ძიება
  • რეგისტრაცია
  • შესვლა

Qwelly

ძიების შედეგები - ფსიქოლოგიური

თემა: სიღრმის ფსიქოლოგია და მისი განვითარება
ეობა უპირისპირდება ყველა იმ თეორიულ სისტემას, რომელიც ფსიქოლოგიის საგანს ცნობიერებით შემოფარგლავს. სიღრმის ფსიქოლოგიის უშუალო კვლევის საგანს არაცნობიერი ფსიქიკა შეადგენს. მაგრამ არაცნობიერი შეისწავლება ფართო კონტექსტში, პიროვნების ფუნქციონირებასთან დაკავშირებით. ამდენად, იგი პოროვნების კატეგორიასაც განიხილავს, ოღონდ იმ როლის თვალსაზრისით, რომელსაც მასში არაცნობიერი სფერო თამაშობს. სიღრმის ფსიქოლოგიაში არაცნობიერი ფსიქიკისა და პიროვნების პრობლემები ორგანულად არის დაკავშირებული ერთმანეთთან. ამ მიმდინარეობის ცენტრალური მოძღვრება ფროიდის ფსიქოანალიზია. მას მიკუთვნება აგრეთვე ადლერის ინდივიდუალური ფსიქოლოგია და იუნგის ანალიზური ფსიქოლოგია.       ზიგმუნდ ფროიდი (1856-1939) დაიბადა ავსტრია-უნგრეთის პროვინცია მორავიაში, ქალაქ ფრაიბერგში, ხელმოკლე ებრაელი კომერსანტის მრავალშვილიან ოჯახში. 1873 წელს იგი შევიდა ვენის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტზე. აქვე მიიღო მედიცინის დოქტორის ხარისხი (1881). უნივერსიტეტში სწავლის პარალელურად, ფროიდი მუშაობდა ვენის ფიზიოლოგიის ინსტიტუტში გამოჩენილ მეცნიერთან, ერნსტ ბრიუკესთან, რომელიც ფიზიოლოგიაში ე.წ. ფიზიკო-ქიმიური სკოლის ერთ-ერთ ფუძემდებელად ითვლება. მისგან ფროიდმა მკაცრი დეტერმინიზმის იდეა შეითვისა. უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ ფროიდმა კერძო საექიმო პრაქტიკას მოჰკიდა ხელი. სწორედ ამ პრაქტიკამ მიიყვანა იგი თავის მეცნიერულ შეხედულებებამდე. ფსიქოანალიზს, როგორც თეორიულ სისტემას, კლინიკური მონაცემები უდევს საფუძვლად. გარდა ამისა, ფსიქოანალიზის სახელით არის ცნობილი ფროიდის მიერ შემუშავებული ფსიქოთერაპიულ მეთოდიც. მას ფსიქოანალიზის ავტორი მეცნიერული კვლევის მეთოდად განიხილავდა და მთელი სიცოცხლე აქტიურად იყენებდა. ფროიდის სამკურნალო პრაქტიკა უაღრესად ფართო იყო. აღიარების მოპოვების მერე მასთან მთელი მსოფლიოდან ჩამოდიოდნენ პაციენტები. 1938 წელს, ავსტრიის გერმანიასთან მიერთების შემდეგ, ფროიდის სიცოცხლეს საფრთხე შეექმნა. ფროიდს ძალიან არ სურდა დაეტოვებინა ვენა, მაგრამ მისი და ოჯახის უსაფრთხოების მიზნით იგი იძულებული გახდა ემიგრაციაში წასულიყო და, საბოლოოდ, საკმაოდ დიდი სირთულეების გადალახვის შემდეგ, ლონდონში დასახლდა. ფროიდი ერთ წელიწადში გარდაიცვალა პირის ღრუს კიბოთი, რომლის გავრცელების შესაჩერებლად, 1923 წლიდან მოყოლებული, 33 ოპერაცია გადაიტანა და რომელმაც მას განუზომელი ფიზიკური ტანჯვა მიაყენა.       მეცხრამეტე საუკუნის ოთხმოციანი წლების მეორე ნახევარში ფროიდი ორჯერ ეწვია საფრანგეთს. იგი გადიოდა სტაჟირებას შარკოსთან პარიზის სალპეტრიელის კლინიკაში და შემდეგ ბერნჰეიმთან ნანსიში. აქ იგი დარწმუნდა, რომ არსებობს ე.წ. ფუნქცონალური დაავადებები (მაგ., ისტერია), რომელთათვისაც დამახასიათებელია მოძრაობის, აღქმის, მეტყველების, მეხსიერების ან სეკრეტორული სახის დარღვევები. ამ დარღვევებს არ გააჩნია რეალური ორგანული საფუძველი; ისინი ფსიქო-ტრავმატული სიტუაციებით გამოწვეული ფსიქოფიზიოლოგიური რეაქციები ან მათ ფრაგმენტებია. ტიპურ შემთხვევად შეიძლება ჩაითვალოს გამუდმებული მენსტრუალური ციკლის მქონე პაციენტი ქალის მაგალითი, რომელსაც ქმარი არ უყვარდა და მასთან გაყრის შემდეგ ეს სიმპტომი გაუქრა. აღმოჩნდა, რომ ფუნქციონალური დარღვევების სიმპტომების მოხსნა შესაძლებელია ფსიქოთერაპიის მეშვეობით. გამოჩენილი ფრანგი ნევროპათოლოგები მ. შარკო, ი. ბერნჰეიმი, ა. ლიებო, პ. ჟანე და ვენელი ექიმი ი. ბრეიერი, რომელსაც ფროიდი იმ ხანებში დაუახლოვდა, ამ შემთხვევებში იყენებდნენ ჰიპნოზის ტექნიკას. ავადმყოფს ჰიპნოტურ მდგომარეობაში ალაპარაკებდნენ იმ ვითარების შესახებ, რომელიც მისი დაავადების მიზეზი გახდა. როდესაც ამ მოგონებებს მწვავე ემოციური რეაქცია მოჰყვება, ხდება სიმპტომების მთლიანი ან ნაწილობრივი მოხსნა, ანუ კათარზისი. ფროიდის თქმით, “ისტერიულ ავადმყოფებს აწუხებთ მოგონებები. მათი ჩივილები წარმოადგენს გარკვეული ტრავმული განცდების შესახებ მოგონებების ნარჩენებს ან სიმპტომებს”. როგორც წესი, ავადმყოფებისთვის უცნობია პათოგენური გამოვლინებების რეალური მიზეზი და წყარო. ნორმალურ მდგომარეობაში, პათოგენური სცენები და მათი კავშირი სიმპტომებთან ავადმყოფის ცნობიერებიდან განდევნილია. ჰიპნოზური გახსენება ტრავმული განცდების ნარჩენების (სიმპტომების) მოხსნას იწვევს. ასეთ დასკვნამდე მივიდნენ ფროიდი და ბრეიერი 1895 წელს ერთობლივად გამოქვეყნებულ წიგნში ისტერიის შესახებ, რომელიც ფსიქოანალიზის საწყის პუნქტად არის მიჩნეული.       ძალიან მალე ფროიდი წყვეტს ურთიერთობას ბრეიერთან. მათი პოზიციების დაშორება ფროიდის მიერ ნევროზის ბუნების სექსუალიზაციაში გამოიხატა. იდეა სექსუალური მომენტის შესაძლო მნიშვნელობის შესახებ ნევროზის ეტიოლოგიაში ფროდმა პირველად შარკოსაგან მოისმინა. ის ვარაუდის სახით იყო გამოთქმული, მაგრამ ფროიდმა ამ მომენტს უპირველესი მნიშვნელობა მიანიჭა. თვით ფროიდი თავისი მოძღვრების პანსექსუალიზმს ემპირიული ფაქტებით ამართლებდა; ფსიქოანალიტიკურ პრაქტიკაში, რომელიც ასოციაციების, სიზმრების, შემცდარი მოქმედებების და ა.შ. ანალიზს გულისხმობდა, იგი ნევროტული დაავადების ძირითადი მიზეზის როლში სექსუალურ სფეროსთან დაკავშირებულ მოვლენებს აწყდებოდა. ამგვარი ტრავმების სიხშირე აღნიშნული სფეროს განსაკუთრებულ მნიშვნელობაზე მიუთითებს.       ხსენებულ ფსიქოანალიტიკურ მეთოდებს ფროიდმა მას მერე მიმართა, რაც დარწმუნდა ჰიპნოზის არეფექტურობაში. კათარზისი ღრმა ჰიპნოტურ მდგომარეობას გულისხმობს, რომლის მიღწევა ყოველთვის არ ხერხდება. მეტიც, ზოგიერთი პიროვნება სულაც არ ექვემდებარება ჰიპნოზს. ყველაზე რთულ შემთხვევებში ჰიპნოზი არ მუშაობდა, იგი ვერ სძლევდა პაციენტის წინააღმდეგობას. ფროიდის წინ მთელი სიმწვავით დადგა ერთი შეხედვით სრულიად გადაუჭრელი ამოცანა - არაჰიპნოტურ, ჩვეულებრივ მდგომარეობაში მყოფი პაციენტისაგან გაეგო ის, რაც თვით ავადმყოფმაც არ იცოდა. აშკარა იყო, რომ არსებობდა რაღაც ძალები, რომლებიც წინააღმდეგობას უწევდნენ მოგონებას. ამ წინააღმდეგობის იდეაზე ააგო ფროიდმა ფსიქოთერაპიის თავისი გაგება: პაციენტის გამოჯანმრთელებისთვის საჭიროა მოიხსნას ეს წინააღმდეგობა. განკურნების მექანიზმი, თავის მხრივ, მიგვანიშნებს დაავადების პროცესზე. დაავადებას სწორედ ის ძალები იწვევს, რომლებიც ახლა ეწინააღმდეგებიან ტრავმული შინაარსის მოგონებას; მათ განდევნეს ცნობიერებიდან შესაბამისი პათოგენური განცდები. ნევროზის ჩამოყალიბებაში უმთავრესი განდევნის მექანიზმია.       ფროიდის ფსიქოთერაპიული ტექნიკა თანდათანობით იხვეწებოდა და, საბოლოოდ, ე.წ. თავისუფალი ასოციაციის მეთოდის სახე მიიღო. პაციენტს აწვენენ ტახტზე და სთხოვენ მიჰყვეს ასოციაციების დინებას, გულწრფელად ილაპარაკოს ყველაფერზე, რაც სპონტანურად მოუვა თავში, ყოველგვარი კონტროლისა და კრიტიკულობის გარეშე ვერბალიზებული შინაარსის მიმართ. მიღებულ მასალას ფროიდი ფსიქოანალიზის მადანს უწოდებდა. აუცილებელია მისი გადამუშავება, ინტერპრეტაცია, ვინაიდან წინააღმდეგობის გამო აზრი ან წარმოდგენა, რომელიც სიმპტომს გამოხატავს, მახინჯდება, მისი სხვა აზრით შენიღბვა ხდება. შენიღბული აზრი განდევნილი აზრის შემცვლელია. რაც მეტია წინააღმდეგობა, მით მეტია დამახინჯება. ამასთან, შენიღბულ აზრს ყოველთვის გააჩნია რაღაც მსგავსება საძიებელ პათოგენურ აზრთან, რაც შესაძლებელს ხდის ამ უკანასკნელის აღდგენას ანალიზის გზით. თავისუფალ ასოციაციებში ამოტივტივებული შემთხვევითი აზრი ან წარმოდგენა სინამდვილეში არ არის შემთხვევითი; იგი დაკავშირებულია განდევნილ შინაარსთან მინიშნების, გადაკრული სიტყვის წესით. ამ კავშირების ანალიზს, მათ გაშიფრვას ფროიდი მაშინ იწყებდა, როდესაც ასოციაციურ ექსპერიმენტში თავს იჩენდა სხვადასხვა სახის გართულება (პაციენტი იბნევა, ენა ებმის, იმეორებს ერთ და იმავე სიტყვას, ჩივის, რომ რაღაცას ვერ იხსენებს, ან სულაც უარს ამბობს სეანსის გაგრძელებაზე და ა.შ.). მას მიაჩნდა, რომ ამ შემთხვევაში ავადმყოფი გაუცნობიერებლად, თავისდაუნებურად ეწინააღმდეგება რაღაც საიდუმლო აზრებს ან სურვილებს. სწორედ აქ ეძებდა ფროიდი იმ ძაფის ბოლოს, რომელსაც შეეძლო მიეყვანა ცნობიერებიდან განდევნილ და აკრძალულ შინაარსებთან.       უკვე ითქვა, რომ ასოციაციურ ექსპერიმენტში ესა თუ ის გამონათქვამი მიანიშნებს ნევროტულ, დაფარულ აზრზე. მინიშნების ეს მექანიზმი ნორმაშიც მოქმედებს და ყოველდღიური ცხოვრების ბევრ მოვლენაში იჩენს თავს, მაგალითად, ანეკდოტებში, ხუმრობებში და ა.შ. ამ საკითხის ფროიდისეული ანალიზის ილუსტრაციას შემდეგი მაგალითი იძლევა: ორი არცთუ კეთილსინდისიერი საქმოსანი საეჭვო გზებით დიდი ქონების მფლობელნი გახდნენ. მათ გაუჩნდათ სურვილი მაღალ საზოგადოებაში მოხვედრილიყვნენ. ამისთვის ცნობილ მხატვარს დაუკვეთეს თავისი პორტრეტები და მოაწყვეს დიდი წვეულება. სტუმრებს შორის იყო სახელგანთქმული კრიტიკოსი, რომელიც მიიყვანეს კედელთან, სადაც პორტრეტები ერთმანეთის გვერდით ეკიდა. კრიტიკოსმა დიდხანს უყურა მათ, მერე მიუთითა სივრცეზე პორტრეტებს შორის და იკითხა, მაცხოვარი სად არისო? კრიტიკოსს უნდოდა ეთქვა: თქვენ ორი ყაჩაღი ხართ იმათ მსგავსად, რომელთა შორისაც ჯვარცმული მაცხოვარი ეკიდა. მაგრამ ამის ნაცვლად კრიტიკოსი ისეთ ფრაზას წარმოთქვამს, რასაც ერთი შეხედვით კავშირი არა აქვს სიტუაციასთან, თუმცა ჩვენ მაშინვე ვხვდებით მის მინიშნებას. ეს მინიშნება ჭეშმარიტი აზრის “შემცვლელია”. აზრის შენიღბვის მოტივირება, მექანიზმი აქ ისეთივეა, როგორც თავისუფალი ასოციაციების დროს. რატომ არ ითქვა სათქმელი პირდაპირ? იმიტომ, რომ მოცემულ სიტუაციაში ეს არცთუ უსაფრთხო იყო.       იგივე მექანიზმი მოქმედებს სიზმარშიც. ამიტომ სიზმრების ინტერპრეტაცია ფსიქოანალიზის ერთ-ერთი ძირითადი მეთოდია. ფროიდი განასხვავებს სიზმრის ღია ტექსტს ანუ მანიფესტურ სახეს, ფასადს და მის დაფარულ, შენიღბულ, ლატენტურ აზრს. ამ უკანასკნელს ის სურვილები და ტენდენციები შეადგენს, რომლებსაც ადამიანი საკუთარ თავსაც არ უმხელს, რომლებიც მისთვის აბსოლუტურად მიუღებელია. ასეთი აზრები, ჩვეულებრივ, ძლიერ წინააღმდეგობას აწყდებიან და ღვიძილში საერთოდ ვერ ამოდიან ცნობიერებაში. მაგრამ ძილში, როდესაც ცნობიერების კონტროლი შესუსტებულია, ანუ ნაკლები წინააღმდეგობის პირობებში, მათ საშუალება ეძლევა თავი იჩინონ სიზმრისეულ ცნობიერებაში, ოღონდ სახეშეცლილი, შენიღბული, სიმბოლური სახით, ვინაიდან გარკვეული კონტროლი და ცენზურა ძილშიც შენარჩუნეულია. ამიტომ საჭირო ხდება მათი გაშიფრვა, ინტერპრეტაცია, რასაც ფსიქოანალიტიკოსი აკეთებს მათი რეალური მნიშვნელობის გამოსავლენად. სიმბოლიზაციის აზრი, რასაც ფროიდი “სიზმრების სამუშაოს” უწოდებს, სიზმრის ნამდვილი შინაარსის შენიღბვაშია. ფსიქოანალიტიკურ ინტერპრეტაციას საწინააღმდეგო მიმართულება აქვს - მან ფარდა უნდა ახადოს საიდუმლო მნიშვნელობას. ფროიდის მიხედვით, სიმბოლოები, რითაც არაცნობიერი სარგებლობს, საკმაოდ ტიპურია, მდგრადია და მათი ცოდნა საშუალებას გვაძლევს, აღმოვაჩინოთ შენიღბული და განდევნილი ტენდენციები; მათ ძალიან ხშირად სექსუალური ხასიათი აქვთ. ფროიდის რწმენით, სიზმრისეული მასალა არაცნობიერის სექსუალიზაციას უეჭველად ადასტურებს. აქედან გამომდინარე, ამ სფეროსთან დაკავშირებული სიმბოლიკა განსაკუთრებით მდიდარი და მრავალფეროვანია.       სიზმარს ხედავენ როგორც ავადმყოფური, ისე ჯანმრთელი ფსიქიკის მქონე ადამიანები. ორივე შემთხვევაში მათი აღმოცენებისა და მოქმედების პრინციპები ერთი და იგივეა - განდევნა, სახეცვლილება, კომპრომისული შინაარსის შექმნა და ა.შ., რაც არაცნობიერი და ცნობიერი სისტემების დაპირისპირების შედეგია. ყოველივე ეს, ფროიდის თქმით, იმაზე მეტყველებს, რომ ფსიქოანალიზი არა არის დამხმარე მეცნიერება ფსიქოთერაპიის სფეროში; ის საერთოდ ფსიქიკის შესახებ მოძღვრებაა.       ამაზე მიუთითებს ისეთი სულიერი მოვლენების ანალიზიც, რომლებსაც, როგორც წესი, არ ანიჭებენ რაიმე მნიშვნელობას, მაგრამ რომელთა შესწავლა ფსიქოანალიტიკური კვლევის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია. ესაა ყოველგვარი სახის შეცდომითი მოქმედება, რომელიც მრავლად გვხვდება ყოველდღიურ ცხოვრებაში: წამოცდენები, წერითი ან კითხვითი შეცდომები, განზრახვის ან რაიმე კარგად ნაცნობის დავიწყება (მაგ., სიტყვების, სახელების), საგნების დაკარგვა, დამტვრევა და სხვა. ამას, ჩვეულებრივ, შემთხვევითობით, გულმავიწყობით, უყურადღებობით ხსნიან და გამორიცხავენ მათ ფსიქოლოგიურ დეტერმინაციას. ასევე, სრულებით არ ექცევა ყურადღება იმ ჟესტებს, მოძრაობებს, აქტებს, რომლებსაც მათი შემსრულებელი შეიძლება ვერც ამჩნევდეს: ხელში საგნების ტრიალი, რომელიმე მელოდიის გაუთავებელი ღიღინი ან ფრაზის აკვიატებული ჩურჩული და სხვა. სინამდვილეში ასეთი გამოვლინებები სრულიად კონკრეტული ფსიქოლოგიური მნიშვნელობის მტარებელია და ხშირად ისეთი იმპულსებისა და ზრახვების არსებობაზე მიუთითებს, რომლებიც ადამიანებმა საკუთარ ცნობიერებას უნდა დაუმალონ. მათი მეშვეობით ადამიანი ამჟღავნებს თავის საიდუმლოს, ხვაშიადს, სატკივარს, დაფარულ სურვილს. ამიტომ, ასოციაციებისა და სიზმრების მსაგავსად, საჭიროა მათი ინტერპრეტაცია. ამან, შესაძლოა, განდევნილ შინაარსთან, მისი ნამდვილი სახის ნათელყოფასთან მიგვიყვანოს და, რამდენადაც ეს საერთოდ შესაძლებელია, არაცნობიერში ჩაგვახედოს.       ფსიქოანალიტიკური მკურნალობის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი შემადგენელია ე.წ. გადატანა (ტრანსფერი). ფსიქოანალიზის პროცესში ხელახლა აღმოცენდება პაციენტის გარკვეული განცდები, მაგრამ არა მოგონებების, არამედ ფსიქოანალიტიკოსისადმი აქტუალური ემოციური დამოკიდებულების სახით. ფსიქოანალიზის მსვლელობაში პაციენტში იღვიძებს წარსულის გრძნობები, ლტოლვები, ფანტაზიები, შიშები, რომლებიც ოდესღაც მისთვის მნიშვნელოვან ადამიანებს, უპირატესად მშობლებს უკავშირდებოდა. ხდება მათი გადატანა ფსიქოანალიტიკოსის პიროვნებაზე, რომლის მიმართ დადებითი ან უარყოფითი ემოციური დამოკიდებულების ინტენსივობა შეიძლება ვარირებდეს ვნებიანი შეყვარებულობიდან და აღტაცებიდან უკიდურეს მიუღებლობამდე და სიძულვილამდე. ხშირად ეს ემოცია ამბივალენტური ხასიათისაა. რბილ ფორმაში მიმდინარე გადატანამ შეიძლება გააძლიეროს ექიმის გავლენა და ხელი შეუწყოს ანალიტიკურ მუშაობას. მაგრამ, ძლიერ ფორმებში გამოხატული, იგი პაციენტის წინააღმდეგობის წყარო ხდება, აბრკოლებს ასოციაციების აღმოცენებას და ხელს უშლის მკურნალობას.       გადატანის ფენომენის არსებობა ფროიდმა მისი ფსიქოთერაპიული პრაქტიკის დასაწყისშივე შეამჩნია. თავდაპირველად ტრანსფერი ცალსახად უარყოფით ფაქტორად განიხილებოდა. თანდათანაობით ამ მოვლენის გააზრება შეიცვალა და, საბოლოოდ, გადატანა მიჩნეულ იქნა ფსიქოანალიტიკური მკურნალობის აუცილებელ და უმნიშვნელოვანეს მდგენელად. ის, რისი გახსენებაც არ შეუძლია ავადმყოფს თავისი განვლილი გრძნობადი ცხოვრებიდან, თავიდან განიცდება ანალიტიკოსთან მიმართებაში და ნათელს ფენს მის დათრგუნულ მისწრაფებებს. ტრანსფერი გზას გვიხსნის პაციენტის არაცნობიერში დამალული გრძნობებისკენ, დღის სინათლეზე გამოაქვს პათოგენური მასალა; მოკლედ, აკეთებს არსებითად იგივეს, რასაც ასოციაციები და სიზმრები. დიაგნოსტიკური ფუნქციის გარდა, ტრანსფერი წმინდა თერაპიულ დატვირთვასაც იძენს. ფროიდის თანახმად, გადატანის დროს ანალიტიკოსს საქმე აქვს არა პაციენტის წინანდელ ავადმყოფობასთან, არამედ ახლადშექმნილ და გადასხვაფერებულ ნევროზთან, რომელმაც პირველი შეცვალა. ამ ხელოვნურად შექმნილი ნევროზის, ე.წ. “გადატანის ნევროზის” გადალახვა ნიშნავს თერაპიული ამოცანის შესრულებას, ანუ ავადმყოფობისაგან განთავისუფლებას, რომლის მკურნალობაც დაიწყო ფსიქოანალიტიკოსმა. ეს ასეა, ვინაიდან ადამიანი, რომელიც გარდაიქმნა ექიმთან მიმართებში და განთავისუფლდა განდევნილი ლტოლვების მოქმედებისაგან, შინაგანი არაცნობიერი ტვირთისაგან, ასეთად დარჩება ყოველდღიურ ცხოვრებაში, იმის მერეც, რაც ექიმი და პაციენტი ერთმანეთს დასცილდებიან. აქ მთავარია დროზე დადგინდეს გადატანის ნევროზი, ანუ მოხდეს პაციენტის დარწმუნება იმაში, რომ მისი გრძნობები ანალიტიკოსისადმი არის მისი ცხოვრების და ფსიქიკური ჯანმრთელობისთვის ხიფათის შემცველი ილუზია, წარსული განცდის არაწორად გადამისამართება.       თავისუფალი ასოციაციების, სიზმრების, შეცდომითი მოქმედებების ანალიზი და ტრანსფერი ფსიქოანალიტიკური ტექნიკის მდგენელებია, რომლებიც ერთნაირად მიესადაგება ავადმყოფური და ნორმალური ფსიქიკის თავისებურებურებათა გამოვლენის ამოცანას.       ამ განზოგადებამდე ფროიდი თანდათან მივიდა. პირველ ეტაპზე იგი ნევროზის მკურნალობით შემოიფარგლებოდა (1895-1905). ამ პერიოდში შექმნილ ნაშრომებს შორის აღსანიშნავია: “სიზმრების ახსნა” (1900), “ყოველდღიური ცხოვრების ფსიქოპათოლოგია” (1901), “გონებამახვილობა და მისი კავშირი არაცნობიერთან” (1905), “სამი ნარკვევი სექსუალობის თეორიაში” (1905). 1902 წელს ყალიბდება ფსიქოანალიზით დაინტერესებულ პირთა ჯგუფი, რომელშიც შედიან ექიმები, მწერლები, ხელოვნების მოღვაწენი. ფსიქოანალიზი თანდათან ძალას იკრებს.       თეორიულ პლანში ფროიდი შემდეგი პრინციპებიდან ამოდის. ფსიქიკა არ ამოიწურება ცნობიერებით. უფრო მეტიც, ფსიქიკა აისბერგს წააგავს, რომლის მხოლოდ ზედა, მცირე ნაწილია ცნობიერება, ხოლო უმეტესი ნაწილი არაცნობიერის სიღრმეებშია ჩაძირული. ფსიქოანალიზს არაცნობიერი ფსიქიკის არსებობის შესახებ ფაქტობრივი და თეორიული არგუმენტები გააჩნია. პირველ ყოვლისა, ეს თვით ფსიქოანალიტიკური პრაქტიკაა. ვინაიდან ის წარმატებულია და არაცნობიერის დაშვებაზეა დაფუძნებული, მაშასადამე, არაცნობიერის არსებობა ეჭვს არ უნდა იწვევდეს. არაცნობიერი ფსიქიკური პროცესისთვის შინაარსისა და საზრისის მონახვა გარდაქმნის ცნობიერებას (კურნავს მას). შესაბამისად, აქ ჩართული მოვლენები და პროცესები (ჰიპნოზი, ასოციაცია, სიზმარი, შეცდომითი მოქმედებები) არაცნობიერზე პირდაპირ მიმანიშნებელ ფაქტებად განიხილება.       არსებობს თეორიული არგუმენტებიც. პირველ რიგში ესაა თეზისი ფსიქიკის უწყვეტობის შესახებ, რაც არაცნობიერის არსებობის დასამტკიცებლად ჯერ კიდევ ლაიბნიცი მიუთითებდა: ცნობიერებაში არსებული ხარვეზები (ცნობიერების დროებითი გაქრობა) იმის მანიშნებელია, რომ ფსიქიკური ცხოვრება ასეთ შემთხვევაში არაცნობიერ ფორმაში მიმდინარეობს. მნიშვნელოვანია აგრეთვე თეზისი ფსიქიკურის ფსიქიკურით დეტერმინირებულობის თაობაზე; მასაც მივყავართ არაცნობიერის დაშვებამდე, ვინაიდან ცნობიერებამ ხშირად არ იცის იმის შესახებ, თუ რატომ ან როგორ წარმოიქმნება მისი შინაარსები. არაცნობიერი ფსიქიკური გასაგებს ხდის ცნობიერი პროცესების ურთიერთკავშირს და ცნობიერების შინაარსების ურთიერთგამომდინარეობას. დებულებები ადამიანის ფსიქიკური სამყაროს დიდი მოცულობისა და ცნობიერების ველის შეზღუდულობის შესახებ ასევე ემყარება არაცნობიერი ფსიქიკური რეალობის დაშვებას.       საზოგადოდ, ფსიქიკურ სინამდვილეში სამი სფერო გამოიყოფა: 1. ცნობიერება, რომელიც განცდადობის ნიშნით ხასიათდება; 2. წინაცნობიერი ფსიქიკა, რომელიც ამჟამად არ იმყოფება ცნობიერებაში, მაგრამ მასთან ახლოს არის და ადვილად, სერიოზული წინააღმდეგობების გარეშე შეუძლია შეაღწიოს ცნობიერების ველში, ე.ი. მას აქვს ცნობიერად ქცევის უნარი; სხვაგვარად რომ ვთქვათ, ეს არის ლატენტური არაცნობიერი, ან პოტენციური ცნობიერი. წინაცნობიერი შეიცავს მთელ გამოცდილებას, რომელიც ამჟამად ცნობიერებაში არ იმყოფება 3. არაცნობიერი - ესაა ცნობიერებიდან განდევნილი ლტოლვები, წარმოდგენები, გრძნობები, რომლებიც ტკივილს აყენებენ და საფრთხეს უქმნიან ცნობიერებას; ამ მიზეზის გამო ისინი ვერასოდეს შეაღწევენ ცნობიერებაში თავისი ბუნებრივი სახით. ეს შეიძლება მოახერხოს მხოლოდ მათმა შენიღბულმა წარმომადგენელმა.       როგორიც არ უნდა იყოს არაცნობიერში მოცემული შინაარსი და მისი იქ მოხვედრის ისტორია, მას აქვს ცნობიერებაში და ქცევაში გამოვლენის ტენდენცია. არაცნობიერი დინამიკური ბუნებისაა; ფსიქოანალიზს დინამიკურ ფსიქოლოგიასაც უწოდებენ. აქედან გამომდინარე, არ არის სწორი არაცნობიერის წარმოდგენა ერთგვარი ფსიქიკური საპყრობილეს სახით, რომელშიც ცნობიერების რეპრესირებული შინაარსებია გამომწყდეული. ასეთი ინტერპრეტაციისას (რაც, სხვათა შორის, არცთუ იშვიათია) იჩრდილება არაცნობიერის დინამიკური ხასიათი, რაც ფროიდის თეორიის ერთ-ერთი მთავარი მომენტია. დათრგუნვა დინამიკური მოქმედებაა და არა სამუდამო გამოკეტვა ფსიქიკის სიღრმეებში. დათრგუნული აზრები და ლტოლვები აქტიურად ცხოვრობენ და გარკვეული სახით ვლინდებიან ნევროტულ სიმპტომებში, სიზმრებში, ფსიქიკურ შეცდომებში თუ სუბლიმირებულ ქცევებში.       ფსიქიკური სტრუქტურა დაფუძნებულია ტენდენციების კონფლიქტზე. ერთი მხრივ ეს არის მისწრაფებები, რომელთაც წინააღმდეგობას უწევს მეორე ძალა - ცენზურა. მისი გავლენით ხდება სურვილების განდევნა არაცნობიერში, რომელიც მათი ადგილსამყოფელია. ფსიქიკის ამ სტრუქტურული ფენიდან ისინი პერიოდულად გამოდიან ცნობიერებაში და ქცევაში, ოღონდ არა ნატურალური, არამედ სახეშეცლილი, სიმბოლური და სუბლიმირებული ფორმით. ამ უკანასკნელ შემთხვევაში ხდება ფსიქიკური ენერგიის განტვირთვა და მისი გადართვა პიროვნებისა და საზოგადოებისთვის მისაღებ ქცევებში, მაგალითად შემოქმედებაში, მეცნიერულ ან პოლიტიკურ მოღვაწეობაში. როგორც ვხედავთ, ფროიდი ახდენს ნევროზებისთვის შექმნილი შეხედულების განზოგადებას ადამიანის ყოველგვარ მოქმედებაზე, ე.ი. მას ზოგადფსიქოლოგიურ ხასიათს ანიჭებს.       თავისი განვითარების მეორე ეტაპზე (1905-1920) ფსიქოანალიზი თანდათან ვრცელდება და საერთაშორისო აღიარებას აღწევს. 1907 წელს იქმნება ვენის ფსიქოანალიტიკური საზოგადოება, ხოლო 1910 წელს - ფსიქოანალიტიკოსთა საერთაშორისო ასოციაცია. 1909 წელს ს. ჰოლის მიწვევით ფროიდი მიემგზავრება შეერთებულ შტატებში ლექციების წასაკითხად; ამერიკა ეცნობა ფსიქოანალიზს. სულ მალე ამერიკაშიც და ევროპის სხვადასხვა ქვეყნაშიც იქმნება ფსიქოანალიზის საზოგადოებები. ამავე დროს იწყება ფროიდის შეხედულებების კრიტიკაც. მას განუდგნენ უახლოესი და ყველაზე გავლენიანი თანამზრახველები, ა. ადლერი და კ. იუნგი. მათ სიღრმის ფსიქოლოგიის საკუთარი, ერთმანეთთან დაპირისპირებული მიმართულებები შექმნეს. ფსიქოანალიზის პიონერთა შორის ასევე უნდა აღინიშნოს კარლ აბრაჰამი, ოტო რანკი, ერნსტ ჯონსი, შანდორ ფერენცი, ჰანს საქსი.       განვითარების მესამე ეტაპზე (1920-1939) ფროიდის შეხედულებებმა სერიოზული ცვლილება განიცადეს. ეს აისახა ამ პერიოდის მრავალ შრომაში, რომელთა შორის შეიძლება გამოიყოს “ფსიქოანალიზის შესავალი ლექციები” (1920) და მისი გაგრძელება (1933), “სიამოვნების პრინციპის მიღმა” (1920), “მე და იგი” (1923), “ერთი ილუზიის მომავალი” (1927), “ცივილიზაცია და მის მიმართ უკმაყოფილება” (1930), “ფსიქოანალიზის ნარკვევი” (1939). ცვლილებები უმთავრესად შეეხო ფროიდის მოსაზრებებს ლტოლვაზე და პიროვნების სტრუქტურაზე; ამავე დროს მოძღვრება გავრცელდა სოციალურ და კულტურულ სფეროზე. რაც შეეხება პიროვნების სტრუქტურას, ის განიხილება როგორც სამი დონის წარმონაქმნის ერთიანობა - იდი (იგი), ეგო (“მე”) და სუპერ-ეგო (ზე-”მე”). იდში თავმოყრილია ჩვენი ლტოლვები, რომელთაც ბიოლოგიური ძირი აქვთ. იდი ყოველთვის არაცნობიერია; ესაა პრიმიტიული ინსტინქტებისა და ირაციონალური ძალების ქაოტური თარეშის სფერო. ერთადერთი პრინციპი, რომლითაც ეს პრიმიტიული ლტოლვები ხელმძღვანელობენ - სიამოვნების პრინციპია. იდის სამყაროსთვის უცხოა რაიმე ღირებულება, სიკეთე თუ ბოროტება, ყოველგვარი მორალი; მისთვის არ არსებობს აზროვნების ლოგიკური კანონები, იგი უგრძნობია შეუსაბამობებისა და წინააღმდეგობების მიმართ. იდი არის მომთხოვნი, იმპულსური, ბრმა, ირაციონალური, ასოციალური, ეგოისტური და უაღრესად ჰედონისტური. მის განკარგულებაშია ორი მექანიზმი, რომლითაც ხდება დაძაბულობის განტვირთვა. ესაა რეფლექტორული მოქმედება და პირველადი პროცესი. რეფლექტორული მოქმედება თანდაყოლილი ავტომატური რეაქციაა (ხველება, ცემინება, ცრემლდენა და სხვა), რომელიც მომენტალურ განტვირთვას იძლევა. თუ ეს არ ხდება, ჩაირთვება ე.წ. პირველადი პროცესი. ამ შემთხვევაში იქმნება მოთხოვნილების დაკმაყოფილებასთან ასოცირებული ობიექტის წარმოდგენა და სურვილი კმაყოფილდება ფანტაზიაში. ნორმალურ ადამიანთან პირველადი პროცესის მაგალითია სიზმარი, ფსიქოზით დაავადებულთან - ჰალუცინაცია.       იდი ორგანიზმში ენერგეტიკის ერთადერთი წყაროა. პიროვნების ყველა სტრუქტურა, ასე თუ ისე, მისი ენერგიით საზრდოობს და მას უკავშირდება. ეს პირველ რიგში ეხება ეგოს. ეგოს ფუნქცია მდგომარეობს იდის სურვილების დაკმაყოფილებაში რეალობის გათვალისწინებით და რეალობასთან მიმართებაში. ეგო რეალობის პრინციპით ხემძღვანელობს. ამ პრინციპის შესაბამისად, ეგო, საჭიროებისამებრ, აბრკოლებს იდის ენერგიის განტვირთვას, მიმართავს მას სხვა არხში ან აწესრიგებს მის თანდათანობით ხარჯვას. ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, თუ რის საშუალებას იძლევა რეალური ვითარება, რამდენად ხელმისაწვდომია ლტოლვის საგანი. აქედან გამომდინარე, ეგო ასახავს სინამდვილეს, აანალიზებს მას და ახორციელებს ქცევის რეგულაციას. მის განკარგულებაშია მოტორული აპარატი და პერცეპტურ-კოგნიტური ფუნქციები, რომელთაც ფროიდი მეორად პროცესს უწოდებს. ამ სტრუქტურის მეშვეობით, სინამდვილის მონაცემებისა და იდის მოთხოვნების გათვალისწინებით იგეგმება და სრულდება ქცევა. ეგო სწორედ იდის სასარგებლოდ იღებს ამ ფუნქციას; წინააღმდეგ შემთხვევაში იდი, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ სიამოვნების მიღების წყურვილით არის შეპყრობილი, რეალობასთან შეჯახებისას აუცილებლად განადგურდებოდა. ამასთან, იდი მუდამ ცდილობს დაიმორჩილოს ეგო. პიროვნების ამ ორი სტრუქტურული ფენის ურთიერთმიმართებას ფროიდი ადარებს ცხენისა და მხედრის ურთიერთობას. მოძრაობის ენერგია ცხენიდან მომდინარეობს (იდი), მხედრის ფუნქცია მისი მართვაა (ეგო). მაგრამ ზოგჯერ მათ ურთიერთობაში ნაკლებ იდილიური სურათი იხატება, როცა მხედარი იძულებული ხდება ცხენი იქით გააჭენოს, საითაც მას მოესურვება.       სუპერ-ეგო მორალის პრინციპებით ხელმძღვანელობს. ესაა საზოგადოებრივი ნორმების, წესების, აკრძალვების სისტემა, რომელიც გაშინაგნებული, ინტერიორიზირებულია პიროვნების მიერ და მოქმედებს როგორც კრიტიკოსი, ცენზორი. ამით სუპერ-ეგო მოზრდილ ადამიანში იმ როლის შესრულებას განაგრძობს, რომელსაც ასრულებდნენ მშობლები თუ აღმზრდელები მისი სიცოცხლის ადრეულ პერიოდში. გარდა იმისა, რომ სუპერეგო პიროვნებაში, ასე ვთქვათ, სინდისის ადგილსამყოფელია, ის მე-იდეალის მატარებელიცაა, რომელთან მიმართებაში ეგო აფასებს და სრულყოფს თავის თავს. ფროიდი აღნიშნავს, რომ სუპერ-ეგოში მოცემულია მუდმივი სწრაფვა სრულყოფისკენ. ის განასახიერებს ყველა იმ წარმოდგენას ადამიანის საუკეთესო და ამაღლებული მხარეების შესახებ, რაც ფსიქოლოგიურად პიროვნებაში შეიძლება იყოს მოცემული. სუპერ-ეგო, ამავე დროს, მკაცრი ზნეობრივი მსაჯულია.       პიროვნების სტრუქტურის ამ სამ წარმონაქმნს თუ კომპონენტს თავისი საკუთარი ინტერესი ამოძრავებს. ვისაც მეტი ძალა აღმოაჩნდება, ის იმარჯვებს. ადვილი დასანახია, რომ იდისა და სუპერ-ეგოს ინტერესები ერთმანეთის საწინააღმდეგოდ არის მიმართული, მათ შორის შეურიგებელი დაპირისპირება და მუდმივი კონფლიქტია. ორივე მათგანი ეგოს ურთიერთგამომრიცხავ მოთხოვნებს უყენებს და სჯის მას ერთი მხრივ დაუკმაყოფილებელი სურვილების მძაფრი განცდით (იდი) და, მეორე მხრივ, სინდისის ქეჯნისა და არასრულყოფილების მტკივნეული გრძნობით (სუპერეგო). საერთოდ ეგო სამი სახის მუქარის წინაშე დგას და, შესაბამისად, სამი სახის შიში ან შფოთვა ახასიათებს: რეალისტური, ნევროტული და მორალური. რეალისტური შფოთვა პასუხია რეალური სამყაროს რეალურ საფრთხეებზე. ნევროტული შფოთვა ემოციური პასუხია იმ მოსალოდნელ საფრთხეებზე, რომელსაც ეგოს უქმნის იდის უკონტროლო სურვილები. მორალური შფოთვა დაკავშირებულია სუპერ-ეგოს სინდისთან და ვლინდება, ქეჯნის, სირცხვილისა და დანაშაულის გრძნობებში. შფოთვის აღკვეთას ან შემცირებას ეგო სპეციალური დაცვითი მექანიზმებით ცდილობს. ისინი არაცნობიერად მოქმედებენ და მიმართული არიან აღქმული რეალობის უარყოფაზე ან დამახინჯებაზე. მთავარი დაცვითი მექანიზმი არის განდევნა, რაც გულისხმობს შემაწუხებელი აზრებისა და იმპულსების გატანას ცნობიერების ფარგლებს გარეთ. განდევნა ენერგიის დიდ ხარჯვას მოითხოვს და საგრძნობლად ზღუდავს მის რეალიზაციას განვითარებასა და შემოქმედებაზე მიმართულ ქცევებში. ძლიერი ფსიქიკური თავდაცვა ძვირად უჯდება ადამიანს. სრული და საბოლოო განდევნის მიღწევა საკმაოდ რთულია, ამიტომ მიუღებელი ტენდენციები ცნობიერებას პერიოდულად ახსენებს თავს სიზმრებისა და სხვადასხვა შეცდომითი მოქმედებების სახით.       როდესაც განდევნა გართულებულია ან არაეფექტური, საქმეში ერთვება სხვა დაცვითი მექანიზმები. ერთ-ერთი ასეთი მექანიზმია პროექცია, რომელიც იმაში მდგომარეობს, რომ ინდივიდი თავის არასასურველ აზრებს, სურვილებსა თუ ქცევებს სხვას მიაწერს (გამოცდაზე ჩაჭრილი სტუდენტი თავის წარუმატებლობას იმას აბრალებს, რომ პროფესორმა ეს თემა ლექციაზე არ ახსნა, ან არაობიექტურად ჩაატარა გამოკითხვა). დაცვის შემდეგი მექანიზმებია: ჩანაცვლება - იდის იმპულსების მიმართვა უფრო მისაწვდომ, ან ნაკლებ სახიფათო ობიექტებზე (ბავშვი, რომელიც მშობლებმა გააბრაზეს, ჯავრს იყრის თავის დაზე, ძაღლზე ან სათამაშოზე); უარყოფა - სახიფათო ან ტრავმული რეალობის აღიარებაზე უარის თქმა, მისი უგულვებელყოფა (განწირული ავადმყოფი უბრალოდ თვალს ხუჭავს სინამდვილეზე, არ უშვებს სწრაფი აღსასრულის შესაძლებლობას); რეგრესია - ფსიქიკური ცხოვრების უფრო ადრეული, უსაფრთხო და სასიამოვნო ფორმებისკენ მიბრუნება (მოზრდილ ადამიანში ისეთი ქცევების გაჩენა, რომლებიც ბედნიერ ბავშვობასთაა ასოცირებული); რაციონალიზაცია - წარუმატებელი ან მიუღებელი ქცევის გამართლება მოგონილი მოსაზრებებით ან მისი სოციალურად მისაღები ინტერპრეტაცია (სამსახური, საიდანაც გაგვაგდეს, არ ვარგოდა).       ზემოთ უკვე ვახსენეთ ე.წ. სუბლიმაცია, რომელიც აგრეთვე დაცვით მექანიზმს წარმოადგენს. ეს მექანიზმი განსაკუთრებულია თავისი სოციალური მნიშვნელობით და არსებითად განსხვავდება დანარჩენებისაგან იმით, რომ არ გულისხმობს პირდაპირი წინააღმდეგობის გაწევას იდის ინსტინქტური იმპულსებისადმი. ამ იმპულსებიდან წამოსული ენერგია სხვა, სოციალურად მისაღებ და სასარგებლო არხებში მიიმართება. ქირურგის, ყასბის ან მოკრივის საქმიანობა შეიძლება სადისტური (აგრესიული) იმპულსების სუბლიმაციას ნიშნავდეს, მასტურბაციასთან დაკავშირებული შფოთი შეიძლება მოიხსნას სათანადო ენერგიის სპორტულ ქცევაში სუბლიმირების გზით და ა.შ.       ფროიდის შეხედულება მოტივაციაზე აშკარად ბიოლოგისტურია. იგი არც განასხვავებს ინსტინქტისა და ლტოლვის ცნებებს. ცხოვრებაში ორი რამ არის მთავარი: მე-ს და სახეობის შენარჩუნება. მათ შეესაბამება მე-ს ლტოლვები (შიმშილი, წყურვილი და სხვა) და სექსუალური ლტოლვები. თავისი კონცეფციის განვითარების ბოლო პერიოდში ფროიდმა შეცვალა კლასიფიკაცია და გამოყო სიცოცხლისა (ეროსი) და სიკვდილის (თანატოსი) ინსტინქტები. ეს უკანასკნელი აგრესიული, დესტრუქციული ქმედების საფუძველია და ემყარება არაცოცხალ მდგომარეობაში დაბრუნების ჰიპოთეტურ ტენდენციას. ფროიდის აზრით, ორგანული სამყაროსათვის დამახასიათებელია არა მხოლოდ ზრდისა და ცვალებადობის ტენდენცია, არამედ გამეორების, აღდგენის, სტატუს-კვოს შენარჩუნების ტენდენციაც. აქედან გამომდინარე, ყველა ლტოლვა წინანდელი გაწონასწორებული მდგომარეობის აღდგენისკენ მიისწრაფის; მაშასადამე, ნებისმიერი ცოცხალი არსება, საბოლოო ანგარიშით, ცდილობს დაუბრუნდეს თავის საწყის ე.ი. არაორგანულ მდგომარეობას. ეს ინდივიდის მოტივაციურ ბუნებაშია ჩაწერილი სათანადო ტენდენციის - სიკვდილის ინსტინქტის სახით. წამება, ნგრევა, ომები აქედან იღებენ სათავეს. ეროსსა და თანატოსს შორის უპირატესობა მაინც ეროსს ენიჭება. ესაა არსებითად სქესობრივი ლტოლვა, ანუ ფროიდის ტერმინოლოგიით, ლიბიდოს ენერგია.       