ძიება
  • რეგისტრაცია
  • შესვლა

Qwelly

ძიების შედეგები - ბრწყინვალე+გონება

თემა: მიგელ დე უნამუნო - ლიტერატურული ესეები
ხელთებს დროს მაცდური სული, მოუახლოვებს თავის ბაგეს ჩვენს შინაგან სასმენელს და ამ ბედზე გვეჩურჩულება: „რაისთვის შფოთავთ სახელისა და დიდებისათვის, როცა სულ ოთხიოდე დღის სიცოცხლე გაქვთ ნაბოძები დედამიწაზე და თვით დედამიწაც ოთხიოდე დღე თუ იბრუნებს ამ სამყაროში? დადგება დღე, როცა ერთნაირ დავიწყებას მიეცემა შექსპირისაც და ყველაზე უბირი გლეხის სახელიც. მაინც რას გიქადით სახელისა და დიდებისაკენ ესოდენი ლტოლვა და დაუოკებელი წყურვილი ზესვლისა?“ ფუჭია ამ სიმღერის გაგრძელება, რამეთუ იგი ყველასათვის ცნობილია და ვითარცა ჭრიჭინობელის ხმა ზაფხულის ღამეში, ანდა ტალღების ბორგვა ზღვის სანაპიროზე, ასევე უწყვეტად და უსასრულოდ მიჰყვება იგი მთელს ისტორიას. მაგრამ ამ ხმას დროდადრო ახშობს უფრო მძლავრი და მჭექარე ხმა, მაცდური სულის ეს მინამღერი, ასევე უწყვეტი და უსასრულო, ვითარცა ტალღების გმინვა სანაპიროზე კლდეთა ფერხთით. ოდეს ვიეთნი ჩივიან ამისთვის, გულისხმა ჰყავით, ისინი ოდესღაც ოცნებობდნენ, ან კვლავაც ოცნებობენ დიდებაზე, უკვდავების ამ ლანდზე. უზაკველნი და გულალალნი არასდროს გოდებენ ამაზე. იობის ჩივილმა თუ მოაღწია ჩვენს ყურამდე, ოდენ იმისთვის მოაღწია, რომ მასზე ეწერათ და ვინმე კალმოსანს ემცნო მისი ამბავი ქვეყნიერებისთვის. მაგრამ მუდამ ყოფილან პოეტები, დიდებაზე შეყვარებული ადამიანები, ამაოებაზე რომ უმღერიათ. და ეს სიმღერაა საუკუნეთა მანძილზე ერთ მძლავრ სენტენციად რომ ჩამოიქნა, ვითარცა წინასწარმეტყველური რეფრენი, დროდადრო რომ გაიხმიანებს ხოლმე ჩვენს მეოცნებე გონებაში და ესაა „ამაოება ამაოთა და ყოველივე ამაო“. და როცა იგივ ცდუნება ჩვენც შეგვმუსრავს, მაშინ უნდა შევაგებოთ მას ფიცი, შემოქმედებითი სულის ფიცი და ეს ფიცია: „სისრულე სისრულეთა და ყოველივე სრული!“ დიახ, ეძიეთ სული თქვენსავე სულში, მოეხვიეთ, ჩაიკარით მკერდში, გაათბეთ, გადაეცით მას თქვენი მადლი და მაშინ ცხოვრების მარადიულობის რწმენით აღვსილთ, უნებურად აღმოგხდებათ - „სისრულე სისრულეთა და ყოველივე სრული“. ეგებ შეგაცბუნეთ, მაგრამ სავალალოდ, ესაა ჭეშმარიტება, ოღონდ ყველა ვერ გრძნობს საკუთარ სულს, ისევე, როგორც ვერ გრძნობს, რომ არის და არსებობს, ვითარცა ამ სამყაროს უმცირესი ნაწილაკი.  ის, რასაც დღევანდელი ფსიქოლოგები სინესთეზიას, ანდა საერთო მგრძნობელობას უწოდებენ, სხვა არაფერია, თუ არა სხეულის ერთიანი შეგრძნება, ოღონდ მგრძნობელობითი შემეცნებისგან განსხვავებული. ეს კი ნიშნავს სიცოცხლის შეგრძნებას, იმას ნიშნავს, რომ ვსუნთქავთ, რომ მოძრაობს სისხლი, რომ ყოველი ორგანო ასრულებს თავის ფუნქციას და ეს გახლავთ რაღაც ბუნდოვანი და ამოუცნობი რამ შეგრძნება, ორგანიზმის სასიცოცხლო ფუნქციის შედეგი, რასაც ზოგიერთების აზრით, განგლიონური სისტემა წარმოქმნის და ბოლოს, ეს არის კიდეც საკუთარი სხეულის შეგრძნება, მისი სიცოცხლის შეგრძნება. სწორედ ამ სინესთეზიის გაქრობა ანდა მოშლაა შედეგი და ზოგჯერ მიზეზიც მძიმე სენისა და ამგვარი რღვევა, - საოცარი კია, მაგრამ, - უნდა ვეძიოთ პიროვნების გაორებასა და სხვა მსგავს გამოვლინებებში. და ეს იგივეა, რაც შემეცნება თავისი აშკარა ნიშან-თვისებებით, ხოლო სულიერში შეესატყვისება იმას, ფიზიოლოგიასა და ფსიქიკურში სინესთეზიას რომ უწოდებენ. არ ვიცი, როგორ გამოვხატო ჩემი სათქმელი, როცა სულიერი ცხოვრების სამალავებსა და დაფარულ კუთხე-კუნჭულებში ასე ვიჭვრიტები და ვგრძნობ, არ მეყოფა შესაფერისი სიტყვები, ეს რომ გადმოგცეთ, მაგრამ სხვებს რომ ვუსმენ ან ვუყურებ და ვხედავ, როგორ წარმოაჩენენ საკუთარ თავს, ეჭვი მებადება, რომ ისინი მოკლებულნი არიან მოაზროვნე შემეცნებას, ავტომატებსა ჰგვანან, ჩვენ ცოცხალი არსებობის ილუზიას გვიქმნიან და თავად კი ვერც საკუთარი სულის სიმძიმეს გრძნობენ და ვერც მასთან კავშირს.  უსიამოვნოა, როცა მუხლზე ხელს დაიდებ და ვერც ხელი გრძნობს მუხლს და ვერც მუხლი ხელს; მაგრამ ამაზე უარესი ისაა, როცა საკუთარ თავს ჩაუღრმავდები და ვერ გრძნობ მას სულისმიერად. უსიამოვნოა, როცა მიწაზე წამოწვები და მთელი სხეულით ვერ შეიგრძნობ მიწის შეხებას და შენთვის იგი მხოლოდ მაგარია და მყარი; მაგრამ ამაზე უარესი ისაა, სამყაროს რომ მიიღებ შენს სულში და კი ვერ იგრძნობ მის შეხებას და იგი შენთვის მაგარი და მყარია მხოლოდ; და აი, მაშინ გვახსენებს თავს „სისრულე სისრულეთა და ყოველივე სრული!“  თუ მე ჩემს სისრულეს ვეძიებ ყოვლისშემძლეობისა და სახელის მოხვეჭის გზაზე და ამ დროს ჩემთან მოდის მოყვასი, რათა გამახსენოს რეფრენი - „ამაოება ამაოთა და ყოველივე ამაო“ - მე ამ დროს ისეთი გრძნობა მეუფლება, თითქოს მესმის ოკეანის ტალღების ზათქი, ამ წარმავალი ტალღების ბორგვა, რაიც არის ოდენ მისი ზედაპირის ფეთქვა. იგი მოყვასი არ ეხება სულს სულითვე, საკუთარ თავსაც ვერ გრძნობს იგი და არცა საკუთარი არსის შეცნობის უნარი შესწევს.  სწორედ ესაა ის ზუსტი სიტყვა, თუმცა კი ძალზე აბსტრაქტული, საკუთარი არსის შეცნობა. მაშ რა აზრი აქვს ყოველივე ამას, თუ არად მივიჩნევთ ინტელექტუალთა არგუმენტებს, ფსიქოლოგიის მეცნიერულ კვლევა-ძიებებს. როცა მავანი გვიზიარებს ღვთაებრივის საკუთარ განცდას, რას გრძნობს იგი, ან რას განიცდის ღმერთთან სუბსტანციური ურთიერთობის დროს, შეგიძლიათ გიჟად ჩათვალოთ იგი, ანდა მისტიფიკატორად, - ამის ნება მუდამ გაქვთ და თან ყველაზე იოლი გზაა, - მაგრამ იმას კი ვერ გაბედავთ, ლოგიკის სანაყში მთლად მტვრად აქციოთ ღმერთის არსებობა-არარსებობის ჰიპოთეზები. რაისთვის უნდა შეამოწმოთ მისი არსებობა, ვის მიმართაც ოდენ უშუალო განცდა გვაქვს; ეს იგივეა, რომ დაბადებით ყრუს ბგერის არსებობის დემონსტრირება მოვუწყოთ. მერედა ასე უბრალო რამაა ეს? ისეთი ადამიანის არსებობა რომ შეიძლებოდეს, რომელსაც დაბადებით არ გააჩნია შეხების გრძნობა, განა მივაღწევდით რასმე, საგანთა სუბსტანციურობის დემონსტრირება რომ ვცადოთ მის თვალწინ? ეს ხომ წამიერი სიზმარი იქნებოდა მისთვის, მაგრამ წარმოუდგენელია არსებობდეს ისეთი ადამიანი, რომელსაც არ გააჩნია შეხების გრძნობა და მაინც ცხოვრობს. არიან უსინათლონი, უსმენონი, ყნოსვის ანდა გემოს შეგრძნების უნარს მოკლებულნი და მაინც ძლებენ, ოღონდ დაუჯერებელია არსებობდეს ადამიანი, რომელსაც არ გააჩნია შეხების გრძნობა და ამქვეყნად კი მაინც ცხოვრობდეს. მაგრამ, წარმოიდგინეთ არსებობენ ადამიანები, რომელთათვისაც სულ უცხოა სულიერი შეხების გრძნობა, არაფერი გაეგებათ საკუთარი სუბსტანციისა, სჯერათ ერთი დღის სიზმარი და ვერ მიმხვდარან, რომ ყველაზე უფრო ძლიერი სულიერი შეხების გრძნობას ბადებს მარადიულობის აუცილებლობა რაიმე სახით გამოვლენილი და კიდევ არსებობა დროსა და სივრცეში. ისინი ვერ ეხებიან და ვერც გრძნობენ საკუთარ არსებას, ვერ გრძნობენ საკუთარი სუბსტანციის შეხებას საგანთა სუბსტანციასთან და ვერც მათს სუბსტანციურობას. შეუძლებელია საგანთა ჭვრეტისას, მათი ხმისა თუ შეხების განცდისას თვალი აეხილოთ, სმენა გაეხსნათ და გრძნობა აღეძრათ, განიმსჭვალონ საგანთა სუბსტანციით, გაუხსნან საკუთარი სული, შეუშვან მასში, შეაგებონ არსს არსი და დაავანონ იქ. ეს სწორედ ის სამყაროა, სხვა სამყაროს რომ ვუწოდებთ, ის სამყაროა, რომელსაც ვხედავთ, ვეხებით და გვესმის კიდეც. ეს გახლავთ ის წმინდა სამყარო, საიდანაც არაფერი მიდის და ყველაფერი რჩება, ის სამყაროა, სადაც არ არის მატერიის წარმავალი ფორმები და მარადიული ძალები, არამედ ეს ყველაფერი იყო და იქნება და იქნება მანამდე და ისე, როგორც არის. ეს გახლავთ ჭეშმარიტად სუბსტანციური სამყარო. ის, რასაც ჩვენ სულს ვუწოდებთ, მგონია, უფრო მატერიალურია, ვიდრე ის, რასაც მატერია ჰქვია; ისეთი გრძნობა მაქვს, თითქოს შემიძლია ჩემს სულს ხელითაც კი შევეხო; მე მას ვგრძნობ და გაცილებით უკეთ, ვიდრე ჩემსავე სხეულს, ის კი არადა, საკუთარი სხეული სულის ფუნქციადაც კი მეჩვენება. ერთმა კაცმა, რომელსაც თურმე საკუთარ სულთან კავშირი დაეკარგა, ერთხელ მკითხა, - „მაინც რაზე უნდა ააგოს ადამიანმა მარადიულობის თავისი რწმენა?“ მე ვუპასუხე: „რაზეც გინდა, თუნდაც იმაზე, რაშიც ეძებს მარადიულობას“. მან გაკვირვებით შემომხედა, ეტყობა ჩემგან საღ აზრს ელოდა. ჩემი ეს ნება იმდენად არადამაჯერებლად ეჩვენა, რომ მისი ობიექტური ღირებულება ვერ ირწმუნა. იგი მეცნიერი გახლდათ, ანუ ის, ვისაც მეცნიერების კაცს, თუ მეცნიერს უწოდებენ და მისი ფილოსოფიის, ისევე როგორც მის მსგავსთა ფილოსოფიის ამოსავალი წერტილი გახლდათ „ამაოება ამაოთა და ყოველივე ამაო“. ამ ცნობილი სენტენციის ავტორმა კიდევ სხვაც თქვა ისეთი, რასაც სულ არ სჭირდება მეტისმეტი სიბრძნე. „სისრულე სისრულეთა და ყოველივე სრული!“ - ეს საზეიმო, განთავისუფლებისა და მარადიულობის გამომხატველი შეძახილი შეიძლება მაშინ აღმოხდეს კაცს, როცა საკუთარ სულს მკერდში ჩაიკრავს, მოეხვევა და იგრძნობს მის სულისმიერ მატერიალურობას, თუმცა კი ერთნი ამაზე ჩაიქირქილებენ, მეორენი ბოღმით აღივსებიან, ზოგნი ზიზღით შემოგხედავენ, ზოგნიც შურით და სხვანი გულგრილად. „შეიყუარე მოყუასი თვისი, ვითარცა თავი თვისი“ - ასე დაგვმოძღვრეს, კი არ უთქვამთ, შეიყვარე მხოლოდ თავი თვისიო, - ამას ყველას ვერც ეტყვი, რამეთუ ჩვენ, ყველას ისედაც გვიყვარს ჩვენი თავი, ოღონდ სულ ასეც რომ არაა. ბევრისთვის „შეიყუარე თავი თვისი“ - სრულიად ახალი ამბავიც კია. ნეტავი რა მიზეზია, ასე ცოტათი რომ გვიყვარს ჩვენი მოყვასი? ის, რაც მინდა ვთქვა, ბევრს შეიძლება პარადოქსად ანდა კონსეპტიზმადაც მოეჩვენოს, ანდა სულაც მცდარ ინტერპრეტაციად, მაგრამ მე მაინც ჩემსას ვიტყვი: ჩვენ რომ ჩვენი მოყვასი ძალიან არ გვიყვარს, უწინ იმიტომ არ გვიყვარს, რომ არ გვჯერა მისი სუბსტანციური არსებობა. მაგრამ თუ საკუთარ სულში ღრმად ჩავიხედავთ, მაშინ მივხვდებით, რომ არც ჩვენი მოყვასის არსებობაში ვართ ღრმად დარწმუნებული და არც იმაში, რომ მას შინაგანი სულიერება გააჩნია. როდესაც ბავშვის ტირილი გვესმის, მისი სლუკუნი გვამწუხრებს, მაგრამ ოდნავ თუ განვასხვავებთ მას უგრძნობი თოჯინას ტირილისაგან, საგანგებოდ გამობმული ზონრის მეშვეობით, მექანიკურად რომ აღნავლებენ. ტკივილს ყველა სხვადასხვანაირად გამოხატავს, - მითხრა ერთხელ ჩემმა მეგობარმა, - ზუსტად ერთნაირი სიმპტომებიც რომ ჰქონდეთ, რადგან ყველა თავისებურადაა აგებული. ერთი ექიმი მარწმუნებდა, როდესაც ბავშვი ტვინის ანთების დროს ტირის, ამას ჩვენ რეფლექსს ვუწოდებთ და შესაძლებელია ამ ტირილს ტკივილი სულაც არ ახლდესო. მშობლის ტკივილი უზომოა, მაგრამ ეს მხოლოდ შვილის სუბსტანცია როდია, მამის სუბსტანციაც არის და ამ დროს ისინი სულით სულს ეხებიან. ცხადია, საკუთარი მსუბუქი ავადმყოფობა, კბილის ოდნავი ტკივილიც კი, გაცილებით გაუსაძლისი გვეჩვენება, ვინემ სხვისი უფრო საშინელი ტკივილის ყურება; ასევე ძნელად მოსათმენია ტკბილეულის ჩვენი ნდომა, ვიდრე მოყვასის შიმშილზე ფიქრი. და წარმოსახვის ეს უქონლობა, ჩვენი ეს უპირველესი თვისება, რასაც ჩვენი სულის სუბსტანცია დებს საგანთა სუბსტანციის სულში და მოყვასის სუბსტანციაშიც, წარმოსახვის ეს უქონლობაა სწორედ თანაგრძნობისა და სიყვარულის უქონლობის სათავეც.        მაგრამ არის კიდევ სხვა რამ და კიდევ უფრო ღრმაც, რაც ბევრს შეიძლება სისულელედაც კი მოეჩვენოს და ეს სწორედ ისაა, რომ არ გვჯერა საკუთარი არსებობა, საკუთარი სუბსტანციური არსებობა-მეთქი, მინდოდა მეთქვა. ბევრი, რომელთაც სჯერათ თავიანთი არსებობა, - რაკიღა ეს გახლავთ რწმენის დოგმა და კიდეც ავალდებულებს მათ, - და ბევრიც, რომელთაც არ სჯერათ რეალობა, სულერთია დაჰყვებიან მას, და, თუნდაც სჯეროდეთ, მაინც ფიქრობენ, ლაპარაკობენ და იქცევიან ისე, სხვა ყველაფერთან ერთად, თითქოს არ სჯეროდეთ. თუ ადამიანს ნამდვილად სჯერა თავისი არსებობა, მაშინ როგორ არ უნდა აღეძრას სურვილი, რომ ეს ყველაფერში აღბეჭდოს, ყოველივეს არ დაუკავშიროს და ყველას არ გადასცეს? როგორ შეუძლია ადამიანს, თუ მას ნამდვილად სჯერა თავისი საკუთარი არსებობა, დაიჯეროს ასევე საკუთარი სიკვდილი, თავისი ეგზისტენციური სიკვდილი? რამეთუ ჩვენივ მოჩვენებითობა გვარწმუნებინებს სამყაროს მოჩვენებითობას, იმ სამყაროსი, რომელიც გარს გვაკრავს.  მაგრამ რაისთვისღა შევვორგულდებით ხოლმე, როცა მაცდური სული შეგვახსენებს „ამაოება ამაოთა და ყოველივე ამაოაო?“ მერე კი ამასაც დასძენს: „მაშ თუ მთლიანად არ მოკვდები და სუბსტანციურად მაინც განაგრძობ არსებობას, რაკიღა ასეთია შენი რწმენა და საღი აზრისაც გჯერა, რატომღა ცდილობ დატოვო სახელი შენი? მაგრამ თუ შენს სუბსტანციასთან ერთად გაქრები, რატომღა გინდა დატოვო ლანდი შენი? მაშინ არად ჩააგდე ეს ყველაფერი და დანებდი შენს ხვედრს. მაგრამ თვით ეს სურვილი, საკუთარი კვალის დატოვების ეს სურვილი ხომ საკუთარ არსებობაში შენი რწმენის ბუნებრივი გაღვივებაა და კიდეც ებღაუჭები მას? სულისაგან კი ბუნებრივი არაფერი უნდა მოიკვეთო. ყველას, ვისაც ნამდვილად სჯერა თავისი არსებობა, ამავე დროს სურვილიც აქვს, აღბეჭდოს ეს სხვათა არსებობაშიც. ესეც არ იყოს, ვინ იცის, ეგებ ერთ დღესაც ჩვენ თვითონვე შევაგროვოთ და კიდეც ვამრავლოთ მისი ნერგების ნაყოფი? ეგებ ისეც მოხდეს, რომ ჩვენი პიროვნება ამ ხსოვნასთან ერთად გარდაისახოს?! იყო ეგზისტენციური შექსპირი, ანდა ის, ვინც ამ დრამების ავტორი ბრძანდებოდა და დაგვიტოვა თავისი სახელი; იგი ერთიანად გადმოიღვარა თავის დრამებში და მათში გააგრძელა თავისი სიცოცხლე; და ყოველი, ვინც კი მას კითხულობს მთელი ამ საუკუნეების მანძილზე და დედამიწის ამპლიტუდაში, საკუთარი არსებით იღებს შექსპირის სულს, თუნდაც ემბრიონის სახით, ანდა თესლის სახით მაინც; და ყოველი, ვისაც კი მიუღია იგი, ანდა ვინც დღეს იღებს მას, ყველა ერთ არსებად რომ გადაიქცეოდეს, ყველას სული ერთ ხოლო სულად რომ შეერთდებოდეს, მაშინ კი აღსდგებოდა კაცობრიობის სული, დაასრულებდა და გარდასახავდა შექსპირსაც, ვინც იგი გახლდათ. და ეს ახალი შექსპირი, თავისი შემოქმედების წყალობით რომ ცხოვრობდა ადამიანთა გონებასა და გულებში, ცხოვრობდა სულ სხვადასხვა ქვეყანაში, აღავსებდა და გააცოცხლებდა შექსპირის სუბსტანციას, რომელიც იყო და არის. ცხოვრობს ყოველი კაცი, ვინც მისგან წარმოსდგა ხორცისმიერად, მაგრამ ასევე ცხოვრობს იგი ყოველსა და თითოეულში, ვისაც კი შეეხო მისი სულის მონაბერი. ამგვარადვე გადაეცემა ყოველს და მიიღებს ყოველი თითოეულ შენს ნამოქმედარს და ნამოღვაწარს, ხელის უბრალო მოძრაობაშიც კი ვლინდება მთელი შენი სული; ამიტომ შეგიძლია გაიმეორო ყოველი შენი მოქმედება, ყველაზე უფრო უმნიშვნელო სიტყვები, და ეს არის - სისრულე სისრულეთა და ყოველივე სრული! და აი, კიდევ ესეც: ერთმა ცნობილმა გერმანელმა მწერალმა, ოთხმოც წელს რომ მიატანა, მაშინ დაიწყო თხზულების წერა, რომელსაც კარგა დიდი დრო მოუნდებოდა და ეს თავადვე აღიარა. მისმა ნათქვამმა ბევრს აფიქრებინა, ამ ნაწარმოებს ალბათ თორმეტ წელზე ნაკლები არ დასჭირდებაო, ხოლო ზოგიერთმა სიტყვაც კი გადაუკრა ამის თაობაზე. მაშინ მწერალმა ასე მიუგო მათ: „გაგიკვირდათ განა, ჩემს ასაკში ისეთ თხზულებას რომ შევეჭიდე, რომელსაც ალბათ ოთხმოცდაათ წლამდე ვერ დავასრულებ? იცით, რას გეტყვით, იქამდე ვიცოცხლებ, სანამ ბოლომდე არ მივიყვან!“ - და იცოცხლა კიდეც. და მერე, როცა ამაზე დიდი სჯა-ბაასი გაიმართა, ერთნი ამტკიცებდნენ, სწორედ ის უზომო დაძაბულობა აცოცხლებს, რასაც ამ ნაწარმოებში სდებსო და მართლაც არ მომკვდარა, რამეთუ არ უნდოდა სიკვდილი და ამ თხზულებისთვის უნდა ეცოცხლა; მეორენი დასძენდნენ, იგი ჭარმაგად გრძნობდა თავს და ეტყობა, ეს რაღაც გაუცნობიერებული სასიცოცხლო მარაგის წყალობით იყო, რამაც შეაძლებინა კიდეც ისეთ ნაწარმოებს შესჭიდებოდა, ამდენი ხანი რომ მოუნდებოდა და თანაც ამ ასაკშიო; შინაგანად ჭაბუკად გრძნობდა თავს! მაშასადამე, საკუთარ სუბსტანციურ არსებობაში ასეთი ძლიერი რწმენაა, რომ გვამოძრავებს და გვიბიძგებს დავტოვოთ ჩვენი ბეჭედი ყველგან და ყოველ დროს, დავტოვოთ სახელი და ხსოვნა ჩვენი, სადაც გვინდა და როდესაც გვინდა. სრული წონასწორობა სულსა და სამყაროს შორის შეუძლებელია; მუდამ ასეა, ან ჩვენი სულისთვისაა ჭარბი სამყარო, ან ჩვენი სულია ჭარბი სამყაროსთვის; ჩვენი სულისმიერი სიცოცხლისუნარიანობა მუდამ ძლევს, რათა ან შევინარჩუნოთ, ან დავმორჩილდეთ, და, თუ არ გადმოვიღვარეთ, ვშრებით; ან ყველაფერს ვუძლებთ, ან არაფერს! როცა კაცს სურს შეუმჩნევლად ჩაიაროს, სულიერი სიცარიელის დაფარვაც უჭირს, ანდა კიდეც ნატრობს - სულაც გავქრეო, ეს იმას ნიშნავს, რომ მისი სიცოცხლისუნარიანობა კლებულობს, ეს იმასაც ნიშნავს, რომ მისი სულის დისიმილაცია აჭარბებს მის საზრდოს; ეს კიდევ იმასაც ნიშნავს, რომ იგი დაღმა ეშვება, ანუ მიექანება არარასაკენ, მიექანება და საკუთარი სისუსტისადმი ისეთი სიყვარულის გრძნობა უჩნდება, როგორიც რაიმე ქრონიკული სენით შეპყრობილ ადამიანებს უჩნდებათ ხოლმე, თავიანთ სნეულებებს რომ ელოლიავებიან, ის კი არადა, კიდეც სიამოვნებთ საკუთარი დნობა. მერედა, რას ხედავთ იმაში ცუდს, რომ კაცს სიამოვნებას ჰგვრიდეს საკუთარი დნობა? მე მარტო ის ვიცი, რომ ამგვარი სიამოვნება მზარავს და ამაზე სჯა-ბაასს არც გავაგრძელებ. სავსებით გასაგებია, რომ შეიძლება არსებობდეს ადამიანი, რაიმე ფასეულსაც ქმნიდეს და ამავე დროს სჯეროდეს საკუთარი დნობაც და საკუთარი სუბსტანციური არსებობაც, მაგრამ ვერას გავუგებ ხალხს, რომელსაც ასეთი სული აქვს უპირატესად. ასეთი ხალხი მონაა! და მაშინ მოდის ნგრევის სული და ამბობს: „მონა ხალხი! მერე რა მოხდა? მერე რა მოხდა, თუ იგი იმდენადვეა ბედნიერი, რამდენადაც თავისუფალი ხალხი ან თუნდაც ტირანიის პირობებში მცხოვრები ხალხი?“ მერე რა მოხდა? მერე რა მოხდა?“ - ეს სიტყვები გაცილებით უფრო შემაძრწუნებელია, ვიდრე „ამაოება ამაოთა და ყოველივე ამაო!“ დიახ, სწორედ ეს „მერე რა მოხდა!“ - არის მათი წინასწარმეტყველური დევიზი, ვინც ეძებს მიზეზთა მიზეზს და სხვა მიზეზს და ასე უსასრულოდ მიზეზთა გამუდმებულ კორიანტელში, მიისწრაფის არარასკენ, - ცხადია! - დასაბამამდე. და ბუნებრივია, ვერც ვერასოდეს მივლენ მასთან, რამეთუ არ არის და არც შეიძლება იყოს რაიმე პირველი და უმაღლესი; არ შეიძლება იყოს რაიმე პირველი მიზეზი თავისთავად! და თუ ასე არ არის, მაშინ მითხარით, რატომ უნდა იყოს ეს სამყარო, არა სჯობია, არც სამყარო იყოს და არც არაფერი? არსებობას არა აქვს არსებობის მიზეზი, რამეთუ იგი ყოველ მიზეზზე უფრო მაღლაა. ის, ვინც დასაბამს აძლევს აბსოლუტური უზენაესი არსების არსებობის მიზეზს, უსასრულოს და მარადიულს, იგი მიდის ლოგიკურ შეცდომამდე, უზარმაზარ ჩაკეტილ წრემდე. როდესაც ამბობენ, სამყარო არსებობს იმიტომ, რომ იგი შექმნა ღმერთმაო, აქედან კი დაასკვნიან, რომ არსებობს ღმერთი; - კონცეფციის ძალის წყალობით, რომელიც ყალიბდება სამყაროს არსებობის ასახსნელად და ამგვარად არსებობს სამყარო, რამეთუ არსებობს ღმერთი და არსებობს ღმერთი, რამეთუ არსებობს სამყარო და სულ ასე და ამგვარად, მიდის კითხვამდე: „რა იქნებოდა, რომ არც სამყარო არსებობდეს და არც ღმერთი და არც არაფერი?“ და ამ გზითა და ამგვარად კაცი შეიძლება მივიდეს ბოდვამდე და აბსურდამდე. ბოდვამდე და აბსურდამდე შეიძლება მიიყვანოს კაცი კითხვამაც: „მერე რა მოხდა?“ მაგრამ შეუძლებელია აბსურდამდე მიხვიდე, თუ უყოყმანოდ ამტკიცებ, სამყარო არსებობს იმიტომ, რომ მე ვარსებობ და მე ვარსებობ იმიტომ, რომ არსებობს სამყარო; და რომ მე უნდა მივიღო მისი ბეჭედი და მივცე მას ჩემი, უკვდავყო იგი ჩემში და ჩემი თავი - მასში.  და მხოლოდ ასე და ამნაირად შეგვიძლია ვიგრძნოთ, რომ ვცხოვრობთ მუდმივ ქმნადობაში და იმის მაგივრად, რომ ვიმეოროთ „ამაოება ამაოთა და ყოველივე ამაოო და რომ არაფერია მზის ქვეშ ახალიო!“ - მოვიხმოთ „სისრულე სისრულეთა და ყოველივე სრული!“ და რომ ყველაფერი ახალია მზის ქვეშ და ყოველი წუთი ჩვენი ხედვისა ახალი ხედვაა. და აქ მოგვიტრიალდებიან მაცდური სულისგან წაქეზებული მოაზროვნენი და გვეტყვიან: „მთელი აბსოლუტური პოზიციები აირ-დაირიაო, რა განსხვავებაა, თუ ვიტყვით - ყველაფერი თავისუფალია და არაფერია თავისუფალი! განა ერთი და იგივე არაა, თუ ვამტკიცებთ ღმერთია ყველაფერიო და ღმერთი არ არის ყველაფერიო? განა რა დიდი სხვაობაა, თუ ვიტყვით, ყველაფერი კარგია ან ყველაფერი ცუდიაო; ანდა ყველაფერი ობიექტურია და ყველაფერი სუბიექტურიაო და სულ ასე და ამგვარად? ის, ვინც ამტკიცებს, ეს სამყარო ყველა შესაძლებლიდან უარესიაო და ის, ვინც ამტკიცებს ეს სამყარო ყველა არსებულს შორის საუკეთესოაო, შეგვიძლია ვუპასუხოთ - რაკი ეს სამყარო ერთადერთია ყველა შესაძლებლიდან და ერთადერთია ყველა არსებულს შორის, იგი უარესიცაა და უკეთესიც ერთსა და იმავე დროს და ყველა შესაძლებელს შორისაც. „ყველაფერია სული“ იგივეა, რაც „ყველაფერია მატერია“. სასწაულისა და იდუმალის უარყოფის უფრო უსუსური საშუალება არ არის, ვიდრე იმის მტკიცება, რომ რაც კი რამ ხდება, სასწაულებრივია და იდუმალიო. ეს ხომ ოდენ სიტყვათა თამაშია და სხვა არაფერი; ისევე, როგორც კითხვა - რა დაემართებოდა სამყაროს, ყველაფერი თავდაყირა რომ დადგებოდესო? თუ წარმოვიდგენთ ორ წერტილს სივრცეში, რომლებიც ერთმანეთს უახლოვდებიან, რა მნიშვნელობა აქვს, ერთია გაჩერებული და მეორე უახლოვდება, თუ მეორეა გაჩერებული და პირველი უახლოვდება, ანდა რომელია გაჩერებული და რომელი მოძრაობს, ან კიდევ, ორივე მოძრაობს და უახლოვდება ერთმანეთს; არსებითად, ეს მაინც აუხსნელია ამ ორ წერტილთან მიმართებაში; იგივე ითქმის ყოველ აბსოლუტურთან დაკავშირებით. რა მნიშვნელობა აქვს თუ ვიტყვით - „ამაოება ამაოთა და ყოველივე ამაოო და არაფერია მზის ქვეშ ახალიო“ და „სისრულე სისრულეთა და ყოველივე სრული და ყველაფერი ახალიაო მზის ქვეშ?“ და ასეც იქნებოდა სინამდვილეში, სიტყვები რომ იმაზე მეტს არ გამოხატავდნენ, ვიდრე გონება და რომ მართალი იყოს, თითქოს ვერბალური წინადადება რაღაც უფრო მეტია, ვიდრე მსჯელობის ზეპირი მანიფესტაცია, თუმცა კი გონების ძალით სამყაროს მაინც ერთნაირად ვჭვრეტთ ისინიც, ვინც ამტკიცებენ, არაფერი ახალი არ არისო და ისინიც, ვინც ვიმეორებთ, ყველაფერი ახალიაო. და მაინც, სხვადასხვანაირად რომ აღვიქვამთ მას. თუ დავიწყებთ მსჯელობას სუბსტანციასა და შემთხვევითობის ცნებების გარშემო, ანდა რიცხვებსა და მოვლენებზე, ანდა არსებობასა და მოჩვენებითობაზე მათთან, ვისაც აუჩემებია „ამაოება ამაოთა და ყოველივე ამაოო“, იქამდე მივალთ, რომ გონებით კიდეც დავეთანხმებით მათ, ოღონდ, მე მაინც დამრჩება ჩემი არსებობის სუბსტანციურობის შეგრძნება, მას კი, ალბათ, მოჩვენებითობის შემთხვევითობისა. ბოლოს კი იქამდეც მივალთ, რომ ერთსა და იმავე ენაზე ავლაპარაკდებით, რადგან იგი არც ჩემია და არც მისი; ხოლო მერე ერთმანეთსაც გავუგებთ, თუმცა ერთი და იგივე განცდა მაინც არ გვექნება. შენ შეგიძლია მომცე მე ტონი და ინტენსივობა, როგორც იძვრის შენში სამყარო, ანდა ნოტა, რომელიც ჟღერს შენს გულში, მაგრამ ვერანაირად ვერ გადმომცემ ტემბრს, როგორითაც შენ მას იღებ, რადგან ეს არის მხოლოდ შენი საკუთარი ტემბრი, მაგრამ თუ შენ მაინც როგორღაც გადმომცემ მას, მაშინ ეს მოხდება ესთეტიკური განცდის, ანუ ხელოვნების ნაწარმოების მეშვეობით.  ერთი ადამიანი რომ მუდმივად ვამყოფოთ წითელი შუქის გარემოცვაში, მეორე კი - ლურჯისა და მათ ერთმანეთთან ურთიერთობის საშუალება მივცეთ, ცხადია, ისინი შეთანხმდებოდნენ საგანთა ფერებთან დაკავშირებით და თითოეულ ფერს ერთი და იმავე სახელითაც კი ახსენებდნენ, რადგან მათთვის ყველაფერი შესაბამისად გარდაისახებოდა და იმასაც დაიჯერებდნენ, სამყაროსაც ასევე ვხედავთო; ხოლო მათი შეფარდებითი პოზიციები ფერთა აღქმასთან დაკავშირებით, - რაკი ორივე აბსოლუტურია, - ყოველგვარ სხვაობას წაშლიდა. რაკი ფერები ხედვის ელემენტები არ არის, თითოეული მათგანი ქიმიურად ზემოქმედებს ორგანიზმზე; თუკი წითელი ფერი უპირატესად დინამოგენურია, ანუ ორგანიზმის ძირითადი, მაცოცხლებელი ძალაა, მეორეს თრგუნავს, და იმის მიუხედავად, რომ შესაძლოა ამ ორი ადამიანის აზრი ერთმანეთს დაემთხვას სამყაროს აღქმის თავისი გაგებით, მათი სასიცოცხლო ენერგიაც შესაბამისად იცვლიდა სახეს - სენტენცია „ამაოება ამაოთა და ყოველივე ამაო“ - ლურჯი ფერისა იქნებოდა, ხოლო „სისრულე სისრულეთა და ყოველივე სრული“ - წითელი!  პოეტი გახლავთ ის, ვინც სამყაროს პერსონიფიცირებულად წარმოგვიდგენს, ანუ მთელ სამყაროს ერთ ადამიანში განასახიერებს, ერთ სიტყვაში - სამყარო! ფილოსოფოსი კი მხოლოდ იმას წარმოაჩენს, რაც პოეტისგან მიიღო, რადგან პოეტურის გარეშე მისი აზრი, უფრო სწორად, მისი სიტყვები, არ იძვრის. თუ ფილოსოფიურ სისტემას გამოვაცლით პოეზიისგან მიღებულ მადლს, მისგან აღარაფერი დარჩება, ცარიელი სიტყვების რახარუხის მეტი. ასევეა მეტაფიზიკაც, მისგან მეტალოგიკის მეტი არც არაფერი გამოდნება; თუკი მხედველობაში მივიღებთ იმ ფაქტს, რომ სიტყვა „ლოგიკა“ წარმოსდგება სიტყვიდან „logos“, რაც კვლავ „სიტყვას“ ნიშნავს და, ბოლოს, ეტიმოლოგიაც მეტი რაღაა. ეს ასეა და მტკიცება სულ არ სჭირდება; გეგონებათ, ისეთი ფილოსოფიებიც არსებობდნენ, როგორიც ენებია, ანდა მისი ვარიანტები, ანუ დიალექტები და კიდევ ისიც, ინდივიდუალურ დიალექტს რომ უწოდებენ. თუკი არსებობს გერმანული ფილოსოფია, იგი გერმანული ენის ფილოსოფიის მეტი არაფერია და იგივე ითქმის ყველა დანარჩენ ენებზეც. ფრანგული ენა ის ენაა, რომელიც დეკარტეს გვიხსნის. და ეს ბუნებრივიცაა. ყოველი ხალხი თავისი ენის საფუძველში დებდა სამყაროსა და ცხოვრების თავისეულ აბსტრაქტულ კონცეფციას ფართო მნიშვნელობითა და გაგებით, ისევე როგორც თითოეულ სიტყვაში - თავის ფილოსოფიას. ავიღოთ თუნდაც ისეთი სიტყვების ეტიმოლოგიები, როგორიცაა: do conciperc და do comprhenders, ან do intenderc და do intelligers და მერე do substantia და accidens ან კიდევ cxistero და სხვა ათასი ამის მსგავსი. მთელი სქოლასტიკური ფილოსოფიაა. ხოლო ფილოსოფოსი იმის მეტს არც არაფერს იქმს, რომ ენიდან სწორედ იმას ამოზიდავს, რასაც მთელი საუკუნეების მანძილზე დებდა მასში ხალხი, მერე ცოტას დახვეწს და ასე ნელ-ნელა აქსიომებიც კი ტავტოლოგიად გადაიქცევა ხოლმე. ოღონდ ერთი კია, ფილოსოფოსი ვერასოდეს გადმოგვცემს იმ ხმას, როგორი ხმითაც წარმოითქმება ესა თუ ის სიტყვა და ვერც იმ მოძრაობას, რაც მას ახლავს; ფილოსოფოსი ვერასოდეს გვაგრძნობინებს სიტყვის არსს „მიწა!“ - რომელიც პირდაპირ გულიდან აღმოხდათ კოლუმბის თანამგზავრებს, როდესაც ბუნდოვნად გამოჩნდა ახალი სამყაროს ნაპირი; ფილოსოფოსს არც იმის გადმოცემა შეუძლია, რასაც მე განვიცდი იმ დროს, როცა სიჩუმეში ჩემს საკუთარ სულს ვეხვევი და მით უმეტეს, ვერ გადმოგვცემს იმ გრძნობას, რასაც გამოვხატავ სიტყვებით „ჩემი სული!“ - თუკი ეს წამოძახილი რამენაირად მაინც შეიძლება გადმოიცეს. ფილოსოფოსი ვერც იმას გვეტყვის, რა არის ჩემი ან რა ვარ მე თვითონ, როცა გონებით ვეთანხმები დევიზს - „ამაოება ამაოთა და ყოველივე ამაო“ და როცა ჩემი სული იკუმშება და ჩუმად ბუტბუტებს - „სისრულე სისრულეთა და ყოველივე სრული!“, რამეთუ ესაა ჩემი პატარა ლოცვა და არა ლოგიკური პროპოზიცია, ესაა ჩემი სულის აფეთქება და არა ჩემი გონების გამოვლინება. მაგრამ, აი მოდის პოეტი, ანუ როგორც იტყვიან, ნათელმხილველი და არა ვინმე მელექსია, - გადაგვიშლის თავის სულს ლექსად იქნება თუ პროზად და ვითარცა კალდერონი გვამცნობს ეს ცხოვრება სიზმარიაო, ანდა ვითარცა შექსპირი - ჩვენ შექმნილი ვართ სიზმარეულ ნივთიერებითო და ეს ჩვენი ისედაც დღემოკლე ცხოვრება სიკვდილითაა შემოსაზღვრულიო და ამ სიტყვებში დევს სწორედ გახსნა სუბსტანციურობისა. შექსპირის ეს სიტყვები უმაღლესი გამოხატულებაა დამღუპველი სულის საშინელი გახსნის და კიდევ უფრო შემაძრწუნებელია, ვიდრე კალდერონისა, რამეთუ კალდერონი სიზმარს ჩვენს ცხოვრებას უწოდებს და არა ჩვენ, ვინც ვოცნებობთ და ვცხოვრობთ, ხოლო შექსპირი გვეუბნება, თქვენ თვითონა ხართ სიზმარეულ ნივთიერებით ქმნილიო. არადა, რა თანამედროვე ჟღერადობა აქვს ამ ნათქვამს! გეგონებათ, სიზმარი მართლა რაღაც ნივთიერებისგან ან რაღაც მყარი მასალისაგან იყოს შექმნილი! მაშინ ეგებ ისიცა ვთქვათ, რომ სიზმრებიც ისეთივე მასალისგანაა, რასაც ვეხებით და შევიგრძნობთ შინაგანად, სულიერად.  ამ კონცეფციას, უფრო სწორად, სამყაროსა და ცხოვრების ამ ჰიპნოტურ გრძნობას მივყავართ სამყაროს აღქმის ესთეტიკურ პოზიციამდე და ვიღებთ კიდეც მას სპექტაკლად. ასეთი იყო ბერძენ ინტელექტუალთა პოზიციაც ჰომეროსის პოემებიდან დაწყებული, ვიდრე ქრისტიანობამდე და შემდგომშიც. „ოდისეაში“ ნათქვამია, ღმერთები თვითონვე ჩაიფიქრებენ მოკვდავთა უბედურებებს და კიდეც ასრულებენ, რათა შთამომავლობას ამბად დარჩეს და მათს ცოდო-ბრალზე სიმღერები შექმნანო; და მერე, ათიოდე საუკუნის მერე, უკვე წიგნში „მოციქულთა საქმენი“ XVII თავის მე-11 მუხლში კვლავ ითქვა: „ხოლო ათენელებისა და იქ მცხოვრები უცხოელებისთვის არ არსებობდა უფრო საამო დროსტარება, ვიდრე რაიმე ახლის მოყოლა ან მოსმენა“; შემდეგ, კიდევ უფრო გვიან, საუკუნეები რომ გავიდა, იგივე განმეორდა ჩვენს ძველ „ჩემი სიდის სიმღერაში“, 343-ე 344-ე ლექსებში, სადაც ქრისტეს ცხოვრების შესახებაა მოთხრობილი: „ოცდათორმეტი წელი ჩვენთან იყავი, მიწაზე უფალო სულიერო, გვიჩვენებდი შენს სასწაულებს, რომ მომავალში მითები შეთხზანო...“  ასე გეგონებათ, სასწაულებს რომ ახდენდა ქრისტე, თურმე იმისთვის ახდენდა, მომღერლებსა და ხუგლარებს სიმღერები შეეთხზათ ჩვენს წარმტაც შუასაუკუნეებში. მაგრამ აი, უკვე ჩვენს დროში მოდის ინტელექტუალიზმის არქიეპისკოპოსი, დიდი ესთეტი ერნსტ რენანი და გვეუბნება, ეს სამყარო სპექტაკლია და თავად უფალი გახლავთ მისი დამდგმელიო, თანაც ჩვენვე გვთავაზობს, მონაწილეობა მივიღოთ ამ სპექტაკლში, უფრო ბრწყინვალე და დიდებული რომ გამოვიდესო. მთვარეულთა ფილოსოფია, იმათი, ვინც საკუთარი სულის წონასაც ვერ გრძნობს. ამ ფილოსოფიის საპირისპიროდ აღიმართება ჭეშმარიტად რელიგიური ტაძარი და თვით პავლე ტარსოსელი გვეუბნება: „თუ არ არის მკვდართა აღდგომა, არც ქრისტე აღმდგარა. ხოლო თუ ქრისტე არ აღმდგარა, ამაოა ჩვენი ქადაგება და ამაოა ჩვენი რწმენაც“ (I კორინთელთა XV, 13, 14). და სიკვდილის დათრგუნვისა და მკვდრეთით აღდგომის ამბავი რომ გაიგეს, ყველა ესთეტი, ყველა ინტელექტუალი, ვისაც სჯერა, რომ ადამიანთა უბედურებებს თავად ღმერთები ჩაიფიქრებენ ხოლმე, რათა შთამომავლობას ამბად გადაეცესო, მათაც იგივე ქმნეს, რასაც „მოციქულთა საქმენი“ გვაუწყებს (XVII, 32) და, რასაც ათენელები იქმოდნენ, ეს ახალ-ახალი ამბების მთხრობელ-მსმენელნი, როცა პავლემ მკვდრეთით აღდგომის ამბავი გვითხრა, ზოგიერთმა სიცილი დაიწყო, სხვებმა კი თქვეს „ამას სხვა დროს მოვისმენთო“. მკვდრეთით აღდგომის რწმენა, ანუ ქრისტეს უკვდავების რწმენა, რაიც არის ქრისტიანობის რწმენის მარცვალიც და საძირკველიც, ხვდებოდნენ ამას თუ არ ხვდებოდნენ, საკუთარი უკვდავების რწმენის საფუძველი და სულის ინტიმური ცხოვრების წყაროცაა ქრისტიანთათვის, ამიტომ ათანასესაც შეეძლო ეთქვა. ქრისტემ კაცი გააღმერთაო (Qcovioiciv), ადამიანი ღმერთად აქციაო. და ეს რწმენა, საერთოდ რწმენაც და მთელი რელიგიაც, უწინ კი ქრისტიანული რელიგია ცაში გამოეკიდა, მერე მიწაზე დაენარცხა და მის ადგილზე აღმოცენდა ფილოსოფია ანუ რელიგიის ესთეტიკა, თუ არა სოციალური პედაგოგიკის უღიმღამო ინსტიტუტი. შეუძლებელია კაცმა თავი მოიკლას, თუ უწინ ნამდვილი ცხოვრების ფესვები არ ამოძირკვა, სულის მაცოცხლებელი მჩქეფარე წყარო არ მოაშთო და თუ არ დაშრიტა წყარო ყველაზე შორეულის წყურვილისა. თუ რელიგია არ ეფუძნება საკუთარი სუბსტანციურობის გრძნობას, საკუთარი სუბსტანციის უკვდავების რწმენას, ის არც არის რელიგია. ეს იქნება რელიგიის ფილოსოფია, მაგრამ რელიგია კი არა. ღმერთის რწმენას შენსავე საკუთარი სუბსტანციური არსებობის რწმენაში აქვს ფესვები გადგმული; მოჩვენებითობის ასახსნელად მოჩვენებითი ღმერთიც კმარა; უწინ ღმერთი-მეთქი, მინდოდა მეთქვა; ის, რასაც მის გარეშე ვერ ავხსნით, ვერც მასთან ერთად ავხსნით, რადგან, თუ ჩვენ მას მივიღებთ როგორც უმაღლეს გონს, მაშინ მისი ახსნაც მოგვიწევს. რა შეიძლება იყოს იმაზე უფრო ამაო, როგორიც ღმერთია, თავს რომ დაჰფოფინებს „ამაოება ამაოთა და ყოველივე ამაოს?“ რა უნდა იყოს იმაზე უფრო ხანიერი, ვიდრე ღმერთია ამ სამყაროსი, სადაც არაფერია ახალი. თუკი არსებობს ღმერთი, მაშინ ეს არის „სისრულე სისრულეთა და ყოველივე სრული“, რასაც ჩვენ ყველა ვეზიარებით და ყველას გვაქვს წილი; თუ არსებობს ღმერთი, მაშინ ეს არის სიყვარული, რომლის ძალითაც ყველაფერი ახალია მისი არსებობის ყოველ წუთში. თუ არსებობს ღმერთი, ეს არის სიყვარული, რომელიც ისწრაფვის გახანგრძლივდეს ამ სამყაროში და გაცხადდეს მასში; და ჩვენი ცხოვრებაც, რას უნდა ეფუძნებოდეს იგი?        „მარადიულად არ ეხსომებათ არცა ბრძენკაცი, არცა უგუნური; გაივლის ჟამი, ყველაფერი დაივიწყება. ვაგლახ, რომ კვდება ბრძენი კაცი უგუნურივით! და შევიძულე მე ცხოვრება, რადგან მემწარა ყველაფერი, რაც მზის ქვეშ ხდება, რადგან ყოველი ამაოა, ქარების დევნა!“ (ეკლესიასტე 16, 16, 17). დადუმდი დაღლილო და დამღლელო ქადაგო, დავითის ძევ, იერუსალიმის მეფევ! ნუღარას იტყვი! დარჩება ხსოვნა ბრძენკაცისაც და უგუნურისაც, რამეთუ არაფერი ქრება უკვალოდ, ყველაფერი რაღაც სახით მაინც რჩება ამ სამყაროში და ოდეს იგი მიიღებს უმაღლეს ბიძგს, მაშინ გაიხმიანებს ყოველი ბგერა საუკუნიდან საუკუნემდე რომ ეძინა და გაიხმიანებს ყველაზე უფრო მგრძნობიარე და ყველაზე ღრმა ხმა, აჟღერდება ყოველი სიმი; და მომავალში, მერე და მერე, ხვალიდან ხვალამდე გაიხსენებენ ყველასა და ყოველს და იცხოვრებს ბრძენკაციცა და უგუნურიც, ოღონდ უგუნური უგუნურის ცხოვრებით და არა ბრძენკაცისა; დაე, გვიყვარდეს ეს ცხოვრება ქადაგო დაღლილო და დამღლელო, დავითის ძევ, იერუსალიმის მეფევ, დაე, აივსოს სიხარულით და იმედით ღვაწლი ჩვენი, რაც კი ცის ქვეშ გვიღვაწია, რამეთუ ყოველივე სისრულეა და სულის ნეტარება. ქადაგის ხმას, დავითის ძის, იერუსალიმის მეფის წინასწარმეტყველებას ისტორიაში დიდი გამოძახილი ჰქონდა და ბევრმა ბანიც მისცა თუ იმღერა მასთან ერთად; ამ მრავალთაგან არის ერთი პორტუგალიელი პოეტი-ფილოსოფოსი, რომლის სიმღერა სევდიანად ეხმიანება მას თავის ტკბილ, პორტუგალიურ ენაზე. ეს გახლავთ ანტერო კენტალი, ვისი სახელი და დიდება თანამყოლია კაცობრიობის ტრაგედიისა... პოეტმა აღიკვეთა „ამაოება ამაოთა და ყოველივე ამაო“ დავითის ძე, იერუსალიმის მეფე რომ ქადაგებდა და ოდენ მერეღა ირწმუნა ხსნა სამყაროსი, ირწმუნა, რომ დადგებოდა დღე და გაიღვიძებდა ყოველი და ყველა და მისი შეჭირვებული გულიც შვებას ჰპოვებდა ამ ტრაგიკულ ცხოვრებაში, ეგებ მერე ეთქვა „იძინე გულო, იძინე მშვიდად უფლის მკლავზე სამარადისოდო“; მაგრამ არა, სამარადისოდ არა, რამეთუ პოეტს არ ჰმართებს ძილი; ოდეს მას სძინავს არ ეგების არცა ხსნა სამყაროსი. და შენც ანტერო, განა შენც თავად არ განიცადე ამაოება ყოველივე ამაოსი, ზიდე ჯვარი სიმწრით შენს გზაზე, ოღონდ კი სხვანიც დასდგომოდნენ ამავ კვალს, შეეცნოთ ის, რაც იყო და ჩასწვდომოდნენ „სისრულეს სისრულეთა და ყოველივე სრულის“ სიღრმეს! და მერე ეგებ შენი გულიც მიეცემოდა ძილს სამარადისოდ და მოესვენა უფლის მკლავზე, მის მარჯვენა მკლავზე. აგვისტო, 1904 წ. იხილეთ: მიგელ დე უნამუნო - ლიტერატურული ესეები …
დაამატა Kakha to ლიტერატურა at 1:18pm on მარტი 9, 2014
თემა: შიშველი სიცოცხლე
სიამოვნება, თუ მარმარილოსგან გამოკვეთილ და მდიდრულად მორთულ სამყოფელშია: თავს უფრო მყუდროდ გრძნობს. ხოლო თუ ჩვენს მიცვალებულს ნებისმიერი სხვა ხარჯის გაწევაც შეუძლია, ამით პრეტენზიას აცხადებს კიდევ რაღაც ღრმააზროვან... – როგორ ამბობენ ხოლმე? – ალეგორიაზე. დიახ, მას ღრმააზროვანი ალეგორია სჭირდება, რომელიც სწორედ ჩემნაირი ცნობილი მოქანდაკის მიერ უნდა შეიქმნას. სასაფლაოს ბრწყინვალე ლათინურით წააწერენ Hic jacet1 რომელიც იყო, რომელიც არ იყო... თან ლამაზ ბაღსაც მოაშენებენ, ყვავილებით მორთულს და სხვა ამგვარს. ამასთან ერთად, გამძლე ღობეც უნდა ჰქონდეს, რომ დაცული იყოს ძაღლებისა და...  – მორჩი რა, თავი მომაბეზრე, – იყვირა აღშფოთებულმა კოსტანტინო პოლინიამ და მეგობარს გაოფლილი სახით მიაჩერდა.       ჩირო კოლიმ თავი ასწია; წვეტიანი წვერი, რომელსაც გამუდმებით იქექავდა, ახლა კაუჭივით დაგრეხოდა; ყურადღებით შეათვალიერა მეგობარი წარბებზე ჩამოფხატული ქუდის ქვემოდან, რომელიც შაქრის ლერწმის თავს წააგავდა, მერე კი უდარდელი სიმშვიდით მიაძახა: – ვირო!  – ოჰო!       ჩირო კოლი სავარძელზე ნახევრად მიწოლილიყო, გრძელი ფეხები გაეშალა და გაეჩაჩხა; პირდაპირ გადააბიჯა ხალიჩას, რომელიც მანამდე პოლიანიმ გულდაგულ დაბერტყა და იატაკზე სათუთად დააგო.       პოლიანი მოთმინებას კარგავდა, როცა ხედავდა, მისი მეგობარი როგორი გაბრექილი იჯდა, არადა თვითონ დაღლილობისგან სული სძვრებოდა, მაგრამ სტუდიას მაინც ალაგებდა: თაბაშირის ფიგურები ერთ ჯგუფად დააწყო. დამტვრეული და გაყვითლებული ეტიუდები, რომლებიც კონკურსიდან უსახელოდ დაბრუნდნენ, განზე გადაყარა. შუა ოთახში მაგიდები გამოზიდა, რომლებზეც ახალი ნიმუშები ელაგა, ზედ სველი ტილო გადაეფარებინა, თან ბუზღუნებდა.  – ერთი სიტყვით, წახვალ თუ არა?  – არა.  – მაშინ დივანზე მაინც ნუ ზიხარ. უკვე დავალაგე. ღმერთო ჩემო! ხომ გითხარი, რომ ქალბატონებს ველოდები.  – არ მჯერა.  – აი, წერილი, შეხედე! გუშინ კომენდატორე სერალისგან მივიღე: "ღრმად პატივცემულო მეგობარო, გაცნობებთ, რომ ხვალ დილით, დაახლოებით თერთმეტი საათისთვის..."  – არის უკვე თერთმეტი?  – მეტია!  – არ მჯერა. განაგრძე!  – "...თქვენთან ჩემი რეკომენდაციით მოვლენ სინიორა კონ..." რა წერია აქ!  – ალბათ, კონფუციო.  – კონტ... თუ კონსალვი, ვერ გავარჩიე, "...და მისი ქალიშვილი, რომელთაც თქვენთან საქმე აქვთ. ეჭვი არ მეპარება, რომ..." და ა.შ., და ა.შ.  – შენ თვითონ ხომ არ დაწერე ეგ წერილი? – ჰკითხა ჩირო კოლიმ და ისევ დახარა თავი.  – ბრიყვო! – ლამის ამოიკვნესა პოლიანიმ; სიბრაზისგან აღარ იცოდა, ეტირა თუ ეცინა.       კოლიმ მუქარით ასწია თითი და თავი გააქნია.  – ასე ნუ ლაპარაკობ, მაწყენინებ. მითხარი, თუ ღმერთი გწამს, ნუთუ იცნობ ისეთ ქალბატონს, რომლის გულისთვისაც მე ბრიყვულად მოვიქცევი? ამ ჯიშის ხალხი მხოლოდ მებრალება. გაპრანჭულები, ლაქის ჩექმებში გამოწყობილები, ლამაზი ჰალსტუხებით შემკულნი, ეს ჰელიოპროო... ეს ჰელიოკროო... თუ რა ჰქვია? ღილკილოში ჰელიოტროპი გაუყრიათ და შენსავით ხავერდის ჟილეტში გამოწყობილან... ოჰ, როგორ დამამშვენებდა ასეთი ხავერდის ჟილეტი! ძალიან უბედური ვარ, რომ არ შემიძლია შევიცვალო! მისმინე, ეს შენ გამოგადგება: თუ მართალია, რომ სინიორ კონფუციოები უნდა მოვიდნენ, სტუდია ისევ ისე ავურიოთ, როგორც მანამდე იყო, თორემ რა იცი, რას არ იფიქრებენ შენზე. უკეთესი იქნება, მუშაობის დროს ენახე, რომ იტყვიან, ოფლის ღვრის დროს... ერთი სიტყვით, მაშინ, როცა საარსებო ფულისთვის ოფლს ღვრი...       აიღე თიხის ერთი მოზრდილი ნაჭერი, დაზგაზე მიაკარი და ბევრს ნუღარ ფიქრობ, ჩემი გამოძერწვა დაიწყე ისე, როგორც მხედავ, აი, ამ გათხლეშილ პოზაში. შენს ქმნილებას დაარქვი "ბრძოლაში", და ეროვნული გალერეისთვის დაუყოვნებლივ გამოგართმევენ. აი, ნახავ თუ არა. მართალია, არც ისე ახალი ფეხსაცმელი მაცვია, მაგრამ თუ მოინდომებ, შეგიძლია მანდ ახლებად გამოიყვანო. შენ ხომ, როგორც მოქანდაკე, ქათინაურების გარეშე გეტყვი, ნამდვილი მეძველმანე ხარ...       კონსტანტინო პოლიანი ამასობაში თავის ნახატებს კედლებზე კიდებდა და ყურადღებას აღარ აქცევდა მეგობრის ბჟუტურს. მის თვალში კოლი ცხოვრებისგან გარიყული ბედუკუღმართი ვინმე იყო, წარსული ეპოქის ნაგლეჯი, მხატვრების მიერ უკვე უარყოფილი მოდის ნაწილი: უგერგილო, დაუდევარი, მოშვებული კაცი, რომლისთვისაც უსაქმურობა ჩვეულებად იქცა. სიმართლე რომ ითქვას, მართლაც იყო სიბრალულის ღირსი, რადგან მუშაობის ხასიათზე თუ დადგებოდა, საუკეთესო მოქანდაკესაც კი ასჯერ გაუსწრებდა. სხვამ თუ არა, პოლიანიმ ხომ ნამდვილად იცოდა ეს. რამდენჯერ უნახავს აქ, ამ სტუდიაში, თავისი დიდი თითების რამდენიმე ზერელე, თუმცაღა დამაჯერებელი შეხებით როგორ დაუმთავრებია კოლის ის სკულპტურული ეტიუდი, რომელზეც პოლიანის მწარე ოფლი უღვრია. მაგრამ კოლის ხელოვნების ისტორია ცოტათი მაინც უნდა შეესწავლა და საკუთარი ცხოვრება მოეგვარებინა; ცოტა გარეგნობისთვისაც უნდა მიეხედა, თორემ თავისი დაძონძილი ტანსაცმლით, გამუდმებით მელანქოლიურ გამომეტყველებით არც ისე საამურ შთაბეჭდილებას ახდენდა. თვითონ მან, პოლიანიმ... უნივერსიტეტის ორი კურსი დაამთავრა და მას მერე, მას მერე... ბატონებო, უკვე მშვენივრად აკეთებს ფულს... თავის გარეგნობასაც აქცევს ყურადღებას...       ყრუ დარტყმის ხმა გაისმა და პოლიანი სკამიდან ჩამოხტა, რომელზეც სურათების ჩამოსაკიდებლად ასულიყო.  – ისინი არიან! რა ვქნათ ახლა? – მიუბრუნდა კოლის შეშფოთებული სახით.  – როგორც კი შემოვლენ, წავალ, – უპასუხა მან და არც კი განძრეულა. – კაცი იფიქრებს, რომის პაპს ელოდები, იმაზე რომ აღარაფერი ვთქვათ, რომ სულაც შეგიძლია, ეგ ხალხი მეც გამაცნო, შე ეგოისტო!       კოსტანტინო პოლიანი კარის გასაღებად გაემართა, თან შუბლზე დაფენილ ქერა, ლამაზ ქოჩორს ისწორებდა.       ჯერ სინიორა კონსალვი შემოვიდა. მას მისი ქალიშვილი მოჰყვა; სინიორინა თალხებში იყო გამოწყობილი. სახეზე სქელი, შავი პირბადე ჩამოეფარებინა, ხელში მილისებრ დახვეული ქაღალდის ფურცელი ეჭირა. დედამისს ღია ნაცრისფერი მოხდენილი კაბა ეცვა, რომელიც საოცრად შეეფერებოდა მის ლამაზ სახეს, ფერფლისფერი თმა იებით მორთული კოპწია ქუდიდან მიმზიდველად გამოუკრთოდა.       სინიორა კონსალვის მთელი გარეგნობა იმაზე მიანიშნებდა, რომ ასაკის მიუხედავად, თავს ახალგაზრდად და ლამაზად მიიჩნევდა. ქალიშვილმაც აიწია პირბადე; არც ის იყო დედაზე ნაკლებად ლამაზი, თუმცა ფერმკრთალ სახეზე მორჩილება და ნაღველი ეწერა.       პირველი სავალდებულო მისალმების შემდეგ პოლიანი იძულებული გახდა ქალებისთვის კოლი წარედგინა. რომელიც ისევ დივანზე იჯდა ჯიბეებში ხელებჩაწყობილი, ჩამქრალი სიგარეტი კბილებში გაეჩარა, ქუდი ჩამოეფხატა და ჩანდა, წასვლას სულაც არ ფიქრობდა.  – მოქანდაკე ბრძანდებით? – ჰკითხა სინიორინა კონსალვიმ და სიმორცხვისგან უნებურად სახე შეუფაკლდა – კოლი... ჩირო?  – დიახ, კოდიჩილო1 – გაეპასუხა ისიც, გაიჯგიმა, ქუდი მოიხადა და ხშირი, გადაბმული წარბები, ახლო-ახლო ჩამსხდარი თვალები გამოაჩინა. – მოქანდაკე? რატომაც არა! მეც მოქანდაკე გახლავართ.  – მაგრამ მე მითხრეს, – მოუთმენლად განაგრძო გაღიზიანებულმა სინიორინა კონსალვიმ, – რომში არ არისო...  – საქმე ის არის, რომ... მე... ასე ვთქვათ, ცა და ქვეყანა მოვიარე, სინიორინა, – მიუგო კოლიმ. – უწინ მთელ თავისუფალ დროს რომში ვატარებდი, რადგან ეს ზღაპრული ქვეყანა დავიმორჩილე... მერე კი...       სინიორინა კონსალვიმ დედას გადახედა, მან კი გაიცინა და თქვა: – ახლა რა ვქნათ?  – ზედმეტი ხომ არ ვარ, წავიდე? – იკითხა კოლიმ.  – არა, არა, პირიქით, – ნაჩქარევად უპასუხა სინიორინამ.  – პირიქით, გთხოვთ, დარჩით, იმიტომ, რომ...  – შარო საიდან მოდიხარო, ამას ჰქვია! – წამოსცდა დედას, მერე პოლიანის მიუბრუნდა და ჩაილაპარაკა, – თუმცა ამის გამოსწორება შეიძლება... თქვენ ხომ მეგობრები ხართ?  – დიახ, ძალიან ახლო მეგობრები, – უპასუხა პოლიანიმ.       კოლიმ კი დასძინა: – არ დაიჯერებთ, მაგრამ თქვენ მოსვლამდე ერთი წუთით ადრე ჩემი სახლიდან გაგდება უნდოდა!  – აღარ გაჩუმდები? – გამოსცრა კბილებში პოლიანიმ, – გთხოვთ, ისე იგრძენით თავი, როგორც საკუთარ სახლში. რით შემიძლია გემსახუროთ?  – საქმე ის არის, – დაიწყო სინიორა კონსალვიმ და სკამზე ჩამოჯდა. – ჩემს საბრალო ქალიშვილს მოულოდნელად უბედურება დაატყდა თავს, საქმრო დაეღუპა.  – აი, თურმე რა მომხდარა!  – დიახ, ასეა!  – საშინელებაა! წარმოიდგინეთ, სწორედ ქორწილის წინა დღეს მოხდა ეს ტრაგედია! ნადირობის დროს უბედურ შემთხვევას ემსხვერპლა. შეიძლება წაიკითხეთ კიდეც გაზეთში ჯულიო სორინის ამბავი.  – ოჰ, სორინი, როგორ არა! – წამოიყვირა პოლიანიმ. – ხელში რომ აუფეთქდა თოფი, არა?  – გასული თვის პირველ რიცხვებში... თუმცა, არა... იმის წინა თვეს იყო... ერთი სიტყვით, უკვე სამი თვეა გასული მას მერე. საცოდავი შორეულ ნათესავად გვერგებოდა: ერთ-ერთი ჩემი დეიდაშვილის ვაჟიშვილი გახლდათ, მამამისი ცოლის გარდაცვალების შემდეგ ამერიკაში წავიდა. ასე რომ, ჯულიეტა (ჩემს ქალიშვილს ჰქვია ჯულია, ორივეს თითქმის ერთნაირი სახელები ჰქონდათ)...       პოლიანი წელში მოიხარა და თავი დაუკრა.  – ჯულიეტამ, – განაგრძობდა დედა, – გადაწყვიტა, ძეგლი დაუდგას საფლავზე თავის საქმროს, რომლის ნეშტი ვერონაში, საგვარეულო აკლდამაში განისვენებს. ამ ძეგლთან დაკავშირებით მას გარკვეული ჩანაფიქრები აქვს... ჩემი ქალიშვილი ფერწერისადმი განსაკუთრებულ მიდრეკილებას ყოველთვის იჩენდა...  – არა... არა... – მორცხვად შეაწყვეტინა მგლოვიარემ და თვალები დახარა. – მე მხოლოდ ისე, დროის მოსაკლავად...  – მაპატიე, ძვირფასო, მაგრამ საწყალ ჯულიოს ხომ იმის სურვილიც ჰქონდა, რომ სპეციალურად გემეცადინა...  – დედა, გთხოვ... – შეევედრა სინიორინა. – სინიორ, ერთ-ერთ ილუსტრირებულ ჟურნალში საფლავის ძეგლის პროექტი ვნახე... აქ მყოფი სინიორ კოლის პროექტი... ძალიან მომეწონა და...  – დიახ, დიახ, – დაეთანხმა დედა და ამ ჩარევით დარცხვენილ ქალიშვილს სიტყვა შეაშველა.  – და მაშინ, – განაგრძო ქალიშვილმა, – ვიფიქრე, რომ მცირე შესწორებით...  – მაპატიეთ, რომელ ძეგლზე ლაპარაკობთ? – იკითხა კოლიმ. – მე ხომ მრავალი ესკიზი მაქვს გაკეთებული იმ იმედით. იქნებ რამე შეკვეთა მეღირსოს მიცვალებულისგან მაინც, რაკი ცოცხლები...  – გთხოვთ მომიტევოთ, სინიორინა, – ჩაერია ლაპარაკში პოლიანი, გარკვეულწილად შეურაცხყოფილი იმით, რომ ჩრდილში აღმოჩნდა, – თქვენ ჩემი მეგობრის რომელიმე ესკიზის მიხედვით გსურთ ძეგლის დადგმა?  – არა, მთლად ისეთის არა, მაგრამ... საქმე ის არის, – სწრაფად უპასუხა სინიორინამ, – თუ არა ვცდები, სინიორ კოლის ესკიზი გამოხატავს სიკვდილს, რომელსაც თან მიაქვს სიცოცხლე...  – ჰო, გამახსენდა! – წამოიძახა კოლიმ. – სუდარაში გახვეული ჩონჩხი, არა? მისი ძვლებადქცეული კონტური ოდნავ თუ ამოიცნობა ნაოჭებში. ეს ჩონჩხი სიცოცხლეს ჩაჰფრენია – ჯანმრთელ ქალიშვილს, რომლისთვისაც სრულიად მოულოდნელია ეს... დიახ, დიახ... შესანიშნავია! მშვენიერია! გამახსენდა.       სინიორა კონსალვიმ სიცილისგან თავი ვერ შეიკავა, ამ უცნაური სუბიექტის თავდაჯერებულმა იშვიათმა სითამამემ გააოცა.  – თავმდაბალია, არა? – მიუბრუნდა მას პოლიანი. – მეტისმეტად ახირებული კაცია.  – აი, რას გეტყვი, ჯულია, – ისევ ჩაერია საუბარში სინიორა კონსალვი და წამოდგა, – ხომ არ ჯობია, პირდაპირ აჩვენო შენი ნახატი?  – მოიცადე, დედა, – სთხოვა სინიორინამ. – მე მგონია, უპირველეს ყოვლისა, გულახდილად უნდა ვუთხრათ ყველაფერი სინიორ პოლიანის. როცა ამ ძეგლის დადგმის აზრი დამებადა, გამოგიტყდებით, მაშინვე გამახსენდა სინიორ კოლი. დიახ, დიახ. მხატვრობა ხომ მას ეკუთვნის. მაგრამ, ვიმეორებ, მითხრეს, რომში არ არისო. მაშინ ვეცადე, როგორც მესმოდა, ჩემებურად, ჩემი გემოვნებით გადამეკეთებინა მისი ნახატი, ანუ უფრო ზუსტად რომ ვთქვა, მასში გამომეხატა საკუთარი აზრები და გრძნობები. ხომ გესმით ჩემი?  – გადასარევად! – უპასუხა პოლიანიმ.  – მე ორივე სახე დავტოვე, – განაგრძო სინიორინა კონსალვიმ, – სიცოცხლის და სიკვდილის, მაგრამ მოვხსენი გატაცების თემა. ახლა სიკვდილი აღარ ექაჩება თავისკენ სიცოცხლეს: პირიქით, სიცოცხლე თავად, საკუთარი სურვილით ემორჩილება ბედისწერას და სიკვდილზე ქორწინდება.  – ქორწინდებაო? – დაბნეულად წაიბუტბუტა პოლიანიმ.  – სიკვდილზე! – აღტაცებით წამოიყვირა კოლიმ. – ხელს ნუ გვიშლი!  – სიკვდილზე. დიახ. – გაიმეორა მორიდებული ღიმილით სინიორინამ. – მე სწორედ ქორწინების ჩვენება მინდოდა. ჩონჩხი გაშეშებული დგას, როგორც სინიორ კოლის ესკიზზე, მაგრამ სუდარის ნაოჭებიდან გამოწვდილ ხელში ქორწინების ბეჭედი უჭირავს. მის გვერდით მორჩილად დგას სიცოცხლე. ჩონჩხისკენ მიიწევს, რომ ბეჭედი გამოართვას.  – შესანიშნავია! მშვენიერია! მე ამას მკაფიოდ ვხედავ! – შესძახა კოლიმ. – ეს სულ სხვა აზრია! საოცარია! ეს სულ არ არის ჩემი ჩანაფიქრი, მშვენიერია! ბეჭედი... თითი... დიდებულია!  – დიახ, – განაგრძო სინიორინამ და ისევ წამოწითლდა ამდენი შექებისგან. – მეც მიმაჩნია, რომ ეს გარკვეულწილად განსხვავდება თქვენი ჩანაფიქრისგან. მაგრამ ისიც ეჭვგარეშეა, რომ საფუძვლად თქვენი ნახატი გამოვიყენე, და...  – არ არის საჭირო ცერემონიები! – წამოიძახა კოლიმ. – თქვენი ჩანაფიქრი ჩემსას გაცილებით სჯობს, და ის – თქვენ გეკუთვნით! გარდა ამისა, ჩემსაზე ვინ იტყვის, ნამდვილად ვის ეკუთვნის!       სინიორა კონსალვიმ მხრები აიჩეჩა და თვალები გაუფართოვდა.  – მართალი გითხრათ, – უკმაყოფილოდ ჩაილაპარაკა დედამისმა. – მე არანაირად არ ვეწინააღმდეგები ჩემს შვილს, მაგრამ ვაღიარებ, ეს იდეა არ მომწონს!  – გთხოვთ, დედა... – შეევედრა ქალიშვილი. შემდეგ პოლიანის მიუბრუნდა და განაგრძო: – ჰოდა, რჩევისთვის კომენდატორე სერალის მივმართე, ჩვენს ახლო მეგობარს...  – რომელიც მოწმე უნდა ყოფილიყო საქორწინო კონტრაქტზე ხელის მოწერის დროს, – ამოიოხრა დედამ.  – და რადგან მან თქვენ დაგასახელათ, – განაგრძო ქალიშვილმა, – ჩვენც მოვედით, რომ...  – არა, არა, მაპატიეთ, სინიორინა, – შეედავა პოლიანი. – მაგრა რაკი აქ ჩემი მეგობარი დაგხვდათ...  – ღვთის გულისათვის, თავი დამანებე! – აღშფოთდა კოლი და გაბრაზებული დერეფნისკენ გაემართა.       პოლოიანი ხელში ჩააფრინდა და ძალით შეაჩერა.  – მოიცადე, ხომ ხედავ... სინიორინამ ხომ ასე თქვა... ნუთუ ვერ გაიგონე? მან მე მხოლოდ იმიტომ მომმართა, რომ ეგონა, შენ აქ არ იმყოფებოდი...  – კი, მაგრამ, თვითონ ხომ ყველაფერი შეცვალა! – წამოიძახა კოლიმ და ხელი გაითავისუფლა. – გამიშვი! მე აქ რა მესაქმება! ისინი შენთან მოვიდნენ! მომიტევეთ, სინიორინა, ბოდიში, სინიორა, ნება მეომეცით, დაგემშვიდობოთ.  – დაიხსომე, – მტკიცედ უთხრა პოლიანიმ, თან მეგობრისთვის ხელი არ გაუშვია, – ამ საქმეს ხელს არ მოვკიდებ, და თუ შენ უარს იტყვი, მაშინ არც ერთი ჩვენგანი მას არ გააკეთებს...  – მაპატიეთ, მაგრამ... იქნებ ერთად? – ყოყმანით შესთავაზა სინიორა კონსალვიმ. – ნუთუ ერთად არ შეიძლება?  – ძალიან საწყენია, რომ ჩემდა უნებურად გაგაღიზიანეთ... – დაიწყო სინიორინამ.  – არა, როგორ გეკადრებათ! – ერთხმად შესძახეს კოლიმ და პოლიანიმ.       შემდეგ კოლიმ დასძინა: – მე ვერაინაირად ვერ მოვკიდებ ხელს, სინიორინა! საქმე ის გახლავთ, რომ ახლა სტუდიაც კი არ მაქვს, იმის მეტი აღარაფერი შემიძლია, რომ ყოველ შემხვედრს სისულელე და სიბრიყვე მივაძახო... ჯობს სცადოთ და ეს ტუტუცი დაითანხმოთ...  – იცოდე, ამაოდ ლაპარაკობ, – დაიჟინა პოლიანიმ. – ან ერთად ვიმუშავებთ, როგორც სინიორამ შემოგვთავაზა, ან საერთოდ უარს ვამბობ.  – შეიძლება, სინიორინა? – წამოიწყო უცებ კოლიმ და ხელი გაიწოდა მილივით დახვეული ქაღალდისკენ, რომელიც ქალიშვილს გვერდით ედო. – ძლივს ვითმენ, ისე მინდა თქვენი ნახატის ნახვა. როცა ვნახავ...  – ო, ღვთის გულისათვის, ნუ წარმოიდგენთ, რომ რამე არაჩვეულებრივი იყოს! – სინიორინა კონსალვიმ აცახცახებული ხელებით გაშალა ნახატი. – მე ფანქარიც კი ძლივს მიჭირავს ხელში... ეს მხოლოდ მონახაზია, სულ რამდენიმე შტრიხი, ისიც იმიტომ, რომ იდეა გადმომეცა... აი...  – ჩაცმულია?! – უცებ შეჰყვირა კოლიმ, თითქოს სურათის თვალიერების დროს თავში ურო ჩასცეს.  – ო... როგორ თუ ჩაცმული! – აღელვებულმა ჰკითხა სინიორინამ.  – არა, ბოდიში! – მგზნებარედ განაგრძობდა კოლი. – თქვენ სიცოცხლე პერანგიანი დახატეთ... დავუშვათ, თუნდაც ტუნიკი ეცვას! არა და არა! ის შიშველი უნდა იყოს, შიშველი, სიცოცხლე აუცილებლად შიშველი უნდა იყოს, ძვირფასო ქალბატონო, აუცილებლად!  – მაპატიეთ, – წაიჩურჩულა სინიორინა კონსალვიმ და თვალები დახარა. – გთხოვთ, ყურადღებით დააკვირდით.  – დიახ, ვხედავ, ვხედავ, – უპასუხა კიდევ მეტად აღელვებულმა კოლიმ. – აქ ალბათ გინდოდათ საკუთარი თავი დაგეხატათ, ავტოპორტრეტი გამოგესახათ, მაგრამ, ნება მიბოძეთ, ვიფიქრო, რომ თქვენ გაცილებით მშვენიერი ხართ. ეს მარტო სასაფლაოს ძეგლი კი არ იქნება, არამედ ხელოვნების ნიმუში. ამ სხეულმა, თქვენის ნებართვით, უნდა გამოხატოს სიცოცხლე, რომელიც ჯვარს იწერს სიკვდილზე. რაკი ჩონჩხი ჩაცმულია, სიცოცხლე შიშველი უნდა იყოს, ნუთუ ეს გაუგებარია? დიახ, სრულიად შიშველი და მშვენიერი, კეთილო სინიორინა, რომ მეტი კონტრასტი შექმნას ამ შესუდრულ იმქვეყნიურ ჩონჩხთან! შიშველი! პოლიანი, განა არ მეთანხმები? შიშველი, არა, სინიორინა? აბსოლუტურად შიშველი! დამიჯერეთ, უკიდურეს შემთხვევაში, ეს ლაზარეთის სცენას დაემსგავსება: ზეწარში გახვეული მამაკაცი და ხალათიანი ქალი... ჩვენ ხომ ქანდაკება უნდა შევქმნათ, ამიტომ ამოსავალი წერტილიც ეს უნდა იყოს!  – არა, არა, მომიტევეთ, – ჩაილაპარაკა სინიორინა კონსალვიმ და დედასთან ერთად ისიც წამოდგა. – ხელოვნების თვალსაზრისით თქვენი მოსაზრება ალბათ სავსებით დამაჯერებელია, ვერც შეგედავებით, მაგრამ ის, რაც მე მინდა, შეიძლება ისე გამოიხატოს, როგორც ჩავიფიქრე. და თუ დამაძალებთ, იძულებული გავხდები, უარი ვთქვა...  – კი მაგრამ, რატომ? მაპატიეთ, მაგრამ მარტო თქვენ თავს რატომ წარმოიდგენთ და რატომ აღიქვამთ ასე სიმბოლურად, მითხარით, თუ შეიძლება! ეს ქალიშვილი ლამაზია, მაგრამ სულაც არ ნიშნავს, რომ... მაპატიეთ...       სინიორინამ უპასუხა: – სულაც არ არის ლამაზი. ვიცი, მაგრამ მე მინდა ეს სიმბოლური კი არ იყოს, არამედ მე თვითონ ვიყო, ჩემი ბედი, ჩემი გრძნობები. სხვაგვარად არ შემიძლია. ამას გარდა, იფიქრეთ ისიც, რა ადგილას უნდა იდგეს ეს ძეგლი... ერთი სიტყვით, მე ვერ დაგთანხმდებით.       კოლიმ ხელები მოიფშვნიტა და თავი მხრებში ჩარგო: – ეს ხომ ცრურწმენაა!  – ანდა, უფრო სწორად, პატივისცემის ღირსი გრძნობა, – შეუსწორა სინიორინამ მშვიდი, სევდიანი ღიმილით.       გადაწყვიტეს, რომ ორივე მეგობარი დანარჩენ დეტალებზე კომენდატორე სერალის შეუთანხმდებოდა. შემდეგ სინიორა კონსალვი და მგლოვიარე სინიორინა ახალგაზრდა კაცებს დაემშვიდობნენ.       როცა ისინი წავიდნენ, ჩირო კოლი ქუსლებზე შემოტრიალდა და ხელების ფშვნეტით წაიმღერა: "ტრა-ლა-რა-ლე-რო, ტრა-ლა-რა-ლერა!"       ერთი კვირის შემდეგ კონსტანტინო პოლიანი სინიორინა კონსალვისთან გაეშურა და სტუდიაში მიიწვია, რომ მისი თავის მონახაზი გაეკეთებინა.       კომენდატორე სერალისგან, სინიორინა კონსალვის უახლოესი მეგობრისგან, გაიგო, რომ სორინიმ, რომელმაც ნადირობის დროს მომხდარი უბედური შემთხვევის შემდეგ კიდევ სამი დღე იცოცხლა, საცოლეს მამისგან მემკვიდრეობით მიღებული მთელი თავისი ქონება დაუტოვა. აი, რატომ გადაეწყვიტათ ძეგლი დაედგათ მისთვის და ნაკლებად დარდობდნენ იმაზე, რა დაჯდებოდა ეს ყველაფერი.       სინიორ სერალიმ დაიჩივლა, ყველა იმ საზრუნავის, გულისტკივილისა და უსიამოვნებისგან, რაც თავს დამატყდა ამ უბედური შემთხვევის გამო, მთლად ძალაგამოცლილი ვარ. ისიც უნდა აღინიშნოს, რომ სინიორინა კონსალვი ბუნებით ერთგვარად გრძნობებს აყოლილია, უფრო აზვიადებს თავის გულისტკივილს, საზრუნავსა თუ უსიამოვნებებს. საბრალო, ნამდვილად იმსახურებს თანაგრძნობას, მაგრამ, ღმერთო შემიწყალე, ზოგჯერ შეიძლება კაცმა იფიქროს, რომ მოსწონს კიდეც თავისი განცდების გადაჭარბება. ოჰ, არავინ ედავება, ეს მართლაც საშინელი ლახვარია, მართლაც მოწმენდილ ცაზე მეხის გაელვებას ჰგავს! თან როგორი კარგი კაცი იყო, საბრალო სორინი! რა ლამაზი! ან რა შეყვარებული!.. რა თქმა უნდა, ბედნიერებას მოუტანდა ამ ქალიშვილს. ვინ იცის, იქნებ იმიტომაც იყო ასეთი დღემოკლე.       ისე გამოდიოდა, რომ სორინი კარგი კაცი იყო და უდროოდაც განგებ გარდაიცვალა, რომ კომენდატორე სერალი გაენაწყენებინა.       აბა, მარტო ის რად ღირდა, რომ სინიორინა კონსალვიმ არ ისურვა წასულიყო იმ სახლიდან, რომელიც მისმა საქმრომ მზრუნველობით მოუწყო, წვრილმანიც კი არ გამორჩენია: მშვენიერი ბუდე გაუკეთა უნ ჯოლი რევე დე ლუხე ეტ დე ბიენ-ეტრე.1 ქალმა განკარგულება გასცა, იქ გადაეტანათ მისი მდიდარი მზითვი და იქვე ატარებდა დღის უმეტეს ნაწილს. არ ტიროდა. ო, არა! იმ ცხოვრებაზე ოცნებით იტანჯავდა თავს, რომელიც ესოდენ უბედურად შეწყდა, ჯერ კიდევ მანამ, სანამ დაიწყებოდა.       მართლაც, პოლიანის შინ არ დახვდა სინიორინა კონსალვი. მოახლემ მისი ახალი საცხოვრებლის მისამართი მისცა ვია პორტა პინჩანაზე. გზად კონსტანტინო პოლიანი იმ მტანჯველ და მწარე სიამოვნებაზე ფიქრობდა, რომელიც საბრალო საპატარძლომ ქორწინებამდე იგემა. რა დღეში იქნებოდა გათხოვებამდე დაქვრივებული, ალბათ დარდს შეაჭმევინებდა თავს, შეუმდგარი ბედნიერების გამო! იმ ცხოვრებაზე ოცნებას გადაჰყვებოდა, რომელიც წინ ელოდა.       ახალი ავეჯი, სასიძო-საპატარძლოს მიერ მზრუნველობით, ყურადღებით შერჩეული და სიყვარულთთ დაწყობილი იმ სახლში, რომელსაც რამდენიმე დღის შემდეგ თავისი პატრონებისთვის უნდა ემასპინძლა, რამდენ სიხარულს ჰპირდებოდა მათ!       აბა, ერთ წამს თქვენი ოცნება კოპწია ზანდუკში ჩაკეტეთ, მერე გახსენით და უდავოდ შეცბებით, მაგრამ აქ არაფერი ასეთი არ მომხდარა: ყველა საგანი ტკბილ ოცნებებთან ერთად ინახავდა იმედებსაც, დანაპირებსაც და, ალბათ, როგორი სასტიკი ეჩვენებოდა უბედურ საპატარძლოს მის გარშემო დალაგებული ნივთების ეს მდუმარე გამოწვევა.  – თანაც ასეთ დღეს, როგორიც დღევანდელია! – ამოიხვნეშა კონსტანტინო პოლიანიმ.       ჰაერში უკვე იგრძნობოდა მოახლოებული გაზაფხულის სუნთქვა; მზის პირველი სითბო გულს ეამებოდა.       ნეტავ რა ტანჯავდა, რაზე ფიქრობდა თავის ახალ სახლში საბრალო სინიორინა კონსალვი, რომელსაც ფანჯრები გამოეხსნა გაზაფხულის მზის სხივების შესაგებებლად, ვინ იცის!       კონსტანტინე პოლიანის სინიორინა მოლბერტთან მჯდომი დაუხვდა: თავის საქმროს ხატავდა. გაუბედავად, თუმცა დიდი მონდომებით პატარა ფოტოსურათიდან დიდ ასლს აკეთებდა, დედამისი კი დროის მოსაკლავად კომენდატორე სერალის ბიბლიოთეკიდან რომელიღაც ფრანგულ რომანს კითხულობდა.       სიმართლე რომ ითქვას, სინიორინა კონსალვის ნამდვილად ერჩივნა, მარტო ყოფილიყო თავის განმარტოებულ ბუდეში. დედა აშკარად ხელს უშლიდა იქ ყოფნით, მაგრამ სინიორა კონსალვი შიშობდა, რომანტიკულმა ეგზალტაციამ ჩემს ქალიშვილს რაიმე სისულელისკენ არ უბიძგოს და არ ჩაადენინოსო. ამიტომაც სახლიდან ფეხს არ დგამდა, გამუდმებით მის გვერდით იყო. თუმცა კი ჩუმად იჯდა და არც კი ოხრავდა, არადა, შვილის სიკერპე და ახირება ნამდვილად არ მოსწონდა.       სინიორა კონსალვი ადრე დაქვრივდა და პატარა გოგონათი უსახსროდ დარჩა. მაგრამ ცხოვრებას ზურგი ვერ შეაქცია და დარდიც კართან გუშაგივით არ გაუჩერებია, როგორც ახლა, ჩანს, მისი ქალიშვილი იქცეოდა.       სულაც არ ფიქრობდა, რომ ჯულიეტას არ უნდა ეგლოვა თავისი მწარე ხვედრი, მაგრამ თავის უახლოეს მეგობარ კომენდატორე სერალივით მასაც მიაჩნდა, რომ მისი ქალიშვილი გადაჭარბებულად დარდობდა: საწყალი სორინის შემდეგ დარჩენილი დიდი სიმდიდრის წყალობით ჯულიეტამ თავს ნება მისცა, მწუხარებასთან ერთად განმარტოებულიყო და ამ ფუფუნებით ესარგებლა. დედამისმა კი კარგად იცოდა ცხოვრების მკაცრი და ვერაგი კანონები, ჯერ კიდევ არ მოშუშებოდა ტკივილები, რომელიც ბევრმა დამცირებამ და არსებობისთვის ბრძოლამ არგუნა. ამიტომაც იყო, რომ ქალიშვილის უმოწყალო ბედი გაცილებით უფრო იოლი გადასატანი ეჩვენებოდა; საკუთარი მძიმე გამოცდილების შემდეგ ჯულიეტას საქციელი სავსებით საპატიებელ სისუსტედ ჩათვალა, რა თქმა უნდა, იმ პირობით, თუ ეს ძალიანაც არ გახანგრძლივდებოდა... – ვაილა.1 როგორც ჩვეულებრივ იტყოდა ხოლმე კომენდატორე სერალი.       გონიერმა ქალმა, რომელსაც ბევრი განეცადა და ბევრის მნახველიც იყო, არაერთხელ სცადა ქალიშვილის გამოფხიზლება, – მაგრამ ამაოდ! მისი მეოცნებე და ფანტაზიორი ჯულიეტა იმდენად არ წუხდა, რამდენადაც საკუთარ თავს უნერგავდა, უნდა ვიდარდოო. სწორედ ეს იყო უბედურება! – გრძნობა, დროთა განმავლობაში, აუცილებლად სუსტდება, გონება კი – პირიქით, უფრო ძლიერდება. ამან გაუჩინა ის სულელური აზრიც, რომ სასაფლაოზე ძეგლი დაედგა, რომელსაც სიცოცხლისა და სიკვდილის ჯვარისწერა უნდა აესახა (ეს რაღა ქორწინებაა!). ამაზე არანაკლები სიგიჟე იყო ჯულიეტას მეორე ახირება – ხელუხლებლად შეენახა თავისი საქმროს სამყოფელი, რომ იქ ეოცნება იმ ცხოვრებაზე, რომლის დაგემოვნებაც არ ეწერა.       ამიტომაც იყო, რომ იყო სინიორა კონსალვის უზომოდ გაუხდა პოლიანის მოსვლა.       ყველა ფანჯარა ღია იყო და მზის სხივები ოთახს ავსებდა. თვალისმომჭრელ სხივებში ჩაძირული ვილი ბორგეზეს მშვენიერი ფიჭვების ტყე მწვანე მინდვრებს უერთდებოდა, ხეებს კენწეროები ცისკენ აეწვდინათ.       სინიორინა კონსალვი წამოდგა და სცადა სწრაფად დაემალა ნახატი, მაგრამ პოლიანიმ დაიჟინა: – რატომ? არ გინდათ ნება დამრთოთ, რომ თვალი მაინც შევავლო?  – ეს მხოლოდ მონახაზია...  – მაგრამ შესანიშნავი! – წამოიძახა პოლიანიმ, როცა ნახატს შეხედა. – დიახ, შესანიშნავია... ეს ის არის, სორინი, არა? დიახ, დიახ, ფოტოსურათს რომ შევხედე, მგონი, ნამდვილად ჰგავს. ასეა, ასე... მე ხომ მას ვიცნობდი... მაგრამ ის ხომ წვერს ატარებდა?  – არა, – ნაჩქარევად უპასუხა სინიორინამ, – სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე მოიპარსა.  – დიახ, მეც ასე მგონია... რა ლამაზი ყმაწვილი იყო, პირდაპირ კალმით ნახატს ჰგავდა...  – არ ვიცი, რა ვქნა, – ისევ თქვა სინიორინამ, – საქმე ის გახლავთ, რომ ეს ფოტო სულაც არ ჰგავს ჩემს გონებაში ჩაბეჭდილ წარმოდგენას.  – ო, დიახ, – მაშინვე დაეთანხმა პოლიანი. – ის გაცილებით უკეთესი იყო, გაცილებით... გაცილებით ხატოვანი სახე ჰქონდა, უფრო ცოცხალი... მე ვიტყოდი...  – ეს ფოტო ამერიკაშია გადაღებული, – შენიშნა დედამ, – ჯერ კიდევ მანამდე, სანამ დაინიშნებოდნენ...  – მეტი არც მაქვს! – ამოიოხრა სინიორინამ. – თვალებს დავხუჭავ ხოლმე და ზუსტად ისეთი წარმომიდგება, როგორიც ბოლო დღეებში იყო, მაგრამ როგორც კი ფანქარს ვიღებ ხელში, სულ იფანტება მისი სახე; სწორედ მაშინ მივაშტერდები ხოლმე ფოტოსურათს და თანდათან მეჩვენება, რომ კვლავ ჩემ წინაშე დგას, ხორცშესხმული. ისევ ვცდილობ პორტრეტის გაგრძელებას და ისევ ვეღარ ვცნობ ამ ხაზებში. სასოწარკვეთილებამდე ვარ მისული!  – ერთი შეხედე, ჯულია, – შენიშნა უცებ დედამ, რომელიც პოლიანის შეჰყურებდა, – ნუთუ ვერ ამჩნევ, ნიკაპის მოყვანილობა, წვერი რომ არ ჰქონდეს... ვერ ამჩნევ, სინიორ პოლიანის ნიკაპი...       პოლიანი გაწითლდა და გაიღიმა. უნებურად ნიკაპი წინ წამოსწია, თითქოს სინიორინა აპირებდა ორი თითით აეღო ეს ნიკაპი და სორინის პორტრეტზე გადაეტანა.       სინიორინამ შეფიქრიანებულმა ახედა ჭერს, მერე კი მორცხვად შეხედა მოქანდაკეს, – რა არის, რომ დედამისი სრულიად არ ითვალისწინებს მის გლოვას!  – ულვაშებიც ისეთი აქვს, შეხედე, – დაიჟინა სინიორინა კონსალვიმ, – საბრალო სორინი ხომ ბოლო დროს ულვაშს ატარებდა, ასე არ არის?  – რად მინდა ულვაშები, – წყენით უპასუხა სინიორინამ. – სულაც არ ვაპირებ ულვაშების დახატვას.       კონსტანტინო პოლიანიმ უნებურად ხელი წაავლო თავის ულვაშს, ისევ გაიღიმა და დაეთანხმა: – არც არის საჭირო მათი დახატვა...       მერე მოლბერტს მიუახლოვდა და თქვა: – აი, შეხედეთ, თუ ნებას მომცემთ... მინდოდა თქვენთვის მეჩვენებინა, სინიორინა... აი ასე, აქ ორი შტრიხით... ღვთის გულისათვის, ნუ შეწუხდებით! აქ, ეს ადგილი (ნახატი წაშალა)... რამდენადაც მახსოვს, საბრალო სორინი...       დაჯდა და ფოტოსურათს დააცქერდა. მერე სორინის თავის ხატვა დაიწყო. სინიორინა კონსალვი ჟრჟოლით ადევნებდა თვალს მისი ხელის სწრაფ მოძრაობას. ყოველი ახალი შტრიხის მოსმისას ნახევრად ღია ბაგეებიდან აღტაცების შეძახილები სწყდებოდა: "დიახ... დიახ... დიახ...", რაც მოქანდაკეს კიდევ მეტ შთამაგონებას სძენდა და, შეიძლება ითქვას, მის ფანქარსაც კი მიმართულებას აძლევდა. როცა დაამთავრა, ქალმა აღფრთოვანება ვეღარ დაფარა.  – დიახ, დიახ! შეხედე, დედა... ეს ის არის... ნამდვილი სორინია... ო, ნება მომეცით... გმადლობთ... რაოდენი წყალობაა, შეგეძლოს აი, ასე... ეს ხომ სრულყოფილებაა... სრულყოფილება...  – პატარა პრაქტიკას გაივლით და... – თავმდაბლად უთხრა პოლიანიმ და წამოდგა, თუმცა აღტაცებული ქებისგან აშკარად ნასიამოვნები იყო: – გარდა ამისა, მე ხომ უკვე გითხარით, მშვენივრად მახსოვს უბედური სორინი-მეთქი...       სინიორინა კონსალვი ისევ ხარბად მისჩერებოდა ნახატს.  – ნიკაპიც კი... ისეთი აქვს, როგორც მას... ზუსტად ისეთი... გმადლობთ, გმადლობთ.       უცებ სორინის ფოტოსურათი, ორიგინალის მაგივრად რომ შემოედოთ მოლბერტზე, დაცურდა. სინიორინა კონსალვი პოლიანის ნახატის ცქერით ისე იყო გატაცებული, არც კი დახრილა ასაღებად.       პატარა, ოდნავ შელახული ფოტოსურათი იატაკზე ეგდო. სორინის სახე დასევდიანებოდა, თითქოს მართლა ესმოდა, რომ მისთვის უკვე ყველაფერი დამთავრდა, აღარაფერი არსებობდა.       მაგრამ პოლიანი რაინდულად დაიხარა და ფოტოსურათი აიღო.  – გმადლობთ, – უთხრა სინიორინამ. – მაგრამ, იცოდეთ, ამიერიდან თქვენი ნახატის მიხედვით ვიხელმძღვანელებ. აღარც შევხედავ ამ უბადრუკ ფოტოს.       ზემოთ აიხედა. უცებ მოეჩვენა, რომ ოთახი მეტად განათდა. აღტაცებამ მთლად გაახალისა, თითქოს სულ მიავიწყდა დარდი, შვებითაც კი ამოისუნთქა; თითქოს დათვრა ღია ფანჯრებიდან შემოჭრილი გაზაფხულის ხალისიანი, კაშკაშა, მომაჯადოებელი ზღაპრული სანახაობით.       განუმეორებელი წუთი! სინიორინა კონსალვიმ ვერ გაიგო, რა მოხდა მის სულში. ყველა ახალ, თუმცაღა ჩვეულ საგნებს თვალი მოავლო და უნებურად ისეთი გრძნობა დაეუფლა, თითქოს ახლა დაიბადა. თავისუფლად იგრძნო თავი, თითქოს გათავისუფლდა კოშმარისგან, რომელიც ბოლო წუთამდე გულს უკუმშავდა. რაღაც უხილავმა ძალამ შეაკრთო, ფანჯრიდან შემოიჭრა და გრძნობები გაუღვიძა, გული აუფორიაქა: თითქოს, უძლეველმა ძალამ შთაბერა სიცოცხლე იმ საგნებს, რომელთაც ჯულიეტა უმტკიცებდა, ცხოვრება აღარ ღირსო და აქ ასე ხელუხლებლად დატოვა, რათა მათთან ერთად მისცემოდა სასიკვდილო ძილს.       აყურადებდა სასიამოვნო ხმას, ესმოდა ახალგაზრდა, კარგი აღნაგობის მოქანდაკე როგორ აქებდა ლამაზ პეიზაჟს და მშვენივრად მოწყობილ სახლს, როგორ ესაუბრებოდა დედამისს, რომელიც სხვა ოთახების დასათვალიერებლად ეპატიჟებოდა და საოცრად აღელვებული ადევნებდა თვალს ორივეს, თითქოს ეს უცხო ჭაბუკი მართლა იმიტომ შემოიჭრა აქ, რომ საღათას ძილისგან გამოეფხიზლებინა და კვლავ ცხოვრებისთვის დაებრუნებინა იგი.       ისეთი ძლიერი აღმოჩნდა ეს ახალი გრძნობა, რომ გოგონამ საძინებლის ზღურბლზე გადაბიჯება ვერ გაბედა, ხოლო როცა დაინახა, ახალგაზრდა კაცმა და დედამისმა ერთმანეთს როგორ მრავალმნიშვნელოვნად, თუმცაღა ოდნავი სევდით გადახედეს, თავი ვეღარ შეიკავა და აქვითინდა.       იმასვე დასტიროდა, რისთვისაც ამდენ ხანს ღვრიდა ცრემლებს, მაგრამ – ჯერაც გაუაზრებლად, – მაინც ესმოდა, რომ ეს ცრემლები სულ სხვაგვარი იყო, რადგან ტირილი ახლა მის სულში ძველ დარდს აღარ აღვიძებდა, არ ესახებოდა ის აკვიატებული სახე, რომელიც ადრე სულ თვალწინ ედგა. განსაკუთრებით მკაფიოდ ეს მაშინ იგრძნო, როცა დედამისმა მოირბინა და ისევ დაუწყო დამშვიდება, როგორც ბევრჯერ ამშვიდებდა იმავე სიტყვებით, იმავე დარიგებებით. ჯულიეტამ ვეღარ გაუძლო ამას, თავს ძალა დაატანა და ქვითინი შეწყვიტა. მადლიერი დარჩა ჭაბუკის, რომელმაც თითქოსდა მის გასართობად და ყურადღების გადასატანად, სთხოვა იქვე, თაროზე დადებული ნახატებიანი საქაღალდე ეჩვენებინა.       ესმოდა ქება, ზომიერი, თუმცა გულწრფელი, შიგადაშიგ შენიშვნებიც, რჩევები, შეკითხვები, რაც აიძულებდა ქალს, განმარტებები მიეცა. ბოლოს კი მგზნებარედ სთხოვდა, მეტი ესწავლა, ხელოვნებისადმი მიდრეკილება არ მიეტოვებინა – გაეღრმავებინა ესა უდავო ნიჭი! თუ ასე არ მოიქცევა, ცოდვას ჩაიდენს, ნამდვილად ცოდვას ჩაიდენს! საღებავებით ხატვა არასოდეს უცდია? არც ერთხელ? კი მაგრამ, რატომ? ო, არა, ეს სულაც არ არის ძნელი ასეთი მონაცემების, ასეთი ემოციური ბუნების მქონე ადამიანისთვის.       კონსტანტინო პოლიანიმ შესთავაზა, ჯერჯერობით მე დაგეხმარებითო. სინიორინა კონსალვი დათანხმდა და გაკვეთილები მეორე დღესვე დაიწყეს, იმავე ახალ, ლამაზად მოწყობილ სახლში.       ორი თვის შემდეგ პოლიანის სტუდიაში, სადაც უკვე მთლად დასრულებული საფლავის უზარმაზარი ძეგლი იდგა, გრძელ ხალათში გამოწყობილი ჩირო კოლი დივანზე გაშოტილიყო და თან ყალიონს აბოლებდა; მის წინ შავ სადგამზე იდგა ნაცნობი ექიმისგან ნათხოვარი ჩონჩხი, რომელიც მოდელის მაგივრობას უწევდა. მოქანდაკე მას საკმაოდ უცნაურად ებაასებოდა.       კოლიმ ოდნავ გვერდულად წამოაცვა თავისი ქაღალდის ქუდი, ჩონჩხიც, თითქოს ფეხოსანი ჯარისკაციაო, გაჭიმული იდგა და ყურადღებით უსმენდა დარიგებებს, რომელსაც ჩირო კოლი, მოქანდაკე კაპრალი აძლევდა და თან აბოლებდა: – ნეტავ ვიცოდე, რა ჯანდაბამ წაგიყვანა სანადიროდ? ხედავ, როგორ მიგატოვეს, ჩემო კარგო? ახლა რაღა გინდა... ფეხები ჯოხებს მიგიგავს... მთლად ჩამოხმი... გულწრფელად რომ ვილაპარაკოთ, ნუთუ ფიქრობ, რომ თქვენი ქორწინება შედგებოდა? არა, ერთი თვალი შეავლე ცხოვრებას, ჩემო კარგო... ეს რა კარგი გოგონა გამოძერწა ჩემმა ხელებმა, ნაკლს ვერ უპოვის კაცი, ნუთუ მართლა გაქვს იმედი, რომ შენთან ქორწინებას მოინდომებს? აი, აქვე დგას, შენ გვერდით, მორიდებული და გაყურსული, ცრემლები სდის თვალებიდან... მაგრამ რაც შეეხება საქორწინო ბეჭედს... მაგაზე ფიქრი თავიდან ამოიგდე! ფული კი – ფული ბლომად არის!.. შენ ხომ მთელი ქონება დაუმტკიცე? ახლა ჩემგან რაღა გინდა? მაინცდამაინც უნდა გითხრა, რომ ამ ქორწინების არ მჯეროდა-მეთქი? საცოდავი სულელები იქნებიან ისინი, ვინც ამას ირწმუნებენ! ის ახლა ფერწერას სწავლობს და მერე იცი, ვინ არის მისი მასწავლებელი? კონსტანტინო პოლიანი. აი, ნამდვილი ოინი. შენ ადგილზე ნამდვილად დუელში გამოვიწვევდი. ამ დილით ვერ გაიგონე? პირდაპირ მიბრძანა. მას არ უნდა, მიკრძალავს, რომ შიშველი გამოვსახო ჯულიეტა. არადა, ეგ ვირი ხომ მაინც მოქანდაკეა და შესანიშნავად იცის – იმისთვის, რომ ტანზე ჩავაცვა, ჯერ შიშველი უნდა გამოვძერწო... მე შენ ყველაფერს ისე გეუბნები, როგორც არის: ბიჭს არ უნდა, რომ ამ შიშველ სხეულს მისი სინიორინას მშვენიერი სახე ჰქონდეს... რომ გაბრაზდა, პირდაპირ მივარდა – ხედავ? ჯოხის ორი დარტყმით ბრახ-ბრუხ! – სულ გამიფუჭა ნამუშევარი... იქნებ შენ ამიხსნა, რატომ მოიქცა ასე, ჩემო ერთგულო ჯარისკაცო? მე ვუყვიროდი: "თავი დაანებე! ერთ წუთში შევმოსავ, ჩავაცმევ-მეთქი!" მაგრამ ჩაცმისთვის სადღა სცალიათ! ახლა უნდათ, რომ... სიცოცხლე გაშიშვლებული დაინახონ, გაშიშვლებული, გაშიშვლებული და არა გალამაზებული, როგორც ნამდვილად არის, ჩემო კარგო! ისინი ისევ ჩემს პირველ ესკიზს დაუბრუნდნენ, სიმბოლურს. ჯანდაბას პორტრეტი! შენ, ჩემო კარგო, სიცოცხლეს ეჭიდები, რომლისთვისაც უკვე უსარგებლო ხარ... ან რამ წაგიყვანა სანადიროდ? მითხარი, ღვთის გულისათვის! ლუიჯი პირანდელო …
დაამატა Kakha to ლიტერატურა at 1:04pm on სექტემბერი 10, 2015
პოსტი: არ განიკითხოთ - და არ განიკითხებით

