ძიება
  • რეგისტრაცია
  • შესვლა

Qwelly

ძიების შედეგები - არისტოტელე

თემა: ალექსანდრე კალომიროსი - ცეცხლის მდინარე
უკვე ვცხოვრობთ ბოლო დროისათვის ნაწინასწარმეტყველებ აპოსტასიის ეპოქაში. პრაქტიკულად, ადამიანთა უმრავლესობა ურწმუნოა, თუმცა ბევრ მათგანს თეორიულად ჯერ მაინც სწამს. ყველგან განურჩევლობასა და ამა სოფლის სულისკვეთებას დაუსადგურებია. რა არის მიზეზი ასეთი მდგომარეობისა? ამის მიზეზია სიყვარულის განელება. ღვთისადმი სიყვარული აღარ იწვის ადამიანთა გულებში და აქედან გამომდინარე ჩვენს შორის სიყვარულიც მოკვდა. და რა არის მიზეზი ღვთის მიმართ ადამიანის სიყვარულის გაქრობისა? პასუხი ერთმნიშვნელოვანია – ცოდვა. ცოდვა არის ის ბნელი ღრუბელი, რომელიც არ უშვებს ღვთის ნათელს ჩვენამდე. მაგარამ ცოდვა აქამდეც არსებობდა. მაშინ როგორღა მივაღწიეთ ასეთ მდგომარეობას, როდესაც ღმერთს არა მხოლოდ უგულებელვყოფთ არამედ გვძულს. დღევანდელ დღეს ადამიანის დამოკიდებულება ღვთისადმი მართლაც არ არის უბრალოდ იგნორირება ან უინტერესობა. თუ ჩვენ უფრო ყურადღებით შევხედავთ დღევანდელ ადამიანს, აუცილებლად შევამჩნევთ, რომ მის უმეცრებასა და უდიერებაში ჩაქსოვილია საშინელი სიძულვილი. მაგრამ როგორ შეიძლება გვძულდეს ის რაც არ არსებობს? მე მართლაც მგონია, რომ დღეს ადამიანებს უფრო სწამთ ღმერთის არსებობისა ვიდრე ნებისმიერ სხვა დროს კაცობრიობის ისტორიაში. ხალხმა ეხლა უკეთესად იცის სახარება, ეკლესიის სწავლება და საერთოდ ღმერთის ქმნილება ვიდრე სხვა ნებისმიერ დროში. მათ ღრმადა აქვთ გაცნობიერებული ღმერთის არსებობა. თანამედროვე ათეიზმი, სინამდვილეში არ არის ურწმუნოება. ეს არის აუტანლობა იმისა, ვისაც კარგად ვიცნობთ, მაგრამ ვინც გვძულს მთელი ჩვენი არსებით, ზუსტად ისევე, როგორც დემონებს, რომელთაც კარგად იციან და იმავდროულად სძულთ ღმერთი. ჩვენ გვძულს ღმერთი და ზუსტად ამიტომ უგულვებელვყოფთ მას, თვალს ვარიდებთ, თითქოსდა ვერ ვხედავთ და თავი ათეისტებად მოგვაქვს. სინამდვილეში კი ის დაუძინებელ მტრად მიგვაჩნია და მისი უარყოფა ანუ ათეიზმი ჩვენი შურისძიებაა მასზე. მაგრამ, რატომ სძულთ ადამიანებს ღმერთი? არა მხოლოდ იმიტომ რომ საქმენი მათნი ბნელია და ნათელი აღიზიანებთ, არამედ იმიტომ, რომ ის მათთვის მუდმივ საშიშროებას წარმოადგენს, მარადიულ საფრთხეს, ვითარცა მოწინააღმდეგე სასამართლოში, ვითარცა პროკურორი და დაუნდობელი მსაჯული. ღმერთი მათთვის აღარ არის სახიერი და ყოვლისშემძლე მკურნალი, რომელიც განკაცდა, რათა აღედგინა, განეკურნა ისინი სნეულებისა და სიკვდილისაგან, არამედ სასტიკი მსაჯული და შურისმაძიებელი ინკვიზიტორია. დემონმა შეძლო დაერწმუნებინა ადამიანები, რომ ჩვენ ღმერთს არ ვუყვარვართ, რომ მას მხოლოდ თავისი თავი უყვარს და მხოლოდ მაშინ გვწყალობს, როდესაც ისე ვიქცევით, როგორც მას სურს და ვძულვართ მაშინ, როდესაც ისე არ მოვიქცევით, როგორც მან გვიბრძანა და იმ ზომამდე სწყინს ჩვენი ურჩობა, რომ ამას მარადიული ტანჯვით გვაზღვევინებს ჯოჯოხეთში, რომელიც მან სწორედ ამ მიზნით შექმნა. ვის შეუძლია უყვარდეს მტანჯველი? ისინიც კი, ვინც ღვთის რისხვას გაექცევიან და რამენაირად ასიამოვნებენ ამ საშიშ ტირანს, ისინიც ვერ შეძლებენ მის სიყვარულს. ხედავთ, თუ რამხელა სიცრუე დასწამა დემონმა ყოვლადმოწყალე, ყოვლისმოყვარე და უსაზღვროდ კეთილ შემოქმედს, მის შესახებ საყოველთაოდ გავრცელებული, დამახინჯებული სწავლების მეშვეობით? ამიტომაც ჰქვია ეშმაკს ბერძნულად “დიაბოლოს” - ცილისმწამებელი.   II მაგრამ რითი შეძლო ეშმაკმა ღმერთის შესახებ ასეთი სიცრუის გავრცელება? რა ხერხი გამოიყენა კაცობრიობის დასარწმუნებლად, რათა აემღვრია ადამიანთა აზროვნება? მან ამისთვის თავად “ღვთისმეტყველება” და სასულიერო იერარქია გამოიყენა! მან ჯერ მცირე, თითქო უმნიშვნელო ცვლილებები და გადახრები შეატანინა ღვთისმეტყველებაში, მცირეოდენ ზნეობრივ კომპრომისებზე დაიყოლია იერარქია და შემდეგ, თანდათან სრულიად აცვლევინა სახე ქრისტიანობას, დაამკვიდრა სრულიად არასწორი წარმოდგენა ღმერთზე. აი ამას ჰქვია დასავლური ღვთისმეტყველება. ოდესმე გიცდიათ ამოგეცნოთ დასავლური ღვთისმეტყველების დედა აზრი? მისი მთავარი დამახასიათებელი აზრი მდგომარეობს იმაში, რომ ის განიხილავს ღმერთს როგორც ბოროტების ნამდვილ მიზეზს. რა არის ბოროტება? განა არ არის ის განშორება ღვთისაგან, რომელიც თავად არის სიცოცხლე? განა ბოროტება სიკვდილი არ არის? “ბოროტება არის გაუცხოება ღვთისაგან” (წმ. ბასილი დიდი).  და რას ასწავლის დასავლური ღვთისმეტყველება სიკვდილის შესახებ? კათოლიკეებისა და პროტესტანტების სრულ უმრავლესობას წარმოუდგენია, რომ სიკვდილი არის სასჯელი ღვთისა. ღმერთმა დაადანაშაულა ყველა ადამიანი ადამის ცოდვაში და დასაჯა ისინი სიკვდილით, მოკვეთით, მათი განყენებით ცხოველსმყოფელი ენერგიებისგან, მათი მოკვლით ჯერ სულიერი, ხოლო შემდეგ ხორციელი სიკვდილით ანუ სულიერი შიმშილის მეშვეობით. დაბადებათა წიგნის ამ ეპიზოდს: “უკუეთუ იგემოთ ამა ხისა ნაყოფი, მოკუდებით სიკუდილით”. ავგუსტინე შემდეგნაირად განმარტავს: “უკუეთუ იგემოთ ამ ხის ნაყოფი, მე თქვენ მოგკლავთ. ” ზოგიერთი პროტესტანტი თვლის, რომ სიკვდილი ღმერთის სასჯელი კი არა, არამედ სრულიად ბუნებრივი მოვლენაა. მაგრამ განა თავად ღმერთი არ არის ყოველივე ბუნებრივის შემქმნელი? ასე რომ, ორივე შემთხვევაში, მათთვის სიკვდილის მიზეზი არის ღმერთი. და ეს ეხება არა მხოლოდ ხორციელ სიკვდილს, არამედ სულიერ სიკვდილსაც. განა არ ამბობენ დასავლეთში თეოლოგები, რომ ჯოჯოხეთი, რომელიც მარადიული სულიერი სიკვდილია, არის ღმერთის სასჯელი? და განა არ ამბობენ ისინი, რომ ეშმაკი არის ღმერთის მსახური რომელიც მარადიულად სტანჯავს ადამიანებს ჯოჯოხეთში? დასავლეთის “ღმერთი” არის შეურაცხყოფილი და გაბოროტებული ღმერთი, ღმერთი რომელიც სავსეა მრისხანებით ადამიანთა ურჩობის გამო, რომელსაც სურს რომ საუკუნოდ სტანჯოს მთელი კაცობრიობა მისი ცოდვების გამო, სანამ არ დაიკმაყოფილებს თავის შეურაცხყოფილ სიამაყეს. რას ქადაგებენ დღეს დასავლეთში თუ აღმოსავლეთში? რომ თურმე ცხონება არის გადარჩენა ღვთის რისხვისაგან, და რომ ჯოჯოხეთი არის ღმერთის სასჯელი სადაც ეშმაკი, რომელიც სტანჯავს ადამიანებს, ღვთის ბრძანებას აღასრულებს. რომ ღმერთმა მოკლა ღმერთი (ძე ღმრთისა), რათა დაეკმაყოფილებინა თავისი შეურაცხყოფილი ღირსება, რასაც დასავლეთში ევფემისტურად სამართლიანობას ეძახიან. როგორ შეიძლება ვინმეს უყვარდეს ასეთი ღმერთი? როგორ შეიძლება გვწამდეს ის, ვინც ძრწოლასა და სიძულვილს იწვევს ჩვენში? როგორ შეიძლება გვქონდეს იმის იმედი, ვინც ასეთი დაუნდობელია. ამიტომაცაა, რომ დიდია ადამიანებში იმის სურვილი, რომ არ არსებობდეს ის ვინც ასე გვემუქრება, მითუმეტეს თუ ეს საფრთხე არის მარადიული. ასეთ დასკვნამდე მივიდნენ ადამიანები, რადგან მარადიული სამოთხეც კი აუტანელი იქნებოდა ასეთ სასტიკ ღმერთთან ერთად. ასე დაიბადა ათეიზმი, რომელიც სრულიად უცხო იყო აღმოსავლეთისთვის, ვიდრე დასავლურმა ღვთისმეტყველებამ არ შეაღწია და უდიდესი ზეგავლენა არ იქონია მასზე. ათეიზმი არის ნაყოფი დასავლური ღვთისმეტყველებისა. ათეიზმი არის უარყოფა ბოროტი, შურისმაძიებელი ღმერთისა. ადამიანები გახდნენ ათეისტები რათა თავი დაეღწიათ ამგვარი ღმერთისაგან და ისინი სირაქლემასავით მალავენ თავებს და ხუჭავენ თვალებს. ათეიზმი არის უარყოფა კათოლიკური და პროტესტანტული ღმერთისა. ამიტომაც ათეიზმი კი არ არის ქრისტიანობის მტერი, ჩვენი მტერი გაყალბებული და დამახინჯებული ქრისტიანობაა. III ღმერთის სამართლიანობის შესახებ იურიდიული წარმოდგენა, სხვა არაფერია, თუ არა ადამიანური ვნების გაბატონება ღვთისმეტყველებაზე. ეს დაბრუნებაა ღმერთების გაადამიანურებისა და ადამიანის გაღმერთების, უფრო ზუსტად გაკერპების წარმართულ პროცესთან. აი, როგორ აღიქვამს სქოლასტიკური თეოლოგია ღმერთის სამართლიანობას: ადამიანის ურჩობით შეურაცხყოფილი ღმერთი გადაწყვიტავს, რომ ადამის დანაშაული თანაბრად დააბრალოს მის შთამომავლობას და აი ყველა ისჯება სიკვდილით ადამის ცოდვის გამო, რომელიც მათ არ ჩაუდენიათ. ეს ჰგავს ზოგიერთ ადგილებში დღემდე გავრცელებულ სისხლის აღების წესს; უნდა მოკვდეს არა მხოლოდ დამნაშავე, არამედ მთელი მისი მოდგმა. მაგრამ ტრაგედია იმაშია, რომ მთელი კაცობრიობის სიკვდილიც კი ვერ დაამშვიდებს ღმერთის შეურაცხყოფილ ღირსებას. ეს შელახული პატივი მხოლოდ იმ შემთხვევაში დაკმაყოფილდება, თუ სასჯელს მისივე ღირსებისა და სიმაღლის არსება დაექვემდებარება. ასე, რომ საკუთარი ღირსებისა და აგრეთვე კაცთა მოდგმის გადასარჩენად საჭირო იყო თავად ღმერთის, მისი მხოლოდშობილი ძის განხორციელება, რომელიც თავისი მსხვერპლშეწირვით აღადგენდა ღმერთის შელახულ პატივს. IV ეს იურიდიულ-წარმართული წარმოდგენა ღმერთის სამართლიანობის შესახებ, რომლის მრისხანების დასაოკებლად საჭიროა მუდმივი მსხვერპლი, აშკარად აქცევს ღმერთს ადამიანთა უზენაეს მტრად და ჩვენი ამქვეყნიური თუ მარადიული უბედურების მიზეზად. ასევე ცხადია, რომ ამგვარი სამართლიანობა წმინდა იურიდიული კუთხითაც ვერ უძლებს კრიტიკას, რადგან ისჯებიან ისინი, ვისაც არანაირი ბრალი არ მიუძღვის წინაპართა ცოდვაში (წმ. კირილე ალექსანდრიელი, PG 74. 788-789). ხოლო თუ ვიტყვით, რომ ისინი თავისი ცოდვების გამო ისჯებიან, რა დააშავეს მაშინ ჩვილმა ბავშვებმა, რომელთაგან ზოგი ისე კვდება ამ ქვეყნისთვის თვალის შევლებასაც კი ვერ ასწრებს. სხვაგვარად რომ ვთქვათ, იმას რასაც სამართლიანობას ეძახიან, სინამდვილეში ყველაზე სასტიკი სახის შურისძიება შეიძლება დაერქვას მხოლოდ. ქრისტეს სიყვარული და ჯვარზე აღსრულებული მისი მსხვერპლი კი მთელ თავის აზრსა და თანამიმდევრულობას კარგავს იმ გიჟურ მოძღვრებაში, სადაც ღმერთი კლავს ღმერთს, რათა ღმერთის ე. წ. სამართლიანობა დაკმაყოფილდეს. განა აქვს რაიმე საერთო სამართლიანობის ამგვარ გაგებას, იმ სამართლიანობასთან რომელიც ღმერთმა გამოგვიცხადა? განა ასეთი მნიშვნელობით იხმარება სიტყვები “ღმერთის სამართლიანობა” ძველსა და ახალ აღთქმაში? ყველაფერი კი იქიდან დაიწყო, რომ საღმრთო წერილში სიტყვის “სამართლიანობა” თარგმანისას გაჩნდა ბერძნული შესატყვისი - “დიკეოსინი”, რაც ნიშნავს- თანაბრად განაწილებას, ამიტომაცაა, რომ დღემდე მართლმსაჯულების სიმბოლოდ სასწორი მიიჩნევა. ამ სასწორით აღჭურვილი სამართლიანი საზოგადოება აჯილდოვებს კეთილთ და სჯის ბოროტებს. ეს გახლავთ ადამიანური სამართლიანობა და მისი ინსტრუმენტი სასამართლო. მაგრამ განა ასეთია ღმერთის სამართლიანობა? სიტყვა “დიკეოსინი” - სამართლიანობა, არის თარგმანი ებრაული სიტყვისა “ცედაკა”. ეს სიტყვა აღნიშნავს -  “საღმრთო ენერგიას, რომელიც კაცთა ცხოვნებას აღასრულებს”. შინაარსით მისი უახლოესი და სინონიმური სიტყვაა - “ჰესედ”, რაც მოწყალებას, თანალმობას, სიყვარულს ნიშნავს. ასევე სინონიმური სიტყვაა - “ემეთ”, რაც ერთგულებას, სიმართლეს ნიშნავს. როგორც ხედავთ, ეს სიტყვები სრულიად სხვა განზომილებას ანიჭებს სამართლიანობას, როგორც რელიგიურ ტერმინს. აი, ამ შინაარსით ესმოდა ყოველთვის ქრისტეს ეკლესიას ღმერთის სამართლიანობა. ასე ასწავლიდნენ წმიდა მამები ღმერთის სამართლიანობის შესახებ. “ნუთუ შეგიძლია ღმერთს სამართლიანი უწოდო?” - წერს წმ. ისააკ ასური, “როდესაც კითხულობ იმ ადგილს სახარებიდან, სადაც ერთნაირი სასყიდელი მიიღეს სხვადასხვა დროს მისულმა ვენახის მუშაკებმა?”. “მე მნებავს უკანასკნელსა ამას მიცემად ვითარცა შენ, რომელი პირველითგან ჟამისა დაჰყევ ჩემთანა, არამედ თვალი შენი ბოროტ არს, ხოლო მე სახიერ ვარ”. “როგორ ვუწოდოთ ღმერთს სამართლიანი?” - აგრძელებს წმ. ისააკი, “როდესაც წაიკითხავ იგავს უძღები შვილის შესახებ, რომელმაც მთელი თავისი სიმდიდრე აღვირახსნილი ცხოვრებით გაფლანგა, და მიუხედავად ამისა, როდესაც შეინანა, მამა მიეგება მას, კისერზე მოეხვია და დაადგინა მთელი თავისი ქონების განმგებელად? და თუ ვინმეს ეჭვი ეპარება ამაში, გავიხსენოთ რომ ყოველივე ეს ძე ღვთისამ გამოგვიცხადა თავისი მამის შესახებ და სწამა მისთვის. მაშ სადღა არის აქ ღმერთის სამართლიანობა, რამეთუ როდესაც ჩვენ ვცოდავდით, ქრისტე მოკვდა ჩვენთვის!” (წმ. ისააკ ასური, სიტყვა 90, 1854 წლის, რუსული გამოცემის მიხედვით). სრულიად ნათელია, რომ ღმერთი არ არის სამართლიანი ამ სიტყვის ადამიანური გაგებით. მისი სამართლიანობა მის წყალობასა და სიყვარულს აღნიშნავს, რომელსაც ის სრულიად არასამართლიანად გასცემს. ღმერთი ყოველთვის გასცემს და არაფერს ითხოვს სანაცვლოდ. ის გასცემს ჩვენნაირი ადამიანებისთვის, რომლებიც ყოვლად უღირსნი ვართ ამის მისაღებად. ზუსტად ამიტომ გვასწავლის წმიდა ისააკი: “ნუ უწოდებ ღმერთს სამართლიანს, რამეთუ მისი სამართლიანობა არანაირად არ გამოიხატება შენთან მიმართებაში. და თუ დავითი უწოდებს მას სამართლიანს და მართალს, მისმა საკუთარმა ძემ გამოგვიცხადა რომ ის არის კეთილი და სახიერი.” “ის კეთილია” დასძენს აბბა ისააკი, “ბოროტთა და უწმიდურთა მიმართაც.” სახიერი ღმერთი კეთილია მათ მიმართაც, ვინც უგულებელყოფს, არ ემორჩილება და ყურადღებასაც არ აქცევს მას. ის არასოდეს უბრუნებს ბოროტს ბოროტებით, არასოდეს იძიებს შურს. მისი სასჯელი სიყვარულითაა აღსავსე და მხოლოდ ჩვენს გამოსწორებას ისახავს მიზნად. მან ყოველივე კეთილად შექმნა. გარეული მხეცებიც კი ცნობენ თავის ბატონად იმ ქრისტიანს, რომელიც თავის თავმდაბლობით მიემსგავსება ღმერთს, ისინი მას შიშით კი არა, სიყვარულითა და მორჩილებით ხვდებიან, მადლიერებით ემსახურებიან მას. უგუნურმა მხეცებმაც კი იციან, რომ მათი შემოქმედი არ არის ბოროტი და შურისმაძიებელი, არამედ ის სიყვარულია. მან ჩვენ დაგვიფარა და გვაცხოვნა როდესაც დავეცით. მარადიულ ბოროტებას არაფერი საერთო არა აქვს ღმერთთან. ის გამომდინარეობს მისი თავისუფალი, გონიერი ქმნილებების ნებიდან, ნებიდან რომელსაც იგი პატივს სცემს. ღმერთს ჩვენ არ დაუსჯივართ სიკვდილით, ეს ჩვენ ჩავვარდით მასში საკუთარი არჩევანითა და ნებით. ღმერთი სიცოცხლეა და სიცოცხლე თავადაა ღმერთი. ადამიანი კი აუჯანყდა ამ ჭეშმარიტ სიცოცხლეს და თავად ჩაუკეტა კარი მის ცხოველმყოფელ მადლს. “რამდენადაც განვეშორეთ სიცოცხლეს”, ამბობს წმ. ბასილი დიდი, “იმდენად მიუახლოვდით სიკვდილს, რადგან ღმერთია სიცოცხლე და სიცოცხლის მოკლება არის სიკვდილი”. “სიკვდილი არ შეუქმნია ღმერთს, ის ჩვენ თავად დავბადეთ ჩვენში. მაგრამ ღმერთმა არ შეაჩერა სიკვდილისა და ხრწნადობის ტირანია ჩვენზე, რათა დაცემა და სნეულება არ გამხდარიყო ჩვენში მუდმივი და უკვდავი” (წმ. ბასილი დიდი. ”Творения”. Т. II. стр. 156). “სიკვდილი ღვთისგან განშორებაა, ისევე როგორც ნათლისაგან განშორება არის სიბნელე, მაგრამ ნათელი ჭეშმარიტი როდი გვსჯის ჩვენ წყვდიადით”. (წმ. ირინეოს ლიონელი. ”Против Ересей”. кн. 5. гл. 27). “სხეულის სიკვდილი შედეგია ღვთისგან განშორებისა, რადგან სიცოცხლე არის ის, ვინც თქვა: “მე ვარ ცხოვრება”. (წმ. მაქსიმე აღმსარებელი). მაგრამ რატომ დაატყდა სიკვდილი მთელ კაცობრიობას? რატომ კვდებიან ადამივით ისინი, ვისაც არ შეუცოდავს ადამთან ერთად? ამაზე გვპასუხობს წმ. ანასტასი სინაელი: “ჩვენ მემკვიდრეები ვართ ადამის წყევისა, მაგრამ იმისთვის კი არ ვისჯებით, რომ ადამთან ერთად დავარღვიეთ საღმრთო მცნება, არამედ იმიტომ, რომ ადამი გახდა რა მოკვდავი ღვთისაგან განშორების გამო, ჩვენ მის მოდგმას, მემკვიდრეობით გადმოგვცა ცოდვისადმი მიდრეკილება. ჩვენ გავხდით მოკვდავნი, რადგანაც დავიბადეთ მოკვდავისაგან. “მოუსმინოთ წმ. გრიგოლ პალამას: “ღმერთს არ უთქვამს ადამისთვის: “იქეც იმათ, რისგანაც შეგქმენი”; არამედ უთხრა:”მიწა ხარ და მიწადვე იქცევი”. მას არ უთქვამს:”მოკვდი იმ დღეს, ოდეს იგემო ამისგან”, არამედ უთხრა: “ოდეს გემო იხილო მოკვდები”, ანუ ამ სიტყვებით მხოლოდ წინასწარ გააფრთხილა, მაგრამ არც ხელი შეუშლია იმისთვის რაც მოხდა, რადგან არ შეეძლო ადამის თავისუფლების ხელყოფა” (PG. 96, 612 a). ასე, რომ სიკვდილი არა ღმერთის სურვილით, არამედ ადამის ურჩობით შემოვიდა კოსმოსში, რადგან ადამმა თავად გაწყვიტა კავშირი სიცოცხლის წყაროსთან, ღმერთი კი თავისი სიყვარულით ყოველთვის აფრთხილებდა მას. “სიბრძნის ხე თავის თავად კეთილი იყო და მისი ნაყოფიც აგრეთვე იყო კეთილი. რამეთუ ხეში კი არა, არამედ ურჩობაში იყო სიკვდილი. და სიბრძნე მხოლოდ მაშინაა სასარგებლო, როდესაც მას გონივრულად გამოიყენებ” (წმ. თეოფილე ანტიოქიელი). სიბრძნის ხის ნაყოფი მხოლოდ დროებით იყო აკრძალული, რადგან ადამი სულიერად ჯერ ჩვილი იყო, ხოლო ჩვილისთვის ყველანაირი საკვების მიღება როდია სასარგებლო. სიბრძნის ხე სწორედ ადამისთვის იყო ჩანერგილი, მაგრამ მისი ნაყოფი მკვრივი იყო, მაშინ როდესაც ადამს ჯერ მხოლოდ რძის მიღება შეეძლო. ასე, რომ საღმრთო წერილის ენაზე, სიტყვა “სამართლიანობა” ნიშნავს სახიერსა (კეთილს) და სიყვარულით აღსავსეს. ასევე სიტყვა “მართალი”, რომელიც ხშირად გვხვდება ბიბლიაში, იმას კი არ ნიშნავს, რომ კარგ მოსამართლეზეა საუბარი, არამედ კეთილ, კაცთმოყვარე და ღვთისმოყვარე ადამიანზე. ეს ნათლად ჩანს თუნდაც მართალი იოსებ დამწინდველის მაგალითზე: “ხოლო იოსებ ქმარი ამისი მართალი იყო და არა უნდა განმხილება მისი, იზრახა ფარულად განტევება მისი’’ (მათე. 1, 19), ანუ გულმოწყალება გამოიჩინა და არ გაახმაურა მარიამის ფეხმძიმობა, რაც სჯულით ევალებოდა და რასაც მარიამის ჩაქოლვა მოჰყვებოდა. ე. ი. ამ შემთხვევაშიც სიტყვა “მართალი’’ არა იურიდიულად სამართლიანს არამედ მოწყალესა და დიდსულოვანს აღნიშნავს. როდესაც ვამბობთ, რომ ღმერთი სამართლიანია, ის კი არ უნდა ვიგულისხმოთ, რომ ის ობიექტური მოსამართლეა, რომელმაც კარგად იცის თუ როგორ დასაჯოს ადამიანი თავისი ცოდვების სიმძიმის მიხედვით, არამედ პირიქით მის მოწყალებას არა აქვს საზღვარი, ის ყოვლად კეთილი და მოსიყვარულეა, არასოდეს პასუხობს ბოროტებას ბოროტებით, მოგვიტევებს ჩვენ ცოდვებს და ყველა საშუალებას ხმარობს ჩვენი გამოსწორებისა და განკურნებისთვის. ის მუდამ თავისკენ მოგვიწოდებს, რათა მარადიული ნეტარებისთვის მოამზადოს და გაამშვენიეროს ჩვენი სულიერი პორტრეტი. V ჩვენამდე მოაღწია მე-4 საუკუნის ბრწყინვალე ტექსტმა, რომელიც დიდ მეუდაბნოესა და ქრისტიანული ასკეზის დამფუძნებელს წმ. ანტონი დიდს ეკუთვნის: “ღმერთი კეთილია, უვნებო და უცვლელი. მაგრამ იბადება კითხვა:თუ ჩვენ ვამბობთ, რომ იგი ხარობს კეთილთა შემხედვარე, წყალობს მათ ვინც მას პატივს მიაგებს და ზურგს აქცევს იმათ, ვინც ბოროტია და მრისხანეა ცოდვილთა მიმართ, მაშ როგორღაა ის უვნებო? ამაზე ვპასუხობთ: ღმერთს არც უხარია და არც მრისხანებაში ვარდება, რამეთუ ორივე - სიხარულიცა და მრისხანებაც არის ვნება; ღმერთის განწყობა არც მის თაყვანისმცემელთა მიერ მიგებულ პატივზეა დამოკიდებული, რადგან ამ შემთხვევაში ის სიამოვნების გავლენის ქვეშ მოექცეოდა, ღვთაება კი სიამოვნებას არ განიცდის. ღმერთი კეთილია და მხოლოდ წყალობას იქმს, ის არავის ვნებს და ყოველთვის უცვალებლად ჰგიებს, უცვლელია; ჩვენ კი ადამიანები, როდესაც კეთილები ვართ და ამით ღმერთს ვემსგავსებით, უმალ ერთობაში ვართ მასთან, ხოლო როდესაც ბოროტებას ჩავდივართ, უმალ განვეშორებით მას, რადგან საერთო აღარაფერი გვაქვს მაშინ მასთან. კეთილგონიერი ცხოვრებით ჩვენ ღვთის შვილნი ვხდებით, ხოლო გაბოროტებულნი თავად განვეშორებით და ზურგს ვაქცევთ მას; და არა იმიტომ, რომ ის განრისხდა და მიგვატოვა, არამედ იმიტომ, რომ ჩვენი ცოდვების სიბნელე უშლის ხელს გაბრწყინდეს ღმერთს ჩვენში თავისი ნათელით. ასეთ მდგომარეობაში კი ბნელი ძალები ისადგურებენ ჩვენში. მაგრამ თუ ლოცვითა და მოწყალებით კვლავ მივცემთ საშუალებას საღმრთო მადლს გაფანტოს ცოდვათა ჩვენთა წყვდიადი; ეს იმას როდი ნიშნავს, რომ ამით ღმერთს ვასიამოვნეთ და მისი ჩვენდამი განწყობა შევაცვლევინეთ, არამედ იმას, რომ ამგვარი ქმედებით ჩვენში არსებულ ბოროტებას ვუმკურნალეთ და კვლავ მოვიპოვეთ უნარი, რათა ღვთაებრივი სახიერების გემო გაგვეგო. ასე, რომ იმის თქმა, თითქოს ღმერთი ზურგს აქცევს ცოდვილს, იგივეა, რაც იმის თქმა: ბრმა იმიტომ ვერ ხედავს, რომ მზე მას ემალებაო!”  (“Добротолюбие”. т. I). VI აი, რა ცილი დასწამა ღმერთს სქოლასტიკურმა თეოლოგიამ, რა სიცრუე მიაწერეს მას ავგუსტინემ, ანსელიმმა, თომას აქვინელმა და ყველა მათმა მოწაფემ. ზუსტად ისინი არიან ფუძემდებლები დასავლური ღვთისმეტყველებისა, როგორც კათოლიკურის, ასევე პროტესტანტულის. სწორედ მათ მიუძღვით ბრალი ღმერთის შესახებ დამახინჯებული შეხედულებების გავრცელებაში. ცხადია, ისინი პირდაპირ არ ამტკიცებდნენ, რომ ღმერთი სასტიკი და ვნებებს დაქვემდებარებული არსებაა, მაგრამ თვლიდნენ, რომ იგი მიჯაჭვულია რაღაც უზენაეს ძალაზე - ბრმა და დაუნდობელ საჭიროებაზე, მსგავსად იმ ძალისა, რომელიც მართავდა წარმართულ “ღმერთებს”. ეს აუცილებელი საჭიროება აიძულებს ღმერთს, რომ ბოროტებას ბოროტებითვე უპასუხოს, მას არ შეუძლია დაივიწყოს და აპატიოს მის წინაშე ჩადენილი დანაშაული, თუ ამის სანაცვლოდ გამუდმებულ მსხვერპლშეწირვებს არ მიიღებს, რაც დააცხრობს მის წყენას და დააკმაყოფილებს მის შეურაცხყოფილ ღირსებას. აქ ჩვენ მივადექით მეტად მნიშვნელოვან საკითხს - ელინური წარმართობის პარაზიტულ ზეგავლენას ქრისტიანულ აზროვნებაზე. სწორედ წარმართული აზროვნება იყო წყარო ყველა მწვალებლობისა, ანუ ღმერთის შესახებ სწავლების დამახინჯებისა. ეს აზროვნება ძალიან ძლიერი იყო აღმოსავლეთში, ყველა ფილოსოფიური და რელიგიური მიმდინარეობების გზაჯვარედინზე. მაგრამ, როგორც საღმრთო წერილში წერია: “სადაცა სჭარბობს ცოდვა, მით უფრო გარდაემატება მადლი”. როდესაც ძლიერდებოდა მწვალებლობები, ასევე ძლიერდებოდა და ყვაოდა ჭეშმარიტი მოძღვრება ღმერთზე. და თუმცა ეს უკანასკნელი ამა სოფლის ძლიერთა მიერ ყოველთვის იდევნებოდა, საბოლოოდ ის მაინც გამარჯვებული გამოდიოდა. დასავლეთში, აღმოსავლეთისაგან განსხვავებით, ელინურმა წარმართულმა აზროვნებამ სრულიად დაუბრკოლებლად შეაღწია, მას იქ აშკარა მწვალებლობის იერი არ მიუღია. მან დასავლეთში ძირითადად ავგუსტინე ჰიპონელის უამრავი ლათინურენოვანი ნაშრომების მეშვეობით შეაღწია. წმიდა იოანე კასიანე რომაელი, რომელიც იმ დროს დასავლეთში მოღვაწეობდა, მიხვდა, თუ რა საშიშროებას შეიცავდა ავგუსტინეს ზოგიერთი სწავლება და შეუპოვრად იბრძოდა ამ შეხედულებათა წინააღმდეგ. ავგუსტინე ლათინურ ენაზე წერდა საკმაოდ დიდი მოცულობის ნაშრომებს, რამაც ეკლესიის სხვა მამებს არ მისცა მათი შესწავლის შესაძლებლობა, მათმა უმეტესობამ აღმოსავლეთში ლათინური უბრალოდ არ იცოდა, ამიტომაც მისი არასწორი შეხედულებები არ იქნა შესწავლილი და დაგმობილი აღმოსავლეთში. ამ გარემოებამ კი განაპირობა ის, რომ მოგვიანებით ავგუსტინეს ნაშრომებმა ძლიერი ზეგავლენა მოახდინა დასავლურ აზროვნებასა და თეოლოგიაზე. დადგა დრო, როდესაც დასავლეთში აღარავინ იცოდა ბერძნული და შესაბამისად, დასავლეთი მოაკლდა კაპადოკიელების, ალექსანდრიელებისა და ანტიოქიელების უდიდეს საღვთისმეტყველო სიბრძნეს. ავგუსტინეს წიგნები აღმოჩნდა დასავლეთში გასაგებ ენაზე დაწერილი ერთადერთი ძველი დროის ნაშრომები. შესაბამისად, დასავლეთმა მიიღო ისეთი ქრისტიანული შეხედულებანი, რომლებიც ხშირ შემთხვევაში, უბრალოდ წარმართული იყო. ყოველივე ამის შედეგად დასავლეთი ჰუმანისტურ, წარმართულ აზროვნებაში ჩაიძირა. სინამდვილეში, დაპირისპირება მართლმადიდებლობასა და დასავლურ ქრისტეანობას შორის სხვა არაფერია თუ არა გაგრძელება დაპირისპირებისა ისრაელსა და ელადას შორის. ჩვენ ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, რომ ეკლესიის მამები თავს თვლიდნენ აბრაამის სულიერ შვილებად, რომ ეკლესიას თავი მიაჩნდა ახალ ისრაელად