ძიება
  • რეგისტრაცია
  • შესვლა

Qwelly

ძიების შედეგები - სიცოცხლის

თემა: დღეს ვიცინი
იდგინეთ, იმაზედაც კი მეცინება, რომ გირჩევთ – თქვენც იცინეთო. რა უფლება მაქვს თქვენ მოგაწონოთ ის, რაც მე მომწონს, – ჩემის თვალსაზრისით გაცქერინოთ მსოფლიოსთვის? არავითარი. ეს მხოლოდ ჩემი პირადი ახირებაა, ჩემი გემოვნება, ჩემი ჩვეულება აზროვნებისა, რომელიც მინდა სხვასაც მოვახვიო თავზე. მოდი და ნუ გაიცინებ. ვიხედები უკან, გავცქერი ჩემ გამოვლილს გზას, ეს ხომ თავით ბოლომდე ახირება იყო, ჯახირობა; კბილით კლდის მტვრევა, შიშველი ხელებით ნარის გლეჯა, მშიერა მუცლით მღერა-თამაში. დღეს თუმც მეცინება, მაგრამ ამ ახირებას ვერ ვიშლი, ისევ ისე ვჯახირობ და ვეუბნები თავისთავს: ჰა, არ შესდრკე, გასწი წინ, გაიწიე ჩემო თავო!..       თქვენ წარმოიდგინეთ, რომ რაც უნდა ძვირფასი არსება დავკარგო, წამართოს იგი სიკვდილმა, მაინც არ ვიტირებ. სიკვდილი დღეს, აი სწორედ ამჟამად, როცა ამ სტრიქონებსა ვწერ, საცინელი მგონია და არა სატირელი... ვფიქრობ, ვუკვირდები და ამიტომ არ ვემორჩილები მარტო გრძნობას, იგი მაცდურია, მატყუარა; ამიტომ მკვდარი მე უფრო საცინელი მგონია, ვიდრე სატირელი. იცით რატომ? იმიტომ, რომ დიდი საზღვარი დაიდო ერთი და იმავე პიროვნების მდგომარეობათა შორის. შეადარეთ სიცოცხლე და სიკვდილი, მათ შუა დიდი კონტრასტია. არის კი მართლა კონტრასტი? ესეც საეჭვოა... ჩვენ გვგონია მხოლოდ ასე. სიკვდილი ხომ არავის არ გამოუცდია, როგორც ერთმა ჭკვიანმა კაცმა სთქვა, რომ იმაზე სწორი მსჯელობა ვიქონიოთ. ეს თავისთვის იყოს. მკვდარი ადამიანი რად არის უფრო საცინელი, ვიდრე სატირელი? იმიტომ, დიდ ჩირთიფურთებში იყო სიცოცხლის დროს, ათასნაირ გეგმას ადგენდა და ყოველივე ეს ერთბაშად გაქვავებით შეიცვალა, ჩვენ ასე გვეჩვენება, როგორც უნდა იყოს... არ ვამტყუვნებ ბავშვებს, რომელნიც მოხუცებულებს დასცინიან, ჩიფჩიფსა და სიარულში აჯავრებენ. სიბერე სიკვდილის ცალი გვერდია... ესევე ბავშვები მკვდარზედაც გაიცინებდენ, დიდებისაგან რომ არა ჰქონდეთ თავში ჩაჭდეული წინააღმდეგი წარმოდგენა. დიაღ, დღეს სიკვდილიც კი სასაცილოდ მიმაჩნია, ხვალ რა იქნება, ეს ღმერთმა უწყის, ხვალ შეიძლება ხოლო დღეს ასე ვფიქრობ: რაც სატირელია, ის უფრო საცინელია, ვიდრე სატირელი. მოიტათ, გავშალოთ სიცოცხლის, ადამიანთა ცხოვრების ბოღჩა; გავაღოთ კიდობანი, სკივრი, ყუთი, ამოვალაგოთ მთელი იმისი ავლადიდება, მისი საუნჯე დღიდან დაბადებისა სიკვდილამდე კი არა, იმას იქითაც; აი, ეს აკვანი, ესეც იავნანა, სიყვარული, ტრფობა, მეგობრობა, ქორწინება, კუბო, სამარე და ზედ ძეგლი. ხა, ხა, ხა, ხა!..       ყველა ეს ნივთი ადამიანის ცხოვრებისა არ არის დაუსაბამო და სწორედ იმიტომ არის საცინელი. უცებ ფერს იცვლის. წარმოიდგინეთ ნაპოლეონი თავის სახელოვან მხედრობის წინაშე, სამკუთხა ქუდის მაგივრად წოპწოპა კარდონის ჩაფხუტით. ნუთუ ამ დიდებულ ადამიანზე საცინელი იქნებოდაღა ვინმე? ზოგი ადამიანი კი ამას და ამის მსგავსს მოვლენას სატირელ მოვლენად ჩასთვლის, – შემაწუხებელ-შემაძრწუნებლად, თუმც აქ სიცილის მეტს სხვა გრძნობას ადგილი არა აქვს. ––––– რა არიან ეს დავრდომილნი ადამიანთა ცხოვრებაში, მშიერ-ტიტველნი, უძლურნი, ცხოვრებისაგან გარიყულნი, გლახაკნი, ბედისაგან შეურაცხყოფილნი?! საცინელნი არიან და სხვა არაფერი. მე გიჟს დავუძახებ იმას, ვინც იმათ იტირებს; მე იმათ შემწეობას აღმოვუჩენ, თუ შემეძლება, ხოლო იცოდეთ, ჩემს ბაგეს სიცილის სხივები არ მოჰშორდება. ეს და ამგვარი მოვლენა ბუნებაში მხოლოდ საცინელია და სხვა არაფერი. ბუნება რომ მუდამ წამს თავის თავს დასცინის, ჩვენ რაღა ვართ, რომ არ გავიცინოთ მის წინაუკმო მოქმედებაზე.       ბუნება ბავშვსა ჰგავს, რომელიც დიდის წვალებით ხუხულას აგებს, ანუ კოშკს. შემდეგ რაღაც ფიქრი მოუვა, ჰკრავს წიხლს თავის აშენებულს ციხეს, დაჰფუშავს და თან სიცილს დააყრის, დააყოლებს ხარხარს, კიჟინს. დასცინის თავის მოქმედებას; ნამოქმედარს, ნაშრომს მასხარად რა ცოდვა-ჭირით შობილს, რა საცოდაობით თუ სათუთობით აღზდილს ადამიანს, ჯან-ღონით, გრძნობა-გონებით სავსეს, ლამაზს ჰკლავს უცებ და ცივ სამარეში აწვენს, მიწად – მტვრად აქცევს, რა არის ეს, თუ არ ბუნების დაცინვა თავისთავზე?!.       კიდევ სხვა მაგალითი ბუნების დამახასიათებელი. გაგიგონიათ ხომ ადამიანი ვინმე, მაღლა მთიდან რომ დაბლა ქვას აგორებდა, ლაღობდა, იცინოდა, როცა გაგორებულს ქვას უცქეროდა და ამ დროს იმას როდი ფიქრობდა, რომ დაბლიდან ისევ მაღლა ამოტანა დასჭირდებოდა? მაინც ამოჰქონდა რის ვაინაჩრობით მაღლა მთის მწვერვალზე, რათა ეხლა კიდევ ხელახლა დაგორებულიყო ქვა და ამ სურათით დამტკბარიყო. ასე ცოდვილობდა მთელი თავის მე რომ დღეს ბალკანეთში ათასობით დახოცილთა გვამებს ვნახავდე, წარმოიდგინეთ, სიცილით მივესალმებოდი, თუმცა იმათ ალაგას რო ვიყო, მეც ისე მოვიქცეოდი, როგორც ყოველი ბოლგარელი, სერბი, ბერძენი, შავმთიელი ან თუ ოსმალო. ხოლო თუ დაჭრილს ვნახავდი, წყლულს შევუხვევდი, წყალს მომთხოვდა – ვასმევდი და, როცა დავალეინებდი, ე. ი. ის სმას დაუწყებდა, სმის დროს დაკოდილს კი მე ცქერას დავუწყებდი, – ჩემს სახეს ღიმილი მაინც არ მოჰშორდებოდა. ასე გადასწყვიტა ჩემმა ოცნებამ, ჩემმა გონებამ. არ შემიძლიან სხვარიგად შევხედო ამისთანა მოვლენებს – ომში დახოცილებს, კაცს კაცისაგან მოკლულს, – თავისთავად მკვდარს. ––––– რამდენს ვიცინი იმაზე, ვინც დადის და დაკარგულს სატრფოს დაეძებს და თან მოსთქვამს: "ახ, სადა ხარ, ჩემო სიცოცხლევ, ჩემო ნუგეშო, ჩემო წუთისოფელო, რად დამტოვე? სად დამეკარგე? ვისზე გამცვალეო?!" ხოლო მე მიკვირს, ტარიელს რად ატირებს შოთა ნესტან- დარეჯანისათვის?! ალბათ იმიტომ, რომ ნესტანი თავის ნებით კი არ გაექცა ტარიელს, არამედ ქაჯთა წყალობით, ნესტანს არაფერი ბრალი არ ედება, მისი ნება არაფერ შუაშია, ვინაიდგან მას განაგებენ ქაჯნი, – იგი ნებაშებორკილია, თვით ნესტანიც ცხრაკლიტულშია დამწყვდეული.       მე, ნუ გაგიკვირდებათ, ასე ვფიქრობ, რომ ტარიელს შაეძლო სულ ღიღინით ევლო და ეძებნა თვისი სატრფო, ამიტომ მე დღეს დავცინი იმის ცრემლებს. სასაცილოდ მიმაჩნია მისი ხეტიალი, ათასნაირი საშიშროების განცდა ისე, როგორც ლამანჩელი აზნაურისა (დონ-კიხოტი). ხოლო ხვალ რას ვიფიქრებ – ეს ღმერთმა უწყის. ვაჟა-ფშაველა …
დაამატა lasha to ლიტერატურა at 4:16pm on აპრილი 8, 2016
პოსტი: ტყის საძმო (ხარება და გოგია)

      შესანიშნავ კინო სურათს წარმოადგენს ფილმი ხარება და გოგია ქართლ ფილმოგრაფიაში,რომელიც ნამდვილ ამბავზეა გადაღებული და გადავწყვიტე…

