ძიება
  • რეგისტრაცია
  • შესვლა

Qwelly

ძიების შედეგები - ფსიქოლოგიური ლიტერატურა

თემა: ინტენციონალობა
ენოლოგმა ჰუსერლმა. ენობრივი მოქმედების კონტექსტში ამ ტერმინმა შემოაღწია ანალიტიკურ ლიტერატურაში, თუმცა შემოაღწია არა ცნობიერების შინაარსების დასახასიათებლად, არამედ როგორც ცნობიერების, უფრო ფართოდ ადამიანის მიმართულობამ, განზრახვამ განახორციელოს ესა თუ ის ენობრივი მოქმედება. ამიტომ, სამეტყველო მოქმედების დახასიათების უმრავლეს შემთხვევებში გამზრახვა ("to intend to do ...") "ინტენციონალობით" აღინიშნება.[1]        ინტენციონალობის ცნება, ცენტრალური მნიშვნელობისაა ფენომენოლოგიაში.        თავის მხრივ, ფენომენოლოგია (ბერძნ. სიტყვასიტყვით - მოძღვრება ფენომენების შესახებ), თავდაპირველად ერთ-ერთი ფილოსოფიური დისციპლინა იყო; მოგვიანებით - იდეალისტური ფილოსოფიის მიმართულება, რომელიც ცდილობდა ფილოსოფიური ცნობერება გაეთავისუფლებინა ობიექტისა და სუბიექტის მკვეთრად გამმიჯვანი ნატურალისტური შეხედულებებისგან, გამოევლინებინა შემეცნების, ადამიანური არსებობის და კულტურის ზღვრული მახასიათებლები.[2]        ფენომენოლოგიის შეინაარსი და მიზნები სხვადასხვანაირად იყო გაგებული ფილოსოფიის ისტორიაში. ი. ლამბერტს ის მიაჩნდა მოძღვრება ფენომენების შესახებ ("ახალი ორგანონი", 1764). ი. ჰერდერი "სთეტიკურ ფენომენოლოგიას" გვთავაზობს, მოხული კანტი ფენომენოლოგიას უწოდებს მოძღვრებას ჩვენი წარმოდგენის უნართან მატერიის მოძრაობის მიმართების შესახებ. ფიხტეს აზრით, ფენომენოლოგია მოვლენისა და მოჩვენების განსხვავებას შეისწავლის. ჰეგელის "გონის ფენომენოლოგიაში" ფენომენოლოგია განიხილება როგორც მოძღვრება აბსოლუტური გონის თვითგამოვლენის კანონზომიერების შესახებ. ბრენტანოსთან ფენომენოლოგია აღწერით ფსიქოლოგიას აღნიშნავს.[3]        თავად ედმუნდ ჰუსერლს, ვის სახელთანაც არის ფენომენოლოგია უპირველესად დაკავშირებული, მიიჩნდა რომ ფენომენოლოგია წარმოადგენს "ტრანსცენდენტალურ ყოფიერებაში" ან "უნივერსალურ ონტოლოგიაში" შეღწევის გზას. [4]        ჰუსერლი ამოდის ფაქტის (Tatsache) ანალიზიდან, ფაქტი იაზრება, როგორც ემპერიული მოცემულობა, დრო და სივრცეში მიმდინარე ხდომილება, იგი ჰუსერლის აზრით მიუთითებს იმაზე, რაც არ ხდება, ე.ი. რაც დრო და სივრცეში არსებობით არ განისაზღვრება, იმისათვის რომ ფაქტის დესკრიფცია მოხდეს მისი ერთ ადგილიდან და ერთ მომენტიდან მეორე ადგილზე და მეორე მომენტში გადასვლაზე ვისაუბროთ,საჭიროა, აუცილებელია ვიგულისხმოთ უცვლელობის ნიშანი, როგორც ცვალებადობის პირობა,ვარიაციების ამ უცვლელ მომენტს ჰუსერლი ეძახის არსს (Wesen).[5]        კვლევის ობიექტია წმინდა ფენომენი, რომელიც მიიღება ბუნებისეული განწყობის ფენომენოლოგიური განწყობით შეცვლის გზით. წმინდა ფენომენი წმინდა ცნობიერებაა, რომელიც არაფერს უარყოფს და არაფერს აუქმებს, მაგრამ ყველაფერს წარმაოდგენს როგორც არსს (Wesen) და არა როგორც არსებობას. მთელი სამყარო, როგორც არსებობა და მეცნიერებანი არსებობათა შესახებ ამორთულია, ბრჭყალებშია ჩასმული, გამოუყენებელია. ამორჩუალი ჩვენი ემპირიული მე მთელი თავისი განცდებით, გსიქიკური და ფიზიოლოგიური პროცესებით. წმინდა ფენომენოლოგია, ჰუსერლის აზრით, არის "პირველი ფილოსოფია", ფუძემდებელი ფისოლოფიური დისციპლინა. ის თეორია კი არა, დესკრიფციული მეცნიერებაა, რომელსაც უნდა ემყარებოდეს ფილოსოფია, როგორც თეორიული მეცნიერება. როგროც აღწერითი მეცნიერება, ფენომენოლოგია მხოლოდ ისეთ შინაარსს მოიცავს, რაც უშუალოდ არის მოცემული წმინდა, ანუ ტრანსცენდენტულ ცნობიერებაში. ამიტომ ეწოდება ფენომენოლოგიის მეთდს არსის ჭვრეტის მეთდი, ინტელექტუალური ინტიუცია. აქ სრულაიდ დაუშვებელია ჰიპოთეზები და საერთოდ ყოველი სახის დასკვნები. ფენომენოლოგიური წვდომა აღქმისეული ხასიათისაა, მაგრამ იგი არაგრძნობადია და ამიტომ მას კატეგორიულ აღქმასაც უწოდებენ.        წმინდა ფენომენოლგია მოითხოვს ყოველგვარი კვლევის დაწყებას ფენომენოლოგიური ანალიზის მონაცემებიდან: ჯერ უნად გაირკვეს საკვლევი მოვლენის არსი, რაობა და მხოლოდ ამის შემდეგ შეიძლება იყოს ნაყოფიერი მსჯელობა ამ მოვლენის გენეზისისა და არსებობის ფორმის შესახებ. ესენცია ამგვარად, ლოგიკურად წინ უსწრებდა ეგზისტენციას, ესენციალურის მეცნიერება კი - მეცნიერებას ეგზისტენციალურის შესახებ.[6]        გამომდინარე იქიდან, რომ ჰუსერლი ჩართული იყო ასევე ფსიქოლოგიის ჰუმანისტურ მოძრაობაში, რომელიც მიზნად ისახავდა პიროვნების კვლევას არა ცხოველებზე დაკვირვების მაგალითებით, არამედ უშუალოდ პიროვნების კვლევით. და რადგან იქამდე არსებულმა "ბიჰევიორიზმმა" უოთსონის მეთაურობით ფსიქოლოგიას ცნობიერების შემეცნება მოაშორა, როგორც რაღაც ტრანცენდენტულისა, ჰუსერლმა ფსიქოლოგიის ფენომენელოგიურ შესწავლაში, ყურადღება სწორედ ცნობიერების საკითხზე გაამახვილა.        ჰუსერლი არის ჰუმანისტური მოძრაობის ერთ-ერთ მნიშვნელოვანი ფიგურა და აუცილებელია ეს კონტექსტი მოვიშველიოთ, რადგან მივხვდეთ თუ რა სურდა ჰუსერლს როდესაც საუბრობდა ცნობიერების საკითხში ჯერ ფენომენოლოგიის, ხოლო ამ უკანასკნელის განხილვისას ინტენციონალობის შემოტანით.        ჰუმანისტური მოძრაობის მიზანი იყო გამოსულიყო ფსიქოლოგია იმ ჩარჩოებიდან რომელსაც ერქვა "ადამიანის განხილვა როგორც დიდი თეთრი ვირთხა ან მტრედი ან ნელა მომუშავე კომპიუტერი".[7] ამასთან ჰუსერლის ფილოსოფიური მოღვაწეობის თავდაპირველი სტიმული ფსიქოლოგიზმთან ბრძოლა იყო. მას სურდა გაეწმინდა ფილოსოფიური შემეცნება ფსიქოლოგიის ყოველგვარი შინაარსისგან. მიისწრაფოდა რა ცნობიერების საყოველთაო, წმინდა ან ტრანსცენდენტული სტრუქტურის გამოვლენისკენ, ჰუსერლმა შეიმუშავა მეთოდი, რომელიც ე.წ. რედუქციის პროცედურებს გულისხმობს. მათი არსი იმაშია, რომ "ნატურალისტური განწყობების" გადალახვით გამოიყოს ცნიერება, როგროც ანალიზის ერთადერთი ობიექტი და შემდგომ თვითონ ცნობიერება გაიწმინდოს ყოველგვარი კულტუროლოგიური, პირველ ყოვლისა, ემპირიულ-ფსიქოლოგიური გამოცდილებისგან.        XX საუკუნის ამ ერთ-ერთი ურთულესი მოძღვრების - ფენომენოლოგიის - ჩამოყალიბებისას, ჰუსერლმა საფუძვლიანად დაამუშავა ცნობიერების საკითხი; გამოყო ცნობიერების ზოგიერთი არსებითი ნიშანი, მათ შორის ინტენციონალობა და ნაკადისებურობა. მართალია ჰუსერლი პირველი არ იყო, ვინც ცნობიერების ამ არსებით ნიშნებზე მიუთითებდა. უფრო ადრე ეს გააკეთეს ბრენტანომ და ჯემსმამ, მაგრამ ჰუსერლის მერე მათ განსაკუთრებული მნიშვნელობა მიენიჭა. [8]        რა არის ინტენციონალობა? რატომ იწოდება იგი ასე?        თანამედროვე დისკუსიები ინტენციონალობის ბუნებასთან დაკავშირებით არის განუყოფელი ნაწილი ბუნების გონებრიობის საკითხისა: რა არის გონება და რა არის გონიერება? ეს საკითხები წარმოიშვება ონტოლოგიური და მეტაფიზიკური კითხვებიდან გონების ბუნების საფუძვლებთან მიმართებაში, რომელიც ვლინდება, იკითხება აღქმაში, მეხსიერებაში, რწმენაში, ნდომაში, იმედში, შემეცნებაში, განზრახვაში, გრძნობებში, განცდებში და ა.შ. რა ფიზიკური მდგომარეობებია ისინი? რა კავშირია ფიზიკურ გამოვლინებებსა და ფსიქიკურ მდგომარეობებს შორის? როგორ უკავშირდება გონებრიობა ფიზიკურობას, ტვინი - ქცევას და ეს ყოველივე მსოფლიოში ადამიანთა ურთიერთობებს. თუმცა ინტენციონალობის ამგვარი მიდგომა ეკუთვნის არა ედმუნდ ჰუსერლს, არამედ ფრანც ბრენტანოს.        თავად ტერმინი ინტენციონალობა უნდა მოდიოდეს სიტყვიდან "განზრახვა" (intention). ლათინური ეტომოლოგიით ინტენციონალობა მიუთითებს, შესაბამის იდეას მიმართების ხარისხებსა ან ფიზიკურ დაძაბულობებს შორის, რომელიც წარმოიშვება რაიმე კონკრეტული მიზნის შესასრულებლად. შუა საუკუნეებში ლოგიკა და ფილოსოფია იყენებდა ლათინურ ტერმინს "intentio" რომელიც დღეს, თანამედროვე მოაზროვნეთა მიერ გამოხატავს (concept) "კონცეპტს" "წარმოდგენას" ან (intension) "განზრახვას". თუკი ვივარაუდებთ რომ კონცეფცია ნიშნავს მის არსებობას, როგორც ეს ძველი დროის ფილოსოფიურ ხედვებში ვლინდებოდა, მაშინ სრულიად სამართლიანი იქნება რომ განზრახვაც ("intentio") სრულიად ფიზიკურ მოვლენად ჩავთვალოთ.[9]        საქმე ისაა რომ ჰუსერლი ცდილობს ცნობიერების რაობის განსაზღვროს და დაალაგოს ისინი მაღალ და დაბალ გონებრივ საფეხურებზე. მოვიყვანოთ მარტივი, თუ გონებრიობის პირველი საფეხური არის ძაღლის კონცეპტი, "ძაღლობის" იდეა, უფრო მაღალი საფეხურია თითოეულ ძაღლში ამ ძაღლობის იდეის შემეცნება, ასევე უნდა ვიმსჯელოთ სხვა უფრო მაღალ საფეხურზე მყოფ იდეებთან მიმართებაშიც.        ინტენციონალობის ცნება ეხება არა მხოლოდ მოქმედებას (როდესაც ადამიანები თავიანთი მიზნების, გეგმების, მოტივების შესაბამისად მოქმედებენ), არამედ ცნობიერებასაც.        ცნობიერება ინტენციონალურია ანუ მუდამ რაღაცის ცნობიერებაა, რომ ცნობიერების ობიექტი მუდამ ცნობიერებისათვის "ნაგულისხმევი", მუდამ "მნიშვნელადი" ობიექტია. ინტენციონალობა მნიშვნელობის არსებობას გულისხმობს. "ნებისმიერ ინტენციონალურ გამოცდილებას თავისი "ინტენციონალური ობიექტი" აქვს, ანუ თავისი ობიექტური მნიშვნელობა აქვს. სხვა სიტყვებით: ქონდეს მნიშვნელობა, იაზრებდეს "რაღაცას", ცნობიერების კარდინალური თვისებაა."        ინტენციონალობას ორი ურთიერთდამატებადი ასპექტი აქვს. ესენია ნოეზისი და ნოემა. ნოემა - არის ფენომენი და არა "რეალური" ობიექტი. ნოემა არის უშუალოდ შემეცნება. ნოეზისი - იდეა, ძირითადი საზრისი და გზა შემეცნებისა. [10]        ცნობიერების ობიექტების, მისი შინაარსის კვლევას დიდი მნიშვნელობა აქვს ფენომენოლოგიისათვის, ვინაიდან აზროვნების, აღქმის, გახსენება - მოგონების და ა.შ. მოდუსები შეიძლება მხოლოდ იმის ანალიზისა და კვლევის გზით იქნან აღწერილი, რაც ამ მოდუსთაგან თვითოეულში განიცდება თუ გაიაზრება. ამგვარად, ინტენციონალობა კონსტიტუირებას უკეთებს (აგებს) ცნობიერებას იმით, რომ მის შინაარსს მნიშვნელობას 10        ანიჭებს. "მე" ცნობიერების ინტენციონალობის წყალობით ახერხებს ორიენტირებას სამყაროში.        ინტენციონალობის მოდუსების - ნოეზისისა და ნოემას - გამოყოფა ძალზე მნიშვნელოვანია ფენომენოლოგიის მეთოდოლოგიური ამოცანების თვალსაზრისითაც, ვინაიდან ისინი გვეხმარებიან ერთი მხრივ ცნობიერების ობიექტის (ნოემას) აღწერაში და მეორე მხრივ ამ ობიექტების აგების ანუ კონსტრუირების (ნოეზისის) აღსაწერად. [11]        ჰუსერლის მთავარი მოტივი აქ იყო "მიბრუნება უკან, საგნებისკენ" - გზა, რომელიც დაგვეხმარება შემეცნებაში. ვიდრე უშუალოდ ფიზიკური საგნების აღწერას დავიწყებდეთ, ჯერ მათი იდეები და შემეცნების საფეხურები უნდა განისაზღვროს, რადგან ის რა ჩანს, რასაც ვხედავთ (თუ ვხედავთ ე.ი. აღვიქვამთ მას იმად რაც არის) უკვე შედეგია, ხოლო შემეცნება არის წინამდებარე პროცესი.        რა არის ინტენციონალობა?        ესაა გზა ცნობიერების შესამეცნებლად. გამოყენებული ლიტერატურა ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, თბილისი, 1984 ფენომენოლოგიური სოციოლოგიის ძირითადი პრინციპები სტენფორდის ფილოსოფიური ლექსიკონი მამუკა ბიჭაშვილი. "პოლიტიკური თეორია და ანალიზის პრაქტიკა: ინტენსიური სემინარი სოც. მეცნ. მაგისტრატურისათვის", თბ. 2006 ირაკლი იმედაძე, "XX საუკუნის ფსიქოლოგიის თანამედროვე მიმდინარეობები", თბილისი, 2004 Clark Moustakas, "Phenomenological Research Methods”, Sage Publications, Thousand Oaks California, 1994 ანგია ბოჭორიშვილი, "ფენომენოლოგიური ესთეტიკა" თბილისის უნივერსიტეტის გამომცემლობა, თბილისი, 1966 www.qwelly.com [1] მ. ბიჭაშვილი. "პოლიტიკური თეორია და ანალიზის პრაქტიკა: ინტენსიური სემინარი სოც. მეცნ. მაგისტრატურისათვის", თბ. 2006 [2] ქართული საბჭოთა ენციკლოპედია [3] ქართული საბჭოთა ენციკლოპედია [4] ი. იმედაძე, "XX საუკუნის ფსიქოლოგიის თანამედროვე მიმდინარეობები", გვ. 257, [5] სტატია ჰუსერლის შესახებ, "ედმუნდ ჰუსერლი - Edmund Husserl (1859-1938)", www.qwelly.com [6] ა. ბოჭორიშვილი, "ფენომენოლოგიური ესთეტიკა," თბილისის უნივერსიტეტის გამომცემლობა, თბილისი, 1966 [7] ჯეიმს ბუგენტალი [8] ი. იმედაძე, "XX საუკუნის ფსიქოლოგიის თანამედროვე მიმდინარეობები", გვ. 257, [9] სტენფორდის ფილოსოფიური ენციკლოპედია [10] Clark Moustakas, "Phenomenological Research Methods”, Sage Publications, Thousand Oaks California, 1994 [11] ფენომენელოგიური სოციოლოგიის ძირითადი პრინციპები, გვ. 9-10 განთავსდა მხოლოდ www.qwelly.com_ზე. ნებართვის გარეშე სტატიის გაკოპირება არ შეიძლება! მასალების გამოყენებისთვის დააკომენტარეთ ან მიწერეთ ავტორს.  …
დაამატა ლაშა to ფილოსოფია at 9:30pm on ივნისი 17, 2014
თემა: რაციონალური არჩევანის თეორია, როგორც უტილიტარული რაციონალური მოქმედების პარადიგმა
რაციონალობაზე      • მოქმედების ზოგადი თუ სპეციალური (კერძო) თეორია?      • RAT - მოქმედების პრივილეგირებული თეორია?!      • კრიტიკა: RAT-ის რედუქციონიზმი      • IV თავის ძირითადი შინაარსი      • დამოწმებული ლიტერატურა შესავალი      პარსონსის მიზანს წარმოადგენდა ერთიანი სისტემური თეორიის ფარგლებში მოერიგებინა კონტინუუმის ორი ბოლო, ანუ ოპოზიციის ორი მხარე - მოქმედება და სტრუქტურა, ინდივიდი და კოლექტივი. მისი სოციალური მოქმედების თეორია იწყება ვოლუნტარისტული მოცემულობით - ინდივიდუალური აქტით და ამ საწყისი პოზიციიდან ხდება მოძრაობა სოციალური სისტემების ანალიზის მიმართულებით. თუმცა, როგორც ითქვა, პარსონსმა ამ ამოცანას თავი წარმატებით ვერ გაართვა და ვოლუნტარისტული პათოსი კოლექტივის (სოციალური სისტემის) ინტერესებს შეწირა. საერთოდ, საკითხავია, რის თუ არა შესაძლებელი ინდივიდუალური და სისტემური დონეების ერტი თეორიის ფარგლებში შენარჩუნება და მორიგება? რაციონალური არჩევანის თეორია ამ კითხვას თავისებურად უპასუხებს და ცდილობს, ბოლომდე უერთგულოს მოქმედების ვოლუნტარისტულ ინტერპრეტაციას. ეს ნიშნავს, რომ ამ თეორიის ფარგლებში საზგადოებასა და სოციალურ სისტემას "ჩამოთმეული" აქვს მნიშვნელოვანი "უფლებები" და ისისნი საკუთრივ (დამოუკიდებელ) მნიშვნელობას კარგავენ. თუმცა, ამ შემთხვებაში, განსაკუთრებით მწვავდება კითხვა: როგორ არის შესაძლებელი გავამართლოთ (დავასაბუთოთ) სოციალური ურთიერთობათა მოდელები, რომელთა არსებობაც ფაქტს წარმოადგენს?      რაციონალური არჩევანის თეორია თავის საწყის (პირველნდელ) ფორმაში "გაცვლის თეორიის" სახელწოდებით არსებობდა (თავის მხრივ, გაცვლის იდეას, როგორც სოციალური სოლიდარობის წყაროს ან საშუალებას, დიდი ხნის ტრადიცია აქვს სოციალურ ანთროპოლოგიაში). გაცვლის თეორია წარმოადგენდა ერთ-ერთ რეაქციას პარსონსის "გრანდ-თეორიის" წინააღმდეგ, რომელმაც გავლენა ჰპოვა შეერთებულ შტატებში 1950-იან წლებში და დაუკავშირდა ისეთ მოაზროვნეებს, როგორიცაა ჯორჯ ჰომანსი და პიტერ ბლაუ. ისინი შეეცადნენ, აეგოთ დედუქციური თეორია, რომელიც დაემყარებოდა ბიჰევიორისტული სოციოლოგიიდან ნასესხებ მარტივ პრინციპებს: ადამიანები მიდრეკილნი არიან მოიქცნენ ისე, რაც მათ წარმატებას მოუტანს და დააკმაყოფილებს მათ მოთხოვნილებებს (ეს ის დონეა, რომელსაც პარსონსთან უკავშირდება "ერთეულ აქტს"). აღნიშნული თეორია საზოგაოებას წარმოადგენს როგორც ადამიანთა გაცვლითი ქმედებების ასპარეზს იმისათვის, რათა ინდივიდებმა უზრუნველყონ მათი სარგებლობის მაქსიმიზაცია და დანაკარგების მინიმიზაცია. ამ შემთხვევაში გადამწყვეტი ყურადღება ექცევა რაციონალურ პროცედურებს, რომელთა მიხედვითაც ადამიანები იღებენ განსაზღვრულად მოქმედების გადაწყვეტილებას. თუმცა, გაცვლის თეორია მაინც პარსონსისეულ გარემოში განვითარდა და შედარებით მეტ ყურადღებას აქცევდა საზოგადოების იდეას, ვიდრე ამას თანამედროვე რაციონალური არჩევანის თეორია აკეთებს.      როგორც მკვლევარები (I. Craib, 1992: 71) მიუთითებენ, დებულება, რომ "არ არსებობს ისეთი რამ, რასაც საზოგადოება ჰქვია" (There is no such thing as society) - რაციონალური არჩევანის თეორიისათვის წარმოადგენს მტკიცე, შეიძლება ითქვას, დოგმატურ, საწყის წერტილს.[1] ამ თეორიის მთავარი მახასიათებელი ისაა, რომ იგი ცდილობს ააგოს განსხვავებული მოდელები იმისა, თუ რას აკეთებს ინდივიდი, როდესაც კერძო სიტუაციაში რაციონალურად მოქმედებს. ყოველ ინდვიდს (მეტ-ნაკლებად) აქვს უპირატესობათა სკალა: მან იცის, რამდენია მისი შემოსავალი, რა ქონება და სამსახურის ტიპია მისთვის ხელმისაწვდომი და ა.შ. ინდივიდუალური უპირატესობებიდან გამომდინარე, ინდივიდი ირჩევს, თუ რა მოუტანს მას ყველაზე მეტ კმაყოფილებას და სარგებლობას და გააჩნია იმის რწმუნება ანუ ინფორმირებულია იმის შესახებ, თუ რას წარმოადგენს მისი კერძო სიტუაცია (თუმცა, ამასთან დაკავშირებით არსებობს დავა, თუ რა რაოდენობის ინფორმაცია სჭირდება ინდივიდს არჩევანის გასაკეთებლად). მაშასადამე, რაციონალური არჩევანის თეორიას აქვს მკაფიოდ გამოხატული უტილიტარული განხომილება. ამ თეორიას სხვანაირად (Н. Абаркромби..., 1999: 264) რაციონალური არჩევანის პარადიგმას უწოდებენ. ეს პარადიგმა ამტკიცებს, რომ აქტორები პირვე რიგში საკუთარი კეთილდღეობით უნდა დაკავდნენ. ამდენად, უპირატესობები, რომლებსაც ისინი ფლობენ, ეგოისტური ხასიათისაა. აქტორები ისწრაფვიან, "გაზომონ" და გააკონტროლონ მათ ხელთ არსებული რესურსები, რათა ისინი მათივე კეტილდღეობის წყაროდ აქციონ. ეს კი, როგორც ითქვა, სხვა არაფერია, თუ არა უტილიტარიზმის ტრადიციების გაგრძელება.      რაციონალური არჩევანის თეორია მოქმედების ახსნას სუბიექტის განზრახვათა კალაპოტში, რამდენადაც ამტკიცებენ, რომ ინდივიდთა სურვილები და შეხედულებები წარმოადგენს მათი მოქმედების მიზეზს და საფუძველს. როგორც ამ თეორიიის მომხრეები (J. Elster, 1986) ამტკიცებენ, იგი ამავე დროს ნორმატიული თეორიაა და მიუთითებს მოცემული მიზნების მიღწევის ყველაზე უფრო ეფექტურ გზებზე მოცემულ სიტუაციაში. მაგალითად, რაციონალური არჩევანი გვკარნახობს, რომ ოჯახში შრომის განაწილების პრინციპი წარმოადგენს ეფექტურ მექანიზმს იმისატვის, რათა მოხდეს სარგებლიანობის მაქსიმიზაცია. ეს პრინციპი მომხრეა ოჯახური საქმიანობების განაწილების. თუ, ვთქვათ, მამაკაცებს შეუძლიათ გამოიმუშაონ ხელფასი ოჯახის გარეთ, საბაზრო სიტუაციაში, მათთვის რაციონალურს წარმოადგენს ენერგიის დიდი ნაწილი მიუძღვნან სამსახურს, ვიდრე ოჯახს.      ზემოთქმულიდან გამომდინარე, რაციონალური არჩევანის თეორიის არსს, რამდენადმე ხატოვნად, ასეც გამოხატავენ (I. Craib, 1992: 69): რაციონალური არჩევანის თეორია - "ყელაფერი შეფასებულია" ("The Price of Everything…”).      რაციონალური არჩევანის თეორიას ზოგჯერ რაციონალური მოქმედების თეორიას უწოდებენ. ასეთი ნომინალური ტრანსფორმაციის მიზეზი შემდეგნაირადაა ახსნილი (J. H. Goldthorpe, 1998: 187): რაციონალური არჩევანი ზოგჯერ გაიგება ძალზე ვიწრო მნიშვნელობით, როგორც "გადაწყვეტილების მიღების პროცესდურა" (decision-making procedure). მართალია, რაციონალური მოქმედება იწვევს არჩევანის, რომლის დროსაც მოქმედების ერთი მსვლელობა გაზიარებულია მეორესთან შედარებით, მაგრამ ეს არ გულისხმობს, რომ რაციონალური მოქმედება ყოველთვის გამომდინარეობს ფორმალური და ექსპლიციტური "გადაწყვეტილების მიღების პროცესდურის" შესრულებიდან.[2]      როგორც აღნიშნავენ (J. H. Goldthorpe, 1998: 169), RAT არ წარმოადგენს მაღალი ხარისხით უნიფიცირებულ სისტემას. მიუხედავად ამისა, შესაძლებელია, ვილაპარაკოთ სხვადასხვა სოციოლოგთა "კალაბორაციონალისტულ ალიანსზე", რომლებიც კეთილგანწყობილნი არიან RAT-ის მიმართ და ამ ზოგადი სახელწოდების ქვეშ დიფერენცირებულ მიდგომებს ავითარებს. RAT-ს ზოგჯერ (Hirch, Micheal, Friedman, 1988) საეჭვო მნიშვნელობის მატარებელ ეკონომიკურ დოქტრინასაც უწოდებენ, თუმცა, ამ თეორიის ბევრი სერიოზული მკვლევარი (J. S. Coleman, J. Creib და ბევრი სხვა) ცდილობს დაამტკიცოს, რომ RAT-ს ღრმა ფესვები აქვს გადგმული კლასიკურ სოციოლოგიურ ტრადიციებში.      ინგლისელი მეცნიერი John. H. Goldthorpe (1998: 169) RAT-ის ვარიაციათა ვარიაციათა დიფერენცირებას ახდენს სამი კრიტერიუმის მიხედვით:      ა) რაციონალობაზე მოთხოვნების (rationality raquirements) ხარისხის მიხედვით. ბ) სიტაციურ თუ პროცედურულ რაციონალობაზე ფოკუსირების მიხედვით. გ) მოქმედების ზოგადი თუ სპეციფიკური თეორიის უზრუნველყოფის მიხედვით.      განვიხილოთ RAT-ის ძირითდი პრინციპები თიტოეული კრიტერიუმის შესაბამისად. 2. მოთხოვნები რაციონალობაზე      რაციონალური მოქმედება RAT-ის ფარგლებში განისაზღვრება (J. H. Goldthorpe, 1998: 169), როგორც შედეგზე ორიენტირებული, რომლის დროსაც გარკვეული მოთხოვნები თანხვდება ერთმანეთს იმასთან დაკავშირებით, თუ რა მიმართება არსებობს აქტორთა მიზნებს, ამ მიზნებისათვის (მათი განხორციელებისათვის) რელევანტურ შეხედულებებს და მოქმედების რეალურ მსვლელობას შორის. მოთხოვნა რაციონალობაზე ყვლაზე ძლიერ გამოხატულებას იძენს სწორედ მაშინ, როდესაც არსებობს მკაფიოდ განსაზღვრული მიზნები, აქტორთა ნდობა (დაჯერებულობა) მათ მიმართ და ამ ნდობაზე დაფუძნებული პრაქტიკული ქმედება. მაშასადამე, RAT-ი წარმოადგენს მიზან-რაციონალური მოქმედების ერთ-ერთ მოდელს, რომელიც ისევე როგორც სხვა მოდელები, გულისხმობს, რომ სოციალურ აქტორთათვის დამახასიათებელია განსაზღვრულ მიზანთა მიღწევის პერსპექტივა და, რომ, აქტორები მოქმედებენ სასარგებლო და საჭირო შედეგების მისაღებად.      RAT-ის ძირითადი პოსტულატი, რომ ადამიანები მოქმედებენ რაციონალურად, წარმოადგენს უფრო მეტად მეტათეორიულ, ვიდრე ემპირიულ დაშვებას. ეს ნიშნავს, რომ რაციონალური არჩევანის თეორია არ გულისხმობს, თითქოს ყველა მოქმედება რაციონალურია და ყველა ადამიანი რაციონალურად მოქმედებს. ამ თეორიის ფარგლებში განცხადებულია მხოლოდ ორი პრეტენზია: ერთი ისაა, რომ საკმარისი რაოდენობის ადამიანები მოქმედებენ რაციონალურად და საკმარისად დიდხანს, რომ არჩევანის პრინციპი გამოსაყენებლად ვარგისი გახდეს. მეორე ისაა, რომ როდესაც ვცდილობთ გავიგოთ ადამიანის მოქმედება, პრიორიტეტი უნდა მივანიჭოთ რაციონალურ ახსნას და რაციონალურ მოდელებს.      მიზან-რაციონალური მოქმედების ყველა მოდელი აღნიშნულ მეტათეორიულ დაშვებას ემყარება, მაგრამ RAT-ის განსხვავებულ ელემენტს წარმოადგენს ოპტიმიზაციის იდეა: მოქმედებენ რა რაციონალურად, ინდივიდები ალტერნატივათა შორის არჩევანს ახორციელებენ ოპტიმალური გზით, ანუ ახდენენ სარგებლობის მაქსიმიზირებას, ხოლო დანაკარგებს ამცირებენ მინიმუმამდე. ეს ნიშნავს, რომ მათ ხელთ არსებულ უპირატესობებთან თანაფარდობაში (შესაბამისობასი), აქტორები არჩევენ იმ მოქმედებებს, რომლებიც საუკეთესო შედეგების მომტანია.      საინტერესოა, პარალელი გავავლოთ ვებერის რაციონალობის კონცეფციასთან, უფრო კონკრეტულად, ამ კონცეფციის იმ ნაწილთან, რომელიც მიზანრაციონალურ მოქმედებას ეხება. საქმე ისაა, რომ RAT-ი არიარებს მხოლოდ რაციონალური მოქმედების ამ ტიპს და მას არანაირი შეხება არა აქვს იმასთან, რასაც ვებერი კონცეპტუალურ ან, მით უფრო, სუბსტანციურ რაციონალობას უწოდებს (იხილე მოცემული სალექციო კურსი, თავი II). მეტიც: თვით მიზან-რაციონალური მოქმედების ინტერპრეტაციის თვალსაზრისით, RAT-ი გაცილებით შეზღუდულია, ვიდრე ვებერის თვალსაზრისი. კერძოდ, ვებერტან მიზან-რაციონალური მოქმედება შეესაბამება, როგორც ფორმალურ, ისე ინსტრუმენტალურ რაციონალობას. რაც შეეხება RAT-ს, მას მიზანრაციონალური მოქმედება დაჰყავს მხოლოდ ინსტრუმენტალურ (პრაქტიკულ) რაციონალობაზე, ანუ ადამიანის მოღვაწეობას (activity) განიხილავს წმინდა პრაგმატულ ინტერესებთან მიმართებაში.      საჭიროა გაკეთდეს კიდევ ერთი აუცილებელი დაზუსტება: RAT-ის არც ერთი ვერსია მიზანთა რაციონალობის მოთხოვნას არ იკვლევს სუბსტანციური აზრით. აქაც შესაძლებელია, პარალელი გავავლოთ ვებერთან. ვებერის რაციონალობის კონცეფცია მოიცავს სბსტანციურ რაციონალობას, რომელიც აყალიბებს შეფასებით სტანდარტებს, ანუ მორალური, ესთეტიკური და ა.შ. ღირებულებების საფუძველზე მართავს რეალობას. ეს არის ღირებულებით-რაციონალური მოქმედების მანიფესტაცია, რომელიც მიზან-რაციონალური მოქმედების არაალტერნატიულ ალტერნატივას წარმოადგენს. RAT-ის ფარგლებში აქტორთა მიზნები განიხილება, როგორც ღირებულებითი ეტალონებით და სტანდარტებით შეუზღუდავი, ანუ ის რაც განისაძრვრება ემპირიულად. თუმცა, ამ შემთხვევაშიც კი შესაძლებელია ვილაპარაკოთ რაციონალობის ხარისხზე, რაც საშუალებას იძლევა დიფერენცირება მოვახდინოთ RAT-ის ვერსიებს შორის ობიექტურ ან სუბიექტურ რაციონალობაზე აქტორების შესაბამისად.[3]      ობიექტურ რაციონალობაზე აქცენტი ყველაზე ძლიერად RAT-ის ეკონომიკურ ვერსიებში კეთდება. ამ შემთხვევაში რაციონალობაზე "დაკვეთა" იღებს ფორმალურ ხასიათს, რაც დაკავშირებულია წინაარმდეგობის მოხსნის და თანამიმდევრობის მოთხოვნებთა. კერძოდ, RAT-ის ეს ინტერპრეტაცია აღიარებს ტრანზიტული ხასიათის ეკონომიკურ თანმიმდევრობას: თუ აქტორი უპირატესობას ანიჭებს a-ს b-თან შედარებით და b-ს c-თან შედარბით, მაშინ a-საც უპირატესობა უნდა მიენიჭოს c-თან შედარებით. ამ მოთხოვნებს მათემატიკური ხარისხის (ტექნოლოგიის) გაბატონებამდე მივყავართ და მიზნად "უტილიტარულ ფუნქციის" პრეზენტაციას ისახავს. მოქმედი სუბიექტი ამ შემთხვევაში "ეკონომიკურ ადამიანად" იქცევა და იძენს ისეთ თავისებურებებს, რომელიც აუცილებლობით არ მიეწერება "რაციონალურ ადამიანს" per se. აღნიშნული ვერსია ეფუძნება ვარაუდს, რომ აქტორები ფლობენ საკუთარი რესურსების და კერძო სიტუაციების "სრულყოფილ ცოდნას" და იყენებენ მას საუკეთესო შესაძლებელი გზით მიზანთა მისაღწევად. ხოლო მიზნები, როგორც ითქვა, ყოველ მოცემულ შემთხვევაში ნაკარნახევია იმით, რომ მოხდეს სარგებლობა (წარმოების შემთხვევაში - მოგების) მაქსიმიზაცია. უფრო მეტი: იმ შემთხვევაშიც კი, როდესაც აქტორტა ინფორმირებულობა ლიმიტირებულია, ანუ რისკის და გარკვეულობის სიტუაციებში, ივარაუდება, რომ აქტორებს რჩებათ ინფორმაციის ის მარაგი, რომელიც მათ აზლევს შესაძლებლობას, რომ მოცემული სიტუაციის შესაბამისად, განახორციელონ ზუსტი გამოთვლები და, ამდენად, უზრუნველყონ სუბიექტურად მოსალოდნელი სარგებლობის გაზრდა.      როგორც ობიექტური რაციონალიზმის კრიტიკოსები (H.A. Simon, 1983: 13-4) აღნიშნავენ წარმოადგენილი ეკონომიკური ვერსიის მიმდევრები ასკვნიან, რომ აქტორი ამომწურავად განჭვრეტს (განსჯის) ყველაფერს, რაც მის წინაშეა. მასკარგად ესმის, რომ მისთვის ღიაა ალტერნატიულ აღცევანთა სფერო (დიაპაზონი), არა მხოლოდ ამ მომენტისათვის, არამედ მომავლის მთელი პანორამის მანძილზე. მან იცის თითოეული ამ არჩევითი სტრატეგიის შედეგები, სულ მცირე, იმ მიზნით, რომ შეუძლია განსაზღვროს სამყაროში მომავალი მდგომარეობების განაწილების ზოგადი ალბატობა. მან მოაწესრიგა ყველა მისი კერძო კონფლიქტური ღირებულებები და მოახდინა მათი სინთეზი ერთ უტილიტარულ ფუნქციაში, რომელიც მართავს სამყაროს ყველა ამ მომავალ მდგომარეობას. ამრიგად, მიუხედავად იმისა, ბოლომდე გაცნობიერებულია თუ არა რისკითან და გაურკვევლობასთან დაკავშირებული სირთულეები, ის, რასაც აქტორი აკეთებს, ეკონომიკური რაციონალიზმის თანახმად, წარმოადგენს უტილიტარული თეორიის მიერ ნაკარნახევ რაციონალურ არჩევანს.      მაგრამ სწორედ აქ ჩნდება ეჭვი, რომელსაც რეალობის მიმართ მაღალი ნდობა ასაზრდოებს და რომელიც გვკარნახობს, რომ სინამდვილეში რაციონალობაზე მოთხოვნა არ არის ტრნზიტულობის მსგავსი დედუქცია და იგი შედარებით სუსტია. მთავარი იდეა, რომელიც ამ შემთხვევაში გამომუშავდება არის სუბიექტური, როგორც ობიექტურის საპირისპირო, რაციონალობის იდეა. ამ იდეის არსი ისაა, რომ აქტორებს შეიძლება გააჩნდეთ შეხედულებები და მისდიონ მოქმედებების მსვლელობას მხოლოდ იმიტომ, რომ მათ ამისათვის "კარგი მიზეზები" გააჩნიათ, თუმცა, ისინი შეიძლება ვერც კი აკმაყოფილებდნენ რაციონალიზმის სტანდარტებს, რასაც უტილიტარიზმის თეორია გვთავაზობს.      სუბიექტური რაციონალობის გაგება ხაზს უსვამს რაციონალობის შეზღუდულობას,რაც მიუთითებს იმაზე, რომ ოპტიმიზაციის პრინციპის სრული განხორციელება შეუძლებელია. ამასთან, ის, რაც თავად მოქმედი აქტორისათვის რაციონალურია, სხვას შეიძლება არარაციონალური მოეჩვენოს, ამიტომ კამათს იწვევს ის, თუ მოქმედების კოორდინატის რომელი სისტემაა უკეტესი. აქ თავს იჩენს შემდეგი კითხვები: როგორ მოიქცეს მკვლევარი/თეორეტიკოსი - მიიღოს აქტორის არჩევანი, როგორც მოცემულობა და არ შეიტანოს ეჭვი მათ რაციონალობაში? უნდა ჩაითვალოს თუ არა აქტორის არჩევანი რაციონალურად მაშინ, როდესაც არსებობს სხვა უკეთესი ვარიანტები, რომლებიც მან არ გაითვალისწინა? თუ შეზღუდული რაციონალობა დამახასიათებელი როგორც აქტორისათვის,ისე დამკვირვებელისათვის, მაშინ შეუძლია კი ამ უკანასკნელს ადეკვატურად შეაფასოს აქტორის არჩევანის უპირატესობა? ეს კითხვები მოწმობს, რომ შეზღუდული რაციონალობის პირობებში არ არსებობს მკაცრი კრიტერიუმი რაციონალური არჩევანისათვის და რომ თვით რაციონალური არჩევანის პარადიგმა საკმაოდ განუსაზღვრელია.      J. H. Goldthorpe (1998: 171-2) მიიჩნევს, რომ სუბიექტური რაციონალობის იდეა, მეტ-ნაკლები სიზლიერით, ხორცშესხმულია RAT-ის სხვადასხვა მოდიფიკაციაში. ერთ-ერთ კარგად ნაცნობ მაგალითს წარმოადგენს "შეზღუდული რაციონალიზმის თეორია, რომელიც დაამუშავეს Simon-მა (1982: vol. 2) და მისმა მიმდევრებმა. ამ თეორიის თანახმად, იმ შემთხვევასც კი, როდესაც აქტორები ფლობენ სრულყოფილ ინფორმაციას, სიტუაციათა აშკარა კომპლექსურობამ შეიძლება განაპირობოს სარგებლობის მაქსიმიზაციის შეუძლებლობა და "რაციონალური", აქტორტა თვალსაზრისით, ხდება "დამაკმაყოფილებელი". ამ შემთხვევაში მოქმედება უპასუხებს განსაზღვრულ კრიტერიუმებს, რომლებიც უზრუნველყოფს შეფასებას, რომ მოქმედების მსვლელობა "საკმაოდ კარგია. ხოლო მაშინ, როდესაც აქტორები ფლობენ არასრულ ინფორმაციას (როგორც ეს ხშირად ხდება), აღნიშნული "ჩანაცვლება" (დკმაყოფილებული - რაციონალურის სანაცვლოდ) არის გარდაუვალი. აქედან გამომდინარე (J. Elster, 1983 b: ch. 1), შეუძლებელი ხდება, შემუშავდეს "ოპტიმალური" კრიტერიუმი ინფორმაციის იმ რაოდენობის გასაზომად, რომელიც უზრუნველყოფდა ობიექტურად რაციონალურ არჩევანს. გადაწყვეტილება ყოველთვის მიიღება სუბიექტურ საფუძველზე, ანუ მოქმედება ხორციელდება იმ ინფორმაციის შესაბამისად, რომელიც ხელთ გვაქვს.      სუბიექტური რაციონალიზმის მიმართულებით RAT-ის მოდიფიცირების კიდევ სხვა გამოხატულებას წარმოადგენს Biundon-ის თვალსაზრისი, რომელსაც თავად Biundon "კოგნიტურ მოდელს" უწოდებს. ამ მოდელის ძირითად ფოკუსს წარმოადგენს ის, თუ როგორ შეუძლიათ ინდივიდებს მისდიონ და იმოქმედონ იმ შეხედულებების (რწმენების) შესაბამისად, რომელიც ობიექტურად შეცდომაა. ბუდონი იყენებს ვებერის და ზიმელის არგუმენტს იმის შესახებ, რომ მსჯელობა (აზრი), რომელიც სავსებით ვალიდურია თავისთავად, შეიძლება მცდარი შეხედულებების წყარო გახდეს, ვინაიდან განხორციელდეს გარკვეული იმპლიციტური, გამოუცდელი და არარელევანტური სქემის (გეგმის) კონტექსტში. ბუდონი აღნიშნავს, რომ როდესაც ინდივიდები, მცდარი შეხედულებების გამო, მოქმედებენ რაციონალობისაგან გადახრილად, ავტომატურად არ უნდა იქნეს მიჩნეული, რომ ეს გამოწვეულია "ცხელი" აფექტების გავლენით, როგორიცაა სურვილი, შიში ან ფრუსტრაცია. ისინი შეიძლება ფორმირდეს "ცივი", არამეცნიერული (გაურკვეველი) პროცედურების მეშვეობით, რომლებიც, კერძო კონტექსტში მათი გამოყენების დროს, ე.ი. შეცდომაში შეყვანამდე, თავისთავად სავსებით მისაღებად გამოიყურება. ბუდონი ამტკიცებს, რომ სოციოლოგებმა უნდა ეძიონ გზები მცდარი შეხედულებების ასახსნელად.      სუბიექტური რაციონალობის (თუმცა, ყველაზე სუსტად გავითარებულის) კონცფციას მიეკუთვნებიან, აგრეთვე, პოპერის "სიტუაციური ლოგოკის ანალიზს". სუბიექტური რაციონალობა პოპერის კონცეფციაში რაციონალობის სიტუაციური ბუნების ტოლფასია. პოპერის მიზანს წარმოადგენს მოქმედების, როგორც რაციონალურის, გაგება იმ მიზნით, რომ იგი შესაბამისი და ადეკვატურია აქტორთა მოცემული მიზნების და მოცემული სიტუაციების, რომლებიც მოიცავს აქტორთა შეხდულებებს. არა მხოლოდ აქტორთა მიზნები, არამედ მათი შეხედულებებიც გამოთავისუფლებულია ობიექტური (ინვარიანტული) რაციონალობის მოთხოვნებისაგან. ის, რაც ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანია, არის არა შეხედულებათა დიფერენციაცია რაციონალობის ხარისხის მიხედვით (პოპერი უარყოფს, რომ შესაძლებელია შეხედულებების რაციონალური დადასტურება/ადასაბუთება), არამედ, უფრო მეტად ის, რომ ეს შეხედულებები არსებობს და გააჩნია სპეციფიკური შინაარსი. ამ თვალსაზრისის მომხრეები ამტკიცებენ, რომ არსებობს შემთხვევები, როდესა აქტორები მოქმედებენ საკმაოდ ირაციონალური შეხედულებების გავლენით, თუმცა თუ ყურადღებას გავამახვილებთ აქტორის სიტუაციაზე, რომელიც უფრო ფართოა, შესაძლებელი აღმოვაჩინოთ გარკვეული ლოგიკა მათ მოქმედებებში. ამავე დროს, ეს არ ნიშნავს, რომ როდესაც ინდივიდები სიტუაციის ადექვატურად მოქმედებენ,რაციონალობის პრინციპი ჭეშმარუტუა, ანუ უნივერსალურ პრინციპს წარმოადგენს. რაციონალობის "სიტუაციური" ბუნების აღიარება, პოპერის მიხედვით, გამართლებულია მეთოდოლოგიურ საფუძველზე, რამდენადაც წარმოადგენს აუცილებელ მოქმედებების სპეციფიკის ასახსნელად.      მაგრამ, როგორ იქცევა ინდივიდი, როდესაც რაციონალური მოქმედებაშეფერხებას ან წარუმატებლობას განიცდის? RAT-ის მომხრეთა (P. Abell, 1991) თანახმად, ამ შემთხვევაში არსებობს სტრატეგიათა მთელი რიგი, რომელთაც ინდივიდი გამოიყენებს. ეს სტრატეგიები გვთავაზობს შესაძლო რეაქციათა და სუბიექტურ გამოსავალთა ფართო სპექტრს, რომელთა მეშვეობითაც ადამიანები აცნობიერებენ, რომელი რეურსების გამოყენებაა მათთვის მიზანშეწონილი და განსჯიან მოქმედებათა მსვლელობას, რათა ისინი განხორციელებადი გადახონ. აქ არსებბს საკმაოდ რთული ვარიანტები, ისეთებიც კი, რომლებმაც შეიძლება ინდივიდის პრაგმატული ინტერესების შეზღუდვა და არჩევანის "დაბეგვრა" გამოიწვიოს. ასეთ შემზღუდავ ელემენტებს წარმოადგენს, მაგალითად, "სიმპატიის" და "ვალდებულების" იდეები: ვინმე ვალდებული (დავალებული) უნდა იყოს მეორე ადამიანის წინაშე, რათა მისი ინტერესები საკუთარზე წინ დააყენოს. აქედან გამომდინარე, ბევრი, ერთი შეხდვით, კეტილშობილი ქცევა RAT-ის ფარგლებში ინტერპრეტირდება, როგორც ინდივიდის კერძო ინტერესის გამოვლინება. თუნდაც იმ შემთხვევასი, როდესაც სუბიექტი სოციალური (და არა კერძო), ან, მით უფრო, მორალური ნორმების შესამანისად იქცევა, ამის მოტივაციას ისვ და ისევ პირადი კეთილდღეობის დაცვა წარმოადგენს.      ობიექტურ თუ სუბიექტურ რაციონალობაზე ორიენტაციის მიხედვით RAT-ის დიფერენცირებული მდგომარეობის დახასიათების შემდეგ, Goldthorpe (1998: 177-81) ცდილობს თავად გაანალიზოს, რომელი მიდგომაა აღნიშნული თეორიისათვის უფრო რელევანტური.      RAT-ის ის ვერსია, რომელიც ობიექტური რაციონალობის მიმარტ მძაფრი მოთხოვნით გამოირჩევა, მიმზიდველად გამოიყურება, რამდენადაც უფლებას იძლევა მკაფიოდ ვიწინასწარმეტყველოთ, როგორ უნდა მოქმედებდნენ აქტორები მოცემულ სიტუაციებში. ეკონომისტები უსიტყვოდ ენდობიან RAT-ის ამგვარ სახესხვაობებს, რომლებშიც პოზიტიური და ნორმატიული, საბოლოო ჯამში, გაერთიანებულია. თუმცა Goldthorpe ამ პოზიციის, სოციოლოგიური თვალსაზრისით, ორ მთავარ ნაკლოვანებაზე მიუთითებს: პირველი ისაა, რომ მსგავსი თვალსაზრისი არარეალისტურად გამოიყურება და, სხვადასხვა ასპექტში, ემპირიულად დაუსაბუთებელია (არადამაჯერებელია). მეორე, როდესაც RAT-ის ეს ვერსიები წარუმატებლობას განიცდის, "საკომპენსაციო" მცდელობები არ გამოდგება სოციოლოგიური გამოკვლევის საიმედო მეგზურად. მაგალითად, იმ მოქმედებების შემთხვევაში,რომლებიც აშკარად არ შეესაბამება რაციონალობის სავალდებულო კრიტერიუმს, ერთი მარტივი რეაქცია იმაზე ისაა, რომ მოხდეს სიტუაციის მანამდე გაუცნობიერებელი თავისებურებების პოსტულირება, რომელთა მხედველობასი მიღებით, ბოლოს და ბოლოს, მოქმედების გარაციონალურება ხდება. თუმცა, ასეთი გამოსავალი, შემდგომი გამოკვლევის ორგანიზბის ნაცვლად, სინამდვილეში, თეორიას ჩაკეტილს და ტავტოლოგიებად დაშლილს ხდის.      განსხვავებულ ალტერნატივას წარმოადგენს რეაქცია, როდესაც მოქმედება განიზილება, როგორც ანომალია და ჩაითვლება "ნარჩენ კატეგორიად". სოციოლოგიური ანალიზის მიზნებისათვის ამ რეაქციის არაადეკვატურობა აღწერა პარსონსმა. ამ შემთხვევაში არსებობს მხოლოდ ორი შესაძლებლობა. ერთი ისაა, რომ მოქმედება ვიკვლიოთ როგორც ირაციონალური - რომელმაც განიცადა რაციონალურად ყოფნის წარუმატებლობა, ანუ, ვიკვლიოთ, როგორც "უმეცრების ან შეცდომის" შედაგი. ამ დროს, აქცენტი გადაინაცვლებს თეორიის ნორმატიულ ხასიათზე და აქტორი, და არა თეორია, ჩაითვლება მცდარად. სხვა შესაძლებლობას წარმოადგენს ის, რომ მოხდეს მოქმედების რეკონსტრუირება როგორც ქცევისა, რომელიც უნდა აიხსნას გარედან - სიტუაციის არასოციალურ ასპექტზე, კერძოდ "მემკვიდრეობასა და გარემო ვითარებებზე", დაყრდნობით. მაგრამ ამ გზაზე რაციონალობის (verstehende) სოციოლოგიის თვალსაწიერი მკაცრად, თუმცა, თვითნებურად, იზღუდება. არ დაიშვება არავითარი კონცეპტუალური სივრცე არა მხოლოდ არარაციონალური ხასიათის მოქმედებისათვის, არამედ - თვით იმ მოქმედებისატვისაც, რომელიც, მართალია, არ პასუხობს რაციონალობის სავალდებულო კრიტერიუმებს, მაგრამ შეიძლება მაინც ღია დარჩეს ინტერპრეტაციისატვის, ე.ი. მისი რაციონალობა იყოს გასაგები (დამაჯერებელი) იმ სიტუაციაში, რომელშიც ხდება.      ზემოთქმულიდან გამომდინარე, შეიძლება გაჩნდეს აზრი, რომ სოციოლოგიისათვის უკეთეს პირობებს ქმნის RAT-ის ის ვერსიები, რომლებიც იკვლევენ სბიექტური რაციონალობის იდეას. ეს იდეა უკავშირდება როგორც შეხედულებებს, ისე მოქმედებას და აჩვენებს, რომ აქტორებს აქვთ "კარგი მიზეზები" ასე და ამგვარად რაიმეს კეთების. გადამწყვეტი კითხვა, რომელიც ამ დროს ჩნდება, ისაა, თუ როგორ უნდა იქნეს გაგებული "კარგი მიზეზები". გარდა იმისა, რომ RAT-მა შეიძლება გაუმართლებლად შეზღუდოს verstehen-ის შესაზლებლობები (რასაც, როგორც უკვე აღინიშნა, ადგილი აქვს ობიექტური რაციონალობის შემთხვევასი), პრობლემები შეიძლება შეიქმნას იმ შემთხვევაშიც, თუ სუბიექტურად რაციონალური მოქმედების ინტერპრეტაციის პროცესში "გულმოწყალების პრინციპი" ("principle of charity), როგორც მოქმედების ჰერმენევტიკული ინტერპრეტაცია, ძალზე გაზვიადდება. ამგვარად, სიტუაციური ლოგიკის პოპერიანული ანალიზის და შეხედულებატა რაციონალობის უარყოფის შემთხვევასი, ტავტოლოგიის შეცდომაში ჩავადნა ისევ მოსალოდნელია, როგორც ობიექტური რაციონალობის არარეალისტურობის შემთხვევაში. RAT-ის სუბიქტური რაციონალობის ვერსიებისათვის საერთო ისაა, რომ ისინი ეხება მოქმედების ისეთ სახეებს, რომლებიც წარმატებით არ გამოიკვლევა როგორც რაციონალური, რამდებადაც აქცენტი დასმულია აქტორთა უნარებზე, რომელთაც ევალებათ უპასუხონ კერძო სიტუაციებს, სარგებლობის მიღების მოტივაციიდან გამომდინარე. საბოლოო ჯამში, სუბიექტური განზრახვების პოზიციიდან მოქმედების დეტერმინაცია, რასაც სუბიექტური რაციონალობის კონცეფცია ახდენს, კონფლიქტში მოდის რაციონალობის იდეასთან, რამდენადაც აქცენტირებულია აქტორთა პერსონალური არჩევანი და პერსონალური კეთილდღეობა.      Goldthorpe (1998: 181) დაასკვნის, რომ ზემოაღნიშნული ორივე - ობიექტური და სუბიექტური რაციონალობის - ხაზი საკმაოდ ღიაა შემდგომი გადამუშავებისათვის. სოციოლოგებს აქვთ შესაძლებლობა, განავითარონ RAT-ის ვერსიები, რომლებიც დაფუძნებულია "შუალედური" რაციონალობის მოთხოვნებზე, რასაც, ერთი მხრივ, შეიძლება ჰქონდეს ფართო ახსნითი ჰორიზონტი, და, ამავე დროს, დაცული იყოს საზიანო შედეგების, ანდა ტავტოლოგიების გავლენებისგან. 3. ფოკუსირება სიტუაციურ ან პროცედურულ რაციონალობაზე      ოპოზიცია რაციონალობის ამ ორ მახასიათებელს შორის, სხვანაირად შეიძლება გამოიხატოს როგორც ოპოზიცია მოქმედების სიტუაციურ და ფსიქოლოგიურ დეტერმინირებულ რაციონალობას შორის.      თუ აღნიშნული თვალსაზრისით შევაფასებთ RAT-ის ეკონომიკურ ვერსიას, მაშინ მოქმედების რაციონალობა უნდა გავიგოთ, როგორც სიტუაციაზე პასუხი (რეაქცია) - ამ შემთხვევასი იგულისხმება საბაზრო სიტუაცია, რომელსაც აქტორები ეჯახებიან. "ეკონომიკური ადამიანის" რაციონალური მოქმედების გზა უმთავრესად სიტუაციის მიერ არის "შევიწროვებული", თუმცა მას მაინც რჩება რეალური არჩევანი - არჩევანი მოგების მაქსიმიზაციის სასარგებლოდ. ეს არჩევანი იმდენად ავტომატურია (უფრო ზუსტად, უალტერნატივო), რჩება შთაბეჭდილება, რომ აქტორები ბრმად მიყვებიან მას და არჩ შეუძლიათ იმის ახსნა, რატომ იქცევიან სწორედ ასე და არა სხვაგვარად. როგორც ერთ-ერთი მკვლევარი (M. Hollis, 1994: 185-6) წერს, ეკონომიკური ადამიანი ხდება საკუთარ უპირატესობათა შორის "ჭეშმარიტი გამტარუნარიანი", რომელსაც სჭირდება მხოლოდ ამ უპირატესობათა მოწესრიგება და "ავტომატურად გაანგარიშებადი" არჩევანი, რომელიც უზრუნველყოფს მისი სარგებლობის მაქსიმიზირებას.      ზემოაღნიშნული "ბიჰევიორისტული" ეკონომიკის საპირისპიროდ, RAT-ის სხვა ვერსიაში (რომლის წარმომადგენელია Simon) ანალიტიკური ფოკუსირება ხდება არა მოქმედების სიტუაციაზე, არამედ მოქმედ ინდივიდზე. ეს არის ინტერესის გადატანა აქტორის "სხეულის გარედან" აქტორის "სხეულის შიგნით", კერძოდ, ყურადღების ცენტრში ექცევა ინდივიდის გაანგარიშებით (computational), ანუ ინფორმაციის გადამუშავებითი უნარები და ის მაიძულებელი ზემოქმედება, რასაც ეს უნარები ახდენს.      RAT-ის სხვა წარმომადგენლები შეეცადნენ განევითარებინათ თვალსაზისი, რომელიც შეითვისებდა ორივე - სიტუაციურ და პროცედურულ გავლენას და მოახდენდა მათ ინტერაქციას. ეს მცდელობები ყველაზე სრულყოფილად გამოიხატა Boudon-ის თეორიაში, რომელიც, მართალია, აანალიზებდა სუბიექტურად რაციონალურ შეხედულებებს, მაგრამ, ამავე დროს ამტკიცებდა, რომ ამ პროცესში ჩართული ფსიქოლოგიური პროცესები უკეთესად გაიგება მათი სოციალური დეტერმინაციის გათვალისწინებით. Boudon-ის სურვილია, იხილოს ისეთი კოგნიტური ფსიქოლოგია, რომელიც RAT-ს დააფუძნებს ახალ, ალტერნატიულ კოგნიტურ ფსიქოლოგიაზე, რასაც (R. Boudon, 1994: 247) "შემეცნების ახალი სოციოლოგია" უნდა ეწოდოს. მისი ამოცანა იქნება, დაადგინოს ის ტიპიური სიტუაციები, როდესაც სუბიექტური რაციონალობისათვის დამახასიათებელი მენტალური პროცესები, სოციალური გარემოს მოთხოვნების გათვალისწინების გარეშე, მცდარი შეხედულებების წარმოშობის წყაროს წარმოადგენს.      დაბოლოს, როგორც მკვლევარები (J.H. Goldthorpe, 1998: 174) არნიშნავენ, სიტუაციური და პროცესდურული რაციონალობის ინტერაქციასთან საქმე გვაქვს მაშინ, როდესაც სუბიექტური რაციონალობის მიმღებლობა (ობიექტურ რაციონალობასთან შედარებით) პრინციპულად თანაარსებობს სიტუაციური დეტერმინიზმის მოთხოვნებთან. ამის დემონსტრირებას წარმოადგენს პოპერის მიერ სიტუაციური ლოგიკის ანალიზი. პოპერისათვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია დაასაბუთოს, რომ მეთოდოლოგიური ინდივიდუალიზმის მიმართ ვალდებულება არავითარ შემთხვევაში არ იწვევს, ამავე დროს, "ფსიქოლოგიზმის" მიმართ ვალდებულებას. ფსიქოლოგისტური პოზიცია მოითხოვს (К. Попер, 1992: гл. 14), რომ ნებისმიერი სოციალური მეცნიერება საბოლოოდ დაეფუძნოს და დაყვანილ იქნეს "ადამიანის ბუნების" ფსიქოლოგიური კანონების მოქმედებამდე. ამის საპირისპიროდ პოპერი ამტკიცებს, რომ სოციალური მეცნიერებების მიერ ინდივიდუალური აქტორის მოდელის გამოყენება (რამდენადაც ეს მოდელი ინდივიდის "შინაგან" მახასიათებლებს მოიცავს), უნდა დავიდეს მინიმუმამდე და რაციონალობის პოზიციიდან აქტორის კვლევა უნდა შემოიფარგლოს მცირე ფსიქოლოგიური დახასიათებით. აქედან გამომდინარე, საწირო არ არის დიდი ყურადღება მიექცეს გაანგარიშების საკითხებს (რომელზდაც ფოკუსირდება Simon), და ინდივიდთა ფსიქოლოგიური ფუნქციობის რომელიმე სხვა ასპექტებს. ის, რაც ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანია, არის არა აქტორთა ფსიქო-მენტალური მდგომარეობები, არამედ შეხედულებების შინაარსი. ეს უკანასკნელი წარმოადგენს სიტუაციის ობიექტურ ცოდნას (K.R. Popper, 1994: 169-71), რომელიც სიტუაციურად ხელმისაწვდომია აქტორებისათვის და რომელზეც "მაგრდება" მათი სუბიექტური გაგება. რაციონალობის პრინციპის არსი სწორედ ისაა, რომ აქტორები მოქმედებენ სიტუაციების (რომლებშიც ისინი საკუთარ თავის აღმოაჩენენ) ადეკვატურად, ანუ, გამომდინარე აქტორთა მიზნებიდან, მოქმედება მიყვება იმას, რასაც სიტუაციის მხრიდან იძულება მოითხოვს და რაც რელევანტურია ცოდნისა y compris. სხვანაირად თუ ვიტყვით, რაციონალობის პრინციპი ამ შემთხვევაში "პრაქტიკული სილოგიზმის" განხორციელებაა.      ზემოთქმულიდან ცხადი ხდება, თუ რატომ ცდილობს პოპერი რაციონალობის პრინციპის დაცვას უფრო მეტად ემპირიულ ნიადაგზე. რაციონალობის პრინციპის მეთოდოლოგიური მნიშვნელობა ისაა, რომ არის რა სუბსტანციურად (substantively) "თითქმის ცარიელი", იგი მოითხოვს ყურადღების ფოკუსირებას მოქმედების სიტუაციაზე. პოპერის მიხედვით, მთელი თეორიული ძალისხმევა და ახსნა მიმართული უნდა იყოს სიტუაციის ანალიზზე, რაც ემპირიულ ტესტებს გამოსაყენებელს გახდის.      თუ აღნიშნულ მიდგომებს შევაფასებთ სოციოლოგიური კვლევის პერსპექტივის თვალსაზრისით, საკითხი იმის შესახებ, RAT-ის რომელი ვერსია - ორიენტირებული სიტუაციურ თუ, პირიქით, პროცედურულ რაციონალობაზე - არის უფრო მეტად რელევანტური სოციოლოგიისათვის, გარკვეულ წინააღმდეგობებს აწყდება. Goldthorpe-ის (1998: 181) აზრით, პროცედურულ რაციონალობაზე აქცენტირების ყველაზე ნეგატიურ მხარეს (რაზეც არაერთი სხვა ავტორიც მიუთითებს) ის წარმოადგენს, რომ სოციოლოგიური ახსნა, მაშინაც კი, როდესაც იგი ინდივიდუალურ მოქმედებას ეფუძნება, არ უნდა იყოს დამოკიდებული მოქმედი ინდივიდის კონპლექსურ ფსიქოლოგიაზე. საჭიროა ერთმანეთისგან განვასხვავოთ, ერთი მხრივ, ფსიქოლოგიისათვის შესაბამისი ინდივიდის ცნება, როდესაც ორივე - ანალიტიკური (analytic) და ახსნითი (explanatory) - ხარისხი ინდივიდუალურ დონეზე ლაგდება და, მეორე მხრივ, სოციოლოგიისათვის (ან ეკონომიკისათვის) რელევანტური ინდივიდის ცნება, სადაც ახსნითი ხარისხი ისევ ინდივიდუალურ დონეზეა, მაგრამ ანალიტიკური ხარისხი (მეთოდოლოგიური ინდივიდუალიზმის პრინციპზე გავლით) გადაინაცვლებს აგრეგატულ, ანუ მაკრო დონეზე. პროცედურული რაციონალობის სხვა კრიტიკოსები კიდევ უფრო შორს წავიდნენ, მოითხოვეს რა, რომ RAT-ის კონტექსტში "სოციოლოგიური" ინდივიდი უნდა დარჩეს "ფსიქოლოგიურად ანონიმური". სხვანაირად თუ ვიტყვით, ამ შემთხვევაში რაციონალური აქტორის მოდელი უზრუნველყოფილ უნდა იყოს "სხეულის შიგნითა" თვისებების იმ მინიმუმით, რომლებიც აუცილებელია ახსნითი მიზნებისათვის. თუმცა, ასეთმა მინიმუმმა, რამდენადაც ეს შესაძლებელია, არ უნდა იგულისხმოს ვალდებულება რაიმე კერძო ფსიქოლოგიური თეორიის წინაშე.      გაცილებით პოზიტიურად უნდა ჩაითვალოს თვალსაზრისი, რომ სოციოლოგიისათვის სპეციფიკურად რელევანტურია RAT-ის ის ვერსია, რომელიც გადახრილია უფრო მეტად სიტუაციური, ვიდრე პროცედურული რაციონალობისაკენ. თუმცა, ეს "გადახრა" ხორციელდება იმ პირობებში, როდესაც ობიექტურ რაციონალობაზე მოთხოვნა უარყოფილია. საკითხი, რომელიც ამ დროს იჩენს თავს, არის ის, თუ როგორ შეიძლება მოქმედებამ არ დააკმაყოფილოს ობიექტურობის სტანდარტი, მაგრამ მაინც ღია იყოს გაგებისათვის, როგორც სუბიექტურად რაციონალური. როგორც უკვე აღინიშნა, Simon, რომელიც იძლევა "სხეულის შიგნითა" ინტერპრეტაციას, თვლის, რომ ადამიანის ინფორმაციის გადამუშავებით უნარები საკმარისად შეზღუდულია იმისათვის, რათა თავიდან ავიცილოთ ობიეტური რაციონალობის შესაძლებლობა. ამდენად, აქტორები სუბიექტურად რაციონალურნი არიან, როდესაც ისინი აკეთებენ ყველაფერს, რაც შეუძლიათ ამ შეზღუდვის პირობებში ე.