ძიება
  • რეგისტრაცია
  • შესვლა

Qwelly

ძიების შედეგები - სასულიერო

თემა: ეგზისტენციალური მიმდინარეობა
ინც, ჰუმანისტური მოძრაობის ფარგლებში, ეგზისტენციალური ფსიქოლოგიის სახით, ცალკე მიმართულება გამოიყოფა. როგორც ცნობილია, ეგზისტენციალიზმში თავად ადამიანის საკუთარი ხედვა, თვალსაზრისი ხდება საზოგადოდ მსოფლხედველობის ათვლის წერტილი. სამყაროს სურათი არ არის ადამიანის მიმართ ტრანსცენდენტური, თავისთავად არსებული და რაციონალურად შემეცნებადი მიზეზ-შედეგობრივი კავშირების რიგი ან ერთობლიობა. სამყაროს სურათი ისე უნდა დაიხატოს, როგორც ადამიანისთვის არის მოცემული; იგი ინდივიდუალური ცნობიერების შინაარსად არსებობის სამყაროა. პიროვნულ სამყაროს იმ ღირებულებებისა და საზრისების სტრუქტურა წარმოადგენს, რომელშიც ადამიანი არსებობს (ეხისტენტია-ლათინურად არსებობაა) და მოქმედებს. ყოველგვარი მოვლენა სამყაროში არსებობს იმდენად და იმდაგვარად, როგორც მას აცნობიერებს, აფასებს და ეპყრობა სუბიექტი.       ეგზისტენციალური აზროვნების წინამორბედებად ითვლება სორენ კირკეგორი, ედმუნდ ჰუსერლი და მარტინ ჰაიდეგერი, ხოლო საკუთრივ ეგზისტენციალისტ ფილოსოფოსებად - კარლ იასპერსი, ჟან-პოლ სარტრი, ალბერ კამიუ, გაბრიელ მარსელი, მორის მერლო-პონტი, ნიკოლა აბელიანო, მარტინ ბუბერი, პაულ ტილიხი, მიგელ დე უნამონო.       ადამიანზე ორიენტირებულმა ამ ფილოსოფიამ ღრმა კვალი დააჩნია ჰუმანისტური ფსიქოლოგიის წარმომადგენელთა მსოფლმხედველობას და პირდაპირი გავლენა მოახდინა ეგზისტენციალური ფსიქოლოგიის პრინციპებისა და თემების გააზრებაზე. ამ პრინციპებს შორის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია შემდეგი: 1) ყოველი ადამიანი განუმეორებელია; უნიკალურია როგორც მისი შინაგანი სამყარო, ასევე მის მიერ გარე სამყაროს აღქმა და შეფასება; უნიკალურია ადამიანის რეაგირებაც ამ სამყაროზე (იდეოგრაფიული პრინციპი); 2) ადამიანი, პიროვნება არ შეიძლება გაგებულ იქნას, როგორც მისი შემადგენელი ფუნქციებისა ან ელემენტების უბრალო ერთობლიობა. პიროვნების სუბიექტური, ფენომენალური სამყარო უნდა განიხილებოდეს მთლიანობითი და არა ფრაგმენტული თვალსაზრისით (ჰოლისტური პრინციპი). ეგზისტენციალური ფსიქოლოგიის საბოლოო მიზანია ადამიანის ცხოვრებაში იმ ძირითადი თემის, ტენდენციისა თუ ძალის პოვნა, რომელიც ერთგვარი გასაღები იქნება პიროვნების არსებობის უნიკალურობისა და მთლიანობის გასაგებად. რაც შეეხება ეგზისტენციალური ფსიქოლოგიის მთავარ თემებს, ესენია: ა) ცხოვრების საზრისი და უსაზრისობა, ბ) თავისუფლება, არჩევანი, პასუხისმგებლობა, გ) შფოთვა, შიში, აპათია, სასოწარკვეთა, ეჭვი, იმედი, რწმენა, დ) ადამიანური ურთიერთობები, მარტოობა, გაუცხოება, სიყვარული, ზრუნვა, ერთგულება.       ჰუმანისტური მოძრაობის (მესამე ძალის) წარმომადგენლებს ბევრი რამ იზიდავს ეგზისტენციალიზმში; პირველ რიგში ის, რომ ამ ფილოსოფიური სისტემის ყურადღების ცენტრში აღმოჩნდა ადამიანი მისი არსებობისთვის დამახასიათებელი ყველა პრობლემით და კონფლიქტით. ისინი დაკავშირებული არიან არსებობის ფინალობასთან, სიცოცხლის საზრისის უქონლობასთან ან დაკარგვასთან, ადამიანის თვითგამოხატვის შესაძლებლობათა შეუზღუდულობასთან და სხვა. ყოველივე ეს უკმაყოფილების, დაურწმუნებლობის, შფოთვის, ეგზისტენციალური შიშის, სასოწარკვეთილების და, შესაძლოა, ფსიქიკური აშლილობის წყარო ხდება. თავის ძირითად დანიშნულებას ეგზისტენციალური ფსიქოლოგია ამ ვითარების გამოსწორებაში, სხვა ადამიანის სუბიექტური სამყაროს სირთულეების მოხსნაში, მის ჰარმონიზაციაში ხედავს. ამიტომ გასაგებია, რომ ამ მიმდინარეობის წარმომადგენელთა აბსოლუტური უმრავლესობა ფსიქოთერაპევტებია, რომლებიც უფრო ინდივიდუალური ცნობიერების პრობლემების აღწერით და გაგებით არიან დაინტერესებული, ვიდრე ზოგადი კანონზომიერებებისა და კონცეფციების დადგენით. ამ სულისკვეთებით მუშაობენ მრავალრიცხოვანი ეგზისტენციალისტი ფსიქიატრები და ფსიქოთერაპევტები სხვადსხვა ქვეყანაში. მათი მოსაზრებები ფსიქოპათოლოგიური და ფსიქოთერაპიული პროცესების მიმართ ფრიად განსხვავებულია. ფსიქოთერაპია ამ შემთხვევაში იდეოგრაფიული კვლევის გზას წარმოადგენს. სწორედ ამას გულისხმობს რ. მეი, როცა აღნიშნავს, რომ ეგზისტენციალური ფსიქოლოგია ორიგინალური თეორიული სისტემა ან სკოლა კი არ არის, არამედ ერთგვარი დამოკიდებულება, პოზიცია თეორიის მიმართ.       ეგზისტენციალურ ფსიქოლოგიაში ორი მიმართულება გამოიყოფა - ევროპული და ამერიკული. ყველაზე ცნობილი ამერიკელი ეგზისტენციალისტი ფსიქოლოგი როლო მეი (1909-1994) თავიდანვე ფსიქოკონსულტაციაზე ან ფსიქოთერაპიაზე იყო ორიენტირებული. როგორც ჭეშმარიტი ეგზისტენციალისტი, მეი ადამიანად ყოფნის, არსებობის ცენტრალურ მომენტად მის თავისუფლებას მიიჩნევს. მაგრამ თავისუფლება ყოველთვის დაკავშირებულია პასუხისმგებლობასთან როგორც საზოგადოების, ისე, პირველ რიგში, საკუთარი თავის, თავისი ცხოვრებისა და ბედის მიმართ. ჯანმრთელ ადამიანებს არ ეშინიათ თვალი გაუსწორონ ცხოვრების პერსპექტივებს, აფასებენ და უფრთხილდებიან თავისუფლებას, პატიოსნები არიან საკუთარი თავის და სხვების წინაშე. ისინი აცნობიერებენ ცხოვრების სასრულობას, მაგრამ ყოფნით გამბედაობა იცხოვრონ სრულფასოვანი ცხოვრებით. არის ხალხი, რომლებსაც არ ძალუძთ ზიდონ თავისუფლების ტვირთი, აიღონ თავზე ვალდებულება საკუთარი ბედის წინაშე, თმობენ თავისუფლებას, გაურბიან არჩევანს, იმუშავებენ არაადეკვატურ თვითშეფასებას და უყალიბდებათ საკუთარი თავის უმნიშვნელობისა და სამყაროსაგან გაუცხოების განცდა.       მეი ეთანხმება ეგზისტენციალურ ფილოსოფიაში მიღებულ მოსაზრებას, რომ იზოლირებულობა, სხვებისაგან და საკუთარი თავისაგან გაუცხოება დამახასიათებელია ყველასთვის, ვინც დღევანდელ დასავლურ საზოგადოებაში ცხოვრობს. მიუხედავად ამისა, ადამიანები მეტ-ნაკლებად მწვავედ განიცდიან ამ მდგომარეობას. განსხვავებულია არა მარტო შესაბამისი განცდების ინტენსივობა, არამედ რომელობაც. ავტორი დიდ ყურადღებას უთმობს სხვადასხვა ეგზისტენციალური განცდების დახასიათებას, როგორც დადებითების (მზრუნველობა, სიყვარული), ისე უარყოფითების (სიკვდილის შიში, შფოთვა, დანაშაული, აპათია და სხვა).       ყველაზე დიდი გამოხმაურება მაინც მეის მიერ ჩატარებულ შფოთვის საფუძვლიან ანალიზს ხვდა. შფოთვა მეის მიხედვით არის „ადამიანის მიერ იმ ღირებულებებისადმი წარმოქმნილი საფრთხის გაცნობიერება, რომელთაც იგი მნიშვნელოვნად მიიჩნევს მისი, როგორც პიროვნების არსებობისთვის”. საფრთხე შეიძლება ემუქრებოდეს ადამიანის ფიზიკურ და ფსიქიკურ არსებობას (სიკვდილი და თავისუფლება) ან რაიმე სხვა ღირებულებას (სიყვარული, ურთიერთობა, პრესტიჟი და ა.შ.). მაგრამ მთავარი მნიშვნელობა ენიჭება არსებობის საზრისის დაკარგვას. განიხილება ორი სახის შფოთვა, ნორმალური და ნევროტული. ნორმალურ შფოთვას ვერავინ გაექცევა; იგი თან ახლავს ძველ ღირებულებათა უარყოფის ან გადახალისების პროცესს, რაც ყოველთვის დაკავშირებულია პიროვნების ზრდასთან და განვითარებასთან, ამდენად ეს ნორმალური მდგომარეობაა. თუ შფოთვა საფრთხის პროპორციულია, მასთან სავსებით შესაძლებელია გამკლავება ცნობიერების დონეზე. მაგრამ, თუ შფოთვა საფრთხის მიმართ პროპორციული არ არის, იგი ნევროტულ სახეს იძენს და მწვავე კონფლიქტის წყარო ხდება. მისი სათავეა რაიმე ღირებულებისთვის არაადეკვატურად დიდი მნიშვნელობის მინიჭება და დოგმის, კერპის რანგში აყვანა. ამ ღირებულებაზე უარის თქმამ შეიძლება არსებობის საზრისის დაკარგვის საფრთხე შექმნას და ნევროტული ბუნების ეგზისტენციალური შფოთვა გამოიწვიოს. ნევროზისკენ მივყავართ სიცარიელისა და აპათიის განცდასაც, რომელიც თან სდევს გაუცხოებას. სიცარიელე და აპათია აბრკოლებს აქტიურ ცხოვრებას, ჩნდება ნევროტული სიმპტომები, რომლებიც ავიწროებენ და ამახინჯებენ პიროვნების ფენომენოლოგიურ სამყაროს და თრგუნავენ შინაგანი თავისუფლების გრძნობას. შინაგნად არათავისუფალი ადამიანი თავის გარშემო იქმნის ისეთ რეალობას, სადაც მას არ ესაჭიროება არჩევანის გაკეთება, ვალდებულებების აღება. ნევროტული სიმპტომები თავისუფლების და, შესაბამისად, პასუხისმგებლობისაგან გაქცევის მიმნიშნებელია, იმის მაჩვენებელი, რომ ადამიანი არ იყენებს თავის შესაძლებლობებს. ფსიქოთერაპიის მიზანია, დაეხმაროს ადამიანებს თავისუფლების მოპოვებაში, რათა მათ გააცნობიერონ და გამოიყენონ თავიანთი შესაძლებლობები. როდესაც პაციენტი უფრო თავისუფალი ხდება, მისი ნევროტული სიმპტომები, როგორც წესი, ქრება, ნევროტული შფოთვა ადგილს უთმობს ნორმალურს. მაგრამ ეს მხოლოდ თანმხლები ეფექტებია იმ მთავარი მიზნისა, რაც პაციენტის მიერ სრულფასოვანი არსებობისკენ მიმავალი გზის აჩევაში მდგომარეობს. როგორ შეიძლება ამის მიღწევა? როლო მეი, ეგზიტენციალისტი ფსიქოთერაპევტების უმეტესობის მსგავსად, არ ზრუნავს სპეციალური ტექნიკებისა და მეთოდების შემუშავებაზე. გადამწყვეტი მნიშვნელობა ემპატიას ენიჭება, რომელიც მეის თქმით, კონსულტირების პროცესის გასაღებს წარმოადგენს. აქ ყოველივე თავისუფალი საუბრის რეჟიმში, ურთირეთმიმღებლურ ატმოსფეროში ხდება, უაღრესად ფაქიზად, პიროვნების ავტონომიაში ჩარევის გარეშე. ფსიქოთერაპევტი მხოლოდ რბილად უბიძგებს პაციენტს იმისკენ, რომ მან თავის თავზე მუშაობა დაიწყოს და ამით მიაღწიოს გარე და შინაგანი სამყაროს ადეკვატურ და უკეთეს გაგებას; საბოლოო ჯამში, იგი უნდა გახდეს ის, რაც არის, დაიბრუნოს თავისუფლება და პასუხისმგებლობა საკუთარ ცხოვრებაზე.       ადვილი შესამჩნევია, რომ ყოველივე ეს საკმაოდ ახლოს არის როჯერსიანულ მიდგომასთან, სახელდობრ, ფსიქოთერაპიის, როგორც ისეთი ადამიანური კონტაქტის გაგებასთან, სადაც იქმნება რბილი, სანდო ურთიერთობა კლიენტთან, სადაც ხორციელდება კლიენტის შინაგანი შემოქმედებითი პოტენციალის აქტუალიზაცია და, შესაბამისად, მისი პიროვნული ზრდა. მიუხედავად ასეთი მსგავსებისა, არის განსხვავებებიც, რაც მეის გაცნობიერებული აქვს. იგი აღნიშნავს ეგზისტენციალური ფსიქოთერაპიული ურთიერთობის შედარებით ხანგრძლიობას, ფსიქოთერაპევტის მეტ აქტიურობას და იმასაც, რომ როჯერსის თვალსაზრისი უფრო ოპტიმისტურია. ეგზისტენციალური ფსიქოთერაპევტები უფრო მეტად ამახვილებენ ყურადღებას ადამიანის არსებობის უარყოფით მხარეებზე, სასიცოცხლო კრიზისების ტრაგედიაზე და ა.შ. ეს ბუნებრივიცაა; ამაში მჟღავნდება ეგზისტენციალისტური მსოფლმხედველობის თავისებურება.       კრიტიკოსების აზრით, ეგზისტენციალური ფსიქოთერაპია, ისე როგორც იგი მეისთან არის მოცემული, მხოლოდ მაშინ შეიძლება იყოს ეფექტური, როდესაც საქმე გვაქვს სამედიცინო თვალსაზრისით პრაქტიკულად ჯანმრთელ ადამიანებთან, რომლებსაც თავისი არსებობის უაზრობა აშფოთებთ. ასეთი კლიენტები მართლაც მრავლად ჰყავს ეგზისტენციალისტ ფსიქოლოგს; იგი არადირექტიულად, მაგრამ მაინც არწმუნებს თავის კლიენტებს იმაში, რომ ყველაფერი მათ ხელშია და მათ თავისუფალ არჩევანზეა დამოკიდებული. ასეთი ზემოქმედების სარგებლიანობა ფრიად საეჭვოა რეალურად ავადმყოფი ადამიანების შემთხვევაში, რომლებიც სწორედ იმიტომ მივიდნენ სამკურნალოდ, რომ მხოლოდ ნებელობის დაძაბვით არ შეუძლიათ მოერიონ აკვიატებულ მოქმედებებს თუ შემაწუხებელ ფსიქოსომატურ აშლილობებს. მეტიც, ასეთმა ზემოქმედებამ შეიძლება ნევროტული სიმპტომების გაძლიერებაც გამოიწვიოს.       როლო მეისა და სხვა ეგზისტენციალისტ-ანალიტიკოსებისაგან განსხვავებით ვიქტორ ფრანკლი (1905-1997), ვენის მესამე ფსიქოთერაპიული სკოლის (ფროიდის და ადლერის შემდეგ) დამაარსებელი, ევროპული ეგზისტენციალური ფსიქოლოგიის ყველაზე გავლენიანი წარმომადგენელი, დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ფსიქოთერაპიის ტექნიკას. მის სახელს უკავშირდება მკურნალობის ორი ახალი პრინციპი ან მეთოდი: დერეფლექსია და პარადოქსული ინტენცია. დერეფლექსიის მეთოდი მიმართულია იმაზე, რომ აღიკვეთოს თავის სირთულეებზე გაუთავებელი ფიქრი, გადაჭარბებული თვითკონტროლი. მთელმა რიგმა გამოკვლევებმა აჩვენა, რომ ეს მართლაც ერთობ მნიშვნელოვანი მომენტია; მაგალითად, გამოვლინდა, რომ თანამედროვე ახალგაზრდებს რეალურ კომპლექსებზე მეტად ის აზრი თრგუნავს, რომ მათ კომპლექსები აქვთ. პარადოქსული ინტენციის მეთოდი გულისხმობს თერაპევტის მიერ კლიენტის მომართვას სწორედ იმის გასაკეთებლად, რასაც იგი გაურბის. ამასთან, რიგ შემთხვევებში აქტიურად გამოიყენება იუმორი, რომელსაც ფრანკლი ადამიანის თავისუფლების ერთერთ ფორმად მიიჩნევს.       ფრანკლის თეორიული შეხედულების თანახმად, პიროვნების არსებობის მამოძრავებელ ძალად გვევლინება საკუთარი არსებობის საზრისის ძიების ტენდენცია. ადამიანური არსებობა მხოლოდ მაშინ შეიძლება ჩაითვალოს ადამიანურად, თუ მასში არსებობს საზრისი. ასეთი საზრისის არ არსებობის შემთხვევაში წარმოიქმნება ეგზისტენციალური ვაკუუმი, რომელმაც შეიძლება ე.წ. ნოოგენური ნევროზის სახე მიიღოს.ფრანკლის, როგორც ეგზისტენციალური ფსიქოთერაპევტის ინტერესი მიმართულია ამ ახალი ტიპის ნევროზებისკენ, რომლებიც დასავლური სამყაროს მახასიათებლები გახდნენ. რაც უფრო განვითარებულია ქვეყანა ეკონომიკურად, მით მეტია იმ ადამიანთა რიცხვი, ვინც ეგზისტენციალურ ვაკუუმში იმყოფება. ესაა ადამიანები ინტერესების, ინიციატივის, ცხოვრების საზრისის გარეშე. სამედიცინო თვალსაზრისით ისინი ჯანმრთელები არიან, რაც ფსიქოთერაპევტებს აყენებს არა კლინიკური სიმპტომების, არამედ ადამიანური პრობლემების წინაშე; ისეთი პრობლემების წინაშე, რომლებიც აქამდე სასულიერო პირების კომპეტენციაში შედიოდა. საზრისის ძიება არ არის პათოლოგია; იგი ჭეშმარიტად ადამიანური არსებობის უპირველესი ნიშანია. ეს უფრო სულიერი დისტრესია, ვიდრე ფსიქიკური დაავადება. მაგრამ ადამიანს ამ შემთხვევაშიც სჭირდება დახმარება. ფსიქოთერაპევტი, ამბობს ფრანკლი, ადამიანს საზრისს ვერ „ჩაუნერგავს”, მაგრამ მის ძიებაში, მის დანახვაში დაეხმარება.       ფრანკლის მიდგომას ლოგოთერაპია, ანუ ცხოვრების საზრისის მოპოვებაზე მიმართული თერაპია ეწოდება. ცხოვრების საზრისი ყოველ ადამიანს თავისი აქვს. იგი უნდა აცნობიერებდეს პასუხისმგებლობას იმ მიზანთა შესრულებაზე, რომლებშიც მისი ცხოვრების საზრისი რეალიზდება. ნევროზის შემთხვევაში ადამიანი ან ვერ ხედავს საზრისის მქონე მიზნებს, ან მცდარად განსაზღვრავს მათ, ან ცდილობს ერთი მიზნის მიღწევას მეორის ხარჯზე. ფრანკლი ხაზს უსვამს იმ გარემოებას, რომ არ არსებობს საყოველთაოდ გამორჩეული ცხოვრების საზრისი; ეს იგივეა, რომ გროსმაისტერს დაუსვა კითხვა: „რომელი სვლაა ჭადრაკში ყველაზე კარგი?”. საზრისი ყოველთვის უნიკალურია; იგი კონკრეტული პიროვნებისა და კონკრეტული ვითარების გადაკვეთაზე წარმოიქმნება. საზრისი აუცილებლად რაიმე ღირებულებას უკავშირდება. ღირებულებებს ფრანკლი სამ ჯგუფად ყოფს: შემოქმედების ღირებულებები (პირველ ყოვლისა შრომა), განცდის ღირებულებები (ერთერთი უმთავრესია სიყვარული) და დამოუკიდებლობის ღირებულებები. ეს რიგი გამოხატავს სამ ძირითად გზას, რომლითაც ადამიანს ცხოვრების საზრისის პოვნა შეუძლია. საზრისი მიიღწევა, ჯერ ერთი, ადამიანის ქმედებით, მოღვაწეობით, ფართოდ გაგებული შემოქმედებით, ანუ გარკვეული ამოცანების შესრულებით, რაიმე საქმის კეთებით; მეორე – ადამიანი საზრისს ნახულობს სხვების მიმართ მზრუნველობაში, სხვა ადამიანების სიყვარულში. დაბოლოს, ადამიანი პოულობს საზრისს მკაფიოდ გაცნობიერებული პოზიციის გამომუშავებით სხვადასხვა ცხოვრებისეული სიტუაციებისა და, საზოგადოდ, თავისი ბედის მიმართ.       თვით სიკვდილშიც შეიძლება მოინახოს საზრისი და მაშინ მის მიმართ დამოკიდებულება სრულიად იცვლება. ასევეა ტანჯვის შემთხვევაშიც. ფრანკლს მოჰყავდა ერთი მაგალითი თავისი პრაქტიკიდან, როდესაც მასთან კონსულტაციაზე მოვიდა მოხუცი ექიმი, მძიმე დეპრესიით შეპყრობილი უსაყვარლესი მეუღლის გარდაცვალების გამო. ფრანკლი მალე მიხვდა, რომ ჩვეულებრივი ფსიქოთერაპია აქ უძლური იქნებოდა და შემდეგი კითხვით მიმართა პაციენტს: „რა იქნებოდა ექიმო, თქვენ რომ მომკვდარიყავით პირველი და თქვენი ცოლი დარჩენილიყო ცოცხალი?” „ო, იგი ძალიან დაიტანჯებოდა” - უპასუხა მან. ხედავთ, განაგრძო ფრანკლმა, რა ფასად დაუჯდებოდა თქვენ მეუღლეს ეს და თქვენ იქნებოდით მისი ტანჯვის მიზეზი. მაგრამ ახლა თქვენ იხდით იმის საზღაურს, რომ დარჩით ცოცხალი და დასტირით მას. პაციენტმა არაფერი უპასუხა, ხელი ჩამოართვა ფსიქოთერაპევტს და ჩუმად წავიდა. ტანჯვა უკვე აღარ განიცდება ტანჯვად, როცა მოინახება მისი საზრისი, თუნდაც ეს იყოს თავგანწირვის საზრისი. მოცემულ შემთხვევაში ფრანკლმა მოახერხა შეეცვალა პაციენტის დამოკიდებულება თავისი ბედის მიმართ, მან დაინახა თავისი ტანჯვის საზრისი. ესაა სწორედ ლოგოთერაპიის ძირეული პრინციპი – ადამიანისთვის უმთავრესია არა სიამოვნების მიღება ან ტკივილის არიდება, არამედ, საკუთარი ცხოვრების საზრისის დანახვა.ამიტომ, ადამიანი მზადაა დაიტანჯოს კიდეც, თუ კი ამ ტანჯვას აქვს აზრი.       ფრანკლი ადამიანის არსებაში სამ ფენას განიხილავს: ბიოლოგიურს, ფსიქიკურს და ნოეტურს ანუ გონითს. სწორედ ამ უმაღლეს განზომილებაშია თავმოყრილი საზრისები და ღირებულებები, რომლებიც განსაზღვრავენ ქვედა დონეების როლს პიროვნული აქტივობის დეტერმინაციაში. ამიტომ ავტორი თავის თვალსაზრისს სიმაღლის ფსიქოლოგიად მიიჩნევს და, გასაგები ლოგიკით, განასხვავებს მას სიღრმის ფსიქოლოგიისაგან. მისი შეფასებით ლოგოთერაპია ადამიანის არსებობის მწვერვალისკენ არის მიმართული, ხოლო ფსიქოანალიზი ადამიანის ბუნების უფსკრულებში იხედება.       რადგან ადამიანს გონითი განზომილებაც აქვს, იგი მეტია, ვიდრე ფსიქიკა. ადამიანი გარკვეულად თავისუფალია საკუთარი ფსიქიკური მოცემულობისაგან, მით უმეტეს გარემოსა და მემკვიდრეობისაგან. ამას უკავშირდება მისი ორი ფუნდამენტური უნარი თვითტრანსცენდენციისა (საკუთარ ფარგლებს გარეთ გასვლა) და თვითგანრიდებისა (პოზიციის დაკავება გარე ვითარებისა და თავის თავის მიმართ). ზემოთ აღნიშნული ორი ფსიქოთერაპიული ხერხის ეფექტურობა, ფრანკლის აზრით, ამ უნარების გამოყენებას ეფუძნება.       აღნიშვნის ღირსია ის, რომ ფრანკლის თეორიული და ფსიქოთერაპიული იდეების ფორმირებაში უდიდესი წვლილი შეიტანა მისმა პირადმა ცხოვრებისეულმა გამოცდილებამ. ფრანკლმა, როგორც ებრაელმა, სამი წელი დაჰყო სხვადასხვა საკონცენტრაციო ბანაკში, მათ შორის ოსვენციმსა და დახაუში, სადაც რამდენჯერმე სასწაულით გადაურჩა სიკვდილს (გაზის კამერაში, ავადმყოფობისაგან თუ უჭმელობისაგან). თავდაპირველად იგი გაამწესეს საკონცენტრაციო ბანაკში, სადაც ადამიანების მიზანდასახული განადგურება არ ხდებოდა და პატიმრებს ერთმანთთან ურთიერთობა შეეძლოთ. ფრანკლმა, იქ მყოფ კოლეგა ფსიქიატრებთან ერთად, ორგანიზება გაუკეთა ფსიქოლოგიურ სამსახურს – ბევრს გაუადვილა საზარელ პირობებთან ადაპტაცია და ბევრი გადაარჩინა თვითმკვლელობას. ყველაზე დიდი საფრთხე ადამიანების სასოწარკვეთილებასთან იყო დაკავშირებული. საჭირო იყო ადამიანებში ცხოვრების გაგრძელების ნების აღძვრა. მაგრამ, ტანჯვის გადატანის ვაჟკაცობა თუ პიროვნული კაპიტულაცია დამოკიდებული იყო იმაზე, ჰქონდა თუ არა ადამიანს საკუთარი ცხოვრების საზრისის რწმენა. საზრის დაკარგული სიცოცხლე საკონცენტაციო ბანაკის პირობებში დიდ ხანს არც გრძელდებოდა. ფრანკლი აღნიშნავს, რომ საკონცენტრაციო ბანაკში მიმდინარე ფსიქოთერაპიული სამუშაოს დევიზად ნიცშეს შემდეგი სიტყვები გამოდგება: „ვინც იცის „რისთვის” უნდა იცხოვროს, გადალახავს ყოველგვარ „როგორს”.       მეისა და ფრანკლთან ერთად, ყველაზე გამოჩენილ ეგზისტენციალისტ ფსიქოთერაპევტებს მიეკუთნებიან შვეიცარიელი ფსიქიატრები ლუდვიგ ბინსვანგერი და მედარდ ბოსი, რომელთა შეხედულებები ეგზისტენციალური ანალიზის სახელითაა ცნობილი; ასევე იგორ კარუზო - პერსონალისტური ფსიქოთერაპიის ავტორი; იტალიელი რობერტო ასანჯიოლი - ფსიქოსინთეზის შემქმნელი; ინგლისელი ფსიქიატრი რობერტ ლაინგი, ანტიფსიქიატრიის ერთერთი ლიდერი; საფრანგეთში მოღვაწე იუჯინ მინკოვსკი; ამერიკაში - ჯეიმს ბუგენტალი, ამადეო ჯიორჯი და სხვა. ყველა ეს ავტორი საკუთარი გზით მივიდა ფენომენოლოგიურ-ეგზისტენციალურ თვალსაზრისამდე და, ამავე დროს, გამოკვეთილი ინდივიდუალურობა შეინარჩუნა. მიუხედავად ამისა, ყოველი მათგანის ფსიქოთერაპიული პრაქტიკა იმ მთავარ დებულებას ეყრდნობა, რომ ადამიანი თავის შესაძლებლობათა საფუძველზე და ღირებულებათა საკუთარი არჩვანის გზით, თვითონ ქმნის თავისი არსებობის პროექტს, ცხოვრების წესს. ნამდვილი ანუ აუტენტური არსებობა - ესაა გაცნობიერებული, ნებითი, პიროვნულ გადაწყვეტილებასა და პასუხისმგებლობაზე დამყარებული არსებობა. მხოლოდ ამ უკანასკნელს მიეწერება თავისუფლების ნიშანი. არანამდვილი არსებობა ნიშნავს იმას, რომ ადამიანს დაკარგული აქვს თავისი ცნობიერებისა და ნების საშუალებით ცხოვრების სამყაროს კონსტრუირების უნარი; იგი გარბის პრობლემებისაგან, თავისუფლებისაგან და ა.შ. ამიტომ ყველა ეგზისტენციალისტი ფსიქოთერაპევტი თუ კონსულტანტი ცდილობს შეაღწიოს პაციენტის შინაგან სამყაროში, განიცადოს ის, რასაც პაციენტი განიცდის და, შემდგომ, დაეხმაროს მას თვითგამორკვევაში, სწორი არჩევანის გაკეთებაში, ჭეშმარიტი მიზნისა და საზრისის პოვნაში, ერთი სიტყვით, საკუთარი თავის განხორციელებაში.       ბევრი მსაგავსების მიუხედავად, ჰუმანისტური და ეგზისტენციალური ფსიქოლოგია სხვადასხვა მიმდინარეობებია. ჰუმანისტური ფსიქოლოგიის პოზიცია „პოტენციალისტურია”. ამ ტერმინით აღნიშნავს ფრანკლი იმ შეხედულებას, რომლის თანახმად, ის რაც აღმოცენდება განვითარების მსვლელობაში, ჩანერგილია ორგანიზმში დაბადებიდან და რეალიზდება სათანადო პირობების არსებობის შემთხვევაში. პოტენციალურად მოცემულის განვითარება ორგანიზმისა და პიროვნების ერთადერთი ნამდვილი მამოძრავებელი ძალაა, რომელიც ძირეული მოტივაციური ტენდენციების სახით ვლინდება.       პონტენციალიზმის საპირისპირო, ეგზისტენციალური პოზიცია ყველაზე მკაფიოდ და მოკლედ გამოთქვა ჟან პოლ სარტრმა (1905-1980) თავის ცნობილ თეზისში: „არსებობა წინ უსწრებს არსს”. სხვანაირად რომ ვთქვათ, ადამიანში არ არსებობს არავითარი წინასწარ მოცემული ბუნება ან არსი. ცხოვრების ყოველ მომენტში ადამიანი თვითონ საზღვრავს, როგორი იქნება და საითკენ განვითარდება. ადამიანი თავად ქმნის საკუთარ თავს და „არის მხოლოდ ის, რასაც თავის თავისაგან აკეთებს”. შეიძლება ითქვას, რომ ეს თეზისი ეგზისტენციალიზმის და, შესაბამისად, ეგზისტენციალური ფსიქოლოგიის კვინტესენციაა. ეგზისტენციალიზმი ფაქტობრივად უარყოფს, ან ყურადღების მიღმა ტოვებს თანდაყოლილ და შეძენილ დისპოზიციებს, ტენდენციებს, ორიენტაციებს, პიროვნულ თვისებებს, რომლებიც ქმედებას წინ უსწრებენ და განაპირობებენ. ერთადერთი, რაც განსაზღვრავს იმას, რას მოიმოქმდებს ან განიცდის ადამიანი, არის აქ და ამჟამად გაკეთებული მისი არჩევანი. პიროვნება თვითონვე „აპროექტებს” საკუთარ თავს და საკუთარ არსებობას. თვითქმნადობის, თვითშემოქმედების მომენტი ეგზისტენციალური აზროვნების ქვაკუთხედია. ჰუმანისტური ფსიქოლოგებიც აღნიშნავენ ამ მომენტს, მაგრამ არ ახდენენ მის აბსოლუტიზაციას. მასლოუ, მაგალითად, მიუთითებს, რომ ეგზისტენციალისტების აზრით, „თვითობა”, „მე” არის ის, რაც „იქმნება იმ მუდმივი (და ნებისმიერი) არჩევანით, რომელსაც პიროვნება ახორციელებს, თანაც ისე, თითქოს მას შეუძლია საკუთარი თავისაგან გააკეთოს ყველაფერი, რაც მოესურვება. ეს უკიდურესობაა, რომელიც - პირდაპირ ეწინააღმდეგება გენეტიკური და კონსტიტუციური ფსიქოლოგიის მიერ მოპოვებულ მონაცემებს და ცოტა სულელურადაც ჟღერს”. ჰუმანისტური და ეგზისტენციალური ფსიქოლოგია განსხვავდება აგრეთვე ადამიანის ბუნების ზნეობრივი სახის გაგებაში. ეს მკაფიოდ გამოჩნდა როჯერსისა და მეის დისკუსიაში. როჯერსი ამტკიცებდა, რომ ადამიანისთვის იმთავითვე დამახასიათებელია სიკეთე, ხოლო ბოროტება მის ბუნებაში გარედან, გარემოდან არის შემოტანილი. მეის მიაჩნია, რომ ბოროტება საერთოდ აუხსნელი დარჩება, თუ ადამიანის ბუნებაში მხოლოდ სიკეთეა მოცემული. ეგზისტენციალური მიდგომის მიხედვით, ადამიანი არ არის იმთავითვე მიდრეკილი არც სიკეთისა და არც ბოროტების მიმართ; იგი ორივესადმი ღიაა; თავად ირჩევს ერთ-ერთს და, ამდენად, ორივეს შემქნელად გვევლინება. ფრანკლიც დაახლოებით ასე ფიქრობს, აკრიტიკებს რა მასლოუს თვითქატუალიზაციის თანდაყოლილობის მოსაზრებას, იგი ამტკიცებს, რომ ჩვენში ჩადებულია შესაძლებლობა ვაკეთოთ კარგიც და საძაგელიც. რომელი შესაძლებლობის აქტუალიზაციას და რეალიზაციას მოახდენს ადამიანი, ეს მისი არჩევანისა და, შესაბამისად, პასუხისმგებლობის საქმეა.       თეორიის გაგება შეიძლება არა მხოლოდ იმის გათვალისწინებით, თუ რას ამტკიცებს იგი, არამედ იმისიც, თუ რას უპირისპირდება, უარყოფს იგი. უკვე ითქვა, რომ ჰუმანისტური ფსიქოლოგია, როგორც მესამე ძალა, უპირისპირდება ბიჰევიორიზმს და ფსიქოანალიზს. მაგრამ ამ სამი მიმდინარეობის ურთიერთმიმართება მაინც სპეციფიკურია. თუ ბიჰევიორიზმსა და ჰუმანისტურ ფსიქოლოგიას შორის ხიდის გადება არსებითად ვერ ხერხდება, ფსიქოანალიზის შემთხვევაში ეს ფაქტობრივად უკვე გაკეთებულია. არსებობს აშკარად გარდამავალი, ინტეგრაციული ხასიათის თეორიული სისტემები, ისეთები, როგორიცაა ჰუმანისტური ფსიქოანალიზი (ფრომი) ან ეგზისტენციალური ანალიზი (ბინსვანგერი, ბოსი). მათ სინთეტურ ხასიათზე თავად სახელწოდებები მეტყველებს. ჰუმანისტური ფსიქოლოგიის, განსაკუთრებით კი მისი ეგზისტენციალური ფრთის წარმომადგენელთა დიდი ნაწილი ერთ დროს ფსიქოანალიტიკური მოძრაობის რომელიმე მიმართულებასთან იყო დაკავშირებული. ეს სავსებით გასაგებია, ვინაიდან მათ უმრავლესობას ფსიქოთერაპევტები შეადგენენ, ხოლო ფსიქოანალიზი იყო და არის სერიოზული ავტორიტეტი, რომელსაც ვერც ერთი ფსიქოთერაპევტი გვერდს ვერ აუვლის, თუნდაც მის მიმართ კრიტიკული დამოკიდებულების გამოხატვით. მაგალითად, ბინსვანგერი იუნგთან სწავლობდა და ბოლომდე მეგობრობდა ფროიდთან; ფრანკლის მასწავლებლები იყვნენ ფროიდი და ადლერი, ბოსისა - ჯონსი, რაიხი, ჰორნი; მეიმ ფსიქოანალიტიკური წვრთნა ადლერთან გაიარა და ა.შ. მოგვიანებით ისინი თანდათანობით დაუახლოვდნენ ფენომენოლოგიურ-ეგზისტენციალურ იდეებს და შედარებით დაშორდნენ ფსიქოანალიზს, თუმცა მასთან კავშირი მთლიანად და საბოლოოდ არ გაუწყვეტიათ. ფსიქოანალიზის უდიდეს დამსახურებაზე ფენომენოლოგიურეგზისტენციალური ორიენტაციის ყველა მეცნიერი ლაპარაკობს. მიუხედავად ამისა, გამოთქმულია უამრავი შენიშვნა, რომელიც ფსიქოანალიზის სხვადასხვა ასპექტებს ეხება. ყველაზე მწვავე კრიტიკა ფსიქოანალიზის მეთოდოლოგიაზეა მიმართული. ეს უკანასკნელი ისევე, როგორც ბიჰევიორიზმი, ე.წ. სციენტისტურ ან დეტერმინისტულ-საბუნებისმეტყველო პარადიგმაზე დგას, რის გამოც ხასიათდება რედუქციონიზმით, ნატურალიზმით და მექანიციზმით.       ჰუმანისტური ფსიქოლოგებისთვის ფსიქოანალიზის ტექნიკაც მიუღებელია, ვინაიდან ეს უკანასკნელი პაციენტს თავს ახვევს მკაცრად გარკვეული სქემებიდან გამომდინარე ინტერპრეტაციებს; ეს, რასაკვირველია, პრინციპულად ეწინააღმდეგება ფენომენოლოგიური მეთოდის სულისკვეთებას, რომლისთვისაც მთავარი სწორედ პიროვნებისა და მისი პრობლემების ყოველგვარი წინასწარი სქემებისა და თვალასაზრისებისაგან თავისუფალი წვდომა-გაგებაა.       არსებითი ხასიათისაა შენიშვნები ფსიქოანალიზის მოტივაციის კონცეფციის მიმართ. პირველ რიგში საქმე ეხება ამოსავალი ლტოლვების ჰომეოსტატურ ხასიათს. დაძაბულობის რედუქციისკენ სწრაფვის გამოცხადება ადამიანის მოტივაციის ერთადერთ მექანიზმად (რაც, სხვათა შორის, ერთნაირად არის დამახასიათებელი როგორც ბიჰევიორიზმის, ისე ფსიქოანალიზისთვის) პიროვნების ჭეშმარიტი ბუნების გაუგებრობის, მისი პრიმიტივიზაციის და ბიოლოგიზაციის ტოლფასია. არავინ უარყოფს იმას, რომ ადამიანს გააჩნია დაძაბულობის მოხსნისა და წონასწორობის აღდგენის პრინციპით განსაზღვრული მოთხოვნილებები. მაგრამ, თუ ადამიანი მხოლოდ და მხოლოდ ამგვარი მოტივაციის ფარგლებში არსებობს, იგი მხოლოდ ამჟამინდელი უსიამოვნებისა და დისკომფორტის არიდებაზე ზრუნავს; აქედან გამომდინარე, ვერ ემსახურება შორს მიმავალ მიზნებსა და მაღალ ფასეულობებს. ნორმალური და ჯანსაღი პიროვნება კი პირველ რიგში მიმართულია თვითგანხორციელებისკენ და საზრისულ-ცხოვრებისეული მიზნების მიღწევისკენ. ამ გზაზე იგი არ ერიდება სირთულეებს, ენერგიის ხარჯვას, დისკომფორტს. იგი ცდილობს გამოხატოს საკუთარი თავი სულ უფრო რთულ, ახალ და საინტერესო ვითარებებში. ამრიგად, პიროვნება თვითონ არღვევს წონასწორობას, არ გაურბის დაძაბულობას; იგი უფრო მეტად დაძაბულობის შექმნასა და შენარჩუნებისკენ მიისწრაფის, ვიდრე მისი შემცირებასა და მოხსნისაკენ (ოლპორტი, მასლოუ).       მოცემულ კონტექსტში ყველაზე მნიშვნელოვანი და საინტერესო მაინც ისაა, თუ როგორ შეაქვს ჰუმანისტურ-ეგზისტენციალურ მიმდინარეობას თავისი შემეცნების არეში არაცნობიერი; ფსიქოანალიზი ხომ პირველ რიგში არაცნობიერის შემსწავლელი მოძღვრება და მეთოდია. პიროვნების შესწავლა, მით უმეტეს ფსიქოთერაპია, ცნობიერების ანალიზით არ ამოიწურება და ვერც მისით შემოიფარგლება. ფენომენოლოგიურ-ეგზისტენციალური ორიენტაციის ფსიქოლოგებს და ფსიქოთერაპევტებს ეს კარგად ესმით. სათანადოდ არის შეფასებული ფროიდის ღვაწლიც, რომელმაც, მეის თქმით, არაცნობიერის „მძლავრი” სფეროს აღმოჩენით ადამიანის ბუნებას სიღრმე მიანიჭა. მიუხედავად ამის, არაცნობიერის ბუნების გაგებაში ამ ორ მიმდინარეობას შორის არსებითი სახის განსხვავებაა.       ფსიქოანალიზის მიხედვით, დინამიკური არაცნობიერი მოვლენები აბსოლუტურად მიუწვდომელია პირდაპირი აღქმისთვის როგორც საკუთარ მეში, ასევე სხვაში. ისინი უშუალოდ არ გვეძლევიან; შესაძლებელია მხოლოდ მათი გამოვლენა და რეკონსტრუირება ისეთი მასალის ანალიზით, როგორიცაა სიზმრები, მცდარი მოქმედებები ან თავისუფალი ასოციაციები. ფენომენოლოგიური მიდგომის თანახმად კი არაცნობიერი შინაარსების ფიქსაცია და აღწერა შესაძლებელია უშუალო გამოცდილების საზღვრებში. იგი ცდილობს დაადასტუროს არაცნობიერი ფსიქიკური სინამდვილე ცნობიერების ფარგლებიდან გასვლის გარეშე. ამდენად, იგი ურთულესი ამოცანის წინაშე დგას: მან არაცნობიერი უნდა აღმოაჩინოს ფენომენოლოგიური კვლევის გზით, ანუ მონახოს არაცნობიერი ცნობიერებაში.       თეორიულ პლანში ეს ამოცანა ასე წყდება: ცნობიერების ინტენციონალური შინაარსების გარდა არსებობს შინაარსები, რომლებიც ყურადღების საგნად არ ქცეულა, რომლებიც ჯერ-ჯერობით შეუმჩნეველნი არიან. სწორედ ეს შეუმჩნეველი შინაარსები წარმოადგენს იმას, რასაც არაცნობიერი ეწოდება. პრაქტიკულ პლანში ეს ნიშნავს, რომ პაციენტისა და ფსიქოთერაპევტის ემპატიურ ურთიერთობაში ფენომენოლოგიური წვდომის გზით ხდება იმის დადგენა, რასაც პაციენტი სათანადოდ ვერ აცნობიერებდა და რაც ხელს უშლიდა მის თვითგანხორციელებას. საფიქრებელია, რომ ასეთი რამ შესაძლებელია მხოლოდ იმ შინაარსების მიმართ, რომელთაც ფროიდი წინაცნობიერს უწოდებდა; ისინი ცნობიერების ფოკუსის მიღმა, გარკვეულ ფონურ ჰორიზონტში იმყოფებიან და ამდენად, პოტენციურად გაცნობიერებადი არიან. მათი შემოტანა ნათელი ცნობიერების ველში მართლაც შესაძლებელია, რადგან ამ შემთხვევაში ფაქტობრივად ადგილი აქვს მხოლოდ ცნობიერების პერიფერიული, მკრთალი და ბუნდოვანი შინაარსების შემჩნევას და გამოაშკარავებას. მაგრამ, რაც შეეხება არაცნობიერის კატეგორიის თეორიულ გააზრებას, აქ ჩვენ საქმე გვაქვს არაცნობიერი ფსიქიკის ცნობიერების ჩარჩოებში დასაბუთების მცდელობასთან, რაც სერიოზულ სირთულეებს აწყდება. ი. ბჟალავა სამართლიანად შენიშნავს, რომ ამ შემთხვევაში უბრალოდ ცნობიერების ფარგლებია გაფართოებული, იგი შეიცავს როგორც არაცნობიერს, ისე ცნობიერ ფსიქიკურს. ჩვენ ვიცით მხოლოდ ის, რომ ასე გაგებულ ცნობიერებაში მოთავსებულია შეუმჩნეველი და შემჩნეული ფსიქიკური, მაგრამ როგორია კავშირი მათ შორის, ეს საიდუმლოდ არის დაფარული. თუ შეუმჩნეველ ფსიქიკურს კავშირი არა აქვს გაწყვეტილი ცნობიერ ფსიქიკურთან, რატომ უნდა ჩაითვალოს ის არაცნობიერად? არსებითად, ფენომენოლოგიური მიდგომა არაცნობიერი სფეროს მიმართ ცნობიერების ინტენსივობის, განათების ხარისხის მეტ-ნაკლებობაზე მითითებით ამოიწურება. ამიტომ, ფსიქოანალიტიკოსთა აზრით, ეს პოზიცია არაცნობიერი ფსიქიკურის დასაბუთებას კი არა, მისი უარყოფაა.       საერთოდ უნდა ითქვას, რომ სიღრმის ფსიქოლოგიის ძირითადი ავტორები არც თუ დიდ ინტერესს იჩენდნენ ფენომენოლოგიური და ეგზისტენციალური კვლევების მიმართ. რაც შეეხება ნეოფროიდიზმს და თანამედროვე ფსიქოანალიზს, აქ ვითარება ერთგვარად შეიცვალა. ისინი ანგარიშს უწევენ ფილოსოფიური და მეცნიერული აზრის ამ მიმართულების პოპულარობას და ცდილობენ შეუხამონ თავიანთ თვალსაზრისს ამ სისტემის ზოგიერთი ელემენტი; მაგრამ, საერთოდ, მაინც მიიჩნევენ, რომ მან ბევრი ვერაფერი შესძინა ფსიქოთერაპიულ პრაქტიკას. რაც შეეხება ჰუმანისტურ-ეგზისტენციალურ ფსიქოლოგიას, როგორც თეორიულ სისტემას, ფსიქოანალიტიკოსებს შორის უფრო გავრცელებულია შეხედულება, რომ მას არა აქვს მყარი კოორდინატები, მისი მონაცემები შეუმოწმებადია, ხოლო ენა - ლიტერატურული, ამიტომ ძნელია მისი მეცნიერული ღირებულების გამოვლენა და შეფასება.       ასეთივეა დამოკიდებულება მის მიმართ აკადემიურ ფსიქოლოგიაშიც, რომელიც, უპირატესად, სციენტისტურ-საბუნებისმეტყველო კვლევის გზას მიჰყვება. ზემოთ ნახსენებ დისკუსიაზე როჯერსსა და სკინერს შორის, ამ უკანასკნელმა ჩამოაყალიბა თავისი დამოკიდებულება როჯერსის და, მაშასადამე, საერთოდ ჰუმანისტური ფსიქოლოგიის მიმართ (იხ. თავი 9.3.). მას მიაჩნია, რომ კვლევის ფიქსაცია ფენომენოლოგიური სამყაროს ინდივიდუალურ და უნიკალურ ასპექტებზე არსებითად გამორიცხავს განმეორებადი მონაცემების მიღებას, მათ ურთიერთდაკავშირებას და, აქედან გამომდინარე, ზოგადი კანონზომიერებების დადგენას. ამის გამო პრაქტიკულად შეუძლებელი ხდება ადამიანთა ინდივიდუალური და საზოგადოებრივი აქტივობის წინასწარმეტყველება, დაგეგმვა და რეგულაცია. ცივილიზაცია კი ამის გარეშე ვერ იარსებებს.       უაღრესად მკაცრია პიაჟეს პოზიციაც. მას მიაჩნია, რომ ფენომენოლოგიური ფსიქოლოგია ფილოსოფიური დოქტრინის ნაწილია და მეცნიერული ფსიქოლოგიის საფუძვლად ვერ გამოდგება. ფენომენოლოგიას მან უწოდა პარამეცნიერული ფილოსოფია, რომლის მთელი სააზროვნო ბაგაჟი დაიყვანება იმ თეორიების კრიტიკაზე, რომლებიც თვით ფსიქოლოგებმა უკვე უარყვეს და წმინდა სპეკულატიურ მსჯელობებზე. საერთოდ, უნდა ითქვას, რომ აკადემიურ ფსიქოლოგიაში ბოლო ხნებამდე საკმაოდ კრიტიკულად აფასებდნენ ფსიქოლოგიის ასპარეზზე გამოსული მესამე ძალის შესაძლებლობებს ყოველგვარი მეცნიერებისთვის აუცილებელი ნიშნების სიზუსტის, შემოწმებადობის, სანდოობის, დასაბუთებულობის ნაკლებობის ან არქონის გამო (ჰ. აიზენკი, ზ. კოხი და სხვა). ამდაგვარად მომართულ მუშაობას ზოგჯერ „პოეტურ ძიებებსაც” კი უწოდებენ.       ასეთ პოზიციას გადაჭარბებული რადიკალიზმის და შეუწყნარებლობის მიუხედავად, გარკვეული გამართლება აქვს. მართლაც, ფსიქოლოგიის დეჰუმანიზაციასთან ბრძოლის საბაბით, ჰუმანისტურ-ეგზისტენციალურმა მიმდინარეობამ ფაქტობრივად უარყო ბევრი ისეთი რამ, რაც ტრადიციული მეცნიერული კვლევის საფუძველს წარმოადგენდა. ძნელი წაროსადგენია, რა კოორდინატებზე შეიძლება იყოს აგებული რაიმე ემპირიული კვლევის პროგრამა, ან საერთოდ რა სახე უნდა ჰქონდეს ცოდნის სისტემას, თუ არ არსებობს დეტერმინიზმი, მიზეზობრიობა, განმეორადობა; თუ უგულვებელყოფილია ზოგადი კანონების დადგენის, ობიექტური გაზომვის, წინასწარმეტყველების შესაძლებლობა. ნებით თუ უნებლიეთ, ეს რაციონალური შემეცნების გზიდან გადახვევას და ირაციონალურ-ინტუიციური შემეცნების პოზიციაზე გადასვლას ნიშნავს .[1]       საბოლოოდ უნდა ითქვას შემდეგი. ჰუმანისტური ფსიქოლოგია, როგორც მესამე ძალა, უკვე ნახევარ საუკუნეზე მეტია, რაც ფსიქოლოგიური მეცნიერების ასპარეზზე გამოვიდა. ამიტომ სავსებით შესაძლებელია მისი შეფასება ისტორიულ პერსპექტივაში. ფსიქოლოგიის ამ მიმდინარეობამ აქცენტი გააკეთა ცნობიერებაზე, ნორმაზე, პიროვნულ ზრდა-განვითარებაზე, შემოქმედებითობაზე. ამით მან უდავოდ შეუწყო ხელი იმ ერთგავარი ცალმხრივობის აღმოფხვრას, რაც ბიჰევიორიზმისა და ფსიქოანალიზის გავლენით, დამახასიათებელი იყო ამერიკული ფსიქოლოგიისთვის. იგი ახლაც მიუთითებს იმ პრობლემებზე, რომლებიც წარმოიქმნება თანამედროვე ფსიქოლოგიაში მექანიცისტური თვალსაზრისის ამა თუ იმ გამოვლინებასთან დაკავშირებით.       ჰუმანისტურ-ეგზისტენციალური მიდგომა ერთ-ერთი პირველთაგანი იყო მათ შორის, ვინც ფსიქოანალიზის რეალური ალტერნატივა გახდა ფსიქოთერაპიის სფეროში. ჰუმანისტური ფსიქოლოგიის გავლენით ახალი და საინტერესო ტენდენციები გაჩნდა განათლების სფეროშიც. მთლიანობის, აუტენტურობის, კრეატულობის იდეების გათვალისწინებით ჩამოყალიბდა ჰუმანისტური პედაგოგიკა და პედაგოგიური ფსიქოლოგია; დაიწყო მოტივების იერარქიული მოდელისა და კლიენტზე ცენტრირებული მიდგომის რეალიზაცია საწარმოებსა და ორგანიზაციებში, რამაც გავლენა მოახდინა მართვის, პერსონალის კონსულტირებისა და ატესტირების ტექნოლოგიასა და პოლიტიკაზე.       ერთი სიტყვით, ჰუმანისტურმა ფსიქოლოგიამ შესამჩნევი წვლილი შეიტანა გამოყენებითი ფსიქოლოგიის განვითარებაში და, უფრო ფართოდ, საზოგადოების მოწყობის საქმეში. მან უდავოდ მოახდინა გარკვეული გავლენა ამერიკულ კულტურაზე. მაგალითად, ხშირად აღნიშნავენ, რომ როჯერსის მიდგომა, რომლის მიხედვითაც კლიენტებს ეპყრობიან როგორც თანასწორუფლებიან პირებს, რომელთაც აქვთ „გამოჯამრთელების” შინაგანი უნარი და არ არიან დამოკიდებული ავტორიტეტული ადამიანის ან ექსპერტის სიბრძნეზე, კარგად ესადაგება ამერიკულ დემოკრატიულ ტრადიციას. სხვათა შორის, როჯერსი თვითონ აღიარებდა, რომ ამერიკულ კულტურაზე ჰუმანისტური ფსიქოლოგიის მნიშვნელოვანი გავლენის მიუხედავად, მან ვერ შეძლო ზეგავლენის მოხდენა ფსიქოლოგიური აზრის ძირეულ მიმართულებაზე. ეს, ალბათ, კანონზომიერიცაა. ცნობილი ამერიკელი ფსიქოლოგიის ისტორიკოსის თომას ლიხის შეფასებით, გრძნობისა და ინტუიციის კულტივირებამ ჰუმანისტური ფსიქოლოგია კვლავ მიიყვანა მეცნიერული რევოლუციის რომანტიკულ უარყოფამდე, თუმცა მას არ ეყო გულწრფელობა, რომ ეს ეღიარებინა. ჰუმანისტურ ფსიქოლოგებს, როჯერსისა და მასლოუს ჩათვლით, თავი ყოველ- თვის მეცნიერებათ მიაჩნდათ, მაგრამ არ აღიარებდნენ იმ ღრმა კონფლიქტს, რომელიც არსებობს ბუნებრივი კანონისა და დეტერმინიზმისადმი მეცნიერების ერთგულებასა და ადამიანის მიზნისა და თავისუფლებისადმი ერთგულებას შორის. „ჰუმანისტურმა ფსიქოლოგებმა მხოლოდ უსაფუძვლო პროტესტი შემოგვთავაზეს საბუნებისმეტყველო მეცნიერებების იმპერიალიზმის წინააღმდეგ. თუ მართლაც საჭირო იყო სარჩელის წარდგენა ადამიანის საბუნებისმეტყველო-მეცნიერული, რედუქციონისტური გაგებისადმი, იგი სხვა, უფრო გონივრულ წყაროს უნდა დამყარებოდა” (თ. ლიხი). ფსიქოლოგიის ისტორიკოსები და მეთოდოლოგები საკმაოდ ერთსულოვანი არიან იმაში, რომ ჰუმანისტური ფსიქოლოგია თავისი არსებობის საკმაო ხნის მანძილზე ვერ ჩამოყალიბდა დამოუკიდებელ მეცნიერულ სისტემად თავისი ერთიანი თეორიული და მეთოდოლოგიური პრინციპებით. ამ პრინციპების ნაწილი საკმაოდ ბუნდოვანია, ხოლო მათ შორის კავშირი - პირობითი.       ამ შეფასებებს, ალბათ, სერიოზული საფუძველი აქვთ. მიუხედავად ამისა, ვინაიდან ფსიქოლოგია იყო და რჩება საბუნებისმეტყველო და ჰუმანიტარული მსოფლმხედველობის საერთო ინტერესის საგნად, ეს მიმდინარეობა, როგორც ჰუმანიტარული პარადიგმის განსახიერება, ფსიქოლოგიური მეცნიერების განუყოფელ ნაწილად უნდა განვიხილოთ. ამასთან, იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ჰუმანისტური და ეგზისტენციალური ფსიქოლოგია თავის წვლილს შეიტანს მომავალი ერთიანი ფსიქოლოგიის ჩამოყალიბებაში, თუ ასეთი რამ საერთოდ შესაძლებელია. ირაკლი იმედაძე წიგნიდან: ფსიქოლოგიის ისტორია « წინა ნაწილი | გაგრძელება » [1] ეგზისტენციალიზმის ირაციონალიზმი ეჭვსაგარეშეა. ადამიანის ეგზისტენცია არ შეიძლება აიხსნას მეცნიერების მიერ. ამიტომ, ზოგიერთი მკვლევარი (მაგ., რ. მუსი), ეგზისტენიციალიზმს აფასებს მეცნიერული ფსიქოლოგიის ოპოზიციურ მოძღვრებად, თუმცა იგი შეიცავს უამრავ ტერმინს და ცნებას, რომელთა გარეშე ფსიქოლოგიის წარმოდგენა შეუძლებელია. მკაფიოდ გამოხატულ ანტისციენტისტურ პოზიციას აფიქსირებენ ეგზისტენციალური ფსიქოლოგიის წამყვანი ფიგურები, როგორებიცაა ბინსვანგერი, ბოსი, ბუგენტალი, მეი და სხვა.…
დაამატა ლაშა to ფსიქოლოგია at 10:55am on ივნისი 2, 2018
თემა: საეკლესიო ლიტერატურიდან და წმიდა მამების შრომებიდან ამონარიდები და მათი ანალიზი პეტრე იბერის მონოფიზიტობის შესახებ
ილი საუკუნეების მანძილზე, რომ ამ მხრივ დღეს რაიმე სერიოზული მსჯელობის წარმოება სხვა არაფერია, თუ არა მართლმადიდებელი ეკლესიის საუკუნოვანი განჩინების ეჭვის ქვეშ დაყენება და, შესაბამისად, უკიდურესი შეურაცხყოფა ეკლესიის უცთომელობის დოგმატისა.       ესაა იმავე მასშტაბის მკრეხელობა, როგორიც იქნებოდა, ვთქვათ, დისკუსიის მოწყობა თემაზე, თუ რა აღმსარებლობისა იყო არიოზი, მართლმადიდებელი იყო ის თუ არიანელი. მართლაც, აღმსარებლობითი ცთომილების ხარისხით, პეტრე იბერის მართლმადიდებლად კანონიზების მცდელობა ტოლფასია იმისა, რომ კანონიზებულ ვყოთ არიოზი ან ნესტორი. მიუხედავად აღნიშნულისა, ვითვალისწინებთ რა შექმნილი ვითარების სიმძიმეს, არ უგულებელვყოფთ აუცილებლობას იმისას, რომ მოვიტანოთ უტყუარი ისტორიული ფაქტები პეტრე იბერის აღმსარებლობასთან დაკავშირებით. ამასთან, ორიენტაცია გვაქვს რა მასობრივ მკითხველზე, ამჯერად წარმოვადგენთ მხოლოდ საყოველთაოდ ცნობილ ქრესტომათიულ მონაცემებს ყოველგვარი მეცნიერული განხილვების გარეშე, რადგან ფაქტი თვითონ ღაღადებს ჭეშმარიტებას. თან, ფსევდობრალდებათა თავიდან ასაცილებლად, მოცემულ შემთხვევაში დავკმაყოფილდებით არსებითად მხოლოდ რუსული ციტატებით, რომ ინგლისურ-ფრანგულ-გერმანული აურაცხაელი გამოკვლევის დამოწმება მავანთათვის არ გახდეს თავის დაძვრენის საბაბი იმაზე ხაზგასმით, თითქოს ჩვენ არამართლმადიდებლურ წყაროებს ვიმოწმებთ.       მაშ ასე, მოვიტანთ რამდენიმე მნიშვნელოვან ციტატას, თან მხოლოდ იმგვარს, რომლის გადამოწმებაც შეუძლია უკლებლივ ყველა მკითხველს დაუყოვნებლივ, ინტერნეტის გზით. დავძენთ იმასაც, რომ ესაა მხოლოდ ზღვაში წვეთი იმ თითქმის უსასრულო რაოდენობამდე მისული მასალიდან, სადაც პეტრე იბერის მონოფიზიტური აღმსარებლობა, მისი ანტიქალკედონიტობა და მისი ბელადობა მონოფიზიტთა კრებულის მიმართ უნათლესად არის წარმოჩენილი. Петр Ивер (Ивир, Ибериец, Майумский) – епископ Майумы, порта города Газы в Палестине, видный церковный деятель и писатель V в. Родился около 409 г., умер в 488 г. Петр был сыном грузинского царя Вараз-Бакура, в качестве заложника в юности жил при дворе императора Феодосия II (402 – 450 гг.). Воспитанием грузинского царевича активно занималась... В августе 452 г. Петр Ивер был рукоположен иерусалимским патриархом Феодосием в епископский сан и занял кафедру в Майуме. Переселившись в Палестину, Евдокия продолжала покровительствовать Петру. Только благодаря этому в 454 г. Петр Ивер не был изгнан со своей кафедры вместе с прочими архиереями, не признавшими Халкидонский Вселенский собор. Однако позже Петр, в знак солидарности, все же покинул кафедру добровольно, иразделил судьбу собратьев-монофизитов. Затем он некоторое время жил в Александрии, гдеподдерживал монофизитского александрийского патриарха Тимофея Элура (457 – 460 и 475 – 477 гг.), а затем вернулся на епископскую кафедру и служил в Газе до самой смерти. Возглавлял монофизитскую богословскую комиссию, принудившую александрийского патриарха Петра Монга (477 и 482 – 489 гг.) однозначно и открыто отвергнуть диофизитство... Монофизитской церковью Петр Ивер был канонизирован. Его житие, сохранившееся до наших дней, было написано около 500 г. преемником Петра на епископской кафедре – антихалкидонитом Иоанном Руфом. (Византийский толковый словарь П Ч.3) Валентин Асмус Халкидонский Вселенский Сабор       Один из крупных монофизитский богословов – Петр Ивер, который стал епископом Маюмским, был грузинского царского рода.(Православный Свято-Тихоновский Богословский институт, Протоиерей Валентин Асмус, ИСТОРИЯ ЦЕРКВИ, Курс лекция 8) Евагрий Схоластик Церковная история       33. После изгнанного Флавиана, на епископский престол Антиохии взошел Север в 56м году от основания города, в месяц дие, 6 индикта текшего тогда круга; а в настоящее время, когда мы пишем это, идет 64-й год. Север был родом из Созополиса, одного писидийского города. Первоначально он обучался правоведению в Берите; потом, оставив изучение законов, принял св. крещение в храме Леонтия, дивного мученика, которого с особенным усердием чтут в городе Триполисе, находящемся в приморской Финикии, - и стал проводить монашескую жизнь в одном монастыре, лежавшем между городом Газа и крепостью Маюма, где Петр Ивериец, бывший предстоятелем Газы и посланный вместе с Тимофеем Элуром (ესაა მონოფიზიტთა ერთ-ერთი ფანატიკოსი ლიდერი, ძველი ქართული სახელდებით: ”ტიმოთე კვერნა”, ე.ჭ.) в ссылку, вел тот же образ жизни и заставил много говорить о себе. И вот однажды Север вступил в состязание с Нифалием который, хотя поначалу был на его стороне, что то есть во Христе одно естество, но потом последовал Халкидонскому Собору и тем, которые проповедовали два естества в Господе нашем Иисусе Христе. Нифалий и находившиеся при нем из своего монастыря изгнали Севера со многими другими, которые держались его мыслей. Север (პეტრე იბერის ცნობილი მოწაფე, სევერიანელთა მონოფიზიტური სექტის ერსიარქი, ე.ჭ.) отсюда отправился в столицу ходатайствовать как за себя, так и за тех, которые подверглись изгнанию вместе с ним, и по этому случаю, как заметил описатель его жизни, стал известен царю Анастасию. Потом он написал соборное послание, в котором определенно предал анафеме Халкидонский Собор.       [143] Петр Ивер был сын царя Иверии Бакур-Вараза. Его имя, по свидетельству грузинского жития, было Мурваню В молодые годы он полал в Константинополь в качестве заложника во время войны Феодосия с персами и приобрел большое расположение императора, его супруги и Пульхериию (Ю.А. Кулаковский. История Византин. 395-518 гг. Спб., 1996 г. г. с. 268, сноска 1). В епископы его поставил монофизит Феодосий во время своего лже-епископства в Палестине. Ю.А. Кулаковский сообщает со ссылкой на Raabe, Petrus der Iberer, p. 64, что . (сноска 1 к с. 271 Ю.А. Кулаковский. История Византин. 395-518 гг. Спб., 1996 г.).       [პეტრეს მაკურთხეველი ერეტიკოსი თეოდოსი პალესტინელის (არ აგვერიოს წმ. თეოდისი დიდში, მეუდაბნოეში) შესახებ შდრ.: ”монофизит Феодосий увлек в ересь почти всех монахов Палестины” (ЕВФИМИЙ ВЕЛИКИЙ); “У Псевдо-Захарии мы находим соовщение, что известный смутьян монофизит Феодосий, лжеепископ иерусалимский,спешил из Александрии, где он скрывался после бегства из Иерусалима, в Антиохию” (ИСТОРИЧЕСКИЙ ОЧЕРК СИРИЙСКОГО МОНАШЕСТВА ДО ПОЛОВИНЫ VI ВЕКА, Священномученик Анатолийб митрополит Одесский и Херсонский.)] [146] Строго говоря, Петр Ивер не был низложен, так как находился под покровительством императрицы Пульхерии, но очевидно, был незаконно поставлен (ესაა კვლავ სქოლიო ევაგრე სქოლასტიკოსის ზემორე წიგნზე). Андрей Кивелев Последствия Халкидонского Сабора для Восточной Церкви Введение В 451 г. Единственным действительно стойким приверженцем Халкидона был великий святой Евфимий. После бегства Ювеналия в Константинополь, епископом вместо него был поставлен Феодосий одновременно с несколькими другими монофизитами. Среди них был Петр Ивер, который позже был поставленепископом Майумским... И как только умер император Маркиан (457г.), произошло народное восстание, приведшее к убийству Протерия. В главной церкви Александрии, Кессарионе, занятой монофизитами, два монофизитских епископа - Евсевий Пелузский и Петр Майумский (ე.ი. პეტრე იბერი) хиротонисали в архиепископа Тимофея Элура ("Кот"). По всему Египту также были поставлены монофизитские епископы. Зилотов В.В. Антропоморфическое Богословие и монархический модализм “Умеренный монофизит Севир Антиохийский... Петр Ивер, твердый моиофизит” . Еще более очевидно мягкое отношение православных (уже по окончании ІV Вселенского собора) к монофизитам. Императрица Феодора, а также император Юстин ІІ и императрица София, державшиеся халкидонского исповедания, покровительствовали монофизитским патриархам, которые проживали в царском дворце в Константинополе ие имели свободу управлять своей паствой и рукополагать епископов и клириков. Халкидонские патриархи Иоанн Схоластик Константинопольский и Анастасий І Антиохийский председательствовали на монофизитских по составу соборах, пытаясь примирить их. Православная Энциклопедия АКАКИЙ († 26 или 28.11.489), Патриарх К-польский (ც марта 472). В 458 г. А., возглавлявший сиротский приют в К-поле, был одним из кандидатов на столичную кафедру, но уступил Геннадию, по смерти к-рого был избран Патриархом. В начале своего правления А. отказался подписать «Энкиклион» узурпировавшего в 475 г. имп. трон Василиска, в к-ром отвергались догматы, принятые Всел. IV Собором в Халкидоне, а также преимущества, предоставленные 28-м прав. этого Собора К-польскому престолу. Недовольный император запретил синклиту иметь общение с Патриархом. Однако правление Василиска оказалось непродолжительным: вскоре он был свергнут и искал спасения в храме, но А. выдал его вернувшемуся к власти имп. Зинону. Император подтвердил прежние привилегии Патриарха и даже позволил ему вмешиваться в дела др. Вост. Патриархатов… В 487 г. Зинон пригласил в К-поль для беседы о вере палестинских монахов Исайю Газского и Петра Ивера, пользовавшихся влиянием среди монофизитов, но те отказались явиться в столицу. Уступки, сделанные А. и императором противникам Халкид. Собора, не принеся церковного мира на Востоке империи, привели к разрыву с Западом и появлению в К-поле оппозиции со стороны ревнителей чистоты Православия, прежде всего монахов-акимитов. Развитие монашесгва Единственным из выдающихся палестинских монахов, последовательно-и героически-отстаивавшим антихалкидонскую позицию, был Петр Ивер (или грузин), учитель Севира Антиохийского и основатель грузинского монастыря в Иерусалиме, впоследствии епископ Газский (452). Angelologia. Православное учение об Ангелах Св. Дионисий Ареопагит и лжеправославная богословская наука В современной богословской науке считается общепризнанным ряд мнений, почерпнутых из мутных источников еретической теологии и даже безбожного гуманизма. Одним из них является утверждение, что те книги, которые Православная Церковь уже полтора тысячелетия считает сочинениями св. Дионисия Арепагита, — подложны, и написаны не тем лицом, которое упоминается в Деяниях Святых Апостолов (17, 33-34), а неизвестным автором то ли V, то ли VI века (спектр мнений колеблется от II до VI в), то ли православным, то ли монофизитом. Это утверждение вовсе не является безобидным научным изыскательством, но есть посягательство на само понятие православного богословия, главным смыслом которого является точнейшая передача Священного Предания, источник Которого у Бога отца...К слову говоря, этот аргумент почему-то не мешает критикам приписывать сочинения св. Дионисия монофизитам (например, Петру Иверу), которые, как известно, на дух не переносили Халкидонский Собор и, конечно, не пользовались его оросом. Так что пусть сперва разберутся с собственной аргументацией, а уже затем нападают на святого отца. Базилика Святого Стефана в Иерусалиме монофизит Иоанн Руф хотел таким образом связать имена главного героя жития, монофизита Петра Ивера, и поддерживавшей его Евдокии, с именем Кирилла. Святой Апостол от 70-ти Священномученик Дионисий Ареопагит, Епископ Афинский пытались приписать их авторство монофизиту Петру Иверу, Епископу Маюмы, Северу Антиохийскому или одному из богословов Иоанна Скифопольского Михаил Гарнцев Дамаский о невыразимом у молодого Севера и его друзей вызывала посхищение подвижническая жизнь одного из “ветеранов” монофиситства Петра Ивера, возглавлявшего в монастыре в Маюме “кружок ревностных аскетов”       და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. * * *       დამოწმებული (თუნდაც უმცირესზე უმცირესი) წყაროების გარკვეულობა და სიმკვეთრე ბოლომდე ააშკარავებს, თუ რა სახის ვერაგულ შეთქმულებასთან გვაქვს საქმე იმ პირთა, იმ სულიერ ბოროტმოქმედთა მხრიდან, რომლებიც უაღრესად დახვეწილად მოფიქრებული და ცრუპატრიოტული ჰალუცინაციებით ნაკვები გეგმის განხორციელებით განიზრახავდნენ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის უწმინდესი სინოდის შეცდომაში შეყვანას,მონოფიზიტობის ბილწი საცეცების შემოხლართვას მართლმადიდებლური სიწმინდის გარშემო და საქართველოს ეკლესიის შეურაცხყოფას.       ღვთის მადლით, ღირსეულ მღვდელთმთავართა, მღვდელთა, ერისკაცთა (მათ შორის, სასულიერო აკადემიის სტუდენტური კრებულის) ერთსულოვანი თანადგომით (საჭიროების შემთხვევაში შეგვიძლია მათი პიროვნულად დასახელება), განსაკუთრებით კი, მისი უწმინდესობის ჩვეული კეთილგონიერებით, ვფიქრობთ, საფრთხე დაძლეულია, მაგრამ უკეთურებას რომ თვით საბაბიც არ დარჩეს თავის მართლებისა, შევეხებით რამდენიმე საკითხს.       I. გვიკიჟინებენ, რომ პეტრე იბერის მონოფიზიტობის შემთხვევაში იგი გადაყენებული იქნებოდა ეპისკოპოსობიდან მას შემდეგ, რაც დიოფიზიტებმა მოიპოვეს გამარჯვება. ამ ფსევდოარგუმენტის სიყალბე თავშივე ნათელია. მართლაც, თუ პეტრეს არგადაყენება დიოფიზიტთა მხრიდან მის დიოფიზიტობას ნიშნავს, როგორღა ავხსნათ, რომ აქამდე იგი ეპისკოპოსი იყო მონოფიზიტთა შორის? მონოფიზიტებმა რატომ არ გადააყენეს იგი? პეტრე ვერ გადააყენეს დიოფიზიტებმა მხოლოდ იმის გამო, რომ საიმპერიო კარი უჭერდა მხარს (შდრ. ზემოთ დამოწმებული ერთ-ერთი წყარო: Петр Ивер не был низложен, так как находился под покровительством императрицы Пульхерии, но очевидно, был незаконно поставлен. კიდევ: Евдокия продолжала покровительствовать Петру. Только благодаря этому в 454 г. Петр Ивер не был изгнан со своей кафедры вместе с прочими архиереями, не признавшими Халкидонский Вселенский собор). გავიხსენოთ თუნდაც ცქირის მაგალითი "წმინდა გრიგოლ ხანცთელის ცხოვრებიდან", რომელმაც "მძლავრებითა დაიპყრა" ანჩისხატის საყდარი და ვერავინ შეძლო მისი გადაყენება, რადგან სახელისუფლო მხარდაჭერა ჰქონდა. ამასთან, პეტრესთან დაკავშირებით მკვეთრად დაისმის შემდეგი კითხვაც: დიოფიზიტთა გამარჯვების შემდეგ (რომლებმაც, როგორც აღვნიშნეთ, საიმპერიო კარისადმი ანგარიშგაწევის მიზეზით არ გადააყენეს პეტრე) ეს უკანასკნელი, თუ იგი დიოფიზიტი იყო, რატომღა ტოვებს ნებაყოფლობით საეპისკოპოსო კათედრას და რატომ შეერთვის ექსკომუნირებულ მონოფიზიტებს? (კიდევ ერთხელ დავუკვირდეთ: "Евдокия продолжала покровительствовать Петру. Только благодаря этому в 454 г. Петр Ивер не был изгнан со своей кафедры вместе с прочими архиереями, не признавшими Халкидонский Вселенский собор. Однако позже Петр, в знак солидарности, все же покинул кафедру добровольно, и разделил судьбу собратьев-монофизитов. Затем он некоторое время жил в Александрии, где поддерживал монофизитского александрийского патриарха Тимофея Элура [457 – 460 и 475 – 477 гг.], а затем вернулся на епископскую кафедру и служил в Газе до самой смерти. Возглавлял монофизитскую богословскую комиссию, принудившую александрийского патриарха Петра Монга [477 и 482 – 489 гг.] однозначно и открыто отвергнуть диофизитство").       II. ცრუმეტყველებენ, რომ არსებობს მართლმადიდებლური ცხოვრება პეტრე იბერისა და უთითებენ მაკარი მესხის მიერ XIII ს-ში ნათარგმნ ცნბობილ ჰაგიოგრაფიულ ძეგლს. აღვნიშნავთ, რომ ეს ძეგლი არანაირ პირდაპირ კავშირში არაა პეტრეს მართლმადიდებლობასთან, რადგან თვით მაკარის მითითებით იგი არის თარგმანი სირიული ენიდან, სირიულად კი მხოლოდდამხოლოდ მონოფიზიტური "ცხოვრებანი" არსებობდა პეტრე იბერისა, კერძოდ, ერთი მხრივმონოფიზიტი ზაქარია რიტორის მიერ ბერძნულად დაწერილი "პეტრეს ცხოვრების" სირიული თარგმანი, მეორე მხრივ კი პეტრეს მოწაფის და მაიუმის პეტრეს შემდგომი ეპისკოპოსის, მგზნებარე მონოფიზიტის იოანე რუფინუსის ან რუფუსის ასევე ბერძნულად დაწერილი "პლეროფორიების" (ეძღვნება პეტრეს ცხოვრებას) სირიული თარგმანი, რაც გადმოუკეთებია მაკარის და თანაც ბევრი რამ შეუცვლია მასში (სხვათაშორის, იგი ციტირებას ახდენს რუის-ურბნისის ძეგლისწერიდან). ვითარება ასეთია: მაკარი მესხმა პალესტინაში სირიულ ენაზე იპოვა "პეტრე იბერის ცხოვრება", რაც არქეტიპულად თანხვდება პეტრეს ზემოხსენებული მონოფიზიტი მოწაფის, იოანე რუფინუსის მიერ პეტრეს ცხოვრებაზე დაწერილი "პლეროფორიების" სირიულ თარგმანს. ცხადია, მაკარის არ ჰქონდა გამოკვეთილი გარკვეულობა ძეგლის ავტორის და ამავე ძეგლის, ასე ვთქვათ, გმირის აღმსარებლობაზე (XIII ს-ში კი არა, აგერ დღესაც, ულტრაინფორმაციულ ეპოქაში, ცალკეულ პირთა შორის სრული უმეცრება და უგუნურება სუფევს პეტრე იბერის აღმსარებლობის თაობაზე). ამ ფაქტის გარეშეც, სირიულ ენაზე მონოფიზიტთათვის რატომ უნდა დაწერილიყო მართლმადიდბელი მოღვაწის ცხოვრება? ასე რომ, ვითარება შემდეგია: XIII ს-ის მოღვაწე მაკარი მესხი, სირიულის მცოდნე, სირიულ ენაზე პოულობს "ცხოვრებას", სადაც პეტრე მართლმორწმუნეობის დამცველად არის წარმოჩენილი (მონოფიზიტისთვის მონოფიზიტობაა მართლმორწმუნეობა), ჰგონია, რომ ეს მართლმორწმუნეობა დიოფიზიტობას გულისხმობს და, თარგმნის რა აღნიშნულ ძეგლს, ისტორიული კონტექსტის ვერგაგების მიზეზით ცვლის მრავალ ფაქტს (მაგალითად, ცნობილი მონოფიზიტი და პეტრეს ერთ-ერთი ბიოგრაფი ზაქარია რიტორი მის მიერ გამოყვანილია ქართველ ბიოგრაფ ზაქარიად), რის საფუძველზეც არსებითად ორიგინალისგან საკმაოდ განსხვავებულ რედაქციას ქმნის. ამიტომ აღნიშნავდა კ. კეკელიძე: " იმდენად ნათარგმნი არაა, ამ სიტყვის ნამდვილი მნიშვნელობით, რამდენადაცგადმოკეთებულია" (ძვ. ქართ. ისტ. 1980, გვ. 335). თუ რამდენად დაშორებულია რეალობას ხსენებული ძეგლი, ამის შთამბეჭდავ ნიმუშად გამოდგება თუნდაც ის ადგილი, სადაც 444 წ-ს აღსრულებული წმ. კირილე ალექსანდრიელი ქალკედონის მეოთხე მსოფლიო კრების, ე.ი. 451 წ-ის შემდგომი მოვლენების თვითმხილველად არის გამოყვანილი. აი, სათანადო ციტატა: "და დაიპყრა მეფობაჲ მარკიანე, და შეკრიბა კრებაჲ მეოთხე ქალკიდონსექუსას ოცდაათთა მამათაჲ. სევერიანოსნი, იაკობნი, შეჩუენებულნი, არა შეიწყნარებდეს ქრისტეს ორთა ბუნებათა და არცა განჴორციელებასა მისსა წმიდისა ღმრთისმშობელისაგან. მაშინ ნეტარმან კჳრილე ალექსანდრიელმან და ყოველთავე მამათა შეაჩუენნეს იაკობნი და ყოველნი მწვალებელნი, რომელთა არა ჰრწამს ორი ბუნებაჲ ქრისტესი და კაცებაჲ მისი წმიდისა ღმრთისმშობელისაგან. ხოლო მეფემან მარკიანე წარმოავლინა კაცი სამეუფოჲ პალესტინედ, რაჲთა განასხნეს მწვალებელნი ქუეყანით მათით".       დავძენთ, რომ ამავე ძეგლში საკუთარ სახელთა უდიდესი ნაწილი წარხოცილია, მათ შორის, სხვათაშორის, ეპისკოპოსად პეტრეს მაკურთხეველი თეოდოსი პალესტინელისა ანუ თეოდოსი მონოფიზიტისა, რომლის სახელდებითად მოხსენიება (თხრობის იმ ნაწილში მაინც, სადაც პეტრეს კურთხევაზეა უწყება), ცხადია, გარდაუვალი ვალდებულება იყო "თვითმხილველი ავტორისა" (როგორადაც მაკარისეულ თარგმანში არის წარმოდგენილი "პეტრეს ცხოვრების" სირიული ტექსტის ავტორი). ხაზგასმულია, რომ ის პირი, ვინც პეტრე ეპისკოპოსად აკურთხა, ზოგადი სახელის ("პატრიაქის") ტიტულით რვაგზის არის ძეგლში დამოწმებული, დიახ, რვაგზის, თუმცა, როგორც აღვნიშნეთ, ყოველთვის კონკრეტული სახელის გარეშე, მაშინ როცა სხვა შემთხვევაში ავტორს არ ავიწყდება, მაგალითად, ორგზის გარკვევით მიუთითოს სრულიად უმნიშვნელო პიროვნების, დედოფლის ხელოსნის სახელი "ელია".       სწორედ ამ ე.წ. თარგმანის შემდეგ, რეალური ვითარების უმეცრების გამო, შემოდის ცთომილება საქართველოში, შეაქვთ რა პეტრეს სახელი კალენდარში, მაგრამ თუ რა მოიტანა ამ მოვლენამ ქვეყნისთვის, სრულიად თვალსაჩინოა. ეჭვი არ შეიძლება იყოს, რომ ერთ-ერთი მიზეზი საქართველოს და ქართველი ერის უმძიმესი ხვედრისა, რაც სწორედ XIII ს-დან იღებს სათავეს, უთუოდ ერეტიკოსის "გამართლმადიდებლებაცაა". ცხადია, ჩვენ ყურადღებას ვაქცევთ არა საკუთრივ მექანიკურ აქტს (კალენდარში ვინმეს სახელის ჩაწერას), არამედ - მოვლენას, როგორც ერის სულიერი დონის უტყუარად აღმბეჭდველს. მართლაც, თუ ერი და ბერი ვეღარ არჩევს, ვინ მართლმადიდებელია და ვინ მწვალებელი, ამგვარ ქვეყანაში საეკლესიო ცოდნა და გონითი ჭვრეტა, აშკარაა, წარხოცილი ყოფილა, და ასეთ დაცემულობაში მყოფ ერს რაღა ძალა ექნება გარედან მომავალი დამანგრეველი საფრთხეებისგან თავის გადასარჩენად? თუმცა მაშინ, ყოველ შემთხვევაში, უმეცრება მაინც იყო მიზეზი ცთომილებისა, მაგრამ რაღა ვთქვათ დღეს, როდესაც ყველა ფაქტი სახეზეა, ხელმისაწვდომია; რითღა ვიმართლოთ თავი ღვთის წინაშე, თუ იმავე ცთომილებას გავიმეორებთ, რომლის ჭაობსაც ერთხელ, ღვთის მადლით, განვერიდეთ?       III. აბსოლუტური ცრუარგუმენტია ისიც, რომ, რადგან პულქერია კეთილგანწყობილი იყო პეტრესადმი, თითქოს ეს მოვლენა ამ უკანასკნელის მართლმადიდებლობას გულისხმობს. საქმე ისაა, რომ, ერთი მხრივ, ამათუიმ პირის ერეტიკოსობა ყოველთვის მყისვე გაცხადებული არ არის, მეორე მხრივ კი, კეთილი ადამიანური ურთიერთობა არანაირად არ ქმნის საფუძველს ვინმეს კანონიზებისა. გავიხსენოთ, რომ წმ. ათანასე ალექსანდრიელი პატივს მიაგებდა დიდიმე ალექსანდრიელს მისი გარკვეული ღირსებების კვალობაზე (თუნდაც ყოვლადწმინდა სამების დოგმატის ბრწყინვალედ გადმოცემის გამო), უწოდებდა მას "საკვირველ კაცს", მაგრამ ეს უკანასკნელი ანათემირებულია მეხუთე მსოფლიო კრების მიერ. ასევე უსაღვთოესი გრიგოლ ნეოკესარიელი დიდი დამფასებელი იყო ორიგენესი (ისევე როგორც წმ. დიონისე დიდი ალექსანდრიელი), დაუღლელად გვაუწყებდა მისი პედაგოგიური ღირსებების შესახებ, მაგრამ ასევე ანათემირებულია ორიგენეც. სწორედ ამ ორიგენეს რჩეული ნაწერები შეკრიბეს და გამოარჩიეს წმ. ბასილი დიდმა და წმ. გრიგოლ ღვთისმეტყველმა, რაც დღემდეა მოღწეული. მეტიც, იგივე ბასილი დიდი და გრიგოლ ღვთისმეტყველი მნიშვნელოვან პატივს მიაგებდნენ წარმართ ლიბანიოსს, მეგობრული წერილებით უკავშირდებოდნენ მას (კაპადოკიელთა და წარმართი ლიბანიოსის მიმოწერა სრულად შემოინახა მართლმადიდებელმა ეკლესიამ, თარგმნილია ყველა ენაზე, მათ შორის ძველ ქართულადაც წმ. ეფრემ მცირის მიერ და გამოცემულიცაა), მაგრამ განა ეს გვაძლევს იმის საფუძველს, რომ ლიბანიოსის კანონიზების საკითხი დავსვათ? ან კიდევ, წმ ისიდორე პელუზიელი რაოდენ ხაზგასმით გვამცნობს ფილონ იუდეველის სულიერ მოღვაწეობაზე, რომ მან (ფილონმა), იუდაიზმის საწინააღმდეგოდ, მეორე ჰიპოსტასიც განჭვრიტა ყოვლადწმინდა სამებისა და ამ გზით, ისიდორეს სიტყვები რომ გავიმეოროთ, ისიც "უკავშირდება მართლმადიდებლურ ღვთისმეტყველებას", მაგრამ როგორ მოვიქცეთ, "აღვადგინოთ" ფილონიც "წმინდანთა დასში?" ან რატომ არ უნდა "აღვადგინოთ", ნუთუ მხოლოდ იმიტომ, რომ ქართველი არაა? (ამ მოვლენების შესახებ არაერთგზის გვისაუბრია წლების წინ და რამდენიმე პუბლიკაციაც მიგვიწოდებია მკითხველისთვის, ამიტომ ამჯერად მათ შესახებ მსჯელობას აღარ განვაგრძობთ). გარდა აღნიშნულისა, ხაზგასასმელია, რომ ქალკედონის კრების შემდეგ მართლმადიდებელთა მხრიდან გარკვეულ ხანს ისევ გრძელდებოდა გულმოწყალებისა და დიდსულოვნების გამოჩენა მონოფიზიტთა მიმართ იმ იმედით, რომ იქნებ მოგებულიყვნენ გონს და კვლავ დაბრუნებოდნენ დედა ეკლესიას. ასე რომ, ამ მხრივ პეტრე იბერი გამონაკლისი არ არის და, შესაბამისად, აღნიშნული ე.წ. არგუმენტის საფუძველზე მისი დიოფიზიტად მიჩნევა უბრალოდ უმეცრებით უგუნურებაა. ხელახლა დავიმოწმებთ ერთ-ერთ ზემომოტანილ წყაროს:       Еще более очевидно мягкое отношение православных (уже по окончании І\/ Вселенского собора) к монофизитам. Императрица Феодора, а также император Юстин ІІ и императрица София, державшиеся халкидонского исповедания, покровительствовали монофизитским патриархам, которые проживали в царском дворце в Константинополе ие имели свободу управлять своей паствой и рукополагать епископов и клириков. Халкидонские патриархи Иоанн Схоластик Константинопольский и Анастасий І Антиохийский председательствовали на монофизитских по составу соборах, пытаясь примирить их.       IV. ბოროტი ტყუილია ისიც, რომ თითქოს პეტრეს მონოფიზიტობა მონოფიზიტთა მიერ არის მოგონილი. უნდა ვიცოდეთ, რომ 451 წ-ის შემდეგ, როდესაც მონოფიზიტობა დაუძინებელ მტრად გადაექცა დიოფიზიტობას, მონოფიზიტისთვის დიოფიზიტი ეპისკოპოსი სრულიად მიუღებელი ხდება. მონოფიზიტური ფანატიზმი გამორიცხავს მათ წრეში დიოფიზიტი მღვდელთმთავრის ჩართვას და მის კანონიზებას. ამ ზოგადი დებულების შემდეგ ფაქტები ვნახოთ:უკლებლივ ყველა ის საეკლესიო პირი, რომელთანაც ქალკედონის კრების შემდეგ პეტრე იბერი მღვდელმოქმედებითად არის დაკავშირებული, მონოფიზიტია (მონოფიზიტი პატრიარქი თეოდოსი იგივე თეოდოსი პალესტინელი ანუ თეოდოსი იერუსალიმელი, რომელმაც აკურთხა პეტრე, ევსევი პელუზიელი, პეტრეს მეგობარი, შემდეგ, ტიმოთე ელური ანუ ტიმოთე კვერნა ["კატა"], რომელიც იკურთხა პეტრე იბერისგან, ანტიოქიის მონოფიზიტი პატრიარქი პეტრე ფულონი ანუ პეტრე კნაფევსი, იგივე პეტროზ მკაწვრალი, ალექსანდრიის მონოფიზიტი პატრიარქი პეტრე III მონგო [ან: "მყეფარი"], რომელიც პეტრე იბერმა აიძულა, რომ მას "ერთმნიშვნელოვნად და აშკარად დაეგმო ქალკედონის კრება", სევეროზ ანტიოქიელი, აღზრდილი პეტრე იბერისგან, რომელმაც დაწერა ქალკედონის კრების შემაჩვენელი ე.წ. "კათოლიკე ეპისტოლე", მონოფიზიტი საეკლესიო ისტორიკოსი ზაქარია რიტორი იგივე ზაქარია მიტილინელი ანუ ზაქარია სქოლასტიკოსი, და ა.შ., მონოფიზიტია უკლებლივ ყველა მისი მოწაფე(რომლებიც მას უზომოდ განადიდებენ), მხოლოდ მონოფიზიტები წერენ მის "ცხოვრებას", მხოლოდ მონოფიზიტებს შეაქვთ მისი (და იოანე ევნუქის ანუ იოანე ლაზის ხსენება მონოფიზიტურ კალენდარში და მხოლოდ ისინი ახდენენ მის კანონიზებას. მეორე მხრივ, მართლმადიდებელი ეკლესიის მხრიდან არავინ ახსენებს პეტრეს (აღარ არის საუბარი ქებაზე), არავინ წერს მის "ცხოვრებას", არავის შეაქვს მისი ხსენება საეკლესიო კალენდარში. დავუკვირდეთ იმასაც, რომ ზაქარია რიტორისა და იოანე რუფინუსის (რუფუსის) მიერ ბერძნულად დაწერილი პეტრეს ცხოვრების ამსახველი ჰაგიოგრაფიული ძეგლები მთლიანად წარიხოცა, რადგან არ შემოინახა ისინი ბერძნულენოვანმა ტრადიციამ, რაც არსებითად მართლმადიდებლურია, მაშინ როცა ხსენებულ ძეგლთა სირიული თარგმანები პატივით იქნა დაცული იმჟამინდელი მონოფიზიტებისთვის ძირითად სირიულ ენაზე. ნუთუ ეკლესიამ ის დაუშვა, რომ "მართლმადიდებლობის უდიდესი წმინდანი" და "მართლმადიდებლობის მნათობი" (ასე მოიხსენებენ ჩვენი ოპონენტები პეტრე იბერს) მთლიანად დაუთმო ერეტიკოსებს და ცხონების წიღიდან გარიყა იგი? ამაზე მეტი მკრეხელობის წარმოდგენა ნუთუ შესაძლებელია? ამით ხომ სრულიად უქმდება საეკლესიო უცთომელობის საღვთო დოგმატი! ვერ აცნობიერებენ ამას "დიდი მნათობის" ფსევდოთაყვანისმცემლები? ამასთან, თუ პეტრეს მართლმადიდებლობის სამტკიცებლად სხვა არანაირი არგუმენტი არ არსებობს, გარდა იმ ნონსენსისა, თითქოს მონოფიზიტებმა მოიგონეს მისი მონოფიზიტობაო, განა ამავე "წარმატებით" არ შეგვიძლია "ვამტკიცოთ" თუნდაც ნესტორის (ქართველი რომ იყოს) "მართლმადიდებლობა", ვიტყვით რა, რომ "ნესტორიანელებმა შერაცხეს იგი მწვალებლად, თორემ სინამდვილეში ”მართლმადიდებლობის მნათობიაო", ისევე როგორც, ვთქვათ, არიოზთან დაკავშირებით, რომ თითქოს თვით კი არ არისო ერეტიკოსი, არიანელებმა მოიგონეს ეს ყოველივეო, და ა.შ.       V. ის, რომ მთელი ეს მწვალებლური აბლაბუდა მხოლოდდამხოლოდ ცრუპატრიოტული ჰალუცინაციებითაა ნაკვები და არანაირი სხვა მოტივაცია ამ მოვლენას არა აქვს, ამის ტექსტი მარტივია: წარმოვიდგინოთ, რომ პეტრე, ზუსტად ამავე მონაცემებით, იყოს არა ქართველი, არამედ სომეხი, ვთქვათ, პეტრე არმენი. ასევე, წარმოვიდგინოთ, რომ ვინმემ შემოგვთავაზოს, ეს პეტრე არმენი მართლმადიდებლად სცანითო. განა სწორედ ის პირები, რომლებიც დღეს პეტრეს კანონიზებას ითხოვენ, არ იქნებიან პირველნი, რომლებიც ვითომცდა მართლმადიდებლური მგზნებარებით უმკვეთრესად დაუპირისპირდებიან ამას?       