არ განიკითხოთ - და არ განიკითხებით

* * *

ეგვიპტეში, იმ ადგილის მახლობლად, სადაც ადრე წმიდა მამები მოღვაწეობდნენ, ცხოვრობდა ერთი ძმა, რომელიც ცოდვაში…

დაამატა შორენა კენჭოშვილი at 8:13pm on იანვარი 12, 2014
პოსტი: იცინის, ტირის, ის!

იცინის, ტირის, ის!

...სევდიანი, ფიქრთ გასართველად...…

დაამატა ლაშა at 10:07pm on ნოემბერი 15, 2013
თემა: მთხრებლი და ქანქარა
ent. (პარიზში, იაკობინელთა კლუბის ადგილას გასამართავი ბაზრის კარიბჭეზე წასაწერად შეუთხზავთ ეს ოთხსტრიქონიანი ლექსი).    სულთმობრძავივით სულ, სულ დამაოსა ამ გაუთავებელმა წამებამ. ბოლოს, როცა ხელ-ფეხი გამიხსნეს და დამრთეს წამოჯდომის ნება, ვიგრძენი-გული მელეოდა. განაჩენი, სასიკვდილოდ განაჩენი იყო უკანასკნელი სიტყვა, ჩემს ყურამდე რომ მოაღწია. ამის შემდეგ შორითღა მოისმოდა ერთ ყრუ გუგუნად შერთული ინკვიზიტორთა ხმები, რამაც ბრუნვის ხატებად გამიელვა, შესაძლოა, საწისქვილე ბორბლის ხმიან-ბზრიალის ასოციაციისდა კვალად. მეტი აღარაფერი გამიგონია. ამ დროს - რა შემზარავად ცხადლივ! - დავინახე შავოსანი მოსამართლეების საოცრად გაწვრილებული, ამ სიტყვების წარმომჩენ ქაღალდზე უფრო თეთრი ტუჩები. გულქვაობა, დაუნდობლობა, კაცის ტანჯვა-წამებისადმი უსაზმო ზიზღი გამოესახათ ამ გალეულ ტუჩებს. ვხედავდი, თუ როგორ გადმოსდიოდათ მათ ჩემი საბედო განჩინება. ვხედავდი, ჩემს სახელს იძახდნენ, ვხედავდი, და რაკიღა ამაოდ ვცდილობდი მის გაგონებას, ტანზე ეკალი ამესხა. თავზარდაცემულმა ახლაღა შევნიშნე მდოვრე, ძლივს დასანახი ძვრა კედლებზე გაკრული შავი ფარდაგებისა; მერე კი მაგიდაზე შვიდ მაღალ სანთელს მოვკარი თვალი, მოწყალების ფეროვნება მოიღეს ჯერ ამ სანთლებმა, ვითომც ჩემს გადასარჩენად მოვლენილი საროტანი ანგელოსები იყვნენ; მაგრამ საშინლად ამერია გული. გალვანური ბატარეის მავთულს ხელმოკიდებული კაცის მსგავსად, თავით ფეხამდე ყოველი ნერვის შეტოკება ვიგრძენი, ალმოგზნებულ უსახურ ჩრდილებად გადაიქცნენ ეს ანგელოსები, მივხვდი: აღარც მათ შეეძლოთ ჩემი გამოხსნა. სულის სიღრმეში მუსიკის ხმასავსე ჰანგებად მომეახლა ფიქრი, რა კარგი იქნებოდა-მეთქი ახლა ცივ სამარეში - ნელინელ და უჩუმრად მომივიდა ეს აზრად, თითქოსდა დიდი ხნით ადრე, ჯერ კიდევ მანამდე, ვიდრე სრულიად ჩავხვდებოდი მის მნიშვნელობას. მაგრამ საბოლოოდ ეს ფიქრი მკაფიოდ რომ გავისაკუთრე, მოჯადოებულივით გამიუფერულდნენ თვალში მოსამართლეთა ლანდები; განუჭვრეტელ წყვდიადში დაიძირნენ მაღალი შანდლები, ცეცხლი გაქრობოდათ სანთლებს, ბნელ-უკუნეთი ჩამოწვა; თითქოს ჩემი ყოველი საგრძნობელი ჰადესში გადასული სულისამებრ გადაჰყოლოდა გაშმაგებულ მორევს. დაისადგურა მარადიულმა მდუმარებამ, მყუდროებამ და ლუსკუმმა ღამემ.    გული შემღონებოდა, მაგრამ მაინც ვერ ვიტყვი, სულ მთლად დავკარგე-მეთქი გრძნობა. მისი ნარჩენის განსაზღვრას ან აღწერას არ შევეცდები, ერთი რამ ცხადია - ყველაფერი არ ქრება; ძილქუშში - არა! ბოდვაში - არა! სამარეშიც არ დაითქმება ყოველივე უკვალოდ - ადამიანიშვილის უკვდავებას მაშინ ვინღა იტყოდა. ძილნასვამი კაცი ხომ გაგლეჯს ხოლმე სიზმარეთის ხვანჯებს და იმავე წამს (იმდენად უღონო შეიძლება იყოს ძაფი ხვანჯისა) ამ ნაბურანევის აღარაფერი გვახსოვს. გონს რომ მოდის გულშეღონებული, ორ საფეხურს გამოივლის: ჯერ სულისეულ, ანუ გონით შეგრძნებას, ფიზიკური არსებობისას კი მერე, და თუ ამ არსებობას მოვაღწევთ, შეიძლება მივაკვლიოთ იმ პირველშობილის შთაბეჭდილებას. ამ შთაბეჭდილებამ კი, თავის მხრივ, იქნებ, იმქვეყნიური უფსკრული წამოგვაგონოს. ეს უფსკრული კი რაღაა? დაბოლოს, შევძლებთ კი მისი ფერი სამარის ფერს გამოვარჩიოთ? მაგრამ შეუძლებელი თუა ძალისხმევით იმ პირველშობილ შთაბეჭდილებათა გახსენება, დიდი დროის გავლის შემდგომ ეგებ მოუპატიჟებლად მოგვეახლონ ისინი, და საიდან? არ გვეცოდინება ჩვენდა გასაოცრად, ვისაც თავის დღეში არ შეღონებია გული, ის არ იქნება ის კაცი, ვინც მღვივარე ნაკვერჩხლებში იხილავს უცხო სასახლეებსა და მეტად ნაცნობ სახეებს, ვინც მრავლისთვის შეუმჩნეველ ჰაერში მოლივლივე გულის ამღვრევ ხილვებს თვალს მოკრავს, ვინც გაყუჩდება უცხო ყვავილის სურნელებით ფიქრებაშლილი, ვინც შეჩქვიფდება უცნობი მუსიკის ჰანგების მოსმენისას.    ფიქრში წასული მრავალგზის ვძალობდი ჩემი სულ-გულის მომცველ, მოჩვენებით არყოფნის ნიშნების მოგონებას და ზოგჯერ ასე მეგონა - აჰა, წადილი ავისრულე-მეთქი; ცოტა ხნით, სულ ცოტა ხნით ნათელს მოიღებდნენ ეს მოგონებები და შემდეგ უკვე გონს მოსული ვხვდებოდი: ცნობამიხდილი კაცის ამბავს ვიხსენებდი, თურმე. ჩრდილები ამ მეხსიერებისა ბუნდად მამცნობენ აყალყებულ ლანდებზე, რომლებმაც სრულ სიჩუმეში ამიტაცეს და წამიღეს ქვევით, ქვევით, სულ ქვევით, ვიდრე არ დამარეტიანა ამის გაფიქრებამ, აღარ გათავდა-მეთქი ეს წიაღსვლა. გულის გაუსაძლის ჩაღამებასაც მამცნობდნენ ისინი - ისეთ არაბუნებრივ სიმშვიდეს მოეცვა გული. მერე უცბად ჩემი ყოველი ასოს შემბოჭველი უძრაობა შევიგრძენი. თითქოს იმათ, ვისაც მივყავდი (ჰოი, ეს შემზარავი სავალი!) რაღაც უსასრულობის საზღვარი გადაელახათ და გზად ამ ერთფეროვანი ჯაფით გამოღლილებს წამითღა შეესვენათ. კაეშანმა და აპათიამ შემიპყრო ჯერ, მერე კი მთლად ჩამითრია სიგიჟემ - იმ სიგიჟემ, რაღაც აკრძალული ამბის მოგონებისას რომ მოიცავს გონს.    მეყსეულად კვლავ აღვიქვი მოძრაობა და ხმაურობა - გულისბაგაბუგი ჩამესმა ყურში. შემდეგ გამოცარიელდა ყველაფერი. მერე ისევ რაღაც ხმაური, მოძრაობა; შეხებასაც ვგრძნობ, კანკალი მომეკიდა თავით ფეხებამდე, მერე არსებობის უაზრო შეგრძნებაღა დამრჩა და ასე კარგა ხანს გასტანა. მერე უეცრად ფიქრმა ამიტანა, სული კოჭებში გამეპარა და გააფთრებით ვცდილობდი ჩემი მაშინდელი ყოფის გარკვევას. მერე დიდი სურვილი დამებადა, ნეტავ ისევ უგრძნობელი ვეგდო-მეთქი, მერე უცებ გონს მოვედი და შევძელი ხელ-ფეხის განძრევა. ნათლად წარმომიდგა პროცესი - მოსამართლეები, შავი ფარდები, განაჩენი, მოუძლურება, გულის შეღონება.. მერმინდელი ამბისა აღარაფერი მახსოვს. ყველაფერი ეს მოგვიანებით და ისიც ბუნდად, დიდი გაჭირვებით, ძლივსღა გავიხსენე.    დიდხანს ვიყავი ასე თვალდახუჭული. მერე ვიგრძენი ზურგზე ვეგდე ხელ-ფეხ შეხსნილი მკლავი გავშალე, მძიმედ დაეცა მაჯა რაღაც სველსა და მკვიდრს. კარგა ხანია ვერ ვწევ ხელს, ვფიქრობ, სად ვარ და რა მჭირს-მეთქი. დრო გადის და ვერ ვბედავ თვალის გახელას. გარშემო საგნების პირველი დანახვის მეშინია. ის კი არ მაწუხებს, რაღაც შემზარავს რომ ვიხილავ; ამ ფიქრმა გამაწვალა - ვაითუ აღარაფერი გამოჩნდეს ირგვლივ. დაბოლოს, უზომოდ სასოწარკვეთილმა დავაჭყიტე თვალი. ცუდს რომ მეუბნებოდა გული, არ მოვტყუებულვარ მარადიულ ღამეს დაესადგურებინა, სუნთქვა შემკვროდა და სული ვერ მომებრუნებინა ამ უკუნეთში. გაუსაძლისად ჩახუთულიყო ჰაერი. კვლავ გაუნძრევლად ვწევარ და ვცდილობ გონის მოკრებას. ინკვიზიტორთა ჩვეულებებს ვიგონებ, ამისდა კვალად ვლამობ ჩემი ამბის გაგებას. განაჩენი უკვე გამოეტანათ და დიდი დრო უნდა ყოფილიყო გასული მას შემდეგ. გულშიაც არ გამივლია, ნამდვილად მკვდარი ვარ-მეთქი. წიგნები კი გვამცნობენ ამდაგვარ შემთხვევებს, მაგრამ რეალურ ცხოვრებაში ასეთი ამბავი შეუძლებელია; და მაინც სად ვიყავი და რა ყოფაში? სიკვდილმისჯილებს, ჩვეულებრივ, აუტოდაფეზე ხოცავენ, და სწორედ ჩემი გასამართლების დღის საღამოს აღესრულებინათ განაჩენი. ნუთუ ისევ დილეგში იმიტომ ჩამომაგდეს, რამდენიმე დღე რომ დავლოდებოდი მორიგ მსხვერპლშეწირვას? მაგრამ - არა. დაუყოვნებლივ უნდა მოიკლას მსხვერპლი! ასე იყო თუ ისე, ტოლედოს ციხეების სიკვდილმისჯილთა საკნების დარად, ამასაც ჰქონდა ქვის იატაკი და სინათლის ნატამალი მაინც აღწევდა აქ. შემზარავმა ფიქრმა გული გადამიქანა, ცუდად გავხდი და კვლავ დავკარგე გრძნობა მცირე ხნით. გონს რომ მოვედი, ზეზე წამოვხტი, ხელები გავიწვდინე, ვერაფერს მივწვდი, ფეხის გადადგმისა კი მაინც მეშინოდა, ვაითუ სამარის კედლებს გადავაწყდე-მეთქი, ხვითქი გადამასკდა და ასე ვიდექი ოფლის მსხვილი წვეთებით შუბლდაცვარული. დაბოლოს, ანწუხზე რომ ამაგო შეუცნობლობამ, ხელებგაშვერილმა ფრთხილად წავიწიე წინ. თვალები კინაღამ საბუდედან გადმომცვივდა, რაკიღა ვძალობდი იმ უღონო ნათლის დანახვას. კარგა ძალი გავიარე, მაგრამ ყველგან სუფევდა მდუმარება და მოზიმზიმე სიცარიელე. ცოტა გულს მომეშვა, აღარც ისეთი შემზარავი ჩანდა ჩემი ბედი. ფრთხილად წინმავალს ახლა ცხადლივ და ცოცხლად გამახსენდა, ხალხი რას არ იძახოდა ტოლედოს ციხეთა გულშემზარავ ამბებზე. ამ დილეგთა გამო რა არ უთქვამთ და სულ ასე ვფიქრობდი, ზღაპრებია-მეთქი. მაგრამ ჩურჩულითღა ჰყვებოდნენ, იმდენად გულს უხეთქავდათ ამ ხმების გამეორება. ამ განუჭვრეტელ მიწისქვეშეთში შიმშილი მომიღებს ბოლოს თუ სხვა უფრო საშინელი ტანჯვა-წამება გამათავებს? ერთი კი იყო ცხადი; უნდა მოვმკვდარიყავი და ჩემი მოსამართლეების კვალობაზე გამორჩეული, შემზარავი სიკვდილით უნდა აღვსრულებულიყავი; დიახ, ამაში ეჭვი არ შემპარვია. რა ჟამს და როგორ - აი, რა მაფიქრებდა და მაშფოთებდა. დაბოლოს, გაწვდილმა ხელმა რაღაც მკვრივი შეიგრძნო - კედელი, როგორც ჩანს, ქვით ნაგები, მეტად გლუვი, სლიპინა და ცივი. გავუყევი მიუნდობლად, რაკიღა გაგონილი მქონდა ის ძველი ამბები. მაგრამ აგრე ვერ მივხვდებოდი ჩემი დილეგის მოცულობას; შეიძლება წრიულად მევლო და ისევ იქ მივსულიყავი, საიდანაც წამოვედი, ასე რომ, კედლის ერთფეროვნების კვალობაზე ვეღარაფერს შევიტყობდი. დანაც ამიტომ მოვიჩხრიკე, ვიდრე საინკვიზაციო დარბაზში მიმიყვანდნენ, მახსოვს, თან მქონდა, ახლა კი გამქრალიყო; სამოსელიც ჩემთვის სულ სხვა ჩაეცვათ - უხეში ჯვალო, ტომარასებრ შეკერილი. დანის პირს დილეგის კედლის ქვებს შორის ჩავასობ და თავდაპირველ წერტილს ასე მოვნიშნავ-მეთქი. გონება ისე მქონდა ამღვრეული, რომ ეს პატარა დაბრკოლება პირველად დაუძლეველი მომეჩვენა. შესამოსლის კალთის ნაწილი მოვიგლიჯე მერე და კედელთან რომ მივიტანე, მისი ერთი ბოლო სწორი კუთხით სიგრძეზე დავაფინე. თუ დილეგს ხელის ფათურით შემოვუვლი, ამ ნაჭერს უთუოდ გადავაწყდები-მეთქი. ასე კი ვფიქრობდი, მაგრამ აღარც დილეგის მოცულობა გამითვალისწინებია, აღარც ჩემი უილაჯობა. იატაკი სველი იყო და მოლიპულიყო, ბორძიკ-ბორძიკით გავიარე ცოტა, მერე ფეხი რაღაცას წამოვკარი და გავიშხლართე. ამდენმა უბედურებამ ახლა მიწია - დაცემისთანავე ჩამეძინა.    გამოვიღვიძე. მკლავი რომ გავშალე, პურის ნაჭერი და წყლიანი დოქი ვნახე ახლოს. ქანცი გამომლეოდა და იმისი ფიქრის თავი არ მქონდა, ესენი აქ საიდან გაჩნდა-მეთქი. ჩქარა შევჭამე პური და წყალიც ხარბად დავაყოლე. ცოტა ხნის შემდეგ განვაგრძე ჩემი საპყრობილის მოკვლევა. დაბოლოს, როგორც იქნა, მოვაღწიე ჯვალოს ნაჭერს. ვიდრე დავეცემოდი, ორმოცდათორმეტი ნაბიჯი გადავითვალე, შემდეგ, ნაჭერს რომ მოვატანე - ორმოცდარვა. ამგვარად, სულ ასი; თუ იარდად ჩავთვლით ორ ნაბიჯს, მაშინ ჩემი დილეგის სიმრგვალე ორმოცდაათ იარდს უდრიდა. მაგრამ გზად რომ შევეჩეხე კედლის მრავალ კუთხეს, შეუძლებელი იყო დილეგის ნამდვილი წყობის დადგენა; და მაინც ვფიქრობდი, ეს ოთახი დილეგი იყო და სხვა არაფერი.    აზრი აღარ ჰქონდა, აღარც იმედი ესაძირკვლებოდა ჩემს ძიებას. კვლევას ვაგრძელებდი რაღაც შეუცნობელი ცნობისწადილით. კედელს მოვცილდი, ბნელეთის პირდაპირ გადაჭრა გადავწყვიტე. დიდი სიფრთხილით მივაბიჯებდი პირველად. თუმცა იატაკი მკვიდრი მასალისა დაეგოთ, ვერაგულად კი მოლიპულიყო. დაბოლოს, ვაჟკაცობა მოვიკრიბე, მტკიცედ გადავდგი ფეხი; ვცდილობდი, რაც შეიძლება სწორზე მევლო. ათი თუ ოცი ნაბიჯი გავიარე, ამგვარად, მერე სამოსლის ნამუსრევში გავიბლანდე და წინ მოწყვეტით, თავქვე გადავვარდი.    შეცბუნებულს არ შემიმჩნევია ერთი შემაშფოთებელი გარემოება, რამაც მერე, სულ მცირე ხნის შემდეგ მიიპყრო ჩემი ყურადღება, როცა ჯერ კიდევ წაქცეული ვიყავი. აი რა: ნიკაპი დილეგის იატაკისათვის დამებჯინა, ხოლო ტუჩებითა და სახის ზედა ნაწილით ვეღარაფერს ვგრძნობდი, ერთი სიტყვით, ნიკაპზე უფრო დაბლა დაშვებულიყო შუბლი, თითქოს რაღაც წებოვანი ბურით დამცვაროდა იგი. ხოლო ცხვირში გამომპალი ხავსის მძაფრი სუნი მცემდა. მკლავი გავმართე და მივხვდი, მრგვალი მთხრებლის ზედ კიდეზე დავცემულვარ-მეთქი, თავზარი დამეცა. იმწუთს, რაღა თქმა უნდა, შეუძლებელი იყო მთხრებლის სიღრმის განსაზღვრა, ხელით მოვსინჯე აგურით გაწყობილი კიდე და აგურისავე პატარა ნატეხი უფსკრულში ჩავუშვი. მრავალი წამი მესმოდა ღრმულის გვერდებს ჩასხლეტილის ხმაურობა. დაბოლოს გავიგონე წყლის ბოღმიანი ჩქაფუნი და მისი ხმამაღალი ექო. მაშინვე ჯახუნის ხმა ჩამომესმა, მალიად გაღებული და დაკეტილი კარი რომ გამოსცემს, ისეთი; სუსტმა ნათელმა გაიციალა ამ წყვდიადში და კვლავ ჩამობნელდა.    ახლა კი კარგად მივხვდი, თუ რა მომელოდა, და მადლი შევწირე ამ ანაზდეულ შემთხვევას. კიდევ ერთი ნაბიჯი და გამოვესალმებოდი წუთისოფელს, და ეს იქნებოდა სწორედ ის სიკვდილი, რასაც, ასე მეგონა, მხოლოდ ინკვიზიციის გამო შეთხზულ ზღაპრებში მოგვითხრობდნენ. ტირანიის მსხვერპლს განა ჰქონდა რამე სხვა არჩევანი, გარდა ორისა: საშინელი ფიზიკური გვემით სულის ამოხდომა ან უმძიმესი ზნეობრივი წვალებით მოკვდინება? სწორედ ამისთვის მე ვიყავი შემონახული. ამდენი ვაების შემდეგ ნერვები მქონდა დაწყვეტილი, საკუთარი ხმისაც კი მეშინოდა. ჩემზე უფრო შესაფერისს ვისღა ნახავდნენ საწამებლად.    თავით ფეხამდე აკანკალებული, ხელის ცეცებით მივიკვლევდი კედლისკენ უკანდასახევ გზას - იქ დაღუპვა სჯობს-მეთქი, ვიდრე დარჩენა ამ შემზარავ ორმოებთან, რომლებიც, ახლა ასე წარმომედგინა, აუარება იყო და დილეგის ყოველ მხარეს დაეტანებინათ. სხვაგვარ სულიერ განწყობის ჟამს მეყოფოდა ვაჟკაცობა და უცებვე მოვუღებდი ბოლოს ჩემს ტანჯვა-წამებას. მაგრამ ახლა ჩემნაირ მხდალს ძნელად თუ ნახავდა კაცი. კიდევ ისიც მახსოვდა, რაც ამ ჭებზე წამეკითხა და იქ მეყსეული სიკვდილის იმედი არ მქონდა. მღელვარებამ თვალები ამომიღამა. მერე, როგორც იქნა, კვლავ ჩავთვლიმე, გამოღვიძებულმა ისევ ვნახე პური და წყლიანი დოქი. მწყუროდა და ხახა გამშრობოდა, ჭურჭელი ერთი ყლუპით გამოვცალე, წყალი კი წამალშერეული იყო, რადგან დავლიე თუ არა, ძილად მიმაგდო. მკვდარივით დამძინებოდა თურმე. რამდენ ხანს ვიყავი ასე, რაღა თქმა უნდა, არ ვიცი. მაგრამ თვალი რომ გავახილე, ბრჭყვიალა ნათელი მოიღვრებოდა, საიდან - ჯერ ვერ გავარჩიე, და გამომზეურდა დილეგის ზომა და წყობა.    თურმე სულ მცდარად წარმომიდგენია მისი მოცულობა. ოცდახუთ იარდსაც არ აღემატებოდა მთელი კედლის სიმრგვალე. რამდენსამე წუთს ამის გამო სულ ამაოდ ვშფოთავდი; მართლაც, ამ შემზარავ ადგილს ჩაგდებული კაცი ხომ ყველაზე ნაკლებ უნდა ავეღელვებინე დილეგის ზომას? მაგრამ ძალიან მინდოდა გამეგო, გამოთვლებში რა შეცდომა მომივიდა. დაბოლოს მივხვდი სინამდვილეს. პირველი ცდისას, ვიდრე დავეცემოდი, ორმოცდათორმეტი ნაბიჯი დავითვალე და თითქმის დამიმთავრებია დილეგის წრიულად შემოვლა, ასე რომ, ჯვალოს ნაჭერს ერთი თუ ორი ნაბიჯით უნდა ვყოფილიყავი დაცილებული, მერე კი დამძინებია და რომ გამოვიღვიძე, თურმე უკანვე გამოვბრუნებულვარ. ამგვარად, ორჯერ უფრო მეტი მეგონა დილეგის ზომა. გონდაბნეულს ვერ შემიმჩნევია: პირველი ნაბიჯები რომ გადავდგი, კედელი ხელმარცხნივ იყო, ხოლო შემდეგ - მარჯვნივ.    საპყრობილის წყობაშიც მოვტყუებულვარ ასევე. გზად მრავალ კუთხეს გადავაწყდი და დილეგის უდიდესი უსწორობა ამიტომ დავასკვენი. ასე მოქმედებს თურმე ძალისა და ლეთარგიისაგან გამორკვეულ კაცზე ღამეული წკვარამი! კუთხეები იყო ერთმანეთთან სხვადასხვა მანძილით დაცილებული, მცირეოდენავ შეწეული ალაგები. ციხის საერთო წყობა ოთხკუთხა აღმოჩნდა. ადრე რომ ქვის კედლად მივიჩნიე, სინამდვილეში იყო რკინის თუ რაღაც სხვა ლითონის დიდრონფილოვანი ზღუდე და ის შეწეული ალაგებიც ამათ ნაკერს თუ ნაჭედს წარმოადგენდა. ცრურწმენებით გათანგულ ბერებს სანამდე ფანტაზია ეყოთ, მთელი დილეგის ლითონის პირი უხეშად მოეთხიპნათ უსაზარლესი და შემაძრწუნებელი ნახატებით. ჩონჩხისტანა თუ უფრორე რეალური სხვა სახის ეშმაკეულთა გამოსახულებანი გადაფენილიყო და დაემახინჯებინათ კედელი. საკმაოდ მკვეთრად აჩნდა ამ ურჩხულთა გარეხაზები, ოღონდაც საღებავი, ალბათ დილეგის ჰაერის გამოისობით, გაუფერულებული და გადღაბნილი ჩანდა. ახლაღა შევნიშნე - ქვით მოკირწყლული დილეგის შუაში ხახა დაეღო მრგვალკიდიან მთხრებლს, რომელსაც ამ ცოტა ხნის წინ გადავურჩი, მაგრამ ის იყო აქ ერთადერთი. ყველაფერ ამას ვხედავდი ბუნდოვნად და ძლივს, რაკიღა ახლა, გამოღვიძების შემდეგ სხვანაირ ყოფაში ვიყავი. მთელი სიგრძით გაჭიმული, ზურგზე ვიწექი ხის დაბალ, ჩარჩოსმაგვარ რაღაც სადგამს მაგრად დაკრული, სხეულსა და ხელფეხზე მრავალგზის შემოეხვიათ მოსართავის მსგავსი გრძელი ღვედი და თავისა და მარცხენა მკლავის შეტოკებაღა შემეძლო, ასე რომ, წვალებითა თუ მოვახერხებდი ჩემ ახლოს იატაკზე დადგმული თიხის ჯამის მიწვდენას; დოქი კი წაეღოთ ჩემდა საზაროდ. ჩემდა საზაროდ-მეთქი; როგორც ჩანს, ჩემს მაწვალებლებს სურდათ წყურვილით დავმხრჩვალიყავი - ჯამზე დაეწყოთ წიწაკეულობით შეკაზმული ხორცი.    ზემოთ ავიხედე: ოცდაათი თუ ორმოცი ფუტის სიმაღლეზე საპყრობილის ჭერს მივაპყარი მზერა. კედლების მსგავსი გაეკეთებინათ ისიც. მთელი ჩემი გულისყური მიიპყრო ერთ ფილაზე მიქელ-გაბრიელის უჩვეულო გამოსახულებამ . ისე კი დაეხატათ, როგორც საერთოდ ხატავენ ხოლმე, ოღონდაც ცელის მაგივრად - ერთი შეხედვით ასე მივამსგავსე - ხელთ ეპყრა დიდი ქანქარა, ისეთი, ძველებურ საათებში რომ გვინახავს. მაგრამ რაღაცამ მაიძულა უფრო გამოწვლილივით დამეთვალიერებინა ეს მანქანა. ზემოთ რომ ავიხედე (სწორედ მე მისწორდებებოდა), ასე დავლანდე, თითქოს ნელიად ამოძრავდა ქანქარა. სულ ცოტა ხნის მერე ცხადი შეიქნა - მოკლე-მოკლედ ინძრეოდა და, რაღა თქმა უნდა, დუნედ. რამდენსამე წუთს ძრწოლამორეული, უფრორე გაოცებული ვაკვირდებოდი. დაბოლოს, ამ უღონო მოძრაობის ცქერით მოღლილმა ჭერის სხვა ადგილებიც მოვათვალიერე.    იატაკზე გაიხმაურა რაღაცამ. თურმე რამდენიმე ვეება ვირთხა დაწრიალებდა. ჩემგან ახლა ხელმარცხნივ მოქცეული სწორედ ამ მთხრებლიდან ამომძრვალიყვნენ. ჩემ თვალწინ გროვა-გროვად, მალ-მალე, ამოდიოდნენ, მსუნაგად წამოგზნებოდათ თვალები, ხორცის სუნზე მოიჩქაროდნენ. ძლივსღა შევძელი მათი მოგერიება. ნახევარი, შეიძლება ერთი საათიც იყო გასული (დაახლოებითღა ვახერხებდი დროის აღქმას, ) როცა კვლავ ავიხედე მაღლა, ჩამაფიქრა და გამაოცა ერთმა გარემოებამ - თითქმის იარდი მომატებოდა ქანქარის ქანს და, რაღა თქმა უნდა, უკვე სწრაფად მოძრაობდა. მაგრამ მეტადრე იმან შემაშფოთა, თვალსაჩინოდ ჩამოშვებულიყო. ეს ამბავი ახლაღა შევნიშნე. გამოწვლილვით აღარ მოვყვები, თუ რა თავზარი დამეცა. ქანქარის ქვედა ნაწილი იყო ბრჭყვიალა ფოლადის ნამგალა მთვარე, რომლის ზემოთკენ წამახული წვეროები ერთიმეორეს, ასე, ერთი ფუტით დასცილდებოდა. ფოლადის ქვედა კიდე კი სამართებელივით აელესათ, ასე რომ, რაკიღა ზემოთკენ მსხვილდებოდა და მკვრივდებოდა, ვეებერთელა და მძიმე ჩანდა ეს მოწყობილობა. თითბრის სქელ ღეროზე იყო დამაგრებული და ასე შხუილით კვეთდა ჰაერს.    ეჭვი აღარ მეპარებოდა: აი, თურმე რა მოემზადებინა ჩემთვის კაცის წვალებით გამოგონებაში გაწრთვნილ ბერის გონებას. ინკვიზიციის მსახურნი მიხვდნენ, უკვე ვიცოდი მთხრებლის საიდუმლო - მთხრებლისა, რომლის ხახა იმათ ელოდათ, ვინც ჩემსავით ურჩობას გაბედავდა, მთხრებლისა, ჯოჯოხეთის იმ ქვესკნელთაგანის, რომელსაც, ასე ამბობდნენ, იყო სატანჯავთა Ultima Thule. სრულიად შემთხვევით არ ჩავიჩეხე შიგ. კარგად ვიცოდი, აქ რას გაიხარებდნენ, როცა კაცი უცებ და სულ მოულოდნელად გადაეყრებოდა საწამებელ ხვანჯებს. მთხრებლში გადამზღვრევის ეშმასეული გეგმა რომ ჩაიშალა, სამაგიეროდ (რაღა ჩარა იყო) მელოდებოდა, სხვა უფრო მოწყალე სიკვდილი, მოწყალე! ამ გასაჭირში ამ სიტყვის მომგონებელს სახეზე ღიმის ნატამალმა გადამკრა.    რაღა უნდა გითხრათ, რამდენი საათი, რამდენი გაუთავებელი საათი რა თავზარდაცემული და გულგახეთქილი ვთვლიდი ფოლადის მალ ქნევას! მისხალ-მისხალ, მცირეოდნავ ქვემოთ, სულ ქვემოთ ეშვებოდა შეუმჩნეველი, თითქმის სრულიად აღქმული მოძრაობით, საუკუნეები გასტანა ასე-მეთქი! დღეები გავიდა, შეიძლება მრავალი დღე გავიდა და აი ჩამოვიდა, უკვე დაჰქრის ჩემს ზემოთ, უკვე მომეახლა მწველი სუნთქვა, უკვე ნესტოებში მიღიტინებს პირწამახული ფოლადის სუნი. ვლოცულობ, ვევედრები ზეცას, უფრო ჩქარა, ნეტავ ჩქარა-მეთქი. მთლად გავხელდი, ზევით აჭრას ვლამობ და ამ მოქნეული, შესაზარელი იატაგანის შესახვედრად. და მერე უეცრად დავმშვიდდი, გავსწორდი, ღიმმოგვრილმა შევუცადე ციგლიგით მოახლოებულ სიკვდილს - ჯერ უნახავ სათამაშოების მომლოდინე ბალღივით.    შემდეგ არაფერი მახსოვს, ისევ დავკარგე გრძნობა; ოღონდ მცირე ხნით - გონსმოსულმა შევნიშნე, მახვილი იოტისოდენითაც არ ჩამოშვებულიყო. მაგრამ შეიძლება უგონოდ კარგა ხანია ვიყავი და იქნებ, რაკიღა აქაურმა დემონებმა კარგა გულშეღონებული მნახეს, კიდევაც განგებ შეაჩერეს ქანქარის ვარდნა. ცნობას მოვედი და ხანგრძლივი მარხვაგამოვლილი კაცივით ვიგრძენი საშინელი - ჰოი, ენით უთქმელი დაღლა და უღონობა. ასეთ ტანჯვა-წამებაშიც კი საკვებს მოითხოვს კაცი. ღვედებით დაკრულმა რამდენადაც შემეძლო - ამ დროს მკლავი მეტკინა კიდეც - შორს გავიწვდინე მარცხენა ხელი. მოვხიკე ვირთხების მონარჩენი შეჭამანდის ნამუსრევი. ვიგემე თუ არა, რაღაც სიხარულის მაგვარი, რაღაც იმედი დამეუფლა. იმედს რა უნდა ჩემთან? როგორც ადრევე მითქვამს ამის გამო, ეს იყო რაღაც, მარადჟამ განუხორციელებელი, მრავალგზობას გაელვებული აზრის ნატამალი. ვგრძნობდი, ეს იყო სიხარული - იმედი, რომელიც, კარგადაც მივხვდი, დაიშრიტა ანთებისთანავე. მისი გაღვივების, შემოქცევის მცდელი ამაოდ დავშვერი. ნებისყოფის მთლად უქონელი გამხადა უსაზმო წამებამ, ჭკუანაკლული შევიქენი, გონებასუსტი.    ქანქარის ქნევის სიბრტყესთან სწორი კუთხით დავეწვინე ჩემს მაწამებელს; პირდაპირ გულის მხარე ამოეღო მიზანში ნამგალა მთვარისებრ მახვილს. ძალუმად მსტვინავი, ამ რკინის კედლების დამანგრეველი ძალის მქონე, ოცდაათი თუ ორმოცი ფუტის სიგრძეზე გაქანებული შემზარავი ქანქარა. ვიდრე გამათავებდეს, სამოსლის ჩამოხევას მოუნდება რამდენიმე წუთს, ჯერ ეს გავიფიქრე, მეტისთვის ვაჟკაცობა არ მეყო. ჯიუტად ჩავჭიდებოდი ამ ფიქრს, ვითომც მას ჩაჭიდებული შევძლებდი მახვილის შეჩერებას. მაინც გადავდე თავი საფიქრებლად, რა ხმაურით ჩამიჭრის ნამგალა მთვარისებრი მახვილი სამოსს, რა ზარით აუწყებს ჩემს ნერვებს ეს ხახუნი ამ ამბავს-მეთქი. გამოწვლილივით ვფიქრობდი ამაზე, ვიდრე ზიზღმა გულისრევა არ მომგვარა.    ქვემოთ, სულ ქვემოთ მოშხუის, შმაგის სიამოვნებით ვაკვირდები, ვუდარებ ერთიმეორეს ქანქარის ქნევასა და დაშვების სიჩქარეებს. მარჯვნივ - მარცხნივ - შორიშორი - ფართო-ფართოდ, თან ჭყივის ეშმაკეულივით! ვეფხვივით ეპარება გულს! რაღა დამრჩენია - ხან ვხარხარებ, ხან ვყმუი იმისდა კვალად, თუ რა გრძნობა მეუფლება.    ქვემოთ, ცხადლივ და დაუნდობლად ქვემოთ! მკერდს სამი დუიმითღაა დაცილებული! მარცხენა მკლავის გათავისუფლებას გააფთრებით ვცდილობ, მხოლოდ იდაყვიდან ხელის მტევნამდე მაქვს შეხსნილი, ასე რო, ძლივსღა ვწვდებოდი ჯამს ჩემ ახლოს და მერე პირს, ეს იყო და ეს. იდაყვის ზემოთაც თუ ავიშვებ, იქნებ, ხელი წავავლო და შევაჩერო ქანქარა. ვაგლახ, ასევე შევაკავებდი მათით მოვარდნილ ზვავს!    ქვემოთ - სულ შეუჩერებლივ ქვემოთ - სულ ჯიუტად ქვემოთ. ყოველ მოქნევაზე ვიგრიხები, სადგამს ვეკრობი. სასომიხდილი მივციებივარ მის აღმა-დაღმა ქროლვას; მის ყოველ დაღირებაზე დაუოკებლივ მეჭუტება თვალები, თუმცა ვიცი, სიკვდილშია შვება, ჰოი, ენით უთქმელი! მაგრამ თავით ფეხებამდე ვკანკალებ, როცა გავიფიქრებ; ძლივს შესამჩნევი რომელი მოძრაობით დამკრავს მკერდზე ამ მანქანების მოზიმზიმე პირბასრი ნაჯახი. ეს იყო იმედი, სულით ხორცამდე თრთოლვის მომგვრელი - სადგამმა დაიწია დაბლა?.. ეს იყო იმედი, იმედი ძელზე გასმულსაც რომ მიანიჭებს, ინკვიზიციის ხაროშიც სასოებას რომ მოაგებს სიკვდილმისჯილს. ვხედავ, კიდევ ათი თუ თორმეტი მოქნევა და სამოსელზე შემეხება ფოლადი. ვხედავ და გულში ჩამიდგა უსასოობაგამჯდარი გამჭვირვალე სიმშვიდე. მრავალი საათის, იქნებ დღეების შემდეგაც მე დავიწყე ფიქრი. ახლაღა მომივიდა აზრად, თამასა თუ მოსართავი, რითაც შეკრული ვიყავი, ერთი მთლიანი ღვედი იყო. მხოლოდ ერთი ღვედით შევებოჭეთ და შეიძლება მახვილის პირველივე დარტყმა განივად მომხვდეს, გადაჭრას იგი და მაშინ მარცხენა ხელით განთავისუფლებას მოვახერხებ-მეთქი. მაგრამ ამ დროს რა შემზარავად მოიწევს ფოლადი! მცირეოდენი უზუსტობა, დამკრავს და იმავე წამს გამათავებს! განა არ განჭვრეტდნენ ამ ფიქრს ჩემი მაწამებლის თანაშემწეები და წინასწარვე არ დაიჭერდნენ თადარიგს? რაღა მაინცდამაინც მკერდს შემოჭერილი ღვედი დახვდება ქანქარის პირს? გული მელეოდა, ვაითუ გაცუდდეს ეს უღონო და, როგორც ჩანს, უკანასკნელი იმედი-მეთქი. იმდენზე წამოვწიე თავი, რომ კარგად შევძელი მკერდის დანახვა, ყოველ მხრივ გამოდიოდა ხელ-ფეხის და სხეულზე მოსართავი, გარდა იმ ადგილისა, სადაც იყო დამანგრეველი ნამგალი მთვარის მოსაქნევი სივრცე.    თავი უკან რომ გადამივარდა, გამიელვა თუ, შეიძლება ასეც ითქვას - მქრქალი ნათელი მოიღო განთავისუფლების გზის ერთმა მონაკვეთმა, გაკვრით რომ აღვნიშნე ზემოთ; ერთიც ადრევე დავლანდე შორიშორ, როცა დასიცხულ ბაგესთან ლუკმა მიმქონდა. თუმცა, ეს გზა მთლიანად ახლა დავინახე, მაგრამ საძნელო, საეჭვო, ბუნდი ჩანდა. სასოებამიხდილი კაცის ნერვული გზნებით იმწუთას დავადექი ამ სავალს. მრავალი საათი, რაღაც ჩარჩოს მაგარ სადგამს დაკრული რომ ვიყავი, ჩემ გარშემო წრე დაერტყა ვირთხის ჯარს, მთლად დამშეულები, თავხედურად, ხარბად წამოგზნებული თვალებით მომჩერებოდნენ. აჰა, შევწყვეტდი თუ არა მოძრაობას, მათი საკბილო გავხდებოდი უსათუოდ. ნეტავ ამ ხაროში რას ჭამენ-მეთქი, ასე გავიფიქრე.    ვეღარ მოვიცილე ისინი, ვერაფერს გავხდი, ჯამზე რაც იყო, სულ მოხოხნეს, ცოტაოდენიღა გადარჩათ. შეუჩერებლივ იმათ ზემოთ ვიქნევდი ხელს; ბოლოს ვეღარ ვიგერიებდი, რაკი აღარ აშინებდათ ეს ერთფეროვანი მოძრაობა ჩემი ხელისა. მსუნაგად აწრიალებულნი ხანდახან თითებზეც გამომკრავდნენ წამახულ კბილს. ქონიანი და ცხარედ შეკაზმული შეჭამანდის ნარჩენებს სადაც კი მივწვდი, ავიღე და საგულდაგულოდ წავუსვი ღვედს; შემდეგ იატაკს მოვაცილე მკლავი და გავისუსე.    მოძრაობა რომ შევწყვიტე, გაოგნდნენ და ზაფრა დასცათ პირველად ამ ცვლილებამ დილეგის მსუნაგ ბინადართ. ზარდაცემულნი უკანვე მიაწყდნენ; ბევრიც მთხრებლში ჩაიმალა. მაგრამ სულ მალე გაუარათ შიშმა. ამ პატარა ცხოველთა მსუნაგობის იმედი არ გამცრუებია. ძვრა ვეღარ შემატყვეს და ერთი თუ ორი, ყველაზე უშიშო ამოახტა სადგამს და მოსართავი მოყნოსა. თითქოს ეს დიდი შემოსევის ნიშანი იყო, მოჯარადნენ მთხრებლით ახალ-ახალი გროვები, სადგამის ხეს მოებღაუჭნენ, მოზღვავდნენ, ასობით შემომახტნენ სხეულზე. ქანქარის გამოზომილი ქნევა არაფრად ჩაეგდოთ. მახვილს რომ აიცილებდნენ, იმწუთას მოაშურებდნენ ქონწასმულ ღვედს. ძიძგილაობით, ჯგვლემით ყირას გადადიოდნენ, ყელზე დამეხვივნენ, ბაგე-პირზე მეხებოდა იმათი ტუჩები; კინაღამ გავიგუდე ვირთხის ჯარის დაწოლით; ენით უთქმელმა ზიზღმა მთლად შემიბოჭა მკერდი, გულმა რეჩხი მიყო. წუთიც და, ყველაფერი გათავდა. ნათლად ვიგრძენი, როგორ ამიშვა ღვედმა, ვიცოდი, უკვე მრავალ ადგილას იყო გადაწყვეტილი, ზეკაცური ძალისხმევით გაუნძრევლად ვიწექი.    არც შევმცდარვარ, არც ამაოდ დამითმენია. თავისუფალი ვიყავი. მოსართავი ახლა სხეულზე ნაკუწ-ნაკუწ დამკიდებოდა. მაგრამ უკვე მკერდზე მეხებოდა ქანქარის მახვილი, ჯვალოს სამოსელი ჩამიჭრა. პერანგსაც, ჩამოაღწია, დაჰკრა ისევ, და მწველმა ტკივილმა დამიარა თავით ფეხებამდე. მაგრამ ნავსი გატყდა. ხელი ავიქნიე და დამფრთხალი ჩემი მხსნელები დავიფრინე. თანაბარზომიერი, ფრთხილი მოძრაობით გვერდულად და უკან გამოვუსხლტი ღვედის ნაგლეჯს, ასე ავიცილე მახვილი. დაბოლოს, თავისუფალი ვიყავი!    თავისუფალი - და ინკვიზიციის ხელში! ჩამოვდგი თუ არა ფეხი დილეგის იატაკზე ჩემი შემზარავი ხის სარეცლიდან, მაშინვე მინელდა ხმაური ამ ჯოჯოხეთური მანქანისა და თვალი მოვკარი, თუ როგორ აათრია ჭერში რაღაც უჩინარმა ძალამ. მთლად დამაკარგვინა სასოება ამ ამბავმა. დაკვირვებული თვალი მომჩერებოდა, თქმა არ უნდა, თავისუფალი! ერთ სიკვდილს გადავურჩი, საკიდელზე უარეს რასმე რომ გადავყროდი მერე. ამ ფიქრით აფორიაქებულმა მოვათვალიერე გარს მოჯარული რკინა. ჯერ ნათლად ვერ ვარჩევდი, რაღაც, რაღაც ცვლილება დასტყობოდა დილეგს. მრავალი წუთი ძრწოლაატანილი სიზმარმორეული კაცივით მომიცვა უსაგნო, შეუსაბამო ფიქრებმა. მივხვდი, თუ საიდან მოდიოდა ეს მოელვარე ნათება, თურმე მოიღვრებოდა ნახევარდუიმიანი ხვრელიდან, რომელიც მთელ სიმრგვლეზე გასდევდა დილეგს. ამგვარად, რკინის ეს ზღუდე იატაკს სრულიად აცილებოდა. შევიჭვრიტე ამ ნაპრალში, მაგრამ ვერაფერი დავინახე. საიდუმლოს ამოხსნას რომ ვლამობდი, გავსწორდი და უცებ მივხვდი აქ მომხდარ ცვლილებას. უკვე გითხარით, თუმცა კედლების ნახატთა გარეხაზები საკმაოდ კარგად ჩანდა, მაგრამ იმათ საღებავს მრუმე მოსძალებოდა და გადაღამებულიყო-მეთქი. ახლა კი ეს ფერები ყოველ წამს უფრო და უფრო შემაძრწუნებელად და თვალისმომჭრელად ბრკიალებდა. სიზმარეული და ეშმასეული გამოსახულებანი ახლა ჩემზე უფრო მაგარ კაცსაც დასცემდა ზაფრას. ყოველი, ყოველი მხრით, იქიდანაც, საიდანაც აქამომდე არაფერი ჩანდა, ახლა მოელავდა შესაზარელი და დიდი სიცხოველით ანთებული დემონისეული მრავალი თვალი, მოიგზნებოდნენ ქუში ცეცხლის ენები, რასაც ვერასგზით შევარქმევდი არარეალურს!    არარეალურს! აკიღა მთლად მომეახლა გავარვარებული რკინის სუნთქვა! სულის შემხუთველი ორთქლით გაივსო დილეგი! სულ უფრო მეტად დაიგზნო ჩემი ტანჯვის მაცქერალი თვალები! ხვავრიელმეწამულისფრად აივსო იმ შემზარავი, სისხლოვანი სურათების ყოველი სახე. სუნთქვა მეკვროდა! ვიგუდებოდი უჰაერობით! ნათელი გახდა ჩემი მაწამებლების განზრახვა, ჰაი, რა დაუნდობლები იყვნენ, ჰაი, ავისმქნელთაგან უგულშავესნი! დილეგის შუაგულისკენ გავუსხლტი მხურვალე ლითონს. ცეცხლი რომ შემხანხლავდა. ამ ფიქრის წიაღ სალბუნად მომეახლა აზრი - მთხრებელის სიგრილის მაცნე. მივიჭერ მის მომაკვდინებელ კიდესთან. მის სიღრმეს მისწვდა განწირული მზერა. გავარვარებული ჭერის ნათებას გამოეჩინა ყოველი იდუმალება ჯურღმულისა, ამ შემზარავ წამს სულმა და გულმა ვერ აღიქვა იმისი მნიშვნელობა, რაც ვიხილე. დაბოლოს იმან იძალა.. ჩამოიმზღვრა სულში.. წამომინთო გონება. ჰოი, ხმას ვეღარ ვიღებ! ჰოი, შემზარაობა! ჰოი, შემზარაობა ჯერარნახული! ყვირილით უკანვე მოვაწყდი და მწარედ ავქვითინდი სახეზე ხელებაფარებული.    მალე უფრო ჩამოცხა. ციებცხელებიანივით აკანკალებულმა ისევ ავიხედე მაღლა. კიდევ ერთი ცვლილება დასტყობოდა დილეგს - ნამდვილად შეცვლილიყო მისი წყობა. მაგრამ წეღანდელივით ვერაფერს ვხდებოდი ჯერ. სულ მალე გავიგე ყველაფერი. ინკვიზიტორები ჩქარობდნენ შურისგებას. რაკიღა ორგზის დავაღწიე თავი სასიკვდილო ხლართებს, უკვე სახუმაროდ აღარ ეცალა საზაროებათა მეუფეს. საპყრობილე იყო ოთხკუთხა. ახლა კი რკინის ორი კუთხე ალესილიყო, ორიც, შესაბამისად, გაშლილიყო. ეს შემზარავი სხვაობა მალიად მატულობდა ყრუ გრუხუნით თუ ხვნეშით. დილეგმა იმწუთას მიიღო რომბისებური სახე. აღარც იმედი მქონდა იმისი შეჩერებისა, აღარც სურვილი. ჩავეხვევინებოდი ამ წითელ ფილებს, როგორც მარადიული მყუდროების საუფლოს. „დაე, მოვკვდე, - ასე ვჩურჩულებდი, - ოღონდ მთხრებლში არა“. სულელი! სწორედ იქ გადამჩეხავდა გავარვარებული რკინა; ნუთუ ამას ვეღარ ვხვდებოდი? გადავურჩებოდი კი ამ სიცხეს? ასეც რომ არ ყოფილიყო, გავუძლებდი კედელთა მარწუხებს? და ახლა სულ, სულ უფრო ვიწროვდებოდა ეს რომბი, ისე სწრაფად, რომ ფიქრის დრო აღარ იყო. კედლები შუაგულისკენ მოიმართებოდნენ, სწორედ აქეთ, სადაც ხახა დაეღო უფსკრულს. უკანვე მოვაწყდი... დაუნდობლად ისევ წინ გამიგდეს. დაბოლოს დათუთქულს, გაწამებულს მყარი იატაკის მტკაველიც აღარ დამრჩენოდა ფეხის მოსაკიდებლად. აღარ ვიბრძოდი, მაგრამ გვემა სულისა შენივთდა აღსასრულის მაუწყებელ ხმამაღალ, ხანგრძლივ, უკანასკნელ ყვირილად, ვგრძნობდი, სწორედ კიდეზე ვტორტმანებდი... ამოვატრიალე თვალები.    ხალხის შეუწყობელი ხმა გაისმა: ზათქი და ზარი შეიქნა ბუკთა ცემისა! თითქოს ათასი მეხივით მკვეთრად დაჰკრეს ზღუდეს! უკუმიიქცა ცეცხლოვანი კედელი! უფსკრულში რომ უნდა გადავშვებულიყავი ცნობამიხდილი, მკლავზე ხელი მტაცეს. გენერალ ლასალის მარჯვენამ დამიხსნა. ფრანგის ჯარს აეღო ტოლედო. მტერს დაეტყვევებინა ინკვიზიცია. …
დაამატა Kakha to ლიტერატურა at 2:46pm on მაისი 30, 2016
პოსტი: სააღდგომო ეპისტოლე 2018

"დაინთქა სიკვდილი ძლევითა!" (ფს. 25.8)

      ყოვლადსამღვდელონო მღვდელმთავარნო, ღირსნო მოძღვარნო, დიაკონნო,…

დაამატა ლაშა at 7:04am on აპრილი 8, 2018
პოსტი: ნიკა მელია დააკავეს

      დღევანდელი ნიუსები საკმაოდ ვრცელი გამოდგა რადგან დილაადრიანად აჭრელდა მედია - გამთენიისას ნიკა მელია საკუთარ ოფისში დააკავეს. სპეცრაზმმა ის…