ლიბიდო სათავეს სხვადასხვა ორგანული წყაროებიდან მომდინარე ენერგეტიკული ნაკადულებიდან იღებს და მოგვიანებით სინთეზირდება ერთიან, მძლავრ ენერგეტიკულ ნაკადად. აქ ლაპარაკია სხვადასხვა სახის სიამოვნებაზე, რასაც ორგანიზმი სხეულის ამა თუ იმ ნაწილიდან იღებს; მათ ეროგენული ზონები ეწოდება. ეროსის ძირითადი მიზანი ორგანული სიამოვნების მიღებაა. ამრიგად, სხეულის სხვადასხვა ნაწილებისთვის დამახასიათებელი ტენდენციები წარმოქმნიან და აკუმულირებას უკეთებენ ენერგიას, რომლის განტვირთვა სიამოვნებას იწვევს. ფროიდის მოტივაციური თეორია ლტოლვის რედუქციის თეორიაა. ის ჰომეოსტატურია და ჰედონისტური. ამავე დროს, ის, უდავოდ, პანსექსუალურია, ვინაიდან სიამოვნება, რომელზეც ფროიდი ლაპარაკობს ფართო მნიშვნელობით, სექსუალური ხასიათისაა. პირველადი და ძირეული ლტოლვა სექსუალურია. ამ ლტოლვის გენეზისზე, ანუ იმაზე, თუ რა სახით ჩამოყალიბდება იგი ბავშვობის ასაკში, დამოკიდებულია ადამიანის ფსიქიკის არსებითი ნიშნები: ხასიათის ტიპი, სექსუალური მიდრეკილებები, გადახრები, ნევროზები და ა.შ.       როგორც აღინიშნა, თავდაპირველად ლიბიდო ან სექსუალური ლტოლვა რთული შემადგენლობისაა და მოიცავს სხვადასხვა ეროგენული ზონიდან მომდინარე სიამოვნებას. ამასთან, ფსიქოსექსუალური განვითარების პირველ პერიოდში, რომელიც დაახლოებით ექვს წლამდე გრძელდება, გამოიყოფა რამდენიმე ფაზა; ისინი განსხვავებული ეროგენული ზონის დომინირებით ხასიათდებიან. ეს ზონებია ორალური, ანალური და ფალოსური. ორალურ სტადიაზე (1,5 წლამდე) ლიბიდოს დაკმაყოფილება პირის ღრუსთან დაკავშირებული კონტაქტებით ხდება - წოვა, კბენა, ღეჭვა. ანალურ სტადიაზე (1,5 - 3წ.) ლიბიდონალური სიამოვნების ძირითად წყაროდ ანალური ზონა იქცევა და ფეკალური მასის განდევნა-შეკავების პროცესებს უკავშირდება. ფალოსურ სტადიაზე (3 - 6წ.) ბავშვის ინტერესები ცენტრირდება სასქესო ორგანოებით მანიპულირებაზე. თანდათანობით იწყება გენიტალიური ზონის გაბატონების პროცესი. იგი სრულდება ონტოგენეტური განვითარების მეორე პერიოდში ანუ გარდამავალ ასაკში. ცალკეული სექსუალური ინსტინქტი დაექვემდებარება გენიტალიურ ზონას, რის შედეგადაც მთელი ლიბიდონალური ენერგია მიიმართება გამრავლების ფუნქციისკენ. ამაში მდგომარეობს ფსიქოსექსუალური განვითარების პირველი ხაზი. ვინაიდან ეროსის განვითარების პირველ ეტაპზე დაკმაყოფილება საკუთარი სხეულის სხვადასხვა ზონების გაღიზიანებით მიიღწევა, მას აუტოეროტიზმის ეტაპი ეწოდება. ფსიქოსექსუალური განვითარების მეორე ხაზი აუტოეროტიზმის დაძლევასა და ადეკვატური ობიექტის არჩევაში მდგომარეობს. ნორმალური ცხოვრებისას ეროსი სხვა ადამიანებზე უნდა იყოს მიმართული. ლიბიდოს ტრანსფორმაციას ამ კუთხით განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. ლიბიდოს პირველი ობიექტი შეიძლება მხოლოდ მშობელი იყოს. ბიჭისთვის ეს დედაა. შესაბამისად, მასში ყალიბდება მამისადმი ეჭვიანი და მტრული დამოკიდებულება. გოგონასთან ყველაფერი პირიქითაა. ამ დრამატულ სიტუაციას, რომელიც ონტოგენეტური განვითარების ფალოსურ სტადიზე ვითარდება, ფროიდი ოიდიპოსის და ელექტრას კომპლექსს უწოდებს. მორალური წნეხის ქვეშ ეს კომპლექსი აუცილებლად განიდევნება ცნობიერებიდან, მაგრამ არაცნობიერისა და, მთლიანად, პიროვნების ფორმირების თვალსაზრისით, მისი მოქმედება ძალზე მნიშვნელოვანი და ხანგრძლივია. ფროიდი ფიქრობს, რომ ეს კომპლექსი და მისი დაძლევის რაგვარობა უპირატეს როლს ასრულებს ნევროზის ჩამოყალიბებაში. გარდა ამისა, აქ ხდება პიროვნების ძირითადი ღერძის, მისი სუპერ-ეგოს ფორმირება. ამას განაპირობებს იდენტიფიკაციის მექანიზმი. ბავშვი თავს აიგივებს მეტოქე მშობელთან (ბიჭი მამასთან, გოგო დედასთან) და ითვისებს მშობლების ღირებულებების სისტემას. იდენტიფიკაციის პროცესი განსაზღვრავს აგრეთვე გენდერულ იდენტურობას - მამაკაცებისადმი ან ქალებისადმი მიკუთვნებულობის განცდას. ამ კომპლექსის გადალახვის შემდეგ დგება ლატენტური ფაზა, ხოლო ფსიქოსექსუალური განვითარების მეორე პერიოდში ლიბიდოს ენერგია საბოლოოდ პოულობს შესატყვის და მისაღებ გარე ობიექტს.       პიროვნების ხასიათობრივი ნიშნები და ნევროტული გამოვლინებები ძირითადად იმაზეა დამოკიდებული, თუ როგორ გაიარა მან ფსიქოსექსუალური განვითარების გზა. ხასიათიც და ნევროზიც განიხილება, როგორც ამა თუ იმ სტადიისთვის დამახასიათებელი რეაქციების გადმონაშთი. ფროიდის თანახმად, განვითარების ყოველი ახალი ეტაპი იწვევს ფრუსტრაციას (წინარე სურვილებისა და მოქმედებების ბლოკირება), რასაც შეიძლება ხანგრძლივი და სერიოზული შედეგები მოჰყვეს. ამ შემთხვევაში ხდება ფიქსაცია ერთ-ერთ სტადიაზე, რაც მისთვის დამახასიათებელი ქცევებისა და განცდების გაბატონებაში გამოიხატება. მაგალითად, ორალურ სტადიაზე ფიქსაცია საფუძველს უქმნის ისეთ ჩვევებს, როგორიცაა ფრჩხილების კვნეტა ან მოწევა, აჩენს მიდრეკილებას ბევრი ჭამისკენ, სმისკენ, ლაპარაკისკენ. იმის მიხედვით, თუ ამ სტადიის რომელ ფაზაზე ხდება ფიქსაცია (კბილების ამოსვლამდე, ე.ი. ორალურ-პასიური და კბილების ამოსვლის მერე, ე.ი. ორალურ-აგრესიული) ფორმირდება სხვადასხვა ორალური ხასიათი. პირველ შემთხვევაში - კეთილმოსურნე, პასიური, მიმნდობი, დამოკიდებული; მეორეში - აგრესიული, ცინიკური, დომინირებული. ანალურ სტადიაზე კონფლიქტი და ფიქსაცია დაკავშირებულია ტუალეტთან მიჩვევის აუცილებლობსთან, რასაც ბავშვის მხრიდან შეიძლება მოჰყვეს სათანადო აქტივობის გაძლიერბა ან შეკავება. შესაბამისად, ამ სტადიაზე ფიქსაცია ორი ტიპის ანალურ ხასიათს იძლევა: ანალურ-გამოდევნითს - ჯიუტი, შფოთიანი, ექსტრავაგანტური, ფეთხუმი, ან ანალურ-შეკავებითს - სისუფთავის მოყვარული, ორგანიზებული, პუნქტუალური, ძუნწი. ფალოსურ და შემდგომ გენიტალიურ სტადიაზე ფიქსაციის შედეგია მოზრდილი ინდივიდის სექსზე ცენტირებულობა, სექსუალური გადახრები და, საზოგადოდ, ამ სფეროსთან დაკავშირებული ფსიქიკური და ქცევითი პრობლემები.       ფროიდი თვლის, რომ ონტოგენეტური განვითარების აღწერილი ფაზები ფსიქიკის ფილოგენეტური განვითარების პარალელურია. ყოველი ინდივიდუალური ბავშვი, ასე თუ ისე, მოკლედ იმეორებს ადამიანთა მოდგმის განვითარების ისტორიას. ძუძუმწოვარა ბავშვი მხოლოდ იდია. ეგო და სუპერეგო მერე ჩნდება. ასეთივე ვითარებაა პირველყოფილ ჯოგში. სოციალური ორგანიზაციის ამ სტადიაზე ინდივიდს არა აქვს შინაგანი კონფლიქტები, მაგრამ არსებობს გარეგანი კონფლიქტი - ინდივიდებს შორის. აქ დამკვიდრებულია მკაცრი მამის მამაკაცური სურვილების აბსოლუტური ტირანია, გამეფებულია მამის შიში. როდესაც კონფლიქტი აპოგეას აღწევს, შვილები ერთიანდებიან და კლავენ მამას. ამავე დროს მათ ესმით, რომ მომავალში იგივე საშიშროება ელოდებათ თავიანთი შვილებისაგან, ამიტომ კრძალავენ ურთიერთმკვლელობას და ინცესტს (სისხლის აღრევას). ასე წარმოიქმნება ტაბუები (აკრძალვები) და მორალური წესები. ამასთან ერთად ჩნდება მამის მკვლელობასთან დაკავშირებული მასობრივი დანაშაულის გრძნობა, რომელიც რელიგიის განვითარების ბიძგს წარმოადგენს; მამა - ღმერთის პროტოტიპია, ხოლო მამის მკვლელობის დანაშაული - პირველი ცოდვა. მაშასადამე, “ოიდიპოსის კომპლექსში მოცემულია დასაწყისი რელიგიისა, ზნეობისა, საზოგადოებისა და ხელოვნებისა”. საზოგადოება ეფუძნება დანაშაულში თანამონაწილეობას, რელიგია - დანაშაულის ცნობიერებას და მონანიებას, ზნეობა იმავეს, რასაც რელიგია და, გარდა ამისა, საზოგადოების მოთხოვნილებებს. საზოგადოების განვითარების კვალდაკვალ მატულობს აკრძალვები, რაც ლიბიდონალური ლტოლვების განდევნას იწვევს. ამით არაცნობიერი იდის სფერო ენერგიით ივსება. იდის ნაწილი გარდაიქმნება ეგოდ და წარმოიქმნება სუპერ-ეგო, რომელშიც საზოგადოებრივი ნორმებია გაშინაგნებული და რომელიც შემდგომი სოციალური და ფსიქოლოგიური განვითარების მნიშვნელოვან მამოძრავებელ ძალად იქცევა.       ცივილიზაციის ეტაპზე ინდივიდის მდგომარეობა უფრო რთულდება. პოლიგამიის ინსტიტუტის არსებობისას, თავისუფალი სქესობრივი მოქმედების პირობებში, პირველყოფილი ადამიანი ლიბიდონალური ენერგიის განტვირთვის მხრივ ძლიერ შეზღუდული არ იყო. მას არ სჭირდებოდა თავისი სექსუალური ენერგიის არასექსუალურ მოქმედებაზე გადატანა. ცივილიზაცია, რომელსაც ახასიათებს მონოგამია, სუპერ-ეგოს გაძლიერება და ა.შ., აიძულებს ინდივიდს მოძებნოს სხვა არხები ლიბიდონალური ენერგიის განტვირთვისათვის. იწყება ძლიერი სუბლიმაცია. ფროიდის თქმით, სუბლიმაცია კულტურის განვითარების თვისებაა. ამიტომ თამაშობს ესოდენ დიდ როლს კულტურულ ცხოვრებაში ადამიანის მოღვაწეობის ისეთი ფორმები, როგორიცაა მეცნიერება, ხელოვნება, იდეოლოგია და სხვა. შეზღუდვები სულ უფრო იზრდება და სუბლიმაციის შესაძლებლობაც თანდათან კლებულობს. სრულფასოვანი, სწორი სუბლიმაციის შეუძლებლობის შემთხევევაში ადამიანი ნევროტული ხდება; ლიბიდო თავის გამოსავალს ნევროტულ სიმპტომებში პოულობს. ცივილიზაციის პროგრესი ეროსთან ერთად თანატოსსაც განდევნის. აგრესიულობა, მკვლელობა ბუნებრივია პირველყოფილი მდგომარეობისთვის. ომი სიკვდილის ინსტიქტის გამოვლენის საუკეთესო საშუალებას იძლევა. მაშასადამე, ომი ბიოლოგიურად არის დეტერმინირებული. ძალადობის ყოველგვარი გამოვლინება, განსაკუთრებით კი მისი მასობრივი ფორმები, არის ამ ინსტინქტის ამბოხი სუპერ-ეგოსა და ცივილიზებული საზოგადოების შემაკავებელი ზემოქმედების წინააღმდეგ.       ამრიგად, კულტურისა და პიროვნების მიმართება ფსიქოანალიზში ორმხრივადაა დანახული. ერთი მხრივ, ცივილიზაცია და მისი შემადგენელი კულტურა თრგუნავს ინდივიდის ბუნებას, იწვევს მის ნევროტიზაციას. მეორე მხრივ, სუბლიმაციის გზით იგი სტიმულირებას უკეთებს პოზიტიურ, შემოქმედებით საქმიანობას. ადამიანისთვის შინაგნად დამახასიათებელი აგრესიულობისა და დესტრუქციულობის შეკავებისა და რეგულაციის თვალსაზრისით ცივილიზაციის საშუალებები საკმაოდ შეზღუდულია.       ფროიდის სისტემა ფსიქოლოგიის ისტორიაში ყველაზე ინტენსიური განხილვის საგანი გახდა. ფსიქოანალიზის განსხვავებულ შეფასებათა შინაარსი და სიმძაფრე ბევრად არის დამოკიდებული იმაზე, თუ ფსიქოლოგიის რომელ მიმდინარეობას მიეკუთვნება ინტერპრეტატორი. ჰუმანიტარული ტიპის ფსიქოლოგიის ამა თუ იმ მიმართულების მკვლევართათვის საზოგადოდ მიუღებელია ფროიდის სისტემის მკვეთრად გამოხატული მექანიცისტური, ბიოლოგისტური, რედუქციონისტული, ჰედონისტური ხასიათი. ძლიერ პროტესტს იწვევს ფროიდის მიერ ადამიანის ბუნების შავბნელ ტონებში წარმოდგენა, რომ ადამიანი ეგოისტური, მხოლოდ სიამოვნებაზე მიმართული, აგრესიული, კონფლიქტური არსებაა. ცხადია, ასეთ დახასიათებას ვერ მიიღებენ ისინი, ვინც ფიქრობენ, რომ ადამიანის ბუნება პრინციპულად დადებითია ან, უკიდურეს შემთხვევაში, ნეიტრალური. ფროიდის მიხედვით, ადამიანი ირაციონალური არსებაა, იგი წარიმართება არაკონტროლირებადი, არაცნობიერი ძალებით. ისეთ შეხედულებებში, სადაც ადამიანი წარმოდგენილია რაციონალურ, გონიერ არსებად, რომელსაც ხელში უჭირავს ქცევის სადავეები, ნებისმიერად და ცნობიერად წარმართავს თავის ცხოვრებას, თვითონ ძერწავს საკუთარ თავს, ფროიდის კონცეფცია მკაცრ კრიტიკას იმსახურებს. ფროიდი ამოდის ავადმყოფობიდან და აქ დადასტურებულ მოვლენებს ნორმაზე ავრცელებს. მკვლევართა ნაწილისათვის, ვისი ინტერესიც კონცენტრირებულია ადამიანის სრულყოფილ, ჯამრთელ და შემოქმედებით ფუნქციონირებაზე, ასეთი მიდგომა ან სრულიად მიუღებელი ან არასაკმარისია. ფროიდი თვლის, რომ პიროვნების ძირითადი სტრუქტურა ადრეულ ბავშვობაში ყალიბდება და უცვლელად რჩება ცხოვრების განმავლობაში. იმ კონცეფციებში, სადაც ხაზი ესმება პიროვნების განუწყვეტელი ცვალებადობისა და განვითარების პრინციპს, ასეთი შეხედულება ნამდვილად ვერ იქნება შეწყნარებული. ფროიდის მიხედვით, ადამიანში გადამწყვეტ როლს მისი წარსული თამაშობს. ჰუმანიტარული პარადიგმით გაერთიანებული თეორიებში განსაკუთრებული მნიშვნელობა ადამიანის აწმყოსა და მომავალს მიეწერება. ფროიდის მოტივაციის თეორია ჰომეოსტატურია, ჰედონისტური და, ძირითადად, სექსუალურ მოთხოვნილებებზე დაფუძნებული, რაც, ცხადია, ვერ ამოწურავს ადამიანის მოთხოვნილებათა ფართო სპექტრს. ეს შეხედულება მძაფრ წინააღმდეგობას აწყდება იმათი მხრიდან, ვინც არასაკმარისად მიიჩნევს ადამიანის მოტივაციის დაყვანას დაძაბულობის მოხსნის, წონასწორობის აღდგენის ან სიამოვნების მიღების პრინციპებზე და ვინც ყურადღებას ამახვილებს პიროვნული ზრდის, თვითრეალიზაციისა და თვითაქტუალიზაციის ტენდენციებზე. იგივე ითქმის იმ მკვლევარებზე, ვინც მოტივთა მრავლიანობის იდეიდან ამოდის და დაუშვებლად მიიჩნევს მოტივაციური სფეროს შეზღუდვას ერთი, მით უფრო სექსუალური მოთხოვნილებით.       ყველა ეს მოსაზრება სერიოზულია და საფუძვლიანი. ამავე დროს გასათვალისწინებელია, რომ ფროიდის შეხედულებები უმთავრესად იმიტომ არის მიუღებელი, რომ ფსიქოანალიზში მათი აბსოლუტიზაცია ხდება; ისინი უკიდურესი პოზიციის სახითაა ფორმულირებული. ეს არ ნიშნავს, რომ ამ შეხედულებებში გამოთქმული იდეები მთლიანად და ხელაღებით უარსაყოფია. არც საწინააღმდეგო თვალსაზრისის აბსოლუტიზაცია მოიტანს სიკეთეს, რადგან ეს მეორე უკიდურესობა იქნება. ასეა, მაგალითად, მაშინ, როდესაც ადამიანის შინაგანი ბუნება აღიწერება, როგორც ცალსახად დადებითი და კეთილი. ფროიდისეული სიკვდილის ინსტინქტი იქნებ ფანტაზიის სფეროსაც მიეკუთვნება, მაგრამ იმ მოსაზრების სასარგებლოდ, რომ აგრესიულობა ადამიანის თანდაყოლილი ბუნების ნაწილია და მას გარკვეული ბიოლოგიური ფესვები აქვს, სერიოზული თეორიული და ემპირიული არგუმენტები არსებობს. იგივე ითქმის სხვა პოზიციების შესახებაც. ადამიანის, როგორც მომავალზე ორიენტირებული არსების ხატი, სავსებით მისაღებია; ისიც ნათელია, რომ არც წარსულის მნიშვნელობის უარყოფა შეიძლება, რაზეც ფროიდი ამახვილებს ყურადღებას. ადამიანი, შესაძლოა, მთელი ცხოვრების განმავლობაში ვითარდება, მაგრამ ბევრი ძირეული სტრუქტურა მართლაც ბავშვობის პერიოდში ფიქსირდება. ანალოგიურად, ადამიანში ცნობიერი და რაციონალური მომენტის ხაზგასმა მართებულია, მაგრამ ამის გამო არაცნობიერი და, თუნდაც, ირაციონალური მომენტის უგულვებელყოფა საბედისწერო შეცდომა იქნება. გამართულ თეორიაში ფსიქიკური ცხოვრების არც ერთი ასპექტის ჰიპერტროფირება არ უნდა ხდებოდეს. იქაც, სადაც ფროიდის მიმართ ყველაზე სერიოზული და სამართლიანი კრიტიკაა გამოთქმული (მხედველობაში გვაქვს მისი მოძღვრების პანსექსუალიზმი), არსებითად იგივე ლოგიკა მოქმედებს. ადამიანის ყოვლისმომცველი სექსუალიზაცია, ცხადია, მიუღებელია. მაგრამ სამართლიანი არ იქნება ფროიდის ღვაწლის შეუფასებლობა სექსუალური მომენტის გათვალისწინებაში, რომელიც მანამდე სრულიად იგნორირებული ან მიჩუმათებული იყო.       გამოთქმულია ძალიან ბევრი შენიშვნა ფსიქოანალიზის მეცნიერულ სტატუსთან დაკავშირებით. ფროიდი საერთოდ არ თვლიდა საჭიროდ თავისი თეორიის დებულებების შემოწმებას ობიექტური მეცნიერული პროცედურებით და ამტკიცებდა, რომ კლინიკური დაკვირვებები სრულიად საკმარისია, რადგან ისინი მთლიანად და უეჭველად ადასტურებენ ამ დებულებათა ჭეშმარიტებას. ფსიქოანალიზის ფარგლებში წარმოებული დაკვირვებების ხარისხი და მეცნიერული სანდოობა საფუძვლიან ეჭვს იწვევს. ცნობილია, რომ ფროიდი საკმაოდ ხშირად ამახინჯებდა დაკვირვებებს და იყენებდა შთამაგონებელ პროცედურებს. პაციენტები ფსიქოანალიტიკოსზე მიჯაჭვულები ხდებოდნენ და შეგნებულად თუ შეუგნებლად “აწვდიდნენ” მას “საჭირო” ინფორმაციას. ფროიდის არასდროს აკეთებდა ზუსტ ჩანაწერებს სეანსის მსვლელობაში; ეს მოგვიანებით ხდებოდა, მეხსიერებაზე დაყრდნობით, ხშირად საკმაოდ დიდი დროითი ინტერვალის მერე. ასეთი მონაცემების სანდოობა ძალიან სათუოა, მითუმეტეს თუ გავითვალისწინებთ თვით ფსიქოანალიზის შეხედულებას დამახსოვრებისა და დავიწყების შესახებ, რომლის თანახმად ადამიანი მისთვის სასურველს იმახსოვრებს და იმას ივიწყებს, რაც მის სურვილებს ეწინააღმდეგება.       ფროიდს მტკიცედ სწამდა, რომ ფსიქოანალიზის უეჭველ დადასტურებას მისი თერაპიული წარმატებულობა წარმოადგენს. იგი ამბობდა, რომ მხოლოდ და მხოლოდ ფსიქოანალიზს შეუძლია ნევროზის რეალური მოხსნა, რადგან მხოლოდ ის აღმოაჩენს ფსიქიკის სიღრმეში არსებულ სურვილებსა და აზრებს, რომლებიც ნევროზის სიმპტომებს შეესაბამება. არაცნობიერი ტენდენციების გამოვლენის კვალდაკვალ სიმპტომები ქრება და ბოლოს ნევროზიც იკურნება. სხვა ფსიქოთერაპევტები, ფროიდის აზრით, აღწევენ მხოლოდ ნაწილობრივ და დროებით ეფექტს, ვინაიდან ვერ სწვდებიან ნევროზის ნამდვილ მიზეზს და მხოლოდ შთაგონების გზით აღწევენ მდგომარეობის უმნიშვნელო გაუმჯობესებას.       აქ უნდა ითქვას, რომ პაციენტის მდგომარეობის გაუმჯობესება თერაპიის შემდეგ უთუოდ თეორიის სისწორეზე კი არ მიუთითებს, არამედ მხოლოდ იმაზე, რომ პაციენტისა და თერაპევტის ურთიერთობაში, მათ საუბრებში რაღაცა ეფექტური აღმოჩნდა. ზოგადად თუ ვიმსჯელებთ, შეიძლება კითხვის ნიშნის ქვეშ დადგეს, რამდენად მართებულია თეორიის ჭეშმარიტების მტკიცება პრაქტიკის წარმატებაზე დაყრდნობით? აბსოლუტურ პრინციპად და კრიტერიუმად ეს, ცხადია, ვერ გამოდგება. ეფექტური მოქმედება შეიძლება მცდარ თეორიას ეფუძნებოდეს. ბოლოს და ბოლოს, ძველი მეზღვაურები წარმატებით მოგზაურობდნენ პტოლემეოსის ასტრონომიულ სისტემაზე დაყრდნობით. მაგრამ, თუ მაინც დავუშვებთ, რომ გამოჯანმრთელება ერთმნიშვნელოვნად დამოკიდებულია ქვემდებარე თეორიის დასაბუთებულობაზე (იგულისხმება, რომ თერაპიის სხვა სისტემები დაუსაბუთებულია და, მაშასადამე, არაეფექტური), ფსიქოანალიზის წარმატების პროცენტი მეტი უნდა იყოს, ვიდრე სხვა სახის ფსიქოთერაპიისა, რაც სრულებით არ შეეფერება სინამდვილეს.       აკადემიურმა ფსიქოლოგიამ არ ირწმუნა ფროიდის არგუმენტები და შეეცადა ფსიქოანალიზის სერიოზული ვერიფიკაცია მოეხდინა. ამ სისტემის პრაქტიკულად ყველა მნიშვნელოვანი დებულება ემპირიული, ექსპერიმენტული შემოწმების საგანი გახდა. ამ მიმართულებით ასეულობით გამოკვლევაა შესრულებული. მიუხედავად ამისა, სურათი ბოლომდე ნათელი არ არის. სპეციალისტების ნაწილი თვლის, რომ ზოგიერთმა პოსტულატმა შემოწმებას გაუძლო. მაგრამ ექსპერტების უმრავლესობას მიაჩნია, რომ ფსიქოანალიზმა ვერ მოიპოვა ემპირიული დასაბუთება. ეს ეხება თეორიის საყრდენ ცნებებს და კონსტრუქტებს (განდევნა, ოიდიპოსის კომპლექსი, სიკვდილის ინსტინქტი, ხასიათის ტიპოლოგია, სიზმრების კონცეფცია და სხვა). თუ ფსიქოანალიზის პოსტულატებიდან ზოგი რამ დასტურდება კიდეც, მათ ნამდვილად ვერ ვუწოდებთ უნივერსალურ და ზოგად კანონებს, როგორც ფროიდი ფიქრობს. ფროიდი სრულიად გაუმართლებელ განზოგადოებებს მიმართავდა. იგი ამოდიოდა კერძო, უნიკალური ფსიქოანალიტიკური გამოცდილებიდან და მას ადამიანის მთელი ბუნების მომცველი ზოგადი კანონზომიერების სახით წარმოაჩენდა. მაგალითად, მას შემდეგ, რაც მოახდინა თავისი ბავშვობისდროინდელი მოგონებების ფაბრიკაცია დედის მიმართ სექსუალური სწრაფვისა და მამის მიმართ ეჭვიანობისა და სიძულვილის თაობაზე, ფროიდმა დაასკვნა, რომ საქმე აქვს უნივერსალურ გამოცდილებასთან - ოიდიპოსის კომპლექსთან. ოიდიპოსის კომპლექსის უნივერსალობის წინააღმდეგ, სხვებთან ერთად, თუნდაც ანთროპოლოგების მონაცემები მეტყველებს. აღმოჩნდა, რომ ბევრ კულტურაში, სადაც არ არსებობს ძლიერი პატრიარქალური ავტორიტეტი, სხვაგვარია ურთიერთობები ოჯახში, ვიდრე ფროიდის დროინდელ ვენაში, არაფერი დასტურდება იმის მსგავსი, რასაც ოიდიპოსის კომპლექსის რომანტიკული სამკუთხედი გულისხმობს. ფროიდი კი ფიქრობდა, რომ ოიდიპოსის კომპლექსი აუცილებლად არსებობს ოჯახის ნებისმიერ მოდელში. ამდენად, იდეა ამ კომპლექსის ბიოლოგიური, მემკვიდრული და, მაშასადამე, უნივერსალური ბუნების შესახებ, არ დასტურდება.       იგივე ითქმის განდევნის კონცეფციის შესახებ, რომელიც უმნიშვნელოვანესია ფსიქოანალიზისთვის. იგი, არსებითად, დაფუძნებულია იდეაზე, რომ ადამიანისთვის მძიმე, მიუღებელი შინაარსები ითრგუნება და განიდევნება ცნობიერებიდან არაცნობიერში. მრავალი გამოკვლევა, რომელიც ამ კონცეფციის შესამოწმებლად ჩატარდა, საერთო ჯამში უარყოფითი შედეგით დამთავრდა. განდევნის კონცეპტის ემპირიული ვერიფიკაციის კრახი ნიშანდობლივია იმიტომ, რომ ის ფროიდის სისტემის ერთ-ერთი ქვაკუთხედია; ეს არის საფუძველი, რომლის გამოცლაც მთელი შენობის დანგრევას გამოიწვევს. გარდა ამისა, აღსანიშნავია ისიც, რომ კრიტიკოსებისთვის პასუხის გაცემისას ფროიდი სწორედ განდევნის მექანიზმზე მიუთითებდა. როცა სხვა არგუმენტი აღარ გააჩნდა, იგი საყვედურობდა კრიტიკოსებს, რომ მათი დაცვითი მექანიზმები არ აძლევს საშუალებას აღიარონ და შეიწყნარონ ისეთი ფაქტები და შეხედულებები, როგორიცაა ინფანტილური სექსუალობა, ოიდიპოსის კომპლექსი, სიკვდილის ინსტინქტი და სხვა. რაც შეეხება სიკვდილის ინსტინქტს, თითქმის ყველა აღიარებს, რომ ეს ფროიდის ყველაზე გაუგებარი და დაუსაბუთებელი პოსტულატია. იგი იმდენადაა გახვეული მეტაფიზიკურ ბურუსში, რომ პრაქტიკულად შეუძლებელი ხდება მისი ფორმულირება ემპირიულად შემოწმებადი დებულებების ფორმაში.       ყოველივე ამის მიუხედავად, ფსიქოანალიზში უთუოდ ბევრი რამაა საინტერესო და მიმზიდველი. კარგი ენა ფროიდის ნაწარმოებებს სასიამოვნო საკითხავად აქცევენ არა მხოლოდ სპეციალისტებისათვის. ამასთან ერთად, მათში საუბარია ისეთ საკითხებზე, რომლებიც მუდამ იზიდავენ ფართო მკითხველის ყურადღებას - სექსი, აგრესიულობა, დესტრუქტულობა, სიზმარი, სულიერი ტრამვები და დაავადებები. ეს თავისთავადაც მაცდური თემებია, მით უფრო, თუ მათი განხილვისას არაორდინალური და საკმაოდ სენსაციური მოსაზრებები გამოითქმის. ფსიქოანალიზის შემთხვევაში ყველაფერი სახეზეა, მაგრამ მხოლოდ ეს ნამდვილად ვერ ახსნის ფსიქოანალიზის მართლაც გრანდიოზულ პოპულარობას და იმ გავლენას, რომელიც მან გასული საუკუნის მთელ დასავლურ კულტურაზე მოახდინა. პირველი და გადამწყვეტი მნიშვნელობის გარემოება ამ შემთხვევაში ის უნდა იყოს, რომ ფსიქოანალიზის მეშვეობით კაცობრიობამ არსებითად პირველად შეძლო კარის შეღება არაცნობიერის სინამდვილეში, რომელიც მანამდე ცხრაკლიტურში იყო მოქცეული. ფროიდმა ჩაგვახედა ბნელეთით მოცულ, ცნობიერების მიღმა მდებარე ფსიქიკურ სამყაროში. რამდენად მართებულად დაახასიათა მან იქაურობა, სხვა საკითხია. ფროიდს არ აღმოუჩენია არაცნობიერი, მაგრამ მან აჩვენა მისი უზარმაზარი როლი, რაც, თავისთავად, უკვე იწვევს მსოფლმხედველობრივი მასშტაბის ცვლილებებს ჩვენს წარმოდგენებში ადამიანის ქცევის შესახებ. ფსიქოანალიზის ყველაზე დიდ წარმატებას და მნიშვნელობას თვითონ ფროიდიც ამაში ხედავდა და, უნდა ითქვას, რომ ამ მხრივ მისი თვითშეფსება პრეტენზიის უმაღლეს დონეზეა. ცნობილია მისი მოსაზრება იმის შესახებ, რომ კაცობრიობის თავმოყვარეობამ მეცნიერული აღმოჩენების მხრიდან სამი უმძიმესი შეურაცხყოფა განიცადა. პირველი იყო კოპერნიკი, რომელმაც დაამსხვრია რწმენა, რომ დედამიწა სამყაროს ცენტრია (კოსმოლოგიური შეურაცხყოფა). მეორე დარვინი იყო, რომელმაც გააქარწყლა ადამიანთა ქედმაღლური შეხედულება თავისი განსაკუთრებულობის შესახებ (ბიოლოგიური შეურაცხყოფა). მესამე თვითონ ფროიდია, რომელმაც კაცობრიობას ყველაზე მძიმე, ფსიქოლოგიური შეურაცხყოფა მიაყენა; მან აჩვენა, რომ ადამიანი საკუთარ სულიერ სამყაროშიც არ არის ბატონპატრონი, რომ ცნობიერება არაცნობიერი ძალების მუდმივი ზეგავლენის ქვეშ იმყოფება. შესაძლებელია ეს მსჯელობა ზედმეტი თავმდაბლობით არ გამოირჩევა, მაგრამ ფსიქოანალიზის კოლოსალური გავლენა კაცობრიობის კულტურაზე უეჭველია.       გარდა ზემოხსენებული მომენტებისა, ფსიქოანალიზის პოპულარობა კიდევ ერთმა თავისებურებამ განაპირობა - იგი ერთ-ერთი ყველაზე ფართოა ზოგადფსიქოლოგიურ სისტემებს შორის. ფსიქოანალიზი სულიერი და ქცევითი სფეროს უამრავ გამოვლინებას მოიცავს: ცნობიერება და არაცნობიერი, მოტივაციური და ემოციური სფერო, ფსიქიკური აშლილობები და ქცევითი გადახრები, ხასიათის ტიპები და პიროვნების განვითარება, სიზმარი, თამაში, შემცდარი მოქმედებები, აგრესია, კონფლიქტი, ოჯახი, ინცესტი, რწმენა, შემოქმედება და ა.შ. მოვლენების ფართო მომცველობა ერთხმად არის აღიარებული ფსიქოანალიზის ძლიერ მხარედ, რადგან თეორიის ეს ფორმალური ნიშანი ძალიან დიდი ღირებულების მატარებელია ფსიქოლოგიური კონცეფციების შემფასებლებს შორის.       რადგან თეორიის შეფასების ფორმალურ კრიტერიუმებზე ვსაუბრობთ, აუცილებელია აღინიშნოს კიდევ ერთი - ესაა თეორიის ევრისტიკულობა; თეორიის ღირებულება იმის მიხედვითაც ფასდება, თუ რამდენად ახდენს იგი შემდგომი კვლევებისთვის საჭირო ახალი იდეების სტიმულირებას. ამ მხრივ ფსიქოანალიზი ფრიად მაღალ შეფასებას იმსახურებს, ვინაიდან მან საფუძველი ჩაუყარა არაერთ ახალ მიდგომასა და გამოკვლევას. სხვა საკითხია, შეძლო თუ არა ამ გამოკვლევებმა თვით თეორიის გაღრმავება და განვითარება, ან მისი დებულებებისა და ჰიპოთეზების დადასტურება. ფსიქოანალიზის, როგორც თეორიული სისტემის მთავარი პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ მისი ცნებები და ცნებათა შორის ნაგულისხმები მიმართებები არ არის ცხადი, ნათლად ფორმულირებული; ამან უაღრესად გაართულა, რიგ შემთხვევებში კი უბრალოდ შეუძლებელი გახადა, თეორიის ემპირიული შემოწმება. სპეციალისტების დასკვნით, ფსიქოანალიტიკურ კონცეფციასთან დაკავშირებით საკითხი ასე დაისმის: “ან იგი შეძლებს განვითარდეს შემოწმებადი თეორიის დონემდე, ან, არც თუ შორეულ მომავალში, მას შეცვლის სხვა თეორია, რომელიც არც მომცველობის თვალსაზრისით და არც ცნებითი აპარატის ეკონომიურობით მას არ ჩამოუვარდება და, ამავე დროს, იქნება უფრო მისაწვდომი და ღია ექსპერიმენტული გამოკვლევისთვის” (ლ. პერვინი, ო. ჯონი) ეს პროცესი, როგორც ჩანს, დაწყებულია, ვინაიდან ფსიქოლოგიის ისტორიკოსები უკვე მიუთითებენ ფსიქოანალიზის პოპულარობის შემცირების ტენდენციაზე.       კარლ გუსტავ იუნგი (1875-1961) კლასიკური სიღრმის ფსიქოლოგიის ერთერთი მიმართულების, ანალიზური ფსიქოლოგიის ფუძემდებელია. იუნგი დაიბადა ბაზელის სიახლოვეს, კესვილის დასახლებაში (კომუნაში), კლასიკურ ენებში განსწავლული პროტესატანტული ეკლესიის პასტორის ოჯახში. ბაზელის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტის დამთავრების შემდეგ (1900) იუნგმა დაიწყო მუშაობა ციურიხში, ფსიქიატრიულ კლინიკაში, რომელსაც გამოჩენილი ფსიქიატრი ე. ბლეილერი ხელმძღვანელობდა. აქ იგი იწყებს ე.წ. კონტროლირებადი ასოციაციის მეთოდის გამოყენებას კომპლექსის გამოსავლენად. ეს მეთოდი ასოციაციური ექსპერიმენტის სახეობაა და განსხვავდება ფროიდის თავისუფალი ასოციაციების მეთოდისაგან იმით, რომ აქ პაციენტმა რაც შეიძლება სწრაფად უნდა უპასუხოს მიწოდებულ სიტყვას თავში პირველად მოსული სიტყვით; მისაწოდებელ სიტყვათა რიგი წინასწარაა შედგენილი და შედგება კომპლექსთან სავარაუდოდ დაკავშირებული სიტყვა-სტიმულებისაგან და ნეიტრალური სიტყვებისაგან. პაციეტში კომპლექსის არსებობაზე შემდეგი გარემოებები მიუთითებს: სიტყვა-სტიმულებზე ასოციაციური რეაქციის ხანიერების გაგრძელება, სიტყვა-სტიმულის გაუგებრობა, მისი მექანკური გამეორება, თარგმნა სხვა ენაზე, “მაგარი” სიტყვების ხმარება, არამოტივირებული სიცილი და სხვა. პარალელურად იზომება გარკვეული ფიზიოლოგიური მაჩვენებლები: პულსი, სუნთქვის სიხშირე, ფსიქოგალვანური რეაქცია და სხვა. ყოველივე ეს განიხილება, როგორც კომპლექსის ინდიკატორი, ანუ მითითება ისეთ ემოციურად დატვირთულ შინაარსზე, რომლის შესახებ სუბიექტს არ სურს და ხშირად არც შეუძლია ლაპარაკი. ამიტომ, მის გამოვლენას ფსიქოთერაპიის კუთხით დიდი მნიშვნელობა ენიჭება. კომპლექსის იუნგისეული გაგება განსხვავდება ფროიდის თვალსაზრისისაგან. იუნგის მიხედვით, კომპლექსი მეტწილად არაცნობიერია, მაგრამ არ არის აუცილებლად ფსიქიკის პათოგენური გამოვლენა; იგი არა მხოლოდ არღვევს სულიერ სიმშვიდეს, არამედ განსაზღვრავს ჩვენს ინტერესებს და რეალობასთან ურთიერთობას. კომპლექსი ეწოდება ფსიქიკური მოვლენების კომბინაციას, გაერთიანებას ემოციონალური შინაარსის გარშემო. იგი არ ემორჩილება ცნობიერებას, გააჩნია საკუთარი ენერგეტიკული მუხტი, ტენდენცია. იუნგის თქმით, კომპლექსი ფსიქიკური ცხოვრების ყველაზე ცხელი წერტილია. კომპლექსის სტრუქტურა რთულია, მასში გამოიყოფა გული ანუ ცენტრი (ემოციონალური შინაარსი) და მეორადი კონსტელაციური ასოციაციები (აზრები, მოგონებები). კომპლექსები აღმოცენდება ძლიერ მატრავმირებელ ვითარებებში, აგრეთვე “უმნიშვნელო” მუდმივმოქმედი განცდების შედეგად, რომლებიც სულიერ ჭრილობებს გვაყენებენ. ასოციაციური მეთოდი საშუალებას იძლევა დავინახოთ პაციენტის აქტუალური პრობლემები, მათი ურთიერთკავშირი და ნაწილობრივ, მათი წარმოქმნის ისტორია.       1902 წელს იუნგმა დაიცვა სადოქტორო დისერტაცია “ე.წ. ოკულტური ფენომენების ფსიქოლოგიასა და პათოლოგიაში”. მას საფუძვლად დაედო დაკვირვებები მის ნათესავ ქალიშვილ-მედიუმზე სპირიტუალისტური სეანსების დროს, რომელთაც იუნგი უნივერსისტეტში სწავლისას ესწრებოდა.       1907 წლიდან იწყება იუნგისა და ფროიდის დაახლოება და თანამშრომლობა. იუნგი ახლდა ფროიდს ამერიკაში, სადაც ლექციები წაიკითხა. იუნგი თანდათან წამყვანი ფიგურა ხდება ფსიქოანალიტიკურ მოძრაობაში; იგი ფსიქოანალიტიკოსთა საერთაშორისო საზოგადობის პირველი პრეზიდენტი და ფსიქოანალიტიკური ჟურნალის პირველი რედაქტორია. ფროიდი მას თავის მემკვიდრედაც მიიჩნევდა. მაგრამ მალე თავი იჩინა სერიოზულმა განსვლამ იუნგისა და ფროიდის თეორიულ პოზიციებს შორის. წიგნში “არაცნობიერის ფსიქოლოგია” (1912) იუნგი გამოთქვამს ფრიოიდისაგან განსხვავებულ შეხედულებებს და არ ერიდება მის გაკრიტიკებას, რაზეც ეს უკანასკნელი, როგორც სჩვევია, მწვავე რეაქციით პასუხობს. ურთიერთობა მათ შორის თანდათან იძაბება. 1914 წელს იუნგი გამოდის ფსიქოანალიტიკოსთა საზოგადოებიდან. მას მერე იგი ფროიდს არ შეხვედრია.       იუნგი, როგორც პრაქტიკოსი ფსიქოთერაპევტი, უდიდესი პოპულარობით სარგებლობდა. ამავე დროს, მან ჩამოაყალიბა თავისი თეორიული შეხედულებების სისტემა, რომელიც ფართოდ გავრცელდა არა მხოლოდ სპეციალისტებში, არამედ კულტურისა და ხელოვნების მოღვაწეებს შორისაც. 1934 წელს იუნგი ხდება ახლად ორგანიზებული ფსიქოთერაპევტთა საერთაშორისო საზოგადოების პრეზიდენტი. 1948 წელს ციურიხში იხსნება იუნგის ინსტიტუტი, სადაც ანალიზური ფსიქოლოგიის სწავლება მიმდინარეობს. იუნგი იყო ჰარვარდის, იელის, ოქსფორდის, ჟენევის, კალკუტის და სხვა უნივერსიტეტების საპატიო დოქტორი, ციურიხისა და ბაზელის უნივერსისტეტების პროფესორი, შვეიცარიის მეცნიერებათა აკადემიის საპატიო წევრი.       1921 წელს გამოდის იუნგის წიგნი “ფსიქოლოგიური ტიპები”, რომელიც მის ძირითად ნაშრომად ითვლება. აქ მოცემულია არა მარტო მოძღვრება პიროვნების ტიპებზე, არამედ იუნგის შეხედულება არაცნობიერზე. თავისი თეორიის ჩამოყალიბებისას მან მდიდარი მასალა გამოიყენა, რომელიც სხვადასხვა კულტურების ფოლკლორის, მითების, რელიგიური შეხედულებების ანალიზის პროცესში მოიპოვა. ამ მასალის შესაგროვებლად იუნგმა სხვადასხვა დროს ბევრი იმოგზაურა. იყო აფრიკაში - ალჟირში, ტუნისში, კენიაში, ეგვიპტეში, საჰარას რეგიონში; ასევე მექსიკაში, სადაც ინდიელთა კულტურას გაეცნო; ინდუიზმის და ბუდიზმის შესასწავლად ინდოეთსა და ცეილონში იმოგზაურა.       ფროიდთან უთანხმოების ძირითადი საგანი გახდა მის მიერ ფსიქიკური ცხოვრების გადაჭარბებული სექსუალიზაცია. ცოტა ხნით ადრე, ამავე მიზეზით, ფროიდს ჩამოშორდა სიღრმის ფსიქოლოგიის კიდევ ერთი კლასიკოსი ადლერი, რომელმაც ფსიქიკური ცხოვრების ძირეულ მოტივაციურ საწყისად ძალაუფლებისკენ სწრაფვა აღიარა. იუნგის აზრით, ფროიდისა და ადლერის საერთო შეცდომა იმაში მდგომარეობს, რომ მათ მთელი ფსიქიკური ცხოვრების დეტერმინანტად ერთი, თუმცა განსხვავებული ინსტინქტი ან ლტოლვა იგულისხმეს. სინამდვილეში, იუნგის მიხედვით, ადგილი აქვს ინსტინქტების მონაცვლეობას და ცხოვრების სხვადასხვა პერიოდში განსხვავებული მოტივაციური ძალების დომინირებას. იუნგი ლტოლვათა სიმრავლის თეზისს იცავდა, ხოლო თვით ტერმინი, “ლიბიდო”, მისთვის ზოგადად ფსიქიკურ ენერგიას აღნიშნავდა, რომელიც სასიცოცხლო პროცესებში ვლინდება, სუბიექტურად კი ლტოლვისა და სურვილის სახით განიცდება. იუნგი არ ეთანხმებოდა იმ გადაჭარბებულ როლსაც, რომელსაც ფროიდი ფსიქიკური სტრუქტურების ჩამოყალიბებაში ოიდიპოსის კომპლექსს მიაწერდა. მიუხედავად ამისა, იუნგი ბოლომდე მაღალ შეფასებას აძლევდა ფროიდის მოძღვრებას, თუმცა მას მხოლოდ “სანახევროდ მართებულად” თვლიდა. იუნგის თქმით, ფროიდამდე არაცნობიერს საერთოდ უარყოფდნენ, ფროიდის გავლენით კი იგი ყოველივე უარყოფითის და მიუღებლის გადასაყრელ ადგილად იქცა. სინამდვილეში, იუნგის აზრით, არაცნობიერი, როგორც ბუნებრივი მოვლენა, ნეიტრალურია და “შეიცავს ადამიანური ბუნების ყველა ასპექტს - ნათელსა და ბნელს, სილამაზეს და სიმახინჯეს, სიკეთეს და ბოროტებას, სიბრძნეს და სისულელეს”.       