VI. კვლავ აღვნიშნავთ, რომ ამჯერად ჩვენ არ ვაწარმოებთ მეცნიერულ ანალიზს, რადგან ამას, ერთი მხრივ, შესაბამისი გარემო სჭირდება, მეორე მხრივ კი, იმ პირთა წინაშე, რომლებიც მოცემულ შემთხვევაში ჩვენს ოპონენტებად იგულვებიან და რომლებიც მოკლებულნი არიან ყოველგვარ მეცნიერულ კომპეტენციას, - დიახ, ამ პირთა წინაშე მეცნიერული კვლევის სერიოზულად წარმოება შეურაცხყოფა იქნებოდა თავად მეცნიერული კვლევისა. სხვა დროს და სხვა ვითარებაში ჩვენ, ცხადია, არაერთგზის დავუბრუნდებით პეტრე იბერისა და შესაბამისი ეპოქის მეცნიერულ ანალიზს, რადგან პეტრეს მონოფიზიტობა, რა თქმა უნდა, არანაირად არ ნიშნავს, რომ მის ცხოვრებას არ ჰქონდა ღირსეული მხარეები, - სხვადასხვა ასპექტით მეტად ღირსეულიც კი (მნიშვნელოვანი ღირსებები ეკლესიას არაერთგზის აღუნიშნავს ტერტულიანესთან, ორიგენესთან, ევსები კესარიელთან, დიდიმე ალექსანდრიელთან, ევაგრე პონტოელთან და სხვა ერეტიკოსებთან დაკავშირებით), თუმცა დაუშვებელია, რომ ამ ღირსებათა გამო პეტრე მართლმადიდებლად შეირაცხოს, რადგან კვლავ მკაფიოდ ვიტყვით: აღმსარებლობითი ცთომილების ხარისხით,პეტრე იბერის მართლმადიდებლად კანონიზების მცდელობა ტოლფასია იმისა, რომ კანონიზებულ ვყოთ არიოზი ან ნესტორი. საზოგადოდ, გვმართებს დაბეჯითებით მივუთითოთ, რომ უნდა აღმოიფხვრას ცრუპატრიოტული ხიბლის შემოჭრა მართლმადიდებელი ეკლესიის სიწმინდეში და მხოლოდ ამგვარი მოტივაციით ვინმეს კანონიზების მცდელობა. დოგმატია, რომ კანონიზებული წმინდანი უპირველესად სარწმუნოებრივი უზაკველობისა და ჭეშმარიტი აღმსარებლობისადმი თავდადების ნიშნით უნდა ხასიათდებოდეს და არა მარტოოდენ ე.წ. პატრიოტულ თუ საქველმოქმედო საქმეთა სიმრავლით. ამასთან, ამათუიმ პირთან დაკავშირებით როდესაც, ვთქვათ, ასი ფაქტიდან ოთხმოცდაცხრამეტი მის ღირსებებზე მეტყველებს, მაგრამ ერთი ფაქტი ამის საწინააღმდეგოა,ამგვარი პირის კანონიზება არ ხდება. ამის მკვეთრი ნიმუშია თუნდაც თეოდორიტე კვირელი, რომელიც, წმ. ეფრემ მცირის სიტყვები რომ გავიმეოროთ, "მამად ღმრთისმეტყველებისა" არის შერაცხილი, მაგრამ იმ შემფასებლობითი გაუგებრობის გამო, რაც უკავშირდება თეოდორიტეს დამოკიდებულებას წმ. კირილე ალექსანდრიელისადმი და რაც თვით თეოდორიტემ წერილობით მოინანია, ეს ღირსეული მოღვაწე არ იქნა კანონიზებული. ასეთ დროს რაღა ვთქვათ პეტრე იბერზე, რომელთან დაკავშირებითაც ასი ფაქტიდან აღმსარებლობის ასპექტით, ასივე ანტიმართლმადიდებლურია და მაინც მავანთა აცუნდრუკებულ გონებას მისი წმინდანად კანონიზება უკიდურესად ეიოლება?       ამგვარია ვითარება. ჩვენ არ გვინდა მოვლენის სიმძიმის უტრირება, მაგრამ ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ თუ ჩვენს მიერ ნახსენები სულიერი ბოროტმოქმედნი, რომელთა ვინაობაც ყველამ კარგად იცის, აქედანვე არ იქნებიან მკაცრად განკანონებულნი, არ გამოვრიცხავთ, რომ მსგავსი უღვთოება და უწმინდესი სინოდის შეცდომაში შეყვანის მცდელობა სამომავლოდაც განმეორდეს.       მივმართავთ ყველა ჩვენს თანამოაზრეს, რომლებიც წარმოადგენენ აბსოლუტურ უმრავლესობას საქართველოს ეკლესიისას, და ვარწმუნებთ მათ, რომ მოცემულ საკითხთან დაკავშირებით ყველა ჩვენი მოქმედება წარიმართება მშვიდად, საეკლესიო ანტიერეტიკულ კანონიკასთან სრულ შესაბამისობაში. * * *       და ბოლოს, შედარებით ვრცლად შევეხებით ერთ მნიშვნელოვან საკითხს:       საქმე ისაა, რომ პეტრე იბერის "მართლმადიდებლობას", გარდა ზემოაღნიშნულისა, სხვა მოტივაციაც აქვს (უკეთ, ესაა მთავარი). როგორც ცნობილია, მეცნიერთა (ცრუმეცნიერთა) შორის არსებობს ფანატიკურ რწმენამდე მისული აზრი, რომ პეტრე იბერი არის ავტორი არეოპაგეტული შრომებისა. ამ თეორიის პირველგამომთქმელს (შალვა ნუცუბიძეს) ოდნავადაც არ აღელვებდა პეტრე იბერის აღმსარებლობა. მეტიც, მისთვის საკუთრივ პეტრეს ერეტიკოსობა იყო მნიშვნელოვანი, რადგან თვლიდა, რომ სწორედ ერესი წარმოადგენდა "ჭეშმარიტ აზროვნებას" ვითომცდა მართლმადიდებლური კონსერვატიზმის ბატონობის პირობებში და თითქოს სწორედ ამ ერესს, არეოპაგიტიკიდან მომდინარეს, ამოუხეთქავს სწორედ საქართველოში XII ს-ში, რასაც მყისიერ შედეგად მოუცია ე.წ. აღმოსავლური რენესანსი (ევროპულ რენესანსზე უწინარესი). ამითვე ხსნის ხსენებული მკვლევარი პეტრეს მოწაფეთა მოქმედებას, რომ მათ პეტრეს წიგნები დიდი წმინდანის, დიონისე არეოპაგელის სახელით დაფარეს, რადგან პეტრეს როგორც ერეტიკოსის ავტორობა ამ წიგნების და მათში არსებული ერეტიკული (შესაბამისად, შ. ნუცუბიძისთვის "მოწინავე") აზრების გავრცელებას დააბრკოლებდა. შ. ნუცუბიძე განაგრძობს თანამიმდევრულ "წინსვლას ერესში" და წარმოუდგენელ დასკვნებს გვთავაზობს. კერძოდ, როგორც აღვნიშნეთ, ჯერ არეოპაგიტული შრომების ერეტიკულობას გვიბეჯითებს იგი, შემდეგ საერთოდ უარყოფს არეოპაგიტიკის არსობრივ კავშირს ქრისტიანობასთან და მის ავტორს ქრისტიანულ საფარველში გახვეულ წარმართ ფილოსოფოსად დაგვისახავს, ბოლოს კი წარმართობასაც ჩამოაკლებს მას და საერთოდ ღვთის არსებობის უარმყოფელ ათეისტად და მარქსიზმ-ლენინიზმის ნამდვილ წინამორბედად განგვიწესებს, რომელმაც თურმე ერთადერთმა გაბედა და აპოფატიკური მეთოდის გამოყენებით თქვა არა მხოლოდ ის, თუ რა არ არის ღმერთი, არამედ - ის, რომ ღმერთი საერთოდ არ არსებობს (იხ. შ. ნუცუბიძის "დამაგვირგვინებელი" ესსე პეტრე იბერზე).       ამ გონებააშლილობას (სხვა სახელს ვერ მოვუძებნით ზემორე დასკვნებს) იმ პირთა შორისაც გამოუჩნდნენ ფანატიკოსი მომხრენი, რომლებიც, მათი ჭკუით, მართლმადიდებლები არიან. შესაბამისად, მათ წინაშე, შ. ნუცუბიძისგან განსხვავებით, თავი იჩინა აღმსარებლობითმა მოტივაციამ. მართლაც, თუ პეტრე იბერი ერეტიკოსია (ან წარმართია, ან ათეისტია), როგორ მოხდა, რომ მისი შრომები მართლმადიდებლობის ერთ-ერთ უმყარეს საფუძვლად შეირაცხა ეკლესიის მიერ? ესაა ჩიხი, საიდანაც, ამ პირთა მიერ მოიძებნა "ბრწყინვალე" გამოსავალი: პეტრე იბერი არათუ ერეტიკოსი არ არის, პირიქით წმინდანია, მართლმადიდებლობის მნათობია. ამ დაშვებით ორი შედეგის მიღწევა განიზრახებოდა: (I) ხსენებულ პირებს უკვე აღარ გაუხდებოდათ დამაბრკოლებელ მიზეზად პეტრე იბერის ერეტიკოსობა და, შესაბამისად, მათთვის კვლავაც სრულად შენარჩუნდებოდა ცრუპატრიოტული ხიბლით ტკბობის შესაძლებლობა (რომ თურმე ქართველი მოღვაწე ყოფილა უდიდესი ღირებულების საღვთისმეტყველო შრომათა ავტორი); (II) ამავე პირებს გაუჩნდებოდათ "რეალური" შანსი გაფაჩუნებულიყვნენ ერის კულტურულ ისტორიაში (გაფაჩუნებულიყვნენ კი არა, მათი რწმენით და მოლოდონით, თანამედროვე ქართული მეცნიერების ლამის კორიფეებად წარმოჩენილიყვნენ როგორც წარსულისადმი ყველაზე უფრო ღირსეულად მიმგებნი "კუთვნილი" პატივისა და მართლმადიდებლური საქარისტიანოს მნათობის, ისტორიული ბედკრულობის გამო მივიწყებულის, ახლად გამომაბრწყინებელნი).       აი, რა მიზეზები ედო საფუძვლად წმინდა სინოდის შეცდომაში შეყვანის მცდელობას!       ზემოაღნიშნული ორი მიზანდასახულობიდან მეორე (პეტრე იბერის ”დიოფიზიტობა”), ვფიქრობთ, უკვე საბოლოოდ არის აღმოფხვრილი. რაც შეეხება პირველს (რომ პეტრე იბერი უნდა იყოს არეოპაგიტიკის ავტორი), საზოგადოების იმ ნაწილისთვის, რომელიც თავის თავს ეკლესიას განუკუთვნებს, ამ საკითხზე მსჯელობა დამთავრებულია, რადგან მართლმადიდებლობის ფუძემდებლურ შრომებს ერეტიკოსი ვერ დაწერდა, თუმცა არსებობს საზოგადოების მეორე ნაწილი, რომელიც, ასე ვთქვათ, მეცნიერული ობიექტურობის ნიშნით ხასიათდება და "არ იზღუდება რწმენითი მიკერძოების ჩარჩოებით". რა შეიძლება ამ ნაწილის მიმართ ითქვას?       პირველი და უთმავრესი გახლავთ ის, რომ უკვე დოკუმენტურად დადასტურებულია არეოპაგიტული შრომების არსებობა IV-V სს-ზე უწინარეს, რადგან VII ს-ის მოღვაწე ანასტასი სინელი თავის შრომაში "წინამძღვარი" ახდენს სრულ ციტირებას III ს-ის შუა წლების უაღრესად ავტორიტეტული მოღვაწის, "დიდად" წოდებული დიონისე ალექსანდრიელის (348-366 წწ.) ორი კომენტარისას, რომლებიც მას (დიონისე ალექსანდრიელს) დაურთავს თავისი თანამოსახელის, დიონისე არეოპაგელის შრომებზე "გარემოწერითად" (ეს კომენტარები ეხება წმ. დიონისე არეოპაგელის ორ ტერმინს: ἄκτιστοι ანუ "შეუქმნელნი" და οὐσίαι ანუ "არსებანი"). ხსენებული კომენტარები, ცხადია, სახეზეა მითითებული ძეგლის ძველ ქართულ თარგმანშიც, რაც არსენ იყალთოელს ეკუთვნის. აი, შესაბამისი ციტატა: "ვინაჲცა საღმრთოჲ დიონჳსიოს ალექსანდრიელთა ეპისკოპოსი, რიტორთაგანი, თარგმანებათა შინა გარემოწერითთა, რომელნი შეუქმნნა თანამოსახელესა თჳსსა ნეტარსა დიონჳსიოსს (არეოპაგელს, ე.ჭ.), ესრეთ იტყჳს, ვითარმედ:”შეუქმნელად ჩუეულ არს წოდებასა გარეშე ფილოსოფოსობაჲ ყოვლისა უხილავისა ბუნებისასა, ეგრეთვე -არსებად თქუმასა გუამთასა და ამის ძლით გარეშეთაებრ თქუმულ არიანო წმიდისა დიონჳსისაგან(არეოპაგელისა, ე.ჭ.) ესევითარნი ჴმანი (ტერმინები, ე.ჭ.) მოპოვნებითად”, რომლისათჳსცა არა ჯერ-არს განუნახველად, მოგონებისაებრ ჩუენისა თარგმანებაჲ წმიდათა სიტყუებისაჲ ვითარ-იგი დღესცა ჰყოფენ ვიეთნიმე” (დოგმატიკონი, ს-1463,36; ამ ციტატის შესახებ ვრცლად იხ. ე. ჭელიძე, ერთი წყარო წმ. დიონისე არეოპაგელის შესახებ,სვეტიცხოვლისადმი მიძღვნილი პირველი სამეცნიერო კონფერენცია, 11-13 ოქტ., თბ. 1998, გვ. 421).       ესაა უტყუარი ფაქტი, რასთანაც, უნდა თუ არა, ყველას მართებს შეგუება. ამავე ფაქტის შუქზე მთელი სისრულით აშკარავდება მითოლოგემათა ის ნაკრები, რითაც არის ნასაზრდოები თეზა პეტრე იბერისა და არეოპაგიტულ შრომათა ავტორის იგივეობის შესახებ.       მაგალითად, მითია და ტყუილია, თითქოს შ. ნუცუბიძე ღრმად მეცნიერული ძიებებით მივიდა ზემორე თეზამდე. მართლაც, ს. ყაუხჩიშვილმა, უკმაყოფილომ იმით, რომ მის სახელს აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით არსად არცერთხელ არ ახსენებს პეტრე იბერის თემით უკვე დიდად სახელმოხვეჭილი შ. ნუცუბიძე, ფარდა ახადა ერთ საიდუმლოს, რითაც თავისდაუნებურად მთლიანად გადაუსვა ხაზი აღნიშნული თეორიის მეცნიერულ ღირსებას. როგორც იხსენებს ს. ყაუხჩიშვილი, მას გერმანიიდან მიუღია ბიზანტიოლოგიური ჟურნალი, სადაც ერთ სტატიაში ხაზგასმა იყო იმაზე, რომ გარკვეულ მკვლევართა ბოლოდროინდელი არგუმენტებით არეოპაგიტული შრომები თითქოს უნდა დაწერილიყო სირია-პალესტინის რეგიონში V ს-ის II ნახევარსა და VI ს-ის I ნახევარში, თან იქვე ჩამოთვლილი იყო V-VI სს-ის ყველა იმ პირის სახელი, - მათ შორის პეტრე იბერისაც, - რომლებიც, არსებულ ცნობათა კვალობაზე, ამ რეგიონში მოღვაწეობდნენ. ს. ყაუხჩიშვილის ყურადღება, ბუნებრივია, მიიქცია ქართველმა მოღვაწემ და როგორც თვით მოგვითხრობს, ამის შესახებ დაუყოვნებლივ აცნობა შ. ნუცუბიძეს, რომელსაც სთხოვა ენახა, ხომ არ იყო სწორედ პეტრე იბერი არეოპაგიტიკის ავტორი, მართლაც, დასძენს ს. ყაუხჩიშვილი, ნახა შ. ნუცუბიძემ და, ჰოი საოცრებავ, სწორედ პეტრე იბერი არ აღმოჩნდა ის პიროვნება, - ე.წ. ფსევდო-დიონისე არეოპაგელი, - რომელსაც საუკუნეების განმავლობაში ეძიებდა მეცნიერული კვლევა?       მაგრამ ს. ყაუხჩიშვილს რომ ზემორე ჟურნალი არ მიეღო გერმანიიდან?       აი, ამგვარი მოლიპული საყრდენი აქვს შ. ნუცუბიძის თეორიას, რასაც განსაკუთრებული გულმოდგინებით ფარავდა იგი. უნდა ვიცოდეთ, რომ შემთხვევით შეიძლება აღმოჩნდეს რაღაც დიდმნიშვნელოვანი ნივთი, მივიწყებული რამ ხელნაწერი, გადამალული განძი, მაგრამ ფილოლოგიურმა მეცნიერებამ არ იცის ერთი მაგალითიც კი შემთხვევითი კვლევა-ძიებითი აღმოჩენისა.       გარდა აღნიშნულისა, ასევე მითია და ტყუილია ისიც, თითქოს ე. ჰონიგმანი არ იცნობდა შ. ნუცუბიძის პუბლიკაციას (პირიქით, იგი თავის ცნობილ წიგნს, სწორედ შ. ნუცუბიძის პუბლიკაციაზე მითითებით იწყებს, რასაც, სხვათა დახმარებით, ზედმიწევნით იცნობდა იგი).       მითია და ტყუილია ისიც, თითქოს შ. ნუცუბიძის პირველი პუბლიკაცია (Тайна Псевдо-Дионисия Ареопагита, Тбилиси, 1942) რაიმე სახის გამოკვლევა იყოს. ესაა გადიდებული ასოებით დასტამბული ძალიან მცირე ზომის წიგნაკი, სავსე მხოლოდ პირადი სურვილებითა და განწყობილებებით, ყოველგვარი მეცნიერული მტკიცებულების გარეშე (სწორედ ეს იყო მიზეზი იმისა, რომ ავტორს ეს წიგნაკი შემდეგში მეტად აღარ გამოუცია).       მითია და ტყუილია ისიც, რომ პალესტინის ქართულ წარწერებს რაიმე კავშირი ჰქონდეთ პეტრე იბერთან.       მითია და ტყუილია, რომ არეოპაგიტიკის ე.წ. ნამდვილი ავტორის (მონოფიზიტი პეტრეს) შესახებ თითქოს ძველთაგანვე ფარული ცოდნა არსებობდა ქართველ საეკლესიო და საერო მოღვაწეთა შორის თვით XII-XIII სს-ის ჩათვლით, რომლებიც თურმე მართლმადიდებელი ეკლესიის "შიშით" ამ თემაზე მხოლოდ მინიშნებითად კმაყოფილდებოდნენ და ვერ ბედავდნენ "სიმართლის" თქმას.       მითია და ტყუილია, რომ პეტრე იბერმა ქართულად დაწერა წიგნი "მიზეზთა შესახებ", რაც თურმე ხელთ ჰქონია, მაგალითად, იოანე პეტრიწს, რომელიც თითქოს პირდაპირ გვეუბნება ამას (შდრ.: "იოანე პეტრიწი გვეუბნება, რომ მიზეზთა შესახებ პეტრე იბერის ხელნაწერი მის დროს - XII საუკუნის დასაწყისში - არსებობდა", შ. ნუცუბიძე, შრომები, V, თბ. 1975, გვ. 425. საინტერესოა, სად გვეუბნება ამ ნონსენსს იოანე პეტრიწი).       და ა.შ. და ა.შ. * * *       ამგვარია შეულამაზებელი რეალობა, რასაც თვალი უნდა გავუსწოროთ. უბრალოდ, ვალდებულნი ვართ ასე მოვიქცეთ. ედიშერ ჭელიძე თბილისი, 2010 წ. …
დაამატა დეკანოზი იაკობი to სექტოლოგია at 8:12am on ნოემბერი 27, 2013
თემა: ბრევის მოძღვარი
თებდა მისი ხვედრი. თავს არავის დააჩაგვრინებს, მაგრამ გული საგულესა გაქვს, როცა შენივე თვალით ხედავ მეგობარს... ისე კი, გამოგიტყდებით, გავლა მინდოდა.    გზას გავუდექი. არავისათვის მითქვამს, რატომ, ან რისთვის. სტვენით მივყვებოდი ტყით დაბურული ბორცვების ქვეშ გაჭიმული მდინარის ნაპირს. ნორჩ ფოთლებს ნამავდა ჟუჟუნა წვიმის კურთხეული წვეთები, გაზაფხულის ცრემლები. ჟუჟუნა წვიმა ერთხანს დადუმდებოდა, მერე კვლავ რაკრაკს მოჰყვებოდა. ტყეში შეყვარებული ციყვი კნაოდა. მინდვრად ყიყინებდნენ ბატები, გულიანად ჭახჭახებდნენ შაშვები და პატარა წიწკანა „ტი-ტი-პიუს“ გაიძახოდა...    გზაში გადავწყვიტე, დორნესშიც გამევლო და ჩემი მეორე მეგობარი, ნოტარიუსი მეტრ პაიარი წამომეყვანა: ძველი საბერძნეთის გრაციებივით ჩვენ სრული შემადგენლობით მხოლოდ მაშინ ვართ, როდესაც სამივე ერთად ვიყრით თავს. თავს მაშინ წავადექი, როდესაც თავის დავთრებში წერდა, თუ რა დარი იდგა, რა დასიზმრებოდა და როგორი იყო პოლიტიკური მრწამსი. „De Legibus“-ის გვერდით ნოსტრადამუსის წინასწარმეტყველებათა გადაშლილი წიგნი ედო; როდესაც მთელი შენი სიცოცხლე სახლში ხარ გამოკეტილი, გონება თავისას შვრება, ოცნების მინდვრებში და მოგონებათა ტევრში გარბის და ჩვენი პლანეტის მანქანას რომ ვერ წარმართავს, ცდილობს მომავლის წიგნში ამოიკითხოს, რა ბედი ეწევა ქვეყნიერებას. ასე ამბობენ, ამ წიგნში ყველაფერიაო დაწერილი; მჯერა, მაგრამ გამოგიტყდებით, რომ მხოლოდ მაშინ მოვახერხე „ცენტურიებში“ მომავალი ამომეკითხა, როდესაც უკვე წარსულად ქცეულიყო.    ჩემს დანახვაზე ძმაკაცს სახე გაებადრა. ჭერი ავხადეთ სიცილ-ხარხარით. მახარებს ამ პატარა კაცის ცქერა; ღიპიანია, ჩოფურა, ლოყებგამობერილი, სახედაბღვერილი და ბუზღუნა. წითელი ცხვირი აქვს, ნაოჭებით შემორკალული ეშმაკუნა და ცოცხალი თვალები. წყევლის ამ დროებას, ადამიანებს; სინამდვილეში კი ოხუნჯი, მასხარა, ლაზღანდარა და ჩემზე მეტი ეშმაკის ფეხია; და როცა მკაცრი და მრისხანე თავისებური ოხუნჯობით გაგიმასპინძლდებათ, მის სიხარულს საზღვარი არა აქვს. უნდა ნახოთ, როცა მაგიდას ბოთლით ხელში დინჯად მიუჯდება, კომიუსსა და მომიუსს იგონებს და სიმღერას შემოსძახებს. ჩემი ნახვა ძალიან გაუხარდა, ჩამავლო თავისი ტლანქი და უხეში ხელები, რომელთაც საოცრად ემარჯვებათ დურგლობა და ქლიბვა, თლა და აკინძვა. სახლში ყველაფერი მისი გაკეთებულია, ყველაფერი უშნოა, მაგრამ მისი ნახელავია; ავია თუ კარგია, მისი სახე და ხატია.    პიარი ჩვეულებისამებრ წუწუნებს ამაზე და იმაზე, მე კი, მის ჯინაზე აღტაცებაში მოვყავარ ამასაც და იმასაც. ის არის „მით უარესის“ მეცნიერებათა დოქტორი, მე კი - „მით უკეთესისა“. ასეთი ხასიათი გვაქვს. სალამ-ქალამს მოვრჩით თუ არა, თავის მუშტრებზე ბუზღუნი და წუწუნი მორთო. მართალი გითხრათ, მუშტრებიც ფულის გადახდას არ ჩქარობენ, ზოგიერთის ვალი ოცდათხუთმეტი წლისაა და თუმცა ჩემი ნოტარიუსი ფულის მოყვარული კაცია, მაინც არ აჩქარებს მოვალეებს და თუ ზოგიერთნი ჟამიდან ჟამზე მაინც უხდიან, მხოლოდ შემთხვევით, როდესაც მოაგონდებათ და ისიც ნატურით მიუგდებენ ერთ კალათა კვერცხს, ანდა წყვილ ვარიას. ასეთია ჩვეულება; მოვალეები შეურაცხყოფად ღებულობენ, თუ ვალი მოსთხოვა. მეტრ პაიარი იღრინება, მაგრამ თავის ფულს არ ითხოვს და მე მგონია, თავად რომ იყოს მათ ადგილას, ისიც ასე მოიქცეოდა.    საბედნიეროდ, საკუთარი ქონება ჰყოფნის, კარგი ავლადიდების პატრონია, დიდი მოთხოვნილებაც არა აქვს. მარტოხელა, ბებერი კაცია, მექალთანეც არ არის; ტაბლის სიამოვნებაზე კი ჩვენში ბუნება ზრუნავს. სუფრა ჩვენს მინდვრებშია გაშლილი; ჩვენი ვენახი, ბაღები, პალაურები, საკურდღლეები სასმელ-საჭმელის მდიდარი საკუჭნაოა. ფული მარტო წიგნებში ეხარჯება; ამ წიგნებს მხოლოდ შორიდან გიჩვენებთ (ხვადაგს არ უყვარს მათი თხოვება). ძვირი უჯდება აგრეთვე ჰოლანდიიდან ჩამოტანილი დურბინდებით მთვარისა და ქალების კურტუმების ცქერა. (ცუღლუტი!) სხვენის სახურავზე საკვამლეებს შორის აქვს მოწყობილი ერთი დანჯღრეული დანადგარი და იქიდან ყურადღებით ადევნებს თვალყურს ცის კამარის ტრიალს და საწყალი, ცდილობს ამოიკითხოს ჩვენი სვე-ბედის ანბანი. უნდა გითხრათ, რომ თვითონაც არ სჯერა, მაგრამ სურს დაიჯეროს. მესმის მისი, აბა რა სჯობს ფანჯრიდან ცის მნათობების მზერას, ქუჩაში მოსეირნე ქალიშვილების ზვერვას; ჭეშმარიტია თუ ყალბი, მაინც გართობს და გალაღებს.    დიდხანს ვიდავეთ ყველიერის სასწაულზე, პრიალა მეწამულ ხმალზე, გასულ ორშაბათ ღამით რომ მოგვევლინა ცაზე. ის სასწაულს თავისებურად ხსნიდა, მე - ჩემებურად და, რა თქმა უნდა, ორივე თავგამოდებით ვიცავდით ჩვენსავე აზრს, მაგრამ ბოლოს გამოირკვა, რომ არაფერი გვინახავს არც მე, არც იმას, რადგან ზუსტად იმ ღამეს ჩემს ასტროლოგს თავის იარაღებთან ჩასძინებოდა. რას გავაწყობდით; რადგან სისულელე მარტო შენ არ მოგსვლია, ბედს უნდა შეურიგდე; ჩვენც მხიარულად შევურიგდით, მაგრამ გადავწყვიტეთ მღვდლისთვის არაფერი გვეთქვა.    გავედით სახლიდან და გზას გავუდექით. გავყევით მინდვრებს, ყურს ვუგდებდით ფოთოლთა შრიალს, ვათვალიერებდით ბუდეების კეთებაში გართულ ჩიტებს, ნორჩ ყლორტებს, გასხლული ხეების ვარდისფერ ტოტებს, ვუცქერდით ჩვენს თავზე ცაში ქორის ბორბალივით ტრიალს. მოგვაგონდა, ერთხელ რა ოინი მოვუწყვეთ შამაის. წარმოიდგინეთ, მთელი თვეების მანძილზე პაიარი და მე ოფლში ვიწურეთ, რომ ერთი დიდი შაშვისთვის ჰუგენოტური სიმღერა გვესწავლებინა და, როგორც კი შაშვმა სიმღერა ისწავლა, შევუშვით ბატონ შამაის ბაღში. ჩიტმა თავი ლაღად იგრძნო მოძღვრის ბაღში, სოფლის სხვა შაშვებს ჩაუდგა თავში და სიმღერა ასწავლა. ჩიტების ქორომ შეაწუხა მღვდელი. ლოცვანის კითხვაში შეუშალა ხელი. წმინდა კაცი პირჯვარს იწერდა, ილანძღებოდა და იგინებოდა, ფიქრობდა, ეშმაკი შემომეჭრა ბაღშიო, სწყევლიდა ბოროტ სულს და დარაბის უკან ჩასაფრებული უმოწყალოდ კლავდა მაცდურს; მაგრამ ეშმაკის ამბავი სავსებით როდი სჯეროდა ჩვენს ღვთისმსახურს, რადგან, როგორც კი მოკლავდა, იმ წამსვე ჭამდა ბოროტ სულს. *    ლაპარაკ-ლაპარაკში სოფელს მივადექით. გეგონებოდათ, ბრევს სძინავსო. გზის გასწვრივ ამთქნარებდნენ სახლები, გამვლელთა ცხვირწინ გაზაფხულის მზისათვის გაეღოთ კარი. ძეხორციელი არ გვინახავს, გარდა ერთი ბალღის უკანალისა. ღლაპი თხრილთან იდგა, უკანალს ანიავებდა და თხრილში შარდავდა. მაგრამ, როგორც კი ხელიხელგადახვეული მე და პაიარი ფუნითა და ჩალით მოფენილი გზით დაბის ცენტრს მივუახლოვდით, ჩვენს ყურამდე გაბრაზებული ფუტკრების ბზუილისებურმა ხმამ მოაღწია. ეკლესიის მოედანზე გავედით. მოედანი ხალხით იყო სავსე, იქნევდნენ ხელებსა და ფეხებს, წუწუნებდნენ, გუგუნებდნენ, გაჰყვიროდნენ და გაჰკიოდნენ. მღვდლის ბაღის ნახევრადგაღებული კარის ზღურბლზე ბრაზისაგან აჭარხლებული შამაი ღრიალებდა და მუშტებით ემუქრებოდა მთელ მრევლს. შევეცადეთ მიზეზი გაგვეგო, მაგრამ მხოლოდ ღრიალ-დგრიალი ისმოდა: „... მუხლუხი და მუხლუხუნა... ხოჭოები და თაგუნა... ისმინე, უფალო“... შამაი ყვიროდა: - არა, არა , არ წამოვალ. ბრბო კი: - ეშმაკმა წაგიღოს! ხარ თუ არა ჩვენი მოძღვარი? გვიპასუხე, ჰო თუ არა? და თუ ჩვენი მოძღვარი ხარ (ამას კი ვერ უარყოფ), უნდა გვემსახურო კიდეც. შამაი კი უპასუხებდა: - უტიფარო ავაზაკებო, მე უფლის მსახური ვარ და არა თქვენი.    ატყდა სოდომ-გომორი. ამ აურზაურისათვის ბოლო რომ მოეღო, შამაიმ მრევლის ცხვირწინ კარი მიიჯახუნა და დავინახეთ, მოაჯირს იქით როგორ იქნევდა ხელებს, ცალით ნეტარად ასხურებდა ლოცვა-კურთხევის წვიმას ერთგულებს, მეორეთი კი წყევლა-კრულვას აფრქვევდა დედამიწაზე. ცოტა ხნის შემდეგ ფანჯარაში მისი ჩამრგვალებული მუცელი და ბრტყელი სახე დავინახეთ. რაღაც უნდოდა ეთქვა. მაგრამ, რადგანაც ხალხის ყაყანს მიჰქონდა ყურთასმენა, გაბრაზებულმა მოძღვარმა ერს გამოუყო ენა; მერე დარაბები დაკეტა და სახლი სიჩუმემ მოიცვა. ხალხს მოსწყინდა ყაყანი, დაიღალა, დაიშალა, მოედანი დაიცალა, ჩვენც დრო ვიხელთეთ, შეთხელებულ დოყლაპიებს შორის გავძვერით და მეგობრის კარზე დავაკაკუნეთ. დიდხანს ვაკაკუნეთ, ხმას არავინ გვცემდა, ხვადაგს არ სურდა კარის გაღება. - ჰეი, მასპინძელო, ბატონო მღვდელო!.. რამდენი ვეძახეთ (ხმას განგებ ვიცვლიდით) - მეტრ შამაი, შინა ხართ? - ჯოჯოხეთში წასულხართ, ვინა ხართ, ვინა? რით ვერ გაიგეთ, არა ვარ შინა. და რაკი არ მოვეშვით, გაცეცხლებულმა გამოგვძახა: - აბა, მოუსვით აქედან, თუ არ წათრეულხართ, თქვე წუნკლებო, თქვენა, გაძლევთ სიტყვას, რომ დაგტეხოთ ჭექა და მეხი, ისე მოგნათლოთ, რომ ვერ წაიღოთ თავი და ფეხი.    ავაზაკი! კოკა წყალი უნდა გადმოესხა ჩვენთვის. ვუყვირეთ: - შამაი, ღვინო მაინც გადმოასხი, შე კაი კაცო! ამ სიტყვებზე, თითქოს სასწაულიაო, ჩაქრა ცეცხლის ალი, ჩადგა ქარიშხალი. შამაის გაწითლებული და მზესავით გაბადრული სახე გამოჩნდა. - ღმერთო ჩემო! ბრონიონ, პაიარ, თქვენა ხართ? ვაიმე! კიდევ ცოტა და, კარგ ოინს გიზამდით. ყურუმსაღებო, ვერა თქვით, რომ თქვენ იყავით? საფეხურებზე ჩამოგორდა წმინდა კაცი. - შემოდით, შემოდით! წყალობა ნუ მოგიშალოთ ღმერთმა. მოდით, გაკოცოთ! საყვარლებო, რა ბედნიერი ვარ, იმ სიფათების შემდეგ ადამიანის სახეებს რომ ვხედავ! ერთი მითხარით, იმათი ფუნდრუკი თუ ნახეთ? რამდენიც უნდათ, იმდენი იხტუნონ, ფეხს არ მოვიცვლი. ამოდით, ამოდით, დავლიოთ, დაგცხებოდათ; წარმოიდგინეთ, წმინდა საუფლო ძღვენით უნდოდათ გავყოლოდი. მალე წვიმა წამოვა და მე და უფალი ხომ გავიწუწებოდით. არა, ერთი მითხარით, მათი მსახური ხომ არა ვარ, ანდა მოჯამაგირე? გაგონილა, ღვთის მსახურს ისე მოექცე, როგორც მოჯამაგირეს? ავაზაკები! მე მათ სული უნდა გავუწმინდო და არა მინდორ-ველი. - ერთი ადამიანურად აგვიხსენი, რასა მღერი, ვისზედა ხარ აღრენილი? - ვკითხეთ ჩვენ. - ამოდით, ამოდით, - გვითხრა შამაიმ, - ზევით სჯობია, მაგრამ ჯერ უნდა დავლიოთ. ბრაზი მახრჩობს. მეტი არ შემიძლია... ჰა! ამ ღვინოზე რას იტყვით? ჰე, ჰე, ჰე, არც ისე ცუდია... არა, წარმოიდგინეთ, იმ ხვადაგებს უნდოდათ ყოველდღე პარაკლისი მეხადა აღდგომიდან ამაღლებამდე... ნათლისღებიდან ახალწლამდე არ უნდათ? მერედა, რისთვის? ხოჭოებისთვის. - ხოჭოებიო! - გავოცდით ჩვენ. - რა ხოჭო შეგიძვრა? ბოდავ, შამაი. - არა ვბოდავ, - შეჰყვირა აღშფოთებულმა შამაიმ. - არა, ეს მეტისმეტია! მათი სიგიჟე უნდა ვითმინო და თანაც გიჟად მე ჩამთვალონ. - მაშ, გონივრულად, მშვიდად აგვიხსენი. - ჭკუიდან შემშლით, წაწყმედამდე მიმიყვანთ, - ყვირის შამაი და გამწარებული ოფლს იწმენდს, - მშვიდად როგორ ვთქვა, როდესაც მე და უფალს, უფალსა და მე მთელი წმინდა დღე ლათაიებით გვაბეზრებენ. (უჰ! სული მეხუთება!) ეგ უღვთოები და წარმართები, რომელთაც ფეხებზე ჰკიდიათ საუკუნო სასუფეველი და არ განიბანენ არც სულს, არც ფეხებს, მოძღვრისაგან ითხოვენ ხან წვიმას, ხან დარს; უნდა ვუბრძანო მთვარესა და მზეს: ოდნავი ალი, მერე წყალი, კმარა! ბევრი არა, ეხლა ცოტა მზე, თბილი და რბილი, ნიავი გრილი, გვაშორე ყინვა, ვენახისათვის გვიბოძე წვიმა. ჰაიტ! შესდექ! გეყოფა ფასი, ცოტა შეგვათბე. ამ უქნარებს რომ ყური უგდო, ლოცვებით გამათრახებული უფალი მებაღის იმ ვირს უნდა დაემსგავსოს, ჭას გარშემო რომ უვლის და წყალს ექაჩება. ამას ისიც დაუმატეთ, რომ ერთმანეთშიც ვერ რიგდებიან; ზოგს მზე უნდა, ზოგს კი - წვიმა. და აი, საშველად წმინდანებს უხმობენ. იქ, ზევით, ოცდაჩვიდმეტი წმინდანი განაგებს წყალს; მათ წინ მიუძღვის შუბოსანი მხედარი, ქვეშაფსია მხედარი. მეორე მხარეს კი მხოლოდ ორი წმინდანია, წმინდა რეიმონი და დია ღრუბელთრეკია; მათ დასახმარებლად მორბიან წმინდა ბლეზი ქარირეკია, სეტყვამაშორე წმინდა ქრისტეფორე, ჭექა-ქუხილისყლაპია ვალერიანე, მეხიკვეთია ორელიანე და წმინდა კლერი, კარგი ამინდის მქნელი. უთანხმოებაა ცათა შინა. ეს დიდებულნი ერთმანეთს სცემენ, ჩხუბობენ. წმინდა სიუზანი, ელენე და სქოლასტიკაც ერთმანეთს თმებში ჩაფრენიან. არ იცის უფალმა, რომელ წმინდანს მიენდოს. და თუ უფალმა არ იცის, მისმა მღვდელმა საიდან უნდა იცოდეს?.. საბრალო მღვდელი!.. ბოლოს და ბოლოს, ეს რა ჩემი საქმეა? მე ჩემი მრევლის ვედრება უნდა გადავცე უფალს, შესრულება კი მისთვის მიმინდვია. კიდევ არაფერს ვიტყოდი, (თუმცა ჩვენს შორის დარჩეს და, ეს კერპთაყვანისმცემლობა მეზიზღება. მოწყალე იესო, ნუთუ ამაოდ ეცვი ჯვარს?) მაგ არამზადებს ცის აყალმაყალში ჩემი გარევა რომ არ სურდეთ. ჭკუიდან შეიშალნენ, მე და ჯვარი თილისმად უნდა გამოგვიყენონ, უნდა დაგვაპირისპირონ ჭია-ღუებს, მათ მინდვრებს რომ ღრღნიან. დღეს ვირთაგვების წინააღმდეგ აგვამხედრონ, აქაოდა, ბეღლებს შესევიან და ხორბლისაგან გაგვცალესო. ეს ლიტანიაო, ეს შეჩვენება, წმინდა ნიკესისადმი ვედრება, თანაც დეკემბრის სუსხიან დღეს, ყელამდე თოვლში წელკავი ავიკიდე... ახლა მუხლუხოების მოსასპობად წმინდა ჰერტრუდას ევედრე, კვლავ ლიტანია, პროცესია. ეს იყო მარტში: თოვლ-ჭყაპი იდგა, წვიმდა. გავცივდი, დღესაც მახველებს. დღეს კიდევ ხოჭოებიო, კიდევ ერთი პროცესია, სურთ, რომ მათ ბაღებს, თითქოს სხვა საქმე აღარა მქონდეს, ასეთ სიცხეში ლოცვა-გალობით შემოვუარო (პაპანაქებაა, მაგრამ ცას საავდროდ შეუკრავს პირი, ჩამოწოლილი, სქელი ღრუბლები ცას ბუზებივით შემოჯარვიან, ჭექა-ქუხილიც რომ ემზადება? ვერ გადავრჩები, ფილტვების ანთება დამემართება). „Ibi ceciderunt უსამართლობის მომქმედნი, atque expulsi sunt  და ვერ შეძლონ stare“... მაგრამ გაძევებით მე გამაძევებენ... „Ibi cecidit შამაი ბატისტ, მეტსახელად „ტკბილო მამაო“... არა, მადლობელი ვარ, არსად მეჩქარება, ბოლოს და ბოლოს, კარგი ხუმრობაც მოსაწყენია. არა, ერთი მითხარით, ვინ დამავალა მათი ჭია-ღუების დევნა? თუ ხოჭოები აწუხებენ მაგ უსაქმურებს, თვითონვე შეებრძოლონ. თავს უშველე და უფალიც გიშველის. რა ადვილია გულზე ხელები დაიკრიფო და უფალს უბრძანო: ეს გააკეთე, ის გააკეთე! მე იმას ვაკეთებ, რაც გვნებავს, უფალო, და მე, დავლევ, დიახ, დავლევ, თქვენც მომბაძეთ, მეგობრებო... მათ კი, თუ სურთ, ალყა შემომარტყან. გეფიცებით უფალს, ისინი უფრო ადრე დაშლიან რკალს, ვიდრე მე ამ სავარძლიდან ავწევ უკანალს. დავლიოთ! *    ამდენი მჭევრმეტყველებითა და ქებით არაქათგამოლეულმა მოძღვარმა გადაჰკრა, ჩვენც მაღლა ავწიეთ ჭიქები და განვჭვრიტეთ მათში ცის კიდეგანი და ჩვენი სვე-ბედიც, და ისიც ვარდისფრად გვეჩვენა. რამდენიმე წუთით ჩამოვარდნილ სიჩუმეს პაიარის ენის წკლაპუნი და შამაის ხახაში ღვინის რაკრაკიღა არღვევდა. მღვდელი ერთი გადაკვრით სვამდა, პაიარი კი ჭიქას ათვალიერებდა ზევიდან და ქვევიდან, სვამდა ცხვირითაც, თვალითაც, ხახითაც, მე კი სასმელებითა და მსმელებით ვტკბებოდი; ჩემს სიხარულს მათი მხიარულება აორკეცებდა; სასიამოვნო იყო მათი მზერა: ტყუპებია სმა და ცქერა, მეფის კერძია. მათ კი ვუმზერდი, მაგრამ მერწმუნეთ, ბუზებს არ ვთვლიდი, თავგამოდებით მეც ჭიქას ვცლიდი. ერთმანეთს უკან არ ვრჩებოდით, ძმაბიჭურად, ვაჟკაცურად, ფეხაწყობით მივდიოდით!.. მაგრამ, ღმერთო, აბა ამას ვინ იფიქრებდა? საბოლოო ჯამში, რამდენიმე ყლუპით გაგვასწრო და გაჩნდა თავში Legibus-ის პატრონი, ნოტარიუს ბატონი.    და როდესაც მარნის ცვარმა საბოლოოდ დაგვისველა ჩიჩახვები, გაგვიმტკიცდა ძალა, გული, გაგვინათდა სახე, სული. ფანჯრის რაფას იდაყვებით დავეყრდენით და აღტაცებით დავუწყეთ მზერა ლამაზ დედოფალს, ჩვენს მინდვრებში მობრძანებულ ახალ გაზაფხულს, ჩინარების ახალშეფოთლილ შტოებში მოციაგე მზის სხივებს, შორს, თვალსაწიერში მოკარგულ იონს, გიჟმაჟ მურიასავით რომ უტრიალებს მინდვრებს. იქიდან ჩვენს სმენამდე ტაბუცების ხმა, მრეცხავი ქალების ყაყანი და იხვების ყიყინი აღწევდა. გამხიარულებული შამაი მკლავზე გვჩქმეტდა და გვეუბნებოდა: - ვაჰ, რა კარგია ამ მხარეში ცხოვრება! იკურთხოს უფალი, სამივე აქ დაგვბადა! განა შეიძლება რამე ამ კუთხეზე უფრო ლამაზი, მალხაზი, ტკბილი, რბილი, მსუქანი, ნოყიერი, მადლიანი და ეშხიანი იყოს? როცა ვუყურებ, ცრემლი მერევა, ეგ სალახანა შემომეჭმევა..    ჩვენ თანხმობის ნიშნად თავი დავუკანტურეთ... მაგრამ უეცრად შამაი განრისხდა: - არა, ერთი მითხარით, რა ეშმაკად მოუვიდა იმ ზეციერს თავში, ხვადაგებიც გაეჩინა ჩვენს ველსა და ბარში? რა თქმა უნდა, უფალი მართალია, იცის, რას აკეთებს... მაგრამ გამოგიტყდებით, მერჩია, შემცდარიყო და ჩემი მრევლი ეშმაკს წაეღო: ინკებთან ან სულთანებთან, სადაც ნებავდა იქ დაეყარა, ოღონდ აქ არა.    ჩვენ ვუთხარით: - შამაი ჩემო, ალია და ოსმანა ორივე თათარი არ არის, განა? სხვას ისევ ესენი გერჩიოს. ღირს განა გაცვლა? - მაშ, ეს პირუტყვები უფალს ამქვეყნად ჩემს გადასარჩენად და ცოდვების მოსანანიებლად გაუჩენია და არა იმიტომ, რომ მე გადავარჩინო ისინი. დამეთანხმეთ, ძმაკაცებო, დამეთანხმეთ, ამას არ უნდა ფიქრი და ბჭობა, არ არსებობს სოფლის მღვდლობაზე უფრო უბადრუკი ხელობა. საბრალო მოძღვარი ოფლში იწურება, რომ იმ გამოთაყვანებულთ რეგვენ გოგრაში წმინდა ჭეშმარიტებანი ჩაუნერგოს, მაგრამ მათ და მათ ღლაპებს რამდენიც არ უნდა ასვათ წმინდა სახარების წვენი, კატეხიზმო აწოვოთ, ეს რძე როგორც კი ჩაუვათ პირში, მყისვე ამოსდით ცხვირში; მათ დიდ ყანყრატოებს სალაფავი სჭირდებათ, მართალია ხანდახან „მამაო ჩვენოს“ წაიდუდუნებენ, ანდა თავიანთი ყროყინით რომ სმენა დაიტკბონ, ლიტანიობენ ან მწუხრის ლოცვას იტყვიან, მაგრამ წმინდა სიტყვისა არაფერი გადასდით მოწყურებული საყლაპავის კარიბჭის იქით. გულსა და სტომაქამდე არაფერი აღწევს. ლოცვისა და ლიტანიობის შემდეგაც, მღერიან თუ არ მღერიან, მაინც წარმართად რჩებიან. საუკუნეთა მანძილზე ამაოდ ვცდილობთ ჭინკებისა და ფერიებისაგან განვწმინდოთ ჩვენი მინდვრები, ნაკადულები და ტყეები, ამაოდ ვუბერავთ, ბერვისაგან ფილტვები გვტკივა, ვუბერავთ და ვუბერავთ, რომ ჩავაქროთ ეს ჯოჯოხეთური ჩირაღდნები, რათა სამყაროს უკუნეთ ღამეში მხოლოდ ჭეშმარიტი უფლის სინათლე კაშკაშებდეს, მაგრამ ვერ იქნა, ვერ გავწყვიტეთ დედამიწის ეს წარმართი მოციქულები, ეს ბინძური ცრუმორწმუნეობა, ეს ნივთიერების სული. მუხების ძველი ჯირკვები და სიპი ქვები მალავენ ამ სატანურ ჯილაგს. რამდენი დავწვით, ავჩეხეთ, ავკუწეთ, ამოვაგდეთ ძირფესვიანად, მაგრამ ამაოდ. ვფიქრობ, ყოველი ბელტის, ყოველი ქვის, ჩვენი დედის, გალების მიწის, მშობელი ფუძის გადმობრუნება დაგვჭირდება, რომ ამოვგლიჯოთ ბოროტი სული, ამ ბედოვლათებს ტანში რომ უზით და, მგონი, მაშინაც ვერაფერს გავხდეთ. წყეული ბუნება ხელიდან გვისხლტება: თათებს ჩამოსჭრი, ფრთები ესხმება, ერთი რომ კვდება, ათი ცოცხლდება. ამ ტუტუცებისათვის კი ყველაფერი სულ ერთია, ყველაფერი ეშმაკი და ღმერთია, სწამთ თეთრი და უთავო მერანი, შავი დედალი, დიდი გველკაცი, ბოროტი სული, ჯადოქარი იხვები და მაქცია მგლები... აბა, ერთი მითხარით, გეთაყვა, რა ხასიათზე უნდა იყოს უბიწო მარიამისა და ღვთისმოსავი დურგლის უწყინარი ძე ამ ნოეს კიდობანიდან გაქცეულ ურჩხულთა შორის?    პაიარმა უპასუხა: - ძმაკაცო, ხომ გაგიგონია, „სხვის თვალში ხიწვს ვხედავ, საკუთარში დირესაც ვერაო“. შენი მრევლი უდაოდ გიჟია, მაგრამ შენ? შენ რა, მათზე ჭკვიანი ბრძანდები? მღვდელო, არაფერი გეთქმის, შენც ისევე მღერი, როგორც შენი მტერი. ერთი მითხარი, შენი წმინდანები მათ ავსულებს ან ფერიებს რითი სჯობიან? თითქოს არ კმაროდეს სამსახე და ერთარსება ერთი ღმერთი და წმინდა ქალწული, ღვთისმშობელი მარიამი, დედა-ღმერთი, რომ თქვენს პანთეონში დააბინავეთ მანდილიანი და შარვლიანი პატარა ღმერთების მთელი ხროვა, რათა შეგეცვალათ თქვენს მიერვე დამსხვრეული ძველი კერპების გროვა და დაცარიელებული ნიშები შეგევსოთ; მაგრამ ამ ღმერთებს, ვფიცავ ნამდვილ ღმერთებს, არ ვანაცვალებ ძველ კერპებს. ეშმაკმა იცის, საიდან მოდიან, ლოკოკინებივით ძვრებიან ყოველი ხვრელიდან, მიწიდან და ციდან: გონჯები, გაძვალტყავებულები, ტურტლიანები, ხეიბარნი, პირუბანელნი, კოპებით და იარებით შემკულნი: ერთი დასისხლიანებულ ტაკვს გიჩვენებთ, ანდა ბარძაყზე მბრწყინავ წყლულს, მეორეს კეკლუცად რაღაცნაირი ფიცარი გაუყრია ქეჩოში, მესამე იღლიაში ამოჩრილ თავს დაასეირნებს, მეოთხე, დიდებით მოსილი, საკუთარ ტყავს ხალათივით ფერთხავს. რომელი ერთი გავიხსენო. შორს რომ არ წავიდეთ, შენს წმინდანებზე რაღას იტყვი, მამაო, აი იმაზე, შენს საყდარში რომ მბრძანებლობს, დაყუდნებულ მესვეტე სვიმონზე, ორმოცი წელი სვეტის წვერზე ყანჩასავით ცალ ფეხზე რომ იდგა? შამაი შეხტა და შემოტრიალდა: - კმარა, შესდექ! სხვა წმინდანებთან რა მესაქმება, მათი თვალყური არ მევალება, მაგრამ წარმართო, სვიმონს მოეშვი, ჩემი წმინდანია, მის სახლში ვარ. ჰოდა, მეგობარო, ზრდილობით იყავი. - კეთილი (რა გაეწყობა, შენი სტუმარი ვარ), დარჩეს ასე ცალ ფეხზე დაყუდებული შენი მესვეტე, მაგრამ ეს მაინც მითხარი, რა აზრისა ხარ კორბინის აბატზე, რომელსაც დაუჩემებია, ბოთლში ყოვლად წმინდა უბიწო ღვთისმშობლის რძე მაქვსო, ანდა რას ფიქრობ ბატონ დე სირმიზელზე, რომელმაც ერთხელ, როდესაც კუჭი აეშალა, წმინდანთა ნაწილების ფხვნილგარეული წყლის ოყნა გაიკეთა? - რასა და, იმას, - უპასუხა შამაიმ, - რომ შენ თვითონაც, ვინც ეს ამბავი ასე ახსენი, იმასვე იზამ, თუ აგტკივდება სახსენე. კორბინის აბატს ნუ მიხსნებ. ეს წუწკი ბერები, მუშტრები რომ წაგვართვან, მზად არიან დუქნები გახსნან და ივაჭრონ მთავარანგელოზების რძით, ანგელოზების ნაღებითა და სერაფიმების კარაქით. მაგ ხალხს ნუ მიხსენებ-მეთქი. ბერი და მღვდელი ძაღლსა და კატასავით ემტერებიან ერთმანეთს. - მღვდელო, მაშ, არც შენა გწამს წმინდა ნაწილები? - არა! ჩემი წმინდანების ნაწილები მწამს, სხვების კი არა. მე წმინდა დიეტრინის ბეჭის ძვლის მორჩი მაქვს, რომელიც წმენდს შარდს და სირსველით აქერცლილ კანს. მაქვს აგრეთვე წმინდა ეტუპის თხემის ძვალი (რას იღრიჭები, დაგიდგა თვალი), იგი ცხვრის მუცლიდან ავსულებს დევნის. ნუ იცინი-მეთქი. ურწმუნოვ, კვლავ იკრიჭები? არაფერი გწამს განა? მე სიგელებიცა მაქვს თანა (ბრმანი არიან, ვისაც არ სჯერათ, ახლავე წავალ და მოვიტან). ხელმოწერილი პერგამენტები დაგარწმუნებენ სინამდვილეში. - იჯექი, იჯექი და მოეშვი მაგ შენს ქაღალდებს. სახეზე გატყობ, თვითონ არ გჯერა, საიდანაც არ უნდა მოიტანო, ძვალი ძვლად რჩება და წარმართია, ვინც მას ეთაყვანება. ყველაფერს თავისი ადგილი აქვს: მიცვალებულებს სასაფლაოზე წაასვენებენ ხოლმე. მამაო, მე ცოცხლები მწამს, მწამს აგრეთვე, რომ დღეა, რომ ვსვამ და კარგად ვმსჯელობ. ვამბობ, რომ ორჯერ ორი ოთხია და დედამიწა მოძრავ სივრცეში მიკარგული მნათობია. მწამს გი კოკი[24] და შემიძლია ზეპირად გითხრა ჩვენი ნევერის ზნე-ჩვეულებანი, მჯერა აგრეთვე წიგნები, სადაც წვეთ-წვეთად გროვდება ადამიანის ცოდნა-გამოცდილება, ყველაზე მეტად კი ჩემი გონებისა მჯერა და, რა თქმა უნდა, მწამს საღვთო წერილი. სიბრიყვეა, კაცმა საღვთო წერილში ეჭვის შეტანა გაბედოს. ხომ კმაყოფილი ხარ, მამაო? - არა, არა ვარ კმაყოფილი, - იყვირა მეტად გაბრაზებულმა შამაიმ. - შენ რა, კალვინისტი ხარ? ერეტიკოსი? ჰუგენოტი, ცხვირში ბიბლიას რომ ბურტყუნებს, დედა ეკლესიას ჭკუას ასწავლის და გველის წიწილას ჰგონია, ცხოვრებას უმღვდელოდაც შეძლებს. ახლა კი პაიარი გაბრაზდა და თქვა, რომ არავის მისცემს ნებას, პროტესტანტი უწოდოს, განაცხადა, რომ ის კარგი ფრანგია, მართლმორწმუნე კათოლიკე, კაცი გონიერი, საკმაოდ ღონიერი, და რომ უსათვალოდაც კარგად ხედავს, სულელს სულელს ეძახის, შამაის კი სამ სულელს ერთში, ან ერთს სამში (როგორც თავად ინებებს), და რომ ადიდებს უფალს და თავის გონებას, რაიც დიდი მნათობის ყველაზე მშვენიერი სხივია. *    გაჩუმდნენ. ბუზღუნით დალიეს. მაგიდას იდაყვებით დაეყრდნენ და გაბუტულებმა ზურგი შეაქციეს ერთმანეთს. გადავიხარხარე. უცბად შეამჩნიეს, რომ არაფერი მითქვამს, გარწმუნებთ, რომ მეც მხოლოდ მაშინ შევნიშნე ეს ამბავი. მანამდე კი მათი ცქერითა და სმენით ვიყავი გართული. მათი საბუთიანობა მართობდა, ორთავეს ვაჯავრებდი თვალებითა და წარბებით, ჩუმად ვიმეორებდი მათ ნათქვამებს, კომბოსტოს ღეჭვით გართული კურდღელივით ვაცმაცუნებდი ტუჩებს და აი, მეცნენ გააფთრებული მოდავეები და მომთხოვეს მეთქვა, ვის ვემხრობოდი.    ვუპასუხე: ორივესა და კიდევ მესამეს-მეთქი. - განა ამქვეყნად ცოტა მოკამათეა? რაც მეტი გიჟია, მით უფრო მეტს იცინი და რაც უფრო მეტს იცინი, მით უფრო ჭკვიანი ხარ... ძმაკაცებო, როდესაც გსურთ გაიგოთ, თუ რა გაგაჩნიათ, ჯერ ფურცლებზე ჩამოსწერთ და მერე შეაჯამებთ ხოლმე. ახლა კი რატომ არ ჩამოსწერთ და არ შეაჯამებთ ყველა თქვენს ხუსტურს. შეჯამებამ, შეიძლება, ჭეშმარიტებაც კი გიჩვენოთ. თქვენ რომ ჭეშმარიტების ხელში ჩაგდება გინდათ, ის ენას გამოგიყოფთ ხოლმე და ეს იმიტომ, რომ სამყაროს მარტო ერთი ახსნა როდი აქვს, ყოველი ადამიანი საკითხის ერთ მხარეს განმარტავს, შვილნო ჩემნო. მე ყველა თქვენი ღმერთის მომხრე ვარ: წარმართებისაც და ქრისტიანებისაც. ისევე, როგორც ღმერთ-გონებისა. ეს რომ ვუთხარი, ჩემს წინააღმდეგ პირი შეიკრეს და განრისხებულებმა პირონელი და ურწმუნო მიწოდეს. - ურწმუნოო! კიდევ რა გნებავს? რა გინდათ ჩემგან? თქვენ ღმერთს თუ ღმერთებს, კანონს თუ კანონებს ჩემთან მობრძანება სურთ? მობრძანდნენ. მივიღებ. ყველას მივიღებ. სტუმართმოყვარე ვარ. მამაუფალი ძალიან მომწონს. კიდევ უფრო მისი წმინდანები მიყვარს, პატივსა ვცემ და ვუღიმი (კეთილი ხალხია), ჩემთან მოსვლას და მასლაათს არ თაკილობენ; მაგრამ უნდა გამოვტყდე, რომ ერთი ღმერთი არ მყოფნის. რა ვუყო, რომ მსუნაგი ვარ... თქვენ კი გსურთ მამარხულოთ. მე ჩემი წმინდა მამები და წმინდა დედები მყავს, ჩემი ფერიები და სულები, ციური და მიწიერი, ტყისა და წყლის, მწამს გონება, ჭეშმარიტების მჭვრეტელი გიჟებიც, მჯერა კუდიანებისა. მინდა ვიფიქრო, რომ სივრცეში დაკიდული დედამიწა ჰაერში ქანაობს, ღრუბლებში ბანაობს. მსურს მას შევეხო, ავშალო და დავშალო, ავაწყო და დავაწყო მსოფლიოს საათის მშვენიერი მექანიზმი; მაგრამ ეს ხელს არ მიშლის ციური ჭრიჭინების, მრგვალთავა ვარსკვლავების გალობით დავტკბე და მთვარეზე ჩირაღდნიან კაცს ვუთვალთვალო... მხრებს იჩეჩავთ, არა? წესრიგი გინდათ? ე, ე, წესრიგს თავისი ფასი აქვს! უფასო როდია, ქისის გახსნას მოითხოვს. წესრიგი იმას კი არ ნიშნავს, გააკეთო ის, რაც გინდა, ის უნდა გააკეთო, რაც არ გინდა: ცალი თვალი უნდა გამოითხარო, რომ მეორეთი უკეთ დაინახო. გაკაფო ტყეები, რომ გაიყვანო დიდი და სწორი გზები. რასაკვირველია, ეს კარგი და საჭიროა... მაგრამ, ღმერთო ჩემო, რა უშნოა! მე ძველი გალი ვარ. მინდა ბევრი ბელადი მყავდეს, ურიცხვი კანონი მქონდეს. სუყველას ვეძმო და ყველა თავის ნებაზე ვაცხოვრო. გინდა? ერწმუნე, მე კი მომეშვი, ნება მიბოძე, მინდა ვერწმუნები და მინდა არა. თაყვანი ეცი გონებას და, რაც მთავარია, ღმერთებს შეეშვი, უთვალავნი არიან, ღმერთების წვიმა მოდის, რიყის ქვებივით ყრიან. მაკე ღორებივით ღმერთებით გაბერილა სამყარო. ყველას პატივს ვცემ, იმრავლონ და იბედნიერონ, მაგრამ, აბა გაბედეთ და შეეცადეთ, თუნდაც ერთი წამართვათ ან გამასტუმრებინოთ, არ გამოვა, არა. თუ ეშმაკმა გზა-კვალი არ ამირია და ჩემი გულუბრყვილობა ბოროტად არ გამოიყენა, ვერ მოგართმევთ, ვერა. შევებრალე პაიარსა და მღვდელს, მკითხეს, ამ დავიდარაბაში როგორ ვიკვლევდი გზას. - ჩინებულად, ვუპასუხე მე, - ძალიან კარგად ვიცნობ ყველა ბილიკს და არხეინად დავსეირნობ. როგორ ფიქრობთ, შამუდან ვეზლეიში ტყით რომ მივდივარ, ფართო გზა მჭირდება? ბრაკონიერების საცალფეხო ბილიკებით თვალდახუჭული მივდი-მოვდივარ და თუ ზოგჯერ ჩემს ბუნაგში უკანასკნელი ვბრუნდები, სამაგიეროდ ნანადირევით სავსე მაქვს აბგა. იქ ყველაფერი აღნუსხულია და ყველას თავისი ადგილი აქვს მიჩნეული. კეთილი უფალი თავის ეკლესიაში მყავს, წმინდანები - თავიანთ ეკვდირებში, ფერიები - მინდვრებში დამიდიან, გონება - თავში მაქვს ჩაჭედილი. წარმოიდგინეთ, ჩინებულად ეგუებიან ერთმანეთს: ყველა ვარდს თავისი გულის მურაზი ჰყავს, თავისი საქმე გააჩნია, თავისი სახლი აქვს, არ ემორჩილებიან მტარვალ მეფეს და ბერნის ბატონებისა და მათი კონფედერატების მსგავსად მოკავშირე კანტონები აქვთ მოწყობილი. ჩემს სოფელში სუსტნიც არიან და ძლიერნიც, თუმცა ამას არ უნდა ენდო; ზოგჯერ ძლიერების წინააღმდეგ სუსტია საჭირო. ცხადია, უფალი ფერიებზე ძლიერია, მაგრამ თვით მანაც კი უნდა გაუწიოს ფერიებს ანგარიში. რადგან უფალი თუ მარტო დარჩა, ისეთი ძლიერიც აღარ იქნება. ძლიერიც ხვდება მასზე ძლიერს, რომელიც მას შეახრამუნებს. მაშ, როგორ! ვერავინ დამარწმუნებს იმაში, რომ ყველაზე „უძლიერესი ღმერთი“ ენახოს. ის ზეცასაა, ძალიან შორს, ძალიან მაღლა, ისე მაღლა, როგორც ჩვენი ბატონი მეფე. ჩვენ ძალიან კარგად ვიცნობთ მის მთავრებს, მოურავებს, ლეიტენანტებს; თვითონ კი თავის ლუვრში განისვენებს. გონება მეუბნება, რომ დღეის ღმერთი, რომელზეც ყველა ლოცულობს, არის ბატონი კონჩინი[29]... გეყოფა, ჰო, მუჯლუგუნებს ნუ მკრავ, შამაი... გული რომ არ გატკინო, ვიტყვი, რომ დღევანდელი უფალი არის ნევერის ხელისუფალი, ჩვენი კეთილი ჰერცოგი; აკურთხოს უფალმა, პატივსა ვცემ, მაგრამ ლუვრის ბატონთან ჭკუით არის და კარგადაც იქცევა. ამინ! და იყოს ასე! - ამინ, ასე იყოს, - გაიმეორა პაიარმა, - მაგრამ ასე რომ არ არის, ეს ყველამ იცის! „პატრონის შინ არყოფნისას შემოძვრება მაცდური და მაშინ დაფასდება ამ ოჯახის მსახური“. ჩვენი დიდი ანრის სიკვდილის შემდეგ დედაკაცები გამეფდნენ ჩვენს დალოცვილ მხარეში და დაიწყო თავადების უნამუსო თარეში... დიდკაცები შენსა და ჩვენს ხარჯზე ხელს ითბობენ. დიდ პალაურში თევზაობენ ქურდბაცაცები. ხაზინიდან იტაცებენ არსენალის სკივრებში მიძინებულ ოქრო-ვერცხლსა და მომავალ გამარჯვებებს, რომელსაც ბატონი დე სიული დარაჯობს. აჰ! ნეტავი მოვიდეს შურისმაძიებელი, მაგ ყაჩაღებს წააცალოს თავი, ამოჰხადოს სული და წაართვას ნაქურდალი ფული.    იმდენი ვილაპარაკეთ, იმდენი ვქენით, ისე ხმაშეწყობილად ვიმღერეთ და ისეთი ვარიაციები შევასრულეთ ქოჩრიან დიდებულებზე, ქოშიან მუზმუზელებზე, გასუქებულ მღვდელმთავრებზე და მუქთახორა ბერ-მონაზვნებზე, რომ სიფრთხილე ნებას არ მაძლევს ყველაფერი ჩავწერო. ისე კი, უნდა ვთქვა, რომ ყველაზე ლამაზ და ბრწყინვალე სიმღერებს ამბობდა მოძღვარი შამაი. და ჩვენი სამება გზას გაუდგა ფეხაწყობით, ვაჟკაცურად, რა აიღო ერთხმად თემად: ლაქუცები, ავყიანი, ღვთისმოსავნი, ფლიდნი, ავნი, ფანატიკოსნი, ჰუგენოტნი, თითლიბაზნი, ჭკუათხელნი, ბრიყვნი, შტერნი, ვისაც განუზრახავთ ღვთის სიყვარული კომბლითა და ხმლით ჩაგვინერგონ გულსა და სულში. მამაუფალი მევირე ხომ არ არის, ჯოხით რომ გვრეკოს. ვისაც წაწყმედა სურს, დაე წაწყმდეს! ესეც ეყოფა, რა საჭიროა ცოცხლად წამება ან ცეცხლზე დაწვა? მოგვეშვით, ღვთის მადლსა, დაგვანებეთ თავი. ამ ჩვენს საფრანგეთში ყველამ, როგორც სურს, ისე მოაწყოს თავისი ცხოვრება და ნუ დაეძებს, როგორ ცხოვრობს მოყვასი თვისი. ურწმუნოც კი ქრისტიანია, იესომ ხომ ყველა ადამიანის ცოდვათა მოსანანიებლად იტვირთა ჯვარი. ეგეც არ იყოს, საბოლოო ჯამში ორთავ ერთია: ავიცა და კარგიც, ამაყიცა და მკაცრიც, და ერთმანეთს ისე ჩამოჰგავს, როგორც ორი წვეთი.    ლაპარაკით რომ გული ვიჯერეთ, ბახუსს სამ ხმაზე შევასხით ქება. ეგ ერთადერთი ღმერთი იყო, რომელზედაც მე, პაიარსა და მღვდელს დავა არ გვქონდა. შამაი გაჰყვიროდა, რომ ბახუსი ერჩია ყველა იმ ღმერთს, რომელზეც ქადაგებენ კალვინისა და ლუთერის ლაზღანდარა ბინძური ბერები. ბახუსი, ამბობდა იგი, პატივისცემის ღირსია, მასში ნამდვილი ფრანგული ჯილაგის ღმერთი ჩანსო... ფუი ეშმაკს, რას ვამბობ? ფრანგული კი არადა, ქრისტიანული, ძვირფასო ძმებო, ქრისტიანული. განა იესო ზოგიერთ ძველ სურათზე ბახუსად არ არის წარმოდგენილი? ხელთაც რომ ყურძნის მტევანი უპყრია. მაშ, ჩვენი მხსნელის სადღეგრძელო დავლიოთ, ძმებო, ჩვენი ბახუსის, ქრისტიანულის, მომღიმარი იესოსი, ვისი ალისფერი სისხლიც მოჩუხჩუხებს ჩვენს ფერდობებზე და ასურნელებს ჩვენს ვენახს, გულს და თავის ფაქიზ, უხვ, ადამიანურსა და უწყინრად დამცინავ სულს შთაბერავს ჩვენს ნათელ საფრანგეთს, ჯანსაღი სისხლის პატრონს, მახვილგონიერ ბატონს. *    ამ საუბარში რომ ვიყავით და ჭიქებიც ერთმანეთს მივუჭახუნეთ, რათა დაგველია სადღეგრძელო ზომიერი და მხიარული ფრანგული გონიერებისა, რომელიც ყოველგვარ უკიდურესობას დაცინის („ორთა შუა ბრძენი ჯდება“... ამიტომაც ზოგჯერ მიწას ენარცხება), კარების ჯახუნმა, კიბეზე მძიმე ნაბიჯების ხმამ, ოხვრამ, ძახილმა: „იესო ქრისტე“, „დედაო ღვთისა“, გოდებამ, ქშენამ, მღვდელ-ქალბატონის, ან როგორც ეძახდნენ შამაის მსახურ ელოიზას - „მოძღვარ-ქალბატონის“ შემოსევა გვამცნო. ხვნეშით შემოვიდა, წინსაფრით ბრტყელი სახე მოიწმინდა და წამოიძახა: - ვაი, ვაი! გვიშველეთ, ბატონო მოძღვარო! - ჰა, რა ამბავია, სულელო? - შეეკითხა მოთმინებადაკარგული შამაი. - მოდიან! მოდიან! ისინი მოდიან! - ის მუხლუხები, ლიტანიით მინდვრებში რომ დადიან? აკი გითხარით, ჩემს წარმართ მრევლზე არაფერი მითხრათ-მეთქი. - გემუქრებიან, ბატონო მოძღვარო, თქვენ გემუქრებიან! - ყურებზე ხახვი არ დამაჭრან, რითი მემუქრებიან? სასულიერო სასამართლოში გიჩივლებთო? როგორც ენებოთ! მზად ვარ. - ვაიმე, ბატონო მოძღვარო, მარტო საჩივარი რომ იყოს!.. - მაშ რაა ? მითხარ! - აყლაყუდა პიკთან შეყრილან, რამლს ყრიან, ულოცავენ და მღერიან: „მუხლუხებო, ხოჭოებო, ხვრელებიდან გამოძვერით ერთად და შამაის ბოსტანსა და მარანს შეუტიეთ მედგრად“. ამ სიტყვებზე შამაი შეხტა. - ვაიმე! ვაიმე! წყეულები! მათი ხოჭოები ჩემს ბოსტანში უნდათ მორეკონ... ვაი, ჩემს მოსწრებას! უფალო! წმინდაო სვიმონ! უშველეთ თქვენს მსახურს! ამაოდ ვეცადეთ დაგვემშვიდებინა. ბევრიც ვიცინეთ. - იცინეთ, იცინეთ, ჭკუის კოლოფნო! ჩემს ადგილას რომ იყოთ, ვნახავდი, როგორ გაიცინებდით. მეც ეგრე ვიზამდი, სხვისი ჭირი, ღობეს ჩხირიო, ხომ გაგიგონიათ? ერთი თქვენ იყოთ ჩემს დღეში, ვნახავდი, რა მასპინძლობას გაუწევდით, რა სუფრას გაუშლიდით ასეთ ყურუმსაღებს. ხოჭოებიო, რა საზიზღრობაა... მუხლუხები... არ მინდა, არა! მაგრამ რა მოვუხერხო, რა წყალში ვეცე? - რა ამბავია, რამ გადაგრია, მღვდელი არა ხარ? რისი გეშინია? შენს მრევლს ჭკუით მაინც არ სჯობიხარ? განიწმინდე მათი შელოცვებისაგან. მათზე ძლიერი არა ხარ, განა? - ჰე, ჰე, ჰე! მე არაფერი ვიცი; ვერაფერს გავხდები, ვერა, ახმახი პიკი ისეთი გაიძვერა და ბოროტია. მეგობრებო, ჩემო მეგობრებო! სად გაგონილა, ამ სათოკეებს სურთ ხოჭოებს შეაჭამონ ჩემი თავი. მე კი როგორი იმედი მქონდა... დაიმედებული, დამშვიდებული ვიყავი... მაგრამ ამქვეყნად მყარი არაფერია, მხოლოდ უფალი არს დიდი. რა შემიძლია? მაგათ ხელთ ვარ... ელოიზა, გეთაყვა, გასწი, გაკურცხლე, საყვარელო, და უთხარ, შეჩერდნენ! მოვდივარ, მოვდივარ, მაშ რა უნდა ვქნა. ავაზაკები! ჩემი დღეც მოვა, სიკვდილის წინ ჩემს ხელში იქნებით. მანამ კი (რა გაეწყობა), მათ დუდუკზე უნდა ვიცეკვო!.. უნდა დავცალოთ ეს ფიალაც. დავცლი, განა ეს ერთი დამიცლია? წამოდგომა რომ დააპირა, ჩვენ შევეკითხეთ: - ერთი გვითხარი, სად გარბიხარ, სად ჯანდაბაში? ჯვაროსნულ ლაშქრობაში, ხოჭოებთან საომრადო, - გვიპასუხა შამაიმ. *გაგრძელება*…
დაამატა Kakha to ლიტერატურა at 12:40pm on მაისი 7, 2016
თემა: ფსიქოანალიზი და კულტურა
აგრამ როგორც მისი თანამედროვეებისთვის, ასევე ჩვენთვისაც იგი იდუმალებით მოცული რჩება. განსხვავებული ნიჭის შეერთება ერთ პიროვნებაში რენესანსის პერიოდში მიღებული იყო და ეს არ იყო ლეონარდოს იდუმალების მიზეზი. ის არ მიეკუთვნებოდა ასევე ისეთი ავადმყოფური ტიპის გენიოსთა კატეგორიას, რომელნიც ფიზიკური მონაცემებით არ გამოირჩეოდნენ და გაურბოდნენ ადამიანებთან ურთიერთობას. პირიქით, ის იყო მაღალი, ტანადი, გამორჩეული სილამაზის სახის მქონე, გამორჩეული ფიზიკური ძალის მქონე, მომხიბლავი ადამიანებთან ურთიერთობისას, კარგი ორატორი, მხიარული და კარგი მოსაუბრე პიროვნება.მხიარულებისა და სიამოვნებათა მოყვარული პიროვნების იერსახე უფრო მეტად შეესაბამება ლეონარდოს მხოლოდ ცხოვრების პირველ და უფრო ხანგრძლივ პერიოდს. მას შემდეგ რაც ლუდოვიკო მოროს ძალაუფლების დასასრულმა აიძულა ლეონარდო მიეტოვებინა მილანი და საფრანგეთში დაეწყო მოხეტიალე ცხოვრების სტილით არსებობა, მას შემდეგ მისმა მხიარულმა განწყობამ იკლო და მისი ხასიათის უცნაური მახასიათებლებიც წარმოჩინდა.წლების განმავლობაში მისი ინტერესი მეცნიერებისადმი კიდევ უფრო მეტად ღრმავდებოდა, რაც აშორებდა მას მხატვრობისაგან. მისი ცდებისადმი მიდრეკილება და შემეცნებისადმი სწრაფვა აისახა მის სამხატვრო შემოქმედებაზე. ის ნაკლებად იღებდა ხელში ფუნჯს, ხშირად ტოვებდა დაწყებულ ნახატს. სწორედ ამის გამო აკრიტიკებდნენ მას მისი თანამედროვეები.თუმცა მრავალი ცდილობდა ამ ნაკლის დაფარვას და ამგვარ დამოკიდებულებას ქმნილებებისადმი ხსნიდა ზოგადად ნებისმიერი მხატვრის ხასიათის თვისებით. დიდი შემოქმედისათვის ის მხატვრული ნაწარმოები რომელიც იქმნება მის მიერ ყოველთვის შორია იმ იდეალისაგან რომელიც მას წარმოუდგენია, რასაც ვერ ამჩნევს რიგითი დამკვირვებლის თვალი. თუმცა ზოგიერთის მოსაზრებით ეს მომენტი ავლენდა გარკვეული სახის შიშის არსებობას. შიშისა, რომელიც ეუფლება შემოქმედს ხელოვნების სიდიადის შეგრძნებიდან გამომდინარე.ფროიდი აღნიშნავს ლეონარდოს მუშაობის სიდინჯეს, “საიდუმლო სერობაზე” ის მუშაობდა სამი წლის განმავლობაში. ასევე აღწერილია ის ფაქტები რომლის მიხედვითაც ლეონარდო საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში სიღრმისეულად აკვირდებოდა თავის ნამუშევრებს და ის, რომ შესაძლებელი იყო რამოდენიმე დღე არ ემუშავა თუმცა შემდეგ მთელი დღეები ხარაჩოებზე გაეტარებინა. რაც პირიქით მეტყველებდა არა მის გულგრილობაზე, არამედ ღრმა წვდომაზე მისი ნამუშევრებისა, საპირისპიროდ იმ მოსაზრების რომლის თანახმადაც შემოქმედი ტოვებს მუშაობას როდესაც გრძნობს, რომ იდეალი არ შეესაბამება მის მიერ შექმნილ რეალობას.ლეონარდოს შემოქმედება და მისი მუშაობის ნელი სტილი არ შეესაბამებოდა ფრესკაზე მუშაობას, სადაც აუცილებელია რომ ნამუშევარი იყოს დასრულებული სანამ გრუნტი გაშრება. სწორედ ამიტომ ირჩევდა ის ზეთის საღებავს რაც შესაძლებლობას ანიჭებდა რომ სამუშაო პროცესი ყოფილიყო გაწელილი. სწორედ ეს ბედი ეწვია მის ნამუშევარს რომელსაც ის ასრულებდა მიქელანჯელოსთან კონკურსის დროს Aნგჰიარი, მხედართა ბრძოლა.თუმცა მისი ხასიათი ავლენდა ასევე გარკვეულ წინააღმდეგობრივობასაც. გარკვეული უმოქმედობა და ინდიფერენტულობა შესამჩნევი იყო. იმ ასაკში როდესაც ნებისმიერი ინდივიდუუმი აგრესიულ ქმედებებს მიმართავს სხვების მიმართ, ვინაიდან სურვილი აქვს უფრო ფართე მოქმედების ველი მოიცვას, ის გამოირჩეოდა მშვიდი მეგობრულობით სხვების მიმართ, თავს არიდებდა ნებისმიერი სახის უსიამოვნებასა და ჩხუბს. ის იყო კეთილი სხვების მიმართ, არ ჭამდა ხორცს, ვინაიდან თვლიდა, რომ არ არის მართებული ცხოველებს რომ სიცოცხლე წავართვათ და ასევე მას განსაკუთრებულ სიამოვნებას ანიჭებდა ბაზრობაზე ნაყიდი ჩიტებისათვის თავისუფლების მინიჭება. ის განიკითხავდა ომსა და სისხლისმღვრელობას და ადამიანს ეძახდა არა ცხოველთა სამყაროს მეფეს, არამედ ყველაზე ბოროტს ველური ცხოველებიდან. თუმცა ამგვარი ქალური მგრძნობელობა არ უშლიდა მას ხელს სიკვდილმისჯილ დამნაშავეთა თანხლებაში მათი აღსრულების ადგილას იმისათვის, რომ შეესწავლა მათი შიშისაგან დამახინჯებული სახეები და შეესრულებინა ჩანახატები, ასევე არ იყო მისთვის ეს დაბრკოლებად რომ დაეხატა შიშისმომგვრელი ბრძოლები და რომ დანიშნულიყო მთავარ სამხედრო ინჟინრად კეისარ ბორჯიასთან. ხშირ შემთხვევაში ჩანს რომ ის არის ინდიფერენტული ბოროტებისა და სიკეთისადმი, ან აუცილებელია მოხდეს მისი გაზომვა განსაკუთრებული საზომით.თუკი ბიოგრაფს სურს რომ სიღრმისეულად განიხილოს თავისი გმირი, მაშინ ის არ უნდა სდუმდეს სირცხვილისა და თავშეკავების გამო იმ დეტალების შესახებ რაც მის სქესობრივ ცხოვრებას უკავშირდება. ამ შემთხვევაში ფროიდი ხაზს უსვამს ლეონარდოს თავშეკავებულობას ამ საკითხთან დაკავშირებით, მიუხედავად იმისა, რომ ის მკაცრად ასკეტური და ამასთანავე საკმაოდ მგრძნობიარე ეპოქის პერიოდში ცხოვრობდა. მას არასოდეს არ გამოუსახავს ეროტიკა, ერთადერთი რაც მის მიერ ყოფილა გამოსახული არის ქალის შიდა ორგანოების ანატომიური გამოსახულება და ნაყოფის განლაგების გამოსახულება მუცელში.საეჭვოა, რომ ლეონარდოს თავისი ცხოვრების განმავლობაში ოდესმე ქონოდა ურთიერთობა საყვარელ ქალთან, ან თუნდაც სულიერი ურთიერთობა მსგავსად მიქელანჯელოსა და ვიქტორია კოლონასთან. როდესაც ის ცხოვრობდა თავისი მასწავლებლის სახლში Vეროცცჰიო, ის და მისი რამოდენიმე მეგობარი ჰომოსექსუალურ კავშირში დაადანაშაულეს, თუმცა კი ეს შემთხვევა გამართლებით დასრულდა. მიზეზი იყო ის, რომ ლეონარდოს თავის მოდელად, ცუდი სახელის მქონე ბიჭი ყავდა. როდესაც ის ოსტატი გახდა მის გარემოცვაში მხოლოდ ლამაზი ბიჭები იმყოფებოდნენ (როგორც მოსწავლეები). ხოლო უკანასკნელი მოსწავლე გაყვა მას საფრანგეთში და სიცოცხლის ბოლომდე დარჩა მასთან, სწორედ მას უანდერძა ლეონარდომ მთელი თავისი ქონებაც. თუმცა მის გვერდით მყოფ მოსწავლეებთან არსებული ურთიერთობა არ გამოიხატებოდა და არ გვირგვინდებოდა სქესობრივი აქტით. ფროიდი თვლის რომ არ არის მართებული ვივარაუდოთ რომ მასში ძლიერი სქესობრივი აქტივობა შეიძლება იყოს.ფროიდი აღნიშნავს რომ ლეონარდოს ყველაზე უფრო დიდ სწრაფვას და ლტოლვას წარმოადგენდა შემეცნება, რაზეც ის ხარჯავდა უამრავ დროსა და ძალებს და მხოლოდ და მხოლოდ უკიდურესი დაძაბულობის შემდგომ, ცოდნის მოპოვებისას, ის უფლებას აძლევს დიდი ხნის მოსალოდნელი აფექტის გამოვლენას. როდესაც მას ეძლეოდა შესაძლებლობა მოეხდინა მოპოვებული ცოდნის სფეროში არსებული საგნების შედარება, მას ეუფლებოდა პათოსი და გარკვეულ ექსტაზში ის ადიდებდა იმ სფეროს რომელსაც შეისწავლიდა, ხოლო რელიგიური თვალსაზრისით კი მის შემოქმედს. სოლმიმ ნათლად გაიშინაგნა ეს გარდასახვის პროცესი ლეონარდოსთან. ის ამბობს “ამგვარ გარდასახვას რომელიც ეხება ბუნების შემეცნებას ემოციებში მე ვუწოდებდი რელიგიას, სწორედ ამაში მდგომარეობს და ვინჩის ხელწერის ყველაზე დამახასიათებელი ნიშანთვისება, რომელიც მეორდება არა ერთხელ...”ლეონარდო იკვლევდა იმის ნაცვლად რომ ემოქმედა და შეექმნა. ის ვინც შეიგრძნობს მსოფლიო კანონზომიერების სიდიადეს და მის გარდაუვალობას, ადვილად კარგავს თავისი მეს ცნობიერებას / შეგრძნებას. ჭვრეტაში ჩაძირული ის ადვილად ივიწყებს რომ საკუთარი ძალების გაზომვით, აუცილებელია სამყაროს გარდაუვალობაზე ზემოქმედების მოხდენის მცდელობა. ამ სამყაროში მცირედიც არა ნაკლებ საოცარია, დიადთან შედარებისას.როდესაც ის ცდილობდა დაბრუნებულიყო კვლევიდან ისევ ხელოვნებაში ის აღმოაჩენდა, რომ მისთვის ხელისშემშლელი იყო ინტერესების ახალი გეზი და მისი ფსიქიკური ქმედების სახეშეცვლილი ხასიათი. ნახატში ყველაზე უფრო მეტად მის ინტერესს იპყრობდა ერთი პრობლემა, ხოლო ამ ერთი პრობლემის მიღმა კიდევ სხვა მრავალი აღმოცენდებოდა, როგორც ეს ასევე იყო მისთვის აშკარა უსასრულო გამოკვლევებისას. და ნახატში ყველაფრის ასახვის ძლიერი ძალისხმევის შემდგომ, ის იძულებული იყო მიეტოვებინა ნამუშევარი და გამოეცხადებინა იგი დაუსრულებლად.ფროიდის აზრით როდესაც ჩვენ ვხვდებით ისეთ მახასიათებელს როგორც ლეონარდოს შემთხვევაში ეს არის ძლიერად გამოხატული ლტოლვა შემეცნებისადმი, მაშინ ყველაფრის მიზეზად იქცევა ამ მიდრეკილების ორგანული ბუნება. ნერვიულად დაავადებულთა ფსიქოანალიტიკურ კვლევაზე დაფუძნებით ჩვენ შემდეგი სახის ორ ვარაუდს ვემხრობით, რომელთა დასტურს ჩვენ ვხედავთ ყოველი ცალკეული შემთხვევის დროს. ეს მიდრეკილება ფროიდის აზრით ფორმირებას განიცდის ადრეული ბავშვობის ხანაში, თავისი გაძლიერებისათვის თავდაპირველად ის სარგებლობს სექსუალური მიდრეკილებებით, აქედან გამომდინარე მას შეეძლება სექსუალური ცხოვრების გარკვეული ნაწილის ჩანაცვლება. ამგვარი ტიპის ადამიანი ისეთივე ვნებით იქნება ჩართული კვლევისა და შემეცნების პროცესში, როგორც სხვა იქნებოდა ჩართული სასიყვარულო ურთიერთობაში და მას შეეძლებოდა ეკვლია რაიმე იმის სანაცვლოდ რომ ყვარებოდა ვინმე. და არა მხოლოდ კვლევისადმი ვნების, არამედ სხვა მრავალი შემთხვევის დროსაც რაიმესადმი ლტოლვის განსაკუთრებული ინტენსივობისას, ჩვენ გვაქვს ვარაუდი რომ მისი საფუძველი სექსუალურობაში.ფროიდი თვლის, რომ ადამიანთა ყოველდღიური ცხოვრების დაკვირვება გვიჩვენებს, რომ უმრავლესობას შეუძლია საკუთარი სქესობრივი ლტოლვის მნიშვნელოვანი ნაწილი პროფესიულ ქმედებებზე გადაიტანოს. სქესობრივი ლტოლვა განსაკუთრებით არის მისადაგებული იმისათვის, რომ მსგავსი წვლილის განხორციელება ხდებოდეს, ვინაიდან მას გააჩნია სუბლიმირების შესაძლებლობა. მას აქვს უნარი ჩაანაცვლოს თავისი უახლოესი მიზანი სხვა, უფრო მაღალი და არასქესუალური მიზნებით და ეს ყველაფერი გარემოებიდან გამომდინარე ხდება. ფროიდი პარალელს ავლებს ინფანტილური შემეცნებისა და ინტერესის გაღვივებასა და ზრდასრულებში შემეცნებისადმი სწრაფვას შორის.ფროიდი დასკვნას ახდენს, რომ როდესაც ბავშვის სექსუალური კვლევის პერიოდი ერთბაშად წყდება განდევნიდან გამომდინარე, შემდგომი ცნობისმოყვარეობისათვის სამი განსხვავებული სახის შესაძლებლობა ვლინდება. შესაძლოა კვლევა სექსუალობის ბედისწერას იზიარებს; ცნობისმოყვარეობა ამიერიდან პარალიზებული რჩება და გონებრივი ქმედების თავისუფლება შესაძლებელია იყოს შემოფარგლული მთელი მომდევნო ცხოვრების განმავლობაში, განსაკუთრებით კი იმიტომ, რომ რელიგიური აღზრდის მეშვეობით ამ ყველაფერს უერთდება ახალი გონებრივი შეზღუდვაც. ნათელია რომ ამგვარად შეძენილი აზრის სისუსტე უძლიერეს ბიძგს აძლევს ნევროტული დაავადების წარმოქმნას. მეორე ტიპის შემთხვევაში ინტელექტუალური განვითარება საკმაოდ ძლიერია, საიმისოდ, რომ შეეწინააღმდეგოს მისთვის ხელისშემშლელ სექსუალურ განდევნას. ინფანტილური სექსუალური კვლევის დასრულების შემდგომ, როდესაც ინტელექტი მომაგრებულია, ადრინდელი კავშირის ზეგავლენით, ის თავს აღწევს სექსუალურ განდევნას და მაშინ დათრგუნული სექსუალური კვლევა ბრუნდება არაცნობიერიდან მომაბეზრებელი ანალიზირებისადმი მიდრეკილების სახით, რომელიც საკმაოდ დამახინჯებულია მაგრამ იმდენად ძლიერი, რომ საკუთრივ აზროვნება სექსუალურად აქციოს და გონებრივ ოპერაციებს მიანიჭოს სიამოვნებისა და შიშის შეგრძნებები, რაც დამახასიათებელია სექსუალური პროცესებისათვისაც.მესამე სახის ტიპი არის ყველაზე იშვიათი და ყველაზე სრულყოფილი, ის თავს აღწევს როგორც გონებრივ შეკავებას, ასევე აზროვნებისადმი ნევროტულად თავსმოხვეულ მიდრეკილებას. სექსუალური განდევნა აქაც იჩენს თავს, მაგრამ მისთვის შეუძლებელია სექსუალური სიამოვნების ნაწილი განდევნოს არაცნობიერში, პირიქით ლიბიდო თავს აღწევს განდევნას, და თავიდანვე განიცდის სუბლიმირებას ცნობისმოყვარეობაში, რის მეშვეობითაც ძლიერდება სწრაფვა კვლევისადმი. ამ შემთხვევაშიც კვლევა გარკვეულწილად გადაიქცევა ვნებაში და შეენაცვლება სქესობრივ ქმედებას, მაგრამსაფუძველში მდებარე ფსიქიკური პროცესების სრული განსხვავების მეშვეობით ვეღარ მიიღება ნევროზი, გამოირიცხება კავშირი პირველად ბავშვურ სექსუალურ კვლევასთან და ლტოლვა თავისუფლად ემსახურება ინტელექტუალურ ინტერესებს.თუკი ლეონარდოსთან შემეცნებისადმი და კვლევისადმი უდიდეს ლტოლვას და მისი სქესობრივი ცხოვრების სიმწირეს განვიხილავთ (იდეალური ჰომოსექსუალურობა იგულისხმება), თავისუფლად შეგვიძლია ის მივაკუთვნოთ მესამე ტიპის კატეგორიას. ის, რომ ბავშვური ცნობისმოყვარეობის დაძაბვის შემდგომ სექსუალური ინტერესების მიმართულების თვალსაზრისით, მან შეძლო თავისი ლიბიდოს უმეტესი ნაწილის სუბლიმირება მოეხდინა კვლევისადმი მიდრეკილებაში, სწორედ ეს წარმოადგენს მისი არსების ბირთვს.ფროიდი აღწერს ლეონარდოს ყრმობის ხანას. ის იყო უკანონო შვილი, რაც იმ პერიოდში მიღებული იყო. მისი დედა კატერინა, აღარ ჩნდება მის ბიოგრაფიაში, მხოლოდ პოეტი მერეჟკოვსკი ვარაუდობს მისი ზეგავლენის შესახებ მოგვიანებით. ლეონარდო იზრდებოდა თავისი მამის ოჯახში, რომელიც იყო ნოტარიუსი. მან მიატოვა სახლი როდესაც Aნდრეა დელ Vეროცცჰიო-სთან სახელოსნოში შევიდა. 1472 წელს მინიშნებულია მისი წევრობის შესახებ “ჩომპაგნია დეი Pიტტორე”-ში.   II.    ლეონარდო იხსენებს თავისი ბავშვობის მოგონებას: “როგორც ჩანს მე თავდაპირველადვე უნდა ვყოფილიყავი ესოდენ საფუძვლიანად დაკავებული ძერით. თითქოს და მახსენდება ძალიან ადრეული მოგონება იმის შესახებ, რომ როდესაც მე ჯერ კიდევ აკვანში ვიწექი, მოფრინდა ძერა, თავისი კუდით პირი გამიხსნა და რამოდენიმეჯერ ჩამიყო პირში თავისი კუდი”.ფროიდი აღნიშნავს, რომ ეს იყო საკმაოდ უცნაური მოგონება, უცნაური თავისი შინაარსითა და ასევე იმ ასაკთან მიმართებაში, რომელიც არის აღნიშნული. ეს იმდენად საოცრად ჟღერს, რომ ბავშვი იხსენებს იმას თუ როგორ გაუხსნა ძერამ პირი, რომ ჩნდება განსხვავებული სახის ვარაუდი. ის უფრო შეესაბამება არსის წვდომას და საბოლოოდ წყვიტავს ყველანაირ სირთულეებს. ფროიდის აზრით ეს სცენა ძერასთან დაკავშირებით ლეონარდოს მოგონება არ არის, არამედ არის ის ფანტაზია, რომელიც მან შექმნა მოგვიანებით და გადაიტანა თავის ბავშვობაში.ფროიდი თვლის, რომ ფანტაზიები უკავშირდება პირველყოფილი წყობილების მიერ ჩამოყალიბებულ ისტორიას. თუკი მისი მონაყოლი წარმოადგენს მხოლოდ და მხოლოდ გვიან ჩამოყალიბებულ ფანტაზიას, მაშინ არ ღირს მასზე შეჩერება. მისი განმარტებისათვის შესაძლებელი იქნებოდა დავკმაყოფილებულიყავით მისდამი აშკარად გამოხატული ტენდენციის მინიჭებით, რომელიც ჩიტის ფრენის პრობლემასთან დაკავშირებულ საქმიანობას ეხება.მაგრამ თუკი ფსიქოანალიტიკოსის თვალით შევაფასებთ ლეონარდოს ფანტაზიას ძერასთან დაკავშირებით, ის აღარ მოგვეჩვენება იმდენად უცნაურად. მსგავსი სიზმარი მრავალ ჩვენთაგანს დასიზმრებია. ინტერპრეტაცია ხშირ შემთხვევაში ეროტიულია. კუდი (“ცადო”) არის ერთ-ერთი ცნობილი სიმბოლო და მამაკაცის სასქესო ორგანოს გამოხატულების შესაძლებლობა, იტალიურში არა ნაკლებ ვიდრე სხვა ენებში. წარმოდგენა ძერის მიერ ბავშვის პირის გახსნის და შემდეგ იქ რამოდენიმეჯერ ჩაყოფისა შეესაბამება წარმოდგენას სქესობრივი აქტის შესახებ ფელლატიო. ფროიდი ასევე პარალელს ავლებს ორალურ სექსთან.ამ შემთხვევაში უკვე სრულიად გასაგებია, თუ რატომ მიაკუთვნებს ლეონარდო ამ ფანტაზიას ძუძუმწოვარა ასაკს. (ვინაიდან ფროიდი თვლის რომ წოვისაგან მიღებული სიამოვნება, შემდგომში განვითარებას განიცდის ორალური სექსის სახით). ეს არის ერთგვარი რემინისცენცია დედის ძუძუს წოვის შესახებ, რაც ადამიანურად მშვენიერ სცენას წარმოადგენს და რასაც ის არა ერთხელ გამოსახავდა თავისი ფუნჯით. თუმცა ფროიდი თვლის რომ ეს რემინისცენცია ლეონარდოს მიერ იყო გადამუშავებული პასიური ჰომოსექსუალური ფანტაზიის სახით. მაგრამ საიდან არის ეს დედის გაიგივება ძერასთან? ამ შემთხვევაში ფროიდი თვლის რომ ეს გაიგივება საწყისს იღებს ეგვიპტელთა საღვთო იეროგლიფებიდან, სადაც დედის სიმბოლო გამოსახულია ძერის სახით. ასევე ეგვიპტელები თაყვანსცემდნენ დედობის ღვთაებას, რომელსაც ქონდა ან ძერის თავი ან რამოდენიმე თავი სადაც ერთ-ერთი მაინც ძერის იყო. ამ ქალღმერთის სახელი იყო მუტი.ფროიდს უკვირს თუ როგორ ამოირჩიეს ეგვიპტელებმა დედის აღმნიშვნელ სიმბოლოდ ძერა. ერთ-ერთი მოსაზრება უკავშირდება იმ ფაქტს რომ ადრე ეგონათ თითქოს და ძერა მხოლოდ მდედრობითი სქესის არსებობდა და რომ ამ ჯიშის ჩიტს არ გააჩნდა მამრი. ხოლო რაც შეეხება იმ საკითხს თუ როგორ ახერხებდნენ ძერები გამრავლებას, ამასთან დაკავშირებით ძალიან არარეალური ზღაპარი იყო შექმნილი, რომ თითქოსდა ფრენის გარკვეულ მომენტში ძერა ჩერდება და ორგანოების გახსნით განაყოფიერებას ღებულობს ჰაერიდან. თუმცა ეს რა თქმა უნდა წარმოადგენდა ზღაპარს, რომლისაც არ სჯეროდა უმრავლესობას და რომელსაც ფროიდის აზრით ყვებოდნენ უმეტესწილად მხოლოდ სასულიერო პირები, ვინაიდან მათ რწმენას ქალწულის განაყოფიერებასთან დაკავშირებით, გარკვეულ საფუძველს უყრიდა ძერის ქარისაგან განაყოფიერების ფაქტი.ფროიდის აზრით ძერის შესახებ ფანტაზიის შექმნა შესაძლებელია შემდეგნაირად წარმოვიდგინოთ: როდესაც მან შეიტყო ისტორია ძერებში მხოლოდ მდედრობითი სქესის არსებობის შესახებ, მან თავი წარმოიდგინა ძერის შვილად, რომელსაც ყავს დედა, მაგრამ არ ყავს მამა. ამ მოგონებას შემოუერთდა მოგონება სიამოვნების შესახებ, რომელიც მას მიუღია დედის ძუძუსგან. სწორედ აქედან გამომდინარეობს ნებისმიერი მხატვრისათვის ძვირფასი ყრმის გამოსახულება. სადაც ლეონარდოს თავი გაიგივებული ყავს ქრისტესთან, მაცხოვართან.ფანტაზიის ანალიზიდან გამომდინარე, დედის ჩანაცვლება ძერით მეტყველებს იმაზე, რომ ბავშვი იზრდებოდა მამის გარეშე, დედასთან. ამ ფანტაზიას ადასტურებს ის, რომ ლეონარდოს რეგისტრირება მამის ოჯახში როგორც უკანონოდ შობილი ბავშვისა შედგა მხოლოდ მაშინ, როდესაც ის უკვე ხუთი წლის ასაკის იყო. აქედან გამომდინარე სწორია ის, რომ ბავშვი თავისი ყრმობის ასაკში დედასთან იმყოფებოდა და მხოლოდ და მხოლოდ რამოდენიმე წლის შემდეგ, როდესაც მამის მდიდარი მეუღლე, მისი დედინაცვალი იმედგაცრუებული დარჩა საკუთარი შვილების მოლოდინის თვალსაზრისით, ის აიყვანეს აღსაზრდელად მამის ოჯახში.ფროიდი თვლის რომ ცხოვრების პირველი 3-4 წლის განმავლობაში ფიქსირდება შთაბეჭდილებები და ხდება გარეგან სამყაროზე რეაგირების ხერხების გამომუშავება, რასაც გამორიცხულია მოაკლდეს მნიშვნელოვნობა ნებისმიერი სახის გვიანდელი განცდიდან გამომდინარე.თუკი მართალია, რომ ადამიანის სულიერ განვითარებაზე განსაკუთრებულ არსებით ზეგავლენას ახდენენ ბავშვობის გაურკვეველი მოგონებანი და მათზე დაფუძნებული ფანტაზიები, მაშინ ის ფაქტი რომელიც ასევე განმტკიცებულია ძერის შესახებ არსებული ფანტაზიით და ის, რომ ლეონარდომ თავისი არსებობის პირველი წლები გაატარა დედასთან, ძალიან დიდი გავლენის მქონე უნდა ყოფილიყო მის შინაგან სამყაროზე. ამ ფანტაზიიდან გამომდინარე ის კიდევ უფრო მეტად იყო ჩაღრმავებული კვლევაში თუ საიდან წარმოიქმნა ბავშვი და ასევე თუ რა როლი ეკისრება მამას. ამ კვლევისა და მისი ბავშვობის ისტორიის შორის არსებული კავშირის შეგრძნება იწვევს შემდგომში მისი მხრიდან გარკვეულ აღნიშვნას, რომ მის ბედისწერას თავიდანვე ჩიტის ფრენის პრობლემაში ჩაღრმავება წარმოადგენდა, ვინაიდან მას ადრეულ ასაკში ძერა ეწვია.   III.    ეგვიპტელთ ქალღმერთი მუტი, რომელიც გამოსახულია ძერის თავით – არის სრულიად უსახური ხასიათის მქონე ფიგურა. ხშირად ის ერთვოდა სხვა დედობრივ ღვთაებებს, რომელთაც უფრო მეტად გამოხატული ინდივიდუალობა გააჩნდათ. თუმცა ის არასოდეს არ კარგავდა იმ მახასიათებლებს რითაც სხვებისაგან განსხვავდებოდა. ეს არის ეგვიპტური პანთეონის მახასიათებელი – ცალკეული ღვთაებები არ იკარგებოდნენ სინკრეტიზმში. ეს დედობრივი ღვთაება, ძერის თავით, ეგვიპტელების მიერ შესრულებული იყო უმრავლეს შემთხვევაში ფალოსით; მისი სხეული მკერდის გამოსახულების მხრივ იყო ქალური, მაგრამ ამავე სხეულს გააჩნდა ასევე მამაკაცის სასქესო ორგანო ერექციის მდგომარეობაში.