლი (1705-1757) არაა ისეთი მასშტაბის მოაზროვნე, როგორსაც მისი თანამედროვე და თანამემამულე ბერკლი ან ჰიუმი არიან, მაგრამ მან უდავოდ უფრო დიდი როლი ითამაშა იმდროინდელ ფსიქოლოგიაში, ვინაიდან შექმნა პირველი, დასრულებული სახის ასოციაციონისტური სისტემა. მოსაზრება იმის თაობაზე, რომ მეხსიერებაში წარმოდგენათა შორის კავშირის დამყარების პროცესი გარკვეულ კანონებს ემორჩილება, ჯერ კიდევ არისტოტელემ გამოთქვა. იდეებს შორის კავშირებზე (ასოციაციებზე) აგრეთვე მიუთითებდნენ სპინოზა, ჰობსი, ლოკი. უფრო თამამად საუბრობდა ასოციაციის პრინციპზე ბერკლი, ჰიუმმა კი ის ფსიქიკური შინაარსების გაერთიანების ყველაზე გავრცელებულ პრინციპად მიიჩნია. ჰერტლი კიდევ უფრო შორს წავიდა. მან ასოციაცია ცნობიერების მუშაობის არა უბრალოდ ყველაზე გავრცელებულ, არამედ ერთადერთ პრინციპად გამოაცხადა. ჰერტლიმ გამოიყენა წინამორბედთა იდეები, დაუმატა საკუთარი მოსაზრებები, გააერთიანა ისინი და ჩამოაყალიბა ერთი მთლიანი ფსიქოლოგიური კონცეფცია. ჰერტლისთან მთელი ფსიქიკური ცხოვრება ასოციაციის პრინციპის საფუძველზეა გააზრებული.       ჰერტლის ოჯახი მაღალ საზოგადოებას მიეკუთვნებოდა. მამამისი მინისტრი იყო. ჰერტლის თავდაპირველად უნდოდა, სასულიერო პირი გამხდარიყო, მაგრამ შემდგომში გეგმები შეცვალა და თეოლოგიურ განათლებას სამედიცინოც დაუმატა. იგი დიდად ერუდირებული ექიმი იყო, რაც აისახა მის მთავარ თხზულებაში: “ფიქრები ადამიანზე, მის აგებულებაზე, მოვალეობებსა და იმედებზე” (1749). მის შექმნაზე ჰერტლი 18 წელს მუშაობდა. “ფიქრები”, პირველ ყოვლისა, ადამიანის სულიერ სამყაროზეა მიმართული. ჰერტლი ფსიქოლოგიის სისტემას ქმნის, მაგრამ ისეთი ფსიქოლოგიისა, რომელსაც მედიკოსისთვის დამახასიათებელი მატერიალისტურ-სხეულებრივი საფუძველი აქვს. სულზე საუბრისას იგი არასდროს ივიწყებს სხეულს. ჰერტლის მთავარი საფიქრალი სწორედ მათი ურთიერთობის გარკვევაა.       ამ საკითხის გააზრებისას ჰერტლი ცდილობს, ერთმანეთს დაუკავშიროს ლოკის და მისი მიმდევრების იდეათა ასოციაციის მოძღვრება და ნიუტონის ე.წ. ვიბრაციების თეორია. ჰერტლის აზრით, ის კანონზომიერებანი, რომლებსაც ემორჩილება სულის იდეები და სხეულის ვიბრაციები, ძალიან ჰგავს ერთმანეთს, მაგრამ ისინი მხოლოდ პარალელურია და არა იდენტური. სხეული და სული სხვადასხვა რეალობას, სუბსტანციას მიეკუთვნება. ამრიგად, ჰერტლი დუალისტია და პარალელისტი. მისი პარალელიზმი ფსიქოფიზიოლოგიურია, იგი სხეულისა და სულის ურთიერთმიმართებაზე ფიქრობს. ჰერტლი მკაფიოდ გამოყოფს სხეულის იმ ნაწილებს, რომლებთანაც სულია დაკავშირებული, ანუ “სულის ადგილსამყოფელია”. ასეთი ნაწილი, პირველ რიგში, თავის ტვინია, აგრეთვე, ზურგის ტვინი და მათგან გამომავალი ნერვები. ნერვული სისტემის ფუნქციონირებას, ჰერტლის აზრით, ნერვული სუბსტრატის უმცირესი ნაწილაკების ვიბრაციული მოქმედება განაპირობებს. ეს შეხედულება უპირისპირდება ნერვული მექანიზმის დეკარტესეულ გაგებას, რომელიც გულისხმობს ნერვებში “ცხოველური სულების” გადაადგილებას. ჰერტლის თანახმად, ნერვები მილაკები კი არა, შევსებული სტრუქტურებია და მათში ვიბრაციული პროცესი მიმდინარეობს. მაგრამ ვინაიდან მისი სტიმულირება ეთერის ვიბრაციით ხდება, ეს პროცესი გრძნობის ორგანოებში და კუნთებშიც მიმდინარეობს. ამრიგად, ჰერტლი ვიბრაციის ტერმინებში ახასიათებს რეფლექტორულ რკალს, რომელიც პირველად დეკარტემ აღწერა: გარემოდან მიღებული ვიბრაცია გრძნობის ორგანოს გადაეცემა და, ტვინის გავლით, ნერვების საშუალებით აღწევს სამოძრაო აპარატამდე.       სხეულში განვითარებული ვიბრაციული პროცესები ერთმანეთისაგან ოთხი ნიშნით განსხვავდება: ხარისხით, რაგვარობით, ადგილმდებარეობით და მიმართებით. ხარისხი რხევის ამპლიტუდას ანუ ძალას ნიშნავს, რაგვარობა - რხევის სიხშირეს, ადგილმდებარეობა ლოკალიზაციაზე მიუთითებს, ხოლო მიმართებას განსაზღვრავს ის, რომ ვიბრაციები სხვადასხვა ნერვებით გადაეცემა ტვინს. ხარისხის, ანუ ძალის მიხედვით, ვიბრაციების ორი სახეობა გამოიყოფა: ჩვეულებრივი, ანუ გრძნობადი ვიბრაციები, რომლებიც შეგრძნებებს შეესაბამება და ამ უკანასკნელთა განმეორებით გამოწვეული კიდევ უფრო მცირე ვიბრაციები ტვინში. მათ ვიბრაციუნკულები ან მინიატურები ეწოდება და ისინი იდეებს შეესაბამებიან.       უნდა აღინიშნოს, რომ ჰერტლის ვიბრაციულ-ფიზიოლოგიური წარმოდგენები საკმაოდ შორს იყო ჭეშმარიტებისაგან. ისინი გამოხატავდნენ XVIII საუკუნის ცოდნას, უფრო ზუსტად, რეალური ფიზიოლოგიური პროცესების შესახებ ცოდნის არარსებობას. მაგრამ, როგორც ფსიქოლოგიის ისტორიკოსები მუთითებენ, მათში მაინც აისახა მკვლევარის პროგრესული ბუნებისმეტყველური სწრაფვა, გამოევლინა ფსიქიკური პროცესების ობიექტური დინამიკა ისე, რომ არ მიემართა სულისთვის, როგორც ამხსნელი ცნებისთვის.       სულიერი სამყაროს აგებულებაში, ჰერტლის მიერ გამოიყოფა სამი უმარტივესი ელემენტი: შეგრძნებები (სენსეციები), იდეაციები (შეგრძნების იდეები ანუ გამეორება საგნის რეალური მოცემულობის გარეშე) და აფექტაციები (სიამოვნება-უსიამოვნება). ეს არის ის მასალა, რომლისაგანაც ასოციაციის მექანიზმის მეშვეობით მთელი ფსიქიკური ცხოვრება შენდება. ამასთან, სხეულებრივი (ნერვული) და ფსიქიკური პროცესები სრულ შესაბამისობაშია, ამიტომ, არსებითად, ასოციაციის ორი მექანიზმისა და, შესაბამისად, ორი პროცესის შესახებ უნდა ვისაუბროთ. მათგან ერთი სხეულში ხორციელდება, მეორე - სულში.       სულში მოქმედ ასოციაციის კანონზე ჰერტლი წერს: “თუ გარკვეული შეგრძნებები (A,B,ჩ და სხვა) საკმარისად ხშირად დაუკავშირდება ერთმანეთს, ისეთ ძალას შეიძენენ შესატყვის იდეებზე (ა,ბ,ც და სხვა), რომ რომელიმე მათგანი (A) განცალკევებული მოქმედებისას სულში დანარჩენ შეგრძნებათა იდეებს (ბ,ც და სხვა) აღძრავს”. სხეულში პარალელურად მიმდინარე ასოციაციური პროცესის ფორმულირება აღწერილის ანალოგიურია იმ განსხვავებით, რომ შეგრძნების ნაცვლად ლაპარაკია გრძნობად ვიბრაციაზე, ხოლო იდეის ნაცვლად - მინიატურულ ვიბრაციაზე. ეს არის კანონი, რომლის საფუძველზეც მყარდება ასოციაცია შეგრძნებასა და იდეას შორის. რაც შეეხება იდეებს შორის ასოციაციას, მისი შესაბამისი პროცესი ტვინში ასე აღიწერება: როცა ორი მინიატურული ვიბრაცია ტვინში ერთდროულად მიმდინარეობს, შესატყვისი ზონებიდან აგზნების პროცესი ყველა მიმართულებით ვრცელდება და ისინი ერთმანეთზე ზემოქმედებენ; ზონებს შორის მით უფრო მჭიდრო კავშირი მყარდება, რაც უფრო ხშირად ხდება ეს. ამიტომ, როდესაც შემდგომში ერთი ვიბრაცია აღმოცენდება, ის გამოიწვევს მეორეს. ეს შეესაბამება ერთი იდეის მიერ მეორის გამოწვევის პროცესს.       ასოციაცია შეიძლება დამყარდეს შეგრძნებებს, იდეებსა და მოძრაობებს შორის. მოძრაობის შემოტანა აქ მეტად მნიშვნელოვანია, ვინაიდან ეს საშუალებას იძლევა ასოციაციის მექანიზმი გავრცელდეს მოტორული მოქმედების სფეროზე, რაც თითქმის ორი საუკუნის შემდეგ განხორციელდა ბიჰევიორიზმში. თვით ჰერტლი მოძრაობათა ორ ჯგუფს გამოყოფს: ავტომატიზმებს და ნებისმიერ მოძრაობებს. ავტომატიზმები სხეულებრივი მექანიზმებიდან მომდინარეობს და გრძნობად გამღიზიანებელზე უშუალო რეაქციას წარმოადგენს. ადამიანი იბადება ე.წ. პირველადი ავტომატიზმების გარკვეული მარაგით. ნებელობითი მოძრაობები ამ ავტომატიზმების სხვადასხვა ფსიქიკურ მიზეზებთან (იდეები, აფექტები, ვნებები) ასოციაციური დაკავშირების გზით ყალიბდება. მაგალითად, ახალშობილი ბავშვის ხელისგულზე შეხება იწვევს თითების უნებლიე შეკუმშვას, ანუ ტაცების პირველად ავტომატიზმს. ეს მოძრაობა შეიძლება დაუკავშირდეს სხვადასხვა შეგრძნებებსა თუ იდეებს, ვთქვათ, საყვარელი სათამაშოს დანახვას, რომლის ტაცებას და დაჭერას ბავშვი თანდათან სწავლობს ასოციაციის კანონების შესაბამისად. ამავე ლოგიკით, სიტყვები: აიღე, დაიჭირე, რომლებიც ბავშვს ესმის უფროსებისაგან, უკავშირდება სათანადო მოძრაობებს და მას სამოქმედოდ აღძრავს. ეს უკვე ნახევრად ნებელობითი მოძრაობაა. მოძრაობა მთლიანად ნებელობითი გახდება მაშინ, როდესაც “ის იდეა ან სულის მდგომარეობა, რომელსაც ჩვენ შეგვიძლია ვუწოდოთ ტაცების სურვილი და რომელსაც, გარკვეულად, შინაგანი ბრძანების ხასიათი აქვს, ისე ძლიერად დაუკავშირდება სათანადო მოძრაობას, რომ ეს უკანასკნელი პირველის გაჩენისთანავე აღმოცენდება”. ნებელობა სწორედ “სულის მდგომარეობაა”, რომელიც წინ უსწრებს ჩვენ მიერვე გამოწვეულ სულიერ (მოგონება, წარმოსახვა) თუ სხეულებრივ (მოძრაობა) აქტებს. ხშირი გამეორების, ვარჯიშის შედეგად ნებელობითი მოძრაობები შეიძლება გადაიქცეს ე.წ. მეორად ავტომატიზმებად, ანუ ჩვევებად და ჩვეულებებად. ისინი ნებელობად წოდებული “სულის მდგომარეობით” აღარ არიან გაშუალებული, თითქოს თავისთავად აღიძვრებიან და მიმდინარეობენ. მაშასადამე, პირველადი ავტომატიზმებიდან ასოციაციის მექანიზმის საშუალებით წარმოიქმნება ნახევრად ნებელობითი, ნებელობითი აქტები და მეორადი ავტომატიზმები.       აღზრდის პროცესში ასოციაციის ასეთივე მექანიზმით ყალიბდება აფექტები და ვნებები (თავისი წინამორბედების მსგავსად, ჰერტლიც ვერ განასხვავებს დაბეჯითებით ემოციურ და მოტივაციურ სფეროებს; მაგ., ძლიერ აფექტს იგი სურვილს უწოდებს). ვნება წარმოიქმნება საგნის წარმოდგენის ანუ იდეაციის და აფექტაციის დაკავშირების გზით. თავიდან ბავშვისთვის უცხოა შიში. მას რაღაც უნდა დაუშავდეს, რაიმე ზიანი მიადგეს, რის შემდეგაც მეხსიერებაში შემორჩენილი ამ უარყოფითი ემოციის იდეა ასოცირდება იმ პირობების იდეასთან, რომლებმაც გამოიწვიეს ზიანი და შესაბამისი ემოცია.       თვით ასოციაციის პრინციპის გააზრებაში ჰერტლის ბევრი ახალი და საყურადღებო ნიუანსი შემოაქვს. ასოციაციის პირობებიდან თუ ფაქტორებიდან იგი მსგავსებას გამორიცხავს, ტოვებს მეზობლობას და უმატებს გამეორებას. ეს ხდება იმის გათვალისწინებით, რომ ფსიქიკურ ასოციაციას საფუძვლად უდევს ფიზიოლოგიური (ვიბრაციული) ასოციაცია. ამიტომ ასოციაციური კავშირის შექმნა არ შეიძლება იყოს დამოკიდებული სუბიექტურ და სუბიექტიდან გამომდინარე წინაპირობებზე (მსგავსება, მაგალითად, ასეთი ფაქტორია, ვინაიდან მსგავსია თუ არა საგნები და მოვლენები - სუბიექტი ადგენს). ამდენად ჰერტლი აგრძელებს ჰიუმისეული უსუბიექტო მექანიცისტური ფსიქოლოგიის ხაზს. პოზიტიური აქ ის არის, რომ ჰერტლი ასოციაციის ფაქტორებს დაბეჯითებით უმატებს გამეორებას. “შეგრძნებები, იდეები და მოძრაობები საკმაოდ ხშირად უნდა დაუკავშირდნენ ერთმანეთს”, ამბობს იგი და ამით ხაზს უსვამს გამეორების ფაქტორს. მისი უდიდესი მნიშვნელობა მხოლოდ XIX და XX საუკუნეების მიჯნაზე გახდა ნათელი (ებინჰაუსი, თორნდაიკი და სხვა) და ის დასწავლის ერთ-ერთ ძირითად პრინციპად იქცა.       ფსიქოლოგიის შემდგომი განვითარების თვალსაზრისით ჰერტლის ასოციაციური მოძღვრების სხვა მხარეებიც საინტერესოა. მან საგანგებო მსჯელობის საგნად აქცია სიმულტანური და სუქცესიური ასოციაციების არსებობის ფაქტი (რომელზეც ჰიუმმა მხოლოდ მიანიშნა) და ამით მკვეთრად გააფართოვა ასოციაციის გამოყენების არე. ის ვარგისიანი გახდა როგორც თანმიმდევრული პროცესების (მეხსიერება, აზროვნება), ისე მარტივი იდეების კომპლექსებად შერწყმის ასახსნელად (აღქმა). სიმულტანური ასოციაციების დაშვება ნაბიჯია ჯ.ს. მილის “სულის ქიმიისკენ”, ანუ ცნობიერების რთულ წარმონაქმნებში ისეთი კავშირების გააზრებისკენ, სადაც შემადგენელი ელემენტები ახალ თვისობრიობას ქმნიან (იხ. თავი 4.3). ასოციაციონისტური მოძღვრების განვითარებას, როგორც შემდგომში დავრწმუნდებით, ლოგიკურად მივყავართ ცნობიერების მოვლენების ასეთ ანალიზამდე. ამის ნიშნები უკვე ჰერტლისთან არის მოცემული, რასაც ადასტურებს თუნდაც შემდეგი გამონათქვამი: “შეგრძნების მარტივი იდეები უნდა ერთიანდებოდნენ ჯგუფებად და კომბინაციებად. ასოციაციების მეშვეობით თითოეული მათგანი მრავალი შემადგენელი ნაწილის დაახლოებისა და შერწყმის გზით ერთ დიდ რთულ იდეად შეიზრდება. დაკვირვება იმასაც გვიჩვენებს, რომ მრავალი ინტელექტუალური იდეა, როგორიცაა მშვენიერების, ღირსების, ზნეობრივი თვისებებისა და სხვა, ფაქტობრივად არიან ისეთი ნაწილებისაგან შემდგარი იდეები, რომლებიც თანდათან შეიზარდნენ ერთ რთულ იდეად”.       ყველა რთული სულიერი მოვლენა მარტივი ფსიქიკური მასალიდან აიგება ასოციაციის მეშვეობით. აფექტები და ვნებები, როგორც ითქვა, შეგრძნებების, სიამოვნება-უსიამოვნების ან მათი იდეების ასოციაციური გაერთიანებაა. აღქმები მიიღება საგნის გრძნობადი თვისებების ამსახველ შეგრძნებათა შეერთების გზით. მეხსიერება ასოციაციურად დაკავშირებული იდეების აღდგენაა იმ თანმიმდევრობითა და მიმართებით, როგორც შეგრძნებაში იყო მოცემული. წარმოსახვაც იდეების დაკავშირებაა, ოღონდ თავდაპირველი წესისა და თანმიმდევრობის გარეშე (მაგ., სიზმარი). აზროვნებაზე ჰერტლი პირდაპირ არ ლაპარაკობს; იგი მხოლოდ სიტყვით გამოთქმული შინაარსის გაგების პროცესს განიხილავს. სიტყვა ბგერათა ჯამია, მნიშვნელობა კი გრძნობადი თვისებების კომპლექსი, რომლითაც საგნები ერთმანეთს გვანან. მაგალითად, სიტყვა “სითეთრის” მნიშვნელობა მრავალი საგნის (თოვლი, ქაღალდი, რძე და ა.შ.) მუდმივი გრძნობადი თვისების გამოყოფის შედეგად მიიღება. აღზრდისა და სწავლის პროცესში ხდება ასოციაციური კავშირის დამყარება სათანადო ბგერით კომპლექსსა და საგნის გრძნობად თვისებათა ერთობლიობას შორის. სიტყვის მნიშვნელობის გაგებაც ამას ნიშნავს. პირინციპში, ასეთივე გზით მიმდინარეობს ცნების ფორმირება - აქ ჰერტლი, ფაქტობრივად, ლოკის მოსაზრებებს ეყრდნობა.       ჰერტლის შრომამ საგრძნობი ზეგავლენა არა მარტო ფსიქოლოგიაზე, არამედ სხვა დარგებზეც მოახდინა; მაგალითად, ეთიკაზე, ლოგიკაზე, პედაგოგიკაზე. ჰერტლის იდეების პოპულარიზაციაში განსაკუთრებული წვლილი შეიტანა მისმა მოწაფემ, ლონდონის სამეფო საზოგადოების, პარიზისა და სანკტ-პეტერბურგის მეცნიერებათა აკადემიების წევრმა ჯოზეფ პრისტლიმ (1733-1804). იგი ახერხებდა წარმატებით შეეთავსებინა ერთმანეთთან თეოლოგიური (იყო მღვდელი) და ბუნებისმეტყველური (იყო ქიმიკოსი, ჟანგბადის აღმომჩენი) ინტერესები. როგორც გავლენიანი ფილოსოფოსი, იგი სწორედ ბუნებისმეტყველების პოზიციიდან განიხილავდა ფსიქიკურ სინამდვილეს. ფსიქიკური პროცესები ფიზიოლოგიური პროცესებით აიხსნება, შესაბამისად, მეცნიერება სულიერი ცხოვრების შესახებ (ფსიქოლოგია) არის “ნერვული სისტემის ფიზიკა”. მოკლედ, პრისტლიმ მოხსნა ჰერტლისთვის დამახასიათებელი ორაზროვნება სხეულებრივი და სულიერი პროცესების ურთიერთმიმართებასთან დაკავშირებით. ყველა ფსიქიკური პროცესი ასოციაციური წარმოშობისაა, მაგრამ ასოციაციის მექანიზმის ბუნება ნერვულ სუბსტრატში უნდა ვეძებოთ.       ემპირიული ფსიქოლოგიის განვითარება მიმდინარეობდა საფრანგეთშიც, თუმცა მისი გავლენა შემდგომი დროის ფსიქოლოგიაზე ნაკლები იყო, ვიდრე ინგლისური ასოციაციონიზმისა. XVIII საუკუნის ფრანგული ფილოსოფიური და ფსიქოლოგიური აზროვნება ძირითადად ემპირიზმის განვითარებისა და რაციონალიზმის კრიტიკის ნიშნით ხასიათდება. ფრანგული ემპირიული ფსიქოლოგიის წარმომადგენლები ემყარებოდნენ ლოკის სენსუალისტურ თეზისს გრძნობადი (შეგრძნებითი) გამოცდილების პრიორიტეტის შესახებ და ფსიქიკის განვითარებაში მთავარ ძალად გარემოს მიიჩნევდნენ. ცნობიერების ფორმირება სოციალურ გარემოში მიმდინარეობს, სადაც გადამწყვეტ როლს აღზრდა-განათლება ასრულებს. ამიტომ განათლების პროცესის სწორი ორგანიზაცია პირველი რიგის ამოცანაა. ამ მიზნით, დიდროს თაოსნობით, გამოიცა ენციკლოპედია, რომელშიც თავმოყრილი იყო განათლებული ადამიანისთვის აუცილებელი ცოდნა. ამიტომ, ამ ეპოქის ფრანგი სწავლულების დიდ ნაწილს განმანათლებლებს და ენციკლოპედისტებს უწოდებენ. ფრანგული ემპირიული ფსიქოლოგიის კიდევ ერთი განმასხვავებელი ნიშანი არის ის, რომ შემეცნებით და ემოციურ პროცესებთან ერთად, მასში წარმოდგენილია მოტივაციური სფეროს, კერძოდ, მოთხოვნილებათა საყურადღებო დახასიათება.       