როგორც სიღრმის ფსიქოლოგიის წარმომადგენელი, იუნგი გამოყოფს ცნობიერ და არაცნობიერ ფსიქიკას. ცნობიერება ფსიქიკის მცირე ნაწილს შეადგენს; იგი პატარა კუნძულს წააგავს, რომელიც გარშემორტყმულია ფართო და ღრმა არაცნობიერი ზღვით. ადამიანს იმის განცდა აქვს, რომ იგი ცნობიერად ცხოვრობს; სინამდვილეში ასე არ არის. “ცნობიერება უცნაური რამაა. ის წყვეტილი ფენომენია. ადამიანის ცხოვრების მეხუთედი თუ მესამედი ან, იქნებ, ნახევარიც კი არაცნობიერ მდგომარეობაში მიმდინარეობს. ჩვენი ბავშვობის პირველი ხანა არაცნობიერად გადის, ყოველ ღამით არაცნობიერში ვიძირებით, და მხოლოდ, განსაზღვრულ შუალედებში სიფხიზლესა და ძილს შორის ვფლობთ მეტ-ნაკლებად ნათელ ცნობიერებას. კაცმა რომ თქვას, ისიც საკითხავია, რამდენად ნათელია ეს ცნობიერება”.       სწორედ არაცნობიერი შეადგენს იუნგის ინტერესის ძირითად საგანს. არაცნობიერში, მისი აზრით, ორი დონე ან ორი სისტემა გამოიყოფა: პირადი და კოლექტიური. პირადი არაცნობიერი დაუშორებელია ცნობიერებისაგან. ესაა არაცნობიერის ზედა ფენა, რომელიც შედგება ცნობიერებიდან შესული შინაარსებისაგან - დავიწყებული აზრები, ზღურბლსქვედა, სუსტი ენერგიის მქონე პერცეფციები, განდევნილი ტენდენციები და სურვილები, ტრავმატული შინაარსები. ადამიანს არ შეუძლია ყოველთვის ამაღლებულად, სწორად და გაუყალბებლად იფიქროს, შენიშნავს ავტორი. ცდილობს რა შეინარჩუნოს და განამტკიცოს “იდეალური განწყობა”, იგი ავტომატურად განდევნის ცნობიერებიდან ყველაფერს, რაც მას ეწინააღმდეგება. ზემოთ აღნიშნული კომპლექსები პირად არაცნობიერში იმყოფებიან. პირადი არაცნობიერის შინაარსები ინდივიდუალური გამოცდილების შედეგია და ამდენად მე-ს, სუბიექტის კუთვნილება, მისი ორგანულ ნაწილია. მათი გასვლა ცნობიერებიდან განიცდება, როგორც დანაკარგი, შემოსვლა კი, როგორც საკუთარის სასურველი დაბრუნება, რაც არც თუ იშვიათად განკურნების, შემსუბუქების ეფექტს იძლევა. კოლექტიური არაცნობიერის მიმართ ეს ეფექტი შებრუნებულია. იგი მე-ს მიმართ გარეგანი და უცხოა, ზოგჯერ უსიამოვნო და სახიფათოც კი. ასეთი შინაარსი განიცდება, როგორც რაღაც ზებუნებრივი, რაც გაოცებას, მოწიწებას, რიდს და, შესაძლოა, შიშსაც იწვევს. ამ მხრივ იგი ძალიან წააგავს იმ განცდებს, რასაც ადამიანში მითოლოგიურ-რელიგიური ცრურწმენები იწვევეს.       საზოგადოდ, კოლექტიური არაცნობიერის შინაარსები მითოლოგიურრელიგიური ცნობიერების ანალოგიურია, ვინაიდან ორივე კაცობრიობის წარსულისა და მეხსიერების გამოვლინებას წარმოადგენს. კოლექტიური არაცნობიერი ფსიქიკის სიღრმისეული ფენაა. ის არ არის დაკავშირებული ინდივიდუალურ ცხოვრებასთან და თანდაყოლილია. კოლექტიური არაცნობიერი იდენტურია ყველა ადამიანთან და თითოეული ინდივიდის სულიერი ცხოვრების საყოველთაო საფუძველს წარმოქმნის. გარკვეული დონეები კოლექტიურ არაცნობიერშიც გამოიყოფა - იგი შედგება ნაციონალური, რასობრივი და ზოგადადამიანური მემკვიდრეობისაგან. ყველაზე ღრმა შრე შეიცავს იმ კვალს, რომელიც ფსიქიკაში ცხოველურმა გამოცდილებამ დატოვა.       კოლექტიური არაცნობიერი შედგება არქეტიპებისაგან. არქეტიპი იუნგის სისტემის ერთ-ერთი ყველაზე რთული ცნებაა. არქეტიპი “ესაა ჩვენი წინაპრების გონება, ხერხი, რომლითაც ისინი ფიქრობდნენ და გრძნობდნენ, საშუალება, რომლითაც ისინი სწვდებოდნენ ცხოვრებასა და სამყაროს, ღმერთებსა და ადამიანებს”. არქეტიპი ბერძნულად “პირველად წარმოდგენას” ნიშნავს. მაგრამ სინამდვილეში იგი არ არის საკუთრივ წარმოდგენა, ფსიქიკური შინაარსი. ესაა ფორმა შინაარსის გარეშე, რომელიც ორგანიზებას უკეთებს და წარმართავს ფსიქიკურ პროცესებს. არქეტიპი შეიძლება შევადაროთ მშრალ კალაპოტს, რომელიც განსაზღვრავს მდინარის კონფიგურაციას, მაგრამ მდინარედ გადაიქცევა მხოლოდ მაშინ, როცა მასში წყალი იდინებს. არქეტიპის დანიშნულება სწორედ ისაა, რომ წყალი (ფსიქიკური პროცესი ან ენერგია) გარკვეულ კალაპოტში წარიმართოს. ერთი სიტყვით, ევოლუციური და ისტორიული ფსიქიკური გამოცდილება თანდაყოლილი იდეის, წარმოდგენის ან განცდის სახით არ არის მოცემული. ჩვენს ფსიქიკურ მემკვიდრეობაში ჩანერგილია შესაძლებლობა, მიდრეკილება გარკვეული განცდებისა და რეაქციებისადმი. მაგალითად, იმ მიზეზის გამო, რომ ადამიანებს ყოველთვის ჰყავდათ დედები, ყველა ახალშობილს თან დაყვება დედის აღქმისა და მასზე რეაგირების გარკვეული მიდრეკილება.       არქეტიპი, როგორც წესი, სიმბოლურადაა მოცემული მითოლოგიური ფიგურის სახით და წარმოადგენს წინაპართა უამრავი თაობის გამოცდილების ფორმულირებას, ერთი და იგივე ტიპის უამრავი განცდის ფსიქიკურ დანალექს. მაგალითად, მრავალი თაობა აკვირდებოდა მზის მოძრაობას ზეცაში. განცდების ეს სიმრავლე, საბოლოო ჯამში, დაფიქსირდა კოლექტიურ - არაცნობიერში მზის ღვთაების, გაბრწყინებული ციური სხეულის სახით, რომელსაც ადამიანები თაყვანს სცემდნენ. ასევეა დედის არქეტიპიც. იგი გამოიხატება დადებითი და უარყოფითი მნიშვნელობის კრებითი სიმბოლური წარმოდგენის სახით (ვენერა, ღვთისმშობელი, ალი, ალქაჯი და სხვა); მამის არქეტიპი განასახიერებს კაცებისადმი საერთო დამოკიდებულებას (ღმერთი, ბრძენი, გმირი, დესპოტი და სხვა). არქეტიპული სიმბოლოები შეიძლება მოცემული იყვნენ ადამიანების, დემონების, ცხოველების, ბუნების მოვლენების ან საგნების სახით. ამ წარმოდგენების უნივერსალურობა ამჟამინდელ და წარსულ კულტურებში იუნგისთვის იმის დამადასტურებელია, რომ ისინი - კოლექტიურ არაცნობიერს მიეკუთვნება.       არქეტიპები ძალიან ბევრია. იუნგი გამოყოფს რამდენიმეს, რომლებსაც, მისი აზრით, უმთავრესი მნიშვნელობა აქვთ პიროვნების ფორმირებისა და ფუნქციონირების თვალსაზრისით. ესენია პერსონა, ჩრდილი, ანიმა, ანიმუსი და თვითონი. პერსონა ნიღაბია, რომელსაც ყველა ადამიანი ატარებს სხვებთან ურთიერთობისას. მისი საშუალებით ადამიანი თავს ისეთად და ისე წარმოაჩენს, როგორი სახითაც სურს, რომ საზოგადოებამ შეაფასოს იგი. ეს ნიღაბი შეიძლება ადამიანის რეალურ ბუნებას ფარავდეს. პერსონა იძერწება სოციალური მოთხოვნების, დადგენილი წესებისა და მისაღები პიროვნული თვისებების ზემოქმედებით. იგი მოიცავს ამ პიროვნებისთვის ტიპურ როლებს, ქცევის სტილს, ურთიერთობების მანერას და ა.შ.       თუ პერსონა, ასე თუ ისე, სოციალურ ადაპტაციასთანაა დაკავშირებული, ჩრდილის არქეტიპი, პირიქით, სოციალურად მიუღებელ აზრებს, გრძნობებს და მოქმედებებს წარმოაჩენს. ჩრდილი შეიცავს ადამიანში მოცემულ ცხოველურ, ინსინქტურ წარსულს. ამ არქეტიპის სიმბოლიზაცია პირველი ცოდვის, ეშმაკის ან მტრის ხატებით ხორციელდება. ამავე დროს, ჩრდილს დადებითი ასპექტიც გააჩნია - იგი ინსტინქტური სასიცოცხლო ძალის შემცველია; გარკვეულ ჩარჩოებში მოქცევისა და სათანადო არხში მიმართვის შემთხვევაში ის შეიძლება სპონტანურობის, შემოქმედებითი აღტკინების, ემოციური და გონებრივი გასხივოსნების წყარო გახდეს.       ანიმასა და ანიმუსის არქეტიპებში ვლინდება იუნგის მიერ მითითებული გარემოება, რომ ყოველ ადამიანში მოცემულია საწინააღმდეგო სქესის გარკვეული თავისებურებები. ანიმა განასახიერებს ქალურ (ფემინურ) ნიშნებს მამაკაცის ფსიქიკაში, ხოლო ანიმუსი მამაკაცურს (მასკულინურს) - ქალში. ეს არქეტიპები ნაწილობრივ ემყარება ორგანიზმში ორივე სქესის ჰორმონების არსებობის ბიოლოგიურ ფაქტს. ისტორიული განვითარების კუთხით, მათში დაფიქსირებულია საწინააღმდეგო სქესთან ურთიერთობის გამოცდილებასთან დაკავშირებული განცდები.       ყველაზე მნიშვნელოვანი არქეტიპი თვითობაა. ეს ცნება ალბათ ყველაზე ძნელად გასაგებია იუნგის სისტემაში. თვითობის ფუნქცია ფსიქიკური ცხოვრების ყველა ასპექტისა და ნაწილის გაერთიანება-მოწესრიგებაა. თვითობა აკავშირებს ცნობიერებასა და არაცნობიერს. უფრო მეტიც, თვითობა პიროვნების მთლიანობას, მისი ყველა მხარის ინტეგრირებასა და ჰარმონიზაციას განაპირობებს. თვითობა შეიცავს “მე”-ს თვითრეალიზაციის ტენდენციას და, ამიტომ, პიროვნული განვითარების მექანიზმის ქვაკუთხედს წარმოადგენს. განვითარება, იუნგის მიხედვით, შიგნიდან დეტერმინირებული პროცესია, რომელიც მიმართულია არაცნობიერში იმთავითვე მოცემული პიროვნების შინაგანი ბირთვის - თვითობის გახსნასა და ჩამოყალიბებაზე. აქ იუნგს შემოაქვს ინდივიდუაციის ცნება. ინდივიდუალიზაცია მთელის წარმოქმნის, საკუთარ თვითობად გახდომის პროცესი და მისწრაფებაა. იგი ხელს უწყობს თვითობას გადაიქცეს პიროვნების ცენტრად, რაც, თავის მხრივ, ინდივიდის თვითრეალიზაციას განაპირობებს. განხორციელებული თვითრეალიზაცია ნიშნავს პიროვნების მიერ ყველა თავისი ინდივიდუალური თავისებურების აქტუალიზაციას. ინდივიდუალიზაციის ამ ბოლო წერტილს მხოლოდ განსაკუთრებული თვისებებითა და შესაძლებლობებით დაჯილდოებული ინდივიდები აღწევენ. მაგრამ, პიროვნების სხვადასხვა ძალების ინტეგრირებას ერთ მთლიანში დამიანთა უმრავლესობა დაახლოებით 35-40 წლის ასაკში აღწევს. იუნგის მიხედვით, ეს არის პიროვნული განვითარების კრიტიკული პერიოდი (ე.წ. შუა ხნის კრიზისი), რომელიც ხშირად საკმაოდ რთულად მიმდინარეობს, მაგრამ, საბოლოოდ, სასიკეთო ტრანსფორმაციით მთავრდება.       როგორც ითქვა, არქეტიპებს ზეპიროვნული, აუცილებელი და საყოველთაო ხასიათი აქვთ. ამ კონტექსტში იუნგი განიხილავს კოლექტიური არაცნობიერის ტვინთან კავშირის საკითხს. მას მიაჩნია, რომ კოლექტიური არაცნობიერი ტვინის სტრუქტურის ნაწილია და მასთან ერთად მემკვიდრეობით გადაეცემა ინდივიდს. არქეტიპების თანდაყოლილობა და საყოველთაობა მათი ტვინთან კავშირით არის გაპირობებული. ეს არ ნიშნავს, რომ არაცნობიერი და, საზოგადოდ, ფსიქიკური ერთმნიშვნელოვნად არის დეტერმინირებული ტვინის სტრუქტურით. ასე რომ ყოფილიყო, ფსიქოლოგია ფიზიოლოგიაზე იქნებოდა დაყვანილი. იუნგი კატეგორიული წინააღმდეგია ფსიქიკურის სხვა ბუნების მოვლენებით ახსნისა. იუნგის მიხედვით, ფსიქიკური, საზოგადოდ, ფსიქიკურითვეა დეტერმინირებული. თუმცა დეტერმინიზმი არ ნიშნავს აუცილებლად მიზეზობრივ კავშირს ფსიქიკურ მოვლენებს შორის. იუნგის აზრით, კაუზალობის ცნება იმ სახით, როგორც საერთოდ იხმარება მეცნიერებაში, არ არის საკმარისი. ფსიქოლოგია, თავისი არსით, მხოლოდ კაუზალობით ვერ ამოიწურება, ვინაიდან ფსიქიკა მიზანმიმართულიცაა. ამიტომ, კაუზალობის პრინციპთან ერთად, რომელიც ნიშნავს მოვლენის გამოწვევას წინა მოვლენის მიერ, საჭიროა ტელეოლოგიური პრინციპიც, რომელიც აწმყო მოვლენის მომავლით ახსნას ითვალისწინებს. ამდენად, იუნგის პოზიცია ფსიქიკურის ფსიქიკურით დეტერმინირებულობის შესახებ, სრულებითაც არ გულისხმობს ფსიქიკური მოვლენების განხილვის რაციონალურ-პოზიტივისტურ წესს. “ირაციონალური ფაქტი, რასაც ფსიქიკაც წარმოადგენს, ბევრად უკეთ აღიწერება ხატოვან ფორმაში”. ამიტომაცაა რომ არქეტიპული შინაარსების მანიფესტაცია, გამოვლინება მითოლოგიური და რელიგიური თემების, დოგმატური და ირაციონალური წარმოდგენების სახით ხდება. აქედანვე გამომდინარეობს იუნგის ინტერესი ისეთი ირაციონალური სფეროების მიმართ, როგორიცაა ალქიმია და ასტროლოგია. არქეტიპული სიმბოლოკის განმარტებისას იგი უხვად იყენებს ამ სფეროებში არსებულ მასალას.       გვიანდელ შრომებში იუნგმა შემოიტანა ე.წ. სინქრონქრონულობის პრინციპი. იგი ნიშნავს გარკვეული ფსიქიკური მდგომარეობისა და ერთი ან რამდენიმე გარე მოვლენის ერთდროულ მიმდინარეობას რომელთა მნიშვნელობა (აზრი) ემთხვევა ერთმანეთს. სინქრონულობას სხვადასხვა ფორმა აქვს: ზოგი ერთმანეთთან აკავშირებს ადამიანებს და მოვლენებს დაშორებულს მანძილით, ზოგი - დროით; მთავარი ისაა, რომ ეს კავშირი შემთხვევითი არ არის. ის კანონზომიერია, მაგრამ არა მიზეზობრივი ან ფიზიკური, არამედ “ფსიქოიდური” ხასიათის. სინქრონულობის გამოვლინებაა მიმართება რაიმე აზრსა და ობიექტურ მოვლენას შორის (რაიმეს გაიფიქრებ, ან დაგესიზმრება და აგიხდება). ასეთი აკაუზალური კავშირის დაშვებით იუნგი ცდილობდა გაეხსნა არქეტიპის გაუგებარი, მიუწვდომელი ბუნება და დაეკავშირებინა ის სულიერი ცხოვრების აქამდე აუხსნელ გამოვლინებებთან. ყველა ადამიანის კოლექტიურ არაცნობიერში მოთავსებულია წარმოდგენების ერთობლიობა, რომელიც არ არის დამოკიდებული დროსა და სივრცეზე. კოლექტიური არაცნობიერის არქეტიპები არიან პირველწყარო ისეთი ფენომენებისა, როგორებიცაა სიზმრის ახდენა, ტელეპატია, ტელეკინეზი, ნათელმხილველობა, მაგიური პრაქტიკები, კლინიკური სიკვდილის განცდები და სხვა პარანორმალური და ექსტრასენსორული მოვლენები. იუნგს სჯეროდა, რომ ჩვენი სიღრმისეული არაცნობიერი წარმოდგენები და აზრები მიმდინარე თუ დაშორებულ გარე მოვლენებთან რეზონანსში, გარკვეულ შესაბამისობაში იმყოფებიან.       კოლექტიური არაცნობიერის წვდომის ერთ-ერთ უმთავრეს წყაროს სიზმრების ანალიზი წარმოადგენს. იუნგი აღნიშნავს, რომ სწორედ სიზმრების შესწავლამ მიმართა ფსიქოლოგია ცნობიერი ფსიქიკური მოვლენების არაცნობიერი ასპექტებისკენ. იგი ძალიან სერიოზულად უდგებოდა სიზმრების ანალიზისა და ახსნის საკითხს. ადასტურებდა რა ტიპური სიზმრებისა და სიმბოლოების არსებობას, იუნგს მაინც შეუძლებლად მიაჩნდა იმაზე ოცნებაც კი, რომ შეიქმნება “სიზმრების განმარტებითი ლექსიკონი”, რომელშიც ჩვენთვის საინტერესო ყველა სიმბოლოს მნიშვნელობას მოვძებნით. სიზმრების სიმბოლიკის გაშიფვრა ინდივიდუალურ მიდგომას მოითხოვს. არ არსებობს არც ერთი სიზმრის ერთმნიშვნელოვანი და უნივერსალური ინტერპრეტაცია; სიზმრის არც ერთი სიმბოლო არ შეიძლება განვიხილოთ იმ ადამიანისაგან განყენებულად, ვინც ეს სიზმარი ნახა. სიზმრების ფუნქცია, იუნგის მიხედვით, ცნობიერების შევსებასა და კომპენსაციაში მდგომარეობს. იუნგი შემდეგნაირად ახასიათებს კომპენსაციის მეანიზმს: “ფსიქიკა თვითრეგულირებადი სისტემაა, რომელიც წონასწორობას ზუსტად ისევე ინარჩუნებს, როგორც სხეული. ყოველ მეტისმეტად შორს მიმავალ პროცესს დაუყოვნებლივ და უეჭველად მოჰყვება კომპენსაცია. ერთ მხარეზე არსებული დანაკლისი მეორე მხარის სიჭარბით კომპენსირდება. ცნობიერსა და არაცნობიერს შორის მიმართება კომპენსატორულია. ეს სიზმრის ინტერპრეტაციის მრავალნაცადი ხერხია. ყოველთვის, როდესაც სიზმრის ახსნას შევუდგებით, კარგი იქნება ვიკითხოთ, თუ რომელი ცნობიერი ატიტუდის კომპენსაცია ხდება”. ატიტუდი ამ შემთხვევაში ექსტრავერსია-ინტრავერსიის თვისებას გულისხმობს. ექსტრავერტული პიროვნება თავის არაცნობიერში, ანუ სიზმარში, ინტრავერტულია და პირიქით. კომპენსაციის მექანიზმი ეხება ფსიქიკისა და პიროვნების ყოველგვარ თვისებას თუ პროცესს. მაგალითად, ადამიანი, რომლის ცნობიერებაში მთავარ როლს აზროვნების პროცესი თამაშობს არაცნობიერში და, კერძოდ, სიზმარში ინტუიციაზე იქნება ორიენტირებული; შეგრძნების დომინირებული პროცესი გრძნობით კომპენსირდება და ა.შ. მაგრამ ადამიანები ძალიან განსხვავდებიან ერთმანეთისგან იმ გზების არჩევაში, რის მეშვეობითაც მათი არაცნობიერი (სახელდობრ სიზმარი), კომპენსაციის ფუნქციას ასრულებს. ამდენად, სიზმრებისა და მათი სიმბოლიკის მეტნეკლებად დამაკმაყოფილებელი კლასიფიკაცია ძნელი წარმოსადგენია.       ცნობილია იუნგის შეხედულება პიროვნების ტიპოლოგიის შესახებ. აქ გამოყენებული ცნებები უკვე ვახსენეთ კომპენსაციის მექანიზმზე საუბრისას. პირველ ყოვლისა მხედველობაში გვაქვს ექსტრავერსია და ინტრავერსია, რომლებმაც მნიშვნელოვანი ადგილი დაიმკვიდრეს ფსიქოლოგიის ცნებით აპარტში. ტიპოლოგიის საფუძვლად აღებულია ადამიანის ორი სახის მიმართულობა (ატიტუდი): გარეთ - ექსტრავერსია და შიგნით - ინტრავერსია. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ყოველ ადამიანს პრინციპში, ორივე ატიტუდი აქვს. ამიტომ ლაპარაკი შეიძლება მხოლოდ ერთ-ერთის დომინირებაზე. მაშასადამე, ტიპი გამოყოფილი თვისების შედარებით სიჭარბეს ნიშნავს. ექსრტავერსიაინტრავერსიის პარამეტრი არ ამოწურავს ინდივიდუალობათა ყველა შესაძლო გამოვლინებას. იუნგს დამატებით შემოაქვს ისეთი დისკრიმინაციული ნიშანი, როგორიცაა ფსიქიკური ფუნქცია. იგი ოთხ ძირითად ფუნქციას გამოყოფს: აზროვნება, ემოცია, შეგრძნება და ინტუიცია. ამ ფუნქციების საშუალებით ადამიანი ორიენტაციას ახდენს გარე და შიგა სამყაროში, ასახავს და შეისწავლის მას. აზროვნება მოვლენების არსისა და მნიშვნელობის გაგებას ემსახურება; გრძნობის (ემოციის) საშუალებით ხდება მოვლენების სუბიექტური შეფასება; შეგრძნების (პერცეფციის) ფუნქცია რეალობის უშუალო და ცნობიერი ასახვაა; ინტუიციის შემთხვევაში ინფორმაციის მოპოვება არაცნობიერ დონეზე მიმდინარეობს. ინტუიციისთვის დამახასიათებელია წინათგრძნობა, მიხვედრა, გაბრწყინება. ერთ-ერთი ფუნქციის დომინირების მიხედვით გამოიყოფა ინტელექტუალური, სენტიმენტალური, სენზიტიური და ინტუიციური ტიპი. ექსტრავერსია-ინტრავერსიისა და ფუნქციური პარამეტრების გათვალისწინებით ვღებულობთ პიროვნების რვა ტიპს (მაგ., ექსტრავერტული-ინტელექტუალური ან ინტრავერტული-ინტუიციური ტიპი). დიფერენციალურ ფსიქოლოგიაში ეს ერთ-ერთი გავრცელებული ტიპოლოგიაა. მის საფუძველზე შეიქმნა პიროვნების კვლევის ტესტი (მაიერს-ბრიქსის ტიპის ინდიკატორი).       როგორც ითქვა, იუნგი სახელგანთქმული ფსიქოთერაპევტი იყო. ფსიქოთერაპიის ძირითად ამოცანას იგი პიროვნების ცნობიერ და არაცნობიერ სფეროებს შორის ნორმალური კავშირისა და ურთიერთობის დამყარებაში ხედავდა. პაციენტი მთლიანობაში უნდა განიხილებოდეს. თერაპია ანალიტიკოსისა და პაციენტის ძალისხმევათა გაერთიანებაა. მკურნალობის პროცესი ორ სტადიად იყოფა, ესაა ანალიზური და სინთეტური სტადიები. ანალიზური სტადია, თავის მხრივ, ორ ეტაპს გაივლის. პირველ ეტაპზე (ე.წ. აღსარება) ხდება მასალის შეგროვება. ანალიტიკოსის დახმარებით პაციენტი საუბრობს თავის ცხოვრებაზე, პრობლემებზე, განცდებზე, სიზმრებზე და ა.შ. ამ დროისთვის პაციენტი უკვე თერაპევტზე დამოკიდებული ხდება. მეორე ეტაპზე (ე.წ. განმარტება) მიმდინარეობს აღსარების მასალის ინტერპრეტაცია. აქ იუნგის ყურადღების ძირითადი ობიექტია სიზმრები და სიმბოლოები. პაციენტს საკუთარი თავისა და გარესამყაროს ახლებური გაგება უყალიბდება და, ამავე დროს, კიდევ უფრო დამოკიდებული ხდება თერაპევტზე. მკურნალობის სინთეტურ სტადიაზე აგრეთვე ორი ეტაპი გამოიყოფა: დასწავლა და ტრანსფორმაცია. ანალიზურ სტადიაზე მიღწეული გაგება და განმარტება საკმარისი არ არის. შემდგომი, საკმაოდ რთული და მნიშვნელოვანი ამოცანა დასწავლაა. ამ ეტაპზე პაციენტს ახალი ჩვევები, ქცევისა და რეაგირების ახალი სტერეოტიპები უყალიბდება. მკურნალობის ბოლო ეტაპი ეძღვნება პაციენტის ანალიტიკოსზე დამოკიდებულების მაქსიმალურ შესუსტებას, ტრანსფორმაციას. აქცენტი გადადის თვით პაციენტზე, მის თვითგანათლებაზე, თვითსრულყოფაზე; ამის შედეგად იგი სულ უფრო პასუხისმგებელი ხდება საკუთარ განვითარებაზე.       იუნგის შეხედულებებმა სერიოზული გამოძახილი ჰპოვა კულტურის სხვადასხვა სფეროში (თეოლოგია, ისტორია, ხელოვნება და ა.შ.), მაგრამ იუნგის ალქიმიური, ასტროლოგიური, სპირიტუალისტური და პარაფსიქოლოგიური ჩაღრმავებები ყოველთვის იწვევდა აკადემიური მეცნიერების ბუნებრივ პროტესტს; თუმცა, ასევე ბუნებრივი იყო მისი სისტემით აღფრთოვანება იმათი მხრიდან, ვინც მისტიკურ ცნობიერებას ყველაფერზე მეტად აფასებს. თვით იუნგის სულიერებაში მეცნიერება და მისტიკა უცნაურად თანაარსებობდა. საზოგადოდ, ყველა პრეტენზია, რომელიც ფსიქოანალიზის დებულებების დასაბუთებულობასა და ვერიფიცირებადობას ეხება, სრულად მიეყენება ანალიტიკურ ფსიქოლოგიასაც.       კლასიკური სიღრმის ფსიქოლოგიის კიდევ ერთ სერიოზულ მიმართულებას ადლერის ინდივიდუალური ფსიქოლოგია წარმოადგენს. ალფრედ ადლერი (1870-1937) იზრდებოდა ვენაში, საშუალო შეძლების ებრაელი ვაჭრის მრავალშვილიან ოჯახში. დაბადებიდან ძალზე სუსტი და ავადმყოფური, ადლერი გამუდმებით ებრძოდა თავის ფიზიკურ არასრულყოფილებას. ვენის უნივერსისტეტის დამთავრების შემდეგ იგი იწყებს საექიმო პრაქტიკას, რომელმაც მალე მიიყვანა ნევროლოგიამდე და ფსიქიატრიამდე. ადლერი გაეცნო ფროიდის შრომებს, დაუახლოვდა მას და შევიდა 1902 წელს დაარსებულ “ფსიქოანალიტიკურ წრეში”. შემდგომში მას ისეთი ფიგურები შეუერთდნენ, როგორიცაა იუნგი და ბლეილერი. მალე ადლერი ფროიდის ერთ-ერთი უახლოესი თანამოაზრე გახდა, რომელზეც ეს უკანასკნელი განსაკუთრებულ იმედს ამყარებდა. 1907 წლიდან იწყება თეორიული უთანხმოება ადლერსა და ფროიდს შორის, რაც ძირითადად ამ უკანასკნელის შეხედულების პანსექსუალური ხასიათით იყო გამოწვეული. მიუხედავად ამისა, 1910 წელს ადლერს ვენის ფსიქოანალიტიკური საზოგადოების პრეზიდენტად ირჩევენ. 1911 წელს ფროიდი და ადლერი საბოლოოდ წყვეტენ ურთიერთობას. ადლერი იწყებს ორიგინალური კონცეფციის შექმნას და აყალიბებს ფსიქოანალიტიკოსთა ახალ ჯგუფს, რომელიც შემდგომაში ინდივიდუალური ფსიქოლოგიის ასოციაციად გარდაიქმნება. პირველი მსოფლიო ომის დროს ადლერი ხელმძღანელობდა სამხედრო ჰოსპიტალს. ომის შემდეგ იგი დაინტერესდა ბავშვების აღზრდის პრობლემებით და ვენაში დააარსა ბავშვებისა და მშობლების საკონსულტაციო ცენტრების ქსელი.       ადლერის პოპულარობა სულ უფრო იზრდება; ინდივიდუალური ფსიქოლოგია საერთაშორისოდ აღიარებული ხდება, ტარდება კონგრესები, გამოდის ჟურნალები. 1935 წელს, ავსტრიის ნაცისტური მთავრობის მიერ ინდივიდუალური ფსიქოლოგიის აკრძალვის შემდეგ ადლერი ოჯახით აშშ-ში გადადის საცხოვრებლად და ნიუ-იორკის სამედიცინო კოლეჯში იკავებს პროფესორის თანამდებობას. იგი შოტლანდიაში გარდაიცვალა სალექციო ტურნეს მსვლელობაში.       ადლერი თვლიდა, რომ პიროვნების განვითარებისა და ჩამოყალიბებისთვის პირველადი და ძირეულ სექსუალური მოტივაცია კი არ არის, არამედ არსრულყოფილების განცდა და მისი კომპენსაციის მექანიზმები. ადამიანი დაბადებიდან უსუსური და არასრულყოფილი არსებაა. იგი სრულიად უძლურია დამოუკიდებლად შეეგუოს გარემოს, ამიტომ მშობლების მუდმივი მზრუნველობის ქვეშ იმყოფება. ეს გამოცდილება ბავშვში იწვევს არასრულყოფილების ღრმა გრძნობას ოჯახის უფრო მოზრდილ და ძლიერ წევრებთან შედარებით. იყო ადამიანი, ნიშნავს გქონდეს არასრულყოფილების განცდა. ზოგიერთ ადამიანში ეს განცდა ზომაზე მეტად ძლიერდება და შეიძლება არასრულფასოვნების კომპლექსის სახე მიიღოს. ადლერი ამის სამ მიზეზს ასახელებს: ფიზიკური ნაკლი, მშობელთა გადაჭარბებული მეურვეობა და მშობელთა უყურადღებობა. საერთოდ კი არასრულყოფილების განცდა საყოველთაო, პირველადი და ნორმალური განცდაა. ეს არ არის პასიური მდგომარეობა; იგი პიროვნების განვითარების სტიმულია, ვინაიდან მასში თავის დაძლევის ტენდენციას აჩენს. ეს ამოსავალი ლტოლვა ვლინდება ისეთი კონკრეტული მოტივაციური ტენდენციების სახით, როგორიცაა უპირატესობის მიღწევა ან, უკიდურეს ვარიანტში, ძალაუფლებისკენ სწრაფვა. ადლერის თქმით, პიროვნების სოციალური სწრაფვების შესწავლა, არსებითად, უპირატესობის, ძალაუფლებისა და სხვებზე მბრძანებლობის განდევნილი სურვილების გაშიფვრას ნიშნავს. ადლერი, ფაქტობრივად, იმეორებს ფროიდის ცენტრალურ იდეას არაცნობიერი ინსტინქტების თანდაყოლილობის შესახებ. ბიოლოგიური ინსტინქტური ლტოლვების ნაცვლად, ადლერი არასრულყოფილების გრძნობიდან მომდინარე სოციალურ მისწრაფებებზე ლაპარაკობს, რომელთაც პირველადი და თანდაყოლილი ხასიათი აქვს. ისინი შეადგენენ პიროვნების მოტივაციურ ფუნდამენტს; მათზე აგებულია ე.წ. კონკრეტული კომპენსაციის მექანიზმები, რომელთა საშუალებითაც ხდება პირველადი არასრულყოფილების დაძლევა. ადამიანის მთელი ცხოვრება, მისი “ცხოვრების სტილი”, “ფსიქიკური კონსტიტუცია”, “მოძრაობის ხაზი” არის კომპენსატორული მექანიზმების რეალიზაცია კონკრეტულ ფორმებში. კომპენსაციის მექანიზმებს, კერძოდ ცხოვრების სტილს, ძირითადად, ადრეულ ბავშვობაში, 4-5 წლისთვის ეყრება საფუძველი. ცხოვრების სტილი, ერთი მხრივ, გამოხატავს ადამიანის უნიკალურობას, განუმეორებლობას; იგი ინდივიდუალურია. პირველადი, ამოსავალი მოტივაციის მსგავსების მიუხედავად, საბოლოო ჯამში, ყველა თავისებურად წყვეტს არასრულყოფილების დაძლევის ამოცანას. ამიტომ ეწოდება ამ თვალასაზრისს ინდივიდუალური ფსიქოლოგია. მეორე მხრივ, ფსიქიკური კონსტიტუცია ინდივიდუალობის მუდმივობას და, მაშასადამე, პიროვნების (ხასიათის) გარკვეულ ტიპს გულისხმობს. ადლერი პიროვნების ოთხ ორიენტაციაზე ან ტიპზე ლაპარაკობს. ესენია: მართველი ტიპი, მკვეთრად გამოხატული ინდივიდუალისტური ორიენტაციით, დომინირებისა და სხვებისადმი მტრული დამოკიდებულებით; ამღებლური ტიპი, რომელიც ორიენტირებულია მითვისებასა და მოპოვებაზე სხვების ინტერესების გაუთვალისწინებლად; განრიდების ტიპი, რომლისთვისაც მთავარია წარუმატებლობისაგან თავის არიდება და არა მიღწევისკენ სწრაფვა. ცხოვრების ეს სამივე სტილი, პრინციპში, არაადაპტურად და არაჯანსაღად უნდა ჩაითვალოს. ადაპტურს ადლერი მეოთხე, ე.წ. სოციალურსასარგებლო ტიპს უწოდებს. მასში მოცემულია ძლიერი სოციალური ორიენტირებულობა, სხვებთან ურთიერთობისა და მათზე ზრუნვის განწყობა. ასეთი პიროვნება სასიცოცხლო ამოცანებს თანამშრომლობისა და კონსტრუქციულობის ვითარებაში წყვეტს.       ადლერის თანახმად, პიროვნების ამა თუ იმ სტრუქტურისა და ორიენტაციის ფორმირებაზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ბავშვის დაბადების რიგითობა, ანუ ის, თუ რიგით მერამდენეა ბავშვი, რა ადგილი უკავია ოჯახში და, აქედან გამომდინარე, რა სოციალური გამოცდილება აქვს მიღებული. პირველი შვილი ყურადღების ცენტრშია მანამ, სანამ არ გაჩნდება მეორე ბავშვი, რაც ბოლოს უღებს მის პრივილეგირებულ მდგომარეობას. ეს მძიმე განცდებს იწვევს, მათ შორის ისეთებს, როგორიცაა დაურწმუნებლობა და უსაფრთხოების დაკარგვა, ეჭვიანობა და მტრული დამოკიდებულება, წარსული მდგომარეობის დაბრუნების სურვილი. შედეგად, შეიძლება ჩამოყალიბდეს ავტორიტარულობა, კონსერვატულობა, ძალაუფლებისკენ სწრაფვა, ლიდერობისკენ მიდრეკილება. ისინი ხშირად გვევლინებიან მორალური ღირებულებებისა და ოჯახური ტრადიციების დამცველებად, ახასიათებთ მოწესრიგებულობა, სერიოზულობა, სიჯიუტე, პასუხისმგებლობა. პასუხისმგებლობის გრძნობა შეიძლება გაჭარბებულიც იყოს, რის გამოც უფროსი შვილი ზოგჯერ ძლიერ მშფოთვარე პიროვნებად ყალიბდება. თუ “ტახტის დაკარგვასთან” შეგუება ნორმალურად არ ჩაივლის, არსებობს დიდი ალბათობა, რომ მივიღოთ პრობლემური ბავშვი, ხოლო მოზრდილობაში - დამნაშავე, ნევროტიკი, ალკოჰოლიკი, გარყვნილი პიროვნება. თუმცა, როგორც სტატისტიკა აჩვენებს, უფრო ხშირად სწორედ პირველი ბავშვები აღწევენ ცხოვრებაში დიდ წარმატებებს.       მეორე შვილი მუდამ “მდევნელის” როლშია, მისი ცხოვრების სტილი განისაზღვრება ამოცანით - აჯობოს თავის უფროს ძმას ან დას. ამიტომ იგი ხშირად ხდება ამბიციური, ეჭვიანი, მეტოქეობაზე და წარმატებაზე მიმართული, პატივმოყვარე ადამიანი. ბავშვობაში განვითარების ტემპით იგი, უფრო ხშირად, აღემატება უფროსს. ადლერის აზრით, ყველაზე კარგად ადაპტირებული სწორედ მეორე ბავშვია, ყველაზე პრობლემური კი უმცროსი. ერთი მხრივ, მას მშობლებიც ანებივრებენ და და-ძმებიც, მაგრამ, მათთან შედარებით უმცროს ბავშვს ნაკლები პრივილეგიები აქვს, რაც იწვევს არასრულყოფილების გრძნობის გაძლიერებას და დამოუკიდებლობის განცდის შესუსტებას. დედისერთას პრობლემა იმაშია, რომ იგი ოჯახის ცენტრია, ამიტომ, მუდმივი ყურადღებისა და კონტროლის ქვეშ იმყოფება. განებივრებულობის შედეგად შეიძლება დამოუკიდებლობას მოკლებული და ეგოცენტრული პიროვნება განვითარდეს.       ადლერი საგანგებოდ იხილავს კომპენსაციის ერთ გამორჩეულ ფორმას, რომელიც გარკვეული ტიპის ცხოვრების სტილს ქმნის და მას ჰიპერკომპენსაციას ან ზეკომპენსაციას უწოდებს. ესაა თავისებური, არასრულყოფილებაზე განსაკუთრებით ძლიერი რეაქციის ტიპი. ამ შემთხვევაში პიროვნება საგანგებო ძალისხმევით, ნებისყოფის დიდი დაძაბვით, დაუღალავი ვარჯიშით ცდილობს განივითაროს ის ფუნქციები და თვისებები, რომლებიც მას თავიდან არასრულყოფილად აქვს მოცემული. უდიდესი შეუპოვრობისა და შემართების შედეგად იგი უნიკალურ, უდიდეს შედეგებს სწორედ იმ სფეროში აღწევს, სადაც დეფექტი გააჩნდა. ჰიპერკომპენსაციას ფსიქიკის სფეროში თავისი ანალოგები მოეპოვება ორგანულ პროცესებში. აცრისას ორგანიზმი ავადდება, მაგრამ, ამარცხებს რა დაავადებას, იგი უფრო ჯანმრთელი და ძლიერი ხდება, ვიდრე იყო. ეს პარადოქსული ორგანული პროცესი, რომელიც ავადმყოფობას ზეჯამრთელობად, სისუსტეს ძლიერებად, მოწამვლას იმუნიტეტად აქცევს, ჰიპერკომპენსაციის გამოვლინებაა. ეს იმით აიხსენება, რომ რაიმე დაზიანებისა თუ საფრთხის წარმოქმნისას ორგანიზმი, როგორც მთლიანი სისტემა, თავს უყრის იმაზე მეტ სასიცოცხლო ძალებსა თუ ორგანულ რესურსებს, ვიდრე ეს კონკრეტული დარღვევის აღმოფხვრისათვის არის საჭირო; ამით იგი დაცულობის უფრო მაღალ გარანტიებს ქმნის. ფსიქიკური აპარატიც აყალიბებს ერთგვარ “ფსიქიკურ ზედნაშენს” და განსაკუთრებულად ავითარებს ისეთ ფსიქიკურ პროცესებს, როგორიცაა მეხსიერება, ინტუიცია, ყურადღება, მგრძნობელობა, ინტერესი; ერთი სიტყვით, ქმნის ზესრულყოფილებას არასრულყოფილებიდან, გარდაქმნის დეფექტს ნიჭად, ტალანტად. ადლერს მრავლად მოაქვს ამგვარი მაგალითები: ბავშვობაში ენაბლუ დემოსთენე დიდი ორატორი გახდა, მანეს ასტიგმატიზმი ჭირდა, სმენადაქვეითებული ბეთჰოვენი საბოლოოდ დაყრუვდა, მაგრამ გენიალურ მუსიკას წერდა. ვილმა რუდოლფი, ბავშვობაში გადატანილი პოლიომიელიტის შედეგად პარალიზებული ფეხებით, სირბილში სამგზის ოლიმპიური ჩემპიონი გახდა. განსაკუთრებით ხშირად მიუთითებდა ადლერი ნაპოლეონზე, რომლის მხედარმთავრულ გენიას ნაწილობრივ მისი სიდაბლით, აგრეთვე, გარკვეული ფიზიკური დეფექტებით გამოწვეული არასრულყოფილების გრძნობით და, შესაბამისად, ამ გრძნობის დასაძლევად წარმართული ჰიპერკომპენსაციით ხსნიდა.       ცხოვრების სტილისა და კომპენსაციის მექანიზმების დახასიათებასთან დაკავშირებით, ადლერს შემოაქვს სოციალური გრძნობის ცნება. ეს გრძნობა არ შეიძინება სოციალიზაციის პროცესში, იგი, ფაქტობრივად, თანდაყოლილია ისევე, როგორც არასრულყოფილების გრძნობა. ადამიანს არ შეუძლია მარტომ გადაწყვიტოს თავისი სასიცოცხლო (კომპენსატორული) ამოცანები, იგი იმთავითვე სოციალურია. ნორმალური განვითარებისთვის ინდივიდი აუცილებლად უნდა ჩაერთოს სოციალურ კონტექსტში, დაიმკვიდროს თავისი ადგილი ჯგუფში, საზოგადოებაში. “თავის სისუსტეში ადამიანს მხოლოდ საზოგადოებაზე დაყრდნობა შეუძლია. შეიძლება ითქვას, რომ მას არ ძალუძს იარსებოს მარტო; არსებობის უნარს იგი მხოლოდ საზოგადოების დახმარებით იძენს. ამიტომ, ჩვენ შეგვიძლია განვიხილოთ საზოგადოება იმ ფაქტორის სახით, რომელიც ინდივიდუუმის სისუსტის კომპენსირებას ახდენს”. უპირატესობისკენ, დომინირებისკენ, ძალაუფლებისკენ სწრაფვა, როგორც ძირეული მოტივაციური ტენდენცია, თავისთავად გულისხმობს სხვას - სოციუმს. ასევე ენა, გონება, ზნეობა, ესთეტიკური გრძნობა თავისი ფორმირებისა და რეალიზაციისთვის მოითხოვს ბავშვის კავშირს ახლობელ ადამიანთან. სხვა ადამიანებთან ურთიერთობა, მათი შემეცნება, ადამიანის საზოგადოებაში ცხოვრების აუცილებელ წინაპირობას წარმოადგენს.       სოციალური გრძნობა ძირითადად სამ სფეროში ვლინდება: პროფესიული საქმიანობა, სხვა ადამიანებთან სოციალური კონტაქტი და სიყვარული. პიროვნება, რომლის სოციალური გრძნობა შესუსტებულია, ან რომელიც სოციალურ ურთიერთობებში შეფერხებებს აწყდება, ვერ აღწევს სრულყოფილ რეალიზაციას ამ სფეროებში, რაც ავტომატურად გამორიცხავს ნორმალურ კომპენსაციას. ამის პირდაპირი შედეგია პიროვნების ავადმყოფური გამოვლინებები ან გადახრები, დევიანტური ქცევები და ა.შ. “ყველა ადამიანის წარუმატებლობაში, ალკოჰოლიზმში, მორფინიზმში, კოკაინიზმში, სქესობრივ დამახინჯებებში, არსებითად ყველა ნერვულ გამოვლინებაში ჩვენ, ფაქტობრივად, შეგვიძლია აღმოვაჩინოთ სოციალური გრძნობის არასაკმარისი დონე”.       ამრიგად, ნევროზი (ფსიქოანალიტიკური პრაქტიკის ძირითადი ობიექტი), ადლერის მიხედვით, წარმოადგენს არასრულფასოვანი, წარუმატებელი კომპენსაციის შედეგს ან გამოვლინებას. კულტურის თვალსაზრისით, “ნებისმიერი ნევროზი შეიძლება განისაზღვროს, როგორც არასრულყოფილების გრძნობისაგან თავის დაღწევის არასწორი მცდელობა უპირატესობის გრძნობის მოსაპოვებლად”. კომპენსაციის “ნორმალური” საშუალებების ძიების ნაცვლად, ადამიანი “მირბის ავადმყოფობაში”, “იმუშავებს ნევროტულ სიმპტომებს”, რაც კომპენსაციის მიღწევის თავისებურ ხერხს წარმოადგენს. საკუთრივ გზებისა და ხერხების რაგვარობა დამოკიდებულია კონკრეტულ სოციალურ პირობებზე და ხასიათის ტიპზე. იმას, რასაც ერთი ტიპი ნევრასთენიული ჩივილებით აღწევს, სხვა მოიპოვებს შიშის, ისტერიის, ნევროტული აკვიატებულობის ან, თუნდაც, სომატური აშლილობების გზით. ნევროტიკი, გარკვეული აზრით, ახლობლების ტირანია; იგი დომინირებს გარშემომყოფებზე, ყურადღების ცენტრშია, მასზე გამორჩეულად ზრუნავენ და ა.