დაამატა Giorgi at 11:07pm on თებერვალი 23, 2021
თემა: მფარველი ანგელოზი
ერეოდა ერთმანეთს. პოლი 150-ით მიაქროლებდა მანქანას. ნამდვილი მრბოლელივით თითებწაჭრილი ხელთათმანები ეცვა და ისეთი სახით უჯდა საჭეს, აქაოდა, გიჟივით სიარულს მიჩვეული ვარო. ცოტა არ იყოს, გულს მირევდა ეს სურათი.       მე დოროთი სეიმური მქვია. 45 წლის ვარ და სახეზე ოდნავ შემპარვია ჭკნობა, რადგან ცხოვრებაში საკუთარი თავისთვის გადაჭრით არაფერი ამიკრძალავს. სცენარისტი გახლავართ, სხვათა შორის, სახელგანთქმულიც. მამაკაცებს ჯერ კიდევ რჩებათ თვალი ჩემზე, შეიძლება იმიტომაც, რომ არც თავად ვარ გულგრილი მათ მიმართ.       მე ერთი იმ საშინელ გამონაკლისთაგანი ვარ, ჰოლივუდი რომ გავაოცე: 25 წლისამ გასაოცარი წარმატებით ვითამაშე ინტელექტუალურ ფილმში, ოცდახუთ-ნახევრისამ მთელი ფული მემარცხენე მხატვართან ერთად გავფლანგე ევროპაში, 27 წლისა უსახელოდ, უფულოდ, ვალებთან დაკავშირებული რამდენიმე სასამართლო პროცესის მოლოდინში დავუბრუნდი მშობლიურ ქალაქს: ჰოლივუდს. მხოლოდ ჩემმა სრულმა გაკოტრებამ შეაჩერა ეს დავები. თავად კი სცენარისტი გავხდი, უმადურ ბრბოს ჩემი ოდესღაც განთქმული სახელი აღარაფერს ეუბნებოდა. ძალიანაც გამიხარდა ეგ ამბავი, ვერასდროს ვიტანდი ვერც ავტოგრაფებს, ვერც ფოტოგრაფებს და ვერც მთელ ამ უაზრო თაყვანისცემას.       მოკლედ, მე ისა ვარ, "რომელსაც შეეძლო, მაგრამ..." რაც შეეხება ჩინებულ ჯანმრთელობასა და დიდებულ წარმოსახვას, ორივეს ირლანდიელ პაპას უნდა ვუმადლოდე. აი ჩემი პატარა წარმატების საიდუმლოც ამ ფერადი სისულელის წარმოებაში, რომელშიც, ჩემდა გასაკვირად, უამრავ ფულს იხდიან.       მაგალითად, RKB-ის გადაღებული ისტორიული ფილმების ბოლოს, ტიტრებში, სულ უფრო ხშირად შეხვდებით სახელს და გვარს, დოროთი სეიმურს. ხანდახან საშინელ სიზმრებში აღშფოთებული კლეოპატრა მეცხადება ხოლმე და გესლიანად მეუბნება: "არა ქალბატონო, არ ვიტყვი: "ჩემი გულის მეუფე კეისარს გადაეცით..." არამც და არამც!"       ჯერჯერობით კი ჩემი გულის თუ არა, სულ ცოტა, სხეულის მეუფე მაინც, დღეს საღამოს პოლ ბრეტი უნდა გამხდარიყო და მე უკვე წინდაწინ ვამთქნარებდი.       სხვათა შორის, პოლი ძალიან ლამაზი მამაკაცია. იგი RKB-ის და სხვა კინემატოგრაფიული ფირმების ინტერესებს წარმოადგენს. ისეთი მოხდენილია, სასიამოვნო და მომხიბლავი, პირდაპირ სურათიდან გადმოსულს ჰგავს. თანაც იმდენად, პამელა კრისსა და ლუელა შრიმპს, ჩვენი თაობის ამ უდიდეს ქალ-ვამპირებს, ათი წლის განმავლობაში დაუზოგავად რომ ღრღნიდნენ ნაცნობი მამაკაცების გულებს, ქონებასა და საკუთარ მუნდშტუკებს, ერთიმეორის მიყოლებით შეუყვარდათ იგი, დაშორების შემდეგ კი კინაღამ საკუთარ ცრემლებში ჩაიხრჩვნენ.       აი, ასეთი სახელოვანი წარსული აქვს პოლს.       თუმცა, მიუხედავად ყველაფრისა, დღეს საღამოს იგი ჩემთვის მხოლოდ და მხოლოდ ქერათმიანი მამაკაცი გახლდათ და მეტი არაფერი. თანაც 40 წლისა. რაც ძალიან მიმძიმებდა გულს. მაგრამ სხვა გზა აღარ მქონდა, უნდა დავნებებოდი: მთელი კვირის მანძილზე ყვავილების, სატელეფონო ზარების, გადაკრული სიტყვებისა და საზოგადოებაში ერთად გამოჩენის შემდეგ, ჩემი ხნის ქალი, ყოველ შემთხვევაში ჩვენს მხარეში მაინც, უბრალოდ ვალდებულია დათმობაზე წავიდეს.       და აი, ეს დღეც დადგა: ჩვენ 140-ით მივქროდით ჩემი პატარა, მოკრძალებული სახლისკენ, ღამის 2 საათი იყო. გულში ვიწყევლებოდი, ნეტავ, პირად ურთიერთობებში სექსუალურ კავშირებს ამხელა მნიშვნელობას რა ეშმაკად ანიჭებენ-მეთქი. ისე მეძინებოდა, ძლივს ვახელდი თვალებს.       მაგრამ სამი დღის წინ უკვე ჩამეძინა ერთხელ და ახლა ვეღარ გავიმეორებდი იმავეს. თორემ ვგრძნობდი, პოლი "რა თქმა უნდა, რა თქმა უნდა, საყვარელო" -ს ნაცვლად მკაცრად მკითხავდა: "დოროთი, შეგიძლიათ ამიხსნათ, რაშია საქმე?"       მოკლედ, სულ რამდენიმე სასიამოვნო მოვალეობის შესრულებაღა მქონდა დარჩენილი: მაცივრიდან ყინული უნდა გამოვიღო, გავხსნა შოტლანდიური ვისკის ბოთლი, მხიარულად ავაწკრიალო ჭიქაში ჩაყრილი ყინული, ერთი ჭიქა პოლს გავუწოდო და პოლეტ გოდარივით ვნებიანად გავიჭიმო სასტუმრო ოთახში მდგარ კანაპაზე. პოლი მომიახლოვდება, მომეხვევა და სუნთქვაშეკრული ჩამჩურჩულებს: "ეს ხომ აუცილებლად უნდა მომხდარიყო, ძვირფასო, არა?"       რაც მართალია მართალია, ეს აუცილებლად უნდა მომხდარიყო. მე მძიმედ ამოვიოხრე. პოლმა კი უცებ განწირული ხმით დაიყვირა.       ფარების შუქზე ვიღაც გიჟი გამოჩნდა, ჩალისგან გაკეთებულ საფრთხობელას ჰგავდა, ასეთები საფრანგეთის ველებზე მინახავს, და გზა გადაგვიჭრა. აუცილებლად უნდა აღვნიშნო, ჩემს ქერათმიანს შესანიშნავი რეაქცია აქვს, მან მკვეთრად დაამუხრუჭა და მანქანა მაშინვე მარჯვნივ თხრილში გადავარდა შიგ მსხდომ ბრწყინვალე საზოგადოებასთან ერთად – რა თქმა უნდა, საკუთარ თავზე მოგახსენებთ! რამდენიმე წამიერი გაელვება და, ბალახში პირდაპირ ცხვირით ჩავერჭე, თან ისე, რომ ჩანთისთვის არც გამიშვია ხელი. საინტერესო ამბავია: არადა, სადაც მივდივარ, როგორც წესი, ყველგან მრჩება ხოლმე. ახლა კი, როცა სიკვდილამდე ერთი ნაბიჯიღა იყო დარჩენილი, რამ მაიძულა ჩანთა ჩამებღუჯა, ალბათ ვერასოდეს გავიგებ.       პოლის აღელვებული ხმა ჩამესმა, მიძახდა, დავმშვიდდი, ე.ი. ცოცხალია-მეთქი და თვალები შვებით დავხუჭე. ის გადარეული მგონი არ დაშავებულა, მეც უვნებელი ვიყავი. პოლიც. უამრავი ფორმალობების შემდეგ, როგორიცაა ნერვიული შოკი და მისთანები, კარგი შანსი მაქვს, დღეს საღამოს მარტომ დავიძინო. მე მისუსტებული ხმით ჩავიბუტბუტე, "ყველაფერი კარგადაა, პოლ", და ბალახზე მოხერხებულად წამოვჯექი.   - მადლობა უფალს – წამოიძახა პოლმა, გიჟდებოდა, ისე უყვარდა ძველი რომანტიკული გამოთქმები – მადლობა უფალს, არაფერი დაგემართათ, ძვირფასო, მე კი წამით მომეჩვენა თითქოს...       არ ვიცი, იმ წამს რა მოეჩვენა, მაგრამ მომდევნო წამს კი ჯოჯოხეთური გრუხუნი გაისმა, ჩვენ გიჟებივით ჩავეხვიეთ ერთმანეთს და თხრილიდან ათიოდე მეტრით უკან გადავფრინდით. სანახევროდ დაბრმავებულ-დაყრუებულმა და ცოტა გაღიზიანებულმაც მისი მკლავებიდან ძლივსძლივობით გავითავისუფლე თავი. მინდოდა დამენახა, როგორ ბრიალებდა "იაგუარი". პირდაპირ ზღაპრული ჩირაღდანივით გიზგიზებს-მეთქი, გავიფიქრე.       პოლიც წამოდგა.   - ღმერთო! – ამოიკვნესა მან. – ბენზინი.   - სხვა რამეც შეიძლებოდა აფეთქებულიყო? – გესლიანად წავკბინე მე, და უცებ ის გიჟი გამახსენდა. ვაითუ იწვის ახლა? წამოვხტი და ჩემი დახეული წინდებისთვის არც მიმიქცევია ყურადღება, ისე გავვარდი გზაზე. პოლიც უკან მომყვა. გზის პირას, მიწაყრილზე, ცეცხლისგან ცოტა მოშორებით, უმოძრაო სხეულს გადავაწყდი. თავიდან მხოლოდ შავი თმები გავარჩიე, ხანძრის შუქზე რომ წითლი ფერი დაჰკრავდა, მერე იოლად გადავაბრუნე იგი და მამაკაცის ბავშვური სახეც დავინახე.       არა, ღმერთია მოწმე, არც არასდროს მომწონებია, არც მომწონს და, იმედი მაქვს, არც არასდროს მომეწონება პატარა ბიჭები, ევროპაში ასეთებს "ფისუნიებს" ეძახიან. ის ამბავი, რომ ფისუნიები სულ უფრო და უფრო მეტი წარმატებით სარგებლობდნენ ჩემს მეგობრებსა და ბევრ სხვას შორისაც, მე ყოველთვის უცნაურად მეჩვენებოდა. ლამის ფროიდისტულადაც კი. ახალგაზრდები, რომლებსაც ჯერ ტუჩებზე რძე არ შეშრობიათ, არ შეიძლება ვისკის სუნად აყროლებულ ქალბატონებს ჩაუცვივდნენ ხელში. მაგრამ ფარების შუქზე მისმა ასე ახალგაზრდა და ამავე დროს მკაცრად სრულყოფილმა სახემ უცნაური გრძნობით ამავსო: მომინდა ზურგიც შემექცია და მივალერსებოდი კიდეც. არადა, საერთოდ არ მაწუხებს დედობრივი კომპლექსები. ჩემი ქალიშვილი, რომელსაც ვაღმერთებ, პარიზში ცხოვრობს, ბედნიერად გათხოვდა, უამრავი ბავშვი გააჩინა და ზაფხულობით სწორედ მაშინ ცდილობს მე შემომაჩეჩოს ისინი, როცა უკვე გადაწყვეტილი მაქვს, მთელი თვე რივიერაზე გავატარო. მარტო იშვიათად ვმოგზაურობ, მადლობა ღმერთს, და შვილიშვილებიღა მაკლია სწორედ.       მაგრამ ისევ ღამეს და ლუისს დავუბრუნდეთ, რადგან ამ გადარეულ, გულწასულ, ლამაზნაკვთებიან ბიჭს, ჩალის საფრთხობელას რომ მიაგავდა, ლუისი ერქვა. მე წინ ვედექი და არ ვინძრეოდი, გულზეც კი არ დამიდევს მისთვის ხელი, არც შემიმოწმებია, ცოცხალი იყო თუ არა. მის შემხედვარეს ეს რატომღაც უმნიშვნელო ამბად მეჩვენებოდა. წარმოუდგენელი გრძნობა იყო, რომელსაც მომავალში აუცილებლად მწარედ ვინანებ.   - ეს ვინღაა? – უკმაყოფილოდ იკითხა პოლმა. ჰოლივუდელებს ერთი დიდებული თვისება აქვთ, უნდათ, ყველაზე ყველაფერი იცოდნენ. პოლს აშკარად არ ესიამოვნა, სახელით რომ ვერ მიმართა ბიჭს, რომელსაც დღეს ღამით შემთხვევით კინაღამ გადაუარა. გავღიზიანდი: – ახლა მაგის დრო არ არის, კოქტეილის დასალევად ხომ არ ვართ, პოლ, როგორ ფიქრობთ, დაშავდა? ო, ღმერთო!       უცნობის თავსა და ხელებთან შავ ლაქად მოჩანდა სისხლის გუბე, სისხლი თბილი, წებოვანი და შემზარავად მოტკბო იყო. პოლმაც დაინახა სისხლი.   - არ დავჯახებივარ, – თქვა მან, – ეჭვიც არ მეპარება. ალბათ აფეთქებისას მანქანის რომელიმე პატარა ნაწილი მოხვდა.       პოლი წამოდგა, ხმა მტკიცე და მშვიდი ჰქონდა. ბუნდოვნად მივხვდი, მასთან განშორებისას რატომ ქვითინებდა ლუელა შრიმპი.   - აქ დარჩით, დოროთი, მე წავალ, დავრეკავ. და იგი სწრაფი ნაბიჯით გაემართა შორიახლოს მდგარი სახლებისაკენ. გზაზე მარტო დავრჩი, მუხლებზე ვიდექი იმ მამაკაცის გვერდით, რომელიც ყოველ წუთს შეიძლებოდა მომკვდარიყო. უცებ მან თვალი გაახილა, შემომხედა და გამიღიმა. II თავი   - დოროთი, თქვენ რა, შეიშალეთ?       ასეთ კითხვაზე მეტისმეტად მიჭირს ხოლმე პასუხის გაცემა, თან კითხვა პოლმა დამისვა, მუქი ლურჯი ქურთუკი რომ ეცვა და მკაცრად მათვალიერებდა. ჩვენ ჩემი სახლის ვერანდაზე ვისხედით, მე მებაღის ტანსაცმელი მეცვა: ძველი ტილოს შარვალი, გახუნებულ- ყვავილებიანი ზედატანი, თმები კი ზონარით მქონდა შეკრული. არა, ჩემს სიცოცხლეში ბაღში მიმუშავია კი არა, სეკატორის დანახვაზეც კი ყოველთვის შიშით მაკანკალებდა. უბრალოდ, მასკარადს ვაღმერთებ. ყოველ შაბათ საღამოს, ჩემი მეზობლების მსგავსად, მეც მებაღესავით გამოვეწყობი ხოლმე, მაგრამ იმის მაგივრად, რომ უზარმაზარი ბალახის საკრეჭი მანქანა ვათრიო აქეთ-იქით ან მოურჯულებელი სარეველები ვმარგლო, ტერასაზე ვჯდები ვისკით სავსე დიდი ჭიქითა და წიგნით ხელში. სწორედ ასეთ ვითარებაში, დაახლოებით საღამოს 6-7 საათი იქნებოდა, მომისწრო პოლმა. მე ერთდროულად ორი თანაბარი ძალის გრძნობით ვიყავი შეპყრობილი, დამნაშავედაც ვგრძნობდი თავს და მიტოვებულადაც.   - იცით, რომ ყველა თქვენს უკანასკნელ გამოხტომაზე ლაპარაკობს?   - ყველა, ყველა, – გავიმეორე უნდობლად და მორცხვად.   - ღვთის გულისათვის, მითხარით, რას აკეთებს ეს ბიჭი თქვენთან?   - რჩება, პოლ, რჩება, უნდა გამოჯანმრთელდეს. რაც არ უნდა იყოს, ფეხი აქვს მოტეხილი, და თქვენც ხომ მშვენივრად მოგეხსენებათ, მას არც ოჯახი ჰყავს, არც ფული აქვს და არც არაფერი საერთოდ.       პოლმა ღრმად ჩაისუნთქა.   - სწორედ ეგ მაწუხებს, ძვირფასო. და კიდევ ისიც, რომ თქვენი ბიტნიკი LSD-თი იყო გაბრუებული, როცა ჩემს მანქანას ჩაუვარდა.   - მაგრამ მისმინეთ, პოლ, მან თავადაც ხომ აგიხსნათ, ნარკოტიკებით ისე ვიყავი გათიშული, ვერც მივხვდი, ჩემკენ მანქანა თუ მოდიოდაო. ფარები...       მოულოდნელად პოლი გაწითლდა.   - სულ არ მაინტერესებს, რას მიხვდა და რას ვერა. ამ რეგვენმა, ამ უბედურმა კინაღამ მკვლელებად გვაქცია, მეორე დღეს კი თქვენ იგი შინ წამოიყვანეთ, სტუმრების ოთახში დააბინავეთ და საჭმელს უკეთებთ! კი მაგრამ, რომ მოგკლათ ერთ მშვენიერ დღეს, მაგალითად, წიწილად რომ მოეჩვენოთ, ან კიდევ ღმერთმა იცის, რად? თქვენი ძვირფასეულობა რომ გაიტაცოს?       შევეწინააღმდეგე: – იცით, პოლ, წიწილად ჯერ არავის მოვჩვენებივარ. რაც შეეხება ჩემს ძვირფასეულობას, დიდი არაფერი ფასი აქვს. ბოლოს და ბოლოს, ქუჩაში ხომ ვერ გავაგდებ, მით უმეტეს, ბოლომდე ჯერ კიდევ არ გამოჯანმრთელებულა.   - შეგეძლოთ საავადმყოფოში დაგეწვინათ.   - იწვა კიდეც, მაგრამ მითხრა, საავადმყოფოში საშინელი მოწყენილობააო. და ვაღიარებ, მართალიც იყო.       პოლი დაიბნა და ჩემ წინ ტყავის სავარძელში ჩაჯდა. უნებლიეთ ჩემს ჭიქასაც კი მისწვდა და დალია ნახევარი. გავბრაზდი, მაგრამ არ შემიჩერებია. თავს აშკარად ძლივს იკავებდა. რაღაც უცნაურად შემომხედა.   - ბაღში მუშაობდით?       თანხმობის ნიშნად თავი რამდენჯერმე დავუქნიე. რა საინტერესოა, მამაკაცები პირდაპირ გაიძულებენ ხოლმე, ტყუილი უთხრა.       ვერაფრით ავუხსნიდი პოლს, რა უწყინარი საქმით ვიყავი დაკავებული შაბათობით. იგი კიდევ ერთხელ მეტყოდა, გიჟი ხარო და მე საკუთარ თავს ვკითხე, პოლი მართალი იქნება თუ არა-მეთქი.   - რაღაც არ ეტყობა, – პოლმა მიიხედ-მოიხედა.       ჩემი საცოდავი მიწის ნაგლეჯი ნამდვილ ჯუნგლს ჰგავდა, მაგრამ ამ სიტყვების გაგონებაზე შეურაცხყოფილი სახე მივიღე.   - ვცდილობ, რაც შემიძლია, – მოვუჭერი მოკლედ.   - თმაში რა გაქვთ?       თავზე ხელი გადავისვი და ხის სამიოდე ბურბუშელა შემრჩა, თეთრი და ფოთოლივით ნაზი. გამიკვირდა.   - ბურბუშელაა.   - ვხედავ, – მითხრა პოლმა მკვახედ, – ეგენი მიწაზეც საკმარისად ყრია. თქვენ რა, მებაღეობის გარდა დურგლობაც დაიწყეთ?       სწორედ იმ წამს პატარა ბურბუშელა ზემოდან ისევ ჩამოფარფატდა და პირდაპირ პოლს დაეცა თავზე. მაშინვე მაღლა ავიხედე.   - ა, ჰო, – ვთქვი მე, – გასაგებია. ეს ლუისი წევს და ხის თავს ჩორკნის გასართობად.   - და ნაგავს თავაზიანად ყრის ფანჯარაში? შესანიშნავია.       ცოტა მეც ავნერვიულდი. იქნებ მართლა შევცდი, ლუისი ჩემთან რომ შევიფარე-მეთქი, მაგრამ ბოლოს და ბოლოს ეს ხომ გულმოწყალების გამო, თანაც დროებით და თან ყოველგვარი ქვენა აზრების გარეშე გავაკეთე. პოლს კი ჩემზე არავითარი უფლება არ აქვს. გადავწყვიტე, ამას შევახსენებ-მეთქი. მან მიპასუხა, ზუსტად ისეთივე უფლებები მაქვს თქვენზე, როგორც ნებისმიერ გონიერ მამაკაცს უგუნურ ქალზეო, ე.ი. უფლება, რომ დაიცვას და მსგავსი სისულელეები... წავკამათდით, პოლი გაბრაზებული წავიდა, მე კი ჩემს ტყავის სავარძელში გადავწექი, წინ შემთბარი ვისკი მედგა. საღამოს ექვსი საათი იყო, ჩრდილები ნელ-ნელა წვებოდნენ ბალახზე და ისეთი პირი უჩანდა, საღამოს უმიზნოდ გავატარებდი. პოლთან წაკამათების გამო წვეულებაზე ვეღარ წავედი, არადა, ორივენი ერთად უნდა მივსულიყავით. რაღა დამრჩენოდა? ტელევიზორისთვის უნდა მეყურებინა, რომელიც უამისოდაც ყელში მქონდა ამოსული, და კიდევ ლუისის ბუყბუყი მესმინა, როცა სადილს ავუტანდი მაღლა. არასდროს ასეთი ჩუმი არსება არ მინახავს. გასაგებად ერთადერთხელ გამოხატა თავისი აზრი, როცა მაცნობა, გადავწყვიტე, საავადმყოფოდან წამოვიდეო. ეს მოხდა ავარიიდან მეორე დღეს, და სრულიად ბუნებრივ ამბად მიიღო ჩემი სტუმართმოყვარეობა. იმ დღეს მე ძალიან კარგ ხასიათზე ვიყავი, იქნებ მეტისმეტად კარგ ხასიათზეც, რაც, მადლობა ღმერთს, ძალიან იშვიათად ხდება – როცა გეჩვენებათ, რომ ყველა მამაკაცი თქვენი ძმა ან შვილია და გინდათ იზრუნოთ მათზე. გადმობარგების შემდეგ მე ვაჭმევდი ჩემს ლოგინზე უსიცოცხლოდ გაწოლილ, ფეხშეხვეულ ლუისს, რომელიც თვითონვე იცვლიდა სახვევებს. იგი არც კითხულობდა, არც რადიოს უსმენდა, არც ლაპარაკობდა. ოღონდ ეგ იყო, დროდადრო ბაღიდან საგანგებოდ ამოიტანდა ხოლმე გამხმარ ტოტებს და მერე მათგან უცნაურ ფიგურებს აკეთებდა. ზოგჯერ კი ჯიუტი და უშფოთველი გამომეტყველებით იყურებოდა ფანჯარაში. საკუთარ თავს ვეკითხებოდი, ვაითუ სრული იდიოტია-მეთქი და როცა ამ იდიოტიზმს მისივე ფიზიკური სილამაზეც დავუმატე, აზრი ძალიან რომანტიკულადაც კი მომეჩვენა. ჩემს მორიდებულ შეკითხვებს მის წარსულზე, მიზნებსა თუ ცხოვრებასთან დაკავშირებით, სულ ერთი და იგივე პასუხი ხვდებოდა: "არ არის საინტერესო". იმ ღამით, უბრალოდ, ჩვენი მანქანის წინ აღმოჩნდა გზაზე, ლუსი ჰქვია, მგონი მეტი ვერც ვერაფერი გავიგე. თუმცა თავს ძალიან მშვიდად ვგრძნობდი: ვერ ვიტან ამ ისტორიების მოყოლას, საშინლად მღლის და მარტო ერთმა ღმერთმა იცის, ადამიანები რატომ არ გამათავისუფლებენ მათგან.       სამზარეულოში შევედი, კონსერვებისგან სახელდახელოდ მშვენიერი სადილი მოვამზადე და კიბეს ავუყევი. ლუისს მივუკაკუნე, შევედი და ლანგარი საწოლზე დავუდე. ლოგინი მთლიანად ხის ბურბუშელებს დაეფარა. ის ბურბუშელა გამახსენდა, პოლს რომ დაეცა თავზე და გამეცინა. ლუისმა ინტერესით შემომხედა. თვალების კატისებური ჭრილი ჰქონდა, მომწვანო-მოცისფრო გუგები, შავი წარბები და ყოველ შემოხედვაზე ჩემდაუნებურად ვფიქრობდი, "კოლუმბია ფიქჩერზში" თვალს მოჰკრავენ თუ არა, დაუფიქრებლად აიყვანენ-მეთქი.   - რა გაცინებთ?       დაბალი, ოდნავ ჩახლეჩილი, გაუბედავი ხმა ჰქონდა.   - ის მაცინებს, რომ ცოტა ხნის წინ ერთ-ერთი თქვენი ბურბუშელა პოლს პირდაპირ თავზე დაეცა და ძალიანაც გააბრაზა.   - რატომ, ეტკინა?       გაოცებულმა შევხედე. ნამდვილად პირველად იხუმრა, ან მე მომეჩვენა, რომ იხუმრა. სულელივით გამეცინა და უცებ მივხვდი, თავს უხერხულად ვგრძნობ-მეთქი. მგონი, პოლი რაღაცაში მაინც მართალი იყო. რას ვაკეთებ ამ გადარეულ ბიჭთან ერთად ცარიელ სახლში შაბათ საღამოს? არადა, შემეძლო, ახლა საცეკვაოდ წავსულიყავი, მეგობრებთან ერთად გამეტარებინა დრო ან ჩემს ძვირფას პოლთან გამება ფლირტი, ან კიდევ ვინმე სხვასთან...   - დღეს არ აპირებთ წასვლას?   - არა, – ვუთხარი გესლიანად, – ხელს ხომ არ გიშლით?       მაშინვე ვინანე, რატომ წამომცდა-მეთქი.       ჩემი ნათქვამი სტუმართმოყვარეობის ყველა წესს ეწინააღმდეგებოდა. მაგრამ ლუისმა როგორღაც ბავშვურად, კეთილად, მთელი გულით გაიცინა. ამ ჯადოსნურმა სიცილმა მაშინვე ისევ მომხიბვლელ პატარა ბიჭად აქცია.   - ძალიან მოწყენილი ხართ?       ასეთ კითხვას არ ველოდი. შეიძლება ამ თავბრუდამხვევ ალიაქოთში, რომელსაც ჩვენი ცხოვრება ჰქვია, კაცმა თქვას, ძალიან ვარ მოწყენილი ან არც ისეო? ამიტომ ნამდვილი ბურჟუასავით ვუპასუხე: – მოსაწყენად დრო არ მაქვს. სცენარისტად ვმუშაობ RKB-ში და...   - იქ?       მან მარცხნივ მანიშნა ნიკაპით, სანტა-მონიკას გაჩახჩახებული სანაპირო, ბევერლი ჰილზი, ლოს-ანჯელესის უზარმაზარი გარეუბანი, კინოსტუდიები და კინოფირმები ერთიანდებოდნენ ამ აგდებულ ჟესტში. იქნებ მეტისმეტი მომდის, როცა ვამბობ, აგდებულად-მეთქი, მაგრამ მთლად გულგრილადაც არ უთქვამს.   - დიახ, იქ. ასე ვირჩენ თავს. – გავნერვიულდი. სამი წუთი საკმარისი აღმოჩნდა, რომ ამ უცნობი ბიჭის გამო ჯერ მეშჩანად მეგრძნო თავი, მერე კი უსაქმურად. არადა, სინამდვილეში მართლაც რა მოჰქონდა ამ შტერულ საქმეს, უამრავი დოლარის გარდა, რომელსაც ადამიანი თვეში ერთხელ იღებ და აღებისთანავე ხარჯავ? თუმცა თავს მაინც შეურაცხყოფილად ვგრძნობდი, რადგან ჩემი სინდისის ქენჯნის მიზეზი ეს აშკარად გონებასუსტი და LSD-ზე შემჯდარი ხულიგანი იყო. მე მსგავსი წამლების საწინააღმდეგო არაფერი მაქვს, მაგრამ არ მიყვარს, როცა ერთის გემოვნება ფილოსოფიად და განსხვავებული აზრის მქონე ადამიანების სიძულვილად იქცევა ხოლმე.   - თავს ირჩენთ... – გაიმეორა დაფიქრებულმა – თავს ირჩენთ...   - ეს საკმაოდ გავრცელებული საქმიანობაა.   - რა საწყენია! აი, მე კი სიამოვნებით ვიცხოვრებდი ძველ ფლორენციაში, ოდესღაც ეს ქალაქი სავსე იყო ადამიანებით, რომლებიც სხვებს ისე უბრალოდ, არაფრის გულისთვის არჩენდნენ.   - ისინი მოქანდაკეებს, მხატვრებს და მწერლებს არჩენდნენ. თქვენ მათ რიცხვს ეკუთნით?       ლუისმა თავი დამიქნია.   - იქნებ მაშინ იმათაც არჩენდნენ, ვინც ისე უბრალოდ მოსწონდათ?       მე ცინიკურად გავიცინე, ზუსტად ბეტ დევისივით.   - ასე აქაც შეგიძლიათ იცხოვროთ, – და მეც ზუსტად ისე გადავიქნიე თავი მარცხნივ, როგორც მან გააკეთა ცოტა ხნის წინ. ლუისმა თვალები დახუჭა.   - მე ვთქვი "ისე, უბრალოდ"-მეთქი. ეს კი "ისე უბრალოდ" აღარ გამოდის. მან "ეს" ისეთი მტკიცე ხმით წარმოთქვა, რომ მე მაშინვე უამრავმა რომანტიკულმა აზრმა გამიელვა თავში ლუისთან დაკავშირებით. მართლაც, რა ვიცი მასზე? ჰყვარებია კი ვინმე გაგიჟებით? თუმცა, რასაც სიგიჟეს უწოდებენ, მე სიყვარულის ერთადერთ ბუნებრივ გამოხატულებად მიმაჩნია. და რამ შეაგდო "იაგუარის" ბორბლებქვეშ – შემთხვევითობამ, ნარკოტიკებმა თუ სასოწარკვეთამ? ან იქნებ ამ იძულებითი დასვენების დროს ფეხთან ერთად გულიც მოურჩა? ან იქნებ ზეცას ჯიუტად მიშტერებულმა ამ თვალებმა ვინმე მართლა იხილეს იქ? შეძრწუნებულმა გავიფიქრე, ეს ფრაზა უკვე გამოვიყენე დანტეს ცხოვრებაზე გადაღებულ ფერად ფილმში-მეთქი, მახსოვს, რამდენი ვიწვალე, სულ ერთი ბეწო ეროტიკა მაინც რომ ჩამეკვეხებინა სადმე. როცა შუასაუკუნეების დროინდელ ხის უბრალო მაგიდასთან მჯდარმა საბრალო დანტემ ხელნაწერიდან ასწია თავი, კადრს მიღმა ხმა გაისმა: "იქნებ ამ თვალებმა, ასე ჯიუტად რომ მისჩერებოდნენ ზეცას, ვინმე მართლაც იხილეს იქ?" კითხვა, რომელზეც მკითხველებს თავად უნდა ეპასუხათ და იმედი მაქვს, დადებითად.       მოკლედ, ფიქრიც ისე დავიწყე, როგორც ნაწარმოებს ვწერდი ხოლმე, რაც ალბათ აღმაფრთოვანებდა, სულ ოდნავ მაინც რომ მქონოდა პრეტენზია, ნიჭიც მაქვს და მაღალ ლიტერატურასაც ვქმნი-მეთქი. ეჰ! აბა, რას ამბობთ... ლუისს შევხედე. მან თვალები გაახილა და შემომაჩერდა.   - რა გქვიათ?   - დოროთი, დოროთი სეიმური, არ მითქვამს?       მისი საწოლის ბოლოში ვიჯექი, ფანჯრიდან საღამოს ჰაერი შემოდიოდა, ზღვის ისეთი ძლიერი, ლამის მარადიული სურნელით გაჟღენთილი,– ეს სურნელი მთელი 45 წელია არ შეცვლილა, – რომ ჩასუნთქვისას გავიფიქრე, რა სასტიკია ეს მარადიულობა-მეთქი. კიდევ რამდენ ხანს შემეძლება ავხორცულად ჩავისუნთქო ეს სურნელი, ალბათ მანამ, სანამ არ მოვა სევდა განვლილ წლებზე, ძველ კოცნებსა და მამაკაცის სხეულის სითბოზე? პოლს უნდა გავყოლოდი ცოლად. უნდა უკუმეგდო ჩემი უსაზღვრო რწმენა, რომ მე ფიზიკურად სრულიად ჯანმრთელი და სულიერად გაწონასწორებული ქალი ვარ. იოლია ბედნიერი იყო, როცა არის ვიღაც, ვისაც სურს შეგეხოს, სურს მოგეფეროს, მაგრამ რა იქნება შემდეგ? ჰო, შემდეგ. შემდეგ, რა თქმა უნდა, იქნებიან ფსიქიატრები და მარტო ამის გაფიქრებაზეც კი გული გადამიქანდა.   - მოწყენილი სახე გაქვთ, – მითხრა ლუისმა, ჩემი ხელი აიღო და თვალიერება დაუწყო. მეც დავიხედე. ორივენი ერთნაირი, სასაცილო და უცნაური ინტერესით ვათვალიერებდით ჩემს ხელს: ლუისი იმიტომ, რომ არ იცნობდა, მე კი იმიტომ, რომ მის თითებში მოქცეული როგორღაც სხვანაირად მეჩვენებოდა: უცხო საგანივით იყო და თითქოს მე აღარც მეკუთვნოდა. არასდროს არც ერთ შეხებას ასე მცირედ არ აუღელვებივარ.   - რამდენი წლის ხართ? – მკითხა.       საკუთარმა სისულელემ გამაოცა, როცა სრული სიმართლე ვუთხარი: – ორმოცდახუთის.   - გაგიმართლათ. – გაკვირვებულმა შევხედე. იგი ალბათ ოცდაექვსის თუ იქნებოდა, შეიძლება უფრო ნაკლებისაც.   - გამიმართლა? რატომ?   - ამდენი ხანი რომ იცოცხლეთ... მაგარია!       მან ხელი ისე გამიშვა, თითქოს თავიდან მოიშორაო. მერე გვერდზე გადაბრუნდა და თვალები დახუჭა. მე ფეხზე წამოვდექი.   - ღამე მშვიდობისა, ლუის.   - ღამე მშვიდობისა, – მითხრა ჩუმად, – ღამე მშვიდობისა, დოროთი სეიმურ.       ფრთხილად გამოვიხურე კარი და ტერასაზე გავედი. უცნაურად კარგად ვგრძნობდი თავს. III თავი   - ხომ გესმის, რომ მე ვერასოდეს განვიკურნები? ვერასდროს ვერ შევძლებ განკურნებას?   - ყველაფრისგან შეიძლება განიკურნოს კაცი.   - არა. ჩვენ შორის არის რაღაც მარადიული და შენ მშვენივრად ხვდები ამას, გრძნობ. შენ... ეს უნდა იცოდე. არ შეიძლება არ იცოდე.       მე შევწყვიტე ეს წარმტაცი საუბარი, ჩემი შემოქმედების უკანასკნელი ნიმუში და კითხვით სავსე მზერა შევავლე ლუისს. მან წარბები ასწია, გამიღიმა.   - გჯერათ, რომ არსებობს რამე მარადიული?   - ამას მე კი არა, ფერენც ლისტი ამბობს და...   - მაგრამ თქვენ თვითონ გჯერათ?       გამეცინა. ვიცოდი, რომ ზოგჯერ ცხოვრებას შეუძლია რაღაცები მარადიულად მოგვაჩვენოს და ზოგიერთი სასიყვარულო ისტორიისგან, მართლა მეგონა, ვერასოდეს განვიკურნები-მეთქი. რა ვუყოთ მერე, ახლა ჩემს ბაღში ვზივარ, ორმოცდახუთი უკვე შემისრულდა, შესანიშნავ ხასიათზე ვარ და არც არავინ მიყვარს.   - მგონი კი. თქვენ?   - ჯერ არა.       და თვალები დახუჭა. ჩვენ ნელ-ნელა დავიწყეთ ლაპარაკი მასზე, ჩემზე, ჩვენს ცხოვრებაზე. საღამოობით, როცა სტუდიიდან მოვდიოდი, ლუისი თავისი ოთახიდან დაბლა ჩამოდიოდა, ეყრდნობოდა ორ ხელჯოხს, ტყავის სავარძელში გაიჭიმებოდა და ერთად ვუყურებდით, როგორ წვებოდა ღამე, თან სკოჩს ვსვამდით. შინ დაბრუნებულს მიხაროდა, რომ კვლავ მას ვხედავდი, ასეთ მშვიდს, უცნაურს, ერთსა და იმავე დროს მხიარულსაც და მდუმარესაც, თითქოს რომელიღაც უცნობი ცხოველიაო. მიხაროდა, მაგრამ მეტი არაფერი. გამორიცხულია, მე არ მიყვარდა იგი და, რაც ყველაზე უფრო საინტერესოა, სხვა დროს მისი სილამაზე ალბათ შიშს მომგვრიდა, იქნებ ზიზღსაც კი. თვითონაც არ ვიცი, რატომ – უბრალოდ, იგი მეტისმეტად ტანადი, მოხდენილი და სრულყოფილი იყო. ოღონდ ქალურად კი არა, პირიქით, მიუხედავად ამისა, იგი მაინც პრუსტის მიერ აღწერილ კასტას მაგონებდა: თმები ბუმბულივით რბილი ჰქონდა, კანი – ძვირფასი ქსოვილივით ნაზი. მოკლედ, მასში იმ ბავშვური უხეშობის ნასახიც არ იყო, რაც მე მამაკაცებში მიზიდავდა. საკუთარ თავს ვეკითხებოდი, წვერს იპარსავს თუ არა, საერთოდ სჭირდება კი გაპარსვა-მეთქი?       როგორც გავარკვიე, იგი თურმე აშშ-ის ჩრდილოეთში, პურიტანულ ოჯახში დაბადებულა. მეტისმეტად უსისტემო განათლება მიუღია და მერე სახეტიალოდ წასულა, გზადაგზა თითქმის ყველაფერი უცდია, რასაც მოხეტიალე ყმაწვილმა შეიძლება მოჰკიდოს ხელი და სან-ფრანცისკოში გაჩერებულა. თავისნაირ მაწანწალებთან შეხვედრა, LSD-ის ძალიან დიდი დოზა, ჩხუბი, მოსახვევი და იგი აქ აღმოჩნდა, ჩემთან სახლში. გამოჯანმრთელდება თუ არა, წავა, თვითონაც არ იცის, საით. ჯერჯერობით კი ჩვენ ცხოვრებასა და ხელოვნებაზე ვსაუბრობდით – იგი საკმაოდ განათლებული იყო, თან გაუგონარ დასკვნებს აკეთებდა. მოკლედ, ბრბოს თვალში ჩვენ ყველაზე უფრო წესიერი და ყველაზე ახირებული ურთიერთობა გვქონდა, რაც კი ორ ადამიანს შეიძლება ჰქონდეს. მაგრამ თუ იგი ჩემს ძველ სასიყვარულო თავგადასავლებზე მეკითხებოდა გამუდმებით, თავისაზე არასდროს არაფერი უთქვამს, ერთადერთი ეს მეჩვენებოდა უცნაურად მისი ტოლი ბიჭისგან.       ამბობდა "ქალები", "კაცები", უცვლელი, განყენებული და უგემური კილოთი ლაპარაკობდა, მე კი, ჩემს ასაკშიც სასიამოვნო მღელვარების, სინაზისა და ბუნდოვანი მოგონებების გარეშე რომ ვერ ვახერხებდი წარმომეთქვა სიტყვა "მამაკაცები", თავს წუთით უწესო და თავქარიან ქალად ვგრძნობდი ხოლმე.   - როდის გაგიჩნდათ ეს გრძნობა, უკვე აღარაფერი შეიცვლებაო? – მკითხა ლუისმა. – როცა პირველმა ქმარმა მიგატოვათ?   - ღმერთო ჩემო, არა! მაშინ შვება უფრო ვიგრძენი. წარმოიდგინეთ აბსტრაქტული მხატვრობა, დღე და ღამე, მთელი ოცდაოთხი საათი. აი ფრენკი როცა წავიდა, მაშინ დიახაც ჭირიანი ცხოველივით ვგრძნობდი თავს.   - ფრენკი ვინ არის. თქვენი მეორე ქმარი?   - ჰო, მეორე. ბევრი არაფერი, მაგრამ ისეთი მხიარული იყო, ისეთი ნაზი, ისეთი ბედნიერი.   - მან მიგატოვათ?   - ლუელა შრიმპმა გადარია.       მან ცნობისმოყვარეობით ასწია წარბები.   - მსახიობი ლუელა შრიმპი ხომ მაინც გაგიგიათ?       ლუისმა ჩემთვის შეურაცხმყოფელი მოძრაობა გააკეთა, მე ვითომ არ დამინახავს.   - მოკლედ, ფრენკმა ცდუნებას ვერ გაუძლო, თავი დაკარგა და მიმატოვა, რომ მასზე დაქორწინებულიყო. აი მაშინ მარი დ’აგუს მსგავსად მეც გავიფიქრე, უკვე ვეღარასდროს განვიკურნები-მეთქი. მთელ წელიწადს ვფიქრობდი ასე. თქვენ ეს უცნაურად გეჩვენებათ?   - არა, და რა მოუვიდა მას?   - ორი წლის შემდეგ ლუელამ სხვა შეაბა, ის კი მიატოვა. ფრენკმა სამი სულელური ფილმი გადაიღო და გალოთდა. ეს იყო და ეს. წუთით სიჩუმე ჩამოვარდა. მერე ლუისმა ჩუმად დაიკვნესა და სავარძლიდან წამოდგომა სცადა. შემეშინდა: – კარგად ხართ?   - ძალიან მტკივა. ზოგჯერ მეჩვენება, ფეხზე ვეღარასდროს გავივლი-მეთქი.       ერთი წამით წარმოვიდგინე, რომ აქ სამუდამოდ დასახლდა იგი, საბრალო. უცნაურია, მაგრამ ეს ფიქრი არც უაზროდ მომჩვენებია და არც უსიამოვნოდ. იქნებ უკვე მივაღწიე იმ ასაკს, როცა ადამიანმა საკუთარ თავზე გარკვეული მოვალეობა უნდა იკისროს. ბოლოს და ბოლოს, საჭირო ადამიანად ვიგრძნობდი თავს და დიდხანს მშვიდად ვატარებდი ამ ტვირთს.   - თუ ასეა, მაშინ დარჩით – ვუთხარი მხიარულად. – და როცა კბილები დაგცვივდებათ, მე ფაფას მოგიხარშავთ.   - კბილები რატომ უნდა დამცვივდეს?   - ამბობენ, ასე იმათ ემართებათ, ვინც დიდხანს ფეხზე ვერ დგებაო. თუმცა ვაღიარებ, პარადოქსს ჰგავს. დედამიწის მიზიდულობის ძალას თუ გავითვალისწინებით, კბილები მაშინ უფრო არ უნდა დასცვივდეს ადამიანს, როცა ფეხზე დგას? არადა, ეგრე ხომ არ ხდება.       მან პოლივით ალმაცერად გადმომხედა, ოღონდ უფრო გულკეთილად.   - სასაცილო ხართ, – მითხრა, – მე ვერასდროს მიგატოვებდით. – მერე თავლები დახუჭა, მისუსტებული ხმით მთხოვა, ლექსების კრებული მომიტანეთო და მეც ბიბლიოთეკაში წავედი, რომ რამე მისთვის მოსაწონი მომეძებნა. არ გავაღვიძო ან არ დავაფრთხო-მეთქი და ნაზად, ჩურჩულით ვუკითხავდი ლორკას ლექსებს უოლტ უიტმენზე: ზეცის კიდეზე ფრთებს ისწორებს       ჩუმად სიცოცხლე, ყველანი როდი დავესწრებით       ხვალინდელ აისს. IV თავი       ერთიანად სამუშაოში ვიყავი ჩაფლული, როცა ახალი ამბავი გავიგე. უფრო სწორად, მდივანს ჩემ მიერ შეთხზულ, ფერენც ლისტსა და მარი დ’აგუს შორის შემდგარ სულის შემძვრელ დიალოგს ვკარნახობდი, თან ყოველგვარი ზედმეტი აღფრთოვანების გარეშე ვაკეთებდი ამას, რადგან ბოლო წუთს შევიტყვე, ლისტს ნოდინ დიუკი განასახიერებსო. ცოტა არ იყოს, ვერ წარმომედგინა, ამ შავგვრემან და დაკუნთულ გოლიათს როგორ უნდა ეთამაშა კომპოზიტორის როლი. მაგრამ კინო სავსეა მსგავსი გარდაუვალი, სასაცილო და სულელური შეცდომებით. მოკლედ, რაღაც "განუმეორებელს" ვეჩურჩულებოდი ყურში ჩემს ძვირფას, ასლუკუნებულ მდივანს – იგი არაჩვეულებრივად მგრძნობიარე ადამიანია – როცა ტელეფონმა დარეკა. მან ყურმილი აიღო, ხმაურით მოიხოცა ცხვირი და მე მომიბრუნდა: – ბატონი პოლ ბრეტია. ქალბატონო, ამბობს, სასწრაფო საქმეაო.       ყურმილი გამოვართვი.   - დოროთი ხართ? ახალი ამბავი იცით?   - არა. არა მგონია.   - ძვირფასო... მმ... ფრენკი გარდაიცვალა. ხმა არ ამომიღია. პოლი ანერვიულდა.   - ფრენკ სეიმური. თქვენი ყოფილი ქმარი. თავი მოიკლა წუხელ.   - ტყუილია, – ვთქვი მე.       მართლა ასე ვფიქრობდი. ფრენკი არასდროს გამოირჩეოდა სიმამაცით. უსაზღვროდ მომხიბვლელი იყო, მაგრამ მამაცი არ ყოფილა. ჩემი აზრით კი თვითმკვლელობისთვის საკმაოდ დიდი სიმამაცეა საჭირო. არადა, რამდენი ადამიანია, მეტს რომ არაფერს აკეთებს, მაგრამ უშედეგოდ.   - სიმართლეს გეუბნებით, – გაისმა პოლის ხმა, – დღეს დილით თქვენს სახლთან ახლოს ერთ ბინძურ სასტუმროში მოიკლა თავი, არავითარი ახნა-განმარტება არ დაუტოვებია.       გული ნელა მიცემდა, ძალიან ნელა. ძალიან ძლიერად და ნელა. ფრენკი... ფრენკის მხიარულება, ფრენკის სიცილი, ფრენკის კანი... მოკვდა... უცნაურია, მაგრამ ზოგჯერ პატარა ადამიანის სიკვდილი უფრო შეგვაძრწუნებს ხოლმე, ვიდრე სახელგანთქმულისა. ვერ ვიჯერებდი.   - დოროთი, მისმენთ?   - გისმენთ.   - დოროთი, უნდა მოხვიდეთ. მას არ ჰყავდა ოჯახი, ლუელა კი, როგორც მოგეხსენებათ, რომშია. ძალიან ვწუხვარ, დოროთი, მაგრამ აუცილებლად უნდა მოხვიდეთ, ფორმალობებია მოსაგვარებელი. მე გამოგივლით.       მან ყურმილი დაკიდა. მეც ტელეფონი მდივანს გავუწოდე – კენდი ერქვა, ღმერთმა იცის, რატომ – და დავჯექი. კენდიმ თანაგრძნობით შემომხედა, როგორ ვაფასებ მის ამ თვისებას, ადგა, თარო გამოაღო, რომელსაც "არქივი" ეწერა და ერთი ბოთლი "ჩივასი" გამოიღო – ჩვეულებრივ იქ ვინახავდით ხოლმე. უგულისყუროდ მოვსვი დიდი ყლუპი.       ზუსტად ვიცი, ელდაგადატანილ ადამიანებს რატომ აძლევენ სასმელს – ამ დროს ალკოჰოლი ისე საზიზღრად მოქმედებს, რომ თქვენში ჯანყისა და ფიზიკური წინააღმდეგობის სურვილს იწვევს, რაც ყველაზე უკეთ დაგიცავთ გაშტერებისგან. ვისკიმ ყელი ჩამწვა, სასაც და შეძრწუნებული წამსვე გამოვფხიზლდი.   - ფრენკი მოკვდა, – ვთქვი მე.       კენდიმ ამჯერადაც ცხვირსახოცს სტაცა ხელი. სიმართლე გითხრათ, საკმაოდ ხშირად, როცა შთაგონება მღალატობდა, მას ჩემი უბედური ცხოვრებიდან ამბებს ვუყვებოდი ხოლმე.       ის თავისაზე მიყვებოდა. მოკლედ, იცოდა ჩვენი ამბავი და ამიტომ თავი როგორღაც უკეთ ვიგრძენი, თითქოს მარტო აღარ ვიყავი. ახლა, გარდაიცვალაო, როცა მითხრეს, ვეღარაფრით გავჩერდებოდი ადამიანის გვერდით, ვინც სიცოცხლეში არ იცნობდა ფრენკს. თუმცა, ღმერთია მოწმე, რა ხანია აღარავის გახსენებია საბრალო. იგი ისეთივე სისწრაფით დაივიწყეს, რა სისწრაფითაც თავის დროზე ცნობილი გახდა. საძაგელი რამაა დიდება, აქ კი, ჰოლივუდში, სადაც მხოლოდ ორიოდ წამს თუ გრძელდება იგი, მით უმეტეს. თვალის დახამხამებასაც ვერ მოასწრებ და კვალიც აღარ ჩანს. ფრენკის თვითმკვლელობა ბილწ, უაზრო, საზიზღარ ჭორებს დაიმსახურებდა. ფრენკი, ლამაზმანი ფრენკი, ფრენკი – ლუელა შრიმპის ბედნიერი ქმარი, ფრენკი, რომელსაც ასე უყვარდა ჩემთან ერთად სიცილი, ორგზის მოკვდებოდა.       პოლი ძალიან მალე მოვიდა. მან მეგობრულად მომკიდა ხელზე ხელი, ოღონდ არ უკოცნია, კიდევ კარგი, თორემ ნამდვილად ავქვითინდებოდი. მე ყოველთვის ვინარჩუნებდი საჭირო სიყვარულსა და სინაზეს მამაკაცებთან, რომლებთანაც ოდესღაც ვწოლილვარ. საკმაოდ იშვიათი თვისებაა. მჯერა, მამაკაცი, ვისთანაც ღამე გაგიტარებიათ, ცხოვრების რომელიღაც მომენტში გაცილებით უფრო მახლობელია თქვენთვის, ვიდრე მთელი დანარჩენი კაცობრიობა. რა ვქნა, ასე მჯერა და ვერც ვერავინ გადამარწმუნებს. ოჰ, მამაკაცთა სხეულები, ერთდროულად ძლიერებიც და დაუცველებიც, აგრერიგად მსგავსებიც და განსხვავებულებიც.       პოლს მკლავი მკლავში გავუყარე და წავედით. ცოტა გულზე მომეშვა, თუმცა პოლი არასდროს მყვარებია.       ფრენკი იწვა, მშვიდი, ჩუმი, უსიცოცხლო, თითქოს სძინავსო. ტყვია გულს 2 სანტიმეტრით ასცდენოდა, სახეც ამიტომ არ ჰქონდა დამახინჯებული. მე მას დიდი ტკივილის გარეშე გამოვემშვიდობე, ისე, როგორც ადამიანები ვემშვიდობებით ხოლმე რაღაც ძალიან ჩვენსას, რაღაცას, რაც ოდესღაც ჩვენ გვეკუთვნოდა და რასაც ჭურვის ნამსხვრევმა, ოპერაციამ ან ბილწმა რეფლექსმა მოუღო ბოლო. იგი არ გაჭაღარავებულიყო, შავგვრემანი მამაკაცების მეტი რაა, მაგრამ მისნაირი არავინ შემხვედრია. მერე პოლმა შინ წაგიყვანთო, შემომთავაზა. დავთანხმდი. ნაშუადღევის 4 საათი იყო. მის ახალ "იაგუარში" ვისხედით. მზე პირდაპირ სახეში გვაცხუნებდა და გავიფიქრე, ფრენკს სახეზე უკვე ვეღარასდროს დააცხუნებს მზე, რომელიც ასე უყვარდა-მეთქი. ჩვენ მეტისმეტად უწესოდ ვექცევით სიკვდილს: მოვა თუ არა, მაშინვე ჯერ კარგად ჩაკეტილ შავ ყუთში ვდებთ, მერე მიწაში. უბრალოდ თავიდან ვიშორებთ. ანდა შევღებავთ, დავამახინჯებთ და დასათვალიერებლად ელექტრონის მკრთალ შუქზე გამოვფენთ ხოლმე, ხანდახან ვყინავთ კიდეც.       მგონი, აჯობებდა, მიცვალებული ათიოდე წუთით მზის გულზე დაგვეტოვებინა ზღვის ნაპირას, რაც ასე უყვარდა სიცოცხლეში, უკანასკნელად მაინც წამოწვეს მიწაზე, სანამ საბოლოოდ შეერეოდეს მას. მაგრამ არა, მოკვდებიან თუ არა, მაშინვე მათ დასჯას ვიწყებთ, უკეთეს შემთხვევაში ცოტა ბახს მოვასმენინებთ, რელიგიურ მუსიკას, რომელსაც სიცოცხლეში ვერ იტანდნენ... მწუხარებისგან გაოგნებული ვიყავი. პოლმა კართან მიმაცილა.   - გინდათ, ცოტა ხნით შემოვალ.       მე მექანიკურად დავუქნიე თავი, მერე ლუსი გამახსენდა. ოჰ! რა მნიშვნელობა აქვს? სულაც არ მენაღვლებოდა, რომ პოლი და ლუისი აღრენილი ძაღლებივით შეათვალიერებდნენ ერთმანეთს. სულ არ მენაღვლებოდა, რას იფიქრებდნენ. რაც იქნება, იქნება! პოლი ტერასამდე მიმყვა, სადაც ლუსი სარწეველა სავარძელში გაუნძრევლად გადაწოლილიყო და ჩიტებს უთვალთვალებდა. შორიდანვე მოჰყვა ხელის ქნევას, მაგრამ მოჰკრა თუ არა თვალი პოლს, მაშინვე გაჩერდა. კიბეს ავუყევი, ავედი ვერანდაზე და მის წინ გავჩერდი.   - ლუის, – ვუთხარი, – ფრენკი გარდაიცვალა.       მან გამომიწოდა ხელი, გაუბედავად შემეხო თმებზე, მე მეტს ვეღარ გავუძელი და ტირილი ამივარდა. მუხლებზე დავეცი და ამ ბავშვის წინ ავქვითინდი, რომელსაც ადამიანური ტკივილის არაფერი გაეგებოდა. იგი მეფერებოდა თმებზე, შუბლზე, სველ ლოყებზე და დუმდა. ცოტა დავმშვიდდი თუ არა, თავი ავწიე. პოლი უჩუმრად წასულიყო. უცებ მივხვდი, მისი თანდასწრებით ერთადერთი ამაზრზენი და უბადრუკი მიზეზის გამო არ ვიტირე, მას თავადაც სურდა, რომ მეტირა.   - ალბათ არც ისე კარგად გამოვიყურები, – ვუთხარი ლუისს და პირდაპირ სახეში შევაცქერდი. ვიცოდი, თვალები დასივებული მქონდა, ტუში ჩამომედღაბნა. მაგრამ მამაკაცის წინაშე მდგარს ცხოვრებაში პირველად ოდნავადაც არ მრცხვენოდა ამ ყველაფრის, მის თვალებში კი მხოლოდ აქვითინებული ბავშვი ირეკლებოდა – 45 წლის დოროთი სეიმური. იყო ლუისში რაღაც – გაურკვეველიც, შემაძრწუნებელიც და შვების მომგვრელიც ერთსა და იმავე დროს, რაღაც, რაც წესიერების ყველა კანონს უარყოფდა.   - გული გტკივათ, – მითხრა ფიქრიანად.   - დიდხანს მიყვარდა.   - მან მიგატოვათ და დაისაჯა კიდეც, – მომიჭრა მოკლედ, – ასეთია ცხოვრება.   - სულ მთლად ბავშვი ხართ! – წამოვიძახე მე, – მადლობა ღმერთს, ცხოვრება თქვენსავით ბოროტი არ არის.   - შეიძლება გახდეს.       იგი აღარ მიყურებდა და ისევ ჩიტებს დაუწყო თვალთვალი. სევდიანი, ლამის მწუხარე სახე ჰქონდა. წამით გავიფიქრე, არცთუ ძალიან თანამიგრძნობს-მეთქი და გული დამწყდა, პოლი რომ გავუშვი. შეგვეძლო ერთად გაგვეხსენებინა ფრენკი, დროდადრო ცრემლსაც მომწმენდდა, ერთი სიტყვით, იმ საშინელ სენტიმენტალურ კომედიაზე დამწყდა გული, რომელსაც ჩვენ აქ, ვერანდაზე გავითამაშებდით. მაგრამ მეორე მხრივ ძალიან მსიამოვნებდა, რომ თავის შეკავება მოვახერხე. შინ დავბრუნდი თუ არა, ტელეფონმა დარეკა. ზარები მთელი საღამო არ შეწყვეტილა. ძველი საყვარლები, მეგობრები, ჩემი საბრალო მდივანი, ფრენკის თანამოსაქმეები, ჟურნალისტები, ოღონდ ამჯერად არცთუ ბევრნი, ვისაც არ ეზარებოდა, ყველა კრებდა ჩემს ნომერს. უკვე ცნობილი გახდა, რომ რომში ლუელა შრიმპმაც გაიგო ახალი ამბავი და გული წაუვიდა, მოგვიანებით კი შემთხვევით ისარგებლა და ახალ იტალიელ ჟიგოლოსთან ერთად დატოვა გადასაღები მოედანი. მთელი ეს ალიაქოთი ბუნდოვან ზიზღს მგვრიდა. არც ერთი, ვინც ასე ძლიერ წუხდა ახლა, სიცოცხლეში ერთხელაც არ დახმარებია ფრენკს. მხოლოდ მე, გაყრის შესახებ არსებული ყველა ამერიკული წესის საპირისპიროდ, ბოლომდე ვეხმარებოდი ფულით, მაგრამ უკანასკნელი დარტყმა ჯერი ბოლტონმა მომაყენა, იგი "მსახიობთა ასამბლეაში" დიდი კაცი იყო, ევროპიდან დავბრუნდი თუ არა, ეს ამაზრზენი პერსონაჟი პროცესს პროცესზე აწყობდა ჩემს წინააღმდეგ, ცდილობდა ერთიანად დავემშიე, მერე, რაკი ვერაფერს გახდა, ფრენკი ამოიღო მიზანში, სწორედ მაშინ, როცა საბრალომ ლუელა შრიმპის გულისწყრომა დაიმსახურა. იგი გახლდათ ბოროტი, ძალაუფლების მქონე, გულისამრევი არსება, რომელმაც მშვენივრად იცოდა, რომ დასანახად ვერ ვიტანდი. მასაც კი ეყო თავხედობა და დამირეკა: – დოროთი ხართ? ძალიან ვწუხვარ, ვიცი, როგორ გიყვარდათ ფრენკი და მე...   - სამაგიეროდ მე ვიცი, რომ თქვენ გამოაგდეთ იგი, ჯერი, და მიაღწიეთ, სხვებსაც უარი ეთქვათ მისთვის. თუ შეიძლება, დაკიდეთ ყურმილი, არ მინდა, უხეშად მოგექცეთ.       მან ყურმილი დაკიდა. გაბრაზებამ დადებითად იმოქმედა ჩემზე. სასტუმრო ოთახში შევბრუნდი და ლუისს ავუხსენი, რატომ ვერ ვიტანდი ჯერი ბოლტონს, მთელი თავისი ბრძანებებიან-დოლარებიანად.   - კიდევ კარგი, რამდენიმე ნამდვილი მეგობარი და რკინისებური ჯანმრთელობა მქონოდა, თორემ მეც ალბათ ფრენკივით თვითმკვლელობამდე მიმიყვანდა. თავის წრეში ყველაზე დიდი თვალთმაქცი და ნაძირალაა. სიკვდილი არასდროს არავისთვის მისურვებია, მაგრამ მაგას ვუსურვებდი. ეგ ერთადერთი ადამიანია, რომელიც არ დამენანებოდა.       და გავჩუმდი.   - თქვენ, უბრალოდ, მომთხოვნი არ ხართ, ძვირფასო, – მითხრა ლუისმა სევდიანად, – თორემ, დარწმუნებული ვარ, სხვებიც მოიძებნებიან. V თავი       კატასავით დაძაბული ვიჯექი RKB-ის ჩემს კაბინეტში და თვალს არ ვაცილებდი ტელეფონს, კენდის მღელვარებისგან ფერი არ ედო, მხოლოდ სტუმრების სავარძელში ჩამჯდარ ლუისს ჰქონდა მშვიდი, ლამის მოწყენილი სახე. ყველანი პირველი სინჯების შედეგებს ველოდებოდით.       იგი ერთ საღამოს სრულიად მოულოდნელად დამთანხმდა, ფრენკის სიკვდილიდან რამდენიმე დღის შემდეგ. ადგა, მსუბუქად გადმოდგა სამი თანაბარი ნაბიჯი, ისე, თითქოს ფრჩხილიც არასდროს წამოსტკენოდეს და ჩემ წინ გაჩერდა. მე გაოცებისგან პირი დავაღე.   - ხედავთ, გამოვჯანმრთელდი.       აღმოვაჩინე, თურმე იმდენად მივეჩვიე გამუდმებით მის გვერდით ყოფნას, მის ავადმყოფობას, რომ მისი წასვლა ვეღარც წარმომედგინა. ახლა ალბათ მეტყვის: "ნახვამდის, გმადლობთ", სახლის კუთხეს მიეფარება და ჩვენ ვეღარასდროს ვნახავთ ერთმანეთს. გული ჩამწყდა.   - დიდებული ამბავია, – ვუთხარი მისუსტებული ხმით.   - ასე გგონიათ?   - რასაკვირველია... რას... ახლა რის გაკეთებას აპირებთ?   - თქვენზეა დამოკიდებული, – მითხრა მშვიდად და ისევ დაჯდა. შვებით ამოვისუნთქე. ყოველ შემთხვევაში, დაუყოვნებლივ მაინც არ აპირებს წასვლას. მეორე მხრივ, ამ პასუხმა საგონებელში ჩამაგდო. ასეთი დაუდეგარი, გულგრილი და თავისუფალი ადამიანის ბედი როგორ უნდა ყოფილიყო ჩემზე დამოკიდებული. ბოლოს და ბოლოს მისთვის ყოველთვის მხოლოდ მომვლელი ვიყავი და მეტი არაფერი.   - თუ აქ დავრჩები, მაინც უნდა ვიმუშაო, – დაიწყო თავიდან.   - ლოს-ანჯელესში გინდათ დარჩენა?   - მე ვთქვი, აქ-მეთქი, – მითხრა მკაცრად და ნიკაპით ვერანდასა და თავის სავარძელზე მანიშნა, ცოტა ხნის შემდეგ კი დაუმატა: – თუ ხელს არ შეგიშლით.       მე სიგარეტი გამივარდა, დავიხარე, ავიღე და სასწრაფოდ გავიმართე, თან დაახლოებით ასეთ რამეს ვბუტბუტებდი: "აჰ, კარგით, აჰ! რადგან ასეა საქმე, თუ ჩემზეა დამოკიდებული" და ა.შ. იგი იჯდა და მომჩერებოდა, საშინლად შემრცხვა, ეს უკვე მეტისმეტი იყო. სამზარეულოში გავვარდი და პირდაპირ ბოთლიდან მოვსვი ვისკის უზარმაზარი ყლუპი. უახლოეს მომავალში ნამდვილად გავლოთდები, თუ, რასაკვირველია, ჯერ კიდევ არ გავლოთებულვარ. ცოტა მოვმაგრდი და ვერანდაზე დავბრუნდი. სწორედ დროა, ავუხსნა ამ ბიჭს, მარტო მხოლოდ იმიტომ ვცხოვრობ, რომ ასე მსიამოვნებს, იმიტომ, რომ ასე გადავწყვიტე და ახალგაზრდა მამაკაცების საზოგადოება სულაც არ მესაჭიროება. მით უმეტეს, მსგავსი საზოგადოება ხელს შემიშლის, შინ მოვიყვანო თაყვანისმცემლები, რომლებმაც, სიმართლე გითხრათ, ძალიან მომაბეზრეს თავი. მესამეც, მესამეც, მესამეც... მოკლედ, ლუისის აქ დასარჩენად არავითარი მიზეზი არ არსებობს. მისმა გადაწყვეტილებამ ზუსტად ისევე ამაღელვა, როგორც ორი წუთის წინ მის გამგზავრებაზე ფიქრმა ჩამაგდო სასოწარკვეთილებაში. მაგრამ მე ჩემი წინააღმდეგობრივი ხასიათი უკვე აღარ მაოცებს.   - ლუის, – ვუთხარი მშვიდად, – მგონი, დროა ვილაპარაკოთ.   - აზრი არ აქვს, – მიპასუხა, – თუ არ გინდათ რომ დავრჩე, წავალ.   - მაგას არ გეუბნებით – დავიბენი.   - აბა რას?       პირდაღებული შევცქეროდი. მართლაც, რა უნდა მეთქვა? სულერთია, ოღონდ ეგ არა. არ მსურს, წავიდეს. პირიქით, ძალიანაც მომწონს.   - უწესობაა, – ვუთხარი უღონოდ.       გადაიხარხარა. სიცილი ისე აახალგაზრდავებდა, ავნერვიულდი.   - სანამ ავად იყავით, სანამ ფეხი გქონდათ დაშავებული, შემეძლო შემეფარებინეთ, განძრევაც კი არ შეგეძლოთ და ქუჩაში ხომ ვერ დაგტოვებდით.   - ახლა რადგან სიარული შემიძლია, ეს უკვე უწესობაა, არა?   - ყოვლად მიუღებელია.   - ვისთვის?   - მთელი ქვეყნისთვის.   - თქვენ რა, მთელ ქვეყანას აბარებთ ანგარიშს, როგორ ცხოვრობთ? – დამცინავი კილო ჰქონდა. თავი შეურაცხყოფილად ვიგრძენი.   - თქვენ როგორ გგონიათ, ლუის? მე ჩემი საკუთარი ცხოვრება მაქვს, მეგობრები მყავს, მე... მე... ოჰ... მამაკაცები, რომლებიც თაყვანს მცემენ. უკანასკნელი წინადადებისას ხმას დავუწიე, შემრცხვა და გავწითლდი. არადა, 45 წლის ვარ! ლუისმა თავი დამიქნია: – კარგად ვიცი, რომ მამაკაცებს უყვარხართ, იმ ტიპსაც, მაგალითად, ბრეტს.   - პოლსა და ჩემ შორის არასდროს არაფერი ყოფილა, – ვთქვი უმანკო სახით. – ოჰ! საერთოდაც ეს თქვენ არ გეხებათ, გაიგეთ, უბრალოდ, თქვენი აქ ყოფნით სახელს მიტეხთ.   - საკმაოდ დიდი ხართ, – სამართლიანად შენიშნა ლუისმა, – უბრალოდ, ვიფიქრე, ქალაქში თუ სამუშაოს ვიშოვნი, საცხოვრებლად აქვე დავრჩები-მეთქი. ქირასაც გადაგიხდიდით.   - თქვენი ფული არ მჭირდება. როგორმე მდგმურების გარეშეც გავიტან თავს.   - ჩემთვის ასე უფრო მოსახერხებელი იქნებოდა, – მითხრა შემრიგებლური ხმით.       გაუთავებელი კამათის შემდეგ ორივემ დავთმეთ. ლუისი შეეცდება სამუშაო იშოვოს და გარკვეული ხნის შემდეგ, თუ ენდომება, სადმე ახლოს მოძებნის სხვა ბინას. ყველაფერზე დამთანხმდა. დასაძინებლად ყველაფერზე შეთანხმებულები დავწექით. ერთადერთ კითხვაზე არ გაგვიცია პასუხი, რომელიც ძილის წინღა მომივიდა თავში: რატომ სურდა მას ჩემთან დარჩენა?       მეორე დღეს სტუდიები დავიარე, საოცრად ლამაზ მამაკაცზე ჩამოვუგდე სიტყვა, შედეგად რამდენიმე დამცინავი შენიშვნაც დავიმსახურე და ლუისის სინჯებზეც შევუთანხმდი. იგი სტუდიაში ჩემთან ერთად წამოვიდა, მორჩილად გაუძლო სინჯებს და ჯეი გრანტი, ჩემი უფროსი დაჰპირდა, კვირის თავზე შეგხვდებიო. ე.ი. დღეს. ჯეი საპროექტოში იჯდა, აფასებდა ლუისს და კიდევ ოციოდე ახალგაზრდას. მე კალამს ვღრღნიდი, კენდი კი, რომელსაც ერთი ნახვით შეუყვარდა ლუისი, უხალისოდ უკაკუნებდა საბეჭდ მანქანას.   - ცუდი ხედია, – დაუდევრად თქვა ლუისმა.       ფანჯრის ქვეშ გადაყვითლებულ გაზონს გადავხედე. ღმერთო, რაზე ლაპარაკობს! ამ ბიჭს შეუძლია ნამდვილი კინოვარსკვლავი გახდეს, აშშ-ის ყველაზე მაცდუნებელი მამაკაცი, ეს კიდევ ცუდი ხედიაო, მეუბნება. უცებ ბრბოს კერპად წარმოვიდგინე, ოსკარებით დახუნძლული, როგორ მოგზაურობს მთელ მსოფლიოში და ხანდახან შორეული მოგზაურობიდან დაბრუნებული თავისი კადილაკით შემოივლის მოხუცი დოროთის სანახავად, რომელმაც ოდესღაც ასე გაუმართა ხელი. შემებრალა საკუთარი თავი, ამ დროს ტელეფონმაც დარეკა. გაოფლილი ხელით დავწვდი ყურმილს.   - აქ არის, ჩემთან, – აღმომხდა მე.   - მშვენიერია, თვითონაც წამოიყვანეთ.       აცრემლებულმა კენდიმ ერთი ასჯერ მაინც გადაგვკოცნა, მერე მანქანაში ჩავხტით, თვალის დახამხამებაში გავიქროლეთ სამი კილომეტრი სტუდიიდან საპროექტომდე და ჯეისთან შევცვივდით. თუმცა ტყუილად ვამბობ, "ჩვენ"-მეთქი, რადგან ლუისი გზადაგზა უსტვენდა, ფეხს ითრევდა და ეტყობოდა, საერთოდ არ აინტერესებდა, რა ხდებოდა იქ. იგი თავაზიანად მიესალმა ჯეის, სიბნელეში ჩემ გვერდით დაჯდა და მისი სინჯების ყურება დავიწყეთ.       ეკრანზე ცოტა სხვაგვარად გამოიყურებოდა – უნდა ვაღიარო, იყო მასში რაღაც აუხსნელი, მკაცრი, სასტიკიც კი და ამავე დროს რაღაც არაჩვეულებრივად მიმზიდველიც, თუმცა სულ არ მესიამოვნა, რომ ეკრანზე უცნობი მამაკაცი მოჩანდა. ძალდაუტანებლად ადგა, მიეყრდნო კედელს, სიგარეტს მოუკიდა, დაამთქნარა, გაიღიმა, თითქოს მარტო არისო. კამერის წინ არავითარ უხერხულობას არ გრძნობდა, შეიძლებოდა ეჭვიც კი შეგპარვოდათ, საერთოდ ამჩნევს თუ არაო.       შუქი აინთო და სახეგაბრწყინებული ჯეი მე მომიბრუნდა: – აბა, რას იტყვით, დოროთი?       ცხადია, სწორედ მან აღმოაჩინა ლუისი. რამდენჯერმე დავუქნიე თავი, ხმა არ ამომიღია, ეს ჩემს მდგომარეობაში საუკეთესო გამოსავალი იყო. ჯეი ახლა ლუისს მიუტრიალდა: – როგორ მოგწონთ?   - სულაც არ მომწონს, – პირქუშად მიუგო ლუისმა.   - თამაში სად ისწავლეთ?   - არსად.   - არსად? მოიცათ... მოიცათ, მეგობარო...       ლუისი წამოდგა. უცებ ზიზღი გამოეხატა სახეზე.   - მე არასდროს არ ვიტყუები, ბატონო...   - გრანტი – შეახსენა ჯეიმ მექანიკურად.       ცხოვრებაში პირველად ვნახე შემცბარი ჯეი გრანტი. იგი ოდნავ გაწითლდა: – არ გეუბნებით, იტყუებით-მეთქი, უბრალოდ, დამწყებისთვის არაჩვეულებრივად ბუნებრივად თამაშობთ. დოროთის შეუძლია დაგიდასტუროთ, და ჯეი ლამის მავედრებელი სახით მომიბრუნდა – ძალიან გავმხიარულდი. წავეშველე: – მართლაც, ლუისი, ძალიან კარგად გამოიყურებოდით.       მან შემომხედა, გამიღიმა და უცებ ჩემკენ გადმოიხარა, თითქოს მარტონი ვყოფილიყავით.   - მართლა? მოგეწონეთ?       როცა მისი სახე ჩემგან სულ რაღაც ორიოდე სანტიმეტრში დავინახე, მოუსვენრად ავწრიალდი სავარძელში: – რა თქმა უნდა, ლუის, დარწმუნებული ვარ, წინ ბრწყინვალე კარიერა გელოდებათ. მე...       ჯეიმ ფრთხილად ჩაახველა, ასეც ველოდი.   - მე კონტრაქტს მოვამზადებ, ლუის, შეგიძლიათ ადვოკატსაც წააკითხოთ, თუ მოისურვებთ. სად შეიძლება თქვენი პოვნა?       სავარძელში ჩავიმალე და გაოცებულმა გავიგონე, რა მშვიდად უპასუხა ლუისმა: – მადამ სეიმურთან ვცხოვრობ. VI თავი       დიდი სკანდალი არ აგორებულა, არც იმხელა სახელი მაქვს ჰოლივუდში. რამდენიმე ჭორი და ორიოდე სულელური მილოცვა დავიმსახურე "ჩემი პროტეჟეს" მომავალ წარმატებებთან დაკავშირებით, მაგრამ ეს ხმები ჩემი კაბინეტის კარს არ გასცილებია.       არც ერთ ჭორიკანა დედაკაცს არ შემოუხედავს ჩემთან. მხოლოდ კინემატოგრაფიულ გაზეთში გაკეთებული პატარა შენიშვნა აუწყებდა მკითხველს, უცნობ ლუის მაილზსა და სახელგანთქმულ ჯეი გრანტს შორის ხელშეკრილება გაფორმდაო. მარტო პოლ ბრეტმა მკითხა სერიოზულად სტუდიის ბარში სახელდახელოდ მოწყობილ სადილზე, ლუისს რას უპირებთო. პოლი გამხდარიყო, რაც, სხვათა შორის, ძალიან უხდებოდა, ოდნავ დაღონებული სახე ჰქონდა, როგორც ყველა ორმოცს გადაცილებულ ბერბიჭას ჩვენში. ამან გამახსენა, რომ კიდევ არსებობენ მამაკაცებიც და სასიყვარულო ურთიერთობებიც. მხიარულად ვუპასუხე, ლუისს არაფერსაც არ ვუპირებ, მთელი გულით მიხარია მისი წარმატება და იგი სულ მალე გადავა ჩემი ბინიდან-მეთქი. პოლმა ეჭვის თვალით შემომხედა.   - დოროთი, მე თქვენ ყოველთვის მიყვარდით, იმიტომ რომ ტყუილი არ გჩვევიათ და აქაური ქალებივით არ აწყობთ ხოლმე იდიოტურ კომედიებს.   - მერე?   - ოღონდ ნუ მეტყვით, რომ თქვენისთანა ქალი უკვე ერთი თვეა უბიწოდ ცხოვრობს ახალგაზრდა, ლამაზი მამაკაცის გვერდით. ვაღიარებ, მართლა ლამაზია...       გამეცინა: – უნდა დამიჯეროთ, პოლ, მე იგი არ მომწონს, ყოველ შემთხვევაში, მაგ კუთხით და არც მას მოვწონვარ. ვიცი, უცნაურად ჩანს, მაგრამ რა ვქნა.   - დაიფიცებთ?       სასაცილოა პირდაპირ, როგორ უყვართ მამაკაცებს ეს დაფიცებები. კარგი, დავიფიცე და, ჩემდა გასაკვირად, პოლს ერთიანად გაუბრწყინდა სახე, გავოცდი, რადგან არც ისეთ გულუბრყვილოდ ვთვლიდი, ქალის ფიცი დაეჯერებინა და არც ისეთ შეყვარებულად, ამ ამბის გაგება გახარებოდა. უცებ გამიელვა, მართლა, უკვე ერთი თვეა ლუისთან ერთ ჭერქვეშ ვცხოვრობ, მთელი ამ ხნის მანძილზე თითქმის არსად ვყოფილვარ და არც რომელიმე მომხიბლავი მამაკაცის ლოგინში აღმოვჩენილვარ-მეთქი. თუმცა მსგავსი რამ ჩემს ცხოვრებაში უთვალავჯერ მომხდარა. პოლი ყურადღებით შევათვალიერე, დავასკვენი, მიმზიდველი, მოხდენილი, ბრწყინვალე მანერების მქონე მამაკაცია-მეთქი და მეორე დღეს დავუნიშნე პაემანი. ცხრა საათზე გამომივლის, "რომანოვებში" ვისადილებთ, მერე საცეკვაოდ წავალთ. ერთმანეთს კმაყოფილები დავშორდით.       ამიტომაც მეორე დღეს ჩვეულებრივზე ადრე დავბრუნდი შინ, გადავწყვიტე, დიდებულად ჩამეცვა და პოლ ბრეტი საბოლოოდ დამეტყვევებინა. ლუისი თავის სავარძელში იჯდა, ჩვეულებისამებრ ცას მიშტერებოდა. გვერდზე რომ ჩავუარე, რაღაც ქაღალდი მესროლა. ჰაერშივე დავიჭირე. გრანტთან დადებული ხელშეკრულება იყო. სამი ფილმის გადაღებას ითვალისწინებდა ლუისის მონაწილეობით, კიდევ – საკმაოდ კარგ ანაზღაურებას ყოველთვიურად ორი წლის განმავლობაში და, ბუნებრივია, იმის პირობას, რომ იგი მხოლოდ გრანტთან იმუშავებდა. ხელშეკრულებას სწრაფად გადავავლე თვალი და ლუისს ვურჩიე, მეტი საიმედოობისთვის, ჩემს ადვოკატს აჩვენეთ-მეთქი.   - კმაყოფილი ხართ, ლუის?   - სულ ერთია, – მიპასუხა მან, – თქვენ თუ მოგწონთ, მე ხელს მოვაწერ. სადმე გეჩქარებათ?   - სადილად, – ვუთხარი მხიარულად, – ერთ საათში პოლ ბრეტი გამომივლის.       კიბე ავირბინე, სააბაზანოში შევედი, წყლით სავსე აბაზანაში ჩავწექი და მომავალს იმედის თვალით დავუწყე ყურება. ცხადია, უფრო ჩახლართული მდგომარეობიდანაც გამოვმძვრალვარ: ლუისს წინ ბრწყინვალე კარიერა ელოდება, პოლი ისევ შეყვარებულია ჩემზე, ჩვენ სასადილოდ, გასართობად მივდივართ, იქნებ სექსიც გვქონდეს, და საერთოდაც, სიცოცხლე მშვენიერია.       სარკეში შემწყნარებლურად შევათვალიერე ჩემი ჯერ კიდევ მოხდენილი სხეული, ბედნიერი სახე, სააბაზანოდან სასმელის წრუპვა-წრუპვით გამოვედი და პორტჰოლის ულამაზესი პენუარი მოვიცვი, რომელიც ჩემმა ქალიშვილმა გამომიგზავნა პარიზიდან. მერე მივუჯექი ტუალეტის პატარა მაგიდას, ამოვიღე ჯადოსნური კრემების უამრავი ქილა და საქმეს შევუდექი. სარკეში ლუისი დავინახე, ოთახში დაუკაკუნებლად შემოვიდა, გამიკვირდა, მაგრამ არ აღვშფოთებულვარ, რადგან როგორც უკვე ვთქვი, არაჩვეულებრივ ხასიათზე ვიყავი. იგი ჩემ გვერდით იატაკზე დაჯდა. ცალი თვალი შეღებილი მქონდა, მეორე – არა, ძალიან სულელურად გამოვიყურებოდი, ამიტომ სასწრაფოდ შევუდექი მდგომარეობის გამოსწორებას.   - სადილობას სად აპირებთ?   - "რომანოვებში", ეს ჰოლივუდის ერთ-ერთი საუკეთესო რესტორანია, სადაც სადილობა შეიძლება. თქვენც, როგორც ნამდვილ ვარსკვლავს შეეფერება, მალე ივლით იქ.   - სისულელეებს ნუ ლაპარაკობთ, – მისი ხმა ნაწყვეტ-ნაწყვეტ, ბოროტად გაისმა. წამით ფანქრიანი ხელი ჰაერში გამიშეშდა.   - სულაც არ ვლაპარაკობ სისულელეებს. მართლა საუცხოო ადგილია.       ლუისმა არაფერი მიპასუხა, უბრალოდ, როგორც ყოველთვის, ფანჯარაში დაიწყო ყურება. მე თავის მოწესრიგებას მოვრჩი, მაგრამ ჩემდა გასაკვირად, ლუისის თვალწინ ტუჩების შეღებვა შემრცხვა. ისეთივე უხამს საქციელად მომეჩვენა, როგორც, მაგალითად, ტანსაცმლის გახდა ბავშვის თანდასწრებით. ამიტომ სააბაზანოში შევბრუნდი და კროუფორდივით ავხორცულად მოვიხატე, თან სენ ლორანის მოდელის მიხედვით შეკერილი ჩემი უსაყვარლესი მუქი ლურჯი კაბა ჩავიცვი, შესაკრავი გამეჭედა და კარგა ხანს ვეწვალე, ამიტომაც ლუისი სულ გადამავიწყდა და გამოსვლისას კინაღამ ფეხი დავადგი. ისევ ხალიჩაზე იჯდა. წამოხტა, მომაჩერდა. მე გავუღიმე, ვამაყობდი საკუთარი თავით: – აბა, რას იტყვით?   - მებაღის ტანსაცმელში უფრო მომწონხართ, – მიპასუხა მან.       გავიცინე და კარისკენ წავედი. უკვე კოქტეილის მომზადების დრო იყო, მაგრამ ლუისმა მკლავში მომკიდა ხელი.   - კი მაგრამ, მე რა ვაკეთო?   - ღმერთო ჩემო, რაც გინდათ, – ვუთხარი გაოცებულმა, – ტელევიზორი გაქვთ, მაცივარში ორაგული დევს, თუ გინდათ, შეგიძლიათ, ჩემი მანქანა წაიყვანოთ. ერთსა და იმავე დროს გაუბედავი და დაძაბული გამომეტყველებით ეჭირა ჩემი ხელი, თითქოს სადღაც სხვაგან იყურებოდა. ვიცანი, ბრმის მზერა იყო, რომელმაც ჯერ კიდევ საპროექტოში გამაოცა, – სხვა პლანეტიდან მოსული არსების მზერა. მკლავის გათავისუფლება ვცადე, მაგრამ უშედეგოდ და უცებ მომინდა, რაც შეიძლება მალე მოსულიყო პოლი.   - გამიშვით, ლუის, მეჩქარება.       ჩუმად ვთქვი, თითქოს მეშინოდა, არ გავაღვიძო-მეთქი. შევამჩნიე, შუბლსა და ზედა ტუჩზე როგორ დაასხა ოფლმა და საკუთარ თავს ვკითხე, ავად ხომ არ არის-მეთქი. მოულოდნელად გამოფხიზლდა, გააკანკალა და გამიშვა ხელი.   - ცუდად შეგიკრავთ ყელსაბამი, – მითხრა მშვიდად.       ხელები მხრებზე შემომატარა და ძალიან მოხერხებულად შეასწორა მარგალიტის შესაკრავი ფარღულზე. შემდეგ ერთი ნაბიჯით უკან დაიხია, მე გავუღიმე. ყველაფერი თვალის დახამხამებაში მოხდა, მაგრამ ძალიან ნათლად ვიგრძენი, ზურგზე როგორ დამირბინეს ჭიანჭველებმა. არა, ამას არავითარი კავშირი არ ჰქონია ფიზიკურ მღელვარებასთან, რომელიც შეიძლება თქვენს მხარზე მამაკაცის ხელის შეხებამ გამოიწვიოს. იმ მღელვარებას კარგად ვიცნობ, ეს სულ სხვა რამ იყო.       ერთი საათში პოლიც მოვიდა, ძალიან თავაზიანად მოექცა ლუისს – ცოტა მოწყალედ, მაგრამ თავაზიანად – და ჩვენ, სამივემ დავლიეთ კოქტეილი. ოპტიმიზმი მალე დამიბრუნდა. გასვლისას ხელი დავუქნიე ლუისს, იგი გაუნძრევლად იდგა კარის ზღურბლზე – მაღალი, ტანადი სილუეტი, ლამაზი, ძალიან ლამაზი, მეტისმეტად ლამაზიც კი. საღამომ ისე ჩაიარა, როგორც ველოდი: უამრავ მეგობარს შევხვდი, მთელი ორი საათი ვეცეკვებოდი პოლს, მერე მან ნასვამი თავისთან წამიყვანა. და მე კვლავ შევიგრძენი თამბაქოს დიდებული სუნი, მამაკაცური სხეულის სიმძიმე, ალერსიანი ჩურჩული ღამის სიბნელეში. პოლი ძალიან მამაკაცური იყო, ნაზი, მითხრა, მიყვარხარო და ცოლობა მთხოვა. მე ვუპასუხე, თანახმა ვარ-მეთქი. სიამოვნება, ღმერთმა იცის, რას არ მაკეთებინებს ხოლმე. მერე დილის ექვს საათზე შინ მოვთხოვე გაცილება. ლუისს ფანჯარა დაკეტილი ჰქონდა და მხოლოდ დილის ნიავი ხმაურობდა ჩემი ბაღის ბარდებში. VII თავი       ერთი თვე გავიდა, ლუისმა თავისი მეორე როლის შესრულება დაიწყო ფერად, სენტიმენტალურ, სათავგადასავლო მელოდრამაში. საღამოობით უკვე ისე ხშირად გაიელვებდა ხოლმე ეკრანზე, რომ მასზე ალაპარაკდნენ. ეტყობოდა, საერთოდ არ აღელვებდა ეს ამბავი. ხმის ამოუღებლად დადიოდა სტუდიაში, მთელ დანარჩენ დროს კი ჩემს კაბინეტში ატარებდა, სადაც მშვიდად ადევნებდა თვალს, როგორ ეკეკლუცებოდა კენდი, ან ჰოლივუდის პავილიონებში იჯდა და ოცნებობდა. განსაკუთრებით B სერიის კოვბოური ფილმების დეკორაციები მოსწონდა, რომლებსაც არ შლიან გადაღებების დასრულების შემდეგ. აქ იყო აივნიანი და ხის კიბეებიანი ფასადების მთელი სოფლები, ნამდვილი ფიტულები, ერთსა და იმავე დროს გულის ამაჩუყებლებიც და ავადმყოფურებიც. ლუისი საათობით დადიოდა ამ გამოგონილ ქუჩებში, კიბის საფეხურზე ჩამოჯდებოდა და სიგარეტს ეწეოდა. საღამოს შინ მიმყავდა და ხშირად ვტოვებდი მარტო, თუმცა ყოველთვის ვურჩევდი, გაერთეთ-მეთქი. პოლი ბევრს ცდილობდა, როგორმე საკურთხეველთან მივეტყუებინე და მთელი ჩემი დიპლომატიური ნიჭის გამოვლენა მიწევდა თავის დასაძვრენად. ნაცნობები ფიქრობდნენ, ერთდროულად ორი საყვარელი გაიჩინაო. ვამპირის როლში ვიყავი, რაც წლებს კი მაკლებდა, მაგრამ თან ძალიან მაღიზიანებდა.       ეს მშვენიერი არაჩვეულებრივი მდგომარეობა თითქმის სამ კვირას გაგრძელდა. აჰ! არასდროს ისე მომხიბვლელად არ გეჩვენება სიცოცხლე, როგორც მაშინ, როცა გიყვარს, ყოველი ახალი დღის სილამაზე, ღამეული მღელვარება, სასმელისგან გამოწვეული საამო თავბრუსხვევა, სინაზის ზღვა, გატაცებული მუშაობა, ჯანმრთელობა და დაუჯერებელი ბედნიერება, როცა გამოღვიძებული გრძნობ, ცოცხალი ხარ და მთელი ცხოვრება ჯერ კიდევ წინა გაქვს, უგრძესი დღე, დილიდან საღამომდე, სანამ ხელახლა არ დადებ ბალიშზე თავს და კვლავ მიცვალებულის პოზას არ მიიღებ. არასდროს ასეთი მადლიერების გრძნობით არ გავმსჭვალულვარ ზეცისა და დედაჩემის მიმართ ჩემი ამქვეყნად მოვლინებისთვის. ყველაფერი მახარებდა. ახალთახალიც და ნახმარი ზეწრებიც, ლოყის ქვეშ ამოდებული საყვარელი მამაკაცის მხარიც და მარტოობაც, ლურჯი ოკეანეც და ნაცრისფერიც, სტუდიისკენ მიმავალი სწორი, სახიფათო ამერიკული შოსეც, ზედ ყოველი მხრიდან მუსიკა რომ ისმოდა და ლუისის მავედრებელი მზერაც.       აი, მაშინ კი დავფიქრდებოდი ხოლმე, მრცხვენოდასავით, მეჩვენებოდა, თითქოს ყოველ საღამოს მივაგდებდი ლუისს, როცა მანქანით მივქროდი პავილიონში, ვიჯახუნებდი კარს და გრძელი, იმედი მაქვს, გაწონასწორებული ქალის კოხტა ნაბიჯით გავდიოდი. თვალწინ წარმომიდგებოდა გათოშილი, შემცივნული ლუისი და ხანდახან სულელივით ვეკითხებოდი საკუთარ თავს: ხომ არაფერი მეშლება, იქნებ ეს ცხოვრება, ჩემი ცხოვრება, ეს ბედნიერება, ეს მხიარულება, ეს სიყვარული მამაკაცებისადმი – იქნებ ეს ყველაფერი სისულელეა? იქნებ უბრალოდ უნდა მივირბინო მასთან, მოვეხვიო და ვკითხო... მაგრამ რა უნდა ვკითხო? თვითონ ჩემში მაშინებდა რაღაც. მეჩვენებოდა, რომ რაღაც უცხოს შევეჯახე, რაღაც ავადმყოფურსაც კი, ოღონდ თავიდან ბოლომდე "ნამდვილს". აი მისკენ ვმოძრაობ, ვიხრები, ვუცინი, ვეუბნები: "გამარჯობა, ლუის". ისიც მიღიმის. ერთი-ორჯერ გადაღებებზეც ვნახე. რომელიღაც მხეცივით იდგა კინოკამერის ხარბი თვალის წინ, თითქმის არ მოძრაობდა. იქ არც იყო თითქოს, დაღლილ ლომს ჰგავდა, ზოოპარკის გალიაში რომ ზის და ულმობელ მზერას არ გაშორებთ.       ბოლტონმა მისი შესყიდვა გადაწყვიტა. არც უნდა გასჭირვებოდა. იგი როდი მიეკუთვნებოდა ჰოლივუდის იმ პროდიუსერთა რიცხვს, უარს რომ ეუბნებიან ხოლმე. მით უმეტეს ჯეი გრანტი არ ეუბნებოდა. ამიტომ ბოლტონი ლუისს შეხვდა, ახალი, გაცილებით მომგებიანი წინადადება შესთავაზა და ძველი ხელშეკრულებაც გამოისყიდა. გავცოფდი. მით უმეტეს, ლუისს შეხვედრის შესახებ ჩემთვის არაფერი უთქვამს.       საჭირო იყო სიმკაცრე გამომეჩინა: – დიდი კაბინეტი აქვს, თვითონ უკან იდგა, სიგარეტს ეწეოდა, მე დამსვა და თვითონ ვიღაცას დაუწყო რეკვა.       ლუისი ნელა, მოწყენილი ხმით ლაპარაკობდა, ტერასაზე ვისხედით, გადავწყვიტე, იმ საღამოს ფეხი არსად გამედგა.   - მერე რა ჰქენით?   - მაგიდაზე ჟურნალი იდო, ავიღე და კითხვა დავიწყე.       გავმხიარულდი, ახალგაზრდა მამაკაცი ჯე.რი ბოლტონის ცხვირწინ კითხულობს ჟურნალს – მეტისმეტად სახალისო სურათია.   - მერე?   - ყურმილი დაკიდა და მითხრა, კბილის ექიმთან ხომ არ გგონია თავიო.   - თქვენ რა უპასუხეთ?   - ვუთხარი, არა-მეთქი, კიდევ ვუთხარი, რომ ძალიან კარგი კბილები მაქვს და რომ საერთოდ არ დავდივარ კბილის ექიმთან.       იგი ჩემკენ გადმოიხარა და ნათქვამის დასადასტურებლად თითით აიწია ზედა ტუჩი. მგელივით წვეტიანი, თეთრი კბილები ჰქონდა. თავი დავუქნიე.   - მერე?   - მერე არაფერი. რაღაც ჩაიღრინა და მითხრა, თქვენთან საქმის დაჭერით დიდ პატივს გდებთო და სულ მასეთი რამეები. ჩემი კონტრაქტის გამოსყიდვას აპირებს, მინდა კარიერა გაგიკეთოო... როგორ თქვა? ჰო, "პრესტიჟული". უცებ სიცილი აუვარდა.   - პრესტიჟული კარიერა... მე ვუთხარი, ჩემთვის სულ ერთია, უბრალოდ მინდა ბევრი ფული ვიშოვო-მეთქი. იცით, ერთი "როლს-როისი" შევათვალიერე.   - რა?   - აი, "როლსი", იმ დღეს პოლს რომ ეუბნებოდით. შიგნით ფეხზე ისე ადგებით, თავის დახრაც არ მოგიწევთო. ერთი მასეთი შევათვალიერე თქვენთვის. ოცი წლისაა, მაგრამ ძალიან მაღალია და შიგნითაც ოქროთია სავსე. მომავალ კვირას მოგვიყვანენ. ბოლტონმა ფული საკმარისად მომცა და ხელშეკრულებას მოვაწერე ხელი.       გაოცებისგან გავშეშდი.   - გინდათ თქვათ, რომ "როლსი" მიყიდეთ?   - წინააღმდეგი ხართ?   - ე.ი. აპირებთ ყველა ქალური კაპრიზი შემისრულოთ? გადაირიეთ?       მან დამამშვიდებელი, გულის ამაჩუყებელი ჟესტი გააკეთა, როგორც მე მომეჩვენა, ცოტა შეუფერებელი თავისი ასაკისათვის. ადამიანთა უმრავლესობისგან განსხვავებით ჩვენს, თუნდაც პლატონურ ურთიერთობაში თავი ისე გვეჭირა, თითქოს არაფერი ხდებოდა. ეს უკვე სასაცილო იყო, გულის ამაჩუყებელი, მაგრამ სასაცილო. ეტყობა, ლუისმა ეს აზრი ჩემს მზერაში ამოიკითხა, ამიტომაც მოიღუშა.   - ვიფიქრე, ვასიამოვნებ-მეთქი, – მითხრა მან, – მაპატიეთ, დღეს საღამოს წასასვლელი ვარ.       ადგა და გავიდა, ხმის ამოღებაც ვერ მოვასწარი. დავწექი დასაძინებლად, თან სინდისი მქენჯნიდა. დაახლოებით შუაღამისას ისევ ავდექი და წერილი დავუწერე, მადლობასაც ვეუბნებოდი და ბოდიშსაც ვუხდიდი, ისეთი თბილი გამომივიდა, ბოლოს ზოგიერთი სიტყვა გადავშალე კიდეც. მერე ბალიშის ქვეშ შევუცურე წერილი და ლოდინი დავიწყე. მაგრამ ოთხ საათი გახდა და იგი ჯერ კიდევ არ დაბრუნებულიყო. შვებით ამოვისუნთქე და გულდაწყვეტილმა დავასკვენი, როგორც იქნა საყვარელი გაიჩინა-მეთქი. ცუდად მეძინა, დილით ტელეფონი გამოირთო, ამიტომ ახალი გამაოგნებელი ამბავი მხოლოდ სტუდიაში მისვლის შემდეგ პირველის ნახევარზე გავიგე. კენდი მღელვარებისგან შეძრწუნებული თვალებით უჯდა საბეჭდ მანქანას და მოუსვენრად წრიალებდა. შევედი თუ არა, კისერზე ჩამომეკიდა: – რას იტყვით, დოროთი? აბა, რას იტყვით?   - რაზე, ღმერთო ჩემო?       შეშინებულმა წარმოვიდგინე, რამე ახალ, უაღრესად მომგებიან ხელშეკრულებას გულისხმობს-მეთქი. მინდოდა ერთი დღე მაინც არაფერი მეკეთებინა, მაგრამ კენდი არაფრით არ მათქმევინებს უარს. ძალიანაც ჯანმრთელი შესახედაობა მაქვს, მაგრამ ყველანი ისე ჯიუტად ზრუნავენ ჩემზე, თითქოს ჭკუასუსტი ვიყო.   - თქვენ რა, არაფერი გაგიგიათ?       უსაზღვროდ იყო გახარებული.   - ჯერი ბოლტონი გარდაიცვალა.       პატიოსნად ვაღიარებ, ეს მშვენიერი ახალი ამბავი, კენდისა და საერთოდ, სტუდიის ყველა თანამშრომლის არ იყოს, მეც მესიამოვნა. კენდის წინ დავუჯექი, დავინახე, ამ ამბის აღსანიშნავად სკოჩის ბოთლი და ორი ჭიქა უკვე დაედგა მაგიდაზე.   - კი მაგრამ, როგორ მოკვდა? გუშინ არ ნახა ლუისმა?   - მოკლეს.       კენდი სიხარულით მეცხრე ცაზე იყო. და მე საკუთარ თავს ვკითხე, ამაში ნაწილობრივ ჩემი ბუნდოვანი შემოქმედების მელოდრამული ხასიათიც ხომ არ არის დამნაშავე-მეთქი.   - მაგრამ ვინ?       მან მოულოდნელად დაიმორცხვა და პურიტანის გამომეტყველება მიიღო: – არც კი ვიცი, როგორ გითხრათ... ეტყობა მისტერ ბოლტონს... მმ... ისეთი მიდრეკილებებიც ჰქონდა... რომ... რომლებიც...   - კენდი, – ვუთხარი მკაცრად, – ყველას ჩვენ ჩვენი მიდრეკილებები გვაქვს, ზოგი ცუდი, ზოგიც კარგი. უფრო გასაგებად ამიხსენით.   - იგი ერთ განსაკუთრებულ სახლში იპოვეს, მალიბუს მახლობლად, სადაც, როგორც ამბობენ, ძველი მუშტარი იყო. ახალგაზრდა მამაკაცთან ერთად ასულა ოთახში, მასვე მოუკლავს და მერე მიმალულა. რადიოში თქვეს, მკვლელობა გაძარცვის მიზნით მოხდაო.       ვერაფერს იტყვი, ე.ი. ჯერი ბოლტონი ოცდაათი წელი მართლა კარგად მალავდა თავის კარტებს, მთელი ოცდაათი წელი თამაშობდა გულმოკლული, უმწიკვლო ქვრივის როლს, ოცდაათი წელი ტალახში სვრიდა მოქალაჩუნო ახალბედებს. ხშირად კარიერასაც უნგრევდა და როგორც ჩანს, მხოლოდ და მხოლოდ საკუთარი თავის დაცვის მიზნით... რა სიგიჟეა.   - საქმე რატომ ვერ მიაფუჩეჩეს?   - ამბობენ, პოლიციასა და გაზეთებში მკვლელმა თვითონ დარეკაო. გვამი ნაშუაღამევს იპოვეს, უკვე აღარაფრის გაკეთება შეიძლებოდაო. როგორც ჩანს, მარტო დაწესებულების პატრონს აგებინებენ პასუხს.       მაგიდიდან მექანიკურად ავიღე ჭიქა, მაგრამ შემზიზღდა და მაშინვე უკან დავდგი, დასალევად ცოტა ადრე იყო. გადავწყვიტე, სტუდიებში გავივლი-მეთქი. ყველა აღგზნებული, შეიძლება ითქვას, გახარებულიც კი დამხვდა, რაც ოდნავ მეხამუშა კიდეც. ბოლოს და ბოლოს, ადამიანის სიკვდილი სულაც არ მანიჭებს სიამოვნებას. ყველა ამათგანს თავის დროზე ბოლტონმა ან ცხოვრება დაუნგრია, ან უბრალოდ გაანადგურა და ახლა ისინი, მისი სიკვდილისა და საიდუმლოს ერთდროულად გაგებას რაღაცნაირად ავადმყოფურად ზეიმობდნენ. ამიტომაც სასწრაფოდ უკან გამოვბრუნდი და ლუისის პავილიონისკენ გავემართე. გადაღებების მერვე საათი მიდიოდა და, ახალგაზრდა კაცის შესაფერისად გატარებული ღამის შემდეგ, წესით, იგი მთლად ჯან-ღონით სავსე ვერ უნდა ყოფილიყო. მაგრამ, ჩემდა გასაკვირად, დასვენებული, მომღიმარი სახით დამიხვდა, კედელს მიყრდნობილი, დამინახა თუ არა, ჩემკენ წამოვიდა.   - ლუის, უკვე გაიგეთ ახალი ამბავი?   - დიახ, რა თქმა უნდა, გლოვის გამო ხვალ გადაღებები არ გვექნება, შეგვიძლია ჩვენს ბაღს მივხედოთ. წამით გაჩუმდა და მალევე დაუმატა: – ვერ ვიტყვი, კარგი ფეხი მაქვს-მეთქი.   - ამან შეიძლება თქვენს კარიერაზე ცუდად იმოქმედოს.       გულგრილად ჩაიქნია ხელი.   - ლუის, ჩემი წერილი ნახეთ?       შემომხედა და უცებ გაწითლდა.   - არა, წუხელ შინ არ ვყოფილვარ.       გავუცინე: – რისი სრული უფლებაც გაქვთ, მოგწერეთ, "როლს-როისის" მიღება ძალიან გამიხარდება, უბრალოდ, მაშინ ისე გავოცდი, სწორად ვერ გაგიგეთ-მეთქი. ეგ იყო და ეგ. თქვენი წასვლის მერე ძალიან მოვიწყინე.   - აღარასდროს აღარ გაბედოთ, არ მოიწყინოთ ჩემ გამო, – მითხრა მან, – გესმით? არასდროს.       დაუძახეს. პატარა სასიყვარულო სცენის თამაში უწევდა ჯეინ პაუერთან. ჯეინი ქერათმიანი გოგო იყო, ახალგაზრდა და ენად გაკრეფილი. იგი აშკარად დიდი მონდომებით ჩაუვარდა მკლავებში ლუისს, მე კი გავიფიქრე, ჩემი მდგმური ამიერიდან ღამეს შინ ხშირად აღარ გაათევს-მეთქი, ვერც გაამტყუნებდი. ავდექი და სტუდიის რესტორნისკენ გავემართე, პოლთან ერთად უნდა მესადილა. ფრანსუაზ საგანი გაგრძელება... …
დაამატა ლაშა to ლიტერატურა at 12:33pm on ივლისი 28, 2015
თემა: ბავშვთა და პედაგოგიური ფსიქოლოგია
ოგადოებისთვის. ამიტომ უძველეს კულტურებსა და ცივილიზაციებში არსებობდა გარკვეული პედაგოგიური პრინციპები და მათი რეალიზაციის ტექნოლოგია. განათლების შინაარსი, სწავლა-აღზრდის ორგანიზაციის წესი და მეთოდები ნაკარნახევი იყო ამა თუ იმ კულტურის „ობიექტური“ (სოციალურ-პოლიტიკური, ეკონომიკური, ეთნიკური, რელიგიური თუ სხვა) თავისებურებებით. რაც შეეხება „სუბიექტურ“ მხარეს, აღსაზრდელის ფსიქოლოგიურ თავისებურებებს, მათ სერიოზული მნიშვნელობა არ ენიჭებოდა და მხოლოდ მაშინ ითვალისწინებდნენ, როცა საჭირო ხდებოდა იმის გარკვევა, შეეძლო თუ არა აღსაზრდელს მის მიმართ წაყენებული მოთხოვნების შესრულება. პედაგოგიური ფსიქოლოგიის საკითხები თითქმის არ იყო რეფლექსირებული; მათი გადაწყვეტა პრაქტიკულ პლანში, საღი აზრის დონეზე ხდებოდა.       ანტიკურ ფილოსოფიაში იმთავითვე გაჩნდა მოსაზრებები ბავშვის ფსიქიკის განვითარების თაობაზე. სულიერი მოვლენების საფუძვლების ძიებას ანტიკური მოაზროვნეები აუცილებლობით მიჰყავდა ფსიქიკის განვითარების იდეამდე, რაც ლოგიკურად აყენებდა საკითხს განვითარების პროცესის განმსაზღვრელი ფაქტორებისა და ეტაპების შესახებ. აქედან გამომდინარე, ძველი დროის წამყვანი მკვლევარები სულზე (ფსიქიკაზე) თავისი შეხედულებების დასამტკიცებლად ხშირად მიუთითებდნენ იმაზე, თუ როგორ აღიქვამს ბავშვი სამყაროს, როგორ ითვისებს ახალ ცნებებს, როგორ რეაგირებს სხვადასხვა სიტუაციაზე და ა.შ. (დემოკრიტე, სოკრატე, პლატონი, არისტოტელე, ეპიკურე, ძენონი, სენეკა, კვინტილიანე, მარკუს ავრელიუსი და ბევრი სხვა). ასე გაგრძელდა მომდევნო ეპოქებში, როგორც ქრისტიანული ტრადიციის (ავგუსტინე, თომა აქვინელი, ერაზმ როტერდამელი, ხუან ვივესი და სხვა), ისე აღმოსავლური ტრადიციის (კონფუცი, ალ-ღაზალი, ავიცენა, ავეროესი და სხვა) ფარგლებში.       შუასაუკუნოვან ევროპაში გაბატონებული იყო დოგმატურ-რელიგიური, სქოლასტიკური განათლება. სქოლასტიკის მთავარი სასწავლო მეთოდია გაზეპირება და დამახსოვრება (როგორც წესი, თვალსაჩინო წარმოდგენისა და გააზრების გარეშე). სქოლასტიკური პედაგოგიკა ყურადღებას არ აქცევდა ბავშვის ფსიქოლოგიას, ბავშვს მხოლოდ გამოსაძერწ და მოსარჯულებელ მასალად განიხილავდა, მიზნად ისახავდა ბავშვის ბუნების დათრგუნვას, რადგან იგი ცოდვილად და მანკიერებისკენ მიდრეკილად მიაჩნდა. სწამდა, რომ მხოლოდ ბუნების დათრგუნვით შეიძლება ზნეობრივი და გონიერი ქრისტიანის აღზრდა. ამგვარი მიდგომა, რომელიც XVII-XVIII საუკუნეებში პროტესტანტულმა ეთიკამ კიდევ უფრო გააძლიერა, XX საუკუნის შუახანებამდეც კი შემორჩა. სქოლასტიკური ზეპირობა კი XXI საუკუნეშიც ერთ-ერთ მთავარ სასწავლო მეთოდად რჩება. მხოლოდ რენესანსის ხანაში მოხდა გამონათება და ანტიკური ტრადიციის განვითარება, ოღონდ გაცილებით მაღალ დონეზე - ქრისტიანული ჰუმანიზმისა და ინდივიდუალიზმის დონეზე. რენესანსის ფილოსოფიაში და, კერძოდ, პედაგოგიკაშიც, სქოლასტიკის საპირისპიროდ, მთავარია ბუნებითობის პრინციპი.       რენესანსის ჰუმანისტებმა (იტალიელები ვ. დე ფელტრე, პ. ვერჯერიო და მ. ვეჯიო, ჰოლანდიელი ერაზმი, ინგლისელი თ. მორი, ფრანგები ფ. რაბლე და მ. მონტენი, ჩეხი ი.ა. კომენსკი და სხვანი) კლასიკური პედაგოგიკა დააფუძნეს. რენესანსის ფილოსოფიის თანახმად, ღმერთმა ადამიანი ამქვეყნიურობის გვირგვინად და მეუფედ შექმნა, მოუწყო მას მშვენიერი სამყარო - ლამაზი ბაღი, რომელშიც ადამიანი ბედნიერად უნდა ცხოვრობდეს (ამ სიცოცხლეშივე), გონებით უნდა შეიმეცნებდეს და გულით ესთეტიკურად უნდა განიცდიდეს ამ სამყაროს - ღმერთის დიად ქმნილებას. მაგრამ, ამასთან, ვითარც კეთილ მეუფეს, ადამიანს ამ სამყაროზე ზრუნვაც ევალება - როგორც კარგი მებაღე ზრუნავს თავის ბაღზე. სიქველე, თავისუფალი შრომა, სიყვარული, შემოქმედება (ღმერთის მიბაძვა) - აი, ადამიანის მოწოდება და ღვთივსათნო საქმე (უკვე აქედან ჩანს აშკარად, თუ როგორ ძირეულად განსხვავდება რენესანსის სიცოცხლისმოყვარული ფილოსოფია ორთოდოქსული ქრისტიანობის გარდამქმნელი მეორე მძლავრი მოძღვრებისგან - პირქუში პროტესტანტიზმისაგან). ჰუმანისტებმა უარყვეს შუასაუკუნეთა სქოლასტიკური საეკლესიო პედაგოგიკა და, ანტიკური ტრადიციების აღორძინებით, დააფუძნეს სწავლება-აღზრდის საერო მოძღვრება მეცნიერებაზე დამყარებით (განათლების მეცნიერულობა). ეს იყო ჰუმანიზმის ზოგადი ფილოსოფიის გადატანა კერძოდ ბავშვზე: როგორც ადამიანია ამქვეყნიურობის ცენტრი, ისევე უნდა იყოს ბავშვი სწავლება-აღზრდის ცენტრი, ანუ განათლების მიზანი და არა საშუალება თუ მასალა (თანამედროვე პედაგოგიკაში ამას ეწოდება პედოცენტრიზმი ანუ მოსწავლეზე ცენტრირება); ამასთან, ყველა ბავშვი განუმეორებელი პიროვნებაა და თავისებური მიდგომა სჭირდება (განათლების ინდივიდუალიზაცია); როგორც ადამიანის ცხოვრება უნდა იყოს სისხლსავსე და მრავალმხრივი, ისე ბავშვის აღზრდაც უნდა იყოს მრავალმხრივი: სხეულის, გრძნობის, უნარის, გონებისა და ნების ურთიერთშეწონილი განვითარებით (ჰარმონიული განათლება); როგორც მებაღის მუშაობაში მთავარი საფუძველია მცენარეთა ბუნებრივი (ღმერთის მიერ ჩანერგილი) თვისებები, და მებაღე მათ საუკეთესო გაფურჩქნაზე უნდა ზრუნავდეს, ასევე პედაგოგიკის მიზანიც ისაა, რომ ბავშვის სულში ჩანერგილ, თანდაყოლილ უნართა და ჯანსაღ მიდრეკილებათა საუკეთესო გაფურჩქნა-განვითარებას შეუწყოს ხელი, ამასთან, ~გასხლას~ არაჯანსაღი ~წანაზარდები~. ესაა თანდაყოლილისა და შეძენილის, ბუნებრივისა და სოციალურის ურთიერთზემოქმედება ანუ ინტერაქცია - რისი კარგი ხატოვანი მაგალითიცაა სწორედ ბაღი, რომელიც ბუნებრივისა და კულტურულის ჰარმონიულ შერწყმას წარმოგვიდგენს.       