და ღვთის ერად, ხოლო ეკლესიის შვილებს - ნათანაელად ანუ ჭეშმარიტ ისრაიტელებად. და როდესაც აღმოსავლეთის ქრისტეანობა ასეთი ცნობიერებით ცხოვრობდა, დასავლეთი სულ უფრო და უფრო ხდებოდა პირმშო წარმართული, ჰუმანისტური საბერძნეთისა და რომისა. VII რა არის ისრაელისა და წარმართობისა ყველაზე განმასხვავებელი ნიშანი? გთხოვთ ყურადღება მიაპყროთ ამ მნიშვნელოვან საკითხს: განსხვავება მდგომარეობს იმაში, რომ ისრაელს სწამს ღმერთის. წარმართობას სწამს ქმნილებისა (სამყაროსი). სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ქმნილება წარმართობაში გაღმერთებულია. წარმართებისთვის, ღმერთი და ქმნილება ერთი და იგივეა. ღმერთი უპიროვნებოა და განსახიერებულია მრავალი “ღმერთებით”. ხოლო ისრაელი (და როდესაც ვამბობთ ისრაელს, ვგულისხმობთ ჭეშმარიტ ისრაელს, აბრაამის სულიერ შვილებს, მათ რომლებიც ინახავენ სარწმუნოებას მოცემულს ღმერთის მიერ თავისი რჩეული ხალხისადმი, და არა მათ ვინც მიატოვა ეს სარწმუნოება. აბრაამის ჭეშმარიტი შვილები არის ეკლესია ქრისტესი, და არა ის ხორციელი შთამომავლები, ებრაელთა ერი) აღიარებს, რომ ღმერთი და მისი ქმნილება არის ორი სრულიად განსხვავებული რამ. ღმერთი არის თვითმყოფადი, პიროვნული, მარადიული, უკვდავი, სიცოცხლე და წყარო სიცოცხლისა. ის თავად არის არსებობა და წყარო ცხოვრებისა. ის არის ერთადერთი ჭეშმარიტი არსებობა. “მე ვარ, რომელი ვარ” გამ. 3:14, ასე განუცხადა თავი უფალმა მოსეს შეუწველი მაყვლიდან. ის არის ერთადერთი რომელიც ჭეშმარიტად არსებობს. ქმნილებას, ღმერთისგან განსხვავებით, არ გააჩნია თვით-არსებობის უნარი. ის სრულიად დამოკიდებულია ღმერთის ნებაზე. ის არსებობს მხოლოდ იმიტომ რომ ღმერთს სურს რომ ის არსებობდეს. ის არ არის მარადიული. იყო დრო როდესაც ქმნილება არ არსებობდა. ის იყო ნული, ის არაფერი არ იყო. ქმნილებას თავის თავად არ გააჩნია არსებობის ძალა, ის არსებობს ღმერთის ენერგიის წყალობით. თუ ღმერთის ეს სიყვარულით აღსავსე ენერგია ოდესმე შეწყდება, მთელი ქმნილება და ყოველი შექმნილი არსება, გონიერი თუ უგონო, მოაზროვნე თუ აზროვნებას მოკლებული გაქრება არარსებობაში. მაგრამ ჩვენ ვიცით რომ ღმერთის სიყვარული მისი ქმნილებისადმი უსასრულოა. ჩვენ მისგანვე ვიცით, რომ ის არასდროს დაუშვებს რომ ჩვენ ჩავვარდეთ იმ არარსებობაში, რომლიდანაც მოგვიყვანა მან არსებობაში. ეს არის ჩვენი სასოება და ჩვენ ვიცით რომ ღმერთი ყოველთვის ერთგულია თავის დაპირებებში. ჩვენ შექმნილი არსებები, ანგელოზები და ადამიანები, ვცხოვრობთ მარადიულად არა იმიტომ რომ ჩვენში არსებობს მარადიულობის რაღაც ძალა არამედ იმიტომ რომ ასეთია ნება ღმრთისა რომელსაც ჩვენ ვუყვარვართ. ჩვენ ბუნებას არ გააჩნია სიცოცხლისა და არსებობის უმნიშვნელო ენერგიაც; ხოლო რაც კი გაგვაჩნია მთლიანად მომდინარეობს ღვთისაგან, ჩვენი საკუთარი აქ არაფერი არ არის. ჩვენ ვართ მიწის ჭუჭყი, და როდესაც ეს ჩვენ დაგვავიწყდა, ღმერთმა თავისი მოწყალებით დაუშვა რომ დავბრუნებულიყავით იქ საიდანაც წარმოვიშვით, რათა ამით გვესწავლა სიმდაბლე და ზუსტად გვცოდნოდა ჩვენი არარაობა (წმ. იოანე დამასკელი). ეკლესიის ეს სწავლება, მის მსახურებებშიც ნათლად ჩანს, სადაც უამრავჯერ ვხვდებით, ღმრთისადმი მიმართულ შემდეგ სიტყვებს “მხოლოო უკვდავო” ან “შენ რომელი მხოლოო ხარ უკვდავი” ან “რომელსა მხოლოსა გაქვს უკვდავება”. ეს არის სარწმუნოება ისრაელისა. ხოლო რა არის წარმართობა? წარმართობა ღმერთთან შეწყვეტილი ურთიერთობის შედეგია. აურაცხელი ცოდვებისა და სისასტიკის, სულმოკლეობისა და სიცრუის გამო ადამიანს აღარ ძალუძს იხილოს ღვთაებრივი ნათელი, ჰქონდეს ურთიერთობა ცოცხალ ღმერთთან. და შესაბამისად მან ის სამყარო გააღმერთა, რომელსაც ყოველდღე ხედავს. წარმართობას მიაჩნია, რომ ქმნილი სამყარო თვითმყოფადი და უკვდავია, რომ იგი ყოველთვის არსებობდა და იარსებებს. წარმართული ღმერთები, ანუ კერპები ამ სამყაროს ნაწილია, მათ თავად არ შეუქმნიათ სამყარო არაფრისგან, მათ მხოლოდ ფორმა მისცეს უკვე არსებულ მატერიას. მატერია სხვადასხვა ფორმებს ღებულობს, რომლებიც იქმნება და ქრება, მაგრამ თავად მატერია მარადიულია. ადამიანთა სულები, დემონები - აი ნამდვილი ღმერთები წარმართობაში, ისინი თავისთავად უკვდავნი არიან, როგორც მატერია. მაშასადამე წარმართობა ქმნილებას მიაწერს ღვთაებრივ თვისებებს, როგორიცაა: მარადიულობა, თვითმყოფობა. ანუ ღმერთი არის ადამიანი, რადგან ის სულიერი არსებაა და მარადიულია თავისი ბუნებით, იგი თვით მატერიასაც აღემატება. ამიტომაა ასეთი ამპარტავნებითა და ნარცისიზმით გამსჭვალული წარმართული ცივილიზაცია, მისი ფილოსოფია და კულტურა. წარმართული რელიგია საკუთარი თავის თაყვანისცემაა აქ ღმერთებს ადამიანური თვისებები აქვთ, ყველა თავისი მანკიერებით. ელინისტური რელიგია ადამიანის თაყვანისცემაა, რომლის მრწამსია ის, რომ კაცობრიობას არ სჭირდება პიროვნული ღმერთი, რადგან თავად ადამიანები არიან ღმერთები. ძველ საბერძნეთში წარმოუდგენელია თავმდაბლობის, როგორც სათნოების აღქმა. “წყენაზე პასუხის არ გაცემა არის მდაბიო და უღირსი ადამიანის, მონის საქციელი” - ამბობს არისტოტელე. ადამიანი, რომელიც დემონმა დაარწმუნა, იმაში რომ მისი სული თავისი ბუნებით უკვდავია, ვერასოდეს შეძლებს იყოს თავმდაბალი, ვერ შეძლებს იწამოს ღმერთი, რადგან ის სრულიად არ სჭირდება, ის ხომ თავის წარმოდგენაში თავად არის ღმერთი. მოციქულთა უშუალო მოწაფეები, პირველი საუკუნეების ეკლესიის მამები, რომელთაც ჰქონდათ უშუალო შეხება წარმართულ მსოფლმხედველობასთან, ესმოდათ, რა ამ უგუნური შეცდომის საშიშროება, ოდითგანვე აფრთხილებნენ ქრისტიანებს: “სწავლება, თითქოს ადამიანის სული თავისი ბუნებით უკვდავია არის დემონის სიცრუე” (წმ. ირინეოს ლიონელი, “სამოციქულო ქადაგების მტკიცებულება”, III, 20. 1). იგივე გაფრთხილებას ვხვდებით წმ. იუსტინე მარტვილთან (“დიალოგი ტრიფონთან” 6. 1-2), თეოფილე ანტიოქიელთან (“ავტოლიკესადმი”, 2. 97), ტატიანესთან, (“წარმართთა მიმართ”, 13) და ა. შ. “ცდება ის, ვისაც ჰგონია, რომ ადამიანის სული უკვდავია თავისთავად და რადგან იგი არამატერიალურია ამიტომ არ დაისჯება ჩადენილი ცოდვების გამო. გამომდინარე იქიდან, რომ ის, რაც არამატერიალურია იმავდროულად უგრძნობელიცაა, და შესაბამისად ადამიანის სული აღარაფერს საჭიროებს ღმერთისგან” (წმ. იუსტინე ფილოსოფოსი, “დიალოგი ტრიფონთან”, 1). წარმართობა ჭეშმარიტი ღმერთის უგულებელსყოფაა. ის ამბობს, რომ შექმნილი სამყარო თავადაა ღმერთი, მაგრამ ეს “ღმერთი”, ანუ ბუნება- უპიროვნო, ბრმა ძალაა, რომელიც თვითოეულ წარმართულ ღმერთზე მაღლა დგას და მას საჭიროება, ბერძნულად “ანანგი” ჰქვია. სინამდვილეში ეს ყოვლადძლიერი საჭიროება არის ადამიანური ფანტაზიის ნაყოფი, მათემატიკური საჭიროება, რომელიც საოცარი სიზუსტით მართავს სამყაროს. აი, ეს არის რაციონალიზმის ბატონობა ბუნებაზე. ეს რაციონალური საჭიროება არის კიდევაც წარმართული სამყაროს ნამდვილი უზენაესი, მაგრამ ბრმა ღმერთი. სხვა წარმართული ღმერთები ამ სამყაროს შემადგენელი ნაწილები არიან და უკვდავნი არიან, რადგან უკვდავია თავად ბუნება, რომელიც მათ არსს შეადგენს. ამდაგვარ წარმართულ აზროვნებაში ადამიანს სჯერა, რომ მისი სული თავისთავად, შემოქმედი ღმერთისგან დამოუკიდებლად არის უკვდავი, რადგან ის ნაწილია სამყაროს არსისა, რომელიც წარმართობაში უკვდავად და თვითარსად ითვლება. ასე, რომ ადამიანი თავადაა ღმერთი და ყველაფრის საზომი. მაგრამ ყველაზე უცნაური აქ ის არის, რომ თავად ღმერთებიც არ არიან თავისუფალნი, მათ რაღაც აუცილებელი, გარდაუვალი საჭიროება მართავს; უპიროვნო, ბრმა საჭიროება! VIII სწორედ ეს წარმართული მოსაზრება შეერია ქრისტიანულ სწავლებას სხვადასხვა მწვალებლობათა მეშვეობით. ასე მაგალითად დასავლეთში დაიწყეს ზღვარის გავლება სულსა და მატერიას შორის. ჩათვალეს რა სული თავისთავად უკვდავად, გადაწყვიტეს, რომ ადამიანის არსებობა სიკვდილის შემდეგ არის არა “ძილი ხელთა ღვთისათა”, არამედ სრულფასოვანი არსებობა ადამიანისა, რომელსაც მკვდრეთით აღდგომა ვეღარაფერს შეჰმატებს და ამიტომაც საჭიროება აღდგომის აუცილებლობისა საეჭვო გახდა. შესაბამისად, ქრისტეს აღდგომის დღესასწაული მეორე პლანზე გადადის, რამეთუ მისი მნიშვნელობა დასავლეთში გაუგებარი ხდება ისევე, როგორც გაუგებარი და მიუღებელი იყო პავლე მოციქულის ქადაგება ათინელთათვის ქრისტეს აღდგომის შესახებ. მაგრამ წარმართული აზროვნების ზეგავლენა, ყველაზე უფრო, ადამიანისა და ღმერთის ურთიერთობის შესახებ სწავლებას დაეტყო. დასავლეთში რელიგიურმა მოაზროვნეებმა დაიწყეს მსჯელობა, იმის შესახებ, რომ თითქოს ღმერთი ექვემდებარება რაღაც საჭიროებას, რაციონალურ საჭიროებას. ამ საჭიროების კონტექსტში, სავსებით ლოგიკური ხდება იურიდიული კონცეფცია ღმერთის სამართლიანობის შესახებ. კერძოდ ის, რომ ღმერთს საჭიროებამ აიძულა დაესაჯა ადამიანი ურჩობისთვის. მან ვერ შეძლო პატიება რადგან ზემდგომი საჭიროება შურისძიებას მოითხოვდა. სიკეთითა და სიყვარულით აღსავსე ღმერთი ვერ გამოხატავს ამ თვისებებს, რადგან იძულებულია რომის სამართლის მიხედვით აღასრულოს მართლმსაჯულება და საკუთარი თავის, სიყვარულის წინააღმდეგ მიდის. ერთადერთი რაც მას შეუძლია ადამიანებისთვის გააკეთოს, არის ის, რომ დასაჯოს სიკვდილით საკუთარე ძე ადამიანთა მაგივრად, და ამით ეს იურიდიულად აუცილებელი საჭიროება დააკმაყოფილოს. თავად ღმერთს არ ძალუძს უშუალოდ შევიდეს კონტაქტში ისეთ მდაბიო არსებასთან, როგორიც ადამიანია. ამ თემაზე კამათი ჯერ კიდევ ავგუსტინეს დროს დაიწყო, რომელიც წერდა, რომ მოსეს ღმერთი კი არა, ანგელოზი ელაპარაკებოდაო. ღმერთისა და ადამიანის ურთიერთობის შესახებ სრულიად საწინააღმდეგო სწავლება იყო აღმოსავლეთში, ამის დასტურია კაპადოკიელი მამების საღვთისმეტყველო ნაშრომები, თუნდაც წმ. გრიგოლ ნოსელის “მოსეს ცხოვრება” და სხვა. IX ასეთი ტრიუმფალური გამარჯვებები მოიპოვა წარმართულმა აზროვნებამ სხვადასხვა მიმართულებით. და აი, ორიგენეც, როგორც ჭეშმარიტი ელინისტი მიდის იგივე დასკვნამდე: ღმერთი საჭიროების გამო გვევლინება, როგორც მსაჯული. ის იძულებულია დასაჯოს, შური იძიოს, გააგზავნოს ადამიანები ჯოჯოხეთში, რომელიც ამ მიზეზით მანვე შექმნა, რომ ჯოჯოხეთი არის სასჯელი, რომელსაც მოითხოვს სამართლიანობა. ხოლო ეს სამართლიანობა არის მოთხოვნა იმ აუცილებელი საჭიროებისა, რომელსაც ვალდებულია დაემორჩილოს ღმერთი. არსებობს უზენაესი ძალა, საჭიროება, რომელიც არ აძლევს ღმერთს უფლებას უპირობოდ უყვარდეს ადამიანი. მაგრამ ორიგენე ქრისტიანი იყო, მან კარგად იცოდა, რომ ღმერთი სავსეა სიყვარულით. მაშ, როგორღა შეიძლება იმ აზრის შეგუება, რომ მოსიყვარულე ღმერთი მარადიულად სჯის ადამიანებს ჯოჯოხეთში? თუ ღმერთი არის შემქმნელი ჯოჯოხეთისა, მაშინ ჯოჯოხეთის ტანჯვას უსათუოდ ექნება დასასრული, წინააღმდეგ შემთხვევაში ღმერთი არ ყოფილა კეთილი და მოსიყვარულე. ეს იურიდიული წარმოდგენა ღმერთის შესახებ, როგორც მასზე ზემდგომი ძალის ინსტრუმენტისა, საჭიროების ხელში, თავის ლოგიკურ გამოსავალს პოულობს სწავლებაში აპოკატასტისის შესახებ, ანუ მოსაზრებაში, რომ ჯოჯოხეთი განადგურდება და ყველა პირვანდელ მდგომარეობას დაუბრუნდება. წინააღმდეგ შემთხვევაში კი უნდა ვაღიაროთ, რომ ღმერთი სასტიკია. წარმართულ-ელინისტური აზროვნება ვერანაირად ვერ ჩასწვდა იმ აზრს, რომ ღმერთი არ არის ჯოჯოხეთის არსებობის მიზეზი, არამედ მის მიერ შექმნილი გონიერი არსებები, ადამიანები არიან მისი არსებობის მიზეზნი. ასევე ვერ მიიღო მან სწავლება ადამიანის, როგორც თავისუფალი არსების შესახებ, რადგან თუ ღმერთი თავად არ არის თავისუფალი, დამოკიდებულია გარკვეულ საჭიროებებზე, მაშინ რანაირად შეეძლო მას თავისუფლება ებოძებინა თავისი ქმნილებისთვის, რადგანაც თავისუფლება ღმერთს ამსგავსებს თავისუფალ ქმნილებებს. წარმართებისთვის წარმოუდგენელი იყო, როგორ შეეძლო ქმნილებას ეთქვა - “არა” ყოვლისშემძლე ღმერთისთვის. თუ ღმერთი მართლაც ყოვლისშემძლეა, მის ქმნილებას არ შეუძლია წინ აღუდგეს მის ნებას. შესაბამისად თუკი ღმერთმა ადამიანებს თავისი მადლი, საღმრთო ენერგიები უბოძა, ადამიანებს არ შეუძლიათ მასზე უარის თქმა. წინააღმდეგ შემთხვევაში ღმერთი არ არის ყოვლისშემძლე. თუკი დაუშვებთ, რომ ღმერთი ყოვლისშემძლეა, მაშინ მისი მადლიც შეუქცევადი უნდა იყოს და ადამიანებს არ უნდა შეეძლოთ უარი თქვან მასზე. ის ადამიანები კი რომელთაც არა აქვთ იგი, არა აქვთ იმიტომ, რომ ღმერთმა არ მისცათ მათ. ხოლო მადლის დაკარგვა ანუ ჯოჯოხეთი, მარადიული სიკვდილი მთლიანად ღმერთზეა დამოკიდებული. ეს ღმერთი სჯის ადამიანებს, რომელიც მათ მადლის გარეშე ტოვებს. ამრიგად ღმერთია დასჯილთა მარადიული სიკვდილის მიზეზი. სასჯელი კი ღმერთის მოქმედების, მისი მართლმსაჯულების შედეგია. საბოლოო ჯამში ორიგენე თვლიდა, რომ იმისათვის, რათა ქრისტიანები დავრჩეთ, რომ გვწამდეს ღმერთის სახიერება, უნდა ვირწმუნოთ ჯოჯოხეთის, როგორც დროებითი დისციპლინარული სასჯელის შესახებ. რომ ის დასრულდება, მიუხედავად იმისა, რომ საღმრთო წერილი საპირისპიროს ამბობს ამის შესახებ. ასეთია ერთადერთი ლოგიკური გამოსავალი წარმართული ზეგავლენის მქონე აზროვნებიდან: რადგანაც ღმერთია ჯოჯოხეთის მიზეზი, ჯოჯოხეთი უნდა გაქრეს, სხვაგვარად ღმერთი ბოროტი გამოდის. X ორიგენეს და სხვა თეოლოგ-რაციონალისტებს არ შეეძლოთ იმის გაგება, რომ ღვთის მადლის მიღება თუ უარყოფა, მთლიანად გონიერ ქმნილებებზეა დამოკიდებული; რომ ღმერთი, როგორც მზე, ერთნაირად მოჰფენს ნათელს კეთილთაც და ბოროტთაც, ხოლო მის გონიერ ქმნილებებს აქვთ მინიჭებული თავისუფლება, რომ მიიღონ ან უარყონ მისი მადლი და წყალობა, და რომ ღმერთი თავისი სიყვარულიდან გამომდინარე არ აიძულებს ადამიანებს, რომ საკუთარი ნების საწინააღმდეგოდ მიიღონ იგი.  პირიქით, ღმერთი პატივს სცემს მათ არჩევანს. ის არ აკლებს, ამ არჩევანის გამო, თავის სიყვარულსა და წყალობას, მაგრამ თავად ადამიანთა დამოკიდებულება ღვთის უშრეტი მადლისა და სიყვარულის მიმართ განსაზღვრავს სწორედ სხვაობას სამოთხესა და ჯოჯოხეთს შორის. ვისაც ღმერთი უყვარს განიხარებს მასთან ყოფნით, ვისაც არც ღმერთი უყვარს და არც ადამიანი, უკიდურესად უბედურია, რადგან იძულებულია იმის თანდასწრებით იცხოვროს მარადისობაში ვინც სძულს და ვისაც ვერსად დაემალება, რამეთუ ღმერთი ყველგან მყოფობს. სამოთხე თუ ჯოჯოხეთი? - ეს იმაზეა დამოკიდებული, თუ როგორ მივიღებთ, როგორ დავხვდებით ღმერთის სიყვარულს; სიყვარულითვე უპასუხებთ მას თუ სიძულვილით. სწორედ ეს არის ის კრიტიკული და განმსაზღვრელი სხვაობა და არჩევანიც მთლიანად ჩვენს თავისუფლებაზეა დამოკიდებული. ამ არჩევანს არ განსაზღვრავს არც მატერიალური და არც ფსიქოლოგიური ფაქტორები, უფრო მეტიც თვით ზნეობრივი მდგომარეობა ანუ ცოდვათა რაოდენობაც არ არის ამ შემთხვევაში გადამწყვეტი. მთავარია ჩვენი გულის განწყობა ანუ როგორ ვუყურებთ ამ ცოდვებს (როგორც ეს მეზვერისა და ფარისევლის იგავში ანდა ორი ჯვარცმული ავაზაკის შემთხვევაშია აღწერილი). ეს არჩევანი, ეს თავისუფლება, ეს შინაგანი დამოკიდებულება ჩვენი შემოქმედისადმი არის სწორედ დაფარული ბირთვი ჩვენი მარადიული პიროვნებისა, ჩვენი მთავარი და ყველაზე სიღრმისეული თვისება. ეს არის ის რაც ჩვენს შინაგან პორტრეტს ქმნის მარადისობაში  - ნათელს ან ბნელს, მოსიყვარულეს თუ მოძულეს. არა, ძმებო! ჩვენდა სავალალოდ, სამოთხე ან ჯოჯოხეთი ღმერთზე არ არის დამოკიდებული. ეს რომ ღმერთზე იყოს დამოკიდებული, მაშინ არც აღარაფერი გვექნებოდა სანერვიულო, რადგან როგორღა შეგვეშინდებოდა იმისი, ვინც თავად არის სიყვარული? ეს ღმერთზე კი არა, ჩვენზეა დამოკიდებული და სწორედ ამაშია მთელი ჩვენი ტრაგედია. ღმერთის სურვილია, რომ მისი გონიერი ქმნილება, რომელიც თავის ხატად და მსგავსად შექმნა, მარადიულად თავისუფალი იყოს. ის პატივს სცემს ჩვენ თავისუფლებას და სწორედ ესაა მისი სიყვარულის გამოვლინება ჩვენდამი, რადგან არ არსებობს სიყვარული პატივისცემის გარეშე. და ჩვენ ყოველთვის თავისუფალნი ვიქნებით, ანუ ისეთები, როგორც თავად გადავწყვიტავთ და ამაოდ ვაბრალებთ ჩვენს პრობლემებს ღმერთს. ვიქნებით ისეთები, როგორც მოვისურვებთ  - მეგობრები ან მტრები ღვთისა. “ვინც შემოქმედს აყვედრის, რომ ბუნებით უცოდველები არ შეგვქმნა, ის სხვას არაფერს ამბობს ამით, გარდა იმისა, რომ უგუნური ქმნილება გონიერს ჯობიაო” (წმ. ბასილი დიდი. “Творения”. Т. II. стр 156). მრავალი ცვლილება ხდება ადამიანში მთელი ცხოვრების მანძილზე, მის ხასიათში, შეხედულებებში, განწყობებში, მაგრამ ეს ცვლილებები დროებითია. მხოლოდ ჩვენი სიღრმისეული არსი, ჩვენი შინაგანი პორტრეტია მარადიული. ამიტომაა, რომ სამოთხეც და ჯოჯოხეთიც მარადიულია და არასოდეს შეიცვლება ან დაირღვევა, ისევე როგორც არ შეიცვლება გარდაცვალების მომენტისთვის საბოლოოდ ჩამოყალიბებული ჩვენი სიღრმისეული არსი. ყველაფერი გაქრება სიკვდილის შემდეგ, მხოლოდ ჩვენი ნამდვილი სახე დარჩება ჩვენთან ერთად, როდესაც საფლავში მივიძინებთ, და ის იქნება ჩვენი ჭეშმარიტი პორტრეტი საყოველთაო მკვდრეთით აღდგომის ჟამს! ის მარადიულია! XI წმ. იოანე კიბისაღმწერელი წერს: “ჩვენს დაცემამდე, დემონები გვარწმუნებენ, რომ ღმერთი ადამიანთა გულმოწყალე მეგობარია; მაგრამ როდესაც ვცოდავთ, ამის შემდეგ გვეუბნებიან, რომ ღმერთი დაუნდობელია და არ გვაპატიებს”. აი, მზაკვრული ტყუილი ბოროტი ძალისა, რომელიც ყველანაირად ცდილობს დაგვაჯეროს, რომ ჩვენი გასაჭირის სათავე ღმერთის გუნება-განწყობაა, რომელიც ან დაგვსჯის ან შეგვინდობს. დემონის სურვილია, ჯერ ცოდვა ჩაგვადენინოს, შემდეგ კი სასოწარკვეთილებს, ყოველგვარი იმედი დაგვაკარგინოს მანკიერებიდან განთავისუფლებისა. ამიტომაც იგი ხან ულმობელად წარმოგვიდგენს ღმერთს, ხან კი ყველაფრის მპატიებლად. თვით ქრისტიანების უმრავლესობაც ამ ხაფანგშია გაბმული, ისინი ღმერთს აკისრებენ მთელ პასუხისმგებლობას ყველა ჩვენი პრობლემებისთვის. არადა ცოდვაა ის კედელი, რომელიც მსწრაფლ აღიმართება ადამიანსა და ღმერთს შორის, ის ამსხვრევს ჩვენს სულიერ მთლიანობას. ცოდვის გზა არის გეზი, რომელიც ღმერთს გვაშორებს, ის გვაბრმავებს სულიერად და გვართმევს უნარს, რომ ვიხილოთ ღვთაებრივი ნათელი. ხიფათი ღმერთისგან კი არა თავად ჩვენგან მოდის და ჩვენივე დეგრადაციას იწვევს. XII მაგრამ წმ. წერილი განა თავად არ საუბრობს ღვთის რისხვაზე? განა არ ვკითხულობთ ბიბლიაში, რომ იგი დაგვსჯის ან შეგვიწყალებს? ამაზე თავად საღვთო წერილი გვპასუხობს: “არა ესენი გიყვნაა შენ დატევებამან ჩემმან?... გასწავლენ შენ განდგომილებამან  შენმან და  უკეთურებამან  შენმან გამხილენ შენ, და სცან და იხილე, ვითარმედ  მწარე არს  შენდა დატევებაჲ ჩემი - იტყვის უფალი” (იერემია 2:17-19). საღმრთო წერილი იმ ენაზეა დაწერილი, რომელიც ჩვენთვისაა გასაგები. დაცემული კაცობრიობა კი მას პირდაპირ გებულობს. წმ. გრიგოლ ღვთისმეტყველი გვასწავლის, რომ: “გამომდინარე ჩვენი აღქმიდან, ღვთაებრივსაც ჩვენ ვარქმევთ სახელებს, რომლებსაც თავად ჩვენი გონებით ვიგონებთ” (სიტყვა 31).  “საღმთო წერილი ხშირად იყენებს განსაზღვრებებს, რომლებიც არაპირდაპირი მნიშვნელობით უნდა გავიგოთ. ამას მხოლოდ გონიერნი სწვდებიან (წმ. ისააკ ასური, სიტყვა 4). “როდესაც ღმერთს რაიმე უხეშს, ხორციელს მიაწერენ ეს სიმბოლურადაა (სახისმეტყველებით) ნათქვამი.  ყველაფერი, რაც ღმერთზე ჩვეულებრივადაა ნათქვამი, თავის თავში დაფარულ აზრს გულისხმობს, და ჩვენთვის გასაგები ენით გვასწავლის იმას, რაც ამაღლებულია ჩვენზე” (წმ. იოანე დამასკელი “ზუსტი გარდამოცემა მართლმადიდებელი სარწმუნოებისა”. წიგნი 1. ნაწილი 11. “რაოდენიცა ღმრთისთვის ხორციელად ითქუმიან”.). XIII რაც, შეეხება იმ განსაცდელს და მწუხარებას, რომელსაც ღმერთი ადამიანებზე უშვებს და რომელსაც ხანდახან სასჯელის სახეც აქვს ხოლმე, მათი მიზანი მხოლოდ გამოსწორებაა კაცთა მიერ დაშვებული ზნეობრივი შეცდომებისა, მათი დანიშნულება ადამიანის გამოფხიზლება და სიკეთისკენ მობრუნებაა. ეგება რაღაც ამ სიცოცხლეშივე გამოასწოროს ადამიანმა, თორემ საყოველთაო მკვდრეთით აღდგომის შემდეგ აღარაფერი შეიცვლება ჩვენს მარადიულ პიროვნებაში. მარადისობა და უხრწნელობა უცვალებელნი არიან. მიმართულება, რომელიც კაცმა ამქვეყნად აირჩია უსასრულოდ გაგრძელდება ყოველგვარი ვექტორის შეცვლის გარეშე. “და იქნება ახალი ცა და ახალი ქვეყანა” (აპოკალიფსი) და ამ ახალ კოსმოსში აღარ იქნება არანაირი ცვლილება. ღვთის შეგონებას თითქოს სასჯელის სახე აქვს ამ ცხოვრებაში, მაგრამ თუ ჩვენ ჯოჯოხეთს ღვთის მარადიულ სასჯელად წარმოვიდგენთ, მაშინ ისიც უნდა ვაღიაროთ, რომ ღმერთი უსასრულოდ დაუნდობელი და ბოროტი არსება ყოფილა. ამ საკითხს ეხება წმ. ისააკ ასური: “ის, ვინც გამოსწორებისა და გაჯანსაღების მიზნით შეაგონებს, ამას სიყვარულით აკეთებს; ის კი ვინც შურისგებას ესწრაფის, მასში არ არის სიყვარული. ღმერთი მხოლოდ სიყვარულით შეაგონებს და არა სამაგიეროს გადახდისთვის (ნუ იყოფინ ესე); პირიქით, მისი მიზანი ადამიანის, ღვთის მსგავსი არსების განკურნებაა, და ამიტომაც წყენას კი არ ინახავს და იმახსოვრებს, რათა მარადისობაში იძიოს შური, არამედ მსწრაფლ მოუვლენს აქვე განსაცდელს, საკურნებელად და დაცემისგან აღსადგენად. სიყვარულის ეს მეთოდი არის სწორედ საღმრთო სამართლიანობის გამოვლინება, რამეთუ არასოდეს გადაიხრება შურისძიების ვნებისკენ. ღმერთს ემსგავსება ყველა ის მართალი და ბრძენი აღმზრდელი, ვინც დანაშაულის ჩადენის გამო კი არ იძიებს შურს, თავისი სასჯელით, არამედ მოწაფის გამოსწორებისა და სხვათა დაფიქრებისთვის” (სიტყვა 85). ამრიგად, ნათელია, რომ ღმერთი სჯის მანამდე, სანამ არსებობს გამოსწორების იმედი. საყოველთაო მკვდრეთით აღდგომის შემდეგ არ შეიძლება იყოს რაიმე საუბარი ღვთის სასჯელის შესახებ. ჯოჯოხეთი ღმერთის სასჯელი კი არა ადამიანის თვითდასჯაა. “ღმერთი კი არ არის ჯოჯოხეთის ტანჯვათა მიზეზი, არამედ თავად ჩვენ ვშობთ მას ჩვენში” (წმ. ბასილი დიდი). XIV შესაძლოა არ დაგვეთანხმონ და მრავალი ციტატა მოიყვანონ საღმრთო წერილიდან და წმ. მამებიდან, სადაც ღმერთზე საუბარია, როგორც უმაღლეს მსაჯულზე, რომელიც საშინელ სამსჯავროზე დააჯილდოვებს მათ, ვინც მისი მორჩილი იყო და დასჯის იმათ, ვინც ეურჩებოდა. როგორ უნდა გავიგოთ ეს სამსჯავრო, თუკი ღვთის სიტყვა არა ადამიანური, არამედ ღვთაებრივი მნიშვნელობით არის ჩასაწვდომი? ღმერთი ჭეშმარიტებაა და ნათელი. და ღვთის სამსჯავრო სხვა არაფერია, თუ არა ჩვენი შეხება ნათელთან და ჭეშმარიტებასთან. საყოველთაო სამსჯავროს დღეს ყველანი განშიშვლებულნი წარვსდგებით ამ ყოვლისგანმსჭვალავი ნათელის წინაშე. “წიგნები” გადაიშლება. რა “წიგნები”? - ჩვენი გულები! ჩვენი გულები გადაიშლება ამ ყველგანშეღწევადი სინათლის მიერ, და ყველაფერი მათში დამალულ-დამარხული გამოაშკარავდება. თუკი გულში ღვთის სიყვარული იყო, ეს გული განიხარებს საღმრთო ნათელის ხილვისას. ხოლო, თუ პირიქით მასში ღვთის სიძულვილი იყო, მაშინ ასეთი ადამიანი ბუნებრივია დაიტანჯება, შეეხება რა თავისი გადახსნილი გულით ჭეშმარიტების გამჭოლ ნათელს, რომელსაც ის მთელი ცხოვრება უგულებელყოფდა და ზურგს აქცევდა. როგორი იქნება მარადიული ხვედრი ამა თუ იმ ადამიანისა, ღმერთის გადაწყვეტილებაზე კი არ იქნება დამოკიდებული, არამედ იმაზე, თუ ვისი გული რითი იყო აღსავსე. რასაც მთელი ცხოვრება გულით ვატარებდით, სრულიად გამჭვირვალე იქნება სამსჯავროს დღეს. და თუკი მაინც ჯილდოს ან სასჯელს დავარქმევთ ამას, - ისინი ღვთისგან კი არა, არმედ სიყვარულისგან ანდა სიძულვილისგან იშვებიან, რომლებიც ბატონობდნენ ჩვენს გულებში. სიყვარულს ნეტარება ეგების, სიძულვილს - სასოწარკვეთა, მწუხარება, ურვა, ტკივილი, გაბოროტება, შეშფოთება, დაბნეულობა, სიბნელე და სხვა შინაგანი განცდები, რომლებიც შეადგენენ კიდევაც ჯოჯოხეთს. სინათლე ჭეშმარიტებისა, ძალა ღვთისა, მადლი მისი, რომლებიც გარდამოვლენ სამსჯავროს დღეს ადამიანებზე, ყველასათვის ერთნაირი იქნებიან, არ იქნება არანაირი სხვაობა. სხვაობა თავად ამ მადლის მიმღებთა გულებში იქნება. მზე ერთნაირად ანათებს ჯანმრთელი და სნეული თვალებისთვის. ჯანმრთელ თვალებს უხარიათ სინათლე და ამიტომაც მკაფიოდ ხედავენ მათ ირგვლივ არსებულ სილამაზეს. სნეული თვალები კი ამ დროს ტკივილს განიცდიან, იტანჯებიან და ცდილობენ დაემალონ იმავე სინათლეს, რომელსაც ესოდენი ბედნიერება მოაქვს იმათთვის, ვისაც ჯანსაღი თვალები აქვს. მაგრამ ვაი, რომ ამ დიდ დღეს შეუძლებელი იქნება ღვთის ნათელისგან დამალვა! ეს მხოლოდ ამქვეყნიური ცხოვრების დროს იყო შესაძლებელი. საყოველთაო მკვდრეთით აღდგომის ჟამს, ახალი ქმნილების  - ახალი ცისა და ქვეყანის, ახალი ადამიანის გამოჩინების ჟამს, ღმერთი ყველგან და ყველაფერში იქნება და თავისი სიყვარულითა და სინათლით ყველაფერს მოიცავს.  