დაამატა vako at 4:01pm on აპრილი 29, 2018
პოსტი: აკიტა - იაპონური მონადირე ძაღლი

აკიტა

     აკიტა-ინუ (იაპ. ძაღლი აკიტა) იაპონური…

დაამატა mariam arsanidze at 2:10pm on აგვისტო 2, 2012
თემა: ლიგეა
თავისივე ნების უღონობა შეიწირავს მხოლოდ. ჯოზეფ გლენვილი    სულის საცხონებლადაც რომ მინდოდეს, არ შემიძლია ნათლად გავიხსენო - როდის ან თუნდაც სად გავიცანი პირველი ლედი ლიგეა. დიდი ხანი გავიდა მაშ შემდეგ და ამდენმა ჭირ-ვარამმა შემისუსტა მეხსიერება, ანუ, შესაძლოა, ახლა აღარ ძალმიძს სრულიად მოვიხილო ჩემი გონების ყოველი კუნჭული. მართლაც, ხასიათი ჩემი სატრფოსი, იშვიათი განათლება, გასაოცარი და უდრტვინველი მშვენიერება, თრთოლვის მომგვრელი, ამო საუბარი ისე თანდათანობით და იდუმალ მიტყვევებდა გულს, რომ შეუნიშნავი და გაურკვეველი დამრჩა ეს ამბავი. მგონი, პირველად შევხვდი და ხშირად ვნახულობდი ერთ დიდ, დრო-ჟამით გამოძველებულ რაინისპირა ქალაქში. ნამდვილად ექნებოდა რაიმე ნათქვამი თავის ოჯახზე და, ცხადია, ძირძველი უნდა ყოფილიყო მისი გვარი. ლიგეა! ლიგეა! წიგნებისთვის თავგადადებული კაცი ვიყავი და სრულიად მიძინებულიყო ჩემთვის გარესამყაროს შთაბეჭდილებები, მარტოოდენ - ლიგეა! - ამ სანეტარო სახელითღა ვაცოცხლებ იმ ხატს, ვინც აღარ არის. ამ სიტყვების დამწერს ახლა უეცრად გამიელვა: არც არასოდეს ვიცოდი ჩემი მეგობრისა და მშველელის, მერე ჩემი თანამდგომის, დაბოლოს სულზე უტკბესი ჩემი მეუღლის გვარი.    იქნებ ეს ლიგეას ჟინიანობა იყო? ანდა ერთგვარი გამოცდა ჩემი ვნებისა, როცა გადავწყვიტე ამის გამო არაფერი მეკითხა? ანუ, შესაძლოა, ჩემივე რაღაც ახირება, თვითგვემა რომანტიკული მოწამეობით ატაცებული კაცისა? თავად ეს ფაქტი ძლივსღა მაგონდება - რაღა გასაკვირია, თუ სრულიად დამავიწყდა წვრილმანები, ამ ამბავს რომ ესაძირკვლებოდა, ანუ თან სდევდა, და ჭეშმარიტად, თუკი სული იგი - მიჯნურობის სულად სახელდებული, ძველეგვიპტელი წარმართების მრუმე ფერის ფრთებით შემკული ღვთაება აშტოფეტი მართლაც თავს დასტრიალებს უბედურ ქორწილებს, მაშინ უთუოდ აქაც იყო, თამადად იჯდა ჩემი საქორწინო სუფრის თავში. ერთი სათაყვანები რამ, ამდენი ურვის შემდგომ, მაინც დამრჩა მეხსიერებაში - ლიგეას სახება; ტანაშოლტილი, წელწვრილი, სიცოცხლის ბოლო დღეებში ოდნავ გამხდარიც ეთქმოდა. ამაოდ დავშვრები, მშვიდი შარავანდედით მოსილი მისი დიდებული სინატიფის, ანდა სადა მიხრა-მოხრისა და ჰაეროვანი ნაბიჯების აღწერას თუ შევეცდები. ლანდივით უჩუმრად შემოვიდოდა ხოლმე ჩემს მყუდრო ოთახში და ასევე უჩუმრად გაქრებოდა. ვერასოდეს ვიგებდი მის შემოსვლას, ვიდრე საამური დაბალი ხმის ჟღერა არ ჩამესმოდა, ვიდრე მხრებზე არ შევიგრძნობდი მარმარილოსებრ სალუქ მკლავებს. ვერც ქალწული ვინმე შეედრებოდა სახის სილამაზით; მზისადარი სახე ჰქონდა, თრიაქნასვამი კაცი თუ ნახავს ასეთს თავის ზმანებაში, უფრო სასწაულებრივი და ღვთაებრივი გახლდათ, ვინმე დელოსელ ქალწულთა თავზე მორიალე ფანტაზიები. თანაც ამ სახეს არ ჰქონდა ის სწორი წყობა, რის თაყვანისცემასაც აგრე ბრმად მიგვაჩვიეს წარმართი მოქანდაკეების კლასიკურმა ნამუშევრებმა. „გამორჩეულად მშვენიერი, თქვა ბეკონმა, ლორდმა ვერულემმა, როცა მოგვითხრობდა მშვენიერების ფორმასა და genera-ზე, - სულ მუდამ რაღაც უცნაური ანაგობისაა“. თუმცა ვიცოდი, ლიგეას სახე კლასიკური წყობისა არ იყო, მაინც კარგად ვხვდებოდი მისი მშვენიერების „გამორჩეულობას“, ვგრძნობდი მისი საფუძვლის უსწორო ნაკვთების მიკვლევას, იმის მიხვედრას, რა არის ამ უცნაური გრძნობის სათავე-მეთქი. ვუმზერდი მაღალ და ფერკმთალ შუბლს უზადო იყო.    ამ ღვთაებრივი მშვენების გადმოსაცემად სიტყვა რა უღონოა! ვჭვრეტდი მის პირისკანს, სპილოს უძვირფასეს ძვალს რომ გაეჯიბრებოდა, მწყაზრად და ზვიადად განფენილს, ნაზად ამობურცულ ყვრიმალებს, ყორნისფრად მოლივლივე, კულულებიან თმის ტევრს, სრულიად რომ მიესადაგებოდა ჰომეროსის ეპითეტი - „სუმბულისებრი!“ შევცქეროდი დიდებულ, უმწიკვლო კარს, ოდნავ კეხიან, ამაოდ ჩამოქნილ ცხვირს - მხოლოდ ერთხელ, ძველებრაულ მედალიონზე მინახავს მსგავსი სრულყოფილება, ვხედავდი უბიწოდ გამოყვანილ ნესტოებს, თავისუფალ სულზე რომ მეტყველებდნენ, შევყურებდი მის საამურ ბაგეთ, ვარდის წალკოტს რომ მოაგონებდნენ კაცს. მართლაც ციური ასოები იყო - ნაზი პაწაწინა ზედა ტუჩები და ქვედა, ბნედის მომგვრელი, სანდომ-საამური; თვალს ვერ ვაცილებდი უსათუთეს ღაწვებზე მოთამაშე ღრმულებს, ნათლისმომღებ ბროლის კბილებს, სხვათა მთოველი, სპეტაკი და სათნოიანი ღიმილისთვის რომ გაიპობოდნენ შევცქეროდი დახვეწილ ნიკაპს, სუფთად და დიდებულად მომრგვალებულს, ისეთს, ლანდად რომ წარმოუჩინა სიზმარში აპოლონ ღმერთმა კლემონეს, ათენელის ძეს; და კიდევ თვალები, ლიგეას დიდრონი თვალები! შორეული ანტიკური ხანიდან თვალების ნიმუში არ შემოგვრჩენია.    შესაძლოა, ჩემი სატრფოს თვალებში იმალებოდა ის საიდუმლო, ლორდი ვერულემი რომ იხსენებდა. მგონია უფრორე დიდრონი ჰქონდა ეს თვალები, ვიდრე ჩვეულებრივ ახასიათებთ ჩვენი მოდგმის ქალებს, ნურჯაჰადის ველად მცხოვრები ტომის დიაცთა ქურციკისებრ თვალებზეც უფრო დიდრონი ჩანდნენ ისინი. მხოლოდ ზოგჯერ, დიდი მღელვარების წამს მცირეოდნავღა ხდებოდა შესამჩნევი ეს გარემოება. მზეს შეშურდებოდა მისი მოხდენილობა ამ წუთს, ცით მოვლენილი, არამიწიერი სილამაზის არსებას ჰგავდა, თურქული ზღაპრების ჰურიას. თუ, შესაძლოა, აგრე ჩამაგონა ჩემმა წამონთებულმა ფანტაზიამ. შავფერი, ცოტათი უსწოროდ მორკალული წარბები ჰქონდა, გრძელ-გრძელ, გიშრის წამწამებში მელნისფერი თვალები უბრწყინავდა. ამ თვალებში მიკვლეული „უცნაური“ კი იყო ცხადი თავისი ფორმით, ფერით თუ ნათებით, მაგრამ ყველაზე მეტად მაინც ამას სწორედ თვალების გამომეტყველება გვამცნობდა... ჰოი, რამდენი ტყუილი საბრუნავის მქონეა სიტყვა! და ასე გვიჯდება ძვალ-რბილში ადამიანის სულის აუარება ამბის არცოდნა. ლიგეას თვალთა გამომეტყველება! რამდენი საათი გამილევია ამ საგონებლით! შუა ზაფხულის ღამით როგორ ვეჭიდებოდი მის ჩასაწვდომად მოძალებულ ფიქრებს! ჩემი სატრფოს დემოკრიტეს ჭაზე უღრმესი თვალებში ნეტავ რა დაძირულიყო? ერთთავად გამეხელა ამის მოკვლევის ჟინმა. ლიგეას თვალები! დიდრონი, ნათელი, ღვთაებრივი თვალები! ლედას მარჩბივ ვარსკვლავად შეიქმნენ ისინი ჩემთვის და მეც გავხდი მათთვის თავგადადებული ვარსკვლავთმრიცხველი. ადამიანის გონის შემსწავლელი მეცნიერება ხომ ამდენ გაუხსნელ ხლართებს გადაეყრება, მაგრამ ყველაზე უფრო ის არის ამაღელვებელი, მგონი შეუმჩნეველი რომ დარჩა მრავალ სკოლას, როცა ძალიან გვინდა დიდი ხნის წინ გარდახდომილის გახსენება, მხოლოდ მოსაგონარი ამბის სულ სამანებს მივაღწევთ და მაინც ვერ მოვიგონებთ საბოლოოდ. სწორედ ასევე, ლიგეას თვალებს წამდაუწუმ და დაჟინებით რომ ვაკვირდებოდი, მაშინღა ვგრძნობდი აჰა, სრულიად მივხვდები-მეთქი მათ გამომეტყველებას, ახლა კი მივხვდები, აი ახლა-მეთქი, რომ უკვალოდ გაქრებოდა მათი შესაცნობი აზრის ნატამალიც! და (უცნაური კია, საიდუმლოთაგან ფრიად უცნაური!) ქვეყნიერების მთლად ჩვეულებრივ საგნებში ვპოულობდი იმ გამომეტყველების ანალოგიას. ამით ის მინდა ვთქვა, შემდგომ, როცა ლიგეას მშვენიერება ჩამეჭდო სულში და როგორც სამლოცველოში, აქ ისე გამიბატონდა, მატერიალური სამყაროს მრავალი საგანი იგივეს მაგრძნობინებდა, რასაც ყოველთვის ვგრძნობდი ჩემში და ჩემ გარშემო მისი დიდრონი და სხივოსანი თვალების მზერისას. მეტი არც ამ გრძნობის განსაზღვრა, არც გააზრება და აღარც მისთვის თვალყურის მიდევნება შემეძლო. მაშინღა ხდებოდა ჩემთვის საცნაური, ვიმეორებ, როცა ვუჭვრეტდი ვაზის ყვავილობას, ფარვანის ფარფატს, ზღვის ლივლივს, ცაზე მეტეორის ვარდნას, მხცოვანი კაცის თვალებს, ნაკადულის რბოლას.    ორი თუ სამი ვარსკვლავის (განსაკუთრებით ერთის, სიდიდით მეექვსის, მარჩვიბისა და ცვალებადის ლირას დიდი თანავარსკვლავედის ახლოს რომ მდებარეობს) ცარგვალზე ტელესკოპით ხილვისას ვცნობდი ამ გრძნობას, და რაღაც ამდაგვარი დამეუფლებოდა ხოლმე მაშინ, როცა სიმებიანი საკრავების ჰანგებს გავიგონებდი ამ წიგნის ზოგიერთ ადგილს წავიკითხავდი. ნათლად მახსენდება ჯოზეფ გლენვილის ტრაქტატში ამოკითხული სიტყვები (საკვირველნი რომ იყვნენ, შესაძლოა ამიტომ, ვინ იცის?), რომლებიც ნიადაგ იგივეს მაგრძნობინებდა: „და აქაა ძალი ნებისა ძალი წარუვალი. ვინ ჩახვდება მისი ნების საიდუმლოს? ღმერთი ძალაა უდიადესი, წარმომჩენი საგანთა არსისა. კაცი არც ანგელოსს, არც სიკვდილს დამორჩილდება სრულიად, თავისივე ნების უღონობა შეიწირავს მხოლოდ“. წლებმა და შემდგომი დროის ფიქრებმა შემაძლებინეს მართლაც შემენიშნა რაღაც შორეული კავშირი ინგლისელი მორალისტის სიტყვებისა და ლიგეას ხასიათის ზოგიერთ თვისებას შორის. ამ ქალის ფიქრის, საქმისა თუ იტყვის ძალამოსილება იყო, შესაძლოა, შემდეგი, ანუ ნიშანი მაინც, დაულეველი ვნებისა, რაც ჩვენს ხანგრძლივი ურთიერთობაში უფრო საცხადო რამით კი არა, მხოლოდ ამით, ამ ძალმოსილებით გამოიხატებოდა. ყველა ქალთაგან, ვინც ოდესმე მენახა, გარეგნულად სულ სახემშვიდი ლიგეა უფრორე მოუდრეკდა ხოლმე თავს დაუოკებელი ვნების ძალის შესახებ, ადრე თვალსხივოსანი რომ არ შობილიყო ეს ქალი, ასევე, რომ არ სცოდნოდა მკაფიო და, იმავე დროს, ჩუმი და უშფოთველი, თითქმის ჯადოხმით საუბარი; ასევე, მარად დღე რომ არ ყოფილიყო მთქმელი ცეცხლოვანი სიტყვებისა (რომლის წარმოთქმა ორმაგ ძალას მოიღებდა, რაკიღა ამ სიტყვებში ჩაწნულიყო მგზნებარება და სიმშვიდე).    ლიგეას განათლების ამბავი უკვე ვიცით, მსგავსი ცოდნის ქალი არასოდეს მინახავს. საუცხოოდ შეესწავლა კლასიკური ენები და, რამდენადაც თავად გარკვეული ვიყავი, თანამედროვე ევროპული ენების ცოდნაში ვერავინ გაუტოლდებოდა. ზოგიერთი საგანიც, უფრო თავისი ბუნდოვანებით რომაა ცნობილი და რომლითაც თავი მოაქვთ აკადემიის მწიგნობრებს, სრულიად გაესაკუთრებინა ლიგეას. რა გაოცებულმა, რა აფორიაქებულმა გავიგე ჩემი მეუღლის ეს ღირსება სულ უკანასკნელ ხანებში! მსგავსი ქალი არასდროს მინახავს-მეთქი, მაგრამ მამრი, სად მოიძებნებოდა მამრი, ასე სრულიად რომ ჰქონოდა მოვლილი მორალის, ფიზიკის, მათემატიკის მეცნიერებათა ვრცელზე-ვრცელი სარბიელი? მაშინ ვერ ვხედავდი იმას, რაც ახლა ნათელია ჩემთვის: განსაცვიფრებელი, ყოვლისმომცველი იყო ლიგეას ნიჭი. და მაინც, იმთავითვე კარგად ვგრძნობდი მის უდიდეს უპირატესობას და ბალღურად მორჩილი, მისი თანამდგომობით მივიკვლევდი გზას მეტაფიზიკური გამოკვლევების ქაოსურ სამყაროში, რითაც გატაცებული ვიყავი ჩვენი ქორწინების პირველ წლებში. რა ზეიმით, რა სიხარულით ცათა ფრენაშემდგარი, რა იმედებით მოვიხიბლებოდი, როცა ის ჩემ გვერდით იყო და სულ ორიოდე წუთში. სულ შეუჭირვებლივ, თანდათანობით გადამეშლებოდა ნათელი თვალსაწიერი და წინმავალი, შორი, მზიანი, მთლად გაუკვალავი ბილიკი, სიბრძნის კარიბჭესთან, ესოდენ ფასდაუდებელ, ღვთაებრივ ნაკრძალთან რომ მიმიყვანდა!    მართლაც, რა შხამსამსალა უნდა შემესვა მაშინ, როცა, რამდენიმე წლის შემდეგ, ჩემი ნათელი იმედები გაცუდდა! ბალღი გავხდი უიმისოდ, წკვარამ ღამეში ხელის ფათურით მოხეტიალე. მასთან ყოფნა, მისი ხმა წარმომიჩენდა ტრანსცენდენტულ საიდუმლოს, რომლის მისაკვლევად ვათენ-ვაღამებდი. სატურნის ტყვიაზე უფრო ჩამუქდა ახლა მის მანათობელ თვალებს მოკლებული პრიალა, ოქროცურვილი ასოები. ჩემი საკითხავი წიგნების გვერდებს უფრო და უფრო აკლდებოდა ლიგეას თვალის სინათლე - ლიგეა ავად გახდა. მეტისმეტი ავადმყოფური ბრწყინვა დაეტყო უკვე მის თვალებს; სამარისებული ფერი გადაჰკრავდა, სანთლისფერი გაუხადა თლილი თითები; მაღალ შუბლზე მცირეოდენი მღელვარების დროსაც კი მალიად უფეთქავდა ცისფერი ძარღვები. ვხედავდი, უნდა მომკვდარიყო და სასოწარკვეთილი ვებრძოდი პირქუშ ჯაბრაილს, მაგრამ ჩემი ვნებაულევი ცოლი, ჩემდა გასაოცრად, უფრო ძალუმად შებრძოლებოდა. ბევრი რამ იყო ისეთი მის მტკიცე ხასიათში, რამაც ჩამაგონა, მშვიდად და უშფოთველად შეხვდება-მეთქი. მაგრამ სიცოცხლის გაუნელებელ წყურვილს რომ ვატყობდი - სიცოცხლის - მხოლოდ სიცოცხლის, ჩემი ყოველი სანუგეშო სიტყვა ამაო ღაღადი იქნებოდა. ტანჯვა-ვაებით ანწუხზე აგებული სულის ამოხდენამდე მისი გარეგნული უდრტვინველობა შეგზარავდათ. ხმა უფრო ნაზი გაუხდა, უფრო ჩუმი.. ახლა არ მინდა წყნარად წარმოუთქმელი მისი სიტყვების ბორგნეული შინაარსის მოყოლა. კინაღამ ჭკუა დავკარგე, როცა უბრალო მოკვდავისგან ჯერხანად უთქმელ თავის ნაფიქრალსა და სურვილებს მეუბნებოდა და მის გულშიჩამწვდენ ჯადოხმის მელოდიას ვისმენდი. ლიგეას უეჭველად ვუყვარდი. ისიც კარგად ვიცოდი, ჩვეულებრივი არ უნდა ყოფილიყო ასეთი ქალის სიყვარული. მაგრამ ამ სიყვარულის ძალას სრულად მისი სიკვდილის ჟამს მივხვდი. ჩემი ხელი ხელში რომ ეკავა, იმ გაუთავებელ საათებში ნათლად წარმომიჩინა კერპთაყვანისმცემლობის მსგავსი სულით ხორცამდე ჩემი ერთგულება. ამგვარი აღსარების სითბო რით დავიმსახურე? ასეთი სიტყვების მოსმენის შემდეგ რით დავიმსახურე სატრფოსთან დაშორების ვაება? მაგრამ ამის შესახებ მეტს აღარ გეტყვით. ამასღა დავსძენ, თქვენი ნებართვით: ქალურ სიყვარულს რომ ასე მეტობდა, ლიგეას სიყვარულმა, რაიც - ვაგლახ - ვერაფრით დამემსახურებინა, დამანახა გაუძლისი წყურვილი სიცოცხლისა, ასე მსწრაფლ, თვალ და ხელ შუა რომ უქრებოდა. სწორედ სიცოცხლის წყურვილის - სიცოცხლის, მხოლოდ სიცოცხლის ამ გაუნელებელ სურვილის გადმოცემის ძალა არ შემწევს - ამ ამბავს ენა ადვილად ვერ იტყვის.    სიკვდილის ბჭეს რომ მიატანა, იმ შუაღამით მბრძანებლურად დამიქნია ხელი, მიმიხმო და მთხოვა წამეკითხა ლექსი - რამდენიმე დღის წინ თავად შეთზა. აი ისიც: ჰა, წარმოდგენა ისევ ღამისა, წყეული წლები კი ისევ რბიან! ანგელოსთ ბურავთ შავლეგა ნისლი, ბნელში მიყუჟულთ ცრემლები სდიან. სხედან დარბაზში თეატრონისა ხილვად თამაშის - იმედის, შიშის. კვნესის გიტარა სიმდაწყვეტილი და თვლემს მუსიკა სფეროთა ჩრდილში. მიმოსნი საღვთო ფერისცვალებით - მარიონეტნი ზეციურ მხარის ხელების ქნევით, ფართო თვალებით მიმოიძვრიან ფრთების ქარებით; თურმე ამ ღამით ესენი ისევ სცვლიან სცენარებს, და გააფთრებით ფურცლებსა ხევენ, მერე მალიად გადახვეტავენ კონდორის ფრთებით. ჰოი, მრავალფეროვანი დრამა! დაუვიწყარი დარჩება მარად, ვერ დაიჭერენ აჩრდილთა დასებს ველად მძვინვარე ქარებს დარად, და მროკავი ბრბო წრეგადასული კვლავ უბრუნდება ჯადოქმნილ წერტილს. შეცოდებათა სიშლეგე სრული - იმ სიუჟეტის სულია კრული! მაგრამ ეს რაა... მიმოსთა წრეში მოიგრაგნება, რაღაც ხმიანი.. ფერად წითელი, ვეება ეშვით მოიჭრა იგი აქ გაშმაგებით - მიმოსთა დღეა სიკვდილიანი! ჰა, სისხლიანი ჯოჯოს ეშვები.. ჰაი, ქვითინი სერაფიმების! ჩადგა შავფერი ქარი წყეული, დაეცა არეს წყვდიადის დამბლა. შავი შრიალით ფარდა ხვეული მაშინვე, უცებ დაეშვა დაბლა. და ანგელოსნი მწუხარე ზარით განაცხადებენ ასე, ხმამაღლა: ტრაგედიაში „ადამიანი“ გამარჯვებული გმირია მატლი.    ჰოი, ღმერთო! - შეჰყვირა ლიგეამ, ჩავათავე თუ არა ეს ლექსი, წამოდგა და მსწრაფლ აიწვდინა ხელები, - ჰოი, ღმერთო! ჰოი, მამავ ყოვლის მპყრობელი! ნუთუ ვერავინ მოუღებს ბოლოს იმის მძლავრობას? სულ მუდამ გამარჯვებული ნუთუ ერთხელაც არ დამარცხდება? თუ ჩვენ არა ვართ შენი სისხლი სისხლთაგანი და ხორცი ხორცთაგანი? ვინ, ვინ ჩახვდება მისი ნების ძლიერების საიდუმლოს? კაცი არც ანგელოსს, არც სიკვდილის დამორჩილდება სრულიად, თავისივე ნების უღონობა შეიწირვას მხოლოდ. ამ მღელვარებით სულ მოუძლურებულს თეთრნი მკლავნი ჩამოუცვივდა, ნელინელ დაუბრუნდა სიკვდილის სარეცელს. ძლივს გასაგონი ჩურჩული ამოჰყვა ბაგეთაგან უკანასკნელ სუნთქვას. მისკენ თავდახრილმა გავარჩიე გლენვილის ის ბოლო სიტყვები: „კაცი არც ანგელოსს, არც სიკვდილს დამორჩილდება სრულიად, თავისივე ნების უღონობა შეიწირავს მხოლოდ“. მოკვდა. ამდენი ტანჯვით წუთისოფელჩაშხამებულმა ვეღარ გავუძელი მარტოობას ჩემს ბინაზე, მზებნელ, დრო-ჟამისგან გამოძველებულ რაინისპირა ქალაქში. სიმდიდრეს რასაც ეძახის ხალხი, არ მაკლდა. ლიგეამაც უფრო შემმატა, ნამდვილად უფრო მეტი და ვეჭვობ, ჩემსავით მდიდარი თუ გამხდარა ვინმე მოკვდავი. რამდენიმე თვის გზამძიმე და უაზრო ხეტიალის შემდეგ ვიყიდე და ცოტათი შევაკეთებინე ერთი სააბატო, რომელიც პირქუში ინგლისის ერთ ყველაზე უკაცურ და მივარდნილ კუთხეში იყო და რომლის სახელს ახლა ვერც გეტყვით. შენობის სევდისმომგვრელი და მჭმუნვარე დიდებულება, თითქმის მთლად გატიალებული მამული და მასზე შექმნილი, საუკუნოთა წიაღ ცოცხალი, ნაღვლიანი და შესაზარელი ლეგენდები, ერთიცა და მეორეც ერთობ ეხმიანებოდა იმ ჩემს სიმძიმილს, რამაც ქვეყნის ამ ძველ, გამოყრუებულ მხარეს გადმომაგდო.    