ჰუმანისტებმა ყურადღება გაამახვილეს აგრეთვე ბავშვის (ზოგადად, ადამიანის) შემეცნებით უნართა მრავალფეროვნებაზეც: პირველადია უშუალო შეგრძნება (თვალსაჩინოების პედაგოგიკური პრინციპი), რომელიც, მომდევნო დონეზე, უნდა განვითარდეს განყენებულ განსჯით აზროვნებად; მეხსიერება მხოლოდ თვალსაჩინო წარმოდგენასთან და აზროვნებასთან ერთად და მათზე დაყრდნობით უნდა მუშაობდეს (გააზრებული სწავლების პრინციპი); ამასთან, დიდი მნიშვნელობა აქვს აგრეთვე უშუალო წვდომას, ანუ ინტუიციას. მიუხედავად თვალსაჩინოების პრინციპის დამკვიდრებისა, რენესანსის გნოსეოლოგია (შემეცნების თეორია) არ იყო ცალმხრივად სენსუალისტურნომინალისტური, რადგან შეუძლებლად მიაჩნდა აზროვნებისა თუ ზნეობის ფორმების განვითარება შეგრძნებებიდან - თანდაყოლილი, ღმერთის მიერ მონიჭებული წინარეფორმების (ნასახების) გარეშე. სწორედ ეს ნასახები უნდა განავითაროს და ჩამოაყალიბოს ბავშვის გამოცდილებამ და ბავშვზე პედაგოგიურმა ზემოქმედებამ.       ახალი დროის ფილოსოფოსთაგან, საინტერესო მოსაზრებები ფსიქიკური განვითარების სხვადასხვა ასპექტებთან დაკავშირებით გამოთქმული აქვთ დეკარტეს, სპინოზას, ლაიბნიცს. მაგრამ ლოკი და რუსო იყვნენ ის მოაზროვნენი, რომლებმაც მთლიანად შეცვალეს ის ინტელექტუალური კლიმატი, სადაც ხდებოდა ბავშვის ფსიქიკური ბუნების, მისი განვითარებისა და ფორმირების საკითხების განხილვა.       ჯონ ლოკი ემპირიული ფსიქოლოგიის ფუძემდებლად ითვლება (იხ. თავი 4.1.). იგი ამოდიოდა იქიდან, რომ ადამიანის ფსიქიკური მოწყობა ემპირიული გამოცდილების შედეგია. ადამიანი დაბადებიდან „სუფთა დაფაა“, რომელზეც გარემოს ზემოქმედების კვალდაკვალ იწერება ყოველგვარი ცოდნა ბუნების მოვლენებისა თუ საზოგადოებრივი წესების შესახებ. იგი ენერგიულად ებრძოდა ე.წ. თანდაყოლილი იდეების პოსტულატს, რომელსაც ბევრი მომხრე ჰყავდა (დეკარტე, ლაიბნიცი და სხვა). ყველა ახალშობილი ერთნაირია, ხოლო იდეებით აღსავსე ცნობიერებისა და ზნეობრივი პიროვნების ფორმირება სოციალური გარემოცვის, პირველ რიგში, სწავლა-აღზრდის ნაყოფია. განსაკუთრებით დიდია გარემოს ზემოქმედების როლი ბავშვის ცხოვრების პირველ წლებში, როდესაც მისი ფსიქიკა უფრო მოქნილია და მეტად ექვემდებარება მოზრდილების გავლენას.       სასწავლო და აღმზრდელობითი ზემოქმედება გარკვეული მექანიზმებისა და წესების გათვალისწინებით უნდა ხდებოდეს. ამ საკითხთან დაკავშირებული მოსაზრებები ლოკმა ჩამოაყალიბა თავის მთავარ ფილოსოფიურ ნაშრომში „ცდა ადამიანის გონების შესახებ“ (1690), ძირითად, პედაგოგიურ ნაშრომში „აზრები აღზრდის შესახებ“ (1693) და მისი სიკვდილის შემდეგ გამოცემულ ტრაქტატში „ადამიანის გონების მართვის შესახებ“ (1706).       ლოკი ფიქრობდა, რომ ცნობიერება შედგება იდეებისაგან. მარტივი იდეები შეგრძნების გზით შემოდიან ცნობიერებაში. რთული იდეები მარტივი იდეების გადამუშავებით და კომბინირებით წარმოიქმნება. ამის ერთ-ერთ მექანიზმს ასოციაცია წარმოადგენს. ლოკი ასოციაციური ფსიქოლოგიის სათავეებთან დგას, თუმცა ასოციაცია სპეციფიკურად ესმის. ამ ტერმინით იგი აღნიშნავს იდეებს შორის არსებულ არაბუნებრივ ან არასწორ კავშირებს. მაგალითად, თუ ბავშვს რაიმე საგანთან ურთიერთობისას უარყოფითი გამოცდილება ჰქონდა, ცნობიერებაში ამ საგნის იდეის გაჩენა ნეგატიურ გრძნობებს და მის გამოყენებაზე უარის თქმას იწვევს, თუმცა ის, შესაძლოა, ძალიანაც სასარგებლო იყოს. ეს შემცდარი დამოკიდებულების ან ჩვევის მაგალითია, რომელსაც უნდა ვებრძოლოთ. მაგრამ დადებითი გამოცდილებისა და სასარგებლო ჩვევების შეძენა აუცილებელია და ამის ერთ-ერთი საშუალებაა გამეორება. გამრავლების ტაბულა ბევრჯერ უნდა წაიკითხო, კბილები ხშირად უნდა გაიხეხო. სწორედ ასე ხდება სათანადო ცოდნა-ჩვევის ფორმირება. კიდევ ერთი საშუალებაა მიბაძვა. აქ უზარმაზარი მნიშვნელობა ენიჭება კარგ მაგალითს, რომელსაც ბუნებით მიმბაძველი ბავშვი მიჰყვება. მაგრამ კარგი მოქმედებისა და შეხედულების გამომუშავებისთვის ეს ხშირად არ კმარა. სწავლა-აღზრდის პროცესი დასჯა-წახალისების გამოყენებასაც გულისხმობს, მაგრამ აქცენტი წახალისებაზე უნდა გაკეთდეს და შეძლებისდაგვარად, გამოირიცხოს ფიზიკური დასჯა (მაგ., როზგი). ქცევის გარეგან სტიმულებთან ერთად (შექება, საჩუქარი), ლოკი შინაგანი სტიმულების მნიშვნელობაზე ამახვილებდა ყურადღებას. საუბარია იმაზე, რომ გამოყენებულ იქნეს ბავშვის ცნობისმოყვარეობა, ის ბუნებრივი მექანიზმი, რითაც ადამიანი დაჯილდოებული იმთავითვეა და საიდანაც, სწორი აღზრდის შემთხვევაში, აღმოცენდება ცოდნისკენ სწრაფვა. ლოკი აღნიშნავდა, რომ აღზრდის რეალურ პროცესში ჩამოთვლილი მექანიზმები ხშირად ერთად მოქმედებენ. მაგალითად, საფიქრალია რომ ბავშვი თავის მშობლებს მიბაძავს, თუ დაინახავს, რომ ისინი ტანსაცმელს საკიდზე ჰკიდებენ. ეს კარგი მოქმედება გამეორებათა შედეგად ჩვეულებად გადაიქცევა და მით უფრო განმტკიცდება, რაც მეტს შეაქებენ მას ამის გამო.       სწავლა-აღზრდის შინაარსი და საშუალებები უნდა შეესაბამებოდნენ ბავშვის ასაკობრივ და ინდივიდუალურ თავისებურებებს. ვერ მოინახება ორი ბავშვი, ამტკიცებდა ლოკი, რომელთა აღზრდისას შესაძლებელი იქნება ზუსტად ერთნაირი მეთოდებისა და ხერხების გამოყენება. ინდივიდის მიდრეკილებების გათვალისწინება აუცილებელია იმისთვისაც, რომ სწავლის პროცესი დადებითი ემოციების ფონზე მიმდინარეობდეს, იყოს საინტერესო, სახალისო და, ამდენად, ეფექტური. ეს, ფაქტობრივად, ნიშნავს, რომ ბავშვები ერთმანეთისაგან იმთავითვე განსხვავდებიან. მათი ინდივიდუალური უნარები და მიდრეკილებები სერიოზულ შეზღუდვებს უქმნიან სწავლების შინაარსისა და მეთოდების განსაზღვრის საქმეს. ლოკი სისულელედ მიიჩნევს იმაზე ფიქრსაც, რომ შეეცვალათ ან წინ აღდგომოდნენ ბავშვის ბუნებრივ მიდრეკილებებს. როგორც არ უნდა შეფასდეს ეს დებულება დღევანდელი მეცნიერების თვალსაზრისით, ერთი რამ ცხადია, - ის ეწინააღმდეგება ლოკის ზოგად ემპირისტულ პოზიციას, რომელიც მისი მსოფლმხედველობის ქვაკუთხედია. გამოდის, რომ ბავშვის გონება არ ყოფილა „სუფთა დაფა“, ან კიდევ „თიხის ნაჭერი“, რომლისაგანაც ყველაფრის გამოძერწვა შეიძლება. განვითარების თეორიების სპეციალისტებს შეუმჩნეველი არ დარჩენიათ ლოკის პედაგოგიური სისტემის ეს არათანმიმდევრულობა.       ჟან-ჟაკ რუსოსთვის (1712-1778) პოსტულატი ბავშვების თანდაყოლილი ფსიქიკური განსხვავებულობის შესახებ, პედაგოგიური კონცეფციის ერთ-ერთი საფუძველი იყო. რუსოს აზრით, ბავშვი ვითარდება ბუნების მიერ დაწერილი გეგმის შესაბამისად. განვითარების პროცესი შინაგნად არის განსაზღვრული. ლოკისაგან განსხვავებით, მას არ სჯეროდა, რომ სულიერი სფეროს ფორმირება ყოვლისშემძლე გარეგანი (პირველ რიგში სოციალური) ზემოქმედების მიხედვით წარიმართება. აღზრდა მხოლოდ მაშინ იქნება ეფექტური, თუ ის შეესაბამება აღსაზრდელის ბუნებრივ უნარებს და მიდრეკილებებს, მისი განვითარების გეგმას. აღზრდამ უნდა შექმნას ოპტიმალური პირობები, რათა ამ გეგმის განხორციელება დაუბრკოლებლად წარიმართოს, რათა ბავშვმა თვითონ გამოავლინოს მისი შესაძლებლობები. ბუნება, ამბობდა რუსო, როგორც ფარული მასწავლებელი, აღძრავს ბავშვს, რათა მან ზრდის სხვადასხვა სტადიაზე სხვადასხვა უნარები განივითაროს. ბუნებრივად დაწესებული განვითარების განრიგი ასახავს როგორც ბავშვის ინდიდიდუალურ თავისებურებებს (ზოგი ადრე იწყებს სიარულს, ან გვიან იწყებს ლაპარაკს, ზოგი ხელოვნებისკენ არის მიდრეკილი, ზოგი მეცნიერებისკენ და ა.შ.), ასევე განვითარების ზოგად კანონზომიერებებს. ამ კანონზომიერებათა შესაბამისად გამოიყოფა განვითარების ოთხი სტადია ან პერიოდი, რომელთაც ყველა ბავშვი გაივლის. მათი დახასიათება ხდება იმის მიხედვით, თუ რომელი სფეროს განვითარება მიმდინარეობს უპირატესად და როგორ უნდა წარიმართოს აღზრდის პროცესი ბუნების ჩანაფიქრის ოპტიმალური რეალიზაციისთვის.       პირველი პერიოდი, ჩვილობა (დაბადებიდან 2 წლამდე), უპირატესად ფიზიკური განვითარების სტადიაა. მშობლების ვალია შეუქმნან ბავშვს სათანადო პირობები ფიზიოლოგიური მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად, მაგრამ, ამასთან, იყვნენ საკმარისად მომთხოვნები რათა ზედმეტად არ გაანებივრონ შვილი. სხეულებრივი განვითარებისთვის აუცილებელია ფიზიკური ვარჯიშისა და წრთობის ორგანიზება. ამ პერიოდში ბავშვებს არა აქვთ იდეები და გონება. ისინი უბრალოდ განიცდიან ტკივილს ან სიამოვნებას და ამ პროცესში ეცნობიან საგანთა თვისებებს (ცივი, თბილი, მაგარი, რბილი და ა.შ.). ბავშვები, აგრეთვე, იწყებენ დამოუკიდებლად ენის ათვისებას და ამ პროცესში უფროსების საგანგებო ჩარევა, მით უფრო მისი დაჩქარების მცდელობა, არ არის რეკომენდებული.       მეორე პერიოდი, ბავშვობა (2-დან 12 წლამდე) ძირითადად სენსორული განვითარების სტადიაა. რუსო, ფრანგი განმანათლებლების უმეტესობის მსგავსად, სენსუალისტი იყო და ამიტომ შეგრძნებათა განვითარებას აზროვნების მომავალი განვითარების საფუძვლად მიიჩნევდა. ამ დროს ბავშვი სამყაროს გრძნობის ორგანოების საშუალებით ეცნობა. მას აქვს თავისებური ინტუიციური გონებაც, მაგრამ ის უშუალოდ არის დაკავშირებული სხეულის მოძრაობებთან და შეგრძნებებთან. მაგალითად, ბურთის ზუსტად მსროლელი ბავშვი ავლენს სიჩქარისა და მანძილის „ცოდნას“. მაგრამ ეს ცოდნა და გონება ძალზე კონკრეტული ხასიათისაა. ამიტომ რუსო ბავშვების ადრეული სწავლების წინააღმდეგ გამოდიოდა. ამ პერიოდში „გონებას სძინავს“ და სისტემატური სწავლებაც შემდეგი პერიოდიდან უნდა დაიწყოსო, ამბობდა იგი.       მესამე პერიოდი, გვიანი ბავშვობა (12-დან 15 წლამდე) აზროვნების განვითარების სტადიაა. სისტემატური სწავლების დაწყება ამ დროს არის საჭირო, ვინაიდან ბავშვს სწორედ ახლა უჩნდება ჩვენ მიერ მიწოდებული ცოდნის ადეკვატური გაგებისა და შეთვისების უნარი. ამასთან, სწავლებაში რუსო გულისხმობს გონებრივი განვითარების პროცესს, რომელიც ხორციელდება პროგრამების, განრიგისა და სახელმძღვანელოთა გარეშე. უნდა შეიქმნას ისეთი სიტუაცია, სადაც ბავშვი გამუდმებით სვამს კითხვებს, ხოლო აღმზრდელი პასუხობს. ასეთი წესით ბავშვი აითვისებს გეოგრაფიას, ქიმიას, ფიზიკას, ბიოლოგიას, ე.ი. ბუნებისმეტყველურ საგნებს. სოციალურ-ჰუმანიტარული ცოდნის მიწოდება არ არის რეკომენდებული, რადგან ამ პერიოდში, ისევე როგორც წინა პერიოდებში, ბავშვი არის ასოციალური არსება, ანუ ძირითადად იმაზე ზრუნავს, რაც მისთვისაა სასარგებლო და ნაკლებად იჩენს ინტერესს სოციალური ურთიერთობებისადმი, რომელთა გარეშე არ არსებობს ზნეობა. ამ პერიოდის ბავშვს რუსო ადარებს რობინზონ კრუზოს: თვითკმარ ადამიანს, რომელიც ეფექტურად ურთიერთობს ფიზიკურ გარემოსთან.       მეოთხე პერიოდი, მოზარდობის ასაკი (15-დან 25 წლამდე, ანუ სრულწლოვანებამდე) არის მორალური განვითარების სტადია. ამ პერიოდში ახალგაზრდა ინდივიდი სოციალურ არსებად იქცევა. იგი აღარ არის თვითკმარი, მას უჩნდება ძლიერი სწრაფვა სხვა ადამიანების, განსაკუთრებით, თანატოლებისადმი. ეს დიდწილად სქესობრივი მომწიფებით არის განსაზღვრული და, რუსოს წარმოდგენით, 15 წლიდან იწყება. რადიკალურად იცვლება მოზარდის ემოციური სამყარო, ესაა „ქარიშხლებისა და ვნებების“ ხანა. სოციალურ ურთიერთობებზე ორიენტირებული, ემოციურად აგზნებული და არამდგრადი მოზარდისთვის აუცილებელია კეთილი სურვილების, კეთილი აზრებისა და კეთილი ნების გამომუშავება ანუ ზნეობრივი აღზრდა. ეს მიიღწევა არა დარიგებებით და შეგონებებით, არამედ კარგ ადამიანებთან უშუალო ურთიერთობით, კარგი მაგალითების ჩვენებით. ამ საქმეში თავის ფუნქციას ასრულებს სწავლებაც, განსაკუთრებით ისეთი საგანი, როგორიც ისტორიაა. იგი საშუალებას გვაძლევს დავანახოთ მოზარდს ადამიანური ცხოვრების სცენა წარმოდგენაში უშუალო მონაწილეობის გარეშე.       რუსომ მოგვცა ფსიქიკური განვითარების პირველი გაშლილი პერიოდიზაცია, რაც, ცხადია, ძალიან მნიშვნელოვანია ასაკობრივი, კერძოდ, ბავშვის ფსიქოლოგიის ისტორიის თვალსაზრისით. თუმცა, აქვე უნდა აღინიშნოს, რომ რუსოს პერიოდიაზაცია უფრო გონებაჭვრეტითი ხასიათისაა. იგი ემყარება არა მის საკუთარ მეცნიერულ დაკვირვებებს, არამედ თეორიულ მოსაზრებებს და საზოგადოების ყოფით გამოცდილებას (ცნობილია, რომ რუსოს არ უყვარდა ბავშვები, არ ჰქონდა მათთან ურთიერთობა არც როგორც მასწავლებელს, არც როგორც მშობელს. მან თავისი ხუთივე შვილი თავიდანვე უპატრონო ბავშვების თავშესაფარში გაამწესა). რუსოს შეხედულებები ბავშვის ფსიქიკური ბუნებისა და ე.წ. ბუნებრივი აღზრდის თაობაზე ჩამოყალიბებულია მის ცნობილ წიგნში „ემილი ანუ აღზრდის შესახებ“ (1762).       ასაკობრივმა ფსიქოლოგიამ, როგორც ფსიქოლოგიის დამოუკიდებელმა დარგმა ჩამოყალიბება XIX საუკუნის მეორე ნახევარში დაიწყო. ოთხმოციანი წლებიდან მისი განვითარება უკვე საკმაოდ სწრაფი ტემპით წარიმართა. თუმცა პირველი წიგნი, სადაც სისტემატურად ასახულია ბავშვის პირველი ორი წლის ფსიქიკური განვითარება (ავტორის ვაჟის მაგალითზე) 1787 წელს გამოიცა და ეკუთვნის გერმანელ ექიმს დ. ტადემანს. საკუთარ შვილებზე დაკვირვება ყოველთვის წარმატებით გამოიყენებოდა ბავშვის ფსიქოლოგიაში, მისი განვითარების ადრეულ ეტაპზე კი ინფორმაციის ძირითად წყაროს წარმოადგენდა. ასეთია, მაგალითად, ბ. სიგიზმუნდის (1856) ნაშრომი; აგრეთვე C. დარვინის „პატარა ბავშვის ბიოგრაფიული ესკიზი“ (1877), სადაც დღიურის ფორმაში გადმოცემულია ავტორის დაკვირვებები მისი შვილის ფრენსის ონტოგენეზზე; დაბოლოს, ი. ტენის შრომა, რომელშიც მისი ქალიშვილის მიერ ენის შეთვისების პროცესია აღწერილი და ენის ისტორიული განვითარების პროცესთან შედარებული. ამგვარი ნაშრომების არსებობის მიუხედავად, ბავშვის ფსიქოლოგიის საწყის პუნქტად მიჩნეულია ინგლისელი ბიოლოგისა და ფსიქოლოგის ვ. პრაიერის კაპიტალური ნაშრომი „ბავშვის სული“ (1882). მან უდიდესი რეზონანსი გამოიწვია და მრავალ ენაზე ითარგმნა. პრაიერი ამტკიცებდა, რომ საჭიროა (და შესაძლებელიც) არა მხოლოდ ფსიქიკური განვითარების ცალკეული მხარეების შესწავლა, არამედ ბავშვის მთელი სულიერი ცხოვრების, მისი გონებრივი, ნებელობითი, ზნეობრივი, ესთეტიური ასპექტების ერთიანობის სისტემატური ანალიზი. პირველი თაობის ბავშვის ფსიქოლოგები ერთხმად მიიჩნევენ, რომ პრაიერის წიგნმა, პირდაპირი მნიშვნელობით, გზა გაუკვალა ამ ახალ დარგს. ამავე დროს აღნიშნავენ, რომ „ეს საოცარი წიგნია, სავსე კეთლსინდისიერი და საინტერესო დაკვირვებებით და მწირი საკუთარი აზრებით“ (ბიულერი). აქ იგულისხმება, რომ ფაქტების პრაიერისეული ინტერპრეტაცია და მისი თეორიული შეხედულებები მეცნიერებას უკვე ორი ათეული წლის შემდეგ ვეღარ აკმაყოფილებდა, იმდენად სწრაფი აღმოჩნდა პროგრესი ამ სფეროში. ამის მიუხედავად, პრაიერის წვლილი მაინც მნიშვნელოვანია, ვინაიდან მან კონკრეტულად აჩვენა ზოგიერთი ობიექტური მეთოდის გამოყენების პერსპექტივა ბავშვის ფსიქიკის კვლევაში.       მართლაც, ობიექტური, პირველ ყოვლისა ექსპერიმენტული მეთოდების დანერგვა, ფსიქოლოგიის ამ დარგის წინსვლის სერიოზული საწინდარი გახდა. თუ არა გარღვევა, რომელიც ფეხნერის, ვუნდტის, ებინჰაუსის, მიულერისა და ექსპერიმენტული ფსიქოლოგიის სხვა ფუძემდებლების წყალობით მოხდა, გენეტიკური ფსიქოლოგიის პრობლემატიკა (ფილოგენეზი და ონტოგენეზი), კვლავაც დარჩებოდა ყოფითი ხასიათის დაკვირვებებისა და ფილოსოფიური ვარაუდების სფეროში. ემპირიული ინტროსპექციული ფსიქოლოგიის ფარგლებში რომ პრაქტიკულად შეუძლებელია იმ სფეროს შესწავლა, სადაც თვითდაკვირვება არსებითად უძლურია (ცხოველის ან ბავშვის ფსიქიკა), ამაზე ზემოთ უკვე საკმარისად ითქვა (იხ. თავი 7.1.). აქ ყველაზე მეტად ჩანს კვლევის ობიექტური მეთოდების გამოყენების პროდუქტიულობა.       იმავდროულად, ფსიქოლოგიაში სულ უფრო იკიდებდა ფეხს ე.წ. გენეტიკური მეთოდოლოგია ან მიდგომა. იგი გულისხმობდა ფსიქიკური პროცესებისა და მთელი სულიერი ცხოვრების განხილვას მისი აღმოცენებისა და განვითარების კუთხით. დებულება, რომ ფსიქიკური მოვლენები არ წარმოიქმნებიან გამზადებული სახით, არამედ გაივლიან ფორმირების საკმაოდ ხანგრძლივ გზას და რომ ამ პროცესს თავისი კანონზომიერი ეტაპები აქვს, ასაკობრივი ფსიქოლოგიის ქვაკუთხედია. ეს იდეა, თავის მხრივ, ევოლუციონისტური აზროვნების ნაყოფია. მას, პირველ რიგში, დარვინის მოძღვრებამ გაუმყარა საფუძველი, მაგრამ მისი გავლენა გასცდა ბუნებისმეტყველებას და გავრცელდა სოციალურ მეცნიერებაზე და ფილოსოფიაზე. აქ უნდა მოვიხსენიოთ პირველი პოზიტივისტები, სახელდობრ a. ბეინი და, განსაკუთრებით, ჰ. სპენსერი. ემპირიული ფსიქოლოგია, როგორც ვიცით, ძირითადად ფილოსოფიის ფარგლებში ვითარდებოდა. სპენსერი კი ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი მოაზროვნე იყო. მან ბევრი რამ გააკეთა იმისთვის, რათა ევოლუციური წარმოდგენების დანერგვის საშუალებით ასოციაციური ფსიქოლოგიის რეფორმირება მოეხდინა. იგი ამტკიცებდა, რომ ფსიქიკა ევოლუციის კანონზომიერი ეტაპია და გარემოსთან ადეკვატური შეგუების ფუნქციას ასრულებს (იხ. თავი 4.3.). ეს იდეები შემდგომში ფუნქციონალურ ფსიქოლოგიაში განვითარდა, რომელიც ამერიკაში გამოყენებითი დარგების თეორიული საფუძველი გახდა (იხ. თავი 6.5.). მათ შორის ერთ-ერთი ძირითადი ადგილი სწორედ ასაკობრივმა და პედაგოგიურმა ფსიქოლოგიამ დაიკავა.       რადგან ზემოთ სიტყვა ფილოსოფიაზე ჩამოვარდა, უნდა ითქვას შემდეგი: ბავშვის ფსიქოლოგიის ფორმირების პირველ ეტაპზე მიაჩნდათ, რომ ფილოსოფიის ბევრი ბნელი საკითხი შეიძლება გაშუქდეს ან გამარტივდეს იმ აღმოჩენების წყალობით, რომლებსაც მოიტანს ბავშვის ფსიქიკური ცხოვრების საწყისი ეტაპების მეცნიერული შესწავლა. ერთ-ერთი ასეთი საკითხია ის, რაც ემპირიზმისა და რაციონალიზმის მუდმივი დავის საგანს ეხება: რა ავსებს ჩვენ ცნობიერებას შინაარსით - გამოცდილება თუ „თანდაყოლილი იდეების“ აქტუალიზაცია. მაგრამ იდეების ან „ცოდნის“ (მიუხედავად იმისა, თუ სად იმყოფება იგი - იმთავითვე ინდივიდში თუ მის გარეთ) ადამიანის ნამდვილ კუთვნილებად გადაქცევა იმას ნიშნავს, რომ სუბიექტი მას ცნობიერად უნდა ფლობდეს და საჭიროებისამებრ გამოყენება ხელეწიფებოდეს. ე.ი. ცოდნა აქტიური უნდა იყოს. ამის მისაღწევად კი სათანადო პირობები და მეთოდებია საჭირო. მაშასადამე, უნდა მოხდეს ისეთი პროცესის ორგანიზება, რომელიც „ცოდნის“ შეთვისებას ან აქტუალიზაციას უზრუნველყოფს. ეს კი, არსებითად, პედაგოგიური პროცესია.       ამ პროცესის გაძლიერებისა და გადახალისების ამოცანა უაღრესად აქტუალური გახდა XIX საუკუნის შუა პერიოდიდან. ის მნიშვნელოვან წილად უკავშირდებოდა საყოველთაო განათლების შემოღებას. მასობრივი სკოლა სულ სხვა მოთხოვნებს აყენებს, ვიდრე საოჯახო განათლება, რომელიც მანამდე წამყვანი იყო. აქ უკვე შეუძლებელია სწავლების ფორმალური და შინაარსეული მხარის განსაზღვრა ცალკეული ბავშვის ინდივიდუალურ თავისებურებებზე დაყრდნობით. ამიტომ დღის წესრიგში დგება განვითარების იმ ასაკობრივი ეტაპებისა და ცოდნის შეთვისების მექანიზმების გარკვევა, რომლებიც საერთოა ყველა ბავშვისთვის. ეს უშუალოდ ასაკობრივი და პედაგოგიური ფსიქოლოგიის საქმეა. მხოლოდ ამ ცოდნის საფუძველზეა შესაძლებელი იმის განსაზღვრა, თუ რა, როგორ და როდის უნდა ასწავლოს სკოლამ. ყოველივე ეს საზოგადოებრივ მოთხოვნებს უკავშირდებოდა, კერძოდ, იმის რწმენას, რომ სასკოლო რეფორმა და აღზრდის სისტემის ძირეული გადახალისება, რაც მეცნიერულ საფუძველზე უნდა მომხდარიყო, საზოგადოებრივი ცხოვრების სასურველ ცვლილებებს მოიტანდა. ამ მეცნიერულ საფუძველს მნიშვნელოვან წილად სწორედ ასაკობრივი და პედაგოგიური ფსიქოლოგია ქმნის.       რეფორმატორული ტენდენცია განსაკუთრებით ძლიერი იყო ამერიკაში. აქ ფეხი მოიკიდა მძლავრმა საზოგადოებრივმა მოძრაობამ, ე.წ. პროგრესივიზმმა, რომელიც ქადაგებდა ინოვაციებს სოციალური ცხოვრების ყველა სფეროში. განათლების სისტემაში მიმდინარე რეფორმებს სათავეში ჩაუდგა ამერიკის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ინტელექტუალი, პრაგმატიზმის ფილოსოფიისა და ფუნქციონალური ფსიქოლოგიის ერთ-ერთი ფუძემდებელი ჯონ დიუი (იხ. თავი 6.5.). სკოლის რეფორმა, მისი აზრით, აღზრდის ახალ მიზანს უნდა დაექვემდებაროს. ეს მიზანი ზედმიწევნით შეესაბამება პრაგმატიზმისა და ფუნქციონალიზმის იდეებს და ფორმულირებულია, როგორც „განსხვავებულ სიტუაციებთან შეგუება თავისუფალი მეწარმეობის პირობებში“. დიუის პედაგოგიური სისტემის დედაბოძი არის პრინციპი: სწავლება კეთების საშუალებით. ეს ნიშნავს სასკოლო სისტემის ისეთ აგებას, როდესაც განათლების წყარო არის პედაგოგიურ გარემოში მიმდინარე ბავშვის პრაქტიკული თვითაქტივობა. სათანადო პირობებში მოსწავლეები ბუნებრივად ითვისებენ სოციალური ქცევის კონკრეტულ ჩვევებს და ზოგად გამოცდილებას.       დიუის იდეების გამოცდის პოლიგონად გადაიქცა მის მიერ ჩიკაგოს უნივერსიტეტთან შექმნილი „სკოლა-ლაბორატორია“ (1896). მასში სწავლობდნენ 4-დან 13 წლამდე ასაკის ბავშვები. ისინი ადრეული ასაკიდანვე ეჩვეოდნენ ყველაფრის დამოუკიდებლად კეთებას, უპირატესად, თამაშის ქცევის ფარგლებში. უფროსი ასაკის მოსწავლეების „კეთებით სწავლება“ შრომით საქმიანობას ემყარებოდა. აღმზრდელს უნდა წარემართა მოსწავლეთა სასწავლო-პრაქტიკული აქტივობა მათი უნარების გათვალისწინებით. დიუი ფიქრობდა, რომ სწავლა-აღზრდა თავიდანვე უნდა ეყრდნობოდეს ბავშვის თანდაყოლილ შესაძლებლობებს. სწავლა-აღზრდა ვერ აღმოაცენებს უნარ-შესაძლებლობებს, მას მხოლოდ მათი განვითარება შეუძლია.       განათლების სისტემის ოპტიმიზაციის ამოცანა ასაკობრივი და პედაგოგიური ფსიქოლოგიის ჩასახვისა და განვითარების უდიდესი მამოძრავებელი ძალა გახდა. მაგრამ ეს შეუძლებელი იქნებოდა, თუ საერთო ფონის სახით არ იარსებებდა გაკვეული საზოგადოებრივი პოზიცია ბავშვისა და ბავშვობის, როგორც ასაკობრივი კატეგორიის მიმართ. საქმე ის არის, რომ უფროსების დამოკიდებულება ბავშვობისადმი, როგორც ადამიანის ცხოვრების გარკვეული ხანისადმი, შესამჩნევად ცვალებადობდა ისტორიის განმავლობაში. კაცობრიობის განვითარების ადრეულ სტადიაზე ბავშვობა პრაქტიკულად არ გამოიყოფოდა ცხოვრების ცალკე პერიოდის სახით, ვინაიდან თემის პატარა ინდივიდები ფეხზე დადგომისთანავე ერთვებოდნენ საკვების მოპოვების საქმიანობაში შემგროვებლობისა თუ პრიმიტიული იარაღების გამოყენების გზით. ასეთ პირობებში არ იყო არც საჭიროება და არც შესაძლებლობა იმისა, რომ გამოყოფილიყო ცალკე პერიოდი ბავშვის მოსამზადებლად მომავალი სერიოზული საქმიანობისთვის. ბავშვობა სოციალური თვალსაზრისით არც არსებობდა, ვინაიდან ისტორიულად ბავშვობის ცნება უკავშირდება არა ინდივიდის მოუმწიფებლობის ბიოლოგიურ მდგომარეობას, არამედ გარკვეულ სოციალურ სტატუსს, ამ პერიოდისთვის დამახასიათებელ უფლებებსა და მოვალეობებს, ქცევის სპეციფიკურ ფორმებს.       შუა საუკუნეების ევროპაში ბავშვობა, როგორც ასეთი, იგნორირებული იყო. 6-7 წლამდე ინდივიდები ითვლებოდნენ უსუსურ ჩვილებად, ხოლო შემდეგ, პატარა, მინიატურულ მოზრდილებად. მათ სათანადოდ აცმევდნენ და სათანადო ცოდნა-ჩვევებს აზიარებდნენ. მაღალი შობადობისა და სიკვდილიანობის დემოგრაფიულ სიტუაციაში ბავშვობა მიჩნეული იყო სწრაფად წარმავალ და ნაკლებღირებულ პერიოდად. ვითარება შეიცვალა XVII საუკუნიდან. პატარა ბავშვი უკვე განიხილებოდა, როგორც ოჯახის მნიშვნელოვანი წევრი. ბავშვებისადმი გულგრილობა შეიცვალა მათდამი განსაკუთრებული ყურადღებით, განებივრებითაც კი. მაგრამ XVIII საუკუნეში, საზოგადოების განვითარების კვალდაკვალ, ბავშვისადმი, როგორც მშვენიერი სათამაშოსადმი დამოკიდებულება შეცვალა რაციონალური აღზრდის კონცეფციამ. ის დამყარებული იყო მკაცრი დისციპლინის პრინციპზე ოჯახში და სასწავლო დაწესებულებაში. სკოლა თანდათან გადაიქცა უმნიშვნელოვანეს საზოგადოებრივ ინსტიტუტად, რომელიც ემსახურებოდა მომავალი კვალიფიციური მუშაკებისა და სამაგალითო მოქალაქეების ორგანიზებულ მომზადებას. გადახალისდა ბავშვობის კონცეფციაც. ადამიანის ცხოვრების ეს ხანა გახანგრძლივდა და მასში გამოიყო ყრმობისა და ჭაბუკობის პერიოდი. ტექნიკურმა პროგრესმა და საზოგადოებრივმა ცვლილებებმა XIX საუკუნეში საგრძნობლად გაზარდა მოთხოვნები ბავშვის მომავალი ცხოვრებისთვის მომზადების კუთხით. ბავშვობის პერიოდის მნიშვნელობამ კიდევ უფრო იმატა. ამის გამოძახილი გახდა უკვე ნახსენები მოძრაობა განათლების სისტემის გაუმჯობესების მიმართულებით, რამაც ბიძგი მისცა ასაკობრივი და პედაგოგიური ფსიქოლოგიის განვითარებას.       ამრიგად, ასაკობრივი და პედაგოგიური ფსიქოლოგიის ჩასახვისა და განვითარების წყაროდ შემდეგი მოვლენები იქცა: ევოლუციურ-გენეტიკური იდეების გავრცელება ბუნებისმეტყველებასა და ფილოსოფიაში, ობიექტური მეთოდების დანერგვა ზოგად ფსიქოლოგიაში, სასკოლო განათლების ოპტიმიზაციის პრაქტიკული მოთხოვნები და საზოგადოებრივ ცნობიერებაში მომხდარი ცვლილებები ბავშვობისადმი დამოკიდებულების თვალსაზრისით.       პრაქტიკულ ამოცანებთან ერთად ამ დისციპლინების წინაშე თავიდანვე ფუნდამენტური თეორიული საკითხები დაისვა. მათ შორის ორი შეიძლება განსაკუთრებით გამოიყოს: 1) რა პერიოდებს გაივლის ადამიანი თავისი ონტოგენეტური განვითარების პროცესში და 2) რა ძალები ან ფაქტორები განსაზღვრავენ ამ გენეზისს. ესენი დამოუკიდებელი საკითხებია, მაგრამ, პრინციპში, პირველის გადაწყვეტის ესა თუ ის ვარიანტი არსებითად უკავშირდება იმას, თუ როგორ არის გააზრებული მეორე საკითხი.       ასაკობრივი პერიოდების გამოყოფა სხვადასხვა საფუძველს ემყარება, კერძოდ იმას, თუ რა საფეხურებს გაივლის ადამიანის ფსიქიკის მომწიფების ბუნებრივი პროცესი, ან იმას, თუ რა გარემო პირობებში უხდება მას ცხოვრება. შესაძლებელია, ამ ფაქტორების ერთდროული მოქმედებაც. შესაბამისად, იკვეთება სამი შეხედულება განვითარების მამოძრავებელი ძალის შესახებ. ერთის მიხედვით, ფსიქიკურ ონტოგენეზს განსაზღვრავს ბიოლოგიურ მომწიფებასთან დაკავშირებული თანდაყოლილი ფაქტორები (ბიოგენეტიკური თვალსაზრისი). მეორის მიხედვით, გადამწყვეტი როლი ენიჭება სოციალურ გარემოს, სწავლა-აღზრდის პირობებს (სოციოგენეტიკური თვალსაზრისი); მესამე თვლის, რომ ფსიქიკური განვითარება ბიოლოგიურისა და სოციალურის, მომწიფებისა და აღზრდის ურთიერთქმედების შედეგია (ინტერაქციული თვალსაზრისი). ასეთია განვითარების სამი ძირითადი კონცეფცია, რომელიც სხვადასხვა მკვლევარის მიერ ასაკობრივი და პედაგოგიური ფსიქოლოგიის საწყის ეტაპზევე იქნა წარმოდგენილი. ეს არცაა გასაკვირი, ვინაიდან აღნიშნული კონცეფციები არსებითად რაციონალიზმისა (ნატივიზმისა) და ემპირიზმის დაპირისპირებაში იღებს სათავეს.       ბიოგენეტიკური თვალსაზრისის მომხრე იყო ამერიკაში ასაკობრივი და პედაგოგიური ფსიქოლოგიის ფუძემდებელი სტენლი ჰოლი (1846-1924). ფსიქოლოგია მან ლაიფციგში, ვუნდტის ხელმძღვანელობით შეისწავლა, მაგრამ ამერიკაში დაბრუნებისას უარი თქვა თავისი მასწავლებლის წმინდა აკადემიურ, ზოგადფსიქოლოგიურ ორიენტაციაზე და თავისი ყურადღება პრაქტიკულ საკითხებზე გადაიტანა, უპირატესად სწავლებისა და ასაკობრივი განვითარების სფეროში. საერთოდ კი, ჰოლი ფსიქოლოგიის ისტორიაში შევიდა, როგორც მეცნიერების თვალსაჩინო ორგანიზატორი. მან დააარსა ამერიკის პირველი ფსიქოლოგიური კვლევითი ლაბორატორია ბალტიმორის უნივერსიტეტში (1883), პირველი ფსიქოლოგიური ჟურნალი (1887), აგრეთვე ჟურნალი გენეტიკურ და პედაგოგიურ ფსიქოლოგიაში (1891), რელიგიის ფსიქოლოგიაში (1904), გამოყენებით ფსიქოლოგიაში (1915). იგი იყო ამერიკის ფსიქოლოგთა საზოგადოების დაფუძნების ერთ-ერთი ინიციატორი და მისი პირველი პრეზიდენტი (1892).       ჰოლის მეცნიერული ინტერესები საკითხთა ფართო წრეს მოიცავდა. მათ შორის უნდა გამოიყოს კლასიკური გამოკვლევა რელიგიის ფსიქოლოგიაში. მაგრამ ყველაზე დიდი აღიარება მას ბავშვის ფსიქიკური განვითარების სფეროში შესრულებულმა კვლევებმა მოუტანა. განსაკუთრებით აღსანიშნავია მისი კაპიტალური ნაშრომები „ჭაბუკობა“ (1904) და „აღზრდის პრობლემები“ (1911). თავის ბოლო წიგნში „დაბერება“ (1922) ჰოლმა გააფართოვა ასაკობრივი ფსიქოლოგიის ფარგლები და მისმა კვლევამ არა მხოლოდ სიცოცხლის საწყისი, არამედ მისი დამასრულებელი პერიოდიც მოიცვა.       მოზარდების შესასწავლად ჰოლმა და მისმა თანამშრომლებმა შეიმუშავეს უამრავი ანკეტა და მათი საშუალებით დიდძალი მასალა დააგროვეს ბავშვის სულიერი ცხოვრების სხვადასხვა ასპექტის შესახებ. შემდგომში კვლევის არე გაფართოვდა და სხვა ასაკის ბავშვებიც მოიცვა. ამასთან, ანკეტებს ავსებდნენ როგორც ბავშვები, ისე მშობლები და მასწავლებლები. ეს საშუალებას აძლევდა ჰოლს კომპლექსურად დაეხასიათებინა ბავშვები, დაენახა განვითარების მიღწევები და სირთულეები როგორც თვით ბავშვების, ისე მოზრდილების პოზიციიდან. ჰოლის გავლენით ანკეტური მეთოდი ამერიკაში ძალიან პოპულარული გახდა. მას იყენებდნენ რათა გაერკვიათ, თუ როგორ განიცდიან ბავშვები სოციალურ გარემოს, რა პრობლემების წინაშე დგებიან სახლში, სკოლაში და სხვა. ამ ტიპის კვლევები ისე გავრცელდა, რომ თვით ანკეტური მეთოდი უკვე ასოცირდებოდა ჰოლის, და არა მისი ნამდვილი შემქმნელის, ჰალტონის სახელთან.       კვლევის შედეგად ჰოლი გარკვეულ თეორიულ განზოგადებამდე მივიდა, რომელიც ბავშვის განვითარების კანონზომიერებას ეხებოდა. იგი ე.წ. რეკაპიტულაციის თეორიის (ლათინურად რეცაპიტულატიო - გამეორება) სახით იქნა ჩამოყალიბებული. ეს თეორია ეყრდნობოდა ე. ჰეკელის მიერ ფორმულირებულ ბიოგენეტიკურ კანონს. იგი ცხოველური ორგანიზმების ემბრიონალურ განვითარებაზე დაკვირვების შედეგია და ამტკიცებს, რომ ჩანასახი ემბრიოგენეზში იმეორებს იმ ძირითად სტადიებს, რომლებიც გაიარა ამ ბოლოგიურმა გვარმა თავის ფილოგენეტურ განვითარებაში. ჰეკელის ფორმულა ასეთია: ონტოგენეზი არის ფილოგენეზის შეკვეცილი და სწრაფი გამეორება. გაავრცელა რა ეს კანონი ადამიანის ფსიქიკაზე, ჰოლი ამტკიცებდა, რომ ბავშვის განვითარების პროცესი იმეორებს იმ ძირითად სტადიებს, რომლებიც გაიარა კაცობრიობამ თავისი კულტურულ-ისტორიული განვითარების პროცესში. აქედან გამომდინარე, განვითარების ეტაპების თანმიმდევრობა და რაგვარობა თანდაყოლილად არის მოცემული და ყველა ბავშვი მათ აუცილებლად გაივლის.       ჰოლის მოწაფემ, კ. ჰათჩინსონმა რეკაპიტულაციის თეორიის საფუძველზე შექმნა ბიოფსიქიკური განვითარების კონკრეტული პერიოდიზაცია, რომელიც მიჰყვება კაცობრიობის კულტურულ-ისტორიული ცხოვრების სტადიების თანმიმდევრობას. ეს სტადიები გამოიყოფა იმის მიხედვით, თუ როგორ ცვალებადობდა, ისტორიულად, საკვების მოპოვების ხერხები. მისი აზრით, ასეთი ხერხი თავდაპირველად იყო, ჯერ მიწის თხრა და ქექვა, შემდეგ ნადირობა, მწყემსობა, მიწათმოქმედება და ბოლოს წარმოება და ვაჭრობა. შესაბამისად, გამოიყოფა ბავშვობის ხუთი პერიოდი, რომელთაც არა აქვთ მკაფიო საზღვრები: ერთის დაწყება არ ემთხვევა წინარეს დასასრულს. ეს პერიოდებია:       1) დაბადებიდან 5 წლამდე (პირველყოფილი ადამიანის ხანა). ამ პერიოდში ბავშვისთვის, ისევე როგორც პირველყოფილისთვის, „ყველაფრის საზომი არის საჭმელად ვარგისიანობა“. ამიტომ მას ყველაფერი პირში მიაქვს და გემოს უსინჯავს. ამავე დროს, ფრიად დაინტერესებულია მიწასთან დაკავშირებული თამაშებით და ფუსფუსით. 2) 4-9წ. (მონადირეობის ხანა). ამ პერიოდის ბავშვებისთვის, როგორც პირველყოფილი მონადირეებისთვის, დამახასიათებელია „შიში ყოველივე უცხოსი, მალულად მოქმედება, გულგრილობა ტკივილისადმი, გმირების თაყვანისცემა, სისასტიკე“. თამაშების შინაარსშიც დომინირებს ჩასაფრება, შეშინება, დამალობანა, დატყვევება და ა.შ. 3) 8-12წ. (მწყემსობის ხანა). ამ პერიოდისთვის განსაკუთრებით დამახასიათებელია „ალერსიანობა ცხოველებისადმი და სურვილი გააჩნდეს რაიმე საკუთარი“. აქედან გამომდინარე, ბავშვების თამაშებსა და საქმიანობაში დომინირებს: „შინაური ცხოველების მოვლა, მყუდრო თავშესაფრების შენება, გვირაბების თხრა“. 4) 11-15წ. (მიწათმოქმედების ხანა). ამ პერიოდს ახასიათებს „წინდახედულების განვითარება და მებაღეობისადმი სწრაფვა“. იღვიძებს ამინდისადმი, ბუნების მოვლენებისადმი ინტერესი და ზოგადად, დაკვირვების უნარი. გართობა და თამაშიც ამ შინაარსით არის დატვირთული. 5). 14-20წ. (მრეწველობა-ვაჭრობის ანუ თანამედროვე ადამიანის ხანა). ამ პერიოდში ძლიერდება ფულისამი, დათვლისამი და გაცვლა-გამოცვლისადმი ინტერესი, რაც სათანადო თამაშებში და საქმიანობაში აისახება.       ჰოლი და ჰათჩინსონი თვლიდნენ, რომ ბავშვის ნორმალური განვითარებისთვის აუცილებელია ყველა პერიოდის თანმიმდევრული გავლა. მაგრამ ბავშვს არ შეუძლია რეალურად გადაინაცვლოს იმ ეპოქების შესატყვის სიტუაციებში, რომლებიც მან უნდა გაიაროს. ამიტომ საჭიროა არსებობდეს მექანიზმი, რომელიც ბავშვს იმის საშუალებას მისცემს, რომ ეს საკუთარ გარემოში განახორციელოს. ასეთი სპეციფიკური მექანიზმის როლს თამაში ასრულებს. სახლობანა, ომობანა და სხვა თამაშები ამას ემსახურება. თამაშის საშუალებით ხდება „ისტორიული ინსტინქტების აღმოფხვრა“. თამაში, ჰოლის აზრით, არის აუცილებელი ვარჯიში რუდიმენტული და ამჟამად უსარგებლო ფუნქციების გაქრობისთვის. თამაშის დროს ბავშვი ქცევის ისტორიული ფორმების რეალიზაციას ახდენს, რათა საბოლოოდ მოიცილოს ისინი. ეს თავკომბალას ქცევას ჰგავს, რომელიც გამუდმებით ამოძრავებს კუდს, რათა ის მოიწყვიტოს. ჰოლი აგრეთვე ფიქრობდა, რომ ბავშვის ნახატების ასაკობრივი ცვლილებები ასახავს სახვითი ხელოვნების კაცობრიობის მიერ განვლილ გზას.       ჰოლსა და ჰათჩინსონს მიაჩნდათ, რომ ცივილიზებული ადამიანის სტადია რვა წლის ასაკში, ანუ „მწყემსობის პერიოდში“ დგება. ამიტომ ამ დროიდან უკვე შესაძლებელია და საჭიროც არის ბავშვების სისტემატური სწავლება. საზოგადოდ კი სწავლება და აღზრდა უნდა ეფუძნებოდეს განვითარების გარკვეულ დონეს, რომელსაც რეკაპიტულაციის კანონზომიერების მიხედვით მიმდინარე ბუნებრივი მომწიფების პროცესი განსაზღვრავს. ამრიგად, რეკაპიტულაციის თეორიაზე დაყრდნობით, სავსებით პრაქტიკული დასკვნები კეთდებოდა, თუნდაც სასკოლო პროგრამებთან დაკავშირებით. მაგალითად, კითხვის სწავლებისას ზღაპრის საჭიროების დასასაბუთებლად მიმართავდნენ პარალელებს პრიმიტიულ კულტურებთან, სადაც არსებობს ძლიერი მიდრეკილება ყოველივე ზღაპრულისკენ; ესთეტიკური აღზრდის სფეროში საჭიროდ თვლიდნენ ყველა პერიოდის „აღმოფხვრას“, რეალიზმიდან მოყოლებული ვიდრე სიმბოლიზმამდე, ფუტურიზმამდე და სხვა იზმებამდე. რელიგიური აღზრდის კუთხით, ბავშვს განიხილავდნენ პატარა წარმართად და სთავაზობდნენ „გაეტარებინათ“ იგი ყველა კონკრეტული რელიგიის ისტორიულ ფორმაში, რათა აღმოეფხრათ ისინი ბავშვის ცნობიერებიდან და მიეყვანათ იგი თანამედროვე კულტურული კაცობრიობის ათეიზმამდე. დღევანდელი გადასახედიდან ყოველივე ეს არასერიოზულად გამოიყურება, მაგრამ XX საუკუნის დასაწყისში ე.წ. პედოლოგიური მოძრაობის ფარგლებში ამ თემებზე ბევრს საუბრობდნენ.       პედოლოგია უშუალოდ არის დაკავშირებული სტენლი ჰოლის სახელთან. გასული საუკუნის პირველ ნახევარში იგი დიდი პოპულარობით სარგებლობდა. ტერმინი პედოლოგია (ბერძ. პაის, პაიდოს – ბავშვი) ჰოლის მოწაფეს ო. კრისტიანსენს ეკუთვნის; მოგვიანებით ამერიკაში უფრო პოპულარული გახდა ტერმინი ცჰილდ სტუდყ (ბავშვის შესწავლა). პედოლოგიურ მოძრაობაში გაერთიანებულნი იყვნენ პედაგოგები, ბიოლოგები, პედიატრები, ანთროპოლოგები, სოციოლოგები, ფსიქოლოგები. ოციან წლებში ამ უკანასკნელებმა დომინირებული ადგილი დაიკავეს პედოლოგიურ მოძრაობაში და მოხდა მისი აშკარა ფსიქოლოგიზაცია. პედოლოგიის არნახულ პოპულარობას მთელ მსოფლიოში, პირველ ყოვლისა, მისი მკვეთრად გამოხატული პრაქტიკული მიმართულობა განსაზღვრავდა. ბავშვებთან ურთიერთობისას აღმზრდელები და მასწავლებლები უამრავ პრობლემას აწყდებოდნენ სხვადასხვა სფეროდან, იქნებოდა ეს ბავშვის ჯანმრთელობა, ფსიქიკური უნარები, სოციალური ადაპტაცია თუ სხვა. პედოლოგიას, ჰოლისეული ჩანაფიქრით, კომპლექსურად უნდა მოევლო ამ პრობლემებისთვის.       პედოლოგიური კვლევა-ძიების თეორიულ ბაზად ჰოლი, ბუნებრივია, საკუთარ თვალსაზრისს მიიჩნევდა. მას მართლაც ჰყავდა მიმდევრები, ვინაიდან იმხანად ევოლუციონისტური წარმოდგენების ზეობის ფონზე, ბიოგენეტიკური იდეები საკმაოდ პოპულარული იყო ბავშვის ფსიქოლოგებს შორის. მიუხედავად ამისა, ჰოლის რეკაპიტულაციის თვალსაზრისის სუსტი მხარეები წამყვანი სპეციალისტებისთვის ცხადი იყო. ეს ეხებოდა კონკრეტულ შეუსაბამობებს ამა თუ იმ ასაკის ბავშვების ქცევით თუ ფსიქიკურ გამოვლინებებსა და იმ მოთხოვნებს შორის, რომლებსაც ამ ასაკს რეკაპიტულაციის თვალსაზრისი უყენებდა. ბავშვს, მაგალითად, შეიძლება უფრო ადრე გაუჩნდეს ინტერესი მანქანებისადმი ან საფრენი აპარატებისადმი, ვიდრე ცხოველებისადმი ან ყვავილებისადმი, რაც, ცხადია, ვერ აიხსნება იმით, რომ კოსმონავტიკის ეპოქა წინ უსწრებს მწყემსობისა ან მიწათმოქმედების ხანას. მაგრამ, დეტალების გარეშეც, თავიდანვე პრინციპულად დაისვა შემდეგი საკითხი: რამდენად კანონიერია ასეთი შორს მიმავალი და, რაც უარესია, სწორხაზოვანი პარალელები ამა თუ იმ ეპოქის საზოგადოების ქცევასა და გარკვეული პერიოდის ბავშვის ქცევას შორის. კულტურის ისტორიისა და პედოლოგიის მონაცემები უკვე მაშინ აყენებდა ეჭვქვეშ ამგვარი მიდგომის მართებულობას. საუბარია მის სწორხაზოვნებასა და უნივერსალობაზე, თორემ გარკვეული პარალელების არსებობის დანახვა, მართლაც, არ არის ძნელი.       მიუხედავად რეკაპიტუალაციის კონცეფციის შეზღუდულობისა და გულუბრყვილობისა, ბიოგენეტიკური პრინციპი მაინც საინტერესო და სასარგებლო იყო ასაკობრივი და პედაგოგიური ფსიქოლოგიისთვის, ვინაიდან იგი წარმოადგენდა განვითარების კანონზომიერების ძიების მცდელობას. მასში ნაჩვენებია კავშირი ისტორიულ და ინდივიდუალურ განვითარებას შორის. ამ კავშირის გაზვიადების მიუხედავად, ესაა თეორიული კონცეფცია, რომელმაც გზა გაუხსნა სხვა კონცეფციებს. ამაშია მისი უდავო ისტორიული მნიშვნელობა. გარდა ამისა, ისიც აღსანიშნავია, რომ ევოლუციური თვალსაზრისი, რეკაპიტუალაციის პრინციპის სახით, არსებითად, პირველად მიესადაგა ბავშვს და ადამიანის ფსიქიკის ონტოგენეზის პრობლემატიკას.       