ღვთის სიყვარული ყოველივეს დაფარავს ღვთაებრივი ცეცხლით, რომელიც ვითარცა მდინარე გადმოედინება საღმრთო საკურთხეველიდან და მთელს სასუფეველს მორწყავს. მაგრამ ეს სიყვარულის მდინარე, მათთვის ვისაც გული ღვთისა და ადამიანის სიძულვილით ჰქონდა აღსავსე, შემწველი და მტანჯველი იქნება. “რამეთუ ღმერთი ჩვენი ცეცხლ განმლეველ არს” (ებრ. 12, 29). ცეცხლი, რომელიც განწმენდს ოქროს და კეთილშობილი მეტალები მასში გამოწვით, ვითარცა მზე ბრწყინავენ, დარჩენილი წიდა კი შავი კვამლით ბოლავს. და ყველაფერი ეს, ერთ, - სიყვარულის ცეცხლში ხდება. მასში ზოგნი ბრწყინავენ ვითარცა მნათობნი, ზოგნი კი თიხასავით გამოიწვებიან და ქვავდებიან მხოლოდ. სხვაობის მიზეზი კი თავად ადამიანშია და არა ღმერთში. ის ჩვენი თავისუფალი არჩევანითაა განპირობებული, რომელსაც ღმერ-თი პატივს სცემს. ღვთის სასჯავრო კი ადამიანის ჭეშმარიტი არსის გამოაშკარავება და გამომზეურებაა! XV წმ. მაკარი ეგვიპტელი წერს: “ისევე, როგორც სიბნელისა და ცოდვის მეუფებაა დამალული სულში საყოველთაო მკვდრეთით აღდგომის დღემდე, როდესაც ცოდვილთა სხე-ულები ასევე იმ სიბნელით შეიმოსება, რომელიც ახლა სულის სიღრმეშია დაფარული, ასევე მეუფება სინათლისა, ქრისტე, რომელიც ეხლა საიდუმლოდ განანათლებს სულს და სუფევს წმინდანთა გულებში, თუმცა დამალულია კაცთა თვალთაგან მკვდრეთით აღდგომის დღემდე; სხეულებსაც შემოსავს და გააბრწყინებს საუფლო ნათლით, რომელიც ჯერ კიდევ მისი ამქვეყნიური ცხოვ-რებიდან მოყოლებული დაფარული იყო ადამიანის სულში. ასე, რომ სხეულიც იმეფებს სულთან ერთად, რომელიც უკვე აღდგომამდე განისვენებს და მარადიული სინათლითაა გასხივოსნებული ცათა სასუფეველში” (ჰომილია 2). ღირსი სვიმეონ ახალი ღვთისმეტყველი კი გვასწავლის, რომ მარადისობაში ის კი არ ჩაეთვლება დამსახურებად ადამიანს, რასაც ამქვეყნად იქმოდა, არამედ ის თუ, რამდენად მიემსგავსა მისი პიროვნება უფალსა ჩვენსა იესო ქრისტეს. “მომავალ ცხოვრებაში ქრისტიანი იმის მიხედვით კი არ განიცდება, თუ რამდენად განეშორა ამ სოფელს ან დაარიგა თუ არა თავისი ქონება, იცავდა თუ არა მარხვას, რამდენ ხანს ილოცვიდა თუ მღვიძარებდა, ანდა რამდენ სიკეთეს აკეთებდა; არამედ იმის მიხედვით, თუ როგორია მისი მსგავსება ქრისტესთან. როგორც შვილს ადარებენ მამას, ასევე ჩვენც, წარვსდგებით რა ქრისტეს წინაშე, თავადვე წარმოვაჩენთ ჩვენს მომავალს მისი მსგავსებით თუ არამსგავსებით” (წმ. სვიმეონ ახალი ღვთისმეტყველი. სიტყვა 2). XVI “ღვთაებრივი სიკეთე ყველას თანაბრად მიენიჭება, მაგრამ საღმრთო ცეცხლის ანუ ღვთის სიტყვის მიღებისას ზოგნი სანთელივით დარბილდებიან, ზოგნი კი ვითარცა თიხა, ცეცხლის შეხებისთანავე ქვავდებიან. თუ არ გვინდა ამ ცეცხლის ანუ ჭეშმარიტების მიღება, უფალი არ გვაიძულებს, არამედ მზესავით გვიგზავნის თავის სხივებს და მთელ სამყაროს ანათებს, და ის, ვისაც ამ სინათლის დანახვა სურს ხედავს კიდეც მას. ღმერთმა თავისი უქმნელი ნათლის დასანახად სულიერი თვალნი ანუ რწმენა მოგვმადლა. და ისინი, ვისაც სარწმუნოებით განათლება სურს და მოუკლებლად იღწვის ამ ასპარეზზე, ღმერთიც მეტ ცოდნას, ძალასა და მოშურნეობას აძლევს” (წმ. პეტრე დამასკელი “ფილოკალია”. ტ. 3). XVII საშინელი სამსჯავროს ხატზე ჩვენ ვხედავთ საყდარზე მჯდომარე უფალს, იესო ქრისტეს. მის მარჯვნივ მისი მეგობრები არიან, ნეტარი მამები და დედები, რომლებმაც მისი სიყვარულით იცხოვრეს. მარცხნივ ისინი დგანან, ვინც მთელი ცხოვრება მის სიძულვილში გალია, თუმცაღა გარეგნულად ღვთისმოშიში და სათნო იერი ჰქონდა. და იქვე, ამ ორ სამყოფელს შორის ვხედავთ ქრისტეს საყდრიდან გამომავალ ცეცხლის ნაკადს, რომელიც თითქოს ჩვენსკენ მოდის და გვიახლოვდება. რა ცეცხლის მდინარეა ეს? წამების იარაღია თუ შურისმაძიებლის რისხვაა ჩვენს თავზე მომავალი, რომელიც ღვთისგან მოედინება და მისი მტრების დასასჯელადაა მოვლენილი? არა, არაფერი მსგავსი. ეს ის მდინარეა, რომელიც ედემიდან გამოდიოდა და მთელ სამოთხეს რწყავდა. ეს ღვთის მადლის მდინარეა, რომელიც მის მეგობრებს, წმინდანებს განანათლებს დასაბამიდან სოფლისა. ერთი სიტყვით, ეს ღვთის სიყვარულის გარდამოღვრაა მის ქმნილებაზე. სიყვარული ცეცხლია. ეს იმან იცის, ვისაც უყვარს. ღმერთი სიყვარულია და იმავდროულად ცეცხლია. და ეს ცეცხლი დასწვავს ყველას ვისშიც არ არის ბუნება ცეცხლისა და ბრწყინვალე ნათლით აანთებს ყველა იმას, ვისშიც არის ეს ცეცხლი, თუნდაც მცირეოდენი. “რამეთუ ღმერთი ჩვენი ცეცხლ განმლეველ არს” (ებრ. 12, 29). ღმერთი არაერთხელ ეცხადებოდა მის რჩეულებს ცეცხლის სახით: აბრაამს, მოსეს ცეცხლმოკიდებულ მაყვლოვანში, ისრაელის ერს, როდესაც მას უდაბნოში მიუძღოდა და გზას ცეცხლოვანი სვეტით უნათებდა და მაშინაც, როდესაც ცეცხლი აწვიმა სინას მთის მწვერვალს. იგი ცეცხლოვანი სახით წარსდგა ფერისცვალების დროს თაბორის მთაზე, და თქვა: “ცეცხლისა მოვედ მოფენად ქვეყანასა ზედა”(ლუკა 12, 49), ანუ სიყვარულისა, როგორც წმ. იოანე კიბისაღმწერელი ამბობს:” სიყვარული - წყაროა ცეცხლისა”. რწმენა ასევე ცეცხლია, რომელიც ათბობს კაცის გულს. სული წმიდა მოციქულებზე ცეცხლის ენების სახით გარდამოვიდა. ქრისტე რწმენას ანთებულ სანთელს ადარებს და იოანე ნათლისმცემელიც ამბობს, რომ ქრისტე ნათელს სცემს “სულითა წმიდითა და ცეცხლითა”(მთ. 3, 11) და მისი ორი მოწაფეც იტყვის:”ანუ არა გულნი ჩვენნი განხურვებულ იყვნეს ჩვენ შორის, ვითარ იგი მეტყოდა გზასა ზედა?”(ლკ. 24, 32). ცეცხლის დამახასიათებელი თვისება სიმხურვალეა, ამიტომაც ვსაუბროთ “მხურვალე რწმენაზე”, ანდა “სარწმუნოება განატფობს”. როგორც რწმენის თვისება სიმხურვალეა, ასევე ურწმუნოების აუცილებელი თვისება გაცივებაა. “გინდათ, რომ იცოდეთ, როგორ შეიძლება მორწმუნე და ურწმუნო ადამიანის გარჩევა? თუკი თქვენ გრძნობთ სითბოს, რომელიც მისი მზერიდან, სიტყვებიდან, საქციელიდან გამოსჭვივის,  - დარწმუნებული იყავით, რომ მის გულში რწმენა ღვივის. თუკი თქვენ სიცივეს გრძნობთ, რომელიც ადამიანის შიგნიდან მოდის, ეს ნიშნავს, რომ მას რწმენა არა აქვს, რასაც არ უნდა ამბობდეს. ის შეიძლება მუხლებზე ეცემოდეს, მორჩილად იდრეკდეს თავს, მწყაზარი ხმით წარმოსთქვამდეს ზნეობრივ სწავლებებს, მაგრამ ამ ყველაფრისაგან შესაძლოა ისეთი სიცივე იგრძნოთ, რომ მთლიანად გაიყინოს, რაღაც თქვენს შიგნით” (ფოტი კონტოგლუ). “სამოთხე სიყვარულია ღვთისა, სადაც ყველა ნეტარებაა თავმოყრილი და ხე ცხოვრებისა აგრეთვე სიყვარულია ღვთისა” (წმ. ისააკ ასური, სიტყვა 82).  “თავს ნუ მოიტყუებთ, - ამბობს ღირსი სვიმეონ ახალი ღვთისმეტყველი, - ღმერთი ცეცხლია, და როდესაც ის განკაცდა, ცეცხლი გარდამოავლინა დედამიწაზე. ამ ცეცხლს ვერავინ დაემალება, ის ყველგან აღწევს და თავისი კაცთმოყვარებითა და ჩვენდამი კეთილგანწყობის გამო, ეძიებს ადამიანებში იმ ნივთიერებას (მსგავსებას მისდამი და ჩვენს სურვილს), რომლითაც შემოვალს ჩვენში და მსწრაფლ აალდება, რათა დიად ხანძრად გადაიქცეს და ზეცამდე აამაღლოს ისინი, ვისშიც ის დაენთება. ეს ცეცხლი ჯერ განწმენდს ადამიანს ცოდვებისა და ვნებების ბიწისაგან, და შემდგომ ჩვენს საზრდელად, სასმელად, სინათლედ და სიხარულად იქცევა, რათა ჩვენც განგვანათლოს იმ ღვთაებრივი ნათლით, რომელსაც ვეზიარებით.”(სიტყვა 78). ღმერთი მოსიყვარულე ცეცხლია, მას ყველანი თანაბრად უყვარს, კეთილიცა და ბოროტიც. მაგრამ სხვაობა იმაშია, რომ ყველა ერთნაირად როდი ღებულობს ამ სიყვარულის ცეცხლს. წმ. ბასილი დიდი გვასწავლის, რომ “ცხოვრების ხეს ცეცხლოვანი მახვილი იცავს, რომელიც ურწმუნოთათვის საშინელია და დასწვავს მათ, ხოლო მორწმუნეთათვის ადვილად მისადგომია და ნეტარ ნათელს მიანიჭებს მათ”. ეს მოსიყვარულე ცეცხლი გაანათებს იმათ ვინც სიყვარულს სიყვარულით პასუხობს და დასწვავს ყველას, ვინც სიყვარულს სიძულვილით ხვდება. სამოთხეცა და ჯოჯოხეთიც ერთი და იგივე ცეცხლოვანი მდინარეა ღვთისა, სიყვარულის მდინარე, რომელიც ყველაფერს მოიცავს და ფარავს ერთნაირი კეთილი ნებით, ყოველგვარი მიკერძოებისა და განსხვავების გარეშე. ის ცხოველმყოფელი წყარო და მარადიული ნეტარებაა მართალთათვის და მარადიული სიკვდილია ურწმონოთათვის; სამოთხე მავანისთვის ჯოჯოხეთია. ნუ გგონიათ რომ ეს ყველაფერი უცნაურია . მოსიყვარულე შვილი ბედნიერია მამის ალერსით, მაგრამ თუ მას არ უყვარს მამა, მაშინ მოსიყვარულე მამის ამბორი მისთვის ტანჯვად იქცევა. ამიტომაცაა, რომ, როდესაც ჩვენი მოძულეები სანაცვლოდ სიყვარულს გრძნობენ ჩვენგან, ეს მათთვის თავზე ცხელი ნაკვერჩხლის დაყრის ტოლფასია. “ვინც გეენიაში იტანჯება, ის სიყვარულის შოლტით იგვემება! და რაოდენ მწარეა ეს ტანჯვა სიყვარულისა! რამეთუ ეს ტანჯვა განცდაა სიყვარულის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულისა! მწუხარება, რომელიც სერავს გულს სიყვარულის შეურაცხყოფის გამო, ყველა შესაძლო სასჯელზე საშინელია. არავინ იფიქროს, რომ ცოდვილები ღვთის სიყვარულის გარეშე რჩებიან ჯოჯოხეთში. სიყვარული ჭეშმარიტების ხედვისაგან იბადება, და ის ჭეშმარიტების ყველა მაძიებელს ეძლევა. მაგრამ სიყვარულის მოქმედება ორგვარია: ის ტანჯვას მიანიჭებს მოუნანებელ ცოდვილთ და ახარებს ყველას, ვინც ღვთისადმი მეგობრობის ვალი პირნათლად მოიხადა. ჯოჯოხეთის ტანჯვა დაგვიანებული და უნაყოფო სინანულია, დროული სინანულის არ ქონის გამო მწარე დანანებაა ბოლოჟამს! ზეცის შვილთა სულთათვის კი სიყვარული ნეტარების მუდმივი წყაროა” (წმ. ისააკ ასური, სიტყვა 18). ღმერთი სიყვარულია. და თუ ნამდვილად გვწამს ამ ჭეშმარიტებისა, მაშინ იმასაც უნდა ვხვდებოდეთ, რომ ღმერთს არ შეუძლია სიძულვილი, დასჯა, შურისძიება. როგორც დიდი მეუდაბნოე აბბა ამმონი გვასწავლის: “სიყვარულს არ შეუძლია არავის სიძულვილი, არავის განსჯა, დაჩაგვრა, წყევლა, არც ზიზღი და წყენა. ეს ეხება, როგორც მართალთ ასევე ცოდვილთ, უცხოს და თვისტომს, უწმინდურსა და გარყვნილს. პირიქით მას სწორედ ცოდვილთა, უძლურთა და დაცემულთა სულების წყლულები უფრო ადარდებს და სტკივა, იგლოვს და განიცდის მათთვის, თანაუგრძნობს მათ ბევრად უფრო მეტად ვიდრე კეთილთა და მართალთ. ამის მაგალითი თავად ქრისტეა, რომელიც თავად პოულობდა ცოდვილსა და დაცემულს, შედიოდა მის სახლში, ჭამდა და სვამდა მასთან ერთად. გვიჩვენებდა რა, ჭეშმარიტი სიყვარულის მაგალითს, გვასწავლიდა: “იყავით სრულ, კეთილ და მოწყალე, ვითარცა მამა თქვენი ზეცათაი სრულ არს”; და როგორც ის უგზავნის წვიმას ბოროტსაც და კეთილს, მზეს კი უბრძანებს, რათა თანაბრად გაუნათოს მართალსაც და უკეთურსაც, ასევე იქცევა ის, ვისაც ჭეშმარიტად უყვარს, ვისაც თანაგრძნობა და თანალმობა აქვს და ვინც თანაბრად ლოცულობს ყველასთვის”. XVIII თუკი ვინმეს ვერ წარმოუდგენია, რამდენად შესაძლებელია, რომ ღვთის სიყვარულმა ადამიანის სული საბრალო და სავალალო მდგომარეობაში აღმოაჩინოს, უფრო მეტიც ცეცხლში ამყოფოს, დაე უძღები შვილის იგავიდან უფროსი ძმის მდგომარეობა გაიხსენოს. განა არ იყო ის მამის სახლში? განა ყველაფერი მას არ ეკუთვნოდა?განა არ იყო კმაყოფილი მამის სიყვარულით? განა მამა თავად არ სთხოვდა მოსულიყო ლხინის ტრაპეზზე და გაეზიარებინა მამის სიხარული უძღები შვილის დაბრუნების გამო? რამ გახადა ის უბედური, რა სიძულვილისა და წყენის ცეცხლი დატრიალდა მის გულში? განა ვინმემ რაიმე წაართვა მას? რატომ არ გაუხარდა დაკარგული ძმის დაბრუნება? რატომ არ აღმოაჩნდა სიყვარული მამისა და ძმისა? იქნებ, ეს საქციელი მისი შინაგანი გაბოროტების შედეგი იყო? და განა ამის გამო მას ჯოჯოხეთად არ ექცა იქ ყოფნა?სწორედ იქ სადაც საყოველთაო სიხარული და დღესასწაული იყო?განა სხვათა ლხინი მისთვის ჯოჯოხეთი არ იყო? და განა იგი სადმე სხვაგან იყო ამ დროს, სადაც წამების იარაღები ინახებოდა ან ჯალათები იმყოფებოდნენ? ნუთუ ის ისევ მამის სახლში არ ცხოვრობდა? რა განყოფდა მას ყველა მოზეიმისგან, თუ არა მისივე საკუთარი ბოღმა და შური? განა მამას ან ძმას უწინდებურად აღარ უყვარდათ იგი? მათი ეს სიყვარული ხომ არ უქვავებდა და უბოროტებდა უფრო გულს? განა სიხარული მამის სახლში, უფრო არ ამწუხრებდა მას? განა მამისადმი და ძმისადმი წყენა და სიძულვილი არ ენთო მის გულში? და განა ეს სიძულვილი უფრო არ მძაფრდებოდა მამის სიყვარულით უმცროსი ძმისადმი? აი ისიც, ჯოჯოხეთი - უარყოფა სიყვარულისა, სიყვარულის პასუხად სიძულვილი; მწუხარება გამოწვეული სხვათა სიხარულიდან; სიძულვილით აღვსებული გული, როდესაც ირგვლივ სიყვარული სუფევს. ასეთია მარადიული ხვედრი ყველა ბოროტმოქმედისა. ვერავინ დაემალება ღვთის სიყვარულს, ყოველი მათგანი სათუთი სიყვარულით უყვარს ღმერთს, ყველა დაპატიჟა მარადიულ ქორწილში, ცათა სასუფეველში, მაგრამ სამოსელი მათი ანუ გულებია მათი არაწმინდა. ღმერთი კი თავის ახალ ქმნილებაში ყველაფერი იქნება ყველასათვის, “რაითა იყოს ღმერთი ყოვლად ყოველსა შინა” (1 კორ. 15, 28). ეს გარემოება იქნება სწორედ მართალთა მარადიული ნეტარების, ხოლო ცოდვილთა მარადიული ტანჯვის მიზეზი, რადგან: “ამქვეყნიურ ცხოვრებაში ჩვენ დაკავშირებული ვართ მრავალრიცხოვან რეალიებთან, როგორიცაა დრო, სივრცე, ადგილსამყოფელი, ჰაერი, საკვები, სასმელი, სამოსი, მზის სინათლე, და სხვა აუცილებელი საგნები, მაგრამ არც ერთი მათგანი არ არის ღმერთი; იმ კურთხეულ მდგომარეობაში კი რომლის მოპოვების იმედიც გვაქვს, არ გვექნება საჭიროება არცერთი ზემოთ ჩამოთვლილისა. ყოველივე ამის სანაცვლოდ ღმერთი იქნება ჩვენთვის ყველაფერი, ის გაგვინაწილებს თავის სიყვარულსა და ენერგიებს შესაბამისად თვითოეულის საჭიროებისა. საღმრთო წერილი გვაუწყებს, რომ ღმერთი მათთვის, ვინც ამის ღირსია თავად იქნება სახლიც, სამოსელიც, საზრდელიც, სასმელიც, სინათლეც, სიმდიდრეც, მეუფებაც და სხვა ყველაფერიც, რასაც სახელი გააჩნია, რათა ცხოვრება ჩვენი ნეტარი იყოს მარადისობაში” (წმ. გრიგოლ ნოსელი. “О душе и воскресении”). ასე, რომ მომავალ ცხოვრებაში ღმერთი ყველასათვის ყველაფერი იქნება, არა მხოლოდ კეთილთათვის, არამედ ბოროტთათვისაც, და არა მხოლოდ მათთვის ვისაც ქრისტე უყვარს, არამედ მათთვისაც, ვისაც ის სძულს. მაგრამ განა ეს ტანჯვა არ იქნება მისი მოძულეებისთვის, როდესაც ყველაფერს იმის მარჯვენიდან მიიღებენ, ვინც ასე სძულდათ? ეს იქნება სწორედ მათთვის ცეცხლი მარადიული და კბილთა ღრჭენა მოუკლებელი!* წარვედით ჩემგან წყეულნო, თქვენს გულებში დანთებულ სიძულვილის ცეცხლში, -  იტყვის უფალი, - რამეთუ მე თქვენი სიყვარული მწყუროდა და არ მასვით, მე თქვენი ნეტარება მსურდა და თქვენ არ ისურვეთ, მე ჩემს ადამიანურ ბუნებაში ვიყავი ნებსით ჩამწყვდეული და თქვენ არ მომინახულეთ ჩემს ეკლესიაში; თქვენ თავისუფლები ხართ, და მიდიხართ იქით სადაც თქვენი ბოროტი აზრები გეძახიან, წარვედით ჩემგან, თქვენი გულების მტანჯველ სიძულვილში, რომელიც უცხოა ჩემი მოსიყვარულე გულისთვის, რომელმაც არ იცის არავის სიძულვილი. თქვენ თავისუფლები ხართ, მაშ გაემართეთ თქვენი სიძულვილის წყვდიადისაკენ, რომელიც სრულიად უცხოა მათთვისაც, ვინც ჩემთან რჩებიან. ეს სიძულვილი ეშმაკისგან მიიღეთ თქვენივე ნებით. მაგრამ სადაც არ უნდა წახვიდეთ, თქვენი ბოროტი გულების წინამძღოლობით, ჩემი სიყვარული, ვითარცა ცეცხლის მდინარე, მუდამ და ყველგან თქვენს კვალდაკვალ ივლის, რამეთუ რაც არ უნდა აირჩიონ თქვენმა გულებმა, ხართ და მუდამ იქნებით ჩემი შვილები. ამინ. ---------------------------------------------------------------------- * "ქვეყნის აღსასრული მის ფერისცვალებას ნიშნავს. ყველაფერი თვალის დახამხამებაში შეიცვლება და უფალი მოვალს დიდებით ღრუბელთა ზედა. საყვირის ხმა, რომელიც სულში და სინდისში გასიმება, ნათელს გახდის ყველაფერს ადამიანთა სინდისისათვის. როგორც დანიელი წინასწარმეტყველებს, მარადიული მართლმსაჯული დაბრძანდება დიდების ტახტზე და მის წინ იდინებს ცეცხლის მდინარე (დან. 7, 9-10). ეს ცეცხლი განმწმენდელი სტიქიაა, ის ცოდვებს დასწვავს. ვაი იმას, ვისთვისაც ცოდვა მისი ბუნების ნაწილი გამხდარა, მაშინ ეს ცეცხლი თავად ამ ადამიანს დასწვავს, ის მის შიგნით აენთება. ჯვრის დანახვისას ერთნი განიხარებენ, მეორენი კი სასოწარკვეთილებაში ჩავარდებიან და ძრწოლა აიტანთ მათ. ამგვარად, განიყოფიან მეყვსეულად ადამიანები. თვით კაცის სულიერი მდგომარეობა მიიყვანს კაცს მართლებთან, ზოგს კი ცოდვილებთან. ან მარჯვენით ღმრთისა, ანდა მარცხენით. რაც უფრო შეგნებულად მიისწრაფოდა ადამიანი ღმერთისკენ ამ ცხოვრებაში, მით უფრო დიდი იქნება მისი სიხარული, როდესაც გაიგებს სანატრელ ხმას: "მოვედით ჩემდა კურთხეულნო..." და პირიქით, იგივე სიტყვები შიშის ზარსა და ძრწოლის ცეცხლს აღძრავს მათში, ვინც ამქვეყნად გაურბოდა ღმერთს, ებრძოდა მას, შეურაცხყოფდა მის მიმდევრებს. უკანასკნელმა სამსჯავრომ არც მოწმეები იცის და არც განჩინება გააჩნია! ყველაფერი ადამიანთა სულებშია აღბეჭდილი, ეს წიგნები გადაიშლება უფლის წინაშე  და ნათელი გახდება, რომ ყველა მანკიერების ფესვები თავად ადამიანის სულში ყოფილა, რომ მიდრეკილება ცოდვისადმი სულის სიღრმეში იმალებოდა და ტკბებოდა ცოდვით. და თუ ადამიანმა არ მოინანია ცოდვა, არ განთავისუფლდა მისგან, სამსჯავროზე ისეთივე მიდრეკილებით წარსდგება ცოდვისადმი, როგორიც მანამდე იყო. ამ მიდრეკილებასა და სურვილს კი ვეღარასოდეს დაიკმაყოფილებს და ეს იქნება სწორედ ის ტანჯვა, რომელსაც ის მარადისობაში განიცდის. ის ყველასა და ყველაფერს დაადანაშაულებს თავის ტანჯვაში და სიძულვილით იქნება მუდამ შეპყრობილი. უმწეობით გაბოროტებულთა კბილთა ღრჭენა და სიძულვილის ჩაუქორებელი ცეცხლი - აი ჯოჯოხეთი. შინაგანი დაუშრეტელი ცეცხლი - აი გეენია. და იქნება გოდება და კბილთა ღრჭენა, ასეთია მდგომარეობა ჯოჯოხეთისა" (წმ. იოანე მაქსიმოვიჩი. "უკანასკნელი სამსჯავრო").   გამომცემლობა "ორთოდოქსი", 2011  …
დაამატა ნინო ზედგინიძე to დარიგებანი at 10:23pm on მაისი 17, 2013
თემა: ღარიბი მდიდარი კაცი, ანუ ცხოვრების კომიკური გრძნობა
suam per foramen, et venter meus intremuit ad tactum cieus. ("Canticum Canticorum", V.4)       ემეტერიო ალფონსოს ოცდაოთხი წელი რომ შეუსრულდა, თავის დაბადების დღეს სულ მარტო, მარტოხელა შეხვდა, არც ოჯახი აწვა კისერზე და არც სხვა რამ მოვალეობა ამძიმებდა; მცირეოდენი ქონების პატრონიც იყო და თან ბანკშიც მუშაობდა. ბავშვობა და მშობლები ბუნდოვნად ახსოვდა; უბრალო მშრომელები კი იყვნენ, მაგრამ დიდი გარჯისა და ხელმომჭირნეობის წყალობით შვილს საკმაო სარჩო-საბადებელი დაუტოვეს. ემეტერიოს მარტო ის ახსოვდა, რიტორიკისა და პოეტიკის სახელმძღვანელოში ლექსებს რომ კითხულობდა, რა აღტაცებით შესძახებდნენ ხოლმე, შენ უთუოდ მინისტრი გამოხვალო, მაგრამ ახლა, საკმაო რენტისა და ხელფასის იმედად, მინისტრებისა სულაც არ შურდა.       ემეტერიოც გვარიანად ხელმომჭირნე და თან მეტისმეტად მტკიცე ხასიათის ახალგაზრდა იყო; ყოველი თვის ბოლოს დაზოგილი თანხა თავის ანგარიშზე იმავე ბანკში შეჰქონდა, სადაც მუშაობდა. მაგრამ მარტო ფულს როდი ზოგავდა, - ასევე ზოგავდა საკუთარ თავსაც; მართალია, ბანკში თავის მოვალეობას პირნათლად ასრულებდა, რაკი ფრთხილიც იყო და მშიშარაც, მაგრამ ზედმეტად არაფრის გულისთვის არ გაირჯებოდა; ზოგავდა ჯან-ღონესაც, აზრებსა და გრძნობებსაც კი; დადგენილ ჭეშმარიტებებსა და საღ აზრს განუსჯელად აღიარებდა; ფრთხილი და ამხედ-დამხედი იყო ნაცნობ-მეგობრების არჩევაშიც. ყოველ საღამოს, ძილის წინ, - მუდამ ერთსა და იმავე საათზე კი წვებოდა, - გულდაგულ დაკეცავდა შარვალს და საგანგებო საკიდარზე ისე დაამაგრებდა, მეორე დღისთვის არ შელახულიყო და დაჭმუჭნილიყო.       ემეტერიო ერთ წრეს მიეკედლა, - კაფეში იკრიბებოდნენ ხოლმე, - და კარგადაც ერთობოდა, მოსწრებულ ხუმრობებზე გულიანად იცინოდა, მაგრამ სხვების გასამხიარულებლად თვითონ კრინტს არ დაძრავდა, თავს არ შეიწუხებდა. იმ წრეში ვინმე სელედონიო გამოარჩია, მარტო მასთან მონახა საერთო ენა; ის კი, თავის მხრივ, ემეტერიოს გონების სავარჯიშოდ იყენებდა. თავად სელედონიო იმ საკვირველი დონ ფულსენსიო ენტრამბოსმარეს დე აკილონის მოწაფე გახლდათ, ვისზეც საკმაოდ ბევრი რამ გიამბეთ ჩემს რომანში "სიყვარული და პედაგოგიკა".       სელედონიო ამ თავის მოწაფესა და თაყვანისმცემელს ჭადრაკის თამაშსაც ასწავლიდა და ისეთ თავშესაქცევ და ჯანმრთელობისათვის უვნებელ ხელოვნებასაც აზიარებდა, როგორიცაა შარადები, რებუსები, ლოგოგრიფები, კროსვორდები და სხვადასხვა მსუბუქი თავსატეხი. თავად სელედონიოს კი ყველაზე მეტად წმინდა ეკონომიკა იტაცებდა, რაკი დიფერენციული და ინტეგრალური გამოთვლებით არ იყო გართულებული. ამავე დროს იგი ემეტერიოს მრჩეველიც გახლდათ, უფრო სწორად, მოძღვარი; ისიც მხოლოდ სელედონიოს ახსნა-განმარტებების მიხედვით ეცნობოდა მიმდინარე მოვლენებს, ნაკლებმნიშვნელოვან ამბებს კი თვითონვე კითხულობდა გაზეთ "ესპანეთის ახალ ამბებში", ოღონდ საწოლში, ძილის წინ; შაბათობით თეატრშიც დადიოდა, ამ სიამოვნებას ნამდვილად არ იკლებდა, ეგ არის, დრამები არ უყვარდა, უფრო ტინეტე ან კომედია მოსწონდა. *       ასე და ამგვარად, მშვიდად და უდრტვინველად მიედინებოდა ემეტერიოს ცხოვრება გარეთ. მისი სახლიცა და ოჯახიც კი ერთი პატარა სასტუმრო იყო, უფრო სწორად, დონია ტომასას პანსიონატი და რაკი საკუთარი სახლ-კარი არ გააჩნდა, ოჯახური კერაც იქ დაიგულა.       იმ პანსიონატში კი მიმსვლელ-მომსვლელი არ ილეოდა. ვის არ ნახავდით იქ: ჩარჩ-ვაჭრებსა თუ სტუდენტებს, კათედრის მასწავლებლის ადგილის მაძიებელს, სხვადასხვა ჯურისა და გაურკვეველი საქმიანობის ადამიანებს და ვინ იცის, კიდევ ვის. მარტო ემეტერიო იყო მუდმივი ბინადარი და ისე გაშინაურდა დონია ტომასას პანსიონში, როგორც საკუთარ სახლში.       ამ, ასე ვთქვათ, ოჯახური კერის სული და გული გახლდათ როსიტა, დონია ტომასას ერთადერთი ქალიშვილი; ის ეხმარებოდა დედას პანსიონატის საქმეების მოგვარებაშიც და მდგმურებს საუზმისა თუ სადილ-ვახშმის დროს სუფრაზეც ემსახურებოდა მათდა საამებლად, მით უმეტეს, რომ როსიტა ქორფა, მადისაღმძვრელი და, ცოტა არ იყოს, გამომწვევიც კი იყო; არც იმას იუკადრისებდა, თუ ვინმე ხელს მოუთათუნებდა, პირიქით, კიდეც გაიცინებდა, რადგან ეს პატარა სიამოვნება იმ უგემურად მომზადებული დაბეგვილი ხორცის საზღაური იყო, რითაც როსიტა არცთუ იშვიათად უმასპინძლდებოდა ხოლმე მდგმურებს. არც უწმაწურ ხუმრობას ითაკილებდა, ის კი არა, პასუხსაც უმალ მიაგებებდა და კიდეც წააქეზებდა.       