ეტიენ ბონო დე კონდილიაკი (1715-1780) საფრანგეთის აკადემიის წევრი, დიდროსთან დაახლოებული ენციკლოპედისტი, ცდილობს კიდევ უფრო გააძლიეროს ლოკის ემპირიზმი. ეს უკანასკნელი გამოცდილების შეძენის ორ წყაროს უშვებდა: შეგრძნებებს და რეფლექსიას. ის, რაც ლოკთან რეფლექსიიდან, ხოლო დეკარტესთან სულის ოპერაციებიდან და თანდაყოლილი იდეებიდან მომდინარეობდა (ანუ ფსიქიკური მოქმედება), კონდილიაკს სურს ახსნას შეგრძნებების საშუალებით. კონდილიაკი, თანმიმდევრული სენსუალისტი, თავის მთავარ ნაშრომში “ტრაქტატი შეგრძნებების შესახებ” (1754), ცდილობს ყველა ფსიქიკური უნარი და პროცესი შეგრძნებიდან გამოიყვანოს. თუ ძირითადი ფსიქიკური უნარების - მეხსიერების, აზროვნების, ფანტაზიის, ნებისყოფის და ა.შ. ჯამს გონებას ვუწოდებთ, შეიძლება ითქვას, რომ კონდილიაკის მიხედვით, ადამიანი თავდაპირველად მოკლებულია გონებას. “ტრაქტატის” მიზანია გვიჩვენოს, თუ როგორ შეიქმნა ადამიანური შეგრძნებებიდან გონება.       აქ ავტორი მიმართავს ე.წ. მარმარილოს ქანდაკების მოდელს, რომელიც გარეგნულად ადამიანის მსგავსია. დავუშვათ, ეს ქანდაკება ცოცხალია, სულიერია, მაგრამ არც ცოდნა და არც სხვა ფსიქიკური თვისება, შეგრძნების გარდა, არ გააჩნია. მისი სულიერება, ფაქტობრივად, შეგრძნების უნარში მდგომარეობს. კონდილიაკი გვთავაზობს ჩავატაროთ ასეთი გონებაჭვრეტითი ექსპერიმენტი: მივანიჭოთ ქანდაკებას ყნოსვის შეგრძნების უნარი და ამ დაშვებიდან გამოვიყვანოთ ყველა იდეა თუ სულის თვისება. ყნოსვის შეგრძნება შემთხვევით არ არის შერჩეული; ავტორი თვლის, რომ ის ყველაზე დაბალი რანგის შეგრძნებაა. შეგრძნებათა რანგები, საზოგადოდ, კლასიფიცირებულია მათი შემეცნებითი ღირებულების მიხედვით და ასეთი რიგით არიან განლაგებული: 1. შეხება, 2. მხედველობა, 3. გემო, 4.სმენა, 5. ყნოსვა. შეხების შეგრძნება ყველაზე მეტად უწყობს ხელს შემეცნებას და, რაც მთავარია, იგი ერთადერთია, რომელიც ქანდაკებას უქმნის რწმენას ობიექტური სამყაროს არსებობის შესახებ. ამასთან, შეხება ყველაზე ინტენსიურ ემოციას აღძრავს ქანდაკებაში.       საზოგადოდ, ყოველ შეგრძნებას, მათ შორის ყნოსვის შეგრძნებას, რომელიც ქანდაკებას მივანიჭეთ, აუცილებლად ახლავს ერთგვარი გრძნობითი ტონი, სიამოვნების ან უსიამოვნების განცდა. სიამოვნება-უსიამოვნება, კონდილიაკის თანახმად, შეგრძნების ერთ-ერთი დახასიათებაა, მისი იმანენტური ნიშანია. შეგრძნების მეტ-ნაკლები ინტენსივობა თანმხლები გრძნობითი ტონის განსხვავებული სიძლიერით გამოიხატება. შეგრძნების მეორე თანმდევი განცდა ყურადღების განცდაა. ყურადღება ყოველგვარი განცდის აუცილებელი პირობაა, ფონია, რომელზეც ფსიქიკური მოვლენები (ე.ი. შეგრძნებებიც) გამოისახება. ამრიგად, ქანდაკებამ, რომელსაც სუნის შეგრძნების უნარი გაუჩნდა, იმავდროულად შეიძინა მგრძნობელობისა და ყურადღების თვისებებიც. დანარჩენი ფსიქიკური ფუნქციები ამ უნართვისებების ამოქმედებისა და გარდაქმნის შედეგად წარმოიქმნება. პირველი მათ შორის მეხსიერებაა. ის ყურადღების ფუნქციონირებას მოჰყვება. ქანდაკების მიერ განცდილი სუნი არ ისპობა გამღიზიანებლის ზემოქმედების შეწყვეტასთან ერთად. ყურადღება, რომელიც ქანდაკებამ სუნს მიაპყრო, კიდევ ერთ ხანს ინახავს მას, ტოვებს სულში გარკვეული შთაბეჭდილების სახით. ამიტომ სუნის გამეორებისას ქანდაკება მას იცნობს. ესაა მეხსიერება. ორი შეგრძნების ერთდროული არსებობა, ან აწმყოში მოცემული სუნის წარსული სუნის იდეასთან შედარება მსჯელობას გვაძლევს, ვინაიდან, ავტორის მტკიცებით, მსჯელობა ორ შესადარებელ მოვლენას შორის მიმართების აღქმაა. ასე იძენს ქანდაკება აზროვნების, შემეცნების უნარს. მოთხოვნილება აქტივობისა და განვითარების პირობაა, მაგრამ ის ვერ გაჩნდებოდა გრძნობებისა და მეხსიერების გარეშე. შეგრძნებას სიამოვნებაუსიამოვნების ნიშანი რომ არ ჰქონოდა, ქანდაკება ვერ განვითარდებოდა და ლეთარგიული ძილის მდგომარეობაში აღმოჩნდებოდა, რადგან ის არ იქნებოდა დაინტერესებული, მიეღო ერთი ან განრიდებოდა მეორეს, ანუ არ ექნებოდა სათანადო სურვილი. ამავე დროს, მოთხოვნილება მეხსიერებასაც გულისხმობს, ვინაიდან ის არის სწრაფვა უკეთესი (სასიამოვნო) წარსული მდგომარეობისკენ. მოთხოვნილების ნიადაგზე აღმოცენდება წარმოსახვა, როგორც ტენდენცია სასურველი ხატის აღდგენისა. წარმოსახვა მომავლის გათვალისწინების უნარს იძლევა, ხოლო მისი გაერთიანება შეფასების აზროვნებით უნართან და მოთხოვნილებასთან წარმოქმნის იმას, რასაც ნებისყოფა ეწოდება.       ამრიგად, ჩვენი ქანდაკება ყველა ძირითადი ფსიქიკური ფუნქციით აღიჭურვა. ახლა, თუ შევიტანთ სხვა შეგრძნებებს - სმენას, გემოს, მხედველობას, არსებითად არაფერი შეიცვლება. მდგომარეობას პრინციპულად ცვლის მხოლოდ შეხებითი შეგრძნება, რომელიც გვაძლევს სხვა სხეულის სიმკვრივის, წინააღმდეგობისა და, აქედან გამომდინარე, მისი არსებობის განცდას. ამ მომენტამდე ჩვენი შეგრძნებები განიცდებოდა მხოლოდ შინაგან მდგომარეობებად, ახლა ისინი იქცევიან საგნის თვისებებად, საგნისა, რომელიც სუბიექტისაგან დამოუკიდებლად არსებობს. ამდენად, ობიექტის განცდასთან ერთად და მასთან დაპირისპირებაში ჩნდება თავად სუბიექტის განცდაც, “მე”-ს ცნობიერებაც. ერთი სიტყვით, მთელი შინაგანი სამყარო სრული სახით გამოიყვანება შეგრძნებებიდან. თანამედროვე მეცნიერების თვალსაზრისით, მთელი ეს თეორია უსაფუძვლო ხელოვნური კონსტრუქციაა.       ჟიულ ოფრე დე ლამეტრიც (1709-1751) სენსუალისტია, მაგრამ მისი ყურადღების ცენტრში სხვა საკითხი, სახელდობრ, სხეულისა და სულის მიმართების საკითხი იყო. ლამერტიმ სამედიცინო განათლება პარიზში მიიღო და სტაჟირება ჰოლანდიაში, ცნობილ მკურნალ ბურხავესთან გაიარა. სამხედრო ექიმად მუშაობისას იგი დააკვირდა იმ ვითარებას, რომ ავადმყოფობა (ვთქვათ ციება) არა მარტო ფიზიკურად ასუსტებს ადამიანს, არამედ მის გონებრივ შესაძლებლობებსაც აქვეითებს. აქედან ლამეტრი მივიდა დასკვნამდე, რომ სულიერი მოქმედება გაპირობებულია სხეულებრივი ორგანიზაციით. ამ იდეით შეპყრობილმა მან ზედიზედ დაწერა ორი ნაშრომი “სულის ბუნებრივი ისტორია” (1745) და “ადამიანი მანქანა” (1748), რომლებიც დაწვეს, როგორც ერეტიკული ტრაქტატები. ამ ნაწარმოებებმა მის ავტორს სკანდალური პოპულარობა მოუტანა და მისი სიცოცხლე საფრთხის ქვეშ ჩააგდო, რის გამოც იგი იძულებული გახდა სიცოცხლის ბოლო წლები ბერლინში გაეტარებინა, სადაც განთლებული მონარქის, პრუსიის მეფის, ფრიდრიხ II-ის მიწვევით ჩავიდა.       ლამეტრიმ უარყო დეკარტეს დუალიზმი: არსებობს მხოლოდ ერთი მატერიალური სუბსტანცია, რომელსაც, სხვა დანარჩენი თვისებების გარდა, შეგრძნებისა და აზროვნების უნარიც გააჩნია. ეს მატერიის (ტვინის) გარკვეული ორგანიზაციის შედეგია. ორგანიზაციის კატეგორია წამყვანია ლამეტრის მსჯელობაში. ადამიანი ბუნების ნაწილია. მცენარე, ცხოველი, ადამიანი - უწყვეტი კიბის საფეხურებია. მათ შორის განსხვავება სხეულის სხვადასხვა ორგანიზაციით არის გაპირობებული. აქ ლამეტრიმ წინასწარ განჭვრიტა უფრო გვიანდელი ევოლუციონისტების იდეები. ეპოქაში, როცა მეცნიერება დარწმუნებული იყო მცენარეებისა და ცხოველების სახეობათა უცვლელობაში, ლამეტრიმ გაბედა გამოეთქვა მკრეხელური აზრი იმის თაობაზე, რომ ცოცხალი სხეულების, მათ შორის ადამიანის ორგანიზაცია, არის სახეობათა ხანგრძლივი ევოლუციის პროდუქტი. სიცოცხლის სხვადასხვა ფორმა ერთმანეთისაგან ორგანიზაციის სირთულით განსხვავდება. ცხოველის მსგავსად, ადამიანიც კარგად აწყობილი, თვითმართვადი მანქანაა. “თუ სულის ყველა უნარი იმდენადაა დამოკიდებული ტვინისა და მთელი სხეულის ორგანიზაციაზე, რომ ისინი არსებითად, სხვა არაფერია ამ ორგანიზაციის შედეგის გარდა, მაშინ ადამიანი შეიძლება ჩაითვალოს ფრიად განსწავლულ მანქანად”. ცხადია, სიტყვა “მანქანა” აქ პირდაპირი მნიშვნელობით არ იხმარება. ის მხოლოდ მეტაფორის სახით გამოიყენება და გულისხმობს მატერიალურად დეტერმინირებულ სისტემას. მისი დახმარებით ავტორი ცდილობს ბუნებისმეტყველების პოზიციებიდან ახსნას ადამიანის ყველა ურთულესი უნარის, მათ შორის ცნობიერების ფუნქციონირება და განვითარება. ადამიანის, როგორც “განსწავლული მანქანის” უპირატესობას სწავლებისა და აღზრდის პროცესები უზრუნველყოფს.       სულიერი ცხოვრების სპეციფიკის დახასიათებისას ლამეტრიმ ხაზი გაუსვა მოთხოვნილებათა მნიშვნელობას. მოთხოვნილება ორგანული, სასიცოცხლო პროცესებიდან გამოიყვანება, მაგრამ სულიერი ცხოვრების დეტერმინაციაში იმდენად დიდ როლს თამაშობს, რომ გარკვეულად გონებასაც უთანაბრდება. არსებები, რომლებიც მოკლებული არიან მოთხოვნილებებს, მოკლებული არიან გონებასაც. ასეთებია, მაგალითად მცენარეები. ცხოველი შეიძლება ჩაითვალოს მოძრავ მცენარედ, მაგრამ ის უკვე სრულიად სხვაგვარი არსებაა, ვინაიდან გადაადგილების უნართან ერთად აქვს მოთხოვნილებები და, შესაბამისად, შეგრძნების, გრძნობისა და აზროვნების უნარი. რაც მეტი მოთხოვნილება აქვს ორგანიზებულ სხეულს, მით მეტი საშუალებები აქვს ბუნებისაგან ბოძებული მათ დასაკმაყოფილებლად. ეს საშუალებები გონიერების სხვადასხვა ხარისხთან არის დაკავშირებული და ცხოველებთან ინსტინქტის, ხოლო ადამიანთან სულის სახით ვლინდება. რაც ნაკლები მოთხოვნილება აქვს ორგანიზმს, მით უფრო ადვილია მისი გამოკვება და გაზრდა, მით ნაკლებად არის მასში განვითარებული გონებრივი უნარები.       როგორც ვხედავთ, ლამეტრიმ მოქმედების მანქანური (მექანიკური) პრინციპი სხეულიდან (დეკარტეს “სხეული - მანქანა”) სულზეც, ფსიქიკურ ცხოვრებაზეც გაავრცელა და ამით ადამიანის ქმედების სხვადასხვაგვარი მექანიცისტური (თუნდაც ბიჰევიორისტული) ინტერპრეტაციისთვის ერთგვარი ინტელექტუალური ფონი შექმნა.       ცნობილი ფრანგი ფილოსოფოსის კლოდ ადრიან ჰელვეციუსის (1715-1771) ინტერესის მთავარ საგანს შეადგენდა ადამიანების ფსიქიკური წყობის, კერძოდ კი გონებრივ შესაძლებლობათა, ნიჭიერების განსხვავებულობის საკითხი. თავისი მოსაზრებები ამასთან დაკავშირებით მან გადმოსცა ორ მთავარ თხზულებაში: “გონების შესახებ” (1758) და “ადამიანის შესახებ” (1769), რომლებიც, ერეტიკულობის ბრალდებით, ოფიციალურად აკრძალეს.       ჰელვეციუსიც სენსუალისტია. იგი მიჰყვება კონდილიაკს და თვლის, რომ დაბადებიდან ადამიანს აქვს შეგრძნება და მისი შემონახვის უნარი - მეხსიერება. მეხსიერება “ხანგრძლიობის მქონე, მაგრამ შესუსტებული შეგრძნებაა”. აზროვნებაც შეგრძნებებს უკავშირდება და მათი კომბინირების უნარად არის წარმოდგენილი. მაგრამ ადამიანთა ინტელექტუალურ უთანაბრობას არც შეგრძნებები განსაზღვრავს და არც მათგან წარმოებული ფსიქიკური უნარები. თითქმის ყველა ადამიანს აქვს საკმარისი შეგრძნებათა სიმახვილე და მეხსიერება, რომ გააკეთოს დიდი აღმოჩენა. ამაში არავითარ როლს არ თამაშობს გეოგრაფია, რასა, კვება, ტემპერამენტი თუ სხვა ფაქტორები. ჰელვეციუსი საბოლოოდ ორ მიზეზს აღნიშნავს, ეს არის სხვადასხვა მდგომარეობები და ვითარებები, რომლებშიც შემთხვევითობის წყალობით ხვდება ესა თუ ის ადამიანი, და, აგრეთვე, დიდებისკენ მისწრაფების მეტ-ნაკლებობა. ჰელვეციუსი საჭიროდ თვლის შევისწავლოთ ყველა ფაქტორი, რომლებმაც ხელი შეუწყო დიდ აღმოჩენებს, რათა მათი გათვალისწინებით მიზანდასახულად აღვზარდოთ თვალსაჩინო პიროვნებები. ჰელვეციუსი დარწმუნებულია აღზრდის გადამწყვეტ როლში: “ჭკუის უთანაბრობა შეიძლება აღზრდით აიხსნას”, “აღზრდა გვაქცევს ჩვენ იმად, რაც ვართ”, თუმცა, იმასაც აღნიშნავს, რომ აღზრდა ვერ აქცევს საზოგადოების ყველა წევრს გამოჩენილად. საქმე ისაა, რომ ყველა ერთნაირ აღზრდას ვერ მიიღებს, ვინაიდან თითოეული ინდივიდის აღმზრდელად გვევლინება როგორც მმართველობის ფორმა, რომელშიც იგი ცხოვრობს, ისე მეგობრები, საყვარელი ადამიანები, გარშემომყოფი ხალხი, წაკითხული წიგნები, დაბოლოს შემთხვევა, ანუ ის უამრავი მოვლენა, რომელთა მიზეზებსა და კავშირებს ჩვენ ვერ მივუთითებთ. მიუხედავად ამისა, აღზრდას ძალუძს გაზარდოს გენიალური ადამიანები, ხოლო დანარჩენები აქციოს გონიერებად და ჭკვიანებად.       შემოქმედების მოტივაციასთან დაკავშირებით, ჰელვეციუსი აღნიშნავს, რომ გონება შეიძლება განვიხილოთ როგორც მანქანა, რომელიც არ მოქმედებს, სანამ ვნებები არ აამუშავებს მას. ვნების ძალა და ხასიათი ყველასთან განსხვავებულია, მაგრამ ეს არ არის თანდაყოლილი თვისება, ვინაიდან ადამიანები იბადებიან არა მხოლოდ იდეების, არამედ ვნებების გარეშეც. გონების მსგავსად, ვნებებიც უნდა აღვზარდოთ. ამისთვის დიდებასთან და სახელთან დაკავშირებული ვნებები უნდა დავუკავშიროთ სხვადასხვაგვარ სხეულებრივ სიამოვნებას, რომლებიც ყოველგვარი მაღალი მისწრაფების ფორმირების პირობას წარმოადგენენ. დიდება და მისგან გამომდინარე მატერიალური უზრუნველყოფა ჰედონისტური განცდების მიღების საშუალებაა. დიდების წყურვილი მხოლოდ სხეულებრივ სიამოვნებათა მიღების შენიღბული სურვილია. მოტივაციის გაგებაში ჰელვეციუსი, ლამეტრის მსგავსად, ბიოლოგისტურ პოზიციაზე დგას.       ჰელვეციუსის ფსიქოლოგიური წარმოდგენები ამართლებს მის მსოფლმხედველობრივ პოზიციას ადამიანთა საყოველთაო თანასწორობის შესახებ - უთანაბრობა და ინდივიდუალური განსხვავებები მთლიანად ინდივიდების სოციალური მდგომარეობისა და აღზრდის განსხვავებულობით აიხსნება. ჰელვეციუსის ინტერპრეტატორები აღნიშნავენ, რომ ასეთ მიდგომას ფატალიზმამდე მივყავართ. ეს ერთი შეხედვით უცნაურია, ვინაიდან ფატალიზმს, როგორც წესი, უკავშირებენ საწინააღმდეგო შეხედულებას, რომლის თანახმად ადამიანის ფსიქიკური წყობა დამოკიდებულია თანდაყოლილ შინაგან ფაქტორებზე. ისინი ფატალურად განსაზღვრავენ მის უნარ-თვისებებს და, საბოლოოდ, ცხოვრების გზასაც. მაგრამ ჰელვეციუსის თვალსაზრისითაც ფატალიზმამდე მივდივართ: ადამიანი ბედის სათამაშოდ, შემთხვევითობის მსხვერპლად წარმოგვიდგება, რომელიც, მოათავსებს რა მას ამა თუ იმ გარემოში, განსაზღვრავს მის სოციალურ მდგომარეობას, სწავლა-აღზრდის პირობებს და, მაშასადამე, მისი ცხოვრების სცენარსაც. თანდაყოლილ თავისებურებათა უარყოფასთან ერთად ჰელვეციუსი უარყოფს ადამიანის პასუხისმგებლობას საკუთარი უნარ-თვისებების, ცოდნა-ჩვევების ჩამოყალიბებისა და, საბოლოოდ, ცხოვრების სტილისა და შინაარსის წინაშე.       ასეთ მიდგომას არ იზიარებდა იმდროინდელი საფრანგეთის ერთ-ერთი უდიდესი სწავლული, ფრანგული ენციკლოპედიის მთავარი რედაქტორი დენი დიდრო (1713-1784). მან დაწერა სპეციალური ნაშრომი: “თანმიმდევრული უარყოფა ჰელვეციუსის წიგნისა “ადამიანის შესახებ”. როგორც ემპირისტი და მატერიალისტი, დიდრო გარემოს წამყვან როლს აღიარებს, მაგრამ, მისი აზრით, გარემოს მნიშვნელობა განსხვავებულია ინდივიდისთვის და საზოგადოებისთვის. ამ უკანასკნელის გონებრივ მდგომარეობას მთლიანად განაპირობებს სოციალური და პოლიტიკური სიტუაცია. კანონები, წეს-წყობილება, განათლების სისტემა და ა.შ. განსაზღვრავს განსხვავებებს ხალხებს შორის. საზოგადოებრივ განათლებას შეუძლია გაათანაბროს მხოლოდ ადამიანთა დიდი მასები, მაგრამ არა ერთეული ინდივიდები. დიდრო ასე უსვამს საკითხს ჰელვეციუსს: წარმოიდგინეთ, რომ მოინდომოთ ხუთასი ახალშობილის აღზრდა თქვენი შეხედულებისამებრ. რამდენ მათგანს აქცევდით გენიოსად? რატომ ხუთასივეს არა? დაფიქრდით და დარწმუნდებით, რომ საბოლოოდ ბავშვების შინაგანი, ბუნებრივი ორგანიზაციის განსხვავებულობამდე მიხვალთ. ის არის სიზარმაცის, ქარაფშუტობის, სიჯიუტისა და სხვა მანკიერებათა პირველწყარო, მაგრამ, ის თანდაყოლილი ნიჭებისა და უნარების წყაროცაა.       ვინაიდან არსებობს ინდივიდუალური, თანდაყოლილი გონებრივი უნარები, ყველაფრის გადაბრალება გარემოებებსა და შემთხვევითობაზე არაა მართებული. გენიოსობა, ამბობდა ჰელვეციუსი, არის შემთხვევითობის პროდუქტი. სწორედ შემთხვევა ათავსებს ჩვენს თვალწინ გარკვეულ საგნებს, რითაც განსაკუთრებით საინტერესო აზრებს იწვევს და ზოგჯერ დიდ აღმოჩენებამდე მივყავართ. ამაზე დიდრო კითხულობს: ნუთუ გგონიათ, რომ შემთხვევამ მიიყვანა ნიუტონი ჩამოვარდნილი ვაშლიდან მთვარის მოძრაობამდე, მთვარის მოძრაობიდან კი მთელი სამყაროს სისტემამდე? თვითონ ნიუტონი სხვაგვარად ფიქრობდა. როცა ეკითხებოდნენ, როგორ მივიდა აღმოჩენამდე, იგი პასუხობდა: “ფიქრის გზით”. ამიტომ მართებული იქნება თუ ვიტყვით, რომ შემთხვევა მხოლოდ პირობებს ქმნის კონკრეტული ადამიანის განვითარებისთვის, მაგრამ შეძლებს თუ არა იგი ამ შემთხვევის გამოყენებას, და როგორ - ეს მის ინდივიდუალურ უნარებზეა დამოკიდებული. მაშასადამე, პიროვნება არ თავისუფლდება პასუხისმგებლობისაგან, ვინაიდან ის თვითონ წყვეტს, რა გამოიყენოს გარემოებათა შემოთავაზებებიდან და რა - არა.       