აქედან გამომდინარე ქალღმერთ მუტს გააჩნია ხასიათის ის დედობრივი და მამაკაცური მახასიათებლები, როგორც ეს არის ლეონარდოს ფანტაზიაში! თუმცა ფროიდი თვლის რომ ის ვარაუდი რომლის მიხედვით ლეონარდომ იცოდა დედობის ქალღმერთის ორმაგი სექსუალური ბუნების არსებობა არის საეჭვო, მის ხელთ არსებული ცოდნის წყაროები არ ფლობდნენ ამ მახასიათებლების შესახებ ინფორმაციას. მითოლოგიის მიხედვით მრავალი ღვთაება იყო ჰერმაფროდიტული ორმაგი სქესის მქონე, ეს ფაქტი ეხება არა მხოლოდ ეგვიპტურ ღვთაებებს, არამედ ბერძნულსაც, მრავალი ღვთაება დიონისეს ჯგუფიდან იყო ორმაგი სქესის მქონე და ასევე ბერძნული სიყვარულის ღვთაება აფროდიტე თავდაპირველად მამრობითი სქესის იყო, რომელიც შემდგომში გადაიქცა მდედრ ქალღმერთად. მსგავსი ჰერმაფროდიტული ღვთაებები განასახიერებენ იმ იდეას რომ მხოლოდ მდედრობითი და მამრობითი სქესის შეერთებით არის შესაძლებელი ღვთაებრივი სრულყოფილების მიღწევა. თუმცა ფროიდის აზრით არც ერთი ეს ვარაუდი არ განაპირობებს იმ ფსიქოლოგიური გამოცანის ახსნას, რომლის მიხედვითაც ის იერსახე, რომელიც დედობრივ არსს ასახავს, ადამიანების ფანტაზიის მიერ აღჭურვილია საპირისპირო მამაკაცური ძლიერების ნიშანღვისებით. ფროიდი თვლის რომ ამ შემთხვევაში ეს აიხსნება ინფანტილური სექსუალური თეორიებით. ფროიდი აღნიშნავს რომ ბავშვის ფსიქოლოგიის წვდომისათვის უნდა მოხდეს ანალოგია პირველყოფილ ადამიანებთან. ჩვენ მომზადებული ვართ ბიოლოგიური ანალოგიებით იმისათვის, რომ ინდივიდუუმის სულიერი განვითარება მოკლედ იმეორებს კაცობრიობის განვითარების მსვლელობას და აქედან გამომდინარე ჩვენთვის არ არის დაუჯერებელი და საოცარი ის, რასაც აღმოაჩენს ბავშვის სულის ფსიქოანალიტიკური კვლევა სასქესო ორგანოების ინფანტილურ შეფასება/აღქმაში. ფროიდის აზრით თანამედროვე ჰომოსექსუალები მიდრეკილნი არიან თავი წარმოაჩინონ თავიდანვე განპირობებულ სქესობრივ ჯგუფად, ერთგვარ შუალედურ საფეხურზე მყოფ, “მესამე სქესის” წარმომადგენლებად. თუმცა ფსიქოანალიზი შესაძლებლობას გვაძლევს შევავსოთ ეს ნაპრალი და ჰომოსექსუალისტების მტკიცებათა შემოწმება მოახდინოს. მსგავსი შედეგები იყო მიღებული განსხვავებული დაკვირვების შემდგომ: ყველა ჰომოსექსუალურ მამაკაცს ადრეულ ასაკში გააჩნდა ინტენსიური ეროტი� ული ლტოლვა მდედრობითი სქესისადმი, რაც ინდივიდის მიერ იყო დავიწყებული ზრდასრულ ასაკში. ჩვეულებრივ ეს იყო დედის მიმართ არსებული ლტოლვა, რომელიც იყო გამოწვეული დედის მხრიდან არსებული გადამეტებული სინაზით და შემდგომში იყო გაღვივებული ბავშვის ცხოვრებაში მამის უკანა პლანზე გადასვლით. შადგერ-ი მიუთითებს რომ მსგავსი პაციენტების დედები ხშირ შემთხვევაში იყვნენ მამაკაცურნი, გააჩნდათ ენერგიული მახასიათებლები, მაგრამ ფროიდზე უფრო მეტი შთაბეჭდილება მოახდინა იმ შემთხვევებმა სადაც მამა თავიდანვე არ არსებობდა, ან შემდგომში მოხდა ოჯახის დაშლა და ბიჭი თავიდანვე იყო დედის გავლენის ქვეშ. ამგვარი წინარე სტადიის შემდგომ ხდება ის, რომ ბიჭი განდევნის დედისადმი არსებულ სიყვარულს, თავს აყენებს მის ადგილზე, ახდენს გაიგივებას დედასთან და საკუთარ პიროვნებას იღებს მაგალითის სახით, როდესაც ირჩევს მსგავს სასიყვარულო ობიექტებს. ამგვარად ის ხდება ჰომოსექსუალური, მაგრამ არსებითად ის უბრუნდება აუტოეროტისმს, ვინაიდან ბიჭები ვინც უყვარს ზრდასრულს მხოლოდ და მხოლოდ განაახლებენ და ჩაანახვლებენ მის საკუთარ ბავშვურ პიროვნებას და მას ისინი უყვარს ისევე, როგორც დედას საკუთარი შვილები. კიდევ უფრო სიღრმისეული ფსიქოანალიტიკური მოსაზრებები განამტკიცებენ იმ ვარაუდს, რომლის მიხედვითაც ამგვარად შემდგარი ჰომოსექსუალი, ქვეცნობიერად რჩება ფიქსირებული საკუთარი დედის იერსახის მოგონებაზე. ფროიდი აღნიშნავს რომ უაღრესად დიდი მნიშვნელობის მქონეა ის ფაქტი რომ ლეონარდოს ქონდა დღიური, სადაც აწარმოებდა ისეთ ჩანაწერებს, რაც მნიშვნელოვანი იყო მხოლოდ მისთვის. ამ დღიურში ის თავის მიმართავს საკმაოდ უცნაურად “შენ”. ლეონარდო ამ შემთხვევაში იქცევა ისე, თითქოს ის არის ადამიანი, რომელიც მიჩვეულია ყოველ დღე ვინმეს ჩააბაროს აღსარება და ამ ვინმეს ამ შემთხვევაში განასახიერებს ეს დღიური. ამ დღიურში ყველაზე დიდ უცნაურობას წარმოადგენს ჩანაწერები მხატვრის ხარჯების შესახებ, რაც არის აღწერილი პედანტური სიზუსტით. ამის შესახებ მრავალი ბიოგრაფი აღნიშნავს. თუმცა რაც შეეხება მითითებებს დიდი ოდენობის თანხებთან დაკავშირებით ეს არ არის აღნიშნული. გარდა იმ ხარჯებისა, რომელიც მას გამოყოფილი აქვს საკუთარი მოწაფეებისათის, ლეონარდოს აქვს მოყვანილი ვინმე კატერინას დასაფლავების ხარჯების აღწერაც, მხოლოდ პოეტი მერეჟკოვსკი იძლევა განმარტებას თუ ვინ იყო ეს კატერინა. ეს იყო ლონარდოს დედა ვინჩიდან, რომელიც ჩავიდა თავისი 41 წლის შვილის სანახავად იქ გახდა ავად და ჰოსპიტალში მიყვანის შემდგომ გარდაიცვალა. მსგავსი განმარტება ამ ფსიქოლოგი-რომანისტის მიერ არ არის სანდო, თუმცა საკმაოდ ჭარბად წარმოადგენს სიმართლეს. ლეონარდომ მიაღწია იმას, რომ თავისი გრძნობები დაუქვემდებარა კვლევისადმი ინტერესსა და ლტოლვას და სრულიად შეიკავა თავი მათი თავისუფალი გამოვლენის თვალსაზრისით; თუმცა მასაც ქონია მომენტები, როდესაც დათრგუნული მიისწრაფვოდა გამოვლენისაკენ და ერთ-ერთი ასეთი იყო მის მიერ ნაყვარები დედის გარდაცვალების მომენტი. ამ შემთხვევაში დასაფლავების ხარჯების დეტალური აღწერა იძლევა დედის დანაკარგით გადატანილ უსაზღვრო უბედურებას. არანორმალურ პირობებში, ნევროზების შემთხვევაში და განსაკუთრებით ეგრეთ წოდებული აკვიატებული მდგომარეობებისას, ხშირად ვხვდებით მსგავს შემთხვევებს. იქ ჩვენ ვხვდებით საკმ� აოდ ინტენსიურ, მაგრამ განდევნის საფუძველზე არაცნობიერად გადაქცეულ შეგრძნებებს, რაც ვლინდება მეწვრილმანე და ხშირ შემთხვევაში აბსურდულ ქმედებებშიც კი. ქვეცნობიერად ის დარჩა მისდამი მიჯაჭვული (დედისადმი), ამ გრძნობებს ეროტიული შეფერილობა ქონდათ; ამგვარი ბავშვური სიყვარულის განდევნით ჩამოყალიბებული წინააღმდეგობა აღარ იძლეოდა იმის შესაძლებლობას რომ დღიურში მისი ხსოვნა უფრო ღირსეულად ყოფილიყო ასახული, მაგრამ ის რაც გამოვლინდა კომპრომისის სახით ამ ნევროტული კოფლიქტის საფუძველზე, უნდა ყოფილიყო ასახული რაიმენაირად და სწორედ ამიტომ იყო დაწერილი ეს ანგარიში, რომელიც შემდგომში დარჩა საიდუმლოებით მოცული შთამომავლობისათვის. ფროიდი თვლის რომ ლეონარდო ნამდვილად მიეკუთვნება ჰომოსექსუალურ ტიპს, რომლის ფსიქოლოგიური განვითარების აღმოჩენა შესაძლებელი გახდა ჩვენთვის, და ის ჰომოსექსუალური ფანტაზია რომელიც მას გააჩნდა ძერის შესახებ ჩვენთვის გასაგები ხდება. ეს ფანტაზია ამბობს: “მე გავხდი ჰომოსექსუალური იმიტომ, რომ დედის მიმართ მქონდა ეროტიული დამოკიდებულება”.   IV.    ფროიდი ვერ აღწევს თავს ლეონარდოს ფანტაზიაზე ფიქრისაგან. სიტყვებში რომლებიც სექსუალური აქტის ინტენსივობას გამოხატავენ (“და რამოდენიმეჯერ ჩაყო კუდი პირში”), ლეონარდო ხაზს უსვამს დედასა და შვილს შორის არსებული ეროტიული ურთიერთობის ინტენსივობას. ამ კავშირის ინტენსივობაში ფროიდი კიდევ ერთ ცომპონენტს აღმოაჩენს და ამოიცნობს. ფროიდი ამ ყველაფრის შემდეგნაირ განმარტებას ახდენს: ჩემს ტუჩებზე დედის უამრავი კოცნის კვალი აღიბეჭდა. ფანტაზია შედგება ლტოლვისა და დედის კოცნების მოგონებისაგან. ბუნებამ ხელოვანი დააჯილდოვა მისთვისვე იდუმალი და ფარული სულიერი მოქმედებების გამოხატვის ნიჭით, ამიტომაც მისი ქმნილებები იპყრობენ დანარჩენების ყურადღებას, მიუხედავად იმისა, რომ ისინი ვერ ხვდებიან ნამდვილ მიზეზს. ვინც იხსენებს ლეონარდოს ნახატებს, გაიხსენებს იმ უცნაურ, მომაჯადოვებელ და იდუმალ ღიმილს, რომელიც მან მიანიჭა ქალის გამოსახულებებს. შეჩერებული ღიმილი, გაწელილ, გამოკვეთილ ტუჩებზე; სწორედ ეს არის მისთვის დამახასიათებელი და ლეონარდოსეული ღიმილის სახელის მატარებელია. ფლორენტინელი მონა ლიზა ჯოკონდას უცნაურად-მშვენიერ სახეზე ეს ღიმილი ყველაზე მეტად იპყრობდა და სახტად ტოვებდა მაყურებელს. ის ყოველთვის საჭიროებდა ახსნას და მუდამ აიხსნებოდა ნაკლებად დამაკმაყოფილებლად. “ის რაც იყო მიმზიდველი მაყურებლისათვის, არის ამ ღიმილის დემონური მოჯადოვება. ასობით პოეტი და მწერალი წერდა ამ ქალის შესახებ, რომელიც ხან მომაჯადოვებლად მომღიმარეა, ხან კიდევ ცივად და უსულოდ იცქირება სივრცეში, ვერავინ ვერ ახსნა მისი ღიმილი და ვერ ამოიკითხა მისი აზრები. ყველაფერი, ლანდშაფტიც კი იდუმალია, სიზმრისეული” (Gრუყერ) აზრი იმის შესახებ რომ მონა ლიზას ღიმილში ორი განსხვავებული ელემენტი ვლინდება მრავალ კრიტიკოსს გააჩნდა. აქედან გამომდინარე ისინი მონა ლიზას ღიმილში ხედავენ ქალის სიყვარულში გაბატონებული დაპისიპირებების სრულყოფილ გამოხატულებას, თავშეკავებულობასა და მომაჯადოვებულობას, ერთგულებით სავსე სინაზესა და ხისტსა, მომთხოვნს, სრულიად უცხო მგრძნობელობას, რაც იპყრობს მამაკაცს. ლეონარდო ამ ნახატზე მუშაობდა ოთხი წლის განმავლობაში, მაშინ როდესაც თვითონ ის 50 წლის იყო. ვაზარის სიტყვებით, ის ყველანაირ ხერხს მიმართავდა რომ ამ ქალბატონის სახეზე ღიმილი შეეჩერებინა მთელი სეანსის განმავლობაში. მთელი იმ სინატიფიდან რასაც გადმოსცემდა მისი ფუნჯი ტილოზე, მხოლოდ შეუმჩნეველი ნაწილი დარჩა. რა თქმა უნდა თვით ლეონარდოს ეს ნახატი სრულიად არ აკმაყოფილებდა. ვინაიდან მონა ლიზა წარმოადგენს პორტრეტს, ის ვერ მიანიჭებდა ამ ნახატს იმ მახასიათებლებს რაც თავად გააჩნდა. მას შემდეგ ეს ღიმილი ყველა მის ნახატზე გამოისახება. თვით ლეონარდომ განიცადა ამ ღიმილის ზეგავლენა და გამოსახავდა მას ყველა მის ქმნილებაში. თუმცა ზოგიერთი ბიოგრაფის მიხედვით შესაძლებელია განსხვავებული ინტერპრეტაციაც. ამ შემთხვევაში ამ მიმზიდველი ძალის კიდევ უფრო მეტად სიღრმისეული გააზრება არის ნაგულისხმევი. ჭ. Pეტერ-ი ამ ნახატში ხედავს “მთელი კულტურული კაცობრიობის სიყვარული განცდის გამოხატულებას”. მან ძალიან ზუსტად გამოთქვა რომ ლეონარდოს მიერ გამოხატული ღიმილი ყოველთვის გვიბიძგებს ვიფიქროთ უწმინდურობის შესახებ: “ეს ნახატი ბოლოს და ბოლოს არის პორტრეტი. შესაძლებელია მივადევნოთ თვალყური იმ ფაქტს თუ როგორ ერთიანდება ეს გამოსახულება მისი ბავშვობის ოცნებებთან, რომ არ გვქონოდა საპირისპირო დამადასტურებელი ფაქტები, შესაძლებელი იქნებოდა გვეფიქრა თითქოს ეს ქალი ლეონარდოს მიერ საბოლოოდ ნაპოვნი იდეალური ქალის განსახიერებას წარმოადგენდა”. ვაზარი იხსენებს, რომ ლეონარდოს პირველი მცდელობანი სახვითი ხელოვნების დარგში წარმოადგენდნენ თიხისაგან დამზადებული მომღიმარე ქალბატონების თავები და ასევე რამოდენიმე ბავშვის თავი. ვაზარი თვლის რომ ეს იმდენად ოსტატურად იყო შესრულებული მის მიერ, რომ შესაძლებელი იყო გვეფიქრა თითქოს ხელოვანის ხელმა დაამზადაო.ფროიდი თავის მხრივ ხაზს უსვამს იმ ფაქტს რომ ორივე გამოსახულება რომელიც მისი პირველადი მხატვრული გავარჯიშების შინაარსს წარმოადგენს ეხება ფანტაზიას ძერას შესახებ. ეს არის ის ორი სექსუალური ობიექტი რომელიც გამოიკვეთა ძერის ფანტაზიის ანალიზისას. თუკი ბავშვების მშვენიერი თავები წარმოადგენდნენ მისი როგორც ბავშვის პიროვნების ასახვას, მაშინ მომღიმარე ქალბატონები რა თქმა უნდა კატერინას წარმოადგენდნენ. აქედან გამომდინარე ჩვენ გვიჩნდება ვარაუდი რომ დედამისს გააჩნდა ეს იდუმალი ღიმილი, რომელიც შემდეგ ისევ იყო ნაპოვნი ლეონარდოს მიერ ფლორენტინელ ქალბატონში.ფროიდი ასევე ყურადღებას ამახვილებს წმინდა ანას, ღვთისმშობლისა და ძის გამოსახულების ნახატზე, რომელზედაც ქალების იერსახეებზე ნათლად არის გამოხატული ლეონარდოსეული ღიმილი. რთულია დადგენა არის თუ არა ეს პირდაპირი ზეგავლენა ლიზას პორტრეტის შემდეგ, ვინაიდან ამ ნახატების შექმნა საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში მიმდინარეობდა. რაც შეეხება წმინდა ანას, ღვთისმშობლისა და ძის გამოსახულებას, უპირველესყოვლისა ნახატის სიუჟეტი არის საკმაოდ იშვიათი იტალიური სახვითი ხელოვნებისათვის. ლეონარდოსთან მარიამი ზის დედის კალთაში, არის წინ გადახრილი და ხელი აქვს გაშლილი ვაჟისაკენ, რომელიც ეთამაშება კრავს. ბებია მომღიმარე გასხივოსნებული ღიმილით უყურებს ამ სურათს. ეს ღიმილი რომელიც ორივე ქალის სახეზეა რა თქმა უნდა მონა ლიზას ღიმილს წარმოადგენს, თუმცა დაკარგული აქვს იდუმალი ხასიათი, ის უფრო გაცისკროვნებული და ნეტარია. ამ ნახატის სიუჟეტი შესაძლებელია იყოს ლეონარდოს ბავშვობის ისტორიის სინთეზის მატარებელი. თავისი მამის სახლში მან მოიპოვა არა მხოლოდ დედა არამედ ბებიაც მონა ლუჩია, რომელიც მის მიმართ არანაკლებ კეთილი იყო. კიდევ ერთი გასაოცარი დეტალი რომელიც იძენს კიდევ უფრო მეტ მნიშვნელობას. წმინდა ანა, რომელიც უნდა იყოს უფრო სოლიდურ ასაკში, შესაძლოა გამოსახულია ამ ნახატზე უფრო ხანდაზმულად მარიამთან შედარებით, მაგრამ მიუხედავად ამისა ის არის ახალგაზრდა ქალბატონი, რომელსაც ჯერ კიდევ არ დაუკარგავს ქალური სილამაზე. ფაქტიურად ლეონარდომ ვაჟს ორი დედა მიანიჭა: ერთი რომელიც ხელს იშვერს მისკენ, ხოლო მეორე რომელიც უკანა პლანზე იმყოფება, ორივე მათგანს გამოსახული აქვს ნეტარი ღიმილი. თუმცა მუტერი მაგალითად ვარაუდობს რომ ლეონარდო საერთოდ ვერ ბედავდა გამოესახა სიბერე, ნაოჭები. ლეონარდოს ბავშვობაც მსგავსი ხასიათის იყო, მას ორი დედა გააჩნდა, პირველი ნამდვილი, კატერიან, ხოლო მეორე დედინაცვალი დონა ალბიერა, რომელიც მის მიერ ლმობიერი და ნაზი იყო. სწორედ აქედან გამომდინარე ჩამოუყალიბდა მას ეს კომპოზიცია “წმინდა ანა სამეული ერთად”. დედისეული ფიგურა უფრო მეტად არის ჩამოშორებული ვაჟისაგან. ის გამოსახავს ბებიას, თუმცა ნახარში თავისი ადგილმდებარეობითა და განლაგებით ვაჟის მიმართ იკავებს კატერინას ადგილს. წმინდა ანას ნეტარი ღიმილით მხატვარმა ის შური დაფარა რასაც განიცდიდა ის უბედური ქალი, როდესაც მან დაუთმო დიდგვაროვან ქალბატონს თავისი ძე, იმის მსგავსად როგორც თავის დროზე დათმო თავისი მეუღლე. აქედან გამომდინარე სხვა ნამუშევარიც ადასტურებს იმ ფაქტს, რომ მონა ლიზამ გააღვიძა ლეონარდოში მოგონებანი ადრეული ბავშვობის პერიოდიდან.ფროიდი თვლის, რომ დედის სიყვარული ძუძუმწოვარა ბავშვის მიმართ, რომელსაც ის აჭმევს და რომელსაც უვლის, არის გაცილებით უფრო სიღრმისეული გატაცება, ვიდრე მისი გვიანდელი გრძნობა შვილის მიმართ რომელიც იზრდება. თავისი ბუნებით ეს არის სასიყვარული კავშირი, რომელიც სავსებით აკმაყოფილებს არა მხოლოდ ყველა სულიერ მოთხოვნილებას, არამედ ყველა ფიზიკურ მოთხოვნილებასაც. ყველაზე ბედნიერ ახალგაზრდულ ქორწინებაშიც კი მამა გრძნობს, რომ ბავშვი, განსაკუთრებით კი პატარა ვაჟი, მისი მეტოქე ხდება და სწორედ აქედან იღებს სათავეს ღრმა შეურიგებლობა უკანასკნელის მიმართ. ფროიდის აზრით შესაძლოა რომ ლეონარდო ამ იერსახეებით უარყოფს და ხელოვნურად თრგუნავს თავის არანორმალურად განვითარებულ გრძნობას, და ამგვარი ნეტარი შერწყმით გამოსახავს ქალურ და მამაკაცურ არსს, რაც დედის მიერ მოტყუებული ვაჟის სურვილი ასრულებას წარმოადგენ   V.    ლეონარდოს დღიურის ჩანაწერებში არის ერთი ჩანაწერი რომელიც განსაკუთრებულ ყურადღებას იპყრობს, თავისი შინაარსის მრავალმნიშვნელოვნობითა და მცირედი ფორმალური შეცდომის გამო. “1504 წლის 9 ივლისს, ოთხშაბათს, დილის 7 საათზე გარდაიცვალა სენიორ პიერო და ვინჩი, პოდესტის სასახლის ნოტარიუსი; მამაჩემი 7 საათზე. ის იყო 80 წლის; დატოვა 10 შვილი მამრობითი სქესისა და 2 მდედრობითის”. ამ ჩანაწერში საუბარია ლეონარდოს მამის სიკვდილზე და შესამჩნევია ერთი უმნიშვნელო შეცდომა – ის ორჯერ იმეორებს დროს, თავიდან და ბოლოში. ეს მხოლოდ და მხოლოდ წვრილმანია, რომლის შესახებ სხვა არაფსიქოანალიტიკოსი არც კი დაფიქრდებოდა. ფსიქოანალიტიკოსისათვის ყველაფერი წარმოდგენს სულიერი პროცესების გამოვლინებას; მსგავსი “დაბნეულობისა” დავიწყებისა და განმეორების საფუძველზე მისთვის შესაძლებელია ფარული ზრახვებისა და ლტოლვების/ბიძგების გამოცნობა. შესაძლებელია ითქვას რომ ეს ჩანაწერიც მსგავსად კატერინას დაკრძალვისა და მისი მოწაფეებისათვის საჭირო ნივთების ანგარიშებისა წარმოადგენს მის აფექტურ მდგომარეობას. ფორმაც კი მსგავსია – პედანტურობა და წინა პლანზე ციფრების წამოწევა. მსგავს განმეორებას ჩვენ ვუწოდებთ პერსევერაციას. ეს არის ძალიან კარგი საშუალება საიმისოდ რომ მოხდეს აფექტური ელფერის ამოცნობა. ლეონარდოს რომ არ ქონოდა აფექტის დათრგუნვის მცდელობა, ეს ადგილი დღიურში გაიჟღერდა შემდეგნაირად: “დღეს 7 საათზე, გარდაიცვალა სენიორ პიერო და ვინჩი, ჩემი საწყალი მამა!” მაგრამ პერვერსიის მეშვეობით გულგრილობამდე დაყვანილი გარდაცვალების შეტყობინება, რაც გამოიხატება საათის განსაზღვრით სრულიად ართმევს ამ ჩანაწერს პათოსს და საშუალებას იძლევა ამოვიცნოთ რომ იყო გარკვეული რამ რაც უნდა ყოფილიყო დაფარული და დათრგუნული. სენიორ პირეო და ვინჩი იყო საკმაოდ ენერგიული ადამიანი, რომელმაც ამის წყალობით დაიმსახურა პატივისცემა და მოიპოვა კეთილდღეობა. ის იყო დაქორწინებული ოთხჯერ; მისი პირველი ორი მეუღლე გარდაიცვალნენ უშვილოდ, მხოლოდ მესამემ აჩუქა მას კანონიერი ვაჟი, ამ დროისათვის ლეონარდო იყო 24 წლის და უკვე დიდი ხნის წამოსული იყო მამისეული სახლიდან ვეროჩიოს სახელოსნოში. მეოთხე და უკანასკნელი მეუღლისაგან რომელიც პიერო და ვინჩიმ მოიყვანა 50 წლის ასაკში, ყავდა 9 ვაჟი და 2 ქალწული. მამას გარკვეული მნიშვნელობა გააჩნია ლეონარდოს ფსიქოსექსუალური განვითარებისადმი და არა მხოლოდ უარყოფითი თვალსაზრისით თავისი დაუსწრებლობის გამო ადრეულ ასაკში, არამედ უშუალოდაც თავისი დასწრებით მისი გვიანდელი ბავშვობის ასაკში. ის ვინც ბავშვობისას განიცდის ლტოლვას დედის მიმართ შეუძლებელია არ ოცნებობდეს მამის ადგილას ყოფნაზე; ის ახდენს საკუთარი თავის გაიგივებას მასთან და შემდგომში მიზნად ისახავს დაჯაბნოს იგი.ჰომოსექსუალურობისადმი მიდრეკილება როგორც ცნობილია ჩნდება მხოლოდ სქესობრივი მომწიფების პერიოდში. როდესაც ეს დრო დადგა, მამასთან გაიგივებამ დაკარგა ლეონარდოს სექსუალური ცხოვრებისათვის ყოველგვარი მნიშვნელობა, თუმცა იყო შემორჩენილი სხვა არაეროტიულ სფეროებში. ჩვენ ვიცით, რომ მას უყვარდა კარგი ტანისამოსი, ყავდა ცხენები და მოსამსახურეები – თუმცა კი ხშირ შემთხვევაში ამ ყველაფრის შესაძლებლობა არ ქონდა. ის უბრალოდ ცდილობდა მამის კოპირებასა და მის დაჯაბნვას. მამამისი დედასთან მიმართებაში იყო დიდგვაროვანი, აქედან გამომდინარე ლეონარდოს ქონდა ტენდენცია “ტო ოუტ ჰეროდ” დაეჯაბნა ჰეროდე.ლეონარდოს სამხატვრო შემოქმედებისათვის მისი გაიგივება მამასთან საბედისწერო შედეგის მქონე იყო. ის ქმნიდა თავის ნახატებს და შემდეგ აღარ ზრუნავდა მათზე, მისი მამის მსგავსად. მამის მხრიდან მომდევნო წლებში უხვი ზრუნვის მიუხედავად ეს მისთვის დამახასიათებელი იყო, ვინაიდან ადრეული ბავშვობის პერიოდი ყველაზე შთაბეჭდილებიანი არის, ხოლო განდევნილი და არაცნობიერში დარჩენილი გამოუსწორებელია გვიანდელი განცდების მეოხებით.აღორძინების ხანაში, ასევე მოგვიანებითაც, ნებისმიერი მხატვარი საჭიროებდა მფარველსა და მაღალჩინოსან ბატონს. ლეონარდოს შემთხვევაში ეს იყო ლუდოვიკო სფორცე, სახელად მორო. მის კარზე ლეონარდომ თავისი ცხოვრების ყველაზე ბრწყინვალე პერიოდი გაატარა, რაზეც მეტყველებს “საიდუმლო სერობა” და ამხედრებული ფრანჩესკო სფორცეს ქანდაკება. ლეონარდო გაემგზავრა მილანიდან უფრო ადრე, ვიდრე ლუდოვიკო მოროს კატასტროფა შეემთხვა. ის გარდაიცვალა პატიმრობაში ერთ-ერთ ფრანგულ ციხეში. საკუთარი ბატონის შესახებ ლეონარდო შემდეგი სახის ჩანაწერს აწარმოებს თავის დღიურში: “ჰერცოგმა დაკარგა თავისი მიწა, ქონება, თავისუფლება, და არც ერთი მის მიერ წამოწყებული საქმე არ იყო მიყვანილი ბოლომდე”. გასაოცარია რომ ამ შემთხვევაში თავის პატრონს ის სწორედ ისე საყვედურობს, როგორც მას საყვედურობდა შემდგომში შთამომავლობა, თითქოს და მას სურდა ვინმე “მამათაგანი” ყოფილიყო პასუხისმგებელი მისი დაუსრულებელი ნამუშევრების გამო. სინამდვილეში ის არ იყო უსამართლო ჰერცოგის მიმართ. ფროიდი ხაზს უსვამს იმას, რომ ფსიქოანალიზმა გვასწავლა მამისეულ კომპლექსსა და ღმერთის რწმენას შორის არსებული ინტიმური კავშირი; მან გვაჩვენა, რომ პირადი ღმერთი იდეალიზირებული მამის მსგავსია. ყოველდღიურად ჩვენ ვადევნებთ თვალყურს იმ ფაქტს, რომ ახალგაზრდები კარგავენ რელიგიურ რწმენას მაშინ, როდესაც იმსხვრევა მამის ავტორიტეტი. აქედან გამომდინარე მშობელთა კომპლექსში ჩვენ აღმოვაჩენთ რელიგიური მოთხოვნილების ფესვებს.ლეონარდოს ხელოვნების შესახებ ამბობდნენ რომ მისი წმინდანების ფიგურებიდან გამქრალი არის ეკლესიური დოგმატიზმის უკანასკნელი ნარჩენიც კი, ისინი მიახლოვებული არიან ადამიანურთან, რომ მათში უდიდესი და უმშვენიერესი გრძნობების ასახვა იყოს შესაძლებელი. ფროიდის აზრით ეჭვგარეშეა, რომ ლეონარდომ დაჯაბნა როგორც დოგმატური, ასევე პირადი რელიგიაც და თავისი კვლევითი სამუშაოთი საკმაოდ ჩამოშორდა მორწმუნე ქრისტიანის აზროვნებასა და მსოფლმხედველობას. ფროიდი ისევ უბრუნდება ფანტაზიას ძერის შესახებ და ხაზს უსვამს ლეონარდოს ცხოვრებაში ჩიტის ფრენის შესწავლის მნიშვნელობას. ერთ-ერთი საკმაოდ გაუგებარი ადგილი მის ჩანაწერებში რომელიც ჟღერს როგორც წინასწარმეტყველება, რომელიც ჩიტის ფრენას ეხება, ასახავს იმას, თუ რა აფექტური ინტერესით იყო ის განწყობილი ფრენის ხელოვნების დაუფლებისადმი: “ეს დიდი ფრინველი, თავის პირველ ფრენას განახორციელებს “დიდი გედის” ქედიდან, რითაც ქვეყანა აღივსება გაკვირვებით, ხოლო ხელნაწერები კი ქებით და იმ ბუდეს რომელშიც ის გამოიჩეკა, სამარადისო დიდება მოელის”.რატომ ესიზმრებათ ადამიანებს რომ მათ შეუძლიათ ფრენა? ფსიქოანალიზი თვლის რომ ფრენა, ან ფრინველად გარდასახვა წარმოადგენს განსხავებული სურვილის შენიღბვას. ამ სურვილის ახსნა შესაძლებელია სიტყვიერი და ასევე საგნობრივი მტკიცებულებით. თუკი ცნობისმოყვარე ბავშვებს უყვებიან რომ ისეთ დიდ ფრინველს როგორიც არის წერო, პატარა ბავშვები მოყავს, თუკი ანტიკურ ხანაში ფალოსს გამოსახავდნენ ფრთებით, ხოლო იტალიელებთან მამაკაცის სასქესო ორგანო ატარებს სახელწოდება ლუცცელლო (ფრინველი/ჩიტი), ეს ყველაფერი იმის მანიშნებელია რომ ფრენის უნარი სიზმარში აღნიშნავს სქესობრივი აქტივობის შესაძლებლობას/უნარიანობას. თუკი ზრდასრული იხსენებს თავის ბავშვობას ის მას ბედნიერად ეჩვენება, მაგრამ ეს სრულიად არ ნიშნავს იმას, რომ ბავშვისათვის ეს პერიოდი იდილიურია. თვითონ ბავშვებისათვის სასურველია ისეთი ქმედებების განხორციელება რაც ზრდასრულებისათვისაა მხოლოდ შესაძლებელი, ისინი ცდილობენ რაც შეიძლება უფრო სწრაფად გაიარონ ბავშვობის წლები. ამ შემთხვევაში ფროიდი თვლის, რომ მაგალითად ავიატიკა, რომელმაც ჩვენ დროში თავის დანიშნულებასა და მიზანს მიაღწია, საფუძველს იღებს ინფანტილურ ეროტიზმში.ლეონარდო გარკვეულ წილად ცხოვრების ბოლომდე დარჩა ბავშვური, საერთოდაც ამბობენ რომ ბუმბერაზი ადამიანები ინარჩუნებდნენ ბავშვურობას მთელი ცხოვრების განმავლობაში. მაგალითად ზრდასრულ ასაკში ის ისევ თამაშობდა რაც მისი გარშემომყოფთათვის საკმაოდ უცნაური და არასასიამოვნო იყ   VI.    ფროიდის ნამუშევრის მიზანი იყო ლეონარდოს სექსუალურ ცხოვრებაში არსებული შეკავებების/შეყოვნების და მისი სამხატვრო შემოქმედების ახსნა. ამ თავში ის ლეონარდოს ფსიქიკის განვითარების განმავლობაში გარკვეული აღმოჩენების მიმოხილვას ახდენს.შეუძლებელია მისი შთამომავლობის გარკვევა, თუმცა ნათელია, რომ ადრეული ბავშვობის ხანა მასზე მავნებელ ზემოქმედებას ახდენს. მისი უკანონო დაბადება ჩამოაშორებს ლეონარდოს პირველი ხუთი წლის განმავლობაში მამას და ამ დროის განმავლობაში მასზე მხოლოდ დედა ზრუნავს. ცქერისა და შემეცნების ლტოლვა წაქეზებული იყო მისი ადრეული ბავშვობის შთაბეჭდილებებიდან გამომდინარე; პირის ეროგენული ზონა იძენს იმ მნიშვნელობას, რომელსაც სამუდამოდ ინარჩუნებს შემდგომში. ცხოველებისადმი გვიანდელი გადამეტებული მგრძნობელობიდან გამომდინარე შესაძლებელია დავასკვნათ, რომ ბავშვობის ამ პერიოდში ის სადიზმის ძლიერი მახასიათებლებით გამოირჩეოდა.როდესაც ყმაწვილობის პერიოდში სქესობრივი აღგზნების ტალღებმა იფეთქა, სექსუალური ლტოლვის უმეტესი ნაწილი შემეცნებისადმი ლტოლვაში იქნა სუბლიმირებული და აქედან გამომდინარე განდევნა არ მომხდარა. ლიბიდოს შედარებით ნაკლები ნაწილი შემორჩა სექსუალური მიზნებისათვის და ზრდასრული ლეონარდოს ატროფირებულ სექსუალურ ცხოვრებას წარმოადგენს. დედისადმი ლიბიდოს განდევნის შედეგად ეს მცირედი ნაწილი გარდაისახება ჰომოსექსუალურობაში და ვლინდება ბიჭებისადმი იდეალური სიყვარულის სახით. არაცნობიერში რჩება ფიქსირება დედისა და მათ შორის არსებული ურთიერთობების ნეტარი მოგონებებისადმი, მაგრამ ეს პასიურ მდგომარეობაში რჩება.თავისი ბნელი ბავშვობის შემდეგ, ლეონარდო მოგვევლინა როგორც მხატვარი და მოქანდაკე. ფროიდის აზრით ეს ნიჭი გაძლიერდა მასში ბავშვობის პირვანდელ წლებში გამოწვეული ცქერისადმი ლტოლვიდან გამომდინარე.თავდაპირველად ყმაწვილ ასაკში, ლეონარდო თითქოს და თავისუფლად მუშაობს, ყოველგვარი შეყოვნების გარეშე. ვინაიდან თავის გარეგან ცხოვრებაში ის მამისეულ იერსახეს ჰერცოგ ლუდოვიკო მოროში ხედავს. ამ პერიოდში ის განიცდის მამაკაცურ შემოქმედებით სიძლიერესა და მხატვრულ პროდუქტიულობას. მაგრამ სულ მალე, მის მაგალითზე ვლინდება, რომ რეალური სქესობრივი ცხოვრების თითქმის სრული დათრგუნვა არ წარმოადგენს უფრო კარგ პირობებს შემოქმედებითი ძალისა და მხატვრული პროდუქტიულობისათვის. ამ ქმედითუნარიანობაზე აისახება რეალური სექსუალური ცხოვრებაც, ამიტომაც აქტივობა და სწრაფი გადაწყვეტილებისადმი სწრაფვა კლებას იწყებს. ეს აისახება “საიდუმლო სერობის” ნამუშევარზე და წყვეტს ამ ქმნილების ბედს. პროცესი იმდენად ნელა ხორციელდება რომ შესაძლებელია მისი შედარება რეგრესსთან ნევროტიკების შემთხვევას თუ დავესესხებით.სქესობრივი მომწიფებისას განვითარებული მხატვარი დაჯაბნულია ბავშვობისას განსაზღვრული მკვლევარით; ეს არის მისი ეროტიული ლტოლვების მეორე სუბლიმირება, რომელიც უთმობს ასპარეზს უფრო ადრე, პირველადი განდევნისას აღმოცენებულს. ლეონარდო მკვლევარი ხდება, თავდაპირველად თავისი შემოქმედებისათვის სასარგებლოდ, ხოლო შემდგომში კი მისგან დამოუკიდებლად.ხანდაზმული ასაკის მწვერვალზე, მას შემდეგ რაც მან ორმოცდაათ წელს გადააბიჯა, საქმე ეხება იმ პერიოდს, როდესაც ქალის სქესობრივი ცხოვრება შეჩერებულია, ხოლო მამაკაცის – კიდევ ერთ ენერგიულ მოზღვავებას განიცდის, ლეონარდოში კიდევ ერთი ცვლილება იჩენს თავს. მისი სულის სიღრმისეული ფენები უფრო მეტად აქტიურნი ხდებიან, და ეს მეორადი რეგრესია საკეთილდღეო არის მისი შემოქმედებისათვის.ის ხვდება ქალბატონს, რომელიც მასში ბედნიერი, ნეტარი ღიმილის შესახებ არსებულ მოგონებას აღვიძებს და მისი ზეგავლენით მასში აღმოცენდება ის სურვილი, რომელიც ამოძრავებდა ლეონარდოს მომღიმარე ქალბატონებისა და ბიჭების ძერწვისას. ის ხატავს “მონა ლიზას”, “წმინდა ანას სამეულში” და მთელ რიგ ნახატებს რომელთა იდუმალება გამორჩეულია ღიმილის გამო.თანამედროვე ბიოლოგია განმარტავს ადამიანის კონსტიტუციის მთავარ მახასიათებლებს ქალური და მამაკაცური საწყისების გაერთიანების გზით; ლამაზი გარეგნობა და ასევე ის ფაქტიც რომ ლეონარდო იყო მემარცხენე (ცაცია), გარკვეულწილად საყრდენ წერტილებს იძლევა. მაგრამ ფროიდს მაინც არ სურს ფსიქოანალიზის კვლევის ნიადაგის მიტოვება. ამის მიზანია გარეგანი განცდებისა და მათზე რეაგირების მქონე პიროვნებას შორის არსებული კავშირის ძიება. ფროიდი თვლის რომ თუკი ფსიქოანალიზი ვერ ხსნის ლეონარდოს შემოქმედებითობის მიზეზებს, ის შესაძლებელს ხდის მისი ტალანტის გამოვლინებებისა და ნაკლულოვანების შემეცნებას. მხოლოდ და მხოლოდ ის ადამიანი, რომელმაც განვლო ლეონარდოს ბავშვობა, შესძლებდა დაეწერა “მონა ლიზა” და “წმინდა ანა”, თავისი ნაწარმოებისათვის მსგავსი ბედისწერა მიენიჭებინა და მოეხდინა პროგრესირება შემეცნების სფეროში, თითქოს და მისი ქმნილებებისა და წარუმატებლობების გასაღები ძერის შესახებ ბავშვურ ფანტაზიაში იმყოფება.   ← სარჩევი   *ზიგმუნდ ფროიდი - ფსიქიკური ბუნება - ფსიქიკური აპარატი* *ზიგმუნდ ფროიდი - ლტოლვათა შესახებ* *ზიგმუნდ ფროიდი (1856 - 1939)* …
დაამატა Kakha to ფსიქოლოგია at 10:50am on იანვარი 14, 2014
თემა: შუა საუკუნეების ფსიქოლოგია
სა და მეცნიერების განვითარების ზოგად ტენდენციას. ანტიკური ცივილიზაცია რომის დაცემასთან ერთად (476წ.) საბოლოოდ დაიშალა. მანამდე მოპოვებული ცოდნა თანდათან იკარგებოდა. ვრცელდებოდა და მკვიდრდებოდა ქრისტიანობა, რომელიც, ცდილობდა რა, დაემტკიცებინა თავისი ძალა და უნიკალობა, ებრძოდა ყველა სხვა პოზიციის გამოვლინებას და, პირველ ყოვლისა, წარმართულ მითოლოგიურ და ფილოსოფიურ შეხედულებებს. ქრისტიანული თეოლოგიური აზრის განვითარების პირველ ეტაპზე ეკლესიის მამები (თუნდაც იგივე ავგუსტინე) ცდილობდნენ ძირითადი ძველბერძნული ფილოსოფიური სკოლების ნააზრევის ასიმილაციას, მაგრამ შემდგომში ერთხანს გამეფდა ყოველივე არაქრისტიანულისადმი სრული შეუწყნარებლობა. ანტიკური მეცნიერებისადმი მომთმენი დამოკიდებულება საბოლოოდ დასრულდა, როცა 529 წელს იმპერატორმა ავგუსტინემ გააუქმა ათენის ყველა ფილოსოფიური სკოლა და წერტილი დაუსვა მათი განვითარების ცხრასაუკუნოვან ისტორიას.       შუა საუკუნეების დასაწყისი დასავლეთ ევროპის სახელმწიფოების მატერიალური და სულიერი კულტურისა და მოსახლეობის აოხრებისა და განადგურების ხანაა. სხვადასხვა ხალხების (გოთები, ვანდალები, ვიკინგები, დანები, ანგლები, საქსები და სხვ.) განუწყვეტელმა შემოსევებმა, საზარელმა შიმშილობამ, ეპიდემიებმა და სრულმა განუკითხაობამ გააპარტახა ყველაფერი. მოისპო რომის ცივილიზაციის ნაშთები, ცივილიზაციისა, რომლის დროსაც სუფევდა წესრიგი და დოვლათი, მოსახლეობის მეტ-ნაკლებად შეძლებულმა ნაწილმა იცოდა წერა-კითხვა, არსებობდა საერო განათლების ხელმისაწვდომი კერები, ხოლო მეცნიერება და მეცნიერები დიდ პატივში იყვნენ. დამდგარ შავბნელ ხანაში ერთადერთი საზოგადოებრივი ინსტიტუტი, რომელიც უზრუნველყოფდა რაღაც სტაბილურობას და ასულდგმულებდა ცივილიზაციას, ეკლესია იყო. მონასტრები აძლევდნენ თავშესაფარს დევნილ, ულუკმაპუროდ დარჩენილ და ავადმყოფ ადამიანებს. იქ არსებობდა სულიერება, ინახებოდა წიგნები, ისწავლებოდა წერა-კითხვა. საზოგადოებაში, რომლის უმაღლეს წრეებშიც უვიცობამ დაისადგურა, ერთადერთი მეტნაკლებად განათლებული ფენა საეკლესიო პირები იყვნენ. ამავე დროს, ეკლესია კატეგორიულად ვერ ეგუებოდა რაიმე კონკურენციას, განსაკუთრებით მეცნიერების მხრიდან. ქრისტიანული რელიგია თითქოს ამძაფრებდა სულიერი სამყაროსადმი ინტერესს, მაგრამ არა კვლევა-ძიების, არამედ მარტოოდენ რწმენის მიმართულებით. ეკლესია მთლიანად დაეპატრონა ადამიანების სულს და ფსიქოლოგიისთვის ადგილი არ დატოვა. იმავდროულად გაიფურჩქნა მისტიკა და კაბალისტიკა, ალქიმია და ასტროლოგია.       VI-X სუკუნეები “ბნელ საუკუნეებად” მიიჩნევა. ამ პერიოდში დასავლეთ ევროპის სულიერ კულტურას თითქმის არაფერი შემატებია, მაშინ როცა ბიზანტიასა და მუსლიმანურ სამყაროში საქმიანი და შემოქმედებითი ცხოვრება წინ მიდიოდა. კონსტანტინოპოლში, მაგალითად, 855 წლიდან ფუნქციონირებდა უნივერსიტეტი (ე.წ. “მანგავრის უმაღლესი სკოლა”). შუა საუკუნეებში ფსიქოლოგიის წინსვლა ყველაზე მეტად სწორედ არაბულ ფილოსოფიასა და მეცნიერებას უკავშირდება. რაც შეეხება დასავლეთ ევროპას, ბნელი საუკუნეების შემდეგ, თანდათან ინტელექტუალური კლიმატის გარკვეული გაუმჯობესება დაიწყო. გაიხსნა უნივერსიტეტები. ყველაზე ადრე (IX საუკუნე) სოლერნოში გაიხსნა განთქმული “სამედიცინო სკოლა”, სადაც ინტენსიურად მიმდინარეობდა მედიცინის საუნივერისტეტო ტიპის სწავლება და კვლევა, მაგრამ პირველი ნამდვილი უნივერისტეტი გაიხსნა 1088 წელს - ბოლონიაში; შემდგომში ოქსფორდში (1117), პარიზში, XIII საუკუნის დასაწყისიდან - კემბრიჯში, მონპელიეში, სალამანკაში, პადუაში და ევროპის სხვა ქალაქებში. ამან უდავოდ შეუწყო ხელი ცოდნის შენახვას, სისტემატიზაციას და, რიგ შემთხვევაში, მის გაღრმავებასაც, მაგრამ უმრავლეს შემთხვევაში შუა საუკუნეების სასწავლო და სასულიერო ცენტრებში დოგმატური სულისკვეთება სუფევდა. სწორედ ამ დროს წარმოიშვა სქოლასტიკა (ე.წ. “სასკოლო ფილოსოფია”), რომელიც ცდილობდა ქრისტიანული რწმენის რაციონალურ დასაბუთებას, ანტიკური ხანის ავტორების ფილოსოფიური ტექსტების კომენტირებისა და მათი სარწმუნოებრივი დოგმებისადმი მისადაგების გზით. თავდაპირველად სქოლასტიკა დადებით როლს თამაშობდა, რადგან ხელს უწყობდა დაკარგული ცოდნის აღდგენას, ორგანიზაციას და შენახვას, მაგრამ საკმაოდ მალე თავი იჩინა მისმა უარყოფითმა მხარეებმა: ჯერ ერთი, ის იყო არაპროდუქტიული - იშვიათი გამონაკლისის გარდა, არ ხდებოდა ახალი ცოდნის გენერაცია და პირიქით, იზღუდებოდა ნოვატორული იდეების აღმოცენება-გავრცელება; მეორე, ის იყო დეზორიენტაციის შემომტანი - კათოლიციზმის პოზიციებიდან ძველი ავტორების (პირველ რიგში, პლატონისა და არისტოტელეს) ფილოსოფიისა და ფსიქოლოგიის შესატყვისი ინტერპრეტაცია ხშირად მათი ნააზრევის რეალური შინაარსის გაღარიბებასა და დამახინჯებას იწვევდა. 3.1. არაბული ფსიქოლოგია       მეცნიერების ისტორიკოსების შეფასებით, კურიოზულ ისტორიულ ფაქტად შეიძლება მივიჩნიოთ, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი როლი ევროპაში მეცნიერების დაბრუნების თვალსაზრისით ითამაშეს არაბებმა - მათ შეინახეს და საფუძვლიანად დაამუშავეს ანტიკურ ხანაში მოპოვებული ცოდნა. მის შესახებ ინტელექტუალურ ლეთარგიაში მყოფ კათოლიკურ ევროპას წარმოდგენაც არ ჰქონდა. ესპანეთიდან არაბების განდევნის მერე ევროპელებმა აღმოაჩინეს უამრავი ანტიკური ტექსტი არაბულ ენაზე და მათი მაღალ დონეზე შესრულებული კომენტარები. ყოველივე ეს სასწრაფოდ ითარგმნა ლათინურად, რაშიც უდიდესი წვლილი შეიტანეს მავრიტანიაში მცხოვრებმა ორივე ენის მცოდნე ებრაელმა მწიგნობრებმა. თავად არაბებმა თავდაპირველად ათენის ფილოსოფიური სკოლების განადგურების მერე, მცირე აზიაში გაქცეული ნეოპლატონიკოსებისაგან, შემდეგ კი სხვა გზებით მოიპოვეს ანტიკური ფილოსოფიური ხელნაწერების დიდი ნაწილი, თარგმნეს და გაიაზრეს იგი, რითაც საფუძველი დაუდეს არაბულ ფილოსოფიას და ფსიქოლოგიას.       ინდოეთიდან ესპანეთამდე გადაჭიმულ ხალიფატში, საკმაოდ სტაბილურ სოციალურ-ეკონომიკურ გარემოში, VIII-XII საუკუნეებში კულტურული და ინტელექტუალური ცხოვრება ჩქეფდა. ბაღდადში, ბუხარაში, დამასკოში, კორდოვაში, სევილიასა და ქაიროში იყო უნივერსიტეტები, სადაც არ იკრძალებოდა ისლამისაგან განსხვავებულ რელიგიურ-ფილოსოფიურ მოძღვრებათა შესწავლა. რომაელების მსგავსად, ფილოსოფიის სფეროში არაბები ძველი ბერძენი ავტორების, განსაკუთრებით პლატონისა და არისტოტელეს თხზულებების კომპილაციითა და კომენტირებით იყვნენ დაკავებული. სამაგიეროდ, მათ მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწიეს კონკრეტული მეცნიერების სფეროში, კერძოდ, ფიზიკა-მათემატიკაში, ქიმიაში, ასტრონომიაში, გეოგრაფიასა და მედიცინაში. ეს ძალიან წაადგა ფსიქოლოგიას, რადგან სულის შესწავლისას არაბულენოვანი მეცნიერები არ იზღუდებოდნენ თეორიულ-ფილოსოფიური მსჯელობებით, არამედ აქტიურად იყენებდნენ ბუნებისმეტყველების, პირველ რიგში, მედიცინის მონაცემებს.       ცნობილი არაბი მეცნიერი, ნატურალისტი და მათემატიკოსი იბნ-ალჰაისამი (ალღაზენა) (965-1039) ფსიქოლოგიის ისტორიაში შევიდა, როგორც აღქმის ფსიქოფიზიოლოგიის მკვლევარი. მისი აღმოჩენები უმთავრესად მხედველობითი სისტემის ფუნქციონირებას უკავშირდება, რის შესწავლაშიც მან რევოლუციური ცვლილებები მოახდინა. ისტორიულად მხედველობის ფუნქციის ახსნა ე.წ. “გამოდინების” თეორიის შესაბამისად ხდებოდა: საგნებიდან გამოედინება მათი უმცირესი ასლები (მაგ., ეიდოლები), რომლებიც აღიბეჭდებიან თვალზე, მაგრამ ჩვენი მხედველობა უშვებს უამრავ შეცდომას, რომელთა ახსნა შეუძლებელია, მარტო საგნის ასლები რომ ხვდებოდნენ თვალში. ამიტომ დაშვებული იყო მეორე სახის “გამოდინება”, თვალიდან საგნისკენ მიმდინარე რაღაც ნივთიერი სუბსტრატის (მაგ., პნევმის) სახით. მთელი ეს ახსნითი კონსტრუქცია ოპტიკის კანონებისა და თვალის ფიზიოლოგიის უცოდინარობის მაჩვენებელი იყო. ალღაზენამ პირველმა სცადა ეჩვენებინა, თუ როგორ იქმნება თვალში გარემდებარე საგნის ხატი ოპტიკის კანონების შესაბამისად. ამ პირველად და უშუალო ფიზიკურ ეფექტებს ემატება ფსიქიკური აქტები ანუ ერთგვარი “გონების მუშაობა”, რომელიც არაცნობიერად მიმდინარეობს. ამით ალღაზენამ, ფაქტობრივად, წინასწარ განჭვრიტა ჰელმჰოლცის “არაცნობიერი დასკვნის თეორია” (იხ. თავი 5.1.). საგნების მოყვანილობის, სიდიდის, მოცულობისა და ა.შ. აღქმა ფიზიკური და ფსიქიკური პროცესების ურთიერთქმედების შედეგია.       ალღაზენამ ექსპერიმენტულად შეისწავლა ისეთი მოვლენები, როგორიცაა ბინოკულარული მხედველობა, ფერთა შერევა და სხვა. მან აგრეთვე აჩვენა, რომ ობიექტების სრულყოფილი აღქმისთვის აუცილებელია თვალის მოძრაობა. ამის წყალობით ავტომატურად ხორციელდება ფსიქიკური ოპერაციები, რომელთა შედეგად იკვეთება საგნების ადგილმდებარეობა, დაშორებულობა თუ ურთიერთმიმართება. მან გაარკვია, თუ რა მნიშვნელობა აქვს მხედველობითი აღქმის ხანგრძლივობას. ხანმოკლე აღქმისას თვალი მხოლოდ ნაცნობი ობიექტების აღქმას ასწრებს. ამ ფაქტიდან გაკეთდა შორსმიმავალი დასკვნა იმის თაობაზე, რომ მხედველობითი ხატის ფორმირებაში, ოპტიკური გამღიზიანებლის უშუალო ეფექტის გარდა, მონაწილეობს გამოცდილება, რომელიც ნერვულ სისტემაში წინარე აღქმებიდან მიღებულ შთაბეჭდილებათა კვალის სახითაა მოცემული.       განსაკუთრებულია იბნ-სინას (ავიცენას) (980-1037) წვლილი ფსიქოლოგიაში. იგი მოღვაწეობდა ბუხარაში, ხვარაზმსა და სპარსეთში. ავიცენა იყო უნივერსალური მეცნიერი, ფილოსოფოსი და ექიმი. მისი “წიგნი განკურნებისა” თვრამეტტომიანი ენციკლოპედიაა და ეხება ლოგიკას, ფიზიკას, მათემატიკასა და მეტაფიზიკას. სახელგანთქმული “მედიცინის კანონი” კი სამედიცინო ენციკლოპედიაა, რომელშიც ავტორის საკუთარ გამოცდილებასთან ერთად განზოგადებულია ბერძენი, რომაელი, ინდოელი, შუააზიელი ექიმების ცოდნა. XVI საუკუნემდე აზიასა და ევროპაში “კანონი” სამედიცინო ბიბლიის როლს თამაშობდა.       თამამად შეიძლება ითქვას, რომ ავიცენა ფსიქოსომატური მედიცინის სათავეებთან დგას. იგი უდიდეს ყურადღებას აქცევდა სხეულებრივი და ფსიქიკური პროცესების ურთიერთმიმართებას ავადმყოფობის აღმოცენებისა და მკურნალობის პროცესში. ცნობილია, მაგალითად, როგორ განკურნა უიმედოდ დატანჯული პაციენტი: ავიცენას ეჭირა მის პულსზე ხელი და სთხოვდა, გაეხსენებინა სხვადასხვა პროვინციის, რაიონის, ქალაქის, ქუჩისა და ადამიანის სახელი. გარკვეულ სახელწოდებათა დასახელებისას პულსის შეცვლის მიხედვით, ავიცენამ გაარკვია, რომ პაციენტი უსაზღვროდ შეყვარებული იყო, გაარკვია ქალიშვილის სახელიცა და მისამართიც. პაციენტმა ყურად იღო დიდი სწავლულის რჩევა, მოიყვანა ცოლად ქალიშვილი და განიკურნა. ავიცენას მიერ გამოყენებულ ხერხს დღეს “ასოციაციურ ექსპერიმენტს” უწოდებენ. მასვე მიეწერება ცდა, რომელიც, ფაქტობრივად, ექსპერიმენტული ნევროზის კვლევაა: ორი ცხვრიდან ერთი ნორმალურ პირობებში იკვებებოდა, მეორე კი - იქვე მიბმული მგლის თანდასწრებით. იგი საკმარისად ჭამდა, მაგრამ სწრაფად იკლებდა წონაში და მალე მოკვდა. დადასტურდა სტრესის მიერ ღრმა სომატური ცვლილებების გამოწვევის ფაქტი.       საზოგადოდ, ავიცენა სულის პრობლემატიკას ფილოსოფიის ჭრილშიც განიხილავდა. იგი ორგვარი ფსიქოლოგიის მომხრე იყო, მიჯნავდა რა სულის სამედიცინო ანუ საბუნებისმეტყველო და ფილოსოფიურ გაგებას და ხაზგასმით აღნიშნავდა ექიმის პოზიციის თავისებურებას. ამგვარად, ავიცენა შეგნებულად ავითარებს ორი სახის ფსიქოლოგიას - საბუნებისმეტყველოსა (სამედიცინოს) და თეორიულს (ფილოსოფიურს). ორგვარი ფსიქოლოგია, ემპირიული და მეტაფიზიკური ფსიქოლოგიის სახით, სხვა მეცნიერებთანაც იყო წარმოდგენილი, მაგრამ მათთან ეს გარემოება სათანადოდ ექსპლიცირებული არ იყო.       აქ მოკლედ შევეხებით ავიცენას თეორიულ შეხედულებას სულის სახეებისა და თვისებების შესახებ. იგი ძველი ბერძნული ფილოსოფიისა და ფსიქოლოგიის, ძირითადად არისტოტელეს გავლენით არის ჩამოყალიბებული, თუმცა ბევრ საინტერესო ორიგინალურ ნიუანსსაც შეიცავს. ავიცენას თანახმად, არსებული სინამდვილე ან მატერიალურია, ანდა სულიერი ანუ სპირიტული. პირველს შეისწავლის ფიზიკა, მეორეს - მეტაფიზიკა. ინდივიდუალური სული შუალედურია მატერიალურ და სპირიტულ სამყაროებს შორის, უფრო ზუსტად, ესაა მარადიული მატერიის (სხეულის) და აბსოლუტური გონის (პირველსაწყისის) ურთიერთქმედების ნაყოფი. მისი წარმოქმნა აიხსნება ტრადიციული ნეოპლატონური ემანაციის საფუძველზე.       ავიცენა გამოყოფს მენტალური ძალების (თვისებების, უნარების) სამ ჯგუფს: ვეგეტაციური, ცხოველური და რაციონალური. ვეგეტაციური ძალები, იმის მიხდვით, თუ რა ფუნქციას ასრულებს, სამი სახისაა: გენერაციული (გამრავლება), ოგმენტაციური (ზრდა) და ნუტრიტული (არსებობის შენარჩუნება, კვება). არისტოტელეს მსგავსად, აქაც სიცოცხლის ფიზიკური მხარის ანალიზი კეთდება, რასაც ემატება მოსაზრება, რომ ვიტალური პროცესები არა მარტო მატერიის ფუნქციაა, არამედ მატერიასთან ერთიანობაში მყოფი სულისაც. ფსიქოლოგიის ისტორიკოსის თქმით, ამ თვალსაზრისს შეიძლება “ვიტალიზმის არაბული ფორმა” დაერქვას (ბრეტი).       ცხოველური სული ფსიქიკური მოვლენების ორ კლასს აერთიანებს - თანამედროვე ტერმინებით: მოტივაციურს და კოგნიტურს. პირველი სურვილსა და მოქმედების იმპულსს მოიცავს, ხოლო მეორე მის შესრულებას განაპირობებს. კოგნიტური სფერო გარე და შიდა ძალებად თუ უნარებად იყოფა. გარე უნარებს ხუთი შეგრძნება მიეკუთვნება. მათ ემატება შეხებაში შემავალი ოთხი თვისების გარჩევის უნარი (ცივი-ცხელი, მშრალი-სველი, მაგარი-რბილი, უხეში-ნაზი). ავიცენა კონკრეტულ შეგრძნებებს საკმაოდ დეტალურად ახასიათებს, იმ დროისთვის ბუნებისმეტყველებასა და, კერძოდ, მედიცინაში დაგროვებული ახალი ცოდნის გამოყენებით.       შიდა უნარები ადამიანის ცხოველური და ღვთიური ბუნების საზღვარზეა. აქ ხუთი შემეცნებითი უნარი გამოიყოფა: პირველი, ზოგადი გრძნობა. ის იღებს, აერთიანებს და ცნობიერად აქცევს ცალკეული შეგრძნებებიდან წამოსულ შთაბეჭდილებებს. ჩვენ ამ ფსიქიკურ პროცესს აღქმას ვუწოდებთ. ამ აღქმული შინაარსის შენარჩუნებას შემდგომი გახსენებისა ან განსჯისთვის სული ახდენს მეორე კოგნიტური შინაგანი უნარის - შემნახველი წარმოსახვის მეშვეობით. იგი აჯამებს აწმყოსა და წარსულის მონაცემებს და ინახავს მათ, რითაც მეხსიერებას ემსგავსება. ამავე დროს იგი გრძნობად შინაარსს გარდაქმნის წარმოსახულ ფორმად ანუ იმ ფსიქიკურ ხატად, რომლის ხელმეორე აღდგენა შესაძლებელია საგნის უშუალო ზემოქმედების შემდეგაც. ჩვენ ასეთ განცდას მეხსიერების წარმოდგენას ვუწოდებთ. მესამე შინაგანი უნარი კომპოზიციური წარმოსახვაა. ის ერთმანეთთან აკავშირებს შემნახველი წარმოსახვით ფიქსირებულ მენტალურ ხატებს და ქმნის ისეთ კომპოზიტებს, როგორიცაა, მაგალითად, კენტავრი. ცხოველებთან ეს პროცესი ასოციაციურია, ადამიანთან - შემოქმედებითი. მეოთხე უნარი არის შეფასება. ეს შეფასება ეხება საგნების სუბიექტურ ფასეულობას და მათთან მოპყრობის წესს. იგი დაახლოებით იმის ეკვივალენტია, რასაც ცხოველთან ვუწოდებთ ინსტინქტს, ხოლო ადამიანთან - ვარაუდს. მაგალითად, ძაღლი გაურბის ჯოხს, ვინაიდან “შეაფასა” მისი დამსჯელი ძალა, მელა ეძებს კურდღელს, რადგან “იცის”, რომ ის იჭმევა, ხოლო ადამიანი, როცა ბავშვს ხედავს, გრძნობს, რომ მას ნაზად უნდა მოეპყრო. ეს ისეთი შეფასებაა, რომელშიც შეფასების მიზეზები არ არის გაცნობიერებული და რომლის შემუშავებაში ინტელექტუალური პროცესები არ მონაწილეობს. თანამედროვე ფსიქოლოგია ასეთ პროცესს დასწავლის განპირობების მექანიზმებით ხსნის. ცხოველური სულის მეხუთე და ბოლო უნარი არის მეხსიერება და გახსენება; მასალა, რომელსაც ინახავს ეს უმაღლესი დონის მეხსიერება და აღადგენს გახსენება, არ არის ობიექტების უბრალო ასლები. მათთან საქმე აქვს შემნახველ და კომპოზიტურ წარმოსახვას. ეს მასალა ქმნის შედარებით მარტივი, მაგრამ აბსტრაქტული იდეების ან ზოგადი დასკვნების სისტემას, რომელიც გამომდინარეობს გამოცდილებიდან, მაგრამ არ მოიცავს უნივერსალიებს, ვინაიდან უნივერსალიების შექმნის უნარი აქვს მხოლოდ ადამიანის გონებას.       ვეგეტაციური და ცხოველური უნარები ორგანული ძალებია იმ გაგებით, რომ ისინი განსაზღვრულ მიმართებაში იმყოფებიან ორგანიზმის გარკვეულ ნაწილებთან და სხეულისა და სულის ერთიანი მოქმედების შედეგად ვითარდება. მაგალითად, მხედველობის უნარი კონკრეტულად უკავშირდება ორგანიზმის ერთ ნაწილს - თვალს. მას აქვს კონკრეტული სხეულებრივი ლოკალიზაცია. გრძნობის ორგანოში სწორედ ერთ-ერთი უნარია ლოკალიზებული. სამაგიეროდ, ტვინი ყველა უნარის ცენტრალური ორგანოა. ავიცენამ გამოყო ტვინის სხვადასხვა უბანი, რომლებიც შუბლის წილიდან კეფის წილამდე განალაგა და თითოეულს გარკვეული ფსიქიკური უნარი შეუფარდა. XVI საუკუნემდე ასეთი იყო მედიცინის სტანდარტული შეხედულება.       ვეგეტაციური და ცხოველური სულის ფუნქციების გარდა, არსებობს წმინდა სულიერი აქტივობა, რომელიც სხეულზე არ არის მიბმული. მის შესახებ რაციონალური სულის ან ინტელექტის დოქტრინაშია საუბარი. არისტოტელეს მსგავსად, ავიცენა მიჯნავს პრაქტიკულ და თეორიულ (მისი ტერმინოლოგიით, განსჯით) ინტელექტს. პრაქტიკული ინტელექტი რაციონალური სულის უფრო დაბალი ფორმაა და ადამიანის ყოველდღიური საქმიანობით არის დაკავებული. ის ახდენს სხეულის რეგულაციას, განაპირობებს მიზანშეწონილ ქცევას და განსჯით ინტელექტს თვითრეალიზაციის პირობებს უქმნის. განსჯითი ინტელექტის თვითგანხოციელება გრძნობადი გამოცდილებისაგან აბსტრაჰირებული უნივერსალური ცოდნის შექმნაში მდგომარეობს. განსჯითი ინტელექტის დახასიათებისას ავიცენას შემოაქვს პასიური და აქტიური გონების გამიჯვნის პრინციპი. განსჯითი ინტელექტი იწყება პასიური გონებიდან, ერთგვარი სიცარიელის მდგომარეობიდან, რომელიც პოტენციის სახით წინ უსწრებს ყოველგვარ აქტივობას. მის საპირისპირო მხარეს არის წმინდა ინტელექტუალური აქტივობა. განსჯითი ინტელექტი აღმავალი გზით მიემართება წმინდა პოტენციურობიდან, შუალედური ეტაპის გავლით, სადაც უკვე მოცემულია ცნებითი ცოდნა ანუ იდეების სისტემა, წმინდა აქტუალიზაციამდე. ეს ბოლო წერტილი მთლიანი თვითგანხორციელებაა და ნიშნავს “სუბიექტისაგან ტრანსცენდენტური, იდეალური ფორმების შემეცნებას” ან, სხვანაირად, “უზენაესი ინტუიციური ცოდნის წვდომას”, რასაც ძალიან ცოტანი, უმეტესად მოციქულები და წმინდანები აღწევენ. ავტორი ამ თეორიულ კონსტრუქციას მარტივი მაგალითით ნათელყოფს: ბავშვი თავდაპირველ ეტაპზე შეიძლება განვიხილოთ იმ არსებად, რომელსაც წერის უნარი აქვს, მაგრამ თვითონ წერა არ შეუძლია; სწავლების შედეგად იგი შეძლებს წერას გადაწერის მნიშვნელობით, საბოლოოდ კი მას ექნება უნარი წეროს საკუთარი გონების კარნახით.       არაბული ფილოსოფიის და მეცნიერების მეორე უდიდესი წარმომადგენელი იბნ-რუშდი (ავეროესი) (1126-1198) ცხოვრობდა ხალიფატის მეორე ბოლოში, ესპანეთსა და მაროკოში. ავეროესი ამტკიცებდა, რომ რელიგია შეიძლება განვიხილოთ როგორც სისტემა, რომელიც მასებისთვის გასაგებ ფორმაში, ქარაგმულად გადმოსცემს ჭეშმარიტებას, რომელსაც ფილოსოფია მხოლოდ გამორჩეულთათვის მისაწვდომი სახით აყალიბებს. ფორმალურად, აქადან გამომდინარეობს, რომ ჭეშმარიტება ერთია, მაგრამ ეს მხოლოდ გარეგნულადაა ასე. ფილოსოფიის ისტორიკოსების აზრით, სინამდვილეში ავეროესი შინაგანად დარწმუნებული იყო ე.წ. “ორგვარი ჭეშმარიტების თეორიის” სისწორეში და მხოლოდ ისლამური თეოლოგიის დევნისაგან თავის დასაღწევად გააკეთა ისეთი მოსარხებელი ფორმულირება, რომელიც, ფაქტობრივად, კარს ღიად უტოვებდა ამ თეორიას. მის მიხედვით, დაშვებულია წინააღმდეგობა ფილოსოფიის (რაციონალური შემეცნების) და თეოლოგიის (რელიგიური პოსტულატების) ჭეშმარიტებას შორის. ისინი, პრინციპში, შეიძლება ერთმანეთს გამორიცხავდნენ, მაგრამ ვინაიდან ასეთ ურთიერთგამომრიცხავ ფორმაში ორი ჭეშმარიტების დაშვება ლოგიკურად ძნელი გასამართლებელია (ჭეშმარიტება, თუ ის მართლაც ჭეშმარიტებაა, მხოლოდ ერთი უნდა იყოს), ამიტომ ამ თეორიის ყველაზე მისაღები ფორმულირება ის არის, რომ ფილოსოფიას საქმე აქვს მოვლენების ბუნებრივ მსვლელობასთან და იყენებს რაციონალურ გონებას, ხოლო თეოლოგიას საქმე აქვს ირაციონალურთან და ეყრდნობა რწმენასა და გამოცხადებას - და არა ლოგიკას.       ასეა თუ ისე, ავეროესიდან წამოსული ეს დოქტრინა პრინციპულად გზას უხსნიდა რწმენის დოგმებით შეუზღუდავ მეცნიერულ კვლევას. ფსიქოლოგიისთვის ამას ყოველთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდა, ვინაიდან ადამიანის ფსიქიკური ცხოვრება თეოლოგიის საგანგებო ინტერესისა და მეცნიერებისადმი ეჭვიანობის საგანი იყო. ყველაზე მართებული დასკვნა, რომელიც ფსიქოლოგიას შეუძლია გააკეთოს ამ თეორიიდან, არის ის, რომ მას აქვს კვლევის საკუთარი სფერო, რომლის შესწავლა საკუთარი მეთოდებით შეუძლია ისე, რომ არ შეეხოს და არ შეეწინააღმდეგოს რელიგიურ პოსტულატებს. თუმცა ამ შესაძლებლობის ხორცშესხმა ფსიქოლოგიამ თანდათან მხოლოდ ახალი დრიოდან დაიწყო.       ავეროესმა გამოთქვა მოსაზრებები, რომლებიც შეუთავსებელი იყო ყურანთანაც და ბიბლიასთანაც და რამდენიმე საუკუნის განმავლობაში უკიდურესად მძაფრი იდეოლოგიური დაპირისპირების საბაბად იქცა. მაგალითად, არისტოტელეს თავისებური ინტერპრეტაციის საფუძველზე ავეროესი განასხვავებდა ინდივიდუალურ მოკვდავ სულს და უნივერსალურ უკვდავ გონებას. ინდივიდუალური სულის ფუნქციები განუყრელია ორგანიზმისაგან (პირველ რიგში ე.წ. გრძნობიერება) და მასთან ერთად ისპობა. გონება ღვთიური წარმოშობისაა და ინდივიდუალურ სულში გარედან შედის იმის მსგავსად, როგორც მზე უგზავნის სხივებს გრძნობის ორგანოს. მაგრამ თვალს, ეს სხივები რომ დაინახოს, სპეციფიკური უნარი უნდა ჰქონდეს. ინდივიდუალური სულის ეს უნარი - მიიღოს უნივერსალური გონება - გრძნობიერების სახითაა წარმოდგენილი. სხეულისა და ინდივიდუალური სულის დაღუპვის მერე არსებობას განაგრძობს უნივერსალური გონების ნაწილი, რომელიც ისევ უერთდება თავის პირველწყაროს ინდივიდის ცხოვრებაში მიღებულ გამოცდილებასთან ერთად. ეს ნიშნავს, რომ ადამიანი ღმერთის მსგავსია, მაგრამ მისი სული მოკვდავია. ეს თეზისები მიუღებელი იყო რელიგიისთვის ისევე, როგორც ორგვარი ჭეშმარიტების თეორია. სქოლასტიკურ ფილოსოფიაში ამ საკითხების გარშემო მიმდინარე აზრთა ჭიდილი ფსიქოლოგიური პრობლემების ფორმულირებაზეც ახდენდა გავლენას. 3.2. ფსიქოლოგია გვიანდელ შუა საუკუნეებისა და რენესანსის ეპოქაში       გვიანდელი შუა საუკუნეების ფილოსოფია სქოლასტიკური აზროვნების დომინირების ნიშნით ვითარდებოდა. ცხადია, ეს არ ნიშნავდა სხვადასხვა პრობლემებზე განსხვავებული თვალსაზრისის არსებობას, მათ შორის ისეთებზე, რომლებიც ან უშუალოდ ეხებოდა სულიერ სფეროს, ანდა ქმნიდა მისი გააზრებისა და შესწავლის მსოფლმხედველობით საფუძველს. ასეთებს, ცოდნისა და რწმენის მიმართების პრობლემასთან ერთად (ორმაგი ჭეშმარიტების თეორია), მიეკუთვნება უნივერსალიების (ზოგადი ცნებების) ონტოლოგიური სტატუსის პრობლემა. ეს პრობლემა ეხება იმას, არსებობს თუ არა უნივერსალიები რეალურად და როგორია, საზოგადოდ, ზოგადის მიმართება კერძოსთან.       დისკუსია უნივერსალიების გარშემო, ფაქტობრივად, ეხებოდა შემეცნების ფილოსოფიისა და ფსიქოლოგიის ცენტრალურ თეორიულ პრობლემას: რა არის პირველადი - გრძნობადად მოცემული საგანი თუ იდეა; როგორ მიმდინარეობს ადამიანის შემეცნების პროცესი: კონკრეტული აღქმიდან ზოგადი ცნებისკენ თუ პირიქით - ცნებიდან კერძო საგნისკენ. უკვე ანტიკურ ფილოსოფიაში საკმაოდ ნათლად გამოიკვეთა ამ პრობლემის გადაჭრის ორი ძირითადი ვარიანტი. ერთი ჩამოაყალიბა პლატონმა, რომელიც იდეების პირველადობას ამტკიცებდა, მეორე კი - მის საპირისპიროდ კინიკოსებმა და სტოელებმა, როდესაც ასაბუთებდნენ, რომ იდეები რეალურად არ არსებობს და მხოლოდ გონებაში იმყოფება. შუა საუკუნეების სქოლასტიკურ ფილოსოფიაში ეს მიდგომები შესაბამისად ნომინალიზმის და რეალიზმის სახელწოდებით განვითარდა. მკვეთრად გამოხატული ნომინალიზმის მიხედვით, რეალურად არსებობს მხოლოდ ცალკეული კერძო საგნები მათთვის ნიშნეული ინდივიდუალური თვისებრიობით. ზოგადი ცნებები ამ საგნების შესახებ ჩვენი გონების შექმნილია. ისინი არა თუ არ არსებობენ ამ საგნებისაგან დამოუკიდებლად, არამედ არც კი ასახავენ მათ თვისებრიობას. უნივერსალიები მხოლოდ “ხმის მოძრაობაა”, ანუ ისეთი სახელებია ადამიანთა შორის ურთიერთობის გასაადვილებლად, რომლებიც მსგავსი საგნების ჯგუფებს მოსაზღვრავს. იმ ავტორთა შორის, ვინც ამ თვალსაზრისს იზიარებდა, ყველაზე ცნობილნი არიან დუნს სკოტი (1265-1308) და უილიამ ოკამი (1285-1349). ნომინალიზმის შერბილებულ ფორმაში, რომელსაც კონცეპტუალიზმი ეწოდება, უარყოფილია დებულება, რომ უნივერსალიები ქმნიან დამოუკიდებელ ონტოლოგიურ რეალობას. ამასთანავე, დაშვებულია, რომ საგნებში არსებობს რაღაც საერთო, რაც სიტყვით აღნიშნული და გონებაში მოცემული კონცეპტის (ცნების) საფუძველი ხდება. მოკლედ, სიტყვა ცარიელი ბგერა არ არის, ის საერთო მნიშვნელობას შეიცავს და საგნებისა თუ მოვლენების სახელწოდებათა სახით გადაეცემა ადამიანებს. ასე ფიქრობდა, მაგალითად, ცნობილი თეოლოგი პიერ აბელიარი (1079-1142).       რეალიზმი კი ამტკიცებდა, რომ უნივერსალიები რეალურად არსებობენ და წინ უსწრებენ ცალკეული საგნების არსებობას. რეალიზმის ორივე ფორმა სქოლასტიკურმა ფილოსოფიამ ანტიკური ფილოსოფიისაგან მემკვიდრეობით მიიღო. პირველი (უკიდურესი რეალიზმი) თავის სათავეს პლატონის იდეების თეორიაში იღებს, რომლის მიხედვითაც იდეები საკუთარ სამყაროს ქმნიან, არსებობენ კონკრეტულ საგნებამდე და მათ ორგანიზებას ახდენენ. მეორე (ზომიერი რეალიზმი) არისტოტელესაგან მოდის, რომელიც თვლიდა, რომ ზოგადი განუყრელ კავშირშია ცალკეულთან და საგნის არსს ანუ ფორმას წარმოადგენს.       შუა საუკუნეების უდიდესი სქოლასტიკოსი, წმინდა თომა აქვინელი (12251274), რომლის მოძღვრება “თომიზმის” სახელწოდებით საბოლოოდ კათოლიციზმის ოფიციალურ ფილოსოფიად გამოცხადდა, უფრო ზომიერი რეალიზმისკენ იხრებოდა. თომიზმი შეიძლება შეფასდეს, როგორც არისტოტელეს, ავიცენას და ქრისტიანული თეოლოგიის იდეების ერთგვარი სინთეზი. ეს თვალსაჩინოდ გამოჩნდა მის პოზიციაში უნივერსალიების პრობლემასთან დაკავშირებით. თომა აქვინელის მიხედვით, არსებობს სამი სახის უნივერსალია: “ცალკეულ საგნებამდე” ღვთიურ გონებაში, როგორც მათი იდეები, პირველსახეები; “თვით საგნებში”, როგორც მათშივე მოცემული არსი, ანუ ზოგადი ცალკეულში და “საგნების შემდეგ”, მათ შემმეცნებელ ადამიანურ გონებაში, როგორც განზოგადების გზით მიღებული ზოგადი ცნებები. ამით თომა აქვინელი შეეცადა მიეღწია კომპრომისისთვის ნომინალიზმსა და რეალიზმს შორის. ასეთივე განწყობით უდგებოდა იგი ორგვარი ჭეშმარიტების თეორიასაც. თომა ყოველთვის ცდილობდა, ეჩვენებინა არისტოტელეს ფილოსოფიის ძალა. მაგრამ იგი, მაინც, განასხვავებდა ფილოსოფიასა და თეოლოგიას და მიიჩნევდა, რომ მათი დაპირისპირების შემთხვევაში უპირატესობა რწმენას უნდა მიენიჭოს.       სამაგიეროდ, თომა აქვინელის პოზიცია სრულიად უკომპრომისო იყო სულისა და გონების გამიჯვნისა და ინდივიდუალური სულის მოკვდავობის პოსტულატების მიმართ, რომელთაც ავეროესისტები იცავდნენ. მას მიაჩნდა, რომ გონიერება სულის იმანენტური და აუცილებელი თვისებაა, რომლის გარეშე ის არც არსებობს. ამიტომ აზრს მოკლებულია იმის მტკიცება, რომ სული კვდება, ხოლო გონება უკვდავია. თომა ქადაგებდა მონოფსიქიზმს - გონება ყველასთვის საერთოა და სულთან მჭიდრო კავშირში იმყოფება; ღვთიური (ზოგადი) და ადამიანური (ინდივიდუალური) მენტალობა ერთიანობას ქმნის. ეს მენტალური მონიზმი სულის უკვდავების დოგმის გამართლებას ემსახურება და აძლიერებს სქოლასტიკური ფსიქოლოგიის სპირიტუალისტურ ტენდენციას. ამავე დროს, ის ხაზს უსვამს ფსიქოფიზიკურ დუალიზმს, სულსა და სხეულს შორის არსებულ დისტანციას (სხეულს არაფერი აქვს საერთო გონებასთან). ცდილობს რა თავის ფსიქოლოგიაში ამ დაპირისპირების შერბილებას, თომა სერიოზულ სირთულეებს აწყდება. მართლაც, არისტოტელეს მსგავსად, იგი გამოყოფს ადამიანის სულიერებაში ისეთ ძალებს ან უნარებს, რომლებიც სხეულთან უშუალო კავშირში იმყოფებიან და სხეულის გარეშე ვერ იარსებებენ. ვეგეტაციურ ფუნქციებზეც რომ არაფერი ვთქვათ, ასეთია შეგრძნების ნამდვილად ფსიქიკური, შემეცნებითი უნარი. თავის მხრივ, გონებასთან წილნაყარი ინტელექტი წმინდა მენტალური უნარია, ამიტომ არ უნდა უკავშირდებოდეს არც ვეგეტაციურ, არც სენსორულ თვისებებს და, საზოგადოდ, ორგანიზმს.       ამასაც რომ თავი დავანებოთ, თომა პატივს სცემს როგორც საკუთარ ემპირიულ გამოცდილებას, ისე არისტოტელეს და ავიცენას მტკიცებას სხეულის და სულის (მათ შორის მისი გონიერი, ინტელექტუალური ნაწილის) განუყრელი ერთიანობის შესახებ. ავტორი ამბობს: სხეული არც აკლდამა ან ციხეა, არც თოჯინა, რომელსაც სული მართავს. ადამიანი გონებისა და სხეულის ერთიანობაა. მიუხედავად იმისა, რომ გონიერი სული ტრანსცენდენტურია, მისი ბუნებრივი ადგილი არის სხეული, რომელსაც ის ავსებს და რომლითაც თავად ივსება. მაშასადამე, ის შეგრძნების მასალას იყენებს, სენსორული ხატები კი სხეულში (გრძნობის ორგანოში) არიან წარმოქმნილი. ამგვარი “სხეულნარევი” ხატების ცნებებად გარდაქმნა შეგრძნების სფეროდან ინტელექტის (ანუ წმინდა მენტალობის, გონების) სფეროში გადასვლას ნიშნავს, მაგრამ არსად არის ნათქვამი, თუ გრძნობითი ფორმიდან როგორ წარმოიქმნება აზროვნების შინაარსი. შეგრძნება ვერასდროს გახდება ინტელექტი, როგორც სხეული ვერ გახდება სული და პირიქით. წმინდა მენტალური წარმოშობის ინტელექტი არსებითად განსხვავედება “ნახევრად მატერიალური” შეგრძნებისაგან. მეორე მხრივ, შეგრძნება ინტელექტის გარეშე ვერასდროს გახდება უნივერსალური, ხოლო ინტელექტი ვერ იმოქმედებს გრძნობით შინაარსზე დაყრდნობის გარეშე. მათი საბოლოო ერთიანობის ახსნა ემპირიულ დონეზე ვერ ხერხდება და ისევ ღმერთში, როგორც ყველაფრის შემოქმედსა და ამხსნელში, უნდა იყოს მონახული. სული ყოველგვარი მედიატორის გარეშე ერთიანდება სხეულთან. ინტელექტს აქვს ობიექტის არსის უშუალო წვდომის უნარი, რაც აგრეთვე ღმერთისგანაა. შესამეცნებელი არსი და ინტელექტი შექმნილია ერთმანეთისთვის ღმერთის მიერ. ასეთია წმინდა თომა აქვინელის საბოლოო პასუხი.       ფსიქიკური პროცესების იერარქიის უკიდურესი წევრების (შეგრძნება და ინტელექტი) ერთმანეთთან დაკავშირება ძველ სწავლულს იმიტომ უჭირს, რომ მათი მიმართება სხეულისა და სულის ერთიანობას გულისხმობს, ხოლო ამ ერთიანობას ის უშლის ხელს, რომ სული უკვდავ ღვთაებრივ გონებასთან ანუ წმინდა მენტალობასთან არის გაიგივებული. ამასთანავე, თომამ სხვა ფსიქიკური პროცესების საკმაოდ საინტერესო ანალიზი მოგვცა. იგი ძირითადად ეყრდნობოდა ზემოთ განხილულ სულის უნარების ავიცენასეულ კლასიფიკაციას, მაგრამ დახვეწა და განავრცო ეს სისტემა ადამიანის სულის სპეციფიკის ხაზგასმით. ამ სპეციფიკას გონიერი სულის ორი არსებითი ნიშანი ქმნის, მისი ინტელექტუალურობა და ნებელობითობა. ყველაზე მეტად ამგვარი მიდგომა დაეტყო შეფასებისა და მოტივაციის უნარების ანალიზს. ავიცენასაგან განსხვავებით, თომა აქვინელი ორი ტიპის შეფასებას განიხილავდა. ერთი ჩვეულებრივი შეფასებაა, რომელიც ცხოველსაც აქვს და ნების კონტროლის გარეშე მიმდინარეობს: ბატკანი თავისთავად გაურბის მგელს, რადგან მას საფრთხის შემცველად აღიქვამს (აფასებს). შეფასების მეორე სახე მხოლოდ ადამიანს ახასიათებს და რაციონალურ-ნებელობითი კონტროლის საშუალებით ხორციელდება: ჩვენ შეგვიძლია გავექცეთ მგელს ან, საჭიროების შემთხვევაში, მასთან მიახლოება გადავწყვიტოთ. ადამიანი მსჯელობს და ირჩევს იმის ნაცვლად, რომ ბრმად, ინსტინქტურად მოახდინოს რაიმეზე რეაგირება. ამიტომ მისი შეფასებითი უნარი ნებელობით იმართება.       ასევე არსებობს ორი ტიპის მოტივაცია. პირველის გამოხატულებაა სიამოვნების შემცველი ობიექტებისკენ სწრაფვისა და უსიამოვნების მომგვრელი ვითარებებისაგან განრიდების ბუნებრივი და უნებლიე ტენდენცია. ამავე დროს ადამიანს აქვს სხვაგვარი სახის, ინტელექტუალური და ნებელობითი მოტივაცია, რომელიც ეძებს საუკეთესოს გონების კარნახით. ცხოველმა მხოლოდ სიამოვნება და უსიამოვნება “იცის”, ადამიანმა კი იცის, რა არის სწორი და რა - არასწორი.       თომა აქვინელმა კორექტივები შეიტანა ავიცენას მიერ განხილული სხვა უნარების ანალიზშიც. სახელდობრ, მან გააუქმა კომპოზიტური წარმოსახვა, ვინაიდან იგი მიიჩნია შემნახველი წარმოსახვისა და რაციონალური აზროვნების ზედმეტ დანამატად. გარდა ამისა, ადამიანური შეფასების ცნების შემოღებით, რომელიც მოქმედების მიზანშეწონილობის განსაზღვრის რაციონალურად წარმართულ უნარს გულისხმობს, მოიხსნა პრაქტიკული აზროვნების ცნების საჭიროება. დაბოლოს, თომა აქვინელმა გაამთლიანა გონება, იმით, რომ დაუბრუნა აქტიური ინტელექტი ადამიანის სულს. ცოდნა არის ადამიანის აქტიური აზროვნების პროდუქტი და არა ღვთიურად გასხივოსნებული საჩუქარი, მაგრამ, ვინაიდან ინდივიდუალური სული ორგანულად უკავშირდება უნივერსალურ გონებას, მისი ანალიზი, მიუხედავად გამოხატული ემპირისტული სულისკვეთებისა, მაინც მეტაფიზიკური ნისლით რჩება დაბინდული.       ამ ვითარების საილუსტრაციოდ გამოდგება ნების თავისუფლების პრობლემის ანალიზი. უდავოა, რომ ნების პარამეტრის შემოტანით თომა აქვინელმა სწორი მიმართულებით განავითარა სულის უნარების ავიცენასეული გაგება. ნებელობა არის ემპირიულად არსებული ფსიქიკური ფუნქცია და, ასე თუ ისე, ყველა სულიერ ძალას უკავშირდება. მაგრამ თვით ნებელობის დახასიათებისას თომა თანმიმდევრული არ არის და ბოლომდე ვერ ინარჩუნებს ემპირიულ სინამდვილესთან შესაბამისობის პოზიციას. ჯერ ერთი, იგი ახდენს ნების უკიდურეს ინტელექტუალიზაციას, აცხადებს მას გონების მიმართ მეორეულ ფუნქციად, რითაც, ფაქტობრივად, სპეციფიკას უკარგავს. გონების პრიორიტეტი ნებაზე კატეგორიულად არის განცხადებული: არ შეიძლება ისურვო ის, რაც არ არის აღიარებული გონების მიერ, გვეუბნება თომა, თუმცა თავადვე ხედავს, რომ ხშირად შემეცნებისკენ ადამიანს სწორედ ნებისყოფა აღძრავს. უფრო მეტიც, ყოფითი თვალსაზრისით, აღნიშნავს იგი, ღმერთისკენ ნებელობითი სწრაფვა უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე მისი გონებრივი შემეცნება. მიუხედავად ამისა, საბოლოო ჯამში, ადამიანის თავისუფალი გადაწყვეტილების წყარო არც მისი ნებაა და არც მისი ინტელექტი, არამედ ღმერთი, რომელმაც ერთადერთმა იცის, რა არის ჭეშმარიტება. ამდენად, თავისუფალი ნება ღვთიურ ცოდნაზე დამყარებული აუცილებლობაა. უფრო მეტიც, თვით ღვთიური ნებაც, ამბობს ავტორი, ღვთაებრივ გონებაზეა დამოკიდებული. ასეთი უკიდურესი მეტაფიზიკით დაგვირგვინდა მყარი ემპირიული ნიადაგიდან აღმოცენებული ანალიზი.       თომა აქვინელის მიერ დამუშავებული ერთი ცნება უაღრესად ნაყოფიერი გამოდგა და მნიშვნელოვანი ადგილი დაიკავა ფსიქოლოგიაში. ეს ცნება არის ინტენციონალობა. სულიერი მოვლენების შინაარსეული მხარის განხილვისას თომა აღნიშნავდა, რომ შეუძლებელია, გქონდეს რაიმე აღქმა ობიექტის გარეშე ან აზრი შინაარსის გარეშე. სული (ცნობიერება, ნებელობა) ყოველთვის მიმართულია რაიმეზე და ეს მიმართულობა არის ინტენციონალობა. ინტენციონალობა მრავალმხრივია. თავდაპირველად სული მიმართულია გარე ობიექტისკენ, რის შედეგადაც ვიღებთ აღქმის ხატს ან გარკვეული საგნის ცნებას (ე.წ. “პირველადი ინტენციონალობა”). შემდეგ სული მიიმართება არა გარეშე საგნისკენ, არამედ თავად იმ აქტისკენ, რომელსაც ის აწარმოებს. ამით სული სწვდება ლოგიკის კანონებს, რომელთა შესაბამისად მიმდინარეობს ინტელექტუალური აქტი და უნივერსალიებს, როგორც ამ აქტის პროდუქტს (ე.წ. “მეორეული ინტენციონალობა”). ბოლოს სულს შეუძლია დაუბრუნდეს თავისთავს და გააცნობიეროს არა ობიექტი ან აქტი, არამედ საკუთარი თავი, როგორც უნიკალური არსი. XIX საუკუნის ბოლოს, როცა ფსიქოლოგიის, როგორც დამოუკიდებელი ემპირიული მეცნიერების, საგნის პრობლემა განსაკუთრებული სიმძაფრით დაისვა, ფრანც ბრენტანომ ინტენციონალობაში დაინახა ცნობიერების სპეციფიკური ნიშანი, რომელიც არსებითად განასხვავებს მას ფიზიკური მოვლენებისაგან. ინტენციონალობა მხოლოდ ცნობიერებას ახასიათებს, რის გამოც იგი სპეციალური მეცნიერების, ფსიქოლოგიის საგნად გვევლინება (იხ. თავი 6.3.).       შუა საუკუნეებს აგვირგვინებს აღორძინების პერიოდი. რენესანსმა მოიტანა არნახული აღმავლობა მატერიალური და სულიერი ცხოვრების ყველა სფეროში. ფართოდ გავრცელდა ჰუმანიზმის იდეები. ადამიანის ღირსებისა და უფლებების პატივისცემა, პიროვნების განვითარების, მისი შესაძლებლობების გამოვლენისა და ცხოვრების საკუთარი გზის არჩევის თავისუფლება, ყოველგვარ ფანატიზმთან შეურიგებლობა და თავისუფალი, არადოგმატური აზროვნების დამკვიდრება - ამას ქადაგებდნენ ამ ეპოქის უდიდესი ჰუმანისტები: დანტე ალიგიერი, ფრანჩესკო პეტრარკა, ჯოვანი ბოკაჩო, თომას მორი, ერაზმ როტერდამელი, ფრანსუა რაბლე, მიშელ მონტენი, უილიამ შექსპირი, მიგელ სერვანტესი და სხვები. გამაოგნებელ სიმაღლეებს მიაღწია ხელოვნებამ, განსაკუთრებით ფერწერამ. საკმარისია დავასახელოთ ლეონარდო, მიქელანჯელო, რაფაელი, ტიციანი, ბოტიჩელი, ტინტორეტო, დიურერი, კრანახი, ბრეიგელი, ბოსხი, ვან-დეიკი, ელ გრეკო და მრავალი სხვა. რენესანსის ერთ-ერთი ტიტანი ლეონარდო და ვინჩი უნივერსალური გენიოსი იყო. იგი აერთიანებდა ხელოვანისა და მეცნიერის ნიჭიერებას, იყო მხატვარი, არქიტექტორი, პოეტი, მუსიკოსი, ამავე დროს ფილოსოფოსი, ბიოლოგი, მექანიკოსი, ქიმიკოსი, ინჟინერი. სერიოზულად იკვლევდა ადამიანის სხეულის აგებულებას და მხედველობის ფსიქოფიზიოლოგიას. მეტ-ნაკლები უნივერსალიზმი აღორძინების ხანის სხვა მხატვრებისთვისაც იყო დამახასიათებელი. ამის გამო, მეცნიერების ისტორიკოსების თქმით, ისინი გამოხატავდნენ ახალი ტიპის მეცნიერებას, რომელიც იქმნებოდა არა უნივერსიტეტებში, სადაც უფრო მეტად ძველი ტექსტების კომენტირებით იყვნენ დაკავებულნი, არამედ მხატვრისა თუ გამომგონებლის სახელოსნოში, სადაც მეცნიერული აზრი ბუნების შემეცნებისა და გარდაქმნისკენ იყო მიმართული. რა თქმა უნდა, მიმდინარეობდა აკადემიური კვლევა-ძიებაც. გაკეთდა არაერთი ფუნდამენტური აღმოჩენა მეცნიერების სხვადასხვა დარგში: ასტრონომიაში, მათემატიკაში, ფიზიკაში (ნიკოლაი კოპერნიკი, გალილეო გალილეი, ჯორდანო ბრუნო, იოჰანეს კეპლერი და სხვა). გადატრიალების ტოლფასი ძვრა მოხდა ბიოლოგიურ და სამედიცინო მეცნიერებაში. აქ უნდა გამოიყოს ანდრეს ვეზალიუსის ნაშრომი “ადამიანის სხეულის აგებულება”. მან რევოლუცია მოახდინა ანატომიაში და საფუძვლიანად შეცვალა მანამდე საყოველთაოდ გავრცელებული გალენის შეხედულებები, რომელიც ადამიანის აგებულებაზე მეტწილად ცხოველების ანატომირების შედეგებით მსჯელობდა. მედიცინის სფეროში განსაკუთრებით გაითქვა სახელი აურეოლ პარაცელსმა.       აღორძინების ხანის კულტურის საერთო სულისკვეთება სამყაროს დემისტიფიკაციისკენაა მიმართული. რენესანსის ჰუმანისტების და ნოვატორების დიდი ნაწილი მკვეთრად აკრიტიკებდა ალქიმიას, ასტროლოგიას, ქირომანტიას და ა.შ. მაგრამ სამყაროს განსულიერების ტენდენცია მაინც მძლავრად იყო ფესვგადგმული, მათ შორის არაერთი პროგრესული მოაზროვნის ცნობიერებაში. მაგალითად, პლანეტების მოძრაობის კანონების აღმომჩენი კეპლერი ასტროლოგიას მიმართავდა, შარლატანობასთან სასტიკად მებრძოლი რაბლე ჰოროსკოპებს ადგენდა, ავადმყოფობის ბუნებრივი მიზეზების დაუღალავი მაძიებელი პარაცელსი სერიოზულად იყო დაკავებული ალქიმიითა და ასტროლოგიით.       ძლიერ გავრცელდა ქირომანტია და ფიზიოგნომიკა. მიუხედავად იმისა, რომ ამ საეჭვო პრაქტიკით დასაქმებული ადამიანების აბსოლუტური უმრავლესობა შარლატანი იყო, მათ შორის ისეთიც გამოერეოდა, რომელიც საკმაოდ სერიოზულად ეკიდებოდა პიროვნების ხასიათის ინდივიდუალური თვისებების გამოვლენის საკითხს (ე.ი., ფაქტობრივად, ფსიქოდიაგნოსტიკას) და აღვივებდა ინტერესს სხეულისა და სულის ურთიერთმიმართების პრობლემის (ანუ ფსიქოლოგიის ერთ-ერთი მუდმივი პრობლემის) მიმართ. ზოგიერთი მკვლევარი, მაგალითად, ესპანელი ექიმი ხუან უარტე, ფსიქიკური თვისებების ინდივიდუალური განსხვავებულობის საკითხის შესწავლას წმინდა მეცნიერული პოზიციებიდან ცდილობდა და ადამიანთა პროფესიული ვარგისიანობის პრაქტიკულ ამოცანებს უკავშირებდა (იხ. თავი 7.2.). მეორე ცნობილი ესპანელი ექიმი ხუან ლუის ვივესი (1492-1540) თავის წიგნში “სულისა და ცხოვრების შესახებ” პირდაპირ მოუწოდებდა მეცნიერებს სულიერ პროცესებზე მსჯელობისას დაყრდნობოდნენ არა აბსტრაქტულ მოსაზრებებს, არამედ დაკვირვებისა და ექსპერიმენტის მონაცემებს. თავად იგი სისტემატურად აკვირდებოდა თავის პაციენტებს, რის საფუძველზეც ძალზე ზუსტად აღწერა სხვადასხვა ემოციური მდგომარეობა და ამ ემოციების რეგულაციის სავსებით რეალისტური მექანიზმები. ამ მონაცემების პრაქტიკული გამოყენების ძირითად სფეროდ მას ბავშვის სწორი აღზრდა მიაჩნდა. ამიტომ გასაკვირი არ არის, რომ იმ ეპოქის უდიდესი პედაგოგი იან ამოს კომენსკი თავისი აღზრდის მოძღვრების დასაბუთებისას ვივესის მონაცემებს ეყრდნობოდა.       რენესანსის ეპოქაში პირველად წარმოიქმნა ჰუმანისტური ფილოსოფია (და, მის ფარგლებში ჰუმანისტური ფსიქოლოგია - რომელმაც დიდი მნიშვნელობა შეიძინა მეოცე საუკუნეში), ჰუმანისტური პედაგოგიკა, გამოითქვა საყურადღებო ეთიკური და სოციოლოგიური მოსაზრებები. ამკვიდრებდნენ რა აქტიური, სიცოცხლითა და ღირსებით სავსე ადამიანის კულტს, ჰუმანისტები ძალიან დიდ მნიშვნელობას ანიჭებდნენ პიროვნების სხვადასხვა უნარების (ფიზიკური, გონებრივი, მხატვრული, ნებელობითი) მრავალმხრივ, ჰარმონიულ განვითარებას. დაბოლოს აუცილებელია აღინიშნოს, რომ XVI საუკუნეში ფსიქოლოგიის ისტორიის თვალსაზრისით მოხდა ძალიან მნიშვნელოვანი რამ - გაჩნდა თვით ტერმინი “ფსიქოლოგია”. 1590 წელს გერმანელმა სქოლასტმა რ. გოკლენიუსმა გამოაქვეყნა პირველი ნაშრომი ამ სათაურით, მეორე კი 1594 წელს მისმა მოწაფემ - ო. კასმანმა.       ახალ ეპოქაში სულის შესწავლა მეტაფიზიკური გონებაჭვრეტიდან ემპირიული კვლევის კალაპოტში უნდა გადასულიყო, მაგრამ ამის რეალური განხორციელება გაცილებით უფრო ძნელი იყო, ვიდრე ბუნებისმეტყველებაში, ვინაიდან სულის სფერო ჯერ კიდევ სქოლასტიკური აზროვნების მარწუხებში იმყოფებოდა. მიუხედავად ამისა, აღორძინების ხანამ საჭირო ინტელექტუალური ფონი შექმნა და, ამდენად, მძლავრი ბიძგი მისცა ემპირიული ფსიქოლოგიის განვითარებას ახალ დროში.       ამ საქმეში ყველაზე დიდი წვლილი მიუძღვის გვიანდელი რენესანსის გამოჩენილ ინგლისელ ფილოსოფოსს, ფრენსის ბეკონს (1561-1626). ბეკონი დაჟინებით მოითხოვდა მეცნიერული ცოდნის ცდისეულ, ემპირიულ საფუძველზე დამყარებას. ამასთან, სამყაროს ემპირიული შესწავლა მასთან ახალ შინაარსს იძენს. განსაკუთრებულ მნიშვნელობას ბეკონი ანიჭებს არა უბრალოდ გრძნობად აღქმას, არამედ ექსპერიმენტის სახით ორგანიზებულ დაკვირვებას, რომელიც იყენებს სხვადასხვა ხელოვნურ საშუალებებს, ხელსაწყოებს, დანადგარებს. შიშველი ხელი იარაღის გარეშე სუსტია; ასევე გონებას ესაჭიროება იარაღები, რომლებიც განუზომლად აფართოვებენ მის შესაძლებლობებს. ცოდნა არ არსებობს გამზადებული სახით, საჭიროა მისი აღმოჩენა, ცდისეული მოპოვება. მეცნიერისთვის ბუნება წარმოდგენილია, როგორც სარბიელი, სადაც იგი ატარებს ცდებს, აწარმოებს დაკვირვებებს და გამოთვლებს სხვადასხვა ხელსაწყოს საშუალებით (მიკროსკოპი, ტელესკოპი, ბარომეტრი, თერმომეტრი). ნიშანდობლივია, რომ ბეკონი ხორცის გაყინვასთან დაკავშირებული ექსპერიმენტების ჩატარებისას გაცივდა, რის შედეგადაც გარდაიცვალა. მაგრამ, შემეცნების მთავარი იარაღი არის ახალი მეთოდი - მეცნიერული ინდუქცია. ბეკონი შეეცადა ინდუქციისთვის, როგორც კერძოდან ზოგადზე გადასვლის მეთოდისთვის, მეცნიერული შემეცნების ზოგადი თეორიის სახე მიეცა. ინდუქცია მოწოდებულია დაადგინოს მოვლენათა მიზეზები. ამისთვის, ბეკონის აზრით, ცდისეული კვლევისას უნდა შეიქმნას ცხრილები, რომლებშიც შევა შესასწავლი მოვლენები და, სავარაუდოდ, მათი გამომწვევი თანმხლები გარემოებები. ამ ცხრილების მონაცემებს შორის არსებული შესაბამისობის შემთხვევაში ჩვენ შევძლებთ დავადგინოთ მოვლენათა შორის მიზეზ-შედეგობრივ კავშირები, რის გამოც ისინი “აღმოჩენების ცხრილებად” მოგვევლინებიან.       ფსიქოლოგიის ისტორიის კუთხით მთავარი ისაა, რომ კვლევის მთელი ეს მეთოდოლოგია ვარგისია არა მხოლოდ ბუნების მოვლენების, არამედ ფსიქიკურისთვისაც. “ჩვენ ვადგენთ ... აღმოჩენების ცხრილებს, როგორც სითბოსა და სიცივისთვის, როგორც სინათლისთვის ... ასევე რისხვისთვის, შიშისთვის, პატივისცემისთვის და ა.შ., აგრეთვე საზოგადოებრივი მოვლენებისა და სულიერი მოძრაობებისთვის - მეხსიერებისთვის ... მსჯელობისთვის და სხვა”. ბეკონმა მეცნიერებათა მთელი სისტემა გაიაზრა და მასში ფსიქოლოგიას, როგორც სულიერი მოვლენების შემსწავლელ დისციპლინას (ავტორი არ ხმარობს ტერმინს “ფსიქოლოგია”), საპატიო ადგილი მიუჩინა. ის შედის ერთიან სწავლებაში ადამიანის შესახებ, რომელიც ორი ნაწილისაგან შედგება. ერთი განიხილავს ადამიანს, როგორც ასეთს და მას “ადამიანის ფილოსოფია” ეწოდება, ხოლო მეორე ადამიანს განიხილავს საზოგადოებასთან მიმართებაში და “სამოქალაქო ფილოსოფიის” სახელწოდებით აღინიშნება. ვინაიდან ადამიანი სხეულისა და სულისაგან შედგება, ადამიანის ფილოსოფიაც, თავის მხრივ, შეიცავს დისციპლინებს სულისა და სხეულის შესახებ. ამ უკანასკნელთ მიეკუთვნება მედიცინა, კოსმეტოლოგია, ფიზიკური კულტურა და სხვა. სწავლება სულის შესახებ (ანუ ფსიქოლოგია) ორ ნაწილად იყოფა. ერთი გამოიკვლევს სულის არსებას და ბუნებას, მეორე - შესაბამის უნარებსა და ფუნქციებს (შეგრძნებას, აღქმას, მეხსიერებას, წარმოსახვას, გონებას, აფექტებს, მისწრაფებებს, ნებას). აქ ბეკონს, არსებითად, მხედველობაში აქვს რაციონალური და ემპირიული ფსიქოლოგია, რომლებიც ამ სახელწოდებას მხოლოდ XVIII საუკუნეში შეიძენენ (იხ. თავი 4.2.).       ბეკონმა ყურადღება გაამახვილა ისეთ საკითხებზეც, რომლებიც სხეულსა და სულს ერთნაირად მოიცავს. ეს არის სწავლება პიროვნების შესახებ და სწავლება სულისა და სხეულის კავშირის შესახებ. პირველ შემთხვევაში ისტორიული პერსონაჟების მაგალითებზე განიხილება ადამიანურ შესაძლებლობათა ღირსშესანიშნავი გამოვლინებები - უნიკალური მეხსიერება, გამორჩეული გონება, უმტკიცესი ნება და სხვა. მეორე შემთხვევაში საუბარია ისეთი პრაქტიკული მნიშვნელობის საკითხებზე, როგორიცაა სხეულის ავადმყოფურ მდგომარეობათა გავლენა სულიერ მოქმედებაზე, სულიერ მდგომარეობათა სხეულებრივი გამოხატულება (ფიზიოგნომიკა), სიზმრების ახსნა და სხვა.       როცა ბეკონი ფსიქიკურ უნარ-თვისებათა წარმოქმნაზე მსჯელობს, იგი აღარ გამოიყურება თანმიმდევრულ ემპირისტად და უფრო ნატივისტური თვალსაზრისისკენ იხრება. ბეკონი დარწმუნებულია, რომ ყოველი ინდივიდი შეიძლება დახასიათდეს რამდენიმე თანდაყოლილი უნარისა და ტემპერამენტის საშუალებით. ადამიანის ფსიქიკა მემკვიდრეობის წარუშლელი გავლენის ნიშნით არის აღბეჭდილი. ამიტომ მისი ქცევის თავისებურებანი, წარმატებები თუ ზნეობრივი სახე, გარე პირობების გავლენას ნაკლებად ექვემდებარება. მიუხედავად ამისა, ბეკონი მიიჩნევს, რომ ჩვევას და ცხოვრებისეულ გამოცდილებას მაინც დიდი მნიშვნელობა აქვს, ვინაიდან, უსულო მატერიისაგან განსხვავებით, ადამიანური ქცევა “თავისუფლების” გარკვეულ ხარისხს შეიცავს.       საბოლოდ კი შეიძლება ითქვას, რომ მიუხედავად ფ. ბეკონის ემპირიზმის არათანმიმდევრულობისა, მან მაინც გაკვალა გზა შუა საუკუნეების მეტაფიზიკურ-სქოლასტიკური ფსიქოლოგიიდან ახალი დროის ემპირიულ ფსიქოლოგიამდე. ირაკლი იმედაძე წიგნიდან: ფსიქოლოგიის ისტორია « წინა ნაწილი | გაგრძელება » …