როსიტა უკვე მეოცე გაზაფხულის გაფურჩქვნის წელში გადამდგარიყო და ერთი ხანია, ემეტერიოზე ეჭირა თვალი, პანსიონატის მდგმურებს შორის სწორედ ის გამოარჩია და სულ თავს ევლებოდა, უღიმოდა, ეკეკლუცებოდა, გრძელ წამწამებს უფახულებდა. "კარგს იზამდი, ანკესზე რომ წამოგეგო!" - მალიმალ შეაგულიანებდა დედაც, დონია ტომასა; ქალიშვილი კი უპასუხებდა: "თუ კაკანათში გამება?"... "მაინც რა გაგიხდა ამისთანა, თევზია თუ ხორცი?" - "მე თუ მკითხავ, არც ერთია და არც მეორე, თვალებდაკუსული ბაყაყია, ეგ არის და ეგ!".. "თუკი ბაყაყია, მაშინ ეგ შუქურასავით თვალები რაში გარგია, თუ იმ თვალებსაც ვერ დაუვსებ?!" - "მორჩი, დედა, შენი დარიგება სულ არ მჭირდება, დარდი ნუ გაქვს, თავადაც კარგად ვიცი, საიდან მოვუარო!" - "კეთილი და პატიოსანი, მაგრამ მაინც იცოდე, ხელიდან გასაშვები კაცი არ არის და დარწმუნებული ვარ, არც გაუშვებ!" ასე და ამგვარად, როსიტა დიდი მონდომებით შეუდგა ემეტერიოსთვის "თვალების დავსებას", - უფრო სწორად, დონ ემეტერიოსთვის, როგორც ჩვეულებრივ მიმართავდა ხოლმე, - და თანდათან მიმზიდველიც კი ეჩვენებოდა.       ემეტერიო ხომ ისედაც დიდი ყაირათიანი კაცი გახლდათ და ახლაც იფიქრა, ამ შემთხვევასაც ჩემდა სასიკეთოდ გამოვიყენებო, თან ფხიზლად იყო, თავი სხვათა დასაცინი არ გავიხადოო; რაღა თქმა უნდა, არც ის გამოეპარებოდა, რა გაფაციცებით ადევნებდნენ თვალს მდგმურები როსიტას კოკობზიკობას და გულში ეცინებოდათ, ვითომ მარტო ემეტერიოს უჟუჟუნებდა თვალებს; მხოლოდ მარტინესი იყო მშვიდად, სწორედ ისე, როგორც ფსიქოლოგიის კათედრაზე ადგილის მაძიებელს შეშვენოდა, ხოლო ემეტერიო თავს ინუგეშებდა: "ვერა, ეს გოგო ვერ გამაბამს თავის მახეში, ისღა მაკლია, თავის დედიანად კისერზე დავისვა! დონია ტომასა მჭირდება კიდევ? ნათქვამია, ეული ხარი საკუთარ თავს ელოლიავებაო". - სხვათა შორის, ეს გოგო კარგა გამოქექილი ვინმე ბრძანდება, მარტო მაგის ტაქტიკა ნახე... - შესჩიოდა ემეტერიო თავის მოძღვარს, სელედონიოს. - მაშასადამე, ტაქტიკა არ მოგწონს, მაგრამ კონტაქტი... - არც ასეა, სელედონიო, მისი ტაქტიკა სწორედ რომ კონტაქტის ტაქტიკაა. ნეტავი კი დაგანახვა, როგორ მეტმასნება, სულ საბაბს ეძებს, რომ შემეხოს, ვითომც უნებურად, სულ იმის ცდაშია, როგორმე მაცდუნოს... მე კი ისიც ვერ გამიგია, მარტო მე? - გამოტყდი, ემეტერიო, ეჭვიანობ, სხვა მდგმურებზე ეჭვიანობ. - პირიქით, სწორედ ისინი მითვალთვალებენ, თუნდაც ის მარტინესი, მაძიებელი, როცა იმ თავის ბიფშტექსს ღეჭავს, ასე გეგონება, თვალებით როსიტას ჭამსო, ალბათ, ფიქრობს, ჩემთან თუ არაფერი გამოუვიდა, მას დარჩება, თუკი ბედმა გაუღიმა. - მაშინ ისევ შენ თქვი უარი, შენ გადექი განზე. - ნეტავი კი გაჩვენა, რა ოინებს მიწყობს ხოლმე. ერთხელ, ის-ის იყო, "ახალი ამბები" ავიღე და ფელეტონის კითხვას შევუდექი, რომ კარი შემოაღო, ლამის ოთახში შემომეჭრა. მერე როგორი გაწითლებული იყო, ვითომ შერცხვა, - ვაიმე, მაპატიეთ, დონ ემეტერიო, კარი შემეშალაო! - მოიბოდიშა. - რაო, დონ ემეტერიოს გეძახის? - აბა, სულ ასე მომმართავს. ერთხელ კიდეც ვუთხარი, მოეშვი მაგ "დონს" და უბრალოდ ემეტერიო დამიძახე-მეთქი, მაგრამ იცი, რა მიპასუხა? "უბრალოდ? რას ბრძანებთ, არასოდეს, დონ ემეტერიო, მხოლოდ "დონ". ამ დროს კი ოთახში მივარდება, ვითომ კარი შეეშალა... - რაც უნდა იყოს, შენ მაინც დონია ტომასას სახლში ცხოვრობ და ვშიშობ, ისე არ მოხდეს, როგორც წმინდა წერილშია ნათქვამი - "დავიჭირე იგი და აღარ გავუშვი, ვიდრე არ შევუძეღ დედაჩემის სახლში და ჩემი მშობლის გალიაში"... - წმინდა წერილშიო? ნუთუ ამისთანა რამეებიც წერია წმინდა წერილში?.. - ჰო, ეს მისტიკურ "ქებათა ქებაშია" ნათქვამი და მას, როგორც სურნელოვანი ღვინით სავსე ფიალას, ისე ეწაფებიან ადამიანები, რომელთაც სწყურიათ არამიწიერი სიყვარული; და ფიალის ამბავიც, საიდანაც წყურვილს იკლავენ, რასაკვირველია, ბიბლიაში წერია. - გამოდის, უნდა გავიქცე, სელედონიო, სხვა გზა არა მაქვს, ეს გოგო მე ცოლად არ გამომადგება... - სხვისი ცოლი რომ ყოფილიყო? - მით უარესი! უკანონო კავშირი? არავითარ შემთხვევაში, ან უფლის ნებას უნდა დაჰყვე, ან არა და იყო შენთვის... - კარგი, მაგრამ აკი უფალი ღმერთი იმასაც ამბობს, ინაყოფიერეთ და იმრავლეთო! შენ კი, როგორც გატყობ, გამრავლებას არც აპირებ. - გამრავლებასო? გამრავლება ბანკშიც მეყოფა!.. გამრავლებაო!.. მე და გამრავლება?! - რატომაც არა, აიყვანე საკუთარი თავი კუბში, იზრუნე შენივე თავის ხარისხში აყვანაზე!.. *       და ემეტერიოც ყოველ ხერხსა და ღონეს ხმარობდა, რომ როსიტას მოძალებული ტაქტიკისგან თავი დაეცვა. - იცი, რას გეტყვი, - ერთხელაც გაუბედა როსიტას ემეტერიომ, - მშვენივრად ვხედავ, როგორ ცდილობ მახეში გამაბა, მაგრამ იცოდე, ტყუილად ირჯები... - კარგი, მაგრამ ამას რატომ მეუბნებით, დონ ემეტერიო? - ან იქნებ სულაც არ ირჯები ტყუილად! აქედან რომ წავალ, მერე ვნახოთ... კარგად ბრძანდებოდე, ჩემო როსიტა! - მე ვბრძანდებოდე კარგად? თქვენ თვითონ ბრძანდებოდეთ კარგად... - დაე ასე იყოს, მე ვბრძანდებოდე, მაგრამ ფრთხილად, წინ იყურე!       საბრალო ემეტერიო! აკი მარტო როსიტა ზრუნავდა მასზე, ღილი რომ ასწყდებოდა, სხვა ვინ უკერებდა. კიდეც უხაროდა, თუ ასწყდებოდა. ჰალსტუხსაც როსიტა უსწორებდა. "აბა, დამენახვეთ, დონ ემეტერიო, - ეტყოდა ხოლმე, - მაინც რა დაუდევარი ხართ, ნამდვილი ადამი!.. მოდით აქ, გაგისწოროთ!" შაბათობით მისი თეთრეულიც როსიტას მიჰქონდა მრეცხავთან, პირადი ნივთების გარდა, რადგან თვითონვე გადამალავდა და მის უჩუმრად აბარებდა სამრეცხაოში, ან თუ გაცივდებოდა და ლოგინში ჩაწვებოდა, განა ისევ როსიტა არ უვლიდა? ცხელ-ცხელ პუნშს პირდაპირ ლოგინში მიართმევდა, სამაგიეროდ, ემეტერიო შაბათობით თეატრში ეპატიჟებოდა რომელიმე მხიარულ სპექტაკლზე.       ასე წაიყვანა ერთ შაბათ დღესაც, სწორედ მიცვალებულთა ხსენების დღეს, "ტენორიოს" სანახავად. "კარგი, მაგრამ მაინცდამაინც ამ დღეს რატომ გვაჩვენებენ ასეთ რამეს, დონ ემეტერიო?" - "ალბათ კომანდორის გულისთვის"... - "მართალი გითხრა, ეს დონ ხუანი ერთი გადარეული ვინმეა!"..       მაგრამ ასეთი ურთიერთობის მიუხედავად, ემეტერიო-ძუნწი მაინც მტკიცედ იდგა თავის გადაწყვეტილებაზე და არ ნებდებოდა. - მე თუ მკითხავ, - ეტყოდა ხოლმე დონია ტომასა ქალიშვილს, - მაგ შენს გამოთაყვანებულს ნამდვილად ვიღაც ჰყავს... - მაინც ვინ უნდა ჰყავდეს, დედა? ქალი? ამას ხომ უმალ ვიყნოსავდი... - ვაითუ სუნამოს არ იპკურებს!... - ქალს სუნამოს გარეშეც კარგად ვიყნოსავდი... - ეგებ საცოლე ჰყავს! - საცოლე? ვის? ამას კი ვერ დავიჯერებ! - მაშ რა ხდება? - არაფერი, დედა! ჩემი აზრით, დაოჯახებაზე არც ფიქრობს, უბრალოდ არ აპირებს... რაღაც სხვა უტრიალებს თავში... - შვილო, როგორც ვხედავ, ტყუილად ვირჯებით და დროს უქმად ვკარგავთ, სჯობია, ისევ მარტინესს მიხედო, თუმცა არც ისაა შენი შესაფერი, მაგრამ... ერთი ის მითხარი, ამას წინათ ის რა წიგნები მოგცა? - ისეთი არაფერი, დედა, სისულელეები, მისი ამხანაგების ნაჯღაბნი... - თვალი გეჭიროს, თვითონაც არ დაწეროს რამე რომანი და ჩვენ არ გამოგვიყვანოს... - მერე შენ რა გენაღვლება, დედა? - როგორ თუ რა? ისღა მაკლია, ჩემი თავი წიგნში ვნახო! *       ბოლოს და ბოლოს, როცა ემეტერიომ ყველაფერი კარგად აწონ-დაწონა და სელედონიოსაც მოეთათბირა, გადაწყვიტა, როსიტას გარიდებოდა, ცდუნებას არ აჰყოლოდა და აკი ზაფხულის შვებულებაც კარგი საბაბი გამოუჩნდა, თან ჯანმრთელობასაც მოიმიზეზებდა და წყლებზე სამკურნალოდ გაემგზავრებოდა; მერე კი, როცა სამსახურში დაბრუნდებოდა და ბანკში თავის საქმეს შეუდგებოდა, ძველებურ სკივრსაც გადაიტანდა ახალ ბინაში, დონია ტომასას სახლში გირაოსავით რომ დატოვა და დასასვენებლად მარტო ერთი ჩემოდნით გაემგზავრა. მაგრამ როცა დაბრუნდა, მაინც ვერ გაბედა, სკივრის წამოსაღებად თვითონ წასულიყო და როსიტას შეხვედროდა, ამიტომ კაცი გაგზავნა და თან წერილი გაატანა.       მაგრამ განა ასე უბრალოდ ჩაიარა ამდენმა ვაი-ვაგლახმა? როსიტაზე ფიქრმა მთლად დაუფრთხო ძილი და მოსვენება. ახლაღა მიხვდა, რა ღრმად ჩავარდნოდა გულში, ახლა, როცა ღამის სიბნელეში იწვა მართლაცდა მარტოსული და როსიტას ცეცხლივით მწველი თვალებით მონუსხული ამაოდ ცდილობდა მის დავიწყებას; დაიძინებდა და ძილშიც თან მიჰყვებოდა მისი ელვარე თვალები, თან საშიში და თან ნეტარების მომგვრელი. "მაინც რატომ მახსენებს პერუს ლამას? ნეტავი ასეთი რა ავბედითი დავინახე როსიტას არსებაში, რამ დამაფრთხო ასე ძალიან? მარტოხელა ხარი... ჯანმრთელობისთვის იმაზე უარესი არაფერია, ვიდრე მარტოხელა ხარივით ცხოვრება, საკუთარ თავს რომ ელოლიავება"... - ცოტა მძინავს და თუ მძინავს, ძალიან ცუდად, - შესჩიოდა ემეტერიო თავის მოძღვარს, - თითქოს რაღაც მაკლია, სული მეხუთება... - რა გაკლია და ცდუნება, ემეტერიო, რაკი ვეღარავის ებრძვი... - სულ ის მიდგას თვალწინ, როსიტა, ჩემი ძილ-ღვიძილის ზმანება... - მაშ ზმანება, არა? - ჰო, ასეა, ვერა და ვერ ვივიწყებ, მისი თვალები არ მასვენებს... - ტრაქტატის წერასაც ხომ არ აპირებ ესთეტიკის საკითხებზე? - იცი, სელედონიო, აქამდე ვერ გეუბნებოდი, ახლა გამოგიტყდები... ალბათ, გახსოვს, ამერიკული კალენდარი რომ მქონდა, ჩემს ოთახში ეკიდა... დღე და რიცხვი არასდროს გამომრჩებოდა... - თანაც, მეორე მხარეს შარადები და რებუსები უნდა ამოგეხსნა... - ესეც მართალია, მართალი. ერთი სიტყვით, იმ დღეს, როცა დონია ტომასას სახლიდან წამოვედი, რა თქმა უნდა, კალენდარიც ჩემს სკივრში ჩავდე, მაგრამ იმ დღის ფურცელი არ მომიხევია... - და იმ ღირსსახსოვარ დღეს აღარც შარადები ამოგიხსნია, არა? - ჰო, ასეა, არც შარადები გამხსენებია და იმ დღისა და რიცხვის ფურცელიც ხელუხლებელი დარჩა. - ემეტერიო, შენმა ნათქვამმა ერთი ამბავი გამახსენა. ახალდაქორწინებულ კაცს ცოლი რომ მოუკვდა, გამწარებულმა იმ საბედისწერო 17 საათსა და 13 წუთზე ისე დასცხო მუშტი თავის საათს, რომ გაჩერდა. მას შემდეგ შეკეთებაზე აღარც უფიქრია და ასე უქმად ატარებდა. - მერე რა მოხდა, სელედონიო, მგონი, არც არაფერი... - მე თუ მკითხავ, ჯობდა საათისა და წუთის მაჩვენებელი ისრები მოეძრო, საათი კი აემუშავებინა, რადგან ვინმეს რომ ეკითხა, რომელი საათიაო, უპასუხებდა, ჩემი საათი კი მუშაობს, ოღონდ დროს არ აჩვენებსო, ვიდრე ეთქვა, დროს კი აჩვენებს, მაგრამ არ მუშაობსო. რაკი საათი მაქვს, კიდეც უნდა მუშაობდეს, მე მირჩევნია მუშაობდეს და დროს არ აჩვენებდეს! *       ემეტერიო ისევ ისე, ჩვეულებისამებრ დადიოდა კაფეში, ისევ ისე იცინოდა სხვათა ხუმრობებზე, შაბათობითაც ჩვეულებისამებრ დადიოდა თეატრში, ყოველი თვის ბოლოს დანაზოგიც შეჰქონდა ბანკში თავის ანგარიშზე, - თანხა თანხას ემატებოდა, პროცენტები ერიცხებოდა, - კვლავინდებურად ზრუნავდა ჯანმრთელობაზე, უფრთხილდებოდა მარტოხელა კაცის ჯანის სიმრთელეს, ეული ხარივით ისიც ელოლიავებოდა საკუთარ თავს, მაგრამ რაოდენ ცარიელი იყო მისი ცხოვრება... ეს კი მთელი სიცხადით მაშინ იგრძნო, როცა იმ წრის ერთი წევრი, ჟურნალისტი, ყველაზე ენამოსწრებული და ოხუნჯი, ერთ მშვენიერ დღეს ბანკში გამოეცხადა იმ იმედით, რომ ფულს დასცინცლავდა, ხოლო როცა უარი მიიღო, საშინლად იწყინა. "თქვენ მე იმედი გამიცრუეთ!" - უთხრა მან. "მე?" - "დიახ, თქვენ და აი, რატომ - ჩვენს წრეში ყველას თავისი ადგილი და დანიშნულება გვაქვს. მე, მაგალითად, ყველას გაცინებთ და გამხიარულებთ, თქვენ კი ხმასაც არ იღებთ, ერთი სიტყვაც არ დაგცდებათ; შეძლებული კაცი ბრძანდებით და თქვენი დანიშნულებაც ეს არის; თუ რამეში ვარგიხართ, მარტო ამაში, სხვა არაფერში გამოდგებით; და თუ ახლა მე თქვენ გეახელით, მარტო ამიტომ გამახსენდით, თქვენ კი უარით გინდათ გამისტუმროთ; მაშასადამე, თქვენ მე მომატყუეთ, გამაცურეთ!" - "კარგი, მაგრამ მე ხომ იქ იმიტომ არ დავდივარ, ჩემო ბატონო, რომ მდიდარი ვარ, მე უბრალოდ, ჩვეულებრივი მომხმარებელი გახლავართ!" - "მომხმარებელი? რისი მომხმარებელი?" "რისი და მახვილსიტყვაობის! მე თქვენს მოსწრებულ ხუმრობებზე ვიცინი, ეს არის და ეს!" "მომხმარებელი, მომხმარებელი!... საკუთარი თავის მომხმარებელი ბრძანდებით და მეტი არც არაფერი!".. - და ეს სრული სიმართლე იყო.       ახლა კიდევ ეს ახალი საბინადროც! - ნეტავი კი იცოდე, სელედონიო, ეს რა სახლია, პანსიონატი კი არა, ნამდვილი ფუნდუკია თუ ქარვასლა. სახლი აი, ის იყო, დონია ტომასას პანსიონატი! - მართლაც პანსიონატი!.. - ეს სახლიც ვითომ პანსიონატია, მაგრამ ერთი იქაური მომსახურე ქალები გაჩვენა - ქალები კი არა, ნამდვილი ცხოველები არიან! რაც უნდა თქვა, როსიტა მაინც დიასახლისის ქალიშვილი იყო და იმ სახლის სული და გული, მე იქ მოსამსახურეებთან საქმე არასდროს მქონია... - არც პანსიონერებთან? - ამ ფუნდუკში კი... მარტო ერთი ის მარიტორნესიც კმარა, - ერბოკვერცხს რომ მიმზადებს ხოლმე, კვერცხები სულ ზეთში ცურავს. როცა ვკითხე, ამდენი ზეთი რა საჭიროა-მეთქი, იცი, რა მიპასუხა? - პურს ამოაწებო!.. წარმოგიდგენია?! - რასაკვირველია, როსიტაც კი გიმზადებდა ერბოკვერცხს, მაგრამ ის ხომ დიასახლისის შვილი იყო! - ესეც მართალია, მაგრამ ის ჩემს ჯანმრთელობაზე ზრუნავდა, ეს რეგვნები კი... გარდა ამისა, ჩემს სკივრს ისე მიადგამენ ხოლმე კედელს, სახურავი ვეღარ ამიხდია, მით უმეტეს, რომ ჩემი სკივრი ძველებურია და ამოზნექილი სახურავი აქვს... - აბა რა იქნება, თუ ცის თაღივით გამოზნექილ-ჩაზნექილია... - ააჰ, სელედონიო, მაინც რამ წამომიყვანა იმ სახლიდან!.. - იმის თქმა ხომ არ გინდა, ამ სახლში ჩემზე არავინ ნადირობსო?.. - არა, ამ სახლში მე ოჯახური კერა, სიმყუდროვე ვერ ვპოვე... - მერე ასე გაგიჭირდა სხვა ბინის მონახვა? - ყველა ერთნაირია... - ფასზეა დამოკიდებული, ფასის მიხედვით გეპყრობიან კიდეც... - არც ასეა, დონია ტომასას პანსიონატში ფულის მიხედვით სულაც არ მეპყრობოდნენ, იქ ნამდვილ ოჯახის წევრად ვგრძნობდი თავს... - ცხადია, იმ სახლში სხვა ანგარიში ჰქონდათ... - არა, სელედონიო, დარწმუნებული ვარ, კარგი ზრახვები ჰქონდათ, ნამდვილად ასე იყო, ახლაღა ვხვდები, რომ როსიტას ვუყვარდი, მართლა ვუყვარდი და უანგაროდაც... მე კი... მაინც რამ დამატოვებინა იქაურობა... - ემეტერიო, გული მიგრძნობს, ისევ დაბრუნდები, ეჭვიც არ მეპარება, როსიტას დაუბრუნდები... - ვერა, ვერ დავუბრუნდები, შეუძლებელია... როგორ ავუხსნა, რატომ დავბრუნდი-მეთქი? ან სხვა ბინადრები რას იფიქრებენ, თუნდაც ის მარტინესი რას იტყვის? - დამიჯერე, მარტინესი არ ფიქრობს, ის მხოლოდ ფსიქოლოგიურ ახსნას ეძებს ხოლმე... *       ორიოდე დღეს არ გაუვლია, რომ ემეტერიო კვლავ შეხვდა სელედონიოს. - სელედონიო, აბა თუ მიხვდები, გუშინ ვინ ვნახე. - ამას რა მიხვედრა უნდა, რასაკვირველია, როსიტა! მარტო იყო? - არა, მარტინესი ახლდა, აკი ახლა მისი ქმარია, თუმცა არც უიმისოდ იქნებოდა მარტო... - ვერ ვხვდები, რას ნიშნავს, მარტო არ იქნებოდაო; ფხიზელი არ იყო და ვინმეს მიჰყავდა თუ რა? - არა, იმ მდგომარეობაში იყო, საინტერესოს რომ უწოდებენ, თვითონვე მახარა; მერედა როგორი გამარჯვებული სახე ჰქონდა, როგორი მედიდური, რა ამაყად აფახულებდა იმ თავის წამწამებს! როგორც ხედავ, ემეტერიო, მე საინტერესო მდგომარეობაში გახლავარო! მე კი ჩავფიქრდი, ნეტავი მაინც რა ასეთი საინტერესოა მისი მდგომარეობა-მეთქი! - ცხადია, ბანკის მოხელისათვის ჩაფიქრება მართლაც ბუნებრივია, მაგრამ ის, მეორე, მარტინესი რაღას ფიქრობდა მის მდგომარეობაზე თავისი ლოგიკური თუ ეთიკური თვალსაზრისის თანახმად? ახლა ის მითხარი, შენზე როგორ იმოქმედა ამ ამბავმა? - ნეტავი კი გენახა!.. მაინც რა მოიგო როსიტამ ამ ცვლილებით? - რა ცვლილებით? - რა და, იმ თავისი მდგომარეობით, ისეა დამრგვალებული და დაქალებული... მერედა რა სანახავი იყო, ამაყად, თავმომწონედ რომ მიჰყვებოდა მარტინესს მკლავზე დაყრდნობილი... - დარწმუნებული ვარ, მათ რომ დაშორდი, იფიქრე, რატომ მე არა ვარ მის ადგილზე, როგორ ვერ დავასწარი ამ მარტინესს, რა ეშმა შემიჩნდა ისეთიო; გამოტყდი, რომ ნანობ, ასეა თუ არა? - ჰო, მგონი, ასეა... მართალს ამბობ... - მარტინესმა რაღაო? - მარტინესი ორჭოფული ღიმილით მიყურებდა, თითქოს უნდოდა ეთქვა: შენ არ მოინდომე? ახლა ჩემიაო! - ჰოდა, ბიჭიც მისი იქნება... - იქნებ გოგო... ჩემი რომ ყოფილიყო, უეჭველად ბიჭი იქნებოდა, მაგრამ მარტინესისა?.. - ახლა მარტინესზე ეჭვიანობ, არა? - მაინც რა სისულელე ჩავიდინე! - დონია ტომასა რაღას იქმსო? - დონია ტომასა? ჰო, მართლა, აკი მომკვდარა, ეტყობა, როსიტაც ამიტომ უფრო აჩქარდა, სასწრაფოდ გათხოვდა, იმ სახლის ღირსება რომ შეენარჩუნებინა... - ერთი სიტყვით, მარტინესმაც ერთბაშად მდგმურის წილ პანსიონატის პატრონის ადგილი მიიღო! - ჰო, მარტინესს ბედმა კი გაუღიმა, მაგრამ თურმე არც კერძო გაკვეთილებსა და კონკურსში მონაწილეობაზე უთქვამს უარი. როგორც გავიგე, ბოლოს და ბოლოს მიზნისთვისაც მიუღწევია და იმ თავის საოცნებო კათედრაზეც მიუღია ადგილი, ამიტომ ცოლთან და იმასთან ერთად, ვისაც ელოდებიან, მიემგზავრება ნანატრი ადგილის დასაკავებლად. - რამდენი რამ დაკარგე, ემეტერიო! - ახლა ისიცა თქვი, რამდენი რამ დაკარგა როსიტამ! - რამდენი მოიგო მარტინესმა! - მაინც რამდენი? სამი-ოთხი საათი კათედრაზე ყურყუტი, მეტი რა? მე ჩემი ვიკითხო, რომ ვერა და ვერ ვეღირსე ოჯახურ კერას, მარტოხელა ხარივით უნდა ველოლიავო საკუთარ თავს. აბა, ეს რა ცხოვრებაა, სელედონიო! რა ცხოვრებაა?! - კარგი, მაგრამ ქალი დაილია? - როსიტასთანა ქალი - კი... როსიტასთანას სადღა ვნახავ? მაინც რა მოიგო ისეთი, მარტინესზე რომ გამცვალა?! - კათედრაზე ვაკანსია... - გეუბნები, სელედონიო, ვერ ვივარგე, კაცად ვერ ვივარგე-მეთქი! *       და მართლაც, საწყალი ემეტერიო ალფონსოს მთელი მიჩქმალული შინაგანი სამყარო, მთელი მისი პირადი ცხოვრება მომაკვდინებელი ერთფეროვნებისა და გულგრილობის მორევში ჩაინთქა. ალფონსო კი იყო მისი გვარი, მაგრამ სელედონიომ ურჩია, ნაწილაკი "დე" დაერთო კეთილშობილი წარმომავლობის მანიშნებლად. ერთი სიტყვით, აღარც ხუმრობებზე ეცინებოდა, აღარც შარადები, რებუსები თუ ლოგოგრიფები ადარდებდა. ცხოვრებამ მისთვის მთელი ხიბლი დაკარგა. თუ ეძინა, გული მაინც ფხიზლობდა, "ქებათა ქებაში" რომაა ნათქვამი: "მე მძინავს, გული კი მღვიძარეა ჩემი", - მის გონებას ეძინა, გული - ოცნებობდა. სამსახურშიც ამ მძინარე გონებით თვლიდა და ანგარიშობდა, ხოლო გული როსიტაზე ფიქრობდა, როსიტას საინტერესო მდგომარეობაზე. რა გასაკვირია, რომ ამ ფიქრებში ჩაფლულს პროცენტები სხვათა ანგარიშზე დაერიცხა, ამიტომ ბანკის მოხელეები იძულებული იყვნენ, მისი შეცდომები ესწორებინათ, თან აფრთხილებდნენ, მეტი ყურადღება გმართებსო. ბოლოს კი დონ ილარიონმაც გამოიძახა და უთხრა: - სენიორ ალფონსო, თქვენთან გასაუბრება მსურდა... - დიდი სიამოვნებით, დონ ილარიონ. - ვერ ვიტყვი, რომ თქვენი მუშაობით უკმაყოფილო ვიყო, სენიორ ალფონსო, ამას ნამდვილად ვერ ვიტყვი, პირიქით, სამაგალითო მუშაკადაც კი მიმაჩნიხართ, კარგად მომეხსენება თქვენი მუყაითობის, წინდახედულების, შრომისმოყვარეობისა თუ სიფრთხილის ამბავიც. ესეც არ იყოს, ჩვენი ბანკის მეანაბრეც ხართ, მთელი თქვენი დანაზოგი ჩვენთან შემოგაქვთ და, ცხადია, ანგარიშზე საკმაო თანხაც გერიცხებათ... მაგრამ, სენიორ ალფონსო, ნება მიბოძეთ, ერთი შეკითხვა მაინც დაგისვათ, ოღონდ არა როგორც უფროსმა ხელქვეითს, არამედ როგორც მოკეთემ, მამის მაგიერმა... - დონ ილარიონ, არასოდეს დამავიწყდება, რომ მამაჩემის მეგობარი ბრძანდებოდით და ჩემს დღევანდელ მდგომარეობას თქვენ უნდა გიმადლოდეთ, თავი დავალებულად მიმაჩნია. თქვენი წყალობით მომეცა საშუალება, დამეცვა და გამეზარდა ის კაპიტალი, რაც მამამ დამიტოვა და ამდენად უფლებაც გაქვთ, ნებისმიერი კითხვა დამისვათ... - რისთვის აგროვებთ ამ კაპიტალს, რისთვის გინდათ გამდიდრება?       ამ მოულოდნელმა კითხვამ ისე დააბნია ემეტერიო, რომ აღარ იცოდა, რა ეთქვა ან რა ექნა. მაინც რას გულისხმობდა დონ ილარიონი, რისი გაგება უნდოდა, რა მიზნით დაუსვა ეს კითხვა? - არ ვიცი, რა გითხრათ... რა გიპასუხოთ... - ბუტბუტებდა იგი. - მაშასადამე, უბრალოდ აგროვებთ დაგროვებისთვის, მდიდრდებით გამდიდრებისათვის? - არ ვიცი, დონ ილარიონ, არ ვიცი... ეგებ ეს ჩემი გატაცებაა ან ახირება... - მაგრამ მარტოხელა კაცისთვის, ყოველგვარი მოვალეობისგან თავისუფალი ადამიანისთვის... დაგროვება ხომ... - მოვალეობისგან? - შეშფოთდა ემეტერიო, - არა, მოვალეობა მართლაც არაფერი მაქვს... გეფიცებით, დონ ილარიონ, არანაირი... - მაშინ ვერ ამიხსნია... - პირდაპირ მითხარით, დონ ილარიონ, რა ვერ აგიხსნიათ? - რა და თქვენი დაბნეულობა, იმ შეცდომების მიზეზი, რასაც გარკვეული დროიდან უშვებთ ანგარიშებსა და გამოთვლებში... ახლა კი მინდა ერთი რჩევაც მოგცეთ. - ნება თქვენია, დონ ილარიონ. - სენიორ ალფონსო, ასეთი დაბნეულობის ერთადერთი წამალი არსებობს - უნდა იქორწინოთ, ცოლი უნდა შეირთოთ... ჩვენც უფრო დაოჯახებული თანამშრომლები გვჭირდება, შეირთეთ ცოლი... - მაშასადამე, უნდა ვიქორწინო, დონ ილარიონ? მე, ემეტერიო ალფონსო, ოჯახს მოვეკიდო? მერედა ვინ შევირთო? - კარგად დაფიქრდით, სენიორ ალფონსო, იმისათვის, რომ ყურადღება აღარ გაგეფანტოთ, ცოლი უნდა შეირთოთ, დაოჯახდეთ, სენიორ ალფონსო! *       და დაიწყო ემეტერიოსთვის ღრმა სულიერი მარტოობის გაუსაძლისი დღეები; ტრადიციულ თავყრილობებზეც კი აუცრუვდა გული, უფრო გარეუბნის კაფეებში მოუხშირა სიარულს - იქ არც არავინ იცნობდა და არც არავის იცნობდა, და ასე გულდამძიმებული უყურებდა უბრალო ხელოსნებსა და წვრილ ბურჟუებს, რომელთა შორის, შესაძლოა, ვინმე ფსიქოლოგიის მასწავლებელიც ყოფილიყო, მით უმეტეს - კვირადღეს, ოჯახებით, ცოლ-შვილით რომ მოდიოდნენ, ყავას წრუპავდნენ, ორცხობილას ატანდნენ და პოპულარულ საფორტეპიანო მუსიკასა თუ სიმღერებს უსმენდნენ. როცა თვალს შეასწრებდა, დედა თავის პატარას პირს როგორ სწმენდდა, ახსენდებოდა ის დრო, დონია ტომასას პანსიონში რომ ცხოვრობდა და როსიტაც დედობრივი მზრუნველობით დასტრიალებდა თავს. მერე ფიქრით მისწვდებოდა შორეულ, პროვინციულ პატარა ქალაქს, სადაც როსიტა, მისი როსიტა, ცდილობდა მარტინესის დაბნეულობა გაეფანტა, რათა მას სხვათა შვილებისთვის ის თავისი ფსიქოლოგია, ლოგიკა თუ ეთიკა ესწავლებინა. და როცა ემეტერიო შინ ბრუნდებოდა, არა, შინ კი არა, ფუნდუკში თუ ქარვასლაში, - ჩაბნელებულ შუკაში მოსასხამში გახვეული ქალი მიაძახებდა: "ეი, ბობოლავ, მდიდარო!" მაშინ კი აუჩქარებდა ნაბიჯს და იტყოდა თავისთვის: "მდიდარიო? მაინც ვისთვის ვარ მდიდარი? განა მართალი არ იყო დონ ილარიონი? რად მინდა ეს სიმდიდრე? რა ხეირი ვნახე ხელმომჭირნეობაში, თუკი ვერავის ვერაფერში გამოვადგები, თუნდაც საინტერესო მდგომარეობის ქალს? მარტო სახელმწიფო ქაღალდების შესაძენად? მე ხომ სულ არ მაინტერესებს არც სახელმწიფო და არც მისი ინტერესები... ღმერთო ჩემო, რატომ გამოვიქეცი? ასე მაინც რატომ გავუძალიანდი როსიტას? რატომ კისრისტეხით არ გამოვეკიდე და მკლავებში არ ჩავუვარდი?"       არა, ეს არ იყო ცხოვრება. და იგი დაეხეტებოდა ქუჩა-ქუჩა და აღმა-დაღმა, დაბორიალებდა უგზო-უკვლოდ, ცურავდა ხალხის ზღვაში და ცდილობდა, იმ ადამიანების სულიერი ცხოვრება ამოეცნო, გზადაგზა რომ ხვდებოდნენ, გაეშიშვლებინა არა მარტო მათი სხეულები, არამედ სულიც. "მეც რომ მარტინესივით ვიცოდე ფსიქოლოგია, - იტყოდა ხოლმე, - დიახ, მარტინესივით, რომელიც მე თვითონ დავაქორწინე როსიტაზე... დიახ, მე თვითონ, ეს ხომ სადავოც არ არის - მე თვითონ დავაქორწინე ისინი... მაგრამ დაე, მათ მაინც იცხოვრონ ბედნიერად და უჭირველად, სხვა რა უნდა ინატროს ადამიანმა... ნეტავი თუ ხანდახან მაინც გამიხსენებენ ხოლმე, თუ გამიხსენებენ - როდის?"       