შ. ერთი სიტყვით, ძალაუფლებისკენ ლტოლვა ამ შემთხვევაში ერთგვარ დაკმაყოფილებას ნახულობს. ფსიქოთერაპიის ზოგადი ამოცანაა ხელი შეუწყოს პაციენტის ცხოვრების სტილისა და საბოლოო მიზნების გადასხვაფერებას, რათა მათ საზოგადოებრივი მნიშვნელობა შეიძინონ. აქედან გამომდინარე, გამოიყოფა ფსიქოთერაპიის სამი ძირითადი ასპექტი: პაციენტის სპეციფიკური ცხოვრების სტილის დადგენა, დახმარება თავის თავის გაგებაში და, რაც მთავარია, მისი სოციალური ინტერესის ფორმირება-გაძლიერება. ამისათვის თერაპევტმა უნდა დაამყაროს თანასწორუფლებიანი ურთიერთობა პაციენტთან მისი პრობლემების თავისუფალი განხილვის, მისი სულიერი სამყაროს შთაგრძნობის გზით და არა თავისუფალი ასოციაციების საშუალებით, როგორც ამას ფროიდი აკეთებდა. ადლერი თვლიდა, რომ ადამიანებს უნდა მიეცეთ საშუალება იმოქმედონ დამოუკიდებლად. მაშასადამე, პაციენტმა მაქსიმალური აქტივობა უნდა გამოავლინოს, რათა გაიგოს და შეცვალოს თავისი თავი. ეს სრულ შესაბამისობაშია ადლერის იდეებთან მე-ს შემოქმედებითი ძალის შესახებ. იგი თვლიდა, რომ ადამიანს, თავისი ცხოვრების უნიკალური სტილის შესაბამისად, შეუძლია აქტიური და შემოქმედებითი მონაწილეობა მიიღოს საკუთარი პიროვნების ფორმირებაში და, საერთოდ, საკუთარი ბედის განსაზღვრაში.       ადლერის თეორიის ინტერპრეტაცია და შეფასება არაერთგვაროვანია. ზოგჯერ ეჭვის ქვეშ აყენებენ მისი კონცეფციის სიღრმის ფსიქოლოგიისადმი მიკუთვნებულობის მართებულობას. სიღრმის ფსიქოლოგია არაცნობიერი ფსიქიკის შესახებ მოძღვრებაა. ამ მხრივ ადლერი საგრძნობლად ჩამოუვარდება ფროიდსა და იუნგს, ვინაიდან თითქმის არ იძლევა არაცნობიერის სტრუქტურის დახასიათებას. მისი კონცეფცია უფრო პიროვნების თეორიაა, რასაც ხაზგასმით აღნიშნავდნენ უდიდესი პერსონოლოგები (უ. შტერნი, ჰ. მიურეი, გ. ოლპორტი). თუმცა, ისიც გასათვალისწინებელია, რომ სიღრმის ფსიქოლოგიაში შემავალი სისტემები, არცნობიერთან ერთად, ყოველთვის პიროვნების თეორიებიც იყვნენ. ადლერის არაცნობიერი, ფაქტობრივად, არის პიროვნება - მისი ცხოვრების სტილი. ადლერი არაცნობიერ მიზანზე ლაპარაკობს; ის ყალიბდება ადრეულ ბავშვობაში და განსაზღვრავს ცხოვრების სტილს, რომელიც ამ მიზნის ხორცშესხმას წარმოადგენს. არასრულყოფილების გრძნობაც, უმეტეს წილად, არაცნობიერია, თუმცა, ზოგჯერ მისი გაცნობიერებაც ხდება. მაშასადამე, საწყისი მოტივაციური ძალები ადლერთან მაინც არაცნობიერია, რაც სიღრმის ფსიქოლოგიის და, სახელდობრ, ფსიქოანალიზის არსებითი ნიშანია. ინდივიდუალური ფსიქოლოგიის ფსიქოანალიზთან კავშირზე ის გარემოებაც მიანიშნებს, რომ ძირითადი პიროვნული სტრუქტურების ჩამოყალიბება, ორივე მათგანის მიხედვით, ადრეულ ბავშვობაში ხდება. ნიშანდობლივია ისიც, რომ ფროიდისა და იუნგის მსგავსად, ადლერიც ვერ ხედავს თვისობრივ განსხვავებას ნორმალური და ავადმყოფური ფსიქიკის მოქმედების ძირეულ მექანიზმებს შორის. ამ მომენტს განსაკუთრებული მნიშვნელობა მიენიჭა ნეოფროიდიზმში, ისევე როგორც სოციალური ფაქტორების გადამწყვეტ როლს პიროვნების ფსიქიკის ფორმირებასა და ნევროტიზაციაში. აქ უთუოდ უნდა აღინიშნოს ადლერის დამსახურება ფსიქოანალიზის ტრანსფორმაციაში მისი გასოციალურების მიმართულებით. ადლერი პირველი დაუპირისპირდა ფროიდის ბიოლოგიზმს. უპირატესობისა და ძალაუფლებისკენ სწრაფვა, სოციალური გრძნობა ადამიანის ძირეული ნიშნები და ტენდენციებია. თუმცა, ლიბიდონალური ლტოლვების მსგავსად, ისინიც თანდაყოლილი ინსტინქტური ბუნების არიან; სოციალური გარემო მხოლოდ ხელს უწყობს ან აფერხებს მათ რეალიზაციას.       ადლერის თეორიული სისტემა ფსიქოლოგიის ისტორიკოსებს შორის საკმაოდ მაღალი შეფასებით გამოირჩევა. მიუხედავად ამისა, არც მას დაჰკლებია კრიტიკა. შეიძლება ითქვას, რომ ფსიქოანალიზისა და ანალიზური ფსიქოლოგიის მიმართ აკადემიური ფსიქოლოგიის მხრიდან გამოთქმული შენიშვნები მთლიანად ვრცელდება ინდივიდუალურ ფსიქოლოგიაზე. აქ გამომუშავებული ცნებები და შეხედულებები არ გამოირჩევა სიცხადით და კონკრეტულობით და, ამიტომ, ნალკებ ექვებდებარება შემოწმებას კონტროლირებადი სისტემატური გამოკვლევებით. ადლერის კლინიკური დაკვირვებების გამეორება და ვერიფიკაცია შეუძლებელია. ისტორიკოსები მიუთითებენ, რომ იგი არც ცდილობდა შეემოწმებინა პაციენტების მიერ მოწოდებული ცნობების სარწმუნოობა; ფროიდისა და იუნგის მსგავსად, ადლერი არ განმარტავდა, როგორ აანალიზებდა პირველად მონაცემებს და რის საფუძველზე მიდიოდა ამა თუ იმ დასკვნამდე.       ადლერის თეორიული სისტემა, მთლიანობაში, ძნელად ექვემდებარება მეცნიერულ დადასტურებას, მაგრამ მისი ერთი ასპექტი, კერძოდ შეხედულება დაბადების რიგითობის შესახებ, ინტენსიური შესწავლის საგანი გახდა. შედეგებმა, მიუხედავად მათი არაერთმნიშვნელოვნებისა, დაადასტურა, რომ არსებობს გარკვეული კავშირი ინდივიდის დაბადების რიგითობასა და მის პიროვნულ თავისებურებებს შორის, თუმცა ყოველთვის ისეთი არა, როგორც ადლერი ვარაუდობდა. ირაკლი იმედაძე წიგნიდან: ფსიქოლოგიის ისტორია « წინა ნაწილი | გაგრძელება » …
დაამატა ლაშა to ფსიქოლოგია at 11:15am on მაისი 19, 2018
თემა: აგრესიის მენეჯმენტი
იარულების განცდის ხარჯზე? ემოციები მთელ რიგ მნიშვნელოვან ფუნქციას ასრულებენ. ემოციის უამრავი განსაზღვრება არსებობს, თუმცა ჩვენ ავიღოთ თანამედროვე კვლევების მიხედვით განსაზღვრული ემოციის დეფინიცია, რომლის მიხედვითაც - ემოცია წარმადგენს სხეულებრივი და მენტალური ცვლილებების რთულ სისტემურ ქცევას. ეს მოიცავს ფიზიოლოგიურ აგზნებას, გრძნობებს, კოგნიტურ პროცესებს და ქცევით რეაქციებს, რომელიც პიროვნების მიერ მნიშვნელოვნად აღქმულ სიტუაციებზე საპასუხოდ ჩნდება. მთელს მსოფლიოში გამოყოფილია შვიდი ბაზისური ემოცია, რომელსაც ერთნაირად ცნობენ და ავლენენ ადამიანები, ესენია: ბედნიერება, გაოცება, ბრაზი, ზიზღი, შიში, სევდა და სიძულვილის ემოციები. როგორც ნაჩვენებია ქვევით მოცემულ სურათზე. ემოციის განვითარება დაკავშირებულია სხეულებრივ აგზნებასთან, რაც მოიცავს გულის პულსაციის გახშირებას, კანის ტემპერატურის ცვლილებას, სუნთვის გახშირებას, ორგანიზმში ადრენალინის გამომუშავებას. საინტერესო საკითხია, აქვს თუ არა ყველა ემოციას ფიზიკური გამოვლენის ერთიდაიგივე გამოხატულება? პოლ ეკმანის და მისი კოლეგების (1983) მიერ ჩატარებული ექსპერიმენტის მიხედვით, ამ შეკითხვაზე პასუხის გაცემა პროფესიონალ მსახიობებზე დაკვირვების გზით გადაწყვიტეს. მკვლევარები ზომავდნენ, ისეთ ავტონომიურ, ანუ ფიზიოლოგირ რეაქციებს, როგორიცაა გულისცემა და კანის ტემპერატურა, როდესაც მსახიობები ემოციებს და ემოციის ექსპრესიებს თამაშობდნენ. ამ გაზომვამ სხვადასხვა ემოციებისათვის განსხვებული ქცევის სისტემა, ანუ პატერნი გამოავლინა. მაგალითად, მწუხარება ხასიათდებოდა გულისცემის გახშირებით მაშინ, როცა სიხარული, პირიქით - შემცირებით; მართალია შიშიც და ბრაზიც იწვევს გულისცემის გახშირებას, მაგრამ ბრაზის დროს აღინიშნებოდა კანის მაღალი ტემპერატურა, ხოლო შიშის შემთხვევაში - კანის დაბალი ტემპერატურა. ამრიგად, სხეული უზრუნველყოფს რეაქციებს სტიმულებზე, სიტუაციებზე, რომელშიც გვაძლევს მოვლენის აღქმის და შეგრძნების საშუალებას. საინტერესოა კიდევ ერთი საკითხი, თუ რა ფუნქციას ასრულებენ ემოციები? ემოცია და განსაკუთარებით ბრაზის ემოცია ხშირად იძლევა იმპულსს მოქმედებისათვის, ემოციას აქვს მოტივაციური ფუნქცია, იწვევს მოქმედების განხორციელებისაკენ ადამიანის სწრაფვას რეალობად განცდილი ან წარმოსახული მოვლენების საპასუხოდ. ამის შემდეგ ემოციები წარმართავენ ქცევას გარკვეული მიზნისაკენ. რა ხდება იმ დროს, როცა ემოცია იწყებს გაბატონებას და მისი გაკონტროლება რთულია. ყოფილხართ ოდესმე ისეთი გაბრაზებული, როდესაც გიგრძვნიათ, რომ არ შეგწევთ რაიმე მოქმედების შესრულების უნარი? როგორც უკვე ვნახეთ, ემოციურ რეაქციებზე ფიზიოლოგიური აგზნებით ვპასუხობთ. მეცნიერები ვარაუდობენ, რომ აგზნების და რაიმე მოქმედების შესრულებას შორის მიმართება გადმობრუნებული ლათინური U_ს ფორმის ფუნქციას მიჰყვება. ეს მრუდი წინაწარმეტყველებს, რომ ძალიან სუსტმა ან ძლიერმა აგზნებამ შეიძლება დააქვეითოს მოქმედების შერულების ხარისხი, რადგან ზედმეტად ძლიერმა ბრაზის ემოციამ შეიძლება გადაფაროს კოგნიცია, ანუ რაციონალურად აზროვნების და მსჯელობის უნარი. საშუალო სირთულის ამოცანის შემთხვევაში გვაქვს ოპტიმალური შესრულება. ქვევით მოცემული ცხრილში ნაჩვენებია აგზნების და შესრულებას შორის მიმართება. ამრიგად, ემოციური რეაქციები საჭიროა ოპტიმალური შესრულებისათვის, მაგრამ სიფრთხილეა საჭირო, რათა ემოციებს არ მივცეთ იმდენად გაძლიერების საშუალება, რომ დავალების შესრულების მრუდის ქცვევით დაშვებულ მხარეს აღმოვჩნდეთ. აგრესია აგრესიის გამოვლინებების შესახებ უფრო მეტ ინფორმაციას გვაწვდიან გაზეთები და საინფორმაციო გამოშვებები; ანუ ისეთი ქცევების შესახებ, რომლითაც სხვა ადამიანებისათვის ფიზიკური ან ფსიქოლოგიური ზიანის მიყენება სდევს თან. გადავხედოთ რამოდენიმე სათაურს: იემენში აფეთქებამ ამერიკელი მეზღვაურები იმსხვერპლა; ბრბომ ისრაელის ორი ჯარისკაცი მოკლა; ჩეჩნეთის დედაქალაქში 12 - ზე მეტი ადამიანი ყუმბარამ იმსხვერპლა; ამ მოკლე ჩამონათვალიდანაც კარგად ჩანს თუ რამდენად მრავალფეროვანია ადამანიების მიერ ერთმანეთის მიმართ გამოვლენილი აგრესია. ამდენად ჩვენთვის დიდი მნიშვნელობა აქვს აგრესიის მიზეზების გაგებას, რის საბოლოო მიზანს ცხადია აგრესიის გამოვლინებების შემცირება წარმოადგენს. აგრესიის რაობა აგრესიის ევოლუციური ანალიზი ადასტურებს, რომ გადარჩენის ტენდენცია სახეობების უმრავლესობაში ძალადობის თანდაყოლილ ტენდენციაში გამოვლინდება. თუმცა ადამიანისათვის, როგორც სახეობისათვის არ აქვს მნიშვნელობა რამდენად მეტად თუ ნაკლებად ავლენენ სხვა სახეობები აგრესიის ტენდენციას. ბრაზი ემოციაა, სიგნალია, რომ რაღაც ისე არ ხდება, როგორც ჩვენ გვინდა. ბრაზის შეგრძნება ნორმალური ადამიანური ემოციაა. თუმცა მისგან გამოწვეულიQქცევა შეიძლება იყოს სწორიც და მცდარის. არ არის ნორმალური, როდესაც სიბრაზის გამო ვაყენებთ ზიანს სხვას ან ჩვენს თავს. თუ ის ცდება კონტროლს და გადაიქცა დესტრუქციულ ქცევად, ამან შეიძლება გამოიწვიოს პრობლემები სამსახურში, პიროვნებათაშორის ურთიერთობებში და მთლიანად ადამიანის ცხოვრებაში. აღნიშნული ქმნის განცდას, რომ ჩვენ ვართ ძლიერი ემოციის ხელში. გაბრაზება არის ემოციური მდგომარეობა, რომელიც განსხვავდება ინტენსივობის მიხედვით სუსტი გაღიაზიანებიდან ინტენსიური გაბრაზებამდე და გაშმაგებამდე. ჩარლზ სპირბერგის თანახმად, სხვა ემოციის მსგავსად, ამ შემთხვევაშიც ეს ბრაზის ემოცია მიმდინარეობს ფსიქოლოგიურ და ფიზიკურ ცვლილებებთან ერთად. როდესაც ადამიანი ბრაზდება, მას უჩქარდება გული, და იმატებს სისხლის წნევა, რასაც აკეთებს ბრაზის ჰორმონების დონის მომატება, ადრენალინი და ნორადრენალინი. აგრესია შეიძლება გამოწვეული იქნას ექსტრემალური და ინტერნალური მოვლენების მიერ ერთად. შეიძლება პიროვნება გაბრაზდეს სხვა ადამიანზე (თანამშრომელზე ან სუპერვაიზორზე) ან რაიმე მოვლენაზე (საცობებმა) ან აგრესია შეიძლება გამოწვეულ იქნას წუხილით ან პირადი პრობლემების გამო ფიქრით. რატომ არის ზოგიერთი ინდივიდი უფრო აგრესიული, ვიდრე სხვები? ლორენცის დებულებათა კონტექსტში აგრესიის ინდივიდუალურ გამოვლენაში მნიშვნელოვან როლს გენეტიკური კომპონენტი ასრულებს. შეგიმჩნევიათ ალბად, რომ ზოგიერთი ადამიანი ნაკლებად აგრესიული ჩანს ვიდრე სხვები. ცნობილი აზრია, რომ აგრესიულობა და ძალადობისაკენ მიდრეკილება ოჯახიდან იზრდება. თუმცა ვერაფერს ვიტყვით იმის თაობაზე, აგრესია გენეტიკის შედეგია თუ გარემოსი, სანამ სპეციალური გამოკვლევების შედეგებს არ განვიხილავთ. ცხრილში მოცემული სიტუაციის ანალიზი საშუალებას გვაძლევს, დავუშვათ, რომ სხვებთან შედარებით, ზოგიერთ ინდივიდს აგრესიისადმი უფრო მეტი მიდრეკილება აქვს. მკვლევარებმა ასევე გაამახვილეს ყურადღება ტვინსა და ჰორმონალურ განსხვავებებზე, რომლებიც შესაძლოა ასევე ზრდიდნენ ან ამცირებდნენ აგრესიული ქცევებისადმი მიდრეკილებას. ტვინის გარკვეული სტრუქტურები, როგორიცაა ამიგდალა და ქერქის გარკვეული უბნები მნიშვნელოვან როლს ასრულებენ ემოციების გამოხატვასა და რეგულირებაში. ასევე კვლევებმა ცხადყო, რომ აგრესიაში ზოგიერთი ინდივიდუალური განსხვავება, შესაძლოა სტრესზე ფარულ რეაქციებს ასახავდეს. ერთმანეთისაგან განასხვავებენ იმპულსურ აგრესიას და ინსტრუმენტულ აგრესიას. იმპულსური აგრესია სიტუაციაზე რეაქციაა და ემოციით აღიძვრება; ადამიანები აგრესიული აქტებით რეაგირებენ ემოციურად დატვირთულ მომენტში. თუ თქვენ ავტოკატასტროფის შემდეგ გამართულ ხელჩართულ ჩხუბს ხედავთ, ეს იმპულსური აგრესიის მაგალითია. ინსტრუმენტული აგრესია მიზანმიმართული და კოგნიტურად გააზრებულია. ასეთ შემთხვევებში ადამიანები გეგმავენ და ფიქრობენ მასზე, რათა მიაღწიონ სასურველ შედეგს (მაგალითად ძარცვა). იმპულსური აგრესია – ემოციებით გამოწვეული აგრესია, განსაკუთრებით მწვავე სიტუაციებზე საპასუხოდ. ინსტრუმენტული აგრესია – კოგნიტურად დასაბუთებული აგრესია, რომელიც წამოიქმნება მიზნის მისაღწევად და მოფიქრებულად ფრუსტრაცია – აგრესიის ჰიპოტეზა "ნამდვილად მძიმე დღე იყო იმ დღეს, ბოლო რეგისტრაცია უნდა გამევლო კურსზე. ვერც ვერავინ ვნახე რომ დამხმარებოდა. როდესაც მეათასედ მითხრეს: "თქვენ სხვა კანცელარიას უნდა მიმართოთ", - ისე გავგიჟდი ფაქტიურად კარი გავამტვრიე". ეს ამბავი ერთი კონკრეტული მაგალითია იმისა, რასაც ფრუსტრაცია – აგრესიის ჰიპოტეზას უწოდებენ. ამ ჰიპოტეზის თანახმად ფრუსტრაციას მაშინ აქვს ადგილი როდესაც ადამიანებს ხელი ეშლებათ დასახული მიზნის მიღწევაში. ფრუსტრაციის ზრდის პირობებში კი დიდია აგრესიის გამოვლენის ალბათობა. კავშირი ფრუსტრაციასა და აგრესიას შორის მრავალი ცდითაა დადასტურებული. მაგალითად ბავშვებმა, რომელთა იმედიც არ გამართლდა – მათ არ მიეცათ განსაკუთრებით მიმზიდველი სათამაშოებით თამაშის უფლება, აგრესია გამოავლინეს ამ სათამაშოების მიმართ, როგორც კი მათი ხელში ჩაგდების შესაძლებლობა მიეცათ. ფრუსტრაცია - აგრესიის ჰიპოტეზა – მოცემული ჰიპოტეზის თანახმად, ფრუსტრაცია ჩნდება სიტუაციებში, რომლებშიც ადამიანებს საშუალება არ ეძლევათ, მიაღწიონ თავიანთ მიზნებს; ფრუსტრაციის აღძვრა კი, თავის მხრივ, იწვევს აგრესიის განხორციელების ალბათობის გაზრდას. სიტუაციური გავლენები შეეცადეთ გაიხსენოთ ბოლოს როდის განახორციელეთ აგრესიული ქცევა. შესაძლოა ეს არ იყოს ფიზიკური აგრესია: თქვენ შესაძლოა უბრალოდ სიტყვიერად შეურაცხყავით ვინმე, იმისათვის, რომ მასში სტრესი გამოგეწვიათ. როგორ შეგიძლიათ ახსნათ, რატომ გამოიწვია თქვენი აგრესია კონკრეტულად ამ სიტუაციამ? თქვენს კონფლიქტს ამ ადამიანთან უფრო დიდი ისტორია აქვს თუ ეს ერთჯერადი ურთიერთობა იყო? თქვენ მის მიმართ ძალიან აგრესიულად იყავით განწყობილი, თუ უბრალოდ იმ მომენტში იყავით გაღიზიანებული? ეს მხოლოდ მცირე ჩამონათვალია იმ შეკითხვებისა, რომელსაც მკვლევარები სვამენ აგრესიასა და სიტუაციას შორის კავშირის კვლევისას. ტემპერატურა და აგრესია "ცხელი ზაფხული იყო, ჩემს მანქანაში კონდიციონერი გაფუჭდა და თანაც იმ ბიჭმა გზა ჩამიჭრა, მეც გავეკიდე და ვეცადე ზედ გადამეარა" არსებობს თუ არა კავშირი ტემპერატურასა და აგრესიას შორის? იხილეთ ქვემოთ მოცემულ ცხრილში ასახული მონაცემები. ეს მონაცემები იმ ექსპერიმენტის შედეგებია, რომელშიც გამოკვლეული იყო ტემპერატურის გავლენა ბოლო ორი წლის განმავლობაში მინეაპოლისში (მინესოტის შტატი) მომხდარ თავდასხმებზე. დიაგრამას 36617 აღრიცხული თავდასხმის ანალიზი უდევს საფუძვლად. როგორც ვხედავთ ტემპერა - ტურასა და აგრესიას შო - რის კავშირი არსებობს. სურათიდან ჩანს თავდასხმების საშუალო რაოდენობა (სამი საათის განმავლობაში)როგორც ტემპერატურის შედეგი დროის იმავე პერიოდში(ტემპერატურები მოცემულია ფარენგეიტების სკა - ლაზე).აგრესია მნიშვნელოვნად იზრდება 75 გრადუ - სიდან(24ჩ). პირდაპირი პროვოკაცია და ესკალაცია "ბიბლიოთეკაში ვიჯექი და ვცდილობდი, რამე მაინც გამეკეთებინა. ვიღაც ორი ქალი ძალზე ხმამაღლა საუბრობდა, რითაც გარშემომყოფებს აწუხებდა. მე ორჯერ ვთხოვე მათ რომ ცოტა ხმადაბლა ესაუბრათ, მაგრამ მათ ხმას უფრო აუწიეს! მაშინ ვუთხარი, რომ ისინი ტუტუცები და გონებაჩლუნგები იყვნენ და თუ ახლავე არ მოკეტავდნენ, ბიბლიოთეკიდან მოვისვრიდი. ამან იმოქმედა". თქვენთვის აღმოჩენა არ იქნება, რომ პირდაპირი პროვოკაცია აგრესიას იწვევს, ანუ როდესაც ვინმეს ქცევა გაბრაზებთ, ან წონასწორობას გაკარგვინებთ და თანაც, თუ თქვენ ფიქრობთ, რომ ეს განზრახ ხდება, მოსალოდნელია, რომ მას თქვენ ფიზიკური ან ვერბალური აგრესიით უპასუხოთ. პირდაპირი პროვოკოციის ეფექტი შეესაბამება ზოგად მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ სიტუაციებს, რომლებიც უარყოფით შედეგებს იწვევენ, შეუძლიათ აგრესიის გამოვლენამდე მიგვიყვანონ. აქ წინასწარ - განზრახულობას ენიჭება განსაკუთრებული მნიშვნელობა, ვინაიდან ადამიანები ნაკლებად არიან მიდრეკილი განზრახვის გარეშე შესრულებული მოქმედებების უარყოფითად შეფასებისაგან ( მაგალითად, უნებური შეცდომა). ამ ამბის მეორე დამახასიათებელი ნიშანი, პროვოკაციის გარდა, ესკალაციაა: ვინაიდან პროვოკაციაზე რეაქციამ შედეგი არ გამოიღო, სტუდენტის შემდგომი რეაქციაც უფრო აგრესიული გახდა. გამოხატე სიბრაზე ! ინსტიქტი არის ბუნებრივი გზა გამოხატო გაბრაზება რათა უპასუხო აგრესიას. გაბრაზება არის ბუნებრივი, ადაპტური პასუხი საფრთხეზე. ხშირად აგრესია გვაძლევს საშუალებას ვიბრძოლოთ და დავიცვათ თავი როდესაც საფრთხეში ვართ. გარკვეული ოდენობით სიბრაზის ემოციები აუცილებელია ჩვენი სიცოხლისათვის. ბრაზის გამოხატვა დადებითი ფორმით და არა აგრესიული მანერით არის ჯამრთელობის შენარჩუნების გზა. საჭიროა იმის სწავლა, თუ როგორ შეგვიძლია სიბრაზის გამოხატვა ისე, რომ არ დავაზიანოთ სხვა. გაბრაზება შესაძლებელია დაითრგუნოს და შემდეგ გადასტრუქტურირდეს ან გადამისამართდეს. ეს ხდება მაშინ როდესაც ჩვენ ვიკავებთ ბრაზს, ვწყვეტთ ამის შესახებ ფიქრს და ფოკუსირებულები ვართ პოზიტიურ საკითხებზე. მიზანი არის სიბრაზის შეკავება ან დაფარვა და გადასტრუქტურირება უფრო კონსტრუქციულ ქცევად. გამოუხატავმა აგრესიამ შეიძლება შეუქმნას სხვას პრობლემა. ამან შეიძლება გამოიწვიოს აგრესიის პათოლოგიური გამოვლინებები, როგორიც არის, ფარული აგრესიული ქცევა (მიზეზის ახსნის გარეშე ხალხზე ფარული შეტევა) ან პიროვნული, რომელიც შეიმჩნევა მუდმივ ცინიზმში და მტრულ დამოკიდებულებაში. აქედან გამომდინარე, ასეთი შემთხვევბის დროს ადამიანებს ბუნებრივია ნაკლებად წარმატებული ურთიერთობა აკავშირებთ გარშემომყოფებთან. და ბოლოს, ჩვენ შეგვიძლია შინაგანად დავმშვიდდეთ. ეს არ ნიშნავს მხოლოდ გარე გამოხატული ქცევის კონტროლს, არამედ შინაგანი რეაქციის კონტროლსაც. პირველი ნაბიჯია შეამცირე შენი ემოციიის წილი, დამშვიდდი და მიეცი თავს საშუალება იგრძნო სიმშვიდე. აგრესიის მენეჯმენტის საბოლოო მიზანი არის შემცირდეს ემოციური ფონი და ფსიქოლოგიური აგზნება, რომლიც იწვევს აგრესიას. აგრესიის გამოხატვის, სიბრაზის სიმპტომები კულტურული შეზღუდვები აგრესიული ქცევა ადამიანის ევოლუციური მემკვიდრეობის ნაწილს წარმოადგენს და გარკვეულ სიტუაციურ ფაქტორებს შეუძლიათ ამ აგრესიული მიდრეკილებების აღძვრა. ასეთ ვითარებებშიც კი, სხვადასხვა ტიპის მონაცემები მოწმობს, რომ ინდივიდის მხრიდან აგრესიის გამოვლენის შესაძლებლობები შეზღუდულია კულტურული ნორმებითა და ფასეულობებით. ამ მოსაზრების დასადასტურებლად უბრალოდ შევადარებთ შეერთებულ შტატებსა და სხვა ქვეყნებში ჩადენილ მკვლელობების ფაქტებს. ამერიკაში 7 - 10 - ჯერ მეტი მკვლელობა ხდება, ვიდრე ევროპის უმეტეს ქვეყნებში. რა ფაქტორები განაპირობებს ასეთ დიდ განსხვავებას? "მე" - კონსტრუქციები და აგრესიული ქცევა დასავლური კულტურების უმეტესობა ასახავს "მე" - ს დამოუკიდებელ კონსტრუქციებს, მაშინ, როდესაც აღმოსავლური კულტურების უმრავლესობა – "მე" - ს ურთიერთდამოკიდებულ (ერთმანეთზე დამოკიდებულ) კონსტრუქციებს. რა შედეგები აქვს ამ განსხვავებებს აგრესიულ ქცევებთან მიმართებით? გამოკვლევებმა აჩვენა, რომ თუ ადამიანი თავს საკუთარი კულტურის სხვა წევრებთან ფუნდამენტურად დაკავშირებულად თვლის, მისგან ნაკლებად არის მოსალოდნელი აგრესიული რეაქციები; ეს ხომ საკუთარი "მე" - ს წინააღმდეგ იქნება მიმართული. აგრესიული ქცევის ნორმები აქამდე მიგვაჩნდა, რომ კულტურები, რომლებიც დამოუკიდებელი "მე"_ს კონსტრუქტებით ხასითდებიან, უფრო მეტად უწყობენ ხელს აგრესიულ ქცევას. ევროპულ კულტურები, რომლებშიც მკვლელობების რაოდენობა ბევრად უფრო ნაკლებია, ვიდრე ა.ა.შ_ში, ასევე შედიან დამოუკიდებელი "მე_ს" მქონე გაფართოებულ წრეში. საინტერესოა რა დამატებითი კულტურული ფაქტორები ერთვება ამ პროცესში? ერთ-ერთი ფაქტორია გარემოში არსებული აგრესიული ქცევების მოდელების ხელმისაწვდომობა. ბავშვები ძალზედ სწრაფად ითვისებენ აგრესიულ ქცევებს უფროსებისაგან. მაგალითად, ერთ-ერთი ექსპერიმენტის დროს, როდესაც ბავშვები უფროსების მიერ სათამაშო პლასტიკური თოჯინების ცემის, ხელის კვრის და ფეხით შედგომის მაგალითებს ხედავდნენ, შემდგომ, ძალზედ დიდი სიხშირით, თვითონაც იმეორებდნენ მათ, ვიდრე საკონტროლო ჯგუფის ბავშვები, რომლებიც არ ესწრებოდნენ უფროსების ასეთ აგრესიულ გამოვლინებებს. ტელევიზია უზარმაზარი ოდენობით პირდაპირ სახლში აწვდის ბავშვებს აგრესიული ქცევის მოდელებს, რითაც ხელს უწყობს ძალადობის იმიტაციას (Xomestock & Sarer, 1999). შესაძლებელია სწორად ეს იყოს ერთ - ერთი ფაქტორი, თუმდაც ა.შ.შ. - ში ძალადობის გამოვლიების სიხშირის ფაქტის ამხნელი, ვინაიდან ამ კულტურაში ყველაზე თვალში საცემია სატელევიზიო ძალადობა. რათქმა უნდა მრავალი ბავშვისათვის აგრესიის მოდელი ყოველდღიურ ცხოვრებაშიც არსებობს. ბავშვები აგრესიულ ქცევებს შესაძლოა თავიანთ ყოველდღიურ ცხოვრებაშიც ხედავდნენ. ბავშვები რომლებიც ხშირად ისჯებიან ფიზიკურად, შემდგომ, თვითნაც ხშირად იყენებენ სხვების ქცევების კონტროლის მიზნით. რჩება კიდევ ერთი ფაქტორი, რამაც შესაძლოა მნიშვნელოვანი გავლენა იქონიოს აგრესიული ქცევის გამოწვევაში. ადამანები ზოგჯერ იქცევიან აგრესიულად წინასწარშექმნილი სტერეოტიპების და ცრურწმენების გამო. აგრესიული ქცევა ხორციელდება განსხვავებულ ეთნიკურ თუ რასობრივ ჯგუფების მიმართ, რომელებიც მიეკუთვნებიან ისეთ ჯგუფებს, რომელსაც უწოდებენ "სხვებს". როგორ ვმართოთ ბრაზი კონსტრუქციულად როგორც ზემოთ ავღნიშნეთ ბრაზი მტკივნეული ემოციაა, თუმცა ისეთივე ნორმაა როგორც სიხარული. ადამიანი თავად ქმნის ცნობიერად თუ არაცნობიერად საკუთარ აგრესიას. თუ დაკვირვებიხართ, რომ ერთმა მოვლენამ შეიძლება ერთ ადამიანში გაბრაზება გამოიწვიოს და მეორეში კი - არა. ბრაზის შეიძლება იყოს კიდეც ჯანსაღი, თუმცა მტრობა – არასდროს. შესაძლოა აგრესია და მისი გამომწვევი მიზეზები მალავდეს ჩვენს შინაგან რეალურ შეგრძნებებს, რომელბიც დაკავშირებულია ტკივილთან, შიშთან და შფოთვასთან. როგორც ყველა ემოციასთან, ასევე ბრაზთან გამკლავება ადვილდება პრაქტიკასთან ერთად და როგორც წესი აუმჯობესებს ურთიერთობებს. გაბრაზებაზე რეაქციები ძირითადად შემდეგი სიტყვებით გამოიხატება: "გაცეცხლება", "აფეთქება", "სიმშვიდის დაკარგვა" და სხვა. აგრესიის მართვა ეხმარება ადამანს გააცნობიეროს გამღიზიანებელი, შეაფასოს და შეცვალოს ქცევაში გამოხატული აგრესია. ნუ მიიტანთ ყველაფერს ახლოს გულთან, ჯანმრთელი აგრესია ნორმალურია. კოგნიტური რესტრუქტურირება კონგიტური რესტუქტურირება მარტივად ნიშნავს ფიქრის მეთოდის შეცვლას. გაბრაზებული ადამიანი გამოხტავს აგრესიას. როდესაც გაბრაზებულები ვართ, ჩვენ შეიძლება ფიქრისას გავაზვიადოთ და მოვახდინოთ ფაქტის დრამატიზირება. სცადე შეცვალო შენი აზრები რაციონალური აზროვნების მიმართულებით. ნაცვლად იმისა, რომ უთხრა საკუთარ თავს "ეს საშინელებაა, საზარელია, ყველაფერი დანგრეულია," თქვი - "ეს ხელის შემშლელია და გაუგებარია, რომ მე გაბრაზებული ვარ ამის გამო, მაგრამ ეს არ არის სამყაროს დასასრული". ფრთხილად იყავი ისეთ სიტყვებთან, როგორიცაა "არასოდეს" ან "ყოველთვის", როდესაც საუბრობ საკუთარ თავზე ან ვინმე სხვაზე. ამგვარი უკიდურესი დამოკიდებულების გამომხატველი სიტყვები გვიქმნიან განცდას, რომ ჩვენი გაბრაზება სამართლიანია და პრობლემის გადაჭრის გზა არ არსებობს. ამიტომ სასურველია "ცივი ლოგიკის" გამოყენება საკუთარ თავთან. საჭიროა შეგნებით მოვეკიდოთ ჩვენს მოთხოვნებს და გადავთარგმნოთ ჩვენი მოლოდინები სურვილებად. სხვა სიტყვებით, რომ ვთქვათ საჭიროა აღნიშნოს "მე ვისურვებდი" ნაცვლად "მე მოვითხოვ ან მე უნდა გავაკეთო". ეს არის გზა თავიდან ავიცილოთ ძლიერი ემოცია, როემლსაც თან სდევს არასასურველი შედეგი, კერძოდ ჯამრთელობის და სოციალური კონტაქტებში სირთულეები. პრობლემის მოგვარება ზოგჯერ ჩვენი გაბრაზება და ფრუსტრაცია გამოწვეულია რეალური და გარდაუვალი პრობლემების გამო ჩვენს ცხოვრებაში. ყველა გაბრაზება არ არის უადგილო, არამედ ზოგჯერ ჯამრთელობისთვის სასარგებლოა, გასცე ბუნებრივი პასუხი სამყაროში მიმდინარე სირთულეებზე. აქ ერთვება აგრეთვე კულტურული რწმენები, რომელიც ყველა პრობლემის გადაჭრაა. თუ ვინმემ თქვენში დიდი აგრესია გამოიწვია, ესე იგი ის თქვენ გაკოტროლებთ. შენი გარემოს ცვლილება ზოგჯერ ჩვენი მოულოდნელი გარემომცველი ვითარება გაღიზიანების და გაბრაზების მიზეზს გვაძლევს. პრობლემებმა და პასუხისმგებლობამ შეიძლება დაგვამძიმოს და გვაგრძნობინოს, რომ "ხაფანგში" ვართ. მიეცი თავს შესვენების საშუალება. დარწმუნდი, რომ შენ გაქვს გარკვეული "პიროვნული დრო", აღნიშნული მნიშვნელოვანია გაითვალისწინოთ, ისეთი დღის დაგეგმვისას, რომელიც განსაკუთრებულად სტრესულია. მძიმე სამუშაო დღის შემდეგ საჭიროა 15 წუთი შესვენება და ყველასაგან იზოლაცია, სიმშვიდე, რაც მნიშვნელოვან შეღავათს წარმოადგენს თქვენთვის. ამგვარი მცირე შესვენების შემდეგ პიროვნება გამოიყურება უკეთესად მიიღოს ახალი კონტაქტები და ინფორმაცია. შეჯამება ევოლუციური ანალიზი მოწმობს, რომ აგრესიული ქცევებისადმი ადამიანის მიდრეკილება აღმოცენდება ისეთ შემთხვევბში, როდესაც მათ უნდა დაიცვან საკუთარი თავი და საკუთარი შთამომავლობა. ექსპერიმენტალურმა კვლევებმა აჩვენა, რომ აგრესიულობასთან დაკავშირებულია სხვადასხვა ბიოლოგიური და პიროვნული განსხვავებები. როდესაც ადამიანები განიცდიან ფრუსტრაციას საკუთარ მიზნებთან დაკავშირებით, აგრესიის გამოვლინების მეტი ალბათობა ჩნდება. გარემოს გარკვეულ მახასიათებელებს, მაგალითად, ტემპერატურას, აგრეთვე, შეუძლია შეცვალოს აგრესიულობის გამოვლენის ალბათობა. სხვადასხვა კულტურაში აგრესიული ქცევების გამოვლინების განსხვავებული ფორმა მკველევარებმა დაუკავშირეს "მე" - ს დამოუკიდებელ ან ინტერდამოკიდებულ მახასიათებელებს. ზოგიერთი კულტურა, აგრეთვე იძლევა აგრესიულობის მისაღები ფორმის მზა მოდელებს, რომლის სწრაფი ათვისება და მიბაძვით განხორციელება ხდება არასრულწლოვნებში. დახმარებები და ტექნიკები აგრესიის კონტროლისათვის 1. "აიღე შესვენება" - დაითვალე 10_მდე სანამ რეალურ ქცევას განახორციელებ, რა შემთხვევაშიც შეიძლება დაიცალოს, შემცირდეს დაძაბულობა და თქვენი რეაქცია მეტად იყოს სიტუაციის შესაფერისი. 2. "გამოყავი გარკვეული სივრცე" - დაშორდი იმ ადამიანისაგან, რომელიც იწვევს შენში სიბრაზეს, სანამ ფრუსტრაცია ოდნავ მაინც არ დაიკლებს. 3. "გააკეთე რამე სავარჯიშოები" - ფიზიკური აქტივობები უზრუნველყოფს ემოციების გამოსვლას, განტვირთვას და ხელს უწყობს რელაქსაციას. განსაკუთარებით მაშინ, როდესაც მუდმივად სტრესული ფონია. საჭიროა გამამხნევებელი სეირნობა ან სირბილი, ცურვა, ან სიმძიმის აწევა. 4. "მას შემდეგ რაც წყნარად ხარ, გამოხატე შენი აგრესია" - ჯამრთელობისთვის სასარგებლოა აგრესიის გამოხატვა კონტროლირებადი გზით. 5. "კარგად დაფიქრდი სანამ რამეს იტყვი" - სხვაგვარად რომ ვთქვათ, ჩვენთვის ხელსაყრელია ვთქვათ რამე, რაც ჩვენ მწუხარებას და ბრაზს გამოხატავს. სასარგებლოა მოხდეს წინასწარ იმის ჩაწერა ან გააზრება, თუ რისი თქმა გვინდა. გაღიზიანებულ განწყობაზე შესაძლოა თავიც ვერ მოაბათ სათქმელს, ან აზრი არასწორად გამოხატოთ. 6. "გააიგივე სიტუაციების გადაჭრისათვს საჭირო გზები" - იმის ნაცვლად, რომ ფოკუსირება მოახდინო იმაზე თუ რამ ან ვინ გამოიწვია მწვავე გაბრაზება, იმუშავე იმ ადამიანთან ერთად, ვინც გაგაბრაზა, რათა გადაჭრა სადავო საკითხი. 7. გამოიყენე "მე" მტკიცებითი ფორმით, როდესაც აღწერ პრობლემას - ეს დაგეხმარება თავიდან აირიდო კრიტიკა და ბრალდება, რომელმაც შესაძლოა გამოიწვიოს სხვა პიროვნების გაბრაზება ან განაწყენება. იმის ნაცვლად, რომ თქვა: "შენ უნდა დამხმარებოდი მე სახლის საქმეში". სასურველია თქვა "მე დაღლილი და ნაწყენი ვარ რადგან არ დამეხმარე სახლის საქმეში": 8. "არ დაიტოვო უკმაყოფილება" - შენ შიგიძლია მიაწოდო და დაუფიქსირო სხვა ადამიანს, რომ ამ კონკრეტულ შემთხვევაში მისმა საქცილემა გაგაბრაზათ, ან გული დაგწყვიტათ, ეს დაგეხმარებათ ორივეს. ნაკლებად რეალურია სხვისგან ელოდო ისეთ ქცევას, მაგალითად როგორიც შენ გინდა. 9. "გამოიყენე იუმორი, რათა განიტვირთო დაძაბულობისაგან" - არ გამოიყენო სარკაზმი, იფიქრე - ამან შეიძლება დააზნიანოს გრძნობა და საკითხი გაუარესდეს. 10. "პრაქტიკული რელაქსაციის უნარები" - ისწვალე და შეიძინე დასვენების უნარი. პრაქტიკულია ღრმად სუნთქვის სავარჯიშო, ვიზუალური დასვენების სცენა ან დამამშვიდებელი სიტყვების გამეორება ან ფრაზის საკუთარ თავში, მაგალითად: "მიიღე მარტივად". აგრესიისაგან თავის დაღწევის სხვა საშუალებები მცირე გაბრაზებისას მოიცავს მუსიკის მოსმენას, ჟურნალების კითხვას და იოგის ვარჯიშებს. გააკონტროლე აგრესია, სანამ ის გაგაკონტროლებს აგრესიის მართვის ტექნიკა N1 - სტრესის გაცნობიერება სიბრაზის კონტროლისას მნიშვნელოვანია გაგება, მიხვედრა თუ სტრესი რამდენად მნიშვნელოვანია გაბრაზებისას და როგორ უნდა შევამციროთ სტრესი სანამ აგრესიაში გადავა. აგრესიის მართვის ტექნიკა N2 - ემპათიის (განცდის) განვითარება აგრესიის კონტროლის უნარი ფოკუსირებულია ემპათიისა და აგრესიის მართვის ურთიერთკავშირზე და იმაზე, თუ ადამიანს როგორ შეუძლია შეამციროს აგრესია საკითხის სხვისი პერსპექტივიდან დანახვის სწავლით ანუ მოვლენის ობიექტივაციით. აგრესიის მართვის ტექნიკა N3 - პასუხი ნაცლად რეაქციისა ეს ბრაზის მარტვის ტექნიკები გვაძლევს შესაძლებლობას ვუპასუხოთ, იმის ნაცვლად, რომ ავტომატური ბრაზის ან სტრესის რეაქცია განვახორციელოთ. ადამიანს აქვს უნარი თავიანთი აგრესიის გამოხატვის ფორმებიდან ამოირჩიოს და შემდგომ ისწავლონ ახალი გზები, რომელიც უფრო ეფექტურია საკუთარი საჭიროებებისათვის, გრძნობებისა ან მოთხოვნებისათვის. აგრესიის მართვის ტექნიკა N4 - შეცვალე სასაუბრო თემა შენს თავთან ეს ტექნიკა უზრუნველყოფს გაცნობიერების და მოდიფიკაციის სწავლებას. "თავთან საუბარი" - ის შეცვლის სწავლა გვაძლევს საშუალებას შემცირდეს აგრესია დროში უფრო ეფექტურად, იმის გააზრებით თუ რამდენად ძლიერად გრძნობ აგრესიას, რამდენ ხანს გრძნობს აგრესიას და როგორ შეიძლება მისი გამოხატვა. აგრესიის მართვის ტექნიკა N5 - პოზიტიური განწყობა ეს კონკრეტული ტექნიკა გვაძლევს საშუალებას სამართლიანად და ეფექტურად გამოვყოთ სიტუაციის ნათელი მხარეები, იმის გაცნობიერებით თუ როგორ ვგრძნობთ თავს და ვუპასუხოთ საკითხს ბრაზის ან მტრული განწყობის გარეშე. აგრესიის მართვის ტექნიკა N6 - პატიება, მაგრამ არა დავიწყება აღშფოთება არის სიბრაზის ფორმა, მისი შენარჩუნება უფრო საზიანოა, ვიდრე თავად ის პირი, ვინც გამოიწვია წყენა. მიიღე გადაწყვეტილება "წინ" (საკუთარი თავის დასაცავად) არის ხშირად პატიების პროცესი ან საბოლოოდ მოვლენის მიღება. ძირითადი ნაბიჯი არის აგრესიის კონტროლის მიმართულებით მოქმედება. აგრესიის მართვის ტექნიკა N7 - განმარტოება და ფიქრი საკითხებზე. ეს იარაღი გულისხმობს საკუთარი თავის ამოღებას რთული სიტუაციიდან, საჭიროა დროებითი შესვენება, სანამ გამოიყენებთ აგრესიის მართვის რამე ძირითად წესს. …
დაამატა თეა to ფსიქოლოგია at 1:19pm on ივლისი 10, 2014
პოსტი: პატრიარქი საშობაო ეპისტოლე 2024