ჰოლისაგან განსხვავებით, მისი ყველაზე ცნობილი მოწაფე არნოლდ გეზელი (1880-1961) უფრო მეტად ადრეული ბავშვობის ხანით იყო დაინტერესებული. პედაგოგიური და სამედიცინო განათლების მქონე გეზელი ოცდაათ წელზე მეტ ხანს მუშაობდა იელის ნორმალური ბავშვობის კლინიკაში, რის საფუძველზე მოგვიანებით შეიქმნა გეზელის ბავშვის განვითარების ცნობილი ინსტიტუტი. იგი ფსიქიკური ონტოგენეზის კვლევის აღიარებულ ცენტრად გადაიქცა. გეზელი თვლიდა, რომ პირველი სამი წლის განმავლობაში ბავშვი თავისი ფსიქიკური განვითარების მნიშვნელოვან ნაწილს გაივლის. განვითარების ტემპი ამ დროს ყველაზე დიდია და შემდგომში თანდათან კლებულობს. ეს დებულება დაედო საფუძვლად მის ასაკობრივ პერიოდიზაციას, სადაც სამი პერიოდი გამოიყოფა: დაბადებიდან ერთ წლამდე, ერთიდან სამ წლამდე და სამი წლიდან თვრამეტ წლამდე. შესაბამისად, განვითარების უმაღლესი ტემპი პირველ პერიოდზე მოდის, საშუალო - მეორეზე და დაბალი - მესამეზე.       ბავშვის განვითარების კვლევაში გეზელმა ბევრი სიახლე შეიტანა. მან დაამუშავა ბავშვის განვითარების კომპლექსური დიაგნოსტირების პრაქტიკული სისტემა, რომელშიც მოცემულია მოტორული აქტივობის, მეტყველების, შეგუებითი რეაქციების, სოციალური კონტაქტების, პიროვნული, გონებრივი და სხვა მაჩვენებლების ნორმები სხვადასხვა ასაკისთვის სამი თვიდან ექვს წლამდე. ამისთვის გამოიყენება ბავშვზე დაკვირვების ობიექტური მეთოდები: ფოტო და კინო გადაღებები, ე.წ. „გეზელის სარკე“ (ცალმხრივი ხედვის მინა). გეზელმა პირველმა გამოიყენა ფსიქოლოგიაში ლონგიტუდური მეთოდი, რაც მდგომარეობდა ერთი და იმავე ბავშვის შესწავლაში დიდი ხნის განმავლობაში, უფრო ხშირად დაბადებიდან მოზარდობამდე. მანვე დაიწყო ტყუპების მეთოდის სისტემატური გამოყენება იმის ნათელსაყოფად, თუ რა მიმართებაა მომწიფებასა და სწავლებას შორის.       გეზელის აზრით, განვითარება მომწიფების ბუნებრივი პროცესისა და სოციალური ზემოქმედების ერთობლივი ნაყოფია. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ იგი უპირატესობას ანიჭებდა შინაგან, გენეტიკურად განსაზღვრულ მომწიფების პროცესს. სწორედ გენეტიკური პროგრამა განაპირობებს ბავშვის განვითარების მიმდინარეობას ფიქსირებული თანმიმდევრობით. შეიძლება ვარირებდეს განვითარების ტემპი და არა განვითარების სტადიების რაგვარობა და რიგითობა. ინდივიდუალური განსხვავებები განვითარების ტემპში, ნაწილობრივ, სოციალური გარემოთია განპირობებული, მაგრამ გადამწყვეტი აქაც ბავშვის ინდივიდუალური გენეტიკური პროგრამაა. ამიტომ არ უნდა ვეცადოთ ვასწავლოთ ბავშვს რაიმე იმაზე ადრე, ვიდრე ეს მისი მომწიფების ალგორითმით არის განსაზღვრული. ბავშვი აუცილებლად დაიჭერს თავს, დაჯდება, გაივლის, ალაპარაკდება, როცა ბუნებრივად მზად იქნება სათანადო ფსიქოფიზიკური სისტემები; მაშინ გაუჩნდება ამის შესრულების შესაძლებლობაც და სურვილიც. მანამდე მისი იძულებითი სწავლება არც ეფექტური იქნება და შეიძლება მრავალი გართულებაც გამოიწვიოს. ამასთანავე, ისიც ცხადია, რომ სწავლა-აღზრდა, ზოგადად სოციალური ზემოქმედება, ყოვლად აუცილებელია განვითარებისთვის. ასოციალურ სივრცეში, ამბობდა გეზელი, პიროვნების სტრუქტურა საერთოდ ვერ ჩამოყალიბდება. მაგრამ ყოველგვარი გარე ზემოქმედება, სოციალიზაცია მაშინ მიმდინარეობს ოპტიმალურად, თუ ის დამყარებულია შინაგანი მომწიფების კანონზომიერებაზე და მას ეთანხმება.       ამერიკაში გენეტიკური იდეების ერთ-ერთი აქტიური გამტარებელი იყო ჯეიმს ბოლდუინი (1861-1934). ამერიკელი ფსიქოლოგების პირველი თაობის თვალსაჩინო წარმომადგენელი, ცნობილი თეორეტიკოსი, ექსპერიმენტატორი და მეცნიერების ორგანიზატორი ბოლდუინი სოციალური, დიფერენციალური და განვითარების ფსიქოლოგიის სათავეებთან იდგა. ბოლდუინი პრინციპული ევოლუციონისტი იყო. ევოლოციის თეორიის განხილვა კი ორი თვალსაზრისით შეიძლება: პირველი - ორგანიზმზე გარემოს ზემოქმედების კუთხით, რის შედეგადაც ხდება ადაპტაცია და ახალი თვისებების ფორმირება; და მეორე - ინდივიდის მიერ ადაპტაციის შედეგად შეძენილი ახალი სასარგებლო თვისებების მემკვიდრეობით გადაცემის კუთხით. მაშასადამე, ევოლუციურ მიდგომაში განვითარების პრობლემის ორივე ასპექტია გათვალისწინებული, როგორც გარეგანისა და შეძენილის, ისე შინაგანისა და თანდაყოლილის. როდესაც ბავშვის განვითარებაზე ლაპარაკობდა, ბოლდუინი ორივე ამ ასპექტის მნიშვნელობას აცნობიერებდა. მაგრამ, ჰოლისა და გეზელისაგან განსხვავებით, მეტ აქცენტს სოციალური გარემოს როლზე აკეთებდა. ეს მისი ერთი-ერთი ძირითადი წიგნის სათაურიდანაც ჩანს: „სულიერი განვითარება სოციოლოგიური და ეთიკური თვალსაზრისით“ (1913). შეიძლება ითქვას, რომ ბოლდუინი უფრო სოციოგენეტიკოსი იყო, ვიდრე ბიოგენეტიკოსი.       ბოლდუინი დიდ ყურადღებას უთმობდა ბავშვის ემოციური სფეროს განვითარებისა და, რაც მთავარია, პიროვნული თვისებების ფორმირების საკითხს. სოციალიზაციის როლი ამ მხრივ გადამწყვეტია. ბავშვის პიროვნული თვისებები განიხილებოდა როგორც „გარედან“, ანუ კულტურისა და უშუალო სოციალური წრის ობიექტურ კრიტერიუმებთან მიმართებაში, ისე „შიგნიდან“, ბავშვის თვითშეფასების გადასახედიდან. აქედან გამომდინარე, ბოლდუინი კატეგორიულად მოითხოვდა პედაგოგიური სისტემის ისეთ რეფორმირებას, რომ საზოგადოებრივ, სასკოლო განათლებას მოეცვა ყველა ბავშვი. რაც შეეხება სკოლამდელ ხანას, აქ უდიდესი როლი ეკუთვნის თამაშს, რომელსაც ბოლდუინი სოციალიზაციის ინსტრუმენტად განიხილავდა. იგი ხაზს უსვამდა თამაშის მნიშვნელობას, როგორც ისეთი აქტივობისა, რომელიც აუცილებელია ადამიანის მოსამზადებლად რთული სოციალური ურთიერთობებისთვის.       პიროვნულ სფეროსთან შედარებით გონებრივი განვითარების სფეროში მემკვიდრეობითი ფაქტორის წონა მეტია. მაგრამ ბოლდუინი აქაც სოციალურ ფაქტორზე აკეთებს აქცენტს. ამ მხრივ ნიშანდობლივია მისი ერთ-ერთი წიგნის სათაური: „გონებრივი განვითარება ბავშვში და საზოგადოებაში“ (1895). კაპიტალურ სამტომიან თხზულებაში „გენეტიკური ლოგიკა“ (1903-1908) ბოლდუინმა ჩამოაყალიბა ბავშვის კოგნიტური განვითარების კონცეფცია. მისი აზრით, შემეცნებითი სფეროს ონტოგენეზში რამდენიმე საფეხური გამოიყოფა. ჯერ აქტუალიზდება და იხვეწება თანდაყოლილი სენსო-მოტორული რეაქციები. შემდეგ ბავშვი გაივლის მეტყველების განვითარების სტადიას და ბოლოს - ლოგიკური აზროვნების განვითარების საფეხურს. ბოლდუინი განსაკუთრებით დაინტერესებული იყო იმის ჩვენებით, თუ რა დიდ როლს ასრულებს ბავშვის სოციალური გარემოცვა შემეცნებითი ფუნქციების ფორმირების პროცესში. ამ კონტექსტში მან გამოყო აზროვნების განვითარების სპეციალური მექანიზმები: ასიმილაცია, ანუ გარემოს ზემოქმედების ინტერიორიზაცია და აკომოდაცია, ანუ თვით ორგანიზმის ცვლილება.       ისტორიკოსები აღნიშნავენ, რომ ბოლდუინის მოსაზრებებმა უთუოდ იქონია გავლენა კოგნიტური სფეროს ონტოგენეზის ყველაზე თვალსაჩინო მკვლევარის, პიაჟეს შეხედულებათა ფორმირებაზე (იხ. თავი 12.2.). სიცოცხლის მიწურულს ბოლდუინი ევროპაში მოღვაწეობდა, იყო ჟენევის უნივერსიტეტის პროფესორი. აქ მუშაობდნენ ბოლდუინის კოლეგა და მეგობარი კლაპარედი და ამ უკანასკნელის მოწაფე პიაჟე.       პედოლოგია მაშინვე გავრცელდა ევროპაში. აქ მისი ერთ-ერთი ლიდერი უთუოდ ედვარდ კლაპარედი გახდა. კლაპარედი თვალსაჩინო ფიგურაა იმდროინდელ ფრანგულენოვან ფსიქოლოგიაში. როგორც თეორეტიკოსი, იგი ეკუთვნის ფუნქციონალური ფსიქოლოგიის ევროპულ ფრთას (იხ. თავი 6.5.). განსაკუთრებულია მისი წვლილი ბავშვის ფსიქოლოგიის განვითარებაში. მან ჟენევაში დააარსა რუსოს სახელობის პედაგოგიური ინსტიტუტი, რომელიც ევროპაში ასაკობრივი და პედაგოგიური ფსიქოლოგიის ერთ-ერთ წამყვან კვლევით ცენტრად გადაიქცა. აქ მიმდინარეობდა ბავშვის ფიზიკური, კოგნიტური და პიროვნული განვითარების კომპლექსური კვლევა. სწორედ ბავშვის შესწავლის კომპლექსურობაში ხედავდა კლაპარედი პედოლოგიის არსს. იგი მას ორ ნაწილად ყოფდა: თეორიულ და გამოყენებით პედოლოგიად. თეორიულმა პედოლოგიამ უნდა შეისწავლოს ონტოგენეზის ფუნდამენტური კანონზომიერებანი, ზოგადად, და ყველა ასაკობრივ ეტაპზე - კონკრეტულად. გამოყენებითი პედოლოგია, თავის მხრივ, მოიცავს ე.წ. ფსიქოტექნიკას და ფსიქოგნოსტიკას. ფსიქოტექნიკის მიზანია სხვადასხვა ასაკის ბავშვებისთვის ადეკვატური სასწავლო-აღმზრდელობითი მეთოდების დამუშავება და დანერგვა, ფსიქოგნოსტიკისა - ფსიქიკური განვითარების დონის გარკვევა. ამ უკანასკნელის ფუძემდებლია კლაპარედის პარიზელი კოლეგა ალფრედ ბინე. სწორედ მის სახელთან არის დაკავშირებული ბავშვის ინტელექტუალური განვითარების პირველი ტესტური მეთოდის შექმნა, რაზეც უკვე ვისაუბრეთ დიფერენციალური ფსიქოლოგიის ისტორიის კონტექსტში (იხ. თავი 7.2.).       ინტელექტუალური სფეროს ონტოგენეზის საკითხი კლაპარედის კვლევით ინტერესებშიც ერთ-ერთი უმთავრესი იყო. ეს დაინტერესებულობა მან გადასცა პიაჟეს, რომელმაც ამ მიმართულებით უდიდესი აღმოჩენები გააკეთა. კლაპარედი იმდენად დიდ მნიშვნელობას ანიჭებდა კოგნიტურ განვითარებას, რომ მას თითქმის აიგივებდა ფსიქიკურ განვითარებასთან. ეს იქიდან ჩანს, - რომ ფსიქიკური განვითარების პერიოდიზაციის მისეულ სქემაში ერთი ეტაპიდან მეორეზე გადასვლის ძირითად კრიტერიუმად კოგნიციის სახეებისა და მათთან დაკავშირებული ინტერესების მონაცვლეობაა შერჩეული. კლაპარედი შემდეგ პერიოდებს გამოყოფს: 1) დაბადებიდან 2 წლამდე. ამ დროს ბავშვი ძირითადად იმით არის დაინტერესებული, თუ როგორ გამოიყურება საგნები. ამიტომ მისი კოგნიტური განვითარება უმთავრესად აღქმის გენეზისს უკავშირდება. 2) 2-დან 3 წლამდე. ამ პერიოდში დომინირებს ვერბალური ინტერესი (სიტყვები და მათი მნიშვნელობები); შესაბამისად, ვითარდება მეტყველების ფუნქცია. 3) 3-დან 7 წლამდე. საკუთრივ აზროვნების განვითარება სწორედ ამ პერიოდიდან იწყება. წამყვან ადგილს ზოგადი ინტელექტუალური ინტერესი იკავებს. 4) 7-დან 12 წლამდე. ამ პერიოდში იწყება სპეციალური ინტერესების ჩამოყალიბება. შემეცნება გამორჩეულად მიემართება გარკვეული საგნებისა თუ მოქმედებებისკენ. ამაში ვლინდება ბავშვის კოგნიტური განვითარების ინდივიდუალური თავისებურებები, მისი თანდაყოლილი ინტელექტუალური მიდრეკილებები. 5) 12-დან 18 წლამდე. კლაპარედი ამ პერიოდს სენტიმენტალურს უწოდებს. აქ განვითარება ეთიკური და სოციალური ინტერესების დომინირებით მიმდინარეობს.       ამ მიდრეკილებათა საფუძველზე, მოგვიანებით, უკვე მოზრდილობის ხანაში, თავს იჩენენ მემკვიდრეობითი ფაქტორებით გაპირობებული ე.წ. სპეციალური ნიჭები და უნარები. რაც შეეხება ე.წ. ზოგად ნიჭიერებას, კლაპარედის აზრით, ის ვლინდება ბავშვობის ხანაში და უკავშირდება მისი ყველა გონებრივი თვისების საერთო მაღალ დონეს, ინტელექტუალური საქმიანობის წარმატებულობას. თანდაყოლილი კოგნიტური უნარები, ისევე როგორც სხვა ფსიქიკური თვისებები, თვითგანვითარების პრინციპით მოქმედებენ, მაგრამ მემკვიდრეობით მოცემულის აქტუალიზაცია და რეალიზაცია გარკვეული სტიმულებისა და ფაქტორების ზემოქმედების შემთხვევაშია შესაძლებელი. თვითგანვითარებას მოქმედი მექანიზმები ესაჭიროება, რომლებიც განსაზღვრავენ მის ტემპს, მიმართულებას და შინაარსს. ასეთებად ავტორი თამაშსა და მიბაძვას მიიჩნევს. ამასთან, თამაში უფრო ქმედითი და უნივერსალური მექანიზმია; მისი საშუალებით ხდება ფსიქიკის ყოველმხრივი განვითარება, საერთო და სპეციალური უნართვისებების აქტუალიზაცია და გავარჯიშება. ეს ეხება როგორც გონებრივ, ისე აფექტურ და ნებელობით სფეროს. მიბაძვის მექანიზმი უფრო ამ უკანასკნელის განვითარებას ემსახურება. მისი მეშვეობით ბავშვი ეუფლება ახალ მოქმედებას, იძენს მისი შესრულების უნარს. ეს უნარი ასოციაციის პრინციპს ეყრდნობა: მყარდება კავშირი უფროსის მიერ ნაჩვენებ და თვით ბავშვის მიერ შესრულებულ მოქმედებას შორის. ამასთან, თუ ადრეულ ასაკში ათვისებული მოქმედების გამოსაწვევად მისი თვალსაჩინოდ ჩვენებაა საჭირო, შემდგომში სიტყვიერი მითითებაც საკმარისი ხდება.       განვითარების ზოგადი კანონზომიერებისა და მისი სწავლებასთან კავშირის პრობლემაზე მსჯელობისას კლაპარედი განიხილავს ბიოგენეტიკურ კანონს და მისგან გამომდინარე რეკაპიტულაციის პრინციპს. ის გარკვეულ დაზუსტებებს საჭიროებს. კერძოდ, სრულიად უმართებულოა ვიფიქროთ, რომ ადამიანის ემბრიონი მის ბიოლოგიურ წინაპრად გადაიქცევა (მაგ., თევზად, ვინაიდან ლაყუჩები უჩნდება). ასეთივე შეცდომაა იმის მტკიცება, რომ ბავშვი რომელიმე ეტაპზე პირდაპირი მნიშვნელობით ხდება ქვის ან ბრინჯაოს ხანის ადამიანი. ეს, ცხადია, ასე არ არის, ვინაიდან მას არა აქვს მოზრდილი ინდივიდის ის თვისებები, რომელთაც ფლობს პრიმიტიული ადამიანი, მაგალითად, სექსუალობა, მამაცობა და ა.შ. ბავშვის ფსიქოლოგია ყოველთვის „ბავშვური ფსიქოლოგია“ იქნება, ამბობს კლაპარედი. ეს არ ნიშნავს თვალის დახუჭვას იმ პარალელებზე, რომლებიც უეჭველად არსებობს ისტორიულ და ინდივიდუალურ განვითარებას შორის. ყველა ბავშვი, ყველა ქვეყანაში და განედზე, აუცილებლად აკეთებს იმას, რასაც ჩვენი წინაპრები აკეთებდნენ. ამ პარალელიზმს ვერ გავექცევით, მაგრამ რა არის მისი მიზეზი? აქ ორი კონცეფცია არსებობს. ერთის მიხედვით, ეს მსგავსება წარმოიშვება იმის გამო, რომ ახალი თაობა მოკლედ იმეორებს წინა თაობის მიერ განვლილ ფაზებს და ეს ბავშვის მემკვიდრეობაშია ჩაწერილი. სხვა თვალსაზრისით, ეს მსგავსება უბრალო კონფორმულობაა: თუ ინდივიდის განვითარება მოგვაგონებს გვარის განვითარებას, ეს იმიტომ ხდება, რომ ცოცხალი არსება რეგულარული კანონების მიხედვით ყალიბდება, და ბუნება იყენებს იდენტურ საშუალებებს ინდივიდისა და გვარის ევოლუციის განხორციელებისთვის.       პირველი შეხედულება ყველაზე მკაფიოდ ჰოლმა გამოხატა. მეორეს მონახაზი დიუისთან გვხვდება. კლაპარედი მას გაფორმებული კონცეფციის სახეს აძლევს. ფილოგენეზსა და ონტოგენეზში ერთნაირი ლოგიკა მოქმედებს. ამ ლოგიკის შესაბამისად, საბოლოო ორგანოს, ფუნქციის ან მთელი ორგანიზმის მისაღებად საჭიროა დროებით არსებობდნენ უფრო პრიმიტიული წარმონაქმნები, ისევე როგორც შენობის აგებისას საჭიროა დროებითი ხარაჩოები. თუ ბავშვი გაივლის ზოგიერთ ეტაპს, რომელიც გვაგონებს ცხოველს, ველურს ან ბარბაროსს, ეს ეტაპები უნდა განვიხილოთ როგორც აუცილებელი საფეხურები მისი შემდგომი ევოლუციისთვის. ბავშვობის ბარბაროსული ეტაპი წარმოადგენს სტიმულს მოზრდილი ადამიანის უნარების განვითარებისთვის მსგავსად იმისა, როგორც ემბრიონის საზურგე ქორდა არის სტიმული ზურგის კოლონის (ხერხემლის) შემდგომი ჩამოყალიბებისთვის. აქედან დასკვნა: ბავშვის ფსიქიკის თანმიმდევრული პროგრესის გასაგებად და მისთვის სწავლა-აღზრდის კონკრეტული საფეხურის შესარჩევად მიზანშეწონილია დავიხმაროთ ცოდნა კაცობრიობის განვითარების ისტორიიდან.       კლაპარედი იმათაც ედავება, ვინც კატეგორიულად უარყოფს ბიოგენეტიკურ პრინციპს და მიიჩნევს, რომ აღზრდას არაფერი ესაქმება ბავშვსა და მის პრიმიტიულ წინაპრებს შორის არსებულ ანალოგიასთან. ბავშვი, რომელიც იმყოფება სრულიად განსხვავებულ პირობებში, ვიდრე ველური ან ბარბაროსი, სწრაფად უნდა შეეგუოს აქტუალურ გარემოს. ამისთვის აუცილებელი არ არის იმ შეცდომების გამეორება და იმ შემოვლითი გზების ხელახალი გავლა, რაც გაიარა კაცობრიობამ ევოლუციის პროცესში. პირიქით, ბლონსკის თქმისა არ იყოს, არაევოლუციური ის იქნებოდა, თუ ჩვენ ვაიძულებდით ბავშვს თავის თავზე გამოეცადა კაცობრიობის ინტელექტის ყველა შეცდომა. გარკვეული აზრით, ეს, ალბათ, სწორია. უკიდურესობამდე მიყვანილი ყველა პრინციპი შეიძლება უაზრობამდე დავიდეს. ეს ეხება პედაგოგიურ პრაქტიკაში რეკაპიტულაციის გამოყენებასაც. მართლაც, ძნელი დასაჯერებელია, რომ ბავშვს ესაჭიროება ბუმერანგის ხმარების, დათვებზე ნადირობის ან კერპების თაყვანისცემის სწავლება იმის გამო, რომ „ველური“ ან „ბარბაროსული“ ინსტინქტების გამოვლენა სასარგებლოა მისი განვითარებისთვის. მიუხედავად ამისა, დიდი სიფრთხილე გვმართებს, რათა მეორე უკიდურესობაში არ გადავვარდეთ. სავსებით შესაძლებელია, რომ ის, რაც ჩვენი პედანტური ლოგიკისთვის „შემოვლითი გზა ან შეცდომაა“, სინამდვილეში მიზნის მიღწევის ყველაზე მოკლე გზა აღმოჩნდეს, ვინაიდან ეს ის გზაა, რომელიც ბუნებამ გაკვალა. ამ ლოგიკით შეიძლებოდა გვეფიქრა, რომ ბაყაყისთვის შემოვლითი გზაა თავკომბალის მდგომარეობის გავლა; უფრო ადვილი არ იქნებოდა, რომ ის თავიდანვე დაბადებულიყო თათებით და, განსაკუთრებით, კუდის გარეშე, რომელიც არის მხოლოდ „შემოვლითი გზა და შეცდომა“?! მაგრამ რეალურად ეს „შეცდომა“ ევოლუციურად გამართლებულია. ძალიან აჩქარდებოდნენ ისინი, ვინც დიდი ბაყაყის ფორმირებისთვის თავკომბალას კუდს მოაჭრიდა. ამას ალბათ გააკეთებდნენ კიდეც, ბაყაყებს სკოლები რომ ჰქონოდათო, ირონიულად შენიშნავს კლაპარედი.       XIX და XX საუკუნეების გასაყარზე ბრიტანეთში ჯერ კიდევ ბატონობდა ემპირიული ფსიქოლოგია და მისი ყველაზე მძლავრი მიმდინარეობა - ასოციაციონიზმი. ამიტომ გასაკვირი არ არის რომ ბავშვის ბრიტანული ფსიქოლოგიის პიონერი ჯორჯ სელი (1843-1923) ემპირიზმის პოზიციებზე იდგა. იგი ცდილობდა ასოციაციური ფსიქოლოგიის პრინციპები მოერგო ბავშვის განვითარების პრობლემატიკისთვის. სპენსერმა ასოციაციონიზმის პოზიციიდან ფილოგენეზი განიხილა, ხოლო სელიმ - ონტოგენეზი. მან თავისი მოსაზრებები რამდენიმე გახმაურებულ წიგნში ჩამოაყალიბა, რომელთაგან ყველაზე ცნობილია „ბავშვის ფსიქოლოგიის ნარკვევები“ (1895) და „პედაგოგიური ფსიქოლოგია“ (1915).       სელი ასოციაციური ფსიქოლოგიის ტრადიციულ სქემას მიჰყვება: თავდაპირველად არსებობენ ფსიქიკური ელემენტები, რომლებიც ასოციაციის გზით ერთიანდებიან რთულ ფსიქიკურ წარმონაქმნებში. კერძოდ, ბავშვის ფსიქიკური განვითარება იწყება ფსიქიკური პროცესების თანდაყოლილი ნასახებიდან ანუ ელემენტებიდან. ესენია შეგრძნება, მარტივი გრძნობა, რეფლექსურ-იმპულსური აქტივობა. განვითარების პროცესში მათ საფუძველზე წარმოიქმნება კოგნიტური, ემოციური და ნებელობითი პროცესები. ეს ხდება ელემენტების ინტეგრაციით, რაც წარმოშობს ცნებებს, წარმოდგენებს, განზრახვებს და ა. შ. ყოველივე ეს ასოციაციის კანონებს ემორჩილება. აქ სელის ახალი არაფერი უთქვამს. ახალი იყო ყურადღების გამახვილება იმაზე, თუ როგორი ასოციაციები და რა თანმიმდევრობით წარმოიქმნება ბავშვის განვითარების პროცესში. მისი გამოკვლევების თანახმად, თავდაპირველად ყალიბდება სენსომოტორული ასოციაციები მსგავსების კანონის მიხედვით. შემდგომში ბავშვს თანდათან უყალიბდება საგნების ხატები, მეზობლობის კანონის შესაბამისად, ხოლო მეორე წლის ბოლოს ჩნდება ასოციაციები, რომლებიც კონტრასტის კანონს ემყარება.       სელიმ თავისებურად გამიჯნა შემეცნებითი, ემოციური და ნებელობით ფუნქციების განვითარების ეტაპები. იგი დაბეჯითებით მოითხოვდა, რომ ეს გაეთვალისწინებინათ სასწავლო პროცესის ორგანიზებისას, სახელდობრ, სკოლაში სასწავლო პროგრამებისა და ბავშვებთან პედაგოგების ურთიერთობის სტილის შეცვლისთვის.       გარდა იმისა, რომ ბავშვის ფსიქოლოგიას შეუძლია და უნდა დაეხმაროს პედაგოგიკას, ის დიდ სარგებლობას მოუტანს მოზრდილი ადამიანის ფსიქიკის საიდუმლოების გახსნის საქმესაც. ყოველი ადამიანური ორგანიზმი, ამბობდა სელი, თავის თავში ატარებს ადამიანური ცნობიერების ჩანასახს. ეს ცნობიერება დაბადებიდანვე იწყებს განვითარებას და იმთავითვე სპეციფიკურად ადამიანური სახე აქვს. თუ ფსიქოლოგი მოახერხებს შეაღწიოს ბავშვის ცნობიერებაში და გაიგოს რა ხდება იქ, იგი გაცილებით უკეთეს მდგომარეობაში აღმოჩნდება მოზრდილის რთულ ცნობიერებაში გარკვევისას. „შესაძლებელია, ბავშვის სული არც ისე მარტივია, როგორც ერთი შეხედვით ჩანს. მაგრამ მკვლევარი ვერ აიღებს ამოსავალ წერტილად ვერც ერთი ცხოველის გონებას, ვინაიდან, მიუხედავად იმისა, რომ ეს უკანასკნელი შეიცავს ბევრ ადამიანურ ელემენტს, იგი ავლენს მათ სრულიად განსხვავებული, თავისებური ფორმით“. სელის ეს სიტყვები მნიშვნელობას იძენს ცხოველისა და ბავშვის ფსიქიკას შორის არსებული იმ პარალელების ფონზე, რომელზეც მიუთითებენ სხვა ფსიქოლოგები, განსაკუთრებით კი ბიულერი. ამაზე ქვემოთ ვისაუბრებთ. აქ კი აღვნიშნავთ, რომ ბიოგენეტიკური იდეები არც სელისთვის იყო უცხო. იგი ხედავდა გარკვეულ კავშირს ისტორიოგენეზსა და ონტოგენეზს შორის და აღნიშნავდა, რომ ადამიანის ცხოვრების პირველი წლები „თითქოს დაპატარავებულ და მრუდე სარკეში გვიჩვენებენ იმ მდგომარეობას, რომელშიც, ალბათ, იმყოფებოდა პირველყოფილი ადამიანი“.       გერმანიაში ბავშვის ფსიქოლოგიის ერთ-ერთი ფუძემდებელი ერნსტ მოიმანი (1862-1915) უფრო მკვეთრად აფიქსირებს განსხვავებას ბავშვისა და მოზრდილის ფსიქიკას შორის და ოთხ ძირითად მომენტზე ამახვილებს ყურდღებას: 1) ბავშვს დასაწყისში არ გააჩნია მოზრდილის ყველა სულიერი თვისება. 2) თვისებების განაწილება ბავშვთან და მოზრდილთან განსხვავებულია. მათთან სხვადასხვა თვისებები დომინირებს. მაგალითად, მოზრდილი ადამიანი უმეტესწილად სიტყვების მეშვეობით აზროვნებს, მცირეწლოვანი ბავშვი კი უფრო მეტად იყენებს თვალსაჩინო წარმოდგენებს საგნების შესახებ. ამასთან, ბავშვსაც შეუძლია იაზროვნოს სიტყვებით, ხოლო მოზრდილს წარმოდგენებით, მაგრამ მათი თანაფარდობა განსხვავებულია. 3) ბავშვის სულიერი ცხოვრების ზოგიერთი გამოვლინება თვისებრივად განსხვავდება მოზრდილისაგან და 4) ბავშვის თვისებები მოზრდილისაგან ხარისხობრივადაც, ინტენსივობის მხრივაც განსხვავდება.       მოიმანი გერმანიაში ბავშვისა და პედაგოგიური ფსიქოლოგიის თვალსაჩინო ორგანიზატორი იყო. მან ჰამბურგში დააარსა ბავშვის ფსიქიკური განვითარების შემსწავლელი ლაბორატორია და პირველი გერმანული ჟურნალი პედაგოგიურ ფსიქოლოგიაში. მისი კაპიტალური სამტომეული „ლექციები ექსპერიმენტულ პედაგოგიკაში“ (1907) იმ დროისთვის ენციკლოპედიური მნიშვნელობის კვლევას წარმოადგენდა. პირველ ორ ტომში განხილულია ბავშვის ფსიქოლოგიის, ხოლო მესამეში - პედაგოგიკისა და პედაგოგიური ფსიქოლოგიის, კერძოდ, კითხვის, წერის, თვლისა და ხატვის სწავლების საკითხები.       მოიმანი ბავშვის ორგანიზმს მთლიანობაში განიხილავდა, ანუ მისი ფიზიკური და ფსიქიკური მხარეების ერთიანობაში. იგი ხაზს უსვამდა, რომ აუცილებელია გვქონდეს თითოეული ინდივიდის განვითარების სრული ფსიქოფიზიკური სურათი და გაუმართლებლად მიაჩნდა აღმზრდელების ზედმეტი გატაცება ბავშვის მხოლოდ გონებრივი მოქმედების კონტროლით. ასეთ შემთხვევაში ჩვენ შეიძლება არასწორად მოვექცეთ ბავშვს და მისგან ისეთი რამ მოვითხოვოთ, რისი გაკეთებაც არ ძალუძს ფიზიკური სისუსტის გამო. ბავშვის ნებელობაზე აპელირება ამ შემთხვევაში სრულიად ამაოა, ვინაიდან აქ საქმეს მხოლოდ ფიზიკურ განვითარებაზე ზრუნვა უშველის. ამასთან, ისიც გასათვალისწინებელია, რომ სულიერი და ფიზიკური განვითარება ყოველთვის პარალელურად არ მიმდინარეობს. ეს მოიმანმა თავისი კვლევით დაადასტურა. მან ისიც დაამტკიცა, რომ ახალგაზრდა და მოზრდილი ორგანიზმი არა მხოლოდ ფსიქიკური, არამედ ანატომიურ-ფიზიოლოგიური კუთხითაც თვისებრივად განსხვავდება ერთმანეთისაგან.       მოიმანმა აჩვენა, რომ ბავშვის ნორმალური ფიზიკური და ფსიქიკური განვითარება მუდმივი პროცესი არ არის - შეჩერებებსა და პაუზებს შეიცავს. განსაზღვრულ პერიოდებში ეს ყველა ბავშვს ემართება და, ამდენად, კანონზომიერია. საზოგადოდ კი, ყველაზე ადრე ვითარდება ის უნარები, რომლებიც ბავშვის გარემო პირობებთან შეგუებისთვის, თვითშენარჩუნებისთვის არის აუცილებელი. მაგალითად, ბავშვი გაცილებით ადრე იწყებს ორიენტირებას სივრცეში, ვიდრე დროში. საქმე ისაა, რომ პატარას ცხოვრებას დროში აღმზრდელები ანაწილებენ, ხოლო სივრცითი ორიენტაცია უმეტესად მისი საკუთარი საზრუნავია. ასევე, ცოდნა საგნების სივრცითი თვისებების (ფორმა, ზომა და ა.შ.) შესახებ უფრო ადრე შეიძინება, ვიდრე ცოდნა ფერების შესახებ, ვინაიდან პირველი სრულებით აუცილებელია საგნების ცნობისთვის, ფერები კი ხშირად მხოლოდ ესთეტიკური დამატებაა. ასევე, სხვისი მეტყველების გაგება უფრო ადრე იწყება, ვიდრე დამოუკიდებელი მეტყველება და ა.შ.       გერმანული პედოლოგიის პირველი თაობის თვალსაჩინო წარმომადგენელია აგრეთვე კარლ გროსი (1861-1946). მისი წიგნი „ბავშვის სულიერი ცხოვრება“ საკმაოდ პოპულარული იყო, მაგრამ განსაკუთრებული აღიარება იმ გამოკვლევებმა მოუტანა, რომლებშიც თამაშის ბუნების გარკვევა იყო ნაცადი. თამაშის მნიშვნელობაზე ბევრ მოაზროვნეს უფიქრია, თუმცა საგანგებო კვლევის საგნად იგი მხოლოდ ბავშვის ფსიქოლოგიის სპეციალურ დარგად ჩამოყალიბების შემდეგ იქცა. გროსმა ერთ-ერთმა პირველმა დაიწყო თამაშის სისტემატური შესწავლა, მდიდარ ემპირიულ მასალაზე დაყრდნობით აჩვენა მისი როლი ცხოველისა და ადამიანის განვითარების საქმეში. გროსის ცნობილ თამაშის თეორიაში ნაჩვენებია, რომ აქტივობის ამ სახის ფუნქცია მომავალი ცხოვრებისთვის მომზადებაა.       გროსს სურდა შეექმნა თეორია, რომელიც დაძლევდა სხვა თეორიების ნაკლოვანებებს. ამიტომ მან კრიტიკულად გააანალიზა იმ დროისთვის არსებული შეხედულებები. ასეთები იყო, მაგალითად, შტაინტალისა და ლაცარუსის თვალსაზრისი, რომელიც თამაშს დასვენების ფუნქციას მიაწერს, სპენსერის კონცეფცია, რომელიც თამაშს ორგანიზმში ჭარბი ენერგიის რეალიზაციის საჭიროებას უკავშირებს, ან კიდევ ჰოლის შეხედულება, რომლის მიხედვით თამაშის ბუნება რეკაპიტულაციის პრინციპის თანახმად არის გააზრებული.       გროსის ე.წ. ვარჯიშის თეორიის მიხედვით, ბავშვის თანდაყოლილი რეაქციები არ არის საკმარისი ნორმალური ადამიანური ფუნქციონირებისთვის მომავალში. ბავშვობის პერიოდში უნდა მოხდეს ისეთი ფუნქციებისა და რეაქციების გამომუშავება, რომლებიც რეალური ცხოვრებისეული ამოცანების გადასაჭრელად გამოდგება. ამას ემსახურება თამაში. მასში ხდება მოქმედების ახალი ფორმების შეძენა და სერიოზული ცხოვრებისთვის აუცილებელი ძალების გავარჯიშება. თამაშის საშუალებით ბავშვი მომავალი ცხოვრებისთვის ემზადება. ეს არის თამაშის ობიექტური მიზანი და დანიშნულება. გროსის თქმით, „ჩვენ იმიტომ კი არ ვთამაშობთ, რომ ბავშვები ვართ, არამედ სწორედ იმისთვის გვაქვს ბოძებული ბავშვობა, რომ ვითამაშოთ“. ცხადია, მომავალი ცხოვრებისთვის მომზადება არაა მოთამაშე ინდივიდის სუბიექტური მიზანი. თამაშის აქტივობის მასაზრდოებელი წყარო, მისი სტიმუ ლი თანდაყოლილი ძალების ამოქმედებაა. ძველ რეაქციებზე დაშენდება ახალი მოქმედებები, რომლებიც უფროსების მოქმედებათა გარეგნულ სახეს იმეორებენ: თოჯინის მოვლა, მანქანის ტარება და სხვა. თამაშის შინაარსი ბავშვის უფროსებისადმი მიბაძვის შედეგია, მიმბაძველობა კი ბავშვის თანდაყოლილი თვისება. ამრიგად, თამაშში ორგანულად არის შერწყმული ინდიდვიდის მემკვიდრეობითი მოცემულობა და სოციალური გარემოს ზემოქმედება.       გამოჩენილი გერმანელი ფსიქოლოგი ვილიამ შტერნი აზუსტებს და აღრმავებს გროსის ანალიზს. იგი გამოყოფს თამაშის ფორმას და შინაარსს. ფორმა უცვლელია და დაკავშირებულია თანდაყოლილი თვისებების გავარჯიშებასთან, რაც თამაშის მთავარი ბიოლოგიური ფუნქციაა. შინაარსი ცვალებადია, მას სოციალური გარემო განსაზღვრავს. შედეგად, თანდაყოლილი ფუნქციების ამოქმედების პროცესი თამაშის ქცევაში შეძენილი სოციალური შინაარსით ივსება.       ადვილი შესამჩნევია, რომ განვითარების თვალსაზრისით შტერნის თამაშის თეორიას ავტორის უფრო ფართო შეხედულების მკაფიო კვალი ატყვია. შტერნი პირველი თაობის პროფესიონალ ფსიქოლოგებს შორის ერთერთი ყველაზე ავტორიტეტული ინტერაქციონისტი იყო. იგი ამოდიოდა იდეიდან, რომ განვითარება ყოველთვის და აუცილებლად თანდაყოლილისა და შეძენილის, შინაგანისა და გარეგანის გაერთიანებული მოქმედების, ანუ კონვერგენციის შედეგია. კონვერგენციის თეორიის თანახმად, არსებობს ბავშვის თანდაყოლილი მიდრეკილებები და ნასახები, რომლებიც დასრულებული და გამზადებული თვისებები კი არაა, არამედ მხოლოდ პოტენციური შესაძლებლობებია. ფსიქოფიზიკური პოტენციის გადაქცევა სინამდვილედ, რეალურ თვისებად გარეგანი ფაქტორების ზემოქმედებით ხდება. მარცვალში იმთავითვე ჩანერგილია მომავალი მცენარის სახე. მაგრამ როგორი სისწრაფით, რამდენად კარგად და რა სპეციფიკური ფორმით განვითარდება იგი, დამოკიდებულია ნიადაგზე, ამინდზე, მებაღის მზრუნველობაზე და სხვა გარე პირობებზე. ასევეა ბავშვის შემთხვევაში.       განვითარების პროცესში შინაგანისა და გარეგანის ურთიერთქმედება ე.წ. ინტროცეფციის მექანიზმის მეშვეობით ხდება. შტერნის მიხედვით, ეს ნიშნავს შინაგანი მიზნების გაერთიანებას სოციალური გარემოდან მომდინარე მიზნებთან. თავდაპირველად მცირეწლოვანი ბავშვის ფსიქიკური შესაძლებლობები არ არის გამოკვეთილი; იგი არ აცნობიერებს საკუთარ თავს, საკუთარ უნარ-მიდრეკილებებს, მიზან-მისწრაფებებს. ყოველივე ამის ჩამოყალიბება, ორგანიზება, დაკონკრეტება და, საბოლოოდ, გაცნობიერება გარემოს ზემოქმედებით მიიღწევა. ბავშვი ცდილობს აიღოს გარედან ის, რაც მას ესაჭიროება და რაც მის შინაგან პოტენციას შეესაბამება, და პირიქით, ზღუდავს ისეთ ზემოქმედებას, რომელიც ამას ეწინააღმდეგება. ცნობიერება მოქმედების შესრულების დაბრკოლების, წინააღმდეგობის გაჩენის შემთხვევაში იჩენს თავს. მისი ფუნქციაა გართულებული ადაპტაციის ხელშეწყობა, მაგრამ გაცნობიერების საგანი ხდება არა მხოლოდ წინააღმდეგობის შემცველი ფიზიკური თუ სოციალური გარემო, არამედ სუბიექტური სამყაროს ის მხარეც, რომლის რეალიზაცია ვერ მოხერხდა მოქმედებაში; ესენია კონკრეტული მისწრაფებები და ფსიქიკური შესაძლებლობები. სხვაგვარად რომ ვთქვათ, ინტროცეფციის გართულება ან ფრუსტრაცია მეტი სოციალიზაციისა და თვითრეფლექსიის, საბოლოოდ კი პიროვნების განვითარების წყაროდ იქცევა.       შტერნი განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევდა სწორედ პიროვნების, როგორც მთლიანის განვითარებას და ფორმირებას. ეს სავსებით კანონზომიერია, შტერნი ხომ დიდი ფსიქოლოგიური სისტემის ავტორია, რომლის ცენტრალურ ცნებას პიროვნება (პერსონა) წარმოადგენს. შტერნმა პერსონალისტური ორიენტაცია განვითარების პრობლემატიკაზე გადმოიტანა. ამას, ზოგადად, პოზიტიური მნიშვნელობა ჰქონდა, ვინაიდან ბავშვის ფსიქოლოგიის ჩამოყალიბების საწყის ეტაპზე მკვლევართა ინტერესი ძირითადად კოგნიტური სფეროს ონტოგენეზისკენ იყო მიმართული. კოგნიცია კი მთლიანი პიროვნების მხოლოდ ერთ-ერთი სფეროა. თუმცა აღსანიშნავია, რომ შტერნმა ამ სფეროს განვითარებაც სპეციალურად იკვლია და სერიოზულ შედეგებსაც მიაღწია. ყველაზე სრულად ისინი გადმოცემულია კლასიკურ ნაშრომებში „ბავშვის ენა“ და „ადრეული ბავშვობის ფსიქოლოგია“.       შტერნს მიაჩნდა, რომ კოგნიტური სფეროს განვითარება კონკრეტული მიმართულებით, კერძოდ, პერიფერიიდან ცენტრისკენ მიემართება. ამიტომ ონტოგენეზში ჯერ ვითარდება ჭვრეტა (აღქმა), შემდეგ წარმოდგენა (მეხსიერება) და ბოლოს აზრი (გონება). ამ გზით, ბავშვი გარემოს ბუნდოვანი ასახვიდან გადადის სამყაროს მოვლენათა არსის შეცნობაზე. გარდამტეხი მომენტი მთელ კოგნიტურ განვითარებაში დგება 1,5-2 წლის ასაკში, როცა მეტყველების ათვისების პროცესი კრიტიკულ ფაზას აღწევს. ამ დროს, შტერნის თქმით, ბავშვი აკეთებს უდიდეს აღმოჩენას თავის ცხოვრებაში - იგი ხვდება, რომ ყველა საგანს შეესაბამება მისი აღმნიშვნელი ბგერითი კომპლექსი, ანუ იმას, რომ ყველა საგანს თავისი სახელი აქვს, ყველა სიტყვას კი - თავისი მნიშვნელობა. საზოგადოდ, მეტყველების ონტოგენეზში სამი ტენდენცია იჩენს თავს: მიმართულობა განცდის გამოხატვაზე, მიმართულობა შეტყობინებაზე და მიმართულობა სიტყვის მნიშვნელობაზე. ეს უკანასკნელი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. შტერნმა აღწერა მეტველების დაუფლების ძირითადი ეტაპები ხუთ წლამდე. მათ ცვალებადობას კანონზომიერი ხასიათი აქვს და მიმდინარეობს პასიური მეტყველებიდან აქტიურისკენ, ბგერებიდან სიტყვებისკენ, სიტყვებიდან წინადადებებისკენ.       შტერნმა შეისწავლა აზროვნების განვითარებაც, სახელდობრ, მისი ისეთი ონტოგენეტური ფორმა, როგორიცაა ე.წ. აუტისტური აზროვნება. საკითხი აზროვნების ამ ფორმის ბუნებისა და ფუნქციის შესახებ ბავშვის ფსიქოლოგიაში სერიოზული კვლევისა და აზრთა ჭიდილის ასპარეზი გახდა. აქ მხოლოდ შემდეგს აღვნიშნავთ: პიაჟესაგან განსხვავებით, შტერნს მიაჩნდა, რომ აუტისტური აზროვნება უფრო რთული ბუნებისაა, ვიდრე რეალისტური, და ამიტომ, კოგნიტური განვითარების პროცესში, მასზე გვიან უნდა ჩნდებოდეს.       შტერნი ფიქრობდა, რომ ასაკობრივი პერიოდების სახით მოცემული განვითარების ზოგადი კანონზომიერებების გარდა, ყველა ბავშვის შემთხვევაში ინდივიდუალური თავისებურებებიც იჩენს თავს. ეს, პირველ რიგში, ფსიქიკური განვითარების ინდივიდუალურ ტემპში გამოიხატება. შტერნის, როგორც დიფერენციალური ფსიქოლოგიის ერთ-ერთი ფუძემდებლის, ინტერესი ბავშვების განვითარების ინდივიდუალური თავისებურებებისადმი სრულიად ბუნებრივი იყო. მან მხარი აუბა ბინეს და სერიოზული მუშაობა ჩაატარა იმ მეთოდების შესაქმნელად, რომლებიც ბავშვის ინტელექტუალური განვითარების გაზომვისთვის იყო საჭირო. სწორედ შტერნის შემოღებულია e.w. გონებრივი განვითარების კოეფიციენტი IQ (იხ. თავი 7.2.).       ეს სამუშაო მიმდინარეობდა ჰამბურგის პედაგოგიურ ლაბორატორიაში, რომელიც შტერნმა მოიმანის გარდაცვალების შემდეგ ჩაიბარა და აგრეთვე ჰამბურგის ფსიქოლოგიის ინსტიტუტში, რომლის დამაარსებელი და ხელმძღვანელიც იყო ამერიკაში ემიგრაციამდე (1916-1933). ამ ინსტიტუტის მრავალფეროვან კვლევა-ძიებაში, რაც უმთავრესად გამოყენებითი ფსიქოლოგიის კუთხით მიმდინარეობდა, ასაკობრივი და პედაგოგიური ფსიქოლოგიის პრობლემატკას უმნიშვნელოვანესი ადგილი ეკავა. ამავე დროს, შტერნი მოიმანის მიერ შექმნილ პედაგოგიური ფსიქოლოგიის ჟურნალსაც რედაქტორობდა. მოკლედ, შტერნი იყო ბავშვის ფსიქოლოგიის უდიდესი მკვლევარი და გერმანიაში პედოლოგიური მოძრაობის თვალსაჩინო ორგანიზატორი.       ბავშვის ფსიქოლოგთა პირველ თაობაში საპატიო ადგილი უკავია გამოჩენილ გერმანელ ფსიქოლოგს, კარლ ბიულერს (1879-1963). თავდაპირველად ბიულერი ვიურცბურგის სკოლის წევრი იყო და აქტიურად მონაწილეობდა აზროვნების ექსპერიმენტულ კვლევაში. მას ეკუთვნის ტერმინი „აჰა განცდა“, რომელიც გამოხატავს ამოცანის გადაწყვეტის მომენტში გაჩენილ სპეციფიკურ შვების განცდას (იხ. თავი 7.1.). ვიურცბურგის შემდეგ ვენაში მოღვაწეობდა, ბოლოს კი ამერიკაში გადასახლდა. შეიცვალა მისი ინტერესებიც, რომლებმაც ზოგადიდან განვითარების ფსიქოლოგიაზე გადაინაცვლეს. ამ მიმართულებით მისი ყველაზე ცნობილი ნაშრომია „ბავშვის სულიერი განვითარება“ (1918). წიგნში განხილულია ბავშვის ფსიქოლოგიის ყველა ძირითადი თემა, მოცემულია ავტორის ორიგინალური შეხედულება მთელ რიგ მნიშვნელოვან საკითხებზე. მათ შორის ყველაზე არსებითია საკითხი ონტოგენეტური განვითარების პროცესის ბუნებისა და მსვლელობის კანონზომიერებათა შესახებ.       ბიულერი ამოდის თეზისიდან: „ბუნება არ აკეთებს ნახტომებს, განვითარება ყოველთვის თანდათანობით მიმდინარეობს“. ამიტომ იგი თამამად ავლებს პარალელებს ცხოველურსა და ადამიანურს, ბიოლოგიურსა და სოციალურ-კულტურულს, ფილოგენეტურსა და ონტოგენეტურს შორის, ცდილობს აჩვენოს მათი ერთმანეთში გადასვლის უწყვეტობა და თანმიმდევრულობა. განვითარება, საზოგადოდ, მყარ შინაგან კანონზომიერებას ექვემდებარება. უსუსური ახალშობილი სამი წლისთვის შორს იტოვებს განვითარებაში ყველა ცხოველს, ვინაიდან მეტყველებს, მსჯელობს, აკეთებს დასკვნებს, აქვს ერთგვარი მსოფლმხედველობაც, თუმცა, ცხადია, პრიმიტიული და არასაკმარისი; მას აქვს თავისებური დამოკიდებულება სიმართლისა და ტყუილის, კეთილისა და ბოროტის, ლამაზისა და უშნოს მიმართ. განვითარების ასეთივე ისტორია აქვს გვარსაც. კაცობრიობაც თანდათან დაეუფლა ენას, ხელოვნებას და კულტურის სხვა მონაპოვარს. მიუხედავად ამისა, ადამიანთა მოდგმა არ არის იზოლირებული ცხოველური სამყაროსაგან, რომელთანაც მჭიდრო ნათესაობა აკავშირებს. ეს უპირველესად იმაში ვლინდება, რომ ცხოველისა და ადამიანის ქცევა თუ ფსიქიკა განვითარების სამ ძირითად სტადიას გაივლის, ესენია: ინსტინქტი (სტერეოტიპული, თანდაყოლილი აქტივობა), დრესურა (მოქმედების ახალი ფორმების შეძენა) და ინტელექტი (პრაქტიკული აზროვნება).       აანალიზებს რა ონტოგენეზს, ბიულერი განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს ადრეული ბავშვობის ხანას, ვინაიდან სწორედ აქ იჩენს თავს სამივე აღნიშნული მექანიზმი და საფუძველი ეყრება მთელ შემდგომ სულიერ განვითარებას. პირველი წლიდან იწყება ინტელექტის ფორმირება. ბავშვი იწყებს პრიმიტიული იარაღის გამოყენებას, მსგავსად კელერის მიერ შესწავლილი პრიმატებისა. ამიტომ ამ პერიოდს ბიულერი „შიმპანზესმაგვარს“ უწოდებს. ინტელექტის განვითარება ჯერ პრაქტიკული, აზრიანი მოქმედების პლანში მიმდინარეობს, ხოლო შემდგომ შინაგან პლანში გადაინაცვლებს. ეს ენის მეშვეობით ხდება. აქედან გამომდინარე, დიდი ყურადღება ექცევა მეტყველების ათვისების პროცესის დახასიათებას. ბიულერი იქიდან ამოდის, რომ „არსებობს სულიერი განვითარების მყარად დადგენილი რიტმი, რომელიც შეიძლება დაჩქარდეს ან დამუხრუჭდეს, მაგრამ მისი სრული გაჩერება შეუძლებელია“. ეს ეხება ყველა ფსიქიკურ პროცესსა თუ ფუნქციას, მათ შორის მეტყველებასაც. იგი განსაზღვრულ რიტმში გაივლის ტრანსფორმაციათა რიგს (ღიღინი, ტიტინი, მიბაძვა, პირველი სიტყვები, წინადადებები, ფრაზები და ა.