ასევეა დიდებისკენ მისწრაფების შემთხვევაშიც. ეს მისწრაფება ტალანტებს ქმნისო, წერდა ჰელვეციუსი. დიდრო აღიარებს ამ მოტივაციის მნიშვნელობას, მაგრამ თვლის, რომ თავისთავად სურვილი ან მისწრაფება ვერ შექმნის ნიჭიერებას იქ, სადაც ის არ არის. არსებობს უამრავი რამ, რაც იმდენად აღემატება ჩემს ძალებსა და შესაძლებლობებს, რომ ვერაფერი მაიძულებს მათკენ ვისწრაფოდე, არც სამეფო ტახტის მიღების იმედი და არც საკუთარი სოცოცხლის გადარჩენის სურვილი. აქედან შეიძლება დავასკვნათ, რომ შეჯიბრი, დიდებისკენ მისწრაფება თუ სხვა მოტივაცია ნიჭიერების გამოვლენის შესაძლებლობას ქმნის და არა თვით ნიჭიერებას.       დიდროს ნატივისტური პოზიცია არ შეიძლება ტიპურად ჩაითვალოს XVIII საუკუნის ფრანგული ფილოსოფიურ-ფსიქოლოგიური აზროვნებისთვის. როგორც ითქვა, აქ გაბატონებულია ემპირიზმი და მისი უკიდურესი გამოვლინება - სენსუალიზმი, რომლის თანახმად ყოველგვარი სულიერი შინაარსის, მდგომარეობისა თუ პროცესის პირველწყარო არის შეგრძნებების მიერ მიღებული გამოცდილება. ყველაფერი, რაც სულშია მოთავსებული, ამ გზით არის შეძენილი. სულიერი მოვლენების ქმნადობის ყველაზე გააზრებული მექანიზმი ინგლისურმა ემპირიულმა ფსიქოლოგიამ ასოციაციის მექანიზმის სახით შემოგვთავაზა. ასოციაციური კავშირები მექანიკურად მყარდება შეგრძნებებისა თუ წარმოდგენების მეზობლობის, მსგავსების, გამეორების ან სხვა პირობების არსებობის შემთხვევაში.       სულიერი სინამდვილის განხილვის ასეთი წესი XVIII საუკუნეში ყველაზე გავრცელებული იყო, მაგრამ არა ერთადერთი. მას უპირისპირდებოდა ნაკლებ გავრცელებული და ნაკლებ გავლენიანი მიმართულება, რომლის სათავეები ემპირიზმის ფილოსოფიურ ანტაგონისტში, სახელდობრ, რაციონალიზმში ძევს და მას ნიჭთა ფსიქოლოგია ეწოდება. ის ჩაისახა გერმანიაში, სადაც იმხანად ემპირიზმმა ფეხი ვერ მოიკიდა. აქ პირველ რიგში უნდა დავასახელოთ ქრისტიან ვოლფი.       ქრისტიან ვოლფი (1673-1754) ლაიფციგის, მარბურგისა და ჰალეს უნივრსისტეტების მეტად ავტორიტეტული ფილოსოფიის პროფესორი იყო. ვოლფი ლაიბნიცის დიდ გავლენას განიცდიდა და მისი შემოქმედების თვალსაჩინო სისტემატიკოსად და პოპულარიზატორად ითვლებოდა. ცხადია, ისიც პარალელიზმის პოზიციაზე იდგა, მაგრამ, ლაიბნიცისაგან განსხვავებით, იმდენად მატერიისა და სულის მიმართება კი არ აინტერესებდა, რამდენადაც მიმართება სხეულსა და ფსიქიკას შორის. შესაბამისად, მისი პარალელიზმი, ჰერტლის მსგავსად, ფსიქოფიზიოლოგიურია.       ვოლფი არ უგულებელყოფდა არც ემპირიულ და არც რაციონალურ ფსიქოლოგიას. ამაზე მეტყველებს ის, რომ ამ სახელწოდებებით, 1732 და 1734 წლებში, მან გამოსცა ორი წიგნი, რის შემდეგაც სიტყვა “ფსიქოლოგია” ევროპაში საყოველთაოდ მიღებული გახდა. ფსიქოლოგიის ამ ორი სახეობის ურთიერთმიმართებაზე მსჯეობისას ვოლფი აღნიშნავდა, რომ ყოველი მოვლენა, მათ შორის სულიერი, შეიძლება შეიმეცნო როგორც გამოცდილების, ისე გონების საშუალებით და განიხილო როგორც გარეგანი თვისებების, ისე არსის მხრივ. პირველ შემთხვევაში საქმე გვაქვს ემპირიულ ფსიქოლოგიასთან. ის, გარკვეული აზრით, საფუძვლად ედება რაციონალურ ფსიქოლოგიას, რომელიც ამოსავალ პუნქტად იღებს რაიმე ცდისეულ მოცემულობას, მაგალითად, სხეულებრივ და სულიერ ცვლილებათა თანხვედრის ფაქტს, ხოლო შემდეგ ცდილობს მის ახსნას. ეს ახსნა ჰიპოთეტურ ხასიათს ატარებს, რაც სავსებით ბუნებრივია ისეთი ჭეშმარიტად ფილოსოფიური, მეტაფიზიკური დისციპლინისთვის, როგორიც რაციონალური ფსიქოლოგიაა. ემპირიული ფსიქოლოგია პრაქტიკულადაც სასარგებლოა, ვინაიდან “ლოგიკის კანონები” და “მორალის წესები” საჭიროებს დაფუძნებას რაიმე ისეთზე, რაც თავისთავად ცხადია. ასეთი კი შეიძლება იყოს მხოლოდ ცდისეული ცოდნა სულის შესახებ. მიუხედავად ამ განცხადებებისა, ვოლფის ემპირიულმა ფსიქოლოგიამ, რომელიც ცნობიერების მოვლენების აღწერას შეიცავდა, ახალი ვერაფერი შესძინა მეცნიერებას სულის შესახებ (გარდა ზოგიერთი ფრთხილად გამოთქმული მოსაზრებებისა ფსიქიკური მოვლენების გაზომვის შესაძლებლობასთან დაკავშირებით). სამაგიეროდ, რაციონალური ფსიქოლოგია, გარდა აბსტრაქტული მსჯელობებისა სულის არსზე, ადგილმდებარეობაზე, თავისუფლებასა თუ უკვდავებაზე, შეიცავდა თეორიულად საინტერესო მოსაზრებებს სულის ბუნების შესახებ.       სულიერი მოვლენების ამხსნელ ფაქტორად ნიჭის ცნება დასახელდა. ამასთან ერთად, განვითარდა ლაიბნიციდან მომდინარე იდეა სულის სპონტანური აქტივობის შესახებ. ეს სპონტანური, ყოველგვარი გარეშე ზემოქმედებისაგან დამოუკიდებელი აქტივობა, სულის მთავარი მახასიათებელი გახდა. ეს აქტივობა აქცევს ქმედითად ფსიქიკურ პროცესებს, პირველ რიგში, შემეცნებითს. სწორედ ამიტომ, სულს როგორც გრძნობადი, ისე გონებრივი შემეცნების შემთხვევაში, შეუძლია მასში ჩანერგილი წარმოდგენები საგნების შესახებ გააძლიეროს და განავითაროს. სულში ორი სახის ნიჭი (პროცესები) არსებობს - შემეცნებითი (წარმოდგენები) და ლტოლვითი (მისწრაფებები). აქტიური ბუნების გამო წარმოდგენები არ არის სტატიკური. რომელიმე ობიექტის ან მოვლენის წარმოდგენას უკავშირდება მისგან მომდინარე სიამოვნება და აზრი მის ღირსებათა შესახებ, რასაც მოჰყვება მისკენ სწრაფვა ან, როგორც ვოლფი იტყოდა - აპეტიტი.       პოსტულატი ჩანერგილი უნარების, პრინციპებისა თუ ნიჭების შესახებ, რომლებიც სულის საკუთარ, სპონტანურ აქტივობას გამოხატავენ, ამოსავალია ნიჭთა ფსიქოლოგიის სხვადასხვა განშტოებისთვის. ერთ-ერთი ასეთი ვარიანტია ბრიტანული ფილოსოფიისა და ფსიქოლოგიის მიმართულება, რომელიც შოტლანდიელი პროფესორების მიერ შეიქმნა და ამიტომაც შოტლანდიური სკოლა ეწოდება. ამ სკოლის ფუძემდებელია თომას რიდი (1710-1796) აბერდინის უნივერსიტეტიდან, ხოლო ერთ-ერთი თვალსაჩინო წარმომადგენლია დიუგალტ სტიუარტი (1753-1828) ედინბურგის უნივერსიტეტიდან. შოტლანდიური სკოლა ინგლისურ ემპირიზმსა და ასოციაციონიზმს (ბერკლი, ჰიუმი, ჰერტლი) ე.წ. საღი აზრის თეორიის პოზიციდან ეწინააღმდეგება. “საღ აზრში” იგულისხმება როგორც გონების განსაკუთრებული ინტუიციური უნარი ან ძალა, ისე პირველადი და ამოსავალი პრინციპებისა და დებულებების ერთობლიობა. ისინი ადამიანთა გონებაში ღმერთის მიერ არიან ჩანერგილი და “ადამიანური ბუნების” ნაწილს წარმოადგენენ. მათი საშუალებით ჩვენ ზუსტად შევიმეცნებთ სამყაროს და ვმოქმედებთ ზნეობრივი პრინციპების შესაბამისად. ეს პრინციპები წინ აღუდგებიან შემეცნებით სკეპტიციზმსა და ცხოვრებისეულ ნიჰილიზმს, განსაზღვრავენ საღად აზროვნებასა და საღად მოქმედებას. ნაშრომში “ნარკვევები ადამიანის ინტელექტუალური უნარების შესახებ” (1785) რიდი თორმეტ ასეთ პრინციპს ჩამოთვლის, მათ შორისაა ღმერთისა და გარე სამყაროს არსებობის რწმენა, დებულება ჭეშმარიტისა და მცდარის გარჩევის შესაძლებლობის შესახებ, მიზეზობრიობისა და ინდუქციის პრინციპები, პირადი იდენტობის ცნება და ა.შ.       რიდმა პირველმა განაცალკევა ტერმინოლოგიურად შეგრძნება და აღქმა. შეგრძნება უბრალო მგრძნობელობაა, სუბიექტში მოცემული მდგომარეობაა; აღქმა გარე ობიექტის ხატია, ის საგნობრივია და მასში მოცემულია რწმენა ამ ობიექტის ჩვენგან დამოუკიდებელი, რეალური არსებობის შესახებ. ეს რწმენა ერთ-ერთი იმ თანდაყოლილი ნიჭის (პრინციპის) გამოვლინებაა, რომლებზეც რიდი საუბრობს. პერცეფცია სამი ელემენტისაგან შედგება: აღმქმელი სუბიექტი, აღქმის აქტი და რეალური ობიექტი. აღქმის აქტი პირდაპირ კონტაქტშია საგანთან და არა მასთან დაკავშირებულ იდეასთან. ამ პუნქტში რიდი უპირისპირდება ბერკლისა და ჰიუმის სკეპტიციზმამდე მიმყვან “იდეიზმს”, რომლის მიხედვით სამყარო უშუალოდ არ შეიცნობა; გამოცდილებას და შემეცნებას საქმე აქვს მხოლოდ საგნების ხატებთან, იდეებთან. ამის საპირისპიროდ, რიდი ამტკიცებს, რომ ჩვენ პირდაპირ, გაშუალების გარეშე შევიცნობთ საგნებს. ჩვენი პერცეფცია იმთავითვე საგნობრივია, საგნობრივი მნიშვნელობის მქონეა. ამიტომ მისით მოპოვებული გამოცდილება საგნობრივი სინამდვილის ამსახველია. იდეები იმის მენტალური რეპრეზენტაციაა, რაც რეალურად არსებობს.       აღქმის საგნობრიობის ხაზგასმით შოტლანდიური სკოლა ებრძვის არა მხოლოდ სკეპტიციზმს, არამედ სენსუალიზმსაც. გამოცდილება არ არის მარტივი შეგრძნებების უბრალო კომბინაცია. პირველადი გამოცდილება რთული, “კომპლექსური შთაბეჭდილებაა”. ის შეიძლება ანალიზის გზით დაყვანილ იქნეს მარტივ, ერთეულ შეგრძნებებამდე, მაგრამ, საგნობრივი მნიშვნელობის მქონე კომპლექსის წარმოქმნა არ ხდება შეგრძნებითი ელემენტების მექანიკური ასოციაციური დაკავშირებით. როგორც მოგვიანებით მთლიანობის ფსიქოლოგია იტყვის, სამკუთხედი სამი ხაზისაგან შედგება, მაგრამ ჩვენს გამოცდილებაში ის ყოველთვის წარმოდგენილია, როგორც ორგანიზებული, საგნობრივი მნიშვნელობის მქონე მთელი - სამკუთხედი (და არა როგორც სამი ხაზის ნაერთი). ამდენად, პერცეპტული კომპლექსის დაყვანა ერთეულ შეგრძნებებზე შეუძლებელია. წინააღმდეგ შემთხვევაში მას ეკარგება მისთვის ძირეული რამე - საგნობრივი მნიშვნელობა. აშკარაა, რომ ამ მსჯელობით შოტლანდიურმა სკოლამ ბევრად გაუსწრო იმ ეპოქაში გავრცელებულ ელემენტარისტულ-სენსუალისტურ წარმოდგენებს. მან პირველმა გამოხატა ნათლად მთლიანობის ფსიქოლოგიის სულისკვეთება, რომელმაც დასრულებული სახე მხოლოდ მეოცე საუკუნის დასაწყისში, გეშტალტფსიქოლოგიაში მიიღო (იხ. თავი 10.1.).       ნიჭთა ფსიქოლოგიის ტრადიცია გერმანიაში გააგრძელა იოჰან ნიკოლას ტეტენსმა (1736-1807). მან პირველმა მკაფიოდ გამოთქვა მოსაზრება სულის ტრიქოტომიის შესახებ (ცნობიერების მოვლენათა დაყოფა სამ კლასად - შემეცნებითად, ემოციურად და ნებელობითად), რაც ფსიქოლოგიის კლასიკად იქცა და დღესაც არ დაუკარგავს მნიშვნელობა. ტეტენსი უაღრესად განსწავლული, მათემატიკის, ფიზიკისა და ფილოსოფიის პროფესორი იყო. იგი კარგად იცნობდა წინა საუკუნის კლასიკურ სისტემებს, მაგრამ, რაც მთავარია, ზედმიწევნით კარგად იყო ინფორმირებული მისი თანამედროვე ბრიტანული (ბერკლი, ჰიუმი, რიდი, სტიუარტი, ჰერტლი, პრისტლი), ფრანგული (კონდილიაკი, ჰელვეციუსი, რუსო, ბიუფონი) და გერმანული (ვოლფი და მისი სკოლა) მენტალური ფილოსოფიისა და ფსიქოლოგიის შესახებ. უფრო მეტიც, იგი ცდილობდა ამ განსხვავებულ შეხედულებათა ერთგვარი სინთეზი მოეხდინა. ეს ნიშნავდა ემპირიული და რაციონალური ფსიქოლოგიის სისტემურ დაკავშირებას. ნიჭების (ფსიქიკური პროცესების) დახასიათებისას, ტეტენსი დაკვირვებას, უფრო ზუსტად, თვითდაკვირვებას ეყრდნობოდა, მაგრამ, ამავე დროს, მიიჩნევდა, რომ ეს ემპირიული მონაცემები სრულყოფილი ანალიზისთვის საკმრისი არ არის. ამისთვის აუცილებელია სულის სუბსტანციონალობასთან დაკავშირებული მეტაფიზიკური დაშვებები. ტეტენსმა არ შექმნა სკოლა და მისი გავლენა არ იყო დიდი, თუმცა ამ მეცნიერის კაპიტალურ ნაშრომს “ფილოსოფიური ცდები ადამიანის ბუნებასა და განვითარებაზე” (1777) მაღალ შეფასებას აძლევდნენ გერმანელი სწავლულები, კერძოდ, კანტი. სხვათა შორის, ფსიქოლოგიის ზოგიერთი ისტორიკოსი სწორედ კანტის გავლენას მიაწერს იმას, რომ ტეტენსმა ვერ მოიპოვა აღიარება. კანტის “კრიტიკული პერიოდის” პირველ ნაშრომს ტეტენსის ტრაქტატის გამოქვეყნებიდან სულ ოთხი წელი აშორებს. გერმანიის მთავარი ინტელექტუალური ძალები მის განხილვაზე წარიმართა, ამიტომაც ტეტენსის ნაშრომი სათანადო ყურადღების გარეშე დარჩა.       XVII და XVIII საუკუნეების ფსიქოლოგიის განვითარების ზოგადი ტენდენციების რეზიუმირება ძალზე სქემატურად ფსიქოლოგიის ერთ-ერთი ისტორიკოსის შემდეგი სიტყვებით შეიძლება: “დეკარტედან მოყოლებული, მსჯელობა ფსიქიკური ცხოვრების შესახებ ორი მიმართულებით ვითარდებოდა, თუმცა ეს მიმართულებები უკვე ანტიკური ფილოსოფიის დროიდან გახდა კლასიკური. ერთი მათგანი, რომელიც ეხებოდა ჩვენს წარმოდგენებს და მათი შეერთების კანონებს, აქცენტს აკეთებდა ემპირიულ გენეზისზე და ასოციაციებზე, რომელთა ძირითადი ფაქტორები იყო მეზობლობა და გამეორება; მეორე მიმართულება წინა პლანზე აყენებდა ცნობიერების აქტივობის პრინციპს” (პ. ფრესი). მაგრამ ეს განხილვა სრული არ იქნება, თუ მოკლედ მაინც არ შევეხებით ი. კანტის სისტემას, რომლის ერთმნიშვნელოვანი კვალიფიკაცია მოცემული სქემის საფუძველზე საკმაოდ რთულია, ვინაიდან მისი მოძღვრება, არსებითად, ანტიფსიქოლოგიური ხასიათისაა. მიუხედავად ამისა, თუ გავითვალისწინებთ იმ გავლენას, რომელიც კანტზე ვოლფმა და ტეტენსმა მოახდინეს, აგრეთვე თვით კანტის სისტემის თავისებურებებს, შესაძლებელია ვისაუბროთ მის კავშირებსა თუ მიმართებებზე აქტივობისა და ნიჭთა ფსიქოლოგიასთან.       იმანუელ კანტის (1724-1804) მოძღვრების შეფასება ფსიქოლოგიის ისტორიის თვალსაზრისით არც ისე იოლია. ფსიქოლოგიის ისტორიის ზოგიერთი მკვლევარი ხაზგასმით აღნიშნავს კანტის როლს ფსიქოლოგიაში, ზოგი კი, ფაქტობრივად, უგულვებელყოფს მას. ალბათ ორივე პოზიციის გამართლება შეიძლება. კანტის გიგანტური ფიგურა ისეთი მასშტაბისაა, რომ მას უბრალოდ არ შეეძლო ზეგავლენა არ მოეხდინა შემდგომი დროის იმ მოაზროვნეებზე, რომლებიც სულიერ სამყაროზე ფიქრობდნენ. ეს განსაკუთრებით ითქმის გერმანელ მკვლევარებზე. ამავე დროს, კანტის აშკარა ანტიფსიქოლოგიზმი გასაგებს ხდის იმათ პოზიციასაც, ვინც დიდ ყურადღებას არ უთმობს შეხედულებას, რომლის მიხედვითაც ფსიქოლოგიას, საზოგადოდ არ ძალუძს რამდენადმე სარწმუნო მეცნიერული ცოდნის მოცემა. კანტი კი სწორედ ასე ფიქრობდა. იგი საგანგებოდ და სერიოზულად მუშაობდა როგორც ემპირიული, ისე რაციონალური ფსიქოლოგიის კრიტიკის მიმართულებით.       აუცილებელია აღინიშნოს, რომ ასეთი პოზიცია დამახასიათებელია კანტის ფილოსოფიური მოღვაწეობის მეორე, ე.წ. “კრიტიკული პერიოდისთვის”. ამ პერიოდის ნაშრომებში ჩამოყალიბდა მისი ცნობილი ფილოსოფიური სისტემა, “ტრანსცენდენტული” ან “კრიტიკული” იდეალიზმი. “წინაკრიტიკულ” პერიოდში კანტი ლოიალურად იყო განწყობილი ფსიქოლოგიის მიმართ. იგი წლების განმავლობაში კითხულობდა ლექციების კურსს ფსიქოლოგიაში, რომლის შინაარსი ცნობილია. ამ კურსს ვოლფის ფსიქოლოგიის სერიოზული გავლენა ეტყობა. ვოლფის მსგავსად, კანტი ასხვავებს ემპირიულ და რაციონალურ ფსიქოლოგიას. პირველი, თავისი ემპირიზმის გამო, არ არის მეტაფიზიკური დისციპლინა. მისი მთავარი მიზანია სულის “ნიჭების” (სულიერი მოვლენების) დახასიათება და კლასიფიკაცია. ამ მონაცემების საფუძველზე რაციონალური ფსიქოლოგია იწყებს სულის არსის აპრიორულ გამოკვლევას.       კანტი იმასაც ცდილობდა, რომ გაერკვია ფსიქოლოგიის ადგილი მეცნიერებათა სისტემაში. ფსიქოლოგია მოთავსებულია ფიზიოლოგიაში, როგორც ბუნების შესახებ კრებით სწავლებაში. შესაბამისად, ფიზიოლოგია კონკრეტდება, ერთი მხრივ ფიზიკად, ანუ მეცნიერებად იმ საგნების შესახებ, რომლებიც გარეგან გრძნობაშია მოცემული, და, მეორე მხრივ, ფსიქოლოგიად, რომელიც შეისწავლის იმას, რაზეც შინაგანი გრძნობაა მიმართული, ანუ სულს. ამ მეცნიერებათაგან თითოეული, თავის მხრივ, შეიძლება იყოს რაციონალური ან ემპირიული. კანტთან სხვა სქემასაც ვხვდებით: თეოლოგია - მეცნიერება საგნების პირველსაწყისის შესახებ, კოსმოლოგია - მათი ამჟამინდელი მდგომარეობის შესახებ და ფსიქოლოგია - მომავლის, ან, უფრო ზუსტად, სულის მომავლის შესახებ. აქედან გამომდინარეობს ამ უკანასკნელის ძირითადი თემაც - სულის უკვდავება. ადვილი შესამჩნევია, რომ ეს სქემა ფსიქოლოგიის მთელ შინაარსს ვერ ფარავს, ვინაიდან სულის უკვდავება რაციონალური ფსიქოლოგიის ექსკლუზიური საკითხია და ემპირიული ფსიქოლოგია ამ სისტემაში ვერ მოიაზრება.       “კრიტიკულ პერიოდში” კანტის პოზიცია შეიცვალა. ჩამოყალიბდა უაღრესად სკეპტიკური განწყობა ემპირიული ფსიქოლოგიის შესაძლებლობების მიმართ. კანტი აკრიტიკებდა ვოლფს, უარყოფდა მათემატიკის გამოყენების შესაძლებლობას სულის ემპირიული შესწავლის პროცესში და ამით, თავისთავად, უარყოფდა სულიერი მოვლენების გაზომვის იდეას. კანტის უნდობლობას ემპირიული ფსიქოლოგიის მონაცემების მიმართ ისიც აძლიერებდა, რომ ამ უკანასკნელს არ შეუძლია ბუნებისმეტყველების მთავარი იარაღის, ექსპერიმენტის გამოყენება. საქმე ისაა, რომ ვერც საკუთარი თავის და ვერც სხვების შემთხვევაში, ჩვენ ვერ ვენდობით დაკვირვებას, მეცნიერული კვლევის რომელ ფორმაშიც უნდა მიმდინარეობდეს იგი. განუყოფელი და ერთიანი სულის დანაწევრება, მისი ნაწილების შენახვა და შემდეგ შეერთება შეუძლებელია. ამის გარეშე კი სულიერი მოვლენების ექსპერიმენტული შესწავლა, პრინციპში, ვერ განხორციელდება; თავის მხრივ, ინტროსპექციის სირთულე ის არის, რომ შინაგანი დაკვირვება, როგორც ფსიქიკური მოვლენა, ზედ ედება დასაკვირვებელ სულიერ მდგომარეობას და ცვლის მას. ბუნებრიობა ეკარგება სხვა ინდივიდის ქცევასაც, როცა მას აკვირდებიან.       