პატრიარქის საშობაო ეპისტოლე გუშინ, საშობაო ლიტურგიის პარალელურად, ღამით გამოქვეყნდა და ტაძრებში გახმიანდა.…

დაამატა ლაშა at 1:16am on იანვარი 7, 2024
თემა: სოციალური ცხოველი
ა წიგნს „სოციალური ცხოველი“. მან აფა-ს ისტორიაში, სამი უმაღლესი ჯილდო მიიღო კვლევის, სწავლებისა და წერისდარგში. წიგნის დასახელება: სოციალური ცხოველი ავტორი: ელიოტ არონსონი ჟანრი: კვლევა, ფსიქოლოგია, სამეცნიერო, სასწავლო ფაილის ტიპი: PDF გვერდების რაოდენობა წიგნში: 520 გამოცემის წელი: 2014 თბილისი რატომ დავწრე ეს წიგნი?       1970 - 1971 წლებში ერთი წლით მიმიწვიეს ქცევითი მეცნიერებების კვლევით ცენტრში სტენფორდში, კალიფორნიაში. ამ ერთი წლის განმავლობაში, მე მქონდა სრული მხარდაჭერა და თავისუფლება, რაც მსურდა, ის მეკეთებინა, ამავე დროს, მარწმუნებდნენ, რომ არ მეკისრებოდა რაიმე პასუხისმგებლობა ვინმეს წინაშე. იქ, ლამაზ მთებში, სან-ფრანცისკოდან (ჩემი უსაყვარლესი ქალაქიდან) თითქმის 30 მილის დაშორებით, მთელი წლის განმავლობაში უნდა მეკეთებინა ყველაფერი, რაც ჩემს გულს მოესურვებოდა და მე ამ წიგნის დაწერა ავირჩიე. ასეთი ლამაზი ბუნებით ვიყავი გარშემორტყმული, თანაც, სან-ფრანცისკოს ქალაქურ ორომტრიალთან სულ ახლოს, მაშ რატომ ჩავიკეტე ოთახში და დავწერე ეს წიგნი? იმიტომ არა, რომ შეშლილი ვარ და არც იმიტომ, რომ ფული მჭირდებოდა. თუ მხოლოდ ერთი მიზეზი უნდა დავასახელო, რის გამოც დავწერე ეს წიგნი, მაშინ, მიზეზი ისაა, რაც მე ერთხელ თვითონ ვუთხარი მეორე კურსის სტუდენტების დიდ აუდიტორიას, რომ სოციალური ფსიქოლოგია არის ახალგაზრდა მეცნიერება — ამის თქმისთანავე თავი მშიშარად ვიგრძენი.       ნება მომეცით, აგიხსნათ: ჩვენ, სოციალურ ფსიქოლოგებს, გვიყვარს თქმა, რომ სოციალური ფსიქოლოგია ახალგაზრდა მეცნიერებაა – და ის მართლაც არის ახალგაზრდა მეცნიერება, რა თქმა უნდა, გამჭრიახი დამკვირვებელი აუცილებლად იპოვის საინტერესო დებულებებსა და დამაინტრიგებელ ჰიპოთეზებს სოციალურ მოვლენებზე, მინიმუმ, არისტოტელეს დროიდან მაინც, მაგრამ ეს დებულებები და ჰიპოთეზები მე-20 საუკუნის დადგომამდე სერიოზულად არავის შეუმოწმებია. პირველი სისტემატური სოციალურ ფსიქოლოგიური ექსპერიმენტი (რამდენადაც მე ვიცი) ტრიპლეტმა ჩაატარა 1898 წელს (მან გაზომა კონკურენციის გავლენა შესრულებაზე), მაგრამ ექსპერიმენტული სოციალური ფსიქოლოგიის ნამდვილი აღმასვლა მხოლოდ 1930-იან წლებში დაიწყო, რაც, პირველ რიგში, კურტ ლევინის და მისი ნიჭიერი სტუდენტების დამსახურებაა. ამავე კონტექსტში საინტერესო კიდევ ის არის, რომ, მიუხედავად იმისა, რომ ჯერ კიდევ არისტოტელემ დაადგინა სოციალური გავლენის და დარწმუნების ზოგიერთი ძირითადი პრინციპი დაახლოებით 350 წელს ჩვ. წ. აღ-მდე, ეს პრინციპები ექსპერიმენტულად პირველად მე-20 საუკუნის შუა წლებში შეამოწმეს კარლ ჰოვლანდმა და მისმა კოლეგებმა.       თუმცა, მეორე მხრივ, იმის თქმა, რომ სოციალური ფსიქოლოგია არის ახალგაზრდა მეცნიერება, დანაშაულებრივი თავის მართლებაა: ამით, თითქოს, ვთხოვთ ადამიანებს, ძალიან ბევრს არ ელოდონ ჩვენგან. შეიძლება, ეს იყოს ჩვენთვის პასუხისმგებლობის და რისკების თავიდან აცილების საშუალება, როდესაც ჩვენი კვლევის აღმოჩენებს მიმდინარე პრობლემებს მივუსადაგებთ. ამ თვალსაზრისით, იმის მტკიცება, რომ სოციალური ფსიქოლოგია ახალგაზრდა მეცნიერებაა, გულისხმობს, რომ ჩვენ ჯერ კიდევ არ ვართ მზად, რაიმე მნიშვნელოვანი, სასარგებლო, ან (თუ მკითხველი მაპატიებს, აქ ვიხმარ ხშირად გამოყენებულ სიტყვას) აქტუალური განვაცხადოთ.       ამ ნაშრომის მიზანია, რომ თამამად (მაგრამ ცოტა შიშითაც) დაგანახოთ ის აქტუალურობა, რაც სოციალურ-ფსიქოლოგიურ კვლევებს შეიძლება ჰქონდეს თანამედროვე საზოგადოებაში გავრცელებული ზოგიერთი პრობლემისათვის. ამ წიგნში განხილული მონაცემების უმეტესობა ეფუძნება ექსპერიმენტებს; თუმცა, ილუსტრაციებისა და მაგალითების უმეტესობა არსებული სოციალური პრობლემებიდანაა აღებული, როგორებიცაა წინასწარგანწყობა, პროპაგანდა, ომი, გაუცხოება, აგრესია, არეულობა და პოლიტიკური ძვრები. ეს გაორება ასახავს ჩემს საკუთარ მიკერძოებებს — მიკერძოებებს, რომლებსაც ველოლიავები. პირველი არის ის, რომ ექსპერიმენტული მეთოდი საუკეთესო გზაა რთული ფენომენების გასაგებად. მეცნიერების აღიარებული ჭეშმარიტება ასეთია, რომ სამყაროს შეცნობის ერთადერთი-რეალური გზა მისი რეკონსტრუქციაა: ესე იგი, იმის გასაგებად, რა იწვევს რას, ჩვენ უბრალოდ კი არ უნდა დავაკვირდეთ — საჭიროა, თავად შევქმნათ პირველი „რა“, რათა დარწმუნებული ვიყოთ, რომ ნამდვილად მან გამოიწვია მეორე „რა“. ჩემი მეორე მიკერძოება ისაა, რომ ერთადერთი გზა, რომელიც დაგვარწმუნებს, რომ ექსპერიმენტულად აღმოჩენილი მიზეზობრიობა მოქმედებს, მისი ლაბორატორიიდან რეალურ ცხოვრებაში გადატანაა. ამგვარად, როგორც მეცნიერს, მე მიყვარს მუშაობა ლაბორატორიაში; თუმცა, როგორც მოქალაქეს, მინდა, რომ მქონდეს ფანჯარა, რომლის მეშვეობითაც გავიხედავ გარეთ, სამყაროში. ფანჯრები, რა თქმა უნდა, მუშაობს ორივე მიმართულებით: ჩვენ ხშირად ვიღებთ ჰიპოთეზებს ყოველდღიური ცხოვრებიდან. ჰიპოთეზების შემოწმება ყველაზე უკეთ ლაბორატორიის სტერილურ პირობებშია შესაძლებელი, იმისათვის კი, რომ ჩვენი იდეები თავად არ გახდეს სტერილური, უნდა შევეცადოთ, რომ ლაბორატორიაში მიღებული დასკვნები ფანჯრიდან გარეთ გავიტანოთ და ვნახოთ, თუ დაიმკვიდრებენ თავს რეალურ სამყაროში.       ამ ყველაფერს საფუძვლად უდევს ჩემი რწმენა, რომ სოციალური ფსიქოლოგია ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სოციალურ ფსიქოლოგებს გადამწყვეტი როლის შესრულება შეუძლიათ სამყაროს გაუმჯობესებაში. მართლაც, ჩემს დიად ოცნებებში ველოლიავები ხოლმე საიდუმლო რწმენას, რომ სოციალურ ფსიქოლოგებს განსაკუთრებული პოზიცია აქვთ, მათ დიდი და სასარგებლო გავლენის მოხდენა შეუძლიათ ჩვენს ცხოვრებაზე; მათ შეუძლიათ, უკეთესად გაგვაგებინონ ისეთი მნიშვნელოვანი მოვლენები, როგორიცაა კონფორმიზმი, დარწმუნება, წინასწარგანწყობა, სიყვარული და აგრესია. ახლა კი, როცა ჩემი საიდუმლო რწმენა უკვე აღარაა საიდუმლო, გპირდებით, რომ არ შევეცდები, მკითხველს ძალდატანებით თავს მოვახვიო იგი შემდეგ გვერდებზე. უფრო მეტიც, მკითხველს მივანდობ, წიგნის დასრულების შემდეგ თავად გადაწყვიტოს, აღმოაჩინეს თუ არა, ან ოდესმე შეძლებენ თუ - არა, აღმოაჩინონ, სოციალურმა ფსიქოლოგებმა რაიმე სასარგებლო.       სოციალური ფსიქოლოგიის სხვა წიგნებთან შედარებით, ეს წიგნი მცირე მოცულობისაა და ეს განზრახ გავაკეთე. მინდოდა, რომ ის ყოფილიყო მოკლე შესავალი სოციალური ფსიქოლოგიის სამყაროში და არა თეორიებისა და კვლევების ენციკლოპედიური კატალოგი. რადგან შემოკლება გადავწყვიტე, შერჩევაც უნდა გამეკეთებინა. ეს იმას ნიშნავს, რომ, ერთი მხრივ, არსებობს რამდენიმე ტრადიციული თემა, რომელთა შესახებაც მე ამ წიგნში არ დავწერე, და მეორე, აქ განხილულ თემებზზე დეტალურად და ამომწურავად არ ვსაუბრობ. ჩემი სურვილის გამო, რომ წიგნი კომპაქტური და ხელმისაწვდომი გამოსულიყო, მისი დაწერა გართულდა. ამ წიგნის წერისას უფრო „ანალიტიკოსი“ ვიყავი, ვიდრე „რეპორტიორი". მაგალითად, არსებობს მრავალი დაპირისპირება, რომლებიც მთლიანად ვერ აღვწერე. სამაგიეროდ, გამოვიყენე ჩემი საკუთარი მსჯელობის უნარი, გავაკეთე ინფორმირებული (და იმედი მაქვს, პატიოსანიც) შეფასებები, რა არის გაკეთებული სფეროში დღეისათვის და, რამდენადაც შემეძლო, ნათლად აღვწერე ეს ყველაფერი.       ეს გადაწყვეტილება მიღებულია სტუდენტების გათვალისწინებით — ეს წიგნი სტუდენტებისთვის დაიწერა და არა ჩემი კოლეგებისთვის. კოლეჯში სწავლების ნახევარი საუკუნის მანძილზე, ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც ვისწავლე, ის არის, რომ მიუხედავად იმისა, რომ ყველა პოზიციის დეტალური პრეზენტაცია სასარგებლოა (და ზოგჯერ შთამბეჭდავიც) კოლეგებისთვის, ის სავსებით გულგრილს ტოვებს სტუდენტებს, სტუდენტი გვეკითხება, რა დროა, რის პასუხადაც ჩვენ ვუჩვენებთ მსოფლიოში დროის სხვადასხვა სარტყლების ამსახველ გრაფიკს, ვუყვებით საათის ცნობის ისტორიას მზის საათიდან უახლეს კომპიუტერულ მექანიზმებამდე და დეტალურად აღვუწერთ საათის აგებულებას. იმ დროისათვის, როცა ჩვენ დავასრულებთ, ისინი სრულიად კარგავენ ინტერესს. ვიდრე ყველა საკითხის ყველა მხრიდან განხილვა ნამდვილად ყველაზე უსაფრთხო მიდგომაა, მაგრამ ცოტა რამ თუ იქნება უფრო მოსაწყენი. მიუხედავად იმისა, რომ სადაო საკითხებსაც განვიხილავ, ყვე ლა შემთხვევაში ვცდილობ დასკვნების გამოტანას. შევეცადე, მოკლედ, და, ამავე დროს, სამართლიანად მესაუბრა, ვცდილობდი, რთული მასალა ადვილად და ნათლად გადმომეცა, მაგრამ არა გამარტივებულად. მხოლოდ მკითხველს შეუძლია განსაჯოს, რამდენად მივაღწიე წარმატებას ამ მიზნების განხორციელებაში.       როდესაც, 1972 წელს, ამ წიგნის პირველი გამოცემის წერა დავამთავრე, მეგონა, რომ უკვე მთლიანად დავასრულე ის. როგორი გულუბრყვილო ვიყავი. 1975 წელს, გარკვეული ყოყმანის შემდეგ, გადავწყვიტე. წიგნში პირველი შესწორებები შემეტანა. სამი წლის განმავლობაში ბევრი რამ მოხდა. ბევრი ახალი და საინტერესო რამ აღმოაჩინეს სოციალური ფსიქოლოგიის სფეროში, მაგრამ ამაზე ბევრად უფრო მნიშვნელოვანია ის, რომ მას შემდეგ, რაც 1972 წლის ზამთარში, ბოლო ასოები შემოვხაზე ჩემი პირველი გამოცემის ყვითელ ფურცლებზე, მსოფლიოში მოხდა - რამდენიმე მნიშვნელოვანი ცვლილება. ერთი-ორ ძირითად მოვლენას დავასახელებ:       სასტიკი, გამომფიტავი და განხეთქილების მთესველი ომი დასრულდა; ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტი და პრეზიდენტი იძულებული გახდნენ, დამამცირებლად გადამდგარიყვნენ, ქალთა განმათავისუფლებელი მოძრაობა ერის ცნობიერებაზე გავლენის მოხდენას იწყებდა. ეს იყო სოციალური ფსიქოლოგიისთვის უდიდესი მნიშვნელობის მქონე მოვლენები. ზარმაცი არსება, რომელიც ჩემში ცხოვრობს, იძულებული გახდა, ეღიარებინა (ხანგრძლივი ამოოხვრა), რომ ნებისმიერი წიგნი, რომელსაც პრეტენზია აქვს, რომ ჩვენი — თქვენი და ჩემი — ცხოვრების შესახებაა, უნდა ცდილობდეს, არ ჩამორჩეს დროს.       რა თქმა უნდა, ერთხელ შესწორებით პროცესი არ დასრულებულა. მოვლენების მსვლელობა მაიძულებდა, წიგნისთვის ყოველ ოთხ წელიწადში ერთხელ გადამეხედა. თანაც, არა მარტო სოციალური მოვლენები იცვლება სწრაფად, არამედ, სოციალური ფსიქოლოგია, როგორც აქტიური მეცნიერება, აგრძელებს საინტერესო ახალი კონცეფციების მოფიქრებასა და აღმოჩენების კეთებას. თუ წიგნი ვერ მიჰყვება ფეხდაფეხ ამ კვლევებს, მისი წაკითხვა სერიოზულ სტუდენტს მხოლოდ დათვურ სამსახურს გაუწევს. მაგრამ აქ ავტორი ფრთხილად უნდა იყოს. ჩვენი, სახელმძღვანელოების ავტორების ენთუზიაზმი, რომ ვიყოთ ზედმიწევნით თანამედროვე, ბადებს ტენდენციას, უგულებელვყოთ სრულიად რესპექტაბელური კვლევები მხოლოდ იმის გამო, რომ 10 წელზე მეტი ხნის არიან.       აი, როგორ ხდება: ჩვენ, მწერლები ვცდილობთ, შევინარჩუნოთ კლასიკური კვლევები და ისიც გვინდა, რომ დავამატოთ კვლევა, რომელიც წიგნის უკანასკნელი რედაქციის შემდეგ ჩატარდა. მაგრამ ჩვენ ისიც არ გვინდა, რომ წიგნის მოცულობა კიდევ უფრო გაიზარდოს. რაღაც უნდა დავთმოთ; და ამიტომ, სახელმძღვანელოების უმეტესობიდან ბევრი კარგი კვლევა წარსულს ბარდება ხოლმე, არა იმიტომ, რომ შეიცვალა რაღაც უკეთესით — არა, მხოლოდ უფრო ახლით. ეს ქმნის ილუზიას, რომ ამ სფეროს არ აქვს თანმიმდევრულობა – ანუ, არსებობს კლასიკური კვლევა და თანამედროვე კვლევა, რომელთა შორის არაფერი მომხდარა. ეს საშინელი შეცდომაა.       ოთხი ათწლეულის განმავლობაში ამ პრობლემასთან გამკლავებას ვცდილობდი და ჯიუტად ვამბობდი უარს, შემეცვალა მშვენიერი „მოძველებული“ კვლევა უფრო ახლით, თუ ეს ახალი რამე მნიშვნელოვანს არ შემატებდა განხილული მოვლენის ჩვენეულ გაგებას. წინამდებარე, მე-11 რედაქციაში, რამდენიმე ახალ კვლევას განვიხილავ — კვლევებს, რომლებიც ბოლო ხუთი წლის განმავლობაში ჩატარდა. მაგრამ აქვე უნდა დავამატო, რომ, საერთო ჯამში, ეს კვლევები ნამდვილად არის ახალი — და არა უბრალოდ თანამედროვე. იმედი მაქვს, რომ „სოციალური ცხოველის“ გადამუშავებული რედაქციები ინარჩუნებს თავდაპირველი ვერსიის კომპაქტურობას და თანამედროვეობას ახლო წარსულის კარგი კვლევების უგულებელყოფის გარეშე. ელიოტ არონსონი სარჩევი რა არის სოციალური ფსიქოლოგია? (მთარგმნელი - ანა მაყაშვილი) |გადმოწერა| კონფორმულობა (მთარგმნელი - ქეთევან თოდაძე) |გადმოწერა| მასობრივი კომუნიკაცია, პროპაგანდა და დარწმუნება (მთარგმნელი - ქეთევან თოდაძე) |გადმოწერა| სოციალური კოგნიცია (მთარგმნელი - ქეთევან თოდაძე) |გადმოწერა| თვით-გამართლება (მთარგმნელი - ესმა ბერიშვილი) |გადმოწერა| აგრესია (მთარგმნელი - ქეთევან თოდაძე) |გადმოწერა| წინასწარგანწყობა (მთარგმნელი - ანა მაყაშვილი) |გადმოწერა| მოწონება, სიყვარული და ინტერპერსონალური მგრძნობიარობა (მთარგმნელი - ქეთევან თოდაძე) |გადმოწერა| სოციალური ფსიქოლოგია, როგორც მეცნიერება (მთარგმნელი - ქეთევან თოდაძე) |გადმოწერა| ტერმინთა საძიებელი, ბიბლიოგრაფია, სახელთა საძიებელი, ანბანური საძიებელი |გადმოწერა| ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობა …
დაამატა ლაშა to ელ. წიგნები at 9:42pm on ივნისი 9, 2020
თემა: თავისუფალი ნება
ან ჩვენგან დამოუკიდებელ გარეშე ფაქტორებზე კი არ არის დამოკიდებული, როგორი იქნება საკუთარი ყოფა, არამედ მასზეც, როგორ არჩევანს გავაკეთებთ: სწორს თუ მცდარს, საითკენ გადავიხრებით, ცოდვილი თუ ღვთისნიერი ქცევისკენ, შესაბამისად დავისჯებით თუ არა ამის გამო. საკუთარი ცხოვრების წარმართვის სადავეები ჩვენს ხელშიც არის მოქცეული და ამის ერთ-ერთი განმაპირობებელი არის ის, რომ გაგვაჩნია თავისუფალი ნება, ნებისყოფა და თავად განვსაზღვრავთ როგორ გამოვიყენებთ ამ ღვთივბოძებულ უნარს.        ამ ეკლესიურ დაშვებას ერთგვარად ხაზს უსვამს ხალხში საკმარისად გავრცელებული აზრი ბედისწერის გარდუვალობის შესახებ. თითქოსდა მოინდომე, რაც გსურს, გამოიჩინე ნებისყოფის სიმტკიცე, გააკეთე რაც გინდა, დიდად მაინც ვერაფერს შეცვლი, ზემოთ უკვე თავიდანვე იციან, როგორ წარიმართება შენი ცხოვრება, როდის ავად გახდები, ცოდვების ჭაობში ჩაეფლობი თუ ღვთისნიერად იცხოვრებ, რა პროფესიას აირჩევ, ახალგაზრდა წახვალ იმქვეყნად - ტრაგიკულად აღესრულები თუ არა. ასეთი მსჯელობა ერთი შეხედვით გასაგები და ლოგიკურია, თითქოს რაც ზეცაში სურთ, ის იქნება, ჩვენ განა რა შეგვიძლია, ვის რას შევაცვლევინებთ, ამიტომაც ამგვარი შეხედულებების გავრცელებას მრავლად ჰქონდა კაცობრიობის ისტორიაში ადგილი. ერთ-ერთი მათგანი ეკუთვნის შვეიცარიელ მისტიკოსს კალვინს, რომელიც გამოეყო რა კათოლიკურ სარწმუნოებას, თავისი რელიგიური მოძღვრება შექმნა. ამ მოძღვრების ქვაკუთხედი გახლავთ დაშვება ადამიანის ბედის წინასწარ განსაზღვრულობის შესახებ, რომლის მიხედვითაც ამქვეყნად არაფრის შეცვლა არ შეგვიძლია, ყველაფერი, რაც ჩვენს ცხოვრებაში ხდება, თავიდანვე არის განსაზღვრული და ისიც კი დაბადებამდე არის ცნობილი, სამოთხეში მოხვდები თუ ჯოჯოხეთში. კალვინის მოძღვრება ერთ-ერთი ყველაზე მკაფიო მაგალითია ფატალისტური, ბედის წინასწარგანზრახულობის მაღიარებელი სხვადასხვა მიმდინარეობებისა. ამით ცნობილნი არიან სხვადასხვა სექტის წარმომადგენლებიც, ფეხმოკიდებულია ამგვარი აზრი უბრალო, რელიგიისგან შორს მდგომ ხალხშიც, არც თუ იშვიათად გაიგონებ, რომ ბედისწერას ვერ წაუხვალ. ალბათ ცხოვრების რაღაც წუთებში ეკლესიურად მაცხოვრებლებსაც გაჰკრავთ ასეთი აზრი, რომელიც ერთგვარად ხაზს უსვამს იმას, რომ ადამიანს გააჩნია თავისუფალი ნება და მისით განპირობებულ არჩევანზეც არის დამოკიდებული, როგორ წარიმართება საკუთარი ცხოვრება.        ჩვენს არსებობაზე დაკვირვება ნათლად მიუთითებს, თუ რამდენი რამ არის დამოკიდებული საკუთარი ნებისყოფის, თავისუფალი ნების გამოვლინებაზე. ცოდვა არავის შერჩენია, ადრე თუ გვიან ყველას მოეკითხება, ბევრისთვის ეს ცხოვრების დაუწერელი კანონია, მათ შორის რელიგიისგან შორს მდგომი ხალხისთვისაც.  ამ კანონის შემჩნევა, გაცნობიერება კი საკუთარ და გარშემომყოფთა ყოფაზე დაკვირვების შედეგიცაა, რაზეც, რომც არ მოინდომო, მაინც მიგანიშნებს ცხოვრება. საკმარისად ხშირად ყველას დაუნახავს, გაუგონია, თუ როგორ ისჯებიან მძიმე ცოდვებისთვის. ცოდვების ჩადენა ხომ ადამიანზეა დამოკიდებული. მეზობლის კარები ღია რომ დაინახო, შეხვიდე და გაქურდო, შემდეგ კი ეს ბედისწერას გადააბრალო, თავიდანვე ასე მეწერაო, ყველა სასაცილოდ აგიგდებს და შენც არასერიოზულად ჩათვლი ასეთ ახსნას. თან თუ ღრმად არა აქვს მავნე ჩვევას ფესვები გამდგარი, განსაკუთრებით, როცა პირველად ხდება საძრახისი საქციელის ჩადენა, ჩვეულებრივ დიდ შინაგან ბრძოლას აქვს ხოლმე ადგილი. სინდისი ქეჯნით, ეშინიათ, რცხვენიათ, ყოყმანობენ, გადადგან თუ არა ეს ნაბიჯი, მაგრამ ზოგჯერ ვერ სჯობნიან საკუთარ თავს და სჩადიან უზნეო საქციელს. ამ დროს ნათლად ჩანს, რომ ჩვენზეა, საკუთარ ნებისყოფაზეა დამოკიდებული როგორ მოვიქცევით, დავეცემით თუ არა ცოდვით, შესაბამისად დავისჯებით თუ არა ამის გამო, შემდეგ მოგვეკითხება თუ არა პასუხი.        დიდი წმიდა მამა იოანე ოქროპირი წერს: „თუკი ცუდს და კარგს ბედი აყალიბებს, რატომ არიგებ და აძლევ რჩევებს ბავშვებს? ყველაფერი ხომ უსარგებლო და ამაოა? თუკი ბედი აქცევს კაცს ღარიბად ან მდიდრად, ნუ გზავნი შვილს სასწავლებლად, ნუ აძლევ ფულს, ნუ ცდილობ გამდიდრდე და საქმე ბედს მიანდე. მაგრამ ამას ვერ ბედავ... რატომ სჯი, თუკი ცუდი იმიტომაა, რომ ასეა შექმნილი - ცოდვა ხომ მისგან არ მოდის, არამედ ბედისგან, რომელმაც უბიძგა მას. რატომ აქებ ადამიანს სიკარგისთვის? ეს ხომ მისი სათნოება არ არის, ბედისწერისაა! აბა რისთვის ვაქებთ ვინმეს? რისთვის ვკიცხავთ? რისთვის ვწყევლით, რისთვის ვაამებთ? ხედავ, რა უაზრობამდე მიგვიყვანა ბედზე ლაპარაკმა?“        ეკლესიურად მცხოვრებ ხალხთან, თუ ოდნავ დაკვირვებული თვალი გაქვს, კარგად შეიმჩნევა ერთი მეტად მნიშვნელოვანი კანონზომიერება: მიზეზ-შედეგობრივი კავშირი ცოდვით დაცემასა და უმეტეს შემთხვევაში მალევე უფლის მიერ დასჯას შორის. ღმერთი მკაცრად სჯის თავის საყვარელ შვილებს და რომ არა ეს, მაშინ ჩვენს სულიერ ზრდას, გამოსწორებას ადგილი არ ექნება. სამწუხაროდ, ადამიანის ბუნება ისეთია, რომ მარტო თეორიულად ვერ სწავლობს, მარტოოდენ ცოდნა არ შველის, რომ ამის გაკეთება ეკლესიურად დაუშვებელია. ხშირად სანამ ამა თუ იმ ცოდვის ჩადენის შემდეგ არ იგრძნობს ზეციური დასჯის მომენტს, კარგად არ მოხვდება არასწორი საქციელისთვის, ფიქრებისთვის, ისე არ სწორდება. ჩვეულებრივ, ყოველი ერთი და იგივე ცოდვით დაცემის შემდეგ იგრძნობა ამა თუ იმ ფორმით სამაგიეროს გადახდის მომენტი და ეს კი მრავალჯერ რომ შეიმჩნევა უკვე ხშირად, იმიტომ კი არ იკავებენ თავს ცოდვისაგან, რომ ასეთი ქმედება ეკლესიურად გაუმართლებელია, არამედ იმიტომ, რომ ეშინიათ ღვთისა. თანდათანობით ეს შიში უფრო და უფრო ღრმავდება, გაცნობიერებული ხდება და მძლავრი საშუალებაა არასწორი, სულისთვის საზიანო სურვილების დაკმაყოფილების წინააღმდეგ. გამოსწორებამდე კი თითქმის ყოველთვის შეიგრძნობა შინაგანი ბრძოლის სიმძაფრე. ცოდვას მომნუსხველი, მაჰიპნოტოზირებელი, მეტად მიმზიდველი ძალა აქვს, თავისკენ გიბიძგებს, მაგრამ შენზეა დამოკიდებული, სძლევ თუ არა მას. ხშირად დიდი ბრძოლა შეიმჩნევა ადამიანის არსებაში ამ დროს და ჩვენს ნებისყოფაზე, თავისუფალ ნებაზეა დამოკიდებული, რით დამთავრდება ეს პაექრობა. „სასუფეველი ცათა იიძულების“ - ვკითხულობთ სახარებაში და ეს სიტყვები ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის.        იზიდავს მმარხველს ნუგბარი საჭმელი, მისთვის ამ დროს აკრძალული გემრიელი კერძები, განსაკუთრებით მძიმე ამ მხრივ თანამედროვე სტილით ახალი წლის დღეებია, როცა სუფრაზე ბევრი რამ არის დახვავებული, მაგრამ თავი უნდა შეიკავო და არ დაარღვიო ეკლესიური წესი. მეტად სასტიკი, რთულია მრუშობის ვნებასთან ბრძოლა. განა ადვილია, თვალი არ გააყოლო ლამაზ ქალს, განდევნო გონებიდან ცოდვილი წარმოდგენები, ფიქრები, როცა გსიამოვნებს, გიზიდავს ისინი, დემონური სიტკბოების განმაცდეველია. მრისხანების შემოტევისას ძნელია თავი შეიკავო, არ გამოხვიდე წყობიდან, ხმას არ აუწიო, შეურაცხმყოფელი სიტყვები არ უთხრა სხვას. როგორ გინდა ებრძოლო ვნებებს, ცდუნებებს თუ არა ხშირად ნებისყოფის დიდი დაძაბვა. მძიმეა, რთულია სულიერი ცხოვრება და აქ განსაკუთრებით კარგად ჩანს, თუ რამდენი რამ არის ადამიანზე დამოკიდებული.        უნდა ითქვას, რომ თავისუფალი ნების, ნებისყოფის გამოვლინება ცვალებადია და იგი შეიძლება შევადაროთ თოთო ბავშვს, რომელსაც მოვლა სჭირდება. თუ რომელიღაც ვნებას, საცთურს აყევი, შემოუშვი გონებაში ცოდვილი ფიქრები, წარმოდგენები და არ განდევნე ისინი თანდათანობით, ბრძოლა მათთან უფრო და უფრო ძნელი გახდება და ბოლოს შეუძლებელიც კი. ასეთ დროს კარგად ჩანს, თუ როგორ სუსტდება ადამიანის წინააღმდეგობის გაწევის უნარი და ეს, უპირველეს ყოვლისა, იმაში გამოიხატება, რომ სულ უფრო ნაკლებ ნებისყოფის სიმტკიცეს იჩენენ ცოდვის მარწუხებისაგან გასათავისუფლებლად. თუ ერთხელ გამოხვედი წყობიდან, გაღიზიანდი, წარმოთქვი მრისხანე სიტყვები, მეორედ ამას უფრო ადვილად შესძლებ. ასეთ შემთხვევაში თვალშისაცემია, თანდათან როგორ უფრო და უფრო უჭირთ ნებისყოფის დაძაბვა სიმშვიდის შესანარჩუნებლად. და პირიქით, თუ ერთხელ მოერიე თავს, გამოიჩინე ნებისყოფის სიმტკიცე, მერე უფრო გაგიადვილდება იმავე განსაცდელის შემთხვევაში ღირსეულად მოქცევა. აღსანიშნავია ისიც, რომ ჩავარდნების შემდეგ ხშირად მხოლოდ აღსარებაში მათი თქმის შემდეგ იგრძნობა, რომ უბრუნდებათ წინააღმდეგობის გაწევის ის უნარი, რომელიც დაცემამდე ჰქონდათ თავდაპირველად ამ თუ სხვა ცოდვასთან ბრძოლის მიმართულებით. მხოლოდ მაშინ იწმინდება სული იმ ჭუჭყისგან, დემონური განწყობისგან, რომელიც წინაპირობას, საფუძველს წარმოადგენდა ბოროტი ძალის ზემოქმედებისა ადამიანზე, მაშინ სუსტდება ბოლო დროს განმტკიცებული მიდრეკილება ამა თუ იმ ცოდვისაკენ.        წმინდა მამები, განმარტავენ რა ფსალმუნის სიტყვებს: „ბაბილოვნის ასულო, ნეტარ არს, რომელმან შეიპყრნეს ჩვილნი შენნი და შეახეთქნეს კლდესა“, აქ სულიერი ბრძოლის ხერხს ხედავენ. ბაბილონი ჯოჯოხეთია, მისი სიმბოლო, ბაბილონის ჩვილები - ცოდვილი ფიქრები. ნეტარია ის, ვინც კედელზე შენარცხებით მოსპობს მათ, ვინც მაშინვე გაანადგურებს მავნე ფიქრებს. კედელი მაცხოვარს გულისხმობს, იესო ქრისტეს სახელის ძალას. როგორც წმინდა მამები აღნიშნავენ: დასაწყისში ცოდვილი ფიქრი ჩვილივით სუსტია, შემდეგ იგი ბუმბერაზად იქცევა - ჩვევაში გადასულ ცოდვად, რომლისგან განთავისუფლებაც მხოლოდ სხვისი დახმარებით, ეკლესიის ლოცვით შეიძლება. ამ ბოლო ეტაპზე ადამიანის თავისუფალი ნებისგან თითქმის აღარაფერი რჩება.        ეკლესიური სწავლებით, ბოროტ ძალას ნებელობით განცდებზე ზემოქმედების საშუალება აქვს და ეს ხშირად გამოიხატება იმაში, რომ ადამიანს ენერგია ერთმევა, სურვილი უქრება, ვითომდა სამომავლოდ დებს მისთვის მნიშვნელოვან საქმეთა განხორციელებას. ამგვარი სურათი განსაკუთრებით კარგად ეკლესიური წესების შესრულებისას იკვეთება. არცთუ იშვიათად გაიგონებ: აღსარება მინდა ვთქვა და ვერ ვახერხებ, დავაპირებ, მაშინვე რაღაც მიზეზი გამომიჩნდება და ვდებ, მიზეზს კი რა გამოლევს. ან კიდევ: თითქოს ხელს არაფერი მიშლის, მაგრამ მიჭირს ვაიძულო თავი მღვდელთან მისასვლელად, თუმცა სურვილი მაქვს, ამას ვერ ვაკეთებ. ლოცვა ყოველთვის შეიძლება, სადაც არ უნდა იყო და როცა გინდა, რა წინააღმდეგობაა! მაგრამ ზოგჯერ ამისთვის დიდი ძალისხმევის გამოჩენაა საჭირო. ვისაც გარკვეული სულიერების გამოცდილება აქვს, მას შეუმჩნევია, რომ მიუხედავად იმისა, რომ იცის, მძიმე წუთებში: სასოწარკვეთილების, უიმედობის შემოტევისას, ნერვიულობისას, გაღიზიანებისას ლოცვის დაწყება მეტად შეუმსუბუქებს მდგომარეობას, მაინც მეტად უჭირს, აიძულოს თავი გააკეთოს ეს, მთელ რიგ შემთხვევებში კი დაგვიანებით ან საერთოდ ვერ ახერხებს ამას. არცთუ იშვიათად შინაგანი პროტესტის განცდაც კი შემოდის ზეციური სამყაროს მიმართ: მე თუ ასე ცუდად ვარ, ეს იმის შედეგია, რომ საჭირო დახმარებას ვერ ვგრძნობ ზემოდან, ილოცე და ამჲთ მიდი და ისევ წადი იმ ძალის შემხვედრი მიმართულებით, ვინც მაინცდამაინც დიდ ყურადღებას არ გაქცევს! ზოგჯერ უნდათ ეზიარონ, ან ახლობელს გააკეთებინონ ეს, თითქოს ყველაფერი წესრიგშია, მაგრამ ბოლო მომენტში ეზარებათ ან სურვილი უქრებათ ამის. სნეული ახლობლის ზიარება სურდათ და მოძღვარს უნდა დაუკავშირდნენ ამისთვის, საქმე საქმეზე რომ მიდგა, მიუხედავად იმისა, რომ მშვენივრად იცოდნენ რამდენად მნიშვნელოვანი იყო ეს ავადმყოფისთვის, საოცარი სურვილი გაუჩნდათ, არ დახვედროდათ მღვდელი, ვერ მოეძებნათ იგი. სამწუხაროდ, დამორჩილდნენ ამ აუხსნელ შინაგან სწრაფვას, არ გამოიჩინეს საჭირო ძალისხმევა და ავადმყოფიც უზიარებლად წავიდა ამქვეყნიდან.        მართლმადიდებლური თვალსაზრისით ადამიანთა ორი სახე შეიძლება გამოიყოს დემონური ზემოქმედების მიხედვით: შეპყრობილობის და ეშმაკეულობის მდგომარეობა. შეპყრობილი თითოეული ჩვენგანი ხდება, როდესაც ჩვენს ვნებებს, ცოდვებს გაქანების საშუალებას ვაძლევთ. ამ დროს ბოროტისეულ ვნებას ვემორჩილებით და ვშორდებით უფალს. მაგ. წყობიდან გამოსვლისას, როცა მრისხანებაში ვვარდებით, ხშირად კარგად ჩანს, თუ როგორ ბატონდება ჩვენს არსებაში უცხო, სხვისი ნება. გრძნობ ღიზიანდები, გინდა თავი შეიკავო, ცდილობ, მაგრამ რაღაც ძალა გიჩიჩხინებს, გახსენებს, როგორ გაგაბრაზეს, რა ცუდად მოგექცნენ, როგორი სიტყვები გაკადრეს, გამოიჩინეს უყურადღებობა, მიზეზი ბევრია, ეს ყველაფერი გონებაში გიტივტივდება, ვეღარ ახერხებ სიმშვიდის შენარჩუნებას და გამოდიხარ წყობიდან. უხილავი ძალა თავისკენ გეწევა, გიმორჩილებს, გამწყვდევს ცოდვის მარწუხებში, შენც ფეთქდები, თითქოს საკუთარი ნება აღარ არსებობსო, ნებდები უცხო ზემოქმედებას.        მეორე მდგომარეობა გაცილებით უფრო მძიმეა. ზოგიერთთან მძიმე ცოდვების, დიდი სიამაყის თუ სხვა მიზეზის გამო უფლის დაშვებით ბოროტი ძალა შედის ადამიანის სხეულში, იქ დაივანებს და რაც სურს, იმას აკეთებინებს. ამ დროს იგი, მთელ რიგ შემთხვევებში დემონური ზემოქმედების შედეგად კარგავს რა ცნობიერებას, ვარდება ისტერიკაში, განსაკუთრებით სიწმინდეებთან (ხატთან, ჯვართან, საზიარებელ ბარძიმთან) ახლოს ყოფნისას, სჩადის მკრეხელურ, უზნეო საქციელს, ბილწსიტყვაობს, ილანძღება, უშვებს ცხოველურ ხმებს, ლაპარაკობს სხვა ადამიანის ხმით. ასეთ დროს სრული მორჩილებაა ეშმაკისეული ნების. შემდეგ თავად რცხვენიათ ამის, მეტად განიცდიან, მაგრამ უძლურნი არიან, წინააღდმეგობა გაუწიონ ბოროტს. მოციქული პავლე ამბობს: „ასეთი კაცნი გადაეცეს სატანას ხორცის დასაღუპავად, რათა სული გადარჩეს ჩვენი უფლის იესოს დღეს“ (1 კორ. 5,5).        ფსიქიატრიიდან სხვადასხვა ნებისყოფის პროცესის დარღვევასთან დაკავშირებული ფსიქიკური აშლილობებია ცნობილი. მაგ. გვხვდება დაავადება „აპრაქსია“, რომლის დროსაც ადამიანი კარგავს ნებისმიერი მოქმედების შესრულების უნარს. თუ ბუნებრივად მომწიფდა, შეუძლია მოიქცეს სიტუაციისდა შესაბამისად, მაგრამ იმავეს ვერ შეძლებს თუ ამის საჭიროება არ არის. შეიკრავს ღილებს შეცივებისას, მაგრამ თავს ძალა რომ დაატანოს და იგივე გააკეთოს სხვისი თხოვნით, როცა ამის საჭიროება არ არის, ვერაფრით მოახერხებს. გამოიყენებს დანა-ჩანგალს სუფრაზე, მაგრამ სხვა სიტუაციაში რომ მოსთხოვო, საკვების მიღების გარეშე გვიჩვენოს მათი ხმარების წესი, ვერ შეძლებს. არის დაავადება „აბულია“, როცა მეტად უჭირთ გადაწყვეტილების მიღება თუ როგორ მოიქცნენ, ხან ერთ მხარეს იხრებიან, ხან მეორე, მოჰყავთ არგუმენტები ამა თუ იმ მიმართულებით, მაგრამ საბოლოო დასკვნას მაინც ვერ აკეთებენ. ყოყმანი გადაწყვეტილების მიღებისას მეტნაკლებად ყველას ახასიათებს, მაგრამ „აბულიის“ დროს ეს ავადმყოფურ ხასიათს იღებს, ვერაფრით ახერხებენ გააკეთონ რაიმე არჩევანი. უნდა ვიფიქროთ, რომ ამ თუ სხვა ფსიქიკურ აშლილობათა დროს საკმარისად მძლავრობს ბოროტი.        როგორც მართლმადიდებლური, ისე ზოგადფსიქოლოგიური თვალსაზრისით ფსიქიკურ განცდათა ერთ-ერთ ძირითად კლასად ნებელობითი განცდებია მიჩნეული. ფსიქოლოგიური კვლევა-ძიების მიხედვით გამოყოფილია ის თავისებურებები, რომლებიც ახასიათებს მათ გაჩენას ჩვენს არსებაში. ამ დროს აღნიშნავენ „მე მინდას“ სპეციფიკურ განცდას, სურვილს პიროვნულ სწრაფვას, შეასრულონ მიზანდასახული მოქმედება. შეინიშნება ასევე დაძაბულობის შეგრძნებები, გარკვეული სახის წარმოდგენების გაჩენა ცნობიერებაში. ნებელობით განცდათა თავისებურება მიუთითებს მათ თვითმყოფად, მნიშვნელოვან როლზე ადამიანის ფსიქიკურ ცხოვრებაში. ერთ-ერთი, რითაც კაცი განსხვავდება სხვა ცოცხალი არსებებისგან არის ის, რომ მას აქვს ნებელობითი მოქმედების უნარი და არ გახლავთ თავისი იმპულსების მონა. ნებისყოფის დაძაბვით შეუძლია გააკეთოს არა მხოლოდ ის, რაც სურს, არამედ ხშირად საკუთარი სურვილების, მოთხოვნილებების სრულიად საწინააღმდეგო, გამომდინარე იქიდან, მიზანშეწონილია თუ არა ეს მისთვის.        ერთგვარი ლოგიკა, თითქოსდა საღი აზრი იგრძნობა იმ დაშვებაში, რომ ყველაფერი, რაც ხდება, ზემოდან იშვება და ადამიანს არაფრის შეცვლა არ შეუძლია. უფალმა იცის თითოეულის წარსული, აწმყო და მომავალი, შეუძლებელია ღმერთმა რაიმე არ იცოდეს და ამით თითქოს ყველაფერი გასაგებია, მაგრამ ისიც ცხადია, რომ ჩვენს ცხოვრებაზე დაკვირვება სრულად ნათლად მიუთითებს თუ რამდენი რამ არის ადამიანზე დამოკიდებული, კერძოდ კი მისი თავისუფალი ნების გამოვლინებაზე. თუ საღად შეაფასებ ამას ყველაფერს მიხვდები, ჩვენი ჭკუა არა მხოლოდ იმაში ვლინდება, ჩავწვდეთ ღვთის არსებობას და მისდა სათნოდ ვიცხოვროთ, არამედ მასშიც გავიგოთ, რომ არ ვართ მარიონეტები და ზეციურ სამყაროში სურთ, ეს კარგად შევიგრძნოთ. თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის პედაგოგი დავით ციცქიშვილი • ამოსაბეჭდი ვერსია • ← სარჩევი …
დაამატა ლაშა to ფსიქოლოგია at 4:15pm on სექტემბერი 20, 2013
თემა: ცნება პერსონის ეტიმოლოგიური და სემანტიკური ანალიზი
ნობილი მკვლევარი ოლპორტი, პიროვნების შესახებ თავისი კლასიკური წიგნის პირველ თავში გვაძლევს ამ თეორიათა კლასიფიკაციას და პერსონის ცნების ეტიმოლოგიურ და სემანტიკურ ანალიზს. Person-ის ცნება, გავრცელებული აზრის თანახმად რომაელი მსახიობებისაგან ძველი ბერძნების მიერ გადმოღებული ნიღბის ცნებას უკავშირდება. (არსებობს ლეგენდა, რომლის თანახმადაც ნიღაბი რომაელმა მსახიობმა შემოიტანა, რათა თავისი ელამი თვალები დაეფარა). ბერძნები ნიღაბს PROSOPONON-ს უწოდებენ. ლათინური პერსონა ჟღერადობით ნაკლებად ჰგავს ბერძნულ პროსოპონს. ამიტომ, ზოგიერთი მეცნიერის აზრით, პერსონას ძირები ბერძნულშივია. ნაწილი ენათმეცნიერებისა მიუთითებს პერსონის ეტიმოლოგიურ კავშირზე „პერი-სომასთან" (სხეულის ირგვლივ), სხვები ისევ ძველ ლათინურ და ეტრუსკულ Ppersu-სთან ნახულობენ კავშირს. არსებობს აზრი, რომ პერსონა ლათინური პერ სე უნა-დან (ჩემგან, ჩემი მე-დან მოდის). ზოგიერთი მკვლევარისთვის პერისომა პერსონარე-ს გაგებას (შიგნიდან მომდინარე ხმა)უნდა უკავშირდებოდეს, რადგან ეს მკვლევარები თვლიან, რომ ნიღბის შიგნით ხმის გამძლიერებელიც უნდა ყოფილიყო. დღეისთვის გავრცელებული აზრით, პერსონა ეტიმოლოგიური თვალსაზრისით უფრო ეტრუსკული პერსუს უკავშირდება. არქეოლოგიური გათხრების დროს ნაპოვნი იყო კედლებზე ფრესკებით მოხატული სამარხი, სადაც ხშირად გამოსახული იყო პატარა, შენიღბული ფიგურა, პერსუ, რომელიც ალტჰაიმის მიხედვით იმქვეყნიური ღმერთი შეიძლება ყოფილიყო. შემდგომში, ლათინურში, პერსონა, როგორც პატარა პერსუ შევიდა.    თეატრალური ნიღბის ცნება ცხოვრებას ერთ-ერთმა პირველმა პლატონმა მიუსადაგა. პლატონს ეკუთვნის გამონათქვამი ცხოვრების ტრაგედიასა და კომედიაზე. ამ გამონათქვამში ცხოვრება გაგებულია, როგორც თეატრი, სცენა, სადაც ღმერთი ადამიანებს როლებს ურიგებდა და ისინი თამაშობდნენ. პლატონის შემდეგ კლიშედ იქცა ცხოვრების თეატრად წარმოდგენა. ციცერონმა პერსონის ცნებას ოთხი განსხვავებული მნიშვნელობის მიანიჭა. ეს მნიშვნელობებია: 1. როგორ ეჩვენები სხვას (მაგრამ სინამდვილეში არ ხარ) 2. როლი, რომელსაც ადამიანი ცხოვრებაში თამაშობს. (მაგ. ფილოსოფოსი) 3. პიროვნულ, ფსიქიკურ ნიშანთა ნაკრები, რომელიც ადამიანის საქმიანობას განსაზღვრავს 4. პიროვნული თავისებურება, უნიკალობა, ღირსების, სტილის გაგებით უკვე ამ მნიშვნელობებში გამოიკვეთა და აისახა კიდეც პიროვნების თეორიებში ორი პოლუსი პიროვნების გაგებისა, რომელთა შორის განლაგდა შემდგომი დროის პიროვნების განსაზღვრებები და თეორიები. ერთი პოლუსი ადამიანის გარეგანი, ნიღბისმიერი ბუნების ამსახველია, ხოლო მეორე კი პიროვნების შინაგან ბუნებასა და სტრუქტურას გამმოკვეთს. პიროვნება, ფაქტობრივად ამ ორი საწყისის ერთიანობაა თითოეული პოლუსის მეტნაკლები აქცენტირებით. პიროვნების თეორიათა კლასიფიკაცია ოლპორტის მიხედვით ოლპორტი  პიროვნების შესახებ ფსიქოლოგიურ თეორიებს ორ დიდ ჯგუფად, ორ მიმართულებად ჰყოფს. ეს არის ანგლოსაქსური (ბიოსოციალური) და კონტინენტური (ბიოფიზიკური) თეორიები. განსხვავება თეორიათა ამ ორ კლასს შორის უკვე მათ ფილოსოფიურ წანამძღვრებშია. ანგლოსაქსური თეორიების მსოფლმხედველობაზე გავლენა მოახდინა ლოკის ფილოსოფიამ, ხოლო კონტინეტურმა თეორიებმა კი ლაიბნიცის და კანტის ფილოსოფიის გავლენა განიცადა. ლოკის მიხედვით სული არის ნეიტრალური მედიუმი, "ტაბულა რაზა"-სუფთა დაფა, რომელზეც გარემოს გამღიზიანებლები მოქმედებენ. ადამიანი, მისი სული რეაქტიულია, ქცევა ყოველთვის მხოლოდ პასუხია გამღიზიანებელზე და შინაგანი, თანდაყოლილი არაფერი მოსდევს. ლაიბნიცი და კანტი კი ამის საწინააღმდეგოდ, მიუთითებენ ადამიანის სულის აქტიურ სპონტანურობაზე; აქტიობა და არა რეაქტიულობა არის კონტინენტურ თეორიათა ძირითადი ნიშანი. სულის სპონტანურობის აღიარებას მივყევართ ამ თეორიების მიერ ნასახების, კონსტიტუციის, მემკვიდრეობითობის აღიარებამდე. ეს უკანასკნელნი ამ თეორიებს პიროვნებისთვის უმნიშვნელოვანეს ფაქტორებად თვლიან.        ბიოსოციალური განსაზღვრებები უფრო გარეგან გამოვლინებებზე, ქცევაზე და სოციალურ გარემოზეა ორიენტირებული. ამ თეორიის წარმომადგენლები პიროვნების შესახებ მისი ქცევის, ობიექტურად მოცემული გარე გამოვლინებების მიხედვით მსჯელობენ, ანუ იმის მიხედვით, თუ რა გავლენას ახდენს ეს პიროვნება საზოგადოებაზე, როგორ აღიქვამენ ირგვლივ მყოფნი მას. ეს თვალსაზრისი ძალიან ახლოა პერსონის ცნების ციცერონისეულ ნიღბის მნიშვნელობასთან. (იუნგის პიროვნების სისტემაშიც ვხვდებით პიროვნების მიმართ ნიღბის ცნების გამოყენებას: "ნიღაბი კოლექტიური სულისა", "ნიღაბი, რომელიც მალავს ინდივიდუალობას"). ბიოსოციალური თეორიებისთვის ტიპიურია მეის (May) მიერ მოწოდებული პიროვნების განსაზღვრება-"პიროვნება არის სოციალური გამღიზიანებელი." ამ თვალსაზრისის მიხედვით, ჩვენი პიროვნება ისეთია, როგორადაც გვხედავენ სხვები. ჩვენი პიროვნება მხოლოდ სხვების მსჯელობიდან ხდება გასაგები. სხვა კრიტერიუმი პიროვნების შესაცნობად, თუ არა ის, თუ როგორ ვეჩვენებით სხვას, თუ არა სოციალური აზრი, დაფუძნებული ობიექტურ გამოვლინებებზე, არ არსებობს. ყველა ბიოსოციალურად ორიენტირებული თეორიისთვის და შესაბამისი პიროვნების განსაზღვრებებისთვის საერთოა გამომხატველი მოძრაობების (როგორც ვიტალური, ისე სოციალურად განსაზღვრული), მეტყველებით გამოვლინილი აზრების და საერთოდ, იმის, რაც სხვისთვის თვალსაჩინოა, ხაზგასმა და პიროვნების შესწავლის ძირითად ობიექტად აღიარება. ამრიგად, ამ თეორიის წარმომადგენლებისთვის პიროვნებებს შორის განსხვავების ძირითადი მიზეზი სხვებზე გავლენაში მდგომარეობს და არა სუბიექტის შინაგან წესრიგსა თუ სტრუქტურაში. ნიუკომბის განსაზღვრების მიხედვით, პიროვნება არის ის ჩვევები და ქცევები, რომლებიც გავლენას ახდენენ სხვა ადამიანებზე. ოლპორტი შენიშნავს, რომ ამ განსაზღვრების მიხედვით ადამიანის გეგმები, სურვილები, პატივმოყვარეობა, რომელიც შეიძლება არ გამოვლინდეს და სხვებისთვის მისაწვდომი არ შეიქმნას, განა არ მიეკუთვნება პიროვნებას? გარდა ამისა, თუ პიროვნების ერთადერთ კრიტერიუმად სხვაზე გავლენას მივიჩნევთ, მაშინ რობინზონ კრუზო (ყოველ შემთხვევაში, პარასკევას გამოჩენამდე) პიროვნებად არ უნდა ჩავთვალოთ?  ბიოფიზიკური თეორიებში, ბიოსოციალურისგან განსხვავებით, ხაზი ესმება სუბიექტის შინაგანი წესრიგის, შინაგანი სტრუქტურის მნიშვნელობას და პიროვნების გაგებისთვის მისი გათვალისწინების აუცილებლობას. პიროვნება, ამ თვალსაზრისის მიხედვით, რეალურად არსებობს, იგი რეალობაა, ისევე, როგორც ნებისმიერი მოვლენა, მაგალითად, თევზი, ხე თუ ვარსკლავი. მიუხედავად იმისა, თუ ეს უკანასკნელნი როგორ გვეძლევიან მცდარი აღქმების თუ მსჯელობის შედეგად (ვეშაპი, როგორც თევზი, ხე-ორჯერ უფრო დიდი, ვიდრე სინამდვილეშია, ვარსკვლავი, როგორც პაწაწინა ნათურა), მათი რეალური, ნამდვილი ბუნება ამით არ იცვლება. ასევეა პიროვნებაც. პიროვნებას თავისი შინაგანი სტრუქტურა, თავისი კანონზომიერებანი გააჩნია. ფსიქოლოგიამ, ოლპორტის აზრით, თვით პიროვნებაში მიმდინარე პროცესები-აღქმა, ინტელექტი, გამოცდილება, მოტივები უნდა შეისწავლოს და არა ის, რასაც ბიოსოციალური მიდგომა გვთავაზობს. ამ უკანასკნელის მიხედვით პიროვნების შესწავლა ამ პიროვნების გარშემომყოფთა აღქმების, რეაქციების და სხვა ფსიქიკური პროცესების შესწავლას ნიშნავსო -ირონიულად დასძენს ოლპორტი. პიროვნების ფსიქოლოგიურ განსაზღვრებებში, სადაც ბიოფიზიკურად ორიენტირებული თეორიები სჭარბობს, ოლპორტი რამდენიმე ჯგუფს გამოჰყოფს. 1. კრებითი განსაზღვრებები. ამ ჯგუფისსთვის ტიპიური განსაზღვრება იწყება ასე: პიროვნება არის კრებადობა. . . და შემდეგ ჩამოთვლილია ის ნიშნები, რომელიც ავტორს პიროვნების გაგებისთვის არსებითად მიაჩნია. კრებადობის ნაცვლად შეიძლება გამოიყენებოდეს აგრეგატი, კონსტელაცია, კომპოზიტი, ანსამბლი. ამ ტიპის მიდგომამ მიუხედავად იმისა, რომ შინაგან ფსიქიკურ ნიშნებზე მიუთითებდა, მეცნიერებას ბევრი ვერაფერი შესძინა, რადგან მათი მაორგანიზებელი, გამამთლიანებელი სტრუქტურა ყურადღების გარეშე დარჩა. ხოლო ნიშნების უბრალო ჩამოთვლა კი ამ შემთხვევაში იგივეა, რაც მხოლოდ იმ ასოების ჩამოთვლა, რისგანაც მოცემული ლექსი შედგება. 2. მთლიანობითი განსაზღვრებები. ეს არის ინტეგრალური და კონფიგურაციული განსაზღვრებები. ტიპიური განსაზღვრება უორენსა და კერმაიკლს ეკუთვნის და შემდეგია: "პიროვნება არის ადამიანის ზოგადი სტრუქტურა (წესრიგი) მისი განვითარების ყოველ სტადიაზე". მეორე ავტორს, მაკ კანდის ინდივიდუალობაც არ ავიწყდება ამ მთლიანობაში: "პიროვნება არის ინტერესთა მთლიანობა, რომელიც ორგანიზმის ქცევას განსაკუთრებულ ინდივიდუალობას აძლევს." ამ ტიპის მიდგომა პიროვნების მთლიანობას, მისი ნაწილების ინტეგრაციას გამოკვეთს. 3. იერარქიული განსაზღვრებები. ამ ტიპის განსაზღვრებებისთვის დამახასიათებელია ინტეგრირებულ მთელში საფეხურების გამოყოფა. პიროვნების ამგვარი განსაზღვრება პირველად ჯემსმა მოგვცა. მან პიროვნებაში ოთხი დონე გამოჰყო. ჯემსის პიროვნება შიგნიდან არის დანახული, ინტროსპექციულია. ჯემსისთვის პირველი დონე არის მატერიალური მე, სხეულის, ოჯახის, მდგომარეობის და საუკეთესო მეგობრის გათვალისწინებით. შემდეგია-სოციალური მე, რომელიც განსაზღვრულია მის გარშემო მყოფ ადამიანთა შემეცნებით. ამ საფეხურის მიმართ ჯემსის ცნობილი გამოთქმა არსებობს: ადამიანს იმდენი მე აქვს, რამდენი სოციალური ჯგუფიც არსებობს, რომელთა აზრსაც მისთვის მნიშვნელობა აქვს. მესამე საფეხური არის სულიერი მე, რომელიც ადამიანის განსხვავებულ ტენდენციებს აერთიანებს. დაბოლოს, მეოთხე, წმინდა მე, პოსტულირდება სხვადასხვა ფილოსოფიური სისტემებით და არსებითად, მესამე საფეხურისგან არ განსხვავდება. 4.დისკრიმინაციული განსაზღვრებები. ამ შემთხვევაში პიროვნების შეცნობის და მისი არსის დადგენის კრიტერიუმი ინტერინდივიდუალური განსხვავებებია. ამ ტიპის განსაზღვრების მომხრეების აზრით, სოციალური ჯგუფის ყველა წევრი ერთნაირად რომ ფიქრობდეს, გრძნობდეს, მოქმედებდეს, მაშინ პიროვნება აღარ იარსებებდაო. ტიპიური დისკრიმინაციული განსაზღვრება შემდეგია: პიროვნება არის მოწესრიგებული სისტემა, ფუნქციური მთელი ან ჩვევების, ნასახების და გრძნობების მთლიანობა, რომელიც ჯგუფის ცალკეული წევრის იგივე ჯგუფის სხვა წევრებიდან მისი განსხვავებულად შეცნობის შესაძლებლობას იძლევა. 