შ.). საზოგადოდ კი, ბიულერი მიიჩნევს, რომ ამეტყველება გამზადებული ენის უბრალო შეთვისება კი არ არის, არამედ მისი კონსტრუირებაა უფროსებთან ურთიერთობის პროცესში. აქ ბავშვი აკეთებს სამ დიდ აღმოჩენას, რომლებიც ამ პროცესს სამ სტადიად ყოფს. პირველ სტადიაზე ბავშვი აღმოაჩენს სიტყვის „მნიშვნელობას“. იგი ხვდება, რომ ბგერათა გარკვეული კომპლექსი იწვევს მოზრდილთა შესაბამის რეაქციას და იწყებს მის განზრახ გამოყენებას. მეორე სტადიაზე აღმოაჩენს, რომ ყველა საგანს თავისი სახელი აქვს. იგი უკვე თვითონ კი არ იგონებს საგნების სახელებს, არამედ უფროსებისაგან იწყებს სათანადო ცნობების მოძიებას. მესამე სტადიაზე ბავშვი გრამატიკის მნიშვნელობას აღმოაჩენს. იგი აფიქსირებს, რომ მიმართებები საგნებს შორის შეიძლება გამოიხატოს სიტყვის ბგერითი მხარის ცვლილებით, მაგალითად: სათამაშო - სათამაშოები.       იგივე ითქმის აზროვნებაზეც. ლოგიკური აზროვნების განვითარება (ცნება, მსჯელობა, დასკვნა) იწყება მეტყველების განვითარების კვალდაკვალ. მას თავისი ტემპი აქვს და კონკრეტული კანონზომიერების შესაბამისად მიმდინარეობს. მაგალითად, ბავშვის ცნებებისა და განსაზღვრებების კვლევისას ბიულერმა დაადგინა, რომ პირველ ხანებში მათში მოცემულია მხოლოდ მითითება საგნის დანიშნულებაზე. მითითებანი გვარისა და სახეობის ნიშნებზე ჩნდება სასკოლო ასაკში და სასკოლო სწავლების გავლენით. ბიულერი ხაზს უსვამს იმას, რომ აზროვნების პროცესში ხდება ახალი მიმართებების წვდომა და, ამდენად, ეს პროცესი შემოქმედებითი ბუნებისაა. აზროვნებისა და შემოქმედების მიმართების კონტექსტში განიხილება ბავშვის მხატვრობის საკითხი. ბიულერმა აჩვენა, რომ ხატვა უშუალოდ მოქმედებს ბავშვის კოგნიტურ განვითარებაზე. ნახატი გრაფიკული მოთხრობაა, ის საგნის ასლი კი არ არის, არამედ ბავშვის გონებაში გადამუშავებული მონათხრობია მის შესახებ.       ხატვა ბავშვის შემოქმედებითი აქტივობის ერთ-ერთი გამოვლინებაა და, ამდენად, უშუალოდ არის დაკავშირებული ფანტაზიის ფუნქციასთან. ამ ფუნქციის განვითარების კიდევ ერთი წყაროა ზღაპრები. ბიულერი საგანგებოდ - აანალიზებს ზღაპრის წარმოშობისა და დანიშნულების საკითხებს გენეტიკური ფსიქოლოგიის თვალსაზრისით, განსაკუთრებით კი, წარმოსახვისა და შემოქმედებითი უნარების განვითარებასთან მიმართებაში. იგი მიუთითებს მკაფიო პარალელებზე შემოქმედებასა და თამაშს შორის, მაგრამ მათ შორის არსებულ განსხვავებასაც ხედავს, რაც აქტივობის ამ ორი ფორმის განხორციელების ემოციურ-მოტივაციური მექანიზმის თავისებურებაში მდგომარეობს; ბავშვის თამაშის საკითხიც სწორედ ემოციების კონტექსტში განიხილება.       ეს კონცეფცია აშკარად ჰედონისტური ხასიათისაა. ავტორს შემოაქვს ტერმინი ჰედონალგიური რეაქცია, რაც გულისხმობს სიამოვნებისა (ჰედონე) და უსიამოვნების (ალგოს) ჩართულობას ცოცხალი ორგანიზმის ყოველგვარ აქტივობაში. ტკბობის საყოველთაო პრინციპის პირველადი გამოვლინებაა სურვილი და დაკმაყოფილება. საამისოდ ბუნებამ შექმნა ფუნქციონალური სიამოვნების მექანიზმი, როცა სიამოვნების წყაროა „არა დაკმაყოფილება“ (დაუკმაყოფილებლობა), ანუ აქტივობის სურვილი უსიამოვნების მდგომარეობაა, რომელიც აღძრავს „მიზანმიმართულ“ აქტივობას, ხოლო დაკმაყოფილება სიამოვნების მდგომარეობაა, რომელიც მოჰყვება „მიზნის“ მიღწევას. ეს მექანიზმი მოქმედებს იქ, სადაც აქტივობა ჩამოყალიბებულია, ანუ ინსტინქტის სტადიაზე. მაგრამ ის არ არის საკმარისი დრესურის სტადიაზე მიმდინარე აქტივობის გასაგებად. აქ აქტივობა არ არის ფორმირებული, ის ყალიბდება მრავალჯერადი გამეორებითა და ვარჯიშით. მთავარია არა შედეგი, არამედ თვით მოქმედება, მისი მიმდინარეობის პროცესი. ამით მოინახა „დრესურისთვის“ (ვარჯიშისთვის) საჭირო დაუღალავი მცდელობებისა და გამეორებების მამოძრავებელი ძალა.       ეს ყოველივე უშუალოდ ეხება თამაშს, რამდენადაც ის, პირველ ყოვლისა, ემსახურება პატარა ინდივიდის სხეულებრივი თუ სულიერი ფუნქციების გავარჯიშებას და მომავალი ცხოვრებისთვის მომზადებას. ამაშია მისი ბიოლოგიური აზრი, რაც ყველაზე უკეთ გროსმა აჩვენა. ბიულერი ამ ობიექტური ვითარების სუბიექტურ-მოტივაციურ მხარეზე ამახვილებს ყურადღებას და ფუნქციონალური სიამოვნების მექანიზმის საშუალებით ცდილობს, ნათელი გახადოს, თუ რატომ, რა შინაგანი საჭიროების გამო თამაშობს ცხოველი და ადამიანი. იგი ამბობს: „თამაშს ვუწოდებთ ისეთ ქმედებას, რომელიც ხასიათდება ფუნქციონალური სიამოვნებით. ფუნქციონალური სიამოვნებაა ის, რაც მას ინარჩუნებს და რისთვისაც იგი ხორციელდება. აქ მნიშვნელობა არა აქვს, თუ რა განსხვავებულ შედეგამდე მივყავართ მას და კიდევ რა მიზნებთან შეიძლება იყოს დაკავშირებული“.       მაშასადამე, თამაშის შემთხვევაში სიამოვნება თვით მოქმედების პროცესს უკავშირდება. შემოქმედების დროს კი სიამოვნების წყარო არის არა ქცევის პროდუქტი ან პროცესი, რომელიც ხშირად საკმაოდ მძიმე და მტანჯველია, არამედ იდეის ჩასახვის, ნაწარმოების შინაგანი მომწიფების მომენტი. სიამოვნება აქ ქცევის საწყისშია. თუ ყოველ ქცევაში პირობითად ორ ფაზას გამოვყოფთ - შინაგანი და გარეგანი მუშაობის ფაზას - შემოქმედების სპეციფიკური სიხარული ან მთლიანად პირველ ფაზას დაუკავშირდება, ან წარმოიქმნება პირველიდან მეორეზე, ანუ გარე გამოვლენილ მოქმედებაზე გადასვლისას.       ამრიგად, ბიულერის მიხედვით, ქცევის ემოციურ-მოტივაციურ მექანიზმთან მიმართებაში განვითარების შემდეგი კანონზომიერება იკვეთება: ინსტინქტურ სტადიაზე სიამოვნება მოქმედების შედეგს, ე.ი. მოთხოვნილების დაკმაყოფილებას მოჰყვება; დრესურის (ფართო გაგებით თამაშის) სტადიაზე მოქმედებს ფუნქციონალური სიამოვნების ანუ აქტივობისაგან მიღებული სიამოვნების მექანიზმი; ინტელექტის (ფართო გაგებით შემოქმედების) სტადიაზე სიამოვნება ქცევის რეალიზაციამდეა მხედველობაში მიღებული: განვითარების გარკვეულ დონეზე ბავშვს შეუძლია მოქმედების დაწყებამდე წარმოიდგინოს, თუ რა სიამოვნებას მიიღებს, ვთქვათ, ნაყინისაგან ან თანატოლებთან ურთიერთობისაგან.       გამოჩენილი ქართველი ფსიქოლოგი დიმიტრი უზნაძე ცნობილია თავისი განწყობის ზოგადფსიქოლოგიური თეორიით, მაგრამ ზოგადი ფსიქოლოგიის გარდა იგი ნაყოფიერად მუშაობდა სხვა დარგებშიც, მათ შორის, და პირველ ყოვლისა, ბავშვის ფსიქოლოგიაში. უზნაძე შეიძლება ჩაითვალოს პედოლოგების პირველი თაობის წარმომადგენლად. გერმანიიდან დაბრუნების შემდეგ, სადაც იგი ექსპერიმენტული ფსიქოლოგიის ფუძემდებელთან, ვუნდტთან სწავლობდა, უზნაძემ ხელი მოჰკიდა აქტიურ პედაგოგიურ საქმიანობას: ასწავლიდა გიმნაზიაში, დაარსებისთანავე სათავეში ჩაუდგა პირველ ქართულენოვან სკოლას „სინათლე“ და შექმნა მისთვის დაწყებითი სწავლების კონცეფცია. მის კალამს ეკუთვნის რამდენიმე სახელმძღვანელო ძველი მსოფლიოს ისტორიაში, წერილები თეორიულ პედაგოგიკაში და, რაც მთავარია, რუსეთის იმპერიაში ერთ-ერთი პირველი წიგნი ექსპერიმენტულ პედაგოგიკაში (1912). მასში პრინციპულად არის გატარებული აზრი, რომ მეცნიერული პედაგოგიკა მხოლოდ ბავშვის ფსიქოლოგიის ცოდნაზე შეიძლება იქნეს დაფუძნებული. წიგნში წარმოდგენილია მასალა, რომელიც იმ დროისთვის იყო დაგროვებული პედოლოგიაში ყურადღების, ინტერესის, მეხსიერებისა და დაღლილობის საკითხებთან დაკავშირებით.       მომდევნო წლებში უზნაძე მთავარ ყურადღებას თავისი ზოგადფსიქოლოგიური სისტემის, განწყობის თეორიის შექმნას უთმობდა, მაგრამ აგრძელებდა მუშაობას პედოლოგიის სფეროშიც, რაც დაგვირგვინდა წიგნით „პედოლოგია“ (1933). შესავალში ავტორი აღნიშნავს, რომ ამ წიგნს მოჰყვება გაგრძელება მეორე ტომის სახით, მაგრამ მას გამოსვლა არ ეწერა, რადგან 1936 წელს, სპეციალური დადგენილებით, საბჭოთა კავშირში აიკრძალა პედოლოგია. ეს იდეოლოგიური კამპანია ნაწილობრივ ინიცირებული იყო ტესტური გაზომვების შეცდომებით, რომელთა მიხედვით შეძლებული ოჯახის ბავშვებს უფრო მაღალი ინტელექტი აღენიშნებოდათ (იხ. თავი 7.2.). ამ დარგის წარმომადგენლებს დაბრალდა: „საბჭოთა პედაგოგიკაში ანტიმეცნიერული ბურჟუაზიული პედოლოგიის შეხედულებებისა და პრინციპების უკრიტიკო გადმოტანა, პედოლოგიისა, რომელიც ექსპლოატატორული კლასების ბატონობის შენარჩუნების მიზნით ამოცანას ისახავს, დაამტკიცოს ექსპლოატატორული კლასებისა და „უმაღლესი რასების“ საგანგებო ნიჭიერება და არსებობის განსაკუთრებული უფლებები, და, მეორე მხრივ, მშრომელი კლასებისა და „დაბალი რასების“ ფიზიკური და გონებრივი განწირულობა“. პედოლოგია მართლაც სერიოზულად განიხილავდა განვითარების მამოძრავებელი ფაქტორების მნიშვნელობას, მაგრამ არასდროს დაუდგენია კანონი „ბიოლოგიური და სოციალური ფაქტორების, მემკვიდრეობისა და რაღაც უცვლელი გარემოს გავლენით ბავშვის ბედის ფატალური განსაზღვრულობის შესახებ“, როგორც ეს ხსენებულ დადგენილებაშია აღნიშნული. მისი გამოსვლის შემდეგ უზნაძემ ერთგვარად დაამუხრუჭა თავისი კვლევა და აღარ უწოდებდა მას პედოლოგიურს. მისი წიგნი „ბავშვის ფსიქოლოგია“ მხოლოდ 1947 წელს გამოიცა. ეს იყო წიგნი, რომელზეც აღიზარდა ქართველი ფსიქოლოგებისა და პედაგოგების რამდენიმე თაობა. ბრწყინვალე ერუდიციამ ავტორს საშუალება მისცა, გადმოეცა ბავშვის ფსიქიკური განვითარების სრული სურათი დაბადებიდან უფროსი სასკოლო ასაკის ჩათვლით. წიგნი შეიცავს თვით უზნაძის მიერ ჩატარებული ემპირიული კვლევის მონაცემებს და ორიგინალურ შეხედულებებს მთელ რიგ საკვანძო თეორიულ საკითხებზე.       განსაკუთრებით აღსანიშნავია ე.წ. კოინცინდენციის თეორია, რომელიც გაშლილი სახით „პედოლოგიაშია“ გადმოცემული. მასში ლაპარაკია განვითარების მამოძრავებელი თანდაყოლილი (შინაგანი) და შეძენილი (გარეგანი) ფაქტორების არსებითი კავშირის შესახებ. ეს შეხედულება უზნაძემ შტერნის გახმაურებული კონვერგენციის თეორიის საპირისპიროდ წამოაყენა, რომლის მიხედვით განვითარების პროცესში ერთდროულად მოქმედებს ენდოგენური და ეგზოგენური ფაქტორები; ისინი სრულიად განცალკევებული, ავტონომიური ერთეულებია. უზნაძე მართებულად აღნიშნავს, რომ ორი სრულიად გამიჯნული და ჰეტეროგენული მოვლენა ვერ შექმნის ისეთ ჰარმონიულ კავშირს, რომელიც განვითარებას განაპირობებს და ქცევასაც წარმართავს. განვითარებისა და ქცევის დეტერმინაციის გასაგებად უნდა ამოვიდეთ იქიდან, რომ ინდივიდის ყოველგვარ მახასიათებელს აუცილებლად შეესაბამება გარემოში არსებული რაიმე მოვლენა ან გამღიზიანებელი. მოთხოვნილება მისი დაკმაყოფილების საგანს გულისხმობს, შეგრძნების ორგანო - სათანადო გამღიზიანებელს და ა.შ. ვცადოთ, მაგალითად, თვალის, როგორც ორგანიზმის შინაგანი კუთვნილების, მისი თანდაყოლილი სტრუქტურის ფუნქციის დახასიათება და დავრწმუნდებით, რომ სრულიად გარკვეული გარეგანი პირობების, სახელდობრ, სინათლის ფიზიკური მახასიათებლების გათვალის წინების გარეშე ეს შეუძლებელი იქნება. თვალის სტრუქტურა და ფუნქცია პირდაპირ მიგვითითებს იმ გარემოებებზე, რომელთა გარეშე მისი განვითარება წარმოუდგენელია: „ახლა ვიკითხოთ, რა აქვს თვალს თანდაყოლილი, e.x. შინაგნად მოცემული, თავისი გარკვეული სტრუქტურა მხოლოდ, თუ ის პირობებიც, რომელშიც ჩვეულებრივ მისი განვითარება წარმოებს, ე.ი. სხივების ზემოქმედება. ჩვენ იძულებული ვიქნებით ვაღიაროთ, რომ რამდენადაც სტრუქტურა ისეთია, რომ მხოლოდ გარკვეულ პირობებს გულისხმობს და ამ პირობებზე მიგვითითებს, ერთიც თანდაყოლილი აქვს მას და მეორეც“. ადვილი დასანახია, რომ აქ იშლება სადემარკაციო ხაზი გარეგანსა და შინაგანს შორის. შინაგანში მკაფიოდ არის „ჩასახული“ გარეგანი. თავის მხრივ, ეს უკანასკნელიც (ამ შემთხვევაში სინათლის ზემოქმედება) იმ სტრუქტურას გულისხმობს, რომელზეც ზემოქმედება შეუძლია. ელექტრომაგნიტური ტალღა ყურზე ვერ იმოქმედებს, ხოლო ჰაერის ტალღა - თვალზე. ეს ლოგიკა ყველა სხვა შემთხვევაზეც ვრცელდება. აქედან გამომდინარე, „შინაგანის ცნება უკვე შეიცავს თავის შინაარსში იმას, რასაც გარეგანად თვლიან, და პირიქით, გარეგანისა იმას, რასაც შინაგანად თვლიან. ეს იმას ნიშნავს, რომ ამ ცნებათა შინაარსის ურთიერთისაგან გამოთიშვა სრულიად მოუხერხებელია, და, მაშასადამე, ჩვენს წინაშე შინაგანისა და გარეგანის, თანდაყოლილისა და შეძენილის ცნებათა კოინცინდენციის, ერთიანობის ფაქტი დგას“.       კოინცინდენციის თეორია მეთოდოლოგიური საყრდენია სხვა პრინციპული საკითხების გადაწყვეტისთვის. კერძოდ, იგი არსებითად გასაგებს ხდის აღზრდის პროცესის დანიშნულებასა და მნიშვნელობას. მართლაც, თუ შინაგანი ძალა და გარეგანი ზეგავლენა ისეთ მთლიანობას ქმნის, რომ შინაგანი პირდაპირ მიგვითითებს, თუ როგორი ზემოქმედებაა საჭირო მისი განვითარებისთვის, მაშინ, ცხადია, აუცილებელი ხდება სათანადო ზემოქმედებათა შერჩევა და ორგანიზაცია, ანუ ის, რასაც აღზრდა ეწოდება. ეს ასეა, ვინაიდან ადამიანის ფსიქოფიზიკური ფუნქციების აქტუალიზაცია და განვითარება დიდწილად იმაზეა დამოკიდებული, თუ რამდენად სწორად არის მონახული აღმზრდელობითი ზემოქმედების პრინციპები და ხერხები.       ეს ზემოქმედება, თავის მხრივ, შესაბამისად მოდიფიცირებულ გარემოში მიმდინარეობს, გარემოში, რომელიც სოციალური წრის მიერ არის განსაზღვრული და სახეშეცვლილი. ასეთ გარემოს უზნაძე ასაკობრივ გარემოს უწოდებს. ყველა ასაკს თავისი სპეციფიკური გარემო აქვს. ხანგრძლივი ისტორიული გამოცდილების საფუძველზე მასში გათვალისწინებული და ორგანიზებულია ის პირობები, რომლებიც შეესატყვისება ბავშვის რეალურ შესაძლებლობებს. ამდენად, ასაკობრივი გარემო, პირველ ყოვლისა, სოციალურად ორგანიზებული გარემოა. იგი უზრუნველყოფს ბავშვის ოპტიმალურ განვითარებას, რამდენადაც მასში მაქსიმალურად არის გათვალისწინებული სათანადო ასაკის ბავშვის ფსიქოფიზიკური ძალები და თავისებურებანი. ამრიგად, „ერთი მხრივ, ბავშვის ძალთა განვითარება მასზე მომქმედ ასაკობრივ გარემოზეა დამოკიდებული, ხოლო, მეორე მხრივ, პირიქით, თვითონ ასაკობრივი გარემოს შინაარსი ბავშვის ძალთა განვითარების დონით განისაზღვრება“.       დაკვირვება ცხადყოფს, რომ ასაკობრივი გარემო, ბავშვის განვითარების კვალდაკვალ, სერიოზულ ცვლილებებს განიცდის და ვიდრე მოზრდილი ადამიანის გარემოს სახეს მიიღებდეს, რამდენიმე თვალსაჩინოდ განსხვავებული ფორმით წარმოგვიდგება. ამდენად, შესაძლებელია, თვალი გავადევნოთ ასაკობრივი გარემოს ცვალებადობას და ამის შესაბამისად, გამოვყოთ ბავშვობის პერიოდები. უზნაძე ასეც იქცევა და თავის ასაკობრივ პერიოდიზაციას ამა თუ იმ პერიოდისთვის დამახასიათებელი ასაკობრივი გარემოს თავისებურებებზე აფუძნებს. ასე გამოიყოფა დედის მუცლის, ახალშობილობის, დედის ძუძუს ხანა, ადრეული ბავშვობა, სკოლის წინარე პეროიდი, პირველი, საშუალო და უფროსი სასკოლო პერიოდი.       ასაკობრივი გარემო ბავშვის აქტივობისთვის ოპტიმალურ პირობებს ქმნის. განვითარება მხოლოდ ქცევის პროცესში ხდება, ქცევა კი სუბიექტისა და გარემოს ურთიერთობაა. მაგრამ თითოეულ ასაკობრივ ეტაპს ქცევათა თავისებური სისტემა ახასიათებს. მასში ყოველთვის მოინახება ისეთი ქცევები, რომლებშიც უპირატესად ხდება ბავშვის განვითარება. ამიტომ კანონზომიერად დგება ამ ქცევების დახასიათების ამოცანა. უზნაძემ ეს ამოცანა ქცევის ფორმათა კლასიფიკაციის ფარგლებში გადაჭრა, რაც საკითხის დამუშავების სიღრმით უნიკალურია ფსიქოლოგიის ისტორიაში. აქ მხოლოდ ყველაზე მთავარს აღვნიშნავთ. კლასიფიკაციის საფუძველს მოთხოვნილებათა ორი სახეობის გამოყოფა წარმოადგენს, ესენია ე.წ. ფუნქციონალური მოთხოვნილებები, რომელთა დაკმაყოფილება თვით აქტივობის (ფუნქციონირების) პროცესში ხდება და ე.წ სუბსტანციონალური მოთხოვნილებები, რომელთაც სინამდვილის საგნები და მოვლენები აკმაყოფილებენ. შესაბამისად გამოიყოფა ე.წ. ინტროგენული ქცევის ფორმები, რომლებიც მიმართულია თვითონ აქტივობაზე, და ექსტროგენული ქცევის ფორმები, რომლებიც მიმართულია საგნებსა და ურთიერთობებზე. პირველის ტიპური ფორმაა თამაში, მეორისა - შრომა, ხოლო მათ შორის გარდამავალი ფორმაა სწავლა.       უზნაძე თამაშის ორიგინალური თეორიის ავტორია. ისევე როგორც სხვა შემთხვევებში, ავტორი შინაგანისა და გარეგანის ერთიანობის პრინციპიდან ამოდის. თამაშის შინაგანი მოტივაციური ფაქტორია ფუნქციონალური ტენდენცია. ბავშვი თამაშობს იმიტომ, რომ ესწრაფვის აამოქმედოს მეტ-ნაკლებად მომწიფებული ფსიქოფიზიკური ფუნქციები, რომლებიც ჯერ არაა მიმართული სერიოზული სასიცოცხლო ამოცანების გადაჭრაზე. თამაშის შინაარსიც ნაწილობრივ ამ საფუძვლიდან გამომდინარეობს - იგი ყოველთვის განისაზღვრება სამოქმედოდ აღძრული ფსიქოფიზიკური ძალების შემადგენლობითა და მომწიფების დონით, მაგრამ ამ ძალების აქტუალიზაცია მხოლოდ გარკვეულ ასაკობრივ გარემოშია შესაძლებელი. ეს გარემო, თავის მხრივ, ეკონომიკური, სოციალური და კულტურული ფაქტორების შესაბამისად არის ორგანიზებული. „აქედან თავისთავად გამომდინარეობს, რომ ყველა იმ შინაგან შესაძლებლობათაგან, რომლებიც ბავშვის ფსიქოფიზიკურ ორგანიზმს მოეპოვება, ფუნქციონალურ ტენდენციას ყველაზე უფრო მკაფიოდ ის შესაძლებლობები გამოაჩენენ, რომელნიც გარემოში აუცილებელს შესატყვის პირობებს შეხვდებიან. აქედან ცხადია, რომ ბავშვი ყველგან და ყოველთვის ერთნაირად როდი თამაშობს, არამედ მისი თამაშის სახეები და ფორმები გარემოს მიხედვით იცვლებიან: სოფლელი ბავშვის თამაშის შინაარსი ერთია, ქალაქელი ბავშვისა - მეორე, ზღვის ნაპირას მცხოვრების სხვაა და მთიელი ბავშვისა კიდევ სხვა“.       სასკოლო ასაკში განვითარება უკვე სწავლის ქცევას მიჰყავს. სწავლასა და თამაშს შორის მსგავსება სწორედ ამაშია - ორივე ფსიქოფიზიკური ძალების განვითარებაზეა მიმართული. მაშასადამე, სწავლის პროცესში ამ ძალების აქტივობას დამოუკიდებელი, თავისთავადი მნიშვნელობა აქვს და მის მოტივაციურ საფუძველს, თამაშის მსგავსად, ფუნქციონალური მოთხოვნილებები ქმნიან. ისინი ხომ სუბიექტის ძალების ამოქმედებას და, ამდენად, განვითარებას იწვევენ. მაგრამ სწავლა თამაში არ არის, ის ქცევის დამოუკიდებელი ფორმაა. უზნაძე მიუთითებს სწავლის ისეთ თავისებურებაზე, რაც მას არსებითად განასხვავებს თამაშისაგან. თუ თამაშის დროს ბავშვი თვითონ ირჩევს თავისი ფუნქციონალური მოთხოვნილებების დამაკმაყოფილებელ საგანს, სწავლის დროს შებრუნებული ვითარებაა - ბავშვი არ ირჩევს იმას, თუ რა და როგორ უნდა ისწავლოს. ამას უფროსები განსაზღვრავენ მრავალი თაობის ისტორიული და კულტურული გამოცდილების საფუძველზე. ბუნებრივია, რომ ბავშვს დამოუკიდებლად არ შეუძლია ამ მასალის მოპოვება და შეთვისება. „სწავლა ქცევის ისეთი ფორმაა, რომელშიც სამოქმედოდ განწყობილ ინტელექტუალურ ძალებს მათთვის აუცილებელი საგანი გარედან, და ამდენად იძულებით ეძლევა“. სწორედ ეს გარემოება განასხვავებს სწავლას თამაშისაგან და აახლოებს მას შრომასთან. ამრიგად, უზნაძის მიხედვით, სწავლა ისეთი ქცევაა, რომელსაც როგორც თამაშის, ისე შრომის ნიშნები აქვს, მაგრამ არც ერთი მათგანი არ არის. იგი ქცევის თავისებური ფორმაა.       სწავლასთან დაკავშირებით უზნაძე მრავალ მნიშვნელოვან საკითხს განიხილავს. აქ მხოლოდ უმთავრესს შევეხებით. ეს არის საკითხი სწავლებისა და განვითარების (მომწიფების) ურთიერთმიმართების შესახებ. პედაგოგიური ფსიქოლოგიის ყველა სერიოზული მკვლევარი ვალდებულია, განსაზღვროს თავისი პოზიცია ამ საკვანძო საკითხთან დაკავშირებით, რასაც უზნაძე სრულიად ნათლად აკეთებს. სასწავლო მასალა, ერთი მხრივ, „მოსწავლის ძალთა განვითარების აქტუალური დონისთვის უნდა იყოს შესატყვისი; მეორე მხრივ, საკმარისად უნდა იყოს მას დაშორებული: წინააღმდეგ შემთხვევაში, ე.ი. რომ იგი სავსებით განვითარების აქტუალური დონის შესატყვისი ყოფილიყო, როგორ შეძლებდა იგი წინსვლისა და უფრო მაღალ დონეზე ამაღლების პირობად გამხდარიყო. სასწავლო მასალა, მაშასადამე, ყოველთვის ისეთია, რომ მოწაფის განვითარების აქტუალურ დონეზე მაღალია“ მაგრამ, ვინაიდან განვითარებისთვის მისი აქტუალურ დონესთან გარკვეული შესაბამისობაც უნდა იყოს დაცული, საჭირო ხდება მასწავლებლის ჩარევა, რომელიც ისე აწოდებს მასალას მოწაფეს, რომ მისთვის მისაწვდომი შეიქმნეს. საზოგადოდ, უზნაძის პოზიცია განვითარების განმსაზღვრელი ფაქტორების შესახებ შეიძლება შეფასდეს, როგორც ერთგვარი კომპრომისი ორ დაპირისპირებულ შეხედულებას შორის - ერთი მომწიფების ბუნებრივ პროცესზე აკეთებს აქცენტს (პიაჟე), ხოლო მეორისთვის განმსაზღვრელია სწავლების სოციალურად ორგანიზებული პროცესი (ბრუნერი, ვიგოტსკი) (იხ. თავი 12.2.). უზნაძე საუბრობს განვითარების „ბუნებრივ გზაზე“, რომელიც, თავისთავად, არასაკმარისია და მოითხოვს შევსებას სწავლების პროცესით. აქ მხოლოდ იმას აღვნიშნავთ, რომ აზრთა ამ ჭიდილს მხოლოდ ისტორიული მნიშვნელობა არა აქვს; ის განვითარების ფსიქოლოგიის დღევანდელ სახესაც განაპირობებს. ირაკლი იმედაძე წიგნიდან: ფსიქოლოგიის ისტორია « წინა ნაწილი | გაგრძელება » P.S. სტატიის სათაური არ არის წიგნის ავტორისეული სათაური. სტატიის სათაური პოსტის ავტორის მიერ თემატურად შერჩეული სათაურია…
დაამატა ლაშა to ფსიქოლოგია at 1:51pm on მაისი 11, 2018
თემა: მიგელ დე უნამუნო - ანტიპოლიტიკოსები
ნებოდნენ ჩემი თანამოსაუბრეები: „უნდა მოგახსენოთ ჩემო ბატონო, რომ მე პოლიტიკოსი არ გახლავართ“. თან ამ სიტყვებს იმგვარად წარმოთქვამდნენ, თითქოს ან უთქმელი ბრალდებისაგან იცავდნენ თავს, ან კიდევ ჯერ ჩემი აზრი უნდოდათ გაეგოთ. ლამის ყოველ ნაბიჯზე მესმოდა: „ისა? ის ხომ პოლიტიკოსია!“ იქ, კანარის კუნძულებზე პოლიტიკოსებზე ჩვეულებრივად ისე ლაპარაკობენ, გეგონებათ, ისინი განსაკუთრებული ჯურისა თუ არა, ძალზე უსიამოვნო საქმეს შეჭიდებული ადამიანები იყვნენ. ბევრს, ბევრს კი არა, უმეტესობას, თავიც კი მოაქვს პოლიტკისადმი გულგრილი დამოკიდებულებით. მე რომ მკითხოთ, ეს ერთი ყველაზე დიდი ბოროტებაა, რაც კანარის კუნძულებზე ხდება. ამ უმშვენიერეს, მაგრამ არც იმდენად ბედნიერ ქვეყანაში, რისი ღირსიც არის სინამდვილეში. ეს ბოროტებაა სწორედ აქაც, ჩვენს ესპანეთში რომ გვტანჯავდა და დღემდე გვტანჯავს, თუმცა საბედნიეროდ, უკვე გამოკეთების პირი გვიჩანს. ეგრეთ წოდებული ნეიტრალების, ამ საზიზღარი ნეიტრალების რიცხვი, საყოველთაო ბრძოლის მიმართ ასეთ გულგრილობას რომ იჩენს, თანდათან კლებულობს. მართალი გითხრათ დიდად არა ვარ აღფრთოვანებული ამ დემოკრატიებით, მაგრამ ახლა ეს უკვე გარდუვალია. როგორც ვხედავ, დემოკრატია რაღაცნაირად თითქოს ომსაცა ჰგავს, ცივილიზაციასაც ანდა თვით არსებობასაც კი!.. რაღაც გარდუვალი ბოროტებაა და ეგ არის, ან უნდა აღიარო, ან არადა, დაიღუპო. დემოკრატია გაცილებით მეტ ვალდებულებებსა და მოთხოვნილებებს გვიყენებს, ვიდრე პრივილეგიებსა და უფლებებს გვიწყალობებს, პირველი, რასაც იგი გვაკისრებს, არის ჩვენივე დაინტერესება და ჩვენივე მონაწილეობა საზოგადოებრივ საქმეში, რასაც res-publica-ს ვეძახით.    „პირადად მე მთავრობა არაფერს მარგებს!“ - აი, რა სტერეოტიპულ სულელურ ფორმულას აიფარებენ ხოლმე არცთუ მცირერიცხოვანი ეგოისტები და სხვა მუქთახორები, როცა მათ პოლიტიკურ ბრძოლაში მონაწილეობისკენ მოუწოდებენ. ვერ შეუგნიათ, რომ თუკი მთავრობა არაფერს აძლევს, მაშინ რაღაცას ართმევს და ართმევს კი სწორედ ცხოვრებისაგან განდგომის გამო. ის, ვინც აგდებულად უყურებს პოლიტიკურ ცხოვრებაში მონაწილეობას, აქტიური ამომრჩეველი იქნება ის, თუ რომელიმე პარტიის წევრი, მიტინგებსა თუ კრებებს რომ ესწრება, - მას არცა აქვს უფლება დაიჩივლოს, კანონით გათვალისწინებული თუ თვითონ მთავრობისაგან მომდინარე დადგენილება ჩემს ინტერესებს ბღალავსო.    მოქალაქისათვის პირველი და აუცილებელი პირობაა მოქალაქეობრიობა და არც შეიძლება არსებობდეს ისეთი სამშობლო, ჭეშმარიტი სამშობლო რომ ჰქვია, სადაც მოქალაქეებს პოლიტიკური პრობლემები არ აწუხებდეთ. კანარის კუნძულებზე კი სწორედ ეს დავინახე, ყველაზე დიდი პოლიტიკური პრობლემებისადმი საყოველთაო გულგრილობა, ამან განმაცვიფრა და გული მატკინა; თუნდაც ერთი, ბეგარის განაწილების პრობლემა ვთქვათ, რაც თითქოს ყველას უნდა შეხებოდა და თანაც ყველაზე უშუალოდ. ესეც არ იყოს, ვერც იმ პატარ-პატარა ჯგუფებისა გავიგე ვერაფერი ადგილობრივი პოლიტიკოსები რომ ქმნიან, რაღაც იჩხიბ დევიზებს იკერებენ და ერთმანეთისგან კი მარტო იმ თავისი კაუდილიოებითა და კასიკებით განსხვავდებიან - ხოლო მათ ისეთი პიროვნებებიც ეტმასნებიან ხოლმე, რომლებიც მარტო იმაზე ფიქრობენ, როგორმე დაიკავონ და საკუთარი ინტერესებისთვის გამოიყენონ საზოგადოებრივი მდგომარეობა. „აი, როგორია თქვენი პოლიტიკა!“ - გამარჯვებული სახით მეჩიჩინებოდა ერთი ასეთი თავგამოდებული ანტიპოლიტიკოსი. მე კი ამაზე ვპასუხობდი: „რა თქმა უნდა, ეს არც არის პოლიტიკა, ანდა უკეთ რომ ვთქვათ, ესაა უვარგისი პოლიტიკა, ხოლო დამნაშავენი, რომ ყველაფერი ეს ხდება, თქვენა ბრძანდებით, თქვენ, ვინც განზე დგომას ამჯობინებთ“. როგორ არ მოვინდომე, რომ კანარის კუნძულების პოლიტიკურ რუკაში გავრკვეულიყავი, - ასე დავარქვათ, - მაგრამ ისიც მახსოვს, რომ არც მანამდე დამიკლია ცდა, ცოტა მაინც გავრკვეულიყავი ასევე ესპანური ამერიკის პოლიტიკურ რუკაშიც. ჩვენი ევროპული პოლიტიკის თითქმის ყველა კლასიკური კატეგორიები, იქნება ეს ლიბერალიზმი, სოციალიზმი თუ ინდივიდუალიზმი, ეტატიზმი თუ ანარქიზმი, რეგალიზმი თუ ულტრამონტეანელობა და ა. შ. - თითქმის არც ერთი არ გამოდგება, როცა არის ცდა მოახდინონ უმრავლესობათა პარტიების კლასიფიცირება ამ რესპუბლიკებიდან, და მათთანაც, ისევე როგორც ჩვენს პატარა პროვინციულ სოფლებში, პარტიებად რომ არიან დაყოფილი, ოღონდ ცალკეულ პიროვნებათა პარტიებად.    ჩვეულებრივ ვამბობთ ხოლმე, რომ ამ ჩვენი ესპანეთის ქალაქებსა და სოფლებში ყოველთვის არის, როგორც მინიმუმი, ორი პარტია: „ანტი-X-ები, რომელთაც წარმართავს Z X-ის წინააღმდეგ ბრძოლაში, და ანტი- Z-ისტები, რომელთაც წარმართავს X Z-ის წინააღმდეგ ბრძოლაში. დააკვირდით იმასაც, რომ მე მათ არ ვუწოდებ არც ეკისტებს და არც სედისტებს, რადგან ისინი თავისი არსით სხვათა უარყოფისთვის შექმნილი პარტიები გახლავთ. ისინი უმალ ვინმეს წინააღმდეგ მიდიან, ვინემ ვინმეს მიჰყვებიან; ერთი სიტყვით, შეიძლება ითქვას, რომ ჩვენი რესპუბლიკელები უბრალოდ ანტიმონარქისტები ბრძანდებიან, ხოლო ჩვენი მონარქისტები - ანტირესპუბლიკელები. ბოლოს და ბოლოს გავერკვიე - და ვგონებ, სწორადაც გავერკვიე, - თუ რა თიშავდა უნიტარისტებსა დ ფედერალისტებს როსასისა და სარმიენტოს დროს არგენტინაში, მაგრამ ვერაფრით ვერ მივხვდი, მაინც რას ნიშნავს ეს დაყოფა „ბლანკოსად“ და „კოლორადოსად“ ურუგვაიში. აქ, ესპანეთში უკვე გამოჩნდა ქალაქები, სადაც მართლაც რომ საჭირბოროტო პოლიტიკური პრობლემების დასმა დაიწყეს. ქალაქებში პოლიტიკური ბრძოლა უკვე აღარ არის ცალკეულ პიროვნებათა და პირადი ინტერესებისთვის ბრძოლა; ქალაქის კაუდილიო, მისი ტრიბუნი, არ შეიძლება არ იყოს საკმაოდ გარკვეული პოლიტიკური იდეალების გამომხატველი.    სწორედ ახლა ესპანეთი შევიდა თავისი ყველაზე უფრო მაღალი პოლიტიკური გამოცოცხლების სტადიაში - კანალეხასის მოღვაწეობის წყალობით, - და ამ გამოცოცხლების ცენტრი ჩვენს დროში გახლავთ ჩემი მშობლიური ქალაქი ბილბაო. აკი ბასკები ერთ-ერთი ყველაზე უფრო პოლიტიკურად აქტიური ხალხია ესპანეთში და მათ შორის ყველაზე ნაკლებია ნეიტრალები. აქ ერთ მხარეს მეშახტეები იფიცებიან და სამუშაო დღის შემცირებას მოითხოვენ, მეორე მხარეს კათოლიკები ჯანყდებიან დღევანდელი მთავრობის მიერ გატარებული ანტირელიგიური ზომების წინააღმდეგ. ერთიცა და მეორეც არცთუ მცირემნიშვნელობის გაკვეთილი უნდა იყოს ჩვენთვის. ერთი და ლამის ერთადერთი მოსაზრება, მაღაროს მეპატრონეებს რომ მოჰყავთ იმისთვის, რათა არ დააკმაყოფილონ მუშათა მოთხოვნილებები, - სოციალური რეფორმების ინსტიტუტისა და თვით მთავრობის შეგონების მიუხედავად, - ის გახლავთ, რომ დათმობა დამამცირებელი იქნება და მუშათა აჯანყებას პოლიტიკურმა წამქეზებლებმა შეუწყეს ხელიო, რომლებსაც მეპატრონეები გადამთიელებად ნათლავენ. დამცირებაზე ლაპარაკი მე პირადად არ მესმის. შრომასა და კაპიტალს შორის ბრძოლა კი ისეთივე ომია, როგორც სხვა ნებისმიერი ომი, ხოლო პრინციპმა - „დანებებას სიკვდილი ჯობია“, - რაგინდ გმირულიც უნდა გვეჩვენებოდეს, ომში შეიძლება ყველაზე უარესი შედეგები გამოიღოს. პოზიციის დათმობა სულაც არ ნიშნავს დამცირებას.    გაფიცვა სხვა არაფერია, თუ არა სავაჭრო გარიგება და ჭკვიანი მეპატრონე, რომლის გონება ქედმაღლურ კუდაბზიკობას არ დაუბნელებია, - აქაოდა მე თვითონ ვარ ყველაზე დაბალი ფენებიდან გამოსულიო, - გაიანგარიშებს, რა ზარალი შეიძლება მიაყენოს მას გაფიცვამ, გამოარკვიოს, რა მოგება შეიძლება დააკარგვინონ მუშებმა თავიანთი მოთხოვნებით და აქედან გამომდინარე დაასკვნის, ღირს თუ არა დათმობა. განა ყოველ წელიწადს სამი ათასი პესეტის დაკარგვა არ ურჩევნია ერთბაშად ასი ათასის დაკარგვას? საღად მოაზროვნე ადამიანისთვის ამისთანა შემთხვევაში თავმოყვარეობას დიდი ფასი არა აქვს. მეორე, ანუ პოლიტიკური აგიტატორების უკანონო ჩარევა, რომელთაც გადამთიელებად ნათლავენ, - კიდევ უფრო უკეთესი ახსნაა. ჩვენს ბატონ-კაპიტალისტებს წარმოუდგენიათ, რომ ბრძოლა მხოლოდ მათსა და მუშებს შორის მიმდინარეობს და რომ ჩვენ, ყველა დანარჩენი მოქალაქეები უბრალოდ მაყურებლის როლს ვთამაშობთ და მეტი არაფერი. აი, რა დიდებული წარმოდგენაა სოციალურ სოლიდარობაზე! „აბა თქვენ რა ხელი გაქვთ ყველაფერ ამასთან? რატომ ეჩხირებით იქ, სადაც არ გეპატიჟებიან?“ - ამისთანა სიტყვებს არცთუ იშვიათად გაიგონებთ და ეს არის კიდეც ანტიპოლიტიზმის კვინტესენცია.    დიახ, სწორედ რომ ყველას უნდა გვქონდეს ხელი ყველაფერთან და ეკონომიკური ბრძოლაც პოლიტიკური ბრძოლაა, თან ისეთი ბრძოლა, ყველას რომ ეხება. მეპატრონესა და მის მუშებს შორის კონფლიქტი მათი კერძო საქმე არ არის, ეს მთელი საზოგადოების საქმე გახლავთ. კონფლიქტის მოგვარება მთელს სოციალურ ეკონომიკაზე ახდენს გავლენას. პოლიტიკური აგიტატორიო! არა, სხვაგვარად როგორ იქნება! ის, ვინც აღვივებს და თაოსნობს შრომასა და კაპიტალს შორის ბრძოლას, არის და კიდეც უნდა იყოს პოლიტიკური აგიტატორი, და როცა ბრძოლას პოლიტიკური ხასიათი აქვს, სწორედ მაშინ არის მოწესრიგებულიც, ორგანიზებულიც, კანონიერიც და ბოლოს, განმანათლებლურიც. სოციალიზმი არის და უნდა იყოს პოლიტიკური, ხოლო ამ ბრძოლაში სახელმწიფოს ჩაურევლობა მანჩესტერობის ძველისძველი დოქტრინაა, რომლის დაცვა დღეს, არა მგონია, ვინმემ გაბედოს. „ხელშეკრულებათა დადების თავისუფლება!“ - გაჰყვირიან და ეს ამგვარად ჟღერს: „მოგვეცით მოქმედების თავისუფლება, ნურავინ ნუ ჩაერევა ჩვენს საქმეში, თუ ბრძოლაა, მეც გახსნილი მაქვს ხელები!“ სწორია, ხელები კი არა გვაქვს შებორკილი, მაგრამ ფეხებზე გვადევს ხუნდები. სანამ მიწა ყველას საკუთრება არ გახდება, სანამ არსებობენ ადამიანები, - სადაც უნდა იყოს, - ვინც იძულებულია მხოლოდ სხვის მიწაზე იაროს და საკუთარი თავის დასამარხი ორი ადლის მეტი ვერ მოუპოვებია, - სანამ ეს ყველაფერი ძალაშია, ხელშეკრულებათა თავისუფლებაზე ლაპარაკიც ზედმეტია.    იგივე ითქმის ბრალდებებზე. - ბრალდება? - განა ბრალდება - პოლიტიკა შრომასა და კაპიტალს შორის ეკონომიკურ ბრძოლაში ერევაო, - სასაცილოზე სასაცილო არ არის? - ბრალდებაო! - ორიოდე უსინდისო ლიბერალმა რომ წამოისროლა ბილბაოს კათოლიკებისა და ბასკების ქვეყნის მისამართით, სან-სებასტიანისკენ მთავრობის ანტიმონასტრული პოლიტიკის წინააღმდეგ პროტესტის ნიშნად რომ გაბედეს გამოსვლა. ვითომ პროტესტიც პოლიტიკააო... რასაკვირველია, პოლიტიკა იყო! ან როგორ შეიძლება არ ყოფილიყო. კათოლიციზმიც პოლიტიკურია, პოლიტიკურია და კიდეც უნდა იყოს. ეს საცოდავი უსინდისო ლიბერალები ამგვარ შემთხვევაში მაშინვე ქრისტეს მოძღვრებას მოიშველიებენ და სახარების ციტატებს გვიკითხავენ, ვითომ ქრისტეცა და სახარებაც კარგა შორს არ მოეტოვებინოს კათოლიკურ ეკლესიასაცა და კათოლიციზმსაც, ამასთან, ქრისტეცა და სახარებაც პოლიტიკურია... სხვანაირად არც ეგების!    როცა ქრთილის პურისა და თევზის სასწაულის შემდეგ იუდეველთ უნდოდათ ქრისტე მეფედ გამოეცხადებინათ, „იგი განეშორა მათ და წარვიდა მთად ხოლო მარტოი“. მერე კი ფარისევლებმა გამოსაცდელად რომ ჰკითხეს „ჯერ არსა კეისრისა ხარკისა მიცემად ანუ არაო“, მან მიუგო, „მიჩვენეთ მე დრაჰკანი იგი ხარკისად, ხოლო მათ მოართუეს მას დრაჰკანი და ჰრქუა მათ იესუ: ვისი არს ხატი ესე და ზედაწერილი? ჰრქუეს მათ: კეისრისაო, მაშინ ჰრქუა მათ იესუ: მიეცით კეისრისაი კეისარსა და ღმრთისა ღმერთსა“ (ანუ მიეცით მონარქსა ანდა რესპუბლიკას ის, რაც მას ეკუთვნის - დრაჰკანი, რომელზედაც ამოტვიფრულია პროფილი, სიმდიდრე, ხოლო ყველაფერი დანარჩენი, რაც ფული არ არის, მიეცით მას, ვისაც თქვენი სიმდიდრე არ სჭირდება, ღმერთს). და ბოლოს, როცა იგი ჯვარს აცვეს, დაცინვით წააწერეს ჯვარზე: „ესე არს იესუ, მეუფეი ჰურიათაი“. მაგრამ არც ერთი ლეგენდა არ გვიდასტურებს, რომ ქრისტეს მიერ ცოდვის გამოსყიდვა ღრმად და საგანგებოდ პოლიტიკური მოქმედება არ იყო. რელიგიის გამოყოფა პოლიტიკისაგან ისეთივე დიდი სისულელეა (თუ მეტი არა), როგორც ეკონომიკისა პოლიტიკისაგან, მარტო კათოლიციზმი კი არა, მთლიანად ქრისტიანობა და საერთოდ ყოველგვარი რელიგიაა პოლიტიკური. ბასკ კათოლიკებს უნდოდათ სან-სებასტიანში შეკრებილიყვნენ და ეს პოლიტიკური აქტი გახლდათ; მთავრობამ ეს აკრძალა, - ესეც პოლიტიკური აქტი იყო და ძალიანაც კარგია, უთუოდ კარგი, პოლიტიკურად კარგად მოიქცა მთავრობა.    განა ჩვენი მოუქნელობა, ეს ჩვენი განთქმული მოუქნელობა არ არის მიზეზი, რომ პოლიტიკას მოქმედების ასეთი შემოზღუდული არე მივაკუთვნეთ! პოლიტიკა პროფესია არ არის; პოლიტიკა გაგების ფორმაა, ნებისმიერი პრობლემის დასმა და გადაჭრაა. პოლიტიკა ნებისმიერი საზოგადოებრივი პრობლემის გარსია. პოლიტიკა ეკონომიკური, პოლიტიკა რელიგიური, პოლიტიკა სანიტარულ-ჰიგიენური, პოლიტიკა კულტურული - ყველა ეს საკითხი, რაც კი კაცობრიობის წინაშე დგას დემოკრატიის პერიოდში. იმის მტკიცებაც შეიძლება, რომ ყველაფერი ის, რაც კი ათენისა და მთელი საბერძნეთის სამარადისო დიდებად იქცა, პოლიტიკა იყო; პლატონის ფილოსოფია, პინდარეს ლირიკა, ესქილეს ტრაგედიები, თუკიდიდეს ისტორიული თხზულებები, რომ არაფერი ვთქვათ დემოსთენეს მჭევრმეტყველებაზე, დიახ, ყველაფერი ეს პოლიტიკა იყო. ბერძნული დემოკრატიები უწინარეს ყოვლისა და ყველაზე მეტად პოლიტიკური სკოლები იყო. ისევე როგორც იტალიური რესპუბლიკები. სადაც ხალხი პოლიტიკისადმი ინტერესს ჰკარგავს, იქ უთუოდ დაცემის გზას დაადგება მეცნიერებაც, ხელოვნებაც და ხელოსნობაც კი. რასაკვირველია, არც უნდა ვიფიქროთ, რომ პოლიტიკა შეიძლება გამოვლინდეს მხოლოდ პოლიტიკურ გამოცოცხლებაში, მეცნიერული დოქტრინის წარმოშობის გარეშე. თვით პოლიტიკური გამოცოცხლება წარმოშობს დოქტრინას, ბოლოს და ბოლოს. მართლაც ძლიერი პოლიტიკური ციებ-ცხელების დროს ისე ჩანს ხოლმე, თითქოს ხელოვნება, მეცნიერება, კულტურა, ყველაფერი ჩრდილში მოექცევა ანდა განვითარებას შეანელებს. თითქოს გახურებულ პოლიტიკურ ბრძოლაში ჩაფლული სულები კარგავენ ყოველგვარ ინტერესს ცხოვრებისა და კულტურის სხვა პრობლემებისადმი. მაგრამ ეს პრობლემები ღვივდება პოლიტიკური გამოცოცხლების პროცესში და სწორედ შემდეგშიც კი. და მე არ მომბეზრდება იმის გამეორება, - რადგან თუ რამეს ვცოდავ, იმაში ვცოდავ, რომ მეტისმეტად აბეზარი გახლავართ და ეს ყველას კარგად მოეხსენება, - რომ პოლიტიკა ერთ-ერთი ყველაზე საუკეთესო თვალთახედვის წერტილია, როცა გინდათ რაიმე პრობლემას პირდაპირ სახეში შეხედოთ. მეორეს მხრით, ცხადია, რომ შეიძლება დაინტერესდე და აქტიურადაც ჩაება პოლიტიკაში და ამავე დროს შენი ქვეყნის არც ერთ პარტიას არ ეკუთვნოდე, მე მაგალითად... თუ ვინმე ამ ადგილამდე მოვა და წამოიძახებს „აი, ეგოისტი!“ - მე ვუპასუხებ, ჩემი თავი იმიტომ მომყავს მაგალითად, შორს წასვლა არა მჭირდება-მეთქი...    პირადად მე გავბედავ და ჩემს თავს იმ ესპანელების რიცხვს მივათვლი, ვინც ყველაზე მეტად იყო ჩაბმული პოლიტიკურ მოღვაწეობაში ჩვენთან, ჩვენს სამშობლოში, მაგრამ არც ერთ პარტიაში არ იყო გაერთიანებული, იმასაც ვითვალისწინებ, რომ ეს არ შეიძლება ყველა შემთხვევაში გამოდგეს მაგალითად, მაგრამ პირადად მე მოქმედების თავისუფლებას მაინც მაძლევს. ანტისოციალური - ანდა ყოველ შემთხვევაში, არასოციალური - განწყობილებანი ამ ფრაზას რომ იშველიებენ: „მთავრობა მე არაფერს მარგებსო!“ აი, ამას კი ნამდვილად უნდა მოვუღოთ ბოლო, ყველა ქვეყნის მთავრობები ყველა მოქალაქეს, რომელთაც ისინი მართავენ, ბევრსაც აძლევენ და ბევრსაც ართმევენ - როგორც წესი, ართმევენ უფრო მეტს, ვიდრე აძლევენ. ხოლო იქ, სადაც მძაფრი პოლიტიკური ცხოვრება არ არის, კულტურაც ზედაპირული გახდება ხოლმე და თავის ფესვებსაც სწყდება. …
დაამატა Kakha to ლიტერატურა at 10:21pm on მაისი 5, 2015
  • 1
  • ...
  • 51
  • 52
  • 53
  • 54
  • 55
  • 56
  • 57
  • ...
  • 79