მიუხედავად იმისა, რომ ემპირიული ფსიქოლოგია, კანტის აზრით, ძალზე არასანდოა და შეზღუდული, ის მაინც შეიძლება განვიხილოთ, როგორც “ისტორიული მოძღვრება” სულის მოვლენების შესახებ, რომელიც ვერ ადის ნამდვილი ბუნებისმეტყველების დონემდე. სხვაგვარად რომ ვთქვათ, ემპირიული ფსიქოლოგია არის აღწერითი და არა ახსნითი დისციპლინა. ის თავს უყრის და აწესრიგებს გარკვეულ დაკვირვებებს ფსიქიკურ მოვლენებზე, მაგრამ ვერ გვითვალისწინებს მათი წარმოშობისა თუ ფუნქციონირების კანონზომიერებებს.       ფსიქოლოგიის ასეთი სახე წარმოადგინა კანტმა თავის “ანთროპოლოგიაში” (1798), რომელშიც ზოგი რამ შევიდა წინაკრიტიკული პერიოდის ლექციებიდან ემპირიულ ფსიქოლოგიაში. ეს ნაწარმოები ეხება ადამიანს საზოგადოდ და არა მხოლოდ მის ფსიქიკას, თუმცა ფსიქოლოგია მის საკმაო ნაწილს იკავებს. თანაც, დახასიათებულია არა მხოლოდ ინდივიდის ფსიქიკური წყობა, არამედ ადამიანთა დიდ გაერთიანებათა სხვადასხვა თავისებურებანი, მათ შორის ფსიქიკურიც. ლაპარაკია სქესის, ერისა და რასის დახასიათებაზე. აქ კანტი იშველიებს მრავალი წყაროდან მომდინარე მონაცემებს (ისტორია, ლიტერატურა, მოგზაურთა ჩანაწერები და სხვა).       რაც შეეხება ინდივიდის ფსიქოლოგიას, აქ მოცემულია არაერთი ზუსტი დაკვირვება და სერიოზული განზოგადება. მათ შორის უნდა აღინიშნოს ზემოთ ნახსენები “სულის ტრიქოტომია”, რომელიც სწორედ კანტის გავლენით გადაიქცა საყოველთაოდ მიღებულ კლასიფიკაციად. კანტი საგანგებოდ განასხვავებს სულის შემეცნებით უნარს მგრძნობელობითი და მისწრაფებითი უნარებისაგან. ფსიქიკური ფენომენი, რომლითაც შემეცნებითი პროცესები ოპერირებენ, წარმოდგენებია. წარმოდგენების ცნობიერებაში შეკავება ყურადღების ფუნქციას უკავშირდება, მაგრამ კანტი არ შემოსაზღვრავს სულიერ სფეროს მხოლოდ ცნობიერი მოვლენებით. წარმოდგენა შეიძლება იყოს იმდენად სუსტი და მკრთალი, რომ, ფაქტობრივად, შეუმჩნეველი დარჩეს სუბიექტისთვის. მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ არაცნობიერი განცდები ზეგავლენას არ ახდენენ ჩვენზე: “საკმაოდ ხშირად ბუნდოვანი წარმოდგენები ჩვენით თამაშობენ”. მათი გავლენით ხან მოუფიქრებლად ვმოქმედებით, ხან რაიმეს განვსჯით. ამ კონტექსტში კანტი ერთ პრაგამტულ რჩევას აძლევს მწერლებს: თქვენი იდეები ცოტა ბუნდოვნად წარმოადგინეთ; როცა მკითხველი მათში გაერკვევა და სინათლეს შეიტანს, მას თავისი თავი უფრო ჭკვიანად მოეჩვენება. საზოგადოდ, თუ ჩავუკვირდებით იმას, რაც ვიცით, აღმოვაჩენთ, რომ ბუნდოვანი წარმოდგენები ნათელზე მეტია. კანტის სიტყვებით, ჩვენი გონება უზარმაზარ რუკას ჰგავს, სადაც მხოლოდ რამდენიმე ადგილია განათებული. უნდა აღინიშნოს, რომ კანტის მიერ არაცნობიერის დაშვება, თუნდაც ბუნდოვანი წარმოდგენის სახით, ლაიბნიცის ხაზის გაგრძელებაა. ლოკიდან წამოსული ემპირიული ფსიქოლოგიისთვის ეს ცნება სრულიად მიუღებელი იყო. ამ მხრივ გერმანული ფსიქოლოგია, როგორც ისტორიამ აჩვენა, თავიდანვე უფრო სწორი მიმართულებით ვითარდებოდა.       მიუხედავად ამისა, ნამდვილი ადამიანური აქტივობა შემეცნებისა თუ პრაქტიკის სფეროში, ცნობიერებას და გონიერებას უკავშირდება. ამიტომ კანტი საგანგებოდ გამოკვეთს ყველა იმ ფაქტორს, რომელიც ხელს უშლის თავისუფალ და გააზრებულ ქცევას. ასეთებს შორის უმნიშვნელოვანესია აფექტები და ვნებები. კანტი ამ მოვლენების თავისებურ კლასიფიკაციას გვთავაზობს იმის მიხედვით, თუ რამდენად აფერხებენ ისინი გადაწყვეტილების მიღებას და განხორციელებას. ამ მხრივ ვნებები უფრო დიდ საფრთხეს შეიცავს. “აფექტისაგან ადამიანს მხოლოდ დროებით ეკარგება თავისუფლება და საკუთარი თავის ფლობის უნარი, ვნება კი სრულიად უარს ამბობს მათზე; იგი თავის სიამოვნებასა და დაკმაყოფილებას მონურ სულში პოულობს”.       ზოგადად მისწრაფებით უნარები კი მოიცავენ სურვილებს, რომელთა სათავე სიამოვნების ობიექტის წარმოდგენაში უნდა ვეძებოთ; მაგრამ სულში, ასეთ სურვილებთან ერთად, არსებობენ აუცილებელი ზნეობრივი მოთხოვნები. ისინი მორალური კანონის გამოვლინებებია. ეს კანონი აპრიორულ ფორმაში მოცემული უპირობო ბრძანებაა, ე.წ. კატეგორიული იმპერატივია, რომელიც ადგენს ყოველგვარი ქცევის ზნეობრივ ქმედებად შეფასების კრიტერიუმს. ნებისყოფა (პრაქტიკული გონება) მორალური კანონის შესრულების უნარს განასახიერებს. ასეთი ნებისყოფა თავისუფალია ყოველგვარი ემპირიული განსაზღვრულობისაგან, რაც პრაქტიკულად შეუძლებელს ხდის მის დახასიათებას რეალურ ფსიქიკურ პროცესად. ნებისყოფისა და თავისუფლების ცნებები იმდენად მჭიდროდ უკავშირდება კანტის მორალურ შეხედულებას (“პრაქტიკული გონების კრიტიკა”), რომ მათ ერთმანეთისაგან ვერ დააშორებ. მხოლოდ თავისუფალ არსებას შეუძლია არ დაექვემდებაროს ბუნებაში მოქმედ მიზეზობრიობის კანონს და, საკუთარი ნებით, იხელმძღვანელოს ზნეობრივი კანონით. აქედან გამომდინარე, ნებისყოფა დეტერმინაციის გარეშე მყოფ ფუნქციად გვევლინება, რომლის შესწავლა მეცნიერების, კერძოდ - ემპირიული ფსიქოლოგიის ფარგლებში შეუძლებელია.       კანტი ახასიათებს თითქმის ყველა შემეცნებით ფსიქიკური პროცესს. იგი არ ასხვავებს აღქმასა და შეგრძნებას და იფარგლება არისტოტესეული ხუთი შეგრძნების გარჩევით. აქ უფრო საინტერესოა მსჯელობა ზოგადად მგრძნობელობის უნარზე მოქმედ ფაქტორებზე. ზოგი ფაქტორი ამ უნარს აძლიერებს (კონტრასტი, სიახლე, ცვალებადობა), ზოგიც ასუსტებს ან საერთოდ თრგუნავს (სიმთვრალე, ძილი, გულყრა, ასფიქსია). მეხსიერება და წარმოსახვა წარმოდგენის, როგორც საგნის უშუალო ზემოქმედების გარეშე ცნობიერებაში აღმოცენების უნარის გამოვლინებებია. წარმოდგენების დაყოფა ტემპორალური ნიშნით შეიძლება - ზოგი წარმოდგენის შინაარსი წარსულს უკავშირდება, ზოგის - აწმყოს, ზოგისაც - მომავალს. აქ რამდენადმე მნიშვნელოვან სიახლეს ვერ ვხვდებით. მხოლოდ იმის აღნიშვნა შეიძლება, რომ კანტმა შედარებით მკაფიოდ გამიჯნა წარმოსახვის ფუნქციის ორი გამოვლინება. პირველია უნებლიე, რეპროდუქტიული წარმოსახვა, რომელსაც ფანტაზიას უწოდებს (მაგ., სიზმარი) და მეორე - ნებელობითი, პროდუქტიული წარმოსახვა, რაც შემოქმედების უნართან არის დაკავშირებული. იგი აგრეთვე მსჯელობს ფანტაზიის მასტიმულირებელ ფიზიკურ ზემოქმედებებზე, სახელდობრ, ნარკოტიკულ საშუალებებზე და ფანტაზიის კონტექსტში განიხილავს იმას, რასაც დღეს ფსიქოლოგიაში ცნობიერების შეცვლილ მდგომარეობებს უწოდებენ. ეს, პირველ ყოვლისა, სიზმრებს ეხება. ყურადღებას იმსახურებს კანტის მოსაზრება სიზმრის აუცილებლობისა და სარგებლიანობის შესახებ, თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ ამ მოსაზრების დასაბუთებისას იგი საკმაოდ გულუბრყვილო ფიზიოლოგიური არგუმენტაციით იფარგლება.       რადგან ცნობიერების შეცვლილი მდგომარეობები ვახსენეთ, ისიც უნდა ითქვას, რომ “ანთროპოლოგიაში” საკმაოდ ვრცელი მასალაა წარმოდგენილი სულიერი აშლილობების შესახებ. ამ თემის სერიოზული დამუშავება სათანადო კლინიკური პრაქტიკის გარეშე ძალზე რთულია. კანტი კაბინეტური მეცნიერი იყო, ამიტომ მისი “ანთროპოლოგიური” მოსაზრებები ფსიქიკური დარღვევების შესახებ ფსიქიატრიისა და ფსიქოპათოლოგიის შემდგომ წინსვლაზე არ აისახა. იგივეს ვერ ვიტყვით ამავე ნაწარმოებში მოცემულ მსჯელობებზე ინდივიდუალური ხასიათის პრობლემატიკასთან დაკავშირებით. ეს შეიძლება ნაშრომის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო და ღირებული ნაწილი იყოს. კანტის გავლენა ქარაქტეროლოგიის განვითარებაზე უეჭველია. განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ სწორედ კანტმა მისცა დასრულებული ფორმა ტემპერამენტის კლასიკურ ტიპოლოგიას (იხ. თავი 7.2).       ასეთია ძალიან მოკლედ კანტის მოსაზრებები ემპირიული ფსიქოლოგიის შესახებ, რომელსაც იგი არასრულყოფილ, მაგრამ მაინც რეალურ მეცნიერებად თვლის. სამაგიეროდ, ე.წ. რაციონალურ ფსიქოლოგიას კანტი მთლიანად უარყოფს. ამ უკანასკნელში მას ესმის მეცნიერება სულის (ცნობიერების) არსისა და უზოგადესი პრინციპების შესახებ, რომელიც დაფუძნებულია კარტეზიანულ დებულებაზე - ვაზროვნებ, ესე იგი ვარსებობ, - აქედან გამომდინარე ყველა მტკიცებით. ეს მტკიცებები ეხება სულის სუბსტანციურობას, სიმარტივეს, დაუნაწევრებადობას, არამატერიალურობას. კანტის თანახმად, ისინი ლოგიკურ შეცდომებია (ე.წ. პარალოგიზმებია), ვინაიდან არასწორი საფუძვლიდან გამომდინარეობენ. საქმე ისაა, რომ სული (ცნობიერება, ცოგიტო) ზღვრული ცნება და ყოვლეგვარი შემეცნების პირობაა. როგორც ასეთი, ის ემპირიული გამოცდილების მიღმა, ტრანსცედენტალურად არსებობს და ვერ გადაიქცევა მეცნიერული აზროვნების საგნად, რადგანაც ეს უკანასკნელი თვით მას ეფუძნება. “მე ვაზროვნებ” არის რაციონალური ფსიქოლოგიის ერთადერთი დებულება, რომლიდანაც მან უნდა გამოიყვანოს მთელი თავისი სიბრძნე, ამბობს კანტი. მაგრამ, როგორც კი მეცნიერული შემეცნების ეს ლოგიკური პირობა თვით გახდება მეცნიერების საგანი, დაგვჭირდება ამ პირობის ახლიდან მონახვა, რათა შემეცნება შესაძლებელი შეიქმნას. სულიერი ცხოვრების წვდომა შესაძლებელია მხოლოდ ემპირიული დაკვირვების გზით, იმ სირთულეების გათვალისწინებით, რასაც ეს დაკვირვება შეიცავს. დაუკვირვებადზე, ტრანსცენდენტურზე მეცნიერება ვერ იმსჯელებს. სულის სუბსტანციურობა, არამატერიალურობა და სხვა, რაციონალური ფსიქოლოგიის, როგორც კონკრეტული მეცნიერების საქმე არ არის. მის ფარგლებში ეს დებულებები ვერც დამტკიცდება და ვერც მათი უარყოფა მოხდება. ამიტომ, კანტის დასკვნით, რაციონალური ფსიქოლოგია მთელი თავისი შინაარსით უნდა შევიდეს ფილოსოფიაში, სახელდობრ, შემეცნების თეორიაში (“გონების კრიტიკა”), რომელიც ეხება საზოგადოდ ცოდნის წინაპირობებს, ცნობიერების აპრიორულ ფორმებს. ისინი წინ უსწრებენ ყოველგვარ გამოცდილებას, მისგან არ გამომდინარეობენ და მასზე არ დაიყვანებიან.       თეორიული ფსიქოლოგიის თვალსაზრისით, კანტის სისტემაში ყველაზე საინტერესოა მოძღვრება ცნობიერების აპრიორულ ფორმებზე. აპრიორული ფორმები ჩვენი სულის იმთავითვე მოცემული უნარებია. ისინი უნდა განვასხვავოთ, ერთი მხრივ, ე.წ. ნოუმენებისაგან, ანუ ცნობიერების მიღმა ობიექტურად არსებული საგნებისაგან (ნივთები თავისთავად) და, მეორე მხრივ, ჩვენი ცნობიერების წარმოდგენებისა თუ განცდებისაგან, რომლებსაც კანტი მოვლენებს უწოდებს. ნოუმენები, რომელთა ობიექტური არსებობის სახე ჩვენთვის ყოველთვის დაფარული დარჩება, მოქმედებს მგრძნობელობაზე და იწვევს შეგრძნებებს. ეს მასალა თავიდანვე გადამუშავდება ცნობიერების აპრიორული ფორმების მიერ და მთელი ჩვენი ცოდნა ამ უნარების მოქმედების შედეგად მიიღება. რამდენადაც შემეცნება აღქმიდან იწყება და აზროვნებით გრძელდება, აპრიორული ფორმები ორივეგან უნდა ვიგულისხმოთ. აღქმის (მგრძნობელობის) აპრიორული ფორმებია სივრცე და დრო. პირველი მხოლოდ გარე მგრძნობელობას ეხება, მეორე - გარესაც და შინაგანსაც (ლოკის მსგავსად, კანტიც ე.წ. შინაგან აღქმაზე ლაპარაკობს, რომელიც მიმართულია ჩვენს საკუთარ სულიერ მდგომარეობებსა და ქცევებზე). ის, რაც არსებობს სივრცეში, არსებობს დროშიც, მაგრამ არა პირიქით. სულიერ მოვლენებს სივრცული მახასიათებლები არ გააჩნია. ამიტომ დრო ყველაფრის, ხოლო სივრცე მხოლოდ ბუნების მოვლენების ჭვრეტის აპრიორული ფორმაა. აქ იგულისხმება სწორედ ჭვრეტის ფორმა, სქემა, “აპრიორული წარმოდგენა” და არა ემპირიულად მოპოვებული წარმოდგენა ან ცნება. ჭვრეტის ამ ფორმების აპრიორულობა იმით მტკიცდება, რომ ისინი ლოგიკურად წინ უსწრებენ მოვლენების წარმოდგენას. შეუძლებელია წარმოვიდგინოთ, რომ არავითარი სივრცე და დრო არ არსებობს, თუმცა სავსებით შესაძლებელია სივრცისა და დროის მოაზრება მათში საგნების არსებობის გარეშე. ამდენად, ისინი გამოცდილების პირველადი და აუცილებელი პირობებია. მაგალითად, ჩვენი ცნობიერება თავიდანვე ისე აწესრიგებს სივრცულ გამოცდილებას, რომ სამყარო სამგანზომილებიანი წარმოგვიდგება. მაგრამ, როგორც თანამედროვე კოგნიტური ფსიქოლოგია იტყოდა, ეს მხოლოდ ინფორმაციის ორგანიზაციისა და გადამუშავების პირველი ეტაპია.       ჭვრეტის აპრიორულ ფორმებში დალაგებული მონაცემების ურთიერთდაკავშირება, კანონზომიერი, აუცილებელი და საყოველთაო კავშირების დადგენა გონების (აზროვნების) მეშვეობით ხდება. ამისთვის გამოიყენება ე.წ. განსჯის აპრიორული ფორმები ან კატეგორიები. ჩვენი გონების მიერ მოვლენები ფასდება, როგორც მიზეზი და შედეგი, ერთიანობა და სიმრავლე, არსებული, შესაძლებელი, აუცილებელი და სხვა. მაგალითად, ადამიანის ცნობიერების წინასწარ მოცემული წყობა სამყაროს ისე წარმოგვიდგენს, რომ ყოველ მოვლენას აუცილებლად უნდა ჰქონდეს თავისი მიზეზი. განსჯის კატეგორიები აწესრიგებენ გამოცდილებას, ახორციელებენ ემპირიულად მიღებული მრავალფეროვანი მასალის, ქაოტური წარმოდგენების სინთეზს. მათი საშუალებით გადამუშავებული მონაცემები იძენენ სტრუქტურას და მნიშვნელობას, ხოლო მეცნიერული ცოდნა - საყოველთაო და აუცილებელ ხასიათს.       ეს, ცხადია, არ ნიშნავს, რომ თვით განსჯის ფორმები ან კატეგორიები თანდაყოლილი იდეებია, მზამზარეულ ცოდნაა. კანტის სისტემის ფსიქოლოგიური ანალიზისთვის არსებითი მნიშვნელობა აქვს იმას, რომ განსჯის - აპრიორულ კატეგორიებში რაიმე ცნებები, შინაარსი კი არ იგულისხმება, არამედ, საზოგადოდ, ადამიანის ცნობიერების მოწყობისა და ფუნქციონირების ფორმა, ცოდნის ორგანიზაციის ხერხი, გონების მასინთეზირებელი მოქმედება. სწორედ ამ აქტივობას უწოდებს კანტი აპერცეფციას. აპერცეფცია ორი სახისაა იმის მიხედვით, თუ რაზეა ის მიმართული - თვითცნობიერებაზე (განაპირობებს ცნობიერების ერთიანობას, რის გარეშე შემეცნება ვერ განხორციელდება), თუ ობიექტზე (განაპირობებს სხვადასხვაგვარი შთაბეჭდილების ერთ ობიექტად გაერთიანებას).       ფილოსოფიური რეფლექსია აღმოაჩენს, რომ ადამიანის ცნობიერებას გარკვეული სტრუქტურა აქვს და, ასევე, გარკვეული ორგანიზაციით ხასიათდება. სივრცის, დროის, მიზეზობრიობის და სხვა კატეგორიები ჩაშენებულია ფსიქიკის სტრუქტურაში და ისეთნაირად აწესრიგებს მთელს გამოცდილებას, რომ სამყარო მხოლოდ ამ კატეგორიების პრიზმაში გარდატეხილად წარმოგვიდგება. ფსიქოლოგიისთვის პრინციპული მნიშვნელობისაა საკითხი ფსიქიკის ამ სტრუქტურული ფორმების არსებობის წესისა და ბუნების შესახებ. ისინი არ იქმნებიან ფსიქიკური ცხოვრების შედეგად და, როგორც სულის თანდაყოლილი უნარ-თვისებები, შეადგენენ ყოველგვარი გამოცდილების პირობას. კანტის თქმით, მათ ახასიათებთ “ემპირიული რეალობა”, ანუ ისინი ნამდვილად არსებობენ შემმეცნებელ სუბიექტში სხვა წარმოდგენებისა თუ განცდების მსგავსად, თუმცა, ცხადია, არ ცნობიერდებიან და ფსიქიკის სიღრმივ სტრუქტურას ქმნიან. მაგრამ თუ სულიერი განცდები ასე თუ ისე ექვემდებარება მეცნიერულ შესწავლას ემპირიული ფსიქოლოგიის ჩარჩოებში, სულის აპრიორული ფორმების შესახებ მეცნიერება ვერ იარსებებს. ამიტომ რაციონალური ფსიქოლოგია, როგორც კონკრეტული მეცნიერება, შეუძლებელია, თუმცა მისი შინაარსი ძალზე მნიშვნელოვანია და უნდა დამუშავდეს ფილოსოფიის ფარგლებში.       უკვე აღინიშნა, რომ კანტის როლი ფსიქოლოგიის განვითარებაში ცალსახად და ერთმნიშვნელოვნად არ არის განსაზღვრული. კანტს ეშლებოდა, როცა ემპირიულ ფსიქოლოგიას მეთოდური იმპოტენციის დიაგნოზი დაუსვა. კანტის გარდაცვალებიდან რამდენიმე ათეულ წელიწადში, ფსიქოფიზიკისა და ფსიქომეტრიის განვითარებამ დამაჯერებლად აჩვენა, რომ მისი შეფასებები არ იყო მართებული (იხ. თავი 5.2. 5.3. 7.1.). ფსიქოლოგია წარმატებით დაეუფლა ექსპერიმენტსაც, გაზომვასაც და, საზოგადოდ, კვლევის საბუნებისმეტყველო ტექნოლოგიას. კანტის მიერ რაციონალური ფსიქოლოგიის კრიტიკის მართებულობასაც არ მიიჩნევენ სარწმუნოდ. ამასთან დაკავშირებით სპეციალისტები აღნიშნავენ, რომ “კანტმა სულის ცნებას ის ფუნქციაც წაართვა, რაც აქვს სამყაროს იდეას ბუნების შემეცნების პროცესში. არ არის ნაჩვენები, თუ რატომ არ შეიძლება სულმა ზღვრული ცნების როლი შეასრულოს და სულიერი მოვლენების შეუჩერებელ შემეცნებას საფუძვლად დაედოს” (ა. ბოჭორიშვილი). ასე რომ, ფსიქოლოგიის კანტისეულ კრიტიკას ფსიქოლოგიის სისტემის შენებისთვის პოზიტიური არაფერი გაუკეთებია.       