5. შეგუებითი განსაზღვრებები. ბიოლოგებს და ბიჰევიორისტებს პიროვნების მიმართ დაახლოებით ერთნაირი მიდგომა აქვთ. ისინი პიროვნებას ადამიანის ქცევიდან გამომდინარე განიხილავენ. ამ თვალსაზრისის მიხედვით, პიროვნება არის მთლიანი ორგანიზმი მოქმედებაში. ტიპიური განსაზღვრებაა კემპფის: "პიროვნება არის ჩვევათა გარკვეული სისტემების ერთიანობა, რომელიც განსაზღვრავს ადამიანის გარემოსთან შეგუების თავისებურ ხასიათს". ბიოსოციალური პიროვნების თეორიისა და ბიჰევიორისტული თეორიის ზოგიერთი პოსტულატი დაედო საფუძვლად თანამედროვე პიროვნების ფსიქოლოგიის ერთ მიმართულებას, რომელიც ემპირიული პიროვნების ფსიქოლოგიის სახელითაა ცნობილი (T.Hermann). პიროვნების ფსიქოლოგიას საქმე აქვს ფსიქიკურ მოვლენებთან, ფენომენებთან, რომელთა დაკვირვება და რეგისტრაცია არის შესაძლებელი. ის, თუ რას განიცდის ადამიანი, მისი შინაგანი სამყარო, ამ თეორიის წარმომადგენელთა სიტყვებით, უაღრესად საინტერესო და მნიშვნელოვანი მეცნიერული ღირებულების მქონეა ფსიქოლოგიისთვის, მაგრამ მისი ეს შინაგანი სამყარო გაშუალებულად გვეძლევა მეტყველების, მოძრაობების, მიმიკის და სხვ. საშუალებებით. ამგვარ მოვლენებს ემპირიული მოვლენები ეწოდებათ. სწორედ მათზე დაყრდნობით , მათ საფუძველზე უნდა მოხდეს მათ უკან მდგარი განცდების შესახებ დასკვნის გაკეთება, ანუ თეორიული კონსტრუქტის შექმნა. ემპირიულ მოვლენებს თავისი თავის ახსნა არ შეუძლიათ. მაგალითად, როდესაც ცდის პირი ან პაციენტი ფსიქოლოგს ეუბნება, რომ იგი (პაციენტი) მოწყენილია, ეს გამონათქვამი ემპირიული მოვლენაა. ხოლო როდესაც ფსიქოლოგი ამ გამონათქვამის საფუძველზე ასკვნის, რომ ამ ავადმყოფს დეპრესია აქვს, ეს უკვე კონსტრუქტია და არა ემპირიული მოვლენა. მეორეს მხრივ, შეიძლება ეს კონსტრუქტი არ აღმოჩნდეს ჭეშმარიტი და იგი შეიძლება სხვადასხვა ადამიანის (ფსიქოლოგის) მიერ განსხვავებულად იქნას ინტერპრეტირებული. სხვა ფსიქოლოგმა შეიძლება პირველი ფსიქოლოგის ამ გამონათქვამს სხვაგვარი ახსნა მოუნახოს, ანუ მის საფუძველზე სხვა კონსტრუქტი შექმნას: მაგალითად, რომ ეს ფსიქოლოგი თვითონ იყო მოწყენილი და ყველა მოწყენილად ეჩვენებოდა და სხვ.). მთავარი ის არის, რომ ემპირიულ პიროვნების ფსიქოლოგიაში საკუთარი და სხვისი განცდის გარეგანი გამოვლინებები განიხილება, როგორც ემპირიული მოვლენა, რომლებიც თავის თავს ვერ ხსნიან. ემპირიული მოვლენებს მიეკუთვნება აგრეთვე მიღწევები, დღიურები, ნახატები, ფიზიოლოგიური გამოვლინებები (მაგ. პულსის სიხშირე), ანთროპომეტრული მონაცემები-სიმაღლე სხეულის ინდექსი. ყოველივე ამის გათვალისწინება აუცილებელია პიროვნების შესწავლისთვის. ჰიპოთეტური კონსტრუქციები ემპირიულ მოვლენებთან უმჭიდროეს კავშირში არიან. სწორედ თეორია, ჰიპოთეტური კონსტრუქცია აძლევს ემპირიულ მოვლენას თავის მნიშვნელობას. ემპირიული მოვლენა და ჰიპოთეტური კონსტრუქტის შინაარსის კარგი ილუსტრაცია აქვს მოყვანილი და განხილული ცნობილ გერმანელ ფსიქოლოგს თეო ჰერმანს მოსწავლის შეფასების მაგალითზე. ვთქვათ, ბავშვმა მიიღო სკოლაში სამიანი. ეს ნიშანი არის რეალური, აღქმადი, ემპირიული მოვლენა, ერთი შეხედვით, თითქოს ერთმნიშვნელოვანიც, მაგრამ, მან შეიძლება რამდენიმე მნიშვნელობა მიიღოს, იმის მიხედვით, თუ რომელ სისტემაში ჩავსვამთ, ანუ, რომელი კუთხით შევხედავთ. 1. სამიანის მნიშვნელობები ერთმანეთისგან განსახვავებული იქნება, თუ მთელმა კლასმა საკონტროლოში სამი მიიღო, იმ შემთხვევისგან თუ ეს ერთადერთი სამიანია კლასში, ხოლო ყველა დანარჩენი-ხუთები. 2. განსხვავებული მნიშვნელობა აქვს სამიანს იმის მიხედვით, თუ რას გამოხატავს იგი- მასწავლებლის სიმკაცრეს თუ ბავშვის ცოდნას 3. დაბოლოს, სამიანი შეიძლება იყოს მძიმე ფსიქოლოგიური ტრავმის (ახლობლის სიკვდილი) ან გადატანილი მენინგიტის შედეგად გამოწვეული გონებრივი ჩამორჩენილობის მიზეზით       ყველა ეს შესაძლებლობა ემპირიულად მოცემულ სამიანში არ ჩანს. იგივე ითქმის პიროვნების შესახებაც. პიროვნება ამ მიმართულების მიხედვით, ემპირიული მოვლენა არ არის. პიროვნების ემპირიული ფსიქოლოგია შეისწავლის ემპირიულ შინაარსებს, ადამიანის ქცევას, დაკვირვებად გარეგან გამოვლინებებს, მიღწევებს. მაგრამ ამ მოვლენებს, როგორც უკვე ვთქვით, თავისი თავის ახსნა არ შეუძლათ. ამისთვის მკვლევარი იყენებს მეცნიერულ ცნებას, თეორიას, კონსტრუქტს. პიროვნების ისეთ თვისებებს, როგორიცაა შიში, ინტროვერსია-ექსტრავერსია, მოტივები ემპირიული შინაარსი არ გააჩნიათ. ეს არის მეცნიერული კონსტრუქციები, ჰიპოთეტური კონსტრუქტები, "გამონაგონები" რომლებიც მოწოდებულია რეალური, ემპირიული, თვალსაჩინო მოვლენების ასახსნელად და გამოყვანილია, ემპირიულ, თვალსაჩინო, დაკვირვებადი ემპირიული მოვლენებიდან. პიროვნების ანგლოსაქსური და კონტინენტური მიმართულებები პიროვნების კვლევის ორ მოდელს დაედო საფუძვლად: პირველი მოდელის მიხედვით 1. თავდაპირველად უნდა განვმარტოთ, რას ვგულისხმობთ პიროვნებაში, უნდა შევიცნოთ, პიროვნების არსი, მისი ბუნება, და მხოლოდ ამის შემდეგ: 2. უნდა მოხდეს მისი დეტალური შესწავლა-გამოკვლევა. მეორე მოდელის მიხედვით: 1. ჯერ უნდა ვაწარმოოთ დაკვირვება ობიექტურად გამოვლენილ ქცევებზე-ემპირიულ ფენომენებზე, ხოლო შემდეგ 2. ემპირიული ფენომენების განსაზღვრისა და ახსნისთვის უნდა შეიქმნას ჰიპოთეტური კონსტრუქტები. თვით პიროვნება უზოგადესი კონსტრუქტია. ამრიგად, პიროვნების კვლევის პირველი მოდელის მიხედვით, პირველადია პიროვნების თეორია, და შემდეგ ხდება ამ თეორიის ემპირიული შემოწმება. მეორე მოდელის მიხედვით კი ჯერ ხდება ემპირიულ მოვლენებზე დაკვირვება და შემდეგ მათ ასახსნელად ჰიპოთეტური კონსტრუქტების შექმნა. ასეთი კონსტრუქტია, მაგალითად, აიზენკის ინტროვერსია-ექსტრავერსია. ემპირიულ ფსიქოლოგიაში პიროვნების და პიროვნულ ნიშანთა კვლევა იწყება მანამ, სანამ თვით ეს ცნებები დადგინდებოდეს. მიუხედავად იმისა, რომ ორივე მიმართულება მთლიან პიროვნებას თვლის თავის შესწავლის საგნად, მეორე მოდელის მიმდევრები პირველისაგან განსხვავებით ნაწილებიდან იწყებენ პიროვნების კვლევას, მათ პიროვნების შესწავლისას აქცენტი მაინც ამ მთლიანობის ნაწილებზე გადააქვთ - ცალკეულ დამოუკიდებელ პიროვნულ ნიშნებზე, განწყობებზე, სინდრომებზე, ფაქტორებზე, მიღწევებზე. თვით ამ ნაწილების დამოუკიდებლობა უფრო მეტად არის გამოკვეთილი, ვიდრე ამ ნაწილების მთელზე დამოკიდებულება და ამ მთელით განსაზღვრა, ეს ნაწილები არის სწორედ ჰიპოთეტური კონსტრუქციები და/ხოლო პიროვნება ემპირიულ ფსიქოლოგიაში უზოგადესი კონსტრუქტია. პირველი მოდელის წარმომადგენლები ცდილობენ პიროვნების შესწავლისას მთელი არ დაკარგონ მხედველობიდან. მათთვის, როგორც უკვე აღვნიშნეთ, მთელი პირველადია, ხოლო მეორე მოდელის მიმდევრებისთვის კი-მეორადი. …
დაამატა Kakha to ფსიქოლოგია at 9:24pm on მარტი 6, 2014
თემა: ფსიქოლოგიის საგანი
იყო ადამიანებს შორის განსხვავებების შესწავლაზე, იმაზე, რაც თითოეული ადამიანის განსაკუთრებულობას, მის ინდივიდუალობას გამოკვეთდა. მართალია, იმ დროს ვუნდტს ფსიქოლოგიის ეს დარგი მეცნიერებად არ მიაჩნდა, რადგან თვლიდა, რომ იგი არ აკმაყოფილებდა ნომოთეტური პოზიციის კრიტერიუმებს (რადგან განსხვავებაზე და ინდივიდუალურზე იყო მიმართული და არა ზოგადზე), მაგრამ მეცნიერების განვითარებას თავისი ლოგიკა აქვს და მას შემდეგ, რაც დადგინდა, რომ ფსიქოლოგია არა მხოლოდ ნომოთეტირ არამედ იდიოგრაფიული პოზიციის მოთოვნებსაც უნდა აკმაყოფილებდეს, სწორედ ეს პერიოდი ჩაითვალა პიროვნების ფსიქოლოგიის მეცნიერული შესწავლის დაწყების თარიღად. თუმცა პიროვნების ფსიქოლოგიის მეცნიერული საფუძვლები სისტემის სახით შტერნმა მოგვიანებით ჩამოაყალიბა.       მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ მე-19 საუკუნემდე ინტერესი პიროვნების ფსიქოლოგიის მიმართ და დაკვირვებები, მოსაზრებები თუ ნაივური ახსნის მცდელობები პიროვნების ქცევის და თავისებურებისა არ არსებობდა. უკვე მას შემდეგ, რაც ერთად დაიწყეს ცხოვრება, ადამიანებმა მიაქციეს ყურადღება იმას, თუ როგორ განსხვავდებოდნენ ისინი ერთმანეთისგან როგორც გარეგნობით, ისე ქცევით და ხასიათით: ზოგი სხვებზე უკეთ მღეროდა, ზოგს უკეთ ნადირობა ეხერხებოდა, ზოგი კეთილი იყო, ზოგი- ეშმაკი ან ბოროტი. ადამიანთა ეს თავისებურებები თავდაპირეველად ხალხურ ზეპირსიტყვიერებაში –ზღაპრებსა და მითებში აისახა. სწორედ ამ პირველყოფილ პერიოდს უკავშირდება, ალბათ, ადამიანებისთვის ცხოველთა თვისებების მიწერაც გარეგნობის საფუძველზე. ცხოველების სისასტიკე, სირბილე თუ ბოროტება ამ პერიოდში განსაკუთრებით ადვილი შესამჩნევი და მნიშვნელოვანი იყო ადამიანებისთვის, რომლებსაც ძალაუნებურად მათთან უხდებოდათ უშუალო ურთიერთობა მათგან დაცვის თუ მათი მოშინაურების მიზნით. ზღაპრებში მელია ეშმაკია, მგელი ბოროტია, კაჭკაჭი მოლაყბეა, ძაღლი ერთგული და კატა კი ფლიდია და ა.შ. შემდგომში, მოგვიანებით, როგორც ჩანს, ამის საფუძველზე გავრცელდა გულუბრყვილო თეორია (რომელსაც შეცდომით არისტოტელეს მიაწერენ), რომლის მიხედვითაც, თუ ადამიანი გარეგნობით რომელიმე ცხოველს ჰგავს, მას ამ ცხოველის ხასიათიც აქვს. მაგალითად, ადამიანი, რომელიც ჰგავს მელიას – ეშმაკია, ხოლო ის, ვიაც სახე უგავს არწივს- სასტიკი და დაუნდობელია.       პიროვნული ნიშნების, თვისებების მიხედვით ადამიანთა შეცნობის პარალელურად გაჩნდა ტიპოლგიები, რომელთა ავტორებიც თვლიდნენ, რომ შესაძლებელია ადამიანთა დაყოფა ტიპთა შედარებით მცირე რაოდენობად და რომ იმის ცოდნა, თუ რომელ ტიპს მიეკუთვნება ადამიანი, შესაძლებლობას მოგვცემს საკმაო სიზუსტით ვიწინასწარმეტყველოთ მისი ქცევის ხასიათი სხვადასხვა სიტუაციაში. ძველი ბერძენი ფილოსოფოსებიდან, რომლებიც განსაკუთრებით დაინტერესდნენ პიროვნების ფსიქოლოგიის საკითხებით, ჰიპოკრატესა და თეოფრესტეს შეხედულებებს გამოვყოფთ. მათ ორი ერთმანეთისგან განსხვავებული ტიპოლოგია შექმნეს, რომლების თანამედროვე ფსიქოლოგიაში, მეთოდოლოგიური თვალსაზრისით, ანგლოსაქსური და კონტინენტური თეორიების პროტოტიპულ ჩანასახებადაც კი შეიძლება წარმოვიდგინოთ (ყოველ შემთხვევაში, ამგვარი ასოციაცია, უდაოდ, ჩნდება). ჰიპოკრატეს თეორია დღესაც ძალიან პოპულარულია და ბევრისთვის ნაცნობი. თეოფრასტესი კი- შედარებით უცნობია.       ჰიპოკრატე. ჯერ კიდევ მე-4 საუკუნეში ჩვენს წელთაღრიცხვამდე ბერძენმა ექიმმა ჰიპოკრატემ შექმნა ადამინთა ტიპოლოგია ტემპერამენტის საფუძველზე. ჰიპოკრატეს მიხედვით ადამიანის ორგანიზმი წარმოადგენს ოთხი განსხვავებული სითხის – სისხლის(სანგუის), ლორწოს (ფლეგმა) , ყვითელი(ქოლე) და შავი ნაღველის (მელანქოლე) შერევის შედეგს. რომელიმე ერთი ნივთიერების სიჭარბე ორგანიზმში განაპირობებს განცდებისა და მათი მიმდინარეობის სისწრაფის მიხედვით ადამიანთა შორის ინდივიდუალურ განსხვავებულობას. ტემპერამენტის ეს ტიპოლოგია იმდენად მიახლოებული აღმოჩნდა ჭეშმარიტებასთან, რომ საუკუნეებს გაუძლო და დღესაც ძალიან სერიოზული ტიპოლოგიის ავტორებს თავისი ტიპოლოგია მასთან მიმართებაში მოჰყავთ (მაგალითად, აიზენკს). ისიც უნდა ითქვას, რომ საუკუნეების მანძილზე ჰიპოკრატეს ტიპოლოგიამ გარკვეული მოდიფიკაცია განიცადა (გალენი), მოხდა მისი გაანალიზება და განზომილებების გამოყოფა (ვუნდტი), კანტმა კიდევ უფრო დააზუსტა პიროვნების თითოეული ტიპის ფუნქცია. მიუხედავად იმისა, რომ ჰიპოკრატეს მიერ ტიპოლოგიის საფუძველი გულუბრყვილო იყო და ეფუძნებოდა იმდროინდელ საბუნებისმეტყველო ცოდნას (ემპედოკლეს მოძღვრებას სამყაროს წარმოშობის ოთხი სტიქიის (ცეცხლი, მიწა, წყალი და ჰაერი) არსებობას.       ჰიპოკრატეს მიხედვით არსებობს ტემპერამენტის ოთხი ტიპი: სანგვინიკური, ქოლერიკული, ფლეგმატური და მელანქოლიკური       სანგვინიკური ტემპერამენტისთვის დამახასიათებელია ემოციების ძლიერი აგზნებადობა, ე. ი. ადვილი გამოწვევა, მაგრამ სწრაფი წარმავლობა. ამ ტიპის ადამიანს გრძნობები ადვილად უჩნება, მაგრამ მალევე უქრება. იგი ადვილად ახერხებს ერთი მოქმედებიდან მეორეზე გადანაცვლებას.       შინაარსის მხრივ სანგვინიკური ტიპის ადმიანში ჭარბობს დადებიღი გრძნობები: მას ახასიათებს დადებითი ემოციური განცდებისადმი მიდრეკილება. იგი უდარდელია, ოპტიმისტურადაა განწყობილი, სამყაროს ვარდისფერი სათვალეებით უყურებს; ადვილად შედის კონტაქტში ადამიანებთან, კეთილგანყობილია ყველას მიმართ, ყველაში და ყველაფერში უფრო კარგს ხედავს, ვიდრე ცუდს. გარშემომყოფთაგანაც სიმპათიას იმსახურებს.       ამ ძირითად ემოციურ თვისებათა გარდა ამ ტემპერამენტს ახასიათებსმოქმედებისა და მოძრაობის სწრაფი ტემპი, ცოცხალი მიმიკა, გრძნობების ძლიერი, უშუალო-იმპულსური გამოხატვა და, საზოგადოდ, ფსიქიკურ პროცესთა სწრაფი მიმდინარეობა. სანგვინიკი ცოცხალი, მოძრავი ადამიანია, რომელიც, შეიძლება ითქვას უმტკივნეულოდ აღწევს თავის ცხოვრების მიზანს, ჰარმონიულია, როდესაც ალტერნატივეს წინაშე დგას, თუ რა აირჩიოს, თითქოს ინტუიტურად, ძალიან ადვილად (ბევრი ფიქრის და წვალების გარეშე), თავიდანვე ოპტიმალურ ვარიანტს ირჩევს.       ქოლერიკული ტემპერამენტისთვისაც დამახასიათებელია გრძნობების ძლიერი აგზნებადობა. გრძნობები მასში სწრაფად აღმოცენება, ხშირად აფექტურიც არის, მაგრამ სანგვინიკისგან განსხვავებით მისთვის უფრო ხანგრძლივი და მტკიცე გრძნობებია დამახასიათებელი. იგი კონსერვატორია; უჭირს ახლის მიღება, ახალ სიტუაციასთან მორგება, ამის გამო კონფლიქტშია თავის თავთან: ძალიან ძნელად თმობს პოზიციას მაშინაც, როდესაც გონებით ხვდება, რომ საჭიროა დათმობა; თითქოს რაღაც ექაჩება, რომ ძველ პოზიციაზე დარჩეს. ეს, რა თქმა უნდა უარყოფით გრძნობებს იწვევს მასში.       და საერთოდაც, გრძნობების შინაარსის მხრივ ეს ტიპი სანგვინიკის საწინააღმდეგოა. მას უფრო უარყოფითი გრძნობებისკენ აქვს მიდრეკილება. ის ყველაში და ყველაფერში უფრო ცუდს ხედავს, ვიდრე კარგს. იგი ხშირად გაღიზიანებულია, უკმაყოფილო, გაჯავრებული. მასთან ურთიერთობა ძნელია, ძნელა ამყარებს ადამიანებთან კონტაქტს.       რაც შეეხება მის რეაქციებს – იგი, ისევე როგორც სანგვინიკი სწრაფია, მოძრავი, ენერგიული და მისი ფსიქიკური პროცესებიც სწრაფად მიმდინარეობს. ქოლერიკიც, საბოლოოდ აღწევს თავის მიზანს, იღებს თავისთვის სასურველ პოზიციას ცხოვრებაში. მაგრამ თუ სანგვინიკს ეს ადვილად, ძალდაუტანებლად და უმტკივნეულოდ („თამაშ-თამაშით") გამოსდის, ქოლერიკს იგივე ხანგრძლივი დროის მანძილზე მერყეობის, თავის თავთან და სხვასთან კონფლიქტების და უსიამოვნო განცდების ფონზე ეძლევა.       ფლეგმატიკური ტემპერამენტი გრძნობების აგზნებადობის თვალსაზრისით წინა ორი ტიპის საწინააღმდეგოა. მას ახასიათებს გრძნობების სუსტი აგზნებადობა. ემოციები მასში ძნელად აღმოცენდება. ეს არის მშვიდი, გაწონასწორებული ადამიანი, მისთვის უცხოა აფექტები. Gგრძნობები აღმოცენდება ნელა, გვიან მაგრამ სამაგიეროდ მტკიცე ხასიათს ატარებენ და დიდხანს არ ქრებიან. ამ მხრივ ფლეგმატიკი სანგვინიკის საწინააღმდეგო ტიპია, მაგრამ გრძნობების შინაარსის მიხედვით ჰგავს მას: მისთვისაც უფრო დამახასიათებელია მიდრეკილება დადებითი, ვიდრე უარყოფითი გრძნობებისადმი.       რაც შეეხება მოტორულ სფეროს, ფლეგმატიკებს ახასიათებთ მოქმედებათა და მოძრაობათა სიდინჯე, აუჩქარებლობა, გრძნობების გამომხატველობითი სფეროს სიღარება (მათი გრძნობები გარეთ არ ვლინდებიან).       მელანქოლიკური ტემპერამენტისთვის განსაკუთრებით დამახასიათე ბელია მიდრეკილება უარყოფითი ემოციებისკენ. ის პესიმისტია. ყველაში და ყველაფერში უარყოფითს ხედავს. ამით ის ქოლერიკს ჰგავს. მაგრამ ქოლერიკი მებრძოლია, საბოლოო მიზანს მაინც აღწევს. მელანქოლიკი კი ბრძოლისუუნარო, თითქოს ენერგიაგამოცლილი პიროვნებაა, რომელიც თავიდანვე ცუდისთვის არის განწყობილი და ცუდს მოელის ამ ცხოვრებიდან.       მელანქოლიკს მოძრაობები შედარებით მოდუნებული და ზანტი აქვს.       ამრიგად, ტემპერამენტის ზემოთგანხილული ტიპები ორ ჯგუფად შეიძლება დაიყოს: გრძნობების აგზნებადობის თვალსაზრისით სანგვინიკური და ქოლერიკული ტემპერამენტის ტიპები ერთ ჯგუფას შეადგენენ (ადვილი აგზნებადობის ტიპები არიან), ხოლო ფლეგატური და მელანქოლიკური ტიპები კი _ მეორე ჯგუფს (სუსტი აგზნებადობის ტიპები). გრძნობის შინაარსის, ე.ი. ემოციის სიამოვნება-უსიამოვნების მიმართულების თვალსაზრისით სანგვინიკური და ფლეგმატური ტემპერამენტის ტიპ[ები ერთ ჯგუფს ქმნიან (დადებითი, სასიამოვნო ემოციები), ხოლო ქოლერიკული და მელანქოლიკური ტიპები – მეორე ჯგუფს (უარყოფითი, უსიამოვნო გრძნობები) მიუხედავად ერთგვარი გულუბრყვილო შეხედულებისა, ჭეშმარიტების მარცვალი ჰიპოკრატეს ტიპოლოგიაში მაინც იყო: ჰიპოკრატე ტემპერამენტის საფუძველს და ადამიანებს შორის განსხვავებას ორგანიზმში არსებულ განსხვავებულ ნივთიერებებში ხედავდა. თანამედროვე ენდოკრინოლოგიაში დადგინდა, რომ ტემპერამეტი მნიშვნელოვნად არის დამოკიდებულ ჰორმონებზე (ანუ ორგანიზმის შიგნით არსებულ ნივთიერებებზე).       აქვე ისიც უნდა ითქვას, რომ ბერძენი ფილოსოფოსები (არისტოტელე, პლატონი) უკვე განასხვავებდნენ ერთმანეთისგან ტემპერამენტსა და ხასიათს. ხასიათი ნიშნავდა ადამიანის ქცევას, მის დამოკიდებულებას თავისი თავისადმი, სხვისადმი, ღირებულებებისადმი. ტემპერამენტი გამოხატავდა ადამიანის ვნებების, გრძნობების თავისებურებებს, მათ დინამიკას. თეოფრასტე ანტიკური ხანის მეორე ბერძენი ფილოსოფოსია, რომელიც არის ხასიათის მიხედვით ადამიანთა ტიპოლოგიის ავტორი. თეოფრასტემ პირველმა იხმარა სიტყვა ხასიათი (ქარაკტერ), რომელიც ნიშნავს გამოკვვეთას, ანაბეჭდს, ადამიანის მიმართ კი გამოკვეთილ თავისებურებას. მან გამოჰყო მაშინდელი ადამიანებისთვის დამახასიათებელი მკვეთრი პიროვნული ნიშნები, და ამ ნიშნების ფონზე განიხილა მთლიანად ადამიანის ქცევა. თეოფრასტე ითვლება ხასიათის შესახებ პირველი დამოუკიდებელი წიგნის ავტორად. ეს პორტრეტები ასახავენ 30 განსხვავებული, (მაგრამ მხოლოდ უარყოფითი) ნიშნების მქონე ადამიანებს. თეოფრასტეს დახასიათებები აგებულია ადამიანთა ქცევის დაკვირვებებზე, მათ აღწერაზე და იმ დომინანტური ნიშნის გამოკვეთაზე, რომელიც განსაზღვრავს ადამინის ქცევას ნებისმიერ სიტუაციაში. აღსანიშნავია, რომ რომ თეოფრასტეს ეს ფსიქოლოგიური პორტრეტები იმდენად დახვეწილია ლიტერატურული თვალსაზრისით, რომ ერთგვარ მხატვრულ ეტიუდს წარმოადგენს. ეს დახასიათებები, მოკლეა, შეკრული და, ამავე დროს, სრული. მისი თანამედროვე ბერძნების ტიპები იმდენად განზოგადებულია, რომ მათში მკითხველი აღმოაჩენს ყველა ეპოქის ადამიანისთვის დამახასიათებელ ნიშნებს. შეიძლება ითქვას, რომ თეოფრასტემ ჩაუყარა საფუძველი ე.წ. "ლიტერატურულ ქარაქტეროლოგიას" _ ერთი დამახასიათებელი, მკვეთრი ზნეობრივი თვისების მიხედვით პიროვნების პორტრეტის მხატვრულ, ლაკონურ ეტიუდში გამოქანდაკებას. მისმა წიგნმა "ხასიათები" დიდი გავლენა მოახდინა როგორც ანტიკურ, ისე შუა საუკუნეების ფილოსოფოსებსა და მოაზროვნეებზე (მაგ. ლაროშფუკო და ლაბრუიერი). (ვლ. ნორაკიძე).       თეოფრასტე ასე ახასიათებს უტაქტო ადამიანს: "უტაქტობა – ეს არის შენთან ურთიერთობაში მყოფი ადამიანის უხერხულ(უსიამოვნო) მდგომარეობაში ჩაყენება. აი, როგორია უტაქტო ადამიანი: თავისი საქმით ძალიან დაკავებულ ადამიანთან იგი გაუფრთხილებლად მიდის რჩევის საკითხავად. ძმაკაცები თავისი შეყვარებულის გასაცნობად მიჰყავს მაშინ, როდესაც ეს უკანასკნელი სიცხიანი თავის სახლში ლოგინში წევს. ციხიდან ადამიანის გამოსაშვებად თავდებად მდგომი სასამართლოში საქმის დამთავრების შემდეგ ანუ დაგვიანებით მიდის. ქორწილში ქალების ლანძღვას იწყებს. ადამიანს, რომელიც ეს ესაა დაღლილ-დაქანცული დაბრუნდა სახლში სასეირნოდ წასვლას სთხოვს. შეუძლია ადამიანთან, რომელმაც გარკვეულ ფასად ნივთი გაყიდა მიუყვანოს მყიდველი, რომელიც ამ ნივთში მეტს შესთავაზებს. კრებაზე, სადაც ყველასთვის ყველაფერი ნათელია, საქმე გადაწყვეტილია და ხალხი დასაშლელად ემზადება, მას შეუძლია ადგეს და ხელახლა დაიწყოს იგივე საკითხზე მსჯელობა. როდესაც მის თვალწინ მონას როზგავენ, ის იქვე დგას და ყვება, თუ როგორ ჩამოიხრჩო ერთმა მონამ თავი გაროზგვის შემდეგ."       თუ თეოფრასტეს მხოლოდ უარყოფითი ხასიათის ნიშნები აქვს აღწერილი თავის "ხასიათებში", ლაბრუიერთან გარკვეული განზომილებების გამოკვეთის მცდელობაცაა მოცემული, რის საფუძველზეც ადამიანთა ურთიერთდაპირისპირებული ხასიათი იკვეთება. ასეთია ლაბრუიერის მიხედვით გიტონი და ფედონი.       " გიტონი ლაპარაკობს თავის თავში თავდაჯერებულად. იგი გაშლის დიდ ცხვირსახოცს და ხმაურით მოიხოცავს ცხვირს. გადააფურთხებს დიდ მანძილზე და ცხვირს დააცემინებს ხმამაღლა... სუფრასთან და სეირნობისას მას უჭირავს მეტი ადგილი, ვიდრე სხვას. Iგი იჭერს ყოველთვის ცენტრალურ ადგილს და დადის მხოლოდ თავის თანაბართან. როცა იგი ჯდება სავარძელში, ფეხებს ერთმანეთზე გადაიდებს, ქუდს ჩამოიფხატავს, მოიღუშება და არავის უყურებს. ან ისევ აიწევს ქუდს და გამოაჩენს შუბლს სიამაყით და თავხედურად. იგი მხიარულია, გულიანად იცინის, მოუთმენელია, თავის თავში დარწმუნებული, ფიცხია, არარელიგიური, დარწმუნებულია, რომ ნიჭიერი და გონებამახვილია. "       "ფედონს აქვს ღვარძლიანი კომპლექცია. იგი აბსტრაქტულია, მწეოცნებე და მიუხედავად გონებამახვილობისა, სულელად გამოიყურება. მას ავიწყდება იმის თქმაც, რაც იცის და ჰგონია, ცუდად გამოუდის ნათქვამი; ჰგონია, რომ ხელს უშლის იმას, ვისაც ელაპარაკება. ეჩვენება, რომ მომაბეზრებელია, ლაპარაკობს ცივად და მოკლედ. ცრუმორწმუნეა, ჭარბად მორიდებული; დადის სირბილით და მსუბუქად, თითქოს ძლივს ეხება მიწას. Dდადის დახრილი თვალებით და ვერ ბედავს თვალი გაუსწოროს გამვლელებს. იგი არასოდეს ერევა დავაში, იმალება იმ ადამიანის უკან, რომელიც ლაპარაკობს, ფრთხილად გაიგებს იმას, რასაც იგი იტყვის და გაეცლება, თუ შეამჩნია, რომ მას უყურებენ. მას არ უჭირავს სივრცე, არ აქვს პრეტენზია ადგილზე. იგი დადის მოხრილი მხრებით, ჩამოფხატული ქუდით რომ არ შეამჩნიონ, იკუმშება, იმალება თავის მოსასხამში. თუ მას სთხოვენ დაჯდომას, ჩამოჯდება სკამის კიდეზე, ლაპარაკობს სუსტი ხმით, ცუდი არტიკულაციით, ახველებს, ცხვირს იხოცავს ქუდში თავის ჩამალვით... "       ადამიანის თავისებურებების წვდომის ერთ-ერთ წინამეცნიერულ ეტაპს წარმოადგენს ფიზიონომიკის სახელით ცნობილი მიმართულება, რომლის არსიც მდგომარეობს გარეგნული ნიშნების (სახის ნაკვთების, სხეულის ნაწილების) მიხედვით პიროვნების ხასიათისა და ქცევის დადგენა და წინასწარმეტყველება. ამ დარგის ყველაზე თვალსაჩინო წარმომადგენელი ლავატერია, რომელსაც ზოგი "ყველა დროის უდიდეს ავანტიურისტს და შარლატანს" უწოდებდა, ზოგი კი მის დამსახურებას ფსიქოლოგიის წინაშე აღიარებდა. უნდა ვიფიქროთ, რომ იგი უდაოდ ნიჭიერი ადამიანი იყო, წინააღმდეგ შემთხვევაში მისი სახელი არ შემორჩებოდა ისტორიას, თუმცა შეიძლება მისი შეფასება ორივე მიმართულებით _ გადაჭარბებული იყოს. ერთი კი ცხადია _ იგი სერიოზულად იყო დაინტერესული საკითხის შესწავლით, რასაც მის მიერ დატოვებული ტრაქტატიც მოწმობს, სადაც გარკვევით არის ზღვარი გავლებული ფიზიონომიკასა და პათოგნომიკას შორის. მის მიერ დადგენილ ამ განმასხვავებელ კრიტერიუმს თანამედროვე ფსიქოლოგიაც ეყრდნობა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ლავატერი ადამიანის ქცევის განსხვავებულ მიზეზებს აცნობიერებდა და ამ მოსაზრებებს თავის ტრაქტაქტში აფიქსირებდა: ფიზიონომიკა ადგენს კავშირს სხეულის ცალკეულ ნაკვთებსა და ქცევაში გამოვლენილ ხასიათის თავისებურებებს შორის (მაგ. ნიკაპზე ღრმული ამ ადამიანის მტკიცე ხასიათზე მიუთითებს; ან მაღალი შუბლის მქონე ადამიანი ჭკვიანია). სხეულის ნაკვთები შედარებით მყარი და უცვლელია, ისევე როგორც ხასიათის ნიშნები. პათოგნომიკის შემთხვევაში კი ხდება სხეულებრივი გამოხატულებების იმ მომენტის ემოციურ მდგომარეობასთან დაკავშირება (მაგალითად, მუშტების შეკუმშვა, წამოწითლება და სხვ. გაბრაზების დროს). სხეულის ეს მდგომარეობები განსხვავებით ფიზიონომიკისგან – დროებითი, წარმავალია, ისევე როგორც თვით ემოციები. …
დაამატა Kakha to ფსიქოლოგია at 11:43am on აპრილი 20, 2015
თემა: საზოგადოების მეგრელიძისეული თეორია
თხის ზოგადი ექსპოზიციის" შესახებ და აკრიტიკებს ნატურალისტების თვალსაზირს (ი. პავლოვის სახით), იშველიებს კარლ მარქსს. საქმე ის გახლავთ, რომ ნატურალისტები, ფიზიოლოგები ადამიანის ცნობიერებას განიხილავენ ცხოველური ცნობიერების გაგრძელებად, უბრალოდ უფრო გართულებულ ფორმად. "ადამიანურ ბუნებაზე მათი შეხედულების თანახმად, ბუნების შესაბამისი ინდივიდი (იგ. ადამიანი) მათ წარმოუდგებათ არა ისტორიულად წარმოშობილად, არამედ თვით ბუნების მიერ მოცემულ ინდივიდად."[1] შესაბამისად "ნატურალისტები ცდილობენ ადამიანის ცნობიერება ახსნან იმავე პრინციპის საფუძველზე, რომელსაც იყენებენ ცხოველთა ქცევის ასახსნელად" (მეგრელიძე, გვ. 47). ამის პასუხად კიტა მეგრელიძე ცდილობს პავლოვის შეხედულებას, თითქოს ადამიანის აზროვნება ესაა "ორგანიზმის რეფლექსი გარკვეულ გამღიზიანებელზე", დაუპირისპიროს მარქზსის შეხედულება. კერძოდ, ჩვენი ავტორი ამ ტკიცებს, რომ "არსებობენ ობიექტები, რომლებიც მიეკუვნებიან ცოცხალ არსებათა სამყაროს, თუმცა არ შედიან ფიზიოლოგიის კომპეტენციაში. მაგალითად, არავინ დაიწყებს იმის მტკიცებას, რომ შეიძლება არსებობდეს საქონლის ფასების ფიზიოლოგია, სამართლის, სახელმწიფოს ფიზიოლოგია, ისევე როგორც შეუძლებელია არსებობდეს გრამატიკის ან ლოგარითმული აღრიცხვის ფიზიოლოგია. თუმცა, ეს არაფრით არ აკნინებს ფიზიოლოგიის მნიშვნელობას, არც ბიოლოგიას, არც საერთოდ ექსპერიმენტულ მეცნიერებებს (მეგრელიძე, გვ. 49)". ამ მოსაზრებას ამყარებს მარქსის ციტირებით: "მიწას, არავითარი საერთო არ აქვს მიწის რენტასთან, მანქანას - არაფერი საერთო მოგებასთან. მიწათმფლობელისთვის მიწას აქვს მხოლოდ მიწის რენტის მნიშვნელობა, იგი იჯარით გასცემს თავის ნაკვეთებს და იღებს საიჯარო ქირას; ეს თვისება შეიძლება მიწამ დაკარგოს ისე, რომ არ დაკარგოს არც ერთი თავისი თვისება, არ წაერთვას, მაგალითად, თავისი ნაყოფიერების თუნდაც ნაწილი".[2] კიტა მეგრელიძე ასევე გამორიცხავს ფსიქოლოგიის საშუალებით მსგავსი ობიექტების გააზრების შესაძლებლობას, რადგან ის თვლის, რომ "ადამიანთა არავითარ ფსიქიკას ან ფიზიოლოგიის ანალიზს არ შეუძლია აღმოაჩინოს ეს ობიექტები. მათ ფესვი არ უდგიათ არც ადამიანთა ცნობიერებაში, არც ნივთთა ფიზიკურ გარსში. ისინი არსებობენ ჩამოყალიბებულ საზოგადოებრივ ურთიერთობათა სახით (წარმოადგენენ სოციალური ცხოვრების პროდუქტებს)" (მეგრელიძე, გვ. 49). მიუხედავად იმისა, რომ კიტა მეგრელიძე იზიარებს ევოლუციის თეორიას და თვლის - "ადამიანის ისტორია მომდინარეობს ცხოველური მდგომარეობიდან ადამიანურისკენ" (მეგრელიძე, გვ. 50) და შეიძლება სწორედ ამდენად ადამიანური ცნობიერება ცხოველურიდან მომდინარეობდეს, ის მაინც შეუძლებლად მიიჩნევს, რომ თანამედროვე სამყაროში, როდესაც უკვე ადამიანური არსებობა დამკვიდრდა, მისი აზროვნება მივიჩნიოთ ცხოველური აზროვნების ნაირსახეობად.      "განვითარების ადამიანურ საფეხურზე ცნობიერება საზოგადოებრივ-ისტორიული წარმონაქმნია. ადამიანის ცნობიერება არის არსებობის არა ბიოლოგიური, არამედ სოციალური პირობების რეზულტატი. (მეგრელიძე, გვ. 50)"      მას შემდეგ, რაც საფუძვლიანად უპასუხა ფიზიოლოგთა შეხედულებას აზროვნების შესახებ, წიგნის ავტორი შეიძლება ითქვას სრულიად "გადაეშვა" მარქსიზმში და საზოგადოებას და საზოგადოებაში ადამიანის აზროვნებას მარქსის შეხედულებების თანახმად განიხილავს. წიგნის მეოთხე პარაგრაფს მთლიანად უთმობს მარქსის ციტირებას და ერთ ლოგიკურ იდეად გვთავაზობს:      "ცნობიერება იმთავითვე საზოგადოებრივი პროდუქტია, და ასეთივე დარჩება, სანამ ადამიანები არსებობენ."[3]      "კაცობრიობის ისტორია იმით განირჩევა ბუნების ისტორიისგან, რომ პირელი შექმნილია ჩვენს მიერ, მეორე კი არა". ვიკოს სიტყვები გადმოცემული მარქსის მიერ წიგნში "კაპიტალი"[4]      "ცხოვრებისათვის საჭიროა უწინარეს ყოვლისა საჭმელი და სასელი, ბინა, ტანსაცმელი და კიდევ ზოგიერთი რამ. ამრიგად, პირველი ინსტორიული აქტი - ეს არის ამ მოთხოვნილებათა დაკმაყოფილებისათვის აუცილებლად საჭირო საშუალებათა წარმოება, წარმოება თვით მატერიალური ცხოვრებისა. ამასთან ეს ისეთი ისტორიული საქმეა, ყოველი ისტორიის ისეთი ძირითადი პირობაა, რომელიც (ამჟამად ისევე, როგროც ათასეული წლების წინათაც) ყოველდღიურად და მუდმივ უნდა სრულდებოდეს - უკვე მარტო იმისთვის, რომ ადამიანებს ცხოვრება შეეძლოთ, თუნდაც რომ გრძნობადობა დაყვანილი იყოს, როგორც ეს წმიდნა ბრუნოსთანაა ისეთ მინიმუმზე, როგორიც კეტია - იგი გულისხმობს ამ კეტის წარმოებისაკენ მიმართულ მოქმედებას, ამიტომ ყოველი ისტორიული სინამდვილის გარკვევისას საჭიროა უპირველეს ყოვლისა გავითვალისწინოთ აღნიშნული ძირითადი ფაქტი მთელი მისი მნიშვნელობითა და მოცულობით და მივუჩინოთ მას ის ადგილი, რომელსაც იგი იმსახურებს."[5]      "ეს მოქმედება... ეს წარმოება იმდენადაა ღრმა საფუძველი მთელი გრძნობადი სამყაროსი, როგორც ეს უკანასკნელი ამჟამად არსებობს, რომ თუნდაც იგი მხოლოდ ერთი წლით შეწყვეტილიყო, მაშნ ფოიერბახი დაინახავდა უდიდეს ცვლილებებს არა მარტო ბუნების სამყაროში, - სულ მალე აღარ იქნებოდა ადამიანთა მთელი სამყაროც, მისი, ფიერბახის, საკუთარი უნარი ჭვრეტისა და თვით ისი საკუთარი არსებობაც კი"[6]      "ეს წარმოება წესით უნდა განვიხილოთ არა მარტო იმ მხრიდან, რომ იგი ინდივიდთა ფიზიკური არსებობის კვლავწარმოებას წარმოადგენს. კიდევ უფრო მეტად ეს არის მოცემული ინდივიდთა მოქმედების გარკვეული წესი, გარკვეული სახე მათი სასიციცხლო მოქმედებისა, მათი გარკვეული ცხოვრების წესი. როგორიცაა ინდივიდთა სასიცოცხლო მოქმედება, ისეთივენი არიან თვითნ ისინი. ის, რასაც ისინი წარმოადგენენ, ემთხვევა, მაშასადამე მათს წარმოებას - ემთხვევა როგორც იმას, რასაც ისინი აწარმოებენ, ასევე იმასაც, თუ როგორ აწარმოებენ ისინი. თუ რას წარმოადგენენ ინდივიდები, - ეს დამოკიდებულია, მაშასადამე, მათი წარმოების მატერიალურ პირობებზე"[7]      "... კაცობრიობის მთელი ისტორია სხვა არა არის რა, თუ არა ადამიანის შექმნა ადამიანური შრომით"[8]      "ეს ნამდვილი წანამძღვრებია, რომელთაგან აბსტრაჰირება მხოლოდ წარმოსახვაში შეიძლება. ეს ნამდვილი ინდივიდებია, მათი მოქმედება და მათი ცხოვრების მატერიალური პირობები, როგორც მათ მიერ მზად ნაპოვნი, ისე მათი საკუთარი მოქმედებით შექმნილი პირობები. ამრიგად, ამ წანამძღვართა დადგენა შეიძლება წმინდა ემპირიული გზით"[9]      და ბოლო ციტატა ამ პარაგრაფში      "ადამიანები შეიძლება განვასხვავოთ ცხოველებისგან ცნიერებით, რელიგიით - საერთოდ რითიგ გნებავთ. თვით ადამიანები ცხოველებისგა თავიანთი თავის განსხვავებას იწყებენ, როგორც კი ხელს ჰკიდებენ მათთვის აუცილებელ საარსებო საშუალებათა წარმოებას"[10]      თავად მეგრელიძე კი დაამატებს მარქსის მსჯელობას, "თავიანთ საარსებო საშუალებებებს რომ აწარმოებენ, ადამიანები არაპირდაპირ აწარმოებენ თავიან მატერიალურ ცხოვრებასაც, აწარმოებენ თავიანთ საზოგადოებრივ modus vivendi-ს, ქმნიან თავიანთ ისტორიას და თავიანთ აზროვნების წესს" (მეგრელიძე, გვ. 60)      ამ ციტატებზე დაყრდნობით შეიძლება ითქვას, რომ მეგრელიძის საზოგადოებისეული ხედვა სრულიად ეფუძნება და თანხმდება მარქსისტულ ხედვასთან. მაგრამ საგულისხმოა ის ფაქტი, რომ ზემოთ მოყვანილი ციტატები წარმოადგენს ადრეულ მარქსს ("Theses on Feuerbach” 1845; "Die Deutsche Ideologie”, 1845; "Wage Labour and Capital” 1847), მოგვიანებით ამას დაემატება ციტატები კაპიტალის პირველი ტომიდანაც ("Capital, Volume I” (Das Kapital); 1867), მაგრამ არ ციტირებს მის არცერთ კომუნისტურ იდეას. ალბათ ეს სრულიად გასაგებიცაა, რადგან მეგრელიძის მთავარი ამოცანაა აზრის სოციალური ფენომენოლოგია განსაზღვროს, ამისთვის კი პირველ რიგში სჭირდება მეცხრამეტე საუკუნის ბოლოს და მეოცეს დასაწყისში არსებული და მომძლავრებული ფსიქოლოგიური შეხედულებები დაძლიოს ადამიანის და საზოგადოების აზროვნების იქამდე არსებული კვლევის მეთდები შეცვალოს, დაუმტკიცოს მათი რომ ადამიანის ცნობიერება ემიჯნება ცხოველურ ინსტიქტებს არ შეისწავლება იმ მეთოდები რომელსაც აქამდე იყენებად ფიზიოლოგია ცხოველებთან მიმართებაში, და მხოლოდ ამის შემდეგ დაიწყოს უშუალოდ ცნობიერების ფენომენოლოგიური შესწავლა ჰუსერლის კვალდაკვალ. იქამდე, კი ვიდრე მას მომხრეები გაუჩნდებიან ფსიქოლოგიაში ჰუმანისტური თეორიის სახით, რომელიც სხვა არაფერი იყო თუ არა კვლავ მარქსზე და ფენომენოლოგიაზე მოსაზრდოვე იდეები, მეგრელიძეს უწევს მარქსზე დაყრდნობით დაასაბუთოს ადამიანის და საზოგადოების აზროვნების სოციალურობა.      "ადამიანი და ცხოველი ერთნაირად არიან დაკავშრებულნი გარემომცველ სამყაროსთან მატერიალუ-ნივთიერი კავშირებით, მაგრამ ბუნების ამ დოვლათის ათვისების წესში ადამიანი არსებითად განსხვავდება ცხოველისაგან:      ნივთიერებათა ცვლა ცხოველურ, აგრეთვე მცენარეულ ორგანიზმებსა ად ბუნებრივ გარემოს შორის უშუალოდ მიმდინარეობს. ცხოველები და მცენარეები მხოლოდ და მხოლოდ მომხმარებელნი არიან იმისა, რასაც იძლევა ბუნება, ან თავად არიან ბუნების სხვა ორგანიზმების მოხმარების ობიექტები. ამ აზრით ცხოველები მუდამ რჩებიან მხოლოდ მომხმარებლებად და არასოდეს არ სცილდებიან ამ ელემენტარული ურთიერთობის საზღვრებს.      ნივთიერებათა ცვლა ადამიანებსა და ბუნებას შორის ხდება არა პირდაპირ და უშუალოდ, არამედ საწარმოო ძალების მეშვეობით. ადამიანსა და ბუნებას შორის ჩნდება მთელი რიგი გამაშუალებელი რგოლებისა, ახალ ურთიერთობათა მთელი სამყარო (მთელი სოციალური სინამდვილე), რომელიც არ გვხვდება არსად ზოოლოგიურ სამყაროში. უშუალო მოხმარებით ურთიერთობა - ეს ელემენტარული "ჰედოსისტური" ურთიერთობა - აქტივობის დაბალი საფეხურია. ცხოველის უნარი მხოლოდ იმას სწვდება, რომ მიითვისოს მოცემული. ხოლო თუ საჭირო ობიექტები მზა სახით არ ეძლევა, ცხოველთა სახეობა წყვეტს არსებობას ან სახეცვლილებას განიცდის, გადაშენდება. ყოველგვარი მოხმარება თავისი არსებით ინდივიდუალურია. უშუალო მოხმარებითი ურთიერთობის საფუძველზე შეუძლებელია სოციალური კომპლექსის წარმოშობა. ამ ურთიერთობას არ შეუძლია ორგანიზმები გაიყვანოს ბუნებრივ-ბიოლოგიური ჯოგისა და გუნდის მდგომარეობის ფარგლებს გარეთ." (მეგრელიძე, გვ. 61-65) ამრიგად, მეგრელიძემ განმარტა ფიზიოლოგიურ დონეზეც, თუ როგორ ურთიერთობენ ცხოველები და ადამიანები გარემომცველ სამყაროსთან, და მხოლოდ ამის შემდეგ იწყებს საუბარს მოტივებზე და ცნობიერებაზე - რატომ ურთიერთობენ ადამიანები იმდაგვარად როგორადაც ურთიერთობენ? და როგორ იქმნება საზოგადოება?!      მეგრელიძე ცდილობს ეს საკითხები განიხილოს სხვადასხვა საფეხურზე:      შრომა და შრომის პროდუქტი; შრომის პროდუქტი საზოგადოებრივ ურთიერთობათა მატერიალური შუამავალია; შრომა და საზოგადოება, ურთიერთგანპირობებულობა; სოციალურ ურთიერთობათა თავისებურება; საზოგადოების განხილვას იწყება შრომით, როგორც ბუნებასთან ურთიერთობების ფორმებთან პირდაპირ კავშირშია მყოფი მოქმედებით და ამ უკანასკნელის (შრომის) განმარტებისას მეგრელიძე მარქსს მოიშველიებს:      "შრომა არის უწინარეს ყოვლისა პროცესი ადამიანსა და ბუნებას შორის, პროცესი, რომელშიც ადამიანი თავისი მოქმედებით განაპირობებს, აწესრიგებს და კონტროლს უწევს ნივთიერებათა ცვლას თავისსა და ბუნებას შორის. ბუნების ნივთიერებას თვით ადამაინი უპირისპირდება როგორც ნუნების ძალა. მას მოძრაობაში მოყავს თავისი სხეულის ბუნებრივი ძალები: ხელები და ფეხები, თავი და თითები, რათა ნუნების ნივთიერება საკუთარი არსებობისთვის გამოსადეგი ფორმით მიიღვისოს. როცა ის ამ მოძრაობის საშუალებით გარეშე ბუნებაზე ზემოქმედებას ახდენს და ცვლის მას, იგი ამავე დროს ცვლის საკუტარ ბუნებასაც... ჩვენ აქ შრომის პირველ ინსტიქტურ ცხოველისებურ ფორმას არ ვეხებით... შორეულ პირველყოფილ ხანას მიეკუთვნება ის მდგომარეობა, როდესაც ადამიანის შრომას ჯერ კიდევ ვერ ჩამოუშორებია თავისი პირვანდელი ინსტიქტური ფორმა. შრომას ჩვენ ვგულისხმობთ ისეთი ფორმით, რომლითაც იგი მხოლოდ და მხოლოდ ადამიანის კუთვნილებას შეადგენს"[11]      და მიმართებას ადამიანის შრომით ურთიერთობას ბუნებასთან და სხვა ინდივიდებთან, მეგრელიძე ხედავს შემდეგში: "შრომის პროდუქტი ისეთი ობიექტია, რომელსაც აქვს ადამიანის მიერ მიცემული სასარგებლო თვისებები და რომელიც, მაშასადამე ასრულებს ადამიანისთვის სასარგებლო სამუშაოს, ე.ი. საზოგადოებრივ ფუნქციებს." (მეგრელიძე, გვ. 67), შესაბამისად ყალიბდება ურთიერთობათა განსაკუთრებული სფერო, განსხვავებული ბიოლოგიურისგან, სახელდობრ, საციალური კოპლექსი და სოციალური ურთიერთობები.      ეს შრომითი პროცესის ერთი მხარეა, მეორე მხარეს კი ვხედავთ შემდეგს, რომ "ადამიანთა შრომის პროდუქტებისა და მატერიალური დოვლათის ეს სამყარო, ისევე როგორც თვით შრომა, შესაძლებელია მხოლოდ ადამიანების საზოგადოებრივ ურთიერთობათა გარკვეულ პირობებში და არა სხვანაირად." (მეგრელიძე, გვ. 78).      "ინდივიდი საზოგადოებრივი არსებაა, ამიტომ მისი სიცოცხლის გამოვლინება (თუნდაც იგი არ გამოიხატებოდეს კოლექტიური, სხვებთან ერთდროულად მიმდინარე, ცხოვრების გამოხატულების უშუალო ფორმით) არის საზოგადოებრივი ცხოვრების გამოვლინება და გამოხატულება. ადამიანის ინდივიდუალური და გვარობითი ცხოვრება არ განსხვავდება ერთმანეთისგან, თუნდაც ინდივიდუალური ცხოვრების ფორმა აუცილებლად იყოს საზოგადოებრივი ცხოვრების მეტ-ნაკლებად კერძო, ან საყოველთაო ფორმა." [12]      როგორც ზემოთ ვახსენეთ, კიტა მეგრელიძე ევოლუციის თეორიას იზიარებს და სწორედ მსჯელობის ამ მომენტიდან იწყებს განსაზღვრებებს ცნობიერებების საწყისი ფორმების შესახებ, ცხოველიდან ვიდრე ადამიანამდე, იქნება ეს ცნობიერების ბიოლოგიური ფესვები, ინსტიქტები და რეფლექსური მოქმედებები, ცხოველთა ინტელექტუალური მოქმედებები და ა.შ. და მიზეზი ამ განხილვისა, როგორც თავად ამბობს, არის ის "არასწორად დაყენებული და ფუჭი საკითხი" რომელიც შეიძლება ვინმე მზაკვარს გაუჩნდეს საზოგადოებისა და შრომის ურთიერთმიმართების შესახებ, კერძოდ "რა რას უსწრებს? შრომა უსწრებს საზოგადოებრივ წარმონაქმნს და აყალიბებს მას, თუ საზოგადოებრივი წარმონაქმნი წარმოშობს შრომას?" (მეგრელიძე, გვ. 83)      ჩვენთვის საინტერესო შეიძლება გახდეს ერთი ქვეთავი - "სოციალურ ურთიერთობათა თვისებრივი თავისებურება" სადაც მეგრელიძე მრავლად ციტირებს მარქსს-ენგელსს, რომელთა დახმარებითაც აკრიტიკებენ ფოიერბახის ფილოსოფიას და მის მოაზრებულ - განყენებულ ადამიანს.      "საზოგადოებაში მწარმოებელი ინდივიდები, მაშასადამე, ინდივიდების საზოგადოებრივად განპირობებული წარმოება, - არი რა არის აშკარად საწყისი პუნქტი (იგულისხმება საზოგადოებისა და შრომის მიმართება კვერცხი-ქათამის მზაკვრული შეკითხვის საპასუხოდ). განმარტოებული და განცალკევებული მონადირე და მეთევზე, რომლებითაც იწყებენ სმიტი და რიკარდო, მიეკუთვნებიან XVIII საუკუნის ფანტაზიას მოკლებულ ქიმერებს". (მარქსი)      ფოიერბახზე კი, იგივე მარქსი წერს - "იგი ფორმით რეალისტია; მისი ამოსავალი წერტილი ადამიანია ,მაგრამ კრინტსაც არ ძრავს იმ სამყაროზე რომელშიც ეს ადამიანი ცხოვრობს, და ამიტომ ეს ადამიანი იმავე აბსტრაქტულ ადამიანად რჩება, როგორც რელიგიის ფილოსოფიაში მოგვევლინა. ეს ადამიანი დედის საშოდან კი არაა დაბადებული, იგი მონოთეისტური რელიგიების ღმერთიდან გამოფრინდა პეპელასავით. ამიტომ იგი ნამდვილ, ისტორიულად წარმოშობილ და ისტორიულად განსაზღვრულ ქვეყანაში როდი ცხოვრობს; მართალია, მას ურთიერთობა აქვს სხვა ადამაინებთამ, მაგრამ თითოეული მათგანიც მასავით აბსტრაქტული არსებაა."[13]      მეგრელიძე თავადაც აკრიტიკებს ფოიერბახს - "მას სავსებით გამორჩა მხედველობიდან შემდეგი: რათა ადამიანებს შორის ურთიერთობა შესაძლებელი გახდეს როგორც ადამიანური სოციალური ურთიერთობა, ამისთვის არ კმარა მხოლოდ ინდივიდების არსებობა, არამედ აუცილებელია, რომ ამ ინდივდებს აერთიანებდეს ან თიშავდეს (რაც არსებითად ერთი და იგივეა) გარკვეული მატერიალური ინტერესები" (მეგრელიძე, გვ. 177).      მეგრელიძისთვის, ისევე როგორც მარქსისთის, საზოგადოების მნიშვნელობაა გაცილებით მაღალი კოეფიცინეტისაა, ვიდრე ცალ-ცალკე თითოეული ინდივიდისა. მიუხედავად იმისა რომ ორივე მათგანი აღიარებენ პირუკუ კავშირს ("ისევე როგორც საზოგადოება ქმნის ადამიანს როგორც ადამიანს, ასევე საზოგადოებას ქმნიან ადამიანები"[14]), მათი მთავარი იდეა მაინც სოციალიზაციის პროცესში მდგომარეობს ანუ ადამიანი ვითარდება და ადამიანად ყალიბდება სწორედ საზოგადოებაში. ასე მაგალითად, "ჩვენ ვამბობთ, რომ ადამიანისთვის სხვა ადაიანი ადამიანურად მისაწვდომი გახდა მხოლოდ იმის მეშვეობით, რომ გარეგნულად თავის მოქმედების ობიექტებში ადამიანის აზრების, მიზნებისა და ზრახვების განვითარების საშუალებით გამოვლინდა. ამ შემოქმედებით მოღვაწეობის გარეშე ცნობიერება დარჩებოდა ცალკეულ, თავისთავში ჩაკეტილ არსებად, მხოლოდ ცალკეული ინდივიდის სუბიექტურ მიღწევათა ფორმით და არ ექნებოდა შესაძლებლობა, გაეზიარებინა სხვისი გამოცდილება, მისაწვდომი ყოფილიყო სხვა ინდივიდებისათვის." (მეგრელიძე, გვ. 179)      ბოლოსკენ, შეიძლება კიდევ ერთ საკითხს შევეხოთ, ესაა "ხალხურობის" აღნიშვნა. იგულისხმება ხალხური მუსიკა, პოეზია, ლიტერატურა და ა.შ. აქ, წიგნის ავტორი და მარქსიც კვლავ ერთ იდეას იზიარებენ, რომ არ არსებობს ზღვარი ინდივიდუალურსა და საზოგადოებრივს შორის. თითოეული მითი, თუკი რომელიმე დისციპლინის მეცნიერთა აზრით წარმოადგენს ერთი ინდივიდს ფანტაზიის ნაყოფს და შემდეგ საზოგადოებაში გადასხვაფერებულ და ინტერპრეტირებულს, იგივე მეგრელიძე მიიჩნევს რომ "ეს წარმონაქმნები ოდესღაც საკულტო, რელიგიურ-მსოფლხედველობრივი მარტივი მოტივების სხვადასხვა გამოვლინებაა. რომ ინდივიდუალურად ეს მოტივები არავის არ შეუქმნია და არ შეუთხზავს, ისევე როგორც შეუძლებელია ცალკეული ადამიანის გნოემბამ თავისი ფანტაზიით მიაღწიოს "ეშმაკის", "სულის" ან სხვა რაიმე მსგავსი იდეის გამოგონებას" (მეგრელიძე, გვ. 404)      მარქსი კიდევ უფრო აფერმკრთალებს ადამიანის ინდივიდუალური მოღვაწეობის საზღვრებს, ამბობს - "მაშინაც კი, როცა ხელს ვკიდებ მეცნიერულ და ა.შ. საქმიანობას, - საქმიანობას, რომელიც შემიძლია შევასრულო თვითონ, სხვებთან უშუალო ურთიერთობის უქონლად, - მაინც საზოგადოებრივად ვიქცევი, რადგან ვმოქმედებ როგორც ადამიანი, საზოგადოებრივი პროდუქტის სახით არა მარტო მეძლევა ჩემი საქმიანობისთვის მასალა, - მაშ შორის თვით ენაც, რომლის დახმარებითაც ვლინდება მოაზროვნის საქმიანობა, - არამედ ჩემი საკუთარი ყოფიერებაც, საზოგადოებრივი საქმიანობა: ამიტომ რასაც ჩემით ვქმნი, ჩემით ვქმნი საზოგადოებისთვის..."[15]      ბოლო, შეჯამების ციტატა, რომლითაც შეიძლება მარტივად გამოისახოს მეგრილიძესეული საზოგადოება:      "ყოველგვარ, თნადც კერძო და ინდივიდუალურ შრომაში, ადამიანი, რამდენადაც იგი რაღაცას აწარმოებს, მუდმივად ახდენს თავისი ინდივიდუალური ენერგიის სოციალიზაციას მის მიერ შექმნილ შრომის პროდუქტებში, მაშასადამე, შრომის ყოველ აქტში აისახება მისი საზოგადოებრივი ხასიათი." (მეგრელიძე, გვ. 83) ლაშა ჩილინდრიშვილი გამოყენებული ლიტერატურა • მეგრელიძე კ., აზრის სოციალური ფენომენოლოგია. თბილისი. 1990 [1] კ. მარქსი, პოლიტიკური ეკონომიკის კრიტიკისათვის, თბ., 1953, გვ. 256 [2] К. Маркс и Ф. Енгелс, Немецкая Идеологиа, М,. 1933, с 209. [3] კ. მარქსი და ფ. ენგელსი, გერმანული იდეოლოგიიდან, თბ., 1948, გვ. 31 [4] კ. მარქსი, კაპიტალი, ტ. 1, თბ., 1954, გვ. 472. [5] კ. მარქსი და ფ. ენგელსი, რჩეული ნაწერები სამ ტომად, ტ. 1, თბ., 1975, გვ. 24 [6] იქვე, გვ. 22 [7] იქვე, გვ. 11 [8] К. Маркс и Ф. Енгелс, Сочинения, т. III, М,. 1929, с. 632 [9] იქვე, c. 10 [10] კ. მარქსი და ფ. ენგელსი, რჩეული ნაწერები, ტ. 1, თბ., გვ. 11 [11] კ. მარქსი, კაპიტალი, ტ. 1, გვ. 228. [12] К. Маркс и Ф. Енгелс, Сочинения, т. III, с. 624 [13] კ. მარქსი და ფ. ენგელსი, რჩეული ნაწერები ორ ტომად, ტ. II, თბ., 1964, გვ. 405. [14] К. Маркс и Ф. Енгелс, Сочинения, т. III, с. 623 [15] К. Маркс и Ф. Енгелс, Сочинения, т. III, с. 624…
