ძიება
  • რეგისტრაცია
  • შესვლა

Qwelly

ძიების შედეგები - ფსიქოლოგიური ლიტერატურა

თემა: მხატვრული ლიტერატურა
იხ მარია რემარკი; ვიქტორ ჰიუგო; თომას ვულფი; თომას მანი; იოჰან ვოლფგანგ გოეთე; ილია ილფი; ლევ ტოლსტოი; მარიო პიუზო; მიგელ დე უნამუნო; მიხაილ ბულგაკოვი; ონორე დე ბალზაკი; ორჰან ფამუქი; პელემ გრენვილ ვუდჰაუსი; ჟან ჟაკ რუსო; საიმონ სებაგ მონტეფიორე; სალვადორ დალი; სუადი; უმბერტო ეკო; ფიოდორ დოსტოევსკი; ფრანც კაფკა; შოთა რუსთაველი; ჯეიმს ჯოისი; ჯემალ ქარჩხაძე; ჯოვანი ბოკაჩო; ჯორჯ ორუელი; პროზა; კლასიკა; ფსიქოლოგიური; რომანტიული; დეტექტივი; იუმორისტული; ფილოსოფიური; სათავგადასავლო; ყველა ჩანაწერი ლიტერატურაში …
დაამატა Kakha to ელ. წიგნები at 8:26pm on თებერვალი 25, 2015
თემა: შტეფან ცვაიგი - ფანტასტიკური ღამე
ი, 1914 წლის შემოდგომაზე რავა-რუსკასთან ბრძოლაში დაეცა. განსვენებულის ნათესავები ერთი თვალის გადავლებით მიხვდნენ, რომ იგი მხოლოდ ლიტერატურული ცდა უნდა ყოფილიყო; მთხოვეს, გავცნობოდი და თუკი საჭიროდ დავინახავდი, გამომექვეყნებინა კიდეც.       მე კი დიდად გააზრებულ მოთხრობად არა, მაგრამ მეტისმეტად გულალალ აღსარებად მიმაჩნია განსვენებულისა და სრულიად შეულამაზებლად გადმოგცემთ. ამ დილით რატომღაც მომინდა, მე თვითონვე აღმეწერა იმ ფანტასტიკური ღამის ამბები სრულის თანმიმდევრობით, რათა გავრკვეულიყავ მათში. ამ წუთიდან დაუოკებელი სურვილი დამეუფლა, აღვწერო ჩემი თავგადასავალი, თუმცა დიდად ვეჭვობ, მიახლოებით მაინც გადმოგცეთ ის უჩვეულო ამბები, რაც თავს გადამხდა. ბუნებას ხელოვნის ნიჭით არ დავუჯილდოვებივარ, არც კალამი მიცდია ლიტერატურაში, თუ რამდენიმე სახუმარო მოთხრობას არ ჩავთვლით, სკოლაში რომ ვწერდი. მაგალითად, ისიც კი არ ვიცი, არსებობს თუ არა განსაკუთრებული ტექნიკა, რომელიც სწორად შეუფარდებს ერთმანეთს გარეგან მოვლენებს და მათგან გამოწვეული გრძნობებისა და აზრების აღწერას. მე ვეკითხები საკუთარ თავს, შემიძლია თუ არა მივანიჭო სიტყვას საჭირო აზრი და აზრსაც საჭირო სიტყვა მივუსადაგო. განვიცდი თუ არა იმას, რასაც უნებურად შევიგრძნობ ხოლმე კარგი წიგნის კითხვისას. მაგრამ მე ხომ ამ სტრიქონებს მხოლოდ ჩემთვის ვწერ და არა იმისთვის, რომ სხვებს გავაგებინო, რაც მე თვითონაც დიდის გაჭირვებით მესმის. მე მხოლოდ ვცდილობ, დავივიწყო ერთი შემთხვევა, გონებიდან რომ არ მშორდება, მაღელვებს და მტანჯავს. ამიტომ ქაღალდზე უნდა გადავიტანო, ჩავუკვირდე და ყოველმხრივ განვჭვრიტო.      ეს არც ერთი ჩემი მეგობრისთვის არ მიამბნია, რახან ვერ ავუხსნიდი იმას, რაც თავი და თავი იყო, თან მრცხვენოდა კიდეც იმის აღიარება, რომ ესოდენ შემთხვევითმა ამბავმა ეგრე ამიფორიაქა სული. სულ უბრალო, ჩვეულებრივ რამეს მოგახსენებთ. აი, დავიწყე და ვგრძნობ, რა ძნელია შესაფერისი სიტყვების მოძებნა, რა ორაზროვანი, სულელური შეიძლება აღმოჩნდეს ყოველი, სულ უბრალო მნიშვნელობაც კი. რახან ჩემს თავგადასავალს „უბრალოს“ ვეძახი, რაღა თქმა უნდა, ეს შედარებითი მნიშვნელობით მესმის, ვუპირისპირდები დიდ ისტორიულ დრამებს, რომლებშიც წყდება ბედი მთელი კაცობრიობისა; ამასთან კიდევ მე მხედველობაში მაქვს დროის მცირე მონაკვეთი, ყველაფერი ექვს საათში მოხდა. მაგრამ ამ „უბრალომ“, ერთი შეხედვით ამ პატარა, უმნიშვნელო შემთხვევამ ისეთი დიდი გავლენა მოახდინა ჩემზე, რომ ახლაც, ოთხი თვის შემდეგ იმ ფანტასტიკური ღამისა, ნაღველი მიპყრობს და თავს ძალას ვატან, ყველაფერი გულში დავიმარხო. დღენიადაგ, ყოველ წამს ვიგონებ თითოეულ წვრილმანს, თითქოს ჩემი ცხოვრების საყრდენნი გამხდარან. ყოველივეს, რასაც ვაკეთებ, რასაც ვლაპარაკობ, უნებურად ის განსაზღვრავს, ჩემს ფიქრებს მხოლოდ ის იპყრობს, რაც კვლავ წარმომიდგენს იმას და იმის გავლენის ქვეშ მაქცევს. ახლა მივხვდი, რასაც ვერ შევიცნობდი ათი წუთის წინ, როცა კალამს მოვკიდე ხელი: მომხდარ ამბავს მხოლოდ იმიტომ ვწერ ქაღალდზე, რომ მუდამ თვალწინა მქონდეს, შევიგრძნობდე, რათა ერთხელ კიდევ განვიცადო ყოველი და გონებით განვსაჯო. ახლახან მოგახსენეთ, მსურს, გულში დავიმარხო-მეთქი. ეს სიცრუე, მტკნარი სიცრუეა. პირიქით, მინდა მეტი სიცოცხლე შთავბერო სწრაფად განცდილს, გავათბო თბილი, მაცოცხლებელი სურნელით... ო, მე არ მეშინია, თუნდაც ერთი წუთით დამავიწყდეს ის ხვატიანი დღე, ის ფანტასტიკური ღამე. ნიშანსვეტი არა მჭირდება, რომ მოგონებებში განვვლო იმ წუთების გზა. გინდ დღისით, გინდ შუაღამისას, მთვარეულივით შეუცდომლად ვპოულობ ამ გზას და ყოველ წვრილმანს ვხედავ იმ გამჭრიახობით, რისი უნარიც გულს შესწევს და არა სუსტ მეხსიერებას. ახლაც შემეძლო, გულდაჯერებით დამეხატა ამწვანებული გაზაფხულის ბუნების ყოველი ფურცელი, ახლაც კი, შემოდგომაზე, ვიყნოსავ აყვავებული წაბლის ხეების დამბინდავ, ნაზ სურნელს და თუ მაინც აღვწერ იმ წუთებს, არა შიშის გამო, რომ გაჰქრნენ ჩემი მეხსიერებიდან, არამედ იმიტომ, რომ კვლავ მახარებს მათი განცდა. და ახლაც, როცა თანმიმდევრობით გადმოვცემ ყოველ წვრილმანს იმ ღამისა, იძულებული ვარ, მოთხრობის წყობისათვის საკუთარ თავს ლაგამი ამოვდო, რახან მოგონებების ბურანი მეხვევა, რაღაცნაირი ბანგი მაბრუებს და მეშინია, მეხსიერებაში წარმომდგარი ცალკეული სურათები არ შეერწყან ერთ ჭრელ ქაოსს. ახლაც ისე მწარედ განვიცდი განვლილ 1913 წლის 7 ივნისს, როცა შუადღისას ფიაკრში ჩავჯექ...       მაგრამ ვგრძნობ, კვლავ უნდა შევჩერდე, რახან შიშით შევიგრძნობ, რა მახვილი, რა მრავალმნიშვნელოვანი შეიძლება იყოს ყოველი სიტყვა. მოლოდ ახლა, როცა პირველად გადმოგცემთ ყოველივეს დალაგებით, ვხედავ, რა ძნელია, ერთ ფორმაში მოაქციო, რაც ხელიდან გისხლტება და ყოველი ცოცხალის არსს შეადგენს.      ეს-ესაა დავწერე სიტყვა „მე“ და ის, რომ 1913 წლის 7 ივნისს შუადღისას ფიაკრში ჩავჯექ, მაგრამ ეს სიტყვაც კი დაბნეულობას იწვევს, რადგან ის „მე“, რაც ვიყავი 1913 წლის 7 ივნისს, უკვე კარგა ხანია აღარა ვარ, თუმცა მას აქეთ ოთხმა თვემ განვლო და კვლავ იმ „მე“-ს ბინაში ვცხოვრობ და ვწერ მის საწერ მაგიდასთან, მისი კალმით და მისივე ხელით. იმ კაცს, სწორედ იმ ღამის გავლენით, სრულიად განვუდექი, შევყურებ შორიდან, ალმაცერად და ფხიზლად, შემიძლია ვწერო მასზე, როგორც ამხანაგზე, თანატოლზე, მეგობარზე, რომლის შესახებაც ბევრი რამ ვიცი, მაგრამ ამიერიდან ის აღარა ვარ. შემიძლია ვილაპარაკო მასზე, გავკიცხო, მკაცრად განვსაჯო და არ ვიგრძნო, რომ ოდესღაც ის მე ვიყავი. ადამიანი, რომელიც მე ვიყავი იმ ხანებში, გარეგნულად და შინაარსითაც ნაკლებად განსხვავდება იმ საზოგადოებრივი ფენის ადამიანთა უმეტესობისაგან, რომელსაც, საერთოდ, განსაკუთრებით კი ვენაში, სიამაყის გარეშე, სრული რწმენით, „კარგ საზოგადოებას უწოდებენ“. იმხანად ოცდამეთექვსმეტე წელში გადავდექი. მშობლები ადრე დამეხოცნენ და მიმატოვეს კარგა ხნით ადრე, სანამ სრულწლოვანი გავხდებოდი. მათი დანატოვარი ქონება საკმაო აღმოჩნდა იმისთვის, რომ მე სამუდამოდ გავთავისუფლებულიყავ რაიმე კარიერაზე ზრუნვისაგან. ამგვარად, სრულიად მოულოდნელად გავთავისუფლდი მოვალეობისაგან - მიმეღო რაიმე გადაწყვეტილება, რაც იმხანად ძლიერ მაწუხებდა. ის იყო, უნივერსიტეტი დავასრულე და სამოღვაწეო ასპარეზის არჩევანში ვიყავი. ჩემი ოჯახის ნაცნობებისა და მშვიდი ცხოვრების წყალობით, რისკენ მიდრეკილებაც ადრიანად გამომაჩნდა, ნამდვილად სახელმწიფო სამსახურში უნდა ჩავმდგარიყავ. მივიღე თუ არა მშობლების მემკვიდრეობა, მოულოდნელად დამოუკიდებელი, ფუქსავატური ცხოვრების შესაძლებლობა მომეცა და ჩემს თავს ისეთ ახირებულ დაჟინებასაც კი ვუსრულებდი, რაც შეიძლებოდა მეტად ძვირად დამჯდომოდა. არასოდეს ვყოფილვარ პატივმოყვარე, ამიტომ გადავწყვიტე, პირველ ხანებში, რამდენიმე წელს, სანამ მოთხოვნილება არ გამიჩნდებოდა, სამოქმედო ასპარეზი გამომეძებნა, ცხოვრებას დავკვირვებოდი. მაგრამ ისევე ცხოვრების დამკვირვებელი დავრჩი, თუმცა სულაც არ მივისწრაფოდი იქითკენ, რაც სცილდებოდა ჩემს მიერ ადვილად შესასრულებელ სურვილთა საზღვრებს.      არც ერთი ქალაქი მთელს მსოფლიოში ისე არ განგაწყობს უსაქმურობისაკენ, როგორც ვენა, სადაც უმიზნოდ ხეტიალის ხელოვნება, უმოქმედობა, კოხტაობა ნამდვილი ხელოვნების სრულყოფილებამდეა აყვანილი. თავიდან ამოვიგდე ყოველი ზრუნვა სერიოზულ შემოქმედებაზე და მთელი გატაცებით თავი მივეც დროსტარებას, როგორც შეჰფეროდა გამოჩენილი ოჯახის შვილს, მდიდარ, სასიამოვნო გარეგნობის ყმაწვილ კაცს. გამიტაცა აზარტულმა თამაშობებმა, ნადირობამ, ვქეიფობდი, ვმოგზაურობდი, და მალე დავიწყე დიდის მონდომებით ჩემი უსაქმო ცხოვრების შელამაზება. ვაგროვებდი იშვიათ სურათებს, არა იმდენად გატაცებით, რამდენადაც კმაყოფილების გამო, რომ უშრომლად დავუფლებოდი განსაზღვრულ სფეროში ცოდნას. სახლში გამოვფინე იტალიური ბაროკოს გრავიურები და კანალეტოს მანერის პეიზაჟები. ამათი ძებნა ანტიკვარებში ან აუქციონებზე დიდ სიამოვნებას მგვრიდა და ამას საშიში აზარტის იერიც კი დაჰკრავდა. ჩემი გემოვნებისა და მიდრეკილების შესაბამისად სულ სხვადასხვა გასართობებს ვეტანებოდი. იშვიათად თუ გამოვტოვებდი კონცერტებსა და სურათების გამოფენებს. ქალებში დიდი წარმატებები მქონდა და ამ სფეროშიც კი გამოვამჟღავნე კოლექციონერის მალული გზნება, რაც გარკვეულ დრომდე სულიერი ცხოვრების მოშლილობაზე მეტყველებს. მრავალი სამახსოვრო და ძვირფასი წუთი მარგუნა ბედმა და ნელ-ნელა ჩვეულებრივი ტკბობის მოყვარულიდან მცოდნედ და დამფასებლად გადავიქეცი. ამგვარად, დღეებს ვლევდი სასიამოვნო დროსტარებაში, სრულის რწმენით, რომ მდიდარი, მრავალმხრივი ცხოვრებით ვცხოვრობდი და ეს რბილი, თბილი ატმოსფერო, რომელშიც მიედინებოდა ჩემი არც მოსაწყენი, მაგრამ არც თუ მღელვარე ყმაწვილკაცობა, დღითიდღე უფრო მომწონდა. სხვა სურვილი თითქმის არც კი გამაჩნდა. ამ უძრავ ატმოსფეროში ყოველი უსაქმობა სასიხარულო მოვლენად იქცეოდა. გემოვნებით შერჩეულ ჰალსტუხს შეიძლება კარგ გუნებაზე დავეყენებინე, ავტომობილით გასეირნებას, კარგ წიგნს ან ქალთან შეხვედრას უსაზღვრო ბედნიერება მოენიჭებინა. ამგვარი ცხოვრება განსაკუთრებით იმიტომ მომწონდა, რომ არც ერთი მხრით, როგორც უზადოდ შეკერილი ინგლისური კოსტიუმი, არავის ეჩხირებოდა თვალში. ასე მგონია, საზოგადოებაში სიმპათიურ კაცად მთვლიდნენ, ყველას ვუყვარდი და სიამოვნებით მიღებდნენ კარს. ნაცნობთა უმეტესობა ბედნიერ კაცს მეძახდა. ახლა მიმძიმს თქმა, მართლა ბედნიერად გრძნობდა თუ არა თავს ის ადამიანი, რომლის წარმოდგენასაც ვცდილობ, რადგან წინანდელის განცდილის გავლენით ყოველ გრძნობას უფრო სრულსა და ღრმა შინაარსს ვანიჭებ და შეუძლებლად მიმაჩნია მაშინდელ ჩემს განწყობილებაზე მსჯელობა. მაგრამ შემიძლია დაგიმტკიცოთ, თავს არ ვგრძნობდი უბედურად. ჩემი ყოველი სურვილი, ყოველი მოთხოვნილება, რასაც ცხოვრებას ვუყენებდი, სრულდებოდა. მხოლოდ სწორედ იმან, რომ მივეჩვიე, ბედისაგან მიმეღო, რასაც ვინატრებდი, თანდათანობით ჩამიხშო ყოველი ინტერესი და უმოქმედო გახადა ჩემი ცხოვრება. ზოგჯერ უნებურად ნაღველი შემომაწვებოდა გულზე არა იმიტომ, რომ რაიმეს ვნატრობდი. ეს იყო სურვილი სურვილისა, მოთხოვნილება - ვყოფილიყავ ძლიერი, აღვირახსნილი, შეუპოვარი, მქონოდა მშფოთვარე ცხოვრება და თუნდ ტანჯვაც გამომეცადა. მეტისმეტად გონივრული, ტაქტიკური მოქმედებით განვდევნე ჩემი ცხოვრებიდან ყოველი საწინააღმდეგო ქმედება და ამ წინააღმდეგობის გრძნობის უქონლობამ შეანელა ჩემი სიცოცხლისუნარიანობა. ვამჩნევდი, უფრო ნაკლები სურვილები მიჩნდებოდა, რაღაცნაირმა გარინდებამ მოიცვა ჩემი გრძნობები და სულიერი უძლურება, მშფოთვარე ცხოვრების დაუფლების სურვილი მტანჯავდა. სულ უბრალო რამეზე მივხვდი ამას. პირველად შევნიშნე, რომ თანდათან იშვიათად დავდიოდი თეატრში, საზოგადოებაში. ვიყიდდი ნაქებ წიგნებს და მერე მთელი კვირაობით ელაგა საწერ მაგიდაზე გაუჭრელი. წინანდებურად ვაგროვებდი ძველებურ სურათებს და სხვა სიძველეებს, მაგრამ აღარ ვალაგებდი განსაზღვრულ რიგზე და სიხარულს მგვრიდა, კარგა ხნის ძებნის შემდეგ მოულოდნელად რომ აღმოვაჩენდი რომელიმე იშვიათ ნივთს.       ასე შევიგრძენი ნელ-ნელა სულიერი ენერგიის ჩაქრობა ერთი შემთხვევის წყალობით, რომელიც მეხსიერებაში ჩამრჩა. ზაფხულში ვენაში დავრჩი ისევ იმ უცნაური მოთენთილობის წყალობით, არავითარი სიახლე რომ არ იზიდავს. სრულიად მოულოდნელად კურორტიდან ერთი ქალის წერილი მივიღე, რომელთანაც სამი წელია სიყვარულის ძაფები მაკავშირებდა და რომლის სიყვარულშიც თითქმის დარწმუნებული ვიყავი. იგი თოთხმეტგვერდიან აღმაშფოთებელ წერილს მწერდა: ერთი კაცი გავიცანი, იგი გახდა ჩემი სიცოცხლის მიზანი, შემოდგომაზე იმაზე ვთხოვდები და ჩვენს შორის ყველაფერი დამთავრებულიაო. იგი არ ნანობდა, უფრო მეტიც, ტკბილად იგონებდა ჩემთან გატარებულ დროსა და აღმითქვამდა, რომ გათხოვების შემდეგაც ძვირფას სახსოვარივით გულში შეინახავდა ჩემს მოგონებას და მემუდარებოდა, მეპატიებინა ეს ნაუცბათევი გადაწყვეტილება. ამ საქმიან წერილს მოჰყვა ფიცი და ვედრება, რომ ძალიან არ გავბრაზებულიყავ და ამ მოულოდნელ განშორებას არ დავეტანჯე, არ ვცდილიყავ, ძალათი შემეკავებინა, ან საკუთარი თავისთვის რამე არ ამეტეხა. წერილის სტრიქონები თანდათან უფრო ულმობელი ხდებოდა: მევედრებოდა, სხვა, უფრო ღირსეული ქალი შემეყვარებინა და მაშინვე მიმეწერა მისთვის წერილი, რადგან მოუთმენლად მოელოდა, როგორ შევხვდებოდი ამ გადაწყვეტილებას. ქვემოთ ფანქრით მინაწერი ჰქონდა: „რაიმე სისულელე არ ჩაიდინო, გთხოვ, გამიგო, და მაპატიო“.      ეს წერილი რომ წავიკითხე, ჯერ გავშრი მოულოდნელობისაგან, მერე კი, როცა ფურცვლა დავიწყე და ხელმეორედ გადავიკითხე, სირცხვილი ვიგრძენი, რაც სულ მალე, როგორც კი მივხვდი, რისთვის მრცხვენოდა, შინაგან შიშის გრძნობად გადამექცა. რაღა თქმა უნდა, არც ერთ იმ ძლიერ გრძნობას, რასაც მიწინასწარმეტყველებდა ჩემი სატრფო, ოდნავადაც არ გაუღვიძია ჩემს გულში. ამ ამბავს ტკივილი არ მოუყენებია ჩემთვის, არ გამოუწვევია რისხვა და ერთ წუთსაც არ მომსვლია აზრად, თავი შემებრალებინა, ან რაიმე ამეტეხა საკუთარი თავისათვის. ისეთი უცნაური გახლდათ ეს სულიერი სიცივე, რომ შეუძლებელი იყო, თვითონვე არ შემშინებოდა. ჩემგან მიდიოდა ქალი, რამდენიმე წელს ჩემი ცხოვრების თანამგზავრი, ქალი, რომლის მოქნილი, თბილი სხეული ჩემსას ეკვროდა, რომლის სუნთქვაც გრძელ ღამეებში ჩემსას უერთდებოდა, და ამას ჩემი სული არ შეუძრავს, არ აღუშფოთებია, არ მიცდია ისევ უკან დამებრუნებინა. არაფერი მომხდარა ჩემში ისეთი, რასაც გულწრფელად მოელოდა ეს ქალი, როგორც ელიან ყოველი ცოცხალი ადამიანისაგან. მხოლოდ ახლა მივხვდი, რაოდენ გულგრილი გავმხდარიყავ. მივსრიალებდი ცხოვრების ზედაპირზე, როგორც წყლის სარკეზე, არსად ვჩერდებოდი, ფესვებს არსად ვიდგამდი. კარგად ვიცოდი, რომ ამ სივრცეში მკვდრის, მიცვალებულის რაღაც ნაწილი იყო, თუმცა ხრწნის სუნი არ იგრძნობოდა, მაგრამ ეს სულიერი გახევება, ეს საშინელი, ყინულივით ცივი უგრძნობლობა თითქოს წინასწარ აღმითქვამდა სიკვდილის მოახლოებას.       იმ დღიდან გულმოდგინედ ვაკვირდებოდი საკუთარ თავს და უცნაურ მოდუნებას გრძნობებისა, როგორც ავადმყოფი აკვირდება თავის ავადმყოფობას. იმ ხანებში მეგობარი გარდამეცვალა და როცა იმის კუბოს მივაცილებდი, დაძაბული ვუგდებდი ყურს საკუთარ გულისთქმას: სევდა ხომ არ შემომაწვება, ნაღველი ხომ არ დაისადგურებს ჩემს გულში იმის გაფიქრებაზე, რომ სამუდამოდ დავკარგე ბავშვობიდან საყვარელი ადამიანი? მაგრამ არაფერს შეუძრავს ჩემი სული, თითქოს მინის ხუფი ვიყავ, რომელშიც ყველაფერი ჩანს, მაგრამ შიგ არაფერი აღწევს. როგორ არ ვცდილობდი, მეგობრის დასაფლავებისას და მრავალ მსგავს შემთხვევაში რაიმე მეგრძნო, ან განსჯის საბუთებით აღმეძრა ჩემს გულში გრძნობა, მაგრამ ვერ ვპოულობდი მის გამოძახილს ჩემს სულში. მეგობრებმა დამივიწყეს, ქალები მოდიოდნენ და მიდიოდნენ. ამას თითქმის ისევე განვიცდიდი, როგორც ოთახში მჯდომი კაცი განიცდის ფანჯარაზე წვიმის შხაპუნს. ჩემსა და გარე სამყაროს შორის იყო რაღაც მინის კედელი, მაგრამ მე იმისი ვაჟკაცობა, ნებისყოფა არ შემწევდა, დამემსხვრია იგი.      ჩემს აღმოჩენას კარგად ვგრძნობდი, მაგრამ ეს აღმოჩენა ნამდვილ მღელვარებას აღარ განმაცდევინებდა, რადგან, როგორც მოგახსენეთ, გულგრილად ვუყურებდი იმასაც კი, რაც მე მეხებოდა. დავკარგე აღშფოთების უნარი. მხოლოდ ის მაწუხებდა, ამ სულიერ მანკს ისევე ვერ შენიშნავდა უცხო ადამიანი, როგორც მამაკაცის არასრულფასოვნებას, რაც მხოლოდ ინტიმურ წუთებში მჟღავნდება. და ხშირად ხალხში თავი ისე მეჭირა, თითქოს აღფრთოვანებული, მეტისმეტად მგრძნობიარე გახლდით, რათა დამეფარა, რაოდენ უგრძნობელი და მკვდარი ვიყავ. გარეგნულად წინანდებურად საკუთარი სიამოვნებისათვის ვცხოვრობდი. არ ვიცოდი, რა იყო საზრუნავი, დაბრკოლება, არასოდეს გადამიხვევია ერთხელ არჩეული გზიდან. კვირეები, თვეები შეუმჩნევლად გარბოდნენ და შეუმჩნევლად იქცეოდნენ წლებად. ერთ დღეს საფეთქელთან ჭაღარა თმის ღერი შევნიშნე და მივხვდი, რომ ჩემი ყმაწვილკაცობა მოულოდნელად წარსულში უნდა გადასულიყო. მაგრამ ის, რასაც სხვები ახალგაზრდობას ეძახიან, ჩემთვის კარგა ხანია გამქრალიყო. ამიტომ ძნელი არ იყო მასთან გამოთხოვება. მე ხომ ჩემი ახალგაზრდობაც არასაკმაოდ მიყვარდა. ის კი არა, ჩემთვის ჩემი მღელვარე გულიც კი დუმდა.       მიუხედავად ათასნაირი საქმიანობისა და წვრილმანი ამბებისა, ამ ჩემი შინაგანი მოულოდნელობის წყალობით, დღეები თანდათან ერთფეროვანი ხდებოდა, ერთნაირად ფერმკრთალნი მისდევდნენ ერთმანეთს, გამოჩნდებოდნენ და ქრებოდნენ, როგორც ფოთლები ხეზე. და ასევე ჩვეულებრივად, არაფრით გამოირჩეოდა და არც არაფრით იყო შესანიშნავი, დაიწყო ის ერთადერთი დღე, რომელიც მინდა აღვუწერო საკუთარ თავს.      იმ დღეს, 1913 წლის 7 ივნისს, ჩვეულებრივზე ცოტა მოგვიანებით წამოვედი. უბედურად ვემორჩილებოდი სკოლის წლებიდან შემორჩენილ ჩვეულებას კვირა დღის შეგრძნებისა. აბაზანა მივიღე, გაზეთი გადავიკითხე, წიგნები გადავფურცლე, მერე, თბილი ზაფხულის მზით მოჯადოებული, ჩემს ოთახში რომ იჭყიტებოდა, სასეირნოდ წავედი. ჩავიარე გრაბენზე, სადაც, ჩვეულებისამებრ, საზეიმო ჟრიამული სუფევდა ხოლმე. ვტკბებოდი ეკიპაჟების ცქერით, ვესალმებოდი ნაცნობ-მეგობრებს, არავის ვაძლევდი პირობას - კვირა დღეს თქვენთან გავატარებ-მეთქი, რადგან სწორედ კვირადღეობით მიყვარდა საკუთარ თავთან განმარტოება, ახირების ან შემთხვევის აყოლა. ნასადილევს, რინგშტრასეზე რომ დავბრუნდი, მზით გაბრწყინებული ქალაქის, მისი საზაფხულო მორთულობის ცქერით ვტკბებოდი. ყველა მხიარული და სადღესასწაულოდ აჭრელებულ ქუჩებზე შეყვარებული მეჩვენა. ბევრი რამ ახარებდა თვალს და, უწინარეს ყოვლისა, პირდაპირ ასფალტში ამოჭრილი ხეების მწვანე, მშვენიერი სამოსელი. თუმცა აქ ყოველდღე დავდიოდი, ამ კვირადღის ჟრიამულმა მომხიბლა, მომწყურდა მწვანე, ნათელი, კაშკაშა ფერები. უნებურად მომაგონდა პრატერი, სადაც იმ დროს, როცა გაზაფხული ზაფხულში გადადის, ხშირფოთოლა ხეები მწვანე ლივრეებში გამოწყობილ მსახურებივით დგანან მთავარი ხეივნის ორსავე მხარეს, სადაც ეკიპაჟების გაბმული მწკრივი მიემართება და თავიანთ თეთრ, მშვენიერ ყვავილებს სადღესასწაულოდ გამოწყობილი სახლის ტალღას უწვდიან. როგორც მიჩვეული ვიყავ, მაშინვე ამესრულებინა ყოველი, თუნდაც სულ უბრალო სურვილი, გავაჩერე პირველივე ფიაკრი და მეეტლეს ვუბრძანე, პრატერში წამიყვანე-მეთქი.      - დოღზე, ბატონო? - მოწიწებით მკითხა მან, თითქოს ეჭვი არც კი ეპარებოდა.       მხოლოდ ახლა მომაგონდა, რომ დღეს ტრადიციული დოღი იყო დანიშნული, რასაც წინ უძღოდა ლატარეის გათამაშება, და რაზეც თავს იყრიდა ხოლმე მთელი ვენის საზოგადოება. „საოცარია, - გავიფიქრე, ფიაკრში რომ ვჯდებოდი, - რამდენიმე წლის წინ დღევანდელ დღეს როგორ დავაკლდებოდი, ან რა დამავიწყებდა ამ დღეს“.      ისე, როგორც დაჭრილი გაუფრთხილებელი მოძრაობით იღიზიანებს ხოლმე ჭრილობას, ამ გულმავიწყობამ მაგრძნობინა, რაოდენ გულგრილი გავმხდარიყავ.      როცა მთავარ ხეივანს მივაღწიეთ, იქაურობა დაცარიელებული დაგვიხვდა. ეტყობოდა, დოღი კარგა ხანია დაწყებულიყო, რადგან მშვენიერი ფიაკრების განუწყვეტელი ნაკადი აღარ ჩანდა, ცხენების ნალების ჭახაჭუხით კანტიკუნტად თუ ჩამოგვიქროლებდნენ ხოლმე ზოგჯერ, თითქოს უხილავ მიზანს ეჯიბრებიანო. მეეტლე მომიტრიალდა და მკითხა, ხომ არ დავეწიოთო, მაგრამ ვუბრძანე, ცხენები ნებაზე მიეშვა. ჩემთვის სულ ერთი იყო, დავიგვიანებდი თუ არა. დოღზე ხშირად დავდიოდი, დავკვირვებივარ ხალხსაც და ახლა სულაც არ მანაღვლებდა დაგვიანება. ნაღვლიან, ზოზინა გუნებაზე მყოფს უფრო მომწონდა ნელა დავრწეულიყავ ეტლში, ნისლისფერი ჰაერის ნაზი სრიალი შემეგრძნო, რაც გემბანზე ტალღების დგაფუნს მომაგონებდა, და მშვიდად მეცქირა მშვენიერი, აყვავებული წაბლის ხეებისათვის, ჩუმ და თბილ ქარს ფურცლებს რომ უშვერდნენ. ქარი ფურცლებს სწყვეტდა, ცოტა ხანს ჰაერში ატრიალებდა და თოვლის ფიფქებივით ჰფენდა მიწაზე. რა სასიამოვნო იყო სარწეველაში ქანაობა, თვალდახუჭულს გეგრძნო გაზაფხულის სუნთქვა, ნებაზე მიშვებულს სადღაც რომ მიგაქროლებდა. კაცმა რომ თქვას, არც ისე გამხარებია, ფიაკრი ფროიდენაუს ჭიშკარს რომ მიადგა. სიხარულით გამოვტრიალდებოდი უკან, რომ დავმტკბარიყავი ადრეული გაზაფხულის ნათელი თბილი დღით, მაგრამ უკვე გვიან იყო - ფიაკრი ჰიპოდრომის წინ გაჩერდა.      ყრუ გუგუნი შემომესმა, თითქოს საფეხურიანი ტრიბუნების მიღმა ზღვა ღელავსო. ჩემს თვალს მიფარებული ხალხის ტალღის ბობოქრობაზე უნებურად მომაგონდა, ოსტენდეში, ვიწრო შესახვევებით ქალაქიდან პლაჟზე რომ მიდიხარ, მჩქეფარე, მარილიანი ქარი შემოგეგებებათ და სანამ თვალწინ გადაგეშლებათ ნაცრისფერი, ტალღებად აგორებული, აქაფებული სივრცე, ყრუ ღმუილს გაიგონებთ.       ეტყობა ცხენები მორიგ წრეს ურბენდნენ, მაგრამ ჩემსა და ამ წრეს შორის, რომელსაც ცხენები უვლიდნენ, თითქოს ქარიშხალმა დაჰქროლაო, მხედრებისა და მაყურებელთა მოგუგუნე ტალღა გაჭედილიყო. მე გზას ვერა ვხედავდი, მაგრამ დოღის ყოველი წვრილმანი ისახებოდა გარშემომყოფთა საქციელში და შემეძლო თავისუფლად მედევნებინა თვალი მისთვის. ეტყობოდა, კარგა ხანია გაშვებული ცხენები გამწკრივდნენ; ორი-სამი წინ გაიჭრა და წინა ადგილებისათვის იბრძოდნენ, რადგან ხალხიდან, რომელიც მეტად განიცდიდა ჩემთვის უხილავ შეჯიბრს, უკვე ისმოდა ყვირილი, გამამხნევებელი ძახილი. ყველას თვალი ერთი წერტილისათვის მიეპყრო და მივხვდი, რომ ცხენები მოსახვევს უახლოვდებოდნენ. ხალხის ტალღა ერთ წაგრძელებულ კისრად გადაიქცა და თითქოს ერთი ყელიდან ამოსული ათასობით ხმა ერწყმოდა ზვირთცემის ღმუილსა და ბუყბუყს. ზვირთი სულ მაღლა-მაღლა იწევდა, მთელი სივრცე მოიცვა, თვით მოკრიალებულ, ლაჟვარდ ცამდე. ახლოს მდგომი რამდენიმე ადამიანის სახეს ჩავხედე. თითქოს შინაგანი კრუნჩხვისაგან დამახინჯებოდათ, ანთებული თვალები გადმოეკარკლათ, ბაგეები მოეკვნიტათ, ნიკაპები ხარბად წინ გამოეშვირათ, ნესტოები ცხენებივით დაბერვოდათ. ფხიზელ კაცს საშინელებად და სასაცილოდ მეჩვენებოდა ამ გონებადაკარგული, აზარტისაგან მთვრალი ხალხის ცქერა. ჩემს გვერდით სკამზე ერთი კოხტად გამოწყობილი კაცი შემდგარიყო, ეტყობა, სასიამოვნო გარეგნობისაც გახლდათ, მაგრამ ახლა უხილავი ეშმაკისაგან გათანგული ბობოქრობდა, ჯოხს იქნევდა, თითქოს ვიღაცას ურტყამს, წინ ერეკებაო, და უცნაურად მხარს უბამდა ჟოკეის მოძრაობას, გაჭენებულ ცხენს რომ დასძახოდა, რაც გარეშე მაყურებელს უჩვეულოდ სასაცილო ეჩვენებოდა. თითქოს უზანგებს აწვებაო, ქუსლიდან წვერზე გადაიწეოდა, მარჯვენა ხელით ჰაერს აპობდა, ჯოხს მათრახივით აქნევდა, მარცხენათი კი ნერვიულად ჭმუჭნიდა ფურცელს. ასეთი თეთრი ფურცლები გარშემო ბევრი ეყარა. ქაფის შხეფებივით ავარდებოდნენ ხოლმე ადამიანთა მღელვარე ზღვის თავზე. ახლა, ეტყობოდა, რამდენიმე ცხენი მიჰქროდა ერთმანეთის გვერდით, რადგან უცბად მრავალხმიანი ღრიალი გაიპო ორ, სამ, ოთხ სახელად, რასაც საბრძოლო მეტსახელივით წარმოთქვამდნენ ხოლმე ცალკეული ჯგუფები. დროდადრო გაშმაგებული გოდება გაისმოდა, რაც თითქოს სასულე იყო იმათი ციებცხელებიანი ბოდვისა.       მე ვიდექი აღუშფოთველი ამ გაგიჟებულ ხალხში, როგორც კლდე ბობოქარ ზღვაში და ნათლად მახსოვს, რასაც განვიცდიდი იმ წუთში. სიცილს მგვრიდა სხეულის სულელური მოძრაობანი, იმათი დამახინჯებული სახეები, და დამცინავი ირონიით გავცქეროდი ამ მონურ თავშეუკავებლობას, მაგრამ ამასთან - ამაში უნებურად გამოვუტყდი საკუთარ თავს - ცოტათი მეხარბებოდა ასეთი აღტყინება, ასეთი თავშეუკავებლობა, სიცოცხლის ძალა, ამ გაგიჟებულ აზარტში რომ იმალებოდა.      „ნეტავ რა უნდა მომხდარიყო ისეთი, რომ ასე ავეღელვებინე, ასე გავეგიჟებინე, ასე ცეცხლმოკიდებულივით მეღრიალა, ყელიდან უნებურად აღმომხდენოდა ასეთი ველური ყვირილი?“ - გამიელვა თავში.      ვერც დიდძალი ფული, ვერც ქალის სიყვარული ვერ გამაგიჟებდა ასე. არაფერი არ არსებობდა ისეთი... ვინმეს უნებურად რევოლვერის ლულა რომ მოეშვირა, ასე არ ამიჩქროლებდა გულს, როგორც მუჭა ოქროსათვის უჩქროლავდა ჩემს გარშემო მყოფ ათასობით, ათი ათასობით ადამიანს.      ეტყობოდა, ერთი ცხენი უკვე უახლოვდებოდა ფინიშს, რადგან ხალხის ტალღამ აიტაცა ერთი სახელი და ეს შერწყმული, ყურისწამღები ყვირილი თანდათან უფრო გააფთრებული ხდებოდა, ვიდრე უცბად არ მიწყდა, თითქოს მეტისმეტად დაჭიმული სიმი გაწყდაო. დაიგრიალა ორკესტრმა. ხალხის ტალღა შეთხელდა. დოღი დამთავრდა. ბრძოლა დასრულდა, აღელვებულები დამშვიდდნენ და მსუბუქი ფრფონაღა დარჩა. ხალხის ტალღა, რომელიც ახლახან განცდების ერთიან გუნდს წარმოადგენდა, დაიყო მრავალ მოსეირნე, მოცინარ, მოსაუბრე ადამიანად. უგუნურების ნიღბიდან კვლავ გამოჩნდა დამშვიდებული სახეები. ერთიანი, გამდნარი მასა, რადაც გადააქცია რამდენიმე წუთში თამაშის აზარტმა ეს ხალხი, კვლავ იწყებდა დაკოშტებას. ხალხი მიდიოდა, ან თავს იყრიდა ჯგუფ-ჯგუფად თავისი საზოგადოებრივი მდგომარეობის შესაბამისად; ხვდებოდნენ ნაცნობებიც, რომლებიც ერთმანეთს ესალმებოდნენ, იყვნენ უცხოებიც, ცივად რომ შეავლებდნენ თვალს ერთმანეთს. ქალები შურიანად ათვალიერებდნენ თავიანთი მეტოქეების მორთულობას, მამაკაცები მათ ნაზად შესცქეროდნენ. ხან იმ ბრწყინვალე საზოგადოებისათვის ჩვეულ ცნობისმოყვარეობას იკმაყოფილებდნენ, რაც, კაცმა რომ თქვას, მთავარ საქმიანობას წარმოადგენს მაღალი წრის ხალხში. ეძებდნენ მეგობრებს, ნაცნობებს, აინტერესებდათ, ყველანი აქ იყვნენ თუ არა, როგორ ეცვათ. ამ ბურანიდან გამოფხიზლებული ხალხისთვის რომ გეკითხათ, ვერც კი გეტყოდათ, რისთვის მოვიდა აქ - დოღის საყურებლად, თუ დროის სატარებლად შესვენებისას დოღსა და დორს შუა.       მე დინჯად დავსეირნობდი ამ უსაქმო ხალხში, ვესალმებოდი, სალამზე პასუხს ვაძლევდი, სიამოვნებით ვსუნთქავდი სიკოხტავის არომატს, ჩვეულ სურნელს სუნამოებისას, ამ ჭრელ ადამიანთა კალეიდოსკოპს. მაგრამ კიდევ უფრო მეტ სიამოვნებას ჰგვრიდა კაცს ზაფხულის მზით გამთბარი ჭალებიდან და მინდვრებიდან მონაბერი ნიავი, რომელიც ელამუნებოდა ადამიანებს, უმეტესად კი ქალების კაბების თეთრ მარმაშს.      ნაცნობებმა რამდენჯერმე სცადეს გამომლაპარაკებოდნენ. სილამაზით განთქმული მსახიობი დიანა ალერსიანად მომესალმა, მიმიწვია თავის ლოჟაში, მაგრამ მე არავისკენ მიმიწევდა გული. არ მაინტერესებდა ამ ხალხთან საუბარი, მომწყინდა მათში, როგორც სარკეში საკუთარი თავის დანახვა. მხოლოდ სანახაობა მიზიდავდა, აღგზნება, ხალხის ტალღაში რომ სუფევდა. უცქირო სხვის აღფრთოვანებას, გულგრილი ადამიანისთვის ეს ხომ ყოველთვის მიმზიდველი სანახაობაა. როცა ლამაზ ქალებს შევხვდებოდი, უტიფრად, თან მეტისმეტად გულგრილად შევცქეროდი ნისლივით გამჭირვალე ქსოვილით დაფარულ მათ მკერდს და მართობდა იმათი შეკრთომა, რომელშიც სირცხვილიც შეინიშნებოდა და დაკმაყოფილებული პატივმოყვარეობაც. მღელვარებას არ განვიცდიდი, უბრალოდ, მომწონდა ეს თამაში, მინდოდა, იმათში გულზვიადი აზრები აღმეძრა და თვალებით გამებურღა, მათ თვალებშიც საპასუხო ცეცხლი ამენთო. მე, როგორც ყოველ გულგრილ ადამიანს, ნამდვილ ტკბობას განმაცდევინებდა არა საკუთარი ვნება, არამედ ჩემს მიერ გამოწვეული გრძნობათა ჩოჩქოლი, მინდოდა მეგრძნო მხოლოდ იმ სითბოს ჩაღვრა სულში, რასაც განვიცდით ქალების შეხედვისას, და არა ნამდვილი ცეცხლი. არ მსურდა ცეცხლი მომდებოდა, მხოლოდ მისი ჭვრეტა მინდოდა. ასე დავსეირნობდი ახლაც, ვიჭერდი ქალთა მზერას, მსუბუქ ბურთებივით ადვილად ვიგერიებდი მათ, ვეალერსებოდი მიუკარებლად, ვტკბებოდი ისე, რომ არ შევიგრძნობდი, შევცქეროდი ოდნავ აღგზნებული ჩვეული თამაშით.      მაგრამ ესეც მალე მომბეზრდა. სულ ერთი და იგივე ხალხი მხვდებოდა, რომელთა სახეებსა და მოძრაობას კარგად ვიცნობდი. მახლობლად თავისუფალი სკამი აღმოჩნდა. ჩამოვჯექი. ჩემს გარშემო ისევ ერთი აურზაური ატყდა. ხალხი ჯგუფდებოდა, გარბოდა, ერთმანეთს ეჯახებოდა. აქ აღარ დამედგომებოდა, მაგრამ ადგილიდან არ ვიძროდი და სკამის ზურგს გადაწოლილი ჩაფიქრებული თვალს ვადევნებდი, ჩემი სიგარეტის ბოლი თეთრ ბოლქვებად როგორ ადიოდა ცაში და ღრუბლის ფთილასავით ჰქრებოდა გაზაფხულის ლაჟვარდში.       და აი, სწორედ ამ წუთში მოხდა ის განუმეორებელი რამ, რაც ახლაც წარმართავს ჩემს ცხოვრებას. შემიძლია ზუსტად დავასახელო დრო, რადგან იმ წუთში შემთხვევით დავხედე საათს. საათის ისრები გადაჯვარედინდა და მე ისეთი ცნობისმოყვარეობით ჩავაშტერდი, თითქოს ერთი სეკუნდის წინაც ამას ვფიქრობდი. ოთხის სამი წუთი იყო, 1913 წლის 7 ივნისი.      ამგვარად, ბავშვურსა და უაზრო ჭეშმარიტებაში მთლად ჩანთქმული, სიგარეტით ხელში, თეთრ ციფერბლატს დავცქეროდი, რომ უცბად ზურგს უკან ქალის სიცილი შემომესმა. ქალი ხმამაღლა, აღგზნებული კისკისებდა. სწორედ ეს მომწონს ქალებში, როცა სიყვარულის გზნებისას, მოულოდნელად აუტყდებათ ხოლმე კისკისი. ის იყო, თავის მობრუნება დავაპირე, რომ იმ ქალისათვის შემეხედა, ისე კადნიერად და გამომწვევად რომ შემოიჭრა ჩემს უზრუნველ ოცნებებში, როგორც თვალისმომჭრელი თეთრი ქვა გამოჩნდება ხოლმე შლამით დაფარულ გუბურაში, მაგრამ თავი შევიკავე. უცნაურმა სურვილმა შემაჩერა, რაც ხშირად დამეუფლებოდა ხოლმე, თავდავიწყებით მივცემოდი უწყინარ თამაშს, ჩამეტარებინა პატარა ფსიქოლოგიური ცდა, თავისუფლება მიმეცა ჩემი წარმოსახვისათვის და შეუხედავად წარმომედგინა ის ქალი - მისი სახე, პირი, კისერი, კეფა, მკერდი, ერთი სიტყვით, მისი სიცილით წარმომედგინა ცოცხალი, რეალური სახე.      ქალი, ეტყობოდა, სწორედ ჩემს ზურგსუკან იდგა. სიცილი საუბარმა შეცვალა. სმენადქცეული ყურს ვუგდებდი. იგი ძალიან სწრაფად და ცოცხლად, მსუბუქი უნგრული აქცენტით ლაპარაკობდა, ხმოვნებს ისე აგრძელებდა, თითქოს მღერისო. ახლა ჩემს გასართობს ის წარმოადგენდა, რომ მის ლაპარაკზე მთელ სახეს აღვიქვამდი და ვცდილობდი, წარმომედგინა ყოველი ნაკვთი. მე მივანიჭე შავი თმა, შავი თვალები, მსხვილი, მგრძნობიარე ტუჩები, თოვლივით ქათქათა, გამწკრივებული კბილები. პატარა თხელი, ნესტოებდაბერილი ცხვირი. მარცხენა ლოყაზე მშვენიერი ხალი დავუხატე. ხელში მივეცი წკეპლა, რომელსაც სიცილით ირტყამდა ფეხებზე. იგი ლაპარაკობდა შეუჩერებლივ. ყოველი სიტყვა ახალ თვისებას მატებდა ჩემს ოცნებაში ელვის უსწრაფესად წარმოქმნილ სახეს: თხელი, ქალწულებრივი მკერდი, მუქმწვანე კაბა, ირიბად გაყრილი ბრილიანტის აბზინდა, ღია ფერის, თეთრ ფრთებშემოვლებული შლიაპა. სურათი თანდათან ნათელი ხდებოდა და მე მეჩვენებოდა, რომ ჩემს უკან მდგარი ეს უცხო ქალი ჩემს თვალებში ისე ისახებოდა, როგორც ფოტოფირზე. მაგრამ თავი არ მომიტრიალებია, მინდოდა გამეგრძელებინა თამაში. რაღაც იდუმალი მომხიბვლელობა გამოსჭვიოდა ჩემთვის ამ თამამ ოცნებაში. თვალები დავხუჭე და ოდნავადაც არ მეპარებოდა ეჭვი, რომ როცა გავახელდი და თავს შემოვატრიალებდი, წარმოდგენილი სახე უეჭველად დაემთხვეოდა რეალურს.       ქალი წინ წამოვიდა. უნებურად გავახილე თვალები და ცეცხლი მომეკიდა: სულ სხვანაირი იყო. უფრო მეტიც, თითქოს განზრახ სრული წინააღმდეგობა აღმოჩნდა ჩემს მიერ შექმნილი სახისა. მწვანე კაბა კი არ ეცვა, არამედ თეთრი, ტანწერწეტი კი არ იყო, ჩათქვირული, ჩამრგვალებულთეძოებიანი. მსუქან ლოყაზე ხალი არ უჩანდა, წითურა, და არა შავ თმაზე ჩაჩქანივით ქუდი ედო. არც ერთი ჩემი ნიშანი არ შეეფერებოდა იმის სახეს, მაგრამ ქალი ლამაზი იყო, მეტისმეტად ლამაზი, თუმცა მე, ამპარტავნობით თავი ფსიქოლოგად რომ წარმომედგინა, არ მინდოდა საკუთარ თავს გამოვტყდომოდი ამაში. თითქმის მტრულად შევხედე, მაგრამ, მიუხედავად ამ წინააღმდეგობისა, ამ ქალის შეხედვაზე რაღაც საოცარი გრძნობა დამეუფლა, ცხოველური გზნება მისი ჩათქვირული, მკვრივი სხეულისადმი. ქალი კვლავ კისკისებდა, აჩენდა თეთრ, სწორ კბილებს და ეს გულალალი, გამომწვევი სიცილი სრულიად ეხამებოდა მის სილამაზეს. ყველაფერი მიმზიდველი და გამომწვევი გეჩვენებოდათ მასში: მაღალი მკერდი, სიცილისას წინ გამოწეული ნიკაპი, მსუსხავი მზერა, კეხიანი ცხვირი, ხელი, მტკიცედ რომ ეჭირა ქოლგა. მასში შეიგრძნობდით ქალურ საწყისს, პირველყოფილ ძალას, ოსტატურ, დაჟინებულ მომხიბვლელობას, ხორცშესხმულ ცდუნებას.       მის გვერდით იდგა კოხტა, ცოტათი ჯანგატეხილი ოფიცერი და რაღაცას გატაცებით ელაპარაკებოდა. ქალი უსმენდა, იღიმებოდა, იცინოდა, პასუხობდა, მაგრამ გულგარეთ. ნესტოები მოუთმენლად უთრთოდა და თვალები აქეთ-იქით გაურბოდა. ყოველი ჩამვლელი მამაკაცი უეჭველად ყურადღებას მიაქცევდა, გაუღიმებდა. ქალს თვალები აქეთ-იქით გაურბოდა, ხან ტრიბუნებზე ნაცნობ სახეს შენიშნავდა და გახარებული პასუხობდა სალამზე, ხან - მარცხნივ, ხან - მარჯვნივ, თან წინანდებური ქედმაღლური ღიმილით უსმენდა ოფიცერს. მხოლოდ მე, მის თანამგზავრს ამოფარებული, ვრჩებოდი მისი მხედველობის არის გარეშე. ეს მაბრაზებდა. წამოვდექი, მაგრამ ის მაინც ვერ მხედავდა. ახლოს მივედი, ის მაინც ტრიბუნისაკენ იცქირებოდა. მაშინ წინ დავუდექი, მივესალმე მის თანამოსაუბრეს და ქალს სკამი შევთავაზე. ქალმა განცვიფრებით შემომხედა, თვალები ეშმაკურად გაუბრწყინდა, ბაგეებზე თავაზიანმა ღიმილმა გაურბინა. თუმცა თავდაჭერილად გადამიხადა მადლობა და სკამი გამომართვა, მაგრამ არ დამჯდარა. ნიდაყვებამდე შიშველი ხელებით მსუბუქად დაეყრდნო საზურგეს და ისეთი პოზა მიიღო, რაც გამოჰკვეთავდა იმის ჩათქვირულ ნაკვთებს.      უხეირო ფსიქოლოგიური ცდით გამოწვეული წყენა გამიქრა, მხოლოდ იმ ქალთან გააშიკება მიტაცებდა. ცოტათი უკან დავიხიე ტრიბუნების კედლისაკენ, საიდანაც ჯოხზე დაყრდნობილს შემეძლო თავისუფლად, სხვებისაგან შეუმჩნევლად მეცქირა მისთვის. ვცდილობდი, მისი მზერა დამეჭირა. ქალმა ეს შენიშნა. ოდნავ შემოტრიალდა ჩემი სათვალთვალო პოსტისაკენ, მაგრამ ისე, რომ ეს მოძრაობა სრულიად შემთხვევითი გეგონებოდათ. თვალს არ არიდებდა ჩემს მზერას, ის კი არა, ზოგჯერ შემომხედავდა კიდეც, მაგრამ იმედს არ მაძლევდა. თვალები წინანდებურად აქეთ-იქით გაურბოდა, მაგრამ ვერაფერზე ვერ აჩერებდა. მხოლოდ მაშინ, როცა ჩემს მზერას შეეფეთა, ღიმილი ჩაუდგა, მაგრამ ვინ იცის, იქნებ ამ ღიმილით აჯილდოებდა ყველას? ვერა და ვერ გამომეცნო. სწორედ ეს გაურკვევლობა მაბრაზებდა. როცა მისი მზერა შუქნიშნის სხივივით მომხვდა, იგი მრავლისაღმთქმელი იყო, მაგრამ ისევე ცივი ელვარებით განურჩევლად ირეკლავდა მასზე მიპყრობილ მზერას. ამ თამაშით, ეტყობოდა ქედმაღლურ პატივმოყვარეობას იკმაყოფილებდა, თან კიდევ ერთ წუთსაც არ სწყვეტდა კურკურს თავის თანამგზავრთან, გეგონებოდათ, მისი ნათქვამი ძალიან აინტერესებსო. რაღაც გაუგონარი კადნიერება შეინიშნებოდა მის ქცევაში - აშიკობის ვირტუოზობა თუ წრესგადასული მგრძნობელობა. უნებურად ერთი ნაბიჯით მივუახლოვდი: მისი აღუშფოთველი კადნიერება მეც გადმომეცა. მე უკვე აღარ შევცქეროდი თვალებში, საქმის ცოდნით ვათვალიერებდი თავით ფეხამდე, მზერით ვხდიდი ტანსაცმელს და ვაშიშვლებდი. იგი თვალს ადევნებდა ჩემს მზერას და სულაც არ გრძნობდა შეურაცხყოფას, ტუჩების კუთხეებით უღიმოდა თანამოსაუბრე ოფიცერს, მაგრამ ამ ეშმაკურ ღიმილში მოწონება ამოვიკითხე. ხოლო, როცა ცქერა დავუწყე მის პატარა კოხტა ფეხს, კაბის ქვეშიდან რომ მოუჩანდა, და ცოტა ხნის შემდეგ, როცა თითქოს შემთხვევით დავადგი ფეხი სკამის ქვედა ღერძს და თხელ ქვედატანს ქვეშ თვალი შევავლე მის წინდებს მუხლებამდე, თანამოსაუბრისაკენ მიპყრობილ მომღიმარ სახეზე დამცინავი, ცბიერი გამომეტყველება გამოესახა. ეტყობოდა, ისიც ისევე აგზნების გარეშე მეკურკურებოდა, როგორც მე, და გაბოროტებით შევნიშნე, რომ იგი სრულყოფილად ფლობდა ამ სარისკო თამაშის ტექნიკას. მან თითქოს რაღაც იდუმალებით გააღვივა ჩემი ცნობისმოყვარეობა, თან ყურადღებით უსმენდა თავისი თანამოსაუბრის ჩურჩულს, მაგრამ ერთსაც და მეორესაც სრულის გულგრილობით აკეთებდა. ეს მაშფოთებდა, რადგან ამ ცივ, ბოროტ, ანგარებიან კურკურს ვერ ვიტანდი, სისხლისაღმრევ სიახლოვეს განმაცდევინებდა ჩემს საკუთარ უგრძნობელობასთან. მაგრამ მაინც წამეკიდა გზნება, იქნებ უფრო მეტად სიძულვილისაგან, ვიდრე ამ ქალით გატაცებისაგან. ახლოს მივედი და ურცხვად ჩავხედე თვალებში. „მე შენ მინდიხარ, მშვენიერო ცხოველო“, - არაორაზროვნად ამბობდა ჩემი მზერა, და ეტყობოდა, ჩემი ბაგეებიც უნებურად შეირხა, რადგან იმან გამიღიმა ოდნავ ზიზღნარევი ღიმილით და კაბა გაისწორა. შავი თვალები მაშინვე მკვირცხლად აქეთ-იქით გაექცა. სრულიად ნათელი იყო, რომ ისიც ისეთივე ცივი იყო, როგორც მე, რომ იგი ჩემი ღირსეული პარტნიორი გახლდათ, რომ თითოეული ჩვენგანი მეორის ჯიბრზე ნაცარს ჩხრეკდა, რომელიც მხოლოდ მოჩვენებით ცეცხლს გააღვივებდა, რაც მხოლოდ თვალს გაახარებდა და ამ ნაღვლიან დღეს დროს მოკლავდა.      მაგრამ უცბად გამოცოცხლება გაჰქრა მისი სახიდან, თვალებში ბრწყინვალება ჩაუქრა, ახლახან მომღიმარე ბაგეებზე წყენის ნაოჭი გაუწვა.      თვალს არ ვაშორებდი მის მზერას: ტანდაბალი, ფაშფაშა კოსტუმიანი სქელ-სქელი ბატონი აჩქარებით მოდიოდა მისკენ, თან აღელვებული გზა-გზა გაოფლიანებულ სახეს იწმენდდა ცხვირსახოცით. შლიაპის ქვეშ, აჩქარებისაგან გვერდზე რომ მოქცეოდა, დიდი ქაჩალი ადგილი მოუჩანდა. გუნებაში გავიფიქრე, ეს მოტვლეპილი თავი ქუდქვეშ ალბათ მსხვილი ოფლის წვეთებით აქვს დაცვარული-მეთქი, და უნებური ზიზღი ვიგრძენი ამ კაცისადმი. ბეჭდებაჩონჩხლილი ხელი ბილეთების დასტას ჭმუჭნიდა და მღელვარებისაგან გულგასიებულს ცოლისათვის არც კი შეუხედავს, უნგრულად ხმამაღლა გამოელაპარაკა ოფიცერს. მაშინვე მივხვდი, რომ საცხენოსნო სპორტის თავგამოდებული მოყვარული იყო. ვინ იცის, იქნებ რომელიმე მსხვილი ვაჭარი გახლდათ, რომლისთვისაც მთელი ცხოვრების აზრს აზარტი შეადგენდა. ეტყობოდა, ცოლმა შენიშვნა მისცა (მისი იქ ყოფნა არცხვენდა ქალს და ახლა მცირეოდენი მხნეობაც კი დაკარგა), რადგან შლაპა გაისწორა, მერე გულკეთილად გაიცინა და დაჰკრა მხარზე ხელი. ქალმა მრისხანედ შეჰყარა წარბები. ეტყობოდა, გააბრაზა ასეთი ინტიმური დამოკიდებულების გამომჟღავნებამ, შერცხვა ოფიცრისა და იქნებ უფრო მეტად ჩემი. კაცმა ისევ ბოდიში მოიხადა, ისევ უთხრა რამდენიმე სიტყვა ოფიცერს უნგრულად, რომელზეც იმან თავაზიანი ღმეჭით უპასუხა, მერე მორიდებითა და ნაზად გაუყარა ცოლს მკლავი. მივხვდი, რომ ქალს შერცხვა ასეთი ინტიმურობის გამომჟღავნებისა ჩვენს თვალწინ და მეც ზიზღნარევი, დამცინავი ღიმილით შევცქეროდი მის დამცირებას, მაგრამ იგი ისევ დაეუფლა საკუთარ თავს, მსუბუქად დაეყრდნო კაცის მკლავს, ირონიული მზერით მომხედა, თითქოს მეუბნებოდა: „ხედავ, აი, ამას ვეკუთვნი და არა შენ“. ეს მწყინდა კიდეც და თან ზიზღიც დამეუფლა. მხოლოდ ისღა მსურდა, ზურგი შემექცია მისთვის და გავტრიალებულიყავ, რომ დამემტკიცებინა, ამ ვულგარული, სქელ-სქელი კაცის ცოლი მე ვერ დამაინტერესებდა, მაგრამ ისე დიდი იყო ცდუნება, დავრჩი.       სწორედ ამ წუთში სტარტის ყურისწამღები ნიშანი გაისმა. უცბად მთელი ეს მოყაყანე, ზანტად მოსეირნე დაქუცმაცებული ხალხის ტალღა ამოძრავდა და ერთად მიაწყდა ბარიერს. ამ ტალღამ ლამის მეც გამიყოლა, მაგრამ მე უეჭველად მინდოდა, საერთო არეულობაში ამ ქალის გვერდით მოვხვედრილიყავი იმის იმედით, რომ შემთხვევა მომცემოდა გაბედული შეხედვისა, ჟესტის, რაიმე თამამი საქციელის, ოღონდ რისი, მე თვითონაც არ ვიცოდი, ამიტომ ჯიუტად ვარღვევდი ხალხის ტალღას და მივიწევდი მისკენ. მისი ქმარიც გააფთრებით მოიწევდა წინ, ეტყობოდა, უნდოდა უკეთესი ადგილი დაეჭირა ტრიბუნის მახლობლად, და უცბად ტალღის მოწოლით ისე მაგრად დავეჯახეთ ერთმანეთს, რომ ქუდი გადასძვრა და მის ბაფთში ჩატანებული ბილეთები აქეთ-იქით გაიფანტა, თითქოს წითელი, ლურჯი, ყვითელი და თეთრი პეპლებიაო. მან გაბრაზებით შემომხედა. ის იყო, უნებურად ბოდიშის მოხდას ვაპირებდი, რომ რაღაც ავმა გაბოროტებამ ენა ჩამიგდო. ის კი არა, ცივად, უტიფრად, შეურაცხმყოფელი, გამომწვევი მზერით შევცქეროდი. მისი მზერა ერთ წუთს დათრგუნვილი გააფთრებით აენთო, მაგრამ მაშინვე შიშით გაჰქრა ჩემი მზერის წინაშე. ერთ წუთს რაღაც დაუვიწყარი, დამფრთხალი თვალებით შემომხედა თვალებში, მერე გატრიალდა, მაგრამ უცბათ თავისი ბილეთები მოაგონდა, აიღო ქუდი და იმათი შეგროვება დაიწყო. მისმა ცოლმა კი ხელი გაუშვა ქმარს და დაუფარავი გააფთრებით, მღელვარებისაგან მთლად ალმურმოდებულმა მომანათა თვალები. მე გულში ვზეიმობდი, რომ ვუყურებდი, ლამის იყო ჩემთვის სილა გაეწნა. გულგრილად ვიდექი იმავე ადგილას და თავხედური ღიმილით თვალს ვადევნებდი, სწორედ ჩემს ფეხებთან სქელი კაცი როგორ ჰკრეფდა ხვნეშით ბილეთებს. დახრისას საყელო გაფხორილი ქათმის ფრთასავით გადაეწეოდა და ქონის სქელი ფენა ამოებერებოდა სქელ კეფაზე. ყოველი დახრისას ავადმყოფურად ხვნეშოდა. უნებურად წარმოვიდგინე ის ლეში ცოლქმრული ალერსისას და ზიზღითა და დაუფარავი ღიმილით შევცქეროდი მის მრისხანებისაგან დამახინჯებულ სახეს. ახლა ქალი მეტისმეტად ფერმკრთალი ჩანდა და ძლივს იკავებდა თავს, ბოლოსდაბოლოს წარვტაცე მას ჭეშმარიტი, ნამდვილი გრძნობა: სიძულვილი, დაუოკებელი მრისხანება. სიამოვნებას მგვრიდა ამ ბრაზისმომგვრელი სცენის უსაზღვრო გაჭიანურება და გულგრილი ნიშნისგებით ვადევნებდი თვალს, როგორ იტანჯებოდა ეს სქელ-სქელი კაცი, რომ სათითაოდ აეკრიფა ბილეთები. მოუსვენარი ეშმაკი მეჯდა ყელში, რომელიც გამუდმებით ხითხითებდა, თავს ძლივს იკავებდა სიცილისაგან. ო, როგორ მინდოდა, ერთი გულიანად გადამეხარხარა, ან ჯოხი მეკრა ჩემს ფეხებთან მხოხავი ლეშისათვის. არასოდეს ასეთ ბრაზს არ შევუპყრივარ, როგორიც ამ კადნიერ, თავის თავში დარწმუნებულ ქალზე სრული გამარჯვების წუთებში.       მაგრამ აი, უბედურმა ბოლოს და ბოლოს შეაგროვა ბილეთები გარდა ერთისა - ლურჯი ბილეთისა, რომელიც უფრო შორს გაფრენილიყო და პირდაპირ ჩემს ფეხებთან ეგდო. იგი ქოშინით მიტრიალდა აქეთ-იქით, ეძებდა თავისი ახლომხედველი თვალებით. პენსნე ოფლით დაცვარულ ცხვირზე ჩამოსცურებოდა. მე ცბიერად ვისარგებლე ამ წუთით, რომ გამეგრძელებინა ძებნა, რაც სიცილს მგვრიდა. ბავშვური სიცელქით სწრაფად წამოვწიე ფეხი და დავაფარე ლურჯ ქაღალდს: ახლა ვერასგზით ვეღარ იპოვიდა, შემეძლო, რამდენ ხანსაც მოვისურვებდი, მეტანჯა იგი, მეძებნინებინა, და ისიც ეძებდა, ეძებდა შეუსვენებლივ, ფორთხავდა, კვლავ ითვლიდა სხვადასხვაფერ ფურცლებს; რაღა თქმა უნდა, მხოლოდ ერთი, ჩემი აკლდა. და როცა მომძლავრებულ ხალხის ტალღაში კვლავ აპირებდა ძებნას, იმისი ცოლი პუჩების კვნეტით ჯიუტად შეტრიალდა, თვალი აარიდა ჩემს დამცინავ მზერას, ვეღარ მოითმინა და იფეთქა.      - ლაიოშ! - მბრძანებლურად უყვირა ქმარს. კაცი შეკრთა, როგორც ცხენი შეკრთება ხოლმე ნაღარის დაცემისას, კიდევ მოავლო თვალი მიწას. ფეხქვეშ დამალულმა ბილეთმა შემიღიტინა და ძლივს ვიკავებდი სიცილს. მერე მორჩილად მიტრიალდა ცოლისკენ. ქალმა საოცარი სისწრაფით მომაშორა ქმარი და ორივე მჩქეფარე ხალხის ნიაღვარს შეერია.      მე კი იქვე დავრჩი, ოდნავი სურვილიც კი არა მქონია, იმათ გავყოლოდი. ეპიზოდი ჩემთვის დამთავრებული იყო. ეროტიული დაძაბულობის გრძნობამ ჩამიხშო წუთიერი სურვილი, გზნება, უცაბედი აფეთქება და ამ თამაშისაგან მხოლოდ კმაყოფილების სასიამოვნო, უტიფარი შეგრძნება შემომრჩა, რომ ნომერი გამოვიდა. წინ ერთი ჭყლეტა იყო, აღგზნებული ტალღა მღვრიე, აქაფებულ ზვირთივით მიაწყდა ბარიერს, მაგრამ მე არც კი ვიყურებოდი იქითკენ; მომწყინდა, ახლა მხოლოდ იმაზეღა ვფიქრობდი, აქვე პარკში გავისეირნო, თუ შინ წავიდე-მეთქი. მაგრამ ნაბიჯი გადავდგი თუ არა, მაშინვე შევნიშნე მიწაზე დაგდებული ლურჯი ბილეთი. ავიღე და ხელში ვათამაშებდი, არ ვიცოდი, სად წამეღო. თავში გამიელვა, ლაიოშისათვის დამებრუნებინა, რაც დიდებული მიზეზი იქნებოდა მისი ცოლის გაცნობისა, მაგრამ იგი ახლა სულაც აღარ მაინტერესებდა და ის წუთიერი ინტერესი, რაც ამ შემთხვევამ აღმიძრა, კარგა ხანია შესცვალა ჩემმა ჩვეულებრივმა გულგრილობამ. იმდენად მძაგდა ეს ლეში, ამ უხმო ორთაბრძოლის, გულღია მზერის მეტს აღარაფერს მოვითხოვდი ლაიოშის ცოლისაგან. გავერთე ამ თამაშით და ახლა წუთიერად თუ დამეუფლებოდა ცნობისმოყვარეობა, სასიამოვნო შეგრძნება.       სკამი, რომელიც იმას დავუთმე, ისევ იმავე ადგილას იდგა ცარიელი, უფრო მოხერხებულად დავჯექი და სიგარა გავაბოლე. ჩემს წინ ისევ ბობოქრობდნენ ვნებანი, მაგრამ მე ყურს აღარ ვუგდებდი. ჩემზე არ მოქმედებდა განმეორებანი, ნება-ნება ვაბოლებდი და ვფიქრობდი წყალვარდნილზე, რომელიც ორი წლის წინ ვნახე მერანოში. სწორედ ისეთი იყო, როგორც აქაურობა: მშფოთვარე, მჩქეფარე ნაკადი, რომლისაგან არც არავის სცივა და არც არავის სცხელა, უაზრო გრგვინვა ზურმუხტისფერ პოეზიაში. მაგრამ აი, ხალხის ტალღის დრტვინვამ უმაღლეს წერტილს მიაღწია. აბობოქრებულ ხალხის ზვირთებს ზემოთ კვლავ გამოჩნდა ქოლგები, შლიაპები, ცხვირსახოცები, კვლავ ყველაფერი ერთ გოდებად შეირწყა და ხალხის ვეებერთელა ტალღიდან კვლავ ათასგზის გამოიყო ერთი სახელი, რასაც დიდი აღტაცებით და თავგამოდებით ყვიროდნენ: „კრესი! კრესი! კრესი!“ მერე დაჭიმულ სიმის ხმასავით უცბად შეწყდა (რა ერთფეროვანია გზნებანი, როცა მეორდება). იგრიალა მუსიკამ. ხალხი იშლებოდა. ასწიეს ფარდები, რომლებზეც გამარჯვებულთა ნომრები ეწერა. ანგარიშმიუცემლად შევხედე მათ. პირველ ადგილზე შვიდიანი ბრწყინავდა. უნებურად შევხედე ხელში შემორჩენილ ლურჯ ბილეთს. იმაზეც შვიდიანი იყო გამოსახული.      გამეცინა. ბილეთმა მოიგო. ძვირფასი ლაიოში მიხვდა ალბათ ამას. ამგვარად, კვლავ ჩემს ხელთ იყო იმ ქალის სქელი მეუღლე. უცბად ეშმაკი შემიჯდა სულში. ახლა მაინტერესებდა, რამდენი დაუჯდა იმას ჩემი იჭნეული ჩარევა. პირველად დავაკვირდი ლურჯ ბილეთს; ბილეთი ოცი კრონისა იყო და ლაიოშიც მოგებული გახლდათ. ეს საკმაო თანხა იყო. დიდხანს არც კი მიფიქრია, ცნობისმოყვარეობით შეპყრობილი შევუერთდი ხალხის ტალღას, რომელიც სალაროებს მიაწყდა. ერთ-ერთ რიგში გავეჭედე, წარვუდგინე ბილეთი და კაცის ძვალტყავა, სწრაფმა ხელებმა, ვისი სახეც არასოდეს მენახა, მარმარილოს დაფაზე მომითვალა ოცი კრონის ცხრა ბანკნოტი.       იმ წუთში, როცა მონაგები ნამდვილი ფული მომითვალეს, სიცილი შემეყინა ბაგეებზე. უცბად საშინელი გრძნობა დამეუფლა. უნებურად ხელი გავწიე, რომ არ მიმეკარებინა სხვისი ფულისაკენ. სჯობდა, ეს ბანკნოტები დაფაზე დამეტოვებინა, მაგრამ ჩემს უკან ერთი ჭყლეტა იყო და მოუთმენლად ელოდნენ მონაგების მიღებას. ამგვარად, ზიზღით ავიღე ბანკნოტები, თითქოს მწვავდა, თითქოს ცეცხლის ენებიაო, ის კი არა, ხელიც კი გავწიე, თითქოს ჩემი არ იყო. მაშინვე მივხვდი, რა გამოუვალ მდგომარეობაშიც ჩავვარდი, ჩემდა უნებურად ხუმრობამ ისეთი ხასიათი მიიღო, რაც არ შეჰფეროდა წესიერ კაცს. ჯენტლმენს. მე თვითონვე ვერ ვბედავდი, ჩემი საქციელისათვის ნამდვილი სახელი მეწოდებინა. ეს ხომ დამალული კი არა, ეშმაკურად გამოცანცლული, მოპარული ფული იყო.      ჩემს გარშემო ხალხი ზუზუნით, ხელისკვრით მიიწევდა სალაროებისაკენ, ან უკან გამოდიოდნენ. მე კვლავ გაუნძრევლად ვიდექი ხელგაწვდილი. რა უნდა მექნა? უწინარეს ყოვლისა, მომაგონდა, რაც ყველაზე ბუნებრივი იყო; მომენახა ბილეთის მფლობელი, ბოდიში მომეხადა და უკან დამებრუნებინა ფული. მაგრამ ეს შეუძლებელი იყო, განსაკუთრებით იმ ოფიცრის თანდასწრებით. მე ხომ თადარიგის ლეიტენანტი გახლდით და ასეთი აღიარებისათვის უეჭველად ჩინით ჩამომაქვეითებდნენ. თუნდაც რომ შემთხვევით მეპოვნა ბილეთი, ფულის აღება უღირსი საქციელი იყო. ისიც კი ვიფიქრე, ხომ არ ავყოლოდი ინსტინქტურ სურვილს - მომეჭმუჭნა ქაღალდები და გადამეყარა, მაგრამ ესეც შეიძლებოდა ვინმეს საეჭვოდ მოსჩვენებოდა. მე კი არავითარ შემთხვევაში, ერთი წუთითაც კი არ მინდოდა ხელში მჭეროდა სხვისი ფული, თუნდაც იმ აზრით, რომ ვინმესთვის მეჩუქებინა. ბავშვობიდანვე შესისხლხორცებული სიწმინდის გრძნობა ნებას არ მაძლევდა ამ ბანკნოტების ხელის შეხებისა. თავში ჩაქუჩივით მარტყამდა ერთი აზრი, რა ხერხითაც არ უნდა ყოფილიყო, ოღონდ მომეშორებინა ეს ფული. დაბნეულმა უნებურად აქეთ-იქით მივიხედ-მოვიხედე, ხომ არ არის სადმე ისეთი მიფარებული კუთხე, რომ ეს ფული გადავყარო-მეთქი, რომ უცბად შევნიშნე, ხალხი კვლავ მიიწევდა სალაროებისაკენ, მაგრამ ახალ უკვე ფულით ხელში. ამ წუთში თავში გამიელვა, დამებრუნებინა ფული ცბიერი შემთხვევისათვის, რომელმაც იგი შემომაჩეჩა, უკან ჩამეგდო იმ გაუმაძღარ ხახაში, ჩემს თვალწინ ხარბად რომ ნთქავდა ვერცხლსა და ბანკნოტებს. დიახ, ეს იყო გამოსავალი, ეს იყო ჭეშმარიტი ხსნა!       ადგილს მოვწყდი, მივირბინე სალაროებთან, ჩავდექი რიგში. მხოლოდ ორი კაცი იდგა ჩემს წინ. პირველი უკვე მივიდა ტოტალიზატორთან, რომ უცბად მომაგონდა, არც კი ვიცოდი, რომელი ცხენი დამესახელებინა. დაძაბული ვუგდებდი ყურს სხვების ლაპარაკს: - რავახოლზე სდებთ? - ჰკითხეს ერთს. - რაღა თქმა უნდა, რავახოლზე, - უპასუხა მეორემ. - თქვენ როგორ გგონიათ, ტედის არა აქვს შანსები? - ტედის? - სულაც არა. ჰანდიკაპში მთლად ჩაფლავდა. ტედი მკვეხარაა და მეტი არაფერი...      როგორც მწყურვალე ადამიანი ხარბად დაეწაფება ხოლმე წყალს, ისე ვისრუტავდი ამ სიტყვებს. მაშ ასე, ტედი უიმედოა, ტედის არ შეუძლია გაიმარჯვოს. მაშინვე გადავწყვიტე ის ამერჩია. გავყარე ფული ფანჯარაში და დავასახელე ეს-ესაა გაგონილი სახელი ტედისა, ვიღაცამ ხელში მომაყარა ბილეთები, ერთის მაგივრად ცხრა ბილეთის მფლობელი გავხდი. ეს არ იყო სასიამოვნო, მაგრამ არც ისე საზიზღარი და დამამცირებელი გახლდათ, როგორც ხელში მოშრიალე ბანკნოტების ჭერა.      ისევ შვებით ამოვისუნთქე. ფული მოვიშორე. დამთავრდა თავგადასავლის უსიამოვნო მხარე და კვლავ უწყინარი ხუმრობის ხასიათი მიიღო. იმავე სკამზე დავჯექი და ნება-ნება ვაბოლებდი სიგარას, ბოლის ბოლქვებს ვუშვებდი, მაგრამ ერთ ადგილას ვერ ვისვენებდი. წამოვდგებოდი, წინ და უკან დავდიოდი, კვლავ დავეშვებოდი კიბეზე. საოცარი იყო: ნეტარი, საოცნებო სიმშვიდე უკვალოდ გაქრა. რაღაც გამოუცნობი მღელვარება დამეუფლა. პირველად მეგონა, ეს უსიამოვნო გრძნობა გამოწვეული იყო ხალხში ლაიოშისა და იმისი ცოლის დანახვის შიშით. მაგრამ აბა ისინი როგორ მიხვდებოდნენ, რომ ეს ახალი, თეთრ, წითელზოლებიანი ბილეთები იმათ ეკუთვნოდა? არც აღელვებული, მოფუსფუსე ხალხი მიშლიდა ხელს. პირიქით, ყურადღებით ვადევნებდი თვალს, ბარიერისკენ ხომ არ მიიწევს-მეთქი. ის კი არა, საკუთარი თავი იმაშიც კი დავიჭირე, რომ ყოველ წუთს ვდგებოდი სკამიდან და თვალებით ვეძებდი დროშას, რომელსაც დოღის დაწყებისას აღმართავენ ხოლმე. ეს მხოლოდ ფიცხი მოუთმენლობა იყო, რამაც შემიპყრო სტარტის მოლოდინში, რადგან მინდოდა, ეს სულელური ამბავი სამუდამოდ დამთავრებულიყო.      გვერდზე ჩამირბინა ბიჭმა, რომელსაც აფიშები ეჭირა ხელში. დავუძახე, ვიყიდე აფიშა და დავიწყე ჩემთვის გაუგებარ სპორტულ ენაზე დაწერილი ტექსტის კითხვა, სანამ ბოლოს ტედის არ წავაწყდი. გამოვიცანი ჟოკეის, თავლის მფლობელის გვარი, ფერები - წითელი და თეთრი. მაგრამ რად მინდოდა ეს? გააფთრებით მოვჭმუჭნე ქაღალდი და გადავაგდე. წამოვდექი სკამიდან, მერე ისევ დავჯექი. უცბად დამცხა, სველი შუბლი ცხვირსახოცით მოვიწმინდე. საყელო ყელში მიჭერდა. დოღი ჯერ კიდევ არ დაწყებულიყო.      ბოლოს გაისმა ზარის ხმა. ხალხის ტალღა წინ მიაწყდა და ამ წუთში შევიგრძენი, რომ ამ ზარის წკრიალმა მაღვიძარასავით გამომიყვანა მთვლემარე გაშეშებიდან. ისე უცბად წამოვხტი, რომ სკამი გადაყირავდა, და ვიჩქარე, არა, თავპირის მტვრევით გავიქეცი, მაგრად ვჭმუჭნიდი მუშტში ბილეთებს და ხალხის ტალღაში ისე შევიჭერი, თითქოს მეშინოდა, არ დამგვიანებოდა, მეტისმეტად მნიშვნელოვანი რამ არ გამომრჩენოდა. ნიდაყვების უხეშად ქნევით ბარიერამდე მივაღწიე და თავხედურად ვეტაკე სკამს, რომელზეც ის იყო ერთი მანდილოსანი აპირებდა დაჯდომას. მის განცვიფრებულ მზერაზე მაშინვე მივხვდი, რომ უზრდელად მოვიქეცი. ეს ჩემი კარგი ნაცნობი გრაფინია „რ“ გახლდათ. იგი წარბებშეჭმუხვნილი განრისხებული შემომცქეროდა, მაგრამ სირცხვილისა და სიჯიუტის გამო ცივად მოვტრიალდი და სკამზე შევხტი, რომ უკეთ დამენახა ბილიკი.      სადღაც, შორს, მწვანე მინდორზე, სტარტთან ცხენების პატარა ჯგუფი შევნიშნე, რომელთაც თავს ძლივს უჭერდნენ პატარა, ჭრელ-ჭრელი, ჯამბაზებივით ჟოკეები. მინდოდა იმათ შორის ჩემი ამორჩეული ცხენი დამენახა, მაგრამ უჩვევი თვალი მქონდა. რაღაც მოციმციმე ბურუსი მიშლიდა ხელს და მრავალფერ ლაქებს შორის ვერ ვარჩევდი წითელსა თეთრ ფერს. ამ წუთში გაისმა მეორე ზარი და როგორც ერთი მშვილდიდან გასროლილი შვიდი ჭრელი ისარი, შვიდი ცხენი გაიჭრა მწვანე ბილიკზე. დამშვიდებული მაყურებლისათვის, რაღა თქმა უნდა, უჩვეულო, ლამაზი სანახაობა იყო. კოხტა ცხენები გააფთრებული ჭენებით გაიჭრნენ მწვანე მინდორზე, ნალებს მიწას არც კი აკარებდნენ, მაგრამ მე ვერაფერს ვამჩნევდი, მხოლოდ იმას ვცდილობდი სასოწარკვეთილი, ჩემი ცხენი და ჩემი ჟოკეი გამომეცნო და თავბედს ვიწყევლიდი, ბინოკლი რად არ წამოვიღე-მეთქი. როგორ არ ვიხრებოდი, როგორ არ ვიჭიმებოდი, მხოლოდ ოთხს თუ ხუთ ჭრელ ქინქლას ვხედავდი, რომელიც ერთ მფრინავ გორგალს შერწყმოდა. მაგრამ აი, მოსახვევში ეს გორგალი გაიშალა, შექმნა სოლი, წაწვეტებული მხარე წინ გამოიწია და უკან გამოეყო რამდენიმე ჩამორჩენილი ცხენი. გააფთრებული ბრძოლა იყო, სამი თუ ოთხი ცხენი, ჭენებაში გადარეული, თავი თავზე მიდებული მიჰქროდა, გეგონებოდათ ერთმანეთის გვერდზე დაწებებული სხვადასხვა ქაღალდის ზოლებიაო. ხან ერთი, ხან მეორე ისკუპებდა და ცოტათი წინ გამოიჭრებოდა. მეც მთელი ტანით ვიჭიმებოდი, კუნთებს ვძაბავდი, თითქოს ეს უშველიდათ ცხენებს, რომ უფრო სწრაფად, ქარივით ექროლათ.       ჩემს გარშემო მღელვარება მატულობდა. ზოგიერთი გამოცდილი მაყურებელი მოსახვევშივე არჩევდა ჟოკეის ფერს, რადგან გაურკვეველ ხმაურში შუშხუნებივით ავარდებოდა ხოლმე ცაში სახელები. ჩემს გვერდით ერთი კაცი იდგა, რომელიც გააფთრებით იქნევდა ხელს და როცა ერთი ცხენის თავი წინ წამოვიდა, ფეხი დააბაკუნა და ველურად დაიღრიალა ამაზრზენი საზეიმო ხმით; „რავახოლ! რავახოლ!“ - უცბად დავინახე, ამ ცხენის ჟოკეის ტანსაცმელი მართლაც ლურჯად ელავდა და საშინლად გავბრაზდი, რომ ჩემი ცხენი არ იმარჯვებდა. თანდათან აუტანელი ხდებოდა ჩემთვის ჩემი მეზობლის ყურისწამღები ღრიალი: რავახოლ! რავახოლ!“ ისე გავფითრდი, ძლივს შევიკავე თავი, რომ მუშტი არ მიმერტყა მის ფართოდ დაღებულ, აღრიალებულ შავ პირში. სიბრაზისაგან ისე ვცახცახებდი, არც კი ვგრძნობდი, ყოველ წუთს როგორ ვკარგავდი განსჯის უნარს. მაგრამ აი, მეორე ცხენი ლამის გაუსწორდა პირველს. იქნებ ეს ტედია, იქნებ, იქნებ, - და იმედმა ფრთები შემასხა. მართლაც, მომეჩვენა, რომ უნაგირზე გაიელვა წითელმა ხელმა, როცა ჟოკეიმ გავაზე შემოსცხო. იქნებ ეს ტედი იყო, არა, ტედია, ტედი, უეჭველად ტედია! მაგრამ რატომ არ უსწრებს წინ ის არამზადა? კიდევ შემოსცხე წკეპლა, შემოსცხე! ახლა სულ ახლოს იყო, ერთი ნახტომი და! რატომ უსწრებს რავახოლი? არა, რავახოლი არა! რავახოლი არა! ტედი! ტედი! გაუსწარი, ტედი, ტედი! უცბად უკან მოვიხედე. რა მოხდა? ვინ ღრიალებდა ასე? ვინ ღრიალებდა ასე გააფთრებით: „ტედი! ტედი!“ ეს ხომ მე ვიყავი. თუმცა ჭკუას ვკარგავდი, მე თვითონვე მეშინოდა საკუთარი თავისა. მინდოდა თავი შემეკავებინა, ჩემი თავი ხელში ამეყვანა. სირცხვილი მკლავდა, მაგრამ თვალს ვერ ვწყვეტდი ვერც ერთ ცხენს, თითქოს ერთმანეთს რომ შერწყმოდნენ. ეტყობოდა, ტედი მართლა ებრძოდა პირველ ადგილს იმ წყეულ რავახოლს, რომელიც ნამდვილი სიძულვილით მძაგდა, რადგან ჩემს გარშემო ატყდა ყურისწამღები ყვირილი: „ტედი! ტედი!“ - და მეც ერთ წუთს გონს მოსული კვლავ გავხელდი. ტედიმ უნდა მოიგოს, ვალდებულია მოიგოს! და მართლაც, აი, წინ მქროლავი ცხენის თავს გამოეყო მეორე თავი, ჯერ ერთი მეოთხედით, მერე ნახევრით, აი, უკვე კისერიც ჩანს - ამ დროს ზარმა დაიჟღრიალა და ხალხის ტალღას სიხარულის, სასოწარკვეთილების, მრისხანების ღრიალი აღმოხდა. ერთ წუთს სასურველმა სახელმა აავსო მთელი ცის თაღი, მერე ყვირილი მიწყდა და სადღაც მუსიკამ დაიგრიალა.       ალმურმოდებული, მთლად ოფლად დაღვრილი, გულაძგერებული ჩამოვხტი სკამიდან. ერთ წუთს ისევ ჩავჯექი, რადგან თავი მიბრუოდა. სიხარულმა შემიპყრო, რაც არასოდეს განმიცდია, დაუოკებელმა სიხარულმა იმის შეგრძნებისა, რომ შემთხვევა ასე ბრმად დაემორჩილა ჩემს სურვილს. ვცდილობდი საკუთარი თავი დამერწმუნებინა იმაში, რომ ცხენმა ჩემი სურვილის წინააღმდეგ მოიგო, რომ მე მინდოდა წამეგო ეს ფული. მაგრამ თანაც არ მჯეროდა ამისი და მთელს სხეულში საშინელ ქავილს ვგრძნობდი. რაღაც მიბიძგებდა და კარგად ვიცოდი, საითკენ: მინდოდა მეგრძნო გამარჯვება, მენახა იგი, შემეგრძნო, ხელში მჭეროდა ფული, ათრთოლებული თითებით გადამეთვალა ლურჯი ბანკნოტების დასტა. რაღაც გამოუცნობმა გააფთრებულმა ვნებიანმა სურვილმა შემიპყრო და ვეღარავითარი სირცხვილი ვერ შემაკავებდა. წამოვდექი თუ არა სკამიდან, სალაროსკენ გავიქეცი, უხეშად გავარღვიე რიგში მდგომი ხალხის ტალღა, სარკმელთან მივიჭერი, რომ რაც შეიძლება ჩქარა, ჩქარა დამენახა ნამდვილი ფული.      - უზრდელო! - ჩაიბუზღუნა ვიღაცამ ჩემს ზურგსუკან, მაგრამ გაბრაზება არც კი მიფიქრია, მთლად ვცახცახებდი მიუღწეველი, გააფთრებული მოუთმენლობისაგან. ბოლოს ჩემი რიგიც დადგა და ხარბად ვტაცე ხელი ბანკნოტების დასტას. სიხარულისაგან აცახცახებულმა გადავთვალე. დასტაში ექვსას ორმოცი კრონი იყო.      მაგრად ვუჭერდი ხელს ფულს. ჩემი პირველი ფიქრი ის იყო, კიდევ ამეღო, უფრო მეტი მომეგო, ბევრად უფრო მეტი. სად გაქრა ჩემი აფიშა? ოჰ, მღელვარებისაგან გადავაგდე! აქეთ-იქით ვიყურებოდი, იქნებ სხვა მეპოვნა, მაგრამ თავზარი დამეცა, რომ დავინახე, ჩემს გარშემო ხალხის ტალღა თხელდებოდა, გასასვლელისაკენ მიემართებოდა. სალაროები იკეტებოდა, დროშა დაეშვა. დოღი დამთავრდა. მე უკანასკნელი მოჯირითე ვიყავი. ერთ წუთს გაშეშებული ვიდექი. მერე მრისხანებამ შემიპყრო, თითქოს უსამართლობის მსხვერპლი ვყოფილიყავ. ვერა და ვერ შევრიგებოდი იმ აზრს, რომ ახლა, როცა ნერვები ასე მეტისმეტად დაძაბული მქონდა, როცა ამდენი ხნის შემდეგ სისხლი ასე მჩქეფარედ მიედინებოდა ჩემს ძარღვებში, დადგა აღსასრული. ამაოდ ვიტყუებდი თავს იმის იმედით, რომ ეს შეცდომა იყო: თანდათან იფანტებოდა ხალხის ჭრელი ტალღა და გათელილი ბალახი უკვე მწვანდებოდა აქა-იქ შემორჩენილ, დაგვიანებულ მგზავრთა ფეხქვეშ. ბოლოს გონს მოვეგე, მივხვდი, რომ სასაცილო, სისულელე იყო აქ ბორიალი, ავიღე შლიაპა და ჯოხი, მღელვარებისაგან რომ დამვიწყებოდა, და გასასვლელისაკენ გავემართე. ერთი მსახური მოვიდა, თავაზიანად მომიხადა ქუდი. მე ჩემი ფიაკრის ნომერი ვუთხარი, მან ხელები რუპორივით მიიტანა პირთან და დაუძახა. ფიაკრი მაშინვე ჭიშკართან გაჩნდა. მეეტლეს ვუბრძანე, ნელ-ნელა ევლო მთავარ ხეივანში, რადგან ახლა, როცა მღელვარება ცოტათი დამიცხრა, სიამოვნებას განმაცდევინებდა ამ დღეს განცდილი წვრილმანის მეხსიერებაში აღდგენა.       სწორედ იმ წუთში ჭიშკართან კიდევ ერთი ფიაკრი გაჩერდა. უნებურად გავიხედე იქითკენ და მაშინვე შემოვტრიალდი: ფიაკრში სწორედ ის ქალი და მისი სქელ-სქელი მეუღლე სხდებოდნენ. მე ვერ შემნიშნეს, მაგრამ მაშინვე საშინელი გრძნობა დამეუფლა, ჰაერი აღარ მყოფნიდა, თითქოს დანაშაულზე წამასწრესო. მინდოდა მეეტლისთვის დამეყვირა, მათრახი გადაეცხო ცხენებისათვის, რომ რაც შეიძლება ჩქარა გავცლოდი აქაურობას. ფიაკრი ნელ-ნელა გაცურდა რეზინის თვლებზე სხვა ფიაკრების გაყოლებით, რომლებიც ყვავილებით მორთულ ნავებივით მიირწეოდნენ წაბლების ხეივნის მწვანე ნაპირებს შორის და თან მიჰყავდათ ჭრელი ტვირთი - მორთულ-მოკაზმული ქალები. ჰაერი თბილი, სასიამოვნო იყო, უკვე იგრძნობოდა საღამოს სასიამოვნო სიგრილე, მაგრამ წეღანდელი ნეტარი, საოცნებო განწყობილება სრულიად გამიქრა: ჩემი სიცრუის მსხვერპლთან შეხვედრამ დამაბნია. თითქოს გაყინული ჰაერის ნაკადი შეიჭრა ჩემს სხეულში და მაშინვე დააცხრო ჩემი გზნება. კვლავ თავიდან და სრულიად დამშვიდებული გონებით მოვიფიქრე ყველაფერი. საკუთარ თავს ვეღარ ვცნობდი; მე, საზოგადოებაში პატივცემულმა ჯენტლმენმა, თადარიგის ოფიცერმა, საჭიროების გარეშე მივისაკუთრე ნაპოვნი ფული, შევინახე საფულეში და ეს ისეთი ხარბი სიხარულით, ისეთი სიამოვნებით გავაკეთე, რომ შეუძლებელი იყო ჩემი საქციელის გამართლება. ერთი საათის წინ უდანაშაულო, ჩირქმოუცხებელმა ადამიანმა ჩავიდინე დანაშაული - ქურდი გავხდი და თითქოს იმიტომ, რომ საკუთარი თავი შემეშინებინა, ხმადაბლა, ანგარიშმიუცემლად ავყევი ნალების კაკა-კუკს და ვიმეორებდი განაჩენს: „ქურდი! ქურდი! ქურდი! ქურდი!      მაგრამ უცნაურია, როგორ აღვწერო, რაც დამემართა? ეს ხომ ისეთი რამაა, რისი ახსნაც არ შეიძლება; უჩვეულოა და მაინც ვიცი, რომ არაფერს ვიგონებ, რაც იმ დღეს არ მომხდარა. ყოველი წვრილმანი ჩემი სულიერი მდგომარეობისა, ყოველი ფიქრი შთამებეჭდა მეხსიერებაში ისეთი ზებუნებრივი სიცხადით, როგორც არც ერთი მოვლენა ჩემი ოცდათექვსმეტი წლის ცხოვრებაში. მაგრამ მაინც ვერ გადამიწყვეტია გადმოგცეთ ქაღალდზე შეგრძნებათა ეს საოცარი მიმდინარეობა, ეს შემაძრწუნებელი აზრის ხვეულები. არა მგონია, რომელიმე პოეტსაც კი შესძლებოდა მათი გადმოცემა ლოგიკური თანმიმდევრობით. მე შემიძლია მხოლოდ აღვწერო ის, რაც განვიცადე, და თან ზედმიწევნით თანმიმდევრობით.      ამგვარად, ვეუბნებოდი საკუთარ თავს: „ქურდი! ქურდი! ქურდი!“ მერე დადგა საოცარი, რაღაც ცარიელი წუთი, როცა არ არსებობდა არაფერი, როცა მხოლოდ, - რა ძნელია ამის გამოთქმა, - როცა მხოლოდ ვისმენდი, ყურს ვუგდებდი საკუთარ გულისთქმას. საკუთარ თავს დაკითხვა მოვუწყე, წარვუდგინე დანაშაულობანი, ახლა სამართალში მიცემულს პასუხი უნდა გამეცა სასამართლოსათვის. და აი, ყურს ვუგდებდი, მაგრამ არაფერი მესმოდა. სიტყვა „ქურდს“, როგორც მათრახის დარტყმას, უნდა გამოვეფხიზლებინე და მერე სირცხვილისა და მონანიების უფსკრულში გადავეჩეხე. მაგრამ ეს სიტყვა ჩემზე არ მოქმედებდა, მოთმინებით ვიცდიდი რამდენიმე წუთს, კიდევ უფრო ღრმად ჩავხედე საკუთარ თავს, რადგან მეტისმეტად ნათლად შევიგრძნობდი, რომ ამ ჯიუტ დუმილში რაღაც იმალებოდა, და მღელვარებით ველოდი გამოძახილს, ველოდი, რომ ზიზღის, გულისწყრომის, სასოწარკვეთილების ყვირილი აღმომხდებოდა, მაგრამ ამჯერად არაფერი მომხდარა. არავითარი გამოძახილი. კიდევ გავიმეორე სიტყვა „ქურდი“ „ქურდი“ - ახლა უკვე ხმამაღლა, რომ გამეღვიძებინა თითქოს მიძინებული, მოდუნებული სინდისი. მაგრამ პასუხი კვლავ არ იყო. უცბად ელვასავით გამინათა გონება ნათელმა აზრმა, თითქოს ასანთი გაჰკრესო ბნელი უფსკრულის თავზე. მივხვდი, რომ მხოლოდ მინდოდა, სირცხვილი მეგრძნო, მაგრამ არა მრცხვენოდა, ის კი არა, თვით სულიერი დაცემულობის მომენტშიც კი რაღაც იდუმალი მიზეზით ამაყად ვგრძნობდი თავს და ბედნიერადაც კი, ამ ჩემი სულელური საქციელით.      როგორ შეიძლებოდა ეს? ახლა, როცა სულაც არ მაშინებდა ასეთი მოულოდნელი აღმოჩენა, მთელის ძალით ვეწინააღმდეგებოდი ამ გრძნობას, მაგრამ მეტისმეტი გზნებითა და შეუკავებლობით იღვიძებდა ჩემში. *გაგრძელება* →  …
დაამატა Kakha to ლიტერატურა at 9:40pm on თებერვალი 4, 2015
თემა: ბიძაჩემი იონა
მ უკანასკნელი აღმართი აიარა და სარკმლიდან სანაკლიოს ფერადი სახურავები გამოჩნდა, მაჯისცემა მკვეთრად გამიხშირდა; ის თავდაღმართიც რომ ჩავათავეთ და კივილით შევედით ძველ სადგურში, რომელიც დროის დინებას ისე გაჯიუტებოდა, იოტის ოდენადაც კი არ შეცვლილიყო, გული უკვე კედლებს აწყდებოდა და გარეთ გამოვარდნას ლამობდა; ბაქანზე გამოსულმა რომ ღრმად და სენტიმენტალურად ჩავისუნთქე მძიმე, დახუთული ჰაერი (ვინც ხანგრძლივი და უსახელო წანწალის შემდეგ მცირე ხნით მაინც სწვევია მშობლიურ ფუძეს, იცის, რომ, შეგრძნებათა სუბიექტურობის გამოისობით ასეთ დროს ყველაფერს საამო სუნი ასდის), ცრემლი მალულად მოვიწმინდე და ძალდაუტანებელი პათეტიკით გავიფიქრე: „ღმერთო, რამდენი დრო გამპარვია თვალსა და ხელს შუა!“; ხოლო მოსაცდელი დარბაზიც რომ გავიარე, რომელშიაც, როგორც მომეჩვენა, სიგარეტის ნამწვი იმავე ადგილას ეყარა, სადაც წლების წინ დავტოვე, და მოედანზე გავედი, ჩემი ბავშვობის ორეულები, ფეხშიშველები და მუხლებზე შარვალგამობდღვნილები, ქალაქის ყველა კუთხიდან წამოიშალნენ, შესახვედრად გამოეშურნენ და მუშტრის თვალით დამიწყეს ცქერა, თითქოს ამოწმებდნენ, აბა ერთი, რა გამოვიდა ჩვენგანო (სულელები! რა უნდა გამოსულიყო!). გული რაღაც ძალიან დიდით და ძალიან მსუბუქით მქონდა სავსე და გადავწყვიტე, ცოტა ხანს ქალაქის ქუჩებში მეხეტიალა. ახალი ნაწვიმარი იყო. ოღრო-ჩოღრო ტროტუარებზე მოფენილი მრავალრიცხოვანი გუბურები ამომავალი მზის ოქროსფერ სხივებს ხალისიანი ბრჭყვიალით ირეკლავდა. მალე ქალაქის ცენტრს მივუახლოვდი და მივხვდი, რომ მარადიულობის შთაბეჭდილება, რომელიც სადგურის დანახვაზე დამეუფლა, მცდარი ყოფილა. მშობლიური სანაკლიო შეცვლილიყო და გვარიანადაც შეცვლილიყო: მთავარი მოედანი გადაეკეთებინათ და გაეფართოებინათ, მილიციის შენობა ეკლარის ქვით მოეპირკეთებინათ, კვიპაროსები გაზრდილიყო, სასტუმრო დამწვარიყო, მთავრობის სახლის წინ ახალი რესტორანი გაეხსნათ, ბაღი დაეგავათ, ფსიქიატრიული საავადმყოფოსთვის კიდევ ერთი კორპუსი მიემატებინათ, შორს, ქვემოთ, სადაც ადრე ტრიალი მინდორი იყო და ჩემი შორეული ბავშვობა სიქის გაცლამდე ფეთიანივით დასდევდა ბურთს, ახლა მაღალ-მაღალი შენობები აეკოკოლავებინათ და შიგ სანაკლიელი მოქალაქეები დაბუდებულიყვნენ. ამ ცვლილებების დანახვაზე ჩემი ბავშვობის ცნობისმოყვარე ორეულები, თითქოს დაფრთხნენო, უკან-უკან წავიდნენ და თვალს მიეფარნენ, მაგრამ მე მაინც ვგრძნობდი მათს სიახლოვეს, მაინც მომდიოდა მათი ოფლის სუნი. ან კი სად უნდა დაკარგულიყვნენ! ამ ქალაქში მიწის ერთი გოჯი არ იყო, ზედ რომ ჩემი ფეხის ანაბეჭდი არ დამეტოვებინა. სანაკლიო, საყვარელი სანაკლიო! აქ დარჩა ჩემი ცხოვრების ყველაზე ნათელი ხანა, ყველაზე თბილი, ყველაზე სევდიანი, ყველაზე სათუთი მოგონებები... რა დამავიწყებს, სკოლიდან რომ კოლექტიურად გავიპარებოდით და მეორე დღეს სამასწავლებლოში დირექტორი ქამრით გვცემდა!.. დირექტორს ფართო, ჯარისკაცური ქამარი ერტყა, რომელიც მოქნევისას რაღაც უცხო, კოსმიურ ხმაზე წუოდა. იმ ქამრის შეხსნას რომ დაიწყებდა, მდედრობითი სქესის მასწავლებლები პირს მიიბრუნებდნენ ხოლმე. ჰოი, რა პატარები ვიყავით მაშინ, რა გულუბრყვილოები! რა მიამიტურად გვეგონა, რომ მდედრობითი მასწავლებლები ამას ჩვენი სიბრალულით სჩადიოდნენ. ან ნაკლისწყალზე, ქვემოთ, მოფარებულში, ზარის მოთამაშე ბიჭებს რომ შემოვეხვეოდით, სულგანაბულივადევნებდით თვალს და გული გამალებით გვიძგერდა, რადგან ვიცოდით, რომ ადრე თუ გვიან ჩხუბი მოუვიდოდათ და დანებს დააძრობდნენ... ეეჰ, რა ტკბი-ლია მოგონება და რა სევდიანი!.. გახსოვთ, ჩემო პატარა ორეულებო, ამურმა რომ პირველად გვტყორცნა ისარი და შიგ ათიანში გაგვარჭო? ის ისარი ახლაც აქ გდია სადღაც. ის ბანგიც აქ არის, ის ხანმოკლე, მაგრამ სიკვდილივით ტკბილი და საშიში თავდავიწყება... სახელი აღარ მახსოვს (დროო, დროო, უხამსო და მუხანათო!), მაგრამ ნახშირივით შავი გოგო იყო, იმდენად შავი, რომ გულის მესაიდუმლეები, რომლებსაც, უთქმელობას რომ არ გავეგუდე, ჩემს ხვაშიადს ვუზიარებდი ხოლმე, ალალი ინტერესით მეკითხებოდნენ, სიბნელეში როგორ ხედავო. თქვენ რა იცოდით, ჩემო გადავიწყებულო მეგობრებო, რომ მე გულზე მესხა თვალები, გულის თვალი კი ღამე ჭოტივით იყურება... პირველად რომ ვიგრძენი იღლიებქვეშ ფრთები და სანაკლიოს თავზე ღრუბლების გვერდით დავეკიდე, მათემატიკის უჯრებიანი რვეულიდან ექვსი ფურცელი ამოვხიე და ჩახრუხაულით გაწყობილი უგრძესი ლექსი მივწერე. ისეთ ხოტბას ვახსამდი, ზღაპრულ მზეთუნახავებს სიზმრად არ მოელანდებოდათ. ბოლოში, ყველაზე უკეთ გარითმული ოთხი ტაეპით, გაუაზრებლად ვიშველიებდი რა მესამე გამორიცხულის ლოგიკურ კანონს, ასეთ ალტერნატივას ვუყენებდი: ან მომკალი და ან ჩემი ცხოვრების მარადიული თანამგზავრი გახდი-მეთქი. მე ჩემს პოეტურ ნიჭზე დიდ იმედებს ვამყარებდი და, რაც უფრო დიდ იმედებს ვამყარებდი, მით უფრო მეშინოდა შედეგის, მით უფრო ვთრთოდი და ვცახცახებდი მღელვარებისაგან. ამასობაში საუკუნეები გავიდა და მეორე დღეს, როცა იმისგან, ვისაც ჩემი ნამუშაკევი გავატანე, შევიტყე, რომ ადრესატს ლექსი ბოლომდე წაეკითხა და თვალებანთებულს აღტაცებით ეთქვა, დედა, ეს რამშვენიერი პოჩერკი ჰქონიაო, ფრთებმა ქავილი დამიწყო და თოკებს, რომლებითაც ცაში ვეკიდე, ჭრაჭაჭრუჭი აუტყდა, ხოლო მესამე დღეს, როცა წერილობითი პასუხიც მივიღე – დიდი სიამოვნებით, მაგრამ სხვისთვისა მაქვს უკვე პირობა მიცემულიო – ბუმბულები შემოდგომის ფოთლებივით დამცვივდა, გამხმარი ფრთები მომძვრა, ტომარასავით მოვადინე ძირს ზღართანი და მოვკვდი. ისე უნუგეშოდ მოვკვდი, თუ გავცოცხლდებოდი, აღარ მეგონა... ეჰეჰე! რას ემგვანებოდა ჩვენი ცხოვრება, ფესვები რომ რომანტიკულ მოგონებათა კამკამა წყაროში არ გვქონდეს ჩაციებული! მე სევდიანად გავუღიმე ჩემს წარსულს, რომელიც გულის კოვზთან საამურად მიღიტინებდა, და გავიფიქრე: „ო, რა ტკბილი ხარ, ბავშვობის ნეტარო ხანავ!