ი. მათ მიზანს უფრო მეტად წარმოადგენს დაკმაყოფილება, ვიდრე მაქსიმიზირება. პოპერისათვის, პირიქით, ობიექტური რაციონალობა უმტავრესად შევიწროვებულია ინფორმაციის ნაკლებობით, ამ ცოდნით per se. აქტორები არიან სუბიექტურად რაციონალურნი, როდესაც ისინი მოქმედებენ იმ შეხედულებების შესაბამისად, რომლებიც წარმოქმნილია ინდივიდთათვის სიტუაციურად ხელმისაწვდომი ცოდნის საფუძველზე.[4]      Abell (1992: 198) მართებულად აღნიშნავს, რომ სოციოლოგებისატვის, რომელთა სურვილია სუბიექტური რაციონალობის გაგება, მთავარ ამოცანას უნდა წარმოადგენდეს აქტორთა "ინფორმაციული" გარემოს მოდელირება. ეს ნიშნავს, რომ სოციოლოგების მიზანს უნდა წარმოადგენდეს აქტორთათვის ხელმისაწვდომი ინფორმაციის კვლევა, რომელიც (ინფორმაცია) წარმოადგენს იმ სოციალური ურთიერთობების პროდუქტს, რომელშიც აქტორები ჩართულნი არიან. Abell-ის პოზიციზ ბოლომდე პოპერიანულია, რამდენადაც იგი აცნობიერებს, რომ სიტუაციის არანაკლებ მნიშვნელოვან ასპექტს წარმოადგენს ცოდნის სოციალური სტრუქტურირება, ვიდრე სხვა, ვთქვათ, მატერიალური ხასიათის წყაროების, სტრუქტურირება. იქ, სადაც ასეთი გასაგები სიტუაციური ანალიზი მიიღწევა, პოპერიანული დასკვნა სახეზეა: სოციოლოგთათვის ნაკლებად მნიშვნეოვანია იმის საწიროება, რომ ინდივიდუალური ფსიქოლოგიის დონეზე მიმართონ პროცედურული რაციონალობის საკითხსებს.      ამრიგად, თუ Simon-ის პროცედურული ინტერესი კვლევით ყურადღებას პირდაპირ ინდივიდუალური ფსიქოლოგიის ასპექტებზე მიმართავს, პოპერის დაინტერესება სიტუაციური ლოგიკითაშკარად მოიცავს სოციოლოგიურ საკითხებს. პირველი მიდგომა გამოსადეგია შედარებით ფორმალური "გადაწყვეტილების მიღების" პროცესისათვი, რომელსაც მიმართავენ, მაგალითად, ბიზნესის ან ადმინისტრაციული სფეროს ლიდერები. მეორე მიდგომა უფრო მეტად გამოდგება იმ სახის "გადაწყვეტილების მიღების" პროცესის გასაგებად, რომელიც ნაკლებად ფორმალური და ექსპლიციტურია და რომელსაც ინდივიდები მატ ყოველდღიურ ცხოვრებასი მიმართავენ.      სოციოლოგები, რომლებიც RAT-ის ასეთ გაგებას ემხრობიან, ახსნის საფუძვლად იყენებენ აუცილებელ მაკროსოციალურ რეგულაციებს. ასეთ რეგულაციებს მიეკუთვნება, მაგალითად, ინდივიდთა გადაწყვეტილებები იმის შესახებ, მიატოვონ თუ დარჩნენ სკოლასი, დაქორწინდნენ თუ არა და - ვისზე, იყოლიონ თუ არა ბავშვები და რამდენი, ხმა მისცენ თუ არა რომელიმე პარტიას სხვასთან შესადებით, მიიღონ თუ არა მონაწილეობა თავისუფალ ასოციაციებში ან სოციალურ მოძრაობებში, დაკავდნენ თუ არა კრიმინალური მოღვაწეობით და ა.შ.      RAT-ის მიერ სიტუაციური დეტერმინიზმის გაზიარება, რომელსაც ინდივიდთა მოქმედებების მაკროსოციალური რეგულაციების აღიარებამდე მივყავართ, განსაკუთრებული სიმწვავით აყენებს საკითხს, თუ როგორ აკეთებენ აქტორები არჩევანს არსებულ ინდივიდუალურ უპირატესობატა პირობებში. სხვანაირად რომ ითქვას, საკითხი ისმის იმის შესახებ, ხომ არ ირღვევა ამ შემთხვევაში ინდივიდთა უტილიტარული ინტერესების პრიმატი, რომელიც RAT-ის ამოსავალს წარმოადგენს? საბოლოო ჯამში, სიტუაციური დეტერმინიზმის აღიარება ხომ არ არის მეთოდოლოგიური ინდივიდუალიზმის პოზიციის დათმობა სოციალური სისტემების მოთხოვნების სასარგებლოდ? ხომ არ იმეორებს RAT-ი პარსონსის თეორიის გზა?      RAT-ის სავარაუდო პასუხი ამ კითხვაზე ასეთია: ინდივიდუალური უპირატესობები, გარკვეულ შემთხვევაში, შეიძლება დაფუძნებული იყოს ისეთ ღირებულებებსა და შეხედულებებზე, რომლებიც ცალსახად არ დაიყვანება ეგოისტურ და უტილიტარულ ინტერესებზე. ეს ნიშნავს, რომ უპირატესობები ყალიბდება სოციალიზაციის პროცესში და, ამდენად, კავშირშია კულტურასთან და სოციალურ სტრუქტურასთან. ამ შემთხვევაში რაციონალური არჩევანი იზღუდება სოციალური პირობებით და განსაზღვრულია იმ შესაძლებლობათა ნუსხა, რომელიც უზრუნველყოფს აქტორთა მიერ არჩევანის გაკეთებას. აქედან გამომდინარე, შეიძლება მოგვეჩვენოს, რომ ეგოიზმის როლის შესახებ ჰიპოთეზა კარგავს გავლენას (მნიშვნელობას), რამდენადაც ინდივიდები მოქმედებენ სიტუაციაში სხვა ადამიანთა და ჯგუფთა ინტერესების გათვალისწინებით. თუმცა, ეგოიზმის როლის შესახებ ჰიპოთეზის მომხრეები ამტკიცებენ, რომ არჩევანის გაკეთება სხვათა ინტერესების გათვალისწინებით და ნორმების შესაბამისად ისევ ეგოისტური ინტერესების საფუძველზე უნდა აიხსნას. დროთა განმავლობაში ადამიანები აცნობიერებენ, რომ თანამშრომლობა და ჯგუფის ინტერესებისათვის ზრუნვა წარმოადგენს რაციონალურ საშუალებას საკუთარი სარგებლობის მაქსიმალური გაზრდისათვის იმ სიტუაციაში, როდესაც ინდივიდები ურთიერთდამოკიდებულები აღმოჩნდებიან და როდესაც მათ უწევთ სხვისთვის აუცილებელი რესურსების გაკონტროლება.      ზემოთაღნიშნულის საილუსტრაციოდ მოვიყვანოთ ასეთი მაგალითი (სოციოლოგიური ლექსიკონი, 1999: 265): განვიხილოთ საკითხი პროფკავშირობის წევრობის შესახებ. დავუშვათ, რომ პროფკავშირი, რომელიც წარმოადგენს მოსამსახურეთა განსაზღვრულ ჯგუფს, აწარმოებს მოლაპარაკებებს მეპატრონეებთან (სამუშაოს დამკვეთებთან) ხელფასის გაზრდასთან დაკავშირებით და გამოხატავს ამ ჯგუფის თითოეული წევრის ინტერესს. რამდენადაც პროფკავშირებში მონაწილეობა ნებაყოფილობითია, მაშინ რატომ აკეთებენ ინდივიდები არჩევანს, რომ შევიდნენ პროფკავშირებში და გადაიხადონ საწევრო გადასახადი? მათ ხომ იციან, რომ თუ მეპატრონეები, პროფკავშირებთან მოლაპარაკების შედეგად გასცემენ მომატებულ ხელფასს. ეს შეეხება ყველას, მიუხედავად იმისა არიან თუ არა ისინი პროფკავშირების წევრები. ერთი შეხედვით ჩანს, რომ, ამ შემთხვევასი, პროფკავშირებში გაწევრიანებისათვის მატერიალური დაინტერესება არ არსებობს. პირიქით, შეიძლება გვეფიქრა, რომ ეგოისტი ინდივიდის ერთადერთი რაციონალური არჩევანი უნდა მდგომარეობდეს free rider-ის სპეციფიკური როლის ათვისებაში., რომელიც გულისხმობს იმას, რომ არ გადაიხადოს პროფკავშირების წევრობის გადასახადი, თუმცა, მიიღოს მომატებული ხელფასი, რომელიც წარმოადგენს მისი თანამშრომლების (რომლებიც პროფკავშირების წევრები არიან) კოლექტიური ძალისხმევის შედეგს. მაგრამ, ისიც ცხადია, ომ თუ ყველა ინდივიდი ასეთ არჩევანს გააკეთებდა, მაშინ არც პროფკავშირები იარსებებდა და, შესაბამისად, არც მომატებული ხელფასი. როგორც ჩანსა, ხდებიან რა პროფკავშირების წევრები, ეს მოქმედებები მაინც უნდა აიხსნას ეგოისტური ინტერესების მქონე აქტორების არჩევანზე დაყრდნობით. თუმცა, ამ შემთხვევაში ეს ინტერესები (შესაბამისად, რაციონალური არჩევანი) თანაფარდობაშია სოციალური სისტემის მიერ შემოთავაზებულ სტიმულებთან. პრაქტიკაში ბევრი ადამიანი შედის პროფკავშირებში, რამდენადაც სავსებით შეგნებული აქვთ, თუ რა შედეგს მოიტანს პროფკავშირების დასუსტება მისი წევრების შემცირების გამო და, რომ, თავად მათი გრძელვადიანი ინტერესები მოითხოვს პროფკავშირებში გაწევრიანებას და მისი გავლენის შენარჩუნებას. მაშასადამე, ინდივიდები ახდენენ ჯგუფური ნორმების ინტერნალიზებას, რომელთა თანახმად, პროფკავშირების წევრობა მაღალ შეფასებას იმსახურებს. ამავე დროს, ინდივიდები აღწევენ ინდივიდუალურ უპირატესობებსაც, რამდენადაც წმინდა ობიექტური შედეგის გარდა (ხელფასისი მომატება), იმსახურებს სიმპატიას თანამშრომლების მხრიდან.      ეს მაგალითი მოწმობს, რომ როდესაც სოციოლოგიური ანალიზის ცენტრი ცალკეული ინდივიდუალური ქცევის ფენომენებიდან (მიკრო დონე) გადაინაცვლებს სოციალური ჯგუების და სისტემების გავლენაზე (მაკრო დონე), ამ შემთხვევაში საქმე გვაქვს ინდივიდუალური მოქმედებების მოდელირებასთან, რომელსაც საფუძვლად ისევ ოპტიმიზაციის იდეა და ეგოიზმი უდევს. ამასთან, შესაძლებელია ვილაპარაკოთ მაკრო-დონის შედარებით დამოუკიდებლობაზე ინდივიდებისაგან, იმ თვალსაზრისით, რომ სოციალური სისტემები არ იქმნება უბრალოდ ინდივიდუალურ აქტორთა მოქმედებების შეჯამების გზით. პირიქით, სოციალური სისტემები ფლობს ისეთ თვისებებს, რომლებსაც შეუძლია ინდვიდთა მოქმედებების შეზღუდვა და მათ უპირატესობებზე ზეგავლენის მოხდენა. ამრიგად, RAT-ის ფარგლებში ხდება მცდელობა იმისა, რომ გაერთიანდეს მაკრო დონეზე სოციოლოგიური ანალიზი მიკრო-დონეზე ანალიზთან და, აქედან გამომდინარე, გადაიჭრას დუალიზმი - მოღვაწეობა/სტრუქტურა.      საბოლოოდ, Goldthorpe (1998: 181) დაასკვნის, რომ გაცილებით მომგებიანია სიტუაციურ, ვიდრე პროცედურულ რაციონალობაზე ფოკუსირება, რამდენადაც სიტუაციური რაციონალობა უზრუნველყოფს ახსნას, რომელიც ღიაა კრიტიციზმის (ფაქტების და ლოგიკის საფუძველზე) მიმართ. ერთი მხრივ, მოქმედების სიტუაციების ანალიზი დამოკიდებული აქტორებთან დაკავშირებულ კომპონენტებზე (უნარებზე). მეორე მხრივ, აქტორებზე რაციონალობის მიწერა უნდა ჩაითვალოს როგორც პრაქტიკული სილოგიზმის დაგვირგვინება, რომელიც შეიძლება გამოკვლეულ იქნას მენტალური მდგომარეობების დადასტურების გარეშე. კრიტიკა იღებს მოქმედების მოცეული სიტუაციის აღწერას, მაგრამ ცდილობს აჩვენოს, რომ მასში ჩართულ აქტორებს შეუძლიათ რაციონალურად მოიქცნენ იმისაგან განსხვავებული გზით, რაც დაკვირვებასი მოიცემა. მაშასადამე, სიტუაცია არ არის მხოლოდ ერთადერთი მოცემულობა და, რომ, მოვლენების ახსნა არასრულია. უფრო რადიკალურად თუ ვიტყვით, პრაქტიკული სილოგიზმი ბევრი თვალსაზრისით ნაკლვანია, რამდენადაც სინამდვილეში არ არსებობს ადეკვატური ბაზა, რომელიც უზრუნველყოფდა დაკვირვებადი მოქმედების, როგორც რაციონალურის, გაგებას. ეს კი ახალი ანალიზის მოსინჯვის შესაძლებლობას იძლევა. 4. მოქმედების ზოგადი თუ სპეციალური (კერძო) თეორია?      RAT-ის ვერსიათა დიფერენცირების წინა ორი კრიტერიუმი ნაწილობრივ გადაიკვეთება მესამე კრიტერიუმის მიერ, რომელიც RAT-ის ვერსიებს განასხვავებს იმის მიხედვით, უზრუნველყოფენ ისინი მოქმედების ზოგად თუ სპეციალურ თეორიას. ეს საკითხი დაკავშირებულია შეზღუდვებთან, რაც რაციონალური არჩევანის პოზიციიდან მოქმედების ახსნასთან არის დაკავშირებული.      RAT-ის ახსნითი შესაძლებლობების ლიმიტირების ერთ-ერთ პირობას წარმოადგენს მცდელობა, რომელსაც მოქმედების ცნება დაყავს ქცევის კატეგორიაზე. ამ უკანასკნელის ქვეშ იგულისხმება ქმედება, რომელიც აიხსნება მხოლოდ "გარედან", ანუ, არ ხდება მისი შინაგანი რეფერენცია ფსიქოლოგიური (ან ბიოლოგიური) თვალსაზრისით[5]. სხვა შემთხვევაში, RAT-ის ვერსიებს შორის განსხვავება მჟღავნდება იმასთან დაკავშირებით, თუ რამდენად ხდება მათ მიერ, რაციონალობის საფუძველზე, მოქმედების ტიპების ახსნის ლიმიტირება. J.H. Goldthorpe (1988: 175) ისევ იწყებს RAT-ის ეკონომიკური ვერსიებით.      ეკონომიკის მეცნიერების ისტორიიდან შეიძლება ბევრი მაგალითის მოყვანა, როდესაც RAT-ის ფუნქცია განისაზღვრება მოქმედების გარკვეული სფეროების დახასიათებით ორი - მოტივაციის და/ან ინსტიტუციური კონტექსტის - თვალსაზრისით. აქედან გამომდინარე, მოითხოვება, რომ ეკონომიკური ანალიზი შეეხოს, ერთი მხრივ, მოქმედებებს, რომლებიც მიმართულია სიმდიდრის მოპოვებაზე, მატერიალური საჭიროებების და სურვილების დაკმაყოფილებაზე, ხოლო, მეორე მხრივ, მოქმედებებს, რომლებიც სრულდება ფულზე და ბაზარზე დამყარებულ ინსტიტუციურ გაცვლით სისტემებში. ყველა ამ დონეზე ეკონომიკა განიხილება როგორც დამოუკიდებელი მეცნიერება, ხოლო RAT როგორც სპეციალური თეორია.      ამისაგან განსხვავებით, ზოგიერთი მოაზროვნე (L. Robbins, 1932/1949: chapter 1) გაცილებით შორს მიდის, აცხადებს რა, რომ ეკონომიკური ანალიზი არ უნდა შემოიფარგლოს მხოლოდ "კლასიფიკატორული" ძიებებით და მოქმედების კერძო სფეროებით, არამედ, საზოგადოდ, მოქმედებისთვის დამახასიათებელი ასპექტებით. მათი აზრით, ეს ანალიზი გამოიყენება ყოველთვის, როდესაც საკითხი დგება მიზნების და საშუალებების ურთიერთობის შესახებ, უფრო ზუსტად, იმ საშუალებების მოწესრიგების შესახებ, რომელთაც აქვთ "ალტერნატიული ღირებულება", კონკურენტული მიზნების დასაკმაყოფილებლად. სხვა სიტყვებით რომ ითქვას, RAT-ის ეს ეკონომიკური ვერსია ცდილობს იყოს მოქმედების რელევანტური თეორია ყველა გარემოებაში, რომელშიც მსგავსი "ეკონომიზაცია" არსებობს. მას არა აქვს არანაირი შეზღუდვა იმ მოქმედებების მიმართ, რომლებიც სრულდება კონვენციის საფუძველზე ჩამოყალიბებულ ეკონომიკურ ინსტიტუტებში ან ურთიერთობებში.      ეს ტენდენცია, რომელიც ცხადად ავლენს მისწრაფებას "ეკონომიკური იმპერიალიზმისაკენ", თავის კულმინაციას G. Becker-ის (1976) ნააზრევში აღწევს. ბეკერის მიხედვით, RAT როგორც უტილიტარული თეორია, უფლებამოსილია წარმოადგენდეს სოციალური მოქმედების ზოგად თეორიას, რომელიც მოწოდებულია ახსნას ქცევის ისეთი მოდელები, როგორიცაა, მაგალითად, დანაშაული, ეკლესიაში სიარული, ან თვითმკვლელობა. ამ შემთხვევაში ყველა სოციალური მოქმედება შეიძლება და უნდა განიხილებოდეს ინდივიდთა პოზიციიდან (თვალთახედვიდან). ეს ხელს შეუწყობს უპირატესობათა სტაბილური ქსელის შექმნას, აგრეთვე, სიტუაციების (რომლებშიც ინდივიდები ჩართულნი არიან) შესახებ ოპტიმალური ინფორმაციის დაგროვებას. ყველაფერი ამის საფუძველზე კი გაიზრდება ინდივიდთა მიერ სარგებლობის მიღების შესაძლებლობა. ბეკერის მიხედვით, იმ შემთხვევაში, როდესაც მოქმედება გადაიხრება უტილიტარული თეორიის მოლოდინებისაგან, არ არის ნაყოფიერი დასახმარებლად მივმართოთ ახსნას, რომელიც დაეფუძნება ირაციონალობის, კულტურული ტრადიციის, ღირებულებითი ვალდებულების, ღირებულებების გადაფასების და ა.შ. თვალსაზრისებს. ასეთი ახსნა (რომელიც რაციონალური მოქმედების თეორიის საპირისპიროა) მოკლებულია კოჰერენტულ ბაზისს და უპასუხოდ ტოვებს კითხვას, თუ რატომ არის, რომ ადამიანის მოქმედება ზოგჯერ რაციონალური უნდა იყოს, ხოლო ზოგჯერ - არა. ამდენად, იქ, სადაც მსგავსი დევიაციები ჩნდება, საუკეთესო სტრატეგიას წარმოადგენს სიტუაციის ხელახალი ანალიზი, იმის აღიარებით, რომ მისი ზოგიერთი ასპექტი გაუგებარი დარჩა.      RAT-ის სხვა ვერსიები, აგრეთვე, ცდილობენ ეკონომიკური მიდგომის გენერალიზებას (განზოგადებას), თუმცა, ნაკლებად "იმპერიალისტური" გზით, რამდენადაც განიცდიან ბიჰევიორისტული ეკონომიკის (Simon) დიდ გავლენას. ამ თვალსაზრისით, ყველაზე საინტერესოა პოპერი და მისი მიმდევრები, რომლებიც, გარკვეული მოდიფიკაციით, ბეკერის გზას აგრძელებენ. კერძოდ, პოპერი, სიტუაციური ლოგიკის ანალიზის საფუძველზე (რომელიც ეხმიანება ყველა სოციალურ მეცნიერებას, და ჰუმანიტარულსაც, რამდენადაც ჩართულია მოქმედების ახსნაში), ამტკიცებს, რომ მისი მიზანია უტილიტარული თეორიის გენერალიზება (K. R. Popper, 1976: 117-8). პოპერის თანახმად, ჰერმენევტიკული ტრადიციიდან მომდინარე რაციონალობის კონცეფციის სისუსტე ან "სიცარიელე" (რამაც, ამ ტრადიციის ფარგლებში, რაციონალობა "ტოლერანტობის პრინციპით" ჩაანაცვლა) შეიძლება გადაილახოს, რამდენადაც შესაძლებელია დაკვირვებადი მოქმედების, როგორც რაციონალურის, რეკონსტრუირება გარკვეულ სიტუაციებში. ეს უზრუნველყოფს მოქმედების გაგებას უფრო მეტად, ვიდრე ამას წმინდა გარეგანი ახსნა შეძლებდა (თუმცა, ამავე დროს, იგი მიმართავს ტექსტუალური კვლევის და ისტორიოგრაფიის ჰერმენევტიკული ტრადიციის საფუძვლებს (K. R. Popper, 1972: თავი 4), რომელსაც პოპერი მიყავს მოქმედების ისეთ შინაარსთან, რომელიც ძნელია გაგებულ იქნას, როგორც რაციონალური).      როგორც Goldthorpe (1988: 177) დაასკვნის, მიუხედავად ამ ავტორების შესაშური მცდელობისა დაასაბუთონ, რომ RAT უზრუნველყოფს ბევრი ისეთი სოციალური ფენომენის (მაგალითად, მისნობა, იდეოლოგია, პანიკა, ბრბოს ძალმომრეობა, რევოლუციები, ან მთელი რიგი ნორმატიული სტრუქტურები) გამოანგარიშებას (გათვლას), რომლებიც არ ამჟღავნებენ რაციონალობას უშუალოდ მოქმედების პროცესში - ეს მოაზროვნეები, საბოლოოდ, რწმუნდებიან, რომ RAT სხვა არაფერი შეიძლება იყოს, თუ არა სპეციალური თეორია. ბეკერის და პოპერის მიმდევართა ყოველი მცდელობა, რომ აღმოაჩინონ რაიმე გზა აღნიშნული მოქმედებების რაციონალობის გადასარჩენად, ისევ და ისევ იმას ამტკიცებს, რომ RAT უნდა განიხილებოდეს არა როგორც ის, რაც თავის თავს აკონსტრუირებს, როგორც მოქმედების ზოგადი თეორია, არამედ როგორც სპეციალური თეორია და გენერალიზება შეიძლება სწორედ ასეთი თეორიის ფარგლებში განხორციელდეს.      Goldthorpe-ის (1998: 183-4) თანახმად, თუ გავიზიარებთ მოსაზრებას, რომ RAT უნდა შეეხოს იმ მოქმედებას, რომელიც გამოკვლეულ იქნება როგორც სუბიექტურად რაციონალური, თუმცა, იმის აღიარებით, რომ ფოკუსირება მოხდეს მოქმედების სიტუაციურ გაგებაზე - აქედან გამომდინარეობს, რომ RAT-ის ეს ვერსია ჩაითვლება მოქმედების სპეციალურ თეორიად. სხვა ავტორებიც (A. Carling, 1986) აღნიშნავენ, რაციონალური არჩევანის თეორია არის კერძო და არა ზოგადი თეორია, რამდენადაც ეხება მოქმედებებს, რომელთაც ადგილი აქვთ მოცემულ კონტექსტში და მოცემული უპირატესობების შესაბამისად.      RAT-ის მიჩნევას მოქმედების სპეციალურ თეორიად უკავშირდება ერთი მნიშვნელოვანი გამოწვევა, რომელიც ამ პოზიციის საწინააღმდეგოდ ამოიზრდება და რომლის გათვალისწინებაც აუცილებელია. როგორც აღინიშნა, RAT-ის ინტერპრეტაცია სპეციალურ თეორიად თავიდან იცილებს საპირისპირო ვერსიასთან დაკავშირებულ წინააღმდეგობებს. ზოგადი თეორიის მომხრეები, რომლებიც ეყრდნობიან გენერალიზების იდეას, ვერ გაურბიან ტავტოლოგიებს ანდა ნდობას უცხადებენ საეჭვო "ნარჩენ კატეგორიებს". მაგრამ, მეორე მხრივ, თუ RAT განიხილება, როგორც მხოლოდ სპეციალური თეორია, მაშინ სერიოზული ზეწოლას ახდენს კითხვა იმის შესახებ, თუ რატომ უნდა "იყოფოდეს" მოქმედება ისე, რომ ზოგჯერ განიხილებოდეს როგორც რაციონალური, ხოლო ზოგჯერ - არარაციონალური?      ყველაზე საიმედო სტრატეგიას საკითხის გადასაჭრელად Goldthorpe ხედავს იმაში, რომ RAT-ის მომხრეებმა თავი შეიკავონ არარაციონალური მოქმედების სახეებისადმი ად ჰოს მიმართვისაგან, განავითარონ რა მათი თეორიის შესაძლებლობები უპირატესად იმის ასახსნელად, თუ რა პირობებს უნდა აკმაყოფილებდეს არარაციონალური მოქმედება, რათა მან სოციოლოგიისათვის მნიშვნელობა შეიძინოს.      ფუნდამენტური გამოსავალი, რომელიც ამ შემთხვევაში შემოითავაზება, ისაა, რომ მოქმედებამ, რომელიც იღებს ვალდებულებას არარაციონალური, "იმანენტური” ღირებულებების წინაშე, უნდა გადაკვეთოს რაციონალური მოქმედების მოდელები (ნიმუშები). ამ შემთხვევაში იმანენტური ღირებულებები არ არიან არც უნივერსალურები და არც - იდიოსინკრეტულნი, არამედ, კანონზომიერად ნაწილდებიან ადამიანებს შორის - ვთქვათ, სტატუსთან, ეროვნებასთნ ან სქესთან მიმართებაში. ამდენად, კვლევა უნდა ფოკუსირდეს მოქმედების პროცესებზე, რომლებიც, ღიაა ინტერპრეტაციისათვის რაციონალობის პოზიციიდან და რომელთა გავლითაც ჰეტეროგენული ღირებულებები ნაწილდება და ინსტიტუციონალიზდება ნორმატიულ სტრუქტურებში. თუ დავუკვირდებით, ის, რასაც ამ შემთხვევაში "ღირებულებითი ვალდებულებების" ჩარევა წარმოადგენს რაციონალურ მოქმედებაში, უეჭველ პარალელს ნახულობს იმასთან, რასაც ბუდონი იკვლევს, როგორც სუბიექტურად რაციონალური მოქმედების "გადახრას" ობიექტური სტანდარტებიდან.      კიდევ უფრო მეტად, აღნიშნული გზა უახლოვდება მაქს ვებერის თვალსაზრისს "იდეალური ტიპების" შესახებ. მართლაც, რაციონალური მოქმედებისათვის პრივილეგიის მინიჭებით და მათ საფუძველზე, RAT გზას ხსნის მოქმედების არარაციონალური მოტივაციების ასახსნელად: როდესაც აღმოვაჩენთ, რომ რეალობა განსხვავებულია იმისაგან, რაც მოსალოდნელი იქნებოდა იმ შემთხვევაში, ინდივიდებს რომ რაციონალურად ემოქმედათ, შესაძლებელია დავაფიქსიროთ რეალური ქცევის, სულ ცოტა, არარაციონალური ასპექტები. ასეთ მეთოდს RAT არარაციონალური მოქმედების ახსნისათვის ყველაზე ეფექტურად მიიჩნევს (ეს საკითხი ქვემოთ კიდევ იქნება განხილული). 5. RAT - მოქმედების პრივილეგირებული თეორია?!      სამი კრიტერიუმის საფუძველზე RAT-ის განსხვავებული ვერსიების დახასიათებისა და სოციოლოგიისათვის მათი რელევანტურობის განსაზღვრის შემდეგ, Gოლდტჰორპე ცდილობს აჩვენოს RAT-ის პრივილეგირებულობა სხვა თეორიებთან შედარებით. იგი აკეთებს ზოგადი ხასიათის შენიშვნას, რომლის თანახმადაც (J. Goldthorpe, 1998: 177) სოციოლოგიისათვის რელევანტური უნდა იყოს RAT-ის ის მოდელი, რომელსაც ექნება გამოკვეთილი ახსნითი ფუნქცია იმ მოქმედებების მიმართ, რომლებიც, მიკრო და მაკრო კავშირების მეშვეობით, სოციალურ რეგულაციებს (წესებს) ქმნის. ამასთან, ეს მოდელი უზრუნველყოფილი იქნება დამცავი მექანიზმებით მაშინ, როდესაც აღნიშნული ფუნქციის შესრულება ფერხდება.      რაში მდგომარეობს RAT-ის პრივილეგირებული ხასიათი?      Goldthorpe მიიჩნევს, რომ RAT წარმოადგენს არა ერთ-ერთ თეორიას სხვა თეორიათა შორის, არამედ თეორიას, რომლისგანაც უნდა დაიწყოს სოციალური მოქმედების ახსნის ყოველი მცდელობა. RAT-ის მხარდამჭერები (ნებისმიერი ვერსიის ფარგლებში), აშკარად თუ ფარულად, იზიარებენ ამ მოსაზრებას (თუმცა, რასაკვირველია, განსხვავებული ინტერპრეტაციით). ამ საერთო პოზიციიდან ისინი მკვეთრად უპირისპირდებიან მოქმედების სხვა თეორიების წარმომადგენლებს, რომლებიც (მეტ-ნაკლებად) საწინააღმდეგო პოზიციებზე დგანან - მაგალითად, მიიჩნევენ, რომ ახსნითი ძალისხმევა პირველ რიგში უნდა ფოკუსირდეს არარაციონალურ მოქმედებაზე, რომელსაც ხელმძღვანელობს ღირებულებები ანდა ნაკარნახევია ემოციებით.      Goldthorpe (1998: 185) ცდილობს ჩამოაყალიბოს RAT-ის როგორც მოქმედების პრივილეგირებული თეორიის დამადასტურებელი სამი, ერთმანეთისაგან განსხვავებული, თუმცა, ურთიერთდაკავშირებული, თვალსაზრისი. ისინი, ამავე დროს, წარმოადგენს გამოხმაურება იმ დებატებზე, თუ როგორ უნდა მოხდეს RAT-ის მიერ არარაციონალური მოქმედების გათვალისწინება:      პირველი, RAT აღიარებს რაციონალური მოქმედების უალტერნატივო პრიმატს. უნდა ჩაითვალოს, რომ რაციონალური მოქმედების იდეა წარმოადგენს პრიორიტეტულს არა მხოლოდ ირაციონალური, არამედ, აგრეთვე, არარაციონალური მოქმედების მიმართ. რაციონლური მოქმედება წარმოადგენს მოქმედებას, რომელშიც გარკვეული მოთხოვნები თანხვდება აქტიორთა მიზნებთან, მათ შეხედულებებთან და მოქმედების კურსთან, აგრეთვე, მათ შორის ურთიერთობასთან დაკავშირებით. რაციონალობის კონცეფციის სიძლიერე ან სისუსტე განისაზღვრება იმის მიხედვით, რამდენად ხდება დაკვეთა ამ მოთხოვნებზე. სხვანაირად რომ ითქვას, საჭიროა არსებობდეს რაციონალობის იდეა, რომლის საფუძველზე იქმნება მოქმედების ეტალონების ჯგუფი და მხოლოდ მათთან მიმართებაში ხდება შესაძლებელი არარაციონალური მოქმედებების ინტერპრეტაცია. ეს ნიშნავს, რომ ამ უკანასკნელთ მნიშვნელობა მხოლოდ რაციონალობის ფონზე ენიჭება. Goldthorpe-ის აზრით, სხვა გზის მონახვა არარაციონალური მოქმედებების ასასხსნელად რთულია და, ამდენად, მოქმედების სხვა თეორიებმა კონცეპტუალური საფუძველი სწორედ RAT-იდან უნდა აიღონ.      მეორე, RAT-ის კონცეპტუალური უპირატესობა შეიძლება განვიხილოთ როგორც ჰერმენევტიკული ხასიათის პრივილეგია. ეს ნიშნავს, რომ სოციალური მეცნიერების წარმომადგენლები, ზოგადად, აქტიორები უკეთესად გაიგებენ სხვათა მოქმედებებს, თუ შეძლებენ მათ კონსტრუირებას რაციონალურ მოქმედებებად. სხვაგვარად თუ ვიტყვით (M. Hollis, 1987: 6-9), რაციონალობის კატეგორიის მეშვეობით (უფრო მეტად, ვიდრე, "მნიშვნელობის" რამდენადმე ბუნდოვანი კატეგორიის მოხმობით) არის შესაძლებელი "სხვა გონებასთან" და "სხვა კულტურასთან" ეფექტური მიახლოება. მხოლოდ რაციონალობა იძლევა საშუალებას განხორციელდეს სოციალური ცხოვრების ადექვატური ინტერპრეტაცია. ამდენად, Goldthorpe-ის აზრით, ნებისმიერი Versthende სოციოლოგიამ საიმედო თავშესაფარი RAT-ის ფარგლებში უნდა ჰპოვოს, განსაკუთრებით, იმ ვერსიაში, რომელიც ორიენტირდება ერთი მხრივ, უფრო სუბიექტურ, ვიდრე ობიექტურ რაციონალობაზე, ხოლო, მეორე მხრივ, უფრო სიტუაციურ, ვიდრე პროცედურულ რაციონალობაზე. იქ, სადაც დაკვირვებადი სოციალური რეგულაციები (წესები) ძირითად როლს თამაშობს და აქტიორები მათზე დაყრდნობით ახორციელებენ საკუთარ მიზნებს კერძო სიტუაციებში, ასეთი მოქმედება და ინტერაქცია მთელი თავისი მნიშვნელობით გასაგებია, განსხვავებით იმ შემთხვევებისაგან, როდესაც აუცილებელი ხდება ტრადიციისადმი მიმართვა ინდივიდთა არარეფლექსური კონფორმულობის, ანდა ღირებულებითი ვალდებულებების გამო. ამ უკანასკნელ შემთხვევებში თავს იჩენს პრობლემები ინტერპრეტაციულ გაგებასთან დაკავშირებით.      მესამე, RAT-ის კონცეპტუალური პრივილეგია შეიძლება დაუკავშირდეს პრეტენზიას ახსნითი პრივილეგიის შესახებ, რაც ნიშნავს Erklaren (ახსნა) და Verstehen (გაგება) შორის კავშირს. ამ კავშირს ასე ახასიათებენ (J. S. Coleman, 1986: 1): "რაციონალური მოქმედება არის მისივე თავის ახსნა", რამდენადაც რაციონალურ მოქმედებას აქვს "უნიკალური მიმზიდველობა", იგი ყველაზე მეტად გასაგებია, მის შესახებ სხვა შეკითხვის დასმა საჭირო არ არის. RAT წარუმატებლობას განიცდის მაშინ, როდესაც არ არსებობს რაიმე გზა ირაციონალური ანდა არარაციონალური მოქმედებების პრევალენტურობის თავიდან ასაცილებლად. მაშასადამე, როდესაც "შავი ყუთები" დარჩენილია და ახსნითი ძალისხმევა არასაკმარისად არის ჩატარებული.      RAT-ის პრივილეგირებულობის ინდიკატორების დახასიათების შემდეგ, Goldthorpe (1998: 186-7) ახდენს ერთგვარი რეზიუმეს ფორმულირებას, რომელიც, ფაქტობრივად, წარმოადგენს აღნიშნული თეორიის ძირითადი თავისებურებების მანიფესტაციას და გამოდგება RAT-ის უახლესი ინტერპრეტაციის ნიმუშად:      სოციოლოგები უნდა დაკავდნენ RAT-ის იმ ვერსიით, რომელიც: ა) ფლობს შუალედური (intermediate) სიძლიერის მოთხოვნებს რაციონალობაზე; ბ) აქვს უპირატესად სიტუაციური აქცენტი გ) მიზნად ისახავს, იყოს სპეციალური თეორია, თუმცა - პრივილეგირებული ხასიათის.      რაციონალობის სუბიექტური კონცეფციიდან (რომელიც RAT-ის საფუძველს უნდა წარმოადგენდეს) გამომდინარე, საჭიროა განხორციელდეს სერიოზული ძალისხმევა, რათა ეს კონცეფცია შეივსოს ორი მიმართულებით:      ჯერ ერთი, საჭიროა იმ პირობების გაანალიზება, რომელთა გავლენითაც აქტიორები იწყებენ სისტემატურ (და არა იდიოსინკრეტულ) მოქმედებას იმ გზაზე, რომელიც, მათი აზრით, რაციონალურია. ეს გზა, შესაძლოა, გადახრილი აღმოჩნდეს მოქმედების იმ კურსისაგან, რომელიც ობიექტურ რაციონალობას შეესაბამება.      მეორე, საჭიროა შემოღებულ იქნას კრიტერიუმი, რომელზე დაყრდნობითაც ერთმანეთისაგან გამოიყოფა მოქმედება, რომელიც ღიაა სუბიექტური რაციონალობის პოზიციიდან გასაგებად და მოქმედება, რომელიც ასეთ ღიაობას არ ამჟღავნებს - ე.ი. არარაციონალური მოქმედება. ამდენად, უნდა გაანალიზდეს ის პირობები, რომელთა დროსაც სისტემატური ხასიათის არარაციონალური მოქმედების გაჩენა ყველაზე მეტად არის მოსალოდნელი. აღნიშნული მიმართულებით პროგრესი მოითხოვს, რომ სოციოლოგებმა ახსნითი ძალების კონცენტრაცია მოახდინონ მოქმედების სიტუაციაზე, ვიდრე მოქმედი ინდივიდების ფსიქოლოგიაზე. სოციოლოგების მიზანს უნდა წარმოადგენდეს იმის ჩვენება, თუ როგორ ანგრევენ სიტუაციის სოციალურ-სტრუქტურული და პროცესუალური მახასიათებლები ობიექტურ რაციონალობას და წარმართავენ სუბიექტურად რაციონალურ მოქმედებას, რომელიც გადაიკვეთება სრულიად განსხვავებული მოტივების და მნიშვნელობების მქონე მოქმედებების მიერ.      ასეთი გავრცობილი საზღვრების მიუხედავად, RAT უნდა დარჩეს მოქმედების სპეციალურ თეორიად. მისი წარმომადგენლები უნდა შეეგუონ ამ თეორიის ლიმიტირებულ ხასიათს. ეს ნიშნავს, რომ სოციალურმა რეგულაციებმა მხოლოდ იმ ზომით უნდა მიიღონ მხედველობაში კულტურული ტრადიციები, ღირებულებები და ნორმები, რამდენადაც ეს შესაძლებელია რაციონალური მოქმედების გათვალისწინებით. მხოლოდ ასეთი რედუქციონიზმი უზრუნველყოფს RAT-ის ჰერმენევტიკულ და ახსნით უპირატესობებს. თუმცა, ამავე დროს, ეს ანალიტიკური პროცესი ყოველთვის საჭიროებს ემპირიულ დადასტურებას. 6. კრიტიკა: RAT-ის რედუქციონიზმი      RAT-ს სხვადასხვა თვალსაზრისით აკრიტიკებენ:      ა) ამ თეორიას ბრალს დებენ "რეალობისაგან გაქცევაში", ანდა რეალობის რედუცირებაში ერთ განმსაზღვრელ - რაციონალური არჩევანის - პრინციპზე. როგორც კრიტიკოსები (I. Craib, 1992: 76) მიუთითებენ, RAT შორდება იმას, რაც დაკავშირებულია რეალობის გაგებასთან. საქმე ისაა, რომ მოქმედების ინტერპრეტაცია როგორც რაციონალური არჩევანის (გადაწყვეტილების) შედეგისა, არ ამოწურავს ამ მოქმედების შინაარსს. მაგალითად, სავსებით შესაძლებელია, ოჯახში გადაწყვეტილების მიღების პროცესის, როგორც რაციონალური არჩევანის, მოდელი წარმატებით მუშაობდეს იმ შემთხვევებში, როდესაც საჭიროა აიხსნას, თუ რატომ ახდენენ ქალები საოჯახო საქმეებზე, ხოლო მამაკაცები - ოჯახის გარეთ ანაზღაურებად სამუშაოზე კონცენტრირებას. თუმცა, შესაძლოა, აღნიშნული მოდელია სინამდვილეში არაფერს ამბობდეს რეალურ აქტიორთა რეალური მოტივების შესახებ. მაგალითად, ის ფაქტი, რომ მამაკაცი მუშაობს, ხოლო მისი მეუღლე სახლში რჩება, ეს შეიძლება იყოს რაციონალური არჩევანის შედეგი, მაგრამ ისიც სრულიად შესაძლებელია, რომ პრაქტიკაში ცოლს შეიძლება სურდეს მუშაობა, მაგრამ ქმარი უკრძალავდეს მას ამის გაკეთებას, ისევე როგორც, ცოლს, შემოსავლის გაუმჯობესების პერსპექტივის მიუხედავად, შეიძლება არც სურდეს ოჯახის გარეთ მუშაობა. სხვა შემთხვევაში, მამაკაცს შეიძლება ურჩევნია ცხოვრების დაბალი დონის პირობებში სახლში დარჩეს და ბავშვებს მიხედოს, მაგრამ ცოლმა აიძულოს იგი ოჯახის გარეთ მუშაობისათვის და ა.შ. ყველა შემთხვევაში გადაწყვეტილების მიღების პროცესი თავსებადია რაციონალურ შედეგთან, თუმცა, მოტივაციები სრულიად განსხვავებულია.      მაშასადამე, რაციონალური არჩევანის მოდელი წარმოადგენს იმის რაციონალიზაციას, რაც ხდება და იმისაც, რაც შეიძლებოდა მომხდარიყო, ინდივიდთა რეალური მოტივაციებისაგან დამოუკიდებლად. ამ თეორიის მომხრეები (P. Abell, 1991: ხი) მათ მიერვე დასმულ შეკითხვაზე - "შესაძლებელია თუ არა ყოველთვის, post hoc, მოიძებნოს რაიმე მოტივი/უპირატესობა, რომელიც გარემოების შესაფერისი იქნება?" - ისინი პასუხობენ, რომ ეს შესაძლებელია, თუმცა, დაკავშირებულია გარკვეულ სიძნელეებთან, განსაკუთრებით იმ შემთხვევებისათვის, როდესაც აქცენტი დასმულია არა ინდივიდუალურ მოქმედებებზე, არამედ ინდივიდთა ურთიერთდამოკიდებულებებზე. ამრიგად, მოითხოვება, რომ რაციონალური არჩევანის მოდელები წარმოადგენდეს კვლევის საფუძველს, მიუხედავად იმისა, შეესაბამება თუ არა მათი წინასწარმტყველება ან ახსნა იმას, რაც სინამდვილეში ხდება. ეს კიდევ ერთხელ მიგვითითებს იდეალური ტიპების შესახებ თეორიასთან ანალოგიაზე.      ბ) კრიტიკა მიმართულია, აგრეთვე, RAT-ის შეზღუდულობაზე, იმ თვალსაზრისით, რომ იგი არის "სპეციალური" თეორია, რომელიც მოქმედებას ეხება მხოლოდ მოცემულ ვითარებებში, უპირატესობათა მოცემული ჩამონათვალის პირობებში. ეს თეორია შესაძლებელს ხდის აიხსნას, თუ როგორ ხდება მოქმედება გარემოებათა ერთი კონკრეტული ქსელის საზღვრებში, როდესაც ეს ქსელი გამოვლინდება სხვისგან დამოუკიდებლად, როგორც კერძო (ემპირიული) სიტუაცია. თუ ადამიანის მთელ ისტორიას ინდივიდთა მიერ განსხვავბულ ურთიერთობებში გაკეთებული რაციონალური არჩევანის თვალსაზრისით გადმოვცემთ, ეს სხვა არაფერი იქნება, თუ არა გარემოებათა მოცემული ქსელების, ანუ სიტუაციების, შეჯამება.      გ) მკვლევარები (I. Craib, 1992: 77; B. Hindess, 1988: 39) მიუთითებენ, რომ RAT-ის მიჯაჭვულობა სიტუაციაზე ("სიტუაციური" ხასიათი) ამ თეორიას სტრუქტურული დეტერმინიზმის ფორმაში აქცევს. სტრუქტურული დეტერმინიზმი ამ შემთხვევაში მჟღავნდება სიტუაციის მიმართ დაქვემდებარებაში. ეს სუბორდინაცია შეიძლება განხორციელდეს ორი გზით (ორივე შემთხვევაში აქტიორები არიან მათი სიტუაციების შემოქმედნი და მოქმედებენ სიტუაციების შესაბამისად): ერთ შემთხვევაში აქტიორები მიყვებიან მოქმედების, მათი აზრით, ყველაზე უფრო რაციონალურ კურსს, რომელიც მოცემულია კერძო სიტუაციაში და რომელშიც ისინი საკუთარ თავს პოულობენ; მეორე შემთხვევაში, ინდივიდები ახდენენ გარკვეული ნორმების ინტერნალიზებას და მოქმედებენ მათი მიხედვით. ეს ის შემთხვევაა, როდესაც რაციონალური არჩევანის ჩარჩოებში ხდება ინტერაქციის განმეორებად ნიმუშებში ჩართული ნორმების გამომჟღავნება და მხედველობაში მიიღება მათი "მუდმივობა". მექანიზმები, რომელთა მიხედვითაც ინდივიდები სუბორდინაციულ მიმართებაში იმყოფებიან სიტუაციების მიმართ, შეიძლება განსხვავდებოდეს ორივე სიტუაციაში, მაგრამ საერთო შედეგები იგივე რჩება.      ეს არის გზა, რომელიც გაიარა პარსონსმა: მან დაიწყო ინდივიდუალური მოქმედებით და შემდეგ გადავიდა სისტემების განვითარებაზე, შესაბამისად, სტრუქტურულ დეტერმინიზმზე. სოციოლოგების (ადამ სმიტიდან მოყოლებული) ტრადიციულ "ცდუნებას", რომ კერძო ინტერესების მქონე ინდივიდები, ამასთანავე, უნდა განიცდიდნენ სოციალურ წესრიგთან (როგორც მთლიანთან) გარკვეული კავშირის გავლენას, ვერც RAT გაექცა. როგორც ზემოთქმულიდან აშკარავდება, ამ თეორიის ფარგლებში მჟღავნდება prima case შემთხვევა სტრუქტურული დეტერმინიზმის ფორმის არსებობისათვის: ინდივიდებს უჭირავთ პოზიციები სიტუაციაში და მოქმედების განსაზღვრული კურსი (მსვლელობა) მიყვება ამ პოზიციით განსაზღვრულ სოციალურ რეგულაციებს (ანუ, თუ პარსონსის თეორიას მოვიხმართ, "სოციალურ როლებს") - ესაა მოქმედებები, რომელთაც რაციონალურს ვუწოდებთ. თუმცა, რაციონალური შედეგი შეიძლება ახლდეს ნებისმიერ (თუნდაც, არარაციონალურ) მოტივაციას.      დ) Hindess (1988: 48-9) ამტკიცებს, რომ შეცდომას წარმოადგენს იმის მიჩნევა (როგორც ამას RAT აკეთებს), თითქოს სოციალურ სამყაროში მხოლოდ ინდივიდები წარმოადგენენ აქტიორებს. არსებობენ სხვა "სოციალური აქტიორებიც": ბიზნეს-ფირმები, პოლიტიკური პარტიები, ხელისუფლების (მმართველობის) ორგანოები, რომელთა საქმე და მიზნები არ დაიყვანება მათი შემქმნელი ინდივიდების ურთიერთობებსა და მიზნებამდე. ამგვარ "სოციალურ აქტიორთა" შიგნით ინდივიდთა ორგანიზაცია უნდა ვიკვლიოთ, როგორც მათივე მოქმედების პირობების ნაწილი. ეს იმაზე მიუთითებს, რომ თუნდაც RAT-ის ფარგლებში შეიძლება შევეხოთ უფრო მეტს, ვიდრე ინდივიდებია - სოციალურ სტრუქტურებს და ორგანიზაციებს.      ე) Hindess აყალიბებს კიდევ სხვა არგუმენტს: ვარაუდი იმის შესახებ, რომ აქტიორთა მსჯელობის (აზროვნების) ხერხი არის მხოლოდ რაციონალური, გვართმევს შესაძლებლობას, რომ თვალი მივადევნოთ მსჯელობის (აზროვნების) ტექნიკას, რომელსაც ისინი იყენებენ. ეს კრიტიკა ეხება არა მხოლოდ RAT-ს, არამედ ინდივიდუალური "პორტფელის" (portfolio) ყველა სახეს: ისინი მოქმედებას იკვლევენ, როგორც ინდივიდუალურ შეხედულებათა და სურვილთა პორტფელის (კოლექციის) პროდუქტს, რომელსაც აქტიორი "დაატარებს" ერთი სიტუაციიდან მეორეში. აქტიორები ახარისხებენ მათი, სიტუაციების მიმართ რელევანტური, შეხედულებების და სურვილების პოტფელებს, რომლებსაც იყენებენ მოქმედების შესაძლო კურსების იდენტიფიკაციისათვის და მათ შორის არჩევანის გასაკეთებლად. ამ მოდელში, აქტიორის პორტფელის შინაარსი შეიძლება შეიცვალოს დროის მონაკვეთში, მაგრამ ყოველ მოცემულ მომენტში ისინი შედარებით სტაბილურად მიიჩნევა.      კრიტიკა ეხება სწორედ იმას, რომ ბევრ სფეროში გადაწყვეტილების მიღებისას, ინდივიდები იყენებენ მსჯელობის (აზროვნების) სპეციალურ ხერხებს, რომელთაც ძალიან ცოტა, ან არავითარი შეხება არა აქვთ პერსონალურ სურვილებთან ან შეხედულებებთან. მაგალითად, გამოცდილი ბუხჰალტერი ანგარიშებს ამოწმებს იმ პროცედურათა ქსელის შესაბამისად, რომელიც დამოუკიდებელია მისი ინდივიდუალური სურვილებისაგან (გარდა, ალბათ, ყველაზე აბსტრაქტული სურვილისა, რომ გამოიმუშაოს თავისი სარჩენი ფული და იმის რწმენისა, რომ ეს პროცედურები შეცდომებისაგან დაიცავს). ის, რაც ერევა, ერთი მხრივ, აქტიორის სურვილს/შეხედულებას და, მეორე მხრივ, მოქმედებას შორის, არის რაციონალობა. ეს არის ჩარევა კონტინუუმის ორ ბოლოს შორის, რომელიც ახდენს რაციონალური და არარაციონალური მოქმედებების განსხვავებას. ამ არგუმენტის მნიშვნელობა ისაა, რომ თუ მხედველობაში მივიღებთ მსჯელობის (აზროვნების) ტექნიკას, შეგვიძლია განვსაზღვროთ, რა არის რაციონალური ან არარაციონალური. ის, რაც შეიძლება რაციონალური იყოს აზროვნების ერთი ხერხისათვის, შეიძლება არ იყოს რაციონალური მეორისათვის.      სხვანაირად ეს არგუმენტი ასე შეიძლება გამოითქვას (I. Craib, 1992: 79): RAT თავს არიდებს ეთნოგრაფიულ დეტალებს, რომლებიც საშუალებას გვაძლევს გავიგოთ, რას ფიქრობენ ადამიანები, როგორ აღიქვამენ და, ფაქტობრივად, ახდენენ იმ სამყაროს კონსტრუირებას, რომელშიც ცხოვრობენ. ეს სამყარო შეიცავს გზას (მეთოდს, ტექნიკას), რომლის მეშვეობითაც ისინი აგებენ თავიანთ შეხედულებას სამყაროს შესახებ, ინფორმაციას, რომელზედაც მათი გადაწყვეტილებებია დაფუძნებული. აქტიორის პორტფელის მოდელი მხედველობაში იღებს მხოლოდ შეხედულებებს და სურვილებს და ეძებს მათ შორის მარტივ კავშირს.      ზემოთქმულიდან გამომდინარე, შეიძლება დავასკვნთ, რომ თუ RAT-ს განვიხილავთ როგორც უფრო მეტად სპეციალურ, ვიდრე ზოგად თეორიას, მაშინ იგი ჩაითვლება როგორც ადამიანის მოქმედების ერთი განზომილების მომცველი, რომლის მნიშვნელობა დღევანდელი საზოგადოებისათვის ძალზე დიდია. რაციონალობის ის ფორმა, რომელსაც იგი გვთავაზობს და რომელსაც თამამად შეიძლება ინსტრუმენტალური რაციონალობა ეწოდოს, წარმოადგენს მოქმედების და აზროვნების ფორმას, რომელსაც ყოველდღიურ ცხოვრებაში ვიყენებთ. ინსტრუმენტალური რაციონალობის მიერ აგებული მოდელები უთუოდ გვეუბნებიან რაღაც მნიშვნელოვანს სამყაროს შესახებ. ადამიანები აქტიურად იყენებენ მათ, რამდენადაც ეს მოდელები გვთავაზობენ მოქმედების გზას სოციალურ სამყაროში, რომელთა მეშვეობითაც ადამიანები ახდენენ სირთულეებში გარკვევას და წინაღობების გადალახვას. თუმცა, RAT იგნორირებას ახდენს ადამიანის ბევრი სხვა, აგრეთვე მნიშვნელოვანი მოქმედების.      მაგალითად, ოჯახში გადაწყვეტილების მიღების პროცესის მექანიზმი, როგორც RAT-ის ერთ-ერთი მოდელი აღწერს იმას, რაც, რასაკვირველია, შეიძლება ხდებოდეს ზოგიერთ, მაგრამ არა - ყველა შემთხვევაში. ეს მოდელი გულისხმობს (უშვებს) ოჯახის წევრთა არჩევანზე სტრუქტურულ დეტერმინაციებს (შეზღუდვებს), რაც, როგორც ითქვა, მოწმობს იმას, რომ RAT-თვის დამახასიათებელია სტრუქტურული დეტერმინიზმი. შეიძლება ითქვას, რომ ეს თეორია აჩვენებს გზას, რომლის მიხედვითაც ურთიერთობათა არსებული სტრუქტურები კვლავწარმოებას მიმართავენ. ეს არის იდეალური ტიპის რაციონალობის შემოტანა, რომლის საფუძველზეც არარაციონალური არჩევანი სრულდება შედეგით, რომელიც რაციონალური მოქმედების რელევანტურია.      აღნიშნულიდან გამომდინარე, აშკარაა, თუ როგორ ხდება (I. Craib, 1992: 77) RAT-ის რეინტეგრაცია პარსონსის სისტემასთან. მიუხედავად იმისა, რომ თავის საფუძველში იგი მიისწრაფვის მიზან-რაციონალური მოქმედებისა და მეთოდოლოგიური ინდივიდუალიზმისაკენ (რაც ვებერიანულ ტრადიციას აგრძელებს), RAT თანდათან იღებს მიმართულებას, რომელიც მხედველობაში იღებს საზოგადოებას, როგორც მთლიანს და გადადის კოლექტივის დონეზე. თუმცა, ამავე ზომით, ეს თეორია კარგავს მეთოდოლოგიური ინდივიდუალიზმის გავლენას და, აქედან გამომდინარე, საკუთარ თავსაც შორდება. IV თავის ძირითადი შინაარსი      1. რაციონალური არჩევანის თეორია (სხვანაირად: რაციონალური მოქმედების თეორია - RAT), რომელიც თავიდან ცნობილი გახდა გაცვლის თეორიის სახელით, წარმოადგენდა რეაქციას პარსონსის "გრანდ-თეორიაზე", რომელიც, მართალია, "ერთეული აქტის" განხილვით იწყება, მაგრამ, საბოლოო ანგარიშით, სოციალური სისტემის ინტერესებს ანაცვალებს ინდივიდის ვოლუნტარისტულ ავტონომიურობას. RAT, პირიქით, სოციალური სისტემის და კოლექტივის ინტერესებს უგულებელყოფს და ამოსავლად ინდივიდის კერძო ინტერესებს აცხადებს. აღნიშნულ თეორიას აქვს მკაფიოდ ჩამოყალიბებული უტილიტარული ხასიათი: დოგმატური საწყისი პრინციპის - არ არსებობს ისეთი რამ, რასაც საზოგადოების ინტერესები ჰქვია - ფონზე, იგი აღიარებს, რომ ინდივიდები რაციონალურად მოქმედებენ კერძო სიტუაციაში იმისათვის, რათა უზრუნველყონ პირადი სარგებლობის (მოგების) მაქსიმიზაცია და მინიმუმამდე შეამცირონ დანაკარგები. ყოველი ინდივიდს, მეტ-ნაკლებად, გააჩნია საკუთარი უპირატესობების სკალა და ამის შესაბამისად აკეთებს არჩევანს, თუ რა მოუტანს მას მაქსიმალურ კმაყოფილებას.      2. RAT-ის ვარიაციათა დიფერენცირება შესაძლებელია სამი კრიტერიუმის მიხედვით:      ა) რაციონალობაზე მოთხოვნის ხარისხი. RAT ეყრდნობა მეტათეორიულ დაშვებას, რომ ინდივიდები მოქმედებენ რაციონალურად და ორიენტირებულნი არიან შედეგებზე, რომლებიც გამოხატავენ თანხვედრას აქტიორთა მიზნებს, ამ მიზნების გახორციელების შესახებ წარმოდგენას და მოქმედების რეალურ მსვლელობას შორის. ეს არის მიზან-რაციონალური მოქმედების ტიპი, რომლის სპეციფიკურ მახასიათებელს წარმოადგენს ოპტიმიზაციის იდეა: ინდივიდები ალტერნატივათა შორის არჩევანს ახორციელებენ ოპტიმალური გზით, ანუ მოცემული სიტუაციის და მათთვის ხელმისწვდომი რესურსების შესახებ ცოდნის საფუძველზე ახორციელებენ მეტ-ნაკლებად ზუსტ გამოთვლებს, რათა მაქსიმალურად გაზარდონ სარგებელი. იმ შემთხვევაში, როდესაც რაციონალური მოქმედება წარუმატებლობას განიცდის, RAT გვთავაზობს მოქმედების სტრატეგიათა ვარიაციებს, თვით არჩევანის დიაპაზონის შეზღუდვის ჩათვლით, რათა შენარჩუნდეს პრაგმატული ინტერესების პრიმატი. ზემოთქმულიდან გამომდინარე, RAT ავითარებს მხოლოდ ემპირიული რაციონალობის იდეას (მიზან-რაციონალურ მოქმედებას) და უარყოფს სუბსტანციურ რაციონალობას (ღირებულებით-რაციონალურ მოქმედებას), რაც იმაზე მიუთითებს, რომ ინდივიდის მოქმედება არ იზღუდება შეფასებითი სტანდარტებით, ანუ არ იმართება მორალური, ესთეტიკური და ა.შ. ღირებულებების საფუძველზე.      RAT-ის ვერსიები განსხვავდება იმ თვალსაზრისით, რამდენად აღიარებენ მოქმედების რაციონალური გათვლის და სარგებლობის მაქსიმიზაციის შესაძლებლობას. აქედან გამომდინარე, დიფერენცირება ხდება ობიექტური და სუბიექტური რაციონალობის ვერსიებს შორის. ობიექტური რაციონალობის კონცეფციებში (RAT-ის ეკონომიკური ვერსიები) რაციონალობაზე "დაკვეთა" იღებს ფორმალურ ხასიათს, რაც დაკავშირებულია წინააღმდეგობის მოხსნის და ტრანზიტული ხასიათის ეკონომიკური თანამიმდევრობის მოთხოვნებთან. ეს ინტერპრეტაცია ეფუძნება ვარაუდს, რომ აქტიორები ფლობენ საკუთარი რესურსების და კერძო სიტუაციების "სრულყოფილ ცოდნას" და მათემატიკურად ზუსტი გათვლების საფუძველზე იყენებენ საუკეთესო შესაძლებელ გზებს მიზანთა მისაღწევად. სუბიექტური რაციონალობის კონცეფცია (Simon-ის "შეზღუდული რაციონალიზმის" თეორია, Boudon-ის "კოგნიტური ფსიქოლოგია", პოპერის "სიტუაციური ლოგიკის ანალიზი" და სხვ.) ამოდის რეალიზმის პოზიციიდან და ამტკიცებს, რომ რაციონალობაზე მოთხოვნა არ შეიძლება იყოს ტრანზიტულობის მსგავსი დედუქცია და იგი გაცილებით სუსტია. რაციონალობის იდეა ამ შემთხვევაში ის არის, რომ აქტიორები ფლობენ შეხედულებებს და მისდევენ მოქმედებების მსვლელობას მხოლოდ იმიტომ, რომ მათ ამისათვის "კარგი მიზეზები” გააჩნიათ, თუმცა, ისინი შეიძლება ვერც კი აკმაყოფილებდნენ რაციონალიზმის უნივერსალურ სტანდარტებს და "ობიექტურად" შეცდომასაც კი წარმოადგენდეს. მაშასადამე "რაციონალურია" ის, რაც "დამაკმაყოფილებელია" და "ლოგიკურია" ემპირიული სიტუაციიდან გამომდინარე. ეს სხვა არაფერია, თუ არა "სიტუაციური ობიექტურობა".      მკვლევარები (Goldthorpe) მიიჩნევენ, რომ როგორც ობიქტური, ისე სუბიექტური რაციონალიზმის კოცეფციები გაუმართლებელი ცალმხრივობით ხასიათდება და არ არის დაცული ტავტოლოგიებისაგან. კერძოდ, ობიექტური რაციონალიზმის პოზიცია არარეალისტურად გამოიყურება და ემპირიულად დაუსაბუთებელია. იმ მოქმედებების შემთხვევაში, რომლებიც არ შეესაბამება რაციონალობის სავალდებულო კრიტერიუმებს, "საკომპენსაციო" მცდელობები - მათი გამოცხადება "ანომალიებად" და "ნარჩენ კატეგორიად", ანდა ასეთი მოქმედებების "გარაციონალურების" მოთხოვნა - არადამაჯერებლად გამოიყურება. რაც შეეხება სუბიექტური რაციონალიზმის თვალსაზრისს, გადამწყვეტი კითხვა, რომელიც ჩნდება, არის ის, თუ როგორ უნდა იქნას გაგებული "კარგი მიზეზები", რაც წარმოადგენს მოქმედების რაციონალობის საკმარის მოტივაციას. ამ შემთხვევაში გაზვიადება ხდება მოქმედების ჰერმენევტიკული ინტერპრეტაციის (კერძოდ, "გულმოწყალების პრინციპის”). საბოლოო ჯამში, სუბიექტური განზრახვების პოზიციიდან მოქმედების დეტერმინაცია კონფლიქტში მოდის რაციონალობის იდეასთან. ეს მიუთითებს იმაზე, რომ ორივე - ობიექტური და სუბიექტური რაციონალობის - ხაზი ღიაა შემდგომი გადამუშავებისათვის და სოციოლოგებმა უნდა განავითარონ RAT-ის ვერსიები, რომლებიც დაფუძნებულია "შუალედური” რაციონალობის მოთხოვნებზე.      ბ) სიტუაციურ ან პროცედურულ რაციონალობაზე ფოკუსირება. ამ შემთხვევაში საკითხი ეხება იმას, რაციონალური არჩევანი უფრო მეტად სიტუაციურად არის დეტერმინირებული თუ - ფსიქოლოგიურად. RAT-ის ეკონომიკურ ვერსიებში მოქმედების რაციონალობა გაიგება, როგორც საბაზრო სიტუაციაზე რეაქცია. საბაზრო სიტუაცია ავიწროვებს ალტერნატივათა დიაპაზონს, თუმცა, აქტიორებს მაინც რჩებათ "ავტომატურად გაანგარიშებადი" არჩევანი, რომელიც უზრუნველყოფს სარგებლობის მაქსიმიზაციას. ეს პოზიცია ცნობილია "ბიჰევიორისტული" ეკონომიკის სახელწოდებით. RAT-ის სხვა ვერსიაში (Simon), პირიქით, აქცენტი აქტიორის "სხეულის გარედან" გადაინაცვლებს "სხეულის შიგნით" და ყურადღების ცენტრში ექცევა ინდივიდის ინფორმაციის გადამუშავების და კალკულირების უნარები. არსებობს მესამე - შუალედური - ვერსიაც, რომელიც ცდილობს მოქმედებაზე როგორც სიტუაციური, ისე პროცედურული ზემოქმედების შეჯერებას. ეს მცდელობა ყველაზე სრულყოფილად გამოიხატა, ერთი მხრივ, "ახალი კოგნიტური ფსიქოლოგიის", როგორც "შემეცნების ახალი სოციოლოგიის" მოთხოვნაში (Boudon), ხოლო, მეორე მხრივ, "სიტუაციური ლოგიკის" (პოპერი) კონცეფციაში. პირველი ამტკიცებს, რომ მოქმედების არჩევანის პროცესში ჩართული ფსიქოლოგიური მექანიზმები უნდა აიხსნას სოციალური დეტერმინაციის გათვალისწინებით. რაც შეეხება პოპერის თვალსაზრისს, იგი იღებს მეთოდოლოგიური ინდივიდუალიზმის მიმართ ვალდებულებას, თუმცა, ამავე დროს, შეურიგებელია "ფსიქოლოგიზმის" მიმართ. "სიტუაციური ლოგიკა" მოითხოვს, რომ რაციონალობის პოზიციიდან აქტიორის კვლევა შემოიფარგლოს მინიმალური ფსიქოლოგიური დახასიათებით და ფოკუსირება მოხდეს ემპირიული სიტუაციის ობიექტურ ცოდნაზე ("სიტუაციურ ლოგიკაზე"), რომელზეც "დამაგრდება" აქტიორთა სუბიექტური გაგება. ეს უზრუნველყოფს სიტუაციის ადექვატურად მოქმედებას, ანუ "პრაქტიკული სილოგიზმის" განხორციელებას, რაც რაციონალიზმის არსს წარმოადგენს.      სოციოლოგიური კვლევის თვალსაზრისით, მიზანშეწონილია RAT-ის იმ ვერსიების გაზიარება, რომლებიც აქცენტს უფრო მეტად სიტუაციურ, ვიდრე პროცედურულ, რაციონალობაზე სვამენ. საქმე ისაა, რომ სოციოლოგიური ახსნა ნაკლებად უნდა იყოს დამოკიდებული მოქმედი ინდივიდის ფსიქოლოგიაზე (უნარებზე). სოციოლოგიისათვის რელევანტურია ინდივიდის მოქმედების ის დონე, სადაც ანალიტიკური ხარისხი ინდივიდის უნარებიდან გადაინაცვლებს აგრეგატულ, ანუ მაკრო დონეზე, თუმცა, მეთოდოლოგიური ინდივიდუალიზმის პრინციპზე გავლით. მაშასადამე, სიტუაციურ რაციონალობაზე აქცენტირება არ ნიშნავს, ამავე დროს ობიექტური რაციონალობის აღიარებას, არამედ ხორციელდება სუბიეტური რაციონალობის პირობებში. ამ დროს რაციონალობა უმთავრესად შეზღუდულია ინფორმაციის ნაკლებობით (ანუ, ცოდნით per se) და აქტიორები მოქმედებენ სიტუაციურად ხელმისაწვდომი ცოდნის საფუძველზე.      