მეორე მხრივ, ფსიქოლოგიის ისტორიკოსები აღნიშნავენ, რომ კანტის მოძღვრება საფუძვლად უდევს მთელ რიგ სერიოზულ ფსიქოლოგიურ კონცეფციას (აღწერითი და გაგებითი ფსიქოლოგია, ვუნდტის სისტემა, ვიურცბურგის სკოლა, გეშტალტფსიქოლოგია). ამის თაობაზე უნდა ითქვას, რომ ამ შემთხვევაში მხოლოდ გარკვეულ გავლენებზე შეიძლება იყოს საუბარი და ისიც არაპირდაპირზე, ვინაიდან აღნიშნული კონცეფციები სინამდვილეში ზოგადფსიქოლოგიური კვლევის სისტემებია, ანუ ის, რასაც კანტი ფაქტობრივად უარყოფდა.       ამავე დროს, კანტმა პირდაპირი გავლენაც მოახდინა ფსიქოლოგიურ და ფსიქოფიზიოლოგიურ კვლევაზე აღქმის სფეროში (ი. მიულერი. ე. ჰერინგი და სხვა). სივრცის აღქმის მიმართ ე.წ. ნატივისტური თვალსაზრისი მჭიდროდ უკავშირდება კანტის მოსაზრებებს აღქმის აპრიორული (თანდაყოლილი) ფორმების შესახებ. იოჰანეს მიულერმა ამ ფორმების ფიზიოლოგიზაცია მოახდინა, და სივრცის კონსტრუირების უნარი თვალის ბადურას მიაწერა (იხ. თავი 5.1). ნატივიზმი, როგორც ცნობილია, სივრცის აღქმას თანდაყოლილ თვისებად მიიჩნევს. ამდენად, იგი შეესაბამება კანტის შეხედულებას. მაგრამ იმავეს ვერ ვიტყვით თანამედროვე ფსიქოლოგიის წარმოდგენებზე სივრცის აღქმის შესახებ. დღეს უკვე ემპირიულად დამტკიცებულად ითვლება, რომ სივრცის აღქმის უნარი ნაწილობრივ თანდაყოლილია და ნაწილობრივ შეძენილი. ორგანზომილებიან სივრცეს, ანუ განფენილობას ადამიანი დაბადებიდან აღიქვამს, ხოლო მესამე განზომილების ანუ სიღრმის აღქმის უნარი თანდათანობით, გამოცდილების კვალდაკვალ ვითარდება. ამრიგად, სამგანზომილებიანი სივრცის აღქმა არ არის აღქმის აპრიორული ფორმა კანტისეული გაგებით, ე.ი. ცნობიერების თანდაყოლილი, გამოცდილებამდელი და უცვლელი სტრუქტურა.       იგივე ითქმის განსჯის აპრიორული ფორმების ან კატეგორიების მიმართაც. თანამედროვე კოგნიტური ფსიქოლოგიის მონაცემების მიხედვით, ყოველგვარ გამოცდილებას და ქცევას კოგნიტური სქემები და სტრუქტურები აშუალებს. ამიტომ, არ არის გასაკვირი, რომ თავის წინამორბედებზე ლაპარაკისას კოგნიტივისტები კანტის სახელს საკმაოდ ხშირად ახსენებენ. თითქმის უდავო ფაქტად არის მიჩნეული, რომ გონებრივი სტრუქტურები აქტიურად გარდაქმნიან გრძნობად გამოცდილებას და იმასაც განსაზღვრავენ, თუ როგორ წარიმართება გარემოსთან ურთიერთობა, ადაპტაციური მოქმედება. ამ აზრით, კოგნიტური სქემები ასტრუქტურებენ მთელ ჩვენს ცოდნას სამყაროს შესახებ. მაგრამ ეს სტრუქტურები აპრიორულ მოცემულობას არ წარმოადგენს, ისინი ცვალებადობენ და ვითარდებიან ასაკისა და გამოცდილების მატებასთან ერთად. გონებრივი განვითარება სულ უფრო სრულყოფილი ინტელექტუალური სქემების თანმიმდევრული ცვალებადობაა. ეს პროცესი დაწვრილებით შეისწავლა ერთ-ერთმა უდიდესმა ფსიქოლოგმა, გენეტიკური ეპისტემოლოგიის ფუძემდებელმა, ჟან პიაჟემ. პიაჟეს მიხედვით, შემეცნებითი სტრუქტურების გენეზისი ონტოგენეზში ოთხ სტადიას გაივლის. თითოეულ სტადიაზე ინტელექტი თვისებრივად სხვადასხვაგვარია, ანუ განსხვავებულია ბავშვის გონებრივი წყობა და, შესაბამისად, მის მიერ შექმნილი სამყაროს სურათიც (იხ. თავი 12.2.). მაშასადამე, ლაპარაკი გონებრივ სტრუქტურებზე, როგორც თანდაყოლილზე (აპრიორულზე) და უცვლელზე, უსაფუძვლოა.       კანტი გენეზისის საკითხს საერთოდ არ განიხილავდა და განვითარების ფაქტს მხედველობაში არ იღებდა. იგი ამოდიოდა უკვე არსებული მეცნიერული ცოდნიდან და ცდილობდა მისი საფუძვლებისა და წინაპირობების დადგენას. მეცნიერული ცოდნის განვითარებამ გარკვეული ეჭვები წარმოქმნა იმასთან დაკავშირებით, თუ რამდენად უნივერსალურია ეს წინაპირობები (ცნობიერების აპრიორული ფორმები). მაგალითად, რა აპრიორული ფორმებით ხელმძღვანელობენ თანამედროვე ქვანტურ ფიზიკაში ან არაევკლიდურ გეომეტრიაში, სადაც სულ სხვა წარმოდგენებია დროზე, სივრცეზე, მიზეზობრიობაზე და ა.შ. ეს საკითხი კანტის შეხედულებათა დღევანდელი მეცნიერების მონაცემებთან შესაბამისობის პრობლემაა და მოცემული ანალიზის ფარგლებს სცილდება, მაგრამ ერთი რამ უდავოა: თუ კანტის მიერ დახასიათებული ჭვრეტისა და განსჯის აპრიორული ფორმები “ემპირიული რეალობის” მქონე “სულის თვისებებია”, მათი ანალიზი გენეტიკური მიდგომის გარეშე დამარწმუნებელი ვერ იქნება.       საზოგადოდ კი შეიძლება ითქვას, რომ ფსიქოლოგიამ, ერთგვარად, “სამაგიერო” გადაუხადა კანტს მისი ანტიფსიქოლოგისტური პოზიციისთვის. ფსიქოლოგია არა მხოლოდ შედგა, როგორც სრულყოფილი მეცნიერება, არამედ მან წარმატებით, ემპირიულად იკვლია სწორედ ის სფერო, რომლის დახასიათების ექსკლუზიური უფლება კენიგსბერგელმა სწავლულმა თავის შემეცნების თეორიას და, შესაბამისად, გონებაჭვრეტას მიანიჭა. გარდა ამისა, განა ნიშანდობლივი არ არის, რომ კანტი, ერთ-ერთი უდიდესი ანტიფსიქოლოგისტი, ძალზე საფუძვლიანად გაება ფსიქოლოგიზმის ბადეში. მართლაც, შემეცნების წინაპირობები - ჭვრეტისა და განსჯის აპრიორული ფორმები - ხომ არსებითად ფსიქიკის სტრუქტურებია, სულის უნარებია. აპერცეფციაც, როგორც სულის მასინთეზირებელი უნარი, “არის ადამიანის ფსიქიკის კანონზომიერება, ხოლო ფსიქიკური კანონზომიერებით შემეცნების პროცესის ახსნა ისევ ფსიქოლოგიზმსა და, რადგან ეს კანონზომიერება ადამიანურის კანონზომიერებაა, ანთროპოლოგიზმს წარმოადგენს” (კ. ბაქრაძე). ირაკლი იმედაძე წიგნიდან: ფსიქოლოგიის ისტორია « წინა ნაწილი | გაგრძელება » P.S. სტატიის სათაური არ არის წიგნის ავტორისეული სათაური. სტატიის სათაური პოსტის ავტორის მიერ თემატურად შერჩეული სათაურია…
დაამატა ლაშა to ფსიქოლოგია at 10:59am on აპრილი 28, 2018
თემა: ჯონ გოლზუორთი - სრულყოფილება
თლა, ბატონო ჰარისონ, რატომ არ წერთ? სწორედ რომ თქვენი საქმეა! ჰარისონმაც მართლა ირწმუნა, ეს სწორედ ჩემი საქმეაო და ორი წლის თავზე თერთმეტი მოთხრობა გამოაცხო. ორი მაინცდამაინც არ მოსწონდა, მაგრამ რაკი მათი ტყუილად გადაყრა არ უნდოდა, ისინიც სხვებს მიუმატა და ყველა ერთად გამომცემელს გაუგზავნა. ცოტა ხნის შემდეგ გამომცემლის წერილიც მიიღო. იტყობინებოდა, გარკვეული გასამრჯელოთი, ანდა საკომისიო საფუძველზე გავბედავ და ხელს მოვკიდებ ამ მოთხრობების გამოცემის საქმეს, თუ მთელ ხარჯებს თქვენ იკისრებთო. ჰარისონს ეამა, და რადგან ფიქრობდა, საჭიროა, რაც შეიძლება სასწრაფოდ გამოქვეყნდეს ჩემი ნაშრომიო, მისწერა გამომცემელს, მინდა ახლავე მოჰკიდოთ ხელი საქმესო. გამომცემელმა ამას ხარჯთაღრიცხვითა და ხელშეკრულებით უპასუხა, ხოლო ჰარისონმა სათანადო ჩეკი მიართვა. გამომცემელმა მყის თავაზიანი ბარათი უძღვნა, რომლითაც ურჩევდა, რომ ჰარისონისვე სასარგებლოდ საჭირო იყო ცოტაოდენი დამატებითი ხარჯები რეკლამისთვის. ჰარისონმაც საჭიროდ ცნო ეს და კიდევ ჩეკით უპასუხა – იცოდა, რომ ჯენტლმენებს შორის ფულის საქმე სახსენებელი არ გახლავთ.        თავის დროზე წიგნი დაისტამბა. სახელად ერქვა „ვარსკვლავთა კვალზე“ კათბერტ ჰარისონისა, და ორ კვირაში უკვე რეცენზიებმაც იწყო დენა. იგი უდიდესი სიამოვნებით კითხულობდა მათ, რადგან აღსავსენი იყვნენ უზომო ლიქნით. ერთი ეკითხებოდა, „გადაცმული ლანსელოტი“ თქვენ ხომ არ ბრძანდებითო. ორ ლიბერალურ გაზეთს მისი მოთხრობები შედევრებად მიაჩნდა; ერთი ედგარ პოსა და მოპასანის საუკეთესო თხზულებებს ადარებდა; სხვა კი მეორე რადიარდ კიპლინგს უწოდებდა. ჰარისონი ფრიად გაამხნევა და შეაგულიანა ამან, მაგრამ ვინაიდან ბუნებით მოკრძალებული გახლდათ, მხოლოდ გამომცემელს მისწერა, მეორე გამოცემის თაობაზე რა აზრის ბრძანდებითო. გამომცემელმა ხარჯთაღრიცხვა მოართვა და გაკვრით ახსენა, უკვე დაახლოებით ოთხასიოდე ცალი გავასაღეო. ჰარისონმა თავის ჩეკების წიგნაკში ჩაიხედა და ნახა, რომ პირველ გამოცემაში ათასი ცალი შედიოდა. ამიტომ პასუხად შეუთვალა, ჯერ დავიცდიო. დაიცადა და ექვსი თვის თავზე კიდევ მისწერა. გამომცემელმა შეატყობინა, ახლა ოთხას სამი ცალია გაყიდულიო; მაგრამ რადგან ბატონი ჰარისონის სახელი ჯერ კიდევ კარგად ცნობილი არ არის, მეორე გამოცემას არ გირჩევთ – მოკლე მოთხრობებს ბაზარზე გასავალი აქვთო. ოღონდ ეს მოთხრობები მაინც ისე კარგად მიიღო მკითხველმა, რომ წინადადებას აძლევდა ბატონ ჰარისონს, უკვე გრძელი მოთხრობისთვის მოეკიდა ხელი. ეგ წიგნი კი, უეჭველია, წარმატებას მოასწავებდა იმდენად, რამდენადაც კი შეიძლებოდა ოდესმე წარმატება ხვდენოდა წილად მოკლე მოთხრობების რომელიმე წიგნს. ...თან მცირე თანხის ჩეკი და ბლომად რეცენზიებიც აახლა, რომლებიც უკვე ჰარისონს მიღებული ჰქონდა. ჰარისონმა გადაწყვიტა, მეორედ აღარ გამოეცა ეს წიგნი და თავისი Succes d’estime ეკმარა. მისი წარმატება მთელ ნათესაობას ფრიად ესიამოვნა და ჰარისონიც თითქმის მაშინვე შეუდგა გრძელი მოთხრობის წერას. ჰოდა, ისე მოხდა, რომ ჰარისონის მეგობრებში ერთი გენიალური კაცი ერია, რომელმაც წერილი გამოუგზავნა. „წარმოდგენა არ მქონდა, – სწერდა იგი, – თუ ასე წერა შეგეძლოთ. რასაკვირველია, ჩემო ძმაო, მოთხრობებს „ხელი აკლია“; უეჭველია, „ხელი აკლია“. მაგრამ დრო ბევრი გაქვთ, ახალგაზრდა ხართ და თან ვხედავ, ნიჭიერიც. ერთი შემოიარეთ და მოვილაპარაკოთ თქვენი საქმეების თაობაზე“. ამის მიღებისთანავე ჰარისონს აღარ დაუხანებია და შეუარა. გენიალურმა კაცმა ზაფხულის ნაშუადღევს კლარეტის წრუპვაში მიუთითა, მოთხრობებს რა ხელი აკლდა. – გარეგნულ დრამატიზმს კი გაგრძნობინებენ, – უთხრა მან, – მაგრამ ჭეშმარიტი ფსიქოლოგიური დრამატიზმი არსად ჩანს. ჰარისონმა რეცენზიები გადმოულაგა. მეორე დღეს ცოტა გულაყრილი და განაწყენებული გამოემშვიდობა გენიალურ კაცს, ოღონდ რამდენიმე კვირაში წყენამ გაუარა, გენიალური კაცის ნათქვამი ჭკუაში დაუჯდა და ორი თვის თავზე ჰარისონმა მისწერა: „სრულ ჭეშმარიტებას ბრძანებთ – მოთხრობებს მართლა „ხელი აკლდა“. მაგრამ ახლა, მე მგონია, სწორ გზაზე ვდგავარ“. მეორე წლის ბოლოს, ერთი-ორჯერ გენიალური კაცისთვის ჩვენების შემდგომ, უკვე მეორე წიგნი დაასრულა და „ჯონ ინდეკოტი“ უწოდა. ამავე ხანებში თავი დაანება თავისი „თხზულებების“ ხსენებას და თავის ნაწერებს „ნაჯღაბნი“ შეარქვა. ჰარისონმა გაუგზავნა იგი გამომცემელს თხოვნით, ეგებ ჰონორარით გამომიცეთო. გამომცემელმა ჩვეულებრივზე უფრო შეუგვიანა პასუხი: ჩემი, როგორც არასპეციალისტის, აზრით, „ჯონ ინდეკოტმა“ მთლიანად ვერ გაამართლა ბატონ ჰარისონის პირველი წიგნით აღძრული დიდი იმედები და, რათა ჰარისონისთვის თავისი სრული პირუთვნელობა ეჩვენებინა, თან „მკითხველის“ რეცენზიის ნაწყვეტიც მოართვა, რომელშიც ავტორი ამტკიცებდა, ბატონმა ჰარისონმა „ვერც ხელოვნებას არგო რაიმე და ვერც ბრიტანეთის საზოგადოებას“. ამიტომ, მიუხედავად თავისი პირადი აზრისა, გამომცემელი ფიქრობდა, რომ წიგნის გასაღების მაშინდელ მძიმე პირობებში, მხოლოდ იმ შემთხვევაში ჩაიგდებდა თავს საფრთხეში და იკისრებდა გამოცემას, თუ ბატონი ჰარისონი აანაზღაურებდა ხარჯებს. ჰარისონს გული მოუვიდა და უპასუხა, არ შემიძლია ხარჯები ავანაზღაუროო. მაშინ გამომცემელმა უკან დაუბრუნა ხელნაწერი და თან მოაყოლა: ჩემი, როგორც არასპეციალისტის აზრით, ბატონი ჰარისონი მცდარ გზას დასდგომია, რაზედაც იგი (ე.ი. გამომცემელი) დიდ სინანულს გამოთქვამს, ვინაიდან ფრიად აფასებდა საამო ურთიერთობას, მათ შორის რომ ყოველთვის არსებობდა. ჰარისონმა წიგნი უფრო ახალგაზრდა გამომცემელს გაუგზავნა. მან მხოლოდ იმ პირობით მიიღო წიგნი, რომ გასაღების შემდეგ გაუსტუმრებდა ჰონორარს. წიგნი გამოვიდა.        სამი კვირის შემდეგ ჰარისონმა რეცენზიების მიღება იწყო. ისინი სხვადასხვანაირი გახლდათ. ერთი ჩიოდა, სიუჟეტური ხლართი საკმაო არ არისო; მეორე, საბედნიეროდ, იმავე ფოსტით მოსული, – ძალიან დახლართული სიუჟეტი აქვსო. საერთო მიდრეკილება კი ის იყო, რომ წიგნის ავტორმა – „ვარსკვლავთა კვალზე“ – ვერ გაამართლა პირველი წიგნით აღძრული იმედები; წიგნისა, რომელიც ასეთ დიდ იმედს იძლეოდა მკითხველი საზოგადოების გემოვნების სრულიად დაკმაყოფილებისთვის. ჰარისონს შეიძლებოდა გული გასტეხოდა, რომ გენიალური კაცისგანაც არ მოსვლოდა წერილი, რომელშიც ეწერა: „ჩემო ძვირფასო, გამოთქმა არ ძალმიძს, რა ნასიამოვნები ვარ. ახლა კიდევ უფრო მჯერა, რომ თქვენ მართლაც კარგი რამეების დაწერა შეგიძლიათ“. ჰარისონი მყისვე შეუდგა მესამე წიგნს. ჰონორარის მიღების უკუღმართი პირობების წყალობით მეორე წიგნიდან არაფერი ხვდა წილად. გამომცემელმა სამასი ცალი გაყიდა. მესამე წიგნის წერის ხანაში (თვრამეტი თვე გრძელდებოდა იგი) ჰარისონს გენიალურმა კაცმა შემდეგი სიტყვებით გააცნო ერთი კრიტიკოსი: – შეგიძლიათ ენდოთ მის განსჯას, ეს ყმაწვილი შეუმცდარი, უზადო ნიჭით გამოირჩევა. ხოლო კრიტიკოსს მოახსენა: – უნდა გითხრათ, რომ ეს ნიჭიერი ვინმეა! კრიტიკოსი კარგად შეეწყო ჰარისონს, რომელიც, როგორც ზემოთაც ვთქვით, საამო კაცი გახლდათ. როცა ჰარისონმა მესამე წიგნი დაასრულა, იგი გენიალურ კაცს უძღვნა და „ზაფხული“ დაარქვა. „ჩემო ძვირფასო, – სწერდა გენიალური კაცი, წიგნის ხელნაწერის ცალი რომ მიიღო, – ჩინებულია! თქმა არ უნდა, ჩინებულია! აუწერელი სიამოვნებით წავიკითხე“. იმავე დღეს კრიტიკოსისგანაც მიიღო ჰარისონმა წერილი, რომელშიც ეწერა: „დიახ, ეს უეჭველად წინსვლაა. მთლად სრულყოფილი ვერ არის, მაგრამ დიდი წინსვლა კი ეტყობა!“ ჰარისონი კიდევ უფრო გამხნევდა და შეგულიანდა. იმავე გამომცემელმა დასტამბა წიგნი და მთელი ორასი ცალიც გაყიდა. მაგრამ ცოტა შეწუხებული კი სწერდა ჰარისონს: ჩანს, მოთხოვნილება წიგნზე „თითქმის ამოიწურაო“. რაკი აღიარებდა, შედარებანი საძაგელიაო, ჰარისონმა თავი შეიკავა შეედარებინა, რამდენად ცოტა გაიყიდა ეს წიგნი პირველ წიგნთან შედარებით – „ვარსკვლავთა კვალზე“, რომლითაც დიდ იმედს იძლეოდა, რომ „სრულიად დააკმაყოფილებდა მკითხველის გემოვნებას“. მართლაც, ამხანად მან უკვე დაიწყო ოცნება, ხელი აეღო შემოსავლის სხვა წყაროებზე და მთლიანად ნამდვილ სამწერლო მოღვაწეობას შესდგომოდა. რეცენზიები ბევრი აღარ დაბეჭდილა, მაგრამ ახლა მეოთხე წიგნი წამოიწყო.        ჰარისონი ორ წელიწადს წერდა ამ „თხზულებას“. სახელად „დაკარგული კაცი“ უწოდა და კრიტიკოსს მიუძღვნა. ერთი გენიალურ კაცს მიართვა სახსოვრად და თითქმის მაშინვე პასუხიც მიიღო: „ჩემო ძვირფასო, განსაცვიფრებელია, სწორედ განსაცვიფრებელია, რა წარმატების გზით მიდიხართ! ვინ წარმოიდგენს, რომ თქვენ იგივე ხართ, ვინც „ვარსკვლავთა კვალზე“ დაწერა? მე მაინც ვამაყობ, იმ თქვენს პირველსავე წიგნში რომ აღმოვაჩინე, რა ნიჭი და უნარი შეგწევდათ. ეჰ! ნეტავი მეც შემეძლოს თქვენსავით წერა! „დაკარგული კაცი“ საოცრად კარგი რამ არის!“ გენიალური კაცი სავსებით გულწრფელად აღიარებდა ამას, რადგან ეს ბარათი პირველი ექვსი თავის გადათვალიერების შემდეგ აახლა – მართალი რომ მოგახსენოთ, წიგნის კითხვა არც დაუსრულებია. ისე ქანცმიხდილად გრძნობდა თავს, თითქოს ჰარისონმა არაქათი სულ გამოაცალა. მაგრამ ყოველთვის იხსენებდა ამ წიგნს, როგორც „საოცრად კარგს“. თითქოსდა მართლაც ბოლომდე ჩაებულბულებინოს იგი. ჰარისონმა მეორე წიგნი კრიტიკოსს მიართვა, რომელმაც გულწრფელი, ალერსიანი წერილი მოსწერა. იგი ამცნობდა, რომ მან, ჰარისონმა, ბოლოს როგორც იქნა, „მიაღწია“ საწადელს. „ეს, – ამბობდა კრიტიკოსი, – უკვე ხელოვნებაა! მეეჭვება, ოდესმე ამაზე უკეთესი რამ კიდევ გავაკეთოთ. „დამილოცნიხართ!“ ჰარისონი მყის შეუდგა მეხუთე წიგნს. სამ წელიწადზე მეტხანს ჩაჰკირკიტებდა ამ ახალ „თხზულებას“ და „მოსალოცად სიარული“ დაარქვა. როგორც იქნა, დიდი გაჭირვებით დააბეჭდვინა. რომ გამოქვეყნდა, ორ დღეში კრიტიკოსმა მოსწერა ჰარისონს: „არ შემიძლია გამოვთქვა, რა დიდად მიმაჩნია თქვენი ახალი წიგნი. თითქოს ეს უფრო ძლიერიც არის „დაკარგულ კაცზე“ და უფრო ორიგინალურიც. შეიძლება ძალიან... ოღონდ ჯერ კიდევ არ გამითავებია და ახლავე გწერთ, რომ ჩემი აზრი მეცნობებინა“. მართალი რომ მოგახსენოთ, ბოლომდე არც წაუკითხავს მას ეს წიგნი. ვერ შეძლო... ოღონდ თავის ცოლს კი უთხრა, „საოცრად კარგი რამ არისო“, და იმას თავიდან ბოლომდე წააკითხვინა. ამასობაში, გენიალურმა კაცმაც გამოუგზავნა დეპეშა: „მინდა, თქვენი წიგნის შესახებ მოგწეროთ. ნამდვილად ვაპირებ მოწერას, მაგრამ წელკავი მაქვს და კალამს ვერ ვიღებ ხელში“. ჰარისონი ვერ ეღირსა ამ წერილს, ოღონდ კრიტიკოსს კი მისწვდა გენიალური კაცის ნათქვამი: „შეგიძლიათ მაგ წიგნის წაკითხვა? მე არ შემიძლია. მართლაც რომ ნამეტანი უქნია და გადაუმლაშებია!“        ჰარისონი აღფრთოვანებული გახლდათ, მისი ახალი გამომცემლისა კი რა მოგახსენოთ. მან ცოტა გაანჩხლებული კილოთი მოსწერა, წიგნს საერთოდ არავინ ყიდულობსო. ბატონი ჰარისონი უნდა ჩაუკვირდეს, რას სჩადის, თორემ თავს მოაბეზრებს მკითხველსო. თან ერთადერთი რეცენზიაც მოაყოლა, რომელშიც, სხვათა შორის, ესეც იყო ნათქვამი: ეს წიგნი შეიძლება ფრიად საუცხოო ხელოვნების ნიმუშიც იყოს, მეტისმეტად საუცხოოც; ჩვენ კი მოსაწყენად გვეჩვენაო. ჰარისონი საზღვარგარეთ გაემგზავრა და მეექვსე წიგნს შეუდგა. მას „სრულყოფილება“ უწოდა და განდეგილივით სიმარტოვეში წერდა. პირველად მუშაობდა ასეთი კმაყოფილებით. იგი, ასე ვთქვათ, მთელი თავისი გულის სისხლით წერდა, თითქმის მწარე სიამოვნებით. ხშირად ეღიმებოდა გულში, როცა მოაგონდებოდა, პირველი წიგნით რომ თითქმის დააკმაყოფილა მკითხველის გემოვნება; და მეოთხე წიგნზე კრიტიკოსმა რომ მოსწერა: „ეს უკვე ხელოვნებაა! მეეჭვება, ოდესმე ამაზე უკეთესი რამ კიდევ გააკეთოთ“. რა შორეულად ეჩვენებოდა ახლა ისინი! ეჰ! აი, ეს წიგნი მართლაც ასე ნანინანატრი „სრულყოფილება“ იყო! მოგვიანებით ინგლისს დაბრუნდა, ჰემპსტიდში იქირავა კოტეჯი და იქ დაასრულა წიგნი. როცა დაამთავრა, მეორე დღეს წაიღო ხელნაწერი, მყდურო ადგილი მონახა სერზე და წამოწვა, ბალახში რომ მშვიდად წაეკითხა თავიდან ბოლომდე. სამი თავი ჩაათავა, დანარჩენი ძირს დადო და თავზე ხელებშემოდებული წამოჯდა. „ჰო, – გაიფიქრა მან, – მართლაც რომ ხელი მოვუთავე ბოლოს. კარგი, მართლაც რომ საოცრად კარგი რამ არის!“ და მთელ ორ საათს იჯდა ასე, თავზე ხელებშემოდებული. მან დიახაც რომ მოაბეზრა თავი მკითხველს. იგი მეტისმეტად კარგი რამ იყო – მისი წაკითხვა თვითონაც აღარ შეეძლო!         შინ რომ დაბრუნდა, ხელნაწერი უჯრაში ჩადო და ამიერიდან ერთი სიტყვაც აღარასოდეს დაუწერია. 1904 წ. იხილეთ სხვა მოთხრობები: ჯონ გოლზუორთი - მოთხრობები …