“ ამის გაფიქრებაზე ბიძაჩემი იონა გამახსენდა, იმავ წამს მარცხენა ფეხი კოჭამდე ჩავტოპე მოზრდილ გუბურაში, მყისვე დამავიწყდა, რაზე გამახსენდა ბიძაჩემი იონა, რადგან კარგა ხმამაღლა შევიკურთხე და ამით შემკრთალმა სწრაფად მიმოვიხედე, რომ დავრწმუნებულიყავი, ჩემს უნებურ ბილწსიტყვაობას მოწმე არავინ წასწრებია, მერე სველი ფეხსაცმელი რამდენჯერმე მაგრად დავკარი ტროტუარს, მაგრამ წყალი ბოლომდე არ გამოიწურა და, გზა რომ განვაგრძე, საამო მოგონებებს ერთხანს ამღვრეულ ფონად გასდევდა უსიამოვნო ჭყაპაჭყუპი. საბედნიეროდ, ყური მალე შეეჩვია იმ ჭყაპაჭყუპს და, როცა მე და ჩემი ქალაქი კვლავ ჰარმონიულად შევერწყეთ ერთმანეთს, ისევ გამახსენდა, რაზე გამახსენდა ბიძაჩემი იონა... არა, დავიწყებით არც არასოდეს დამვიწყებია და, საერთოდ, ბიძაჩემი იონა ისეთი კაცი არაა, ვინმეს თავი იოლად დაავიწყოს. გამახსენდამეთქი, იმიტომ ვთქვი, რომ იმ წამს მისი სახე უჩვეულოდ მკაფიოდ დამიდგა თვალწინ. ამის მიზეზი კი ის ფრაზა იყო, რომელიც გუნებაში „ო“ შორისდებულით დავიწყე. „ო“ შორისდებულზე ბიძაჩემმა იონამ წინადადებები იცოდა. მთელს სანაკლიოში ორად ორი ადამიანი იყო, ვისაც ბიძაჩემი იონა უყვარდა: მე და დედაჩემი. თუმცა, დედაჩემი იქნებ ანგარიშში ჩასაგდები არცაა, რადგან ძმა, მით უმეტეს უმცროსი ძმა, რა ღვთის პირიდან გავარდნილიც არ უნდა იყოს, დას მაინც ქვეყანას ურჩევნია. ასეთია ძმისა და, განსაკუთრებით, დის ბედი. მე რატომ მიყვარდა, დიდხანს არ ვიცოდი. მხოლოდ გვიან, როდესაც დიდი გავიზარდე და, როგორც ნატი-ფი ირონიით ვიტყვით ხოლმე, ჭკუაში ჩავვარდი, როდესაც შუადღემდე ძილი წმიდათაწმიდა მოთხოვნილებად მექცა, როდესაც მივხვდი, რომ ისე მოვკვდები, ვერა საქმეს გულს ვერ დავუდებ, როდესაც ცოლის შერთვის შიში მკვიდრად გამიჯდა ძვალ-რბილში, როდესაც ქცევის ნორმებზე და სხვა ამდაგვარ სისულელეებზე საბოლოოდ ჩავიქნიე ხელი (რის გამოც ჩემს გამოჩენაზე საზოგადოება უსიამოვნოდ და მგონი ცოტა უხერხულადაც იშმუშნება), როდესაც გადაჭრით დავადგინე, რომ გაცი-ლებით უფრო იოლი და სასიამოვნოა, ცხოვრების მდინარეს მიენდო და მიჰყვე, ვიდრე გულში უგუნური მიზანი ამოიჭრა და ტალღებთან უაზრო ჭიდილში ჟამიდან ჟამზე ჭუჭყიანი წყალი ყლაპო, როდესაც ყოველივე ეს ნათელი შეიქნა, აი, მაშინ მივხვდი, რომ მე და ბიძაჩემი იონა სულით უფრო მკვიდრი და ახლო ნათესავები ვიყავით, ვიდრე სისხლით, და რომ დედაჩემმა თვითონ არ იცოდა, რომ, როცა ჩემს წყევლას შინაარსიანს, ნათელს, კომპოზიციურად სანიმუშოდ შეკრულსა და მკაფიო, გამჭვირვალე შინაგან რიტმზე დამყარებულს, ტრადიციული ფორმულით დაასრულებდა – მოუკვდი, შვილო, დედაშენს, აგერ ნახავს შენი დასავსები თვალები, თუ ყველა სიგლახეში მაგ შენს უსაქმურ და უსაქციელო ბიძას არ გამოემგვანებიო – მისი ბაგეებით თავად ჭეშმარიტება ღაღადებდა. ოღონდ აქ ისიც უნდა შევნიშნო, რომ ზოგჯერ, როცა მამაჩემსაც წასძლევდა სული და ხსენებულ ფორმულას მიმართავდა (თუნდაც გაუბედავად და შერბილებული სახით), დედა მყისვე კლდესავით დადგებოდა თავისი მართლაც რომ უსაქმური და უსაქციელო ძმის დასაცავად. მამაჩემი, თავად მუდამ საქმიანი, უსაქმურობას ვერ იტანდა, ხოლო რაკი ბიძაჩემი იონა ჩვენთან ცხოვრობდა, ერთთავად იმის ცდაში იყო, როგორმე ცოლი შეერთვევინებინა. ეგონა, ამ გზით პრობლემას ერთ-ხელ და სამუდამოდ გადაჭრიდა, რადგან მისი წესიერების პატრონს ვერ წარმოედგინა, რომ ბიძაჩემ იონას შეეძლო ცოლიც ჩვენთან მოეყვანა. ერთით კი მაინც განვსხვავდებოდით მე და ბიძაჩემი: ის განათლებული იყო. სად და როდის განათლდა, არ ვიცი. მე, პირადად, ისეთ პოზაში არასოდეს მინახავს, რომელიც განათლების მისაღებად მოხერხებული იყოს. მართალია, რვა თუ ცხრა წელი უნივერსიტეტში ისწავლა და მგონიდამთავრებულიც კი ჰქონდა (დაბეჯითებით ძნელია ასეთი რამის მტკი-ცება), მაგრამ ჯერ ერთი, შვიდი წელი მეც გამიტარებია მაგ უნივერსიტეტში და არაფერი დამტყობია, და მეორეც, თქვენ თუ სადმე გინახავთ კაცი, უნივერსიტეტში განათლება შეეძინოს, მიჩვენეთ და მადლობელი დაგრჩებით. არადა, აშკარად განათლებული იყო. ეტყობა, რაღაც გაუგებრობა მოხდა. ჩემი ვარაუდით, ადრე, სანამ მე დავიბადებოდი, წიგნების ღრღნით იყო გატაცებული და, როცა ყველა წიგნი დაღრღნა და აბრეშუ-მის ჭიასავით ირგვლივ პარკად შემოიკრა, მერეღა გახდა პეპელა. რა თქმა უნდა, ეს სერიოზული ნაკლი იყო და ამ ნაკლსთვითონაც განიცდიდა. ან კი როგორ არ განეცადა, როცა ამის გამო იძულებული იყო დროდადრო ისეთ სამსახურში შეერგო თავი, სადაც ჰალსტუხი პიონერივით მუდამ ჯიბეში უნდა სდებოდა, რადგან კაცმა არ იცოდა, რა წუთს მოსთხოვდნენ მის შებმას. მართალია, ამგვარი ტანჯვა დიდხანს არ გრძელდებოდა ხოლმე, რამდენიმე თვეში ან თავისით წამოვიდოდა, ან სხვა გამოაგდებდა, მაგრამ იმ დაკარგულ რამდენიმე თვეს ხომ აღარაფერი ეშველებოდა და კაცს რა იმოდენა სიცოცხლე აქვს მონიჭებული ღვთისგან, რომ ასე უთავბოლოდ ფანტოს თვეები და წლები! გარდა ამისა, ამ უაზრო განათლების გამოისობით, შინაც არ ჰქონდა მოსვენება: დედაჩემი აიძულებდა, გაკვეთილების მომზადებაში დამხმარებოდა. დახმარება კი, ღვთის წინაშე, მართლა მჭირდებოდა. მოგეხსენებათ, არიან მოწაფეები, რომლებიც ერთ-ორ საგანს ამოიჩემებენ, დანარჩენზე კი ხელი აქვთ ჩაქნეული. მე, ჩემდა საბედნიეროდ, არასოდეს არაფერი ამომიჩემებია, ამიტომ ყველა საგანზე ჩაქნეული მქონდა ხელი და სკოლაში ისე ვგრძნობდი თავს, როგორც გემიდან გადავარდნილი მეზღვაური, რომელმაც ცურვა არ იცის. ბიძაჩემს მშვენივრად ესმოდა, რომ ვინმესთვის რაიმეს სწავლება, მეტი რომ არა ვთქვათ, უზრდელობაა, მაგრამ დის შიშით ვერაფერს ამბობდა. ეს ყბადაღებული „დახმარება“ დედაჩემს, როგორც საერთოდ დედების წესია, გაუცნობიერებლად ჰქონდა აკვიატებული, თორემ არ ყოფილა არც ერთი შემთხვევა, ბიძაჩემის დახმარებას რაიმე სასიკეთო ნაყოფი გამოეღოს. „ო“ შორისდებულის ამბავიც, ეჭვი არაა, კატასტროფით დამთავრდებოდა, იმ დროს რომ დედაჩემი არ შემოგვსწრებოდა... მახსოვს, თითო შორისდებულზე ორ-ორი წინადადება მქონდა დასაწერი. იმ გარდაუვალმა ჟამმა რომ დაჰკრა, როცა გადადება უკვე შეუძლებელი იყო, მაგიდას მივუჯექი და რიტმული ხვნეშა დავიწყე. ბიძაჩემი იონა ტახტზე იწვა და გუნებაში სამყაროს იდეალურ მოდელს -ქმნიდა. დედაჩემი სამზარეულოში ტრიალებდა და, ჩვეულებისამებრ, რაღაც ფანტასტიკურ სადილს გვიმზადებდა. ჩემი ბეჯითი და-ძმები დიდი ხანია მორჩნენ გაკვეთილების სწავლას და, როგორც დედაჩემი იტყოდა ხოლმე (ჩემი მისამართით), „სადღაც დაჩერჩეტობდნენ“. ბევრი ვიხვნეშე თუ ცოტა, „ო“-ს რომ მივადექი და ვიგრძენი, ფანტაზია უკანასკნელ ძახილის ნიშნამდე იყო ამოწურული, ბიძაჩემს შევეხმიანე: – ბიძია იო! – მმმ... – „ო“-ზე მითხარი რა წინადადება! – ორჯერ ორი ოთხია. – არა, არა. – აბა, შენი ვარაუდით, რამდენია? – უბრალო „ო“-ზე არ მინდა, „ო“ შორისდებულზე მინდა. – ოო! – მოწონებით თქვა ბიძაჩემმა – რამდენი წინადადება გინდა? – ორი. ბიძაჩემმა იონამ მძლავრად გაიზმორა, ხანგრძლივად და გადამდებად დაამთქნარა და თქვა: – ო, რა ტკბილი ხარ, სამშობლოს მიწავ! მე სამშობლოს მიწა ფხაჭაფხუჭით ჩავწერე და ვუთხარი: – მეორე? ბიძაჩემმა კიდევ უფრო ხანგრძლივად და კიდევ უფრო გადამდებად დაამთქნარა და თქვა: – ო, შე გათახსირებულო! – ო, შე მართლა გათახსირებულო და ზნედაცემულო! – მოისმა პასუხად დედაჩემის ხმა და იმავ წამს გამოჩნდა კიდეც კარის ზღურბლზე. ბიძაჩემი იონა ელვის სისწრაფით წამოხტა, ფეხები ფოსტლებში წაჰყო და პარტყაპურტყით გაიქცა. დედაჩემი არ დადევნებია, მხოლოდ წყევლა დაადევნა: – გაგიწყრეს, ძამიკო, მამაზეციერი, მიეწიე ბაბუაჩემ ინდიკოს და ჩაგაწვინე ადრე და მალე სანაკლიოს შავ მიწაში! რას ასწავლი მაგ უდღეურს, რომ ასწავლი! მაგის ჭკუის პატრონს მეტი კი არ უნდა, მართლა მასე დაწერს და ხომ გადაახია რვეული თავზე იმ ცოფიანმა პოლიევქტმა, ის კი მოუკვდეს მის გლახა ცოლ-შვილს! ერთი სიტყვით, იმ დღეს გადავრჩით მეც და ჩემი ცოფიანი პოლივექტიც. მე მეორე წინადადების დაწერას გადავრჩი, ის კი რვეულის დახევას, რაც მისი ასაკის კაცისთვის დიდი ფიზიკური დატვირთვა იყო, მით უფრო, რომ სიჯიუტისა თუ მიუხვედრელობის გამო, რვეულს ყოველთვის დახურავდა ხოლმე და ასე ერთიანად ხევდა, და თუმცა, პირს რომ გადაუხსნიდა, მერე შედარებით იოლად მიუდიოდა საქმე, სანამ პირს გადაუხსნიდა, დიდხანს ცოდვილობდა მარტვილის სახით. მაგრამ თავზე გადახევის ცერემონიალი ბოლოს მაინც შედგა. შედგა სხვა გარემოებათა გამო და შედგა ორი წლის შემდეგ, როცა მოხუცი პოლიევქტი კიდევ უფრო მოტეხილი იყო და კიდევ მეტად უჭირდა რვეულთან ჭიდილი... პოლიევქტმა თხზულება მოგვცა დასაწერად: „ჩემი სანაკლიო“. რაკი მშვენივრად ვიცოდი, რომ ასეთი თხზულების დამწერი არ ვიყავი, თავის დაძვრენის მიზნით სახლში აღშფოთებული თავმოყვარეობის მტკი-ცე კილოთი გამოვაცხადე, სანაკლიო არ მიყვარს და ამ თხზულებას არ დავწერ-მეთქი. მეგონა, პრინციპს დამიფასებდნენ და მომეშვებოდნენ. მაგრამ დედაჩემი მარტო თავის პრინციპებს ცნობდა და ბიძაჩემს უბრძანა, შენი დღე და მოსწრება რომ უქმად დაყიალობ, შენზე კი ჩაიცვას შენმა დამ შავები, მიეხმარე პატარა ამ დასამიწებელს და დააწერინე ის ოხერი თხზულებაო. არ ვიცი, უბრალოდ გარემოებანი დაემთხვნენ ასე თუ ბიძაჩემმა იონამ, „ო“ შორისდებულზე შიშნაჭამმა, განგებ შეარჩია ისეთი დრო, როცა დედაჩემი შინ არ იყო, ერთ საღამოს დამსვა მაგიდასთან, თვითონ ხელები ზურგსუკან დაიწყო, დინჯად მოჰყვა ბოლთის ცემას და მთელი თხზულება, თავიდან ბოლომდე, თავისი წერტილ-მძიმეებით, შეუფერხებლად მიკარნახა: „ჩემი სანაკლიო“ (თხზულება) ჩემი ტურფა და წალკოტოვანი ქალაქი უხსოვარი დროიდან ყოფილა დასახლებული. თანამედროვე სანაკლიოს მიდამოებში მიკვლეული უძველესი ჩონჩხი, რომელსაც მკვეთრად ეტყობა როგორც ადამიანის, ასევე მაიმუნის დამახასიათებელი ნიშნები, ეჭვმიუტანლად ამტკიცებს, რომ სანაკლიო განეკუთვნება მსოფლიოს იმ მნიშვნელოვანი რაიონების რიცხვს, სადაც ერთ დროს ადამიანად ჩამოყალიბების პროცესი მიმდინარეობდა. არქეოლოგიური და ანთროპოლოგიური ძიება დღესაც წარმატებით გრძელდება და მეცნიერებს იმედი აქვთ, რომ სანაკლიოში გაცილებით მეტ ადამიანისმაგვარ მაიმუნს წააწყდებიან, ვიდრე მსოფლიოს რომელიმე სხვა რეგიონში. იმ შორეული ეპოქიდან მოყოლებული სანაკლიოს ტერიტორიაზე სისხლსავსე და მჩქეფარე ცხოვრება არასოდეს შეწყვეტილა. ბერძენი ისტორიკოსების ცნობით, ანტიკურ ხანაში აქ მდგარა კარგად გამაგრებული და პრაქტიკულად მიუდგომელი ციხე, სადაც იმდროინდელი სანაკლიელები გაჭირვების ჟამს თავს აფარებდნენ. სამწუხაროდ, იმ ციხის არავითარი კვალი არ შემორჩენილა. მართალია, სანაკლიოში დღესაც დგას ციხე და დღესაც არა ერთი და ორი სანაკლიელი აფარებს იქ თავს, მაგრამ ეს ციხე მატერიალური კულტურის შედარებით გვიანდელი ძეგლია. ამჟამად უკვე დასაბუთებულად ითვლება, რომ სახელი „სანაკლიო“ წარმოდგება სიტყვისაგან „ნაკელი“ (ამ მოსაზრების სასარგებლოდ, კერძოდ, მეტყველებს ის ფაქტი, რომ სანაკლიო დღესაც განთქმულია სასუქეულით), თუმცა მეცნიერთა ერთი ნაწილი კვლავაც ფიქრობს,თითქოს სანაკლიოს სახელი მომდინარეობდეს სიტყვა „ნაკლიდან“. ამ ჰიპოთეზას უმთავრესად ემხრობა ბურჟუაზიული მეცნიერება, რომელიც, როგორც საყოველთაოდ ცნობილია, მუდამ იმას ცდილობს, ნაკლი გამოგვიჩხრიკოს, ჩვენს სახელოვან წარმატებებს კი განზრახ არიდებს თვალს. როგორც ითქვა, სანაკლიო განთქმულია სასუქეულით, რაც შემოსავლის ძირითად წყაროსა და მეზობელ ქალაქებსა და რაიონებში ექსპორტის მთავარ საგანს შეადგენს. სტატისტიკური მონაცემებით ამჟამად სანაკლიოში ერთ სულ მოსახლეზე წელიწადში ას ოცი ტონა სასუქი მოდის, რაც გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით ხუთი პროცენტით მეტია. სანაკლიო დიდი და ბარაქიანი რაიონის ცენტრია. აქ უმთავრესად სოფლის მეურნეობას მისდევენ. გაბატონებული მდგომარეობა უჭირავს კარტოფილის კულტურას. კარტოფილი, რომლის წარმოებამ წარმატებით შეცვალა წინათ ამ მხარეში მეურნეობის ფართოდ გავრცელებული ისეთი მძიმე და შრომატევადი სახეობები, როგორიცაა მევენახეობა, მეხილეობა, მესაქონლეობა, მეთამბაქოობა და სხვა., გაცილებით უფრო რენტაბელურია და შეიცავს თითქმის ყოველგვარ ვიტამინს. უკანასკნელ ხანებში კარტოფილმა სულიერი კულტურის სფეროშიც შეაღწია და იქაც დიდი პოპულარობა მოიპოვა. მაგ., თუ ადრე საესტრადო კონცერტებზე ლაყე კვერცხებითა და დამპალი პამიდვრით დაცხრილული მომღერალი მაყურებლის ჯინაზე მაინც შეუპოვრად განაგრძობდა სიმღერას, კარტოფილის დიდი კუთრი წონის მეოხებით ამგვარი სურათი ამჟამად უკვე ისტორიის კუთვნილება გახდა, რადგან ეფექტურად ნატყორცნი კარტოფილი სრულ გარანტიას იძლევა, რომ მომღერალი იმ საღამოს (ცალკეულ შემთხვევებში სამუდამოდაც) სცენაზე ვეღარ გამოვა. გარდა ამისა, კონცერტის დასასრულს მადლიერ მაყურებელს შეუძლია დახარჯული კარტოფილი ისევ აკრიფოს, რადგან ეს იშვიათი კულტურა დიდხანს ინარჩუნებს თავის თვისებებს და შესაძლებელია მისი მრავალჯერადი გამოყენება. თანამედროვე სანაკლიო ეკონომიკურად მძლავრად განვითარებული, მაღალი კულტურისა და სანიმუშო დისციპლინის ქალაქია. დღეს აქ ცხოვრება დუღს და გადმოდის. რაც გადმოდის, სპეციალური მილებით ნაკლისწყალში ჩაედინება და იქიდან შავი ზღვისა და ხმელთაშუა ზღვის აუზის გავლით მსოფლიო ოკეანეს უერთდება. რაც რჩება, ის ჩვენია, სანაკლიელების. ჩინებული გეოგრაფიული მდებარეობის, ბუნებრივი სიმდიდრის, გაცხოველებული აღებ-მიცემობისა და კიდევ მრავალი სხვა სიკეთის წყალობით (როგორიცაა მაგ., ხელმძღვანელი მუშაკები) სანაკლიელები ტკბილად და ბედნიერად ცხოვრობენ, დარდი არაფრისა აქვთ, დღე მშვიდად და უშფოთველად თვლემენ და ღამეც ასევე მშვიდად და უშფოთველად სძინავთ. სანკლიელები თავიანთ ქალაქს სიყვარულით ხშირად სამოთხეს ადარებენ და არცთუ უსაფუძვლოდ. მართლაცდა, აქ ისინი თავიანთ განსვენებულ თანამოძმეებზე ნაკლებად როდი გრძნობენ თავს! სანაკლიელები წყნარი, მშვიდობიანი, თვინიერი ხალხია, იციან მტრისა და მოყვრის პატივისცემა და განსაკუთრებული მიდრეკილება აქვთ ზეიმისაკენ. ან კი რა სჯობს სანაკლიურ ზეიმს ნაყოფიერი შრომის შემდეგ! სანაკლიელები ყველაფერს ზეიმობენ, ყველა დღესასწაულს ხალისიანი ცეკვა-თამაშით ხვდებიან (დღესასწაულებს კი ძებნა არ სჭირდება, რადგან აქ ყოველი ცისმარე დღე სასწაულია). ამ დროს რომ ვერტმფრენიდან გადმოიხედო, სულში ნათელი ჩაგიდგებათ იმის დანახვაზე, რომ მთელი ქალაქი ფეხის წვერებზე დგას. დღეს სანაკლიოში ოთხმოცდათვრამეტ ათასამდე სანაკლიელი ბინადრობს. სულ მალე ქალაქის ცხოვრებაში დადგება ყველაზე ამაღელვებელი წუთი: სანაკლიო ჩვეული ზარ-ზეიმით შეეგებება თავისი მეასიათასე მოქალაქის დაბადებას. ასეთია ჩემი მშობლიური სანაკლიო და მე დიაღაც ვამაყობ, რომ სანაკლიელი ვარ“. თხზულება შაბათ დილით მივიტანე სკოლაში, ხოლო ორშაბათ დილით პოლიევქტმა იგი თავზე გადამახია. გადახევის წინ პატარა შესავალი სიტყვა წარმოთქვა. საკლასო ოთახში შემოსულმა ერთი კი მწყრალად გადმოგვიგდო, დასხედითო (რაც წმინდა წყლის ფორმალობა იყო, რადგან ზეზე არავინ იდგა), მერე რვეულები მაგიდაზე დააწყო, დაეჭვებით მოგვავლო თვალი, მზერა ჩემზე შეაჩერა, ცოტა ხანს მიცქირა და მითხრა: – ადექი ზევით! მე, ყოველი შემთხვევისათვის, ისეთ სახე მივიღე, ვითომ ბრძანება სხვას ეხებოდა, და სავარაუდო ადრესატის მოსაძებნად ცნობისმოყვარედ მიმოვიხედე, მაგრამ პოლიევქტმა რომ მკვახედ მითხრა, აცა-ბაცა ნუ გაგირბის თვალები, ვითამ არ იცი, შენ რომ გეუბნებიანო, ზანტად წამოვდექი. მაშინ პოლიევქტმა ჩემი რვეული აიღო, ისე დაიჭირა ორივე ხელით, როგორც მიცვალებულის სურათი უჭირავთ ხოლმე პროცესიაზე, და მკითხა: – შენ დაწერე, ბიჭო, ეს თხზულება? – კი, მასწ. – მივუგე მე და შექების მოლოდინში მორიდებულად გავიღიმე. პოლიევქტმა არ დამიჯერა. – შენი მოსაცვლელი კბილი, ბიძიკო, – შეცდომით თქვა მან, – პოლიევქტ წოწორიას კაი ხანია მოტყუებული აქ. მარა, ვინცხამ ეს დაგაწერია, მასხრად ასაგდები სახლში ეყოლება. სად გინახავს, ბიჭო, შენ კარტოფილი სულიერ სფეროში, აა? ან არქეოლოგი სად გინახავს სანაკლიოში, აა? – აქ ერთი მწარე სინანულით გადაიქნია თავი და მეოცნებე გამომეტყველებით დაუმატა, – რატო ი დრო არაა, ქე რო იყო! იცოცხლე-თქვა, მითხარი, ამის დამწერს კი უკრავდენ თავს ვირის აბანოში, რავარც ბარე ორიზა უქნიათ, მამაჩემ პოლიევქტსა აქ ცხონება!.. ამის შემდეგ გადახევის რიტუალს შეუდგა. რვეულს ორივე ხელი მოუჭირა და, რაც ძალი და ღონე ჰქონდა, გასწია და გამოსწია. სახე დაეძაბადა თვალები ოდნავ გადმოეკარკლა. კლასში სამარისებური დუმილი იდგა. ყველანი სულგანაბული მივჩერებოდით. პოლიევქტს დიდი ხანი იყო არაფერი დაეხია და გულით გვაინტერესებდა, შენარჩუნებული ჰქონდა თუ არა სპორტული ფორმა. ცოტა ხნის შემდეგ პოლიევქტმა შეისვენა, ხელები მოადუნა, თან, ყოველი შემთხვევისათვის, მრისხანედ და გამაფრთხილებლად მოგვაჩერდა. მერე, რა დაისვენა, ისევ საქმეს შეუდგა. მეოთხე ცდაზე, როგორც იქნა, პირი გადაუხსნა (აქამდე ორ ცდაზე მეტი არასოდეს დასჭირვებია) და ყველამ, იმანაც და ჩვენც, შვებით ამოვისუნთქეთ. რაკი ერთი პირი გადაუხსნა, გახია, კიდევ გახია, კიდევ გახია, მომიახლოვდა, ორივე ხელით შემომაყარა სახეში, როგორც აღტაცებული მაყურებეილ შეაყრის ყვავილებს ვალმოხდილ მსახიობს, და მითხრა: – ხვალ თუ მშობელი არ მოგიყვანია, სკოლაში მოსული არ გნახო! მე დედაჩემის მიყვანა ვამჯობინე. თან ბიძაჩემ იონას წინდახედულად ვაცნობე თხზულების ბედი. ბიძაჩემმა ვითარება სწორად შეაფასა, უთანასწორო ბრძოლას თავი აარიდა და სკოლიდან მობრუნებულ დედაჩემს, პოლიევქტგამოვლილსა და გაალმასებულს, შინ არ დახვდა. შაბათ საღამომდე უგზო-უკვლოდ იყო დაკარგული. ბიძაჩემის არყოფნაში წყევლის აქცენტმა მთლიანად ჩემზე გადმოინაცვლა, ვინაიდან მამაჩემი და ჩემი და-ძმები საამისო საბაბს არ იძლეოდნენ. გარდა ამისა, ბიძაჩემის გაქრობით შეშფოთებულმა დედაჩემმა მამაჩემი აამოძრავა, ქალაქის ხელისუფლებს ენერგიულად შეუტია, სანაკლიოს მთელი მილიცია თავის სახალხო რაზმებიანად ფეხზე დააყენა, წვრილ-წვრილ გუნდებად დაჰყო და ხევ-ხუვები და სხვა საეჭვო ადგილები პირწმინდად მოაჩხრეკინა. ბიძაჩემი შაბათ საღამოს დაბრუნდა. დაბრუნდა ცოცხალი და საღსალამათი. ისეთი იყო, ვარდივით ღუოდა და ენას პირში ვერ აბრუნებდა. ბოლოს, როცა მეტყველების უნარი ნაწილობრივ დაუბრუნდა, მორცხვად გამოგვიტყდა, რაც აქედან წავედი, არ გამოვფხიზლებულვარო. მამაჩემი კუშტი სახით შევიდა თავის ოთახში და კარი ჯახუნით მიიკეტა,დედაჩემმა კი იმ ღამეს ერთი თავისი საუკეთესო წყევლათაგანი წარმოთქვა, ამაღლებული და შთაგონებული. მე და ბიძაჩემი პირდაღებული ვუსმენდით და ვცდილობდით არც ერთი სიტყვა არ გამოგვპაროდა. მე ჩემს უსაქმურსა და უსაქციელო ბიძას ბრმად შევხაროდი და დიდ-ხანს ვერ ვატყობდი, რა ხიბლი ჰქონდა ასეთი, რომ, როცა კი შეყვარებული არ ვიყავი, სხვასთან ყოფნას ყოველთვის მასთან ყოფნა მერჩია. მერე და მერე, როცა წამოვიზარდე, მივხვდი. მივხვდი, რომ იგი რაღაც ძალიან იოლად და არხეინად ცხოვრობდა, არაფერი აწუხებდა და თავს არაფერზე იტკიებდა. ირგვლივ დიდი და პატარა ყველა საგონებელს მისცემოდა, ყველა რაღაცას ჩიოდა, ყველა რაღაცაზე წუწუნებდა, ყველა რაღაცას წყვეტდა და არკვევდა. ბიძაჩემ იონას ყველაფერი გარკვეული და გადაწყვეტილი ჰქონდა. ერთხელ, გრძნობათმოზღვავების ჟამს, როდესაც სულში ბოჩოლა დაკუნტრუშობდა და ლაპარაკის საღერღელი უშნოდ მქონდა აშლილი, ეს ჩემი ბრძნული, მაგრამ დაუწმენდავი შთაბეჭდილება მამაჩემს გავუზიარე. მამაჩემმა დამიდასტურა. ოღონდ ამ დასტურს მცირე კომენტარიც მოაყოლა: სხვის ხარჯზე ყველა იოლად და არხეინად ცხოვრობსო, მითხრა. მამაჩემმა ისეთი ლაპარაკი იცოდა, რომ, სანამ გიყურებდა, მის ნათქვამში ეჭვს ვერ შეიტანდი. მეც დავიჯერე და ჩემი სანიმუშო დაკვირვება, ცოტა არ იყოს, გამიუფასურდა. მხოლოდ კარგა გვიან, მართლა რომ გავიზარდე, მივხვდი, რომ ხარჯში არ იყო საქმე. ბიძაჩემ იონასთვის არავითარი მნიშვნელობა არ ჰქონდა, სხვის ხარჯზე იცხოვრებდა თუ სხვას აცხოვრებდა თავის ხარჯზე, რადგან „ხარჯი“ ისეთივე ლიტონ სიტყვად მიაჩნდა, როგორც „მოვალეობა“, „ოჯახი“, „ზნეობა“ და მრავალი სხვა, რომელთა გამო უბედურმა ჰომოსაპიენსმა ასე აიწეწა და გაიმწარა ცხოვრება. რაკი ბედმა მამაჩემის სახლში მოიყვანა, მამაჩემის სახლში მოვიდა, ხვალ თუ სხვაგან წაიყვანდა, სხვაგან წავიდოდა და მიზეზების ჩხრეკას არ მოჰყვებოდა. პრობლემები არ აწუხებდა და ამით იყო ბედნიერი. პრობლემებს თავს არიდებდამეთქი, ვერ ვიტყვი. პირიქით, უფრო მართებული ალბათ იმის თქმა იქნება, რომ პრობლემები თვითონ არიდებდნენ თავს. პრობლემებს, საკუთარი წონისა და მნიშვნელობის ღრმა შეგნებით გატიკნილებს, შიში ჰქონდათ, რომ, როგორც კი ბიჩაძემ იოანას ხელში მოხვდებოდნენ, მყისვე სამარცხვინოდ დაიჩუტებოდნენ და წყალწყალა და სასაცილო შეიქნებოდნენ. იმიტომ, რომ ბიძაჩემი იონა ზღაპრის ბიჭს ჰგავდა, რომელსაც მთელი თავისი ავლადიდება პატარა ბოღჩაში გამოუკრავს, მხარზე გადაუდვია და არხეინად და ალალბედზე, ღიღინ-ღიღინით დასდგომია გზას. მაგრამ ვინ არ იცის, რომ ზღაპრის ბიჭს, რაკი ერთი გზას დაადგება, ადრე თუ გვიან, სურავანდივით შეეყრება თავისი საეჭვო ბედნიერება. ბევრიც რომ ისხმარტალოს, ბოლოს მაინც მზეთუნახავი უნდა შეირთოს და ტახტზე დაჯდეს. იმიტომ, რომ ბედისწერა განაგებს ყოველივეს, ბედისწერას საბელით ვყავართ გამობმული და ყველას ყველაფერი შუბლზე გვაწერია. მადლი უფალს, კითხვა არ ვიცით და უცხო მოლოდინის გრძნობა, ეს ერთადერთი პეწი და საყრდენი, მაინცა აქვს შემორჩენილი ჩვენს ცხოვრებას, თორემ, დღესვე რომ გავიგოთ, ხვალ რას ჩავიდენთ, მგონი მე და ბიძაჩემმაც კი ვეღარ შევინარჩუნოთ სიცოცხლის ხალისი. დიახ, ბედისწერა ულმობლად მიგვერეკება მზეთუნახავებისაკენ. როდესაც სანაკლიოს თავზე დატრიალებული ქარბორბალა ჩადგა, რომლის დამანგრეველი ზემოქმედების შედეგად დედაჩემი მრავალი წლის განმავლობაში ისეთი იყო, დანა პირს არ უხსნიდა, ხოლო მამაჩემი მრავალი წლის განმავლობაში დედაჩემის დასანახავად ისეთ სახეს იღებდა, ვითომ დანა პირს არ უხსნიდა, მე და ბიძაჩემმა იონამ დინჯად გავაანალიზეთ ყველაფერი და დავადგინეთ, რომ ბედისწერის მზაკვარი ხელი ჯერ კიდევ დიდი ხნის წინ გამოჩენილა, კერძოდ, იმ ავადსახსენებელი თხზულების ბოლოსწინა აბზაცში, სადაც ლაპარაკი იყო სანაკლიოს მეასიათასე მოქალაქის საზეიმო დაბადებაზე. მე ვამტკიცებდი, რომ ბიძაჩემმა იონამ თავისი ბედისწერა თვითონვე გააღვიძა. ბიძაჩემი იონა ჩემს მოსაზრებას არ იზიარებდა. შენ ჯერ ახალგაზრდა ხარ და არ იცი, რომ, რასაც არ სძინავს, იმას გაღვიძება არ ესაჭიროებაო, მეუბნებოდა, მე ჩემი ბედისწერა კი არ გავაღვიძე, უბრალოდ, პროვოკაციულად გამოვიწვიე და ვაიძულე გამოჩენილიყო, მაგრამ, სამწუხაროდ, უქმად გავისარჯე, ვინაიდან, გამოჩენით კი თუმცა გამოვაჩინე, დანახვით ვერ დავინახეო. შეიძლება მართლა ასე იყო, ყოველ შემთხვევაში, ამგვარი რამეები ჩემზე უკეთ ბიძაჩემმა იცოდა. მე იმ წელიწადს სკოლას ვამთავრებდი, ხოლო ჩემი თხზულების მესამე მოწმეს, საწყალ პოლიევქტს, მის წილად დასახევი ყველა რვეული უკვე დახეული ჰქონდა და, ამქვეყნიური სამოთხიდან იმქვეყნიურ სამოთხეში გადაბარგებული, უშფოთველად განისვენებდა სანაკლიოს ტურფა სასაფლაოზე. ყველაფერი დაიწყო იმით, რომ შემოდგომის ერთ წყნარ, ცოტა ნაღვლიან საღამოს ტელეფონმა დარეკა. მამაჩემმა, რომელსაც სანაკლიოს ორივე გაზეთი ედო წინ და მეთაურ სტატიებს ყურადღებით ადარებდა ერთმანეთს, ყურმილი აიღო და თქვა: – გისმენთ! ყურმილში ქალის ხმა გაისმა. ნელი, საამო და მოღუღუნე: – იონა კამკამიძე მინდა, თუ შეიძლება. მამაჩემს, ეტყობა, შეეშინდა, რომ ქალი შეიძლებოდა თავის ხმას მავთულში შემოჰყოლოდა და ყურმილიდან გამომძვრალიყო. ამიტომ ცივად მიუგო: – არ არის, ბატონო, სახლში იონა კამკამიძე! – ამ სიტყვებით ყურმილი უკმაყოფილოდ დააგდო და ტუჩების მოძრაობაზე შეეტყო, რომ ერთი იმ სიტყვათაგანი წარმოთქვა, რომელთა წარმოთქმას მე, მაგალითად, სასტიკად მიკრძალავდნენ. იმავ წუთს ტელეფონმა ხელახლა დარეკა. მამაჩემმა კვლავ აიღო ყურმილი. ყურმილში კვლავ გაისმა იგივე მოღუღუნე ხმა. მამაჩემმა ის იყო კვლავ დაიწყო, მე მგონია გარკვევით გითხარითო, რომ მოღუღუნე ხმაში უეცრად რაღაც უცხო და მკვეთრი კილო შეიჭრა. – მოითმინეთ, ამხანაგო! – ისე თქვა ხმამ იმ უცხო და მკვეთრი კილოთი, რომ მამაჩემს ცალი წარბი მაღლა გაექცა და ყურმილი დადების ნაცვლად კიდევ უფრო მიიჭირა ყურზე. მაშინ ხმამ ისევ რბილად, საამოდ განაგრძო, – კაციაგოგიას მდივანი გელაპარაკებათ. გადაეცით ბატონ იონა კამკამიძეს, რომ ხვალ ორ საათზე ჩვენთან უნდა მობრძანდეს, ბატონ კაციას თათბირი აქვს და ბატონ იონას სთხოვს, უეჭველად დაესწროს. ბატონი კაცია სთხოვს ბატონ იონას! მამაჩემმა ყურმილი აკანკალებული ხელით დადო და პირჯვარი გადაიწერა, რასაც თავისი თანამდებობრივი და საზოგადოებრივი მდგომარეობის გამო თითქმის არასოდეს სჩადიოდა. კაცია გოგია მთლად სანაკლიოს უფროსი იყო და, თუმცა მე დიდხანს არ ვიცოდი, რომელი იყო სახელი და რომელი გვარი, ეს ჩემი უცოდინარობა სრულებით არ უშლიდა ხელს ქალაქის მართვაში. ბიძაჩემი იონა ნაშუაღამევს მოვიდა. მეგობრებში პოკერი ეთამაშა და სამოცდათექვსმეტი მანეთი წაეგო. მამაჩემმა რომ ახალი ამბავი აცნობა, გაკვირვებით მაინცდამაინც არ გაკვირვებია, ესა თქვამხოლოდ, ცოტა გვიან დაენიშნა ოჯახაშენებულს, მაგას მე ტოროლა ხომ არ ვგონივარო. მეორე დღეს, ბიძაჩემი იონა რომ თათბირიდან დაბრუნდა, უფრო დაწვრილებით შევიტყეთ ყოველივე. შეკითხვებს აძლევდა მამაჩემი, მაგრამ ეს შეკითხვები ძალიან შორს წაგვიყვანს, ვინაიდან მამაჩემს ისეთი წვრილმანები აინტერესებდა, რომლებიც, ჩემი აზრით, არავითარი ყურადღების ღირსი არ არის, მოკლედ კი საქმე ასე ყოფილა: თათბირი ეხებოდა საზეიმო სამზადისს, ხოლო ზეიმი ეძღვნებოდა სანაკლიოს მეასიათასე მოქალაქის მომავალ დაბადებას, რაც ყველა ნიშნის მიხედვით მალე უნდა მომხდარიყო, და საიუბილეო კომისიის მდივნად – ბოლომდე დაუდგენელი დარჩა, რომელი გენიოსის წინადადებითა და ინიციატივით – დაუნიშნავთ ბიძაჩემი იონა. მამაჩემს თავი ისე ეჭირა, ვითომ არაფერი. დასაწყისში ყველას ერთსულოვნად მიგვაჩნდა, რომ ბიძაჩემი იონასთვის ასეთი საქმის მინდობა, მეტი რომ არა ვთქვათ, შეცდომა იყო. თუ ვინმეს რაიმე კომისიასთან საქმე ჰქონია, ეცოდინება, რომ მდივანი ის კაცია, ვინც მთელი კომისიის მაგივრად უნდა იმუშაოს. ბიძაჩემიონას შეეძლო მთელი კომისიის მაგივრად ეძინა, მთელი კომისიის მაგივრად უსაქმოდ ეხეტიალა და მთელი კომისიის მაგივრად პოკერი ეთამაშა. მუშაობას რაც შეეხება, მუშაობა საკუთარი თავის მაგივრადაც ძალიან უჭირდა. ამიტომ, ბუნებრივია, მოველოდით, რომ კომისია დღედღეზე მიხვდებოდა თავის შეცდომას და ძე შეცთომილი მალე მშობლიურ კერას დაუბრუნდებოდა. ყველა ჩვენგანის დიდად გასაოცრად (სწორედ აქ გამოჩნდა იმის გენიალური შორსმჭვრეტელობა, ვინც ბიძაჩემი იონა კომისიის მდივნად დანიშნა) საქმე სულ სხვაგვარად წარიმართა. ბიძაჩემ იონას მოულოდნელად პათოლოგიური აქტიურობის უმძიმესი ფორმა შეეყარა და მთელი თავისი ცოდვიანი არსებით ისე ჩაეფლო საიუბილეო საქმიანობაში, რომ ამქვეყნად სხვა ყველაფერი დაავიწყდა. რამდენჯერმე (როცა კარგ ფეხზე ავმდგარვარ და გაკვეთილების გასაცდენად დამაჯერებელი მიზეზი მომიგონებია) ჩემი თვალით მინახავს, რომ თერთმეტის ნახევარზე უკვე ზეზე იყო და ქაფქაფა ჩაით ყელს ითუთქავდა, აქაო და სხდომაზე მაგვიანდებაო. შინაურებმა გამოცდილებით ვიცოდით, რომ ეს ამბავი კარგს არაფერს მოასწავებდა. სიბეჯითის რეციდივები ბიძაჩემ იონას, მართალია, არც თუ ხშირად, მაგრამ ადრეც ჰქონია და, როცა კი ჰქონია, ყოველთვის რაღაც მოულოდნელი კატასტროფით დამთავრებულა. ლიტონი განცხადება რომ არ გამომივიდეს, ერთ ტიპიურ მაგალითს გავიხსენებ. ერთხელ ათასი მანეთი დასჭირდა. რად უნდოდა, არ ვიცი. თუ მის ნათქვამს დავუჯერებთ (რაც მთლად მართებული საქციელი არ იქნება), თვითონ კი არ სჭირდებოდა, არამედ მის ერთ უახლოეს მეგობარს, რომლისთვისაც ამ ათასი მანეთით ყოფნა-არყოფნის საკითხი წყდებოდა. „ყოფნა-არყოფნის საკითხი“ ჩემი აზრით, უფრო მამაჩემის გულის გასალღობად იყო ნათქვამი, მაგრამ მამაჩემის გული არ გალღვა. მამაჩემის გული არ გალღვა, ფულის შოვნის სხვა წყარო კი ბიძაჩემ იონას არ ჰქონდა. მაშინ ფიქრი დაიწყო. ერთხელ, ნაშუადღევს, დამიძახა და დახმარება მთხოვა: თავის ოთახში შემიყვანა, სკამზე დამსვა, თვითონ ჩემს პირდაპირ დაჯდა მეორე სკამზე, მძიმე საფიქრალი მაქვს დააზრის მოსაკრებად ცოტა ხანს რამე სიცარიელეს უნდა ვუყუროო, მითხრა და დაჟინებით მომაჩერდა შუბლში. თითქმის ნახევარი საათი ვეხმარებოდი. ბოლოს კმაყოფილი წამოდგა, აგაშენა ღმერთმა, შენ რომ არ მყავდე, რა მეშველებოდაო, და სადღაც წავიდა. ერთი კვირის განმავლობაში ისე დარბოდა და ფუსფუსებდა, მთელი ოჯახი ამოვარდნილი ვიყავით ცხოვრების ჩვეული რიტმიდან. კვირის თავზე ათასი მანეთი მოიტანა და თავისი უახლოესი მეგობრის ყოფნა-არყოფნის საკითხი დადებითად გადაჭრა. სწორედ ამ პერიოდში სანაკლიოს განაპირას, ერთ პატარა დასახლებას, რომელსაც ძროხათუბანი ერქვა, გზა გაუყვანეს. ეს იყო სულ ნახევარკილომეტრიანი მონაკვეთი, მაგრამ ისეთი გაუბედურებული, რომ მისი გამოისობით ძროხათუბანი კაი ხუთი წელიწადი თითქმის მთლიანად მოწყვეტილი იყო ქალაქს. მანქანა რა სათქმელია, ფეხითაც კი ისე ჭირდა სიარული, ერთ ნაპირს რომ მთელი მიადგებოდი, მეორე ნაპირზე შეიძლება ნაწილიღა გასულიყავი. კარგი ადგილი იყო. ბავშვები ხშირად დავდიოდით იქ და ნაირ-ნაირ შეჯიბრებებს ვმართავდით. ერთხელ ბიძაჩემმა იონამ ამბავი მოიტანა, ვითომ ძროხათუბნელებს ნახჭევანიდან ვიღაც სახელგანთქმული ჯამბაზი ჩამოეყვანათ და თოკზე სიარულის სწავლა დაეწყოთ. მე ეს მაინცდამაინც არ მჯეროდა. ჯერ ერთი, ვერ დავიჩემებ, რომ ბიძაჩემი ყოველთვის მართალს ამბობს, და მეორეც, თოკზე სიარულს რა ისეთი სიმარჯვე უნდა, რომ ასეთი გზის გადალახვაში გამოდგომოდათ. ასე იყო თუ ისე, ბოლოს და ბოლოს, ძროხათუბნელებს გზა გაუყვანეს. ისეთი გზა გამოვიდა, მახსოვს, კლასის ხელმძღვანელმა საგანგებოდ წაგვიყვანა ექსკურსიაზე მის სანახავად. თავიდან, რა თქმა უნდა, აზრად არავის მოსვლია, რომ ამ გზის გაყვანას შეიძლებოდა რაიმე კავშირი ჰქონოდა ბიძაჩემ იონას მოულოდნელ გააქტიურებასთან. არადა, პირდაპირი კავშირი ჰქონია. როგორც მოგვიანებით გამოირკვა, ძროხათუბნელებისთვის ეს გზა სწორედ ბიძაჩემ იონას გაეყვანა და ჰონორარად ათასი მანეთი აეღო. იმ ხუთი წლის განმავლობაში, რაც ქალაქის ცივილიზებულ ნაწილს მოწყდნენ, ძროხათუბნელებმა ბევრი ირბინეს, ბევრი იჩივლეს, ბევრიწერეს, ბევრიიკითხეს, ბევრი იყაყანეს და ბევრი იგინეს, მაგრამ არა გამოუვიდათ რა. როცა ყველა გზა მოსინჯეს და საბოლოოდ მიეცნენ სასოწარკვეთას, ერთ მშვენიერ დღეს, თურმე, ვისაც გზების გაყვანა ევალებოდა, თვითონ სწვევია ძროხათუბანს და იქაურებისთვის სიტყვით მიუმართავს. თქვე ოჯახქორებოო, უთქვამს, ჭამა გინდათ, სმა გინდათ, მზე გინდათ, მთვარე გინდათ, გათბობა გინდათ, განათება გინდათ, გზა გინდათ, ხიდი გინდათ და ფულის გადახდა არ გინდათ, როგორაა თქვენი საქმეო, და წინადადება მიუცია, შეკრიბეთ ოც-ოცი მანეთი, ოც-ოცი მანეთი არ დაგაქცევთ, და სამ კვირაში გზას გამოგიყვანთო. ძროხათუბანში ხუთასი ოჯახი ცხოვრობდა, მაგრამ ხუთასივე ხელმოჭერილი იყო და დიდხანს თურმე კბილებით იცავდნენ თავიანთი შრომითა და ოფლით მონაგარ ოც-ოც მანეთს. საბოლოოდ ათ-ათ მანეთზე მორიგებულან. სასწრაფოდ შეუქმნიათ კომისია სამი მოწინავე ძროხათუბნელის შემადგენლობით და სწორედ იმ დროს, როცა სიებით უნდა დაეწყოთ კარდაკარ სიარული, ასპარეზზე მოულოდნელად ბიძაჩემი იონა გამოვიდა. ბიძაჩემ იონას კომისიის წევრები ერთად შეუყრია და ახლა მას მიუმართავს სიტყვით. ვერ ხედავთ, თქვე დოყლაპიებო, რომ გატყუებენო, უთქვამს, ათ-ათი მანეთი რა ამბავია, ათ მანეთად სანაკლიოს ბაზარზე ლამის ათი კილო კარტოფილის ყიდვა შეიძლება, ან სამი კვირა რად უნდათ, დალოცვილებს სტამბოლამდე ხომ არ გაჰყავთ გზა, სულ ხუთასი მეტრია დასაგებიო, და, კარგად რომ აუღელვებია კომისიის სამივე წევრი, თავის მხრივ გაცილებით სარფიანი წინადადება მიუცია: ორ-ორი მანეთი შემიკრიბეთ და ერთ კვირაში გზას ჩაგაბარებთო. ძროხათუბნელებს ათ-ათი მანეთი უკვე გამოგლოვილი ჰქონდათ, ამიტომ ამ ახალ ამბავს ისეთი სიხარულით შეხვდნენ, თითქოს ორ-ორ მანეთს კი არ კარგავდნენ, არამედ რვა-რვა მანეთს საჩუქრად იღებდნენ. ამგვარად საქმის ერთი მხარე ბიძაჩემმა იონამ წარმატებით მოაგვარა, ახლა გზის გაყვანაღა იყო საჭირო. როგორც შემდეგ გამოირკვა, იმ დღეებში ბიძაჩემი იონა ისეთ საეჭვო ადგილებში ენახათ, როგორიცაა სტამბა, სამხატვრო სასწავლებელი, ფოტოლაბორატორია, ხე-ტყის გადამამუშავებელი ქარხანა და რა ვიცი... ვიღაცამ ნაგვიანევად ისიც გაიხსენა, ბაზრის კუთხეში გასაბერი ბუშტები იყიდაო, რაც სრული ჭეშმარიტება იყო. ოპერაცია რომ უეცარი კატასტროფით დამთავრდა, ბიძაჩემმა იონამ თვითონვე მიამბო ყველაფერი შეუფერებლად ოპტიმისტური კილოთი. მას შემდეგ, რაც მოსამზადებელი სამუშაოები წარმატებით დაუმთავრებია, ერთ დღეს სანიმუშოდ გამოწყობილა და იქ მისულა, საცა ჯერ არს. პირადი მდივანი რომ შესასვლელს ისე გადაფარებია, როგორც ლოდს მიაფარებენ გამოქვაბულს, სადაც საუნჯე აქვთ გადამალული, ბიძაჩემ იონას თავის მრავალრიცხოვან მოწმობათაგან (გახსოვთ, ალბათ, რამდენიმე თვეზე მეტს ვერც ერთ სამსახურში ვერ ძლებდა) ერთ-ერთი, რომელსაც, მისი აზით, ყველაზე საიმედო შესახედაობა ჰქონდა, ოდნავ ამოუწევია ჯიბიდან, მკაცრად მრავალმნიშვნელოვანი გამომეტყველებით დაუნახვებია მდივნისთვის, ცივი და ცოტა იდუმალი ხმით უთქვამს, არავინ შემოუშვაო, და, როცა ყოველივე ამით შემკრთალი და დაბნეული ლოდი გამოქვაბულის პირს ჩამოსცლია, წარმატებით შეუღწევია დანიშნულების ადგილას. დამხდურს ხმაურზე თავი აუღია და, ბიძაჩემი იონა რომ დაუნახავს, მკვახე გაკვირვებით უკითხავს, თქვენ ვინ ბრძანდებით და აქ რა გინდათო. ბიძაჩემ იონას თითი ტუჩზე მიუდვია, ჩჩშუო, უთქვამს, მერე ხმადაბლა დაუმატებია, ეს ჩემი დარბაზობა რომ გახმაურდეს, მეც დავიღუპები და თქვენცო. რაშია საქმე, ამხანაგოო, მაინც ვერ მოუშორებია მკვახე კილო დამხვდურს. თქვენ, რა თქმა უნდა, არ გემახსოვრებათ, ბიძაჩემს მიუგია, მე კი რა დამავიწყებს იმ მამაშვილურ ამაგს, რაც ჩემზე მიგიძღვითო, არ მეგონა, თუ როდისმე გადახდას შევძლებდი, მაგრამ, ეტყობა, სამყაროს გამრიგე ზოგჯერ ჩემისთანა პატარა კაცსაც აძლევს შანსს და მე დღეს უსაზღვროდ ბედნიერი ვარ, რომ საშუალება მაქვს სამაგიერო სამსახური გაგიწიოთო. ამაზე დამხვდურს ყოყმანით უთქვამს, კი მახსოვს ბუნდოვნად თქვენი სახე, მაგრამ ვეღარ ვიგონებო. მაშინ ბიძაჩემ იონას ჯიბიდან რამდენიმე ბუშტი ამოუღია, მაგიდაზე დაუყრია, საჩვენებელი თითი მიუშვერია და აიო, უთქვამს. ეს რა არისო გაკვირვებია იმას. ეს თქვენ ბრძანდებითო, უპასუხნია ბიძაჩემ იონას. რას ლაპარაკობ, კაცო, შენ, ეს ბუშტებიაო, ცოტა გამწყრალა ის. ერთი შეხედვით მართლა ბუშტებს ჩამოგავსო, კვერი დაუკრავს ბიძაჩემ იონას, და თქვენ თუ ბრძანდებით, ძნელი შესამჩნევია, სანამ არ გაიბერებაო. ამ სიტყვებით ერთი ბუშტი აუღია, ჰაერი რომ იოლად შესულიყო, ხელით გაუწელია და გაბერვა დაუწყია. რომ გაუბერია და იმას ბუშტზე თავისი პორტრეტი დაუნახავს, ჯერ რაღაც ხმა ამოუშვია, რომლის შინაარსი ბიძაჩემს ვერ გაუგია, მერე სლოკინი ასტყდომია. ბიძაჩემს რომ ბუშტი შეუტრიალებია და მეორე პორტრეტი უჩვენებია, მერე კიდევ რომ შეუტრიალებია და მესამე პორტრეტი უჩვენებია, იმას სლოკინი კიდევ უფრო გასძლიერებია. ბოლოს, სლოკინსა და სლოკინს შორის უთქვამს, ეს რას ნიშნავს, ამხანაგო, ამიხსენიო. ბიძაჩემ იონას ბუშტის მოგრეხილი ბოლოსთვის ხელი გაუშვია. ჰაერი რომ შხუილით გამოსულა, დაჩუტული ბუშტი ისევ მაგიდაზედაუგდია და უთქვამს, ეს ხალხის რისხვააო. იმას არ დაუჯერებია: რას ქვია ხალხის რისხვა, ნიკოლოზის დრო ხომ არ არისო. ეს კი უთქვამს, მაგრამ თან მეორე ბუშტი აუღია და შეეჭვებულს თვითონ დაუწყია გაბერვა. მაშინ ბიძაჩემ იონას მესამე ბუშტის გაბერვა დაუწყია. ისხდნენ თურმე ორივენი და ბუშტებს ბერავდნენ, რაც, ბიძაჩემი იონას ვარაუდით, გარეშე თვალისთვის ალბათ ცოტა უცნაური სანახაობა უნდა ყოფილიყო. ახლადგაბერილ ბუშტებზეც რომ თავისი სამ-სამი პორტრეტი უნახავს, იმას ხასიათი საბო-ლოოდ გაჰფუჭებია და გულმოსულს უკითხავს, ვინ ქნა ესო. მაშინ ბიძაჩემს ყველაფერი წვრილად უამბნია: თავგასულ ძროხათუბნელებს რაღაც ნახევარკილომეტრიანი გზის გულისთვის ამბოხების მოწყობა განუზრახავთო. ამბოხების მოწყობა, მოგეხსენებათ, იმითაა ძნელი, რომ ხალხს პირის შეკვრა უჭირს, ამ ფუნაქექია ძროხათუბნელებს კი როგორღაც მოუხერხებიათ, ხუთასი ოჯახი მუშტივით შეკრულა და უთქვამს, რაღაი ხელისუფლებას ამ ერთი მტკაველი გზის გაკეთება არ შეუძლია, აწი ჩვენ ვიცითო. დღეს პარასკევია. იქითა კვირას, ზეგის-სწორს, დილაადრიან, სანაკლიოს ლაჟვარდოვან ცაზე ორი ათასი ასეთი ბუშტის გაშვებას აპირებენ, რაღა თქმა უნდა, შესაფერისი წარწერებითო. ამ სიტყვებით ახლა ფოტოსურათები ამოულაგებია ჯიბიდან. ფოტოსურათებზე გამოსახული ყოფილა იგივე სამპორტრეტოვანი ბუშტები, რომლებსაც ქვემოთ, როგორც გაფიცულ უმუშევრებს, მუყაოები ეკიდათ და ზედ ნაირ-ნაირი (მათ შორის გვარიანად უხამსი) ლოზუნგები ეწერა. ფოტოებზე გამოსახული ბუშტების ნაწილი ხის სარებზე ყოფილა დამაგრებული და, რაკი მასპინძელს მათი დანიშნულება ვერ გამოუცვნია, ბიძაჩემ იონას აუხსნია, ხუთასი ცალი ბუშტი გასაკეთებელი გზის გასწვრივ იქნება ორივე მხარეს ჩამწკრივებულიო. მასალების დათვალიერებას რომ მორჩა, მასპინძელი თურმე ერთხანს ჩუმად იჯდა და თავისთვის ფიქრობდა, ბოლოს უთქვამს, ყველას დავიჭერ და ციხეში ამოვალპობო. ღირსნი არიანო, თანხმობა მიუცია ბიძაჩემს, მაგრამ რა საბაბით დაიჭერთ, პოლიტიკური ამბოხი ეს არ არის, სოციალური და ეროვნულიო. ორი ათასი ბუშტი რომ ასეთი ლოზუნგებით აიჭრება მზიური სანაკლიოს თავზე, თქვენ, ცხადია, მოგხსნიანო, დაუმატებია მერე. ეგ კი არაფერი, თქვენი თანამდებობის კაცს თავგანწირვა ჩემგან არ გესწავლებათ, მაგრამ ქალაქს რა ვუყოთ, ქალაქის პრესტიჟი რომ შეილახება, ამას რა ეშველებაო. აბა, აბაო, სინანულით უთქვამს იმას და საბოლოოდ მოღრეცია სახე. მანამ იმეორა თურმე, რა ვქნა და რა ვქნაო, სანამ ისევ ბიძაჩემი იონა არ დაეხმარა. ერთადერთი გამოსავალი დაგრჩენიათო, უთქვამს, უნდა დაასწროთ და შაბათ საღამოს გამზადებული გზა ჩააბაროთო. იმას ერთხანს კიდევ უყოყმანია, მაგრამ რას იზამდა, თვითონვე ხედავდა, რომ სხვა საშველი არ ჰქონდა. წამოსვლის წინ ბიძაჩემ იონას კიდევ ერთხელ გაუფრთხილებია, თქვენი ჭირიმე, არ გამამხილოთ, თორემ, ძროხათუბნელებმა რომ გაიგონ, მე მოგიტანეთ ამბავი, ჩაქოლვა არ ამცდებაო. მისაღებში რომ გამოსულა, პირადი მდივნისთვის, რომელიც მისი სიტყვით უაღრესად ფუმფულა ყოფილა, გამოთხოვების ნიშნად (თუ არ ტყუოდა) ლოყაზე ხელი მოუთათუნებია. მე მაშინ ისეთ ასაკში ვიყავი, რომ ყველაზე მკაფიოდ სწორედ ეს ეპიზოდი წარმოვიდგინე და ყველაზე დიდხანს სწორედ ეს ეპიზოდი დამახსომდა. მეორე დღეს სანაკლიოს ორივე გაზეთში ორი ერთნაირი შინაარსის სუსხიანი სტატია გამოქვეყნდა. სტატიები მკაცრადაკრიტიკებდნენ ზოგიერთ (სახელდებით არ იყვნენ მოხსენიებული) თბილ თანამდებობაზე მოკალათებულ ბიუროკრატს, რომლებიც მშრომელთა გასაჭირს ყურს არ ათხოვებდნენ, რის გამოც ქალაქის ერთი ულამაზესი უბანი უგზოობის გამო არაადამიანურ პირობებში იმყოფებოდა. შემდეგ პატარა ოდა იყო მიძღვნილი ქალაქის ხელმძღვანელობისადმი, რომელმაც დროულად ალაგმა ბიუროკრატების პარპაში და მშრომელთა სამართლიანი მოთხოვნის ოპერატიულად დაკმაყოფილებას შეუდგა. მართლაც, იმავე დღეს გზის გაყვანა დაიწყო. მომდევნო შაბათს მუშაობა დამთავრდა და ძროხათუბანში საზეიმო სხდომა და დიდი კონცერტი გაიმართა. კვირას სანაკლიოს ორივე გაზეთმა გამოაქვეყნა სტატიები სათაურით: „კიდევ ერთი კარგი საჩუქარი“. ორშაბათ საღამოს სტუმრები გვეწვივნენ. სამი უცხო კაცი მოვიდა და მამაჩემისა და დედაჩემის თანდასწრებით ბიძაჩემ იონას გამოუცხადეს, მოტყუებით რომ ორი ათასი მანეთი გამოგვძალე, ის ორი ათასი მანეთი დაგვიბრუნე, თორემ სასამართლოში გიჩივლებთ და უყარე მერე კაკალიო. მოულოდნელობის პირველმა დაბნეულობამ რომ გაუარა, ბიძაჩემი იონა აღტაცებაში მოვი-და ძროხათუბნელების მოხერხებულობით. როგორც მერე გამომიტყდა, განსაკუთრებით მოსწონებია თანხის გაორკეცება. თუმცა ვაჭრობა მაინც დაუწყო და იმდენი ევაჭრა, რომ, ბოლოს და ბოლოს, ათას ხუთას მანეთზე ჩამოიყვანა. ვინც იცის ბიძაჩემისა და მამაჩემის დამოკიდებუ-ლება ისეთი ცნებების მიმართ, როგორიცაა „პრესტიჟი“, „თავმოყვარეობა“, „სკანდალი“ და სხვა მისთანანი, ადვილად მიხვდება, რომ ამ საქმეში საბოლოოდ ყველაზე დაზარალებული მამაჩემი გამოვიდა. მამაჩემმა ძროხათუბნელებს ათას ხუთას მანეთი გადაუხადა. მართალია, ამ ათას ხუთას მანეთს ბიძაჩემი იონა, როგორც სახელმწიფო ბანკის სესხს, წლების განმავლობაში ფარავდა ნაწილ-ნაწილ, მაგრამ მორალურ ზარალს ვინ დაუფარავდა საბრალო მამაჩემს! ის ამბავი, რომ იმ ხუთასმეტრიან მონაკვეთს იმთავითვე „იონას გზა“ შეერქვა (ძროხათუბნელების საზეიმო ხუმრობა) მამაჩემისთვის, ცხადია, დიდი ვერაფერი ნუგეში იქნებოდა. როცა ოჯახში ასეთი დინამიტი გიდევთ, იდილიაზე ლაპარაკი ზედმეტია, ხოლო თუ ერთ მშვენიერ დღეს ეს დინამიტი, იმის ნაცვლად, რომ თავისთვის იდოს კუთხეში და იჟანგებოდეს, საეჭვოდ ათუხთუხდა და საბედისწერო აქტიურობით შრომით ფერხულში ჩაება, ასი თვალი და ასი ყური უნდა გამოისხათ, რომ აფეთქება არ გამოგეპაროთ და დროზე მოასწროთ ოჯახის გახიზვნა. იმ დღეებში მამაჩემი სახიფათო დავალებაზე გაგზავნილ მზვერავს ჰგავდა, დედაჩემი შეფიქრიანებული სახით იწყევლებოდა, ხოლო ბიძაჩემი იონას პოპულარობა სანაკლიოში საათობით იზრდებოდა. სანაკლიელებმა ხელად იყნოსეს, რომ ხელისუფლება მათ გრანდიოზული ზეიმისთვის ამზადებდა, და დიდადაც გაიხარეს, ვინაიდან, როგორც ითქვა, ზეიმი ძალიან უყვარდათ. მალე ისიც ცნობილი შეიქნა, რომ მომავალი დღესასწაულის მთავარი მამოძრავებელი ძალა, მისი გული და მისი მესაჭე იონა კამკამიძე იყო. საიუბილეო სამზადისის სადავეები ბიძაჩემმა იონამ პირველსავე სხდო-მაზე იგდო ხელთ. ეს არ იყო ძნელი საქმე და ბიძაჩემის მხრივ არც რაიმე განსაკუთრებულ სიმარჯვესა და მოხერხებას მოითხოვდა. პირი-ქით: კომისიის დანარჩენი წევრები იმ ჯიშისა და ხარისხის ადამიანები იყვნენ, რომელთა შესახებ ლოგიკური ლეგენდები (უმთავრესად ავტოლეგენდები) დადის ხოლმე – დღეღამეში ოცდახუთ საათს მუშაობენო. ამ ჯურის ხალხს დიდ და სერიოზულ კომისიებში ყოფნა კი ესახელებათ, კი შვენით, და რომ არ შეიყვანონ, კი ეწყინებათ და კი შეშფოთდებიან, მაგრამ მუშაობისთვის ვერ იცლიან. ბიძაჩემი იონა სწორედ ამიტომ დანიშნეს მდივნად. პირველი სხდომის დღის წესრიგიც ძირითადად იმას უნდა მიძღვნოდა, რომ კომისიის დანარჩენ წევრებს ყოველგვარი შავი სამუშაო ნელ-ნელა, ნაწილ-ნაწილ, შეუმჩნევლად მოეხსნათ და ბიძაჩემისთვის აეკიდებინათ. ბიძაჩემმა იონამ ისინი ამ საქმისგანაც გაათავისუფლა, თავადვე დაიდგა ქედზე უღელი, სხდომაზე გრძელი, პათეტიკური და პატრიოტულ-აღტკინებული სიტყვა წარმოთქვა და კომისიის წევრთა წამაქეზებელი შეძახილების ქვეშ ყველა საქმე თვითონითავა. ერთადერთი, რასაც ამ ხანგრძლივი სამზადისის პერიოდში კომისიისგან მოითხოვდა, ის იყო, რომ ჟამიდან ჟამზე სხდომაზე მოსულიყვნენ და მდივნის ანგარიში მოესმინათ. რაც დრო გადიოდა, ბიძაჩემი იონა უფრო და უფრო ღრმად ეფლობოდა შრომითი საქმიანობის ბლანტ ჭაობში. ამ ტრაგიკულსა და გაუგებარ მეტამორფოზას მთელი ოჯახი შიშით ადევნებდა თვალყურს და სახლში მუდამ დენთის სუნივით იდგა ავის მომასწავებელი მოლოდინი. ყველაზე მძიმე ალბათ ჩემი მდგომარეობა იყო. ჩემი გაუხარელი ბავშვობა, რომელიც იმ პერიოდში ძირითადად სასკოლო და სამიჯნურო ტრაგედიებისაგან შედგებოდა, ბიძაჩემი იონას ცხოვრების წესში თავისი ცხოვრების წესის გამართლებას ხედავდა, ბიძაჩემი იონა ეგულებოდა ერთადერთ საყრდენად, ერთადერთ იმედად, ერთადერთ ნათელ წერტილად სანაკლიოს კუნაპეტ ღამეში. და მე მწარე ტკივილით ვხედავდი, როგორ ქრებოდა ეს პატარა სინათლე, როგორ მეცლებოდა ფეხქვეშ საყრდენი, როგორ თვალსა და ხელს შუა ვკარგავდი იმედს. ბოლოს კი, ერთ მშვენიერ დღეს, როდესაც ბიძაჩემმა იონამ დედაჩემის ორ ვრცელ წყევლას შორის წარმოქმნილი მცირე პაუზით ისარგებლა და გამოგვიცხადა, ალბათ ღამის გასათევადაც ვეღარ ვივლი შინ და ნუ დამელოდებით, საწოლი შტაბში დავადგმევინე და, წინ და უკან სიარულში რომ ძვირფასი დრო არ დავკარგო, იქ დავიძინებ ხოლმეო, ცა საბოლოოდ დაიფარა ტყვიისფერი ღრუბლებით და მე ინტენსიურად დავიწყე ცხოვრების ამაოებაზე ფიქრი. საბედნიეროდ ბიძაჩემს, როგორც სჩვეოდა ხოლმე, სიტყვა არ შეუსრულებია. თუმცა კი ზოგჯერ მართლა გადაიკარგებოდა რამდენი-მე დღით, უფრო ხშირად მაინც შინ ეძინა. ეს ნუგეში კი იყო, მაგრამ ძალიან მცირე ნუგეში იყო, რადგან ჩემთვის სრულებით აღარ ეცალა, მისი ფიქრები და, საერთოდ, მთელი მისი არსება საზეიმო სამზადისს დასტრიალებდა. ეს კია, რომ, როცა შინ მოვიდოდა, ყოველთვის დაწვრილებით გვიამბობდა ხოლმე თავისი ავბედითი საქმიანობის ამბავს და ამგვარად, ჩვენდაუნებურად,ყველანიდიდისამზადისისმონაწილეებადვგრძნობდით თავს. თუმცა განა მარტო ჩვენ! იმ ხანებში პრესისა და რადიოს მეშვეობით მთელს სანაკლიოში გაისმოდა ბიძაჩემი იონას მქუხარე ხმა. ინტერვიუს ინტერვიუზე იძლეოდა, ყველა იდეა, ყველა პრობლემა, ყველა გადაწყვეტილება საზოგადოების სამსჯავროზე გამოჰქონდა, ქალაქი მუდამ საქმის კურსში ჰყავდა და აჟიოტაჟიც იზრდებოდა და იზრდებოდა. კომისიის წევრებს კვირაში ერთხელ რეგულარულად უყრიდა თავს. თვეში ერთხელ სხდომებს თვითონ კაცია გოგიაც ესწრებოდა, რომელიც ოფიციალურად კომისიის თავმჯდომარე და საიუბილეო მზადების მთავარი ხელმძღვანელი იყო. კომისია თითქმის ყოველ კვირას ახალ-ახალ იდეებს ისმენდა, რომლებსაც ბიძაჩემი იონას ფრთაგაშლილი ფანტაზია პანტა-პუნტით ისროდა, და ერთხმად იწონებდა. ერთ-ერთ პირველსავე სხდომაზე ბიძაჩემმა იონამ წინადადება შეიტანა, საიუბილეო მედალი დაემზადებინათ და ახალშობილი მეასიათასისათვის სამშობიარო სახლშივე მიერთმიათ. კომისიამ წინადადებას მხარი დაუჭირა და ესკიზის შესაქმნელად გამოცხადდა კონკურსი „სანაკლიო – 100000“. კონკურსი დახურული იყო. დახურული იყო ხუთი მხრიდან, მეექვსე მხარეს კი კომისიისთვის, რომელიც ამავე დროს ჟიურიც იყო, დატანებული ჰქონდა მცირე ჭუჭრუტანა. ამ ჭუჭრუტანამ კომისია-ჟიურის პასიურობაში ცოტაოდენი სიცოცხლე შეიტანა. კერძოდ, უახლოეს სხდომაზე, როდესაც წინასწარი თათბირი გაიმართა მომავალი გამარჯვებულის გამოსავლენად, თათბირში კომისია-ჟიურის თითქმის ყველა წევრმა მიიღო მონაწილეობა. უმრავლესობას თავისი საკუთარი კანდიდატურა ჰყავდა, მაგრამ საბოლოოდ, რა ყველაფერი კარგად მისხალ-მისხალ აწონეს, გამარჯვებულად სცნეს ქალაქის მთავარი მხატვარი ლეონარდო დიდიმამიშვილი. სანამ კომისია ბჭობდა, ბიძაჩემი იონა ჩუმად იყო, მერე კი, კომისიის აზრი რომ გამოიკვეთა, წამოდგა, გადაჭრით გაილაშქრა დიდიმამიშვილის წინააღმდეგ, თავის მხრივ წამოაყენა ვინმე კარლო წუწუნავას კანდიდატურა და, როცა თათბირის მონაწილენი ერთსულოვნად აღშფოთდნენ, რადგან ეს სახელი და გვარი არც ერთ მათგანს არ გაეგონა,თავისი მოსაზრება იმით დაასაბუთა, რომ, ჯერ ერთი, ხსენებული წუწუნავა სანაკლიური გენიის ამომავალი ვარსკვლავია, რომელიც სულ მალე ყველაზე მაღალ და მიუვალ მწვერვალებს დაიპყრობს, და მეორეც, წვრილშვილის პატრონია, ვიწროდ ცხოვრობს, გამოფენებზე არ იწვევენ და ოჯახის რჩენა უჭირსო. რაკი კომისია-ჟიურიმ ეს მოტივები საკმარისად არ ცნო და ბრძოლა განაგრძო, ბიძაჩემმა იონამ მისი სიჯიუტის გასატეხად გადამჭრელი საბუთი მოიშველია: რაკი ასე გსურთ, მე ჩემდათავად ყველა მოვალეობა მომიხსნია და სხვა მდივანი ეძიეთო. ასეთი დილემის წინაშე რომ დადგნენ, კომისია-ჟიურის წევრებმა ისევ დიდიმამიშვილის გაწირვა ამჯობინეს (მოგვიანებით, როცა ორი მნიშვნელოვანი გარემოება გამოირკვა – წუწუნავამ მართლა საუკეთესო ესკიზი მოიტანა, ხოლო დიდიმამიშვილს საერთოდ არ მიუღია კონკურსში მონაწილეობა – კაცია გოგიასა და მთელი კომისიის თვალში ბიძაჩემი იონას აქციები კიდევ უფრო ამაღლდა). ამის შემდეგ მომავალი იუბილარის ეკონომიურ უზრუნველყოფას შეუდგა და ამ საკითხის გამო ერთ-ერთ სხდომაზე კომისიის წინაშე ვრცე-ლი მოხსენებით წარდგა. შეცდომა რომ არა მოგვივიდეს რა, ამთავითვე უნდა ყველაფერი გავითვალისწინოთო, აღნიშნა მან, მართალია, სანაკლიელ მშრომელთა ცხოვრების დონე უკვე ისე ამაღლდა, ფეხის წვერებზე თუ არ შედექი, გადახედვაც კი ჭირს, მაგრამ, რაკი ცალკეული გამონაკლისები ჯერ კიდევ არსებობს, გამორიცხული არ არის, ჩვენი იუბილარი სწორედ ასეთ გამონაკლის ოჯახში დაიბადოს; სახლი არ ჰქონდეს, კარი არ ჰქონდეს, საჭმელი არ ჰქონდეს, სასმელი არ ჰქონდეს, ჩასაცმელი არ ჰქონდეს და დასახური არ ჰქონდეს. მერე რომ არ დაგვჭირდეს სახსრების ძებნა, როცა – ყველამ კარგად იცით ჩვენი ფინანსისტების წუწურაქობის ამბავი – შეიძლება გვიანღა იყოს, სჯობს ამთავითვე შევქმნათ საგანგებო ფონდი. თუ არ დაგვჭირდა, ხომ კარგი, და თუ დაგვჭირდა, საძებნელი არ გაგვიხდება. მოგეხსენებათ, მეასიათასე ისეთი ღირსშესანიშნაობა იქნება, რომლის ნახვას ქალაქის ვერც ერთი სტუმარი გვერდს ვერ აუვლის, ასეთი მნიშვნელობის ღირსშესანიშნაობა კი სანიმუშო და საჩვენებელი უნდა იყოს, ეს ჩვენი პრესტიჟის საქმეაო. კომისიამ წინადადება ერთსულოვნად მოიწონა და საიუბილეო ფონდი შეიქმნა. ტექნიკური საკითხები რომ მოაგვარა, ბიძაჩემმა იონამ თავად ზეიმის მზადებას მიჰყო ხელი. ჯერ ზოგადი გეგმა შეიმუშავა და კომისიას დაამტკიცებინა. გეგმა მრავალ საინტერესო ღონისძიებას ითვალის-წინებდა, როგორიცაა, მაგალითად, თეორიული კონფერენცია თემაზე „დედა, მამა და შვილი – პრობლემის ბიოლოგიური და ფსიქოლოგიური ასპექტი“, გაზეთ „სანაკლიოს დილას“ ორფურცლიანი ლიტერატურულსაიუბილეო დამატება სათაურით „აუ, რამდენი გავმხდარვართ უკვე!“, სახელდახელო მიტინგები წარმოება-დაწესებულებებში და მრავალშვილიან ოჯახებში, საზეიმო კონცერტები საბავშვო ბაგა-ბაღებში, ქალთა კონცერტი ოფიცერთა კლუბში, სატრანსპორტო საშუალებათა საზეიმო საყვირები ქალაქის ქუჩებში და სხვა. ყველაფერი ეს უნდა მომხდარიყო მეასიათასის დაბადების დღეს. მთავარი საიუბილეო სხდო-მა და მშრომელთა დემონსტრაცია გაიმართებოდა სამი-ოთხი კვირის შემდეგ (რათა იუბილარ დედა-შვილსაც შეძლებოდა მასში მონაწილეობის მიღება). დემონსტრაციისა და საზეიმო კონცერტის დასადგმელად ბიძაჩემ იონას თავიდან პროფესიონალი რეჟისორის მოწვევა ჰქონდა განზრახული, მაგრამ მერე, როდესაც ყველაფერი გულმოდგინედ აწონ-დაწონა, პირვანდელი გადაწყვეტილება შეცვალა, რადგან იმ დროს რეჟისორების მთავარი რეზერვაცია თბილისში იყო, პერიფერიებში კი, მათ შორის სანაკლიოშიც, მხოლოდ რამდენიმე კუდა რეჟისორი დაბოგინობდა, რომელთა ჩანასახოვან გემოვნებას თავისი ნატიფი ფანტაზია ვერ ანდო და საბოლოოდ ამ საქმესაც თავად მოჰკიდა ხელი. სცენარი დაწერა და მიზანსცენების მოფიქრებას შეუდგა. ზეიმი უნდა გამართულიყო მთავარ მოედანზე. ტრიბუნაზე ქალაქის ხელისუფალთა და ჩამოსულ სტუმართა გარდა იქნებოდნენ მრავალშვილიანი დედები, რამდენიმე ახლადშეუღლებული წყვილი და სამშობიარო სახლის წარმომადგენლები. ტრიბუნა მორთული იქნებოდა ცოცხალი ყვავილებით და მრავალფეროვანი ტრანსპარანტებით, რომელთა ძირითადი მოტივი უნდა ყოფილიყო მოწოდება გამრავლებისაკენ (როგორიცაა, მაგალითად, „წინ, მეორასიათასისაკენ!“). სცენარის პირვანდელ ვარიანტში ბიძაჩემ იონას გათვალისწინებული ჰქონდა ტრიბუნის მორთულობაში ისეთი დეტალებიც შეეტანა, რომლებიც ნაყოფიერების სიმბოლოდ გამოდგებოდა, მაგრამ კომისიის წევრები, რომელთაც ეს საკითხი თავთავიანთ ოჯახებში განეხილათ, ისეთი კატეგორიული გაწიწმატებით წინააღუდგნენ ამ განზრახვას, რომ ბიძაჩემი იონა იძულებული შეიქნა ამჯერად დათმობაზე წასულიყო. ტრიბუნას უწყვეტ ნაკადად ჩაუვლიდა ქალაქის თითქმის მთელი მოსახლეობა. ყველაზე წინ, ლამაზად მორთულ ორცხენიან ეტლში, იჯდებოდა იუბილარის ოჯახი. ეტლს მიჰყვებოდნენ ცხენებზე ამხედრებული რჩეული სანაკლიელი ჭაბუკები, მხედრების უკან – ბებია ქალები თეთრ ხალათებში, შემდეგ – შეთქვირებული გოგოები ლოზუნგებით: „მეც მინდა დედა გავხდე!“ და ა. შ. და ა. შ. მთელი ამ ხნის განმავლობაში მოედნის დიდი ნაწილი დათმობილი ექნებოდა კონცერტის მონაწილეებს – მოცეკვავეთა ანსამბლებს, მომღერალთა გუნდებს, მსახიობ-დეკლამატორებს, აკრობატებს, ილუზიონისტებს, ხუმარებს, ხალხურ მთქმელებს და სხვ. სკვერებში და მოზრდილ გზაჯვარედინებზე სუფრები იქნებოდა გაშლილი. დღესასწაული უნდა დამთავრებულიყო საერთო-სახალხო პურისჭამით. ასეთ მასშტაბურ სპექტაკლს სანაკლიელი რეჟისორები, ცხადია, ვერ გაუმკლავდებოდნენ, ამიტომ ბიძაჩემმა იონამ ყველაფერი თვითონ იტვირთა და მხოლოდ ასისტენტები მოითხოვა, რომელთაც მის განკარგულებათა უსიტყვო შესრულება ევალებოდათ. იმისათვის, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში ქალაქს მეასიათასე მოქალაქის მოლოდინით ეცხოვრა, სანაკლიოს ორივე გაზეთში ჟამიდან ჟამზე იბეჭდებოდა შესაფერისი წერილები, ბოლო თვეს კი საგანგებო რუბრიკა შემოიღეს, სადაც ყოველდღიურად ქვეყნდებოდა ცნობები იმის შესახებ, თუ რამდენი დაიბადა და კიდევ რამდენი დარჩა დასაბადებელი. გარდა ამისა, ბიძაჩემმა იონამ საიუბილეო კომისიის სახელით თავიდანვე გამოაცხადა საერთო-სახალხო გამოკითხვა, რომლის შედეგადაც უნდა გადაწყვეტილიყო, რა სახელი დარქმეოდა იუბილარს. რაკი ბიძაჩემმა იონამ წინასწარ არ იცოდა, ბიჭი დაიბადებოდა თუ გოგო, თანაქალაქელებს სთხოვა ორივე შემთხვევისთვის გამოეთქვათ თავიანთი სურვილები. სანაკლიელები ხალისით გამოეხმაურნენ მოწოდებას და მალე შტაბს წერილების ნიაღვარი მოასკდა. საბოლოოდ ვაჟების სახელებში გამარჯვებული გამოვიდა „კაცია“, ხოლო ქალების სახელებში – „ვანდა“. ერთი სიტყვით, ბიძაჩემმა იონამ ჩვენი საყვარელი სანაკლიო ისე დამუხტა იუბილის მოლოდინით და ისე გადაავიწყა ყველა სხვა პრობლემა და ყველა სხვა საზრუნავი, თითქოს ეს საინტერესო ქალაქი იმთავითვე მხოლოდ იმ მიზნით შექმნილიყო, რომ თავის მეასიათასე მოქალაქის დაბადება ეხილა. ამასობაში დრო მიდიოდა და ნანატრი წამი ახლოვდებოდა. როდესაც საიუბილეო კონკურსის ვადა გავიდა, ავტორიტეტულმა ჟიურიმ გულდასმით განიხილა წარმოდგენილი ესკიზები და პირველი ადგილი ერთხმად მიანიჭა კარლო წუწუნავას. ყველასთვის მოულოდნელად, კარლო წუწუნავამ, კონკურსის შედეგი რომ შეიტყო, განცხადება შეიტანა საიუბილეო კომისიის სახელზე და (მას შემდეგ, რაც გულწრფელი მადლობა მოახსენა ჟიურის მისი მოკრძალებული ღვაწლის ესოდენ მაღალი შეფასებისათვის) ითხოვა, პრემიაცა და კუთვნილი ჰონორარიც საიუბილეო ფონდში გადაერიცხათ. კარლო წუწუნავამ განცხადება, წესისამებრ, კომისიის მდივანს მიართვა. ბიძაჩემ იონას, რომელმაც კარგად იცოდა წუწუნავების ოჯახის გაჭირვების ამბავი, ეს უადგილო გულუხვობა და ენთუზიაზმი თურმე არაფრად ეჭაშნიკა, განცხადება უკანვე დაუბრუნა ავტორს და მზრუნველი კილოთი აუხსნა, რომ საიუბი-ლეო ფონდი საკმარისად ღონიერი იყო და შეწირულობებს არ საჭიროებდა, რაზედაც კარლო წუწუნავას უპასუხნია, კაცო, შენ წინ იყურე და შენს საქმეს მიხედე, ჩემს ფულს მე როგორც მინდა ისე მოვიხმარო, და, გაუგებრობა რომ არა მომხდარიყო რა, განცხადება ოფიციალურად გაუტარებია კანცელარიაში. ბიძაჩემი იონა სახტად დარჩენილა (და, საერთოდ, მიუხედავად იმისა, რომ ყველა, ვინც მასზე სულელი ეგონა, ბოლოს, როგორც წესი, მასზე ჭკვიანი აღმოჩნდებოდა ხოლმე, ვერასოდეს სათანადო დასკვნა ვერ გამოჰქონდა). კარლო წუწუნავას კეთილშობილური საქციელი სანაკლიოს გაზეთებმა მეორე დღესვე აიტაცეს. გამოქვეყნდა გამარჯვებული ესკიზის ფოტო, ავტორის პორტრეტი, მოზრდილი ინტერვიუ და ერთი ხელოვნებათმცოდნის სტატია, რომელიც მკითხველებს უკიდურესი მხატვრულობით მოუთხრობდა ახალგაზრდა შემოქმედის ნიჭიერების ამბავს. ხანი რომ გამოხდა, გამარჯვებული მხატვარი კაცია გოგიასთან ჩაეწერა მიღებაზე და, როცა რიგმა მოუწია და შევიდა, აღელვებითა და ცოტა დაულაგებლად უამბო, თუ რა გაჭირვება დაატყდა თავს კონკურსში გამარჯვების შედეგად. ასეთი რა მოხდაო, უთქვამს, რაღაც ორი გროში შევწირე საიუბილეო ფონდს, თან ხომ არ უნდა გადამაყოლონო. ერთი რიგითი პატრიოტი ვარ და ისე მიყვარს ჩემი ქალაქი, როგორც დანარჩენ სანაკლიელებს, არც მეტი, არც ნაკლები, ჩემს ადგილას ალბათ ყველა ასე მოიქცეოდაო. რა გმირობა, რის გმირობა, ეს გახლავთ ჩვეულებრივი მოქალაქის ბუნებრივი მოთხოვნილება და, რომ მცოდნოდა, ასეთი ამბავი ატყდებოდა, ამას როგორ ვიზამდიო. მოსვენება აღარა მაქვს მნახველებისაგან. თუ გარეშე, თუ შინაური, ყველა თავის მოვალეობად თვლის სტუმრად მეწვიოს და დამათვალიეროს, ვითომ რაღაც უნახავი სანახაობა ვიყოო. მოვიდნენ, ვინ ოხერი, მაგრამ ერთი პატარა ოთახი მაქვს, ცოლ-შვილი დავტიო იქ, თუ სტუმრებიო. თვითონ სულ არ ენაღვლებათ და მე ლამისაა სახლიდან გადავიკარგოო. თანაც ზოგი ისეთი სტუმარია, თუ არ გაუმასპინძლდი, არ ივარგებს, არადა, ჩემი ხელფასის პატრონი რომელ ერთს გავწვდე, ოჯახს შიმშილით ხომ არ ამოვწყვეტო... მოკლედ, სანაკლიოს მეასიათასე მოქალაქე ჯერ კიდევ არ იყო დაბადებული, როდესაც დამწყებმა მხატვარმა კარლო წუწუნავამ ახალი ბინა და ახალი ხელფასი მიიღო, ხოლო სამი თუ ოთხი წლის შემდეგ (მაშინმე უკვე კარგა ხნის წასული ვიყავი სანაკლიოდან) ქალაქის მთავარ მხატვრად დაინიშნა, ქალაქის ყოფილი მთავარი მხატვარი კი, ლ. დიდიმამიშვილი, საკუთარი განცხადებით გადადგა პენსიაზე გასვლასთან დაკავშირებით. თუმცა ჩვენს სათქმელს მივუბრუნდეთ. რაც უფრო ახლოვდებოდა დიდებული წუთი, სანაკლიოში მით უფრო იზრდებოდა აჟიოტაჟი. გაზეთებმა უმატეს წერილების რაოდენობასაც და სიგრძესაც, რადიოკვანძი უკანასკნელ ცნობებში რეგულარულად გადმოსცემდა ინფორმაციებს სამშობიარო სახლიდან, გაიზარდა საიუბილეო კომისიის სხდომათა სიხშირე, ამაღლდა ამ სხდომებზე კაცია გოგიას დასწრების კოეფიციენტი. ერთი სიტყვით, მოახლოებული იუბილე სრულიად სანაკლიოს ერთადერთი სულიერი საზრდო გახდა. ყველგან – ქუჩებში, სკვერებში, ბაზარში, ეზოებში, სარეცლებში, ვაჭრობის კლუბში, სკოლებში და პროფ. სასწავლებლებში, ტაქსებსა და ტროლეიბუსებში, კარტოფილის რიგებში და ქალთა საპარიკმახერო სალონებში – ყველგან მეასიათასის ხსენება იყო. თვით შეყვარებული გოგო-ბიჭებიც კი, რომლებიც ქალაქის ბნელ-ბნელ კუთხეებში გამალებული ვარჯიშობდნენ კოცნაში, ისე ვერ მოისვენებდნენ, შუა ვარჯიშში ერთხელ მაინც მომავალი იუბილე არ ეხსენებინათ. ხოლო ქალაქის პულტთან იდგა ბიძაჩემი იონა და, რას ფიქრობდა, კაცმა არ იცის. იდგა, როგორც მთავარსარდალი, მხნე, ამაყი, გამარჯვებაში ღრმად დარწმუნებული, და დინჯად ითვლიდა. ცხრა, რთვა, შვიდი, ექვსი, ხუთი, ოთხი, სამი, ორი, ერთი... და აჰა, დაჰკრა დიდებულმა ჟამმა: მომავალი მეასიათასის დედას საიუბილეო ტკივილები დაეწყო. ბიძაჩემმა იონამ პრესისა და რადიოს მუშაკებთან, კომისიის სამ წევრთან და საზოგადოებრიობის რამდენიმე წარმომადგენელთან ერთად ბოლო ორი დღე სამშობიარო სახლში გაატარა. მეასიათასე დაიბადა აპრილის ცამეტს, ორშაბათ დღეს, გამთენიის ხანს, დილის ოთხ საათსა და ოცდასამ წუთზე. მოგვიანებით, ჩემს კითხვაზე, მახარობლები რომ ვესტიბიულში გამოცვივდნენ და იქ მელოგინის ოჯახის არც ერთი წარმომადგენელი არ აღმოჩნდა, გულმა რამე თუ გიგრძნო-მეთქი, ბიძაჩემმა იონამ დაფიქრებით მიპასუხა, როგორ არა, მაშინვე რეჩხი მიყო, მაგრამ ჩემი ტვინის ყველა თოთხმეტი მილიარდი უჯრედი (სიც) იმ დროს მკაცრად იყო დასაქმებული, მე ხომ მთელი სანაკლიოს მაგივრად ვაზროვნებდი, და გონებამ იოლად ჩაახშო გულის ხმა, დანარჩენებს კი, ვინც იქ მახლდა, თითოთითო უჯრედის მეტი არ გააჩნდათ, კაცზე ერთი უჯრედი კი ჩვენს ბობოქარსა და რთულ საუკუნეში ძალიან ცოტააო. ვის რამდენი უჯრედი ჰქონდა აპრილის იმ განთიადს სამშობიარო სახლის ოთახებსა და დერეფნებში, ამის ანგარიშს არ მოვყვები, ვინაი-დან ამან შეიძლება გვარიანად პესიმისტურ შედეგამდე მიგვიყვანოს, მხოლოდ იმას ვიტყვი, რომ მათემატიკა ბიძაჩემი იონას საქმე არ იყო. სამ მახარობელს ერთდროულად აუღია სტარტი და კეთილშობილური განზრახვით – რაც შეიძლება მალე მიელოცათ ოჯახისთვის ბიჭის დაბადება – დიდი სიჩქარით წამოსულან ვესტიბიულში მომლოდინე საზოგადოებისაკენ. ერთი მათგანი შუა დისტანციაზე ტაბურეტს წამოსდებია და შეჯიბრს, სადაც, როგორც ცნობილია, დამარცხებული არ არსებობს, ვინაიდან ყოველთვის მეგობრობა იმარჯვებს, იმთავითვე გამოთიშვია. დანარჩენი ორი ძახილით „ბიჭია, ბიჭი!“ ბოლომდე ისე მხარ-დამხარ მორბოდა თურმე, რომ გამარჯვებულის გამოვლენა, ბიძაჩემი იონას ვარაუდით, ფოტოფინიშის გარეშე შეუძლებელი იყო. მახარობელთა შეძახილების პასუხად ვესტიბიულში მქუხარე ტაში გაისმა. ცხადია, ეს საჭირო და კარგი იყო, საიუბილეო ბიჭი მთელ სანაკლიოს ეკუთვნოდა, მაგრამ მახარობლები სამართლიანად მოელოდნენ, რომ მილოცვას კონკრეტული ადრესატიც უნდა ჰყოლოდა. კონკრეტული ადრესატი კი არ ჩანდა და დაღლილი და აქოშინებული სპრინტერები შეფიქრიანებული და ცოტა გამწყრალი სახით აცეცებდნენ თურმე თვალებს. პირველი ბიძაჩემი იონა მოსულა გონს და, სანამ საერთო გაკვირვება უფრო მძაფრ სახეს მიიღებდა, ოცდახუთმანეთიანები დაუძვრია ჯიბიდან და გამარჯვებული მორბენლებისთვის პრიზებად დაურიგებია. ამასობაში ტრავმირებული მახარობელიც გამომჯობინებულა და, ბიძაჩემი იონას ხელში ოცდახუთმანეთიანები რომ დაუნახავს, ტკივილი სულ გადავიწყებია, წვივის არეში გადატეხილი მარცხენა ფეხი სასწრაფოდ აუკეცავს, ოდენ მარჯვენაზე შემდგარა, ელვისებური ასკინკილით წამოსულა და უიმედო და საწყალობელი ხმით უთქვამს ბიძაჩემი იონასთვის, ბიჭია, ბიჭი, ღმერთმა გაგიზარდოს და გაგიმრავლოსო, და ეს არასწორი მისამართით წარმოთქმული სიტყვები ბიძაჩემს კიდევ ერთი ოცდახუთმანეთიანი დაჯდომია. ეტყობა, ბიძაჩემ იონას თუ თოთხმეტი მილიარდი არა, ყოველ შემთხვევაში, რაც ჰქონდა, ყველა უჯრედი მართლა დასაქმებული იყო, რომ ამ პირველი საეჭვო გარემოებისათვის სათანადო ყურადღება არ მიუქცევია. ამის ნაცვლად ახალშობილის ზომა-წონითა და ჯანმრთელობით დაინტერესებულა. ეს მონაცემები მალე შეუტყვია. ბებია ქალი გამოსულა და ოცდახუთ მანეთად უთქვამს, წონა – ოთხი და სამასი, სიგრძე – ორმოცდათერთმეტი სანტიმეტრი, ხმა – ბოხი და ჯანმრთელიო. მაშინ ბიძაჩემ იონას კორესპონდენტები დაუთხოვია, ჯერჯერობით ეს ზოგა-დი ცნობები მივაწოდოთ მკითხველს, დანარჩენი ნელ-ნელა გამოვუზოგოთ, რომ მუდმივ სასიამოვნო დაძაბულობაში ვიყოლიოთო. ისინიც დაყაბულებულან, მაგრამ ამ დროს ფოტოკორესპონდენტები, რომელთაც, ბუნებრივია, ღამისთევის საფასური უნდოდათ, გაჭინჭყლებულან, სურათის გარეშე ცნობას ფასი არ ექნებაო. მაშინ თურმე, რაკი ახალმოლოგინებულთან აპარატის ჩხაკაჩხუკი მიზანშეწონილი არ იყო, ერთ სანიტარ გოგონას, რომელიც აქ სტაჟს აგროვებდა, რათა მერე ეს სტაჟი ნაკლული ცოდნის კომპენსაციად გამოეყენებინა და ამ გზით უმაღლეს სასწავლებელში მოხვედრილიყო, სასწრაფოდ გახადეს ტანთ, ქათქათა ლოგინში ჩააწვინეს, გვერდით ხუთიოდე დღისწინ დაბადებული ერთიბუთხუზა ბიჭი მიუგორეს და პრესის საიდუმლოებათა ღრმად მცოდნე ფოტოკორესპონდენტებმა სურათი ისე გადაიღეს, რომ მნახველს ბედნიერი დედის განწყობა ეგრძნო, ხოლო სახე და სხვა დეტალები ვერც ქალისა და ვერც ბავშვის ვერ გაერჩია. რაკი პრესა მოიშორა და ამ გზით უჯრედების ნაწილი გამოუთავი-სუფლდა, ბიძაჩემი იონას ყურადღების არეში მყისვე მოექცა ის უცნაური გარემოება, რომ მახარობელი ქალების დაძახილს ზუსტი ადრესატი არ გამოხმაურებია, ცოტა ხნის შემდეგ კი, როცა იმავე მახარობლებისა და ბებია ქალის გამოკითხვით დადგინდა, რომ, რაც იუბილარის დედა აქ იწვა, მისთვის არავის მოუკითხავს, ბიძაჩემ იონას თურმე გულმა კიდევ უფრო ძლიერი რეჩხი უყო და მკაფიოდ, ცხადად (როგორც ახლა შენ გიყუ-რებო, მითხრა) დაინახა ბედის ირონიული ღიმილი. ჩემი აზრით, ტყუოდა, რადგან ჩემს კითხვაზე, მარტო ღიმილი დაინახე თუ თვითონ ბედიც-მეთქი, ვერაფერი თქვა, მხოლოდ რეგვენი მიწოდა, რაც, შესაძლებელია, სიმართლე კი იყო, მაგრამ კითხვას სრულებით ვერ პასუხობდა. ასეა თუ ისე, ბიძაჩემი იონა გვარიანად შეშფოთებულა, კომისიის სამ წევრს, რომლებიც თან ახლდა, წინ გასძღოლია და შემდგომი კვლევა-ძიება სამშობიარო სახლის დირექტორის კაბინეტში გაუგრძელებია. ამ კვლევა-ძიებას შედეგი არ მოჰყოლია. სამშობიარო სახლში არავითარი ცნობა არ მოიპოვებოდა მელოგინის ოჯახის შესახებ. მაშინ საგონებელში ჩავარდნილ ბიძაჩემ იონას თავად მელოგინესთან საუბარი მოუთხოვია და მას შემდეგ, რაც ექიმს ქალის ჯანმრთელობა გულდასმით შეუმოწმებია და დამაკმაყოფილებლად უცვნია, ნებართვაც მიუღია. თეთრი ხალათი ჩაუცმევიათ, თეთრი ქუდი დაუხურავთ და, ამგვარად, ექიმისა და მისი ასისტენტების შემდეგ ბიძაჩემი იონა აღმოჩნდა პირველი კაცი, ვინც იუბილარის მშობელი დედა იხილა. ისეთი სახე ჰქონდაო, მიამბობდა მერე ბიძაჩემი, ისეთი მშვიდი, ისეთი სათნო, ისეთი ღვთაებრივი ნათელი ეფინა და ისეთი თბილი, ისეთი ნაზი და ისეთი უმწიკვლო ღიმილით შემომცქეროდა, მეტისმეტად შეშფოთებული რომ არ ვყოფილიყავი, მეტისმეტად შეფიქრიანებული დამეტისმეტად ბრიყვი (ეს უკანასკნელი სიტყვა გულზე მალამოდ მომეცხო, ვინაიდან ამ ყაიდის სიტყვებით, როგორც წესი, ყოველთვის მე მაჯილდოებდა ხოლმე, თავისთვის კი ძალზე იშვიათად იმეტებდა), ამ სახისა და ამ ღიმილის შემხედვარეს წინდაწინვე უნდა გამომეცნო მოვლენათა შემდგომი განვითარებაო. ბიძაჩემ იონას გულითადად მიულოცავს ვაჟიანობა და უთქვამს, ალბათ გეცოდინებათ, რომ თქვენი ბიჭი სანაკლიოს მეასიათასე მცხოვრებია და, ამგვარად, იუბილარის მშობელი ბრძანდებითო. ქალს დედობრივი სიყვარულის გულში ჩამწვდომი ღიმილითა და ცოტა მისუსტებული, მაგრამ საამო ხმით მიუგია, მე თუ არ ვიცი, მაშ, ვინ იცის, ორი დღეა ჯოჯოხეთურ ტკივილებს ვითმენო, ვის შეუძლია წარმოიდგინოს, რა ძალა სჭირდება ქალს, რომ ბუნებას აჯობოს და დაწყებული მშობიარობა მთელი ორი დღით გადასწიოსო. ამ სიტყვების შემდეგ ქალის სახეზე გადაფენილი ნათელი ბიძაჩემ იონას ისეთი ღვთაებრივი უკვე აღარ ეჩვენებოდა, მაგრამ მის გულში მომხდარი ღირებულებათა ეს გადაფასება, ცხადია, ბედნიერი დედისთვის არ უგრძნობინებია, ღიმილითა და დიდი ტაქტით ჩამოუგდია სიტყვა ოჯახზე და, რა შეუტყვია, ქალს ოჯახში არავინ ჰყოლია, ცოტა არ იყოს, შეცბუნებულა და გაუბედავად და არც ისე მკაფიოდ, როგორც ეწადა, უთქვამს, ეს ყველაფერი კარგი, მაგრამ... მმ... მეუღლე... ესე იგი, ბავშვის მმ... მამა... ეეჰო, ქალს უთქვამს, მოუკვდეს დედა ჩემს პატარა კაციას, მამა ვინ მისცაო. მაშინ ბიძაჩემ იონას სახის ნაკვთები იმდაგვარად გადაულაგებია, რომ ზედ სამძიმრის გამომეტყველება აღბეჭდილიყო, და თანაგრძნობით უკით-ხავს, ნუთუ გარდაიცვალაო, წამსვე ქალის ღიმილზე მიმხვდარა, რომ მიზანს ააცდინა, ნაკვთები უკანვე გადმოულაგებია, და აა, მიგატოვათო, უკითხავს. არც მომკვდარა და არც მივუტოვებივარო, უთხრა თურმე ქალმა, ჩემი პატარა კაცია, შემოევლოს დედა, უმამოაო. აპოკალიფსურმა ხილვამ რომ გაუარა, ბიძაჩემს უფრო პროზაული, უფრო რეალური და პრაქტიკული ეჭვი აუღია, მაგრამ ამ თემაზე საუბარი უხერხულად მიუჩნევია და, ვიზიტი რომ როგორმე სხვა თემით დაემთავრებინა, სახე-ლი და გვარი უკითხავს, რაც ანკეტიდან უკითხავადაც კარგად იცოდა. იამზე ბურძგლაო, ქალს უთქვამს, თქვენ თუ გინდათ, იაია დამიძახეთ, ახლობლები იაიას მეძახიანო. ბიძაჩემმა იონამ თურმე იგრძნო, რომ მშობლიური სანაკლიოს ლაჟვარდ ცაზე ლეგა ღრუბლები გამოჩნდა, პალატიდან გამოსულმა სასწრაფოდ ჩამოურეკა კომისიის დანარჩენ წევრებს, საგანგებო მდგომარეობა შეიქნა და დაუყოვნებლივ შტაბში გამოცხადდითო, და იმ სამ წევრთან ერთად, რომლებიც ბოლო ორი დღეა მუდამ თან ახლდა, თვითონაც შტაბს მიაშურა. ბიძაჩემი იონას ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ სანაკლიოს საიუბილეო, მეასიათასე მცხოვრები ნაბიჭვარი გამოდგა, სხდომაზე თურმე გლოვის ზარივით გაისმა. დიდხანს იდგა სამარისებური დუმილი. მერე, როცა პირველმა ელდამ გაიარა, გამოირკვა, რომ იაია ბურძგლა ბევრისთვის ნაცნობი სახელი და გვარი იყო, ხოლო კომიიის ერთი-ორი, შედარებით ახალგაზრდა წევრი, საეჭვოდაც კი შეიშმუშნა და სკამზე მოუსვენრად აწრიალდა. მცირე ხნის შემდეგბიძაჩემმა იონამ მძიმე, მაგრამ გვერდაუქცეველი კითხვა დასვა – რა ვქნათ, როგორ მოვიქცეთო – და კომისიის წევრთა გაუვალი, შეუღწევადი სახეების დანახვაზე მიხვდა, რომ ამ წუთიდან მოყოლებული მის უჯრედებს რაღაც დამატებითი და გაუთვალისწინებელი ტვირთი დააწვებოდა. მაგრამ ეს მომავლის ბუნდოვანი და ყრუ ძახილი იყო, რომელიც უცნობი ბრძოლისთვის მოწოდების შორეულ ზარს ჰგავდა, თორემ, როგორც ბიძაჩემმა იონამ ამიხსნა, როცა კომისიისთვის უკითხავს, რა ვქნათო, მხოლოდ ტაქტისა და სიფრთხილის იმ დოზას გულისხმობდა, რომლითაც ქალაქისთვის ეს მოულოდნელი და სავალალო ვითარება უნდა შეეპარებინათ, და იმ დროს აზრად არ მოსვლია, რომ საქმე შეიძლებოდა ისე დატრიალებულიყო, როგორც დატრიალდა. რაკი კომისიამ მის კითხვას პასუხი ვერ გასცა, ბიძაჩემმა იონამ გონივრული წინადადება შეიტანა: ასეთი პიკანტური საკითხები რა ჩვენისაქმეა, ბატონ კაცია გოგიას ვეახლოთ, ის არის კომისიის პატრონი და მთელი ქალაქის ალამდარი და დაე მისმა უზენაესმა გონებამ იმტვრიოს თავიო. კაცია გოგიას ხსენებაზე კომისიამ შვებით ამოისუნთქა. მართლაცდა (ვის არ გამოუცდია!), რამოდენა ლოდი გშორდება კაცს იმის გახსენებაზე, რომ არსებობს ვიღაც, ვისაც შეუძლია შენს მაგივრად იფიქროს და შენს მაგივრად წყვიტოს რთული და საჭოჭმანო საკითხები! კომისია მაშინვე წამოიშალა, მაგრამ მალე ისევ დაჯდა, ვინაიდან მოაგონდა, რომ ჯერ კიდევ ადრიანი დილა იყო. კაცია გოგია რვის ნახევარზე დგებოდა. ლოგინიდან ხომ არ წამოაგდებდნენ ამხელა კაცს! საათნახევარი კიდევ ისხდნენ და ბოლოს, როცა კაცია გოგიას ადგომის დრომ მოაწია, ყველანი მისი სასახლისაკენ გაემართნენ. კაცია გოგია საუზმეს უჯდა. კომისია რომ შევიდა და საიუბილეო წიაღში წარმოქმნილი საგანგაშო ვითარება აცნობა, ხიზილალიანი პური (კარტოფილი არ უყვარდაო, ამიხსნა ბიძაჩემმა იონამ) თურმე ჰაერში გაშეშებია და წამით დამუნჯებულა (ბიძაჩემი იონა რომ ამ დეტალს მიამბობდა, მე ცნობიერების ნაკადის რთული ასოციაციის მეშვეობით ეგნატე ნინოშვილი მომაგონდა), მერე ყავა რამდენჯერმე ნერვიულად მოუწრუპავს და დაფიქრებულა. ბოლოს ფიქრების შედეგი კომისიისთვის გაუცვნია, კერძოდ, უთქვამს, უმამოდ ბავშვის დაბადება ბნელეთის მოციქულთა მოგონილი ზღაპარია, რომელიც საბოლოო მიზნად მასების მორჩილებაში ყოფნას ისახავსო, გამოცდილება და პრაქტიკა ნათლად გვიჩვენებს, რომ ბავშვი იბადება მხოლოდ მამის დაუღალავი შრომის შედეგადო, ეს, შეიძლება ითქვას, ბუნების გარდაუვალი კანო-ნიაო, ამ შემთხვევაში ეტყობა საქმე გვაქვს არა უმამოდ დაბადებასთან, არამედ პირიქით, მამობის მრავალრიცხოვანი კანდიდატურების ერთობლივ მოღვაწეობასთან, რაც საშუალებას არ გვაძლევს ნამდვილი მამის ვინაობა დავადგინოთო. ამ მცირე თეორიული ექსკურსის შემდეგ უთქვამს, სამშობიარო სახლში წავიდეთ და ყველაფერი ადგილზე გავარკვიოთო. ბიძაჩემ იონას ეჭვი ეპარებოდა, რომ სამშობიარო სახლში იმის გარდა, რაც უკვე გაარკვია, კიდევ შეიძლებოდა რაიმეს გარკვევა, მაგრამ, რაკისანაკლიოში უფროსები არასოდეს ცდებიან, არ შეპასუხებია. სამაგიეროდ ტელეფონს მიწვდა, ყურმილი აიღო და სამშობიარო სახლის დირექციას კომისიის თავმჯდომარის გადაწყვეტილება წინდახედულად აცნობა. გასვლითი სხდომის გამართვას ვაპირებთ თქვენთანო, უთხრა, სხდომას თვით ბატონი კაცია დაესწრებაო, ამჟამად ბატონი კაცია საუზმეს შეექცევა და, რომ მოათავებს, წამოვალთ, ასე რომ ნახევარ საათში ალბათ უკვე მანდ ვიქნებითო. ბიძაჩემმა იონამ იცოდა, რასაც აკეთებდა. სამშობიარო სახლში წამსვე დაფაცურდნენ, იქაურობა ოპე-რატიულად დააკრიალეს, პერსონალს ახლადგაუთოებული ხალათები ჩააცვეს, თუ ვინმე მთვრალი იყო, შინ გაუშვეს, მელოგინე ქალები, რომლებიც თავიანთი რიგის მოლოდინში დერეფნის სხვა-დასხვა კუთხე-ებში შეკრებილიყვნენ და ერთმანეთს ინტიმურ გამოცდილებას უზიარებდნენ, თავთავიანთ პალატებში შელალეს, შემოსასვლელში საზეიმო წუთებისათვის საგანგებოდ შეძენილი დიდი ნოხი დააგეს, წინა ფასადზე ყოველი შემთხვევისთივს დროშაც გადმოფინეს და ამგვარად საპატიო სტუმრის შესახვედრად სანიმუშოდ მოემზადნენ. კაცია გოგია მაღალი კაცი იყო და ერთი შეხედვით კაკლის საბერტყ ჭოკს ჩამოგავდა, მაგრამ ადგილზე გარკვევამ უკვე არსებულ ცნობებს ახალი ვერაფერი შემატა. კომისიის საპატიო თავმჯდომარე მელოგინის ანკეტას დიდხანს გულისყურით ჩაჰკირკიტებდა და ისეთი სახე ჰქონდა, ეტყობა, ფიქრობდა. ხანი რომ გამოხდა, თქვა: „მდააა...“ და ისევ გაჩუმდა. კიდევ რომ გამოხდა ხანი, თავი ასწია, კომისიის წევრებსა და გარეშე დამსწრეებს (სამშობიარო სახლის დირექტორი და მთავარი ექიმი) ქორული მზერა, მოავლო, ხელისგული მკაცრად დაჰკრა მაგიდის კიდეს და ხმაში ფოლადი გამოურია: უკანონო ბავშვის მეასიათასე მცხოვრებად დანიშვნას არავინ გვაპატიებსო, თქვა, ვინ მოგვცემს იმის უფლებას, ქალაქის პრესტიჟი შევლახოთო, აქ ხმას დაუწია და უკვე სავსებით წყნარად დააბოლოვა, კომისიის წევრებს ვთხოვ თავიანთი აზრი გამოთქვანო. ეს, ცხადია, რიტუალური ფრაზა იყო და კომისიის წევრებს სინამდვილეში არაფერს ავალდებულებდა, რადგან, იმავე რიტუალის თანახმად,როცა კაცია გოგია საიუბილეო კომისიის (ან სხვა ნებისმიერ) სხდომას ესწრებოდა, მთავარ აზრს ყოველთვის თვითონ გამოთქვამდა, დანარჩენებს მხოლოდ კვერის დაკვრა მართებდათ. მართლაც, მცირე პაუზის შემდეგ, როცა რიტუალურად დარწმუნდა, რომ ხმის ამოღებას არავინ აპირებდა, შემდეგ ფორმულაზე გადავიდა, კეთილი, მაშინ მე დავიწყებო, და დაიწყო. უპრეცედენტო შემთხვევის წინაშე აღმოვჩნდით და, თუ დროზე რამე არ ვიღონეთ, შეიძლება გამოუვალ ჩიხში მოვემწყვდეთო. აქ ცოტა ხანს დაყოვნდა, მერე კომისიის ყველაზე დიდთავა წევრს მიუბრუნდა და რბილად ჰკითხა, ეგება კარგად ვერ დავითვალეთ, ხვიჩა ჩემო, და დაანგარიშებაში შეცდომა მოგვივიდაო, და, როცა ხვიჩამ სასწრაფოდ შეაგება, გამორიცხული არაფერია, გადავათვლევინებ თავიდანო, კმაყოფილმა დაუქნია თავი, გადაათვლევინე, გადაათვლევინეო. ხვიჩამ ბლოკნოტი ამოიღო და დავალება ჩაინიშნა, კაცია გოგია კი ახლა გარეშე დამსწრეებს (სამშობიარო სახლის დირექტორი და მთავარი ექიმი) მიუბრუნდა: „შემდეგი უკვე დაიბადა?“ სამშობიარო სახლის დირექტორმა და მთავარმა ექიმმა მიუგეს: „ახლა იტკიებს მუცელს ერთი მელოგინე“. „ძალიან კარგი“ თქვა კაცია გოგიამ და ისევ ხვიჩას მიმართა, „ან ეგება ამ ხნის განმავლობაში ვინმე ამოეწერა ქალაქიდან და ანგარიშში არ ჩაგვიგდია?“ „კი ბატონო, ეგეც შესაძლებელია. კაცმა რომ თქვას, რა დაუდგებოდა წინ!“, მიუგო ხვიჩამ. მაშინ საუბარში კომისიის თავმჯდომარის მოადგილე ჩაერია, ქალაქ სანაკლიოში კაცია გოგიას შემდეგ ყველაზე პატივსაცემი პიროვნება. მან თქვა: „იქნებ პირიქით, კი არ ამოეწერა, არამედ ჩაეწერა“, და თავისი აზრი რომ განემარტა, დასძინა, „ხომ არ აჯობებს, კაცია ადამოვიჩ, წინაზე ავიღოთ აქცენტი, რაც არ უნდა იყოს, უკვე დაბადებულია და ფაქტის სახით არსებობს?“ კაცია გოგიამ ერთხანს ჩუმად უყურა თავის მოადგილეს, მერე წყნარად დაუქნია თავი და იკითხა: „მამა ჰყავს?“ სამშობიარო სახლის დირექტორმა ანკეტა მოძებნა, ჩახედა და დაადასტურა: „ჰყავს“. ამით ნასიამოვნებმა მოადგილემ მშვიდობიანი ირონიით ჩაიცინა და შენიშნა: „მთელი სანაკლიო ბუშებად ხომ არ გადავიქცეოდით!“ გამსვლელი სხდომა წესით აქ უნდა დამთავრებულიყო, მაგრამ ამ დროს თურმე ბიძაჩემმა იონამ იკითხა: „ეს ყველაფერი კარგი, მაგრამ ამ ქალს რა ვუყოთ?“ „რომელ ქალს?“, ვერ გაიგო თავმჯდომარემ. „ნამდვილი მეასიათასის დედას“. კომისიის წევრთა უკმაყოფილო ხმაურში თავმჯდომარეს ასე უთქვამს: „ნამდვილი, იონა ჩემო, ქვეყანაზე არაფერი არ არის. ყველაფერი მეტ-ნაკლებად ნამდვილია და, როცა კორექტივის შეტანა აუცილებელია, აუცილებლად უნდა შევიტანოთ კორექტივი“. „იმ ქალმა იცის, რომ მეასიათასის მშობელია. ჩვენ ხომ ქალაქს ყოველდღიურად ვაწვდიდით ინფორმაციას!“ „ვცდი-ლობდით. არ უნდა გვექნა. მაგრამ არაფერია: შეცდომა, რომელსაც შეუძლია შემდგომ ზრდას შეუწ-ყოს ხელი, საშიში არაა. რაც შეეხება მაგ ქალს, თუ რამე დახმარება სჭირდება, დავეხმაროთ. ხომ გვაქვს საიუბილეო ფონდი! თუ საჭიროა, სულ მაგას მოვახმაროთ. ნურაფერს დავიშურებთ. ბინა სჭირდება, ბინა მივცეთ, ერთდროული დახმარება სჭირდება, ერთდროული დახმარება მივცეთ, სამსახური სჭირდება, სამსახური მივცეთ. თუ ჭეშმარიტი პატ-რიოტია, არც თვითონ ესიამოვნება, რომ ქალაქს მორალური ლაქა მოეცხოს. სხვათა შორის, ეს კარგი გამახსენე, იონა ჩემო!“, აქ კომისიას მიუბრუნდა, „იმ ქალთან ფაქიზი და ტაქტიანი მოლაპარაკებაა საჭირო. წინადადება შემომაქვს, ეს მოლაპარაკება დაევალოს ამხანაგ იონა კამკამიძეს. ვინ არის მომხრე?“ რაღა თქმა უნდა, თავიც კი არავის შეუკავებია და ბიძაჩემ იონას კიდევ ერთხელ ჩააცვეს თეთრი ხალათი და კიდევ ერთხელ დაახურეს თეთრი ქუდი. ბიძაჩემ იონას კაცია გოგიას წინადადება თავდაპირველად სავსებით მისაღებად და დამაკმაყოფილებლად უცვნია და შუამავლობაც სიამოვნებით უკისრია, რადგან, მისი აზრით მთავარი ეკონომიური სარგებლობა იყო, თორემ მეასიათასის სახელი და წუწუნავას გამოჩორკნილი მედალი ვის რა ჭირად უნდოდა. მაგრამ ამ გონივრულ ვარაუდს იუბილარის დედამ მალე უკომპრომისობის მღვრიე წყალი შეუყენა. ბიძაჩემი იონა პალატაში შესული რომ დაინახა, თავიდან ალერსია-ნად გაუღიმა თურმე, როგორც ძველსა და კარგ ნაცნობს. ბიძაჩემი სკამ-ზე ჩამომჯდარა და ზერელე, ქარაფშუტული მუსაიფი გაუბამს, ქალებს რომ უყვართ და შეეფერებათ, ისეთი. ცხადია, ამ გარეგნულად არხეინ საუბარს თავისი მიზანდასახულობა ჰქონდა, კერძოდ, თავიდან ბოლომდე ისეთი ფარული ლაიტმოტივი გასდევდა, რომელიც ქალის ქონებ-რივი ცენზის დადგენას ისახავდა მიზნად. მართლაც, ჩემს მზაკვარ ბიძას მალე დაუსკვნია, რომ იუბილარ დედას, თუ მცირეოდენ სულიერ კაპიტალს არ ჩავთვლით, სხვა არა ებადა რა, და ძალიანაც გახარებია, რადგან კარგად ესმოდა, რომ, რაც უფრო ღარიბი აღმოჩნდებოდა პატარა კაციას დედა, მით უფრო იოლი იქნებოდა მასთან მოლაპარაკება. ბოლოს, საუბარში რომ აიყოლია, ნელ-ნელა შეაპარა თურმე, საიუბილეო ანგარიშში, ეტყობა, შეცდომაა დაშვებულიო. ეს მოსაზრება რომ უფრო დამაჯერებელი და საშიში გაეხადა, დაუმატა, ვისაც დაანგარიშება ევალებოდა, კვადრატული ფესვი სწორად ვერ ამოუღია, რადგან ნიუტონის ბინომში რიცხობრივი მონაცემები მთლად სიმეტრიულად არ ყოფილა განლაგებულიო, ახლა თავიდან ანგარიშობენ და ვეჭვ, საიუბილეო ციფ-რი კვლავ თქვენზე მოვიდესო. ამის გაგონებაზე იაია ბურძგლას მსუბუ-ქი და რბილი გამომეტყველება ერთბაშად წაშლია და უეცრად თურმე, როგორც გაჭრილი ვაშლი, ისე დამსგავსებია მიქელანჯელოს ქალს, რომელსაც ბავშვი აუტატებია და, თუმც კი იმედი აღარა აქვს, მაინც ცდილობს წარღვნას როგორმე თავი დააღწიოს. მერე თვალი თვალში გაუყრია ბიძაჩემი იონასთვის და უთქვამს, ბინომები და დებილები თქვენსკენ მოიკითხეთ, იცოდეთ, მე ცოცხალი თავით არაფერს დავთმობო. მაშინ ბიძაჩემი იონა მთავარ კოზირს ჩასულა: ბინაო, შეპირებია, ერთდროული დახმარებაო, სამსახურიო. თავისი ინიციატივით ისიც დაუმატებია, სხვა რაიმე ეკონომიკური პრეტენზია თუ გაქვთ, არ მოგერიდოთ, მითხარით და ყველაფერს მოგიგვარებთო. იაია ბურძგლამ უყურა თურმე ამ ბიძაჩემ იონას, უყურა და ბოლოს ჰკითხა, თქვენ იონა კამკამიძე არა ხართო? ბიძაჩემ იონას ერთი კი გაკვირვებია, მერე გულში კმაყოფილებით გაუვლია, მღვდელი ჭილოფში იცნობაო, და უღიარებია, დიახ, ქალბატონო, იონა კამკამიძე გახლავართო. მერე არა გრცხვენიათო, ქალს უთქვამს, ვის აყოლიხართ ამხელა კაცი, რომ აყოლიხართო, მაგათი ანგარიში მე კარგად ვიცი, მაგრამ მე თქვენს ანგარიშს ვენდობოდიო, თქვენ არ იყავით, გაზეთებში რომ ცნობებს ბეჭდავდითო?! მე თქვენი ანგარიშის კვალობაზე ვანგარიშობდი და თქვენი იმედით ვიმშობიარე დღეს, თორემ მაგათი შემყურე ასე როგორ გავიწამებდი თავს და ამ ჯოჯოხეთურ ტკივილებს ორი დღე როგორ მოვითმენდი, გუშინწინვე ვიმშობიარებდიო. იცით თქვენ, რას ნიშნავს დაწყებული მშობიარობის შეკავებაო? არ იცითო. არ იცით და ღმერთმა ნურც გამოგაცდევინოთო! რას ვიფიქრებდი, თქვენც თუ მაგათი ჯიშის გამოდგებოდითო!.. რა ხანია ბავშვის გაჩენა მინდა და ვერ გამიბედავს, სულ იმას ვფიქრობ, რომ გავაჩინო, რითი გავზარდო-მეთქი! ამ იუბილის იმედით, როგორც იქნა, გავბედე და ახლა მეუბნებით, ვერ დაიანგარიშესო?!. აკი ყოველგვარ ეკონომიურ შემწეობას გპირდებიანო, ბიძაჩემს უთქვამს, და რა აუცილებელია საიუბილეოც იყოსო. ამაზე იაია კიდევ უფრო გაწიწმატებულა: რაც ჩემს კაციას ერგება, ენაცვალოს დედა, ფრჩხილის ოდენას არაფერს დავთმობო, ცხარედ მიუგია, თქვენი ეკონომია თქვენთვის შეინახეთ, თქვე ქურდებო და მამაძაღლებოო, რა შავ ქვად მინდა ან სახლი, ან სამსახური, შვილს თუ სირცხვილით თვალი ვეღარ გავუსწორეო! რა ვუთხრა, რომ გაიზრდება და მკითხავს, დედი, დედი, რატომ მე არა ვარ მეასიათასეო? ვუთხრა, შენი მეასიათასეობა, შვილო, ბინაში და სამსახურში გავცვალე-მეთქი? ჰა, ვუთხრა? ამას მირჩევთ ხომ? შვილის ბედით ვივაჭრო ხომ?... აქ ორი უცნაური და არაბუნებრივი რამ მომხდარა: „ერთი – იაია ბურძგლას უეცრად ტირილი ავარდნია, და მეორე – ბიძაჩემ იონას გული ასჩუყებია. აქვითინებული ქალი რომ სიტყვით ვერ დაუშოშმინებია, უკიდურესი ზომისთვის მიუმართავს: ლოგინის კიდეზე უღონოდ და უსასოოდ ჩამოდებულ მის ხელს თურმე ზემოდან თავისი ხელი დაადო და, რაც შეეძლო, ნაზად და ალერსიანად მოეფერა. იაია ბურძგლას ამაზეჯერ შეუწყვეტია ტირილი, მერე ისევ განუახლებია და მერე ისევ შეუწყვეტია. ბოლოს ცრემლი მოიწმინდა თურმე და უკვე მშრალად მოჰყვა ზლუქუნს, ეს რა დრო დაგვიდგა, ერთი კაცი აღარ დარჩა ამოდენა სანაკლიოში, რომ საწყალ უმამო ბავშვს დამცველად დაუდგეს და სამართალი გაუჩინოსო. სწორედ ამ დროს სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლა ბიძაჩემი იონას ორ ბუნებას შორის ერთ-ერთის გამარჯვებით დასრულებულა და ბიძაჩემი იონა ღალატის მოლიპულ გზას დაადგა. უღალატა თანამდებობას, უღალატა კომისიას, უღალატა მოვალეობას, უღალატა სინდისს, უღალატა მთელს სანაკლიოს, უღალატა ოთხმოცდაცხრამეტი ათას ცხრაას ოთხმოცდაცხრამეტ ადამიანს და სული ეშმაკს მიჰყიდა. როდესაც თავისი ამ უსინდისო ღალატის ამბავს მიყვებოდა, სახეზე ნეტარება ეწერა და კილოც ნეტარი ჰქონდა. ო, ეს საკვირველი რამ განცდააო, მარწმუნებდა, ახლაც კი ტანში ჟრუანტელი მივლის იმის გახსენებაზე, თუ როგორ მევსებოდა სული და როგორ მემუხტებოდა სხეული ბასრი და დიადი ღალატითო, თვალნათლივ ვხედავდი, როგორ ინაცვლებდნენ ადგილს პრინციპები, შეხედულებები, დამოკიდებულებები, სიმპათიები და ანტიპათიები, როგორ ლაგდებოდა ყველაფერი და როგორ ნათდებოდა სამყაროო. ვისაც ღალატი არ გამოუცდია, იმან არ დაიტრაბახოს, სისხლსავსე ცხოვრებით ვიცხოვრეო... ერთი სიტყვით, ბიძაჩემი იონა მაღალფარდოვნად და პათეტიკურად (ცოტა მეტი მომივიდაო, გამომიტყდა) დაჰპირებია იაია ბურძგლას, თუ ვყოფილვარ იონა კამკამიძე, თქვენ და თქვენს ვაჟიშვილს არავის დავაჩაგვრინებო, სრული ძალით აუმოქმედებია თავისი თოთხმეტი მილიარდი (ან უფრო რეალური რაოდენობის) უჯრედი და იმ წამიდან ფარული და, როგორც ქვემოთ ნახავთ, გვარიანად მზაკვრული ომი გაუჩაღებია საკუთარი კომისიის წინააღმდეგ. უპირველეს ყოვლისა, კაცია გოგია და მთელი კომისია დაურწმუნებია, ყველაფერი რიგზეა, ქალი ჩვენს პირობებზე დავითანხმეო, მერე კი, კომისია რომ კმაყოფილი და დამშვიდებული გაუსტუმრებია, ის ექიმი მოუნახულებია, რომელმაც იაია ბურძგლა მოარჩინა. როგორც მითხრა,ამ ექიმის შესახებ უკვე შეგროვილი ჰქონდა საჭირო ცნობები, კერძოდ, იცოდა, რომ იგი, გარდა იმისა, რომ, საზოგადოდ, თოთხმეტმარცვლიანი თეთრი ლექსით მეტყველებდა, ამავე დროს ადგილობრივი კედლის გაზეთის „მელოგინის ხმის“ რედაქტორი იყო, თვითონ წერდა, თვითონ ხატავდა და, რომ მოათავებდა, თვითონ ჰკიდებდა დერეფანში თვალსაჩინო ადგილას, და ამას ყველაფერს ხალისითა და ენთუზიაზმით აკეთებდა, რადგან აგერ უკვე მეხუთე წელი იყო ამ გაზეთში გაგრძელებებით აქვეყნებდა თავის ორიათასსტრიქონიან პოემას, რომელიც მხატვრული კუთხით აშუქებდა აბორტის პრობლემებს. ბიძაჩემ იონას კედლის გაზეთის რედაქტორისთვის კომისიის სახელით შეუხსენებია, რომ საჭირო იყო საგანგებო ნომრის გამოშვება მეასიათასის დაბადებასთან დაკავშირებით, ესკიზი თვითონვე შეუდგენია, გამოსაქვეყნებელი მასალის შინაარსი ჩამოუყალიბებია და შეუპირებია, რომ საღამოსთვის გაზეთი მზად იქნებოდა (საღამოს ცხრა საათზე გაზეთი მართლაც უკვე დერეფანში ეკიდა. გაზეთში გამოქვეყნებული იყო ერთი მეთაური სტატია იდეოლოგიური მუშაობის შემდგომი გაძლიერების აუცილებლობის შესახებ, ერთი რიტმული პროზით დაწერილი წერილი სათაურით „მშობლიურ სანაკლიოს იამზე ბურძგლასაგან!“, ერთი ლირიკული ლექსი ამავე თემაზე, კიდევ ერთი წერილი, სადაც ავტორი ოდას უძღვნიდა ექიმს, რომელმაც იუბილარის დედა მოალოგინა, მარჯვენას ულოცავდა და უსურვებდა მეორასიათასეც მისი მეოხებით გაჩენილიყო, გარდა ამისა, ქვეყნდებოდა პოემის ოცდამეთხუთმეტე თავის დასაწყისი და პატარა იუმორესკა ხალხური ზღაპრის სტილში იმის შესახებ, თუ რა მძიმე და ეკლიანი გზა გამოიარა პატარა კაციამ, რა დაბრკოლებები გადალახა, როგორ აჯობა ჭკუით, ხერხითა და ვაჟკაცობით ნაირ-ნაირ დევებს, გველეშაპებსა და კუდიან დედაბერს, რომლებიც ცდილობდნენ მისთვის მეასიათასეობა მოეტაცნათ და თავად მიეთვისებინათ. ბოლოში დახატული იყო საფოსტო ყუთი წარწერით „მოგვაწოდეთ წერილები!