RAT-ის მიერ "სიტუაციური დეტერმინიზმის" აღიარება მიუთითებს, რომ იგი ცნობს ინდივიდთა მოქმედებების მაკროსოციალური რეგულაციების არსებობას: რაციონალური არჩევანი იზღუდება სოციალური პირობებით (როლებით) და ინდივიდები მოქმედებენ სხვა ადამიანთა და ჯგუფთა ინტერესების გათვალისწინებით. თუმცა, ეს ისევ ეგოისტური ინტერესების, ანუ უტილიტარიზმის საფუძველზე უნდა აიხსნას. დროთა განმავლობაში ადამიანები აცნობიერებენ, რომ იმ სიტუაციაში, როდესაც სხვა ინდივიდებზე დამოკიდებულები ხდებიან და უწევთ სხვისი რესურსების გაკონტროლება, თანამშრომლობა და ჯგუფის ინტერესებისათვის ზრუნვა წარმოადგენს რაციონალურ საშუალებას საკუთარი სარგებლობის მაქსიმიზაციისათვის.      გ) მოქმედების ზოგადი თუ სპეციფიკური თეორიის უზრუნველყოფა: ეს საკითხი დაკავშირებულია შეზღუდვებთან, რაც რაციონალური არჩევანის პოზიციიდან მოქმედების ახსნასთან არის დაკავშირებული. ეკონომიკური ვერსიების თანახმად, RAT-ის ფუნქცია უნდა განისაზღვროს სფეციფიკურად ეკონომიკური მოქმედებების ანალიზით, რომელიც გაითვალიწინებს მოქმედების მოტივაციას და/ან ინსტიტუციურ კონტექსტს. კერძოდ, მოითხოვება, რომ ეკონომიკური ანალიზი შეეხოს, ერთი მხრივ, მოქმედებებს, რომლებიც მიმართულია სიმდიდრის მოპოვებაზე, მატერიალური საჭიროებების და სურვილების დაკმაყოფილებაზე, ხოლო, მეორე მხრივ, მოქმედებებს, რომლებიც სრულდება ფულზე და ბაზარზე დამყარებულ ინსტიტუციურ გაცვლით ურთიერთობებში.      ამისაგან განსხვავებით, ზოგიერთი მოაზროვნე (L. Robbins) გაცილებით შორს მიდის, აცხადებს რა, რომ ეკონომიკური ანალიზი არ უნდა შემოიფარგლოს მხოლოდ მოქმედების კერძო სფეროებით, არამედ, საზოგადოდ, მოქმედებისათვის დამახასიათებელი ასპექტებით. მათი აზრით, ეს ანალიზი უნდა გამოიყენებოდეს ყოველთვის, როდესაც საკითხი დგება მიზნების და საშუალებების ურთიერთობის შესახებ, უფრო კონკრეტულად, იმ საშუალებების მოწესრიგების შესახებ, რომელთაც კონკურენტული მიზნების დაკმაყოფილებისათვის ალტერნატიული ღირებულება გააჩნიათ.      აღნიშნული ტენდენცია "ეკონომიკური იმპერიალიზმისაკენ" თავის კულმინაციას აღწევს მაშინ, როდესაც მოითხოვება (G. Becker), რომ RAT როგორც უტილიტარული თეორია, უფლებამოსილია ახსნას მოქმედების ნებისმიერი მოდელი (მაგალითად, დანაშაული, ეკლესიაში სიარული, ან თვითმკვლელობა), რომელიც შეიძლება და უნდა განიხილებოდეს უტილიტარული თეორიის მოლოდინებიდან გამომდინარე. ასეთი მიდგომა ხელს შეუწყობს უპირატესობათა სტაბილური ქსელის შექმნას, აგრეთვე, სიტუაციების შესახებ ოპტიმალური ინფორმაციის დაგროვებას. როდესაც მოქმედება გადაიხრება უტილიტარული თეორიის მოლოდინებისაგან, არ არის ნაყოფიერი დასახმარებლად მივმართოთ ახსნას, რომელიც დაეფუძნება ირაციონალობის, კულტურული ტრადიციის, ღირებულებითი ვალდებულების, ღირებულებების გადაფასების და ა.შ. თვალსაზრისებს. დევიაციების შემთხვევაში საუკეთესო სტრატეგიას წარმოადგენს სიტუაციის ხელახალი ანალიზი, იმის აღიარებით, რომ მისი ზოგიერთი ასპექტი გაუგებარი დარჩა.      მკვლევარები (Goldthorpe, Carling), მიიჩნევენ, რომ, რამდენადაც RAT უნდა შეეხოს სუბიექტურად რაციონალურ მოქმედებებს, იმის აღიარებით, რომ ფოკუსირება ხდება მოქმედების სიტუაციურ გაგებაზე - RAT ჩაითვლება მოქმედების სპეციალურ თეორიად. თუმცა, ამ შემთხვევაში თავს იჩენს კითხვა: ასეთი შეზღუდვის პირობებში როგორ გავამართლოთ არარაციონალური მოქმედების არსებობა? გამოსავალი, რომელსაც RAT გვთავაზობს, ეხმაურება მაქს ვებერის თვალსაზრისს "იდეალური ტიპების" შესახებ: რაციონალური მოქმედების პრივილეგირების ფონზე, როდესაც აღმოვაჩენთ, რომ რეალობა განსხვავებულია იმისაგან, რაც მოსალოდნელი იქნებოდა ინდივიდების რაციონალურად მოქმედების შემთხვევაში, შესაძლებელია დავაფიქსიროთ რეალური ქცევის არარაციონალური ასპექტები, ანუ გადახრის ზომა. ეს სხვა არაფერია, თუ არა რედუქციონიზმი რაციონალური ქცევის მოდელებზე.      3. RAT-ის აპოლოგეტები (Goldthorpe, Hollis) ცდილობენ ჩამოაყალიბონ ამ თეორიის პრივილეგირებულობის სამი ინდიკატორი, მოქმედების სხვა თეორიებთან შედარებით: (1) რაციონალობის იდეა, რომლის საფუძველზე იქმნება მოქმედების ეტალონების ჯგუფი და მხოლოდ მათთან მიმართებაში ხდება შესაძლებელი არარაციონალური მოქმედებების ახსნა; (2) ჰერმენევტიკული ხასიათის პრივილეგია, რომელიც ნიშნავს, რომ სხვათა მოქმედებების უკეთესად გაგება შესაძლებელია მხოლოდ მაშინ, თუ მოხდება მათ კონსტრუირება რაციონალურ მოქმედებებად; (3) ახსნასa (Erklaren) და გაგებას (Verstehen) შორის კავშირი, როდესაც მოქმედების რაციონალური ახსნა ამავდროულად მის გაგებასაც უზრუნველყოფს.      4. RAT-ს სხვადასხვა თვალსაზრისით აკრიტიკებენ: ა) ამ თეორიას ბრალს დებენ "რეალობისაგან გაქცევაში", ანუ რეალობის რედუცირებაში ერთ განმსაზღვრელ - რაციონალური არჩევანის - პრინციპზე. RAT ხშირად არაფერს ამბობს აქტიორთა მოქმედების რეალური მოტივების შესახებ, რომლებიც შეიძლება სრულიად განსხვავდებოდეს რაციონალური გადაწყვეტილებისაგან (არჩევანისაგან). ეს არის იდეალური ტიპის რაციონალობის შემოტანა (ვებერის მსგავსად), რომლის "თარგზეც" აიხსნება ყველა მოქმედება; ბ) კრიტიკა მიმართულია RAT-ის შეზღუდულობაზე, რამდენადაც იგი არის "სპეციალური" თეორია, რომელიც მოქმედებას ეხება მხოლოდ მოცემულ ვითარებებში, უპირატესობათა მოცემული ჩამონათვალის პირობებში. ეს ამ თეორიას სიტუაციაზე მიჯაჭვულს ხდის; გ) RAT-ის "სიტუაციური" ბუნება მას სტრუქტურული დეტერმინიზმის საზღვრებში აქცევს. ეს მჟღავნდება სიტუაციის მიმართ დაქვემდებარებაში არა მხოლოდ იმ თვალსაზრისით, რომ აქტიორები მიყვებიან მოქმედების ყველაზე უფრო რაციონალურ კურსს, რომელსაც მათ კერძო სიტუაცია კარნახობთ, არამედ იმ თვალსაზრისითაც, რომ ინდივიდები ახდენენ ინტერაქციის განმეორებად ნიმუშებში ჩართული ნორმების ინტერნალიზებას და მოქმედებენ მათი მიხედვით. ეს არის პარსონსისეული გზა: ინდივიდებს უჭირავთ პოზიციები სიტუაციაში და მოქმედების კურსი მიყვება ამ პოზიციით განსაზღვრულ სოციალურ რეგულაციებს (ანუ, როგორც პარსონსი იტყვის, "სოციალურ როლებს"); დ) RAT შეცდომით მიიჩნევს, თითქოს სოციალურ სამყაროში მხოლოდ ინდივიდები წარმოადგენენ აქტიორებს. არსებობენ სხვა "სოციალური აქტიორებიც": ბიზნეს-ფირმები, პოლიტიკური პარტიები, ხელისუფლების ორგანოები, რომელთა საქმე და მიზნები არ დაიყვანება მათი შემქმნელი ინდივიდების ურთიერთობებსა და მიზნებამდე; ე) RAT, როგორც ინდივიდუალური "პორტფელის" თეორიის სახესხვაობა, მოქმედებას იკვლევს, როგორც მხოლოდ ინდივიდუალურ შეხედულებათა და სურვილთა პორტფელის (კოლექციის) პროდუქტს, რომელსაც აქტიორი "დაატარებს" ერთი სიტუაციიდან მეორეში. იგი არ ითვალისწინებს იმას, რომ ბევრ სფეროში გადაწყვეტილების მიღებისას, ინდივიდები იყენებენ მსჯელობის (აზროვნების) სპეციალურ ხერხებს, რომელთაც ძალიან ცოტა, ან არავითარი შეხება არა აქვთ პერსონალურ სურვილებთან ან შეხედულებებთან. მაშასადამე, RAT გვართმევს შესაძლებლობას, რომ თვალი მივადევნოთ მსჯელობის (აზროვნების) ტექნიკას, რომელსაც აქტიორები იყენებენ. ძირითადი ცნებები: რაციონალური არჩევანი, რაციონალური მოქმედება, პროცედურული რაციონალობა, სიტუაციური რაციონალობა, სიტუაციური დეტერმინიზმი. ძირითადი კითხვები: რა არის რაციონალური არჩევანის (მოქმედების) თეორიის არსი, რატომ უწოდებენ მას უტილიტარულ თეორიას? რაციონალური არჩევანის (მოქმედების) თეორიის განსხვავებული ვერსიები და მათი დიფერენცირების კრიტერიუმები. რაციონალობაზე მოთხოვნის კრიტერიუმი: ინსტრუმენტალური რაციონალობის ობიექტური და სუბიექტური განზომილებები და მათი შეფასება. რა შინაარსი მოიაზრება პროცედურულ ან სიტუაციურ რაციონალობაზე ორიენტაციის ქვეშ? როგორ ხდება "სიტუაციური დეტერმინიზმის" ფარგლებში ინდივიდუალური ქცევიდან (მიკრო-დონე) სოციალურ რეგულაციებზე (მაკრო-დონე) გადანაცვლება? რაციონალური არჩევანის (მოქმედბის) თეორია: მოქმედების ზოგადი თუ სპეციალური თეორია? რატომ საყვედურობენ რაციონალური არჩევანის (მოქმედების) თეორიას რედუქციონიზმს - "გაქცევას რეალობისაგან"? დამოწმებული ლიტერატურა Abell, P. 1992: "Is Rational Choice Theory a Rational Choice of Theory?" in J. S. Coleman and T.J. Fararo (eds) Rational Choice Theory: Advocacy and Critique, Newbury Park: Sage Becker, G. 1976: The Economic Approach to Human Behavior, Chicago: Chicago University Press. Boudon, R. 1994: The Art of Self-Persuasion, Cambridge, Polity Press. Carling, A. 1986: "Rational choice Marxism", New Left Review, no. 186, pp.24-62. Coleman, J. S. 1986: Individual Interests and Collective Action, Cambridge: Cambridge University Press. Coleman, J. S. 1990: Foundations of Social Theory, Cambridge, Mass.; Belknap Press. Craib, I. 1992: Modern Social Theory (From Parsons to Habermas), second edition, Bodmin, Cornwall. Elster, J. 1983a: Explaining Technical Change,ECambridge: Cambridge University Press. Elster, J. 1983b: Sour Grapes, Cambridge University Press. Elster, J. 1986: Rational Choice, Basil Blackwell, Oxford. Goldthorpe, J.H. 1998: "Rational Action Theory for Sociology", Sociology Volume no. 49 Issue no. 2 June, London School of Economics. Hindess, B. 1988: Choice, Rationality and Social Theory, Unwin Hyman, London. Hirsh, P., Michaels, S. and Friedman, R. 1987: "Dirty Hands” versus "Clean Models”: Is Sociology in Danger of being Seduced by Economics?', Theory and Society , no.16, pp. 317-36. Hollis, M. 1987: The Cunning of Reason, Cambridge: Cambridge University Press. Hollis, M. 1994: The Philosophy of Social Science, Cambridge University Press. Popper, K. R. 1994: "Models, Instruments and Truth" in The Myth of the Framework, London: Routledge. Popper, K. R. 1972: Objective Knowledge, Oxford: Clarendon Press. Popper, K. R. 1976: "The Logic of the Social Sciences" in T. W. Adorno et. Al., The Positivist Dispute in German Sociology, London: Heinemann. Robbins, L. 1932: The Nature and Significance of Economic Science, London: Macmillan.Simon, H. A. 1982: Models of Bounded Rationality, Cambridge, Mass.: MIT Press. Simon, H. A. 1983: Reason in Human Affairs, Oxford: Blackwell. პოპერი, კ. : ღია საზოგადოება და მისი მტრები (რუსულ ენაზე). აბერკრომბი, ნ., ჰილლი, ს., 1999: სოციოლოგიური ლექსიკონი. [1] ცხადია, ეს დებულება უნდა გავიგოთ პირდაპირი მნიშვნელობით. საზოგადოების არსებობა ფაქტია, რომელსაც ვერც რაციონალური არჩევანის თეორია უარყოფს. აქ უტრირებული ფორმით იგულისხმება ის, რომ არ არსებობს საზოგადოებრივი ინტერესები, ცალკეული ინდივიდების ეგოისტური ინტერესებისაგან დამოუკიდებლად და კერძო სიტუაციების მიღმა. [2] "რაციონალური მოქმედების თეორიის" ინგლისურ აბრევიატურას წარმოადგენს RAT (Rational Action Theory). რამდენადაც სალექციო კურსის მიზნებისათვის პრინციპული მნიშვნელობის მქონე არ არის, გამოვიყენებთ "რაციონალურ არჩევანს" თუ "რაციონალური მოქმედების" ცნებებს, წარმოადგენილი თეორიიის აღსანიშნავად ყოველთვის მოვიხმარ აღნიშნულ აბრევიატურას. [3] RAT-ის ფარგლებში და ობიექტური რაციონალობას შორის განსხვავება არ უნდა აგვერიოს შესაბამის დიფერენცირებასთან. RAT-ის მიხედვით, ამ განსხვავებაში მხოლოდ მოქმედების რაციონალობის ხარისხი მოიაზრება, რაც სუბიექტის მიერ საკუთარი რესურსების და კერძო სიტუაციების შესახებ ცოდნის განსხვავებულ ხარისხებს, შესაბამისად, მოქმედების შედეგების ადეკვატური გათვლის და სარგებლობის მაქსიმიზაციის არათანაბარ შესაძლებლობებს გულისხმობს. ვებერის კონცეფციაში აღნიშნულ დიფერენცირებას ინდივიდუალურ და სუპრა-ინდივიდუალურ დონეებს შორის განსხვავება უდევს საფუძვლად: ვებერი მიიჩნევს, რომ სუბიექტურ რაციონალობას საქმე აქვს მენტალურ პროცესთან, სუბიექტურ განზრახვებთან (ე.წ. "პირველი რიგის" ცოდნასთან), ხოლო ობიექტური რაცონალობა ეხება ინსტიტუციურ და სოციალური მომქდების რეულაციებს (ე.წ. "მეორე რიგის" ცოდნას). [4] პოპერის ამ თვალსაზრისს ეხმაურება Boundon-ის პოზიციაც. როგორც ადრე აღინიშნა, ბუდონს სურს დაასაბუთოს, როგორც კოგნიტური ფსიქოლოგიისათვის, ისე ახალი კოგნიტური სოციოლოგიისათვის მისაღები სუბიექტური რაციონალობის გაგების საჭიროება. მის მიერ მოყვანილ არგუმენტებში ობიექტური რაციონალობა განიხილება როგორც უფრო მეტად ცოდნის სიტუაციური ლიმიტით, ვიდრე - ინფორმაციის დამუშავების უნარის წარუმატებლობით შეზღუდული. ეს მოსაზრება სოციოლოგიური მნიშვნელობის მატარებელია. იგი საშუალებას იძლევა დავრწმუნდეთ, რომ ინფორმაციის დამუშავებასთან დაკავშირებული შეცდომები (რამდენადაც მატი ადგილი აქვთ, სულ მცირე, ყოველდღიურ ცხოვრებაში) უფრო ადრეულად ემორჩილება კორექტირებას სოციალური სწავლების პროცესებით, ვიდრე სიტუაციურ ლიმიტირებასთან დაკავშირებული ცდომილებები, რომელთაც სტრუქტურული საფუძველი აქვთ. [5] RAT-ის წარმომადგენლები (მაგალითად J. Elster (1983a: chapter 3), J. Goldthorpe (1998: 185) და სხვ.) მოითხოვენ მოქმედების განსხვავებას ქცევისაგან (ანდა, ამის ალტერნატივას წარმოადგენს ის, რომ მოქმედება გამოკვლეული იქნეს როგორც ქცევის სპეციფიკური სახე). ამ განსხვავების არსი შემდეგშია: მოქმედება არის ინტენციონალური, ქცევის საპირისპიროდ, რომლის გაგება მხოლოდ შესაძლებელია, როგორც "გარედან" გამოწვეულის (განპირობებულის). ამის შემდეგ დაწვრილებით იხილეთ თავი I. იხილეთ ამოსაბეჭდი ვერსია: "რაციონალური არჩევანის თეორია, როგორც უტილიტარული რაციონალური მოქმედების პარადიგმა" წიგნიდან "სოციალური მოქმედების თეორიები" ← წინა ნაწილი გაგრძელება → …
დაამატა ლაშა to სოციოლოგია at 11:25am on აპრილი 6, 2015
თემა: გზის ფსიქოლოგიური ტიპოლოგია პრუსტის მიხედვით
მ შევარჩიეთ ეს თემა. გიპასუხებთ, რომ მიზეზი მარტივია: ცხოვრება – მართლაც, პრუსტი სწორედ ასე განსაზღვრავდა მას – დროში ძალისხმევაა.[1] მაშასადამე, საჭიროა ძალისხმევა, რომ ცოცხალი დარჩე. ჩვენ ხომ ინტუიციის დონეზე ვიცით, რომ ყველაფერი, რაც ცოცხალი გვეჩვენება, არ არის ცოცხალი. ბევრი რამ, რასაც განვიცდით, ვფიქრობთ და ვაკეთებთ, – მკვდარია. მკვდარია (უბრალო, საწყისი მნიშვნელობით. უფრო რთულ მნიშვნელობებზე ჯერ არ ვისაუბრებ), – იმიტომ, რომ სხვა რაიმეს მიბაძვა უკვე საკუთარი აზრი კი აღარ არის, არამედ სხვისია. მკვდარია იმიტომ, რომ ჭეშმარიტი, საკუთარი გრძნობა კი არ არის, არამედ სტერეოტიპული, სტანდარტულია და არა ის, რომელსაც თვითონ განიცდი. რაღაც ისეთია, რასაც მხოლოდ სიტყვიერად წარმოვთქვამთ და ამ სიტყვიერ გარსში ჩვენი ჭეშმარიტი, პირადი განცდა არ არის. მინდა ხაზი გავუსვა იმას, რომ მკვდარი არც იმქვეყნად არსებობს, არც მას შემდეგ, რაც გარდავიცვლებით, – მკვდარი ჩვენი ცხოვრების თანამონაწილეა, ჩვენი ცხოვრების ნაწილია. ფილოსოფოსებმა ყოველთვის იცოდნენ (მაგალითად, ჰერაკლიტემ), რომ ცხოვრება იგივე სიკვდილია[2] და ა.შ. (ჩვეულებრივ, ამას უწოდებენ დიალექტიკას, მაგრამ ეს სიტყვა საკითხის არსის გაგებას ხელს უშლის).       ამგვარად, ფილოსოფოსები ამბობენ, რომ სიცოცხლე ყოველწამს გადაჯაჭვულია სიკვდილთან. სიკვდილი სიცოცხლის შემდეგ კი არ დგება _ მას თვით ცხოვრებაში უდევს წილი. ჩვენს სულიერ ცხოვრებაში ყოველთვის არსებობს ყოველდღიური ცხოვრების მკვდარი ნარჩენები ან მკვდარი პრო დუქტები. და ხშირად ადამიანი აღმოაჩენს, რომ ეს მკვდარი ნარჩენები ცხოვრების მთელ სივრცეშია განფენილი და ცოცხალი გრძნობისთვის, ცოცხალი აზრისთვის, ჭეშმარიტი ცხოვრებისთვის ადგილს არ ტოვებს. მართლაც, სიტყვათშეთანხმება "ჭეშმარიტი ცხოვრება" ერთერთია მათგან, რაც ყველაზე უფრო ხშირად გვხვდება პრუსტის ტექსტში[3]. "ჩემი ჭეშმარიტი ცხოვრება" – თვით ამ კონს ტრუქციის ინტენსიობა, მისი საჭიროება მიუთითებს იმაზე, რომ ცოცხლის გარჩევა მკვდრისგან ძალიან ძნელია. ნების მიერ ჩვენს ცხოვრებისეულ მდგო მარეობას ყოველთვის თავისი დუბ ლი ახლავს. მკვდარი დუბლი. თქვენ ხომ საკუთარი გამოც დილებით იცით, რამდენად რთულია იმის გარჩევა, რაზეც ადამიანი სიტყვიერად ლაპა რაკობს, მაგრამ არ შეიგრძნობს, იმავე ოღონდ ცოცხალი საუბრისგან. რატომ არის რთული? იმიტომ, რომ სიტყვები ერთი და იგივეა. ალბათ, ხშირად გქონიათ შემთხვევა, როდესაც გარემოებები ისე აეწყობა, რომ სიტყვა, რომელიც ენაზე გქონ დათ მომდგარი, არ წარმოგითქ ვამთ, ვინაიდან სწორედ იმავე წუთს, როდესაც ამის თქმას აპირებდით, გრძნობდით, რომ ნათქვამი ტყუილს დაემსგავსებოდა. ზოგჯერ, სხვათა შორის, იმიტომაც სდუმხართ, რომ თქმული უკვე თქვენზე აღარ არის დამო კიდებუ ლი, ის რაღაც მექანიზმში ხვდება და ტყუილს ემთხვევა (თუმცა, შეიძლება სიმართლეც იყოს). დანტეს შესანიშნავი სტრიქონი აქვს "ღვთაებრივ კომედიაში" და მართლაც, ურიგო არ იქნებოდა, პრუსტის ტექსტის პარალელურად დანტეც რომ წაგეკითხათ, ვინაიდან პრუსტის ტექსტი სულის ისეთივე მოგზა ურობაა, როგორც "ღვთაებრივი კომედია" – სულის შინაგანი მოგზაურობის ერთერთი პირველი და ყველაზე დიდებული ჩანაწერი. შემთხვევითი არ არის, რომ ბევრი დანტესეული სიმბოლო, სიტყვები და კონსტრუქციები პრუსტისეულ კონსტრუქციებს ემთხვევა, თუმცა პრუსტს სულაც არ დაუსახავს მიზნად დანტეს ციტირება. ერთი სიტყვით, დანტემ, რომელსაც მიუძღვებოდა ვერგილიუსი, დაინახა სიცრუის ურჩხული გერიონი გველის ტანით (რომელიც წყვდიადში იყო დამალული) და ადამიანის თავით. ადამიანი, მაგრამ სინამდვილეში – გველი. და დანტე ამბობს, რომ იხილა სიმართლე (ეს სიმბოლიკაა), ადამიანთა სიცრუის განსახიერება, მაგრამ ამის (სიმართლის) თქმა ადამიანს შეუძლებლად მიაჩნია. "ჭეშმარიტება, რომელიც სიცრუეს ჰგავს, ბაგეებშეკრულებმა უნდა შევინახოთ"[4]. ჩვენთვის ერთერთი ყველაზე ჩვეული ფსიქოლოგიური ვითა რებაა. ეს მაგალითი კი იმისთვის მოვიხმე, რომ ცოცხალისა და მკვდრის, სიცრუისა და ჭეშმარიტების გამიჯვნისთვის განგაწყოთ, ვინაიდან აღ ნიშვნის თვალსაზრისით, ისინი ერთმანეთის მსგავსია და, რაც ყველაზე მთავარია, სიცრუესა და ჭეშმარიტებას შო რის შინაგანი სხვაობა, რაც გარეგნულად არ არსებობს (არ არსებობს სიტყვებსა და საგნებში; სიცრუისა და ჭეშმარიტების საგნები ერთმანეთს ჰგავს, ერთმანეთისგან განურჩეველია), მთლიანად რაღაც განსაკუთრებული შინაგანი აქტის ანაბარა რჩება, რომელსაც ყველა საკუთარი რისკის ფა სად სჩადის. ამ აქტს შეგვიძლია ცნობიერების გამძაფრებული შეგრძნება ვუწოდოთ.       მაშასადამე არის შინაგანი აქტი. ესე იგი განსხვავებას ვადგენ მე და ეს საგნებში თავისთავად მო ცემული როდია. ის ჩემგან დამოუკიდებ ლად არ არსებობს. ის, ვინც იტყუება, იმავე სიტყვებით მეტყველებს, როგორც ის, ვინც სიმართლეს ამბობს. სიტყვებში არ არის ჭეშმარიტება და, ამ გაგებით, მათი ჩაწერა შე უძლებელია. სიცრუის და ჭეშმარიტების ნიშნები ერთი და იგივეა. და სწო რედ გარეგნულად მოუხელთებელი ეს განსხვავებაა შინაგანი აქტი. მაგრამ ვინაიდან სამყარო მას არ ახორ ციელებს, მისი გამაგრება შეუძლებელია, შეუძლებელია ითქვას: ეს უკვე გაკეთებულია და არსებობს; ისევე, რო გორც, ვთქვათ, შესაძლებე ლია რო მელიმე ფორ მულის დამახსოვრება, სიმბო ლოთი აღნიშვნა და შემდეგ მხოლოდ სიმბოლოს გამოყენება ისე, რომ მთე ლი შინაარსი არ აღვადგინოთ. მოგიწოდებთ, რომ ეს აქტი პრუსტის ტექსტის მიმართ განახორციელოთ. პატარა ციტატას მო ვიხმობ. პრუსტისეული ტექსტი, ვინაიდან ის სიტყვის დიდოსტატია, ძალიან ლამაზია, კარგად შერჩეული და კარგად დაკავშირებული სიტყვებისგან შედგება; სტილი უშუალო სილამაზითაა გამორ ჩეული და იმდენად ხელშესახებია, რომ ზოგჯერ სწორედ ამიტომაც არ ვუფიქრდებით ნათქ ვამს. თითქმის ყველა სიტყვა მრავალმნიშვნელოვანია, ღრმაა, მათში გარკვეული ანარეკლია. ზოგჯერ პრუსტი კარგ სტილს ხავერდს ადარებს (ქსოვილს, რომელიც შესახებად სასიამოვნოა და, იმავდროულად, მოუხელთებელი სიღრმის შეგრძნებას ტოვებს)[5]. ავიღოთ უბრალო ციტატა – რო მანში არიან გმირის ბებიდები (სა ქართველოში ძალიან გავრცელებულია ამ ტიპის, ხშირ შემთხვევაში, დიდგვაროვანი წარმომავლობის ქალები; ანუ ისინი სოფლის დიდ გვაროვანთა ფაქტობრივად გაკოტრებულ წრეს განეკუთვნებოდნენ, მაგრამ სინამდვილეში ერის ხერხემალს შეადგენდნენ, რომელიც რევოლუციის წლებში ყველაზე მეტად დაზარალდა; ისინი იყვნენ განმანათლებლობის, გარკვეული ზნეობრივი ნორმების, ტრადიციების მატარებლები) პრუსტი ამბობს, რომ ბებიდები ფიქრობ დნენ, რომ ბავშვებს ყოველთვის უნდა აჩვენონ ის ნაწარმო ებები, რომლებიც აღფრთოვანების ღირსია. მათ ეგონათ, რომ ესთეტიკური თვისებები არსებულ მატერიალურ საგნებს ჰგავს (ვთქვათ, "ლამაზი" – რომელიმე საგნის მატერიალური თვისებაა, ან კიდევ _ "კეთილშობილი", "ამაღლებული", "პატიოსანი"; ისევე, რო გორც თქვენ არ შეგიძლიათ, რომ არ დამინახოთ, ვინაიდან მე – მატერიალური საგანი – თქვენს წინაშე ვდგავარ). და თუკი ბავშვს ამგვარი საგნების – მათ შორის კარგი წიგნების – გარემოცვაში გავზრდით, ამით მას განათლებას ვაძლევთ.       და უცბად პრუსტი შენიშნავს: "ესე იგი, ისინი ფიქრობდნენ, რომ შეუძლებელია ესთეტიკური თვისებების არ დანახვა ("ესთეტიკურის" ნაცვლად ნებისმიერი სხვა სიტყვა ჩასვით: ზნეობრივი, ინტელექტუალური), ასე ფიქრობდნენ და არ ესმოდათ, რომ ეს შეუძლებელია (ანუ დანახვა) ამ თვისების ექვივალენტის საკუთარ სულში ნელნელა მომწიფების გარეშე"[6]. ანუ გააკეთო ის, რასაც ზემოთ შინაგანი აქტი ვუწოდე. აი, ახლაც თითქოს პრუსტისეულ მიმზიდველ, უმნიშვნელო ფრაზას ვუტრიალებ, მაგრამ ამის მიღმა გარკვეული სტრუქტურაა. პრუსტისთვის ადამიანი აღზრდის სუბიექტი როდია, ის განვითარების სუბიექტია, რო მელიც საკუთარი რისკის ფასად შინაგანი აქტების თვისაა განწირული, რომ მის სულში მომწიფდეს იმის ექვივალენტები, რომლებიც გარეგნული თვალსაზრისით, თითქოს და, უკვე არსებობს საგნების და ადამიანური მონაპოვრების სახით. ასე რომ, ადამიანთა აღზრდა თითქოს შესაძლებელია, თუკი მათ, მაგალითად, კაცობრიობის ყველაზე დიდი და კეთილშობილური ნააზრევის გარემოცვაში ვამყოფებთ, რომლებიც კლდეებზეა გამოკვეთილი ან გამო ნათქვამების სახით სახლების კედლებზეა გამოსახული, რომ ადამიანმა, სადაც არ უნდა გაიხედოს, თვალწინ ყოველთვის დიადი გამონათქვამი ხვდებოდეს და ამ გზით ჩა მოყალიბდეს. სავალალო ისაა, რომ ხშირად წიგნების მიმართაც ამგვარი დამო კიდებუ ლება გვაქვს. პრუსტისთვის კი წიგნში არ არსებობს ის შინაარსი, რომელთან კონტაქ ტშიც თქვენ და მე უნდა შევიდეთ: ის შეიძლება, მხოლოდ ჩვენი შინაგანი აქტებიდან გამომდინარე გაჩნდეს. წიგნი პრუსტისთვის სულიერი იარაღი იყო, რომლის საშუალებითაც შესაძლებელია (ან შეუძლებელია) საკუთარ სულში ჩახედვა და მასში ექვივალენტის მომწიფება. წიგნიდან დიადი ნააზრევის ან მდგო მარეობის სხვა ადამიანზე გადატანა კი შეუძლებელია. მაშასადამე, პრუსტისთვის წიგნი ცხოვრების ნაწილი გახლდათ. რა გაგებით? არა იმ გაგებით, რომ თავისუფალ დროს ზოგჯერ წიგნებს ვკითხულობთ ხოლმე, არამედ იმას გულისხმობდა, რომ რაღაც არსებითი ხდება ჩვენში, რო დესაც კითხვის აქტი მჭიდროდაა ჩაწნული ჩვენი ცხოვრებისეული გამოვლინებების, ცხოვრებისეული ქმედებების ერთობ ლიობასთან, იმის მი ხედვით, თუ როგორ დაკრისტალდება, გასაგებ ფორ მაში ის, რაც თავს გადაგვხდა, რაც განვიცადეთ, დავინახეთ, რაც გვითხრეს და რაც წავიკითხეთ. აი, ამგვარად უნდა შევეცადოთ, რომ მივუდგეთ თვით პრუსტის ტექსტს. ის ამის საშუალებას გვაძლევს. პრუსტი ფიქრობდა, რომ წიგნები, ბოლოს და ბოლოს, არც ისეთი საპატიო რამ არის, ისინი დიდად არ განსხვავდებიან კაბისგან, რომლის გამოჭ რაც ასეც შე იძლება და ისეც, საკუთარ ტანთან მისადაგებით[7]. ამიტომაც საჭირო არ არის, რომ წიგნების წინაშე ქედი მო ვიხაროთ. ასეთია პრუსტის აზრების მიმდევრობა.       და ვინაიდან უკვე გამოვიყენე სიტყვა "ცხოვრება", მინდა, ჩავეჭიდო მას. როგორ გამოვხატავდი პრუსტის ძირითად მდგომარეობას წიგნში, რომელზეც უნდა ვისაუბროთ? კაცმა რომ თქვას, ეს სურვილების და მოტივების რო მანია. ფსიქოლოგიაში არის ასეთი ტერმინი – "მოტივი", რომელიც გულისხმობს ამა თუ იმ საქ მის ან ქმედების ფსიქო ლოგიურ მიზეზს. მაგრამ პრუსტი სიტყვა "მოტივს" (და მასთან ერთად მეც) მუსიკალური მნიშვნელობით იყენებს – ამბობს, რომ არსე ბობს რომელიღაც უცვლელი ნოტი, რომელიც მუსიკალური ნაწარმოების საკმაოდ დიდ სივრცეზე ვრცელდება.[8] ცხოვრებასაც აქვს თავისი მო ტივი, რაღაც ნოტი, რომელიც ცხოვრების დიდ სივრცეს და დროს მსჭვა ლავს. და ეს მო ტივი ყველაზე ხშირად სურ ვილს უკავშირდება. ერთი, ძალიან მარტივი გაგებით: ჩვენ ხომ მხო ლოდ და მხოლოდ სურ ვილის მქო ნე არსებები ვართ. და მართლაც, ერთერთი ყველაზე დიდი სურვილი _ სიცოცხლის სურვილია. მაგრამ როგორი სიცოცხლის? რომ თავი ცოცხალ არსებებად ვიგრძნოთ! სწორედ სურვილების წყალობით ვგრძნობთ თავს ცოცხალ არსებებად. ეს ყველაზე დიდი ფასე ულობაა. ცხოვრებას საკუთარი თავის გარეშე არ აქვს ფასეულობები, ამ გაგებით ის თავისთავად ფასეულობაა. იმ გაგებით არა, რომ უნ და გა ვუფრთხილდეთ სიცოცხლეს, რო გორც ფიზიკურ ფაქტს, – ფიზიკური თვალსაზრისით ხომ ვიცით, რომ ვიღაც მოკვდა, ვიღაც – ცოცხალია. არა, აქ ის იგულისხმება, რომ, ვიმეორებ, სურვილები ჩვენი ისეთი გამოვლინებები ან თავისებურებებია, რომ ლებშიც საკუთარ თავს ცოცხალ არსებებად შევიგრძნობთ და ამიტომაც მათი განხორციელებისკენ ვისწრაფვით. აქედან გამომდინარე, ჩვენი მთავარი სურვილია, რომ ვიცოცხლოთ. სიცოცხლე კი, რო გორც ჩანს, არ არის იოლი და არა მხო ლოდ იმ მიზეზე ბის გამო, რომ ლებზეც ვისაუბ რე. ვამბობდი, რომ სიცოცხ ლე გადაჯაჭვულია სიკვდილთან და იქ ძალიან ბევრი რთუ ლი ელემენტებია, რომ ლებიც ჩვენი ცხოვრებისეული აქტების უკან დგას. იმ სიტუაციათა (და ასეთი რამ მრავლადაა) უკან დგას, რომ ლებიც ჩვენგან მხოლოდ ერთ რამეს მოითხოვენ: რომ ჩვენი მხრიდან შინაგანი აქტი განვახორციელოთ. ახლავე განვმარტავ, რასაც ვგულისხმობ. ყველაზე ტიპურ მაგალითს მოვიხმობ, რომელიც ამგვარ ქმედებას საჭიროებს. პრუსტთან ამ გვარი მდგო მარეობაა (ჩემთან ერთად გონებაში გაშიფრეთ ეს მდგომარეობა სიტყვა "სურვილთან", "თავს ცოცხალ არსებად ვგრძნობ"თან და ა.შ. მიმართებაში) – პირობითად მას ადგილის მდგომარეობას დავარქმევ. კერძოდ: სად ვარ? ის სიტუაცია, როდესაც ვიცი ან არ ვიცი საკუთარი ჭეშმარიტი მდგომარეობა. პირობითად რომ ვთქვათ, რო მელ სამყაროში ვარ? სად ვარ რაიმესთან მიმართებით? რა ხდება სინამდვილეში ჩემს თავს? იმიტომ, რომ ის, რაც ჩემს თავს ნამდვილად ხდება, შეიძლება განსხვავდებოდეს იმისგან, რაც ჩემს თვალწინ ხდება. რას ვგრძნობ სინამდვილეში? ვინაიდან ძალიან ხშირად მგო ნია, რომ მიყვარს, მაგრამ ფაქტობ რივად მძულს. ეს არა მხოლოდ ცხოვრებისეული გამოცდილებიდან იცით, არამედ ელემენტარული ფსიქოლოგიური ცოდნიდანაც. ასე მგონია, რომ მიყ ვარს ალბერტინა (პრუსტის რო მანის გმირი), სინამდვილეში კი მუსიკის მოსმენა მინდა. რატომ? უბრალოდ, გარკვეული მიზეზების გამო, ალბერტინა ჩემთვის ამ სურვილის მატარებლად იქცა _ ანუ რაღაც მექანიზმის წყალო ბით, რომელიც ჩემთვის უცნობია, მუსიკისადმი ჩემი ლტოლვა ალბერტინასადმი სწრაფვაში გადაიზარდა. საკუთარ ცნობიერებაში ალბერტინასკენ ვისწრაფვი, სინამდვილეში კი კარგი მუსიკის მოსმენა მინდა. ან: ქალთან პაემანზე მივ დივარ იმა ში დარწმუნებული, რომ სწორედ მასთან შეხვედრა მა ინტერესებს, სინამდვილეში რაღაც სხვა გრძნო ბებს ვემორჩილები, და, ის ფაქტი, რომ ეს გრძნობები სხვაა, ძალიან ხშირად ვლინდება ხოლმე პაემანის დროს, ვინაიდან ზოგჯერ პაემანზე მირბენის ჩემი სურვილი იმ მოწყენილობის პირდაპირპროპორციულია, რომელიც ამიტანს ხოლ მე პაემანზე და სურვილი მიჩნდება, რომ იგი მალე დასრულდეს. თან, ეს მოწყენილო ბა გაურკვეველია, ვინაიდან პაემანზე მისვლისას, ვხედავ ადამიანს, რო მელსაც ყველა ის თვისება შერჩა, _ და ეს თვისებები არ შეცვლილა, _ რის გამოც, თითქოსდა, ამ პაემანზე მო ვისწრაფო დი. მაგრამ რაღაც შფოთ ვა, სევ და გიპყრობს, რომელსაც გერმანელები Unbehagen უწოდებენ და რო გორც პრუსტი ამბობს, საყვარელი ქალის ნაკვთებსაც კი ვეღარ იხსენებ[9]. არადა, გეგონა, რომ სწორედ ეს ნაკვთები იყო სიყვარულის საგანი ან მიზეზი, მაგრამ, ჩანს, ასე არ ყო ფილა, რადგან პაემანის შემდეგ აღარც კი გახსოვს ისინი. და ის, რაც არ გახსოვს, შეუძლებე ლია სწრაფვის მდგო მარეობის მიზეზად იქცეს.       ეს მაგალითები იმის განსამარტავად მო ვიხმე, რომ რო ცა ჩნდება კითხვა: რას ვგრძნობ სინამდვილეში, ეს არ გახლავთ თავისთავად ცხადი კითხვა, რო მელსაც ასეთივე ცხადი პასუხი აქვს. შეგახსენებთ, რომ თავის დროს, ამაზე მიუთითებდა ფოლკნერი... მართლაც, იმან, რასაც ახლა ვამბობ, რო მანის რადიკალურად შეცვლილ, ან, გნებავთ, რევოლუციურ ფორმაზე მოახდინა გავლენა. როგორც ჩანს, გამოც დის ის ტიპი, რომლის გავლაც პირველ რიგში სურდათ ფოლკნერს და პრუსტს, მათი გამოცდილების სახე კლასიკურ ფორმაში ვერ მოთავსდებოდა, დაანგრევდა მას და საჭირო გახდა ახალი, განსხვავებული ფორმის მოძებნა.       არც პრუსტს და არც ფოლ კნერს, ფაქტობრივად, არ ჰყავთ სახელდებუ ლი სიუჟეტური გმირი, არის გმირი, რომლის გვარი, შეიძლება, არც ვიცო დეთ, მათთან დროის ყველა შრე ერ თმანეთშია გადახლართული, თხრო ბა ერთი დრო დან თავისუფლად ხტება სხვა დრო ზე, ყოველგვარი თან მიმდევრუ ლი კავშირის გარეშე, რომელსაც კლასიკური რომანების კითხვისას მივეჩვიეთ. არავითარი საზო გადოება, სოციალური მოძრაობა, გნებავთ, ობიექტური სურათი არ არის ასახული. ყველაფერი სრულიად სხვაგვარადაა აგებული. რატომ? და აი, აქ დავუბრუნდები ფოლკნერის ფრაზას, რომლის მოხმობასაც ვაპირებდი. ფოლკნერი ამბობდა, რომ ადა მიანის ყველაზე დიდი ტრაგედია არის ის, როცა მან არ იცის, რო გო რია მისი ნამდვილი მდგო მარეობა.[10] სად არის ის და რა ხდება მის თავს? უფრო სწორად – როგორ და როდის დაიწყო ის, რაც ახლა ხდება. მაგალითად, როგორ და რო დის დაიწყო ის, რომ სა ნატრელ პაემანზე მისული, სულ იმაზე ვფიქრობ, რომ ის მალე დას რულდეს. რა ხდება? გამოდის, რომ ყველა ამ მდგო მარეობას ერთი თავისებურება აქვს: უნდა გამო ვარკვიოთ ყველაფერი, კვანძი გავხსნათ. რომანის ფორმაც ისეთი უნდა იყოს, რომ ამ ცხოვრებისეული გამოცდილების გარკვევაში დაგვეხმაროს. და აქვე, ჯერჯერობით, მო ვინიშნავ ერთ მნიშვნელოვან მოსაზრებას. ლიტერატურა, ან ტექს ტი არ არის ცხოვრების აღწერა, ან უბრალოდ ისეთი რამ, რაც გარეგანი თვალსაზ რისით (თვით ცხოვრებასთან მიმართებაში) მისი სამშვენისია; ის არც ჩვენი საქმიანობის სფეროა, – მნიშვნელობა არა აქვს, ვწერთ, თუ ვკითხულობთ თავისუ ფალ დროს, არამედ ეს არის იმის ნაწილი, რო გორც აეწყობა ან არ აეწყობა ცხოვრება. იმიტომ, რომ საჭიროა გავერკვეთ გამოცდილებაში და ამისთვის აუცილებელია ინს ტრუმენტი. მაგალითად, პრუსტისთვის – და ქვემოთ შევეცდები დაგანახოთ ეს – ტექს ტი, ანუ რაიმე წარმოსახვითი სტრუქტურის შედგენა გამოც დილებაში გარკვევის ერთადერთი საშუალებაა; როდესაც საკუთარ ცხოვრებაში რაღაცის გაგებას ვიწყებთ და კონტურები იკვეთება იმის მიხედვით, თუ რამდენად მონაწილეობს ტექსტი მასში, ცხოვრებაში. ცნობილ ფაქტს მოვიხმობ: კაც მა რომ თქვას, პრუსტი თავის რო მანს წერდა სიკვდილთან შეჯიბრის პირობებში, ვინაიდან ასთმით მძიმედ იყო დაავადებული და, მოგეხსენებათ, ასთმა ფსიქო ლოგიურად ერთერთი ყველაზე რთული დაავადებაა. ასეთი ავადმ ყოფი ფიზიკურად იტანჯება, რაც ყველაზე მეტად სიკვდილის შეგრძნებას ჰგავს, ვინაიდან სული გეხუთება და სიკვდილიც სადღაც შორს კი არა, აქვეა. სწორედ ეს დაავადება არგუნა ბედმა პრუსტს (მაპატიეთ, რომ ასოციაციებს მივმართავ და სხვადასხვა გზით მივდივარ, მაგრამ, მგონია, ასე საუბარი სჯობს მეტისმეტად მწყობრ და თანმიმდევრულ ლაპარაკს). ერთი სიტყვით, მო გეხსენებათ, რომ, თუკი ტექს ტი ცხოვრე ბის ნაწილია, _ არა იმ გაგებით, რომ მას იგივე ადამიანი წერს, რომელიც ამავე დროს ცხოვრობს, სამსახურში დადის, ჰყავს მეუღლე, შვილები და ა.შ. _ არა, სხვა რამეს ვგულისხმობ: რაიმეს გარკვევისთვის, საჭიროა, ეს ვითარება რაღაც განსაკუთრებულ სივრცეში, ტექსტის სივრცეში წარმოვიდგინოთ, და მაშინ (თუკი ეს ტექს ტი შედგა) ვითარება იცვლება. მართლაც, ნაბოკოვმაც ზუსტად იგივე გააკეთა _ რუსულ ლიტერატურაში საერთოდ არ გვხვდება ამგვარი რამ, მე ვიტყოდი, მსოფლიო ლიტე რატურისგან მისი პროვინციულპატ რიარქალური ჩამორჩენილო ბის გამო, _ ნაბოკოვი კი ამგვარ ექსპერიმენტებს ატარებდა. მაგა ლითად, ის აღწერს ვითარებას, რომელშიც მისი პერსონაჟი მოხ ვდა, მან სიტუაციის გამოსარკვევად შეადგინა ტექსტი, საკუთარ არსებას ჩაუღრმავდა და თა ვისი ცხოვ რების ჭეშმარიტი ფაქ ტი დაადგინა _ უახლოესი მეგობარი მისი ცოლის საყვარელია. ამასთანავე, ბუ ნებრივია, თუკი ცხოვრება ტექსტის მიხედვით იცვლება, მაშინ ეს ტექს ტი უსასრულოა. მისი ბოლომდე დაწერა შეუძლებელია _ გასაგებია, რაც ახლა ვთქვი? _ ამ აზრით, მაგალითად, ის ვერ იქნება დას რულებული, სრულყოფილი რომანი. და აი, პრუსტს დაწერილი ჰქონ და რო მანის დასაწყისი და დასასრული: რო მანის დასაწყისში უკვე მოცემულია დასასრულიც. პრუსტი საკუთარი რომანის აგების პროცესს ტაძარს ადარებდა[11]; მასში ყოველთვის არის ერთი ნაწილის მეორესთან გადაძახილი. თქვენ ხომ ტაძარს თანმიმდევრო ბით ათვალიერებთ, ერთი შეხედვით შეუძლებელია მთელი ტაძრის აღქმა; ვთქვათ, ჯერ ერთ ნაწილს და იქ რა ღაც გამოსახულებას უყურებთ, რომელიც, მართალია, მას ცალკე ადევნებთ თვალს, მაგრამ ცალკე კი არ არსებობს, არამედ ის ტაძრის სხვა ნაწილთან გადაძახილია, რომელსაც რამ დენიმე ხანში ნახავთ. პირო ბითად ამ გადაძახილს სიმბოლური, ანუ ის ტერმინი ვუწოდოთ, რომ ლითაც სიმბოლისტები სარგებლობ დნენ, _ ცორრესპონდანცეს, შე საბამისობა ნი. (მგო ნი, თქვენთვის ნაცნობი სიმბოლური შესაბამისობების თემა შემომაქვს.) ვთქვათ, 50ე გვერდზე რომელიღაც სცენა აზრობრივი გადაძახილის მატარებელია და თავისი საბოლოო მნიშვნელობით გაუგებარი იქნება იმის გარეშე, რაც 3000ე გვერდზეა (დაახლოებით რომანის ბო ლოს). ასე რომ, დასასრული უკვე დაწერილია. შესაბამისად, და სასრული და დასაწყისი რომანის შიგნით დასაბამს აძლევს თვით პრუსტის ცხოვრების მოვლენებს. მათ შორის სახელგანთქ მულ ალბერტინას "სიყვარულის წიგნს"; რო მანის ორ ნაწილში ის განსაკუთრებულადაა გამოყოფილი – "ტყვე ქალი" და "გაქცეული ქალი". ეს ნაწილები ცოცხ ლადაა დაწერილი. პრუსტს მო ფიქრებული ჰქონდა რომანის დასაწყისიც და დასას რულიც და საკუთარ რეალური სიყვარულის ისტორიას ხელახლა, სხვა თარ გზე ჭრიდა, – სიყვარულს, რომელიც ცხოვრებაში ჰქონდა: მას უყვარდა თავისივე მდივანი ალფრედ აგოსტინელი, რომელიც დაიღუპა, სხვათა შორის, ისევე, როგორც რო მანში _ ალბერტინა. მინ და აქვე შევნიშნო, რომ მერე ამ საკითხს აღარ დავუბრუნდე. ალბათ, იცით, რომ პრუსტი ნორმალური სექსუალური ტემპერამენტის მქონე ადამიანი არ ყო ფილა. ის ჰომოსექ სუ ალისტი გახლდათ. მაგრამ ის იყო ერთერთი იმ მცირეთაგანი, რო მელსაც სიმამაცე ჰყოფ ნიდა, პირობითად რომ ვთქვათ, თავისი ამ ახირებიდან, ადამიანისთვის დამახასიათებელ ძიებისადმი დაუოკებელ სწრაფვაში, სიყვარულის საერთო და არა ჰომოსექსუალურ ბუნებამდე მისულიყო. ეს პრობლე მა გახლდათ სიყვარული – როგორც ასეთი (ანუ ნორმალური სქესობრივი სიყვარული). მან მოახერხა ზღვრის გადალახვა, გარკვევა და გაგება. ეს იმიტომ, რომ, კაცმა რომ თქვას, იქაც იგივე კანო ნები მოქმედებს და ზოგჯერ ჰო მო სექსუალურ სიყვარულში უკეთ ჩანს სიყვარულის საერთო კანონზო მიერებები (ამ უკანასკნელ, ასე ვთქვათ, მიზეზს მოგვიანებით ისევ დავუბრუნდები, გადახრებზე კი აღარ ვისაუბრებ, ვინაიდან მათი ანალიზი სრუ ლიადაც არ არის საინტერესო და არანაირი მნიშვნელობა არ აქვს). ვიმეორებ, პრუსტმა თავისი ძლიერი გრძნობის მთელი ეს მარათონი რო მანში კალმით ხელში გაირბინა და თავს ართმევდა ამ ყველაფერს; მოგვიანებით და ინახავთ, როგორ დაძლია პრუს ტმა სიყვარულის ძირითადი ელემენტი, რომლის გამოც შეყვარებული ადამიანი ადამიანური კავშირის უნარს კარგავს, კერძოდ კი _ მესაკუთრის მანიას ვგულისხმობ. ის მიხვდა, რომ სიყვარული ურჩხულად გვაქცევს, თუკი ჩვენში მფლობელის ბუნება იღვიძებს. სწორედ ამისგან თავისუფლდებოდა ის. ტექსტის საშუალებით გამოდის, რომ ტექსტი რეალურ ცხოვრებაში მონაწილეობს.       დავუბრუნდეთ იმას, რაც აღვნიშნე, – სიტუაციას. საკუთარი თავის და ნამდვილი მდგომარეობის არცოდნის ყველაზე ტიპური სიტუაცია; მაშასადამე, მთავარი ამოცანა საკუთარი "მე"ს ნამდვილი მდგომარეობის გარკვევაა. პრუსტის რომანი, პირდაპირ რომ ვთქვათ, აჭრელებუ ლია ამგვარი სიტუაციებითაც, სიტყვებითაც, რომლებიც მათ აღწერას ითვალისწინებს. ეს გახლდათ, ასე ვთქვათ, მი სი მანია, ის ასე ხედავდა სამ ყაროს – ამ ინტენსივობის ნიშნით. მოგეხსენებათ, რომ თითო ეულ ჩვენგანს აქვს მანიები. ამის გარეშე ვერ დაინახავ იმას, რაც ყო ველგვარი მანიის გარეშე, თავისთავად არსებობს. პრუსტის ტექს ტიდან ცხადად ჩანს ჩვენი ცხოვრების ერთი ფუნდამენტური კანონი. ის შემდგომში მდგომარეობს: სამწუხაროდ, თითქმის ვერასდროს განვიცდით იმდენად, რომ დავინახოთ, სინამდვილეში რა ხდება. რეალობის სახე დავინახოთ. მაგალითად, პრუსტისთვის ერთერთი ყველაზე მნიშვნელოვანი განცდა ის არის, რომ სიყვარულით ვანადგურებთ მათ, ვინც გვიყვარს, რად განაც ეგოისტური ბუნება გვაქვს, გვინდა დავეუფლოთ და ა.შ. მეორე მხრივ კი ყო ველთვის არსებობს მოარული ფრაზები, რომლებიც ხელს გვიშლის, რომ რაიმე ინტენსიურად განვიცადოთ. საკუთარ თავს ვეუბნებით: ეს ყველაფე რი ასე არ არის; ეს იმას არ ჰგავს, რაც წინათ იყო, ახლა ყველაფერი სხვაგვარადაა, ყველაფერი გაივლის, მოგვარდება; იმედი ხელს გვიშლის, რომ ახლანდელი მომენტი ინტენსიურად განვიცადოთ და გადავყავართ მომავალში, ხვალინდელში. ხვალინდელი დღის თვის გადავდებთ ხოლმე. იმედი ხელს გვიშლის _ რაში? _ რომ ინტენსიურად აღვიქვათ ის, რაც არის. ამავე დროს, ამიტო მაა, რომ მსოფ ლიო ხელოვნებაში დასაბამიდანვე არის ის, რასაც სინამდვილის წმიდათაწმიდა შიშს უწოდებდნენ. როდესაც რეალობა, ან ის, რაც სინამდვილეში არსებობს, გარკვეული ტრავმის შემდეგ წარმოგვიდგება (სამწუხაროდ, ბოლო დროს პო ეტებმა დაკარგეს ჩვენში რეალობის წინაშე წმიდათაწმიდა შიშის აღძვრის უნარი); ანუ პო ეტი საკ მაოდ გრძნობამორეული ან შეძრუ ლი უნდა იყოს, რომ სინამდვილე დაინახოს, _ ვთქვათ, დედის სახის რეალობა პრუსტის რო მანში. ჩვენ ხომ სინამდვილეში საკუთარ დედებს ვკლავთ. მაგრამ სწორედ იმიტომ, რომ ვერასდროს გან ვიცდით საკმარისად, ამას ვერ ვხედავთ. მაგრამ ზოგ ჯერ პოეტები საშინელ ფიგურებს ხატავენ, რომლებიც ჩვენი განცდის უუნარობას ბოლოს უღებს და ვხედავთ სინამდვილეს. ამავე დროს, იმის თქმაც მინ და, რომ პოეტის ამოცანა ჩვენთვის განცდის მოგვრა კი არაა, არა მედ იმის დანახვება, რაც სი ნამდვილეშია – ჩვენი ნამდვილი მდგომარეობის, ან იმის, რასაც სინამდვილეში ვაკეთებთ.       განწყობისთვის, კამერტონისთვის მინდა მოვიხმო პრუსტის კიდევ ერთი ციტატა.       "რა კეთილშობილურია ბუნების კანონი, რომლის თანახმადაც არასდროს ვუწყით ის, რაც გვიყვარს"[12]. მასთან ხშირად მეორდება ასეთი სახე: შეყვარებული თითქოს შუშის სამანს მიღმა, ერთ მხარესაა, როგორც აკვარიუმში, რომლის კედლითაც გამიჯნულია სამყაროსგან, და მისთვის მხოლოდ ერთი სამყაროა, ის აკვარიუმში არსებულ საგნებს ხედავს. ჩვენ ვერ გვხედავს. ის საგნებს საკუთარი თვალით ხედავს და ისინი უსასრულოა. ჩვენი თვალსაწიერიც ხომ უსასრულოა, და ამ თვალსაწიერში ვხედავთ, იმას, რასაც თვალი ხედავს. მაგრამ წარმო იდგინეთ აკვარიუმის კედელი, რომელზეც უსას რულოდ ირეკლება თვით აკვარიუმის წყალი, – თევზი კედელს ვერ ხედავს, ის უსასრულო წყალს ხედავს მხოლოდ. ამიტომაც, მას რომ კედელი დაენახა, იმასაც დაინახავდა, რომ აკვარიუმშია. მან კი არ იცის, რომ აკვარიუმშია. (ახლა ჩემთვის პრუსტისეულ სახეებს ვალაგებ, ვაკავშირებ, ისინი რომანის სხვადასხვა ეპიზოდში ჩნდებიან.[13]) და მისთვის ეს სამყარო ერთადერთია. სინამდვილე კი იჭრება აკვარიუმში ან თევზის სამყარო ში, ან შეყვარებულის სამყარო ში, იმის მსგავსად, როგორც ნამდვილ, რეალურ აკვარიუმში ადამიანის ხელი ჩნდება და თევზი ამოჰყავს წყლიდან, რო მელიც მას ერთადერთი და უსას რულო ეგონა. საითაც არ უნდა გაეხედა _ ყველგან წყალი იყო, აქ კი უცებ გამოჩნდა ხელი და აკ ვარიუმიდან ამოიყვანა. ასე რომ, პრუსტისთვის ამ შუშის სამანების სიტუაცია არსებობს, რომ ლის მიღმა გასვლაც შეუძლებელია. ანუ ის, რაც შუშის ამ მხარესაა, უხილავია იქედანაც და მხოლოდ გარკვეულ მოვლენებს, რომლებსაც რეალობას უწოდებენ, შეუძლიათ ერთი სამყაროს მეორეში გადატანა. მაგალითად, ძალიან გამოკვეთილი ფიგურა _ ბარონი შარლიუ თევზის მსგავსად ცხოვრობდა. ვთქვი, რომ წყალი შუშაში უსასრულოდ ირეკლება, მაშინ, რო ცა გვერდით, ჩრდილში, მეთევზე, pisciculteur, თვალს ადევნებს მის მოძრაობას, _ შარლი უსთვის კი ასეთი მეთევზე გახლდათ მადამ ვერდიურენი, იმ სალონის დიასახლისი, სადაც ის დადიოდა. ამ სა ლონში შარლიუ არისტოკრატიული სამყაროს წარმომადგენელი იყო; მას სრულიად ბუნებრივად მიაჩნდა, რომ სალონის ყველა სტუმარმა იცო და, რომ ის საფრანგეთში ერთერთი ყველაზე ძველი არისტოკრატული გვარის შთამომავალი იყო. არადა, სინამდვილეში სრულიად სხვაგვარად აღიქვამდნენ. პრუსტი ამბობს, რომ ის ასევე გაოცდებოდა, თუკი გაიგებდა, როგორი იყო სხვების თვალში, ისევე, როგორც ჩვენ გვაოცებს, როცა რაიმე შემთხვევითი მიზეზის გამო სათადარიგო კიბეზე ჩავდივართ, რომ გარეთ გავიდეთ და მოსამსახურეების მიერ ჩვენს შესახებ დაწერილ წარწერებს ვხედავთ.[14] (იმიტომ, რომ მოსამსახურეებს მათთვის ჩვეულ სამყაროში ვხედავთ.) "უფრო მეტიც, – შენიშნავს პრუსტი, – ხალხები, იმდენად, რამდენადაც ისინი ინდივიდების კოლექციაა (ანუ საზოგადოება ინდივიდების კოლექციაა და, შესაბამისად, ინდივიდების კანონებიც, ოღონდ, განსხვავებულ მასშტაბში, საერთო კანონებიცაა; ეს გახლავთ პრუსტის სოციოლოგიური თუ, გნებავთ, პოლიტიკური ხასიათის ერთერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ნააზრევი), ამ ჯიუტი და გამაოგნებელი სიბრმავის უფრო მომცველ, მაგრამ ინდივიდთა იდენტურ მაგალითებს გვთავაზობენ[15]". ჯიუტი და გამაოგნებელი სიბრმავე – მოდით, ამ სიტყვებზე შევჩერდეთ. რად განაც საკუთარი გამოც დილების წაკითხვას პრუსტის საშუალებით საკუთარ სულშიც ვცდილობდი, შემიძლია ვაღიარო, რომ ერთერთი ჩემი განცდა (რის გამოც დავიწყე კიდეც, ალბათ, ფილოსოფიის შესწავლა) სწორედ ეს განცდა გახლდათ _ არსებულის წინაშე ადამიანთა სიბრმავე სრულიად გაურ კვეველი იყო ჩემთვის და თავგზას მიბნევდა. ეს გამაოგნებელი ფენომენი მართლაც იწვევს დაბნეულობას. და ეს ფენომენი განსაზღვრავს რო მანის ფორმას: ის ისეა დაწერილი, რომ, როგორც ფილოსოფო სი იტყოდა ასეთ შემთხვევაში (მაპატიეთ, ტერ მინის გამო. რო გორც ხედავთ, გავურბივარ რომელიმე საგანგებო ფილოსო ფიურ ტერმინს, მაგრამ ერთს გამოვიყენებ, რომ უბრალოდ შეგაშინოთ), ონტოლოგიურ მდგომარეობას გაუმკლავდეს. ადამიანის ონტოლოგიური მდგო მარეობა ჯიუტი სიბრმავის მდგომარეობაა. ერებს ცხვირწინ აქვთ რაღაც და ვერ ხედავენ. რა თქმა უნდა, ადამიანებიც ასე არიან; ერები, რო გორც მო გახსენეთ, _ ინდივიდების კოლექციებია. მაგალითად, საკმარისია დავუკვირდეთ რუსეთის ისტორიის ზო გიერთ ეპიზოდს, რომ დავინახოთ: ეს არის მდგომარეობა _ ახლა მას სხვა სახელით მო ვიხსენიებ, _ როდესაც გამოცდილებას ვერ ვიძენთ. როდესაც ჩვენს თავს რაღაც ხდება, გამოცდილებას ვერ ვიღებთ და ეს დაუსრულებლად მეორდება. მართლაც, პრუსტთან ძალიან ხშირად ვხვდებით ჯოჯოხეთის სახეს. სიტყვა "ჯოჯოხეთს" ვიყენებთ, როგორც ყო ველდღიურობასთან და კავშირებულ ან რელიგიიდან ნასესხებ სიტყ ვას, მაგრამ მისი საწყისი სიმ ბოლიზმი გვავიწყდება. ჯოჯოხეთი _ ეს არის სიტყვა, რომელიც სიმბოლოა იმის, რაც სიცოცხლეშივე ვიცით და ყველაზე საშინელია _ მარადიული სიკვდილი. სიკვდილი, რომელიც მუდმივად ხდება. წარმოიდგინეთ, მუდმივად რომ ვღეჭავდეთ ლუკმას და ეს აღარ მთავრდებოდეს. და ეს არის სიკვდილი, რომელსაც არა აქვს დასასრული. ეს ყველაფერი უხეიროდ მეორდება. ჩვენს ცხოვრებასა თუ ისტორიაში ისევ და ისევ ვუშვებთ ერთსა და იმავე შეცდომას, ვიქცევით ისე, რასაც ვინანიებთ. რატომ? იმიტომ, რომ, როგორც ჩანს, არ არსებობს სტრუქტურა, რომლის ფარგლებშიც ერთხელ და სამუდამოდ მივიღებდით გამოცდილებას იმის გამო, რისთვისაც მონანიება მოგვიწია. და თუკი ასე არ მოვქცეულვართ, ვერ გაგვიგია; თუკი გამოცდილება ვერ მივიღეთ, ეს მუდმივად განმეორდება. ვთქვათ, რუსე თის ისტორიაში, ვიტყოდი, თავისუფლად დათარეშობდა უხეირო გამეორებების გენია. შეეცადეთ, თვითონვე დაძებნოთ ამის მაგალითები. მათ ადვილად იპოვით.       სიბრმავის მდგომარეობას დავუბრუნდები. სიბრმავეს თავისი კანონები აქვს. თვალის ახელასაც აქვს კანონები. ახლა კი სიბრმავის ამ ძირითად მდგომარეობას ასე გამოვხატავ და მოგახსენებთ "სიბრმავისა და თვალის ახელის კანონებს". ძირითადი, რის გარკვევასაც პრუსტი ცდილობს და რის გამოც ლიტერატურული მოღ ვაწეობა დაიწყო და რო მანისტი გახდა, არის შემდეგი საკითხი, რო მელიც რეალურ ადამიანურ განცდას უკავშირდება. რატომ ვხედავთ ერთ რამეს და ვერ ვხედავთ მეორეს? რატომ ვიცით ერთი რაღაც და არ ვიცით მეორე? თან, ეს "რაღაც" ყოველთვის უკვე არსებულს განეკუთვნება. მხედველობაში მაქვს ადამიანის მიმართება უკვე არსებულ ჭეშმარიტებას თან, რომ ლის წინაშეც ის აღმოჩნდება და არსებობს გარკვეული კანონები, რომელთა წყალობითაც ის ბრმაა და ვერ ხედავს. მას პირო ბითად ვუწოდებ – გადაკვეთის და გადაუკვეთელობის მდგომარეობას. შეხვედრას. მოვიხსე ნიებ წიგნს, რომელიც, ალბათ, წაკითხული არ გაქვთ, ან, უფრო ზუს ტად, წაკითხვას ვერ მოახერხებდით, ვინაიდან მისი შოვნა შეუძლებელია; ახლა კი მინდა ეს წაუკითხავი წიგნი განგიმარტოთ და კიდევ ერ თი წაუკითხავი წიგნი დავასახელო, რომლის წაკითხვასაც მით უმეტეს ვერ შეძლებდით, იმიტომ, რომ ის, პი რო ბითად რომ ვთქვათ, აკრძალულია, თუმცა კულტურის სფე რო ში ადამიანური ღირ სებისთვის აკ რძალული წიგნები არ არსებობს. ყველაფერი, რაც ადამიანის შექმნილია, წესით, ჩვენ გვეკუთვნის და მისი წართმევა არავის შეუძლია. მხედველობაში მაქვს პასტერნაკის რომანი "ექიმი ჟივაგო", რომელიც შექმ ნილია, როგორც რომანითვალის ახელა, ოღონდ ნაკლებად წარმატებულია, ვიდრე პრუსტის რომანი, მაგრამ ესეც თვითგამორ კვევის რომანია. ჰოდა, იქ არის ასეთი მაგიური შეხვედრები. აი, სადღაც, რომელიღაც სადგურში ერთმანეთისთვის შექმნილი ადამიანები ურთიერთს ხვდებიან, მაგრამ ვერ ცნო ბენ ერთმანეთს. თითქოს ბედისწერით ერთმანეთს ეკუთვნიან, მაგრამ ამ შეხვედრისას ერთმანეთს გვერდით ჩაუვლიან. შეხვედრამ, თითქოსდა ნიშანივით გაიელვა რკინიგზის სადგურზე, მატარებელმა შემ დეგ გუგუნით გაიარა ათასობით კილომეტრი და ათო ბით წელიწადი და სადღაც ეს შეხვედრა ისევ გადაიკვეთება მათსავე სხვა შეხვედრასთან, როდესაც ისინი ერთმანეთს იცნობენ და ერთმანეთს ეხსნებიან. ერთმანეთისგან გამიჯნულია გზების გადაკვეთის თუ გადაუკვეთელო ბის მდგო მარეობა და სარკეში მზერათა რაღაც თამაში, რომ ლებიც ერთმანეთს ერთ წერტილში ხვდება ან არ ხვდება. ნათელი რომ იყოს, რაზეც ვსაუბრობ, ციტატას წაგიკითხავთ. მაშასადამე _ პრუსტის რომანის ერთერთი გადამ წყვეტი სცენა, შინაგანი სულიერი ღერძი, რომელზეც ასხმულია სხვა ეპიზოდები. აღქმის გამარტივების მიზნით, ოდნავ განსხვავებუ ლად, უფრო ზედაპირულად, აგიწერთ ვითარებას, რომელზეც ვსაუბრობდი. აი, ვთქვათ, არ მიწერია ჩემი ცხოვრებიდან სწორედ რაღაც ისეთის გაგება, რაც ამ ცხოვრების ნაწილია და უნდა მცოდნო და, მაგრამ იცის მან, ვისაც საერთოდ არ სჭირდება ამის ცოდნა. ვთქვათ, ასეთი ვითარებაა პრუს ტთან _ მზერები იქაც გადაიკვეთება (წარმოიდგინეთ, რომ ყველანი ცას ვუყურებთ და მზე რათა გადაკვეთაში, გადაკვეთის ბო ლო წერტილში ჩნდება ან არ ჩნდება რაღაც ფიგურები, სახეები, მოვ ლენები, ცოდნა; ეს ყველაფერი, ფიგურები, სახეები და ზოგ ჯერ სახეების ნაცვლად ჩრდილებია), – ორი პერსო ნაჟი: მარსელი, ანუ რომანის გმირი, და მარკიზ სენლუ _ მარსელის ახალგაზრდობის მეგობარი, მისთვის მიმზიდველი პიროვნება, როგორც არისტოკრატიზ მის განსახიერება. (არისტოკ რატია შემთხვევით როდი იზიდავდა თვითონ პრუსტსაც და რომანის გმირსაც. და ეს არა რაღაც სნობიზმის გამო, არამედ იმიტომ, რომ არისტოკრატია, ასე ვთქვათ, ყოველივე დასრულებულის, შემდგარის სიმბოლო ან რეალური მატერიალური ყოფიერებაა. და აი, იმ სრულყოფილ განსახიერებათა სახით, რომლებიც შედგა, _ ადა მიანები, რომელთაც ის ტო რიაში რაღაც გააკეთეს და საკუთარი სიმამაცით სახელი დაიმკვიდრეს. რა თქმა უნდა, ამ სახელმა შემდგომში, შეიძლება, მნიშვნელობა დაკარგოს. მაგ რამ ამის წინასწარ გამოცნობაც საჭიროა.) მაშასადამე – სენ-ლუ და მარსელი. ისე ხდება, რომ მარსელმა რაღაც იცის სენლუს შეყვარებუ ლის შესახებ, ანუ ბედმა მას არგუნა იმის ცოდნა, რაც სწო რედ სენლუს სჭირ დება, ხოლო მარსელისთვის სულერთია, – ბედისწერის შემთხვევითობის წყალობით, ის სენლუს შეყვარებულს საროს კიპო ში ხვდება, სადაც ამ ქალის დაუფ ლება შეეძლო ოც ფრანკად, სანამ სენლუს შეუყვარდებო და და ა.