დაამატა ლაშა to ფსიქოლოგია at 10:30am on აპრილი 25, 2018
თემა: დამატებითი მოსაზრებები შიშების შესახებ
ვეულწილად, დარღვეულია. პირველ რიგში, ემოციების სფეროდან მისი ვიტალური იმპულსების იზოლაცია და მათი გახლეჩა ხდება. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, შიზოიდური ადამიანი ვერ ახერხებს განსხვავებული განცდებისა და პიროვნული შრეების ინტეგრაციას ერთ მთლიან ემოციად. უპირველეს ყოვლისა, უნდა აღინიშნოს მოწიფულობის ის განსხვავებული ხარისხი, რომელიც არსებობს შიზოიდის გონებასა და გრძნობას, რაციონალურობასა და ემოციურობას შორის; ემოციური პროცესები და გონებრივი გამოცდილება თითქოს მოწყვეტილია ერთმანეთისაგან და მათი შერწყმა ერთიან განცდად არ ხდება. შიზოიდური პიროვნება სამყაროში ორიენტაციას ადრეული ასაკიდან გონებისა და გრძნობის ორგანოებით აღქმის საშუალებით ახდენდა, მაგრამ მან ვერ შეძლო, ვერ ისწავლა საკუთარი ემოციების მართვა; ამიტომ მისთვის უცნობია გრძნობებისა და განცდების ყოველგვარი სხვა გამოვლინება, რადგან იგი მხოლოდ მათი გამოხატვის წანამძღვრებს – აფექტებს იცნობს. შთაბეჭდილება რჩება, რომ შიზოიდური პიროვნების ემოციურ პალიტრაზე, შავ-თეთრის გარდა, სხვა ფერები არ არსებობს.       ადამიანებთან სიახლოვის შიში რომ აიცილოს თავიდან, შიზოიდური პიროვნება ცდილობს, რაც შეიძლება, მეტ დამოუკიდებლობას მიაღწიოს. ავტარკიისადმი სწრაფვისა და ადამიანთაგან თავის დაღწევის ამგვარი მცდელობები ნიშნავს საკუთარი თავის გარშემო დამცავი წრის შემოვლებას და უპირობოდ უკავშირდება მის მზარდ ეგოცენტრულობას, რომლის გამოც იგი სულ უფრო მეტად ექცევა იზოლაციაში. სავსებით გასაგებია, რომ ასეთი ადამიანები შიშს განიცდიან, რადგან ამას მარტოობა და იზოლაცია უწყობს ხელს. შიზოიდურ პიროვნებას აუტანელი შიში, უპირველეს ყოვლისა, იმის გაფიქრებაზე იპყრობს, რომ შეიძლება ჭკუიდან შეიშალოს. ამ შიშში აირეკლება ასევე განცდა იმისა, რომ ის «სხვებისაგან განსხვავებული» და დაუცველია ამქვეყნად. ერთ-ერთმა ასეთმა პაციენტმა ერთხელ თქვა: «ჩემთვის ერთადერთ რეალობას შიში წარმოადგენს». დამახასიათებელია, რომ იგი თავის ამ განცდას აღწერდა არა როგორც შიშს რაიმე განსაზღვრულისა და კონკრეტულის წინაშე; ამით მას იმის თქმა უნდოდა, რომ მთლიანად შიშის ტყვეობაში იმყოფებოდა. მეორე პაციენტმა განაცხადა: «მე არ ვიცი, რა არის შიში; ჩემში, ალბათ, არის რაღაც შიშისმაგვარი, მაგრამ ეს შიში არაა ჩემს «მე»-ში. «ეს პაციენტი» სრულ დისტანცირებას ახდენდა საკუთარი შიშისაგან და ასეთი გრძნობა ჰქონდა, რომ ეს შიში მის ცნობიერებაში, საერთოდ, აღარ არსებობდა. მაგრამ ადვილი წარმოსადგენია, რა არამყარი და ცვალებადია შიზოიდის ამგვარი მდგომარეობა და რა ადვილად შეიძლება წალეკოს დაუძლეველმა შიშმა ადამიანის «მე».       შიშის ვინმესთვის გაზიარება შიზოიდს უმსუბუქებს მდგომარეობას, მაგრამ არასოდეს ჰყოფნის საამისო გამბედაობა, რადგან ეშინია, რომ ამით საკუთარ თავს ვინმეს ჩაუგდებს ხელში; შესაძლოა, იგი გიჟადაც შერაცხონ, თუ თავის უმწეობასა და სისუსტეს მთლიანად გამოავლენს. ამ დროს შიში, შეიძლება, ისე გაძლიერდეს, რომ მისი ატანა შეუძლებელი გახდეს. იგი მთელი ძალით ამოხეთქავს, გამოიწვევს ფსიქოზს და ეს შიშისაგან თავდახსნის უკანასკნელი, სასოწარკვეთილი მცდელობა იქნება. შიზოიდი ადამიანი «კარგავს ჭკუას» და, თავის გადარჩენის მიზნით, ირეალურ სამყაროში ეძებს ხსნას, სადაც თავს ნორმალურად გრძნობს; გარესამყარო მას ამ დროს სნეული ეჩვენება, რაც, ზოგ შემთხვევაში, შესაძლოა, მართალიც იყოს.       ამრიგად, შიზოიდურ პიროვნებას საკუთარი შიში გარესამყაროს ობიექტებზე გადააქვს, როდესაც მათი დაძლევა და თავიდან მოშორება ადვილად შეუძლია; მაგრამ შინაგან შიშს ადამიანი მაინც ვერსად გაექცევა.       მზარდ აუტიზმთან ერთად, შიზოიდური ადამიანი თანდათან კარგავს ინტერესს გარესამყაროსა და ადამიანების მიმართ. ამას «ობიექტის დაკარგვის» პროცესს უწოდებენ, თავად შიზოიდური პიროვნება კი მას «სამყაროს დაღუპვის» განცდას ადარებს. როდესაც ადამიანს გარესამყაროში ემოციური თანამონაწილეობა აღარ აინტერესებს და საკუთარ თავში იკეტება, მისთვის ეს სამყარო «იღუპება», პარტახდება, არარაობად იქცევა და ნადგურდება. მსგავს ცხოვრებისეულ განცდებს ხშირად შიზოიდურ პიროვნებათა სიზმრებიც გამოხატავს, მაგალითად:       «ვზივარ უზარმაზარ დისკზე, რომელიც ეშმაკის ბორბალს ჰგავს; ის უფრო და უფრო სწრაფად ტრიალებს; თავს ძლივს ვიკავებ, რომ მისი კიდისაკენ არ გადავქანდე, თუმცა ნელ-ნელა ვუახლოვდები მას და შეიძლება ყოველ წამს სიცარიელეში გადავეშვა».       ან კიდევ ერთი მაგალითი:       «თვალუწვდენელ ქვიშის უდაბნოში დგას ციხე-სიმაგრე, რომელსაც ბეტონის კედლებში რამდენიმე სათვალთვალო ჭუჭრუტანა აქვს ჩატანებული; ციხე-სიმაგრეში დიდძალი იარაღი და რამდენიმე წლის სურსათის მარაგი ინახება. მე აქ მარტოდმარტო ვცხოვრობ».       ალბათ, ძნელია, ამაზე უფრო ზუსტად აღწერო იმ ადამიანის განცდა, რომელიც სიმარტოვის, ადამიანებისაგან განდგომის, შიშისაგან თავდაცვის და ავტარკიის სურვილითაა შეპყრობილი.       «თოვლით დაფარული უკაცრიელი ლანდშაფტი; უკან რამდენიმე მოღრეცილი ხე მოჩანს. თოვლზე თბილი წყლით სავსე პატარა აბაზანა დგას; საშინელ სიმარტოვეს ვგრძნობ».       ეს სიზმარი ნახა ერთმა ახალგაზრდამ, რომელმაც შემდეგ თავისი ცხოვრებაც გაიხსენა:       ის ნაბოლარა შვილი იყო, რომელიც პირველი მსოფლიო ომიდან მამის დაბრუნების შემდეგ დაიბადა. იმის გამო, რომ მამას თავში ჰქონდა მიღებული ჭრილობა, ადვილად ღიზიანდებოდა და ხშირად ბობოქრობდა. რა თქმა უნდა, მას აღარ შეეძლო კარ-მიდამოს მოვლა-პატრონობა. დედა მას მზრუნველობას არ აკლებდა, მერე მან კარ-მიდამოს მოვლაც საკუთარ თავზე აიღო და შვილის აღზრდას ძალიან ცოტა დროს უთმობდა. ყმაწვილის სიზმარი იმაზე მიგვანიშნებს, რომ მას სწორედ ის სითბო აკლდა, თბილი წყლით სავსე აბაზანა რომ განასახიერებდა. ბიჭი მარტოსული იყო; ამიტომ დაახლოებით 12 წლის ასაკში შეეცადა, რამენაირად შეეგრძნო დედის სიახლოვე და ასეთი რამ მოიფიქრა: საღამოობით, როდესაც იგი უკვე ლოგინში იწვა, დედა, ჩვეულებისამებრ, ფორტეპიანოს მიუჯდებოდა ხოლმე და უკრავდა. ბიჭმა მოიფიქრა და ერთ-ერთ კლავიშს მავთულით ნათურიანი ბატარეა მიაბა, რომელიც შემდეგ თავის საწოლზე მიამაგრა. ყოველ ჯერზე, როგორც კი დედა ამ კლავიშს შეეხებოდა, ნათურა ინთებოდა.       მსგავსი ფსიქოდინამიური მოვლენები ხშირად ხდება ხოლმე ტექნიკური გამოგონების მიზეზი, რომელთა მეშვეობითაც ადამიანები ქვეცნობიერად ცდილობენ, შეივსონ ბავშვობისდროინდელი განცდების ხარვეზი. აღწერილი შემთხვევა ნორმალური ადამიანური ურთიერთობის დაუცხრომელ სურვილს გამოხატავს.       შეუძლებელია «შიზოიდურ სამყაროში ყოფნის» იმაზე უფრო ზუსტად აღწერა, ვიდრე ამას მსგავსი სიზმრები წარმოგვიდგენს. როგორც ჩანს, ამგვარი განწყობა უცხო არ იყო მაქსიმ გორკისათვის, რომელსაც ძალიან მძიმე ბავშვობა ჰქონდა და ლუკმა-პურის საშოვნელად ადრე დაიწყო მოხეტიალე ცხოვრება. ერთხელ, ტოლსტოისთან სტუმრობისას, გორკიმ მას თავისი სიზმარი უამბო: რუსული ზამთრის თვალუწვდენელ ტრამალზე მან დაინახა, როგორ მოემართებოდნენ თოვლზე მისკენ ცარიელი ჩექმები, მხოლოდ ჩექმები. ალბათ, ძნელია სიმარტოვის ამაზე უფრო მოკლედ და სხარტად აღწერა.       როდესაც ადამიანი სამყაროს განუდგება და საკუთარ თავში იკეტება, მას ეს სამყარო ფეხქვეშ ეცლება და იპყრობს საშინელი შიში, რომელიც აბსოლუტურ «სიცარიელეში ვარდნის» ან «ეშმაკის ბორბალზე ტრიალის» დროს განცდილ შიშს წააგავს. შიშზე წარმოდგენები და სიზმრები შიზოიდურ ადამიანებს ხშირად აპოკალიფსური, სამყაროსეული კატასტროფების სახით ევლინებათ. ვინც ცდილობს, საკუთარ თავს, რაც შეიძლება, მაგრად ჩაეჭიდოს, მას ემუქრება საფრთხე – სამყარო ფეხქვეშ გამოეცალოს და საბოლოოდ წილად მარტოსული ცხოვრება ერგოს.       კიდევ რამდენიმე მაგალითით აღვწერთ იმ შედეგებს, რაც ადამიანებთან სიახლოვის შიშს და «საკუთარი ღერძის გარშემო» ზღვარგადასულ ბრუნვას მოჰყვება ხოლმე. ამ შიშის შედეგად გაჩენილი იჭვნეული სიფრთხილე შიზოიდურ პიროვნებას იმით ემუქრება, რომ ის საკუთარ თავთან მიმართებაში სულ უფრო ავადმყოფურ სახეს მიიღებს. ასეთი ადამიანები გრძნობენ, როგორც ხალხში ამბობენ, «მიწის ქვეშ რა ხდება» ან «ბალახი რას ჩურჩულებს». ეს იმას ნიშნავს, რომ ისინი ყველგან და ყველაფერში რაღაც საფრთხეს ხედავენ და მათში თვით ყველაზე უწყინარი შენიშვნაც კი შემაშფოთებელ ეჭვებს იწვევს.       ერთხელ ჩემს პრაქტიკაში ასეთი შემთხვევა მქონდა: მისაღებ ოთახში ერთ-ერთ სურათს კედელზე ადგილი შევუცვალე. შიზოიდმა პაციენტმა ეს მაშინვე საკუთარ თავთან დააკავშირა და იფიქრა, თითქოს ამით მასზე ტესტის ჩატარება დავაპირე, რათა გამეგო, ამ ცვლილებაზე რა რეაქცია ექნებოდა.       ეს მაგალითი გვიჩვენებს, რომ შიზოიდურ ადამიანებს თითქმის პარანოიდული განცდები აქვთ საკუთარ თავთან მიმართებაში; ამასთან, გამახვილებული ემოციური სიფრთხილით გამოირჩევიან და გარესამყაროში მომხდარ ისეთ ცვლილებებსაც კი ამჩნევენ, რასაც ნორმალური ადამიანი, საერთოდ, ყურადღებას არ აქცევს. სამყაროსთან მიმართებაში შიზოიდური პიროვნებები თითქმის ყოველთვის საკუთარი, გამახვილებული ემოციებით ხელმძღვანელობენ.       იყო სხვა შემთხვევაც, როდესაც ფსიქოთერაპიული სეანსის დროს ტელეფონმა რამდენჯერმე დარეკა. იმავე პაციენტმა იფიქრა, რომ მე სპეციალურად ვარეკინებდი ვიღაცას, რათა გამეგო, რა რეაქცია ექნებოდა მას ასეთ დისკომფორტზე.       ამრიგად, შიზოიდი ადამიანი გარესამყაროში მომხდარ თითქმის ყველა მოვლენას საკუთარ თავს უკავშირებს, რაც აზრადაც არ მოუვა ადამიანს, რომელსაც ადამიანებთან მეტი კონტაქტი და ურთიერთობა აქვს. ამ დროს შიზოიდურ პიროვნებას ნელ-ნელა შეიპყრობს ადამიანებთან ურთიერთობის ავადმყოფური შიში და ისეთი მანიაკალური წარმოსახვა, რომელიც, შესაძლოა, «შეშლილობის» მთელ სისტემად ჩამოყალიბდეს, შემდგომ კი მისი კორექცია ვეღარ მოხერხდეს. შიზოიდი პიროვნებისთვის გარესამყაროში აღარ არსებობს აღარავინ და აღარაფერი, რაც იდუმალად თავად მასთან არ არის დაკავშირებული და რასაც განსაკუთრებული მნიშვნელობა არ ეძლევა; მერე კი ეს თავის დასაბუთებას მოითხოვს.       ამ მდგომარეობას შიზოიდი ძალიან მტანჯველად და შემაშფოთებლად განიცდის, რადგან ამ დროს კარგავს არა მხოლოდ ყოველგვარ უშუალობას, არამედ თითქმის ყოველთვის მზად არის, მოულოდნელობებისა და ვითარსი საფრთხეებისაგან თავის დასაცავად. შიზოიდი ადამიანი ძალიან ხშირად გამოყოფს ხოლმე თავის საცეცებს გარესამყაროსკენ და, თუ ვინმე მიუახლოვდება, მაშინვე სასწრაფოდ შემალავს.       ახალგაზრდა კაცმა, რომელსაც თავის პროფესიაში ხელი მოეცარა და საქმეში მერეც არ სწყალობდა ბედი, გიჟურად აიკვიატა, რომ უიღბლო იყო. მას სურდა, სოციალურად წარმატებული ყოფილიყო, მაგრამ საკუთარი თავისადმი რწმენა დაკარგული ჰქონდა და ამ საკითხში ოჯახის წევრებისგანაც ვერ გრძნობდა მხარდაჭერას. ოჯახში ფიქრობდნენ, რომ მას მხოლოდ აკვიატებული სურვილი ამოძრავებდა, სხვებზე «უკეთესი» გამოჩენილიყო და «დიდ სიმაღლეებს» შესწვდომოდა. მათი აზრით, უმჯობესი იქნებოდა, თუ ყმაწვილი მამის კვალს გაჰყვებოდა და საკუთარ ადგილ-მამულს უპატრონებდა იმ პრინციპით, რომ პური ხაბაზმა უნდა გამოაცხოს, ანუ ყველამ თავისი საქმე აკეთოს! ახალგაზრდა კაცი კი დიდად პატივმოყვარე იყო და ყოველნაირად ცდილობდა, ახლობლებისთვის დაემტკიცებინა, რომ მიზანს აუცილებლად მიაღწევდა. ამის გამო ის ნებისმიერ მარცხს განსაკუთრებით მტკივნეულად განიცდიდა, რადგან მისი წარუმატებლობა ადასტურებდა, რომ ოჯახის წევრები მის წინაშე მართლები იყვნენ.       ჩვენ მანამდეც ბევრჯერ შევეცადეთ, ეს გარემოებები შეგვესწავლა და მისი აკვიატებული წარმოსახვის მიზეზი ზუსტად აგვეხსნა რეალობასთან მიმართებაში. მაგრამ, როცა ახალგაზრდა კაცმა ზემოაღნიშნული მარცხი განიცადა, იგი კვლავ მანიაკალურმა აზრებმა შეიპყრო.       ერთხელ ის კლინიკაში დათრგუნული მოვიდა და აღშფოთებულმა გამომწვევად გვითხრა: «ამჯერად ვეღარ დამარწმუნებთ, რომ ეს ყველაფერი შემთხვევით მოხდა. დღეს სადგურზე ვიღაც კაცი შემხვდა; მას ჩამოძენძილი კოსტუმი ეცვა, რომელიც ზუსტად ჰგავდა ჩემს საუკეთესო კოსტუმს. განა მას ამით ჩემთვის იმის თქმა არ უნდოდა, რომ მე ერთი ხელმოცარული და უიღბლო კაცი ვარ?»       ამ შემთხვევაში საქმე გვაქვს პაციენტის მიერ საკუთარი არასრულფასოვნების მანიაკალურ განცდასთან; აქვე იმასაც ვხედავთ, რა მყიფე საზღვარი არსებობს ცრურწმენებსა და აკვიატებულ წარმოსახვას შორის. ამასთან, გარკვეულწილად უნდა გამოვთქვათ ვარაუდი, რომ ცრურწმენა, შესაძლოა, გახდეს აკვიატებული აზრების გამომწვევი პირველმიზეზი. ჩვენც ასევე ემოციურად, ჯიუტად ჩავჭიდებივართ ხოლმე ცრურწმენებს, მაგრამ ამავე დროს არ გაგვაჩნია იმის მზაობა, რომ საფუძვლიანად გადავამოწმოთ მათი კავშირი რეალობასთან, თორემ, ალბათ, შევძლებდით იმის გაგებას, ასე რატომ ეჭიდებოდა ეს პაციენტი თავის მანიაკალურ წარმოსახვას. მსგავსი აკვიატებული აზრები საკუთარ თავზე ჩვენც აშკარად გამოგვიცდია, როდესაც, სულიერად დათრგუნულებს, გაუცნობიერებელი შიში ან თვითბრალდების გრძნობა დაგვუფლებია. მაგალითად, მესამე რაიხის დროს იმ ადამიანებს, რომლებიც ნაციონალურ-სოციალისტური პარტიის და ხელისუფლების წინააღმდეგ ხშირად გამოთქვამდნენ საკუთარ აზრს, მოიერიშე რაზმელებისა და «ესესელების» დანახვაზე აკვიატებული დევნის შიში იპყრობდათ, რადგან მათში საშინელ მტერს ხედავდნენ. ამ ადამიანებმა იცოდნენ, რომ საკმარისი იყო, ისინი ვინმეს დაესმინა ან ყურმოკვრით გაეგოთ მათი განწყობის შესახებ, და მაშინვე საკონცენტრაციო ბანაკში უკრავდნენ თავს.       სიმარტოვე და იზოლაცია, ისევე როგორც რეალური საფრთხის წინაშე უმწეობის შეგრძნება, ხელს უწყობს ავადმყოფურად აკვიატებული რეაქციების გამოვლინებას. უცხო გარემოში მყოფი ადამიანი, ღამით უჩვეულო ხმაურის გაგონებაზე, ადვილად განეწყობა საიმისოდ, რომ ეს ხმაური არამართებული, აკვიატებული მიზეზით ახსნას, მით უფრო, თუ იგი ამ დროს სულიერად დათრგუნულია ანდა შიშის და თვითბრალდების გრძნობით არის შეპყრობილი. რა თქმა უნდა, ნაცნობი ადამიანების გარემოცვაში, სადაც იგი თავს თავისუფლად და დაცულად გრძნობს, მას ამგვარი შეგრძნებები არა აქვს. ამრიგად, შიზოიდური პიროვნებების აკვიატებული რეაქციები ჩვენ წინაშე ისევ და ისევ მათთან დაკავშირებულ უმთავრეს პრობლემას წამოჭრის: ეს არის საზოგადოებისაგან იზოლაცია და ადამიანების მხრივ თანადგომის არარსებობა. თუმცა მაგალითები იმასაც მოწმობს, რომ ძალიან მყიფეა ზღვარი ჯანმრთელ და ავადმყოფ ადამიანს შორის, რადგან იმ რეაქციებს, რომლებსაც, ჩვეულებრივ, ავადმყოფებში ვხედავთ, საგანგებო სიტუაციებში თავადაც გამოვავლენთ ხოლმე. დაავადებულ ადამიანებში კი ამის მიზეზი სწორედ ისაა, რომ ისინი დიდხანს იმყოფებიან საგანგებო სიტუაციებში და თავდაცვის მიზნით გამოიმუშავებენ ამგვარ «ავადმყოფურ» რეაქციებს.       აქ მოვიყვანთ კიდევ ერთი პაციენტის მაგალითს, რომელსაც ადამიანებთან ურთიერთობის დამთრგუნველი სურვილი ავადმყოფურ აკვიატებად გადაექცა:       ოცდაათიოდე წლის მარტოსული ადამიანი, რომელსაც გარესამყაროსთან თითქმის არ ჰქონდა ურთიერთობა, ერთ-ერთ კონცერტზე ვიღაც ახალგაზრდა კაცის გვერდით აღმოჩნდა; რაკი მის მიმართ განსაკუთრებული ლტოლვა იგრძნო, გვერდიდან მალულად უთვალთვალებდა და გრძნობდა, როგორ უძლიერდებოდა მასთან კონტაქტისა და გამოლაპარაკების სურვილი. იმის გამო, რომ ამ კაცს გარესამყაროსთან ურთიერთობის გამოცდილება არ ჰქონდა, იგი თავდაპირველად შეიპყრო შიშმა, რომელმაც მხოლოდ ააფორიაქა, მაგრამ მალე პანიკაში ჩააგდო, რადგან მოეჩვენა, რომ ახალგაზრდა კაცი ფერად-ფერად წრეებს ასხივებდა და ამ წრეებით მის ალყაში მოქცევას და ხელში ჩაგდებას ლამობდა; მერე იგრძნო, რომ ცივმა ოფლმა დაასხა და თავს საკონცერტო დარბაზიდან გაქცევით უშველა.       გარდა იმისა, რომ ამ კაცს ადამიანებთან ურთიერთობისა და მათთან სიახლოვის დამთრგუნველი სურვილები სტანჯავდა, იგი აშკარად განიცდიდა ახალგაზრდა ყმაწვილისადმი სექსუალურ ლტოლვას, მაგრამ რაკი ამის გამჟღავნება თავად ვერ გაბედა, ამ ლტოლვის პროეცირება ისე მოახდინა, თითქოს იგი ამ ახალგაზრდისაგან მოდიოდა. აქაც რეალური სიტუაციის «გადატანა» მოხდა, რადგან შინაგანმა შიშმა საფრთხის სახე მიიღო და გარეთ გადაინაცვლა, რასაც ამ კაცმა თავი მხოლოდ გაქცევით დააღწია.       როდესაც შიზოიდურ ადამიანს შინაგანი სამყაროსა და გარემოს მიმართ ეჭვისა და დაუცველობის გრძნობა უჩნდება, იგი ცდილობს, გარკვეული «ცხოვრებისეული ტექნიკა» შეიმუშაოს. ეს მას საშუალებას აძლევს, თავი ყველაფრისაგან შორს დაიჭიროს, ხელშეუხებელი და შეუვალი გახდეს, ყოველთვის ობიექტური იყოს, ადამიანებთან ახლო ურთიერთობას ერიდოს, მათთან შედარებით უპირატესობა იგრძნოს და მისი წონასწორობიდან გამოყვანა ვერაფერმა შეძლოს; მაგრამ შიზოიდი პიროვნება ამით სინამდვილეში ვერაფერს აღწევს. ამ დროს იგი, შესაძლოა, ყველას განუდგეს, ამპარტავანი, უკარება, საშინლად გულცივი და ხისტი გახდეს. იმ შემთხვევაში, თუ ამგვარი თავდაცვითი საშუალებებითაც გარესამყაროზე ზემოქმედებას ვერ მოახდენს, იგი თავის გრძნობებს მოულოდნელი, გააფთრებული აგრესიით გამოხატავს, რაც ზემოთ უკვე აღვწერეთ. ამ დროს შესაფერისმა გარემომ შეიძლება დიდი სამსახური გაუწიოს შიზოიდურ პიროვნებას, თუ გარშემომყოფნი მისი საქციელის გამომწვევ მიზეზებს გაიაზრებენ და მიხვდებიან, რით არის გამოწვეული მისი ეს მძიმე მდგომარეობა.       შიზოიდურ პიროვნებათა მკურნალობის დროს ისეთ ზღვრულ სიტუაციებსაც ვხვდებით, რომლებიც თვალნათლივ დაგვანახვებს საფრთხეებს, ადამიანის არსებობას რომ ემუქრება. სწორედ ამ შემთხვევებიდან უნდა ვისწავლოთ, რა არის ადამიანისათვის ეგზისტენციალურად მნიშვნელოვანი, რამდენად ემუქრება მის განვითარებას ოჯახური და სოციალური ფაქტორები, და, საერთოდ, დავადგინოთ ყველა გამომწვევი მიზეზი, რომელთა აღმოფხვრაც დიდ ძალისხმევას მოითხოვს. გენიალური ადამიანების არსებობას ხშირად ასეთი ცხოვრებისეული სივრცე განსაზღვრავს. მათი გრძნობები იმდენად ამოუცნობი და დაფარულია, რომ ხშირად ძნელია იმ მყიფე საზღვრის დადგენა, რომელიც გადის გენიალობასა და ფსიქოზს შორის. უნდა აღინიშნოს, რომ შიზოიდური სიმპტომების გამოვლინება სხვადასხვა ინტენსივობით ხდება. თუ შევეცდებით, შიზოიდური პიროვნებების თვისებები თანმიმდევრობით დავადგინოთ (ჯერ კიდევ სრულიად ჯანმრთელებიდან და მსუბუქად დაავადებულებიდან, მძიმე ფსიქიკურ აშლილობამდე მისულ პაციენტებამდე), მივიღებთ შემდეგ სურათს: ნაკლებად კონტაქტურები, ზემგრძნობიარენი, მარტოსულები, ორიგინალურები, ცხოვრებისგან გარიყულები, ბერბიჭები, ახირებულები, აუტსაიდერები, ასოციალურები, კრიმინალები, ფსიქოპათები. მათ შორის არცთუ იშვიათად გამოჩნდებიან ხოლმე გენიალური ნიჭით დაჯილდოებული ადამიანები.       გენიალურ ადამიანზე გარესამყაროსაგან განდგომა და მარტოსული ცხოვრება სასიკეთოდ მოქმედებს, რადგან მას თავისუფლად შეუძლია უარი თქვას ტრადიციებზე, ანგარიში არ გაუწიოს ისეთ გარემოებებს, რომლებსაც უზრუნველყოფილი, ტრადიციების ერთგული ადამიანები, ჩვეულებრივ, ან ვერ ხედავენ, ან მათ წინააღმდეგ წასვლას ვერ ბედავენ. სახიფათო სიტუაციას გენიალური ადამიანი იმ შეგნებამდე მიჰყავს, რომ მას უნარი შესწევს, გადააბიჯოს იმ საზღვრებს, რომლებსაც სხვები მორიდებით გვერდს უვლიან. თუ შიზოიდური პიროვნება მთლად არ არის დაცლილი ემოციებისაგან და მხოლოდ კრძალვით ცდილობს მათ დამალვას, მაშინ ის გამორჩეულად მგრძნობიარე ადამიანის თვისებებს ავლენს და ვერ იტანს ერთფეროვნებას, ზედაპირულობას. მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ შიზოიდურ პიროვნებას მწირი ემოციური სამყარო აქვს, იგი ნაკლებად გამოავლენს საკუთრივ ადამიანურ თვისებებს.       რელიგიასთან მიმართებაში შიზოიდური პიროვნებები უმთავრესად სკეპტიკოსები ან ცინიკოსები არიან, მახვილგონივრულად მსჯელობენ რწმენის «უაზრობაზე», კრიტიკული დამოკიდებულება აქვთ რიტუალების, ტრადიციებისა და ყოველგვარი ფორმალობის მიმართ; ისინი ცდილობენ, საერთოდ, ფხიზელი თვალით შეხედონ ყველაფერს, რასაც «იდუმალების» იერი დაჰკრავს, ახსნან ის «აუხსნელი» მოვლენები, რის შესაძლებლობასაც მათ უმთავრესად საბუნებისმეტყველო მეცნიერებები საკმაოდ ხშირად სთავაზობენ. ამრიგად, შიზოიდური პიროვნებები უმეტესად რაციონალისტები არიან, რომლებსაც განცდების გამოსახატავად აუცილებელი ორგანო არ გააჩნიათ, ამიტომ მათთან კამათი ამასთან დაკავშირებითაც შეუძლებელია.       მაგრამ შიზოიდების ამგვარი განწყობა რელიგიისა და რწმენის მიმართ ისე ჩანს, თითქოს იგი მათი იმედგაცრუებისათვის საჭირო, გაუცნობიერებელ პროფილაქტიკას წარმოადგენს. ისინი გაბედულად აცხადებენ უარს რწმენაზე, რათა იმედგაცრუებულები არ დარჩნენ; მალულად კი მაინც იმ «მტკიცებულების» მოლოდინში არიან, რომელიც მათ რწმენას აზიარებდა. შიზოიდური პიროვნებები ხშირად ნიჰილისტურად და დესტრუქციულად არიან განწყობილი და ეშმაკისეულ ნეტარებას გრძნობენ, როდესაც ახერხებენ, სხვებს რწმენაზე ხელი ააღებინონ. მაგრამ სხვა ადამიანების თავიანთ რწმენაზე მოქცევის სურვილი ისევ და ისევ ეჭვებს იწვევს: ხომ არ ეშინიათ მათ საკუთარ ურწმუნოებასთან მარტო დარჩენისა?! მძიმედ დაავადებული შიზოიდები მორწმუნეები ვერ გახდებიან, რადგან მათ არასოდეს უგრძვნიათ თავი უსაფრთხოდ და არ განუცდიათ სიყვარული. ამიტომ ისინი ათეიზმისკენ იხრებიან ან ხშირად საკუთარ თავს ყველაფრის საზომად მიიჩნევენ: ამან კი მათში, შესაძლოა, მანიაკალური ზესთამჩენობის გრძნობა აღძრას და საკუთარი თავის გაღმერთებამდე მიიყვანოს. ამ დროს ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, თითქოს გარესამყაროს მიმართ საკუთარი ინტერესის უგულებელყოფა და ამ ინტერესის მუდმივად საკუთარ თავზე მორგება შიზოიდურ პიროვნებას ისეთ ძალას და მნიშვნელობას სძენს, რომელიც მთლიანად მოიცავს მის ცნობიერებას; თუმცა ზოგიერთი მათგანი რელიგიურობის განცდაში იმ უსაფრთხოებას ეძებს და პოულობს კიდეც, რომელიც მას არასოდეს განუცდია. მაგრამ ეს არ არის ღმერთისადმი პიროვნულად მიმართული, მოსიყვარულე და უმანკო რწმენა; ეს უფრო ის ზეპიროვნული, შეუცნობელი გრძნობაა, რომელსაც შიზოიდური პიროვნება პირობითად თავისუფალი ინდივიდის ღირსებას უპირისპირებს, ხოლო როგორც ადამიანი, ცნობიერებას იმ ჰუმანური ვალდებულებით აღუდგება წინ, რომელიც თავად აკისრია. ეთიკას და მორალს შიზოიდური პიროვნება ერთგვარად ეჭვის თვალით უყურებს. ის არაფრად დაგიდევთ ადამიანებისადმი წაყენებულ მოთხოვნებს, რადგან მიაჩნია, რომ ისინი გადაჭარბებულია და მათ გამო ადამიანი თვითბრალდების გრძნობას განიცდის, მაშინ როცა თავად შიზოიდურ პიროვნებას, საერთოდ, ნაკლებად გააჩნია ეს გრძნობა. რაკი იგი ადამიანებთან კონტაქტს გაურბის, სოციალურ გარემოს ვერ ესადაგება და თვითგადარჩენის ეგოცენტრისტული ინტერესებით ცხოვრობს, შესაბამისად, შიზოიდური პიროვნება მხოლოდ იმას მიიჩნევს მართებულად, რაც მისთვის ხელსაყრელია; ამიტომ მას შეუძლია განივითაროს «მბრძანებლის მორალი», რომელიც მხოლოდ მის ინტერესებს ემსახურება...       შიზოიდური პიროვნება სიძულვილს განიცდის «სუსტი» ადამიანების მიმართ, რომელთაც მორალური მოსაზრებები ამოძრავებთ. შიზოიდს მიაჩნია, რომ ეს ადამიანები საკუთარ დამოუკიდებლობას ლაჩრობისა და სიმხდალის გამო კარგავენ. მისი აზრით, ძლიერი პიროვნება, რომელიც დამოუკიდებელი ცხოვრებით ცხოვრობს, ერთადერთ პრინციპს აღიარებს, რომლის თანახმადაც, «ძლიერი ადამიანი სიმარტოვეშიც ყველაზე ძლიერია». ამ პრინციპში ვლინდება მისი შესაძლებლობებიც და საფრთხეებიც.       მხოლოდ ძლიერ ადამიანს გააჩნია ძალა, ღირებულებად აქციოს საკუთარი გამორჩეულობა; სწორედ ესა აქვს წიგნის ამ თავს ეპიგრაფად წამძღვარებული. შედარებით სუსტი და უმწეო ადამიანი განუდგება გარესამყაროს, ცდილობს, პირადი ცხოვრება მოიწყოს და წონასწორობა ისე შეინარჩუნოს, რომ სხვა ადამიანები არ დასჭირდეს; ამ მიზანს იგი ხანდახან მხოლოდ ცხოველების ან საგნებისადმი განსაკუთრებული სიყვარულით აღწევს. ფსიქიკურად მძიმედ დაავადებული, შიზოიდური პიროვნებები ხშირად დესტრუქციული, დამანგრეველი ქმედებებით გამოირჩევიან, ასოციალურები ხდებიან და ყოველგვარი სინდისის ქენჯნის გარეშე, თავიანთი მიზნებისათვის შეუძლიათ სხვა ადამიანების გამოყენება.       შიზოიდური მშობლები და აღმზრდელები ბავშვის მიმართ ნაკლებ სითბოსა და მზრუნველობას ავლენენ, მასთან არავითარი სიახლოვე არ აკავშირებთ და ადეკვატურად ვერ აღიქვამენ მის გრძნობებსა და განცდებს, ამასთან ეწინააღმდეგებიან ან ირონიულად ეკიდებიან მის ყოველ სურვილს და ემოციას. ასეთი მშობლები ბავშვს საკუთარი თავისადმი რწმენას უკარგავენ და, რაკი მას აკვირდებიან კიდეც და მისი ქცევის ფსიქოლოგიურ მოტივებსაც იცნობენ, აიძულებენ, ადრეულ ასაკშივე მიეცეს თვითრეფლექსიას. ამ დროს ბავშვი ახლობლების გარემოცვაში საშინელ გულგრილობას გრძნობს და ითრგუნება მათი მოულოდნელი და მისთვის გაუგებარი რეაქციების გამო; ამრიგად, იგი თითქოს გამუდმებით განგაშის მოლოდინში იმყოფება. ამ ადამიანებისგან ბავშვი ვერ შეიგრძნობს სიყვარულს, ამიტომ მათდამი სიახლოვესაც ვერ გრძნობს.       მაგრამ არის შემთხვევები, როდესაც მშობლები და აღმზრდელები ბავშვს თავდაპირველად ალერსიანად და სიყვარულით ექცევიან, მაგრამ მოგვიანებით კეთილგანწყობას დამცინავი ირონიის სახეს აძლევენ. ეს ბავშვს საშუალებას არ აძლევს, შეიგრძნოს, რომ მისი სიყვარული ახლობლებისადმი რაღაცას ნიშნავს, რადგან იცის, რომ მის გრძნობას სერიოზულად არავინ აღიქვამს («წარმოგიდგენიათ, ჩემს პატარა ვაჟბატონს უეცრად სიყვარულმა წამოუარა!» «ჩემს პატარა ქალბატონს, ეტყობა, უნდა რაღაც დამცინცლოს, რადგან დღეს მეტისმეტად ალერსიანია»).       საკუთარი პიროვნული სტრუქტურიდან გამომდინარე, შიზოიდები ხშირად ისეთ პროფესიებს ირჩევენ, რომლებიც ადამიანებთან მჭიდრო კონტრაქტს არ მოითხოვს, ამიტომ მათი ინტერესების სფეროს ზოგადთეორიული და ზუსტი მეცნიერებები შეადგენს. შიზოიდებს შორის ხშირად გვხვდებიან ასტრონომები, მათემატიკოსები, ინჟინრები. მეცნიერული კვლევისას მათ ადამიანებთან ურთიერთობა უშუალოდ არ უხდებათ, მათთან ფსიქოლოგიური ტესტირების მეთოდით, მიკროსკოპით ან რენტგენის აპარატის მეშვეობით ურთიერთობენ; პათანატომებს კი, საერთოდ, მიცვალებულებთან აქვთ საქმე. მათი სულიერი სფერო ადვილად გადაიქცევა ხოლმე ფიზიოლოგიური რეფლექსების თავმოყრის ადგილად, რის საფუძველზეც, შოპენჰაუერის მსგავსად, შეუძლიათ თქვან: «უფალო ღმერთო, თუ სადმე არსებობ, იხსენი ჩემი სული, თუკი ასეთი გამაჩნია». შიზოიდების ფსიქოლოგიაში ხშირად შეინიშნება რაღაცის აღმოჩენისა და ამოცნობის სურვილი, ამიტომ, როგორც ექიმები, ისინი უფრო მკვლევრები არიან, ვიდრე პრაქტიკოსი მკურნალები, და ხშირად განსაკუთრებულ ინტერესს იჩენენ ფსიქიატრიისა თუ მისი მომიჯნავე დისციპლინების მიმართ. როგორც თეოლოგები, შიზოიდური პიროვნებები უფრო რელიგიური მეცნიერებებით ინტერესდებიან, ვიდრე ეკლესიის მსახურის პრაქტიკული საქმიანობით. შიზოიდები ხშირად ზურგს შეაქცევენ ხოლმე ადამიანებს და ცხოვრებას ცხოველების, მცენარეებისა და მინერალების სამყაროში იწყებენ, მერე ამ სამყაროს მგრძნობიარე მიკროსკოპის ან ტელესკოპის საშუალებით მიკრო და მაკროსკოპულად იკვლევენ.       ადვილი წარმოსადგენია, რა დიდ საფრთხესთან შეიძლება გვქონდეს საქმე, თუ მეცნიერული კვლევის შედეგად მოპოვებული ცოდნა ისეთი შიზოიდი მეცნიერის ხელში აღმოჩნდება, რომელიც გაურბის ადამიანებთან ურთიერთობას, ცხოვრებას აუტიზმით დაავადებული ადამიანის თვალით უყურებს და თან საკუთარი იდეების რეალურად განხორციელებას ცდილობს; როგორც ითქვა, შიზოიდები გარკვეული სფეროების მიმართ იჩენენ ნიჭსა და მიდრეკილებებს; ისინი პროფესიას იმ მოტივით ირჩევენ, რომ მათ, სახელდობრ, ამ სფეროში შეუძლიათ დაეუფლონ სუბიექტური გრძნობებისაგან თავისუფალ, საიმედო ცოდნას. ფილოსოფოსების რანგში შიზოიდები ხშირად ცხოვრებას მოწყვეტილი, აბსტრაქტულად მოაზროვნე ადამიანები არიან, რომლებიც უპირატესობას ზოგადთეორიულ აზროვნებას ანიჭებენ და არა პრაქტიკულ საქმიანობას.       პოლიტიკის სფეროში შიზოიდური პიროვნებები ზოგ შემთხვევაში რევოლუციური და ანარქისტული იდეების მგზნებარე მომხრეები არიან, ზოგჯერ კი უკიდურესად რეაქციული და რადიკალური თვალსაზრისების დამცველებად გვევლინებიან. შიზოიდებს შორის არიან ისეთებიც, რომლებიც პოლიტიკის მიმართ ინტერესს არ იჩენენ – «პოლიტიკა მათ არ ეხებათ». მათივე სოლიფსისტური თვალსაზრისიდან გამომდინარე, არ აინტერესებთ საზოგადოება, როგორი სახისაც უნდა იყოს იგი.       შიზოიდურ პიროვნებებს უმთავრესად აბსტრაქტული, უსაგნო ხელოვნება იტაცებთ. ისინი ცდილობენ, ამ სფეროში მთელი იდუმალებით, სიმბოლურად გამოხატონ საკუთარი რთული შინაგანი გრძნობები და განცდები. მათ შორის ხშირად გვხვდებიან მკაცრი კრიტიკოსები, სატირიკოსები და კარიკატურისტები. მათი უჩვეულო სტილი ხშირად თავნებობით გამოირჩევა და ეწინააღმდეგება საყოველთაოდ მიღებულ თვალსაზრისებს, მაგრამ ამასთან ორიგინალურიც არის და, ზოგ შემთხვევაში, მომავლის წინასწარმეტყველების ნიშნებსაც შეიცავს. რაკი ეს ადამიანები საზოგადოებას განუდგებიან, მის აზრს ანგარიშს არ უწევენ და მხოლოდ ზოგადსაკაცობრიო პრინციპებს გამოხატავენ, ამიტომ შეუძლიათ ხელოვნებაში ახალი მიმდინარეობების შექმნას შეუწყონ ხელი. შიზოიდური პიროვნებები ხშირად შეიგრძნობენ არსებულ გარემოებათა ფსიქოლოგიურ ატმოსფეროს, ყურადღებას ამახვილებენ სხვებისთვის შეუმჩნეველ მოვლენებზე და ისეთ სიტუაციებში გამოიჩენენ ხოლმე თავს, რომლებსაც სხვები ან ვერ აღიქვამენ, ან, საერთოდ, გაურბიან. ამიტომ შიზოიდურ პიროვნებათა მიერ შექმნილი ნაწარმოებები საშუალებას გვაძლევენ, უფრო ღრმად ჩავწვდეთ ადამიანის ბუნებას. ასეთი შიზოიდების საყოველთაო აღიარება მათივე სიცოცხლეში იშვიათად ხდება.       პროფესიულ საქმიანობას შიზოიდი პიროვნებები არცთუ დიდი გულისყურით ეკიდებიან, რადგან მათთვის, ბოლოს და ბოლოს, სულ ერთია, რა იქნება მათი საარსებო წყარო. ისინი საკუთარი პროფესიის მიღმა ცხოვრობენ და მათი ინტერესების სფერო უმთავრესად გართობითა და სასიამოვნო გატაცებებით შემოიფარგლება. შიზოიდი პიროვნებები ხშირად სიამოვნებით ჰკიდებენ ხელს ისეთ სამუშაოს, რომელიც მარტოობას მოითხოვს და არ საჭიროებს ადამიანებთან კონტაქტს. ისინი, არცთუ იშვიათად, გატაცებულნი არიან ცხოველებით, მცენარეებით, მინერალებით. მათ ასევე მოსწონთ ელექტრიკოსის, ტრანსპორტის მუშაკისა და სხვა ისეთი პროფესიები, რომლებიც საშუალებას აძლევს, ქვეცნობიერად და სიმბოლურად, ასე ვთქვათ – ზოგადად, დაიკმაყოფილონ ადამიანებთან კონტაქტისა თუ ურთიერთობის მოთხოვნილება. უფრო დიდი მასშტაბის შიზოიდურ პიროვნებებს შეუძლიათ გახდნენ დიდი გარდაქმნების მოთავეები და ინიციატორები, რადგან ისინი სკეპტიკურად აღიქვამენ ადამიანის ყოფას და მოვლენებს ინფერნალურად განიცდიან; მარტოობისთვის განწირულ შიზოიდურ პიროვნებებს საკუთარი თავი იმ ზღვრულ მდგომარეობამდე მიჰყავთ, რომლის გაცნობიერებასაც ვეღარ ახერხებენ.       ასაკთან ერთად, შიზოიდური პიროვნება სულ უფრო მარტოსული ხდება და მეტ უცნაურობებს ავლენს, თუმცა, ზოგ შემთხვევაში, მეტი გონიერებითაც გამოირჩევა. საერთოდ კი, შეიძლება ითქვას, შიზოიდური პიროვნებები სხვებზე ადვილად ეგუებიან დაბერების პროცესს და სიმარტოვეს უკეთ იტანენ, რადგან დამოუკიდებლობას და იზოლაციას შეჩვეულნი არიან. ისინი ადრევე ქმნიან საკუთარ სამყაროს, რომელშიც შეუძლიათ ისე იცხოვრონ, რომ არ ჰქონდეთ კავშირი ადამიანებთან; ამასთან, მათ არც სიკვდილი აშინებთ და ყოველგვარი სენტიმენტალობის გარეშე, მხნედ აღიქვამენ მას, როგორც ფაქტს. რაკი შიზოიდური პიროვნებები გარესამყაროსა და ადამიანებთან ურთიერთობით დიდად არ იწუხებენ თავს, ამიტომ დასათმობი და დასაკარგიც ბევრი არაფერი აქვთ; ისინი განსაკუთრებულ სიახლოვეს არავის, თვით საკუთარი თავის წინაშეც არ გრძნობენ, ამიტომ უფრო იოლად შეელევიან ხოლმე ყველას და ყველაფერს.       შიზოიდური პიროვნების პოზიტიურ თვისებებს, უპირველეს ყოვლისა, უნდა მივაკუთვნოთ მისი სწრაფვა დამოუკიდებლობისა და თავისუფლებისაკენ, გაბედული ქმედებები საკუთარი თავის მიმართ, მისი, როგორც ინდივიდუუმის, ავტონომია. შიზოიდურ პიროვნებას უნარი შესწევს, გულგრილად, ობიექტურად დააკვირდეს ფაქტებს და კრიტიკულად, მიუკერძოებლად შეაფასოს ისინი. ამასთან, ჰყოფნის გამბედაობა, მოვლენები ყოველგვარი შელამაზების გარეშე აღიქვას; ეს ყველაფერი კი მისი ხასიათის სიძლიერეზე მეტყველებს.       შიზოიდი ადამიანები ტრადიციებითა და დოგმებით არ იზღუდავენ დამოუკიდებლობას, თავის თავზე პასუხისმგებლობას არ იღებენ მანამ, სანამ ყველაფერს კარგად არ გადაამოწმებენ და არ გაიაზრებენ; ვერ იტანენ ვერავითარ სენტიმენტალობას, გაურკვევლობას და გრძნობებით კეკლუცობას; ნათლად, უკომპრომისოდ იცავენ თავის პრინციპებს და ყველაფერზე საკუთარი მოსაზრება გააჩნიათ; მათ ირონიულ და სატირულ, მახვილ მზერას არ გამოეპარება სხვა ადამიანების სისუსტეები, ამიტომ ძალიან ძნელია შიზოიდების მოტყუება. ისინი ადამიანებთან ურთიერთობისას ხშირად «უგერგილოდ» გამოიყურებიან, რადგან ვერ იტანენ არაგულწრფელობას და სიყალბეს. შიზოიდები დარწმუნებულნი არიან საკუთარ შესაძლებლობებში, ყოველგვარი ილუზიების გარეშე შეუძლიათ ცხოვრება; მათ სურთ საკუთარი ბედ-იღბალი თავადვე განკარგონ და ფიქრობენ, რომ შეუძლიათ შეებრძოლონ ბედისწერას, რადგან ადამიანი მათთვის საკუთარი ბედის მჭედელია.       აქვე უნდა მოვიხსენიოთ ის შიზოიდური ადამიანები, რომლებსაც აშკარად გამოხატული შიზოიდური სტრუქტურა აქვთ, მაგრამ ამის გამო სულაც არ წუხან, შესაბამისად – თავს ჯანმრთელად გრძნობენ. მათ ადამიანებისაგან განდგომა და დამოუკიდებლობა საკუთარ მონაპოვრად მიაჩნიათ, მაგრამ ამავე დროს სხვა ადამიანების ხარჯზე ცხოვრობენ, რომლებისთვისაც მათი შეუპოვრობა ძნელი ასატანია. ასეთ ადამიანებს მრავლად ვხვდებით; მათ შორის არიან ასევე ძლიერნი ამა ქვეყნისანი, რომლებიც სხვებზე მბრძანებლობენ და ადამიანებს ანგარიშგაუწევლად იყენებენ საკუთარი მიზნებისათვის.       აქაც და შემდგომაც, ცალკეული სტრუქტურული ტიპის «პოზიტიურ» წარმომადგენლებს ძალიან მოკლედ რომ აღვწერთ, ამის მიზეზი შემდეგია: ოთხი პიროვნული სტრუქტურის პრინციპული ხასიათის თვისებები ყველაზე თვალნათლივ მათი უკიდურესი ფორმების აღწერისას გამოვლინდება, რადგან ასეთ შემთხვევებში ყოველი სტრუქტურა, სავარაუდოდ, განვითარების უმაღლეს დონეს აღწევს. იმედია, ამის გამო არავინ განგვსჯის.       შიზოიდური ადამიანისათვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მან, თვითგადარჩენისა და ავტარკიისაკენ სწრაფვის დროს, მოპირდაპირე სქესისადმი ერთგულების საკითხი კი არ უგულებელყოს, არამედ თავისი განვითარების პროცესში მისი ინტეგრირება მოახდინოს; ეს მას თავიდან ააცილებს «საკუთარი ღერძის გარშემო» ცალმხრივად ზღვარგადასულ ტრიალსა და ავადმყოფურ იზოლაციაში მოქცევას, რაც პიროვნებას ადამიანური ურთიერთობების სფეროდან, საერთოდ, გამორიცხავდა.       «ცუდია, როდესაც ადამიანი მარტოა», რადგან ურთიერთობების გარეშე იგი ძალიან ადვილად ხდება კაცთმოძულე. წიგნის უკანასკნელ თავში დავინახავთ, რომ ოთხივე პიროვნული სტრუქტურის წარმომადგენლებს აქვთ მიდრეკილება, შეიცნონ ნებისმიერი საპირისპირო ტიპის მიმზიდველობა. ამაში მინდა დავინახოთ ადამიანის ქვეცნობიერი სწრაფვა იმისაკენ, რომ მოახერხოს საკუთარი თავის შევსება და გათავისუფლდეს ავადმყოფური ცალმხრიობისაგან. ამიტომ უმართებულო იქნება, თუ ამ ოთხი მთავარი იმპულსიდან რომელიმე მათგანს გამოვრიცხავთ და უგულებელვყოფთ მასთან დაკავშირებულ შიშის ფაქტორს.       «მე»-საკენ გაბედული შემობრუნება და საკუთარი პიროვნების დავიწყების მამაცური მცდელობა იმის წინაპირობაა, რომ ადამიანმა თავი დააღწიოს მისთვის აგრერიგად სახიფათო სიმარტოვეს; მას ამ დროს ეძლევა შესაძლებლობა, ადამიანების კეთილგანწყობა და ურთიერთობა მიიჩნიოს არა ტვირთად, ბორკილად და საფრთხედ, არამედ შეიგრძნოს იგი, როგორც შინაგანი ღირებულება, გრძნობებისა და განცდების ერთობლივი განვითარება და საკუთარი, შეზღუდული «მე»-ს განვრცობა პარტნიორის მეშვეობით. დამატებითი მოსაზრებები პიროვნებად ჩამოყალიბების შიშის შესახებ       მაგალითებმა დაგვანახა, როგორ გამოიყურება შიში და როგორ ხდება მისი დაძლევა დეპრესიული პიროვნებების მიერ. შიშის მეორე მთავარ ფორმას «საკუთარი ღერძის გარშემო ბრუნვის» ანუ საკუთარი არსებობის წინაშე შიში წარმოადგენს, რაც უშუალოდ «დაკარგვის» და «მარტო დარჩენის» შიშთან არის დაკავშირებული. ამრიგად, დეპრესიული პიროვნების შიში განსხვავდება შიზოიდის შიშისაგან, რომელსაც ადამიანებთან სიახლოვე და მათდამი ერთგულება იწვევს. როდესაც ადამიანი არ ცდილობს პიროვნებად ჩამოყალიბებას ანუ ინდივიდუაციას, იგი საკუთარ თავს რაღაც ძალიან არსებითზე ეუბნება უარს და მას ცხოვრების ობიექტად აქცევს. როგორც ჩანს, დეპრესიული ადამიანები დანაშაულის გრძნობის მიმართ იმის გამო იჩენენ მზაობას, რომ არ სურთ დაუპირისპირდნენ ცხოვრებისეულ გამოწვევებს და სრულყოფილ პიროვნებებად იქცნენ. შევეცადოთ, განვაზოგადოთ დეპრესიული პიროვნების სურათი. როდესაც ადამიანი უარს ამბობს ინდივიდუაციის პროცესზე და ამაში საკუთარი თავისადმი მეტისმეტ ერთგულებას ხედავს, ამის ზოგადი შედეგი ის არის, რომ ამ დროს ნებისმიერი სხვა ადამიანის გადაჭარბებული შეფასება ხდება, ხოლო თავად დეპრესიული პიროვნება, შესაბამისად, ღირებულებას კარგავს. საკუთარი «მე»-ს ამგვარი უარყოფის დადებით მხარეს, უპირველეს ყოვლისა, დეპრესიული პიროვნების ისეთი თვისებები წარმოადგენს, როგორიცაა თანაგრძნობა და თანაგანცდა. იგი ყოველთვის სხვა ადამიანზე, მის მდგომარეობასა და ინტერესებზე ფიქრობს და მასთან იდენტიფიკაციას ახდენს. ეს მას შესაძლებლობას აძლევს, უფრო ღრმად ჩასწვდეს მეორე ადამიანის ბუნებას და «საკუთარი თავი გადაიტანოს სხვაში», რაც, ერთი შეხედვით, ერთობ პოზიტიურ თვისებას წარმოადგენს. მაგრამ დეპრესიული პიროვნება მერე თითქოს ვეღარ ახერხებს იდენტიფიკაციის ამ პროცესიდან გამოსვლას და საკუთარ თავს ვეღარ უბრუნდება. ამით იგი მთლიანად კარგავს საკუთარ თვითობას და, შესაძლოა, მეორე ადამიანის ექოდ გადაიქცეს. აქვე უნდა ითქვას, რომ ქრისტიანული მცნება: «გიყვარდეს მოყვასი შენი, ვითარცა თავი შენი», მას არასწორად ესმის და ასე მოიაზრებს:       «გიყვარდეს მოყვასი შენი საკუთარ თავზე მეტად». დეპრესიული პიროვნებების ამგვარ განწყობას სხვა ადამიანები ხშირად თავიანთ სასარგებლოდ იყენებენ. ამიტომ დეპრესიული ადამიანის მოლოდინი, რომ სხვებიც მასავით გულისხმიერებას, მგრძნობიარობას და თანადგომას გამოიჩენენ, ცხოვრებაში იშვიათად მართლდება. მას გამოცდილება, პირიქით, უჩვენებს, რომ სხვები უფრო თამამები და ეგოისტურები არიან, და ამით მეტ წარმატებას აღწევენ. სწორედ ამ დროს იქმნება კრიტიკული მდგომარეობა; ჩვენ უკვე აღვწერეთ, ადამიანმა როგორ აქციოს საკუთარი გაჭირვება სათნოებად, როგორ აამაღლოს თავისი საქციელი იდეოლოგიამდე, რათა შურს მოერიოს და ამის წყალობით მორალური უპირატესობა აღიქვას, როგორც ნუგეში; რადგან დიდი ღირსებაა, სხვაში უშურველად აღიარო ის, რასაც საკუთარ თავს უკრძალავ ან რისი მიღწევაც თავად არ შეგიძლია; მით უფრო, რომ ასეთი საქციელი შეესაბამება კოლექტიურ და რელიგიურ იდეალებს, რომლებსაც ქრისტიანულ მოძღვრებაში ვხვდებით.       დეპრესიული ადამიანის იდეოლოგია, ნებისმიერი იდეოლოგიის მსგავსად, ძნელად ექვემდებარება გადამოწმებას. იგი უკვე იმის გამო ვერ ამბობს უარს ამ იდეოლოგიაზე, რომ ძალიან ძვირად დაუჯდა თვითაღკვეთა და შურის დაძლევა, თან მორალურ კმაყოფილებასაც განიცდის ამის გამო; და, ბოლოს და ბოლოს, ადამიანი თავად ხომ ვეღარ ჩაიდენს იმას, რასაც სხვებში ასე უარყოფს და განსჯის! ამას ემატება ისიც, რომ დეპრესიულმა პიროვნებამ არ იცის, როგორ ჩაერთოს გარესამყაროსთან და ადამიანებთან უამრავ ახალ ურთიერთობაში, რადგან საამისოდ ცხოვრებისეული ალღო აკლია, ეს კი მას კვლავ ძველი გზით მიაქანებს. ამრიგად, დეპრესიული ადამიანი სულ უფრო და უფრო იხლართება საკუთარი იდეოლოგიის ქსელში, რომელიც მისთვის არანაირად წარმოადგენს ხსნას, რადგან მან ამ დროს ისეთი სისუსტე უნდა გადალახოს, რომელსაც შიში ჰქვია. როგორც გოეთეს ზემოთ მოყვანილი ცოტატა გვამცნობს, ჭეშმარიტი სუბლიმაციის უნარი იშვიათად თუ არსებობს. ამ იდეოლოგიის მქონე თავმდაბალი და მორჩილი ადამიანი ვერ გათავისუფლდება შურისაგან, რადგან იგი მუდმივად შეიგრძნობს ამ ცხოვრების «უსამართლობის» სიმწარეს.       ყოველდღიურ ცხოვრებაში გვხვდება მთელი რიგი ისეთი ჩვეულებრივი, უმნიშვნელო შემთხვევები, როცა დეპრესიული პიროვნების ქცევა ნევროზის სახით გამოვლინდება და მასზე ღრმა კვალს ტოვებს. მაგრამ დროული ყურადღების შემთხვევაში, ამას შეიძლება ეშველოს. მაგალითად, თუ დეპრესიულ პიროვნებას სტუმრები ჰყავს, ან თავად იმყოფება სტუმრად, მას ყოველთვის აქვს შეგრძნება, რომ მხოლოდ ის აგებს პასუხს სტუმრების გართობაზე, და, თუ სტუმრობა სათანადოდ არ ჩაივლის, არასრულფასოვნების ან დანაშაულის გრძნობა ეუფლება. ამ დროს თავად მის საქციელს სილაღე და უშუალობა აკლია და აზრად არ მოსდის, რომ სტუმრების გართობაში სხვებმაც უნდა შეიტანონ წვლილი; მან არ იცის, რომ ამ დროს ადამიანი შეიძლება თავს «ბედნიერად» გრძნობდეს, და, ამრიგად, მთელ პასუხისმგებლობას ამ სიტუაციაში საკუთარ თავზე იღებს. ასეთ მტანჯველ მდგომარეობაში აღმოჩნდებოდა ხოლმე ერთი პაციენტი იმ დროს, როდესაც მეგობრებს უცხო ადამიანს აცნობდა. ის მეტისმეტად დაძაბული იყო და ეშინოდა, ვაითუ მის მეგობრებს ახლად გაცნობილი ადამიანი არ მოსწონებოდათ, ან მისი მეგობრებით ეს უკანასკნელი დარჩენილიყო უკმაყოფილო. ეს პიროვნება ვერც კონცერტზე ყოფნისას განიცდიდა სიამოვნებას, რადგან საკუთარი თავის იდენტიფიკაციას, ერთი მხრივ, შემსრულებელთან, მეორე მხრივ კი – მაყურებელთან ახდენდა. მას ორმაგი შიში ეუფლებოდა იმის გამო, რომ ან შემსრულებელი ვერ გაამართლებდა მაყურებლის მოლოდინს და მას იმედს გაუცრუებდა, ან თავად შემსრულებელი დარჩებოდა უკმაყოფილო იმით, რომ მაყურებელმა იგი მქუხარე ტაშით არ დააჯილდოვა.       ამრიგად, პაციენტი არასოდეს განასახიერებდა საკუთარ თავს და მუდმივად შუალედურ პოზიციაში იდგა სხვა ადამიანებს შორის. იგი ამ დროს, გაუცნობიერებლად, ისევ და ისევ ადრინდელ სიტუაციებს იმეორებდა, როდესაც მხოლოდ გარშემომყოფთა განწყობას იზიარებდა და მათ წინაშე კმაყოფილებას გამოხატავდა. პაციენტი ამ დროს ჩრდილში დგომას ამჯობინებდა, რათა თავი ოდნავ მაინც დაცულად ეგრძნო და საფრთხის ქვეშ არ დაეყენებინა ის სიყვარული, რომელსაც ამ ადამიანებისაგან გრძნობდა. უნდა ვივარაუდოთ, რომ დეპრესიული პიროვნების დამოკიდებულება საკუთარი თავის მიმართ ამ შემთხვევაში მოჩვენებითია და დიდად განსხვავდება შიზოიდური ადამიანისაგან. რაკი ეს უკანასკნელი ადამიანებთან არ კონტაქტობს, მათთან ნებისმიერი ურთიერთობა მის აღელვებას და აგრესიას იწვევს; დეპრესიული პიროვნების ურთიერთობა კი მეორე ადამიანთან მუდამ მოჩვენებითია; იგი ყოველგვარ პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე იღებს, მაგრამ ამ დროს განდიდების მანიით კი არ არის შეპყრობილი, არამედ მას საკუთარი სუსტი «მე» აიძულებს, თავისი ცხოვრების ნაცვლად, უმთავრესად სხვისი ცხოვრებით იცხოვროს.       ალბათ, ისიც გასაგებია, რომ დეპრესიულმა პიროვნებამ ბოლოს და ბოლოს თავი უნდა დაიცვას საკუთარი «მე»-ს მიმართ წაყენებული გადაჭარბებული მოთხოვნებისაგან, რასაც იგი ქვეცნობიერად განიცდის და, აქედან გამომდინარე, დანაშაულის გრძნობა არ გააჩნია; სხვაგვარად, იგი ამ მდგომარეობას თავს ვერ დააღწევს და, შესაძლოა, ყველაფერმა ამან სომატურ სიმპტომებში იჩინოს თავი. ასეთ ადამიანებს ძალიან სიამოვნებთ, თუ მათ რაიმე ავადმყოფობას აღმოუჩენენ და საავადმყოფოში მოხვდებიან; ამ დროს, ბოლოს და ბოლოს ერთხელ მაინც მიეცემათ უფლება, რომ სხვებისგან იგრძნონ მზრუნველობა და არავისზე აღარ იდარდონ. ახლა მათ უკვე აღარ აწუხებთ დანაშაულის გრძნობა და აღარ განიცდიან, რომ ავად გახდნენ და «საკუთარი თავი უარყვეს».       იმის გამო, რომ დეპრესიული პიროვნება არ არსებობს როგორც «დამოუკიდებელი სუბიექტი», მასში შური და უმწეობა წარმოშობს სიძულვილს, რომელიც გამოწვეულია იმით, რომ სხვებს საკუთარი თავის გამოყენების საშუალებას აძლევს. დანაშაულის მტანჯველი გრძნობისგან განთავისუფლება კი იმ შემთხვევაში ხდება, თუ დეპრესიული ადამიანი საკუთარი თავმდაბალი, მორჩილი, მშვიდობიანი და უპრეტენზიო საქციელისათვის შესაბამის იდეოლოგიას გამოიმუშავებს. ამ შემთხვევაში მას შეუძლია ჰქონდეს იმედი, რომ სიმშვიდეს მოიპოვებს; მაგრამ ეს ისევ ის სახიფათო სიმშვიდეა, რომლის მიღმაც კვლავ ფარული აფექტების დაგროვება ხდება.       სახიფათოა ნებისმიერი იდეოლოგია, რომელიც გამარტივებულად ახდენს ადამიანის რომელიმე მთავარი იმპულსის აბსოლუტიზაციას და არ ცდილობს სხვა იმპულსების გათვალისწინებას; ამით იგი უფრო დამაჯერებლად ახდენს ადამიანების იზოლაციას. ადამიანის სულს, მის ქვეცნობიერს, გააჩნია თვისება, ყურადღება ცალმხრივობებზე გადაიტანოს; ეს კი ანტინომიურ ძალებს შორის არსებულ, იმ აგრერიგად ნაყოფიერ დაძაბულობას უქმნის საფრთხეს, რასაც ცხოვრება ჰქვია; ოღონდ ამის გაცნობიერება ჩვენი სიზმრების, არასწორი ქმედებების, პარტნიორებთან ურთიერთობების და, უპირველეს ყოვლისა, შიშის წყალობით ხდება. ასე, მაგალითად, მეტისმეტად თავმდაბალ და მშვიდობიან ადამიანს სხვაზე გადააქვს ის სიზმრები, რომლებშიც დათრგუნული განწყობა უკიდურესი სახით გამოვლინდება. მაგრამ ეს არის მინიშნება იმაზე, რისი ინტეგრაციაც მას საკუთარ თავში უნდა მოეხდინა. მსგავსი დამატებითი მოთხოვნები საკუთარი თავის მიმართ, შესაძლოა, პარტნიორის შერჩევის დროსაც არსებობდეს, რადგან ადამიანს ხშირად იზიდავს და ხიბლავს თავისი საპირისპირო ტიპი; იგი ვარაუდობს, რომ მასთან ურთიერთობის დროს ისწავლის იმას, რისი უნარიც ცხოვრებაში თავად არ გააჩნია, ახლა კი ასეთი შანსი მას, ასე თუ ისე, ეძლევა.       მთავარი ადამიანური იმპულსების განხილვის დროს, ჩვენ კვლავ ვხვდებით მოწმე იმისა, რომ ადამიანის ვერგანცდილი თუ დათრგუნული იმპულსი შინაგანად ან გარეგნულად მაინც გამოვლინდება. ზოგიერთ სიტუაციაში ან პარტნიორთან შეხვედრის დროს, შესაძლოა, დეპრესიულ ადამიანს არ ეყოს გამბედაობა, რომ საკუთარი თავი სუბიექტად წარმოაჩინოს; ეს კი გადაუჭრელ კონფლიქტს გამოიწვევს. არსებობს ისეთი სიტუაციებიც, როდესაც დეპრესიული პიროვნების შემწყნარებლობა თავის ზღვარს აღწევს, რის შედეგადაც მას ათასგვარი საქციელის ჩადენა შეუძლია. გამორიცხული არ არის, რომ დეპრესიულ ადამიანში დაგუბებულმა აფექტებმა ჯებირი გაარღვიოს და გამანადგურებელი შედეგები გამოიწვიოს. ამ დროს ჩვენი პიროვნების არაინტეგრირებული ნაწილი თითქოს გამოცალკევდება და არქაული ფორმით გამოვლინდება; ეს იმ ახალგაზრდა ქალის მაგალითზე დავინახეთ, რომელიც ჭამის და ქურდობის მანიით იყო შეპყრობილი.       დეპრესიული სტრუქტურის მქონე პიროვნებებს შორის არსებობენ სავსებით ჯანმრთელი ადამიანები, რომლებიც სუსტი დეპრესიის ნიშნებს გამოავლენენ, მაგრამ მძიმე და უმძიმესი დეპრესიის შემთხვევებიც არცთუ იშვიათად გვხვდება. ამის შედეგად მივიღებთ დეპრესიული თვისებების შემდეგ კლასიფიკაციას: კონტემპლაცია (დაკვირვება), გონებით ჭვრეტა, მშვიდი ინტროვერტულობა, თავმდაბლობა, მორიდებულობა, მოთხოვნებისა და საკუთარი თავის დამკვიდრების დამუხრუჭება, სიმყუდროვის განცდის სურვილი, რეცეფციული პასიურობა, პასიური მოლოდინი (ბედნიერი და საამური ცხოვრების მოლოდინი), უიმედობა, დეპრესია, მელანქოლია. ამ ჩამონათვლის ბოლოს, არცთუ იშვიათად, დგას ხოლმე თვითმკვლელობა, სრული აპათია, გულგრილობა. ნარკოტიკული დამოკიდებულების დროს ადამიანი მხოლოდ დროებით გრძნობს შვებას და ეხსნება დეპრესია. მანიაკალურ-დეპრესიული ფსიქოზი მძიმე სულიერი დაავადებაა და არ ჰგავს შიზოიდებისთვის დამახასიათებელ სულიერ მდგომარეობას, რაც მოწმობს, რომ ორივე დაავადების გენეზისი ადამიანის ფსიქიკის სხვადასხვა დონეზე იწყება; დეპრესიული, დამუხრუჭებული და მანიაკალური, ზეაღტაცებული ფაზების ურთიერთმონაცვლე პროცესები (მწუხარებიდან – აღფრთოვანებამდე) მთლიანად წარმოაჩენს ადამიანის ცხოვრებისეულ სივრცეს. მანიაკალურ ფაზაში გარკვეულ დროით აღარ არსებობს არავითარი დამუხრუჭება და აკრძალვა; დეპრესიული პიროვნება ამ დროს უჩვეულოდ აღტკინებული და მხიარულია, ყიდულობს უამრავ ნივთს, იღებს ვალებს და აღსავსეა ოპტიმიზმით, რის შემდეგაც იწყება დეპრესიის ფაზა; მხიარული განწყობა ქრება და პაციენტი კვლავ აპათიაში ვარდება. როდესაც ხდება გარკვეული რიტმული მონაცვლეობა პაციენტის ზეაწეულ განწყობასა და დათრგუნულ მდგომარეობას შორის, მის ცხოვრებაში იმედიანი გამონათების წუთებს განსაკუთრებით მკვეთრად ცვლის უიმედო სასოწარკვეთა, მაშინ როცა მელანქოლიის დროს მხოლოდ უიმედობა არსებობს.       დეპრესიული პიროვნებები ხშირად რელიგიურები არიან. რელიგიაში მათ ყველაზე მეტად ტანჯვისგან თავდახსნისა და მიმტევებლობის იდეა იზიდავთ. ტანჯვას და სევდას ისინი ხშირად მიჰყავს საყოველთაო ერთობის მისტიკურ განცდამდე, რასაც ისინი მედიტაციის გზით აღწევენ. გარდა ქრისტიანული რელიგიისა, რომელსაც, როგორც რწმენას, ისინი მორჩილებით ეზიარებიან, დეპრესიული პიროვნებები ხშირად მიმართავენ ბუდიზმს და სიამოვნებით იზიარებენ ამქვეყნიური ცხოვრებისგან განდგომის მისეულ იდეას. ამ ადამიანებს იზიდავთ რწმენის ნებისმიერი გამოვლინება, რომელიც პიროვნებას თავდავიწყებისა და თვითაღკვეთისკენ მოუწოდებს. მათ სწამთ, რომ, მართალია, ამქვეყნიური ცხოვრება ვერ მოიწყეს, მაგრამ, სამაგიეროდ, იმქვეყნად იპოვიან ბედნიერებას და, რაც უფრო მეტად დაიმცირებენ ან დაამცირებინებენ სხვას თავს, იმქვეყნად მით უფრო ამაღლდებიან. იმქვეყნად სამართლიანობისა და ბედნიერების ზიარება თავდადებას და თვითაღკვეთას მოითხოვს, მაგალითად, ახალგაზრდების მძიმე მუშაობა მომვლელებად და ადამიანის ზრუნვასთან დაკავშირებული სხვა სამუშაოები. დეპრესიული ადამიანები, ალბათ, ყველაზე მეტად განიცდიან საკუთარ რწმენაში მომხდარ ცვლილებებს, რაც გამოწვეულია თანამედროვე საბუნებისმეტყველო მეცნიერებების მიღწევებით. დეპრესიულ პიროვნებას რწმენა აძლევს ცხოვრების აზრს, მაგრამ თანამედროვე მეცნიერებების ცალმხრივად, რაციონალურად დადასტურებული ფაქტები არყევენ ამ რწმენას, რადგან ისინი ცდილობენ რელიგიური გრძნობები ხან ფსიქოლოგიურ და მეტაფიზიკურ მოვლენებს «დაუკავშირონ», ხანაც წმინდა წარმოსახვითი აზროვნებით ახსნან. ამ დროს დეპრესიული პიროვნება ხშირად ვერ აცნობიერებს, რომ ეს მეცნიერებები, თავიანთი გამოთვლითი და კაუზალური მეთოდებით, ჩვენი ცხოვრების და სამყაროს მხოლოდ ერთ გარკვეულ ასპექტს შეიმეცნებენ; დეპრესიულ ადამიანს ასევე არ ესმის, რომ მეცნიერება, რომლის უმთავრეს მიზანსაც ბუნებასთან ბრძოლა შეადგენს, ადრე თუ გვიან, საკუთარ ხლართებში გაებმება. ამის ნიშნები კი უკვე შეიმჩნევა.       ჯანმრთელმა ადამიანმა, რომელსაც აქვს მიდრეკილება დეპრესიისადმი, შესაძლოა, თავისი რელიგიურობით ღრმა შინაგანი სულიერება მოიპოვოს, რასაც იგი, არცთუ იშვიათად, მისტიკურ სამყაროში გადაჰყავს. სიკვდილს იგი უყურებს, როგორც ტანჯვისგან ხსნას და ამ დროს სიკვდილისადმი მორჩილებას ყველაზე ხშირად გამოხატავს.       «დაე, აღსრულდეს ნება შენი», – ეს სიტყვები მისთვის ბედისადმი მორჩილებას ნიშნავს და მასზე დიდი ძალა აქვს. დეპრესიული ადამიანი ბედისადმი სრულ შემგუებლურ განწყობას ყველაზე ხშირად amor fati-ს მნიშვნელობით გამოავლენს. იგი თავის ბედ-იღბალს მხოლოდ საკუთარ დანაშაულს უკავშირებს, მზადაა, გამოისყიდოს ყოველგვარი დანაშაული და ადვილად გახდეს იმ ადამიანის მსხვერპლი, ვინც მის ამ თვისებას ბოროტად გამოიყენებს.       ზნეობის სფეროში მიღებული წესებისა და აკრძალვების მნიშვნელობა მას სიტყვა-სიტყვით ესმის; ამის გამო დეპრესიული ადამიანი საკუთარ თავს მეტისმეტად დიდ მოთხოვნებს უყენებს, რაც აძლიერებს მასში თვითბრალდების გრძნობას. თვითაღკვეთით, ცხოვრებისგან განდგომით და თავის მსხვერპლად მოტანით იგი ცდილობს, გაექცეს გარესამყაროს და მასთან შეხლა-შემოხლას. როგორც ყოველთვის, ჩვენი სიცოცხლე ამ შემთხვევაშიც ბეწვის ხიდია, რომელზეც ადამიანმა გულწრფელობიდან სიყალბემდე მხოლოდ ერთი ნაბიჯი უნდა გადადგას. შედარებით ნაკლებად დეპრესიული პიროვნებები სანიმუშო მშობლები და აღმზრდელები არიან და ადამიანებთან ურთიერთობას კარგად ახერხებენ. ისინი გრძნობენ ბავშვის განწყობას და ცდილობენ გაუგონ მას. საფრთხე იმაში მდგომარეობს, რომ ცხოვრებისეული სიძნელეებისა და «დაკარგვის შიშის» გამო, მათ შეუძლიათ, ბავშვი ძალიან მიიჩვიონ, მეტისმეტ მზრუნველობას იჩენენ მის მიმართ, რამაც შეიძლება შეაფერხოს ბავშვის განვითარება. ამასთან, ისინი ბავშვთან ხშირად ვერ იცავენ საჭირო დისტანციას, არათანმიმდევრულები არიან და, საჭიროების შემთხვევაში, მის მიმართ სიმკაცრესაც ვერ იჩენენ; მათი ლმობიერება კი ბავშვს მხოლოდ ვნებს. თანაც ეს ადამიანები მას არავითარ მითითებებს არ აძლევენ, რადგან მისი სიყვარულის დაკარგვისა ეშინიათ. დეპრესიული ადამიანის მერყევი ხასიათი ნებისმიერი ურთიერთობისას ვლინდება. დედებს, რომლებსაც უიღბლო ბავშვობა ჰქონდათ, ხშირად აქვთ ასეთი განწყობა და ამბობენ: «მინდა, ჩემი შვილი უკეთეს პირობებში გაიზარდოს». ამის გამო ისინი თავიანთ შვილებს დათვურ სამსახურს უწევენ.       დეპრესიულ პიროვნებებს ისეთი საქმიანობა მოსწონთ, როდესაც ვინმეზე ზრუნავენ, ვინმეს ეხმარებიან ან რაიმე სამსახურს უწევენ. ისინი მზად არიან, მსხვერპლად გაიღონ თავი, ადამიანების მიმართ მოთმინება და გულისხმიერება გამოიჩინონ და, ამრიგად, თავიანთი საუკეთესო თვისებები გამოავლინონ. მათ შორის ხშირად გვხვდებიან ექიმები და ფსიქოთერაპევტები, რადგან ეს პროფესიები აძლევს მათ შესაძლებლობას, თანაგრძნობა და მზრუნველობა გამოიჩინონ ადამიანების მიმართ. დეპრესიული პიროვნებები მოთმინებით გამოირჩევიან და, კარგი მებაღის მსგავსად, ლოდინის უნარი გააჩნიათ. ექიმის, ღვთისმსახურის ან პედაგოგის პროფესიის არჩევის დროს ისინი თავიანთი მოწოდებით ხელმძღვანელობენ და არა სახელის, ფინანსური კეთილდღეობის ან რაიმე გამორჩენის გამო. მათთვის ახლობელია აგრეთვე მეტყევის და მომსახურების სფეროს თანამშრომლის საქმიანობა, რომელიც ასევე ადამიანებზე ზრუნვას უკავშირდება.       დეპრესიული ადამიანების სტრუქტურული სპეციფიკა სიზმრებში გამოვლინდება; სიზმრებში ადამიანის იმედგაცრუება და გარესამყაროსგან განდგომა განსაკუთრებით ხშირად ჭამის პრობლემებს უკავშირდება. დეპრესიული პიროვნებები ვერ ბედავენ საჭმელზე უარისთქმას. ისინი სიზმარში მიდიან გაშლილ სუფრასთან, მაგრამ იქ მათთვის ან ადგილი აღარ არის, ან ყველაფერი უკვე შეჭმულია. ასეთ სიტუაციებში დეპრესიული ადამიანის განცდები შეიძლება «ტანტალოსის ტანჯვას» შევადაროთ. ჭამის პრობლემა იმაშიც გამოიხატება, რომ სიზმარი იწყება სურვილით და იმპულსით, რომელსაც გზად აუცილებლად წინააღმდეგობა გადაეღობება. სიზმარში მყოფი ადამიანი ვერასოდეს აღწევს მიზანს. ვისაც შეთავაზებულის აღების უფლება არა აქვს, მას ისღა დარჩენია, საკუთარი სურვილების შესრულებას დაელოდოს. ეს ქმნის ფონს სამოთხისეული სიზმრების სივრცისათვის, რომელშიც ადამიანს მისთვის სასურველი ყველაფერი მიერთმევა. ასე ხდება დეპრესიულ პიროვნებაში სურვილისა და პასიური მოთხოვნების ურთიერთდაპირისპირება. დეპრესიულ პიროვნებას ასევე შეიძლება დაესიზმროს მეკობრეები და ავაზაკები, რომლებიც მას თავს ესხმიან. ეს არის გზა, რომლის საშუალებითაც დეპრესიული პიროვნება ათვალსაჩინოებს საკუთარ გამოდევნილ განცდებსა და აზრებს ყაჩაღობისა და ქურდობის მიმართ, რაც მისთვის არაჯანსაღი და მიუღებელია. დეპრესიის დაწყებისათვის ასევე მნიშვნელოვანია საკითხი, რომელიც საკუთარი თავის ან სხვის მიმართ მოთხოვნების წაყენებას ეხება. ამ საკითხმა დეპრესიული ადამიანის სიზმარში შეიძლება, მაგალითად, შემდეგი სახე მიიღოს:       «მამასთან ერთად ვმოგზაურობ მთებში. ციცაბო ბილიკით მივდივართ. ზურგზე ჩანთა მაქვს აკიდებული; მის ბარგს და ქურთუკსაც მე მივათრევ».       დეპრესიულად განწყობილი, მაგრამ ჯანმრთელი ადამიანისათვის ამ დროს დამახასიათებელია გულისხმიერება და მზაობა, რათა მოყვასს დახმარების ხელი გაუწოდოს და მისი მდგომარეობა გაიზიაროს. ასეთ პიროვნებას შენდობის უნარი გააჩნია, მას შეუძლია დაელოდოს სიტუაციის მომწიფებას და თან ოდნავი ეგოიზმით გამოირჩევა. მისი ურთიერთობები ადამიანებთან ემოციებს ემყარება, თავმდაბალი და უპრეტენზიოა მათ მიმართ, მისთვის ხელსაყრელ პირობებზე ადვილად შეუძლია უარისთქმა. ცხოვრება დეპრესიულ პიროვნებას, პირიქით, მძიმე ეჩვენება, მაგრამ შეუძლია მდგომარეობა იუმორის მეშვეობით გააწონასწოროს და თქვას: «იუმორის დროს ადამიანი, მიუხედავად ყველაფრისა, მაინც იცინის». დეპრესიული ადამიანი ხშირად ღრმად ღვთისმოსავია, თუმცა ამ დროს ყოველთვის ეკლესიური არ არის; ეს უფრო ცხოვრებისეული ღვთისმოსაობაა. მას სწამს, რომ ადამიანის ბედი ღმერთის ხელშია, და, ამასთან, მოსალოდნელ საფრთხეებსაც ხედავს. მაგრამ ცხოვრებაზე ხელის აღება არ სჩვევია, რადგან უყვარს იგი. მისი ყველაზე მთავარი სათნოება თმენისა და გაძლების უნარია. დეპრესიული პიროვნება, ალბათ, მოიწონებდა შპიტელერის აზრს, რომელსაც იგი თავის ნაწარმოებში, «პრომეთე და ეპიმეთევსი» გამოთქვამს: «მოკრძალებით შეაფასე საკუთარი თავი». ამით დეპრესიული პიროვნება ცდილობს, ჩრდილში იდგეს, ამიტომ მისი «აღმოჩენაა» საჭირო; ის ხშირად ღრმა და დამდგარ წყალს მოგვაგონებს. დეპრესიული პიროვნების ყველაზე მშვენიერ თვისებებს გულისხმიერება და ადამიანებისადმი თბილი დამოკიდებულება წარმოადგენს; მიღწეულ წარმატებას იგი ნაკლებად მიაწერს საკუთარ ნიჭსა და უნარს, მას ღვთის წყალობად მიიჩნევს და «მორჩილებით» ცხოვრობს, ამ სიტყვის ჭეშმარიტი გაგებით. დამატებითი მოსაზრებები ცვლილებების წინაშე შიშის შესახებ       შეიძლება ითქვას, რომ ჩვევები ჩვენი აკვიატებული აზრებისა და ქცევების დასაწყისზე მიგვანიშნებენ; დილით ადგომა, ჩაცმა თუ სხვა «სასურველი ჩვევები» ადამიანს თავის დასამკვიდრებლად სჭირდება, მათი შესრულების დროს გარკვეულ თვითკმაყოფილებას გრძნობს და ადვილად ღიზიანდება, თუ ამაში რაიმე უშლის ხელს. მაგრამ ეს ჩვევები ჩვენში არავითარ დაძაბულობას და უსიამოვნო შეგრძნებებს არ იწვევს, ამიტომ მათ აკვიატებასაც ვერ დავარქმევთ. ჩვევები ადამიანს დროისა და ენერგიის დაზოგვის მიზნით უყალიბდება და მათი შეცვლა ან უგულებელყოფა შეუძლია, თუ ამას მოინდომებს ან მიზანშეწონილად მიიჩნევს. ჩვევებს ფართოდ აქვს გადგმული ფესვები ჩვენს სოციალურ, საზოგადოებრივ და რელიგიურ ცხოვრებაში; ისინი იმ წესრიგსა და ქცევის წესებს გვთავაზობენ, ყველანი ერთნაირად რომ ვიცავთ. აკვიატებულ აზრებსა და ქცევებზე კი მხოლოდ მაშინ შეიძლება ლაპარაკი, როდესაც ადამიანს სხვაგვარად მოქცევა არ შეუძლია და გარკვეულ სიტუაციებში თავისდაუნებურად ისეთ საქციელს ჩადის, რაც მას უაზრობად მიაჩნია.       ჩვენ ხისტ აღმზრდელობით მეთოდებსაც გავეცანით და დავინახეთ, რომ მეტისმეტად ავტორიტარულმა და პრინციპულმა აღზრდამ, შესაძლოა, ბავშვის განვითარების პროცესში ობსესიური თვისებების გამოვლინებას შეუწყოს ხელი, მით უფრო, თუ ამ მეთოდების გამოყენებას ძალიან ადრეულ ასაკში იწყებენ. როდესაც მშობლები ბავშვის არასასურველი ქცევის დათრგუნვას ცდილობენ, ამან შეიძლება ის შედეგი გამოიღოს, რომ ბავშვს პერფექციონიზმისადმი მიდრეკილება გაუჩნდეს და როგორც საკუთარი თავის, ისე სხვების მიმართ შეუწყნარებლობა და დიქტატორულ-დოგმატური ჩვევები გამოავლინოს. ობსესიური ადამიანი პერფექციონიზმს სადღაც მაინც გამოავლენს და მისმა ქმედებამ ამ დროს, შესაძლოა, უმართებულო და არასასურველი სახე მიიღოს. ობსესიურ პიროვნებას სამყარო ყოველთვის ისეთად წარმოუდგენია, როგორსაც იგი თავის წარმოსახვაში ხედავს. რა ძალითაც იგი საკუთარ თავში თავდაპირველი ცხოვრებისეული საწყისის ჩახშობას შეეცდება, იმავე სიძლიერით გამოვლინდება ეს მცდელობა აკვიატებად; რადგან მხოლოდ «ქაოსზე» და მის მართვაზე მიმართული წესები და კანონები გვაძლევს იმის გარანტიას, რომ არაფერი ისეთი არ მოხდება, რაც არ შეიძლება, რომ მოხდეს. აი, მაგალითად, კედელზე გვერდულად დაკიდებულმა სურათმა შეიძლება უკვე გააღიზიანოს კაცი არა მხოლოდ ესთეტიკური თვალსაზრისით, არამედ იმითაც, რომ ამ დროს დარღვეულია ის წესი და კანონი, რომლის თანახმადაც სურათები უნდა დაიკიდოს.       «ნორმიდან» ნებისმიერი ამგვარი უმნიშვნელო გადახვევა შემდეგ საფრთხეებს გულისხმობს: თუ სურათებს ყოველთვის გვერდულად დაკიდებენ, არავინ იცის, რა მოხდება შემდეგ. ხომ შეიძლება უწესრიგობამ მოიცვას ყველაფერი და კონტროლის სადავეები დაიკარგოს?! ობსესიური ადამიანების ზოგიერთი ქცევის წესი უფრო გასაგები გახდება, თუ გავითვალისწინებთ, რომ, დათრგუნული განწყობისა და მგრძნობიარე ბუნების გამო, ისინი წვრილმანებზე ძალიან რეაგირებენ და ზოგჯერ სწორედ ეს წვრილმანი ხდება მათი «დასასრულის დასაწყისი». სისტემურობის სულ მცირე დარღვევის და ყურადღების მოდუნების შემთხვევაში, შესაძლოა, დათრგუნულმა გრძნობებმა მთელი ძალით ამოხეთქონ და იმ თოვლის გუნდასავით აგორდნენ, გამოდევნილი იმპულსების ზვავს რომ იწვევს.       გეოლოგებს ეკუთვნით ერთი პარადოქსული მოსაზრება, რომელიც ნათელს გახდის ჩვენ მიერ გამოთქმულ აზრს: ადამიანი ძალიან სასარგებლო საქმეს ეწევა, როდესაც მთის ქანებს თხრის; მაგრამ გათხრის დროს, შესაძლოა, «ქანის ძარღვი» დააზიანოს; ამიტომ გეოლოგების რჩევაა, სიფრთხილე გამოვიჩინოთ და «ძლიერად არ დავკრათ» წერაქვი მთის ქანს. ობსესიურ ადამიანს სწორედ ამ სიფრთხილის დაცვა უჭირს. პერფექციონიზმი აიძულებს, ისევ და ისევ დიდი სიზუსტით აღიქვას მოვლენები. ასეთი სიზუსტე აუცილებელია ისეთი საქმიანობებისთვის, როგორიცაა, მაგალითად, მანქანის ფუნქციონირება ან მშენებლობის სტაბილურობა და სანდოობა. მაგრამ, რამდენადაც ეს სიზუსტე საჭიროა ასეთ სფეროებში, იმდენად ზღუდავს იგი შემოქმედებით აზროვნებას. მხოლოდ ობსესიურ ადამიანს შეუძლია სერიოზულად იკამათოს იმაზე, რამდენი ანგელოზი მოთავსდება ნემსის წვერზე. ობსესიური აზროვნება ადვილად შეიჭრება ტვინის სტერილურ ნეირონებში, ადგილს აღარ უტოვებს თავისუფალ შემოქმედებით ძალებს და მათი დამუხრუჭების მიზეზი ხდება. ობსესიურ პიროვნებას აუცილებლად მიაჩნია სავარაუდო შეცდომებისა თუ მცდარი ნაბიჯებისაგან თავის დაცვა; იგი გადაჭარბებულ მნიშვნელობას ანიჭებს რაიმე საქმეში კორექტივების შეტანას და შეცდომების გასწორებას, რაც შეიძლება დაუსრულებლად გაგრძელდეს, რადგან სრულყოფილებას ვერასოდეს მიაღწევს. ამის გამო ობსესიურ ადამიანებს გამუდმებით ემუქრებათ ის, რომ ისინი საკუთარ მოსაზრებებს და თვალსაზრისებს ad absurdum მიიყვანენ, თუმცა ამ დროს ცდილობენ, ისინი აბსოლუტურად გაამარტივონ და მნიშვნელოვანი გახადონ. მაგრამ, თუ მათ ამ ქმედებას უფრო ფართოდ შევხედავთ, დავინახავთ, რომ ობსესიური ადამიანები ამით, შესაძლოა, ცხოვრებისეულ კანონს აღასრულებენ. ეს კი იმას ნიშნავს, რომ, როდესაც ისინი თავიანთი ჩამოყალიბებული, სანუკვარი აზრების წყალობით საწინააღმდეგო რეაქციას იწვევენ, ამით შესაძლებელი ხდება მათი რეალურად და ქმედითად შესწორება და შეჯერება, ეს სტიმულს აძლევს მათ შემდგომ განვითარებას და სტერილური მდგომარეობიდან გამოყვანას. ობსესიური ფრაზა «quod dixi, dixi», ანუ «რაც ერთხელ ვთქვი, ვთქვი, და აღარ გადავთქვამ!» გამორიცხავს შემდგომში განვითარების ყოველგვარ შესაძლებლობას. ობსესიური პიროვნების შინაგან განწყობას კარგად გამოხატავს ექსპერიმენტული ფსიქოლოგის ფრაზა: «ჩვენ ზუსტად არ ვიცით, რას ვზომავთ, მაგრამ, რასაც ვზომავთ, ზუსტად ვზომავთ».       ობსესიური ადამიანის ყოველდღიურ ცხოვრებაში დგება «კიდევ ერთხელ გადამოწმების აუცილებლობა»; მაგალითად, მას ეჭვი ეპარება, გაზის სახელური ნამდვილად გადაკეტა თუ არა, ან წასვლის წინ ოთახის კარი ღია ხომ არ დარჩა. ამ დროს, შესაძლოა, საქმე იქამდე მივიდეს, რომ ობსესიურ პიროვნებაში თავი იჩინოს მძიმე აკვიატების სინდრომებმა, რომლებიც შემდგომში თითქოს დამოუკიდებლად აგრძელებს არსებობას. ამ აკვიატებებსაც ობსესიური ადამიანი ისე განიცდის, როგორც მის არსებობაში შეჭრილ «რაღაც უცხო ძალას», რომელიც მის დათრგუნვას ცდილობს და რომლის გამოც მას სხვაგვარად მოქცევა არ შეუძლია. როგორც კი ობსესიური ადამიანი ამ იძულებითი, აკვიატებული ქმედებების შესრულებაზე უარს იტყვის, მას უმალ გაურკვეველი შიში და მოუსვენრობა შეიპყრობს.       