და ასე დაეხეტებოდა ქუჩა-ქუჩა. თავდაპირველად ტანწერწეტა გოგონებს აედევნებოდა, მერე იმ ყმაწვილებს დაუწყებდა თვალთვალს, იმ გოგონებს რომ დაჰყვებოდნენ, ხან ლაზღანდარა ბიჭებს მიუგდებდა ყურს, გოგონებს რომ ექილიკებოდნენ, არც გოგონების პასუხები გამოეპარებოდა, ხანაც წყვილებს აეტორღიალებოდა და გულს მალამოდ ედებოდა, თუკი შეხმატკბილებულები საუბრობდნენ. "ერთი შევხედო... მგონი, ეს გოგონა უკვე მიუტოვებია თავის საქმროს, თუ ვინც იყო... ახლა მარტოა, - გული დასწყდებოდა ხოლმე, - მაგრამ არაფერია, ვინმე სხვა გამოუჩნდება... აი, ამ ორმა წყვილმა კი, ეტყობა, ერთმანეთს გაუცვალ-გამოუცვალა... ნეტავი ეს კომბინაცია რაღას ნიშნავს? მაინც რამდენი კომბინაციაა, ოთხიდან ორი მაინც რომ გამოვიდეს... მგონი, მათემატიკაც მავიწყდება... * - რა კარგია, რომ შეგხვდი, ემეტერიო, სალაპარაკო მაქვს შენთან, - უთხრა სელედონიომ, როცა ერთ დღეს რომელიღაც მიყრუებულ ქუჩაზე გადაეყარა, ჩვეულებისამებრ, დაკვირვებაში გართულ მეგობარს, - ჯერ შენს ყურამდე არ მოუღწევია იმ ამბავს, რომ დიდი პოპულარობით სარგებლობ თურმე აქ მოსეირნე წყვილებს შორის? - არა, არაფერი გამიგია, რას ამბობ? - იმას, რომ მიგიხვდნენ თურმე ჩანაფიქრს და კარგადაც ერთობიან, წყვილების მეთვალყურეც კი შეურქმევიათ შენთვის, ოღონდ "საწყალი კაციო", ამასაც ამბობენ. - მართალი გითხრა, ძალიან გამიტაცა ამ საქმემ. გამოგიტყდები, როცა მიტოვებულ ქალიშვილს ვხედავ, გული მტკივა, ან იმ ყმაწვილ ქალს, ვინც ისეთ ადამიანს არ შეხვედრია, ვინც ეტყოდა, - ბოლოს და ბოლოს ხომ გიპოვეო! არც ის მომწონს, ზოგიერთი ხელთათმანებივით რომ იცვლის საქმროებს და ისინიც მეცოდებიან, განცხადებას რომ გამოაკრავენ ხოლმე და მაინც ვერ პოულობენ მდგმურს... - თუ პანსიონერს... - რაც გინდა, დაარქვი. ეს ამბავი ნამდვილად მაფიქრებს და რომ შემეძლოს, მე თვითონ გავხსნიდი ქორწინების სააგენტოს, ანდა სულაც მაჭანკლობას ვიკისრებდი! - ეგებ სხვა რამესაც... - სულერთია, როცა მოყვასის სიყვარული, კაცთმოყვარეობა თუ გულმოწყალება გამოძრავებს, არანაირი საქმე სათაკილო არ არის. - რა თქმა უნდა, ემეტერიო, სათაკილო არც უნდა იყოს! აბა, გაიხსენე, რას ამბობდა ამის თაობაზე ჩვენი დონ კიხოტე! ის ხომ მაინც იყო ჭეშმარიტი რაინდი, უანგარობის უბადლო მაგალითი და გვირგვინი: "ჩვენში მაჭანკლობის, შუამავლობის საქმე ისე არ არის მოგვარებული, როგორც საჭიროა. ეს საქმიანობა დიდ წინდახედულებასა და გამჭრიახობას მოითხოვს და ყოველ კეთილმოწყობილ ქვეყანაში საჭირო და აუცილებელია, ოღონდ ამ საქმეს კეთილშობილი წარმომავლობის ადამიანები უნდა უძღვებოდნენ, ამასთან, მეთვალყურეობა და ზედამხედველობაც უნდა დაწესდეს". კიდევ სხვაც თქვა ამის თაობაზე, მაგრამ აღარ მახსოვს... - სწორია, სწორი, სელედონიო. მართალი გითხრა, ეს საქმიანობა ისე მიტაცებს, როგორც ხელოვნება, სრულიად უანგაროდ, ვთქვათ, ისე, როგორც ხელოვნება ხელოვნებისათვის, მაგრამ მე ქვეყნის კეთილდღეობაზე კი არ ვზრუნავ, უბრალოდ მინდა, რომ ადამიანებმა კარგად იგრძნონ თავი. მაშინ მეც გულით გავიხარებდი, მათი ბედნიერება მეც ბედნიერებას მომანიჭებდა. - ბუნებრივია, დონ კიხოტე ასეთსავე გულისხმიერებას იჩენდა მაჭანკლებისა და სხვა ამდაგვარი საქმიანობის ადამიანების მიმართ; აბა გაიხსენე, რა მზრუნველობით ეპყრობოდნენ ისინი, მსუბუქი ყოფაქცევის ქალებს რომ ეძახიან. თუნდაც ის მარიტორნესი ვთქვათ, ვინც არაფრად დაგიდევდათ სახელსა და პატივს, თუკი შეჭირვებულ მოყვასს შვებას მოჰგვრიდა. განა ვინმე დაიჯერებს, რომ დონ კიხოტეს ოდესმე ისეთი რამ წამოსცდებოდა, რასაც ესპანური სამეფო აკადემიის ბატონები წერენ: "მეძავი ის ქალია, ვინც საკუთარი სხეულით ვაჭრობს, მდაბალ ვნებებს აჰყოლია და ავხორციაო"? მაგრამ ვაჭრობა ერთია და მდაბალი ვნებები - მეორე. განა ცოტაა ისეთი, ვისთვისაც ეს უბრალოდ გართობაა და კარგადაც ერთობა? - მართალს ამბობ, ზოგიერთისთვის ეს სწორედ რომ გართობაა. - აკი შენც ერთობი, ფული და მდაბალი ვნებები ხომ არც შენ გაცდუნებს, როცა ყმაწვილებს აედევნები ხოლმე. - გეფიცები, რომ მე... - ეს ხომ შენთვისაც გართობაა; თავის შერცხვენა არ გინდა, მაგრამ სხვების შერცხვენა გახალისებს... - გარწმუნებ, გულდამშვიდებით ვერ ვუყურებ ყმაწვილ ქალებს, რომლებიც მარტო იმიტომ იცვლიან საქმროებს, რომ ერთი ვერ შეუნარჩუნებიათ. - შენ მართლაც ხელოვანი ყოფილხარ, ემეტერიო. არასოდეს გიფიქრია იმაზე, რომ შენი მოწოდება შეიძლება სულაც ხელოვნება ყოფილიყო? - ერთხანს ვიყავი კიდეც გატაცებული ძერწვით... - ალბათ, თიხის ზელა განიჭებდა სიამოვნებას... - შეიძლება... - მეთუნეობა ხომ ღვთით მომადლებული ნიჭია, აკი პირველი ადამიანიც ღმერთმა თიხისგან გამოძერწაო, ქოთანივით... - მე კი რესტავრირება უფრო მომწონს, ანტიკური ამფორების აღდგენა... - ანუ ქოთნების შეკეთება, არა? მავთულებით შეკვრა-შეკოწიწება! - აბა, რას ამბობ, მავთულებით როგორ შეიძლება... მარტო ის წარმოიდგინე, როგორ ააწყობ ამფორებს ნატეხებისგან... - ქოთანს, ემეტერიო, ქოთანს. - დაე ასე იყოს! ერთი სიტყვით, აიღებ დამტვრეულ ქოთანს და ისე ააწყობ ნატეხებისგან, რომ სულ ახალი გეგონება... - აკი გითხარი, ნამდვილი ხელოვანი ხარ-მეთქი, ემეტერიო, ეგებ მართლაც მოჰკიდო ხელი ამ საქმეს და სახელოსნოც გახსნა... - ერთი ის მითხარი, სელედონიო, ღმერთმა ჯერ ნეკნი ამოუღო ადამს და მერე მოიფიქრა ევას შექმნა? - ალბათ, ასე იყო, მაგრამ ჯერ კარგად მოზელდა... - სელედონიო, ასეა თუ ისე, პირდაპირ გეტყვი, მეც ძალიან მიტაცებს ის საქმიანობა, რასაც დიდად აფასებდა დონ კიხოტე, მაგრამ იმიტომ კი არა, რომ ვინმე ან რამე მოვზილო... - ალბათ, არა, შენთვის ხომ ისიც კმარა, რომ უყურო და ათვალიერო... - სწორედ ეს მანიჭებს სულიერ კმაყოფილებას... - შეიძლება... - ზოგჯერ ჩემს მარტოობაზე რომ დავფიქრდები ხოლმე, ჩემთვის ვიტყვი, ეგებ ჯობდა, მღვდელი გამოვსულიყავი-მეთქი... - რისთვის? - იმისთვის, რომ აღსარება მომესმინა. - ჰოო, შენ წინაშე სულები რომ გაეშიშვლებინათ, არა? - მახსოვს, პირველად რომ მივედი აღსარების სათქმელად, სულ პატარა ბიჭი ვიყავი; მღვდელმა ერთი-ორჯერ ბურნუთი შეიყნოსა და მერე მკითხა: "იცოდე, არ იცრუო! რამდენჯერ, რამდენჯერო?" მე კი ვერაფერი გავიგე, ვერ მივხვდი, რას მეკითხებოდა, ან მე რა უნდა მეპასუხა. - ახლა მაინც თუ მიხვდებოდი! - იცი, რას გეტყვი, სელედონიო, საქმე ისაა, რომ ახლა... - ახლა მოწყენილობისგან იტანჯები, არა? - არა, უფრო უარესი მჭირს, უფრო უარესი... - აბა, რას იზამ, როცა სულ მარტო ხარ... - ამ მარტოობაში თუ რამ მაძლებინებს, ისევ მოგონებები დონია ტომასას პანსიონატზე... - მუდამ როსიტა!... - ჰო, მუდამ როსიტა...       და ისინი ერთმანეთს დაემშვიდობნენ. *       ერთხელაც, ჩვეულებისამებრ რომ სეირნობდა, ემეტერიო მეტად უსიამოვნო ამბავს შეესწრო. საღამო ჟამს ერთ მიყრუებულ კაფეში რომ შევიდა, ლამის ფეხდაფეხ შეჰყვა ქალი, რომელსაც როსიტასთანა წამწამები ჰქონდა, ოღონდ ფრჩხილები შეეღება წითლად, წარბები სულ ამოექნა და შავი ფანქრით დაეხატა, შეშუპებული ქუთუთოები და ასევე შეშუპებული ტუჩები იისფრად შეეღება. "წამწამებიც ასეთი უნდა!" - ჩაილაპარაკა ემეტერიომ და გაახსენდა, სელედონიომ რაღაც მცენარის შესახებ რომ უამბო (დიდი ყოვლისმცოდნე კი იყო ეს კაცი!) - თურმე ამ მცენარეს, დროზერას, სწორედ ასეთი წამწამებივით საცეცები ჰქონია; ამ საცეცებით იჭერდა მწერებს, თავისი ყვავილების სურნელით რომ იზიდავდა, და მთელ სითხეს გამოსწოვდა. ეს გრძელწამწამა ქალი შევიდა თუ არა კაფეში, მაშინვე ყველა იმ მყოფი ააწრიალა. ერთი კი გადახედა ემეტერიოს, მაგრამ მერე მელოტი მოხუცი მოხვდა თვალში და წამწამებიც სწორედ იმას აუფახულა. იმ საწყალმა ის-ის იყო დაუღეჭავად გადასანსლა ორცხობილა და ნელ-ნელა წრუპავდა რძიან ყავას. ქალმა ჯერ თვალი ჩაუკრა და მერე ის თავისი წამწამები დროზერას საცეცებივით ჩაასო, შეშუპებული ტუჩები მოილოკა. მოხუცს მელოტი თავი მისი ფრჩხილებივით გაუწითლდა და თვითონაც გულში - სწორედ გულში! - ტუჩები მოილოკა. იმ ლამაზმანმა თავი გვერდზე გადახარა და ისე წამოხტა, გეგონებოდათ, ზამბარებზე იჯდაო, მაშინვე კარისკენ წავიდა და ის საბრალო ყავის მოყვარული მოხუციც უკან მიჰყვა, თან დარცხვენილი ცხვირს იფხანდა. არც ემეტერიომ დააყოვნა და მათ აედევნა. შესაბრალისად მიძუნძულებდა და თავისთვის ბუტბუტებდა: "ეგებ დონ ილარიონი მართალიც იყო!".. *       წლები გადიოდა. ემეტერიო ისევ ისე, ძველებურად, ხელმომჭირნედ ცხოვრობდა, ლანდივით დაბორიალებდა, სოკოსავით არსებობდა, რომელსაც არც წარსული აქვს და არც მომავალი. მის მეხსიერებაში წარსული თითქმის წაიშალა კიდეც; უკვე აღარც სელედონიოს ხვდებოდა, ის კი არა, გაურბოდა კიდეც, მით უმეტეს - მას შემდეგ, რაც მან თავისი მოსამსახურე შეირთო ცოლად. - რა დაგემართა, ემეტერიო?! - შესძახა სელედონიომ, როცა შემთხვევით შეეჩეხა, - ასეთი რა ხდება შენს თავს? - აბა, რა გითხრა, მეგობარო, ისიც აღარ ვიცი, ვინ ვარ! - ადრე კი იცოდი? - ახლა უკვე არც ის ვიცი, ცოცხალი ვარ თუ არა. - გავიგე, თურმე მდიდრდები და მდიდრდები!... - მე? ვმდიდრდები? - ჰო, კარგი, როსიტასი რა იცი? იმ მარტინესმაც ისეთი რამ ჩაიდინა, რასაც არავინ მოელოდა მისგან... - მაინც რა, ისევ საინტერესო მდგომარეობა? ისევ ბავშვი? - არა, მხოლოდ ვაკანტური ადგილი დატოვა... - რას ამბობ, მაშ, მოკვდა? - ჰო, მოკვდა, დააქვრივა როსიტა და ასე დატოვა, ბავშვით ხელში. შენი ჯერიც დადგება, ემეტერიო, ერთ დღეს შენც დატოვებ ვაკანტურ ადგილს იმ შენს ბანკში. - გაჩუმდი, გაჩუმდი, ამაზე ლაპარაკიც არ მინდა!       და ემეტერიო გაიქცა. ვაკანტურ ადგილზე ფიქრიც თან გაჰყვა.       თანდათან მისი მოგონებებიც ბურუსივით გაიფანტა, მაგრამ ვაკანტურ ადგილზე ფიქრი მაინც არ ასვენებდა, და ცოტა შვება მაინც რომ მიეცა თავისთვის და ჯავრი გაექარვებინა, დაევიწყებინა, სიბერე რომ უახლოვდებოდა, პენსიაზე გასვლის დრო უკვე კარზე რომ მოადგა, დაბორიალებდა ქუჩა-ქუჩა და გულში იმეორებდა: "ეული ხარი პენსიაზე... ხარი პენსიონერი... ნეტავი როსიტას ბავშვის გარდა პენსია მაინც თუ დარჩა?"..       და აი, ერთ დღესაც, სრულიად მოულოდნელად, თითქოს სასწაული მოხდაო, ემეტერიო ერთბაშად გამოფხიზლდა, გულმა ბაგაბუგი დაუწყო, ისეთი გრძნობა მოერია, თითქოს წარსული გაცოცხლდაო, ის წარსული, რომელიც შეიძლება მომავალი გამხდარიყო, მაგრამ არ გახდა... ახლა კი ცხადად იგრძნო, თითქოს ის წარსული-მომავალი გაცოცხლდა. ნეტავი ვინ უნდა იყოს ეს თვალწარმტაცი ქმნილება, ველური ტყის სურნელი რომ დააფრქვია მთელ ქუჩაზე? ვინ არის ეს ტანწერწეტა ქალიშვილი, ასე მომხიბლავი, კაცს ახალგაზრდობას რომ აგრძნობინებს? და, რაღა თქმა უნდა, კიდეც გაჰყვა ყმაწვილ ქალს ფეხდაფეხ. მანაც იგრძნო, რომ მიჰყვებოდნენ და ნაბიჯს აუჩქარა. ერთი კი გახედა მდევარს და თვალები გამარჯვებულმა ღიმილმა გაუნათა, თუმცა თანაგრძნობის ნაპერწკალმაც გაუელვა. "ეს თვალები თითქოს სხვა ცხოვრებიდან, წარსულიდან იმზირებიან, იქიდან, სადაც ჩემი ძველი კალენდარი მეგულება"...       ემეტერიოს ახლა თითქოს მიზანი გაუჩნდა: ამ იდუმალი არსების ასავალ-დასავალი უნდა გაეგო - ვინ იყო, სად ცხოვრობდა... ეეჰ, ეს საშინელი ვაკანტური ადგილი... ვაკანტური, ან პენსიაზე გასვლის შემდეგ, ან... მერე კიდევ - ეს შეცდომებიც, სხვების ანაბარზე პროცენტების დარიცხვა...       ორიოდე დღის შემდეგ, ჩვეულებისამებრ რომ მიუყვებოდა იმავე ქუჩას, სადაც ის ხილვა გამოეცხადა, აკი ისევ დალანდა ის ქალიშვილი, მაგრამ ახლა ვიღაც ყმაწვილი ახლდა და ემეტერიოს მოეჩვენა, თითქოს ეს მარტინესი იყო. ისევ ეჭვიანობამ შეიპყრო და ცახცახმა აიტანა. "მთლად გამოვთაყვანდი. აბა, რა იქნება - პენსიის დრომ მიწია... ვაკანსია შორს არ არის"... ცოტა ხანში სელედონიოც შეხვდა. - იცი, სელედონიო, გუშინ ვინ ვნახე? - რასაკვირველია, როსიტა! - როგორ მიხვდი? - ამას რა მიხვედრა უნდა, სახეზე გაწერია, ერთი შეხედვაც კმარა! თითქოს გაახალგაზრდავდი კიდევ, ემეტერიო! - მართლა? რომ იცოდე, ასეცაა. - მერე, სად ნახე? - სად და, ამას წინათ, ჩვეულებრივად რომ ვსეირნობდი, უცბად სასწაულებრივი არსება გამომეცხადა, გეუბნები, სელედონიო, მართლა ღვთაებრივი... რა თვალები ჰქონდა! სიცოცხლით სავსე, ისეთი, კაცს სიცოცხლეს რომ მოანდომებდა... - მოეშვი ქებათა ქებას და ის თქვი, მერე რა მოხდა. - ერთი სიტყვით, გავყევი უკან, არც კი მიფიქრია იმაზე, ვინ შეიძლებოდა ყოფილიყო, მაგრამ გულმა რაღაც მიგრძნო, ალბათ, წინათგრძნობა იყო, მაგრამ მე მაინც ვერაფერს მივხვდი... ეგებ... - ჰო, ამას მარტინესი ქვეცნობიერს უწოდებდა... - დაე, ასე იყოს, ქვეცნობა... - არა, ქვეცნობიერი-მეთქი... - ჰო, კარგი, მოკლედ, ეს ქვეცნობა იყო, მაგრამ მაინც ვერაფერს მივხვდი. მერე, კიდევ რომ ვნახე, უკვე ვიღაც ყმაწვილი ახლდა, ეგებ საქმროც კი... და ისევ ეჭვმა შემიპყრო... - აბა რა იქნებოდა, ისევ მარტინესზე იეჭვიანებდი. - იცი, იმ ბიჭის ჩამოშორებაც კი მომინდა. - თუკი ვინმეს ემუქრება ჩამოშორება, ისევ შენ, ემეტერიო. - კმარა, ახლა ისევ ჩემი საპენსიო ასაკი არ გამახსენო, ახლა მაინც, როცა ჩემი გული ზეიმობს. რა თქმა უნდა, ჩემს თავს დავუწყე შეგონება: "ფრთხილად, ემეტერიო, ნუთუ ახლა, როცა ორმოცდაათ წელს გადააბიჯე, შეგიყვარდება გოგონა, რომელიც შვილად შეგეფერება? გონს მოეგე-მეთქი"... - კარგი, მერე რა მოხდა? - ის მოხდა, რომ გუშინაც მივდიე იმ ღვთაებრივ არსებას, სახლამდე მივყევი და იცი, ვინ გამოეგება?.. თავად როსიტა, დედამისი! თურმე ნუ იტყვი, ეს გოგონა მისი შვილი არ ყოფილა? ნეტავი კი გენახა, წლები სულ არ ეტყობა... - სამაგიეროდ, შენ გეტყობა, თანაც პროცენტებით. - კარგად კი შესუქებულა, ღაბაბი დასდებია სამკეცად, ორმოცდაექვსი წლის ფაშფაშა ქალია, სწორედ ისეთი, გაურკვეველი ასაკისას რომ უწოდებენ... როგორც კი დამინახა, მაშინვე მიცნო და შესძახა: "ამას ვის ვხედავ, თვალებს ვერ ვუჯერებ, ნუთუ თქვენა ხართ, დონ ემეტერიო?!" "რა ბედნიერებაა, როსიტა, რა ბედნიერება!" - აღტაცება ვერც მე დავმალე, მაგრამ მაშინვე ვკითხე ჩემს თავს, ასეთი მაინც რა ბედნიერებაა-მეთქი. ერთი სიტყვით, მივიკითხ-მოვიკითხეთ ერთმანეთი და ამ ლაპარაკ-ლაპარაკში სახლშიც შემიპატიჟა... - შენც შეხვედი და თავისი ქალიშვილიც გაგაცნო! - რა თქმა უნდა! - როსიტას შორსმჭვრეტელობა ხომ ვიცით, თან მისი ტაქტიკაც კარგად მოგეხსენება, - ყოველთვის იცოდა, სად უმიზნებდა. - ასე გგონია? - ეჭვიც არ მეპარება, მან მშვენივრად იცოდა, რომ მის ქალიშვილს უთვალთვალებდი და რაკი ადრე ხელიდან გაგიშვა, ახლა უკვე ეცდება, თავისი ქალიშვილისთვის გამოგიჭიროს და არა თავისთვის, თანაც მაგ შენი პროცენტებიანად გაგაბას მახეში... - ამასაც ვნახავთ, ამასაც ვნახავთ! მოკლედ, გამაცნო თავისი ქალიშვილი კლოტილდე, მაგრამ მან რაღაც მოიმიზეზა და მაშინვე დაგვტოვა, მე კი მომეჩვენა, რომ დედამისს ეს დიდად არ ესიამოვნა... - აბა რა იქნებოდა, თუკი თავის საქმროსთან წავიდა. - ასე რომ, მარტო დავრჩით... - ახლა კი ყველაზე საინტერესო ამბავი იწყება! - ასე იყო თუ ისე, როსიტამ მიამბო თავისი ცხოვრების, გათხოვების, დაქვრივებისა და მთელი თავისი უიღბლობის შესახებ. ვეცდები, ყველაფერი დაწვრილებით გავიხსენო: "მას შემდეგ, რაც თქვენ მიგვატოვეთ და დარჩით ასე მარტო, უცოლშვილოდ"... - ასე დაიწყო, მაგრამ მე არ ვაცალე: "მას შემდეგ, რაც მე უცოლოდ დავრჩი?" - მერე მან განაგრძო, - "დიახ, მას შემდეგ, რაც თქვენ დაოჯახებაზე უარი თქვით, როგორ უნდა მენუგეშებინა თავი, დონ ემეტერიო? აღიარეთ, რომ კარგად არ მოიქეცით, ასე არ არის?.. მეტი რა გზა მქონდა, გამოსავალი მხოლოდ გათხოვება იყო!" "მერე ის, თქვენი ქმარი"... - ვკითხე მე. "ვინ, მარტინესი? საწყალი კაცი... თან ღარიბი, უქონელი, ეს იყო ყველაზე უარესი"... - ამ დროს კი ფიქრობდა, ჯობდა შენსავით მდიდარი საწყალი ყოფილიყოო, არა, ემეტერიო? - აბა, მე რა გითხრა... მერე გული აუჩუყდა. - მაშ რას იზამდა, როცა საკუთარი თავი და შვილი ჰყავდა სადარდებელი... - მერე მითხრა, ჩემი შვილი ნამდვილი მარგალიტიაო... - ბუდეში ჩასმაღა აკლიაო, არა? - რა? რისი თქმა გინდა? - არაფრის... უბრალოდ, მარგალიტის ბუდეში ჩასმაზე შენ უნდა იზრუნო... - რას არ იტყვი, სელედონიო, ეს რაღამ გაფიქრებინა? - მე კი არა, იმას!.. - არც ასეა საქმე, სელედონიო, ეჭვი გეპარება, რომ... - ეჭვი კი არ მეპარება, დანამდვილებით ვიცი, საკუთარი შვილის მომავალზე ფიქრობს და უზრუნველი ცხოვრება შენს ხარჯზე სურს მოუწყოს. - ასეც რომ იყოს, მერე რა მოხდა? - ის მოხდა, რომ შენი საქმე წასულია, ემეტერიო, აღარფერი გეშველება, უკვე გაგაბეს მახეში და ეგაა... - მერე რა? - არც არაფერი, შეგიძლია, უკვე პენსიაზეც იფიქრო. - ბოლოს, წამოსვლა რომ დავაპირე, მითხრა: "ამიერიდან შეგიძლია, როცა მოისურვებ, მაშინ მოხვიდე, ეს სახლი დღეიდან შენიც იქნებაო". - გახდება კიდეც შენი.:. - კლოტილდეზეა დამოკიდებული. - არა, როსიტაზე! *       ამ დროს კი როსიტასა და კლოტილდეს შორის ნამდვილი ორთაბრძოლა მიმდინარეობდა. - კარგად დამიგდე ყური, შვილო, დაფიქრდი და მაგ ბავშვურ ცუღლუტობას მოეშვი. ეგ შენი საქმრო, პაკიტო, არაფერში გამოგადგება, ეგ საშენო კაცი არ არის; აი, დონ ემეტერიო კი, მე თუ დამიჯერებ, ნამდვილად სახარბიელოა... - საჩემო კაცი ის არის, არა? - დიახ, სწორედ რომ საშენოა, მართალია, უფროსია და ეგებ მამადაც კი შეგეფერება, მაგრამ ასაკთან შედარებით კარგად გამოიყურება და, რაც მთავარია, დიდი ქონების პატრონია, უკვე გავიკითხე, თურმე ბანკში ისეთი თანხა აქვს... - გასაგებია. როგორც ვიცი, ჩემი ხნისა რომ იყავი, შენ ვერ მოახერხე მისი გამოჭერა და ახლა გინდა, მე შემომაჩეჩო, არა? მე და ეგ ჩაჩანაკი? სასაცილოა. ერთი ისიც მითხარი, შენ როგორ გაუშვი ხელიდან თავის დროზე? - როგორ გითხრა... მეგონა, ძუნწი იყო, მეტისმეტად ხელმომჭირნე, მარტო საკუთარ თავზე, თავის ჯანმრთელობაზე ზრუნავდა და ვინ იცის, მერე რა მოუვიდოდა თავში, მე რომ შევერთე... - მე რომ შემირთოს, გგონია, უარესი არ იქნება მისთვის? საქმე ჯანმრთელობას თუ ეხება, ხომ არ გავიწყდება, რომ ახალგაზრდა ვარ?.. უარეს დღეში არ ჩავარდება?.. - არა მგონია, იმიტომ, რომ მერე სხვა საზრუნავი გაუჩნდება და შენც სწორედ ამით უნდა ისარგებლო... - იცი, რას გეტყვი, დედა? მე ახალგაზრდა ვარ, თავს მშვენივრად ვგრძნობ და არ მინდა, ვინმეს მსხვერპლად შევეწირო, მომვლელად დავუდგე, რომ მერე მისი ქონება დაგრჩეს. არა, არა, მე მინდა, ცხოვრებით დავტკბე... - რა სულელი ხარ, შვილო! ნუთუ ჯაჭვის შესახებ არაფერი გსმენია? - ეს რაღა ოინია? - აბა, ყური დამიგდე, თუ ამ სინიორს გაჰყვები ცოლად, ის მოგიტანს... ჰო, კარგი, რასაც მოგიტანს... შენ შენებურად იზრუნებ მასზე და... - მის ჯანმრთელობაზე არა? - ჰო, მაგრამ კი არ უნდა გადააკვდე და შეეწირო, უბრალოდ შენი მოვალეობა მოიხადე, ეს არის და ეს... - ის რაღას იზამს? - ის თავის მოვალეობას შეასრულებს და... მოკლედ, დაქვრივდები, ღირსეული ქალბატონი გახდები და თანაც დიდებული ასაკის ქალბატონი... - ახლა შენ რომ ხარ, იმ ასაკისა, არა? - ჰო, მე რომ ვარ, მაგრამ მე არაფერი მაბადია, ჩემი დასამარხი ფულიც კი არ გამაჩნია, შენ კი, თუ ემეტერიოს გაჰყვები ცოლად, ქვრივის პირობაზე სულ სხვა მდგომარეობა გექნება... - რასაკვირველია, მთელ სიცოცხლეს უზრუნველად გავატარებ, არაფერი მომაკლდება, ყველა სურვილს შევისრულებ... - მეტი რა გინდა. მდიდარი ქვრივი იქნები, თანაც ლამაზი, აკი მე მგავხარ, რაც წლები მოგემატება, მით უფრო დამშვენდები... ქვრივი და თანაც ლამაზი ქვრივი. მაგ შენს პაკიტოსაც მეტი რა უნდა, სანატრელი არაფერი ექნება... - ბოლოს ჩემი მემკვიდრეც გახდება და ყველაფერი მას დარჩება, მერე, დონ ემეტერიოს ხნისა რომ იქნება, ისიც ვინმე კლოტილდეს მონახავს... - ჰოდა, ასე გაგრძელდება და ეს სწორედ ის ჯაჭვია, რაზეც გელაპარაკებოდი, შვილო... - მე კი გეტყვი, რომ მაგ შენს ჯაჭვში ვერ ჩამაბამ. - მაშ, ჯიუტობ, არა? ისევ ის შენი ფისუნია გირჩევნია, არა? გგონია, საყვარელ კაცთან ცელის ტარზეც დაეტევი, არა? დაფიქრდი, შვილო, კარგად დაფიქრდი... - დავფიქრდი და კარგადაც დავფიქრდი, მაგრამ იმ შენს ემეტერიოს მაინც არ გავყვები, არა! ჩემს თავს მე თვითონ მოვუვლი, მისი ფული არ მჭირდება, ჩემს სამყოფს მე თვითონ ვიშოვი. - მომისმინე, შვილო, იმ საწყალმა მთლად დაკარგა ჭკუა, ისეა გაგიჟებული, რომ შენი გულისთვის რას არ ჩაიდენს... იცოდე... - მე ჩემი სათქმელი გითხარი და დავამთავრე! - რაკი ასეა, რა გაეწყობა, მაგრამ მე რა ვქნა, როცა მოვა, რა ვუთხრა? - რა და, ისევ შენი სცადე, შენებურად, ძველებურად, იქნებ ახლა მაინც გააბა მახეში. - მე, შვილო? კარგი, მაგრამ... - მგონი, მიმიხვდი, დედიკო... - მიგიხვდი და ძალიან კარგადაც მიგიხვდი... *       და, რაღა თქმა უნდა, არც დონ ემეტერიომ დააყოვნა და როსიტას ესტუმრა. - დონ ემეტერიო, ძალიან მიჭირს ამის თქმა, მაგრამ რა გაეწყობა, უნდა გითხრათ, რომ ჩემს შვილთან ვერაფერი გავაწყვე, არც კი მომისმინა... - არ მოგისმინა? - ჰო, გათხოვებაზე სიტყვაც არ მათქმევინა... - არა, როსიტა, არც უთხრა, არ დააძალო... არა, არაფრის გულისთვის... მე კი... ასე მგონია, ახალგაზრდობა დამიბრუნდა... ახლა სულ სხვანაირი მეჩვენება საკუთარი თავი... ახლა იმაზე ვფიქრობ, რომ მზად ვარ კიდეც... - გაამზითვო, არა? - ჰო, მზად კი არა, მადლობელიც კი ვიქნებოდი, თუ... მოგეხსენება, ჩემი ასაკის კაცისთვის მარტო ცხოვრება ძნელია... ოჯახი სულ სხვაა. ჩემი კერა რომ მქონოდა... ბავშვები რომ მყოლოდა გასაზრდელი... ძალიან მიჭირს მარტოობა... მერე კიდევ, პენსიასა და ვაკანსიაზე ფიქრმა ხომ მთლად ამირია ჭკუა-გონება... ვერა და ვერ მოვისვენე... - სწორად გამიგეთ, ემეტერიო, - და როსიტამ პირველად გამოტოვა "დონ", თან უფრო ახლოს მიუჩოჩდა, - ყოველთვის მიკვირდა, ფულის დაგროვების მეტი რომ არაფერი გენაღვლებოდათ, ძალზე ხელმომჭირნე იყავით და დაოჯახებაზე სულ არ ფიქრობდით... - აკი დონ ილარიონიც ამას მეუბნებოდა... - ერთი ესეც მითხარი, ემეტერიო, - და კიდევ უფრო ახლოს მიუჩოჩდა, ისევ ძველებური ტაქტიკა გაიხსენა, - ისევ ისე გეშინიათ, ისევ ისე უფრთხილდებით ჯანმრთელობას? მაინც რა დრო იყო მაშინ!..       ემეტერიო ვეღარ ხვდებოდა, ეძინა თუ ეღვიძა; ისეთი განცდა ჰქონდა, თითქოს ძველი დრო დაუბრუნდა, ის დრო, რომელსაც თითქოს ოცი წელია მისტიროდა, სხვა ყველაფერი ერთიანად წაიშალა მის მეხსიერებაში, კლოტილდეს სახეც კი გაფერმკრთალდა, გონებაში ყველაფერი აერ-დაერია. - ემეტერიო, მართლა განიკურნეთ იმ შიშისაგან? აღარ გადარდებთ ჯანმრთელობა? - არა, ახლა აღარაფრისა მეშინია, მზად ვარ, ჩემს ადგილსაც კი შეველიო და ვაკანსიასაც კი დავუტოვებდი ვინმეს... ღმერთო დიდებულო, მაინც რა წერამ ამიტანა, რომ მაშინ ხელიდან გავუშვი ეს შემთხვევა! - მაგრამ ახლა ხომ აქა ვარ, ემეტერიო! - შენ, როსიტა, შენ?! - ჰო, მე... - მაგრამ... - ემეტერიო, ახლა როგორი ვარ შენი თვალით?       და როსიტა უცბად წამოხტა და ემეტერიოს პირდაპირ მუხლებზე ჩამოუჯდა, ის კი ერთიანად აცახცახდა, მაგრამ ეს არ იყო შიშის ცახცახი, არა... ბედნიერებამ სულ დაავიწყა პენსიაც და ვაკანსიაც, აღარაფერი გახსენებია და როსიტას გვარიანად შესქელებულ წელზე მკლავები შემოხვია. - კარგა მძიმე კი ყოფილხარ, ჩემო გოგონი! - ჰო, ხელის შესავლები საკმარისი მაქვს, ემეტერიო! - ნამდვილი ძეხვივით... - ეეჰ, მაშინ რომ მცოდნოდა ის, რაც დღეს ვიცი... იმ დროს, როცა ერთმანეთი გავიცანით... - მეც რომ მცოდნოდა, როსიტა... მაშინ რომ მცოდნოდა... - ეეჰ, ემეტერიო, ემეტერიო! - და ცხვირზე მოფერებით ხელი მოუთათუნა, - მაინც რა სულელები ვიყავით იმ დროს, როცა ერთმანეთი გავიცანით... - შენ - არა, მაგრამ მე კი მართლა სულელი ვიყავი... - დედაჩემი სულ მიჩიჩინებდა, თავი როგორმე მოაწონეო, მაგრამ შენ იმისთანა... - ბაყაყი ვიყავი, არა? - ახლა კი... - ახლა რა? - ახლა არ გინდა, ის შეცდომები გამოვასწოროთ? - აკი ვაღიარეთ კიდეც, რომ ვნანობთ! - სწორია, მაგრამ ტენორიოსავით არ გამოვიდა, არც პოეზია, არც წყლის პირას, არც მთვარის შუქზე და არც... - კეთილი და პატიოსანი, როსიტა, მაგრამ შენი ქალიშვილი რას იტყვის? - კიდეც გაუხარდება, ეს ხომ მის სასიკეთოდაც... - და შენს სასიკეთოდაც, როსიტა! - რაღა თქმა უნდა, ჩემს სასიკეთოდაც!       