შ. შესაბამისად, მარსელმა იცის, რო გორია ის. ქალს რახილი ჰქვია და თან რომანში მას ზედ მეტი სახელი აქვს. ასაკის მიხედვით თქვენს ასაკს არ ემთხვევა; "ასაკი" იმიტომ ვახსენე, რომ არის მელოდიები, რომლებიც ტალღებივით არსებობენ. არის წლები, როცა რო მელიღაც მელოდია იყო პო პულარული და ის გამუდმებით ისმის რადიოში თუ სხვაგან და ამ ტალღამ შეიძლება ათწლეულები მოიცვას, შემდეგ კიდევ ათწლეულები რაღაც ახალი მელოდია ჩნდება. მახსოვს, ჩემს დროს, საუბედუროდ თუ საბედნიეროდ, არ არსებობდა ტრანზისტო რები, არამედ იყო რეპროდუქ ტორის შა ვი თეფში და იქიდან ხშირად ისმო და არია ალევის ოპერიდან "ებრაელი ქალი" - "რახილ, შენი თავი ზეციურმა განგებამ მარგუნა" (ფრანგულად _ "Rachel quand du Seigneur"). გოგონას მეტსახელი, რო მელიც სა როს კიპოში სხეულით ვაჭრობდა, იყო "რახილ, შენი თავი ზეციურმა განგებამ მარგუნა". მარსელს კი თავისი მეგობრისგან _ სენლუსგან, გაგონილი ჰქონ და რომელიღაც ღვთაებრივი ქალის შესახებ, რომელიც თავისი ინტელექტუალური, ზნეობრივი და ფიზიკური თვისებებით, უბრალოდ, დედო ფალია. და აი, ქუ ჩაში ერთმანეთს იცნობენ და უცებ მარ სელი ხედავს სწორედ იმ რახილს... "ზეციურ განგებას" და სწორედ ის არის სენლუს შეყვარებული და მისთვისვე "დედამიწის გულისგული". თავისი ზნეობრივი, ფიზიკური და ინტელექტუალური ღირსებებით _ დედოფალია. და პრუსტი წერს: "ეჭვგარეშეა (გმირი უყურებს რახილს, მის სახეს და შენიშნავს), ეს სწორედ ის გამხდარი და ვიწრო სახე იყო, რომელიც ვნახეთ რობერ მაც (ასე ერქვა სენლუს) და მეც. მაგრამ ჩვენ მასთან (ამ სახესთან _ ჩვენი ნააზრევი თითქოსდა რაღაც გზა არის, ან ჩვენი მზერაც _ გზა არის ამ ზეცისკენ, სადაც მზერები ერთმანეთს გადაკვეთს) საპირისპირო გზებით მივედით (ჩვენს სულს აქვს გზები, რომლითაც დავდივართ), რომ ლებიც არასდროს დაუკავშირდება ერთმანეთს"[16].       მაშასადამე, კიდევ ერთი სახე. უპირველესად, არსებობს გზები, მეორეც, შეუკავშირებელი გზები. და ჩვენ ვერასოდეს დავინახავთ ერთსა და იმავე სახეს. იმ გაგებით, რომ მხარეებია განსხვავებული, – ანუ არა ფი ზიკურად განსხვავებული მხრიდან, იმიტომ, რომ ფიზიკურად, როგორც პრუსტი ამბობს, ეს ერთი და იგივე გამხდარი და ვიწრო სახეა. ფიზიკურად ის ერთია, მასთან მიმავალი გზებია განსხვავებული. ანუ ჩვენი სულის მიმართულებებს ხშირად, უბრალოდ, შემ თხვევითი შეხ ვედრები განაპირო ბებს. პრუსტს ბედმა შემთხვევით არგუნა მისთვის უსარგებლო ცოდნა, – იმიტომ, რომ ეს ქალი მის ცხოვრებაში არ არსებობს, ის, უბრალოდ, ქალია, რომლის ჩანაცვლებაც ნებისმიერი ქალით შეიძლება. მათი გზები გადაიკვეთა საროს კიპოში, სენლუმ კი რახილი პირველად თეატრის სცენაზე ნახა. სენლუ პარტერში იჯდა და რახილს, რომელიც მან პირველად დაინახა სცენაზე, სახეზე იმ კეთილშობილურ გრძნობებზე დიადი ოცნების შუქი ეფინებოდა, რომლებსაც გამოხატავს ხელოვნება; ყველაფერი, რასაც ხელოვნება ასვამს დაღს _ კერძოდ, რას? – როლს, და ამ შუქში, ამ როლის ათინათში მის წინაშე იდგა რეალური ქალი. სენლუსთვის ამოსავალი წერტილი, შემთხვევითობის წყალობით, სხვა რამ იყო. ანუ რომელიღაც გზის საწყისი წერტილი განსხვავებული გახლდათ. სენლუს მზერა რომელიღაც წერტილისკენ იყო მიმართული, რო მელზეც პროეცირებული გახლდათ არა ქალის რეალური თვისებები, არამედ ხელოვნების თვისებები, ან ჩვენს დიად მისწრაფებათა თვისებები. ყველაფერი დიადი, ამაღლებული, მშვენიერი და ა.შ. (რომანში სხვა ადგილას პრუსტი ისევ საუბრობს შეხვედრების გადაკ ვეთაზე, რომლებსაც ფიზიკური გზის თუ ფიზიკური დრო ის მრავალი კილომეტრი აშორებს[17].) ერთი სიტყვით, სენლუმ თეატრში რახილი ნახა და მოეჩვენა, რომ ის იყო წერტილი, რო მელზეც პრო ეცირებულია მა ღალი შეგრძნებები, რომ ლებსაც ჩვენში ხელოვნება აღძრავს, და ისინი სენლუში უკვე მშვენიერი ქალის სახედ ირეკლებოდა; შესვენების დროს, კულისებს მიღმა, ის წარუდგინეს რახილს, მაგრამ მან სრუ ლიად უემოციო, გადარეცხილი სახე დაინახა (ვინაიდან კულისებს მიღმა იყო და არა სცენაზე), "მაგრამ სხვა დროისთვის გადადო იმის გარკვევა, თუ როგორია რახილი სინამდვილეში".[18] რა იყო ეს _ ცარიელი სახე გადარეცხილი ნაკვთებით თუ მშვენიერება, რომელსაც ის წარმოდგენის დროს ხედავდა. საგანგებოდ მო ვიხმე ეს პასაჟი და პრუსტის კვალად, გამოვიყენე სიტყვები – სხვა დროისთვის გადადო იმის გარკვევა, თუ როგორია რახილი სინამდვილეში, – სიტყვაში "გადადო" პრუსტის მთელი ფილოსოფიაა ჩადებული. მაშასადამე _ სიბრმავის მდგომარეობა, ანუ ის მდგომარეობა, რომ არის რაღაც, რაც უნდა ვიცო დეთ და არ ვიცით; რაღაც, რასაც ვხვდებით და ჩვენ გვეკუთვნის, მაგრამ ვერ ვაცნობიერებთ. კიდევ ერთ სახეს, მსოფლიო ლიტერატურიდან, რომ ზუს ტად განეწყოთ ამ მდგომარეობისთვის. მოგეხსენებათ, არცოდნის და სიბრმავის მდგომარეობის ერთერთი ანტიკური განსახიერებაა ტრა გედია "ოიდიპოს მეფე". ოიდიპოსი ხომ წევს ქალთან, რომელიც სინამდვილეში დედამისია. და გზად, შემთხვევითი ჩხუბის დროს კლავს გამვლელს, რომელიც სინამდვილეში უბრალო გამვლელი კი არა, მამამისია. ეს მისი ცხოვრების ნაწილებია, რაიმე უმნიშვნელო საგნები კი არა, მისი ცხოვრების ნაწილები – მამა და დედაა. ის მათ გადაკვეთს, მაგრამ ვერ ცნობს. დედამისში ის ხედავს ქალს, ცოლს, მამამისში კი გამვლელს, რო მელმაც გაანაწყენა. აი, სინამდვილეში რას ეთმობა პრუსტის რო მანის მთელი გვერდები. ვიმეორებ, რომ სიბრმავე ჩვენს შესაძლებლობებზე არ არის დამოკიდებული. აქ სიტყ ვა "სიბრმავე" არ გულისხმობს იმას, გონიერები ვართ თუ უგუნურები. ვთქვათ ბერძნები ხომ არ მსჯელობდნენ იმაზე, ოიდიპოს მეფე – გონიერია თუ უგუნური. ის უგუნურების გამო კი ვერ ხედავს თავის მეუღლეში დედას. ყველა ეს პრობ ლემა ჩვენი საზრიანობის პრობ ლემებს მიღმაა. აი, რა უნდა გავიგოთ. საზრიანობასთან, გონიერებასთან თუ უგუნურებასთან ამას არავითარი კავშირი არ აქვს. მაგრამ ერთ რამეს უკავშირდება. რო გორც ვთქვი, საკითხის გარკვევა გადავდე, და იმასაც ვიტყვი: ამ ყველაფერს არავითარი საერთო არ აქვს გო ნიერებასთან ან უგუნურებას თან, არამედ შრომას უკავშირდე ბა. ეს მეორე სიტყვა უკავშირდება "გადადების" გაგებას. მაშასადამე, პრუსტისეული სამყარო, ან სიბრმავის სამყარო, ისეთი სამყაროა, რომელშიც, თუკი წამით რაიმე შთაბეჭდილება გაგვიჩნდა – ისევე რო გორც სენლუს, როდესაც მან მოულოდნელად გადარეცხილი და უემოციო სახე დაინახა, – აი, როცა გვექ მნება რაღაც შთაბეჭდილება – არაფრის გადადება არ შეიძლება. შთაბეჭდილების წამი არის ჩვენდამი მომართული წამი, რო მელიც მოგვიწოდებს _ "იმუშავე", ნუ გადადებ. ზემოთ ვამბობდი, რომ იმ იმედით გადავდებთ ყველაფერს, რომ ხვალ სხვაგვარად იქნება, მოვიცადოთ, მოგვარდება. ასევე, სიზარმაცითაც გადავდებთ ხოლმე. სიზარმაცე, ხშირ შემთხვევაში, ასევე, ყველაფრის ისე დანახვის შიშითაა განპირობებული, როგორც სინამდვილეშია. ანუ სიზარმაცის მიზეზი ფსიქოლოგიური არ არის, თუმცა, სიზარმაცე და იმედი ფსიქო ლოგიური მექანიზმებია, მაგრამ მათი სტრუქტურა (მათ მიზეზებიც აქვს) ფსი ქოლოგიური არ არის.       პატარა ეპიზოდი, რომელიც პრუსტს გადახდა, პრუსტის შეც დომის ეპიზოდი[19]. ამის საშუალებით განვმარტავ, რას ნიშნავს "მუშაობა". ეს არის რაღაც უნიკალური, რომლის გაკეთებაც მხოლოდ ჩვენ შეგვიძლია. უპირველესად, ცოდ ნის გადაცემა შეუძლებელია (მარ სელს არ შეუძლია, რომ სენლუს რახილის შესახებ თავისი ცოდნა გადასცეს), ცოდნათა შე ჯამებაც შეუძლებელია. სენლუ ვერ გამდიდრდება იმ ცოდნით, რომელიც აქვს მარსელს და საკუთარ ცოდნას ვერ დაუმატებს მარსელისას. მათი შეკავშირება შეუძლებელია. ეს ერთი. მეორეც – დროის ხელიდან გაშვება არ შეიძლება. საჭიროა წამის გა მო ყენება, სწორედ წამიერი შთაბეჭდილების შიგნით მუშაობა. და აი, ანეგდოტიც, რომლის მოყოლაც მინდოდა, ანეგდოტი სახარებიდან. პრუსტი ორ ჯერ – რომანის ძირითადი იდეის განმარტებისას, მეორედ კი მეგობრისადმი – ჟორჟ დე ლორისისადმი მიწერილ წერილში, – საგულისხმო შეცდომას უშვებს, როდესაც კანონიკურ ტექსტს მო იხმობს, რო მელიც, წესით, ზეპირად უნდა სცოდ ნოდა (ზეპირად მან ბევრი ტექსტი იცოდა, შესანიშნავი მეხსიერება ჰქონ და), ამი ტომაც შეცდომა აქ მეხ სიერების ნაკლებობით კი არ არის განპირობებული, არამედ იმით, რომ შეც დომამ თვითონვე გამო ხატა სულის გარკვეული შინაგანი ჟინი, ტიპური შეცდომა (ან, რო გორც ფსიქოანალიტიკოსები ამბობენ, "სიმპტომური", არაშემ თხვევითი, ანუ ისეთი შეცდომა, რომლის წყალობითაც რაღაცის გაგება შესაძლებელია, თუკი შეცდომად განვიხილავთ). პრუსტი მოიხმობს სიტყვებს იოანეს სახარებიდან, რომ ლებიც ახლა ჩვენთვის თავისთავად მნიშვნელოვანია, შეცდომის მიუ ხედავად: "კიდევ მცირე ხანს არის თქვენს შორის ნათელი. იარეთ, სანამ ნათელი გაქვთ, რათა ბნელმა არ მოგიცვათ" (იოანე, 12:35). აქ ნათქვამია, რომ ჭეშმარიტებას აქვს თავის გამოვლენის ისეთი თვისება ან ისეთი კანონი, რომ მხოლოდ ელვის სახით ჩნდება (ჭეშმარიტების გამოვლენა _ მაგალითად შეუძლებელია, ჭეშმარიტება მზესავით მთელი დღე ანათებდეს). ერთი სიტყვით, სანამ ის არსებობს, – იარეთ, ნათქვამია სახარებაში. მე ასე ვიტყოდი – ჩვენს პრობლემებთან ახლოს რომ იყოს და სახარებისეული ტექსტიც რომ განვმარტოთ – გაინძერით ან ამოძ რავდით, სანამ გაიელვა სინათლემ. ეს "კორექტირება" ჩემი მხრიდან შემ თხვევითი როდია, თუმცა, ამგვარი ტექს ტების კორექტირებას აზრი არ აქვს. პრუსტი კი ორივე შემთხვევაში უნებლიეთ, არაცნობიერად მოიხმობს ტექსტს შეცდომით. კიდევ ცო ტა ხნით იქნება სინათლე თქვენთან, სანამ ანათებს _ იმუშავეთ. Travaillez – წერს ის. უნებლიე შეცდომაა, არა ტიპური, ვინაიდან საუბარია შრო მის დროზე, რომლის ნიშანია წამი, წამის წილი. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ჭეშმარიტების სივრცის გაფართოება მხოლოდ შრო მის გზითაა შესაძლებელი, თავისთავად კი ის – წამია და თუკი ხელიდან გაუშვი... მორჩა _ ქაოსი და ნგრევა დაიწყება, აღარაფე რი განმეორდება – და სამყარო არყოფნაში გადავა; მათ შორის ჯოჯოხეთის უსასრულო განმეორებაში. ეს იქნება შენი გაურკვეველი, დაუსრულებელი, მანკიერი მდგომარეობა, ის უსასრულოდ განმეორ დება და ვერასო დეს მიიღებ გამოცდილებას, ამავე დროს იმიტომაც, რომ ყოველ ჯერზე ხელიდან უშვებდი წამს – არ ყოვნდებო დი შრო მაში. მოდით, ამას პირობითად ცხოვრებისეული შრო მა ვუწოდოთ, რო მელიც ელვის ნიშნითაა გამო ხატული. მართლაც, ჯერ კიდევ ჰერაკლიტე ამბობდა, რომ სამყაროს მართავს ელვა.[20] და კიდევ, უკანასკნელი ფრაზა. ფრანგ პოეტს – სენჟონ პერსს აქვს ასეთი კონსტრუქცია, რომელიც, რა თქმა უნდა, პარადოქსული მოგეჩვენებათ, მაგრამ გამო ხატავს იმას, რაზეც ვსაუბრობდით. ერთ თავის ლექსში პოეტი იყენებს სიტყვათშეთანხმებას: ელვის სინტაქსი.[21] განსაზღვრების თანახმად, ელვას არ შეიძლება გააჩნდეს სინტაქსი, _ მას, რაც წამის წილს მოიცავს, შეუძლებელია ჰქონდეს სინტაქსი, რომელსაც სივრცე სჭირდება. და მაინც, პოეტმა ეს გამოთ ქმა გამოიყენა: ელვის სინტაქსი. გაგრძელება ... შენიშვნები/მითითებები:…
დაამატა ლაშა to ფილოსოფია at 1:09pm on ნოემბერი 8, 2016
თემა: ეთნიკური წინარწმენა და დისკრიმინაცია ევროპაში
ნარწმენისა და დისკრიმინაციის კვლევის შესავალს. პირველ რიგში, ჩვენ ჩამოვთვლით ევროპული პერსპექტივის გამორჩეულ მახასიათებლებს და გავაკეთებთ ევროპის იმიგრაციისა და ეთნიკური ჯგუფების მოკლე მონახაზს. ევროპა მრავალკულტურული საზოგადოება გახდა. მიუხედავად ამისა, საზოგადოებრივი აზრი და კონტინენტის პოლიტიკა ხშირად არ ასახავს ამ ემპირიულ ფაქტს. იმიგრანტებისადმი მიმართული წინარწმენა და დისკრიმინაცია ფართოდ გავრცელებული ფენომენია მთელ ევროპაში. რამდენიმე კროს-ევროპული კვლევა მხარს უჭერს ამ დასკვნას, თუმცა, თეორიებით გამყარებული კვლევები ევროპაში წინარწმენისა და დისკრიმინაციის შესახებ მაინც იშვიათია. კროს-ევროპული კვლევები შეისწავლის წინარწმენისა და დისკრიმინაციის კლასიკურ და თანამედროვე თეორიებს და ცდილობს, გამოავლინოს ფსიქოლოგიური მექანიზმები, რომლებიც ახსნის ეთნიკური ჯგუფების უგულებელყოფისადმი ინდივიდუალურ მზაობას. აქ მოყვანილია ევროპის უახლესი კვლევების მოკლე მონახაზი. გთავაზობთ როგორც მნიშვნელოვან კროს-ეროვნულ პერსპექტივებს, ასევე, შედარებებს შეერთებულ შტატებში რასობრივი წინარწმენისა და დისკრიმინაციის უფრო ფართოდ შესწავლილ მაგალითებთან. რატომ ამახვილებს ეს გამოცემა ყურადღებას ჯგუფთაშორის ურთიერთობებზე ევროპაში?       მეცნიერებმა, რომლებიც სწავლობდნენ ეთნიკური ჯგუფების ურთიერთობებს, არაერთხელ დაადასტურეს ეთნიკური ურთიერთობების დამოკიდებულება საზოგადოებრივ კონტექსტზე (Trickett, Watts, & Birman, 1994). ეთნიკურ ჯგუფებს შორის ურთიერთობების სოციალურ-ფსიქოლოგიურ კვლევებში ჩრდილოეთ ამერიკის საკითხები დომინირებს, განსაკუთრებით, შავკანიან-თეთრკანიანთა ურთიერთობების უნიკალური შემთხვევა. წინამდებარე გამოცემა ამ პრობლემას ევროპის მასშტაბით ჯგუფთაშორის ურთიერთობებში წინარწმენისა და დისკრიმინაციის მრავალფეროვანი კვლევებით უპირისპირდება.       რატომ ვამახვილებთ ყურადღებას ევროპაზე? პირველი, როგორც ამ გამოცემის სტატიებიც მეტყველებს, ბოლო წლების განმავლობაში მთელ კონტინენტზე ერთბაშად დაგროვდა ჯგუფთაშორისი ურთიერთობების კვლევები. ეს ლიტერატურა არ ყოფილა ფართოდ ხელმისაწვდომი ჩრდილოეთ ამერიკის სოციალური მეცნიერებისათვის. აქედან გამომდინარე, ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ ეს გამოცემა მნიშვნელოვან კვლევით ლიტერატურას უფრო ფართოდ ცნობილსა და ხელმისაწვდომს გახდის.       მეორე, ევროპასა და ჩრდილოეთ ამერიკას შორის აშკარა მსგავსება უფრო ზედაპირულია და მათ შორის დიდი განსხვავებები არსებობს. ევროპულ ეთნიკურ კვლევებზე ყურადღების გამახვილება არა მხოლოდ ერთი კულტურული კონტექსტიდან მეორეზე გადასვლას ნიშნავს, ის, აგრეთვე, წარმოაჩენს სრულიად განსხვავებულ ისტორიულ წარსულს, რომელიც გავლენას ეროვნებათაშორისი ურთიერთობების ამჟამინდელ დებატებზეც კი ახდენს. ევროპას კოლონიზაციის უფრო ხანგრძლივი და დიდი ისტორია ჰქონდა, ვიდრე ამერიკის შეერთებულ შტატებს. თავის მხრივ, შეერთებულ შტატებში იყო მონობა – ევროპისთვის უცნობი ფენომენი შუა საუკუნეების შემდეგ. გარდა ამისა, ევროპაში არასდროს ყოფილა სამოქალაქო უფლებების ისეთი მნიშვნელოვანი მოძრაობა, რომელსაც, ძირითადად ეთნიკური უმცირესობები ედგებოდნენ სათავეში, როგორიც ამერიკის შეერთებულ შტატებში იყო 1960-იან წლებში. ამის ერთი მნიშვნელოვანი შედეგი ისაა, რომ ევროპის ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებს, როგორც წესი, ძალიან შეზღუდული პოლიტიკური გავლენა აქვთ (ERCOMER, 1997).       უფრო მეტიც, მე-20 საუკუნის ევროპამ ორი საშინელი ომი გადაიტანა თავის ტერიტორიაზე, რასაც მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ბევრ ქვეყანაში პოლიტიკური სისტემის სრული განახლება მოჰყვა. ამგვარად, ევროპის ბევრ ქვეყანაში ომის დასასრული, აღმოსავლეთის ბლოკისა და დასავლეთის ნატოს კოალიციის პოლარიზაცია და ევროპული თანამეგობრობის (დღევანდელი ევროკავშირი) ჩამოყალიბება არის მნიშვნელოვანი ეტაპები, რომლებმაც განსაზღვრა ეროვნებათშორისი ურთიერთობები და დაადგინა ევროპის სხვადასხვა ქვეყნებს შორის მიგრაციისა და მილიონობით არა ევროპელის მიგრაციის კონტექსტი. კიდევ ერთი ფაქტორი ის არის, რომ ჰოლოკოსტი მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ეთნიკური ჯგუფთაშორისი ურთიერთობების შესახებ მიმდინარე დებატებზე ევროპაში, განსაკუთრებით კი – გერმანიაში.       სხვა მნიშვნელოვანი განსხვავებებიც არსებობს კონტინენტებს შორის. კანადასა და ამერიკის შეერთებულ შტატებთან შედარებით, ევროპის ქვეყნები მაინც არ თვლიან საკუთარ თავს მიგრაციულ ქვეყნად. მრავალი ქვეყანა, მაგალითად, გერმანია, იმიგრაციას ახალ მოვლენად მიიჩნევს და იგნორირებას უკეთებს იმ ფაქტს, რომ რეალურად საუკუნეების განმავლობაში ხდებოდა იმიგრაცია. ეს ფაქტი გვეხმარება, ავხსნათ ევროპული ეროვნებების ხშირად უსაფუძვლო კატეგორიზაცია. აქედან გამომდინარე, 1960-იანი და 1970-იანი წლების იმიგრანტების შვილები და შვილიშვილები ჯერ კიდევ ხშირად მიიჩნევიან უცხოელებად. ეს აღქმა გავლენას ახდენს მოქალაქეობის პოლიტიკაზე (Martiniello, 1995). ზოგ ქვეყანაში, როგორიცაა გერმანია, იმიგრანტების და მათი შთამომავლობის უმრავლესობა მაშინაც კი არ იღებს მოქალაქეობას, თუ ისინი დაიბადნენ და გაიზარდნენ ამ ქვეყანაში. სხვა სახელმწიფოებში, როგორიცაა დიდი ბრიტანეთი და საფრანგეთი, იმიგრანტების მესამე თაობას, მიუხედავად მათი მოქალაქეობისა, მაინც ხშირად მიიჩნევენ უცხოელებად.       მესამე, ევროპის ნაწილები გაერთიანებულია ევროკავშირში. მიუხედავად ამისა, ევროპა ჯერ კიდევ ძალიან ჰეტეროგენულია; როგორც ცხრილი 1-დან ჩანს, არსებობს გარკვეული დემოგრაფიული, ეკონომიკური და სოციალური ფონის ცვლადები ევროპის სხვადასხვა ქვეყნებისთვის.[1] ცხრილი 1. შერჩეული დემოგრაფიული ფაქტები და შეფასებები ევროპაში კეთილდღეობისა და საცხოვრებელი პირობების შესახებ შენიშვნა. (a) Eurostat-ის შეფასებით; (b) დროებითი; (c) 2002, Eurostat; (d) ეკონომიკური საქმიანობის საზომი; განისაზღვრება, როგორც ყველა წარმოებული საქონლისა და მომსახურების ღირებულებას გამოკლებული ნებისმიერი საქონლის ან მომსახურების ღირებულება, რომელიც გამოყენებულია მათი შექმნისას. მშპ-ს მოცულობის მაჩვენებელი ერთ სულ მოსახლეზე მსყიდველობითი უნარის სტანდარტების (PPS) მიხედვით, გამოსახული ევროკავშირის (U-27) საშუალოსთან შედარებით, რომელიც 100-ის ტოლია. თუ ქვეყნის ინდექსი 100-ზე მაღალია, ამ ქვეყნის მშპ ერთ სულზე ევროკავშირის საშუალო მაჩვენებელზე უფრო მაღალია და პირიქით. ძირითადი მონაცემები გამოხატულია PPS-ში, რომელიც არის ერთიანი ვალუტა, გამორიცხავს ქვეყნებს შორის ფასების დონეებში განსხვავებებს და საშუალებას იძლევა, ქვეყნებს შორის მშპ-ს აზრიანი შედარებები გავაკეთოთ; (e) პროგნოზი; (f) წყვეტა სერიაში; (g) იმ ადამიანთა წილი, რომელთა გათანაბრებული შემოსავალი სიღარიბის ზღვარს ქვემოთაა, რომელიც წარმოადგენს ეროვნული მედიანური გათანაბრებული შემოსავლის 60%-ს (სოციალური ტრანსფერების შემდეგ) (Eurostat-ის მონაცემები); (h) Eurostat-ის შეფასებით; (i) ევრობარომეტრი 62.1, 2004; (j) საცხოვრებელი და სამუშაო პირობების გაუმჯობესების ევროპული ფონდი, კვლევა 2003; სკალაზე 1 "ძალიან უკმაყოფილოდან" 10 "ძალიან კმაყოფილამდე" საკუთარი საცხოვრებელი სტანდარტის საშუალო მნიშვნელობა (იხილეთ აგრეთვე საცხოვრებელი და სამუშაო პირობების გაუმჯობესების ევროპული ფონდი, 2004); (k) 2002.       გარდა ამისა, ევროკავშირს კანადისა და ამერიკის შეერთებული შტატებისაგან მკვეთრად განსხვავებული მმართველობის სტრუქტურები აქვს. გასაკვირი არ არის, რომ ევროპას ჯერ კიდევ არ აქვს საყოველთაოდ მიღებული საერთო იდენტობა. ეროვნული იდენტობები კვლავინდებურად მტკიცეა. კერძოდ, ძირითადი იდენტობა არის ბერძენი, შვედი, ირლანდიელი ან ფრანგი – არა ევროპელი. ამ რეგიონული იდენტიფიკაციის ერთი შედეგია ჯგუფებს შორის შედარება. როგორც წესი, ევროპელები საკუთარ თავს არა მხოლოდ არაევროპელებისაგან გამოარჩევენ, როგორც აშშ-ს მოქალაქეები გამოარჩევენ საკუთარ თავს არამოქალაქეებისაგან, არამედ სხვა ევროპულ ქვეყნებსაც ადარებენ თავს (Breakwell & Lyons, 1996). ამდენად, რეგიონალიზაციისა და დიფერენცირების გავლენას ეთნიკურ ურთიერთობებზე აქ უფრო მეტია, ვიდრე ჩრდილოეთ ამერიკაში – გარდა ამერიკის შეერთებული შტატების უკიდურესი სამხრეთისა.       ამ ბევრი მიზეზის გამოა, რომ ევროპაში ეთნიკური ურთიერთობების კვლევები გვაძლევს სოციალური კონტექსტების მრავალფეროვნებას, რომლებიც ამოწმებს, თუ რამდენად აყალიბებს საზოგადოებრივი პროცესები ეთნიკურ ჯგუფებს შორის ურთიერთობების სოციალურ-ფსიქოლოგიურ პროცესებს (ასევე იხილეთ Pettigrew, Wagner, & Christ, იბეჭდება). სანამ ცალკეული სტატიების განხილვაზე გადავიდოდეთ, მოკლედ დავახასიათოთ იმიგრაცია ევროპაში. იმიგრაცია და ემიგრაცია ევროპაში       მილიონობით ახალი იმიგრანტისთვის ევროპა მულტიკულტურული სივრცე გახდა. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, ევროპაში დაიწყო მნიშვნელოვანი შრომითი მიგრაცია მისი ყოფილი კოლონებიდან, ისევე, როგორც შიდა მიგრაცია სამხრეთ და აღმოსავლეთ ევროპიდან ჩრდილოეთ და დასავლეთ ევროპაში. 1950-იან და 1960-იან წლებში სწრაფად განვითარებადი ევროპა მილიონობით "მოწვეული მუშით" აივსო. მიუხედავად იმისა, რომ დასავლეთ ევროპის ქვეყნებმა შეწყვიტეს ამ მუშახელის დაქირავება 1970-იანი წლების ეკონომიკური კრიზისის დროს, იმიგრანტები მაინც მთელი მსოფლიოდან მოდიოდნენ (Jackson, Brown, & Kirby, 1998). 1970-იან წლებში სამხრეთ ევროპის ქვეყნებშიც დაიწყო მნიშვნელოვანი საიმიგრაციო ნაკადები, როდესაც მიგრანტები დასავლეთ ევროპაში იოლად ვეღარ აღწევდნენ.       მსოფლიოს იმიგრანტების უმეტესობა ევროპაში (დაახლოებით 56 მილიონი), აზიაში (50 მილიონი) და ჩრდილოეთ ამერიკაში (42 მილიონი) ცხოვრობს (გაერო, 2002, იხილეთ ასევე ცხრილი 1 მიგრაციის რაოდენობისთვის). 1990 წლის შემდეგ ევროპის ყველა ქვეყანას, ლიტვის, პოლონეთის, რუმინეთისა და ისლანდიის გარდა, ჰქონდა უფრო მეტი იმიგრაცია, ვიდრე ემიგრაცია. ევროპაში რთულია სრულყოფილი ეთნიკური მონაცემების მოპოვება ოფიციალური სტატისტიკისა და ეთნიკური განმარტებების განსხვავებულობის გამო. მაგალითად, რუმინეთიდან და რუსეთიდან გადმოსახლებული გერმანული წარმოშობის ადამიანები არ ითვლებიან იმიგრანტებად გერმანიაში (Zick, Wagner, van Dick, & Petzel, 2001). მიუხედავად ამისა, Eurostat-მა, ევროკომისიის სტატისტიკის სამსახურმა, გამოთვალა, რომ 2001 წელს გერმანიას ჰქონდა იმიგრაციის ყველაზე მაღალი დონე როგორც ევროკავშირის ქვეყნებიდან (879 217), ისე ევროკავშირის არაწევრი ქვეყნებიდან (564 669), მას მოსდევდა ესპანეთი (414 772 / 343 960), დიდი ბრიტანეთი (372 206 / 209 234), იტალია (226 968 / 182 034), ნიდერლანდები (133 404 / 72 095) და ევროკავშირის არა-წევრი შვეიცარია (122 494 / 80 079). აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში, ალბათ, გაცილებით ნაკლებია მიგრაცია, თუმცა, იმ ქვეყნებში, რომლებიც ცოტა ხნის წინ შევიდნენ ევროკავშირში, შეიძლება, ახლა უფრო მაღალია მიგრაციის დონე.       არაევროპელი იმიგრანტების საშუალო რაოდენობა – კონტინენტის საერთო მოსახლეობის 5% – შეიძლება, მცირედ მოგვეჩვენოს ისეთ მულტიკულტურულ საზოგადოებებთან შედარებით, როგორიცაა კანადა, რუსეთის ფედერაცია, ამერიკის შეერთებული შტატები, ან, თუნდაც, რუანდა (იხილეთ Dovidio & Esses, 2001). მაგრამ ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (O.E.C.D.; 2003) ცნობით, ევროკავშირში მიგრანტების წლიური შემოდინება (1 310 600) აღემატება ამერიკის შეერთებული შტატების (849 800), კანადის (227 200), ავსტრალიის (92 300) და ახალი ზელანდიის (38 300) მიგრანტების შემოდინების მაჩვენებელს, ერთად აღებულს.       თუმცა, იმიგრაციის სურათში სრულად გასარკვევად, ემიგრაციაც უნდა გავითვალისწინოთ. O.E.C.D. აღნიშნავს, რომ ემიგრაციის სიხშირე საკმაოდ მაღალია გერმანიაში (562 400), შვეიცარიაში (55 800), ავსტრიაში (44 400), ბელგიაში (35 600). ცხრილი 2 გვაძლევს ეროვნული იმიგრაციისა და ემიგრაციის რაოდენობათა შედარების საშუალებას. ცხრილი 2. მოსახლეობის რაოდენობა და მიგრაციის მაჩვენებლები კონტინენტზე ათასობებში და მოსახლეობის პროცენტული რაოდენობა შენიშვნა. 1990-1995 და 1995-2000 წლების წლიური საშუალო; გაერთიანებული ერების ორგანიზაციის საჯარო მონაცემები (2002).       გარდა პირველი თაობის იმიგრანტებისა, ევროპაში ახლა იმიგრანტების მილიონობით შთამომავალი ცხოვრობს და მილიონობით ევროპელი გადაკვეთს ევროკავშირის ღია საზღვრებს. განსხვავებული ჯგუფების ფართო სპექტრი – თავშესაფრის მაძიებლები, ლტოლვილები, ლეგალური და არალეგალური მუშები, დროებითი მაცხოვრებლები, ტურისტები, საერთაშორისო სტუდენტები, გადმოსახლებულები, მეორე და მესამე თაობის იმიგრანტების შთამომავლები და მრავალი სხვა – შეადგენენ თანამედროვე ევროპას. ეს სურათი კიდევ უფრო მრავალკულტურული გახდა 2004 წელს ევროკავშირში აღმოსავლეთ ევროპის რვა ქვეყნის, მალტისა და კვიპროსის შესვლით. მრავალფეროვნება კიდევ უფრო გაიზრდება, როდესაც ევროკავშირი კვლავ გაფართოვდება. საზოგადოების რეაქცია და კროს-ევროპული კვლევები       ევროპა მრავალგვარი გზით გამოეხმაურა ამ მძაფრ ცვლილებას, დაწყებული სრული მიღებით და დასრულებული წინარწმენით, დისკრიმინაციითა და ძალადობით (Pettigrew, 1998a, 1998b; Pettigrew et al., 1998). მედია, სამთავრობო ინსტიტუციები და სოციალურ მეცნიერებათა კვლევები, ყველა აღნიშნავს უმცირესობათა მძიმე და უწყვეტ დისკრიმინაციას ევროპაში. იმიგრანტები წინარწმენისა და დისკრიმინაციის კონკრეტული სამიზნეები არიან (Wagner, Christ, & Heitmeyer, იბეჭდება). განსაკუთრებით ეკონომიკური რეცესიის დროს, დასავლეთ ევროპაში ეკონომიკურ და სოციალურ პრობლემებში ხშირად უცხოელ მუშებს ადანაშაულებდნენ. და თითქმის არავინ აღიარებს, რომ სწორედ იმიგრაციამ გახადა შესაძლებელი დასავლეთ ევროპის ეკონომიკური აღდგენა ომის შემდგომ.       არასდროს არსებულა ერთიანი ევროპული საიმიგრაციო პრაქტიკა (Noiriel, 1994). და მართლაც, ტერმინი "მოწვეული მუშა" გულისხმობს დროებით, დაბალ-სტატუსიან პოზიციას საზოგადოებაში. კვლევები დოკუმენტურად ადასტურებს ამ პოლიტიკის უწყვეტ გავლენას საზოგადოებრივ აზრზე. ევრობარომეტრმა 48 აჩვენა, რომ 1997 წელს ევროკავშირის მცხოვრებ ევროპელთა 45% ფიქრობდა, რომ "ძალიან ბევრი" უცხოელი ცხოვრობს მათ ქვეყანაში (საბერძნეთი 71%, ბელგია 60%, იტალია, 53%, გერმანია 52%, ავსტრია 50%, საფრანგეთი 46%, დანია 46%, დიდი ბრიტანეთი 42%, ჰოლანდია 40 %, შვედეთი 38%, ლუქსემბურგი 33%, პორტუგალია 28%, ესპანეთი 20%, ირლანდია 19% და ფინეთი 10%). 2002 წელს, ევრობარომეტრმა 57 აჩვენა, რომ მოსახლეობის 15%-ის აზრით, იმიგრანტების ეთნიკური დისკრიმინაცია არაა გაუმართლებელი (Marsh & Sahin-Dikmen, 2003). ევროპის სოციალურმა კვლევამ 2002 წელს დაადასტურა, რომ ეთნიკური წინარწმენა და დისკრიმინაცია ფართოდ არის გავრცელებული, მაგრამ ამავე კვლევაში გამოვლინდა მკვეთრი განსხვავებები ევროპის ქვეყნებს შორის. სურათი 1 გვიჩვენებს საშუალო შეფასებას მოსაზრებისა, რომ "იმიგრანტები [სამშობლოს] უარეს ან უკეთეს ადგილად გადააქცევენ" 11 პუნქტიან სკალაზე.       ეს გამოკითხვები ერთჯერადია და შეზღუდულია იმით, რომ გვთავაზობს მოსაზრებების მხოლოდ იმწუთობრივ სურათს. წინარწმენისა და დისკრიმინაციის ლონგიტუდური კვლევები საჭიროა, მაგრამ ჯერ კიდევ იშვიათობას წარმოადგენს. ევროპაში წინარწმენის შესახებ არსებული მონაცემების უმეტესობა მიღებულია ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში სხვადასხვა საზომისა და სამიზნე ჯგუფების გამოყენებით ჩატარებული დაუკავშირებელი, ერთმანეთისგან დამოუკიდებელი კვლევებიდან. წინარწმენის კროს-ევროპული კვლევები, როგორიცაა ევროკავშირის ევრობარომეტრი და ევროპის სოციალური კვლევა, შედარებით ახალია. უმეტესწილად, მათ აკლია თეორიული ჩარჩოები კულტურათშორისი შედარებისთვის. შესაბამისად, უნიკალური ევროპული მონაცემები მხოლოდ ახლა ჩნდება.       როგორც ჩრდილოეთ ამერიკაში, ევროპის კროს-ეროვნული კვლევაც აჩვენებს, რომ საჭიროა წინასწარრწმენისა და დისკრიმინაციის სხვადასხვა გამოხატულების გათვალისწინება. კერძოდ, ბოლოდროინდელ ნაშრომებს მოძველებული და თანამედროვე რასიზმის განსხვავება ასაზრდოებს (MacMaster, 2001; Pettigrew et al., 1998). 1988 წლის ევრობარომეტრის 30 გამოყენებით პეტიგრიუმ და მირტენსმა (1995) შეიმუშავეს წინარწმენის ორი სხვადასხვა საზომი. აშკარა წინარწმენების სკალა ორი კომპონენტისგან შედგება – ერთია საფრთხის და უარყოფის ფაქტორი (მაგ., "დასავლეთ ინდოელები იკავებენ ბრიტანელების წილ სამუშაო ადგილებს."), მეორეა ინტიმური სიახლოვის ფაქტორი (მაგ., "მე არ ვიქნები წინააღმდეგი, თუ თურქი, რომელსაც ჩემი მსგავსი ეკონომიკური ფონი აქვს, ჩემი ოჯახის წევრზე დაქორწინდება."). სურ. 1. საშუალო დათანხმება პუნქტზე "იმიგრანტები გადააქცევენ (რესპონდენტთა ქვეყანას) უარეს ან უკეთეს ადგილად" ევროპის სოციალურ კვლევაში 2002 წელს (0 = უარესი ადგილი, 10 = უკეთესი ადგილი).       ამდენად, დაუფარავი წინარწმენა არის უფრო ტრადიციული ფორმის – ახლო, მძაფრი და პირდაპირი. პირიქით, ფარული წინარწმენა თანამედროვე ფორმაა – შორეული, მშვიდი და არაპირდაპირი. ეს ახალი ფორმა უკვე კარგადაა შესწავლილი და გადამოწმებული მთელ დასავლურ სამყაროში. ფარული წინარწმენის სკალას აქვს სამი კომპონენტი, რომლებიც, თითქოსდა, არ არის აშკარად რასისტული. პირველია ტრადიციული ღირებულებების ფაქტორი (მაგ., "აქ მცხოვრები აზიელები ასწავლიან შვილებს ღირებულებებსა და უნარებს, რომლებიც განსხვავდება საფრანგეთში წარმატების მისაღწევად საჭირო უნარებისაგან."). მეორე კომპონენტი გარე ჯგუფის შეხედულებებს წარმოგვიდგენს, როგორც შიდა ჯგუფისგან კულტურულად უკიდურესად განსხვავებულს. ფარული სკალის საბოლოო კომპონენტი გულისხმობს გარე ჯგუფის თანაგრძნობასა და მისით აღფრთოვანებაზე უარის თქმას. გაითვალისწინეთ, რომ ეს კომპონენტი ამოწმებს დადებითი ემოციების უარყოფას და არა უარყოფითი ემოციების – შიში, შური, სიძულვილი – გამოხატვას, რომლებიც დაკავშირებულია აშკარა წინარწმენასთან. მკვლევრებმა წარმატებით გამოიყენეს ეს ორი სკალა და მოახდინეს მათი ადაპტირება მრავალფეროვან ევროპულ ერებსა და ჯგუფებს შორის სიტუაციებში – მათ შორის, ავსტრალია, ბელგია, საფრანგეთი, გერმანია, დიდი ბრიტანეთი, იტალია, ნიდერლანდები, ნორვეგია, პორტუგალია, ესპანეთი და ამერიკის შეერთებული შტატები (Arcuri & Boca, 1999; Hamberger & Hewstone, 1997; Hightower, 1997; Pedersen & Walker, 1997; Pettigrew, 1997; Pettigrew et al., 1998; Rattazzi & Volpato, 2001; Rise, Haugen, Klinger, & Bierbrauer, 2000; Rueda & Navas, 1996; Six & Wolfradt, 2000; Vala, Brito, & Lopes, 1999; Villano, 1999; Volpato & Rattazzi, 2000; Wagner & Zick, 1995; Zick et al., 2001). ამ გამოცემის რამდენიმე სტატიაში გამოყენებულია დაუფარავი და ფარული წინარწმენის ეს სკალები.       ევროპული ნაშრომების კიდევ ერთი ძირითადი თემა ეხება კავშირებს წინარწმენის სოციალურ სტრუქტურულ, პოლიტიკურ და ინდივიდუალურ დეტერმინანტებს შორის (Wagner et al., იბეჭდება). ეს კვლევები ეხება იმიგრაციის მიერ გამოწვეულ პოტენციურ საფრთხეს და ამ აღქმული საფრთხის შედეგად მიღებულ წინარწმენას. მაგალითად, ჰელომ, შეპერსმა და მეროვემ (2002) გააანალიზეს რელიგიური და მორალური პლურალიზმის კროს-ეროვნული კვლევის მონაცემები ევროპის 11 ქვეყანაში. მათი ანალიზი აჩვენებს, რომ უნგრეთში ეთნიკური წინარწმენა ყველაზე მაღალია (საშუალო = 3.94; მაქსიმუმი = 7), მას მოსდევს პოლონეთი (3.56), იტალია (3.22) და ბელგია (3.11). უფრო საინტერესოა მათი დასკვნები განათლებისა და წინარწმენის კავშირთან დაკავშირებით. მთელ მსოფლიოში ჩატარებული კვლევებით არაერთხელ დადგინდა, რომ ნაკლებად განათლებულები უფრო გამოირჩევიან წინარწმენებით (Wagner & Zick, 1995). მიუხედავად ამისა, ეს კვლევები აჩვენებს, რომ განათლების გავლენა შედარებით სუსტია აღმოსავლეთ ევროპის ახალ დემოკრატიულ სისტემებში, ვიდრე დასავლეთ ევროპის ხანგრძლივ დემოკრატიულ სისტემებში (იხილეთ Coenders & Scheepers, 2003; და Hjerm, 2001 შედეგების შესადარებლად საერთაშორისო სოციოლოგიური კვლევის პროგრამასთან – ISSP.). გარდა ამისა, რაც უფრო რელიგიური და ჰეტეროგენულია ქვეყანა, მით მცირეა განსხვავებები განათლებაში ჯგუფებს შორის. არც უმუშევრობის დონე და არც სხვა ეროვნების მოქალაქეთა პროცენტული მაჩვენებელი ახდენდა გავლენას განათლებასა და წინარწმენას შორის დამოკიდებულებაზე. ეს შედეგები ცხადჰყოფს, რომ კროს-კულტურული განსხვავებები ტოლერანტული ღირებულებების გადაცემაში ნაწილობრივ ხსნის განათლების ეფექტებს წინარწმენაზე.       კიონდერსი და შეპერსი (1998) აღნიშნავენ ეთნიკური კონკურენციის თეორიის მნიშვნელობას. ნავარაუდევია, რომ აღქმული ეთნიკური კონკურენცია შემდეგ დადებითად დაუკავშირდება სხვადასხვა ეთნიკური ჯგუფების წარმომადგენელთა მზარდ რაოდენობას, რომლებსაც ერთი და იგივე შეზღუდული რესურსების გამო აქვთ კონკურენცია, ან შეზღუდული რესურსების მცირე რაოდენობას, რომელთა გამო ერთი და იმავე რაოდენობის ხალხს აქვს კონკურენცია. ამ თეორიის მიხედვით, შეზღუდული რესურსების შედარებით სტაბილური დონის დროსაც კი ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებმა შეიძლება, გამოიწვიონ საფრთხის აღქმა. ეთნიკური კონკურენციის თეორია, მისი ჰიპოთეზით, რომ წინარწმენა არის რეალური ჯგუფური კონფლიქტების პირდაპირი გამოვლინება, საკმაოდ პოპულარულია ევროპის პოლიტიკურ დებატებში.       კუნოვიჩმა (2002, 2004) შეამოწმა ჯგუფური საფრთხის თეორიის დაშვება, რომ სოციალური სტრუქტურის ცვლადების გავლენა უფრო ძლიერია იმ ქვეყნებში, სადაც მეტი იმიგრანტი მოსახლეობაა და უფრო ცუდი ეკონომიკური პირობები. ამის კონკურენტი ჰიპოთეზის თანახმად კი სოციალური სტრუქტურის ცვლადების გავლენა უფრო სუსტია იმ ქვეყნებში, რომლებში მეტი იმიგრანტი მოსახლეობაა და უფრო ცუდი ეკონომიკური პირობები. კუნოვიჩმა ხელახლა გააანალიზა ISSP 1995 წლის მონაცემები და გამოიყენა აღმოსავლეთ და დასავლეთ ევროპის 17 ქვეყნის, ასევე, ჩრდილოეთ ამერიკის, ოკეანიისა და სამხრეთ აზიის ქვეყნების მონაცემები. ინდივიდუალური რესპონდენტებისთვის მან შეიმუშავა იმიგრანტებისკენ მიმართული წინარწმენის სკალა და გაზომა სოციალური ლოკაციის ისეთი ცვლადები, როგორიცაა შრომის ბაზარზე პოზიცია, განათლება და შემოსავლები. ქვეყნის დონეზე, მან შემოიღო იმიგრანტთა ფარდობითი ჯგუფის ზომის ინდექსი და გააკონტროლა ეკონომიკური პირობების მიხედვით. კუნოვიჩმა აჩვენა, რომ სოციალური სტრუქტურის ცვლადებს, გარდა სიღარიბისა, უფრო ძლიერი გავლენა აქვთ წინარწმენაზე დასავლეთ ევროპაში, ვიდრე აღმოსავლეთში. ჯგუფური საფრთხის თეორიის თანახმად, ქვეყნებში, რომლებშიც მეტი იმიგრანტი მოსახლეობაა, წინარწმენა მეტი უნდა იყოს. მაგრამ თუ ქვეყნის დონის სხვა ცვლადებიც შედის ანალიზში, იმიგრანტი მოსახლეობის რაოდენობის ეფექტი ქრება. საფრთხის თეორიის საპირისპიროდ, ცუდი ეკონომიკური პირობების მქონე ქვეყნებში იმიგრანტი მოსახლეობას რაოდენობის ეფექტები მნიშვნელოვნად დაბალია. ეკონომიკური მდგომარეობა ბევრად უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე იმიგრანტების რაოდენობა, ან მათი თანაფარდობა. უფრო მეტიც, მძიმე ეკონომიკურ პირობებს ბევრად უფრო ძლიერი ეფექტი აქვს წინარწმენაზე აღმოსავლეთ ევროპაში, ვიდრე დასავლეთ ევროპაში.       შემდგომი კვლევა გვეხმარება საფრთხის თეორიის ამ აშკარა ფალსიფიკაციის ახსნაში. უახლეს კვლევებში, 1996 წლის გერმანიის ზოგადი სოციალური გამოკითხვის გამოყენებით გაზომეს იმიგრანტთა რეალური წილი პატარა რაიონებში, იმიგრანტთა აღქმული წილი, აღქმული საფრთხე იმიგრანტების მხრიდან და დამოკიდებულებები იმიგრანტების მიმართ (Semyonov, Raijman, Tov, & Schmidt, 2004). ურთიერთდამოკიდებულება არ აღმოჩენილა იმიგრანტთა ფაქტობრივ წილსა და აღქმულ საფრთხეს, ან იმიგრანტების საწინააღმდეგო დამოკიდებულებას შორის. მაგრამ იმიგრანტთა აღქმული წილი კორელაციაში იყო ორივესთან, აღქმულ საფრთხესთანაც და იმიგრანტების საწინააღმდეგო დამოკიდებულებასთანაც. გასაკვირია, მაგრამ იმიგრანტების ფაქტობრივი პროცენტული წილი და აღქმული პროცენტული წილი თითქმის არ უკავშირდება ერთმანეთს. გაითვალისწინეთ, რომ საფრთხე, როგორც სოციოლოგიური თეორია ამტკიცებს, მედიატორია აღქმულ წილსა და წინარწმენას შორის. მაგრამ იმიგრანტთა სწორედ აღქმული – და არა რეალური – წილი არის საფრთხისა და იმიგრანტების საწინააღმდეგო მოსაზრებების მთავარი პრედიქტორი.       იმიგრანტი მოსახლეობის უფრო დიდ წილს, კონტაქტების გაზრდის გზით, წინარწმენის შემცირებაც კი შეუძლია. მაგალითად, ვაგნერმა, ქრაისტმა, პეტიგრიუმ, ენდვულფმა (2006) აჩვენეს, რომ გერმანულ რაიონში უცხოელი მოსახლეობის უფრო დიდი წილი იწვევს ჯგუფებს შორის კონტაქტების სიხშირისა და ინტენსივობის ზრდას. ეს ჯგუფთაშორისი კონტაქტი კი, თავის მხრივ, ამცირებს ეთნიკური გარე ჯგუფების უარყოფას. მსგავსი შედეგები წარმოადგინეს ჰამბერგერმა და ჰიუსტონმა (1997) და პეტიგრიუმ (1997), რომელთაც გვაჩვენეს, რომ ევროპული გამოკითხვის მონაცემების საფუძველზე, ახლო მეგობრების ყოლა სხვა კულტურული ჯგუფიდან ამცირებს დომინანტური ჯგუფის წევრების წინარწმენებს. მაკლარენმაც (2003) აღმოაჩინა თავის კროს-ევროპულ კვლევაში, რომ კონტაქტი და აღქმული ჯგუფური საფრთხე წინასწარმეტყველებს წინარწმენას ევროპაში.       მეორე კროს-ევროპული კვლევა, საფრთხის როლის გარდა, სოციალურ იდენტობასაც ეხება. რამდენიმე ევროპული კვლევა მიუთითებს, რომ ძლიერი ეროვნული იდენტობის მქონე მოქალაქეებს უფრო მეტად აქვთ წინარწმენის და დისკრიმინაციის მიდრეკილება (Billiet, Maddens, & Beerten, 2003; Kirch, Kirch, Pettai, & Tuisk, 1997; Maddens, Billiet & Beerten, 2000; Triandafyllidou, 2000; Verkuyten & Hagendoorn, 1998; Weiss, 2003). მაგრამ იდენტიფიკაციის სხვა ფორმები ეხება ჯგუფებს შორის მიღებას. ამდენად, იმ რესპონდენტებს, რომლებიც თავს ევროპელად "გრძნობენ" და ხშირად ფიქრობენ საკუთარ თავზე, როგორც ევროპელზე, უფრო ნაკლები წინარწმენები აქვთ იმიგრანტების წინააღმდეგ (Becker, Wagner, & Christ, 2007). უფრო მეტიც, უნივერსალისტური იდენტიფიკაცია, რომელიც გულისხმობს გამოკითხულთა მიერ სიამაყის გამოხატვას საკუთარი ქვეყნის დემოკრატიული ინსტიტუტებით, უკავშირდება იმიგრანტთა მეტად მიღებას (Heyder & Schmidt, 2002).       ხშირად გამეორებული დასკვნა, რომ ადამიანები, რომლებსაც მაღალი იდენტიფიკაცია აქვთ თავიანთი ერის მიმართ, მეტად გამოხატავენ წინარწმენას სხვა ეროვნების ადამიანთა წინააღმდეგ, მჭიდროდ უკავშირდება სოციალური იდენტობის თეორიას (Tajfel & Turner, 1979). ჯგუფებს შორის ურთიერთობის ეს ყველაზე ცნობილი ევროპული თეორია განსაზღვრავს წინარწმენას და დისკრიმინაციას, როგორც ჯგუფებს შორის დიფერენციაციის პროცესებს. ამ ძირითად ნაშრომებთან ერთად, რამდენიმე შემდეგი სტატია იკვლევს ამ საკითხს. მოცემული ჟურნალი       მიუხედავად იმისა, რომ ევროპაში ტარდება სპეციალური კვლევები იმიგრაციაზე, წინარწმენა და დისკრიმინაცია ამ ახალი უმცირესობებით არ შემოიფარგლება. მემარჯვენე აქტიურობაც ევროპაში ანტისემიტიზმის ზრდას უკავშირდება. 2001 წლის 11 სექტემბრის შემდეგ, ასევე, აშკარაა მზარდი მტრულობა მუსლიმების მიმართ (Allen & Nielsen, 2002). ბოლოდროინდელმა კვლევებმა გამოავლინა გავრცელებული წინარწმენები ისეთი არაეთნიკური უმცირესობების მიმართ, როგორებიცაა უსახლკაროები, უნარშეზღუდულები, ჰომოსექსუალები, შიდსით დაავადებულები, ბოშები და სხვა ჯგუფები. ბევრი ცვალებადი პროცესი – მიგრაცია, პოლიტიკური ცვლილებები, ევროპის გაერთიანების პროცესი და ეთნიკური და სოციალური უმცირესობების შესახებ გავრცელებული ნეგატიური მოსაზრებები – ხაზს უსვამს წინარწმენის და დისკრიმინაციის სოციალური კონტექსტის მნიშვნელობას. ეს მძაფრი ცვლილებები მოითხოვს ყურადღების გაზრდას წინარწმენისა და დისკრიმინაციის მაკრო და მიკრო ფაქტორების კავშირზე. სწორედ ეს თვალსაზრისი აკავშირებს ამ ჟურნალის სტატიებს.       ევროკავშირში აღმოსავლეთ ევროპის რვა ქვეყნის შესვლით ახალი პერსპექტივები და კითხვები წამოიჭრება. აღმოსავლეთში ძალიან იშვიათია ჯგუფებს შორის წინარწმენისა და დისკრიმინაციის კვლევები. ეროვნული იდენტობის გავლენა აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში განსაკუთრებით საინტერესოა. მოულოდნელ გარდაქმნას და ძველი პოლიტიკური სისტემის ახლით შეცვლას უნდა მოჰყვეს შედეგები, როგორც დომინანტური საზოგადოების მიერ თვით-გამორკვევის, ისე უმცირესობათა მიმართ მისი დამოკიდებულების სფეროში. ადრეული კვლევები ვარაუდობს, რომ ძლიერი ეროვნული იდენტობა მჭიდროდ უკავშირდება ეთნიკური უმცირესობებისადმი წინარწმენასა და დისკრიმინაციას. კიდევ ერთი აქცენტი შეეხება უკიდურესად მემარჯვენე პოლიტიკური პარტიების მომატებას – მოვლენა, რომელიც მთელ ევროპაში შეინიშნება 1990-იანი წლებიდან. ეთნიკური უმცირესობების მიმართ ღია მტრობამ შოკში ჩააგდო საზოგადოების დიდი ნაწილი. ავსტრიაში, ბელგიაში, საფრანგეთში, გერმანიაში, იტალიაში და ნიდერლანდებშიც კი, ყველგან იზრდებოდა პოლიტიკური მხარდაჭერა და მას-მედიის ყურადღება უკიდურესი მემარჯვენე ჯგუფებისადმი. ეს პოლიტიკური მოძრაობა, აშკარად, ახდენს გავლენას ევროპული წინარწმენებისა და დისკრიმინაციის ანალიზზე.       შემდეგი სტატიები დეტალურად წარმოაჩინს, რომ ეთნიკური და სოციალური ჯგუფების უარყოფა სახიფათოდ მაღალ დონეებს უახლოვდება, როგორც დასავლეთ, ისე აღმოსავლეთ ევროპაში. ყველა სტატია ეხება ემპირიულ დასკვნებს მთელ ევროპაში და კროს-ეროვნულ შედარებებს. ეს კვლევები აჩვენებს როგორც თანმიმდევრულ ფორმებს, ისე საინტერესო განსხვავებებს სხვადასხვა ქვეყანაში. კვლევები ამოწმებს განსხვავებებს ტრადიციულ წინარწმენებს, როგორიცაა ანტისემიტიზმი, და ახალი იმიგრანტების და სხვა სამიზნე ჯგუფების მიმართ წინარწმენებს შორის. ეს საშუალებას იძლევა, შევადაროთ აღმოსავლეთ და დასავლეთ ევროპის წინარწმენები, აგრეთვე, ევროპას, ჩრდილოეთ ამერიკასა და მსოფლიოს სხვა ადგილებს შორის არსებული განსხვავებები. ავტორები წარმოადგენენ სოციალური მეცნიერებების სამ დისციპლინას – პოლიტიკური მეცნიერებები, სოციოლოგია და სოციალური ფსიქოლოგია. ამგვარად, ეს ჟურნალი გვთავაზობს მრავალფეროვან პერსპექტივებს, თეორიული მიდგომებსა და ანალიზის დონეებს.       ჟურნალი წინარწმენისა და დისკრიმინაციის "ექსტრემალური პოლუსების" თვალის გადავლებით იწყება. კვლევის შედეგებმა არაერთხელ აჩვენა, რომ ბელგიელები საშუალოდ უფრო მეტ წინარწმენას, რასიზმსა და მემარჯვენე მოსაზრებებს გამოხატავენ, ვიდრე ევროკავშირის უმეტესი ქვეყნების მოსახლეობა. ბელგიის მეზობელი, ჰოლანდია, პირიქით, ცნობილია, როგორც ერთ-ერთი ყველაზე ტოლერანტული ევროპული ქვეყანა, რომელსაც ხანგრძლივი ლიბერალური იმიგრაციისა და ინტეგრაციის ისტორია აქვს. ბილიე და დე ვიტე (2008) დეტალურად განიხილავენ რასიზმს ფლანდრიაში (ბელგია). ისინი აღნიშნავენ, რომ კროს-ევროპული კვლევების მიხედვით, ბელგია იმიგრანტების ერთ-ერთი ყველაზე მეტად მოწინააღმდეგე ქვეყანაა. თუმცა, იმიგრანტების მიმართ ბელგიის ეს დამოკიდებულება ბოლო ათწლეულების განმავლობაში საკმაოდ სტაბილური იყო, წინა თაობაში მემარჯვენე, იმიგრაციის მოწინააღმდეგე ფლანდრიული Vlaams Blok-ის პოლიტიკური მოძრაობის მხარდაჭერა გაიზარდა. სტატიაში განხილულია ამ გასაოცარი განსხვავების ისტორიული, პოლიტიკური და სოციალური მიზეზები. ბილიე და დე ვიტე აჩვენებენ, რომ წინარწმენა მჭიდროდ არის დაკავშირებული პოლიტიკურ მოძრაობებთან და პოლიტიკურ აზროვნებასთან ბელგიაში. საარჩევნო და გამოკითხვის შედეგების მათ მიერ გაკეთებული ანალიზი ხაზს უსვამს განსხვავებას დამოკიდებულების მიმართულებასა და დამოკიდებულების ძალას შორის, სტრუქტურულ ცვლილებებს საზოგადოებაში და ისეთი პრობლემების გაჩენას, როგორიცაა "კრიმინალის შიში".       კიონდერსმა, ლუბერსმა, შეპერსმა და ვერკუიტენმა (2008) კრიტიკულად განიხილეს ნიდერლანდების ეთნიკური უმცირესობების მიმართ ტოლერანტული დამოკიდებულებების გავრცელებული რეპუტაცია. მათ შეადარეს ჰოლანდიური საზოგადოებრივი აზრი მათი მეზობლებისას და გამოიყენეს დაუფარავ და ფარულ წინარწმენას შორის არსებული განსხვავება. ავტორები ამტკიცებენ, რომ ჰოლანდიელების ტოლერანტობის ნორმა გამომდინარეობდა საუკუნეების მანძილზე არსებული მისი გამორჩეული პოლიტიკური სისტემიდან. ჰოლანდიის ისტორიის მანძილზე, ცალკეულმა თემებმა შეინარჩუნა მაღალი დონის ავტონომია და განცალკევება, მაგრამ მათი ელიტა დათმობებზე მიდიოდა და თანამშრომლობდა. ავტორები განიხილავენ ამ სისტემის წარმოქმნის სხვადასხვა ისტორიულ და სოციოლოგიურ ახსნას; ისინი ფსიქოლოგიურ დატვირთვას სძენენ დამოკიდებულებებისა და ღირებულებების ანალიზს. კიონდერსი, ლუბერსი, შეპერსი და ვერკუიტენი (2008) თვლიან, რომ მულტიკულტურალიზმის გავლენას, პოლიტკორექტულობასა და სოციალურ დომინანტობას შეუძლია, ახსნას ქვეყანაში დაუფარავი წინარწმენის დაბალი დონე, ისევე, როგორც ფარული წინარწმენის მაღალი დონე.       მომდევნო სტატიაში განხილულია პოსტკოლონიური ქვეყნის კონკრეტული კულტურისთვის დამახასიათებელი ეთნიკური წინარწმენის შემთხვევები. ვალას, ლოპესის და ლიმას სტატია (2008) ყურადღებას ამახვილებს აფრიკელების წინააღმდეგ წინარწმენაზე პორტუგალიაში. მართალია, აფრიკელები მთელ ევროკავშირში არიან განაწილებულნი, გეოგრაფიული სიახლოვის გამო, ბოლო წლების განმავლობაში ისინი ყველაზე დიდი რაოდენობით პორტუგალიაში ჩადიოდნენ. ვალა და მისი კოლეგები ამტკიცებენ, რომ პორტუგალიის კონკრეტული კოლონიური ისტორიის გამო, აქ შემუშავდა ლუსო-ტროპიკალიზმის სოციალური ფორმა, რომელიც ჯერ კიდევ უწყობს ხელს ეროვნულ იდენტობასა და დაუფარავ წინარწმენას შორის არსებული ტრადიციული კავშირის დასუსტებას, რომელიც ბევრ სხვა ქვეყანაში შეიმჩნევა. როგორც ჩანს, ლუსო-ტროპიკალიზმი ეწინააღმდეგება დაუფარავი წინარწმენის გამოხატვას. თუმცა, მათი მონაცემები ცხადჰყოფს, რომ მიუხედავად ლუსო-ტროპიკალიზმისა, პორტუგალიელები გამოხატავენ იმ კულტურული განსხვავებების ფარულ უარყოფით შეფასებებს, რომლებიც იმიგრანტებს მიეწერებათ.       