თუმცა სქლად ხავსმოდებულ სააბატოს გარეკედლებისთვის ხელი არ მიხლია, მაგრამ დარბაზები და ოთახები დიდმეფურად მოვართვევინე ბავშვივით ახირებულმა და უღონო იმედის გულში მატარებელმა, იქნებ, ამით სევდა განვიქარვო-მეთქი. ფუჭი წვრილმანების თაყვანისცემა ჯერ კიდევ ბიჭობაში დამჩემდა და ამან კვლავ გამიხსენა ამდენი ვაებით ბებრულად ჭკუადასუსტებულ კაცს. ვგრძნობდი, ჩემი სიგიჟის პირველი ნიშნები ჩანდა ამ სქელ, უხვფერებიან და ფანტასტიკურ ფარდებში, ქვეშ ძველეგვიპტურ ქანდაკებებში, ლავგარდნებში, ავეჯის ჩუქურთმებსა და შლეგურ ნახატებით დაქარგულ ოქრომკობილ ნოხებში. თრიაქმა დამიმონა, ყველა ჩემს ნაშრომსა და ნათქვამს დაეტყო ზმანებათა არილი. მაგრამ აღარ მოვყვები ჩემი იმდროინდელი უგუნური ცხოვრების ამბავს. მხოლოდ გიამბობთ ერთ დაწყევლილ ოთახზე, სადაც მარადმოსაგონარი ლიგეას ნაცვლად ჭკუაარეულმა საკურთხევლიდან მოვიყვანე თმანათელი და ცისფერთვალა ტრემეინელი ლედი როვენა ტრევინიონი.    ნათლად მიდგას თვალწინ იმ საქორწინო პალატის მორთულობისა და წყობის წვრილმანი. ჩემი ცოლის მზვაობარ სახლეულს გული აგრე როგორ გაქვავებოდა, რომ ოქროს ბრწყინვით დაბრმავებულმა თავიანთ საყვარელ ასულს ნება მისცეს გადმოებიჯებინა ასე მორთული ოთახის ზღურბლზე. უკვე გითხარით, გამოწვლილივით მახსოვს-მეთქი პალატის ყოველი წვრილმანი, მაგრამ, სამწუხაროდ, დამვიწყებია ბევრი რამე, უფრო მნიშვნელოვანი. მეხსიერებაში რომ აღიბეჭდა, სწორედ რაღაც ისეთი წყობა და თანაზომადობა აკლდა ფანტასტიკურ პალატას. ციხესიმაგრის მსგავსად ნაგებ სააბატოს მაღალ კოშკში იყო ოთახი, ხუთკუთხა და საკმაო სიდიდისა. სამხრეთის კედლად ჰქონდა ერთი დიდი, ტყვიისფეროვანი მთლიანი ვენეციური შუშის სარკმელი, რომელშიც მთლიანი ვენეციური შუშის სარკმელი, რომელშიც გამოღწეულ მზისა და მთვარის შუქს შემზარავად წარმოეჩინა ირგვლივ ყველაფერი. მრავალწლოვანი ვაზით შეფენილი რკინის გისოსიანი ზღუდე დაემაგრებინათ ამ ვეებერთელა სარკმელის ზემოთ, ჭერი მოშავო მუხისა, უჩვეულოდ მაღალი, კამაროვანი იყო, ნახევრად გოთიკური და ნახევრად დრუიდულ ყაიდაზე მოჩუქურთმებულ ფართერგოლებიან ოქროს ჯაჭვზე დაეკიდათ სარკინოზელ ნაყშებიანი ოქროსავე სანათური. იგი ისე მრავლად იყო დასვრეტილი და ნასვრეტებიც ისე ოსტატურად განელაგებინათ, რომ შიგაც და გარეთაც გველივით დაიკლაკნებოდა სინათლის ნაირფეროვანი ჭავლები.    რამდენიმე აღმოსავლური ტახტი და ოქროს შანდალი უწესრიგოდ იდგა პალატაში, აქვე - ინდური სარეცელი, დაბლა საქორწინო სარეცელი, მკვრივი შავი ხისაგან ნაკეთები, კუბოსამებრ მოჩარდახული. პალატის ყოველ კუთხეში დაედგათ ლუქსორის სამეფო აკლდამისეული შავი გრანიტის უზარმაზარი სარკოფაგები, აურაცხელი, ადამის ჟამინდელი ნახატებით მორთული საურავებითურთ. მაგრამ სწორედ დარბაზის გობელენები იყო - ვაგლახ! - მთლად ფანტასმაგორული. მაღალი, მეტად მაღალი, ამავე დროს არაპროპორციულად ნაგები კედლებიდან ძირისძირამდე კეც-კეცად ეშვებოდნენ გობელენები. მათი მსგავსი მასალითვე მოექსოვათ იატაკის ხალიჩა, ტახტებისა და შავი ხის სარეცლის ბალდახინები. სარკმლის ნაწილი დაეფარა საკვირველად დაქარგულ ფარდას, რომლის მასალა ოქრონემსული ფარჩა იყო, არეულ-დარეულად სულ გადაფენილა ერთი ფუტი დიამეტრის, ნახშირივით შავი არაბესკებით. მაგრამ ესენი არაბესკებად მხოლოდ მაშინ გამოჩნდებოდნენ, თუ ერთი ფუტი წერტილიდან შეხედავდით. ძველთაძველი და აწ გავრცელებული მოწყობილობის მეშვეობით სახეს იცვლიდა არაბესკები. ახალშემოსულისთვის ჯერ უსახური ჩანდა, მაგრამ რაც უფრო მიუახლოვდებოდა, მით უფრო შემზარავად წარმოისახებოდა და ბოლოს შემაძრწუნებელი ფიგურების ალყაში აღმოჩნდებოდა კაცი, ნორმანთა ცრურწმენების კვალობაზე შექმნილ სახეთა ან მონაზვნის ცოდვილიანი სიზმრების ნაკადი ფანტასმაგორიულ ეფექტს აძლიერებდა და დაუცხრომელ, შემზარავ, ჯერეთ უნახველ სიცხოველეს ანიჭებდა ყოველივეს.    ამგვარ დარბაზში, ამგვარ საქორწინო პალატაში ვატარებდი უკურთხეულ საათებს ტრემეინელ ლედისთან ჩვენი ქორწინების პირველ თვეს და აგრერიგად არც ვდარდობდი. ვატყობდი, ჩემს ცოლს გულის მომკვლელი ჩემი ზნე-ქცევა აშინებდა, მიფრთხოდა, არც დიდად ვუყვარდი. და ეს ამბავი არამცთუ მწყინდა, პირიქით, კიდევაც მსიამოვნებდა. მძულდა ეს დიაცი და ეს სიძულვილი დემონს უფრო შეეფერებოდა ვიდრე კაცს. კვლავ ვფიქრობდი (ჰოი, რა სინანულით!) საყვარელ, ღვთაებრივ, დასამარებულ ლიგეაზე. ღამე გამითენდებოდა, როცა მაგონდებოდა მისი სიწმინდე, სიბრძნე, ზექალობა და ამაღლებული, ვნებაულევი, თავდაუზოგავი სიყვარული. გული მეწვოდა, ცეცხლი შემომგზნებოდა და უფრო ძალუმად კიაფობდა, ვიდრე ლიგეას სულისეული ლამპარი. თრიაქნასვამი, ზმანებებით შეპყრობილი (რაკიღა უკვე სულ დამიმონა ამ შხამმა) ღამის მდუმარებაში, დღისითაც, გადაკარგულ ხევხუვებში მოხეტიალე გავყვიროდი მის სახელს, თითქოს გულის მხურვალებას, მოგუზგუზე ვნებას, ლიგეას ნახვის გულისგამომჭმელ სურვილს შეეძლო დაებრუნებინა იგი აქ, მიწისზედა - ჰოი, ნუთუ სამარადისოდ? - დატოვებულ ბილიკზე.    ჩვენი ქორწინების, ასე, მეორე თვის დამდეგს როვენა უცებ ავად გახდა და კარგა ხანს ვერ მომჯობინდა. შავი დღე აყარა ციებამ, ცუდი ღამეები დაუდგა. ძილი და მოსვენება რომ აღარ ჰქონდა, სულ ჩიოდა, რაღაც ხმები მომდისო კოშკის შიგნიდან და გარედანაც. ეს ამბავი, ასე ვფიქრობდი, მისი ავადმყოფობის ან, იქნებ, ოთახის ფანტასმაგორიული მორთულობის ნაძალი თუა-მეთქი. ჯერ იყო, გამოკეთება დაეტყო, ფეხზეც დადგა. მაგრამ მალე შეუბრუნა და ამჯერად უფრო სასტიკმა, მწარე შეტევამ ჩააგდო ლოგინად. ისედაც სუსტი ქალი ვეღარ შეებრძოლა და ვეღარც თავი დააღწია უჟმურს. ამაოდ დაშვრნენ განსწავლული და თავის საქმეზე თავგამოდებული ექიმები. სრულიად დააგდო ამ, როგორც ჩანს, მოურჩენელმა ავადობამ და უკვე აშკარად ვატყობდი ნერვულ ჭირვეულობას, შიშიანობაც დასჩემდა. კვლავ, უფრო ხშირად და ჯიუტად ჩიოდა, რაღაც ხმები, სულ ჩუმი ხმები მესმისო და ადრინდულად იძახდა, საკვირველად დაშრიალებსო ეს ფარდები. ერთხელ ღამით, სექტემბრის მიწურულს, უფრო დაჟინებით დამიწყო ამ გულისმომწყვლელ საგანზე საუბარი, ჩვეულებრივზე უფრო მოითხოვდა ჩემს ყურადღებას. მშფოთვარე ძილ-ღვიძილისგან ახლაღა გამორკვეულიყო და მეც, შავი ხის სარეცლის ახლოს, ინდურ ტახტზე მჯდომარე გაოგნებული და თავზარდაცემული შევყურებდი მის ფერმკრთალ სახეს. ბალიშზე თავწამოწეული, შიშატანილი მეჩურჩულებოდა, ნამდვილად მესმისო ის ხმები, ნამდვილად ვამჩნევო ფარდების მოძრაობას. მე კი ვერაფერს ვხედავდი, ვერაფერს ვგებულობდი. ქარი დაშტრიალობდა გობელენებში და მინდოდა ჩამეგონებინა ქალისთვის (რაც, უნდა ვაღიარო, თავადაც ცოტა მჯეროდა), ჩუმი ხვნეშისა და კედლებზე მოფენილი მრავალი გამოსახულების ძლივს შესამჩნევი ცვალებადობის მიზეზი სწორედ ესაა, ქარია-მეთქი. მაგრამ მისი შემზარავად გადაფითრებული სახე მარწმუნებდა, ვეღარაფერს შევასმენდი. სადაცაა გრძნობას დაჰკარგავს-მეთქი, ასე მეგონა.    მსახურთაგან ახლოს კი არავინ იყო, რომ მომეხმო. გამახსენდა, თუ სად იდგა ტკბილღვინიანი სურა, ექიმის რჩევით მხოლოდ ამ ღვინოს ვასმევდი ავადმყოფს. სწრაფად წავედი მის მოსატანად. მაგრამ როგორც ზემოდან ჩამონათებულ შუქის წრეში ფეხი შევდგი, ჩემი ყურადღება მიიპყრო ორმა უცნაურმა ამბავმა. ჯერ ასე შევნიშნე, სულ ახლოს ჩამიარა რაღაც საგრძნობმა, თუმცაღა უხილავმა; მერე ისიც დავინახე: სანათურის სინათლით შემოხაზული წრის შუაგულში გაკრთა ანგელოსისებრ რაღაც ჩრდილი. გამჭვირვალე და მოუხელთებელი რომ იყო, კაცი ასე იფიქრებდა, ჩრდილის ჩრდილიაო. კარგა მაგრად თრიაქნასვამი, აფორიაქებული ვიყავი და ეს ამბავი არაფრად ჩავაგდე, არც როვენასთვის მითქვამს რამე ამის შესახებ. სურა ავიღე, უკანვე გამოვბრუნდი, თასი გავავსე, მოუძლურებულ ქალს ტუჩთან მივუტანე. თვალი გაახილა და ჯერ კიდევ ბურანში მყოფმა თასი თავად გამომართვა. მასთან ახლოს, ტახტზე ჩამოვჯექი და შევყურებდი. სწორედ მაშინ, იქვე, ნოხიდან, ანუ, შესაძლოა, მეზმანა - როვენას პირთან რომ მიჰქონდა თასი, შიგ ჩავარდა რაღაც უჩინარი ჭურჭლიდან მეწამული ფერის სამი თუ ოთხი მოდიდო, მოელვარე წვეთი. შესაძლოა მე ეს ნამდვილად დავინახე, მაგრამ როვენას არაფერი შეუნიშნავს. ღვინო უყოყმანოდ დალია. მეც აღარაფერი მითქვამს ამის გამო, რადგან ასე ვფიქრობდი, ყველაფერი ეს ჩემი ცოლის სასტიკი შიშიანობით, თრიაქითა და უძინარობით აგრე ცხოველად გრძნობა-გონებააშლილი კაცის ფანტაზიის ბრალი თუა-მეთქი.    საკუთარ თავს გამოვუტყდი, იმ მეწამული ფერის წვეთების შემდეგ სულ მალე ჩემს ცოლს სააქაო პირი აღარ უჩანდა. მართლაც, მესამე ღამეს მისი ცხედარი გააპატიოსნეს და სამარისათვის მორთეს, ხოლო უკვე მეოთხე ღამეს მარტო ვუჯექი სუდარაში გახვეულს, ამ ჩემს უცნაურ პალატაში, სადაც პატარძლად შემოვიდა ეს ქალი. მორიალე, შემაძრწუნებელი, ჩრდილების მაგვარ რასმე, თრიაქით აშლილ ზმანებებს ვხედავდი. ძრწოლაატანილი შევყურებდი დარბაზის კუთხეებში დაყურსულ სარკოფაგებს, ფარდებსა და გობელენებზე გამოსახულებათა ფარფარსა და ჭერიდან ნაირფეროვან სხივთა თოვას. რამდენიმე ღამის წინანდელი ამბავი რომ წამომაგონდა, დავხედე იმ ადგილს, სადაც მაშინ სანათურით გამოკვეთილ წრეში რაღაც აჩრდილის მკრთალი ნაკვალევი შევნიშნე ახლა იქ აღარაფერი იყო. გულზე მომეშვა და კვლავ მოვხედე ფერწასულ, გათოშილ სხეულს. სწორედ იმ წუთას ათასი რამე მომაგონდა, ლიგეაზე და გულიც მომიკვდა: ცრემლები მახრჩობდა, დარდით აღარ ვიყავი, როცა დავცქეროდი ამ, სუდარაში გახვეულ ქალს. ღამე გაილია და ჩემს ერთადერთ, ჭეშმარიტ სიყვარულზე ფიქრებაშლილ კაცს თვალი არ მომიცილებია როვენას ცხედრისთვის.    შუაღამით, შესაძლოა ცოტა უფრო ადრე ან უფრო გვიან, არ ვიცი, რაკიღა დროის სათვალავი ამერია, ჩამესმა ჩუმი, საწყალობელი, მაგრამ მკაფიო ქვითინი და გონზე მოვედი. ვიგრძენი, შავი ხის სიკვდილის სარეცლიდან მოისმოდა. ყური მივუგდე ცრუმორწმუნეობრივი შიშით თავტანდაკარგულმა, მაგრამ ეს ხმა აღარ განმეორებულა. თვალი ვეღარ მოვაცილე მიცვალებულს, მცირეოდნავაც არ შეტოკებულა. მაგრამ არ მოვტყუებულვარ, ნამდვილად გავიგონე ჩუმი ქვითინი და ჩემმა სულმა გაიღვიძა ჩემს არსებაში. მივციებოდი სხეულს, მხოლოდ მრავალი წუთის შემდეგ მოხდა ის, რამაც ნათელი მოჰფინა ამ საიდუმლოს. ბოლოს ცხადი გახდა, ცოტა შეუფერიანდა ღაწვები და სახის კანი ჩანაცრებულ ქუთუთოებთან, წვრილი, მქრქალი ძარღვების გასწვრივ. თავზარი დამეცა, შიშით გრძნობამ ბოლოს გონს მომაგო. ეჭვი არ იყო, თურმე ავჩქარებულვართ - როვენას სული ედგა. რაღაც უნდა მეღონა დაუყონებლივ. კოშკი კარგა შორს იყო მსახურთა სამყოფელისგან და ვერც ვერავინ ვნახე რომ გამეგზავნა, ვეღარავის მოვუხმობდი საშველად. ვინმეს დასაძახებლად რომ წავსულიყავი, რამდენიმე ხნით უნდა დამეტოვებინა პალატი, ამას კი ვერ ვბედავდი. ამიტომ სულ მარტოკამ ვცადე მივშველებოდი როვენას, მომებრუნებინა აქვე მფრინავი სული. მაგრამ მალე მივხვდი, ამაოდ დავშვერ. ფერი მიელია და თეთრ მარმარილოზე უთეთრესი გაუხადა ქუთუთოები და ღაწვები; სიკვდილის სასტიკი ხელით გადახატული ტუჩები ორკეც ჩაეღრიცა, ამაზრზენი და სლიპინა სუსხი ჩაუდგა მთელ სხეულში, იმწუთას გაიჭიმა და გაქვავდა. ძრწოლით მივწექი ტახტზე, საიადანაც წეღან ასე ცქვიტად წამოვდექი და კიდევ მომეძალა მგზნებარე ზმანებები ლიგეაზე. საათი გავიდა, რომ (ნუთუ ეს შესაძლო იყო) სარეცლის მხრიდან კვლავ რაღაც ბუნდი ხმა მოესმა. ყური მივუგდე ზარგანხდილმა. ისევ მომესმა ამოოხვრა. გვამთან მივირბინე და დავინახე, ნათლად დავინახე, როგორ ათრთოლდნენ ბაგეები. წუთის შემდეგ მოეშვნენ და ბროლის კბილები გამოაჩინეს. აქამომდე თუ მარტო შიშით ვიყავი გულგადაქანებული, ახლა ამას გაოცებაც დაერთოთ. თვალთ დამიბნელდა, გული მიღონდებოდა და მხოლოდ ენით უთქმელი ნებისყოფის წყალობით აღარ დამიკარგავს გონება, ჩემი ვალი ხომ უნდა მომეხადა. ფერი ახლა შუბლზე, ღაწვებსა და ყელზე მოუვიდა, სხეული შეუთბა, გულის ფეთქვაც შეინიშნებოდა. ქალი ცოცხლობდა; გაორკეცებული ძალით შევუდექი საქმეს - საფეთქლები, ხელები დავუზილე, აღარაფერი დამიკლია. აღარაფერი დამვიწყებია, რასაც გამოცდილება და სამედიცინო წიგნების არცთუ ისე მცირე ცოდნა მკარნახობდა, ვერაფერს გავხდი. ფერი წაუვიდა, მაჯისცემა გაუჩერდა, ბაგე-პირი მოეღრიცა სიკვდილმოწეულივით და მაშინვე ყინულივით გაცივდა, ჩალურჯდა, გაშეშდა, ნაკვთები ყინულივით გადაელია, საძვლებში დიდხანს ნადები გვამის ამაზრზენი იერი მიიღო მთელმა სხეულმა.    თავი კვლავ მივეცი ზმანებებს ლიგეაზე - და კვლავ (რაღა გასაკვირია, ტანზე ეკალი რომ ამესხა ამის დამწერს?) - კვლავ ჩუმი ქვითინი მომესმა შავი ხის სარეცლის მხრიდან. მაგრამ რაღა საჭიროა იმ ღამის ენით აუწერელ საშინელებათა გამომწვლილვით გადმოცემა? რაღატომ უნდა ეთქვა, ჟამ-ჟამად, დილა-ბინდის დადგომამდე როგორ გრძელდებოდა სიკვდილ-სიცოცხლის შემზარავი დრამა, სულ უფრო ახლოვდებოდა გარდაუვალი დასასრული? ყოველივე ასეთი აგონია როგორ ჰგავდა უჩინარ მომხდურთან ჭიდილს და როგორ იცვლებოდა გვამი ყოველ ასეთი შებრძოლების შემდეგ! მაგრამ მოკლედღა ვიტყვი სათქმელს. გულშემზარავი ღამე თენდებოდა, როცა ის, ვინც მკვდარი იდო, კვლავ შეინძრა, ამჯერად უფრო მკვეთრად და ეს მოხდა ასეთი საცხადო აღსასრულის შემდეგ. კარგა ხანია დავამთავრე ყოველგვარი ბრძოლა და გარინდული ვიჯექი ტახტზე, შლეგურ გრძნობათა მორევით მიტაცებული მსხვერპლი. ამ გრძნობებში გაუძლისი შიში, შესაძლოა, ნაკლებად შემზარავი და ნაკლებად გამტანჯავი იყო. ნეშტი, ვიმეორებ, შეტოკდა, ამჯერად უფრო ძალუმად. სიცოცხლის ნიშნები სულ უფრო ცხადლივ გამოჩნდა პირსახეზე, სხეულის ყოველი ასო მოეშვა და მისი მთლად შეწებებული ქუთუთოები რომ არა, შეიძლებოდა მეფიქრა, როვენამ მართლაც დააღწია-მეთქი თავის სიკვდილს. მაგრამ ამ აზრის გავლება გულში ჩემთვის, იმხანადაც კი, ძნელი იყო, თუმცა ახლა რაღა ეჭვი უნდა შემპარვოდა, როცა ნათლად ვიხილე სარეცლიდან წამომდგარი, მონანავე, ფეხარეული, თვალებდახუჭული, სიზმარეულივით გაოგნებული, ნამდვილად გამომავალი პალატის შუაგულში.    ძრწოლას აღარ ავუტანივარ, მისი ანაგობის, გარეგნობის, მიხრა-მოხრის დანახვისთანავე გამოუთქმელმა ფანტაზიებმა გამიელვა და გამაქვავა. გაშეშებული ვიყავი, მაგრამ კი ვხედავდი ამ გამოცხადებას. გიჟურად ფიქრებაშლილს გული ამოვარდნაზე მქონდა, თვალი მატყუებს-მეთქი. ნუთუ მართლაც ჩემ წინ ცოცხალი როვენა იდგა? მართლაც შეიძლება ეს ქალი როვენა ყოფილიყო - თმანათელი, ცისფერთვალა ტრემეინელი ლედი? რაღატომ, რაღატომ მეპარებოდა ეჭვი? ბაგე-პირი მაგრად ჰქონდა ახვეული - მაგრამ განა შესაძლოა ეს ყოფილიყო ტრემეინელი ლედის ბაგე-პირი? ყმაწვილი ქალის მაისის ვარდივით გაფურჩქნილი ლოყები.. დიახ, მართლაცდა შეიძლება ყოფილიყო ტრემეინელი ლედისა. მთლად საღსალამათი ქალის ეს ფოსოებიანი ნიკაპი.. მაგრამ შესაძლოა, ავადობის დროს სიმაღლე მომატებოდა? ამას რომ ვფიქრობ, ხომ არ შევშლილვარ? ერთი ნახტომით წამოვიჭერი და ფეხებში ჩავუვარდი! შევეხე თუ არა, მსწრაფლ უკუმედგა, შესაზარელი სუდარა თავიდან ჩამოიგდო, პალატაში დატრიალებულმა ჰაერის ნაკადმა კოჭებამდე კეც-კეცად ჩამოუშალა უკუნი ღამის ფრთებზე უფრო შავფერი თმის ტევრი! აჰა, ჩემ წინარე მდგომმა ნელინელ გახილა თვალი. - ახლა კი, - შევყვირე, - აღარასოდეს, აღარასოდეს შევეცდები - ეს ხომ შავად შუქმომფინარე თვალებია დაკარგული ჩემი სატრფოსი - ლედი ლიგეასი! …
დაამატა Kakha to ლიტერატურა at 1:20pm on ოქტომბერი 6, 2015
პოსტი: ფონიჭალის ტრაგედია, მამაკაცებით ჩანაცვებული ბილბორდები, ჯანდაცვის პოლემიკა და სიახლოვე მსოფლიოსთან