და ასე დაემშვიდობნენ ერთმანეთს.       ამ საუბრის შემდეგ რომ შეხვდნენ ერთმანეთს, ცბიერმა ქალმა ისევ თავისი ტაქტიკა გაიხსენა და უთხრა: - იცი, ჩემო საუნჯევ, ახლა უნდა გამოგიტყდე: კლოტილდეზე ფეხმძიმედ რომ ვიყავი, გეფიცები, სულ შენზე ვფიქრობდი... რატომღაც შენზე ფიქრი დამჩემდა... - მეც გამოგიტყდები და დაგიფიცებ, რომ კლოტილდე პირველად დავინახე თუ არა, კი არ ვიცოდი ვინ იყო, მაგრამ ისეთი გრძნობა მქონდა, როცა უკან მივყვებოდი, თითქოს შენ იყავი, როსიტა, შენ... ეს წინათგრძნობა იყო... ან ქვეცნობა, მგონი, ასე უწოდებდა ამას მარტინესი... - ეს რაღას ნიშნავს, რა ხილია ეგ ქვეცნობა? ასეთი სიტყვა ჯერ არც გამიგონია... - არა, ეს საჭმელი როდია... არა... ჰო, მართლა, საჭმლის ფული საკმარისზე მეტიც გვექნება, ის კი არა, მოგვრჩება კიდეც... - ოთხივეს გვეყოფა? - რომელ ოთხს, როსიტა? - რომელსა და... შენ, მე, კლოტილდე... - ეს ხომ სამი გამოვიდა... - და პაკიტოც... - პაკიტოც? კარგი ასე იყოს, მარტინესის სახელზე...       და როსიტამ, ამ გამოუცნობი ასაკის ქალმა, ისე გაიხარა, რომ გული აუჩუყდა და თვალზე ცრემლი მოადგა. განა ეს ისტერიკა იყო? მაგრამ ემეტერიო მაშინვე მოეხვია და ცრემლები კოცნით შეუშრო, ამ ცრემლების ტკბილ-მლაშე გემო ესიამოვნა კიდეც, რამეთუ ეს არ იყო, არა, არავითარ შემთხვევაში არ იყო ნიანგის ცრემლები.       ამ ხვევნა-კოცნაში მოილაპარაკეს და შეთანხმდნენ, რომ ოთხივე ერთად და ერთ დღეს იქორწინებდნენ: როსიტა და ემეტერიო, კლოტილდე და პაკიტო; ერთ სახლში, ერთ ჭერქვეშ და ერთ ოჯახად იცხოვრებდნენ, ხოლო ემეტერიო გაამზითვებდა კლოტილდეს. - შენგან სხვას არც ველოდი, ემეტერიო! სამაგიეროდ, ნახავ, რა ბედნიერად გაგატარებინებ დარჩენილ წლებს. - მჯერა, ასე იქნება, ამ წლებს, იმედია, კეთილდღეობაში გავლევ, თუმცა პენსიაზე მაინც მომიწევს გასვლა... მაგრამ ნუ გეშინია, შენ ვაკანსიისთვის მაინც არ დაგტოვებ... *       და მართლაც, ერთ დღეს იქორწინეს: დედამ - ემეტერიოზე, შვილმა - პაკიტოზე, - და ამ ორმა წყვილმა ახალშეუღლებულმა ერთად, ერთ ოჯახად დაიწყო ცხოვრება. ემეტერიო პენსიაზე გავიდა. ორივე წყვილს ერთდროულად ჰქონდა თაფლობის თვეც, ერთ წყვილს - უფრო ნაკლული, მეორეს - მომატებული. - ჩვენთვის ეს თაფლობის თვე კი არა, უფრო სანთლისაა, როსიტა, - ერთხელაც უთხრა ემეტერიომ, როცა სევდა შემოაწვა. - კარგი ერთი, ბოლოს და ბოლოს დამშვიდდი და ასეთ სისულელეებზე ნუღა ფიქრობ. - მაშინ რომ ასეთი სისულელე არ ჩამედინა... იმ წლებში... - ნურც ასეთი უმადური იქნები, ემეტერიო, ახლა საამისო მიზეზი არა გაქვს. - ახლა, როცა ასაკოვანი ქალი ბრძანდები, არა? - მაინც როგორი გეჩვენები ახლა? - კიდევ უფრო ლამაზი, ადრინდელზე ლამაზი, დამიჯერე, მაშინ, ახალგაზრდები რომ ვიყავით... - მაშ რაღა გაშფოთებს? - ააჰ, როსიტა, როსიტა, მაინც ქორფა ხარ... - ჰო, მართლა, იმ შარადებს შეეშვი? რომ იცოდე, როგორ მაღიზიანებდა ხოლმე შენი ბუტბუტი: ეს - პირველი მარცვალი, ესეც - მეორე, ესეც - მესამეო... - კმარა, ჩემო სიცოცხლევ!       და როცა ეხვეოდა და გულში იხუტებდა, თვალებს დახუჭავდა და ისევ ისე, თავისთვის ბუტბუტებდა: "რო-ტა, რორო... ტორო... სიტა... სი"...       ერთხელ კი მოულოდნელად ჰკითხა: - ერთი ეს მითხარი, როსიტა, შენი პირველი ქმარი, მარტინესი, კლოტილდეს მამა... - შენ რა, ისევ წარსულზე ეჭვიანობ? - განა ეს ქვეცნობის ბრალია?.. - ნეტავ კი იცოდე, რა მადლიერი იყო შენი, სულ აღტაცებული ლაპარაკობდა ხოლმე შენზე... - აღტაცებულიო? ჩემზე? - ჰო, შენზე, მართალს გეუბნები, მეც სულ იმას ვეჩიჩინებოდი, რა პატივისცემით მეპყრობოდი, ნამდვილი რაინდივით. ნამდვილად რაინდივით იქცეოდი ყოველთვის... - რაინდი თვითონ მარტინესი იყო... - აბა, ეს მედალიონიც ნახე, აქ მარტინესის სურათი მქონდა, მის ქვეშ კი შენსას ვმალავდი... ახლა ხომ გჯერა? - ახლა კი ჩემი სურათის ქვეშ მის სურათს მალავ? - ვისას? მიცვალებულისას? რასა ბრძანებ! არც ასეთი რომანტიკოსი ვარ! - მეც გაჩვენებ ჩემს კალენდარს, ჩემს ოთახში კედელზე რომ ეკიდა. გაქცევა რომ გადავწყვიტე, იმ დღის ფურცელი არ მომიხევია და აქამდე ასე ვინახავ. - ისევ თავიდან ხომ არ დაიწყებ ფურცლების მოხევას? - რისთვის? იმ შარადების ამოხსნა ხომ არ დავიწყო, იმ საბედისწერო წლის ფურცლებზე რომ დამრჩა? არა, ჩემო საუნჯევ, არა! - ნამდვილი საუნჯე შენა ხარ, ნამდვილი განძი! - განძი? არა, მე ერთი საწყალი კაცი ვარ... ღარიბი კი არა, საწყალი... - ეს ვინ გითხრა? - არავინ, მე თვითონ ვეუბნები საკუთარ თავს. *       თაფლობის თვე თითქმის გაილია, როცა ემეტერიო სელედონიოს შეხვდა. - როგორ გაახალგაზრდავებულხარ, ემეტერიო! ეტყობა, დაოჯახებამ შენს ჯანმრთელობაზე წამალივით იმოქმედა. - იმოქმედა და მერე როგორ! როსიტა ნამდვილ მალამოსავით მომიხდა. ვერ დამიჯერებია, თუმცა ამდენი ხნის ქვრივია... - ამ ცხოვრებაში ყველაფერი ეკონომიკაზეა აგებული, ემეტერიო, ოღონდ არა პოლიტიკურ ეკონომიკაზე, რაღა თქმა უნდა, არამედ მაქსიმუმისა და მინიმუმის ეკონომიკაზე... კაცმა თავის მოვლა უნდა იცოდეს... ასე რომ, ფრთხილად, მეტისმეტად ნუ გადაჰყვები იმ შენს როსიტას და მაქსიმუმი და მინიმუმი ერთმანეთში არ აურიო... არ დაგავიწყდეს, რომ თქვენ, ორი წყვილი ცოლ-ქმარი, ერთ ჭერქვეშ ცხოვრობთ, მით უმეტეს, ახალგაზრდა წყვილის გვერდით... და ეს კლოტილდე... ეს პაკიტოც... - ვინ? ჩემი სიძე? საწყალმა ბიჭმა ხომ იმიტომ იქორწინა, რომ თავისუფლად ენავარდა! - თავისუფლად რომ ენავარდა? - ჰო, ვერ წარმოიდგენ, მის წიგნებში რა აღმოვაჩინე: "სანიმუშო საყვარლის სახელმძღვანელო". სახელმძღვანელო! წარმოგიდგენია? სახელმძღვანელო! - აბა! განა არ ჯობდა, რაიმე საცნობარო, სამოძღვრებო ან კატეხიზმო გენახა? - ანდა ანბანი! მაგრამ სახელმძღვანელო? გეუბნები, ნამდვილი მუსუსია, ეგ მაიმუნი... - ოთხხელა გინდოდა გეთქვა, არა? ისინი ხომ განსაკუთრებით საშიშები არიან! მახსოვს, ერთხელ ახალშეუღლებულ წყვილთან ერთად ვმგზავრობდი და როგორც კი მატარებელი გვირაბში შევიდოდა და ჩამობნელდებოდა, მაშინვე ჩემს ცხვირწინ ისეთ ხვევნა-კოცნას გააჩაღებდნენ, აღარ ვიცოდი, საით გამეხედა; როცა თავაზიანად მივეცი შენიშვნა, ეგებ ცოტა მომერიდოთ-მეთქი, იცი, რა მიპასუხა იმ ლაწირაკმა? "რაო, ბაბუა, კბილები ხომ არ აგიკაწკაწდა?!" მე კი მივუგე: მე და კბილები? როგორ ამიკაწკაწდებოდა, როცა უკვე რამდენიმე წელია ხელოვნური კბილები მაქვს და ღამღამობით გამოხდილი წყლით სავსე ჭიქაში ვაწყობ-მეთქი, - და ისიც გაჩუმდა. ასე რომ, კაცი ჯანმრთელობას უნდა გაუფრთხილდეს! - ჩემს ჯანმრთელობას სწორედ ისინი უფრთხილდებიან, სამივენი. ამას წინათ გავცივდი და ლოგინშიც ჩავწექი. ნეტავი გენახა, როგორ დამტრიალებდა თავს კლოტილდე! სულ ცხელ-ცხელ პუნშს მასმევდა! მერედა რა მომხიბლავი იყო! ან რა ნიჭი აქვს! ისე უსტვენს, იადონიც ვერ შეედრება! ალბათ, ბებიისგან თუ გამოჰყვა, დონია ტომასასგან, ჩემი განსვენებული სიდედრისგან. დონია ტომასაც ხომ უსტვენდა, მეტადრე - იმ დროს, როცა ერბოკვერცხს მიწვავდა ხოლმე; შვილიშვილს კი ვერ მოესწრო, - აკი მის დაბადებამდე გარდაიცვალა, როსიტას კი სტვენის ნიჭი არა აქვს, მაშასადამე, სტვენის ნიჭი ბებიისგან გამოჰყვა, მაგრამ გაგიკვირდება, როგორ ითვისებს მოდურ სიმღერებს, სარსუელები ხომ არ გამორჩება! გამოუცნობია ქალის ბუნება! - რომ იცოდე, ემეტერიო, ეს ნიჭი, შესაძლოა, სულაც იმ მაცდური გველისგან მოსდგამს, ადამი ცოდვით დაცემამდე რომ მიიყვანა, ანუ სამოთხიდან განდევნამდე. - კიდევ ერთი თვისება აღმოვაჩინე კლოტილდეს ხასიათში - თვალთმაქცობა არ შეუძლია, რასაც ფიქრობს, იმას ამბობს. - ასე შენ გგონია, ემეტერიო... - ჰო, თუ გარეგნობას არ მივიღებთ მხედველობაში, ზედგამოჭრილი მარტინესია... - მართლაც, მეტაფიზიკა სულ მამამისისა აქვს, მარტინესისა. ჰო, კარგი, ერთი ისიც მითხარი, თქვენ, ორ წყვილს, უთანხმოება არასდროს მოგდით? - რას ამბობ?! შაბათობით ოთხივე თეატრში დავდივართ, ოღონდ დრამები არ გვიყვარს; როსიტასა და კლოტილდეს უფრო სასაცილო სანახაობები მოსწონთ, ამიტომ ბუფონადებსა და კომედიებს ვუყურებთ, მე და პაკიტოს კი გვიხარია, როცა ისინი იცინიან. სხვათა შორის, ჩვენს ქალებს არც უწმაწური ხუმრობები ეხამუშებათ და ვერც მე ვხედავ ამაში უხამსობას. - პირიქითაც კი, ემეტერიო, პირიქითაც კი! - და ეს სიტყვები სელედონიომ ისეთი დამაჯერებელი კილოთი წარმოთქვა, ესთეტიკის პროფესორსაც შეშურდებოდა, - ასეა, სიცილი ხომ ყველაფერს ასპეტაკებს. ხუმრობა არ შეიძლება ამორალური იყოს, მაგრამ თუ მაინც ამორალურია, მაშინ აღარც ხუმრობაა. ამორალური მხოლოდ ნაღვლიანი ცოდვაა, მხოლოდ მჭმუნვარე სათნოება. სიცილი მიზანთროპებისა და იმ ადამიანებისთვისაა უფრო, ვისაც კუჭის შეკრულობა აწუხებს, რადგან უფრო უკეთ მოქმედებს, ვიდრე კარაბანის წყალი. სიცილს აქვს ხელოვნების განმწმენდი ძალაც, კათარსისი, როგორც არისტოტელე თუ არისტოფანე იტყოდა, ანდა ვინმე სხვა. არ მეთანხმები, ემეტერიო? - როგორ არა, სელედონიო, გეთანხმები. ცხოვრების კომიკური გრძნობა უნდა განავითაროს და დანერგოს და რაც უნდა, ისა თქვას იმ უნამუნომ. - ასეა, ემეტერიო, ასე. და კიდევ, მეტაფიზიკური პორნოგრაფიაც, რაც, ცხადია, არ არის პორნოგრაფიული მეტაფიზიკა... - მაგრამ მეტაფიზიკაც ხომ პორნოგრაფიაა, სელედონიო! - მე კი, ჩემი მხრივ, წამოვიწყე აპოლოგეტიკურ-ეგზეგეტიკურ-მისტიკურ-მეტაფიზიკურ ტრაქტატზე მუშაობა რახაბის შესახებ, იმ მეძავისა, წმინდა იოსებ კურთხეულის საგვარეულოში რომაა მოხსენიებული. მაგრამ არ შეგაწუხებ ბიბლიის ციტატების, თავებისა და ნუსხების ძებნით, - მე ხომ, მადლობა ღმერთს, უნამუნო არა ვარ! - სელედონიო, შენი ტრაქტატის ამბავმა როსიტას ნათქვამი გამახსენა. ერთხელ იმ ცხონებულ მარტინესზე რომ ჩამოვარდა სიტყვა, როსიტამ მითხრა, მარტინესი რომანის დაწერას აპირებდა, რომელშიც თურმე უნდოდა ჩვენ, ყველა - როსიტაც, მეც, და დონია ტომასაც - გამოგონილი სახელებით გამოვეყვანეთ, პანსიონატიც კი, მაგრამ როსიტას გამოქვეყნების ნება არ მიუცია. "დეე, რაც უნდა ის დაწეროს, თუკი ეს სიამოვნებას ანიჭებს, მაგრამ გამოქვეყნება?"... "მაინც რატომ? - ვკითხე მე, - სხვებმაც რომ წაიკითხონ გასართობად, რა დაშავდება?" შენ რას იტყვი? - მართალი ხარ, ემეტერიო, მართალი. რა მშვენივრად თქვი: ყველაფერს ჯობს, ცხოვრების კომიკური გრძნობა დავნერგოთ და ვაკანსიებზე აღარ ვიფიქროთ. ხომ გახსოვს ძველი ბერძნების აფორიზმი, ამ ქვეყნიდან იმდენივეს მიიღებ, რამდენსაც გასცემ, მეტს ვერაფერსო.       ასე დაშორდნენ ისინი ერთმანეთს, რაკი განიმტკიცეს სიყვარული ამ ცხოვრებისა, ამ წარმავალი ცხოვრებისა და დაშორდნენ უფრო ოპტიმისტებად, ვიდრე მანამდე იყვნენ. ეეჰ, ნეტავი კი ვიცოდეთ, მაინც რა არის ეს ოპტიმიზმი, ან რა არის სიხარული ან სევდა, მეტაფიზიკა ანდა პორნოგრაფია? ყველაფერი მაინც ამ კრიტიკოსების შეთხზულია, მათი ოინებია! *გაგრძელება* …
დაამატა Kakha to ლიტერატურა at 6:45pm on სექტემბერი 14, 2016
თემა: ელინისტური ფსიქოლოგია
ის გავრცელებას რომის იმპერიაში შემავალ და მის მომიჯნავე ქვეყნებში ევროპის, აზიისა და აფრიკის კონტინენტებზე. გაჩნდა ფილოსოფიისა და მეცნიერების კერები რომში, ალექსანდრიაში, მცირე აზიის ქალაქებში, გაფართოვდა და გაღრმავდა კავშირები აღმოსავლურ კულტურებთან, არაჩვეულებრივად გაიზარდა ინტერესი ადამიანის მიმართ. კვლევა ძირითადად წარიმართა ადამიანის ორგანიზმის (მედიკო-ბიოლოგიური ასპექტი) და პიროვნების ქცევის, მოტივაციისა და ცხოვრების წესის (ფილოსოფიურეთიკური ასპექტი) შესწავლის მიმართულებით.       ეპიკურე (341-270 ძვ.წ.) საკუთრივ ფსიქოლოგიურ იდეებს ძირითადად ცხოვრების აზრისა და წესის ეთიკურ შეხედულებებთან დაკავშირებით გამოთქვამდა. სწორედ ეს საკითხებია მისი მოძღვრების ცენტრში. იგი აანალიზებს ბუნების მოწყობისა და შემეცნების თეორიის საკითხებსაც, თუმცა, საბოლოოდ, მათაც მორალის ფილოსოფიის საჭიროებას უქვემდებარებს.       ეპიკურე დაიბადა და გაიზარდა კუნძულ სამოსზე. 18 წლისა ჩავიდა ათენში და სწავლა განაგრძო აკადემიაში, რომელსაც მაშინ პლატონის მოწაფე ქსენოკრატე ხელმძღვანელობდა. 306 წელს ათენში იყიდა სახლი დიდი ბაღით, სადაც გახსნა თავისი სკოლა (აქედანაა სახელწოდება „ბაღის ფილოსოფოსები”). სკოლის შესასვლელში ასეთი წარწერა იყო: „უცხოელო, აქ შენ მშვენივრად იგრძნობ თავს; აქ უმაღლესი სათნოება - მხიარულებაა”. ეს წარწერა კარგად გამოხატავს როგორც ეპიკურეიზმის მორალური ფილოსოფიის არსს, ისე სკოლაში არსებულ ატმოსფეროს. ეპიკურესთვის უმაღლესი ღირებულება მეგობრობა და სულიერი ურთიერთობა იყო. ამიტომ სკოლაში მასწავლებლებისა და მოწაფეების დამოკიდებულებას უფრო საერთო იდეებითა თუ ინტერესებით შეკრული მეგობრებისა და თანამზრახველების ურთიერთობის სახე ჰქონდა.       ეპიკურე ატომისტია. იგი დემოკრიტეს ხაზს აგრძელებს. ამ უკანასკნელის მსგავსად, მისი მატერიალიზმი იმდენად შორს მიდის, რომ სულსაც უფაქიზესი და ძალიან მოძრავი უხილავი ნაწილაკებისაგან შემდგარ მოვლენად განიხილავს. ეს ნაწილაკები მთელს სხეულშია გაფანტული და მის მოქმედებას განაპირობებენ. სული რომ სხეულზე ზემოქმედებდეს და სხვა ზემოქმედებასაც განიცდიდეს, იგი მატერიალური უნდა იყოს, ვინაიდან მოძრაობა მხოლოდ მატერიალურიდან მატერიალურს შეიძლება გადაეცეს, ამბობს ეპიკურე. ამავეს ამტკიცებდა დემოკრიტეც - სულის ატომები ეჯახებიან სხეულის ატომებს და იწვევენ ორგანიზმის მოქმედებას. ამავე მოსაზრებას ანვითარებდა ეპიკურეს ყველაზე სახელგანთქმული მიმდევარი ლუკრეციუსი. გამოდის, რომ ადამიანის მოქმედება მხოლოდ ატომების მოძრაობის ბუნებრივი ტრაექტორიით არის დეტერმინირებული და ადამიანი თავისი მოქმედების განსაზღვრაში არ მონაწილეობს. ასეთი მექანისტური დეტერმინიზმისაგან თავის დასაღწევად და თავისუფალი ნების არსებობის დასასაბუთებლად (რის გარეშეც ქცევის ზნეობრივი შეფასება აზრს კარგავს), ეპიკურე არღვევს დემოკრიტეს მიერ შექმნილ მკაცრი მიზეზობრიობის სურათს და უშვებს ატომების მოძრაობის სპონტანურ და შემთხვევით ცვლილებებს. ამით იგი ადამიანის ქცევის თვითდეტერმინირებულობის ფსიქოლოგიურ იდეას გარკვეულ მეთოდოლოგიურ ნიადაგს უქმნის: თუ თავისი განსხვავებული წონის გამო ატომებს შეუძლია მოძრაობის კანონზომიერი ტრაექტორიის შეცვლა, მაშინ ადამიანსაც აქვს უნარი შეცვალოს თავისი ქმედება, და საბოლოო ჯამში, განსაზღვროს საკუთარი ბედი.       ატომისტურ-მატერიალისტური თვალსაზრისის შესაბამისად, ეპიკურე უარყოფს სულის უკვდავების თეზისსაც. თუ სულის შემადგენლობა ისეთივეა, როგორც სხეულისა, სიკვდილის შემდეგ მასაც იგივე ბედი ელის, რაც სხეულს - იშლება ატომებად, რომლებიც იფანტებიან სივრცეში, ანუ სული, როგორც ორგანიზებული ერთიანობა, ისპობა. სულის უკვდავება, ტრანსცენდენტული სულის არსებობა და მსგავსი მეტაფიზიკური იდეები ეპიკურესთვის მითოლოგიის სფეროს მიეკუთვნება.       ასეთია ზოგადი, პრინციპული თეორიული მოსაზრებები სულის ბუნებისა და მოქმედების წესის შესახებ. მაგრამ ეპიკურესთვის მთავარია პრაქტიკული ფილოსოფია, რომელიც კონკრეტული ადამიანის რეალური ცხოვრების რაობისა და დანიშნულების გაგებას, საბოლოო ანგარიშით კი მის გაუმჯობესებას, ანუ ბედნიერების მიღწევას ემსახურება. მთავარი დებულება, რომელსაც მთელი მისი სისტემა ეფუძნება, აბსოლუტურად ჰედონისტური ხასიათისაა - ადამიანი სიამოვნების მიღებისთვის ცხოვრობს, სიამოვნებაა ბედნიერების არსი. ამდენად, ეპიკურეს ფილოსოფიაში ცენტრალურ ადგილს იკავებს ისეთი ფსიქოლოგიური კატეგორია (და შესაბამისი მოვლენა), როგორიცაა გრძნობა („აფექტი”) და მასთან დაკავშირებული მისწრაფება. პლატონთან და არისტოტელესთან უმთავრეს ფსიქიკურ ფუნქციად გონება (აზროვნება) ითვლებოდა, ეპიკურესთან კი წამყვანი როლი ემოციას ეკუთვნის. გონება, ცხადია, უარყოფილი არ არის, მაგრამ ადამიანის მოქმედების განსაზღვრაში წამყვანია გრძნობად-მოტივაციური საწყისი.       როგორც მთელ ანტიკურ ფილოსოფიაში, ისე ეპიკურესთანაც ემოცია და მოტივაცია არ არის ერთამანეთისაგან მკაცრად გამიჯნული. სურვილი, სწრაფვა და სიამოვნება-უსიამოვნება ერთიანობაში განიხილება. მეტიც, შეიძლება ითქვას, რომ ანალიზის ერთეული თავისთავად სიამოვნება კი არ არის, არამედ სწრაფვა სიამოვნებისკენ, რაც, ეპიკურეს თქმით, სიცოცხლის მუდმივი თანმხლებია, ადამიანის ბუნებრივი თვისებაა. მთავარი საკითხია ის, თუ რისკენ არის მიმართული სწრაფვა, ანუ რაში ხედავს ან რისგან იღებს ადამიანი სიამოვნებას.       არსებობს გრძნობა-სურვილების სამი სახეობა: 1) ბუნებრივი და აუცილებელი; 2) ბუნებრივი, მაგრამ არააუცილებელი და 3) არაბუნებრივი და არააუცილებელი. სურვილების ეს უკანასკნელი სახეობა დახასიათებულია, როგორც ფუჭი, ამაო, უქმი; ისინი იწვევენ შფოთვასა და სულიერ დაბნეულობას და ამიტომ უნდა ვეცადოთ მათგან გათავისუფლებას. პირიქით, ბუნებრივი და აუცილებელი სურვილები (მაგ., ჭამის სურვილი) უთუოდ და სრულად უნდა დაკმაყოფილდეს. რაც შეეხება ბუნებრივ და არააუცილებელ სურვილებს (მაგ., ფუფუნებისკენ სწრაფვა) მათი დაკმაყოფილება გონივრულ ფარგლებში, ზომიერად უნდა ხდებოდეს. ეპიკურემ სიამოვნების მიღების ორი მექანიზმი განიხილა. ერთ შემთხვევაში სიამოვნება იმიტომ ჩნდება, რომ ადამიანი რომელიმე სურვილს იკმაყოფილებს; ე.ი. სიამოვნება პოზიტიური გამღიზიანებლის მოქმედების შედეგია. მეორე შემთხვევაში სიამოვნებას უსიამოვნებისაგან, ტანჯვისაგან, შიშისაგან გათავისუფლება იწვევს. თანამედროვე ფსიქოლოგიაში, სკინერის შემდეგ, ამას დადებითი და უარყოფითი განმტკიცების მექანიზმს უწოდებენ (იხ. თავი 9.3.).       როდესაც სიამოვნების განცდის აღმოცენების პირველ წესზე ვსაუბრობთ, აქ გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს იმას, თუ რა საქმიანობის განხორციელება ან რა ობიექტის დაუფლება იწვევს მას. ეპიკურეს და მის მიმდევრებს ხშირად საყვედურობენ, რომ ისინი სხეულებრივი ტკბობის, ხორციელი სიამოვნების კულტს ამკვიდრებდნენ. გვიანდელი, რომაული პერიოდის ეპიკურეიზმში ამ ტენდენციამ მართლაც იჩინა თავი, მაგრამ თვით ეპიკურე, მისი უშუალო მიმდევრები და ლუკრეციუსი კატეგორიულად უარყოფდნენ ამ ბრალდებას და ხაზგასმით ამტკიცებდნენ, რომ ჭეშმარიტი სიამოვნება მხოლოდ სულიერ ტკბობას მოაქვს და არა გრძნობად სიამოვნებასა და ავხორცობას. სულიერი სიამოვნება მუდმივი და გარდაუვალი ხასიათისაა, სხეულებრივი სიამოვნება კი დროებითია და შეიძლება თავისი საპირისპირო სახით, ანუ უსიამოვნებით შემოგვიბრუნდეს. უხვმა და ნოყიერმა ვახშამმა შეიძლება ისე დაგვამძიმოს, რომ ვერ დავიძინოთ, მეტიც, შეიძლება თავი ან კუჭი აგვატკიოს; უცხო ქალთან კონტაქტის შემდეგ შეიძლება ცუდი დაავადება შეგვეყაროს; წიგნებთან და მეგობრებთან ურთიერთობას კი მუდამ სიხარული მოაქვს. გარდა ამისა, სულიერი სიამოვნება უკავშირდება როგორც აწმყოს, ისე წარსულს და მომავალს, ხოლო სხეულს მხოლოდ ამჟამად მისაღები სიამოვნება აღელვებს.       სულიერი ტკბობა არა მხოლოდ „სასიამოვნო” და „სასარგებლოა”, არამედ ზნეობრივიც. ეპიკურე ეთანხმება პლატონსა და არისტოტელეს იმაში, რომ ზნეობა არის ადამიანის ცხოველისაგან განმასხვავებელი ძირითადი თვისება, მაგრამ უარყოფს მათ მოსაზრებას, რომ ზნეობრივი მხოლოდ გონებაზე დაფუძნებული ქცევაა. როგორც ითქვა, ეპიკურეს სისტემის ცენტრალური ცნება არის გრძნობა. ამიტომ ზნეობრივი ქცევის კრიტერიუმიც ემოციის სფეროშია მოცემული. ქცევას გრძნობა იწვევს და არა გონება. ქმედება ბუნებრივად მიმართულია სიამოვნების მიღებისკენ და უსიამოვნების არიდებისკენ. თავის მხრივ, სიამოვნებისა და უსიამოვნების მომგვრელი საგნებისა და ვითარებების გარჩევა გარკვეულ ცოდნას, სიტუაციის გააზრებას მოითხოვს. ამ პუნქტში გრძნობა და გონება ერთმანეთთან თანამშრომლობენ. ამასთან, უპირველესი ყოველთვის სიამოვნებაა. ეს ჰედონისტური განწყობა, ეპიკურეს მიხედვით, სულაც არ ეწინააღმდეგება ქცევის ზნეობრიობის მოთხოვნას. „არ შეიძლება იცხოვრო სასიამოვნოდ და არ იცხოვრო ამავე დროს გონივრულად, ზნეობრივად და სამართლიანად; და პირიქით, არ შეიძლება იცხოვრო გონივრულად, ზნეობრივად და სამართლიანად, თუ ცხოვრობ სიამოვნების გარეშე”. მოკლედ, სიამოვნება თავისთავად ზნეობრივია, თუ ის სულიერია; ასევე ზნეობრივია გონებით ზღვარდადებული სხეულებრივი სიამოვნებაც.       როგორც ითქვა, სიამოვნების მიღწევის მეორე წყარო არის ტანჯვისაგან თავის არიდება, შიშისაგან განთავისუფლება. პირველ ყოვლისა, ეს ეხება ღვთაებათა და სიკვდილის შიშს. ეპიკურე ამ შიშებს ებრძვის. ის არ უარყოფს ღვთაებათა არსებობას, მაგრამ გამორიცხავს მათ უნარს, ჩაერიონ ადამიანის ცხოვრებაში. ეპიკურე ღვთაებებს მხოლოდ კოსმოსის წესრიგის დამყარების ფუნქციას მიაწერს და განარიდებს მათ მიწიერი, ქმედითი სამყაროსგან. ადამიანი თავისუფალია ღმერთების მიერ დადგენილი ბედისწერისაგან და, შესაბამისად, არ უნდა გრძნობდეს მათდამი შიშს, რიდსა თუ მორჩილებას, არ უნდა ელოდოს მათგან არც დახმარებას და არც სასჯელს. თავის ქცევაში ადამიანი მხოლოდ საკუთარ სურვილებსა და ზნეობრივ კრიტერიუმებს უნდა ექვემდებარებოდეს.       სიკვდილის შიშის დაძლევა თითქოს უფრო ძნელია, რადგან, თუ ღმერთების ყოფნა-არყოფნა ან ძლევამოსილება, ასე თუ ისე, საკითხავია, სიკვდილს ვერავინ გაექცევა. მიუხედავად ამისა, ეპიკურეს რწმენით, ამ შიშის დაძლევაც სავსებით შესაძლებელია. აქაც, ისევე როგორც ღვთაებათა შემთხვევაში, სიკვდილის რაობის გარკვევაა საჭირო. ამისთვის ავტორი ისევ და ისევ ატომისტიკას მიმართავს. სული სხეულივით ატომებისაგან შედგება. სიკვდილის მომენტში ეს ატომები სამყაროში იფანტება. ამიტომ მის დადგომას ჩვენ ვერ შევიგრძნობთ, „ვინაიდან ყველაფერი, კარგიცა და ცუდიც, შეგრძნებას ემყარება, სიკვდილი კი შეგრძნების აღკვეთაა”. ამდენად, თუ სიკვდილის ბუნებას ჩავუკვირდებით, ადვილად დავინახავთ, რომ ჩვენი სიცოცხლის გზაზე ის არ გვხვდება, ჩვენს არსებობასთან შეხება არა აქვს და, მაშასადამე, მისადმი შიში უსაფუძვლოა. „სანამ ჩვენ ვართ, სიკვდილი არ არის, ხოლო როცა სიკვდილი მოვა, მაშინ ჩვენ აღარ ვიქნებით”.       ამ შიშების გარდა, ადამიანს ბევრი სხვა შიში და შფოთვა აწუხებს. სიამოვნება გულისხმობს „სხეულის გათავისუფლებას ტანჯვისაგან და სულისა - შფოთვისაგან”. ყველაზე დიდი ნეტარება ე.წ. ატარაქსიაში, ანუ სულიერ სიმშვიდეში, უშფოთველობაშია. მისი მიღწევის გზა არის აზროვნება, ჭეშმარიტი მსჯელობა, სიბრძნის ძიება. ამისთვის კი საჭიროა იცხოვრო შენთვის, განერიდო აქტიურ საზოგადოებრივ საქმიანობას, პოლიტიკას, ფუჭ პაექრობას იმათთან, ვინც შორს არის მეცნიერული აზრისაგან. მხოლოდ განმარტოებული ფიქრი ან ახლობელი მეგობრების წრეში მსჯელობა იძლევა ნამდვილ ნეტარებას, სრულ ატარაქსიას და მას მივყავართ ჭეშმარიტ შემეცნებამდე.       აქედან გასაგებია, რომ ეპიკურე გვერდს ვერ აუვლიდა შემეცნების თეორიის პრობლემატიკას და, კერძოდ, შემეცნების ჭეშმარიტების კრიტერიუმის საკითხს. იგი გადაჭრით ამტკიცებს, რომ „ჭეშმარიტების კრიტერიუმი შეგრძნებებშია”. შემეცნების პროცესის სათავე შეგრძნებაა და მასშივეა მოცემული იმის გარანტია, რომ სამყაროს ჩვენს მიერ შექმნილი სურათი უტყუარია. შეგრძნების აღმოცენება დემოკრიტეს მსგავსად არის გაგებული. საგნები გამოყოფენ თავიანთ სახეებს, უმცირეს ანაბეჭდებს (ე.