თამი და სხვები (2008) ყურადღებას უთმობენ ჩრდილოეთ ირლანდიის ტრაგიკულ ძალადობრივ კონფლიქტსა და მისი გადაჭრის საშუალებებს. ისინი ამტკიცებენ, რომ ჩრდილოეთ ირლანდიაში იდენტიფიკაცია "კათოლიკე" და "პროტესტანტი" არის ჯგუფებს შორის წარმართული პროცესი და იმდენადვეა პოლიტიკური და ეთნიკური, რამდენადაც რელიგიური. მათი სტატია ეხება ფსიქოლოგიურ პროცესებს, რომლებსაც გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს იმისთვის, რომ გადავლახოთ ასეთი ძალადობრივი სექტანტური კონფლიქტები. მათი კვლევა წარმოადგენს ჯგუფებს შორის პატიებას, ჯგუფებს შორის ემოციების ცვლილებებს, ინფრაჰუმანიზაციას, ემპათიის ზრდას და ნდობას, როგორც ჯგუფებს შორის მიკერძოების შემცირების საშუალებებს. შედეგები განიხილება მათი მნიშვნელობის თვალსაზრისით ჩრდილოეთ ირლანდიის პოსტკონფლიქტური შერიგების ეტაპზე.       მინესკუ, ჰაგენდორნი და პოპი (2008) ამ განხილვას დასავლეთ ევროპის მიღმა ავრცობენ, მათი ბოლო კვლევის შედეგები შეეხება როგორც უმრავლესობის, ისე უმცირესობის ხალხების ეთნიკურ წინარწმენებს რუსეთის ფედერაციის 10 რესპუბლიკაში; ისინი ზომავდნენ რუსების და რესპუბლიკის მოსახელე ხალხების იდენტიფიკაციას თავიანთი ეთნიკური ჯგუფის, თავიანთი რესპუბლიკისა და რუსეთის ფედერაციის მიმართ, ისევე, როგორც ამ იდენტიფიკაციის ეფექტებს ჯგუფებს შორის სტერეოტიპებზე. ისინი აჩვენებენ, რომ ჩართულობის სხვადასხვა დონეზე იდენტიფიკაცია განსხვავებულად აისახება შიდა და გარე ჯგუფების მიმართ დადებით/უარყოფით სტერეოტიპებზე. მიუხედავად იმისა, რომ შიდა ჯგუფური სტერეოტიპები დადებითად უკავშირდება ყველა სახის იდენტიფიკაციას, გარე ჯგუფური სტერეოტიპები უარყოფითი ხდება მაღალი ეთნიკური იდენტიფიკაციის დროს და უფრო დადებითი – რესპუბლიკური და ფედერალური იდენტიფიკაციის დროს. ავტორები გვთავაზობენ ჯგუფებს შორის დიფერენციაციის მოდელს, რომელიც ითვალისწინებს სოციალურ იდენტიფიკაციას ჩართულობის სხვადასხვა დონეზე.       შეგვიძლია თუ არა, განვაზოგადოთ მოცემული ეთნიკური ჯგუფების შესახებ დასკვნები სხვა სოციალურ ჯგუფებზე ევროპაში, რომლებიც უკვე დიდი ხანია, წინარწმენისა და დისკრიმინაციის სამიზნე ჯგუფებია? მომდევნო ორი სტატია ყურადღებას უთმობს წინარწმენის სხვადასხვა სამიზნე ჯგუფს ევროპაში. გასული შვიდი ათეული წლის სოციალურ-ფსიქოლოგიური ლიტერატურის შესაბამისად, ისინი ამბობენ, რომ სხვადასხვა ჯგუფის მიმართ წინარწმენები ერთმანეთთან დადებით კორელაციაშია. პირველი სტატია, ვერნერ ბერგმანის ავტორობით (2008), იკვლევს თანამედროვე ანტისემიტიზმს. ის წარმოადგენს შედარებით მონაცემებს და ევროპული აზრის ისტორიას ებრაელების შესახებ. იზიარებს რა სოციალური იდენტობის დაშვებებს ჯგუფთაშორისი პროცესების შესახებ (Tajfel & Turner, 1979), ბერგმანი მიიჩნევს, რომ ევროპული ანტისემიტიზმი, როგორც ამჟამად, ისე ისტორიულად, მჭიდროდ უკავშირდება ეროვნული თვითიდენტიფიკაციის საკითხებსა და კრიზისებს. ებრაელების მიმართ დამოკიდებულება ნაკლებად განისაზღვრება კულტურული განსხვავებულობის კონკრეტული გამოცდილებით, ან შეზღუდული რესურსების გამო კონფლიქტებით, არამედ ეროვნული თვით-შეგნებისათვის შექმნილი აღქმული საფრთხით, რაც იწვევს იმ შესაბამისი წინარწმენების აქცენტირებას, რომლებიც ებრაელების, როგორც ამაში დამნაშავეების, კატეგორიზებას ახდენს.       ზიკი და სხვები (2008) წარმოადგენენ საკუთარ ინტერდისციპლინურ მიდგომას ჯგუფზე მიმართული მტრობის სინდრომის მიმართ. სინდრომი შედგება მრავალი ტიპის წინარწმენებისგან: რასიზმი, სექსიზმი, ქსენოფობია, ანტისემიტიზმი, ისლამოფობია და ახალმოსულთა წინააღმდეგობა (მაგ., განსაკუთრებული უფლებები ძველ მოსახლეთათვის). ჯერ-ჯერობით ჩატარებულია ალბათობის სამი კვლევა და სამ-ტალღიანი პანელური კვლევა. ავტორთა ძირითადი არგუმენტი არის ის, რომ წინარწმენები უკავშირდება ჯგუფზე მიმართული მტრობის სინდრომს, რომელიც ემყარება უთანასწორობის განზოგადებულ იდეოლოგიას. კროს-სექციური და ლონგიტუდური ალბათობის კვლევის მონაცემების მიხედვით გერმანიაში, ზიკი და სხვები აჩვენებენ, რომ ჯგუფზე მიმართული მტრობის სინდრომი არსებობს. გარდა ამისა, იგივე პრედიქტორები, როგორიცაა მემარჯვენე ავტორიტარიზმი და ფარდობითი დეპრივაცია, გამოიწვევს გაუფასურების სინდრომს გარე ჯგუფებში და ეს გაუფასურება გავლენას ახდენს იმავე დისკრიმინაციული ქცევის განზრახვაზე.       დანარჩენი სტატიები ეთნიკურ წინარწმენასთან დაკავშირებულ კონკრეტულ საკითხებს შეისწავლის. პირველ რიგში, შეისწავლება ფარდობითი დეპრივაციის გავლენა. მომდევნო სტატიაში გაანალიზებულია წინარწმენების კვლევის მთავარი კითხვა: როდის მოქმედებენ ცალკეული პირები და ჯგუფები წინარწმენების შესაბამისად?       პეტიგრიუ და სხვები (2008) აანალიზებენ ფარდობით დეპრივაციასა და ეთნიკურ წინარწმენას შორის კავშირს. ისინი იყენებენ როგორც მაკრო, ისე მიკრო მონაცემებს სამი ევროპული კვლევიდან. პეტიგრიუმ და მისმა კოლეგებმა აჩვენეს, როგორ უკავშირდება ერთმანეთს ფარდობითი დეპრივაციის ინდივიდუალური (IRD) და ჯგუფური (GRD) ფორმები. შემდეგ ისინი აჩვენებენ, რომ GRD პირდაპირ და დადებითადაა დაკავშირებული წინარწმენასთან, IRD კი არა. უფრო მეტიც, GRD-ი ახდენს წინარწმენაზე IRD-ის ეფექტების მედიაციას. ამგვარად, ინდივიდუალური ფარდობითი დეპრივაცია წინარწმენაზე გავლენას ახდენს მხოლოდ მისი ტენდენციით, გაზარდოს ჯგუფური ფარდობითი დეპრივაციის განცდა. ამასთანავე, მკვლევრებმა აჩვენეს, რომ ნაწილობრივ კვლავ GRD-ია მედიატორი სოციალური კლასისა და წინარწმენის იდენტობის პრედიქტორთა ეფექტებს შორის.       წინარწმენის კვლევის ერთ-ერთი ცენტრალური საკითხია გარე ჯგუფების მიმართ უარყოფითი დამოკიდებულებებისა და ქცევების კავშირი. ვაგნერმა, ქრაისტმა და პეტიგრიუმ (2008) გააანალიზეს რეპრეზენტატული გამოკითხვისა და პანელის მონაცემები გერმანიაში, რომ დაედგინათ კავშირი წინარწმენასა და დისკრიმინაციას შორის. ისინი ლონგიტუდური მონაცემების საფუძველზე გვაჩვენებენ, რომ წინარწმენა მნიშვნელოვნად წინასწარმეტყველებს, როგორც იმას, რომ ეთნიკურ უმცირესობებთან კონტაქტს გაურბიან, ასევე, იმას, რომ გარე ჯგუფის წევრების მიმართ აგრესიული ქცევის განზრახვები აქვთ. გარდა ამისა, წინარწმენის გავლენა ქცევაზე მნიშვნელოვანი რჩება მას შემდეგაც კი, რაც კორელაციაში მყოფ სხვა ცვლადებს გავაკონტროლებთ. და ბოლოს, მათი მონაცემებიდან ჩანს, რომ ჯგუფთაშორისი კონტაქტი და ჯგუფთაშორისი საფრთხე გავლენას ახდენს ეთნიკური გარე ჯგუფების მიმართ ქცევის განზრახვებზე და რომ კონტაქტისა და საფრთხის გავლენა ნაწილობრივ მაინც არის გაშუალებული ჯგუფებს შორის უარყოფითი დამოკიდებულებით. ამით ავტორები კიდევ ერთხელ ადასტურებენ საკუთარ მოსაზრებას, რომ წინარწმენა არის ჯგუფთაშორისი ქცევის მნიშვნელოვანი პრედიქტორი.       შემაჯამებელ თავში, რომლის ავტორიც არის სტივენი (2008), თავმოყრილია ამ ჟურნალის სტატიები და განხილულია ოლპორტის (1954) წინარწმენის სხვადასხვა მიზეზები ლინზის მოდელის პერსპექტივიდან. ლინზის მოდელი განმარტავს, რომ წინარწმენაზე გავლენას ახდენს ისტორიული, სოციო-კულტურული, სიტუაციური და პიროვნული ფაქტორები. სტივენი მიდის იმ დასკვნამდე, რომ ამ ჟურნალის სტატიები შეისწავლის მრავალ ცვლადს ოლპორტის ლინზის მოდელის სხვადასხვა დონეზე. მისი რეკომენდაციით, უნდა ჩატარდეს უფრო შედარებითი და მრავალდონიანი კვლევები. ის მოითხოვს ყოვლისმომცველ თეორიებს, რომლებიც შეძლებს სხვადასხვა დონის ანალიზის შედეგების ინტეგრირებას და გაითვალისწინებს სხვადასხვა კულტურული ფონის გავლენას წინარწმენის ცნობილ მიზეზებზე. სტივენი ვარაუდობს, რომ სოციალური მეცნიერებები ყველა საშუალებას უნდა იყენებდეს ჯგუფთაშორისი ურთიერთობების სრულყოფილი მიმოხილვის მისაღებად ევროპასა და დანარჩენ მსოფლიოში. ეს მიღწევა, მისი აზრით, საშუალებას მოგვცემს, განვავითაროთ პრაქტიკული ინტერვენციის პროგრამები რასიზმის, წინარწმენისა და დისკრიმინაციის წინააღმდეგ უფრო ეფექტურად საბრძოლველად.       რომ შევაჯამოთ, ეს ჟურნალი, ინტერდისციპლინური თვალსაზრისით, წინარწმენის ამომწურავ მიმოხილვას უზრუნველყოფს ევროპაში. ყველა წარმოდგენილი სტატია ეფუძნება გამოკითხვის მონაცემებს, ბევრი მათგანი დიდ რეპრეზენტატულ შერჩევაზეა ჩატარებული. ამ სახის მონაცემები საშუალებას გვაძლევს, განვაზოგადოთ იმ პოპულაციებზე, რომლიდანაც ისინია აღებული, რითაც შესაძლებლობა გვეძლევა, სამეცნიერო დასკვნები გავაკეთოთ ჯგუფებს შორის სიტუაციების შესახებ მთელ ქვეყანაში. სხვა მონაცემები, რომლებიც ეფუძნება სტუდენტთა შერჩევას, ძალზე შეზღუდულია ამ მხრივ. მეორე მხრივ, წინარწმენილი დამოკიდებულების შესაბამისი მიზეზობრივი გავლენის შემოწმების ვარაუდები და წინარწმენის შედეგების გაანალიზება, მაგალითად, დისკრიმინაციული ქცევის, ხშირად არ არის ხოლმე ძალიან რთული ამ კროს-სექციური გამოკითხვის მონაცემების საფუძველზე: კორელაციური მონაცემები გვაძლევს ინფორმაციას ინდივიდთა წინარწმენების გარკვეული წინაპირობებისა და შედეგების კოვარიაციის შესახებ, თუმცა, როგორც წესი, არ გვაძლევს იმის შემოწმების საშუალებას, რა არის მიზეზი და რა არის შედეგი. გამონაკლისს წარმოადგენს ლონგიტუდური მონაცემების ანალიზი, როგორც ნაჩვენებია ვაგნერის და სხვების მიერ (იბეჭდება). მეორე მხრივ, კოვარიაცია ასევე წინაპირობაა მიზეზობრიობისა, რაც ნიშნავს, რომ თუ წინარწმენის შესაბამისი პრედიქტორებისა და შედეგების ჰიპოთეზა ვერ დადასტურდება კორელაციური მონაცემების საფუძველზე, ეს იქნება ჰიპოთეზის აშკარა ფალსიფიკაცია. ამდენად, აქ წარმოდგენილი მონაცემები უკიდურესად ღირებულია საერთაშორისო შედარების პერსპექტივისთვის, თუმცა, მომავალში მათ უნდა დაემატოს ალტერნატიულ მეთოდებზე, როგორიცაა ექსპერიმენტები, დაფუძნებული დამატებითი კვლევები, რომლებიც შეამოწმებს მიზეზობრივ ურთიერთობებს, და ასევე, თვისებრივი კვლევის მეთოდები სუბიექტური და კულტურით განპირობებული ჯგუფთაშორისი ურთიერთობების უკეთ გასაგებად.       ერთ ჟურნალს არ შეუძლია, მოაგვაროს წინარწმენისა და დისკრიმინაციული ქცევის სირთულეები. თუმცა, აქ წარმოდგენილი სტატიები ნამდვილად არკვევს, რომელი პრედიქტორები და თეორიებია მნიშვნელოვანი. ეს სტატიები ააშკარავებს ინდივიდუალური და კონტექსტუალური ფაქტორების ურთიერთქმედების მნიშვნელობას. და გვაწვდის ღირებულ ინფორმაციას, რომლის საშუალებითაც შეგვიძლია, ევროპული მოვლენები შევადაროთ ჩრდილოეთ ამერიკის მოცულობით კვლევით ლიტერატურას წინარწმენისა და დისკრიმინაციის შესახებ.       ევროპაში ამჟამად მიმდინარეობს ჯგუფებს შორის სწრაფი ცვლილებების ხანგრძლივი პროცესი. ამ მძაფრ გარდაქმნებზე რეაგირება მოიცავს როგორც წინარწმენას, დისკრიმინაციასა და ძალადობას, ისე მიღებასა და კულტურულ გამდიდრებას. ასეთი მასშტაბური და მნიშვნელოვანი მოვლენა იმსახურებს ინტენსიურ სოციალურ სამეცნიერო კვლევას, რომლის საშუალებითაც შეგვიძლია ბევრი რამ ვისწავლოთ და წვლილი შევიტანოთ კონტინენტის მომავალ ჰარმონიასა და სოციალურ სამართლიანობაში. სტატიის მთარგმნელი: ქეთევან თოდაძე ლიტერატურა: Zick A., Pettigrew T.F. & Wagner U. (2008). Ethnic Prejudice and Discrimination in Europe. Journal of Social Issues, 64 (2): 233–251 [1] - რამდენიმე დემოგრაფიული, სოციალური და ეკონომიკური მაჩვენებელი ხელმისაწვდომია Eurostat-ის, ევროკომისიის სტატისტიკის სამსახურის, საცხოვრებელი და სამუშაო პირობების გაუმჯობესების ევროპული ფონდის და OECD-ის მონაცემებიდან (იხილეთ აგრეთვე Atkinson, Cantillon, marlie & Nolan, 2002). ევროპის მოქალაქეების დამოკიდებულებებისა და მოსაზრებების ყველაზე მნიშვნელოვანი თავისუფლად ხელმისაწვდომი კვლევებია ევრობარომეტრი (ევროკომისიის), ევროპის საზოგადოების საყოფაცხოვრებო პანელის (Eurostat), ევროპის ღირებულებათა შესწავლის და ევროპის სოციალური კვლევის. …
დაამატა ლაშა to სოციოლოგია at 11:46am on აგვისტო 27, 2015
თემა: ჩვენი არსებობის მიზანი
ენ, ისე არიან ამქვეყნიურ ორომტრიალში ჩართულნი, მიწიერი პრობლემებით დაკავებულნი, რომ რატომღაც არ სურთ სერიოზულად იმსჯელონ: მაინც რა აზრი აქვს ჩვენს ყოფას? როდესღაც, ცხოვრების რაღაც წუთებში ალბათ ყველას გაჰკრავს გულში ამაზე ფიქრი, მაგრამ ეს იმდენად იშვიათად ხდება, ეპიზოდურ ხასიათს ატარებს, რომ არც არის სათვალავში მისაღები. ასეთ მოკლე ხანში პასუხსაც ვერ იპოვნი და თან ვინ ინტერესდება გაიგოს, თუ რა შეხედულებები არსებობს ამ საკითხთან დაკავშირებით. რა დროს ეს არის! მისთვის თავის შეწუხება, როცა ამდენი პრობლემაა მოსაგვარებელი, ზედმეტად დროის ხარჯვად, რაღაც აბსტრაქტულ, განყენებულ კითხვაზე უნაყოფო ფიქრად, ერთგვარ არანორმალურ გადახვევადაც კი შეიძლება მოჩანდეს ამგვარი წიაღსვლები. არადა ამაზე მნიშვნელოვანი კითხვა ჩვენთვის არ არსებობს: რისთვის შვა უფალმა ადამიანი?        ცნობილი მართლმადიდებელი მკვლევარი ნ.ე. პესტოვი წერს: „ათასწლოვანი კულტურული ცხოვრების შემდეგ იციან კი ბოლოს და ბოლოს, თუ რისთვის ცხოვრობენ? რა მიზანი აქვს მათ არსებობას და რა წარმოადგენს სულიერი კულტურის იდეალს?        მტკიცედ შეიძლება ითქვას, რომ ადამიანთა დიდი უმრავლესობა ამ კითხვებზე პასუხს ვერ სცემს და უმთავრესად არც სვამენ მას. ისინი იმგვარად ცხოვრობენ, როგორც ეს მათ ყოფას მოაქვს, აქვთ რა საკუთარი არსებობის ქვეცნობიერი და არაცნობიერი მიზნები.        ეს მიზნები კი უმრავლესობასთან იმის იქით არ ვრცელდება, გამოკვებონ, ჩააცვან და გაათბონ საკუთარი სხეული, დააკმაყოფილონ ცხოველური მოთხოვნილებები“.        მაინც რა არის ადამიანის ამქვეყნად არსებობის უმთავრესი მიზანი? რა შეხედულებებსაც არ უნდა გაეცნო ამ თემასთან დაკავშირებით, მოცემულ კითხვაზე მართლმადიდებლურ პასუხზე უფრო სწორს, გამართულს ვერ შეხვდები. კატეხიზმოში - მართლმადიდებლურ სახელმძღვანელოში ვკითხულობთ „თავის სახედ და ხატად შექმნა ღმერთმა ადამიანი და ამ არსების უპირველესი დანიშნულებაა თანდათანობით უფრო და უფრო სრულყოფილი გახდეს და დაემსგავსოს შემქმნელს თავისას, რომლის მსგავსადაც იგი შეიქმნა“. სულიერი, პიროვნული სრულყოფაა ადამიანის არსებობის უმთავრესი მიზანი და სამწუხაროდ ეს ბევრმა არ იცის, სათანადოდ არ ესმის მრევლის მნიშვნელოვან ნაწილსაც. ეკლესიურ ხალხთან ეს ერთი მხრივ, გასაგებია. იმდენად მრავალფეროვანი, რთულია მართლმადიდებლური ლიტერატურა, სიბრძნენი, დოგმები, რომ ძნელია ყველას სათანადო ყურადღება მიაქციო. ზოგი ერთით დაინტერესდება, დაიმახსოვრებს, შეეცდება გაიაზროს, სხვა მეორეთი, ნაწილი მესამით. კატეხიზმოს ზემოთ მოყვანილი სიტყვებიც ალბათ მრევლის მრავალ წევრს აქვს წაკითხული, მაგრამ სათანადო ყურადღება არ მიუქცევია, ვერ ჩამწვდარა მის არსს, მნიშვნელობას. კიდევ სხვა ნიუანსების აღნიშვნაც შეიძლება ამ თემასთან დაკავშირებით, მაგრამ ახლა სხვა რამ არის ჩვენთვის მთავარი: ის, რომ დადგა დრო განსაკუთრებით წამოიწიოს იმ სიბრძნემ, რომ ქრისტიანული ცხოვრების არსი ეს არის სულიერი, პიროვნული სრულყოფისკენ სწრაფვა და თანდათანობით ამ მიზნის განხორციელება ეკლესიური წესების დაცვით მოტანილი ღვთიური მადლით. ერთ-ერთი პირველი და მეტად მნიშვნელოვანი, რასაც უნდა ეცნობოდეს ადამიანი ცხოვრებაში და კარგად იბეჭდავდეს გონებაში , სწორედ ეს არის ის, რომ უფლისკენ სავალი გზა წარმოუდგენელია პიროვნეული სრულყოფის გარეშე.        იღუმენ ნიკონის (ვორობიოვის) მიხედვით: „ქრისტიანის სულიერ ცხოვრებაში ორი პერიოდი გამოიყოფა: საკუთარი ბუნების დაცემის, ცოდვილობის, გადაგვარების და სულიერი იარების თანდათანობით გამოსწორებისა.        მისთვის რომ სულიერ, პიროვნულ სრულყოფას მიუახლოვდე, ჯერ საკუთარი თავი უნდა შეიმეცნო, ხოლო შემდეგ კი უნდა ისწრაფვო ნაკლოვანი მხარეების გამოსწორებისათვის. როგორ მიიღწევა ეს და თუ არის საერთოდ შესაძლებელი? ადამიანთა უმრავლესობის ცხოვრებაზე დაკვირვება საკმაოდ უიმედო განწყობას ქმნის ამ მიმართულებით. უცოდველი, უნაკლო არავინ არის და ხშირად უარყოფითი თვისებები მთელი ცხოვრების მანძილზე მიყვებათ. ზრდასრული პიროვნების შეცვლა ძალიან ძნელია, შეუძლებელი თუ არა. საკმარისად არის ეს აზრი გავრცელებული და მას რეალური საფუძველი აქვს. ერთი ფიცხია, ადვილად გამოდის წყობიდან, მეორეს სუსტი ნებისყოფა აქვს, მესამე ალკოჰოლს ეტანება ზედმეტად, რამდენი ნაკლის ჩამოთვლა შეიძლება და როგორც წესი, მთელი ცხოვრების მანძილზე მიჰყვებათ ხოლმე ისინი. ზოგჯერ არის სურვილი, მცდელობა მათი გამოსწორებისა, ვის არ უფიქრია, უთქვამს თავისთვის, ხვალიდან სხვაგვარად მოვიქცევი, უფრო თავშეკავებული გავხდები, მეტ ხასიათის სიმტკიცეს გამოვიჩენ, სიგარეტს თავს დავანებებ, აღარ დავლევ და ა.შ. დასაწყისში თითქოს არა უშავს, ინდომებენ, ცდილობენ გადააგდონ მავნე ჩვევა, მაგრამ გადის მცირე ხანი და ყველაფერი ისევ ძველ კალაპოტს უბრუნდება. ფსიქიკურ განცდათა ანალიზი რომ გაკეთდეს ამ დროს, შეგრძნებაა საკუთარი უძლურების, ხასიათის, ნებისყოფის სისუსტის, პირველი მონდომება, ენთუზიაზმი ქრება და მორჩა, ძალას ვეღარ ნახულობ სურვილის შესასრულებლად. უყურებ შენთვის ნაცნობ ადამიანებს და იგივე ნაკლოვანებებს, სუსტ მხარეებს ხედავ, რასაც ათწლეულობით ადრე ამჩნევდი, როგორ უნდა გაარღვიო ეს მოჯადოებული წრე და მიიღო რაღაც შედეგი.        სურათი იცვლება, როცა უკვე არა თავის მწირი, ადამიანური შესაძლებლობებებით ცდილობენ საკუთარი ბუნების გარდაქნას, არამედ დახმარებისთვის ეკლესიას მიმართავენ. მართლმადიდებლური წესების დაცვით მოტანილი ღვთიური მადლით პიროვნება თანდათან იცვლება. ლოცვით, მარხვით, საკუთარი ცოდვების, ნაკლოვანებების მრავალჯერ აღსარებაში აღნიშვნით, თანდათანობით თავის ბუნების ისეთ სუსტ მხარეებს ასწორებენ, ადრე რომ ვერც წამოიდგენდნენ. მორწმუნე, ეკლესიურად მოღვაწე ადამიანთა ცხოვრება ამის მკაფიო, ნათელი დადასტურებაა. ამ დროს უკვე არა მეტად ნაკლული ადამიანური შესაძლებლობებით ხდება მიზნისთვის ბრძოლა, არამედ უფლის დახმარებით და აქ ნათლად მჟღავნდება, რომ შეუძლებელ კაცთათვის შესაძლებელია ღვთისათვის.        ერთ-ერთი სასულიერო პირი წერს: „უფალი ადამიანს მიუტევებს თუ ის ითხოვს ამის შესახებ, აღიარებს მღვდელთან აღსარებაში თავის ცოდვას, თუ მტკიცედ მოინდომებს ებრძოლოს შემდეგში თავის წარსულ ცოდვებს და მთელი ძალით შეეცდება აღარ დაუშვას ეს. რა თქმა უნდა, არ შეიძლება ადამიანი უცებ გამოსწორდეს, უეცრად მოიშოროს ყველა თავისი ცოდვილი ჩვევა, არასწორი შეხედულებები, მცდარი მსოფლმხედველობა. კაცს არ ძალუძს უცებ გახდეს წმინდანი. ცოდვებისგან, მავნე ჩვევებისგან განთავისუფლება - რთული და ხანგრძლივი საქმეა. ეს ის ამოცანაა, რომლის შესრულებისთვისაც ყველა ადამიანია უფლისაგან მოწოდებული (ვინაიდან მოწოდებული ბევრია... მათე 22,14). მის შესასრულებლად დრო გვაქვს გამოყოფილი - ეს ჩვენი სიცოცხლეა, მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ თავად ადამიანი ვერ შეძლებს გადაჭრას ეს ამოცანა მხოლოდ საკუთარი ძალებით - მეტად ძლიერია დემონთა და საკუთარ ცოდვილ ჩვევათა წინააღმდეგობა, ხოლო ჩვენი თავისუფალი ნება კი პირიქით, მეტად სუსტი მხოლოდ უფლის შემწეობით, მისი ღვთაებრივი ძალის (მადლის) ხელშეწყობით, რომელიც მართლმადიდებლური ეკლესიის საიდუმლოებებში მოქმედებს, შეუძლია ადამიანს შეასრულოს ის, რასაც მოელის მისგან ღმერთი“.        სრულყოფის გზა ცოდვათა მონანიებას, ნაკლოვანებათა აღსარებაში ხშირად აღნიშვნას, მათი გამოსწორების სურვილს, მცდელობას გულისხმობს. სხვა საშუალება ამ მიზნის მისაღწევად არ არსებობს. განა შეიძლება სამყაროს შემოქმედმა დაუშვას, რომ უსუსურმა ადამიანმა მარტოოდენ თავის უბადრუკი შესაძლებლობებით მიაღწიოს მართალია ბევრისთვის უცნობ, გაუცნობიერებელ, მაგრამ უმთვრეს მიზანს. მაშინ უფლის არსებობა რა საჭიროა! ამიტომაც არის, რომ მხოლოდ მისი დახმარებით, ღვთიური მადლის შეწევნითაა შესაძლებელი იგი. ეს მეტად ხანგრძლივი, რთული პროცესია, რომელშიც მრავალი მომენტი გამოიყოფა, მაგრამ სხვა გზა არ არსებობს.        ერთ-ერთი უმთავრესი ამ დროს აღსარებაში საკუთარი ცოდვების მონანიება, ნაკლოვანებების მრავალჯერ აღნიშვნაა. ის, რომ მღვდლის მიერ წაკითხული ლოცვით ცოდვების მიტევება ხდება, ცნობილია, მაგრამ თუ რამდენად მნიშვნელოვანია ნაკლოვანებების გამოსწორებისას მათი ხშირად აღსარებაში აღნიშვნა, ეს შეიძლება ბევრს არ ესმოდეს. როდესაც ერთი და იგივე ნაკლს მრავალჯერ ეუბნებიან მღვდელს და თან ამავე დროს თვითონაც ცდილობენ მის გამოსწორებას, შედეგი შთამბეჭდავია. დროთა განმავლობაში ისეთი სუსტი მხარეების გამოსწორებას ახერხებენ, ადრე რომ ვერც წარმოიდგენდნენ და ეკლესიური ცხოვრების დაწყებამდე ამაოდ შეეცდებოდნენ მათ შეცვლას. ამ დროს ორი პირობის დაცვაა მეტად მნიშვნელოვანი: ერთი - აღსარებაში ნაკლოვანებების ხშირი აღნიშვნა და მეორე - ძლისხმევის გამოჩენა მათ გამოსასწორებლად. თუ მხოლოდ სიტყვიერად ხდება ნაკლის აღმოფხვრა და არაფერი კეთდება მისი გამოსწორებისთვის, მარტო სინანული რას გიშველის!        სამწუხაროდ, აღნიშნული ორი პირობის დაცვის მნიშვნელობა სათანადოდ არ არის შემჩნეული, გაცნობიერებული. ამიტომაც არის, რომ ხშირად წლების განმავლობაში იმეორებენ სასულიერო პირთან ერთი და იგივე სათქმელს, მაგრამ შეცვლით კი არ იცვლება. ეს რამდენიმე მიზეზით შეიძლება აიხსნას: იმით, რომ კარგად არ ესმით, თუ რა არის ადამიანის არსებობის უმთავრესი მიზანი, არ იჩენენ სათანადო ძალისხმევას საკუთარი ნაკლოვანებების გამოსასწორებლად და რომ ვერ იგებენ თუ რა დიდი მნიშვნელობა აქვს სულიერი სრულყოფისთვის აღსარებაში ნაკლის აღნიშვნასა და მისი გამოსწორების მცდელობას.        მართლმადიდებლობისთვის მეტად არსებითი მნიშვნელობა აქვს სულიერ ზრდას, რომლის ერთ-ერთი მხარეც სუსტი, ცოდვილი პიროვნული მხარეების ნელ-ნელა გამოსწორებას გულისხმობს. წმინდა მამათა მიხედვით, ადამიანი სულ უფრო და უფრო წინ უნდა მიდიოდეს სულიერი, სარწმუნოებრივი სრულყოფის გზაზე და თუ უკან დახევას ან ერთ დონეზე გაჩერებას აქვს ადგილი, მდგომარეობა საგანგაშოა. მართალია, არც თუ ისე იშვიათად, ესა თუ ის ნაკლოვანება უცებ არ სწორდება, ხშირად თვეები, წლებიც კია საჭირო, ისე ღრმად არის ჩვენს არსებში მავნე ჩვევა გამჯდარი, მის აღმოსაფხვრელად, მაგრამ ამან არ უნდა შეგვაშინოს. მთავარია, შეიმჩნეოდეს ზრდა ამა თუ იმ სუსტი მხარის გამოსწორების საქმეში. ეს მეტად მნიშვნელოვანია, რამეთუ იგია მაჩვენებელი იმისა, რომ ქრისტიანი თავის სარწმუნოებრივ გზაზე სწორად მიდის.        ზემოთქმულის ნათლად წარმოსაჩენად შეიძლება ერთი კონკრეტული ცხოვრებისეული შემთხვევა იქნას მოყვანილი. დავუშვათ, ადამიანი ფიცხია, ადვილად ღიზიანდება, ვარდება მრისხანებაში. იწყებს ეკლესიურ ცხოვრებას და ხშირად იმეორებს ამ თავის ნაკლს მოძღვართან აღსარებაში, თან თვითონაც ესწრაფვის მის გამოსწორებას. აღსარებაში ერთხელ აღნიშვნით მდგომარეობა, რა თქმა უნდა, უცბად ვერ შეიცვლება, მაგრამ სინანულის დიდი საიდუმლო მას ძალას შემატებს, უფრო და უფრო წარმატებით ებრძოლოს ამ ვნებას. წინ ერთი ნაბიჯი გადაიდგმება მიზნის მიღწევის მიმართულებით.        თანდათანობით სულ უფრო და უფრო მეტად დაიმორჩილებს იგი საკუთარ თავს, კონტროლს გაუწევს მას და ან არ გამოვა, ან ადრინდელთან შედარებით ნაკლებად გამოვა წყობილებიდან. ამ დროს იქნება ჩავარდნებიც, მრისხანების ვნებას აყოლის შემთხვევები, მაგრამ თუ ქრისტიანი სწორ გზას ადგას, ისინი თანდათანობით შემცირდება. ის უფრო მეტად დაიმორჩილებს თავს და შეეცდება, მისთვის გამაღიზიანებელ სიტუაციებში შეინარჩუნოს სიმშვიდე.        დასახელებული შემთხვევა მხოლოდ ერთ-ერთი შემთხვევაა ეკლესიური წესების დაცვით მოტანილი ღვთიური მადლით, ადამიანის ბუნების გარდაქმნის სქემის გამოვლინებისა. ეს სქემა ზოგადია და პიროვნების ყველა მხარეს მოიცავს. არ არსებობს ნაკლოვანება, რომლის გამოსწორებაც არ შეიძლებოდეს მისი მეშვეობით. მხოლოდ, როგორც ითქვა, რამდენიმე მომენტია ამ დროს წინ წამოსაწევი: ხშირი სინანული, ნაკლოვანებათა გამოსწორებისთვის საკუთარ თავზე მუშაობა და ზრდის მაჩვენებელი, რომ თანდათანობით რომელიღაც პიროვნული სუსტი მხარე უფრო და უფრო სწორდება.        ადამიანის ბუნების ჭეშმარიტი სრულყოფა წარმოუდგენელია ღვთიური მადლის შემწეობის გარეშე. ეს კი ეკლესიური წესების: ლოცვის, მარხვის, მოწყალების გაღების და ა.შ. დაცვით მოდის. როგორც მამა ნიკოდიმოს მთაწმინდელი აღნიშნავს: „ყველაზე მნიშვნელოვანი, რასაც კი შეუძლია ადამიანმა მიაღწიოს, ეს ღმერთთან მისვლა და მასთან ერთად ყოფნაა. ბევრს არასწორად ესმის, ამბობს იგი, რომ მართლმადიდებლური სრულყოფა ისეთი ქრისტიანობის სათნოებების ქმნაშია, როგორიცაა მარხვა, ღვთისმსახურებით ლიტურგიაზე დასწრება, ლოცვა და ა.შ. სინამდვილეში ამ ეკლესიური წესების შესრულება მისთვის არის გამიზნული, რომ მათი მეშვეობით მოგვეცეს ძალა, რათა ცდუნებათა დაძლევა, მათთან დაპირისპირება, საკუთარ ცოდვილ ბუნებასთან ბრძოლა შევძლოთ“. იგივე მამა აღნიშნავს: „თუ შეძლებ საკუთარ მავნე ვნებებთნ, სურვილებთან, ნებასთან ბრძოლას და მათ დაძლევას, ეს უფრო მეტად სათნო იქნება უფლისთვის, ვიდრე თუნდაც ადრე უდაბნოში მოღვაწე ყველა მამასთან შედარებით მკაცრი მარხვის დაცვა და ხორცის დათრგუნვა. ასობით მონა-ქრისტიანიც რომ გყავდეს გამოხსნილი, განთავისუფლებული არაკეთილისმყოფელის ხელიდან, ეს მაინც არ გიხსნის, თუ ამასთან საკუთარი ვნებების ტყვეობაში იმყოფები“.        მორწმუნე ადამიანთა ცხოვრებაში, მოღვაწეობაზე დაკვირვება ნათლად მიუთითებს, თუ რა დიდ ძალას მატებს მათ ეკლესიური წესების დაცვა. სასოწარკვეთის, უიმედობის წუთებში, დეპრესიის დროს, როცა ხშირად ყოველგვარ ხალისს კარგავენ ცხოვრებისა, ეჩვენებათ, რომ აზრი არა აქვს თავის არსებობას, მეტად გაუსაძლისად მიიჩნევენ მიწიერ ყოფას, თვლიან, რომ მრავალი პრობლემაა მოსაგვარებელი, რის ძალაც არ გააჩნიათ, ლოცვის დაწყება ამსუბუქებს მდგომარეობას. ამ დროს კარგად ჩანს, თუ თანდათან როგორ მშვიდდება ადამიანი, იდევნება მისგან შავი ფიქრები, უბრუნდება გაფერმკრთალებული რწმენა. არადა თითქოს რა შეიცვალა? მწარე სინამდვილე ხომ იგივე დარჩა, მაგრამ ლოცვამ ხალისი შემოიტანა კაცის არსებაში, დაუბრუნა დაკარგული იმედი, რწმენა, რომ ცხოვრება ისევ გრძელდება და უფალი არ დატოვებს მას. საეკლესიო პრატქიკა ნათლად მიუთითებს, რომ თუ არა აღსარებაში მრუშულ ვნებასთან დაკავშირებულ შემოტევათა აღნიშვნა, ისე მორწმუნე ადამიანი უძლურია, წარმატებით ებრძოლოს მას. წმინდა მამათა მიხედვით, ბოროტი ძალა, განსაკუთრებით კი სიძვის დემონი, მხილებას ვერ იტანს და მრავალი შემთხვევა მიუთითებს, თუ როგორ სუსტდება მღვდელთან მისი აღნიშვნისას ამ სახის შემოტევები. ხშირად მხოლოდ აღსარების შემდგომ გრძნობს ადამიანი, რომ განთავისუფლდა ამ ვნების გახელებისგან, განიცდის სიმშვიდეს, რომელიც დაკარგული ჰქონდა. საერთოდ მორწმუნეობრივი ცხოვრება იმის მკაფიო მაგალითია, რომ მხოლოდ ეკლესიური საშუალებითაა საკუთარ თავთან წარმატებით ბრძოლა შესაძლებელი.        ადამიანური ცოდვილი ბუნების გარდაქმნამდე ჯერ მისი შემეცნებაა საჭირო, გაგება, თუ რას წარმოადგენს იგი სინამდვილეში. თითქოს საკუთარ თავს ყველა იცნობს. წლების, ათწლეულების განმავლობაში უყურებდე მას და რატომღაც არ იცნობდე, ძნელი წარმოსადგენია, მაგრამ სინამდვილეში ასე არ არის. ადამიანური ბუნების ჭეშმარიტი შემეცნება მხოლოდ ეკლესიის წიაღშია შესაძლებელი. კი ამჩნევენ თავის ნაკლოვანებებს, ღირსებებს, მაგრამ ეს ჯერ კიდევ შორს დგას საკუთარი მეს ნამდვილი გაგებისგან, მისთვის რომ შენი ადამიანური ბუნების შემეცნება შეძლო, ზემოდან უნდა დაიშვას, უფლის წყალობით უნდა გაგეხსნას სულიერი თვალი. თუ ეს არ დაიმსახურე, რატომ მოხდება იგი. უწესოდ მოქცევის, არასწორად ცხოვრების შემთხვევაში უფალი არ დაუშვებს, გაიგო, თუ რას წარმოადგენ სინამდვილეში. აქ არ არის საუბარი პიროვნულ თვისებებზე, რომელსაც ხშირად ყველა ამჩნევს, არამედ იმ მრავალ ნაკლზე, ცოდვილ მიდრეკილებებზე, რომელსაც მხოლოდ უფლისმიერი მადლი ამზეურებს.        სამწუხაროდ, ბევრს არ ესმის, რომ ხშირად ჩვენს გონებაში გაჩენილი აზრობრივი შინაარსები გარეშე ძალთა ზემოქმედების შედეგია. წმინდა ნიკოფორე აღნიშნავს: „ეშმაკს თავისი დემონებით, მას შემდეგ, რაც ღვთისადმი ურჩობისკენ წაქეზებით ადამიანის სამოთხიდან გამოდევნის მიზეზი გახდა, მიეცა საშუალება აზრობრივად შეარყიოს მისი გონება. „პრიმიტივიზმია ჩვენს გონებაში გაჩენილ ფსიქიკურ შინაარსთა მხოლოდ ლოგიკური, ფსიქოლოგიური კანონებით ახსნა, ადამიანურ ჩარჩოებს გაუსვლელად. მართლმადიდებლური თვალსაზრისით გვხვდება ღვთაებერივი, ადამიანური და დემონური წარმოშობის ფიქრები, წარმოდგენები, დასკვნები. კაცის გონება არენას მოგვაგონებს, სადაც ამ სამი სახის აზრობრივი შინაარსები ენაცვლებიან ერთმანეთს. რაც უფრო არაეკლესიურად, არასწორად ცხოვრობს ადამიანი, ხშირად ცოდავს, მით უფრო მეტად მოქმედებს ბოროტი ძალა მის ფსიქიკაზე და პირიქით რაც უფრო განწმენდილია, მაღალი სულიერების არის იგი, მით უფრო ჩნდება მასთან ღვთიური იდეები, აზრები, წარმოდგენები, კეთდება შესაბამისი დასკვნები. ამ დროს სულიწმიდის მადლი ხსნის, წმენდს ადამიანის გონებას, საღს ხდის მის აზროვნებას და განა შეიძლება, რომ ღვთაებრივმა ძალამ სულიერად დაბინძურებულ კაცთან დაივანოს. ეს მადლი გვამეცნებინებს სამყაროს ისეთ მოვლენებს, კანონზომიერებებს, ეკლესიისგან განზე მდგომი რომ ვერაფრით ჩასწვდებოდა. საკუთარი თავის სრულფასოვანი, ჭეშმარიტი გაგებაც მისი მოქმედების გარეშე შეუძლებელია. რატომ დაუშვებს უფალი მას, რომ ადამიანმა თავისი მწირი შესაძლებლობებით შეძლოს მისთვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ამოცანის, საკუთარი თავის შემეცნების, გადაწყვეტა.        ადამიანური ბუნების შემეცნების გზაზე მრავალი საინტერესო მომენტი გამოიყოფა. მათ შორის ერთ-ერთი ყველაზე საყურადღებოა ის, რომ უფალი უცბად არ უჩვენებს კაცს ყველა თავის ცოდვილ მხარეს, არამედ თანდათანობით, ჯერ ერთ ნაკლოვანებაზე მიანიშნებს, მერე მეორეზე. მათი გამოსწორების შემთხვევაში საკუთარი ცოდვილი ბუნების სხვა მხარეებს ამოუტივტივებს. სულიერების ზრდასთან ერთად სულ ახალ-ახალ ბნელ ლაქებს შეამჩნევინებს. უცბად, ერთბაშად რომ აღვიქვათ ადამიანური ბუნების ყველა ნაკლი, ცოდვილი მხარე მეტად დამაბრკოლებელი იქნება ჩვენთვის და თანაც რა ძნელი იქნება ყველა მიმართულებით შეტევა. ამიტომაც საკუთარ მესთან ბრძოლას ეტაპობრივი ხასიათი აქვს. ჯერ უკეთეს შემთხვევაში ზოგიერთი სახის ნაკლოვანება სწორდება, შემდეგ უკვე სხვა და ასე თანდათანობით უახლოვდება მართლმორწმუნე მართლმადიდებელი თავის უმთავრეს მიზანს.        მართლმადიდებლობა სულიერი, პიროვნული სრულყოფის რელიგიაა. სამწუხაროდ, ეს ბევრმა არ იცის, კარგად არა აქვს გაცნობიერებული მრევლის მნიშვნელოვან ნაწილსაც. თითქოს ცხოვრობენ ეკლესიურად: მარხულობენ, ლოცულობენ, ეზიარებიან, მაგრამ უკეთესობისკენ ცვლილება, სულიერი ზრდა არ ჩანს. სულ ერთი და იგივე ნაკლოვანებები, პიროვნული სუსტი მხარეებია თვალში საცემი, შთაბეჭდილება ისეთია, რომ არაფერი იცვლება ამ მხრივ. ამის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი კი სწორედ ის არის, რომ სათანადოდ არ ესმით, თუ რა წარმოადგენს მართლმადიდებლის მთავარ მიზანს. თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის პედაგოგი დავით ციცქიშვილი • ამოსაბეჭდი ვერსია • ← სარჩევი …
დაამატა ლაშა to ფსიქოლოგია at 3:51pm on სექტემბერი 19, 2013
თემა: ტერენტი გრანელის ლიტერატურული პორტრეტი
ედს უქმნის და ამდენი ხნის მერეც კი თანაგანცდითა და ცნობისწადილით მიგვაბრუნებს მის პოეზიასთან და ცხოვრების გზასთან. ტერენტი გრანელის პიროვნული ტრაგედია საბედისწერო სიმარტოვის ტრაგედიაა: როდესაც ადამიანი დაგმანულ განცდათა, ჩადენილ თუ ოდენ წარმოსახულ ცოდვათა სახმილში იტანჯება და თვითგადარჩენის ფორმად პოეტურ აღსარებას მიმართავს. გრანელის ცხოვრების ხილული ქარგის შესახებ ჩვენ თითქოს ბევრი რამ ვიცით. მაგრამ ბიოგრაფიული რეალიები ძალზე ცოტას გვეუბნებიან მისი სულის სიღრმეში მიმდინარე პროცესებზე, იმ ფსიქოლოგიურ სპირალზე, რომლის საწყისი ხვეული ქვეცნობიერის ფროიდისტულ სიღრმეს აღწევს, ბოლო კი ფსიქიატრიული პალატის ჭერს ებჯინება... გრანელის იმ ნაცნობებს, რომელთაც დღითიდღე ხვდებოდა ქუჩაში მოხეტიალე პოეტი, მისი ერთთავად სევდიანი გამომეტყველება, უცნაური საქციელი და მიუსაფარი ცხოვრება ბოჰემური არტისტიზმის გამოვლინებად მიაჩნდათ, ერთგვარ "პიეროს ნიღაბად" (რაც იმ დროის ასერიგად მომრავლებული და მოდური იყო). ერთი ზუსტი ტერმინი არსებობს იმ სოციალურ-ფსიქოლოგიური ფენომენის აღსანიშნავად, გრანელთან რომ გვხვდება: "გაუცხოება". გრანელი მარტოსული კი არ იყო მხოლოდ, გაუცხოებულიც იყო მაშინდელ საზოგადოებაში. რა იყო ამ გაუცხოების ჭეშმარიტი მიზეზი? ლიტერატურის მკვლევარისათვის ეს ცნობისმოყვარეობით მოტანილი კითხვა როდია. ამ მიზეზის (თუ მიზეზების) გათვალისწინების გარეშე კაცი ძნელად თუ ჩასწვდება გრანელის პოეტურ მსოფლგაგებას, მისი ლექსის წიაღს... ამ კითხვებზე პასუხის ძიებისას, ვერც (თუნდაც ავტორიტეტულ) ცალკეულ მოსაზრებას ვენდობით, ვერც რომელიმე მოგონების ავტორს. გრანელის ჭეშმარიტ ახლობლებს ამ მხრივ ღირებული მოგონებები არ დაუტოვებიათ და მიამიტობა იქნებოდა პოეტთან ეპიზოდური ნაცნობობის შედეგად გამოტანილი დასკვნები ჩვენ იმ ჯადოსნურ "სეზამად" მიგვეჩნია, პოეტის შემოქმედების საიდუმლო კარს რომ გააღებს. ასეთ დროს ისევ გრანელს უნდა მივენდოთ: მის პოეტურ აღსარებებს, ისევ პოეტი უნდა მივიჩნიოთ სანდო მეგზურად მისი პოეზიის უმზეო, მაგრამ მისტიკურად-წარმტაც სამყაროში... პოეტების უმეტესი ნაწილი თავისი ლირიკული რვეულის ერთ, საუკეთესო ნაწილს ბავშვობის მოგონებებს უთმობს. თუ რატომ _ გასაგებია და ახლა ამაზე აქ სიტყვას აღარ გავაგრძელებ. ტერენტი გრანელი აქაც გამონაკლისს წარმოადგენდა. თუმცა თავის თავს "პოეტ-ბავშვს" უწოდებდა, ბავშვობის წლებზე არაფერი დაუწერია, ორიოდე შემთხვევითი სტრიქონით თუ შემოიჭრებიან ბავშვობის წლები მის ლექსებში. შეიძლება იმიტომ, რომ არც თუ მთლად სახარბიელო ბავშვობა ჰქონდა. ღარიბ წალენჯიხელ გლეხს სამსონ კვირკველიას და მის მეუღლეს ივლიტა ლუკავას 1898 წლის 3 ივნისს (ძვ. სტილით) ნანატრი ვაჟიშვილი შეეძინათ _ ტერენტი დაარქვეს სახელად. მაგრამ ოჯახის ბედნიერება დიდხანს არ გაგრძელებულა. ოთხი წლის ტერენტის დედა გარდაეცვალა. მამამისმა მეორე ცოლად დარია მებონია შეირთო, ფოლკლორული დედინაცვლებისაგან განსხვავებით, სათნო, მოყვარული ქალი. ტერენტის და მის დებს, მაშოსა და ზოზიას ყურადღება არ აკლდათ. მაგრამ ოჯახი ძალზედ შეჭირვებულად ცხოვრობდა, ტერენტის მამას _ სამსონს, დაკოჭლებულს ხიდან ჩამოვარდნის შემდეგ, მეუნაგირეობით გაჰქონდა თავი. იმდენი მაინც მოახერხა, რომ ვაჟიშვილს სოფლის სასწავლებელი დაამთავრებინა. ტერენტი თბილისშიც კი აპირებდა წასვლას სწავლის გასაგრძელებლად, მაგრამ სახლი დაეწვათ და ახლა ისიც მამასთან ერთად ხარაზობდა. ამ უხალისო ყოფას მეტნაკლებად ახალისებდა კვირის წირვები მაცხოვრის ეკლესიაში, რომელშიც ღრმადმორწმუნე დედინაცვალს დაჰყავდა ტერენტი და შემდეგ, უკვე სიყმაწვილისას, ცნობილი მწიგნობრის, იაკობ შანავას ბიბლიოთეკის გაცნობა. ტერენტი იყო ბუნებით ამაყი და პატივმოყვარე, თავს ადვილად არავის დააჩაგვრინებდა. უაღრესად ტემპერამენტიანი ახალგაზრდა ლექსების წერის გარდა ხშირად მამხილებელი სიტყვებით გამოდიოდა საზოგადოებრივ კრებებსა და დისკუსიებზე. ნიჭიერი ახალგაზრდა თავიდანვე შეიძულეს სოფლის მოკარიერისტო ელემენტებმა და მის წინააღმდეგ სხვადასხვა უმსგავსი ჭორების შეთხზვა დაიწყეს. მალე ტერენტიმ სამუდამოდ დატოვა სოფელი და სწავლის გაგრძელების მიზნით მაშოსთან - თავის უფროს დასთან ერთად თბილისში გამოემგზავრა. უსახსრობის გამო ტერენტიმ სწავლის გაგრძელება ვერ შესძლო. სცადა სამსახურის დაწყება, მაგრამ აქაც ხელი მოეცარა. პირველად რკინიგზის სადგურში მუშაობდა, ვაგონების გადამბმელად, შემდეგ გაზეთ "ახალი სოფლის" რედაქციაში, მაგრამ ვერსად ფეხი ვერ მოიკიდა. სამსახური მისი სტიქია არ აღმოჩნდა. მაშო კერავდა და აღებული გროშებით ხელს უმართავდა უსახსროდ დარჩენილ პოეტს. ტერენტის საოცრად შეუყვარდა თბილისი. აქ მან მრავალი მეგობარი და თაყვანისმცემელი შეიძინა. პოეტი ხარბად დაეწაფა მხატვრულ ლიტერატურას. ბევრს კითხულობდა და წერდა. მისი ლექსები სისტემატურად ქვეყნდებოდა ქართულ ჟურნალ-გაზეთებში. ტერენტი სამწერლო ასპარეზზე პირველად "წალენჯიხელის" ფსევდონიმით გამოვიდა, ხოლო უფრო მოგვიანებით სამუდამო ფსევდონიმად "გრანელი" ამოირჩია. გადმოცემით ამბობენ, რომ "გრანელი" პოეტმა აირჩია რომელიღაც თეატრალური მოღვაწე ქალის პატივისცემით, რომელიც ამ გვარს ატარებდა" (ელიზბარ უბულავას წინასიტყვაობა 1961 წელს გამოცემული ერთტომეულისათვის. გრანელი, 1961: 15). მეორე ვერსიის თანახმად, ამ ფსევდონიმს "ტერენტის" დების მაშო და ზოზია კვირკველიების გადმოცემით, საფუძვლად დაედო ლათინური სიტყვა "Granum", რაც მარცვალს ნიშნავს. პოეტს ეს სიტყვა გადატანითი მნიშვნელობით აურჩევია: "მეც პატარა, ობოლი მარცვალი, სამყაროს უმცირესი ნაწილი ვარო" (ლერი ალიმონაკის ბოლოსიტყვაობა გრანელის 1972 წელს გამოცემული კრებულისათვის. გრანელი 1972: 172). ეს ამონაწერები აქ გამიზნულად მოვიხმე: 1961 წელს, როდესაც ტერენტი გრანელის გარდაცვალებიდან თითქმის 30 წელი იყო გასული, ხოლო მისი სიფრიფანა წიგნები _ მივიწყებული, "ლიტერატურულ ბობოლებს" (როსტომ ჩხეიძის გამოთქმაა) ამ "პესიმისტი პოეტის" სახელის გაგონებაც კი არ უნდოდათ. აი, ამ დროს ელიზბარ უბილავამ (რომელიც, ხანმოკლე პოლიტიკური "დათბობის" მიუხედავად, მაინც გააფთრებულ წინააღმდეგობას წააწყდა) თავისი გაიტანა და დაუბრუნა ქართველ მკითხველს ტერენტი გრანელის ლექსების რვეული. შემდგომ მას ჩაენაცვლა ლერი ალიმონაკი და ასეთივე თავდადებით უპატრონა გრანელის ლიტერატურულ მემკვიდრეობას. ისიც ცხადია, რომ იმ სიტუაციაში, როდესაც გრანელის მოშურნენი ჩასაფრებული გყავს და ყოველი ახალი პუბლიკაცია კბილებით უნდა გაიტანო, ძალაუნებურად ქმნი საყოველთაოდ მისაღებ, რამდენადმე რომანტიზირებულ ვარიანტს პოეტის ბიოგრაფიისა, რომ უნებლიეთ, გრანელის ტრაგიზმის მიზეზების ძიებისას, ახლა უკვე შენით არ "აჩუქო" რაიმე არგუმენტი ოფიციალურ თუ ნებაყოფლობით ცენზორებს... დღეს უკვე შეგვიძლია ვთქვათ, რომ ტერენტი გრანელს არც "მრავალი მეგობარი და თაყვანისმცემელი შეუძენია თბილისში" და არც დედაქალაქისადმი მისი სიყვარულით ყოფილა ეგზომ უღრუბლო... ერთ-ერთ იმ რამდენიმე ადამიანთაგან, ვისთანაც მართლა მეგობრობდა, კომპოზიტორი აკაკი ანდრიაშვილი (ტერენტი სადღიურო ჩანაწერში ერთგან მას თავის "ერთადერთ მეგობრად" მოიხსენიებს) იგონებდა: "ტერენტისთან მეგობრობა ძალზე ძნელი იყო: ამიტომ მას თითქმის არ ჰყოლია მეგობარი. მიზეზი მისივე თავისებურება იყო: ხან ბავშვივით ფაქიზი და ბუტია, ხან უმიზეზოდ ჭირვეული იყო, ხან ეჭვიანი და ბუზღუნა: ხოლო უფრო ხშირად ანგელოსივით სათნო და გულუბრყვილო. მე ვახერხებდი მასთან ხასიათის შეწყობას. ხშირად ვუთმობდი, მაგრამ ხშირად ვტუქსავდი კიდეც. ამავე დროს ვიცავდი ზოგიერთი უსულგულო ადამიანისაგან, რომლებიც ცდილობნდნენ, აბუჩად აეგდოთ პოეტი" ("ჩემი ცხოვრება მხოლოდ ლექსია" 1984: 152). ნიშანდობლივია, რომ მოგონებათა იმ კრებულში, საიდანაც მოვიხმეთ აკაკი ანდრიაშვილის მოგონება, ტერენტი გრანელის კიდევ ერთი მეგობრის – ღვაწლმოსილი რუსთველოლოგის, გაიოზ იმედაშვილის ერთი სტრიქონიც კი არ არის შეტანილი. შესაძლოა იმიტომ, რომ თავად გაიოზ იმედაშვილიც კარგა უცნაური კაცი იყო და ერთ-ერთი მის "უცნაურობათაგან" იმაში მდგომარეობდა, რომ კახური პირდაპირობით წერდა იმას, რაც ახსოვდა ან რასაც ფიქრობდა და არა იმას, რასაც თხოულობდა მისგან ლიტერატურული მითის ჟანრი (აქვე ვიტყვი: ნაკარნახევი თავისთავად კეთილშობილი ჩანაფიქრით – სიკვდილს შემდგომ მაქსიმალურად მიმზიდველად წარმოჩენილიყო ცხოვრებისაგან ისედაც ტანჯული პოეტის პორტრეტი). ისევ და ისევ ოთარ ჩხეიძემ გაბედა ახლა უკვე მეორე უკიდურესობაში გადავარდნილ საზოგადოებრივ აზრთან დაპირისპირება და თავის ალმანახში ("ლიახვი", 1986 წ.) გამოაქვეყნა გაიოზ იმედაშვილის მართლაც უცნაურად შეულამაზებელი მოგონებები: "ვიდრე ავადმყოფობა მოერეოდა, ტერენტი გრანელი, მიუხედავად უსაფუძვლო ამპარტავნება-უკადრისობისა, თავიდანვე ბუნებითად განსაკუთრებით კეთილი გულისა და თანაგრძნობის ადამიანი იყო, იშვიათი მოსიყვარულე, მეტად მორცხვი, მორიდებული, გაუბედავი, თავისებურად ამაყი კაცი, სხვებს შეიბრალებდა ხოლმე და ცდილობდა გაჭირვებულს დახმარებოდა, რითაც კი შეეძლო, მაგრამ ამ სიკეთეებთან ერთად ეჭვიანი, მოჩქარე და ზოგჯერ მოულოდნელად უხეშიც ხდებოდა. ამის გამო მისი ყოველი დღე შეიძლებოდა რაღაც გაუგონარი საქციელით დამთავრებულიყო და ძნელი ხდებოდა გამოგვეცნო, თუ გარეგნულად მშვიდი და უწყინარი რას ჩაიდენდა კიდევ საკვირველს, რას იკადრებდა უფრო უმსგავსოს" ("ლიახვი", 1986 წ., გვ. 292). ვისმეს, დამტკბარ "მემუარულ კლიშეთა" მოყვარულს, უთუოდ ეხამუშება გაიოზ იმედაშვილის მოგონებათა ის პასაჟიც, სადაც აღწერილია, თუ როგორ აძლევს ღარიბ-ღატაკი ტერენტი უკანასკნელ ფულს მეფაიტონეს, რათა თბილისის ქუჩებში ხალხის დასანახად ეტლით გაისეირნოს... რამდენ რამეს, გულსაკლავს და მტკივანს, გვეუბნება ეს დეტალი ქართულ ხასიათზეც, ტერენტიზეც, რომლისთვისაც თურმე არც ისე განურჩეველია საზოგადოებრივი აზრი და არც ისე ორგანულია ბოგანო ცხოვრება, როგორც მას სურს ამაში დააჯეროს მკითხველიც და თავისი თავიც... განა რაღაც სახასიათო დეტალი არ დააკლდებოდა გალაკტიონის პორტრეტს, ოლია ოკუჯავას მოგონებას რომ არ შემოენახა მიზანსცენა, სადაც გალაკტიონი თავის ფარულ ოცნებებს თვითნაკეთი აფიშით ამჟღავნებს: "პარიჟის უნივერსიტეტის სტუდენტი გალაკტიონ ტაბიძე წაიკითხავს ლექციას...". ცრემლის მომგვრელია ეს ყველაფერი, ამდენი წლის შემდეგაც კი... რადგან გაიოზ იმედაშვილის მოგონებებს მივადექით, მოდით, ტერენტის მეგობართა არც თუ ვრცელ წრესაც აქ გავეცნოთ: "იმ ხანებში (გასული საუკუნის 20-იანი წლების დასაწყისზეა ლაპარაკი – ზ. ა.) ტერენტის მეგობრობდნენ გობრონ აგარელი – ციცქიშვილი, კათალიკოს ქრისტეფორეს შვილი, ჩემი უფროსი ძმა შალვა იმედაშვილი, რომელმაც 1920 წელს შალვა მეფანდურეს ფსევდონიმით გამოსცა ახალგაზრდა პოეტების ჟურნალი "პარნასი", დავით კობიძე, ავტორი ლექსების წიგნისა "საქართველოს ღამეები", შემდგომად ცნობილი ირანისტი, პროფესორი, გენო ქელბაქიანი, დრამატურგი, პოეტი ვანლერ დაისელი (ვანო ბაბუაძე), მწერალი თამაზ ბორელი (პლატონ კეშელავა), აკაკი ანდრიაშვილი _ კომპოზიტორი, შალვა კაშმაძე (პოეტი სილეო რიან, შემდეგ კულტურის ისტორიკოსი). მათ შორის თემატიკითა და სტილით ტერენტისთან ყველაზე ახლოს იდგა გობრონ აგარელი, რომელთანაც ერთად გამოსცა "პანაშვიდები", მეტად ნიჭიერი და სამაგალითოდ განათლებულ;ი პიროვნება, მცოდნე კლასიკური ენებისა და ლიტერატურისა. იგი ფრანგულ დედანში იცნობდა ბოდლერს და ქართულ თარგმანებსაც აკეთებდა ("ლიახვი", 1986 წ. გვ. 284). აქ კვლავ ტერენტი გრანელს უნდა მივმართოთ. სწორედ ლექსებმა აღბეჭდეს ის ორსაწყისიანი, ამბივალეტური გრძნობა ზიზღისა და სიყვარულის, რომელსაც იგი თბილისისადმი განიცდიდა. თან უყვარდა ეს ქალაქი, თან სძულდა (აქაც, როგორც ყოველთვის, უკიდურესობებში ვარდებოდა): "თბილისისადმი მის სიყვარულს საზღვარი არ ჰქონდა, _ იგონებდა გენო ქელბაქიანი, _ "სიცოცხლე მხოლოდ თბილისში მინდა"... "დაო, ასე მგონია, ბედნიერი ვიქნები, სადმე ახლო თბილისთან თუ სამარეს ვიშოვი"... "ჩემი გული გადაეცით თბილისს"... "თბილისიდან სადმე წასვლა, თუნდაც რამდენიმე Dდღით, მისთვის ტანჯვა იყო..." ("ჩემი ცხოვრება მხოლოდ ლექსია" 1984: 45). ზოგჯერ კი, აქ თავს მათხოვრად, დამცირებულად გრძნობდა ("...და მე ამნაირ ცხოვრებისაგან თითქმის ყოველ დღე ვგრძნობ დამცირებას". გრანელი 1961: 240) და იზაფრებოდა "მკვლელებისა და გამცემლების" გარემოცვაში: ჩემი ცხოვრება უცნაური ქრება ცრემლებით, არავინ არ მყავს, არსაიდან შვებას არ ველი. ო, ჩემს გარშემო მკვლელებია და გამცემლები, უფალი იყოს ამ ქალაქში ჩემი მფარველი... "ვედრება უფალთან", 1922 წ. გრანელი 1972: 28 დროდადრო მაინც გაეცლებოდა ხოლმე აქაურობას, მაგრამ ვაი რომ, წალენჯიხაშიც ვერ ჩერდება. რაღაც გაუნელებელი წყენა თუ სულაც, უმიზეზო სევდა მოეძალება... ამიტომაა, რომ სოფლის იდილია, პასტორალური სურათი გრანელის პოეზიაში თითქმის არ შეგხვდებათ. სოფლის ბინდბუნდში, სიჩუმეში მას ავისმეტყველი ლანდები ეზმანება, "მოგონებების ცისფერი ქსელი" ბოჭავს, სოფლის სიჩუმეში შორეული ზარების რეკვა და სასაფლაოდან ქარით მოტანილი კვნესა მოესმის ("სოფლის სიჩუმე"). სიკვდილის სიახლოვე ფიზიკური შეგრძნების სიცხადით არის განცდილი სწორედ იმ წუთებში, როდესაც ადამიანს თითქოსდა არაფერი უნდა ანაღვლებდეს _ შემოდგომის მინდვრის შემყურეს, ბუნებასთან პირისპირ დარჩენილს... მაგრამ გრანელის ტრაგიზმი ხომ სწორედ სიმარტოვის ტრაგიზმია _ საკუთარ თავთან, მოგონებებთან, ფიქრებთან დარჩენის შიში... ტერენტი აშკარად უფრო გრძნობიერი ადამიანი იყო, ვიდრე იმდროინდელ ამღვრეულ და დაუდუღებელ ცხოვრების სტიქიას სჭირდებოდა. ასეა ხოლმე: სათუთი მცენარე გადანერგვას რომ ვერ უძლებს და იღუპება. სოციალურ დისკომფორტსაც ედო თავისი წილი მის ტრაგედიაში: სოფლელი აღარ იყო და ვეღარც ქალაქელი გახდა. არც იქ, არც აქ არ მიიჩნევდნენ თავისიანად. ასეთ წუთებში კი წამოსცდებოდა ხოლმე ნატვრა ბავშვობის დღეებისა: ახლა არის ივნისი, ახლა გვიან ღამდება. მაგონდება ბავშვობა. ეს ცა მაშინ სხვა იყო! ამ მაღლობზე ველოდი ქრისტეს გამოცხადებას... მერე თეთრმა სიჩუმემ ის იმედი წაიღო. ახლა დედის აჩრდილი დებს და მამას მაბარებს, (ახლა უფრო ხშირია დარდი და უძილობა). მზერას მტაცებს საყდარი. ველზე გათხრილ სამარეს ვაკვირდები შორიდან, როგორც მიწის ჭრილობას. ახლა იქნებ ჭორებიც მომედება ტალახად: მე ხომ ბედმა გამრიყა, თანაც მტანჯავს ციება!.. ახლა ჩემში ძნელია გენიოსის დანახვა, ახლა ჩემი გაკილვა ყველას ეპატიება. "დაბრუნება სოფელში". გრანელი 1972: 140 მოდით, ცოტა ხნით ჩვენც გადავინაცვლოთ წალენჯიხაში: "მამა რომ გარდაგვეცვალა, _ იგონებდა ზოზია კვირკველია, _ ტერენტი ახალი წასული იყო თბილისში. დასაფლავებას ძლივს ჩამოუსწრო. დარდისგან ხმა ჩავარდნოდა. გულდათუთქული იდგა მამის ცხედართან. მალე ისევ თბილისს გაემგზავრა. მაგრამ მშვიდი ცხოვრება არც იქ ჰქონია. ერთი წელიც არ იყო გასული, დედინაცვალიც გარდაგვეცვალა. 