ობსესიურ ადამიანს ასევე ჩვევად აქვს, თავისთავს და სხვებს დაუმტკიცოს საკუთარი აკვიატებული აზრებისა და ქცევების რაციონალურობა და გონივრულად წარმოაჩინოს ისინი; ალბათ, იმიტომ, რომ გრძნობს, რა უძლურია იგი ამ არაბუნებრივი საქციელის წინაშე და როგორ არ შეუძლია წინ აღუდგეს მას, თუმცა ამის აღიარება არ სურს. როდესაც ვიღაც მისთვის უცხო ტუალეტში უნიტაზზე ქაღალდს აფენს, იქიდან გამოსვლისას კარის სახელურს იდაყვით აღებს და ამას ინფექციის საფრთხეს უკავშირებს, ეს ნამდვილად მისი შეგრძნებების გაზვიადების შედეგია, მაგრამ ამგვარი საქციელი, შესაძლოა, ინფექციის შიშში გადაიზარდოს, რის შედეგადაც ობსესიურ ადამიანს ყველგან ბაქტერიები ელანდება; ამით იგი საკუთარ ცხოვრებისეულ სივრცეს ნელ-ნელა, უფრო და უფრო შემოსაზღვრავს და ამცირებს.       ამ ადამიანის შველა მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება, თუ იგი გააცნობიერებს თავისი აკვიატებების კონკრეტულ მიზეზებს, მერე კი მოახდენს საშიში და ამის გამო უგულებელყოფილი ცოცხალი იმპულსების ინტეგრაციას. ამ შემთხვევაში საქმე ობსესიური ადამიანის აგრესიულ და აფექტურ სექსუალურ იმპულსებს ეხება. როგორც უკვე აღვნიშნე, ობსესიურ ადამიანს ხანგრძლივად უხდება თავის დაცვა მისთვის საძულველი იმპულსებისაგან, ამიტომ, შესაძლოა, იგი ამით უშუალოდ არ იყოს დაკავებული. ეს გარემოება ნათელს ჰფენს იმ ადამიანების საქციელს, რომლებიც ფანატიკურად იბრძვიან რაღაცის წინააღმდეგ: უმანკოებისათვის მებრძოლი ფანატიკოსი ყველგან სექსუალურ პრობლემებს ხედავს და გამუდმებით «ბილწ სექსუალობას» კიცხავს, თუმცა ამას «ზნეობრივი მოტივით» ხსნის. ასეთი რამ საერთოდ სჩვევია ობსესიურ ადამიანს, რომელსაც ბოროტების წინააღმდეგ მებრძოლი უფრო ეთქმის, ვიდრე სიკეთის გულშემატკივარი.       ობსესიური სტრუქტურით გამორჩეული ერთი პიროვნება საათობით იჯდა ჩანჩქერის წინ და აღტაცებით შეჰყურებდა იმას, რისი უნარიც თავად არ გააჩნდა – ეს იყო ჩანჩქერის ვარდნა და წყლის ნაკადის მოძრაობა. ამ დროს მას იმის შიში არ ჰქონდა, რომ წყლის ვარდნას უეცრად რაღაც შეაჩერებდა და ეს ყველაფერი დამთავრდებოდა. ბუნებრივია, წარმავლობის წინააღმდეგ მიმართული უსაფრთხოების ზომები ობსესიურ პიროვნებებში დროსთან და ფულთან დამოკიდებულებაშიც იჩენს თავს. ამ შემთხვევაში, წარმავლობასთან ერთად, ჩვენში იმის უნარსაც ძლიერად შევიგრძნობთ, რომ შეგვიძლია გამოვიყენოთ მუდმივობისა და უსაფრთხოების ჩვენეული ილუზიის ძალა; მე ვიცი, როგორ განვკარგო საკუთარი დრო და ფული, რადგან ეს მხოლოდ ჩემს ნებაზეა დამოკიდებული. ივო ანდრიჩი თავის რომანში «ფროილაინ» შესანიშნავად აღწერს ობსესიური პიროვნების ტრაგიკულ ბედს.       შემზარავია ამერიკის დამკრძალავი ბიუროების მიერ შემოღებული წესი, რომლის თანახმადაც, წარმავლობისა და სიკვდილის სრული უგულებელყოფა ხდება. აქ მიცვალებულებს ისე ოსტატურად რთავენ და ალამაზებენ, რომ ისინი ცოცხლების შთაბეჭდილებას ტოვებენ. ამ საქმეში კიდევ უფრო შორს მიდიან ის შეძლებული ადამიანები, რომლებიც დიდძალ ფულს იხდიან თავიანთი მიცვალებულების გასაყინად, იმ იმედით, რომ, მეცნიერების განვითარების შედეგად, მომავალში შესაძლებელი გახდება მათი გალხობა და გაცოცხლება. მაგრამ უკვდავება ხომ მხოლოდ იმათი ხვედრია, ვინც სიკვდილის შესახებ არაფერი უწყის?! საერთოდ, სიკვდილთან, მათ შორის საკუთართან, თანამონაწილეობა ადამიანის თვისებაა და მხოლოდ ამის წყალობით შეიგრძნობს იგი თავს ნამდვილ ადამიანად.       ახლა გვინდა, ობსესიური პიროვნებებისთვის დამახასიათებელი ქცევის წესები ცხოვრების არსებით სფეროებთან მიმართებაში განვიხილოთ; რელიგიური თვალსაზრისით, ისინი დოგმატური და ორთოდოქსალური აზროვნების ადამიანები არიან და «სხვაგვარად მოაზროვნეებისადმი» შეუწყნარებლობით გამოირჩევიან. მამა ღმერთი მათ ხშირად მკაცრ და შურისმაძიებელ მსაჯულად წარმოუდგენიათ, რომელსაც ყველა პატრიარქალური თვისება ახასიათებს და უცილობელ რწმენას და მორჩილებას მოითხოვს. მაგრამ ობსესიური პიროვნებები უფრო ხშირად ცრურწმენებისა და მაგიური წარმოდგენების ტყვეობაში იმყოფებიან; მათთვის რელიგიურ რიტუალებში მონაწილეობა უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე თავად რწმენა. ცოდვების ფულით გამოსყიდვისა და ინდულგენციებით ვაჭრობა სწორედ ობსესიური ადამიანის ტვინიდან წამოსული იდეა უნდა იყოს. ლოცვების წაკითხვითა და რიტუალების შესრულებით ისინი უბრალოდ წესებს ემორჩილებიან და მათი გრძნობები ამ დროს ვერ სწვდებიან სულის შინაგან სიღრმეებს.       ნიკოლაი ლესკოვი მოთხრობაში «სკომოროხი პამფალონი» შთამბეჭდავად აღწერს ობსესიური ადამიანის პერფექციონისტულ ღვთისმოსაობას და მას უბრალო «სკომოროხის» ადამიანურ თვისებებს უპირისპირებს.       ობსესიური პიროვნებები ყოველთვის ზუსტად იცავენ ინსტიტუციონალურ წესებს თუ პრინციპებს და მექანიკურად, უაზროდ ასრულებენ მათ. რაც უფრო მეტად აცნობიერებენ შიშისგან თავდაცვის მნიშვნელობას, მით უფრო შეურიგებლები არიან ყოველგვარი ცვლილების მიმართ, რადგან ფიქრობენ, რომ მათ ამ თავდაცვას საფრთხე შეექმნება. მაგრამ სწორედ იმის გამო, რომ ობსესიურ პიროვნებებს ყველაფერი აბსოლუტის რანგში აჰყავთ, მათ რწმენას გამუდმებით საფრთხე ემუქრება, რადგან ისინი საკუთარ თავს შეკითხვების დასმისა და ეჭვების გამოთქმის უფლებას არ აძლევენ. ალბათ, სწორედ ამის გამო მიმდინარეობს მათ შორის სასტიკი რელიგიური ომები; ამით უნდა იყოს გამოწვეული მათი ახალ-ახალი მცდელობებიც – ჩაახშონ და მოსპონ ადამიანში ყოველგვარი ეჭვი, თუმცა დაგუბებულმა გრძნობებმა, შესაძლოა, მკრეხელური აზრების სახით გადმოხეთქოს. ძალის პოლიტიკიდან გამომდინარე, ეკლესია ბოროტად იყენებს რელიგიას და ცდილობს, მორწმუნეებს შიშისა და დანაშაულის გრძნობა შთაუნერგოს. ამით იგი ხელს უწყობს ადამიანებში ობსესიური სიმპტომების განვითარებას, რასაც რელიგიური ხასიათის ხშირი ნევროზები ადასტურებს. დღესდღეობით აშკარად შეინიშნება ადამიანების მცდელობა, გათავისუფლდნენ ეკლესიის მეურვეობისაგან და თავი დაიცვან მისი გავლენისაგან.       ობსესიური პიროვნებები ხშირად კრიზისს განიცდიან, როდესაც მათი მკაცრი პრინციპები, თვალსაზრისები და თეორიები ახალ მიღწევებს, ცოდნას და პროგრესს უპირისპირდება, რაც მათ ორიენტაციას საფრთხეს უქმნის, საკუთარი აზროვნების წესზე უარისთქმას აიძულებს და მათ უსაფრთხოებას ან ქონებას ემუქრება.       ობსესიური პიროვნებები, როგორც წესი, საიმედო, თანმიმდევრული და კარგი მშობლები არიან; მათ განვითარებული აქვთ პასუხისმგებლობის გრძნობა, ამასთან, საკუთარი ფასეულობების დაცვას და ცხოვრებაში გატარებას ცდილობენ. მაგრამ ობსესიური თვისებების გართულებასთან ერთად, ისინი უკიდურეს სიჯიუტეს ავლენენ. ცნობილია მათი გამონათქვამები: «სანამ ცოცხალი ვარ, არაფერი შეიცვლება»; «ამის უფლებას ბავშვობაში ჩვენც არ გვაძლევდნენ»; «თუ ასეთი რამ ერთხელ კიდევ განმეორდა, ჩვენ შორის ყველაფერი დამთავრდება!» და ა.შ.       ობსესიური პიროვნებები ანგარიშს არ უწევენ ბავშვის ასაკს და ხასიათს, ყველა თვალსაზრისით, უზღუდავენ მას სამოქმედო სივრცეს, და ამ საკითხებზე მეტად ბუნდოვანი წარმოდგენა აქვთ. მათი მთავარი პრინციპები გამოიხატება ფრაზით: «ვინც ტყუილს ერთხელ იტყვის, მას აღარავინ დაუჯერებს». ისინი ხშირად იმეორებენ სიტყვებს: «მორჩა და გათავდა!» ობსესიური პიროვნებები თავიანთ «არას» პრინციპულ მნიშვნელობას ანიჭებენ, საკუთარი თვალსაზრისის გატარებას ახსნა-განმარტების გარეშე ცდილობენ, და ამ დროს ყოველგვარ წინააღმდეგობას გამორიცხავენ. ისინი ბავშვის აღზრდის პროცესში მისგან ბრმა მორჩილებას მოითხოვენ და შთააგონებენ, რომ დაშვებული შეცდომების გამოსწორება ძალიან ძნელია; ამასთან, ბავშვს სულ მცირე გადაცდომასაც ხშირად შეახსენებენ და მისდამი შეურიგებლები არიან; ხოლო ბავშვს, რომელიც უფროსებისაგან პატიებას დიდხანს ვერ ეღირსა, სასჯელის წინაშე შიშისა და დანაშაულის გრძნობა უძლიერდება.       ობსესიური პიროვნებები ძალიან ადრეულ ასაკში უწესებენ ბავშვს ქცევის ნორმებს; მათი აზრით, თუ მას თავის ნებაზე მიუშვებენ, ეს ცუდად იმოქმედებს მის შემდგომ განვითარებაზე. ასეთი მშობლები მიიჩნევენ, რომ ბავშვმა უნდა გაიაროს გამოცდა, რომლის დროსაც იგი გამოავლენს მისი ასაკისთვის სახიფათო თვისებებს; ამასთან, ბავშვს უყენებენ უამრავ მოთხოვნას, რომელთა სრულყოფილად შესრულება მას ძალიან ადრეულ ასაკში ევალება. ეს მოთხოვნები დაკავშირებულია უაზრო, პუნქტუალურ ქმედებებთან და წესრიგის პედანტურად დაცვასთან; მაგალითად, ბავშვისგან მოითხოვენ, რომ «მან ყველაფერი შეჭამოს, რასაც თეფშზე დაუდებენ». ამ დროს ბავშვს არა აქვს უფლება, თავისი აზრი გამოხატოს და თქვას, რის და რამდენის ჭამა სურს. თუ იგი თავისი ასაკისთვის დამახასიათებელ სიჯიუტეს მაინც გამოიჩენს, მშობლები მასში მომავალ «მეამბოხეს» ხედავენ და ცდილობენ ბავშვში ეს «უკეთურება» დროულად აღმოფხვრან. მეტისმეტი მოთხოვნა, რომ «ბავშვმა ყველაფერი ადრევე უნდა ისწავლოს», მას საკუთარი თავის რწმენას აკარგვინებს და არასრულფასოვნების კომპლექსს უჩენს. ბავშვმა იცის, რომ მშობლების სიყვარულს მხოლოდ იმ შემთხვევაში დაიმსახურებს, თუ კარგად და წესიერად მოიქცევა; ესეც შეიძლება მიზეზი გახდეს იმისა, რომ იგი პატივმოყვარე ან გულგატეხილ ადამიანად ჩამოყალიბდეს. შიში და მეტისმეტი მოთხოვნები ბავშვის ექსპანსიურ და აგრესიულ, უპირველეს ყოვლისა კი, მის სექსუალურ იმპულსებს ამუხრუჭებს. ადრეულ ასაკში იგი ჯერ ვერ მართავს თავის მოტორულ მოძრაობებს, რის გამოც, თავისდაუნებურად, ნივთებს აფუჭებს, ამტვრევს. ამ დროს მშობლები ფიქრობენ, რომ ბავშვმა ასეთი საქციელი განგებ ჩაიდინა და მის ამ «განზრახვას» რაღაც დამანგრეველ თვისებას მიაწერენ. ასეთი მოპყრობის შედეგად, შესაძლოა, ბავშვმა თავისი მარცხი საკუთარ სხეულს გადააბრალოს და მისდამი ნდობა დაკარგოს, რაც სამომავლოდ მის ტლანქ, მოუხეშავ და «დონდლო» მოძრაობებში გამოვლინდება. ამის მაგალითებს ჩვენ უკვე გავეცანით. ამგვარი აღზრდის მეთოდი ბავშვს ძირშივე უსპობს ყოველგვარი განვითარების უნარს, მშობლებს კი, უკეთეს შემთხვევაში, ლაღად აღმართული, ტოტებგაშლილი ხის ნაცვლად, მიწაზე გართხმული, ხვიარა მცენარე შერჩებათ ხელში. ობსესიური მშობლების მიზანს უფრო ბავშვის გაწვრთნა შეადგენს და არა მისი აღზრდა; ამიტომ ასეთი ბავშვები ხშირად მარიონეტებად ყალიბდებიან. ასეთ შემთხვევებში ხშირად თავს იჩენს მშობლების სადისტური თვისებები. ისინი ცდილობენ, ბავშვი შეურაცხყონ, მკაცრად დასაჯონ და მორჩილებას მიაჩვიონ, რათა თავიანთი ძალა აგრძნობინონ. ბავშვის «კუთხეში დაყენება» და ცემა-ტყეპა, ჯერ კიდევ გასული საუკუნის დამდეგს, სკოლაში და ოჯახში დასჯის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული საშუალება იყო. «ბოდიშის მოხდა» და «პატიების თხოვნაც» («ასე აღარასოდეს მოვიქცევი») იმ ღონისძიებებს განეკუთვნება, რომლებიც ლახავს ბავშვის პიროვნულ ღირსებას, რადგან მისგან ამ დროს ისეთ რამეს მოითხოვენ, რაც ძალების დიდ დაძაბვას მოითხოვს.       აღზრდის შეზღუდული მეთოდი ობსესიურ მშობლებს არ აძლევს საშუალებას, შვილები თავისუფალი ბავშვობით უზრუნველყონ, რომელიც თავად არ ღირსებიათ. ასეთი მშობლები განუხრელად იცავენ იმ ტრადიციას, რომელიც მათი აღზრდის საფუძველს შეადგენდა და მათივე საშინელი ტანჯვის მიზეზი იყო. ამის გამო ობსესიურ მშობლებს მწვავე კონფლიქტი აქვთ ახალგაზრდა თაობასთან, რადგან საკუთარი წეს-ჩვეულებების დათმობა არ სურთ. ეს ადამიანები კვლავაც განაგრძობენ «ნაცადი» მეთოდების გამოყენებას და იმას კი ვერ ხვდებიან, რომ ცხოვრება წინ მიდის და თაობები იცვლება. ძველსა და ახალს შორის დაუნდობელი ბრძოლა იწყება. ობსესიური ადამიანების აზრით, ახალგაზრდობას მათ თავიანთი ძალა და უპირატესობა შემდგომშიც უნდა დაუმტკიცონ; ამასთან, საკუთარი შეცდომების აღიარება არ სურთ, რადგან ჰგონიათ, რომ ამით საკუთარ თავს რაღაც ცოდვებს შეუნდობენ. და, რაკი თავს აბსოლუტურ ავტორიტეტებად მიიჩნევენ, ცდილობენ, ახალგაზრდებზე უცდომელი ადამიანების შთაბეჭდილება მოახდინონ.       ობსესიურ ადამიანებს განსაკუთრებით მწირი და უფერული სიზმრები ესიზმრებათ. ამასთან, ისინი ძნელად იმახსოვრებენ მათ, ისევე როგორც საერთოდ ძალიან უჭირთ სულის ღრმა და ქვეცნობიერი შრეების წვდომა.       ისინი სიზმრების მიმართ უნდობლობას გამოთქვამენ, მათ სერიოზულად არ აღიქვამენ და «ქაფს» უწოდებენ. ობსესიური პიროვნებების სიზმრებში ცხოვრებისეულ მოვლენებს უფრო ტექნიკური და მექანიკური პროცესები ცვლის; ეს სიზმრები ნათელყოფს, რა შორს დგანან ობსესიური ადამიანები ჩვეულებრივი ადამიანური, ფიზიკური და ბუნებრივი მოვლენებისაგან. მათი სიზმრები ხშირად საჩოთირო, ანალური შინაარსისაა და იმაზე მიუთითებს, რომ ამ ადამიანების აკვიატებული ქცევები მათსავე ჰიგიენურ აღზრდას უკავშირდება. ობსესიური ადამიანების დამუხრუჭებული აგრესია სიზმრებში ბუნებრივი კატასტროფების სახით ვლინდება (ვულკანის ამოფრქვევა, მიწისძვრა, ჯებირის გარღვევა და ა.შ.); ხშირად გვხვდება იმპულსისა და საპირისპირო იმპულსის, ასევე ჩადენილი დანაშაულის თემატიკა, რომელიც ერთსა და იმავე სიზმარში წამოიჭრება.       ნაწილობრივ ობსესიური სტრუქტურის მქონე პიროვნებებს, ზემოხსენებულის გარდა, ისეთი პროფესიები აინტერესებთ, რომლებიც ადამიანისაგან მოითხოვს სიზუსტეს, საიმედოობას. ამ პროფესიების ადამიანები უფრო მტკიცე ნებისყოფით, საფუძვლიანობით და მოთმინებით გამოირჩევიან, ვიდრე ინიციატივით, მოქნილი აზროვნებითა და შემოქმედებითი თავისუფლებით. ობსესიური ადამიანები გამორჩეულად სანდო პროფესიონალები არიან, თავიანთ საქმეს ერთგულად ემსახურებიან და, ზომიერი ობსესიური თვისებების შემთხვევაში, დიდ წარმატებებს აღწევენ; ამასთან, სასურველია, ისეთ საქმიანობას მიჰყონ ხელი, რომელიც მათ საკუთარი გადაწყვეტილებების მიღებისა და იმპროვიზაციისაგან გაათავისუფლებს.       ობსესიური პიროვნებები უმთავრესად პედანტი, საჯარო მოხელეები არიან, რომლებიც საკუთარ პასუხისმგებლობას და მოვალეობას მშვენივრად აცნობიერებენ. მათ შორის ვხვდებით ხელოსნებს, რომელთა ხელობაც განსაკუთრებულ სიზუსტეს მოითხოვს. ობსესიური პიროვნებები ხშირად მუშაობენ ასევე სხვადასხვა საბუნებისმეტყველო დარგის სპეციალისტებად, იურისტებად, ფინანსისტებად, პედაგოგებად და სასულიერო პირებად; ისინი თანმიმდევრულად უძღვებიან ნებისმიერ გეგმურ სამუშაოს; ამ დროს ძალიან ძნელია დადგენა, სად გადის მათი პოზიტიური და ნეგატიური თვისებების ზღვარი. მაგალითად, ერთი მხრივ, შევხვდებით პასუხისმგებლობით აღსავსე, ჭეშმარიტების მაძიებელ მსაჯულს, მეორე მხრივ კი – პედანტ მოსამართლეს, რომელიც კანონს ჩაჰკირკიტებს და სიტყვა-სიტყვით განმარტავს. მისთვის დანაშაული დანაშაულია, ამიტომ არ აინტერესებს მისი ფსიქოლოგიური და სოციალური მოტივაცია; მისი აზრით, ამის ცოდნა შეარყევს სისტემის საფუძვლებს. ამრიგად, სისტემა მოსამართლეს არა მხოლოდ ძალაუფლებას ანიჭებს, არამედ განაჩენის გამოტანის დროს შინაგან სინდისსაც უხშობს.       სასულიერო პირი, შესაძლოა, მრევლისთვის სანიმუშო სულიერი მამაც იყოს და, იმავდროულად, ზნეობის დაუღალავი მქადაგებელიც, რომელიც ადამიანებს ჯოჯოხეთის ტანჯვით ემუქრება, მათში შიშსა და დანაშაულის გრძნობას აღძრავს.       ობსესიური ადამიანები ინტერესს ძირითადად ისტორიის მიმართ იჩენენ; გარდა საკუთრივ ისტორიისა, ისინი შეისწავლიან ხელოვნების, მედიცინის, ფილოსოფიისა და სხვათა ისტორიას; მათთვის ახლობელია გარდასული მოვლენები, ე.ი. ის, რამაც უკვე ჩაიარა, რაც დროის მდინარებას აღარ ემორჩილება და ამიტომ დროის მიღმა არსებობს. ობსესურ ადამიანებს ასევე იზიდავთ არქეოლოგია, ანტიკური ისტორია და გამოყენებითი დარგები; მათ შორის ვხვდებით ძველი პერიოდების შემსწავლელ ფილოლოგებს და პრეისტორიული ხანით დაინტერესებულ ისტორიკოსებს.       ობსესიურ პიროვნებებს განსაკუთრებით პოლიტიკა იზიდავთ. მათი ძალაუფლების მოყვარული ხასიათიდან გამომდინარე, ამ სფეროში შესაძლებლობა ეძლევათ, თავიანთი თვისებების რეალიზაცია ლეგიტიმურად მოახდინონ, მაგრამ როგორ მოახერხებენ ამას, ეს უკვე მათ ხასიათზეა დამოკიდებული. ობსესიური პიროვნება კონსერვატორული ბუნებით გამოირჩევა; იგი მზადაა, თავის პარტიას თუ არსებულ რეჟიმს ერთგულად ემსახუროს, თუნდაც იმიტომ, რომ, მისი აზრით, ყველაფერი «ძველი» უკვე ნაცადი და გამოცდილია. ობსესიური პიროვნებისთვის მიუღებელია ექსტრემიზმის ნებისმიერი გამოვლინება და ექსპერიმენტები.       გასაგები მიზეზების გამო, ობსესიურ პიროვნებას, ასაკთან ერთად, უძლიერდება მისთვის დამახასიათებელი თვისებები. ცნობილია, რომ, ღრმა ცხოვრებისეული ინსტინქტიდან გამომდინარე, ადამიანს საერთოდ აქვს მიდრეკილება, შეინარჩუნოს ის, რაც მას ჯერჯერობით გააჩნია, და ამ გზით შეაჩეროს დროის მდინარება. ამრიგად, ობსესიურმა ადამიანმა, შესაძლოა, თავისი განწყობა მეტად უჩვეულო ქცევებით გამოხატოს. მას სურს, თავისი ძალაუფლება და პოზიცია, რადაც არ უნდა დაუჯდეს, მომავალშიც შეინარჩუნოს, მაშინაც კი, როდესაც ასაკის გამო აღარ შესწევს ძალა, კვლავაც იბრძოლოს მისთვის საძულველი სიახლეებისა და ახალგაზრდული წამოწყებების წინააღმდეგ. ობსესიურ პიროვნებას სიბერესთან შეგუება განსაკუთრებით უჭირს, რადგან აქამდე თუ იგი მთლიანად გადართული იყო თავის საქმიანობაზე და საკუთარი სურვილით მოქმედებდა, ახლა იმას უნდა მიეჩვიოს, რომ ყველაფერი თავის ნებაზე მიუშვას და გათავისუფლდეს მისგან. იგი კმაყოფილებით აღნიშნავს, რომ შეუცვლელია, მაგრამ იმის გამო, რომ ძალები ელევა, იპოქონდრულ მდგომარეობაში ვარდება, თვითდაკვირვებას აწარმოებს და საკუთარ ჯანმრთელობაზე ზრუნვას ფანატიზმამდე მიჰყავს. იმის გამო, რომ ობსესიური პიროვნება მხოლოდ პოზიციების დათმობასა და ჩვეულ საქმიანობაზე ამახვილებს ყურადღებას, ვერ აცნობიერებს დაბერების «სიკეთეს», რომელიც მას მოვალეობებისაგან ათავისუფლებს და შესაძლებლობას აძლევს, შეურიგდეს იმას, რაც ახლა მის თავს ხდება.       შესაძლოა, მეტისმეტმა სიჯიუტემ ობსესიური ადამიანის სიკვდილი განსაკუთრებით მტანჯველი გახადოს; რაკი იგი ნებისმიერ დათმობას სისუსტედ აღიქვამს, ამიტომ ხშირად სიკვდილთან სასტიკ ბრძოლაში ჩაებმება ხოლმე.       ობსესიური ადამიანები ზოგჯერ სწორედ სიბერეში აღწევენ პატრიარქალურ დიდებას და პატივისცემას და საკუთარი ფასეულობების სიმბოლოებიც კი ხდებიან. ამ დროს მათთვის სიკვდილი ბუნების კანონია, რის გამოც მასთან ბრძოლას აზრი არა აქვს. სიკვდილი ის უკანასკნელი რეალობაა, რომლის წინაშეც, როცა ამის დრო დადგება, ადამიანმა ქედი უნდა მოიხაროს და ღირსეული სიმშვიდით მიიღოს იგი. ობსესიური ადამიანები დროულად აგვარებენ თავიანთ საქმეებს და წინასწარ ადგენენ ანდერძს. ზოგი მათგანი, ანდერძში ჩაწერილი მითითებებით, ცდილობს საკუთარი ძალაუფლება სიკვდილის შემდეგაც აგრძნობინოს ადამიანებს. თუ ობსესიურ პიროვნებას საღი განსჯის უნარი დაკარგული აქვს და მხოლოდ იმაზე ფიქრობს, რომ სიცოცხლე ნებისმიერ ფასად გაიხანგრძლივოს, მაშინ იგი ცოცხალ გვამს ემსგავსება. გამოდევნილი სიკვდილის შიშს მასში ზედმეტი ნივთების შეგროვების სურვილი ჩაანაცვლებს. იგი გადასაგდებად ვერც ერთ ნივთს ვერ ელევა და გაურბის ყველაფერს, რაც მას წარმავლობას და დასასრულს შეახსენებს.       ახლა შევეცდებით მოკლედ აღვწეროთ ის გზა, რომელსაც ნაწილობრივ ობსესიური ადამიანი დაავადების უკიდურეს გამოვლინებამდე გაივლის. ამ დროს ორ შემთხვევასთან გვაქვს საქმე:       ძლიერი ხასიათის, ქმედითი ობსესიური ადამიანი, რომელიც გამოირჩევა საქმისადმი კეთილსინდისიერი დამოკიდებულებით და მოვალეობის გრძნობით, ჩამოყალიბდება პატივმოყვარე, ჯიუტ, მოწუწუნე და ახირებულ პედანტად. იგი ხშირად ძალაუფლებისმოყვარული დესპოტისა და ავტოკრატის თვისებებით გამოირჩევა, რომელიც, აკვიატებული აზრებისა და ქცევების წყალობით, სრულად გამოავლენს ობსესიური დაავადების ყველა თავისებურებას. ბოლო ადგილს ამ გზაზე კატატონიით შეპყრობილი ადამიანი დაიკავებს.       სუსტი ხასიათის, არაქმედითი ობსესიური ადამიანი შემგუებლობით, საკუთარ უსაფრთხოებაზე ზრუნვით და ცხოვრების წინაშე შიშით გამოირჩევა. ეს არის ეჭვიანი, მოყოყმანე, წუწუნა, მლიქვნელი, მშიშარა პედანტი და ასკეტი იპოქონდრიკი. ამ გზის ბოლოს მძიმე ობსესიით შეპყრობილი ადამიანები დგანან.       ჯანმრთელი ადამიანი, რომელიც ოდნავ შესამჩნევ ობსესიურ ნიშნებს გამოავლენს, გამოირჩევა თავისი სტაბილურობით, ამტანობით და მოვალეობის გრძნობით; ამასთან, იგი მიზანსწრაფული და გამრჯეა. ვინაიდან ეს ადამიანი შორსმიმავალ მიზნებზეა ორიენტირებული, მას აღარ აინტერესებს მიღწეული წარმატებები და ამ წარმატებებით ტკბობა; თანმიმდევრული ხასიათის, სიყოჩაღისა და დაჟინებულობის წყალობით, მას რეალობის აღქმის უტყუარი უნარი და პასუხისმგებლობის გრძნობა გააჩნია, რაც შესაძლებლობას აძლევს, წარმატებას მიაღწიოს. როგორც წმინდა ადამიანური, ასევე ზნეობრივი თვალსაზრისით, ამ პიროვნების დამახასიათებელ თვისებებს წარმოადგენს: სიდარბაისლე, კორექტულობა, სანდოობა, ხასიათის სიმტკიცე და ჰიგიენურობა; გრძნობებს ერთობ თავდაჭერილად გამოხატავს, თუმცა თანადგომისა და დახმარების უტყუარი უნარით გამოირჩევა; ყველაფერი წინასწარ მოფიქრებული აქვს და ადვილად არ გადაუხვევს ერთხელ დასახულ მიზანს; ახასიათებს საქმისადმი სერიოზული დამოკიდებულება, იცავს საკუთარ თვალსაზრისს, გამოირჩევა კეთილსინდისიერებით და ცდილობს, ობიექტური იყოს. რაინჰოლდ შნაიდერი თავის წიგნში «ფილიპ II» სწორედ ამ მასშტაბის, ძლიერი ტიპის ადამიანს აღწერს. მაგრამ ზომიერი ობსესიური თვისებების მქონე პიროვნებები საკუთარ თავს საფრთხეს იმით უქმნიან, რომ მათთვის საჭირო მუდმივობისა და უსაფრთხოების შეგრძნებას მეტისმეტად ცალმხრივ მიმართულებას აძლევენ. აქედან გამომდინარე, ისინი მიიჩნევენ, რომ აღიარებული უნდა იყოს მათი შესაძლებლობების მუდმივობა. კარგი იქნებოდა, თუ ისინი ცხოვრების გარდაქმნის მზაობასთან მისი საპირისპირო იმპულსის ინტეგრაციასაც მოახდენდნენ და გაბედულად აღიარებდნენ იმას, რისგანაც თავს იცავენ; ეს კი იმას ნიშნავს, რომ საკუთარი წარმავლობის გრძნობას გააცნობიერებდნენ. ამ ტიპის ობსესიურმა ადამიანებმა უნდა შეიგნონ, რომ მათ მხოლოდ სურვილები როდი უნდა ამოძრავებდეთ, მოვლენების ზემოქმედება საკუთარ თავზეც უნდა იწვნიონ. მთლიანად ხალხის წინაშე კი ამ ადამიანებს მნიშვნელოვანი ფუნქცია აკისრიათ – მათ აღმშენებლობის ტრადიცია უნდა შეინარჩუნონ. გარკვეული აზრით, ისინი «საზოგადოების ბურჯებს» წარმოადგენენ, თუ ძალაუფლებისკენ სწრაფვის პატივმოყვარე მიზნებს განვითარების დამამუხრუჭებელ ფაქტორებად არ გადააქცევენ და მათზე უფრო ქმედით, საპირისპირო ძალებთან ბრძოლაში არ დამარცხდებიან. დამატებითი მოსაზრებები აუცილებლობის წინაშე შიშის შესახებ       ისტერიული პიროვნებები ფსევდორეალობაში ცხოვრობენ და ეს მათთან დაკავშირებულ ყველა სფეროში წარმოვაჩინეთ. მათ მთავარ პრობლემას «რეალობა» წარმოადგენს, რომელსაც ისინი საკუთარი «როლების» შესრულებით ირიდებენ თავიდან ამ რეალობიდან გაქცევის დროს.       რელიგია მათთვის, პრაგმატულობიდან გამომდინარე, რწმენის ხასიათს იღებს, ამიტომ არასოდეს ვიცით, ასეთ ადამიანს ეკლესია სჭირდება თუ არა. ამ შემთხვევაში, ისტერიული პიროვნებისთვის უფრო მნიშვნელოვანია ვითარსი სინამდვილე და გარეგნული ფორმების დაცვა; მისთვის სანუკვარია იმაზე ფიქრი, რომ ადამიანი მონანიებისა და აღსარების გზით გამოისყიდის ყველა ცოდვას და ახალშობილივით უცოდველი გახდება. იგი უფალს სიამოვნებით მიიჩნევს კეთილ მამად, რომელსაც ის განსაკუთრებით უყვარს, და ეს სიყვარული ოდესმე რაღაცაში აუცილებლად იჩენს თავს. ამ ადამიანების დარწმუნება ძალიან ადვილად შეიძლება დაპირებით, რომ ისინი აუცილებლად განიკურნებიან და ამისათვის არავითარი ძალისხმევა არ დასჭირდებათ. ამის გამო, ისინი ხშირად აღმოჩნდებიან ხოლმე რელიგიურ სექტებში: ფსიქოთერაპიული პაციენტები სიამოვნებით თანხმდებიან ჰიპნოზით მკურნალობაზე, რადგან ფიქრობენ, რომ ყველა სიძნელეს საკუთარი ძალისხმევის გარეშე, ერთი ხელის მოსმით გადალახავენ.       ეთიკის საკითხებისადმი ისტერიულ პიროვნებებს ასეთივე გაურკვეველი განწყობა აქვთ. ისინი მზად არიან, ყველაფერი ვიღაცას ან რაღაცას დაუკავშირონ და «განტევების ვაცად» გამოაცხადონ, ოღონდ თავი არაფერში დაიდანაშაულონ. მათ არ გააჩნიათ თვითშეფასებისა და თვითკრიტიკის გრძნობა, რის გამოც კრიტიკული სიტუაციიდან იშვიათად გამოაქვთ გონივრული დასკვნები.       ისტერიული პიროვნებები, საბოლოო ჯამში, მაინც იმ ზოგადადამიანური თვისებების მატარებლები არიან, რომლებიც ჩვენ ყველას, რაღაცა ზომით, გვახასიათებს, რადგან ყველა ჩვენგანმა უნდა გაიაროს ბავშვობისდროინდელი განვითარების ეტაპები, მისთვის დამახასიათებელი მიზნებითა და შიშებით. ჩვენ ასევე ვაცნობიერებთ საკუთარ ნაკლს, ვიცით, როგორ ხდება ჩვენი დანაშაულის სხვებზე პროეცირება განტვირთვის მიზნით – თვით იმ საზოგადოებაშიც კი, სადაც მსგავსი პროეცირება დიდად სახიფათოა.       ასეთი პროეცირებისათვის განსაკუთრებით მოსახერხებელია «მტრის ხატის» შექმნა; ამ დროს ადამიანს ექმნება შთაბეჭდილება, თითქოს მტერი იმისთვის უნდა გამოიგონოს, რომ ამით საკუთარი დანაშაულის გრძნობისაგან გათავისუფლდეს. ერები, რელიგიური გაერთიანებები და რასები, როგორც წესი, იმის პროეცირებას ახდენენ, რისი დანახვაც საკუთარ თავში არ სურთ; უზნეო ხელისუფალთა ხელში კი პროექციისადმი ადამიანის ამგვარი მზაობა, შესაძლოა, პოლიტიკური ან იდეოლოგიური მიზნით იქნეს გამოყენებული. ასეთი სახიფათო პროექციები, რომლებიც კონტროლს არ ექვემდებარება, ფსიქოდინამიურ ფონს ქმნის ომების, რასობრივი სიძულვილისა და რელიგიური შუღლის გასაღვივებლად. დამთრგუნველი და დანაშაულებრივი წარსულისგან გათავისუფლება საყოველთაო ადამიანური მოთხოვნილებაა. დეპრესიული პიროვნებისაგან განსხვავებით, რომელიც ყველაფერში თავის თავს ადანაშაულებს, ისტერიული პიროვნება ცდილობს, საკუთარი დანაშაული დაივიწყოს ან საერთოდ უარყოს. შეიძლება დაგვაფიქროს გერმანული ენის თავისებურებამ, რომელიც ერთი და იმავე სიტყვით («Vergehen»), დროის თვალსაზრისით «რაღაცის შეწყვეტას», «გაქრობას» აღნიშნავს, ხოლო ზნეობის თვალსაზრისით – «გადაცდომას» ან «დანაშაულს». ჰოდა, ისმის კითხვა: ქრება კი დროთა განმავლობაში ჩვენ მიერ ჩადენილი დანაშაულის გრძნობა? ამ კითხვაზე დადებითი პასუხი ჩვენთვის ერთობ მომგებიანი იქნებოდა.       მშობლებისა და აღმზრდელების როლში ნაწილობრივ ისტერიული ადამიანები აღფრთოვანებას იწვევენ. მათ შთაგონების დიდი ძალა გააჩნიათ, ამიტომ შეუძლიათ ბავშვი დაარწმუნონ, რომ ამქვეყნად ცხოვრება ღირს, რადგან იგი მშვენიერია. ეს ადამიანები თავიანთ გრძნობებს უფრო სპონტანურად ავლენენ, ვიდრე ზომიერად. შვილები ასეთი მშობლებით ამაყობენ და მათ მიმართ აღტაცებას ვერ მალავენ. ამ ადამიანების სახლში ყოველთვის «სტუმართმოყვარეობის ატმოსფერო» სუფევს; ამის გამო ბევრს შურს მათი, რა თქმა უნდა, იმ დრომდე, ვიდრე მიხვდებიან, რა განწყობა იმალება ამის მიღმა. ისტერიული ადამიანების მეტისმეტად რთული სტრუქტურა იმაში იჩენს ხოლმე თავს, რომ ისინი აღზრდის პროცესში ზომიერებას ვერ იცავენ. მათ საქციელში «განებივრება» და რაიმეს «აკრძალვა» ისე ენაცვლება ერთმანეთს, რომ ბავშვს ხშირად უჭირს ორიენტირება; მან არასოდეს იცის ზუსტად, რას მოიმოქმედებენ მშობლები, რადგან ამ დროს მათი საქციელი წუთიერ განწყობაზეა დამოკიდებული და ნაკლებად უკავშირდება ობიექტურ ფაქტებს. ამგვარი «მარტის ამინდის» განწყობა დამაბნევლად და ქაოტურად მოქმედებს ბავშვის ფსიქიკაზე და მასში ხშირად ცრუ მოლოდინებს აღძრავს. თუ მშობლებმა ბავშვს იმედი გაუცრუეს, დანაპირევი არ შეუსრულეს და მოითხოვენ, რომ რაღაცაზე უარი განაცხადოს, მას გაურკვეველ დაპირებებს აძლევენ და მისი ყურადღება შორეულ მომავალზე გადააქვთ, როდესაც ეუბნებიან: «აი, რომ გაიზრდები, მაშინ...» – ამით ცდილობენ, ბავშვს რაღაცაზე ძალით ათქმევინონ უარი, ნაცვლად იმისა, რომ საქმის ვითარება აუხსნან და თავისი საქციელის აუცილებლობა დაუსაბუთონ. ეს ბავშვში აჩენს იმ სახიფათო მოლოდინს, რომ მას სასწაულებრივი მომავალი ელის, რომელსაც ოდესღაც აღსრულება უწერია. ასე უწყობენ მშობლები ხელს ბავშვის ილუზორულ სურვილებსა და წარმოდგენებს, ნაცვლად იმისა, რომ რეალობასთან დააახლოვონ.       ამრიგად, ისინი ბავშვის ცხოვრებას სწორად არ წარმართავენ და მას მცირე გამოცდილებასაც არ აძლევენ, რაც იმის წინაპირობას ქმნის, რომ იგი მოგვიანებით საკუთარი თავით და ცხოვრებით იმედგაცრუებული დარჩეს. შვილები ასეთ მშობლებზე ძალიან მიჯაჭვულნი არიან, მაშინ როდესაც მშობლებს შეუძლიათ ბავშვი ერთი ხელის მოსმით მოიშორონ თავიდან, თუ ფიქრობენ, რომ იგი მძიმე ტვირთად აწვება ან გარკვეულ პასუხისმგებლობას აკისრებს მათ. თუ ბავშვი ცდილობს, მშობლებს საკუთარი აზრები გაუზიაროს, ისინი კი მას ამ დროს ყურადღებას არ აქცევენ, ბავშვი თავს მიტოვებულად გრძნობს და ფიქრობს, რომ მშობლები მხოლოდ ლამაზ სიტყვებს ეუბნებოდნენ, როდესაც სიყვარულს ეფიცებოდნენ. ისტერიული მშობლები ვერ იტანენ და პირად შეურაცხყოფად იღებენ კრიტიკას ბავშვის მხრივ. ისინი, პატივმოყვარეობისა და ეგოიზმის გამო, ძნელად აღიარებენ საკუთარ შეცდომებს ობსესიური ადამიანისგან განსხვავებით, რომელიც ამას ძალაუფლებასა და პერფექციონიზმზე პრეტენზიის მიზეზით არიდებს თავს. თუ ბავშვი ისტერიულ მშობლებს საყვედურს ეუბნება იმის გამო, რომ ანგარიშს არ უწევენ მას, მშობლები არასოდეს მიდიან დათმობაზე, ამასთან, ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ მათ შვილისთვის მხოლოდ სიკეთე სურთ და ამისათვის დიდი მსხვერპლიც გაიღეს. შედეგად ბავშვი თავს დამნაშავედ გრძნობს საკუთარი უმადურობის გამო, ნაცვლად იმისა, რომ მშობლების თანაგრძნობით კმაყოფილი დარჩენილიყო.       სახიფათოა ასევე ისტერიული ადამიანების სურვილი, საკუთარი შვილები «თითით საჩვენებელ ბავშვებად» აღზარდონ. მათი აზრით, შვილებმა მშობლებს იმედი არ უნდა გაუცრუონ, რადგან, წინააღმდეგ შემთხვევაში, მათ სიცოცხლეს აზრი აღარ ექნება. ამიტომ შვილები მხოლოდ მშობლების სახელსა და დიდებაზე უნდა ზრუნავდნენ. საერთოდ, ამ დროს მშობლების მხრივ არსებობს დიდი საფრთხე, რომ შვილს რაღაც როლის შესრულებას დააკისრებენ; ჯერ ერთი, მშობლები ბავშვს ბოროტად იყენებენ, რათა საკუთარი პრეტენზია წარმოაჩინონ, მეორეც, ბავშვმა ახლა მათ თავიანთი განუხორციელებელი ოცნებები უნდა შეუსრულოს. აქ მანეკენის მაგალითი უნდა გავიხსენოთ.       პოლიტიკაში ისტერიული პიროვნებები ხშირად ლიბერალური და რევოლუციური პარტიების წევრები არიან, რადგან, სენსაციების სიყვარულით თუ გაურკვეველი მომავლის გამო, ასეთსავე გაურკვეველ უკმაყოფილებას და მოლოდინებს გამოხატავენ. შიზოიდებთან შედარებით, ისტერიული ადამიანები მკაცრნი და თანმიმდევრულნი არიან, ხშირად გულუბრყვილოდ სჯერათ პროგრესის, რადგან მხარს უჭერენ ნებისმიერ სიახლეს მხოლოდ იმიტომ, რომ ის «ახალი» და «სხვაგვარია». ამ მხრივ, ისინი ობსესიური ადამიანის აშკარა ანტიპოდს წარმოადგენენ, რომელიც ყველაფერ ძველს, როგორც უკვე «ცნობილსა» და «ნაცადს», ისე ებღაუჭება. ისტერიული პიროვნებები თავგამოდებული, გულმხურვალე პოლიტიკოსები და ორატორები არიან, რომლებსაც მხოლოდ დაპირებები ეხერხებათ. მათთვის უფრო მნიშვნელოვანია, შეასრულონ წინამძღოლის როლი, ეძებონ ახალი გზები და წარმართონ მოვლენები, ვიდრე სულ პატარა შრომა მაინც გასწიონ საკუთარი იდეების განსახორციელებლად. მაგრამ ისტერიულ პიროვნებებს ადვილად შეუძლიათ ადამიანების ცდუნება, თავიანთი ამომრჩევლების სურვილების ამოცნობა და საზოგადოებრივი ყურადღების მიპყრობა. ისინი ცხოვრობენ პრინციპით: «apres moi le déluge» – «ჩემს შემდეგ თუნდაც წარღვნა მოსულა». სრულიადაც არ ადარდებთ, რა მოჰყვება შემდეგ მათ მოქმედებებს. ისტერიული ადამიანები ყველანაირ რისკზე მიდიან, დამარცხების შემთხვევაში კი ყოველთვის ფეხზე დგებიან.       საზოგადოებაში ისტერიული ადამიანები იმ პროფესიებში არიან წარმატებულნი, რომლებიც ადამიანებთან ურთიერთობას მოითხოვს. ისინი მოხერხებულნი არიან და სიტუაციაზე სწრაფად რეაგირებენ, ადამიანებთან კონტაქტს ადვილად ამყარებენ, მათთან საერთო ენის გამონახვა შეუძლიათ და, იმავდროულად, თავიანთი პატივმოყვარეობისა თუ სურვილების დაკმაყოფილებას ცდილობენ. ისტერიულ ადამიანებს ნებისმიერი საქმე ეხერხებათ და ყველგან შეუძლიათ გამოიჩინონ თავი; ცდილობენ ჰქონდეთ წოდებები და მაღალი თანამდებობები, რომლებსაც სიმბოლოების მნიშვნელობას ანიჭებენ, რადგან საკუთარი თავის იდენტიფიკაციას ამ წოდებებთან და თანამდებობებთან ახდენენ, მაგრამ, ობსესიური ადამიანის მსგავსად, წოდებისა და თანამდებობის წინაშე ნაკლებ პასუხისმგებლობას გრძნობენ. ეს მათთვის მხოლოდ შესაძლებლობაა საკუთარი ბრწყინვალე პიროვნების წარმოსაჩენად. ისტერიულ ადამიანებს ორდენები და ტიტულები სწორედ ამიტომ ხიბლავთ; ისინი წარმატებით მუშაობენ ყველა თანამდებობაზე, რომელიც მოითხოვს ადამიანებთან ურთიერთობას და აკმაყოფილებს «საზოგადოებაში მათი ყოფნის» მოთხოვნილებას. ისტერიულ ადამიანებს შორის გვხვდებიან ენამჭევრი ვაჭრები და შთამაგონებელი გამყიდველები, რომლებიც დაჯილდოებულნი არიან ნიჭით – მუშტარს ჩაწოლილი საქონელი ხელსაყრელ ფასებში «შეასაღონ», ანდა ის მყიდველი, რომელსაც მხოლოდ ჰალსტუხის შეძენა უნდოდა, თავიდან ფეხებამდე შემოსილი გაუშვან მაღაზიიდან.       ისტერიული ადამიანები ისეთ ადგილებს ეტანებიან, სადაც შეუძლიათ წარმოაჩინონ თავიანთი მომხიბვლელობა, ფიზიკური უპირატესობა, მოხერხებულობა და სპონტანური მიზანდასახულობა, სადაც საქმე ეხება იმპროვიზაციას, სიურპრიზებს და მოულოდნელ გამარჯვებებს. მათ იზიდავთ ნებისმიერი პროფესია, რომელიც «დიდ სამყაროში» ცხოვრების იმედებს აღუძრავს, ან თუნდაც რაიმეთი დაკავშირებულია ამ სამყაროსთან. ასეთები არიან ფოტომოდელები, მანეკენები და ბიზნესმენები. მათ ასევე იზიდავთ ოქრომჭედლის, დიზაინერის ან სასტუმროს თანამშრომლის საქმიანობა. ისტერიულ პიროვნებას ადამიანური ურთიერთობები უფრო მნიშვნელოვნად მიაჩნია, ვიდრე საკითხის საქმიანი მხარე, ამიტომ თავად საქმის წარმატება მთლიანად იმ ადამიანზეა დამოკიდებული, ვისთვისაც ეს საქმე კეთდება. ნიჭიერ ისტერიულ პიროვნებას შეუძლია თავისი გუნება-განწყობა, ხასიათის თვისებები, სურვილები, წარმოსახვის უნარი და სიხარული ხელოვნების დონეზე, უპირველეს ყოვლისა კი, მსახიობის ან მოცეკვავის როლში წარმოაჩინოს.       სიბერე და სიკვდილი ჩვენი ცხოვრების ის უცილობელი და უკანასკნელი რეალობაა, რომელსაც მუდმივად ვერ გაიხანგრძლივებ. ისტერიული პიროვნებები, რომლებსაც არ სჩვევიათ რეალობის აღქმა და აუცილებლობის წინაშე ქედის მოხრა, ცდილობენ, ამ რეალობაზეც, რაც შეიძლება, დიდხანს დახუჭონ თვალი. ისინი არ უარყოფენ, რომ სიბერე და სიკვდილი არსებობს, მაგრამ არსებობს უფრო მეტად სხვებისთვის, ვიდრე კონკრეტულად მათთვის. ამიტომ ისტერიული ადამიანები ცდილობენ, დიდი ხნით შეინარჩუნონ ახალგაზრდობის ილუზია, და სწამდეთ მათ წინაშე მუდმივად არსებული, იმედიანი მომავლისა. ეს ადამიანები განსაკუთრებით წარმატებულად იყენებენ იმ მეთოდებს და პრაქტიკულ გამოცდილებას, რომლებიც მათ ხანგრძლივ ახალგაზრდობას ჰპირდება; მათ უმთავრესად ის მოძღვრებები იზიდავთ, რომლებიც ამტკიცებენ, რომ სიკვდილის შემდეგ ადამიანი კვლავ აგრძელებს სიცოცხლეს.       ისტერიული პიროვნებები საკუთარი სიკვდილის ფაქტს გამორიცხავენ და ამას ხშირად იმით გამოხატავენ, რომ არ ჩქარობენ ანდერძის დაწერას, არ აწესრიგებენ თავიანთ საქმეებს და სიკვდილის შემდეგ ქაოსს ტოვებენ. ისინი, სიკვდილის მოახლოების შიშით, არცთუ იშვიათად, თითქოს, სრულიად სხვა ადამიანებად გარდაიქმნებიან და არაბუნებრივად იქცევიან. მათ საქციელზე გვახსენდება გამოთქმა: «ახალგაზრდა მეძავი სიბერეში პირმოთნე ხდებაო», და ვხვდებით, რომ ისინი ამ დროს რაღაც გამორჩენას მოელიან; ამიტომ ამ ადამიანების ასეთი უეცარი გარდაქმნა ნამდვილად ეჭვს იწვევს. ისტერიულ პიროვნებებს ვერ გაუგიათ, რომ ადამიანი ღირსეულად უნდა ბერდებოდეს; სამაგიეროდ, შესწევთ უნარი, საკუთარი წარსული გაიცისკროვნონ და მოგონებებით იცხოვრონ. ამასთან, ეს წარსული, სურვილისამებრ, გადაასხვაფერონ, მის შუაგულში იტრიალონ და მთავარი როლი შეასრულონ. ზოგი მათგანი იმასაც ახერხებს, რომ სიკვდილი მთელი ბრწყინვალებით წარმოაჩინოს, ცხოვრების სცენიდან ჩამოსვლა შთამბეჭდავ სანახაობად გადააქციოს და ამ სპექტაკლში მთავარი გმირის როლი შეასრულოს.       ისტერიული პიროვნება უპირატესობას ანიჭებს ხელოვნების დარგებს და, რასაც ამ სფეროში ქმნის, უდავოდ დაამჩნევს ხოლმე კვალს; დროდადრო ავლენს მიდრეკილებას გაურკვეველი ექსჰიბიციონიზმისადმი; საკუთარი თავის წარმოჩენის მიზნით, წერს წერილებს და თავის ავტობიოგრაფიას; მრავალფეროვნება, ორიგინალობა და სიცოცხლის ხალისი ისტერიული ადამიანის ხასიათის ძლიერ მხარეს განეკუთვნება; საქმის ფორმალური ნაწილი მისთვის ხშირად არცთუ ისე მნიშვნელოვანია; მას განსაკუთრებული მიდრეკილება აქვს ჰალუცინაციებისადმი, რომლებშიც იმალება ის საფრთხე, რომ ისტერიული პიროვნება მათ ჯანსაღ, ცხოვრებისეულ მიმართულებას კი არ აძლევს, არამედ თავისი ოცნებებისა და სურვილების სამყაროში შეუხმობს, რაც მას სულ უფრო აშორებს რეალობას. ამ დროს მხოლოდ ხელოვანს შეუძლია გამოიჩინოს თავისი შემოქმედებითი ნიჭი.       ისტერიული პიროვნებების სიზმრები მათი სტრუქტურისათვის დამახასიათებელ, სპეციფიკურ პრობლემას წარმოადგენს და ხშირად სურვილების აღსრულების გულუბრყვილო ფორმით ვლინდება. ეს სიზმრები თავისთავად ილუზორულია; მათში რეალურად არსებული კანონები არ მოქმედებს, მოქმედება იქ ზღაპრული ხდომილებების სახით წარმოჩინდება და პრობლემების გადაჭრა უჩვეულოდ ხდება; მაგალითად, უკიდურესი საფრთხის დროს ადამიანს შეიძლება ფრთები გამოესხას და გაფრინდეს, რადგან ჯადოსნური თვისებები გააჩნია; ან ამ დროს სადღაც სიღრმიდან ზედაპირზე ამოიჭრება deus ex machina და იხსნის სიტუაციას. შიში სიზმარში ხანდახან ისე თრგუნავს ადამიანს, რომ იგი უეცრად უფსკრულის პირას აღმოჩნდება, რაც გვახსენებს სურათს – «მხედარი ბოდენზეეს თავზე». ისტერიული ადამიანები ხშირად ფერად, ცოცხალი ხდომილებებით აღსავსე, გრძელ სიზმრებს ხედავენ, რომლებიც მოგვიანებით კარგად ახსოვთ. დამახასიათებელია ისიც, რომ რთული სიზმრის ახსნას, რომელიც დიდ ძალისხმევას მოითხოვს, სიზმრის მნახველის ნაცვლად, სხვა ადამიანი კისრულობს.       ახლა შევეცდები, წარმოვადგინო ისტერიული პიროვნებების წრე; იგი იწყება ნაწილობრივ ისტერიული, ჯანმრთელი ადამიანით და მთავრდება იმ სტრუქტურული ტიპით, რომელიც ხასიათდება სუსტი და მძიმე ფსიქიური აშლილობით. ეს წრე დაახლოებით შემდეგნაირად გამოიყურება: ქმედითი, იმპულსური, ხაზგასმით პატივმოყვარე და თავკერძა ადამიანები;       ისტერიული ტიპები, რომელთაც აქვთ საკუთარი პიროვნების აღიარების ნარცისისეული მოთხოვნა და მოვლენების შუაგულში ყოფნის სურვილი; მეტისმეტად პატივმოყვარე ადამიანები, რომელთაც გააჩნიათ სხვებთან ურთიერთობის მოთხოვნილება. ამავე წრეში შედიან ადამიანები, რომელთაც ახასიათებთ «ოჯახურ რომანთან» მიახლოებული ურთიერთობა, ერთი მხრივ, მამასა და ქალიშვილს, მეორე მხრივ კი – დედასა და ვაჟიშვილს შორის; ვითარსი ისტერიული ადამიანები, რომლებიც საკუთარ თავზე მორგებულ როლებს, რეალობიდან გაქცევისა და ავანტიურისტული ქმედებების გასათამაშებლად იყენებენ. არიან ასევე მარადიული «წიწკვები», ყმაწვილკაცები, კაცთმოძულე ქალები და ქალთმოძულე მამაკაცები. ეს უკანასკნელები უარს ამბობენ საკუთარ სქესზე და ხშირად ჰომოსექსუალები ხდებიან. ეს წრე მოიცავს ასევე «დასაჭურისებულ», დესტრუქციულ ქალებს, რომლებიც აშკარა სიძულვილს გამოხატავენ მამაკაცებისადმი, და დონ-ჟუანის ტიპის მამაკაცებს, რომელთაც ქალების მიმართ შურისძიების გრძნობა ამოძრავებთ. ისინი ქმნიან მძიმე ისტერიული დაავადებების სურათს, რომელიც ფობიებით, ფსიქიკური და სომატური სიმპტომატიკით გამოვლინდება, თუმცა ამის დადგენა თვალნათლივ ვერ ხერხდება, თუ არ ჩავთვლით უკიდურეს შემთხვევებს (დამბლის ნიშნები).       ნაწილობრივ ისტერიული ტიპის ჯანმრთელ ადამიანს უყვარს რისკი, ხალისით ასრულებს თავის საქმეს, ყოველთვის მზადაა სიახლეების მისაღებად, მოქნილი, ხალისიანი და ხშირადმომხიბვლელია. ეხერხება იმპროვიზაცია, სიამოვნებით ატარებს ცდებს, კარგი თანამეინახეა და არ სჩვევია მოწყენილობა; მის გარშემო ყოველთვის რაღაც ხდება. უყვარს ახალი საქმეების წამოწყება და დიდ იმედებს ამყარებს ცხოვრებაზე. ასეთი ისტერიული ტიპი ნებისმიერი საქმის დასაწყისში დიდ შესაძლებლობებს და ხიბლს ხედავს, რასაც წიგნის ამ თავში წამძღვარებული სიტყვებიც გამოხატავს. ამ ტიპის ისტერიული ადამიანი, თავისი ქმედითი ხასიათის წყალობით, არღვევს ტრადიციებს და ძველ, დახავსებულ ნორმებს, ფლობს შთაგონების ძალას და იცის, როგორ გამოიყენოს საკუთარი მომხიბვლელობა. იგი არაფერს აღიქვამს სერიოზულად, გარდა, ალბათ, საკუთარი თავისა, რადგან გაცნობიერებული აქვს ცხოვრების უმთავრესი მოვლენების პირობითობა. ისტერიული ადამიანის ხასიათის ძლიერ მხარეს «იმპულსების გამოვლინება» და «რაღაცის ამოქმედება» წარმოადგენს და არა დაგეგმილი საქმის ხანგრძლივად და მოთმინებით განხორციელება. მაგრამ სწორედ თავისი დაუთმენლობის, ცნობისმოყვარეობისა და წარსულისადმი ზერელე დამოკიდებულების წყალობით, შესწევს უნარი, დაინახოს და შეიცნოს ისეთი რამ, რასაც ვერ ხედავენ სხვა ტიპის ადამიანები.       ამრიგად, ისტერიული ადამიანი თავდაჯერებით და მამაცურად უყურებს ცხოვრებას, რომელიც მისთვის ნაირფერი თავგადასავლებითაა სავსე. ცხოვრების არსი მისთვის იმაში მდგომარეობს, რომ სურს, რაც შეიძლება მრავალფეროვანი, ქმედითი და სისხლსავსე ცხოვრებით იცხოვროს. ფრიც რიმანი წიგნიდან: შიშის ძირითადი ფორმები …
დაამატა ლაშა to ფსიქოლოგია at 4:30pm on იანვარი 20, 2019
თემა: პროსპერ მერიმე - არსენ გიიო
ყო ხელი. ის იყო გამოსწია ერთ-ერთი არისტოკრატული სამლოცველოს რიკული, რომელშიც ზოგიერთ ღვთისმოსავს, განსაკუთრებული თანხის გადახდის შედეგად მოპოვებული აქვს უფლება ილოცოს სხვა მორწმუნეთაგან განცალკევებით, როდესაც მუხლებზე დაჩოქილი, შუბლით სკამის ზურგს მიყრდნობილი, ფიქრებში ღრმად წასული მლოცველი ქალი შენიშნა. „ქალბატონი დე პიენიაო“, - თქვა გულში და ეგვტრის შესასვლელთან შეჩერდა. ქალბატონ დე პიენის მნათე კარგად იცნობდა. იმ დროს მაღალი წრის ახალგაზრდა, ლამაზი, მდიდარი ქალის ღვთისმოსაობა, რომელსაც ეკლესიაში ნაკურთხი პური და საკურთხევლის საფენი დაჰქონდა და რომელიც თავის მოძღვრის მეშვეობით უხვად სცემდა შესაწირავს, ერთგვარ პატივისცემას იმსახურებდა, თუ მთავრობის მოხელეზე არ იყო გათხოვილი, არ ჰქონდა არავითარი დამოკიდებულება დოფინის ქალბატონთან და ეკლესიაში სიარულით სულიერ ნეტარების გარდა სხვა რასმე სარგებელს არ ნახულობდა. ასეთი იყო ქალბატონი დე პენი.       მნათეს ბარემაც სურდა წასულიყო სასადილოდ, ამ ჯურის ხალხი ხომ საერთოდ პირველ საათზე სადილობს, მაგრამ ვერ გაებედა დაერღვია წმინდა როხის მრევლის ყველაზე პატივსაცემი ღვთისმოსავის მყუდროება. ჰოდა, გაეცალა; ქვაფენილზე გაცვეთილი ფეხსაცმელების პაკაპუკით განაგრძო საყდრის მოვლა, იმ იმედით, რომ ეგვტერი თავისუფალი დამხვდება, სანამ შემოვლას დავამთავრებო.       მნათე უკვე გუნდის მხარეს იყო გასული, როდესაც ეკლესიაში ერთი ახალგაზრდა ქალი შემოვიდა, ტაძრის დაბალ კედელს აუარ- ჩაუარა და ცნობისმოყვარეობით მიმოიხედა ირგვლივ. საკურთხევლის ტიხარი, ეგვტრები, აიაზმის ქვაბი, ყოველივე ალბათ, ისე უცნაური სანახავი იყო მისთვის, როგორც თქვენთვის წმინდა ნიში იქნებოდა ან კაიროს რომელიმე მეჩეთის წარწერები.       ქალი დაახლოებით ოცდახუთი წლის იქნებოდა, მაგრამ ყურადღებით უნდა დაკვირვებოდით, რომ მეტის არ მოგჩვენებოდათ. თუმცა ძალიან კი უბრწყინავდა თვალები, მაგრამ ჩავარდნილი და ამოლურჯებული კი ჰქონდა თეთრი, ოდნავ მონაცრისფრო სახის ნაკვთები და ფერდაკარგული ტუჩები ტანჯვაზე მეტყველებდნენ; და მაინც მის გამოხედვაში ავადმყოფური გარეგნობის შეუსაბამო სიმამაცე და მხიარულება იგრძნობოდა. მის ჩაცმულობას ერთგვარი დაუდევრობისა და გულმოდგინების კვალი ეტყობოდა. მისი ხელოვნური ყვავილებით მორთული ვარდისფერი ქუდი საღამოს შილიფი მორთულობისათვის უფრო გამოდგებოდა. ქიშმირის გრძელ შალში, რომელსაც ბანოვანის გამოცდილი თვალი შეამჩნევდა, რომ ის არ უნდა ყოფილიყო მისი პირველი მფლობელი, იმალებოდა ადლი ოც სუდ ღირებული ჩითის უხეში და ოდნავ გაცრეცილი კაბა. დაბოლოს, მხოლოდ მამაკაცს თუ მოიყვანდა აღტაცებაში მისი იაფფასიანი, წინდებით და მოკირწყლულ გზებზე სიარულში ჯაფაგამოვლილი პრუნელის ფეხსაცმელებით შემოსილი ფეხები. ალბათ გახსოვთ, ქალბატონო, რომ მაშინ ასფალტი ჯერ კიდევ არ იყო გამოგონილი.       ქალი, რომლის სოციალურ მდგომარეობას თავად მიხვდებოდით, ეგვტერს მიუახლოვდა, სადაც ჯერ კიდევ იმყოფებოდა ქალბატონი დე პიენი. ცოტა ხანს შეწუხებული და შემცბარი სახით უთვალთვალებდა, მერე, რა დაინახა წასვლას აპირებსო, ხმადაბლა, მოკრძალებული ღიმილით გამოელაპარაკა. - ვერ მიმასწავლით, ქალბატონო, - ჰკითხა ხმატკბილად და მორცხვი ღიმილით, - ვერ მიმასწავლით, ვის მივმართო სანთლის დანთება მინდა.       ასეთი კითხვა უჩვეულოდ მოხვდა ქალბატონ დე პიენის ყურს, უცებ ვერ მიხვდა, რასა სთხოვდნენ და გაამეორებინა ნათქვამი.       - დიახ, ძალიან მინდოდა დამენთო, სანთელი წმინდა როხში, მაგრამ არ ვიცი, ფული ვის გადავუხადო.       ქალბატონი დე პიენი იმდენად განათლებული სულის პატრონი გახლდათ, რომ უბრალო ხალხური ცრუმორწმუნეობა ვერ გაიტაცებდა, მაგრამ დაფასებით კი აფასებდა, რადგან ყოველგვარ თაყვანისცემაში, რაგინდ უხეშადაც არ უნდა იყოს იგი გამოხატული, არის რაღაც ამაღელვებელი. ქალბატონმა დე პიენმა თავისი გულმოწყალების გამო და კიდევ იმიტომ, რომ დარწმუნებული იყო, საქმე ეხებოდა ნატვრას ან რაიმე მაგის მსგავსს, ისე რომ აზრადაც არ მოსვლია ამ ქალის ჩაცმულობის შემყურეს გამოეტანა დასკვნა, რომელსაც თქვენ შეიძლება არ მორიდებოდით, უკვე მოახლოებულ მნათეზე მიუთითა. უცნობმა მადლობა გადაუხადა ქალბატონ დე პიენს და იმ კაცისაკენ გაიქცა. მნათემ, როგორც ჩანს, უსიტყვოდ გაუგო მას. ქალბატონმა დე პიენმა, ვიდრე ლოცვანს შეინახავდა და პირბადეს გაისწორებდა, თვალი მოჰკრა თუ როგორ ამოიღო უცნობმა ჯიბიდან ქისა, როგორ ჩაიყარა მუჭაში ხურდა ფული, როგორ ამოაძვრინა იქიდან ერთადერთი ხუთფრანკიანი და როგორ გაუწოდა იგი მნათეს, რომელიც ღიმილით ისმენდა მის ხმადაბალსა და დაწვრილებით მითითებებს.       ორივენი ერთდროულად გამოვიდნენ ეკლესიიდან, მიუხედავად იმისა, რომ ერთი გზა ჰქონდათ. ქუჩის კუთხეში, სადაც ქალბატონი დე პიენი ცხოვრობდა, იგი მას ხელმეორედ შეხვდა. ნახმარი შალის ქვემოდან უცნობს ოთხ გირვანქიანი პური მოუჩანდა, რომელიც მეზობელ დუქანში ეყიდა. რა დაინახა ქალბატონი დე პიენი, უცნობმა თავი ჩაღუნა, თავშეკავებულად გაიღიმა და ნაბიჯს აუჩქარა. მისი ღიმილი ამბობდა: „რა გინდათ? მე ღარიბი ვარ, დამცინეთ. თვითონაც ვიცი, რომ პურის საყიდლად ვარდისფერი ქუდით და ქიშმირის შალით არ დადიან“. ეს ცრუ სირცხვილი, მორჩილება და გულკეთილობა ერთად აღებული, მხედველობიდან არ გამოპარვია ქალბატონ დე პიენს. ქალიშვილის ცხოვრების პირობები წარმოიდგინა და სევდამ შეიპყრო; მისი გულმოწყალება უფრო სასიქადულოა, ვიდრე ჩემიო - გაივლო გულში, - მისი ერთი ეკიუ გულუხვობაზე მეტია, მე ხომ მხოლოდ იმას ვწირავ უქონელთ, რაც ზედმეტი მაქვს, თავად არაფერს ვიკლებო.       მერე ქვრივის ორი გროში გაახსენდა, ღმერთს რომ მდიდრების ხელგაშლილობაზე მეტი სიამოვნება მოჰგვარა. ჩემი სიკეთე საკმარისი არ არისო, - გაიფიქრა, - უფრო მეტს უნდა ვაკეთებდეო. შინ მიმავალს, გონებაში ასეთი, რაღა თქმა უნდა, დაუმსახურებელი საყვედურები უტრიალებდა თავის თავის მიმართ. სანთელმა, ოთხგირვანქიანმა პურმა, შესაწირავად გამეტებულმა უკანასკნელმა ხუთფრანკიანმა წონა შემატეს ქალბატონ დე პიენას თვალში ახალგაზრდა ქალს, ვინც მისთვის უკვე გულმოწყალების თითით საჩვენებელ ნიმუშად ქცეულიყო.       კიდევ ბევრჯერ შეხვდა ქალბატონი დე პიენი მას ქუჩაში, ეკლესიის ახლომახლო, მაგრამ მსახურებაზე კი არასოდეს უნახავს. ყოველთვის, როცა ქალბატონი დე პიენს გვერდით ჩაუვლიდა, თავს დაბლა ხრიდა და მშვიდად იღიმებოდა ხოლმე. ეს თავმდაბლური ღიმილი მოსწონდა ქალბატონ დე პიენს. ქალბატონი დე პიენი ისურვებდა: შემთხვევა მისცემოდა, რითიმე დახმარებოდა ამ საწყალ გოგოს, ვინც თავიდანვე მიიპყრო მისი ყურადღება და ახლა ასე ებრალებოდა; შეამჩნია, რომ ვარდისფერი ქუდი გახუნებოდა და ქიშმირის შალიც სადღაც გამქრალიყო. უეჭველია, გადამყიდველს დაუბრუნა. ცხადი იყო, წმინდა როხს ასმაგად არ გადაუხდია შეწირული.       ერთ დღეს ქალბატონმა დე პიენმა დაინახა, რომ წმინდა როხში კუბო შეიტანეს. კუბოს ცუდად ჩაცმული კაცი მიჰყვებოდა უკან, მეკარე თუ რაღაც ამის მსგავსი, უკეპო შლიაპით. თვეზე მეტი იყო გასული, რაც ქალბატონ დე პიენს სანთლის დამნთები ქალი არ ენახა და ანაზდად თავში გაუელვა: იმას ხომ არ ასაფლავებენო. ეს ადვილი შესაძლებელი იყო, ვინაიდან უკანასკნელად როცა შეხვდა, ძალიან გამხდარი და ფერმიხდილი ეჩვენა. მნათემ ქალბატონი დე პიენის თხოვნით ყველაფერი გამოკითხა იმ კაცს, რომელიც კუბოს მიჰყვებოდა; ეს კაცი ლუი დიდის ქუჩაზე მდებარე სახლის კონსიერჟი აღმოჩნდა. მნათემ მისგან შეიტყო, რომ მისი სახლის მდგმური გარდაცვლილა, ვინმე ქალბატონი გიიო, რომელსაც არც ნათესავი ჰყოლია და არც მეგობარი. ერთი ქალიშვილი ჰყავდაო მხოლოდ, ჩემის მხრივ წმინდა წყლის გულკეთილობაა მის დაკრძალვას რომ ვესწრები, ჩემი არაფერი იყოო. ქალბატონმა დე პიენმა უმალ წარმოიდგინა, ჩემი უცნობი გაჭირვებაში მომკვდარა და პატარა გოგო უპატრონოდ დარჩენიაო. განიზრახა ამბის გასაგებად ხუცესი გაეგზავნა, რომელსაც ხშირად იყენებდა ხოლმე კეთილი საქმეებისათვის.       ამ ამბიდან ორი დღე იყო გასული, რომ ქალბატონი დე პიენის ეტლი შინიდან გამოსვლისთანავე ქუჩაში გახიდულმა ფორანმა გააჩერა. სარკმლიდან დაბინდული მზერა ესროლა ფორანს. ფორანის კიდეში ის ახალგაზრდა ქალი დაინახა, მკვდარი რომ ეგონა. მაშინვე იცნო, მიუხედავად იმისა, რომ ჩვეულებრივზე უფრო გამხდარსა და ფერმიხდილს ახლა ძაძებიც ემოსა, - არც ხელთათმანები ეცვა და არც ქუდი ეხურა. მისთვის ჩვეული სათნო ღიმილი სადღაც გამქრალიყო, სახე უცნაურად აშლოდა, დიდი შავი თვალები უაზროდ იცქირებოდნენ. ქალბატონ დე პიენს უყურებდა, მაგრამ ვერ სცნობდა; თვალში აღარაფერი უჩანდა. სახე მწუხარებაზე კი არა, უფრო რაღაც ცხელ გულზე მიღებულ გადაწყვეტილებაზე მეტყველებდა. ქალბატონ დე პიენის ეტლი სწრაფად მოსწყდა ადგილს. ამ გოგოს სახე და სასომიხდილი გამომეტყველება გულში ჩაყვა ქალბატონ დე პიენს.       შინ დაბრუნებულმა ქუჩაში თავმოყრილი ბრბო დაინახა. კარისკაცები თავ- თავიანთ კარებთან იდგნენ და რაღაცას უყვებოდნენ მეზობლებს, რომლებიც, ჩანდა, დიდი ინტერესით უგდებდნენ მათ ყურს. განსაკუთრებით ბევრი ხალხი შეჯგუფებულიყო ერთ მაღალ შენობასთან, ქალბატონი დე პიენის სახლის მახლობლად. ყველას მზერა მესამე სართულზე, - ერთი ღია ფანჯრისაკენ იყო მიპყრობილი. აქა- იქ ჯგუფებში, დროდადრო ვიღაც ხელს გაიშვერდა ხოლმე ფანჯრისაკენ და მერე მიწაზე მიუთითებდა. დანარჩენები თვალს აყოლებდნენ მისი ხელის მოძრაობას; რაღაც არაჩვეულებრივი ამბავი უნდა მომხდარიყო       წინკარში ქალბატონ დე პიენს შეშფოთებული მოსამსახურეები დაუხვდნენ, რომელნიც მყისვე გამოეშურნენ მისკენ ამბის სათქმელად და ერთმანეთს ლაპარაკს არ აცლიდნენ. პირის ფარეშმა სიტყვის თქმაც არ აცალა, ისე მიაყარა: - ახ, ქალბატონო!.. რომ იცოდეთ!..       ენით აუწერელი სისწრაფით გააღო კარი და თავის ქალბატონთან ერთად „წმიდათაწმიდა“ სამყოფელში, მინდოდა მეთქვა, ბუდუარში შევარდა, სადაც დანარჩენ მოსამსახურეებს შესვლა ეკრძალებოდათ.       - ახ, ქალბატონო! - დაიწყო ჟოზეფინამ, თან მოსასხამს ხსნიდა ქალბატონ დე პიენს, - გონზე ვერ მოვსულვარ! ასეთი არაფერი მინახავს, მართალია, მე არ მინახავს, თუმცა მაშინვე მივირბინე.. მაგრამ მაინც...       - რა მოხდა? ჩქარა ილაპარაკე!       - დიახ, ქალბატონო, ამ სამი წუთის წინ მეზობელი სახლის ფანჯრიდან ერთი სნეული გადმოვარდა, საცოდავი გოგონა, თქვენ რომ ერთი წუთით ადრე დაბრუნებულიყავით, თვითონვე გაიგონებდით დაცემის ხმას.       - ახ, ღმერთო ჩემო! მოკვდა ის უბედური?       - ეს საშინელება იყო. ბაპტისტი, რომელიც ომშია ნამყოფი, ამბობს, ამნაირი არაფერი მინახავსო. მესამე სართულიდან გადმოვარდა, ქალბატონო!       - ადგილზევე მოკვდა?       - ოხ, ქალბატონო, ის კიდევ ინძრეოდა, ლუღლუღებდა კიდეც, ასე ამბობდა: „ბარემ გამათავეთო“. ძვალ- რბილი ერთმანეთში ჰქონდა არეული. წარმოიდგინეთ რა დღეში იქნებოდა!       - კი მაგრამ, ამ უბედურს ... უპატრონა ვინმემ? ექიმი მოიყვანეს ან მღვდელი?       - რაც შეეხება მღვდელს... თქვენ ჩემზე უკეთ იცით... მაგრამ მე რომ მღვდელი ვყოფილიყავი... უბედური, ისეთი გაუბედურებული ყოფილა, თვითმკვლელობამდე მისულა... ისე, უსაქციელო ქალი კი ყოფილა მითხრეს, ბალეტში გამოდიოდა თურმე. ეგენი ყველანი ცუდად ამთავრებენ... ფანჯრის რაფაზე შემდგარა, ვარდისფერი ბაფთით გამოუნასკვავს ქვედა ტანი და.. ჰოპლა!       - ეს ის ძაძებში ჩაცმული გოგოა! - წამოიყვირა ქალბატონმა დე პიენმა.       - დიახ, ქალბატონო! დედა მოუკვდა სამი თუ ოთხი დღის წინ. ამის გამო გონება დაუკარგავს... ამასობაში ოთახის ქირის გადახდის დროც დამდგარა, ფული არ ჰქონია, მუშაობა კი მათ საერთოდ არ იციან... დაბოლოს, შეიძლება საყვარელმა მიატოვა კიდეც... და აი ცოდვაც მოხდა... უბედური!       - თუ იცით, აქვს მაინც რაიმე ამ საცოდავს, რაც მის პირობებში სჭირდება ადამიანს? თეთრეული, ლეიბები.. ახლავე უნდა გავიგოთ.       - გავიგებ თქვენი სახელით, თუ გნებავთ, - წამოიძახა ჟოზეფინამ. აღფრთოვანებულმა იმით, რომ საშუალება ეძლეოდა ახლოს ენახა ქალი, რომელსაც თავის მოკვლა უნდოდა. მაგრამ მცირე ხნის ფიქრის შემდეგ დაუმატა: - მაგრამ, არ ვიცი, მეყოფა კი ძალა იმ ქალს შევხედო, რომელიც მესამე სართულიდან გადმოვარდა! მე იმასაც ვერ ვიტანდი, ბაპტისტისთვის მეცქირა სისხლის გამოღების დროს... ცუდად ვხდებოდი.       - კარგი, - წამოიძახა ქალბატონმა დე პიენმა, - მაშინ ბაპტისტი გაგზავნეთ, მაგრამ მალე მაცოდინეთ, როგორ არის ის საცოდავი.       საბედნიეროდ, სწორედ მაშინ, როდესაც განკარგულებას იძლეოდა, ქალბატონ დე პიენს ექიმი - დოქტორი კ. ეწვია. ჩვეულებისამებრ, სამშაბათობით, იტალიური ოპერის დღეს, ექიმი ქალბატონ დე პიენთან სადილობდა.       - ჩქარა გაიქეცით, ექიმო! - წამოიძახა; ჯოხის დადება და პალტოს გახდაც არ აცალა. - ბაპტისტს გაყევით აგერ ორი ფეხის ნაბიჯზე, ერთი საწყალი გოგო გადმოვარდნილა ფანჯრიდან, იქნება უშველოთ რამე.       - ფანჯრიდან? - თქვა ექიმმა, თუ ფანჯარა მაღალზე იყო, მაშინ მე იქ ალბათ არაფერი მესაქმება.       ექიმს ოპერაციის გაკეთებას სადილი ერჩია, მაგრამ ქალბატონმა დე პიენმა თავისი გაიტანა, დაპირდა: უთქვენოდ არ ვისადილებთო და ექიმი დაითანხმა გაჰყოლოდა ბაპტისტს.       რამდენიმე წუთის შემდეგ ბაპტისტი უკან დაბრუნდა მარტო. თეთრეული, ყურთბალიშები და სხვა მოითხოვა, თან ქალბატონს ექიმის აზრი შეატყობინა: - საშიში არაფერია. გადარჩება, თუ... არ მახსოვს რას ამბობდა, რაღაცით თუ არ მოკვდაო, ეს სიტყვა „უს“ - ზე ბოლოვდება.       - ტეტანუსი, - წამოიძახა ქალბატონმა დე პიენმა.       - დიახ, ქალბატონო, მაგრამ ექიმის მისვლა მაინც საჭირო იყო, იქ ერთი უპრაქტიკო ექიმი აღმოჩნდა, აი ის, წითელასაგან რომ მკურნალობდა პატარა ბერთელოს; ის საცოდავი მისი მესამე მისვლის შემდეგ გარდაიცვალა.       ერთი საათის შემდეგ ექიმი დაბრუნდა: ჟაბო გვერდზე მოქცეოდა და ზედ ცოტაოდენი პუდრიც დაჰყროდა.       - თვითმკვლელები რა ქუდბედიანები არიანო, - თქვა, - ამ დღეებში ჩემთან საავადმყოფოში ერთი ქალი მოიყვანეს, ტყვია ჰქონდა ნასროლი პირში. საძაგელი ხერხია! სამი კბილი მოიტეხა და მარცხენა ლოყა გაიხვრიტა. ცოტა დამახინჯდა, ესაა და ეს. ვინმე წესიერი ადამიანი კი შემთხვევით გადმოვარდება მეორე სართულიდან და თავს გაიტეხავს. ეს გოგო, მაგალითად, მესამე სართულიდან ხტება, იტეხს მხოლოდ ფეხს, ორ ნეკნს, ღებულობს სხეულის მრავალ დაჟეჟილობას და მეტი არაფერი. მისი ბედი, რომ საჭირო ადგილზე იმყოფებოდა რაღაც გადმონაშვერი, რომელმაც შეარბილა დაცემა. ეს მესამე ასეთი შემთხვევაა, რაც მე პარიზში დავბრუნდი. მიწაზე ფეხებით დაეცა. პატარა და დიდი წვივის ძვლები კი შეეზრდება.. მაგრამ ამ კარიდის ქერქი რომ გამომშრალა, ამას რა ეშველება.. მწვადის ამბავიც მაფიქრებს, ოტელოს პირველ მოქმედებასაც ვეღარ მივუსწრებთ ალბათ..       - გითხრათ იმ უბედურმა, თუ რამ უბიძგა ამ...       - ო, ამ ამბებს არასოდეს არ ვისმენ, ქალბატონო. მხოლოდ ამას ვეკითხები: ჭამეთ თუ არა რაიმე ამ ამბის წინ? და სხვა და სხვა. ვეკითხები იმიტომ, რომ ამას მნიშვნელობა აქვს მკურნალობისათვის. ეშმაკმა დალახვროს! როცა თავს იკლავენ, ეს იმას ნიშნავს, რომ საფუძვლიანი მიზეზი არა აქვთ, ხტებიან ფანჯრიდან, რომ ამით მას ვნება მიაყენონ, მაგრამ ვერ მოასწრებენ ძირს დავარდნას, რომ უკვე ყველაფერს ნანობენ.       - საბრალო ბავშვი, ახლა ალბათ ნანობს ყველაფერს.       - რა თქმა უნდა, ეჭვი არ შეგეპაროთ! ისე მოსთქვამდა, ლამის დამაყრუა.. ბაპტისტი კი, ქალბატონო, საუცხოო ფერშალი გამოდგა. საქმეს უფრო კარგად გაართვა თავი, ვიდრე ვიღაც ექიმბაშმა, რომელიც იქ იდგა და კისერს იფხანდა. არ იცოდა საიდან დაეწყო; მაგრამ საქმე ისაა, ეს ახალგაზრდა ქალი ჩამოვარდნით რომ მომკვდარიყო, თავიდან აიცდენდა ჭლექით სიკვდილს; ჭლექიანია. ამის გარანტიას ვიძლევი, მართალია, მისთვის არასოდეს მომისმენია, მაგრამ სახის გამომეტყველება არასოდეს მატყუებს. ეჰ, ნეტავი რას ჩქარობდა, ისედაც განწირულია.       - ხვალაც ნახავთ, არა, ექიმო?       - როგორც მიბრძნებთ, ისე საჭირო კია.. უკვე ვუთხარი, რომ თქვენ რითიმე დაეხმარებოდით. კარგი იქნება, თუ საავადმყოფოში გადაიყვანთ... იქ უფასოდ დაადებენ ფეხზე არტახებს. მაგრამ ეს კია, „საავადმყოფოს“ უხსენებ თუ არა, ყვირილს იწყებს, აქვე მომკალითო. ჭორიკანა ქალებსაც ხომ მეტი არ უნდათ, უმალვე აჰყვებიან ხოლმე. მაგრამ როცა არც ერთი გროში არ გაგაჩნია...       - ხარჯებს მე გავიღებ, ექიმო!.. იცით, სიტყვა „საავადმყოფო“, ჭორიკნების არ იყოს, როგორც თქვენ ბრძანეთ, მეც მგვრის შიშს. ესეც არ იყოს, უბედური ახლა ისეთ მდგომარეობაშია, გინდა საავადმყოფოში გადაგიყვანიათ და გინდა მოგიკლავთ, ერთი და იგივეა.       - ცრურწმენაა! წმინდა წყლის ცრურწმენა მაღალი წრის ხალხისა: საავადმყოფოში შესანიშნავი პირობებია. თუ ოდესმე ავად გავხდი, მოვითხოვ, დაუყონებლივ საავადმყოფოში გადამიყვანონ. სწორედ იქიდან გადავჯდები ხარონის ნავში, სხეულს კი მოსწავლეებს ვაჩუქებ.. რა თქმა უნდა, დღეიდან ოცდაათი, ორმოცი წლის შემდეგ. ხუმრობა იქით იყოს, ქალბატონო, აბა დაფიქრდით: განა თქვენი პროტეჟე იმსახურებს ასეთ ყურადღებას თქვენის მხრივ, მე თუ მკითხავთ, ეს გოგო ოპერიდან უნდა იყოს... მართლაც საოპერო ფეხები უნდა ჰქონდეს ადამიანს, ასეთი ნახტომი რომ გააკეთოს...       - არა, ექიმო! ეკლესიაში ვნახე... და იცოდეთ... ხომ იცით, არა? მე შემიძლია მთელი ამბავი ავაგო ერთ უბრალო გამოხედვაზე, სახის გამომეტყველებაზე... იცინეთ რამდენიც გინდათ, მე იშვიათად ვცდები. ამ საცოდავმა დიდი ხანი არ არის, ავადმყოფი დედა შეავედრა ღმერთს. დედა მოუკვდა... ჰოდა, ამანაც გონება დააკარგვინა... გაჭირვებამ და სასოწარკვეთამ აქამდე მიყვანა!       - ღმერთმანი! თხემის ძვალზე ნამდვილად ემჩნევა ამოზნექილობა, რაც უთუოდ ერთგვარ აღგზნებაზე მიუთითებს. რასაც თქვენ ამბობთ, ალბათ მართალია. მომაგონდა, რომ მისი ასაკეცი საწოლის თავზე წიფლის ტოტი ეკიდა. ეს ხომ მის ღვთისმოსაობაზე მეტყველებს, ხომ ასეა?       - ასაკეცი საწოლი! ახ, ღმერთო ჩემო! საწყალი გოგონა! ექიმო, რატომ იღიმებით ასეთი მზაკვრული ღიმილით? მე იმაზე კი არ ვლაპარაკობ, ღვთის მოშიშია თუ არა. თუ რაღაც განსაკუთრებულ ვალდებულებას ვგრძნობ, ყურადღებით მოვეპყარი იმ ქალს, მხოლოდ იმიტომ, რომ მის წინაშე თავს დამნაშავედ ვთვლი.       - დამნაშავედ? მივხვდი. თქვენ უეჭველი ვალდებული იყავით მისთვის ქუჩაში ბალიშები დაგეფინათ, რომ არაფერი ტკენოდა?       - დიახ, დამნაშავედ. მე შევამჩნიე მისი მდგომარეობა და ვალდებული ვიყავი დავხმარებოდი, მაგრამ საწყალი მოძღვარი დიუბინიონი ლოგინად იყო ჩავარდნილი და..       - ასე თუ გაგრძელდა, ვეღარ მოგისვენიათ, ქალბატონო, ყველა გაჭირვებულს თქვენ ეხმარებით, ახლა კიდევ ახალი აღმოგიჩენიათ... მაგრამ მოდით მოვეშვათ ფეხმოტეხილებს; თუმცა არა, კიდევ ვთქვათ ორი სიტყვა; თუ გადაწყვეტილი გაქვთ მფარველობა გაუწიოთ ჩემს ახალ ავადმყოფს, ხვალიდან მიეცით უკეთესი საწოლი, მომვლელი ქალი... დღეისათვის არამკითხე მამიდებიც საკმარისია, - ბულიონი, წამალი და სხვა. და კიდევ, ურიგო არ იქნება, თუ რომელიმე ჭკვიან ხუცესს გაუგზავნით, რათა მის ზნეობრივ გამოჯანსაღებაზე იზრუნოს ისევე, როგორც მე ვზრუნავ იმისათვის, რომ ფეხი მოვურჩინო. ეს ქალბატონი ძალიან ნერვიულია, მოსალოდნელია გართულებები. თქვენ. ღმერთმანი, თქვენ, მე მგონი ყველაზე უკეთ გაართმევთ თავს, უკეთეს ჭკუის დამრიგებელს ვერც იპოვით, მაგრამ რაც შეეხება ქადაგებას, ჩემგან არაფერი გესწავლებათ... გავათავოთ ამაზე ლაპარაკი. უკვე ცხრის ნახევარია. იწამეთ ღმერთი! მოემზადეთ ოპერაში წასასვლელად, ბაპტისტი ყავას და „დე დებას“ მომიტანს. მთელი დღე აქეთ- იქით დავრბივარ და არც ვიცი ქვეყანაზე რა ხდება.       რამდენიმე დღემ გაიარა. ავადმყოფი ცოტა მომჯობინდა; ექიმი მხოლოდ იმას ჩიოდა, მისი სულიერი აღგზნებადობა არ კლებულობსო.       - მაინცდამაინც დიდად არ ვენდობი თქვენს ხუცესს, - ეუბნებოდა ექიმი ქალბატონ დე პიენს. - ამ საცოდაობის ატანა რომ შეგეძლოთ, თუმცა დარწმუნებული ვარ, საამისო გამბედაობა არ გაკლიათ, წმინდა როხის ყველა მოძღვარზე უკეთ შეძლებდით იმ უბედურის გონების დამშვიდებას; ეს კი არა, მე მგონი, თქვენი ქადაგება ლატუკის წვენზე უკეთაც იმოქმედებდა.       ქალბატონ დე პიენსაც მეტი არა უნდოდა რა და უმალ გამოთქვა სურვილი ავადმყოფთან გაჰყოლოდა ექიმს. ერთად ავიდნენ ავადმყოფთან.       ოთახში სამი სელის სკამი და ერთი პატარა მაგიდა იდგა, ავადმყოფი ქალბატონი დე პიენის გამოგზავნილ კარგ საწოლზე იწვა. თხელი საბნები, რბილი ქვეშაგები და ფართო ყურთბალიშების მთელი წყება მეტყველებდნენ იმ ადამიანის კეთილგანწყობაზე, ვისი ვინაობის დადგენა თქვენ ალბათ თავადაც არ გაგიძნელდებათ. ახალგაზრდა ქალი საშინლად ფერმიხდილი იყო და სიცხისაგან თვალები უხურდა; ცალი ხელი საწოლის გადაღმა ჰქონდა ჩაკიდული; ხელის ის ნაწილი, რომელსაც პერანგი ვერ ფარავდა, დალურჯებოდა. ადვილი წარმოსადგენია, რა მდგომარეობაში იქნებოდა მთელი მისი სხეული. ქალბატონი დე პიენი რომ დაინახა, თავი წამოსწია და თბილად, სევდანარევი ხმით თქვა: - ასეც ვიცოდი, ქალბატონო, რომ თქვენ შემიბრალებდით, თქვენი სახელი რომ მითხრეს, მაშინვე ვიფიქრე, ეს ის ქალბატონი იქნება, წმინდა როხთან რომ მხვდება-მეთქი.       ვგონებ უკვე გითხარით, რომ ქალბატონ დე პიენს თავი მოჰქონდა იმით, რომ შეეძლო სახის გამომეტყველებით გამოეცნო ადამიანები. ეს უნარი ამ ქალსაც აღმოაჩნდა. ქალბატონი დე პიენი ერთობ მოიხიბლა ამ გარემოებით. ამ აღმოჩენამ ერთიორად გაუძლიერა ინტერესი ახალგაზრდა ქალისადმი.       - აქ ძალიან ცუდად ხართ მოწყობილი, ჩემო გოგონა! - უთხრა და მზერა მიმოატარა ღარიბულად გაწყობილ ოთახში. - ფარდაგები რატომ არ მოუტანიათ? - ბაპტისტს უნდა უთხრათ ხოლმე ამ წვრილმანების შესახებ.       - რა კარგი და კეთილი ხართ, ქალბატონო.. მე აღარაფერი მჭირდება.. უკვე ყველაფერი დამთავრებულია. ცოტა უკეთესად ვიქნები თუ ცოტა უარესად, რა მნიშვნელობა აქვს? - სახე დამალა და ატირდა.       - დაიტანჯეთ, არა, საბრალო გოგონა! - შეეკითხა ქალბატონი დე პიენი და საწოლზე ჩამოჯდა.       - არც ისე... მხოლოდ ყურებში ახლაც მიშხუის ქარი, ვარდნისას რომ მესმოდა; და ხმაური... ჭახანი, ქვაფენილზე დაცემის დროს რომ გავიგონე.       - მაშინ გიჟი იყავით, ჩემო კარგო; ახლა ხომ ნანობთ, არა?       - დიახ, მაგრამ ადამიანს უბედურებაში ჭკუა არ ეკითხება.       - ძალიან ვწუხვარ, რომ ადრე არ ვიცოდი თქვენი მდგომარეობა. მაგრამ იცოდეთ, ჩემო კარგო, ადამიანი არავითარ შემთხვევაში არ უნდა მიეცეს სასოწარკვეთილებას.       - თქვენთვის ადვილია ლაპარაკი, ქალბატონო, - თქვა ექიმმა, რომელიც რეცეპტს სწერდა პატარა მაგიდაზე, - თქვენ რა იცით, რა არის მშვენიერი, ახალგაზრდა, ულვაშიანი კაცის დაკარგვა... მაგრამ, დალახვროს ეშმაკმა, უკან რომ გაედევნო, განა ამისათვის ფანჯრიდან გადმოხტომაა საჭირო?!       - თქვენც ერთი, ექიმო, - უთხრა ქალბატონმა დე პიენმა, - საცოდავ ბავშვს ალბათ სხვა მიზეზი ჰქონდა, რომ...       - ახ, მე თვითონ არ ვიცი, რა მომივიდა, - წამოიყვირა ავადმყოფმა. - ყველაფერი ერთმანეთს დაერთო. ჯერ იყო და დედა მომიკვდა და ამან ძლიერ იმოქმედა! შემდეგ თავი მიტოვებულად ვიგრძენი, არავის არ ვაინტერესებდი! დაბოლოს, ერთადერთმა ადამიანმა, რომელზედაც ყველაზე მეტს ვფიქრობდი ამქვეყნად, ქალბატონო, დაივიწყა ყველაფერი, - ჩემი სახელიც კი! მე მქვია არსენ გიიო. გიიო, ორი ,ი- თი“, ის კი ასე მწერს - გიო.       - აკი ვთქვი: უღალატა ვიღაცამ! - წამოიძახა ექიმმა. - ყოველ ფეხის ნაბიჯზე ერთი და იგივე. ოჰ! ოჰ! დაივიწყეთ, ლამაზო, დაივიწყეთ! კაცი, რომელსაც მეხსიერება ღალატობს, არ ღირს იმად, რომ მასზე იფიქრონ.       ექიმმა საათი ამოიღო.       - ოთხი საათიო, - თქვა და წამოდგა, - კონსილიუმზე მაგვიანდება. ქალბატონო, უმორჩილესად გთხოვთ მაპატიოთ, მაგრამ უნდა დაგტოვოთ. იმის დროც კი არ მრჩება, სახლამდე მიგაცილოთ. ნახვამდის, პატარავ. დაწყნარდით, ყველაფერი რიგზე იქნება. მალე ორივე ფეხებით ერთნაირად, კარგად იცეკვებთ; თქვენ კი, ქალბატონო მომვლელო, აფთიაქში წადით ამ რეცეპტით და მოიქეცით ისევე, როგორც გუშინ.       ექიმი და მომვლელი ქალი გავიდნენ. ქალბატონი დე პიენი მარტო დარჩა ავადმყოფთან. ცოტა გულდაწყვეტილი იყო იმით, რომ ამბავი, თავის გონებაში სულ სხვანაირად წარმოედგინა, სიყვარულთან დაკავშირებული აღმოჩნდა.       - ესე იგი მოგატყუეს, არა? საბრალო გოგოვ! - ჩაილაპარაკა ცოტა ხნის სიჩუმის შემდეგ.       - მომატყუეს? არა, ჩემნაირებს არ ატყუებენ... უბრალოდ აღარ ვუნდივარ... მართალიცაა, აბა რაში სჭირდება ჩემნაირი ქალი. ის ყოველთვის ისეთი კეთილი და დიდსულოვანი იყო. მივწერე, ასე და ასეა ჩემი საქმე-მეთქი, კვლავ შენთან ყოფნა მინდა-მეთქი. იცით, რა მიპასუხა... იმგვარად მიპასუხა, გული დამწყდა.. შინ რომ დავბრუნდი, მისი ნაჩუქარი სარკე გამივარდა ხელიდან, - ვენეციური სარკე, - როგორც თვითონ იტყოდა ხოლმე. სარკე გატყდა... ყველაფერი გათავებულია-მეთქი, გავიფიქრე... ეს იმის მაუწყებელია, რომ ყველაფერი გათავებულია-მეთქი... აღარავითარი სახსოვარი აღარ დამრჩა მისგან... სამკაულები დაგირავებული მქონდა... ბოლოს ღია ფანჯარა დავინახე... ვიფიქრე: შურს ვიძიებ-მეთქი, და ვისკუპე.       - ვაი, შე უბედურო, შენ... და ამ ქარაფშუტა მიზეზის გამო ასეთი დანაშაული ჩაიდინე.       - დიახაც! რას იზამ? უბედურების დროს ვერაფერს განსჯი. ბედნიერები კი ადვილად გასწავლიან ჭკუას..       - მესმის, უბედურება რას არ ჩაგადენინებს, მაგრამ რადგან მძიმე იყოს განსაცდელი, არსებობს ისეთი რამ, რისი დავიწყებაც არ შეიძლება. ამ ცოტა ხნის წინათ სანთელი დაანთეთ „წმინდა როხში“. თქვენ ბედნიერი ხართ, რადგან გწამთ რწმენის, ჩემო ძვირფასო, უნდა შეეკავებინეთ იმ დროს, როცა სასოწარკვეთილებაში ვარდებოდით. სიცოცხლე ღვთის მიერ გაქვთ მოცემული ის თქვენ არ გეკუთვნით... მაგრამ ახლა რა დროს თქვენი დატუქსვაა, თქვენ ინანებთ, იტანჯებით. ღმერთი მოწყალეა.       არსენმა თავი დახარა. ცრემლები მოადგა თვალებზე.       - აჰ, ქალბატონო, - თქვა ოხვრით, - იმაზე კარგი გგონივართ, ვიდრე ვარ... თქვენ გგონიათ, ღვთის მოშიში ვარ... ჩემი ღვთისმოშიშობა რა სათქმელია... მე ერთი უსწავლელი ვარ; ეკლესიაში გნახეთო, ბრძანებთ: თქვენ დამინახავთ სანთელს რომ ვანთებდი.. ეს იმიტომ, რომ არ ვიცოდით, რომ არ ვიცოდი, რა წყალში ჩავვარდნილიყავი.       - ჰოდა, ძალიან კარგი! ჩემო ძვირფასო! ძალიან კარგი აზრი მოგსვლია თავში. უბედურების დროს ყოველთვის ღმერთს უნდა მიმართო.       - მითხრეს. „წმინდა როხში“ სანთელი დაანთეო და. მაგრამ, არა, ამას ვერ გეტყვით. თქვენ ვერც წარმოიდგენთ, რისი გაკეთება შეუძლია ადამიანს, როცა ერთი გროშიც არ გააჩნია.       - ღმერთს უნდა სთხოვო, ძალას მოგცემს.       - თუმცა რა თქვენ ხომ არ მიცნობთ. ქალბატონო, და თქვენი კეთილი განწყობით სარგებლობა, რასაც არ ვიმსახურებ, თქვენს გაქურდვას უდრის. ერთი უბედური გოგო ვარ... მაგრამ ამ ქვეყანაზე ვისაც როგორ შეუძლია, ისე ცხოვრობს... ერთი სიტყვით, ქალბატონო, დედაჩემი იტყოდა ხოლმე: „წმინდა როხში“ ვინც სანთელს დაანთებს, ერთ კვირაში ბალიშის მონახევრეს იშოვისო; მეც ამიტომ დავანთე სანთელი, მაგრამ უკვე ისე დავუშნოვდი! მუმიას დავემსგავსე. აწი ვინღა მომინდომებს? ერთადერთი გამოსავალი ისევ სიკვდილია. მალე ალბათ გავთავდები კიდეც და ეს იქნება.       ყველაფერი ეს ძალიან სწრაფად იყო ნათქვამი, ქვითინით, მღელვარებით და ქალბატონ დე პიენს ზიზღზე მეტად შიში მოჰგვარა, მისდაუნებურად ავადმყოფის საწოლიდან სკამი გვერდზე გასწია. ალბათ ოთახიდანაც გავიდოდა, ადამიანური გრძნობა რომ არა, რამაც ძლიერ იმოქმედა მასზე, ვიდრე ამ დაღუპული ქალისადმი ზიზღმა, და რამაც არ დაანება ასეთ უიმედო სასოწარკვეთილების ანაბარა მიეტოვებინა იგი, სიჩუმე ჩამოვარდა. შემდეგ ქალბატონმა დე პიენმა თვალები დახარა და სუსტი ხმით წაიჩურჩულა: - დედათქვენმა? უბედურო, როგორ ბედავთ ამის თქმას?       - ეჰ, დედაჩემი იყო ისეთი, როგორიც ყველა დედაა, უფრო სწორად, როგორიც ჩვენი დედები იყვნენ. ის თავის დედას არჩენდა, მე კი მას ვარჩენდი... კიდევ კარგი, ბავშვი არა მყავს. ვხედავ, ქალბატონო, შეძრწუნებული ხართ... გასაგებიცაა! თქვენ კარგად აღიზარდეთ, თქვენ არასოდეს არ გატანჯულხართ, მდიდარი თუ ხარ, იოლია იყო პატიოსანი. მეც ვიქნებოდი პატიოსანი, საშუალება რომ მქონოდა. მე მყავდნენ საყვარლები... მაგრამ მხოლოდ ერთი კაცი მიყვარდა. მან მიმატოვა, მდიდარი რომ ვყოფილიყავი, დავქორწინდებოდით და შევქმნიდით პატიოსან ოჯახს. აი, ხომ ხედავთ, ქალბატონო, გულახდილად გელაპარაკებით, თუმცა ვიცი, რასაც ფიქრობთ ჩემზე და მართალიცა ხართ... მაგრამ თქვენ ხართ ერთადერთი პატიოსანი ქალი, ვისთანაც მილაპარაკია ჩემი ცხოვრების შესახებ და ისეთი კეთილი მეჩვენებით, ისეთი კეთილი.. რომ აი, ახლა ვფიქრობდი სწორედ: რომც გამიცნოს, მაინც შევებრალები-მეთქი. მე მალე მოვკვდები, ერთ რამესა გთხოვთ მხოლოდ - როცა მოვკვდები, აწირვინეთ ჩემთვის უბრალო ლოცვა, მეტს არაფერს გთხოვთ, და თქვენი მადლობელი დავრჩები...       - არა, თქვენ არ მოკვდებით! - წამოიძახა გულაჩუყებულმა ქალბატონმა დე პიენმა. - ღმერთია თქვენი შემწე, საბრალო ცოდვილო. მოინანიეთ ცოდვები და შენდობას მიიღებთ. მე ლოცვას არ დაგაკლებთ, ეს, თუ რამეს უშველის თქვენს გაჭირვებას. თქვენზე მეტი დანაშაული თქვენს აღმზრდელებს მიუძღვით. მხოლოდ იცოდეთ: სიმამაცე მოიკრიბეთ და იმედს ნუ დაკარგავთ. რაც მთავარია: ეცადეთ დამშვიდდეთ, ჩემო საბრალო გოგონავ, ჯანმრთელობა უნდა აღიდგინოთ; სულიც დაავადებული გაქვთ, მაგრამ მის განკურნებას მე ვიღებ ჩემს თავზე.       ლაპარაკის შეუწყვეტლივ წამოდგა. ხელში ქაღალდის შეკვრას ატრიალებდა, რომელიც რამდენიმე ლუიდორს შეიცავდა.       - აი, თქვა, - თუ მოგინდეთ რამე... - და დააპირა ძღვენი ავადმყოფის სასთუმალქვეშ ამოედო.       - არა, ქალბატონო! - სიფიცხით წამოიძახა არსენმა და ხელი ჰკრა ქაღალდის შეკვრას, - რაც დამპირდით, ისე შეასრულეთ, თქვენგან მეტი აღარაფერი მინდა, მშვიდობით. ჩვენ ერთმანეთს ვეღარასოდეს ვნახავთ. უთხარით საავადმყოფოში გადამიყვანონ, მინდა ისე მოვკვდე, არავინ შევაწუხო. ჩემგან აწი აღარაფერი გამოვა. მეცოდინება, რომ ისეთი წარჩინებული ქალბატონი, როგორიც თქვენ ხართ, ჩემს სულს შეავედრებს ღმერთს. კმაყოფილი ვარ. მშვიდობით!       კედლისაკენ შებრუნდა, რამდენადაც ამის ნებას საწოლზე მიმაგრებული ხელსაწყო აძლევდა, და თავი ბალიშებში ჩარგო, რომ აღარაფერი დაენახა.       - მომისმინეთ, არსენ, - უთხრა ქალბატონმა დე პიენმა სერიოზული ტონით, - განზრახული მაქვს ქალად გაქციოთ. თქვენი სინანული ძალას მმატებს. ხშირად მოგინახულებ და ვიზრუნებ თქვენზე. დადგება დღე, საკუთარი თავისადმი პატივისცემა გაგიჩნდებათ და ჩემი მადლობელი იქნებით: და ხელი ხელზე მოუჭირა ოდნავ: - თქვენ მე შემეხეთ! - წამოიყვირა საწყალმა გოგომ. - თქვენ მე ხელი მომიჭირეთ!       და სანამ ქალბატონი დე პიენი უკან წაღებას მოასწრებდა, დაიჭირა და ცრემლითა და კოცნით დაუფარა.       - დაწყნარდით, დაწყნარდით, ჩემო ძვირფასო. - ამბობდა ქალბატონი დე პიენი. - მეტს ნურაფერს მეტყვით. ახლა ჩემთვის ყველაფერი ნათელია. უკეთ გიცნობთ, ვიდრე თქვენ იცნობთ თავს. მე ვმკურნალობ თქვენს თავს, თქვენს უგუნურ თავს. და მოვითხოვ დამემორჩილოთ ზუსტად ისე, როგორც ემორჩილებით ექიმს. გამოგიგზავნით ვინმე სასულიერო პირს ჩემი მეგობრებიდან, მას უნდა მოუსმინოთ. აგირჩევთ კარგ წიგნებს, თქვენ ისინი უნდა წაიკითხოთ. ხანდახან ვისაუბრებთ კიდეც. მერმე, როდესაც მომჯობინდებით, თქვენს მომავალზე ვიფიქრებთ.       მომვლელი ქალი დაბრუნდა აფთიაქიდან წამლიანი შუშით ხელში. არსენი ჯერ კიდევ ტიროდა, როდესაც ქალბატონმა დე პიენმა კიდევ მოუჭირა ხელი, მაგიდაზე პატარა ფულების შეკვრა დაუდო და გარეთ გამოვიდა. ახლა კიდევ უფრო კარგად განეწყო თავისი აღსაზრდელისადმი, ვიდრე მანამდე, სანამ მის უცნაურ აღსარებას მოუსმენდა.       რატომ არის, ქალბატონო, უწესო ხალხი რომ ყველას უყვარს? დაწყებული „უძღები შვილებიდან“ დამთავრებული თქვენი ძაღლით - დიამანით, რომელიც ყველას კბენს და ყველაზე აუტანელი ცხოველია მათ შორის, რომელთაც კი მე შევხვედრილვარ. რაც უფრო ნაკლებად იმსახურებს ადამიანი პატივისცემას, მით უფრო მეტ ინტერესს იჩენენ მისადმი. პატივმოყვარეობას! წმინდა წყლის პატივმოყვარეობას! დაუძლეველი სიძნელე სიამოვნებას გვგვრის „უძღები შვილის“ მამამ ეშმაკი დაამარცხა და ნადავლი გამოსტაცა. თქვენ გაიმარჯვეთ დიამანის ცუდ ბუნებაზე ღვეზელის დახმარებით.       ქალბატონ დე პიენს ეამაყებოდა, რომ დაძლია მეძავის ბიწიერება, თავისი მჭერმეტყველებით დაანგრია ცდუნებათა ჯებირი, რითაც ოცი წლის განმავლობაში იყო გარშემორტყმული ეს პატარა, ღვთის ანაბარად მიტოვებული ქმნილება. და შემდეგ - რა სალაპარაკოა, მაგრამ - ამ გამარჯვებით გამოწვეულ სიამაყეს და კეთილი საქმის ჩადენით მიღებულ სიამოვნებას თან ერთვოდა ცნობისმოყვარეობა, რასაც არა ერთი და ორი პატიოსანი ქალი განიცდის, როცა „იმნაირი“ ქალის გაცნობის საშუალება მიეცემა. დაკვირვებული ვარ, როგორ აყოლებენ თვალს სალონში მომღერალ ქალს. მეტწილად მათ კაცები კი არ უყურებენ... განა თქვენ თვითონ, ქალბატონო, „ფრანგული კომედიის თაეტრში“ გაფაციცებით არ უყურებდით ლორნეტით „ვარიეტეს“ მომღერალს, რომელიც ლოჟიდან დაგანახეთ? „ნუთუ შეიძლება სპარსელი იყო?“ - რამდენს დაუსვამს ასეთი შეკითხვა? ჰოდა, ქალბატონო, ქალბატონი დე პიენი ბევრს ფიქრობდა არსენ გიიოზე. ამბობდა, უნდა გადავარჩინო.       მღვდელი გამოუგზავნა შინ, რომელმაც არსენს მონანიება შთააგონა. მონანიება ადვილი საქმე იყო საცოდავი არსენისათვის, რომელსაც გაჭირვების მეტი არაფერი ენახა, გარდა რამდენიმე საათის დიდი ბედნიერებისა. უბედურ ადამიანს, რომ უთხრათ: „თქვენ თვითონ ხართ დამნაშავე“ - ო, უმალ დაგეთანხმებათ, ამის მერე კი თუ ოდნავ შეარბილებთ საყვედურს და ცოტა ნუგეშსაც მისცემთ, თან გადაგყვებათ. ვიღაც ბერძენი ამბობს, უფრო სწორად ამიოს ათქმევინებს.       „...თავისუფალ კაცს ხელს ბორკილი როს გაუკეთეს, იმ დღეს დაჰკარგა ნახევარი მადლი სიკეთის...“       უბედურება ბატკანივით დამყოლსა და მორჩილსა გვხდის, აი, რა უხეშ პროზამდე დავყავართ ამ გამონათქვამს. მღვდელი ეუბნებოდა ქალბატონ დე პიენს, არსენ გიიო სრულიად უვიცია, მაგრამ ბუნებით კეთილია და იმედი მაქვს სწორ გზაზე დავაყენებო. არსენი მას მართლაც დიდი ყურადღებითა და პატივისცემით უგდება ყურს. კითხულობდა ან აკითხებდა ვინმეს ქალბატონი დე პიენის მიერ „გამოწერილ“ წიგნებს და მის მითითებებს ისევე ზუსტად ასრულებდა, როგორც ექიმისას. მაგრამ არსენმა მღვდლის გული საბოლოოდ მაინც მის ხელში ჩავარდნილი მცირეოდენი თანხის გონივრული გამოყენებით მოიგო და მით მფარველსაც თავისი გონივრული გამოჯანსაღების რწმენა განუმტკიცა. ითხოვა საზეიმო წირვა ეთქვათ „წმინდა როხში“ თავისი განსვენებული დედის - პამელა გიიოს - სულის მოსახსენიებლად. უდავოა, ჯერ არ ყოფილა სული, რომელსაც აგრე რიგად სჭირდებოდა ეკლესიის ლოცვა. II       ერთ დილით, ქალბატონი დე პიენი ჯერ კიდევ საპირფარეშოში იყო, რომ ამ წმინდა ალაგის კარს ერთმა მოსამსახურემ დააკაკუნა მორიდებულად და ჟოზეფინას, მოახლე გოგოს, ვიღაც ახალგაზრდა კაცის სადარბაზო ბარათი გადასცა.       - მაკსი პარიზშია! - წამოიძახა ქალბატონმა დე პიენმა, მოჰკრა თუ არა თვალი ბარათს.       წადით ახლავე, ბატონ დე სალინის სთხოვეთ სასტუმრო ოთახში მომიცადოს. ცოტა ხნის შემდეგ სასტუმრო ოთახიდან სიცილი და ჩუმი წამოძახილები მოისმა. ჟოზეფინს მთლად გაწითლებული და ყურებზე ქუდჩამოფხატული დაბრუნდა.       - რა მოხდა? - შეეკითხა ქალბატონი დე პიენი.       - არაფერი, ქალბატონო, ბატონმა დე სალინიმ მითხრა ძალიან გასუქებულხარო.       ბატონი დე სალინი ორ წელზე მეტი იყო რაც მოგზაურობდა: ჟოზეფინის გასუქება დიახაც უნდა გაკვირვებოდა. ადრე ხომ იგი ჟოზეფინის ერთ-ერთი რჩეულთაგანი იყო და მისი ქალბატონის გამუდმებული ზრუნვის ქვეშ იმყოფებოდა. ქალბატონი დე პიენის ახლო მეგობრის დისწული გახლდათ და ხშირად დაიარებოდა მასთან დეიდამისთან ერთად. სხვათა შორის, ეს თითქმის ერთადერთი წესიერი სახლი იყო, სადაც შეიძლებოდა მისი ნახვა. მაკს დე სალინის საკმაოდ ცუდი სახელი ჰქონდა; მოთამაშის, მოჩხუბრის, მოქეიფის - „თუმცა სხვამხრივ კარგი კაცი იყო...“ დეიდამისს, ქალბატონ ობრეს, იმედს უკარგავდა, თუმცა დეიდა, მიუხედავად ამისა, მაინც აღმერთებდა მას. არაერთხელ უცდია მისი სწორ გზაზე დაყენება, მაგრამ ცუდი ჩვეულებები ყოველთვის სჯაბნიდნენ მის ბრძნულ შეგონებებს. მაკსი სულ რაღაც ორიოდე წლით იყო უფროსი ქალბატონ დე პიენზე. ერთმანეთს ბავშვობიდანვე იცნობდნენ და ქალიშვილობაში მაკსს, ეტყობა, მოსწონდა კიდეც ქალბატონი დე პიენი. „ჩემო კარგო, - ეუბნებოდა ქალბატონი ობერი ქალბატონ დე პიენს, - თქვენ რომ მოინდომებდეთ, დარწმუნებული ვარ, შეძლებდით მის მოთოკვას.“ ქალბატონ დე პიენს, - მაშინ მას ელიზ დე გისკარს ეძახოდნენ, - შეიძლებოდა ეფიქრა კიდეც რამე. მაკსი ისეთი მხიარული, ისეთი გამრთობი, ისეთი დაუღალავი მოცეკვავე იყო ბალზე, რომ მისგან უეჭველად კარგი ქმარი დადგებოდა, მაგრამ ელიზის მშობლები უფრო შორს იცქირებოდნენ. თვითონ ქალბატონი ობრეც ვერ თავმდებობდა მაინცდამაინც თავის დისშვილს; ამასთანავე ცნობილი გახდა, რომ მას ვალები ჰქონდა და საყვარლებიც ჰყავდა; ამას დაერთო გახმაურებული დუელი, რომლის მიზეზიც „ჟიმნაზის“ მსახიობი ქალი იყო. ქორწინება, რომლის შესახებაც ქალბატონ ობერს არც არასოდეს უფიქრია სერიოზულად, შეუძლებლად იქნა გამოცხადებული. ამ დროს გამოჩნდა ბატონი დე პიენი, კეთილშობილი, სერიოზული კაცი, კარგი მდგომარეობის პატრონი და კარგი ოჯახის შვილი. მის შესახებ მხოლოდ ის შემიძლია გითხრათ, რომ თავაზიანი კაცის სახელით სარგებლობდა, და დამსახურებულადაც. საერთოდ ცოტას ლაპარაკობდა, მაგრამ თუკი პირს მოაღებდა, იტყოდა რაღაც დიდსა და უდავო ჭეშმარიტებას. საეჭვო კითხვებში კი „კონრარს“ ბაძავდა „კეთილგონიერ სიჩუმეში“. მართალია, საზოგადოებას სადაც იმყოფებოდა, ვერაფერს მატებდა, მაგრამ ყველგან სათანადოდ ეჭირა თავი. ცოლის წყალობით, ყველას საკმაოდ უყვარდა, მაგრამ სადმე რომ არ გამოჩენილიყო, რაც ძალიან ხშირად ხდებოდა, რადგან წელიწადში ცხრა თვეს თავის მამულში ატარებდა, და კერძოდ ახლაც, რა დროიდანაც ჩემი მოთხრობა იწყება, იქ იმყოფებოდა, თვალში არავის ეცემოდა. სხვაზე მეტად არც ცოლს დაჰკლებია თვალში.       ქალბატონი დე პიენი ხუთ წუთში გამოეწყო. ოთახიდან ცოტა აღელვებული გამოვიდა; მაკს დე სალინის მოსვლამ ამას წინ გარდაცვლილი პიროვნება მოაგონა, პიროვნება, რომელიც ყველაზე მეტად უყვარდა. ეს იყო, მე ვფიქრობ, ერთადერთი მოგონება, რაც მას ახლა აღეძრა და ეს მოგონება იმდენად ცოცხალი იყო, შეეძლო გაენელებინა სასაცილო დასკვნები, რასაც ნაკლებად გონიერი არსება უთუოდ გამოიტანდა ჟოზეფინას ჩამოფხატული ქუდის შემხედვარე. სასადილო ოთახს რომ მიუახლოვდა, ოდნავ შეაცბუნა მშვენიერმა ბანმა, რომელიც ნეაპოლიტანურ ბარკაროლას ამღერებდა პიანინოს თანხლებით.       Addio, Teresa, Tereza, addio!       Ai mio ritorno, Ti sposero!       კარი გააღო, ხელი გაუწოდა და სიმღერა შეაწყვეტინა მომღერალს: - ჩემო საბრალო ბატონო მაკს, რომ იცოდეთ, როგორ მიხარია თქვენი ნახვა!       მაკსი სწრაფად წამოდგა ფეხზე და დაბნეულად ჩამოართვა ხელი. სიტყვა ვერ ეპოვნა.       - ძალიან ვწუხვარ, რომ ვერ შევძელი რომში წასვლა, როცა თქვენი კეთილი დეიდა ავად გახდა, ვიცი, როგორ ზრუნავდით მასზე. დიდად მადლობელი ვარ მისი უკანასკნელი სახსოვრისათვის, რომელიც თქვენ გამომიგზავნეთ.       მაკსის ბუნებრივად მხიარულ სახეს ანაზდად მოწყენა დაეტყო.       - თქვენზე ხშირად მელაპარაკებოდა ხოლმე უკანასკნელ წუთებამდე. ვხედავ, მიგიღიათ მისი ბეჭედი.. და წიგნი, რომელსაც ჯერ კიდევ იმ დილით კითხულობდა....       - დიახ, მაკს. მადლობას მოგახსენებთ. ამ სევდიანი საჩუქრის გამოგზავნით გამაგებინეთ, რომ რომს სტოვებთ, მაგრამ არ მაცნობეთ თქვენი მისამართი. არ ვიცოდი, სად მომეწერა თქვენთვის. საწყალი მეგობარი! სიკვდილი სამშობლოდან ასე დაშორებით! საბედნიეროდ თქვენ მაშინვე მიირბინეთ მასთან ... თქვენ უკეთესი ხართ მაკს, ვიდრე გინდათ თავი მომაჩვენოთ.. კარგად გიცნობთ.       - ავადმყოფი დეიდა სულ ამას მეუბნებოდა: როცა ამქვეყნად აღარ ვიქნები, მხოლოდ ქალბატონი დე პიენი იქნება შენი დამტუქსავიო. - მას უნებურად გაეღიმა. - ეცადე, ხშირად არ დაგტუქსოსო. ახლა კი ხედავთ, ქალბატონო, რომ ცუდად ასრულებთ თქვენს მოვალეობას.       - გავიგე, რომ შეიცვალეთ, დადინჯდით, დაჭკვიანდით. ასე რომ, იმედი მაქვს, მალე სინეკურა მექნება.       - არ სცდებით ქალბატონო, დავპირდები დეიდაჩემს, წესიერი კაცი გავხდები-მეთქი..       - შეასრულებთ კიდეც სიტყვას, დარწმუნებული ვარ!       - ვეცდები. მოგზაურობაში ეს უფრო იოლია, ვიდრე პარიზში. მიუხედავად ამისა... რომ იცოდეთ, ქალბატონო, სულ რამდენიმე საათია რაც ჩამოვედი და უკვე მოვერიე ერთ ცდუნებას. თქვენთან რომ მოვდიოდი, ერთი ძველი მეგობარი შემხვდა და სადილად დამპატიჟა, სადილს რაღაც- რაღაცეები მოჰყვებოდა და უარი ვუთხარი.       - კარგი გიქნიათ.       - დიახ, მაგრამ. სიმართლე გითხრათ, იმედი მქონდა, რომ თქვენ დამპატიჟებდით.       - რა სამწუხაროა! დღეს სხვაგან ვსადილობ... მაგრამ ხვალ...       - ამ შემთხვევაში ჩემს თავზე აღარ ვაგებ პასუხს. ვინ იცის, სად მოვხვდები სადილად; ყველაფერზე თქვენ იქნებით პასუხისმგებელი.       - მომისმინეთ, მაკს , რაც მთავარია, კარგად უნდა დაიწყოთ. ბიჭებთან ნუ ისადილებთ. აი, მე ქალბატონ დარსენესთან ვარ დაპატიჟებული, მოდით იქ საღამოს, ვისაუბრებთ.       - კი, მაგრამ ქალბატონო დარსენე, ცოტა არ იყოს, მოსაწყენი პიროვნებაა, ათას რამეს შემეკითხება. მე ხმასაც ვერ ამოვიღებ. რაიმეს ალბათ ისე არ ვიტყვი, როგორც საჭიროა; შეიძლება ჯერ კიდევ გაუთხოვარია და...       - მშვენიერი ქალია.. სხვათა შორის, არ არის საკადრისი ასეთი ლაპარაკი.       - დამნაშავე ვარ, არ გედავებით, მაგრამ... მხოლოდ დღეს ჩამოვედი და ძალიან ნაადრევად ხომ არ ჩამეთვლება მისვლა?       - კეთილი, მოიქეცით ისე, როგორც გენებოთ. მაგრამ აი რა, მაკს, როგორც დეიდათქვენის კარგ მეგობარს, უფლება მაქვს გელაპარაკოთ გულახდილად: თავი მოარიდეთ წინანდელ ნაცნობებს. დრომ უნებურად დაამსხვრია ყველა ის კავშირი, რომელსაც თქვენთვის მხოლოდ ზიანი მოჰქონდა და ნუღარ ეცდებით მის აღდგენას. დარწმუნებული ვარ და ვიმედოვნებ, რომ აღარ გაგიტაცებთ. ეს თქვენს ასაკში... ჩვენს ასაკში, წინდახედული უნდა იყო, მაგრამ მოვეშვათ ამ რჩევა- დარიგებებს; მელაპარაკეთ იმაზე, თუ რა გააკეთეთ იმ ხნის განმავლობაში, რაც ერთმანეთი აღარ გვინახავს. ვიცი მხოლოდ, რომ იყავით გერმანიაში, თქვენ მხოლოდ ორჯერ მომწერეთ, ეს კი ძალიან მცირეა იმისათვის, რომ თქვენს შესახებ რაიმე მცოდნოდა.       - ღმერთო ჩემო! ქალბატონო, დამნაშავე ვარ... მაგრამ უნდა გამოგიტყდეთ: მე ხომ ასეთი.. ზარმაცი ვარ! ბარე ოცჯერ გადაწყვიტე თქვენთვის მომეწერა? მე ხომ არ მეხერხება წერილის წერა. რამდენჯერაც თქვენზე მიფიქრია, იმდენჯერ რომ წერილი მომეწერა, მთელი იტალიის ქაღალდი არ მეყოფოდა.       - მაინც რას აკეთებდით? რით იყავით დაკავებული ამ დროის განმავლობაში? უკვე ვიცი, რომ წერილების წერით არ იყავით გართული.       - დაკავებული? თქვენ იცით, საუბედუროდ, რომ არასოდეს არა ვარ დაკავებული. ვათვალიერებდი, დავხეტიალობდი, მინდოდა მხატვრობისთვის მომეკიდა ხელი, მაგრამ ამდენი მშვენიერი სურათის ნახვამ საბოლოოდ განმკურნა უკუღმართი გატაცებისაგან. ეჰ!.. მერე მოხუცმა ნიბიმ კინაღამ არქეოლოგად მაქცია. დიახ, მისი დაჟინებითი გათხრებიც კი ვაწარმოე.. ვნახეთ ერთი გადატეხილი ჩიბუხი და რა ვიცი ჭურჭლის რამდენიმე ნატეხი... შემდეგ ნეაპოლში მივიღე სიმღერის რამდენიმე გაკვეთილი, მაგრამ კარგი მომღერალი ვერ დავდექი... მე...       - თქვენ მშვენიერი ხმა გაქვთ და მშვენივრადაც მღერით, მაგრამ მაინც არ მომწონს თქვენი სიმღერები, ვინაიდან იგი გაკავშირებთ ისეთ ხალხთან, რომლის სიახლოვესაც ისედაც დიდი მიდრეკილება გაქვთ.       - გასაგებია, მაგრამ ნეაპოლში, ჩემს იქ ყოფნაში, საშიში არაფერი მომხდარა. პრიმადონა ასორმოცდაათ კილოგრამს იწონიდა; მეორე მომღერალ ქალს ღუმელივით პირი ჰქონდა, ცხვირი კი ლიბანის კოშკს მიუგავდა. ერთი სიტყვით, არაფერი გამიკეთებია, არაფერი მისწავლია, და აგერ ორი წელი გამეპარა ხელიდან.       - მე კი მინდოდა რაიმეთი ყოფილიყავით დაკავებული, გამეგო, რომ ინტერესი გამოიჩინეთ რაიმე სასარგებლო საქმისადმი. მე მაშინებს თქვენი უსაქმურობა.       - გულახდილად გითხრათ, ქალბატონო, მოგზაურობა იმდენად სასარგებლო გამოდგა ჩემთვის, რომ მართლა არაფერს ვაკეთებდი, მაგრამ უსაქმურად მაინც არ ვყოფილვარ. ლამაზ საგნებს როდესაც ვუყურებ, არ გწყინდება, მე კი, თუ მოწყენილი ვარ, ბევრი არაფერი მინდა, რომ სისულელე ჩავიდინო. ისე კი, საკმაოდ დავდინჯდი და ასე განსაჯეთ, დავივიწყე ზოგიერთი მსუბუქი საშუალება ფულის ხარჯვისა. იმის შემდეგ რაც საწყალმა დეიდაჩემმა გადაიხადა ჩემი ვალები, ვალებს აღარ ვიღებ და არც მინდა ავიღო. მარტოხელა კაცისათვის ჩემი შემოსავალი სავსებით საკმარისია და რადგან არ ვაპირებ უფრო მდიდრად მოვაჩვენო ვინმეს თავი, ვიდრე სინამდვილეში ვარ, აღარც უცნაურობებს ჩავდივარ. გეცინებათ? ნუთუ არ გჯერათ ჩემი? გინდათ ამის დამამტკიცებელი საბუთი? კი ბატონო. დღეს ჩემმა მეგობარმა ფამენმა, რომელმაც სადილზე დამპატიჟა, შემომთავაზა მისგან ცხენი მეყიდა ხუთი ათას ფრანკად... შესანიშნავი ცხენია! პირველ ხანებში მინდოდა მყოლოდა ეს ცხენი, მერე გადავიფიქრე: არც ისეთი მდიდარი ვარ, ხუთი ათასი ფრანკი დავხარჯო ერთი სურვილისთვის-მეთქი და ფეხით სიარული ვამჯობინე.       - ეს სასწაულია, მაკს! მაგრამ იცით რა არის საჭირო, რომ დაუბრკოლებლად განაგრძოთ ამ გზით სიარული? უნდა დაქორწინდეთ.       - ახ, დავქორწინდე! რატომაც არა? მაგრამ ვინ გამომყვება? მე, რომელსაც უფლება მაქვს ვიყო წუნია. მე მინდა ქალი.. ო, არა, ჩემი შესაფერი აღარავინ მოიძებნა.       ქალბატონი დე პიენი ცოტა გაწითლდა, მაკსს ეს არ შეუმჩნევია და განაგრძო: - ქალი, რომელსაც მოვეწონებოდი... მაგრამ იცით, ქალბატონო ეს, ეს თითქმის საკმარისი იქნებოდა იმისათვის, რომ მე ის აღარ მომწონებოდა?       - რატომ ? ეს რა სისულელეა!       - აკი ოტელო ამბობს სადღაც, - ჩემი აზრით, იმ ადგილას, სადაც დეზდემონას მიმართ ეჭვიანობის გამართლება უნდა: „ამ ქალს უნდა ჰქონდეს საშინელი ჭკუა და გარყვნილი გემოვნება, რადგან მე ამომირჩია, მე - შავკანიანი.“ და განა იგივე არ შემიძლია მეც ვთქვა: ქალი, რომელსაც მე მოვეწონებოდი, ნამდვილად უცნაური ჭკუის იქნება-მეთქი?       - თქვენ საკმაოდ გზააბნეული ადამიანი იყავით, მაკს, ამიტომ სრულიად არა გჭირდებათ იმაზე ცუდად მოაჩვენოთ ვინმეს თავი, ვიდრე ხართ. ნუ ილაპარაკებთ თქვენს თავზე ცუდს, რადგან არიან ადამიანები, რომლებიც ამას ადვილად დაიჯერებენ, რაც შემეხება მე, დარწმუნებული ვარ, თუ ოდესმე... დიახ, შეგიყვარდებათ ქალი, რომელსაც პატივსა სცემთ მაშინ თქვენ მას მოეჩვენებით...       ქალბატონ დე პიენს ეტყობოდა ეუხერხულებოდა ამ წინადადების დამთავრება, და მაკსი, რომელიც მას დაჟინებით და უკიდურესი ცნობისმოყვარეობით მისჩერებოდა, სრულებით არ ცდილა მიხმარებოდა დაემთავრებინა უხეიროდ დაწყებული წინადადება.       - თქვენ გინდათ თქვათ, - წარმოთქვა მან ბოლოს, - რომ თუ ნამდვილად შემიყვარდება, მაშინ მეც შემიყვარებდნენ, რადგან ვიქნებოდი ამის ღირსი?       - დიახ, მაშინ იქნებოდით ღირსი, რომ თქვენც შეყვარებოდით.       - სიყვარული რომ საკმარისი იყოს იმისათვის, რომ შეგიყვარონ... რასაც თქვენ ამბობთ, ქალბატონო, მთლად სწორი არ არის.. კარგი, მომინახეთ გაბედული ქალი და ვითხოვ; ოღონდ მთლად მახინჯი არ იყოს, რადგან ჯერჯერობით არც ისეთი მოხუცი ვარ, რომ სხვებმა არ მომხიბლონ; დანარჩენზე თქვენ იქნებით პასუხისმგებელი.       - საიდან ჩამოხვედით ახლა? - შეაწყვეტინა ქალბატონმა დე პიენიმ სერიოზული ტონით.       მაკსმა თავის მოგზაურობაზე ძალიან მოკლედ ილაპარაკა, მაგრამ მაინც ჩანდა, რომ ცდილობდა არ დამსგავსებოდა იმ ტურისტებს, რომლებზედაც ბერძნები ამბობენ: „ჩემოდნით წავიდა და ჩემოდნით დაბრუნდაო.“ მისი მოკლე შენიშვნები მის გონებაგახსნილობაზე მიუთითებდნენ; ცხადი იყო, მზამზარეული აზრებით არ იკვებებოდა და სინამდვილეში იმაზე მეტად განვითარებული იყო, ვიდრე თავს აჩვენებდა. მალე დადუმდა, რადგან შეამჩნია, რომ ქალბატონი დე პიენი კედლის საათისაკენ აპარებდა მზერას და არც თუ მაინცდამაინც დიდი ხალისით დაპირდა რომ საღამოს დაუგვიანებლივ მივიდოდა ქალბატონ დარსენესთან.       არ მივიდა და ქალბატონ დე პიენს, ცოტა არ იყოს, გული დაწყდა. სამაგიეროდ, მეორე დღეს დილითვე ეახლა და პატიება თხოვა, - მგზავრობამ ძალიან დამღალაო, მოიმიზეზა, და ამის გამო იძულებული ვიყავი შინ დავრჩენილიყავი; მაგრამ ამას რომ ამბობდა, ქალბატონ დე პიენს თვალებს ვერ უსწორებდა და ამდენად არადამაჯერებელი კილოთი ლაპარაკობდა. არ იყო აუცილებელი ქალბატონ დე პიენისავით მახვილი თვალი გქონოდათ, რომ მიმხვდარიყავით მის თვალთმაქცობას, როგორც იქნა, დაამთავრა ლაპარაკი. ქალბატონ დე პიენს პასუხი არ გაუცია, მხოლოდ თითის დაქნევით დაემუქრა.       - არ გჯერათ? - იკითხა.       - არა, საბედნიეროდ ჯერ კიდევ არ გეხერხებათ მოტყუება, - გუშინ ქალბატონ დარსენესთან არ ყოფილხართ, იმიტომ კი არა, რომ ისვენებდით, არამედ იმიტომ, რომ შინ არ ბრძანდებოდით.       - დიახ, - უპასუხა მაკსმა. თან ღიმილს იკავებდა.       - მართალი ხართ. „როშ- დე- კანკანში“ ვისადილე იმ არამზადებთან ერთად, შემდეგ ფამენთან წავედი ჩაის დასალევად, აღარ მომეშვნენ და ვითამაშე.       - და წააგეთ, თავისთავად ცხადია.       - არა, მოვიგე!       - მით უარესი. ვამჯობინებდი წაგეგოთ, თუ ეს ხელს აგაღებინებდათ ამ სულელურ და საზიზღარ ჩვევაზე.       ქალბატონი დე პიენი დაიხარა და თავის ხელსაქმეს შეუდგა, ცოტა არ იყოს, თვალთმაქცური მონდომებით.       - ბევრი ხალხი იყო ქალბატონ დარსენესთან? - მორცხვად ჰკითხა მაკსმა.       - არა, ცოტა.       - ვინმე გასათხოვარი ქალიშვილი?       - არა.       - მაინც თქვენი იმედი მაქვს. ხომ გახსოვთ, რასაც დამპირდით...       - მოვასწრებთ ამის მოფიქრებას.       ქალბატონი დე პიენის ხმაში ერთგვარი სიმშრალე, არაბუნებრიობა იგრძნობოდა, რაც არ იყო მისთვის დამახასიათებელი. მცირე დუმილის შემდეგ მაკსმა თავმდაბლურად განაგრძო: - უკმაყოფილო ხართ ჩემით, ქალბატონო? რატომ არ დამტუქსავთ ერთს მაგრად, დეიდაჩემის არ იყოს, რათა მერე მაპატიოთ? მოიცათ, გინდათ სიტყვა მოგცეთ, რომ არასოდეს აღარ ვითამაშებ?       - პირობას როცა დებთ, დარწმუნებული უნდა იყოთ, რომ შეასრულებთ.       - თქვენთვის მოცემულ სიტყვას, ქალბატონო, შევასრულებ. შემწევს ძალა და ვაჟკაცობა.       - მაშ კარგი, მაკს თანახმა ვარ, - თქვა და ხელი გაუწოდა.       - ათას ასი ფრანკი მოვიგე, - განაგრძო მაკსმა, - გნებავთ მოგცეთ თქვენი ღატაკებისათვის? ასე იოლად და ცუდი გზით ნაშოვნი ფულის უკეთესად დახარჯვა შეუძლებელია.       ქალბატონი დე პიენი ერთხანს შეყოყმანდა.       - რატომაც არა? - თქვა მერე ხმამაღლა,- აბა, მაკს, დაიმახსოვრეთ ეს გაკვეთილი. წიგნში ჩავიწერ, რომ ჩემი ათას ასი ფრანკი გმართებთ.       - დეიდაჩემი ამბობდა ხოლმე: თუ გინდა ვალი ვისიმე გქონდეს, მაშინვე ნაღდად უნდა გადაუხადო.       ამ ლაპარაკში საქაღალდეს დასწვდა, რათა ფული ამოეღო. ქალბატონ დე პიენს მოეჩვენა, რომ ნახევრად გახსნილ საქაღალდეში ქალის სურათი დაინახა. მაკსმა შეამჩნია მისი დაჟინებული მზერა და გაწითლდა. იგი ფულის გადახდას ჩქარობდა, რათა დროულად დაეხურა საქაღალდე.       - მაგ საფულეს ხომ ვერ მანახვებდით.. თუ შეიძლება, - დასძინა ცბიერი ღიმილით.       მაკსი მთლად დაიბნა. რამდენიმე გაუგებარი სიტყვა ჩაიბუტბუტა და შეეცადა სხვა საგანზე გადაეტანა ქალბატონი დე პიენის ყურადღება.       ქალბატონმა დე პიენიმ თავიდან იფიქრა, საქაღალდეში ვინმე იტალიელი ლამაზმანის სურათი იქნებაო. მაგრამ მაკსის აშკარა დაბნეულობა და მინიატურის საერთო იერმა - ეს იყო სულ, რისი დანახვაც მოასწრო - სხვა ეჭვია აღუძრა. ოდესღაც მან თავისი სურათი აჩუქა ქალბატონ ობერს და ახლა წარმოიდგინა, რომ მაკსმა, როგორც დეიდამისის პირდაპირმა მემკვიდრემ, უფლებამოსილად ჩათვალა თავი, დაესაკუთრებინა ეს სურათი. უზრდელობაში ჩამოართვა, მაგრამ მაინც არაფერი შეიმჩნია; მხოლოდ, როდესაც ბატონი დე სალინი წასასვლელად გაემზადა, უთხრა; - ამ გახსენებაზე, დეიდათქვენს ერთი ჩემი სურათი ჰქონდა, რომელიც ძალიან მინდა ვნახო.       - არ ვიცი.. რა სურათი?.. როგორი? - შეეკითხა მაკსი ნაკლებად დამაჯერებელი ხმით.       ამჯერად ქალბატონმა დე პიენიმ გადაწყვიტა არ შეემჩნია, რომ მაკსი ცრუობდა.       - მომიძებნეთ, - უთხრა რაც შეიძლება ბუნებრივი ხმით, - დიდად მასიამოვნებთ.       სურათი რომ არა, სხვამხრივ კმაყოფილი იყო მაკსის ყოფაქცევით და იმედოვნებდა, რომ კიდევ ერთი გზადაკარგულ ცხვარს გადაარჩენდა.       მეორე დღეს მაკსმა იპოვა სურათი და საკმაოდ გულგრილი იერით მიუტანა. აღნიშნა, რომ მაინცდამაინც დიდი მსგავსება არ იყო, რომ მხატვარმა მოუქნელი პოზა და მკაცრი გამომეტყველება მიანიჭა სურათს, რომელიც ბუნებრიობას სრულიად მოკლებულიაო. ამ დროიდან მოყოლებული ქალბატონ დე პიენთან დიდხანს აღარ რჩებოდა, მის გვერდით მოღუშული იჯდა ხოლმე, რაც ქალბატონ დე პიენს წინათ არასოდეს შეუმჩნევია. იფიქრა, ასე უხასიათოდ იმიტომ არის, უჭირს დაპირების შესრულება და ძვირად უჯდება წინ აღუდგეს ცუდ მიდრეკილებებსო.       თხუთმეტიოდე დღე იყო გასული ბატონი დე სალინის ჩამოსვლიდან, ქალბატონი დე პიენი, ჩვეულებისამებრ, წავიდა თავისი მფარველობის ქვეშ მყოფი არსენ გიიოს სანახავად, რომელიც თქვენი არ იყოს, ქალბატონო, არც მას დავიწყებია ამ ხნის განმავლობაში. ჯანმრთელობის ამბავი გამოჰკითხა. ავადმყოფი უფრო დასუსტებული ეჩვენა, ვიდრე წინა დღეებში და ლაპარაკით რომ არ დაეღალა, წაგიკითხავ რამესო - შესთავაზა. საცოდავ გოგოს უეჭველად საუბარი ერჩივნა იმის მოსმენას, რის წაკითხვასაც აპირებდნენ, რადგან თავადაც ხვდებით ალბათ, რომ საქმე ეხებოდა სერიოზულ წიგნს, არსენს კი მხოლოდ მზარეული ქალებისათვის განკუთვნილი წიგნი ჰქონდა წაკითხული. წიგნი, რომელიც ქალბატონმა დე პიენიმ აიღო ხელში, სასულიერო ხასიათისა იყო; არ დავასახელებ - რა წიგნი იყო, ჯერ ერთი იმიტომ, რომ ავტორის სახელს ვუფრთხილდები, მეორეც, შეიძლება ბრალი დამდოთ იმაში, რომ მსურს მზაკვრული დასკვნები გამოვიტანო საერთოდ ასეთ თხზულებებზე. დავკმაყოფილდეთ იმით, რომ ეს იყო ერთი 19 წლის ახალგაზრდა კაცის მიერ დაწერილი წიგნი, განკუთვნილი მოურჯულებელი ცოდვილების გარდასაქმნელად. არსენს მთელი ღამე თვალი არ მოუხუჭავს და ძალიან დაღლილი იყო. მესამე გვერდის წაკითხვისას მოხდა ის, რაც უნდა მომხდარიყო, რომელიც გნებავთ წიგნის წაკითხვისას, სერიოზული იქნებოდა იგი თუ არასერიოზული; მადმუაზელ გიიომ თვალები დახუჭა და დაიძინა. ქალბატონმა დე პიენიმ ეს რომ შეამჩნია, ძალიან გაუხარდა, იფიქრა: დავამშვიდეო. ჯერ ხმას დაუწია, რომ არ გაეღვიძებინა ავადმყოფი, შემდეგ შეჩერდა, დადო წიგნი და წამოდგა თითის წვერებზე, რათა წყნარად გასულიყო; საერთოდ მომვლელ ქალს ჩვეულებად ჰქონდა ჩასულიყო მეკარე ქალთან მაშინ, როდესაც ქალბატონი დე პიენი მოდიოდა, რადგან მისი ვიზიტები ცოტათი წააგავდა მოძღვრის ვიზიტებს. ქალბატონ დე პიენს სურდა მომვლელ ქალს დალოდებოდა. რადგან, როგორც მაღალი წრის ქალი, ყველაზე დიდი მტერი იყო უსაქმურობისა, გადაწყვიტა რაიმე გაეკეთებინა, სანამ მძინარეს გვერდით იმყოფებოდა. პატარა ოთახში საძინებლის უკან, მაგიდაზე, მელანი და ქაღალდი იდო, დაჯდა და წერილის წერა დაიწყო. მაგიდის უჯრაში ლუქს ეძებდა, როდესაც, უეცრად ვიღაც შემოვიდა ოთახში და ავადმყოფი გააღვიძა.       - ღმერთო ჩემო! ამას ვის ვხედავ! - წამოიძახა არსენ გიიომ ისეთი ათრთოლებული ხმით, რომ ქალბატონი დე პიენი შეკრთა.       - აი ახალი ამბავი! რასა ჰგავს ეს? გადახტე ფანჯრიდან როგორც გიჟი. თუ უნახავს ვინმეს ასეთი ტუტუცი, როგორიც ეს გოგოა?       არ მახსოვს ზუსტად გადმოვცემ თუ არა მის სიტყვებს, ყოველ შემთხვეაში, ასეთი იყო აზრი იმისა, რასაც ლაპარაკობდა ახლად შემოსული, რომლის ხმაზეც ქალბატონმა დე პიენიმ უმალვე შეიცნო მაკს დე სალინი... ყოველივე ამას თან მოჰყვა წამოძახილი, არსენის ყრუ წამოყვირება და, ბოლოს, საკმაოდ ხმაურიანი კოცნა. მაკსი განაგრძობდა; - საწყალო არსენ, რა მდგომარეობაში გხედავ? იცი, რომ ვერასოდეს ვერ მოგძებნიდი, ჟიულის რომ არ ეთქვა შენი უკანასკნელი მისამართი? უნახავს ვისმე ოდესმე ამის მსგავსი სიგიჟე!       - ახ, სალინი! სალინი! რა ბედნიერი ვარ! მაგრამ როგორ ვნანობ, რაც გავაკეთე! აწი აღარ მოგეწონები. აღარ გენდომები.       - რა სულელი ხარ, - ეუბნებოდა მაკსი, - რატომ არ მომწერე თუ ფული გჭირდებოდა? რატომ არ სთხოვე მაიორს? კი მაგრამ, შენი რუსი? წავიდა შენი კაზაკი?       მაკსის ხმამ ქალბატონი დე პიენი პირველად ისევე გააკვირვა, როგორც არსენი. განცვიფრებამ ხელი შეუშალა მაშინვე გამოსულიყო მათთან. მერე იფიქრა, ჩვენებოდა თუ არა მათ; ხოლო, როცა ერთსა და იმავე დროს ფიქრობ და ისმენ ძნელია სწრაფი გადაწყვეტილება მიიღო. ამგვარად მოისმინა ჩვენს მიერ მოყვანილი დამრიგებლური დიალოგი, მაგრამ მაშინვე მიხვდა, ოთახში ფარულად დარჩენის შემთხვევაში, შეეძლო უფრო მეტი რამ გაეგონა. ამიტომ სწრაფად გადაწყვიტა და უხმაუროდ შემოვიდა ოთახში. მედიდური იერი ჰქონდა, რომელსაც სათნო ადამიანები იშვიათად ჰკარგავენ და, თუ დასჭირდებათ, საგანგებოდ იღებენ ხოლმე.       - მაკს, - თქვა, - ნუ აწვალებთ ამ საცოდავ გოგოს, გადით! ერთ საათში ჩემთან მოდით და ვილაპარაკოთ.       მაკსს მკვდრის ფერი დაედო, გაფითრდა, ქალბატონი დე პიენი რომ დაინახა იქ, სადაც არავითარ შემთხვევაში არ ელოდებოდა მასთან შეხვედრას, დაემორჩილა და კარისაკენ გადადგა ნაბიჯი.       - მიდიხარ? ნუ წახვალ! - წამოიძახა არსენმა და სასოწარკვეთილმა ძალით წამოიწია საწოლიდან.       - ჩემო გოგონა, - უთხრა ქალბატონმა დე პიენიმ და თან ხელში აიღო მისი ხელი, - იყავით გონიერი, მომისმინეთ... აბა მოიგონეთ, რას დამპირდით!       მაკსს მიუბრუნდა და მშვიდი, მაგრამ ბრძანებლური მზერა ესროლა. მაკსი იმწამსვე გავიდა ოთახიდან. არსენი უგონოდ დაეცა საწოლზე, რა დაინახა მაკსი მიდისო.       ქალბატონი დე პიენი და მომვლელი ქალი, რომელიც ჩქარა დაბრუნდა, მიეშველნენ მას ისეთი ხელოვნებით, როგორსაც ასეთი უბედური შემთხვევების დროს იჩენენ ხოლმე ქალები;.. არსენი თანდათან მოვიდა გონს. ჯერ მთელს ოთახს მიმოავლო თვალი, თითქოს იქ ეძებდა მას, ვინც ეს-ესაა ნახა, შემდეგ დიდი შავი თვალები ქალბატონი დე პიენისაკენ მიაბრუნა და დაჟინებით დააცქერდა.       - თქვენი ქმარია? - უთხრა.       - არა, - უპასუხა ქალბატონმა დე პიენმა ნაზად, თუმცა კი სახეზე სიწითლემ გადაურბინა, - ბატონი დე სალინი ჩემი ნათესავია.       ჩათვალა, რომ შეიძლებოდა ასეთი უმნიშვნელო ტყუილის თქმა, რაიმეთი ხომ უნდა აეხსნა თავისი გავლენა მაკსზე.       - მაშ, უყვარხართ! - წამოიძახა არსენმა, თან ალივით ანთებულ თვალებს არ აცილებდა.       - მე?! - ელვამ გაანათა ქალბატონი დე პიენის შუბლი. წუთით ლოყები ალისფრად შეეღება და ხმა ჩაუწყდა, მაგრამ ჩქარა დაიბრუნა სიმშვიდე.       - სცდებით, ჩემო საცოდავო ბავშვო, - თქვა სერიოზული ხმით. - ბატონი დე სალინი მიხვდა, რომ შეცდა, როცა მოგაგონათ ის, რაც საბედნიეროდ, უკვე ამოშლილია თქვენი მეხსიერებიდან. თქვენ დაგავიწყდათ...       - დამავიწყდა! - წამოიყვირა არსენმა გაწამებული ღიმილით, რომელიც დასანახავადაც აუტანელი იყო.       - დიახ, არსენ, ხომ უარყავით თქვენი გიჟური აზრები, რომლებიც უკვე დიდი ხანია წარსულს ჩაბარდა. დაფიქრდით, ჩემო საცოდავო ბავშვო, ეს დანაშაულებრივი კავშირია თქვენი უბედურების მომტანი. დაფიქრდით...       - არ უყვარხართ? არ უყვარხართ და ერთი შეხედვით კი გაგიგოთ. მე დავინახე თქვენი და მისი თვალები. მე არ ვცდები. რაა მერე? ასეც უნდა იყოს, თქვენ ლამაზი ხართ, ახალგაზრდა, ბრწყინვალე... მე, - დასახიჩრებული, მომაკვდავი...       სათქმელი ვერ დაამთავრა, ქვითინი ახრჩობდა, ისეთი ძლიერი, ისეთი მწუხარე, რომ მომვლელმა ქალმა წამოიყვირა, ახლავე ექიმთან გავიქცევი, რადგან, - ყვიროდა იგი, - ბატონ ექიმს ისე არაფრის ეშინია, როგორც კრუნჩხვებისა და თუ ეს გაგრძელდა, საცოდავი გოგო გათავდებაო.       ნელ-ნელა, საშინელი ტანჯვისაგან გამოწვეული აღგზნებადობა დუნე სასოწარკვეთით შეიცვალა და ქალბატონმა დე პიენმა იფიქრა: დამშვიდდაო. შეგონება განაგრძო, მაგრამ საწოლზე უძრავად მწოლიარე არსენი ყურს არ უგდებდა მჭერმეტყველურ დარიგებებს, უპირატესობა მიენიჭებინა ღვთაებრივი სიყვარულისათვის მიწიერ სიყვარულთან შედარებით. მფარველ ზეცასა და მომავალზე ელაპარაკებოდა, ის კი კრიჭაშეკრული და თვალებდამშრალი აწმყოზე ფიქრობდა. მაკსის მოსვლამ ერთი წუთით გაუღვიძა გიჟური ილუზიები, მაგრამ ქალბატონი დე პიენის შემოხედვამ ჩქარა გაფანტა ისინი. წუთიერი ბედნიერი ოცნების მერე არსენმა მხოლოდ საწყენი სინამდვილე იხილა, რომელიც ასჯერ უფრო საშინელი გამხდარიყო ერთი წუთით დავიწყების შემდეგ.       თქვენი ექიმი, ქალბატონო, უთუოდ გეტყვით, რომ ღელვაში მოყოლებული, შიშითა და შიმშილით გაოგნებული, სიზმარში ნაირნაირი კერძებით გაწყობილ სუფრას ნახულობენ, კიდევ უფრო დამშეული იღვიძებენ და ისურვებდნენ, რომ არ დასძინებოდათ. არსენიც ასევე იტანჯებოდა. მხოლოდ მასთან ერთად უნდოდა სპექტაკლს დასწრებოდა, მასთან ერთობოდა სოფლის განაპირას, მხოლოდ მასზე ელაპარაკებოდა ხოლმე მეგობრებს. მაკსი რომ წავიდა, ბევრი იტირა, მაგრამ მაინც უთანაგრძნო ერთი რუსის თაყვანისცემას, რომელიც მაკსს სურდა რომ ყოფილიყო მისი შემცვლელი, რადგან წესიერ კაცად მიაჩნდა, ე.ი. გულუხვად. არსენისათვის, სანამ თავისი ჯურის ქალებივით დაბნეული ატარებდა ცხოვრებას, მაკსის სიყვარული მხოლოდ სასიამოვნო მოგონება იყო, რომელიც მას ხანდახან ამოაოხრებდა ხოლმე. მასზე ის ფიქრობდა, როგორც ბავშვობის დროინდელ გართობაზე ფიქრობენ, რისი ხელახლა განმეორებაც არავის უნდა. მაგრამ როცა არსენი უსიყვარულოდ დარჩა, თავი მიტოვებულად იგრძნო და გაჭირვება და სირცხვილი მთელი სიმძიმით დააწვა მხრებზე, მისი სიყვარული მხოლოდ მაკსისადმი რამდენადმე განიწმინდა იმიტომ, რომ ეს იყო ერთადერთი მოგონება, რომელიც არ იწვევდა მასში არც სინანულსა და არც სინდისის ქენჯნას; ამაღლებდა საკუთარ თვალში და რამდენადაც თვითონ თავს დამცირებულად გრძნობდა, იმდენად უფრო ადიდებდა მაკსს. „მე მისი საყვარელი ვიყავი. მე ვუყვარდი მას“ - ამბობდა ხოლმე თავისთვის გამოუცნობი სიამაყით, როცა ზიზღი შეიპყრობდა თავის კურტიზანულ ცხოვრებაზე ფიქრის დროს. მინტიურნის ჭაობებში მარიუსი გულს იმით იმაგრებდა, რომ ამბობდა: „მე დავამარცხე კიმვერები!“ ქალს კი, რომელიც საყვარლების კისერზე ჯდომას იყო დაჩვეული, აბა რა უნდა ექნა? საყვარლები აღარა ჰყავდა, სირცხვილსა და უიმედობის დასაძლევად ერთი მოგონებაღა რჩებოდა: მაკსს მე ვუყვარვარ.. კიდევ ვუყვარვარ! ერთი წუთით მიეცა საშუალება ასე ეფიქრა, მაგრამ ახლა მას მოგონებებიც წაართვეს - ერთადერთი რამ, რაც ამ ქვეყნად დარჩენოდა.       ამ დროს კი, როცა არსენი თავის ამ სევდიან ფიქრებს ეძლეოდა, ქალბატონი დე პიენი გატაცებით უმტკიცებდა, რომ აუცილებელი იყო ერთხელ და სამუდამოდ უარეყო ყოველივე, რასაც ის დანაშაულებრივ ცდუნებებს უწოდებდა. დამაჯერებელი მტკიცება ადამიანს უგრძნობელს ხდის, და ქალბატონი დე პიენიც შეუბრალებელი სიმტკიცით განაგრძობდა თავის საქმეს, როგორც ქირურგი ადებს ხოლმე გახურებულ რკინას იარაზე ისე, რომ არ აქცევს ყურადღებას ავადმყოფის კვნესას. ეუბნებოდა, ბედნიერი დრო, სადაც თავშესაფარს ეძებდით, რათა საკუთარ თავს გაქცეოდით, ცოდვასა და სირცხვილის დრო იყო და ახლა სამართლიანად ინანიებთო. ეს ილუზიები უნდა შეიზიზღოთ, გულიდან ამოიგდოთო. ადამიანი, რომელიც თავის შემწედ და მფარველ ანგელოზად მიაჩნდა, ამიერიდან მაცდურად უნდა ეღიარებინა და ცდილიყო სამუდამოდ ჩამოშორებოდა.       სიტყვა „მაცდურმა“, რომელიც ქალბატონ დე პიენს არ შეიძლებოდა სასაცილოდ მოსჩვენებოდა, არსენს კინაღამ ღიმილი მოჰგვარა, თუმცა ტიროდა, მაგრამ მის ღირსეულ მფარველს არც ეს შეუმჩნევია. აუღელვებლად განაგრძობდა ჭკუის სწავლებას და ბოლოს იმგვარი განაჩენი გამოუტანა, რომ საცოდავ გოგოს გული ამოუჯდა ტირილით: თქვენ მას აწი აღარ ნახავთო.       ექიმის მოსვლამ და ავადმყოფის სრულმა ღონემიხდილობამ მიახვედრა ქალბატონი დე პიენი, რომ უკვე საკმაოდ გაისარჯა, წასვლის ხანს ხელი ჩამოართვა არსენს და უთხრა: - გამაგრდი, ჩემო გოგონავ, და ღმერთი არ მიგატოვებს.       ერთი მოვალეობა ხომ მოიხადა, ახლა მეორე - უფრო ძნელი დარჩა ასასრულებელი. ახლა მეორე დამნაშავე უცდიდა, ვისი სულიც უნდა მოემზადებინა მონანიებისათვის; მიუხედავად თავისი რწმენისა, მიუხედავად თავისი გავლენისა მაკსზე, რომელშიც იგი დარწმუნებული იყო, დაბოლოს მიუხედავად იმისა, რომ სულის სიღრმეში მაინც კარგი შეხედულებისა იყო ამ გზადაბნეულ კაცზე, მაინც საშინელ მღელვარებას განიცდიდა მასთან პირისპირ შეხვედრის მოლოდინში. ამ საშინელი ბრძოლის წინ ძალის მოკრება გადაწყვიტა, ამისათვის ეკლესიაში შევიდა და ღმერთს შთაგონება სთხოვა, რომ ბოლომდე მიეყვანა დაწყებული საქმე.       შინ რომ დაბრუნდა, უთხრეს, ბატონი დე სალინი კარგა ხანია აქ არის და სასტუმრო ოთახში გელოდებათო. მაკსი ფერმკრთალი და აღელვებული იყო და მოუსვენრობა ეტყობოდა. დასხდნენ, მაკსი ვერ ბედავდა სიტყვის თქმას, ქალბატონი დე პიენიც. აღელვებული, თვითონაც არ იცოდა რატომ, დიდხანს იყო ჩუმად და თვალს ვერ უსწორებდა. ბოლოს თქვა: - მაკს, მე თქვენ საყვედურებს არ დაგიწყებთ.       მაკსმა საკმაოდ ამაყად ასწია თავი. ერთმანეთს შეხედეს და მაკსმა მაშინვე დახარა თვალები.       - თქვენი კეთილი გული, - განაგრძო ქალბატონმა დე პიენმა, - უფრო მეტს გეუბნებათ ვიდრე მე გატყობდით. განგებამ მოისურვა თქვენთვის ეს გაკვეთილად მოეცა, იმედი მაქვს, დარწმუნებული ვარ, ეს ფუჭად არ ჩაივლის.       - ქალბატონო, - შეაწყვეტინა მაკსმა, - წესიერად არც ვიცი, რა მოხდა. მითხრეს, რომ ეს უბედური ფანჯრიდან გადმომხტარა, მაგრამ არც ისეთი დიდი წარმოდგენისა... მინდოდა მეთქვა, არც ისე განვიცდი ამას, რომ, ვიფიქრო, თითქოს ეს გიჟური საქციელი გამოწვეული იყოს ჩემი ადრინდელი ურთიერთობით.       - უკეთესია თქვათ, მაკს, რომ როცა ცუდ საქმეს სჩადიოდით, არ გაითვალისწინეთ რა შედეგი მოჰყვებოდა ამას, ამ გოგოს გარყვნილებისკენ რომ უბიძგებდით, არ ფიქრობდით, ერთ მშვენიერ დღეს თავის თავს რამეს აუტეხავდა?       - ქალბატონო, - წამოიძახა მაკსმა გაცხარებით. - ნება მიბოძეთ გითხრათ, რომ არსენ გიიო მე არ შემიცდენია. მე რომ გავიცანი, უკვე შეცდენილი იყო. საყვარლად მყავდა, ამას არ უარყოფ. შემიძლია კიდეც ვაღიარო, რომ მიყვარდა... ისე როგორც შეიძლება ასეთი ქალის სიყვარული... ვფიქრობ, სხვაზე ცოტა მეტად მე ვუყვარდი... მაგრამ დიდი ხანია ჩვენს შორის ყოველგვარი ურთიერთობა გაწყდა და მაინცდამაინც დიდი სინანულიც არ გამოუთქვამს ამ ამბის გამო. უკანაკნელად როცა მომწერა, ფული გავუგზავნე, მაგრამ თადარიგი არ იცის... კიდევ რომ ეთხოვა, შერცხვა, რადგან თავისებური სიამაყე გააჩნია... გაჭირვებამ მიიყვანა ამ საშინელ გადაწყვეტილებამდე... ვწუხვარ... მაგრამ გიმეორებთ, ქალბატონო, ამ ამბავში არავითარი ბრალი არ მიმიძღვის.       ქალბატონმა დე პიენმა ხელი მუჭირა რაღაც ნაკეთობას, რომელიც მაგიდაზე იდო და განაგრძო.       - რა თქმა უნდა, „ხალხის“ აზრით, თქვენ არა ხართ დამნაშავე. თქვენ არ აგიღიათ არავითარი პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე, მაგრამ არსებობს სხვა მორალი, მაკს, და მოხარული ვიქნებოდი დამენახა, რომ სწორედ ამ მორალით ხელმძღვანელობთ. ახლა შეიძლება თქვენ ხართ იმ განწყობაზე, რომ მომისმინოთ. დავანებოთ ამას თავი, დღეს ერთი რამ მინდა გთხოვოთ და პირობა უნდა მომცეთ, რომ შემისრულებთ. უბედური გოგო მზად არის მოინანიოს ყოველივე. მან მოწიწებით მოუსმინა ერთი პატივცემული მღვდლის რჩევას, რომელმაც კეთილი ინება და ინახულა იგი. მისგან ყველაფერს უნდა მოველოდეთ. თქვენ, თქვენ ის მეტად აღარ უნდა ნახოთ, იმიტომ, რომ მისი გული მერყეობს კეთილსა და ბოროტს შორის და თქვენ კი, საფიქრებელია, არც სურვილი გაქვთ და შეიძლება არც შესაძლებლობა, იყოთ მისთვის გამოსადეგი. ნახვით კი შეიძლება დიდი ზიანი მიაყენოთ... ამიტომ გთხოვთ მომცეთ პირობა, რომ მასთან აღარ მიხვალთ.       ჩანდა, რომ მაკსი გაკვირვებული იყო.       - უარს ნუ მეტყვით, მაკს. თქვენი დეიდა რომ ცოცხალი ყოფილიყო, ისიც ამასვე გთხოვდათ. წარმოიდგინეთ, რომ ის გელაპარაკებათ.       - ღმერთო კეთილო! ქალბატონო, რასა მთხოვთ? განა რა უნდა დავუშავო ამ საცოდავ გოგონას? პირიქით, ნუთუ ვალდებული არა ვარ მე, ვინც... შევხვდი მას თავდავიწყებისას, არ მივატოვე მარტოდმარტო ახლა როცა ის ავადაა, და ძალიან მძიმედაც. თუ მართალია რაც მითხრეს..       - რა თქმა უნდა, ასეთია საერთო მორალი, მაგრამ ეს არ არის ჩემი მორალი. რაც უფრო მძიმეა ეს ავადმყოფობა, მით უფრო აუცილებელია, რომ თქვენ იგი აღარ ნახოთ.       - რარიგ მოკრძალებითაც არ უნდა მოექცე, არ შეიძლება მისი აღშფოთება. იცით, მე რომ ძაღლი მყოლოდა ავად და მცოდნოდა ჩემი ნახვა სიამოვნებდა, თავს დამნაშავედ ჩავთვლიდი მარტო მიმეტოვებინა და ისე მომკვდარიყო. შეუძლებელია თქვენ სხვანაირად ფიქრობდეთ, თქვენ ხომ ასეთი კეთილი და ლმობიერი ხართ. აბა, დაფიქრდით, ქალბატონო, ჩემი მხრივ ეს ნამდვილი სისასტიკე იქნებოდა.       - ამ წუთში გთხოვთ თქვენი კეთილი დეიდის სახელით... ჩემდამი მეგობრობის სახელით მოგეცათ პირობა, ახლა ამას გთხოვთ თვით ამ უბედური გოგოს სახელით, თუ იგი მართლა გიყვართ....       - ახ, გევედრებით, ნუ დაუკავშირებთ საგნებს, რომელთა ერთმანეთთან შედარებაც შეუძლებელია. დამიჯერეთ, ქალბატონო, ძალიან მიჭირს თქვენთვის წინააღმდეგობის გაწევა, რაშიაც არ უნდა იყოს ეს, მაგრამ ბოლოს და ბოლოს თავმოყვარეობის საკითხია... ეს სიტყვა არ მოგწონთ? დაივიწყეთ. მხოლოდ, ქალბატონო, ჩემის მხრივ ნება მომეცით შეგევედროთ ამ უბედურისათვის... და აგრეთვე ცოტა ჩემთვისაც. თუ დავაშავე. თუ ხელი შევუწყვე მის უწესო ცხოვრებას... ახლა მოვალე ვარ მზრუნველობა გავუწიო მას. საზიზღრობა იქნებოდა მისი მიტოვება. ამას ჩემს თავს არასოდეს ვაპატიებდი. არა, არ შემიძლია მივატოვო: თქვენ არ შეგიძლიათ ეს მომთხოვოთ.       - მზრუნველობა მას არ მოაკლდება, მაგრამ მიპასუხეთ, მაკს, გიყვართ ის გოგო?       - მიყვარს?.. არა. არ მიყვარს. ეს არ არის ის სიტყვა, რომელიც მას შეეფერებოდა... მე ის მიყვარდეს!. როგორ გეკადრებათ, არა. მასთან ყოფნით მინდოდა გამექარვებინა უფრო სერიოზული გრძნობები, რომელთაც ვებრძოდი... ეს სასაცილოდ, გაუგებრად გეჩვენებათ? თქვენი უმწიკვლო სული ვერც წარმოიდგენს, რომ შეიძლება ასეთ საშუალებას მიმართო... მერე რა! ეს არ არის ჩემს ცხოვრებაში ყველაზე ცუდი საქციელი. ჩვენ, კაცებს, იმის საშუალება რომ არ გვქონდეს ზოგჯერ სხვამხრივ წარვმართოთ ჩვენი ვნებანი... შეიძლება ახლა მე თვითონ გადავვარდნილიყავი ფანჯრიდან... მაგრამ თვითონაც არ ვიცი რას ვლაპარაკობ და აბა თქვენ ამას , როგორ გამიგებთ... თვითონაც ძლივს მესმის.       - მე გკითხეთ გიყვართ თუ არა-მეთქი, - ქალბატონმა დე პიენმა თვალები დახარა და ცოტა ყოყმანის შემდეგ განაგრძო, - იმიტომ , რომ თუ თქვენ... თუ თქვენ მისი სიკეთე გინდათ, გეყოფათ გამბედაობა ცოტა მწუხარება მიაყენოთ, რათა შემდეგ დიდი სიკეთე გაუწიოთ. რა თქმა უნდა, თქვენთან განშორება მისთვის ძნელი გადასატანი იქნება, მაგრამ უფრო ცუდი იქნებოდა აგეცდინათ იმ გზიდან, რომელზედაც სასწაულით დაადგა. მისი გადარჩენისათვის, მაკს აუცილებელია დაივიწყოს ის დრო, რომელსაც თქვენი აქ ყოფნით უფრო ნათლად მოაგონებდა.       მაკსმა წყნარად გააქნია თავი, ის იყო მორწმუნე და სიტყვა „გადარჩენა“, რომელსაც ქალბატონი დე პიენზე დიდი გავლენა ჰქონდა, ასევე ძლიერად ვერ იმოქმედებდა მის სულზე, მაგრამ ამაზე აღარ შეკამათებია. ის ყოველთვის ცდილობდა მისთვის არ გაემჟღავნებინა თავისი ეჭვები და ამჯერადაც გაჩუმდა, თუმცა იოლად შეამჩნევდით, რომ დარწმუნებული არ იყო.       - ახლა ასე გეტყვით: არითმეტიკულ ამოცანასთან გვაქვს საქმე. თქვენი ნახვით ვერაფერს მოიგებს, ბევრს კი დაკარგავს.. ახლა აირჩიეთ.       - ქალბატონო, - თქვა მაკსმა აღელვებით, - ვიმედოვნებ აღარ გეეჭვებათ, რომ არსენის მიმართ არა მაქვს არავითარი გრძნობა, გარდა... ადვილად გასაგები ინტერესისა. რა საფრთხეზე შეიძლება ლაპარაკი? არავითარზე. ეჭვი გეპარებათ ჩემში? თუ ფიქრობთ, რომ წინ აღვუდგები ამ კეთილ რჩევას, რომელსაც თქვენ მას აძლევთ? ახ, ღმერთო ჩემო! მე ხომ ასე მეჯავრება მოსაწყენი სანახაობები, თითქმის შიშითაც გავურბი მათ და ნუთუ გჯერათ, რომ მომაკვდავთან ხელახლა შეხვედრას დანაშაულებრივი განზრახვით ვაპირებ? გიმეორებთ, ქალბატონო, ეს ჩემი მოვალეობაა, გამოსყიდვაა, სასჯელია, თუ გნებავთ, რომელსაც მე ვეძებ მის სიახლოვეს.       ამ სიტყვებზე ქალბატონმა დე პიენმა მაღლა ასწია თავი და დაკვირვებით შეხედა, რამაც მის სახეს სიდიადე შემატა.       - გამოსყიდვას, თქვან ამბობთ, სასჯელს?.. კეთილი. დიახ! თქვენდა უნებურად, შეიძლება ემორჩილებით „მაღლიდან შთაგონებას“, და მართალი იყავით, როცა წინააღმდეგობას მიწევდით... თანახმა ვარ, ნახოთ ის გოგო, და დაე ის გახდეს თქვენი ხსნის იარაღი, ისევე როგორც თქვენ კინაღამ გახდით მისი დაღუპვის იარაღი.       მაკსმა ალბათ თქვენსავით კარგად ვერ გაიგო, ქალბატონო, რას ნიშნავდა „მაღლიდან შთაგონება“. მას აკვირვებდა ასე ჩქარა რომ შეცვალა გადაწყვეტილება ქალბატონმა დე პიენმა და არ იცოდა რისთვის მიეწერა ეს. არ იცოდა მადლობა გადაეხადა თუ არა ამ დათმობის გამო. ამ წუთში ყველაზე მნიშვნელოვანი იყო გაეგო - თავისი კერპობით დაღალა თუ დაარწმუნა ეს პიროვნება, რომელთანაც უკმაყოფილებას მაკსი ყველაზე მეტად ერიდებოდა.       - მხოლოდ, მაკს, - განაგრძო ქალბატონმა დე პიენმა, - უნდა გთხოვოთ, უფრო სწორად, მოვითხოვო..       წამით შეჩერდა და მაკსმა თავის დაკვრით ანიშნა რომ ყველაფერზე თანახმა იყო.       - მოვითხოვ, - განაგრძო, - რომ ის მხოლოდ ჩემთან ერთად ნახოთ.       მაკსს გაკვირვება გამოეხატა სახეზე, მაგრამ უმალვე განაცხადა, რომ ემორჩილებოდა.       - მთლად არ გენდობით თქვენ, - განაგრძო ქალბატონმა დე პიენმა, - ვშიშობ, წყალში არ ჩამიყაროთ შრომა; მსურს წარმატებას მივაღწიო. ჩემი ზედამხედველობის ქვეშ კი პირიქით, დიდი დახმარების გაწევა შეგიძლიათ და ვიმედოვნებ, მორჩილებისათვის სამაგიეროც მოგეზღებათ.       ქალბატონმა დე პიენმა ამ სიტყვებთან ერთად ხელი გაუწოდა მაკსს. გადაწყდა, რომ მაკსი მეორე დღეს წავიდოდა არსენ გიიოს სანახავად და რომ ქალბატონი დე პიენი მასზე ადრე მივიდოდა იქ, რათა მოემზადებინა არსენი ამ შეხვედრისათვის.       თქვენთვის გასაგებია მისი გეგმა. თავიდან ფიქრობდა, რომ მაკსი მოინანიებდა და არსენივით იოლად დაიყოლიებდა, მაგრამ მაკსმა, წინააღმდეგა მისი მოლოდინისა, მოიხსნა ყოველგვარი პასუხისმგებლობა. ქალბატონი დე პიენი იძულებული გახდა სხვაგვარად მოქცეულიყო. ეს ასევე სახიფათო იყო, როგორც ჯარის წყობის შეცვლაა მოულოდნელ იერიშებს შორის. ქალბატონ დე პიენს არ შეეძლო მოხერხებულად ემოქმედა. იმის ნაცვლად, რომ დაერიგებინა, კამათი დაუწყო ზრდილობის შესახებ. უცებ ერთი აზრი მოუვიდა - თანამზრახველის მონანიება მას გულში მოხვდებოდა, - გაიფიქრა, - ქრისტიანული დასასრული ქალისა, რომელიც მაკსს უყვარდა (საუბედუროდ ეჭვი არ ეპარებოდა, რომ ეს დასასრული მოახლოვებული იყო). უთუოდ გადამწყვეტ დარტყმას მიაყენებსო. სწორედ ამ იმედით მიიღო გადაწყვეტილება - ნება მიეცა მაკსისათვის არსენი ენახა. ამგვარად დროს მოიგებდა და განზრახულ საუბარს მაკსთან იქით გადასწევდა. მართალია, მისდაუნებურად შიშს გვრიდა ის აზრი, რომ მასთან ასეთ სერიოზულ თემაზე უნდა ეკამათა.       ქალბატონი დე პიენი ფიქრობდა, რომ კეთილ საქმეს აკეთებდა, მაგრამ დარწმუნებული არ იყო სრულ წარმატებაში, ხოლო წარუმატებლობა ამ საქმეში - მაკსის გადარჩენის ყოველგვარი იმედის გადაწყვეტას უდრიდა, ეს ნიშნავდა, საბოლოოდ შეეცვალა შეხედულება მის მიმართ. ეზრუნა, რათა ქრისტიანული სასოებით გაემართლებინა ეს გრძნობა. ყველა იარაღი კარგია მაცდურის ხელში და ასეთი პრაქტიკა მისთვის ჩვეულებრივია. აი, რატომ ლაპარაკობენ პორტუგალიელები მოხდენილად: „De boas intencoes esta o interno cheico“ (ჯოჯოხეთი კეთილი განზრახვებითაა მოკირწყლული). ფრანგულად ამბობენ, რომ ჯოჯოხეთი მოკირწყლულია ქალების ენით. ეს იგივეა, რადგან ქალებს, ჩემი აზრით ყოველთვის სიკეთე სურთ.       განაგრძეო, მეუბნებით; მაშ ასე... მეორე დღეს ქალბატონი დე პიენი წავიდა თავის პროტეჟესთან, რომელიც ძალიან დასუსტებული და დანაღვლიანებული დაუხვდა, მაგრამ მაინც უფრო წყნარი და უფრო ბედის მორჩილი, ვიდრე ფიქრობდა. კვლავ ჩამოუგდო სიტყვა ბ- ნ დე სალინიზე, მაგრამ ამჯერად უფრო დალაგებულად ლაპარაკობდა, ვიდრე წინა დღით. არსენს უარი უნდა ეთქვა მაკსზე და თუ კიდევ იფიქრებდა მასზე, მხოლოდ იმიტომ, რომ გამოეტირებინა მათი საერთო სიბრმავე. გარდა ამისა, არსენმა მაკსს უნდა აჩვენოს რომ ინანიებს, მისცეს მაგალითი, დაიწყოს ახალი ცხოვრება და უზრუნველყოს მისი სულიერი სიმშვიდე. ამ სრულიად ქრისტიანული შეგონებისათვის ქალბატონმა დე პიენმა საჭიროდ ჩათვალა რამდენიმე არგუმენტიც დაემატებინა. ასე მაგალითად, არსენს, თუ ნამდვილად უყვარს ბატონი დე სალინი, უწინარეს ყოვლისა, მისი სიკეთე უნდა სურდეს, და რომ თავისი ქცევის შეცვლით ის დაიმსახურებს იმ კაცის პატივისცემას, რომელსაც აქამდე არ შეეძლო ასეთი გრძნობა ჰქონოდა მისდამი. ყოველივე, რაც ამ სიტყვებში მკაცრი და მოსაწყენი იყო, უმალვე წაიშალა, როგორც კი ქალბატონმა დე პიენმა თავისი შეგონება დაამთავრა და უთხრა მაკსს კიდევ ნახავ, სადაცაა მოვაო. ქალბატონმა დე პიენმა, დიდი ხნის ტანჯვისაგან ფერდაკარგულ სახეზე უეცრად მოწოლილი სიწითლისა და თვალების უჩვეულო ელვარების შემყურემ, კიდეც ინანა, რომ დათანხმდა მათ შეხვედრაზე, მაგრამ ახლა გვიანი იყო გადაწყვეტილების შეცვლა. მაკსის მოსვლამდე დარჩენილი რამდენიმე წუთი ღვთისმოსაურ და ენერგიულ შეგონებებს მოახმარა, მაგრამ აშკარა იყო, რომ ყურს არ უგდებდნენ; არსენი მხოლოდ თმების წესრიგში მოყვანით და ქუდზე დაჭმუჭნული ბაბთის გასწორებით იყო დაკავებული.       ბოლოს ბატონი დე სალინიც გამოჩნდა. სახის ყველა ნაკვთს ძაბავდა, რათა მხიარული და თავისუფალი იერი ჰქონოდა. არსენი მოიკითხა. შეეცადა ბუნებრივი კილო შეენარჩუნებინა, მაგრამ ისეთი ხმა აღმოხდა, ძალზე გაციებულ ადამიანს რომ ექნება. თავის მხრივ ვერც არსენი გრძნობდა თავს თავისუფლად; რაღაც წაიბუტბუტა, სიტყვები ვერ იპოვა და, თითქოს მადლობას უხდისო, ქალბატონი დე პიენის ხელი აიღო და ტუჩებთან მიიტანა. ყველგან, რაღაცით შებოჭილ ადამიანებს შორის, იგივე ითქმებოდა, რაც აქ ამ თხუთმეტიოდე წუთის განმავლობაში ითქვა. მხოლოდ ქალბატონი დე პიენი ინარჩუნებდა ჩვეულებრივ სიმშვიდეს, ან, უფრო სწორად, უკეთ იყო მომზადებული და უფრო კარგად ეჭირა თავი; ხშირად არსენის ნაცვლად პასუხობდა. ამ უკანასკნელის აზრით, მისი შუამავალი საკმაოდ ცუდად გამოთქვამდა მის ფიქრებს. საუბარი კარგა ხანს გაგრძელდა. ქალბატონმა დე პიენმა შენიშნა, რომ ავადმყოფი ხშირ-ხშირად ახველებდა, მოაგონდა, რომ ექიმი ლაპარაკს უკრძალავდა და მაკსს უთხრა: შეკითხვებს ის სჯობს რაიმე წაუკითხოთ ხმამაღლაო. მაკსმა მაშინ აიღო წიგნი, ფანჯარასთან მივიდა, რადგან ოთახში ცოტათი ბნელოდა, და დაიწყო კითხვა ცოტა გაუგებრად. არსენსაც არაფერი ესმოდა, მაგრამ არ იმჩნევდა და თავი ისე ეჭირა, თითქოს ცხოველი ინტერესით უსმენდა. ქალბატონ დე პიენს შინიდან ხელსაქმე წამოეღო და იმით ერთობოდა. მომვლელი ქალი თავს იჩქმეტდა, რომ არ დასძინებოდა. ქალბატონ დე პიენს წამდაუწუმ გადაჰქონდა მზერა საწოლიდან ფანჯრისაკენ, თვით ასთვალა არგუსიც კი ვერ იქნებოდა ასეთი კარგი მცველი, რამდენიმე წუთის შემდეგ იგი არსენისაკენ დაიხარა და ჩასჩურჩულა: - რა კარგად კითხულობს!       არსენმა შემაძრწუნებელი მზერა ესროლა ქალბატონ დე პიენს, ტუჩებზე კი ღიმილი დასთამაშებდა.       - დიახ! - უპასუხა.       შემდეგ თვალები დახარა, დრო და დრო მსხვილი ცრემლები მოადგებოდა ხოლმე წამწამებზე და ლოყებზე ჩამოუგორდებოდა ისე, რომ თავად ვერ ამჩნევდა ამას. მაკსს ერთხელაც არ მოუბრუნებია თავი. რამდენიმე გვერდის წაკითხვის მერე ქალბატონმა დე პიენმა უთხრა არსენს: - მოგასვენებთ, ჩემო ბავშვო, ვშიშობ რომ ძლიერ დაგღალეთ. ჩქარა დავბრუნდებით შენს სანახავად.       ქალბატონი დე პიენი ადგა. მაკსი ჩრდილივით აჰყვა მას. არსენი ისე გამოემშვიდობა, თითქმის არც შეუხედავს მისთვის.       - კმაყოფილი ვარ თქვენით, მაკს, - უთხრა ქალბატონმა დე პიენმა, როდესაც მაკსმა სახლამდე მიაცილა, - იმ გოგოსი კიდევ უფრო მეტად. ეს საწყალი გოგო აღსავსეა სიმშვიდით. ის თქვენ მაგალითს გაძლევთ.       - ტანჯვა და დუმილი, ქალბატონო, ნუთუ ასე ძნელი სასწავლია?       - რაც მთავარია, უნდა ისწავლო, რომ გულში ცუდი აზრები არ გაიტარო.       მაკსმა თაყვანი სცა და სწრაფად განშორდა.       მეორე დღეს ქალბატონმა დე პიენმა არსენს სწორედ იმ დროს შეუსწრო, როდესაც საწოლის ახლოს მდგარ მაგიდაზე დაწყობილი იშვიათად ყვავილების თაიგულს ათვალიერებდა.       - ესენი ბატონმა დე სალინიმ გამომიგზავნაო, - უთხრა, - კაცი გამოგზავნა ჩემი ამბის გასაგებად. თვითონ არ მოსულა.       - ძალიან ლამაზი ყვავილებია, - თქვა ქალბატონმა დე პიენმა ცოტა არ იყოს მშრალად.       - წინათ ძალიან მიყვარდა ყვავილები, - თქვა ავადმყოფმა და ამოიოხრა. - მანებივრებდა... ბატონი დე სალინი მანებივრებდა, ყველაზე ლამაზი ყვავილები მოჰქონდა, რაც შეიძლებოდა... მაგრამ დღეს ეს აღარაფრად მიღირს... ძალიან მძაფრი სუნი აქვთ... ქალბატონო, თქვენ წაიღეთ ეს თაიგული, ის არ გაბრაზდება ამაზე.       - არა, ჩემო ძვირფასო, თქვენთვის სასიამოვნოა ამ ყვავილების ცქერა, - უპასუხა ქალბატონმა დე პიენმა უფრო ხმადაბლა, რადგან აღელვებული იყო საცოდავი არსენის ღრმად მოწყენილი ტონით. - მე მხოლოდ იმ ყვავილებს წავიღებ, რომლებსაც მძაფრი სუნი აქვთ. კამელიები დაიტოვეთ.       - არა, მე მძულს კამელიები... ერთადერთ ჩხუბს მაგონებენ, რომელიც ჩვენ გვქონდა ერთად ყოფნისას.       - ნუღარ ფიქრობთ ამ სისულელეებზე, ჩემო ძვირფასო ბავშვო.       - ერთ დღეს, - განაგრძო არსენმა და თან ყურადღებით უცქეროდა ქალბატონ დე პიენს, - ერთ დღეს, დავინახე ძალიან ლამაზი კამელია მის ოთახში, რომელიც წყლიან ჭიქაში ჰქონდა ჩადებული. მინდოდა ამეღო, მაგრამ უფლება არ მომცა. შეხებაც კი დამიშალა. ავუხირდი და ვუთხარი რაღაც სისულელეები. აიღო და კარადაში ჩაკეტა, გასაღები კი ჯიბეში ჩაიდო. არაფერმა უშველა. მივხვდი, რომ ის მართლა კარგი ქალის საჩუქარი უნდა ყოფილიყო... ვერაფრით ვერ გავიგე - ვისი.       არსენი ლაპარაკობდა და თითქმის ბოროტად მიშტერებოდა ქალბატონ დე პიენს, რომელმაც უნებურად თვალები დახარა. ხანგრძლივი სიჩუმე ჩამოვარდა, რომელსაც მხოლოდ ავადმყოფის ჩქარი სუნთქვა არღვევდა. ქალბატონ დე პიენს კამელიასთან დაკავშირებით ერთი ამბავი მოაგონდა ბუნდოვნად. ერთ დღეს, როდესაც ქალბატონ ობრესთან სადილობდა, მაკსმა უთხრა, ეს არის დეიდაჩემმა დაბადების დღე მომილოცაო და სთხოვა, თქვენც მომეცითო თაიგული. ქალბატონმა დე პიენმა სიცილით გამოიძრო თმიდან ერთი კამელია და მისცა. მაგრამ როგორ დაამახსოვრდა ასეთი უმნიშვნელო შემთხვევა? ქალბატონ დე პიენს ვერაფრით აეხსნა ეს, ამ ამბავმა შიშიც კი მოჰგვარა. ვერ მოასწრო თავისი დაბნეულობა გაეფანტა, რომ, ამ დროს მაკსი შემოვიდა და იგრძნო, რომ წითლდებოდა.       - გმადლობთ ყვავილებისათვის, - უთხრა არსენმა, - მაგრამ ისინი ჩემზე ცუდად მოქმედებენ... ტყუილად მაინც არ დაიკარგებიან. ქალბატონს მივეცი. ნუ მალაპარაკებთ. ლაპარაკი აკრძალული მაქვს. წამიკითხეთ რამე, თუ გნებავთ.       მაკსი დაჯდა და კითხვა დაიწყო. ამჯერად, ვფიქრობ, არავინ უსმენდა. ყოველი მათგანი, და მათ შორის მკითხველიც, საკუთარ ფიქრს მიჰყვებოდა.       როდესაც ქალბატონი დე პიენი წასასვლელად წამოდგა, თაიგული მაგიდაზევე დატოვა, მაგრამ არსენმა შეახსენა, არ დაგრჩეთო. რაღას იზამდა? წაიღო უკმაყოფილომ იმით, რომ ამ წვრილმანზე თავიდანვე არ დათანხმდა, და ერთგვარი ღელვა გამოამჟღავნა. „რა არის ამაში ცუდი?“ - ფიქრობდა; ცუდი უკვე ის იყო, რომ თავის თავს ასეთ კითხვას აძლევდა.       არ უთხოვია, მაგრამ მაკსი შინ წაჰყვა. დასხდნენ და თვალს არიდებდნენ ერთმანეთს. იმდენ ხანს იყვნენ ჩუმად, რომ უხერხულობა იგრძნეს..       - საცოდავი გოგო, - თქვა ქალბატონმა დე პიენმა, - ძალიან მაფიქრებს. როგორც ჩანს, იმედი უკვე აღარ არის.       - ექიმი ნახეთ? - შეეკითხა მაკსი, - რას მბობს?       ქალბატონმა დე პიენმა თავი გააქნია.       - რამდენიმე დღის სიცოცხლეღა დარჩა. ასე დააკვნეს ამ დილით.       - რა სანახავი იყო, ცუდად გავხდი, - თქვა მაკსმა და ფანჯარასთან მივიდა, ალბათ მღელვარების დასაფარავად.       - რა თქმა უნდა, საშინელებაა სიკვდილი მის ასაკში, - მძიმედ განაგრძო ქალბატონმა დე პიენმა, - მაგრამ მეტი რომ ეცოცხლა, ვინ იცის, იქნებ ეს უფრო დიდი უბედურება ყოფილიყო მისთვის?.. განგებამ ინება, რომ დრო მიეცა მოსანანიებლად და სასოწარკვეთილი სიკვდილისგან გადაერჩინა. ეს დიდი მოწყალებაა და ახლა მან თავადაც იცის ამის ფასი. აბატი დიუბინიონი ძლიერ კმაყოფილია მისი. არც ისე შესაბრალისია იგი, მაკს.       - არ ვიცი, უნდა გვებრალებოდეს თუ არა ისინი, ვინც ახალგაზრდები კვდებიან, - უპასუხა მაკსმა ცოტა არ იყოს მოულოდნელად, - მე, მაგალითად, ვისურვებდი ახალგაზრდა მოვმკვდარიყავი, მაგრამ მის ტანჯვას არ შემიძლია ვუცქირო.       - ხორციელი ტანჯვა სასარგებლოა სულისათვის...       მაკსმა არაფერი უპასუხა და წავიდა დასაჯდომად ოთახის ბოლო კუთხეში, სქელი ფარდებისაგან ნახევრად ჩაბნელებულ ადგილას. ქალბატონი დე პიენი ხელსაქმობდა ან ვითომ ხელსაქმობდა. ნაქარგს დაშტერებოდა, მაგრამ მაკსის მზერას გრძნობდა, და ეს ისე მოქმედებდა მასზე, თითქოს რაღაც სიმძიმე აწვებაო. იმ მზერას, რომელსაც გაურბოდა, გრძნობდა ხელებზე, მხრებზე, შუბლზე. მოეჩვენა, თითქოს მზერა მის ფეხებზე შეჩერდა და ჩქარა დამალა ფეხები კაბის ქვეშ. შეიძლება არის რაიმე ჭეშმარიტება იმაში, რასაც ლაპარაკობენ მაგნიტურ დენებზე, ქალბატონო?       - ადმირალ დე რინის იცნობთ, ქალბატონო? - შეეკითხა უცებ მაკსი.       - დიახ, ცოტათი.       - შეიძლება ერთი სამსახური გთხოვოთ? სარეკომენდაციო წერილი...       - რისთვის?       - რამდენიმე დღეა, ქალბატონო, გეგმებს ვადგენ, - განაგრძო მოჩვენებითი მხიარულებით, - რჯულზე მინდა მოვიქცე და ჩავიდინო ჭეშმარიტი ქრისტიანული საქციელი, მაგრამ არ ვიცი, როგორ.       ქალბატონმა დე პიენმა, ცოტა მკაცრად შეხედა.       - აი, რაზე შევჩერდი, - განაგრძო, - ძალიან ვწუხვარ, რომ სამხედრო სკოლაში არ მისწავლია, მაგრამ ამის გამოსწორება შეიძლება. არც თუ ისე ცუდად ვხმარობ თოფს... და ვგრძნობ რაღაც არაჩვეულებრივ სურვილს - წავიდე საბერძნეთში და ვეცადო იქ მოვკლა რამდენიმე თურქი ქრისტეს ჯვრის სადიდებლად.       - საბერძნეთში! - წამოიძახა ქალბატონმა დე პიენმა და ხელიდან გაუვარდა ძაფის გორგალი.       - დიახ, საბერძნეთში! აქ აღარაფერს ვაკეთებ, მოწყენილი ვარ, არავის არაფერში ვჭირდები, არ შემიძლია გავაკეთო რაიმე სასარგებლო. ქვეყნად არ არის ადამიანი, ვისთვისაც რაიმე სარგებლობის მოტანა შემეძლოს. რატომაც არ წავალ; ან მოვიმკი დაფნის გვირგვინს, ან თავს გამიტეხავენ სასიქადულო საქმის გულისთვის. სხვათა შორის, ჩემთვის ვერ ვხედავ სხვა საშუალებას დიდების ან უკვდავების მოსაპოვებლად, რაც ძალიან მინდა. თვითონ წარმოიდგინეთ, რა პატივი იქნება ჩემთვის, როდესაც გაზეთში წაიკითხავთ: „ტრიპოლიციიდან გვატყობინებენ, რომ ბატონმა მაკს დე სალინიმ, ახალგაზრდა ფილელინმა, რომელიც დიდ იმედებს იძლევა - ხომ შეიძლება ეს თქვან გაზეთში - დიდ იმედებს იძლევა, რწმენისა და თავისუფლების წმიდათაწმინდა საქმისადმი უანგარო ერთგულებას ემსხვერპლა. გამხეცებული ყურშიდ- ფაშა იქამდე მივიდა, რომ ზრდილობა დაივიწყა და ბრძანა მისთვის თავი მოეკვეთათ“...ზოგიერთების აზრით მე სწორედ თავი არა მაქვს წესრიგში, არა ქალბატონო? - და ნაძალადევად გაიცინა.       - სერიოზულად ლაპარაკობთ, მაკს? მართლა გინდათ საბერძნეთში წასვლა?       - ნამდვილად სერიოზულად, ქალბატონო; ოღონდ ვეცდები ჩემი ნეკროლოგი რაც შეიძლება გვიან გამოჩნდეს.       - რას გააკეთებთ საბერძნეთში? ბერძნებს ჯარისკაცები არ აკლიათ.. თქვენ საუცხოო ჯარისკაცი იქნებით, ამაში დარწმუნებული ვარ, მაგრამ...       - შესანიშნავი გრენადერი, ხუთი ფუტის სიმაღლისა! - წამოიძახა და ფეხზე წამოდგა, - ბერძენები მეტისმეტად წუნიები იქნებოდნენ, თუ უარს იტყოდნენ ასეთ ახალწვეულზე. ხუმრობის გარეშე, ქალბატონო, - განაგრძო და თან სავარძელში ჩაეშვა, - ჩანს ყველაზე კარგი საშუალებაა, რაც მე შემიძლია მოვიფიქრო. არ შემიძლია დავრჩე პარიზში (ეს სიტყვა რაღაც განსაკუთრებული სიძლიერით წარმოთქვა). აქ უბედური ვარ, ათას სისულელეს ჩავიდენ... ძალა აღარ შემწევს წინააღმდეგობისა... მაგრამ ამაზე მერე ვილაპარაკოთ. ახლავე არ მივემგზავრები... მაგრამ წავალ.. დიახ, დიახ! ეს საჭიროა, თავს უკვე პატიოსანი სიტყვა მივეცი. იცით, რომ ორი დღეა რაც ბერძნულს ვსწავლობ? ბერძნული შესანიშნავი, ლამაზი ენაა, ხომ მართალია?       ქალბატონ დე პიენს წაკითხული ჰქონდა ლორდი ბაირონი და მოაგონდა ეს ბერძნული ფრაზა, მისი ერთი პატარა ლექსის მისამღერი. თარგმანი, როგორც თქვენთვის ცნობილია, მოცემულია შენიშვნებში, სახელდობრ - „სიცოცხლე ჩემო, მე შენ მიყვარხარ“, - ეს არის ამ ქვეყნის თავაზიანი მანერა. ქალბატონი დე პიენი წყევლიდა თავის კარგ მეხსიერებას; მას არ უკითხავს, რას ნიშნავდა ეს ბერძნული სიტყვები. შიშობდა , სახეზე არ დამჩნეოდა, რომ გაიგო მათი მნიშვნელობა. მაკსი პიანინოს მიუახლოვდა და მისი თითები ვითომც შემთხვევით დაეცა კლავიშებზე, აკრიფა რამდენიმე მელანქოლიური აკორდი, უცებ ქუდი აიღო, ქალბატონ დე პიენისაკენ შემობრუნდა და ჰკითხა, აპირებდა თუ არა ქალბატონ დარსენესთან წასვლას ამ საღამოს.       - ვფიქრობ, რომ კი, - უპასუხა ოდნავი ყოყმანის შემდეგ ქალბატონმა დე პიენმა.       ხელი ჩამოართვა და მაშინვე გავიდა; ამგვარი მღელვარება ქალბატონ დე პიენს ჯერ არ განეცადა.       თავში ისეთი ბუნდოვანი აზრები უტრიალებდა და ისე სწრაფად სცვლიდა ისინი ერთიმეორეს, რომ ვერ ასწრებდა რომელიმე მათგანზე შეეჩერებინა გულისყური. ეჭვი აღარ ეპარებოდა, რომ მაკსს უყვარდა. ეს სიყვარული - კეთილი განწყობა, - როგორც თვითონ ამბობდა, - დიდი ხნის წინათ წარმოიშვა, მაგრამ აქამდე ამის გამო გული არ აჩუყებია. მასავით ღვთისმოსავ ქალსა და მაკსისავით ლაზღანდარა კაცს შორის გულუხვი დაბრკოლება იყო აღმართული და ამიტომ ეს ამბავი არც აფიქრებდა. თუმცა ერთგვარ სიამოვნებას ანიჭებდა და თავმოყვარეობას უღიზიანებდა ის, რომ ისეთ თავქარიან კაცს, როგორიც მისი აზრით მაკსი იყო, სერიოზულ გრძნობებს აღუძრავდა. იმაზე კი არასოდეს უფიქრია, რომ ამ გრძნობებს ერთ მშვენიერ დღეს შეეძლოთ მისი სიმშვიდის დარღვევა. ახლა კი ცდილობდა თავი დაერწმუნებინა, რომ საშიშროებას, რომელსაც ბუნდოვნად ხედავდა, არ ჰქონდა არავითარი რეალური საფუძველი. უეცარი გადაწყვეტილება წასვლის თაობაზე, ცვლილება რაც ბატონ დე სალინის ქცევაში შეამჩნია, შეიძლებოდა არსენ გიიოს სიყვარულით ახსნილიყო; მაგრამ, ამის გაფიქრება მისთვის უფრო აუტანელი იყო, ვიდრე სხვა რამ და შვებას გრძნობდა, როცა ამ აზრის უსაფუძვლობაში რწმუნდებოდა.       ქალბატონ დე პიენს მთელი საღამოს განმავლობაში რაღაც აჩრდილები ეზმანებოდნენ, მერე ქრებოდნენ და სახეცვლილნი კვლავ წარმოუდგებოდნენ ხოლმე თვალწინ. ქალბატონი დარსენესთან წასვლა არ უნდოდა, თავი რომ დაეზღვია, მეეტლეს ნება დართო შინიდან წასულიყო და ადრე დაწოლა მოინდომა. მაგრამ ამ დიდსულოვნური გადაწყვეტილების მიღებისთანავე, როცა უკვე გვიან იყო უკან დახევა, ინანა - არასაკადრის სისუსტეში ჩამოართვა თავის თავს ეს ამბავი. მაკსმა ეჭვი არ აიღოსო, - განსაკუთრებით ამისი ეშინოდა. თავის თავს უკვე ვეღარ უმალავდა წაუსვლელობის ნამდვილ მიზეზს და თავი დამნაშავედ მიაჩნდა. ბატონი დე სალინის გამო ასეთი მოუსვენრობა მისი აზრით უკვე დანაშაული იყო. დიდხანს ილოცა, მაგრამ ვერც ლოცვაში ჰპოვა შვება. არ ვიცი რომელ საათზე მოახერხა დაძინება, მაგრამ, ერთი კი ცხადია, - თავში დილითაც ისევ ის ბუნდოვანი ფიქრები უტრიალებდა და არ იცოდა რა გზას დასდგომოდა.       საუზმობისას, რამეთუ საუზმობენ ყოველთვის, ქალბატონო, მით უფრო თუ წინა დღით არ უსადილიათ, გაზეთში წაიკითხა, რომ ვიღაც ფაშას რომელიღაც ქალაქი აუოხრებია. გაუჟლეტია ქალები და ბავშვები; რამდენიმე ფილელენი იარაღით ხელში ბრძოლის ველზე დაცემულა, ზოგისათვის კი ნელი წამებით ამოუხდიათ სულ. ქალბატონ დე პიენს ესღა აკლდა, რომ წარმოედგინა მაკსის მოგზაურობა საბერძნეთში. სევდით გულდამძიმებული გაზეთს ჩაშტერებოდა, როცა მაკსის ბარათი გადასცეს. წინა საღამოს ძალიან მოუწყენია ქალბატონ დარსენესთან; შეწუხებულა, რომ ქალბატონი დე პიენი არ დაუხვდა იქ და ახლა წერილს სწერდა, მისი ამბავი რომ გაეგო და გაერკვია რომელ საათზე წავიდოდა არსენ გიიოსთან. ქალბატონი დე პიენი არ იყო ნაჩვევი წერილების წერას და სიტყვიერად შეუთვალა: ჩვეულებრივ რა დროსაც დავდივარ, იმ დროსო. მერე, ერთი პირობა იფიქრა მაშინვე წასულიყო, რათა მაკსს არ შეხვედროდა იქ, მაგრამ დაფიქრდა, სახიფათო და სამარცხვინო ტყუილი გამომივაო და გადაწყვიტა სიამამცე მოეკრიბა. ლოცვას შეუდგა, დანიშნულ დროზე სახლიდან გავიდა და მტკიცე ნაბიჯით ავიდა არსენის ოთახში. III       საწყალი გოგო შესაბრალის მდგომარეობაში დაუხვდა. ცხადი იყო, რომ მისი აღსასრულის ჟამი მოახლოებულიყო. ავადმყოფობა საშინლად გამწვავებოდა. საცოდავი ხრიალით სუნთქავდა; ქალბატონ დე პიენს უთხრეს, ამ დილით რამდენჯერმე წამოაბოდაო, ექიმი ფიქრობდა, დილამდე ვერ გააწევსო. არსენმა მაინც იცნო თავისი მფარველი და მადლობა გადაუხადა ნახვისათვის.       - მალე აღარ დაიღლებით ჩემს კიბეზე ამოსვლით, - უთხრა ჩამქრალი ხმით.       ჩანდა, ლაპარაკი ძვირად უღირდა და ყოველი სიტყვის წარმოთქმისას თავს ძალას ატანდა. მისი ლაპარაკი რომ გაგეგონათ, საწოლთან უნდა დახრილიყავით. ქალბატონმა დე პიენმა ხელზე მოჰკიდა ხელი; იგი უკვე ცივი და თითქმის უსიცოცხლო იყო.       მალე მაკსიც მოვიდა და მომაკვდავის საწოლს მიუახლოვდა. ქალბატონმა დე პიენმა რაღაც ანიშნა და, ხელში წიგნი რომ დაუნახა, ხმადაბლა უთხრა: - დღეს არაფრის წაკითხვა აღარ მოგიწევთო.       მერე თვალი შეავლო წიგნს, - საბერძნეთის რუკა აღმოჩნდა, რომელიც მაკსს გზაში ეყიდა.       აბატმა დიუბინიონმა, რომელიც დილიდანვე თავზე ადგა ასრსენს, იმის შემყურე, თუ რა სწრაფად ეცლებოდა ძალა ავადმყოფს, გადაწყვიტა რამდენიმე წუთის სიცოცხლე, რაც მას დარჩენოდა, მისი სულის ნეტარებისათვის გამოეყენებინა. მაკსი და ქალბატონი დე პიენი გვერდიდან მოიშორა და საწოლზე დახრილმა რელიგიის მიერ ასეთი წუთებისათვის განკუთვნილი მაღალფარდოვანი და დამამშვიდებელი სიტყვები წარმოთქვა. ოთახის ერთ კუთხეში ქალბატონი დე პიენი ლოცულობდა, მუხლმოყრილი; ფანჯარასთან მდგარი მაკსი კი ქანდაკებად ქცეულიყო.       - ყველას მიუტევებთ, ვინც გაწყენინათ, ჩემო გოგონავ? თქვა მღვდელმა აღელვებული ხმით.       - დიახ.. დაე ბედნიერნი იყვნენ!.. - უპასუხა ოდნავ გასაგონი ხმით არსენმა.       - მიენდეთ ღვთის მოწყალებას, ჩემო გოგონა! - განაგრძო მღვდელმა, - მონანიება ცის კარებს აღებს.       კიდევ რამდენიმე წუთს განაგრძობდა აბატი თავის შთაგონებებს, შემდეგ ლაპარაკი შეწყვიტა, დარწმუნებული არ იყო, რომ მის წინ მხოლოდ გვამი არ იყო. ქალბატონი დე პიენი წყნარად წამოდგა, რამდენიმე ხანს ყველანი უძრავად იდგნენ; მღელვარედ უცქეროდნენ არსენის გალურჯებულ სახეს. თვალები დახუჭული ჰქონდა. ყველამ შეიკავა სუნთქვა, თითქოს იმიტომ, რომ ხელი არ შეეშალათ ამ საშინელი ძილისათვის.       ოთახში მკაფიოდ ისმოდა საათის ტიკტიკი.       - გათავდა, საწყალი გოგონა, - ამ სიტყვებთან ერთად მომვლელმა ქალმა თავისი სათუთუნე არსენს ტუჩებთან მიუტანა და დაუმატა, - ხომ ხედავთ, მინა არ დაიორთქლა. მკვდარია!       - საწყალი ბავშვი! - შეჰყვირა გაბრუებისაგან მაკსმა. - რა სიხარული ნახა ამქვეყნად?       უცებ, თითქოს ამ ხმამ გამოაცოცხლა, არსენმა თვალები გაახილა.       - მიყვარდა! - წაიჩურჩულა ყრუ ხმით.       თითებს ამოძრავებდა, თითქოს სურდა ხელი გაეწოდებინა მისთვის. მაკსი და ქალბატონი დე პიენი მიუახლოვდნენ და ორივემ აიღო ხელში მისი თითო ხელი.       - მიყვარდა! - გაიმეორა ნაღვლიანი ღიმილით.       ეს იყო უკანასკნელი სიტყვები. მაკსს და ქალბატონ დე პიენს დიდხანს ეჭირათ მისი გაყინული ხელები და ვერ ბედავდნენ თვალები აეწიათ მაღლა. IV       მაშ ასე, ქალბატონო, თქვენ ამბობთ, რომ ჩემი მოთხრობა უკვე დამთავრებულია და მეტის მოსმენა აღარ გსურთ. მე კი მეგონა თქვენ მოინდომებდით გაგეგოთ, იმოგზაურა თუ არა ბატონმა დე სალინიმ საბერძნეთში... მაგრამ უკვე გვიანაა, თქვენთვის ესეც საკმარისია. რა გაეწყობა! ყოველ შემთხვევაში თავი მაინც შეიკავეთ ნაჩქარევი განსჯისაგან. მე ვამტკიცებ, რომ არ მითქვამს არაფერი ისეთი, რაც თქვენ ამის უფლებას მოგცემდათ.       რაც მთავარია, ეჭვი ნუ შეგეპარებათ მოთხრობის სიმართლეში. ეჭვობთ? წადით პრე- ლაშეზზე; გენერალ ფუას საფლავიდან ოც ნაბიჯზე, მარცხნივ, თქვენ დაინახავთ უბრალო ქვის ფილას, რომელსაც გარს აკრავს ცოცხალი ყვავილები. ქვაზე შეგიძლიათ წაიკითხოთ დიდი ასოებით ამოჭრილი ჩემი გმირი ქალის სახელი, რა თქმა უნდა თუ წვიმამ არ წაშალა, ფაქიზი ხელით, ფანქრით ნაწერ დიდ ასოებს: „საწყალი არსენი! ის ჩვენთვის ლოცულობს.“ იხილეთ: პროსპერ მერიმეს ლიტერატურა …
დაამატა Kakha to ლიტერატურა at 10:54pm on მარტი 19, 2015
პოსტი: ორნი აქა - იქ (გურამ დოჩანაშვილი)