      უზომოდ ნისლიანმა და წვიმიანმა დღემ ტრაგიკულად ჩაიარა - ფონიჭალაში აფეთქები შედეგად ჩამონგრეულ საცხოვრებელში გარდაცვლილი დედა-შვილი იპოვეს.…

დაამატა Giorgi at 11:04pm on ნოემბერი 15, 2018
თემა: შეშლილი სკვითელი
ელი"? რა უნდა მას გალაკტიონის "უმანკო ჩასახების სავანეში"? რა რომანზეა ლაპარაკი? "სკვითებს" რუსებსაც უწოდებენ ევროპელი და რუსი პოეტები. უსასრულო ტრამალზე გაჭენებული სკვითების ურდო ევროპის ისტორიის სცენაზე დაგვიანებით შემოსული ხალხის მეტაფორაა. ეს მეტაფორა გვეხმარება ერთმანეთისგან განვასხვაოთ "რუსული სული" და "ევროპის იდეა". "ბარბაროსული გენია" - ასე უწოდებს დოსტოევსკის შტეფან ცვაიგი. "ბარბაროსი" ძველი იელინ ისთვის იყო ყველა ვინც არ იყო რომელიმე ელინური პოლისის მოქალაქე. თანამედროვე ევროპელმა მოქალაქემ ანტიკურობისაგან მემკვიდრეობით მიიღო გონების უზენაესობა, რაციონალობა, "ევროპის იდეა" "პრაგმატული აზროვნების", "საღი აზრის", ბატონობაა. "შეშლილი სკვითელი": დოსტოევსკის ფენომენის იმ მხარეზე მიუთითებს, რომელიც "ევკლიდური ჭკუიდან" გადადის. სწორედ ასეთები არიან მისი რომანების პერსონაჟები –რასკოლნიკოვი, მიშკინი, კარამაზოვები – ყველანი "შეშლილი სკვითელები" არიან. ივან კარამაზოვს კოშმარში გამოცხადებული ეშმაკი გაენდობა: "საღი აზრი–ჩემი ბუნების ყველაზე ნამდვილი თვისებაა!" მოძღვარი (სტარეცი) ზოსიმე თავის სულიერ შვილს, ალექსეი კარამაზოვს ანდერძად უბარებს: "ხარბად და გაშმაგებით გიყვარდეს ყველაფერი, სიშლეგის ნუ შეგრცხვება, გაუფრთხილდი მას, რამეთუ ეს არის ღმერთის დიდი საჩუქარი, რაც ყველას არ ხვდება წილად, იგი მხოლოდ რჩეულთა ხვედრია".       "შეშლილობა" – სალოსიბის გათამაშება, ახალი დროის მწერალთა და ფილოსოფოსთა საყვარელი თემა და მეთოდია – დონ კიხოტის, ჰამლეტის, ნიცშესშეშლილობა. ნიცშე ამბობდა – "ჩემი შეშლილობა არ არის გამოწვეული მხოლოდ სამედიცინო მიზეზებით"...       სასამართლოზე დიმიტრი კარამაზოვს ბრალად ედება მამის მკვლელობა. მოსაკლავად მივიდა, ხელი აღმართა, შემდეგ ის მოკლული ნახეს. ყველაფერი სწორია, "მაგრამ მე არ მომიკლავს!" – რატომ? არგუმენტი? დასაბუთება? – იქნებ იმ მომენტში დედაჩემმა ილოცა ჩემთვის – პასუხობს: ბრალდებული.       რა სიგიჟეა! დიდი ხნის წინ გარდაცვლილი დედის ლოცვა?! განა ეს გონივრული არგუმენტია? ამას სასამართლო ვერ მიიღებს, დოსტოევსკის სულ აწვალებდა ერთი იდეა – ახლა რომ ქრისტე გამოჩნდეს ევროპის ქალაქებში რა მოხდება? მისი მიღება მეტისმეტად არაგონივრული იქნებოდა ამ ტექნიკურად გამართული და მექანიზმივით აწყობილი სამყაროსთვის.       დოსტოევსკის მთელი ცხოვრება ტანჯავდა რელიგიური ეჭვები, ეპილეფსია, მიდრეკილება აზარტული თამაშებისადმი, ვალები, ვნებები – "ავხორცობის შხამიანი ობობა", როგორც თვითონ უწოდებს ხოლმე წინააღმდეგობრივი ხასიათი. "დოსტოევსკის მრავალწახნაგოვანი პიროვნება – წერს ზიგმუნდ ფროიდი შეიძლება განხილული იქნეს ოთხი მხრიდან – როგორც მწერალი, როგორც ნევროტიკი, როგორც მოაზროვნე ეთიკოსი და როგორც ცოდვილი". ფროიდს აინტერესებს მეორე მხარე – ნევროტიკი! ჩვენ კი მისგან განსხვავებით მესამე მხარე – როგორც რელიგიური მოაზროვნე ეთიკოსი. აღზევებისა და დაცემის მისტერია       დოსტოევსკის ცხოვრება აღზევებისა და დაცემის მისტერიაა. მშობლებს შვიდი შვილი ჰყავდათ, თვითონ მეორე შვილი იყო. დედა ადრე დაჰკარგა ხუთი წლის შემდეგ – მამაც, გალოთებული, უხიაგი ხასიათის აზნაური გლეხებმა მოკლეს. პირველად 24 წლის ახალგაზრდა "შეიმოსა დიდების შარავანდით" პირველი ნაწარმოები – "საბრალო ადამიანები" – შეფასდა როგორც "მეხი უღრუბლო ცაზე". ცნობილმა მწერლებმა და კრიტიკოსებმა რუსული ლიტერატურის ამომავალ ვარსკვლავად გამოაცხადეს. თვით ყოვლის შემძლე ბესარიონ ბელინსკიმ თავი ვერ შეიკავა აღფრთოვანებისგან და დამწყებ მწერალს უთხრა: "თქვენ თვითონ თუ იცით რა დაწერეთ?"       დიდების მწვერვალზე ასულს უფსკრულში ჩავარდნა მოსდევს. 27 წლისას პოლიტიკური ბრალდებით აპატიმრებენ, დახვრეტას მიუსჯიან, სიკვდილის საშინელებას განაცდევინებენ და შემდეგ აციმბირებენ. 4 წელი ომსკის კატორღაში ყოველდღიურად ითვლის ციხის ეზოს მესერის 1500 სარს. შემდეგ ციმბირის მე–7 სახაზო ბატალიონში ჯარისკაცად გაამწესეს. რუსეთის ევროპულ ნაწილში ცხოვრების უფლება ჩამორთმეული აქვს. მხოლოდ ათი წლის შემდეგ ბრუნდება დედაქალაქში. კატორღის გამოცდილების შედეგია რომანი "მკვდარი სახლის ჩანაწერები", რომელმაც ახალი ლიტერატურული დიდება მოუტანა. თვით მეფეც კი უცრემლოდ ვერ კითხულობს კატორღელების თავგადასავალს.       ციმბირის გასასახლებაშივე გადაიტანა პირველი.. "ცხოვრებისეული რომანი"... პირველი ქორწინება უცნაურ ქვრივთან – მარია კოსტნერთან, რომელსაც "წარუმატებელ ქორწინებას" უწოდებენ. დოსტოევსკი ითმენდა მის ნერვიულ და ფიზიკურ სნეულებებს, სხვა მამაკაცით სატრფიალო გატაცებას. ეჭვიანი ქმრის სიყვარული თავნება ცოლისადმი და დამამცირებელი მამრის ამბავი აღწერა მოთხრობაში "მარადი ქმარი". მავე პერიოდში მას "თავს დაატყდა" მეორე ცხოვრების რომანი, მისი სამწერლო ტალანტით გატაცებულ დამწყებ ლიტერატორ გოგონასთან – პოლინა სუსლოვასთან. პოლინასთან ერთად სამოგზაუროდ მიემგზავრება საზღვარგარეთ, ყველა დროის ყველაზე წარმატებული რომანების დამწერი კაცი ცხოვრებაში ყველაზე "წარუმატებელი რომანების" ავტორია. პოლინას "ხლისტების მადონა" უწოდა რუსმა ფილოსოფოსმა ვასილ როზანოვმა, რომელმაც პოლინა ცოლად შეირთო დოსტოევსკის სიკვდილის შემდეგ. პოლინასთან ურთიერთობის ლიტერატურული გამოძახილია რომანი "მოთამაშე". პოლინამ გამოაქვეყნა მემუარები დოსტოევსკზე, სადაც ისეთი სცენებიც აღწერა, რომლებიც ყოველთვის დააინტერესებთ ცნობილი ადამიანების საჩუმათო ამბების მოყვარულებს.       ევროპიდან ბრუნდება რუსეთში მომაკვდავ მეუღლესთან. მეუღლის გარდაცვალებით მიყენებული "ბედის დარტყმას" მოსდევს ვალებში გადავარდნა და საზღვარგარეთ ყარიბობის წლები გერმანიიდან იტალიაში, იტალიიდან შვეიცარიაში და საფრანგეთში ხეტიალი. მეორე ქორწინება... 1867 წელს ჯვარს იწერს 20 წლის სტენოგრაფისტ გოგონაზე – ანაზე. შემდეგ მათი პირველი შვილის გარდაცვალების ტრაგედია, უცხოობა, მარტოობა. ბადენ–ბადენისა და მონტე–კარლოს კაზინოებში წაგებული ნასესხები ფულები, შიმშილობის პირას მისული ფეხმძიმე ცოლი. ლუკმა პურისთვის ეხვეწება გამომცემლებს, ნათესავებს, რუს მწერლებს ყველას ფულის სესხებას სთხოვს. ეპილეფსიაზე არანაკლებ ტანჯავს მეორე მძიმე მანკი, სნეულება, აზარტის ტრფიალი! აზარტული თამაშის ავადმყოფური სურვილი, ფულის სიხარბით კი არ არის გამოწვეული, არამედ სიცოცხლის რისკის, მთელი ყოფიერების ერთ წამში კონცენტრირების ვნებას ვერ ელევა. უკიდურეს გაჭირვებაში ქმნის შედევრებს –"ეშმაკნი", "მოთამაშე", "იდიოტი"– რომლებმაც ახალი წარმატება მოუტანა. 1873 წელს ბრუნდება სამშობლოში, სადაც მისმა ნაწარმოებებმა იმ დროისთვის დაჩრდილეს ყველა სხვა მწერალი თვით ლევ ტოლსტოი და ივან ტურგენევიც კი. 1880 წელს 8 იანვარს პუშკინის ძეგლის გახსნაზე წარმოთქვამს სიტყვას, სადაც რუსეთის და კაცობრიობის მომავალზე ლაპარაკობს. სინასწარმეტყველებს დამდეგ საყოველთაო ევანგელიურ ჰარმონიას. მას ივაციით ხვდებიან აღიარების პიკში, 60 წლის გარდაიცვალა 1881 წლის 28 იანვარს პეტერბურგში. რელიგიური ეჭვები "თუ სტავროგინს სწამს, მაშ მას არ სწამს, რომ სწამს, თუ არ სწამს, მაშ არ სწამს, რომ მას სწამს"!       "ღმერთი მაწამებს მუდამ" – ეს ფორმულა გამოთქვამს დოსტოევსკისეულ "პრობლემურ რელიგიურობას". "არსებობს თუ არა ღმერთი?" – ეკითხება შვილებს თეოდორ კარამაზოვი. "არ არსებობს!"– პასუხობს ივანი "არსებობს" პასუხობს ალექსეი. ხოლო დიმიტრის რწმენას თან ახლავს მტანჯველი ეჭვი. ის მერყეობს "ღმერტსა და სატანას შორის განფენილ სამყაროში". სატანა ებრძვის ღმერთს, ბრძოლის ველი კი ადამიანთა გულებია "მე ბრიყვივით (ფანატიკოსივით) როდი მწამს ღმერთი. მაგ ჩლუგი ბუნების ადამიანებს არც კი დასიზმრებიათ ისეთი ძალის უარყოფა, მე რომ გამოვიარე". გვეუბნევა მწერალი.       დოსტოევსკის ყველა ნაწარმოების ყველა პერსონაჟის ბედი დამოკიდებულია რელიგიური პრობლემის გადაწყვეტაზე. ღმერთი მისი ყველა რომანის ფუძემდებლური საკითხია. ყველა და ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული, თუ რა პასუხი გაეცემა მთავარ კითხვას: ღმერთი არსებობს თუ არ არსებობს?! ღმერთია მისი ყველა ნაწარმოების ფარული მოქმედი მთავარი პირი. ღმერთის იდეის გარეშე საერთოდ არ იარსებებდა ცივილიზაცია. ღმერთის გარეშე მხოლოდ ქაოსი და არარაა. ღმერთის აბსოლუტურ აუცილებლობაში ეჭვის შეტანა შეუძლებელი ხდება.       დოსტოევსკი ერთ თავის მეგობარ მანდილოსანს წერდა: "მე თქვენ გეტყვით ჩემს შესახებ, რომ მე ამ საუკუნის ადამიანი ვარ და თვით სამარის კარამდეც კი ურწმუნოების შვილი ვარ... როგორ საშინელ ტანჯვად მიჯდება ეს ჩემი რწმენის წყურვილი, რომელიც მით უფრო ძლიერად მიპყრობს, რაც უფრო მეტი საბუთი მაქვს მის წინააღმდეგ."       ბიოგრაფები მიუთითებენ დოსტოევსკის ეკლესიიდან დროებით გადაცდენაზე და შემდეგ დაბრუნებაზე მის წიაღში. ერთ მოგონებაში წერია: "ეკლესიაში იშვიათად დადიოდა, მღვდლები განსაკუთრებით ციმბირელი მღვდლები არ უყვარდა. ქრისტეზე აღფრთოვანებით ლაპარაკობდა". მისი დაბრუნება ეკლესიაში დაიწყო 1847 წლიდან – საკუთარი სასიკვდილო განაჩენის მოსმენიდან და ორი ათეული წელი გრძელდებოდა 70–იან წლებამდე. დასაწყისში ეს იყო ქრისტესთან და არა რუსულ მართმადიდებელ ეკლესიასთან შერიგება. მართმადიდებელი ეკლესიის სიყვარული მასში თანდათან მწიფდებოდა.       ძალიან ნიშანდობლივი ფაქტი მოხდა 1847 წელს, როდესაც დოსტოევსკი და მასთან ერთად სხვა სიკვდილ მისჯილები ეშაფოტზე აიყვანეს სემიონოვის მოედანზე, მათთან მივიდა მღვდელი და "აღსარება და ზიარება" ვის სურსო?" – იკითხა. მიუხედავად იმისა, რომ მათ შორის იყვნენ ღრმად მორწმუნე ადამიანებიც, მცოლოდ ერთი აღმოჩნდა აღსარების და ზიარების მსურველი, სამაგიეროდ ჯვარს ყველა ემთხვია.       ღმერთის ცნებაში აღმოჩენილი შინაგანი წინააღმდეგობანი გაშლილია ივან კარამაზოვის მსჯელობაში, რომელსაც რელიგიის ფილოსოფიაში "დოსტოევსკის პოსტულატი" ეწოდება. ივანი ამბობს: მე ღმერთს კიარ ვგმობ, უარს ვამბობ მის მერ შექმნილი სამყაროს მიღებაზე, რომელშიც ბოროტება და ტანჯვა ზეობს. "მეუბნევიან, რომ სადღაც და ოდესღაც დადგება მსოფლიო ჰარმონია – ამაზე დგას ყველა რელიგია, მაგრამ მე აქ და ახლა მინდა ვიხილო "როგორ წამოწვება ვეფხვი შველის გვერდით, ყელგამოჭრილი როგორ გადაეხვევა თავის მკვლელს, დედა თავისი შვილის მკვლელს და ყველა ერთად როგორ შეაქებს ღვთის სამართალს". ივანი უარს ამბობს მომავალ "უმაღლეს ჰარმონიაზე, ის ატირებული ბავშვის ერთ ცრემლად არ ღირს". სამყაროს უზენაესი ზნეობრივი გამგებელი რატომ ითმენს უდანაშაულო ბავშვთა საშინელ წამებას? "მათ ხომ ვაშლი არ უჭამიათ, ვაშლი მათმა მშობლებმა ჭამეს, რატომ უნდა იტანჯონ ბავშვები მათ მაგივრად?!" თუ ბავშვთა წამება ის საზღაურია, რომლის ფასად მე ჰარმონიაში უნდა შევაბიჯო, – ამბობს ივანი – უკან ვაბრუნებ ჰარმონიის ბილეთს, რომელიც ჩემთვის ძალიან ძვირი ღირს. უარს ვამბობ რელიგიის მიღებაზე. მირჩევნია სასოწარკვეთილებასა და მარტოობაში დავრჩე.       ვინ არის მსოფლიო ისტორიის არქიტექტორი? ივანი ეკითხება ძმას: თანახმა იქნებოდი გეცხოვრა სახლში, რომლის საძირკველში ცოცხალი ბავშვები ჩაატანეს? ძმა პასუხობს "არა" მაშასადამე, დაასკვნის ივანი – ეს რელიგიის თუ არა, რელიგიის უარყოფის საკმარისი საფუძველი მაინც არის.       ინგლისელი ფილოსოფოსი დევიდ ჰიუმი ამ პრობლემას ასე განმარტავს: "თუ ბოროტება სამყაროში უთანხმდება ღმერთის ჩანაფიქრს, მაშინ ღმერთი არაკეთილ მოსურნეა. თუ ბოროტება სამყაროში ეწინააღმდეგება ღმერთის ჩანაფიქრს, მაშინ იგი არა ყოვლის შემძლეა, მაგრამ ბოროტება ან ეთანხმება მის ჩანაფიქრს ან ეწინააღმდეგება მას, მაშასადამე ღმერთი ან არაკეთილის მოსურნეა ან არაყოვლისშემძლე". შესაძლებელია პრობლემის გადაწყვეტის მესამე ვარიანტიც – მტკიცება, რომ ღმერთი არ არსებობს. ამ ვარაუდს ივანი (და არც დევიდ ჰიუმი) პირდაპირ არ გამოქვამენ, მაგრამ მათი მსჯელობიდან ეს ვარაუდიც გამომდინარეობს. მაგრამ, თუ ღმერთუ არ არსებობს მაშინ მე თვითონ ვარ ღმერთი და ჩემთვის ყველაფერი ნებადართულია. ამ ულმობელი ლოგიკით საბუთდება ძალაუფლების აღვირახსნილი თარეშის აუცილებლობა. ამ ლოგიკის ერთადერთი ალტერნატივაა სულის უკვდავების იდეა.       თუ რელიგიის გარეშე კაცობრიობა თვით მოსპობამდე მივა, მაშასადამე რელიგია ყოფილა კაცობრიობის ბუნებრივი მდგომარეობა და მისი არსებობის აუცილებელი პირობა "კაცობრიობის სიყვარული საერთოდაც წარმოუდგენელია, გაუგებარია და სრულიად შეუძლებელია ადამიანური სულის უკვდავების ერთობლივი რწმენის გარეშე" – ასეთია დოსტოევსკის ფილოსოფიის ანბანი.       პეტერბურგის პეტრე პავლეს ციხეში სიკვდილის მოლოდინში ძმას სთხოვს გამოუგზავნოს ბიბლია სლავურ ენაზე და კიდევ ბიბლიის ფრანგული თარგმანი. მოგვიანებით წერდა "ეს გახდა ჩემი სულიერი გარდასახვის დასაწყისი".       დოსტოევსკი წერს: "ჩემი მრწამსი, რწმენის სიმბოლო სულ უბრალოა, აი ისიც ირწმუნო, რომ არაფერია ქრისტეზე მშვენიერი, სიმპატიური, გონიერი, ვაჟკაცური და სრულყოფილი. და არა თუ არ არის, არამედ მოშურწნე სიყვარულით ვეუბნევი ჩემს თავს – არც შესაძლებელია, რაიმე იყოს მასზე უკეთესი; უფრო მეტი, ვინმემ რომ დამიმტკიცოს ქრისტე და ჭეშმარიტება ერთი და იგივე არ არისო, და ნამდვილადაც, რომ ასე ყოფილიყო, მაშინ მე უფრო ქრისტესთან დარჩენას ვიფიქრებდი, ვიდრე ჭეშმარიტებასთან". ასეთი რწმენა მონანიების გზით გადაიზრდება სიცოცხლის ახალ წესში. ეს არის მთელი ცხოვრების გარდასახავა. რელიგიურად ის კატორღაში მომწიფდა. იქ დაწყებული შინაგანი ფერისცვალება სიცოცხლის ბოლომდე გრძელდება. თანდათან მორწმუნე აღმოაჩენს, რომ სარწმუნოება "სიცოცხლის ნიჭია, ყოველი წუთი შეიძლება ყოფილიყო ბედნიერების საუკუნე". ამ საფუძველზე რა არის მწერლის შემოქმედება? – "ეს უკვე ლიტერატურა აღარ არის, არამედ გამოსასწორებელი სასჯელია". "დოსტოევსკის სიყვარულისა და უკვდავების შესახებ" ბორის ვიშესლავცევი …
დაამატა vako to ლიტერატურა at 5:28pm on აპრილი 13, 2016
თემა: პლოტინი - მარადისობისა და დროისათვის