15 წლისა შინ მარტოკა დავრჩი. მაშო ტერენტის ვერ ანებებდა თავს. თბილისში მკერავად მუშაობდა და, რითაც შეეძლო, ხელს უმართავდა ძმას" (ცქიტიშვილი 1990: 19). ზოზია თვრამეტი წლისა გათხოვდა ლუკა კვარაცხელიაზე, რომელიც ზუგდიდში რომელიღაც სამაზრო უწყებაში. მსახურობდა. მაშო თავდაპირველად თბილისში გათხოვილა, მაგრამ ქმარი ადრე გარდაცვლია. მისი მეორე ქმარი გვარად პაპასკირი ყოფილა, სენაკიდან. შვილი არ მისცემიათ და მაშო გერებს ზრდიდა – ორ ვაჟს. ტერენტი გრანელის ცხოვრებისა და შემოქმედების მკვლევარმა ლერი ალიმონაკმა, რომელიც ტერენტის დებს უკვე ხანდაზმულ ასაკში გაეცნო, მათ შორის თვისობრივი განსხვავება შენიშნა: "ქალბატონ ზოზიას ქმრისეულ სახლში მაწვიეს. ზოზია თუმცა ხანში შესული ქალბატონი გახლავთ, ჟამთა სიავეს მაინც ვერ დაუმჩნევია დაღი მისი კოლხური სილამაზისათვის, მისი ცისფერი თვალები ("შენ იღიმები ცისფერ თვალებით"), მობერებული სახის ნაკვთები აშკარად ამხელენ, თავის დროზე ულამაზესი ქალი უნდა ყოფილიყო. მხოლოდ სათნოება გამოსჭვივის მისი სახიდან. ტყუილად არ იყო ტერენტისათვის ზოზია სიწმინდის, პოეტური ოცნების გამოხატულება. ზოზია იქცა მისი პოეზიის ერთ-ერთ სახე-სიმბოლოდ, უმაღლეს მფარველ ძალად, სახარებისეულ თანამდგომელ ხატად... ზოზიასთან საუბრის დეტალები აღარ მახსოვს, მხოლოდ ის მაგონდება, კანტიკუნტად რომ მიპასუხებდა, ხშირად რომ დუმდა და გმინავდა, შინაგანად წრიალებდა, საშინელ წუხილს და სინანულს რომ მოეცვა Mმთელი მისი არსება. ქალბატონ ზოზიასთან მის გარდაცვალებამდე უფაქიზესი მეგობრობა მაკავშირებდა. ხშირად უთქვამს ჩემთვის: შენ რომ გხედავ, ასე მგონია, ჩემს ძმას ვხედავო. ხოლო ის შინაგანი წუხილი და შფოთვა, ის სინანული, რომელსაც მთელი მისი არსება მოეცვა, ყოველთვის მწარედ მტკიოდა და გულ-გვამს მიწვავდა. სიკვდილის წინ ახლობლებისათვის დაჟინებით უთხოვია – ლერი მაჩვენეთ, სათქმელი მაქვსო... დასანანია, რატომ ვერ მოვისმინე ზოზიას ბოლო სიტყვები. ვინ იცის, რისი თქმა სურდა?! მართალია წლები გავიდა, მაგრამ ვერაფრით ვერ მიპატიებია ეს უგულისყურობა ზოზიას შვილიშვილებისათვის... (რა ძნელი სანახავი მე ვიყავი?!). ...მაშო, ცოტა არ იყოს, პირქუში, ზედმიწევნით პრაგმატული, უხეშიც კი მომეჩვენა. ლაპარაკს თავს არიდებდა. თუმცა ზოზიასა და თავისი ახალგაზრდობისდროინდელი სურათი მისახსოვრა. ეს იყო და ეს. სხვა არავითარი სულიერი საჩუქარი მე არ გამომყოლია მისგან, ოდესმე მასთან კვლავ შეხვედრის სურვილი რომ აღმძროდა. აქ მცირე ხანს დავყავი. ეს იყო ჩემი პირველი და უკანასკნელი შეხვედრა უსათნოესი პოეტის პირქუშ დასთან" (ალიმონაკი 1998: 35-38). ტერენტის ყოველი ჩამოსვლა სოფლად _ უძღები შვილის დაბრუნება იყო. მაგრამ, რად გინდა? გადიოდა ორიოდ კვირა და იქ სული ეხუთებოდა. ის უკვე მოწამლული იყო თბილისით: ასეთი დარდი არ მახსოვს დღემდე, ო, როგორ მორბის ლანდი სიკვდილის, მოვდივარ, ერთი საათის შემდეგ მე ისევ ვნახავ ჩემს მტანჯველ თბილისს. "მოგზაურობა თბილისისაკენ", 1922. გრანელი 1972: 43 აი, ასეთი იყო ტერენტი გრანელის გადმოსახლება სოფლიდან ქალაქს. ახლა კი თბილისში მის ცხოვრებას გადავავლოთ თვალი: "სიმბოლისტური პოეზიით გატაცებულმა, 1919 წელს გამოსცა სამხატვრო-სალიტერატურო გაზეთი "ია" და ჟურნალი "კრონოსის სარეკე". ჟურნალში დაბეჭდილ მის სონეტებსა და რეცენზიას, სადაც ვალერიან გაფრინდაშვილის "დაისები" არის შეფასებული, აშკარად ატყვია სიმბოლისტური ესთეტიკის კვალი. ...1920 და 1921 წლებში ტერენტი გრანელმა გამოსცა ლექსების ორი პატარა წიგნაკი: "პანაშვიდები", რომელშიც გობრონ აგარელის ლექსებიც არის დაბეჭდილი და "სამგლოვიარო ხაზები". 1922 წელს გამოსცა ლექსების მოზრდილი წიგნი ("სულიდან საფლავები"). ამ წიგნს აღტაცებული რეცენზიები უძღვნეს ტრისტან მაჩაბელმა, პაატა ორბელიანმა და კონსტანტინე გამსახურდიამ. ჭაბუკი პოეტი მართავს ლიტერატურულ საღამოებს. პოეტს აღტაცებით ხვდებიან ყველგან" (გრანელი 1972: 172). ამავე წლებში გაიცნეს ერთმანეთი ტერენტი გრანელმა და გალაკტიონმა. ტერენტი გალაკტიონში თავის სათაყვანებელ მეტრს ხედავდა, გალაკტიონი კი მასში _ თავის ნიჭიერ მიმდევარს. არ არის გასაკვირი, რომ მათ სრულიად გარკვეული ურთიერთსიმპატია აერთიანებდათ. მაგრამ ტერენტი გრანელის პოეზია იქ შეჩერდა, საიდანაც გალაკტიონი მხოლოდ იწყებდა თავის აღმასვლას. გავიხსენოთ გალაკტიონის "სასაფლაო" (1910 წ.), "შავი ყორანი" (1911 წ), "სასაფლაოზე" (1912 წ.), "რომელი საათია" (1914 წ). გალაკტიონის ამ უკანასკნელმა ლექსმა განსაკუთრებული გავლენა იქონია გრანელის შემოქმედებაზე. აქ პოეტური მოდელის გავლენას ვგულისხმობთ, თორემ "რომელი საათიას" განწყობა გრანელს, ვაი რომ, სასესხებელი არ ჰქონდა, იქით შეეძლო მოემარაგებინა პოეტების მთელი არმია. გრანელის ლექსების წიგნში წელიწადის ერთი დრო მეფობს _ ზამთარი, გვიანი შემოდგომა. შემოდგომის სიყვითლე მის წარმოსახვაში მჭიდროდ უკავშირდება სიცოცხლის ნელინელ ქრობას (წერს კიდეც ამაზე ერთ-ერთ ლექსში). ზამთრის სიცივე _ კი უკვე სიკვდილია, არყოფნა. თოვლი _ თეთრი სავანეა, თეთრი ბალდახინი (გეცნოთ ალბათ – ჩვენი სიმბოლისტური რეკვიზიტი). ზამთარმა გრძელი ღამეები იცის და ყველაზე უფრო მტანჯველი პოეტისათვის სწორედ ეს ღამეებია: "ყოველი ღამე _ ეს ჩემი ლოდია" _ იტყვის ერთგან. ღამით მარტოსული ადამიანი კიდევ უფრო გრძნობს თავის სიმარტოვეს ("საღამოს დარდი უფრო მწარეა"). ქრება ის თუნდაც ეფემერული შთაბეჭდილება ადამიანებთან კონტაქტისა დღისით, "სასახლის ბაღში სეირნობისას" რომ იბადება ხოლმე. მოდის "საშინელი საღამო" და პოეტი კვლავ განწირულია თავის ავბედით თანამოსაუბრესთან დარჩეს, თავის თავთან, თავის მძიმე ფიქრებთან, თავის მოგონებებთან, თავის სინდისთან _ ამ ულმობელ და უშეღავათო მსაჯულთან... ("რამდენ წვალებას მალავს ეს ოთახი"). მოვუსმინოთ გრანელს. ძნელია თქმა, რაა აქ მეტი _ პოეზია თუ სასოწარკვეთამდე მისული ადამიანის წამოძახილი, იმავ წამს ქაღალდზე გადატანილი: მიდის ფერწასული დღე, ღამე მომიახლოვდა, ღამე მომიახლოვდა, შავი და საშინელი. სინანული გაივლის მოგონების მაღლობთან და მოვა მწუხარება – ჩემი ლურჯი ფრინველი. "ცისფერი სიშორე", 1922 წ. გრანელი 1972: 29 ტერენტი გრანელის პოეზიას ორი ადრესატი ჰყავდა. ერთი მათგანი მაღლა, ზეცაში სუფევდა, მისი შიში და რიდი, მისი გულთამხილაობის რწმენა ტერენტის ჯერ კიდევ იმ ასაკიდან გამოჰყვა, დედინაცვალი საკვირაო წირვებზე რომ დაატარებდა მაცხოვრის ეკლესიაში. მისი მეორე ადრესატი წალენჯიხაში ცხოვრობდა _ ეს მსოფლიოში მისთვის ყველაზე ახლობელი და ძვირფასი ადამიანი იყო, მისი დაი _ ზოზია. ამ ორ ადრესატს ანდობდა პოეტი ყველა თავის საიდუმლოს, თავს მხოლოდ მათ წინაშე იმართლებდა და მათი რისხვის და განხიბლვის შიშით იყო გამოწვეული მისი თვითგვემა... ტერენტი ჭეშმარიტად მორწმუნე ადამიანი იყო. მისი ლექსების ყოველი მიუკერძოებელი მკითხველი მიხვდება, რომ მიმართვა ღვთისადმი მასთან პოეტური პირობითობა კი არ არის, არამედ უშუალო და წრფელი აღსარებაა ადამიანისა, რომელსაც სწამს ღვთაებრივი გულთამხილაობისა და თავისი ტრაგედიის პირველმიზეზად სწორედ იმას მიიჩნევს, რომ (თუნდაც ფიქრებში) ამ ზეციური ნების რომელიღაც წესს გადაუხვია: წამი აღმაფრენის და ფიქრი ნაჩვევი. ღმერთო! გამაფრინე და ქრისტე მაჩვენე. ხელს მაღლა აგიშვერს ცოდვა ადამისა, ღმერთო! გამაგიჟე და შენვე დამიცავ. ნეტავ ზღვის ძახილზე გრიგალს გავეტაცე. ღმერთო! გამაღვიძე მე სხვა პლანეტაზე. მიმაქვს პანაშვიდი, ვარ ღია ბაღისებრ. ღმერთო! დამამშვიდე და ძილი მაღირსე. "ლოცვა გაფრენისათვის", 1924 წ. გრანელი 1972: 72 პოეტის მზერა და ფიქრი სულ უფრო და უფრო ხშირად მიემართება იმ ერთადერთი ადამიანსაკენ, რომელსაც ესმის მისი, რომელმაც იცის მისი ფასი,. იცის მისი საიდუმლო, იცის მისი ტანჯვის მიზეზი: საღამო ამნაირ სახის დარდივით გაჩნდება ისევ. დაო, ვგრძნობ გრიგალის ძახილს, დაო, ვგრძნობ წამების მიზეზს. გათავდა ცრემლების თოვა, ო, ხსოვნას რა ნელა ძინავს. და თეთრი ქალწული – გლოვა ეცემა სისხლიან მინას. და ირგვლივ სამარეს უვლის ფარული სურვილის ლანდი. და ჩემი მწუხარე სული მსგავსია დათოვლილ სანთლის. "დათოვლილი სანთელი", 1922 წ. გრანელი 1972: 42 გრანელის ლექსების დიდი ნაწილი უშუალო მიმართვაა დისადმი: "მწუხარე მელოდია" (1921 წ.), "შეშლილი ცრემლები" (1921 წ), "მე და გაფითრება", "ცისფერი სიშორე" (1922 წ), "დათოვლილი სანთელი" (1922 წ.), "შემოდგომის პასტორალი" (1923 წ.), "დაო ძლიერო და უწმინდესო!", "მკვდარი სურვილები", "მოდის ახალი ფიქრთა კრებული" (1927 წ.), "დაო! შენს სახელს მუდამ დავიცავ", "დილა მთაზე", "ჩემო ზოზია მე წავალ მალე".... არა ძნელი შესამჩნევი, როგორ გადაეჯაჭვება ხოლმე სიყვარულისა და განსაცდელის გრძნობა, როგორც კი ტერენტი ზოზიაზე იწყებს ლაპარაკს: ეს ყველაფერი ჩემზე ითქვა, ვის გავუგონო. შენს ძვირფას სახელს წაიკითხავს თვალი უღონო... გრანელი 1972: 166 ზოგჯერ ტერენტი გაურბის ზოზიას ხსენებას, მაგრამ სადაც კი შეგხვდებათ მის ლექსში ემოციური წამოძახილი – "ძვირფასო!", თითქმის უცდომლად შეგიძლიათ იგულისხმოთ, რომ ეს ზოზიასადმი მიმართვაა. საინტერესო იქნებოდა, ცხადია, თვითონ ზოზიას მოგონებების გაცნობა, მაგრამ ხელთ ძალზედ მწირი მასალა გვაქვს. "უძილობის ტყვეს" _ გრანელს სულ უფრო და უფრო სასტიკი განაჩენი გამოაქვს საკუთარი თავისათვის. კისერზე შებმული ქვასავით ამძიმებს მის ფიქრებს რაღაც წარმოსახული ბიბლიური ცოდვა, ფსკერისაკენ ითრევს და ძირავს... საუბედუროდ, ამ დაბინდულ გონებაში ისეა წაშლილი საზღვარი რეალურსა და ირეალურს შორის, რომ ეფემერულ ცოდვას შეუძლია მეტი ტკივილი მიაყენოს ამ ისედაც ნატანჯ სულს, ვინემ უნებლიეთ ჩადენილ დანაშაულს... გრანელი მორჩილად მიჰყვება ბედისწერას ამ სამსხვერპლოზე, არც ერთი ჟესტით, არც ერთი სიტყვით არ ეწინააღმდეგება, მხოლოდ თავისთვის თუ ჩაილაპარაკებს ამ უცნაურ ბედისწერაზე: "მიდიხარ სადღაც და ბედი გღუპავს...", ანდა, უეცარი ფატალიზმით გამსჭვალული, განაცხადებს: "მოვიდა რიცხვი საბედისწერო". მისი დღიურებით თუ ვიმსჯელებთ, ტერენტის ზოგჯერ თვითონ უნდოდა "ცხოვრების ეტლის" სადავეები ემართა: "არის პირველი საათი, მივყვები დოცენტ იოსელიანის ცხედარს, გზაში მესაუბრება მეგობარი დავით კობიძე. პანთეონიდან ვბრუნდები, როგორც მიცვალებული. ვზივარ ოთახში და ვფიქრობ სამშაბათს მოვიკლა თავი, გადავვარდე ვერის ხიდიდან" (1928 წლის 11 მარტის დღიური. კვირადღეა, დაიმახსოვრეთ!). მაგრამ სად გინახავთ ბედისწერას თავისი სადავეები მოკვდავთათვის გადაებარებინოს? სამომავლო ჰოროსკოპს ის თვითონ ადგენს. მიამიტი ტერენტის 13 მარტის დღიურში კი (სამშაბათს!) ახალი ჩანაწერი ჩნდება: "...გადავწყვიტე არ მოვიკლა თავი და შევურიგდე ცხოვრებას, და ჩემი პოეზია ისევ დარჩეს სპეტაკი. ეს იქნება დაბრუნება ცხოვრებასთან..." (გრანელი 1961: 415). ასეთი ჩანაწერების მერე უკვე აღარ გიკვირთ პოეტის თვითგვემაზე გადასვლა: შენს ძვირფას სახელს ამ ტირილში მე არ ვეხები, და ვარ კაინივით გმობილი. "შენს გაქცევას", 1921 წ. გრანელი 1961: 17 ო, ლოცვით სული აქაც აივსო, ისევ ავყევი დამღუპველ ვნებას. "აღსარება ქუთაისს", 1922 წ. გრანელი 1961: 136 სიბერე დაეცა ჩემს სურვილს საშინელს... "კვირის ნისლები", 1923 წ. გრანელი 1972: 55 დაბოლოს, რაღაც სულიერი ეგსჰიბიციონიზმი, ისეთივე ირაციონალური და ისეთივე საბედისწერო, როგორც ორფეოსის შემობრუნება აიდის წყვდიადს თითქმის თავდაღწეული ევრიდიკეს დასანახავად: ეს ვედრება შიშველი _ მეუცხოვა მე გვიან, ღამე, ვნებით შეშლილი, ყელზე გადამეხვია. თეთრი შუქი ინთება ჩემი სულის და ვარდის. ო, ტირილი მინდება, შენთან უხმოდ დავარდნილს... "შეშლილის ცრემლები", 1921 წ. გრანელი 1972: 10 იქ, სადაც შეცოდებაა _ ან შენდობა უნდა იყოს ან შერისხვა. პოეტი აღარ უცდის ზეციური ძალის განაჩენს, ასწრებს მას და თვითონვე წყევლის, შერისხავს თავის თავს: აწ მთელი მისი ცხოვრება თვითშერისხულის გრძელი და გაუთენებელი ღამეა. მხოლოდ ხანდახან თუ გაიელვებს რაღაც ტკბობის მსგავსი ამ გაუხარელ სურათში. ეგების, გამორჩეულობის გრძნობა, სხვათაგან განსხვავებულობის, ერთადერთობის... გრძნობა იმისა, რომ მას და განგებას რაღაც საბედისწერო საიდუმლო აკავშირებთ... ეტყობა, მტანჯველი საიდუმლოც კი, რაღაც იშვიათ წუთებში მაზოხისტური ტკბობის მომტანია მისთვის, ვინც გრძნობს, რომ სხვათათვის მიუწვდომელს ეზიარა, აკრძალული ხილის გემო მოსინჯა (ამგვარი განცდის პოეტური ინტერპრეტაციის კლასიკური მაგალითია გალაკტიონის "მე და ღამე"). მაგრამ ის, რაც გალაკტიონის პოეტური წარმოსახვის ერთ-ერთ მიგნებად შეგვიძლია ჩავთვალოთ _ გრანელისათვის მთელი მისი შემოქმედების გამჭოლი, მგრძნობიარე და მტკივანი ნერვია: "რომ იყოს ახლა, ვიცი ჩემს სევდას / ბარათაშვილიც ვერ გაიგებდა" ("მე ეს ოცნება ყოველთვის მსდევდა". გრანელი 1972: 136). ლიტერატურის ისტორიკოსს აქ შეუძლებელია არ გაახსენდეს XX საუკუნის დასაწყისის დიდი ავსტრიელი პოეტის _ გეორგ თრაქლის შემოქმედების ტრაგიკული რეფრენი: "თრაქლის პოეზიის... "პერსონაჟთაგან" უმთავრესია "და", _ აღნიშნავდა ნაირა გელაშვილი თრაკლის ლიტერატურულ პორტრეტში, _ დას უკავშირდება ლირიკული გმირის უდიდესი შინაგანი დრამა, იგი წარმოადგენს თრაქლის პოეზიის ცენტრალურ ესთეტიკურ ხატს, მთავარსა და მრავალშრიან სახე-სიმბოლოს. დისადმი მიძღვნილ ღრმააზროვან ლექსში დის საუფლოდ შემოდგომა, მწუხრი და მწუხრის გუბურაა დასახელებული. დის ნიშანია მწუხარება. მისი სახეობრივი სინონიმებია: "ლურჯი ნადირი", და "წითელი პარასკევის ბავშვი", რომლის "შუბლის თაღსაც ვარსკვლავნი ეძებენ ღამით". ამით "დის" სახის ძირითადი ასპექტებია მინიშნებული, რომლებიც შემდეგ მთელ პოეზიაში იშლება. ..."ბავშვი წითელი პარასკევისა" _ ამ მრავლისმეტყველი განსაზღვრებით "დის" სახის ერთ-ერთი ფუნდამენტური თვისებაა გადმოცემული: ეს არის ჯვარცმული, განწირული არსება, რომელსაც უკავშირდება "ძმის" დანაშაულისა და ცოდვის კომპლექსი. შეიძლება ითქვას, რომ "ძმის" თითქმის მთელი დანაშაულის განცდა კონცენტრირებულია დასთან მიმართებაში" (გელაშვილი 1982: 299-300). რაღაც ძალზედ მსგავსი სურათია _ ბედისწერისაგან დაგებული ხაფანგისა. ერთი-ორჯერ გრანელმა სცადა კიდეც გაერღვია ეს საბედისწერო რკალი, ხან ფიროსმანს უძღვნა ლექსი, ხან ნობილეს ცნობილ ექსპედიციას გამოეხმაურა... ასეთი სტრიქონებიც ეკუთვნის: "მე დამაქვს სევდა ჩვენი პლანეტის..." ან კიდევ: "....მე ვიფერფლები, გულის გარშემო / მსოფლიო სევდის ცეცხლი ანთია". და მაინც, ეს სტრიქონები გრანელის მთელი შემოქმედების კონტექსტში პირობითობად აღიქმებიან, პოეტის წრფელ, მაგრამ განუხორციელებელ სურვილად. „მსოფლიო სევდის" პოეტად გრანელი ნამდვილად ვერ იქცა, თუმცაღა, უკვე ის, რაც შესძლო – პოეზიის ენაზე გადაეტანა თავისი მტკივანი სულის უფაქიზესი მოძრაობა – სასწაულის ტოლფასი იყო... "გრანელის პოეზიამ 1924 წელს მიაღწია თავის მწვერვალს. მან გამოსცა ახალი ლექსების წიგნი. ამ წიგნის გამოსვლამ ცხოველი ინტერესი გამოიწვია. ამავე წელს რუსთაველის თეატრში ტერენტი გრანელს დიდი სალიტერატურო საღამო გაუმართეს და საგანგებო გაზეთიც მიუძღვნეს, სადაც ივანე გომართელი, გიორგი ნადირაძე, კონსტანტინე კაპანელი, ვასილ ბარნოვი, პლატონ კეშელავა და სხვები მაღალ შეფასებას აძლევდნენ ტერენტი გრანელის პოეზიას. 1926 წელს ტერენტი გრანელმა გამოსცა ლექსების უკანასკნელი წიგნი. 1928 წლიდან კი იწყება მკვეთრი სულიერი დეპრესია. ამ პერიოდის წერილები, სადღიურო ჩანაწერები და ლირიკა მოწმობენ მის სულიერ მსხვრევას" (გრანელი 1972: 177). თანდათან მატულობს გრანელის პოეზიის დრამატიზმი, სულ უფრო და უფრო გარკვევით მოისმის მისი ტრაგიკული პასუხი "ყოფნა-არყოფნის" მარადიულ დილემაზე. ქუჩაში უმიზნოდ მოხეტიალე პოეტი... უნდა, რომ წავიდეს ამ ქალაქიდან, ამ ქვეყნიდან, ამ პლანეტიდან, ამ ცხოვრებიდან... სადღაც იქ, სადაც სულს არაფერი ბოჭავს, სადაც არანაირი ტაბუ არ არსებობს და სადაც განსხვავებულს, არამსგავსს არ უყურებენ, როგორც გიჟს და კეთროვანს... გაფრენა სურს... გრანელის პოეზიის საერთო განწყობამ განაპირობა მისი მხატვრული სახეების არსენალიც: სიკვდილის აყვანა ესთეტიკის რანგში არ იყო უცხო ქართული პოეზიისათვის (გურამიშვილი, ბარათაშვილი, უფრო მოგვიანებით – გალაკტიონი, ტიციან ტაბიძე...). მაგრამ გრანელთან სიკვდილი არც ის პირობითობაა, ფრანგმა სიმბოლისტებმა რომ დანერგეს ლექსში, არც ზღვარსგადამცდარი განცდისა და ტრაგიზმის აღმნიშვნელი სიმბოლო, როგორც ეს გალაკტიონთან გვხვდება. სიტყვა „სიკვდილი" გრანელთან იმავეს ნიშნავს, რასაც ყოველდღიურ მეტყველებაში და პარადოქსია, მაგრამ სწორედ ამიტომაა სიურეალისტურად შემზარავი. თუ აქვე გაგახსენდებათ მისი გაუთავებელი ბოდიალი სასაფლაოებზე და უცნობი მიცვალებულების პროცესიებს გამოდევნება, გაიფიქრებთ, რომ რაღაც ელემენტი ნეკროფილიისა ამ ისედაც უცნაურ ხასიათში უთუოდ იყო... გრანელი იქ შეჩერდა, საიდანაც გალაკტიონი იწყებდა თავის შემოქმედებით აღმასვლას (იხ. გალაკტიონის "სასაფლაო", "ლენორა" და ტერენტის ლექსი იგივე თემაზე). ტრადიციული სიმბოლოებიც უფრო მწვავე, უფრო ტრაგიკულ ასპექტში გამოდიან: მაგალითად, საინტერესოა ერთმანეთს შევუდაროთ "საათი", როგორც სიმბოლო ბოდლერთან, გალაკტიონთან და გრანელთან (საათის სიმბოლიკას შეგიძლიათ გაეცნოთ: ზაზა აბზიანიძე, ქეთევან ელაშვილი "სიმბოლოთა ილუსტრირებული ენციკლოპედია", ტ. II, გამ-ბა "ბაკმი", თბ., 2007 წ.). ყველა თავის ფიქრს, იჭვს, ტკივილს ტერენტი კვლავ და კვლავ ზოზიას უზიარებს ("თუ ვტოვებ გიჟის შთაბეჭდილებას, დაო, ეს მხოლოდ გრძნობის ბრალია"). ზოზიამ უნდა შეუცვალოს პოეტს მთელი სამყარო, მისგან განმდგარი, მის მიერ მოძულებული ქვეყანა, ამ ქალის სიყვარულის სითბო ახლა ერთადერთი ძაფია, რომელიც გრანელს სიცოცხლესთან აკავშირებს: იდგა შუადღე, ვამბობდი: დაო, მინდა ალერსი. ჩანდა საყდარი და სასაფლაო პეტრე-პავლესი... "სასაფლაოსკენ". გრანელი 1961: 181 მაგრამ თუ პოეტს ეჩვენება, რომ ეს ძაფიც წყდება, შეშფოთებული წარმოსახვა კიდევ ერთი კოშმარული ღამის მოლოდინშია _ აი ასეთ წამს, სასოწარკვეთილი გრანელი კვლავ თავის მხსნელ ზოზიას ევედრება, რათა შვების ერთი დღე თუ ერთი საათი გამოსთხოვოს: არ მშორდება მე უძილო ღამე, დამეხსენი, ლაჟვარდების ცაო! მალე მოდი და მიშველე რამე, მალე მოდი, ვიღუპები, დაო! .. "მიმართვა დისადმი". გრანელი 1972: 123 გრანელის ეს ლექსი 1927 წლითაა დათარიღებული. ამ დროისათვის ის უკვე განუკურნებელი ავადმყოფია. მისი ბედიც გადაწყვეტილია: თითქოსდა ტერენტიმ უკვე შეამზადა თავისი თავი ამ ტრაგიკული ფინალისათვის, თითქოსდა ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ სიცოცხლესთან განშორება მოეახლოვებინა: მის ყოფას ბოჰემურსაც კი ვერ უწოდებთ – ეს ბოგანოს, „ბომჟის" ყოფაა... უსახლკაროდ, უსახსროდ, უმწეოდ... რამდენჯერმე ციხეშიც კი მოუწია მოხვედრა რაღაც სკანდალის გამო (მართალია, ცოტა ხნით), მაგრამ არც ფსიქიატრიული საავადმყოფოს გისოსებიანი პალატა განსხვავდებოდა დიდად ციხისაგან... არაა გასაკვირი, რომ ოსკარ უაილდის მსგავსად (იგონებს კიდეც ინგლისელ პოეტს) ციხის ბალადას წერს. ის ამზადებს თავის თავს სიკვდილისათვის. მისი პოეზია კვლავ ამ ერთი ღერძის გარშემო ტრიალებს. კაცმა რომ თქვას, სიკვდილი კი არ უნდა იმდენად, როგორც წასვლა ამ ქვეყნიდან, ამ ქალაქიდან: არა სიკვდილი, არა სიცოცხლე, არამედ რაღაც სხვა. ამ, „მესამე გზის" შესახებ ტერენტი გრანელს ბევრი აქვს დაწერილი, მაგრამ თავისებური „კრედოს" სახით თავის ერთ მინიატიურაში ("გულიდან სისხლის წვეთები") ჩამოყალიბდა: არა სიცოცხლე, არა სიკვდილი. არამედ რაღაც სხვა. გრანელი 1972: 70 არ იყო გასაკვირი, რომ ეს გამონათქვამი ტერენტი გრანელის დებმა პოეტის საფლავზე ამოაკვეთინეს (ტერენტი 1934 წლის 10 ოქტომბერს გარდაიცვალა დიზინტერიისაგან "არამიანცის" საავადმყოფოში. იქიდანვე წაასვენეს პეტრე-პავლეს სასაფლაოზე სულ რამდენიმე კაცის თანხლებით...). თუ რა იყო ეს "მესამე გზა", მკაფიოდ ვერც თვითონ გრანელი აყალიბებდა, მაგრამ, როგორც ეტყობა, სრულიად გულწრფელად სჯეროდა ამ, მესამე, მეტაფიზიკური განზომილების... პოეტები ზოგჯერ თავისი თავის შესახებ გაცილებით უფრო მჭევრმეტყველურად ლაპარაკობენ, ვინემ მათი კომენტატორები. ამ თვალსაზრისით კაცი დაკვირვებით თუ გადაავლებს თვალს ტერენტი გრანელის ლექსებს, ბევრს რასმე საგულისხმოს და ნიშანდობლივს ამოიკითხავს... რადგან გრანელის პოეტური სახეები ერთი განწყობით იყო ნაკარნახევი, ბოლოს და ბოლოს, მათაც გარკვეული ერთფეროვნება დაემჩნათ. ტერენტი თვითონაც გრძნობდა, რომ დაიღალა, რომ უკვე გამოთქვა თავისი სათქმელი, რომ უკანასკნელი სიმღერა აღმოხდა... ეს უკვე სიცოცხლეზე ხელაღებას ნიშნავდა. ახლა, როდესაც მისი ფანტასმაგორიული ჩვენებები ვეღარ პოულობდნენ გამოსავალს ქაღალდზე, ისინი უკვე თავისსავე წარმომშობს ემუქრებოდნენ: "მძინარე გონება ურჩხულებს ჰბადებსო" _ წააწერა გოიამ ერთ-ერთ ფურცელს თავისი ცნობილი გრაფიკული სერიიდან "კაპრიჩოს". ეს ურჩხულები დაერივნენ ახლა პოეტის ავადმყოფ სულს და მოაშთეს კიდეც იგი... ლიტერატურის ისტორიაში არცთუ ბევრია შემთხვევა, როდესაც პოეტი ამგვარად გრძნობს თავისი ბედის უკუღმართობასაც და თავის გარდაუვალ აღსასრულსაც: სადღაც სდუმს მთები, სადღაც ნისლია, ვერ გადურჩები სულის წვალებას მე რომ გაფრენა არ შემიძლია ეს უკვე ნიშნავს გარდაცვალებას... ზაზა აბზიანიძე …
დაამატა ნინო to ლიტერატურა at 3:25pm on იანვარი 20, 2017
თემა: სიმბოლური ინტერაქციონიზმი: სოციალური მოქმედება, როგორც "როლების ათვისების" პროცესი
სოციალური პრაქსისის თეორია? • 3. სიმბოლური ინტერაქცია - „როლების ათვისების“ პროცესი • 4. თვითობა: „me“ და „I” • 5. კრიტიკა • V თავის ძირითადი შინაარსი • დამოწმებული ლიტერატურა 1. შესავალი: სიმბოლური ინტერაქციონიზმის ძირითადი პრინციპები      სიმბოლური ინტერაქციონიზმი წარმოიშვა როგორც ფუნქციონალიზმის და სოციალურ სისტემათა თეორიის - განსაკუთრებით, პარსონსის სტრუქტურული ფუნქციონალიზმის - ალტერნატივა. პარსონსის სოციალური მოქმედების თეორიაში სოციალური აქტიორი მიზნებსა და საშუალებებს შორის არჩევანს ახორციელებს სოციალური ნორმების და კულტურული ღირებულებების საფუძველზე, რომელთა ინტერნალიზაციასაც ახდენს ინდივიდი სოციალიზაციის პროცესში. მართალია, პარსონსი იწყებს ერთეული აქტით და ინდივიდის ვოლუნტარიზმით, მაგრამ, საბოლოო ჯამში, პიროვნული სისტემა აღმოჩნდება დაქვემდებარებული სოციალური და კულტურული სისტემების მიმართ. როგორც ცნობილია, პარსონსი უპირატესობას ანიჭებს ინდივიდუალური შინაარსისაგან განყენებულ სისტემურ მიდგომას და აყალიბებს ეტალონურ ცვლადებს, რომლებიც განსაზღვრავენ სოციალურ მოქმედებას და ურთიერთობას საზოგადოებაში. სწორედ ამიტომ, სტრუქტურულ ფუნქციონალიზმს მაკროსოციოლოგიურ თეორიას უწოდებენ (იხ. Н. Смелзер. 1997: ).      ამისაგან განსხვავებით, სიმბოლური ინტერაქციონიზმი მიკროსოციოლოგიური თეორიაა. იგი უარს ამბობს სისტემურ მიდგომაზე და ანალიზის ფოკუსირებას ახდენს ერთეულ აქტებსა და მათ შორის ინტერაქციაზე. ინტერაქციონიზმისათვის სოციალური სისტემა არსებობს მხოლოდ ინდივიდუალურ აქტებზე გავლით და მათგან დამოუკიდებლად ფიქციას წარმოადგენს.      სიმბოლური ინტერაქციონიზმი ჩამოყალიბდა პირველ და მეორე მსოფლიო ომებს შორის პერიოდში. მისი წარმოშობა დაკავშირებულია ე.წ. „ჩიკაგოს სკოლასთან“, რომელმაც რამდენიმე ახალ სოციოლოგიურ მიმართულებას დაუდო სათავე. მათგან განსაკუთრებით აღსანიშნავია ქალაქის სოციოლოგია და სიმბოლური ინტერაქციონიზმი. ამ უკანასკნელის ძირითად არქიტექტორს წარმოადგენს ჯორჯ ჰერბერტ მიდი, რომლის ნააზრევიც წარმოადგენს აღნიშნული მიმდინარეობის ყვალაზე გავლენიან გამოხატულებას. არსებობს სიმბოლური ინტერაქციონიზმის სხვა ფორმებიც. მათ შორის აღსანიშნავია „აიოვას სკოლა“ (მანფრედ კუნი), „როლების თეორია“ (რალფ ტერნერი), „დრამატურგიული მიდგომა“ (ერვინგ გოფმანი).      მოცემულ თავში განხილული იქნება ჯორჯ მიდის, ჯონ დიუის და ჰერბერტ ბლუმერის თვალსაზრისები.      ბლუმერი (1969: 2) ახასიათებს სიმბოლური ინტერაქციონიზმის სამ ძირითად წანამძღვარს:      1. ადამიანები საგნების მიმართ მოქმედებენ იმ მნიშვნელობების საფუძველზე, რომლებიც ამ საგნებს მათთვის აქვთ. საგნები მოიცავენ ყველაფერს, რისი აღნიშვნაც შესაძლებელია ადამიანურ სამყაროში: ფიზიკურ ობიექტებს (მაგ., ხეები, სკამები და ა.შ.); სხვა ადამიანებს (დედა, მაღაზიის მოხელე და სხვ.); ადამიანთა განსაზღვრულ კატეგორიებს (მეგობრები, მტრები და ა.შ.); ინსტიტუტებს (როგორიცაა მაგ., სკოლა ან მთავრობა); სახელმძღვანელო იდეებს (ინდივიდუალური დამოუკიდებლობა, პატიოსნება და ა.შ.); სხვათა საქმიანობებს (მათ ბრძანებებს და თხოვნას); სიტუაციებს (როგორიცაა მაგ., ინდივიდუალური შეჯახებები ყოველდღიურ ცხოვრებაში).      2. საგანთა მნიშვნელობები მიღებულია (წარმოქმნილია) სოციალური ინტერაქციებიდან, რომელთაც ადამიანები ერთმანეთთან ამყარებენ. სხვანაირად თუ ვიტყვით, საგანთა მნიშვნელობები წარმოადგენს საზოგადოებაში არსებული სოციალური ინტერაქციის პროდუქტს.      3. ეს მნიშვნელობები განიმარტება და მოდიფიცირდება ინტერპრეტაციული პროცესების წყალობით. ამ პროცესებს ინდივიდი იყენებს იმ საგნებთან მიმართებაში, რომლებსაც იგი ყოველდღიურ ცხოვრებაში ეჯახება.      მოკლედ დავახასიათოთ თითოეული წანამძღვარი:      1. ბლუმერის აზრით, ერთი შეხედვით მარტივი თვალსაზრისი, რომ ადამიანები საგნების მიმართ მოქმედებენ მათთვის მინიჭებული მნიშვნელობების საფუძველზე, იგნორირებულია ფსიქოლოგების და სოციოლოგების მიერ[1]. მნიშვნელობა ან განიხილება როგორც ის, რაც თავისთავად ნაგულისხმევია და, ამდენად, არ იმსახურებს ყურადღებას, ანდა ის მიიჩნევა მხოლოდ როგორც ნეიტრალური მაკავშირებელი, ერთი მხრივ, იმ ფაქტორებს, რომლებიც ადამიანის ქცევებს განსაზღვრავს და, მეორე მხრივ, იმ ქცევას შორის, რომელიც ამ ფაქტორების შედეგს წარმოადგენს. ორივე შემთხვევაში არსებობს ტენდენცია, რომ ადამიანის ქცევა იკვლიონ როგორც განსხვავებული ფაქტორების პროდუქტი. ფსიქოლოგებსა და სოციოლოგებს შორის განსხვავება მხოლოდ ფაქტორების არჩევანშია. ფსიქოლოგები აქცენტს სვამენ ისეთ ფაქტორებზე, როგორიცაა სტიმულები, დამოკიდებულებები, ცნობიერი და არაცნობიერი მოტივები, წარმოდგენები და კოგნიციები და ა.შ. რაც შეეხება სოციოლოგებს, ისინი ნდობას უცხადებენ ისეთ ფაქტორებს, როგორიცაა სოციალური პოზიცია, სტატუსური ვალდებულებები, სოციალური როლები, კულტურული სტანდარტები, ნორმები და ღირებულებები, სოციალური ზემოქმედება და ა.შ. ორივე შემთხვევაში ფსიქოლოგიური და სოციოლოგიური ახსნა იგნორირებას ახდენს საგანთა მნიშვნელობების და ქცევას წარმოადგენს როგორც კერძო ფაქტორების ზემოქმედების პროდუქტს.      სიმბოლური ინტერაქციონიზმის პოზიცია, ბლუმერის (1969: 3) თანახმად, პრინციპულად განსხვავებულია: ათვლის წერტილს ამ შემთხვევაში წარმოადგენს საგანთა მნიშვნელობები, რომლებსაც ისინი ინდივიდებისაგან იძენენ.      2. რაც შეეხება მეორე ძირითად წანამძღვარს, რომელიც საგანთა მნიშვნელობების წარმოშობის წყაროს ეხება, ამ შემთხვევაში, არსებობს ორი ტრადიციული მიდგომა. ერთი მიდგომის თანახმად, მნიშვნელობა ჩაითვლება საგნების მიმართ შინაგანად (intrinsic), როგორც საგანთა ობიექტური შემადგენლობის ბუნებრივი ნაწილი. მაგალითად, სკამი არის სკამი თავისთავად, ღრუბელი არის ღრუბელი თავისთავად და ა.შ. წარმოადგენს რა საგნის ხელშეუვალ (ობიექტურ) მახასიათებელს, მნიშვნელობა საჭიროებს მხოლოდ გამოცალკევებას (გამოთავისუფლებას) ობიექტურ საგანზე დაკვირვების მეშვეობით. მნიშვნელობა ემანირებს საგნიდან და საჭიროა მხოლოდ გაცნობიერება, რომ იგი არსებობს საგანში. როგორც ბლუმერი (1969: 4) აღნიშნავს, მსგავსი მიდგომა ეხმიანება ფილოსოფიაში „რეალიზმის“ სახელით ცნობილ პოზიციას, რომელიც იდეათა ობიექტურ არსებობას ამტკიცებს. მეორე ტრადიციული მიდგომის თანახმად, მნიშვნელობა ჩაითვლება როგორც საგანზე ფსიქიკური „დამატება“, რომელიც მასში ინდივიდს შეაქვს. ეს დამატება წარმოადგენს ინდივიდის ფსიქიკური ორგანიზაციის შემადგენელ ელემენტებს: შეგრძნებებს, გრძნობებს, იდეებს, მეხსიერებას, მოტივებს და დამოკიდებულებებს („ატიტუდებს“). საგნის მნიშვნელობა არის სწორედ ამ ელემენტების გამოხატულება.      სიმბოლური ინტერაქციონიზმი, ბლუმერის თანახმად, მნიშვნელობას იკვლევს როგორც წარმოშობილს სრულიად განსხვავებული წყაროდან, ვიდრე ეს შეიძლება იყოს საგანთა შინაგანი ბუნების ემანაცია, ანდა პიროვნების ფსიქოლოგიურ ელემენტებთან გაერთიანება. ნაცვლად ამისა, ინტერაქციონიზმი ამტკიცებს, რომ მნიშვნელობა წარმოიშობა ადამიანებს შორის ინტერაქციის პროცესში. ინდივიდისათვის საგნის მნიშვნელობა ამოიზრდება მხოლოდ მაშინ, როდესაც ერთი ადამიანი მოქმედებს მეორეს მიმართ საგნის მხედველობაში მიღებით. ამ დროს ინდივიდი ოპერირებს მოქმედებებით, რათა განსაზღვროს საგანი პიროვნებისათვის. ამრიგად, სიმბოლური ინტერაქციონიზმი მნიშვნელობას განიხილავს როგორც სოციალურ პროდუქტს, რომელიც ფორმირდება ინტერაქციაში ჩართულ ადამიანთა განსაზღვრული საქმიანობების მეშვეობით.      3. რაც შეეხება მესამე წანამძღვარს, ბლუმერი (1969: 5) ამ შემთხვევაშიც მიუთითებს სიმბოლური ინტერაქციონიზმის თავისებურებაზე სხვა მიდგომებისაგან განსხვავებით. იმის ხაზგასმა, რომ საგანთა მნიშვნელობები ფორმირდება სოციალური ინტერაქციის კონტექსტში, არ ნიშნავს, რომ ინდივიდის მიერ საგანთა მნიშვნელობის გამოყენება საკუთარ მოქმედებაში არ წარმოადგენს უფრო მეტს, ვიდრე უკვე ჩამოყალიბებული (დადგენილი) მნიშვნელობების გამოწვევა და გამოყენებაა. ეს შეცდომა ბევრი მეცნიერის ხარვეზს წარმოადგენს. ისინი ვერ ხედავენ იმას, რასაც სიმბოლური ინტერაქციონიზმი ფუნდამენტურ მნიშვნელობას ანიჭებს - ადამიანთა მიერ მნიშვნელობების გამოყენება საკუთარ ქცევაში შესაძლებელია მხოლოდ ინტერპრეტაციული პროცესის მეშვეობით. ამ პროცესს აქვს ორი განსხვავებული საფეხური: პირველ საფეხურზე აქტიორი თავისთვის აღნიშნავს იმ საგნებს, რომელთა მიმართაც ის მოქმედებს. ინდივიდი საკუთარ თავს მიუთითებს იმ საგნებზე, რომელთაც აქვთ მნიშვნელობები. მსგავსი აღნიშვნების გაკეთება წარმოადგენს ინტერნალიზებულ სოციალურ პროცესს, რომლის დროსაც აქტიორი ინტერაქციას ამყარებს (ურთიერთობს) საკუთარ თავთან. ეს ინტერაქცია საკუთარ თავთან, ბლუმერის აზრით, უფრო განსხვავებულია, ვიდრე ფსიქოლოგიური ელემენტების ურთიერთქმედება. ეს ის შემთხვევაა, როდესაც პიროვნება ჩართულია საკუთარ თავთან კომუნიკაციის პროცესში. მეორე საფეხურზე, საკუთარ თავთან კომუნიკაციის პროცესის წყალობით, ინტერპრეტაცია წარმოდგება მნიშვნელობათა განმარტების პროცესის სახით. აქტიორი არჩევს, ამოწმებს, ეჭვი შეაქვს, გადააჯგუფებს და სახეს უცვლის მნიშვნელობებს იმ სიტუაციის შესაბამისად, რომელშიც ის იმყოფება და იმ მოქმედების მიმართულებით, რომელსაც ასრულებს. შესაბამისად, ინტერპრეტაცია წარმოადგენს არა უბრალოდ ჩამოყალიბებულ (დადგენილ) მნიშვნელობათა ავტომატურ გამოყენებას, არამედ, ფორმაციის (შექმნის) პროცესს, რომელშიც მნიშვნელობები გამოიყენება და გადაისინჯება (გადამუშავდება) როგორც მოქმედების განხორციელების და მართვის ინსტრუმენტები. მაშასადამე, აუცილებელია გავაცნობიეროთ, რომ მნიშვნელობები მოქმედებაში მონაწილეობენ თვითინტერაქციის პროცესის მეშვეობით.      ზემოთ აღნიშნული სამი წანამძღვრის საფუძველზე სიმბოლური ინტერაქციონიზმი განავითარებს (H. Blumer, 1969: 6) საზოგადოების და ადამიანის ქცევის ანალიტიკურ სქემას. ეს სქემა მოიცავს საფუძველმდებარე იდეებს, ანუ, როგორც ბლუმერი უწოდებს, „ფესვ-ხატებს“ („root images“). მათ შორის მოიაზრება შემდეგი: ა) ადამიანთა ჯგუფები ან საზოგადოებები; ბ) სოციალური ინტერაქცია; გ) ობიექტები; დ) ადამიანი როგორც აქტიორი; ე) ადამიანის მოქმედება და მოქმედების ხაზების ურთიერთკავშირი. ერთად აღებული, ეს „ფესვ-ხატები“ წარმოადგენს იმ გზას, რომლის მეშვეობითაც სიმბოლური ინტერაქციონიზმი განიხილავს საზოგადოებას და ადამიანის ქცევას.      მოკლედ დავახასიათოთ თითოეული მათგანი:      ა) ადამიანთა ჯგუფები ან საზოგადოება. ჯგუფი შედგება ადამიანებისაგან, რომლებიც ჩართულნი არიან მოქმედებაში. მოქმედება შედეგება მრავალრიცხოვანი აქტებისაგან, რომელთაც ინდივიდები მიმართავენ. ჯგუფის წევრთა ყოველდღიური ცხოვრების გზები გადაკვეთს ერთმანეთს, რაც სხვადასხვა დაპირისპირებულ სიტუაციას წარმოქმნის. ინდივიდებს შეუძლიათ იმოქმედონ მარტო, კოლექტიურად, ანდა, სხვა ჯგუფის სასარგებლოდ. აქედან ერთი მნიშვნელოვანი დასკვნა უნდა გამოვიტანოთ: ადამიანთა ჯგუფები ან საზოგადოება არსებობს მხოლოდ მოქმედებაში და დანახულ უნდა იქნას მხოლოდ მოქმედების მნიშვნელობით. ბლუმერი მიიჩნევს, რომ საზოგადოების ასეთი სურათი ამოსავალი უნდა იყოს ნებისმიერი სქემისათვის, რომელიც მიზნად ისახავს, ემპირიულად იკვლიოს და გაანალიზოს საზოგადოება. საზოგადოების ნებისმიერი გაგება - საზოგადოება როგორც კულტურა და როგორც სოციალური სტრუქტურა - უნდა დაეყრდნოს იმ ურთიერთობებს, რომლებიც წარმოებულია ადამიანთა ერთმანეთის მიმართ ემპირიული მოქმედების საფუძველზე. ნებისმიერი ემპირიულად ვალიდური სქემა შეთავსებადი უნდა იყოს ადამიანთა სოციალური მოქმედების ბუნებასთან.      ბ) სოციალური ინტერაქციის ბუნება. ბლუმერი (1969, 7) თვლის, რომ ჯგუფის ცხოვრება აუცილებლად გულისხმობს ჯგუფის წევრებს შორის ინტერაქციას. ეს ზუსტად იგივეა თუ ვიტყვით, რომ საზოგადოება შედგება ერთმანეთთან ინტერაქციაში მყოფი ინდივიდებისაგან. სიმბოლური ინტერაქციონიზმისათვის სოციალური ინტერაქციის მნიშვნელობა მდგომარეობს იმაში, რომ იგი წარმოადგენს პროცესს, რომელიც აყალიბებს (ქმნის) ადამიანის ქცევას, ნაცვლად იმისა, რომ უბრალოდ იყოს ადამიანთა ქცევის რელიზაციისა და გამოხატვის საშუალება. მარტივად რომ ითქვას, ერთმანეთთან ინტერაქციის პროცესში ჩართულ ადამიანებს უხდებათ მხედველობაში იქონიონ ის, თუ რას აკეთებენ სხვები და საკუთარი ქცევა მიმართონ, ანდა საკუთარი სიტუაციები მართონ სხვათა ქმედებების გათვალისწინებით. ამრიგად, სხვათა საქმიანობები წარმოადგენს პოზიტიურ ფაქტორს ინდივიდებისათვის საკუთარი ქცევის ფორმაციის პროცესში. სხვათა ქცევების პირისპირ ინდივიდმა შეიძლება უარი თქვას საკუთარ განზრახვებზე ან მიზნებზე, მოახდინოს მათი რევიზია, ეჭვი შეიტანოს ან შეამოწმოს, გააძლიეროს ან შეცვალოს ისინი. ინდივიდი იძულებულია შეუსაბამოს ქცევის საკუთარი მსვლელობა სხვათა მოქმედებებს. ამაში მდგომარეობს სწორედ სოციალური ინტერაქციის არსი. აქედან გამომდინარე, ბლუმერი (1969: 9) ამტკიცებს, რომ სოციალურ ინტერაქციაში ჩართული ინდივიდები იძულებულნი არიან აითვისონ ერთმანეთის როლები. იმისათვის, რათა ინდივიდმა მიუთითოს სხვას, თუ რა გააკეთოს, მან ეს მითითება ამ „სხვის“ თვალთახედვის გათვალისწინებით უნდა განახორციელოს. მოვიყვანოთ მაგალითი: იმისათვის, რათა მძარცველმა თავის მსხვერპლს უბრძანოს ხელების თავს ზემოთ აწევა, მან უნდა „დაინახოს” მისი პასუხი იმ სახით, როგორც ამას მსხვერპლი აკეთებს. შესაბამისად, მსხვერპლმა მის მიმართ ნათქვამი ბრძანება უნდა „დაინახოს“ მძარცველის პოზიციიდან, ანუ იგი უნდა მიხვდეს მძარცველის განზრახვას და მის შემდგომ მოქმედებას. როლების ამგვარი ორმხრივი ათვისება წარმოადგენს კომუნიკაციის sine qua non და ეფექტურ სიმბოლურ ინტერაქციას.      გ) ობიექტთა ბუნება. ბლუმერის თანახმად, სიმბოლური ინტერაქციონიზმი აღიარებს, რომ ის „სამყარო“, რომელიც ადამიანებისათვის ანდა ჯგუფებისათვის არსებობს, შედგენილია „ობიექტებისაგან“ და რომ ეს ობიექტები წარმოადგენს სიმბოლური ინტერაქციის პროდუქტს. ობიექტი შეიძლება იყოს ნებისმიერი რამ, რაზეც შეიძლება მიეთითოს (indicated), რაც აღინიშნება, ანდა რასთანაც შეიძლება შეხება გვქონდეს - წიგნი, ღრუბელი, საკანონმდებლო ხელისუფლება, ბანკირი, რელიგიური დოქტრინა და ა.შ. მოსახერხებელია, ობიექტები დაიყოს სამ კატეგორიად (H. Blumer, 1969: 10-11): ა) ფიზიკური ობიექტები, როგორიცაა სკამები, ხეები და ა.შ. ბ) სოციალური ობიექტები, მაგალითად, სტუდენტები, სასულიერო პირები, პრეზიდენტი, დედა, მეგობრები და სხვ. გ) აბსტრაქტული ობიექტები, როგორიცაა მორალური პრინციპები, ფილოსოფიური დოქტრინები, ანდა სამართლის, ექსპლოატაციის, თანაგრძნობის და სხვ. იდეები. ნებისმიერი ობიექტის ბუნება გულისხმობს იმას, რომ იგი შეიცავს მნიშვნელობას, რომელსაც ობიექტი ფლობს იმ ადამიანისათვის, რომლისთვისაც იგი ობიექტს წარმოადგენს. მნიშვნელობა ადგენს იმ გზას, რომელზეც ინდივიდი „ხედავს“ ობიექტს, ემზადება მის მიმართ მოქმედებისათვის და შესაძლებლობა ეძლევა მასზე რეფლექსია მოახდინოს. ერთ ობიექტს შეიძლება განსხვავებული მნიშვნელობა ჰქონდეს სხვადასხვა ინდივიდისათვის: ხე განსხვავებული ობიექტი იქნება ბოტანიკოსისათვის, ტყის მჩეხავისათვის, პოეტისათვის, მებაღისათვის. რას ნიშნავს, რომ ობიექტები სოციალური ინტერაქციის პროდუქტს წარმოადგენს? ბლუმერი ხაზს უსვამს, რომ ობიექტთა მნიშვნელობები ინდივიდისათვის წარმოიქმნება იმ სახით, როგორც ამას მისთვის განსაზღვრავენ სხვები, ვისთანაც ინდივიდი ურთიერთობს. ამრიგად, სხვათა მითითებების (indications) მეშვეობით ჩვენ ვსწავლობთ, რომ სკამი არის სკამი, რომ ექიმები გარკვეულ პროფესიას ფლობენ, რომ აშშ-ს კონსტიტუცია ლეგალური დოკუმენტია და სხვ. მხოლოდ ორმხრივი მითითების შედეგად ჩნდება საერთო ობიექტები, რომელთაც აქვთ იგივეობრივი მნიშვნელობა ადამიანთა გარკვეული ერთობლიობისათვის.      ზემოთქმულიდან გამომდინარე, ბლუმერი (1969: 11-12) დაასკვნის: ა) ობიექტები გვაძლევს განსხვავებულ სურათს ადამიანთა გარემოს შესახებ. სხვანაირად, ადამიანური გარემო შედგება მხოლოდ იმ ობიექტებისაგან, რომელთაც ეს ადამიანები აღიარებენ და იცნობენ. ადამიანური გარემო არსებობს როგორც მნიშვნელობათა სამყარო, რომელსაც ობიექტები ფლობენ სწორედ ადამიანთა წყალობით. ამდენად, ადამიანებს და ჯგუფებს, რომლებიც ერთ სივრცით არეალში ცხოვრობენ, შესაძლოა, ერთმანეთისაგან ძალზე განსხვავებული გარემო ჰქონდეთ. ამას ბლუმერი სხვადასხვა „სამყაროში“ ცხოვრებასაც უწოდებს; ბ) ობიექტები, მათი მნიშვნელობების გათვალისწინებით, უნდა განიხილებოდეს როგორც სოციალური ნაწარმოებნი (შემონაქმედნი), რამდენადაც ისინი ფორმირდებიან ინტერპრეტაციის პროცესში, რომელიც ადამიანთა შორის სოციალური ინტერაქციის დროს მიმდინარეობს. ნებისმიერი ობიექტის მნიშვნელობა ექვემდებარება ფორმირებას, შესწავლას და გადაცემას მითითების სოციალური პროცესის წყალობით. ობიექტებს არა აქვთ რაიმე უცვლელი სტატუსი, ისინი „სტატუსს“ - მნიშვნელობას იძენენ სწორედ მითითების და განსაზღვრის მეშვეობით, ხოლო, ეს უკანასკნელი პროცესები რელატიურია და ცვალებადი. მაგ., ვარსკვლავი ცაში წარმოადგენს სრულიად განსხვავებულ ობიექტს თანამედროვე ასტროფიზიკოსისათვის, ვიდრე ის იყო, ვთქვათ, ბიბლიური დროის მწყემსისათვის; ქორწინება განსხვავებულ ობიექტს წარმოადგენდა გვიანდელი რომაელისათვის, ვიდრე ძველი რომის საზოგადოების წევრისათვის.      დ) ადამიანი როგორც მოქმედი სუბიექტი. ბლუმერის თანახმად, სიმბოლური ინტერაქციონიზმი აღიარებს, რომ ადამიანთა ბუნება უნდა შეესაბამებოდეს სოციალური ინტერაქციის ბუნებას. ადამიანი განხილულ უნდა იქნას როგორც ორგანიზმი, რომელიც არა მხოლოდ არასიმბოლურ დონეზე პასუხობს სხვებს, არამედ მითითებებს ახდენს სხვებზე და მათი მითითებების ინტერპრეტაციასაც ახდენს. როგორ ახერხებს ამას ადამიანი? ბლუმერი იმოწმებს ჯორჯ მიდს, რომლის მიხედვითაც, სოციალური ინტერაქციის შესაძლებლობას განაპირობებს ის, რომ ინდივიდები ფლობენ „თვითობას“ („self“). ეს, უბრალოდ, ნიშნავს იმას, რომ ადამიანს შეუძლია იყოს საკუთარი თავის ობიექტი: შეუძლია შეიმეცნოს (გააცნობიეროს) საკუთარი თავი, მაგალითად, რომ იგი არის მამაკაცი, ახალგაზრდა, სტუდენტი, მაღალი ფენის ოჯახის წარმომადგენელი, ექიმობის პროფესიის დაუფლების მოსურნე და ა.შ. ყველა ამ შემთხვევაში ინდივიდი არის საკუთარი თავის ობიექტი, მოძრაობს საკუთარი თავის მიმართულებით და საკუთარ თავს აკონტროლებს სხვებთან მიმართებააში. მაგრამ, საკუთარი თავის ობიექტად ყოფნა შესაძლებელია მხოლოდ სოციალური ინტერაქციის წყალობით. უფრო ზუსტად: იმისათვის, რათა გახდეს საკუთარი თავის ობიექტი, ინდივიდმა იგი უნდა დაინახოს „გარედან“, ანუ, საკუთარი თავი უნდა ჩააყენოს სხვათა პოზიციაში და ამ პოზიციიდან „შეხედოს“ საკუთარ თავს. ეს სხვა არაფერია, თუ არა ინდივიდის მიერ სხვათა როლების ათვისების პროცესი.[2] ბლუმერი (1969: 13-14) კიდევ ერთი კუთხით ახასიათებს ინდივიდის მიერ საკუთარ თავთან ურთიერთობის ფენომენს: თვითინტერაქცია არსებობს როგორც საკუთარ თავზე მითითებების გაკეთების და ამ მითითებებზე პასუხის გაცემის პროცესი. რაიმეზე მითითებების გაკეთება, როგორც ადრე გავარკვიეთ, ამ რაიმეს ობიექტად ყოფნას გულისხმობს. ეს უკანასკნელი, თავის მხრივ, ყოველთვის შეიცავს მნიშვნელობას. შესაბამისად, საკუთარ თავზე მითითება, მისთვის რაიმე მნიშვნელობის მინიჭებას გულისხმობს, ეს კი სხვათა როლების ათვისების მეშვეობით ხორციელდება.      ე) ადამიანის მოქმედების ბუნება. ბლუმერის თანახმად, ადამიანის უნარი, მიუთითოს საკუთარ თავზე, სპეციფიკურ დატვირთვას აძლევს მის მოქმედებას. ინდივიდის მოქმედება არ არის უბრალოდ პასუხი მასზე მოქმედი ფაქტორების ზემოქმედებაზე. ინდივიდი მუდმივად უპირისპირდება იმ სამყაროს, რომლის ინტერპრეტაციაც უნდა განახორციელოს. ინტერპრეტაციის პროცესში იგი ეჯახება სიტუაციებს, რომელშიც უწევს მოქმედება, ახდენს რა სხვათა მოქმედებების მნიშვნელობების განსაზღვრას და მოქმედების საკუთარი გზის დაგეგმვას. ამდენად, ინდივიდი იძულებულია, „ააგოს“ და გაუძღვეს საკუთარ მოქმედებას და არ დაკმაყოფილდეს მხოლოდ ზემომქმედ ფაქტორებზე რეაქციებით. ადამიანის მოქმედება მხედველობაში იღებს განსხვავებულ საგნებს, რომელთაც იგი აღნიშნავს და ქცევის იმ გეზს, რომლის საფუძველზეც ახდენს საგანთა ინტერპრეტაციას. საგნები, რომელთაც ინდივიდი მხედველობაში იღებს, შეესაბამება მის სურვილებს, მიზნებს, მიზანთა მიღწევის არსებულ საშუალებებს, სხვათა ნავარაუდევ მოქმედებებს, ინდივიდის წარმოდგენას საკუთარ თავზე და მოქმედების მოცემული გზის მოსალოდნელ შედეგებს. ადამიანის ქცევა ფორმირდება და იმართება მითითების და ინტერპრეტაციის პროცესების წყალობით. ამ პროცესში მოქმედების ესა თუ ის გზა იწყება, ან, პირიქით, წყდება, გადაიდება, შეიცვლება…და ა.შ.      ადამიანის მოქმედების შესახებ ეს თვალსაზრისი თანაბარი წარმატებით გამოიყენება ერთობლივი ან კოლექტიური მოქმედების შემთხვევაში, რომელშიც ადამიანთა განსაზღვრული რიცხვია ჩართული. ამ ტიპის მოქმედებები სოციოლოგიის ინტერესების სფეროში შემოდის ჯგუფური ქცევის, ინსტიტუტების, ორგანიზაციების და სოციალური კლასების სახით. სოციეტალური ქცევის მსგავსი დონეების ფარგლებში ინდივიდები ერთმანეთს უთანადებენ მოქმედებების მსვლელობას. ამ შემთხვევაში ინტეპრეტაციული პროცესი ხორციელდება მონაწილეების მიერ არა მხოლოდ საკუთარ თავზე, არამედ ერთმანეთის ქცევებზე მითითებით.      ვ) მოქმედების ურთიერთკავშირი. როგორც აღინიშნა, ადამიანთა ჯგუფების არსებობის წესი გულისხმობს მოქმედების მსვლელობათა შესაბამისობას ერთმანეთთან, რასაც ჯგუფის წევრები ახდენენ. მოქმედების გზათა მსგავსი შეერთება ქმნის „ერთობლივ მოქმედებას“ - სხვადასხვა ინდივიდების განსხვავებულ ქცევათა სოციეტალურ ორგანიზაციას. ერთობლივ მოქმედებასთან საქმე გვაქვს, როდესაც ლაპარაკია, მაგალითად, ქორწინებაზე, სავაჭრო გარიგებაზე, საპარლამენტო დისკუსიაზე, ანდა საეკლესიო მომსახურებაზე. მსგავსად ამისა, შეიძლება ვილაპარაკოთ ერთობლივ მოქმედებაში ჩართულ კოლექტივებზე, მათი ინდივიდუალური წევრების იდენტიფიკაციის მოთხოვნის გარეშე. ასეთ კოლექტივებს წარმოადგენს ოჯახი, ბიზნესის კორპორაცია, უნივერსიტეტი, ერი და სხვ.      ბლუმერი (1969: 17-18) გვთავაზობს სამ დაკვირვებას, რომლებიც მოქმედების ურთიერთკავშირის იმ ფორმას ეხება, რაც ერთობლივ მოქმედებას აყალიბებს. პირველი ის არის, რომ ერთობლივი მოქმედება წარმოადგენს განმეორებადს და სტაბილურს. საზოგადოებაში სოციალური მოქმედების დომინანტურ ნაწილს წარმოადგენს სწორედ ერთობლივი მოქმედების განმეორებადი მოდელები. უმრავლეს სიტუაციაში, როდესაც ადამიანები ერთმანეთის მიმართ მოქმედებენ, მათ აქვთ წინასწარ ჩამოყალიბებული გაგება იმისა, თუ როგორ უნდა მოიქცნენ თავად და იმისაც, თუ როგორ მოიქცევიან სხვა ადამიანები. საზოგადოების წევრები იზიარებენ საერთო და წინასწარ განსაზღვრულ მნიშვნელობებს, რომელთა დაცვის მოლოდინიც სხვა წევრთა მხრიდან არსებობს. შესაბამისად, ერთობლივი მოქმედების თითოეულ წევრს შეუძლია მართოს საკუთარი ქცევა საერთო მნიშვნელობების საფუძველზე. ცნებები „კულტურა“ და „სოციალური წესრიგი“ სწორედ ერთობლივი მოქმედების შინაარსს ატარებენ. სოციოლოგიური სქემები ეყრდნობიან რწმენას, რომ საზოგადოების არსებობის წესი გულისმობს ცხოვრების დადგენილი წესის მიყოლას, რომელიც ეფუძნება კანონების, ღირებულებების და სანქციების ნაკრებს. თუმცა, როგორც ბლუმერი მიუთითებს, არ უნდა ვიფიქროთ, რომ ერთობლივი მოქმედების ფარგლებში არ წარმოიშობა ახალი სიტუაციები. ახლის წარმოშობა მუდმივი პროცესია, რომელსაც ყოველთვის ახლავს პრობლემები, რამდენადაც არსებული წესების მიმართ არაადექვატურია. უფრო მეტი: იმ შემთხვევაშიც კი, როდესაც საქმე გვაქვს წინასწარ განსაზღვრულ და განმეორებად ერთობლივ მოქმედებასთან, მისი ყოველი ცალკეული შემთხვევა ხელახალ ფორმირებას (განახლებას) მოითხოვს აღნიშვნის და ინტერპრეტაციის პროცესების მეშვეობით.      მოქმედებათა ურთიერთკავშირზე მეორე დაკვირვება, რაც ერთობლივ მოქმედებას აყალიბებს, ეხება (H. Blumer, 1969: 19) მოქმედებათა გაფართოებულ კავშირს (extended connection), რაც მნიშვნელოვანწილად განაპირობებს ჯგუფის არსებობას. აქ იგულისხმება მოქმედების ფართო და კომპლექსური ქსელები, რომლებიც შეიცავენ განსხვავებული ადამიანების განსხვავებულ მოქმედებათა ურთიერთკავშირს და ურთიერთდამოკიდებულებას. ამის მაგალითს წარმოადგენს შრომის განაწილების ქსელური მექანიზმი, რომელიც გაშლილია ფერმერის მიერ მარცვლეულის მოყვანიდან, ვიდრე მაღაზიაში პურის გაყიდვამდე. ასეთი ფართო ქსელი ადასტურებს, რომ ჯგუფის ცხოვრებას სიტემური ხასიათი აქვს.      მესამე დაკვირვება, ბლუმერის (1969: 20) თანახმად, მდგომარეობს იმაში, რომ ერთობლივი მოქმედების ნებისმიერი შემთხვევა, ახლად ფორმირებული თუ დიდი ხნის განმავლობაში ჩამოყალიბებული, აუცილებლად წარმოიშობა ჯგუფის წევრთა წინა მოქმედებების ფონზე. ინდივიდები, რომლებიც ჩართულნი არიან ახალი ერთობლივი მოქმედების ფორმირებაში, ყოველთვის შეიარაღებულნი არიან ობიექტებით, მნიშვნელობების ნაკრებით და ინტერპრეტაციის სქემებით, რომლებსაც ისინი უკვე ფლობენ. ეს მათი გამოცდილებაა, როგორც წინა ერთობლივი მოქმედების პროდუქტი. ეს უკანასკნელი იქცევა იმ კონტექსტად, რომელთანაც კავშირშია ახალი ერთობლივი მოქმედების ფორმირება. ყველაზე უფრო რადიკალურად განსხვავებულ და სტრესულ სიტუაციებშიც კი, როდესაც ინდივიდებს უწევთ განავითარონ ერთობლივი მოქმედების ახალი ფორმები, რომლებიც შესამჩნევად განსხვავდება იმისაგან, რაშიც ისინი ადრე იყვნენ ჩაბმულნი - გარკვეული კავშირები და უწყვეტობა მაინც არსებობს, რომელთა გათვალისწინების გარეშე ახალი ფორმების გაგება შეუძლებელია. ამრიგად, ბლუმერის აზრით, ერთობლივი მოქმედება ყოველთვის გამოხატავს არა მხოლოდ ჰორიზონტალურ კავშირებს ჯგუფის წევრთა ქმედებებში, არამედ, ვერტიკალურ კავშირებსაც წინა ერთობლივ მოქმედებებთან.      ჩატარებული ანალიზის საფუძველზე, ბლუმერი (1969: 20-21) ახდენს შეჯამებას: სიმბოლური ინტერაქციონიზმი საზოგადოებას განიხილავს როგორც სოციალური ცხოვრებას, რომელიც ურიცხვ მოქმედებათა პროცესების ასპარეზია. ამ პროცესის მონაწილე ინდივიდები მრავალრიცხოვან სიტუაციებში (რომლებთანაც უწევთ შეჯახება) განავითარებენ მოქმედების საკუთარ გეზს. თუმცა, აქტიორები მონაწილეობენ ინტერაქციის ფართო პროცესში, რომელიც მათგან ითხოვს მოქმედების შეთანადებას სხვებთან. ინტერაქციის პროცესი მოიცავს სხვებზე მითითებების გაკეთებას და სხვების მიერ გაკეთებული მითითებების ინტერპრეტაციას. აქტიორები ცხოვრობენ ობიექტთა სამყაროში და თავიანთ მოქმედებებში იმართებიან ამ ობიექტთა მნიშვნელობებით. ობიექტები ფორმირდებიან და ტრანსფორმირდებიან სოციალური ინტერაქციის პროცესში. ეს ზოგადი პროცესი დიფერენცირებულად უნდა განიხილებოდეს იმასთან კავშირში, რომ ადამიანები დაყოფილები არიან სხვადასხვა ჯგუფებად, ეკუთვნიან სხვადასხვა გაერთიანებებს და იკავებენ განსხვავებულ პოზიციებს. შესაბამისად, ისინი ერმანეთთან დიფერენცირებულად ურთიერთობენ, განსხვავებულ სამყაროებში ცხოვრობენ და მნიშვნელობათა განსხვავებულ ნაკრებს იყენებენ საკუთარი მოქმედებების სახელმძღვანელოდ. ამის მიუხედავად, შესაძლებელია ფორმირდეს ის, რასაც კოლექტივი და მისი საქმიანობა გულისხმობს. ეს შესაძლებელია აღნიშვნის და ინტერპრეტაციის პროცესების წყალობით. 