დაამატა ლაშა to ფილოსოფია at 5:19pm on აპრილი 22, 2015
თემა: კოლექტიური რელიგიური რიტუალები
იური) სამყაროთა პოლარულობას. საკრალურისა და საეროს პოლარიზება აფორმებს ადამიანური არსებობის საზღვრებს. რელიგიისთვის განმსაზღვრელია სამყაროს ფუნდამენტური დაყოფა საკრალურ და პროფანულ (ყოველდღიურ) საგანთა ურთიერთსაპირისპირო კლასებად. საკრალურისა და პროფანულის პოლარიზება მიჯნავს ერთმანეთისაგან მათ და უზრუნველყოფს საკრალიზების ტენდენციის მხარდაჭერასა და შენარჩუნებას საზოგადოებაში. როგორც ვიცით, საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანია საკრალურის წარმოება, კვლავწარმოება და განმტკიცება, რითაც ხდება რელიგიური და არარელიგიური სფეროების გამიჯვნა და "ღვთაებრივი სოციალურის" კონსტრუირება.       როგორც უკვე აღვნიშნეთ, რელიგიის განსაზღვრისას გამოიყო ერთის მხრივ, სამყაროს საგნების დაყოფა საკრალურ და პროფანულ კლასებად, და მეორე მხრივ, გამოიყო მორწმუნეთა თანასაზოგადოება ანუ ეკლესია. ორივე ეს ელემენტი რწმენებისა და რიტუალების სისტემის საზღვრებს ადგენს ანუ ქმნის რელიგიის შესახებ ადამიანური ცნობიერების საზღვრებს ამა თუ იმ საზოგადოებაში.       ტოტემიზმის ანალიზის საფუძველზე შეიძლება დავასკვნათ, რომ ადამიანები საკრალურის, ამ კონკრეტულ შემთხვევაში კი ტოტემის სახით, თაყვანს სცემენ საკუთარ საზოგადოებას უფრო იდეალიზებული და შელამაზებული კონფიგურაციით. დიურკემი ამტკიცებს, რომ საკრალური ეს იდეალიზებული კოლექტიურია ანუ საკრალურის სახით ნებისმიერ საზოგადოებაში გამოდის საკუთარი იდეალიზებული საზოგადოება. აპოკალიფსში გაცხადებული საშინელებები ელის მათ, ვინც არ არის აღბეჭდილი "ღვთაებრივი ნიშნით" _ ყველას შეიწყნარებენ ურწმუნოთა გარდა. დიურკემის პარადიგმაში ის ადამიანები, რომლებიც ცხოვრობენ საზოგადოებაში და მას არ აღიარებენ და არ მიაგებენ თაყვანს, და თავის მხრივ, საზოგადოებაც არ აღბეჭდავს "ღვთაებრივი ნიშნით", დაიტანჯებიან უკვე ამქვეყნად _ მათთვის საზოგადოება ჯოჯოხეთია. დიურკემი მიიჩნევს, რომ რამდენადაც ღმერთები წარმოადგენენ მხოლოდ და მხოლოდ კოლექტიურ პერსონიფიცირებულ იდეალებს (მაგალითად., ტოტემი ტრაიბალური საზოგადოების პერსონიფიცირებული იდეალია), მაშინ რწმენის ყოველგვარი შესუსტება მაჩვენებელია იმისა, რომ თავისთავად კოლექტიური იდეალი შესუსტდა. კოლექტიურ იდეალს კი არ შეუძლია შესუსტდეს, თუ არ მოხდა სოციუმის სოციალური სიცოცხლისუნარიანობის დაზიანება_დარღვევა. ერთი სიტყვით, გარდაუვალია ხალხების დაღუპვა, როცა კვდებიან ღმერთები, თუკი ღმერთები, თავის მხრივ, სხვა არაფერია თუ არა სიმბოლურად მოაზრებული ხალხები.       ისმის კითხვა: რატომ ხდება საზოგადოების პერსონიფიცირება ღვთაებებში? რატომ იქცევა საზოგადოება რწმენებისა და კულტის ობიექტად? რატომ აძლევს რელიგია საზოგადოებას ასეთ ძალასა და სასიცოცხლო ენერგიას? დიურკემის რელიგიის სოციოლოგისთვის მთავარ იდეას წარმოადგენს ის, რომ ზოგიერთი სოციალური მდგომარეობა, როგორიცაა მაგალითად., კოლექტიური აღზნების სიტუაცია წარმოშობს (პროდუცირებს) და კვლავწარმოშობს (რეპროდუცირებს) რელიგიურ გრძნობებსა და რწმენებს. დიურკემის რელიგიის სოციოლოგიის იდეურ წყაროს წარმოადგენდა მასების ფსიქოლოგიის წარმომადგენელთა ნააზრევი (გ. ლებონი, გ. ტარდი, გელდვეიზერი). მაგალითად., გელდვეიზერი წერდა, რომ ე. დიურკემის ნაშრომის "რელიგიური ცხოვრების ელემენტარული ფორმები" უდიდესი მნიშვნელობის მიუხედავად, დიურკემისთვის საზოგადოება სუბლიმირებული (სახეშეცვლილი) ბრბოა, ხოლო სოციალური საზღვრები _ ბრბოს ფსიქოლოგიის სიტუაციაო. მართლაც, იგი იმის დაზუსტების შემდეგ, თუ რას წარმოადგენს რელიგია მთლიანობაში და ავსტრალიის საზოგადოების ანალიზის საფუძველზე, მიდის თავის ძირითად ჰიპოთეზამდე, რომ საზოგადოება პერსონიოფიცირდება თავის ღმერთებში. მაგრამ მას უნდა გაეცა პასუხი რელიგიის შინაგანი ძალების შესახებ, ანუ საიდან წარმოიშვება კულტისა და უპიროვნო ძალების გავლენა? რელიგიის თეორია აღწერს სოციალურ ფაქტებს, რომლებსაც ახსნა აქვთ ფსიქოლოგიური მიზეზების მეშვეობით. რწმენებთან და იდეოლოგიასთან დაკავშირებული ფენომენების გაგებისთვის აუცილებელია ბრბოს ფსიქოლოგიის ცოდნა. დიურკემი ზიზღით უყურებდა ყველას, ვინც ცდილობდა რელიგიის წარმოშობის ახსნას ჰალუცინატორული მექანიზმის მეშვეობით, მაგრამ ევანს-პრიჩარდის აზრით, იგი თავადვე იგივეს ამტკიცებდა. დიურკემი ოპერირებს ისეთი ცნებებით, როგორიცაა, "დაძაბულება", "აღზნება", "ეგზალტაცია" და სხვა. რაც ძალზე ახლოს არის ერთად თავშეყრილი ადამაინების ემოციონალურ აღზნებასთან, რომლებიც განიცდიან რაღაც კოლექტიური ისტერიის მსგავსს.       დიურკემის მთავარი პოსტულატია: იზოლირებული ადამიანი მოკლებულია ან არასაკმარისად აქვს სასიცოცხლო ენერგია. იზოლირებული ადამიანი მექანიკურად მისდევს ჩვევებს, ძლივს მოძრაობს, ნევრასთენიკის მსგავსად აპათიურად, გულგრილად რეაგირებს თავის მსგავს ადამიანებზე; მარტოობა და უსუსურობაა ამ დროს ინდივიდის თანმხლები სულიერი მდგომარეობები და მხოლოდ საზოგადოებას (კოლექტიურ ერთობას) შეუძლია მისი დახმარება და ამ განსაცდელისგან დახსნა. საზოგადოებაში ადამიანი ხდება უფრო მეტი, ვიდრე მარტოხელა ინდივიდი, რადგანაც ერთობა ახდენს მის სტიმულირებას, ავსებს მას აუცილებელი სასიცოცხლო ენერგიით და აქეზებს სხვადასხვა სახის აქტივობისკენ. ადამიანი იძენს უნარს გავიდეს ინდივიდუალური მგრძნობელობის საზღვრებს გარეთ, მიიღოს სიამოვნება აფილაციის _ სხვებთან გაერთიანებისა და "სხვა" რეალობაზე ფიქრის დროს, რომელიც ჯერარსულია, ანუ ინდივიდი იძენს უნარს განიცადოს და გაიგოს იდეალური (ღვთებრივი). ამის შედეგია სივრცე, დრო, და გონების სხვა კატეგორიები, რომლებიც საზოგადოების სიმბოლიზებას ახდენენ უფრო ამაღლებული ფორმით. უფრო სპეციფიკური მიზეზი ისაა, რომ რელიგიის წინაშე დგას ადამიანთა გაერთიანების, კომუნიკაციის, მათი ენერგიით უზრუნველყოფის ამოცანა უმაღლესი მიზნების მიწოდების მეშვეობით. აქ საზოგადოება არის ადამიანთა ურთიერთქმედების ძირითადი და არა ერთადერთი საფუძველი. დიურკემი წერს, რომ არა მხოლოდ ჯგუფი (სქესობრივი, ასაკობრივი, ეთნიკური), რომელიც ახდენს რეალობის სოციალურ მოწესრიგებას, არამედ ნებისმიერი კოლექტიური სიტუაცია ხასიათდება ჯგუფთან ინდივიდის კავშირით. დიურკემი სვამს კითხვას: როგორ ხდება საზოგადოება ჰომოგენური ან ჰეტეროგენური, იძენს ან კარგავს თავის წევრებზე გავლენას. ამისთვის აუცილებელია კოლექტიური რელიგიური სიტუაციების ანუ რიტუალების ცნებაზე შეჩერება.       როგორია ადამიანების წარმოდგენა იმის შესახებ, თუ რა ქმნის ღმერთებს? ჩვენ უკვე განვიხილეთ რწმენები და სიმბოლოები, ახლა კი გადავიდეთ რელიგიური რიტუალებისა და ცერემონიების განხილვაზე, რაც დაგვეხმარება რელიგიის არსის უკეთ გასაგებად და დაგვანახებს რელიგიასა და საზოგადოებას შორის ურთიერთკავშირის სპეციფიკას. გუსტავ ფლობერი რიტუალებსა და ცერემონიებს "წარმოსახვის მასკარადს" უწოდებდა. მართლაც, რა ადგილი უკავია რიტუალებს საზოგადოებრივ ცხოვრებაში და რას გააკეთებდა ადამიანი რიტუალების გარეშე? რიტუალების არსებობა საზოგადოებაში პრაქტიკულად ყველგან დასტურდება. დიურკემი ახდენს რიტუალების კლასიფიკაციას და გამოყოფს ორ ძირითად ტიპს: პოზიტიურ და ნეგატიურ რიტუალებს. აქედან პოზიტიური რიტუალები რიტუალის ძირითად არსს წარმოქმნიან. პოზიტიური რიტუალები ახდენენ საკრალურის წარმოებას, ფიქსირებასა და გაძლიერებას მორწმუნეებში რელიგიური გრძნობების სტიმულირების გზით, რისი მიზანიცაა საკრალურის მიმართ ნდობის განახლება, ანუ ეს რიტუალები ახორციელებენ რელიგიური ავტორიტეტის ლეგიტიმაციას, ინსტიტუციონალურ დადგენასა და მისი ჭეშმარიტების კანონიერების აღიარებას. მაგალითად., ავსტრალიელი თემები დროის გარკვეულ პერიოდებში ზეიმობენ ე.წ. ინტიცჰიუმა-ს დღესასწაულებს. ამ დღესასწაულების ფუნქცია იმაში მდგომარეობს, რომ მოხდეს ბუნების ნაყოფიერებისა და სიუხვის დადასტურება: მცენარეები ყვავიან, ხარობენ, ცხოველები მრავლდებიან და მთლიანობაში ბუნების სიუხვე რეალურია და ხელშესახები. დღესასწაული ორი აქტით წარიმართება. ზეიმის პირველი ნაწილი დაკავშირებულია იმ რიტუალურ მოქმედებებთან, რომლებიც ადასტურებენ დემონსტრატიულად ბუნების სიუხვესა და ნაყოფიერებას სხვადასხვა ტოტემური მცენარეების თუ ცხოველების წარმოდგენით. შემდეგ ეს ცერემონია წყდება და იწყება მეორე აქტი. ზეიმი განახლებას იწყებს ტოტემის რომელიღაც ნაწილის ჭამით, რასაც ახლავს თან წინაპრების გმირობის სადიდებელი რიტუალური სიმღერები. ამ რიტუალში შეიძლება დავინახოთ მსხვერპლშეწირვის პროტოტიპი, რომელიც მნიშვნელოვან როლს ასრულებს უფრო განვითარებულ რელიგიებში. მსხველპლშეწირვისა და მსხვერპლის გაღების დანიშნულება შეუცვლელია ნებისმიერ რელიგიურ სისტემაში. ისევე როგორც მსხველშეწირვა ადრეულ რელიგიურ სისტემებში, ასევე მსხვერპლის გაღება მარხვის, საკუთარი კეთილდღეობაზე, სიკეთეზე, სიამოვნებაზე უარის თქმა, რაც მონაწილეობს თითქმის ყველა მსოფლიო რელიგიებში, ხელს უწყობს ადამიანის ღვთაებრივთან გაერთიანებას. კოლექტიური რიტუალის მონაწილეები ამ დროს იძენენ ღვთაებრივის საკრალურ თვისებებს, რომლის სხეულის ნაწილს ისინი ეზიარებიან. სწორედ ღვთაებრივთან ზიარება წარმოადგენს კოლექტიური რიტუალის მთავარ საზრისს.             ნეგატიური რიტუალები თავის მხრივ, ადგენენ ტაბუსა და აკრძალვებს, რაც აწესებს და მკვეთსა ხდის ზღვარს საკრალურსა და პროფანულ ობიექტებს შორის. მათი მიზანია ადამიანის მომზადება რელიგიურ სფეროში შესაყვანად და საკრალურთან კონტაქტისთვის. ამ მიზნით ინდივიდი ტოვებს ჩვეულებრივ ცხოვრებას და სპეციალურად ემზადება რიტუალში მონაწილეობისთვის, განსაკუთრებული ჩაცმულობისა და სამკაულების შერჩევა ხაზს უსვამს რიტუალის ექსკლუზიურ ხასიათს და მისი გამორჩეულობის სტატუსს. ამას გარდა, ინდივიდის რიტუალში მონაწილეობისთვის დაშვება მარტივად არ ხდება. იგი უნდა დაექვემდებაროს რთულ გამოცდებს. გარკვეული დროის მანძილზე ინდივიდი გადის მარხვის გზით სხეულისა და სულის მოსამზადებელ პერიოდს. აღსანიშნავია, რომ ყველა კულტურაში არსებობს სამგლოვიარო, ტრაურის რიტუალები. ადამიანებს ეშინიათ, რომ მისი სიკვდილის შემდეგ ტრაურის რიტუალს არ შეასრულებენ, მათ მოელით უგულებელყოფა და ამით აღმოჩნდებიან განკვეთილნი თანასაზოგადოებიდან. ტრაურის რიტუალებში სჭარბობს დარდი და სინანული. ავსტრალიელებში იგი აღწევს პაროქსიზმის ხარისხს, რომელიც ინდივიდებში ახდენს ტოტემური ფორმით განცდის კოლექტიური გამოხატვის პროვოცირებას, როცა შეიძლება ვისაუბროთ "პანიკაზე", რადგან იგი ეხება საზოგადოების მთლიანობის რღვევას, რაც, თავის მხრივ, ყველაზე დიდი საშინელებაა ინდივიდის ცხოვრებაში. ტრაურის რიტუალებშიც ფიგურირებს თვშეკავება და აკრძალვები. მაგალითად., ავსტრალიურ კულტურაში საყვარელი ადამიანის სიკვდილის შემდეგ აკრძალულია გარკვეული დროის განმავლობაში მისი სახელის წარმოთქმა. ოჯახის წევრები თავს იკავებენ გარკვეული დროით, ჩვეულებრივი საქმიანობის შესრულებისგან, იქნება ეს თევზჭერა, ნადირობა, მიწაზე სამუშაოები და ა.შ. ოჯახის წევრებს მოიეთხოვებათ გარკვეული დროით არ დატოვონ ის ადგილი, სადაც მიიცვალა ადამიანი. ამგვარი ჯგუფური რიტუალები, მიუხედავად თავისი, ერთი შეხედვით, აშკარა ილუზორულობისა, ათასწლეულების მანძილზე ინარჩუნებენ თავის გავლენას ადამიანების ქცევაზე და განაპირობებენ მათი ცხოვრების რიტმს.       თავისი არსით, რიტუალის ყოველი ტიპი წარმოადგენს ორმაგი ოპერაციის შესრულებას, ანუ იგი ე.წ. მანიფესტური და ძირითადი დანიშნულების მატარებელია. რიტუალის მანიფესტური, ფასადური მხარე გულისხმობს ქცევის იმ წესების ამოქმედებას, რომლებსაც სპეციალიზებული ამოცანები გააჩნიათ. მაგალითად., ნაყოფიერება, ინიციაცია, ტრაური, საქმიანობაში (ნადირობა, ნაოსნობა, თევზჭერა, მტრებზე გალაშქრება და სხვა) წარმატება და ა.შ. რიტუალის ერთ-ერთი მახასიათებელია ის, რომ იგი წარმოადგენს თანმიმდევრული სტანდარტიზებული მოქმედებების გამეორებას, ამასთან სხვა ჩვეულებრივი მოქმედებებისგან იმითი განსხვავდება, რომ მას თან ახლავს განსაკუთრებულ მომენტთან დაკავშირებული სიტყვიერი ფორმულები (მიმართვები, შელოცვები, შეძახილები, მოწოდებები და ა.შ.). თვყრილობა, რომელიც რიტუალის სტიმულირებას ახდენს, ემყარება რწმენას, რომელიც აძლევს კიდეც საზრისს ცერემონიას და ახსნის მის მოქმედებას, რომელიც საკმაოდ უჩვეულოდ და უცნაურად გამოიხატება. მიცვალებულთა კულტი ეფუძნება რწმენას, რომ არსებობს კავშირი მიცვალებულსა და ცოცხალთა სამყაროს შორის. ნაყოფიერების კულტი გულისხმობს ადამიანების, ცხოველებისა და მცენარეების გვაროვნულ ნათესაობას. რიტუალი რევერსის მხრიდან კი ერთადერთი ფუნქციის მატარებელია: გამოიწვიოს ერთობის წევრებში ერთობასთან ძლიერი კავშირის გრძნობა.       ამ აზრით, რიტუალები განასახიერებენ აღზრდის შედეგად მიღებულ სხვადასხვა წარმოდგენას, რომლებიც ადამიანის ცნობიერების შემადგენელია. ყველა რიტუალი, მიუხედავად შინაარსისა, ასრულებს ერთ ძირითად ფუნქციას. ესაა ერთობის ავტორიტეტის განდიდება და მის წევრებში ერთობასთან კავშირის, კოლექტიური კუთვნილების განცდის წარმოება და გაძლიერება. აქ მნიშვნელოვანია თავად რიტუალის ჩატარება და არა მისი შინაარსობრივი მხარე. იმისდა მიუხედავად, რას ეძღვნება რიტუალი, ნაყოფიერების, ინიციაციასა თუ ტრაურს, საზოგადოების წევრები და თავად საზოგადოება მთლიანობაში, კოლექტიური რიტუალების მეშვეობით იკრებენ სასიცოცხლო ენერგიასა და აცოცხლებენ სოციალურ კონტაქტებს. რიტუალს ეფექტურს ხდის არა მისი შინაარსი, არამედ მისი კოლექტიური პერფორმანსი. თუკი რიტუალისთვის საჭიროა რაიმე მიზეზი, არ აქვს მნიშვნელობა რომელი მიზეზი შეასრულებს ამ შემთხვევაში თავის როლს, თუკი იგი შეესაბამება არსებულ რწმენებთან. ამ აზრით, კოლექტიური რიტუალები ყველა ტიპის საზოგადოებაში ასრულებენ ხერხემლის როლს, წარმოადგენენ მატრიცას და საკვანძო, საყრდენ იდეალს ყველა კოლექტიური მოძრაობისა და გაერთიანებისთვის. რიტუალები უზრუნველყოფენ სოციალური წესრიგის არსებობასა და ხსნიან მის სტაბილურობას ცვალებადი ჩვეულებრივი საქმიანობისა და ყოველდღიური ცხოვრების ფონზე.       მთავარი კოლექტიურ რიტუალში საზოგადოების წევრთა ერთობლივი მონაწილეობაა. რიტუალის დროს ადამიანები იკრიბებიან ერთად და ელოდებიან. მეტ-ნაკლებად დიდი დროის შემდეგ კი იღებენ გადაწყვეტილებას ერთობლივ მოწმედებაზე. როდესაც ადამიანები იწყებენ ერთად შეთანხმებულ მოქმედებას, აქ მნიშვნელობას კარგავს ინდივიდუალური აზრები თუ გრძნობები, ინდივიდუალური ნება, ყველა მათგანი შერწყმულია ერთ არსებაში. ამის შედეგად ინდივიდები მთლიანად იძირებიან ერთობაში და განიცდიან ერთობასთან საკუთარ კავშირს. ეს კავშირი იმდენად ძლიერია, რომ იგი აგრძელებს თავის არსებობას რიტუალის დამთავრების შემდეგაც. რიტუალის ქმედითობა მომდინარეობს არა იქედან, რომ იგი სრულდება, არამედ უფრო მეტად იქედან,. რომ მას ასრულებენ ერთობლივად და რიტუალის ყველა მონაწილე იძირება მის კეთილმოქმედ ველში, რომელსაც ერთად შეკრებილი ჯგუფი ქმნის.       რიტუალი შეიძლება შევადაროთ ოლიმპიურ შეჯიბრებებს. ოლიმპიური პროგრამის შემადგენელი თითოეული სახეობა: ცურვა, ხტომა, ტანვარჯიში, ბადროს ტყორცნა, მძლეოსნობა და ა.შ., აერთიანებს სხვადასხვა რაოდენობით ადამიანებს, მოითხოვს სხვადასხვა ფიზიკურ შესაძლებლობებსა და მისი შესრულება გულისხმობს თამაშის გარკვეული წესების დაცვას. გარეგნულად ისე ჩანს, რომ თითქოს ეს სპორტული შეჯიბრებები მიზნად ისახავს სპორტული შედეგების გაუმჯობესებას, რეკორდული და სხვა სპორტული მიღწევების ჩვენებას, ჩემპიონების გამოვლენასა და მონაწილეებში სპორტული შეჯიბრის სულისკვეთების გაღვივებას, რაც ენთუზიაზმით ავსებს ახალი თაობის სპორტულ ცვლას. მაგრამ ოლიმპიადის ნამდვილი ფუნქცია სრულიად სხვაა. იგი მიმართულია პუბლიკის შეკრებასა და სტიმულირებაზე. სანახაობის მოწყობა და მისი პერფორმანსი ემოციონალურად გამოაცოცხლებს და აღაფრთოვანებს ერთად შეკრებილ აუდიტორიას, ამ დროს ხდება აგრეთვე, ერისადმი კუთვნილების პატრიოტული გრძნობის გაცოცხლება, საკუთარი ქვეყნის უპირატესობის დამტკიცება სხვებთან შედარებით. მართლაც, ოლიმპიური შეჯიბრების მოწყობის აუცილებლობა და ჭეშმარიტი მიზანი არა იმდენად სპორტში აღიარებული მიზნების მიღწევაა, რაც გამოიხატება რეკორდული მაჩვენებლებისა თუ ადამიანური შესაძლებლობების შეფასებით, რამდენადაც აუცილებელი სასიცოცხლო ენერგიისა და ენთუზიაზმის ექსკალაციაა, რომელსაც მოქმედებაში მოჰყავს სპორტსმენები და აკავშირებს ერთმანეთთან მსოფლიოს ყველა წარმომადფგენელს. კოლექტიური რიტუალები ხელს უწყობენ სულის განსაკუთრებული მდგომარეობის შექმნას, რაც თავისი ბუნებით ძალზე ახლოს დგას რელიგიური გრძნობების სიმძაფრესა და სპეციფიკასთან. დიურკემი წერს, რომ კოლექტიური ცხოვრების ინტენსიფიკაცია გარკვეული ხარისხით აღვიძებს რელიგიურ აზროვნებას, სწორედ იმიტომ, რომ იგი წინაუსწრებს და განსაზღვრავს აღზნების მდგომარეობას, რომელიც მნიშვნელოვნად ცვლის ფსიქიკური აქტივობის პირობებს. მენტალური ძალები მახვილდება, მძაფრდება, ვნებები ცოცხლდება, შეგრძნებები ძლიერდება, ადამიანი საკუთარ თავს ვერ ცნობს. იგი თავს გრძნობს გარდასახულად და ამასთან ერთად, გარდასახავს ყველაფერს თავის ირგვლივ. უკვე იმ ფაქტით, რომ ერთობა ერთად იკრიბება, განისაზღვრება მისი აფექტური და ფსიქიკური აქტივობის გაძლიერება. მაგალითად., ტრაურის ცერემონიებში ადამიანების ერთობლივი მონაწილეობა აძლიერებს საკუთარი თავისა და სიცოცხლის რწმენას. თითოეული მონაწილის დარდი გარდაისახება უცნაურ ეიფორიაში, რომელიც არ არის დეპრესიული ბუნების, არამედ, რაც უნდა პარადოქსული იყოს, იმედსა და ენთუზიაზმს უსახავს ადამიანს. დიურკემი წერს: "როცა ემოციები იძენენ ამგვარ სიცოცხლეს, ისინი შეიძლება იყვნენ სამწუხარო, მაგრამ ამავე დროს არა დეპრესიული; არამედ პირიქით, ისინი იწვევენ აღგზნების მდგომარეობას, რომელიც გულისხმობს ყველა მოქმედი ძალის მობილიზებას და თვით გარედან სასიცოცხლო ძალების მოზღვავებასაც კი".       რიტუალები ორმაგი ეფექტის მქონეა საზოგადოებაში. ერთი მხრივ, რიტუალების განმეორებითი ორგანიზება და მეორეს მხრივ, მისი გზით ადამიანების დაჯგუფება იწვევს მის წევრებში ყველასთვის საერთო, ერთიან ფსიქიკურ მდგომარეობას. იქმნება ისეთი აზრები, იდეები და ცნებები, რომლებიც თავისთავად სიცხადეს ატარებენ და არ მოითხოვს მათი ჭეშმარიტება დასაბუთებას. საკმარისია ეს ცნებები მიიღოს ყველამ და გაამყაროს მათი ენთუზიაზმი, რომ ისინი ხდებიან საკრალური, წმინდა ყველას თვალში. ერთობა, რომელიც იძირება რიტუალში ისევე ქმნის ღმერთებს და საკრალურ სიმბოლოებს, როგორც იგი აღადგენს ნდობას უკვე არსებული ღმერთების მიმართ. მაშასადამე, რიტუალების ფუნქციაა ერთი მხრივ, რელიგიური გრძნობების წარმოება, კვლავწარმოება და განახლება და მეორე მხრივ, ადამიანების მიბმა ერთობისადმი, მათი გაერთიანება ერთობაში და ერთობისადმი მიკუთვნების, კოლექტიური იდენტობის განცდის განახლება.       ჯგუფში იდეების გაცვლა, ურთიერთობა ზემოქმედებს გრძნობებზე და გონებაზე. ინდივიდის გული და ტვინი განიცდის ემოციებისა და შთაბეჭდილებების ნაკადების მოწოლას. ამ სიტუაციაში ადამიანი თითქოს იძენს ახალ თვისებებს და ხდება "სხვა", რამდენადაც ჯგუფში ადამიანი იქცევა, ფიქრობს და გრძნობს სხვაგვარად, ვიდრე მარტო რომ ყოფილიყო. ადამიანი შეპყრობილი ხდება, შთაგონებული გრძნობით, ეგზალტირებული და მისი არსების საზღვრები იშლება. იგი ხდება სხვა და თავის თავს ვერ ცნობს. მის ცნობიერებაში ჩნდება წარსულის ხატები და სახეები. განსაკუთრებით კი ხატები დიდ კოლექტიურ მოვლენებზე, ისტორიული ფიგურები, რომელთაგანაც თითოეული თავის იდენტიფიცირებას ახდენს. ფრანგებს ამ დროს უჩნდებათ ბასტილიის აღების ხატი, ნაპოლეონის ან დეგოლის სახეები, თითქოს თვითონ იცნობდნენ ამ დიდ პიროვნებებს. კოლექტიურ რიტუალი ამ დროს ასრულებს ერთ ფუნქციას ჯგუფის წევრთა კავშირების გამყარება ერთობისადმი კუთვნილების გრძნობის გაძლიერების მეშვეობით. ერთობა, ჯგუფი ხდება უზენაესი არსება, საერთო ყველა მისი წევრისთვის.   კატეგორია: "რელიგიის სოციოლოგია" …
დაამატა veno to სოციოლოგია at 4:45pm on აგვისტო 7, 2015
თემა: დიდი და პატარა ქალაქები
რასაც დიდი და პატარა ქალაქები ახდენენ პიროვნების ჩამოყალიბებაზე.    სამწუხაროდ, ამ წუთში ხელთ არა მაქვს ჩვენი სასიქადულო თანამოძმის, გილერმო ფერეროს  ამავე თემისადმი მიძღვნილი ესეი; არც ის მაგონდება, რომელ ჟურნალში წავიკითხე, მაგრამ ის კი კარგად მახსოვს, რომ ღრმად ჩამაფიქრა. ფერერო ამ პრობლემას ისტორიულ და სოციოლოგიურ მონაცემებსა თუ ფაქტებზე დაყრდნობით განიხილავს; მე კი არც ისტორიკოსი გახლავართ და არც სოციოლოგი, ამიტომ კვლავინდებურად, ჩემეულ, წმინდა ინდივიდუალურ შეგრძნებებს მოვუხმობ და რასაც ვფიქრობ მე, იმასვე გაგიზიარებთ თქვენც (ისედაც სხვა არც არაფერი მიკეთებია, მაგრამ მავანი და მავანი რაღაცას მაინც გამომიჩხრიკავს ხოლმე, ოღონდ კი დაცინვით მეცნიერი მიწოდოს და ისეთი თეორიები მომაწეროს, აზრადაც რომ არ მომსვლია; ერთადერთი, რაზეც უარს ვერ ვიტყვი, ისევ ჩემი საკუთარი შეგრძნებებია, საკუთარი შთაბეჭდილებები და სხვა არაფერი).    ერთი სიტყვით, რაკი ხელი არ მომემართა ჩემი ესეი ფერეროს ციტატით დამეწყო, - აკი თქვენც კარგად მოგეხსენებათ, ავტორიტეტის სიტყვები ჩვენს მსჯელობას ობიექტურობის ილუზიას რომ უქმნის, - ამიტომ მეც ავდგები და ფრიად დახვეწილი ინგლისელი მწერლის ჯორჯ მერედიტის რომანის „ეგოისტის“ იმ ეპიზოდს მოვიშველიებ, სადაც იგი ამბობს, რომ მისი გმირი, საკმაოდ გამორჩეული პიროვნება, უილობი გარბის ლონდონიდან, ადამიანი - ინდივიდის დასამარების ამ საძულველი ადგილიდან - „as a burial-place of the individual man“. და მეც, უილობივით ეჭვი არ მეპარება, რომ დიდი ქალაქი მართლაც გვაკარგვინებს ინდივიდუალობას, უფრო სწორად, ერთიანად სპობს ადამიანს, როგორც პიროვნებას. და ასე იმიტომ ვფიქრობ, რომ მერედიტის გმირი თუ არა, ეგოისტი მაინც გახლავართ და თანაც გამოუსწორებელი, ასე ბრძანა რამირო მაესტუმაც. დიდი ქალაქი ადამიანებს ერთგვარად ათანაბრებს, დაბალს აამაღლებს, მაღალს დაადაბლებს, საშუალოს ცაში აიყვანს, ნიჭიერს დაამცრობს. დიდი რიცხვების კანონი, ეტყობა, მოქმედებს როგორც ქიმიაში, ისე სოციალურ ცხოვრებაში.    ჩემს სათაყვანებელ სალამანკაში რომ ჩამოვედი, ამ ძველთაძველ ქალაქში, სადაც სამიათასამდე მოსახლე თუ იქნება, ჩემს მეგობარს მაშინვე წერილი გავუგზავნე, სადაც ვწერდი, თუ ჩემი აქ ჩამოსვლის დღიდან ორი წლის მერე შეიტყობ, რომ ყოველდღე ვთამაშობ ლომბერს, საათობით დავყიალებ მოედანზე, ვიძინებ სადილის შემდეგ, შეგიძლია დაღუპულ კაცად მიგულო; ხოლო თუ ორი წლის მერეც არ გადავეჩვევი ფიქრს, არ გამტანჯავს ეჭვი, ადრინდებულად გავუზიარებ მკითხველს ჩემს ნაფიქრსა და ნააზრევს, კვლავაც თავდადებით ვიღვაწებ კულტურის ასპარეზზე, მაშასადამე, ჩათვალე, რომ აქაური ზნეობრივი კლიმატი გაცილებით კეთილისმყოფელი აღმოჩნდა ჩემთვის, ვიდრე მადრიდისა. და ასეც მოხდა. მახსენდება, როცა ფერერო მსჯელობდა საბერძნეთზე, იტალიის აღორძინების ეპოქაზე, XIX საუკუნის გერმანიაზე, თუ სხვა საუკუნეებსა და ქვეყნებზე, დაასკვნიდა, რომ პიროვნების სულიერ ზრდას პატარა ქალაქის ატმოსფერო (ისეთი ქალაქისა, როგორიცაა, ვთქვათ, სალამანკა, სადაც მოსახლეობა ათიათასსაც ვერ აღწევს) უფრო უწყობს ხელს, ვიდრე დიდი ქალაქისა, ანდა სულ პატარა სოფლისა.    რაღა თქმა უნდა, მთავარი მაინც თვითონ პიროვნებაა; როცა იტყვიან ხოლმე მონასტრებში გაბატონებულმა სულიერმა ატმოსფერომ ამდენი ნათელი გონება ჩააქრო, ამდენი სიცოცხლე დააჭკნო და ამდენი სული ჩაკლაო, არც ის უნდა დაგვავიწყდეს, რამდენი პიროვნება გამოაწრთო იმ თავის გრდემლზე ისეთი, საქვეყნოდ რომ გაითქვა სახელი!    დიდი ქალაქები, არსებითად, ვითომ დემოკრატიულია, თუმცა პირადად მე, რაღაცნაირი, გაუცნობიერებელი შიში მაქვს ყოველგვარი დემოკრატიზაციისა. დიდ ქალაქებში კულტურა გაცილებით ფართო საზოგადოებას მოიცავს და დიდი გასაქანიც აქვს, მაგრამ ერთგვარად გაუბრალოებულია. ხალხი თეატრებში უფრო დიდი ხალისით დარბის, უაზრობის ეს ბუდე უფრო იზიდავს, ვიდრე შინ ყოფნა და წიგნის კითხვა; ეტყობა, ერთად ყოფნის, თავშეყრის დაუოკებელი მოთხოვნილება, ერთგვარი ჯოგური ინსტინქტი მიაქანებს მათ ერთმანეთისაკენ, რაღაც ურთიერთობის აუცილებლობა.    რა უშუალო და ზუსტია ტენის დაკვირვება - თითქმის ყველა გენიალური ფრანგი, თვითონ თუ არ იყო გლეხი, გლეხური წარმომავლობისა მაინც გახლდათო; გულახდილად გეტყვით, ვერც მე ვირწმუნებდი იმ ადამიანის გენიალობას, ვისი მშობლებიც პარიზელები იყვნენ. ერთხელ გერა ჟუნკეირუმ მითხრა: „ბედნიერი ხართ, რომ ისეთ ქალაქში ცხოვრობთ, სადაც შეგიძლიათ თავისუფლად იხეტიალოთ ქუჩებში, ცხადლივ იოცნებოთ და არავინ შეგაწყვეტინებთ ფიქრს!“ - აი, მადრიდის ქუჩებში კი, გირჩევთ არ მიეცეთ ოცნებას, ოღონდ არა ეკიპაჟების, მანქანებისა თუ ტრამვაების გამო, არამედ ხალხის გამო, რადგან ადვილი მოსალოდნელია, გადაგთელონ, დიდი ქალაქის ამ ორომტრიალში, ამ რია-რიაში დიდი სიამოვნებით გადაეშვებიან ხოლმე ის ადამიანები, ვინც თავისი ისედაც მწირი წარმოსახვისათვის საზრდოს ეძებენ, მაგრამ თუ კაცს ღრმა შინაგანი სამყარო აქვს, იგი ძრწის და ეშინია არ წაერთვას, არ დაეკარგოს. ისე არაფერი მქანცავს, როგორც პარიზული ბულვარები; ასე მგონია, იქ ადამიანები კი არა, მოჩვენებები დაბორიალებენ... მძულს უსახო ბრბო.    მადრიდი შიშს მგვრის, უფრო სწორად, იქ მე საკუთარი თავი მაფრთხობს; იტყვიან, დიდ ქალაქებში უფრო თავისუფლად, თავის გემოზე ცხოვრობენო, სათქმელად იოლია, მაგრამ განა სინამდვილეში მართლა ასეა? დედაქალაქში რომ ჩავდივარ, საღამოობით ან კლუბში ვზივარ, ან ვინმეს სალონში; ხოლო იქიდან რომ ვბრუნდები, ჩემს თავს ვსაყვედურობ, ამდენი დრო როგორ დავკარგე-მეთქი, და ვიფიცებ, მორჩა, იქით პირს აღარ ვიზამ-მეთქი, მაგრამ მეორე დღეს იგივე მეორდება. იქ გამეფებული საშინელი ქედმაღლობის ატმოსფერო თითქოს ძილ-ბურანში მაგდებს, მადუნებს, ნებას მაცლის და მეც ჩემდაუნებურად ვნებდები. აი, ესეც თქვენი ეგრეთ წოდებული მაღალი წრის ატმოსფერო.    არასდროს მიზიდავდა მაღალი წრის ცხოვრება, მით უფრო, მათი უპირველესი მიზანი - ურთიერთობების დამყარება თუ მოგვარება, ხოლო მათ დარბაზობებსა და წვეულებებზე უარესი არაფერი მინახავს, იქ ხომ სულ ერთი და იმავეს, გაცვეთილ, მოარულ ჭეშმარიტებებს ტკეპნიან დღენიადაგ, ერთი სიტყვით, მაღალი წრის დარბაზობები და თეატრები, აი, ეს ორი რამაა საზოგადოების გაუბრალოების სათავე და ყველაზე ამაზრზენი რამ. მაღალი წრის წარმომადგენელიაო, იმ კაცზე იტყვიან, ვინც მათ სალონებში თავგამოდებით ცდილობს მანდილოსნების გული მოინადიროს, ფხიზლად იყოს, ზედმეტი არაფერი წამოსცდეს ან მოიმოქმედოს, საზოგადოების თვალში განსხვავებული, თავისებური არ გამოჩნდეს და არ შეაცბუნოს თუ გააოგნოს იგი; აკი ჩვეულებრივ, საშუალო, არაფრით გამორჩეულ ადამიანთან გაცილებით ადვილია ურთიერთობა და, ამასთან, სასიამოვნოც, ხოლო გამორჩეულ და თავისებურ პიროვნებასთან მუდამ უხერხულობას გრძნობენ, იძაბებიან. რამდენჯერ მომიკრავს ყური საშინელი სიტყვებისათვის „ამ კაცმა დამღალა!“ არა გჯერათ? ასეა, რა გაეწყობა! „ამ კაცმა“ შეიძლება მართლა დაღალოს მავანი და მავანი. მაშინ „ამ კაცს“ საკუთარი ინდივიდუალობის პატივისცემის მოსაპოვებლად ბრძოლის მეტი გზა აღარ რჩება. ესეც თქვენი ყოვლისმშთანთქმელი დიდი ქალაქის კიდევ ერთი უპირატესობა! ერთი-ორჯერ მეც ვყოფილვარ თეატრში და ისიც მომისმენია, სპექტაკლის შემდეგ შთაბეჭდილებებს რომ უზიარებენ ერთმანეთს - დამაჯერებელია თუ არაო, ხდება თუ არა სინამდვილეში ასეთი რამაო, ასეთ ტიპს ცხოვრებაში თუ შეიძლება შეხვდეო და სხვა და სხვა; მაშინ ჩემთვის მითქვამს ის, რაც ერთხელ მართლაც მომხდარა, სარწმუნოცაა და დამაჯერებელიც-მეთქი. მაგრამ თუ დამაჯერებელ-დაუჯერებლობას გამოვედევნებით, სინამდვილესაც კარგა შორს მოვიტოვებთ და როგორი პარადოქსულიც გინდა გეჩვენოთ, ეს მაინც სრული ჭეშმარიტებაა. ისიც მიფიქრია, ეს ხალხი თეატრებში იმისთვის დარბის, რომ იქ თავისი მსგავსნი ნახონ, ისინი, ვისაც მათსავით უქმსიტყვაობაში გაჰყავს ეს წუთისოფელი; მაგრამ საკმარისია უცხო და უჩვეულო რამ ნახონ სცენაზე, მაშინ უნდა უყუროთ მათ აღშფოთებას. აი, ასე და ამგვარად, რაკი არა მსურს ასეთი სისულელეები ვისმინო, - რასაც ყოველდღე ისედაც ბლომად ვისმენ, - თეატრებშიც იმიტომ არ დავდივარ, ამავე მიზეზით არ მიყვარს ეგრეთ წოდებული მაღალი კომედია, როგორც თვითონვე უწოდებენ, მაგრამ ყველაზე დიდი სიამოვნებით ვნახავდი სცენაზე პრომეთეს, მაკბეტს, ჰამლეტს, კარლ მოორს, სეხიზმუნდოს , დონ ალვაროს , ბრანდს და არა ამ გამოწკეპილ-გაპრიალებულ, კოკობზიკა სენიორებს. ახლა ვნახოთ, რა ხდება პატარა ქალაქში, რომლის სასცენო ასპარეზი, სოციალური თვალსაზრისით, საკმაოდ შეზღუდულ-შემოფარგლულია; იქაურ მოსახლეობას მალე ბეზრდება, ასე ვთქვათ, რაღაც სანახაობა, ისევ თავის მსგავსის ნახვა ურჩევნიათ, თუნდაც ყველა ხინჯითა და ზადით, ანუ ყველა ადამიანური თვისებით. მე მიყვარს პროვინციული ცხოვრება; მისი მოჩვენებითი სიმშვიდისა და სიმყუდროვის მიღმა ხშირად ტრაგედია რომ იმალება. ამიტომაა, რომ მძულს კომედია და იმდენადვე მძულს, რამდენადაც მიყვარს ტრაგედია, მაგრამ ყველაფერს მაინც ტრაგიკომედია მირჩევნია. იტყვიან ხოლმე, არსად ისე არ ბობოქრობს ვნებები და არ დუღს ბოღმა, როგორც მონასტრებში და სავაჭრო გემებზეო; ალბათ იმიტომ რომ საკმარისია ადამიანთა ერთი ჯგუფი გარე სამყაროს, საზოგადოებას მოსწყდეს, მაშინვე მათი ხასიათი, ინდივიდუალობა, ერთი სიტყვით, ყველა განსხვავებული თვისება ერთბაშად გამომზეურდება თუ გაცხადდება და ერთმანეთს შეეჯახება. მე კი მაინც მგონია, სწორედ ამ შეხლა-შემოხლის დროს უფრო უკეთ შეიცნობენ საკუთარ თავს; და ჩვენი უმაღლესი მიზანიც ხომ ეს უნდა იყოს - საკუთარი თავის შეცნობა! განდგომილებითა და განმარტოებით, მთელი დღეები საკუთარი თავის ჭვრეტით, ჩემი აზრით, შეუძლებელია საკუთარი თავის შეცნობა; ამისათვის უფრო ნამდვილი გზა - კამათია, უნდა ედავოთ და ეკამათოთ თქვენსავე მოყვასს, თამამად გამოთქვათ საკუთარი აზრი და მტკიცედ დაიცვათ, კლდესავით უდრეკი უნდა იყოთ, თუ გინდათ შეიცნოთ საკუთარი თავი.    დარწმუნებული ვარ, იტყვით, კვლავ პარადოქსებმა გაიტაცაო, მაგრამ არავისთვის საიდუმლო არ უნდა იყოს, რომ ყველაზე მგზნებარე თაყვანისცემაც კი შურის სახით წარმოჩინდება, ხოლო ყველაზე ძლიერ სიყვარულში სიძულვილი სჭვივის. ერთ პატარა ქალაქში ორ კაცს ვიცნობ, რომლებიც ნებსით თუ უნებლიედ ყოველდღე ხვდებიან ერთმანეთს ამ პატარა ტრაგიკომიკურ, ანდა, უფრო სწორად, კომიკურ-ტრაგიკულ ქალაქში, თანაც ერთი საქმეც აკავშირებთ, მაგრამ მოჰკრავენ თუ არა ერთმანეთს თვალს, მაშინვე პირს იბრუნებენ, თუმცა კი გული ერთმანეთისაკენ მიუწევთ და ერთმანეთზე ფიქრობენ.    ორ დაპირისპირებულ ჯგუფს შორის შეურიგებელი ბრძოლა, რაც ხშირად ხდება პატარა ქალაქში, უფრო უწყობს ხელს ძლიერი პიროვნების ჩამოყალიბებას, ვიდრე დიდი ქალაქის სანტიმენტალურ-გულისამაჩუყებელი ურთიერთობა, სადაც ერთი და იგივე ადამიანები ჯერ ქვეყანას მოსდებენ თავიანთ სამკვდრო-სასიცოცხლო მტრობის ამბავს, მერე კი ჩუმად, კულისებში პირზე კოცნით ხვდებიან ერთმანეთს. განა შეიძლება მილიონერ ქალაქში - ვგულისხმობ მოსახლეობის რაოდენობას - რომეო და ჯულიეტას ტრაგედია დატრიალდეს? და აი, კიდევ რა მინდა გითხრათ, კაცს, რომელმაც მოასწრო უთვალავ ადამიანებთან შეხვედრა, ესაუბრა ერთს, მეორეს, მესამეს, გჯერათ, რომ საკუთარი აზრი შერჩებოდა? ასეთი ცხოვრება ზღარბსაც კი ბატკნად გადააქცევს, მის ეკლებს კი - აბრეშუმის ბუმბულებად. რაც შემეხება მე, მირჩევნია ისევ ზღარბი ვიყო, ვიდრე ბატკანი.    ამას წინათ ჩაფიქრებული ვიჯექი გალიის წინ, რომელშიც გნოლი იყო დამწყვდეული და შევცქეროდი დაკორტნილ ჩარჩოს, რაზეც ალბათ საბრალო ტყვე ნისკარტს ილესავდა. ვინ იცის, რატომ სჩადიოდა ამას! დარწმუნებული ბრძანდებოდეთ, შიმშილი არ აწუხებდა! იმავე გალიაში ზღარბი რომ ჩაესვათ, რა გგონიათ, - მისდა საბედნიეროდ, მგალობელი ფრინველი არ გახლავთ, - რა გზას მონახავდა თავისი ეკლების გასალესად? დიდი ქალაქი, პატარა ქალაქისაგან განსხვავებით, ნამდვილი გალიაა, ხოლო მისი ყოველი ბინადარი იმ მავთულის ერთი ხლართია, გარს რომ გვეგრაგნება ბადესავით და ჩვენც მისი ტყვეები ვხდებით.    აკი მოგახსენეთ, უილობი ლონდონიდან გარბოდა-მეთქი, ინდივიდის დასამარების ამ შემზარავი ადგილიდან; და განა მართლა შემზარავი არ არის, როცა ქალაქში გაივლი ერთ ქუჩას, მეორეს, მესამეს, გვერდით ჩაგივლის უთვალავი ადამიანი და არც ერთი ნაცნობი, ვერავის გამოელაპარაკები, ვერავის გაუზიარებ ფიქრს. ამ დროს ნაცნობი მტრის მძულვარე გამოხედვაც კი გულს მოგეფონება, ვიდრე უცნობის გულგრილი და მედიდური, მოწყალებასავით გადმოგდებული მზერა, რადგან იცი, თუ უცხო ხარ, კიდეც უნდა სძულდე და რეგვენადაც კი მიგიჩნევდნენ, თუკი ვერ მოასწრებ, საპირისპირო დაუმტკიცო.    ზოგიერთები პატარა ქალაქში თურმე მოწყენილობას უჩივიან! ისინი, ეტყობა, ვერ ჩაწვდომიან მის გულში ჩაგუბებულ ტრაგედიას, ვერ უგრძვნიათ მისი ყოვლისმომცველი ერთფეროვნების დიდებული სიმკაცრე. მე კი ვიტყოდი, რომ დიდ ქალაქში ამაყი ადამიანი ერთ თავდაჯერებულ თვითკმაყოფილ რეგვენად გადაიქცევა და ეკლებიც ბუმბულივით დაურბილდება.    თავისუფალი პროფესიის ადამიანისათვის, ვისაც შეუძლია თავისი საქმე ყველგან აკეთოს, ვთქვათ, მწერლისთვის, მხატვრისთვის, პატარა ქალაქზე უკეთესი ადგილი არ მოიძებნება; როცა იგი თავის მკითხველისგან შორსაა, აღარც მისი აზრები თუ შეხედულებები ადარდებს, მით უფრო, როცა მის ყურს არ სწვდება; თან შედარებით თავისუფალიცაა, არც საზოგადოების შიში აქვს, რომ თავის ნება-სურვილზე ატარებს, უმალ პირიქით, თვითონ შეუძლია ატაროს ის თავის ჭკუაზე.    სულ არ გამიკვირდება, თუ შემედავებით, პატარა ქალაქზე უფრო კეთილისმყოფელი შეიძლება სულაც სოფელი იყოსო. მე კი გიპასუხებდით, რაც უნდა ვთქვათ, თუნდაც სულ პატარა, მაგრამ საზოგადოება მაინც საჭიროა, რადგან უიმისოდ ჩვენი ინდივიდუალობა შეიძლება ისევე ჩაკვდეს, როგორც დიდი ქალაქის წიაღში ქრება ხოლმე.    არსებითად საუბარია უმთავრეს პრობლემაზე, შეიძლება სულაც მაქსიმუმისა და მინიმუმის პრობლემაზეც კი, - გარკვეულ ასპექტში სოციოლოგიური და ფსიქოლოგიური ფაქტორების ურთიერთმიმართებაზე, ამას იმათ გასაგონად ვამბობ, ვინც მე დაცინვით მეცნიერს მიწოდებს. ხოლო ამგვარი პრობლემები ქმნიან როგორც ფიზიკური მექანიკის, ისე სოციალური ანუ ეკონომიკის საფუძვლებს; სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, უნდა მივიღოთ მაქსიმალური შედეგი, ანუ სარგებელი მინიმალური ძალის, ანუ დანახარჯისას, ანუ მარგი ქმედების მაქსიმალური კოეფიციენტი. ეს გახლავთ ასევე მთავარი ესთეტიკური პრობლემა და, საერთოდ, ყველა სასიცოცხლო პრობლემის საფუძველი.    აქ წამოჭრილ საკითხთან დაკავშირებით, იმის თქმა გვინდა, რომ მივაღწიოთ პიროვნების მაქსიმალურ განვითარებას უცხო გარემოს მინიმალური მოცულობის პირობებში, მოცულობით მცირე, ანუ ნაკლებ ორგანიზებული საზოგადოება პიროვნებას იმდენადვე დაამცრობს, რამდენადაც დიდი, ანუ უკეთესად ორგანიზებული, ანუ „მოჩვენებითი“, „მოჩვენებითი“-მეთქი რომ ვამბობ, იმას ვგულისხმობ, რომ კარგად არ ვიცი, სპილო უფრო ორგანიზებულია თუ მელია.    ერთი სიტყვით, ვინც საკუთარ ინდივიდუალობას ვერ შეიგრძნობს და ურთიერთობის გულისთვის კიდეც გასწირავს, დაე, იცხოვროს დიდ ქალაქში, მილიონიან ქალაქში, ხოლო ვისაც სურს ჩაყვინთოს ნირვანაში, სულაც არ სჭირდება განერიდოს ხალხს. დიდი ქალაქის ქუჩებში უფრო მალე დაკარგავ შენს „მე“ -ს, ვიდრე უკაცურსა და უდაბურ ადგილებში.    ხანდახან სასარგებლოც კია დიდ ქალაქში ჩასვლა და ხალხის მორევში ჩაყვინთვა, ოღონდ მერე ნაპირზე უნდა გადახვიდე, რათა ფეხქვეშ მყარი ნიადაგი იგრძნო. რაც შემეხება მე, აი, რას გეტყვით, რამდენადაც მე მაინტერესებს თითოეული ადამიანი ცალ-ცალკე, შენ, ხუან, რომელიც ამ სტრიქონებს კითხულობ, შენ, პედრო და შენც, რიკარდო, - და სულ არ მაინტერესებს სამივე ერთად, ანუ მასა, ამდენად მირჩევნია ვიცხოვრო პატარა ქალაქში, ყოველდღე, ერთი და იმავე საათზე შევხვდე ერთსა და იმავე ადამიანებს, რომლებთანაც ზოგჯერ შეჯახებაც კი მიხდება და თანაც საკმაოდ მწვავეც კი ჩვენი ინდივიდუალობის განსხვავების გამო, გოლიათ ქალაქებს ვერიდები; იქ მე უცხოთა ზიზღნარევი მზერა სულს მიყინავს; ისინი მე არ მიცნობენ და მე - მათ, მათი სახელები გაგონებითაც არ გამიგონია... უუჰ, რა შემზარავია!..    ეს არის და ეს, აბა, მეტი რა გითხრათ; თუ მაინც მოგინდებათ უფრო მეტი გაიგოთ, არა ჩემებური თვითნებური და პიროვნული, არამედ შედარებით ნაკლებ თვითნებური და უფრო ობიექტური, სადაც ციტატებიც იქნება და მინიშნებებიც, მაშინ კიდეც გაისარჯეთ და მოძებნეთ ფერეროს ესეი, დასაწყისში რომ ვახსენე; თუმცა ისიც ჩემსავით, ოღონდ სხვა გზითა და სხვა ხერხით, ბოლოს მაინც ასეთ დასკვნამდე მივა. …
დაამატა Kakha to ლიტერატურა at 4:41pm on აპრილი 12, 2016
  • 1
  • ...
  • 20
  • 21
  • 22
  • 23
  • 24
  • 25
  • 26
  • ...
  • 30