Welcome to
Qwelly

რეგისტრაცია
ან შესვლა

ღონისძიებები

  • დაამატე ღონისძიება

ბლოგ პოსტები

Mmoexp CFB 26 Coins: The Legacy Continues

გამოაქვეყნა Rozemondbell_მ.
თარიღი: მაისი 13, 2025.
საათი: 6:28am 0 კომენტარი 0 მოწონება

The Legacy Continues

After an 11-year hiatus since NCAA Football 14, EA Sports made a triumphant return with College Football 25, which became one of the best-selling sports games of all time. With College Football 26, they're not just following up on success - they're raising the bar.

Real athletes, real coaches, advanced visuals, NIL equity, and College Football 26 Coins' beloved modes all point to CFB 26…

გაგრძელება

How jtpackage POF Shrink Film Can Streamline Your Packaging Operations

გამოაქვეყნა 52017 svt17_მ.
თარიღი: მაისი 13, 2025.
საათი: 6:14am 0 კომენტარი 0 მოწონება

POF Shrink Film is increasingly becoming the go-to…

გაგრძელება

Mmoexp Path of exile currency: Quality of Life Improvements

გამოაქვეყნა Rozemondbell_მ.
თარიღი: მაისი 13, 2025.
საათი: 5:57am 0 კომენტარი 0 მოწონება

7. Quality of Life Improvements

Patch 0.2.0h introduces numerous QoL features:

Currency Application UI: Use currency like Vaal Orbs on items directly from stash tabs or with fewer clicks.

New Stash Tabs: Organize Omens, Runes, Talismans, and Soul Cores better with new dedicated tabs.

Improved Rogue Exile Visibility: Easier to identify high-priority enemies during combat.

These updates make inventory management and combat more intuitive and less…

გაგრძელება

How They Operate, And Why They Subject for Employers

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: აპრილი 26, 2025.
საათი: 2:30pm 0 კომენტარი 0 მოწონება







In the present earth, history checks are getting to be a regular part of the selecting method, tenant screening, and in some cases volunteer variety. From verifying work historical past to examining felony information, qualifications check providers give vital insights into somebody's heritage. In the following paragraphs, we’ll include the kinds of track record checks, how they perform, and why They are really critical for each companies and people.



What exactly…

გაგრძელება
  • დამატება დღიურში
  • ყველა

Qwelly World

free counters

© 2025   George.   • Ning - platform for social network creation and community website building

პანაღია  |  პრობლემის აღმოჩენისას!  |  Terms of Service

საუბრის დაწყება!