2. სიმბოლური ინტერაქციონიზმი - სოციალური პრაქსისის თეორია?      თუ გავითვალისწინებთ მოქმედების თეორიების იმ კლასიფიკაციას, რომელიც მათ საკუთრივ სოციალური მოქმედების, ხოლო, მეორე მხრივ, პრაქსისის თეორიებად ჰყოფს, ამ კლასიფიკაციის მომხრენი (I. J. Cohen), სიმბოლური ინტერაქციონიზმის მიდგომას მიიჩნევენ პრაქსისის თეორიის პირველ გამოკვეთილ ინდიკატორად. ეს პოზიცია შემდეგნაირად საბუთდება (I. J. Cohen, 2000: 83-84 ): როდესაც ვებერი „მოქმედებას“ განსაზღვრავს, როგორც სუბიექტური საზრისის მატარებელ ქცევას, ეს განსაზღვრება მხედველობაში არ იღებს ქცევის სხვა განზომილებას, კერძოდ, ქცევის შესრულებას (პერფორმაციას) ან ქმნადობას. სოციალური მოქმედების თეორია ეხება იმას, თუ რა მნიშვნელობას გულისხმობენ აქტიორები მათ ქმედებებში, ხოლო პრაქსისის თეორია ეხება იმას, თუ როგორ აკეთებენ აქტიორები იმას, რაც ხდება. მოქმედების მნიშვნელობის ნაცვლად, პრაქსისი აქცენტს სვამს მოქმედების მსვლელობაზე.      დეკარტეს ცნობილი პრინციპიდან - „ვაზროვნებ, მაშასადამე, ვარსებობ“ - მოყოლებული, მოქმედების სუბიექტური თეორიები გადაჭარბებულ პრივილეგიას ანიჭებენ ცნობიერებას (გონებას). პრაქსისის თეორიტოკოსებს სურთ დაასაბუთონ, რომ ადამიანის გონებას არ შეუძლია ჰქონდეს მოქმედების მართვის შეუზღუდავი და სუვერენული ძალაუფლება. ეს პოზიცია პირველად, ყველაზე გამოკვეთილი სახით სწორედ სიმბოლურ ინტერაქციონიზმში, კერძოდ, ჯონ დიუისთან და ჯორჯ ჰერბერტ მიდთან გამჟღავნდა. დიუი და მიდი პრაგმატისტები არიან. პრაგმატიზმის მიხედვით, სოციალური აქტიორი, იმისათვის რათა იმოქმედოს, უნდა იყოს განსხეულებული (embodied). სწორედ ამას ივიწყებენ სოციალური მოქმედების თეორიტიკოსები, ამტკიცებენ რა, რომ გონება სხეულზე მეტია. მაშასადამე, პრაგმატისტებისათვის ამოსავალია არა „ვაზროვნებ, მაშასადამე, ვარსებობ“, არამედ ის, რომ ინდივიდები მოქმედებენ მათი სხეულების მეშვეობით, რომელზეც რეაგირებს გარესამყარო, ხოლო გონება ახდენს ამ რეაქციის რეგისტრაციას და პასუხობს მას. სხეული და გონება წარმოადგენს ორ განსხვავებულ ფაზას მოქმედების განვითარებაში.      პრაგმატული თეორია სოცილურ ქცევას „ამაგრებს“ სიტუაციებზე. სიტუაცია წარმოადგენს კონტექსტს განსხვავებულ ქცევათა შესაძლებლობებისათვის. ეს სიტუაციები ინდივიდის სხეულებზე „გადის“, უფრო ზუსტად, უკავშირდება ინდივიდის ორგანულ და კუნთოვან (მუსკულატურ) რეაქციებს, რომელთაც ინახავს მეხსიერება. ნებისმიერი სიტუაცია, რომელშიც კი აქტიორი ერთვება, დაკავშირებულია სხეულებრივი რეაქციების - დაძაბულობის, აღგზნების, ყოყმანის, მგძნობელობის და ა.შ. - ნაკრებთან. ეს არის ე. წ. „წინაკოგნიტური“ მოლოდინები იმისა, თუ რა მოხდება და როგორი იქნება ინდივიდის მოქმედება. მაგალითად, ლექტორი, როდესაც იგი აუდიტორიაში ლექციის წასაკითხად ემზადება, განიცდის ფიზიკურ შფოთვას (მოუსვენრობას). ანდა, მელომანი გრძნობს ფიზიკურ აღელვებას, ვიდრე მისი საყვარელი არიის შესრულება დაიწყება.      მაგრამ, როგორც თანამედროვე პრაგმატისტები (H. Joas, 1992: 133) მიუთითებენ, სავსებით შესაძლებელია, რომ ასეთი წინაკოგნიტური მოლოდინები არ ასრულდეს. მაგალითად, ლექტორმა, რომელიც ელოდება აუდიტორიაში წარმატებით გამოსვლას, შესაძლოა, ფრუსტრაცია განიცადოს იმის გამო, რომ თავისი ჩანაწერების წამოღება დაავიწყდა; მელომანს შეიძლება იმედი გაუცრუვდეს იმის გამო, რომ მისი საყვარელი არია ცუდად შესრულდა. თუმცა, მოლოდინების იმედგაცრუება ხსნის ახალ შესაძლებლობებს ახალი ტიპის რეაქციებისათვის, რაც შემოქმედებითობის საფუძველს წარმოადგენს. პრაგმატისტები ამას „სიტუაციურ შემოქმედებითობას“ („situated creativity“) უწოდებენ. დავუბრუნდეთ იგივე მაგალითს: ლექტორმა შეიძლება ლექციის იმპროვიზაციას მიმართოს, ხოლო მელომანის რეაქცია წარმოდგენის მიმართ კრიტიკულ შენიშვნებში გამოიხატოს. შემოქმედებითობა თავს იჩენს სწორედ მაშინ, როდესაც მოცეულ სიტუაციაზე რუტინული რეაქციები არაადექვატურად გამოიყურება და სიტუაციის მოულოდნელი განვითარება ინდივიდის გონებრივი და წარმოსახვითი უნარების დაძაბვას იწვევს ადექვატური რეაქციის უზრუნველსაყოფად. ამგვარი განახლება (ანუ ახალ კალაპოტში „გადაწყობა“) არ ხდება სხეულებრივი რეაგირებისაგან დამოუკიდებლად. ინდივიდი გრძნობს ფიზიკურ დაძაბულობას, როდესაც ქმედება არ არის მოლოდინის შესატყვისი, მისი სხეული ეძებს „გასაღებს“ მოვლენათა ახალი განვითარებისათვის და გრძნობს შვებას, როდესაც მას ღმოაჩენს. მაშასადამე „სიტუაციური შემოქმედებითობა“ მოიცავს ორივეს - სხეულს და გონებას.      ისმის კითხვა: ის, რაც პრაგმატისტების მიერ მოქმედების განსხეულებაზე ითქვა, რა კავშირშია „სიმბოლური ინტერაქციონიზმის“ თვალსაზრისთან? მიდი და დიუი ტერმინს „ინტერაქცია“ რამდენადმე არაორთოდოქსული გზით იყენებენ. კერძოდ, ეს ტერმინი მათთან მოიხმარება გაცილებით ფართო (განზოგადებული) მნიშვნელობით, ვიდრე, ვთქვათ, ბლუმერთან, რომელიც ინტერაქციას მოიაზრებს, როგორც პირისპირ (face to face) ქცევას. დიუი და მიდი აღნიშნულ ტერმინს განიხილავენ როგორც „შეგუების“ (accommodation) და „ადაპტაციის“ სინონიმს და მისით აღნიშნავენ ყველა ტიპის არსებულთა შორის ურთიერთობას, დაწყებული ატომებიდან და უჯრედებიდან, ვიდრე საზოგადოების წევრებამდე (Dewey, 1925: 145). მაშასადამე, ინტერაქციის პროცესში ჩართულია როგორც ბუნებრივი, ისე სოციალური სამყაროს ძალები. ამ თვალსაზრისით, ინტერაქციის გაგება უახლოვდება ადაპტაციის ევოლუციური თეორიისათვის (დარვინი) დამახასიათებელ გაგებას, რომლის თანახმადაც ადამიანები, ისევე როგორც ნებისმიერი სხვა სახეობები, ისწრაფვიან, განახორციელონ თავიანთი ქცევის ადაპტირება იმ ზომით, რომ მიაღწიონ სტაბილურ და კოორდინირებულ თანამშრომლობას ყველასთან, ვისთანაც მოცემულ სიტუაციაში უწევთ ურთიერთობა.      ინტერაქციის უნივერსალურობის დასამტკიცებლად მიდი (1934: 185) გვთავაზობს მაგალითს, რომელიც ააშკარავებს ურთიერთობას, რაც ადამიანსა და ბუნებრივ ძალებს შორის შეიძლება არსებობდეს: ინჟინერი, რომელიც აგებს ხიდს, ურთიერთობს, „საუბრობს“ ბუნებასთან ისევე, როგორც სუბიექტი სუბიექტთან, განიცდის გარკვეულ ფიზიკურ ზეწოლას (ზემოქმედებას) და დაძაბულობას. ისინი მომდინარეობს ხიდისაგან, რაც სხვა არაფერია, თუ არა „პასუხი“ (რეაქცია) ინჟინრის მოქმედებაზე. ინჟინერის მარეგულირებელი მოქმედებების კვალად, ხდება დაძაბულობის შენელება და ცვლილებების მიმართ შეგუება. საბოლოო ჯამში, ხიდისაგან გამოწვეული დაძაბულობა აღწევს იმ დონეს, რომელიც აკმაყოფილებს ინჟინერს და უზრუნველყოფს სტაბილურობას - ბუნებასთან კოოპერაციას. ცხადია, ამ შემთხვევაში საქმე არა გვაქვს სრულყოფილ ადამიანურ ინტერაქციასთან. ინჟინერი, როგორც აქტიორი, უნდა განვასხვავოთ ხიდისაგან, როგორც ობიექტისაგან, რომელიც მოკლებულია რაიმე მენტალურ უნარს სიტუაციის გასაცნობიერებლად. ამდენად, ხიდის „რეაქცია“ ინჟინრის ქმედებებზე წმინდა მექანიკური ხასიათისაა. მიუხედავად ამისა, მოცემულ შემთხვევაში საქმე გვაქვს ინტერაქციასთან, რამდენადაც არსებობს ზემოქმედების და რეაგირების პროცესი, არსებობს დაძაბულობის ფაქტორი და მისი მოხსნის ძალისხმევა, როგორც ინდივიდის მარეგულირებელი მოქმედება, რაც ადაპტაციის აუცილებელ დონეს უზრუნველყოფს. მაშასადამე, ინტერაქციის ცნება დიუისთან და მიდთან აღნიშნავს რეგულირების ყველა ფორმას და არა მხოლოდ იმ ფორმებს, რომლებშიც მარტოოდენ ცნობიერი რეაქციებია ჩართული.      რაც შეეხება წმინდა ადამიანურ ინტერაქციას, იგი ასეთად იქცევა ადამიანის მენტალური უნარების წყალობით, როგორიცაა განსჯა, წარმოსახვა, რეფლექსია და ა.შ. აღნიშნული უნარები უზრუნველყოფს განსხვავებულ სიტუაციებზე კონტროლს და მათი რეგულირების უნიკალურ შესაძლებლობებს. პრაგმატისტები ამას ინტერაქციის მენტალურ ფაზას უწოდებენ, როდესაც ქცევაში ჩართულია ცნობიერება (გონება).      თუმცა, ეს არავითარ შემთხვევაში არ ნიშნავს იმას, რომ ინტერაქცია მხოლოდ ცნობიერ ხასიათს ატარებს და მის ფარგლებში არ მოიძებნება ადგილი ჩვეულებებისათვის (habits). ინტერაქციონისტები, ამ თვალსაზრისით, პრინციპულად ემიჯნებიან ვებერს. როგორც ადრე ვნახეთ, ვებერი ტრადიციულ მოქმედებას, რომელიც ხანგრძლივ ჩვევაზე დაფუძნებული ურთიერთობაა, „მძიმედ“ მიაკუთვნებს სოციალური მოქმედების კატეგორიას და მას „სოციალურობის ზღვარზე“ მყოფს უწოდებს. ამის მიზეზი კი, როგორც ცნობილია, ის არის, რომ, ვებერის აზრით, ჩვეულებები, შესაძლოა, შესრულდეს თავისთავად ნაგულისხმევი მნიშვნელობის ან ნახევრადცნობიერი განზრახვის გზით. ეს კი სოციალურობისაგან გადახრას წარმოადგენს. როგორც მკვლევარები (I. J Cohen, 2000: 86) მიუთითებენ, დიუისაც აქვს პრობლემები ჩვეულების „უფლებამოსილებასთან“ დაკავშირებით, მაგრამ ეს პრობლემები უფრო ნორმატიულია, ვიდრე ანალიტიკური. კერძოდ, დიუი (1922: part 1) ახდენს ჩვეულებების შერჩევას, მათ ნორმატიულ შეფასებას. შერჩევის და შეფასების პირობად აღებულია ის, თუ რამდენად უწყობს ხელს ესა თუ ის ჩვეულება სოციალური პირობების გაუმჯობესებას, რამდენად აძლევს იგი ბიძგს ისეთ შემოქმედებით ინოვაციებს, რომლებიც ფრუსტრირებული სოციალური ცხოვრების რეგულირებას წაადგება. აქედან გამომდინარე, დიუი უარყოფს მონოტონურ ჩვეულებებს (მაგ. დაზეპირების პრაქტიკა სკოლებში, ანდა საამწყობრო კონვეიერული წარმოება ინდუსტრიულ საზოგადოებაში), რომლებიც გზას უღობავენ შემოქმედებით ინოვაციებს და აფერხებენ პრობლემის გადაჭრაზე ორიენტირებული აზროვნების განვითარებას.      ამდენად, დიუს (1922: 31-2) ყურადღება გადატანილია ისეთ ჩვეულებებზე, რომლებიც წარმოადგენენ არა მექანიკურ, არამედ დინამიკურ გეგმებს (დისპოზიციებს), რაც ხელს უწყობს სოციალური ცხოვრების რეგულირებას. თუ ზოგადად შევაფასებთ, უნდა ითქვას, რომ დიუის თეორია, რეფლექსური ცნობიერების და ქცევითი ცვლილებების გარდა, ჩვეულებათა ციკლების შესახებ თეორიას წარმოადგენს. ადამიანები, უბრალოდ, მოკლებულნი არიან უნარს, რომ მოახდინონ მათ მიერ შესრულებული ყველა ქმედების რეფლექსია, თვალი მიადევნონ ყველა საქმიანობას, რომელსაც ისინი ქმნიან დროის გარკვეულ მონაკვეთში. სოციალური ცხოვრება შეუძლებელია ყოველთვის თავიდან იშვას რეფლექსური ცნობიერების გზით. კვლავწარმოების პროცესი ხშირად რუტინულ, იმპლიციტურად ნაგულისხმევ პროცესს წარმოადგენს, რაც სწორედ ჩვეულებათა ნაკრებისაგან შედგება. როდესაც ხდება წყვეტა ჩვეულებათა შესრულებაში, ეს იწვევს მოლოდინების ფრუსტრაციას, რასაც ფსიქიკური სტრესი მოსდევს. თუმცა, დიუისათვის ამგვარი ვითარება სრულიად ნორმალურია და მისაღებიც, რამდენადაც იგი წარმოადგენს სტიმულს მენტალობისათვის ქცევითი ცვლილებების განსახორციელებლად. რასაკვირველია, სტრესულ სიტუაციებზე რეაქცია შეიძლება ემოციების მოზღვავებაში გამოიხატოს, ანდა მისი განეიტრალება მოხდეს, ვთქვათ, ნარკოტიკული საშუალებებით. მაგრამ, ამგვარ დევიაციებს უდავოდ აქვთ ალტერნატივა, რაც რაციონალური საშუალებებით ფრუსტრაციის ჩანაცვლებაში გამოიხატება. 3. სიმბოლური ინტერაქცია - „როლების ათვისების“ პროცესი      თუ დიუი ყურადღებას ამახვილებს იმაზე, როგორ ერთვება რეფლექსური გონება ჩვეულებებში, მიდი უფრო მეტად აქცენტირდება პერსონალური ცნობიერების როლზე სოციალურ ინტერაქციაში. მიდის წინაშე (ისევე როგორც დიუისთან) დგას კითხვა: რა განაპირობებს წესრიგს ინტერაქციაში? მიდი (1934: 62-4) პასუხობს, რომ ადამიანები ერთმანეთის ქცევას არეგულირებენ მათთვის მნიშვნელადი სიმბოლოების მეშვეობით. ძირითად სიმბოლოებს წარმოადგენენ სიტყვები (მეტყველება). ენობრივი ნიშნები წარმოადგენს მნიშვნელადი სიმბოლოს იმ ტიპს, რომელიც ადამიანებს ცხოველებისაგან განასხვავებს. ცხოველები ერთმანეთთან კომუნიკაციას ამყარებენ ჟესტების მეშვეობით, რომელიც იმით განსხვავდება ადამიანთა შორის კომუნიკაციისაგან, რომ არ არის დაკავშირებული გაგების ფენომენთან. მოვიყვანოთ მაგალითი (I. Craib, 1992: 87): როდესაც ერთი ძაღლი მეორეს უღრენს, ხოლო მეორე უკან იხევს, პირველი გამოხატავს აგრესიას, ხოლო მეორე - შიშს. მაგრამ აქ არ არსებობს ურთიერთგაგება. ამისაგან განსხვავებით, როდესაც ლექტორს სურს შენიშვნა მისცეს სტუდენტს, რომელიც მას ძალზე ბევრ დროს ართმევს, იგი არ უჩვენებს მას კბილებს და არ იღრინება, არამედ უტარებს სტუდენტს ახსნა - განმარტებას, და იმედოვნებს, რომ სტუდენტი ამას გაიგებს. ცხოველის ქცევისაგან განსხვავება იმაში მდგომარეობს, რომ მნიშვნელადი სიმბოლო, ცხოველის ჟესტისაგან განსხვავებით, იწვევს იგივე რეაქციას ლექტორში, რასაც სხვაში.      ის, რომ ადამიანთა ინტერაქცია გაჯერებულია მნიშვნელადი სიმბოლოებით, არ ნიშნავს იმას, რომ ინტერაქცია მხოლოდ სიმბოლური შეიძლება იყოს. მიდი განასხვავებს სოციალური ინტერაქციის ორ დონეს: ერთს იგი უწოდებს „ჟესტებით საუბარს“, ხოლო მეორეს - „მნიშვნელადი სიმბოლოების გამოყენებას“. ბლუმერი, რომელიც ახდენს მიდის ძირითადი პრინციპების გადმოცემას და ინტერპრეტაციას, აღნიშნულ ორ დონეს არასიმბოლურ და სიმბოლურ ინტერაქციებს უწოდებს (H. Blumer, 1969: 8, 65-6) არასიმბოლური ინტერაქციის დონეზე ინდივიდები პირდაპირ რეაგირებენ ერთმანეთის ჟესტებზე ან მოქმედებებზე. ამგვარი ინტერაქცია უმეტესად რეფლექტორულ (უნებლიე) რეაქციებში მჟღავნდება. მაგალითად, ასეთი რეაქცია აქვს ბოქსიორი რინგზე, როდესაც ავტომატურად მაღლა სწევს თავის მკლავს, რათა მოწინააღმდეგის დარტყმა მოიგერიოს. ადამიანთა ყოველდღიური ცხოვრება სავსეა არასიმბოლური ინტერაქციებით, რამდენადაც მათ უწევთ დაუყონებლივ და არარეფლექსურად უპასუხონ ერთმანეთის სხეულებრივ მოძრაობებს, გამონათქვამებს, ხმის ტონს და სხვ. რაც შეეხება სიმბოლურ ინტერაქციას, ამ დროს ინდივიდები ავტომატურად კი არ რეაგირებენ სხვათა მოქმედებებსა და ჟესტებზე, არამედ ახდენენ მათ ინტერპრეტაციას, ანუ აძლევენ მათ მნიშვნელობებს. იგივე მაგალითს რომ დავუბრუნდეთ, თუ ბოქსიორი ახდენს რეფლექსიას იმაზე, რომ გამოიცნოს მოსალოდნელი დარტყმა, როგორც მოწინააღმდეგის გამიზნული ფანდი მის წინააღმდეგ, ეს უკვე სიმბოლური ინტერაქციაა. ამ შემთხვევაში ბოქსიორი ცდილობს, გამოარკვიოს დარტყმის მნიშვნელობა - ის, თუ რას გამოხატავს (ნიშნავს) დარტყმა მისი მოწინააღმდეგის გეგმის მიხედვით.      როგორც ბლუმერი (1969: 9) აღნიშნავს, მიდი სიმბოლურ ინტერაქციას განიხილავს როგორც ჟესტების (სიმბოლოების) და ამ ჟესტების მნიშვნელობებზე პასუხის პრეზენტაციას. ჟესტი წარმოადგენს მიმდინარე მოქმედების ნებისმიერ ნაწილს ან ასპექტს, რომელიც გამოხატავს უფრო ფართო მოქმედებას (რომლის ნაწილსაც იგი წარმოადგენს). მაგალითად, მუშტის ქნევა წარმოადგენს შესაძლო თავდასხმის ინდიკატორს. ისეთი მოვლენები, როგორიცაა თხოვნა, ბრძანება, რეპლიკები, დეკლარაცია და ა. შ. წარმოადგენს ჟესტებს, რომლებიც ადამიანს გადასცემენ (ატყობინებენ) იმ აქტიორის განზრახვას და შემდგომი მოქმედების გეგმას, რომელიც ამ ჟესტების პრეზენტაციას ახდენს. ეს უკანასკნელი იყენებს ჟესტებს როგორც ინდიკატორებს ან ნიშნებს იმისა, თუ რის გაკეთებას გეგმავს, ანდა რა სურს მას რესპონდენტისაგან. მეორე მხრივ, ინდივიდი, რომელიც პასუხს სცემს ამ ჟესტებს, ამას აკეთებს იმ საფუძველზე, თუ რა მნიშვნელობას ატარებენ ისინი მისთვის. ამრიგად, ჟესტებს აქვთ მნიშვნელობა ორივესათვის - ინდივიდისათვის, რომელიც მათ წარმოადგენს და ინდივიდისათვის, რომლის მიმართაც ისინი მიმართულია. როდესაც ჟესტს აქვს იგივეობრივი მნიშვნელობა ორივესათვის, ეს უზრუნველყოფს ინდივიდებს შორის ურთიერთგაგებას.      ზემოთქმულიდან გამომდინარე, მიდის დასკვნა, ისევ და ისევ, ასეთია: ურთიერთობის (ინტერაქციის) პროცესში ყოველი ადამიანი საკუთარ თავს სხვის პოზიციაში აყენებს. სხვანაირად რომ ითქვას ინტერაქციის პროცესში გამოყენებულ სიმბოლოებთან დაკავშირებით არსებობს იმპლიციტური მოლოდინები: შემსრულებელი ელოდება, რომ მის მიერ გამოყენებულ ჟესტებზე სხვა (თანამონაწილე) რეაგირებას მოახდენს განსაზღვრული გზით. ამდენად, იგი იღებს (ითვალისწინებს) სხვის როლს, როგორც გარკვეულად მოსალოდნელ ქცევას. პირუკუ, თანამონაწილეს („სხვას“) შეუძლია გამოიცნოს, თუ პასუხის (რეაქციის) რა ტიპი აქვს გონებაში პერფორმატორს. მაშასადამე, მოცემულ შემთხვევაში ადგილი აქვს პერფორმატორისა და თანამონაწილის დისპოზიციათა ერთგვაროვნებას. ეს არის კონცეპტუალური მოძრაობა, რომელიც აღნიშნავს უნიკალურ კომუნიკაციას სტიმულებსა და პასუხებს (რეაქციებს) შორის. როგორც ითქვა, ინტერაქციონისტები (G. Mead, 1934: 76) ამგვარ კომუნიკაციას მნიშვნელობის მქონეს უწოდებენ. უფრო ზუსტად: თუ სიმბოლო (ჟესტი), როგორც სტიმული, სხვა ორგანიზმის (თანამონაწილის) მიმართ აღნიშნავს ამ ორგანიზმის შემდგომ ქცევას, ეს ნიშნავს, რომ იგი მნიშვნელობის მქონეა. მაშასადამე, ურთიერთობა მოცემულ სტიმულს (ჟესტს) და სოციალური ქმედების მომდევნო ფაზებს შორის, როდესაც ჟესტი წარმოადგენს საწყის ფაზას, აყალიბებს მნიშვნელობის მქონე სფეროს. მიდი ასეთ ურთიერთობას სამმაგ (სამფა) მიმართებას უწოდებს, რომლის წევრებს ანუ მაკავშირებლებს წარმოადგეს: ა) ორგანიზმი, რომელიც იძლევა სიმბოლოს (ჟესტს) და, ამდენად, სტიმულს; ბ) სხვა ორგანიზმი, რომელიც პასუხობს (რეაგირებს) ამ სიმბოლოზე (ჟესტზე) და გ) სოციალური ქმედება, რომლის საწყის ფაზას წარმოადგენს სტიმული, ხოლო მომდევნოს _ ამ სტიმულზე რეაქცია.      აღნიშნულ ტრიადას ბლუმერი (1969: 9) ასე ამარტივებს: 1. ჟესტი აღნიშნავს იმას, თუ რა უნდა გააკეთოს ინდივიდმა, ვისკენაც ეს ჟესტია მიმართული; 2. იგი გამოხატავს იმას, თუ რას გეგმავს ინდივიდი, რომელიც ამ ჟესტს იყენებს; 3. იგი გამოხატავს ერთობლივ მოქმედებას, რომელიც წარმოიშობა ორივე მხარის მოქმედებების შეერთების შედეგად. მივმართოთ მაგალითს: როდესაც მძარცველი თავის მსხვერპლს უბრძანებს, რომ ხელები მაღლა ასწიოს, მისი ეს ბრძანება (ჟესტი) წარმოადგენს: ა) იმის ინდიკატორს, თუ რა უნდა მოიმოქმედოს მსხვერპლმა; ბ) იმის ინდიკატორს, თუ რას გეგმავს მძარცველი (ანუ, წარმოადგენს მსხვერპლისათვის ფულის წართმევის მაჩვენებელს); გ) ამ შემთხვევაში ფორმირებული ერთობლივი მოქმედების - გაძარცვის - ინდიკატორს. თუ მნიშვნელობის სფეროს ამ სამ პარამეტრს შორის რომელიმე არასწორად იქნა გაგებული, კომუნიკაცია არაეფექტური ხდება, ინტერაქციას ხელი ეშლება და ერთობლივი მოქმედების ფორმირება ფერხდება. აღნიშნული სამფა ურთიერთობა ერთგვარი მატრიცაა, რომლის ფარგლებშიც ყალიბდება სწორედ მნიშვნელობის მქონე სოციალური ინტერაქცია და ის, რასაც ადამიანური - სუბიექტური სამყარო ქვია. მაგიდა, ობიექტურად, ხის ნაჭერია, მაგრამ ადამიანურ სამყაროში მას ენიჭება მნიშვნელობა, ანუ სიტყვა “მაგიდა” აღნიშნავს იმ როლს, რასაც იგი ასრულებს ინდივიდთა ინტერაქციაში. ეს როლი სრულიად განსხვავებულია: მაგიდა ინდივიდთა მიერ გამოიყენება როგორც ის, რაზეც შეიძლება ისადილო, იმუშაო და ა.შ. ეს მნიშვნელობები შეიძლება შეიცვალოს და განვითარდეს, რაც, თავის მხრივ, ადამიანური სამყაროს შეცვლასა და განვითარებაზე მიუთითებს.      მიდი (1934: 77_81) ხაზს უსვამს იმას, რომ მნიშვნელობა უნდა განვასხვავოთ რეფლექსური აზროვნებისაგან. საქმე ისაა, რომ როდესაც მნიშვნელადი სიმბოლოები გამოავლენს ქცევის საზოგადოდ მოსალოდნელ ფორმებს, ქცევის მთელი პროცესი, შესაძლებელია, ჩვეულების სახით განხორციელდეს. ამ შემთხვევაში, მნიშვნელობა მხოლოდ ნაგულისხმევი სახით (tacitly) არსებობს გარემოში. მაშასადამე, ცნობიერება არ არის აუცილებელი იმისათვის, რომ მნიშვნელობა მონაწილეობდეს (არსებობდეს) სოციალურ პროცესებში (ამ შემთხვევაში მიდი ვებერის პოზიციაზე დგას). ნებისმიერ მოცემულ სოციალურ ქმედებაში ორგანიზმის რომელიმე ნაწილის ჟესტმა შეიძლება სხვა ორგანიზმის ნაწილის მხრიდან რეაქცია (პასუხი) გამოიწვიოს, როგორც პირველი ორგანიზმის ქმედების შედეგი. ყველაფერი ეს კი განხორციელდეს მანამდე, ვიდრე ამ პროცესში ჩაერთვება ცნობიერება (მაშასადამე, ვიდრე მნიშვნელობის მქონე ქცევა, ამავდროულად, გაცნობიერებულ ქმედებად იქცევა). სრულყოფილი სახით ამგვარი რამ ჩვეულებების სახით არსებულ მოქმედებებში ხორციელდება, როდესაც რეფლექსური აზროვნების სრული გადაფარვა ხდება.      თუმცა, აქ აუცილებელია გათვალისწინებულ იქნას ერთი ფაქტორი, რაც მკვლევარების (I. J. Cohen, 2000, 87- 88) აზრით, მიდის ნააზრევის ბიოლოგიურ განზომილებას წარმოადგენს. კერძოდ, მიდის (1934: 98) თანახმად, რეფლექსურ, ინსტიქტურ თუ ნაგულისხმევ საფუძველზე წარმოქმნილ ქცევას აქვს ერთი ალტერნატივა, როდესაც ქცევის მადეტერმინირებელ პირობას წარმოადგენს ცენტრალური ნერვული სისტემის ფიზიოლოგიური მექანიზმები. ამ მექანიზმების წყალობით ადამიანის ჭკუა (inteligence), წინასწარი განზრახვით, რამოდენიმე ალტერნატიულ პასუხთა შორის (რომლებიც შესაძლებელნი არიან მოცემულ პრობლემურ გარემო სიტუაციაში) შეარჩევს ერთ რომელიმე პასუხს, რომელიც წარმოადგენს ამ პრობლემის ყველაზე ადექვატურ და ჰარმონიულ გადაწყვეტას. ცენტრალური ნერვული სისტემის მიერ უზრუნველყოფილ რეაქციას მიდი უწოდებს _ „დაგვიანებულ (შენელებულ) რეაქციას“, როგორც დაპირისპირებულს უშუალო რეაქციისადმი. შესაძლო მომავალ რეაქციათა შორის არჩევითობა აუცილებლად გულისხმობს დაგვიანებულ რეაქციას. ამგავარი რეაქციის გარეშე შეუძლებელია განხორციელდეს ქცევაზე კონტროლი და მისი დეტერმინაცია. ცენტრალური ნერვული სისტემა უზრუნველყოფს სწორედ ამ პროცესისათვის აუცილებელ ფიზიოლოგიურ მექანიზმებს, რომლების აკონსტიტუირებს ჭკუას (intelligence). ეს უკანასკნელი, არსებითად, წარმოადგენს უნარს, რომ მოცემული ქცევის პრობლემები გადაჭრას მისი მომავალი შესაძლო შედეგების გათვალისწინებით, რაც, თავის მხრივ, წარსული გამოცდილების გათვალისწინებას გულისხმობს. მიდი (1934: 100) წერს, რომ ეს უნარი მოიცავს როგორც წარსულის მეხსიერებას, ისე მომავლის წინასწარგანჭვრეტას. დაგვიანებული რეაქცია, როგორც ალტერნატიული რეაქცია, თავს იჩენს მაშინ, როდესაც ხდება მნიშვნელად სიმბოლოებზე საზოგადოდ გასაგები პასუხების ბლოკირება, რაც გამოწვეულია თანამონაწილის წარუმატებლობით პასუხი გასცეს სტიმულებს მოსალოდნელი გზით. ცენტრალური ნერვული სისტემა ნებას რთავს ინდივიდს, გაითვალისწინოს მის მიმართ სხვათა დამოკიდებულება („ატიტუდი“) და აქციოს იგი საკუთარ ობიექტად. ეს სხვა არაფერია, თუ არა ქცევის მიზნობრივი (პურპოსე) ელემენტი. მიდი დაჟინებით ამტკიცებს, რომ ამ ელემენტს ფიზიოლოგიური საფუძველი აქვს და არააუცილებელია, იგი იყოს ცნობიერი ან ფსიქიკური მოტივაცია, როგორც ამას ტრადიციული მიდგომა გვთავაზობს. 4. თვითობა: „me“ და „I”      როგორც ითქვა, სოციალური ინტერაქციის პროცესში „წარმოებული“ მნიშვნელობები მოდიფიცირდება და განიმარტება ინტერპრეტაციული პროცესების მეშვეობით, რასაც ყოველი ინდივიდი მიმართავს მაშინ, როდესაც აწყდება გარკვეულ წინააღმდეგობებს. ინტერაქცია ორი ტიპის კომუნიკაციას, „საუბარს“ გულისხმობს. „გარეგანი საუბარი“ ეს არის ინტერაქციის პროცესი, როდესაც ინდივიდები, სხვებთან ერთად, ქმნიან თანაზიარ სამყაროს. მაგრამ, როდესაც მნიშვნელადი სიმბოლოები გადაყვანილია ინდივიდუალური ქცევის „რეჟიმში“, ამას მიდი (1934: 167) „თვითობას“ („self“) უწოდებს. როგორც ბლუმერი (1969: 62) აღნიშნავს, როდესაც მიდი ამტკიცებს, რომ ადამიანს აქვს თვითობა, იგი უბრალოდ გულისხმობს, რომ ადამიანი არის საკუთარი თავის ობიექტი. ეს ნიშნავს, რომ ადამიანს შეუძლია ჩაწვდეს (percieve) საკუთარ თავს, ჰქონდეს წარმოდგენები საკუთარი თავის შესახებ, იქონიოს კომუნიკაცია საკუთარ თავთან და იმოქმედოს საკუთარი თავის მიმართულებით. საბოლოო ჯამში, ეს არის ინტერაქცია საკუთარ თავთან - მიმართვა საკუთარ თავზე, პასუხი ამ მიმართვაზე და ხელახალი მიმართვა. ასეთი თვითინტერაქცია იღებს საკუთარ თავზე მითითებების ფორმას ამ მითითებებზე რეაგირებას. ინდივიდს შეუძლია განსაზღვროს საგნები თავისთვის - თავისი სურვილები, ტკივილი, მიზნები, მის გარშემო არსებული საგნები, სხვათა არსებობა, მათი მოქმედებები და ა.შ. საკუთარ თავთან შემდგომი ინტერაქციის მეშვეობით, მას შეუძლია განსაჯოს, გაანალიზოს და შეაფასოს ის საგნები, რომელიც მან თავისთვის განსაზღვრა. საკუთარ თავთან ინტერაქციის გაგრძელების მეშვეობით, მას შეუძლია დაგეგმოს და ორგანიზება გაუკეთოს თავის მოქმედებას იმის გათვალისწინებით, თუ რა განსაზღვრა და შეაფასა.მაშასადამე, თვითობის ფლობა უზრუნველყოფს ადამიანს თვითინტერაქციის მექანიზმით, რომელიც გამოიყენება მისი ქცევის ფორმირებასა და მართვაში.      ხასგასმით უნდა აღინიშნოს, რომ, მიდის თანახმად, სხვა ობიექტთა მსგავსად, თვითობა როგორც „თვით-ობიექტი“ ჩნდება სოციალური ინტერაქციის პროცესში, რომლის დროსაც სხვა ადამიანები განსაზღვრავენ პერსონას თავისთვის. ეს არის იგივე გზა, რასაც მიდი „როლების ათვისების“ მექანიზმს უწოდებს. კერძოდ, იმისათვის, რომ გახდეს ობიექტი თავისთვის, ინდივიდმა საკუთარი თავი გარედან უნდა დაინახოს. ამის გაკეთება კი შესაძლებელია მხოლოდ მაშინ, თუ ინდივიდი საკუთარ თავს ჩააყენებს სხვათა პოზიციაში და ამ პოზიციიდან განიხილავს საკუთარ თავს ან იმოქმედებს საკუთარი თავის მიმართულებით.      ის როლები, რომელთაც ინდივიდი ითვისებს, შეიძლება კლასიფიცირდეს სამ კატეგორიად (G. Mead, 1934: 158-61): 1. ცალკეულ ინდივიდთა როლები. ეს არის „თამაშის საფეხური“ („play stage“); 2. ცალკეულ ორგანიზებულ ჯგუფთა როლები. ეს არის „გართობის საფეხური“ („game stage“); 3. აბსტრაქტული ერთობის როლები (“გენერალიზებული სხვა”). აღნიშნული როლების მიღებით ინდივიდი იმყოფება პოზიციაში, რომელიც საშუალებას აძლევს, მიმართოს ან მიუახლოვდეს საკუთარ თავს. მაგალითად, ასე იქცევა ახალგაზრდა გოგონა, რომელიც თამაშობს რა დედის როლს, ესაუბრება საკუთარ თავს ისე, როგორც ამას მისი დედა გააკეთებდა. საკუთარი თავის ფორმირება ობიექტად ხდება სწორედ ასეთი - როლების ათვისების - პროცესის მეშვეობით.      თვითინტერაქციის პროცესი, რასაც მიდი აანალიზებს, არ წარმოადგენს ფსიქოლოგიური სისტემის ორ ან მეტ ნაწილს შორის ინტერაქციას, როგორც ეს, მაგალითად, ფროიდის სქემაშია, რომელიც მოიცავს „id“-ისა და „ego“-ს შორის ურთიერთობას. პირიქით, თვითინტერაქცია, მიდის თანახმად, სოციალური პროცესია, კერძოდ, წარმოადგენს კომუნიკაციის ფორმას, რომელსაც ინდივიდი იყენებს მაშინ, როდესაც საკუთარ თავს მიმართავს და თავადვე პასუხობს კიდეც. ასეთი კომუნიკაცია ხშირად ხდება, მაგალითად, როდესაც ინდივიდი უბრაზდება საკუთარ თავს, ანდა როდესაც საკუთარ თავს რაიმეს ახსენებს, ანდა მაშინ, როდესაც საუბრობს საკუთარ თავთან მოქმედების განსაზღვრული გეგმის შესამუშავებლად.      ბლუმერი ხასგასმით აღნიშნავს, რომ მიდი თვითობას განიხილავს როგორც პროცესს და არა როგორც სტრუქტურას. ამ თვალსაზრისით, მიდის თეორია განსხვავდება სხვა მიდგომებისაგან, რომლებიც ან თვითობის იდენტიფიცირებას ახდენენ „ეგოსთან“, ან მიიჩნევენ, რომ თვითობა წარმოადგენს მოთხოვნილებათა, მოტივთა და დამოკიდებულებათა („ატიტუდთა“) ორგანიზებულ სხეულს, ანდა იკვლევენ მას როგორც ინტერნალიზებულ ნორმათა და ღირებულებათა სტრუქტურას. ბლუმერის (1969: 63) აზრით, მსგავსი სქემები აზრს მოკლებული ხდება, რამდენადაც ისინი ყურადღების გარეშე ტოვებენ რეფლექსიის პროცესს, რომელიც თვითობის არსს შეადგენს. იმისათვის, რომ რაიმე სტრუქტურა თვითობად იქცეს, იგი უნდა ამოქმედდეს - მიმართოს საკუთარ თავს და უპასუხოს ამ მიმართვას. წინააღმდეგ შემთხვევაში, ის იქნება არააქტივიზებული ორგანიზმი. მიდი აქცენტს სვამს თვითობაზე როგორც მხოლოდ რეფლექსურ პროცესზე, რომელიც საშუალებას აძლევს პიროვნებას, მიუთითოს საკუთარ თავზე, აღნიშნოს საგნები და განსაზღვროს მათი მნიშვნელობა მოქმედებისათვის.      თვითინტერაქციის მექანიზმების წყალობით, ადამიანი წყვეტს იყოს უბრალოდ მოპასუხე ორგანიზმი, რომლის ქცევაც არის გარეგანი ან შინაგანი ძალების „თამაშის” პროდუქტი. ნაცვლად ამისა, ადამიანი მოქმედებს თავის სამყაროსთან შემხვედრი მიმართულებით, ახდენს იმის ინტერპრეტაციას, რაც ამ სამყაროსთან კონფრონტაციაშია, ამ ინტერპრეტაციის საფუძველზე ახდენს თავისი მოქმედების ორგანიზებას. მაგალითად: ტკივილთან ადამიანის იდენტიფიცირება და მისი ინტერპრეტაცია აბსოლუტურად განსხვავდება მარტივი ორგანული (ბიოლოგიური) გრძნობისაგან და წარმოადგენს საფუძველს განსაზღვრული ქმედების ჩასადენად, რომელიც განსხვავდება მარტივი ორგანული რეაქციისაგან. როგორც ეს მაგალითი აჩვენებს, თვითინტერაქციის პროცესი ადამიანს საკუთარ სამყაროსთან დაპირისპირებაში ამყოფებს, აიძულებს მას, „თვალი გაუსწოროს“ და მართოს ეს სამყარო განსაზღვრული პროცესების მეშვეობით (ნაცვლად იმისა, რომ უბრალოდ იყოს მოპასუხე), აგრეთვე, აიძულებს ინდივიდს, ააგოს თავისი მოქმედება, იმის ნაცვლად, რომ უბრალოდ მოახდინოს მისი რეალიზება.      თვითობის როგორც რეფლექსური პროცესის წყალობით შესაძლებელი ხდება მნიშვნელადი სიმბოლოების ინტერპრეტაცია. ინტერპრეტაცია „შინაგანი საუბარია“, რომელიც მიმდინარეობს თვითობის ორ ფაზას შორის. ეს ფაზებია: „me“ და „მე“. რას წარმოადგენს თითოეული მათგანი?      მიდი (1934: 174-5) განმარტავს, რომ „me“ თვითობის ის ფაზაა, როდესაც ინდივიდი საკუთარ თავს უყურებს სხვების პოზიციიდან. „me“ წარმოადგენს სხვათა დამოკიდებულების ორგანულ ნაკრებს, რომელსაც ინდივიდი თავად უშვებს (ვარაუდობს). თვითობის მეორე ფაზა - „მე“ - წარმოადგენს პროცესს, როდესაც ინდივიდი საკუთარ თავს უყურებს არა სხვათა, არამედ საკუთარივე პოზიციიდან. უფრო ზუსტად: „მე“ არის ინდივიდის პასუხი სხვათა დამოკიდებულებებისადმი („ატიტუტებისადმი“). იგი წარმოადგენს რეაქციას სხვათა დამოკიდებულებების საფუძველზე კონსტრუირებულ „me“-ზე. „me“-სა და „მე“-ს შორის მიმართება ასეც შეიძლება დახასიათდეს: „მე“ ეხება ჩვეულებრივ ან მოსალოდნელ პასუხებს მნიშვნელად სიმბოლოებზე, რომლებსაც ჯგუფის (ერთობის) ყველა წევრი წვდება (გებულობს). კონცეპტუალური აზრით, ეს სხვა არაფერია, თუ არა „განზოგადებული (გენერალიზებული) სხვა“. ინდივიდი, როგორც „გენერალიზებული სხვა“-ს ნაწილი, არ არის შემოქმედი, ორიგინალური და სპონტანური (იმპროვიზატორი). ასეთი რამ შესაძლებელია მხოლოდ თვითობის იმ ფაზის წყალობით, რასაც წარმოადგენს „მე“. მიდის (1934: 176-8) მიხედვით, „მე“-ს მიეწერება ახლის შექმნაში გადამწყვეტი ფუნქცია. `მე' ანიჭებს აზრს თავისუფლებას და ინიციატივას. აქედან გამომდინარე, მიდი აღნიშნავს, რომ „me“ ჩნდება გარკვეული მოვალეობის შესასრულებლად. იგი განსაზღვრულია და ინდივიდისაგან მოითხოვს სრულიად გარკვეულ პასუხს (რეაქციას). რაც შეეხება „მე“-ს, იგი ყოველთვის, მეტ-ნაკლებად, გაურკვეველია (განუსაზღვრელია). „მე“ არასოდეს შეიძლება იყოს ბოლომდე კალკულირებადი. წარმოვიდგინოთ, რომ ინდივიდი ხვდება სოციალურ სიტუაციაში, რომელიც მან წესრიგში უნდა მოიყვანოს. იგი საკუთარ თავს ხედავს ჯგუფში შემავალი ინდივიდების თვალსაზრისებიდან გამომდინარე. ეს ინდივიდები, რომლებიც ერთმანეთთან არიან დაკავშირებულნი, ინდივიდს გარკვეულ თვითობას ანიჭებენ. ის, თუ როგორ მოიქცევა ინდივიდი, ბოლომდე არც თავად ინდივიდმა იცის და არც ვინმე სხვამ. ცხადია, ამ შემთხვევაში არსებობს „me“-დან გამომდინარე მოლოდინები, რომელიც ინდივიდისაგან მოითხოვს, მოიქცეს მოვალეობის შესაბამისად და დაიცვას განსაზღვრული კურსი. თუმცა, იმ შემთხვევაშიც კი, როდესაც ინდივიდის პასუხი აღნიშნულ მოლოდინებს პასუხობს, შედეგი ყოველთვის იქნება თუნდაც მცირედ განსხვავებული, ვიდრე ამას უკვე არსებული გამოცდილება გულისხმობს. ამდენად, „მე“-ს არასოდეს გადაფარავს „me“, არამედ ყოველთვის დარჩება რაღაც, რაც „me“-ში მოცემული არ არის.      თვითობის კონცეფცია შეიცავს აგრეთვე სოციალიზაციის პროცესის აღწერას. სოციალიზაციის საწყის ეტაპზე - ბავშვის ცხოვრებაში -სიმბოლოებით ოპერირება შეზღუდულია, რამდენადაც ბავშვი ეს-ესაა იწყებს იმ ნიშნების გაცნობიერებას, რასაც შეიძლება მნიშვნელობა ჰქონდეს სხვებისათვის. თანდათან, თამაშის პროცესში, მოზარდი სწავლობს სხვა ინდივიდების როლის ათვისებას და ასაკის მატებასთან ერთად იგი სწავლობს, თუ როგორ მოახდინოს თავისი საქმიანობების სხვებთან კოორდინირება და იმას, რომ საკუთარი თავი დაინახოს ისე, როგორც მას ჯგუფი ხედავს. ეს ჯგუფები თანდათან ფართოვდება, ვიდრე არ მიაღწევს იმ დონეს, რასაც საზოგადოება ქვია. სოციალიზაციის ამ ეტაპზე ხდება სწორედ ის, რასაც მიდი „გენერალიზებული სხვის“ როლის ათვისებას უწოდებს. ამ შემთხვევაში ინდივიდი უკვე განიხილავს საკუთარ თავს იმ პოზიციიდან, რასაც საზოგადოება აყალიბებს მასთნ მიმართებაში. 5. კრიტიკა      სიმბოლურ ინტერაქციონიზმს ძირითადად იმის გამო აკრიტიკებენ (I. Craib, 1992: 90), რომ იგი სოციალური სტრუქტურის და მისი ობიექტური (დიურკჰაიმისეული გაგებით) თავისებურებების იგნორირებას ახდენს და, ამდენად, არაფრის თქმა არ შეუძლია ძალაუფლების, კონფლიქტის და ცვლილებების შესახებ. კრიტიკა მიმართულია იმისკენაც, რომ სიმბოლური ინტერაქციონიზმის მიერ გაკეთებული თეორიული ფორმულირებები იძლევა ინდივიდის არასრულ სურათს.      ინტერაქციონალისტები სოციალური სტრუქტურის, როგორც „სოციალური ფაქტის“ (დიურკჰაიმი), მხედველობაში მიღებას ღიად და პრინციპულად უპირისპირდებიან. მათი აზრით, სოციალური სტრუქტურა აბსტრაქტული არსია. სტრუქტურების განხილვით ვერასოდეს მივიღებთ რამდენადმე დამაკმაყოფილებელ ინფორმაციას, თუ რა პროცესები მიმდინარეობს ყოველდღიურ ცხოვრებაში, რა თავისებურებები ახასიათებს ცოცხალ და უშუალო ინტერაქციას. ზოგი მკვლევარი (P. Rock, 1979: 227-8) უფრო შორს მიდის და ამტკიცებს, რომ აბსოლუტურად უსაფუძვლოა იმაზე ფიქრი, რომ საზოგადოება და მისი სტრუქტურები რაღაც ორგანიზებულ მთელს წარმოადგენს. მათ შესახებ შეიძლება ვიმსჯელოთ ან ანალიზურად აპრიორული ვარაუდების საფუძველზე, რომლებიც ყოველთვის გაურკვეველი დარჩება, ანდა, სინთეზურ-აპრიორულად, რაც სრულიად არამეცნიერულია. ამდენად, სოციოლოგი უნდა მოერიდოს სტრუქტურაზე ანალიტიკურ რეფლექსიას. უკეთეს შემთხვევაში მან საზოგადოება უნდა წარმოადგინოს, როგორც ფლუიდურ ცვლილებათა კონგლომერატი.      ასეთ უკიდურეს პოზიციას თვით სიმბოლური ინტერაქციონიზმის ბევრი წარმომადგენელი (განსაკუთრებით, „ჩიკაგოს სკოლის“) არ გაიზიარებდა. იმის მტკიცება, რომ საზოგადოება წმინდა წყლის ფიქციაა, ნიშნავს, რომ სრულიად უარვყოთ საზოგადოების მხრიდან გარკვეული გავლენების არსებობა, რაც იმავე ყოველდღიურ ინტერაქციებში მჟღავნდება. მეტიც: ინტერაქციონისტების მნიშვნელოვანი ნაწილი არ უარყოფს ფართო თუ მცირე სტრუქტურული კონტექსტების არსებობას. სტრუქტურული კონტექსტი აქცენტს სვამს სოციალურ ურთიერთობათა შეთანხმებად (negotiated) წესრიგზე ამ კონტექსტების ფარგლებში. შეთანხმების იდეა გამოიყენება სიტუაციათა კლასიფიკაციისათვის და, მისი მეშვეობით შესაძლებელია, მაგალითად, ვაჩვენოთ, თუ როგორ მოქმედებს ძალაუფლებითი მიმართებები ინტერაქციის მსვლელობაზე და თუ როგორ ხდება სოციალურ წესრიგზე შეთანხმება მიმდინარე სოციალური ცვლილებების პროცესში. სიმბოლური ინტერაქციონიზმი ინტერაქციას განიხილავს, როგორც შეთანხმებად რეალობას, რომელშიც ერთ პარტნიორს გაცილებით მეტი ძალაუფლება აქვს სხვასთან შედარებით. ხოლო ძალაუფლების ასეთი განაწილება უკვე ნიშნავს, რომ სტრუქტურის არსებობა წინასწარ ივარაუდება. „როლების მიღების“ პროცესი, რომელსაც ინტერაქციონისტები ასეთ დიდ მნიშვნელობას აძლევენ, მათი მიდგომის ყველაზე უფრო სტრუქტურულ ასპექტს წარმოადგენს. სოციალური როლი ხომ სოციალური ქცევის განმეორებადი მოდელების, ე.ი. სტრუქტურების, გამოხატულებას წარმოადგენს, თუნდაც შეზღუდულ - კონტექსტუალურ - დონეზე.      რაც შეეხება სიმბოლური ინტერაქციონიზმის მიმართ წაყენებულ მეორე საყვედურს, რომ იგი არ იძლევა ინდივიდის სრულყოფილ სურათს, როგორც მკვლევარები (K. Plummer, 1975) მიუთითებენ, ეს, საზოგადოდ, სოციოლოგიის „ნაკლია“, რამდენადაც მას არ შეუძლია ინდივიდი განიხილოს იმავე წესით, როგორც ამას ფსიქოლოგია აკეთებს. და მაინც, საყვედური ეხება იმას, რომ ინტერაქციონისტული მიდგომა სათანადო ყურადღებას არ იჩენს ინდივიდის ემოციების მიმართ და მისთვის ძირითადია პიროვნების კოგნიტური განზომილება - აზროვნებითი პროცესები. ინტერაქციონისტების თანახმად, ადამიანების გაგება შესაძლებელია მაშინ, როდესაც გვესმის მათი ქმედებების მნიშვნელობები. მართალია, მნიშვნელობა არ უიგივდება რეფლექსურ აზროვნებას, მაგრამ პრიორიტეტულია მისთვის. ინტერაქციონიზმი მაქსიმალურად არიდებს თავს არაცნობიერი პროცესების გათვალისწინებას, პიროვნების არაცნობიერ დონეს და სოციალურ ურთიერთობაში გამჟღავნებულ მენტალურ პროცესებზე (განსჯა, წარმოსახვა, რეფლექსია) აქცენტირდება.      ამრიგად, შეიძლება ითქვას (I. Craib, 1992: 94), რომ სიმბოლური ინტერაქციონიზმი წარმოადგენს სოციალური მოქმედების და ინდივიდის თეორიას, რომელიც არ ცდილობს, ამავე დროს, გახდეს საზოგადოების შესახებ თეორია. მის მიერ მოქმედების ახსნა რამდენადმე გამარტივებულია, მაგრამ ეს ცნობიერი არჩევანია, რათა რეალური სიტუაციების კომპლექსურობის ადაპტირება გახდეს შესაძლებელი. V თავის ძირითადი შინაარსი      1. სიმბოლური ინტერაქციონიზმი ჩამოყალიბდა პირველ და მეორე მსოფლიო ომებს შორის პერიოდში. მისი წარმოშობა დაკავშირებულია ე.წ. „ჩიკაგოს სკოლასთან“ (ჯორჯ მიდი). სიმბოლური ინტერაქციონიზმი წარმოიშვა როგორც სტრუქტურული ფუნქციონალიზმის და სოციალურ სისტემათა თეორიის ალტერნატივა. სტრუქტურული ფუნქციონალიზმი მაკროსოციოლოგიური თეორიაა, რომლის ფარგლებშიც პიროვნული სისტემა აღმოჩნდება დაქვემდებარებული სოციალური და კულტურული სისტემების მიმართ. ამის საპირისპიროდ, სიმბოლური ინტერაქციონიზმი მიკროსოციოლოგიური თეორიაა. იგი უარს ამბობს სისტემურ მიდგომაზე და ანალიზის ფოკუსირებას ახდენს ერთეულ აქტებსა და მათ შორის ინტერაქციაზე. სოციალური სისტემა არსებობს მხოლოდ ინდივიდუალურ აქტებზე გავლით და მათგან დამოუკიდებლად ფიქციას წარმოადგენს.      2. სიმბოლური ინტერაქციონიზმი ეყრდნობა სამ ძირითად წანამძღვარს: ა) ადამიანები საგნების მიმართ მოქმედებენ იმ მნიშვნელობების საფუძველზე, რომლებიც ამ საგნებს მათთვის აქვთ; ბ) საგანთა მნიშვნელობები მიიღება სოციალური ინტერაქციების საფუძველზე, რომელთაც ადამიანები ერთმანეთთან ამყარებენ; გ) ეს მნიშვნელობები განიმარტება და მოდიფიცირდება ინტერპრეტაციული პროცესების წყალობით. ინტერპრეტაციას ინდივიდი მიმართავს იმ საგნებთან მიმართებაში, რომლებსაც იგი ყოველდღიურ ცხოვრებაში ეჯახება.      3. განასხვავებენ სოციალური ინტერაქციის ორ დონეს: არასიმბოლურს და სიმბოლურს. არასიმბოლური ინტერაქციის დონეზე ინდივიდები პირდაპირ რეაგირებენ ერთმანეთის ჟესტებზე ან მოქმედებებზე. ამგვარი ინტერაქცია უმეტესად რეფლექტორულ (უნებლიე) რეაქციებში მჟღავნდება. რაც შეეხება სიმბოლურ ინტერაქციას, ამ დროს ინდივიდები ავტომატურად კი არ რეაგირებენ სხვათა ჟესტებზე, არამედ ახდენენ მათ ინტერპრეტაციას, ანუ აძლევენ მათ მნიშვნელობებს. ჟესტი/სიმბოლო წარმოადგენს მიმდინარე მოქმედების ნებისმიერ ნაწილს ან ასპექტს, რომელიც გამოხატავს უფრო ფართო მოქმედებას (რომლის ნაწილსაც იგი წარმოადგენს). ჟესტები ადამიანს გადასცემენ იმ აქტიორის განზრახვას და შემდგომი მოქმედების გეგმას, რომელიც ამ ჟესტების პრეზენტაციას ახდენს. ინდივიდი, რომელიც პასუხს სცემს ამ ჟესტებს, ამას აკეთებს იმ საფუძველზე, თუ რა მნიშვნელობას ატარებენ ისინი მისთვის. ამრიგად, ჟესტებს აქვთ მნიშვნელობა ორივესათვის - ინდივიდისათვის, რომელიც მათ წარმოადგენს და ინდივიდისათვის, რომლის მიმართაც ისინი მიმართულია. როდესაც ჟესტს აქვს იგივეობრივი მნიშვნელობა ორივესათვის, ეს უზრუნველყოფს ინდივიდებს შორის ურთიერთგაგებას. ძირითად ჟესტებს/სიმბოლოებს წარმოადგენს სიტყვები (მეტყველება). ენობრივი ნიშნები მნიშვნელადი სიმბოლოს ის ტიპია, რომელიც ადამიანებს ცხოველებისაგან განასხვავებს.      3. ურთიერთობას მოცემულ ჟესტს, როგორც სტიმულს, და სოციალური ქმედების მომდევნო ფაზებს შორის, რაც მნიშვნელობის მქონე სფეროში მომდინარეობს, მიდი სამმაგ მიმართებას უწოდებს, რომლის წევრებს ანუ მაკავშირებლებს წარმოადგეს: ა) ორგანიზმი, რომელიც იძლევა სიმბოლოს (ჟესტს) და, ამდენად, სტიმულს; ბ) სხვა ორგანიზმი, რომელიც პასუხობს (რეაგირებს) ამ სიმბოლოზე (ჟესტზე) და გ) სოციალური ქმედება, რომლის საწყის ფაზას წარმოადგენს სტიმული, ხოლო მომდევნოს _ ამ სტიმულზე რეაქცია. აღნიშნული ტრიადა ასეც შეიძლება გამოიხატოს (ბლუმერი): 1. ჟესტი აღნიშნავს იმას, თუ რა უნდა გააკეთოს ინდივიდმა, ვისკენაც ეს ჟესტია მიმართული; 2. იგი გამოხატავს იმას, თუ რას გეგმავს ინდივიდი, რომელიც ამ ჟესტს იყენებს; 3. იგი გამოხატავს ერთობლივ მოქმედებას, რომელიც წარმოიშობა ორივე მხარის მოქმედებების შეერთების შედეგად. თუ მნიშვნელობის სფეროს ამ სამ პარამეტრს შორის რომელიმე არასწორად იქნა გაგებული, კომუნიკაცია არაეფექტური ხდება, ინტერაქციას ხელი ეშლება და ერთობლივი მოქმედების ფორმირება ფერხდება.      4. ინტერაქციონისტები მნიშვნელობას ანსხვავებენ რეფლექსური აზროვნებისაგან. როდესაც სიმბოლოები გამოავლენს ქცევის საზოგადოდ მოსალოდნელ ფორმებს, ქცევის მთელი პროცესი, შესაძლებელია, ჩვეულების სახით განხორციელდეს. ამ შემთხვევაში, მნიშვნელობა მხოლოდ ნაგულისხმევი სახით (tacitly) არსებობს ინტერაქციაში. მაშასადამე, ცნობიერება არ არის აუცილებელი იმისათვის, რომ მნიშვნელობა მონაწილეობდეს სოციალურ პროცესებში. ნებისმიერ მოცემულ სოციალურ ქმედებაში ორგანიზმის რომელიმე ნაწილის ჟესტმა შეიძლება სხვა ორგანიზმის ნაწილის მხრიდან რეაქცია (პასუხი) გამოიწვიოს, ეს კი განხორციელდეს მანამდე, ვიდრე ამ პროცესში ცნობიერება ჩაერთვება. სრულყოფილი სახით ამგვარი რამ ჩვეულებების სახით არსებულ მოქმედებებში ხორციელდება, როდესაც რეფლექსური აზროვნების სრული გადაფარვა ხდება.      5. სოციალური ინტერაქციის მნიშვნელობა მდგომარეობს იმაში, რომ იგი წარმოადგენს პროცესს, რომელიც აყალიბებს ადამიანის სოციალურ ქცევას. ინტერაქციის პროცესში მყოფ ადამიანებს უხდებათ მხედველობაში იქონიონ ის, თუ რას აკეთებენ სხვები და საკუთარი ქცევა ააგონ სხვათა ქმედებების გათვალისწინებით. ინდივიდი იძულებულია შეუსაბამოს ქცევის საკუთარი მსვლელობა სხვათა მოქმედებებს. აქედან გამომდინარე, ინტერაქციაში ჩართული ინდივიდები იძულებულნი არიან აითვისონ ერთმანეთის როლები. ეფექტური სოციალური ინტერაქცია როლების ორმხრივ ათვისებას წარმოადგენს.      6. სოციალური ინტერაქციის შესაძლებლობას განაპირობებს ის, რომ ინდივიდები ფლობენ „თვითობას“ („self“). თვითობის უნარი ნიშნავს, რომ ადამიანს შეუძლია იყოს საკუთარი თავის ობიექტი, შეუძლია შეიმეცნოს (გააცნობიეროს) საკუთარი თავი. იმისათვის, რათა გახდეს საკუთარი თავის ობიექტი, ინდივიდმა იგი უნდა დაინახოს „გარედან“, ანუ, საკუთარი თავი უნდა ჩააყენოს სხვათა პოზიციაში და ამ პოზიციიდან „შეხედოს“ საკუთარ თავს. ეს კი სხვა არაფერია, თუ არა ინდივიდის მიერ სხვათა როლების ათვისების პროცესი. მაშასადამე, საქმე გვაქვს ორმაგ დიალექტიკასთან: სოციალური ინტერაქცია დამოკიდებულია ადამიანის უნარზე, წარმოიდგინოს თავი სხვა სოციალურ როლში, ხოლო, სხვა როლის ათვისება დამოკიდებულია ინდივიდის უნარზე, შინაგანი დიალოგი აწარმოოს საკუთარ თავთან.      7. თვითობის როგორც რეფლექსური პროცესის წყალობით შესაძლებელი ხდება მნიშვნელადი სიმბოლოების ინტერპრეტაცია. ინტერპრეტაცია „შინაგანი საუბარია“, რომელიც მიმდინარეობს თვითობის ორ - „me“ და „მე“ - ფაზას შორის. „me“ თვითობის ის ფაზაა, როდესაც ინდივიდი საკუთარ თავს უყურებს სხვების პოზიციიდან. თვითობის მეორე ფაზა - „მე“ - წარმოადგენს პროცესს, როდესაც ინდივიდი საკუთარ თავს უყურებს არა სხვათა, არამედ საკუთარივე პოზიციიდან. „მე“ არის ინდივიდის პასუხი სხვათა დამოკიდებულებებისადმი. ამ ორ ფაზას შორის მიმართება ასეც შეიძლება დახასიათდეს: „me“ ეხება ჩვეულებრივ ან მოსალოდნელ პასუხებს მნიშვნელად სიმბოლოებზე, რომლებსაც ჯგუფის ყველა წევრი წვდება. იგი არის „გენერალიზებული სხვა“. ინდივიდი, როგორც `გენერალიზებული სხვა'-ს ნაწილი, არ არის შემოქმედი, ორიგინალური და სპონტანური (იმპროვიზატორი). ასეთი რამ შესაძლებელია მხოლოდ „მე“-ს დონეზე. მას მიეწერება ახლის შექმნაში გადამწყვეტი ფუნქცია. იგი ყოველთვის, მეტ-ნაკლებად, გაურკვეველია და არასოდეს შეიძლება იყოს ბოლომდე კალკულირებადი.      8. მიდი თვითობას განიხილავს როგორც პროცესს და არა როგორც სტრუქტურას. თვითობა არ წარმოადგენს მოთხოვნილებათა, მოტივთა და დამოკიდებულებათა („ატიტუდთა“) ორგანიზებულ სხეულს, ანდა ინტერნალიზებულ ნორმათა და ღირებულებათა სტრუქტურას. ასეთი მიდგომები ყურადღების გარეშე ტოვებს რეფლექსიის პროცესს, რომელიც თვითობის არსს შეადგენს. იმისათვის, რომ რაიმე სტრუქტურა თვითობად იქცეს, იგი უნდა ამოქმედდეს - მიმართოს საკუთარ თავს, აღნიშნოს საგნები და განსაზღვროს მათი მნიშვნელობა მოქმედებისათვის. წინააღმდეგ შემთხვევაში, ის იქნება არააქტივიზებული ორგანიზმი.      9. ის როლები, რომელთაც ინდივიდი ითვისებს, შეიძლება კლასიფიცირდეს სამ კატეგორიად: 1. ცალკეულ ინდივიდთა როლები. ეს არის „თამაშის საფეხური“ („play stage“); 2. ცალკეულ ორგანიზებულ ჯგუფთა როლები. ეს არის „გართობის საფეხური” („game stage“); 3. აბსტრაქტული ერთობის როლები („გენერალიზებული სხვა“). ძირითდი კითხვები სიმბოლური ინტერაქციონიზმის ძირითადი წანამძღვრები და „ფესვ-ხატები“. რატომ მიიჩნევენ სიმბოლურ ინტერაქციონიზმს პრაქსისის თეორიად? რა განსხვავებაა სიმბოლურ და არასიმბოლურ ინტერაქციას შორის? რაში მდგომარეობს სხვათა „როლების ათვისების“ მექანიზმის მნიშვნელობა სოციალური ურთიერთობისათვის? „თვითობა“ როგორც რეფლექსიის პროცესი და სოციალური ინტერაქციის პირობა. სიმბოლური ინტერაქციონიზმის კრიტიკა დამოწმებული ლიტერატურა Blumer, H. 1969: Symbolic Interactionism. Berkeley; University of California Press. Dewey, J. 1922: Human Nature and Conduct. New York:Henry Holt.D Joas, H. 1992 (1996): The Creativity of Action. Trans. J. Gaines and P. Keast. Chicago: University of Chicago Press. Mead, G.H. 1934: Mind, Self and Society From the Standpoint of a Social Behaviorist. Ed. C. W. Morris. Chicago: University of Chicago Press. Plummer, K. (ed.) 1991: Symbolic Interactionism. Edward Elgar, Aldershot, Hants. Rock, P. 1979: The Making of Symbolic Interactionism, Macmillan, Basing-stoke. [1] ბლუმერს მხედველობაში აქვს XX ს. პირველი მეოთხედის ამერიკული ფსიქოლოგია და სოციოლოგია. [2] ამ პროცესს და, საერთოდ, „თვითობის“ თავისებურებებს უფრო დაწვრილებით მოგვიანებით განვიხილავთ, როდესაც ჯ. მიდის კონცეფციას შევეხებით. იხილეთ ამოსაბეჭდი ვერსია: "სიმბოლური ინტერაქციონიზმი: სოციალური მოქმედება, როგორც "როლების ათვისების" პროცესი" წიგნიდან "სოციალური მოქმედების თეორიები" ← წინა ნაწილი გაგრძელება → …
დაამატა ლაშა to სოციოლოგია at 2:18pm on აპრილი 13, 2015
პოსტი: აღდგომის მადლითა და სიხარულით აღვსილი ვადიდებთ უფალს