გურამ დოჩანაშვილი, ლიტერატურა, qwelly, guram dochanashvili, literature

ესე ამბავი შესაძლოა ზოგან გამოგონილად მოეჩვენოს ვისმე, მაგრამ არა, არაა მთლად…

დაამატა შორენა კენჭოშვილი at 2:20pm on ივლისი 25, 2013
თემა: ხორხე ლუის ბორხესი - მედალი
მელიც მთელ ხმელეთს ევლება გარს და რომელზეც ჩემი ქოხის მსგავსი ხის სახლები ლივლივებენ. თუმცაღა დანამდვილებით არ ვიცი, თვითონ მისი ნახვის შესაძლებლობა არ მომცემია. არც ტყე მინახავს მეორე მხრიდან. ჩემმა უფროსმა ძმამ დამაფიცა, ჯერ კიდევ ჩვენს ბავშვობაში, რომ ჩვენ ორნი უკანასკნელ ხემდე გავჩეხავდით ამ ტყეს. ძმა უკვე მოკვდა, მე კი ახლა სხვა რამ მაფიქრებს: ერთ ნივთს ვეძებ და მის ძებნაში არ დავიღლები. იმ მხარეს, საითაც მზე ჩადის, პატარა მდინარე ჩამოედინება; ხელით ვახერხებ თევზის დაჭერას. ტყეში მგლები დაძრწიან. თუმცა მგლები არ მაშინებენ: ჩემს ცულს არც ერთხელ არ გაუცრუებია ჩემთვის იმედი. ჩემს წლებს არ ვითვლი. მხოლოდ ის ვიცი, რომ ცოტა არ დაგროვილა. ჩემი თვალები ძლივსღა ხედავენ რამეს. სოფელში, სადაც აღარ დავდივარ, იმიტომ, რომ დაკარგვის მეშინია, წუწურაქს მეძახიან, მაგრამ ტყის მჭრელი აბა დააგროვებს ბევრს?        ჩემი ქოხის კარს ქვებით ვქოლავ, რომ თოვლის ნამქერი არ შემოვარდეს. ერთ საღამოს მძიმე ნაბიჯების ხმა შემომესმა, მას კარზე კაკუნიც მოჰყვა. გავაღე, ჩემთვის უცნობი მწირი, მოხუცი კაცი იყო, მაღალი, უჯრედებიან ლაბადაში გახვეული. სახე იარებით ჰქონდა დასერილი. ჩანდა, წლებს ვერ მოეტეხა, მხოლოდ ძალა შეემატებინა, თუმცაღა შევნიშნე, რომ ჯოხის გარეშე ძნელად დადიოდა. რამდენიმე სიტყვა გავცვალეთ, რაზე – აღარ მახსოვს. მერე მან თქვა: – მშობლიური სახლი არ მაქვს, სადაც მიღამდება, იქ მითენდება. მთელი საქსონია მოვიარე. ამ სახელწოდებით მოხსენიება მისი ასაკის შესაფერისი იყო. მამაჩემი ყოველთვის ლაპარაკობდა საქსონიაზე, რომელსაც ახლა ინგლისს უწოდებენ.        თევზი და პური მქონდა. სუფრასთან ვდუმდით. წამოწვიმა. ტყავებისგან სახელდახელოდ ლოგინი გავუშალე შიშველ მიწაზე, სწორედ იმ ადგილას, სადაც ჩემი ძმა მოკვდა. ღამის დადგომისთანავე ძილს მივეცით თავები. კარგად გათენებულიყო, შინიდან რომ გამოვედით. წვიმას გადაეღო და მიწა თრთვილს დაეფარა. კაცს ჯოხი გაუვარდა ხელიდან, მიბრძანა მიმეწოდებინა. – რატომ მიბრძანებ? – ვკითხე უცებ. – იმიტომ, – მიპასუხა, – რომ მე ჯერ კიდევ მეფე ვარ. გიჟად ჩავთვალე. ჯოხი ავიღე და მივაწოდე. შეცვლილი ხმით ალაპარაკდა. – ჰო, მე სექგენების მეფე ვარ. ათასჯერ მაინც მომიტანია მათთვის გამარჯვება მძიმე ბრძოლებში, მაგრამ ჩემი ჟამიც დადგა და სამეფო დავკარგე. ჩემი სახელი იზერნია, ოდინების გვარიდან ვარ. – მე არ ვიცი ოდინი, – ვუპასუხე მშვიდად, – მე ქრისტეს ვეთაყვანები.   თითქოს არ გაუგონიაო, თხრობა განაგრძო: – დევნილი დავეხეტები, მაგრამ ჯერ კიდევ მეფე ვარ, რადგან მედალი თან მაქვს. გინდა გაჩვენო? ჩამომხმარი ხელისგული გახსნა, თუმცა იქ არაფერი ჰქონდა. ხელისგული ცარიელი იყო. მაშინღა გამახსენდა, რომ მარცხენა მუშტი დღედაღამ მოკუმული ჰქონდა. გამჭოლად შემხედა და მითხრა: – შეგიძლია ხელით შეეხო. ფრთხილად შევახე თითი მის ხელისგულს. რაღაც ცივი ვიგრძენი, ელვარებამაც მომჭრა თვალი. ხელი სწრაფად მომუშტა. ვდუმდი. მაშინ წყნარად დაიწყო თხრობა, თითქოს ბავშვს უამბობდა ძილისპირულს: – ეს ოდინის მედალია. მას მხოლოდ ერთი მხარე აქვს. მაგრამ მის გარდა ამქვეყნად არაფერია საპირისპირო მხარის გარეშე. სანამ ეს მედალი ხელში მაქვს, მეფედ ვრჩები. – ოქროსია? – ჩავეკითხე. – არ ვიცი. ეს ოდინის მედალია. ცალი მხარით. უცებ მედლის დაუფლების დაუოკებელმა სურვილმა შემიპყრო. ის რომ ჩემი გამხდარიყო, უამრავ ოქროს მივიღებდი მასში და მეფე გავხდებოდი. მაწანწალას, რომელიც დღემდე მძულს, შევთავაზე: – ქოხში მონეტებით სავსე სკივრი მაქვს დამალული. ოქროს მონეტებია, ნაჯახის პირივით ბრჭყვიალებენ. თუ ოდინის მედალს მომცემ, მე სკივრს დაგითმობ. მტკიცედ თქვა: – არ მსურს. – მაშინ, შენი გზით წადი. ზურგი შემაქცია... ზურგში ნაჯახის ჩაცემა საკმარისი აღმოჩნდა, მეტისმეტადაც კი, რომ შეტორტმანებულიყო და ძირს უსულოდ დაცემულიყო, თუმცა ამ დროს მუშტი გაეხსნა და ჰაერში მანათობელი ნაპერწკალი დავინახე. ცული მორში ჩავასე და გვამი მდინარისკენ წავიღე, რომელიც ადრე უფრო ღრმა იყო. იქვე ჩავაგდე. სახლის სიახლოვეს მედლის ძებნას შევუდექი. მაგრამ ვერ ვიპოვე. მთელი ეს წლებია ვეძებ და ვეძებ...   ეთნოგრაფი        ამის შესახებ ტეხასში მიამბეს, თუმცა ეს ამბავი რომელიღაც სხვა შტატში მოხდა. მთავარ გმირს, ახმახს, ყველა ამერიკელივით, თმის გაურკვეველი ფერით, მგონი ფრედი ერქვა. ფრედ მურდოკი. მას არაფერი ჰქონია ორიგინალური, სწორედ ამით გამოირჩეოდა აცვენილი ახალგაზრდობისგან. წიგნებს სცემდა პატივს და მათი სჯეროდა, ვინც ამ წიგნებს წერდა. მის ასაკში ცოტამ თუ იცის, რას მიუძღვნას თავი, ფრედიც ბედის ნებას მინდობოდა და მზად იყო სპარსული მისტიკისთვის დაეთმო დრო, უნგრული დაილექტისთვის, ომის გზას გასდგომოდა ან სულაც მათემატიკოსი გამხდარიყო. უნივერსიტეტში უკარნახეს, ინდიელების წეს-ჩვეულებების შესწავლას შესდგომოდა, ხანდაზმულმა პროფესორმა კი ფრედს შესთავაზა, პრერიაში წადი და იქ შეისწავლე იშვიათი, ჯერ კიდევ შემორჩენილი ტომებიო. ფარდულში უნდა ეცხოვრა და სხვათა ჩვეულებებს დაჰკვირვებოდა, მათი ღრმა აზრები ამოეცნო, ინდიელ მაგთა საიდუმლოებებს ჩასწვდომოდა. უკან დაბრუნებული ამის შესახებ ნაშრომს დაწერდა. თუმცაღა მურდოკი არ იყო დიდად გახარებული. მისი ერთ-ერთი წინაპარი საზღვარზე დაიღუპა და ეს ძველი ოჯახური ტკივილი რატომღაც ღრღნიდა. რომ აღარაფერი ვთქვათ იმ სირთულეებზე, რაც გზაში ელოდა, ამ ველურ წითელკანიან ადამიანებს ხომ თავიანთ კლანში უნდა მიეღოთ, თავისიანად ეცნოთ. თუმცა მურდოკი მაინც წავიდა. ორ წელზე მეტი იცხოვრა უდაბნოში, ხან ტყავს აფარებდა თავს და ხან ცას. მზეს ასწრებდა ადგომას და შუაღამისას წვებოდა. ისეთ დიალექტზე ხედავდა სიზმრებს, რომელიც არ შეიძლებოდა სცოდნოდათ მის დედასა და მამას.        უხეშ საკვებს და უცნაურ სამოსს მიეჩვია, დაავიწყდა მეგობრებიც, ქალაქიც, რომელშიც თითოეულ ქვას იცნობდა. რაღაც ვადის ამოწურვის შემდეგ ტომის ქურუმმა ფრედს დავალებები მისცა, სავარჯიშოები სხეულისა და სულისთვის. ქურუმმა ურჩია რომელიმე უცნაური სიზმარი გაეხსენებინა. დრო გავიდა და ერთ მთვარიან ღამეს მოწაფეს ბიზონები ესიზმრა. გამთენიისას მოძღვარს უამბო ნანახის შესახებ. მას მერე მაგი საიდუმლოს განდობას შეუდგა. ორი წლის შემდეგ, ადრიან დილით, ფრედმა ინდიელები დატოვა. ქალაქში დაბრუნებულს უცებ ნოსტალგია მოაწვა, პრერია მოენატრა, სწორედ ის ველები, სადაც ოდესღაც ქალაქზე დარდობდა. პროფესორს უთხრა, რომ გადაწყვიტა არ გამოექვეყნებინა მის მიერ მოპოვებული ინფორმაცია. – ფიცი დადე? – არა, უბრალოდ არ შემიძლია გიამბოთ, რაც ახლა ვიცი. – ინგლისური ენა არ კმარა ამისთვის? – გაეღიმა პროფესორს, – ეგ არაფერ შუაშია, სერ. ახლა, მას მერე, რაც საიდუმლოს დავეუფლე, შემეძლო ის ათასი სხვადასხვა საშუალებით გადმომეცა. საქმე ის არის, რომ ჩვენი მეცნიერება, რომელსაც უნდა ვაჩუქო ეს ცოდნა, ახლა სრულ უაზრობად მეჩვენება. და პაუზის შემდეგ: – გარდა ამისა, საიდუმლო არაფერია იმ გზასთან შედარებით, რომელიც მე განვვლე. პროფესორი გამოემშვიდობა: – ამის შესახებ საბჭოს ვამცნობ. თქვენ მათთან დაბრუნება გსურთ? – არა. ეს არ არის საჭირო. ის, რაც მასწავლეს, ყველგან გამომადგება. ფრედი დაქორწინდა, მერე განქორწინდა და ახლა იელში ბიბლიოთეკარად მუშაობს.   უხუცესი სენიორა        1941 წლის 14 იანვარს მარია ხუსტინე რუბიო დე ხაურეგის ასი წელი შეუსრულდა. ის დამოუკიდებლობისთვის მებრძოლთა თაობის ერთადერთი ჯერ კიდევ ცოცხლად დარჩენილი ქალიშვილი იყო. მამამისი, პოლკოვნიკი მარიანო რუბიო, გადაჭარბების გარეშე ჭეშმარიტი განმათავისუფლებელი გახლდათ. მერსედის მხარეში დაიბადა, ბუენოს-აირესის პროვინციაში, მესაქონლეთა ოჯახში. ანდურ არმიაში ალფერესის ჩინამდე იმსახურა, ჩაკაბუკოსთვის იბრძოდა, კანჩა-რაიადასთან ტრაგიკულ ბრძოლაში მონაწილეობდა, მაიპუსთან შეტაკებაშიც და ორი წლის შემდეგ არეკიპოსთანაც. ამბობენ, რომ ამ ბრძოლის წინ მან და ხოსე დე ოლავარიამ მახვილები გაცვალეს. 1823 წლის აპრილში სერო-ალტოს ცნობილი ორთაბრძოლა მოხდა, მაგრამ რაკი ის ველზე მიმდინარეობდა, სერო-ბერმეხოს ბრძოლასაც უწოდებენ. ვენესუელელები, რომლებსაც მარადიული შური აქვთ ჩვენი საარაკო გმირობებისა, ამ გამარჯვებას გენერალ სიმონ ბოლივარს მიაწერენ, მაგრამ მიუკერძოებელი მემატიანე არგენტინელ ისტორიკოსებს შორის თავს არ ისულელებს და შესანიშნავად იცის, რომ დაფნის გვირგვინი სამართლიანად ეკუთვნის პოლკოვნიკ მაკანო რუბიოს. სწორედ მან, კოლუმბიის ჰუსართა პოლკის სათავეში მყოფმა, გადაწყვიტა ხმლებითა და შუბებით გახანგრძლივებული ბრძოლის ბედი, რამაც დაუდო საფუძველი არანაკლებ სახელოვან გამარჯვებას აიაკუჩოსთან, რომელშიც მას ასევე მიუძღვის წვლილი. იქვე დაიჭრა.        1827 წელს იტუსაინგოსთან გამოიჩინა თავი, სადაც ჯარს ალვეარი მეთაურობდა. მიუხედავად როსასთან შორეული ნათესაობისა, ლავალიეს კაცი იყო და ფედერალები დაამარცხა ორთაბრძოლაში, რომელსაც ყოველთვის უწოდებდა „მახვილცემულს“. როცა უნიტარისტები შეიმუსრნენ, აღმოსავლეთ პროვინციაში გაემგზავრა, სადაც იქორწინა კიდეც. დიდი ომის დროს მონტევიდეოში გარდაიცვალა, ქალაქში, რომელიც ბლანკო ორიბემ დააარსა. ორმოცდაოთხი წლის იყო, ეს ასაკი კი მაშინ ლამის სიბერედ მიიჩნეოდა. თავის შემდეგ ორი ქალიშვილი დატოვა. მათგან მარია ხუსტინა არის ის, ვისზეც ახლა გვექნება საუბარი. 1853 წლის ბოლოს პოლკოვნიკის ქვრივი თავის ორ ქალიშვილთან ერთად ბუენოს-აირესში დაფუძნდა. მათ არ დაუბრუნეს ტირან როსასის მიერ ჩამორთმეული სოფლის ადგილ-მამულები, თუმცა მოგონებები დაკარგულ მიწებზე, რომლებიც თვალითაც არასდროს ენახათ, დიდხანს ცოცხლობდა ოჯახში. ჩვიდმეტი წლის მარია ხუსტინა დოქტორ ბერნარდ ხაურეგის გაჰყვა ცოლად, რომელიც სამოქალაქო პირი იყო, თუმცა პავონსა და სეპედასთან ბრძოლამ მოუწია და თავის სამსახურებრივ პოსტზე გარდაიცვალა ყვითელი ციებ-ცხელების ეპოქაში. მას ვაჟი და ორი ქალიშვილი დარჩა. მარიანო, პირმშო, საგადასახადო ინსპექტორი გახდა და ხშირად დადიოდა ეროვნულ ბიბლიოთეკასა და არქივში, რათა თავისი გმირი პაპის დაწვრილებითი ბიოგრაფია დაეწერა, მაგრამ ვერა და ვერ დაასრულა, ან იქნებ არც დაუწყია. უფროსი და, მარია ელვირა, თავის ბიძაშვილს, ვინმე საავედრას გაჰყვა ცოლად, ფინანსების სამინისტროს ჩინოვნიკს. ხულია – სენიორ მოლინარის, რომელსაც მართალია იტალიური სახელი ჰქონდა, ლათინურის მასწავლებელი იყო და უაღრესად განათლებული კაცი ბრძანდებოდა. შვილიშვილებსა და შვილთაშვილებს არ შევეხები, ისიც საკმარისია, რომ მკითხველს უკვე აქვს წარმოდგენა წარჩინებულ და გაღარიბებულ გვარზე, რომელსაც წინაპრის ეპიკური ჩრდილი და ემიგრაციაში შობილი მისი ქალიშვილი ედგა თავში. მოკრძალებულად და მშვიდად ცხოვრობდნენ პალერმოში, გუადალუპეს ეკლესიის სიახლოვეს და მარიანოს ახსოვდა, რომ იქ ტრამვაის ფანჯრიდან „გრან ნასიონალის“ კომპანიებს ხედავდა, ჭაობებს, რომლებიც ამა თუ იმ რანჩოს ერტყა გარს, ალიზით ნაგებთ. გუშინდელი სიღარიბე ნაკლებად ღარიბული იყო, ვიდრე ის, რომელსაც ჩვენ ინდუსტრიის პროგრესი გვჩუქნის. სიმდიდრეც უფრო მოკრძალებულად გამოიყურებოდა. რუბიოს ოჯახობის საცხოვრებელს კვარტალში საგალანტერეო მაღაზიის ზედა სართული ეკავა. უკანა კიბე ვიწრო იყო. მარჯვნივ შემოვლებური მოაჯირი ბნელი შემოსასვლელის კედელსაც მიუყვებოდა, სადაც საკიდები და რამდენიმე სკამი იდგა. მისაღებიდან კარი რბილი სავარძლებით გაწყობილი მცირე სასტუმრო ოთახისკენ მიემართებოდა, სასტუმრო ოთახიდან კი წითელი ხის ავეჯითა და შემინული ვიტრინით მორთულ სასადილოში. მუდამ ჩამოშვებული ჟალუზების მიღმა, რომელიც მწველი მზისგან იცავდა ოთახს, სუსტი შუქი აღწევდა. მახსოვს, იქ ცოტა ობის სუნიც კი იდგა. სიღრმეში საძინებლები იყო, სააბაზანო ოთახი, პატარა პატიო ნიჟარით და სათავსო დამლაგებლისთვის. სახლში არ ყოფილა სხვა წიგნი, ანდრადეს გარდა, მონოგრაფიებისა გმირზე, ხელნაწერი დამატებებით და ასევე მონტანერისა და სიმონის ესპანურ-ამერიკული ლექსიკონიც, რომელიც იმიტომ ჩავარდნოდათ ხელში, რომ განვადებით ყიდდნენ დაბალ ფასად. სამაგიეროდ, იყო კიდევ პენსია, რომელიც ყოველთვის აგვიანებდა, და შემოსავალი ლომას-დე-სამორესთან არსებული ერთ დროს ვრცელი ნაკვეთის გაქირავებული ნაგლეჯიდან.        იმ დროისთვის, რომლითაც დავიწყეთ ჩვენ თხრობა, უხუცესი სენიორა დაქვრივებულ ხულიასა და მის ვაჟთან ერთად ცხოვრობდა. კვლავ ვერ იტანდა არტიგასს, როსასა და ურკისს. პირველი ევროპული ომი, რომელმაც მისთვის თითქმის აბსტრაქტულად არსებული გერმანელების სიძულვილი შთაუნერგა, ნაკლებად აღელვებდა, ვიდრე ცხრაასი წლის გადატრიალება და სერო-ალტოსთან ორთაბრძოლა. 1932 წლიდან თანდათანობით დაიწყო ჭკნობა. საყოველთაოდ ცნობილი მეტაფორები საუკეთესოა, რადგან ზუსტია. გასაგებია, რომ ის კათოლიკურ რწმენას მისდევდა, საიდანაც სულაც არ გამომდინარეობს ის დასკვნა, რომ ღმერთის სწამდა, ერთადერთისა სამ იპოსტასში, ან სულის უკვდავებისა. ბუტბუტებდა ლოცვებს, რომლებიც არ ესმოდა, თითებით კი კრიალოსანს მარცვლავდა. აღდგომასა და მოგვთა დღესასწაულს შობა ერჩივნა, მატეს ნაცვლად კი ჩაის სმა უყვარდა. სიტყვები „პროტესტანტი“, „ებრაელი“, „მასონი“, „ერეტიკოსი“ და „ურჯულო“ მისთვის სინონიმები იყო და არაფერს ნიშნავდა. ყველა ვითარებაში ესპანელებს „გოდოთი“ მოიხსენიებდა, როგორც მისი მშობლები. 1910 წელს ვერ იჯერებდა, რომ ინფანტა, რომელიც მაინც პრინცესა იყო, მოლოდინის საწინააღმდეგოდ ჩვეულებრივი გალისიელივით მეტყველებდა და არა როგორც არგენტინელი სენიორა. ეს გამაოგნებელი ამბავი მისი სიძის დაკრძალვაზე ამცნო ერთმა მდიდარმა ნათესავმა, რომელიც აქამდე არასდროს ყოფილა მათთან სახლში, მაგრამ რომლის სახელსაც ისინი ხარბად ეძებდნენ ელიტური ქრონიკების სვეტებში.         სენიორა ხაურეგისთვის ქუჩები არ იცვლიდნენ სახელწოდებებს. იხსენებდა არტეს ქუჩას, ტემპლეს ქუჩას, ბუენ-ორდენის ქუჩას, პიედადის ქუჩას, ორ კალიეს ლარგასს, პარკესა და პორტონესის მოედნებს. ოჯახის წევრები გიჟდებოდნენ არქაიზმებზე, რომლებიც ნებით თუ უნებლიეთ სიტყვას მოჰქონდა ხოლმე. მაგალითად, ამბობდნენ არა „ურუგვაელებს“, არამედ „აღმოსავლელებს“. ქალი შინიდან არ გამოდიოდა და ალბათ აზრზეც არ იყო, რომ ბუენოს-აირესი იცვლებოდა და იზრდებოდა. ქალაქი, რომელსაც ის გასასვლელი კარიდან ხედავდა, გაცილებით ხნოვანი იყო იმ დროის ქალაქზე, რომელშიც ისინი ცენტრიდან გადასახლდნენ. შებმული ხარები და ორთვალა ურმები ალბათ ისევ იდგა ონსეს მოედანზე, უკვდავას ყვავილები კი ბარაკასის მინდვრებზე აფრქვევდნენ სურნელს. „მიცვალებულები მესიზმრება“, – ეს მისი ერთ-ერთი უკანასკნელი ფრაზა იყო. უტვინო არ გახლდათ, მაგრამ როგორც ვიცი, არასდროს მიეცემოდა ინტელექტუალურ სიამეებს, ის დარჩენოდა, რასაც მეხსიერება ჩუქნიდა, მერე კი – მივიწყება. ყოველთვის გულუხვი იყო. მახსოვს მისი ნათელი მშვიდი თვალები და ღიმილი. ვინ იცის, რა გიჟური ვნებები, ახლა ჩამცხრალი, ერთ დროს კი მწველი განუცდია ამ ხანდაზმულ, ერთ დროს მშვენიერ ქალს. მცენარეების მოყვარული გახლდათ, მათი სადა ჩუმი ცხოვრება მასთან ახლოს იყო, ბეგონიებს უვლიდა თავის ოთახში და იმ ფოთლებს ეხებოდა, რომელთაც უკვე ვეღარ ხედავდა. 1992 წლამდე, როცა ის თითქოს თვლემაში ჩაიძირა, მოსწონდა სხვადასხვა ისტორიული ეპიზოდის მოყოლა, ყოველთვის ერთი და იმავე სიტყვებით და ერთი და იმავე მიმდევრობით, თითქოს „მამაო ჩვენოს“ კითხულობდა, მაგრამ მე მგონია, რომ ისინი უკვე აღარ ასახავდნენ სინამდვილეს. თვითონაც სჯეროდა არაკების. ერთი სიტყვით, ბედნიერი იყო. ძილი, როგორც ცნობილია, ჩვენი ერთ-ერთი ყველაზე გამოუცნობი აქტია. ჩვენი ცხოვრების მესამედს ვუთმობთ მას, თუმცა ვერ შევიცანით. ერთისთვის ის მხოლოდ გონების დაბინდვაა, სხვებისთვის – ურთულესი მდგომარეობა, რომელიც ერთდროულად სამ დროს მოიცავს: გუშინდელს, დღევანდელსა და ხვალინდელს, სხვათათვის კი სიზმრების უწყვეტი მიმდევრობაა. იმის თქმა, რომ სენიორა ხაურეგიმ ათი წელი გაატარა უძრავ ქაოსში, ალბათ მცდარი იქნებოდა. ამ ათი წლიდან თითოეული წამი ალბათ მხოლოდ ახლანდელი იყო, უწინდელისა და შემდგომის გარეშე. და არ არის საჭირო მეტისმეტად მოიხიბლო ახლანდელით, რომელსაც დღეებითა და უსასრულო კალენდრების ასობით ფურცლით ვზომავთ, თავისი მიზნებითა და მოვლენებით, ეს სწორედ ის ახლანდელია, რომლის მიჯნასაც ყოველ დილას ვაბიჯებთ, სანამ გავიღვიძებთ, და ყოველ ღამე, სანამ დავიძინებთ. ჩვენ ყოველდღე ორჯერ ვხდებით უხუცესი სენიორა. ხაურეგის ოჯახის წევრები, როგორც უკვე დავრწმუნდით, ოდნავ დაბინდულ მდგომარეობაში იმყოფებოდნენ. მათ სჯეროდათ, რომ არისტოკრატიას მიეკუთვნებოდნენ, თუმცა გავლენიანი ადამიანები მათ არ იცნობდნენ; გმირის შთამომავლები იყვნენ, თუმცა ისტორიის წიგნებში, როგორც წესი, მას არ მოიხსენიებდნენ. მართალია, მის სახელს ქუჩა ატარებდა, მაგრამ ეს ქუჩა, რომელიც ძალიან ცოტამ თუ იცოდა, სადღაც დასავლეთ სასაფლაოს უკან მიიკარგა.         სახსოვარი დღე ახლოვდებოდა. ათ იანვარს სამხედრო გამოჩნდა სააღლუმე ფორმით. წერილი, თვით მინისტრის ხელმოწერა რომ ამშვენებდა, იუწყებოდა, რომ მინისტრი ვიზიტს გეგმავდა თოთხმეტ რიცხვში. ხაურეგები ყველა მეზობელს უჩვენებდნენ ამ წერილს, განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებდნენ ბლანკსა და მინისტრის ხელმოწერაზე. მერე კორესპონდენტებმა მოუხშირეს სიარულს, რომლებიც პრესისთვის ამზადებდნენ მასალას. მათ საჭირო ცნობებს აწვდიდნენ და ყველაფრიდან ჩანდა, რომ მათ ნაუწყები ჰქონდათ პოლკოვნიკ რუბიოს შესახებ. თითქმის უცნობი ადამიანები ტელეფონით ითხოვდნენ, მიწვეულთა სიაში ჩაერთოთ. ყველა გულმოდგინედ ემზადებოდა დიდებული დღისთვის. ცვილით წმენდდნენ იატაკებს, რეცხავდნენ ფანჯრებს, ჭაღებს შალითებს ხსნიდნენ, წითელ ხეს აპრიალებდნენ, ვერცხლეულს ასუფთავებდნენ, ავეჯს ალაგებდნენ, სასტუმრო ოთახში ფორტეპიანოსაც ახადეს თავსახური, რათა კლავიშებზე ხავერდის ბილიკი ეჩვენებინათ. ხალხი აქეთ-იქით დადიოდა. ერთადერთი ადამიანი, რომელიც შორს იყო ამ საერთო ფუსფუსისგან, სენიორა ხაურეგი გახლდათ. ჩანს, მან არაფერი უწყოდა. ის იღიმოდა. ხულიამ მოსამსახურის დახმარებით ისე გამოაწყო, თითქოს მიცვალებული ყოფილიყოს. პირველი, რაც სტუმრებს შემოსვლისას თვალში მოხვდებოდათ, გმირი პოლკოვნიკის პორტრეტი გახლდათ და მარჯვნივ, ოდნავ ქვემოთ, მისი ხმალი, რომელიც ყველა ბრძოლაში თან ახლდა. ყველაზე მძიმე წუთებშიც კი არ გაუყიდიათ ეს იარაღი და ოცნებოდნენ, ისტორიული მუზეუმისთვის გადაეცათ. ერთმა კეთილმა მეზობელმა ამ ღირსსახსოვარი დღისთვის ნემსიწვერა ათხოვათ ქოთნით.        ზეიმი შვიდზე უნდა დაწყებულიყო. სტუმრების შეკრება შვიდის ნახევრისთვის დანიშნეს, რადგან იცოდნენ, რომ არავის უყვარდა იმის ყურება, როგორ „ანთებენ სანთლებს“. რვის ათ წუთზე კაციშვილის ჭაჭანება არ იყო. მასპინძლები არც ისე ხალისიანად მსჯელობდნენ იმაზე, რით არის კარგი და რით ცუდი ასეთი არაპუნქტუალურობა. ელვირამ, რომელსაც წესად ჰქონდა დანიშნულ დროს მისვლა, უაპელაციოდ განაცხადა, რომ ადამიანებს აიძულო ლოდინი იმას ნიშნავს, მათ მიმართ უპატივცემულობა გამოიჩინო. ხულიამ თავისი ქმრის სიტყვები გაიმეორა და ივარაუდა, რომ დაგვიანება თავაზიანობის ნიშანია, რამეთუ რაკი ასე იქცევიან, ეს იმას ნიშნავს, რომ ეს ყველასთვის მოსახერხებელია და არავინ არავის არ აჩქარებს. რვას რომ თხუთმეტი აკლდა, სახლი სავსე იყო. და მთელი კვარტალი შურით სკდებოდა, სენიორა ფიგეროას ავტომანქანისა და მძღოლის დანახვაზე, იმ ფიგეროასი, რომელიც თითქმის არასდროს იწვევდა თავის ნათესავებს, მაგრამ ისინი ხელგაშლილნი ხვდებოდნენ, რათა არავის ეეჭვა, რომ უკანასკნელად ეპისკოპოსის დაკრძალვაზე ენახათ ერთმანეთი. პრეზიდენტმა პირადი ადიუტანტი გამოგზავნა, ძალიან კეთილი სენიორი, რომელმაც ბრძანა, რომ წილად ხვდა დიდი პატივი, სერო-ალტოს გმირის ქალიშვილისთვის ჩამოერთმია ხელი. მინისტრმა, რომელიც მალევე წავიდა, ბრწყინვალე, კარგად შედგენილი სიტყვა წარმოთქვა, რომელშიც, სიმართლე რომ ითქვას, მეტს ლაპარაკობდა სან-მარტინზე, ვიდრე პოლკოვნიკ რუბიოზე. მოხუცი ქალი სავარძელში იჯდა, ბალიშზე გადაწოლილი. დროდადრო თავს ხრიდა ან მარაო უვარდებოდა ხელიდან. რჩეული საზოგადოების ქალბატონებმა, „მამულის დედებმა“ მას ჰიმნი უმღერეს, რომელიც, თითქოს, არც გაუგონია. ფოტოგრაფები შეკრებილთაგან მხატვრულ ჯგუფებს ქმნიდნენ და თავიანთი ნათურების ჩხაკუნით თვალებს უბრმავებდნენ. პორტვეინისა და ხერესის ჭიქები ცოტა აღმოჩნდა. რამდენიმე ბოთლი შამპანური გახსნეს. სენიორა ხაურეგის სიტყვა არ წარმოუთქვამს. ალბათ თვითონ უკვე აღარც იცოდა, ვინ იყო... და ამ საღამოდან ლოგინად ჩავარდა.        როცა სტუმრები დაიშალნენ, ოჯახობა იმპროვიზებულ ცივ ვახშამს მიუსხდა. ყავისა და თამბაქოს სუნმა მალე გააძევა სუნამოების ნაზი არომატი. დილის გაზეთები ღირსეულად და დამაჯერებლად ცრუობდნენ, როდესაც აღფრთოვანების სიტყვებს გამოთქვამდნენ გმირის ქალიშვილის თითქმის საარაკო ხნოვანების შესახებ და იუწყებოდნენ, რომ ის „არგენტინის ისტორიაში საუკუნის ყველაზე მჭევრმეტყველური მატიანეა“. ხულიას სურდა მისთვის ეს ცნობები ეჩვენებინა. უხუცესი სენიორა უძრავად იწვა ბინდში, თვალებდახუჭული. ტკივილი ან სიცხე არ ტანჯავდა. ექიმმა გასინჯა და თქვა: ყველაფერი რიგზეაო. რამდენიმე დღეში გარდაიცვალა. ბრბოს მოდინებამ, გაუგონარმა ხმაურმა, ჩახჩახა შუქებმა, წარმოთქმულმა სიტყვებმა, ხშირმა ხელის ჩამორთმევამ და შამპანიურის გასროლებმა მისი აღსასრული დააჩქარა. ალბათ ფიქრობდა, რომ სახლში მტერი შეიჭრა. ვფიქრობ სერო-ალტოსთან დაღუპულებზე, ვფიქრობ ამერიკისა და ესპანეთის მივიწყებულ ადამიანებზე, რომლებმაც ცხენების ფლოქვებქვეშ პოვეს სიკვდილი; ვფიქრობ, რომ პერუში მახვილებით გაწკეპვლის უკანასკნელი მსხვერპლი, მართალია, ასი წლის დაგვიანებით, ეს მოხუცი ქალი გახდა.   სხვა        ეს ამბავი 1969 წლის თებერვალში მოხდა, ბოსტონის ჩრდილოეთით, კემბრიჯში. ცხელ კვალზე არ ჩამიწერია, რადგან მაშინ მხოლოდ ის სურვილი მქონდა, მომხდარი დამევიწყებინა, რომ არ გავგიჟებულიყავი. ახლა კი, 1972-ში, ვფიქრობ, თუ მას მოვყვები, მკითხველი გამონაგონად ჩათვლის, განვლილი წლები კი ალბათ მეც მაიძულებენ, მისადმი ასეთივე დამოკიდებულება მქონდეს. ბევრი რამ გადავიტანე იმ წუთებში, მაგრამ უფრო მძიმე შემდეგ იყო, უძილო ღამეებში. ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ მომხდარის შესახებ ნაამბობი სხვებსაც ააღელვებს. დილის ათი საათი იყო. სკამის საზურგეზე გადაწოლილი ვიჯექი ჩარლზის მდინარესთან. მარჯვნივ, ჩემგან ხუთასიოდე ნაბიჯში, მაღალი კოშკი იდგა – ახლაც არ ვიცი, რა ჰქვია მას. მღვრიე წყალს კუთხოვანი ყინულის ნატეხები მოჰქონდა. რასაკვირველია, მდინარემ დროზე ჩამაფიქრა. ჰერაკლიტეს მიერ შექმნილი ათასწლოვანი სახე... ღამე მშვიდად გავატარე: ჩემი საღამოს ლექცია, როგორც ჩანს, სტუდენტებს მოეწონათ.        გარშემო სულიერი არ ჭაჭანებდა. უცებ მომეჩვენა (ფსიქოლოგები ამას საერთო დაღლილობით ხსნიან), რომ ერთხელ უკვე მინახავს და განმიცდია მსგავსი. ჩემ გვერდით სკამზე ვიღაც დაჯდა. მარტო მერჩივნა ყოფნა, მაგრამ ადგილიდან არ ავმდგარვარ, უზრდელობად რომ არ ჩამთვლოდა. უცხომ სტვენა დაიწყო. იმ დილის პირველი განცვიფრება განვიცადე: ის უსტვენდა ან ცდილობდა ესტვინა (კარგი სმენით არ გამოვირჩევი) ელიას რეგულესის არგენტინული სიმღერა „ძველი ქოხმახი“. მოტივმა უკვე არარსებულ პატიოში გადამიყვანა და ძალიან დიდი ხნის წინ გარდაცვლილი ალვარო მელიან ლაფინურა გამახსენა. მერე სიტყვებიც მომესმა, ათიან წლებში რომ მღეროდნენ. ტემბრი დიდად არ ჰგავდა ალვაროს ტემბრს, თუმცა შემსრულებელი აშკარად ალვაროს ჰბაძავდა. შიშით ვიცანი ეს ხმა. მეზობლისკენ გადავიწიე და ვუთხარი: – სენიორ, ურუგვაელი ხართ თუ არგენტინელი? – არგენტინელი ვარ, მაგრამ თოთხმეტი წლიდან ჟენევაში ვცხოვრობ, – მიპასუხა მან. ხანგრძლივი სიჩუმე ჩამოწვა. ისევ მე ვკითხე: – მალანიაში, ჩვიდმეტ ნომერში, რუსული ეკლესიის პირდაპირ? თანხმობის ნიშნად თავი დამიქნია. – ო, მაშინ, – გამოვუცხადე მე, – თქვენი სახელი ხორხე ლუის ბორხესია. ჩვენ ქალაქ კემბრიჯში ვართ, 1969 წელს. – არა, – მიპასუხა ჩემი საკუთარი ხმით, ოდნავ შორეულით. შემდეგი ორი-სამი წუთის განმავლობაში დამაჯერებლად მიმტკიცებდა: – არა, მე აქ ვარ, ჟენევაში, სკამზე ვზივარ, რონადან რამდენიმე მეტრში. ყველაზე უცნაური ის არის, რომ ჩვენ ერთმანეთს ასე ვგავართ, თუმცაღა თქვენ ბევრად უფროსი ხართ და თმაჭაღარა.        მე ვუპასუხე: – შემიძლია დაგიმტკიცო, რომ არ ვცრუობ. გიამბობ ისეთ რამეებს, რომელიც მხოლოდ შინაურებმა იციან. ჩვენ ვერცხლის მატე გვაქვს, შემოქსოვილი გრძელი ფეხით, რომელიც პერუდან ჩვენმა დიდმა პაპამ ჩამოიტანა. კიდევ გვაქვს ვერცხლის თასი, ისეთი, უნაგირს რომ ამაგრებენ ხოლმე. შენი ოთახის წიგნების კარადაში წიგნები ორ წყებად არის დალაგებული. იქ ლეინის „ათას ერთი ღამის“ სამი ტომია გრავიურებითა და თითოეული თავის შემდეგ წვრილი შრიფტით გაკეთებული კომენტარებით; კიშერის ლათინური ლექსიკონი, ტაციტის „გერმანია“ ლათინურად და გორდონის თარგმანით, გარნიეს გამოცემის „დონ-კიხოტი“, რივერა ინდარტეს „სისხლიანი თეატრი“ ავტორის მიძღვნით, კარლეილის Sartor Resartus, ამელიას ბიოგრაფია და დანარჩენი ფოლიანტების უკან დამალული, გაცვეთილი წიგნი ბალკანელი ხალხის სექსუალური წესჩვეულებების შესახებ. არ დამვიწყებია არც მწუხრი ბელეტაჟზე, პლას დიუბურზე. – დიუფურზე, – შემისწორა. – კარგი. იყოს დიუფური, აბა, დარწმუნდი? – არა, ეს ყოველივე არ არის მტკიცებულება. თუ სიზმრად გხედავთ, გასაგებია, რომ თქვენ იგივე უნდა იცოდეთ, რაც მე ვიცი. საკმაოდ საფუძვლიან შენიშვნას ვუპასუხე: – თუ კი ეს დილაც და ეს შეხვედრაც მხოლოდ და მხოლოდ სიზმარია, თითოეულ ჩვენგანს აქვს სრული უფლება იფიქროს, რომ სწორედ მას სძინავს და ესიზმრება. ჩვენ იქნებ გამოვფხიზლდეთ, იქნებ არა. მაგრამ ერთი რამ ვიცი – ეს სიზმარი რეალობად უნდა მივიღოთ, როგორც ვიღებთ სამყაროსა და იმას, რომ ვცოცხლობთ, ვხედავთ და ვსუნთქავთ. – იქნებ სიზმარი გაჭიანურდეს? – შეშფოთებულმა თქვა, მისი და საკუთარი თავის სანუგეშებლად ნაძალადევი სიმშვიდით ვუპასუხე: – მერე რა? ჩემი სიზმარი აგერ უკვე სამოცდაათი წელია გრძელდება. საბოლოო ჯამში, თუ გავიხსენებთ, არ არსებობს ადამიანი, რომელიც საკუთარ თავს არ შეხვედრია. სწორედ ეს გვემართება ახლა ჩვენ, თუ ჩვენ ორნი ვართ... იქნებ გსურს გაიგო რამე ჩემი წარსულიდან, რომელიც შენთვის მომავალი გახდება? მდუმარედ დამიქნია თავი. და ველაპარაკე ყველაფერზე, რაც კი თავში მომივიდა აზრად: – დედა ცოცხალია და ჯანმრთელი, თავის სახლში ფუსფუსებს ჩარკასისა და მალუს ქუჩების სიახლოვეს, ბუენოს-აირესში; მამა ოცდაათი წლის წინ გარდაიცვალა, გულით. თუმცა მანამდე დამბლამ გატეხა: მთელი მარცხენა ნახევარი წაერთვა და მარცხენა ხელი მარჯვენაზე ედო, როგორც ბავშვის ხელი გოლიათის ხელზე. ისე გარდაიცვალა, სიკვდილი ეჩქარებოდა, მაგრამ ერთი არ ამოუკვნესია. ბებიაჩვენმაც იმავე სახლში განუტევა სული. აღსასრულამდე რამდენიმე დღით ადრე ყველა შეგვკრიბა და გვითხრა: „მე ძალიან მოხუცი ქალი ვარ, რომელიც ძალიან ნელა კვდება. არ არის საჭირო ნერვიულობა და ალიაქოთი: ეს სავსებით ჩვეულებრივი ამბავია“. ნორა, შენი და, გათხოვდა, ორი ვაჟი ჰყავს... ისე, როგორ ცხოვრობენ ყველანი იქ? – მშვენივრად. მამა, ჩვეულებისამებრ, რელიგიას აბუჩად იგდებს. გუშინ საღამოს თქვა, რომ იესოს, ჩვენი გაუჩოების მსგავსად, არ უყვარდა შელამაზებული საუბარი და ამიტომ ამჯობინებდა ალეგორიულად გამოხატვას. ოდნავი ყოყმანის შემდეგ მკითხა: – თქვენ როგორ ცხოვრობთ? – არ ვიცი იმ წიგნების რაოდენობა, რომლებსაც შენ დაწერ, მხოლოდ ის ვიცი, რომ ისინი საკმაოდ ბევრი იქნება. დაწერ ლექსებს – ისინი განუზომელ სიხარულს მოგანიჭებენ – და ფანტასტიკურ მოთხრობებს. მამაშენივით და ჩვენი გვარის ბევრი წარმომადგენელივით მასწავლებელიც იქნები. კმაყოფილი ვიყავი. რომ არ მკითხა, გამომივიდა თუ არა ჩემი წიგნები. და სხვა ტონით გავაგრძელე: – თუ ისტორიას შევეხებით... კიდევ ერთი ომი იყო, თითქმის იმავე მოწინააღმდეგეების მონაწილეობით. საფრანგეთი მალე დანებდა, ინგლისი და ამერიკა გერმანელ დიქტატორს, ჰიტლერს ებრძოდნენ, მერე – ვატერლოოსთან ბრძოლის გამეორება. ბუენოს-აირესმა ათას ცხრაას ორმოცდა ექვსი წლისთვის ნომერი ორი როსასი შობა, მეტად რომ ჰგავდა ჩვენს პირმშოს. ორმოცდათხუთმეტში პროვინცია კორდობამ გვიხსნა, როგორც ადრე ენტრე-რიოსმა. ახლა რთული სიტუაციაა. რუსეთი აძლიერებს თავის გავლენას პლანეტაზე, ამერიკა ვერ ბედავს იმპერიად ქცევას, ცრუმორწმუნეს ეშინია დემოკრატიის მტრად არ შერაცხონ. ჩვენი სამშობლო დღითი დღე სულ უფრო მეტად იძირება პროვინციალიზმში. პროვინციალიზმი და თვითტკბობა – თვალებზე ხილაბანდივით აქვს აფარებული. არ გავოცდები, თუ ლათინურის გაკვეთილებს ერთხელაც გუარანის ლექციები შეცვლის. შევნიშნე, რომ თითქმის არ მისმენდა. მიუწვდომლისა და ამავდროულად ასეთი აშკარას მიმართ სრულიად ბუნებრივი შიში ბოჭავდა. მამა არ ვყოფილვარ, მაგრამ ნაზი გრძნობები ვიგრძენი ამ საბრალო ბიჭის მიმართ, რომელიც უფრო ახლობელი იყო ჩემთვის, ვიდრე ღვიძლი შვილი. ვნახე, რომ ხელში რაღაც წიგნს ატრიალებდა. დავინტერესდი, რა იყო. – თეოდორ დოსტოევსკის „შეპყრობილი“, ან უფრო ზუსტად „ეშმაკნი“, – მიპასუხა მედიდურად. – ძნელად მახსენდება. მოგწონს? ჯერ კიდევ ბოლომდე არ მეთქვა და უკვე ვიგრძენი, რა მკრეხელური შეკითხვა დავსვი. – რუსი კლასიკოსი ძალიან ღრმად შეიჭრა სლავური სულის ლაბირინთებში. რიტორიკულობის შემოტევა იმის ნიშნად მივიჩნიე, რომ ის დამშვიდდა. ვკითხე, ამ კლასიკოსის კიდევ რა წიგნების წაკითხვა მოესწრო. ორი თუ სამი დაასახელა, მათ შორის „ორეულიც“. ჩავეკითხე, ისევე ნათლად თუ ხედავს პერსონაჟებს კითხვის დროს, როგორც დავუშვათ, ჯოზეფ კონრადთან, და ფიქრობს თუ არა თხზულებათა მთელი კრებულის დაძლევას. – სიმართლე გითხრათ, არა, – მოულოდნელად მიპასუხა. ვკითხე, რას წერდა და მიპასუხა, რომ პოეტურ კრებულს ამზადებდა, რომლის სახელი იქნება „წითელი ფსალმუნები“. ფიქრობდა ასევე „წითელ რიტმებზე“. – რატომაც არ უნდა სცადო? – ვუპასუხე, – შეგიძლია სახელოვან წინაპრებს დაეყრდნო. გაიხსენე რუბენ დარიოს ცისფერი ლექსები და ვერლენის ნაცრისფერი ბალადა. ყურებში გაუშვა ჩემი სიტყვები და განმიმარტა, რომ მის წიგნში დედამიწის ხალხთა ძმობას შეასხამდა ხოტბას. ჩვენი დროის პოეტს არ შეუძლია ეპოქას ზურგი შეაქციოს. ჩავფიქრდი, მერე კი ვკითხე, მართლა მიაჩნდა თუ არა ყველა თავის ძმებად. მაგალითად, პომპეზური დაკრძალვების ყველა ოფიციალური მომწყობი, ყველა კურიერი, ყველა ფასიანი წყალში მყვინთავი, ყველა, ვინც ტროტუარებზე ათენებს ღამეებს კენტნომრიან შენობებთან; ყველა, ვისაც არ აქვს ხმა და ა.შ. და ა.შ. მითხრა, რომ მისი წიგნი მიეძღვნება ყველა ჩაგრულსა და ფარიას. – შენი ჩაგრულთა მასები და ფარიები, – ვუპასუხე მე, – მხოლოდ და მხოლოდ აბსტრაქტული ცნებებია. არსებობს მხოლოდ ცალკეული ინდივიდები, თუ საერთოდაც არსებობს ვინმე. „შენ დღეს უკვე აღარ ხარ გუშინდელი“, – წარმოთქვა რომელიღაც ბერძენმა. ჩვენ ორივენი ამ სკამზე – ჟენევაში თუ კემბრიჯში, – ალბათ ამის მტკიცებულებად გამოვდგებით.        ყველა სახსოვარი ფაქტი, მათ გარდა, რომლებიც ისტორიის ჭეშმარიტ ფურცლებზეა აღბეჭდილი, სახსოვარ ფრაზებს არ საჭიროებს. ადამიანს სიკვდილის წინ სურს გაიხსენოს გრავიურა, ბავშვობაში წვრილად დანახული; ჯარისკაცები ბრძოლის წინ ყველაფერზე ლაპარაკობენ ან თავიანთ სერჟანტზე. ჩვენი შეხვედრა ერთადერთი იყო და სიმართლე ითქვას, ჩვენ არ ვიყავით მისთვის მზად. ვლაპარაკობდით ლიტერატურასა და ენაზე – ვშიშობ, არაფერი ახალი არ მითქვამს იმასთან შედარებით, რასაც ჩვეულებრივ ჟურნალისტებს ვეუბნები. ჩემს ალტერ ეგო-ს სჯეროდა ახალი მეტაფორების შექმნისა თუ აღმოჩენის აუცილებლობის, მე კი – მხოლოდ ჩვენი ფანტაზიის მიერ უკვე შექმნილი სიტყვების ზუსტი შესაბამისობებისა, ჩემი საკუთარი სახეების ან საყოველთაოდ ცნობილი ცნებებისა: ადამიანების დაბერება და დაკნინება, სიზმრები და ცხოვრება, დროთა ცვლა და წყალი. მას ჩემს ფიქრებს ვანდობდი, რომლებიც რამდენიმე წლის შემდეგ ვაქციე წიგნად. ის თითქმის არ მისმენდა. უცებ მითხრა: – თუ თქვენ მე ვიყავი, მაშ როგორ უნდა აიხსნას თქვენი გულმავიწყობა ერთ ხანდაზმულ სენიორთან შეხვედრის თაობაზე, რომელმაც 1918-ში გითხრათ, რომ ისიც ბორხესია. ამ საფრთხეზე არ დავფიქრებულვარ. არცთუ დამაჯერებლად ვუპასუხე: – ჩანს, ეს შემთხვევა იმდენად საოცარი მეჩვენა, რომ ვეცადე დამევიწყებინა. გაბედა, შიშნარევი შეკითხვა დაესვა: – თქვენი მეხსიერება ხომ არ სუსტდება?        მივხვდი, რომ ბიჭისთვის, რომელსაც ჯერ ოცი წელი არ შესრულებია, სამოცდაათს გადაცილებული კაცი ნახევრად გვამს ჰგავს. და ვუპასუხე: – ეს შეიძლება დავიწყებას ჰგავდეს, მაგრამ ჯერ კიდევ შესწევს ძალა გაუძლოს იმას, რითაც ტვირთავენ. ანგლოსაქსონურს ვსწავლობ და კლასში უკანასკნელი მოსწავლე როდი ვარ. ჩვენი საუბარი უკვე მეტისმეტად დიდი ხანია გრძელდებოდა, რომ ძილად მიჩნეულიყო. მოულოდნელმა ფიქრმა გამინათა გონება: – ამ წუთასვე შემიძლია დაგიმტკიცო, – ვუთხარი მას, – რომ ცხადში მხედავ. მოუსმინე ამ ლექსებს, რომლებიც არასდროს წაგიკითხავს, მაგრამ მე შევძელი მათი გახსენება. და წყნარად წარმოვთქვი მშვენიერი სტრიქონი: – L’hydre-univers tordant son corps caill d’astres. მისი გაოცება შევნიშნე, თითქმის შიში. წყნარად გაიმეორა, თან თითოეული საოცარი სიტყვით ტკბებოდა. – მართლაც, – ჩაილაპარაკა მერე, – ვერასდროს შევქმნი რაიმე მსგავსს. ჰიუგომ დაგვაკავშირა. მანამდე კი ზეპირად კითხულობდა, ახლა მახსენდება, უოლტ უიტმენიდან მცირე ამონარიდს, სადაც პოეტი მეხსიერებაში აღიდგენს ორთა მიერ გატარებულ ღამეს ზღვასთან, როცა ნამდვილად ბედნიერი იყო. – თუ უიტმენი მას ხოტბას ასხამს, – შევნიშნე ჩემდა თავად, – გამოდის, მას სურდა ეს ღამე, მაგრამ ის, სამწუხაროდ, არ ყოფილა. პოემა მაშინ არის შთამბეჭდავი, როდესაც მასში ვნებიან სურვილს ვიჭერთ და არა გადახდენილის სიხარულს.        მდუმარედ შემომხედა, მერე წამოიძახა: – თქვენ მას არ იცნობთ, უიტმენს არ შეუძლია იცრუოს! ნახევარი საუკუნე ფუჭად არ გაივლის. ჩვენი საუბრის დროს, ორი ადამიანისა, რომლებიც არათანაბარი ხარისხით არიან ნაკითხები და სხვადასხვა გემოვნება აქვთ, გავაცნობიერე, რომ ერთმანეთის გაგება აღარ გვეწერა, ეს კი ყოველთვის ართულებს დიალოგს. თითოეული ჩვენგანი მეორის პაროდიული სახე იყო. სიტუაცია მეტისმეტად ხელოვნური ჩანდა იმისთვის, რომ ბევრი დრო დაეკავებინა. აზრი არ ჰქონდა კამათს ან რჩევის მიცემას, რადგან მის უცილობელ გზად იქცეოდა ჩემი გზა. უცებ კოლრიჯის ერთ-ერთი ფანტაზია მომივიდა აზრად. ვიღაცას დაეზმანა, თითქოს სამოთხეში დასეირნობდა, სადაც მას დასტურად ყვავილები აჩუქეს. გაღვიძებულმა გვერდით ყვავილი დაინახა. მეც მომინდა ასეთივე ილეთი მომეფიქრებინა. – მისმინე, – ვუთხარი უცებ, – ნაღდი ფული თუ გაქვს? – დიახ, – გამომეპასუხა, – ოციოდე ფრანკი, ამ საღამოს სიმონ ჟიკლინსკი „ნიანგში“ დავპატიჟე. – სიმონს გადაეცი, რომ კარუჟში მედიცინას დაიზუთხავს და ბევრ სიკეთეს ჩაიდენს... კარგი, მომე რამე შენი ფულიდან. სამი ვერცხლის ფრანკი და ხურდა ფული ამოიღო. გაოგნებულმა გამომიწოდა ვერცხლის მონეტა. ერთ-ერთი მივაწოდე იმ უაზრო ამერიკულ ფულთაგან, რომლებსაც სხვადასხვა ღირსება აქვთ, თუმცა ყოველთვის ერთი ფორმისანი არიან. დიდი ცნობისმოყვარეობით ათვალიერებდა. – შეუძლებელია, – წამოიყვირა, – აქ გამოშვების თარიღი წერია – 1964! (რამდენიმე თვის შემდეგ ვიღაც მეტყვის, რომ ბანკნოტებზე თარიღი არ იწერება). – ეს ყოველივე უბრალოდ სასწაულია, – ძლივს ამოილუღლუღა, – სასწაულები კი შიშს მგვრის. ლაზარეს აღდგინების მოწმენი ალბათ დაიზაფრებოდნენ. ადგილიდან არ დავძრულვართ, ჩემთვის ჩავფიქრდი. ისევ წიგნებზე ავლაპარაკდით. ბანკნოტი ნაკუწებად აქცია, მონეტა კი მე დამიტოვა. გადავწყვიტე, მდინარეში მომესროლა. წყლისკენ გაფრენილი ვერცხლის ხუნდი ჩემს ამბავში რეალობის განსახიერებად უნდა ქცეულიყო, მაგრამ ბედმა სხვაგვარად განსაჯა. ვუპასუხე, რომ ზებუნებრიობა, თუ ის მეორდება, აღარ არის საშიში. და შევთავაზე ხვალ შევხვედროდით ერთმანეთს ამავე სკამზე, რომელიც ორ სხვადასხვა ეპოქასა და სხვადასხვა ადგილას მდებარეობდა. მაშინვე თანხმობა განმიცხადა და თქვა, საათზე დაუხედავად, რომ მისი წასვლის დრო იყო. ორივენი ვცრუობდით და თითოეულმა იცოდა, რომ მისი თანამოსაუბრე ცრუობდა. ვუთხარი, რომ მეც ის-ის იყო მომაკითხავდნენ. – მოგაკითხავენ? – გაოცდა. – ჰო. როცა ჩემს ასაკამდე მიაღწევ, თითქმის მთლიანად დაკარგავ მხედველობას. შეძლებ გაარჩიო ყვითელი ფერი, ჩრდილი და მზე. მაგრამ ნუ ღელავ. სიბრმავის თანდათანობითი მოსვლა ტრაგედია არ არის. ეს ზაფხულის ბინდის წყნარი დაბნელებაა. ერთმანეთს არ შევხებივართ, ისე დავემშვიდობეთ. მომდევნო დღეს იქ აღარ წავსულვარ. ალბათ ის სხვაც არ მივიდა. ბევრს ვფიქრობდი ამ შეხვედრაზე, რომლის შესახებაც არავისთვის მიამბია. ვფიქრობ, ახლა ბოლოს და ბოლოს მივაღწიე ჭეშმარიტებას. შეხვედრა რეალური იყო, მაგრამ „სხვა“ სიზმარში მელაპარაკებოდა და ამიტომაც შეეძლო ჩემი დავიწყება. მე კი მას ცხადში ველაპარაკებოდი და მოგონებები დღემდე მტანჯავს. სხვამ მე სიზმარში მნახა, მაგრამ არასაკმარისად მკაფიოდ და ცხადად. მას უფრო ცხადად მოეჩვენა, ახლა უკვე გასაგებია ჩემთვის, არარსებული თარიღი დოლარზე.   ქვიშის წიგნი ...thy rope of sands... George Herbert ...შენი ქვიშიანი ბაგირი... – ჯორჯ ჰერბერტი ხაზი უამრავი წერტილისგან შედგება, სიბრტყე – უსასრულო რაოდენობის ხაზებისგან; წიგნი – უსასრულო ოდენობის სიბრტყეებისგან; ზეწიგნი – უსასრულო რაოდენობის წიგნებისგან. არა, გადაჭრით არ არის ასე. ასეთი მორე გეომეტრიცო-თი არ უნდა იწყებოდეს მოთხრობა. ახლა ნებისმიერ გამონაგონს უცილობლად თან ახლავს რწმუნება მის ჭეშმარიტებაში, თუმცა ჩემი ნაამბობი მართლაც წმინდა წყლის სიმართლეა. მარტო ვცხოვრობ ბელგრანოს ქუჩაზე, მეოთხე სართულზე. რამდენიმე თვის წინ, შებინდებისას, კარზე დააკაკუნეს. გავაღე და უცნობი შემოვიდა. მაღალი კაცი იყო უფერული ნაკვთებით, რაც, შესაძლოა, ჩემი ახლომხედველობითაც აიხსნებოდეს. ერთი შეხედვით წესიერ ღარიბ კაცს ჰგავდა. თვითონაც ნაცრისფერი იყო და მის ხელში საკვოიაჟსაც ნაცრისფერი ედო. უცხოელი იგრძნობოდა მასში. თავდაპირველად მოხუცი მომეჩვენა, მერე კი მივხვდი, რომ მისმა ღია ფერის, თითქმის თეთრმა – როგორც ჩრდილოელებს ახასიათებთ – თმამ ამირია თავგზა. ჩვენი საუბრის განმავლობაში, რომელმაც თითქმის ერთ საათს გასტანა, შევიტყვე, რომ ორკნეის კუნძულებიდან იყო. სკამისკენ მივუთითე. უცნობი არ ჩქარობდა საუბრის დაწყებას. მოღუშული იყო, როგორც ახლა მე. – ბიბლიებს ვყიდი, – მითხრა ბოლოს. ერთგვარი თვითკმაყოფილებით ვუპასუხე: – ამ სახლში რამდენიმე ინგლისური ბიბლიაა, მათ შორის პირველი – ჯონ უიკლიფის. ასევე მომეპოვება სიპრიანო დე ვალერასა და ლიუტეროვის ბიბლია, ლიტერატურული თვალსაზრისით ის სხვებზე უარესია, და ვულგატის ეგზემპლარი... როგორც ხედავთ, ბიბლიები არ მიკვირს. მცირე ხანს გაჩუმდა და მიპასუხა: – მე არა მხოლოდ ბიბლიები მაქვს. ერთ წმინდა წიგნს გაჩვენებთ, რომელმაც შეიძლება დაგაინტერესოთ. ბიკანერში შევიძინე.       საკვოიაჟი გახსნა და წიგნი მაგიდაზე დადო. არც ისე სქელი ტომი იყო, ტილოს გარეკანით. ჩანდა, რომ ბევრის ხელში გამოევლო. წიგნი ხელში ავიღე. მისმა სიმძიმემ გამაოცა. ყუაზე ეწერა: Holy Writ და ქვემოთ: Bombay. – ალბათ მეცხრამეტე საუკუნისაა, – შევნიშნე მე. – არ ვიცი. ეს ძნელი სათქმელია, – იყო პასუხი. ალალბედზე გავხსენი წიგნი. ასოების მოხაზულობა არ მეცნო. ფურცლები გაცვეთილი მეჩვენა, ფერმკრთალი ნაბეჭდი იყო, ტექსტი ორ სვეტად მიდიოდა, როგორც ბიბლიაში, წვრილი შრიფტით, აბზაცებად დაყოფილი. ზედა კუთხეში – არაბული ციფრები. ყურადღება მივაქციე, რომ ლუწ ფურცელზე ეწერა ციფრი, დავუშვათ, 40 514, მომდევნოზე, კენტზე კი – 999. წიგნი გადმოვაბრუნე – რიცხვი რვანიშნა იყო. ამ გვერდზე პატარა, როგორც ლექსიკონებში, სურათი ეხატა: კალმით, თითქოსდა გამოუცდელი ბავშვური ხელით დახატული ღუზა. უცნობმა თქვა: – კარგად დაათვალიერეთ, მეტად ვეღარასოდეს ნახავთ. მის სიტყვებში და არა ტონში, სიფრთხილე ჟღერდა. გვერდი ჩავინიშნე და წიგნი დავხურე. მაშინვე გავხსენი. ამაოდ ვეძებდი ღუზის გამოსახულებას, ფურცელ-ფურცელ. დაბნეულობის დაფარვით ვკითხე: – ეს სასულიერო ტექსტებია ინდოსტანის რომელიღაც ენაზე, არა? – დიახ, – მიპასუხა. მერე ხმას დაუწია, თითქოს საიდუმლოს მიმხელდა, – ერთ-ერთ პატარა დასახლებაში მხვდა წილად, რამდენიმე რუპიისა და ბიბლიის სანაცვლოდ. მისმა მფლობელმა კითხვა არ იცოდა და ვფიქრობ, რომ ეს წიგნთა წიგნი თილისმად მიაჩნდა. უმდაბლეს კასტას მიეკუთვნებოდა, იმათგანი გახლდათ, საკუთარ ჩრდილზე დაბიჯების უფლება რომ არ აქვთ, რათა ის არ შეურაცხყონ. ამიხსნა, რომ მის წიგნს ქვიშის წიგნი ეწოდებოდა, რადგან ის ქვიშასავით არის, დასაწყისისა და დასასრულის გარეშე.        მთხოვა პირველი გვერდი მეპოვა. სატიტულე ფურცელზე დავდე მარცხენა ხელი და მჭიდროდ მოკუმული თითებით ვცადე წიგნის გახსნა. არაფერი გამომივიდა, ხელსა და სატიტულე ფურცელს შორის ყოველ ჯერზე აღმოჩნდებოდა რამდენიმე ფურცელი. თითქოსდა ისინი წიგნიდან იზრდებოდნენ. – ახლა ბოლო იპოვეთ. ისევ წარუმატებლობა. ძლივს გასაგონად ჩავიბუტბუტე: – ეს შეუძლებელია. ჩვეულებრივი, წყნარი ხმით თქვა ბიბლიით მოვაჭრემ: – წმინდა წერილი... შეუძლებელია, მაგრამ ასეა. გვერდების რაოდენობა ამ წიგნში უსასრულოა. პირველი გვერდი არ აქვს, არც უკანასკნელი. არ ვიცი, რატომ არის გვერდები ასე არათანმიმდევრულად დანომრილი. ალბათ წარმოდგენა რომ შეგვიქმნას იმაზე, რომ უსასრულო მწკრივის წევრებს შეიძლება ნებისმიერი ნომერი ჰქონდეთ, – მერე მეოცნებე, მჟღერი ხმით დასძინა, – თუ სივრცე უსასრულოა, სივრცის რაღაც წერტილში ვიმყოფებით. თუ დრო უსასრულოა, დროის რომელიღაც წერტილში ვართ. მისი ფილოსოფიური მცდელობები მაღიზიანებდა. ვკითხე: – მორწმუნე ხართ? – დიახ, პრესვიტერელი ვარ. ჩემი სინდისი სუფთაა. მჯერა, რომ არ მომიტყუებია ის უცნობი, როცა ღვთის სიტყვა მივეცი ამ ეშმაკეული წიგნის სანაცვლოდ. დავარწმუნე, რომ მოსანანიებელი არაფერი ჰქონდა და ვკითხე, რამდენი ხანია ჩვენს არემარეში მოგზაურობდა. მიპასუხა, რომ რამდენიმე დღის შემდეგ აპირებდა სამშობლოში დაბრუნებას. სწორედ მაშინ გავიგე, რომ შოტლანდიელი იყო, ორკნეის კუნძულებიდან. შოტლანდიისადმი ჩემს სიყვარულში გამოვუტყდი – სტივენსონისა და იუმას გამო. – და რობ ბერნსის, – დასძინა მან. სანამ ვლაპარაკობდით, უსასრულო წიგნს ვათვალიერებდი. განგებ გულგრილად ვკითხე: – ბრიტანეთის მუზეუმს უნდა შესთავაზოთ ეს უცხო რამ? – არა, თქვენ გთავაზობთ, – მიპასუხა და საკმაოდ მაღალი ფასიც დაასახელა. ჭეშმარიტების შესაბამისად ვუპასუხე, რომ ეს ფასი ჩემთვის მიუღებელი იყო და ჩავფიქრდი. რამდენიმე წამში გეგმა დავსახე. – გაცვლას გთავაზობთ, – ვუთხარი სტუმარს, – თქვენ ეს ტომი რამდენიმე რუპიად და წმინდა წერილის ფასად მიიღეთ; გთავაზობთ პენსიას, რომელიც ეს-ესაა მივიღე და უიკლიფის ბიბლიას, გოთური შრიფტით. ის მშობლებისგან მერგო. – გოთურ უიკლიფს! – ჩაიჩურჩულა. საძინებლიდან ფული და წიგნი გამოვიტანე და მივეცი. ფურცვლას შეუდგა, ბიბლიოფილის ვნებით სინჯავდა გარეკანს. – ხელი ჩამომართვით. უცნაური იყო, რომ არ ვაჭრობდა. მერეღა მივხვდი, რომ განგებ გამოჩნდა ჩემთან, წიგნის თავიდან მოცილების მიზნით. ფული დაუთვლელად შეინახა. ვილაპარაკეთ ინდოეთზე, ორკნეის კუნძულებზე და ნორვეგიელ გრაფებზე, ერთ დროს რომ მართავდნენ მათ. როცა წავიდა, უკვე საღამო იყო. იმ კაცის არც სახელი შემიტყვია და მეტად აღარც მინახავს. ვაპირებდი, ქვიშის წიგნი უიკლიფის ბიბლიის ადგილას დამედო, მაგრამ მერე გადავიფიქრე და „ათას ერთი ღამის“ გაცვეთილი ტომების უკან დავმალე.         დავწექი, მაგრამ ვერაფრით ვერ დავიძინე. ოთხი საათისთვის გათენდა. ჩემი უჩვეულო წიგნი ავიღე და ფურცვლას შევუდექი. ერთ-ერთ მათგანზე ნიღაბი იყო ამოტვიფრული. ზედა კუთხეში ციფრი იყო დასმული, არ მახსოვს რომელი, მეცხრე ხარისხში. არავის ვუჩვენებდი ჩემს საუნჯეს. წიგნის ფლობის სიხარულს ემატებოდა შიში, რომ მას მოიპარავდნენ და საფრთხე, რომ ის მაინც არ იყო უსასრულო. ამ მღელვარებამ გააძლიერა ჩემი მუდმივი მიზანტროპია. კიდევ შემომრჩენოდა მეგობრები – თუმცა მათთან აღარ ვურთიერთობდი. წიგნის ტყვედ ქცეული თითქმის ქუჩაშიც არ გავდიოდი. ლუპით ვათვალიერებდი გაცრეცილ ყდას და ყუას და შესაძლო მისტიფიკაციის შესახებ ფიქრებს თავიდან ვიგდებდი. შევნიშნე, რომ პატარა ნახატები ყოველი ორასი გვერდის შემდეგ მხვდებოდა. ისინი არასდროს მეორდებოდნენ. უბის წიგნაკში დავიწყე მათი ჩაწერა და ის მაშინვე შეივსო. ღამით, იშვიათ საათებში, როცა უძილობა არ მტანჯავდა, წიგნთან ერთად ვიძინებდი. ზაფხული დასასრულს უახლოვდებოდა და მივხვდი, რომ ეს ამაზრზენი წიგნი იყო. და ის ფაქტიც, რომ მე, რომელიც მას თვალს არ ვაცილებდი და ხელიდან არ ვუშვებდი, არანაკლებ ამაზრზენი ვიყავი, არაფერს ცვლიდა. ვგრძნობდი, რომ ეს წიგნი კოშმარის აღმოცენება გახლდათ, აუტანელი ნივთი, რომელიც სინამდვილეს უარყოფს და შეურაცხყოფს. კოცონის შესახებაც გამიჩნდა ფიქრი, მაგრამ შიშიც მოჰყვა მას, რომ უსასრულო წიგნის წვა შეიძლება უსასრულოდ გაგრძელდეს და კვამლით გაავსოს მთელი პლანეტა.        სადღაც ამოკითხული გამახსენდა: ფოთლის დამალვა უმჯობესი ტყეშია. პენსიაში გასვლამდე ეროვნულ ბიბლიოთეკაში ვმუშაობდი, რომელშიც ცხრაასი ათასი წიგნი ინახებოდა. მახსოვდა, ვესტიბიულიდან მარჯვნივ დამრეცი კიბე მიემართებოდა სარდაფში, სადაც გაზეთები და რუკები ელაგა; ვისარგებლე თანამშრომლების უყურადღებობით და ქვიშის წიგნი იქ დავტოვე, ერთ-ერთ ნესტიან თაროზე, ვეცადე არ დამემახსოვრებინა, რამდენად შორს იყო კარიდან და რა სიმაღლეზე. ოდნავ მომეშვა გულზე, მაგრამ მას მერე მეხიკოში ბიბლიოთეკის სიახლოვეს გავლაზე ფიქრიც კი არ მინდა. …
დაამატა Kakha to ლიტერატურა at 1:59pm on ნოემბერი 30, 2014
თემა: ონორე დე ბალზაკი - პიერ გრასუ