დაამატა Kakha to ლიტერატურა at 2:15pm on დეკემბერი 18, 2014
თემა: ხორხე ლუის ბორხესი - ტლონი, უქბარი, ორბის ტერტიუსი
ი (რამოს მეია), ხოლო ენციკლოპედია შეცდომით ჰქვია „ინგლისურ-ამერიკულ ენციკლოპედიას“ (ნიუ-იორკი, 1917 წ.) და წარმოადგენს „ენციკლოპედია ბრიტანიკის“ 1902 წლის გამოცემის სიტყვასიტყვით, თუმცა, იმავდროულად, ნაკლები ხარისხის გადამღერებას. იმ საღამოს სადილზე მეწვია ბიოი კასარესი და ჩვენ ყოველგვარი დროის შეგრძნება დავკარგეთ იმაზე მსჯელობისას, თუ როგორ შეიძლება შეითხზას პირველ პირში გადმოცემული რომანი, რომლის მთხრობელი გამოტოვებდა ან დაამახინჯებდა რაღაც-რაღაცებს და ისეთ წინააღმდეგობაში ჩავარდებოდა, რომ მხოლოდ რამდენიმე - სულ თითო-ოროლა მკითხველი - თუ ამოიცნობდა თავზარდამცემ ან ბანალურ ჭეშმარიტებას. დერეფნის შორეულ ბოლოში ჩვენს თავებს ზემოთ სარკე ეკიდა და გვჩრდილავდა. აღმოვაჩინეთ (გვიან ღამეში ასეთი აღმოჩენა, უბრალოდ, გარდაუვალია), რომ სარკეები რაღაც საშინელებას მალავენ. ეს მაშინ მოხდა, რაც ბიოიმ უქბარის ერთ-ერთი ფუძემდებელი ერეტიკოსის გამონათქვამი გაიხსენა: „გულისამრევია სარკეები და კოპულაცია, რადგან ისინი კაცობრიობას ამრავლებენ“. ვკითხე, როდის გადაეყარე ამ სამახსოვრო ეპიგრამას-მეთქი. „ინგლისურ-ამერიკულ ენციკლოპედიაში“ წავიკითხე უქბარზე დაწერილ სტატიაშიო, მითხრა. ამ დიდ, ავეჯით გაწყობილ ძველ სახლში ზემოხსენებული ენციკლოპედიის ასლი მოიპოვებოდა. XLVI ტომის ბოლო გვერდებზე ვიპოვეთ უპსალაზე დაწერილი სტატია, ხოლო XLVII ტომის დასაწყისში - „ურალ-ალტაური ენები“, მაგრამ არსად ახსენებდნენ უქბარს. შეცბუნებულმა ბიოიმ საძიებელი გადაათვალიერა, „უქბარის“ ყველა შესაძლებელი მართლწერა მოსინჯა. ამაოდ. სანამ წავიდოდა, მითხრა: ეს ერაყის ან მცირე აზიის რეგიონიაო. ვაღიარებ, ცოტა არ იყოს უხერხულად დავუქნიე თავი: ეჭვი შემეპარა, რომ ეს დაუდგენელი ქვეყანა და მისი ერეტიკული მოძრაობის ანონიმური ფუძემდებელი თვით ბიოის მეყსეული, მორიდებულობით ნაკარნახევი გამონაგონი იყო, შეთხზული მისივე დახვეწილი ეპიგრამის გასამართლებლად. უშედეგო ძებნამ იუსტუს პერთესის მიერ შედგენილ ერთ-ერთ ატლასში ეს ეჭვი გამიძლიერა.    მომდევნო დღეს ბიოიმ ბუენოს-აირესიდან დამირეკა: წინ მიდევს უქბარზე დაწერილი სტატია ენციკლოპედიის XLVI ტომშიო. ერეტიკული მოძრაობის დამფუძნებლის სახელი არ ფიგურირებდა, მაგრამ შესავალში წარმოდგენილი იყო მისი მოძღვრება თითქმის ზუსტად იმავე სიტყვებით, რომლებიც ბიოიმ ჩემამდე მოიტანა, თუმცა - ლიტერატურული თვალსაზრისით - ნაკლებად დახვეწილით. ჩემთან ყოფნისას ბიოიმ გაიხსენა „გულისამრევი სარკეები და კოპულაცია“, ენციკლოპედიის ტექსტში კი ეწერა: „ამ გნოსტიკოსთაგან ერთ-ერთისთვის ხილული სამყარო ილუზიაა ან, უფრო ზუსტად, სოფიზმი. სარკეები და მამობა საძაგლობაა, რადგან ისინი ამრავლებენ და განადიდებენ ამ სოფიზმს“. სავსებით გულმართლად ვუთხარი ბიოის, მაგ სტატიის ნახვა მსურს-მეთქი. რამდენიმე დღის შემდეგ მომიტანა და გამაოცა კიდეც, რადგან რიტერის „გეოგრაფიის“ სკრუპულოზურ კარტოგრაფიულ საძიებლებში არსად ფიგურირებდა სახელი „უქბარი“.    ბიოის მიერ მოტანილი წიგნი ნამდვილად „ინგლისურ-ამერიკული ენციკლოპედიის“ XLVI ტომი გახლდათ. ყდასაც და ყუასაც იგივე ანბანური მაჩვენებელი ეწერა, რაც ჩვენს ანალოგიურ ტომს (Tor-Upps), მაგრამ ამ უკანასკნელის 917 გვერდისგან განსხვავებით, ბიოის ტომი 921 გვერდს შეიცავდა. ეს დამატებითი ოთხი გვერდი ეჭირა უქბარზე დაწერილ სტატიას, რომლის საწყისი ასოები, როგორც მკითხველი შეამჩნევს, უკვე სცილდებოდა მოცემული ტომის ანბანური მაჩვენებლის ფარგლებს. მოგვიანებით ჩვენ შევუდარეთ ერთმანეთს ეს ორი ტომი და ვერანაირი სხვაობა ვერ აღმოვაჩინეთ, ზემოთ დასახელებულის გარდა. ორივე (როგორც, მე მგონი, უკვე ვთქვი) „ენციკლოპედია ბრიტანიკას“ მეათე გამოცემის ასლია. ბიოიმ ის ერთ-ერთი თავისი მრავალრიცხოვანი სეილების დროს შეიძინა. სტატია ყურადღებით წავიკითხეთ. ბიოის მიერ ჩემთვის ციტირებული პასაჟი იყო ალბათ ერთადერთი, რომელიც მკითხველს წარბს აუწევდა. სხვა ყველაფერი სავსებით მართლმაგვარი ჩანდა, ნაშრომის ძირითად ტონში თავსდებოდა და, ბუნებრივია, ცოტათი მოსაწყენიც იყო. თუმცა განმეორებით წაკითხვისას აღმოვაჩინეთ, რომ მკაცრი ნაწერის უკან არსობრივი ბუნდოვანება იდგა. თოთხმეტი სახელიდან, რომლებიც ფიგურირებდა გეოგრაფიის სექციაში, სულ სამი გვეცნო (ხორასანი, სომხეთი, ერზერუმი), ორაზროვნად ჩართული მთელ დანარჩენ ტექსტში. ისტორიული სახელებიდან კი ერთადერთი - თვითმარქვია ჯადოქარი სმერდისი, რომელიც, რეალურად, მეტაფორის დანიშნულებას ასრულებდა. სტატიაში თითქოს მონიშნული იყო უქბარის საზღვრები, თუმცა მხოლოდ ბუნდოვნად მიანიშნებდა ამ რეგიონის მდინარეებს, კრატერებსა და მთაგრეხილებს. მაგალითად, ამოვიკითხეთ, რომ სამხრეთ საზღვრის ორიენტირებს წარმოადგენს აქსა დელტა და ცაი ხალდუნი, ხოლო დელტას კუნძულებზე ველური ცხენები მრავლდებიან. ეს 918-ე გვერდის დასაწყისში ეწერა. უქბარის ისტორიის შემცველი ნაწილიდან (გვ. 920) შევიტყვეთ, რომ რელიგიურმა დევნამ XIII საუკუნეში იძულებული გახადა მართლმორწმუნეები, გახიზნულიყვნენ იმავე კუნძულებზე, სადაც დღემდე დგას ობელისკები და, დროდადრო, მათეული ქვის სარკეებიც ამოაქვთ ხოლმე მიწიდან. სექცია, რომელსაც ერქვა „ენა და ლიტერატურა“, მოკლე იყო. ერთი სამახსოვრო შტრიხი: სტატია ამბობდა, რომ უქბარის ლიტერატურა ფანტაზიის ლიტერატურაა, მისი ეპოსი და ლეგენდები არასდროს შეესატყვისება რეალობას, არამედ, უწინარესად, მლეხნასა და ტლონის ორ წარმოსახვით საუფლოს... ბიბლიოგრაფიაში ჩამოთვლილი იყო ოთხი ტომი, რომლებიც მოსაძებნი გვქონდა, თუმცა მათგან მესამე - სილას ჰასლამის „უქბარად წოდებული ქვეყნის ისტორია“ (1874) - ფიგურირებს წიგნით მოვაჭრე ბერნარდ კარტიჩის კატალოგებში. პირველი ტომი, „შენიშვნები მცირე აზიის ქვეყანა უქბარზე“, გამოცემულია 1641 წელს და ეკუთვნის იოჰანეს ვალენტინუს ანდრეას. ეს მნიშვნელოვანი ფაქტია, რადგან ორი თუ სამი წლის შემდეგ ისევ წავაწყდი ამ სახელს დე ქუინსის მოულოდნელ ჩანაწერებში („ნაწერები“, ტომი XIII), საიდანაც შევიტყვე, რომ ეს სახელი ეკუთვნის გერმანელ თეოლოგს, რომელმაც XVII საუკუნის დასაწყისში აღწერა წარმოსახვითი საზოგადოება „როზი კროსი“, რომელიც შემდგომში დააფუძნეს სხვა ადამიანებმა ამ წინასწარი აღწერილობის საფუძველზე.    იმ ღამეს მე და ბიოი ვეწვიეთ სახელმწიფო ბიბლიოთეკას, სადაც ამაოდ ვათვალიერეთ ატლასები, კატალოგები, გეოგრაფიულ საზოგადოებათა მიერ გამოქვეყნებული ყოველწლიური საძიებლები, მოგზაურებისა და ისტორიკოსთა მემუარები. არავის არასოდეს ენახა უქბარი. ეს სახელი არ ფიგურირებდა არც ენციკლოპედიის ბიოისეული ეგზემპლარის საძიებელში. მომდევნო დღეს, კარლოს მასტრონარდიმ (რომლისთვისაც ნაამბობი მქონდა ეს ყველაფერი), თვალი მოჰკრა „ინგლისურ-ამერიკული ენციკლოპედიის“ შავ-ოქროსფერ ყუებს წიგნის მაღაზიის ვიტრინაში კორიენტესისა და ტალკაჰუანოს ქუჩების გადაკვეთაზე. შევიდა და XLVI ტომი გადაფურცლა, მაგრამ, რაღა თქმა უნდა, უქბარის ხსენებასაც კი ვერსად მიაგნო. II    სამხრეთის რკინიგზის ინჟინრის, ჰერბერტ ეშის შეზღუდული და კლებაში წასული მეხსიერება ჯერაც ყოვნდება ადროგეს სასტუმროში, უხვად გაბარდულ ცხრატყავებსა და სარკეების ილუზორულ სიღრმეებში. სხვა უამრავი ინგლისელივით, ეშიც შეეპყრო არარეალობას და, მომაკვდავისგან, ჩრდილიც კი აღარ დარჩენილიყო იმისა, რასაც სიცოცხლეში წარმოადგენდა. მაღალი იყო, ფლეგმატური, მართკუთხა წვერით - ოდესღაც წითურით. მესმის: ის ქვრივი იყო და არც შთამომავალი ჰყავდა. რამდენიმე წელიწადში ერთხელ ბრუნდებოდა ინგლისში მზის საათისა და მუხების ტევრის მოსანახულებლად. მამაჩემმა ახლო ინგლისური მეგობრობა გააბა მასთან (პირველი ზედსართავი ალბათ გადაჭარბებულია), მეგობრობა, რომელიც ნდობის გამორიცხვით დაიწყო და მალე საუბარიც შეუძლებელი გახადა. ერთმანეთს წიგნებს და გაზეთებს უცვლიდნენ, უსიტყვოდ ეპაექრებოდნენ ჭადრაკში... მახსოვს ეში სასტუმროს აივანზე: მათემატიკის წიგნი ეჭირა და, დროდადრო, უცვლელი ფერის ცას აჰყურებდა. ერთ საღამოს ვილაპარაკეთ მეთორმეტედ რიცხვთა სისტემაზე, რომელშიც თორმეტის აღმნიშვნელი რიცხვია 10. ეშის თქმით, სრულიად შემთხვევით, რომელიღაც მეთორმეტედი ტაბულა სწორედ ახლა გადაჰყავდა მეექვსედ ტაბულაში, რომელშიც ექვსის აღმნიშვნელია 10. ისიც თქვა, ეს საქმე ნორვეგიელმა კაცმა დამავალაო... რიო გრანდე დო სულში. მე და ეში ერთმანეთს უკვე რვა წელიწადი ვიცნობდით და აქამდე არასოდეს ეხსენებინა ბრაზილიაში თავისი ყოფნის ამბავი. საუბარში შევეხეთ სოფლის ბუკოლიკურ ცხოვრებას, იქ მომუშავე კაპანგებს, ბრაზილიურ ეტიმოლოგიას სიტყვისა „გაუჩო“ (რომელსაც ზოგიერთი მოხუცი ურუგვაელი დღემდე ასე წარმოთქვამს: „გო-უჩო“), და - ღმერთო, მაპატიე! - აღარაფერი გვითქვამს მეთორმეტედებზე. 1937 წლის სექტემბერში (ამ დროს ჩემი ოჯახი და მე სასტუმროში აღარ ვცხოვრობდით) ჰერბერტ ეში ანევრიზმის შეტევამ იმსხვერპლა. სიკვდილამდე რამდენიმე დღით ადრე მან ბრაზილიიდან მიიღო დაბეჭდილ-დაზღვეული პაკეტი, რომელშიც თაბახის ფურცლის ერთი მერვედი ფორმატის წიგნი იდო. ეშმა ეს გზავნილი დატოვა ბარში, სადაც თვეების შემდეგ მე ვიპოვე. ფურცვლა დავიწყე და უცებ მსუბუქი თავბრუსხვევისა და გაოგნების განცდა მომაწვა. არ აღვწერ ამ შეგრძნებას, რადგან საქმე ეხება არა ჩემს ემოციებს, არამედ უქბარს, ტლონსა და ორბის ტერტიუსს (ერთ გამორჩეულ ისლამურ ღამეს, სახელად ღამეთა ღამეს, ზეცის საიდუმლო პორტალი ყურთამდე იღება და წყალიც წყლის დოქებში უფრო ტკბილია, ვიდრე სხვა ღამეებში. აი, ის კარიბჭე რომ გაღებულიყო, მაინც ვერ ვიგრძნობდი იმას, რასაც იმ საღამოს ვგრძნობდი). წიგნი ინგლისურად იყო დაწერილი და 1001 გვერდისგან შედგებოდა. ტყავგადაკრული წიგნის ყვითელ ყუაზე წავიკითხე ეს საგულისხმო სიტყვები, რომლებიც მეორდებოდა სატიტულო გვერდზე: „ტლონის პირველი ენციკლოპედია. ტომი XI“. არსად ჩანდა გამოშვების თარიღი ან ადგილი. პირველ გვერდზე და - განმეორებით - პერგამენტის თხელ ფურცელზე, რომელიც ფარავდა ერთ-ერთ ფერად ილუსტრაციას, დაბეჭდილი იყო ცისფერი ოვალი წარწერით ორბის ტერტიუს. ორი წლით ადრე პირატული ენციკლოპედიის ერთ-ერთ ტომში არარსებული ქვეყნის მოკლე აღწერილობას წავაწყდი. ამჯერად ბედმა გაცილებით ძვირფასი და სიღრმისეული რამ მარგუნა: ხელში მეჭირა ვრცელი, სისტემატიზებული ფრაგმენტი უცნობი პლანეტისა მისი არქიტექტურითა და ბანქოს ქაღალდებით, მისი მითოლოგიების საშინელებითა და მისი ენების ჩურჩულით, მისი იმპერატორებითა და ზღვებით, მისი მინერალებით, ჩიტებითა და თევზებით, მისი ალგებრითა და ცეცხლით, მისი თეოლოგიური და მეტაფიზიკური დავა-კამათით. ეს ყველაფერი იყო მწყობრი, შეერთებულ-შეკავშირებული, მკაფიოდ გამოკვეთილი, არავითარი შესამჩნევი მიზნით თუ პაროდიაზე მინიშნებით.    მეთერთმეტე ტომში, რომელზეც ვლაპარაკობ, არის მინიშნებები წინმსწრებ და მომდევნო ტომებზე. ნესტორ იბარამ თავის წერილში ცალსახად უარყო ასეთი ურთიერთდაკავშირებული ტომების არსებობა, თუმცა ეზეკიელ მარტინეს ესტრადამ და დრიე ლა როშელმა უკუაგდეს ეს ეჭვი, ალბათ - წარმატებით. ფაქტია, რომ ყველაზე გულმოდგინე კვლევებიც კი ჯერჯერობით ფუჭი აღმოჩნდა. ამაოდ ვქექეთ ორი ამერიკისა და ევროპის ბიბლიოთეკები. „დეტექტიური ტიპის ამ მეორეხარისხოვანი გარჯით“ დაღლილი ალფონსო რეიესი გვთავაზობს, ჩვენ შორის აღვადგინოთ მრავალი მასიური ტომი, რომლებიც გვაკლია: ex urgu leonem. ნახევრად სერიოზულად და ნახევრად ხუმრობით რეიესს წარმოუდგენია, რომ ტლონისტების თაობა საკმარისი იქნება. ეს თამამი შეფასება თავდაპირველ პრობლემასთან გვაბრუნებს: ვინ - ერთმა თუ მრავალმა - გამოიგონა ტლონი? ვფიქრობ, მრავალი გარდაუვალია, რადგან ჰიპოთეზა ერთადერთი გამომგონებლისა - წყვდიადში და თავდავიწყებაში მოქმედი ვინმე უსასრულო ლაიბნიცის - ერთსულოვნად უკუაგდეს. სავარაუდოა, რომ ეს „ჩინებული ახალი სამყარო“ შექმნა ასტრონომების, ბიოლოგების, ინჟინრების, მეტაფიზიკოსების, პოეტების, ქიმიკოსების, ალგებრისტების, მორალისტების, მხატვრების, გეომეტრების და ა.შ. საზოგადოებამ, რომელსაც ხელმძღვანელობდა და წარმართავდა ჩრდილში შეყუჟული მავანი გენიოსი. ბევრი ადამიანია გაწაფული ზემოთ ჩამოთვლილ სხვადასხვა დისციპლინაში, მაგრამ ცოტას აქვს წარმოსახვის უნარი, კიდევ უფრო ცოტას შეუძლია, რომ ეს წარმოსახვა დაუქვემდებაროს მკაცრ, სისტემატურ გეგმას, რომელიც იმდენად მრავლისმომცველია, რომ თითოეული მწერლის მიერ შეტანილი წვლილი უსასრულოდ მცირეა.    