სააღდგომო ეპისტოლე…

დაამატა ლაშა at 3:04pm on აპრილი 20, 2014
თემა: ფიზიკური ძალადობის კლინიკური სიმპტომები და შეფასება
ზუსტად დავსვათ დიაგნოზი და ვმართოთ დაავადება, და თავიდან ავაცილოთ ბავშვს ძალადობის განმეორება, შესაბამისად _ მომავალი ტრავმები ან გარდაცვალებაც კი. საგულდაგულოდ შეგროვებული ანამნეზური მონცემები და ყოველმხრივი ფიზიკური კვლევა აუცილებელია ძალადობის ნიშნებისა და სიმპტომების გამოსავლენად.       იმისათვის, რომ ადეკვატურად შეფასდეს ბავშვზე განხორციელებული ძალადობა, ექიმი უნდა ხელმძღვანელობდეს შემდეგი პრინციპებით: მოისმინე, დაინახე, შეაფსე, გააკეთე ზუსტი ჩანაწერი და შეტყობინება. ბავშვისგან და მშობლისგან ფრთხილად მოიპოვეთ სრული ისტორია, დაზიანების მნიშვნელოვანი დეტალები. ყურადღებით დააკვირდით ბავშვისა და მშობლის ქცევას, ბავშვისა და მშობლის ურთიერთობას.       ძალადობაზე მიმანიშნებებლია სამედიცინო ისტორიაში შემდეგი ასპექტები: ისტორიის უჩვეულო ასპექტები: მშობლის მონათხრობი დაზიანების შესახებ არათანმიმდევრულია, არ შეესაბამება არსებულ დაზიანებას და ბავშვის მდგომარეობას. მონათხრობის დეტალები მუდმივად იცვლება. დაზიანების ისტორია არ შეესაბამება ბავშვის განვითარების ასაკს. სამედიცინო დახმარების დაყოვნება. ბრალდება ბავშვს თავად დაზარალებულს ან ოჯახში მყოფ სხვა ბავშვს.       ბავშვის ფიზიკური გამოკვლევისას შეაფასეთ ბავშვისა და მშობლის ურთიერთობა, გრძნობს თუ არა ბავშვი თავს მშვიდად, კომფორტულად, ბედნიერად მშობლის გვერდზე, ხომ არ არიდებს თავს მშობელს, ხომ არ კრთება მშობლის ხელის უნებლიე მოძრაობზე. არის მშობელი თბილი, ყურადღებიანი, მზრუნველი ან პირიქით ავლენს უხეშ, გულგრილ დამოკიდებულებას ბავშვის მიმართ.       ფიზიკური კვლევა სრულად უნდა ასახავდეს ბავშვის ძირითად სასიცოცხლო მაჩვენებლებს: წონა, სიგრძე, თავის გარშემოწერილობას, განვითარების დონეს, გარეგანი და შინაგანი ორგანოების აღწერას, სრულ ნევროლოგიურ კვლევას.       სრული ობიექტური გასინჯვის პარალელურად შესაძლებელია საჭირო გახდეს შემდეგი გამოკვლევების ჩატარება: კვებითი სტატუსის შეფასება, გლობალური განვითრებისა და ქცევის შეფასება, სისხლის საერთო ანალიზი, კოაგულაციის სკრინინგი, ღვიძლის ფუნქციური ტესტები, ტოქსიკოლოგური სკრინინგი, ძველების რენტგენოლოგიური გამოკვლევა, ექოსკოპია, კომპიუტერული ტომოგრაფია, მაგნიტურ-რეზონანსული კვლევა, ოფთალმოლოგიური კვლევა.       ძალადობის შედეგად განვითარებული ფიზიკური დაზიანება შეიძლება იყოს სხვადასხვაგვარი _ მსუბუქი ნაკაწრი თუ ჩალურჯებაც, მოტეხილ ძვლებიც, ტვინის შერყევამდეც, შინაგანი ორგანოების (თირკმლების, ღვიძლის, ფილტვების, ნაღვლის ბუშტის და სხვა) დაზიანებააც; მან შეიძლება სიკვდილიც კი გამოიწვიოს.       ბავშვზე ძალადობის ყველაზე ხშირი და ადვილად ამოსაცნობი გამოვლინებაა კანის დაზიანება. ძალადობაგანცდილი ბავშვების 90%-ს მხოლოდ ზედაპირული დაზიანებები აღენიშნებათ: სისხლნაჟღენთები, ნაკბენები, დამწვრობა, მოხრჩობის ნიშნები.       სისხლნაჟღენთები ვითარდება სისხლძარღვზე მექანიკური ზემოქმედებით. დაზიანებული სისხლძარღვიდან გადმოსული სისხლი გროვდება გარშემო მდებარე ქსოვილებში. სისხლაჟღენთები ძალადობის ნათელი დადასტურებაა. ფიზიკური ძალადობის შედეგად წარმოქმნილ სისხლაჟღენთებს შესაძლებელია ჰქონდეს იმ საგნის ფორმა, რომლითაც განხორციელდა ძალადობა და შესაბამისად კანის დაზიანება შეიძლება დაგვეხმაროს იმ საგნის ტიპის დადგენაში, რომელიც გამოიყენეს ძალადობისას.       ბავშვზე ფიზიკურ ძალადობაზე მიგვანიშნებს სისხლნაჟღენთების ადგილმდებარეობა, ფორმა: 1. სისხლნაჟღენთების მდებარეობა: ზემო კიდურებზე წელის არეში თეძოების წინა ზედაპირზე სახეზე ყურებზე სასქესო ორგანოებზე მუცელზე დუნდულებზე 2. სისხლჩაქცევების ფორმა: ხელის კვალი შესაძლოა გამოვლინდეს ოვალური დაზიანების, თითების 2-3 პარელელური ხაზოვანი კვლის ან მთლიანი ხელის ანაბეჭედის სახით. მოხრჩობის კვალი: ლიგატურა ან თითების ანაბეჭდი კისრის არეში,Pპეტექიები მათ ზემოთ; საჯდომის არეში ხელით ან რაიმე საგნით მიყენებული დაზიანებები: პარელელურად განლაგებული ვერტიკალური ხაზები. ნიშნები, რომლებიც ბავშვზე ძალადობაზე დაგვაეჭვებს: დაზიანებები _ ხელის მტევნის, ქამრის ბალთის ან რაიმე საგნის ფორმის; სისხლნაჟღენთები და პეტექიები (პატარა ზომის, წითელი ან ალისფერი), რომლებიც ბავშვის სამედიცინო მდგომარეობით (მაგ., კოაგულაციის დარღვევა) არ არის გამოწვეული: დაზიანება აღენიშნება ბავშვს, რომელსაც დამოუკიდებლად გადაადგილება არ შეუძლია; სისხლნაჟღენთი მრავლობითი ან კლასტერულია; დაზიანება ერთი და იმავე ზომის და ფორმისაა; დაზიანება სახისა და სხეულის არაძვლოვან ნაწილებზე, მათ შორის, თვალებზე, ყურებზე და საჯდომზე; სისხლნაჟღენთი კისერზე, რომელიც მოხრჩობის მცდელობაზე გვაფიქრებინებს; დაზიანება კოჭებზე და მაჯებზე ლიგატურის ნიშნის მსგავსი. საეჭვო დაზიანებები უბედური შემთხვევის დროს მიღებული ტრავმა სისხლჩაქცევები მორჩენისას გაივლის ფერის ცვლილების რამდენიმე სტადიას: წითელილურჯი-მწვანე და ბოლოს ყავისფერი. ძალადობის განხორციელების თარიღის დადგენისათვის მხოლოდ სისხლჩაქცევების ფერის გამოყენება არ არის გამართლებული, რადგანც სისხლნაჟღენთის ფერის ცვლილება მრავალ ფაქტორზეა დამოკიდებული. ეს ფაქტორებია: დაზიანების სიღრმე და ადგილმდებარეობა, ქსოვილის თავისებურებები და მისი სისხლმომარაგება, კანის ფერი და ქსოვილის განმეორებითი დაზიანება.ზედაპირული დაზიანებები შესაძლოა გამოვლინდეს და მოშუშდეს ძალიან სწრაფად, ხოლო ღრმა დაზიანებების გამოვლენას შეიძლება დასჭირდეს დღეები. ფაშარი შემაერთებელი ქსოვილის არეებში (მაგ.თვალი და გენიტალიები) მიყენებული დარტყმისას უფრო სწრაფად ზიანდება ქსოვილი და ასევე სწრაფად აღდგება, ვიდრე იქ, სადაც შემაერთებელი ქსოვილი მკვრივია და კარგად არის სისხლძარღვებით მომარაგებული (მაგ. დუდნდულოებისა და თეძოს არეები). თუ ბავშვის კანი ხშირად ზიანდება, შესაძლებელია სწრაფად განიკურნოს. მუქი ფერის კანი ფარვს და შეუმჩნეველს ხდის ცემით მიყენებულ კანის დაზიანებებს. ექიმმა ძალადობის ეჭვის გაჩენის შემთხვევაში კარგად უნდა გამოიკვლის ბავშვი, ისტორიაში ჩაწეროს ყველა არსებული დაზიანების ადგილმდებარეობის, ზომის, ფორმის და ფერის შესახებ. გააკეთოს სხეულის დიაგრამა, სხეულის დაზიანებული არის ფოტოგრაფია, სადაც მონიშნავთ არსებულ დაზიანებას. მეტად მნიშვნელოვანია ერთმანეთისგან განვასხვაოთ თანდაყოლილი ლაქები,შემთხვევითი დაზიანებები, კოაგულოპათიით გამოწვეული სისხლნაჟღენთები ძალადობის შედეგად განვითარებული დაზიანებებისგან. შემთხვევითი დაზიანებების დროს სისხლნაჟღენთების ადგილმდებარეობა სრულიად განსხვავებული: დაზიანებები უმეტეს წილად: მუხლებზე, შუბლზე, _ ხელის მტევნებზე, იდაყვებზე, ნიკაპზე, ცხვირზე გვხვდება და არ არის დამახასიათებელი ფიზიკური ძალადობისთვის. ნაკბენის აღმოჩენის შემთხვევაში,აუცილებელია ჩართოთ სტომატოლოგი, რათა მის მიერ ზუსტად იქნეს დადგენილი და გაზომილი ნაკბილარის კვალი, თუ არსებული კვალი 3სმ -ზე მეტისაა, ის უფროსი ადამიანის ნაკბილარს შეესაბამება, ეს ყველა შემთხვევაში ბავშვზე ძალადობაზე მიგვანიშნებს და აუცილებელია გამოვიკვლიოთ შემთხვევა და შევატყობინოთ სოციალურ სააგენტოს. დამწვრობა დამწვრობა გამოწვეულია კანზე მაღალი ტემპერატურის ზემოქმედებით. კანის დამწვრობას იწვევს ცხელი ხსნარები, საგნები, ალი, ქიმიკატები, დენი. დამწვრობები, რომელიც ძალადობითაა გამოწვეული, არის უმეტესად იმერსიული (იმმერსიონ ბურნს) დამწვრობა, რომელსაც აქვს კარგად გამოხატული საზღვრები. იმერსიული დამწვრობები შესაძლოა იყოს წინდის ან ხელთათმნის ფორმის და გვხდება ზემო და ქვემო კიდურების და საჯდომის არეებში. ამგვარი დამწვრობების დროს აუცილებელია, დროულად გადავცეთ საქმე სათანადო ინსტანციას, რათა შეისწავლონ გარემო, სადაც ეს შემთხვევა მოხდა და გამოირიცხოს ძალადობა. პატარა ასაკის ბავშვები განსაკუთრებით მოძრავები არიან და, შესაბამისად, დამწვრობა შესაძლებელია შემთხვევითი ხასიათის იყოს, როდესაც ბავშვი შემთხვევით ეხება ცხელ საგანს, რომელიცმისთვის ხელმისაწვდომ ადგილას არის დატოვებული (მაგ.ცხელი უთო). ასეთ შემთხვევაში დამწვრობის არე არის ერთი და უფრო ზედაპირული, განსხვავებით ძალდობრივი ქმედებით განხორციელებული დამწვრობისგან, რომელიც არის მრავლობითი, ღრმა. კანის ასეთი დაზიანებები ძალიან ფრთხილად უნდა შეფასდეს. სიგარეტით მიყენებული დამწვრობა არის ღრმა, 8-10 მმ. დიამეტრისა, ოვალური ფორმის, მრავლობითი, მდებარეობა ხელებზე და ფეხებზე. შემთხვევით გამოწვეული სიგარეტის დამწვრობა ყოველთვის არის ერთეული, უფრო კვერცხის ფორმის და ზედაპირული. ბავშვებში ყველაზე მეტად გაცელებულია ცხელი სითხის შეშხეფებების ან გადასხმის შედეგად განვითარებული დამწვრობა. უმეტესად პატარა ბავშვები ცდილობენ ხელი სტაცონ მათთვის მიუწვდომელ ადგილას მოთავსებულ ჭიქას ან რამე კონტეინერს, რომელშიც ცხელი სითხეა, მისი გადმოსხმის შედეგად ვითარდება დამწვრობა სახის, გულმკერდის და ზედა კიდურების არეში. ამ დროს ყველაზე მეტად ზიანდება სხეულის არე, რომელსაც ცხელი სითხე პირველად ეხება. რამდენადაც სითხე მიედინება ქვევით და სითხის ტემპერატურა ეცემა, შემდგომი არეები ნაკლებად არის დაზიანებული. დაზიანებულ არეს “V” ფორმა აქვს. ნიშნები, რომლებიც ბავშვზე ძალადობაზე დაგვაეჭვებს: დამწვრობები რომელთა ახსნა არ არსებობს ან არასარწმუნოა; აღენიშნება ბავშვს, რომელსაც დამოუკიდებლად გადაადგილება არ შეუძლია; დამწვრობა რბილ ქსოვილებზე, სადაც ცხელი საგნების შემთხვევითი მოხვედრა შეუძლებელია, მაგ.ფეხის გულები, საჯდომი, ზურგი; ნიშნები, რომლებიც ძალადობრივ ქმედებებზე მიუთითებენ: დამწვრობა ყურისუკანა არეში, საჯდომის, შორისისა და ქვემო კიდურების არეებში, დამწვრობა კიდურებზე _ ხელთათმნის ფორმის, წინდის ფორმის ან სიმეტრიული, მკვეთრი საზღვრებით; დამწვრობა რაიმე საგნის ფორმის (მაგ.უთოს). ძვლების მოტეხილობები ბავშვზე ფიზიკური ძალადობის დროს ყველაზე ხშირად ძვლების მოტეხილობები გვხვდება. მიიჩნევენ, რომ ერთ წლამდე ასაკის ბავშვებში მოტეხილობების 50% მათზე განხორციელებული ძალადობითაა გამოწვეული. თუ ბავშვს დაუდასტურდა გაურკვეველი წარმოშობის მოტეხილობა, საჭიროა სრული გამოკვლევის ჩატარება - რენტგენოლოგიური, ნევროლოგიურიQ და თვალის ფსკერის კვლევა. ხშირად მშობლები ექიმს სხვადასხვა პრობლემით მიმართავენ და მხოლოდ ბავშვის სრული გამოკვლევის შემდეგ დგინდება ძვლების მოტეხილობის ფაქტები. ძვლების შეზრდის სტადიების მიხედვით შეიძლება განისაზღვროს, თუ როდის მიიღო ბავშვმა ტრავმა. შეხორცების სხვადასხვა სტადიაზე არსებული მოტეხილობები ბავშვზე ძალადობის ერთერთი ნიშანია. ბავშვებში, რომელთაც სიარული არ იციან თავის ქალის მრავლობითი მოტეხილობების, კიდურების სპირალური მოტეხილობების, ნეკნების მოტეხილობების, ხერხემლის დაზიანების დაფიქსირებისას უნდა ვიფიქროთ, რომ ეს დაზიანებები გადატანილი ფიზიკური ძალადობის შედეგია. ცენტრალური ნერვული სისტემის (ცნს) და თავის ქალის სხვა ტრავმები ახალშობილთა თავის ტრავმები უბედური შემთხვევით იშვიათად არის გამოწვეული. როგორც გამოკვლევები გვიჩვენებს, თავის ქალის შიდა ტრავმების 95% და თავის ტრავმების 60%-ზე მეტი ძალადობითაა გამოწვეული. 2 წლამდე ასაკის ბავშვების თავის ქალის ტრავმით გამოწვეული გარდაცვალების 80%-ის მიზეზი ძალადობაა. ამიტომ 2-3 წლის ასაკის ბავშვებში თავის ქალის ტრავმის დადგენის შემთხვევაში აუცილებლად უნდა გამოვრიცხოთ ფიზიკური ძალადობა. სისხლჩაქცევა თვალის ბადურაზე განსაკუთრებულ ეჭვს ბადებს ფიზიკური ძალადობაზე. ის ხშირად ვითარდება ძლიერი შენჯღრევის შედეგად და არის ბავშვის შენჯღრევის სინდრომის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნიშანი. ბავშვის შენჯღრევის სინდრომი ფიზიკური ძალადობის ფორმაა, რომლის დროსაც ახალშობილს უვითარდება თავის ქალის ტრავმა, სუბდურალური და სუბარაქნოიდალური ჰემორაგიები, სისხლჩაქცევები მინისებრ სხეულში, ბადურის ჩაგლეჯა, ტრავმული წარმოშობის რეტინოსხიზისი და სისხლჩაქცევა თვალის ბადურაზე. გამოკვლევები გვიჩვენებს, რომ ძალადობის შემდეგ ცნს-ში მნიშვნელო ბიოქიმიური, ფუნქციური და სტრუქტურული ცვლილებები რჩება; მაგ., ძალადობაგანცდილ ბავშვებს აღენიშნებათ თავის ტვინის მოცულობის შემცირება. ბავშვის შენჯღრევის სინდრომი ძალადობის ერთ-ერთი სერიოზული ფორმაა. მშობლები ანჯღრევენ ბავშვს, როდესაც ბავშვის ტირილის, ყვირილის და დაუჯერებლობის გამო კარგავენ მოთმინებას. ამ სინდრომის დიაგნოზს 2 წლამდე ასაკის ბავშვებში ადგენენ, მაგრამ შეიძლება დადგინდეს 5 წლამდე ასაკშიც. ბავშვის შენჯღრევის სინდრომით გამოწვეული სიკვდილიანობა _ საშუალოდ 20-25 %-ია. მოგვიანებითი შედეგები შეიძლება იყოს თავის ტვინის ქერქის დაზიანების გამო განვითარებული სიბრმავე, კრუნჩხვები, პარკუჭების გაფართოვება, ენცეფალომალაცია. სიმპტომების გამოვლინება დამოკიდებულია დაზიანების ხარისხზე. გადატანილი ტრავმის შემდეგ ყველაზე ხშირად ჩნდება არასპეციფიკური სიმპტომები: ძილიანობა ან მოუსვენრობა, მადის დაკარგვა, ღებინება. უფრო სერიოზული დაზიანებისას ვლინდება სპაზმი, გონების დაბინდვა და სხვა ნევროლოგიური სიმპტომები. დაზიანებისთანავე მშობლები ამჩნევენ ამ სიმპტომებს, მაგრამ იმის შიშით, რომ ბავშვის მიმართ ფიზიკურ ძალადობაში არ დაადანაშაულონ, დროულად არ მიმართავენ ექიმს. რადგანაც არსებული კლინიკური სიმპტომები არ არის სპეციფიკური და ამავე დროს მშობელი ცდილობს დამალოს შენჯღრევის ფაქტი და არ აწვდის ექიმს სწორ ანამნეზურ მონაცემებს, შესაძლებელია დიაგნოზის დასმისას შეცდომა იყოს დაშვებული. ხშირად ისმება ვირუსული ინფექციის, საჭმლის მომნელებელი ტრაქტის დისფუნქციის დიაგნოზი. თუ ბავშვის შენჯღრევის სინდრომის სიმპტომები ჩნდება ფიზიკური ძალადობის სხვა ნიშნებთან ერთად, როგორიცაა კანქვეშა სისხლჩაქცევები, ძვლების მოტეხილობები, სხვა ტრავმები, აუცილებელია ნევროლოგის, ნეიროქირურგის, ოფთალმოლოგის გადაუდებელი კონსულტაცია. ჰემორაგიის დიაგნოსტირებისათვის კომპიუტერული ტომოგრაფია კვლევის ძირითადი მეთოდია. მიუნჰაუზენის სინდრომი მიუნჰაუზენის სინდრომის დროს დედა გამიზნულად იწვევს ან ხელს უწყობს დაავადების ნიშნებს. ყველაზე ხშირად ვხვდებით სისხლდენის (სისხლის შედედებაზე მოქმედი მედიკამენტების გამოყენება, ლორწოვანის დაზიანება, სხვა ადამიანის ან ცხოველის სისხლის გამოყენება, საღებავების გამოყენება), კრუნჩხვების ("მკურნალობა" მედიკამენტებით, რომელთაც შეუძლიათ მათი გამოწვევა, მოხრჩობა) ძილიანობის, მოთენთილობის (ცნს-ის დამთრგუნველი მედიკამენტების გამოყენება, მოხრჩობა), დიარეის (ასაშლელი საშუალებების გამოყენება) სტიმულირებას. მიუნჰაუზენის სინდრომზე შეიძლება ვიფიქროთ, თუ: ჩატარებული გამოკვლევებით არ დადგინდა პათოლოგია, ჩივილები კი კვლავ გრძელდება; გამოკვლევის შედეგები არ ემთხვევა დაავადების მიმდინარეობას; გამოცდილი სპეციალისტები ამბობენ: "პირველად ვხვდები ასეთ შემთხვევას"; დედა უკმაყოფილოა დასკვნით _ პათოლოგია არ არსებობს; თუ დედა არ იმყოფება ბავშვის გვერდით, მას სიმპტომები არ აღენიშნება; თუ დედა ძალინ "მზრუნველია" და სხვადასხვა მიზეზით უარს ამბობს ბავშვის მარტო დატოვებაზე; მკურნალობის ჩვეულებრივი მეთოდები უშედეგოა. ანამნეზის შეგროვების და დაფიქსირების თავისებურებები ექიმი ბავშვს და მშობელს უნდა ესაუბაროს ცალ-ცალკე. თუ ბავშვი ნერვიულობს ან არ სურს ექიმთან მარტო დარჩენა, საუბარი ტარდება იმ მშობლის თანდასწრებით, რომელიც არ ძალადობს მასზე, ან ბაშვის ნდობით აღჭურვილი ახლობელი ადამიანის თანდასწრებით. უკეთესია, საუბარი ჩატარდეს ცალკე დედასთან და ცალკე მამასთან. ანამნეზი სამედიცინო დოკუმენტებში სრულად ფიქსირდება, რაც ხელს უწყობს ძალადობის ფაქტის იურიდიულად დადასტურებას. უნდა გვახსოვდეს, რომ ძალადობაზე საუბრისას ბავშვს ფსიქოლოგიურ ტრავმას ვაყენებთ. ამიტომ საუბრისას მნიშვნელოვანია ბავშვი თავს დაცულად გრძნობდეს. აუცილებელია პედიატრიული ანამნეზის შეგროვების პრინციპების დაცვა. თანმიმდევრული და ზუსტი ანამნეზი დაგვეხმარება დავადგინოთ ტრავმა უბედური შემთხვევის შედეგია თუ ძალადობისა. მშობლებთან საუბარი არ უნდა დავიწყოთ კითხვით ძალადობის შესახებ. თავი უნდა ავარიდოთ კითხვებს, რომლებიც ძალადობაში დადანაშაულებას მოიცავს. ძალადობის ფაქტი და მასთან დაკავშირებული მოვლენები უნდა აღვწეროთ ბავშვის სიტყვებზე დაყრდნობით. ექიმმა უნდა შეაფასოს, გამართლებულია თუ არა ანამნეზის დეტალური შეგროვება. ანამნეზის დეტალური შეგროვება გამართლებულია, თუ: ბავშვს თვითონ სურს ფიზიკურ ძალადობაზე საუბარი; ანამნაზური მონაცემების შეგროვება აუცილებელია ტრავმის ხასიათის დასადგენად და მკურნალობის დასანიშნად; აუცილებელია სასწრაფო ქმედებები ბავშვის სიცოცხლის დასაცავად, შემდგომი ფიზიკური ძალადობის თავიდან ასაცილებლად. გამართლებული არაა ბავშვს ვკითხოთ ძალადობის შესახებ, თუ: ბავშვი ძალიან მოუსვენარია; დიაგნოზის დასაზუსტებლად და მკურნალობის დასანიშნად დამატებითი მონაცემები არ გვჭირდება; სპეციალისტი არ არის მომზადებული ან არ აქვს ძალადობაგანცდილ ბავშვებთან მუშაობის გამოცდილება; ბავშვმა ცოტა ხნის წინ ისაუბრა განცდილ ძალადობაზე სხვა სპეციალისტთან. ანამნეზის შეგროვებისას უნდა გვახსოვდეს, რომ ბავშვი შესაძლებელია შეეცადოს ძალადობის ფაქტის დამალვას, რათა დაიცვას მშობელი ან იმის გამო, რომ ეშინია მშობელმა კვლავ არ დასაჯოს ფიზიკურად. ბავშვი საუბრისას უკეთ იგრძნობს თავს, თუ: სპეციალისტი საუბრის დაწყებისას წარუდგენს თავს და გასაგებ ენაზე აუხსნის ბავშვს სუბარის მიზანს; გაცნობის შემდეგ სპეციალისტი შეეხება ნეიტრალურ თემებს _ საყვარელ თამაშებს, სკოლას და ა.შ. სპეციალისტი ბავშვს არ დაუსვამს კითხვებს, რომლებზეც წინასწარ მიიღო მშობლისგან ან მეურვისგან უარყოფითი შეფასება. სპეციალისტი დაზუსტებულ და საჭირო ინფორმაციას ბავშვთან საუბრისას მიიღებს, თუ: ყურადღებას მიაქცევს ბავშვის კოგნიტურ უნარს, გამოიყენებს ბავშვისთვის გასაგებ ცნებებს; ანამნეზის შეგროვების დროს სვამს ღია კითხვებს; ანამნეზის შეგროვების დროს თავს არიდებს კითხვებს, რომელიც მოიცავს პასუხებს ან მინიშნებას პასუხზე. ანამნეზი უნდა აღიწეროს რაც შეიძლება ზუსტად: როდის მოხდა ძალადობის პირველი ფაქტი; ძალადობის განხორციელების ზუსტი რიცხვი, თანმიმდევრობა. ბავშვები, განსაკუთრებით პატარები, ძნელად იხსენებენ შემთხვევის ზუსტ რიცხვს, ამიტომ შეიძლება ის დაუკავშიროთ მნიშვნელოვან თარიღებს _ დაბადების დღეს, სასწავლო წლის დაწყებას, შობას, აღდგომას; ოჯახური მდგომარეობა, უახლოესი სოციალური გარემო; მოყვა თუ არა ბავშვი ვინმესთან ძალადობის შესახებ, თუ არა _ რატომ: როგორი იყო მათი რეაქცია; ამ რეაქციის მიზეზები; როგორ გრძნობდა ბავშვი თავს ძალადობის დროს; ადამიანები, რომელთა გამოც განიცადა ძალადობა; ადამიანები, რომელთაც იციან ძალადობის შესახებ. ასევე აუცილებელია მოვაგროვოთ ინფორმაცია გადატანილი დაავადებების, ტრავმების, ქრონიკული დაავადებების შესახებ. ბავშვის ფსიქიკის და ქცევიის კვლევა, ოჯახის წევრების ქცევა ძალადობაგანცდილ ბავშვებში ხშირად აღინიშნება ემოციური და ფსიქო-სოციალური განვითარების დარღვევა. ეს დარღვევები განცდილი ძალადობის ინდიკატორებს წარმოადგენენ. აუცილებელია, დავაკვირდეთ და შევაფასოთ ძალადობის ფსიქოლოგიური და ფსიქიატრიული ინდიკატორები: როგორი ურთიერთობა აქვს ბავშვს ექიმთან და მედპერსონალთან; როგორი ურთიერთობა აქვს ბავშვს მშობლებთან ან მეურვესთან; როგორი ურთიერთობა აქვს სხვა პაციენტებთან; როგორ ხასიათზეა ბავშვი. (ხასიათის გაუარესების დროს აუცილებელია შეფასდეს სუიციდის რისკი.); როგორი მადა აქვს; როგორ სძინავს; სურს თუ არა სახლში დაბრუნება; შეესაბამება თუ არა ბავშვის განვითარება მის ასაკს; რას აკეთებს ბავშვი თავისუფალ დროს; როგორ იქცევიან მშობლები ბავშვთან საავადმყოფოში; როგორ იქცევიან მშობლები და როგორი ურთიერთობა აქვთ საავადმყოფოს პერსონალთან. ფსიქიატრის კონსულტაცია ბავშვისა და მოზრდილისათვის საჭიროა, თუ აღინიშნება: დეპრესიული მდგომარეობა: საშუალო სიმძიმის და მძიმე; სუიციდური ან ავტოაგრესიული ქცევა; მკვეთრად გამოხატული აგრესიული ქცევა; ძალიან დიდი მოუსვენრობა და შიში, რომელიც ხელს უშლის კვლევის ჩატარებას; უცნაური ქცევა. ნევროლოგიური კვლევა: იმ შემთხვევაში, თუ ბავშვს თავის არეში აღენიშნება ტრავმის ნიშნები - სისხლჩაქცევები, ნაკაწრები სახეზე, თავის ქალის ტრავმის გამოვლენის მიზნით, ტარდება სრული ნევროლოგიური გამოკვლევა. ოფთალმოლოგის კონსულტაცია: თავის ქალის ტრამვის დროს თუ ეჭვი არის შენჯღრევის სინდრომზე, აუცილებლად ტარდება თვალის ფსკერის გამოკვლევა. ლაბორატორიული და სხვა კვლევები: თუ ბავშვს აღენიშნება დაზიანებები: სისხლჩაქცევები, ნაკაწრები და ა.შ. და ჩნდება ეჭვი, რომ ეს დაზიანებები ფიზიკური ძალადობის შედეგია, ტარდება რენტგენოლოგიური კვლევა (ლულოვანი ძვლების), განსაკუთრებით 2 წლამდე ასაკის ბავშვებში. გამოკვლევა ტარდება არა იმისთვის, რომ დადგინდეს არსებული პათოლოგია, არამედ იმისათვის, რომ გამოვავლინოთ ძვლების დაფარული დაზიანებები.ძველი და ახალი მოტეხილობების ნიშნები ფიზიკური ძალადობის არსებობაზე მიგვანიშნებს. ფიზიკური ძალადობის დროს საჭიროა ჩატარდეს ჩონჩხის მინიმალური კვლევა: კიდურების და მენჯის გულმკერდის და თავის ქალის რენტგენოგრამა. მოტეხილობის შემთხვევაში აუცილებელია ისინი შეფასდეს ორ პროექციაში. სხვადასხვა ასაკის მრავლობითი მოტეხილობების დროს აუცილებელია არასრულყოფილი ოსტეოგენეზის დადგენა. დიაგნოზის დასაზუსტებლად სრული ობიექტური გასინჯვის პარალელურად შესაძლებელია საჭირო გახდეს შემდეგი გამოკვლევების ჩატარება: კვებითი სტატუსის შეფასება, გლობალური განვითრებისა და ქცევის შეფასება, სისხლის საერთო ანალიზი, კოაგულაციის სკრინინგი, ღვიძლის ფუნქცური ტესტები, ტოქსიკოლოგური სკრინინგი, ძველების რენტგენოლოგიური გამოკვლევა, ექოსკოპია, კომპიუტერული ტომოგრაფია, მაგნიტურ-რეზონანსული კვლევა, ოფთალმოლოგიური კვლევა. დიფერეციალური დიაგნოზი ბავშვისთვის ძალადობის დიაგნოზის არასწორად დასმამ შეიძლება დააზიანოს ოჯახი, ხოლო თუ ფიზიკური ძალადობის შემთხვევაში დიაგნოზს ვერ დავსვამთ, ზიანს ვაყენებთ ბავშვს. ამიტომ შემთხვევის ზუსტი ანალიზი მეტად რთული და საპასუხისმგებლო ამოცანაა. არსებობს მრავალი კლინიკური მდგომარეობა, რომლებიც განცდილი ძალადობის იმიტაციას იძლევიან. საჭიროა ყველა საეჭვო შემთხვევაში Mმათი უარყოფა ან დადასტურება. ფიზიკური ძალადობის დიფერენციალური დიაგნოზი ჰემატოლოგიური დაავადებები: ჰემოფილია; იდიოპათიური თრომბოციტური პურპურა; ვილერბრანდის დაავადება; შონლაინ-ჰენოხის დაავადება. დერმატოლოგიური დაავადებები: ფოტოდერმატიტი; მონგოლოიდური ლაქა; კანქვეშა ცხიმოვანი ნეკროზი; პოლიმირფული ექსუდაციური ერითემა; სკლეროდერმია. ინფექციები: "დამწვარი" კანის სტაფილოკოკური სინდრომი; მარტივი ჰერპესი; ბაქტერიული და ვირუსული ინფექციებით გამოწვეული პეტექიები. თანდაყოლილი მეტაბოლური დარღვევები: არასრულყოფოლი ოსტეოგენეზი; ელარს-დანლოსის სინდრომი; რაქიტი. შემთხვევითი ტრავმები: ძვლების მიტეხილობები ახლად ფეხადგმულ ბავშვებში. ბავშვზე ძალადობაზე ეჭვის გაჩენის შემთხვევაში სამედიცინო პერსონალი ვალდებულია, მაშინვე განსაზღვროს ეჭვის მიზეზები, შეაფასოს ბავშვის მდგომარეობა, დაზიანების ხასიათი და დაიწყოს შემთხვევის მართვა. ძალადობის შემთხვევის მართვა გულისხმობს, ერთი მხრივ, დაზიანების და სიმპტომების შესაბამისი მკურნალობის უზრუნველყოფას (მულტიდისციპლინური გუნდის მიერ: ნევროლოგი, პედიატრი, ფსიქოლოგი და სხვ.), მეორე მხრივ, დაუყოვნებლივ შეტყობინებას სოციალური დაცვის სამსახურისთვის - სსიპ –მიმართვის ბარათით, რომელიც ეგზავნება სააგენტოს შესაბამის ტერიტორიულ ერთეულს ფოსტით ან ფაქსით ან სატელეფონო შეტყობინების საშუალებით, ასევე გადაუდებელი მდგომარეობის შემთხვევაში _ საპატრულო პოლიციაში. ავტორი: ქ. დავითიშვილი გამოყენებული ლიტერატურა: Berkowitz, C. D. MD, FAAP, Carroll, M. L., MD, FAAP FACEP (2004, 2007) – Child Maltreatment, Pediatric Emergency Medicine by American Academy of Pediatrics & American College of Emergency Physicians, revised fourth edition, Jones and Ratlett Publishers National Institute For Health and Clinical Excellence - NICE (2009); Quick reference guide -When to suspect child maltreatment, NICE clinical guideline 89; Developed by the National Collaborating Centre for Women’s and Children’s Health …
დაამატა ლაშა to ფსიქოლოგია at 5:30pm on თებერვალი 9, 2017
თემა: კვლევა ინტერნეტში: ექსპერიმენტები, ინტერვიუები, მასალების ძიება და სიმულაციები
მოყენებით ექსპერიმენტების ოთხ ძირითად ტიპს გამოყოფენ: ექსპერიმენტები, რომლებიც სტატიკურ ბეჭდვით მასალებს იყენებენ (მაგალითად, დაბეჭდილი ტექსტი ან გრაფიკული გამოსახულებები); მეორეა ისინი, რომლებიც არაბეჭდვით მასალებს იყენებენ (მაგალითად, ვიდეო-აუდიო); მესამეა რეაქციის დროის ექსპერიმენტები; და ბოლოს, მეოთხეა ექსპერიმენტები, რომლებიც გარკვეული ფორმის პიროვნებათშორის ურთიერთქმედებას მოიცავენ. (Hewson et al. 2003: 48)       პირველი ტიპის ექსპერიმენტი გამოკითხვას იმით ჰგავს, რომ რესპონდენტებს ელექტრონული ფოსტით ან ვებგვერდის მეშვეობით ეგზავნებათ მზა მასალები (მაგალითად, გრაფიკულად წარმოდგენილი მასალები) და ექსპერიმენტული ზემოქმედება, ანუ, ჩარევა სხვადასხვა ჯგუფებისთვის სხვადასხგვარი მასალის გაგზავნა იქნება. აქაც ძალაში რჩება ყველა ის გაფრთხილება და კომენტარი, რომელიც გამოკითხვაზე საუბრისას ითქვა, განსაკუთრებით, ჩამოტვირთვის დროსთან, განსხვავებულ ვებ ნავიგატორებთან და პლატფორმებთან დაკავშირებული პრობლემები. თუმცა, ჩამოტვირთვის საკითხი მეორე ტიპის ინტერნეტ-ექსპერიმენტს უფრო ეხება, რომელშიც ვიდეო და აუდიო მასალები გამოიყენება და პროგრამული უზრუნველყოფის ზოგი პაკეტი ჩვენების უფრო მაღალ ხარისხს უზრუნველყოფს, ზოგი კი - გაცილებით დაბალს, იმისდა მიუხედავად, რომ ორიგინალი “ფაილი” ყველასთვის ერთი და იგივეა. ამ საკითხის მოგვარება შეიძლება ან ისეთი მასალების მიწოდებით, რომელთა ოპტიმალურად გაშვება ყველაზე ნელ კომპიუტერზეც კი შესაძლებელია (Hewson et al. 2003: 49), ან ექსპერიმენტის წარმატებით წარმოებისთვის აუცილებელი მინიმალური აპარატურული მოთხოვნების დაწესებით.       რეაქციის დროის ექსპერიმენტები, რომლებიც დროის ძალიან ზუსტად გაზომვას (მაგალითად, მილიწამებით) საჭიროებენ, ძნელი ჩასატარებელია მანძილზე, ვინაიდან განსხვავებული პლატფორმები და პიკის საათებში მომხმარებლებით გადატვირთული ინტერნეტ-ხაზები პრაქტიკულად შეუძლებელს ხდიან სტანდარტიზაციას. აქედან ერთ-ერთი გამოსავალია, ექსპერიმენტი ჯერ ჩამოიტვირთოს, შესრულდეს, შემდეგ უკან აიტვირთოს და გაიგზავნოს.       მეოთხე ტიპის ინტერნეტ-ექსპერიმენტები ურთიერთქმედებას მოიცავს და ინტერნეტ-ინტერვიუირებას (მოგვიანებით განვიხილავთ) ჰგავს, რომელიც “ჩატის” მეშვეობით ხორციელდება. თუმცა, ეს მხოლოდ წერილობითი ურთიერთობაა და ამიტომ, ამ ურთიერთობაში გამორიცხულია ინტონაციები, ხმის მოდულაცია, მერყეობა, არავერბალური მანიშნებლები, დამატებითი ლინგვისტური და პარალინგვისტური ფაქტორები. გარკვეული აზრით, ეს არასრული, არასაკმარისი პროცესია, თუმცა, ამას მზარდი ხელმისაწვდომობა და მარტივი ვებკამერების გამოყენება ამსუბუქებს. ფაქტობრივად, ინტერნეტის ეპოქაში ბოლოდროინდელი ტექნოლოგიური წინსვლა აფართოებს დაკვირვების გამოყენებით კვლევების ჩატარების შესაძლებლობას.       რეიპსი (2002a) აღნიშნავს, რომ ლაბორატორიულ ექსპერიმენტებთან შედარებით, ინტერნეტ-ექსპერიმენტებში უფრო მწვავედ იდგა კვლევიდან გამოთიშვის პრობლემა და გამოთიშვების სიხშირის მკვეთრი ცვალებადობა (1- დან 87 პროცენტამდე). გამოთიშვების რაოდენობა შეამცირა წამახალისებლების შეთავაზებამ, მაგალითად, ფულადმა ანაზღაურებამ ან ლატარიის ბილეთების გადაცემამ, შედეგად, კვლევის მიტოვებაში განსხავებამ 31 პროცენტი შეადგინა. ინტერნეტ-კვლევიდან გამოთიშვა მთელ რიგ ისეთ ფაქტორებს უკავშირდება, როგორიცაა, მაგალითად, მოტივაცია; რამდენად საინტერესო იყო ექსპერიმენტი; განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ექსპერიმენტის ნებაყოფლობითი ხასიათი (ამის საწინააღმდეგო მაგალითად შეიძლევა დასახელდეს სავალდებულო ექსპერიმენტები, რომელში მონაწილეობაც სტუდენტების სასწავლო პროგრამის ნაწილს შეადგენს). ზემოთ განხილული „მაღალი ბარიერის“ ტექნიკა აქაც გამოსადეგია. რეიპსი (2002b: 245 –6) იმასაც აღნიშნავს, რომ, ტექნიკური საკითხების გამო (მაგალითად, ინტერნეტ-კავშირის სიჩქარე, კომპიუტერის მუშაობის სიჩქარე, ერთდროულად გაშვებული რამდენიმე პროგრამა), შედეგების მეტი დისპერსია ინტერნეტ ექსპერიმენტებში უფრო მოსალოდნელია, ვიდრე - ტრადიციულ ექსპერიმენტებში.       მეორე მხრივ, რეიპსი (2002b: 247) ამბობს, რომ ინტერნეტ ექსპერიმენტები უფრო მიმზიდველია, ვიდრე ლაბორატორიული და ტრადიციული ექსპერიმენტები, ვინაიდან: უფრო ფართო შერჩევის გამო, მეტად განზოგადებადია; მეტი ეკოოგიური ვალიდობა აქვთ, რადგან, ჩვეულებისამებრ, მონაწილეებისთვის ნაცნობ გარემოში და მათთვის მოსახერხებელ დროს ტარდება („ექსპერიმენტი მიდის მონაწილესთან და არა პირიქით“), თუმცა, ამას მეორე მხარეც აქვს: ექსპერიმენტატორი ვერ აკონტროლებს ექსპერიმენტულ გარემოს (ღეიპს 2002b: 250); ვინაიდან მეტია ნებაყოფლობითი მონაწილეობა, მეტად აუთენტური ქცევების დაკვირვებაა შესაძლებელი.       ამ მტკიცებების მართებულობა ემპირიული საკითხია. მაგალითად, რთული და დახვეწილი პროგრამული პაკეტების (მაგალითად, ჟავა) გამოყენებამ შეიძლება შეამციროს ექსპერიმენტატორის კონტროლი, რადგან ამ პაკეტებს პროგრამირების სხვა ენებთანაც შეუძლიათ ურთიერთქმედება. შვარცი და რეიპსი (2001) აცხადებენ, რომ ექსპერიმენტში ჟავასცრიპტ-ის გამოყენებას 13 პროცენტით მეტი გამოთიშვის სიხშირე მოჰყვა, ვიდრე ეს გამოუყენებლობის პირობებში აღინიშნებოდა. გარდა ამისა, ერთი და იგივე მონაწილის კვლევაში რამდენჯერმე დაბრუნებას სანდოობის დაზარალება შეუძლია (ეს საკითხი ზემოთ განვიხილეთ, გამოკითხვის მეთოდებზე საუბრისას.       რეიპსი (2002a, 2002b) ინტერნეტ-ექსპერიმენტის ზოგიერთი „გააკეთე“-ს და „არ გააკეთო“-ს ჩამონათვალს გვთავაზობს. „გააკეთე“-ს რეიპსისეულ ნუსხაში ხუთი პუნქტი ხვდება: კვლევიდან გამოთიშვა დამოუკიდებელ ცვლადად აიღეთ; კვლევიდან გამოთიშვა მოტივაციური მდგენელების დასადგენად გამოიყენეთ (ანუ, დაადგინეთ ექსპერიმენტში მობეზრებისა და მოტივაციის დონეები); პირადი ინფორმაციის შესახებ კითხვები ინტერნეტ კვლევის დასაწყისში განათავსეთ. რეიპსი (2002b) გვეუბნება, რომ პირადი ინფორმაციის მოთხოვნა შეიძლება მონაწილეების ექსპერიმენტში დატოვებაში დაგვეხმაროს და ეს „მაღალი ბარიერის“ ტექნიკის ნაწილია, სადაც მონაწილეები თავად ირჩევენ კვლევის დატოვებას დასაწყისშივე და არა - ექსპერიმენტის მსვლელობისას; გამოიყენეთ ტექნიკები, რომლებიც ინტერნეტით მოპოვებული მონაცემების ხარისხის უზრუნველყოფაში დაგეხმარებათ (მაგალითად, ზემოთ განხილული „მაღალი ბარიერის“ და „გახურების“ ტექნიკები, ქვეშერჩევების გამოყოფა მონაცემების თანმიმდევრულობის დასადგენად და უზრუნველსაყოფად, მონაცემების ერთიანობის უზრუნველსაყოფად ერთი პაროლის გამოყენება, საკონტაქტო ინფორმაციის მიწოდება, კვლევიდან გამოთშვის სიხშირის შემცირება); კვლევის ასაწყობად და მის შესახებ ინფორმაციის გასავრცელებლად გამოიყენეთ ინტერნეტ-საშუალებები და სერვისები (გამოიყენეთ კომერციულად წარმოებული პროგრამული პაკეტები, რათა დარწმუნებული იყოთ, რომ დაძლეულია ტექნიკური და ვიზუალური ხასიათის პრობლემები). არსებობს ვებგვერდები (მაგალითად, ამერიკის ფსიქოლოგიური საზოგადოება), რომლებიც აცხადებენ ექსპერიმენტების შესახებ.       რეიპსის „არ გააკეთო“-ს ჩამონათვალშიც ხუთი პუნქტი შედის: არ მისცეთ გარეშე პირებს დაუცველ დირექტორიებზე მიწვდომის უფლება. ამით შეიძლება ეთიკური და სამართლებლივი მოთხოვნები დაირღვეს, ვინაიდან კონფიდენციალურ ინფორმაციაზეა საუბარი. გარდა ამისა, ამით ექსპერიმენტის სტრუქტურაზე მონაწილეებსაც შეიძლება მიუწვდეთ ხელი, რაც „გაჭუჭყიანებს“ მას; მონაწილეების კონფიდენციალური მონაცემები URL-ების მეშვეობით (Uნიფორმ რესოურცე ლოცატორს; პრობლემა იქმნება იმ შემთხვევაში, თუ რესპონდენტი GEთ ოპერატორს გამოიყენებს, რომელიც ჰტმლ გვერდის მოთხოვნის საშუალებაა, იმისდა მიუხედავად, იყენებს მოთხოვნის პარამეტრებს თუ არა) საჯარო არ გახადოთ. ეს ისევ და ისევ არღვევს ეთიკის ნორმებს; შემთხვევით არ გაამჟღავნოთ ექსპერიმენტის სტრუქტურა (რადგან ამან მონაწილის ქცევაზე შეიძლება იმოქმედოს). ეს შეიძლება ასოცირებულ ფაილში ექსპერიმენტის დეტალების ჩართვით ან იმავე დირექტორიაში ექსპერიმენტის დეტალების შემცველი ფაილის ჩაწერით მოხდეს; არ უგულებელყოთ ინტერნეტისთვის დამახასიათებელი ტექნიკური ცვალებადობა (როგორც ზემოთ ითქვა, ყველაფერმა შეიძლება დააზიანოს ექსპერიმენტი: კონფიგურაციის დეტალებმა, ვებ ნავიგატორებმა, პლატფორმებმა, გადაცემის სიხშირეებმა და პროგრამულმა პაკეტებმა); ნუ შეიტანთ მიკერძოებულობას მონაცემებში ფორმის ელემენტების არასათანადოდ გამოყენებით, როგორიცაა გაზომვის შეცდომები, სადაც გამოტოვებულმა გარკვეულმა კატეგორიებმა (მაგალითად, „ნეიტრალური“, „არ მსურს პასუხის გაცემა“, „არც ვეთანხმები და არც არ ვეთანხმები“) შეიძლება დაამახინჯოს შედეგები;       ფაქტობრივად, ინტერნეტ-გამოკითხვებსა და კითხვარებზე საუბრისას გამოთქმული მოსაზრებები ძალაშია ინტერნეტ-ექსპერიმენტების შემთხვევაშიც. ამიტომ, მკითხველს მათ გადახედვას ვურჩევთ.       რეიპსი (2002b) მიუთითებს, რომ არასწორია ინტერნეტ-ექსპერიმენტის ლაბორატორიული ექსპერიმენტის ეკვივალენტად განხილვა, ვინაიდან: ინტერნეტ-მონაწილეები თავად ირჩევენ როდის დატოვონ ექსპერიმენტი და მათ ამის გაკეთება ნებისმიერ დროს შეუძლიათ; მათ შეუძლიათ ექსპერიმენტის ნებისმიერ დროს და თავიანთ საკუთარ გარემოში წარმოება; ისინი ხშირად უფრო დიდ შერჩევებზე ტარდება, ვიდრე - ტრადიციული ექსპერიმენტები; ისინი დამოკიდებული არიან ტექნიკურ პირობებზე, ქსელის კავშირებსა და მონაწილეების კომპიუტერთან მუშაობის უნარზე; ისინი უფრო საჯაროა, ვიდრე - ტრადიციული ექსპერიმენტების უმეტესობა.       მეორე მხრივ, ის იმასაც გვაფრთხილებს, რომ ინტერნეტ-ექსპერიმენტები ლაბორატორიული ექსპერიმენტებისგან სრულიად განსხვავებულადაც არ უნდა მივიჩნიოთ, ვინაიდან: ბევრი ლაბორატორიული ექსპერიმენტი, ასევე, დამოკიდებულია კომპიუტერებზე; ლაბორატორიულ და ინტერნეტის ქსელში კვლევას ერთი და იგივე ფუნდამენტური იდეები აქვთ; ორივეს საშუალებით მსგავსი შედეგები მიიღება.       რეიპსი (2000ბ) ინტერნეტ-ექსპერიმენტების წარმოებისთვის შემდეგ რჩევებს გვთავაზობს: განიხილეთ ვებპროგრამები ექსპერიმენტული მასალების შემუშავებისთვის; სხვადასხვა პლატფორმაზე სცადეთ პილოტური ექსპერიმენტი, რათა საბოლოოდ ნათელი ინსტრუქციები გქონდეთ და თქვენი ექსპერიმენტი ხელმისაწვდომი იყოს სხვადასხვა პლატფორმაზე; გადაწყვიტეთ, იყენებთ თუ არა HTML-ს და თუ იყენებთ - განსაზღვრეთ მისი სირთულის დონე; გადაამოწმეთ ექსპერიმენტები კონფიგურაციის შეცდომებისა და სხვადასხვა კომპიუტერებს შორის განსხვავებების თვალსაზრისით; ექსპერიმენტი რამდენიმე ვებგვერდსა და სერვერზე განათავსეთ; შედარებისათვის ექსპერიმენტი ინტერნეტ-კავშირის (ონლინე) და კავშირის გარეშე (ოფფლინე) რეჟიმებში აწარმოეთ; გამოიყენეთ „გახურების“ და „მაღალი ბარიერის“ ტექნიკები, დასვით გამფილტრავი კითხვები (მაგალითად, მონაწილის სერიოზულობის, მათი წარსულისა და გამოცდილების, მეტყველების უნარების შესახებ); კვლევიდან გამოთიშვის ფაქტების გაანალიზებამ, შესაძლოა, მოტივაციის როლი გამოავლინოს; გადაამოწმეთ ფაილების დასახელებები და მიწვდომის პირობები (რათა ფაილები არ მოხვდეს მათ ხელში, ვისთანაც არ უნდა მოხვედრილიყვნენ); განიხილეთ პაროლებისა და სხვა პროცედურების გამოყენება (მაგალითად, თანმიმდევრულობის გადამოწმება) ერთი და იმავე კითხვარის რამდენჯერმე გაგზავნის შესაძლებლობის შესამცირებლად; აწარმოეთ ექსპერიმენტის ჩანაწერები მონაცემების ნებისმიერი სახის შემდგომი ანალიზისა და ვერიფიკაციისათვის; გააანალიზეთ და საბოლოო ანგარიშში შეიტანეთ კვლევიდან გამოთიშვის თემა; ექსპერიმენტზე დადებითი შთაბეჭდილების შესაქმნელად, მისი დეტალები ინტერნეტში განათავსეთ.       ამ წიგნის წერის მომენტისთვის, ინტერნეტით წარმოებული ექსპერიმენტები ბავშვის ფსიქოლოგიის სფეროს უფრო განეკუთვნება, ვიდრე - განათლებას. თუმცა, განათლების სფეროში ემპირიულ მონაცემებზე დაფუძნებული პრაქტიკის შემოტანისა და რანდომიზებული, გაკონტროლებული ცდების მომხრეთა მატების პირობებში, განათლების სფეროში ექსპერიმენტირების ამ ფორმის გამოყენებას უფრო ფართო პერსპექტივები აქვს. ინტერნეტ-ინტერვიუები       ინტერნეტ-ინტერვიუ რესპონდენტების ინტერვიუირების განუზომელ შესაძლებლობებს იძლევა. მაგალითად, “ონლაინ” ინტერვიუები, რომლებიც მთლიანად რეალურ დროში მიმდინარეობს და “ჩატით” სინქრონიზდება, შეიძლება ორივე მხარისთვის ანონიმური იყოს, თუ მათ ეს ასე სურთ და მეტია შესაძლებლობა იმისა, რომ რესპონდენტებთან კონტაქტი ორივე მხარისთვის მოსახერხებელ დროს შედგეს. მაგალითად, ამ წიგნის წერის მომენტისთვის სკაიპით კონტაქტი რეალურ დროში და პრაქტიკულად უფასოდ უშუალო კონტაქტის უახლესი საშუალებაა. ინტერნეტის ამ და სხვა მახასიათებლების გამო, მკვლევრებს შესაძლებლობა აქვთ ძნელად მისაწვდომ ჯგუფებს და ინდივიდებს დაუკავშირდნენ (მაგალითად, სენსიტიური საკითხების კვლევისას). მეორე მხრივ, როგორც ზემოთ უკვე ითქვა, ინფორმაციის წმინდად წერილობით ურთიერთგაცვლაზე დაყვანამ, როგორც მეთექვსმეტე თავში ვნახავთ, შეიძლება გააფერმკრთალოს ინტერვიუს ზოგიერთი არსებითი ნიშანი. საჭიროა ინტერვიუ სრულ სოციალურ ურთიერთქმედებად მივიჩნიოთ.       “ჩატი” ეკრანის გაყოფისა და გაზიარების და ამით მონაწილეებს შორის მიმდინარე დიალოგის დანახვის საშუალებას იძლევა. თუ “ჩატი” არ გამოიყენება, მაშინ მისი ალტერნატივა შეიძლება ელექტრონული ფოსტა იყოს, რომელიც, ასევე, იძლევა მიმდინარე დიალოგის წარმართვის საშუალებას, რაც კავშირის სიჩქარეზეა (ჩვეულებრივ, მაღალ სიჩქარეზე) დამოკიდებული. ამ მიდგომებს შეიძლება აკლდეს ტრადიციული ინტერვიუს სპონტანურობა და მრავალფეროვნება, მაგრამ, მათ მიმზიდველობას ანონიმურობა და პირისპირ შეხვედრის არარსებობა ქმნის (თუმცა ინტერვიუს მსვლელობისას ვებკამერების გამოყენებაც შეიძლება). გამოსახულების ხარისხი შეიძლება დაბალი იყოს და აკლდეს ტექსტთან სინქრონიზაცია - ხშირად გამოსახულება ოდნავ იგვიანებს და კადრების თანმიმდევრობა უფროა, ვიდრე ერთი უწყვეტი მოძრავი გამოსახულება. ინტერნეტ-ინტერვიუ შეიძლება რეალურ დროში კავშირის გარეშეც მიმდინარეობდეს: რესპონდენტები წერდნენ თავიანთ პასუხებს და სხვადასხვა დროს გზავნიდნენ, თუმცა ეს ინტერვიუს, გარკვეულწილად, კითხვართან აახლოებს და ერთადერთი დარჩენილი განსხვავება, ალბათ, ისაა, რომ ინტერნეტ-ინტერვიუში რესპონდენტი უფრო თავისუფალია კითხვების (შინაარსის, ხასიათის, წამოჭრილი საკითხების და შემდგომი შეხსენების) თვალსაზრისით, ვიდრე კითხვარების შემთხვევაში. ინერნეტ-ინტერვიუს უბრალოდ სჭირდება, რომ ორივე მხარე შეთანხმდეს დროზე, რომ ერთდროულად იყოს ხაზზე და თუ საჭიროა ან შესაძლებელი, ჩართონ ვებკამერა. კვლევის მასალების ინტერნეტში ძიება       ინტერნეტში კვლევის მონაცემების შენახვა და მოძიება მნიშვნელოვანია არამარტო მკვლევრებისთვის, რომ არ ჩამორჩნენ მიმდინარე პროცესებს/განვითარებას მთელი მსოფლიოს მასშტაბით, არამედ იმიტომ, რომ ხელმისაწვდომი ხდება მონაცემები, რომელიც მკვლევარს ლიტერატურის მოძიებისა და მიმოხილვის საშუალებას აძლევს და ხელს უწყობს საკუთარ კვლევაში კონსტრუქტის და შინაარსობრივი ვალიდობა უზრუნველყოს. ზოგიერთი კვლევა რეალურად დიდი მოცულობის ლიტერატურას ქმნის (მაგალითად, ჟურნალში Review of Educational Research გამოქვეყნებული კვლევითი ნაშრომები). ელექტრონული ჟურნალები, ამონარიდები და სათაურები მკვლევარს მიმდინარე თანამედროვე კვლევებთან გაცნობის და მისთვის საინტერესო თემის შესატყვისი მასალების მოძიების საშუალებას აძლევს. ვებგვერდები და ელექტრონული ფოსტა ქსელებისა და ინფორმაციის გაცვლის საშუალებას იძლევა. მაგალითად, თუ მკვლევრებს სურთ, რომ გლობალური უწყვეტი მიწვდომა ჰქოდეთ კვლევით ლიტერატურასა და კვლევაში უახლეს მიღწევებზე, ავსტრალიაში, აღმოსავლეთ აზიაში, დიდ ბრიტანეთსა და ამერიკის შეერთებულ შტატებში არსებულ ასოციაციებთან დაკავშირება მხოლოდ რამდენიმე წამის საქმეა ისეთი ვებ გვერდების საშუალებით, როგორიცაა, მაგალითად: ამერიკის განათლების კვლევის ასოციაცია (American Educational Research Association); ავსტრალიის განათლების კვლევის საბჭო (Australian Council for Educational Research); ბრიტანეთის განათლების კვლევის ასოციაცია (British Educational Research Association); ჩინურ-ამერიკური განათლების კვლევის ასოციაცია (Chinese American Educational Research Association); კურიკულუმის, შეფასებისა და მართვის ცენტრი (Curriculum, Evaluation and Management Centre) (დიდი ბრიტანეთი: მსოფლიოში ამ ტიპის მონიტორინგის ერთ-ერთი მსხვილი ცენტრი); ეკონომიკური და სოციალური კვლევის საბჭო (Economic an Social Research Council) (დიდი ბრიტანეთი);; Educators’ Reference Desk (the sourse of ERIC in the United States, publications of the American Educational Research Association); ევროპის განათლების კვლევის ასოციაცია (European Educational Research Association); ჰონგ-კონგის განათლების კვლევის ასოციაცია (Hong Kong Educational Research Association); ცენტრალური სამხრეთის განათლების კვლევის ასოციაცია (Mid-South Educational Research Association) (ძალიან მსხვილი რეგიონული ასოციაცია აშშ-ში); განათლების კვლევის ეროვნული ფონდი (დიდი ბრიტანეთი) (National FOundation for Educational Research); განათლებაში კვლევის შოტლანდიური ცენტრი (Scottish Council for Research in Education); ვაშინგტონის განათლების კვლევის ასოციაცია (აშშ) (Washington Educational Research Association).       ჟურნალების უმეტესობას სტატიების აბსტრაქტებზე უფასო “ონლაინ” წვდომა აქვს, თუმცა მთლიანი სტატიის ნახვა მხოლოდ გამოწერით არის შესაძლებელი.       სამაგისტრო ნაშრომებისთვის გამოდგება Aslib Index to Theses და Networked Digital Library of Theses, ხოლო დისერტაციების მოძიება შეიძლება theses.org-ზე. ზოგიერთი ძირითადი სამთავრობო ვებგვერდიც გვთავაზობს უფასო საინფორმაციო მომსახურებას (მაგალითად, Ofted).       მკვლევრებისთვის, რომლებმაც არ იციან ვებგვერდების მისამართები, ხელმისაწვდომია სხვადასხვა საძიებო სისტემა. ამ სისტემებით მათ კონკრეტული ვებგვერდების მოძიება შეუძლიათ. დღეისათვის ყველაზე ფართო გამოიყენება შემდეგი საძიებო სისტემები: Google; MsN Search; AOL Search; Netscape Navigator; Fast Search; Internet Explorer; Alta Vista; Direct Hit; Excite; Ask Jeeves; Lycos; Go To; Yahoo; Hotbot; Northern Light; Metacrawler;       კიდევ ბევრი სხვა ასეთი ვებგვერდი არსებობს. ყველა ამ საძიებო სისტემაში მკვლევარს “სიტყვა-გასაღებებით” შეუძლია ძებნა. ზოგიერთი მათგანი პარალელური საძიებო სისტემაა (რომელიც სხვა საძიებო სისტემებს ეძებს), ზოგიერთი კი - “ფაილების” საძიებელია (რომელიც მთელ მსოფლიოში ეძებს “ფაილებს”).       კვლევის შესახებ ინფორმაციის პოვნა, იქნება ეს მონაცემთა ბაზებიდან თუ დისკებზე მოცემული ინდექსებიდან, ერთი ან რამდენიმე “სიტყვა-გასაღების” კომბინაციის (ორმაგ ფრჩხილებში ჩასმული სიტყვების) გამოყენებით, ხშირად, ინტერნეტით ცდისა და შეცდომის მეთოდით ხდება. ვებგვერდების „ჩანიშვნის“ (“bookmarking”) სისტემა მომავალში ამ გვერდების სწრაფად მიწვდომის საშუალებას იძლევა. ეს, ალბათ, მნიშვნელოვანია, რადგან ზოგიერთი ინტერნეტკავშირი ნელია, ხოლო ვებგვერდებზე განთავზებული მასალის დიდი ნაწილი, საუკეთესო შემთხვევაში - უსარგებლოა! ვებგვერდების შეფასება       იმისათვის, რომ განათლების სფეროში კვლევისთვის ინტერნეტი გამოვიყენოთ, საჭიროა ვიცოდეთ ვებგვერდების შეფასება. ინტერნეტი არაორგანიზებული და, ძირითადად, გადაუმოწმებელი მასალის უზარმაზარი საწყობია და მკვლევრებს საკმაოდ სწრაფად უნდა შეეძლოთ იმის დადგენა, თუ რამდენად გამოსადეგია ვებგვერდიდან აღებული მასალა. ვებგვერდების შეფასების რამდენიმე კრიტერიუმი არსებობს, მათ შორის (მაგალითად, Tweddle et al. 1998; Rodrigues and Rodrigues, 2000): ვებგვერდის მიზანი, რაც მომხმარებელს მისი რელევანტურობისა და შესატყვისობის დადგენის საშუალებას მისცემს; მასალის ოფიციალურობა და აუთენტურობა, რაც ნიშნავს, რომ ოფიციალური უნდა იყოს და უნდა სახელდებოდეს წყარო, საიდანაც მიღებულია ეს მასალა; მასალის შინაარსი - სიახლე, შესატყვისობა და დაფარვის სფერო; მასალის დამაჯერებლობა, სანდოობა და ლეგიტიმურობა (მაგალითად, აღიარებული წყაროდან ან ინსტიტუტიდან არის თუ არა); მასალის სისწორე, სიზუსტე, სისრულე და კეთილსინდისიერება; წარმოდგენილი და/ან განხილული მასალის ობიექტურობა და სიზუსტე.       განათლების სფეროში კვლევის ვებგვერდზე წარმოდგენილი მასალების შეფასებისას მკვლევრებსა და მასწავლებლებს რამდენიმე კითხვის დასმა შეუძლიათ (Hartley et al. 1997): დასახელებულია თუ არა ავტორი? ამბობს თუ არა ავტორი რაიმეს მოცემულ სფეროში თავისი გამოცდილების/პროფესიონალიზმის შესახებ და ნათელია თუ არა მისი ინსტიტუციური სტატუსი? ავტორიტეტულია თუ არა დასახელებული ორგანიზაცია? არის თუ არა მასალებში მითითებული გამოყენებული ლიტერატურა. ამბობს თუ არა ავტორი, როგორ მოაგროვა მასალა? რა მიზნით შეიქმნა ეს ვებგვერდი? რას აკეთებს (მაგალითად, ინფორმაციის მიწოდება, დარწმუნება)? ახალია თუ არა მასალა? რამდენად თავისუფალია მოცემული მასალა ტენდენციურობისგან, პირადი მოსაზრებებისგან და შეურაცხყოფებისგან? საიდან ვიცით, რომ ავტორი აუთენტურია ამ ვებ გვერდზე?       მნიშვნელოვანია, რომ მკვლევარმა შეინახოს ვებგვერდებიდან აღებული მასალების სრული ბიბლიოგრაფია, მასალის აღების თარიღისა და ვებგვერდის მისამართის ჩათვლით. კომპიუტერული სიმულაციები       კომპიუტერულ სიმულაციებსა და ვირტუალურ ტექნოლოგიას მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს განათლების სფეროში კვლევის წარმოებაში. სიმულაციებს ორი მთავარი კომპონენტი აქვს: სისტემა, რომელიც აინტერესებს მკვლევარს და მოდელირებასა და სიმულაციას ექვემდებარება; და ამ სისტემის მოდელი (ჭილცოხ 1997). სისტემა აერთიანებს ნებისმიერ ურთიერთდაკავშირებულ მახასიათებელს, ხოლო მოდელი, ანუ, სისტემის ანალოგი - ხშირად მათემატიკურია       უილოქსი (1997) სიმულაციის ორ ფორმას გამოჰყოფს: დეტერმინისტულ სიმულაციებში სისტემის კომპონენტებს შორის არსებული ყველა მათემატიკური და ლოგიკური მიმართება ცნობილი და ფიქსირებულია. სტოქასტურ სიმულაციებში, რომლის ძირითადი ტიპები, როგროც წესი, განათლების სფეროში წარმოებულ კვლევაში გამოიყენება, სულ მცირე, ერთი ცვლადი მაინც არის თავისუფალი. სიმულაცია რეალური სამყაროს მოდელია, რომელშიც შესაძლებელია კვლევაში მონაწილის შეყვანა და მანიპულირება. მოდელით შესაძლებელია თეორიის ოპერაციონალიზაცია, მისი კომპიუტერულ პროგრამად გარდაქმნა (იხილეთ Gilbert and Troitzsch 2005: 3) და ამით მისი დაშვებების ნათლად წარმოჩენა.       გილბერტს და ტროიცს (2005: 6) მიაჩნიათ, რომ კომპიუტერული სიმულაციების უპირველენი მიზანი აღმოჩენა, დასაბუთება და ექსპერიმენტია. უბრალოდ წინასწარმეტყველების გარდა, კომპიუტერული სიმულაციები იმის გაგებისა და ახსნის საშუალებასაც იძლევა, თუ როგორ მიმდინარეობს პროცესები, როგორ იშლება ისინი დროში და რა შედეგები მოჰყვება ამას. ეს აუფასურებს წინასწარმეტყველებას, როგორც თეორიის შემოწმების საშუალების ღირებულებას. ის ამტკიცებს, რომ თეორიის შემოწმება მისი ახსნითი და ჰერმენევტული სიმძლავრით უნდა მოხდეს და არა - მისი პრედიქტული ღირებულებით. სინამდვილეში, კომპიუტერული სიმულაციები თეორიების განვითარებისთვის უფრო შეიძლება გამოგვადგეს, ვიდრე - მათ შესამოწმებლად. კომპიუტერული სიმულაციები მკვლევარს ცვლადებისა და კომპონენტების კონტროლისა და მანიპულირების საშუალებას აძლევს და „თუ მაშინ“ ტიპის კითხვებზე პასუხების გასაცემად გამოდგება, მაგალითად, „რა მოხდება, თუ შევცვლი ამა თუ იმ პარამეტრს?“; „რა მოხდება, თუ შევცვლი გარემოს ასეთსა და ასეთ მახასიათებელს?“; სიმულაციაში ერთვება რელევანტური ელემენტები და შემდეგ, ამ ელემენტებით მანიპულირებენ - ცვლიან პარამეტრებს და ნახულობენ, რა მოხდება და შედეგად რა მიიღება.       კომპიუტერით ისეთი მოცულობის მონაცემებთან შეიძლება ძალიან სწრაფად გამკლავება, რომელთა დასამუშავებლადაც ადამიანს კომპიუტერის გარეშე წლები დასჭირდებოდა. მათემატიკურ მოდელირებაზე აგებული სიმულაციები (მაგალითად, ერთი და იგივე ფორმულის მრავალჯერ გამეორებას) მკვლევარს ქცევებისა და სისტემების იმიტირების საშუალებას აძლევს, ასევე, ეხმარება გაარკვიოს, რა მოხდება, თუ სისტემა გარკვეული დროის განმავლობაში იმუშავებს, ან ერთი და იგივე მათემატიკური გამოთვლები კიდევ და კიდევ მეორდება, როდესაც წინა გამოთვლით მიღებული მონაცემები იგივე ფორმულაში ბრუნდება და შემდეგი გამოთვლის საფუძველი ხდება. ჰოპკინსი და მისი კოლეგები (1996: 159 – 62) ასეთი შემთხვევის მაგალითად ცენტრალურ ზღვარით თეორემას (განხილულია მეოთხე თავში) ასახელებენ. აქ გამოთვლის ფორმულა 10,000-ჯერ მეორდება. ასეთი მოდელირება ქაოსისა და სირთულის თეორიებში იღებს სათავეს.       ლაპლასისთვის და ნიუტონისთვის სამყარო რაციონალური, დეტერმინისტული და საათივით აწყობილი იყო; ეფექტები მიზეზების ფუნქციას წარმოადგენდა, მცირე მიზეზები (მინიმალური საწყისი პირობები) მცირე (მინიმალურ და პროგნოზირებად) ეფექტებს ქმნიდა, ხოლო დიდი მიზეზები (მრავალმდგენელიანი საწყისი პირობები) - დიდ (მრავალმდგენელიან) ეფექტებს. პროგნოზირებადობა, მიზეზ-შედეგობრიობა, სქემატურობა, უნივერსალობა და „დიდი“ ყოვლისმომცველი თეორიები, სწორხაზოვნება, უწყვეტობა, სტაბილურობა, ობიექტურობა - ეს ყველაფერი სამყაროს, როგორც მოწესრიგებული და შინაგანად ჰარმონიული, თუმცა, რთული წონასწორობის მქონე მექანიზმის ხედვის მდგენელებს წარმოადგენს, რომელიც რაციონალური, დახურული და დეტერმინისტულია, ამავე დროს, მგრძნობიარეა შედარებით მარტივი მეცნიერული აღმოჩენებისა და კანონებისადმი. 1960-იანი წლებიდან ეს მოსაზრება სწრაფად დადგა ეჭვქვეშ, რამაც საფუძველი დაუდო ქაოსისა და სირთულის თეორიების წარმოქმნას. ამ თეორიებს რამდენიმე ძირითადი პრინციპი (მაგალითად, Gleick 1987; Morrison 1998; 2002a) ქვემოთ არის მოცემული: საწყისი პირობების მცირე ცვლილებებმა შედეგების მასობრივი და არაპროგნოზირებადი ცვლილებები შეიძლება გამოიწვიოს (მაგალითად, კარიბის ზღვაში პეპლის ფრთის ფრთხიალმა ამერიკაში ქარიშხალი შეიძლება გამოიწვიოს); ძალიან მსგავს პირობებს ძალიან განსხვავებული შედეგების გამოწვევა შეუძლია (მაგალითად, მარტივი მათემატიკური ტოლობების გამოყენება: Stewart 1990); ელემენტებს შორის რეგულარობა, შეთანხმებულობა და წრფივი დამოკიდებულება მათ შორის არარეგულარობით, მრავალფეროვნებითა და არასწორხაზოვნებით ირღვევა; მაშინაც კი, თუ დიფერენციალური განტოლებები ძალიან მარტივია, სისტემის ქცევა, რომლის მოდელირებასაც ისინი ახდენენ, შეიძლება არ იყოს მარტივი; ეფექტები მიზეზების წრფივი, უწყვეტი ფუნქცია არაა; სამყარო მეტწილად არაპროგნოზირებადია; თუ რაღაც ერთხელ გამოვიდა, ეს არ იძლევა გარანტიას, რომ ეს რაღაც მეორე ჯერზეც ზუსტად ისე გამოვა; დეტერმინიზმს არადეტერმინიზმი ანაცვლებს. დეტერმინისტული, წრფივი და სტაბილური სისტემები ჩანაცვლებულია „დინამიკური“, ცვალებადი, განვითარებადი სისტემებით და ფენომენების არასწორხაზოვანი ახსნებით; უწყვეტობა ჩანაცვლებულია დისკრეტულობით, ტურბულენტობითა და შეუქცევადი ტრანსფორმაციით; დიდი, ზოგადი და ყოველისმომცველი თეორიები და ფართომასშტაბიანი ახსნები სათანადოდ ვერ ხსნიან ლოკალურ და კონკრეტულ ფენომენებს; შეუძლებელია გრძელვადიანი პროგნოზების გაკეთება.       ქაოსის უფრო გვიანდელი თეორიები სირთულის თეორიამდე განივრცო (Waldrop 1992; Lewin 1993) ისეთი სისტემების ანალიზისას, რომლებშიც ერთი დონის მდგენელები მეორე დონის მდგენელების საშენ მასალას წარმოადგენენ. რთული სისტემა მოიცავს დამოუკიდებელ ელემენტებს, რომლებიც, თავის მხრივ, რთული სისტემებისგან შეიძლება შედგებოდეს. ეს ურთიერთქმედებს და სისტემაში, როგორც ერთ მთლიანში, მრავალფეროვან ქცევას წარმოქმნის. წესრიგი არ არის სრულიად წინასწარ განსაზღვრული და ფიქსირებული; სამყარო (ნებისმიერად განსაზღვრული) შემოქმედებითი, ფორმირებადი (გამეორებით, სწავლით, უკუკავშირით, რეკურსიულობითა და თვითორგანიზებით), განვითრებადი და ცვალებადი, ტრანსფორმირებადი და ტურბულენტურია. წესრიგი წარმოიქმნება რთულ სისტემებში, რომლებიც ურთიერთმოქმედი ორგანიზმებისთვის მარტივ წესებზეა (სავარაუდოდ, ფორმულებით) აგებული (Kauffman 1995: 24).       უკუკავშირის, ციკლური გამეორების, მღელვარების, თვითკატალიზის, დაკავშირებულობისა და თვითორგანიზაციის მეშვეობით, ხდება სირთულის უფრო მაღალი და რთული დონეების გამოდიფერენცირება. ნაკლებად რთული და არსებული დონეებიდან ახალი ფორმები წარმოიქმნება. ეს რთული ფორმები, ხშირად, შედარებით მარტივი წესებიდან მომდინარეობს - კერძო წესები და ქცევები უფრო რთულ გლობარულ წესრიგსა და მრავალფეროვნებას ქმნიან (Waldrop 1992: 16 – 17; Lewin 1993: 38). დინამიკური სისტემები (Peak and Frame 1994: 122) საწყისი პირობების და, ხშირად, მარტივი წესების ცვლილების პროდუქტია. არსებობს წარმოქმნის რიგის კანონები და არ არის აუცილებელი, რომ რთულ ქცევებსა და სისტემებს რთული საფუძვლები ჰქონდეთ (Waldrop 1992: 270). მნიშვნელოვანია, რომ ამ მარტივი წესებით შესაძლებელი იყოს ქცევისა და სისტემების კომპიუტერულ სიმულაციებში მოდელირება.       მნიშვნელოვანია, აღინიშნოს, რომ კომპიუტერული სიმულაციების საფუძველი სირთულის თეორიაში დევს. ეს პასუხობს მათდამი წაყენებულ ბრალდებას, რომ ისინი ზედმეტად ამარტივებენ რეალურ სამყაროს. სირთულის თეორია ამტკიცებს, რომ მრავალი თვალსაზრისით, რეალური სამყარო მართალია რთულია, მაგრამ შედარებით მარტივ წესებზეა აგებული, რომელიც ქმნის ასეთ სირთულეს (ასევე იხილეთ Gillbert and Troitzsch 2005: 10).       სიმულაციები ათწლეულების მანძილზე გამოიყენებოდა საბუნებისმეტყველო მეცნიერებებსა და ეკონომიკაში წინასწარმეტყველებისთვის. მაგალითად, ლევინი (1993) და ვალდროპი (1992) სახეობებისა და მათი ქცევის აღმასვლებისა და დაცემების კვლევაში აჩვენებენ, თუ როგორ უდებს სათავეს უსაზღვროდ მრავალფეროვან შედეგებს (მაგალითად, სახეობებს, ქცევას) მარტივი ფორმულების უწყვეტი გამეორება - განმეორებადი გამოთვლები, რომელიც შეზღუდული რაოდენობის ცვლადების (საწყისი პირობების) გამეორებას ასახავს, სადაც გამოთვლების ერთი ციკლის შედეგები იგივე ფორმულით მეორე ციკლის გამოთვლებში გამოიყენება და ა. შ. (ანუ, უწყვეტ უკუკავშირზე აიგება); და ეს არ ექვემდებარება მარტივ წინასწარმეტყველებას ან მარტივ მიზეზ-შედეგობრივ მიმართებას. ვალდროპს (1992: 241 – 2) ამისი საინტერესო მაგალითი მოაქვს ადრეული კომპიუტერული სიმულაციის პროგრამა Boids-დან: მის მათემატიკურ ფორმულაში მხოლოდ სამი საწყისი პირობაა ჩადებული, რომელიც ფრინველთა გუნდის ფრენის სურათის სრული რეალური მრავალფეროვნების დაჭერას ახერხებს. ეს პირობებია: პირველი - ფრინველები ცდილობენ, რომ სხვა ობიექტებთან (სხვა ფრინველების ჩათვლით) მინიმალური მანძილი შეინარჩუნონ; მეორე - ფრინველები ცდილობენ, რომ იგივე სიჩქარით იფრინონ, რომლითაც სხვები მიფრინავენ; მესამე - თითოეული ფრინველი ცდილობს, გუნდის ცენტრისკენ გადაინაცვლოს.       სიმულაციების ზოგიერთი ძირითადი მახასიათებელი ქვემოთ არის მოცემული: კომპიუტერით შესაძლებელია სისტემის ქცევისა და მისი ძირითადი ნიშნების მოდელირება და იმიტირება; კომპიუტერის გამოყენება შეიძლება დაგვეხმაროს სხვადასხვა სიმულირებულ, იმიტირებულ გარემო პირობებში სიმულაციის შემოწმების გზით (მაგალითად, მკვლევარს საშუალება აქვს, ნახოს „რა მოხდება, თუ...“ სისტემას შეეძლება თუ არა მოვლენის მსვლელობის გათამაშება ან თუ ცვლადებით მანიპულირებენ, ანუ, შესაძლებელია წინასწარმეტყველება) იმ სისტემაში გავერკვეთ, რომლის იმიტირებასაც ვახდენთ; რეალობის ძირითადი მახასიათებლების მოდელირება და ინტერპრეტირება - გამოსახვა და გადამუშავება მათემატიკური ფორმულით ხდება და არა - რეალობის წვრილი ელემენტების ჩაჭერითა და მანიპულირებით; დაშვებულია, რომ მათემატიკური მიმართებები დეტერმინისტულად მეორდება გაკონტროლებულ, შეზღუდულ და მკაფიოდ განსაზღვრულ სიტუაციებში და ზოგ შემთხვევაში დასაბამს აძლევს, წინსწარ განუჭვრეტელ, ფორმირებად და მოულოდნელ, ფართომასშტაბიან შედეგებს (Tymms 1996: 124); უკუკავშირი და უწყეტი გამეორება ფენომენებისა და ქცევების წარმოქმნის გასაგებად მისაღები პროცედურებია; რთული და დიდმასშტაბიანი ფენომენები და ქცევები საწყისი პირობების/ცვლადების განმეორებადი ურთიერთქმედებიდან მომდინარეობს; დეტერმინისტულ კანონებს (ფორმულის განმეორებად გამოთვლას) არაპროგნოზირებად შედეგებამდე მივყავართ.       ამ მიდგომას განათლების სფეროს შეუძლია შესთავაზოს ის, რომ სკოლები და კლასები - რთული, არასწორხაზოვანი და დინამიკური სისტემები - მარტივი მათემატიკური მოდელირებით შეიძლება გავიგოთ. ეს მხოლოდ ანალოგიის დონეზე შეიძლება იყოს (იხილეთ Morrison 2002a), მაგრამ, როგორც ტიმსი (1996: 130) შენიშნავს, თუ ანალოგია რეალობას ერგება, მაშინ მკვლევრებს ასეთი სირთული გაგების მძლავრი იარაღი აქვთ ძირითადი ცვლადების ან საწყისი პირობების და მარტივი წესების ნაკრების ურთიერთქმედების სახით. გარდა ამისა, თუ შესაძლებელია ასეთი საწყისი პირობების ან ძირითადი ცვლადების კონსტრუქტული ვალიდობის ჩვენება, მაშინ მკვლევრებმა იმის წინასწარმეტყველებაც შეიძლება მოახერხონ, რაც დროთა განმავლობაში მოხდება.       სიმულაციების სამი უახლესი გამოყენება საგანმანათლებლო ცვლილების სფეროს (Ridgway 1998), სკოლის ეფექტურობასა (Tymms 1996) და განათლების სისტემების გაგებას განეკუთვნება. პირველ შემთხვევაში რიჯვეი (1998) ამტკიცებს, რომ ცვლილების პროცესის სირთულე საუკეთესოდ შეიძლება იქნას გაგებული, როგორც რთული, წარმოშობადი სისტემა (ასევე იხილეთ Fullan 1999).       მეორე შემთხვევაში ტიმსი (1996) წრფივი (შესავალი და გასავალი) ან მრავალდონიანი მოდელირების შეზღუდვებზე მიუთითებს, როდესაც საქმე იმის გაგებასა და ახსნას შეეხება, თუ რატომ არის სკოლები ეფექტური, ან რატომაა ასეთი დიდი ცვალებადობა სკოლებში და სკოლებს შორის. ასეთი მრავალფეროვნებისა და ცვლადებადობის ახსნისას, ის უპირატესობას მათემატიკურ მოდელირებაზე აგებულ სიმულაციებს ანიჭებს. როგორც ამტკიცებს თავის პროვოკაციულ განცხადებაში: „სამყარო იმდენად რთულია, რომ შეუძლებელია მისი სიტყვებით გადმოცემა“ (Tymms 1996: 131) (ანალოგიურად, თვისებრივი მკვლევრებისთვის სამყარო შეიძლება იმდენად რთული იყოს, რომ შეუძლებელი იყოს მისი რიცხვებით გადმოცემა!). ტიმსი სკოლის ეფექტურობის კვლევის შეზღუდვებზე მიუთითებს, რომელიც წრფივ, მაგრამ დახვეწილ, წანამძღვრებს ეფუძნება. იგი სკოლის ეფექტურობის კვლევების დიდ ნაწილს ცივ წყალს ახსამს და ამტკიცებს, რომ: სიმულაციის მოდელების მიხედვით, შესაძლებელი რომც ყოფილიყო, რომ ზუსტად ერთსა და იმავე კლასს ორი წლის მანძილზე, ერთი და იმავე საკლასო ოთახში იგივე მასწავლებელი ჰყოლოდა, და ის ორი წელი კიდევ მეორეჯერ ეცხოვრათ, შედეგები მაინც ვერ იქნებოდა იგივე. (Tymms 1996: 132 – 3)       მას თითქმის არ უკვირს, რომ სკოლის ეფექტურობის კვლევამ ვერ ახსნა სკოლებს შორის ცვალებადობა, ვინაიდან ასეთი კვლევა მცდარ პრინციპებს ემყარება. იგი ამტკიცებს, რომ ასეთი განსვლა ძირითადი - საერთო - ცვლადების ურთიერთქმედების ბუნებრივი შედეგია.       მესამე მაგალითში გილბერტი და ტროიცი (2005: 117 – 23) გერმანიის სკოლებში და სკოლის მასწავლებლებში ომისშემდგომი გენდერული დესეგრეგაციის კვლევას განიხილავენ. მოდელში, რომელიც იყენებს პროგრამას MIMOSE, სამი ტიპის 150 სკოლის 4,500 მასწავლებელი გამოიყენეს. მასში კომპიუტერული მოდელი ახლოს იყო რეალური ცხოვრების სიტუაციასთან - მოხდა სიმულაციის ვალიდაცია. ეს მოდული მხოლოდ სამ დაშვებაზეა აგებული: პირველი - ყველა მასწავლებელს, რომელიც ტოვებს სამსახურს, ერთნაირი ალბათობით/შესაძლებლობით შეიძლება ჩაანაცვლონ მამაკაცებმა და ქალებმა (გვ.117); მეორე - მამაკაცები ერთ სამუშაო ადგილზე ორჯერ უფრო დიდხანს რჩებიან, ვიდრე ქალები; მესამე - ახალი ქალი მასწავლებლები ცალკეულ სკოლაში იმ მოცემული ალბათობით იკავებენ თანამდებობას, რომელიც ამ სკოლაში ქალი მასწავლებლების წილის მიხედვით იცვლება.       ამ თავში არ განვიხილავთ კომპიუტერული სიმულაციების შექმნის ეტაპებს (მაგალითად, კითხვის იდენტიფიცირება, მოდელირების სამიზნის დადგენა, პარამეტრებისა და ძირითადი ნიშნების დასადგენად წინასწარი დაკვირვებების წარმოება, სიმულაციის საყრდენად ასაღები დაშვებების ფორმულირება, სიმულაციის მუშაობის შემოწმება, სიმულაციის ვალიდაცია (რამდენად თანხვდება ის რეალური სამყაროს იმ სიტუაციას, რომლის მოდელირებასაც ახდენს) და იმის ანალიზი, თუ რამდენად მგრძნობიარედ რეაგირებს სიმულაცია საწყისი პირობებისა და პარამეტრების ცვლილებაზე (Gillbert and Troitzsch 2005: 18 – 19). არც სხვადასხვა სახის სიმულაციებს განვიხილავთ (მაგალითად, სისტემის დინამიკა, მიკროსიმულაცია, მოდელების მიმდევრობა, მრავალდონიანი მოდელები, უჯრედული ავტომატები, მრავალ-აგენტიანი მოდელები, სწავლის მოდელები). კომპიუტერული სიმულაციებისა და მათი სხვადასხვა ტიპების შესახებ უფრო სრული განხილვისთვის მიმართეთ Gillbert and Troitzsch (2005). კომპიუტერული სიმულაციების დადებითი და უარყოფითი მხარეები       ბეილი (1994: 322 – 4) სიმულაციების შემდეგ დადებითი მხარეებზე მიგვითითებს: ეკონომია: უფრო იაფია, ვიდრე რეალური ცხოვრების სიტუაციები; თვალსაჩინოება: მათ შეუძლიათ ფენომენი უფრო გასაგები გახადონ მკვლევრისათვის; კონტროლი: მკვლევარი სიმულაციას უფრო მეტად აკონტროლებს, ვიდრე რეალური ცხოვრების სიტუაციას; უსაფრთხოება: მკვლევრებს შეუძლიათ ისეთ სიტუაციებთან მუშაობა, რომლებიც ძალზე სახიფათო, მგრძნობიარე, ეთიკურად საჭოჭმანო ან რთული იქნებოდა რეალური ცხოვრების ბუნებრივ სიტუაციებში.       კომპიუტერული სიმულაციების კიდევ ერთი მძლავრი მახასიათებელი ისაა, რომ მკვლევრებს მომავლის წინასწარმეტყველების საშუალებას აძლევს (მაგალითად, ეკონომიკურ პროგნოზებში); ამასთან ის ფენომენის გაგებისა და შესწავლის შესაძლებლობასაც ქმნის. სიმულაციებით შეიძლება ჩანაცვლდეს ადამიანების გამოცდილება, ექსპერტული ცოდნა და ხანდახან არაპროფესიონალებსაც შეუძლიათ ისეთი კვლევის ჩატარება, რომელიც კომპიუტერების კველვაში შემოტანამდე მხოლოდ და მხოლოდ ექსპერტების საქმე იქნებოდა: გილბერტსა და ტროიცს (2005: 5) გეოლოგების, ქიმიკოსებისა და ექიმების მაგალითები მოაქვთ. ავტორები იმასაც ამბობენ, რომ კომპიუტერული სიმულაციები წვრთნის (მაგალითად, პილოტების) და, ფაქტიურად, გართობის მიზნებისთვისაც გამოდგება. თუმცა ისინი (2005: 5) ხაზგასმით აღნიშნავენ კომპიუტერული სიმულაციების უპირველეს მნიშვნელობას თეორიის აღმოჩენისა და ფორმალიზებისთვის (თეორიის ნათლად მოცემულობა, თანმიმდევრულობა, ოპერაციონალიზაცია, ელემენტების ჩართულობა და კომპეტენტურობა).       მეორე მხრივ, ბეილი (1994: 324 – 5) კომპიუტერული სიმულაციების მიმართ რამდენიმე შენიშვნას გამოთქვამს: ხელოვნურობა: ის ბაძავს ცხოვრებას და არ არის რეალური ცხოვრება; ღირებულება: მაგალითად, კომპიუტერული სიმულაციების შეძენა; მონაწილეების ტრენინგი: ბევრი კომპიუტერული სიმულაცია მნიშვნელოვან ტრენინგს საჭიროებს; რაოდენობრივი პრობლემები: პროგრამული უზრუნველყოფა და არა მხოლოდ თავად კომპიუტერული სიმულაცია შეიძლება პროგრამირების სპეციალისტს საჭიროებდეს.       კომპიუტერული სიმულაციების შესახებ რამდენიმე პრობლემური მომენტი და კრიტიკა არსებობს. იმ ბრალდების საპასუხოდ, რომ ისინი სამყაროს ხელოვნური რეპრეზენტაცია და აბსურდამდე დაყვანაა, შეიძლება ითქვას, რომ მკვლევრები, თეორეტიკოსების მსგავსად, რეალობის საუკეთესო ასლის აგებას ცდილობენ, რათა უფრო ამომწურავად ახსნან ის და რაც უფრო მეტად უახლოვდება ანალოგია - სიმულაცია - რეალურ სამყაროს, მით უკეთესი (Tymms 1996: 130). ეს კამათი სიმულაციის დახვეწას შეეხება და არა - მის უარყოფას. აბსტაქციის ასაგებად მხოლოდ ძირითადი ელემენტების ცოდნა გვესაჭიროება; ჩვენ არ გვჭირდება ყველა დაწვრილმანებული დეტალი.       ბრალდებებს, რომ კომპიუტერული სიმულაცია არაფრით სჯობია იმ დაშვებებს, რომელზეც ის აიგება და კომპიუტერი მხოლოდ იმას გააკეთებს, რის გასაკეთებლადაც დააპროგრამებენ (ადამიანის მოქმედებისა და თავისუფლების წილი უმნიშვნელოა), შეგვიძლია ასე ვუპასუხოთ: სიმულაციებს ისეთი ქცევების გამოვლენა შეუძლია, რომლებიც სოციალური აქტორების „ზურგს უკან ხორციელდება“ - ესაა სოციალური ფაქტები (Durkheim 1956) და პატერნები; სიმულაციებს შეუძლია, გვითხრან ის, რაც არ ვიცით (Simon 1996) - ჩვენ შეიძლება ვიცოდეთ წანამძღვრები და საწყისი პირობები, მაგრამ არ ვიცოდეთ საით შეიძლება მივყავდეთ მათ და რას მოიაზრებენ; ჩვენ არ გვჭირდება სისტემის მუშაობის ყველა ნიუანსის ცოდნა, საკმარისია მხოლოდ იმ ნაწილებისა, რომლებსაც მოდელისთვის არსებითი მნიშვნელობა აქვთ.       სიმულაციების შესახებ სხვა შენიშვნებიც შეიძლება გამოითქვას, მაგალითად: სირთულის და ქაოსის თეორია, რომელიც საფუძვლად უდევს ბევრ მათემატიკურ სიმულაციას, შეიძლება ხსნიდეს მრავალფეროვან, ცვალებად შედეგებს (როგორც ეს სკოლის ეფექტურობის კვლევაში ვნახეთ), მაგრამ რა სახის ჩარევებს სთავაზობენ პრაქტიკოსებს, თუნდაც, სკოლებში გაუმჯობესების მისაღწევად - აქ ახსნა რეტროსპექციულია და არა - პროსპექტული (Morrison 2002a). ეს კრიტიკული შენიშვნა იმთავითვე მოიხსნება, თუ მკვლევარი ახერხებს ცვლადების პარამეტრების მანიპულირებას და იმის დანახვას, თუ რა მოხდება ამის შედეგად; როგორ ადგენს მკვლევარი სიმულაციის ასაგებად საჭირო ძირითად საწყის პარამეტრებს (კონსტრუქტის ვალიდობა) და აქედან დაწყებულ სიმულაციებს როგორ მივყავართ პრაქტიკულ რეკომენდაციებამდე? რამდენად მისაღებია, რომ სისტემა ერთი და იგივე ფორმულის/მოდელის მრავალჯერად გამეორებად აღიქმება? ქაოტური სირთულის (მეცნიერული გაგებით) შესწავლისას, როგორ ახერხებს მკვლევარი უკუპროცესით იმუშაოს და იმ პირველ პრინციპებს, ელემენტებს ან საწყის პირობებს მიაგნოს, რომლებიც მნიშვნელოვანია - რთული შედეგი შეიძლება სრულიად განსხვავებული, სულ სხვა საწყისი პირობების ურთიერთქმედების შედეგი იყოს. ეს სკინერის ბიჰევიორიზმის ჩომსკისეულ (1959) გამანადგურებელ კრიტიკას ჰგავს - ქცევაზე დაკვირვებაზე დაყრდნობით შეუძლებელია კონკრეტული სტიმულის შესახებ დასკვნის გაკეთება, ჩვენ არ შეგვიძლია დაკვირვებიდან ან ნავარაუდევი ეფექტიდან მიზეზზე დასკვნის გაკეთება; სიმულაციები მხოლოდ საწყისი პირობების ურთიერთქმედებას ამუშავებენ და უშვებენ და ამით უგულებელყოფენ „გზაზე“ დამატებითი ფაქტორების გამოჩენას, ანუ, პროცესი ძალზე დეტერმინისტულია (და მაინც, არსებობს კომპიუტერული სიმულაციები, რომლებშიც კომპიუტერი „სწავლობს“ სიმულაციის პროცესში); ყოველივე ზემოთქმულიდან მხოლოდ ის ითქვა საღი აზრის დონეზე, რომ ადამიანების ურთიერთქმედება არაპროგნოზირებულ და არაპროგნოზირებად ქცევას წარმოქმნის. მას ძალზე მიმზიდველს ისიც ხდის, რომ ის მოქმედების აპოლოგეტია; დაგეგმილმა ჩარევებმა თავიდან შეიძლება იმუშაოს, მაგრამ საბოლოო ჯამში - არა (სავარაუდოდ, ჰოთორნის ეფექტის გამეორება); ჩვენ მხოლოდ იმის წინასწარმეტყველება შეგვიძლია, რომ არ შეგვიძლია წინასწარმეტყველება; ადამიანური ცვლადებით მანიპულირება ტექნიკის საქმეა; ქცევა უფრო მეტია, ვიდრე ერთი და იგივე მათემატიკური მოდელის მრავალჯერადი გამეორება; ყოველთვის უზარმაზარი განსხვავება იქნება რეალურ და სიმულაციით მიღებულ სამყაროებს შორის, იმ შემთხვევის გარდა, როდესაც ისინი არაფრისმომცემ მარტივ დონეზე განიხილებიან; ადამიანების, როგორც აგენტების მორალური და გააზრებული ქცევა არ არის ისეთი მარტივი, როგორც სიცოცხლის სხვა ფორმების ინსტინქტური ქცევა, უსულო ფენომენები, რასაც კომპიუტერულ სიმულაციებში სწავლობენ (მაგალითად, შესაბამისად, ფრინველები და მწერები, ქვიშის გროვები); სხვა რაოდენობრივი მიდგომების მსგავსად, სიმულაციებში შეიძლება კომბინირებული იყოს პროცესის დახვეწა და დაუმუშავებელი ცნებები (Ruddock 1981: 49); თუ რეალობა მოთამაშეთა „ზურგს უკან მუშაობს“, მაშინ სად ძევს ქმედებებზე პასუხისმგებლობა? როგორ მოქმედებს თავისუფალი ნება კომპიუტერულ სიმულაციებში? თუ კომპიუტერულ სიმულაციაში შესაძლებელია შემთხვევითი ელემენტის შეტანა, ეს ნიშნავს, რომ სიმულაცია რამდენჯერმე უნდა განხორციელდეს, რათა სხვადასხვა მნიშვნელობის პირობებში დადგინდეს სიმულაციის სიმყარე და ცვლილებისადმი მგრძნობელობა; სამყაროს რიცხვებზე დაყვანა, როგორი დახვეწილი და დამუშავებულიც არ უნდა იყოს, უბრალოდ მცდარია; სამყარო ძალიან რთულია რიცხვებისთვის.       ეს სერიოზული კრიტიკაა და იმაზე მიუთითებს, რომ კვლევის ამ სფეროში ბევრია გასაკეთებელი ლეგიტიმურობის მოსაპოვებლად. აგენტობის საკითხი მნიშვნელოვანია, რადგან შეიძლება ამტკიცონ, რომ კომპიუტერულ სიმულაციებში ის უფრო სუსტია, ვიდრე რეალურ ცხოვრებაში; თუმცა ვულდრიჯი და ჯენინგსი (ჭოოლდრიდგე ანდ ჟენნონგს 1995), მართალია, აღიარებენ ამას, მაგრამ თვლიან, რომ კომპიუტერულ სისტემაში მოქმედ აგენტებს ისეთი თანდაყოლილი მახასიათებლები აქვთ, როგორიცაა დამოუკიდებლობა, პროაქტიულობა, რეაქტიულობა და სოციალური უნარი.       კრიტიკა არ უარყოფს კომპიუტერულ სიმულაციებს. პირიქით, მის განვითარებისა და წინსვლისკენ ისწრაფვის. კონცეპტუალურ და პრაქტიკულ დონეებზე გამოთქმული ეს შენიშნვნები სიმულაციების საწინააღმდეგოდ კი არ არის მიმართული, არამედ - მათი განვითარებისა და დახვეწისკენ. მათგან ბევრს უნდა ველოდოთ და, განათლებისგან განსხვავებით, მეცნიერების სხვა სფეროებში უკვე საკმაო ღირებულებით სარგებლობენ. სირთულის თეორიისა და სიმულაციების შესახებ დაწვრილებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ შემდეგ ვებგვერდებს: santafe.edu (სანტა ფე ინსტიტუტის (Santa Fe Institute) ვებგვერდი - სირთულის თეორიის შემსწავლელი მთავრი ინსტიტუტი); brint.com (ვებგვერდი, რომელზეც მოცემულია სირთულის თეორიის შესახებ მასალების ინდექსი); complexity-society.com (დიდი ბრიტანეთის სირთულის თეორიის საზოგადოება); emergence.org (ჟურნალის Emergence: Complexity and Organization ვებგვერდი); jornal-ci.csse.monash.edu.au (ჟურნალის Complexity International ვეგ გვერდი); udel.edu (სირთულის თეორიის შესახებ ვებგვერდების ბმულები); answers.com (სირთულის თეორიის შესახებ ვებგვერდების ბმულები). დასკვნა       სიმულაციის მეთოდები მთელი რიგი ისეთი პრობლემების აღმოფხვრის საშუალებებს იძლევა, რომლებიც ლაბორატორიული ექსპერიმენების განუყოფელ ნაწილს წარმოადგენენ. ამასთანავე, ისინი ინარჩუნებენ მათ ზოგიერთ ღირსებას. როგორც პელისი (Pალყს 1978) შენიშნავს, სიმულაციებისა და ექსპერიმენტების საერთო მახასიათებელია, რომ ექსპერიმენტატორი სრულად აკონტროლებს მთლიანი სიტუაციის ყველა ასპექტს და მანიპულირებს. ამასთანავე, ცდის პირების ადამიანური ბუნება ხელუხლებელი რჩება იმ მხრივ, რომ ისინი რეალურ სიტუაციაში თავსდებიან, სადაც ისე იქცევიან, როგორც საჭიროდ თვლიან. დროის განზომილების ჩართვა სიმულაციის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი შენაძენია, რაც ცდის პირს გარემოსთან ურთიერთქმედებაში აქტიური როლის შესრულების საშუალებას აძლევს, ხოლო ექსპერიმენტატორს - სოციალური სისტემის მოქმედებაში დაკვირვების შესაძლებლობას, მისი უკუკავშირის ჯაჭვით, მრავალმიმართულებიანი მიზეზ-შედეგობრივი კავშირებითა და ა.შ. და ბოლოს, აღნიშნავს პელისი - ჩართულობის მაღალი ხარისხი, რაც, ჩვეულებრივ, სიმულაციებში მონაწილეობას უკავშირდება, აჩვენებს, რომ ლაბორატორიულ ექსპერიმენტთან ასოცირებული თვითცნობიერება გაცილებით იოლად იფლანგება. გეოგრაფიული საინფორმაციო სისტემები       მიუხედავად იმისა, რომ ეს არ არის ბოლომდე სიმულაცია, კომპიუტერულ გეოგრაფიულ საინფორმაციო სისტემებს უფრო და უფრო მეტად იყენებენ განათლების სფეროში წარმოებულ კვლევაში, მაგალითად, მოსწავლეების მოზიდვასა და სკოლის არჩევის პატერნების განხილვისას. განათლების პოლიტიკას ხშირად გეოგრაფიული მდგენელი და განზომილება აქვს, მაგალითად, დაფარვის არეალი, სკოლების დახურვა, თავისუფალი მიღება და სკოლის არჩევა, რესურსებისა და ფინანსური ხარჯების განაწილება, შეფასების ქულებისა და გამოცდების შედეგების განაწილება. გეოგრაფიული საინფორმაციო სისტემები კომპიუტერის ბაზაზე შექმნილი სისტემაა, რომელიც სივრცობრივი მონაცემების დაფიქსირებისთვის, შენახვისთვის, შემოწმებისთვის, ანალიზისა და წარმოდგენისთვის არის მოწოდებული; მასში გაერთიანებულია როგორც დიდი მოცულობის, ისე - მცირე ზომის და სხვადასხვა წყაროდან მიღებული სხვადასხვა ტიპის მონაცემები (Worrall 1990; Parsons et al. 1996; Gorard et al. 2002). ეს პოლიტიკური ინიციატივების მნიშვნელობისა და შედეგების გამოსავლენად გამოდგება, მაგალითად: „რა შედეგი მოიტანა მშობლების მიერ სკოლის დაფარვის არეალის თაობაზე გაკეთებულმა არჩევანმა?“; „როგორ ნაწილდება გამოცდის ქულები კონკრეტულ რეგიონში?“; „რამდენად ეფექტურია საშუალო სკოლების მომარაგება მოცემული პოპულაციისთვის?“; „როგორ შეიძლება გაუმჯობესდეს ტრანსპორტის მომსახურება, რომელსაც მოსწალეები სახლიდან სკოლაში და უკან დაჰყავს?“; „რა მიუთითებს კონკრეტულ ქალაქში ‚მიმზიდველი‘ და ‚წყალწაღებული‘ სკოლების წარმოქმნაზე?“; ამ მაგალითების მონაცემები წარმოდგენილია 10. 2 და 10. 3. ჩანართებში       ცხადია, რომ ასეთი მონაცემების პოლიტიკური სენსიტიურობა და მნიშვნელოვნება განუზომელია და გვიჩვენებს, თუ როგორ შეიძლება კვლევა უშუალოდ ჩაერთოს პოლიტიკასა და მის ეფექტებში. პარსონსი და მისი კოლეგები (1996) განათლების სფეროში კვლევის ამ მიმართულების მარტივ და სრულად რეფერირებულ შესავალს გვთავაზობენ. ისინი გვირჩევენ ისეთი შემთხვევების შესწავლას, როგორიცაა სკოლის დაფარვის არეალები და გამოცდაზე ნაჩენები შედეგები, სკოლის დაფარვის არეალების ხელახალი გადანაწილება და დაფარვაში გადაადგილებების პატერნები.       გეოგრაფიული საინფორმაციო სისტემების (GIS) შესახებ ინტერნეტში ინფორმაციის მოსაძიებლად შეგიძლიათ რამდენიმე ვებგვერდს გაეცნოთ, თუ საძიებო სისტემაში ჩაწერთ - „განათლების სფეროში კვლევა გეოგრაფიული საინფორმაციო სისტემები“ ან ქვემოთ ჩამოთვლილ ვებგვერდებს შემდეგ მისამართებზე ეწვიოთ: ჩანართი 10.2 გეოგრაფიული საინფორმაციო სისტემები საშუალო სკოლებში ჩანართი 10.3 სახლის საფოსტო კოდების განსაზღვრა გეოგრაფიული საინფორმაციო სისტემების გამოყენებით წყარო: LParsons et al. 1996 geo.ed.ac.uk (გეოგრაფიული საინფორმაციო სისტემების (GIS) World Wide Web რესურსების ჩამონათვალი); tec.army.mil (განათლებასთან დაკავშირებულ ბმულებსაც მოიცავს); census.gov (გეოგრაფიული საინფორმაციო სისტემების შესახებ რესურსები აშშ-ის მოსახლეობის აღწერის ბიუროდან); geo.uni.bonn.de (ევროპული ბმულების სერვერი); unr.edu (გეოგრაფიული საინფორმაციო სისტემების შესახებ რესურსები ინტერნეტში). ◄ წინა ნაწილი მომდევნო თავი ► …
დაამატა ლაშა to სოციოლოგია at 3:09pm on მაისი 17, 2017
  • 1
  • 2
  • 3
  • 4

Welcome to
Qwelly

რეგისტრაცია
ან შესვლა

ღონისძიებები

  • დაამატე ღონისძიება

ბლოგ პოსტები

ოსკარის 2026 წლის დაჯილდოება - გამარჯვებულები და ნომინირებულები

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: მარტი 16, 2026.
საათი: 11:30pm 0 კომენტარი 1 Like

ოსკარი 2026 სრული სია

      ისევ დამიგვიანდა! ეტყობა, მართლა დავბერდი და უკვე აღარც კი…

გაგრძელება

2026 Guide to the Best AI Voice Generation for Creators and Businesses

გამოაქვეყნა supprity_მ.
თარიღი: მარტი 13, 2026.
საათი: 6:30pm 0 კომენტარი 0 მოწონება

As we step further into 2026, the landscape of content creation is being transformed by AI-powered technologies. Among these innovations, voice generation stands out as one of the most impactful tools for creators, businesses, and educators.…

გაგრძელება

Gallium Market to Reach $860 million by 2033

გამოაქვეყნა Heden Brock_მ.
თარიღი: მარტი 9, 2026.
საათი: 10:00am 0 კომენტარი 0 მოწონება

According to our latest research, the Global Gallium market size was valued at $430 million in 2024 and is projected to reach $860 million by 2033, expanding at…

გაგრძელება

How Minidumperfactory Electric Garden Loader Manufacturer Adapts to Energy Trends

გამოაქვეყნა Minidumperfactory00_მ.
თარიღი: მარტი 2, 2026.
საათი: 6:30am 0 კომენტარი 0 მოწონება

Electric Garden Loader Manufacturerstrategies are increasingly centered on advanced battery systems as demand grows for efficient and low-emission landscaping equipment. Energy storage technology now plays a defining role in how electric compact…

გაგრძელება

How Can A Ball Valve Factory Enhance Long Term System Comfort And Stability

გამოაქვეყნა Naishi Valve_მ.
თარიღი: თებერვალი 9, 2026.
საათი: 9:30am 0 კომენტარი 0 მოწონება

Choosing a reliable partner often begins with understanding how a  shapes ideas into practical solutions. Behind every smooth operation, there is a place where attention, patience, and process quietly work together. Valves may seem ordinary at…

გაგრძელება

The Final Barrier Between the World and Ruin

გამოაქვეყნა Karmasaylor_მ.
თარიღი: იანვარი 22, 2026.
საათი: 10:30am 0 კომენტარი 1 Like

ARC Raiders Items takes place in a retro-futuristic science-fiction world where humanity has been pushed to the brink by an unrelenting mechanical force known as the ARC. These machines descend from orbit, tear apart settlements, and hunt…

გაგრძელება
  • დამატება დღიურში
  • ყველა

Qwelly World

free counters

© 2026   George.   • Ning - platform for social network creation and community website building

პანაღია  |  პრობლემის აღმოჩენისას!  |  Terms of Service

საუბრის დაწყება!