“. პრესა სანაკლიოშიც კი დიდი ძალაა და თუმცა კედლის გაზეთი ვერაფერი პრესაა, ბიძაჩემმა იონამ იცოდა, რომ, როცა ცოდვა-მადლი სასწორის პინებზე დალაგდებოდა და ყოველ მისხალს გადამწყვეტი მნიშვნელობა მიეცემოდა, იდეოლოგიური ბრძოლის ისეთ ჟანგმოდებულ იარაღსაც კი, როგორიცაა კედლის გაზეთი, შეიძლებოდა ძალიან დიდი როლი ეთამაშა. კედლის გაზეთის საქმე რომ მოუთავებია, წასულა და „საღამოს სანაკლიოს“ კორესპონდენტს სწვევია შინ, რათა ბრძოლაში ნამდვილი პრესაც ჩაება. სუფრას რომ მისხდომიან (სუფრა იმ დღეს სანაკლიოს უკლებლივ ყველა ოჯახში იყო გაშლილი), უთქვამს, საკვირველია პირდაპირ, ამ ხნის კაცი სანამ უნდა ტკეპნიდე ერთ ადგილს, ლიტმუშაკად ხომ არ გინდა მოკვდე, აღარ არის დრო, განყოფილების გამგე გახდე, რედაქტორის მოადგილე გახდე და ეს დახავსებული „საღამოს სანაკლიო“ ჭაობიდან ამოათრიოო, თუ სხვაზე ნაკლები ხარო? ეეჰ, ჩემო იონაო, კორესპონდენტს უპასუხნია, ნაკლები კი არა, მე რომ ჩვენს განყოფილების გამგეებს და რედაქტორს ვუყურებ, ჩემი ფეხის ფრჩხილად არ ღირს არც ერთი, მაგრამ რა გინდა ქნა, პატრონი უნდა გყავდეს კაცსო. კარგი, კარგი, მოვეშვათ ამასო, ბანზე აუგდია სიტყვა ჩემს ცბიერ ბიძას და საუბარი სხვა საგანზე გადაუტანია, რადგან ეჭვი არ ეპარებოდა, რომ საღერღელაშლილი კორესპონდენტი ახლა თვითონ აღარ გაჩერდებოდა. მართლაც არ გაჩერებულა. მაშინ ბიძაჩემ იონას ხმადაბლა, საიდუმლო კილოთი უთქვამს, შენი პირადი პატივისცემა, ჩემო იმანო, თორემ რა მრჯისო, რაც არის, არის, იუბილარის დედის სახელსა და გვარს გეტყვი და შენს ინფორმაციაში შეიტანე, ოღონდ არ გამთქვა, თორემ „სანაკლიოს დილაში“ სულ ჩემი ახლობელი ხალხი მუშაობს და სამუდამოდ დამკარგავენო. „საღამოს სანაკლიოს“ კორესპონდენტი ფიცით შეჰპირებია, არ გაგთვქამო. და იმ საღამოს სანაკლიოს საგაზეთო ცხოვრებაში მნიშვნელოვანი გარდატეხა მოხდა: დილისა და საღამოს გაზეთები ერთმანეთისაგან განსხვავდებოდა. კერძოდ, ინფორმაციაში, რომელიც მეასიათასე მოქალაქის დაბადებას იუწყებოდა, დილის გაზეთის ბოლო ფრაზა იყო: „პატარა კაცია და მისი ბედნიერი დედიკო თავს ჩინებულად გრძნობენ“,ხოლო საღამოს გაზეთისა: „პატარა კაცია და მისი ბედნიერი დედიკო – იამზე (ანუ როგორც ახლობლები ეძახიან, იაია) ბურძგლა – თავს ჩინებულად გრძნობენ“. „საღამოს სანაკლიოს“ მოხუც კორესპონდენტს სიტყვა არ გაუტე-ხია, ბიძაჩემი იონას საეჭვო ნამუსი ვაჟკაცურად შეუნახავს და დაკითხვაზე, რომელიც კაცია გოგიას კაბინეტში მიმდინარეობდა ბიძაჩემისა და კომისიის რამდენიმე სხვა წევრის თანდასწრებით, ინფორმაციის წყარო არ დაუსახელებია. თუმცა, უნდა ითქვას, მაინცდამაინც არც ვინმეს ძალა დაუტანებია, რადგან ამ მძიმე ვითარებაში კაცია გოგიას დამნაშავის დასჯა იმდენად არ აინტერესებდა, რამდენადაც დაშვებული შეცდომის გამოსწორება. ეს საქმე კი, როგორც სანდო და ნაცად კაცს, კვლავ ბიძაჩემ იონას მიანდო. ბიძაჩემი იონა ღრმად და ყასიდად დაფიქრებულა და ასეთი გეგმა შეუთავაზებია: როდესაც ახალ მეასიათასეს შევარჩევთ, ცნობა ისე გამოვაქვეყნოთ, რომ დედის სახელსა და გვარს ბუნებრივად და ტაქტიანად ავუაროთ გვერდი. მეტიც: პირველ ხანებში ჯობს მამაც კი არ მოვიხსენიოთ სახელით და როგორმე მარტო გვარით გავიდეთ ფონს, მაგალითად, „დიდი ხნის ნანატრმა ბედნიერებამ ერთხანს ზღაპრული ფრინველივით იტრიალა სანაკლიოს მოწმენდილ ცაზე და ბოლოს გოგიების – სიტყვაზე ვამბობ – ტკბილ ოჯახში დაიდო ბინა...“ ამით მკითხველის მეხსიერებიდან ნელ-ნელა ამოვძირკვავთ იამზე ბურძგლასო, მერე და მერე, როცა ამის შესაძლებლობას დავინახავთ, ახალ სახელსა და გვარსაც შევაპარებთო. კაცია გოგიას გეგმა მოუწონებია, მადლობის ნიშნად ბიძაჩემი იონასთვის მხურვალედ ჩამოურთმევია ხელი და (მე არა მჯერა და თქვენ როგორც გენებოთ) თვალზე ცრემლი მოსდგომია. სანამ კაბინეტიდან გამოვიდოდა, ბიძაჩემმა კიდევ ერთი უაღრესად მნიშვნელოვანი საკითხი შეუთანხმა კაცია გოგიას: პრობლემა ფრიად და ფრიად დელიკატურია და ყველა მოსალოდნელი გართულების წინასწარ გათვალისწინება შეუძლებელია, ამიტომ საჭიროდ მიმაჩნია, ყოველი შემთხვევისათვის, ცნობა ერთი მოქალაქის ამოწერის ან ერთი მოქალა-ქის ჩაწერის შესახებ (ჯერ არ ვიცით, რომელი ვარიანტი გამოგვადგება) ოფიციალურად გაიცესო. კაცია გოგიას იქვე დაურეკავს დიდთავა ხვიჩასთვის და წინადადება მიუცია, კომისიის მდივნის ყველა მოთხოვნა უყოყ-მანოდ შეასრულეო. ამასობაში ქალაქში ზეიმი დაიწყო. მართალია, ტახტი ჯერ კიდევ ცარიელი იყო, მაგრამ ქალაქი გაზეთის ცნობას დაეყრდნო და, როგორც დავალებული ჰქონდა, ზეიმს შეუდგა. წარმატებით ჩატარდა (მე თვითონ დავესწარი) კონფერენცია „დედა, მამა და შვილი – პრობლემის ბიოლოგიური და ფსიქოლოგიური ასპექტი“, გაიმართა სახელდახე-ლო მიტინგი სამშობიარო სახლის წინ, საბავშვო ბაგა-ბაღებში გაისმა ტაშფანდურის ხალისიანი ხმები. მართალია, შესაბამისმა ორგანოებმა შესაბამის ორგანიზაციებს ფრთხილად და ტაქტიანად ურჩიეს ჯერჯერობით თავი შეეკავებინათ, მაგრამ თეორიული კონფერენციისა და მიტინგის მონაწილეთა დროული გაფრთხილება ვერ მოხერხდა, ხოლო ბაგაბაღებში ეს გაფრთხილება, უბრალოდ, ყურად არ იღეს, რადგან აღმზრდელ პედაგოგებს, რომლებმაც ღამეები ათენეს და ტვინი ანთხიეს ლიტერატურულ-მუსიკალურ მონტაჟებზე, ბუნებრივია, ეშინოდათ ამდენი შრომა წყალში არ გადაჰყროდათ. მომდევნო სამი დღის განმავლობაში ბიძაჩემი იონა სახლში არ გამოჩენილა, ამიტომ მთელი ოჯახი, შეიძლება ითქვას, ბნელში ვისხედით და წარმოდგენა არ გვქონდა, რა ოინებს ატრიალებდა. ამ ამბებზე არც შემდგომში ლაპარაკობდა ჩვეული ენთუზიაზმით და, როდესაც თავისი თავგადასავლის კულმინაციურ და უაღრესად დრამატულ ეტაპს ეხებოდა (ჩემთან, თორემ სხვებთან ამ თემაზე საერთოდ არ ლაპარაკობდა), ყოველთვის უემოციო იყო, ინდიფერენტული, და ყოველთვის მოკლედ და შედარებით მშრალად, უმთავრესად ფაქტების ენით ყვებოდა. ფაქტები კი (ის, რაც პრესის საშუალებით გავიგე, და ის, რაც ბიძაჩემისგან ვიცი) ასეთი იყო: იმ დღეს, კაცია გოგიას რომ გამოეთხოვა, ჯერ სამშობიარო სახლში წასულა, კედლის გაზეთი ყურადღებით წაუკითხავს და კმაყოფილი დარჩენილა, მერე იაია ბურძგლა მოუნახულებია,„საღამოს სანაკლიო“ უჩვენებია და გაუხარებია, ოღონდ იქვე აუხსნია, ეს მხო-ლოდ დასაწყისია, მთავარი ბრძოლა წინა გვაქვსო. იქიდან დიდთავა ხვიჩას დაწესებულებას სწვევია და აღმოუჩენია, რომ ზოგჯერ (ცხადია, მხოლოდ წვრილმანებში) ბედი სწყალობდა: საოცარია, მაგრამ იმ დღეებში ერთი კაცი მართლა ამოწერილა ქალაქ სანაკლიოდან და ერთი კაცი მართლა ჩაწერილა, რის გამოც ხვიჩას დაწესებულებას ორივე ცნობა უმტკივნეულოდ, უხინჯოდ და დამშვიდებული სინდისით გაუცია. ხვიჩასგან წამოსული ისევ სამშობიარო სახლში დაბრუნებულა და სავარაუდო კანდიდატურები შეუმოწმებია. იაია ბურძგლას წინ უმშობიარია (ეს ბიძაჩემმა ადრევე იცოდა), ქალს, რომელსაც უშვია კანდიდატი გვარად შამოევი, იაია ბურძგლას შემდეგ (ცამეტი, საღამოს) უმშობიარია ქალს, რომელსაც უშვია კანდიდატი გვარად მეფისაშვილი. ორივე კანდიდატს თითო მამა ჰყავდა და ორივე მშვენიერი ოჯახიშვილი იყო. ბიძაჩემ იონას კანდიდატების მისამართი ამოუწერია და ორივეს ოჯახი მოუნახულებია (რა გააკეთა იქ, არ უთქვამს). შემდგომ ამისა რედაქციები ჩამოუვლია და კორესპონდენტები მოუმზადებია (მოვამზადეო, ასე მითხრა და, როცა დავინტერესდი, თუ რა ხასიათისა იყო ეს მომზადება, სიტყვა ბანზე ამიგდო). იქიდან კაცია გოგიას ხლებია და მოუხსენებია, ყველაფერი გეგმის მიხედვით ვითარდებაო. მერე კომისიის სხდომა მოუწვევია, მთავარი იუბილის დღე დაუნიშნავს (16 მაისი), მოსაწვევი ბარათის ტექსტი საკუთარი ხელით შეუდგენია (ხომ იცი, წერა-კითხვა ჩვენში რა პრობლემააო, მითხრა) და ერთ-ერთი ასისტენტის ხელით სტამბაში გაუგზავნია, მერე ეტლის, ცხენების, ყვავილების, ჩოხების და სხვა აქსესუარების შოვნის თადარიგს შედგომია და მთელი დღე ამაზე ურბენია. მეორე დილით, როდესაც კაცია გოგიას „სანაკლიოს დილაში“ წაუკითხავს: „სანაკლიო ეგებება თავის მეასიათასე შვილს დიდი ხნის ნანატრმა ბედნიერებამ ერთხანს ზღაპრული ფრინველივით იტრიალა სანაკლიოს მოწმენდილ ცაზე და ბოლოს შამოევების -ტკბილ ოჯახში დაიდო ბინა. დიახ, დიახ, ძვირფასო მკითხველო, სწორად მიმიხვდი: ქალაქ სანაკლიოს სტუმართმოყვარე კარიბჭე ომახიანი ძახილით შემოაღო მეასიათასე მცხოვრებმა. ვისწრაფი გაცნობო, რომ მშობიარობამ წარმატებით ჩაიარა, მელოგინეცა და ახალშობილიც თავს ჩინებულად გრძნობენ. ახლა, როცა ეს სტრიქონები იწერება, პატარა კაცია ალბათ ფუნჩულა ტუჩებით ჩაფრენია დედის ძუძუს“, მადიანად უსაუზმია, მაგრამ საღამოს, როცა „საღამოს სანაკლიოში“ წაუკითხავს: სანაკლიო ეგებება თავის მეასიათასე შვილს დიდი ხნის ნანატრმა ბედნიერებამ ერთხანს ზღაპრული ფრინველივით იტრიალა სანაკლიოს მოწმენდილ ცაზე და ბოლოს მეფისაშვილების ტკბილ ოჯახში დაიდო ბინა. დიახ, ძვირფასო მკითხველო, სწორად მი-მიხვდი: ქალაქ სანაკლიოს სტუმართმოყვარე კარიბჭე ომახიანი ძახილით შემოაღო მეასიათასე მცხოვრებმა. ვიჩქარი გაცნობო, რომ მშობიარობამ წარმატებით ჩაიარა. მელოგინეცა და ახალშობილიც თავს ჩინებულად გრძნობენ. ახლა, როცა ეს სტრიქონები იწერება, პატარა ვანდა ალბათ ფუნჩულა ტუჩებით ჩაფრენია დედის ძუძუს“, მადა დაკარგვია და პირში ლუკმა არ ჩასვლია. ხოლო ერთი საათის შემდეგთავის მშვენიერ კაბინეტში დაუნდობლად ურახუნებდა მუშტებს მუხის მყარ, გამძლე, მრავლისმნახველ მაგიდას და მტყუანსა და მართალს განურჩევლად აძრობდა ტყავს. ასეთ დაძაბულ ვითარებაში ბიძაჩემ იონას თურმე დამსწრეთა განსაცვიფრებ-ლად სიტყვა შუა ლანძღვაზე შეუწყვეტინებია და მთელი დანაშაული მარტო თვითონ უტვირთია. სხვას რას ემართლებით ყველაფერი ჩემი ბრალია და, თუ დასჯაა, მე ერთი უნდა დავისაჯოო, უთქვამს, მერე რა, რომ თავის მოსაფხანი დრო არ მქონდა, მაინც ბოლომდე უნდა მივყო-ლოდი და ბოლომდე უნდა შემემოწმებინა, ხომ ვიცოდი, რა ვირებთან და ყეყეჩებთან მქონდა საქმეო, მაგრამ სასჯელი სად გაიქცევა, სასჯელს მერეც მოვესწრები, ახლა მაგისთვის არა მცალია, ახლა მთავარია წამხდარ საქმეს როგორმე დროზე ვუშველოო. და უშველა. რა ქნა ასეთი, არ ვიცი (რაც საჭირო იყო, ის ვქენიო, მშრალად მიპასუხა, როცა დეტალებით დავინტერესდი, და მეტი ამ ეპიზოდზე კრინტი ვეღარ დავაძვრევინე), მაგრამ ფაქტია, რომ მეორე დღეს გაზეთებმა გასწორება დაბეჭდეს. დილით კაცია გოგიას, როდესაც „სანაკლიოს დილაში“ წაუკითხავს: „გასწორება ჩვენი გაზეთის გუშინდელ ნომერში გამოქვეყნებულ წერილში „სანაკლიო ეგებება თავის მეასიათასე შვილს“ კორექტორის მიზეზით გაიპარა შეცდომა. კერძოდ, ნაცვლად სიტყვებისა „...ბოლოს შამოევების ტკბილ ოჯახში“ და „პატარა კაცია ალბათ ფუნჩულა ტუჩებით...“ უნდა იყოს „...ბოლოს მეფისაშვილების ტკბილ ოჯახში“ და „პატარა ვანდა ალბათ ფუნჩულა ტუჩებით...“ დანარჩენი როგორც ტექსტშია“, კვლავ მადიანად უსაუზმია. სამაგიეროდ, როდესაც „საღამოს სანაკლიოში“ წაუკითხავს: „გასწორება ჩვენი გაზეთის გუშინდელ ნომერში გამოქვეყნებულ წერილში „სანაკლიო ეგებება თავის მეასიათასე შვილს“ კორექტორის მიზეზით გაიპარა შეცდომა. კერძოდ, ნაცვლად სიტყვებისა „...ბოლოს მეფისაშვილების ტკბილ ოჯახში“ და „პატარა ვანდა ალბათ ფუნჩულა ტუჩებით...“ უნდა იყოს „...ბოლოს შამოევების ტკბილ ოჯახში“ და „პატარა კაცია ალბათ ფუნჩულა ტუჩებით...“ დანარჩენი როგორც ტექსტშია“, ისევ დაკარგვია მადა. იმ დღეს ქალაქ სანაკლიოს ისეთი სახე ჰქონდა, თითქოს ატყობდა, რომ რაღაცას უპირებდნენ, მაგრამ, კერძოდ, რას ვერ გაეგო და ამიტომ შიშითა და მოლოდინით გატრუნულიყო, ხოლო კაცია გოგიას მრავლისმომსწრე მაგიდა შუაღამემდე იობის მოთმინებით იტანდა პატრონის მუშტებს. ამჯერად თურმე კაცია გოგიას კომისიაც ბანს აძლევდა, ჟამიდან ჟამზე ბიძაჩემისკენ იშვერდა თითს და „ჰკა მაგას! ჰკა მაგასო!“ გაიძახოდა. აღტაცებითა და სიამაყის კანონიერი გრძნობით უნდა აღვნიშნოთ, რომ ბიძაჩემ იონას აქაც ჰყოფნია უტიფრობა და, როგორც კი შესაფერისი შემთხვევა მოუხელთებია, სიტყვა წარმოუთქვამს. თავისთავად ცხადიაო, თავჩაღუნულს განუცხადებია მონანიე კილოთი, თქვენს თვალში საბოლოოდ და სამართლიანდ დისკვალიფიცირებული ვარ და ყოველგვარი ნდობა დაკარგული მაქვსო, მაგრამ, სანამ დამსჯიდეთ, ორიოდე სიტყვა მათქმევინეთო. ჯერ კიდევ არსებობს გამოსავალი და, თუ ერთ ცდასაც მომცემთ, გარწმუნებთ, ჩემს დიდ დანაშაულს გამოვისყიდიო. ამას გეუბნებათ კაცი, რომელსაც სავსებით შეგნებული აქვს თავისი შეცდომა და მზად არის ნებისმიერი სასჯელი ისე მიიღოს, როგორც ყველაზე მაღალი ჯილდო. ნდობით ნუ მენდობით, რაკი ჩემი ნდობა აღარ შეიძლება, მხოლოდ გამოსავალს გიჩვენებთ და თქვენ თვითონ იმოქმედეთო. და უჩვენა. თავი რომ დავანებოთ ამ ფრიად და ფრიად სამწუხარო გაუგებრობას, რაც ჩვენი გაზეთების ფურცლებზე დატრიალდა, ქალაქმა უკვე ისედაც იცის, რომ ნამდვილი მეასიათასე იამზე ბურძგლას ვაჟია, ამას ადასტურებს „საღამოს სანაკლიოს“ 13 აპრილის ნომერი, კედლის გაზეთი „მელოგინის ხმა“ და ის ორი მოქალაქე, რომელთაგან უკანასკნელი ათი დღის განმავლობაში ერთი ამოეწერა და ერთიც ჩაეწერაო. ამ ფაქტს ვეღარსად გავექცევით, ამიტომ გვინდა-არგვინდა მეასიათასედ ისევ მეასიათასე უნდა ვაღიაროთო. მოითმინეთ, ბატონებო, ბოლომდე მათქმევინეთ, ჯერ ხომ არ იცით, რა წინადადებას გთავაზობთო. შექმნილ ვითარებაში საქმის წაღმა შემობრუნება ამგვარად შეიძლებაო: ბურძგლას ქალი ბავშვის მამას დაასახელებსო. დაასახელებს თავის ერთ-ერთ კაცს, ან სხვა ნებისმიერ გვარსა და სა-ხელს, რაც კი ენაზე მოადგება, ამ საქმეს მე მოვუვლიო. ჩვენც ახალი გასწორება დავბეჭდოთ და ეს გვარი, უკვე საბოლოო და შეუცვლელი, გამოვაქვეყნოთ. არავინ გამოგვეკიდება და საგანგებო რკვევას არავინ დაიწყებს. ამით ახლა გადავრჩებით, იუბილესაც გადავიხდით, ეტლის სცენას, თუმცა ძალიან კი მეთანაღრება გული, ბოლოს და ბოლოს, სულ შევცვლით, ან არადა, ვინმეს დავიქირავებთ და, ვითომ ბავშვის მამაა, ბურძგლას გვერდით მოვუსვამთ. მთავარია, სტუმრების წინაშე არ შევრცხვეთ და მერე ანსულ დაავიწყდება ქალაქს ეს ამბავი, ან რამეს მოვიფიქრებთ. ყოველ შემთხვევაში ამჟამად სხვა გამოსავალი არა გვაქვსო. ბარემ აღარ უნდოდათ ბიძაჩემი იონასთვის დაეჯერებინათ, მაგრამ უკეთესი ვერავინ ვერაფერი მოიფიქრა. ამიტომ, მცირე ყოყმანის შემდეგ წინადადება მიიღეს. ბიძაჩემი იაია ბურძგლას მოსამზადებლად გაგზავნეს და, კიდევ რომ გაუგებრობა არა მომხდარიყო რა, ორივე გაზეთის კორესპონდენტი ერთდროულად მიაყოლეს უკან. ბიძაჩემმა იონამ იაია ბურძგლა იოლად დაითანხმა. როგორც დამა-რიგეთ, ისე ვიზამო, უთქვამს და, კორესპონდენტების შემოსაყვანად მიმავალი, მადლიერებისთბილი და, როგორც ბიძაჩემი მარწმუნებდა, უსპეტაკესი ღიმილით გამოუცილებია. მერე, ბიძაჩემს რომ კორესპონდენტები შემოუყვანია, იმ კორესპონდენტებს რბილი, შემრიგებლური საყვედურით შეხვედრია, ეს რა ამბავი აგიტეხიათ, რამ გაფიქრებინათ, რომ ჩემი პატარა კაცია, ენაცვალოს დედა, სულ მთლად უმამოაო! კორესპონდენტებს რაღაც მობოდიშების მაგვარი წაულუღლუღებიათ, მერე კალმისტრები მოუმარჯვებიათ და, ბარემ, თუ შეიძლება სახელი და გვარი გვითხარითო, უთხოვიათ. იაია ბურძგლას კიდევ ერთხელ შემოუხედავს ბიძაჩემი იონასთვის მადლიერების თბილი და უსპეტაკესი ღიმილით და უთქვამს, იონა ნოეს ძე კამკამიძეო... იუბილე მართლაც რომ სანაქებოდ ჩატარდა. სულ წინ, როგორც სცენარით იყო გათვალისწინებული, მიდიოდა ნაირფერი ყვავილებით მორთულ-მოკაზმული ღია ეტლი. ეტლში თეთრი ცხენები ება. კოფოზე სანაკლიოს სახალხო თეატრის მსახიობი იჯდა მეეტლის ტანსაცმელში გამოწყობილი. უკან ბედნიერი ოჯახი მოკალათებულიყო. პატარა კაცია გაკვირვებული და ცოტა დაეჭვებული ჩანდა. ბიძაჩემ იონას ჰალსტუხი ეკეთა. ბიცოლაჩემი იაია მინდვრის ულამაზეს ყვავილს ჰგავდა. ყიჟინსა და ოვაციებს ბოლო არ ჰქონდა... პროლოგი 12 ივნისს, როდესაც, ჩვეულებისამებრ, დილის ორ საათზე გავიღვიძე, ძილმა მოულოდნელად რამდენიმე წამით ისევ წამართვა თავი და მესიზმრა, ვითომ მშობლიურ სანაკლიოში ვიყავი და მე და ბიძაჩემი იონა მოცისფრო შუქით მკრთალად განათებულ დუქანში გაშლილ სუფრას ვუსხედით. ბიძაჩემთან ქეიფს რა სჯობს, მაგრამ რაღაც (შესაძლებელია, განათების ხარისხი) არ მომეწონა და ალბათ ამის გამო იყო, რომ, როცა თვალი გავახილე, ჯერ კიდევ გამოუფხიზლებელმა უეცრად სიგარეტის ნამწვის, ცარიელი ბოთლების, ყდაშემოხეული წიგნების, კონსერვის ქილებისა და, საერთოდ, ყველაფერი იმის მიღმა, რაც იატაკზე, მაგიდა-ზე, სკამებზე თუ თაროებზე ეყარა, სადღაც შორს, ძალიან შორს, მთელ სამყაროში უსასრულოდ გადაჭიმული ოთახის ბოლოში, კიდევ ერთხელ დავინახე ბიძაჩემი იონა. ასეთ სიზმარს რომ ასეთი ხილვა მოჰყვება, არ შეიძლება ადამიანი შიშმა არ შეგიპყროს და ავი წინათგრძნობა არ დაგეუფლოს. და მე მთელი დღე ველოდი მამაჩემისგან ზომიერი მწუხარებით გამსჭვალულ დეპეშას ბიძაჩემი იონას გარდაცვალების შესახებ. საბედნიეროდ, ბიძაჩემი იონა ჩემს სიზმრებს ნაკლებად ენდობა და დეპეშა არ მოსულა. მართალია, საღამოს წერილი კი მოვიდა, მაგრამ წერილი იტყობინებოდა არა ბიძაჩემის გარდაცვალებას, არამედ სულ სხვა რამეს: „ძვირფასო თანამემამულე ––––––––––––––––––––––––– ა. წ. 28 ივნისს ქ. სანაკლიო ზეიმობს თავისი მეორასიათასე მცხოვრების დაბადებას. იმედი გვაქვს ჩამობრძანდებით და ჩვენს დიდ სიხარულს გაიზიარებთ. აქვე გთხოვთ, რომ, თუ სურვილი გაქვთ მონაწილეობა მიიღოთ საზეიმო პროგრამაში რაიმე სახით (სიტყვა, ადრესი, სიმღერა, ცეკვა, დეკლამაცია, აკრობატიკა, საცირკო ნომერი, ორიგინალური ჟანრი და სხვ.), თქვენი სურვილი შეგვატყობინეთ 20 ივნისამდე, რათა დროულად გავითვალისწინოთ და საერთო პროგრამაში შესაფერისი ადგილი მივუჩინოთ. პატივისცემით საორგანიზაციო კომიტეტის მდივანი ი. კამკამიძე“. …
დაამატა Kakha to ლიტერატურა at 6:17pm on ნოემბერი 4, 2016
თემა: კვაზი-ექსპერიმენტული კვლევები და სქემები
პერიმენტების ჩატარება, მაგალითად, მონაწილეების შემთხვევითობის წესით გადანაწილება საკონტროლო და ექსპერიმენტულ ჯგუფებში. კვაზი-ექსპერიმენტი საველე ექსპერიმენტირების, ანუ, ლაბორატორიის გარეთ წარმოებული ექსპერიმენტული კვლევის მახასიათებელია. საუკეთესო შემთხვევაში, განათლებაში მომუშავე მკვლევრებს ჭეშმარიტ ექსპერიმენტთან მიახლოებული სქემის გამოყენება შეუძლიათ, რომელშიც გააკონტროლებენ იმას, რასაც კემპბელი და სტენლი (1963) „გაზომვის ‚ვინ‘-ს და ‚ვის‘-ს“ უწოდებენ, მაგრამ, მათი კონტროლის მიღმა დარჩება „ჩარევის ‚როდის‘ და ‚ვის‘ “, ან ჩარევის რანდომიზაცია, რასაც არსებითი მნიშვნელობა აქვს ჭეშმარიტი ექსპერიმენტირებისთვის. ეს კვაზი-ექსპერიმენტული სიტუაციებია და მკვლევრების მიერ გამოყენებულ მეთოდოლოგიებს კვაზი-ექსპერიმენტული სქემები ეწოდება. (კერლინგერი (1970) კვაზი-ექსპერიმენტულ სიტუაციებს „კომპრომისულ სქემებს“ უწოდებს; ეს სათანადოდ აღწერს განათლების სფეროში წარმოებული კვლევის დიდ ნაწილს, როდესაც სკოლებისა და კლასების შემთხვევითობის წესით არჩევა ან ამავე წესით გადანაწილება საკმაოდ არაპრაქტიკულია).       ქვაზი-ექსპერიმენტის რამდენიმე ფორმა არსებობს, მაგალითად: პრე-ექსპერიმენტული დიზაინი: ერთი ჯგუფის პრე-ტესტ-პოსტ-ტესტი; ერთი ჯგუფის პოსტ-ტესტი; არაეკვივალენტური ჯგუფების პოსტ-ტესტი; არაეკვივალენტური ჯგუფების პრე-ტესტ-პოსტ-ტესტი; ერთი ჯგუფის დროის სერიები.       ქვემოთ თითოეულ მათგანს ცალ-ცალკე განვიხილავთ. პრეექსპერიმენტული დიზაინი: ერთი ჯგუფის პრე-ტესტ-პოსტ-ტესტი       ძალიან ხშირად ახალი სასწავლო მეთოდის ღირებულების, სასწავლო პროგრამაში შეტანილი ცვლილებით აღძრული ინტერესის და ა. შ. შესახებ ანგარიშები აჩვენებენ, რომ მკვლევარმა ჯერ დამოუკიდებელი ცვლადის (O1), მაგალითად, უმცირესობებისადმი დამოკიდებულებების, მიხედვით გაზომა ჯგუფი და შემდეგ განახორციელა ექსპერიმენტული მანიპულაცია (X), სავარაუდოდ, ათკვირიანი სასწავლო პროგრამა, რომელიც ეთნიკური უმცირესობებისადამი ტოლერანტობის გაზრდისთვის არის მოწოდებული. ექსპერიმენტის ლოგიკის მიხედვით, მკვლევარმა ხელახლა გაზომა ჯგუფის დამოკიდებულებები (O2) და პრე-ტესტისა და პოსტ-ტესტის ქულებს შორის მიღებული განსხვავების ახსნას X-ის ეფექტებზე მითითებით შეუდგა.       ერთი ჯგუფის პრე-ტესტ-პოსტ-ტესტის დიზაინი ასე შეგვიძლია წარმოვადგინოთ:       დავუშვათ, ახლახან ზუსტად ასეთი პროექტი განხორციელდა და მკვლევარმა აღმოაჩინა, რომ O2 ქულები ეთნიკური უმცირესობებისადმი მეტ ტოლერანტობაზე მიუთითებენ, ვიდრე - O1 ქულები. რამდენად გამართლებული იქნება მკვლევარის მიერ ქულების ამ ორ ჯგუფს შორის მიღებული (O1-O2) განსხვავების ექსპერიმენტული ჩარევისთვის (X) მიწერა? ერთი შეხედვით, მიზეზშედეგობრიობის დაშვება საკმაოდ რაციონალურად გამოიყურება, თუმცა, საქმე არც ისე მარტივადაა, როგორც ჩანს. მოდით, განათლების სფეროდან აღებული ჩვენი ჰიპოთეტური მაგალითი საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში წარმოებული ექსპერიმენტების ტიპურ მაგალითებს შევადაროთ. ფიზიკოსი, რომელიც ლითონის ფირფიტას ცეცხლის ალზე აცხელებს, მის გაფართოებას დარწმუნებით მიაწერს ტემპერატურის მატებას, რომელსაც თავად მართავს, ვინაიდან ლაბორატორიის პირობებში მან ცვალებადობის ყველა სხვა გარეშე წყარო გამორიცხა (ანუ გააკონტროლა) (Pilliner 1973)       ასეთი კონტროლი ვერასოდეს მიიღწევა განათლების სფეროში ექსპერიმენტირებისას. ამ თვალსაზრისით, ათკვირიანი სასწავლო პროგრამისგან განსხვავებულ, სხვა შესაძლო გავლენებზე უნდა ვიფიქროთ, რომლითაც შეიძლება აიხსნას O1-O2 განსხვავება ჩვენს ჰიპოთეტურ მაგალითში.       შეიძლება ვიფიქროთ, რომ ისეთი ფაქტორები, რომლებიც უკავშირდება მოსწავლეებს, მასწავლებელს, სკოლას, კლასის სტრუქტურას, სასწავლო მასალებსა და მათი მიწოდების გზებს, საგნებისადმი დამოკიდებულების გაზომვის გზებს, ასევე, იმ ათას სხვა მოვლენას, რომელიც სკოლაში და მის გარეთ მოხდა ამ ათი კვირის განმავლობაში - ყოველივე ამას თავისი გარკვეული წილი შეაქვს დამოკიდებულებაში აღმოჩენილ განსხვავებებში. გარეშე ცვლადები, რომლებიც ერთი ჯგუფის პრე-ტესტ-პოსტ-ტესტის სქემის პირობებში ექსპერიმენტული კონტროლის მიღმა რჩება, კვლევის ვალიდობას უქმნიან საფრთხეს. პრეექსპერიმენტული სქემა: ერთი ჯგუფის პოსტ-ტესტი       ექსპერიმენტული ჯგუფი იღებს ჩარევას და შემდეგ უტარდება პოსტ-ტესტი. მიუხედავად იმისა, რომ ამ სქემას ექსპერიმენტის ზოგიერთი მახასიათებელი აქვს (ჩარევა და პოსტ-ტესტი), პრეტესტის, საკონტროლო ჯგუფის, ჯგუფებში შემთხვევითი გადანაწილებისა და საკონტოლო ჯგუფის არარსებობა მას ნაკლულ მეთოდად აქცევს. პრეექსპერიმენტული სქემა: არაეკვივალენტური ჯგუფების პოსტ-ტესტი       აქაც, მიუხედავად იმისა, რომ სქემა ექსპერიმენტს ჰგავს, პრე-ტესტის, შესატყვისი ჯგუფების, შემთხვეთად გადანაწილების და საკონტროლო ჯგუფის არარსებობა მას ნაკლულ მეთოდად აქცევს. კვაზი-ექსპერიმენტული სქემა: არაეკვივალენტური ჯგუფების პრეტესტ-პოსტ-ტესტი       კვაზი-ექსპერიმენტის ერთ-ერთი სქემა, რომელსაც ყველაზე მეტად იყენებენ განათლების სფეროში წარმოებულ კვლევებში, სქემატურად შემდეგნაირად შეგვიძლია გამოვსახოთ:       არაეკვივალენტური საკონტროლო ჯგუფის დიაგრამაში პარალელური სტრიქონების გამყოფი წყვეტილი ხაზი გვიჩვენებს, რომ ექსპერიმენტული და საკონტროლო ჯგუფები არ გათანაბრებულა შემთხვევითი გადანაწილებით, აქედან ტერმინი „არაეკვივალენტური“. საკონტროლო ჯგუფის დამატება მოცემულ სქემას ერთი ჯგუფის პრე-ტესტ-პოსტ-ტესტის სქემის გაუმჯობესებულ ვარიანტად აქცევს, ვინაიდან ექსპერიმენტატორს შეუძლია, E და C ჯგუფები შეძლებისდაგვარად ეკვივალენტური გახადოს, თავი აარიდოს ორაზროვან ინტერპრეტაციებს, რაც ბევრია ზემოთ განხილულ პრეექსპერიმენტული სქემის პირობებში. ჯგუფების ეკვივალენტობის გამტკიცება წყვილების მორგების შექმნით შეიძლება, რასაც E და C პირობებში ცდის პირების შემთხვევითად გადანაწილება მოჰყვება.       როდესაც ასეთი შეწყვილება შეუძლებელია, მკვლევარს ერთი პოპულაციიდან აღებული ან მაქსიმალურად მსგავსი შერჩევების გამოყენებას ურჩევენ (Kerlinger 1970). თუმცა, როდესაც ხელუხლებელი ჯგუფები (ანუ ჯგუფები, რომლებზეც ჯერ არ განხორციელებულა ექსპერიმენტული ზემოქმედება) მნიშვნელოვნად განსხვავებიან ერთმანეთისგან, რეგრესიის ეფექტების გამო წყვილების თანხვედრა არადამაკმაყოფილებელია, რასაც პოსტ-ტესტირებაში ჯგუფის განსხვავებული საშუალოების მიღებამდე მივყავართ. კემპბელი და სტენლი (1963) ამას ასე აღწერენ:       თუ [არაეკვივალენტური საკონტროლო ჯგუფების სქემაში] ჯგუფების საშუალოები არსებითად განსხავდება, მაშინ შედარების პროცესით არა მარტო სასურველი გათანაბრება ვერ ხერხდება, არამედ ის არასასურველი რეგრესიის ეფექტის გაჩენასაც უზრუნველყოფს. სრულიად მოსალოდნელი ხდება, რომ ორ ჯგუფს განსხვავებული ქულები ექნება პოსტ-ტესტში X-ის ნებისმიერი ეფექტისგან დამოუკიდებლად და ეს განსხვავება შეიცვლება იმ პოპულაციებს შორის განსხვავების პირდაპირპროპორციულად, საიდანაც აღებულია ეს შერჩევები და ტესტ-რეტესტის კორელაციის უკუპროპორციულად. (Campbel and Stanley 1963:49) ერთი ჯგუფის დროის სერიები       აქ ერთი ექსპერიმენტული ჯგუფია, რომელიც ერთზე მეტ პრე-ტესტირებასა და ერთზე მეტ პოსტ-ტესტირებას გადის. განმეორებითი ტესტირება ან დაკვირვება ჩარევამდე და ჩარევის შემდეგ ხორცილდება, რაც მონაწილეებს საკუთარი თავის საკონტროლო ჯგუფად აქცევს და რეაქტიულობის ეფექტს ამცირებს. დროის სერიები ტენდენციების დაკვირვების შესაძლებლობას გვაძლევს და მხოლოდ ერთი პრე-ტესტითა და პოსტ-ტესტით მონაცემების მოგროვების იმედად ყოფნისგან გვიცავს. ამ სქემით შესაძლებელია ისეთი ტენდენციებისთვის თვალის გადევნება, როგორიცაა: არავითარი ეფექტი (მაგალითად, არსებული აღმავალი, დაღმავალი ან თანაბარი ტენდენციის შენარჩუნება), მკაფიო ეფექტი (მაგალითად, აკადემიური მიღწევის სტაბილური მატება ან ვარდნა) და გადავადებული ეფექტი (მაგალითად, ჩარევის შემდეგ გარკვეული დროის შემდეგ გამოვლენილი ეფექტი). დროის სერიების სქემას სანდოობის გაზრდის შესაძლებლობა აქვს. ერთი შემთხვევის კვლევა: ABAB სქემა       მეთერთმეტე თავის დასაწყისში ვთქვით, რომ მკვლევრები, რომლებიც შემთხვევის შესწავლას იყენებენ, როგორც წესი, აკვირვებიან ცალკეული ერთეულის მახასიათებლებს, იქნება ეს ბავშვი, კლასი, სკოლა თუ მთელი საზოგადოება. ჩვენ ერთმანეთს დავუპირისპირეთ შემთხვევის შესწავლის მეთოდით მომუშავე მკვლევრები და ექსპერიმენტატორები, რომლებიც, ჩვეულებრივ, ცვლადების მიზეზ-შედეგობრივი მნიშვნელოვნების განსასაზღვრად ამ ცვლადების მანიპულაციით არიან დაინტერესებული. როგორც ვნახავთ, ეს განსხვავება მხოლოდ ნაწილობრივ შეესაბამება სიმართლეს.       უკანასკნელ წლებში ერთი შემთხვევის კვლევა, როგორც ექსპერიმენტული მეთოდოლოგია, სულ უფრო და უფრო მეტად გამოიყენება ისეთ მრავალფეროვან სფეროებში, როგორიცაა კლინიკური ფსიქოლოგია, მედიცინა, განათლება, სოციალური სამუშაო, ფსიქიატრია და კონსულტირება. ამ (და სხვა) სფეროებში განხორციელებული ერთი შემთხვევის შესწავლის კვლევებს შემდეგი მახასიათებლები აერთიანებთ: ისინი მოიცავენ ადამიანის ქცევის უწყვეტ შეფასებას დროის მოცემულ პერიოდში, რაც მკვლევრისგან კვლევის სხვადასხვა ეტაპზე მრავალი შემთხვევის გაზომვის უზრუნველყოფას მოითხოვს; ისინი მოიცავენ „ჩარევის ეფექტებს“, რომლებიც დროთა განმავლობაში მეორდებიან ერთი და იგივე ცდის პირთან (პირებთან)       უწყვეტი შეფასებით მიღებული გაზომვის შედეგები ჩარევის პროცედურების ეფექტურობის შესახებ დასკვნების გამოტანის საფუძვლად გამოიყენება.       ერთი შემთხვევის კვლევის მახასიათებლებს კაზდინი (Kazdin 1982) ABAB სქემის ტერმინებით განიხილავს. ეს ერთი შემთხვევის კვლევების ბაზისური ექსპერიმენტული ფორმატია. კაზდინი აღწერს იმ პროცედურების ერთობლიობას, რომლითაც მოცემული კლიენტის, ან კლიენტთა ჯგუფის აკადემიურ მოსწრებაზე გარკვეული დროის განმავლობაში დაკვირვება ხორციელდება. კვლევის პროცესში იცვლება ის ექსპერიმენტული პირობები, რომელშიც თავსდება კლიენტი. ABAB სქემის რაციონალური საფუძველი წარმოდგენილია 13. 4. ჩანართში ეს სწორედ ისაა, რაც ამ სქემის შემთხვევაში ხდება. ჩარევის ეფექტის საკვლევ მდგომარეობას (ფაზა A), რომელშიც არ არის ჩარევის ეფექტი, ცვლის ჩარევის მდგომარეობა (ფაზა B). ამის შემდეგ კი ისევ მეორდება A და B ფაზები. როგორც კაზდინი (1982) ამბობს, ჩარევის ეფექტი აშკარაა, თუ მიღწევა უმჯობესდება პირველი ჩარევის ფაზაზე, ჩარევის მოშორების შემთხვევაში უბრუნდება ან უახლოვდება საწყის მდოგარეობას და ისევ უმჯობესდება მეორე ჩარევის ფაზაზე.       ABAB სქემის განათლების სფეროში გამოყენების მაგალითს დაიცი (Dietz 1977) გვაძლევს. იგი თავის კვლევაში მოზარდი ვაჟის ხელისშემშლელ ქცევაზე მასწავლებლის ეფექტის გაზომვას ცდილობდა. ის მუდმივად ლაპარაკობდა სპეციალური განათლების გაკვეთილზე და ხელს უშლიდა თანაკლასელებს. -------------------- ჩანართი 13.4 ABAB სქემა --------------------       არასასურველი ქცევის შესამცირებლად შეიმუშავეს განმამტკიცებელი პროგრამა, რომელშიც ლაპარაკში გამოჭერის სიხშირის შემცირებით ვაჟს მასწავლებელთან დამატებითი მეცადინეობების მიღება შეეძლო. მას უთხრეს, რომ როცა ის 55 წუთიან გაკვეთილზე სამჯერ (ან უფრო ნაკლებად) შეუშლიდა კლასს ხელს, მასწავლებელი დამატებით ამეცადინებდა. ქცევის მოდიფიკაციის თეორიის ტექნიკური ენით თუ ვიტყვით, მოსწავლე მიიღებდა განმამტკიცებელ შედეგებს, როდესაც არასასურველი ქცევის დაბალი სიხშირის ჩვენებას შეძლებდა (13. 5 ჩანართში ამას „დაბალი სიხშირეების დიფერენციული განმტკიცება“ ანუ DRL ეწოდება).       როდესაც ნებისმიერი დადგენილი დროის მანძილზე ვაჟი ახერხებდა წაყენებული პირობის შესრულებას, ანუ, კლასს ყოველ მეცადინეობაზე სამჯერზე მეტად არ უშლიდა ხელს ხმამაღლა ლაპარაკით, ის ჯილდოვდებოდა დამატებითი 15-წუთიანი მეცადინეობით. შედეგები წარმოდგენილია 13.5 ჩანართში და გვიჩვენებს ბიჭის ქცევაში მომხდარ მნიშვნელოვან ცვლილებებს, როცა ჩარევის პროცედურები ხორცილდებოდა. ასევე, თვალსაჩინოა ხელისშემშლელი ქცევის სიხშირის არსებითი მატება და საწყის მდგომარეობასთან მიახლოება, როცა აღარ მუშაობდა დაჯილდოვების სტრატეგია. დაბოლოს, აღდგენილი ჩარევის პირობებში ვაჟის ქცევა ისევ უმჯობესდებოდა. -------------------- ჩანართი 13.5 ABAB სქემა საგანმანათლებლო გარემოში წყარო: Kazdin 1982 --------------------       ერთი შემთხვევის კვლევის სქემა ერთმნიშვნელოვნად მხოლოდ ერთი ცალკეული ცდის პირის ქცევაში ჩარევის შეფასების ექსპერიმენტული ტექნიკაა. ამასთან, ასეთი ჩარევები შეგვიძლია მივმართოთ კონკრეტულ ცდის პირზე, ან ჯგუფზე და დროში ან სხვადასხვა ქცევისთვის, სიტუაციისთვის თუ პიროვნებისთვის გავიმეოროთ. ერთი შემთხვევის კვლევა უფრო ჩვეული, ჯგუფთა შორის სქემაზე აგებული მეთოდოლოგიების ალტერნატიულ სტრატეგიას გვთავაზობს. თუმცა, დგება მთელი რიგი პრობლემებისა, რომლებიც ამ მეთოდის გამოყენებას უკავშირდება და შეეხება ტენდენციების ბუნდოვანებას, საწყისი მდგომარეობის ფაზის მონაცემების ცვალდებადობასა და მიღებული შედეგების განზოგადებადობას. დაინტერესებულ მკითხველს ვურჩევთ გაეცნოს Kazdin (1982), Borg (1981) და Vasta (1979). ექსპერიმენტული კვლევის წარმოების პროცედურები       ექსპერიმენტული კვლევა-ძიება ლოგიკური პროცედურების თანმიმდევრობას უნდა წარმოადგენდეს. ახლა რა პროცედურებსაც ჩამოვთვლით, გარკვეული სიფრთხილით უნდა მოვეკიდოთ. უკიდურესად რთულია (და თამამი გადაწყვეტილება) ექსპერიმენტული კვლევის წარმოების მკაფიოდ ჩამოყალიბებული წესების ჩამოწერა. საუკეთესო შემთხვევაში შეგვიძლია იდეალური მარშრუტის დასახვა იმის სრული გაცნობიერებით, რომ განათლების სფეროში კვლევა იშვიათად მიმდინარეობს ასე დალაგებულად და მოწესრიგებულად.       პირველი - მკვლევარმა შეძლებისდაგვარად ზუსტად უნდა მოახდინოს კვლევის პრობლემის დიფერენციაცია და განსაზღვრა იმის გათვალისწინებით, რომ პრობლემა ექსპერიმენტულ მეთოდებს ექვემდებარებოდეს       მეორე - მკვლევარმა უნდა ჩამოაყალიბოს ის ჰიპოთეზები, რომელთა შემოწმება სურს. ეს ნიშნავს კონკრეტულ ცვლადებს შორის მიმართების შესახებ წინასწარმეტყველებას და ამავე დროს გადაწყვეტილების მიღებას სხვა ცვლადების თაობაზე, რომლებიც საკონტროლო ჯგუფის მეშვეობით უნდა გამოირიცხონ ექსპერიმენტიდან. უნდა გვახსოვდეს, რომ ცვლადებს ორი თვისება აქვთ. პირველია ის, რომ ცვლადები გაზომვადი უნდა იყოს. ფიზიკურ მომზადებას, მაგალითად, პირდაპირ ვერ გავზომავთ მანამ, ვიდრე ოპერაციულად არ განვსაზღვრავთ. ცვლადის „ფიზიკური ფორმა“ - ოპერაციულად განსაზღვრა - ნიშნავს მის განსაზღვრას რაიმე გაზომვადით. ამ შემთხვევაში ეს, ალბათ, ტრენაჟორის ტესტი იქნება. მეორე თვისებაა ის, რომ ჩამნაცვლებელი ცვლადი ჩვენთვის საინტერესო ჰიპოთეტური ცვლადის ვალიდური ინდიკატორი უნდა იყოს. ანუ, ტრენაჟორის ტესტი, ალბათ, ფიზიკური ფორმისათვის მისაღები ჩამნაცვლებელია, სიმაღლე კი, სრული დარწმუნებით - არა. დროისა და ფულის შეზღუდული რესურსების პირობებში ექსპერიმენტიდან ცვლადების გამორიცხვა გარდაუვალია. აქედან გამომდინარეობს, რომ მკვლევარმა მისთვის საინტერესო ცვლადების რანჟირება პრიორიტეტულობის მიხედვით უნდა მოახდინოს და ექსპერიმენტში ყველაზე მნიშვნელოვანი ცვლადები ცვალოს, დანარჩენები კი, მუდმივად, ანუ უცვლელი სახით შეინარჩუნოს, ანუ, გააკონტროლოს.       მესამე - მკვლევარმა უნდა შეარჩიოს სათანადო დონეები, რომელზეც დამოუკიდებელ ცვლადებს შეამოწმებს. მაგალითად, ვთქვათ, განათლების ფსიქოლოგს სურს, დაადგინოს, სკოლაში კითხვისთვის დათმობილი უფრო მცირე დროის მონაკვეთებში აღწევენ მოსწავლეები კითხვის უნარის გაუმჯობესებას, თუ ამისათვის უფრო ხანგრძლივი მეცადინეობა სჭირდებათ (იხილეთ შიმონ 1978). ფსიქოლოგი სათანადო დონეებად ნამდვილად ვერ აიღებს დროის ხუთსაათიან და ხუთწუთიან მონაკვეთებს. უფრო მოსალოდნელია, რომ მან 30-წუთიანი და 60-წუთიანი დონეები აიღოს, რათა ისინი ცხრილში გაწერილ, ჩვეულებრივ 45-წუთიან მეცადინეობებს შეადაროს. სხვა სიტყვებით, ექსპერიმენტატორი ისეთ დონეებზე მოახდენს სტიმულის ვარირებას, რომლებსაც რეალურ ცხოვრებაში პრაქტიკული ღირებულება აქვთ. კითხვის უნარის გაუმჯობესების მაგალითს თუ გავყვებით, ჩვენს წარმოსახვით ექსპერიმენტატორს კეთოლგონიერება ეყოფა და გაზომვადი შედეგები მისაღებად, საკმარისად დიდი ინტერვალებით მოახდენს სტიმულის ვარირებას. სტანდარტულ 45-წუთიან გაკვეთილებთან 44 და 45-წუთიანი პერიოდების შედარება კითხვის უნარის გაუმჯობესებაში თვალსაჩინო განსხვავებას ვერ მოგვცემს.       მეოთხე - მკვლევარმა უნდა გადაწყვიტოს, რა სახის ექსპერიმენტის ჩატარებას აპირებს. მან, ალბათ, ამ თავში ჩამოთვლილი ვარიანტებიდან უნდა აირჩიოს.       მეხუთე - ექსპერიმენტის სქემის დაგეგმვისას მკვლევარმა უნდა გაითვალისწინოს ის პოპულაცია, რომელზეც სურს მიღებული შედეგების განზოგადება. აქ შედის გადაწყვეტილებების მიღება შერჩევის მოცულობისა და შერჩევის მეთოდების თაობაზე. შერჩევის მეთოდის შესახებ გადაწყვეტილებებში გასათვალისწინებელია ხელმისაწვდომი ფინანსები, ადამიანური რესურსი და ექსპერიმენტისთვის გათვალისწინებული დრო.       მეექვსე - ვალიდობის პრობლემების გათვალისწინებით, მკვლევარმა უნდა შეარჩიოს ინსტრუმენტები, აირჩიოს კრიტერიუმები და მიიღოს გადაწყვეტილება ანალიზის ადეკვატური მეთოდების შესახებ.       მეშვიდე - რეალური ექსპერიმენტის დაწყებამდე მკვლევარმა პილოტური კვლევით უნდა შეამოწმოს ექსპერიმენტის პროცედურები, რათა ნახოს, კვლევის რომელიმე ასპექტში სადმე რაიმე ჩავარდნა ხომ არ აქვს. ეს უკიდურესად მნიშვნელოვანი პროცესია.       მერვე - თავად ექსპერიმენტის მსვლელობისას მკვლევარი უნდა ცდილობდეს, ზუსტად მიჰყვეს შემოწმებულ და წინასწარ შეთანხმებულ პროცედურებს. ინსტრუქციების სტანდარტიზება, ექსპერიმენტული მიმდევრობების ზუსტი დრო, დაკვირვებების ზედმიწევნით, პედანტურად ჩაწერა და გადამოწმება - ეს ყველაფერი კომპეტენტური მკვლევრის მახასიათებლებია.       მას შემდეგ, რაც მონაცემები მოგროვდება, მკვლევარი მთელი ამ წამოწყების ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილის წინაშე დგება. მონაცემების დამუშავება, შედეგების ანალიზი და ანგარიშის მონახაზის გაკეთება - თითოეული მათგანი შრომატევადი საქმიანობაა როგორც ინტელექტუალური, ისე დროის რესურსების თვალსაზრისით. მთლიან კვლევაში ექსპერიმენტის ამ ბოლო ნაწილს ძალზე მცირე დროს უთმობენ ხოლმე. გამოცდილი მკვლევარი იშვიათად უშვებს ასეთ შეცდომას. კომპიუტერული პროგრამის გაუმართაობა და ათობით სხვა გაუთვალისწინებელი “უბედურება” მწარე გაკვეთილია იმისთვის, რომ ექსპერიმენტული კვლევის შედეგების ანალიზისა და ინტერპრეტაციისთვის უხვად დაიტოვოთ დრო.       ექსპერიმენტული კვლევის წარმოების ათსაფეხურიანი მოდელი ასე გამოიყურება: ექსპერიმენტის მიზნის იდენტიფიცირება; რელევანტური ცვლადების შერჩევა; ჩარევის დონის (დონეების) (მაგალითად, დაბალი, საშუალო, მაღალი) განსაზღვრა; ექსპერიმენტული პირობებისა და გარემოს კონტროლი; შესაბამისი ექსპერიმენტული სქემის შერჩევა; პრე-ტესტის მიწოდება; მონაწილეების ჯგუფში (ჯგუფებში) გადანაწილება; ჩარევა; პოსტ-ტესტის მიწოდება; შედეგების ანალიზი.       მეექვსე და მეშვიდე საფეხურები შეიძლება შეენაცვლონ ერთმანეთს. მათი ამ თანმიმდევრობით წარმოდგენა ორი ჯგუფის შემთხვევით გადანაწილებასა და შედარების უზრუნველყოფის მიზანს ემსახურებოდა. ექსპერიმენტებში და ფიქსირებულ სქემებში მონაცემები კრებსითია და კონკრეტულ ინდივიდებთან არ ასოცირდება. მონაცემები საშუალოების, შედეგების დიაპაზონისა და მათი ცვალებადობის დადგენის საშუალებებია. პრე-ტესტისა და პოსტ-ტესტის ეტაპებზე დამოუკიდებელი შერჩევებისთვის, ჯგუფებს შორის განსხვავებების ან მსგავსებების გამოსათვლელად ხშირად გამოიყენება t კრიტერიუმი. განათლების სფეროს კვლევის მაგალითები მაგალითი 1: პრეექსპერიმენტული სქემა       წინა ექსმერიმენტული სქემა გამოიყენეს კვლევაში, რომელშიც განათლების ჯგუფის 1991-92 წლების კურსდამთავრებულები მონაწილეობდნენ. მათ ბოცვანას საშუალო სკოლის მაღალ კლასებში სოციალური მეცნიერება უნდა ესწავლებინათ. მკვლევარს აინტერესებდა, მის მიერ შემუშავებული სასწავლო პროგრამა ეფეტურად შეცვლიდა თუ არა სოციალური მეცნიერების სწავლებისადმი სტუდენტების ორიენტაციას. ამისათვის მან კვლევის ინსტრუმენტად ბართ-შერმისის მეცნიერებებისადმი პრიორიტეტების სკალა გამოიყენა (BSSPS – Barth-Shermis Studies Preference Scale), რომელსაც ფართოდ იყენებდნენ სხვადასხვა კულტურაში, შეერთებული შტატების, ეგვიპტისა და ნიგერიის ჩათვლით და რომლის სტრუქტურა ვალიდობისა და შინაგანი თანმიმდევრობის სანდოობის ყველა ზოგადად მოთხოვნილ კრიტერიუმს აკმაყოფილებდა.       BSSPS შედგება ლიკერტის ტიპის (თავი 15) 45 დებულებისგან, რომელიც ზომავს სოციალური მეცნიერების სამ ტრადიციას, ანუ ფილოსოფიურ ორიენტაციას, რომელთაგან უძველესი - მოქალაქეობის გადაცემა - ახალგაზრდა თაობისთვის საზოგადოების ბაზისური ღირებულებების გადაცემას და სწავლებას მოიცავს. მეორე ორიენტაცია - სოციალური მეცნიერება - ცოდნის მოგროვების უნარების შეძენას უკავშირდება, რაც სოციალური მეცნიერების ცნებებისა და პროცესების ათვისებას ეფუძნება. მესამე ტრადიცია, რეფლექსიური კვლევა-ძიება, ჯონ დიუის პრაგმატიზმიდან მომდინარეობს და ძიების პროცესზე აკეთებს აქცენტს. 48 მაგისტრანტმა ერთწლიანი სასწავლო პროგრამის დასაწყისში, BშშPშ-ის დებულებებს პირველივე შეხვედრაზე უპასუხა. პროგრამის დასრულების შემდეგ მათ განმეორებით მისცეს BSSPS, რათა ენახათ, შეიცვალა თუ არა სტუდენტების ფილოსოფიური ორიენტაცია. მოკლედ, პრეტესტსა და პოსტ-ტესტში გაზომვის კრიტერიუმი იყო „პრიორიტეტული ორიენტაცია“, ნაკლებად პრიორიტეტული ორი ორიენტაცია აღარ აინტერესებდათ. ზოგადად თუ ვიტყვით, სწავლის დასაწყისისთვის სტუდენტების უმრავლესობას მოქალაქეობის გადაცემის ორიენტაცია ჰქონდა, კურსის დასასრულს კი სოციალური მეცნიერებისა და რეფლექსიური კვლევა-ძიებისკენ გადახრის ტენდენცია აღენიშნებოდათ. კვლევის სქემის სქემატური წარმოდგენისთვის ზემოთ გამოყენებულ სიმბოლოებსა და გამოთქმებს თუ გამოვიყენებთ, ბოცვანას კვლევა ასე შეგვიძლია გამოვსახოთ:       მოკლე განხილვაც საკმარისია, რომ ამ კვლევაში ნაკლოვანებები აღმოვაჩინოთ. კემპბელი და სტენლი (1963), ფაქტობრივად, ერთი ჯგუფის პრეტესტ-პოსტ-ტესტ სქემას „ცუდ მაგალითს“ უწოდებენ იმ რამდენიმე გარეშე ცვლადის საჩვენებლად, რომელთაც შეუძლიათ საფრთხე შეუქმნან შინაგან ვალიდობას. ამ ცვლადების მოქმედებით O1-O2 განსხვავების ახსნა სავსებით შესაძლებელია განსხვავების მიზეზის ჰიპოთეზის კონკურენტი ჰიპოთეზით“ (Campbell and Stanley 1963). ზემოთ აღწერილი კვლევის ავტორი სწორად იქცევა, ფრთხილ და წინდახედულ დასკვნებს რომ აკეთებს: „შესაძლებელია ითქვას, რომ სოციალური მეცნიერების კურსს შეეძლო ამ ფენომენის გამოწვევა, თუმცა, სხვა გარეშე ცვლადებსაც შეიძლოთ ემოქმედათ“ (Adeyeme 1992, ხაზგასმა დამატებულია). ის ერთობ გულუბრყვილოდ ადებს ხელს პოტენციურ ახსნას: მომავალ მასწავლებლებში იმიტომ მოხდა ცვლილებები, რომ „რაციონალური გადაწყვეტილების მიღებისკენ აღებული ორიენტაცია სოციალური მეცნიერებების ცხრაწლიანი პროგრამისათვის ბოცვანას განათლების სამინისტროს 1989 წელს წარმოდგენილ რეკომენდაციებს თანხვდებოდა/შეესაბამებოდა“ (Adeyeme 1992). მაგალითი 2: კვაზი-ექსპერიმენტული სქემა       მასონმა და მისმა კოლეგებმა (1992) 1984-1992 წლებში ლონგიტუდური კვლევა ჩაატარეს. კვლევის ძირითადი მიზანი იყო ენახათ, გააუმჯობესებდა თუ არა მოსწავლეების აკადემიურ მოსწრებას საშუალო სკოლაში სწავლის პერიოდში ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების სახელმძღვანელოებში, საკურსო სამუშაოებსა და გამოცდებში გათვალისწინებული ლინგვისტური მახასიათებლების ექსპლიციტური სწავლება. ნაშრომის სათაური: „ნათელის მომგვრელი/განმანათლებელი ინგლისური: როგორ გააუმჯობესა ზოგადსაგანმანათლებლო სკოლაში ენის ექსპლიციტურმა სწავლებამ საბოლოო გამოცდის შედეგები“, გვაფიქრებინებს, რომ ავტორებს სჯერათ, რომ მიაღწიეს დასახულ მიზანს. თუ კვლევისთვის არჩეულ ექსპერიმენტულ სქემას შევხედავთ, შეგვიძლია ვიკითხოთ კიდეც: მართლაც ისეთი ერთმნიშვნელოვანი და ზუსტია ამ კვლევის შედეგები, როგორც ავტორები აცხადებენ?       შევინგტონის კვლევაში (შევინგტონი, ჩრდილო-დასავლეთ ინგლისში, სადაც ექსპერიმენტი ჩატარდა) გამოყენებული სქემა ასე შეგვიძლია გამოვსახოთ:       ცხადია, ეს არაეკვივალენტური საკონტროლო ჯგუფის სქემაა, რომელიც ზემოთ განვიხილეთ. სქემაში პარალელური სტრიქონების გამყოფი წყვეტილი ხაზი გვიჩვენებს, რომ ჯგუფები არ გათანაბრებულა შემთხვევითი გადანაწილებით.       ერთი სიტყვით, მკვლევრებმა აიღეს მეთოდოლოგია, რომელიც ახლოს დგას ინგლისურის, როგორც უცხო ენის, სწავლების მეთოდოლოგიასთან და VII-IX კლასის/საფეხურის მოსწავლეებთან (ანუ მოსწავლეებთან, რომელთა ასაკი 11-14 წელი იყო) გამოიყენეს შევინგტონის და ორ სხვა, იმავე არეალში, მდებარე საშუალო სკოლაში. მოსწავლეებს სწავლის ყოველ ეტაპზე აკვირდებოდნენ და მათ მიღწევებს სამ საკონტროლო ჯგუფს - თითო სკოლაში თითოს - ადარებდნენ. ვინაიდან ექსპერიმენტული და საკონტროლო ჯგუფები შემთხვევითობის წესით არ აუღიათ, ცხადია, მნიშვნელოვანი განსხვავებები მიიღეს ზოგიერთი ჯგუფის ჩარევამდე განხორციელებული გაზომვის შედეგებში ისეთი მეთოდიკის მიხედვით, როგორიცაა “იორკის ენისკენ მიდრეკილების ტესტი”. მეტიც, ვინაიდან ჩარევის შემდგომი გაზომვისთვის კითხვის საკმარისი სირთულის მქონე არავითარი სტანტარტიზებული ტესტი არ გამოუყენებიათ, მათ თავად მოუწიათ ტესტების შექმნა; თუმცა, ავტორები ამ ტესტების შესახებ არ გვაწვდიან ისეთ დეტალებს, როგორიცაა მათი ვალიდობისა და სანდოობის შესახებ ინფორმაცია. ამ სირთულეების მიუხედავად, ექსპერიმენტული ჯგუფების მოსწავლეებმა 1990 და 1991 წლებში ჩატარებულ საჯარო გამოცდებში მნიშვნელოვანი გაუმჯობესება აჩვენეს - უფრო მაღალი პროცენტული მაჩვენებლები ჰქონდა მათ, ვინც A-ჩ შეფასება მიიღო. მკვლევრები აღნიშნავენ, რომ სამი წლის განმავლობაში, ანუ 1989-1991 წლებში „სხვა არავითარი განსაკუთრებული ცვლილება არ მომხდარა სკოლის პოლიტიკაში, სტრუქტურაში ან მასწავლებელთა კოლექტივში, რომელსაც ასეთი მნიშვნელოვანი, 50-პროცენტიანი გაუმჯობესების ახსნა შეეძლო “ (Mason et al. 1992).       მიუხედავად იმისა, რომ შევინგტონის მკლევრებმა გარეშე ცვლადების გაკონტროლება სცადეს, შეგვიძლია სამართლიანად ვიკითხოთ: შინაგანი და გარეგანი ვალიდობის ისეთი საფრთხეები, რომლებზეც ამ წიგნში ადრე ვისაუბრეთ, საკმარისად იყო თუ არა შემცირებული ისეთი კატეგორიული დასკვნების გასაკეთებლად, როგორიცაა - „პროექტში მონაწილეობის შედეგად, მოსწავლეებმა . . . საჯარო გამოცდებზე მეტ წარმატებას მიაღწიეს “ (Mason et al. 1992). მაგალითი 3: „ჭეშმარიტად“ ექსპერიმენტული სქემა       განვიხილოთ მოსწავლეების მიღწევის გაუმჯოებესებაზე ორიენტირებული კიდევ ერთი კვლევა (Bჰადწალ and Pანდა 1991). თუმცა, აქ გაუმჯობესების მიღწევას სწავლების სტრატეგიებში შეტანილი ცვლილებებით და უფრო მყარი ექსპერიმენტული სქემით შეეცადნენ. ინდოეთის სოფლის დასახლებებში მკვლევრებმა 78 მოსწავლისგან შემდგარი შერჩევა აიღეს. ეს შერჩევები სოციოეკონომიკური პირობებითა და არავერბალური ინტელექტის კოეფიციენტებით შეესატყვისებოდნენ ერთმანეთს. მოსწავლეები აარჩიეს სამი დაწყებითი სკოლიდან, რომლებიც, თავის მხრივ, ადგილმდებარეობის, ფიზიკური კეთილმოწყობის, მასწავლებლების კვალიფიკაციისა და უნარების, სკოლის შეფასების პროცედურებისა და სასწავლო პროცესში მშობლების ჩართულობის მიხედვით იყვნენ გათანაბრებული. 26 მოსწავლე ექსპერიმენტული ჯგუფისთვის შემთხვევითობის წესით აარჩიეს, ხოლო დარჩენილი 52 - ორ თანაბარ საკონტროლო ჯგუფად გაჰყვეს. ექსპერიმენტული ჯგუფისთვის სწავლების შეცვლილი სტრატეგიების წარდგენამდე სამივე ჯგუფმა სწავლის ჩვევებსა და დამოკიდებულებასთან დაკავშირებული კითხვარები შეავსო. ეს ინსტრუმენტები სპეციალურად იყო შექმნილი უმცროსი ასაკის ბავშვებისთვის და, ჩვეულებრივ, გავლილი ჰქონდათ დავალებების ანალიზი, ასევე, ტესტ-რეტესტისა და შუაზე გახლეჩვის მეთოდით სანდოობის შემოწმების პროცედურები. ბჰადუალისა და პანდას კვლევის სქემა სქემატურად ასე შეიძლება გამოვსახოთ:       გავიხსენოთ „კარგი“ ექსპერიმენტული სქემის კერლინგისეული (1970) განხილვა და შევხედოთ ამ სქემას: პრე-ტესტ-პოსტ-ტესტის საკონტროლო სქემაში (მეორე მაგალითში გამოყენებული სქემისგან განსხვავებით) გამოყენებულია რანდომიზაციის პროცედურები, რომელიც თეორიაში ყველა შესაძლო დამოუკიდებელ ცვლადს აკონტროლებს. თუმცა, კერლინგერი (1970) ამატებს: „პრაქტიკაში ეს მხოლოდ მაშინ ხდება, როდესაც ექსპერიმენტში საკმარისი რაოდენობის ცდის პირები მონაწილეობენ და რანდომიზაციის პრინციპს შანსი ეძლევა, რომ კონტროლის მძლავრი იარაღის ფუნქცია შეასრულოს“. საკითხავია, ბჰადუალისა და პანდას (1991) კვლევაში რამდენადაა 26 მოსწავლიანი სამი ჯგუფი „საკმარისი ცდის პირი“.       შერჩევების შედგენისას შედარება-გათანაბრების პროცედურებისა და ექსპერიმენტულ და საკონტროლო ჯგუფებში მოსწავლეების შემთხვევითობის წესით გადანაწილებასთან ერთად მკვლევრებმა კოვარიაციის ანალიზიც გამოიყენეს, როგორც E და C ჯგუფებს შორის იმ საწყისი განსხვავებების კონტროლის კიდევ ერთი საშუალება, რომელიც დამოუკიდებელი ცვლადების, სწავლის ჩვევებისა და დამოკიდებულებების მიხედვით მიღებულ საშუალო ქულებში აღინიშნებოდა.       ექსპერიმენტული პროგრამა მოიცავდა სწავლების უნარების, კლასის ორგანიზების, სახელმძღვანელოების, მოსწავლეთა მონაწილეობის, გამოსწორებაში დახმარების, წყვილებში ახსნისა და უწყვეტი შეფასების გაუმჯობესებას. ამასთან ერთად, ექსპერიმენტულ ჯგუფში უზრუნველყვეს მშობლების ჩართულობა და დამატებითი საკითხავი მასალების მიწოდება. გასაკვირი იქნებოდა სასწავლო მასალებისა და სწავლების სტრატეგიების ასეთ ნაკრებს მნიშვნელოვანი ცვლილება რომ არ გამოეწვია მოსწავლეებში და მოცემულ ექსპერიმენტში. ზუსტად ასეც მოხდა: ექსპერიმენტულმა ჯგუფმა, II საკონტროლო ჯგუფთან შედარებით, რომელმაც არ აჩვენა მნიშვნელოვანი ცვლილება, სწავლის ჩვევების თვალსაზრისით ძალზე მნიშვნელოვნად წაიწია წინ. ვფიქრობთ, მკვლევრები გააკვირვა იმან, რომ სწავლის ჩვევების მნიშვნლოვანი მატება I საკონტროლო ჯგუფში შეინიშნებოდა. ისინი ფიქრობენ, რომ ეს მოულოდნელი შედეგი შეიძლება იმით ყოფილიყო გამოწვეული, რომ ამ ჯგუფში შემავალი მოსწავლეები უშუალოდ წლიური გამოცდების წინ შეამოწმეს. მეორე მხრივ, მათი აზრით, ზოგიერთ აუხსნელ ცვლადსაც შეეძლო გავლენის მოხდენა. ნათელია, რომ ეს ყველა მკვლევრისთვის კარგი გაკვეთილია! ემპირიულ მონაცემებზე დაფუძნებული კვლევა განათლების სფეროში და მეტა-ანალიზი ემპირიულ მონაცემებზე დაფუძნებული კვლევა       განათლების ეპოქაში (Thomas and Pring 2004) ემპირიულ მონაცემებზე დაფუძნებულ მეტა-ანალიზს უფრო და უფრო მიმართავენ, როგორც კვლევის მეთოდს, რომელიც ერთად ალაგებს სხვადასხვა კვლევას და პოლიტიკის ინფორმირებულად წარმოებისა და დაგეგმვის საფუველს ქმნის. მეტა-ანალიზი თავისთავად არის კვლევის მეთოდი. ამ პროცესის მნიშვნელოვანი დასტურია ისეთი ორგანიზაციების შექმნა, როოგრიცაა EPPI-ჩენტრე (Evidence for Policy and Practice Information and Coordinating Centre) ლონდონის უნივერსიტეტში ; სოციალური, ფსიქოლოგიური, საგანმანათლებლო, კრიმინოლოგიური და შემოწმებული სასამართლო პროცესების რეგისტრი (SPECTR – Social, Psyhological, Educationa and Criminological Cortroled Trails Register), რომელიც მოგვიანებით Campbell ჩოლლაბორატიონ-ს გადაეცა. მედიცინაში მისი პარალელური სტრუქტურებია: Cochrane Collaboration, რომელიც სისტემატურად ახორციელებს მეციდინაში ექსპერიმენტული მტკიცებულებების გადასინჯვასა და მეტა-ანალიზს: და დურჰამის უნივერსიტეტის კურიკულუმის, შეფასებისა და მენეჯმენტის ცენტრი (CEM). „მტკიცებულება“ აქ, ჩვეულებრივ, ამა თუ იმ სახის რანდომიზებული გაკონტროლებული ცდებიდან მოდის (თყმმს 1999; ჩოე et al. 2000; Thomas and Pring 2004: 95), სადაც აქცენტი ზედმიწევნით შერჩევაზე, გარეშე და კვლევაში ჩართული ცვლადების კონტროლსა და ეფექტის ზომის გაზომვაზე კეთდება. რანდომიზებული, გაკონტროლებული ცდებით მოპოვებული კუმულაციური მტკიცებულება სანდო ცოდნის უზრუნველსაყოფად არის განკუთვნილ. მათზე პოლიტიკა და პრაქტიკა იგება (ჩოე et al. 2000). ამტკიცებენ, რომ ასეთი დაგროვილი, კრებსითი მონაცემები იმის დამამტკიცებელი საბუთია, თუ „რა მუშაობს“, თუმცა, მორისონს ეს მტკიცება საეჭვოდ მიაჩნია.       ემპირიულ მონაცემებზე დაფუძნებული პრაქტიკა მედიცინაში ხორციელდება იქ, სადაც ქოჩრანის (1972) რანდომიზებული გაკონტროლებული ცდების აქტიურმა მხარდაჭერამ, სისტემატურმა გადასინჯვამ და დოკუმენტირებამ “კოჰრეინ კოლაბორეიშენის” (Cochrane Collaboration) დაფუძნება მოიტანა შედეგად (Maynard and Chpalmers 1997) და დღეს ეს ორგანიზაცია მთელს მსოფლიოში ფუნცქიონირებს. კარგად დაგეგმილ რაოდენობრივ კვლევებს, რომელთაც ემპირიული მტკიცებულების საფუძვლის განვითარებაში წვლილის შეტანა შეუძლიათ, ხშირად გამოუცდელი, არასაკმარისად შემოწმებული და პრაქტიკაში გადატანილი სქემების ძლიერ ოპოზიციად მიიჩნევენ.       არც ისე დიდი ხნის წინათ, ემპირიულ მონაცემებზე დაფუძნებული განათლება სოციალური პოლიტიკის, სოციალური სამუშაოსა (MacDonals 1997) და განათლების (Fith-Gibbon 1997) სფეროებში შევიდა. განათლების სფეროში ამ მიმართულებით წარმოებულ კვლევაში მოწინავე ფიგურები ფიც-გიბონი (1996; 1997; 1999) და ტიმსი (1996) არიან. მათ დურჰამის უნივერსიტეტის კურიკულუმის, შეფასებისა და მენეჯმენტის ცენტრში განათლების სამონიტორინგო ცენტრი დააარსეს. ეს ამ მიმართულებით მომუშავე, მსოფლიოს ერთ-ერთი უმსხვილესი ორგანიზაციაა. ფიც-გიბონის შრომას მრავალდონიან მოდელირებაში გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. იგი გვასწავლის, როგორ შეიძლება მიზეზშედეგობრიობის ნათელი მტკიცებულებების უზრუნველსაყოფად ექსპერიმენტულ მეთოდებთან ინდიკატორების სისტემების გამოყენება და მზა პასუხს გვაძლევს მის მიერვე დასმულ კითხვაზე: „საიდან ვიცით, რა მუშაობს?“ (Fith-Gibbon 1999: 33)       ეხმიანება რა ანდერსონსა და ბიდლს (Anderson and Biddle 1991), ფიც-გიბონს მიაჩნია, რომ პოლიტიკოსები თავს არიდებენ მტკიცებულებებს პოლიტიკის წარმოებისას, ხოლო პრაქტიკოსები, ყოველდღიური საქმიანობის აურზაურში, ნაგულისხმევ ცოდნას იყენებენ და არა - რანდომიზებული გაკონტროლებული ცდებით მიღებულს. თუმცა, დამაჯერებელ არგუმენტზე დაყრდნობით (Fith-Gibbon 1997: 35 – 6), ის ამბობს, რომ აუცილებელია ემპირიულ მონაცემებზე დაფუძნებული მიდგომები, რათა ეჭვქვეშ დავაყენოთ გაუმართავი პრაქტიკების გამოყენება, გადავჭრათ პრობლემები და ავერიდოთ მტკივნეულ პროცედურებს, ასევე, ისეთი ცვლილებები დავნერგოთ, რომლებიც უფრო ეფექტურ სწავლებამდე მიგვიყვანს. გარდა ამისა, ასეთი არგუმენტი, ამტკიცებს იგი, ეფექტის ზომას გვიჩვენებს და არა სტატისტიკურ მნიშვნელოვნებას.       მიუხედავად იმისა, რომ ემპირიულ მონაცემებზე დაფუძნებულ განათლების სფეროში მოპოვებული ინფორმაციის ბუნება საკამათო და საეჭვოა იმ მკვლევარებისთვის, ვისი სიმპათიების (ნებისმიერი მიზეზით) სფეროშიც რანდომიზებული გაკონტროლებული ცდები ვერ ხვდება, ფიც-გიბსონის მოსაზრება ძალაშია და უცვლელი რჩება: განათლების სფეროს მუშაკებს სჭირდებათ მტკიცებულება, რომელზეც თავიანთ მსჯელობებსა და მოქმედებებს დააფუძნებენ. ინდიკატორების სისტემების მთელ მსოფლიოში განვითარება ამის ძალზე სერიოზულ მნიშვნელობას ადასტურებს, მოხდება ეს მონაცემების შეფასებითა და გამოცდით, შედეგების შემოწმებით, მიღწევის დონეების ნაციონალურ და ინტერნაციონალურ დონეზე შედარებით, თუ სასწავლო გარემოს შეფასებით. ემპირიულ მონაცემებზე დაფუძნებული განათლების მიზანი ისაა, რომ სიბნელეში ხელის ცეცების ნაცვლად, პოლიტიკის ფორმირება ინფორმირებული იყოს და პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღება მოცემული მომენტისთვის არსებულ საუკეთესო მონაცემებს ეფუძნებოდეს და არა - ინტუიციას, იდეოლოგიის, ან პოლიტიკურ ნებას. თითქმის არაეთიკურია განათლების პრაქტიკაში გამოუცდელი და შეუმოწმებელი რეკომენდაციების დანერგვა; ეს ისეთივე არაეთიკურია, როგორც საავადმყოფოს პაციენტთან, მისი თანხმობის გარეშე, შეუმოწმებელი პროდუქტებისა და პროცედურების გამოყენება. მეტა-ანალიზი       ბჰადუალისა და პანდას (1991) კვლევა ტიპურია საკლასო სწავლების მეთოდების ეფექტურობის შესწავლისთვის წარმოებული კვლევებისათვის. ასეთი კვლევები ხშირად სააშკარაოზე გამოსვლას ვერ ახერხებენ. განსაკუთრებით მაშინ, როცა ისინი მაღალი დონის კვლევის მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებენ. მეტა-ანალიზი, მარტივად რომ ვთქვათ, სხვა ანალიზების ანალიზია. ის მოიცავს შედარებადი კვლევების შედეგების მოგროვებასა და ლოგიკურად თანმიმდევრული ანგარიშის სახით გაერთიანებას ძირითადი ეფექტების დასადგენად. ეს ხშირად სტატისტიკური გზით ხდება, თუმცა თვისებრივი ანალიზიც არანაკლებ მნიშვნელოვანია. მეტა-ანალიზის გამოყენების უპირატერობებს შორის ფიც-გიბონი (1985) შემდეგ თვისებებს ასახელებს: მორიდებული, მცირე ზომის ანგარიშები, რომლებიც თაროებზე აწყვია და იმტვერება, შეიძლება გამოსადეგი გახდეს; ცალკეული სტუდენტებისა და ლექტორების ჩატარებული მცირე ზომის კვლევები ღირებული ხდება, ვინაიდან მეტა-ანალიზი მრავალი ასეთი კვლევის შედეგების კოორდინირებას ახდენს თავად კვლევების კოორდინირების გარეშე; კვლევის მთელი ახალი ჟანრი იქმნება ისტორიკოსებისთვის - დროთა განმავლობაში როგორ იცვლება ეფექტის ზომა და ამის ისტორიულ ცვლილებებთან დაკავშირება.       მაკგოუს (McGaw 1997: 371) მიაჩნია, რომ რაოდენობრივი მეტა-ანალიზი თხრობითი ფორმით წარმოდგენილ ინტუიციას ანაცვლებს ხოლმე (Woods 1995: 389), როგორც სხვადასხვა კვლევის გამჭვირვალედ და გასაგებად სინთეზირების საშუალებას (რაც სასურველია მრავალ სინთეტურ კვლევაში: ჟაცკსონ 1980). კერძოდ, იმ შემთხვევებში, როდესაც ეს კვლევები არსებითად განსხვავდება ერთმანეთისგან. ჯექსონი (1980), კუკი და მისი კოლეგები (Cook et al. 1992: 13), ასევე, ვუდი (1995: 390) მიიჩნევენ, რომ თხრობითი სახით მოცემული მიმოხილვა მიდრეკილია: არ იყოს სრული და ყოველმხრივი, იყოს სელექციური და მხოლოდ კვლევების ქვეჯგუფებს აერთიანებდეს; კვლევის შედეგების მცდარად ინტერპრეტაციისა და დაუწმენდავად, დაუმუშავებლად წარმოდგენისკენ; ტესტების, როგორც ჰიპოთეზების დადასტურების საშუალებების, მნიშვნელოვნებაზე ზედმეტად დაყრდნობისკენ, რის გამოც უყურადღებოდ რჩებათ ის ფაქტი, რომ მნიშვნელოვნების დონეზე ძირითად გავლენას შერჩევის მოცულობა ახდენს და ეფექტის ზომა ყურადღების მიღმა რჩებათ; იმისკენ, რომ მიმომხილველები ვერ აცნობიერებენ, შემთხვევითი შერჩევის შეცდომის წვლილს სხვადასხვა კვლევის შედეგების ცვალებადობაში;  იმისკენ, რომ ყურადღების მიღმა დარჩეთ, რამდენად გაშუალებულია შერჩევის მახასიათებლები კვლევის შედეგებით; იმისკენ, რომ ყურადღების მიღმა რჩებათ კვლევაში შუალედური ცვლადების მნიშვნელობა; არაგამეორებადობისკენ, ვინაიდან გასაგებად არ აღწერენ კვლევის შედეგების ინტეგრირების პროცედურებს.       1970-იანი წლების დასასრულს გლასმა და მისმა კოლეგებმა (Glass and Smith 1978; Glass et al. 1981), ასევე, სხვა მკვლევრებმა (მაგალითად, Hedges and Olkin 1985; Hedges 1990; Rosenthal 1991) ნარატიული ინტუიციის ჩასანაცვლებლად, კვლევის შედეგების სინთეზირების რაოდენობრივი მეთოდი შეიმუშავეს. მეტა-ანალიზი, არსებითად - „ანალიზის ანალიზი“, მთელ რიგ ცალკეულ და განსხვავებულ კვლევებში განზოგადებების რაოდენობრივად გამოსახვის საშუალებებაა. ის უკვე არსებულ კვლევებში ნაკლოვანებების აღმოსაჩენადაც გამოიყენება, რათა სამომავლოდ შესაძლებელი იყოს კვლევით პროექტებში ახალი ელემენტების გათვალისწინება. ის მარტივია გამოსაყენებლად და ადვილი - გასაგებად, თუმცა, სტატისტიკური პროცედურები, რომლებიც ამ მეთოდს ზურგს უმაგრებენ, საკმაოდ რთულია. აქ შედის სხვადასხვა კვლევის შედეგების კვანტიფიკაცია და სინთეზი რომელიმე საერთო საზომის მიხედვით, ჩვეულებრივ, ეს არის ეფექტის ზომის შეფასებების ნაკრები და ეფექტის ზომისა და სინთეზირებაში მონაწილე კვლევების სხვა მახასიათებელთა ურთიერთმიმართების ანალიზი. სტატისტიკური მეთოდების გამოყენებით სუსტდება და ბათილდება სხვა ისეთი გამაჭუჭყიანებელი ფაქტორები, როგორიცაა შერჩევის შეცდომა, გაზომვის შეცდომები და დიაპაზონის შეზღუდვა. კვლევის შედეგები განზოგადებისთვის მნიშვნელოვანი კატეგორიების მიხედვით კოდირდება (Glass et al. 1981) ისე, რომ შესაძლებელი ხდება შედეგების თანმიმდევრულობის დანახვა, რომელიც ტრადიციული ინტუიციისა და ნარატიული მეთოდების გამოყენების შემთხვევაში თვალთახედვის მიღმა დარჩებოდა.       ფიც-გიბონი (1985: 45) ამ ტექნიკას ასე ხსნის: მეტა-ანალიზში ცვლადების ეფექტები მათი ეფექტის ზომის თვალსაზრისით შეისწავლება. სხვა სიტყვებით, იმის მიხედვით, თუ რამხელა განსხვავებას ქმნიან ისინი და არა მხოლოდ იმის მიხედვით, სტატისტიკურად მნიშვნელოვანია თუ არა ცვლადი ეფექტი ისეთ შემთხვევითად აღებულ დონეზე, როგორიც 5 პროცენტია. ვინაიდან ეფექტის ზომებზე კეთდება აქცენტი, გაცილებით იოლი ხდება, მიღებული შედეგების საგანმანათლებლო მნიშვნელოვნებაზე გავაკეთოთ კონცენტრირება და სტატისტიკური მნიშვნელოვნების მიხედვით არ ვეცადოთ მათი მნიშვნელობის შეფასებას. საბოლოოდ, სტატისტიკურ მნიშვნელოვნებას შეგვიძლია თავისი ადგილი მივუჩინოთ - ეს არის ერთ-ერთი იმ მრავალ საფრთხეთაგანი, რომელიც შინაგან ვალიდობას შეიძლება დაემუქროს. ეფექტის ზომის მნიშვნელოვნების დონეზე ზემოთ დაყენება ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯია (ასევე იხილეთ თავი 24) და სარგებლიანობის განსაზღვრის მნიშვნელოვნების დონეებში შემთხვევითად დაწესებული ზღვარის ნაცვლად „მიზნისთვის შესატყვისობის“ აქცენტირებაზე მიგვითითებს (ეფექტის ზომა უნდა ერგებოდეს მკვლევრის მიზნებს).       ტერმინი „მეტა-ანალიზი“ 1976 წლიდან იღებს სათავეს (Glass 1976). მეტაანალიზის ადრეული ფორმები კომბინირებული ალბათობებისა და სიხშირეების გამოთვლებს იყენებდა და შედეგები განსაზღვრულ კატეგორიებში ხვდებოდა (მაგალითად, მოცემულ დონეებზე სტატისტიკურად მნიშვნელოვანი), თუმცა, შერჩევების განსხვავებული მოცულობების პრობლემებმა სიმკაცრე დაარღვიეს (მაგალითად, დიდი შერჩევების შემთხვევაში ტრივიალური ეფექტები დააკმაყოფილებდა მნიშვნელოვნების დონეს, ხოლო მცირე მოცულობის შერჩევებიდან მიღებული მნიშვნელოვანი მონაცემები შეუმჩნეველი დარჩებოდა, რადგან ვერ მიაღწევდა სტატისტიკური მნიშვნელოვნების დონეს) (Light and Smith 1972; Glass et al. 1981; McCraw 1997: 371). გლასი (1976) და გლასი და მისი კოლეგები (1981) ანალიზის სამ დონეს გამოყოფენ: მონაცემების პირველადი ანალიზი; მეორადი ანალიზი, განმეორებითი ანალიზი სხვა სტატისტიკების გამოყენებით; მეტა-ანალიზი: შედეგების ინტეგრირებისათვის რამდენიმე კვლევის შედეგების სტატისტიკურად გააანალიზება.       გლასი და მისი კოლეგები (1981) და ჰანტერი და მისი კოლეგები (1982) ცხრაეტაპიან პროცედურას გვთავაზობენ: სამიზნე (დამოუკიდებელი და დამოკიდებული) ცვლადების გამოყოფა; იმ კვლევების იდენტიფიცირება, რომლებიც მკვლევრისთვის საინტერესო ცვლადებით ხასიათდებიან; თითოეული კვლევის იმ მახასიათებლების მიხედვით კოდირება, რომლებიც შეიძლება შედეგების და ეფექტის ზომების პრედიქტორები იყვნენ (მაგალითად, მონაწილეების ასაკი, სქესი, ეთნიკური წარმომავლობა, ექსპერიმენტული ზემოქმედების ხანგრძლივობა); ცვლადების თითოეული წყვილისთვის (დამოკიდებული და დამოუკიდებელი ცვლადების) გამოთვლის გამოყენებით ეფექტის ზომების შეფასება (იხილეთ Glass 1977), ეფექტის ზომების შერჩევის მოცულობის მიხედვით შეწონვა; ყველა კვლევის ეფექტის ზომების საშუალო და სტანდარტული გადახრის ანუ კვლევების დისპერსიის გამოთვლა; შერჩევის შეცდომების, გაზომვის შეცდომებისა და დიაპაზონის შეზღუდვის ეფექტების განსაზღვრა; თუ VI ეტაპზე ჩამოთვლილ საკითხებს დისპერსიის დიდი წილი მიეწერება, მაშინ ეფექტის ზომის საშუალო ცვლადების ურთიერთმიმართების ზუსტ შეფასებად შეგვიძლია მივიჩნიოთ; თუ VI ეტაპზე ჩამოთვლილ საკითხებს არ მიეწერებათ დისპერსიის დიდი წილი, მაშინ განხილულ უნდა იქნას ის სამიზნე მახასიათებლები, რომლებიც კვლევის ეფექტებთან კორელირებენ.       კუკი და მისი კოლეგები (1992: 7 12) ინტეგრაციული მიმოხილვის, როგორც კვლევის პროცესის, ხუთეტაპიან მოდელს გვთავაზობენ: პრობლემის ფორმულირება. ამ ეტაპზე ხარისხიანი მეტა-ანალიზი მკაცრი უნდა იყოს და სათანადო ყურადღება მიაქციოს მიმოხილვის სქემას, პროცესსა და ანალიზს; მონაცემების მოგროვება, როდესაც მიმოხილვისთვის შერჩეული კვლევები მიზნისთვის შესატყვისობით უნდა ხასიათდებოდნენ; მონაცემების ამოღება და ანალიზი, როდესაც არაექსპერიმენტულ კვლევაში განიხილება, რომლის მაგალითიც ინტეგრაციული მიმოხილვა და ვალიდობის საფრთხეებია. აქ ვალიდობა მიზნისთვის შესატყვისობით, კოდირებაში სანდოობით და ორიგინალური კვლევის მეთოდოლოგიური სიმკაცრისადმი ყურადღებით უნდა ხასიათდებოდეს; ანალიზი და ინტერპრეტაცია, როდესაც რამდენიმე კვლევის დაგროვილი შედეგები კომპლექსურ მონაცემებად უნდა იქნას განხილული და პედანტური სტატისტიკური ანალიზის გამოყენებით ინტერპრეტირებული.       ფიც-გიბონი (1984: 141 –2) მეტა-ანალიზის წარმოების ოთხ ეტაპს გამოჰყოფს: კვლევების მოძებნა (მაგალითად, გამოქვეყნებული, გამოუქვეყნებელი, მიმოხილვები), საიდანაც დაითვლება ეფექტის ზომები; კვლევის მახასიათებლების კოდირება (მაგალითად, თარიღი, პუბლიკაციის სტატუსი, სქემის მახასიათებლები, სქემის ხარისხი, მკვლევრის სტატუსი); ეფექტის ზომების ისე გაზომვა (მაგალითად, ექსპერიმენტული ჯგუფის ზქულის სახით საკონტროლო ჯგუფის განაწილებაში ლოკალიზება), რომ შესაძლებელი იყოს შედეგების ერთ სკალაზე გაზომვა, „ხორკლიანი მონაცემების“ გაკონტროლება (მონაცემების დიდი ერთობლიობიდან არადამოუკიდებელი მონაცემები); ეფექტის ზომების კორელირება კონტექსტის ცვლადებთან (მაგალითად, კარგად და ცუდად გაკონტროლებულ კვლევებს შორის განსხვავებების დადგენა).       მეტა-ანალიზში ეფექტის ზომაა (მაგალითად, კოჰენის დ და ეტა კვადრატი) პრიორიტეტული სტატისტიკური სიდიდე და არა - სტატისტიკური მნიშვნელოვნება. ამ საკითხს წიგნის მეხუთე ნაწილში განვიხილავთ. ეფექტის ზომა გვიჩვენებს ფენომენის მოცემულობის ხარისხს, ანუ იმას, თუ რამდენად არ დასტურდება ნულოვანი ჰიპოთეზა. ვუდი (1995: 393) გამოთქვამს მოსაზრებას, რომ ეფექტის ზომის გამოთვლა შესაძლებელია მნიშვნელოვნების დონის შერჩევის ზომაზე გაყოფით. გლასი და მისი კოლეგები (1981L 29, 102) ეფექტის ზომას შემდეგნაირად ითვლიან:       ჰეჯისი (Hedges 1981) და ჰეჯისი და მისი კოლეგები (1982) ალტერნატიულ განტოლებებს გვთავაზობენ შერჩევის მოცულობის ცვალებადობის გამო განხორციელებული დიფერენციალური შეწონვების გასათვალისწინებლად. ეფექტის ზომების ორ ინდექსს, რომელიც ყველაზე ხშირად გამოიყენება, სტანდარტიზებული საშუალოების სხვაობა და კორელაციები წარმოადგენს (Hunter et al. 1982: 373), თუმცა, ისეთი არაპარამეტრული სტატისტიკების გამოყენებაც შეიძლება, როგორიცაა მედიანა. ლიპსი (Lipsey 1992: 93 – 100) ასახელებს სტატისტიკურ ტესტებს, რომლითაც შესაძლებელია ეფექტის ზომებთან, ეფექტის ზომის საშუალოებთან და ჰომოგენურობასთან მუშაობა. აქედან ნათელია, რომ გლასი და სხვები უშვებენ, რომ მეტა-ანალიზი მხოლოდ კონკრეტული სახის - ექსპერიმენტული - კვლევებისთვის შეიძლება განხორციელდეს და არა - ყველანაირი სახის კვლევისთვის. ამან შეიძლება შეიზღუდოს მისი გამოყენების არეალი.       გლასი და მისი კოლეგები (1981) მიიჩნევენ, რომ მეტა-ანალიზი განსაკუთრებით სასარგებლოა, როდესაც ის გამოუქვეყნებელ დისერტაციებზე ხორციელდება, ვინაიდან მათში ხშირად უფრო სუსტი კორელაციებია მოცემული, ვიდრე - გამოქვეყნებულ ნაშრომებში და ამიტომ მოქმედებს, როგორც არასწორი და უფრო შთამბეჭდავი განზოგადებების მუხრუჭი. ამტკიცებენ (Cooper and Rosenthal 1980), რომ მეტა-ანალიზი II გვარის შეცდომებისთვის (ეფექტის ვერ აღმოჩენა, როდესაც ის რეალურად არსებობს) თავის არიდების, კვლევის შედეგების უფრო მკაცრად, ზუსტად და სისტემატურად სინთეზირების და სამომავლო კვლევებისთვის ჰიპოთეზების გენერირების საშუალებაა. თუმცა ჰეჯისი და ოლკინი (1980) და კუკი და მისი კოლეგები (1992: 297) აჩვენებენ, რომ შერჩევაში ჩართული კვლევების რაოდენობის ზრდასთან ერთად მატულობს II გვარის შეცდომების დაშვების ალბათობაც.       ამასთან, როზენთალი (1991) გვთავაზობს I გვარის შეცდომების (ეფექტის აღმოჩენა, რომელიც რეალურად არ არსებობს) თავიდან არიდების მეთოდს. ეს მეთოდი იმის დადგენას ეფუძნება, თუ რამდენი საშუალოდ ნულის ტოლი შედეგის მქონე გამოუქვეყნებელი კვლევა უნდა ჩატარდეს, რომ სტატისტიკურად მნიშვნელოვანი გამოქვეყნებული კვლევები დააბალანსოს. ერთ-ერთი მაგალითისთვის ის ასახელებს შეფარდებას 277:1, შესაბამისად, გამოუქვეყნებელი და გამოქვეყენებული კვლევებისთვის და ამით გამოქვეყნებულ კვლევებში შეზღუდულ მიკერძოებულობაზე მიუთითებს.       მეტა-ანალიზსაც ჰყავს თავისი კრიტიკოსები (მაგალითად, Wolf 1986; Elliott 2001: Thimas and Pring 2004). ვულფი (1986:L14-17) ექვს ძირითად სფეროზე მიუთითებს: რთულია ლოგიკური დასკვების გამოტანა კვლევებიდან, რომლებიც განსხვავებულ ექპერიმენტულ ზემოქმედებას, საზომებს, ცვლადების განსაზღვრებებსა და მონაწილეებს იყენებენ; ცუდად დაგეგმილი კვლევების შედეგები უმაღლესი ხარისხის კვლევების შედეგების გვერდით იკავებენ ადგილს; უპირატესობა ენიჭება გამოქვეყნებულ და არა - გამოუქვეყნებელ კვლევას; გამოიყენება ერთ კვლევაში მიღებული რამდენიმე შედეგი, რაც მთლიან მეტაანალიზს უფრო სანდო გარეგნობას სძენს, ვიდრე რეალურადაა, ვინაიდან მონაცემები დამოუკიდებელი არ არის; უპირატესობა ენიჭება ძირითად ეფექტებს და ყურადღების მიღმა რჩება ურთიერთქმედების ეფექტები; მეტა-ანალიზს „მავნე შედეგები“ შეიძლება მოჰყვეს (Wolf 1986: 16), რადგან მისი თვალსაჩინო ობიექტურობა და სიზუსტე შეიძლება კვლევების პროცედურულ არაქმედუნარიანობას ფარავდეს.       ამ კრიტიკაზე ვულფი (1986) მტკიცე თეორიულ და ემპირიულ პასუხს იძლევა. იგი (1986: 55 – 6) მკაცრი და სწორი მეტა-ანალიზის განხორციელების ათსაფეხურიან პროცესს გვთავაზობს: 1. ნათლად განსაზღვრეთ ანალიზში კვლევების ჩართვის და გამორიცხვის კრიტერიუმები; მოძებნეთ გამოუქვეყნებელი კვლევები; შეიმუშავეთ კოდირების კატეგორიები, რომელიც არჩეული კვლევების ყველაზე ფართო დიაპაზონს მოიცავს; მოიძიეთ ურთიერთქმედების ეფექტები და ცალ-ცალკე შეისწავლეთ მრავალი დამოუკიდებელი და დამოკიდებული ცვლადი; შეამოწმეთ შედეგების ჰეტეროგენურობა და ცალკე მდგომი მონაცემების ეფექტები, გრაფიკურად გამოსახეთ შედეგების განაწილებები; შემოწმეთ შემფასებელთა შორის კოდირებაში თანხმობის სანდოობა; ეფექტის ზომის ინდიკატორები გამოიყენეთ და არა - სტატისტიკური მნიშვნელოვნება; მიღებულ შედეგებზე შერჩევის მოცულობის გავლენის სანახავად გამოთვალეთ მოურგებელი (ნედლი) და შეწონილი კრიტერიუმები და ეფექტის ზომები; გამოიყენეთ მიმოხილვის თვისებრივი და რაოდენობრივი მეთოდები; დააფიქსირეთ განხორციელებული მეტა-ანალიზის შეზღუდვები.       ამ ჩამონათვალს შეგვიძლია დავამატოთ კვლევის კითხვები, კვლევის თეორიული ჩარჩო, მიმოხილვის პროცესის აღწერა, ნაშრომების ძიებისა და მოპოვების სტრატეგიები და ის მეთოდები, რომლითაც განხორციელდა რამდენიმე კვლევის შედეგების სინთეზი (Thomas and Pring 2004: 54 – 5)       გორარდი (2001: 72 – 3) მეტა-ანალიზის წარმოების ოთხსაფეხურიან მოდელს გვთავაზობს: შეაგროვეთ ყველა სათანადო კვლევა; შეაფასეთ თითოეული კვლევა „მისი ზომისა და ხარისხის მიხედვით“; ჩამოწერეთ გამოყენებული შედეგების საზომები; შეგროვებული მონაცემების ბუნების მიხედვით აარჩიეთ შედეგების დაგროვების მეთოდი (მაგალითად, იმ კვლევების დათვლა, რომლებშიც მიიღეს ეფექტი და რომლებშიც ვერ მიიღეს ეფექტი, ან კვლევების ეფექტის ზომების საშუალოს გამოთვლა)       ევანსი და ბენეფილდი (Evans and Benefield 2001: 533 – 7) ემპირიული მტკიცებულებების სისტემატური მიმოხილვის ექვს პრინციპს ასახელებს: კვლევის კითხვის ნათლად ფორმულირება; რელევანტური კვლევების სისტემური, სრული და ამომწურავი ძიება; ანალიზში კვლევების ჩართვის და გამორიცხვის ნათელი კრიტერიუმების (მონაცემების ამოღების კრიტერიუმების ჩათვლით) განსაზღვრა და გამოყენება: გამოქვეყნებული, გამოუქვეყნებელი, ციტირების დეტალები, სამეტყველო ენა, სიტყვა-გასაღებები, დაფინანსება, კვლევის ტიპი (მაგალითად, პროცესზე ან შედეგზე ფოკუსირებული, პროსპექტული ან რეტროსპექტული), ექსპერიმენტული ზემოქმედების (ჩარევის) ბუნება, შერჩევის მახასიათებლები, კვლევის დაგეგმვა და პროცესი, შედეგების შეფასება; თითოეულ კვლევაში გამოყენებული მეთოდოლოგიის ხარისხის შეფასება (მაგალითად, ექსპერიმენტისა და შერჩევის სახეობა, შედეგების საზომების წარმოდგენა); სტრატეგიების დაწვრილებითი აღწერა კვლევების არჩევასა და განხილვაში მიკერძოებულობის შემცირების მიზნით; კვლევების მიმოხილვისთვის გამოყენებული მეთოდოლოგიის გამჭვირვალობა.       გორარდი (2001) აღიარებს, რომ მეტა-ანალიზში შეიძლება სუბიექტურობა შეიპაროს. ვინაიდან, იგი იმდენადაა დამოკიდებული იმ შედეგების ხარისხზე, რომელთა სინთეზირებაც უნდა მოხდეს, რომ დაინტერესებულმა პირებმა მონაცემთა ბაზის ნაკლოვანებები და შერჩევის შეზღუდვები შეიძლება, უბრალოდ, გაამრავლონ (მაგალითად, სცადონ არაშედარებადის შედარება). ჰანტერი და მისი კოლეგები (1982) მიიჩნევენ, რომ გასათვალისწინებელია შერჩევის შეცდომა და სხვა ფაქტორების გავლენა, რომლითაც დადგენილი ეფექტის ზომების დისპერსიის 75 პროცენტზე ნაკლები უნდა აიხსნას, რათა შედეგები მისაღები იყოს და შესაძლებელი გახდეს მათი კოდირების კატეგორიებში გადანაწილება. აქ ყველაფერი ნათელია: კოდირების კატეგორიები უნდა გვიჩვენებდეს მათი სიზუსტის დონეს, მათ სანდოობასა (მაგალითად, შემფასებელთა შორის თანხმობის სანდოობა, იხილეთ თავი 6) და ვალიდობას (McGaw 1997: 376 – 7).       იმ ბრალდების საპასუხოდ, რომ მიკერძოებულობა არჩევისას ისეთივე ძლიერი იქნება გამოქვეყნებული და გამოუქვეყნებელი კვლევების მომცველ მეტა-ანალიზში, როგორც ერთი ავტორის მიერ გამოქვეყნებულ ნაშრომში, გლასი და მისი კოლეგები (1981: 226 – 9) ამტკიცებენ, რომ აუცილებელია გამოქვეყნებულ ნაშრომებში გაკეთებული ხმამაღალი განაცხადებისა და გამოუქვეყნებელ ნაშრომებში ნაპოვნი მორიდებული განცხადებების დაპირისპირება.       ტრიპის თქმით (Tripp 1985), ვინაიდან (ბევრი) კვლევის რაოდენობრივი ბუნება თითოეულ შემთხვევაში მხოლოდ რამდენიმე საერთო ცვლადის გაზომვას მოითხოვს, ის, ცვლადების რაოდენობის თვალსაზრისით, შერჩევის მოცულობას უფრო ზრდის, ვიდრე - მონაცემების კომპლექსურობას. მეტა-ანალიზი რისკავს და ისეთი კვლევების სინთეზირებას ცდილობს, რომლებიც საკმარისად არ ჰგვანან ერთმანეთს იმისათვის, რომ ამის კანონიერად გაკეთების საშუალებას იძლეოდნენ (Glass et al. 1981: 22; McGaw 1997: 372). ამის ანალოგიური სიტუაცია გვექნება, ზეთისა და წყლის „სითხეების“ კატეგორიაში გაერთიანება რომ მოვინდომოთ. მეტა-ანალიზი იტყოდა, რომ შესაძლებელია კვლევებს შორის განსხვავებებისა და შედეგებისადმი მათი დამოკიდებულებების კოდირება და მეტა-ანალიზისთვის დაქვემდებარება. აიზენკს (Eysenck 1978) მიაჩნია, რომ ადრეული მეტა-შეფასების კვლევები ვაშლებს ფორთოხლებთან ურევდნენ. მორისონი (2001b) კითხულობს:       როგორ უნდა დავრწმუნდეთ, რომ მეტა-ანალიზი სამართლიანია, თუ ცალკეული ექსპერიმენტების ჰიპოთეზები არაიდენტურია, თუ ჰიპოთეზები იდენტური კონსტრუქტებით არ იყო ოპერაციონალიზებული და თუ არ იყო იდენტური ცალკეული რანდომიზებული, გაკონტროლებული ცდების მიმდინარეობა (მაგალითად, ვადები, ექსპერიმენტული ზემოქმედებები და პროგრამები, საკონტროლო ჯგუფები, ჯგუფების შედგენის პროცედურები, მონაწილეების მახასიათებლები და გამოყენებული საზომები)? (Morrisson 2001b: 78)       მიუხედავად იმისა, რომ გლასი და მისი კოლეგები (1982: 218 – 20) პასუხობენ ასეთ ბრალდებებს, ფაქტი მაინც სახეზეა (McGaw 1997): მეტა-ანალიზში არსებობს რისკი იმისა, რომ განურჩევლად განიხილონ დიდი მოცულობისა და ზოგჯერ არათანმიმდევრული კვლევითი ლიტერატურა.       ასევე, გაუგებარია, მეტა-ანალიზის დროს როგორ განასხვავებენ ერთმანეთისგან „კარგ“ და „ცუდ“ კვლევებს, მაგალითად, მეთოდოლოგიურად მყარ და ცუდად აგებულ კვლევებს (Cook et al. 1992: 297). სმითი და გლასი (1977) და ლევაჩიცი და გლატერი (Levačić and Glatter 2000) მიიჩნევენ, რომ კვლევის მეთოდოლოგიის ხარისხის მიუხედავად, შესაძლებელია მისი შედეგების გამოყენება, თუმცა, გლასი და სმითი (1978) და სლავინი (1984A; 1984G) კლასის ზომის ეფექტების კვლევაში მიუთითებენ, რომ მეთოდოლოგიის ხარისხი ქმნის განსხვავებას. გლასი და მისი კოლეგები (1981: 220 – 6) ეფექტურად პასუხობენ „ცუდი“ კვლევებიდან მონაცემების გამოყენების ბრალდებას, ამტკიცებენ რა, რომ, სხვა მოსაზრებებთან ერთად, ერთად აღებული ბევრი სუსტი კვლევა ძლიერ დასკვნას ქმნის და რომ ვალიდური და ნაკლებად ვალიდური კვლევების ექსპერიმენტულ ეფექტთა ზომებს შორის გასაოცრად მცირე განსხვავებაა (Glass et al. 1981: 221, 226).       გარდა ამისა, ვუდი (1995: 296) გამოთქვამს მოსაზრებას, რომ მეტა-ანალიზი ზედმეტად ამარტივებს შედეგებს იმით, რომ საერთო ეფექტებზე კონცენტრირდება და უყურადღებოდ ტოვებს შუალედური ცვლადების ურთიერთქმედებას. იმ ბრალდების საპასუხოდ, რომ მეტა-ანალიზი ხშირად მონაცემების დიდ მასივებზე ტარდება, სადაც ერთი კვლევიდან რამდენიმე შედეგი მიიღება (ანუ მონაცემები არ არის დამოუკიდებელი) და ამიტომ არასანდოა, გლასი და მისი კოლეგები (1981: 153 - 216) მიუთითებენ, თუ როგორ შეიძლება ამის დაძლევა მონაცემების ანალიზის დახვეწილი და კარგად დამუშავებული ტექნიკებით. და ბოლო, პრაქტიკული საკითხია ის დრო, რომელიც სჭირდება არა მარტო ადვილად საპოვნელი კვლევების გამოყენებას (როგორც წესი, დიდმასშტაბიანი გამოქვეყნებული ნაშრომები), არამედ უფრო მცირე ზომის გამოუქვეყნებელი კვლევების მოძიებას და ანალიზში ჩართვას. ამ უკანასკნელის უარყოფის ეფექტი შეიძლება მეტა-ანალიზის იმთავითვე ტენდენციურობის სახით გამოვლინდეს.       ყველაზე მეტად სწორედ ყოველი რაოდენობრივი კვლევიდან განზოგადებებისკენ ტრადიციული სწრაფვა აფერხებს მონაცემთა ისეთი ბაზის შექმნას, რომელიც ადეკვატურად ასახავდა განათლების სოციალური ბუნების სირთულეს. „კარგი“ და „ცუდი“ ექსპერიმენტული კვლევების კუმულაციური ეფექტები გრაფიკულად არის წარმოდგენილი 13.6. ჩანართში -------------------- ჩანართი 13.6 კლასის ზომა და სწავლა კარგად და ცუდად გაკონტროლებულ კვლევებში წყარო: ადაპტირებულია Glass and Smith 1978 -------------------- მეტა-ანალიზის მაგალითი განათლების სფეროდან       გლასი და სმითი (1978) და გლასი და მისი კოლეგები (1981: 35 – 44) გამოყოფენ 77 ემპირიულ კვლევას, რომელიც კლასის ზომისა და მოსწავლეების სწავლის ურთიერთმიმართებას შეეხება. ამ კვლევებში გაკეთებულია უფრო დიდი და უფრო პატარა კლასების 725 შედარება. ეს შედარებები თითქმის 900,000 ყველა ასაკისა და ყველანაირი სასკოლო საგნების სწავლისადმი მიდრეკილების მოსწავლისგან მიღებულ მონაცემებს ეყრდნობა. რეგრესიული ანალიზის გამოყენებით 725 შედარება ერთ მრუდში გაერთიანდა, რომელიც ზოგადად კლასის ზომასა და მიღწევას შორის მიმართებას გვიჩვენებს. მრუდმა გამოავლინა გარკვეული უკუკავშირი კლასის ზომასა და მოსწავლის სწავლას შორის. როდესაც მკვლევრებმა ჰიპოთეზაში გათვალისწინებული სხვადასხვა პირობებისთვის მსგავსი მრუდები მიიღეს, ბაზისური ურთიერთმიმართება უნდა შეცვლილიყო (მაგალითად, სწავლის საფეხური, საგანი, მოსწავლის უნარი და ა. შ.), თუმცა რეალურად არც ერთმა ამ კონკრეტულმა ვითარებამ არ შეცვალა ბაზისური ურთიერთმიმართება. მრუდს, არსებითად, მხოლოდ ერთი ფაქტორი ცვლის - ორიგინალური კვლევა ექსპერიმენტული თვალსაზრისით ადეკვატურად იყო თუ არა გაკონტროლებული უფრო მცირე და უფრო დიდ კლსებში მოხვედრილ მოსწავლეებსა და მასწავლებლებს შორის საწყისი განსხვავებების მიხედვით. ◄ წინა ნაწილი მომდევნო თავი ► …
დაამატა ლაშა to სოციოლოგია at 8:28pm on ივნისი 21, 2017
თემა: სოციალური ფსიქოლოგია