თავდაპირველად ვიფიქრეთ, რომ ტლონი სხვა არაფერია, თუ არა ქაოსი, წარმოსახვითი თავნებობის შეურაცხადი აქტი. სადღეისოდ ვიცით, რომ ეს კოსმოსია და რომ მისი წარმმართველი უშინაგანესი კანონები წინდაწინ ჩამოყალიბდა. ვაკმაროთ მკითხველს ამის შეხსენება: მეთერთმეტე ტომის მოჩვენებითი წინააღმდეგობები ქვაკუთხედია მტკიცებულებისა, რომ, ფაქტობრივად, სხვა ტომებიც არსებობს, - იმდენად ნათელი, იმდენად კანონზომიერია მეთერთმეტეს შინაგანი წესრიგი. პოპულარული ჟურნალები მისატევებელი გადაჭარბებებით გვამცნობდნენ ტლონის ზოოლოგიასა და ტოპოგრაფიას. ჩემი აზრით, მისი გამჭვირვალე ვეფხვები და სისხლის კოშკები, შესაძლოა, არც იმსახურებს მთელი კაცობრიობის მუდმივ ყურადღებას. თუმცა შემეძლო ისე გავთამამებულიყავი, რომ რამდენიმე წამი მეთხოვა სამყაროს მისეული კონცეფციის მოსახაზად. ჰიუმმა ერთხელ და სამუდამოდ განაცხადა: თუ ბერკლის არგუმენტები უმცირეს უარყოფასაც ვერ იტანს, ვერც უმცირეს რწმენას შთაგვაგონებსო. ეს გამონათქვამი სრული სიმართლეა დედამიწასთან და სრული სიცრუე ტლონთან დაკავშირებით. ამ პლანეტის ბინადარი ერები დაბადებით იდეალისტები არიან. მათ ენას და ამ ენიდან გამომდინარე საგნების - რელიგიის, ლიტერატურის, მეტაფიზიკის - წინა პირობა იდეალიზმია. ტლონის მკვიდრთათვის ქვეყნიერება სივრცეში არსებული ობიექტების ამალგამა კი არ არის, არამედ დამოუკიდებელ მოქმედებათა არაერთგვაროვანი მწკრივი; ქვეყნიერება თანმიმდევრულია, წარმავალი, თუმცა არა სივრცობრივი. ტლონის სავარაუდო თაურ-ენაში არ არსებობს არსებითი სახელები, საიდანაც სათავეს იღებს მისი დღევანდელი ენები და დიალექტები. არის უპიროვნო ზმნები, მოდიფიცირებული ერთმარცვლიანი ბოლოსართებით (ან თავსართებით), რომლებიც ზმნიზედის ფუნქციას ასრულებენ. მაგალითად, არ გააჩნიათ სიტყვა, რომელიც შეესატყვისებოდა ჩვენეულ „მთვარეს“, არამედ აქვთ ზმნა, რომელიც ინგლისურად იჟღერებდა, როგორც „მთვარობა“ ან „გამთვარება“. „მთვარე აცურდა მდინარის ზემოთ“ ასეა: hlör u fang axaxaxas mlö, ან ქსულ სოლარის შემოკლებული თარგმანით: „მაღლა, მდინარეების უკან გამთვარდა“. ეს პრინციპი მიესადაგება სამხრეთ ნახევარსფეროს ენებს. ჩრდილოეთ ნახევარსფეროს ენებში (რომელთა თაურ-ენაზე მეთერთმეტე ტომში ძალზე ცოტა რამ წერია) პირველხარისხოვან ერთეულს წარმოადგენს არა ზმნა, არამედ ერთმარცვლიანი ზედსართავი. სახელები იქმნება ზედსართავების ერთმანეთზე გადაბმით. არ ამბობენ „მთვარე“, არამედ „საჰაერო-ნათელი ბნელ-მრგვალის ზემოთ“ ან „რბილ-ქარვისებრ-ციური“, ან სხვა ამდაგვარ ასხმულას. ამ შემთხვევაში, ზედსართავების წყება რეალურ ობიექტს შეესაბამება, თუმცა ეს სრულებით შემთხვევითია. ჩრდილოეთ ნახევარსფეროს ლიტერატურა სავსეა იდეალური საგნებით, მეყსეულად გამოხმობილითა და გამქრალით, როგორც პოეზია მოითხოვს. ზოგჯერ სიტყვებს, უბრალოდ, თანადროულობა ქმნის. არის ორნაწილიანი სიტყვები: ერთი ნაწილი ვიზუალურია, მეორე - სმენითი: ამომავალი მზის ფერი და შორეული ფრინველის ჩხავილი. არის მრავალი ნაწილისგან შედგენილი სიტყვებიც: მოცურავის მკერდზე შეხლილი მზე და წყალი; ბუნდოვან-ვარდისფერი ციმციმი, რომელსაც ვხედავთ, როცა თვალები დახუჭული გვაქვს; განცდა, რომ მდინარე მიგვაქანებს, სხვა დროს კი - მორფეუსი. ეს მეორეხარისხოვანი ობიექტები შეიძლება დაწყვილდეს სხვა ობიექტებთან. პროცესი, რომელიც იყენებს ერთგვარ შემოკლებებს, პოტენციურად უსასრულოა. არის სახელგანთქმული ლექსები, რომლებიც შედგება ერთადერთი ვეებერთელა სიტყვისგან. ეს სიტყვა „პოეტური საგანია“ და მას პოეტი ქმნის. ის ფაქტი, რომ არავის სჯერა არსებითი სახელებით გამოხატული რეალობის, პარადოქსულად ნიშნავს, რომ ასეთი სახელების რაოდენობა უსასრულოა. ტლონის ჩრდილოეთ ნახევარსფეროს ენები მთელი ინდოევროპული ენების სიტყვებსაც მოიცავს და უამრავ სხვასაც. გაზვიადება არ იქნება იმის თქმა, რომ ტლონის კლასიკური კულტურა შედგება ერთადერთი დისციპლინის - ფსიქოლოგიისგან, რომელსაც ექვემდებარება ყველა სხვა დისციპლინა. უკვე ვთქვი, რომ ამ პლანეტის ბინადრებს სამყარო ესმით, როგორც მენტალური პროცესების სერია, რომელიც ხდება არა სივრცეში, არამედ დროში, თანმიმდევრულად. სპინოზა თავის ამოუწურავ ღვთაებას მიაწერს სივრცობრივი გაფართოებისა და აზრის ატრიბუტებს. ვერც ერთი ტლონელი ვერ გაიგებდა პირველს, რომელიც ტიპურია მხოლოდ ზოგიერთი მდგომარეობისთვის, და მეორეს, რომელიც კოსმოსის სრულყოფილი სინონიმია. ანუ, სხვა სიტყვებით: მათ სივრცე არ ესმით, როგორც ისეთი რამ, რაც დროში გრძელდება. ჯერ კვამლის აღქმა ჰორიზონტზე, მერე ცეცხლმოდებული სოფლის, მერე კი ნახევრად ჩამქრალი სიგარეტის, რომელმაც გამოიწვია ნიადაგის ამოწვა: აი, იდეების ასოციაციური დაკავშირების მაგალითი.    რადიკალური მონიზმი თუ იდეალიზმი აუქმებს მეცნიერებას. მოვლენის ახსნა (ან მასზე გადაწყვეტილების მიღება) ნიშნავს მის დაკავშირებას სხვა მოვლენასთან. პლანეტა ტლონზე, გაერთიანება სუბიექტის მომდევნო მდგომარეობაა: ის ვერ ხელყოფს და ვერ გააცისკროვნებს წინა მდგომარეობას. ყოველი მენტალური მდგომარეობა დაუმცრობელია: მისთვის სახელის მინიჭების (ანუ კლასიფიცირების) უბრალო აქტს მოჰყვება დეფორმაცია, „გადახრა“ თუ „დაქანება“. აქედან შეგვეძლო დაგვესკვნა, რომ ტლონზე არ არსებობს არავითარი მეცნიერება, თვით „აზრის სისტემაც“ კი. მაგრამ პარადოქსული სიმართლეა, რომ აზრის სისტემები არსებობს, თითქმის უთვალავი სისტემა. იქაური ფილოსოფიები ჩრდილოეთ ნახევარსფეროს არსებით სახელებს ჰგავს. იმ ფაქტს, რომ თითოეული ფილოსოფია, არსებითად, დიალექტიკური თამაშია, შედეგად მოჰყვა მათი გამრავლება. არის სისტემები სისტემებზე - განსაცვიფრებლები, თუმცა შეპყრობილები საამური არქიტექტურით ან ერთგვარი სასიამოვნო სენსუალობით. ტლონელი მეტაფიზიკოსები ჭეშმარიტებას არ ეძებენ, თვით დამაჯერებლობასაც კი, არამედ გაკვირვებასა და გაოგნებას. მათ თვალთახედვაში, მეტაფიზიკა ფანტაზიის ლიტერატურის ერთ-ერთი განშტოებაა. იციან, რომ სისტემა სხვა არაფერია, თუ არა სამყაროს ყველა ასპექტის დაქვემდებარება რომელიმე ერთისადმი, - ნებისმიერისადმი. გვერდს უვლიან თვით ფრაზას „ყველა ასპექტი“, რადგან ეს გულისხმობს მოცემული წამის და ყველა გარდასული წამის შეუძლებელ დამატებას. არც მრავლობითი „ყველა გარდასული წამია“ ლეგიტიმური, რადგან ის კიდევ ერთ შეუძლებელ ოპერაციას გულისხმობს... ტლონის ერთ-ერთი ფილოსოფიური სკოლა იქამდეც კი მიდის, რომ დროის არსებობას უარყოფს. ამბობს, რომ აწმყო განუსაზღვრელი და დაუდგენელია, მომავალს არავითარი რეალობა არა აქვს, გარდა აწმყოში არსებული იმედის, ხოლო წარსულის ერთადერთი რეალობა აწმყოში გამოყოლილი მოგონებაა (რასელის მტკიცებით, სულ რამდენიმე წამის წინ შექმნილი ქვეყნიერება სავსეა ადამიანებით, რომლებიც „იხსენებენ“ ილუზორულ წარსულს). სხვა სკოლა ამტკიცებს, რომ მთელმა დრომ უკვე ჩაიარა და ჩვენი ცხოვრებაც მხოლოდ და მხოლოდ რომელიღაც უკანდაუბრუნებელი პროცესის ბინდით მოცული, თვალნათლივ გამრუდებულ-დეფორმირებული ხსოვნა თუ ანარეკლია. კიდევ სხვა სკოლა აცხადებს, რომ სამყაროს ისტორია (მასთან ერთად კი - ჩვენი ცხოვრებისა და მისი თანმდევი უმცირესი დეტალების ისტორიაც) არის ხელნაწერი რომელიღაც მეორეხარისხოვანი ღმერთისა, რომელიც დემონთან დაკავშირებას ცდილობს. სხვა სკოლის მიხედვით, სამყარო შეიძლება შევადაროთ იმ კრიპტოგრამებს, რომლებშიც ყველა სიმბოლო არ მოქმედებს, არამედ მხოლოდ ისაა ნამდვილად რეალური, რაც სამას ღამეში ერთხელ ხდება. ერთ-ერთი სკოლის თქმით, სანამ აქ გვძინავს, სადღაც სხვაგან გვღვიძავს, ისე, რომ თითოეული ადამიანი, ფაქტობრივად, ორი ადამიანია.    ტლონის ყველა მოძღვრებას შორის არც ერთს არ გამოუწვევია იმდენი ალიაქოთი, რამდენიც მატერიალიზმს. ზოგიერთმა მოაზროვნემ ისეთი ფორმულირება მისცა ამ ფილოსოფიას (რომელშიც, საერთოდ, მონდომება აღემატება სიცხადეს), თითქოს პარადოქსი წამოეყენებინოს. იმისათვის, რომ უფრო ადვილი გასაგები გაეხადა ეს წარმოუდგენელი თეზისი, XI საუკუნის ერეტიკოსთა ლიდერმა მოიფიქრა სპილენძის ცხრა მონეტის სოფიზმი, რომელიც ისევე სკანდალურად სახელგავარდნილია ტლონზე, როგორც ელეური პარადოქსი - ჩვენთვის. არსებობს ამ „მართლმაგვარი არგუმენტის“ ბევრი ვერსია, რომლებშიც იცვლება მონეტებისა და აღმოჩენების რიცხვი. ყველაზე გავრცელებულია შემდეგი ვერსია: სამშაბათს x მიუყვება უკაცრიელ გზას და სპილენძის ცხრა მონეტას კარგავს. ხუთშაბათს, იმავე გზაზე, y პოულობს ოთხ მონეტას, რომელთა ბრწყინვა რამდენადმე ჩამქრალა ოთხშაბათის წვიმისგან. პარასკევს z სამ მონეტას პოულობს გზაზე. პარასკევ დილით x თავისი სახლის აივანზე ორ მონეტას პოულობს. ამ ისტორიიდან ერეტიკოსთა პატრიარქს სურდა გამოეყვანა ცხრა დაბრუნებული მონეტის რეალობა, ანუ დროის უწყვეტობა. „აბსურდი იქნებოდა წარმოგვედგინა, რომ ოთხი მონეტა არ არსებობდა სამშაბათიდან ხუთშაბათამდე, სამი - სამშაბათიდან პარასკევის ნაშუადღევამდე, ორი კი - სამშაბათიდან პარასკევ დილამდე, - თქვა მან, - ლოგიკურია ვიფიქროთ, რომ, ფაქტობრივად, მონეტები არსებობდნენ (თუნდაც რაღაცნაირად ფარულად, რისი გაგებაც ჩვენ გვეკრძალება) დროის იმ სამი პერიოდის თითოეულ მომენტში“.    ტლონის ენა ეწინააღმდეგებოდა ამ პარადოქსის ფორმულირებას და ადამიანთა დიდ ნაწილს არ ესმოდა ის. „საღი აზრის“ სკოლამ თავდაპირველად, უბრალოდ, უარყო ამ ამბის უტყუარობა. ამბობდა: ეს მხოლოდ სიტყვიერი ხდომილებაა, რომელიც ეყრდნობა ორი ახალი ნეოლოგიზმის უგუნურ გამოყენებას, სიტყვების, რომლებსაც არასტანდარტულად იყენებენ და მკაცრ აზრს არ უქვემდებარებენ: ესაა ორი ზმნა „პოვნა“ და „დაკარგვა“, რომლებიც, რაკიღა წინდაწინ გულისხმობენ თავდაპირველი ცხრა მონეტისა და შემდგომი მონეტების იდენტობას, საბოლოოდ, მთლიანი სურათის დეფორმირებას იწვევენ. ამ კრიტიკოსებმა შეახსენეს თავიანთ მსმენელებს, რომ ყველა არსებით სახელს (ადამიანი, მონეტა, ხუთშაბათი, ოთხშაბათი, წვიმა) მხოლოდ და მხოლოდ მეტაფორული ღირებულება აქვს. ამხილეს შეცდომაში შემყვანი დეტალი, რომ „[მონეტების] ბრწყინვა რამდენადმე ჩამქრალა ოთხშაბათის წვიმისგან“, რისი მეშვეობითაც უნდა დამტკიცებულიყო ოთხი მონეტის არსებობა სამშაბათიდან ხუთშაბათამდე. ისინი განმარტავდნენ, რომ „თანაბრობა“ ერთია, „იდენტობა“ - მეორე, და ჩამოაყალიბეს ერთგვარი reduction ad absurdum - ჰიპოთეტური შემთხვევა ცხრა კაცისა, რომლებიც ცხრა თანმიმდევრულ ღამეს ერთიმეორის მიყოლებით განიცდიან მძაფრ ტკივილს. „განა აბსურდი არ იქნებოდა იმის დაშვება, რომ ცხრა კაცი ერთი და იმავე ტკივილით იტანჯებოდა?“ - იკითხეს მათ. ამტკიცებდნენ, რომ ერეტიკოსთა წინამძღვარი მოტივირებული იყო მკრეხელური სურვილით - მიეკუთვნებინა არსებობის ღვთაებრივი კატეგორია ერთი მუჭა მონეტებისთვის, და რომ ის ზოგჯერ უარყოფდა მრავლობითობას, ზოგჯერ - არა. ამბობდნენ: თუ ერთნაირობას იდენტობა მოჰყვება, მაშინ ცხრა მონეტა ერთი მონეტა არისო. საოცარია, მაგრამ ზემოაღნიშნულ უარყოფას წერტილი არ დაუსვამს ამ ისტორიისთვის. პრობლემის წამოჭრიდან ასი წლის შემდეგ ერეტიკოსთა წინამძღვარზე არანაკლებ ბრწყინვალე, ოღონდაც ორთოდოქსული ტრადიციის მქონე მოაზროვნემ ყველაზე გაბედული ჰიპოთეზა შექმნა. მისი ბედნიერი ვარაუდით, არსებობს მხოლოდ ერთი საგანი; ეს განუყოფელი საგანი სამყაროს თითოეული არსებაა; სამყაროს არსებები ღვთაების ნიღბები და ორგანოები არიან. X არის Y და აგრეთვე Z. Z პოულობს სამ მონეტას, რადგანაც ახსოვს, რომ X-მა ისინი დაკარგა. ეს უკანასკნელი პოულობს ორ მონეტას თავისი სახლის აივანზე, რადგანაც ახსოვს, რომ სხვა მონეტები იპოვეს... XI ტომი ამბობს, რომ ამ იდეალისტურმა პანთეიზმმა აზრის ყველა სხვა სკოლა დაჯაბნა სამი მიზეზით: 1) რადგან მან უარი თქვა სოლიფსიზმზე; 2) ხელუხლებელი დატოვა მეცნიერებათა ფსიქოლოგიური საფუძველი; 3) შეინარჩუნა რელიგიის შესაძლებლობა. შოპენჰაუერი - მხურვალე და თან გონებანათელი - ძალზე მსგავს მოძღვრებას აყალიბებს თავისი „პარერგა და პარალიპომენას“ პირველ ტომში. ტლონის გეომეტრია ორი განსხვავებული დისციპლინისგან შედგება: ვიზუალური გეომეტრია და ტაქტილური გეომეტრია. ეს უკანასკნელი შეესატყვისება ჩვენს გეომეტრიას და ექვემდებარება ვიზუალურს, რომელიც ეყრდნობა არა წერტილს, არამედ ზედაპირს; არ აქვს პარალელური ხაზები და ამტკიცებს, რომ სივრცეში მოძრაობისას სხეული ასხვაფერებს მის გარემომცველ ფორმებს. ტლონური არითმეტიკის საფუძველს შეადგენს განუსაზღვრელი რიცხვების ცნება. იგი ხაზს უსვამს მნიშვნელობას ისეთი წარმოდგენებისა, როგორიცაა „უფრო მეტი“ და „უფრო ნაკლები“, რომლებსაც ჩვენი მათემატიკოსები გამოხატავენ სიმბოლოებით > და < . ტლონელებს ასწავლეს, რომ დათვლის აქტი ცვლის დასათვლელ საგანთა რაოდენობას, განუსაზღვრელებს განსაზღვრულებად აქცევს. ის ფაქტი, რომ ერთი და იმავე რაოდენობის დამთვლელი რამდენიმე ადამიანი ერთ შედეგამდე მიდის, ტლონელი ფსიქოლოგებისთვის იდეების გაერთიანების ან დამახსოვრების პროცესის მაგალითია. უნდა გვახსოვდეს, რომ ტლონზე ცოდნის საგანი ერთადერთია და მარადიული.    ლიტერატურის სფეროშიც ყოვლისმძლეველია ერთადერთი საგნის იდეა. წიგნებს იშვიათად თუ აწერია ავტორის გვარი და არც პლაგიატობის ცნება არსებობს. გადაწყდა, რომ ყველა წიგნი დაწერილია ერთადერთი ავტორის მიერ, რომელიც მარადიულია და ანონიმური. ლიტერატურული კრიტიკა ხშირად იგონებს ავტორებს: იღებს ორ განსხვავებულ თხზულებას (მაგალითად, „დაო დე ძინს“ და „ათას ერთ ღამეს“), ერთ ავტორს მიაწერს, მერე კი სუფთა სინდისით განსაზღვრავს ამ ყოვლად საინტერესო homme des letters-ის ფსიქოლოგიას...    მათი წიგნებიც განსხვავდება ჩვენეულისგან. მათ ფიქციას ერთადერთი სიუჟეტი აქვს ყველა შესაძლებელი გადანაცვლებით. მათი ფილოსოფიური ნაშრომები უცვლელად ინარჩუნებს თეზისს და ანტითეზისს, თითოეული არგუმენტის მკაცრ pro-ს და contra-ს. წიგნი, რომელიც არ შეიცავს საპირისპირო წიგნს, დაუმთავრებლად მიიჩნევა.    საუკუნიდან საუკუნემდე გაგრძელებულ იდეალიზმს არ შეეძლო გავლენა არ მოეხდინა რეალობაზე. ტლონის უძველეს რეგიონებში არცთუ იშვიათად ნახავდით დაკარგული ნივთის ორეულს. ორი ადამიანი ეძებს ფანქარს, პირველი პოულობს, მაგრამ არაფერს ამბობს. მეორე პოულობს მეორე ფანქარს, არანაკლებ ნამდვილს, თუმცა უფრო შესატყვისს მისი მოლოდინისთვის. ამ ნივთ-ორეულებს ჰქვია brönir და მათ, თუნდაც ეს მოუხერხებელი იყოს, პირველზე ოდნავ უფრო მეტი სიგრძე აქვთ. ბოლო დრომდე brönir დაბნეულობისა და გულმავიწყობის შემთხვევით პირმშოს წარმოადგენდა. ძნელი დასაჯერებელია, რომ ასეთი ნივთები სისტემატურად იქმნებოდა მხოლოდ ასამდე წლის განმავლობაში, არადა, სწორედ ამას გვეუბნება XI ტომი. პირველმა მცდელობებმა შედეგი არ გამოიღო, თუმცა კი ღირს, რომ მოქმედების წესი გავიხსენოთ. ერთ-ერთი სახელმწიფო ციხის ზედამხედველმა თავის პატიმრებს ამცნო: აქვე ახლოს, მდინარის ძველ კალაპოტში, საფლავებია, ვინც მნიშვნელოვან აღმოჩენას გააკეთებს, ციხიდან გავუშვებო, - პირობა მისცა. გათხრებამდე რამდენიმე თვით ადრე ტუსაღებს უჩვენეს ფოტოსურათები, თუ რა შეიძლებოდა აღმოეჩინათ. პირველმა მცდელობებმა უჩვენა, რომ იმედი და სიხარბე შეიძლება შემაფერხებელი იყოს. წერაქვითა და ნიჩბით ერთკვირიანი მუშაობის შემდეგ მიწიდან ამოღებული ერთადერთი brön აღმოჩნდა დაჟანგული ბორბალი, რომელიც რამდენადმე უფრო გვიანდელი დროით თარიღდებოდა ექსპერიმენტის დაწყების დროსთან შედარებით. როგორც ასეთი, ექსპერიმენტი საიდუმლოდ ინახებოდა, თუმცა შემდგომში განმეორდა ოთხ უმაღლეს სასწავლებელში. სამ მათგანში, არსებითად, სრული წარუმატებლობით დამთავრდა. მეოთხეში (რომლის დირექტორი პირველი გათხრების დროს გარდაიცვალა) სტუდენტებმა ამოთხარეს - ან შექმნეს - ოქროს ნიღაბი, არქაული ხმალი, ორი თუ სამი თიხის ამფორა, ჟანგაროთი დაფარული და დეფორმირებული მეფის ტორსი მკერდზე წარწერით, რომელიც ჯერ კიდევ გასაშიფრი იყო. ეს ყველაფერი ისე აღმოაჩინეს, რომ გათხრების ადგილზე არ დაუშვიათ არც ერთი მოწმე, რომელიც იცნობდა ამ ძიების ექსპერიმენტულ ხასიათს... ჯგუფურ საკვლევ პროექტებს კონფლიქტური აღმოჩენები მოჰყვება. ამჟამად ამჯობინებენ ინდივიდუალურ, მოცემული მომენტით ნაკარნახევ პროექტებს. brönir-ის სისტემატური წარმოქმნა არქეოლოგებს ფასდაუდებელ დახმარებას უწევდა, რაკი შესაძლებლობას აძლევდა არათუ მხოლოდ შეკითხვები დაესვათ, არამედ შეეცვალათ კიდეც წარსული, რომელიც ახლა არანაკლებ პლასტიკურია და არანაკლებ დამთმობი, ვიდრე მომავალი. ერთი საგულისხმო ინფორმაცია: მეორე ან მესამე თაობის brönir-ში (რომელიც სხვა brön-იდან ან brön-ის brön-იდან მოდის) უფრო მეტია პირველი brönir-ის აბერაციები; მეხუთის აბერაციები თითქმის ერთმანეთს თანხვდება; მეცხრის შეიძლება აგვერიოს მეორისაში; ხოლო მეთერთმეტე თაობის brönir-ს ისეთი დახვეწილი ხაზი აქვს, რომ თვით ორიგინალსაც კი ჩრდილავს. პროცესი პერიოდულია: მეთორმეტე თაობის brönir დეგრადირებას იწყებს. ზოგჯერ ნებისმიერ brön-ზე უფრო უცნაური და წმინდაა ur - ნივთი, რომელსაც ქმნის მინიშნება და რომელსაც წინ წამოსწევს იმედი. ამის თვალსაჩინო მაგალითია ჩემ მიერ ნახსენები დიდებული ოქროს ნიღაბი.    ტლონზე საგნებს ორეულები უჩნდებათ. ამასთანავე, აქვთ მიდრეკილება გაბუნდოვანების, „სქემატურად“ ქცევისა და დეტალების კარგვისკენ იმ მომენტიდან მოყოლებული, როცა მათ დავიწყებას იწყებენ. ამის კლასიკური მაგალითია შესასვლელი კარი, რომელიც განაგრძობდა არსებობას, სანამ მავანი მათხოვარი იქ დადიოდა, მაგრამ რომელიც აღარ ჩანს მისი სიკვდილის შემდეგ. ზოგჯერ რამდენიმე ჩიტს ან ერთ ცხენს ამფითეატრის ნანგრევები გადაურჩენია. სალტო ორიენტალი, 1940 …
დაამატა Kakha to ლიტერატურა at 7:15pm on მარტი 13, 2015
  • 1
  • 2
  • 3
  • 4