Welcome to
Qwelly

რეგისტრაცია
ან შესვლა

ღონისძიებები

  • დაამატე ღონისძიება

ბლოგ პოსტები

Valhalla Rising Strategy Guide – Dominate the Norse Realms

გამოაქვეყნა Karmasaylor_მ.
თარიღი: ივნისი 27, 2025.
საათი: 6:00am 0 კომენტარი 0 მოწონება

 Lionheart Studio, deeply inspired by Norse mythology. Set across the realms of Midgard, Jotunheim, Niflheim, and Alfheim, players are immersed in breathtaking landscapes, cinematic storytelling, and visceral combat. However, to thrive in the world of Odin, you'll need more than good looks and brute strength—you'll need solid strategies. 

1. Choose the Right Class for Your Playstyle

At launch, Odin: Valhalla Rising features four primary classes: Warrior, Sorceress, Rogue, and…

გაგრძელება

დამეხმარეთ გთხოვთ🖤

გამოაქვეყნა nino bubulashvili_მ.
თარიღი: ივნისი 20, 2025.
საათი: 11:26pm 0 კომენტარი 0 მოწონება

გამარჯობა❤ძალიან გთხოვთ როგორც დედა და როგორც ქალი,ამ მდგომარეობიდან ამოსვლაში დამეხმაროთ♥️️

სულ ვცდილობთ ვიშრომოთ მე და ჩემმა მეუღლემ, არდავნებდეთ, მაგრამ დავიღალე!ვეღარ აუდივართ,ძალიან ბევრ ხარჯს, ბავშვების ჭამა,ცუდათ ყოფნა,თითოეულ ვიზიტზე მასაჟს თანხა უნდა,გამოვიფიტეთ ყველაფრისგან,პატარაც გამიცივდა და წამლებში წავიდა იმ 600ლარის ხელფასის ნაწილი,სოციალური კი დავინიშნეთ მაგრამ ივლისამდე ვერ ვიღებთ,აღარც მაღაროზე გამოიძახეს ჯერ და იმ 60პროცენტსაც აღარ უხდიან😔 ბოლო პერიოდში ხალხი როარა…

გაგრძელება

Lamine Yamal

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: ივნისი 6, 2025.
საათი: 3:30am 0 კომენტარი 0 მოწონება

In the world of soccer, wherever expertise frequently emerges within the unlikeliest of places, Lamine Yamal stands out for a beacon of prodigious talent and boundless opportunity. The young star has captured the imagination of enthusiasts and pundits alike, with performances that defy his many years. At just 16 a long time aged, Yamal is currently earning waves inside the sport—a testament to his incredible skill and devotion.



Early Lifetime and Background…



გაგრძელება

How They Operate, And Why They Subject for Employers

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: აპრილი 26, 2025.
საათი: 2:30pm 0 კომენტარი 0 მოწონება







In the present earth, history checks are getting to be a regular part of the selecting method, tenant screening, and in some cases volunteer variety. From verifying work historical past to examining felony information, qualifications check providers give vital insights into somebody's heritage. In the following paragraphs, we’ll include the kinds of track record checks, how they perform, and why They are really critical for each companies and people.



What exactly…

გაგრძელება
  • დამატება დღიურში
  • ყველა

Qwelly World

free counters

© 2025   George.   • Ning - platform for social network creation and community website building

პანაღია  |  პრობლემის აღმოჩენისას!  |  Terms of Service

საუბრის დაწყება!