წ. ეიდოლებს). შეგრძნება წარმოიქმნება ეიდოლების შეღწევით გრძნობის ორგანოში. ვინაიდან ეიდოლები ფორმითაც და მასალითაც საგნების ასლები არიან, შეგრძნება საგნის შესახებ სრულყოფილ ცნობებს გვაძლევს. ეს იმიტომაც არის ასე, რომ თვით შეგრძნების პროცესი აბსოლუტურად პასიურია; ის არაფერს არ ცვლის და მხოლოდ ასახავს.       მეხსიერება ინახავს შთაბეჭდილებებს ისე, როგორც შეგრძნებაში იყო მოცემული. ეს ნიშნავს, რომ მეხსიერების წარმოდგენებიც მართებულია. უზუსტობა, დამახინჯება ან შეცდომა შეიძლება მაშინ გაჩნდეს, როცა აზროვნება, როგორც აქტიური კოგნიტური პროცესი, იწყებს შეგრძნებისა და მეხსიერების შთაბეჭდილებებით მანიპულირებას, მათ შორის კავშირების დამყარებას, ურთიერთშედარებას და ა.შ. ამ გზით აზროვნება მრავალი კონკრეტული შთაბეჭდილების საერთო ნიშნებს გამოყოფს, ანუ ცნებას აყალიბებს. ეს პროცესი, ერთი მხრივ, მეცნიერული შემეცნების აუცილებელი პირობაა, ხოლო მეორე მხრივ, იგი პოტენციურად შეიცავს შეცდომის საშიშროებას. შეცდომის არიდება შესაძლებელია, თუ დადგინდება აზროვნების პროდუქტის (ცნების) მიმართება იმასთან, რასაც დასაბუთება არ სჭირდება, ანუ თავის პირველწყაროსთან, შეგრძნებასთან. მოკლედ, შემეცნების პროცესის თავიც და ბოლოც შეგრძნებაშია. ამიტომაც ეპიკურე აღიარებულია, როგორც პირველი თანმიმდევრული სენსუალისტი ანტიკურ ფილოსოფიასა და ფსიქოლოგიაში. სენსუალისტურმა ტენდენციამ, როგორც ვნახეთ, უკვე სოფისტებთან იჩინა თავი, რაც იმაზე მიუთითებს, რომ ანტიკურ აზროვნებაში მას სხვა დასაყრდენიც ჰქონდა, მაგრამ ეპიკურესთან რადიკალური ხასიათი შეიძინა.       ეპიკურემ შექმნა ისეთი ფილოსოფიური მიმდინარეობა, რომელმაც მთელი შემდგომი ანტიკური ხანის განმავლობაში იარსება. მის მიმდევრებს შორის ყველაზე სერიოზული მოაზროვნე უთუოდ ტიტუს კარუს ლუკრეციუსი (99-55 ძვ.წ.) იყო. მან დახვეწილი და სრული ფორმა მისცა ეპიკურეს ფილოსოფიურ სისტემას, თუმცა ბ. რასელის შეფასებით, მასში რაიმე არსებითი სიახლე არ შეუტანია. მიუხედავად ამისა, ფსიქოლოგიის ისტორიის კუთხით, ლუკრეციუსის შემოქმედებაში ისეთმა თემებმაც გაიჟღერა, რომლებიც ეპიკურესთან არ გვხვდება ან, შესაძლოა, ჩვენამდე ვერ მოაღწია. ასეთია, მაგალითად საკითხი ძილისა და სიზმრის შესახებ, რომელსაც ლუკრეციუსი საკმაოდ დაწვრილებით განიხილავს.       ძილის მდგომარეობა აღმოცენდება იმის გამო, რომ სულის ნაწილები მთელ ორგანიზმში იფანტება, ხოლო ზოგიერთი სხეულის გარეთ გამოდის. შედეგად, სასიცოცხლო ტონუსი ქვეთდება. ძილში სხეულის მოთენთილობა და შედარებითი უძრაობა თავისი მააქტივირებელი საწყისის, სულის ნაწილის დაკარგვით აიხსნება. ძილში აღმოცენებული სიზმრების შინაარსს ორი რიგის ფაქტორები განაპირობებს. ერთია ადამიანის გამოცდილება, მისი პირადი და საქმიანი ცხოვრების შინაარსი. მაგალითად, სამხედროს ესიზმრება ბრძოლა, რომელშიც თვითონაც მონაწილეობს, ვექილს - სასამართლო პროცესი და ა.შ. თავის თავზე ლუკრეციუსი ამბობს, რომ ის სიზმრებში ხედავს, როგორ შეისწავლის ბუნებას და თავისი კვლევის შედეგებს პოეტურ ფორმაში გადმოსცემს (ლუკრეციუსი გამოჩენილი რომაელი პოეტი იყო, მისი ფილოსოფიური თხზულება „საგანთა ბუნებისთვის” ბრწყინვალე პოემაა). ღვიძილში ადამიანი ხშირად ურთიერთობს გარკვეულ საგნებთან და მოვლენებთან. მართალია, ძილში ისინი ადამიანზე უშუალოდ არ მოქმედებენ, მაგრამ მათი შესატყვისი ხატებისთვის გზა უკვე გაკვლეულია გონებისკენ და ისინი სიზმრის წარმოდგენების სახით ჩნდებიან. მეცნიერი ძილშიც მზად არის, მიიღოს ბუნების კვლევასთან დაკავშირებული ხატები, მეზღვაური ნაოსნობასთან დაკავშირებულ ხატებს ხედავს და ა.შ. სიზმრის შინაარსის განმსაზღვრელი მეორე ფაქტორი მოთხოვნილებაა. სიზმარში ხშირად ჩნდება ისეთი სურათები, რომლებიც ძილის მდგომარეობაში არსებულ ძლიერ მოთხოვნილებას გამოხატავს. მწყურვალს წყალი ესიზმრება, სქესობრივად აღტკინებულ ყმაწვილს - ქალის სხეული და სხვა.       ლუკრეციუსი უყურადღებოდ არ ტოვებს ტემპერამენტისა და ხასიათის საკითხსაც. ცხოველიც და ადამიანიც თავისებური მიდრეკილებებით იბადებიან: ზოგი ადვილად ღიზიანდება, ზოგი მშიშარაა, ზოგიც ზედმეტად მშვიდი ან აპათიური. ამგვარი ძლიერ მიდრეკილებათა აღმოფხვრა ადამიანის ბუნებიდან აღზრდას არ შეუძლია, მაგრამ ნაკლებად გამოხატულ ხასიათობრივ თავისებურებათა რეგულაცია, შესაფერისი ცხოვრების წესისადმი მიჩვევით, სავსებით შესაძლებელია.       ეპიკურეიზმის პარალელურად ათენში შეიქმნა ძლიერი ფილოსოფიური სკოლა სტოიციზმი. ეს სახელწოდება წარმოდგება სიტყვა „სტოა”-დან, რაც გადახურულ გალერეას, პორტიკს ნიშნავს. თავდაპირველად სწორედ აქ ქადაგებდა სკოლის დამაარსებელი ძენონი (336-264 ძვ.წ.). მის უშუალო მოწაფეთაგან ყველაზე ცნობილია ქრიზიპოსი (281/277-208/205 ძვ.წ). სტოიციზმმა მრავალი საუკუნე იარსება.       რომის იმპერიის ეპოქაში სტოელებიდან ყველაზე მეტად გაითქვეს სახელი სენეკამ (5-65 ჩვ.წ), ეპიქტეტემ (50-140 ჩვ.წ) და იმპერატორმა მარკუს ავრელიუსმა (121-180 ჩვ.წ       ეპიკურეიზმის მსგავსად, სტოიციზმის ფილოსოფია და ფსიქოლოგია მატერიალისტურია, მაგრამ არ არის ატომისტური. სული, ისევე როგორც სხეული, მატერიალურია. მისი საწყისია პნევმა. ეს არის სამყაროს აქტიური ელემენტების, ჰაერისა და ცეცხლის გარკვეული ერთიანობა („თბილი სუნთქვა”). ყოველივე მისგან წარმოიქმნება, მოძრაობს და ცოცხლობს. მთელი სამყარო ამ მაფორმირებელი ძალით არის გამსჭვალული. პნევმა სულია, ვინაიდან ის აქტივობის წყაროა. გამომდინარე იქიდან, რომ პნევმა ყველგან იმყოფება, მთელი სამყარო განსულიერებულია. ამდენად, სტოელების ნატურფილოსოფია ჰილოძოიზმის სახეს იღებს. როგორც უკვე ითქვა, ეს არის პანფსიქიზმის ძველბერძნული ნაირსახეობა, რომლის თანახმად სული ყოველივე არსებულში იმყოფება, მაგრამ სხვადასხვა ოდენობით. განსხვავებულია პნევმის თვისებრივი მახასიათებლებიც - რაც უფრო თხელი და წმინდაა ამა თუ იმ საგნის პნევმა, მით მეტია მისი „ტონუსი” და მით უფრო მეტადაა იგი ცოცხალი და სულიერი. ადამიანის სული ამ სუბსტანციის ყველაზე დახვეწილი ფორმაა.       სულის ბუნებაზე ასეთი ნატურფილოსოფიური და მეტაფიზიკური სპეკულაციების გარდა სტოელები საყურადღებო მოსაზრებებს გამოთქვამენ კონკრეტული ფსიქიკური მოვლენების შესახებ. განსაკუთრებული გულისყურით არის შესწავლილი ადამიანის ემოციური სფერო. მათი ეთიკურფსიქოლოგიური შეხედულების ცენტრალური პუნქტია გონებისა და გრძნობის დაპირისპირება და ემოციისთვის (აფექტისთვის) მკვეთრად უარყოფითი როლის მიწერა. ეპიკურელებისა არ იყოს, ფსიქოლოგიური პრობლემატიკის დიდ ნაწილს სტოელებიც მორალური ფილოსოფიის კუთხით განიხილავდნენ. ამ კონკურენტი სკოლების შეხედულებებში არის მსგავსებაც და განსხვავებაც. გარდა სულისადმი ერთნაირი მატერიალისტური მიდგომისა, მათ აერთიანებთ საერთო პრაქტიკული მიმართულობა იმაზე, რომ ადამიანი ბედნიერი გახადონ. მათი აზრით, ფილოსოფიის (რომელიც მაშინ ფსიქოლოგიასაც მოიცავდა) დანიშნულება სწორედ ესაა. პრაქტიკულმა ფილოსოფიამ უნდა უზრუნველყოს ადამიანის ოპტიმალური და მშვიდი განწყობილება. მაგრამ ეპიკურელებისთვის ნამდვილი ბედნიერება ნიშნავს გონებიდან მომდინარე მაღალი სულიერი განცდებით ტკბობას, ხოლო სტოელები ბედნიერებას გრძნობების სრულ აღკვეთასა და გონიერ ცხოვრებაში ხედავენ. ეპიკურელები ჰედონიზმს ქადაგებდნენ და ადამიანის ცხოვრების აზრს სიამოვნებაში ეძებდნენ. სტოელები ე.წ. რიგორიზმს (სიმკაცრეს) ემხრობოდნენ, ანუ მიიჩნევდნენ, რომ ადამიანის ბედნიერებაც და ზნეობაც ვალდებულებათა და მოვალეობათა შესატყვის ცხოვრების წესშია ჩადებული. ცხოვრების ასეთი წესის განხორციელების ძირითადი ფსიქიკური ინსტრუმენტი გონებაა, ხოლო მთავარი საფრთხე გრძნობებიდან (აფექტებიდან) მომდინარეობს.       ყოველი ცოცხალის პირველადი და ძირეული სწრაფვა თვითშენახვაში ვლინდება. ეს ბუნებასთან შეთანხმებულ არსებობას, მასთან მიზანშეწონილ ურთიერთობას გულისხმობს. ცხოველიც და ადამიანიც იმას ემორჩილება, რასაც ბუნების კანონები ჰკარნახობს. ეს კანონები ჩვენზე არაა დამოკიდებული, არამედ „მსოფლიო წესრიგის” გამოვლინებაა. საზოგადოებრივი ცხოვრების მოწყობა (მათ შორის პოლიტიკური სისტემა) ამ მსოფლიო წესის შემადგენელი ნაწილია. მასაც თავისი კანონები აქვს. ისინი იმ ნორმებისა და წესების სისტემაშია ასახული, რომლებიც საზოგადოებაშია დამკვიდრებული. რა მიმართულებით უნდა იაროს ადამიანმა თავისი წუთისოფლის გზაზე, იმთავითვეა განსაზღვრული. მან ის როლი უნდა შეასრულოს, რომელიც ცხოვრების პიესაში მიაკუთვნეს. ადამიანი არც პიესას ირჩევს და არც როლს. მას მხოლოდ როლის კარგად ან ცუდად შესრულება შეუძლია, ვინაიდან ბუნების კანონებსა და თავის ბედისწერას ვერ შეცვლის; მათ წინაშე ადამიანი უძლურია, რაც აიძულებს მასზე დაკისრებული ტვირთი ზიდოს. მთავარი აქ ის არის, თუ როგორ გააკეთებს ამას. ძენონის თქმით, საცოდავი სანახავია ის ადამიანი, ვინც განუწყვეტლივ მოთქვამს, ვინაიდან არ ესმის თავისი მიზანი. სულ სხვაგვარად გამოიყურება ცხოვრების გზაზე ამაყად და ღირსეულად მიმავალი ადამიანი, რომელმაც იცის, საით მიდის. ბედს მიყავს ის, ვისაც ეს სურს და მიათრევს მას, ვისაც ეს არ სურს - ამბობდა სენეკა.       აქედან ჩანს, რომ სტოელების წინაშე მთელი სიმძაფრით დადგა ადამიანის თავისუფლების პრობლემა. ისინი აღიარებდნენ, რომ პიროვნება თავისუფალია და გულისხმობდნენ, რომ ის თავისუფალია შინაგნად, ანუ თავისუფალია მისი სული (ე.წ. შინაგანი თავისუფლება). ამავე დროს, ადამიანი არ არის თავისუფალი თავის ქმედებაში (ე.წ. გარეგანი თავისუფლება). როგორც ითქვა, იგი ვერ ირჩევს პიესას და როლს. მისი ნება ვრცელდება მხოლოდ იმაზე, თუ როგორ იქნება ეს როლი შესრულებული. სტოელები იმასაც ამტკიცებდნენ, რომ ბედისწერას შეუძლია ადამიანს წაართვას შესაძლებლობა იცხოვროს ისე, როგორც სურს, მაგრამ ვერ წაართმევს სიკვდილის უფლებას. ამაყ, დაუმორჩილებელ ადამიანს ყოველთვის აქვს არჩევანი: არ შეურიგდეს პირადი ღირსებისა ან თავისუფლების ბედისწერით განსაზღვრულ დაკარგვას და თავისი ნებით წავიდეს ცხოვრებიდან (სენეკა, მაგალითად, ასეც მოიქცა). ცხოვრებაში თავისი დანიშნულებისა თუ ხვედრის გაგება და ამის შესაბამისად მოქცევა ადამიანს თავისუფლების განცდას უჩენს, რაც, ფაქტობრივად, სხვა არაფერია, თუ არა შეცნობილი აუცილებლობა. თავისუფლების პრობლემის ასეთი ფორმულირება მხოლოდ სპინოზას შემდეგ გახდა პოპულარული სხვადასხვა ფილოსოფიურ და ფსიქოლოგიურ შეხედულებებში.       აქედან გამომდინარე, გასაგები ხდება, თუ რატომ მიეწერება ასეთი მნიშვნელობა იმას, რომ, ცხოველისაგან განსხვავებით, ადამიანი გონებით არის დაჯილდოებული. ცხოველი ინსტინქტურად მიჰყვება „ბუნების მიწერილობებს”, ხოლო ადამიანი მათ აცნობიერებს, გაიაზრებს და შეგნებულად აქცევს თავისი ცხოვრებისა თუ მოქმედების წესად. სტოელები ამტკიცებდნენ, რომ ვინც ხალისით ემორჩილება ბრძანებებს, თავიდან ირიდებს მონობის ყველაზე უსიამოვნო მხარეს - აკეთოს ის, რაც არ სურს. უბედური ის კი არ არის, ვინც სხვის ბრძანებას ასრულებს, არამედ ის, ვინც ამას თავისი ნების გარეშე, იძულებით ასრულებს. გამოსავალი ერთია - ვიყოთ შინაგნად მზად იმის გასაკეთებლად, რასაც გარემოებანი გვკარნახობს. ასეთი პოზიციის გამომუშავებას ორი რამ ესაჭიროება - საყოველთაო აუცილებლობის გაცნობიერება (საკუთარი თავისა და ბედისწერის რაციონალური შეფასება) და იმ წინააღმდეგობის დაძლევა, რომელსაც გრძნობები და სურვილები უქმნის მართებულ ქცევას. საბოლოო ჯამში, ადამიანი ორივე მათგანს პიროვნული წრთობით აღწევს.       პედაგოგიური დოქტრინა, რომელსაც განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებდნენ გვიანდელი სტოელები - სენეკა, მარკუს ავრელიუსი და სხვები, გულისხმობდა ბავშვებზე ადრეული ასაკიდან მიზანმიმართულ ზემოქმედებას მათში აქტიური ცხოვრებისეული პოზიციისა და გონების შესაძლებლობებში დარწმუნებულობის გამომუშავებისთვის. ადამიანმა ბავშვობიდანვე უნდა ირწმუნოს, რომ ყველაფრის გაგებისა და დაძლევის უნარი აქვს. პირველ რიგში ეს აფექტებზე ვრცელდება. სტოელების რწმენით, სწორედ აფექტები უქმნიან ყველაზე დიდ საფრთხეს იმას, რომ ადამიანმა გონივრულად იცხოვროს და თავისი ნებით მიიღოს ბედისწერის მიერ დადგენილი ცხოვრების წესები.       სტოელები აფექტების ოთხ ნაირსახეობას გამოყოფენ. მათი დაჯგუფება დროის პრინციპის შესაბამისად ხდება: მწუხარება (დარდი) და ზღვარგადასული სიამოვნება აწმყოს უკავშირდება, ძლიერი სურვილი და შიში კი - მომავალს. პირველადი და ძირითადია სურვილისა და შიშის აფექტები, ხოლო მწუხარება და სიამოვნება მეორადია და მათგან გამომდინარეობს. სიამოვნება მაშინ ჩნდება, როცა ვისრულებთ სურვილს ან თავიდან ვიცილებთ იმას, რაც არ გვსურდა (ეს საკმაოდ წააგავს იმას, რასაც სიამოვნების - გენეზისზე ამბობდნენ ეპიკურელები). მწუხარების აფექტიც იმის შედეგად წარმოქმნება, რომ ვერ მივაღწიეთ სასურველს ან შეგვემთხვა ის, რისიც გვეშინოდა.       განმარტების თანახმად, აფექტი არის გონების მიერ დადგენილი საზღვრის გადალახვის შედეგად წარმოქმნილი უზომოდ მხურვალე, ძლიერი სულიერი მიდრეკილება, მიზიდულობა. მარკუს ავრელიუსი აფექტს იმ სიტუაციას ადარებს, როცა ადამიანი რაიმე მიზნისკენ მირბის, მაგრამ მისი მიღწევის შემდეგაც თავს ვერ იკავებს და სირბილს განაგრძობს. აფექტი, თავისთავად, უმართავი სტიქიაა. მაგრამ მას შეიძლება გონების ძალა დავუპირისპიროთ, რომელიც აფექტს ან სულ აღკვეთს, ან საგრძნობლად შეზღუდავს მის დამანგრეველ მოქმედებას.       გონებისა და აფექტის ურთიერთმიმართება რთული და ორმხრივი ხასიათისაა. სტოელებისთვის აფექტი არასწორი მსჯელობის საფუძველია. ამავე დროს, აფექტი მხოლოდ აზროვნების დამახინჯების მიზეზი არ არის; თვითონ არასწორი მსჯელობაც, ანუ „გონების შეცდომაც”, შეიძლება აფექტად ჩაითვალოს (ქრიზიპოსი). ეს ლოგიკურად მხოლოდ იმას ნიშნავს, რომ მსჯელობის გამოსწორებით აფექტიც მოიხსნება. ე.ი., არსებითად, გონებასთან აფექტის კავშირი მისი რაციონალური მართვის საშუალებას იძლევა. თუ გონება ძლიერია, ის ზღუდავს ან აფერხებს მისწრაფების გადაზრდას აფექტში. პირიქით, სუსტი, ცრურწმენებით დაბინდული გონება სათანადო წინააღმდეგობას ვერ უწევს აფექტის განვითარებას.       აფექტის განვითარებაში სამი სტადია გამოიყოფა. თავდაპირველად, გარეგანი გამღიზიანებლის ზემოქმედების შედეგად, ორგანიზმში გარკვეული ფიზიოლოგიური პროცესები იწყება. სტოელებს კარგად ჰქონდათ შესწავლილი ემოციები, კერძოდ აფექტები და ნათლად ხედავდნენ, რომ გამომხატველი მოძრაობებისა თუ შინაგანი ორგანული ცვლილებების გარეშე აფექტი არ არსებობს. ეს ცვლილებები ავტომატურად, უნებლიეთ წარმოიქმნება. შემდეგ სტადიაზე ასევე უნებლიეთ ჩნდება აფექტის ფსიქიკური კომპონენტი. ეს კომპონენტი თავის თავში აერთიანებს აზრს (წარმოდგენას) იმის შესახებ, რომ მოხდა რაღაც მნიშვნელოვანი და, ასევე, მომხდარზე გარკვეული რეაგირების სურვილს, ტენდენციას. აფექტის განვითარების მესამე, ნებელობითი სტადია მაშინ დგება, როცა მის მსვლელობაში გონება ჩაერთვება. ამ დროს სულის რაციონალური მხარე ემოციურს უპირისპირდება და ადამიანი ღებულობს ზომებს აფექტის აღსაკვეთად ან, თუნდაც, მის შესარბილებლად.       სტოელებმა შეიმუშავეს აფექტებთან ბრძოლის მეთოდები. ისინი მოიცავს აფექტების წინააღმდეგ მიმართულ მოქმედებათა და ღონისძიებათა ერთობლიობას. მაგალითად, რეკომენდებულია მაქსიმალურად შეიზღუდოს აფექტის გარეგანი (სამოძრაო ან სხეულებრივი) გამოვლინება. ეს ბევრად აადვილებს მის მოთოკვას; სასურველია, არ დავამძიმოთ აფექტი ჩვენი ფანტაზიით; გამოვიყენოთ ჩვენი გამოცდილება და აღვადგინოთ მეხსიერებაში აფექტის საწინააღმდეგო ქმედების სურათები (მაგ., შიშის დროს გავიხსენოთ თავშეკავებისა და სიმამაცის გამოვლენის ფაქტები); გავაანალიზოთ აფექტური მოქმედების სავალალო შედეგები; სასურველია, შეძლებისდაგვარად გავახანგრძლიოთ აფექტის მოქმედებაში გადასვლის დრო (მაგ., დავითვალოთ ათამდე) და სხვა. ერთი სიტყვით, სტოელებმა გამოიმუშავეს თვითრეგულაციის საკმაოდ ეფექტური სისტემა, რომლის გამოყენებაზე არც თანამედროვე ფსიქოლოგია ამბობს უარს.       ეს სისტემა სტოიციზმის მიერ შემუშავებული აღზრდის დოქტრინის ნაწილია. ბავშვს თავიდანვე უნდა ვასწავლოთ გონების ძალით აფექტის შეზღუდვა, ვინაიდან ცხადია, რომ უფრო ადვილია აფექტის პრევენცია, ვიდრე ძალაში შესულ აფექტთან გამკლავება. სტოელებმა შექმნეს ბრძენი ადამიანის იდეალი, რომელიც აფექტებისაგან სრულად თავისუფალია, რადგან ბუნებასთან შესაბამისობაში ცხოვრობს, კმაყოფილია თავისი ბედით, ზრუნავს თავისი დანიშნულების რეალიზაციაზე და აღჭურვილია ნებელობით („გონიერი აგზნებით”), რომელიც შეუსაბამო სურვილებს უპირისპირდება. ბრძენი თავისუფალია ვნებებისაგან, მშვიდია და თავშეკავებული. მარკუს ავრელიუსი ამას უწოდებდა „აუმღვრეველი”.       აფექტების მოქმედების დესტრუქციულ მხარეს სხვა ფილოსოფოსებიც კარგად ხედავდნენ. არისტოტელეს მიმდევრები და ინტერპრეტატორები, ე.წ. პერიპატეტიკოსები მოითხოვდნენ აფექტების შერბილებას და გრძნობების ზომიერებას (ე.წ. „მეტროპათია”). ეპიკურელების „ატარაქსიაც” ხომ უშფოთველობას ნიშნავს. სტოელები ამით არ კმაყოფილდებიან. მათ ეთიკურფსიქოლოგიურ მოძღვრებაში შემოდის აპათიის ცნება, რაც გულგრილობას, სრულ სიმშვიდეს გულისხმობს. აქ ნათლად იკვეთება აღმოსავლური რელიგიურ-ფილოსოფიური სისტემების, სახელდობრ, ბუდიზმის გავლენა. გავიხსენოთ ბუდიზმის მოძღვრება ნირვანაზე - ადამიანის უმაღლეს სულიერ მდგომარეობაზე, რომელიც ხასიათდება სრული სიმშვიდით, თვითმკმარობითა და განდგომით. ეს უკანასკნელი მახასიათებელი ნაკლებ ესადაგება სტოელების მოძღვრების სულისკვეთებას, ვინაიდან, იმავე ეპიკურელებისაგან განსხვავებით, ისინი მიმდევრებს აქტიური სასიცოცხლო პოზიციისკენ მოუწოდებდნენ.       ძნელი შესამჩნევი არ უნდა იყოს, რომ სტოელების ეთიკურ-ფსიქოლოგიური სწავლების ზოგადი მიმართულება, თანამედროვე ენით რომ ვთქვათ, ფსიქოთერაპიულია. ეპიკურელების მსგავსად, სტოელებიც ცდილობენ, დაძლიონ ან შეარბილონ კონკრეტული ადამიანის რეალური ფსიქოლოგიური სირთულეები, ასწავლონ მას „სწორი” ცხოვრება და მიიყვანონ ისეთ სულიერ მდგომარეობამდე, როცა თავს ბედნიერად იგრძნობს. ეპიკურელებისა და სტოელების გავლენით, ანტიკური ფილოსოფოსები სულ უფრო ემსგავსებოდნენ სულის მკურნალებს, ე.ი. ნაწილობრივ მაინც ასრულებდნენ იმ ფუნქციას, რომელიც შემდგომში, ქრისტიანულ ეპოქაში, მთლიანად სასულიერო პირების პრეროგატივა გახდა.       თეორიულ ჭრილში სტოიციზმმა ვერ შეძლო ბუნებრივი კანონზომიერებისა და მორალური თავისუფლების მიმართების პრობლემის გადაჭრა (თუმცა, ეს ვერც შემდგომდროინდელმა მეცნიერებამ შეძლო). ადრინდელი სტოიციზმი საბოლოოდ აშკარად გამოხატულ ფატალიზმამდე მივიდა. მაგრამ გვიანდელმა სტოიციზმმა, თავისი ზნეობრივი დარიგებებითა და - ცხოვრებისეული წესების ფორმულირებით, თეორიული პრობლემა პრაქტიკულ ჭრილში გადაიყვანა. ცნობილი კანადელი ფსიქოლოგიის ისტორიკოსის, გ. ბრეტის ზუსტი შეფასებით, სტოელები თავისუფლების შესაძლებლობის ახსნაში დამარცხდნენ, მაგრამ თავისუფლად ყოფნის თვალსაზრისით საკმაოდ წარმატებულნი აღმოჩნდნენ.       სტოელების მიხედვით, ემოციებს გონება მართავს. აქედან გამომდინარე, ცხადია, რომ სტოიციზმის პოზიცია მკვეთრად რაციონალისტურია. გონება წამყვან როლს ასრულებს მთელ ფსიქიკურ ცხოვრებაში და, კერძოდ, ადამიანის კოგნიტურ აქტივობაში. შემეცნება, ზოგადად, მოიცავს შეგრძნებას, მეხსიერებას, წარმოსახვას და აზროვნებას. თავად აზროვნებას ორი ფორმა აქვს - შინაგანი და გარეგანი. ეს უკანასკნელი მეტყველების პროცესთან არის გაიგივებული. ზოგადად კი აზროვნება შემეცნების მთელ პროცესს გამსჭვალავს და ყველა ფუნქციის მუშაობაში მონაწილეობს. აზროვნების გარეშე შეგრძნებაც არ იქნებოდა ადეკვატური და ყველასთვის თვალსაჩინო. ნამდვილი ცოდნა მხოლოდ აზროვნებას მოაქვს და შეგრძნებაც მისი წყალობით არის უტყუარი. ეპიკურელების სენსუალიზმი გულისხმობს, რომ შეგრძნება სინამდვილის უტყუარ სურათს იძლევა და, ამდენად, ჭეშმარიტების კრიტერიუმად გვევლინება. სტოელების რაციონალიზმის თანახმად კი თვით შეგრძნებათა უტყუარობას ან მცდარობას მათში აზროვნების ჩართულობის დონე განაპირობებს. იგივე ხდება მეხსიერებისა და წარმოსახვის შემთხვევაში, ანუ შემეცნების პროცესის ყველა საფეხურზე. ამგვარი პოზიცია ეხმიანება თანამედროვე კოგნიტური ფსიქოლოგიის მიდგომას, რომლის მიხედვით შემეცნების ფსიქოლოგიური პროცესი სხვადასხვა დონის კოგნიტურ სტრუქტურებში ინფორმაციის გადამუშავების სახით არის წარმოდგენილი. დღეს უკვე საკმაოდ დიდი ცოდნა დაგროვდა იმის შესახებ, თუ რა ხდება სინამდვილეში კოგნიტური ფუნქციონირების სხვადასხვა დონეზე და როგორია ეს პროცესი მთლიანობაში. სტოელების გულუბრყვილო და ინტუიციურ მიხვედრებთან შედარებით ეს, რა თქმა უნდა, ცა და დედამიწაა, მაგრამ, თუ კარგად ჩავუკვირდებით, დავინახავთ, რომ სწორედ სტოელებმა მოგვცეს შემეცნების ფსიქოლოგიური პროცესის ერთიანი სურათი და გამოყვეს მისი საფეხურები. გარკვეული აზრით, ისინი დღევანდელი კოგნიტური ფსიქოლოგიის შორეულ წინაპრებადაც შეიძლება მივიჩნიოთ, თუმცა, რაიმე სახის პირდაპირ მემკვიდრეობაზე ლაპარაკიც ზედმეტია.       პლოტინი (204/5-270) დაიბადა ეგვიპტეში, სწავლობდა მეცნიერების იმდროინდელ ცენტრში, ალექსანდრიაში, და მოღვაწეობდა ძირითადად რომში, სადაც გარდაიცვალა. მისი მოძღვრება წინაქრისტიანული პერიოდის ფსიქოლოგიის განვითარების ბოლო წერტილია. მან ბევრი რამ აიღო პლატონიდან და თავის სწავლებას ნეოპლატონიზმი უწოდა. პლატონზე არანაკლებ, მის ნააზრევში არისტოტელეს და სტოიციზმის გავლენაც იგრძნობა. ეს ძირითადად პლოტინის ემპირიულ ფსიქოლოგიას ეხება, მაგრამ თავისი სულისკვეთებით პლოტინის მთელი ფსიქოლოგიური სისტემა უდავოდ მეტაფიზიკურია და, არსებითად, პლატონის მეტაფიზიკის განვითარებაა. პლოტინთან მთავარია მსოფლიო გონი, როგორც ყველაფრის საწყისი. ამ ცნებასთან მიმართებაში ხდება სულის ღვთაებრიობისა და უკვდავების დასაბუთება. ემპირიული ფსიქოლოგიაც, ფაქტობრივად, ამას ემსახურება.       ნამდვილი არსებობა ახასიათებს მსოფლიო გონს (იმავე სულიერ სუბსტანციას). მასში მოცემულია ჭეშმარიტი ცოდნა, რომელსაც ის ასხივებს, როგორც მზე სინათლეს. ის მოთავსებულია სამყაროს ცენტრში, სამყარო კი, რამდენიმე ფენის სახით, გარშემო ერტყმის მას. ეს ფენები ხილული სინამდვილის იერარქიას ქმნის და, არსებითად, ამ ცენტრალური და უმაღლესი რეალობის გამოვლინებას, გამოსხივებას, ჩამოდინებას ან, პლოტინის ტერმინებში ემანაციას, წარმოადგენს. რაც უფრო ახლოა მსოფლიო გონის აბსოლუტურ სრულყოფილებასთან სინამდვილის ესა თუ ის საფეხური, რეალობისა და არსებობის მით უფრო მაღალ ფენას (დონეს) მიეკუთვნება იგი. ინდივიდუალურ სულს (ე.ი. ემპირიული ფსიქოლოგიის შესასწავლ საგანს) ემანაციაში შუა პოზიცია უკავია. ხოლო ემანაციის ყველაზე ქვედა საფეხურს მატერიალური სხეულები, ცოცხალი და არაცოცხალი ბუნება ქმნის.       პლოტინის ემანაციის თეორია პლატონის იდეების თეორიის შემდგომ დამუშავებად და კონკრეტიზაციად შეიძლება მივიჩნიოთ, მაგრამ მათი კვლევის ამოსავალი წერტილი განსხვავებულია. პლატონი თავის კვლევა-ძიებას იწყებს გრძნობადი აღქმის მონაცემების ანალიზით, ადგენს მათ არასანდოობას და ეძიებს ცოდნის უფრო სრულყოფილ (ზოგად და ჭეშმარიტ) ფორმას, რასაც იდეაში (იდეების სამყაროში) პოულობს; გრძნობადი მონაცემები იდეების („ეიდოსების”) ასლებია. პლოტინი იწყებს არა კონკრეტული მოვლენებიდან, არამედ ზოგადი და სრულყოფილი ფორმიდან, რომელსაც წარმოგვიდგენს ზებუნებრივი, მისტიკური, ყოვლადერთიანი და ერთადერთი ჭეშმარიტი ყოფიერების სახით. მთელი ხილული და რეალური სამყარო, მათ შორის სულიერი, მისი ემანაციაა. სულიერი მოვლენები მსოფლიო გონიდან არის ნაწარმოები. მით უფრო ეს ითქმის ცოცხალი სხეულისა და, საზოგადოდ, საგნობრივი სამყაროს მიმართ.       