აყალიბა. თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ სწორედ მან თქვა, ადამიანი სოციალური ცხოველიაო, ნაკლებ სავარაუდოა, რომ მანამდე ეს არავის შეემჩნია. მეტიც, იმის შანსიცაა, რომ ის არ იყო პირველი ადამინი, ვისაც ამ განაცხადის ჭეშმარიტება გააოცებდა და ამავე დროს, მისი ტრივიალობა და დაუსაბუთებლობა საგონებელში ჩააგდებდა. მართალია, ადამიანები უდავოდ სოციალური ცხოველები არიან, მაგრამ იგივე ითქმის სხვა არსებებზე, ჭიანჭველებითა და ფუტკრებით დაწყებული, მაიმუნებითა და ადამიანის მსგავსი მაიმუნებით დამთავრებული. მაშ, რას ნიშნავს, როცა ვამბობთ, რომ ადამიანები "სოციალური ცხოველები" არიან? მოდით, რამდენიმე კონკრეტულ მაგალითზე შევჩერდეთ:       კოლეჯის სტუდენტი, სახელად სემი, თავის ოთხ ამხანაგთან ერთად, ტელევიზორში პრეზიდენტობის კანდიდატის გამოსვლას უსმენს. სემი მოხიბლული ჩანს. ეს კანდიდატი ოპოზიციურ კანდიდატებზე მეტად მისი გულწრფელობის გამო მოსწონს. წინასაარჩევნო სიტყვის დასრულების შემდეგ, ერთ-ერთი სტუდენტი დაჟინებით ამბობს, რომ კანდიდატმა იმედი გაუცრუა, რომ მისი აზრით, ის სრული გაიძვერაა და რომ უპირატესობას ოპოზიციურ კანდიდატს ანიჭებს. ამ სტუდენტს დანარჩენებიც მყისვე ეთანხმებიან. სემი დაბნეული ჩანს და ცოტა არ იყოს, შეწუხებულიც. ბოლოს, ამხანაგებს ლუღლუღით ეუბნება: "როგორც ჩანს, მთლად ისეთი გულწრფელიც არ არის, როგორსაც მოველოდი."       მეორე კლასის მასწავლებელი დაფასთან დგას და კითხულობს: "რამდენი იქნება ექვსის, ცხრის, ოთხისა და თერთმეტის ჯამი?" გოგონა მესამე რიგიდან ერთხანს დაბნეულად ჩაფიქრდება, ცოტას იყოყმანებს, ხელს წინდახედულად ასწევს და როცა საპასუხოდ მოუხმობენ, ხმადაბლა იტყვის: "ოცდაათი?" მასწავლებელი თავს უკრავს, უღიმის, "ყოჩაღ, ქეროლ," – ეუბნება, და შუბლზე ოქროსფერ ვარსკვლავს აკრავს. შემდეგ მასწავლებელი კლასს ახალ შეკითხვას უსვამს: "რამდენი იქნება შვიდის, ოთხის, რვის, სამისა და ათის ჯამი?" წამს არ კარგავს, ისე წამოხტება ფეხზე ქეროლი და წამოიყვირებს: "ოცდათორმეტი!"       4 წლის ბიჭს დაბადების დღეზე სათამაშო დოლს ჩუქნიან. რამდენიმე წუთი ზედ ხელებს ატყაპუნებს, შემდეგ გვერდზე გადადებს და რამდენიმე კვირის მანძილზე ბეჯითად იგნორირებას უკეთებს. ერთ დღესაც, ბიჭუნას მეგობარი ესტუმრება, დოლს ხელს დასტაცებს და ის-ისაა, მასზე დაკვრა უნდა დაიწყოს, რომ ნივთის ახალგაზრდა "მფლობელი" მეგობარს დოლს გამოგლეჯს და თავად იწყებს დაკვრას, გეგონება, მისი ყველაზე საყვარელი სათამაშო ყოფილიყოს.       10 წლის გოგონა ხარბად მიირთმევს კონკრეტული ფირმის ხორბლის ხრატუნებს, თანაც დღეში ორ ჯამს, იმიტომ რომ, ოლიმპიადის ჩემპიონი ტანვარჯიშში ამ პროდუქტს რეკომენდაციას უწევს და მინიშნებას აკეთებს, რომ მისი ათლეტური გმირობა, ნაწილობრივ, სწორედ აი, ამ ბრენდის ხრატუნების დამსახურებაა.       მაღაზიის მეპატრონეს, რომელსაც მთელი ცხოვრება მონტანას პატარა ქალაქში აქვს გატარებული, არასდროს ჰქონია რეალურ შავკანიანებთან რეალური კონტაქტი, მაგრამ მან "იცის", რომ ეს უკანასკნელნი უჭკუო, ზარმაცი და მოჭარბებული სექსუალური მადის მქონე ხალხია.       ჩარლი დამამთავრებელი კლასის მოსწავლეა. ამას წინათ, საცხოვრებლად სხვა ქალაქში გადავიდა. უწინ საკმაოდ პოპულარული ბიჭი იყო, მაგრამ ახლა ასე აღარაა. მართალია, ბავშვები სკოლაში თავაზიანად ექცევიან, მაგრამ მაინცდამაინც მეგობრულად – არა. თავს მარტო გრძნობს, საკუთარ თავში დარწმუნებული არაა და ჰგონია, რომ შეუხედავია. ერთ დღესაც, ლანჩის დროს, მაგიდასთან მდედრობითი სქესის ორ თანაკლასელთან ერთად აღმოჩნდება. ერთ-ერთი მათგანი თბილია, მომხიბლავი, ჭკვიანი და სიცოცხლით სავსე. ჩარლი მას აღმერთებს და მასზე ბევრიც უოცნებია. რამდენიმე კვირაა, რაც მასთან დალაპარაკების შანსს ნატრობს. მეორე ახალგაზრდა ქალბატონი ასეთივე მიმზიდველი ნამდვილად არ არის. ჩარლი სიცოცხლით სავსე ოცნების ქალს იგნორირებას უკეთებს და მის კომპანიონთან სერიოზულ ლაპარაკს აბამს.       კოლეჯის სტუდენტი, სახელად დები, მეგობარი ბიჭისგან, რომელთანაც ხანგრძლივ ურთიერთობაში იყო, წერილს იღებს. წერილში ბიჭი მათი ურთიერთობის დასრულების შესახებ აუწყებს. მართალია, დები ყოველთვის ამაყობდა, რომ სულ ფორმაში იყო და გონივრულადაც იკვებებოდა, მაგრამ უარყოფამ მის კვების რაციონზე იმოქმედა და ახლა შაბათ-კვირებზე მთელ კოლოფ კრემიან ორცხობილებს, ჩიტის რძეს, შოკოლადებსა და ჯემიან ფუნთუშებს შეექცევა. გარდა ამისა, საინჟინრო ფაკულტეტზე ერთ-ერთი ყველაზე წარჩინებული სტუდენტია, მაგრამ ახლა გამოთვლითი მათემატიკის გამოცდაზე იჭრება, არადა ამ გამოცდაზე, ჩვეულებრივ, კარგ ქულას მიიღებდა.       ვიეტნამის ომის დროს, კენტის სახელმწიფო უნივერსიტეტის რამდენიმე ასეული სტუდენტი ომის წინააღმდეგ დემონსტრაციებს აწყობდა, რაც უნივერსიტეტის კამპუსებში საკმაოდ ჩვეული მოვლენა გახლდათ ჩვენი ისტორიის ამ შეჭირვებული პერიოდისათვის. სრულიად გაუგებარი მიზეზების გამო, ოჰაიოს ეროვნულმა დაცვამ, რომელსაც კამპუსში მშვიდობის დამყარება ევალებოდა, ცეცხლი გახსნა, რასაც ოთხი სტუდენტის სიცოცხლე შეეწირა. ტრაგედიის შემდეგ, ადგილობრივი სკოლის მასწავლებელი ამტკიცებდა, დაღუპული სტუდენტები სიკვდილს იმსახურებდნენო. ამ ქალბატონმა ეს განცხადება იმის მიუხედავად გააკეთა, რომ კარგად იცოდა: მსხვერპლიდან სულ ცოტა ორი სტუდენტი დემონსტრანტი არ იყო, არამედ სროლის დროს კამპუსის მიდამოებში მშვიადობიანად სეირნობდა. მართლაც, ქალბატონი არ დამცხრალა და ასეთი რამეც თქვა: "ყველა, ვინც კენტისნაირი ქალაქის ქუჩებში გრძელი თმით, ჭუჭყიანი ტანსაცმლით ან ფეხშიშველი გაივლის, დახვრეტის ღირსია."       როცა რელიგიურმა წინამძღოლმა, ჯიმ ჯოუნსმა[1] განგაშის ზარი ჩამოკრა, გაიანას სახალხო ტაძრის 900 წევრი მის წინაშე მოგროვდა. მან იცოდა, რომ კონგრესის საგამოძიებო მისიის ზოგიერთი წევრი მოკლული იყო და რომ ჯოუნსტაუნის სიწმინდე და იზოლაცია მალე შეიბღალებოდა. ჯოუნსმა განაცხადა, რომ მათი სიკვდილის დრო დადგა. კასრებში საწამლავი დაამზადეს და პროტესტის, ყვირილისა თუ წინააღმდეგობის გამწევი ქცევების მხოლოდ მეჩხერად, აქა-იქ წარმოქმნილ კერებს შორის, დედებმა და მამებმა ჩვილებსა და ბავშვებს ფატალური მიქსტურა დაალევინეს, თავდაც დალიეს, ძირს დაწვნენ და ერთმანეთის მკლავში მკლავგაყრილები სიკვდილის ლოდინს შეუდგნენ.       1999 წლის 20 აპრილს, კოლორადოს შტატის ქალაქ ლითლტონში მდებარე კოლუმბინის სკოლის კორიდორებსა და საკლასო ოთახებში თოფის სროლის ხმა გაისმა. ცეცხლსასროლი იარაღებითა და ასაფეთქებელი საშუალებებით შეიარაღებულმა ორმა გაშმაგებულმა მოსწავლემ მასწავლებელი და რამდენიმე თანატოლი სკოლის მოსწავლე მოკლა. შემდეგ კი თოფები საკუთარი თავებისკენ მიიშვირეს. როცა სროლისგან დამდგარი კვამლი გადაიწმინდა, აღმოჩნდა, რომ 15 ადამიანი იყო დაღუპული (მათ შორის თავად მსროლელები), 23 – ჰოსპიტალიზებული და მრავალი – მძიმედ დაჭრილი.       მერი ახლახან 9 წლის გახდა. დაბადების დღეზე სათამაშო სამზარეულოს კომპლექტს ჩუქნიან, "თავისი პატარა ღუმელით". მშობლები ამ საჩუქარს იმიტომ ირჩევენ, რომ მერი კულინარიულ ამბებში ძალიან დაინტერესებული ჩანს და დედიკოს მაგიდის გაწყობაში, კერძების მომზადებასა და სახლის დალაგებაში მუდამ ეხმარება. "რა გასაოცარია, არა?!" – ამბობს მერის მამა. – "სულ რაღაც ცხრა წლისაა და უკვე დიასახლისის საქმეები აინტერესებს! პატარა გოგონებს ალბათ დიასახლისობის გენები აქვთ. ამ ფემინისტებმა კიდევ თვითონაც არ იციან, რაზე ლაპარაკობენ."       ჩემი ბავშვობის მეგობარი, ჯორჯ ვუდსი აფრიკელი ამერიკელია. როცა 1940-იან წლებში, მასაჩუსეტსში ერთად ვიზრდებოდით, საკუთარი თავი "ფერადკანიან ბიჭად" მიაჩნდა და თვლიდა, რომ თავისი თეთრკანიანი მეგობრები მასზე უპირატესნი იყვნენ. ამ განცდისათვის ბლომად მიზეზი ჰქონდა. იმ გარემოებამ, რომ თეთრკანიანები მას, როგორც მათზე ქვემდგომს ეპყრობოდნენ, ჯორჯზე, ცხადია, პირდაპირი გავლენა იქონია. იმხანად, თავის შექცევა მას რადიოთი შეეძლო – შეეძლო, ჩაერთო რადიო და ესმინა Amos ‘n’ Andy-სთვის, საოცრად პოპულარული რადიო-შოუსათვის, რომელშიც შავკანიანი ზრადასრული ადამიანები წარმოჩენილნი იყვნენ, როგორც მიამიტი ბავშვები, სულელები, ზარმაცები, უწიგნურები და ერთგვარად საყვარელი, არცთუ არამეგობრული, მოშინაურებული ცხოველები. შავკანიან პერსონაჟებს, რა თქმა უნდა, თეთრკანიანი მსახიობები ანსახიერებდნენ. ფილმებში ჯორჯს შეეძლო, ენახა სტერეოტიპიზირებული "ფერადკანიანი ადამიანი", ხშირად მძღოლის ან რაიმე სხვა მოსამსახურის ტიპის როლში. სტანდარტულ სიუჟეტში ფერადკანიანი კაცი თეთრკანიან გმირს რაიმე მოჯადოებულ სახლში გაჰყვებოდა, იქ უცნაურ და ავისმომასწავებელ ხმაურს გაიგონებდნენ; კამერა ამ დროს უმალ ფერადკანიანი კაცის სახეს მიუახლოვდებოდა, ამ უკანასკნელს კი თვალები შიშისგან ჰქონდა გაფართოებული, წამოიყვირებდა, "ფეხებო, არ მიმტყუნოთ!", და კარში რეტიანივით გავარდებოდა, თან ისე, რომ კარს არც კი გააღებდა. ჩვენ მხოლოდ შეგვიძლია, გამოვიცნოთ, რას განიცდიდა ჯორჯი, როცა ამ ფილმებს თავისი თეთრკანიანი მეგობრების კომპანიაში უყურებდა.       რაღაცები იცვლება. მაგალითად, მართალია, დისკრიმინაცია და უსამართლობა დღემდე რჩება ჩვენი საზოგადოების განუყოფელ ნაწილად, მაგრამ ჯორჯ ვუდის შვილიშვილები, რომლებიც 21-ე საუკუნეში ირზდებიან, იმ ტკივილს დღეს აღარ შეხვდებიან, ჯორჯს რაც აქვს განცდილი. მას-მედია შავკანიანებს ექსკლუზიურად ქვეშევდრომებისა და მომსახურეების როლებში დღეს აღარ წარმოგვიდგენს. მე-20 საუკუნის ბოლოსკენ, აფრიკული ამერიკის ისტორიისა და კულტურის მიმართ ინტერესის და ენთუზიაზმის კვალდაკვალ, სიამაყის განცდაც აღმოცენდა – სიამაყე იმით, რომ შავკანიანი ხარ. ხოლო 2008 წელს, პროგრესის კულმინაცია ბარაკ ობამას არჩევა იყო – პირველი აფრიკელი ამერიკელი პრეზიდენტის. საზოგადოებას დღეს ჯორჯის შვილიშვილებზე განსხვავებული გავლენა აქვს, ვიდრე ჯორჯზე ჰქონდა.       მიუხედავად იმისა, რომ რაღაცები იცვლება, თვითკმაყოფილებას არ უნდა მივეცეთ და არ უნდა დავიჯეროთ, რომ ყველა ცვლილება წრფივი, ჰუმანისტური მიმართულების მქონეა. 1936 წლის 30 აგვისტოს, ესპანური ცივი ომის დროს, ერთმა თვითმფრინავმა მადრიდი დაბომბა. რამდენიმე ადამიანი დაშავდა, მაგრამ მსხვერპლი არ ყოფილა. მსოფლიო სერიოზულ შოკში ჩააგდო იდეამ, რომ ასეთ დასახლებულ ქალაქზე იერიში ჰაერიდან იქნა მიტანილი. მთელი მსოფლიოს მასშტაბით გაზეთები სარედაქციო წერილებში მოქალაქეთა ზოგად შიშსა და აღშფოთებას ახმოვანებდნენ. სულ რაღაც 9 წლის შემდეგ, აშშ-ს თვითმფრინავებმა ჰიროსიმასა და ნაგასაკიში ბირთვული ბომბები ჩაყარეს. 200,000-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა და მრავალი ათასი მძიმედ დაშავდა. მომხდარიდან მალევე, გამოკითხვამ აჩვენა, რომ ამერიკის მოსახლეობის მხოლოდ 4.5 პროცენტი თვლიდა, რომ ასეთი იარაღი არ უნდა გამოყენებულიყო და რაც ყველაზე გასაოცარია, 22.7 პროცენტის აზრით, კიდევ უფრო მეტი უნდა გამოყენებულიყო იქამდე, ვიდრე იაპონიას კაპიტულაციის შანსი ექნებოდა. აშკარაა, რომ ამ 9 წლის მანძილზე რაღაც მოხდა – რაღაც ისეთი, რამაც საზოგადოებრივ აზრზე გავლენა მოახდინა. განსაზღვრება       რა არის სოციალური ფსიქოლოგია? მრავალი განსაზღვრება შეიძლება, მოვიტანოთ. თუმცა, მათი ჩამოთვლის ნაცვლად, შესაძლოა, უფრო ინფორმატიული იყოს, თავად საგანს რომ მივცეთ დარგის განსაზღვრის საშუალება. წინა გვერდებზე წარმოდგენილი ყველა მაგალითი სწორედ სოციოფსიქოლოგიური სიტუაციების ილუსტრაციაა. რაც უნდა მრავალფეროვანი იყოს ეს სიტუაციები, ყველა მათგანი ერთ საერთო ფაქტორს შეიცავს: სოციალურ ზეგავლენას. სემის მეგობრების აზრმა პრეზიდენტობის კანდიდატის ღირსებათა შესახებ სემის მსჯელობაზე (ან ყოველ შემთხვევაში, ამ მსჯელობასთან დაკავშირებულ საჯარო განცხადებაზე) მოახდინა გავლენა. მასწავლებლისგან წამოსულმა ჯილდომ გაკვეთილზე ქეროლის პასუხების სისწრაფესა და ენთუზიაზმზე იქონია გავლენა. 4 წლის ბიჭუნა თავისი სათამაშო დოლით მეგობრის ინტერესის უნებლიე გავლენის შედეგად მოიხიბლა. რაც შეეხება ხორბლის ხრატუნების მოყვარულ 10 წლის გოგონაზე ოლიმპიური ათლეტის ზეგავლენას, ეს გავლენა უკვე სრულებით არ იყო უნებლიე; პირიქით, ეს განზრახ იყო იმგვარად მოფიქრებული, რომ გოგონას მშობლები დაერწმუბინა და შვილისათვის სწორედ ამ კონკრეტული ბრენდის ხრატუნები შეეძინათ. მონტანას მაღაზიის მეპატრონე კი შავკანიანებზე არასახარბიელო სტერეოტიპით როდი დაიბადა. აშკარაა, რომ ეს სტერეოტიპი თავში ვიღაცამ ჩაუდო. დების მოჭარბებული კვება და სუსტი აკადემიური მოსწრება იმასთან იყო კავშირში, რომ გოგონა მეგობარმა ბიჭმა უარყო. ხოლო ჩარლის მიერ თავისი ოცნების ქალის იგნორირებას დიდი ალბათობით იმავე უარყოფის შიშთან აქვს საქმე და დაკავშირებულია საკუთარი თავის შესახებ ბოლოიდროინდელ განცდებსა თუ წარმოდგენებთან და ნახევრად გააზრებულ ვარაუდთან, რომ შანსი იმისა, უარყოფა ამ ორი ახალგაზრდა ქალბატონიდან სწორედ მისი ოცნების ქალიდან წამოსულიყო, უფრო შეესაბამებოდა რეალობას. უარყოფას კი, როგორც დების ქცევა მიგვანიშნებს, შეიძლება, სერიოზული შედეგები მოჰყვეს. შესაძლოა, რომ სწორედ უარყოფასა და დამცირებას ეთამაშა კოლუმბინის სკოლის აგრესიულ მკლველობებში როლი. ხოლო, ის, თუ როგორ მივიდა ოჰაიოს, კენტის სკოლის მასწავლებელი ღრმა რწმენამდე, რომ უდანაშაულო ადამიანები სიკვდილს იმსახურებდნენ, ძალიან საინტერესო და შემაშფოთებელი საკითხია. ამ ეტაპზე, მოდით უბრალოდ ვთქვათ, რომ მასწავლებლის ამ რწმენაზე უნივერსიტეტის ტრაგიკულ მოვლენებში თავისივე არაპირდაპირმა თანამონაწილეობამ იქონია გავლენა. კიდევ უფრო მწვავე კითხვები იბადება ჯოუნსტაუნისა და კოლუმბინის ამბების გარშემო: რამ შეიძლება, მშობლები იქამდე მიიყვანოს, რომ შვილებს საწამლავი დაალევინონ და შემდეგ საკუთარი სიცოცხლეც მოისწრაფონ? რამ შეიძლება, თინეიჯერებს საკუთარი კლასელების მოკვლისკენ უბიძგოს? განვმეორდები და ვიტყვი, რომ ეს რთული კითხვებია, რომლებზეც გარკვეული პასუხების გაცემას ამ ტექსტში, გზადაგზა შევეცდები.       მერის და მის სათამაშო სამზარეულო კომპლექტს რომ მივუბრუნდეთ, დასკვნის გამოტანა ალბათ არ გაგვიჭირდება და მერის მამის თქმის არ იყოს, ვიტყვით, რომ "დიასახლისობა" გენეტიკურია. თუმცა, გაცილებით რეალურია, სულ პატარა ასაკიდანვე მერი დაეჯილდოვებინათ და წაექეზებინათ ყოველ ჯერზე, როცა კი გოგონა ისეთი ტრადიციულად ფემინური რაღაცების მიმართ გამოხატავდა დაინტერესებას, როგორიცაა სამზარეულოში ტრიალი, კერვა და თოჯინები. მისი წაქეზების ხარისხი, ამ შემთხვევაში, გაცილებით მაღალი იქნებოდა, ვიდრე, ვთქვათ, ფეხბურთის, ბოქსის ან ქიმიის მიმართ რომ გამოეხატა ინტერესი. აგრეთვე, გონივრულია, ვივარაუდოთ, რომ მერის პატარა ძმა "დიასახლისობისადმი" ინტერესში რომ შეემჩნიათ, მას სათამაშო სამზარეულო კომპლექტს დაბადების დღეზე არ აჩუქებდნენ. ასევე, როგორც ახალგზარდა ჯორჯ ვუდის შემთხვევაში, რომელიც თავის თანატოლებზე ქვემდგომად აღიქვამდა თავს, მერის მე-ხატის ჩამოყალიბებაშიც მნიშვნელოვანი წვლილი მას-მედიას ექნებოდა შეტანილი, იმ მას-მედიას, რომელიც ქალებს უფრო ტრადიციულად "ქალურ" როლებში წარმოაჩენდა: დიასახლისის, მდივნის, ექთნისა და სკოლის მასწავლებლის როლებში. თუ ახალგზარდა ჯორჯ ვუდს მისსავე შვილიშვილებს შევადარებთ, ვნახავთ, რომ უმცირესობის წარმომადგენელთა მე-ხატები შეიძლება, შეიცვალონ და რომ ამ ცვლილებებს შეუძლიათ, ერთი მხრივ, გავლენა იქონიონ მას-მედიასა და ზოგადად მოსახლეობის დამოკიდებულებებში (attitudes) მიმდინარე ცვლილებებზე, მეორე მხრივ კი, მას-მედიის ცვლილებების გავლენის ქვეშ თავად მოექცნენ. ნათქვამის კარგ ილუსტრაციას ამერიკელთა მოსაზრებები წარმოადგენს 1945 წელს ბირთვული იარაღის გამოყენებასთან დაკავშირებით.       ცნება, რომელსაც წინა აბზაცში შევეხეთ, სოციალური ზეგავლენაა. და სწორედ ეს უკანასკნელი გახლავთ სოციალური ფსიქოლოგიის სამუშაო განსაზღვრება: ზეგავლენები, რომლებსაც ადამიანები ახდენენ სხვათა რწმენებზე, გრძნობებსა და ქცევებზე. ამ განსაზღვრების საშუალებით, შევეცდებით, გავიგოთ ბევრი ის ფენომენი, რომელიც ზემოთ განხილულ მაგალითებში იქნა აღწერილი. როგორ ექცევიან ადამიანები გავლენის ქვეშ? რატომ იღებენ ისინი გავლენას ან, სხვაგვარად რომ ვთქვათ, რისთვის სჭირდებათ ამ გავლენის მიღება? რა არის ის ცვლადები, რომლებიც ზრდიან ან ამცირებენ სოციალური ზეგავლენის ეფექტურობას? ეს ზეგავლენა სამუდამო ეფექტის მატარებელია თუ მხოლოდ დროებითია? რა ცვლადები ზრდიან ან ამცირებენ სოციალური ზეგავლენის ეფექტების მუდმივობას? შესაძლებელია, ერთი და იგივე პრინციპები გამოვიყენოთ კენტის სკოლის მასწავლებლისა და იმ ბავშვის მიმართ, ამა თუ იმ სათამაშოს რომ ანიჭებს უპირატესობას? როგორ ხდება, რომ ერთ ადამიანს მეორე მოსწონს? ერთი და იმავე პროცესების შედეგია, რატომაც ჩვენი ახალი სპორტული მანქანა ან ხორბლის ხრატუნები მოგვწონს? როგორ უმუშავდება ადამიანს წინასწარგანწყობები (Prejudices) ეთნიკური ან რასობრივი ჯგუფების მიმართ? ეს პროცესი მოწონების პროცესის მსგავსია (ანუ მისი შებრუნებული ვერსიაა) თუ სულ სხვა ფსიქოლოგიური მექანიზმებია მასში ჩართული?       ადამიანთა უმეტესობას მსგავსი ტიპის საკითხები აინტერესებს. ეს კი იმიტომ რომ, ჩვენ, როგორც ადამიანები, სხვა ადამიანებთან ინტერაქციაში დიდ დროს ვატარებთ – ვიღებთ მათგან გავლენას, ვახდენთ მათზე გავლენას, აღვფრთოვანდებით მათით, თავს ვიქცევთ და ვსევდიანდებით მათ გარემოცვაში, ვბრაზობთ მათზე. ამგვარად, ბუნებრივია, რომ სოციალური ქცევის შესახებ ერთგვარი ჰიპოთეზები გვიყალიბდება. ამ თვალსაზრისით, ყველა ჩვენგანი, სამოყვარულო დონეზე, სოციალური ფსიქოლოგები ვართ. მოყვარული სოციალური ფსიქოლოგების უმეტესობა თავიანთ ჰიპოთეზებს ამოწმებს კიდეც, თუმცა, მხოლოდ საკუთარი სიამოვნებისთვის. ამდენად, მსგავს "შემოწმებებს" ფრთხილი მეცნიერული კვლევისთვის დამახასიათებელი სიმკაცრე და მიუკერძოებლობა აკლია. საინტერესოა, რომ ხშირად, სამეცნიერო კვლევის შედეგები იდენტურია იმისა, რაც ადამიანთა უმეტესობამ "ისედაც იცის", რომ "ასეა". ეს არცაა გასაკვირი. კონვენციური სიბრძნე ხშირად გამჭრიახ დაკვირვებებს ეფუძნება – დაკვირვებებს, რომლებმაც დროის გამოცდას გაუძლო. უცნაური სრულებით არ იქნება, თუ ამ წიგნში მოტანილ ექსპერიმენტთა შედეგების გაცნობისას, რაღაც მომენტებში გაიფიქრებთ: "ეს ხომ ისედაც ცალსახაა?! რად უნდოდა ახლა ამის "აღმოჩენას" დროის და ფულის ხარჯვა?" ექსპერიმენტებს რამდენიმე მიზეზის გამო მივამართავთ, მიუხედავად იმისა, რომ შედეგები ხშირად გაკვირვებას საერთოდ არ იწვევს. პირველ ყოვლისა, ყველა ჩვენგანი მგრძნობიარენი ვართ რეტროსპექტული წინასწარმეტყველების (hindsight bias) მიმართ. ეს უკანასკნელი გულისხმობს ჩვენს ტენდენციას, გადაჭარბებულად შევაფასოთ ჩვენივე წინასწარმეტყველების ძალა იმ პირობებში, როცა მოცემული მოვლენის შედეგი წინასწარ ვიცით. ასე, მაგალითად, ერთ-ერთი კვლევის თანახმად, როცა არჩევნების მომდევნო დღეს ხალხს ეკითხებიან, როგორ ფიქრობდით, რომელი კანდიდატი გაიმარჯვებდაო, თითქმის ყველა აწ უკვე გამარჯვებულს ასახელებს, მიუხედავად იმისა, რომ არჩევნების წინა დღეს მათი წინასწარმეტყველება ასეთი ზუსტი ნამდვილად არ იქნებოდა. ამავენაირად, ექსპერიმენტის შედეგიც ყოველთვის უფრო მოსალოდნელი ჩანს მას მერე, რაც შედეგები ხელში გვიჭირავს, ვიდრე მანამდე – შედეგების წინასწარმეტყველება ჩვენთვის რეტროსპექტული წინასწარმეტყველების დახმარების გარეშე რომ ეთხოვათ. გარდა ამისა, კვლევის ჩატარება მნიშვნელოვანია (რაც უნდა, ცალსახად ცხადი იყოს შედეგები), რადგან ბევრი რამ, რაც "ვიცით", რომ "ასეა", ფრთხილი გამოკვლევის შემდეგ სულ სხვაგვარად აღმოჩნდება ხოლმე. მაგალითად, გონივრულია ვარაუდი, რომ ადამიანები, რომელთაც გარკვეული ქცევისათვის მკაცრი დასჯით ემუქრებიან, თანდათანობით ამ ქცევას მოიძულებენ. მაგრამ თუ ამ ვარაუდს ემპირიულად შევამოწმებთ, აღმოჩნდება, რომ ის არასწორია. ადამიანებს, რომელთაც ზომიერი დასჯით ემუქრებიან, აკრძალული ქცევის მიმართ ანტიპათია უმუშავდებათ, ხოლო მათ, ვისაც მკაცრად ემუქრებიან, აკრძალული ქცევისადმი, სულ მცირე, პატარა სიმპათია მაინც უვითარდებათ. ან კიდევ: უმეტესობა ჩვენგანმა გამოცდილებით ვიცით, რომ თუ ყურს მოვკრავთ, რომ ვინმე ჩვენს ზურგს უკან ჩვენზე რაიმე სასიამოვნოს ამბობს, ეს ადამიანი, დიდი ალბათობით, მოგვეწონება, თან ისე, რომ მის შესახებ შეიძლება, სხვა არაფერი ვიცოდეთ. ეს მართლაც ასეა. მაგრამ, ამავე დროს, მართალია ისიც, რომ ეს ადამიანი მაშინაც მოგვეწონება, როცა ჩვენს მიერ ყურმოკრული მისი კომენტარები ყველაფერია, სასიამოვნოს გარდა. ამ ფენომენეზე მომდევნო თავებში უფრო დეტალურად იქნება ლაპარაკი. სოციალური ქცევის გაგების გზაზე პროფესიონალ ფსიქოლოგებს, ყველაზე მოყვარულ სოციალურ ფსიქოლოგებთან შედარებითაც კი, გაცილებით დიდი უპირატესობა გვაქვს. მოყვარულების მსგავსად, პროფესიონალებიც ხშირად ფრთხილი დაკვირვებით ვიწყებთ, მაგრამ ჩვენ საკმაოდ შორს წასვლა შეგვიძლია. ადამიანების ქცევებზე დასაკვირვებლად, ჩვენთვის არაა აუცილებელი, დაველოდოთ, როდის მოხდება ესა თუ ის მოვლენა. ჩვენ თავად შეგვიძლია მოვახდინოთ ეს მოვლენები. სხვა სიტყვებით, სოციალურ ფსიქოლოგებს შეუძლიათ, ჩაატარონ ექსპერიმენტი, რომელშიც უამრავი ადამიანი გარკვეული მოვლენების სამიზნე ხდება (მაგალითად, მკაცრი დასჯის ან ზომიერი დასჯის; სასიამოვნო კომენტარის გაგონების ან სასიამოვნოსა და უსიამოვნოს კომბინაციის გაგონების სამიზნე). თანაც, ასეთი რამეების გაკეთება ჩვენ იმგვარ სიტუაციებში შეგვიძლია, სადაც კონკრეტული საკვლევი მოვლენების გარდა, სხვა ყველაფერი უცვლელია. შესაბამისად, პროფესიონალ სოციალურ ფსიქოლოგებს შეუძლიათ, გაცილებით ზუსტი და მრავალრიცხოვანი მონაცემიდან გამოიტანონ დასკვნები, ვიდრე ეს მოყვარული სოციალური ფსიქოლოგებისთვისაა ხელმისწავდომი. ამ უკანასკნელთ შეზღუდვები აქვთ, რადგან იძულებულები არიან, იმ მოვლენებს დააკვირდნენ, რომლებიც შემთხვევითად და ისეთ კომპლექსურ გარემოებებში აღმოცენდება, სადაც ერთდროულად ბევრი რამ ხდება. ამ წიგნში წარმოდგენილი თითქმის ყველა მონაცემი ექსპერიმენტულ კვლევებს ეფუძნება. ამიტომ, მნიშვნელოვანია, მკითხველმა (1) გაიგოს, რას ნიშნავს ექსპერიმენტი სოციალურ ფსიქოლოგიაში და (2) გაიგოს ის უპირატესობები, ნაკლოვანებები, ეთიკური პრობლემები, სასიამოვნო აღელვება, თავისტკივილები და გულისტკივილები, რაც ამ თავგადასავალთანაა დაკავშირებული. მიუხედავად იმისა, რომ ექსპერიმენტული მეთოდის გააზრება მნიშვნელოვანია, ეს ამ წიგნში წარმოდგენილი პრაქტიკული მასალის გასაგებად არსებითი არ გახლავთ. ამდენად, "სოციალური ფსიქოლოგია, როგორც მეცნიერება", ამ წიგნის სულ ბოლო თავია. როგორც მკითხველმა, შეგიძლიათ, ამ თავს ყურადღებით შეავლოთ თვალი, ვიდრე კითხვას გააგრძელებდეთ (მით უფრო, თუ გირჩევნიათ, რომ ტექნიკური ნიუანსები იქამდე გაიგოთ, სანამ პრაქტიკულ მასალაში გადაეშვებოდეთ) ანდა ამ წიგნში მოგზაურობის ნებისმიერ ეტაპზე მიუბრუნდეთ – როცა კი იგრძნობთ, რომ ინტერესი საკმარისად აღგეძრათ. ადამიანები, რომლებიც სიგიჟეებს სჩადიან, ყოველთვის გიჟები არ არიან. სოციალური ფსიქოლოგი იმგვარ სოციალურ სიტუაციებს სწავლობს, რომლებიც ადამიანების ქცევაზე ახდენენ გავლენას. ხანდახან, ეს ბუნებრივი სიტუაციები იმხელა წნეხის სახეს იღებს და ადამიანებში ისეთ ქცევებს იწვევს, რომლებიც ადვილად შეიძლება, პათოლოგიურ ქცევებად კლასიფიცირდეს. როცა "ადამიანებს" ვახსენებ, ადამიანთა ძალიან დიდ რაოდენობას ვგულისხმობ. ჩემი აზრით, ადამიანური ქცევის შესახებ ჩვენს ცოდნას არ ამდიდრებს ის გარემოება, რომ ამგვარი ქცევის ავტორებს უმალ ფსიქოპათების იარლიყს ვაკრავთ. ბევრად უფრო გონივრულია, ჯერ სიტუაციის ბუნება და ის პროცესები გავიგოთ, რომლებიც ქცევის წარმოქმნას ედო საფუძვლად. ჰოდა, არონსონის პირველ კანონსაც მივადექით: ადამიანები, რომლებიც სიგიჟეებს სჩადიან, ყოველთვის გიჟები არ არიან. საილუსტრაციოდ, ოჰაიოს სკოლის მასწავლებელი ავიღოთ, რომელიც ამტკიცებდა, კენტის სახელმწიფო უნივერსიტეტის ოთხი სტუდენტი სიკვდილს იმსახურებდაო. არა მგონია, ეს ქალბატონი ერთადერთი ადამიანი ყოფილიყო ასეთი რწმენით, და მიუხედავად იმისა, რომ ყველა ადამიანი, ვისაც ამგვარი რწმენა გააჩნია, თავისუფლად შეიძლება, შეშლილი იყოს, მე მაინც ეჭვი მეპარება. მეტიც, ვეჭვობ, რომ ამ ხალხის ფსიქოპათებად მონათვლამ მოცემული ფენომენის გაგებაში რაიმე მხრივ წინ წაგვწიოს. ასე, მაგალითად, კენტის უნივერსიტეტის მკლელობის შემდეგ, ჭორები დაირხა – დაღუპული გოგონები მაინც ორსულად იყვნენ და სიკვდილი მათთვის მადლი იყოო, ხოლო ოთხივე გარდაცვლილ სტუდენტზე ამბობდნენ, ისეთი ბინძურები და ტილიანები იყვნენ, რომ მორგის თანამშრომლებს ცხედრების დათვალიერების დროს გულისრევა დაეწყოთო. ეს ჭორები, ცხადია, თავიდან ბოლომდე მცდარი იყო, მაგრამ ჯეიმს მიჩენერის[2] თანახმად, ელვის სისწრაფით ვრცელდებოდა. ნუთუ ეს ადამიანები, ვისაც ამ ჭორების სჯეროდა და ვინც ამას ავრცელებდა, ყველანი გიჟები იყვნენ? მოგვიანებით, ამ წიგნში, ჩვენ განვიხილავთ იმ პროცესებს, რომლებიც სწორედ ამგვარ ქცევებს იწვევენ და რომლებისადმიც, შესაბამის სოციოფსიქოლოგიურ პირობებში, უმეტესობა ჩვენგანი მგრძნობიარეები ვართ. ჩემი ერთ-ერთი ყოფილი სტუდენტი, ელენ ბერსჩეიდი (Ellen Berscheid) დააკვირდა, რომ ადამიანებს აქვთ ტენდენცია, უსიამოვნო ქცევის ასახსნელად ქცევის ავტორს იარლიყი მიაწებონ ("გიჟი", "სადისტი" ან ნებისმიერი მსგავსი რამ) და ამის საშუალებით ეს ადამიანი დანარჩენებისგან, ანუ "ჩვენგან, კარგი ხალხისგან", გარიყონ. ასე, უსიამოვნო ქცევის შესახებ წუხილი აღარ დაგვჭირდება, რადგან მას აღარავითარი საქმე აღარ ექნება ჩვენთან, წესიერ ხალხთან. ბერსჩეიდის თანახმად, საფრთხე, რომელსაც ასეთი აზროვნება შეიცავს, ისაა, რომ მიდრეკილს გვხდის, თვითკმაყოფილებაში გადავეშვათ და უსიამოვნო ქცევის წარმომქმნელი სიტუაციური წნეხებისადმი ჩვენს საკუთარ სენსიტიურობაზე არ ვიღელვოთ; ამ ვითარებას კი სოციალური პრობლემების გადაწყვეტის სწორხაზოვან მიდგომამდე მივყავრთ. კერძოდ, ამგვარ სწორხაზოვან გადაწყვეტას, შესაძლოა, გარკვეული დიაგნოსტიკური ტესტების შემუშავება მოჰყვეს, რომელთაც იმის დასადგენად გამოვიყენებთ, თუ ვინ არის მატყუარა, ვინ არის სადისტი, ვინ – გარყვნილი და ვინ კიდევ მანიაკი. ამგვარად, სოციალურმა ქმედებამ, შესაძლოა, ამ ხალხის ამოცნობისა და მათი შესაბამის ინსტიტუციებში განთავსების სახე მიიღოს. ცხადია, მე იმას არ ვამბობ, რომ ამქვეყნად ფსიქოზი არ არსებობს ან რომ ფსიქოზური დარღვევების მქონენი არასდროს უნდა იყვნენ ინსტიტუციონალიზებულნი. არც იმას ვამბობ, რომ ყველა ადამიანი ერთნაირია და ერთსა და იმავე ინტენსიურ სოციალურ წნეხებზე ზუსტად ერთნაირად გიჟურად რეაგირებს. მე ვამბობ, რომ – როგორც ზემოთაც აღვნიშნე – ზოგ სიტუაციურ ცვლადს შესწევს ძალა, ჩვენს, "ნორმალური" ზრდასრული ადამიანების, საკმაოდ დიდ ნაწილს ძალიან არასანდომიანი ქცევებისკენ გვიბიძგოს. უმნიშვნელოვანესია, ვეცადოთ და გავიგოთ, რა არის ის ცვლადები და პროცესები, რომლებიც უსიამოვნო ან დესტრუქციულ ქცევებს წარმოშობს. ალბათ, აქ მაგალითი დაგვეხმარება. წარმოიდგინეთ ციხე. წარმოიდგინეთ ციხის მცველები. როგორები არიან? დიდი შანსია, ხალხის უმეტესობამ ციხის მცველები უხეშ, ტლანქ და გულქვა ადამიანებად წარმოიდგინოს. ზოგმა შეიძლება, ეს ხალხი ბოროტ, სადისტ ტირანებადაც კი წარმოიდგინოს. ხალხმა, ვინც სამყაროს შესახებ ამგვარ დისპოზიციურ შეხედულებებს ატარებს, შესაძლოა, იფიქროს, რომ ადამინები იმიტომ ხდებიან ციხის მცველები, რომ საკუთარი სიბოროტის გამოყენების შანსი მიეცეთ და თან ისე, რომ ამისათვის არ დაისაჯონ. ახლა წარმოიდგინეთ პატიმრები. როგორები არიან? მეამბოხეები და ურჩები? მორჩილები? არ აქვს მნიშვნელობა, კონკრეტულად რა ხატები გვაქვს თავში, მთავარი აქ ისაა, რომ ეს ხატები ჩვენში არსებობს და უმეტესობა ჩვენგანი დარწმუნებულია, რომ პატიმრები და ციხის მცველები ხასიათითა და პიროვნული თვისებებით ჩვენგან საკმაოდ განსხვავდებიან. შესაძლოა, ეს ასეც იყოს, მაგრამ შესაძლოა, საკითხი გაცილებით რთულადაც იდგეს. დრამატულ ექსპერიმენტში, ფილიპ ზიმბარდომ (Philip George Zimbardo), კოლეგებთან ერთად, სტენფორდის უნივერსიტეტის სარდაფში ციხის სიმულაცია მოაწყო. ამ "ციხეში" მან ნორმალური, ზრდასრული, სტაბილური, გონიერი ახალგაზრდა კაცების ჯგუფი მიიყვანა. ააგდო მონეტა და ბიჭების ნახევარს ციხის მცველების როლი მიანიჭა, ნახევარს კი პატიმრებისა. რამდენიმე დღის მანძილზე ისინი სწორედ ამ როლებში ცხოვრობდნენ. რა მოხდა? მოდით, თავად ზიმბარდოს სიტყვებით გავიგოთ: სულ რაღაც ექვსი დღის თავზე, იძულებულნი გავხდით, ჩვენი ინსცენირებული ციხე დაგვეხურა, რადგან ის, რაც ჩვენ ვნახეთ, შემაშფოთებელი იყო. ჩვენთვის და ცდის პირთა უმეტესობისთვის უკვე გაუგებარი იყო, სად მთავრდებოდა მათი რეალური სახე და სად იწყებოდა როლები. უმრავლესობა ნამდვილ "პატიმრებად" და "ციხის მცველებად" იქცა და აღარ ჰქონდა უნარი, როლურ თამაშსა და მე-ს შორის მკაფიო დიფერენცირება მოეხდინა. მათი ქცევის, აზროვნებისა და გრძნობების თითქმის ყველა ასპექტში დრამატული ცვლილებების მოწმენი გავხდით. ერთი კვირაც კი არ იყო გასული, რომ პატიმრობის გამოცდილებამ გაანადგურა (დროებითად) ის, რაც მთელი ცხოვრების მანძილზე ესწავლათ; ადამიანური ღირებულებები კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა, მე-ხატები სერიოზული გამოწვევის წინაშე აღმოჩნდა და ადამიანური ბუნების ყველაზე მახინჯი, ყველაზე სულმდაბალი, პათოლოგიური მხარე ზედაპირზე ამოტივტივდა. თავზარი დაგვეცა, როცა ვხედავდით, როგორ ეპყრობოდა ზოგიერთი ბიჭი ("მცველები") დანარჩენ ბიჭებს, როგორც ცხოველებს, და თან ამ სისასტიკით სიამოვნებას იღებდა, მაშინ როცა დანარჩენი ბიჭები ("პატიმრები") მონურ, დეჰუმანიზებულ რობოტებად იქცნენ, რომლებიც მხოლოდ გაქცევაზე, ინდივიდუალურ თვითგადარჩენასა და მცველებისადმი დაგროვილ სიძულვილზე ფიქრობდნენ. სოციალური ფსიქოლოგია, როგორც მეცნიერება პირველად, კოლეჯში[3] სწავლისას, სოციალური ფსიქოლოგიით იმიტომ დავინტერესდი, რომ ის ადამიანის ყველაზე საინტერესო ასპექტებს შეისწავლიდა: სიყვარულს, სიძულვილს, აგრესიას, ალტრუიზმს, წინასწარგანწყობებს, სოციალურ გავლენას, კონფორმიზმს და სხვა. იმ დროისათვის ნაკლებად მაინტერსებდა, როგორ მოიპოვეს მთელი ეს ცოდნა. მხოლოდ მინდოდა, მცოდნოდა ყველაფერი, რაც ცნობილი იყო. უკვე მაგისტრატურაში ჩაბარების შემდეგ უცებ მივხვდი, რომ ამ ცოდნის შეძენაზე მეტი შემეძლოო გამეკეთებინა – თავად შემეძლო ცოდნის წარმოქმნა. ამით, ჩემს წინაშე სრულიად ახალი სამყარო გადაიშალა – სოციალური ფსიქოლოგიის სამეცნიერო სამყარო. ვისწავლე, როგორ დამესვა მნიშვნელოვანი შეკითხვები და ჩამეტარებინა ექსპერიმენტები ამ კითხვებზე პასუხის საპოვნელად. ამით მცირედი წვლილი შემეძლო შემეტანა იმ ცოდნის დაგროვებაში, რომელსაც სტუდენტობის დროს ვიღებდი. მას შემდეგ, მთელი გატაცებით ვარ ჩართული ამ საქმეში. ამ თავის მიზანი არაა, რომ თქვენ მეცნიერად გადაგაქციოთ. ჩემი განზრახვა ნაკლებად ამბიციურია, მაგრამ არანაკლებ მნიშვნელოვანი. ამ თავის მიზანი გახლავთ, გაგიუმჯობესოთ მეცნიერული აზროვნების უნარი იმ მოვლენების შესახებ, რომლებიც თქვენს საკუთარ სოციალურ სამყაროში ხდება. ყველთვის ვფიქრობდი, რომ ამის გაკეთება საჭიროა. თუმცა, ამას ზოგჯერ იმედგაცრუებაც მოსდევს. ახლავე მაგალითით აგიხსნით, რას ვგულისხმობ. რამდენიმე წლის წინ ვიყიდე ჟურნალი The New Yorker, რომელშიც წავიკითხე ჯეიმს კუნენის ბრწყინვალე და ძალზედ ინფორმაციული სტატია ჩვენს ციხეებში არსებული კოლეჯის დონის საგანმანათლებლო პროგრამების შესახებ. კუნენი ენთუზიაზმით წერდა მათი ეფექტურობის შესახებ. შემდეგ იგი აკრიტიკებდა კონგრესის უმრავლესობის მიერ ამ პროგრამების წინააღმდეგ გალაშქრების ფაქტს, რომელებიც მათ უაზრო ხარჯად და კრიმინალების განებივრებად მიიჩნევდნენ. კუნენის სტატია შეიცავს რამდენიმე მსჯავრდებულის საინტერესო ისტორიას, რომლებმაც ციხეში ყოფნისას გაიარეს კოლეჯის პროგრამა, ხოლო განთავისუფლების შემდეგ ნაყოფიერი ცხოვრება დაიწყეს. ეს ისტორიები ძალზე გულისამაჩუყებელია. როგორც მეცნიერს, მომინდა, გამეგო, თუ არსებობს რამე სისტემატური მონაცემები, რომელთა გამოყენებითაც შევძლებდი ამ პროგრამის შედეგიანობის შეფასებას. დიახ, არსებობს. კუნენი წერს, რომ 1991 წელს ნიუ იორკის შტატის კორექციული სამსახურის დეპარტამენტმა გამოაქვეყნა ერთი კვლევა, რომლის თანახმადაც, გათავისუფლებიდან 4 წლის შემდეგ რეციდივის შემთხვევები 20%-ით ნაკლებია იმ ნასამართლევთა შორის, რომლებმაც ციხეში ყოფნისას ერთი წლის ან მეტის განმავლობაში უმაღლესი განათლება მიიღეს. შთამბეჭდავად ჟღერს, არა? ახლა, უფრო დაწვრილებით განვიხილოთ. როგორც მეცნიერმა, ერთი ძალიან მნიშვნელოვანი კითხვა უნდა დავსვა: იყვნენ თუ არა ის პატიმრები, რომლებმაც გაიარეს უმაღლესი განათლების პროგრამა, დანარჩენი პატიმრების მსგავსნი ამ პროგრამის გავლამდე? იქნებ საქმე იმაშია, რომ პატიმრები, რომლებმაც აირჩიეს ეს პროგრამა და ერთი წელი ისწავლეს, თავიდანვე განსხვავებულნი (ვთქვათ, მოტივაციით, უნარით, ჭკუით, განათლებით, გონებრივი სიჯანსაღით და ა.შ.) იყვნენ იმათგან, ვისაც არ აურჩევია ეს პროგრამა? ახლავე უნდა დავამატო, რომ ეს არაა ზედმეტი ჩაძიება; თუ ისინი თავიდანვე განსხვავებული იყვნენ პატიმართა საერთო ერთობლიობისაგან, მაშინ მოსალოდნელია (შესაძლებელია), მათ რეციდივის ნაკლები დონე გამოევლინათ სასწავლო კურსის გავლის გარეშეც. თუ საქმის არსი ამაშია, მაშინ პროგრამას არ გამოუწვევია რეციდივის შემცირება. როდესაც კუნინის სტატიას ვკითხულობდი, ჩემი ერთი ნაწილი – ლიბერალურ/ჰუმანისტური – აღფრთოვანებული იყო ამ კვლევის შედეგებით; ეს ხომ შესანიშნავია, არსებობს დამარწმუნებელი მონაცემები, რომ პატიმართა განათლებას შედეგი მოაქვს. მაგრამ ჩემი მეორე ნაწილი, მეცნიერი, სკეპტიკურად განწყობილი რჩებოდა. ამიტომ მოსდევს იმედგაცრუებები სამყაროს მეცნიერის თვალით დანახვას. სამაგიეროდ, ეს გვაძლევს საშუალებას, ხორბალი ჩენჩოსგან გამოვარჩიოთ და, როგორც დაინტერესებულმა მოქალაქეებმა, მოვითხოვოთ ინოვაციური პროგრამების სათანადოდ შეფასება. ამგვარად შესაძლებელი გახდება, დავადგინოთ, ათასობით შესაძლო პროგრამიდან რომელი გვიღირს დროის, ენერგიის და ფულის ხარჯვად. თუმცა, საქმე იმაშია, რომ ბევრ შემთხვევაში ძალიან ძნელია სათანადო ექსპერიმენტის ჩატარება – როგორც ამას ქვემოთ ვნახავთ. რა არის სამეცნიერო მეთოდი? სამეცნიერო მეთოდი – იქნება ის გამოყენებული ფიზიკაში, ქიმიაში, ბიოლოგიაში თუ სოციალურ ფსიქოლოგიაში – საუკეთესო გზაა, რომ ჩვენ, ადამიანებმა დავიკმაყოფილოთ ცოდნის წყურვილი. უფრო კონკრეტულად რომ ვთქვათ, სამეცნიერო მეთოდს ვიყენებთ სხვადასხვა საგნებსა და მოვლენებს შორის კანონზომიერებების აღმოსაჩენად, იქნება ეს ქიმიური ნივთიერებები, პლანეტები, ადამიანთა მიკერძოებული დამოკიდებულებების, თუ სიყვარულის გამომწვევი მიზეზები. სამეცნიერო პროცესის პირველი ეტაპია დაკვირვება. ფიზიკაში მარტივი დაკვირვება ამგვარად ხორციელდება: ჩემს შვილიშვილს სათამაშო მანქანაში უდევს რეზინის ბურთი; თუ იგი მანქანას წინ გასწევს, ბურთი უკან გაგორდება. (სინამდვილეში, ბურთი უკან არ მიგორავს, ასე მხოლოდ გვეჩვენება.) თუ იგი უცებ გააჩერებს მანქანას, ბურთი მანქანის წინა მხარისკენ გაგორდება. სოციალურ ფსიქოლოგიაში მარტივი დაკვირვება შემდეგნაირია: დავუშვათ, მიმტანი ვარ და მაგიდებს ვემსახურები, თუ კარგ ხასიათზე ვარ და ვუღიმი მომხმარებლებს, ჩემი გასამრჯელო უფრო მეტი იქნება, ვიდრე მაშინ, როცა ცუდ ხასიათზე ვარ და არ ვიღიმები. შემდეგი ეტაპია იმის მიხვედრა, რატომ ხდება ეს. ეს მიხვედრა იქნება ჩვენი პირველი მცდელობა იმ "კანონზომიერი დამოკიდებულების" აღმოსაჩენად, რომელიც ზემოთ ვახსენეთ. მესამე ეტაპია ამ მიხვედრის ფორმულირება შემოწმებადი ჰიპოთეზის სახით. საბოლოო ეტაპი იქნება ექსპერიმენტის (ან ექსპერიმენტების სერიის) სქემა/დიზაინი, რომელიც დაადასტურებს ან უარყოფს ამ ჰიპოთეზას. თუ კარგად მოფიქრებულმა და კარგად შესრულებულმა ექსპერიმენტებმა არ დაადასტურა ჰიპოთეზა, მასზე უარს ვამბობთ. როგორც ჩემი საყვარელი ფიზიკოსი, რიჩარდ ფეინმანი ამბობს: "არა აქვს მნიშვნელობა, რამდენად მშვენიერია ვარაუდი, ან რამდენად ჭკვიანია მისი ავტორი, ან რამდენად ცნობილია იგი. თუ ექსპერიმენტი არ ადასტურებს ვარაუდს, მაშინ ვარაუდი მცდარია. სულ ესაა." ჩემი აზრით, ამაშია მეცნიერების მთელი არსიც და მისი ხიბლიც. მეცნიერებაში არ არსებობს ხელშეუხებელი ჭეშმარიტებები. მეცნიერება და ხელოვნება. ჩემი აზრით, მეცნიერებაში ძალიან ბევრი ადგილი უკავია ხელოვნებას. მჯერა, რომ ეს ორი პროცესი, ხელოვნება და მეცნიერება განსხვავებულია, მაგრამ ერთმანეთთანაა დაკავშირებული. ცნობილმა რუსმა ფსიქოლოგმა პაველ სემიონოვმა (Pavel Semonov) ბევრი იმუშავა ამ განსხვავების განსასაზღვრად. სემიონოვის თანახმად, ჩვენ, როგორც მეცნიერები, ვაკვირდებით გარემოს და ვცდილობთ მის ორგანიზებას გონივრულად და შინაარსიანად. როგორც ხელოვანები, ჩვენ, გარდავქმნით არსებულ გარემოს, სრულიად ახალი რამის შესაქმნელად. ამ დაკვირვებას დავუმატებდი, რომ კარგი ექსპერიმენტი ხშირად მოითხოვს უნარების კომბინაციას ორივე ამ სფეროდან. როგორც ექსპერიმენტატორები, ჩვენ ხშირად ვიყენებთ ხელოვნებას მეცნიერების გასამდიდრებლად. ჩემი აზრით, ყველაზე მეტად ეს სოციალური ფსიქოლოგიის ექსპერიმენტებს შეესაბამება. რატომაა მეცნიერების და ხელოვნების ამგვარი შერწყმა განსაკუთრებით სოციალური ფსიქოლოგიისთვის დამახასიათებელი? ამ შეკითხვის სრული პასუხი ამ თავის განმავლობაში გამოჩნდება. ჯერ-ჯერობით კი მხოლოდ იმას ვიტყვი, რომ სოციალური ფსიქოლოგია არ შეისწავლის მენზურაში მოთავსებული ქიმიური ნივთიერებების ქცევას, ან რეზინის ბურთების მოძრაობას სათამაშო მანქანებში; ჩვენ ვსწავლობთ ჭკვიან, ცნობისმოყვარე და რთული ბუნების მქონე ზრდასრულ ადამიანებს, რომლებიც მთელ თავის სიცოცხლეს სოციალურ სამყაროში ატარებენ. იმის თქმაც კი აღარაა საჭირო, რომ ექსპერიმენტატორთა მსგავსად, ჩვენი ექსპერიმენტის ცდის პირებსაც აქვთ საკუთარი აზრები და თეორიები, იმის შესახებ, თუ რა იწვევს მათ საკუთარ გრძნობებსა და ქცევას, ისევე, როგორც გარშემომყოფი ადამიანების გრძნობებსა და ქცევას. ეს არ ჰგავს ქიმიურ ნივთიერებებზე, ლაბორატორიის ცხოველებზე, ან თუნდაც, არასოციალურ სიტუაციაში მყოფ ადამიანებზე ექსპერიმენტების ჩატარების პროცესს. ის ფაქტი, რომ ჩვენ სოციალურად რთული ბუნების მქონე ადამიანებთან გვაქვს საქმე, გარკვეულწილად განაპირობებს სოციალური ფსიქოლოგიის, როგორც ექსპერიმენტული კვლევების თემის, მომხიბვლელობას. ამავე დროს, ეს სიტუაცია მოითხოვს ექსპერიმენტებში ხელოვნების შეტანას, რაც ექსპერიმენტატორს მისცემს შესაძლებლობას, ვალიდური და სანდო შედეგები მიიღოს. ამ თავში, შევეცდებით, აღვწეროთ, ზუსტად როგორ ხდება ეს. ვარაუდებიდან ექსპერიმენტამდე მერვე თავში აღვწერე დამაბნეველი ფენომენი, რომელსაც რამდენიმე წლის წინ წავაწყდი: ჯონ ფ. კენედის პრეზიდენტობის დროს მისი პიროვნული პოპულარობა უცებ გაიზარდა მას შემდეგ, რაც მან კოლოსალური მნიშვნელობის შეცდომა დაუშვა. კონკრეტულად, მას შემდეგ, რაც კენედის შეცდომას "ღორების ყურის ფიასკო"[4] მოჰყვა, სოციოლოგიურმა გამოკითხვამ აჩვენა, რომ ადამიანებს უფრო მეტად მოსწონდათ კენედი, ვიდრე ამ ინციდენტამდე. მეც, როგორც ბევრი სხვა ადამიანი, განმაცვიფრა ამან. როგორ შეიძლება, უფრო მეტად მოგწონდეს ადამიანი, როცა მან ასეთი რამ ჩაიდინა? როგორც მეცნიერმა, ვივარაუდე, რას შეიძლება, გამოეწვია ასეთი ცვლილება. ჩემი ვარაუდი ასეთი იყო, კენედი მანამდე აღიქმებოდა თითქმის სრულყოფილ პიროვნებად, ამ შეცდომის დაშვებამ კი ის უფრო ადამიანური გახადა, ამიტომ ჩვეულაბრივმა ადამიანებმა მასთან უფრო მეტი სიახლოვე იგრძნეს. საინტერესო დაშვებაა, მაგრამ რამდენად შეესაბამება სიმართლეს? "ღორების ყურის ფიასკოს" დროს ბევრი სხვა რამ ხდებოდა, ამიტომ შეუძლებელია, დარწმუნებული ვიყოთ, რომ ეს ვარაუდი ზუსტია. როგორ უნდა გაგვერკვია ეს? შეიძლება, უბრალოდ გვეკითხა ამ ადამიანებისთვის, რატომ მოსწონდათ კენედი ახლა უფრო მეტად, ვიდრე წინა კვირაში. ეს ძალიან იოლი გასაკეთებელი ჩანს. სამწუხაროდ, ეს არაა ადვილი. წლების განმავლობაში დავრწმუნდი, რომ ადამიანებმა ხშირად არ იციან, რატომ იქცევიან ისე, როგორც იქცევიან, ან რატომ ეცვლებათ ხოლმე შეხედულებები; ამგვარად, ასეთ რთულ სიტუაციაში, უბრალოდ ჰკითხო ადამიანებს, ახსნან საკუთარი ქცევა, სანდო შედეგს ვერ მოიტანს. სწორედ ამიტომ ატარებენ ექსპერიმენტებს სოციალური ფსიქოლოგები. მაგრამ, როგორ შევძლებთ ექსპერიმენტის ჩატარებას ჯონ ფ. კენედის პოპულარობაზე? ვერ შევძლებთ. ასეთ შემთხვევაში უნდა ვეცადოთ, ჩავატაროთ ექსპერიმენტი იმ ფენომენზე, რომელიც საფუძვლად უდევს ამ მოვლენას და არა ამ ფენომენის ერთ-ერთ კონკრეტულ გამოვლინებაზე. თანაც, რასაკვირველია, ჩვენ გვაინტერესებდა არა კონკრეტული მოვლენა, არამედ თავად ფენომენი: ზრდის თუ არა შეცდომის დაშვება თითქმის სრულყოფილი ადამიანის პოპულარობას? ამ უფრო ზოგად კითხვაზე საპასუხოდ საჭიროა გავცდეთ იმ მოვლენის ფარგლებს, რომელმაც წარმოშვა ჩვენი ვარაუდები. მე და ჩემმა კოლეგებმა დავგეგმეთ ექსპერიმენტი, რომელიც საშუალებას მოგვცემდა, გვეკონტროლებინა გარეშე ცვლადები და შეგვემოწმებინა შეცდომის გავლენა მიმზიდველობაზე ნაკლებად რთულ სიტუაციაში – ისეთში, სადაც გავაკონტროლებდით როგორც შეცდომის ზუსტ სახეს, ისე მისი ჩამდენი ადამიანის ტიპს. ასეთ მარტივ სიტუაციაში აღმოჩნდა, როგორც ვიწინასწარმეტყველეთ, რომ "თითქმის სრულყოფილი" ადამიანები უფრო მიმზიდველნი ხდებიან შეცდომის დაშვების შემდეგ, ხოლო "ჩვეულებრივი" ადამიანები ნაკლებ მიმზიდველნი ხდებიან იდენტური შეცდომის დაშვების შემდეგ. ექსპერიმენტის დიზაინი. როგორც ზემოთ ვთქვი, ექსპერიმენტატორს კონტროლის მისაღწევად სჭირდება, რომ საკუთარი იდეები რეალური სამყაროს აურზაურიდან ლაბორატორიის უფრო სტერილურ ფარგლებში გადმოიტანოს. როგორც წესი, ეს გულისხმობს ისეთი სიტუაციის მოფიქრებას, რომელიც ნაკლებად ჰგავს რეალური სამყაროს იმ სიტუაციას, რომელზე დაკვირვებითაც გაჩნდა იდეა. ხშირად ლაბორატორიულ ექსპერიმენტებს სწორედ იმის გამო აკრიტიკებენ, რომ ისინი ადამიანთა ურთიერთქმედების არარეალისტური, გამოგონილი იმიტაციაა და არაფრით ასახავს რეალურ სამყაროს. რამდენად სწორია ეს კრიტიკა? ამ კითხვაზე საპასუხოდ, უმჯობესი იქნება, დეტალებში ჩაღრმავებით განვიხილოთ ერთ-ერთი ლაბორატორიული ექსპერიმენტი, ვნახოთ მისი უპირატესობა და ნაკლი, და განვიხილოთ ის ალტერნატიული და უფრო რეალისტური გზაც, რომელიც შეიძლებოდა გამოგვეყენებინა იმავე საკითხის შესასწავლად. ინიციაციის ექსპერიმენტი, რომელიც ჯადსონ მილსთან თანამშრომლობით ჩავატარე, შესანიშნავად შეესაბამება ჩვენს მიზანს, იმიტომ, რომ ის ლაბორატორიის ბევრ უპირატესობასა თუ ნაკლს შეიცავს. მკითხველმა, შეიძლება, გაიხსენოს, რომ მილსის და ჩემი ვარაუდით, ადამიანებს მოეწონებათ ისეთი საგნები, რომელთათვისაც ძალისხმევა გაწიეს. მაშინ ჩვენ მოვიფიქრეთ და ჩავატარეთ ლაბორატორიული ექსპერიმენტი, რომელშიც ვაჩვენეთ, რომ როდესაც ადამიანები დიდ ძალისხმევას იყენებდნენ (ინიციაციის მკაცრი პროცედურა) ჯგუფის წევრად გახდომისათვის, მაშინ მათ მეტად მოსწონდათ ეს ჯგუფი, ვიდრე იმ ადამიანებს, რომლებიც უფრო ადვილად გახდნენ ჯგუფის წევრები. აი, როგორ ჩავატარეთ ეს ექსპერიმენტი. "ამ კვლევაში ცდის პირები იყვნენ კოლეჯის სტუდენტი გოგონები, სულ 63, რომლებმაც ნებაყოფლობით გადაწყვიტეს სექსის ფსიქოლოგიის შესახებ დისკუსიებში მონაწილეობის მიღება, თითოეულ სტუდენტს ინდივიდუალური ტესტი ჩაუტარდა. კვლევის დასაწყისში ავუხსენი, რომ უნდა შემესწავლა "ჯგუფური დისკუსიის პროცესის დინამიკა". ვთქვი, რომ დისკუსიის თემა მნიშვნელოვანი არ იყო ჩემთვის, ეს თემა მხოლოდ იმიტომ ავირჩიე, რომ სექსი ბევრ ადამიანს აინტერესებს, მე კი მინდოდა ბევრი ცდის პირცდის პირი მყოლოდა. მე აგრეთვე ავუხსენი, რომ თემად სექსის არჩევამ დაბრკოლებაც შემიქმნა: კერძოდ, ბევრ ადამიანს მორცხვობის გამო უჭირდა ჯგუფში სექსზე მსჯელობა. დისკუსიის მსვლელობისას, ნებისმიერ დაბრკოლებას შეეძლო შედეგების ანულირება. ამიტომ, დარწმუნებული უნდა ვყოფილიყავი, რომ ცდის პირცდის პირებს არ გაუჭირდებოდათ სექსის შესახებ მსჯელობა. როდესაც ცდის პირებს ვკითხე, თითოეულმა მათგანმა დამიდასტურა, რომ არ გაუჭირდებოდა. ასეთი დაწვრილებითი ინსტრუქცია საჭირო იყო მნიშვნელოვანი მოვლენისთვის მოსამზადებლად. მკთხველმა უნდა შენიშნოს, რომ ექსპერიმენტატორის ნათქვამი იოლად დასაჯერებელს ხდის შემდგომ მასალას. ამ დრომდე ყველა მონაწილეს ერთნაირი ინსტრუქცია ჰქონდა. ახლა უკვე დრო იყო, რომ ადამიანები განსხვავებულ ექსპერიმენტულ პირობებში ჩაგვეყენებინა – ექსპერიმენტატორების აზრით, ამ განსხვავებებს ჰქონდა მნიშვნელობა. ცდის პირები შემთხვევითი შერჩევით გადავანაწილეთ სამი სხვადასხვა პირობის დასაცავად: 1) მათ ერთ მესამედს მკაცრი ინიციაცია უნდა გაევლო, 2) ერთ მესამედს ზომიერი ინიციაცია ექნებოდა, 3) ერთი მესამედი ინიციაციის პროცესს საერთოდ არ გაივლიდა. ინიციაციის გარეშე მიღების შემთხვევაში ცდის პირებს უბრალოდ ვეუბნებოდით, რომ მათ უკვე შეეძლოთ, შეერთებოდნენ სადისკუსიო ჯგუფს. ზომიერი და მკაცრი ინიციაციის შემთხვევაში კი მე ვეუბნებოდი თითოეულ ცდის პირს, რომ იმისათვის, რომ დარწმუნებული ვყოფილიყავით, რომ ის შეძლებდა ღიად საუბარს სექსზე, მე შემოვიღე ტესტი სიმორცხვეზე, რომლის გავლასაც ვთხოვდი მას. ეს ტესტი იყო ინიციაციის პროცესი. მკაცრი ინიციაციისთვის ტესტი ძალიან რთული იყო. ცდის პირს უნდა დაეზეპირებინა 12 უხამსი სიტყვა და თანამედროვე რომანებიდან აღებული 2 ნაწყვეტი სქესობრივი აქტივობის დეტალური აღწერით. ზომიერი ინიციაციის შემთხვევაში ცდის პირებს სექსთან დაკავშირებული სიტყვების დაზეპირება მოეთხოვებოდათ მხოლოდ, მაგრამ ეს სიტყვები არ იყო უხამსი. ეს სამი პირობა, რომლის მიხედვითაც გავანაწილეთ ცდის პირები, კვლევის დამოუკიდებელ ცვლადს წარმოადგენს. მკვლევრის მიერ ექსპერიმენტის დაგეგმვის და ჩატარების მიზანია, დაადგინოს, გავლენას მოახდენს თუ არა ცდის პირების რეაქციაზე ის, რაც მათ შეემთხვევათ. ჩვენი მიზანი იყო, დაგვედგინა, დამოუკიდებელი ცვლადი, ანუ ინიციაციის სიმკაცრე, გამოიწვევდა თუ არა სისტემატურ განსხვავებებს ცდის პირთა ქცევაში. ის ცდის პირები, რომლებმაც მკაცრი ინიციაცია გაიარეს, განსხვავებულად მოიქცეოდნენ თუ არა იმათგან, ვინც ზომიერი ინიციაცია გაიარა ან საერთოდ არ გაუვლია ინიციაცია? მაგრამ განსხვავებულად მოქცევა რას ნიშნავს? ინიციაციის შემდეგ თითოეულ მონაწილეს მოვასმენინეთ იმ ჯგუფის დისკუსია, რომელსაც იგი ეს-ესაა შეუერთდა. მასალის შინაარსის კონტროლისათვის აუდიოჩანაწერი გამოვიყენეთ; თუმცა, ცდიპირებს სჯეროდათ, რომ ცოცხალ საუბარს უსმენდნენ. ამგვარად, ყველა ცდის პირი, მიუხედავად იმისა, მკაცრი ინიციაცია გაიარა, ზომიერი, თუ საერთოდ არ გაუვლია, ერთსა და იმავე დისკუსიას ისმენდა. ჯგუფის დისკუსია, რამდენადაც შესაძლებელია, მოსაწყენი იყო; ბლუყუნით და გაურკვევლად აანალიზებდნენ უმდაბლესი ცხოველების მეორეულ სქესობრივ ნიშნებს – ჩიტების ბუმბულის შეფერილობის ცვლილებას, ობობების შესაწყვილებელ ცეკვას და ა. შ. ჩანაწერში იყო ხანგრძლივი პაუზები, ჰმ-ები და მდა-ები, შეწყვეტინებები, დაუსრულებელი წინადადებები და სხვა, ეს ყველაფერი იმისთვის, რომ დისკუსია მოსაწყენი გამოსულიყო. დისკუსიის ბოლოს შემოვიტანე შეფასების სკალები და ცდის პირს ვთხოვე, შეეფასებინა, რამდენად საინტერესო და ღირებული იყო დისკუსია. ამას ეწოდება დამოკიდებული ცვლადი, რადგან რეაქცია, ჩვენი ვარაუდის თანახმად, "დამოკიდებულია" იმ კონკრეტულ ექსპერიმენტულ პირობებზე, რომლებშიც მონაწილეა ჩაყენებული. დამოკიდებული ცვლადი არის ის, რასაც ექსპერიმენტატორი ზომავს იმისათვის, რომ შეაფასოს დამოუკიდებელი ცვლადის გავლენა. მოკლედ, დამოუკიდებელი ცვლადი არის მიზეზი, დამოკიდებული ცვლადი კი – შედეგი. შედეგებმა დაადასტურა ჰიპოთეზა: ის გოგონები, რომლებმაც გაიარეს ზომიერი ინიციაცია, ან ინიციაცია საერთოდ არ გაუვლიათ, თვლიდნენ, რომ დისკუსია მოსაწყენი იყო. ისინი კი, ვინც რთული პროცესი გაიარა ჯგუფში მოსახვედრად, ამბობდნენ, რომ დისკუსია ძალიან საინტერესო იყო. როგორც გახსოვთ, ყველა სტუდენტმა ზუსტად ერთი და იგივე დისკუსია შეაფასა." ამ ექსპერიმენტის დიზაინი და ჩატარება შრომატევადი პროცესი იყო. მილსმა და მე ასობით საათი მოვანდომეთ მის დაგეგმვას, დამაჯერებელი სიტუაციის შექმნას, სცენარის დაწერას ჯგუფის დისკუსიის აუდიოჩანაწერისთვის, მსახიობების რეპეტიციას, რომლებსაც ჯგუფის წევრების როლი უნდა შეესრულებინათ, ინიციაციის პროცედურების და საზომი ინსტრუმენტების შედგენას, მოხალისე ცდის პირების შეკრებას, პროცედურის პილოტირებას, ექსპერიმენტის ჩატარებას, ექსპერიმენტის ნამდვილი მიზნის ახსნას თითოეული ცდის პირისათვის (ტყუილის მიზეზის, რას ნიშნავდა ეს ყველაფერი, და სხვა). ჩვენ აღმოვაჩინეთ, რომ იმ ადამიანებს, რომლებიც მკაცრი ინიციაციის პროცესს გადიან ჯგუფში მისაღებად, ბევრად უფრო მოსწონთ ეს ჯგუფი, ვიდრე იმ ადამიანებს, რომლებსაც ზომიერი ინიციაცია აქვთ გავლილი, ან საერთოდ არ გაუვლიათ ინიციაცია. ამის გასაკეთებლად უფრო მარტივი გზაც უნდა არსებობდეს! არსებობს კიდევაც. მკითხველი, ალბათ, შენიშნავდა, რომ არსებობს დიდი მსგავსება მილსის და ჩემს მიერ მოფიქრებულ პროცედურასა და ინიციაციის სხვა პროცედურებს შორის, რომლებსაც პრიმიტიული ტომები იყენებდნენ, ან ზოგიერთი კოლეჯის საძმოები, ან ზოგიერთი ექსკლუზიური კლუბი ან ორგანიზაცია. მაშინ, რატომ არ გამოვიყენეთ რეალური, ცხოვრებისეული სიტუაცია, რომელიც უფრო ადვილი შესასწავლიცაა და გაცილებით უფრო რეალისტურიც? მოდით, განვიხილოთ უპირატესობები. რეალური ინიციაციები, შესაძლოა, იყოს უფრო მკაცრი (ე. ი. უფრო მეტი გავლენა ექნება წევრებზე); არ მოგვიწევდა ამდენი ფიქრი დიზაინზე, რომელიც ჯგუფის წევრთათვის დამარწმუნებელი იქნებოდა; სოციალურ ურთიერთობებში უფრო მეტი ადამიანი იქნებოდა ჩართული, ვიდრე ჩვენს აუდიოჩანაწერში; არ დადგებოდა ეთიკური პრობლემა, რომელსაც მეცნიერების სახელით ტყუილის თქმა იწვევს; და ბოლოს, ყველაფრის მიღწევა გაცილებით უფრო მცირე დროში შეიძლებოდა, ვიდრე ამ ექსპერიმენტს დასჭირდა. ამგვარად, როდესაც ზედაპირულად ვუყურებთ ბუნებრივი სიტუაციის უპირატესობებს, ჩანს, თითქოს მილსი და მე ძალიან გავიადვილებდით ამოცანას, თუ უკვე არსებულ საძმოებს შევისწავლიდით. აი, როგორ შეგვეძლო ამის გაკეთება. შევაფასებდით თითოეული ჯგუფის ინიციაციის სიმკაცრეს და შემდეგ გამოვკითხავდით მის წევრებს, რათა დაგვეგინა, რამდენად მოსწონთ მათ საკუთარი ჯგუფი. თუ იმ წევრებს, რომლებსაც ინიციაციის მკაცრი პროცედურა ჰქონდათ გავლილი, საკუთარი საძმოები უფრო მეტად მოსწონდათ, ვიდრე საძმოს იმ წევრებს, რომლებსაც ზომიერი ინიციაცია ჰქონდათ გავლილი, ან ინიციაცია საერთოდ არ გაუვლიათ, ჰიპოთეზა დადასტურებული იქნებოდა. იქნებოდა კი? მოდით, უფრო დაწვრილებით განვიხილოთ, რატომ იწუხებენ თავს ადამიანები და ატარებენ ექსპერიმენტებს. თუ ადამიანებს გამოვკითხავთ და ვთხოვთ, დაგვისახელონ ლაბორატორიული ექსპერიმენტის ყველაზე მნიშვნელოვანი მახასიათებელი, დიდი უმრავლესობა იტყვის "კონტროლს". ექსპერიმენტების უპირატესობა იმაშია, რომ მათ შეუძლიათ გარემოს და ცვლადების კონტროლი, რაც იმისთვისაა საჭირო, რომ ზუსტად შეისწავლონ თითოეული ცვლადის გავლენა. ჩვენი ჰიპოთეზის ლაბორატორიაში შემოწმებით მილსმა და მე უამრავი გარეგანი ფაქტორის ცვალებადობა ავიცილეთ თავიდან. ყველა მკაცრი ინიციაცია თანაბარი სირთულის იყო; პირობების შედარება გაგვიჭირდებოდა, თუ მკაცრი ინიციაციების მქონე რამდენიმე საძმოს ავირჩევდით. გარდა ამისა, ჯგუფის დისკუსია იდენტური იყო ყველა ცდის პირისთვის; რეალურ სამყაროში კი საძმოს წევრებს ერთმანეთისგან განსხვავებული საძმოების შეფასება მოუწევდათ. დავუშვათ, ჩვენ შევძელით და ვიპოვეთ განსხვავება მკაცრი და ზომიერი ინიციაციების მქონე საძმოთა შორის, საიდან გვეცოდინება, რომ ეს მართლა ინიციაციის გამოა და არა ერთმანეთის მოწონების განსხვავებული ხარისხის გამო, რომელიც ჯგუფის წევრებში უკვე არსებობდა? ექსპერიმენტში ერთადერთი განსხვავება იყო ინიციაციის სიმკაცრე, ამიტომ, ჩვენ ვიცით, რომ ნებისმიერი განსხვავება ამ პროცედურის გამო მოხდა. შემთხვევითი განაწილების მნიშვნელობა კონტროლი არის ლაბორატორიული ექსპერიმენტის მნიშვნელოვანი ასპექტი, მაგრამ ის არაა მთავარი უპირატესობა. კიდევ უფრო მნიშვნელოვანი უპირატესობა იმაში მდგომარეობს, რომ ცდის პირები შემთხვევითად არიან განაწილებული სხვადასხვა ექსპერიმენტულ პირობაში. ეს ნიშნავს, რომ თითოეულ ცდის პირს თანაბარი შესაძლებლობა აქვს, შეხვდეს კვლევის ნებისმიერ პირობა. გადამწყვეტი განსხვავება ექსპერიმენტულ მეთოდსა და არაექსპერიმენტულ მიდგომებს შორის არის ცდის პირთა შემთხვევითი განაწილება პირობების მიხედვით. ადამიანთა შემთხვევითი განაწილების უპირატესობა კი შემდეგში მდგომარეობს: თეორიულად, ყველა ის ცვლადი, რომელთა ზუსტი გაკონტროლება არ ხერხდება, შემთხვევითადაა განაწილებული პირობებს შორის. ეს ნიშნავს, რომ უკიდურესად მცირეა ალბათობა, რომ ამ ცვლადებმა შედეგებზე სისტემატური გავლენა იქონიოს. ამის უკეთ გაგებაში მაგალითი დაგვეხმარება: დავუშვათ, მეცნიერი ხართ და გაქვთ ჰიპოთეზა, რომ მამაკაცებს მეტად აბედნიერებს ჭკვიან ქალზე ქორწინება. როგორ შეამოწმებთ ამ ჰიპოთეზას? დავუშვათ, იპოვეთ 1000 კაცი, რომლებიც ჭკვიან ქალებზე არიან დაქორწინებული, და კიდევ 1000 კაცი, რომლებსაც არც-ისე-ჭკვიანი ცოლები ჰყავთ, დავუშვათ, ყევლა მათგანს შეავსებინეთ "ბედნიერების" გასაზომი კითხვარი. ჰოი, საოცრებავ, თქვენ დაადგინეთ, რომ ჭკვიან ქალებზე დაქორწინებული მამაკაცები უფრო ბედნიერები არიან, ვიდრე ნაკლებად ჭკვიან ქალებზე დაქორწინებულნი. ნიშნავს ეს, რომ მამაკაცებს ჭკვიან ქალზე დაქორწინება აბედნიერებს? არა. იქნებ, ბედნიერი მამაკაცები უფრო თბილი, კარგი ხასიათის მქონე და უპრეტენზიონი არიან და ამიტომ, ჭკვიანი ქალები ასეთ მამაკაცებს ეძებენ საქმროებად. აქედან გამომდინარეობს, რომ ბედნიერება მიზეზია, რომლის გამოც ჭკვიან ქალებზე ქორწინდებიან. პრობლემა ამით არ მთავრდება. ისიც შეიძლება, რომ არსებობდეს რაიმე მესამე ფაქტორი, რომელიც იწვევს ბედნიერებასაც და ჭკვიან ქალზე დაქორწინებასაც. ერთი ასეთი ფაქტორი შეიძლება იყოს ფული: შესაძლებელია, სიმდიდრე ეხმარება მამაკაცებს ბედნიერებაში და ამავდოულად, სიმდიდრე იზიდავს ჭკვიან ქალებს. თუ ასეა, მაშინ არცერთი მიზეზობრივი კავშირი არ შეესაბამება სიმართლეს. არც ბედნიერება იწვევს ჭკვიან ქალებზე დაქორწინებას და არც ჭკვიან ქალებზე დაქორწინება იწვევს ბედნიერებას. პრობლემა კიდევ უფრო რთულია, რადგან ჩვენ, როგორც წესი, წარმოდგენა არ გვაქვს, რა შეიძლება იყოს მესამე ფაქტორი. ბედნიერების კვლევის შემთხვევაში ეს ფაქტორი შეიძლება იყოს სიმდიდრე; ისეც შეიძლება მოხდეს, რომ პიროვნების ჩამოყალიბებულობა იწვევს მამაკაცებში ბედნიერებას და ის, ასევე, იზიდავს ჭკვიან ქალებს; ასეთ ფაქტორებს შორის შეიძლება იყოს სოციალური მდგომარეობა, სპორტული მონაცემები, ძალაუფლება, პოპულარობა, სწორად შერჩეული კბილის პასტის ხმარება, კარგად ჩაცმა და სხვა ათასობით თვისება, რომელთა შესახებ საბრალო მკვლევარს წარმოდგენა არ ექნება და ვერც გათვალისწინებას შეძლებს. მაგრამ, თუ მკვლევარი ჩაატარებს ექსპერიმენტს, მას შეუძლია, შემთხვევითად გაანაწილოს ცდის პირები სხვადასხვა ექსპერიმენტულ პირობაში. მართალია, ეს პროცედურა არ გამორიცხავს ზემოთ ჩამოთვლილ ცვლადებს (ფული, სოციალური მდგომარეობა, სპორტული შესაძლებლობები და სხვა), მაგრამ ანეიტრალებს მათ ამ მონაცემების შემთხვევითად განაწილებით სხვადასხვა ექსპერიმენტულ პირობაში. ესე იგი, თუ ცდის პირებს შემთხვევითად შევახვედრებთ რომელიმე ექსპერიმენტულ პირობას, დაახლოებით იმდენივე მდიდარი მამაკაცი იქნება ერთ პირობაში, რამდენიც სხვა პირობებში, იმდენივე სოციალურად გამორჩეული ადგილის მქონე მამაკაცი იქნება ერთ პირობაში, რამდენიც სხვა პირობებში, იმდენივე სპორტსმენი მამაკაცი იქნება ერთ პირობაში, რამდენიც სხვა პირობებში. ამგვარად, თუ აღმოვაჩინეთ განსხვავება ექსპერიმენტულ პირობებს შორის, ეს არ იქნება რომელიმე ცალკეული თვისების ინდივიდუალური განსხვავებებით გამოწვეული, რადგან თითოეული ამ თვისების განაწილება თანაბარია (ან თითქმის თანაბარია) ყველა პირობაში. უნდა აღინიშნოს, რომ ჭკვიან ქალებსა და მათ ბედნიერ ქმრებზე აქ მოცემული მაგალითის შემოწმება, ალბათ, შეუძლებელია ექსპერიმენტულ ლაბორატორიაში. მაგრამ, მოდით, ფანტაზია მოვიშველიოთ, როგორ გავაკეთებდით ამას, შესაძლებელი რომ ყოფილიყო. იდეალურ შემთხვევაში, ჩვენ დაგვჭირდება 50 მამაკაცი, რომელთაგან 25-ს შემთხვევით შევახვედრებთ ჭკვიან ცოლებს, 25-ს კი ნაკლებად ჭკვიან ცოლებს. რამდენიმე თვის შემდეგ დავბრუნდებით და ჩავატარებთ ბედნიერების გასაზომ კითხვარს. თუ ის კაცები, რომლებსაც ჭკვიანი ცოლები შეხვდათ, უფრო ბედნიერები იქნებიან, ვიდრე კაცები, რომლებსაც ნაკლებად ჭკვიანი ცოლები შეხვდათ, ჩვენ გვეცოდინება, რა არის მათი ბედნიერების მიზეზი – ესეც ასე! ესე იგი, მათი ბედნიერება ვერ მიეწერება სოციალურ მდგომარეობას, გარეგნობას, ფულს ან ძალაუფლებას; ესენი შემთხვევითად განაწილდა ექსპერიმენტულ პირობებს შორის. ჩვენ თითქმის დარწმუნებული ვიქნებით, რომ ბედნიერებაში განსხვავება მათი ცოლების თვისებებმა გამოიწვია. ვიმეორებ, რომ ეს მაგალითი წმინდა წყლის ფანტაზიაა. სოციალურმა ფსიქოლოგებმა არც კი უნდა სცადონ ადამიანთა დაქორწინება სამეცნიერო მიზნებისათვის. მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ ვერ შევამოწმებთ უამრავ მნიშვნელოვან და საჭირო მოვლენას კონტროლირებად ლაბორატორიულ პირობებში. ეს წიგნი სავსეა მსგავსი მაგალითებით. ამ მაგალითებიდან ერთ-ერთის საფუძველზე ვნახოთ, რა უპირატესობები აქვს ექსპერიმენტულ მეთოდს. მე-6 თავში ვწერდი, რომ არსებობს კორელაცია ბავშვების მიერ ტელევიზიით ძალადობის ყურების ხანგრძლივობასა და მათ მიერ პრობლემის აგრესიული მეთოდებით გადაჭრის ტენდენციას შორის. ნიშნავს თუ არა ეს, რომ აგრესიის ყურება ტელევიზორში ბავშვებში აგრესიულობას იწვევს? არაა აუცილებელი. თუმცა, შესაძლებელია. ეს იმასაც შეიძლება ნიშნავდეს, რომ აგრესიულ ბავშვებს ურჩევნიათ აგრესიის ყურება და ისინი ასეთივე აგრესიულები დარჩებიან, მთელი დღე რომ მხოლოდ Sesame Street [5]ვაყურებინოთ. თუმცა, როგორც უკვე ვნახეთ, რამდენიმე ექსპერიმენტატორმა დაადასტურა, რომ ძალადობის ყურება ზრდის ძალადობას. როგორ? მათ შემთხვევითად გაანაწილეს ბავშვები სიტუაციებში, რომლებშიც ისინი უყურებდნენ ტელესერიალის ნაწყვეტს ძალადობის ეპიზოდით – ამ ეპიზოდში ადამიანები 25 წუთის განმავლობაში სცემენ, კლავენ, აუპატიურებენ, ურტყამენ ერთმანეთს. როგორც საკონტროლო ჯგუფი, ბავშვების ნაწილი შემთხვევითად გაანაწილეს სიტუაციაში, რომელშიც ისინი იმავე ხანგრძლივობის სპორტულ შეჯიბრს უყურებდნენ ტელევიზორში. გადამწყვეტია: თითოეული ბავშვისთვის არსებობდა თანაბარი შესაძლებლობა, რომ მას შეარჩევდნენ ძალადობრივი ან არაძალადობრივი ვიდეოჩანაწერის საყურებლად; აქედან გამომდინარე, ბავშვების ხასიათებს შორის განსხვავება ამ ექსპერიმენტში განეიტრალებული იყო. ექსპერიმენტში აღმოჩნდა, რომ ბავშვებმა, რომლებმაც უყურეს ძალადობრივ ვიდეოს, შემდეგ უფრო მეტი აგრესია გამოავლინეს, რაც ადასტურებს იმ მოსაზრებას, რომ ძალადობას შეუძლია ძალადობის გამოწვევა. ალბათ, გახსოვთ, რომ სწორედ ეს პრობლემა იდგა ციხეში არსებული კოლეჯის პროგრამების შეფასებისას, რომელიც ამ თავის დასაწყისში აღვწერეთ: ის პატიმრები, რომლებიც პროგრამის გავლას ირჩევდნენ, სავარაუდოდ, ბევრი თვისებით განსხვავდებოდნენ იმ პატიმრებისგან, რომლებსაც ეს პროგრამა არ აურჩევიათ. ამიტომ, არაფრის მომცემი იყო მათი შემდგომი რეციდივის შედარება დანარჩენი პატიმრების გამოვლენილ რეციდივთან. ასეთი შედარება ცალმხრივი იქნება, ის პროგრამას უფრო ეფექტურად წარმოგვიჩენს, ვიდრე სინამდვილეშია. როგორ გადავჭრათ ეს პრობლემა? ერთ-ერთი მეთოდია, საჭირო რაოდენობაზე ორჯერ მეტი მსურველის შეკრება. შემდეგ მათ ნახევარს შემთხვევითად შევარჩევთ პროგრამის გასავლელად, მეორე ნახევარს კი – საკონტროლო ჯგუფად გამოვიყენებთ. თუ შერჩევა ნამდვილად შემთხვევითია, ამ ორ ჯგუფს შორის რეციდივის რაოდენობათა შედარება მოგვცემს საჭირო მონაცემებს. ახლა ინიციაციის ექსპერიმენტს დავუბრუნდეთ. ჩვენ რომ გამოკითხვა ჩაგვეტარებინა და აღმოგვეჩინა, რომ მკაცრი ინიციაციის მქონე საძმოებში წევრებს უფრო მეტად მოსწონთ ერთმანეთი, ვიდრე ზომიერი ინიციაციის მქონე საძმოების წევრებს, ამით დადასტურდებოდა, რომ ინიციაციის სიმკაცრესა და საძმოს წევრების მიერ ერთმანეთის მოწონებას შორის დადებითი კორელაციაა. ეს ნიშნავს, რომ რაც უფრო მკაცრია ინიციაცია, საძმოს მით უფრო მეტ წევრს მოსწონს ერთმანეთი. არა აქვს მნიშვნელობა, რამდენად მაღალი კორელაცია აღმოჩნდება ამ ორ ცვლადს შორის, მხოლოდ ამ გამოკითხვის შედეგებზე დაყრდნობით ჩვენ მაინც ვერ დავასკვნით, იწვევს თუ არა მკაცრი ინიციაცია ჯგუფის მოწონებას. ამ გამოკითხვიდან მხოლოდ იმ დასკვნის გამოტანა შეგვიძლია, რომ ეს ორი ფაქტორი დაკავშირებულია ერთმანეთთან. შესაძლებელია, დადებითი კორელაცია მკაცრ ინიციაციასა და საძმოს სხვა წევრების მოწონებას შორის იმიტომ კი არ არსებობდეს, რომ მკაცრი ინიციაცია იწვევს ჯგუფის მეტად მოწონებას, არამედ ზუსტად საპირისპირო მიზეზის გამო. შეიძლება, ჯგუფის მაღალი მიმზიდველობა იწვევდეს მკაცრ ინიციაციას. თუ ჯგუფის წევრები ერთმანეთს ძალიან სასურველად მიიჩნევენ, ისინი შეეცდებიან ელიტური ჯგუფის შენარჩუნებას. ამის გამო, მათ, შეიძლება, მკაცრი ინიციაცია შემოიღონ, რის შედეგადაც ჯგუფში მხოლოდ ის ადამიანები მოხვდებიან, რომლებსაც ამის ძალიან დიდი სურვილი აქვთ. მხოლოდ კითხვარის მონაცემებით ვერ დავასკვნით, რომ ეს ახსნა მცდარია და რომ მკაცრი ინიციაცია ნამდვილად იწვევს მოწონებას. მონაცემები არ გვაძლევს საფუძველს, ავირჩიოთ ამ ახსნათაგან რომელიმე, რადგან მონაცემები არაფერს გვეუბნება მიზეზის და შედეგის შესახებ. უფრო მეტიც, როგორც წინა მაგალითში ვნახეთ, შესაძლებელია, მესამე ცვლადიც არსებობდეს, რომელიც იწვევს ორივეს, მკაცრ ინიციაციასაც და მოწონებასაც. ვინმეს მოუნდება მკაცრი ინიციაციის ჩატარება ან გავლა? როგორ არა, ხომ არსებობენ ადამიანები ძლიერი სადო-მაზოხისტური ტენდენციებით. ასეთ ადამიანებს ინიციაციის გავლის გამო კი არ მოეწონებათ ერთმანეთი, არამედ იმიტომ, რომ ერთმანეთის მსგავსთ აქვთ ტენდენცია, ერთმანეთი მოსწონდეთ. ეს, შეიძლება, უცნაურ ახსნად მოგვეჩვენოს, მაგრამ სავსებით ლოგიკურია. მკვლევრისთვის ყველაზე უარესი ისაა, რომ უამრავი სხვა ახსნაც იარსებებს, რომლებიც მას აზრადაც კი არ მოუვა. ექსპერიმენტული მეთოდი, რომელიც ემყარება ექსპერიმენტულ პირობებში შემთხვევითად განაწილების ტექნიკას, ერთი ხელის მოსმით გამორიცხავს ყველა მათგანს. ამ ექსპერიმენტში სადო-მაზოხისტებს ექნებათ ზუსტად ერთნაირი შესაძლებლობა, მოხვდნენ ისეთ პირობებში, სადაც ინიციაციის გარეშე მიიღებენ ჯგუფში, ან ისეთში, სადაც მკაცრი ინიციაციით მიიღებენ. სამწუხაროდ, რეალურ სიტუაციაში ჩატარებული კვლევა საშუალებას აძლევს ყველა მათგანს, თვითონ აირჩიონ მკაცრი ინიციაციის პირობა, რაც კვლევის შედეგებს გაურკვეველს გახდის. ექსპერიმენტების სირთულეები სოციალურ ფსიქოლოგიაში კონტროლი თუ გავლენა. ექსპერიმენტების სამყაროში ყველაფერი ასე ადვილად არ გვარდება. არსებობს ძალზედ რეალური პრობლემები, რომლებიც ექსპერიმენტებთანაა დაკავშირებული. უკვე ვახსენე, რომ ექსპერიმენტის ერთ-ერთი ძირითადი უპირატესობაა კონტროლი, მაგრამ სრული კონტროლის განხორციელება შეუძლებელია, როცა ცდის პირები ადამიანები არიან. ამიტომაა, რომ ბევრ ფსიქოლოგს ვირთხებზე ექსპერიმენტების ჩატარება ურჩევნია ადამიანზე ექსპერიმენტის ჩატარებას. ამ დროს, მკვლევარს შეუძლია თითქმის ყველაფერი გააკონტროლოს ცდის პირების დაბადებიდან ექსპერიმენტის დასრულებამდე: კლიმატი, კვება, ვარჯიში, დანარჩენ ცდის პირებთან შეხვედრა, ტრავმული გამოცდილებები და ა.შ. სოციალურ ფსიქოლოგებს ცდის პირი ადამიანები გალიებში ვერ ეყოლებათ გასაკონტროლებლად. ცდის პირს მოსწონს, რომ მასაც ვირთხასავით არ ამწყვდევენ გალიაში, მაგრამ მეცნიერებისთვის ნაკლებად ზუსტი შედეგების მომტანია. კონტროლს კიდევ უფრო ამცირებს ის ფაქტი, რომ ადამიანები ურიცხვი ნიშნის მიხედვით განსხვავდებიან ერთმანეთისგან. სოციალური ფსიქოლოგები ცდილობენ აღწერონ, რას აკეთებენ ადამიანები. ამაში იგულისხმება, რომ ადამიანთა უმრავლესობა უმეტესწილად აკეთებს ამას მოცემულ პირობებში. რამდენადაც ჩვენს შედეგებში ყოველთვის მოცემულია არაგაზომვადი ინდივიდუალური განსხვავებები, ჩვენი დასკვნები ყველა ადამიანის შესახებ არ იქნება ზუსტი. განსხვავებები დამოკიდებულებებში, ღირებულებებში, პიროვნულ თვისებებში და გამოცდილებებში გავლენას ახდენს იმაზე, როგორ მოიქცევიან ადამიანები ექსპერიმენტის დროს. ამიტომ, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ შეგვიძლია ექსპერიმენტის სიტუაციის გაკონტროლება, ერთი და იგივე სიტუაცია მაინც სხვადასხვაგვარ გავლენას ახდენს სხვადასხვა ადამიანზე. გარდა ამისა, მაშინაც კი, თუ მოვახერხებთ და ექსპერიმენტს ისე გავაკონტროლებთ, რომ ყველა ადამიანისთვის ერთი და იგივე გავლენა მივიღოთ, ჩნდება რეალური რისკი, რომ სიტუაცია იმდენად სტერილური გამოვა, რომ ცდის პირი მას სერიოზულად არ აღიქვამს. სიტყვა სტერილურს ორი მნიშვნელობა აქვს: 1) უნაყოფო და 2) არაეფექტური. ექსპერიმენტატორი უნდა ეცადოს, რომ მიაღწიოს რაც შეიძლება სტერილურ სიტუაციას, მაგრამ ისე, რომ არ გახადოს ეს სიტუაცია ცდის პირისთვის უნაყოფო და უსიცოცხლო. ცდის პირებს თუ არ აინტერესებთ ექსპერიმენტში მიმდინარე მოვლენები, მათი რეაგირება სპონტანური იქნება და, შესაბამისად, ჩვენი შედეგებიც უმნიშვნელო. ამგვარად, კონტროლის გარდა, საჭიროა, რომ ექსპერიმენტს გავლენაც ჰქონდეს ცდის პირებზე. მათ სერიოზულად უნდა აღიქვან ექსპერიმენტი და ჩაერთონ მასში. სხვაგვარად ეს ექსპერიმენტი მნიშვნელოვან გავლენას ვერ მოახდენს მათ ქცევაზე. სოციალური ფსიქოლოგებისთვის სირთულეს ის წარმოადგენს, რომ ეს ორი გადამწყვეტი ფაქტორი, გავლენა და კონტროლი, ხშირად ურთიერთსაწინააღმდეგოდ მოქმედებს: ერთი თუ იზრდება, მეორე მცირდება ხოლმე. ექსპერიმენტატორები დილემის წინაშე დგებიან, როგორ გაზარდონ გავლენა ცდის პირებზე ისე, რომ არ დაკარგონ სიტუაციაზე კონტროლი. ამ დილემის გადასაჭრელად შემოქმედებითობა და გამომგონებლობაა საჭირო, რომ ექსპერიმენტული სიტუაციის სწორი დიზაინი მოხერხდეს. ამას მივყავართ რეალიზმის პრობლემამდე. რეალიზმი. ამ თავის დასაწყისში უკვე ვახსენეთ, რომ ლაბორატორიულ ექსპერიმენტებს ხშირად იმის გამო აკრიტიკებენ, რომ ისინი ხელოვნურია და "რეალობის" მხოლოდ იმიტაციას წარმოადგენს. რას ვგულისხმობთ რეალურში? რამდენიმე წლის წინ ექსპერიმენტული მეთოდის შესახებ ტრაქტატის წერისას მერილ კარლსმიტი (Merrill Carlsmith) და მე ვცდილობდით, გვეპოვა რეალურის ზუსტი განსაზღვრება. ჩვენ ვმსჯელობდით, რომ ექსპერიმენტი ორი სხვადასხვა სახით შეიძლება იყოს რეალისტური: თუ ექსპერიმენტი გავლენას ახდენს ცდის პირებზე, აიძულებს მათ სერიოზულად აღიქვან სიტუაცია და ჩაერთონ პროცედურებში, შეგვიძლია ვთქვათ, რომ მივაღწიეთ ექსპერიმენტულ რეალიზმს. ამისგან სავსებით განსხვავებულია საკითხი, რამდენად ჰგავს ლაბორატორიული ექსპერიმენტი იმ მოვლენებს, რომლებიც ხშირად ხდება რეალურ სამყაროში. კარლსმიტმა და მე ამას ცხოვრებისეული რეალიზმი ვუწოდეთ. ხშირად, ექსპერიმენტული და ცხოვრებისეული რეალიზმის ერთმანეთისგან განსხვავება უჭირთ და ექსპერიმენტებს ხელოვნურობის გამო მხოლოდ იმიტომ აკრიტიკებენ, რომ ისინი რეალურ სამყაროს არ გავს. ამ ორ რეალიზმს შორის განსხვავება კარგად ჩანს შემდეგი კვლევის მაგალითში, როელშიც მაღალია ექსპერიმენტული რეალიზმი, მაგრამ დაბალია ცხოვრებისეული. გავიხსენოთ სტენლი მილგრემის ექსპერიმენტი, რომელიც მეორე თავშია აღწერილი. მასში თითოეულ ცდის პირს თხოვდნენ ელექტროშოკით დარტყმა მიეყენებინა მეორე ოთახში მყოფი ადამიანისთვის, რომელიც ელექტრულ აპარატზე იყო მიერთებული. ახლა გავიხსენოთ, რამდენად ხშირად გვთხოვენ მსგავს რამეს ყოველდღიურ ცხოვრებაში. ეს არარეალისტურია, მაგრამ მხოლოდ ცხოვრებისეული გაგებით. ჰქონდა თუ არა ამ პროცედურას ექსპერიმენტული რეალიზმი? ამაში იგულისხმება, აღიქვამდნენ თუ არა ცდის პირები სიტუაციას სერიოზულად, ახდენდა თუ არა მათზე გავლენას, იყო თუ არა ეს იმ წუთში მათი რეალური ცხოვრების ნაწილი? იქნებ ისინი მხოლოდ თამაშობდნენ და სერიოზულად არ იღებდნენ ამას? მილგრემი წერს, რომ მისი ცდის პირები ძალიან დაძაბულები იყვნენ და დისკომფორტს განიცდიდნენ. აი, მილგრემისავე აღწერილობა, როგორ გამოიყურებოდა ცდის პირი: "ვაკვირდებოდი ხანში შესულ და გაწონასწორებულ ბიზნესმენს, რომელიც თავდაჯერებული ღიმილით შემოვიდა ლაბორატორიაში. ოც წუთში ის განადგურდა, კანკალი აუვარდა და ენა დაება, ნერვული შოკის პირას იყო მისული. ის გამუდმებით ისრესდა ყურის ბიბილოებს და თითებს იფშვნეტდა. უცებ შუბლზე სილა იტკიცა და წაილუღლუღა: "ო, ღმერთო! შევწყვიტოთ!". და მაინც, ის აგრძელებდა ექსპერიმენტს და ემორჩილებოდა ექსპერიმენტატორის თითოეულ სიტყვას ექსპერიმენტის დასრულებამდე". ეს არ ჰგავს არარეალისტურ სიტუაციაში მყოფი ადამიანის ქცევას. ყველაფერი, რაც მილგრემის ცდის პირებს ემართებოდათ, რეალური იყო , მიუხედავად იმისა, რომ ასეთი რამეები ყოველდღიურ ცხოვრებაში არ ხდება. შესაბამისად, შეიძლება დავასკვნათ, რომ ამ ექსპერიმენტების შედეგები საკმაოდ ზუსტი მინიშნებაა იმაზე, როგორ მოიქცეოდნენ ადამიანები, მსგავსი მოვლენები რომ რეალურ სამყაროში ხდებოდეს. ტყუილი. ექსპერიმენტული რეალიზმის მნიშვნელობა ძალიან დიდია. მის მისაღწევად კი საუკეთესო მეთოდია ისეთი დიზაინის მოფიქრება, რომელიც საინტერესო იქნება ყველა ცდის პირისთვის. ამავდროულად, ხშირად საჭიროა კვლევის ჭეშმარიტი მიზნის დამალვა. რა საჭიროა დამალვა? ამ თავის დასაწყისში უკვე ვახსენე, რომ ყველა ადამიანი მოყვარული სოციალური ფსიქოლოგია იმ გაგებით, რომ ჩვენ ყველანი სოციალურ სამყაროში ვცხოვრობთ და მუდმივად ვაყალიბებთ ჰიპოთეზებს იმ მოვლენების შესახებ, რაც ჩვენს სოციალურ სამყაროში ხდება. მათ შორის, ადამიანების შესახებაც, რომლებიც ჩვენი ექსპერიმენტების ცდის პირები არიან. ვინაიდან, ადამიანები ყოველთვის ცდილობენ საუკეთესო გამოსავლის პოვნას, მათ რომ სცოდნოდათ, რის მიღწევას ვცდილობთ, მათი ქცევა მუდამ იქნებოდა ჩვენი ჰიპოთეზის შესაბამისი, ჩვენ კი გვინდა ვნახოთ, როგორ იქცევიან ისინი ბუნებრივ და ჩვეულ სიტუაციაში. ამ მიზნით ვცდილობთ, ექსპერიმენტის ნამდვილი მიზანი დავუმალოთ ცდის პირებს და ვინაიდან თითქმის ყოველთვის გვაქვს საქმე ძალიან ჭკვიან ადამიანებთან, ეს არაა ადვილი. თუმცა, ეს აუცილებელი მოთხოვნაა ექსპერიმენტების უმრავლესობისთვის, თუ ვალიდური და სანდო მონაცემების მიღება გვსურს. ეს მოთხოვნა სოციალურ ფსიქოლოგს ფილმის რეჟისორის მდგომარეობაში აყენებს, მან უნდა მოამზადოს სცენა მოქმედებისთვის, მაგრამ არ უნდა უთხრას მსახიობს, რა რისთვის კეთდება. ასეთ პირობებს გამოგონილ ამბავს ვუწოდებთ და მისი საშუალებით ვზრდით ექსპერიმენტის რეალიზმს, ვქმნით სიტუაციას, რომელშიც ცდის პირი ბუნებრივად იქცევა და არ იცის, მისი ქცევის რომელ ასპექტს შევისწავლით. მაგალითად, არონსონ-მილსის ინიციაციის კვლევაში ცდის პირებს ვეუბნებოდით, რომ მათ უნდა გაევლოთ ტესტი სიმორცხვეზე, რათა მიგვეღო სექსის ფსიქოლოგიის განმხილველი ჯგუფის წევრებად. ეს იყო გამოგონილი ისტორია. ეს სრული სიცრუე იყო. სინამდვილეში, მათ უნდა გაევლოთ ინიციაცია, რათა გვენახა, რა გავლენა ექნებოდა ამას მათ მიერ ჯგუფის მოწონებაზე. ცდის პირებს კვლევის დაწყებამდე რომ სცოდნოდათ მისი მიზანი, შედეგები ჩვენთვის სრულიად უსარგებლო იქნებოდა. ამ საკითხის შემსწავლელმა მკვლევრებმა დაადგინეს, რომ, როდესაც ცდის პირებმა იციან ექსპერიმენტის ნამდვილი მიზნის შესახებ, ისინი ბუნებრივად არ იქცევიან. ისინი ცდილობენ, საკუთარი თავი უკეთ წარმოაჩინონ, ან "დაეხმარონ" ექსპერიმენტატორს იმ შედეგის მიღებაში, რაც ცდის პირების აზრით, მას სურს. ამ ქცევათაგან ორივე კატასტროფულია ექსპერიმენტატორისთვის. ექსპერიმენტატორს შეუძლია გაუქროს ცდის პირს მისთვის დახმარების გაწევის სურვილი, მაგრამ საკუთარი თავის უკეთ წარმოჩენის სურვილის გაქრობა უფრო რთულია. ადამიანთა უმრავლესობას არ სურს, რომ მათ სუსტებად, არანორმალურებად, კონფორმისტებად, არამიმზიდველებად, სულელებად ან შეშლილებად მიიჩნევდნენ. ამგვარად, თუ შესაძლებლობა გვექნება მივხვდეთ, რას იკვლევს ექსპერიმენტატორი, ადამიანთა უმრავლესობა შეეცდება საკუთარი თავი კარგად ან ნორმალურად წარმოაჩინოს. მაგალითად, კონკრეტულად ამ ფენომენის შესასწავლად დადგმულ ექსპერიმენტში, ვუთხარით ცდის პირებს, რომ რაღაც კონკრეტული შედეგი მიანიშნებდა მათ კარგ პიროვნულ თვისებებზე. ამის შემდეგ, ისინი გაცილებით უფრო ხშირად იღებდნენ ამ შედეგს, ვიდრე მაშინ, როცა ვუთხარით, რომ ეს უარყოფით თვისებას ნიშნავდა. ეს ქცევა ადვილად გასაგებია, მაგრამ ის ხელს უშლის ექსპერიმენტატორს სწორი შედეგის მიღებაში. ამ მიზეზის გამო, ექსპერიმენტატორებს ხშირად სჭირდებათ, რომ ტყუილი უთხრან ცდის პირებს და არ გააგებინონ ექსპერიმენტის ნამდვილი მიზანი. უფრო მკაფიო სურათისთვის, შევხედოთ სოლომონ აშის კლასიკურ ექსპერიმენტს კონფორმიზმის შესახებ. გავიხსენოთ, რომ ამ კვლევაში სტუდენტს დაავალეს შეედარებინა რამდენიმე სხვადასხვა ზომის ხაზი ერთმანეთისთვის. დავალება მარტივი იყო, მაგრამ სხვა სტუდენტებმა (რომლებიც სინამდვილეში ექსპერიმენტატორის მოკავშირეები იყვნენ) წინასწარგანზრახვით არასწორად უპასუხეს. ამ სიტუაციაში, ცდის პირების დიდი ნაწილი ემორჩილებოდა ნაგულისხმევ ჯგუფურ გავლენას და თვითონაც არასწორად პასუხობდა. რასაკვირველია, ეს ექსპერიმენტი ტყუილზეა აგებული. ცდის პირები თვლიდნენ, რომ აღქმის ექსპერიმენტში მონაწილეობდნენ, მაგრამ სინამდვილეში კვლევა კონფორმულობას შეისწავლიდა. აუცილებელი იყო თუ არა ტყული? ვფიქრობ, კი. მოდით, წარმოვიდგინოთ ეს ექსპერიმენტი ტყულის გარეშე: თქვენ ექსპერიმენტის ცდის პირი ხართ და ექსპერიმენტატორი გეუბნებათ, "მე ვიკვლევ, გამოიჩენთ თუ არა კონფორმულობას და დაემორჩილებით თუ არა ჯგუფის ზეწოლას." შემდეგ კი მოსდევს ზემოთხსენებული ექსპერიმენტის პროცედურა. მე ვფიქრობ, რომ თქვენ არ იქნებით კონფორმული. ვფიქრობ, რომ არავინ იქნება კონფორმული ამ სიტუაციაში, რადგან კონფორმულობა სუსტ და არამიმზიდველ ქცევად ითვლება. რა უნდა დაასკვნას ექსპერიმენტატორმა აქედან? - რომ ადმიანები არაკონფორმისტები არიან? ამგვარი დასკვნა მცდარი იქნება. ასეთი ექსპერიმენტი არაფერში გამოგვადგება. გავიხსენოთ მილგრემის ექსპერიმენტი მორჩილების შესახებ. მან აღმოაჩინა, რომ მის ექსპერიმენტში მონაწილე მოქალაქეთა დაახლოებით 65 პროცენტი მზად იყო, დამორჩილებოდა ექსპერიმენტატორის ნათქვამს და მეორე ადამიანისთვის ელექტროშოკით დარტყმა მიეყენებინა. და მაინც, ყოველწლიურად, როდესაც ჩემს სტუდენტებს ვუხსნი ამ ექსპერიმენტის სიტუაციას და ვეკითხები, თვითონ ისინი დაემორჩილებოდნენ თუ არა ექსპერიმენტატორის ბრძანებას, მხოლოდ 1 პროცენტი ამბობს, რომ დაემორჩილებოდა. ნიშნავს ეს იმას, რომ ჩემი სტუდენტები უკეთესები არიან, ვიდრე მილგრემის ცდის პირები? ასე არ ვფიქრობ. ჩემი აზრით, ეს იმას ნიშნავს, რომ თუ ადამიანებს მიეცემათ შესაძლებლობა, ისინი მუდამ ცდილობენ, უკეთესად წარმოადგინონ თავი. ამგვარად, მილგრემს რომ ტყუილი არ გამოეყენებინა, მისი შედეგები სრულიად განსხვავებული გამოვიდოდა და არ ასახავდა ადამიანთა ქცევას რეალურ სიტუაციაში. თუ ადამიანებს საშუალებას მივცემთ, რომ მოიცადონ, დაფიქრდნენ და გამოიცნონ, როგორია საუკეთესო საქციელი მოცემულ სიტუაციაში, იმის სურათს კი არ მივიღებთ, როგორები არიან ადამიანები, არამედ იმისას, როგორები სურთ მათ, რომ იყვნენ. ეთიკური პრობლემები ტყუილი შეიძლება იყოს საუკეთესო (და ალბათ, ერთადერთი) გზა საჭირო ინფორმაციის მისაღებად, როგორ მოიქცევიან ადამიანები რთულ და მნიშვნელოვან სიტუაციებში, მაგრამ ის ნამდვილად აჩენს სერიოზულ ეთიკურ პრობლემებს. ასეთი პრობლემა, ძირითადად, სამია. 1. უბრალოდ, არაეთიკურია ადამიანების მოტყუება. ეს კიდევ უფრო მნიშვნელოვანი გახდა უოთერგეიტის[6] შემდგომ პერიოდში, როდესაც გამომჟღავნდა, რომ სამთავრობო სამსახურები უკანონოდ უსმენდნენ მოქალაქეების საუბრებს; რომ პრეზიდენტები ატყუებდნენ საკუთარ ამომრჩეველ ხალხს; რომ პრეზიდენტის უშუალო ხელქვეითები იყენებდნენ ბინძურ მეთოდებს, ყალბ წერილებს, გაყალბებულ დოკუმენტებს და ა. შ. როგორ შეუძლია სოციალურ მეცნიერებას, გაამართლოს ტყუილის დამატება მთელი ამ არსებული სიყალბისადმი? 2. ამგვარ ტყუილს ხშირად მივყავართ პირად ცხოვრებაში ჩარევამდე. როდესაც ცდის პირებმა არ იციან, რას სწავლობს სინამდვილეში ექსპერიმენტატორი, ისინი ვერ მისცემენ ინფორმირებულ თანხმობას. მაგალითად, ზოგიერთი ცდის პირი არაფრით დათანხმდებოდა აშის ექსპერიმენტში მონაწილეობას, წინასწარ რომ სცოდნოდა, რომ აში მათ კონფორმულობის მიდრეკილებას შეისწავლიდა და არა აღქმას. 3. ექსპერიმენტის პროცედურები ხშირად გულისხმობს უსიამოვნო გამოცდილებას, როგორიცაა ტკივილი, მოწყენილობა, შფოთვა და სხვა. აქვე უნდა დავამატო, რომ ეთიკური პრობლემები მაშინაც ჩნდება, როცა ტყუილი არაა გამოყენებული და ექსპერიმენტიც არაა რამენაირად ექსტრემალური. ყველაზე უფრო კეთილშობილურ პროცედურებსაც კი შეუძლია ზოგიერთ ცდის პირზე ისეთი გავლენის მოხდენა, რომელსაც წინასწარ ვერაფრით გავთვლიდით – თვით ყველაზე ყურადღებიან და მზრუნველ ექსპერიმენტატორებსაც ემართებათ ხოლმე ასეთი რამ. განვიხილოთ ექსპერიმენტების სერია, რომელიც რობინ დოუსმა, ჯინ მაკტავიშმა და ჰარიეტ შეკლიმ (Robyn Dawes, Jeanne McTavish, Harriet Shaklee) განახორციელეს. ისინი "სოციალურ დილემებს" იკვლევდნენ, როდესაც ცდის პირებმა უნდა გადაწყვიტონ, თანამშრომლობა ურჩევნიათ, თუ "დეზერტირობა". თუ ყველა ითანამშრომლებს, ფინანსურად ისარგებლებს ყველა; მაგრამ თუ ერთმა ან რამდენიმე მათგანმა მაინც თქვა უარი თანამშრომლობაზე, ისინი მაღალ ანაზღაურებას იღებენ, ისინი კი, ვინც თანამშრომლობა აირჩია, დიდ ფინანსურ დანაკარგს განიცდიან. პასუხები ანონიმურია და ანონიმური რჩება მთელი კვლევის განმავლობაში. თამაშის წესებს უხსნიან ყველა მონაწილეს ექსპერიმენტის დასაწყისშივე. აქ ტყუილი არ გამოიყენება. მთელი სცენარი, ერთი შეხედვით, უწყინარია. ერთი ექსპერიმენტული სესიიდან 24 საათის გასვლის შემდეგ ხნიერმა მამაკაცმა დაურეკა ექსპერიმენტატორს. ის ერთადერთი დეზერტირი იყო თავისი ჯგუფიდან, რომელმაც 190$ მოიგო. მას უნდოდა, რომ მოგებული ფული დაებრუნებინა და დანარჩენი მონაწილეებისთვის გაეყო (რომლებმაც თანამშრომლობა არჩიეს და თითოეულმა მხოლოდ 1$ მოიგო). საუბარში გამოირკვა, რომ ის თავს ძალიან ცუდად გრძნობდა საკუთარი სიხარბის გამო, რომ მთელი ღამე არ ეძინა და ა.