ობისა და დროისათვის      1. მარადისობა და დრო ორი სხვადასხვა რამაა; მარადისობა გონით საწვდომსა და წარუვალ სამყაროშია, დრო კი – იმაში, რაც იბადება, და გრძნობად სინამდვილეში. ამის მტკიცებისას რატომღაც გვგონია, თითქოს ჩვენს სულში უშუალოდ მოცემული იყოს ორივე ამ ცნების ნათელი და მკაფიო წარმოდგენა, აზრის ერთგვარი წამიერი გაელვებით მიღწეული და ჩამოყალიბებული. სწორედ ამ წარმოდგენას ვეყრდნობით ყოველთვის, როცა მარადისობაზე, დროსა თუ რაზედაც გნებავთ, იმაზე ვმსჯელობთ. მაგრამ როგორც კი დავაპირებთ უფრო გულდასმით განვიხილოთ ეს ორი ცნება და უფრო ღრმად ჩავწვდეთ მათ შინაარსს, წამსვე ვიბნევით და ჩიხში ვემწყვდევით. მაშინ ვცდილობთ ძველი დროის მოაზროვნეთა წარმოდგენებს მოვუხმოთ მწედ და მეოხად, წარმოდგენებს, რომლებიც, ერთის მხრივ, არსებითად განსხვავდებიან ერთმანეთისგან, თუმცა, მეორეს მხრივ, შეიძლება ეთანხმებოდნენ კიდეც ერთმანეთს. სწორედ მათზე ვჩერდებით და, როცა დროსა თუ მარადისობაზე გვკითხავენ რამეს, ჩვენ გვგონია, რომ საკმარისია მოვიშველიოთ ეს ძველი წარმოდგენები, რათა სათანადო პასუხი გავცეთ დასმულ კითხვებს. რა თქმა უნდა, ჩვენ უნდა გვწამდეს, რომ ძველი დროის ამ სვებედნიერ ფილოსოფოსთაგან ზოგმა მაინც მიაკვლია ჭეშმარიტებას. მაგრამ ისიც უნდა ვნახოთ, ვინ უფრო ახლოს მივიდა მასთან, ან ჩვენ თვითონ თუ შეგვიძლია ჩავწვდეთ საკითხის არსს. უწინარეს ყოვლისა, უნდა ვიკითხოთ, მაინც რა არის მარადისობა იმათი თვალსაზრისით, დროისაგან რომ განასხვავებენ მარადისობას. რადგანაც თუ მარადისობას აღვიქვამთ როგორც უძრავსა და უცვლელ პირველნიმუშს, მაშინ, შესაძლოა, ჩვენთვის უფრო ნათელი გახდეს მისი ხატება, ვინაიდან დრო მარადისობის ხატებადაა მიჩნეული. მაგრამ თუ ვინმე სხვა გზას აირჩევს და ეცდება მარადისობის განხილვამდე გაარკვიოს დროის ბუნება, მას შეუძლია გრძნობადი სამყაროდან მოგონების მეშვეობით ამაღლდეს გონით საწვდომ სინამდვილემდე, რათა წარმოიდგინოს ის, რის მსგავსებადაც გვევლინება დრო, თუკი მართალია, რომ დრო მარადისობას ჰგავს.      2. მაშ, როგორ უნდა განვსაზღვროთ მარადისობა? როგორც გონით საწვდომი არსი? ისევე, როგორც შეიძლება დრო მთელ ციურ სფეროდ და გრძნობად სამყაროდ იქნეს მიჩნეული. ზოგიერთი მოაზროვნე სწორედ ასე განმარტავდა დროს. და მართლაც, ჩვენი წარმოდგენითა და გაგებით, მარადისობა რაღაც უდიადესია და უზენაესი. იგივე ითქმის გონით საწვდომ სამყაროზედაც, ასე რომ, ვერ ვიტყვით, ამ ორ არსთაგან მაინც რომელია უფრო დიადი (ისევე, როგორც ეპითეტს – „უდიადესი“ ვერ მივაწერთ იმას, რაც გონით საწვდომი სამყაროს მიღმურია და მასზე უზენაესი), მით უმეტეს, რომ მარადისობის შინაარსი თითქმის იგივეა, რაც გონით საწვდომი სამყაროსი. და მაინც, ხომ ვამბობთ, რომ ერთი მოქცეულია მეორეში? განა ატრიბუტს „მარადიული“ გონით საწვდომ არსთაც არ ვუსადაგებთ? პირველნიმუშის ბუნება მარადიულია, – ბრძანებს პლატონი. მაშასადამე, სხვაა მარადისობა და სხვა – გონით საწვდომ არსთა ბუნება, რადგანაც ერთი მოქცეულია მეორეში, ან წილი უდევს მასში. ის გარემოება, რომ ერთიც უზენაესია და მეორეც, ჯერ კიდევ არ ნიშნავს მათ იგივეობას; რადგანაც ადვილი შესაძლებელია, ერთის უზენაესობა მეორის უზენაესობისაგან იღებდეს დასაბამს. ორივეს შინაარსი თითქმის ერთი და იგივეა, მაგრამ გონით საწვდომი სამყაროს შინაარსი შინაგანად დანაწევრებული მთლიანობაა, მარადისობა კი – განუწილველი და განუყოფელი მთელი8, ასევე მთლიანად რომ მიეწერება ყველაფერს, რასაც შეიძლება ეწოდოს მარადიული. და მერე, ხომ არ შეიძლება ვივარაუდოთ, რომ მარადისობა გონით საწვდომი სინამდვილის უძრაობაშია, დრო კი – გრძნობადი სამყაროს მოძრაობაში? მაგრამ მაშინ უნდა ვიკითხოთ: მარადისობა იგივეა, რაც უძრაობა თავისთავად, თუ მხოლოდ ის უძრაობა, რაც ნიშნეულია არსისთვის? პირველ შემთხვევაში, ვერ ვიტყოდით, რომ უძრაობა მარადიულია, ისევე, როგორც ვერ ვიტყოდით, რომ მარადისობაა მარადიული, რადგანაც მარადიულია მხოლოდ ის, რაც მარადისობასთანაა წილნაყარი. ეგეც არ იყოს, როგორ შეიძლებოდა გვემტკიცებინა, რომ მოძრაობა მარადიულია? რადგანაც მაშინ ეს მოძრაობა უძრავი უნდა ყოფილიყო. ანდა რანაირად იქნებოდა უძრაობის ცნება უწყვეტობის ცნების შემცველი? (მე დროში უსასრულო თანმიმდევრობას კი არ ვგულისხმობ, არამედ იმას, რაზედაც ვფიქრობთ, როცა წარმოვთქვამთ სიტყვას – „უწყვეტი“). ხოლო მეორე შემთხვევაში, თუ მივიჩნევდით, რომ მარადისობა იგივეა, რაც არსის უძრაობა, ეს იმის მომასწავებელი იქნებოდა, რომ მარადისობის გარეშე გამოგვეცხადებინა არსებულის ყველა სხვა სახე. აქვე ისიც უნდა ვაღიაროთ, რომ მარადისობა დაკავშირებულია არა მარტო უძრაობასთან, არამედ ერთთანაც, და თვითონვეა გარკვეული ერთობაც, თორემ მაშინ გაგვიჭირდებოდა მისი გარჩევა დროისაგან. ხოლო უძრაობა თავისთავად არ შეიცავს არც ერთისა და არც უწყვეტობის ცნებას. და ბოლოს, ჩვენ ვამბობთ, რომ მარადისობა ერთობაა და ერთშია, ასე რომ, თუმცა უძრაობასთან კია წილნაყარი, მაგრამ თავისთავად უძრაობა როდია.      3. მაშ, რა არის ის, რის საფუძველზედაც გონით საწვდომ სამყაროს მარადიულსა და წარუვალს ვუწოდებთ? ანდა რა არის წარუვალობა? იგივეა, რაც მარადისობა თუ ეს უკანასკნელი წარუვალობისაგან იღებს დასაბამს? ამ საფუძვლად უნდა მიგვაჩნდეს ერთი და იგივე ბუნება, თუმცა ამ ერთობისა და იგივეობის მიუხედავად, გონით საწვდომი სამყაროს ჩვენეული ცნება არ გამორიცხავს არსთა გარკვეულ მრავალფეროვნებას. ერთობა განწონის გონით საწვდომ არსთა სიმრავლეს, ან ნიშნეულია მათთვის, ან კიდევ მათში ვლინდება.და მართლაც, ყველა გონით საწვდომი არსი ერთ მთლიან ბუნებას ქმნის, თუმცა, ეს ერთიანი ბუნება მრავალი არსისა და მრავალი ძალის მომცველია. როცა ამ ერთობას განვიხილავთ როგორც შინაგან მრავალფეროვნებად განწილულ მთელს, ა რ ს ა დ თუ გონით საწვდომი სამყაროს ერთგვარ სუბსტრატად ვსახავთ მას, ან მ ო ძ რ ა ო ბ ა დ, როგორც მარადიული სიცოცხლის წყაროს, ან უ ძ რ ა ო ბ ა დ, რამდენადაც მუდამ ერთსა და იმავე მდგომარეობას ინარჩუნებს, ან კიდევ ს ხ ვ ა-ო ბ ა დ და ი გ ი ვ ე ო ბ ა დ, რამდენადაც სხვაა ყოველივე დანარჩენის მიმართ. თავის თავთან მიმართებით კი – იგივე.9 და პირიქით, როცა არსთა ამ სიმრავლიდან ყურადღება კვლავ მათ ერთობაზე გადაგვაქვს, გონით საწვდომი სამყაროს მთლიანობა ერთიანი სიცოცხლით მოსილად წარმოგვიჩნდება; ის ითავსებს სხვადასხვაობასაც, უწყვეტ ქმედითობასა თუ მოძრაობასაც, იგივეობასაც, სიცოცხლესაც და აზროვნებასაც, რომელიც ერთი საგნიდან მეორეზე როდი გადადის, მოკლედ ყოველივე იმას, რაც მარად უცვლელი და თვითიგივეობრივი რჩება. და მაშინ, ყოველივე ამის მხილველნი, ჩვენ ვხედავთ მარადისობასაც – მთლიანსა და განუწილველ სიცოცხლეს, რომელიც ხან ეს კი არ არის, ხან კიდევ – ის, არამედ ყველაფერია ერთდროულად, ხან ერთ რამეში როდი იჩენს თავს, ხანაც – მეორეში, არამედ ერთ განუყოფელ მთელად გვევლინება, რომელშიაც, როგორც წერტილში, თავს იყრის ყოველივე ის, რაც უძრავია და წარუვალი. მარადისობა მთლიანად აწმყოშია; მას არც წარსული გააჩნია, არც მომავალი. ის ყოველთვის ის არის, რაც არის. ამრიგად, მარადისობა გონით საწვდომი სამყაროს სუბსტრატი კი არ არის, არამედ თითქოს ამ სუბსტრატის თვითიგივეობიდან გამოსხივებული ნათელი, თვითიგივეობიდან რომელიც მომავალში კი არ გვევლინება, არამედ აწმყოში ასე რომ, ყოველთვის ის არის, რაც არის, და არასოდეს იქცევა სხვად. და მართლაც, ისეთი რა უნდა გახდეს, რაც უკვე არ არის ამჟამად? ან სადაა მისთვის მომავალი, უკვე რომ არ იყოს აწმყო? არ არსებობს მომენტი, საიდანაც გამოსულს შეიძლებოდა თავისი აწინდელი მდგომარეობისათვის მიეღწია, რადგანაც ეს სხვა მომენტი კი არ იქნებოდა, არამედ იგივე, რაც არის ამჟამად; ისევე, როგორც არ არსებობს რამე ისეთი, რაც შეიძლობოდა აწი შეეძინა, რადგანაც აწმყოშივეა ყოვლის მფლობელი. მასზე ვერ ვიტყვით „იყოო“, რადგანაც მისთვის არ არსებობს წარსული; ვერც იმას ვიტყვით „იქნებაო“, რადგანაც მისთვის შეუძლებელია რაიმე შეიცვალოს მომავალში. ამიტომ სხვა რა დარჩენია, გარდა იმისა, რომ იყოს ის, რაც არის? ხოლო ის, რაზედაც ვერ ვიტყვით, რომ „იყო“, ანდა „იქნება“, არამედ მხოლოდ – „არის“, ურყევია და წარუვალი. მისთვის უცხოა ყოველგვარი ცვალებადობა წარსულშიც და მომავალშიაც, და სწორედ ესაა მარადისობა. ის, რაც არსშია მთელი თავისი სიცოცხლით, მთელი თავისი სისავსით და სრული განუყოფლობით, – აი, რა არის მარადისობა, რომელსაც ვეძებთ.      4. ნუ ვიფიქრებთ, თითქოს მარადისობა აქციდენტური იყოს ზეგრძნობადი სამყაროს მიმართ და გარედან ენიჭებოდეს მას; არა, ის მის მიერია და მასთანაა. მარადისობა არსშია და მთლიანად განწონის ზეგრძნობად სამყაროს. ყოველივე იმის მსგავსად, რასაც ამ სამყაროს კუთვნილებათ ვსახავთ, შეუძლებელია მარადისობაც მის განუყოფელ ნაწილად არ მიგვაჩნდეს, რომელიც მისი არსისაგან იღებს დასაბამს და მთლიანად შერწყმულია მასთან. ნებისმიერი პირველსაწყისი შერწყმული უნდა იყოს ყველა სხვა პირველსაწყისთან და მათ შორის ჰქონდეს სავანეც. მშვენიერება, ისევე როგორც ჭეშმარიტება, მათშია და მათ მიერია. ზოგიერთი პირველსაწყისი თითქოს მთელი ზეგრძნობადი სამყაროს არსის ერთ ნაწილშია, ზოგიერთი კი – მთელს არსში. ხოლო თვით არსი ჭეშმარიტად ერთი მთელია, რომელიც ნაწილებისაგან კი არ იღებს დასაბამს, პირიქით, თვითონვე ბადებს ნაწილებს, რათა ჭეშმარიტად ერთი მთელი იყოს. იქაური ჭეშმარიტება თანახმიერი კი არ არის სხვა რამის მიმართ, არამედ თანხვდება იმას, რის ჭეშმარიტებადაც გვევლინება. ჭეშმარიტი მთელი, თუკი ის მართლაც ჭეშმარიტი მთელია, არა მარტო ყველაფრის ერთობლიობა უნდა იყოს, არამედ ყველაფერი, იმ აზრით, რომ არაფერი არ უნდა აკლდეს. თუ ასეა, მისთვის არაფერი არ შეიძლება იყოს მომავალში, რადგანაც თუა რაღაცა ისეთი, რაც მისთვის მომავალშია, მაშინ ის ვეღარ იქნება ყველაფერი. შეუძლებელია ზეგრძნობად სამყაროს მისი ბუნების საპირისპიროდ შეემთხვეს რამე, რადგანაც არავითარ ზემოქმედებას არ განიცდის, და თუ არ შეიძლება შეემთხვეს რამე, მაშასადამე, მისთვის არც მომავალი არსებობს და არც წარსული. მაგრამ თუ თქვენ მომავალს წაართმევთ გრძნობადი სამყაროს საგნებს, ამით არსებობის საშუალებასაც წაართმევთ მათ, რადგანაც მათი არსებობა ისაა, რომ ყოველწამიერად ახალ-ახალ მდგომარეობებს იძენდნენ. და პირიქით, თუ მომავალს მივანიჭებთ ზეგრძნობადი სინამდვილის საგნებს, ჩვენ მათ გამოვრიცხავთ ჭეშმარიტ არსთა რიცხვიდან, რადგანაც ამით ქმნადობის სამყაროში გადაგვყავს ისინი, ქმნადობისა, რომლისთვისაც უცხოა ჭეშმარიტი არსებობა. გრძნობად საგანთა არსი მოქცეულია ორ მომენტს შორის: ერთით იწყება, მეორეთი კი მთავრდება მათი არსებობა დროში, რადგანაც მათი მუდმივი ქმნადობისათვის ნიშნეულია მომავალი, და თუ ამ მომავალს წავართმევთ, ეს უთუოდ გამოიწვევს როგორც მათი სიცოცხლის, ისე არსებობის შეკვეცასაც. იგივე ითქმის მთელ გრძნობად სამყაროზედაც, ასევე შეუჩერებლივ რომ მიემართება მომავლისაკენ, საითაც მიეზიდება თავის ცვალებად არსებობას, რომელიც ხან ერთია და ხან მეორე, ხოლო მისი უწყვეტი მოძრაობა არის წრებრუნვა, რაც განპირობებულია გონით საწვდომი სამყაროსაკენ მისი სწრაფვით; ასე ვიცხადებთ, რა არის ქმნადობის, ანუ მუდმივი თვითგანახლების მიზანიცა და მიზეზიც. მაგრამ არცერთი დასაბამიერი და ნეტარი არსი არ მიელტვის მომავალს, რადგანაც სწორედ ისინი ქმნიან ჭეშმარიტი არსებობის ურღვევ მთლიანობას და უკვე ტკბებიან იმ სიცოცხლით, რისი ღირსიცაა მათი ბუნება. ამიტომაც არ ესწრაფვიან არაფერს, რადგანაც მათთვის არ არსებობს არც მომავალი და არც, საერთოდ, დრო, რომლის ნაწილიცაა მომავალი. მაშასადამე, ზეგრძნობადი სამყაროს არსი სრული მთლიანობაა; ეს სისრულე და სისავსე მარტოოდენ ამ სამყაროს ნაწილთა სიმრავლეს კი არ მოიცავს, არამედ იმასაც გულისხმობს, რომ მას არაფერი აკლია, ასე რომ, მისთვის სრულიად უცხოა არარსი. ჭეშმარიტად სრულქმნილი სამყარო არა მარტო მთელი არსებობის მომცველი უნდა იყოს, არამედ მთელი არსებობის გამომრიცხველიც. სწორედ ამნაირი არსებობა ქმნის მარადისობის ბუნებას, რადგანაც სიტყვა „მარადისობა“ იგივეა, რაც „მარადი არსი“.      5. ეს ბუნება ეკუთვნის რაღაც ისეთს, რაზედაც შეგვეძლო გვეთქვა, ან, უფრო სწორად, რაშიაც შეგვეძლო გვეხილა, როცა სულით მივიქცევით მის ჭვრეტად, რომ ის, ესე იგი, ზემოხსენებული ბუნება, შემთხვევითი როდია მისთვის; რადგანაც შემთხვევითი რომ ყოფილიყო, მაშინ ეს რაღაცა აღარც მარადისი იქნებოდა, აღარც მთლიანი და მარადიული არსებობის მქონე. განა ამჟამად კი მარადისად წარმომიჩნდებოდა, საერთოდ რომ არაფერი ჰქონდეს ისეთი, რაც მტკიცედ მარწმუნებინებს: ის ყოველთვის ამნაირი იყო და არა სხვაგვარი; ასე რომ, როცა არ უნდა მივაპყრო სულიერი მზერა, კვლავინდებურად დავრწმუნდები მის უცვლელობასა და მარადიულობაში. ახლა დავუშვათ, რომ სული თვალს ვერ წყვეტს და შეფრფინვით უმზერს ამ რაღაც მარადისს, მისი ხიბლით მონუსხული მზადაა მუდამ ასე უმზიროს, და არა მარტო უმზიროს, არამედ ჭვრეტად ქცეული კიდევაც შეერწყას მას, რათა მარადისობის ბუნებამდე ამაღლებული სამუდამოდ ასე დარჩეს, აღარ დამდაბლდეს და, ამრიგად, თვითონაც დაემსგავსოს მარადისობას, იმის წყალობით, რაც მარადისია ჩვენში და რითაც მარადიულობას ვჭვრეტთ. ხოლო წარუვალი და მარადიულია ის, რაც არასოდეს იცვლის ბუნებას და არც არასდროს გადაიხრება მისგან, ასე რომ, არ სჭირდება რაიმე მიუმატოს მას არც წარსულში, არც აწმყოში და არც მომავალში; ამდენად, ის მარადიულია და წარუვალი. მაშასადამე, მარადიულობა სუბსტრატის მდგომარეობაა, რაც მის მიერია და მასშია. სუბსტრატი, რომელიც ამნაირ მდგომარეობაში ვლინდება, – აი, რა არის მარადისობა. ამიტომაცაა მარადისობა რაღაც დიადი და, როგორც შინაგანი განსჯა გვარწმუნებს, – ღმერთის იდენტური. ამრიგად, სრული უფლება გვაქვს ვამტკიცოთ, რომ ღმერთი მარადისობაში გვივლენს და გვიცხადებს თავს, როგორც მარად უცვლელი, თვითიგივეობრივი, წარუვალი და ასეთივე უცვლელი სიცოცხლით მოსილი არსი. და თუ ჩვენ მაინც ვამბობთ, რომ მასში მოქცეულია სიმრავლე, ამაში არაფერია საოცარი: გონით საწვდომი ყოველი არსი მრავლობითია თავისი უსასრულო ძალმოსილების წყალობით. ხოლო „უსასრულოს“ მე მას ვუწოდებ იმდენად, რამდენადაც შეუძლებელია რაიმე აკლდეს. და მართლაც, ის არის ყოვლისმფლობელი არსი, რაკიღა თავისი ძალმოსილებიდან არაფერს კარგავს. ამიტომ, თუ მარადისობას განვსაზღვრავთ როგორც უსასრულო სიცოცხლეს, რადგანაც მასში მოქცეულია სიცოცხლის მთელი სისრულე, რომელიც ამოუწურავია სწორედ იმიტომ, რომ ვერც წარსული და ვერც მომავალი ვერ დაწრეტს (თორემ მაშინ მას ვეღარ მივიჩნევდით უსასრულობად), – ამნაირი განსაზღვრა სწორი იქნებოდა. ხოლო გამოთქმა – „მასში მოქცეულია სიცოცხლის მთელი სისრულე, რომელიც ამოუწურავია“, ჩვენ გვიცხადებს სიტყვა „უსასრულოს“ შინაარსს.      6. ეს მარადიული ბუნება, ესოდენ მშვენიერი, ერთის წიაღშია; ის მის მიერია და მისკენ მიემართება, ასე რომ, არასოდეს არ ტოვებს ერთს, არამედ მუდამ მასთანაა და მასშია; სიცოცხლითაც ერთის თანახმად ცოცხლობს, და მე მგონია, სწორედ ამას გულისხმობს პლატონის მშვენიერი სიტყვები, რომლებითაც ესოდენ ღრმა აზრია გადმოცემული: მარადისობა ერთში რჩება. ერთის მიმართ მიქცევა მარადისობისათვის არა მარტო თავისი თავისაკენ მიქცევას ნიშნავს, არამედ იმასაც, რომ ერთში ისე იყოს, როგორც ჭეშმარიტი არსის სიცოცხლე. აი, სწორედ ამას ვეძებდით: ის, რაც ამნაირადაა ერთში, მარადისობის მფლობელია. დიაც, ის, რაც ერთშია, მარადიული სიცოცხლის ქმედითობაა, თავისი თავიდან ერთისკენ რომ მიემართება, მასშივე რჩება და, ჭეშმარიტი არსისა და ჭეშმარიტი სიცოცხლის მფლობელი, მარადისობად გვევლინება; ჭეშმარიტი არსისა და სიცოცხლის ფლობა კი იმასა ნიშნავს, რომ შეუძლებელია არ იყოს ის, რაც არის. ამრიგად, ის მარად ერთი და იგივეა და არასოდეს იქცევა სხვად, მისთვის უცხოა ყოველგვარი გაყოფა, განვითარება, გაშლა თუ განვრცობა, მასში არც რა უწინარესია და არც რა მომდევნო თუ შემდგომი. და რაკი მისთვის არ არსებობს არც წარსული და არც მომავალი; რაკი შეიძლება მხოლოდ ერთი სიტყვა მივუსადაგოთ, და ეს სიტყვაა „არის“; რაკი ჭეშმარიტად ის არის, რაც არის, – ჩვენ ერთხელ კიდევ მარადისობად აღქვიქვამთ მას. ამიტომ, როდესაც ვამბობთ, რომ ის მარადისია და ხან ერთი როდია, ხან კი – მეორე, კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ამით მხოლოდ სიცხადის მიღწევას ვცდილობთ. სიტყვა „მარადისი“ აქ თავისი ნამდვილი მნიშვნელობით როდია ნახმარი; მისი მეშვეობით ჩვენ მხოლოდ არსის უხრწნელობის აღნიშვნა გვსურს. მაგრამ ამან შეიძლება თავგზა აუბნიოს სულს და გაცილებით ნაკლებად მარტივი რამ წარმოადგენინოს. ამიტომ იქნებ აჯობებდა უბრალოდ „არსი“ გვეწოდებინა უხრწნელისა და წარუვალისათვის, მაგრამ რაკი ზოგ-ზოგიერთნი ქმნადი საგნების აღმნიშვნელადაც იყენებდნენ ამ სიტყვას, ამიტომაც ვარჩიეთ მისთვის დაგვერთო „მარადი“. თუმცაღა არსი ისევე ნაკლებ განსხვავდება მარადი არსისაგან, როგორც ფილოსოფოსი – ჭეშმარიტი ფილოსოფოსისაგან. და თუ ჩვენ ფილოსოფოსს მაინც ვუსადაგებთ ეპითეტს „ჭეშმარიტი“, მხოლოდ იმიტომ, რომ ზოგიერთი უსაფუძვლოდ ითვისებს ფილოსოფოსის წოდებას. ზუსტად ამავე მიზნით ვცდილობთ მივუსადაგოთ არსს – „მარადისი“, ხოლო „მარადისს“ – არსი, ასე რომ, ვამბობთ – „მარადი არსი“. ამრიგად, „მარადი არსი“ უნდა გვესმოდეს როგორც „ჭეშმარიტი არსი“. „მარადისის“ მნიშვნელობა იზღუდება და განუყოფელი ძალმოსილების გამომხატველად იქცევა, ძალმოსილებისა, რომელსაც არსებობისათვის არ სჭირდება არაფერი, რადგან ისედაც ყოვლის მფლობელია. ამნაირი ძალმოსილება ყველაფერია, და ის არის, რაც არის; მისთვის უცხოა ყოველგვარი ნაკლულება, ასე რომ, ერთის მხრივ სრული როდია, მეორეს მხრივ კი – არასრული. მაშინ როდესაც ყოველივე იმას, რაც დროში არსებობს, სრულიც რომ იყოს, როგორიცაა, მაგალითად, სულის მიერ სრულქმნილი სხეული, აუცილებლად სჭირდება მომავალი და, მაშასადამე, არასრულია, რამდენადაც დრო აუცილებელია მისი არსებობისათვის; დიახ, დროსთან განუყრელად დაკავშირებული და მის დინებაში დანთქმული არსებითად არასრულია და მხოლოდ პირობითად თუ შეიძლება ეწოდოს სრული. მაგრამ თუ ის არსია, რომელსაც საერთოდ არ სჭირდება მომავალი (მიუხედავად იმისა, ეს მომავალი დროის საზღვრული ოდენობითაა შემოფარგლული თუ უსასრულო და უსაზღვრო გრძლივობად გაჭიმული), არამედ ყოველთვის იმის მფლობელია, რისი მფლობელიც უნდა იყოს, მაშინ სწორედ ესაა ის, რასაც ვესწრაფვით. მისი არსებობა ყოველგვარი რაოდენობრივი განსაზღვრულობისაგან დამოუკიდებელია და ამ განსაზღვრულობაზე უწინარესი. მას საერთოდ არ უნდა ედოს წილი არავითარ რაოდენობრივ განსაზღვრულობაში, რათა მისი სიცოცხლე შინაგანად არ დანაწევრდეს და ისეთივე განუწილველობად დარჩეს, როგორიცაა მის არსი. რაც შეეხება „ტიმეოსის“ ფრაზას – „ის კეთილი იყოო“, აქ წარსული დრო გრძნობადი სამყაროს ცნებას ეკუთვნის და იმას გულისხმობს, რომ, მასზე უწინარესი საწყისის წყალობით, სამყაროს შეუძლებელია ამა თუ იმ მომენტში დაეწყო არსებობა და, ამრიგად, დასაბამი ჰქონოდა დროში. ასე რომ, ქმედითი ძალა, სამყაროული არსებობის პირველმიზეზი, ლოგიკურადაა სამყაროზე უწინარესი. და თუმცა პლატონი სიცხადის მისაღწევად იყენებს წარსულ დროს, მაგრამ შემდეგ თვითონვე ხაზგასმით აღნიშნავს, რომ არასწორია იმას მივუსადაგოთ იგი, რასაც ვგულისხმობთ, როცა წარმოვსთქვამთ სიტყვას „მარადისობა“.      