თუ გრძელ, გადატვირთულ გალერეებს თქვენთვის არ აღუძრავს სევდა, მღელვარება და მოწყენილობა? 1830 წლის შემდეგ სალონი აღარც არსებობს. ხალხის მიერ უკვე ერთხელ დაპყრობილი ლუვრი ახლა მხატვრებმა აიღეს იერიშით და იქ დამკვიდრდნენ. წინათ ლუვრის სალონი საზოგადოებას ხელოვნების რჩეულ ნიმუშებს სთავაზობდა და გამოფენილი ქმნილებებით უდიდეს პატივისცემას იმსახურებდა. ორას შერჩეულ სურათს შორის ხალხი უკეთესს ეძებდა. საუკეთესო ნაწარმოებს უცნობი ხელი გვირგვინით ამკობდა. ამა თუ იმ ტილოს გამო ცხარე კამათი იმართებოდა. დელაკრუასა და ენგრისადმი მიმართული ლანძღვა-გინება ისევე უწყობდა ხელს ამ მხატვრების სახელის განდიდებას, როგორც აღტაცებული ხოტბა, რასაც თაყვანისმცემლები უძღვნიდნენ მათ. დღეს აქ გამოფენილი ნაშრომები არც ხალხსა და არც კრიტიკოსებს აღარ აღაგზნებს. მაყურებელი იძულებულია, თვითონ შეარჩიოს სურათები, რაც უწინ ჟიურის ევალებოდა. ამგვარი მუშაობა ხალხის ყურადღებას ქანცავს. დასრულდება თუ არა ეს საქმიანობა, გამოფენაც იხურება. 1817 წლამდე გამოფენაზე მიღებული ტილოები აროდეს გასცილებია გრძელი გალერეის პირველ ორ სვეტს, სადაც ძველი ოსტატების ნამუშევრებია გამოფენილი. წელს კი დიდად გაოცდა საზოგადოება; ახალმა სურათებმა მთელი გალერეა გაავსო. ისტორიული ჟანრი, ჟანრული და სადაზგო ფერწერა, პეიზაჟი, ყვავილები, ცხოველები, აკვარელი - მხატვრობის ეს შვიდი სახეობა მაყურებელს ვერ შესთავაზებს ოცზე მეტ ისეთ ნაწარმოებს, რაც შეხედვის ღირსია. ადამიანი ყურადღებას ამაზე მეტ სურათზე ვერ შეაჩერებს. მხატვრების რიცხვის ზრდასთან ერთად ჟიურის მოთხოვნილებაც უნდა გაზრდილიყო. ყველაფერი მაშინ დაიღუპა, როცა სალონმა მთელი გალერეა დაიკავა. სალონი უნდა დარჩენილიყო განსაზღვრულ, შემოფარგლულ ადგილზე, სადაც მხატვრობის თითოეული სახე თავის შესაფერ ფართობს მიიღებდა და საუკეთესო ნაწარმოებს გამოფენდა. ათი წლის გამოცდილებამ ძველი წესრიგის უპირატესობა ნათელჰყო. ახლა პაექრობის ნაცვლად აქ აყალმაყალს ვხვდებით, ბრწყინვალე გამოფენის სამაგიეროდ - არეულ-დარეულობას, შერჩეულის ნაცვლად - ყველაფერს, ერთად დახროვილს. რა ხდება? ნამდვილი ხელოვანი წაგებული რჩება. წლევანდელ ასიოდე საუკეთესო სურათთან ერთად დიდ სალონში გამოფენილი ოთხი ტილო: თურქული ყავახანა, ბავშვები შადრევანთან, კაუჭებით დასჯა და იოსები დეკამპს უფრო დიდ სახელს მოუხვეჭდა, ვიდრე მისივე ოცი ტილო, ექვს გალერეაში სამი ათს სურათს შორის მიმოფანტული. რაღაც უცნაური მიზეზის წყალობით, მას შემდეგ, რაც სალონმა მთელ ქვეყანას გაუღო კარი, ყველა დაჩაგრულ გენიოსზე ალაპარაკდა. თორმეტი წლის წინათ, როდესაც ხელოვნების სახელგანთქმულმა მოღვაწეებმა და თავგამოდებულმა მსახურებმა სალონში გამოსაფენად დაუშვეს ენგრის კურტიზანი ქალი, ჟერიკოს მედუზა, დელაკრუას სისხლის ღვრა ქიოსზე» და დევერიას ანრი IV მონათვლა, ტილოები, რომელთაც მტრულად განწყობილი კრიტიკის მიუხედავად საზოგადოებას მგზნებარე ნიჭით დაჯილდოებული ახალგაზრდა მხატვრების არსებობა აუწყეს, არავითარი უკმაყოფილება არ წარმოშობილა. ახლა თვით ყველაზე საცოდავ თხუპნიასაც კი შეუძლია თავისი ნაშრომი გამოფენაზე გაგზავნოს და მაინც ამბობენ, შეუცნობელი მხატვრები არსებობენო. იქ, სადაც შეფასება აღარ არის, აღარც შესაფასებელი საგნებია. რაც უნდა იყოს, მხატვრები მაინც დაუბრუნდებიან შერჩევის ძველ წესს; ეს კი მათი ნაშრომებისკენ მიაპყრობს ხალხის ყურადღებას. ისინი ხომ სწორედ ხალხისთვის მუშაობენ. სალონი ვერ იარსებებს, თუ აკადემია არ შეურჩევს სურათებს, ხოლო ხელოვნება სალონის გარეშე შეიძლება დაიღუპოს. მას შემდეგ, რაც კატალოგის წიგნაკი სქელ დავთრად გადაიქცა, დავთარში თავი მოიყარა მრავალმა სახელმა, რომელსაც, მიუხედავად იმისა, რომ დართული აქვს ათი ან თორმეტი სურათის სია, მაინც სრულიად უცნობია საზოგადოებისთვის. მათ შორის ყველაზე ნაკლებ ცნობილია ფუჟერიდან ჩამოსული მხატვარი პიერ გრასუ. მხატვართა წრეში მას უბრალოდ ფუჟერს ეძახიან. დღეს ფუჟერი მზის ქვეშ კარგა თბილად არის მოკალათებული, ეს კი გვიღვიძებს მწარე ფიქრებს, რომელთა ნაყოფია პიერ გრასუს წინამდებარე თავგადასავალი, რაც მხატვართა ტომის სხვა წარმომადგენელთა ცხოვრებასაც მოგვაგონებს. 1832 წელს ფუჟერი ნავარენის ქუჩაზე ცხოვრობდა, ერთი წოწოლა სახლის მეოთხე სართულზე, ასეთი სახლები ლუქსორის ობელისკს ჰგვანან. გრძელი და ბნელი დერეფანი აქვთ, ასევე ბნელი, ვიწრო და სახიფათო ხვეული კიბე, რის გამოც თითოეულ სართულზე მხოლოდ სამი ფანჯარა ეტევა. სახლის შიგნით ეზოა, უფრო ზუსტად რომ გამოვთქვათ, ოთხკუთხი ჭა. პიერ გრასუს სამ თუ ოთხოთახიანი ბინის თავზე მოთავსებული იყო მისივე სახელოსნო, რომელიც მონმარტრს გადასცქეროდა. სახელოსნოს კედლებს საღებავი ზედ აგურებზე ჰქონდა წასმული. იატაკი ყავისფრად იყო შეღებილი და გულმოდგინედ გაპრიალებული. თითოეულ სკამს არშიებიანი პატარა ხალიჩა ეფარა. აქ იდგა უბრალო, მაგრამ გულდაგულ მოვლილი ტახტი, სწორედ ისეთი, ბაყალი დედაკაცის საწოლ ოთახში რომ დგას ხოლმე. ამ სახელოსნოში ყველაფერი მიგვითითებდა გონებაშეზღუდულ კაცუნას დაწვრილმანებულ ცხოვრებაზე და ღარიბი ადამიანის ხელმომჭირნეობაზე. აქვე იდგა კარადა მხატვრის ხელსაწყოებისთვის, სასადილო მაგიდა, ბუფეტი, საწერი მაგიდა. დაბოლოს, აქ ელაგა მხატვრისათვის მეტად აუცილებელი საგნები, ყველაფერი ჩაწიკწიკებული და კრიალა. ღუმელი ეხამებოდა ამ ჰოლანდიურ თადარიგიანობას, რასაც უფრო მეტად თვალსაჩინოს ხდიდა ფაქიზი და ნაკლებ ცვალებადი ჩრდილოეთის შუქი, თავის წმინდა და ცივ სინათლეს უხვად რომ ფენდა ვეებერთელა ოთახს. ფუჟერს, უბრალო ჟანრულ მხატვარს, არ სჭირდებოდა უზარმაზარი ნაგებობანი, რომლებიც ისტორიული ჟანრის მხატვრებს აღატაკებენ. თავის თავში არასოდეს ისეთი დიდი ნიჭი არ უგრძვნია, რომ მაღალ ხელოვნებასაც წაპოტინებოდა. იგი ჯერჯერობით დაზგას ვერ სცილდებოდა.      ამა წლის დეკემბრის დამდეგს, იმ დროს, როდესაც ფრანგ ბურჟუებს დროდადრო აეკვიატებათ ხოლმე სასაცილო სურვილი - უკვდავჰყონ თავიანთი ისედაც მომაბეზრებელი გარეგნობა, - პიერ გრასუ დილაადრიან ადგა, ფერები დაზილა, ღუმელი აანთო და რძეში ჩამბალი პურის ჭამას შეუდგა, სანამ ფანჯრებზე ყინული გალღვებოდა, რათა ოთახი განათებულიყო და მუშაობის დაწყება შესაძლებელი გამხდარიყო. კარგი, მშრალი ამინდი იდგა. ბევრისმთქმელი, თვინიერი და ბედს დამორჩილებული გამომეტყველებით ილუკმებოდა ფუჟერი, როცა ნაბიჯების ხმა შემოესმა და იცნო, რომ ნაბიჯები ეკუთვნოდა ადამიანს, ვინც გრასუს ცხოვრებაზე ისეთსავე გავლენას ახდენდა, როგორსაც ამ ჯურის ადამიანები ახდენენ თითქმის ყველა მხატვრის ცხოვრებაზე. ეს იყო ელიას მაგიუსი, სურათებით მოვაჭრე, მხატვრობის ჩარჩი. მაგიუსი სწორედ მაშინ შემოვიდა, როდესაც მხატვარი თავის გაკრიალებულ სახელოსნოში მუშაობის დაწყებას აპირებდა. - როგორაა საქმე, ბებერო გაიძვერავ? - მიმართა მას მხატვარმა. ფუჟერი ორდენით იყო დაჯილდოებული და ელიასი მას თითო სურათში ორას ან სამას ფრანკს უხდიდა; ჩარჩს ხელოვნების დიდ მცოდნედ მოჰქონდა თავი. - ვაჭრობის საქმე ცუდადაა, - უპასუხა ელიასმა. - თქვენ ყველას დიდი პრეტენზიები გაქვთ. ერთ ტილოზე ექვსი სუს ფერებს დახარჯავთ და აბა, მიართვით ორასი ფრანკი... არა, თქვენზე არ ვამბობ, კარგი ბიჭი ხართ, რიგიანი ადამიანი და აი, მეც სარფიანი საქმე გაგიჩარხეთ. - Timeo Danaos et dona ferentes, - უპასუხა ფუჟერმა, - ლათინური იცით? - არა. - ეს ნიშნავს, რომ ბერძნები ტროელებს კარგ საქმეს ისე არ შესთავაზებენ, თუ თავადაც არაფერი მოიგეს. უწინ ამბობდნენ: წაიყვანეთ ჩემი ცხენი! ახლა კი ვამბობთ: წაიყვანეთ ჩემი დათვი... რა გნებავთ იულიუს-ლაჟენჟოლ-ელიას მაგიუს?      ეს სიტყვები ნათლად წარმოგვიდგენენ ფუჟერის უწყინარ ენამახვილობას, რასაც იგი მიმართავდა იმის გამოსახატავად, მხატვართა სახელოსნოებში ხუმრობა რომ ჰქვია. - თუმცა თქვენ არ აგცდებათ ჩემთვის ორი სურათის უფასოდ დახატვა. - ოჰო! - ბატონი ბრძანდებით, არ ჩაგაცივდებით. თქვენ პატიოსანი მხატვარი ხართ. - რაო, რა მოხდა? - ასე და ამგვარად, მე მომყავს ერთი მამა, ერთი დედა და მათი ერთადერთი ასული. - ყველა ერთადერთი! - გამოგიტყდებით, სწორედ აგრე გახლავთ!.. ჰოდა, მათი პორტრეტებია შესასრულებელი. ამ ხელოვნებაზე გაგიჟებულ ბურჟუებს მხატვრის სახელოსნოში ცხვირის შეყოფა ჯერ არ გაუბედავთ. ქალიშვილს ასი ათასი ფრანკის მზითევი აქვს. აბა, ერთი კარგად დახატეთ ისინი, იქნებ თქვენი ოჯახის პორტრეტებად გადაიქცეს შემდეგში.      ამ სიტყვებზე ელიას მაგიუსს, ძველ გერმანულ კუნძს, ვისაც, რატომღაც, ადამიანად თვლიდნენ, სიცილი წასკდა და მისმა მკვახე ხარხარმა მხატვარს შიშის ზარი დასცა; ასე მოეჩვენა, თითქოს თვით მეფისტოფელმა ჩამოუგდო ლაპარაკი ქორწინებაზეო. - თითო პორტრეტში ხუთას ფრანკს მოგცემენ. ჩემთვის სამ სურათს დახატავთ. - ოჰო, - მხიარულად შესძახა ფუჟერმა. - უკეთუ ქალიშვილს ცოლად შეირთავთ, არ დამივიწყებთ. - ცოლი შევირთო, მე? - შეჰყვირა პიერ გრასუმ. - მე ხომ მარტოდ წოლას ვარ მიჩვეული, დილით ადრე ადგომას. თანაც ცხოვრება ისე მაქვს აწყობილი... - ასი ათასი ფრანკი, - მიუგო მაგიუსმა. - და ზედაც ნაზი ასული, ოქროსფერი ტონებით სავსე, წმინდა წყლის ტიციანი! - ვინ არიან, რას წარმოადგენენ? - ყოფილი ვაჭრები, ახლა - ხელოვნების მოტრფიალენი. ვილ დ’ავრეიში აგარაკი აქვთ და ათი თუ თორმეტი ათასი წლიური შემოსავალი. - რითი ვაჭრობდნენ? - ბოთლებით. - ნუ მეუბნებით მაგ სიტყვას; თითქოს მომესმა კიდეც, როგორ ჭრიან საცობებს და კბილები მომეკვეთა. - მაშ, მოვიყვანო? - სამი პორტრეტი? სალონში გამოვფენ. იქნებ პორტრეტების მხატვარი გავხდე... ჰო, კარგი, თანახმა ვარ. მოხუცი ელიასი ვერველთა ოჯახის მოსაყვანად გაეშურა.       რათა წარმოვიდგინოთ, როგორ იმოქმედა მაგიუსის წინადადებამ მხატვარზე და რა შთაბეჭდილება მოახდინეს მასზე ბატონმა და ქალბატონმა ვერველებმა, რომელთაც ერთადერთი ასული უმშვენებდა გვერდს, საჭიროა თვალი გადავავლოთ პიერ გრასუ დე ფუჟერის წარსულს.      მოწაფეობის ჟამს ფუჟერმა ხატვა სერვენთან ისწავლა. სერვენი აკადემიურ სამყაროში დიდ ოსტატად ითვლებოდა. მისგან ფუჟერი შინერთან გადავიდა; დააპირა ჩაწვდომოდა მაძღარ და საუცხოო ფერებს, რითაც განირჩევა ეს ხელოვანი. შინერი და მისი შეგირდები თავშეკავებულნი აღმოჩნდნენ და პიერი პირში ჩალაგამოვლებული დატოვეს. აქედან გრასუ უფროს სომერთან გადაბარგდა, რათა ახლოს გაეცნო ხელოვნების ის ნაწილი, რასაც კომპოზიცია ეწოდება. აქაც ვერაფერს გახდა, კომპოზიცია მისთვის უცხო და მიუწვდომელი დარჩა. მერე შეეცადა გრანესა და დეკამპისათვის ინტერიერების მომხიბვლელობის საიდუმლო გამოეტაცა; ამ ორმა ოსტატმა არაფერი მოატაცებინა მას. ბოლოს, ფუჟერმა თავისი წვრთნა დიუვალ-ლეკამიუსთან დაასრულა. სწავლისა და ამ სხვადასხვა გარდაქმნების განმავლობაში ფუჟერმა გამოიჩინა მშვიდი და დინჯი ხასიათი, რის გამოც ყველა სახელოსნოში, სადაც კი ყოფილა, დასცინოდნენ, მაგრამ პიერმა თავისი მოკრძალებით, მოთმინებით და ბატკნის თვინიერებით დამცინავ ამხანაგებს ფარ-ხმალი დააყრევინა. ოსტატები არავითარ სიყვარულს არ ამჟღავნებდნენ ამ ალალი ბიჭის მიმართ. მათ უყვართ ბრწყინვალე შეგირდები, ახირებული აზროვნების ადამიანები, ლაღი და თავშეუკავებელნი, ან კიდევ მჭმუნვარე და დაფიქრებულნი, რაც მაღალი ნიჭით დაჯილდოებულთ ახასიათებს. პიერ გრასუს ყველა თვისება დაბალ ნიჭზე მიუთითებდა. თვით ზედმეტი სახელი - ფუჟერი - მხატვრის სახელი ეგლანტინის პიესიდან, დაცინვის დაუშრეტელ წყაროს წარმოადგენდა. რა უნდა ექნა, ძალა აღმართსა ხნავს: იძულებული გახდა მიეღო იმ ქალაქის სახელი, სადაც პირველად იხილა დღის სინათლე.       გრასუ დე ფუჟერი თავის სახელს ჰგავდა. მსუქანი და შუა ტანისა იყო, სახეზე გაცრეცილი ფერი ედო. მრეში თვალები ჰქონდა, შავი თმა, ბუკივით ცხვირი, ძალიან ფართო პირი და გრძელი ყურები. მშვიდი, უდრტვინველი და თვინიერი გამომეტყველება მის ჯანმრთელობით აღსავსე, მაგრამ უსიცოცხლო სახის ნაკვთებს ვერაფერს მატებდა. გრასუს, ალბათ, არ აღელვებდა არც სისხლის სიჭარბე, არც ფიქრთა მგზნებარება, არც კომიკური აზრებით აღტყინება, რაც დიდ შემოქმედებს ემართებათ. ეს ახალგაზრდა კაცი პატიოსან ბურჟუად გაეჩინა ღმერთს. წარმოშობით მეიენელი გახლდათ, ორჟემონების შორეული ნათესავი, სამშობლოდან პარიზში იმიტომ ჩამოვიდა, რომ ფერებით მოვაჭრესთან ნოქრად დამდგარიყო, მაგრამ ბრეტონელებისათვის დამახასიათებელი სიჯიუტის შედეგად მხატვრობას მოჰკიდა ხელი. მარტოოდენ უფალმა უწყის, მოწაფეობის წლებში რა არ გადახდა თავს და როგორ ცხოვრობდა. ფუჟერი იტანჯებოდა ისევე, როგორც იტანჯებიან შიმშილით შეწუხებული დიდი ადამიანები, გარეული მხეცებივით დევნილნი, შურისძიებას მოწყურებული უნიჭოთა ხროვისა და პატივმოყვარეთა ბრბოს მიერ.       პიერ გრასუმ იგრძნო თუ არა, საკუთარი ფრთებით ფრენა შემიძლიაო, მარტირის ქუჩის ზემოთ სახელოსნო დაიქირავა და მუყაითად შეუდგა მუშაობას. გრასუს დებიუტი 1819 წელს მოხდა. პირველი სურათი, რაც მან ლუვრის გამოფენისათვის წარუდგინა ჟიურის, გამოხატავდა სოფლურ ქორწილს, საკმაოდ უბადრუკად გადმოკეთებულს გრეზის ნაწარმოებიდან. ნახატი არ მიიღეს. ფუჟერი არ გაშმაგებულა, როცა ეს საბედისწერო გადაწყვეტილება გაიგო, არც თავმოყვარეობის ბნედას მოუვლია მისთვის, რაც ამპარტავან ადამიანებს ემართებათ და რაც ხანდახან დირექტორის ან მუზეუმის მდივნის დუელში გამოწვევით და სიკვდილის მუქარით მთავრდება ხოლმე. გრასუმ ნახატი ხელსახოცში მშვიდად გაახვია, სახელოსნოში წაიღო და თავის თავს შეჰფიცა, რადაც უნდა დამიჯდეს, დიდი მხატვარი უნდა გავხდეო. ტილო დაზგაზე მოათავსა და თავის ძველ მასწავლებელს, შინერს ეახლა. ეს იყო დიდად ნიჭიერი კაცი, მშვიდი და მომთმენი ხელოვანი, ვისაც ამ უკანასკნელ გამოფენაზე სრული წარმატება ხვდა წილად. ფუჟერმა შინერს სთხოვა, ჩემს დაწუნებულ სურათს გადახედეო. დიდმა მხატვარმა ყველაფერი მიატოვა და ფუჟერისაკენ გასწია. პიერმა მას თავისი ნაშრომი უჩვენა. შინერმა სურათი შეათვალიერა და ფუჟერს ხელზე მოუჭირა ხელი. - კარგი ბიჭი ხარ, ოქროს გული გაქვს და ვერ მოგატყუებ. მომისმინე: რის იმედსაც იძლეოდი შეგირდობისას, გაამართლე კიდეც. ჩემო კარგო ფუჟერ, რაკი შენი ფუნჯი ამგვარ ტილოებსა ქმნის, მოდი, ნუღარ მიითვისებ ბრიულონის ფერებს, ნურც სიუჟეტს მოპარავ ვისმეს; სანამ გვიანი არ არის, დაბრუნდი შინ. ბამბის ჩაჩი დაიხურე, ცხრა საათზე დაიძინე, დილით კი ათ საათზე გასწიე რომელიმე კანცელარიისკენ, სადაც ადგილს მიიღებ და ხელოვნებას თავი დაანებე. - მეგობარო, - მიუგო ფუჟერმა, - ჩემი ტილო უკვე მსჯავრდადებულია. განაჩენს არ გთხოვთ, მიზეზი მაინტერესებს. - კარგი. შენ ხატავ რუხი, ბნელი ფერებით. ნატურას სამგლოვიარო რიდეს იქით ხედავ. შენი ნახატი მძიმეა და ჭუჭყიანი. შენი კომპოზიცია გრეზის მიბაძვაა, მაგრამ გრეზი თავის ნაკლს ისეთი თვისებებით ფარავდა, რაც შენ არ გაგაჩნია. სურათის ნაკლოვანებათა ჩამოთვლის შემდეგ შინერმა ფუჟერს სახეზე ისეთი ღრმა მწუხარება შენიშნა, რომ სადილად მიიწვია და მის დამშვიდებას შეეცადა. მეორე დილას, შვიდი საათიდანვე ფუჟერი მსჯავრდადებული სურათის გადამუშავებას შეუდგა. შეეცადა ფერები გამოეცოცხლებინა, სხეულები გადაეღება და შინერის მითითებების მიხედვით შეესწორებინა. ბოლოს, ამ თითხნით თავგაბეზრებულმა ნახატი ელიას მაგიუსს წაუღო. ჰოლანდიურ-ბელგიურ-ფლამანდური წარმოშობის ელიას მაგიუსს სამი მიზეზი ჰქონდა ყოფილიყო ის, რაც გახლდათ: ძუნწი და მდიდარი. სულ ცოტა ხნის წინათ ჩამოსულიყო ბორდოდან და ახლა პარიზში იკიდებდა ფეხს. ძველი სურათებით ვაჭრობდა და ბონ-ნუველის ბულვარზე ცხოვრობდა. ფუჟერი ხაბაზის მუშტარი თავისი პალიტრის იმედით იყო და ამიტომაც არხეინად შეექცეოდა პურს და ნიგოზს, პურს და რძეს, პურს და ალუბალს, ან პურს და ყველს, იმისდა მიხედვით, თუ წლის რომელი დრო იდგა. ელიას მაგიუსმა, ვისაც პიერმა თავისი პირველი ტილო შესთავაზა, ბევრი ათვალიერა სურათი და თხუთმეტ ფრანკად შეისყიდა. - წელიწადში თუ თხუთმეტი ფრანკი მექნება შემოსავალი და ათასი ფრანკი გასავალი, - ღიმილით თქვა გრასუმ, - კარგი დახლი დამიდგება.      ელიას მაგიუსი შეკრთა. თითზე იკბინა, რადგან მიხვდა, რომ შეეძლო სურათი ას სუდ ჩაეგდო ხელში. რამდენიმე დღე, დილაობით, ფუჟერი მარტირის ქუჩიდან ქვემოთ ჩამოდიოდა, მაგიუსის დუქნის პირდაპირ, ბულვარზე, ხალხში მიმალული აშტერდებოდა თავის სურათს, რომელიც ამვლელ-ჩამვლელთა ყურადღებას სრულებითაც არ იზიდავდა. ერთი კვირის შემდეგ ნახატი გაქრა. მხატვარმა ბულვარი აიარა და ისე გაემართა ძველმანებით მოვაჭრის დუქნისკენ, ვითომც და აქ არაფერია, ჩემთვის დავსეირნობო.      ებრაელი დუქნის კართან იდგა. - რაო, გაყიდეთ სურათი? - აგერ, აქ არის, - უპასუხა მაგიუსმა, - ჩარჩოში ჩავსვი. იქნებ ასე მაინც მომეცეს საშუალება ისეთ ვინმეს შევთავაზო, ვისაც ჰგონია, მხატვრობა მესმისო.      ბულვარზე დაბრუნება ფუჟერმა ვეღარ გაბედა. ახალი სურათის ხატვას ჩაუჯდა. ორი თვე მუშაობას მოანდომა. საკვები თაგვის სამყოფი ჰქონდა, ხოლო ტანჯვა - კატორღელისა.      ერთ საღამოს გულმა ვეღარ მოუთმინა და ბულვარისკენ გაემართა. ფეხებმა თითქოს თავად მიიყვანეს მაგიუსის დუქანთან, სურათი ვერსად შეამჩნია. - გავყიდე თქვენი ტილო, - უთხრა ვაჭარმა. - რამდენად? - ცოტაოდენი სარგებელიც ვნახე. გამიკეთეთ ფლამანდური ინტერიერები, ანატომიის გაკვეთილი, პეიზაჟი. გასამრჯელოს გადაგიხდით, - მიმართა ელიასმა ფუჟერს. გრასუ მზად იყო მაგიუსს გადახვეოდა. ახლა იგი საკუთარ მამასავით შესცქეროდა ვაჭარს. შინ სიხარულით აღვსილი დაბრუნდა. მაშ, დიდი მხატვარი შინერი შემცდარა! უზარმაზარ ქალაქ პარიზში თურმე არსებობენ ადამიანები, ვისი გული გრასუს გულთან შეხმატკბილებულად სცემს. მისი ნიჭი გაიგეს და დააფასეს. საწყალი ოცდაშვიდი წლის კაცი ბიჭივით გულუბრყვილო იყო. ვინმე სხვა, ეჭვიანი და პირქუში მხატვარი, შეამჩნევდა ელიას მაგიუსის სატანისებურ გამოხედვას, წვერის ცანცარს, ულვაშების დამცინავ ცმაცუნს, მხრების აჩეჩვას, რაც ამჟღავნებდა ვალტერ სკოტისეული ებრაელის კმაყოფილებას, ქრისტიანის შეცდენით გამოწვეულს. აღფრთოვანებულმა ფუჟერმა ბულვარზე გაისეირნა. სიხარულმა მის სახეს ამაყი გამომეტყველება მოჰფინა. დაემსგავსა ლიცეუმის მოსწავლეს, რომელმაც პირველი საყვარელი გაიჩინა. გრასუს გზად ამხანაგი შემოხვდა. ეს იყო ჟოზეფ ბრიდო, ერთი იმ არაჩვეულებრივი ნიჭით დაჯილდოებულ მხატვართაგანი, რომელნიც დიდებისა და უბედურებისათვის დაბადებულან ქვეყნად. ჟოზეფ ბრიდოს, როგორც თავად განუცხადა მეგობარს, ჯიბეში რამდენიმე სუ გასჩენოდა. მან ფუჟერი ოპერაში დაპატიჟა. გრასუ ვერც ბალეტს ხედავდა და ვერც მუსიკას უსმენდა; სურათებზე ფიქრობდა, ხატავდა. შუა წარმოდგენისას ჟოზეფი მიატოვა და შინ გაიქცა. ლამპის შუქზე ესკიზები მოხაზა, ოცდაათი სურათი მოიფიქრა - ოდესღაც უკვე ნანახი, დავიწყების ბურუსით მოცული, მოგონებებით სავსე. თავი გენიალურ მხატვრად წარმოიდგინა. მეორე დღესვე იყიდა ფერები, სხვადასხვა ზომის ტილოები. მაგიდაზე დაიწყო პური, ყველი, ხელადით წყალი. ღუმელისათვის შეშა მოიმარაგა და შემდეგ, სახელოსნოებში რომ იტყვიან, კირკიტი დაუწყო თავის სურათებს. რამდენიმე მენატურეც ჰყავდა, ხოლო მაგიუსმა ქსოვილები ათხოვა. ორი თვის პატიმრობის შემდეგ ბრეტონელმა ოთხი სურათი დაასრულა.      კვლავ შინერს მიმართა რჩევისათვის. არც ჟოზეფ ბრიდო დავიწყებია. ორივე მხატვარმა ამ ნახატებში ჰოლანდიური პეიზაჟებისა და მეტსუს ინტერიერების მიბაძვა აღმოაჩინა, მეოთხე სურათში კი რემბრანდტის «ანატომიის გაკვეთილის» ასლი. - ისევ მიბაძვა, - აღმოხდა შინერს, - ეჰ! ფუჟერს ძალიან უმძიმს დამოუკიდებელი მუშაობა. - კარგი იყო სხვა საქმე აგერჩია, - უთხრა ბრიდომ. - რა საქმე? - იკითხა ფუჟერმა. - მოდი, ლიტერატურაში გადაიჭერი.      პიერ გრასუმ თავი ჩაქინდრა, როგორც ცხვარმა იცის წვიმის დროს, მერე ისევ გამოკითხვას შეუდგა; კვლავ საჭირო რჩევა-დარიგება მიიღო. ნახატები შეასწორა და ელიასს წაუღო. ელიასმა თითოეულ სურათში ოცდახუთი ფრანკი გადაუხადა. ფუჟერი არც მოგებას იყო, არც წაგებას, თუ გავიხსენებთ მის ხელმომჭირნეობას. რამდენჯერმე აისეირნ-ჩაისეირნა მაგიუსის დუქნის წინ, - უნდოდა გაეგო, რა ბედი ეწია ჩემს ნახატებსო. უცნაური ჰალუცინაცია დაემართა. მისი ესოდენ დავარცხნილი, გაკრიალებული, თოლუსივით მაგარი და ფაიფურზე ნახატივით პრიალა ტილოები, თითქოს ბურუსში გახვეულიყო და ძველ სურათებს დამსგავსებოდა. ელიასი სულ ცოტა ხნის წინათ სადღაც წასულიყო და ფუჟერმა ამ საკვირველი მოვლენის ასავალ-დასავალი ვერ გაიგო. გაიფიქრა, ალბათ, კარგად ვერ გავარჩიე, უთუოდ მომეჩვენაო. გრასუ თავის სახელოსნოში დაბრუნდა და იმ სურათების ხატვას შეუდგა, რაც, დიდი ხანია, სხვების მიერ იყო შექმნილი. შვიდი წლის განუწყვეტელი მუშაობის შედეგად ფუჟერი ცოტად თუ ბევრად ჩაწვდა კომპოზიციის საიდუმლოებას და საშუალო ღირსების ნახატების შესრულებას დაეუფლა. ხატავდა ისევე, როგორც ყველა მეორეხარისხოვანი მხატვარი ხატავს. ელიასი მის ყველა ნაშრომს ყიდულობდა და ყიდდა. საწყალი ბრეტონელი ასიოდე ლუიდორს ძლივს იღებდა და ათასორას ფრანკზე მეტს არ ხარჯავდა.       1829 წლის გამოფენის დროს ლეონ დე ლორა, შინერი და ბრიდო დიდი გავლენით სარგებლობდნენ და ხელოვნების ახალ მიმართულებას სათავეში უდგნენ. სამთავეს თავიანთი ძველი მეგობარი მისი სიჯიუტისა და სიღარიბის გამო შეეცოდათ და დიდ სალონში გამოსაფენად ფუჟერის ერთი ნახატი მიიღეს. სურათი დიდ ყურადღებას იპყრობდა. განწყობილებით ვინერონს მოგვაგონებდა, ხოლო შესრულებით - ადრინდელ დიუბუფს. გრასუს თავის ტილოზე წარმოედგინა ახალგაზრდა კაცი, ვისაც კეფაზე თმას პარსავდნენ. ამ კაცს ერთი მხრიდან მღვდელი ედგა, მეორე მხრიდან - დედაბერი და მტირალი ყმაწვილი ქალი. სასამართლოს მდივანი საღერბო ქაღალდს კითხულობდა. გაჩორკნილ მაგიდაზე ხელუხლები საჭმელი მოჩანდა. სინათლე მაღლა ჩატანებულ ფანჯრის გისოსებში შემოდიოდა. სურათში ისეთი რამ იყო გადმოცემული, რის დანახვაზე ბურჟუები უნდა აკანკალებულიყვნენ და კანკალებდნენ კიდეც. ფუჟერი კი სულ უბრალოდ, ჟერარ დოუს შედევრით იყო შთაგონებული. მან წყალმანკიანი ქალის ჯგუფი წინა მხრიდან კი არ გადმოსცა, არამედ ფანჯრისკენ შეატრიალა. მომაკვდავი სიკვდილმისჯილით შეცვალა: იგივე ფერმკრთალი სახე, იგივე გამოხედვა, იგივე ღაღადი ღვთისადმი. ფლამანდიელი ექიმის ნაცვლად სასამართლოს მდივნის ცივი და ოფიციალური ფიგურა დახატა. ჟერარ დოუს ახალგაზრდა ქალს, გვერდით დედაბერი დაუყენა. დაბოლოს, შემაძრწუნებლად გულთბილ ჯალათს მთავარი ადგილი მიუჩინა. ეს უხვად შენიღბული პლაგიატი ვერავინ იცნო.      კატალოგში ასე ეწერა: 510. გრასუ დე ფუჟერი (პიერ). ნავარენის ქუჩა 2.      1809 წელს სიკვდილმისჯილი შუანის ჩაცმა.      ნახატი თუმცა მდარე ღირსების იყო, მაინც საოცარი წარმატებით სარგებლობდა, ვინაიდან ყველას მორტანის ცეცხლისმომკიდებელთა საქმეს აგონებდა. საზოგადოება ყოველ დღე თავს იყრიდა მოდაში შემოსული ნაწარმოების წინ. შარლ X-ც კი შეჩერდა აქ. დედოფალმა ყურადღება გამოიჩინა საბრალო ბრეტონელისადმი, ვისი მოთმინებით სავსე ცხოვრების ამბავს მის ყურამდეც მიეღწია. ორლეანელმა დუკამ სურათის შესყიდვა დააპირა. სასულიერო პირებმა დოფინის მეუღლეს მოახსენეს, ნახატის სიუჟეტი კეთილი აზრებითაა გამსჭვალულიო. მართლაც, ამ ტილოზე მეტად დამაკმაყოფილებელი რელიგიური განწყობილება სუფევდა. მისი უდიდებულესობა დოფინი იატაკის მტვერმა აღტაცებაში მოიყვანა, რაც უხეშ შეცდომას წარმოადგენდა, რადგან ფუჟერმა მომწვანო ფერი კედლების ძირის ნესტიანობის აღსანიშნავად მიმოფანტა. დედოფალმა გრასუს ნაშრომი ათას ფრანკად შეისყიდა. დოფინმა სხვა სურათი შეუკვეთა მხატვარს. შარლ X-მ ოდესღაც, 1799 წელს, მეფის დასაცავად ბრძოლის მონაწილე გლეხის შვილს, პიერ გრასუს, ორდენი უბოძა. დიდი მხატვარი ჟოზეფ ბრიდო არ დაუჯილდოებიათ. შინაგან საქმეთა მინისტრმა ორი ტილო შეუკვეთა ფუჟერს რელიგიურ თემაზე. ეს სალონი გახდა მთელი ცხოვრება პიერ გრასუსი, მისი სახელი, სიმდიდრე, მომავალი.       ბოლოს და ბოლოს, მიადგა თუ არა ოქროს მადანს, გრასუ ფუჟერელმა ნაწილობრივად დაამტკიცა არსებობა იმ საზარელი კანონისა, რისი წყალობითაც უბადრუკ, უნიჭო ადამიანებს საშუალება ეძლევათ საზოგადოების ყველა ფენაში მაღალი მდგომარეობისათვის განკუთვნილ პიროვნებათა არჩევანი საკუთარი გემოვნების მიხედვით მოახდინონ. რაღა თქმა უნდა, ისინი საკუთარ თავს ირჩევენ და ჭეშმარიტად ნიჭიერ ადამიანებს გააფთრებით ებრძვიან. მცდარია ყველაფერში საარჩევნო წესის გამოყენება. ასე იყო თუ ისე, კეთილი და მშვიდი ფუჟერის მოკრძალებამ, უბრალოებამ და თავისი გამარჯვებით გამოწვეულმა გაკვირვებამ კინკლაობა და შური ჩააჩუმა. ამას გარდა, მას იცავდა ყველა წინწაწეული გრასუ, რომლებიც ახალგამოჩეკილ გრასუებს მხარში უდგანან. ზოგიერთს ამ კაცის შეუპოვრობამ და მხნეობამ გული მოულბო და დომენიკო გაახსენა. ისინი ამბობდნენ: «ხელოვნებაში ნებისყოფის გამოჩენას ჯილდო უნდა მიეზღოს! გრასუს თავისი წარმატება არ მოუპარავს. აგერ, ათი წელია, რაც სურათებს ჩაჰკირკიტებს. საბრალო! შეძახილი «საბრალო!» სანახევროდ გახდა მიზეზი ქებისა და მილოცვებისა, რასაც მხატვარი იღებდა. სიბრალული ისევე ამოატივტივებს ხოლმე უნიჭოებს, როგორც შურიანობა ძირავს დიდ შემოქმედებს. გაზეთებმა არ დაინდეს მხატვარი, მაგრამ ახლად გამომცხვარმა კავალერმა ეს ისევე მოინელა, ვითარც მეგობრების რჩევა-დარიგებას ინელებდა: ანგელოზური მოთმინებით. ამ დროისათვის გრასუმ დიდი ოფლის ღვრით მოპოვებულ თხუთმეტიოდე ათას ფრანკს თავი მოუყარა და ნავარენის ქუჩაზე ბინა და სახელოსნო მოიწყო. აქ დახატა მისი უდიდებულესობის დოფინის მიერ დაკვეთილი სურათი და მინისტრსაც დანიშნული დღისათვის რელიგიურ თემაზე შექმნილი ორი ტილო მოუმზადა. ასეთმა სიზუსტემ სასოწარკვეთილებაში ჩააგდო სხვაგვარ მოქმედებას შეჩვეული მინისტრის სალარო. მოდი და აღტაცებაში ნუ მოგიყვანთ თადარიგიანი ადამიანის ბედი! გრასუს რომ დაეგვიანა, ივლისის რევოლუცია მოუსწრებდა და ვერაფერს მიიღებდა. ოცდაჩვიდმეტ წელს მიღწეულმა ფუჟერმა ელიას მაგიუსისათვის შექმნა დაახლოებით ორასი სურათი, მართალია, საზოგადოებისათვის სრულიად უცნობი, მაგრამ ხელი გაიწაფა მათი მეოხებით და ისეთი ხატვა დაიწყო, რაც ბურჟუას გულს უხარებს, ხოლო ნამდვილ მხატვარს აიძულებს მხრები აიჩეჩოს. მეგობრებისთვის ფუჟერი ძვირფასი იყო თავისი პირდაპირობის, შეურყეველი გრძნობების, უებრო თავაზიანობისა და დიდი პატიოსნების გამო. თუ პატივს არ სცემდნენ ამ მხატვრის პალიტრას, პალიტრის პატრონი მაინც უყვარდათ. - რა უბედურებაა, ნეტავი ფუჟერს მხატვრობის კვიატი არ სჭირდეს! - ეუბნებოდნენ ერთმანეთს მისი ამხანაგები.      მიუხედავად ამისა, გრასუმ შესანიშნავი რჩევის მიცემა იცოდა, მსგავსად იმ მეფელეტონეებისა, რომელთაც თავად არ ძალუძთ წიგნის დაწერა, თუმცა კარგად უწყიან, სად სცოდავენ სხვისი ნაშრომები. ერთი კია, ლიტერატურულ კრიტიკოსებსა და ფუჟერს შორის არსებობდა განსხვავება: ფუჟერი უაღრესად მგრძნობიარე იყო მშვენიერების მიმართ, მისი გამოცნობა შეეძლო. ამიტომ გრასუს რჩევას სამართლიანობის ბეჭედი ესვა, რაც ადამიანს მისი შენიშვნების სისწორეში არწმუნებდა.      ივლისის რევოლუციის შემდეგ ფუჟერი ყოველ გამოფენაზე ათიოდე სურათს წარადგენდა ხოლმე. ჟიური აქედან ოთხს ან ხუთს იღებდა. გრასუ უაღრესი მომჭირნეობით ცხოვრობდა. ერთი მოახლე ჰყავდა მხოლოდ. მის ერთადერთ გასართობს მეგობრებთან ერთად სტუმრად სიარული და ხელოვნების ნიმუშების დათვალიერება წარმოადგენდა. ხანდახან თავის თავს საფრანგეთში პატარ-პატარა მოგზაურობის ნებას აძლევდა. ოცნებობდა შვეიცარიაში წასვლაზე - შთაგონების მისაღებად. ეს უმსგავსი მხატვარი შესანიშნავი მოქალაქე გახლდათ: ნაციონალური გვარდიის გუშაგად დგებოდა, სამხედრო შემოწმებაზე დადიოდა, ბინის ქირას და სხვა გადასახადებს უაღრესი ბურჟუაზიული სიზუსტით იხდიდა. შრომასა და სიღატაკეში ჩაფლულს არასოდეს სიყვარულისთვის არ მოუცლია. აქამდე უცოლოდ დარჩენილსა და ხელმოკლე ცხოვრებაში ჩაძირულს სრულებითაც არ სურდა თავისი ესოდენ მარტივი არსებობა გაერთულებინა. გასამდიდრებლად რაიმე გზის გამოძებნის უნარი არ შესწევდა. სამაგიეროდ, ყოველ სამ თვეში ერთხელ ნოტარიუს კარდოსთან თავისი დანაზოგი და მოგება მიჰქონდა. მოუგროვდებოდა თუ არა ათასი ეკიუ, ნოტარიუსი გრასუსათვის საგირავნო ქაღალდს ყიდულობდა: დამგირავებელს, ამ ქაღალდის თანახმად, დავალიანების შემთხვევაში ქონების გაყიდვის უფლება ეზღუდებოდა, ასევე მის მეუღლესაც, თუ დამგირავებელი ცოლიანი იყო. პროცენტებზეც ნოტარიუსი ზრუნავდა და მათ გრასუ დე ფუჟერის თავნს უმატებდა. მხატვარი მოელოდა იმ ბედნიერ წუთს, როცა მისი დაკვეთები მნიშვნელოვან რიცხვს მიაღწევდა და ორი ათას ფრანკს წლიურ შემოსავალს მოუტანდა. მაშინ კი უფლება მიეცემოდა, ლაღად გაეშალა ფრთები და დასწაფებოდა მხატვრის otium cum dignitate-ს. ო, რა სურათებს შექმნიდა! ბოლოს და ბოლოს, ნამდვილ სურათებს! დასრულებულს, პირდაპირ გასაგიჟებელს, ადამიანის ყოველგვარ წარმოდგენას გადაცილებულს! ხომ არ გსურთ გაიგოთ მისი ოცნება მომავალზე, ბედნიერებაზე, მისი იმედების უმაღლესი მწვერვალი? უნდოდა, გამხდარიყო აკადემიის წევრი, მიეღო საპატიო ლეგიონის ოფიცრის ჯვარი, შინერსა და ლეონ დე ლორას გვერდით ამოდგომოდა და აკადემიაში ჟოზეფ ბრიდოზე ადრე მოხვედრილიყო! საღილეში ორდენის ლენტი! რა ოცნებაა! მხოლოდ უნიჭოებს შეუძლიათ ყველაფერზე ფიქრი!       გაისმა თუ არა კიბეზე ნაბიჯების ხმა, ფუჟერმა ქოჩორი გადაივარცხნა, ბოთლისფერი ხავერდის ხალათი შეიკრა და უნდა გენახათ მისი გაკვირვება, როდესაც კარებში გამოჩნდა ადამიანის ისეთი თავი, რასაც მხატვართა სახელოსნოებში მდაბიურად «გოგრას» ეძახიან. ეს ნაყოფი ჟღარუნა ზინზილაკებით მორთულ ლურჯ მაუდში გამოწყობილ საზამთროზე იყო მიმაგრებული, გოგრა დელფინივით ქშინავდა; საზამთრო მოძრაობდა თალგამებით, რისთვისაც შეცდომით ფეხები დაერქმიათ. ჭეშმარიტი მხატვარი ბოთლების ვაჭრუკანას ამგვარ კარიკატურას შექმნიდა, მერე იტყოდა, ბოსტნეულს არ ვხატავო და მაშინვე გარეთ გააგდებდა. ფუჟერს კი დამკვეთის დანახვაზე სულაც არ გასცინებია - ბატონი ვერველის პერანგს ხომ ათას ეკიუდ ღირებული ბრილიანტი ამშვენებდა.      მხატვარმა მაგიუსს გადახედა და იმ დროს სახელოსნოებში მიღებული ჟარგონით აღნიშნა: მსუქანი ნაჭერია!       ამ სიტყვების გაგონებაზე ბატონმა ვერვილმა კოპები შეიკრა, ბურჟუა წინ მიუძღოდა ბოსტნეულის სხვა რთულ ჯიშებს - მეუღლესა და ასულს თვისას. ცოლს პირისკანი გადაღებილ წითელ ხეს მიუგავდა. აღნაგობით ქამარგადაჭერილ ქოქოსის კაკალს ჰგავდა, თავით დაგვირგვინებულს. ქოქოსის კაკალი ფეხებზე მოგორავდა და შავზოლებიან ყვითელ კაბაში იყო გახვეული. მას ამაყად გაეფარჩხა თითები, რომლებზედაც ვიტრინაში გამოფენილი ხელთათმანებივით გაბერილი ექსტრავაგანტური მიტენები წამოეცვა. ჩამოფხატულ შლიაპაზე პირველი კლასის კატაფალკის ბუმბულები ირხეოდა. წინ და უკან ერთნაირად ამობურცულ მხრებს მაქმანები უმკობდა. ამგვარად უზადო გახლდათ სფერული ფორმა ქოქოსის ნაყოფისა. მისი ფეხები, სწორედ იმ ჯურისა, მხატვრები რომ მორგვებს უწოდებენ, ექვსკეცად ამოფუებულიყო გალაქულ ფეხსამოსიდან: ნეტავ როგორ ჩაეტია ეს ფეხები ფეხსაცმელში? არ ვიცით.       დედ-მამას მოსდევდა ქორფა სატაცური, მწვანე და ყვითელი თავისი კაბის წყალობით. პატარა თავზე რომაელების სათაყვანო მოყვითალო-სტაფილოსფერი თმა გადაეჭიმა. ბუსუსიანი მკლავები ჰქონდა. საკმაოდ თეთრ კანზე ჭორფლი ეყარა. დიდ, გულუბრყვილო თვალებს თეთრი წამწამები და თხელი წარბები უმშვენებდა. იტალიურ ჩალის შლიაპაზე თეთრი ატლასი ევლო და ატლასისვე ორი უმწიკვლო ბაფთა ეკეთა. კდემამოსილი წითელი ხელები ჰქონდა და დედის ფეხები.      სახელოსნოს დათვალიერებისას ამ სამი ქმნილების ბედნიერ გამომეტყველებას დაეტყო პატივისცემის გრძნობით გამსჭვალული აღტაცება ხელოვნებისადმი. - ბატონო ჩემო, მაშ, თქვენ იკისრეთ ჩვენისთანების დახატვა? - გმირულად იკითხა ოჯახის მამამ. - დიახ, ბატონო, - მიუგო გრასუმ. - ვერველ, ჯვარი ჰქონია, - უჩურჩულა ცოლმა ქმარს, როცა მხატვარმა მათ ზურგი შეაქცია. - აბა, რა გეგონა, ისეთ მხატვარს შევუკვეთდი ჩვენს პორტრეტებს, რომ ორდენით არ ყოფილიყო დაჯილდოებული? - უპასუხა ყოფილმა ბოთლებით მოვაჭრემ.      ელიას მაგიუსი ვერველთა ოჯახს გამოემშვიდობა და ოთახიდან გავიდა. გრასუმ კიბემდე გააცილა. - თქვენს მეტი ვერავინ შეძლებდა ამ სფეროების ანკესზე წამოგებას. - ასი ათასი ფრანკი მზითვად! - ჰო, მაგრამ ოჯახსაც შეხედეთ! - მომავალში სამი ათასი ფრანკი, ვილ დ’ავრეიში აგარაკი, სახლი ბუშერას ქუჩაზე. - ბუშერა, ბოთლი, საცობი, დაცობა... - ჩაიქილიკა მხატვარმა. - სიცოცხლის დანარჩენ დღეებს უზრუნველად გაატარებთ, - უთხრა ელიასმა.      ეს აზრი ისე შეიჭრა პიერ გრასუს თავში, როგორც დილის შუქი - მანსარდაში და როცა ნორჩი ასულის მამა დასახატავად მოამზადა, მისი გამომეტყველება უკვე კეთილი ეჩვენა და მისი სახის მკვეთრი ტონებითაც აღფრთოვანდა. გრასუს ყოველგვარ მზადებას ხატვისათვის დედა-შვილი აღტაცებაში მოჰყავდა. მხატვარს გარს დაჰფარფატებდნენ და ღმერთივით შესციცინებდნენ. ეს აშკარა გაღმერთება გულზე სალბუნად მოედო ფუჟერს. ოქროს ვერძმა ვერველთა ოჯახი ფანტასტიური შარავანდედით განაცისკროვნა. - ალბათ, უთვალავ ფულს შოულობთ და ისევე ფანტავთ, როგორც შოულობთ? - აღმოხდა დედას. - არა, ქალბატონო, - მიუგო მხატვარმა, - არაფერსაც არ ვფანტავ. თავშესაქცევად ფული სად მაქვს. ჩემს შემოსავალს ნოტარიუსი პატრონობს. მისი ასავალ-დასავალი იმან იცის. ჩავაბარებ ფულს და მორჩა, მასზე აღარც ვფიქრობ. - მე კი მეუბნებოდნენ, - შეჰყვირა მამა ვერველმა, - ყველა მხატვარი ჯიბეგახვრეტილიაო. - თუ თავხედობად არ ჩამომართმევთ, მითხარით, ვინ არის თქვენი ნოტარიუსი? - იკითხა ქალბატონმა ვერველმა. - ერთი ჩინებული ყმაწვილი, მეტად პატიოსანი, კარდო. - ამას დახედე, რა ოინია! - შეჰყვირა ვერველმა. - კარდო ხომ ჩვენი ნოტარიუსიცაა. - ნუ მოძრაობთ, - მიმართა მხატვარმა ვერველს. - აბა, წყნარად იჯექი, ანტენორ, - უთხრა ცოლმა. - არაფერი გააფუჭებინო ბატონ ფუჟერს. რომ ხედავდე, როგორ მუშაობს, მაშინ მიხვდებოდი... - ღმერთო ჩემო, რატომ არ მასწავლეთ ხატვა? - უთხრა მადმუაზელ ვერველმა მშობლებს. - ვირჟინი, მაგას რას ამბობ? - შესძახა დედამ, - ყმაწვილმა ქალმა არ უნდა იცოდეს ზოგიერთი რამ! როცა გათხოვდები... მაშინ შენი ნებაა! მანამდე კი ჭკუით იყავი. პირველი სეანსის დროს ვერველთა ოჯახი თითქმის დაუმეგობრდა პატიოსან მხატვარს. სახელოსნოდან გავიდნენ თუ არა, დედ-მამამ ვირჟინის უთხრა, წინ გაგვიძეხიო. მშობლებსა და შვილს შორის საკმაო მანძილი იყო, მაგრამ ასულმა მაინც მოჰკრა ყური ქვემომოყვანილ სიტყვებს, რომელთა აზრს არ შეიძლებოდა ქალიშვილისათვის ცნობისმოყვარეობა არ აღეძრა. - კაცი ორდენითაა დაჯილდოებული... ოცდაჩვიდმეტი წლისაა... დაკვეთები აქვს და დანაზოგს ჩვენს ნოტარიუსთან ინახავს... რას იტყვი, კარდოს ხომ არ შევეკითხოთ? კარგია, გიწოდებდნენ ქალბატონ ფუჟერს!.. ცუდი კაცი არ ჩანს!.. იქნებ თქვა, ვაჭარი ჯობსო?.. რა იცი, სანამ ვაჭარი საქმიდან არ გადადგება, ვერ გაიგებ, რა მოელის შენს შვილს... ხელმომჭირნე მხატვარი კი... თანაც ჩვენ ხელოვნება გვიყვარს... და ბოლოს და ბოლოს!..      იმ დროს, როდესაც ვერველთა ოჯახი პიერ გრასუზე ბჭობდა, პიერ გრასუ ვერველთა ოჯახზე ფიქრობდა. სახელოსნოში ვეღარ მოისვენა და ბულვარზე გაისეირნა. გამვლელ-გამომვლელ მწითურ ქალებს დაუწყო თვალთვალი. თავში მეტად უცნაური აზრები მოსდიოდა: ოქრო უმშვენიერესი ლითონია. ყვითელი ფერი ოქროს გვაგონებს. რომაელებს მწითური ქალები მოსწონდათ. გრასუც რომაელი გახდა და ასე შემდეგ. ქორწინებიდან ორი წლის შემდეგ ნეტავ რომელი მამაკაცი ფიქრობს ცოლის ფერზე? სილამაზე წარმავალია... მაგრამ სიმახინჯე რომ რჩება!.. ფული ბედნიერების საწინდარია... ღამით, დაწოლისას, მხატვარი ვირჟინი ვერველს უკვე მომხიბვლელად თვლიდა.      ხოლო, როდესაც სამივე ვერველი მეორე სეანსისათვის დანიშნულ დღეს გამოცხადდა, მხატვარი მათ თავაზიანი ღიმილით შეეგება. არამზადას წვერი შეესწორებინა, ქოჩორი საამურად გადაევარცხნა, თეთრი პერანგი ჩაეცვა, საუკეთესო შარვალი შეერჩია და წითელ, ჭვინტაწეულ წაღებში გამოწყობილიყო. ოჯახმა გრასუს ალერსიანი ღიმილითვე უპასუხა. ვირჟინი საკუთარი თმისფრად შეიფაკლა, თვალები დახარა, პირი მიიბრუნა და ეტიუდების დათვალიერება დაიწყო. პიერ გრასუ ამ საცოდავმა მანჭიაობამ აღტაცებაში მოიყვანა. ვირჟინის ცოტაოდენი სინაზე გააჩნდა. საბედნიეროდ, არც მამას ჰგავდა და არც დედას. მაშ, ვიღას ჰგავდა? - ოჰ, მივხვდი, - გაიფიქრა მხატვარმა, - დედამ, ალბათ, ნაცნობს შეხედა.      სეანსის დროს ფუჟერსა და ვერველთა ოჯახს შორის კვიმატი სიტყვების დიდი შეხლა-შემოხლა გაიმართა და მხატვარს იმდენი სითამამე ეყო, რომ მამა ვერველი გონებამახვილ ადამიანად გამოაცხადა. ამ ქათინაურების შემდეგ გრასუს გულმა სწრაფად გაუღო კარი ვერველთა საგვარეულოს და ვირჟინის მხატვარმა ერთი ჩანახაზი აჩუქა, ხოლო დედამისს - ერთი ესკიზი. - უფასოდ? - იკითხეს ქალებმა.      პიერ გრასუმ ღიმილი ვერ შეიკავა. - ეგრე არ უნდა არიგებდეთ სურათებს, ეს ხომ ფულია, - უთხრა ვერველმა.      მესამე სეანსზე მამა ვერველი თავისი მშვენიერი სურათების გალერეაზე ალაპარაკდა, ვილ დ’ავრეის აგარაკზე რომ ჰქონდა. ჩამოთვალა რუბენსი, ჟერარ ჟოუ, მიერისი, ტერბორხი, რემბრანდტი, ტიციანი, პოლ პოტერი და სხვა. - ბატონმა ვერველმა ბევრი სიგიჟე ჩაიდინა, - გოროზად წარმოთქვა ქალბატონმა ვერველმა, - ასი ათასი ფრანკის სურათები აქვს შეძენილი. - მე ხელოვნება მიყვარს, - განაცხადა ყოფილმა ბოთლებით მოვაჭრემ.      როცა ფუჟერმა ქალბატონი ვერველის პორტრეტის ხატვა დაიწყო, ხოლო მისი მეუღლისა თითქმის დაასრულა, ვერველთა ოჯახის აღტაცებას საზღვარი აღარ ჰქონდა. ნოტარიუსმა დიდი ქება-დიდებით მოიხსენია მხატვარი. მისი აზრით, პიერ გრასუზე პატიოსანი კაცი დედამიწის ზურგზე არ დადიოდა. ნოტარიუსმა ისიც აღნიშნა, რომ ფუჟერი ერთ-ერთი ყველაზე დარბაისელი მხატვარია, თანაც ოცდათექვსმეტი ათასი ფრანკი აქვს მოგროვილი და მისი სიღარიბის დღეები წარსულს ჩაბარდაო. ახლა, თქვა მან, წელიწადში ათი ათას ფრანკს იღებს, პროცენტები თავნში გადააქვს და, რაც მთავარია, მას არ ძალუძს ქალის გაუბედურებაო. ეს უკანასკნელი მოსაზრება უდიდეს სიმძიმედ დაეშვა სასწორზე. ვერველთა მეგობრებს სახელგანთქმული ფუჟერის ხსენებით ყურები გამოუჭედეს. იმ დღეს, როდესაც გრასუმ ვირჟინის პორტრეტის დახატვა დაიწყო, იგი უკვე in petto სიძე გახლდათ ვერველებისა. სამივე ვერველი იფურჩქნებოდა სახელოსნოში, რომელსაც უკვე თავიანთ ერთ-ერთ სამფლობელოდ თვლიდნენ. მათთვის გამოუცნობი მიმზიდველობა იფარებოდა ამ სუფთა, მილაგებულ, კოპწია, არტისტულ ოთახში. Abyssus a byssum - ბურჟუა იზიდავს ბურჟუას.       სეანსის დასასრულს კიბე აჭრიალდა, კარი უხეშად გაიღო და გააფთრებული, გაწეწილი, გატანჯული ჟოზეფ ბრიდო შემოვარდა. თვალებიდან ცეცხლს აფრქვევდა. შემოურბინა სახელოსნოს და უცბად გრასუს მივარდა, თან რედინგოტის მუცელთან შეკვრას ცდილობდა, თუმცა ამაოდ - ღილი მაუდის ბუდიდან ამოვარდნილიყო. - ცუდადაა საქმე, - უთხრა მან გრასუს. - ჰოო! - მტერი ფეხდაფეხ მომდევს... მოიცა, ეს რა საგნებსა ხატავ? - აბა, გაჩუმდი! - ჰო, კარგი.      ამ უცნაური კაცის გამოცხადებით უაღრესად აღშფოთებულმა ვერველთა ოჯახმა თავისი ჩვეულებრივი წითელი ფერი შეიცვალა იმ მეწამული ალუბლისფერით, აგიზგიზებულ კოცონში რომ გამოკრთის ხოლმე. - ესეც შემოსავალი! - განაგრძო ჟოზეფმა. - გამოჩნდა ოქროს მადანი საბადოებში? - ბევრი გინდა? - ხუთასი... ერთი ისეთი ძაღლის ჯიშის ჩარჩი მომდევს, რომ თუ კბილი ჩაგავლო, მორჩა, არ მოგშორდება, სანამ ხორცს არ ამოგგლეჯს. ეს რა მოდგმაა! - ახლავე რამდენიმე სიტყვას მიგიწერ ჩემს ნოტარიუსთან... - დახე, ნოტარიუსიცა გყავს? - ჰო. - ახლა კი მესმის, რატომაც არ ანებებ თავს ვარდისფერი ლოყების ხატვას. სწორედ მისწრებაა პარფიუმერიის ვიტრინისათვის.      როგორ არ უნდა გაწითლებულიყო გრასუ, - იგი ხომ ვირჟინის ხატავდა. - რატომ ისეთს არ ხატავ, როგორიცა არის ეს ქალიშვილი, - აღნიშნა დიდმა მხატვარმა და განაგრძო: - ქალი მწითურია, მერე რა, განა ეს მომაკვდინებელი ცოდვაა? მხატვრისათვის ყველაფერი შესანიშნავია. მიუმატე სინგური შენს პალიტრას. გამოაცოცხლე ეგ ლოყები, დაუწინწკლე ზედ თავისი ყავისფერი ხალები. აქ კი ზეთი მიუმატე. რაო, ბუნებაზე ჭკვიანი ხომ არ გინდა იყო? - მოდი, აქ დაჯექი, - უთხრა ფუჟერმა, - სანამ ბარათს დაგიწერ, შენ დახატე.      ვერველი მაგიდასთან მიგორდა და გრასუს ჩასჩურჩულა: - ეს ვიგინდარა ხომ ყველაფერს გააფუჭებს. - მაგას რომ მოესურვებინა თქვენი ვირჟინის პორტრეტის შესრულება, ჩემზე ათასჯერ უკეთესად დახატავდა, - გულისწყრომით უპასუხა ფუჟერმა.      ამის გაგონებაზე ბურჟუამ თვინიერად დაიხია ცოლისაკენ. გარეული მხეცის შემოჭრით გაშტერებული ქალბატონი ვერველი კი ვერ დამშვიდებულიყო, რაკი ამ მხეცს თავისი ასულის პორტრეტის ხატვაში გარეულს ხედავდა. - აჰა, ამ მონახაზს მიჰყევი, - უთხრა ბრიდომ გრასუს, რომელსაც წერილი გამოართვა და პალიტრა დაუბრუნა, - არ ვიცი, როგორ გადაგიხადო მადლობა! ახლა კი შემიძლია არტეზის სასახლეში დავბრუნდე: სასადილო დარბაზს ვუხატავ, ლეონ დე ლორა კი კარის ზემოთ ფრესკებს ხატავს. შესანიშნავია. მოდი, გვნახე.      ვირჟინის მზერით საკმაოდ თავმობეზრებული ბრიდო არავის გამომშვიდობებია, ისე გავიდა სახელოსნოდან. - ვინ არის ეგ კაცი? - იკითხა ქალბატონმა ვერველმა. - დიდი ხელოვანი, - მიუგო გრასუმ.      ცოტა ხნით სიჩუმე ჩამოვარდა. - ნამდვილად დარწმუნებული ბრძანდებით, - მიმართა ვირჟინიმ, -რომ მან ჩემს პორტრეტს ზიანი არ მიაყენა? ძალიან კი შემაშინა. - პირიქით, კარგის მეტი არაფერი გაუკეთებია, - უპასუხა გრასუმ. - თუკი ეგ დიდი ხელოვანია, მაშინ მე თქვენნაირი დიდი ხელოვანი მირჩევნია, - განაცხადა ქალბატონმა ვერველმა. - არა, დედიკო, ბატონი ფუჟერი უფრო დიდი ხელოვანი ბრძანდება. ის მე მთლიანად დამხატავს, -აღნიშნა ვირჟინიმ.       გენიოსის საქციელმა ააფორიაქა ეს ყოვლად წესიერი ბურჟუები.      დგებოდა შემოდგომის ის პერიოდი, რასაც ესოდენ საამურად «წმიდა მარტენის ზაფხული» ეწოდება. გენიალურ ადამიანებთან ურთიერთობას შეუჩვეველმა ვერველმა ძლივს გაბედა მომავალი კვირისათვის თავის აგარაკზე ფუჟერის მოწიწებით მიპატიჟება. მან იცოდა, რომ მხატვრისათვის ბურჟუას ოჯახი სულ არ იყო მიმზიდველი. - თქვენნაირ ხალხს, - უთხრა ვერველმა ფუჟერს, - განცდები სჭირდება, ღირსშესანიშნავი სანახაობანი და განსწავლულ ადამიანებთან შეხვედრა. მე მხოლოდ კარგი ღვინით შემიძლია გაგიმასპინძლდეთ და თანაც ჩემი გალერეის იმედი მაქვს - გაგიქარვებთ მოწყენილობას, რაც არ შეიძლება თქვენისთანა მხატვარმა ვაჭართან ყოფნისას არ იგრძნოს.      ამგვარი თაყვანისცემა განსაკუთრებით ესალბუნებოდა მხატვრის თავმოყვარეობას და აკი დაახვია კიდეც თავბრუ ქათინაურებს მიუჩვეველ საცოდავ პიერ გრასუს. ეს პატიოსანი მხატვარი, ეს სამარცხვინო უნიჭობა, ოქროს გული, ალალ-მართალი კაცი, გონებაჩლუნგი მხატვარი - მეფის ბრძანებით საპატიო ლეგიონის ორდენით დაჯილდოებული სანაქებო ყმაწვილი, მთელი თავისი საჭურველით შეიარაღდა და ვილ დ’ავრეისაკენ გაემგზავრა, რათა იქ წლის უკანასკნელი მშვენიერი დღეებით დამტკბარიყო.      მხატვარი ვილ დ’ავრეიში სულ უბრალოდ, სახალხო ეტლით ჩავიდა. აქ უნებურად მოიხიბლა ბოთლებით მოვაჭრის თვალწარმტაცი აგარაკით, რაც ხუთ არპანზე გადაჭიმულ პარკში გაეშენებინათ, ვილ დ’ავრეის ყველაზე მაღლობ ადგილას, საიდანაც შესანიშნავად მოჩანდა მიდამოები. ვირჟინის ცოლად შერთვა მშვენიერი აგარაკის დაპატრონებას ნიშნავდა. ვერველები მხატვარს ისე გულიანად, სიხარულით, აღფრთოვანებით და ისეთი მეშჩანური გულღიაობით შეხვდნენ, რომ ფუჟერი შეკრთა. ეს იყო ბრწყინვალე გამარჯვების დღე. სასიძო შეყვითლებულ ხეივანში გაასეირნეს. ხეივანი გულმოდგინედ დაესუფთავებინათ, სწორედ ისე, დიდი და ცნობილი ადამიანის ჩამოსვლას რომ შეეფერებოდა. ბუჩქები შეეკვეცათ. თვით ხეებიც თითქოს დაევარცხნათ, სოფლის სუფთა ჰაერში სამზარეულოს უსაზღვროდ გამამხნევებელი სურნელება იფრქვეოდა. ამ სახლში ყოველივე ამბობდა: «ჩვენთან სახელგანთქმული ხელოვანი ჩამობრძანდა!»      მამილო ვერველი თავის ბაღში ვაშლივით მიგორავდა, მისი ასული გველთევზასავით მიიკლაკნებოდა, ხოლო დედა კეთილშობილური გამომეტყველებით ღირსეულად მიაბიჯებდა. შვიდი საათის განმავლობაში ეს სამი არსება პიერ გრასუს ერთი წუთითაც არ მოშორებია. სადილის შემდეგ, რომლის ხანგრძლივობა სუფრის სიუხვეს შეეფარდებოდა, ბატონსა და ქალბატონ ვერველთ დაუდგათ ზეიმის უმნიშვნელოვანესი წუთი: სურათებისათვის ხელსაყრელად გაჩირაღდნებულ გალერეისკენ გაუძღვნენ სტუმრებს - დიდებული მხატვრის საპატივცემულოდ მოწვეული სამი მეზობელი, სამთავე ყოფილი ვაჭარი, ბიძა, ვისაც მემკვიდრეობა დარჩებოდა, ერთი შინაბერა ვერველი და სხვა სტუმრები გრასუს გალერეაში შეჰყვნენ. ყველას სურდა გაეგო, რა აზრს გამოთქვამდა დიდი ოსტატი მამილო ვერველის სახელგანთქმული გალერეის შესახებ, რადგანაც ბატონ ვერველს ისინი გაეყრუებინა თავისი სურათების ზღაპრულ ღირებულებაზე ლაპარაკით. ბოთლებით მოვაჭრე თითქოს ეჯიბრებოდა კიდეც მეფე ლუი-ფილიპს და ვერსალის გალერეებს. საუცხოო ჩარჩოში ჩასმულ ტილოებს პატარა ფირფიტები ჰქონდა მიკრული. ფირფიტების ოქროსფერ ფონზე შავი ასოებით ეწერა: რუბენსი. «ფავნებისა და ნიმფების ცეკვა».      რემბრანდტი. «ანატომიის დარბაზი. დოქტორი ტრომპი თავის მოწაფეებს ლექციას უკითხავს. გამოეფინათ ასორმოცდაათი პრიალა და ფაქიზად მოვლილი ტილო. ზოგიერთისათვის მწვანე ფარდა ჩამოეფარებინათ. ფარდის გადაწევა ნორჩ ასულთა თანდასწრებით არ შეიძლებოდა.      მხატვარი გაშეშდა ხელებჩამოყრილი, პირდაღებული და ხმაჩაწყვეტილი. ამ სურათების ნახევარი მას ეკუთვნოდა. თავადვე იყო რუბენსიც, პოლ პოტერიც, მიერისიც, მეტსუც, ჟერარ დოუც! მხოლოდ ერთი გრასუ ოც დიდ მხატვარს წარმოადგენდა. - რა მოგივიდათ, რატომ გაფითრდით? - შვილო, ჩქარა წყალი! - შეჰყვირა დედა ვერველმა.      მხატვარმა მამა ვერველის ფრაკის ღილს ხელი ჩაავლო და ერთ კუთხესთან მიიყვანა, ვითომდაც მურილიოს ნახვა უნდოდა: იმ ხანებში ესპანური სურათები მოდაში იყო. - ეს ტილოები ელიას მაგიუსთან შეიძინეთ? - დიახ, ყველა დედანია! - ჩვენს შორის დარჩეს, მითხარით, რამდენად მოგყიდათ, მე რომ მიგითითებთ, ის სურათები?      ორთავემ გალერეას შემოუარა. მხატვარმა სტუმრები აღაფრთოვანა, მასპინძლის თანხლებით ესოდენ ყურადღებით რომ ათვალიერებდა შესანიშნავ ქმნილებებს. - სამი ათასი ფრანკი! - დაბალი ხმით თქვა ვერველმა, როცა უკანასკნელ ტილოს მიუახლოვდა, - მაგრამ ყველას ვეუბნები, ორმოცი ათასი ფრანკი მივეცი-მეთქი. - ორმოცი ათასი ფრანკი ტიციანში? - ხმამაღლა შესძახა მხატვარმა, - ეს ხომ სულ მუქთაა!.. - აკი მოგახსენეთ, ჩემი სურათები ასი ათასი ეკიუ ღირს! - შეჰყვირა ვერველმა. - ეს სურათები ჩემი დახატულია, - ჩასჩურჩულა მას პიერ გრასუმ. - და ყველა ერთად ათი ათას ფრანკზე მეტად არ გამიყიდია. - დამიმტკიცეთ ეგ, - უთხრა ბოთლებით მოვაჭრემ, - და ჩემს ქალიშვილს მზითევს გავუორკეცებ, რადგან მაშინ თქვენ ყოფილხართ თვით რუბენსიც, რემბრანდტიც, ტერბორხიც, ტიციანიც! - ხოლო მაგიუსი - სურათების სახელოვანი ვაჭარი! - დასძინა გრასუმ. მისთვის ახლა ნათელი გახდა, თუ რატომ ეძლეოდა მის ტილოებს მოძველებული იერი და რისთვის იყო საჭირო ის სიუჟეტები, რომლებსაც ჩარჩი უკვეთდა გრასუს.       ბატონ ფუჟერს, როგორც მიმართავდა ყოველთვის პიერ გრასუს ვერველთა ოჯახი, ამ შემთხვევის წყალობით თაყვანისმცემელთა პატივისცემა სრულებითაც არ მოჰკლებია. პირიქით, იგი ისე ამაღლდა, რომ ვერველთა ოჯახს პორტრეტები უფასოდ დაუხატა და მიუძღვნა, რაღა თქმა უნდა, თავის სიმამრს, სიდედრსა და მეუღლეს.       დღეს პიერ გრასუ სურათების არც ერთ გამოფენას არ აკლდება. ბურჟუების წრეში პორტრეტების ჩინებულ მხატვრად ითვლება. წელიწადში თორმეტი ათას ფრანკს იღებს და ხუთასი ფრანკის ტილოს აფუჭებს. მის ცოლს მზითვად მოჰყვა ექვსი ათასი ფრანკი წლიური რენტა. გრასუ სიმამრთან და სიდედრთან ბინადრობს. ვერველები და გრასუები შეხმატკბილებულად ცხოვრობენ, საკუთარი ეტლი აქვთ და ქვეყნად ყველაზე ბედნიერი ადამიანები არიან. პიერ გრასუ ბურჟუების წრეს არ სცილდება. აქ იგი ამ დროის უდიდეს მხატვრად მიაჩნიათ. ტრონის ქუჩის ზღუდესა და ტამპლის ქუჩას შორის მდებარე უბანში, ვინც კი მოისურვებს ოჯახური პორტრეტის დახატვას, აუცილებლად დიდ მხატვარს - პიერ გრასუს უკვეთს და არასოდეს ხუთას ფრანკზე ნაკლებს არ იხდის. აი, რას ამბობენ ბურჟუები, როცა პორტრეტს უკვეთენ ფუჟერს: «რაც გსურთ ისა ბრძანეთ და პიერ გრასუ კი თავის ნოტარიუსთან წელიწადში ოცი ათას ფრანკს ინახავს!»      12 მაისის ამბოხების დროს პიერ გრასუმ თავი ისახელა, რის გამოც საპატიო ლეგიონის ოფიცრის ჯვარი მიიღო. ახლა იგი ნაციონალური გვარდიის ათასეულის მეთაურია. აბა, როგორ შეეძლო ვერსალის მუზეუმს ესოდენ კეთილგანწყობილი მოქალაქისათვის ბატალური სურათის დახატვა არ დაევალებინა. ეს მოქალაქე პარიზის ქუჩებში განგებ დაეხეტება, რათა თავის ამხანაგებს გადაეყაროს და ვითომც, სხვათა შორის, მოახსენოს: «მეფემ ბატალური სურათი დამიკვეთა.       ქალბატონი ფუჟერი აღმერთებს ქმარს, ვისაც ორი შვილი აჩუქა. ამ მხატვარს, სანიმუშო მამასა და მეუღლეს, თავიდან არ სცილდება ერთი საბედისწერო აზრი: მხატვრები მასხრად იგდებენ, მის სახელს სახელოსნოებში დაცინვის გამოსახატავად ხმარობენ. კრიტიკოსები მის შრომას ყურადღებას არ აქცევენ. გრასუ მაინც განაგრძობს მუშაობას და ოცნებობს აკადემიაზე, სადაც აუცილებლად მოხვდება. თანაც მის გულს სიხარულით ავსებს ერთგვარი შურისძიება: გაჭირვებულ მდგომარეობაში მყოფი სახელგანთქმული მხატვრების სურათებს ყიდულობს და ვილ დ’ავრეიში არსებულ ნათითხნ ტილოებს ცვლის ნამდვილი შედევრებით, რაც მას არ ეკუთვნის.       ბევრია პიერ გრასუსავით უნიჭო ადამიანი: ესენი უნიჭობასთან ერთად ბოროტები და ჭირვეულები არიან, პიერ გრასუ კი უჩუმარი ქველმოქმედია და თან უებრო თავაზიანობით გამოირჩევა. პარიზი, დეკემბერი, 1839 წელი. …
დაამატა Kakha to ლიტერატურა at 5:19pm on მარტი 1, 2015
  • 1
  • ...
  • 28
  • 29
  • 30
  • 31
  • 32
  • 33
  • 34
  • 35
  • 36
  • 37

Welcome to
Qwelly

რეგისტრაცია
ან შესვლა

ღონისძიებები

  • დაამატე ღონისძიება

ბლოგ პოსტები

Mmoexp Elden Ring Items: Signs You’re Overstacking

გამოაქვეყნა Rozemondbell_მ.
თარიღი: მაისი 26, 2025.
საათი: 7:27am 0 კომენტარი 0 მოწონება

Signs You’re Overstacking

While preparing for boss fights in Elden Ring, it’s easy to fall into the trap of layering too many similar defensive tools—talismans, incantations, consumables—thinking that more equals better. But the game’s mechanics don’t always reward excessive stacking of the same type of resistance. Recognizing when you’ve gone too far with defense stacking is crucial to Elden Ring Items creating an efficient,…

გაგრძელება

MMOexp BnS NEO Classic Divine Gems: Transparent Drop Rate System

გამოაქვეყნა Tesioao_მ.
თარიღი: მაისი 26, 2025.
საათი: 7:15am 0 კომენტარი 0 მოწონება

Blade & Soul NEO Classic has recently introduced a series of engaging events centered around Divine Gems, aiming to enrich the player experience and invigorate the in-game economy. These events not only provide avenues for players to BnS NEO Classic Divine Gems acquire valuable resources but also foster community engagement and competitive play.

Soul Arena: Hexi Lexi

One of the standout additions is the…

გაგრძელება

Mmoexp Skull and Bones Items: Trading Goods and Resources

გამოაქვეყნა Rozemondbell_მ.
თარიღი: მაისი 26, 2025.
საათი: 6:29am 0 კომენტარი 0 მოწონება

1.3 Trading Goods and Resources

As you explore the open seas, you will come across various ports where you can buy and sell goods. The economy of the game is dynamic, with certain resources fluctuating in value depending on location and demand. By gathering resources during your adventures and trading them at the right places, you can make a significant profit.

Resource Gathering: Collect materials such as wood, metal, and…

გაგრძელება

How They Operate, And Why They Subject for Employers

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: აპრილი 26, 2025.
საათი: 2:30pm 0 კომენტარი 0 მოწონება







In the present earth, history checks are getting to be a regular part of the selecting method, tenant screening, and in some cases volunteer variety. From verifying work historical past to examining felony information, qualifications check providers give vital insights into somebody's heritage. In the following paragraphs, we’ll include the kinds of track record checks, how they perform, and why They are really critical for each companies and people.



What exactly…

გაგრძელება
  • დამატება დღიურში
  • ყველა

Qwelly World

free counters

© 2025   George.   • Ning - platform for social network creation and community website building

პანაღია  |  პრობლემის აღმოჩენისას!  |  Terms of Service

საუბრის დაწყება!