შ. ასეთივე ექსპერიმენტის შემდეგ ერთი ქალი, რომელმაც თანამშრომლობა აირჩია, ხოლო ყველა დანარჩენმა – დეზერტირობა, ამბობდა, რომ აქამდე ძალიან გულუბრყვილო იყო და ახლა ისწავლა, რომ ადამიანების ნდობა არ შეიძლება. მიუხედავად გულდასმით დაგეგმვისა, ექსპერიმენტები მაინც ახდენენ ცდის პირებზე ძლიერ გავლენას, რომლის წინასწარ გათვლა შეუძლებელია. მე განზრახ ავირჩიე დოუსის, მაკტავიშის და შეკლის ექსპერიმენტები, რადგან მათში ტყუილი არ არის და ამიტომ ეთიკის კოდექსს არ არღვევს. რასაც ვამბობ, მარტივია, მაგრამ მნიშვნელოვანი: არცერთ ეთიკის კოდექსს არ შეუძლია ყველა პრობლემის წინასწარ განსაზღვრა, განსაკუთრებით ეს ეხება პრობლემებს, როდესაც ცდის პირები რაიმე უსიამოვნოს იგებენ საკუთარი თავის ან სხვების შესახებ. სოციალურ ფსიქოლოგებს ექსპერიმენტების ჩატარების ეთიკური მხარე სწორედ იმიტომ აწუხებთ ასე ძალიან, რომ მათი სამუშაო ეთიკურ დილემაზეა აგებული. ახლავე აგიხსნით: ეს დილემა ემყარება ორ საპირისპირო ღირებულებას, რომლებსაც სოციალურ ფსიქოლოგთა უმრავლესობა იყენებს. ერთ მხარესაა თავისუფალი სამეცნიერო კვლევის ღირებულება, ხოლო მეორე მხარეს – ადამიანური ღირსება და პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლება. ეს დილემა რეალურად არსებობს და შეუძლებელია მისი უგულებელყოფა. არ შეიძლება, დავიცვათ მხოლოდ ადამიანთა ღირსება, ან მხოლოდ სამეცნიერო მიზნები. სოციალური ფსიქოლოგები ამ პრობლემას აწყდებიან ყოველთვის, როცა გეგმავენ და ატარებენ ექსპერიმენტს. არ არსებობს კონკრეტული და უნივერსალური წესები, რომლებიც ყველა ექსპერიმენტის შემთხვევაში გამოდგება. ცხადია, რომ ზოგიერთი ექსპერიმენტული ტექნიკა მეტ პრობლემას ქმნის, ვიდრე სხვები. ძირითადად, ექსპერიმენტები, რომლებიც ტყუილზეა აგებული, ყველაზე პრობლემურია, რადგან თვით ტყუილის აქტია გასაკიცხი, მაშინაც კი, როცა ტყუილი ჭეშმარიტების დადგენის მიზნებს ემსახურება. პროცედურები, რომლებიც იწვევს ტკივილს, შერცხვენას, დანაშაულის განცდას ან სხვა მძაფრ გრძნობებს, აშკარად იწვევს ეთიკურ პრობლემებს. უფრო ფაქიზი, მაგრამ ასევე მნიშვნელოვანი პრობლემები ჩნდება, როცა ცდის პირები საკუთარ თავში აღმოაჩენენ თვისებას, რომელიც არაა სასიამოვნო და პოზიტიური. გაიხსენეთ ცდის პირების გამოცდილება დოუსის, მაკტავიშის და შეკლის ექსპერიმენტიდან. სოლომონ აშის ბევრმა ცდის პირმაც ექსპერიმენტიდან გაიგო, რომ კონფორმულები არიან ჯგუფის გავლენისადმი. ჩვენს საკუთარ ექსპერიმენტში (არონსონი და მეთი) ბევრმა ცდის პირმა შეიტყო, რომ კარტის თამაშისას მოწინააღმდეგის მოტყუება შეუძლიათ. მილგრემის ცდის პირებმა გაიგეს, რომ დაემორჩილებიან ავტორიტეტს მაშინაც კი, თუ ეს მორჩილება სხვა ადამიანებს ზიანს მოუტანს. შეიძლება, ვიკამათოთ, ამგვარი აღმოჩენები ცდის პირებისთვის თერაპიული ან საგანმანათლებლო სარგებლობის მომტანია თუ არა. ბევრმა ცდის პირმა თავადაც ჩათვალა ასე, მაგრამ ეს მაინც არ ამართლებს ამ პროცედურებს. სხვა რომ არაფერი, საიდან უნდა ვიცოდეთ ექსპერიმენტის დაწყებამდე, რომ მის შედეგებს თერაპიული დანიშნულება ექნება? ნებისმიერი მეცნიერისთვის ზედმეტი ამპარტავნობა იქნება, თუ ის გადაწყვეტს, რომ შეუძლია თერაპიული ჩარევა ადამიანების ცხოვრებაში მათი წინასწარი თანხმობის გარეშე. თუ ამ პრობლემებს გავითვალისწინებთ, შეგვიძლია, ვთქვათ, რომ სოციალურ-ფსიქოლოგიური კვლევის მიზნები ამართლებს საშუალებებს? ეს საკამათოა. ზოგი ამტკიცებს, რომ რაც არ უნდა იყოს მეცნიერების მიზნები და მიღწევები, ისინი არაფრად ღირს, თუ ადამიანს ვატყუებთ, ან დისკომფორტს ვუქმნით. ამის საპირისპიროდ, სხვები ამტკიცებენ, რომ სოციალური ფსიქოლოგების აღმოჩენები მთელ კაცობრიობას დიდ სარგებლობას მოუტანს, ამიტომ, ამ შედეგების მიღება თითქმის ნებისმიერ ფასად ღირს. ჩემი საკუთარი პოზიცია სადღაც ამათ შორისაა. მჯერა, რომ სოციალური ფსიქოლოგია, როგორც მეცნიერება, მნიშვნელოვანია, მაგრამ ასევე მჯერა, რომ ცდის პირების ჯანმრთელობა და კეთილდღეობა მუდამ დაცული უნდა იყოს. თითოეული კონკრეტული ექსპერიმენტის დაგეგმვისას, როცა მისი ეთიკურობა უნდა შევაფასოთ, ჩემი აზრით, მართებულია დანახარჯი-სარგებლობის ანალიზის გაკეთება. ესე იგი, ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ, რამდენი სიკეთის მოტანა შეუძლია ამ ექსპერიმენტს და რამდენი ზიანი მიადგებათ ცდის პირებს. სხვაგვარად რომ ვთქვათ, მეცნიერების და საზოგადოების სარგებლობა უნდა შევადაროთ ცდის პირებისთვის მიყენებულ ზიანს და ეს შეფარდება მივიღოთ მხედველობაში დასკვნის მიღებისას. სამწუხაროდ, ამგვარი შედარება ძნელი გასაკეთებელია, რადგან ვერასოდეს ვიქნებით დარწმუნებულები ვერც სარგებლობის და ვერც ზიანის თაობაზე, სანამ ექსპერიმენტი არ ჩატარდება. წარმოვიდგინოთ მორჩილების შესახებ ექსპერიმენტი. თავიდანვე უეჭველი იყო, რომ რთული პროცედურა იქნებოდა. მაგრამ, მილგრემს ვერაფრით ეცოდინებოდა, ზუსტად რამდენად რთული, ვიდრე ექსპერიმენტს არ დაიწყებდა. ჩემი აზრით, ეს ძალიან მნიშვნელოვანი ექსპერიმენტი იყო; მან ბევრი რამ გაგვაგებინა ადამიანის ქცევაზე; საბოლოო ჯამში, მე მოხარული ვარ, რომ მილგრემმა გადაწყვიტა მისი ჩატარება. თუმცა, ამ საკითხში ყველა არ მეთანხმება. ეს ექსპერიმენტი ჩატარებისთანავე გააკრიტიკეს ეთიკური მოსაზრებების გამო, პოპულარულმა პრესამაც და სერიოზულმა მეცნიერებმაც. ექსპერიმენტის შედეგების გამოქვეყნებიდან რამდენიმე წლის შემდეგ სტენლი მილგრემმა საიდუმლოდ გამანდო – სევდიანად და მწარედ – რომ, მისი აზრით, კრიტიკის ეს ტალღა მის ექსპერიმენტში გამოყენებული პროცედურის კი არა, მისი მიღებული შედეგების გამო აგორდა. ეს საინტერესო საკითხია: ახსენებდნენ თუ არა კრიტიკოსები მილგრემის ექსპერიმენტის ეთიკურ პრობლემას, არცერთ მის ცდის პირს ზომიერზე მეტი ინტენსივობის შოკი რომ არ გამოეყენებინა? ათიოდე წლის შემდეგ ლეონარდ ბიკმანმა და მეთიუ ზარანტონელომ (Leonard Bickman, Matthew Zarantonrllo) აღმოაჩინეს, რომ მილგრემის მიხვედრა ზუსტი იყო. მათ მარტივი ექსპერიმენტი ჩაატარეს, რომლის დროსაც 100 ადამიანს სთხოვეს, წაეკითხათ მილგრემის ექსპერიმენტის პროცედურის აღწერა. იმ ადამიანებმა, რომლებსაც უთხრეს, რომ მილგრემის ცდის პირთა მაღალი პროცენტული რაოდენობა დაემორჩილა ექსპერიმენტატორს, გაცილებით უფრო მეტი ზიანის მომტანად შეაფასეს ეს პროცედურა (და, შესაბამისად, ნაკლებად ეთიკურად), ვიდრე იმ ადამიანებმა, რომელთაც უთხრეს, რომ ექსპერიმენტატორს თითქმის არავინ დაემორჩილა. საზოგადოდ, ვიტყოდი, რომ ნებისმიერი ექსპერიმენტის ეთიკა ნაკლებად პრობლემატურად ჩაითვლება, როცა მისი შედეგები რამე სასიამოვნოს გვეუბნება ადამიანის ბუნების შესახებ, ვიდრე როცა რამე ისეთს ვიგებთ, რის გაგებაც არ გვინდა. ეს, რასაკვირველია, არ ნიშნავს, რომ ჩვენი კვლევები მხოლოდ სასიამოვნო ამბების აღმოჩენით უნდა შემოიფარგლოს! მილგრემის მორჩილების ექსპერიმენტი ამ მხრივ საუკეთესო მაგალითია. მჯერა, რომ როდესაც მეცნიერი იკვლევს, რამდენად შეუძლია ადამიანს სხვისთვის ზიანის მიყენება ავტორიტეტისადმი ბრმა მორჩილების პირობებში, ამის გაკეთება გარკვეული დისკომფორტის გარეშე შეუძლებელია. საბოლოო ჯამში, სოციალური ფსიქოლოგის გადაწყვეტილება, ჩაატაროს თუ არა რაიმე კონკრეტული ექსპერიმენტი, დამოკიდებულია ამ ექსპერიმენტის პოტენციური ზიანის და სარგებლობის შეფასებაზე. როდესაც ჩემს სტუდენტებს გადასაწყვეტი აქვთ, ჩაატარონ თუ არა ექსპერიმენტი, ვურჩევ, გაითვალისწინონ ეს ხუთი რჩევა. 1. თუ შესაძლებელია, თავი უნდა ავარიდოთ პროცედურებს, რომლებიც იწვევს ძლიერ ტკივილს ან ინტენსიურ დისკომფორტს. ზოგიერთი ჰიპოთეზის შემოწმება გარკვეული დისკომფორტის გარეშე შეუძლებელია. 2. ექსპერიმენტატორებმა უნდა მისცენ ცდის პირებს რეალური საშუალება, შეწყვიტონ ექსპერიმენტი, თუ მათი დისკომფორტი ძალიან ძლიერია. 3. ექსპერიმენტატორებმა უნდა მოიფიქრონ, არსებობს თუ არა ტყუილის თავიდან არიდების საშუალება. თუ რაიმე სხვა პროცედურის მოფიქრება შესაძლებელია, ტყუილზე უარი უნდა თქვან. 4. ექსპერიმენტატორებმა ექსპერიმენტის დასრულების შემდეგ დიდი დრო უნდა დაუთმონ თითოეულ ცდის პირს, დაწვრილებით აუხსნან მას ექსპერიმენტის დეტალები, მისი ნამდვილი მიზანი, ტყუილის და დისკომფორტის მიზეზები და ასე შემდეგ. კვლევის შემდგომი ინტერვიუს დროს მათ უნდა დაიცვან ცდის პირების ღირსება, არ აგრძნობინონ მათ თავი სულელად ან გულუბრყვილოდ, რადგან ტყუილი დაიჯერეს. ისინი უნდა დარწმუნდნენ, რომ ცდის პირები კარგ განწყობაზე რჩებიან – მოსწონთ საკუთარი თავი და საკუთარი როლი ექსპერიმენტში. ამას მიაღწევს ნებისმიერი ექსპერიმენტატორი, რომელიც დახარჯავს დროს და ენერგიას იმისთვის, რომ გულწრფელად გადაუხადოს მადლობა თითოეულ ცდის პირს (ინფორმაციის მიწოდებით და პატივისცემის გამოხატვით) ექსპერიმენტში შესრულებული მნიშვნელოვანი როლისთვის. 5. ბოლოს, ექსპერიმენტატორმა არ უნდა ჩაატაროს ექსპერიმენტი, რომელშიც ტყუილი და დისკომფორტი "უმიზნოდ და უმიზეზოდაა" გამოყენებული. ექსპერიმენტატორი ლაბორატორიაში შესვლამდე დარწმუნებული უნდა იყოს, რომ მისი ექსპერიმენტი კარგად მოფიქრებული და ღირებულია – ის ეძებს პასუხს მნიშვნელოვან შეკითხვაზე და ამას აკეთებს გულდასმით და კარგად ორგანიზებულად. სოციალურ ფსიქოლოგიაში ექსპერიმენტატორები ცდილობენ, რაც შეიძლება, მეტი ყურადღება გამოიჩინონ ცდის პირების საჭიროებების მიმართ. ბევრი ექსპერიმენტი შეიცავს ისეთ პროცედურებს, რომლებიც გარკვეულ დისკომფორტს გულისხმობს, ამ პროცედურების უმრავლესობაში არსებობს ცდის პირების დამცავი საშუალებებიც. დავუბრუნდეთ ისევ ექსპერიმენტს მორჩილებაზე, რადგან მისი მონაწილეების აზრით, ის ამ წიგნში აღწერილ პროცედურათაგან ყველაზე უფრო სტრესულია. აშკარაა, რომ მილგრემი ბევრს მუშაობდა, რომ ცდის პირთათვის აეხსნა ექსპერიმენტის შინაარსი და ის მათთვის საინტერესო და სასარგებლო გაეხადა. ისიც ნათელია, რომ მისმა ძალისხმევამ საკმაო წარმატება მოუტანა: ექსპერიმენტიდან რამდენიმე კვირის შემდეგ ცდის პირთა 84 პროცენტი ამბობდა, რომ მოხარული იყო ექპსერიმენტში რომ მიიღო მონაწილეობა; 15 პროცენტი ნეიტრალურად იყო განწყობილი; მხოლოდ ერთი პროცენტი აცხადებდა, რომ ნანობდა ექსპერიმენტში მონაწილეობას (თუმცა, ამ მონაცემებს სიფრთხილით უნდა მოვეკიდოთ. მეხუთე თავში კოგნიტური დისონანსის განხილვისას ვნახეთ, რომ ადამიანები ხშირად ამართლებენ საკუთარ ქცევას უკვე ჩამოყალიბებული დამოკიდებულებების შეცვლით). უფრო დამაჯერებელი მტკიცებულებები შემდეგ კვლევაშია: ექსპერიმენტის პროგრამის დასრულებიდან ერთი წლის შემდეგ უნივერსიტეტის ფსიქიატრმა გამოკითხა შემთხვევითად შერჩეული ცდის პირები და საზიანო შედეგების ფაქტები ვერ აღმოაჩინა. ცდის პირთა ტიპური პასუხი იყო, რომ ექსპერიმენტში მონაწილეობა ჭკუის სასწავლებელი და გამოცდილების გამამდიდრებელი იყო. ჩვენი ვალი ცდის პირთა მიმართ. ამ თავში განვიხილე ექსპერიმენტული მეთოდის უპირატესობები და ვაჩვენე, რამდენად რთული და პრობლემურია ლაბორატორიული ექსპერიმენტის დიზაინი სოციალურ ფსიქოლოგიაში. ამას გარდა, გაგიზიარეთ ის აღფრთოვანებაც, რასაც განვიცდი სირთულეების დაძლევისას, ვიმსჯელეთ ჩვენი ექსპერიმენტების ცდის პირების კეთილდღეობის უზრუნველყოფის გზებზე და მათთვის ექსპერიმენტის მიზნის ახსნის საჭიროებაზე. წიგნის პირველ რვა თავში აღწერილი ცოდნა, ინფორმაცია და ვარაუდები ადამიანის სოციალური ქცევის შესახებ ემყარება ამ თავში განხილულ ტექნიკასა და პროცედურებს. ისინი, ასევე, ემყარება ათიათასობით ადამიანის თანამშრომლობას, რომლებმაც ნება დაგვრთეს, შეგვესწავლა მათი ქცევა ლაბორატორიებში მთელი მსოფლიოს მასშტაბით. მათგან ძალიან ვართ დავალებული. ჩვენ მიერ ადამიანის ბუნების მთელი თავისი სირთულით ამოცნობა დამოკიდებულია ქცევის შესასწავლი ტექნიკის გამოგონებაზე, რომელიც კარგად იქნება გაკონტროლებული და იმოქმედებს იმ ადამიანთა ღირსების შელახვის გარეშე, რომლებიც ხელს გვიწყობენ ამ ცოდნის მიღებაში, როგორც ექსპერიმენტის ცდის პირები. რა მოხდება, თუ ჩვენს აღმოჩენებს არასწორად გამოიყენებენ? არსებობს კიდევ ერთი, დამატებითი ეთიკური მოსაზრება: მეცნიერის მორალური პასუხისმგებლობა საკუთარ აღმოჩენაზე. ამ წიგნში განვიხილავდი დარწმუნებისთვის საჭირო რამდენიმე პირობას. მეხუთე თავში განვიხილე თვითშთაგონების რამდენიმე ტექნიკა, შემდეგ თავებში კი ვიმსჯელე ამ ტექნიკების გამოყენებასა და შედეგებზე. თვითშთაგონება ძალიან ძლიერია, რადგან დარწმუნების ობიექტმა არასოდეს იცის, რა არის მისი მიზეზი. ისინი იჯერებენ, რომ რაღაც ფაქტი ჭეშმარიტია, არა იმიტომ, რომ ჯ. რობერტ ოპენჰაიმერმა[7], ან ტ. ს. ელიოტმა, ან "მხარბეჭიანმა" ჯომ დაარწმუნა მის ჭეშმარიტებაში, არამედ იმიტომ, რომ თავად დაარწმუნეს საკუთარი თავი. ამას გარდა, მათ ხშირად ისიც არ იციან, რატომ ან როგორ დაიჯერეს ეს. ამის გამოა ეს ფენომენი არა მხოლოდ ძლიერი, არამედ შიშისმომგვრელიც. როდესაც ვიცი, რატომ დავიჯერე X, შედარებით თავისუფლად შემიძლია შევიცვალო აზრი, მაგრამ თუ მხოლოდდამხოლოდ ის ვიცი, რომ X ჭეშმარიტებაა და მეტი არაფერი, მე უფრო მეტად ვეჭიდები ამ რწმენას, გადამარწმუნებელი ფაქტების არსებობის შემთხვევაშიც კი. ჩემ მიერ აღწერილი მექანიზმები შეიძლება გამოვიყენოთ, რომ ადამიანები ვაიძულოთ, გაიხეხონ კბილები, შეწყვიტონ უმცროსების დამცირება, შეამცირონ ტკივილი, ან შეიყვარონ მეზობლები. ბევრმა შეიძლება ჩათვალოს, რომ ეს შედეგები კარგია, მაგრამ ისინი მანიპულაციურია. იგივე მექანიზმები შეიძლება გამოყენებულ იქნას იმისათვის, რომ ვაიძულოთ ადამიანები, იყიდონ გარკვეული მარკის კბილის პასტა, ან ხმა მისცენ გარკვეულ პოლიტიკურ კანდიდატს. ჩვენს ეპოქაში, როდესაც მრავლად არიან პოლიტტექნოლოგები, პროპაგანდისტები, ვაჭრები, ამორალური არ არის სოციალური გავლენის მძლავრი ტექნიკის გამოყენება? ამ წიგნის მკითხველმა უკვე იცის, რომ, როგორც რეალურ სამყაროში მცხოვრებ რეალურ ადამიანს, ბევრი ღირებულება მაქვს და არც ვმალავ მათ. ისინი თვალსაჩინოდაა გამოფენილი. მაგალითად, მინდა ფანატიზმის და ბოროტების მოსპობა. ძალაუფლება რომ მქონდეს, ყველაზე ჰუმანურ და ეფექტურ მეთოდებს გამოვიყენებდი ამ მიზნის მისაღწევად, რაც კი გამაჩნია. ისიც ვიცი, რომ თუ ეს მეთოდები განვითარდება, სხვებსაც შეეძლებათ მათი გამოყენება ისეთი მიზნების მისაღწევად, რომლებსაც მე არ ვეთანხმები. ეს ძალიან მადარდებს. ისიც ვიცი, რომ თქვენ, შეიძლება, არ იზიარებდეთ ჩემს ღირებულებებს. ამიტომ, თუ თქვენც აღიარებთ ამ ტექნიკის სიძლიერეს, უნდა გაწუხებდეთ ეს. ამავე დროს, ახლავე უნდა აღვნიშნო, რომ ჩემს მიერ ამ ფურცლებზე აღწერილი ფენომენები სრულებითაც არაა ახალი. სოციალური ფსიქოლოგი არ ყოფილა ის, ვინც მისტერ ლანდრი მარლბოროს ანკესზე წამოაგო, ან ვინც სარეკლამო მიზნებისთვის ფასდაკლების სისტემა გამოიგონა; არც ის ყოფილა სოციალური ფსიქოლოგი, ვინც ლეიტენანტი კელი აიძულა, ვიეტნამელი მოქალაქეების უმიზნო ხოცვა-ჟლეტა გაემართლებინა. მათ თვითონ, დაუხმარებლადაც მოახერხეს ეს. სოციალური ფსიქოლოგები ცდილობენ, გაიგონ ეს ფენომენები და უამრავი სხვა, რომლებიც ყოველდღიურად ხდება მსოფლიოში – ზოგიერთი მათგანი ჯერ კიდევ იმ დროიდან იღებს სათავეს, დედამიწაზე მცხოვრებმა პირველმა ორმა ადამიანმა რომ დაიწყო ურთიერთობა. ამ ფენომენების გაგებით სოციალური ფსიქოლოგები შეძლებენ, დაეხმარონ ადამიანებს პროცესების და მათი მოსალოდნელი შედეგების გაგებაში; შედეგად, შესაძლებელი გახდება, რომ ადამიანებმა თავად თქვან უარი გარკვეული ქცევების შესრულებაზე, თუ თვითონ გადაწყვეტენ, რომ ეს ქცევები დისფუნქციურია. მხოლოდ იმ ფაქტის ცოდნა, რომ ის ფენომენები, რომლებსაც ჩვენ, სოციალური ფსიქოლოგები ვიკვლევთ, არაა ჩვენი შექმნილი, მორალური პასუხისმგებლობისგან არ გვათავისუფლებს. ხშირად, სწორედ ჩვენი სამუშაო სძენს ფორმას ამ ფენომენებს და გადააქცევს მათ კარგად სტრუქტურირებულ და ადვილად გამოსაყენებელ ტექნიკად. ყოველთვის არსებობს საფრთხე, რომ ზოგიერთი ადამიანი ამ ტექნიკას დახვეწს და გამოიყენებს საკუთარი მიზნებისათვის. დემაგოგის მიერ ამ ტექნიკის გამოყენებას შეუძლია, ჩვენი საზოგადოება ორუელისეულ[8] კოშმარად აქციოს. არ ვაპირებ, რომ ზოგადად სოციალურ ფსიქოლოგთა პასუხისმგებლობებზე ვიქადაგო. ყველაზე კარგად ჩემი საკუთარი პასუხისმგებლობა მაქვს გაცნობიერებული. მოკლედ რომ ვთქვათ, მათი ვალია, გააგებინონ საზოგადოებას, როგორ შეიძლება ამ ტექნიკის გამოყენება და ყურადღებით იყვნენ, რომ არ მოხდეს მათი ბოროტად გამოყენება; მე კი ვაგრძელებ კვლევას, რომ მეტი გავიგოთ საკუთარი თავის, როგორც სოციალური ცხოველის შესახებ – როგორ ვფიქრობთ, როგორ ვიქცევით, რა იწვევს ჩვენში აგრესიას, რა იწვევს სიყვარულს. გულახდილად ვამბობ, რომ უფრო საინტერესო და უფრო მნიშვნელოვანი საქმე ვერ წარმომიდგენია. [1] ჯიმ ჯოუნსი (1931–1978) იყო სახალხო ტაძრის დამაარსებელი და ლიდერი. ჯოუნსტაუნი (ასევე, ცნობილი, როგორც სახალხო ტაძრის სამეურნეო პროექტი) კი სამხრეთ ამერიკის ჩრდილო სანაპიროზე მდებარე სუვერენულ შტატ გაიანაში შექმნილი თემური დასახლება გახლდათ, რომელიც ასევე, ჯოუნსმა დააარსა. როგორც ჯოუნსტაუნის, ისე სახალხო ტაძრის კონცეფცია სოციალისტურ იდეალებს ეფუძნებოდა; ჯოუნსს უნდოდა, სამყაროსაგან იზოლირებული, "წმინდათაწმინდა" სივრცე შეექმნა. და მართლაც – როგორც ნამდვილ კომუნისტურ სახელმწიფოებში, სახალხო ტაძრის წევრებს ჯოუნსტაუნიდან გასვლა ეკრძალებოდათ. 1978 წელს იქ მომხდარი ინციდენტი შეფასებულია, როგორც ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური თვითმკვლელობა ჯგუფურ თვითმკვლელობათა შორის. ხოლო 2011 წლის 11 სექტემბრამდე, ის, აგრეთვე, მიიჩნეოდა არა ბუნებრივი სტიქიების შედეგად მიღებულ მშვიდობიან მოქალაქეთა ყველაზე მასობრივ დანაკარგად ამერიკის ისტორიაში (აქ და შემდგომ: მოცემული აღნიშვნით გაკეთებული კომენტარები ეკუთვნის მთარგმნელს). [2] ჯეიმს ალბერტ მიჩენერი (James Albert Michener; 1907 – 1997) – ამერიკელი მწერალი, რომელიც 40-ზე მეტი წიგნის ავტორია. მისი ნაწარმოებების დიდი ნაწილი საგას ჟანრშია, რომელიც სხვადასხვა გეოგრაფიულ ტერიტორიაზე მცხოვრები არაერთი თაობის ცხოვრების შესახებ ჰყვება და რეალური ისტორიული ფატქტებითაა გაჯერებული. [3] რედაქტორის შენიშვნა: კოლეჯი იგივეა, რაც უმაღლესი განათლების საბაკალავრო დონე. [4] სამხედრო ოპერაცია 1960 წელს, რომელიც აშშ-ს მთავრობამ კუბაში ფიდელ კასტროს მთავრობის დასამხობად წამოიწყო. [5] რედაქტორის შენიშვნა: პოპულარული საბავშვო ამერიკული სერიალი. [6] რედაქტორის შენიშვნა: უოთერგეითი არის დემოკრატების ეროვნული სათაო ოფისი ვაშინგტონში, კოლუმბიის ოლქში, აშშ. მასთანაა დაკავშირებული მეოცე საუკუნის 70-იანი წლების პოლიტიკური სკანდალი, რასაც პრეზიდენტ ნიქსონის გადადგომა მოყვა თან. [7] ცნობილი ამერიკელი ფიზიკოსი (1904–1967), ატომური ბომბის ერთ-ერთი შემქმნელი (ქ. თ.) [8] რედაქტორის შენიშვნა: ჯორჯ ორუელი, ცნობილი ამერიკელი მწერალი. ლიტერატურა: ელიოტ არონსონი, "სოციალური ცხოველი" (I და IX თავები), მთარგმნ.: ქეთევან თოდაძე, ანა მაყაშვილი, ესმა ბერიკიშვილი. რედ.: ნინო ჯავახიშვილი …
დაამატა ლაშა to ფსიქოლოგია at 10:49am on სექტემბერი 3, 2015
თემა: ფრანსუაზ საგანი - სალამი სევდავ (გაგრძელება)
ა მთელ სიცოცხლეს გამიმწარებს-მეთქი. სირილის ნახვას არ ვცდილობდი, თორემ იგი ალბათ დამამშვიდებდა, რაღაც სიხარულს მაგრძნობინებდა, ეს კი მე სულაც არ მსურდა. გადაუწყვეტელ საკითხებზე ფიქრი, წარსულ დღეთა მოგონება, მომავლის შიში ერთგვარ სიამოვნებასაც კი მგვრიდა. ძალიან ცხელოდა. ოთახში თითქმის ბნელოდა, დარაბები დახურული იყო, მაინც არაფერი მშველოდა. მძიმე, ნესტიანმა ჰაერმა აუტანლად მომთენთა. ლოგინზე გავწექი და თავი უკან გადავაგდე, თვალები ჭერს მივაპყარი, დროდადრო ოდნავ შევინძრეოდი, ზეწარზე გრილ ადგილს ვეძებდი. არ მეძინა და მაინც გამოსაფხიზლებლად რადიომიმღებზე ფირფიტებს ვდებდი საწოლის ფეხთან. ნელი, უმელოდიო, მონოტონური მუსიკა ისმოდა ოთახში. უსასრულოდ ვაბოლებდი. დეკადენტად წარმომედგინა თავი და ეს მომწონდა. თავის მოსატყუებლად ვერც ამ თამაშმა მიშველა: ნაღვლიანი, გზააბნეული გამოვიყურებოდი ალბათ.       ერთ ნაშუადღევს მოახლემ კარზე მომიკაკუნა და იდუმალი სახით მაცნობა, ქვემოთ ვიღაც გიცდითო. მაშინვე ვიფიქრე, სირილია-მეთქი. ჩავედი. არა, სირილი არ იყო, ელზა მოსულიყო. გულთბილად ჩამომართვა ხელი. შევხედე და სახტად დავრჩი: ძალიან გალამაზებულიყო. როგორც იქნა, მზე მოჰკიდებოდა, ნამზეური ზომიერად, ლამაზად დასდებოდა და ამ სუფთა, ახალგაზრდა ქალის ნახვა ნამდვილად გესიამოვნებოდათ.   - ჩემოდნების წასაღებად მოვედი, – მითხრა მან, – ჟუანმა ამ დღეებში რამდენიმე კაბა მიყიდა, მაგრამ არ მყოფნის.       ერთი კი გავიფიქრე, ნეტა ჟუანი ვინ არის-მეთქი, მაგრამ დიდხანს არ მიმტვრევია თავი. ელზას ნახვა ძალიან გამიხარდა: თან მოიტანა ლუდხანის თავშესაქცევი საღამოების სურნელი და ბედნიერი დღეები მომაგონა. გამოვუტყდი, ძალიან მესიამოვნა-მეთქი თქვენი ნახვა. მიპასუხა, ამაში ეჭვი არ მეპარება, რადგან ჩვენ მუდამ გვესმოდა ერთმანეთის და საერთო აზრები გვქონდაო. ვცდილობდი, შინაგანი ცახცახი არ გამომემჟღავნებინა, და შევთავაზე, ჩემს ოთახში ამოსულიყო, მამაჩემთან და ანასთან შეხვედრას აიცდენდა თავიდან. მამაჩემის ხსენებაზე ვერ შეიკავა და ისე გადააქნია თავი, მივხვდი, კვლავ უყვარდა... მიუხედავად ჟუანისა და მისი კაბებისა. ამასთანავე, ისიც გავიფიქრე, ამ თავის გადაქნევას სამი კვირის წინ ალბათ ვერც კი შევამჩნევდი-მეთქი. ელზამ ოთახში შესვლისთანავე ხმამაღლა დაიწყო მოყოლა, ზღვის ნაპირას რა თავბრუდამხვევად ატარებდა დროს მაღალ საზოგადოებაში. ვგრძნობდი, რომ ნელ-ნელა მერეოდა ცნობისმოყვარეობა. ნაწილობრივ, ალბათ ელზას ახალი იერი იწვევდა ამას. მაგრამ, ეტყობა, მალე იგრძნო ჩემი გარინდება, ლაპარაკი შეწყვიტა, ოთახში გაიარა და ბოლოს ისე მკითხა, ჩემკენ თავი არ გამოუბრუნებია: – რაიმონდი ბედნიერი მაინც არის?       ისეთი გრძნობა დამრჩა, თითქოს ერთი ქულა მომეგოს. მაშინვე მივხვდი, რატომ. ერთბაშად უამრავი გეგმა, ათასნაირი გადაწყვეტილება ამერია თავში და ვიგრძენი, რომ მათ სიმძიმეს ვერ გავუძლებდი. ამიტომ სწრაფად მივხვდი, რა უნდა მეპასუხა: – ბედნიერიო! ამის თქმა მეტისმეტი იქნებოდა. ანა საშუალებას არ აძლევს, სხვა რამ იფიქროს. იგი ძალიან მარჯვე ქალია.   - ძალიან! – ამოიოხრა ელზამ.   - ვერც კი წარმოიდგენთ, რა გადაწყვეტილება მიაღებინა... ცოლად ირთავს!..       ელზა შეძრწუნებული სახით შემობრუნდა ჩემკენ: – ცოლად ირთავს? რაიმონდი ცოლის შერთვას აპირებს? რაიმონდი?   - დიახ, რაიმონდი ცოლს ირთავს!       ხარხარს ძლივს ვიკავებდი. ხელები მიკანკალებდა. ელზა ისეთი გაოგნებული იდგა, თითქოს კომბალი ჩამერტყას თავში. დაფიქრების საშუალება არ უნდა მიმეცა, იმ დასკვნამდე არ უნდა მისულიყო, თითქოს მამაჩემი ისეთ ასაკში იყო, ცოლის შერთვის მეტი არაფერი დარჩენოდა: ბოლოს და ბოლოს, მთელ თავის სიცოცხლეს დემიმონდენებთან ხომ ვერ გაატარებდა?!       მე წინ გადავიხარე და ხმას დავუწიე, რათა უფრო მეტი შთაბეჭდილება მომეხდინა: – ელზა, ეს არ უნდა მოხდეს. მამა უკვე იტანჯება. თქვენ კარგად გესმით, რომ ეს შეუძლებელია!   - მართალი ხართ, – თქვა მან.       ელზა მონუსხულივით იდგა. სიცილი მომინდა. ხელების კანკალმა მიმატა.   - მე თქვენ გელოდით, – განვაგრძე, – მხოლოდ თქვენ შეგიძლიათ შეებრძოლოთ ანას, მხოლოდ თქვენ გაქვთ ბუნებრივი სიკოხტავე.       ეტყობა, დამიჯერა, მაგრამ მაინც შემეკამათა: – კი მაგრამ, რაკი ირთავს, ალბათ, უყვარს კიდეც!   - არა, მას თქვენ უყვარხართ, ელზა! – მშვიდად ვუთხარი. – ნუ შეეცდებით დამარწმუნოთ, თითქოს არ იცოდეთ.       ელზამ წამწამები დაახამხამა, რომ კმაყოფილება და იმედი დაემალა. თავი მიაბრუნა. არც კი ვფიქრობდი, რას ჩავდიოდი, თავბრუდახვეულივით ვმოქმედებდი, გუმანით ვგრძნობდი, რაც უნდა მეთქვა.   - ხომ გესმით? ანამ იმდენი ილაპარაკა ოჯახურ იდილიაზე, სინდისზე, რომ გააბრუა და ხელში ჩაიჭირა.       ჩემი სიტყვები მე თვითონ მზარავდა – მე ხომ ჩემს პირად გრძნობებს გამოვთქვამდი და ისიც, რა თქმა უნდა, მარტივად და ტლანქად. სამაგიეროდ, ეს სიტყვები ზუსტად გამოხატავდა ჩემს ფიქრებს.   - ეს ქორწინება თუ მოხდა, სამივეს გაგვიმწარდება სიცოცხლე, ელზა. მამა უნდა დავიცვათ, იგი ხომ დიდი ბავშვია... ჰო, დიდი ბავშვი!       ენერგიულად ვიმეორებდი, "დიდი ბავშვია-მეთქი", ვგრძნობდი, რომ ყოველივე ეს მელოდრამას წააგავდა, მაგრამ ელზას ლამაზი, მწვანე თვალები უკვე დაინისლა სიბრალულით. ბოლოს ისე დავასრულე, როგორც ჰიმნებშია ხოლმე: – დამეხმარეთ, ელზა, ამას თქვენი და მამას ინტერესები მალაპარაკებს, ამას თქვენი სიყვარულის გულისთვის გთხოვთ.   - კი, მაგრამ მე რა შემიძლია? – მკითხა ელზამ. – ჩემი აზრით, ვერაფერს გავხდებით.   - თუკი ეს ამბავი შეუძლებლად მიგაჩნიათ, მაშინ ახლავე თქვით უარი, – განვაცხადე ისეთი ხმით, ჩამწყდარს რომ უწოდებენ.   - ერთი ამ კახპას დამიხედეთ! – წაიბუტბუტა ელზამ.   - ზედგამოჭრილი სახელია, – ვუთხარი და ახლა მე ავარიდე თვალი.       ელზა თვალის დახამხამებაში გამოცოცხლდა. დასცინეს, არა? არა უშავს, იმ ინტრიგანს მალე აჩვენებს, ელზა მაკენბურგს რა ძალუძს. რაიმონდს რომ ისევ უყვარდა, ეს მან იცოდა. თვითონაც წინანდებურად მოსწონდა, რაიმონდის მომხიბვლელობა ჟუანმაც ვერ დაავიწყა. რასაკვირველია ოჯახის შექმნაზე არასდროს ულაპარაკია მასთან, ყოველ შემთხვევაში, თავი არ მოუბეზრებია, არც კი ცდილა!   - ელზა, – შევაწყვეტინე მსჯელობა, რადგან მისი ატანა უკვე აღარ შემეძლო, – თქვენ ახლავე მიხვალთ სირილთან ჩემი სახელით და თავშესაფარს სთხოვთ. იგი როგორმე დაითანხმებს დედამისს. უთხარით, რომ ხვალ დილით მეც მოვალ მის სანახავად და სამივემ მოვილაპარაკოთ.       კართან რომ მივედით, გავეხუმრე: – იცოდეთ, საკუთარი ბედისთვის იბრძვით, ელზა!       დინჯად დამიქნია თავი, თითქოს მარჩენალი მამაკაცებივით ბედსაც ხელთათმანებივით არ იცვლიდა!.. ტანის რხევით მიაბიჯებდა მზეზე. მე კი ვიდექი და ვუყურებდი. იმ წუთს სანაძლეო შემეძლო დამედო, რომ ერთი კვირის შემდეგ მამაჩემი კვლავ მოისურვებდა ელზასთან თავშექცევას.       ოთხის ნახევარი იყო. მამას ახლა, ალბათ, ანას მკლავებში ეძინა. ანაც სახეგაბადრული, ბედნიერებისა და სიცხისგან მოთენთილი, ძილს ვერ ართმევდა თავს... ათასგვარი გეგმა ელვის სისწრაფით მესახებოდა, მაგრამ საკუთარ თავზე ერთი წუთითაც არ დავფიქრებულვარ. შეუსვენებლივ დავდიოდი წინ და უკან, მივიდოდი ფანჯარასთან, სწრაფად გადავავლებდი თვალს წყნარ ზღვას, სილიან ნაპირზე რომ გართხმულიყო, ვბრუნდებოდი კართან და კვლავ ფანჯრისკენ მივეშურებოდი, ათას რამეს ვანგარიშობდი, ვვარაუდობდი, ყოველგვარ დაბრკოლებასაც ვანადგურებდი თანდათან; თუ რა მოჰყვებოდა ამ ჩემს ხრიკებს, არაფრად ვაგდებდი; საშიშ, მარჯვე ქალად მიმაჩნდა თავი, ხოლო იმ ზიზღს, ჩემდა უნებურად ელზასთან ლაპარაკის დროს რომ ვგრძნობდი, თავმოყვარეობის, შინაგანი წაქეზებისა და სიმარტოვის გრძნობაც დაემატა.       მაგრამ მთელი გეგმა – ღირს კი ამის თქმა? – ბანაობის დროს ჩაიფუშა. ანას წინაშე სინდისის ქენჯნისგან ვცახცახებდი, თავს ვეღარ ვიმორჩილებდი; მისი ჩანთა მე მიმქონდა. როგორც კი წყლიდან ამოვიდა, სწრაფად მივაშურე და პენუარი მოვაწოდე, ყურადღებას, ალერსიან სიტყვებს არ ვაკლებდი. ის, რომ უკანასკნელ დღეებში სულ ჩუმად ვიყავი, ახლა კი ასე სწრაფად შევიცვალე, რა თქმა უნდა აკვირვებდა და კიდეც სიამოვნებდა. მამა აღტაცებული იყო. ანა ღიმილით მიხდიდა მადლობას, მხიარულად მპასუხობდა კითხვებზე, მე კი ყურებში მიწიოდა: "ერთი ამ კახპას დამიხედეთ!" – "სწორედ ზედ გამოჭრილი სახელია!" არა, ეს როგორ ვთქვი, ჰა? ელზას წამოროშილს კვერი როგორ დავუკარი? ხვალვე ვურჩევ, თავიდან მომწყდეს, გამოვუტყდები, შევცდი-მეთქი. ჩვენ შორის კვლავაც აღდგება წინანდელი დამოკიდებულება. უპირველეს ყოვლისა, გამოცდებს ჩავაბარებ! ბაკალავრის ხარისხი ნამდვილად მჭირდება! ხომ ასეა?   - ბაკალავრის ხარისხი ნამდვილად მჭირდება! ხომ ასეა? – ვკითხე მართლაც ანას.       ანამ შემომხედა და სიცილი წასკდა. მეც გადავიხარხარე. ბედნიერი ვიყავი, რომ გამხიარულებულს ვხედავდი.   - ვერაფერს გაგიგებთ კაცი!       მართალს ამბობდა, მართლაც ვერაფერს გამიგებდა კაცი. ხოლო რომ სცოდნოდა, რის ჩადენას ვაპირებდი!.. ვკვდებოდი, ისე მინდოდა მისთვის მეამბნა ყველაფერი, რომ მართლა დაენახა, რა ძნელი იყო ჩემი გაგება. მინდოდა მეთქვა: "წარმოიდგინეთ, ერთი კომედიის გასათამაშებლად ელზა შევაგულიანე: იგი თავს მოგვაჩვენებს, ვითომ სირილი უყვარს, იცხოვრებს მის სახლში, ჩვენს დასანახად ნავით ისეირნებენ, შეგვხვდებიან ტყეში, ზღვის სანაპიროზე. ელზა კვლავ გალამაზდა. ო, რასაკვირველია, თქვენსავით მშვენიერი როდია, მაგრამ თავისებურად მომხიბვლელია მაინც და მამაკაცთა ყურადღებას იპყრობს, მამა კი დიდხანს ვერ აიტანს მის ღალატს: მუდამ აღიზიანებს, თუ რომელიმე მისმა ყოფილმა ლამაზმა სწრაფად იპოვა შემცვლელი და თითქმის მის თვალწინ ერთობა, მით უმეტეს, თუ ეს მამაკაცი მასზე ახალგაზრდაა! ხომ გესმით, ანა? მას სულ მალე აღეძვრება სურვილი, ხელახლა ჩაიგდოს ხელში ელზა, თუმცა თქვენ უყვარხართ. მაგრამ, ალბათ, თავის დასამშვიდებლად მოიქცევა ასე. იგი ან მეტისმეტად პატივმოყვარეა, ანდა თავის თავში არაა დარწმუნებული, როგორც გსურთ, ისე იფიქრეთ. ელზა კი, რასაც ვეტყვი, იმას ჩაიდენს. ჰოდა, ერთ მშვენიერ დღეს მამა გიღალატებთ. ამას კი თქვენ ვერ აიტანთ, ხომ ასეა? თქვენ არ ეკუთვნით იმ ქალთა რიცხვს, სიყვარულის სხვასთან გაყოფა რომ შეუძლია. ჰოდა, რაკი მამაჩემი ამ გრძნობას სხვას გაუნაწილებს, თქვენ წახვალთ. მეც სწორედ ეს მინდა. დიახ, ეს სისულელეა, მაგრამ მე ხომ თქვენზე გაბრაზებული ვარ ბერგსონის გამო, სიცხის გამო?! მე წარმომედგინა, რომ... ამის თქმას ვერც კი ვბედავ, იმდენად აბსტრაქტული და სასაცილოა! ბაკალავრის ხარისხის გულისთვის მე შემეძლო განხეთქილება ჩამომეგდო ჩვენ შორის, წაგჩხუბებოდით თქვენ, დედაჩემის მეგობარს, თუმცაღა ბაკალავრის ხარისხის მიღება მართლაც საჭირო საქმეა, არა?"   - ხომ ასეა?   - რა არის ასე? – მკითხა ანამ. – ბაკალავრის ხარისხი მართლაც საჭიროა თუ არა?   - ჰო.       არა, ჯობს, არაფერი ვუთხრა, სულერთია, მაინც ვერ გამიგებს. არის ზოგი რამ, რაც ანას არ ესმის. მე წყალში გადავხტი და მამას დავეწიე; ვეღლაბუცებოდი, კვლავ ძველებურად მსიამოვნებდა წყალში ყოფნა, თამაში, გულწრფელი ურთიერთობა. ხვალ ოთახს შევიცვლი, სხვენზე მოვიკალათებ საკლასო წიგნებით, მაგრამ ბერგსონს მაინც არ ავიტან; გადაჭარბება რა საჭიროა? ორი საათი მუყაითი შრომა, მარტო ყოფნა, ჩუმი სიბეჯითე, მელნისა და ქაღალდის სუნი საკმარისია იმისთვის, რომ ოქტომბერში წარმატებას მივაღწიო, მამაჩემის გაოცებული სიცილი მოვისმინო, ანას მოწონება დავიმსახურო, ლიცენციატის ხარისხი მივიღო. დავჭკვიანდები, განათლებული ქალი გავხდები, ოღონდ ანასავით ოდნავ გულგრილი... ჭკუა და უნარი უეჭველად მაქვს... განა ხუთ წუთში არ შევადგინე ერთი მეტად ლოგიკური გეგმა? რა თქმა უნდა, საძაგელი, მაგრამ მაინც ლოგიკური?! ანდა ელზას ამბავი აიღეთ! მე ხომ მის პატივმოყვარეობაზე, მის მგრძნობიარე ხასიათზე ვითამაშე! მე ხომ რამდენიმე წამში გადავაწყვეტინე ახალი ნაბიჯის გადადგმა, თუმცა იგი მხოლოდ ჩემოდნის წასაღებად მოვიდა?!       სხვათა შორის, ძალიან სასაცილო ამბავი გამოვიდა: როგორც კი ელზა ნიშანში ამოვიღე, მიზანში მოხვედრა ისე მოვახერხე, სიტყვის დაძვრა არც კი ვაცალე. ჩემს სიცოცხლეში პირველად განვიცადე ეს უჩვეულო გრძნობა:Øუჩხვლიტო ვისმე, აამოძრაო, დღის სინათლეზე გამოიყვანო და მერე ხელი სტაცო. როგორც ზამბარისკენ ფრთხილად წაიღებენ თითს, ასევე ვცდილობდი მეც მომეძებნა ვინმე მსხვერპლი. და მართლაც, მაშინვე წამოეგნენ ჩემს ანკესს! მაშინვე! წინათ ეს გრძნობა ჩემთვის უცნობი იყო, მე კი მუდამ გრძნობების ამყოლი გახლდით! თუკი ვინმეს შევხებივარ, მხოლოდ შეცდომით! ადამიანური რეფლექსების ასეთ სასწაულებრივ მექანიზმს, სიტყვების ასეთ ძალას ერთბაშად ავუღე ალღო... რა სამწუხაროა, რომ ყოველივე ეს მოტყუების გზით მოხდა! როცა იქნება, ვინმეს ხომ შევიყვარებ მთელი გრძნობით?! ჰოდა, მასთან მისასვლელ გზას ასევე ფრთხილად, ნაზად, აკანკალებული ხელით მოვძებნი, ალბათ... თავი მესამე       მეორე დღეს, როცა სირილის აგარაკისკენ მივდიოდი, ვეღარ ვიგრძენი ის სულიერი სიმტკიცე, წინადღეს რომ მქონდა. ჩემი განკურნების აღსანიშნავად ბევრი დავლიე სადილზე და გადაჭარბებული სიმხიარულე გამოვამჟღავნე. მამაჩემს ვეუბნებოდი, ძალიან მინდა ფილოლოგიის ლიცენციატი გავხდე, მინდა განათლებული ხალხის წრეში ვიტრიალო, მინდა სახელოვანი, დინჯი ქალი ვიყო; ამისათვის კი საჭიროა, რეკლამა და ყველანაირი სკანდალური ამბავი მარჯვედ გამოვიყენო-მეთქი. ერთმანეთს ვუზიარებდით სულელურ აზრებს და გიჟებივით ვხარხარებდით. ანაც იცინოდა, ოღონდ თავშეკავებით, ოდნავ შემწყნარებლურად; ზოგჯერ სიცილს შეწყვეტდა, რადგან ჩემი აზრები აშკარად სცილდებოდა ლიტერატურის ჩარჩოებსა და ზრდილობის უბრალო წესებს. მაგრამ მამაჩემს აშკარად ეტყობოდა, რომ ჩვენი ადრინდელი დამოკიდებულების აღდგენითა და ამ სულელური ხუმრობით ბედნიერი იყო. ამიტომ ანაც არაფერს ამბობდა. ბოლოს, როგორ იქნა, ლოგინში ჩამაწვინეს, მომეფერნენ. მე მხურვალე მადლობას ვუხდიდი ორივეს და წამდაუწუმ ვიმეორებდი, თქვენ რომ არ მყავდეთ, რა მეშველებოდა-მეთქი. მამამ მართლაც არ იცოდა რა მეშველებოდა, ხოლო ანას ეტყობა, თავისი მოსაზრება ჰქონდა ამაზე; მაგრამ სწორედ მაშინ, როცა შევეხვეწე, გულწრფელად მიპასუხეთ-მეთქი და როცა ისიც დაიხარა სათქმელად, ძილმა მომწყვიტა კისერი. შუაღამეს გამომეღვიძა. მივხვდი, ცუდად ვიყავი. ასეთი მძიმე შეგრძნება არასდროს მქონია. ამიტომ ფიქრებაშლილი, გულაძგერებული მივაბიჯებდი ახლა ფიჭვნარში და ვერც დილის ზღვის სიმშვენიერეს ვამჩნევდი და ვერც აღელვებულ თოლიებს.       სირილი ბაღის შესასვლელთან დამხვდა. მაშინვე ჩემკენ გამოეშურა, მკლავები მომხვია, მაგრად მიმიხუტა და თან რაღაც გაურკვეველ სიტყვებს ჩამჩურჩულებდა: – საყვარელო, ისე ვწუხდი... რამდენი ხანია... არც კი ვიცოდი, რას აკეთებდი, არ ვიცოდი, ის ქალი თუ ასე გაწვალებდა... არც ის ვიცოდი, ამდენად უბედური თუ ვიქნებოდი მე თვითონ... ყოველ ნაშუადღევს ყურეს ჩავუვლიდი ხოლმე რამდენჯერმე... არც კი წარმომედგინა, ასე ძალიან თუ მიყვარდი...   - არც მე, – მივუგე.       სინამდვილეში კი მისმა საქციელმა ძალიან გამაოცა და კიდეც ამაღელვა. ვწუხდი, გული მერეოდა და საკუთარი გრძნობების გამოხატვა არ შემეძლო.   - რა ფერმკრთალი ხარ, – მითხრა სირილმა. – ახლა მე ვიზრუნებ შენზე. არავის მივცემ ნებას, კვლავ ასე ცუდად მოგექცეს!       მივხვდი, ელზას ფანტაზიას აჰყოლოდა. სირილს ვკითხე, დედა რას ამბობს-მეთქი ელზაზე.   - ელზა ჩემს ობოლ მეგობრად გავაცანი. სხვათა შორის, ელზა ძალიან კეთილია. ყველაფერი მიამბო იმ ქალზე. მართლაც საოცარია, ასეთმა დახვეწილმა, კეთილშობილმა ქალმა როგორ იკადრა ასეთი ხრიკები!   - ელზას მეტისმეტად გადაუჭარბებია, – წავიკნავლე მე, – სწორედ ამიტომ მოვედი. მინდოდა მისთვის მეთქვა რომ...   - მეც მაქვს სათქმელი, – შემაწყვეტინა სირილმა, – სესილ, ცოლად მინდა შეგირთო.       დავიბენი. რაღაც უნდა მეღონა, რაღაც პასუხი უნდა მიმეცა, მაგრამ რა მეთქვა, როცა ასე საშინლად მერეოდა გული...   - მიყვარხარ! – თქვა სირილმა და ჩემს თმას ტუჩებით შეეხო. – იურიდიულ ფაკულტეტს თავს დავანებებ, კარგ სამსახურს მთავაზობენ... ბიძაჩემიც... მე ოცდაექვსი წლისა ვარ, პატარა ბიჭი არ გეგონო. მართლა გეუბნები. რა იტყვი?       ამაოდ ვცდილობდი გამომეძებნა რამე ორაზროვანი, მაგრამ საამო პასუხი. არავითარი სურვილი არ მქონდა, ცოლად გავყოლოდი სირილს. საერთოდ არავინ არ მინდოდა ქმრად. დავიღალე.   - შეუძლებელია! – წავიბუტბუტე ბოლოს. – მამაჩემი...   - მამაშენს მე დაველაპარაკები, – მითხრა სირილმა.   - ანა არ იზამს. მიაჩნია, რომ სრულწლოვანი არ ვარ. რაკი უარს იტყვის, მამაც აღარ დათანხმდება. რომ იცოდე, როგორ დავიღალე, სირილ! ამდენი ღელვისაგან მუხლები მეკეცება, დავსხდეთ... აგერ, ელზაც!       ელზას საშინაო ხალათი ეცვა. გაბრწყინებული, ახალგაზრდული იერით ჩამოდიოდა კიბეზე. მის გვერდით მე უფერული, დალეული ვჩანდი. ორივეს ჯანსაღი, აგზნებული, გრძნობამორეული იერი ჰქონდა. ამან კიდე უფრო მომშალა. ელზამ ისეთი მზრუნველობით დამსვა, თითქოს ციხიდან ახალგამოსული პატიმარი ვყოფილიყავი.   - რაიმონდი როგორაა? – მკითხა. – თქვენთან რომ ვიყავი, იცის?       ელზას იმ ადამიანის ნეტარი ღიმილი ეფინა სახეზე, რომელმაც აპატია და ახლა იმედიც ჩასახვია გულში. მე არ შემეძლო მისთვის მეთქვა, რომ მამაჩემს უკვე გადავიწყებული ჰყავდა. ვერც სირილისთვის გამემჟღავნებინა, რომ არავითარი სურვილი არ მქონდა ცოლად გავყოლოდი. თვალები დავხუჭე. სირილი ყავის მოსატანად გაიქცა, ელზა კი ლაპარაკობდა, ლაპარაკობდა გაუთავებლად; აშკარა იყო, მარჯვე ადამიანად მთვლიდა და მენდობოდა. ყავა მაგარი იყო, სურნელოვანი. მზემაც ძალა შემმატა.   - ბევრი ვიფიქრე, მაგრამ გამოსავლი მაინც ვერ ვიპოვე, – თქვა ელზამ.   - გამოსავალი არ არსებობს! – განაცხადა სირილმა. – ის ისეა გატაცებული, ისეა ანას გავლენის ქვეშ მოქცეული, რომ ვერაფერს გავხდებით.   - როგორ თუ არ არის გამოსავალი! – წამოვიყვირე მე. – არის! უბრალოდ ისეთია, თქვენ რომ ვერც წარმოიდგენთ!       საშინლად ვამაყობდი, რადგან ვგრძნობდი, რომ ორივე მთელი გულისყურით მისმენდა:Øისინი ათი წლით უფროსები იყვნენ ჩემზე, მაგრამ ტვინის განძრევა არ შეეძლოთ.   - ფსიქოლოგიური ამბავი მაქვს მხედველობაში! – მოურიდებლად განვაცხადე მე.       დიდხანს ვლაპარაკობდი, ჩემს გეგმას ვაცნობდი. ელზამ და სირილმა ჩემს ჩანაფიქრს იგივე სიძნელეები აღმოუჩინეს, რომლებმაც მე თვითონაც დამაფიქრა წინადღეს, მაგრამ, რადგან ამ დაბრკოლებების გადალახვის საშუალებებიც მოვახსენე, დიდი სიამოვნება ვიგრძენი. მართალია, ჩემი არგუმენტები საფუძველს მოკლებული იყო, მაგრამ იმდენად მინდოდა მათი დარწმუნება, საკუთარმა ფანტაზიებმა თვითონვე გამიტაცა. მე მათ დავუმტკიცე, ჩემი გეგმის განხორციელება სავსებით შესაძლებელია-მეთქი. ახლა ისღა დამრჩენოდა, ორივე დამერწმუნებინა, რომ განზრახულის განხორციელება საჭირო აღარ იყო, მაგრამ ლოგიკური საბუთების პოვნა ვაღარ მოვახერხე.   - მსგავსი კომბინაციები არ მომწონს, – თქვა სირილმა, – მაგრამ თუკი შენთან დასაქორწინებლად ერთადერთი საშუალება ესაა, ამაზეც თანახმა ვარ.   - ეს სულ მთლად ანაზე არ არის დამოკიდებული! – ვთქვი მე.   - კარგად იცით, თუ იგი აქ დარჩა, მხოლოდ მას გაჰყვებით ცოლად, ვისაც ის შეგირჩევთ, – თქვა ელზამ.       იქნებ, სიმართლეს ამბობდა. ერთბაშად წარმოვიდგინე: როგორც კი ოცი წელი შემისრულდებოდა, ანა მაშინვე გამაცნობდა ვინმე ყმაწვილს, ალბათ ლიცენციატს, ბრწყინვალე მომავლის მქონეს, ჭკვიანს, თავდაჭერილს და, რა თქმა უნდა, ერთგულს. ერთი სიტყვით, სირილის მსგავს ახალგაზრდას. სიცილი წამსკდა.   - გეხვეწები, ნუ იცინი! – წამოიძახა სირილმა. – მითხარი, ხომ იეჭვიანებ, მე და ელზა რომ არშიყობის სცენას გავითამაშებთ? ასეთი რამ მაინც როგორ მოიფიქრე? ნუთუ არ გიყვარვარ?       ხმადაბლა ლაპარაკობდა. ელზამ ქალური ალღო გამოიჩინა და მოშორებით დადგა. შევყურებდი სირილის მზემოკიდებულ, დაძაბულ სახეს, სევდიან თვალებს. ვუყვარდი. ეს კი უცნაურ შთაბეჭდილებას ახდენდა ჩემზე. მე შევყურებდი მის სავსე ტუჩებს, ასე ახლოს რომ იყო ჩემთან... გონება მიბნელდებოდა. სახე უფრო მომიახლოვა, ბაგეებით შევეხეთ ერთმანეთს. თვალგახელილი ვიჯექი და ჩემს ტუჩებზე მის მკვრივ, მწველ ტუჩებს ვგრძნობდი. მსუბუქმა თრთოლამ გადაურბინა ბაგეზე და კიდევ უფრო მომეკრა, თითქოს უნდოდა, ეს თრთოლა დაეფარა. ერთხანს თითქოს ჩემს ბაგეს დააკვდა, მერე კი გაცოცხლდა და კოცნად იქცა, დაჟინებულ, თავაწყვეტილ კოცნად... ერთბაშად მივხვდი, რომ ლიცენციატის ხარისხზე მეტად მზის გულზე ბიჭის მხურვალე კოცნა მიზიდავდა. სუნთქვაშეკრულმა მსუბუქად ვკარი ხელი სირილს.   - სესილ, ჩვენ ერთად უნდა ვიცხოვროთ. კეთილი, მე გავითამაშებ ამ კომედიას.       ახლა უკვე იმაზე ვფიქრობდი, სწორი იყო თუ არა ჩემი ჩანაფიქრი. ამ კომედიის სულის ჩამდგმელი და რეჟისორი მე გახლდით, ჰოდა, მისი ჩაშლაც ჩემს ხელთ იყო.   - მუდამ უცნაური აზრები მოგდის თავში, – განაგრძობდა სირილი, მისთვის ჩვეული გულუბრყვილო ღიმილით. ასე როცა იღიმებოდა, ზედა ტუჩი ოდნავ აეწეოდა ხოლმე და ყაჩაღს, ლამაზ ყაჩაღს ემსგავსებოდა.   - მაკოცე, – წავჩურჩულე, – ჩქარა მაკოცე!       ასე დაიწყო კომედიის გათამაშება: ჩემდა უნებურად, უდარდელად, მარტოოდენ ცნობისმოყვარეობით! ზოგჯერ მგონია, სჯობდა ეს ამბავი შეგნებულად წამომეწყო, სიძულვილითა და გაბოროტებით... ყოველ შემთხვევაში, მაშინ საკუთარ თავს დავაბრალებდი და არა სიზარმაცეს, მზეს და სირილის კოცნას.       ერთი საათის შემდეგ საკმაოდ გულამრეზილმა მივატოვე შეთქმულები. თავის დასამშვიდებლად მრავალი საბუთი მრჩებოდა: ადვილი შესაძლებელია, ჩემი გეგმა ცუდი გამოდგეს-მეთქი; იქნებ, მამაჩემს იმდენად შეუყვარდეს ანა, მისი ერთგული დარჩეს-მეთქი. ამას გარდა, ვერც სირილი, ვერც ელზა უჩემოდ ვერაფერს გახდებოდნენ. მე კი რაიმე საბაბს გამოვძებნიდი და თამაშს შევწყვეტდი, თუკი, რასაკვირველია, მამაჩემი ანკესზე წამოეგებოდა. მაგრამ თავშესაქცევად ცდა მაინც ღირდა. მინდოდა მენახა, ჩემი ფსიქოლოგიური ვარაუდები სწორი იყო თუ არა.       მით უმეტეს, რომ სირილს იმდენად ვუყვარდი, ჩემი შერთვაც კი უნდოდა. ეს აზრი საკმარისი იყო იმისთვის, რომ ნეტარად მეგრძნო თავი. თუ იგი ერთ-ორ წელიწადს მოითმენდა, სანამ სრულწლოვანი გავხდებოდი, ალბათ, თანხმობასაც მივცემდი. უკვე კიდეც წარმოვიდგინე სირილთან ერთად ცხოვრება, მის გვერდით ძილი, მუდამ მასთან ყოფნა. ყოველ კვირას მამას და ანას მყუდრო ოჯახში ვივლიდით საუზმეზე. იქნებ, სირილის დედაც მოსულიყო, რაც ოჯახურ იდილიას საბოლოოდ დააგვირგვინებდა.       ანა ტერასაზე დამხვდა, ზღვაზე აპირებდა ჩასვლას, იქ მამაჩემი ეგულებოდა. მან ისეთი ირონიული ღიმილით შემომხედა, როგორც წინადღით ნაქეიფარ ხალხს ხვდებიან ხოლმე. ვკითხე წუხელ, სანამ ჩამეძინებოდა, რაღაც გინდოდათ გეთქვათ-მეთქი. სიცილით მიპასუხა, არა, ვერ გეტყვით, გაბრაზდებითო. მამა წყლიდან ამოვიდა, მხარგანიერი და კუნთმაგარი... დიდებული სანახავი იყო! მე და ანამ გავცურეთ, იგი წყნარად მიცურავდა, თმა რომ არ დასველებოდა, ზევით სწევდა თავს. შემდეგ სამივე ერთმანეთის გვერდით გავწექით პირაღმა. შუაში მე გავიშოტე. ისინი მშვიდად გარინდულიყვნენ.       სწორედ ამ დროს ნავი გამოჩნდა ყურის ყელთან, აფრააშვებული ნავი. მამამ პირველმა შეამჩნია.   - ჩვენი სირილი მეტს ვეღარ ითმენს, – სიცილით თქვა მან. – ანა, ვაპატიოთ? მართალი გითხრათ, მშვენიერი ყმაწვილია.       თავი ავწიე, საფრთხე ვიგრძენი.   - კი მაგრამ, რას აკეთებს? – იკითხა მამამ. – დახეთ, ყურეს უვლის... ოო, მარტო არ ყოფილა!..       ანამაც ასწია თავი. ნავმა წინ ჩაგვიარა და მოუხვია. სირილის სახე გავარჩიე. გულის სიღრმეში ვედრება აღმომხდა, მინდოდა მეყვირა, აქედან წადით-მეთქი.       მამაჩემის წამოძახილმა შემაკრთო, თუმცა უკვე ორი წუთია ველოდი ამას.   - კი მაგრამ... ეს ხომ ელზაა? აქ რას აკეთებს? – იგი ანას მიუბრუნდა: – რა უცნაური გოგოა! ეტყობა, საბრალო ბიჭი ჩაიგდო ხელში და იმ მოხუცი მანდილოსნის გულიც მოინადირა!       ანა ყურს არ უგდებდა, მე მიყურებდა. როგორც კი მისი მზერა დავიჭირე, შემრცხვა და თავი სილაში ჩავრგე. ანამ კისერზე მომითათუნა ხელი.   - შემომხედეთ, მიწყრებით?       თვალები გავახილე: წუხილით, თითქმის ვედრებით შემომცქეროდა. პირველად შემომხედა ისე, როგორც მგრძნობიარე, ჩაფიქრებულ არსებებს უყურებენ ხოლმე, და ისიც დღეს, როცა... კვნესა აღმომხდა და ერთბაშად თავი გავწიე მამასკენ, რათა ანას ხელი მომეშორებინა. მამა თვალს არ აშორებდა ნავს.   - ჩემო საბრალო გოგო, – ხმადაბლა წამოიწყო ანამ, – ჩემო პატარა სესილ, ამ ამბავში ცოტა მეცა ვარ დამნაშავე, ასეთი მოურიდებელი იქნებ არ უნდა ვყოფილიყავი... მაგრამ მერწმუნეთ, აზრად არ მქონია გული მეტკინა თქვენთვის...       იგი ნაზად მისვამდა ხელს თმაზე, კეფაზე. არ ვინძრეოდი. ისეთი შეგრძნება მქონდა, თითქოს ტალღის მიქცევაა და სილა ფეხქვეშ მეცლება-მეთქი... არავითარ სხვა გრძნობას, არც სიბრაზეს, არც რაიმე ლტოლვას არასოდეს ჩავუთრევივარ ასე! მინდოდა თავი დამენებებინა ამ კომედიისათვის, ჩემი ცხოვრება ანასთვის მიმენდო, რომ სიცოცხლის უკანასკნელ წუთამდე ის ყოფილიყო ჩემი პატრონი. ასეთი სისუსტე არასოდეს მიგრძნია. თვალები დავხუჭე. ასე მეგონა, გული აღარ მიძგერს-მეთქი. თავი მეოთხე       როცა მამაჩემმა ელზას მოსვლა გაიგო, მხოლოდ გაკვირვება გამოხატა. მოახლემ შეატყობინა, ჩემოდნის წასაღებად მოვიდა და მაშინვე გაბრუნდაო. არ ვიცი, ჩვენი შეხვედრა რატომ დაუმალა. ეს ქალი იქაური იყო, მეტად რომანტიკული პიროვნება გახლდათ და ჩვენი ამბები, უეჭველია, საკმაოდ მიმზიდველად ეჩვენებოდა. განსაკუთრებით ალბათ ოთახების შეცვლა ართობდა, მით უმეტეს, რომ თვითონ უწევდა ნივთების გადატან-გადმოტანა.       მამასა და ანას სინდისი ქენჯნიდათ, ყურადღებით და ალერსიანად მექცეოდნენ, რაც პირველ ხანებში აუტანელი იყო ჩემთვის, მაგრამ შემდეგ კიდეც მომეწონა. ერთი სიტყვით, ჩემი ბრალიც რომ არ ყოფილიყო, სირილისა და ელზას ყოველდღიური ნახვა დიდ სიამოვნებას მანიჭებდა. ხელიხელგაყრილებს, აშკარად ვატყობდი, რომ ჩემს ნიშანს ელოდნენ. ნავით სეირნობა აღარ შემეძლო, სამაგიეროდ, თმაგაწეწილ ელზას ყოველ წამს ვხედავდი. აკი, მეც ასე მიწეწდა ქარი თმას! მათთან შეხვედრისას არ მიძნელდებოდა გულჩათხრობილი, მჭმუნვარე იერი მიმეღო, მით უმეტეს, რომ თითქმის ყოველ ნაბიჯზე მხვდებოდნენ: ფიჭვნარში, სოფელში, შარაგზაზე. ანა გადმომხედავდა, საუბრის თემას შეცვლიდა და გასამხნევებლად მხარზე მადებდა ხელს. არ ვიცი, გითხარით თუ არა, რომ ანა კეთილი ქალი იყო. არც ის ვიცი, ეს გულკეთილობა მისი გონივრულობის კეთილშობილური გამოხატულება გახლდათ თუ უბრალოდ გულგრილობა, მაგრამ მას მუდამ მზად ჰქონდა საჭირო სიტყვა და, მართლა რაიმე ტანჯვა რომ მქონოდა გადასატანი, მძიმე წუთებში უკეთეს მხარდამჭერს ვერც ვიპოვიდი.       ამიტომაც განვაგრძობდი თამაშს მშვიდად, მით უფრო, რომ, როგორც ვთქვი, მამაჩემი სრულიად არ ეჭვიანობდა. ამით მიმტკიცებდა, რომ ანა უყვარდა. ამიტომაც, ცოტა არ იყოს, გუნება მემღვრეოდა, რადგან მისი საქციელი ჩემი გეგმების უაზრობაში მარწმუნებდა. ერთ დღეს მე და მამა საფოსტო განყოფილებიდან ვბრუნდებოდით. მოულოდნელად ელზა შემოგვხვდა; ისე ჩაგვიარა, თითქოს ვერ შეგვამჩნია. მამამ თვალი გააყოლა, თითქოს უცნობ ქალს უყურებსო, და წაიჩურჩულა: – ერთი შეხედე, ელზა როგორ გალამაზდა!   - შეყვარება უხდება! – მივუგე მე.       მამამ გაკვირვებით შემომხედა.   - შენ ფიქრობ, რომ ისინი...   - რას იზამ? თანატოლები არიან... ბედს კი ვერსად გაექცევი...   - ოო, ანა რომ არა, ბედი არაფერ შუაში იქნებოდა...       გაანჩხლებული ჩანდა.   - ხომ არ გგონია, რომ არ მნდომოდა, ვიღაც ლაწირაკი ქალს წამართმევდა?   - ასაკს მაინც დიდი მნიშვნელობა აქვს! – ვუპასუხე დინჯად.       მხრები აიჩეჩა. შევამჩნიე, სახე მოეღრუბლა. გულში ალბათ დამეთანხმა, ელზა და სირილი მართლაც ახალგაზრდები არიანო. თვითონ კი, რაკი თავის ტოლ ქალს ირთავდა ცოლად, ამით უკვე გამოაკლდებოდა იმ მამაკაცთა რიცხვს, ვისთვისაც დაბადების წელს არავითარი მნიშვნელობა არა აქვს. უნებურად ვიგრძენი, რომ გამარჯვება მე დამრჩა. როცა ანას სახეზე წვრილ ნაოჭებს ვამჩნევდი თვალის კუთხეში ან ბაგესთან, ჩემს თავზე ბრაზი მომდიოდა; მაგრამ ჩემთვის ხომ ისე ადვილი იყო ავყოლოდი საკუთარ გრძნობებს, ხოლო მერე სინანული მეგრძნო!..       ასე გავიდა ერთი კვირა. სირილმა და ელზამ არაფერი იცოდნენ ჩვენი საქმის თაობაზე და ყოველდღე მელოდნენ. მე კი ფეხს ვითრევდი, მათთან მისვლა ვერ გადამეწყვიტა. უკვე ყველაფერი მომბეზრდა და მეშინოდა, ახალ-ახალ აზრებს დამტყუებენ-მეთქი. ამას გარდა, ნაშუადღევს ოთახში ავდიოდი, ვითომდა სამეცადინოდ. სინამდვილეში კი არაფერს ვაკეთებდი. ერთხელ იოგების წიგნი ჩამივარდა ხელში და გატაცებით შევუდექი კითხვას. ხანდახან საშინელი, გიჟური ხარხარი ამიტყდებოდა, მაგრამ ჩუმად ვიცინოდი, მეშინოდა, ანას არ გაეგონა: ვეუბნებოდი, წელში ვწყდები, იმდენს ვმუშაობ-მეთქი. როცა მასთან ვიყავი, იმ მოტყუებული მიჯნურის როლს ვთამაშობდი, ვისი ერთადერთი ნუგეშიც ლიცენციატად გახდომაა. ჩემი აზრით, ამის გამო ანა უკვე პატივსაც კი მცემდა. სამაგიეროდ, მამაჩემი ჩანდა აშკარად სასოწარკვეთილი, რადგან სადილობისას კანტის ციტატების კორიანტელს ვაყენებდი.       ერთ ნაშუადღევს აბაზანის პირსახოცებში გავეხვიე, მინდოდა ინდოელს დავმსგავსებოდი. მარჯვენა ფეხი მარცხენა ბარძაყზე შემოვიდე და სარკეს მივაშტერდი, ოღონდ საკუთარი თავით კი არ ვტკბებოდი, იოგის ნამდვილი პოზა მინდოდა მიმეღო. ამ დროს კარზე დააკაკუნეს. ვიფიქრე, მოახლეა-მეთქი და, რაკი არაფერს აქცევდა ყურადღებას, დავუძახე, შემოდით-მეთქი.       ანა შემოვიდა, ერთხანს მონუსხულივით იდგა და იღიმებოდა.   - რას თამაშობდით?   - იოგას! – მივუგე. – მაგრამ ეს თამაში კი არა, ინდური ფილოსოფიაა.       იგი მაგიდას მიუახლოვდა და წიგნი ხელში აიღო. გულმა რეჩხი მიყო. წიგნი მეასე გვერდზე იყო გადაშლილი და მთლიანად აჭრელებული მქონდა მინაწერებით: "განუხორციელებელია!" ან "დამქანცველია!"   - ფრიად კეთილსინდისიერი ბრძანდებით! – თქვა ანამ, – კი მაგრამ, ის დისერტაცია სადღაა პასკალზე, ყურები რომ გამოგვიჭედეთ?       მართლაც, სადილობის დროს თავს ვიწონებდი პასკალის რომელიმე ფრაზაზე მსჯელობით. მინდოდა მეჩვენებინა, ამ საკითხზე რამდენი ვიფიქრე და ვიმუშავე. სინამდვილეში, რა თქმა უნდა, არასოდეს ერთი სიტყვაც არ დამიწერია. ახლა გაშეშებული ვიდექი. ანა დამაშტერდა და ყველაფერს მიხვდა.   - თუ არ მუშაობთ და სარკის წინ პრანჭიობას უნდებით, ეს თქვენი საქმეა! – თქვა მან ბოლოს. – მაგრამ მამათქვენსა და მე რომ გვატყუებთ, ეს უკვე სამწუხაროა. სხვათა შორის, თქვენი უეცარი ინტელექტუალური აქტიურობა მუდამ ძალიან მაოცებდა...       თქვა და ოთახიდან გავიდა. თავზარდაცემულივით ვიდექი პირსახოცებში გახვეული. ვერ წარმომედგინა, ყოველივე ამას "მოტყუებას" თუ დაუძახებდა. დისერტაციაზე იმიტომ ვლაპარაკობდი, რომ მინდოდა მისთვის მესიამოვნებინა. მან კი ასე ხელაღებით გამწირა. ბოლო ხანებში ის სულ სხვანაირად მეპყრობოდა და ახლა მისი ეს დამამცირებელი ზიზღი სიბრაზისგან მახრჩობდა. სწრაფად მოვიშორე ჩემი უცნაური სამოსი, ჩავიცვი შარვალი, ძველი ბლუზა და სირბილით გავვარდი სახლიდან. თაკარა სიცხე იყო, მაგრამ რას დაგიდევდით? კისრისტეხით, გაშმაგებული მივრბოდი, იმდენად გაშმაგებული, რომ თითქმის დარწმუნებული ვიყავი, სირცხვილიც არ შემაწუხებდა. სირილის სახლთან გავჩნდი. აქოშინებული შევჩერდი ჭიშკართან. ნაშუადღევის ამ პაპანაქებაში სახლებს თითქოს ღრმად ეძინათ, გარინდებულიყვნენ, საკუთარ საიდუმლოებებში ჩაფლულიყვნენ. სირილის ოთახს მივუახლოვდი. ერთხელ, დედამისის სანახავად მისულს, თვითონ მაჩვენა ეს ოთახი. კარი გავაღე: საწოლზე გარდიგარდმო გაშხლართულიყო, თავი მკლავზე დაედო და ეძინა. ერთი წუთით დავაცქერდი: პირველად ვხედავდი ასე მოდუნებულს, გულისამაჩუყებელს. ხმადაბლა დავუძახე; თვალები გაახილა და, როგორც კი შემამჩნია, მაშინვე წამოხტა.   - შენა? აქ როგორ გაჩნდი?       ვანიშნე, ხმამაღლა ნუ ლაპარაკობ-მეთქი. დედამისი რომ შემოსულიყო და მისი ვაჟის ოთახში ვენახე, იქნებ ეფიქრა... თუმცა ვინ არ იფიქრებდა?.. ერთბაშად ავფორიაქდი და კარს მივაშურე.   - სად მიდიხარ? – დაიყვირა სირილმა. – დაბრუნდი, სესილ...       სიცილით წამავლო ხელი და შემაჩერა. მისკენ მივბრუნდი, შევაცქერდი. მასაც ისევე დაედო მკვდრის ფერი, როგორც ვგრძნობდი, მე ვიყავი გაფითრებული. ხელი გამიშვა, მერე ხელახლა მომხვია მკლავები და მიმიზიდა. ანგარიშმიუცემლად ვიმეორებდი გულში: ეს ასეც უნდა მომხდარიყო, ასეც უნდა მომხდარიყო-მეთქი! შემდეგ დაიწყო სიყვარულის სიგიჟე: შიში და სურვილი, ალერსი და გაშმაგება, შემდეგ კი გაუსაძლისი ტკივილი, ყოვლისმომცველი სიამოვნება რომ სდევს თან. ბედმა გამიღიმა. სირილს აღმოაჩნდა საჭირო სიფაქიზე და... ეს სიამოვნება იმ დღიდანვე შევიგრძენი.       ერთი საათი დავრჩი მასთან, გაოგნებული და გაოცებული. სიყვარულზე მუდამ მესმოდა, მეტად ადვილი საქმეაო. მეც ასე აგდებით, ჩემი ასაკისათვის დამახასიათებელი უმეცრებით მილაპარაკია მასზე. ახლა კი მეგონა, სიყვარულს ასე ხელაღებით და უხეშად ვეღარასოდეს მოვიხსენიებ-მეთქი. სირილი ჩემ გვერდით იწვა და მეუბნებოდა, აუცილებლად შეგირთავ ცოლად, ჩემს სიცოცხლეში გვერდიდან არ მოგიშორებო. ჩემი გარინდება, ჩანდა, აშინებდა. წამოვდექი, შევხედე და ვუთხარი, შენ ახლა ჩემი საყვარელი ხარ-მეთქი. დაიხარა. მის მკერდზე ათრთოლებულ ძარღვს ტუჩებით შევეხე და რამდენჯერმე გავუმეორე: "ჩემო ძვირფასო სირილ, ჩემო ძვირფასო!" არ ვიცი, იმ წუთში მართლა მიყვარდა თუ არა. მე მუდამ მერყევი ბუნება მქონდა, მაგრამ ახლა კი საკუთარ თავზე მეტად სირილი მიყვარდა, მისთვის სიცოცხლეს გავწირავდი. შინ წამოსვლისას მკითხა, ხომ არ ბრაზობ ჩემზეო. გამეცინა. როგორ უნდა გავბრაზებულიყავი, როცა ასეთი ბედნიერება მომანიჭა?!       ნელი, მოქანცული ნაბიჯით დავბრუნდი ფიჭვნარში. სირილს ვთხოვე, არ გამაცილო-მეთქი, სახიფათო იყო. მეშინოდა, ჩემს სახეზე, მიბნედილ თვალებში, დასივებულ ტუჩებზე, ათრთოლებულ სხეულზე კმაყოფილების აშკარა ნიშნები არ ამოეკითხათ.       ანა სახლის წინ, შეზლონგზე იწვა და წიგნს კითხულობდა. სახლიდან გასვლის მიზეზის ასახსნელად ტყუილი მზად მქონდა, მაგრამ არაფერი უკითხავს. შეკითხვები საერთოდ არ უყვარდა. ახლოს ჩამოვუჯექი, ოღონდ კრინტი არ დამიძრავს. მახსოვდა, რომ გაბუტულები ვიყავით. ვიჯექი ასე გარინდებული, ნახევრად მოჭუტული თვალებით და მთელი ჩემი ყურადღება საკუთარ სუნთქვას, თითების ცახცახს მიეპყრო. დროდადრო, როცა სირილის სხეულს ან ზოგიერთ მომენტს გავიხსენებდი, გულიდან სისხლი მეწრიტებოდა.       მაგიდიდან სიგარეტი ავიღე, ასანთს გავკარი. ჩაქრა. მეორედ გავკარი ფრთხილად. ქარი არ ქროდა, მაგრამ ხელი მიკანკალებდა. როგორც კი სიგარეტთან მივიტანე, მაშინვე ჩაქრა. რაღაც ჩავიბუზღუნე და მესამედ გავკარი. თვითონ არ ვიცი, რატომ და ასანთის ამ მესამე ღერმა ერთბაშად სამკვდრო-სასიცოცხლო მნიშვნელობა შეიძინა ჩემთვის. ალბათ, იმიტომ, რომ ანა ანაზდად გამოერკვა და დინჯად, დაკვირვებით შემომხედა. იმ წუთში ყველაფერი გაქრა ჩემთვის – დროც, ადგილიც. მხოლოდ ასანთის ეს ღერი, ჩემი თითები, ნაცრისფერი კოლოფი და ანას მზერა არსებობდა. გული კინაღამ ამომივარდა საგულედან, გაშმაგებით ამიძგერდა, რაც ძალი და ღონე მქონდა, თითები ასანთის ღერს ჩავჭიდე და გავკარი. აინთო, მაგრამ ვიდრე სახეს მივუშვერდი ალს, სიგარეტი შეეხო და ჩააქრო. კოლოფი გადავისროლე, თვალები დავხუჭე. ანას მკაცრი, ინკვიზიტორული მზერა ლოდად მაწვა. გულში ვედრება აღმომხდა. მინდოდა, ამ ლოდინს ბოლო მოღებოდა. ანამ ნიკაპზე წამავლო ხელი და თავი ამიწია. ქუთუთოებს მაგრად დავაჭირე თითები, არ მინდოდა თვალებში შემოეხედა ჩემთვის, ვგრძნობდი, დაღლილობით, სირცხვილით, სიამოვნებით გამოწვეული ცრემლები ღაპაღუპით მცვიოდა თვალთაგან. და აი, მაშინ, თითქოს უარი თქვა დაკითხვაზეო, ანამ მშვიდად ჩამომისვა ხელი სახეზე და მომეშვა. შემდეგ ანთებული სიგარეტი პირში ჩამჩარა და წიგნის კითხვა განაგრძო.       ანას ხელის მოძრაობას სიმბოლური მნიშვნელობა მივანიჭე, ყოველ შემთხვევაში, ვცადე მიმენიჭებინა. მაგრამ დღეს, როცა ხელში ასანთი მიჭირავს, მუდამ განვიცდი იმ უცნაურ წამს, ანას მძიმე შემოხედვას და ირგვლივ დაძაბულ სიცარიელეს ვგრძნობ... თავი მეხუთე       ეს ამბავი, რაზეც ეს-ეს არის გელაპარაკეთ, ცხადია, უშედეგოდ ვერ ჩაივლიდა. როგორც თავშეკავებულსა და საკუთარ თავში დარწმუნებულ ადამიანებს სჩვევიათ, ანასაც არ უყვარდა კომპრომისები. ჰოდა, ხელებით ნაზი მოალერსება ჩემს სახეზე, დიახაც, კომპრომისი გახლდათ მისთვის. რაღაცას მიხვდა, შეეძლო კიდეც გამოვეტეხე, მაგრამ ბოლო წუთს სიბრალულმა თუ გულგრილობამ სძლია, ალბათ. ჩემზე ზრუნვა, ჩემი გაწვრთნა ისევე ეძნელებოდა, როგორც ჩემს შეცოდებებთან შეგუება. ანას ხომ მხოლოდ და მხოლოდ მოვალეობის გრძნობა აიძულებდა, ეკისრა მეურვის, აღმზრდელის როლი. რაკი გადაწყვიტა, მამაჩემს ცოლად გაჰყოლოდა, ეს იმას ნიშნავდა, რომ ჩემზე მზრუნველობაც ევალდებულა. მე კი მერჩივნა ამ მუდმივ კილვას, თუ შეიძლება ასე ვუწოდოთ, გაღიზიანება ან რომელიმე სხვა ზერელე გრძნობა გამოეწვია: მას ჩვეულება სწრაფად დათრგუნავდა. სხვის ნაკლს ადვილად ეჩვევიან, როცა მისი გამოსწორება მოვალეობად არ ეთვლებათ. ექვს თვეში ანას დაღლიდა ჩემი "გამოსწორების" ცდა, შესაძლებელია, ამ დაღლილობას მისთვის შვებაც კი მოეტანა. მეც სწორედ ეს მჭირდებოდა; მაგრამ ეს გრძნობა ვერ გაუჩნდებოდა, რაკი, მისი აზრით, ჩემს საქციელზე თვითონ იქნებოდა პასუხისმგებელი; ერთი მხრივ, მართლაც ასე უნდა ყოფილიყო, რადგან მე ჯერ კიდევ დამჯერი ვიყავი, დამჯერი და... ჯიუტი. ერთი სიტყვით, ანა გაბრაზდა და კიდეც მაგრძნობინა. რამდენიმე დღის შემდეგ სადილზე კვლავ ატყდა კამათი. მიზეზი ის აუტანელი დავალებები იყო, არდადეგების დროს რომ უნდა შემესრულებინა. მე ისე უტიფრად ვლაპარაკობდი, უხერხულობისგან მამაც კი იშმუშნებოდა, ხოლო ანას, მართალია, ხმა არ აუმაღლებია, მაგრამ ბოლოს ვეღარ მოუთმენია და გასაღებით ჩავუკეტივარ. მე ეს არც კი შემიმჩნევია, მაგრამ როცა მომწყურდა და კარს მივადექი, კარი არ გაიღო. როგორ იქნა მივხვდი, რომ გარედან ჩაეკეტათ. ჩემს სიცოცხლეში არავის არასოდეს ჩავუკეტივარ ოთახში. ავფორიაქდი, ნამდვილმა პანიკამ შემიპყრო, ფანჯარას მივვარდი, იქიდან ვერ გადავიდოდი. გაგიჟებულივით გამოვბრუნდი, მერე კვლავ კარს ვეტაკე და მხარი ვიტკინე. ყვირილი და მოახლეების მოხმობა არ მინდოდა. კრიჭაშეკრულმა, კლიტის გატეხა მოვინდომე. ფრჩხილების ქლიბი გასაღების ჭუჭრუტანაში გადამიტყდა. ერთხანს მკლავებდაშვებული ვიდექი შუა ოთახში, გაშეშებული. ეს კია, ფიქრების თავმოყრასთან ერთად რაღაც სიმშვიდე მიპყრობდა. ეს იყო ჩემი პირველი შეტაკება სისასტიკესთან: ვგრძნობდი, რაც უფრო მეტს ვფიქრობდი, უფრო ვიხლართებოდი მის კვანძებში. ლოგინზე გავიშოტე და სამოქმედო გეგმა გულდასმით შევიმუშავე. ჩემი გაშმაგება იმდენად აჭარბებდა მის გამომწვევ საბაბს, რომ მთელი იმ ნაშუადღევის განმავლობაში ორჯერ თუ სამჯერ წამოვვარდი საწოლიდან, ოთახიდან დავაპირე გასვლა, და გამიკვირდა, კარი რატომაა დაკეტილი-მეთქი!       ექვს საათზე მამაჩემი მოვიდა და კარი გამიღო. ოთახში რომ შემოვიდა, ჩემდა უნებურად წამოვდექი ფეხზე. უსიტყვოდ შემომხედა და მეც გავუღიმე.   - გინდა ვისაუბროთ? – მკითხა მან.   - რაზე? მსგავსი ახსნა-განმარტებები, ჩემი არ იყოს, შენც გეჯავრება. მას ხომ არავითარი აზრი არა აქვს!..   - მართალია, – ისე თქვა, თითქოს ლოდი მოიშორაო გულიდან, – ანას უფრო გულთბილად უნდა მოექცე, უნდა მოუთმონო!       ამ სიტყვამ გამაოცა: მე მოვუთმინო ანას?!       მამაჩემს ყველაფერი უკუღმა წარმოედგინა. გულის სიღრმეში ისე ეგონა, თითქოს ანას ძალით ახვევდა თავზე საკუთარ შვილს. სინამდვილეში კი პირიქით იყო. მაგრამ ფიქრს ვის აუკრძალავ!   - ცუდად მოვიქეცი. ანას ახლავე მოვუხდი ბოდიშს.   - შენ მაინც თუ ხარ... ჰმ... შენ თუ ხარ ბედ... ბედნიერი?   - რა თქმა უნდა, – ლაღად მივუგე, – გარდა ამისა, თუკი მე და ანა ზედმეტად ავუწეწავთ ერთმანეთს ნერვებს, ცოტა ადრე გავთხოვდები და ეს იქნება!       კარგად ვიცოდი, რომ ასეთი გადაწყვეტა საქმისა აუცილებლად დატანჯავდა.   - ამაზე ფიქრიც ზედმეტია... შენ ხომ დედოფალა არა ხარ!..       "ნუთუ ასე მალე დამთმობ და მიმატოვებ?! ჩვენ ხომ მხოლოდ ორი წელი ვიცხოვრეთ ერთად?!"       ეს აზრი ისევე აუტანელი იყო ჩემთვის, როგორც მისთვის. წარმოვიდგინე, როგორ მივიდოდი მასთან, მკერდზე დავადებდი თავს, ვიტირებდი და დაკარგულ ბედნიერებასა და მოჭარბებულ გრძნობებზე ველაპარაკებოდი! მაგრამ მამაჩემი ვეღარ იქნებოდა ჩემი თანამოაზრე.   - შენც კარგად იცი, მუდამ ვაჭარბებ. ბოლოს და ბოლოს, ანას და მე კარგად გვესმის ერთმანეთის. თუ დავუთმობთ ერთმანეთს...   - ჰო, რასაკვირველია! – თქვა მან.       ალბათ, ისიც ჩემსავით ფიქრობდა, რომ ორივე მხარე არ დათმობდა. დათმობა იქნებოდა მხოლოდ ჩემი მხრიდან.   - ხომ გესმის? მე შესანიშნავად ვიცი, რომ ანა მუდამ მართალია. ჩვენზე უკეთ მოაწყო თავისი ცხოვრება... მის არსებობას უფრო მეტი აზრი აქვს...       უარყოფის ნიშნად ხელი გაიქნია, მაგრამ მე განვაგრძე: – ერთი ან ორი თვის შემდეგ სავსებით შევეგუები ანას აზრებს, სულელურ კამათს აღარ ავტეხთ, ოღონდ ცოტა მოთმინებაა საჭირო.       მამამ შემომხედა. აშკარად ეტყობოდა, რომ დაიბნა და თან შეეშინდა: მომავალი ანცობის თანამონაწილეს კარგავდა, ამით კი წარსულის პატარა ნაწილიც ეკარგებოდა.   - გადაჭარბება რა საჭიროა! – წაილუღლუღა მან. – კი, იქნებ ისეთ ცხოვრებაში ჩაგითრიე, რაც არც შენი ასაკისათვის იყო შესაფერისი, არც... ჰმ... ჰმ... ჩემი, მაგრამ ის ცხოვრება არცთუ მთლად უგუნური და არცთუ უბედური იყო... არა! სინამდვილეში, ამ ორი წლის განმავლობაში ჩვენ არც ისე... ჰმ... ჰმ... მოწყენილი... არა, გზასაცდენილი ვყოფილვართ. ასე ხელაღებით ყველაფრის უარყოფა მხოლოდ იმიტომ, რომ ანას ჩვენგან განსხვავებული აზრები აქვს, არ შეიძლება.   - უარყოფა მართლაც არ არის საჭირო, სამაგიეროდ თავის დანებება კი აუცილებელია! – დარწმუნებით ვუთხარი.   - რასაკვირველია! – წაიბუტბუტა საცოდავმა.       ქვემოთ ჩავედით.       მე ძალდაუტანებლად მოვუხადე ბოდიში ანას. პასუხად მითხრა, ბოდიში რა საჭიროა, ეტყობა, მთელი ამ კინკლაობის მიზეზი პაპანაქება სიცხეაო. მაშინვე გულგრილად შევხედე ყველაფერს და გავმხიარულდი.       როგორც შევთანხმდით, სირილი ფიჭვნარში დამხვდა. ვუთხარი, რა უნდა გაეკეთებინა. შიშითა და აღფრთოვანებით მომისმინა. შემდეგ ხელები მომხვია, მაგრამ გვიანი იყო და შინ უნდა დავბრუნებულიყავი. მასთან განშორება ისე გამიჭირდა, თვითონვე გამიკვირდა. ძალიან რომ ჩამციებოდა, ალბათ, დავრჩებოდი. ჩემი სხეული მას ეძებდა, მისკენ მიილტვოდა. გატაცებით ვაკოცე, მინდოდა რაღაც ტკივილი მიმეყენებინა, რაღაც დაღი დამესვა, რათა მთელი საღამოს მანძილზე ერთი წუთითაც არ დავვიწყებოდი, ხოლო ღამით სიზმარში ვენახე. ღამე ხომ უსასრულოდ გაგრძელდებოდა უიმისოდ, მისი ანაზდეული გახელების, მისი ხანგრძლივი ალერსის გარეშე! თავი მეექვსე       მეორე დილით სასეირნოდ წავედი და მამაჩემი თან გავიყოლე. შარაგზაზე მივდიოდით და მხიარულად ვმასლაათობდით. ზუსტად თერთმეტის ნახევარი იყო. დანიშნულ ადგილას დროზე ვიქნებოდი. მამაჩემი წინ გამიძღვა, რადგან გზა მეტად ვიწრო და დაბარდული იყო; ეკლებს რომ არ დავეკაწრე, მაყვლის ბუჩქებს განზე მიწევდა... შეჩერდა თუ არა, მაშინვე მივხვდი, ისინი შეამჩნია-მეთქი. მივუახლოვდი. სირილი და ელზა ფიჭვის გირჩებზე გაწოლილიყვნენ და ტკბილად ეძინათ. სოფლური იდილიით მიღებული ბედნიერება ეფინათ სახეზე. რა თქმა უნდა, მითითება ჩემგან მიიღეს, მაგრამ როცა ეს სურათი დავინახე, გულში მაინც რაღაც ჩამწყდა. მართალია, ელზას მამაჩემი უყვარდა, ხოლო სირილს – მე, მაგრამ რა შეუშლიდა ხელს ამ ლამაზ, ახალგაზრდა წყვილს, ერთმანეთს დაახლოებოდნენ?! მამას გადავხედე. გაშეშებული იდგა, სახეზე მკვდრისფერი ედო, თვალი მიეშტერებინა ორივესთვის. მკლავში წავავლე ხელი.   - ნუ გავაღვიძებთ, წავიდეთ აქედან! – ჩავილაპარაკე.       უკანასკნელად შეავლო თვალი ელზას. ის პირაღმა იწვა – წითური თმა, ოქროსფრად მოელვარე სხეული, ბაგეზე აკიაფებული მკრთალი ღიმილი ნიმფას ამსგავსებდა, გაქცევა რომ დააპირა და იმწუთას ხელი სტაცეს. მართლაც, დიდებული სანახავი იყო! მამა შემობრუნდა და ფართო ნაბიჯით წავიდა წინ.   - კა... – წაიბუტბუტა მან. – კახპა!   - ასე რატომ ლაპარაკობ? ის ხომ თავისუფალი ქალია?   - საქმე ეს როდია! განა გესიამოვნა, სირილი რომ მის მკლავებში დაინახე?   - მე იგი აღარ მიყვარს, – ვთქვი მე.   - არც მე მიყვარს ელზა, – გაანჩხლებით დაიყვირა მან, – მაგრამ მაინც მეტკინა გული. ნუთუ მასთან... ჰმ... ჰმ... ვცხოვრობდი! ეს უარესია ვიდრე...       მეც ვიცოდი, რომ მართლაც უარესი იყო! მას, ალბათ, ისეთივე სურვილი ჰქონდა, როგორიც მე: მივარდნოდა, გაეთიშა ისინი და თავისი საგანძური, ის, რაც მას ეკუთვნოდა, მოეტაცა!   - ანა რომ გისმენდეს!..   - რა? ანა რომ მისმენდეს? რა თქმა უნდა, იგი ვერ გამიგებდა, ან შეურაცხყოფილი დარჩებოდა. ეს ბუნებრივიცაა! მაგრამ შენ? შენ ხომ ჩემი შვილი ხარ? ნუთუ აღარც შენ გესმის ჩემი? შენც შეურაცხყოფილი არა ხარ?       ეჰ, რა ადვილი იყო ჩემთვის ისე წარმემართა მისი ფიქრები, როგორც მინდოდა. ცოტა არ იყოს, კიდეც მეშინოდა, ასე კარგად რომ ვიცნობდი მის ბუნებას!   - შეურაცხყოფილი არა ვარ, მაგრამ სიმართლეს პირისპირ უნდა შევხედოთ: ელზას ინდაურის ტვინი აქვს, სირილი მოსწონს, იცის, რომ შენთვის იგი აღარ არსებობს. მით უმეტეს, ისე მოექეცი, ასეთი რამის პატიება შეუძლებელია...   - რომ მინდოდეს... – წამოიწყო მან, მაგრამ შეშინებულს ერთბაშად გაუწყდა სიტყვა.   - ვერაფერს გახდებოდი! – ისე მტკიცედ ვუთხარი, თითქოს ელზას დაბრუნების შესაძლებლობაზე კამათი ბუნებრივი რამ ყოფილიყო.   - ამაზე აღარც ვფიქრობ! – თქვა მან. უკვე საღად მსჯელობდა.   - რა თქმა უნდა! – მხრების აჩეჩით ვუპასუხე.       მხრების აჩეჩა კი ნიშნავდა: "შეუძლებელია, ჩემო კარგო! შენ უკვე ჩამოწერილი ხარ!"       სახლამდე კრინტი არ დაუძრავს. შინ დაბრუნებულმა მკლავი მოხვია ანას, მკერდზე მიიკრა და კარგა ხანს იდგა ასე, თვალდახუჭული. ანა გაკვირვებული იღიმებოდა. მე ოთახიდან გავედი და ტიხარს მივეყრდენი დერეფანში. სირცხვილისგან ვიწვოდი.       ორ საათზე სირილის ჩუმი სტვენა შემომესმა და ნაპირზე ჩავედი. მან მაშინვე ჩამსვა ნავში და ზღვისკენ გაცურა. ზღვაზე არავინ იყო. ასეთ პაპანაქებაში ვის ექნებოდა ცურვის თავი! შუა ზღვაში გასვლისთანავე ჩამოუშვა აფრა და ჩემკენ შემობრუნდა. აქამდე თითქმის არ დავლაპარაკებივართ ერთმანეთს.   - ამ დილით... – დაწყო მან.   - გაჩუმდი, გეხვეწები გაჩუმდი! – წამოვიძახე.       მან ფრთხილად დამაწვინა ბრეზენტზე. ორივენი სველი, ოფლით გაწებილები ვიყავით, მოუხერხებელნი და სულსწრაფნი. ჩვენ ქვეშ ნავი ოდნავ ქანაობდა. მზე პირდაპირ თვალებში მაჭყეტდა. ანაზდად სირილის ნაზი ჩურჩული ჩამესმა და მზე თითქოს მოსწყდა ზესკნელს, აბდღვრიალდა, თავზე დამეცა... სად ვიყავი? ზღვის სიღრმეში, დროის სიღრმეში, სიამოვნების სიღრმეში... ხმამაღლა ვუხმობდი სირილს. არ მიპასუხა. ან კი რატომ უნდა ეპასუხა?!       შემდეგ მარილიან წყალში გავგრილდით. მზის სხივები გვჭრიდა თვალს. მოთენთილები, ერთმანეთის მადლიერნი ვიცინოდით. ჩვენთან იყო მზე და ზღვა, სიცილი და სიყვარული... შევძლებთ კი ოდესმე განვიცადოთ ეს ყველაფერი ისეთივე სიმძაფრითა და სიძლიერით? იმ ზაფხულს ხომ ამ გრძნობებს ჩვენი შიში და სინდისის ქენჯნა აძლიერებდა.       სიყვარული არა მხოლოდ უცხადეს ფიზიკურ სიამოვნებას მანიჭებდა. როცა მასზე ვფიქრობდი, ერთგვარ ინტელექტუალურ კმაყოფილებასაც განვიცდიდი. "გრძნობას აჰყვაო", – ეს სიტყვები მეტად მომხიბვლელად ისმის, თუკი პირდაპირ მნიშვნელობას ჩამოვაცილებთ. ეს მატერიალური და პოზიტიური ტერმინი "აჰყვაო", შეერთებული განყენებულ "გრძნობასთან", აღტაცებას მგვრიდა. წინათ ამაზე ყოველგვარი დარცხვენის, უხერხულობის გარეშე ვლაპარაკობდი, რადგან მისი გემო ჯერ არ ვიცოდი. ახლა კი აშკარად დავიმორცხვე. საკმარისი იყო მამაჩემს მზერა შეეჩერებინა ანას სახეზე, რომ მაშინვე თვალებს ვხრიდი, ანდა როცა ანას ორაზროვანი, ჩუმი სიცილი მოგვესმოდა, მე და მამა ვფითრდებოდით, ფანჯარაში ვიხედებოდით. იქნებ, კიდეც უნდა გვეთქვა ანასთვის, შენი სიცილით გვაგრძნობინებ, ჩვენი არ გჯერაო?! მამაჩემს იგი ექცეოდა, როგორც მეგობარს, ნაზ მეგობარს და არა – როგორც საყვარელს. სამაგიეროდ, ღამით, ალბათ... ამაზე ფიქრს ჩემს თავს ვუკრძალავდი; სულის ამაფორიაქებელი სურათების წარმოდგენა არ მიყვარდა. ასე გადიოდა დღეები. ნელ-ნელა მავიწყდებოდნენ ანაც, მამაც, ელზაც. სიყვარულიღა მასულდგმულებდა მთვარის შუქზე თვალგახელილს, მოსიყვარულესა და დამშვიდებულს. ერთხელ სირილმა მკითხა, არ გეშინია, ბავშვი რომ აგყვესო? მშვიდად ვუპასუხე, შენს იმედზე ვარ-მეთქი. ჩანს, ჩემი პასუხი ბუნებრივად ჩათვალა; ალბათ, სწორედ ამიტომ დავნებდი ასე ადვილად: პასუხისმგებლობას არაფერში მაკისრებდა და, თუ ბავშვი ამყვებოდა, მისი ბრალი იქნებოდა. რასაც მე ვერ ვიკისრებდი, იგი იღებდა თავის თავზე. ამას გარდა, ისეთი გამხდარი და მილეული სხეული მქონდა, ფეხმძიმობისას, ალბათ, საშინელი სანახავი ვიქნებოდი. ამიტომ, პირველად ჩემს სიცოცხლეში, კმაყოფილი ვიყავი, ბავშვის აღნაგობა რომ მქონდა!       მაგრამ ელზა მოთმინებას კარგავდა. წამდაუწუმ მიწუხებდა სულს შეკითხვებით. მე კი ერთთავად მეშინოდა, ელზასთან ან სირილთან არავინ მნახოს-მეთქი. ელზა ყოველ ღონეს ხმარობდა, რომ მამაჩემს ხშირად წასწყდომოდა, ყოველ ფეხის ნაბიჯზე შეხვედროდა. უხაროდა, ეჩვენებოდა, რომ გაიმარჯვა, რომ მამა მის დანახვაზე აღტაცებას ვერ მალავდა. მიკვირდა, მამაკაცთა წამიერი სიამოვნებისათვის გაჩენილი ეს ქალი, თავისი ხელობით ფულის მოყვარული, ერთბაშად ასეთი რომანტიკული როგორ გახდა, ყოველ გამოხედვას, ყოველ მოძრაობას ასეთ დიდ მნიშვნელობას როგორ აწერს-მეთქი! მართალია, გამჭრიახი ქალის როლს არ იყო შეჩვეული, მაგრამ ის, რაც გაითამაშა, ეტყობა, ფსიქოლოგიის მწვერვალად მიაჩნდა.       იქნებ, მამაჩემს დღითი დღე მართლაც უფრო და უფრო იპყრობდა ელზაზე ფიქრი, მაგრამ ამას ანა ვერ გრძნობდა. მამაჩემი არასოდეს ყოფილა მის მიმართ ასეთი ნაზი, ასეთი გულთბილი; მე კი სწორედ ეს მაშინებდა, რადგან მის საქციელს შეუგნებელ სინდისის ქენჯნას ვაწერდი. მთავარი ის იყო, რომ ამ სამი კვირის განმავლობაში არაფერი მომხდარიყო. მალე პარიზში დავბრუნდებოდით, ელზაც პარიზს წავიდოდა; თუ კვალავ თანახმანი იქნებოდნენ, მამა და ანა დაქორწინდებოდნენ; სირილიც პარიზში იქნებოდა. თუ ანამ .აქ ვერ შემიშალა ხელი, პარიზში მით უფრო ვერ დამიშლიდა მასთან შეხვედრას, პარიზში სირილის ოთახი ჰქონდა დედისეულ ბინასთან მოშორებით. უკვე წარმომედგინა, ვიწრო საწოლზე წამოწოლილები ღია ფანჯრიდან როგორ დავტკბებოდით პარიზის უჩვეულო ლურჯი და ვარდისფერი ცით, გისოსებზე ჩამომსხდარი მტრედების ღუღუნით... თავი მეშვიდე       რამდენიმე დღის შემდეგ, მამაჩემმა წერილი მიიღო ერთ-ერთი ჩვენი მეგობრისგან, სენ-რაფაელის ბარში პაემანს უნიშნავდა აპერიტივის დასალევად. მამამ მაშინვე გვაცნობა ეს ახალი ამბავი. აღტაცებული იყო, რომ ცოტა ხნით მაინც დააღწევდა თავს ამ განმარტოებულ ცხოვრებას, ჩვენი ნება-სურვილით რომ შევიქმენით, მაგრამ უკვე გვიძნელდებოდა. მეც, რა თქმა უნდა, მაშინვე შევატყობინე ელზასა და სირილს, რომ შვიდ საათზე "მზეში" ვიქნებოდით და, თუ წამოსვლას დააპირებდნენ, შეეძლოთ იქ ვენახეთ. საუბედუროდ, ელზა იცნობდა მამაჩემის მეგობარს და წამოსვლის სურვილი მით უფრო გაუცხოველდა. მაშინვე მივხვდი, რა გართულება მოჰყვებოდა მის იქ ყოფნას, შევეცადე გადამეფიქრებინა, მაგრამ ამაოდ.   - შარლ ვები მაღმერთებს! – ბავშვური გულუბრყვილობით წამოიძახა მან. – როგორც კი დამინახავს, რაიმონდს მაშინვე აიძულებს, დამიბრუნდეს.       სირილისთვის სულერთი იყო, წავიდოდით თუ არა სენ-რაფაელში. მისთვის მთავარი გახლდათ, იქ ყოფილიყო, სადაც მე ვეგულებოდი. ეს მის თვალებში ამოვიკითხე და, მართალი გითხრათ, გული სიამაყით ამევსო.       და აი, ნაშუადღევის ექვს საათზე კიდეც წავედით. ანამ თავისი მანქანით წაგვიყვანა. მისი მანქანა ძალიან მომწონდა: ამერიკული ღია მანქანა იყო, მძიმე; ყიდვისას, ეტყობა, უფრო რეკლამას ენდო, ვიდრე საკუთარ გემოვნებას. ასეთი მანქანა ჩემს გემოვნებას უფრო შეეფერებოდა: უამრავი პრიალა ნაწილი ჰქონდა, მოსახვევებში ისე უხმოდ მისრიალებდა, თითქოს საცაა მოსწყდება გზას და დაქანდებაო. გარდა ამისა, სამივენი წინ ვისხედით. მე კი, უნდა გამოგიტყდეთ, არსად ისე მეგობრულად არ ვარ განწყობილი ვინმეს მიმართ, როგორ მანქანაში. დიახ, სამივენი წინ ვისხედით, ერთმანეთს ვეკვროდით, სისწრაფეს, ქარსა და, ვინ იცის, იქნებ ერთნაირ სიკვდილს მოწყურებულნი! მანქანას ანა მართავდა. ჰოდა, იტყოდით, სიმბოლური ნიშანია იმ ოჯახისა, ახლო მომავალში რომ უნდა შეიქმნასო. კანში იმ საღამოს მომხდარი ამბის შემდეგ მის მანქანაში არც ჩავმჯდარვარ. ამიტომ დიდი ხანია ვოცნებობდი ამაზე.       "მზეში" შარლ ვები და მისი მეუღლე დაგვხვდნენ. ვების საქმე თეატრალური რეკლამები იყო, მისი ცოლისა კი ქმრის ნაშოვნი ფულის ფლანგვა. სანამ ქალი თვალის დახამხამებაში ფლანგავდა ფულებს ახალგაზრდა მამაკაცებზე, ქმარი მხოლოდ იმაზე ფიქრობდა, თვიდან თვემდე როგორ გაეტანა თავი და სულ ერთთავად ფულს ეძებდა. ამიტომ იყო მუდამ შეშფოთებული, აფუსფუსებული. დიდი ხნის განმავლობაში იგი ელზას საყვარელი ყოფილა; მიუხედავად თავისი სილამაზისა, ელზა ხარბი არ იყო. ჰოდა, ეტყობა, ვებსაც სწორედ იმიტომ მოსწონდა, ფულის მიმართ დაუდევრობას რომ იჩენდა.       ვების ცოლი ბოროტი ქალი იყო. ანა მას არ იცნობდა. შევამჩნიე, ლამაზ სახეზე მაშინვე აღებეჭდა ის ამრეზილი და დამცინავი გამომეტყველება, ჩვეულებრივ რომ არ შორდებოდა ხოლმე მაღალ საზოგადოებაში ყოფნისას. შარლ ვები, როგორც ყოველთვის, ბევრს ლაპარაკობდა და თან თვალს არ აშორებდა ანას. აშკარად ეტყობოდა, ძალიან აინტერესებდა, რა კავშირი უნდა ჰქონოდა ანას ქალების მუსუს რაიმონდთან და მის ქალიშვილთან. როცა თავში გამიელვა, რა ახალი ამბავი უნდა გაეგო ვებს, ჩემს კმაყოფილებას საზღვარი არ ჰქონდა. მამა მისკენ დაიხარა და ერთი ამოსუნთქვით, სწრაფად განუცხადა: – ახალი ამბავი უნდა შეგატყობინო, ძმობილო! ხუთ ოქტომბერს ანა და მე ჯვარს ვიწერთ!       ვები გაოგნებით უყურებდა ხან ერთს, ხან მეორეს. მე გულში მიხაროდა. მისი ცოლი დაიბნა, მას მუდამ მოსწონდა მამაჩემი.   - მომილოცავს! – ომახიანად დაიყვირა ბოლოს ვებმა. – ეს რა შესანიშნავი აზრი მოგსვლიათ! ძვირფასო ქალბატონო, რაკი ასეთი უქნარას გამოსწორება გიკისრიათ, დიდებული ქალი ბრძანდებით!.. მსახურო!.. ეს ამბავი უნდა აღვნიშნოთ!       ანა ძალდაუტანებლად და მშვიდად იღიმებოდა. უცებ ვებს სახე გაებადრა. თავი არც კი მიმიბრუნებია, მივხვდი.   - ელზა! ღმერთი ჩემო, ნუთუ ელზა მაკენბურგია? ვერ შემამჩნია. რაიმონდ, ერთი შეხედე, ეს გოგო როგორ დამშვენებულა!   - შენც შენიშნე, არა? – ბედნიერი მესაკუთრესავით ჰკითხა მამამ. მერე გონს მოვიდა და სახე შეეცვალა.       შეუძლებელია, ანას არ შეემჩნია მისი ხმის კილო. სწრაფად მოაშორა მზერა მამას და ჩემკენ მოაბრუნა სახე. როგორ კი რაღაცის თქმა დააპირა, დავინახე და ვუთხარი: – ანა, თქვენ ისეთი მშვენიერი ხართ, ყველანი შურით სკდებიან! აი, იქ, ერთი კაცი ზის და თვალს არ გაშორებთ.       ეს სიტყვები ვითომ საიდუმლოდ ვუთხარი, ე. ი. საკმაოდ ხმამაღლა. მინდოდა მამაჩემს გაეგონა. ანა მაშინვე მიბრუნდა და იმ კაცს შეხედა.   - ასეთი რამ არ მიყვარს, – თქვა მამამ და ანას ხელი მოჰკიდა.   - რა კარგები არიან! – ირონიულად ჩაიქირქილა ქალბატონმა ვებმა. – შარლ, ეს შეყვარებული წყვილი არ უნდა შეგეწუხებინა. საკმარისი იყო პატარა სესილი დაგეპატიჟა.   - პატარა სესილი არ მოვიდოდა! – უბოდიშოდ მივახალე.   - კი მაგრამ, რატომ? მიჯნური ხომ არ გაგიჩენიათ მეთევზეებში?       ამ ქალმა ერთხელ ავტობუსში მნახა, სკამზე ვიჯექი და კონდუქტორს ვებაასებოდი. იმ დღიდან დეკლასირებულ არსებად მივაჩნდი და ასეც მექცეოდა – როგორც "დეკლასირებულს".   - დიახ! – ნაძალადევი სიცილით ვუპასუხე.   - ბევრს თევზაობთ მაინც?   - სკუმბრიებში არა ვარ დახელოვნებული, მაგრამ მაინც ვთევზაობ!       სიჩუმე ჩამოვარდა, ბოლოს ანას დინჯი ხმა გაისმა: – რაიმონდ, თუ შეიძლება მსახურს სთხოვეთ, საწრუპავი ჩხირები მოგვიტანოს. ფორთოხლის წვენის დასალევად ჩხირები აუცილებელია.       შარლ ვებმა მაშინვე გამაგრილებელ წყლებზე ჩამოაგდო სიტყვა. ჩემს პასუხზე მამამ სიცილი ვერ შეიკავა და ცხვირი ჭიქაში ჩარგო. ანამ ვედრებით შემომხედა. ყველამ ისეთი სახე მიიღო, თითქოს არაფერი მომხდარიყო. მერე კი გადაწყვიტეს ერთად ესადილათ, თუმცაღა ის-ის იყო კინაღამ წაიჩხუბნენ.       სადილზე ბევრი დავლიე. ვცდილობდი დამევიწყბინა ანას შეშინებული სახე, როცა მამას უყურებდა, და მადლიერი იერი, როცა მე შემომხედავდა. ვების ცოლს გაბადრული ღიმილით შევციცინებდი, როგორც კი ჩემს გაკენწვლას დააპირებდა, ამ ხერხმა იგი დააბნია, აგრესიული გახადა. ანა მანიშნებდა, ყურადღებას ნუ მიაქცევო. აყალმაყალი ეჯავრებოდა, გრძნობდა კი, რომ ქალბატონი ვები საჩხუბრად ემზადებოდა. პირადად მე ასეთ ამბებს მიჩვეული გახლდით, ჩვენს წრეში ხშირად ხდებოდა. ამიტომ ყოველგვარი დაძაბულობის გარეშე, მშვიდად ვუსმენდი მის ლაყბობას.       ნასადილევს სენ-რაფაელის კაბარეში წავედით. ცოტა ხნის შემდეგ ელზა და სირილიც გამოჩნდნენ. ელზა კარის ზღურბლთან შედგა, მეგარდერობეს ხმამაღლა გამოელაპარაკა და დარბაზში შემოვიდა. საცოდავი სირილი უკან მოსდევდა. იმწამსვე გავიფიქრე, რომ ელზა მეძავივით უფრო იქცეოდა, ვიდრე შეყვარებულივით, მაგრამ ისეთი ლამაზი იყო, შეეძლო ამის უფლება მიეცა საკუთარი თავისთვის.   - ეს კოხტაპრუწა ვინღაა? – იკითხა შარლ ვებმა. – ძალიან ახალგაზრდა ჩანს.   - სიყვარულო, ძალსა შენსა... ხომ გაგიგონიათ? – წაიბუტბუტა მისმა ცოლმა, – ალერსი მოხდენია...   - აბა, სწორედ! – უხეშად წამოიყვირა მამაჩემმა. – წამიერი გატაცებაა და მეტი არაფერი.       ანას შევხედე. ისევე მშვიდად, გულგრილად უყურებდა ელზას, როგორც თავისი კოლექციების მანეკენებს ან ძალიან ახალგაზრდა ქალებს ათვალიერებდა ხოლმე, ყოველგვარი ცინიზმის გარეშე. აღტაცებული ვიყავი ამ ქალით, რომლისთვისაც ეჭვი და წვრილმანი გრძნობები უცხო გახლდათ. თუმცა გასაოცარი ის იქნებოდა, ელზაზე რომ დაეწყო ეჭვიანობა, იგი მასზე ასჯერ უფრო ლამაზი და ნატიფი იყო. მთვრალი ვიყავი და ანას კიდეც მოვახსენე ჩემი აზრი. გაკვირვებით შემომხედა.   - ელზაზე ლამაზი ვარ? ასე ფიქრობთ?   - რა თქმა უნდა!   - მაინც სასიამოვნოა. მაგრამ თქვენ ბევრს სვამთ, ძალიან ბევრს სვამთ. აქ მომეცით თქვენი ჭიქა! განა არ გწყინთ, სირილი რომ იქ არის? სხვათა შორის, ისიც დარდიანი ჩანს.   - სირილი ჩემი საყვარელია! – ლაღად ვუთხარი.   - მართლა დამთვრალხართ. კიდევ კარგი, შინ დაბრუნების დროა.       ვები მივატოვეთ და შვებით ამოვისუნთქეთ. ქალბატონ ვებს "ძვირფასო ქალბატონო"-მეთქი, ვეძახდი, ვითომ გულწრფელად. საჭესთან მამაჩემი დაჯდა. მე თავი ანას დავადე მხარზე.       გულში ვიმეორებდი, ანა ვებებსაც სჯობს და ყველა ჩვენს ნაცნობს, მათზე უკეთესიცაა, უფრო კეთილშობილიც, უფრო ჭკვიანიც. მამა ცოტას ლაპარაკობდა. ალბათ, კარებში ელზას გამოცხადებაზე ფიქრობდა ისევ.   - სძინავს? – ჰკითხა ანას.   - პატარა გოგოსავით ჩაეძინა. კიდევ კარგად ეჭირა თავი, თუ სკუმბრიებზე ნართაულს არ ჩავთვლით, რაც მე მგონი...       მამას გაეცინა. შემდეგ სიჩუმე ჩამოვარდა. მერე ისევ მამას ხმა მომესმა: – ანა, მე თქვენ მიყვარხართ, მხოლოდ თქვენ, ხომ გჯერათ?   - ასე ხშირად ნუ მიმეორებთ... მეშინია...   - ხელი მომეცით.       კინაღამ წამოვდექი და დავიყვირე: "არა, მოსახვევში არ შეიძლება!" მაგრამ თითქმის მთვრალი ვიყავი, თანაც ანას სურნელებამ გამაბრუა. ზღვიდან მოდენილი სიოც თმას მიწეწდა. ჰოდა, ყოველივე ეს საბაბს მაძლევდა ბედნიერად მეგრძნო თავი და გავჩუმებულიყავი. ვთვლემდი. ამ დროს ელზა და სირილი ალბათ ცხვირჩამოშვებულები მიდიოდნენ მოტოციკლეტით, დედამ დაბადების დღეს რომ აჩუქა სირილს. თვითონ არ ვიცი, რატომ, მაგრამ ამის გაფიქრებამ ისე ამაღელვა, თვალებზე ცრემლი მომადგა. ეს მანქანა – რბილი, მოხერხებული – თითქოს საგანგებოდ ძილისთვის იყო განკუთვნილი. ალბათ, ქალბატონ ვებსაც კი გაუტყდა ძილი. მისი ხნისა რომ ვიქნები, მეც ფულით მოვხიბლავ ახალგაზრდებს, ოღონდაც კი შემიყვარონ, რადგან სიყვარული ყველაზე ტკბილი, ყველაზე ცხოველმყოფელი და ყველაზე გონივრული გრძნობაა. ფულს რა ფასი აქვს! მთავარია, ანჩხლი და ეჭვიანი არ გახდე, ისეთი შურიანი არ იყო, როგორიც ეს ქალია ელზასა და ანას მიმართ. ხმადაბლა გამეცინა. ანამ უფრო დაბლა დაუშვა მხარი. დაიძინეო, მიბრძანა. მეც ჩამეძინა. თავი მერვე       მეორე დილით სრულიად ჯანსაღად გამომეღვიძა, მოთენთილობას ოდნავ თუ ვგრძნობდი, ოღონდ თავი მქონდა დამძიმებული. როგორც ყოველ დილით, მზის სხივები დღესაც კაშკაშებდა ჩემს საწოლზე. საბნიდან სწრაფად გამოვძვერი, პიჟამის ზედატანი გავიხადე და ტიტველი ზურგი მზეს მივუშვირე; შემდეგ მკლავი მოვხარე, ზედ თავი დავაყრდენი და ხან ზეწრის ტილოს მსხვილ ნაქსოვს ვათვალიერებდი, ხან ბუზის ფუსფუსს ვადევნებდი თვალს იატაკზე. მზე ისეთი ნაზი და თბილი იყო, მეგონა, მისი მცხუნვარება ძვლამდე მატანს და კიდეც მათბობს-მეთქი. გადავწყვიტე, მთელი დილა ასე გარინდული ვყოფილიყავი.       ნელ-ნელა წუხანდელი საღამოც აღვიდგინე მეხსიერებაში. მომაგონდა, ანას რომ ვუთხარი, სირილი ჩემი საყვარელია-მეთქი; სიცილი ამიტყდა. აკი, ამბობენ, ფხიზელს გულში ჰქონდაო, მთვრალმა წამოროშაო! მაგრამ არავის რომ არ სჯერა! ქალბატონი ვები და მასთან კინკლაობაც გავიხსენე. ამისთანა ქალებს შეჩვეული ვიყავი: ამ წრესა და ამ ასაკში უმოქმედობის, სიცოცხლის მოჭარბებული წყურვილის გამო საძაგლები ხდებიან. ანას სიმშვიდემ ჩვეულებრივზე მეტად დამარწმუნა, რაოდენ უჭკუო და მოსაბეზრებელი იყო ის დედაკაცი...       თუმცა ეს მოსალოდნელიც უნდა ყოფილიყო; მამაჩემის ნაცნობებში არავინ მეგულებოდა ისეთი, ვინც ანას შეედრებოდა. თუ გსურთ, მისთანა ხალხთან ერთი საღამო მაინც გაატაროთ სიამოვნებით, ან მთვრალი უნდა იყოთ და გაუთავებლად ეკამათოთ, ან არა, და ცოლის ან ქმრის საყვარელი გახდეთ. რაც შეეხება მამაჩემს, იგი არაფრად აგდებდა მთელ ამ ამბავს: თვითონაც და შარლ ვებიც ქალების მუსუსნი იყვნენ. "გამოიცანი, დღეს ვინ ისადილებს და ვინ გაათევს ჩემთან ღამეს! პატარა მარსი, სორელის კინო-ვარსკვალავი! დიუპუისგან ვბრუნდებოდი და"... მამა იცინოდა და მხარზე უტყაპუნებდა ხოლმე ხელს: "ბედნიერი კაცი ხარ! თითქმის ელზასავით ლამაზია!" გიმნაზიელებივით ანგლობდნენ. მათ საუბარში იმდენი აღგზნება, იმდენი ცეცხლი იგრძნობოდა, რომ მომწონდა. ლომბარის ნაღვლიანი აღასარებაც მახსოვს; კაფეების ტერასაზე იჯდა და მთელი საღამოების განმავლობაში წუწუნებდ: "რაიმონდ, იმ ქალის მეტი არავინ მყვარებია! გახსოვს, ის გაზაფხული? სანამ მიმატოვებდა... რა თქმა უნდა, სისულელეა, მამაკაცი მთელი სიცოცხლე ერთ ქალს მისტიროდეს!".. როცა ორი მამაკაცი თითო ჭიქა სასმელს უზის და ერთმანეთს გულს უხსნის, ამაზე უცნაური, დამამცირებელი, მაგრამ მაინც თბილი გრძნობა წარმოუდგენელია!       ანას მეგობარი მამაკაცები, ალბათ, არასდროს ლაპარაკობდნენ თავის თავზე. ასეთი თავგადასავლები, რასაკვირველია, უცხოა მათთვის, მაგრამ თუ ღმერთი გაუწყრათ და გაბედეს, მაშინ მორცხვად, ხუმრობის კილოთი მოჰყვებიან ამ ამბავს. ვგრძნობდი, მზად ვიყავი, გამეზიარებინა ის შემწყნარებლობა, რომელიც ანას ჩვენი ნაცნობების მიმართ ჰქონდა.... ეს ფაქიზი და გადამდები შემწყნარებლობა... თუმცა კი, მიუხედავად ამისა, დარწმუნებული ვიყავი, რომ ოცდაათი წლის ასაკში ჩვენს მეგობრებს უფრო დავემსგავსებოდი, ვიდრე ანას. მისი მდუმარება, გულგრილობა, თავშეკავება სულს შემიხუთავდა. ასე რომ, თხუთმეტიოდე წლის შემდეგ, ოდნავ გულმოყირჭებული, დავიხრებოდი ალბათ რომელიმე მომხიბვლელი, მაგრამ უკვე მოქანცული მამაკაცისაკენ და ვეტყოდი: – ჩემს პირველ საყვარელს სირილი ერქვა... მაშინ თვრამეტი წლისაც არ ვიყავი... ზღვაზე ცხელოდა...       იმ კაცის სახეს რომ წარმოვიდგენდი, მიხაროდა. როგორც მამას, მასაც წვრილ-წვრილი ნაოჭები ექნებოდა. კარზე დამიკაკუნეს: სასწრაფოდ გადავიცვი პიჟამა და დავიყვირე, შემოდით-მეთქი. ანა იყო. ხელში ფინჯანი ეჭირა და ფრთხილად მოჰქონდა.   - ვიფიქრე, ყავა გესიამოვნებათ... ძალიან ცუდად ხომ არა ხართ?   - პირიქით, ძალიან კარგად ვარ. გუშინ, მგონი, ცოტა გადავამლაშე, არა?   - როგორც ყოველთვის, როცა უფროს თაობას აჰყვებით... – გაიცინა მან, – მაგრამ უნდა გამოგიტყდეთ, ძალიან კი შემაქცევინეთ თავი... მეტად მოსაწყენი და გრძელი საღამო იყო...       ახლა არც მზეს ვაქცევდი ყურადღებას, არც ყავის გემოს. როცა ანას ვესაუბრებოდი, მუდამ გამოთიშული ვიყავი ხოლმე, ასე მეგონა ფიზიკურადაც არ ვარსებობ-მეთქი. მიუხედავად ამისა, მხოლოდ ის მინერგავდა საკუთარი თავისადმი უნდობლობას, მხოლოდ იგი მაიძულებდა, კრიტიკულად შემეხედა ჩემი საქციელისათვის. თუკი მძიმე, დაძაბულ წუთებს განვიცდიდი, ეს მხოლოდ მისი ბრალი იყო.   - სესილ, ერთი მითხარით, ნუთუ გსიამოვნებთ ვებებთან და დიუპუებთან ყოფნა?   - ჩემი აზრით, უმეტესწილად აუტანლად იქცევიან. სამაგიეროდ, სასაცილოები არიან.       ანაც ბუზს დააცქერდა, იატაკზე რომ ფრთხიალებდა. რატომღაც გავიფიქრე, ეს ბუზი ხეიბარი უნდა იყოს-მეთქი. ანას მოგრძო, მძიმე ქუთუთოები ჰქონდა. მას არ გაუძნელდებოდა, ლმობიერი ყოფილიყო ყველას მიმართ.   - ვერ წარმოიდგენთ, რა ერთფეროვანი... როგორ ვთქვა?.. რა უშინაარსოა მათი საუბარი. ნუთუ არ მოგბეზრდათ კონტრაქტებზე, ქალებზე, დროის ტარებაზე გაუთავებლად ლაპარაკი?   - იცით რა, მე ათი წელი დავყავი მონასტერში. ამ ხალხთან ყოფნა იმიტომ მაინტერესებს, რომ არავითარი კანონები არ გააჩნიათ.       ვერ გავბედე და ვერ დავუმატე, ეს კიდეც მომწონს-მეთქი.   - კი მაგრამ, მთელი ორი წელი? – იკითხა მან. – სხვათა შორის, ეს არც გონებისა და არც ზნეობის საკითხი არ არის, უბრალოდ, მგრძნობელობის ამბავია, მეექვსე გრძნობისა.       ეტყობა, ეს მეექვსე გრძნობა მე არ გამაჩნდა. აშკარად ვგრძნობდი, ამ მხრივ მართლაც მაკლდა რაღაც.   - ანა, – ერთბაშად ვკითხე, – როგორ ფიქრობთ, ჭკვიანი ვარ?       შეკითხვა ისე პირდაპირ დავუსვი, გაოცებულს სიცილი აუტყდა.   - რასაკვირველია! რატომ მეკითხებით?   - იდიოტიც რომ ვიყო, ასევე მიპასუხებდით! – ამოვიოხრე. – ხშირად ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, თითქოს ჩემზე ჭკვიანი ხართ, ჩემზე მეტი იცით...   - ასაკის ბრალია! – თქვა მან. – სავალალო ის იქნებოდა, თქვენზე ჭკვიანი და ჩემს თავში დარწმუნებული არ ვიყო! მაშინ ხომ თქვენ მოახდენდით გავლენას ჩემზე?       ანამ გადაიხარხარა, ნაწყენი დავრჩი.   - რა თქმა უნდა, დიდი უბედურება არ იქნებოდა.   - მართლა უბედურება იქნებოდა! – თქვა მან, მერე მსუბუქი კილო სწრაფად შეცვალა და ღრმად ჩამხედა თვალებში. თავი უხერხულად ვიგრძენი. შევიშმუშნე. დღესაც ვერ შევგუებივარ ზოგი ადამიანის ამ ჩვევას, ლაპარაკის დროს თვალებში გიყურონ ან სულ ახლოს დაგიდგნენ, რათა დარწმუნდნენ, ყურს უგდებთ თუ არა. სულ ტყუილად კი ირჯებიან, რადგან ასეთ შემთხვევაში მე მხოლოდ იმაზე ვფიქრობ, მოსაუბრეს როგორ დავუსხლტე, "დიახ, დიახ!" -მეთქი, ვეუბნები, შემდეგ კი ყოველ ღონეს ვხმარობ, იქაურობას მოვშორდე და ოთახის მეორე ბოლოს შევაფარო თავი. ასეთი ჩაცივება, მოურიდებლობა, ცალმხრივობა მუდამ მაცოფებს. საბედნიეროდ, ანას აზრადაც არ მოსდის, ასე ჩამაცივდეს, მაგრამ თვალს მაინც არ მაშორებს და ამიტომ, როცა ვესაუბრები, მსუბუქი, უდარდელი კილოს შენარჩუნება ძალიან მიჭირს.   - იცით, რა ბოლო ელის ვებისთანა ხალხს?       გულში დავუმატე: "და მამაჩემისთანა ხალხსაც!"   - ღობის ძირას ამოხდებათ სული! – სიცილით მივუგე მე.   - მოვა ასაკი, როცა ისინი ვერც ვერავის მოხიბლავენ, როგორც ამბობენ ხოლმე, აღარც საამისო თავი ექნებათ და აღარც სმა შეეძლებათ, მაგრამ ქალებზე ფიქრს მაინც არ მოეშვებიან. ამიტომაც ფულს უხდიან საყვარლებს, ათასნაირ დათმობაზე მიდიან, ოღონდ კი მარტოობას დააღწიონ თავი; და მაინც გაბრიყვებულნი, უბედურნი რჩებიან. სწორედ მაშინ ხდებიან სანტიმენტალურნი, მომთხოვნი... ბევრი ასეთი ადამიანი მინახავს, ზღვის ღელვისაგან გადმოსროლილ ნაფოტს რომ დამსგავსებიან...   - საბრალო ვები! – ვთქვი.       თავგზა ამებნა. მამაჩემსაც ხომ ასეთი ბოლო ელოდა! ყოველ შემთხვევაში, ასეთი ბოლო ექნებოდა, ანას რომ მასზე მზრუნველობა არ ეკისრა!   - თქვენ ამაზე არც კი დაფიქრებულხართ, – თქვა ანამ და თანაგრძნობით გამიღიმა, – საერთოდ, ცოტას ფიქრობთ მომავალზე, ხომ ასეა? ახალგაზრდების უპირატესობა სწორედ ესაა.   - გევედრებით, ჩემს ახალგაზრდობას დანაშაულად ნუ მითვლით. პირადად მე რაც შეიძლება ნაკლებად ვსარგებლობ ამ უპირატესობით. არა მგონია, რაიმე უპირატესობისა თუ პატიების უფლებას მაძლევდეს. ახალგაზრდობას დიდ მნიშვნელობას არ ვანიჭებ.   - მაშ რას ანიჭებთ მნიშვნელობას? თქვენს სიმშვიდეს? დამოუკიდებლობას?       საუბრის ეს თემა მუდამ მაშინებდა, განსაკუთრებით ანასთან.   - არაფერს! – ვუთხარი. – კარგად მოგეხსენებათ, რომ.   - თქვენ და მამათქვენი, ცოტა არ იყოს, მაბრაზებთ კიდეც... "საერთოდ არ ვფიქრობ... არაფერში გამოვდგები... არაფერი ვიცი"... ნუთუ თავი მოგწონთ ამ სიტყვებით?   - თავი არ მომწონს. მე არც კი მიყვარს ჩემი თავი... არც ვცდილობ, რომ შევიყვარო... მაგრამ ზოგჯერ რომ მაიძულებთ ცხოვრება გავირთულო, მაშინ თითქმის ვბრაზდები კიდეც თქვენზე!       ანა ჩაფიქრდა და ღიღინს მოჰყვა. მელოდია მეცნაურა, მაგრამ ვერ მოვიგონე.   - ეს რა სიმღერაა, ანა? მაღიზიანებს...   - არ ვიცი, – ოდნავ სასოწარკვეთით გაეღიმა. – იწექით, დაისვენეთ! მე კი წავალ და ისევ ოჯახის ინტელექტზე ანკეტას შევავსებ.       "რა თქმა უნდა, – გავიფიქრე, – მამაჩემზე არ გაუჭირდება!" მე თითქოს კიდეც მესმოდა მისი ხმა: "არაფერზე ვფიქრობ, იმიტომ, რომ თქვენ მიყვარხართ, ანა". როგორი ჭკვიანიც უნდა იყოს ანა, შეუძლებელია ეს საბუთი სარწმუნოდ არ ჩათვალოს.       გულიანად გავიზმორე და თავი ბალიშში ჩავრგე. ძალიან ბევრს ვფიქრობდი საერთოდ, თუმცა ანასთან სულ საწინააღმდეგო ვთქვი. იგი, რასაკვირველია, მუქ ფერებში ხატავდა ყველაფერს. თხუთმეტიოდე წლის შემდეგ მამაჩემი სამოცი წლის სასიამოვნო, ჭაღარაშერეული მამაკაცი იქნება, თუმცაღა ვისკისა და მოგონებებისაგან – ცოტა არ იყოს, მოტეხილი. ჩვენ ერთად ვივლით. მე ჩემი ონავრობის ამბებს ვუამბობ, ის კი რჩევებს მომცემს. ისიც მენიშნა, რომ ასეთ მომავალზე ფიქრის დროს ანა ჩვენ გვერდით არ იყო. არ შემეძლო, ვერასგზით ვერ მოვახერხე, ვერ მივაღწიე იმას, რომ მისთვისაც მიმეჩინა ადგილი. ჩვენს არეულ-დარეულ ოჯახში, სადაც ხან ნაღველი ისადგურებდა, ხან ყვავილების მოძალება იყო, სადაც ისმოდა უცხოური კილო, იდგა აყალმაყალი, თავდაყირა ეყარა ავეჯი, ვერ წარმომედგინა ის სიჩუმე და ჰარმონია, რომელსაც ანა მუდამ ძვირფასი სამკაულივით დაატარებდა. მოწყენილობისა ძალიან მეშინოდა. რა თქმა უნდა, იმის შემდეგ, რაც სირილი ფიზიკურად შემიყვარდა, ეს შიში ისე ძლიერი აღარ იყო. მან სხვა მრავალი შიშისგან მიხსნა, მაგრამ ყველაზე უფრო მაინც მოწყენილობა და სიმშვიდე მაკრთობდა. შინაგანი უშფოთველობისათვის მე და მამაჩემს გარეგანი მღელვარება გვჭირდებოდა. ამას კი ანა ვერასოდეს შეეგუებოდა. თავი მეცხრე       ჩემი აზრით, ანასა და საკუთარ თავზე ბვერს ვლაპარაკობ, ხოლო მამაჩემზე – ცოტას. იმიტომ კი არა, რომ ამ ამბავში პატარა ადგილი ეკავა ანდა ნაკლები ინტერესით ვეკიდებოდე, არა! მამაზე მეტად არასოდეს არავინ მყვარებია. ყველა იმ გრძნობას შორის, იმ ხანებში რომ მაღელვებდა, ყველაზე უფრო ღრმა, სანუკვარი გრძნობა მისადმი მქონდა. მაგრამ მე მას მეტისმეტად კარგად ვიცნობ იმისათვის, რომ იოლად ვილაპარაკო მასზე, თანაც ჩვენ ძალიან ვგავართ ერთმანეთს. მიუხედავად ამისა, სხვაზე მეტად სწორედ მამაჩემის ბუნება უნდა დავახასიათო უფრო დაწვრილებით, რათა ავხსნა და გავამართლო მისი საქციელი. იგი არც პატივმოყვარე გახლდათ და არც თავკერძა. სამაგიეროდ, თავქარიანი იყო, გამოუსწორებლად თავქარიანი. ვერც იმას ვიტყვი, თითქოს ღრმა გრძნობები არ გააჩნდა ან პასუხისმგებლობის გრძნობა იყო უცხო მისთვის. მე ისე ვუყვარდი, შეუძლებელია, ეს სიყვარული თავქარიანობას მივაწეროთ ან უბრალოდ მამაშვილური დამოკიდებულებით ავხსნათ. ჩემგან უფრო მეტს ითმენდა, ვიდრე სხვისგან. იმ დღესაც ხომ სწორედ იმან ამაფორიაქა ყველაზე მეტად, რომ საწყალი მამაჩემი საოცრად განწირული სახით იდგა და თვალს ვერ მისწორებდა?! თავისი სიამოვნების გამო არასდროს დავუჩაგრივარ. ზოგჯერ ღამით, იმისათვის, რომ შინ მივეცილებინე, ვების სიტყვებით რომ ვთქვათ, "ძალიან კარგი შემთხვევებიც გაუშვია ხელიდან". მაგრამ ცალკეულ გამონაკლისს თუ არ ჩავთვლით, უნდა გამოვტყდე, რომ იგი სიამოვნებას, მსუბუქ დროს ტარებას არ იკლებდა. მერყევი ბუნებისა იყო, ბევრი ფიქრით თავს არ იწუხებდა. ცდილობდა ყველაფერი ფიზიოლოგიური მოვლენებით აეხსნა, რადგან, მისი აზრით, მხოლოდ ეს იყო გონივრული: "გეჯავრება შენი თავი? მეტი იძინე და ნაკლები დალიე!" თუკი ზოგჯერ რომელიმე ქალი ცხოველ ჟინს აღუძრავდა, ამ სურვილის დაოკება ან უფრო ღრმა გრძნობად გადაქცევა აზრად არ მოსდიოდა. იგი მატერიალისტი გახლდათ, ოღონდ ფაქიზი, ალღოიანი და, რაც მთავარია, ძალიან კეთილი.       ელზასადმი ლტოლვა ბევრ უსიამოვნებას აყენებდა, მაგრამ ამას თავისებურად აღიქვამდა; თავის თავს იმას კი არ უმტკიცებდა, რაკი ანას ვატყუებ, ეს იმას ნიშნავს, ნაკლებად მყვარებიაო, არამედ: რა საწყენია, ასეთი ლტოლვა რომ გამიჩნდა ელზასადმი! რაც შეიძლება სწრაფად უნდა გამიაროს ამ გრძნობამ, თორემ ანასთან გამირთულებს საქმესო. მიუხედავად ამისა, ანა მართლა უყვარდა, აღმერთებდა, ანას წყალობით ჩამოშორდებოდა იმ ქარაფშუტა და ჭკუამოკლე ქალებს, ბოლო წლებში რომ ხვდებოდა. ანა პატივმოყვარეობასაც უკმაყოფილებდა, ვნებასაც და მგრძნობიარობასაც, რადგან ანას კარგად ესმოდა მისი, ჭკუასა და გამოცდილებას სთავაზობდა, რათა მამაჩემს თავისი შეხედულებებისა და ჩვევებისათვის შეედარებინა ისინი. ახლა, როცა მამა მიხვდა, რაოდენ ღრმა გრძნობა ჰქონდა ანას მისადმი, მე უკვე შევეჭვდი! მამას მიაჩნდა, რომ ანა იდეალური საყვარელი იქნებოდა მისთვის, იდეალური დედა – ჩემთვის, მაგრამ საკითხავია, "იდეალურ მეუღლედ" თუ ეგულებოდა? არა მგონია. დარწმუნებული ვარ, გრძნობების მიხედვით, სირილისა და ანას თვალში მამა ჩემსავით არანორმალური იყო. ეს მამას ხელს არ უშლიდა, დრო ეტარებინა და მთელი ძალა ამაზე დაეხარჯა, რადგან ცხოვრებას იგი ფრიად უფერულად თვლიდა. როცა ჩვენი ცხოვრებიდან ანას გაძევება მინდოდა, მამაჩემზე არ მიფიქრია. ვიცოდი, ისევე სწრაფად დამშვიდდებოდა, როგორც საერთოდ სჩვეოდა: განშორება უფრო იაფად უღირდა, ვიდრე წესიერი ცხოვრება; ჩემი არ იყოს, მასაც მხოლოდ ჩვეულება და განაჩენის დასაბუთება აფორიაქებდა და ანადგურებდა. მე და მამა ერთი რასის წარმომადგენლები გახლდით. ზოგჯერ ვფიქრობდი, ესაა მომთაბარეთა დიდებული, წმინდა რასა-მეთქი. ზოგჯერ კი დარდიმანდთა გამოფიტულ და სისხლგაწყალებულ რასად მიმაჩნდა.       იმ დღეებში მამა იტანჯებოდა, ყოველ შემთხვევაში, სასოწარკვეთილი იყო. ელზა წარსული ცხოვრების, ახალგაზრდობის, განსაკუთრებით კი მისი ახალგაზრდობის სიმბოლოდ იქცა. ვგრძნობდი, ერთი სული ჰქონდა, ანასთვის ეთქვა: "ჩემო ძვირფასო, ერთი დღე მაჩუქეთ! იმ გოგოსთან აუცილებლად უნდა მივიდე და დავუმტკიცო, რომ ბეხრეკი არა ვარ. ისე ვერ დავმშვიდდები, თუ მისი ვნებით მოთენთილი სხეული არ ვიგრძენი". მაგრამ ამის თქმა არ შეეძლო; იმიტომ კი არა, ანა ეჭვიანი იყო თუ არა, ან თუნდაც ამ საკითხში ვერ მოურიგდებოდა ადამიანი, არამედ იმიტომ, რომ იგი შემდეგი პირობით დათანხმდა მამაჩემთან ყოფნას: მსუბუქი ცხოვრების ხანა დამთავრებოდა, ამიერიდან მოიქცეოდა არა როგორც გიმნაზიელი, არამედ როგორც მამაკაცი, რომელსაც იგი თავის ბედს ანდობდა. ამიტომ მტკიცე ნებისყოფა უნდა გამოეჩინა და უნიათო კაცივით საკუთარი ჟინის მონა არ გამხდარიყო. ანას ვერავინ ვერაფერს უსაყვედურებდა, რადგან მისი მოსაზრებები სავსებით ნორმალური და ჯანსაღი გახლდათ. მიუხედავად ამისა, მამას ელზასადმი ლტოლვა მაინც არ ასვენებდა. ამ ქალს არასოდეს ასე არ აუღელვებია. ისეთი ჟინი კლავდა, აკრძალული ხილის მიმართ რომ აქვთ ხოლმე. ჰოდა, ასეთ დროს, ცხადია, საქმის მოგვარება გამიადვილდებოდა. საკმარისი იყო ელზასათვის მეთქვა, დროა დაუთმო-მეთქი მამაჩემს, ამასობაში კი ანა რაიმე საბაბით ნიცაში ან სადმე სხვაგან წამეყვანა ნახევარი დღით. დაბრუნებისას მამა უკვე დამშვიდებული დაგვხვდებოდა, კანონიერი სიყვარულით ანთებული, ანდა, ყოველ შემთხვევაში, დაბრუნებისთანავე აენთებოდა. ანა კი ვერ აიტანდა ერთ ამბავს: თვითონაც ისეთივე საყვარელი ყოფილიყო მამაჩემისა, როგორიც სხვები, ანუ დროებითი. რომ იცოდეთ, როგორ გვიშხამავდა სიცოცხლეს მისი კეთილშობილება, საკუთარი თავისადმი პატივისცემა!..       მაგრამ არც ელზასათვის მითქვამს, დანებდი-მეთქი მამას, და არც ანასთვის მითხოვია, ნიცაში გამომყოლოდა. ჩემი მიზანი იყო, სურვილის ცეცხლი ისე წაჰკიდებოდა მამაჩემს, რომ დანაშაული თავისი ნებით ჩაედინა. ჩემთვის აუტანელი ხდებოდა ის ზიზღი, რა ზიზღითაც ანა ჩვენს წარსულ ცხოვრებას უყურებდა, იმის ათვალწუნება, მამაჩემისა და ჩემთვის ბედნიერებას რომ წარმოადგენდა. მისი დამცირება არც მიფიქრია, მინდოდა მხოლოდ მასაც ისეთივე შეხედულება ჰქონოდა ცხოვრებაზე, როგორიც – ჩვენ. მას უნდა სცოდნოდა, რომ მამაჩემმა, მართალია, უღალატა, მაგრამ ამ ღალატისათვის ობიექტური მნიშვნელობა უნდა მიეცა მხოლოდ, იგი უნდა ჩაეთვალა ფიზიკურ, წუთიერ გატაცებად და არა პირადი ღირსების შელახვად, მისი კეთილშობილების ხელყოფად. თუ სურდა, რადაც უნდა დასჯდომოდა, მის მხარეზე ყოფილიყო სიმართლე, ჩვენთვის უნდა მოეცა საშუალება, დავრწმუნებულიყავით, რომ ვცდებოდით.       მე ისე მეჭირა თავი, თითქოს მამაჩემის აფორიაქების მიზეზს ვერ ვხვდებოდი. მთავარი იყო, ჩემთვის არ გაენდო საიდუმლოება, შეთქმულების მონაწილე არ გავეხადე, არ ეთხოვა მოვლაპარაკებოდი ელზას და ანა სადმე გამეტყუებინა.       მე უნდა მომეკატუნებინა თავი, თითქოს მის სიყვარულს ანასადმი ისევე წმინდად ვთვლიდი, როგორც თვით ანას. უნდა გამოგიტყდეთ, იმის გაფიქრება, რომ მამა ანას უღალატებდა და შეურაცხყოფდა, კიდეც მაძრწუნებდა და კიდეც გაურკვეველი აღფრთოვანებით მავსებდა.       ჯერჯერობით კი სიამტკბილობაში ვატარებდით დღეებს. ვცდილობდი, ელზასთვის ხშირად მიმეცა შემთხვევვა მამაჩემის გასაღიზიანებლად. ანას სახე სინდისის ქენჯნას აღარ იწვევდა ჩემში. ზოგჯერ კიდეც წარმოვიდგენდი, ანა თავის ხვედრს შეურიგდება და სულ მალე ცხოვრების ჩვენებულ ადათ-წესს თავის გემოვნებას ჩვენსავით მიუსადაგებს-მეთქი. ამას გარდა, სირილსაც ხშირად ვხვდებოდი და მალულად ვეალერსებოდით ერთმანეთს. ფიჭვის სუნი, ზღვის ხმაური, სირილის სხეულის შეხება... სირილს სინდისი ტანჯავდა, როლი, რომლის გათამაშებასაც ვაიძულებდი, სძაგდა და, თუ თანხმდებოდა, მხოლოდ იმიტომ, რომ ვარწმუნებდი, ეს აუცილებელია-მეთქი ჩვენი სიყვარულისთვის.       ყოველივე ამას შედეგად მოჰყვა ჩემი გაორება, შინაგანი დუმილი, სამაგიეროდ – ნაკლები დაძაბულობა და ტყუილები! როგორც გითხარით, მხოლოდ და მხოლოდ ჩემი საქციელი მაიძულებს მსჯავრი გამოვუტანო საკუთარ თავს.       ამ პერიოდზე დიდხანს არ შევჩერდები. მეშინია, ძებნა-ძებნაში არ ჩამითრიოს მოგონებებმა, ისედაც მძიმედ რომ მაწევს გულზე. ისიც კმარა, ანას სიცილს, ჩემდამი კეთილგანწყობას რომ გავიხსენებ, მაშინვე გული მეკუმშება, რაღაც მახრჩობს, სულს მიხუთავს და საკუთარ თავს მაძულებს. ლამისაა ჩემი თავი უსინდისოდ მოვნათლო. ამიტომაც იძულებული ვარ, ვიმოძრაო: ასანთი ავანთო, ფირფიტა დავუკრა, რომელიმე მეგობარს დავურეკო. ნელ-ნელა სხვა რამეებზეც ვფიქრობ. მაგრამ ასეთი რამ არ მიყვარს: რა საჭიროა ფარად გამოვიყენო ჩემი მეხსიერების სიჩლუნგე, თავქარიანობა? განა არა სჯობს, იქით შევებრძოლო და მოვდრიკო?! მე მათი აღიარებაც კი არ მიყვარს, მაშინაც კი, როცა შემიძლია ამით ბედნიერად ვიგრძნო თავი! თავი მეათე       პირდაპირ სასაცილოა, როგორ უყვარს ბედისწერას, თავის მაცნედ და მაუწყებლად უღირსი ხალხის შერჩევა! იმ ზაფხულს მან ელზა აირჩია. თუმცაღა მშვენიერი ან, უკეთ, მიმზიდველი ქალი იყო! სიცილიც უჩვეულო იცოდა, გადამდები და გულიანი, სწორედ ისეთი, მოტუტუცო ხალხს რომ სჩვეია ხოლმე.       ამ სიცილის ხიბლი მალე შევამჩნიე მამაჩემს, ამიტომაც ვეუბნებოდი: "როგორც კი მე და მამაჩემს დაგვინახავთ, ხმა არ ამოიღოთ, ოღონდ გაიცინეთ". მართლაც, ამ გულიანი სიცილის გაგონებისთანავე მამაჩემს სახე ეცვლებოდა, სიშმაგის ელდა დაჰკრავდა. მე კვლავ გატაცებული ვიყავი ჩემი როლით, რეჟისორის როლით. დადგმა ერთხელაც არ ჩამვარდნია, რადგან როგორც კი სირილსა და ელზას ერთად დავინახავდით, მე და მამა ვფითრდებოდით, ორივეს სისხლი გვეწრიტებოდა სახეზე, მიზეზი კი ვნების აღძვრა უფრო იყო, ვიდრე ეჭიანობით გამოწვეული გულისტკივილი. ოჰ, როცა სირილს მოვკრავდი თვალს, ელზასკენ დახრილ სირილს!.. ეს ხილვა გულს მიღრღნიდა. მის შავგვრემან, ლამაზ კეფას და ელზას გაბადრულ სახეს რომ თვალს შევასწრებდი, რას არ მივცემდი, ოღონდ ეს ცხადში არ მენახა! იმ წუთში კიდეც მავიწყდებოდა, რომ ეს ყველაფერი ჩემი სურვილით მოეწყო.       ამ ამბების გარდა, რაც ყოველდღიურ ცხოვრებას გვივსებდა, იყო კიდევ ანას ნდობა, სიფაქიზე, გული მტკივა, როცა ამ სიტყვას ვხმარობ, ბედნიერება. და მართლაც, ის არასოდეს ყოფილა ასე ახლოს ბედნიერებასთან. იგი გვენდობოდა ჩვენ, თავკერძა ხალხს. ჩვენი უხეში სურვილები და ჩემი სულმდაბლური ხრიკები მისგან შორს იყო. სწორედ ამის იმედი მქონდა: ანას გულგრილობა, ანას პატივმოყვარეობა უნებურად შეუშლიდა ხელს, რომ ქალურ ცდუნებას აჰყოლოდა მამაჩემის მოსახიბლავად. მისთვის მართლაც უცხო იყო ყველანაირი კეკლუცობა, თუ არ ჩავთვლით სურვილს, ყოფილიყო მუდამ ლამაზი, ჭკვიანი და ალერსიანი. მისი საქციელი ნელ-ნელა გულს მიჩუყებდა. გულის აჩუყება კი სამხედრო მუსიკასავით სასიამოვნო და მიმზიდველი გრძნობაა; ამის გამო ვერავინ გამამტყუნებს.       ერთ მშვენიერ დღეს მოახლე სახეალეწილი შემოვიდა და ელზას ბარათი გადმომცა: "ყოველივე მოგვარდა, მოდით!" ეს სიტყვები კატასტროფის მაუწყებლად მივიჩნიე: კვანძის გახსნა და დასასრული კი მუდამ მეჯავრებოდა. ერთი სიტყვით, ელზა ნაპირზე დამხვდა.   - ეს-ეს არის მამათქვენი ვნახე! – გამარჯვებული სახით მითხრა. – დაახლოებით ერთი საათის წინ.   - რა გითხრათ?   - მითხრა, ძალიან ვნანობ, რაც ჩვენ შორის მოხდა, ნამდვილ ხეპრესავით მოგექეცითო. მართლაც ასე იყო, არა?       მეტი რა გზა მქონდა, უნდა დავთანხმებულიყავი.   - შემდეგ ისეთი ქათინაურებით ამავსო, როგორიც მხოლოდ მას შეუძლია... იცით, ამ დროს ოდნავ დაბნეული კილო აქვს, ხმადაბალი, თითქოს იტანჯებაო... ო, ეს კილო!       იდეალურ ნეტარებას სწრაფად მოვწყვიტე: – რაზე შეთანხმდით?   - არაფერზე... თუმცა როგორ არა... ჩაიზე მიმიპატიჟა სოფელში... იმის დასამტკიცებლად, რომ გულღვარძლიანი არ ვარ და პროგრესული იდეები მაქვს, მეც დავთანხმდი.       ერთბაშად გამახსენდა მამაჩემის ნათქვამი წითური ქალების აზროვნების ევოლუციაზე და სიცილი წამსკდა.   - რა გაცინებთ? წავყვე თუ არა იმ სოფელში?       კინაღამ ვუთხარი, რა ჩემი საქმეა, რაც გინდა, ის ქენი-მეთქი. მაგრამ მომაგონდა, რომ თავის მოქმედებათა წარმატების პასუხისმგებლად მე მთვლიდა; არ ვიცი, სამართლიანად თუ უმართებულოდ, მაგრამ ამან უცებ გააღიზიანა. ვიგრძენი, ვიღუპებოდი...   - არ ვიცი, ელზა, ეს უკვე თქვენზეა დამოკიდებული. ნუღარ მეკითხებით, როგორ მოვიქცეო. ვინმეს ეგონება, თითქოს მე გიბიძგებდეთ...   - რასაკვირველია, თქვენ... მაშ, ვინ?.. განა თქვენი წყალობით არ...       მისმა აღფრთოვანებულმა კილომ თავზარი დამცა.   - თუ გინდათ, წადით, ოღონდ, თუ ხათრი გაქვთ, მეტს ნუღარაფერს მეტყვით ამაზე...   - კი მაგრამ, ხომ უნდა ჩამოვიშოროთ ის ქალი... სესილ?!       გავიქეცი. რაც უნდა ის გააკეთოს მამაჩემმა, როგორც უნდა, ისე დააღწიოს თავი ანამ ამ ამბავს! თანაც სირილთან პაემანი მქონდა. ასე მეგონა, მხოლოდ სიყვარული მიხსნიდა იმ შეძრწუნებული გრძნობებისგან, ხელ-ფეხს რომ მიბორკავდა!..       სირილმა უსიტყვოდ მომხვია ხელი და წამიყვანა. მასთან ყველაფერი ადვილად, სასიამოვნოდ მეჩვენებოდა. ცოტა ხნის შემდეგ ამ ოქროსფერი, ოფლით დანამული სხეულის გვერდით ვიწექი, გათანგული, კატასტროფის დროს გამორიყული ნაფოტივით. სირილს ვუთხარი, ჩემი თავი მეზიზღება-მეთქი. ღიმილით ვთქვი, რადგან მართლა ასე ვფიქრობდი, არა გულისტკივილით, არამედ ბედს შეგუებული ადამიანის კმაყოფილებით.       ჩემი ნათქვამი სირილს სიმართლედ არ მიუღია.   - არა უშავს რა, მე იმდენად მიყვარხარ, ჩემს აზრს ძალით მოგახვევ თავს. რომ იცოდე, როგორ მიყვარხარ, როგორ მიყვარხარ!..       საუზმეზე სულ ეს სიტყვები მიტრიალებდა თავში: "როგორ მიყვარხარ, როგორ მიყვარხარ!".. ალბათ ამიტომ არის, რომ, თუმცა ამდენს ვცდილობ, იმდღევანდელი საუზმობა კარგად ვერ მომიგონებია.       ანას სოსანისფერი კაბა ეცვა, ზუსტად მისი თვალის უპეების, მისი თვალების ფერი! მამა იცინოდა, აშკარად ეტყობოდა, მხიარულ გუნებაზე იყო: რა ენაღვლებოდა, საქმე მოაგვარა! დესერტს შევექცეოდით, როცა გამოგვიცხადა, ნაშუადღევს სოფელში უნდა წავიდეო. გულში გამეცინა. დაღლილი ვიყავი, ბედისწერას აყოლილი. ერთადერთი სურვილი მქონდა, ზღვაში მებანავა.       ოთხ საათზე ნაპირზე ჩავედი. მამაჩემი სახლის ტერასაზე დამხვდა, სოფელში წასასვლელად ემზადებოდა. არაფერი მითქვამს, არც ის მირჩევია, ფრთხილად იყავი-მეთქი.       წყალი თბილი და წყნარი იყო. ანა არ მოსულა; იგი კოლექციებით იყო გართული, ოთახში იჯდა და ხატავდა. მამაჩემი კი ამ დროს ელზას ეკურკურებოდა. ორი საათის შემდეგ, რაკი მზე აღარ მაცხუნებდა, ტერასაზე ავედი, სავარძელში ჩავჯექი და გაზეთი გავშალე.       სწორედ ამ დროს გამოჩნდა ანა; ტყიდან მოდიოდა, არა, მორბოდა, ოღონდ მოუხერხებლად, იდაყვები ფერდებზე მიეკრო და ისე მორბოდა. ერთბაშად ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა, თითქოს ვიღაც ბებერი ქალი მორბოდა და საცაა დაეცემოდა. გავშეშდი: ანა სახლის უკან მიიმალა, გარაჟისკენ გაიქცა. უცბად მივხვდი და მეც გავედევნე. მინდოდა შემეჩერებინა.       მანქანაში იჯდა უკვე, ძრავაც ჩაერთო. მივირბინე და კარს მივაწყდი.   - ანა, ნუ წახვალთ, აქ რაღაც გაუგებრობაა... ჩემი ბრალია... ახლავე აგიხსნით ყველაფერს...       ყურს არ მიგდებდა, წინ გადახრილიყო, მუხრუჭი მოეშვა.   - ანა, თქვენ ჩვენ გვჭირდებით!       წელში გასწორდა, სახე შეცვლილი ჰქონდა. ტიროდა. ახლაღა მივხვდი, რომ ცოცხალ, მგრძნობიარე არსებას დავესხი თავს და არა რაიმე ცნებას. ისიც ხომ იყო ოდესღაც პატარა გოგო, ოდნავ გულჩათხრობილი, მერე მოზარდი, შემდეგ ქალი! ახლა, ორმოცი წლისას, მარტოხელას, უყვარდა მამაკაცი და იმედი ჰქონდა, ათი, იქნებ ოცი წლის განმავლობაში მაინც ბედნიერი იქნებოდა. მე კი... ოო, ეს სახე, ეს სახე ჩემი ხრიკების წყალობა გახლდათ! თავზარდაცემული ვიდექი მანქანის კართან და მთელი სხეულით ვკანკალებდი.   - თქვენ არავინ გჭირდებათ, – წაიჩურჩულა მან, – არც თქვენ, არც მას.       ძრავა თუხთუხებდა. სასოწარკვეთილი ვიყავი, ასე როგორ გამეშვა?   - მაპატიეთ, გევედრებით...   - თქვენ რა უნდა გაპატიოთ?       ცრემლები ღაპაღუპით სცვიოდა, მაგრამ, ეტყობა, ვერ გრძნობდა. სახე გაქვავებული ჰქონდა.   - ჩემო პატარა გოგო!       წამით ხელი ლოყაზე მომისვა და წავიდა.       დავინახე, როგორ მოეფარა მანქანა სახლს. თავგზა ამებნა, ცოცხალმკვდარი ვიდექი... ყველაფერი ისე უცებ მოხდა! ოო, რა სახე ჰქონდა, რა სახე!..       ზურგს უკან ფეხის ხმა მომესმა: მამა იყო. სახიდან უკვე მოეშორებინა ელზას პომადა, კოსტიუმიდან კი – ფიჭვის გირჩები. მივბრუნდი, მივვარდი და დავუყვირე: – არამზადავ! არამზადავ!       ქვითინი წამსკდა.   - კი მაგრამ, რა მოხდა? ნუთუ ანამ?.. სესილ, მითხარი, სესილ... თავი მეთერთმეტე       მხოლოდ სადილზე შევხვდით ერთმანეთს. ორივე შეშინებულები ვიყავით, ასე ერთბაშად რომ დაგვიბრუნდა მარტოობა. არც მე, არც მას ლუკმა არ გადაგვდიოდა ყელში. ორივემ კარგად ვიცოდით, რომ ანას დაბრუნება აუცილებელი იყო ჩვენთვის. პირადად მე დიდხანს ვერ გავუძლებდი მისი აფორიაქებული სახის მოგონებას, არც მის მწუხარებასა და ჩემს პასუხისმგებლობაზე შემეძლო ფიქრი. ჩემი შემპარავი ხერხები და ბრწყინვალედ შესრულებული გეგმები სულ დამავიწყდა. ახლა სულ ამოვვარდი კალაპოტიდან, უსუსური ვიყავი. რაც მთავარია, მამაჩემსაც ასეთივე უსუსურობა ეხატა სახეზე.   - როგორ ფიქრობ, – მკითხა მან, – დიდი ხნით მიგვატოვა?   - ნამდვილად პარიზში წავიდოდა.   - პარიზში... – წაიბუტბუტა ფიქრში წასულმა.   - ალბათ, ვერასოდეს ვნახავთ...       უმწეოდ შემომხედა და ხელი გამომიწოდა.   - შენ, ალბათ, ძალიან მიბრაზდები. თვითონაც არ ვიცი, რა წერამ ამიტანა. ელზასთან ერთად ტყით ვბრუნდებოდი. იგი... ერთი სიტყვით, მოვეხვიე. ეტყობა, ანამ სწორედ ამ დროს გამოირა და...       ყურს არ ვუგდებდი. ელვის სისწრაფით დამიდგა თვალწინ ორი სხეული, ელზასი და მამაჩემისა, და უმალ გაქრა. იმდღევანდელი ერთადერთი ხორცშესხმული, უწყალოდ ხორცშესხმული ხილვა ანა იყო, მწუხარებითა და ღალატით დადაღული მისი სახე. მამას სათუთუნედან სიგარეტი ავიღე და მოვუკიდე. ამასაც ვერ იტანდა ანა, სადილობის დროს პაპიროსის მოწევა არ უყვარდა. მამას გავუღიმე.   - კარგად მესმის: სულ მთლად შენი ბრალი არ არის... როგორც იტყვიან ხოლმე, ერთი გიჟური წამის ბრალია ყველაფერი... მაგრამ ანამ უნდა გვაპატიოს, შენ უნდა გაპატიოს.   - რა ვქნათ? – მკითხა მან.       მამა საბრალოდ გამოიყურებოდა. შემეცოდა. ჩემი თავიც შემეცოდა. რად მიგვატოვა ანამ? რატომ დაგვტანჯა ასე? ეს ხომ ერთი უბრალო ხუმრობა იყო. განა არავითარ მოვალებას აღარ გრძნობდა ჩვენდამი?   - წერილი მივწეროთ, – ვუთხარი მე, – პატიება ვთხოვოთ.   - დიდებული აზრია! – დაიყვირა მამაჩემმა, გახარებულმა, რომ რაღაც საქმე მიეცა და გულხელდაკრეფილი აღარ იჯდებოდა. სამი საათი სინდისის ქენჯნამ მართლა დატანჯა.       ჭამა არც კი დაგვისრულებია. სუფრა და ჭურჭელი მივწიეთ, მამა ლამპის, კალმების, საფოსტო ქარალდების მოსატანად წავიდა, მერე ერთმანეთის პირისპირ დავსხდით. ამ მიზანსცენის წყალობით, ანას დაბრუნება იმდენად სარწმუნოდ მივიჩნიეთ, კიდეც გავუღიმეთ ერთმანეთს. ოთახში ღამურა შემოფრინდა და ფანჯრის წინ წრე შემოხაზა. მამამ თავი დახარა, წერას შეუდგა.       თუ არა მწარე დაცინვით, თუ არა რაღაც სასტიკი გრძნობით, ისე ვერ გავიხსენებ იმ მრავლისმთქმელ, ალერსიან წერილებს, იმ საღამოს ანას რომ მივწერეთ. ბეჯითი, მაგრამ უგერგილო მოწაფეებივით ვისხედით და ლამპის შუქზე, უსიტყვოდ ვცდილობდით, შეგვესრულებინა შეუსრულებელი ამოცანა: დავაბრუნოთ ანა! მიუხედავად ამისა, ორი შედევრი შევქმენით, ტკბილი სიტყვებით, ბოდიშებითა და მონანიებით სავსე ორი შედევრი. როცა დავასრულეთ, პირადად მე თითქმის დარწმუნებული ვიყავი, რომ ანა წინააღმდეგობას ვეღარ გაგვიწევდა, რომ შერიგება გარდაუვალი იყო. თვალწინ მედგა კიდეც პატიების სცენა, მოკრძალებით სავსე და ცოტა სასაცილოც. პარიზში ჩვენს სასტუმრო ოთახში ანა შემოვიდოდა და...       ტელეფონის ზარი აწკრიალდა. ათი საათი იყო. გაოცებულებმა ერთმანეთს გადავხედეთ, შემდეგ იმედის ნაპერწკალი აგვიციალდა თვალებში! ანა გვირეკავს, გვატყობინებს, რომ გვაპატია და... დაბრუნდება. მამა აპარატს მივარდა და მხიარულად ჩასძახა "ალო".       მერე ჩაჩუმდა, აღარაფერი უთქვამს, მხოლოდ ჩამწყდარი ხმით ბუტბუტებდა: "დიახ, დიახ... სად?.. დიახ!" მე ავდექი. შიშმა ამიტანა. ვუყურებდი მამას და მის ხელს, სახეზე რომ ისვამდა ანგარიშმიუცემლად. ბოლოს ყურმილი ფრთხილად დაკიდა და მომიბრუნდა: – დაიღუპა... ესტერელის გზაზე. დიდხანს ვერ იპოვეს თურმე მისამართი. პარიზში დაურეკავთ და აქაური ტელეფონის ნომერი მიუციათ.       ანგარიშმიუცემლად ლაპარაკობდა და მეც ვეღარ გავბედე, შემეწყვეტინებინა.   - ყველაზე სახიფათო გზაზე მომხდარა ავარია. ეტყობა, იმ ადგილებში ხშირია უბედური შემთხვევები. მანქანა ორმოცდაათ მეტრზეა გადავარდნილი. სასწაული იქნებოდა, რომ გადარჩენილიყო...       ის ღამე კოშმარივით მახსოვს: ფარებით განათებული გზა, მამაჩემის გაქვავებული სახე, კლინიკის კარი... მამამ ანას ნახვის უფლება არ მომცა. მოსაცდელ ოთახში ვიჯექი გრძელ სკამზე და ლითოგრაფიულ სურათს ვუმზერდი. ვენეციის ხედი იყო. არაფერზე არ ვფიქრობდი. სანიტარმა ქალმა მიამბო, ამ ზაფხულს მეექვსე უბედური შემთხვევაა იმ ადგილასო. მამა იგვიანებდა.       ჰოდა, აი, მაშინ ვიფიქრე: თავისი სიკვდილით ანამ ერთხელ კიდევ დაგვიმტკიცა, რომ ჩვენგან განსხვავდებოდა. ჩვენ რომ თავის მოკვლა გადაგვეწყვიტა, – საამისო ვაჟკაცობა რომ გვყოფნოდა, – ალბათ, მეც და მამაც ტყვიას დავიხლიდით თავში, ბარათსაც დავტოვებდით და ამით სამუდამოდ დავუფრთხობდით ძილსა და მოსვენებას იმ ხალხს, ვისაც ჩვენს სიკვდილზე პასუხისმგებლად მივიჩნევდით! ანამ კი დაგვიტოვა გულუხვი უკანასკნელი საჩუქარი: საშუალება იმისა, რომ გვეფიქრა, თითქოს უბედური შემთხვევა მოხდა; სახიფათო გზა, მანქანის სუსტი მუხრუჭი! და ჩვენ, ჩვენი უსუსურობის გამო, მივიღებდით ამ საჩუქარს. სხვათა შორის, დღეს რომ თავის მოკვლაზე ჩამოვაგდე სიტყვა, ჩემი მხრივ ეს დიდი რომანტიკულობა გახლავთ. განა შეიძლება ადამიანმა თავი მოიკლას ისეთებისთვის, როგორებიც მე და მამაჩემი ვართ, ისეთი ხალხის გულისთვის, ვისაც არავინ სჭირდება, არც მკვდრები და არც ცოცხლები. და მართლაც, გამოგიტყდებით, მე და მამა ანას სიკვდილს ყოველთვის მხოლოდ უბედურ შემთხვევას მივაწერდით.       მეორე დღეს ნაშუადღევის სამ საათზე დავბრუნდით შინ. ელზა და სირილი კიბის საფეხურზე ჩამომსხდარიყვნენ და გველოდნენ. ჩვენს დანახვაზე ყველასგან მივიწყებული ადამიანებივით წამოიჭრნენ ფეხზე: არც ერთი და არც მეორე არ იცნობდა ანას, არც ერთსა და არც მეორეს არ უყვარდა იგი, ორივეს გულში თავისი პატარა ბოღმა ჩაემარხა. სირილმა ჩემკენ გადმოდგა ნაბიჯი და მხარზე მომხვია ხელი. შევხედე: მე იგი არასდროს მყვარებია. მიმაჩნდა, რომ კეთილი და მიმზიდველი ყმაწვილია, მიყვარდა ის სიამოვნება, რომელსაც იგი მანიჭებდა, მაგრამ ის მე არ მჭირდებოდა. სულ მალე იქაურობას გავეცლებოდი, მოვშორდებოდი ამ სახლს, ამ ყმაწვილს, ამ ზაფხულს. მამაჩემი გვერდით მედგა. მერე მკლავზე მომკიდა ხელი და ორივენი სახლში შევედით.       სახლში ანას ხალათი, მისი ყვავილები, მისი ოთახი, მისი სურნელება დაგვხვდა. მამამ დარაბები მიხურა, მაცივრიდან ბოთლი გამოიღო და მაგიდაზე ორი ჭიქა დადგა. ეს წამალიღა გვქონდა ხელთ. ბოდიშებით სავსე ჩვენი წერილები მაგიდაზე ეყარა. ხელი გავკარი. იატაკზე გადაფრიალდნენ. მამა სავსე ჭიქით მომიახლოვდა, შეყოყმანდა, მერე გვერდი აუარა ფურცლებს, რომ ფეხი არ დაედგა. ეს ამბავი სიმბოლურად მივიჩნიე. ცუდ გემოვნებას მივაწერე. ჭიქა ხელში ავიღე და სულმოუთქმელად გამოვცალე. ოთახში ნახევრად ბნელოდა. ფანჯრის წინ მამაჩემის ჩრდილს ვხედავდი. ზღვა ხმაურით ეხეთქებოდა ნაპირს. თავი მეთორმეტე       დაკრძალვის დღეს მზიანი ამინდი იდგა პარიზში. იყო ძაძები, იყო ცნობისმოყვარე ხალხი. მე და მამამ ანას მოხუც ნათესავებს მივუსამძიმრეთ. ცნობისმოყვარედ ვაკვირდებოდი საცოდავებს: ანა რომ ჩვენთან დარჩენილიყო, ალბათ, წელიწადში ერთხელ ჩვენთან ჩაის დასალევად მოვიდოდნენ. ხალხი თანაგრძნობით უყურებდა მამაჩემს: ეტყობა, ვებს ბევრისთვის მოეყოლა მათი ქორწინების ამბავი. სირილს მოვკარი თვალი, გაფაციცებით მეძებდა გასასვლელთან. თვალი ავარიდე. ჩემი ბოღმა და ბრაზი მისდამი ყოვლად გაუმართლებელი იყო, მაგრამ ვერაფერი მომეხერხებინა... ჩვენ ირგვლივ ხალხი სინანულს გამოთქვამდა ამ ბრმა, ამ საშინელი უბედური შემთხვევის გამო და მეც სიამოვნებით ვუსმენდი მათ, რადგან გულის სიღრმეში ჯერჯერობით კიდევ მქონდა ეჭვი, იყო თუ არა ეს მართლაც უბედური შემთხვევა.       შინ დაბრუნებისას მანქანაში მამამ ხელი მომკიდა და მაგრად მომიჭირა. გავიფიქრე: "ჩემ გარდა შენ არავინ გყავს. მეც შენ გარდა არავინ მყავს. ორივენი მარტონი და უბედურნი ვართ!" და პირველად ავტირდი. სასიამოვნო იყო ეს ცრემლები, არ წააგავდა იმ სიცარიელეს, იმ აუტანელ სიცარიელეს, კლინიკაში რომ ვიგრძენი ლითოგრაფიული სურათის წინ. უსიტყვოდ, გაწამებული სახით მომაწოდა მამამ ცხვირსახოცი.       ერთად ვსადილობდით, ერთად ვსაუზმობდით, შინიდან არ გავდიოდით. ზოგჯერ ანაზეც ვსაუბრობდით: "გახსოვს იმ დღეს, როცა"... მის სახელს ფრთხილად ვახსენებდით, გვეშინოდა, გული არ გვეტკინა ერთმანეთისათვის, რომელიმე ჩვენგანს არ დაგვცდენოდა ისეთი რამ, რაც საყვედურს გამოიწვევდა. ამ გაფრთხილებას ერთმანეთისას, ამ გულთბილობას თავისი ანაზღაურებაც ჰქონდა. სულ მალე ჩვეულებრივი კილოთი შევძელით ანას ხსენება, ვლაპარაკობდით, როგორც საყვარელ არსებაზე, ვისთანაც ბედნიერნი ვიქნებოდით, მაგრამ ღმერთმა წაგვართვა. ღმერთს ბედისწერის ნაცვლად ვწერ, რადგან ჩვენ ღმერთი არ გვწამს. კიდევ კარგი, რომ მსგავს ვითარებაში ბედისწერისა მაინც გვჯერა!       შემდეგ, ერთ დღეს, ჩემი მეგობრის ოჯახში მისი ბიძაშვილი გავიცანი, მომეწონა და მასაც მოვეწონე. ერთი კვირის განმავლობაში ისე ხშირად, ისე თავისუფლად დავდიოდი მასთან, როგორც ეს სიყვარულის დასაწყისისას ხდება ხოლმე; მამაც – მარტოობისათვის არც ის იყო გაჩენილი – ასევე მოიქცა; ერთი საკმაოდ ამპარტავანი ახალგაზრდა ქალი გაიცნო. როგორც მოსალოდნელი იყო, ცხოვრება წინანდებურად აეწყო. როცა მე და მამა ერთმანეთს ვხვდებით, ვიცინით, პირად გამარჯვებებს ვუყვებით ერთმანეთს; ალბათ, ეჭვი არ ეპარება, რომ ფილიპთან ჩემი ურთიერთობა პლატონური არ არის, და მეც კარგად ვგრძნობ, რომ ახალი მეგობარი ქალი ძალიან ძვირად უჯდება. სამაგიეროდ, ორივე ბედნიერები ვართ. ზამთარი იწურება. იმავე აგარაკს აღარ დავიქირავებთ, მაგრამ, ჟუან-ლე პენთან ახლოს რამეს მოვნახავთ.       ოღონდ ესაა, ხანდახან, როცა გარიჟრაჟზე ჯერ ისევ ვწევარ, ხოლო პარიზის სიმშვიდეს მხოლოდ მანქანების ხმაური არღვევს, მეხსიერება შემახსენებს ხოლმე თავს: ზაფხული მოდის, მოდის და მოაქვს მოგონებებიც! ანა! ანა! ძალიან ჩუმად, ძალიან დიდხანს ვიმეორებ ამ სახელს სიბნელეში და, აი, მაშინ რაღაც ლოდივით დამაწვება ხოლმე გულზე და მეც, თვალდახუჭული, ამ სიტყვებით ვეგებები მას: ს ა ლ ა მ ი, ს ე ვ დ ავ! …
დაამატა Kakha to ლიტერატურა at 9:03am on ივლისი 30, 2015
თემა: ოდეტ ტულმონდი
რდებს ფასადების დერეფანში, გადაუვლის სახურავებს და ზეცაში მტრედების გუნდს შეუერთდებაო. ვისაც „ხელოვნების მთიდან“ ძირს ჩამავალი ეს ჰაეროვანი სილუეტი უნახავს, უდაოდ გაიფიქრებდა, რომ ბუმბულით დალალებდამშვენებულ ამ ქალბატონს რაღაც ჩიტისებური ჰქონდა...    ცოტაც და ნახავდა მას! მართლა ნახავდა... მიუახლოვდებოდა... შესაძლოა შეჰხებოდა კიდეც... თუკი ის ხელს ჩამოსართმევად გაუწვდიდა... - დამშვიდდი, ოდეტ, დამშვიდდი! ორმოცს უკვე კარგა ხნის გადაცილებული იყო, მაგრამ გული მოზარდივით უცემდა, სულ ბაგა-ბუგი გაუდიოდა. ყოველ გადასასვლელზე, როცა შუქნიშანი მოცდას აიძულებდა, თეძოებში ჩხვლეტა დაუვლიდა ხოლმე; ფეხის ტერფებს მიწაზე ვეღარ ამაგრებდა, თითქოსდა თავისით იჭრებოდნენ ზევით. რომ შესძლებოდა, თავადაც სიამოვნებით გადააფრინდებოდა მანქანების ნაკადს. წიგნების მაღაზიას მიუახლოვდა. უზარმაზარი რიგი გაჭიმულიყო. მსგავსი რამ განსაკუთრებული შემთხვევების დროს თუ ხდება. სანამ მის წინაშე წარდგებოდა, სავარაუდოდ 45 წუთი ლოდინი მაინც მოუწევდა. მაღაზიის შუაგულში წიგნებისგან უზარმაზარი პირამიდა წამოეჭიმათ. საშობაოდ მორთულ-მოკაზმული ნაძვის ხესავით ლამაზი იყო. კონსტრუქციას ერთი ცალი გამოაძრო და იქვე მომლოდინე ქალბატონებთან საუბარი გააბა. ყველა ბალთაზარ ბალზანის მკითხველი გახლდათ, მაგრამ არც ერთი არ ჩანდა ისეთი გულმოდგინე, ისეთი შეუვალი და აღფრთოვანებული, როგორც ოდეტი. - იცით, მე ყველა მისი ნაწარმოები მაქვს წაკითხული, არაფერი გამომრჩენია. ვერ ვიტყვი, რომ რომელიმე არ მომეწონა, - მორიდებული ხმით თქვა, გეგონება თავისი ნაკითხობის გამო ბოდიშს იხდისო. როცა დარწმუნდა, რომ ავტორსა და მის ნაწარმოებებს ბევრზე უკეთესად იცნობდა, სიამაყით აღივსო. ეს იმიტომ, რომ ზოგადად მოკრძალებული გახლდათ; იმიტომ, რომ დღისით გამყიდველად მუშაობდა, ღამით კი ბუმბულებისგან სამშვენისების დამზადებით იქცევდა თავს; იმიტომ, რომ მშვენივრად იცოდა, საკვეხარი აღზრდა-განათლება რომ ჰქონდა; იმიტომ, რომ შარლერუადან, ყველასგან მივიწყებული საშახტო ქალაქიდან ავტობუსით ჩამოეხეტა. ოდეტისთვის ძალიან სასიამოვნო იყო, ამ გადაპრანჭულ ბრიუსელელ ბურჟუებს შორის თავი რომანტიკულ თაყვანისმცემლად რომ იგრძნო.    მაღაზიის ცენტრალურ ნაწილში ესტრადაზე შემომდგარი, ყოველი მხრიდან პროჟექტორების მკვეთრი შუქით გაჩახჩახებული (ზუსტად ისე, როგორც მისთვის ჩვეულებად ქცეულ სატელევიზიო გადაცემებში) მშვენიერ გუნებაზე მყოფი ბალთაზარ ბალზანი ავტოგრაფების ჩამორიგებით იყო გართული. თორმეტი რომანის - ცხადია, თორმეტი ტრიუმფის - გამოქვეყნების შემდეგ უკვე აღარ იცოდა, მოსწონდა ეს ცერემონია თუ არა. ერთი მხრივ, მოსწყინდა ერთი და იმავეს მონოტონური განმეორება, მეორე მხრივ კი საკუთარ მკითხველებთან შეხვედრაც ძლიერ ხიბლავდა და აფასებდა. მიუხედავად ყველაფრისა, დაღლილობამ თავისი გაიტანა და თაყვანისმცემლებთან ურთიერთობისა და დისკუსიების სურვილი, ცოტა არ იყოს, გაუნელდა. შეიძლება ითქვას, ხელმოწერა უფრო ჩვევად ექცა. ყველაფერთან ერთად, მისმა ლიტერატურულმა კარიერამ ისეთ ზღვარს მიაღწია, როცა ნამდვილად არ სჭირდებოდა წიგნების გაყიდვა-გასაღებისთვის შეეწყო ხელი; თუმცა დროდადრო კომერციული წარმატების კლების შიშიც იპყრობდა. ამ შიშში ნაწარმოებთა ხარისხის ვარდნაც მოიაზრებოდა... იქნებ ეს ბოლო ნამოღვაწარი სხვა არაფერი იყო, თუ არა „ერთით მეტი წიგნი“, ჩვეულებრივი, სხვებისგან არაფრით გამორჩეული? იქნებ მისი დაწერა სულაც არ იყო აუცილებელი. ბალთაზარი ეცადა, ყველანაირად გასძალიანებოდა ეჭვს, რომელიც ყოველი ახალი წიგნის გამოცემისას ღრღნიდა.    უეცრად უცნობ სახეთა შორის ერთ მშვენიერ მეტისს მოჰკრა თვალი, რომელსაც მოწითალო-მოყავისფრო, უფრო ოქროსფერში გარდამავალი აბრეშუმის პიჯაკი ემოსა. თვალწარმტაც არსებას სხვებისგან განცალკევებულად ეჭირა თავი და ბოლთას სცემდა. მობილურ ტელეფონზე ყურმიკრული, ნაპერწკლებისმყრელი მზერით გამოიხედავდა ხოლმე. - ხომ ვერ მეტყვით, ის ქალბატონი ვინ შეიძლება იყოს? - ჰკითხა ბალთაზარმა კომერციულ მენეჯერს. - თქვენი პრეს-ატაშეა ბელგიაში, თუ გნებავთ გაგაცნობთ. - ძალიან დამავალებთ. ავტოგრაფთა ჯაჭვის დროებითი გაწყვეტის პერსპექტივით აღფრთოვანებულმა მწერალმა ფლორანსის მიერ გამოწვდილი მარჯვენა ხელი კარგა ხანს შეაყოვნა. - რამდენიმე დღის განმავლობაში მე მოგხედავთ, -ჩაიჩურჩულა ცოტა არ იყოს შეცბუნებულმა პრეს-ატაშემ. - დიდი იმედი მაქვს, - უპასუხა მწერალმა ხაზგასმული მგზნებარებით. ფლორანსმა მამაკაცის ძლიერი ხელის მტევნის ტყვეობას თითების შეტოკებით უპასუხა, თანხმობის ნაპერწკალმა მზერაშიც გაუელვა. ბალთაზარი მიხვდა, რომ გაიმარჯვა - სასტუმროში ღამისთევა მარტოს არ მოუწევდა. შესაძლო სექსუალური თამაშებით გამხიარულებული მორიგ მკითხველს კაციჭამიას ღიმილით მიუბრუნდა და მთრთოლარე, ლამის აკანკალებული ხმით ჰკითხა: - აბა, ქალბატონო, რით შემიძლია გემსახუროთ? ოდეტი მამაკაცურმა, ძლიერი ენერგიით გაჟღენთილმა მიმართვამ ძალიან გააკვირვა. მოულოდნელობისაგან ენა მუცელში ჩაუვარდა. - მმმ... ზმუილს სიტყვა ვერა და ვერ მოაყოლა. ბალთაზარ ბალზანმა ოდეტს სრულიად უყურადღებო, არაფრის მთქმელი მზერა შეავლო: - წიგნი თან გაქვთ? - ჰკითხა პროფესიული თავაზიანობით. ოდეტი არც შერხეულა. „დაბლობის მდუმარების“ ერთი ეგზემპლარი გულში ძლიერ ჩაეკრა. - არ გსურთ, ჩემი წიგნი ხელმოწერით დაგიმშვენოთ? ოდეტს თანხმობის გამოსახატად კოლოსალური ძალისხმევა დასჭირდა. მწერალი წიგნის ჩამოსართმევად წინ გადაიხარა. ოდეტმა მისი მოძრაობა, როგორც ჩანს, მართებულად ვერ გაიგო, მყისიერად დაიხია, უკან მდგომ ქალს შეეჯახა და კინაღამ წააქცია. მაგრამ უცებვე მიხვდა ჩადენილ შეცდომას, სწრაფი მოძრაობით ხელი წინ გაიშვირა და წიგნი ბალთაზარს კინაღამ თავში ჩასცხო. - ვის მივუძღვნა ავტოგრაფი? სახელი ბრძანეთ! - ... - თქვენთვის გნებავთ? ოდეტმა თავის კანტურით დაუდასტურა. - რა გქვიათ? - ... - თქვენი სახელი, გეთაყვა. ოდეტმა, როგორც იქნა, გარისკა და პირი დააღო; ნერწყვი გადაყლაპა და წაილუღლუღა: - ...დეტი - უკაცრავად, ვერ გავიგე. - ...დეტი - დეტი? ოდეტი თავს სულ უფრო ცუდად გრძნობდა, იხრჩობოდა, ცოტაც და გულიც წაუვიდოდა. საკუთარი სახელის წარმოთქმა ბოლოჯერ მაინც სცადა: - დეტი!    რამდენიმე საათის მიწურულს ოდეტი უკვე ქალაქში ერთ-ერთ გრძელ სკამზე მოკალათებულიყო. დღის სინათლეს ნაცრისფერი შეჰპარვოდა. მიწას მოწყვეტილი სიბნელე ცოტაც და, ზედა სივრცეებს დაეპატრონებოდა. ოდეტს შარლერუაში დაბრუნება ვერ გადაეწყვიტა. გაოგნებული უკვე მერამდენეჯერ კითხულობდა წიგნის თავფურცელს, სადაც მის საყვარელ ავტორს დაეწერა: „დეტს“. ესეც ასე: ოდეტმა თავისი ოცნების მწერალთან ერთადერთი შეხვედრა ჩააფლავა. რა გაუძლებდა ახლა ბავშვების დაცინვას, არც ისე უმიზეზოს, სხვათა შორის. ნეტა თუ არსებობს დედამიწის ზურგზე ქალი, რომელსაც საკუთარი სახელისა და გვარის წარმოთქმა არ ძალუძს?! როგორც კი ავტობუსში ავიდა, ინციდენტიც უმალ დაავიწყდა და მთელი გზა ღრუბლებში დაფრინავდა. ბალთაზარ ბალზანის ახალი რომანის პირველივე ფრაზის წაკითხვისთანავე ოდეტი უცნაური სინათლით აივსო, სხვა სამყაროში აღმოჩნდა, სადაც ყველაფერი წაიშალა - გადატანილი დარდი და წუხილი, განცდილი სირცხვილის გრძნობა, ბანალური საუბრები მეზობლებთან, მანქანა-დანადგარების ხმაური, ინდუსტრიული შარლერუას სევდისმომგვრელი პეიზაჟები. ახალმა წიგნმა მას ფრთები შეასხა და ზეცაში ნავარდის საშუალება მისცა. შინ დაბრუნებული პირდაპირ საკუთარ საძინებელში შეიპარა ფეხაკრეფით. მოერიდა, ვინმე გაეღვიძებინა. განსაკუთრებით არ სურდა, საკუთარ მარცხზე შეკითხვები ესმინა. ლოგინზე წამოჯდა, ზურგს უკან ბალიშები ამოიდო და კედელს მიაშტერდა: ჩინური ლანდებით გამოსახული შეყვარებულები ზღვის სანაპიროზე ჩამავალ მზეს შესცქეროდნენ. ვერაფრით ვერ მოსწყდა წიგნს. სასთუმალთან მდგარი ლამპა მანამ ვერ ჩააქრო, სანამ ბოლომდე არ ჩაიკითხა. *    ბალთაზარ ბალზანმა კი ბევრად უფრო მიწიერი ღამე გაატარა. მშვენიერი ფლორანსი ყოველგვარი წინააღმდეგობის გარეშე დანებდა. თავადაც არ დაუკლია ძალისხმევა, რომ შავკანიან მშვენებასთან თავი არ შეერცხვინა. მაგრამ ძლიერი და დაუღალავი საყვარლის როლის შესრულებამ დიდი ენერგია მოითხოვა. ვერც მისმა „იარაღმა“ იყოჩაღა მაინც და მაინც, აშკარად დაეტყო დაქანცულობა. მწერალმა ერთი პირობა ისიც კი გაიფიქრა, ასაკმა ხომ არ მიწიაო.    შუაღამისას ფლორანსმა ტელევიზორის ჩართვა და ლიტერატურული გადაცემისთვის თვალყურის დევნება ისურვა - აქ წესით ბალთაზარის ბოლო ნამოღვაწარისთვის ქება-დიდება უნდა შეესხათ. დახარჯული ენერგიის რეაბილიტაციის შესაძლებლობა რომ არა, მწერალი მსგავს ახირებაზე არაფრის დიდებით არ დათანხმდებოდა. წითელშუშებიანი სათვალის მიღმა ბალთაზარმა მოწყენილი მამაკაცის იერი მოირგო. აშკარად ეტყობოდა, სატელევიზიო დისკუსიები გულს ურევდა. სათვალე კი იმ მატადორს ამსგავსებდა, ხართან შეთამაშება რომ გადაუწყვეტია, სანამ არენაზე ორთაბრძოლისას უმოწყალოდ განგმირავს. - მაყურებელი მთხოვს, ბალთაზარ ბალზანის ბოლო ნამუშევარზე საკუთარი მოსაზრებები გავუზიარო. კეთილი. რაოდენ სასიამოვნო იქნებოდა იმის თქმა, რომ ეს ნამდვილად მისი ბოლო ნამუშევარი იყოს. ამაში ოდნავ მაინც რომ ვიყო დარწმუნებული, ვიტყოდი, ბედნიერება მერგო წილად, მაყურებელს სასიამოვნო ახალი ამბავი ვახარო-მეთქი. არ გადავაჭარბებდი, თუ ვიტყოდი, რომ პირადად მე თავზარდაცემული გახლავართ - ლიტერატურული ღირებულების თვალსაზრისით ეს ნამდვილი კატასტროფაა. გავიმეორებ ამ სიტყვას - ყველაფერი თავზარდამცემია ნაწარმოებში - მოთხრობილი ამბავიც, მოქმედი გმირებიც, სტილიც... იყო აგრერიგად მდარე და უინტერესო... უინტერესო დაჟინებულად, უინტერესო უცვლელად თავიდან ბოლომდე. არა, ეს რომ მოახერხო, ნამდვილად დაოსტატებული მწერალი უნდა იყო, მეტიც - შენში გენიოსობის ნაპერწკალი მაინც უნდა კიაფობდეს. ადამიანი მოწყენისგან რომ კვდებოდეს, დღეს წესით თქვენ წინაშე წარდგომის შანსი არ უნდა მომცემოდა ანუ გუშინვე წავიღებდი წერილს. სასტუმროს ნომერში წელზე პირსახოცშემოხვეული, ლოგინზე გაშხლართული ბალთაზარ ბალზანი პირდაპირ ეთერში საკუთარ გაცამტვერებას ადევნებდა თვალყურს. მის გვერდით უხერხულ მდგომარეობაში ჩავარდნილი ფლორანსი ფეხებს უაზროდ იქნევდა, თითქოს ზედ აცოცებულ მწერს იგერიებსო.    ოლაფ პიმსი ოლიმპიური სიმშვიდით განაგრძობდა ნგრევას: - ძალიან კი მეუხერხულება მსგავსი განცხადებების საჯაროდ გაკეთება, მით უმეტეს, რომ მქონია ბედნიერება, ბალთაზარ ბალზანს პირადად შევხვედროდი. თავაზიანი და ზრდილობიანი ადამიანია, კოხტად და სუფთად ჩაცმულ-დახურული. მერე რა, თუ ამგვარი სტილით სკოლის ფიზკულტურის მასწავლებელს ჰგავს? ერთი სიტყვით, იმის თქმა მსურს, რომ მასთან ურთიერთობა სავსებით შესაძლებელია. თუმცა, მე მას მაინც იმ მამაკაცთა კატეგორიაში გავამწესებდი, რომლებთან განქორწინებასაც ქალები ერთი წამითაც არ ნანობენ.    ოლაფ პიმსი კამერას გაღიმებული სახით მიუბრუნდა და ისე მიმართა, გეგონება წინ ბალთაზარი უზისო: - როგორც ჩანს, თქვენ, ბატონო ბალთაზარ, კლიშეების დიდი ნიჭით ხართ დაჯილდოებული. რატომღა არქმევთ თქვენს ნამოღვაწარს რომანს? თქვენ ადგილას მე მას ლექსიკონად მოვნათლავდი. დიახ, არც მეტი არც ნაკლები - მზამზარეულ გამოთქმათა, უაზრო ნააზრევთა ლექსიკონს დავარქმევდი. სანამ გადარქმევის პროცედურას შეუდგებოდეთ, გნებავთ, გითხრათ რას იმსახურებს თქვენი წიგნი? ნაგვის ყუთში მოსროლას! ოლაფ პიმსმა კამერის წინ ერთი ეგზემპლარი შუაზე გადახია და ზიზღით მოისროლა. ეს ჟესტი ბალთაზარმა ისე აღიქვა, როგორც სახეში გაწნული სილა.    პირდაპირ ეთერში მსგავსი აგრესიით თავზარდაცემულმა წამყვანმა ოლაფს მაინც შეჰბედა: - როგორ აგვიხსნით მწერლის მსგავს წარმატებას? - მდარე გემოვნების ადამიანებს სრული უფლება აქვთ, საკუთარი გმირი ჰყავდეთ. ეჭვიც არ მეპარება, რომ კონსიერჟები, მოლარეები და პარიკმახერები, ბაზრობებზე კოლექციის გამდიდრების მიზნით უბადრუკ თოჯინებსა და მწუხრის რომანტიკულ ფოტოებს რომ დაეძებენ, მწერალს მაღალ შეფასებას აძლევენ.    ფლორანსმა ტელევიზორი გამორთო და ბალთაზარისკენ შეტრიალდა. უფრო გამოცდილი პრეს-ატაშე რომ ყოფილიყო, დიდი ტვინის ჭყლეტა არ უნდა დასჭირვებოდა, უმალ უნდა მიერთმია ლანგრით ის, რითაც მსგავს შემთხვევებში მასპინძლობენ: „ერთი გაავებული შურიანი ტიპია და მეტი არაფერი, ვერ მოუნელებია შენს წიგნებს ასე ბუზებივით რომ ესევიან. ცხადია, გამოსვლისთანავე ეცნობა მათ და ეჩვენება, რომ ყველაფერს აკეთებ, რათა მკთხველები მოთაფლო და მიიზიდო. ბუნებრივ ამბებში დემაგოგიას ხედავს; ვირტუოზული წერის მანერის უკან კომერციული ხრიკები ელანდება. შენი სურვილი, საინტერესო იყო ადამიანებისათვის, მის თვალში მხოლოდ და მხოლოდ გარკვეული სვლაა. ისე, რომ იცოდე, შენ ვერაფერს გიშავებს, თვითონვე ითხრის სამარეს, როცა საზოგადოებას უღირს, უგონო და ჭკუათხელ არსებათა ბრბოდ აღიქვამს. მისი ასოციალური ზიზღი პირდაპირ აღმაშფოთებელია“ . ისე კი ახალგაზრდა ფლორანსზე ზეგავლენის მოხდენას დიდი ძალისხმევა არ სჭირდებოდა. ერთმანეთში ურევდა ღვარძლსა და კრიტიკულ ალღოს. იმ საღამოს ბალთაზარმა ღრმა დეპრესიულ ფაზაში გადაინაცვლა და ეს შემთხვევითი სულაც არ ყოფილა: შეწუხდა ახალგაზრდა მეტისის იმედგაცრუებული და სიძულვილნარევი მზერის გამო. მისი მისამართით წარმოთქმული ღვარძლიანი და გესლიანი კომენტარები არაერთხელ მოუსმენია, მაგრამ ასე აშკარად პირველად შეიცოდეს. თავი დაბერებულად და საიშინლად სასაცილოდ იგრძნო.    იმ საღამოს შემდეგ ოდეტმა „დაბლობის მდუმარება“ კიდევ სამჯერ გადაიკითხა და დაასკვნა, რომ ის ავტორის ერთ-ერთი საუკეთესო რომანი იყო. თავის ვაჟიშვილს, პარიკმახერ რუდის, ბალთაზართან თითქმის შეუმდგარი შეხვედრის შესახებ გამოუტყდა. შვილს დაცინვა და გაქილიკება არც უფიქრია, რადგან მიხვდა, რომ დედა საშინლად იტანჯებოდა. - და რას ელოდებოდი? რა გინდოდა, მისთვის გეთქვა? - აი, რას ვეტყოდი: მისი წიგნები ხომ შესანიშნავია, მაგრამ თან ამ წიგნებმა სიკეთითა და სითბოთი ამავსეს. მისი შემოქმედება ამქვეყნად ერთ-ერთი საუკეთესო ანტიდეპრესანტია. წესით და რიგით, სოციალურ დაზღვევას მთლიანად უნდა აენაზღაურებინა მისი რომანების შეძენისას გაღებული თანხა. - თუ ამის თქმას შეხვედრისას თავი ვერ მოაბი, მისწერე მაინც. - უცნაური არ იქნება, ავდგე და მწერალს მივსწერო? - რა არის ამაში უცნაური? - ქალი, რომელიც ასე ცუდად წერს, სწერს მწერალს, რომელიც ასე კარგად წერს. - ჰო, მაგრამ ხომ არსებობენ მელოტი პარიკმახერებიც? რუდის არგუმენტით შეგულიანებული ოდეტი მისაღები ოთახისკენ გაემართა, რომელიც იმავდროულად სასადილო ოთახის ფუნქციასაც ასრულებდა, ხელსაქმე (ანუ ბუმბულები) გვერდით გადადო და წერილის წერას შეუდგა. „ძვირფასო ბატონო ბალთაზარ! მსურს გამოგიტყდეთ, რომ ცხოვრებაში კალამი არასოდეს ამიღია ხელში, ორთოგრაფიულ წესებს საკმაოდ კარგად ვიცნობ, სამაგიეროდ პოეზიასთან ვარ მწყრალად. არადა პოეტურობა უდაოდ მჭირდება, რათა გადმოვცე ის მნიშვნელობა, რომელიც თქვენ გაქვთ, ჩემი ღრმა რწმენით. სიმართლე გითხრათ, სიცოცხლეს სწორედ თქვენ უნდა გიმადლოდეთ. თქვენ რომ არ არსებობდეთ, აქამდე ასჯერ მაინც მოვიკლავდი თავს. ხედავთ, რა საშინლად ვწერ? სიცოცხლის დასასრულებლად მხოლოდ ეს მიზეზიც კი, ვფიქრობ, სრულიად საკმარისი იქნებოდა. ცხოვრებაში მხოლოდ ერთი მამაკაცი მიყვარდა - ჩემი მეუღლე ანტუანი. ის ისეთი სიმპათიური, ისეთი ახოვანი და ახალგაზრდაა. დაუჯერებელია, მაგრამ იოტის ოდენადაც არ შეცვლილა. აქვე აღვნიშნავ, რომ აგერ უკვე ათი წელი სრულდება, რაც გარდაიცვალა. მიზეზი სწორედ ეს გახლავთ... თავში აზრადაც არ მომსვლია ანტუანი სხვა მამაკაცით ჩამენაცვლებინა. ასე გამოვხატავ ჩემს სიყვარულს.    ორი ბავშვი მარტომ გავზარდე: სიუ ელენი და რუდი. მგონი, რუდიმ ცხოვრება აიწყო. პარიკმახერია და თვითონვე ირჩენს თავს. მხიარული და თავაზიანი ბიჭია. მართალია, ხშირად იცვლის მეგობარ ბიჭებს, მაგრამ ეპატიება, ის ხომ ძალიან ახალგაზრდაა, სულ რაღაც 19 წლის, და თავისებურად ერთობა.    რაც შეეხება სიუ ელენს, სრულიად განსხვავებული ვინმეა. პირქუშია ძალიან. მგონი, როცა დაიბადა, უკვე გაბრაზებული იყო მთელ სამყაროზე. სიზმარშიც კი ბუზღუნებს და წუწუნებს. ერთი კრეტინი გადაიკიდა, ნამდვილი მაიმუნი, დღედაღამ მოტოროლერებს რომ ჩაჰკირკიტებს, მაგრამ რად გინდა! ოჯახში ერთი სანტიმიც კი არ შემოაქვს. ორი წელია, რაც საცხოვრებლად ჩვენთან გადმობარგდა. ყველა სიკეთესთან ერთად ერთი უბედურებაც სჭირს - ფეხები უყარს ძალიან. გულწრფელად რომ ვაღიარო, სანამ თქვენს არსებობას შევიტყობდი, ჩემი ცხოვრება მახინჯი და უღიმღამო მეჩვენებოდა; ისეთივე უღიმღამო, როგორიც შარლერუაა განსაკუთრებით უამინდობის დროს, როცა ღრუბლები ძირს ჩამოწვება; მახინჯი, როგორც სარეცხი მანქანა, სწორედ მაშინ რომ გაჯიქდება, როცა ყველაზე მეტად გჭირდება; მახინჯი, როგორც ცარიელი ცივი ლოგინი... თითქმის ყოველ ღამით მიპყრობდა სურვილი, დამელია ბევრი საძილე აბი და წერტილი დამესვა ამ უნიათობისათვის. მერე კი, ერთ მშვენიერ დღეს, სრულიად შემთხვევით თქვენი წიგნი წავიკითხე. ჩემთვის თითქოს მძიმე ფარდები გაიხსნა, თითქოს სინათლით გაივსო ჩემი არსებობა. თქვენს წიგნებში თქვენ აჩვენებთ, რომ ნებისმიერი ადამიანის ცხოვრებაში, ყველაზე უღიმღამო და უბადრუკშიც კი, ყოველთვის მოიძებნება სიხარულის, სიცილისა და სიყვარულის საბაბი. თქვენ აცხადებთ, რომ ჩემისთანა პატარა და უმნიშვნელო ადამიანებიც კი იმსახურებენ ყურადღებასა და პატივისცემას. ისინი ხომ მცირე წარმატებასაც კი კოლოსალური ძალისხმევის საზღაურად აღწევენ. თქვენი რომანების წყალობით მე საკუთარი თავის დაფასება და პატივისცემა ვისწავლე, მეტიც, საკუთარი თავი ოდნავ შევიყვარე კიდეც. შევძელი გავმხდარიყავი ოდეტ ტულმონდი - რომელსაც დღეს იცნობენ: ქალი, რომელიც ყოველ დილით სიამოვნებით აღებს დარაბებს და არანაკლები სიამოვნების განცდით ხურავს მათ საღამოს. როგორც კი ანტუანი გარდაიცვალა, თქვენი წიგნები ჩემთვის პირდაპირ ძარღვებში უნდა შეეყვანათ. წარმოიდგინეთ წვეთოვანი, ავადმყოფებს რომ უდგამენ. ეს უბრალოდ დროს მომაგებინებდა. როდესაც ერთ დღეს, - დაე, ეს რაც შეიძლება გვიან მოხდეს, - თქვენ სამოთხის გზას დაადგებით, მაღალი ღმერთი გამოგეცხადებათ და გეტყვით: „უამრავი ადამიანი ისურვებდა, მადლიერება გამოეხატა იმ სიკეთისთვის, თქვენ რომ დედამიწის ზურგზე დათესეთ, ბატონო ბალთაზარ.“ და ამ მილიონთა შორის ოდეტ ტულმონდიც მოიაზრეთ. ოდეტ ტულმონდი, რომელმაც იჩქარა, და - მიუტევეთ კადნიერება, - აღარ დაელოდა ამ საათს.“    ის-ის იყო, ოდეტი წერას მორჩა, რუდი შურდულივით გამოვარდა თავისი ოთახიდან, სადაც მორიგ ახლად გაცნობილ ბიჭუნას ეკურკურებოდა. ამ ორს პერანგისა და საცვლების გადაცმა თუ მოესწროთ, იმდენად ეჩქარებოდათ ვებგვერდზე ამოკითხული ინფორმაციის გახმოვანება. თურმე ბალთაზარ ბალზანი შარლერუადან სულ ახლოს მდებარე ნამიურში ისევ დაარიგებდა ავტოგრაფებს. - ასე რომ, თავად შეძლებ წერილის გადაცემას! ...ბალთაზარ ბალზანი ნამიურის წიგნების მაღაზიაში მარტო არ გამოცხადებულა. გამომცემელი ახლდა თან, რომელსაც საგანგებოდ დაეტოვებინა პარიზი, რათა მწერლის განწყობის გამოკეთებაზე ეზრუნა. ამ მგზავრობის შემდეგ მწერალი კიდევ უფრო დათრგუნული ჩანდა. „თუ გამომცემელი რამდენიმე დღის ჩემს გვერდით გატარებას აპირებს, უნდა ვივარაუდო, რომ საქმე მაინც და მაინც კარგად ვერ მიდის,“ - ფიქრობდა თავისთვის.    მართლაც, კრიტიკოსები, მგლებივით ჯგუფურად ნადირობდნენ... ოლაფ პიმსის იერიშმა ყველას გაუღვიძა მადა. ისინი, ვინც ადრე ბრჭყალების გამოყოფას ან ინდიფერენტულობის გამოხატვას ერიდებოდნენ, ახლა საშინლად უღრენდნენ მწერალს. ბევრს არც კი წაეკითხა მისი რომანები. აი, სწორედ ისინი გამოირჩეოდნენ განსაკუთრებული სისასტიკითა და შეუწყნარებლობით. იმათაც კი, საკუთარი აზრი რომ არ გააჩნდათ, ენა ამოიდგეს და პოლემიკაში მონაწილეობის მიღება საკუთარ მოვალეობად მიიჩნიეს. ბალთაზარ ბალზანმა სრული უხრხემლობა გამოავლინა და საკადრისი პასუხი ვერავის გასცა. ბრძოლის ამ ველზე ის სრულიად განიარაღებული, სრულიად უუნარო აღმოჩნდა.    მწერალს სძულდა თავდასხმითი მოქმედებები და მოკლებული იყო ყოველგვარ აგრესიულობას. ის ხომ მწერალი მხოლოდ იმისთვის გახდა, რომ ცხოვრების სილამაზისა და სირთულისათვის ემღერა. აღშფოთებაც შეეძლო გამოეხატა, მაგრამ მხოლოდ საზოგადოებისათვის საჭირბოროტო საკითხების გამო. პირად საკითხებზე კი არამც და არამც. მისი ერთადერთი რეაქცია წამება და თვითგვემა აღმოჩნდა. სანამ ღვარძლის ტალღა გადაივლიდა, სიმშვიდის შენარჩუნება ამჯობინა. იმავეს ნამდვილად ვერ იტყოდი გამომცემელზე. მედიის საშუალებების გაცხარებასა და დუღილს ის სიამოვნებით გამოიყენებდა სათავისოდ. ნამიურში მკითხველთა რაოდენობა ნაკლებად შთამბეჭდავი აღმოჩნდა, ვიდრე ბრიუსელში. ამისთვის შეიძლებოდა შესაბამისი ახსნა-განმარტება გამოგვენახა: სულ რაღაც რამდენიმე დღეში ბალთაზარის რომანებით გატაცება, მით უმეტეს - აღფრთოვანების გამოხატვა, „დეჟა ვიუდ“ იქცა. სწორედ ამიტომაც მწერალი განსაკუთრებულ ყურადღებასა და თავაზიანობას იჩენდა მათ მიმართ, ვისაც ეს აღფრთოვანება ჯერ კიდევ არ განელებოდა.    ატეხილ აურზაურზე ოდეტმა არაფერი იცოდა. ის ხომ არც ჟურნალ-გაზეთებს კითხულობდა და არც ტელეგადაცემებს უყურებდა კულტურაზე. ვერც კი წარმოიდგენდა, რომ მის საყვარელ მწერალს ერთ მშვენიერ დღეს მძიმე საათები შეიძლებოდა დასდგომოდა. მორთულ-მოკაზმული, თუმცა ნაკლებად ელეგანტური, ვიდრე პირველ ჯერზე, ჭიქა ღვინით გამხნევებული ოდეტი (რუდიმ დააძალა მოპირდაპირე კაფეში დალევა) გულის ფანცქალით ბალთაზარ ბალზანის წინაშე წარდგა: - გამარჯობა, მიცანით? - ოო, დიახ... ჩვენ შევხვედრივართ ერთმანეთს... მგონი შარშან არა?... არა? შემახსენეთ, გეთაყვა... ოდეტი სულაც არ გაუნაწყენდა მწერალს. პირიქით, ერჩივნა, მას სამშაბათის უნიათო შეხვედრა გონებაში არ აღედგინა. ამიტომაც ტვინის ჭყლეტისგან სასწრაფოდ გაათავისუფლა: - არა, უბრალოდ გავიხუმრე. არასდროს შევხვედრივართ ერთმანეთს. - მეც ასე ვფიქრობ, თორემ უსათუოდ გაგიხსენებდით. ვისთან მაქვს საუბრის პატივი? - ოდეტი გახლავართ. ოდეტ ტულმონდი. - მაპატიეთ? - ტულმონდი ჩემი გვარია. ბალთაზარმა ამ კომიკური გვარის გაგონებაზე გაიფიქრა, ხომ არ დამცინისო. - ხუმრობთ? - უკაცრავად? ბალთაზარი მიხვდა, რომ უტაქტოდ გამოუვიდა და ნათქვამის გამოსწორება სცადა: - არა, იმის თქმა მსურდა, რომ ორიგინალური გვარია. - ჩემს ოჯახში ასე არ ფიქრობენ. ოდეტმა ახალი ეგზემპლარი დააძრო და მწერალს ხელმოსაწერად გაუწოდა: შეგიძლიათ უბრალოდ წამიწეროთ „სახსოვრად ოდეტს“. დაბნეულმა ბალთაზარმა კიდევ ერთხელ ისურვა, თავი დაერწმუნებინა, გვარი სწორად გაიგო თუ არა. - ოდეტი? - დიახ, ამ სახელით ჩემმა მშობლებმა ნამდვილად დამცინეს. - რას ბრძანებთ, დიდებული სახელია ოდეტი... - საშინელია. - არა. - კი. - ეს ხომ პრუსტისეულია. - პრუ...? - პრუსტისეული... „დაკარგული დროის ძიებაში“... გაიხსენეთ ოდეტ დე კრესი, რომელიც სვანს უზომოდ უყვარს. - მე ერთი ის ვიცი, რომ პუდელებს არქმევენ ოდეტს. დიახ, პუდელებს. როგორც კი ჩემზე მიდგება საქმე, რატომღაც ყველას ავიწყდება ეს პრუსტის პერსონაჟის სახელი. უკეთესად რომ გამიხსენონ, იქნებ, ჯობდეს ძაღლის საყელური გამეკეთებინა და თმა დამეხვია. მწერალმა ოდეტი შეათვალიერა. არ იყო დარწმუნებული, რომ ყველაფერი კარგად გაიგო, შემდეგ კი გულიანად გაიცინა. ოდეტი მისკენ დაიხარა და კონვერტი მიაწოდა. - ინებეთ, ეს თქვენ გეკუთვნით. როცა გესაუბრებით, პირიდან მხოლოდ სისულელეები ამომდის, ამიტომ გადავწყვიტე, დამეწერა. ოდეტი ბუმბულების ფრთხიალით გაიქცა. პარიზში გასამგზავრებლად თავისი გამომცემლის გვერდით მანქანის უკანა სავარძელზე მოხერხებულად რომ მოკალათდა, ბალთაზარ ბალზანს რაღაც მომენტში წერილის წაკითხვა მოუნდა, მაგრამ როგორც კი თვალი შეავლო ქაღალდზე აღბეჭდილ იასამნებისა და ვარდების ერთმანეთში გადაწნულ გირლიანდებს, ფუმფულადუნდულებიან ანგელოზებს რომ ეჭირათ, გადაიფიქრა. რას ერჩი, ოლაფ პიმსი ნამდვილად სიმართლეს ღაღადებდა -ის მოლარეებისა და პარიკმახერების მწერალი იყო. სხვა თაყვანისმცემლების ღირსი არც არასდროს ყოფილა! დიახ, დიახ, სხვა კატეგორიის თაყვანისმცემლები არ დაუმსახურებია. მწერალმა ღრმად ამოიხვნეშა. წერილი კი ყოველი შემთხვევისათვის აქლემის ტყავისგან შეკერილი მანტოს გულის ჯიბეში შეინახა.    პარიზში ნამდვილი ჯოჯოხეთი ელოდა. მეუღლეს, რომლესაც სულ სადღაც მიეჩქარებოდა და თავიდან ფეხებამდე თავის საადვოკატო კარიერაში იყო ჩაფლული, იოტისოდენა თანაგრძნობაც არ გამოუხატავს ქმრის თავს დატეხილი უსიამოვნო აჟიოტაჟის გამო. მოგვიანებით კი გაიგო, რომ მის 10 წლის ვაჟს ლიცეუმში პატარა ავაზაკებთან ჩხუბში ჩაბმაც კი მოუწია, მამის ღირსება და სახელი რომ დაეცვა. წარმოგიდგენიათ? იმ პატარა ქვეშაფსიებმა მამამისს დასცინეს! საერთოდ ბალთაზარი სიმპათიების გამომხატველი წერილებით განებივრებული არც არასდროს ყოფილა. ლიტერატურული წრეებიდან ხომ არასდროს არავინ გამოხმაურებია. შესაძლოა, ეს სულაც მისი ბრალი ყოფილიყო; ის ხომ თავად გაურბოდა სხვა მწერლებთან ურთიერთობას. კუნძულ სენ-ლუიზე გამოკეტილი ამაოდ ელოდა ტელეფონის ზარს, ამაშიც, ცხადია, ვერავის დასდებდა ბრალს: ის ხომ ცოცხალი თავით არავის აძლევდა თავის კოორდინატებს. ბალთაზარმა ობიექტურად შეაფასა მთელი თავისი ცხოვრება და ეჭვი შეეპარა, რომ ის საინტერესო და აზრიანი გამოუვიდა. მართალია, მისი მეუღლე იზაბელი ლამაზი ქალი იყო, მაგრამ სამაგიეროდ ცივი, მკვახე, ამპარტავანი და უზომოდ ამბიციური, უზარმაზარი მემკვიდრეობის პატრონი ამ მტაცებელთა და სისხლისმწოველთა გარემოს ორგანული ნაწილი უფრო იყო, ვიდრე თვითონ. განა თავიდანვე არ შეთანხმდნენ, ქორწინების გარდა სხვა ურთიერთობებზე უარი არ ეთქვათ? დასტური იმისა, რომ მათი წყვილი უფრო სოციალურ სტატუსს ეფუძნებოდა, ვიდრე სიყვარულს. მართალია, ბალთაზარი დედაქალაქის შუაგულში ცხოვრობდა და მისმა ძვირადღირებულმა ბინამ მოშურნეები გაუმრავლა, მაგრამ ნამდვილად სიამოვნებდა ფუფუნება. არც კედლების, არც ფანჯრების, თაროებისა და დივნების სამშვენისად მისი სურვილისა და გემოვნების მიხედვით არაფერი არჩეულა. ეს საქმე დიზაინერმა იტვირთა. სალონში წამოჭიმულ როიალზე არავინ უკრავდა; მაღალი საზოგადოებრივი სტატუსის უბადრუკი მაჩვენებელი გახლდათ და მეტი არაფერი. მისი კაბინეტი მხოლოდ პრესაზე, ეპატაჟზე იყო გათვლილი. თვითონ ხომ წერა მხოლოდ კაფეებში სიამოვნებდა. ბალთაზარმა გააცნობიერა, რომ მუზეუმში, უსულო ექსპონატების გარემოცვაში ცხოვრობდა. კიდევ უარესი - ეს ყველაფერი უცხო და განყენებული იყო მისი ბუნებისთვის.    და რა საქმეს წაადგა მისი ფული? იმის ხაზგასმას, რომ ხალხში გაერია და საზოგადოების იმ კატეგორიაში დაიმკვიდრა ადგილი, წარმოშობით არასდროს რომ არ მიესვლებოდა. რასაც ფლობდა სინამდვილეში, მას სრულიად არ ამდიდრებდა. ახალ სოციალურ სტატუსთან შეუთავსებლობა გააზრებული კი ჰქონდა, მაგრამ ამისგან ავად არც არასდროს გამხდარა, რადგან თავისი შემოქმედებისადმი რწმენით იცავდა თავს. აი, სწორედ მის რწმენას შეუტიეს დღეს ასე უმოწყალოდ... თავადაც შეუჩნდა ეჭვის ჭია... მოახერხა კი თუნდაც ერთი ღირებული რომანის დაწერა? ნუთუ მის წინააღმდეგ მიმართულ თავდასხმებს მხოლოდ შური და ღვარძლი კვებავდა? იქნებ მას სამართლიანი განაჩენი გამოუტანეს? სუსტი და დაუცველი რეალური ცხოვრებისკენ მიმავალ გზას ვერა და ვერ პოულობდა. შინაგანი წინააღმდეგობა, რომელიც მასში არასდროს განელებულა, უკვე გაუსაძლისად იქცა. საზოგადოების განსჯის საგანი გახდა: „ხარ თუ არა საკმარისად ნიჭიერი, რომ თავი გაართვა იმას, რისი გაკეთებაც მოგიწევს?“ ყველაფერი იმით დამთავრდა, რომ ერთხელაც, როცა ერთმა კეთილისმსურველმა აუწყა, შენი ცოლი ვნებებს ოლაფ პიმსის ლოგინში იცხრობსო, ბალთაზარმა თვითმკვლელობის გარდა სხვა გამოსავალი ვერ იპოვა.    ფილიპინელმა მსახურმა უგონოდ მყოფს დროზე მიუსწრო. სასწრაფო დახმარების ექიმებმა მოასულიერეს, რამდენიმედღიანი დაკვირვების შემდეგ კი ფსიქიატრიული საავადმყოფოს გზას გაუყენეს. ამ დაწესებულებაში კი ბალთაზარი ერთგვარ მარგებელ სამკურნალო სიჩუმეში ჩაიკეტა. ცხადია, რამდენიმე დღეში ყოჩაღი და ყურადღებიანი ფსიქიატრების ყველა შეკითხვაზე გასცემდა კიდეც ამომწურავ პასუხს, მის გათავისუფლებას ასე გულმოდგინედ რომ ცდილობდნენ. სამწუხაროდ, მეუღლის მოულოდნელმა ვიზიტმა მთელი მკურნალობის პროცესი სრულიად შეცვალა.    როგორც კი მანქანის ძრავის ხმა ჩაესმა, მწერალს დიდი ფიქრი არ დასჭირვებია, ამდგარიყო და ფანჯრიდან გადაემოწმებინა, რომ ეს ნამდვილად იზაბელი შემოგრიალდა პარკში თავისი უზარმაზარი ტანკით. კუთვნილ ნივთებს წამში ერთად მოუყარა თავი, დასტაცა მანტოს ხელი და კარი გაამტვრია, რომელიც შიდა კიბეზე გადიოდა. საფეხურებზე ჩარბენისას გადაამოწმა, რომ გასაღების ასლი ნამდვილად თან ჰქონდა და როგორც კი გარეთ აღმოჩნდა, მანქანისკენ დაადო თავი. შემდეგ მანქანა სასწრაფოდ დაქოქა და ეზოდან გავარდა. ამ დროს იზაბელი შენობის შიგნით ლიფტის ჩამოსვლას ელოდა.    შეშინებულმა და დაბნეულმა რამდენიმე კილომეტრი გაურკვეველი მიმართულებით იარა. რომელ გზას უნდა დასდგომოდა? საით წასულიყო? თუმცა, იმ მომენტისთვის ამას არსებითი მნიშვნელობა არ ჰქონდა. ვინმესთვის თავშესაფრის თხოვნა ახსნა-განმარტებების მიცემას გულისხმობდა, ამიტომ ეს გზა თავიდანვე უარყო. მანქანა ბენზინგასამართი სადგურის მიმდებარე მოედანზე შეაჩერა. კაფეში შევიდა და ყავაც შეუკვეთა, რომელიც მისთვის ზედმეტად ტკბილი აღმოჩნდა, თან სითხეს შერეულმა ქაღალდის ჭიქის გემომ კიდევ უფრო გაუფუჭა განწყობა. ამ დროს მისი ყურადღება აქლემის ტყავისგან შეკერილი პალტოს ამობურცულმა ჯიბემ მიიპყრო. უსაქმურობისაგან თავის დასაღწევად წერილის წაკითხვა გადაწყვიტა. გახსნა თუ არა, ღრმად ამოიოხრა. ცუდი გემოვნებით შერჩეულმა ქაღალდმა ლამის ცუდად გახადა. გზავნილის ავტორი ამას არ დასჯერდა - თაყვანისმცემელს უსტარისთვის წითელი ფლომასტერით დახატული, ბუმბულებით დამშვენებული გული დაერთო. ბალთაზარი კითხვას ცალი თვალით შეუდგა. როცა წერილის დასასრულს მიუახლოვდა, თვალებიდან ცრემლები გადმოუგორდა.    ჯიპის უკან გადაწეულ სავარძელზე მისვენებულმა ბალთაზარმა გზავნილი ოცჯერ მაინც გადაიკითხა. ლამის ზეპირად ისწავლა. ოდეტის მიამიტმა და მხურვალე სულმა გულის სიღრმემდე შეძრა. ბოლო სიტყვებმა კი მასზე ჯადოსნური ნაყენის ეფექტი იქონია: „როდესაც ერთ დღეს, - დაე, ეს რაც შეიძლება გვიან მოხდეს, - თქვენ სამოთხის გზას დაადგებით, მაღალი ღმერთი გამოგეცხადებათ და გეტყვით: „უამრავი ადამიანი ისურვებდა, მადლიერება გამოეხატა იმ სიკეთისთვის, თქვენ რომ დედამიწის ზურგზე დათესეთ, ბატონო ბალთაზარ.“ და ამ მილიონთა შორის ოდეტ ტულმონდიც მოიაზრეთ. ოდეტ ტულმონდი, რომელმაც იჩქარა, და - მიუტევეთ კადნიერება, - აღარ დაელოდა ამ საათს.“ როცა ჩათვალა, რომ უსტარის გამამხნევებელი და მანუგეშებელი ეფექტით საკმაოდ დაიმუხტა, მანქანა დაძრა და ამ სტრიქონების ავტორის მონახულება გადაწყვიტა. *     ამ საღამოს ოდეტ ტულმონდი ქალიშვილის - ულმობელი და სასტიკი სიუ ელენის საყვარელ კერძს - „მოცურავე კუნძულს“ ამზადებდა. კბილების გასასწორებელი რკინებით დამახინჯებული სიუ-ელენი, რომელსაც გარდატეხის ასაკი ეს-ეს არის უკან ჩამოეტოვებინა, ერთი დამსაქმებლის გასაუბრებიდან მეორისკენ გარბოდა და ამაოდ ცდილობდა, რამე სამსახური ეშოვა. ოდეტი კვერცხის ცილას გულმოდგინედ თქვეფდა და თან ღიღინებდა, კარზე ზარი რომ გაისმა. ამ საპასუხისმგებლო საქმის გაწყვეტით საგონებელში ჩავარდნილმა ხელები მაინც სწრაფად შეიმშრალა. გადაწყვიტა, რომ მეზობლის გულისთვის თავის შეწუხება არ ღირდა და ნეილონის უბრალო კომბინაციაზე ზემოდან არაფერი მოიცვა. ოდეტმა კარი გააღო. ბალთაზარ ბალზანის დანახვისას ენა მუცელში ჩაუვარდა. დაღლილი, მისუსტებული, გაუპარსავი და ზურგზე სამგზავრო ჩანთამოგდებული მწერალი მის კართან იდგა, ცხვირწინ წერილს უფრიალებდა და თან ანთებული თვალებით ათვალიერებდა: - თქვენ გამომიგზავნეთ ეს წერილი? დაბნეულმა ოდეტმა გაიფიქრა, რომ სტუმარს მისი დატუქსვა ჰქონდა გადაწყვეტილი. - დიახ... მაგრამ... - უჰ, როგორც იქნა, გიპოვეთ. ოდეტი გაშეშებული იდგა, სანამ მწერალი შვებისგან ხვნეშოდა. - ერთადერთი კითხვა მსურს დაგისვათ, - წამოიწყო ბალთაზარმა: - ვისურვებდი, რომ მიპასუხოთ. - დიახ, გისმენთ. - გიყვარვართ? - დიახ. ოდეტმა დასმულ კითხვას ყოველგვარი ყოყმანის გარეშე უპასუხა. ბალთაზარისთვის ეს გახლდათ ძვირფასი გაელვება, რომელმაც უზომო სიამოვნება განაცდევინა. აზრადაც არ მოსვლია, რომ მსგავს გარემოებას ოდეტი შესაძლოა უხერხულობაში ჩაეგდო. თავგზააბნეული მასპინძელი ხელებს იფშვნეტდა და ვერ გაებედა, საუბარი ჩამოეგდო იმაზე, რამაც ასე დიდი ხანია მოსვენება დააკარგვინა და დატანჯა. ბოლოს მაინც ვერ მოითმინა და ამოშაქრა: - ჩემი ცილა... - რა ბრძანეთ? - საქმე ისაა, რომ სანამ მობრძანდებოდით, კვერცხის ცილას ვთქვეფდი. იცით, დიდხანს თუ გააჩერე, შესაძლოა... შეწუხებულმა ოდეტმა ჟესტიკულაციით სცადა ჩაფუშვის გამოხატვა. აღელვებულმა ბალთაზარმა ახსნა-განმარტებას თავი და ბოლო მაინც ვერ გაუგო. - სინამდვილეში თქვენთვის მეორე კითხვაც მქონდა მომზადებული. - დიახ, ბრძანეთ. - ესე იგი, შემიძლია გკითხოთ? - დიახ, დიახ. - დარწმუნებული ხართ, რომ ნამდვილად შემიძლია? - დიახ. ბალთაზარმა თვალები დახარა,- არა მის მზერას ნამდვილად ვერ გაუძლებდა და დამნაშავე ბავშვივით ამოილუღლუღა: - შემიძლია თუ არა თქვენთან რამდენიმე დღე დავრჩე? - უკაცრავად, ვშიშობ, ნათქვამს ვერ მიგიხვდით. - კონკრეტული პასუხი გამეცით, ძალიან გთხოვთ: კი თუ არა? ოდეტს ფიქრი მხოლოდ ორი წამი გაუგრძელდა, შემდეგ შთაბეჭდილების ქვეშ მოქცეულმა მისთვის ჩვეული უშუალობით ხმამაღლა წამოიძახა: - დიახ, და ჩქარა შემობრძანდით, თორემ ცილა გადასაღვრელი გამიხდება. ოდეტი სამგზავრო ჩანთას ჩააფრინდა და ბალთაზარი ოთახში შეათრია. ასე და ამგვარად შეეხიზნა ბალთაზარ ბალზანი შარლერუელ ოდეტ ტულმონდს, დღისით მოლარეს, საღამოს კი დეკორატორს. მწერლის სხვა ქალაქში გადაბარგების შესახებ პარიზში არავის არაფერი გაუგია. - რას ნიშნავს მებუმბულე? - დაინტერესდა ერთ მშვენიერ საღამოს მწერალი. - ბუმბულებს ვაკერებ მოცეკვავეთა კოსტიუმებზე. გინახავთ ალბათ „ფოლი ბერჟერისა“ და „კაზინო დე პარის“ წარმოდგენები... ამაში ერთ-ორ სანტიმს მიხდიან და მოლარის უბადრუკ ხელფასს ვავსებ... ბალთაზარ ბალზანმა საკუთარი ცხოვრებისაგან სრულიად განსხვავებულ სამყაროში ამოყო თავი: სამყარო, სადაც არც ფულზე დარდობდნენ და არც სახელზე, მაგრამ ადამიანები თავს მაინც ბედნიერად გრძნობდნენ... ოდეტს ბუნებამ ერთი მეტად შესაშური -მხიარულების ნიჭი მოამადლა. მისი არსების სიღრმეში, შეიძლება ითქვას, უზარმაზარი ჯაზ-ბენდი დაუღალავად უკრავდა ჩამთრევ და გულისშემძვრელ მელოდიებს. ვერანაირი ყოფითი სიძნელე მას წყობიდან ვერ გამოიყვანდა, რაც უნდა მომხდარიყო, ნერვიც კი არ აუტოკდებოდა. თუ ვინიცობაა, პრობლემა წამოიჭრებოდა, დინჯად და აუჩქარებლად, ფორიაქის გარეშე შეუდგებოდა გამოსავლის ძებნას. მოკრძალება და მორჩილება - აი, მისი ხასიათის ძირითადი თვისებები. არც არასდროს მოსვლია თავში, რომ უკეთეს ბედს იმსახურებდა და არასდროს დაუფლებია იმედგაცრუების განცდა. ბალთაზარსაც მისთვის ჩვეული გულუბრყვილობითა და უშუალობით გააცნო თავისი სახლი: აგურით ნაგები, მერიის სოციალურ კმაყოფაზე აყვანილი იაფფასიანი შენობა, პასტელის ფერებში შეღებილი ლოჯიებით (მსგავსი ფერის ნაყინს ბავშვები ეტანებიან ხოლმე ზაფხულში) და პლასტმასის ყვავილებით დამშვენებული აივნებით, კედლებზე ჩამოკონწიალებული დაწნული ზონრებითა და ჰერანიუმის ქოთნებით, რეპროდუქციით, რომელზე გამოსახული მეზღვაურიც ოლიმპიური სიმშვიდით აბოლებდა ჩიბუხს. - როცა აქ ცხოვრების შანსი გეძლევა, სხვაგან გადაბარგებაზე ნაკლებად იფიქრებ. ალბათ მხოლოდ მაშინ, როცა მუხის კუბოში ჩაკვეხებულს გაგასვენებენ... არა, ეს შენობა ნამდვილი სამოთხეა! საერთოდ, კაცობრიობის მიმართ კეთილგანწყობილ ოდეტს ყოველთვის ჰყოფნიდა გონიერება, ნებისმიერი ჯურისა და ხასიათის ადამიანთან გამოენახა საერთო ენა, იმათთანაც კი, საკუთარ თავს რომ მისგან სრულიად განსხვავებულად მიიჩნევდნენ. არ ცდილობდა, ვინმე განეკითხა. იოლად დაუახლოვდა თავის სართულზე მცხოვრებ წითელკანიან ფლამანდრიელთა წყვილს. ცოლ-ქმარი რეგულარულად იძენდა სოლარიუმის აბონემენტებს და ხშირად სტუმრობდნენ კლუბებსაც, სადაც პარტნიორთა გაცვლა სრულიად მიღებული იყო. ასევე დაუდაქალდა მერიის უკმეხ და კატეგორიულ თანამშრომელს, ყველაფერზე რომ ჰქონდა მზამზარეული პასუხი. უცვლიდა რეცეპტებს ახალგაზრდა ამერიკელ ხუთი შვილის დედას, ხშირად რომ ცოფდებოდა და გადარეული კედლებს ფხაჭნიდა. პურსა და ხორცს იმპოტენტ და რასისტ პენსიონერთან, მესიე ვილპუტთან ყიდულობდა. ეს უკანასკნელი ისეთ სისულელეებს როშავდა, ყურით რომ არ გაიგონებოდა, მაგრამ მაინც ადამიანური არსებააო, იტყოდა ხოლმე მოხუცის შეფასებისას. ოდეტი შინაც ყველასთვის ერთნაირად გულღია იყო: მისი ვაჟის, რუდის მამათმავლური თავგადასავლები ნაკლებ სადარდებელს უჩენდა, ვიდრე სიუ-ელენის უჟმურობა, რომელსაც ამჟამად მძიმე ფსიქოლოგიური პერიოდის გადატანა უწევდა. ოდეტმა ქალიშვილთან დაყვავების გზა აირჩია, თუმცა სასტიკ წინააღმდეგობას გადააწყდა. დილიდან საღამომდე ცდილობდა, სიუ-ელენს გაღიმებაში, მოთმინების მოკრებაში, საკუთარი თავისადმი ნდობის შენარჩუნებაში დახმარებოდა. ასევე სურდა, შეეგონებინა, რომ მისთვის ბევრად უკეთესი იქნებოდა, თავის ამოჩემებულ მეგობარს, პარაზიტს, ღორმუცელასა და აყროლებულ პოლოს გაშორებოდა.    ბალთაზარი ამ ვიწრო სადგომში ისე მიიღეს, ერთი ზედმეტი კითხვაც არ დაუსვამთ, თითქოს სოფლიდან ქალაქში გავლით ჩამოსულ შორეულ ნათესავს სავალდებულო სტუმარმასპინძლობა გაუწიესო. თავის მხრივ, მწერალს არ შეეძლო ეს მიღება საკუთარი ან მეუღლის რეაქციისთვის არ შეედარებინა, როცა პარიზში მეგობრები რამდენიმე დღით შეკედლებას თხოვდნენ. „აბა, სასტუმროები რისთვის არსებობს?!“- შეჰყვირებდა ხოლმე ყოველ ჯერზე წყობიდან გამოსული იზაბელი, სანამ აბეზარ სტუმრებს შეაგნებინებდა, ბინაში ისე ვიწროდ ვცხოვრობთ, ყველანი უხერხულად ვიგრძნობთ თავსო.    