7. როდესაც მოძრაობაზე ვმსჯელობთ, გვყავს თუ არა მოწმე, გარდა ჩვენი თავისა? ანდა იმაზე ხომ არ ვმსჯელობთ, რაც სრულიად უცხოა ჩვენთვის? არა მგონია; რანაირად ჩავწვდებით იმას, რასთანაც არაფერი გვაქვს საერთო? ან რა საერთო უნდა გვქონდეს, თუკი ის სრულიად უცხოა ჩვენთვის? მაშასადამე, ჩვენ, ასე თუ ისე, წილი უნდა გვედოს მარადისობაში. კი მაგრამ, როგორ, თუკი დროში ვართ დანთქმულნი? კითხვას იმის თაობაზე, თუ როგორ შეიძლება დროშიც ვიყოთ და მარადისობაშიც, პასუხი შეიძლება გაეცეს მხოლოდ მას შემდეგ, რაც შევიცნობთ, რა არის დრო. ამიტომაც მარადისობის მწვერვალიდან დაბლა დაშვება უნდა დავიწყოთ და განვიხილოთ დროის ბუნება. აქამდე ჩვენ მივუყვებოდით უზენაესი სინამდვილისაკენ მიმავალ გზას, ახლაკი დაღმა უნდა დავეშვათ, თუ მთლად ბოლომდე არა, ყოველ შემთხვევაში, იქამდე მაინც, სადაც თავს იჩენს დრო. ძველი დროის ნეტარ ბრძენკაცებს რომ არაფერი ეთქვათ დროის თაობაზე, მაშინ ჩვენ თვითონ უნდა დაგვეკავშირებინა ეს საკითხი მარადისობისათვის და იმნაირად გამოგვეთქვა ჩვენი აზრი, რომ შეძლებისდაგვარი სიზუსტით მიგვესადაგებინა იგი დროის ცნების ჩვენივე ზოგადი გაგებისათვის. მაგრამ რაკი დღემდე შემოგვრჩა საკითხის მათეული განხილვის ცდები, თავდაპირველად უნდა გადმოგცეთ ზოგიერთი ყველაზე საყურადღებო თვალსაზრისი, შემდეგ კი ვნახოთ, თანხვდება თუ არა რომელიმე მათგანს ჩვენი საკუთარი მოსაზრებები.დროის თაობაზე დღემდე გამოთქმული ყველა თვალსაზრისი შეიძლება სამ სხვადასხვა ჯგუფად დაიყოს. მათი მიხედვით, დრო ან მოძრაობაა, ან მოძრავი, ან კიდევ ის, რაც ასე თუ ისე უკავშირდება მოძრაობას. საღი აზრის საპირისპირო იქნებოდა იმის მტკიცება, რომ დრო უძრაობაა, ან უძრავი, ანდა ის, რაც უკავშირდება უძრაობას, რადგანაც დრო არასოდეს არ არის თვითიგივეობრივი. პირველი თვალსაზრისის მიმდევარნი, თავიანთი მხრივ, ორად იყოფიან: ზოგიერთი დროს მთელი მოძრაობის ერთობლიობად სახავს, ზოგი კი – სამყაროს მოძრაობად. მეორე თვალსაზრისის მომხრეთა მიხედვით, დრო გამუდმებით მოძრავი სამყაროული სფეროა; და ბოლოს, მესამე თვალსაზრისის დამცველნი დროს ან მოძრაობის შუალედად მიიჩნევენ, ან მოძრაობის ზომად, ანდა მოძრაობის თანმხლებად; მეტიც, მას ხან ყოველნაირ მოძრაობას უკავშირებენ, ხან კი მხოლოდ ერთ განსაზღვრულ მოძრაობას.      8. თვალსაზრისი, რომლის თანახმადაც დრო მოძრაობაა, არ შეიძლება სწორი იყოს, მიუხედავად იმისა, თუ რას მივიჩნევთ დროდ: მთელი მოძრაობის ერთობლიობას თუ მხოლოდ ერთ განსაზღვრულ მოძრაობას. რადგანაც ორივე ამ შემთხვევაში მოძრაობა დროში ხდება, მაგრამ, დავუშვათ და, დროშიაც რომ არ ხდებოდეს, მით უფრო შეუძლებელი იქნებოდა მისი გაიგივება დროსთან. ერთია ის რაშიაც მოძრაობა ხდება, და მეორე – თვით მოძრაობა.ყველა საბუთი, რომელიც შეიძლებოდა მოეხმოთ და იხმობდნენ კიდეც ზემოხსენებული თვალსაზრისის განსამტკიცებლად, მთლიანად ქარწყლდება ერთი შენიშვნით: მოძრაობა შეიძლება შეწყდეს ან წყვეტილი იყოს, დრო კი – არასდიდებით. თუ საპასუხოდ გვეტყვიან, სამყაროს მოძრაობა უწყვეტიაო, ეს სულაც არ იკმარებს ჩვენი მოსაზრების გასაბათილებლად. საქმე ისაა, რომ სხვაა დრო, რომელიც სამყაროს ერთ სრულ წრებრუნვას სჭირდება, და სხვა – ნახევარი წრებრუნვისათვის საჭირო დრო. ერთი ორჯერ მეტია მეორეზე, ხოლო მეორე პირველის ნახევარს შეადგენს. ამ ორი მოძრაობიდან კი თვითეული – როგორც სრული, ისე ნახევარი წრებრუნვაც სამყაროს მოძრაობაა. ჩვენი მოსაზრების სასარგებლოდ მეტყველებს ისიც, რომ გარეთა სფეროს მოძრაობა გაცილებით უფრო მძაფრია და სწრაფი. მაშასადამე, მოძრაობა განსხვავდება დროისაგან. გარეთა სფერო უფრო სწრაფად მოძრაობს იმიტომ, რომ მოკლე დროში დიდ, ან, უფრო სწორად, უდიდეს მანძილს გადის, შიგნითა სფეროების მოძრაობა კი გაცილებით უფრო ნელია, რადგანაც მეტ დროს ანდომებენ ზემოხსენებული მანძილის კი არა, მხოლოდ მისი ნაწილის გავლას. ხოლო თუ დრო სამყაროული სფეროს მოძრაობა არ არის, მით უმეტეს, თვით ამ სფეროდ ვერ მივიჩნევთ მას, რადგანაც თუ სამყაროული სფერო დროდ იქნა დასახული, მხოლოდ იმიტომ, რომ ის მოძრაობს.მაგრამ იქნებ დრო ის არის, რაც მოძრაობას უკავშირდება? ხომ არ შეიძლება მოძრაობის შუალედად მიგვაჩნდეს იგი? ჯერ ერთი, ყოველი მოძრაობის შუალედი ერთი და იგივე როდია, სივრცეში თანაბრად განფენილი მოძრაობებიც რომ ვიგულისხმოთ. ასე მაგალითად, ლოკალურ მოძრაობათა სისწრაფე შეიძლება მეტი ან ნაკლები იყოს. ამრიგად, მათი განფენილობის განსაზღვრას ერთი და იგივე საზომი სჭირდება, და ალბათ მართებული იქნებოდა ამ საზომისათვის გვეწოდებინა დრო.მაგრამ ისიც საკითხავია, ამ ორი სხვადასხვა შუალედიდან მაინც რომელს შეიძლება ეწოდოს დრო? თუმცა უფრო სწორი იქნებოდა „ორი“ კი არა, „მრავალი შუალედი“ გვეთქვა, რადგანაც არსებობს მოძრაობის ურიცხვი სხვადასხვა სახე. იქნებ ეს ამა თუ იმ განსაზღვრული მოძრაობის შუალედია? მაგრამ მაშინ მას ვეღარ მივიჩნევდით მეორე ასეთივე მოძრაობის შუალედად, რადგანაც განსაზღვრული მოძრაობა უამრავია, ასე რომ ერთდროულად გვექნებოდა დროის უამრავი სხვადასხვა დინება. ხოლო თუ დროდ მივიჩნევთ თვით სამყაროს მოძრაობის შუალედს, განა მაშინ დრო იგივე არ იქნება, რაც მოძრაობა? თუმცა ამბობენ, რომ ეს შუალედიც გარკვეული გრძლივობისაა (დღე, თვე, წელი), და ეს გრძლივობა, თავის მხრივ განვლილი მანძილის მეშვეობით განისაზღვრება, მაგრამ მაშინ მისი ბუნება დროული კი არ იქნება, არამედ სივრცული. ანდა მოძრაობას მისი უწყვეტობისა და მუდმივობის გამო საერთოდ არ ექნება შუალედი. ასე რომ, ჩვენ მხოლოდ მოძრაობის ოდენობა თუ შეიძლება განვსაზღვროთ.ხოლო თუ მოძრაობაზე დაკვირვებისას ისევე ვსაზღვრავთ მის ბუნებას, როგორც, ვთქვათ, სიცხის გაზომვისას – ტემპერატურას, ამ შემთხვევაშიც დროის ცნება სულაც არ იკვეთება უფრო მკაფიოდ; თითქოს მდინარის უწყვეტ დინებას ვადევნებდეთ თვალს და მისი სიგრძის განსაზღვრას ვცდილობდეთ. ამ განსაზღვრისას ჩვენ ყოველთვის მივიღებთ რიცხვს, ორი იქნება ის თუ სამი, შუალედი კი მხოლოდ და მხოლოდ სივრცის მონაკვეთი იქნება. ამრიგად, დრო მოძრაობის გარკვეულ რიცხვად, ვთქვათ ათად წარმოგვიჩნდება, ან – მოძრაობის შუალედად, სივრცის გარკვეულ მონაკვეთს რომ შეესაბამება. მაგრამ ეს შუალედი სულაც არ შეიცავს დროის გაგებას, ის მხოლოდ დროში განვლილი სივრცის ესა თუ ის მონაკვეთია. ანდა, დასასრულ, დრო საერთოდ არ იქნება მოძრაობის შუალედი, არამედ ისე იქნება მოძრაობაში, როგორც სუბსტრატში, და მაშინ კვლავ მივუბრუნდებით თვალსაზრისს, რომლის თანახმადაც დრო მოძრაობაა, ვინაიდან მოძრაობის შუალედი მოძრაობის გარეშე როდია.შუალედზე მაშინ შეიძლება ვილაპარაკოთ, როცა მოძრაობა წამიერი არ არის. მაგრამ თუ წამიერი მოძრაობა იმით განსხვავდება არაწამიერისაგან, რომ ის დროში როდია, მაშინ არაწამიერი რითიღა განსხვავდება წამიერისაგან, თუ არა იმით, რომ ის დროშია? ამრიგად, შუალედში განფენილი მოძრაობა და თვით შუალედი თავისთავად კი არ გვევლინებიან დროდ, არამედ დროში არიან. მაშასადამე, თუ დროს საერთოდ შეიძლება შუალედი ეწოდოს, მხოლოდ იმ აზრით, რომ ის საკუთრივ მოძრაობის შუალედი კი არ არის, არამედ შუალედი, რომლის გასწვრივაც განიფინება მოძრაობა და რომელიც თითქოს მოძრაობასთან ერთად იზრდება. მაგრამ ეს არაფერს გვეუბნება თვით ამ შუალედის რაობაზე. ეტყობა, ეს მაინც დრო უნდა იყოს, რადგანაც მოძრაობა დროში ხდება. მაგრამ ჩვენ თავიდანვე ამ კითხვის პასუხს ვეძებდით: მაინც რა არის დროს? ამიტომ, როცა დროის ბუნებაზე გვკითხავენ რამეს, პასუხი ასეთია: ესაა შუალედი მოძრაობისა, რომელიც დროში ხდება. მაგრამ რა არის თვით ეს შუალედი, რომელსაც დროს უწოდებენ, თუკი მას სხვა რამედ სახავენ და არა საკუთრივ მოძრაობის შუალედად?და ბოლოს, იმ თვალსაზრისის მომხრეებს, რომლის თანახმადაც დროდ მიჩნეული შუალედი მოძრაობაში დევს, – გაუჭირდებათ პასუხი გასცენ კითხვას: კი მაგრამ, რაღაში დევს უძრაობის შუალედი? ვინაიდან რამდენი ხნის განმავლობაშიც მოძრაობს ერთი სხეული, მეორე შეიძლება იმდენ ხანსვე უძრავად იყოს. უძრაობის გრძლივობა იგივეა, რაც მოძრაობისა, თუმცა თვით გრძლივობა ერთისგანაც განსხვავდება და მეორისგანაც. მაშ, რა არის ეს შუალედი, და როგორია მისი ბუნება? შეუძლებელია ეს ბუნება სივრცული იყოს, რადგან თვით სივრცეც მოძრაობისა და უძრაობის მიღმურია.      9. ახლა კი ვნახოთ, რას გულისხმობენ, როცა დროს რიცხვად თუ მოძრაობის საზომად თვლიან (თუმცა მაინც „საზომი“ ჯობს, რადგანაც დრო უწყვეტია). თავდაპირველად იგივე უნდა ვიკითხოთ, რაც წეღან – მოძრაობის შუალედთან დაკავშირებით: ამ საზომად ყოველგვარი მოძრაობის საზომი იგულისხმება? რანაირად უნდა გავზომოთ უწესრიგო და უთავბოლო მოძრაობა? რანაირია ეს რიცხვი თუ ეს საზომი, ანდა რანაირად განისაზღვრება იგი?თუ ერთი და იმავე საზომით გავზომავთ ყოველნაირ მოძრაობას, სწრაფსაც და ნელსაც, ეს რიცხვი თუ საზომი ისევე გამოიყენება, როგორც, ვთქვათ, რიცხვი „ათი“ ცხენებისა თუ ხარების თვლისას, ანდა საწყაო – სითხისა თუ სილის აწყვისას. თუ დრო სწორედ ამნაირი საზომია, მაშინ გასაგებია, რისი საზომიცაა იგი: მოძრაობისა; მაგრამ გაუგებარია, რა არის თვითონ ეს საზომი. რიცხვი მაინც რიცხვადვე რჩება, მისი მეშვეობით არაფერსაც რომ არ ვთვლიდეთ და საწყაოც საწყაოა, არაფერსაც რომ არა ვწყავდეთ. განა იგივე არ ითქმის დროზედაც, თუკი ის მართლაც საზომია? ანდა თუ დრო, თავისთავად აღებული, რიცხვად გვევლინება, მაშინ ისიც უნდა ვიკითხოთ, რა განასხვავებს მას ათისგან თუ ერთეულებით შედგენილი ნებისმიერი სხვა რიცხვისგან? ხოლო თუ უწყვეტი საზომია, მაშინ ისეთივე საზომი იქნება, როგორც, ვთქვათ, წყრთა, ან – ისეთივე სიდიდე, როგორიცაა ხაზი, თან რომ გასდევს მოძრაობის განვითარებას. მაგრამ ეს თანამდევი თუ თანმხლები ხაზი რანაირად უნდა ზომავდეს იმას, რასაც თან ახლავს? ვითონ რატომ უნდა ზომავდეს იმას, რასაც თან ახლავს? ვითონ რატომ უნდა ზომავდეს ეს ხაზი – მოძრაობას, და არა მოძრაობა – ამ ხაზს ეგეც არ იყოს, ხაზი ნებისმიერი მოძრაობის საზომად კი არ უნდა დაგვესახა, არამედ მხოლოდ იმ მოძრაობისა, რომელსაც ეს ხაზი თან ახლავს. მაგრამ მაშინ საზომი იმ მოძრაობისაგან განცალკევებით ან მის გარეთ როდი უნდა აგვეღო, რომელსაც ის ზომავს. მოძრაობა ისაა, რასაც ზომავენ, საზომი კი გარკვეული სიდიდეა. მაგრამ რომელი მათგანია დრო: მოძრაობა, რომელსაც სიდიდით ზომავენ, თუ სიდიდე, რომლითაც მოძრაობა იზომება? და მართლაც, დრო შეიძლება იყოს ან სიდიდით გაზომილი მოძრაობა, ან სიდიდე, რომლითაც მოძრაობას ზომავენ, ან კიდევ ის, რაც ისე იყენებს ამ სიდიდეს, როგორც იყენებენ, მაგალითად, წყრთას მოძრაობის განზომილების საზომად. ყველა ამ შემთხვევაში, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, უნდა იგულისხმებოდეს ერთგვაროვანი მოძრაობა, რადგანაც სამყაროს მოძრაობის ერთგვაროვნებისა და თანაბარზომიერების გარეშე გაძნელდებოდა იმ თვალსაზრისის დაცვა, რომელიც დროს მოძრაობის საზომად მიიჩნევს. თავდაპირველად დავუშვათ, რომ დრო გაზომილი მოძრაობაა და, თანაც, სიდიდით გაზომილი; ხოლო რაკიღა მოძრაობა იზომება, ის თავისი თავით კი არა, მხოლოდ სხვა რამით შეიძლება იზომებოდეს. მაგრამ თუ მოძრაობას თავისი საზომი აქვს, რომელიც განსხვავდება საკუთრივ მოძრაობისგან, და თუ ჩვენ მოძრაობის გასაზომად მასავით უწყვეტი საზომი გვჭირდება, მაშინ მოძრაობის საზომი სიდიდისთვისაც, თავის მხრივ, საკუთარი საზომი იქნება საჭირო, რათა მოძრაობის გრძლივობა სივრცული გრძლივობით იქნეს გაზომილი. მაშინ დრო იქნება რიცხვით გამოხატული ოდენობა სიდიდისა, რომელიც თან ახლავს მოძრაობას, მაგრამ არა თვით ეს სიდიდე. მაგრამ რა არის ეს ოდენობა, თუ არა ერთეულებით შედგენილი რიცხვი? მაშინ საკითხავია, რანაირად შეიძლება, რომ დრო მოძრაობის საზომი იყოს? თუ ამ კითხვის პასუხს მივაკვლევთ, ისიც ნათელი გახდება ჩვენთვის, რომ ეს საზომი საერთოდ დრო კი არ არის, არამედ ამა თუ იმ გრძლივობის დრო; რადგანაც სხაა დრო საერთოდ და სხვა – რაიმე განსაზღვრული დრო. ვიდრე დროის ამა თუ იმ ოდენობაზე ვიტყოდით რამეს, მანამდე უნდა თქმულიყო, რა არის საკუთრივ დრო, რომელსაც ესა თუ ის ოდენობა მიეწერება. მაგრამ ამ ოდენობის გამომხატველი რიცხვი, რომლითაც მოძრაობას ვზომავთ, საკუთრივ მოძრაობის გარეშეა, ისევე, როგორც ცხენების გარეშეა, ვთქვათ, რიცხვი „ათი“, რომლითაც მათ რაოდენობას აღვნუსხავთ. ჩვენ არ ვიცით, რა არის ეს რიცხვი, რომლითაც მოძრაობას ვზომავთ. ვიცით მხოლოდ, რომ ის გაზომვამდეც არსებობს, როგორც, ვთქვათ, რიცხვი „ათი“, რომლითაც ცხენების რაოდენობას განვსაზღვრავთ. იქნებ ესაა მოძრაობის თანმხლები რიცხვი, „უწინარესისა“ და „შემდგომის“ მიხედვით რომ ზომავს მას? მაგრამ ამ შემთხვევაშიაც გაურკვეველი რჩება ზემოხსენებული რიცხვის ბუნება. დროის რომელიმე მომენტითა თუ სხვა რამ ნიშნით განსაზღვრული „უწინარესობითა“ და „შემდგომობით“ რომ ზომავს მოძრაობას, ეს რიცხვი მაინც დროის თანახმად ზომავს მას. და რაკი იმის მიხედვით ზომავს მოძრაობას, რაც ამა თუ იმ მომენტზე უწინარესია, ან მისი შემდგომი, ცხადია, ეს რიცხვი განუყრელად დაკავშირებული უნდა იყოს დროსთან (თუმცა „უწინარესი“ და „შემდგომი“ სივრცის მიმართაც ითქმის, როგორც მაგალითად, მოედანზე სირბილის დაწყების ან დამთავრების მომენტი, მაგრამ ეს ორი სიტყვა უპირატესად დროსთან მიმართებით იხმარება, ან, ყოველ შემთხვევაში, უნდა იხმარებოდეს მაინც). საერთოდ, უწინარესია დრო, რომელიც მთავრდება აწმყო მომენტში, შემდგომი კი – დრო, რომელიც ამავე მომენტიდან იწყება. მაშასადამე, დრო განსხვავდება რიცხვისაგან, „უწინარესისა“ და „შემდგომის“ მიხედვით რომ ზომავს არა მარტო ამა თუ იმ მოძრაობას, არამედ თანაბარზომიერ მოძრაობასაც. ეგეც არ იყოს, ვითომ რა საჭიროა რიხვის ჩარევა იმისთვის, რომ დროს იარსებობს? (მიუხედავად იმისა, ეს რიცხვი მზომელია თუ გაზომვის შედეგი, რადგან ის შეიძლება ერთიც იყოს და მეორეც); მაშინ როდესაც მოძრაობა, „უწინარესისა“ და „შემდგომის“ მფლობელი, წილნაყარი არ არის დროსთან. გინდ ეს გიმტკიცებია და გინდ ის, რომ სიდიდე განუსაზღვრელი რჩება, თუკი არავინაა, ვინც შეძლებდა აღექვა, რა ზომისაა იგი. მეტიც, რაკიღა ამბობენ, რომ დრო უსასრულოა და სინამდვილეში ასეცაა, რა კავშირი შეიძლება ჰქონდეს რიცხვს მასთან? ეს მხოლოდ მაშინ იქნებოდა შესაძლებელი, თუ დროისაგან გამოვყოფდით მის ერთ შუალედს, რათა ცალკე გაგვეზომა იგი; თუმცა ეს შუალედი, რაღა თქმა უნდა, გაზომვამდეც არსებობს. მაშ, ვითომ რატომ არ შეიძლება, რომ თვით დროც არსებობდეს მანამ, სანამ გამოჩნდებოდეს მისი გამზომი სული? ეს შეუძლებელი იქნებოდა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ვინმე დაამტკიცებდა, რომ სწორედ სულია დროის არსებობის მიზეზი. არა, დროის არსებობისათვის სულაც არაა აუცილებელი მისი გაზომვა. რაღაცას თავისი გრძლივობა აქვს მაშინაც კი, როცა არავინ არ ზომავს მას. იქნებ პასუხად გვითხრან, რომ სწორედ სულია ის, რაც იყენებს სიდიდეს ამ გრძლივობის საზომად? კი მაგრამ, რა მნიშვნელობა აქვს ამას დროის ვნებისათვის?      10. და ბოლოს, იქნებ დრო მოძრაობის თანმხლებია? მაგრამ არამცთუ ვერ გავიგებთ, ვერც ვიტყვით, რა არის ეს, ვიდრე არ გავარკვევთ, რას ნიშნავს სიტყვა „თანმხლები“. იქნებ სწორედ ესაა დრო? საკითხავია, „თანმხლები“ მოძრაობაზე უწინარესია, მისი შემდგომი თუ თანადროული? მაშინ რა იქნება დრო? დროში მოძრაობის თანმხლები? მაგრამ ჩვენ იმას კი არ ვეძებთ, თუ რა არ არის დრო, არამედ იმას, თუ რაცაა ის სინამდვილეში. ბევრ ჩვენს წინამორბედს არაერთხელ უკვლევია ეს საკითხი, ასე რომ, მათი შეხედულებების გადმოცემა შეიძლებოდა მთელი ისტორიული თხზულების თემა ყოფილიყო. თუმცა ჩვენს მიერ ზემოთქმულის მიხედვითაც შეიძლება დავუპირისპირდეთ იმ თვალსაზრისს, რომლის თანახმადაც დრო სამყაროს მოძრაობის ზომად გვევლინება. ყველა ჩემი შენიშვნა აქ თავის ძალას ინარჩუნებს, თუ არ ჩავთვლით იმ საკითხს, მოძრაობის არათანაბარზომიერებას რომ ეხება. მაშ, კვალდაკვალ მივსდიოთ ჩვენი აზრის განვითარებას და ვნახოთ, მაინც როგორია დროის ბუნება.      