Welcome to
Qwelly

რეგისტრაცია
ან შესვლა

ღონისძიებები

  • დაამატე ღონისძიება

ბლოგ პოსტები

ოსკარის 2026 წლის დაჯილდოება - გამარჯვებულები და ნომინირებულები

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: მარტი 16, 2026.
საათი: 11:30pm 0 კომენტარი 1 Like

ოსკარი 2026 სრული სია

      ისევ დამიგვიანდა! ეტყობა, მართლა დავბერდი და უკვე აღარც კი…

გაგრძელება

2026 Guide to the Best AI Voice Generation for Creators and Businesses

გამოაქვეყნა supprity_მ.
თარიღი: მარტი 13, 2026.
საათი: 6:30pm 0 კომენტარი 0 მოწონება

As we step further into 2026, the landscape of content creation is being transformed by AI-powered technologies. Among these innovations, voice generation stands out as one of the most impactful tools for creators, businesses, and educators.…

გაგრძელება

Gallium Market to Reach $860 million by 2033

გამოაქვეყნა Heden Brock_მ.
თარიღი: მარტი 9, 2026.
საათი: 10:00am 0 კომენტარი 0 მოწონება

According to our latest research, the Global Gallium market size was valued at $430 million in 2024 and is projected to reach $860 million by 2033, expanding at…

გაგრძელება

How Minidumperfactory Electric Garden Loader Manufacturer Adapts to Energy Trends

გამოაქვეყნა Minidumperfactory00_მ.
თარიღი: მარტი 2, 2026.
საათი: 6:30am 0 კომენტარი 0 მოწონება

Electric Garden Loader Manufacturerstrategies are increasingly centered on advanced battery systems as demand grows for efficient and low-emission landscaping equipment. Energy storage technology now plays a defining role in how electric compact…

გაგრძელება

How Can A Ball Valve Factory Enhance Long Term System Comfort And Stability

გამოაქვეყნა Naishi Valve_მ.
თარიღი: თებერვალი 9, 2026.
საათი: 9:30am 0 კომენტარი 0 მოწონება

Choosing a reliable partner often begins with understanding how a  shapes ideas into practical solutions. Behind every smooth operation, there is a place where attention, patience, and process quietly work together. Valves may seem ordinary at…

გაგრძელება

The Final Barrier Between the World and Ruin

გამოაქვეყნა Karmasaylor_მ.
თარიღი: იანვარი 22, 2026.
საათი: 10:30am 0 კომენტარი 1 Like

ARC Raiders Items takes place in a retro-futuristic science-fiction world where humanity has been pushed to the brink by an unrelenting mechanical force known as the ARC. These machines descend from orbit, tear apart settlements, and hunt…

გაგრძელება
  • დამატება დღიურში
  • ყველა

Qwelly World

free counters

© 2026   George.   • Ning - platform for social network creation and community website building

პანაღია  |  პრობლემის აღმოჩენისას!  |  Terms of Service

საუბრის დაწყება!