რადგან ახალ გარემოში ყოველგვარ გამოკითხვას ასცდა, არც ბალთაზარს შეუწუხებია თავი, ერთხელ მაინც ეკითხა საკუთარი თავისთვის, თუ რას საქმიანობდა ან რამ განაპირობა მისი აქ დარჩენა. ახსნა-განმარტებებისა და დაზუსტებისაგან გათავისუფლებულ ბალთაზარს სრული შესაძლებლობა მიეცა, დაკარგული ძალ-ღონე მოეკრიბა. ისე, ჯეროვნად არც ჰქონდა გაცნობიერებული, რომ სოციალური და კულტურული გარემოს მსგავსმა ცვლამ საკუთარ საწყისებს, საკუთარ ფესვებს დაუბრუნა. ბალთაზარმა არც კი იცოდა, ვინ იყო მამამისი, დედამისმა კი მის გაზრდაზე დაბადებისთანავე თქვა უარი. მას შემდეგ არაერთი მოკრძალებული ფინანსური შესაძლებლობების მქონე ოჯახი გამოიცვალა - კეთილი და გულისხმიერი ადამიანები საკუთარ ბავშვებთან ერთად ობოლსაც ზრდიდნენ. ძალიან ახალგაზრდამ დაიფიცა, რომ კარგი სწავლით საზოგადოების მაღალ ფენებში გაიკაფავდა გზას. მისი ამოსაცნობი და განმასხვავებელი ნიშანი განათლება და ინტელექტი უნდა გამხდარიყო. სტიპენდიებით ზურგგამაგრებული დაეუფლა ბერძნულს, ლათინურს, ინგლისურს, გერმანულსა და ესპანურს. სულ ბიბლიოთეკაში იჯდა, მისთვის საინტერესო არც ერთი წიგნი არ დატოვა წაუკითხავი. მოემზადა და ჩაირიცხა საფრანგეთის ერთ-ერთ პრესტიჟულ სასწავლებელში - „კოლ ნორმალ სუპერიორში“. მოგვიანებით საკუთარი არსენალი კიდევ რამდენიმე საუნივერსიტეტო დიპლომით გაამდიდრა. ბალთაზარის აკადემიურ გმირობას შესაბამისი ნაყოფიც უნდა გამოეღო. თავისუფლად შეეძლო უნივერსიტეტში ლექტორის თანამდებობისთვის გამოეკრა ხელი, გზა ხსნილი ჰქონდა რომელიმე სამინისტროში მაღალი რანგის სახელმწიფო მოხელის კაბინეტისკენაც, რომ არა ერთი გარემოება. ეს მისი მხრიდან შეიძლებოდა აღქმულიყო, როგორც კომფრომისტული დათმობა: ბალთაზარმა საკუთარ თავში წერის ნიჭი აღმოაჩინა და გადაწყვიტა, სამწერლო ასპარეზზე დაემკვიდრებინა თავი. საინტერესოა, რომ თავის წიგნებში იმ წრეს კი არ აღწერდა, სადაც სოციალური აღმავლობის წყალობით აღმოჩნდა, არამედ იმ გარემოს, სადაც ბავშვობისა და ყრმობის წლები გაატარა. შესაძლოა სწორედ ამით აიხსნებოდა მისი შემოქმედებისათვის დამახასიათებელი ჰარმონიულობა, პოპულარობაც, სხვათა შორის, და ზიზღიც, ინტელიგენცია მის მიმართ რომ ავლენდა. ტულმონდების ოჯახში გაწევრიანებამ ის მარტივ, უბრალო ცხოვრებისეულ სიამოვნებებს დაუბრუნა; შეახსენა, თუ რას ნიშნავს ამბიციურობისა და ფარისევლობისაგან დაცლილი ურთიერთპატივისცემა, სტუმართმოყვარე და თბილ ადამიანთა შორის ცხოვრებით მონიჭებული ბედნიერება. და მიუხედავად ყველაფრისა, მეზობლებთან საუბრისას მწერალმა დაადგინა, რომ კორპუსის თითქმის ყველა ბინადარს ის ოდეტის საყვარლად მოენათლა. მეზობელთან პარტნიორთა გაცვლაზე ბჭობისას (აი, იმ მეზობელთან, საკუთარი გარაჟი სპორტულ დარბაზად რომ გადაეკეთებინა) მოკერებული იარლიყის მოხსნას შეეცადა, ამ უკანასკნელმა კი თავი შეურაცხყოფილად იგრძნო და მიახალა, სულელი და მიუხვედრელი ხომ არ გგონივარო. - წლები გავიდა მას შემდეგ, რაც ოდეტს საკუთარ სახლში მამაკაცი არ მიუღია. თანაც მე ძალიან კარგად მესმის შენი: დასაძრახს ვერაფერს ვხედავ, როცა ცდილობ, საკუთარ თავს სიამოვნება მიანიჭო! ოდეტი ნამდვილად ლამაზი ქალია. თანახმა თუ იქნებოდა, არც მე ვიტყოდი უარს. ბალთაზარი დაიბნა. მიხვდა, რომ საწინააღმდეგოს მტკიცება ოდეტის რეპუტაციისათვის საზიანო იქნებოდა. ბინაში ახალი კითხვებით დაბრუნდა. „იქნებ, მასთან ურთიერთობა მსურს და ვერც გამიცნობიერებია? ამაზე არასდროს მიფიქრია. ოდეტი ნამდვილად არ არის ჩემი გემოვნების შესაფერისი ქალი... მეტისმეტად... არ ვიცი... არა, არა, სრულიადაც არა... ამას გარდა, თანატოლები ვართ... თუ მსგავსი სურვილი შემიპყრობდა, ალბათ ახალგაზრდასთან უფრო მომინდებოდა... მერე ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, აქ ყველაფერი არანორმალური ჩანს. ისე, სხვათა შორის, რა ჯანდაბამ მომიყვანა აქ?“ საღამოს ბავშვები პოპ-მუსიკის კონცერტზე წავიდნენ და ბალთაზარი ოდეტთან სრულიად მარტო დარჩა. მწერალმა ქალს განსხვავებული მზერა შეავლო.    ოთახს ტორშერის რბილი შუქი ანათებდა. ოდეტს ანგორის პულოვერი ძალიან უხდებოდა. ხელოვნური ძვირფასი ქვებით აბრჭყვიალებულ კოსტიუმზე ბუმბულების მიკერებით იყო გართული. ბალთაზარს მასპინძელი ძალიან ერთობ სიმპათიური და მიმზიდველი ეჩვენა. ადრე მსგავსი რამ არც შეუმჩნევია. „იქნებ ფილიპი სიმართლეს ამბობდა?“ ოდეტმა იგრძნო, რომ ბალთაზარი აკვირდებოდა. თავი ასწია და გაუღიმა. უხერხულობა გაიფანტა. რომ მიახლოვებოდა, მწერალმა წიგნი გვერდზე გადადო და ფინჯნებში ყავა ჩამოასხა. - თუ ოცნებობთ რამეზე, ოდეტ? - დიდი სურვილი მაქვს, ზღვაზე წავიდე. - ხმელთაშუა ზღვაზე? - რატომ მაინც და მაინც ხმელთაშუა ზღვაზე? აქაც გვაქვს ზღვა. მართალია, ნაკლებად ლამაზი, სამაგიეროდ უფრო მოკრძალებული და თავშეკავებული... მხედველობაში მაქვს ჩრდილოეთის ზღვა... ბალთაზარი ოდეტს მიუჩოჩდა. ფინჯანი რომ აეღო, თავი მის მხარზე ჩამოდო. ქალს გააჟრჟოლა. გათამამებულმა მამაკაცმა თითები გაუსვა მკლავზე, მხარზე, ბოლოს კისერს მიუახლოვდა. ქალი აკანკალდა. ბალთაზარი ტუჩებით შეეხო. - არა, გთხოვთ. - არ მოგწონვართ? - რა სისულელეა... რა თქმა უნდა, მომწონხართ, მაგრამ მაინც, არა. - ანტუანის გამო? ისევ ანტუანს იგონებთ? ოდეტმა თავი დახარა, ცრემლები შეიმშრალა და დამწუხრებული ხმით, - გეგონება გარდაცვლილ მეუღლეს ღალატობსო, - განაცხადა: - არა, ანტუანის გამო ნამდვილად არა. ბალთაზარმა გადაწყვიტა, რომ მწვანე შუქი აინთო და ოდეტის ტუჩებს ვნებით დაეკონა. ხმაურიანმა სილამ ბალთაზარს ლოყა აუწვა. ოდეტმა ტაქტიკა წამში შეცვალა. ბრაზს ლმობიერება შეუნაცვლა და ბალთაზარს ლოყებზე თითებით მიეფერა, თითქოს ალიყურის ნაკვალევის წაშლას ეცადა... - ო, მაპატიე, მაპატიე. - ვერაფერი გამიგია, თქვენ არ გსურთ... - გატკინეთ? არა, არა, გთხოვთ, მაპატიოთ. - თქვენ ჩემთან დაწოლა არ გსურთ? პასუხად ოდეტმა მეორეჯერაც მთელი ძალით შემოულაწუნა. თავზარდაცემული დივანიდან წამოხტა, მისაღები ოთახიდან გავარდა და თავის ოთახში ჩაიკეტა. მეორე დღეს, ფილიპის გარაჟში გატარებული ღამის შემდეგ, ბალთაზარმა ისედაც აბსურდული სიტუაციის კიდევ უფრო გამწვავების თავიდან აცილების მიზნით გამგზავრება გადაწყვიტა. უკვე მთავარ გზატკეცილზე მიქროდა, როცა რუდი გაახსენდა. მასთან შევლა და ხელში ბანკნოტების დასტის ჩაჩურთვა არ დაიზარა. - სასწრაფოდ პარიზში მიწევს დაბრუნება. დედაშენი ძალიან გადაიღალა და ზღვის სანაპიროზე დასვენებაზე ოცნებობს. აიღე ეს ფული, მაგრამ არავითარ შემთხვევაში არ უთხრა, მე რომ მოგეცი. უთხარი, მაგალითად, რომ შენ დაგაჯილდოვეს კარგი მუშაობისთვის პრემიით. შევთანხმდით? ბალთაზარი პასუხს არც დაელოდა, ისე გავარდა მანქანისკენ. პარიზში მისი არყოფნისას სიტუაცია ჩაწყნარებულიყო. ადამიანებს საჭორაო თემა კარგა ხანია, შეეცვალათ. მისი გამომცემელი ღრმად იყო დარწმუნებული, რომ კიდევ ცოტაც და ბალთაზარი კვლავ მოიპოვებდა მკითხველთა და მასმედიის საშუალებათა სიყვარულსა და სრულ ნდობას. მეუღლეს შემთხვევით რომ არ გადაჰყროდა, ბალთაზარმა სახლში ცოტა ხნით იმ დროს შეირბინა, როცა იზაბელი ჩვეულებისამებრ სამსახურში იმყოფებოდა. ფურცელზე ერთი-ორი ფრაზა დაჩხაპნა, მეუღლე თავისი ამჟამინდელი მდგომარეობის შეტყობინებით დაამშვიდა. ისე, საინტერესოა, ახსოვდა კი საერთოდ იზაბელს ქმრის არსებობა? შემდეგ ჩემოდანი ჩაალაგა და სავუაში გაემგზავრა, სადაც მისი ვაჟიშვილი თანაკლასელებთან ერთად თხილამურებზე სრიალებდა. „სადმე ახლომახლო ვიქირავებ ბინას ,“ - გადაწყვიტა თავისთვის. შვილმა მამა რომ დაინახა, მასთან განშორება საერთოდ არ ინდომა. თოვლზე რამდენიმედღიანი ერთობლივი სრიალის შემდეგ ბალთაზარმა, - გამუდმებით საქმიან მოგზაურობაში მყოფმა მამამ, - გააცნობიერა, რომ ფრანსუასთან სიყვარულისა და ურთიერთობის უზარმაზარი დანაკლისის შევსება უწევდა. ისიც შენიშნა, რომ საკუთრივ მისთვის დამახასიათებელი უსუსურობის, მუდმივი შიშისა და მღელვარების განცდა მისი ვაჟისთვისაც არ ყოფილიყო უცხო. პატარა ფრანსუა ყველა ღონეს ხმარობდა, რომ თანატოლებს დამსგავსებოდა და ამით მათი სიმპათია დაემსახურებინა. თუმცა, იტანჯებოდა იმის გამოც, რომ ეს მცდელობა საკუთარ მეობას აკარგვინებდა. - მალე არდადეგებიც დაიწყება. ზღვაზე ხომ არ წავსულიყავით ერთად? მხოლოდ მე და შენ და სხვა არავინ? ჰა, რას იტყვი? პასუხად მამამ შვილისგან აღფრთოვანებისა და ბედნიერების ყიჟინა მიიღო. *    აღდგომის დღეს ოდეტი ცხოვრებაში პირველად ჩრდილოეთის ზღვის პირისპირ აღმოჩნდა. რიდითა და შიშით შეპყრობილს ქვიშაზე უცნაური ფიგურები გამოჰყავდა. ზღვის უკიდეგანო სივრცე, მცხუნვარე მზე და პლაჟი ის ფუფუნება იყო, მისი ფინანსები ვერანაირად რომ ვერ შესწვდებოდა. ოდეტს დაუმსახურებელი მადლით სარგებლობის განცდა დაეუფლა. უეცრად კეფა აეწვა, თითქოს ვიღაც დაჟინებით მიშტერებოდა და რატომღაც ბალთაზარი გაახსენდა. როცა მობრუნდა, დაინახა, რომ მისი სათაყვანო მწერალი იქვე იდგა ვაჟიშვილთან ერთად. განშორების შემდეგ ხელახალი შეხვედრა ემოციურად მეტად ძლიერი, მგზნებარე და ნაზი აღმოჩნდა. ორივე ეცადა, მეორის განცდებისათვის პატივი ეცა და სულიერი ჭრილობა არ მიეყენებინა. - ისევ დაგიბრუნდით, ოდეტ. მინდა, რომ ჩემს ვაჟს გაკვეთილები ჩაუტაროთ. ხომ არ დაიზარებთ? - რა ბრძანეთ? - ხომ არ დაიზარებთ ბედნიერების გაკვეთილების ჩატარებას? ბალზანები და ტულმონდები დაქირავებულ კოტეჯში ერთად მოეწყვნენ, თითქოს ასეც უნდა ყოფილიყო, და არდადეგებიც დაიწყო. როგორც კი ცხოვრებამ ჩვეული დინება დაიბრუნა, ოდეტმა გადაწყვიტა, ბალთაზარისთვის ცეცხლოვანი სილების გაწნის მიზეზი აეხსნა: - მე არ მსურს თქვენთან სექსი. ვიცი, რომ ჩემთან არ დარჩებით. თქვენ ჩემს ცხოვრებაში ერთი გაელვება ხართ და მეტი არაფერი. თქვენ ის ადამიანი ხართ, გამოჩენისთანავე უკვე გამგზავრებაზე რომ ფიქრობს. - მე დავბრუნდი. - თქვენ ისევ გაქრებით... მე ხომ სულელი არ ვარ... ბალთაზარ ბალზანს, სახელგანთქმულ პარიზელ მწერალსა და ოდეტ ტულმონდს, შარლერუელ გამყიდველს ერთობლივი მომავალი არ უწერიათ. მეტისმეტად გვიანაა ამისთვის. ოცი წლით უფრო ახალგაზრდები რომ ვიყოთ, შესაძლოა... - ასაკი არაფერ შუაშია... - არის, არის. ეს იმას ნიშნავს, რომ უკვე დაღმართში დავეშვით. თქვენ თქვენებურად მოიწყვეთ ცხოვრება, მე - ჩემებურად. პარიზი-შარლერუა, ფული-უფულობა, ორივე ჩამოვედით უკვე ფსონს. ჩვენ შესაძლოა შემთხვევით გადავეყაროთ ერთმანეთს, მაგრამ შეხვედრით ვერასდროს შეგხვდებით. ბალთაზარს რიგიანად არც ჰქონდა გაცნობიერებული, რას მოელოდა ოდეტისგან. ერთი რამ კი დანამდვილებით გაიგო - ოდეტს ის სჭირდებოდა. სხვა კუთხით მათი ამბავი არც არაფერს ჰგავდა, - არც თავი ჰქონდა და არც ბოლო. იქნებ ოდეტი არ ცდებოდა, ბანალური სასიყვარულო ურთიერთობისაკენ გზას რომ უღობავდა? მაგრამ ხომ შეიძლებოდა, შემცდარიყო? იქნებ სულაც გადაწყვეტილი ჰქონდა, სხეულის ძახილს არასდროს გამოხმაურებოდა? იქნებ ანტუანის სიკვდილის შემდეგ საკუთარ თავს უაზრო სამუდამო ქვრივობა მიუსაჯა? ბალთაზარი ყველაფერს ღრმად ჩაწვდა, როცა მეთევზის სახლში იმპროვიზებული ცეკვების ერთგვარი საღამო მოაწყო. სამბას რიტმებში ჩართული და მუსიკით გალაღებული ოდეტის მოძრაობები ვნებით, გრაციოზულობით, ცბიერებით, მეტიც, დაუოკებელი ქალური ავხორცობით იყო გაჟღენთილი. ბალთაზარი მას ვერ ცნობდა. ოდეტას გარშემო რამდენიმე პა სცადა. მის მხართან ოდნავი შეხებისას და თეძოებთან შემთხვევითი გახახუნებისას დარწმუნდა, რომ ოდეტის ლოგინში თავისუფლად შეიძლებოდა აღმოჩენილიყო. მთვარის შუქზე ოდეტი ბალთაზარს სრულიად გულწრფელად გამოუტყდა: - იცით, ბალთაზარ, მე თქვენ არ მომწონხართ. - ა??? - მე არ მომწონხართ. მიყვარხართ... ბალთაზარმა ეს განცხადება ყველაზე ლამაზ სიტყვებად მიიჩნია ყველა იმ განცხადებას შორის, რომელიც კი ოდესმე მოესმინა. მეტიც, უფრო ლამაზი ეჩვენა, ვიდრე მის მიერ მოგონილი პერსონაჟები წარმოთქვამდნენ. პასუხად ქალს ტყავის საქაღალდეში ჩადებული ახალი რომანი გაუწოდა, რომლის წერაც ზღვის სანაპიროზე მათი შეხვედრის შემდეგ დაიწყო. - „სხვათა ბედნიერება“, ასე დავარქმევ ჩემს მომავალ წიგნს. მოვყვები რამდენიმე ადამიანის ბედ-იღბალზე, ბედნიერებას რომ ეძებენ, მაგრამ, დიდი მცდელობის მიუხედავად, ვერ პოულობენ. მარცხდებიან მხოლოდ იმიტომ, რომ მემკვიდრეობით გადმოეცათ ან გაიზიარეს მათთვის შეუსაბამო კონცეფციები ბედნიერების შესახებ. ვგულისხმობ ფულს, ძალაუფლებას, ანგარებიან ქორწინებას, გრძელფეხება საყვარლებს, სადოღე ცხენებს, დუპლექსს პარიზის ცენტრში, შალე მეჟევში, ვილას კი სენ-ტროპეში... ერთი სიტყვით სტერეოტიპების გარდა სხვას არაფერს. წარმატების მიუხედავად, ისინი თავს უბედურად გრძნობენ იმიტომ, რომ საკუთარი კი არა, სხვისი ბედნიერებით ცხოვრობენ, ანუ ბედნიერების სხვის მიერ გამოწერილი რეცეპტით. ჩემი ვალია, ეს წიგნი თქვენ მოგიძღვნათ. შეხედეთ შესავალს. პროჟექტორის შუქზე ოდეტმა სატიტულო გვერდზე ამოიკითხა: „ვუძღვნი დეტის.“ ოდეტმა ენით აღუწერელი სიმჩატე იგრძნო, თითქოს ცაში აიჭრაო, ლამის თავით მთვარეს შეეხო. გული საგულეში ვერ უჩერდებოდა. სული რომ მოითქვა, მკერდზე ხელი დაიდო და წაილუღლუღა: „დაწყნარდი, ოდეტ, დაწყნარდი.“ შუაღამისას ლამაზი სიზმრები უსურვეს ერთმანეთს და ლოყაზე კოცნით დაემშვიდობნენ. ბალთაზარის გათვლით, დარჩენილი ორი დღის განმავლობაში ისინი აუცილებლად საყვარლები უნდა გამხდარიყვნენ. მეორე დღეს მწერალს ფრიად უსიამოვნო სიურპრიზი ელოდა. ველოსიპედით სეირნობიდან დაბრუნებულ ბალთაზარს, ფრანსუას, რუდისა და სიუ-ელენს სალონში მომლოდინე გამომცემელი და მეუღლე იზაბელი დახვდათ. როგორც კი იზაბელს მოჰკრა თვალი, ბალთაზარმა იყნოსა, რომ შესაძლოა უსიამოვნო სცენა გამართულიყო. გვერდით ოდეტი რომ არა, არაფერი დაუშლიდა, პირველი გადასულიყო შეტევაზე. - ნურაფერს ნუ ეტყვით მას, ნუ დატუქსავთ, გთხოვთ. მე და მხოლოდ და მხოლოდ მე ვარ ამ თავყრილობის მიზეზი. დაბრძანდით და ნამცხვარი მიირთვით. სახლშია გამომცხვარი. ახლავე მოვიტან დასალევსაც, - იხსნა სიტუაცია ოდეტმა. შემდეგი სცენა ბალთაზარის გაგებით სიურრეალიზმის პრინციპებს ექვემდებარებოდა. თავით ფეხებამდე კოშმარში ჩაფლულს ისეთი შთაბეჭდილება შეექმნა, რომ ოდეტი თავს მის მარპლად ასაღებდა, როდესაც ეს უკანასკნელი ძიების დასასრულს დეტექტივის ყველა პერსონაჟს ჩაისა და ორცხობილების გარშემო უყრის თავს, რათა მათ საქმის არსი აუხსნას და თან სათანადო დასკვნები გამოიტანოს. - ბალთაზარ ბალზანმა თავისი წიგნებით ფასდაუდებელი სამსახური გამიწია, უამრავი რამ შემძინა რამდენიმე კვირის წინ ჩემთან შეკედლებით. საზღაურის მიღებაზე არც კი მიფიქრია. მალე ის პარიზში დაბრუნდება. მისი ასაკისა და რეპუტაციის მქონე ადამიანი ცხოვრებას შარლერუაში თავიდან ვერ დაიწყებს. ჯერჯერობით ეს ნაბიჯი ვერ გადუდგამს, რცხვენია, მეტიც, უკან დაბრუნების ეშინია. ოდეტი იზაბელისკენ შეტრიალდა, რომელიც სიტყვა „შიშისადმი“ ფრიად სკეპტიკურად განწყობილი ჩანდა. - თქვენი ეშინია, ქალბატონო. რატომ? იმიტომ, რომ მისით უწინდებურად აღარ ხართ მოხიბლული. თქვენ უნდა იამაყოთ თქვენი მეუღლით: მან ათასობით ადამიანს ბედნიერება განაცდევინა. შეიძლება ამ იღბლიანთა შორის მოკრძალებული მდივნები, ჩემსავით უბადრუკი მოსამსახურეებიც მოიაზროთ. მან შეძლო გატაცება და აღელვება ადამიანებისა, ასე ცოტას რომ ვკითხულობთ და არ ვართ თქვენსავით განათლებულები. ეს იმის დასტურია, რომ თქვენი მეუღლე სხვებზე ნიჭიერია, ბევრად უფრო ნიჭიერი. იცით, ქალბატონო, შესაძლოა ოლაფ პიმსიც არაჩვეულებრივ წიგნებს წერს, მაგრამ მათი წაკითხვა რომ შევძლო, პირადად მე ლექსიკონი და რამდენიმე შეკვრა ასპირინი დამჭირდება. მხოლოდ ამის შემდეგ თუ ჩავწვდები, რაზეა მის წიგნში საუბარი. ოლაფი სნობია, რომელიც მხოლოდ იმ ადამიანებს მიმართავს, რომლებსაც იმდენივე წიგნი აქვთ წაკითხული, რამდენიც თვითონ. ოდეტმა გამომცემელს ჩაით სავსე ფინჯანი გადააწოდა, თანაც განრისხებული მზერა შეავლო: - ახლა კი თქვენ უნდა მოგმართოთ ერთი-ორი სიტყვით, ბატონო. თქვენ უფრო მეტად უნდა დაიცვათ თქვენი ავტორი იმ პარიზელთა თავდასხმებისაგან, ასე რომ გაუწყალეს გული. თქვენ დაეპატრონეთ უძვირფასეს საგანძურს, კეთილი ინებეთ და დაიცავით ის. თუ ეს არ შეგიძლიათ, მაშინ ღირს, ალბათ, პროფესიის გამოცვლაზე ფიქრი... გასინჯეთ ჩემი კექსი გეთაყვა, საგანგებოდ გამოვაცხვე! დატუქსული გამომცემელი ხმის ამოუღებლად დაემორჩილა. ოდეტი ისევ იზაბელსა და ბალთაზარს მიუბრუნდა. - თქვენ ფიქრობთ, რომ მას არ უყვარხართ? შეიძლება თვითონაც ასე ფიქრობს... მე კიდევ ერთი რამ შევამჩნიე: ის თქვენს ფოტოს მუდამ თან დაატარებს. იზაბელზე ოდეტის უბრალოებამ ძლიერ იმოქმედა. თავი დახარა და გულწრფელად თქვა: - იმდენჯერ მიღალატა... - ო, ქალბატონო, თქვენ თუ გგონიათ, რომ ცოლიანმა კაცმა ფლირტი უნდა დაივიწყოს, გვერდით არ უნდა გაიხედოს და საერთოდ აღარ ისუნთქოს. მაშინ ჯობდა, რომ საერთოდ არ გათხოვილიყავით და ძაღლისთვის მოგევლოთ. აი, ძაღლის ჯაჭვით დაბმას ნამდვილად მოახერხებთ. ვეჭვობ, რომ ჩემი ანტუანიც, ასე ნაზად რომ მიყვარდა და მიყვარს ოცი წლის შემდეგაც, ბოლომდე ჩემი ერთგული იყო და სხვა ქალისკენ არ გაუხედავს. დარწმუნებული ვარ, რომ სხვასაც წაეკურკურა და მოუთათუნა, შესაძლოა უფრო ლამაზს ან უბრალოდ განსხვავებული სურნელის მქონეს. და რა მნიშვნელობა აქვს ამას? ის ხომ ჩემს მკლავებში გარდაიცვალა. დიახ, ჩემს და არა სხვის მკლავებში, თან თვალებში შემომყურებდა. ეს მზერა მის მიერ დატოვებული მარადიული საჩუქარია... რაღაც მომენტში ოდეტი ვერ გაუმკლავდა მოზღვავებულ ემოციებს, - ეს სულაც არ ჰქონდა გათვალისწინებული, - მაგრამ დიდი ძალისხმევის ფასად მაინც მოახერხა თავის ხელში აყვანა და სათქმელის დასრულება: - ბალთაზარ ბალზანი დაგიბრუნდებათ. ყველა ღონეს ვხმარობ, რომ მოვაკეთო და სრულ ფორმაში დაგიბრუნოთ, რომ ღიმილი დაიბრუნოს და სიცილის სურვილი ჰქონდეს. სიმართლე რომ გითხრათ, ბალთაზარის მსგავს მამაკაცებს -კეთილებს, მოუხერხებლებსა და ხელგაშლილებს, დახრჩობისა და ჩაძირვის საშუალება არ უნდა მივცეთ. მე ორ დღეში აქაურობას დავტოვებ და შარლერუაში ჩემს მაღაზიას დავუბრუნდები. დიდი სურვილი მაქვს, ჩემი ძალისხმევა ფუჭი არ გამოდგეს. ბალთაზარი გულისტკივილით შესცქეროდა ოდეტს, რომელმაც მათი სიყვარულის ამბავი ყველას თვალწინ ასე ნაკუწებად აქცია. გულის სიღრმეში გაუნაწყენდა კიდევაც. მეტიც - შეიზიზღა, მსგავსი წამებისთვის რომ გაიმეტა. ოდეტის დაბნეული და შეშლილი გამომეტყველების შემხედვარემ გადაწყვიტა, რომ შეწინააღმდეგებას აზრი არ ჰქონდა. „თუ ასე ფიქრობს, გამორიცხულია, აზრი გამოაცვლევინო,“ - დაასკვნა თავისთვის. პარიზში გამგზავრებამდე ბალთაზარმა და იზაბელმა დიუნებს შორის გაისეირნეს, არც ერთი და არც მეორე არ იყო დარწმუნებული, თანაცხოვრების გაგრძელებას რომ შეძლებდნენ. ფრანსუას გულისთვის კი გადაწყვიტეს, ეცადათ. როცა მეთევზის სახლს მიუახლოვდნენ, იქიდან სასწრაფო დახმარების მანქანა გამოქანდა. სირენის მკივანა ხმა იქაურობას აყრუებდა. ოდეტს გულის შეტევა მოსვლოდა. *    სანამ მისი სიცოცხლე ძაფზე ეკიდა, ყველანი ბლეკენბლეკში დარჩნენ. მხოლოდ მას შემდეგ, რაც სარეანიმაციო სამსახურმა დაასკვნა, რომ ოდეტის ჯანმრთელობას არაფერი ემუქრებოდა, გამომცემელი და იზაბელი ვაჟიშვილითურთ პარიზში დაბრუნდნენ. ბალთაზარი კოტეჯის მეპატრონეს დაელაპარაკა და ქირის გახანგრძლივებაზე დაიყოლია. რუდისა და სიუ-ელენზე ზრუნვაც თვითონვე იტვირთა, სამაგიეროდ ახალგაზრდებს პირობა ჩამოართვა, რომ ოდეტთან მისი აქ დარჩენის შესახებ კრინტსაც არ დაძრავდნენ. „შეგიძლიათ მოგვიანებით გაუმხილოთ, როცა თავს უკეთესად იგრძნობს...“ ბალთაზარს ბავშვები კლინიკაში ყოველდღე დაჰყავდა. თვითონ ჰოლში სავარძელში მოკალათდებოდა ხოლმე და თავს მცენარეების, ოთახის ხალათებში მოსილი ბებიებისა და წვეთოვანს მიჯაჭვული პაციენტების თვალიერებით იქცევდა. საბოლოოდ ოდეტიც მოკეთდა, ჯან-ღონე დაუბრუნდა, სახეზე ადამიანის ფერი დაედო, ხასიათზეც მოვიდა. საწოლთან მიდგმულ პატარა მაგიდაზე ანტუანის სურათს რომ მოჰკრა თვალი, ფრიად გაუკვირდა. - კი მაგრამ, ვის მოაფიქრდა ამის მოტანა? ბავშვები გამოუტყდნენ, რომ ინიციატივის ავტორი ბალთაზარი იყო; რომ ეს უკანასკნელი ბლეკენბლეკში დარჩა და მათ მამობრივ მზრუნველობას არ აკლებდა. დედის მღელვარებაზე, კარდიომონიტორების აფორიაქებაზე, გულცემის მაჩვენებელი მწვანე დიაგრამების კრუნჩხვებზე ბავშვები მიხვდნენ, რომ ბალთაზარი სწორად მოიქცა, ოდეტის გამოჯანმრთელებას რომ დაელოდა. ისინი აღარც ეჭვობდნენ, რომ გულის პირველი შეტევა დედის ნაჩქარევ გადაწყვეტილებას უკავშირდებოდა: ბალთაზარისთვის ზურგის შებრუნებას, მის უკუგდებას გულმა ვეღარ გაუძლო. მეორე დღეს თხუთმეტი წლის ბიჭივით აღელვებული ბალთაზარი ოდეტის პალატაში შეიძურწა. ხელში ორი თაიგული ეჭირა. - რა საჭირო იყო ორი თაიგული? - ერთი ჩემგან, მეორე კი ანტუანის სახელზე. - ანტუანის? ბალთაზარი საწოლთან ჩამოჯდა და ოდეტს თბილი გამომეტყველებით მეუღლის ფოტოზე მიუთითა: - მე და ანტუანი ძალიან დავმეგობრდით. მან მიმიღო. ის მიიჩნევს, რომ საკმარისად მიყვარხართ, მისი პატივისცემა რომ დავიმსახურო. თქვენი მკურნალობის დროს გამომიტყდა, რომ ცოტა არ იყოს ნაჩქარევად გაიხარა. ეგონა, რომ მასთან შესახვედრად ემზადებოდით. შემდეგ კი საკუთარ თავს ტუქსავდა, მსგავსი ეგოისტური აზრი რომ მოუვიდა თავში. ამჟამად თქვენი და თქვენი შვილების გამო კმაყოფილებას გამოთქვამს, უკეთესად რომ გრძნობთ თავს. - კიდევ რა გითხრათ? - ის, რაც მითხრა, თქვენ არ მოუწონებთ. ბალთაზარი მოწიწებითა და პატივისცემით ოდეტისკენ გადაიხარა და ჩასჩურჩულა: - თქვენი თავი მე მომანდო... მთელი არსებით შეძრული ოდეტი ასლუკუნდა, თუმცა მალევე მოთოკა გრძნობები და ხუმრობაც სცადა: - ჩემი აზრით არ დაინტერესებულა? - ანტუანი? არა, არ დაინტერესებულა. მიიჩნევს, რომ თქვენს თავში აზრები ძნელად იბადება. ბალთაზარი კიდევ უფრო გადაიხარა ოდეტასკენ და ენით აღუწერელი სინაზით დასძინა: - მე მივუგე, რომ სავსებით ვიზიარებ მის შეხედულებას.    ბოლოს და ბოლოს ისინი ერთმანეთს გადაეხვივნენ. უმალ კარდიოგრაფებიც აღელდნენ. გეგონება იმის გამო, რომ პაციენტს სიხარულისა და ბედნიერებისაგან გული შეეკუმშა, მთელი მოსამსახურე პერსონალის ფეხზე დაყენება გადაწყვიტესო. ბალთაზარი ტუჩებს მოსწყდა, თვალი თვალში გაუყარა და წაიჩურჩულა: - დაწყნარდი, ოდეტ, დაწყნარდი. …
დაამატა Kakha to ლიტერატურა at 4:27pm on სექტემბერი 8, 2016
თემა: ფრეკენ ჟული
ა არც ნაბეჭდი ტექსტის წაკითხვა არ შეუძლია; დრამატურგი კი ერთგვარი საერო მქადაგებელია, რომელიც იდეებს სახალხო ფორმებში გადაამუშავებს, და ეს ფორმები იმდენად სახალხოა, რომ საშუალო ფენამ, რომელიც ძირითადად შეადგენს თეატრის მაყურებელს, დიდი თავის ტკივილის გარეშე გაიგოს, რაზეა ლაპარაკი. ამიტომაც თეატრი ყოველთვის იყო ერთგვარი სახალხო სკოლა ახალგაზრდებისათვის, ნახევრად განათლებულთა და ქალთათვის, რომელთაც ჯერ კიდევ შერჩენიათ უნარი, თავი მოიტყუონ ან სხვას მოატყუებინონ, ანუ შეიქმნან ილუზიები და მწერლის შეგონებები გაითავისონ. ამიტომაც ჩვენს დროში, როცა რუდიმენტულმა, არასრულყოფილმა, ფანტაზიით ნასაზრდოებმა აზროვნებამ, როგორც ჩანს, განვითარების იმ დონემდე მიაღწია, რომ რეფლექსიად, კვლევა-ძიებად და ექსპერიმენტებად იქცა, - მეჩვენება, რომ თეატრი და მასთან ერთად რელიგიაც თანდათან კნინდება, როგორც გადაშენების პირას მდგარი სახეობა, რომლით ტკბობისთვისაც შესაფერისი პირობები ჩვენ არ გაგვაჩნია. ამ მოსაზრებას ამყარებს მიმდინარე თეატრალური კრიზისი, რომელმაც მთელი ევროპა მოიცვა, და კიდევ ერთი გარემოება - ისეთ კულტურულ ქვეყნებში, რომელთაც თანამედროვეობის უდიდესი მოაზროვნეები შვეს, კერძოდ კი ინგლისსა და გერმანიაში, დრამატურგია მკვდარია, ისევე, როგორც ხელოვნების ნატიფი დარგების დიდი ნაწილი. ზოგიერთ ქვეყანაში დაიჯერეს, რომ ახალი დრამის შექმნა შეუძლიათ ძველ ფორმებში შედარებით ახალი დროის შესაფერისი შინაარსის შეტანით. თუმცა, ერთი მხრივ, ახალი იდეების პოპულარიზება ასეთ მოკლე დროში ვერ მოხერხდა, იმდენად, რომ პუბლიკისათვის გასაგები გამხდარიყო, რაზეა ლაპარაკი. მეორე მხრივ, პარტიათა შორის დაპირისპირებები გრძნობებს იმდენად ამძაფრებს, რომ ადგილი აღარ რჩება მიუკერძოებელი, სუფთა სიამოვნებისთვის იქ, სადაც შენი შინაგანი რწმენის სრულიად საპირისპიროს გიმტკიცებენ და სადაც უმრავლესობა, რომელიც ან ტაშს უკრავს ან უსტვენს, შენზე იმდენად ღიად ძალადობს, რამდენადაც ეს თეატრის დარბაზში საერთოდ შესაძლებელია; და კიდევ, ახალი შინაარსისთვის შესაფერისი ახალი ფორმა ჯერ არ შექმნილა და ამიტომაც ახალმა ღვინომ ძველი ბოთლები დახეთქა.     წინამდებარე დრამაში მე არ მიცდია, რამე ახალი შემექმნა - ეს საერთოდაც შეუძლებელია. უბრალოდ ვცადე, გამეთანამედროვებინა ფორმა იმ მოთხოვნების შესაბამისად, რასაც, ჩემი აზრით, ხელოვნების ამ დარგისგან თანამედროვე ადამიანი ელის. ამიტომაც ავირჩიე ეს თემა. უფრო სწორედ კი, თავს ამ მოტივით გატაცების უფლება მივეცი, რომელიც, შეიძლება ითქვას, თანამედროვე პარტიული დაპირისპირებების მიღმაა, რადგანაც სოციალური აღმასვლის ან დაცემის, ამაღლებულისა და მდაბლის, კეთილისა და ბოროტის, კაცისა და ქალის პრობლემა იწვევს, წარსულშიც იწვევდა და მომავალშიც გამოიწვევს ინტერესს. როცა ეს ნამდვილი, ცხოვრებიდან აღებული ამბავი რამდენიმე წლის წინ მოვისმინე, მან ჩემზე დიდი შთაბეჭდილება დატოვა და მაშინვე მივხვდი, რომ ტრაგედიას მოუხდებოდა, რადგან ჯერ კიდევ ახდენს ტრაგიკულ შთაბეჭდილებას, როცა ხედავ, როგორ იღუპება ბედნიერი ადამიანი და მთლად უარესი - როცა მთელი საგვარეულო იღუპება. მაგრამ ალბათ დადგება დრო, როცა ჩვენ ისე განვვითარდებით, გულგრილად მივადევნებთ თვალს თავად ცხოვრებისგან შემოთავაზებულ სასტიკ, ცინიკურ, უგულო სანახაობას; როცა გამოვთიშავთ იმ მდაბალ, არასაიმედო სააზროვნო მანქანებს, გრძნობები რომ ეწოდება, რადგან ისინი სრულიად ზედმეტი და საზიანო გახდა; როცა მათ ნაცვლად ჩვენი განსჯის ორგანო განვითარდება. ის ფაქტი, რომ პერსონაჟი ქალის ბედი თანაგრძნობას იწვევს, მხოლოდ და მხოლოდ ჩვენს სისუსტეზე მიუთითებს - სუსტები ვართ და ვერ ვუმკლავდებით შიშს - ვაითუ, მისი ბედი ჩვენც გავიზიაროთ. უაღრესად მგრძნობიარე მაყურებელი ალბათ მაინც არ იქნება კმაყოფილი ამ თანაგრძნობით; აი, თავდაჯერებულობით აღსავსე „მომავლის“ ადამიანი კი ალბათ რაღაც პოზიტიურ გადაწყვეტებს მოითხოვს ბოროტების დასამარცხებლად; სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ - ერთგვარ „პროგრამას“. მაგრამ, ჯერ ერთი, არ არსებობს აბსოლუტური ბოროტება, რადგან თუ ერთი გვარი დაიღუპება, ეს რომელიმე სხვა გვარისთვის სახეირო ამბავია - ის დაღუპულის ადგილს დაიკავებს; ამგვარი მონაცვლეობა აღზევებასა და დაცემას შორის ადასტურებს ადამიანური ყოფის ერთ-ერთ უდიდეს ხიბლს - ბედნიერება მხოლოდ ფარდობითი რამაა. „პროგრამების“ მომხრე კაცს კი, რომელიც ცდილობს, როგორმე შეცვალოს სამწუხარო გარემოება, როცა მტაცებელი ფრინველი მტრედს კორტნის, მინდა ვკითხო: რა საჭიროა ამის შეცვლა? ცხოვრება ხომ არ არის ისე იდიოტურ-მათემატიკურად მოწყობილი, რომ მხოლოდ დიდები ჭამდნენ პატარებს? ასევე ხშირად ხდება ხოლმე, რომ ფუტკარს შეუძლია მოკლას ლომი, ან, სულ მცირე, ჭკუიდან გადაიყვანოს. ის ფაქტი, რომ ჩემი ტრაგედია ბევრ ადამიანზე ტრაგიკულ შთაბეჭდილებას ახდენს, ამ ადამიანების ბრალია. როცა პირველი ფრანგი რევოლუციონერებივით გავძლიერდებით, უთუოდ სიამოვნებასა და სიხარულს მოგვგვრის დაკვირვება, თუ როგორ ჩეხავენ სამეფო პარკში გამომპალ, გადაბერებულ ხეებს, რომლებიც მეტისმეტად დიდხანს იდგნენ და ხელს უშლიდნენ დანარჩენ ხეებს, მათ ადგილას ზრდის ზუსტად ასეთივე უფლება რომ ჰქონდათ; ისეთ სიხარულს მოგვგვრის, როგორსაც უიმედო ავადმყოფის გარდაცვალებისას ვგრძნობთ! ამასწინათ ჩემს ტრაგედიას - „მამა“ - ისე უსაყვედურეს მეტისმეტი ტრაგიკულობა, თითქოს ტრაგედია მხიარულიც შეიძლება არსებობდეს. ასეა, ყველას ცხოვრებისეული სიამე უნდა მიართვა. და თეატრის დირექტორებიც დაუნანებლად უკვეთავენ კომედიებს, გეგონება ეს სიამე თავის გასულელებაში მდგომარეობს, ან კიდევ ადამიანების უნებლიე ცეკვის სინდრომით შეპყრობილ იდიოტებად წარმოჩენაში. მე ცხოვრებისეულ სიამეს მძაფრ, პირქუშ შეტაკებებში ვხედავ და ვტკბები, როცა რაღაცას ვიძენ, რაღაცას ვსწავლობ. ამიტომაც ავირჩიე ეს უჩვეულო, მაგრამ გაკვეთილად ყურადსაღები ამბავი. ერთი სიტყვით - გამონაკლისი შემთხვევა, მაგრამ უბრალო კი არა, არამედ დიდი გამონაკლისი, რომელიც წესს ადასტურებს და გააღიზიანებს მათ, ვისაც ბანალურობა უყვარს. პრიმიტიული გონის პატრონებს კიდევ ერთი რამ შეუშლის ხელს - ჩემთან ქმედების მოტივაცია არაა მარტივი და მოვლენების ხედვის პერსპექტივაც არაა მხოლოდ ერთი. ნებისმიერი ცხოვრებისეული მოვლენა - და ეს, შედარებით ახალი აღმოჩენაა, - გამოწვეულია მეტ-ნაკლებად ღრმა მოტივების მთელი წყებით, ხოლო მაყურებელი ირჩევს თავისთვის ყველაზე იოლად გასაგებს ან თავისი გონებრივი შესაძლებლობებისთვის ყველაზე იოლად მისაწვდომ ვარიანტს. ადამიანმა თავი მოიკლა! ბურჟუა იტყვის, ალბათ საქმე ჩაუვარდაო! სიყვარულში არ გაუმართლაო! - იტყვიან ქალები. რაღაც დაავადება სჭირდაო! - იტყვის სნეული. მოლოდინი გაუცრუვდაო! - იტყვის უიღბლო. თუმცა, შესაძლებელია, რომ ამ საქციელის მოტივი იყოს ეს ყველაფერი ერთდროულად, ან სულაც - არც ერთი, რადგან თვითმკვლელმა ნამდვილი მოტივი გადამალა და წინ სულ სხვა რამ წამოსწია, რომ მასზე სიკვდილის შემდეგ აუგი არავის ეთქვა!   ფრეკენ ჟულის ტრაგიკული ხვედრი მთელი რიგი გარემოებებითაა მოტივირებული: დედისგან მემკვიდრეობით მიღებული ინსტინქტები; გოგონასთვის შეუფერებელი მამისეული აღზრდის წესი; თავად ჟულის ხასიათი და საქმროს გავლენა დასუსტებულ, გადაგვარებულ ტვინზე; კიდევ - ზაფხულის ღამის სადღესასწაულო განწყობა; მამის შინ არყოფნა; ფრეკენ ჟულის მენსტრუაცია; ცხოველების მოვლა; ცეკვების აღმგზნები ზეგავლენა; ღამის ბინდი; ყვავილების მძაფრი, ვნებისაღმძვრელი არომატი; და ბოლოს - შემთხვევითობა, რომელმაც ეს ორი ადამიანი ცარიელ ოთახში ერთად შეყარა და ამ ყველაფერს დამატებული - აღგზნებული მამაკაცის სითამამე. ამგვარად, მე არ ვჯერდები ცალმხრივ ფიზიოლოგიურ ახსნას და არც გადამეტებულ ფსიქოლოგიზმს, არც დედისგან მემკვიდრეობით მიღებულ თვისებებს, არც მხოლოდ თვიურს ვაბრალებ ყველაფერს, არც „თავაშვებულობას“ ვქადაგებ და მხოლოდ მორალსაც არ ვკითხულობ. ეს უკანასკნელი ფუნქცია მზარეულ ქალს დაეკისრა, რახან პიესაში მღვდელი არა გვყავს.    მოტივების ასეთი მრავალფეროვნება მეამაყება, რადგან ვფიქრობ, რომ ეს დროის მოთხოვნას შეესაბამება! და თუ ჩემამდე ეს სხვებმაც გააკეთეს, იმით ვიამაყებ, რომ მარტო არ ვყოფილვარ ჩემს პარადოქსებთან, რატომღაც ბოლო დროს აღმოჩენებს ასე ეძახიან.    რაც შეეხება პერსონაჟების ხატვას, ჩემი გმირები საკმაოდ ნაკლულები არიან ამ მხრივ, რასაც შემდეგი მიზეზები აქვს: ცნებამ „პერსონაჟი“ დროის სვლასთან ერთად მრავალი მნიშვნელობა შეიძინა. თავდაპირველად ის სულიერი სამყაროს დომინანტურ ნიშან-თვისებას აღნიშნავდა და მას „ხასიათის“ ნაცვლად არასწორად გამოიყენებდნენ. შემდეგ ეს სიტყვა საშუალო ფენის ადამიანებმა ერთგვარი „ავტომატის“ გამომხატველად აქციეს: ანუ ინდივიდისა, რომელიც ერთხელ და სამუდამოდ გაყინულია თავის თანდაყოლილ თვისებებში, ან კიდევ გარკვეულ ცხოვრებისეულ როლს მოერგო, მოკლედ რომ ვთქვათ, შეწყვიტა ზრდა. სწორედ ამას დაერქვა „პერსონაჟი“. ხოლო მას, ვისაც განვითარება არ შეუწყვეტია, მარჯვედ განაგრძობდა ცურვას ცხოვრების მდინარეში, ზურგის ქარსაც მხოლოდ იმიტომ მიჰყვებოდა, რომ კვლავ ქარის საწინააღმდეგო მიმართულებით მოებრუნებინა ხომალდი, - მას ხასიათის უქონლობა დააბრალეს. რასაკვირველია, მისი დაკნინების მიზნით, რადგან ასეთი ადამიანის გამომწყვდევა, კატეგორიაში მოქცევა და მეთვალყურეობის ქვეშ ყოლა ძნელია. ბურჟუაზიულმა შეხედულებამ სულის უცვლელობის შესახებ გადმოინაცვლა სცენაზეც, სადაც ბურჟუაზიულობა ყოველთვის ბატონობდა. პერსონაჟი აქ იქცა ერთხელ და სამუდამოდ დადგენილ მბრძანებლად. ანუ თუ ვინმე ლოთია, უცვლელად ლოთი უნდა იყოს, თუ ხუმარაა - ხუმარა, თუ უჟმურია, სულ უჟმურად რჩება და ა.შ. ხოლო პერსონაჟისთვის ამა თუ იმ ხასიათის მისანიჭებლად საკმარისია მისთვის რაიმე ფიზიკური ნაკლის მოფიქრება, მაგალითად, მოღრეცილი ტერფები, ხის ფეხი, წითელი ცხვირი ან გამუდმებით ერთი და იმავე ფრაზის გამეორება, ასე მაგალითად: „რა გალანტურია!“ ან „ბარკისი უარზე არ დადგებოდა!“ ან რაიმე ამის მსგავსი. ხასიათების ამგვარი მარტივი აღქმა თვით დიდი მოლიერის შემოქმედებაშიც კი გვხვდება. ჰარპაგონი მხოლოდ ძუნწია, თუმცა, შეიძლებოდა ერთდროულად ყოფილიყო ძუნწიც, შესანიშნავი საქმოსანი, ბრწყინვალე მამა და საზოგადოების გამორჩეული შვილიც; და რაც მთავარია, მისი „ფიზიკური ნაკლი“ სწორედ რომ ხელსაყრელია თავად მისი სასიძოსა და ქალიშვილისთვის, რადგან სწორედ ისინი მიიღებენ მემკვიდრეობით ქონებას და ამიტომაც არ უნდა ადანაშაულებდნენ მამას; მიუხედავად იმისა, რომ ცოტა ხანს მოცდა მოუწევთ, სანამ საწოლში ჩაგორდებიან. ამიტომაც აღარ მჯერა ცალმხრივი თეატრალური პერსონაჟების. არ მჯერა ავტორთა დასკვნებისა ადამიანების შესახებ: ეს სულელია, ის სასტიკია, ეს ეჭვიანია, ის ძუნწია და ა.შ. ეს ყველაფერი უნდა უარყონ ნატურალისტებმა, რომელთაც კარგად უწყიან, როგორი მრავალფეროვანია ადამიანის სულიერი სამყარო და ასევე იციან, რომ „ცოდვას“ მეორე მხარეც აქვს, რომელიც ძალიან წააგავს სათნოებას.    რახან ჩემი პერსონაჟები თანამედროვე ადამიანები არიან, ცხოვრობენ გარდამავალ დროში, რომელიც წინმსწრებ დროებასთან შედარებით ისტერიულად აჩქარებულია, მე ისინი მერყევ, გაბზარულ ხასიათებად დავხატე, ძველისა და ახლის ნაზავად. თანაც, სულ არ მეჩვენება არადამაჯერებლად ის, რომ თანამედროვე იდეები გაზეთებისა და განსჯა-განხილვების გზით იქაც კი აღწევს, სადაც შინამოსამსახურეები ცხოვრობენ. ამიტომაცაა, რომ ლაქიას, მიუხედავად მემკვიდრეობით მიღებული მონური სულისა, ზოგჯერ ფრიად თანამედროვე აზრები წამოსცდება ხოლმე. მათ გასაგონად კი, ვინც გვსაყვედურობს, თანამედროვე პიესების პერსონაჟებს დარვინიზმის ენით რატომ ალაპარაკებთო და სანიმუშო მაგალითად შექსპირი მოჰყავთ, მინდა ვუთხრა, რომ „ჰამლეტში“ მესაფლავე იმ დროისთვის მოდური ჯორდანო ბრუნოს (და ბეკონის) ენით ლაპარაკობს - ეს გაცილებით არადამაჯერებელია, თუ გავითვალისწინებთ, რომ იმ დროს იდეების გავრცელების სისწრაფე ბევრად ჩამოუვარდებოდა დღევანდელს. თანაც „დარვინიზმი“ ყოველთვის არსებობდა ჯერ კიდევ მოსეს დროსაც კი - ცხოველთა უმდაბლესი სახეობებით დაწყებული, ადამიანით დამთავრებული - მაგრამ მისი აღმოჩენა და მეცნიერულ ენაზე ჩამოყალიბება მხოლოდ ახლა გახდა შესაძლებელი! ჩემი სულები (პერსონაჟები) წარმოადგენენ ნაერთს, რომელშიც ერთმანეთს ერწყმის კულტურის უკვე განვლილი ეტაპები, ციტატები თანამედროვე წიგნებიდან და გაზეთებიდან, სხვადასხვა ადამიანთა ესა თუ ის თვისება, დაძენძილ სადღესასწაულო სამოსს ჩამოგლეჯილი ნაკუწები; რადგან თავად სულიც სწორედ ამგვარად, ნაკუწებისგანაა შეკერილი. თანაც, მათ ერთგვარ ევოლუციასაც ვაჩვენებ: შედარებით სუსტი უფრო ძლიერს სიტყვებს ჰპარავს და იმეორებს. პერსონაჟებს უფლებას ვაძლევ, „იდეები“, ეგრეთ წოდებული შეგონებები ისესხონ ერთმანეთისგან, ბუნებისაგან (ჭივჭავის სისხლი), საგნებისაგან (სამართებელი), ვახორციელებ Gedankenübertragung-ს არაცოცხალი მედიუმის საშუალებით (გრაფის ჩექმები, ზარი); და ბოლოს, ვიყენებ „სიფხიზლეში ჩაგონებას“ - ერთგვარ ვარიანტს „ძილში ჩაგონების“, დღეს უკვე იმდენად ფართოდ გავრცელებული და ყბადაღებული მეთოდისა, რომ მას შეუძლებელია დაცინვით ან უნდობლობით მოეკიდონ, როგორც ოდესღაც მესმერის დროს მოიქცეოდნენ.    ფრეკენ ჟული თანამედროვე პერსონაჟია და არა იმიტომ, რომ ნახევრად ქალის კაცთმოძულის ტიპაჟი ადრე არ არსებობდა. არამედ მხოლოდ იმიტომ, რომ ის ახლა აღმოაჩინეს, წინ წამოიწია და ხმაურიც გამოიწვია. ის მსხვერპლია მცდარი აზრისა (რომელსაც უფრო ძლიერი ტვინებიც კი აურევია), თითქოს ქალი, ეს მამაკაცისკენ მიმავალ გზაზე განუვითარებელი ადამიანური ფორმა (მამაკაცისა, რომელიც შესაქმის ბატონია, კულტურის შემოქმედია) არის ან შეიძლება იყოს მისი თანასწორი. იგი იხლართება ამ ბრიყვულ სწრაფვაში, რაც მისივე დაღუპვის მიზეზი ხდება. ბრიყვულში იმიტომ, რომ განუვითარებელი ფორმა, რომელსაც გამრავლების კანონი წარმართავს, მუდამ განუვითარებლად დაიბადება და ვერ დაეწევა უპირატესობის მფლობელს, შემდეგი ფორმულის თანახმად: A (მამაკაცი) და B (ქალი) გამოდიან ერთი და იმავე პუნქტიდან. მამაკაცის სიჩქარე, დავუშვათ არის 100, ქალისა - 60. ისმის კითხვა: B როდის დაეწევა A-ს? პასუხი: ვერასოდეს! ვერც თანაბარი განათლებით, ვერც თანაბარი საარჩევნო ხმის უფლებით - და ეს ისეთივე ჭეშმარიტებაა, როგორც ის, რომ ორი პარალელური წრფე არ გადაიკვეთება.    ნახევრად ქალი - ეს არის ტიპაჟი, რომელიც გზას იკვლევს, რომელიც ახლა იყიდება ძალაუფლებაზე, ორდენებზე, დიპლომებსა და სიგელებზე, მაშინ როცა ადრე ფულზე იყიდებოდა. ეს ტიპი გადაშენებისთვისაა განწირული. ეს სუსტი სახეობაა, რადგან ხანგრძლივად არსებობა მას არ უწერია, მაგრამ სამწუხაროდ, ჯერჯერობით მაინც მრავლდება და თავის მომყოლ ბოროტებას ავრცელებს. დეგენერირებული კაცების წყალობით, რომლებიც, როგორც ჩანს, გაუაზრებლად ირჩევენ ასეთ ქალებს, ისინი მრავლდებიან და ამქვეყნად გაურკვეველი სქესის არსებებს შობენ; არსებებს, რომლებიც იტანჯებიან, მაგრამ საბედნიეროდ მალევე იღუპებიან ან რეალობასთან შეუთავსებლობის გამო, ან დათრგუნული ინსტინქტების ზღვარგადასული ამოხეთქვის, ან კიდევ იმედგაცრუების გამო, რომ ვერ მოახერხეს კაცებთან გათანაბრება. ეს ტიპაჟი ტრაგიკულია, რადგან ბუნებასთან ორჭოფობით აღსავსე ბრძოლის დრამას გაითამაშებს; ტრაგიკულია, როგორც ის რომანტიკული მემკვიდრეობა, რომელსაც თანდათან ფანტავს ნატურალიზმი, რომელიც მხოლოდ ბედნიერებისკენაა მიმართული. ბედნიერებას კი მხოლოდ ძლიერი და კეთილთვისებიანი სახეობები იმსახურებენ.    მაგრამ, ამასთან ერთად, ფრეკენ ჟული არის ნარჩენი ომისდროინდელი არისტიკორატიისა, რომელიც თანდათან ადგილს უთმობს თანამედროვე არისტოკრატიას მტკიცე ნერვებითა და განვითარებული გონებით. ფრეკენ ჟული მსხვერპლია დედის მიერ ჩადენილი „დანაშაულის“ გამო ოჯახში შექმნილი დისჰარმონიისა; მსხვერპლია თავისი დროის ცდომილებების, გარემოებებისა და საკუთარი არასრულყოფილი ნატურის, რაც დაახლოებით იგივეა, რასაც ადრე ბედისწერას ან სამყაროსეულ კანონზომიერებას ეძახდნენ. ნატურალისტებმა „ცოდვის“ ცნება ღმერთთან ერთად უარყვეს, მაგრამ საქციელზე პასუხისმგებლობას - სასჯელს, ციხეს ან სასჯელის შიშს, ვერაფრით ვერ უარყოფენ იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ ეს ყველაფერი მაინც ადგილზე რჩება, მიუხედავად იმისა, ათავისუფლებენ თუ არა ნატურალისტები გმირს პასუხისმგებლობისგან; რადგან შეურაცხყოფილნი არ გამოირჩევიან ისეთი მიმტევებლობით, როგორსაც კარგი საზღაურის სანაცვლოდ გამოავლენენ ისინი, ვისთვისაც შეურაცხყოფა არ მიუყენებიათ, ვინც გვერდიდან აკვირდება ამბავს. და მიუხედავად იმისა, რომ მამამ გარკვეული იძულების გამო უარი თქვა რევანშზე, ქალიშვილმა მაინც უნდა იძიოს შური საკუთარ თავზე, და ასეც იქცევა პიესაში, - თანდაყოლილი ან შეძენილი ღირსების განცდის გამო, რომელსაც მაღალი ფენები მემკვიდრეობით იღებენ. საიდან? ბარბაროსებისგან, არიული ფესვებიდან, შუასაუკუნეების რაინდებისგან წამოსული ღირსება თავისთავად დიდებული რამაა, მაგრამ არახელსაყრელია სახეობის გადარჩენისთვის. ეს არის არისტოკრატის ჰარაკირი, იაპონელის შინაგანი კანონი, რომელიც აიძულებს მას, თავად გამოიფატროს მუცელი, როცა შეურაცხყოფას სხვა მიაყენებს, და სახეცვლილი ფორმით ჩვენს დროშიც შენარჩუნებულა დუელის სახით, რომელიც არისტოკრატთა პრივილეგიაა. ამიტომაც ლაქია ჟანი ცოცხალი რჩება, პატივაყრილ ფრეკენ ჟულის კი სიცოცხლე აღარ შეუძლია. მონის უპირატესობა ბატონის წინაშე ისაა, რომ მას არ ახასიათებს სასიკვდილოდ საშიში აკვიატება - ღირსება. ყველა ჩვენგანში, ყველა არიელში ცოცხლობს გარკვეულწილად კეთილშობილი დონ კიხოტი, რომელიც გვაიძულებს, თანავუგრძნოთ თვითმკვლელს, უღირსი საქციელი რომ ჩაიდინა და შესაბამისად, ღირსება დაკარგა. ჩვენში საკმარისი არისტოკრატიზმია იმისათვის, რომ ვიგრძნოთ ტანჯვა, როცა წარსული დიდებულების დაცემას ვუცქერთ, ზუსტად ისევე, როგორც მაშინ განვიცდიდით, თუ დაცემული ღირსებას აღიდგენდა და თავისი სიქველით დაკარგულს დაიბრუნებდა. ლაქია ჟანი ერთგვარი სახეობის მამამთავარია, მასში უკვე მოჩანს განსხვავებული ნიშნები. დაბალი წარმოშობისაა, მაგრამ უკვე შესწავლილი აქვს ყველაფერი იმისთვის, რომ ბატონი გახდეს. ყველაფერს იოლად ითვისებს, სათუთად განვითარებული აქვს შეგრძნებები (ყნოსვა, გემოვნება, მხედველობა) და სილამაზის აღქმა. უკვე გააღწია მაღალ საზოგადოებაში და საკმარისად ძლიერია საიმისოდ, რომ თავი უხერხულად არ იგრძნოს, როცა სხვები ემსახურებიან. თავის წრეში უკვე უცხოა. ეს წრე, როგორც განვლილი ეტაპი, ეზიზღება, მისი ეშინია და გაურბის, რადგან მან ჟანის საიდუმლოებები იცის, ყნოსვით გრძნობს მის ჩანაფიქრებს, შურით აკვირდება მის აღმასვლას და სიამოვნებით გახდება მისი დაცემის მომსწრე. აქედან გამომდინარეობს ამ პერსონაჟის ორმაგი ბუნება, მერყევი დამოკიდებულება მაღლა მყოფთა მიმართ, სიმპათიასა და მათდამი სიძულვილს შორის. ის, როგორც თვითონ ამბობს, არისტოკრატია, რომელმაც შეიცნო კეთილშობილი საზოგადოების საიდუმლოებანი, გარეგნულად დაიხვეწა, მაგრამ შინაგანად ისეთივე გაუთლელია. იცის, მოხდენილად როგორ მოირგოს ფრაკი, თუმცა არ არსებობს გარანტია, რომ სხეული, რომელსაც ეს ტანისამოსი ფარავს, სუფთაა. ჟანი პატივს სცემს ფრეკენს, მაგრამ კრისტინის ეშინია, რადგან ეს უკანასკნელი მის სახიფათო საუდუმლოებებს ფლობს. საკმაოდ გულცივია და არ დაუშვებს, რომ იმ ღამის მოვლენებმა სამომავლო გეგმები ჩაუშალოს. მონისთვის დამახასიათებელი სისასტიკითა და ბატონისთვის ჩვეული ცივსისხლიანობით შეუძლია უყუროს სისხლს და გული არ წაუვიდეს, არ შეეპუოს უიღბლობას; სწორედ ამიტომ გამოდის წყლიდან მშრალი, ბრძოლაში არასოდეს დაშავდება; დიდად სავარაუდოა, რომ მართლაც სასტუმროს მფლობელი გახდება მომავალში და თავად თუ ვერ მიიღებს რუმინელი გრაფის წოდებას, მისი მომავალი ვაჟი უთუოდ გახდება სტუდენტი და შესაძლოა, მაღალი ჩინის ოფიცრობასაც გამოჰკრას ხელი. უნდა ითქვას, რომ ჟანი ფრიად მნიშვნელოვან მოსაზრებებს ჰფენს ნათელს იმის შესახებ, თუ როგორ აღიქვამენ ცხოვრებას დაბალი ფენის წარმომადგენლები. თუმცა, ის იშვიათად ამბობს სიმართლეს. ამბობს იმას, რაც მისთვის იმწუთას ხელსაყრელია. ჟანი, ბუნებრივია, ეთანხმება ფრეკენ ჟულის მოსაზრებას იმის შესახებ, რომ დაბალი ფენის უკლებლივ ყველა წარმომადგენელი მაღალი წრისგან წნეხშია მოქცეული, რადგან ამ შემთხვევაში მისი მიზანია, თანაგრძნობა გამოიწვიოს. თუმცა, იქვე გადათქვამს ამას, რადგან ხვდება, რომ ამჟამად მისთვის უფრო ხელსაყრელი ბრბოსგან გამოცალკევება იქნებოდა.    გარდა იმისა, რომ ახლა ჟანს აღმავლობის პერიოდი აქვს, ის კიდევ ერთი რაღაცით დგას ფრეკენ ჟულიზე მაღლა - ჟანი მამაკაცია. მამრობითი სქესისადმი მიკუთვნებულობის, მამაკაცური ძალის, უკეთ განვითარებული შეგრძნებების უნარისა და ინიციატივის საკუთარ ხელში აღების შესაძლებლობის გამო იგი არისტოკრატი ხდება. მისი არასრულფასოვნება ძირითადად უკავშირდება იმ სოციალურ გარემოს, რომელშიც დროებით ცხოვრობს და რომელსაც ლივრეასთან ერთად მოისვრის. ჟანის მონური ბუნება ვლინდება გრაფის მიმართ მოწიწებაში (ჩექმა) და ბრმა რელიგიურობაში. თუმცა გრაფის მიმართ მოწიწება უფრო იმითაა განპირობებული, რომ გრაფს სწორედ ის მაღალი სტატუსი აქვს, რისკენაც ჟანი მიისწრაფის და ამ მოწიწებას მას შემდეგაც ინარჩუნებს, რაც გრაფის ასულს დაიპყრობს და გარეგნული ბრწყინვალების მიღმა სიცარიელეს აღმოაჩენს.    სასიყვარულო ურთიერთობა ამ სიტყვების „მაღალი“ გაგებით, ჩემი აზრით, სრულიად შეუძლებელია ორ ისეთ ადამიანს შორის, რომელთაც ასე განსხვავებული სულიერი თვისებები აქვთ. ამიტომაც ფრეკენ ჟულის მიერ შეთხზული, გამოგონილი სიყვარული ერთგვარ თავის მართლებას, მობოდიშებას უფრო ჰგავს. ჟანი კი მიიჩნევს, რომ იგი შეძლებდა სიყვარულის შენარჩუნებას, თუკი სხვა სოციალური სტატუსი ექნებოდა. მეჩვენება, რომ სიყვარული სუმბულს ჰგავს - გამძლე ყვავილი რომ გამოისხას, ამ მცენარემ სიბნელეში უნდა გაიდგას ფესვი. აქ კი ყვავილი ერთბაშად გაიზარდა, გაიფურჩქნა და ნაყოფიც მოისხა, და შესაბამისად, ნაადრევად მოკვდა კიდეც. და ბოლოს, კრისტინი - ესაა მონა ქალი, ყოველგვარად შებოჭილი, მოკლებული თავისუფლებას, სავსე სიშტერით, სამზარეულოში, ქურასთან ტრიალით რომ შეიძინა, გამოტენილი მორალითა და რელიგიურობით, რაც მისთვის თავდაცვის ფუნქციას ასრულებს. ეკლესიაში მხოლოდ იმისთვის დადის, რომ თავისი წვრილმანი ქურდობები იესო ქრისტეს გადააბაროს და უცოდველობის შეგრძნებით დამუხტული დაბრუნდეს შინ. ერთი სიტყვით, კრისტინი მეორეხარისხოვანი პერსონაჟია და ამიტომაც განზრახ სქემატურადაა მოხაზული, სწორედ ისე, როგორც პასტორი და ექიმი „მამაში“, რადგან იმ შემთხვევაში მინდოდა, ჩვეულებრივი ადამიანები ისეთად წარმომეჩინა, როგორებიც უმეტეს შემთხვევაში არიან სოფლის ექიმები და პასტორები. და თუ ვინმეს ჩემი მეორეხარისხოვანი გმირები აბსტრაქტულად ეჩვენება, ეს იმით აიხსნება, რომ ჩვეულებრივი ადამიანები, რომლებიც რაიმე პროფესიულ ფუნქციებს ასრულებენ, საერთოდ გარკვეულწილად აბსტრაქტულები არიან. ანუ არ არიან თავისთავადნი და თავიანთი პროფესიული მოვალეობების შესრულების პროცესში მხოლოდ ცალმხრივად ვლინდებიან. მანამ, სანამ მაყურებელი არ იგრძნობს მათი სხვადასხვა მხრიდან დანახვის აუცილებლობას, ჩემი გამოხატვის აბსტრაქტულობა საკმაოდ გამართლებულია.     და ბოლოს, რაც შეეხება დიალოგებს, აქ ერთგვარად დავარღვიე ტრადიცია - ჩემს პერსონაჟებს აღარ დავაკისრე კატეხიზმოს მასწავლებელთა ფუნქცია, სულელურ კითხვებს რომ სვამენ მახვილგონივრული პასუხების მისაღებად. უარი ვთქვი ფრანგული დრამატული დიალოგის სიმეტრიულ, მათემატიკურად ზუსტ კონსტრუქციაზე და გონების ქაოტური მუშაობის შედეგი ვაჩვენე, რადგან სინამდვილეშიც სწორედ ასე ხდება ხოლმე, საუბრის თემას ბოლომდე ვერასოდეს ვერ ამოწურავ, ერთი აზრი კი მეორეს სრულიად უნებლიეთ ებმის. ამიტომაც დიალოგებს თითქოს გზა აბნევიათ, პირველ სცენებში აგროვებენ მასალას, რომელიც შემდეგ გადამუშავდება, უკან ბრუნდება, მეორდება, იშლება, ივსება, როგორც თემა მუსიკალურ კომპოზიციაში.    მოქმედება საკმაოდ დატვირთულია და რადგანაც იგი ძირითადად ორ ადამიანს ეხება, სწორედ მათკენ მივმართე მთელი ყურადღება. მხოლოდ ერთი მეორეხარისხოვანი პერსონაჟი შემოვიყვანე - მზარეული ქალი, და კიდევ მამის უბედური აჩრდილი, რომელიც ამ ყველაფერს თითქოს თავს დასტრიალებს. ვფიქრობ, რომ ახალი დროის ადამიანს ყველაზე მეტად ფსიქოლოგიური პროცესი აინტერესებს: ჩვენი ცნობისმოყვარე სულები ვეღარ კმაყოფილდებიან მხოლოდ მიმდინარე მოვლენების ცქერით და მათი მამოძრავებელი საიდუმლო მექანიზმების ამოხსნას მოითხოვენ. ჩვენ ხომ გვინდა, ძაფები დავინახოთ, დავათვალიეროთ მექანიზმი, შევისწავლოთ ზარდახშის ორმაგი ფსკერი, ხელი შევახოთ ჯადოსნურ ბეჭედს, ვიპოვოთ ნაკერი, ჩავიხედოთ სხვის კარტში, იქნებ აღმოვაჩინოთ, როგორ მოუნიშნავს ვიღაცას.    ნიმუშად ძმები გონკურების რომანები დავისახე - მათ თანამედროვე ლიტერატურაში ყველაზე მეტად ვაფასებ. კომპოზიციის ტექნიკურ მხარეებზე თუ ვისაუბრებთ, ვეცადე, პიესის ტრადიციული აქტებად დაყოფა გამეუქმებინა. ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მივიღე, რაც აღმოვაჩინე, რომ ანტრაქტისას, როცა მაყურებელს ეძლევა ფიქრის დრო, იგი გაურბის ავტორ-ჰიპნოზიორის შეგონებებს, რაც ხელს უშლის ილუზიის შენარჩუნებას. ჩემი პიესა დაახლოებით საათ-ნახევარს გრძელდება და თუ ადამიანებს შეუძლიათ, ამდენივე ან კიდევ უფრო დიდხანს უსმინონ ლექციას, ქადაგებას ან პოლიტიკურ დებატებს, მიმაჩნია, რომ საათ-ნახევრიანი სპექტაკლიც არ დაღლის მაყურებელს. ჯერ კიდევ 1872 წელს ჩემს ერთ-ერთ პირველ პიესაში, „უარყოფილი“, გამოვცადე ეს კონცენტრირებული ფორმა, თუმცა მას დიდი წარმატება არ მოჰყოლია. ხუთაქტიანი პიესა უკვე დასრულებული მქონდა, როცა აღმოვაჩინე, რომ მას სრულიად შემაშფოთებელი, დამანგრეველი ეფექტი აქვს. ხელნაწერი დავწვი და შედეგად დაიბადა კარგად დამუშავებული, ერთსაათიანი, ერთმოქმედებიანი პიესა, 50 ნაბეჭდი გვერდის მოცულობის. ასე რომ, ფორმა არახალია, მაგრამ, როგორც ჩანს, ეს აღმოჩენა მე მეკუთვნის და მოდის მერყევ კანონებს თუ გავითვალისწინებთ, არაა გამორიცხული, იგი ჩვენი დროის მოთხოვნების სრულიად შესაბამის ფორმად გადაიქცეს. მომავალში მოხარული ვიქნები, თუ დარბაზში დავინახავ მომზადებულ მაყურებელს, რომელიც ერთმოქმედებიან სპექტაკლს შეუსვენებლად გაუძლებს, მაგრამ ამას ჯერ კიდევ წინასწარ შესწავლა სჭირდება. თუმცა, მაყურებელი და მსახიობები ოდნავ მაინც რომ ამოვასუნთქო, თან ისე, რომ მაყურებელმა ილუზიის ტყვეობიდან თავის დაღწევა ვერ მოახერხოს, დრამატული ხელოვნების სამ ფორმას ვიყენებ. კერძოდ: მონოლოგს, პანტომიმასა და ბალეტს, რომლებიც თავდაპირველად ახასიათებდა ანტიკურ ტრაგედიებს - მონოდიას მონოლოგად ვაქცევ, ქოროს კი - ბალეტად.     მონოლოგი დღესდღეობით ათვალწუნებულია ჩვენი რეალისტების მიერ არადამაჯერებლობის გამო, მაგრამ თუ მას საკმარის მოტივაციას მოვუძებნი, დამაჯერებელიც გახდება და წარმატებითაც გამოვიყენებ. როცა ორატორი ოთახში ბოლთას სცემს და თავის სიტყვას კითხულობს, ეს ხომ სრულიად დამაჯერებელია, ისევე როგორც, როცა მსახიობი ხმამაღლა იმეორებს თავის როლს, მოსამსახურე ქალი ელაპარაკება თავის კატას, დედა ენას უჩლექს შვილს, შინაბერა თავის თუთიყუშს ეჩიფჩიფება, მძინარე კი ძილში ლაპარაკობს. და იმისთვის, რომ მსახიობს თუნდაც ერთხელ მივცე შესაძლებლობა, დამოუკიდებლად იმუშაოს, მწერლის მითითებებისგან თუნდაც წუთით გავათავისუფლო, მონოლოგები არ გამიწერია, მხოლოდ მოვნიშნე. სიმართლე რომ ითქვას, დიდი მნიშვნელობა არა აქვს, რას ვიტყვით ძილში, ან კატას რას ველაპარაკებით, მანამ, სანამ ეს მოვლენებზე არ ახდენს გავლენას. ნიჭიერ მსახიობს, რომელიც უკვე განმსჭვალულია შესაფერისი განწყობითა და სიტუაციით, სავარაუდოდ შეუძლია იმპროვიზაციით უკეთ ააგოს მონოლოგი, ვიდრე ამას მწერალი მოახერხებდა, რომელსაც არ შეუძლია, წინასწარ გათვალოს, რამდენად გრძელი ან დატვირთული უნდა იყოს ტექსტი, რომ მაყურებლის ილუზიის ტყვეობაში შენარჩუნება მოახერხოს.     იტალიური თეატრი, როგორც ვიცით, მთელ რიგ სცენებზე დაუბრუნდა იმპროვიზაციას და შესაბამისად შექმნა ერთგვარი მთხზველი-მსახიობის ფენომენი, რომელიც ექსპრომტად თხზავს, თუმცა, ავტორის ჩანაფიქრთან შესაბამისობაში. ეს შეიძლება წინ გადადგმულ ნაბიჯად მივიჩნიოთ, ან ხელოვნების ახალი დარგის ჩანასახად და „კრეატიული“ ხელოვნება ვუწოდოთ.     იქ კი, სადაც მონოლოგი არადამაჯერებელი იქნებოდა, პანტომიმას ვიყენებ და ამით მსახიობს კიდევ უფრო მეტ თავისუფლებას ვანიჭებ, თვითონაც შექმნას - თავად მოიპოვოს დიდება. თუმცა, მაყურებელი მეტისმეტად რთული გამოცდის წინაშე რომ არ დავაყენო, მუნჯ სცენას მუსიკის მფლობელობაში ვტოვებ, რაც სრულიად გამართლებულია ზაფხულის ღამის დღესასწაულით, როცა ტრადიციულად ცეკვები იმართება ხოლმე. მუსიკას შეუძლია ილუზიების შექმნა და ამიტომაც ორკესტრის ხელმძღვანელს ვთხოვ, კარგად გაიაზროს მუსიკალური ნაწარმოების არჩევანი, რომ თანამედროვე ოპერეტებთან ასოციაციებით, საცეკვაო რეპერტუარით ან მეტისმეტად პროვინციული ფოლკლორული მოტივებით არასაჭირო განწყობა არ შექმნას. ბალეტი, რომელიც ასევე შემომაქვს მოქმედებაში, არ შეიძლება ე.წ. მასობრივი სცენით შეიცვალოს, რადგან ასეთ სცენებს, როგორც წესი, ძალიან ცუდად იყენებენ: მრავალრიხცოვანი სტატისტები შანსს არ უშვებენ ხელიდან, როგორმე თავი გამოიჩინონ და შესაბამისად, ილუზიას აქარწყლებენ. მასობრივ სცენაში სტატისტებმა უხამსი ხუმრობების იმპროვიზება რომ არ დაიწყონ, უკვე მზა მასალას ვიყენებ, რომელსაც ზოგჯერ ორაზროვანი მნიშვნელობა შეიძლება ჰქონდეს. ეს დამცინავი სიმღერა მე არ დამიწერია, სტოკჰოლმის მახლობლად მოვისმინე და ჩავინიშნე. სიტყვები მთლად ზუსტად მიზანში ვერ ხვდება, მაგრამ სწორედ ესაა მათი აზრი, რადგან მონის ვერაგობა (სისუსტე) უფლებას არ აძლევს მას, ბატონს პირდაპირ შეუტიოს. ამგვარად, არავითარი სიტყვამრავალი ოხუნჯობანი ამ სერიოზულ სცენაში არაა საჭირო, არავითარი უხამსი ხუმრობა არ მოუხდება სიტუაციას, როცა მთელი საგვარეულო დაღუპვის პირასაა.    რაც შეეხება დეკორაციას, აქ ასიმეტრიულობა და ფრაგმენტულობა იმპრესიონისტული მხატვრობისგან ვისესხე და მეჩვენება, რომ ამით ილუზიის გაძლიერებას შევუწყვე ხელი; რადგან იმის წყალობით, რომ მაყურებელი ოთახსა და ავეჯს მხოლოდ ნაწილობრივ ხედავს, იხსნება წარმოსახვის ფართო შესაძლებლობები, ამოქმედდება ფანტაზია, რომელიც ნაკლის ამოვსებას შეეცდება. ამით კიდევ ერთ უპირატესობას მივაღწიე - თავიდან ავიცილე გაუთავებელი გასვლა-გამოსვლა კარში. სასცენო კარები ხომ ძირითადად ტილოსგან დამზადებული დეკორაციაა და სულ მცირე შეხებაზეც კი ირხევა. აბა, სად შეუძლია ასეთ კარს, გადმოსცეს ოჯახის თავის სიბრაზე, როცა ეს უკანასკნელი ცუდი სადილის შემდეგ გადის და კარს ისე გაიჯახუნებს, რომ „მთელი სახლი ზანზარებს“ (თეატრში - ირწევა!). ამიტომაც ერთადერთ, უცვლელ დეკორაციას ვიყენებ. ჯერ ერთი იმიტომ, რომ საშუალება მივცე პერსონაჟებს, „შეეზარდონ“ გარემოს და მეორეც - დეკორაციების ტრადიციული სიჭარბე ერთხელ და სამუდამოდ მოვსპო. თუმცა, რახან ერთადერთი დეკორაცია გვაქვს, შეგვიძლია მოვითხოვოთ, რომ ის დამაჯერებელი იყოს. თუმცა, არაფერია იმაზე რთული, შექმნა ოთახი, რომელიც ნამდვილს ჰგავს, მიუხედავად იმისა, რომ მხატვარს იოლად შეუძლია ცეცხლისმფრქვეველი მთებისა და ჩანჩქერების გამოსახვა. კედლები ტილოსი იყოს, მაგრამ სამზარეულოს მოწყობილობებისა და ჭურჭლეულის კედელზე მიხატვა ერთხელ და სამუდამოდ უნდა დამთავრდეს. სცენაზე ისედაც საკმარისად გვაქვს პირობითობა, რომელიც უნდა დავიჯეროთ და მივიღოთ, ამიტომ ნუღარ გვაიძულებთ, დამატებით კიდევ დახატული ჯამ-ჭურჭლის ნამდვილობა დავიჯეროთ.     უკანა ფარდა და მაგიდა ოდნავ დახრილად მოვათავსე. თუ მსახიობები მაგიდასთან ერთმანეთის პირისპირ დასხდებიან, სახით ან პროფილით მაყურებლისკენ აღმოჩნდებიან. ერთხელ „აიდაში“ ვნახე დიაგონალზე დაკიდებული უკანა ფარდა, რომელიც თვალს აქამდე უნახავ პერსპექტივას უხსნიდა და სულ არ მომეჩვენებია, რომ მხატვარმა ეს ხერხი გაბეზრებული სწორი ჰორიზონტისგან თავდასაღწევად, ჯიბრით მოიგონა. კიდევ ერთი, შეიძლება, უსარგებლო სიახლე არის რამპის გაუქმება. რამპიდან განათების მიზანი მსახიობების სახის უფრო სავსედ წარმოჩენაა. თუმცა, მე ვსვამ კითხვას: რა საჭიროა, ყველა მსახიობის სახე სავსედ გამოჩნდეს? განა ასეთი განათება არ ანადგურებს სახის ქვედა ნაწილების მთელ მომხიბლაობას? განსაკუთრებით გამოკვეთს ღაწვის ჩრდილებს, ამახინჯებს ცხვირის ფორმას, ჩრდილს სცემს თვალებზე. ასეც რომ არ იყოს, ამ განათებით ხომ მსახიობებს თვალები უზიანდებათ, რის შედეგადაც გამომსახველი თამაში მზერით სრულიად იკარგება, რადგან რამპის შუქი თვალის ბადურის სწორედ იმ ნაწილს ხვდება, რომელიც ჩვეულებრივ დაცულია (თუ არ ჩავთვლით მეზღვაურებს, რომელნიც იძულებულნი არიან, ზღვის წყალზე არეკლილ მზის ათინათს უყურონ გამუდმებით) და ამიტომ თვალებით თამაში ძირითადად შემოიფარგლება მსახიობების შეშლილ მზერაში, რომელსაც ხან გვერდით, ხანაც მაღლა აღაპყრობენ, აივნების მიმართულებით, და ამ დროს გუგების ნაცვლად თვალის მხოლოდ თეთრ ნაწილს ვხედავთ. ის კი არა, არაა გამორიცხული, მსახიობი ქალები სწორედ ამიტომ აფახულებენ თვალებს ასე გულისშემაღონებლად ხშირად. და თუ სცენაზე მდგარ ადამიანს უნდა, რაიმე თქვას მზერით, ერთი ისღა დარჩენია, პირდაპირ დარბაზში გაიხედოს და ამრიგად დაამყაროს კონტაქტი მაყურებელთან, რომელიც ფარდით შემოსაზღვრული სივრცის მიღმაა. ამ მავნე ჩვევას - დამსახურებულად თუ დაუმსახურებლად, - „ნაცნობებთან მისალმებას“ ეძახიან. განა საკმაოდ ძლიერი გვერდითი განათება (პროჟექტორი ამრეკლით ან რაიმე მსგავსი მოწყობილობა) არ აჩუქებდა მსახიობს ახალ შესაძლებლობას: გაეძლიერებინა მიმიკა, ადამიანის სახის ყველაზე გამომსახველი ნაწილის, თვალების გამოყენებით?    არა მაქვს არავითარი ილუზია იმისა, რომ ჩვენი დიდი სურვილის მიუხედავად, შესაძლებელია, მსახიობი ვაიძულოთ, თამაშობდეს მაყურებლისთვის და არა მაყურებელთან. სულ არ ვოცნებობ იმაზე, რომ მსახიობის ზურგის ცქერით დავტკბე რომელიმე მნიშვნელოვანი სცენის დასაწყისიდან დასასრულამდე, მაგრამ იმას კი ვისურვებდი, რომ საკვანძო სცენები სუფლიორის ჯიხურთან არ ითამაშონ, როგორც აპლოდისმენტებზე გათვლილი დუეტები, არამედ შეასრულონ მითითებულ ადგილას, სიტუაციიდან გამომდინარე. ერთი სიტყვით, არავითარ რევოლუციას არ ვითხოვ, მხოლოდ უმნიშვნელო მოდიფიკაციებს, რადგან სცენის გადაქცევა ოთახად, რომელსაც მეოთხე კედელი არა აქვს და ამიტომ ავეჯის ნაწილი მაყურებლისკენ ზურგით დგას, როგორც ჩანს, ჯერ კიდევ უშლის ხელს აღქმას.     გრიმზე თუ ჩამოვარდა სიტყვა, ვეღარ ვიქნები იმის იმედად, რომ ქალბატონები, რომელთაც სილამაზე ურჩევნიათ დამაჯერებლობას, ჩემს ნათქვამს შეისმენენ. მაგრამ მსახიობი უნდა დაფიქრდეს, რამდენად მომგებიანია მისთვის, საკუთარ სახეს გრიმის გამოყენებით რაღაც აბსტრაქტული შტრიხები შესძინოს, რაც ნიღაბივით მოუშორებლად შერჩება. წარმოვიდგინოთ მამაკაცი, რომელმაც წარბებს შორის მურით ღრმა ნაოჭი დაიხატა, რათა თავისი პერსონაჟის სისასტიკისთვის ხაზი გაესვა და დავუშვათ, რომ რაღაც რეპლიკის წარმოთქმისას მან უნდა გაიღიმოს. ხვდებით, რა საშინელ გრიმასას მივიღებთ შედეგად?! ან როგორ მოახერხებს მსახიობი, დაინაოჭოს თავისი ხელოვნურად გადაპრიალებული, ბილიარდის ბურთივით მბზინავი შუბლი ისე, რომ მოხუცი კაცის სიბრაზე წარმოაჩინოს? თანამედროვე ფსიქოლოგიურ დრამაში, სადაც სულის უნატიფესი მოძრაობები მეტწილად სახეზე უნდა აისახოს, ვიდრე ჟესტებით ან ხმამაღალი შეძახილებით, ალბათ ღირს, სცენაზე დავაყენოთ მსახიობი გვერდითი განათებით და უგრიმოდ, ან მინიმალური გრიმით. და რომ შეგვეძლოს თვალს მოვაფაროთ ორკესტრი, თავისი ხელისშემშლელი განათებით და მაყურებლისკენ მიშვერილი სახეებით; რომ შეგვეძლოს პარტერი ისე ავამაღლოთ, რომ მაყურებელმა მსახიობების მუხლებს ზემოთაც დაინახოს რაიმე; რომ შეგვეძლოს თავიდან მოვიშოროთ ბელეტაჟის ლოჟები თავისი ირონიულად მოღიმარი, მოქეიფე ქალბატონებითა და ბატონებით და ამით სპექტაკლის მსვლელობისას სრულ სიბნელეს მივაღწიოთ; და კიდევ, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია: ვინმე რომ ჩვენს განკარგულებაში პატარა სცენას და პატარა დარბაზს გადმოგვცემდეს, მაშინ, ალბათ, დაიბადებოდა ახალი დრამატურგია, ყოველ შემთხვევაში, თეატრი კვლავ იქცეოდა განათლებული მაყურებლის გართობის ადგილად. ასეთი თეატრის მოლოდინში კი ისღა დაგვრჩენია, ხელნაწერების უჯრაში შესანახად ვწეროთ და შევეცადოთ, მომავლის რეპერტუარი მოვამზადოთ. მე შევეცადე. თუ ეს მცდელობა წარუმატებელი აღმოჩნდება, ხელახლა ვცადოთ! მოქმედი პირნი: ფრეკენ ჟული - 25 წლის ჟანი - მსახური, 30 წლის კრისტინი - მზარეული, 35 წლის    მოქმედება ხდება გრაფის სასახლის სამზარეულოში, ზაფხულის ღამის დღესასასწაულზე.     დეკორაცია: დიდი სამზარეულო ოთახი, რომლის ჭერი და გვერდითი კედლები ფარდებითაა დაფარული. უკანა კედელი მარცხნიდან მარჯვნივ, ირიბად იჭრება სიღრმეში. ამავე კედელზე ორი თაროა ზედ სპილენძის, ბრინჯაოს, თუჯისა და თუნუქის ჭურჭლით. თაროებზე გოფრირებული ქაღალდი აფენია. ოდნავ მარჯვნივ მოჩანს დიდი, თაღოვანი ფორმის ორმაგი შუშის კარის სამი მეოთხედი ნაწილი, საიდანაც ამურის ქანდაკებით მორთულ შადრევანს ვხედავთ. მის ირგვლივ იასამნის ბუჩქები და მაღალი ალვის ხეები დგას. სცენის მარცხენა მხარეს კაფელით მოპირკეთებული დიდი ღუმლის ნაწილი მოჩანს. მარჯვენა მხრიდან შემოჭრილია თეთრი ფიჭვისგან ნათალი მსახურთა სასადილო მაგიდის კიდე. აქვეა რამდენიმე უზურგო სკამი. ღუმელი არყის ხის ტოტებითაა შემკული, იატაკზე ღვია მიმოუბნევიათ. მაგიდის ბოლოში დგას იაპონური სანელებლების დიდი ზომის ქილა, შიგ აყვავებული იასამნებით. საყინულე, ჭურჭლის საშრობი, სარეცხი ნიჟარა. დიდი, ძველებური ზარი კარს ზემოთ, იქვე მარცხნივ კი მსახურთა გამოსაძახებელი მილი. (კრისტინი ღუმელთან დგას და ტაფაზე რაღაცას წვავს. ღია ფერის ბამბის კაბა აცვია, მზარეულის წინსაფარი უკეთია. შემოდის ლივრეაში გამოწყობილი ჟანი, თან მოაქვს ცხენოსნის დეზებიანი ჩექმა და გამოსაჩენ ადგილას, თვალწინ დაიდგამს) ჟანი ამ საღამოს ისევ გაგიჟდა ფრეკენ ჟული. სულ გაგიჟდა! კრისტინი აჰ, ეს ვინ მობრძანებულა?! ჟანი გრაფი სადგურამდე მივაცილე და უკანა გზაზე, ბეღელს რომ ჩავუარე, შევედი, ცოტას მეც ვიცეკვებ-მეთქი. და რას ვხედავ?! მეტყევესთან ცეკვავდა ჩვენი ფრეკენი. მაგრამ როგორც კი დამინახა, იმწამსვე ჩემკენ გამოქანდა და ქალების ვალსზე გამიწვია. რომ იცოდე, როგორ ტრიალებდა! მსგავსი არაფერი მინახავს. სულ გაგიჟდა! კრისტინი ეგ ყოველთვის გიჟი იყო, მაგრამ ბოლო ორი კვირაა, განსაკუთრებით აურია; მას მერე, რაც ნიშნობა ჩაიშალა. ჟანი ჰო, ნეტავ რა მოხდა? არადა, კარგი კაცი იყო მაგისი საქმრო, მერე რა, თუ მთლად მდიდარი ვერ იყო. აჰ! მაგრამ ესენი ხომ დიდი წუნიები არიან. (ჩამოჯდება მაგიდის კიდესთან) არა, მაინც უცნაურად არ გეჩვენება, რომ ახალგაზრდა ქალბატონმა მსახურებთან შინ დარჩენა ამჯობინა და მამამისს ნათესავებთან არ გაჰყვა? კრისტინი საქმროსთან რომ აერია საქმე, რცხვენია ალბათ. ჟანი ჰო, ეგრე იქნება! თუმცა ეგ საქმრო მაინც ღირსეული კაცი გამოდგა. კრისტინ, იცი, როგორ მოხდა ეს ამბავი? მე კი დავინახე, მაგრამ არ შევიმჩნიე. კრისტინი არაფერიც არ დაგინახავს. ჟანი კი-მეთქი, ჩემი თვალით. ერთ საღამოს თავლაში იყვნენ, ფრეკენ ჟული „ავარჯიშებდა“... ჰო, ამას ვარჯიშს ეძახდა. იცი, რას შვრებოდა? მათრახზე ახტუნებდა, აი, ძაღლს რომ ხტომას ასწავლიან, ისე. ორჯერ გადაახტუნა და ორივეჯერ ამოსცხო. აი, მესამე ჯერზე კი საქმრომ მათრახი გამოგლიჯა, გადაუმტვრია, სახეში ესროლა და იმის მერე აღარც გამოჩენილა. კრისტინი მართლა ასე იყო? ეს რა მესმის! ჟანი კი, ნამდვილად! შენ ეს მითხარი, კრისტინ, რამე გემრიელი თუ გეგულება ჩემთვის? კრისტინი (ტაფიდან იღებს საჭმელს და ჟანს დაუდებს) ცოტა თირკმელი გვაქვს, დღევანდელი ხბოდან გადაგინახე! ჟანი (ყნოსავს საჭმელს) მშვენიერია! სიამოვნებით გეახლები! (თეფშს ხელს ჰკიდებს) ისე, თეფში რომ შეგეთბო, ურიგო არ იქნებოდა! კრისტინი გრაფი შენთან მონაგონია, ისეთი მოთხოვნები გაქვს! (თმაზე ნაზად ეფერება) ჟანი (ბრაზიანად) თმას ნუ მიჩეჩავ! მოგეხსენება, როგორი მგრძნობიარე ვარ. კრისტინი კარგი ახლა, ხომ იცი, ამას სიყვარულით ვაკეთებ. (ჟანი ჭამს. კრისტინი ლუდის ბოთლს ხსნის) ჟანი ლუდი? ზაფხულის ღამის დღესასწაულზე? არა, გმადლობთ! მე თვითონ მივხედავ თავს. (გამოაღებს მაგიდის უჯრას და იღებს ერთ ბოთლ წითელ ღვინოს, ყვითელი ცვილით თავდაბეჭდილს) ხომ ხედავ ამ ყვითელ ბეჭედს?.. ჭიქა მომაწოდე ერთი! მაღალფეხიანი, წყალგაურეველ ფრანგულ ღვინოს რომ შეეფერება, ისეთი. კრისტინი (უბრუნდება ქურას, ზედ პატარა ქვაბს დგამს) ღმერთო, შენ უშველე იმას, ვისაც ეს ცოლად მოიყვანს! რა აზიზი ვინმეა! ჟანი რა სისულელეა! ძალიანაც კმაყოფილი იქნებოდი, ჩემნაირი ქმარი რომ გყოლოდა. ვითომ რა დაგაკლდა იმით, ყველანი შენს საქმროს რომ მეძახიან? (ღვინოს აგემოვნებს) კარგია! ძალიან კარგი! სულ ოდნავ შემთბარი რომ იყოს, აჯობებდა! (ხელებით ათბობს ჭიქას) ეს ღვინო დიჟონში ვიყიდეთ. ლიტრი 4 ფრანკი ღირდა, უჭურჭლოდ. ამას კიდევ საბაჟოს ხარჯი დაუმატე! მანდ რას ხარშავ? რა ჯოჯოხეთურად ყარს! კრისტინი რაღაცა დამპალი ნაყენია, ფრეკენ ჟული მახარშვინებს ძუკნა დიანასთვის. ჟანი სიტყვები შეარჩიე, კრისტინ! ამ დღესასწაულის ღამეს ძაღლისთვის სალაფავი არ გეხარშა, სხვანაირად არ იქნებოდა? ავადაა თუ რა სჭირს? კრისტინი კი, ავადაა, აბა! დარაჯის ძაღლთან გაუსეირნია და ახლა ატეხილია. ფრეკენ ჟულიმ, ამას ვერ ავიტანო. ჟანი ფრეკენი ზოგჯერ ისე მაღლა ასწევს ხოლმე ცხვირს, ზოგჯერ კი სიამაყე სულ ავიწყდება, მთლად გარდაცვლილ დედამისს ჰგავს. ისიც სამზარეულოსა და თავლაში გრძნობდა ყველაზე კარგად თავს, მაგრამ ეტლში ორ ცხენზე ნაკლებს არ იკადრებდა; მანჟეტები ჭუჭყიანი ჰქონდა, მაგრამ გრაფის გერბიან ღილებს კი აუცილებლად ითხოვდა ზედ! ჰოდა, ისევ ფრეკენს რომ დავუბრუნდეთ, სულ არ ადარდებს თავისი პერსონა. ამით იმის თქმა მინდა, რომ კეთილშობილი ქალბატონის თავდაჭერა აკლია. აი, ახლაც ბეღელში რომ ცეკვავდა, ჩვენს ანას მეტყევე ააცალა და თვითონ გაიწვია საცეკვაოდ. ჩვენთან ასე არ იქცევიან, მაგრამ ეგრე ხდება, როცა თავადები ცდილობენ უბრალო გლეხებივით მოქცევას... ისე უბრალოვდებიან!.. თუმცა მაინც დიდებული ვინმეა! ბრწყინვალე! აჰ! რა მხრები აქვს! და კიდევ ბევრი სხვა რამეც! კრისტინი კარგი, გეყოფა! კლარასგან ვიცი, სინამდვილეში რაცა აქვს. არ დაგავიწყდეს, რომ ეგ აცმევს ყოველდღე. ჟანი რა კლარა! თქვენ ქალებს სულ გშურთ ერთმანეთის. მე მასთან ერთად ცხენითაც მისეირნია... და თან, როგორ ცეკვავს! კრისტინი ჟან, მომისმინე. საქმეს რომ მოვრჩები, ჩემთან ცეკვაზე რას იტყვი? ჟანი რა თქმა უნდა, ვიცეკვოთ. კრისტინი მპირდები? ჟანი გპირდები? რახან ვთქვი, ესე იგი, შევასრულებ კიდეც! მანამდე კი სადილისთვის მადლობასაც გადაგიხდი. მართლაც გემრიელი იყო. (ბოთლს დაუცობს თავს) ფრეკენი (კარში დგას, გარეთ ელაპარაკება ვიღაცას) ახლავე დავბრუნდები! თქვენ არ გაჩერდეთ! ჟანი (ბოთლს ჩუმად ჩააცურებს მაგიდის უჯრაში; პატივისცემის ნიშნად წამოდგება) ფრეკენი (შემოდის. უახლოვდება კრისტინს ქურასთან) აბა, გაამზადე? კრისტინი (ანიშნებს, რომ ჟანი იქვე ზის) ჟანი (გალანტურად) ქალბატონები რაღაც საიდუმლოს მალავენ? ფრეკენი (სახეში ცხვირსახოცს შემოჰკრავს) რა ცნობისმოყვარე ხართ! ჟანი აჰ, იების რა მშვენიერი არომატია! ფრეკენი (კეკლუცად) უსირცხვილო! ამას დამიხედეთ, სუნამოებშიც რომ ერკვევა! ცეკვაც ხომ კარგად ეხერხება... ნუ გვითვალთვალებთ! მოშორდით აქედან! ჟანი (გამომწვევად, მაგრამ თავაზიანად) ნუთუ რაიმე ჯადოსნურ წვიანს ხარშავენ ქალბატონები ზაფხულის ღამის დღესასწაულისთვის? იღბლიან ვარსკვლავზე სამკითხაოდ, საბედოს სახე რომ დაინახონ. ფრეკენი (მკაცრად) მახვილი თვალი სჭირდება ამის დანახვას! (კრისტინს) ნახევარი ბოთლი ჩამისხი და თავი კარგად დაუცე. წამომყევით და ერთი შოტლანდიური იცეკვეთ ჩემთან ერთად, ჟან... ჟანი (ყოყმანით) უზრდელობაში ნუ ჩამომართმევთ, მაგრამ ამ ცეკვას კრისტინს დავპირდი... ფრეკენი არა უშავს, კრისტინთან რამე სხვას იცეკვებთ. ასე არაა, კრისტინ? არ გინდა, ჟანი მათხოვო ცოტა ხნით? კრისტინი ეს ჩემი გადასაწყვეტი არაა. თუ ქალბატონი იკადრებს, ჟანი უარს ვერ იტყვის. ასე რომ, წავიდეს! და მადლობელი იყოს ასეთი პატივისთვის. ჟანი გულწრფელად რომ გითხრათ, - თან დამერწმუნეთ, სულ არ მინდა, გული გატკინოთ - არ ვიცი, რამდენად მოსაწონია თქვენი საქციელი, ერთ კავალერთან ზედიზედ ორჯერ იცეკვოთ, იმის გავითვალისწინებით, რომ ხალხი ამას სულ სხვა კუდებს გამოაბამს... ფრეკენი (აენთება) რა კუდებს? რას გულისხმობთ? ჟანი (პირმოთნედ) რახან ფრეკენმა ჩემი გაგება არ ისურვა, კეთილი, უფრო ცხადად ავუხსნი: ულამაზოა, როცა თქვენს ერთ-ერთ ქვეშევრდომს უფრო მეტად გამოარჩევთ, მაშინ, როცა სხვებიც ელიან თქვენგან ამ დაუმსახურებელ პატივს... ფრეკენი გამოვარჩევ? ეს რა აზრები მოგდით! გაოგნებული ვარ. მე, ამ სახლის ქალბატონი, ჩემი მონაწილეობით პატივს ვდებ უბრალო ხალხის ზეიმს, მაგრამ როცა მართლა მინდება ცეკვა, ისეთ მეწყვილეს ვირჩევ, ვისაც ცეკვის წაყვანა კარგად შეუძლია, თავი სასაცილოდ რომ არ გავიხადო. ჟანი როგორც ფრეკენი მიბრძანებს! მზად ვარ, გემსახუროთ. ფრეკენი (მოლბება) ბრძანებად ნუ მიიღებთ! ამ საღამოს ჩვენ ყველანი უბრალოდ ერთად ვმხიარულობთ და წოდებები რა მოსატანია! ასე რომ, მომეცით ხელი. ნუ ღელავ, კრისტინ, საქმროს არ წაგართმევ! (ჟანი მკლავს გაუწვდის და ფრეკენი გარეთ გაჰყავს) * პანტომიმა თამაშდება ისე, თითქოს მსახიობი ქალი ნამდვილად მარტო იყოს სივრცეში: საჭიროების შემთხვევაში მაყურებელს ზურგს აქცევს, პარტერში არ იყურება, აუჩქარებლად მოძრაობს, თითქოს არ აინტერესებს, მაყურებელს თავს შეაწყენს თუ არა. კრისტინი მარტოა. შორიდან აღწევს ვიოლინოს სუსტი ხმა, შოტლანდიური მოტივი. კრისტინი მელოდიას ღიღინებს. ჟანის ნასუფრალს ალაგებს, თეფშებს რეცხავს, ამშრალებს და კარადაში აწყობს. შემდეგ იხსნის წინსაფარს, მაგიდის უჯრიდან ამოაქვს პატარა სარკე და იასამნებიან ქილას მიაყუდებს. სანთელს დაანთებს და ალზე გაახურებს თმის სარჭს, რომლითაც შუბლზე ჩამოშლილ თმას იხვევს. შემდეგ ზღურბლზე დგება და მიაყურადებს. კვლავ მაგიდასთან ბრუნდება. იპოვის ფრეკენის დატოვებულ ცხვირსახოცს, აიღებს და დაყნოსავს; შემდეგ გაშლის ცხვირსახოცს და ფიქრებში გართული ხელით გაასწორებს, მერე კი ოთხ ნაწილად კეცავს და ა.შ. * ჟანი (მარტო ბრუნდება) არა, მართლა გიჟია! ერთი გენახა, როგორ ცეკვავდა! ხალხი ზურგსუკან დასცინოდა. შენ რას იტყვი, კრისტინ? კრისტინი არა უშავს, თვიური აქვს; მაგ დროს ყოველთვის ასე უცნაურად იქცევა ხოლმე. არ გინდა, ახლა მე წამომყვე და მეცეკვო? ჟანი იმედია, ძალიან არ მიბრაზდები, ასე რომ მიგატოვე... კრისტინი არა! ასეთ წვრილმანზე არ ღირს გაბრაზება. თანაც, მე ჩემი ადგილი კარგად ვიცი... ჟანი (წელზე მოხვევს ხელს) რა შეგნებული გოგო ხარ, კრისტინ. კარგი ცოლი დადგებოდა შენგან... ფრეკენი (შემოდის. უხერხულობისგან იბნევა; ნაძალადევად ხუმრობს) ნამდვილად მომხიბლავი კავალერი ბრძანდებით, თქვენს ქალბატონს გაექეცით. ჟანი პირიქით, ფრეკენ ჟული. როგორც ხედავთ, ჩემი მიტოვებული ქალბატონისკენ გამოვეშურე! ფრეკენი (ტონს იცვლის) თქვენ ის თუ იცით, რომ უბადლო მოცეკვავე ხართ?! მაგრამ ვერ ვხვდები, დასვენების დღეს ლივრეა რატომ გაცვიათ! ახლავე გაიხადეთ. ჟანი მაშინ, გთხოვთ, ერთი წუთით დამტოვოთ, ფრეკენ. ჩემი შავი პიჯაკი აი, აქ კიდია... (ჟესტით ანიშნებს მარჯვნივ) ფრეკენი ჩემი გერიდებათ? თქვენ ხომ მხოლოდ პიჯაკი უნდა გამოიცვალოთ. კეთილი, თქვენს ოთახში წადით და მალე დაბრუნდით. ან, თუ გნებავთ, აქ დარჩით, მე მივტრიალდები. ჟანი თქვენი ნებართვით, ფრეკენ! (მიდის მარჯვნისაკენ, მოფარებულიდან ხელები უჩანს, სანამ პიჯაკს იცვლის) ფრეკენი (კრისტინს) კრისტინ, თურმე ჟანი მართლა შენი საქმრო ყოფილა, რახან ასე გაგითამამდა? კრისტინი საქმრო? დიახ, ასეც შეიძლება ითქვას. ჩვენ ასე ვეძახით. ფრეკენი ეძახით? კრისტინი ხომ გესმით, ფრეკენს თავადაც ჰყავდა საქმრო და... ფრეკენი ოღონდ, ჩვენ მართლა დანიშნულები ვიყავით... კრისტინი თუმცა, მაინც არაფერი გამოგივიდათ... ჟანი (შემოდის შავ პიჯაკსა და ქვაბურა ქუდში გამოწყობილი) ფრეკენი Tres gentil, monsieur Jean! Tres gentil[15]. ჟანი Vous voulez plaisanter, madame![16] ფრეკენი Et vous voulez parler francais![17] ენა სად ისწავლეთ? ჟანი შვეიცარიაში, როცა ლუცერნის ერთ-ერთი ყველაზე დიდ სასტუმროში სომელიედ ვმუშაობდი. ფრეკენი ამ რედინგოტში ნამდვილ ჯენტლმენს ჰგავხართ! Charmaut![18] (მაგიდასთან ჩამოჯდება) ჟანი აჰ, ნუ მეპირფერებით! ფრეკენი (შეურაცხყოფილად) თქვენ გეპირფერებით?! ჟანი ჩემი თანდაყოლილი მოკრძალება მაფიქრებინებს, რომ შეუძლებელია ეგზომ თავაზიან სიტყვებს ეუბნებოდეთ ჩემნაირ ადამიანს და ამიტომაც მივეცი თავს უფლება და ვივარაუდე, რომ აჭარბებთ, ან როგორც იტყვიან - პირფერობთ. ფრეკენი სიტყვების ეგრე მოხდენილად გამოყენება სად ისწავლეთ? ალბათ, თეატრებს ხშირად სტუმრობდით, არა? ჟანი არა მხოლოდ. ბევრ სხვა ადგილასაც ვყოფილვარ ნამდვილად. ფრეკენი კი მაგრამ, თქვენ ხომ აქაური ხართ. აქ დაიბადეთ, არა? ჟანი მამაჩემი დაქირავებული მუშა იყო ადვოკატის მამულში, აქვე, თქვენ მეზობლად. ასე რომ ფრეკენი ბავშვობაში ბევრჯერ მინახავს, თუმცა მას არ შევუმჩნევივარ. ფრეკენი ნუთუ მართლა?! ჟანი დიახ, განსაკუთრებით ერთი შემთხვევა მახსოვს... თუმცა, ამაზე ლაპარაკი არ შემიძლია. ფრეკენი არა! გთხოვთ, მომიყევით! რატომაც არა! იქნებ გამონაკლისი დაუშვათ. ჟანი არა, ახლა მართლა არ შემიძლია. სხვა დროს კიდევ შეიძლება. ფრეკენი ეს „სხვა დრო“ არასოდეს არ დადგება. ნუთუ „ახლა“ ასეთი სახიფათოა? ჟანი სახიფათო არაა, მაგრამ მაინც თავს შევიკავებ! - ამას შეხედეთ (ანიშნებს კრისტინზე, რომელსაც ქურასთან უზურგო სკამზე ჩასძინებია) ფრეკენი ამისგან კარგი ცოლი დადგება. იქნებ ხვრინავს კიდეც? ჟანი არა, არ ხვრინავს, მაგრამ ძილში ლაპარაკობს. ფრეკენი (ცინიკურად) თქვენ საიდან იცით, რომ ძილში ლაპარაკობს? ჟანი (ცივად) მომისმენია. (პაუზა. ერთმანეთს უყურებენ) ფრეკენი რატომ არ ჯდებით? ჟანი თქვენ სიახლოვეს თავს ამის უფლებას ვერ მივცემ! ფრეკენი მე თუ გიბრძანებთ? ჟანი მაშინ დაგემორჩილებით. ფრეკენი დაბრძანდით! არა, მოიცა! თუ შეგიძლიათ, ჯერ რაიმე სასმელი მომიტანეთ. ჟანი არ ვიცი, საყინულეში რა გვაქვს. თუ არ ვცდები, მხოლოდ ლუდი უნდა იყოს. ფრეკენი რას ნიშნავს „მხოლოდ“ ლუდი?! მე უბრალო გემოვნება მაქვს და ღვინოს ლუდი მირჩევნია. ჟანი (საყინულიდან ამოაქვს ლუდის ბოთლი, კარადაში ჭიქასა და ლამბაქს მოძებნის და მიართმევს) ინებეთ! ფრეკენი გმადლობთ. თქვენ არ დალევთ? ჟანი ლუდის მოყვარული არ გახლავართ, მაგრამ ფრეკენი თუ მიბრძანებს! ფრეკენი გიბრძანებთ? მგონი, თავაზიანი კავალერი თავის ქალბატონს კომპანიას გაუწევდა. ჟანი სწორი შენიშვნაა. (ხსნის კიდევ ერთ ბოთლს, გამოაქვს ჭიქა) ფრეკენი ახლა ჩემი სადღეგრძელო დალიეთ! ჟანი (ყოყმანობს) ფრეკენი ვაჟბატონმა დაიმორცხვა, როგორც ვხვდები. ჟანი (მუხლებზე დგება, ხუმრობით, პაროდიულად სწევს ჭიქას მაღლა) ჩემი მბძრანებლის სადღეგრძელო იყოს! ფრეკენი ბრავო! ახლა ფეხსაცმელზეც უნდა მაკოცოთ, საქმე ბოლომდე რომ მივიყვანოთ. ჟანი (ყოყმანობს, მაგრამ შემდეგ თამამად წაავლებს ხელს ფეხზე და ოდნავ კოცნის) ფრეკენი შესანიშნავია! მსახიობი უნდა ყოფილიყავით! ჟანი (წამოდგება) ასე გაგრძელება არ შეიძლება! ფრეკენ, ვინმე რომ შემოვიდეს და დაგვინახოს. ფრეკენი მერე რა? ჟანი რა და ხალხი იჭორავებს, სხვა რა უნდა იყოს?! ფრეკენმა არ იცის, როგორ აჭარტალებდნენ ენებს სულ ახლახან... ფრეკენი რაო, რას ამბობდნენ? მომიყევით! დაჯექით-მეთქი! ჟანი (ჯდება) არ მინდა, გული გატკინოთ, მაგრამ ისეთ გამოთქმებს იყენებდნენ... ეჭვს გამოთქვამდნენ, რომ... თქვენ თვითონაც ხომ კარგად ხვდებით? თქვენ ხომ ბავშვი აღარა ხართ და თუ დაინახეს, ქალბატონი მარტო როგორ სვამს კაცთან ერთად... თუნდაც, ეს კაცი მსახური იყოს... ღამით... მოკლედ... ფრეკენი მერე, რა? თანაც, სულაც არა ვართ მარტონი. კრისტინი ხომ აქაა. ჟანი ჰო, სძინავს ოღონდ! ფრეკენი მაშინ გავაღვიძებ. (წამოდგება) კრისტინ! გძინავს? კრისტინი (ძილში გაუგებრად ბუტბუტებს) ფრეკენი კრისტინ! ღრმა ძილიც ამას ჰქვია! კრისტინი (მძინარედ) გრაფის ჩექმები გაწმენდილია... ყავას დავადგამ, ახლავე, ახლავე, ახლავე.... ჰო, ჰო... (გაუგებრად ლუღლუღებს) ფრეკენი (ცხვირზე წაავლებს ხელს) გაიღვიძე-მეთქი! ჟანი (მკაცრად) მძინარეს ნუ აწუხებთ! ფრეკენი (მკაცრად) რაო?! ჟანი ვინც მთელ დღეს ქურასთან ატარებს, საღამომდე ძლიერ იღლება. ძილს პატივი უნდა ვცეთ... ფრეკენი (ტონს იცვლის) რა კარგად ჩამოაყალიბეთ, კარგი ნათქვამია გმადლობთ! (ჟანს ხელს გაუწვდის) წამომყევით და იასამნები დამიკრიფეთ! ჟანი ფრეკენს წავყვე? ფრეკენი დიახ, მე! ჟანი არა, არ ივარგებს ეგრე. არა-მეთქი! ფრეკენი ვერაფრით ვერ ვხვდები, რას გულისხმობთ. ნუთუ ერთი წამით მაინც დაუშვით, რომ... ჟანი არა, მე არა, მაგრამ ხალხი ასე იფიქრებს. ფრეკენი რას? რომ მე მსახური შემიყვარდა? ჟანი საკუთარ თავზე დიდი წარმოდგენა არა მაქვს, მაგრამ მსგავსი რამ ადრეც მომხდარა. ხალხისთვის კიდევ არაფერი წმინდა აღარ არსებობს. ფრეკენი არისტოკრატი ყოფილხართ და ეგაა. ჟანი დიახ, ვარ. ფრეკენი მაშინ ერთი საფეხურით დაბლა ჩამოვალ... ჟანი ნუ, ფრეკენ, ამას ნუ იზამთ, მერწმუნეთ! არავინ დაიჯერებს, რომ თქვენი ნებით ჩამოხვედით. ყველა თქვენს დაცემაზე ილაპარაკებს! ფრეკენი მე, თქვენთან შედარებით, ხალხზე უკეთესი აზრის ვარ. წავიდეთ და ვცადოთ. წავიდეთ-მეთქი! (დაჟინებით უყურებს) ჟანი იცით, დიდი უცნაური ვინმე ხართ! ფრეკენი შესაძლოა. მაგრამ თქვენც ასეთი ხართ! საერთოდ ყველაფერი უცნაურია: ცხოვრება, ადამიანები... ყველაფერი მხოლოდ ტალახია, რომელსაც წყლის დინება მანამ მიაცურებს, სანამ საბოლოოდ არ ჩაიძირება! ზოგჯერ ერთ სიზმარს ვხედავ, ახლაც ის გამახსენდა. თითქოს სვეტის თავზე, მაღლა ვზივარ და ჩამოსვლა არ შემიძლია. ქვემოთ რომ ვიხედები, თავბრუ მეხვევა, არადა, უთუოდ უნდა ჩამოვიდე, თუმცა გადმოხტომას ვერ ვბედავ. თავსაც ვეღარ ვიმაგრებ და ერთი სული მაქვს, როდის გადმოვვარდები. თუმცა ასე არ ხდება. და ვხვდები, რომ სანამ არ ჩამოვალ, სანამ მიწას ფეხს არ დავადგამ, სიმშვიდე არ მეღირსება, არ მეღირსება მოსვენება. და თუ მიწას ფეხი დავადგი, ვიცი, ამ მიწაში თავის დამარხვა მომინდება... თქვენც გიგრძნიათ რაიმე მსგავსი? ჟანი არა. მე ხშირად მესიზმრება, რომ უღრან ტყეში, მაღალი ხის ძირას ვწევარ. მაღლა მინდა, სულ მაღლა, კენწეროში, რომ ზემოდან გადმოვხედო მზით განათებულ ნათელ პეიზაჟს. მინდა, გავძარცვო ჩიტის ბუდე, სადაც ოქროს კვერცხები დევს. ჰოდა, მივცოცავ გაუჩერებლად, მაგრამ ხე ისეთი სქელია, ისეთი სრიალა და ყველაზე დაბალ ტოტამდეც კი იმხელა გზაა! თუმცა, ვიცი, რომ საკმარისია, თუნდაც პირველ ტოტზე ავცოცდე, კენწერომდე ისე იოლად ავალ, თითქოს კიბის საფეხურებს მივუყვები. ამ ტოტამდე ჯერაც არ მიმიღწევია, მაგრამ აუცილებლად მივაღწევ, სიზმარში მაინც! ფრეკენი ვდგავარ და სიზმრებზე გელაპარაკებით. წამოდით. ბაღში მაინც გავიდეთ. (მკლავს გაუწვდის, მიდიან) ჟანი ამაღამ ცხრა ცალ ყვავილს თუ ამოვიდებთ ბალიშის ქვეშ, სიზმრები აგვიხდება. ფრეკენ!.. (ფრეკენი და ჟანი ზღურბლთან მოტრიალდებიან. ჟანი თვალზე იკიდებს ხელს) ფრეკენი თვალში რაღაც ჩაგივარდათ. შეიძლება შევხედო? ჟანი არაფერია... მტვერი იქნება... გამივლის. გაგრძელება →…
დაამატა Kakha to ლიტერატურა at 3:39pm on სექტემბერი 5, 2018
  • 1
  • 2
  • 3
  • 4