11. ამრიგად, კვლავ უნდა მივუბრუნდეთ მარადისობის ჩვენეულ განსაზღვრას: ესაა უძრავი, მთლიანი, ერთხელ და სამუდამოდ მოცემული, უსასრულო, ურღვევი და წარუვალი სიცოცხლე, ერთში დავანებული და ერთისკენვე მიქცეული. აქ ჯერ კიდევ არ არის დრო, ყოველ შემთხვევაში, გონით საწვდომ არსთათვის მაინც. ეს იმას კი არ ნიშნავს, რომ დრო მათ შემდეგ იჩენს თავს, არამედ იმას, რომ ის მათი შემდგომია ლოგიკურად და თავისი საკუთარი ბუნებით. თავის თავში დავანებული ყველა გონით საწვდომი არსი სრულიად უცვლელია და უძრავი. მაშ, საიდან გაჩნდა დრო? ამაოდ დავეკითხებით მუზებს,32 რადგან ისინი ჯერ კიდევ არ იყვნენ მაშინ. ამ კითხვაზე მხოლოდ თვითონ დრო თუ გაგვცემდა პასუხს, ზეგრძნობად სამყაროში შობილი და გრძნობად სამყაროში გამოვლენილი; აი, რას გვეტყოდა იგი: ვიდრე წარმოშობდა „უწინარესს“ და მას დაუკავშირებდა „შემდგომს“, რომელიც აუცილებელია „უწინარესისათვის“, ყოვლად უცვლელი და უძრავი, არსის წიაღში მთვლემარე, ის ჯერ კიდევ არ იყო დრო. მაგრამ სულის დაუოკებელმა ქმედითმა ბუნებამ, თვითმყოფობასა და თავისთავადობას რომ მიელტვოდა, საკუთარი სუფევის უსასრულოდ განვრცობის მიზნით ინება გასცლოდა მარად უცვლელი აწმყოს ფარგლებს; ამიტომაც აღიძრა და აღძრა დროის ჩანასახიც, რათა ერთად მიქცეულიყვნენ მარად ცვლადი და განახლებადი მომავლის მიმართ, სადაც არაფერი არ არის ის, რაც უწინ იყო, არამედ გამუდმებით განსხვავდება თავისი თავისაგან; და ასე დაიბადა დრო, მარადისობის ასლი და ხატი. და მართლაც, სულში იყო ერთგვარი ბობოქარი ძალა, რომელსაც მუდამ ერთი რამ სურდა: სხვაგან გადაეტანა ის, რასაც გონით საწვდომ სამყაროში ჭვრეტდა; მაგრამ ის კი არ ნებავდა, რომ მთელი ეს სიუხვე ერთბაშად ყოფილიყო მოცემული მასში. ამიტომაც ისე მოიქცა, როგორც ლოგოსი, უძრავი ჩანასახისაგან რომ იღებს დასაბამს, თანდათანობით ვითარდება, სიმრავლისაკენ მიდრკება და, როგორც ფიქრობენ, თავის შინაგან ერთობას კი არ ინარჩუნებს, არამედ თვითგაყოფის გზით ავლენს საკუთარ მრავლობითობას. ასე შექმნა სულმა გრძნობადი სამყარო ზეგრძნობადი სინამრვილის ხატად; მოძრავად შექმნა იგი, მაგრამ ეს გონით საწვდომი სამყაროს მოძრაობა კი არ არის, მხოლოდ მიბაძვაა მისი, რათა ამ მიბაძვის წყალობით იქცეს მის ხატად. ამრიგად, მარადისობის მონაცვლედ რომ შექმნა დრო, სული თავდაპირველად თვითონვე გახდა დროული, შემდეგ კი დროს დაუქვემდებარა და დროში მოაქცია მის მიერ შობილი სამყარო სამყარო, მთელი მისი ქმნადობითა და ცვალებადობით. და რაკი სამყარო სულში მოძრაობს (რადგანაც გრძნობად სამყაროს არ გააჩნია სხვა ადგილი, გარდა სულისა), ის, ამასთანავე, დროშიც მოძრაობს, რომელიც განუყრელია სულისგან. სულის ერთ ქმედებას მეორე მოსდევს, გამუდმებით ცვალებადი თანმიმდევრობით; ყოველი ახალი ქმედება მომდევნო ქმედებას იწვევს; აზრის ყოველი ახალი მოძრაობა, მასზე უწინარესს რომ მოსდევს, ახალ, მანამდე არარსებულ მოვლენას აძლევს დასაბამს. ეს იმიტომ, რომ არც აზრის ეს ქმედითობაა აბსოლუტური და არც სული აწინდელი სიცოცხლე ჰგავს წეღანდელს. რაკი ეს სიცოცხლე გამუდმებით განსხვავდება თავისი თავისაგან, ამიტომაც განუწყვეტლივ სხვა დროში მიმდინარეობს. ამრიგად, თვითგანწილული სულის სიცოცხლე დროში განიფინება. სიცოცხლის წინსვლით მოძრაობა ყოველწამიერად მომავალი დროის ახალ-ახალ გრძლივობას იპყრობს, წარსული დრო კი სულის გარდასული სიცოცხლის კუთვნილებაა. ამიტომ ვინც ამბობს, დრო სულის სიცოცხლეაო, მოძრაობად განფენილი, რომლის მეშვეობითაც სული სიცოცხლის ერთი გამოვლენიდან მეორეზე გადადისო, მართალს ამბობს თუ არა იგი როგორც აღვნიშნეთ, მარადისობა უძრაობაში დავანებული სიცოცხლეა, უცვლელი, თვითიგივეობრივი და უსასრულო. ხოლო დრო – მარადისობის ხატი – ისე უნდა ეთანაფარდებოდეს მარადისობას, როგორც გრძნობადი სამყარო – ზეგრძნობად სინამდვილეს. მაშასადამე, გონით საწვდომი სიცოცხლის ნაცვლად აქა გვაქვს სულ სხვა სიცოცხლე, სულის ძალმოსილებას რომ მიეკუთვნება და მხოლოდ ჰომონიმურად თუ იწოდება სიცოცხლედ; გონის მოძრაობის ნაცვლად – სულის ერთი ნაწილის მოძრაობა; თვითიგივეობის, ერთგვაროვნების, უცვლელობის ნაცვლად – ცვალებადობა და ქმედითობა, გამუდმებით რომ განსხვავდება თავისი თავისაგან; განუწილველობისა და ერთობის ნაცვლად – ერთობის მკრთალი ხატება, უწყვეტობაში ჩართული ერთი; თვითმყოფი უსასრულობის ნაცვლად – მუდმივი ლტოვლა უსასრულობისაკენ; დაუნაწევრებელი მთლიანობის ნაცვლად – დანაწევრებულ და გამუდმებით ქმნად ნაწილთა სწრაფვა განუწყვეტლივ ქმნადი მთლიანობისკენ. გრძნობადი სამყარო მხოლოდ ასე თუ იქნება შინაგანად სრულქმნილი, თავისთავადი და უსასრულო სინამდვილის – ზეგრძნობადი სინამდვილის მიბაძვა, ხოლო მისი არსი – გონით საწვდომი არსის ხატება. მაშ, ნუ აღვიქვამთ დროს იმგვარად, თითქოს ის სულის მიღმური იყოს, რადგან არც მარადისობაა გონით საწვდომი სამყაროს მიღმა. დრო არც სულის თანმხლებია და არც მისი მომდევნო რამ, არამედ სულში ვლინდება და ისევეა მასთან შერწყმული, როგორც მარადისობა ერწყმის ზეგრძნობად სამყაროს.      12. აქედან გამომდინარე, უნდა განვიხილოთ დროის ბუნება როგორც სიცოცხლის წინსვლითი მოძრაობის გრძლივობა, ერთგვაროვან და ურთიერთმსგავს ცვალებადობათა თანმიმდევრობისა და, სულის ქმედითობის უწყვეტი დინების წყალობით, სრულ მდუმარებაში რომ ვლინდება. ახლა კი სულის ეს ძალმოსილება აზრით გადავიტანოთ ზეგრძნობად სამყაროში. შევაჩეროთ სიცოცხლის დინება (თუმცა სინამდვილეში არც მისი შეჩერება შეიძლება და არც შეწყვეტა, რადგანაც ის თავის თავში ჩაკეტილი და დახშულ წრეში მბრუნავი ქმედითობა კი არ არის, არამედ – მარადის მყოფი სულის შემოქმედებითი ენერგია, უწყვეტი ქმნადობის წყარო). დიახ, დავუშვათ, რომ ეს ქმედითობა შემწყდარიყო, ხოლო სულის მარად ქმედითი ნაწილი გონით საწვდომ სამყაროს, მარადისობას, უცვლელობასა და წარუვალს მიბრუნებოდა. რაღა დარჩებოდა მაშინ, მარადისობის გარდა? რანაირადღა იჩენს თავს ნებისმიერი განსხვავება, თუკი ყველაფერი დაინთქმედობა ერთის წიაღში? რიღისათვის შეიძლებოდა გვეწოდებინა „უწინარესი“ და „შემდგომი“, ან „უმეტესი“ და „უმცირესი“? რიღასკენ მიმართავდა სული თავის ძალმოსილებას, თუ არა საკუთარი სავანის – გონით საწვდომი სამყაროსაკენ, თუმცა მისკენ კი ვერ მიმართავდა, რადგანაც მანამდე, ასე თუ ისე, უნდა განშორებოდა მას. აღარ იარსებებდა თვით ციური სფერო, რადგანაც მისი არსებობა შეუძლებელია დროის გარეშე. ვინაიდან სფერო დროშია და დროში მოძრაობს. იქნებ გვგონია, რომ ის მხოლოდ შეჩერდებოდა? მაგრამ ამ შეჩერებას მარტოოდენ დროით თუ გავზომავდით, რომელსაც კვლავინდებურად უნდა ედინა მარადისობისაგან განმხოლოებით. ამრიგად, რაკი მას შემდეგ, რაც სული შეერწყმოდა ზეგრძნობად სამყაროს, დრო საერთოდ შეწყვეტდა არსებობას, – ცხადია, რომ იგივე დრო გრძნობადი სამყაროსაკენ სულის სწრაფვისა და სულის სიცოცხლისაგან იღებს დასაბამს, ხოლო ეს სიცოცხლე სწორედ მაშინ იწყება, როცა სული მიიქცევა გრძნობადი სამყაროს მიმართ. ამიტომ ამბობს პლატონი, რომ დრო სამყაროსთან ერთად დაიბადა. რადგანაც სული სამყაროსთან ერთად დასაბამს აძლევს დროსაც. სამყაროს სათავე სულის ქმედითობაში ძევს, ეს ქმედითობა კი იგივე დროა, ასე რომ, სამყარო დროშია. თუ ვინმე იტყვის, პლატონის მიხედვით, ვარსკვლავთა წრებრუნვაც დროაო, მაშინ მან კეთილინებოს და ისიც გაიხსენოს, რომ, პლატონისავე მტკიცებით, ვარსკვლავები იმისთვის დაიბადნენ, რათა გამოევლინათ დრო, განესაზღვრათ მისი რიცხვი და უფრო ადვილად გაეზომათ იგი. რაკიღა სული თავისთავად ვერ განსაზღვრავდა დროს, და არც დროის ნაწილთა გაზომვა შეიძლობოდა თვით ამ ნაწილებით, მით უმეტეს, რომ ჯერ კიდევ უცნობი იყო თვლის ხელოვნება, სულმა შექმნა დღე და ღამე, რათა მათი განსხვავების მეშვეობით ცხადეყო, რა არის „ორი“. პლატონის აზრით, სწორედ აქედან იღებს დასაბამს რიცხვის ცნება. მზის ერთი ამოსვლიდან მეორე ამოსვლამდე განვლილ დროს რომ ვაკვირდებოდით, ჩვენ შევძელით განგვესაზღვრა თანაბრზომიერი მოძრაობის გარკვეული შუალედის გრძლივობა, რაც საფუძვლად დაედო დროის გაზომვას. დიახ, ჩვენ ვზომავთ დროს, რადგანაც დრო თვითონ როდია საზომი; საზომი რომ იყოს, რანაირად გაზომავდა თავის თავს? ან რანაირად გვაუწყებდა გაზომვის შედეგ: ესა და ეს შუალედი ჩემი ტოლიაო? ის მხოლოდ გაზომვისთვის არსებობს, მაგრამ თვითონ როდია საზომი. სამყაროს მოძრაობა მხოლოდ დროის მიხედვით განიზომება, მაგრამ დრო არსებითა კი არ არის მოძრაობის საზომი; უწინარეს ყოვლისა, ის სხვა რამეა და მხოლოდ აქციდენტურად თუ გვევლინება მოძრაობის გრძლივობის ზომად. როცა ერთეულად აღებული მოძრაობა დროის გარკვეულ შუალედში ამდენჯერ და ამდენჯერ მეორდება, ამის მიხედვით ჩვენ შეგვიძლია დავასკვნათ, რომ ამდენმა და ამდენმა დრომ განვლო მოძრაობის დაწყებიდან. ამიტომ ვინც ამბობს, რომ მზის წრებრუნვა, გარკვეული აზრით, დროის მაჩვენებელია, ალბათ არ ცდება, რადგანაც ეს თანაბარზომიერი მოძრაობა თავისი ოდენობით დროის გარკვეულ ოდენობას ცხადყოფს. მაშასადამე, დრო მზის წრებრუნვითაა გაზომილი, ანუ სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, – გაცხადებული. ეს წრებრუნვა დროს კი არ ქმნის, არამედ მხოლოდ გვიცხადებს. ამრიგად, მოძრაობის საზომია მოძრაობის გარკვეული ოდენობით გაზომილი შუალედი; დიახ, ის მოძრაობითაა გაზომილი, მაგრამ თვით მოძრაობა როდია. როგორც სხვა მოძრაობათა საზომი, ის განსხვავდება იმისაგან, რაც თავისთავად იყო, რამდენადაც თვითონვე იქნა გაზომილი, და გაზომილ იქნა აქციდენტურად. გინდ მზის წრებრუნვით განგისაზღვრავს დრო და გინდ შემდეგნაირად განგისაზღვრავს სიგრძე: ეს წყრთით გაზომილი სივრცეაო, მაგრამ არაფერი გეთქვას იმის თაობაზე, თუ რა არის საკუთრივ სიგრძე. ზუსტად ასევე ვიქცევით, როცა მოძრაობას ეხება საქმე: რაკი ვერაფრით განგვისაზღვრავს იგი, ამიტომაც ვამბობთ, რომ მოძრაობა არის ის, რაც განვლილი სივრცით განიზომება. მოძრაობად რომ ვსახავთ განვლილ სივრცეს, ერთის ოდენობას მეორის ოდენობასთან ვაიგივებთ.      13. ამრიგად, მზის წრებრუნვა გვიმჟღავნებს დროს, რამდენადაც ეს წრებრუნვა დროში ხდება. თვითონ დრო კი არაფერში არ უნდა იყოს, რადგანაც დრო, უწინარეს ყოვლისა, ის არის, რაც არის. მის ერთგვაროვანსა და თანაბარზომიერ დინებაში ერთმანეთს ენაცვლებიან სხვა საგანთა მოძრაობისა თუ უძრაობის მდგომარეობანი. დრო გარკვეულ ერთგვაროვან მოძრაობათა თუ უძრაობათა მეშვეობით ვლინდება და ევლინება ჩვენს მზერასაც; თუმცა ამის მიზეზი უპირატესად მოძრაობაა, რადგანაც ეს უკანასკნელი უფრო მეტად გვიმჟღავნებს დროს და ხელსაც გვიწყობს მის შეცნობაში. მოძრაობის გრძლივობა უფრო ადვილი აღსაქმელია, ვიდრე უძრაობისა. ამიტომაც იყო, რომ ზოგიერთი ფილოსოფოსი დროს მიიჩნევდა მოძრაობის საზომად და არა იმად, რაც მოძრაობით იზომება; თუმცა იმასაც დასძენდნენ, რომ დროის, როგორც არსის, საზომი მოძრაობაა, მაგრამ იმაზე კი აღარაფერს ამბობდნენ, რომ დროისთვის ეს პირწმინდად აქციდენტურია. ეს ორი დებულება კი ერთმანეთს უპირისპირდება, თუმცა ზემოხსენებული ფილოსოფოსები, როგორც ჩანს, სხვაგვარად ფიქრობენ; მაგრამ ჩვენთვის გაუგებარია, რანაირადაა ეს შესაძლებელი. და როცა ისინი ყოველგვარი მიკიბ-მოკიბვის გარეშე აცხადებენ, რომ საზომი თვით იმაშია, რაც იზომება, ჩვენთვის მიუწვდომელი რჩება მათი მსჯელობის აზრი. ამ გაუგებრობის მიზეზი ისაა, რომ თავიანთ თხზულებებში ისინი გარკვევით არ ამბობენ, მაინც რა არის ეს – საზომი თუ ის, რაც იზომება, თითქოს საკითხის მცოდნეთათვის თუ თავიანთი მსმენელებისთვის წერდნენ. პლატონი კი ამბობს, რომ დრო, თავისი არსით, არც საზომია და არც ის, რაც იზომება, არამედ, მისი აზრით, დროის არსის გასაცხადებლად მზის წრებრუნვას თავისი მინიმუმი აქვს – სადღეღამისო წერებრუნვა, რომელიც დროის ასეთსავე მინიმალურ ნაწილს – დღე-ღამეს შეესაბამება; ამის მიხედვით შეიძლება შევიცნოთ, თუ რა დრომ განვლო. რაც შეეხება საკუთრივ დროის არსს, ამის გასარკვევად პლატონი ამბობს, რომ დრო ცასთან ერთად დაიბადა, როგორც მარადიული პარადიგმისა თუ პირველნიმუშის მოძრავი ხატი; დიახ, მოძრავი, რამდენადაც დროის დინება უწყვეტია, ისევე, როგორც სიცოცხლისა, რომლის განუყრელ თანმხლებად და თანმდევადაც დრო გვევლინება, რადგანაც სწორედ ამ სიცოცხლემ დაბადა ცა და ამავე სიცოცხლემ, ცასთან ერთდ, დასაბამი დაუდო დროსაც. სიცოცხლე რომ კვლავ ერთობას მიბრუნებოდა, ამის შედეგად დრო ცასთან ერთად შეჩერდებოდა, რადგანაც უკვე აღარ ედებოდა წილი სიცოცხლეში. ამიტომ ვისაც სიცოცხლისა და მოძრაობისათვის ნიშნეული „უწინარესობისა“ და „შემდგომობის“ განხილვისას ჰგონია, თითქოს ესაა დრო, რადგან ეს უკანასკნელიც რაღაც მოძრავია, მაგრამ, ამასთანავე, უარყოფს გაცილებით უფრო რეალურისა და რეალურად მოძრავის არსებობას, რომლისთვისაც ასევე ნიშნეულია „უწინარესი“ და „შემდგომი“, – შეიძლება ითქვას, რომ მას უკუღმართად ესმის საქმის ნამდვილი არსი, რადგანაც უსულო მოძრაობას „უწინარესს“, „შემდგომსა“ და, მაშასადამე, დროსაც მიაწერს, მაშინ როდესაც ყოველივე ამისაგან განძარცულად მიიჩნევს იმ მოძრაობას, რომლის პირველადი ქმედითობაც დასაბამს აძლევს „უწინარესსა“ და „შემდგომს“, რამდენადაც სწორედ ეს ქმედითობა იწვევს ურთიერთმონაცვლე მდგომარეობათა თანმიმდევრობას და, ამრიგად, განაპირობებს „უწინარესის“ გადასვლას „შემდგომში“. ჩვენ ვხსნით სამყაროს მოძრაობას, როდესაც ვამბობთ, რომ სამყარო სულშია მოქცეული, და რომ მისი მოძრაობა დროში ხდება. კი მაგრამ, მაშინ რატომ არ ვამბობთ, რომ თვით სამყაროს სულის მოძრაობაც, რომელიც განუწყვეტლივ ვითარდება სულშივე, სამყაროს მოძრაობასავით დროში ხდება? იმიტომ, რომ სულზე უწინარესი მხოლოდ მარადისობაა, რომელიც თან არ ახლავს სულის სიცოცხლის დინებას და არც ამ დინებასთან ერთად განიფინება. რადგანაც სული პირველია, დროის დონემდე რომ ჩამოდის; ის თვითონვე ქმნის დროს და თვითონვე ფლობს მას თავისი ქმედითობის წყალობით. რატომაა დრო ყველგან? იმიტომ, რომ სამყაროს სული ყველგანაა, სამყაროს ნებისმიერ ნაწილში, ისევე, როგორც ჩვენი სული განწონის ჩვენივე სხეულის ყველა ნაწილს. გინდ ის გიმტკიცებია, რომ დრო რაღაც არასუბსტანციურსა და არაარსებითშია, და გინდ მცდარად განგიმარტავს თვით ღმერთის ცნება, ღმერთისა, რომელზედაც ამბობენ, რომ ის იყო და იქნება. რადგანაც როცა ვამტკიცებთ, რომ ის იყო და იქნება, ამით დროის რეალურ არსებობასაც ვამტკიცებთ, წარსულშიაც და მომავალშიაც. თუმცა ზემოხსენებული თვალსაზრისის მომხრეებს რომ დაუპირისპირდე, სხვა მეთოდია საჭირო. როდესაც ვაკვირდებით, რა მანძილზე გადაადგილდა გზად მიმავალი კაცი, ამით მისი მოძრაობის ოდენობასაც აღვიქვამთ. ზუსტად ასევე, როცა გზად მიმავალი კაცის ამწამიერ მოძრაობას, ვთქვათ, მისი ფეხების მოძრაობას ვუყურებთ, ჩვენ ვამჩნევთ მის მიერ შესრულებული მოძრაობის ოდენობასაც ამწამიერ მოძრაობამდე, თუკი, რა თქმა უნდა, მისი სხეული განუწყვეტლივ განაგრძობდა მოძრაობას. მაშასადამე, იმის გასაგებად, თუ რამდენ ხანს მოძრაობს სხეული, ამ მოძრაობას გარკვეულ მოძრაობას და მის გრძლივობას ვუკავშირებთ, ხოლო ეს „გარკვეული მოძრაობა“ ცის მოძრაობაა, რომელიც არის საწყისი. ცის მოძრაობა, თავის მხრივ, სულის მოძრაობას უნდა დავუკავშიროთ, საიდანაც დასაბამს იღებს მოძრაობის დაყოფა თანაბარი გრძლივობის მქონე ნაწილებად. კი მაგრამ, რაღას დავუკავშირებთ სულის მოძრაობას? თუ გნებავთ, არსს, მხოლოდ ეს იქნება უკვე განუყოფელი და განუწილველი, ესე იგი, დასაბამიერი არსი, რომელიც მოიცავს ყოველივე დანარჩენს, თვითონ კი არაფრით არაა მოცული. სწორედ ეს ითქმის სამყაროს სულზე. კი მაგრამ, ჩვენს სულზე რაღას ვიტყვით? დრო მასშიცაა? დრო სამყაროს სულშია და, შესაბამისად, ყველა ცალკეულ სულშიც, რადგანაც ყველანი ერთ სულსა ქმნიან. ამიტომაცაა, რომ დრო არ ნაწევრდება მათში, ისევე, როგორც არ ნაწევრდება მარადისობა მისივე რანგის სხვა არსთა შორის, რომელნიც მას შეიცავენ. …
დაამატა Kakha to ფილოსოფია at 9:29pm on თებერვალი 23, 2014
პოსტი: თუ გაგებუტე, იმას ნუ იტყვი გულს უხარია შენი სიშორე