Welcome to
Qwelly

რეგისტრაცია
ან შესვლა

ღონისძიებები

  • დაამატე ღონისძიება

ბლოგ პოსტები

MMoexp: Witness the Power of Destruction in Elden Ring DLC

გამოაქვეყნა Karmasaylor_მ.
თარიღი: ივნისი 18, 2025.
საათი: 6:25am 0 კომენტარი 0 მოწონება

The Lands Between are a perilous realm, filled with Elden Ring Runes relentless enemies. To survive, you need every advantage you can get. The Red Lightning Can, a new throwing potion introduced in the Elden Ring DLC, is a potent weapon that can turn the tide of battle.

This potent potion, a close relative of the Heavy Red Lightning Can, harnesses the destructive power of lightning. However, the Red Lightning Can distinguishes…

გაგრძელება

Lamine Yamal

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: ივნისი 6, 2025.
საათი: 3:30am 0 კომენტარი 0 მოწონება

In the world of soccer, wherever expertise frequently emerges within the unlikeliest of places, Lamine Yamal stands out for a beacon of prodigious talent and boundless opportunity. The young star has captured the imagination of enthusiasts and pundits alike, with performances that defy his many years. At just 16 a long time aged, Yamal is currently earning waves inside the sport—a testament to his incredible skill and devotion.



Early Lifetime and Background…



გაგრძელება

How They Operate, And Why They Subject for Employers

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: აპრილი 26, 2025.
საათი: 2:30pm 0 კომენტარი 0 მოწონება







In the present earth, history checks are getting to be a regular part of the selecting method, tenant screening, and in some cases volunteer variety. From verifying work historical past to examining felony information, qualifications check providers give vital insights into somebody's heritage. In the following paragraphs, we’ll include the kinds of track record checks, how they perform, and why They are really critical for each companies and people.



What exactly…

გაგრძელება

შემოქმედი მხატვარი

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 22, 2025.
საათი: 11:23pm 0 კომენტარი 3 მოწონება

თვალებს ძლივს ახელდა დასაძინებლად რომ წავედით, მაგრამ მაინც მოვახერხეთ ძილისწინა საუბრები. ამჯერად, თემა ნათესავები და ნათესაური კავშირები იყო და ცოტა ვერ მიხვდა რა სხვაობა შვილიშვილსა და შვილთაშვილს შორის. ის კი გაიგო, რომ პირველი - მესამე თაობას ნიშნავდა, ხოლო მეორე - მეოთხეს, მაგრამ თვითონ ეს სიტყვები - შვილი-შვილი და შვილთა-შვილი რატომ…

გაგრძელება
  • დამატება დღიურში
  • ყველა

Qwelly World

free counters

© 2025   George.   • Ning - platform for social network creation and community website building

პანაღია  |  პრობლემის აღმოჩენისას!  |  Terms of Service

საუბრის დაწყება!