      სიყვარული-ო, რა მშვენიერი და ამაღლებულია ეს გრძნობა. მე მჯერა სიყვარულის, მაგრამ ცარიელი სიყვარულის არ მწამს, რომელიც მხოლოდ უაზროდ ლაქლაქებს და…

დაამატა შორენა კენჭოშვილი at 6:12pm on ნოემბერი 15, 2012
პოსტი: ღამემ იქადაგა

      იღვიძებს საქართველო, მაგრამ მგონი ისევ ძილი ჯობდა. ღამეს კი არც უძინია თურმე და არც ბევრისთვის მიუცია ძილის უფლება. თავისი და იმ სხვათა უძილობის…

დაამატა natia at 7:17pm on ივლისი 7, 2015
პოსტი: კვირის ლიტურგიის ფიქრები

      ცხადია, იმის მტკიცება, რომ ბიბლია ცხოვრების წიგნია, ბორბლის თავიდან გამოგონებას ჰგავს. უბრალოდ, თუკი დღეს, კიდევ, სადმე (იქნებ დარჩნენ ასეთებიც)…

დაამატა ლაშა at 5:01pm on მაისი 28, 2017
  • 1
  • ...
  • 17
  • 18
  • 19
  • 20
  • 21
  • 22
  • 23
  • ...
  • 72

Welcome to
Qwelly

რეგისტრაცია
ან შესვლა

ღონისძიებები

  • დაამატე ღონისძიება

ბლოგ პოსტები

MMoexp: Steps to Unlock Arcane Surge in Path of Exile 2

გამოაქვეყნა Karmasaylor_მ.
თარიღი: ივნისი 10, 2025.
საათი: 5:59am 0 კომენტარი 0 მოწონება

POE 2 Currency continues to build on the rich legacy of its predecessor, offering players a multitude of skills and strategies to explore. Among the many abilities available, Arcane Surge stands out as a crucial support skill for spellcasting classes. This article will guide you through the process of acquiring and utilizing Arcane Surge effectively to enhance your gameplay experience.

Arcane Surge is a powerful support skill…

გაგრძელება

MMOexp College Football 26 Coins: Starter Bundles Help New Players Quickly

გამოაქვეყნა Tesioao_მ.
თარიღი: ივნისი 10, 2025.
საათი: 5:54am 0 კომენტარი 0 მოწონება

The buzz surrounding College Football 26 (CFB 26) has only intensified in recent weeks, and one of the game’s most talked‑about elements is the Coins system—its in‑game currency. This virtual coin economy powers key modes like Campus Ultimate Team and Road to Glory, and EA continues to College Football 26 Coins update and enhance how players earn, spend, and value Coins as kickoff approaches. Here’s a deep dive into the…

გაგრძელება

Lamine Yamal

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: ივნისი 6, 2025.
საათი: 3:30am 0 კომენტარი 0 მოწონება

In the world of soccer, wherever expertise frequently emerges within the unlikeliest of places, Lamine Yamal stands out for a beacon of prodigious talent and boundless opportunity. The young star has captured the imagination of enthusiasts and pundits alike, with performances that defy his many years. At just 16 a long time aged, Yamal is currently earning waves inside the sport—a testament to his incredible skill and devotion.



Early Lifetime and Background…



გაგრძელება

How They Operate, And Why They Subject for Employers

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: აპრილი 26, 2025.
საათი: 2:30pm 0 კომენტარი 0 მოწონება







In the present earth, history checks are getting to be a regular part of the selecting method, tenant screening, and in some cases volunteer variety. From verifying work historical past to examining felony information, qualifications check providers give vital insights into somebody's heritage. In the following paragraphs, we’ll include the kinds of track record checks, how they perform, and why They are really critical for each companies and people.



What exactly…

გაგრძელება
  • დამატება დღიურში
  • ყველა

Qwelly World

free counters

TOP.GE

© 2025   George.   • Ning - platform for social network creation and community website building

პანაღია  |  პრობლემის აღმოჩენისას!  |  Terms of Service

საუბრის დაწყება!