პლოტინის ფსიქოლოგიაში დიდი ადგილი ეთმობა სულის აბსოლუტური არამატერიალურობისა და სხეულისაგან პრინციპული განსხვავებულობის თეზისის დასაბუთებას. ავტორს მრავალი არგუმენტი მოაქვს სულის მატერიალისტური (ნატურფილოსოფიური თუ ატომისტური) თეორიების საწინააღმდეგოდ. საბოლოო ანგარიშით, პლოტინს სულის სუბსტანციონალობის დამტკიცება სურს. ამიტომ იგი უარყოფს ყველა შეხედულებას, რომელიც სულის სხეულისაგან დამოუკიდებლობის იდეას ეწინააღმდეგება. თუ სული არამატერიალური სუბსტანციაა, მას არ ექნება მატერიალურის ძირითადი ნიშანი - სივრცულობა. სივრცულობის გამო ყველა სხეული დანაწევრებადია, ხოლო სული განუყოფელი მთლიანობაა. სული სხეულის ყველა ნაწილში იმყოფება და, ამავე დროს, მთლიანობაა.       პლოტინი იმ თვალსაზრისსაც უარყოფს, რომლის მიხედვით სული მატერია არ არის, მაგრამ გაგებულია როგორც სხეულის ენტელექია, მისი ფორმა, რაც მათ განუყრელ კავშირს გულისმობს (არისტოტელე და მისი მიმდევრები). სული რომ სხეულის ენტელექია ყოფილიყო, ის მუდამ მასთან იქნებოდა. არადა პლოტინის მიხედვით სული სიცოცხლეშივე ხშირად შორდება სხეულს და შემდეგ კვლავ უბრუნდება (მაგ., ძილის დროს). სხეული ამ დროს ცოცხალი რჩება, თუმცა თავის ენტელექიას (სულს) მოკლებული სხეული ცოცხალი ვერ იქნება. გარდა ამისა, სული რომ სხეულის ფორმა იყოს, მათ შორის სრული ჰარმონია უნდა სუფევდეს, რაც ასევე არ შეესაბამება რეალობას. სხეულს მრავლად აქვს ისეთი მიდრეკილებები, რომლებსაც სული ებრძვის, სულს კი ისეთი მისწრაფება, რომელიც სხეულის მოთხოვნილებებს ეწინააღმდეგება.       სხეული არ არის სუბსტანცია, ვინაიდან ის იქმნება და ცვალებადობს. ხოლო სული ნამდვილი სუბსტანციაა, ის ყოველგვარი მოძრაობის დასაბამია, სხვას ამოძრავებს, სიცოცხლეს ანიჭებს, თავად კი არც მოძრაობს და არც სიცოცხლეს იძენს საიდანმე. მას სხვა არ სჭირდება და თავის თავში შეიცავს ყოველგვარ არსებობას. ცხოველებისა და ადამიანის სულები მისგან არის ნაწარმოები. კონკრეტული ინდივიდუალური სული, თავის მხრივ, სხეულს უკავშირდება და სიცოცხლეს შთაბერავს. სხეულსა და სულს შორის ისეთივე მიმართებაა, როგორიცაა მუსიკოსს (დამკვრელს) და ქნარს (ინსტრუმენტს) - შორის, ანუ სხეული სულის ორგანოა, იარაღია. სული თავის დანიშნულებას სხეულის მეშვეობით ასრულებს. ამასთან, ის შეიძლება კიდეც დასცილდეს სხეულს, თუ აღმოჩნდება, რომ ეს უკანასკნელი სათანადოდ ვეღარ მუშაობს. როგორც მუსიკოსი მოიშორებს უვარგის ინსტრუმენტს, სულიც შეარჩევს თავისთვის ახალ ორგანოს. აქედან მომდინარეობს სულის გადასახლების იდეა, რომლის რეალობაში პლოტინს ეჭვი არ ეპარება. ცხადია ეს აზრი ინდური რეინკარნაციის გავლენით ჩამოყალიბდა (პლოტინს უმოგზაურია ინდოეთში და ამიტომ მის ნააზრევში საკმაოდაა აღმოსავლური გავლენა).       ინდივიდუალური სულის აქტივობა მიმართულია ან ზემოთ, მსოფლიო გონისკენ, ან ქვემოთ, გრძნობადი მატერიალური სინამდვილისკენ, ან თავის თავზე, საკუთარ მოქმედებაზე, რომელიც გარედან უხილავია. იგი აკვირდება თავის მუშაობას და ფსიქიკური ცხოვრების ერთგვარ „სარკედ” იქცევა. სულის აქტივობის ეს ვექტორი პლატონთან არ გვხვდება და პლოტინის უმნიშვნელოვანეს ორიგინალურ მიგნებად უნდა შეფასდეს.       სულის აქტივობის აღნიშნული სამი მიმართულება განსხვავებული ცოდნის წყაროდ გვევლინება. სხეულზე მიმართული სული მის შესახებ ცნობებს იძლევა; ამავე გზით ხდება ბუნების მოვლენების, გარესამყაროს შემეცნება. განსაკუთრებულ როლს ამ მხრივ შეგრძნება, გრძნობადი აღქმა თამაშობს. მისი საშუალებით ჩვენ ვიძენთ ახალ ცოდნა-გამოცდილებას. როდესაც ინდივიდუალური სული მიიმართება მსოფლიო გონისკენ, ამ უკანასკნელში მოცემული ცოდნა მასში გადადის. ფსიქოლოგიის ზოგიერთი ისტორიკოსი ფიქრობს, რომ ცოდნის მიღების ეს გზა ჰქონდა მხედველობაში პლატონსაც. მაგრამ, თუ გავიხსენებთ, რას გულისხმობს პლატონის ანამნეზისის თეორია, დავინახავთ რომ ასეთი პარალელის გავლება არ უნდა იყოს მართებული. პლატონს მიაჩნდა, რომ ინდივიდუალური სული იმთავითვეა იდეების სამყაროში მიღებული ჭეშმარიტი ცოდნის მატარებელი. ამიტომ პლატონთან ჭეშმარიტების შემეცნება სუბიექტის მიერ მხოლოდ ამ დავიწყებული ცოდნის განახლებაა (ანამნეზისი). ხოლო პლოტინის მიხედვით, ცოდნის მიღების ყველა გზა მართლაც ახალი ცოდნის მოპოვებაა ინდივიდუალური სულის მიერ, რომელსაც მანამდე ეს ცოდნა არ გააჩნდა. იგივე ვითარებაა ინდივიდუალური სულის მსოფლიო გონთან ურთიერთობისას.       პლოტინი საგანგებოდ ამახვილებს ყურადღებას ამ პროცესის თავისებურებაზე და ხაზს უსვამს აღნიშნული ურთიერთობის უშუალო ხასიათს, რასაც განაპირობებს სულის განსაკუთრებული მდგომარეობა, ე.წ. ექსტაზი. ექსტაზში მყოფი სული განიცდის მსოფლიო გონთან ერთიანობას, მას ერწყმის და იქ არსებულ ჭეშმარიტ და უმაღლეს ცოდნას სწვდება. ამ მეტაფიზიკურ ბურანში ძნელია, ნათლად გაიგო კაცმა, თუ რა რეალური ფსიქიკური პროცესი იმალება გონისა და სულის აღნიშნული ურთიერთობის მიღმა. სამწუხაროდ, ეს განმარტებული არ არის, მაგრამ საფიქრებელია, რომ აქ საქმე მოგონებასთან არ უნდა გვქონდეს. ეს დასკვნა შეიძლება გამოვიტანოთ პლოტინის მოსაზრებებიდან მეხსიერების შესახებ. მისი ბუნება საკმაოდ თავისებურად და არც თუ დამაჯერებლად არის გახსნილი. მართლაც, პლოტინი კატეგორიულად ილაშქრებს ანტიკურ ფსიქოლოგიაში გავრცელებული კვალის თეორიის წინააღმდეგ. მის თანახმად, მეხსიერება შთაბეჭდილების ანაბეჭდის შემონახვაში მდგომარეობს. მოგონება ვერ იქნება ამ კვალის აღდგენა, რადგან კვალი სულში არც არსებობს. თუ აღნიშნული მოსაზრება მართებულია, ანაბეჭდებისა და, შესაბამისად, მოგონებების რაოდენობა სუბიექტის გამოცდილების პროპორციული უნდა იყოს. მაგრამ ეს ასე არ არის. უეჭველი ფაქტია, მაგალითად, რომ ახალგაზრდებს უფრო მეტი მოგონება აქვთ, ვიდრე მოხუცებს. გარდა ამისა, თუ მოგონება კვალის აღდგენაა, გაუგებარი რჩება ის ძალისხმევა, რომელიც შთაბეჭდილების რეპროდუქციას ახლავს, ვინაიდან, კვალი რომ არსებობდეს, ის მუდამ აქტუალური და, მაშასადამე, ჩვენთვის ცნობილი უნდა იყოს. სხვათა შორის, ამ შემთხვევაში დავიწყება სულ არ უნდა ხდებოდეს. გაუგებარი იქნება გამეორებათა საჭიროებაც, რადგან სრულყოფილ კვალს ცვილზე ბეჭდის ერთჯერადი დაჭერაც იძლევა. საბოლოოდ, პლოტინი ასეთ ზოგად ფორმულირებას გვთავაზობს: კვალის თეორია არასწორია, ვინაიდან ის ყურადღების მიღმა ტოვებს სულის აქტიურ ბუნებას და მას შთაბეჭდილებების პასიური მიმღების როლს აკუთვნებს.       ბუნებრივად იბადება კითხვა: თუ შთაბეჭდილება კვალს არ ტოვებს, რა ინახება და რისი აღდგენა ხდება მეხსიერებაში? ნათელ პასუხს ამაზე პლოტინი ვერ იძლევა. იგი მსჯელობს სულის აქტიურობაზე და მის უნარზე, სურვილისამებრ დააყენოს თავისი მზერის წინაშე ის, რასთანაც მას ოდესღაც ჰქონია საქმე. ინტერპრეტატორების თქმით, პლოტინი მეხსიერების ინტელექტუალიზაციას ახდენს - ყოველი მოგონება ამ მოგონების შესახებ აზრს ნიშნავს ან შეიცავს. ეს შესაძლოა ასეც იყოს, მაგრამ იმისთვის, რომ შთაბეჭდილებაზე აზრი გქონდეს, ის უნდა არსებობდეს, ხოლო თუ მას სულში კვალი არ დაუტოვებია, ვერც გაიმეორებ (ე.ი. მნემურ აქტივობას ვერ განახორციელებ) და ვერც გაიაზრებ.       ასეა თუ ისე, პლოტინის ემპირიული ფსიქოლოგიის ეს სირთულე იმას ადასტურებს, რომ მსოფლიო გონიდან ცოდნის მიღება ინდივიდუალურ სულში მისი ანაბეჭდის აღდგენის სახით ვერ განხორციელდება. ექსტაზი არ არის ანამნეზისი, თუმცა თვით ექსტაზის, როგორც შემეცნებაში ჩართული ფსიქიკური მდგომარეობის, ბუნებაც გაუხსნელი რჩება. თანამედროვე ფსიქოლოგიას შეუძლია თქვას, რომ პლოტინს მხედველობაში აქვს ცნობიერების შეცვლილი მდგომარეობა, რომელიც აღწერილია მრავალ დასავლურ და, განსაკუთრებით, აღმოსავლურ ფილოსოფიურ-რელიგიურ სწავლებაში. ეს არის მდგომარეობა, როცა ინდივიდუალური ცნობიერება აბსოლუტთან ერთიანდება და ნამდვილ ცოდნას სწვდება. დღეს ასეთი მდგომარეობების ინტენსიური კვლევა მიმდინარეობს, მაგრამ ჯერ-ჯერობით მეცნიერებისთვის უცნობი რჩება სულის ექსტაზურ (ან მის მონათესავე) მდგომარეობაში მოპოვებული ჭეშმარიტი ცოდნის შინაარსიც (თუ ასეთი რამ საერთოდ არსებობს) და მისი მიღების მექანიზმიც.       სამაგიეროდ, ცოდნის მოპოვების მესამე გზა, რომელზეც პლოტინმა მიუთითა, ფსიქოლოგიური მეცნიერებისთვის უაღრესად მნიშვნელოვანი და პროდუქტიული აღმოჩნდა. როგორც ითქვა, ამ შემთხვევაში ადამიანის სული თავის თავზეა მიმართული და ამგვარად იღებს ცოდნას საკუთარი ფსიქიკური ცხოვრების შესახებ. გამოცდილების მიღების ეს გზა შესაძლებლობას იძლევა, დავაკვირდეთ შინაგან სამყაროს და შევიქმნათ გარკვეული აზრი საკუთარ თავზე. მრავალი საუკუნის შემდეგ, ადამიანის უნარს აღიქვას, წარმოიდგინოს, გაიაზროს, იგრძნოს, ისურვოს და ამავე დროს იცოდეს ამ განცდების არსებობისა და რაგვარობის შესახებ, რეფლექსია ეწოდა. რეფლექსია, როგორც „თვითცნობიერების მექანიზმი”, ემპირიული ფსიქოლოგიის საფუძველია და მისი კვლევის ძირითადი მეთოდის - თვითდაკვირვების პირობაც (იხ. თავი 4). შემეცნების ამ მესამე გზის ჩვენებით, რომელსაც თვითცნობიერებამდე, სუბიექტური სამყაროს შესახებ ცოდნის სისტემის შექმნამდე მივყავართ, პლოტინმა შემოიტანა ფუნდამენტური მნიშვნელობის იდეა, რომლის გარეშე ფსიქოლოგიის შემდგომი განვითარება წარმოუდგენელი იქნებოდა. ამის გამო ფსიქოლოგიის ვერც ერთი ისტორიკოსი გვერდს ვერ აუვლის პლოტინის შემოქმედებას.       როგორც დასაწყისში აღინიშნა, პლოტინის ფსიქოლოგია ძირითადად მეტაფიზიკურია. მიუხედავად იმისა, რომ თვითცნობიერებაზე მითითებით მან, მეტ-ნაკლებად მაინც, გზა გაუხსნა ემპირიულ ფსიქოლოგიას, მისი დაკვირვებები და მსჯელობები რეალური ფსიქიკური მოვლენების შესახებ სისრულით და ხარისხით საგრძნობლად ჩამოუვარდება არისტოტელეს ნააზრევს. ამის მაგალითად მეხსიერების ზემოთ მოყვანილი დახასიათებაც კმარა. მეხსიერება, წარმოსახვასა და აზროვნებასთან ერთად, ე.წ. მაღალი სულიერი პროცესების ჯგუფში შედის. დაბალ ფსიქიკურ მოვლენებს მიეკუთვნება ხორციელი გრძნობები, სურვილები, მისწრაფებები და გარე გრძნობები. ეს უკანასკნელი იგივე შეგრძნებებია და თუმცა ისინი დაბალ პროცესებად განიხილება, მათი სტატუსი ამ მხრივ ბოლომდე არ არის გარკვეული. ამის მიზეზი ალბათ ის არის, რომ პლოტინის მიერ დაბალი და მაღალი პროცესების განსხვავებისთვის შემოღებული კრიტერიუმები ფსიქიკური პროცესების გამიჯვნის საშუალებას არ იძლევა. „მაღლებად” მიჩნეულია ისეთი ფუნქციები, რომლებიც მხოლოდ ადამიანს ახასიათებს და ცხოველებს არ გააჩნიათ. შემდეგი ნიშანია ამ ფუნქციების სხეულისაგან დამოუკიდებლობა. თუ კონკრეტული სულიერი მოვლენა სხეულის რაიმე ორგანოს ჩართულობას გულისხმობს, ის უკვე დაბალ ფსიქიკურ პროცესად ითვლება. თუ ამ კრიტერიუმების მიხედვით ვიმსჯელებთ, შეგრძნება მართლაც დაბალ ფსიქიკურ ფუნქციად უნდა ჩაითვალოს, ვინაიდან ის ცხოველსაც აქვს და მისი აღმოცენებისთვის აუცილებელია გრძნობის ორგანო. მიუხედავად ამისა, შეგრძნებას, გარკვეული აზრით, ორმაგი ბუნება აქვს. მართალია, ის გრძნობის ორგანოზეა დამოკიდებული, მაგრამ, მეორე მხრივ, შემეცნებასაც ემსახურება, კოგნიტური ფსიქიკური პროცესია; შემეცნებითი სულიერი მოვლენები კი მაღალ განცდებს მიეკუთვნება, ვინაიდან ინდივიდუალური სულის მთავარი და განსაკუთრებული ფუნქცია კოგნიტური ხასიათისაა. ეს ფუნქციაა შემეცნების სამივე სახის უზრუნველყოფა. მისი საშუალებით ადამიანი ცოდნას იძენს ბუნებიდან, მსოფლიო გონიდან და საკუთარი თავიდან. შეგრძნება ჩართულია ამ პროცესში, ყოველ შემთხვევაში, ბუნების მოვლენების შემეცნებისას მაინც. მოკლედ, შეგრძნების (ანუ გარეგანი გრძნობის) სტატუსი ბოლომდე ნათელი არ არის - ის, ერთდროულად, დაბალი ფუნქციაც არის და მაღალიც.       შეგრძნების აღმოცენების ზოგადი სქემა ასეთია: გარე ობიექტი ზემოქმედებს გრძნობის ორგანოზე; აქ აღმოცენებული შთაბეჭდილება გადაეცემა სულს, რომელიც გრძნობის ორგანოს მონაცემების გათვალისწინებით ქმნის ობიექტის თვისებებს, მის ტექსტურას - ფერს, სუნს, გემოს, ტემპერატურას, სიმკვრივეს და ა.შ. ფაქტობრივად, სუბიექტის მიერ შეიგრძნობა (აღიქმება) არა თვით ობიექტი, არამედ მისი ფსიქიკური რეპრეზენტაცია. აღქმა გარე რეალობის ფსიქიკური ასახვა კი არ არის, არამედ აქტიური სულის მიერ წარმოებული განცდაა. ფსიქოლოგიის ცნობილი მეთოდოლოგისა და ისტორიკოსის, ნოელ სმიტის შეფასებით, აღქმის ასეთ დახასიათებას თანამედროვე ფსიქოლოგიაში დამცველებიც ჰყავს და მოწინააღმდეგეებიც.       კოგნიტურ აქტივობაში შეგრძნების შემდგომ საფეხურს წარმოდგენა (ფანტაზია) ქმნის. რაკი შემეცნება ადამიანური სულის გამორჩეული თვისებაა, წარმოდგენა თითქოს ცალსახად მაღალ ფუნქციად უნდა ჩაითვალოს, მაგრამ, შეგრძნების მსგავსად, აქაც გაორებული და ერთგვარად წინააღმდეგობრივი მდგომარეობა იკვეთება. პლოტინი ორი სახის წარმოდგენას გამოყოფს. ერთი რაიმე საგნის ან ვითარების თვალსაჩინო სურათს იძლევა, გრძნობის ორგანოზე მისი ზემოქმედების გარეშე და, გარკვეული აზრით, ინსტინქტს უახლოვდება. ასეთი წარმოდგენა ცხოველის მიზანშეწონილი ქცევის შესრულებაშიც მონაწილეობს. თუ ეს მართლაც ასეა, იგი დაბალი რიგის განცდა ყოფილა. მაგრამ არსებობს სხვაგვარი წარმოდგენაც, რომელშიც თვალსაჩინო ხატის გარდა, მოცემულია მეტ-ნაკლები დარწმუნებლობა. ამით ის უახლოვდება აზროვნებას, დასკვნას, ოღონდ, ამ უკანასკნელისაგან განსხვავებით, წარმოდგენის დარწმუნებულობა დასაბუთებული არ არის, ის, ასე ვთქვათ, უშუალო ხასიათისაა. ასეთი წარმოდგენა ინტელექტუალური განჭვრეტის უნარს იძენს და, მაშასადამე, მაღალ ფსიქიკურ პროცესად გვევლინება.       ფსიქოლოგიურად ძალიან მნიშვნელოვანია, რომ წარმოდგენითი ჭვრეტა შეიძლება ყველა მხარეს იყოს მიმართული. იგი გრძნობადი აღქმის სურათს იმეორებს და, ამდენად, გარე სამყაროს წარმოგვიდგენს. ამავე დროს, ის გვაწვდის ცნობებს თვით ჩვენი სულიერი აქტივობის მიმდინარეობის თაობაზე. მათი გაცნობიერება საფუძველს უქმნის შინაგანი სამყაროს შესახებ ჩვენს ცოდნას. ამრიგად, ადამიანის ფსიქიკურ პროცესებს ახლავს შინაგანი წარმოდგენა და მისი გაცნობიერების უნარი. პლოტინი სავსებით მართებულად აღნიშნავს, რომ ამ უნარს ბავშვობიდანვე სჭირდება განვითარება.       შემეცნებითი ფსიქიკური აქტივობის ბოლო პუნქტი საკუთრივ აზროვნებაა. აზროვნების პროცესუალური მხარე რაიმეს დასაბუთებას გულისხმობს, მაგრამ თავის უმაღლეს საფეხურზე, რომელსაც მოგვიანებით ინტუიცია უწოდეს, აზროვნება ჭეშმარიტებას პირდაპირ სწვდება. ყველა კრიტერიუმის მიხედვით, აზროვნება უმაღლეს ფსიქიკურ ფუნქციად უნდა ჩაითვალოს, ვინაიდან იგი შემეცნების პროცესის მწვერვალია, ადამიანის სულის ექსკლუზიური კუთვნილებაა და სხეულზე არ არის დამოკიდებული. თუმცა, ისიც სათქმელია, რომ დღევანდელი მეცნიერების გაგებით, პლოტინის ემპირიული ფსიქოლოგიის ყველა ეს კრიტერიუმი პირობითად და არასანდოდ გამოიყურება. თანამედროვე ფსიქოლოგია კოგნიტური ფუნქციონირების ელემენტებს ფილოგენეზის საკმაოდ დაბალ საფეხურებზეც აფიქსირებს, ხოლო წარმოდგენისა და აზროვნების ჩანასახოვანი ფორმების არსებობას უმაღლეს ცხოველებში საკმაოდ სავარაუდო ფაქტად მიიჩნევს. რაც შეეხება სხეულისაგან დამოუკიდებლობის კრიტერიუმს, მისი სერიოზულად განხილვა არც შეიძლება, რადგან ნერვულ სისტემას მოწყვეტილი აზროვნება, ან საერთოდ რაიმე ფსიქიკური პროცესი ამჟამინდელი მეცნიერების თვალსაზრისით ნონსენსია.       აღნიშნული სირთულეები თავს იჩენს აგრეთვე პლოტინის მიერ მოტივაციური პროცესების დახასიათებისას. როგორც ითქვა, სურვილები და მისწრაფებები დაბალი სულიერი მოვლენებია და ხშირად სხეულებრივ საჭიროებებს გამოხატავს; ისინი ცხოველებთანაც გვხვდება. მაგრამ, ხომ არსებობს ისეთი მისწრაფებებიც, რომლებიც მხოლოდ ადამიანისთვის არის დამახასიათებელი და უმაღლეს ინტელექტუალურ, ეთიკურ თუ ესთეტიკურ განცდებს უკავშირდება. ამას პლოტინიც ხედავს. იგი იმასაც ამტკიცებს, რომ ყოველი ემოციური განცდა (აფექტი) სხეულის მონაწილეობას გულისხმობს და საჭიროებს. ეს ეხება საკუთრივ ადამიანურ მისწრაფებებს და გრძნობებსაც. მაშინ ჩნდება კითხვა, თუ როგორია მათი კვალიფიკაცია სიმაღლე-სიდაბლის თვალსაზრისით. ამაზე პასუხი პლოტინთან არ ჩანს. და მაინც, სამართლიანობა მოითხოვს აღინიშნოს, რომ პლოტინის ემპირიული ფსიქოლოგიის ამ ხარვეზების მიუხედავად, თვითცნობიერების იდეის შემოტანით მან მწვანე შუქი აუნთო „წმინდა” ემპირიულ ფსიქოლოგიას. თუმცა, სანამ ფსიქოლოგიური აზრი ამ მიმართულებით დაიწყებდა მოძრაობას, ძალიან დიდი დრო გავიდა. მაგრამ, როცა ეს მოხდა, პლოტინისა და ავგუსტინეს გამოცდილება ფრიად სასარგებლო აღმოჩნდა.       ამრიგად, საბოლოო რეზიუმეს სახით შესაძლებელია ითქვას, რომ დასაწყისში ანტიკური პერიოდის ფსიქოლოგიური წარმოდგენები ემყარებოდა სხეულისა და სულის, მატერიალურისა და იდეალურის განუყოფლობის და, აქედან გამომდინარე, ბუნების საყოველთაო განსულიერების პანფსიქისტურ იდეას. შემდგომში, განვითარების კვალდაკვალ, მოხდა მატერიალურისა და იდეალურის მკაფიო დიფერენციაცია. გამოიკვეთა სულის პრიორიტეტული როლი სხეულთან მიმართებაში. თავდაპირველად სული სხეულის მამოძრავებელ ძალად ითვლებოდა, ხოლო შემდგომში - მის არსად და ყველა ფუნქციის მაორგანიზებელ საწყისად. სულიერ მოვლენებში გამოიყო შეგრძნება, აზროვნება და გრძნობები. მათ თანდათან დაემატა სხვა ფსიქიკური ფუნქციები: აღქმა, მეხსიერება, წარმოსახვა, ნებისყოფა. ისინი არსებითად გაიმიჯნა ერთმანეთისაგან და განსხვავებულმა თეორიულმა სისტემებმა სხვადასხვა მათგანს მიანიჭა უპირატესობა, ზოგმა შემეცნებითს, ზოგმა ემოციურს, ზოგმა კი ნებელობითს. ამ უკანასკნელთან დაკავშირებით ანტიკურ ხანაშივე გაჩნდა ორი ურთიერთსაწინააღმდეგო თვალსაზრისი. ერთი, შეზღუდულ ფორმაში, მაგრამ მაინც უშვებდა ნების თავისუფლებას. მეორე ამას პრინციპულად უარყოფდა და იცავდა პოსტულატს ბუნებისა და სულიერი მოვლენების სრული განსაზღვრულობის, ანუ დეტერმინიზმის შესახებ.       ანტიკურ პერიოდში დაისვა ძირეული მნიშვნელობის პრობლემები, რომლებიც ფსიქოლოგიას მისი მთელი არსებობის განმავლობაში გაყვნენ და მუდმივ პრობლემებად იქცნენ. ესენია: სულისა და სხეულის ურთიერთმიმართების პრობლემა, ფსიქიკის შინაარსისა (ცოდნის) და თვისებების თანდაყოლილობა-შეძენილობის პრობლემა, შემეცნების პროცესში ემპირიულისა (გრძნობადის) და რაციონალურის (გონებრივის) მიმართების პრობლემა, ქცევის თავისუფლება-დეტერმინირებულობის პრობლემა და ბოლოს, ადამიანის ფსიქიკის სპეციფიკურობის პრობლემა.       ანტიკურ ეპოქაში საფუძველი ჩაეყარა ფსიქოლოგიის კატეგორიალურ სისტემას. გამოიყო და გარკვეულ დონეზე დამუშავდა ზოგიერთი ძირითადი ცნება: განცდა, ქცევა, პიროვნება, ცნობიერება, ხატი და სხვა. მათი ურთიერთკავშირის განხილვისას გამოიყო სულის განსხვავებული ფორმები და დონეები და, საბოლოო ჯამში, ხორცი შეესხა სულის განვითარების იდეას, როგორც ფილოგენეტურ, ისე ონტოგენეტურ ჭრილში.       ანტიკურ ფსიქოლოგიას უმთავრესად მეტაფიზიკური და გონებაჭვრეტითი ხასიათი ჰქონდა, თუმცა, ყველა კონცეფციას გარკვეული ემპირიული საყრდენი გააჩნდა, რაც ზოგიერთ სისტემაში განმსაზღვრელიც იყო. საზოგადოდ კი, რასელის თქმით, ელინურ ფილოსოფიას ეჭვი ეპარებოდა, რომ თვით მეტაფიზიკა და კოსმოლოგია შეიძლება შეიქმნას მრავალჯერადი მსჯელობისა და დაკვირვებების შეთავსების გზით. მოგვიანებით, შუა საუკუნეების ეპოქაში, გონებაჭვრეტითმა მსჯელობებმა იმდენად იმძლავრა, რომ ემპირიული საწყისი თითქმის ჩრდილში მოაქცია. სამაგიეროდ, ახალი დროიდან ფსიქოლოგიის (ისევე როგორც მთელი მეცნიერების) განვითარების ძირითადი ტენდენცია მყარად დაუკავშირდა სულიერი (ცნობიერების) მოვლენების დაკვირვების მონაცემებს. ეს მნიშვნელოვანი ბიძგი იყო ემპირიული ფსიქოლოგიის განვითარებისთვის, რამაც, საბოლოოდ, ექსპერიმენტულ ფსიქოლოგიამდე მიგვიყვანა.       ავრელიუს ავგუსტინეს (357-430) შემოქმედება ანტიკური ტრადიციიდან ქრისტიანულ მსოფლმეხდველობაზე გადასვლის აღმნიშვნელია. მან პლოტინის თვითცნობიერების დოქტრინა გააღრმავა და თვითანალიზის დონემდე აიყვანა. ამით თითქოს შინაგანი სამყაროს შესწავლა პრინციპულად ახალ საფეხურზე ავიდა და გაიხსნა პირდაპირი გზა ემპირიული ფსიქოლოგიისკენ. მაგრამ ეს მხოლოდ ერთი შეხედვით ჩანს ასე. თუ მის ნააზრევს ჩავუკვირდებით, დავინახავთ, რომ ავგუსტინეს მთელი შემოქმედება მხოლოდ ღმერთის ცნების დამკვიდრებას ემსახურება. მისთვის მთავარია რწმენა და მისი დასაბუთება. ყოველგვარი ცოდნა მეორადია რწმენასთან მიმართებაში. ცოდნისკენ მიმავალი გზა რწმენაზე გადის. ეს ეხება ფსიქოლოგიურ ცოდნასაც, სულიერი მოვლენების კვლევას; ფსიქიკურ ცხოვრებაზე დაკვირვებას და თვითანალიზს, რომლის შესანიშნავი ნიმუში მოცემულია ავგუსტინეს ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ნაწარმოებში „აღსარება”, ავტორისთვის თავისთავადი მნიშვნელობა არა აქვს და მხოლოდ და მხოლოდ სამყაროს, მათ შორის შინაგანი სამყაროს, ღვთაებრივი შექმნისა და მოწყობის დასაბუთებას ემსახურება. მით უფრო ითქმის ეს მეტაფიზიკურ ფსიქოლოგიურ მსჯელობებზე სულის წარმოშობისა და რაობის, მისი უკვდავებისა და თავისუფლების შესახებ. ეს აგრეთვე ეხება მის წმინდა ფილოსოფიურ დებულებებს ცოდნის წყაროებისა და ჭეშმარიტების კრიტერიუმების შესახებ. აღარაფერს ვამბობთ საკუთრივ თეოლოგიურ მსჯელობებზე; ავგუსტინე ხომ ქრისტიანული თეოლოგიის ერთ-ერთი ნიშანსვეტია. სამაგალითო თეორიული და პრაქტიკული მოღვაწეობის გამო იგი მართლმადიდებლობაში ნეტარ ავგუსტინედ მოიხსენიება, კათოლიკობაში - წმინდა ავგუსტინედ.       ავგუსტინე დაიბადა ქალაქ თაგასტაში (ნუმიდია, ახლანდელი ალჟირი), თავისუფალი ცხოვრების მომხრე წარმართი პატრიციელი მამისა და ღვთისმოსავი ქრისტიანი დედის ოჯახში. რიტორიკასა და სამართალს დაეუფლა კართაგენში, რომსა და მილანში. შემდგომში აქვე მასწავლებლობდა. ავგუსტინემ სხვადასხვა ფილოსოფიურ და რელიგიურ მიმდინარეობათა გავლენა განიცადა. ათ წელს მისდევდა მანიქევლობას (მცირე აზიაში გაჩენილი და იმ დროს ძალიან გავრცელებული რელიგიურფილოსოფიური სწავლება, რომელიც აერთიანებს ზოროასტრიზმის, ბუდიზმისა და ქრისტიანობის ელემენტებს). მოგვიანებით გატაცებული იყო სტოიციზმით, ე.წ. „ახალი აკადემიის” სკეპტიციზმით და ბოლოს, ნეოპლატონიზმით. ამ უკანასკნელის გავლენა ავგუსტინეს შემოქმედებაზე განსაკუთრებით შესამჩნევია. ავგუსტინეს მსოფლმხედველობრივი მრწამსის რადიკალური შემობრუნება ქრისტიანობისკენ მოხდა 387 წელს, როცა იგი მოინათლა. ამიერიდან მთელი მისი ცხოვრება ეკლესიის სამსახურს ეძღვნება. თავის მშობლიურ ქალაქში ის აყალიბებს ბერების თემს, 391 წელს იკურთხება ხუცესად, ხოლო 395 წელს აქვე ხდება ეპისკოპოსი და სიკვდილამდე მღვდელმთავრად მოღვაწეობს.       მიუხედავად უდიდესი სიყვარულისა და პატივისცემისა დედისადმი, რომელიც სულ ცდილობდა, შვილი ქრისტიანობისკენ მოექცია, ავგუსტინე თავდაპირველად მამის კვალს გაჰყვა. მისივე თქმით, იგი ვნებებითა და უგუნურობით სავსე ცხოვრებას ეწეოდა. ამავე დროს, უკვე სკოლაში სწავლისას გაუჩნდა რელიგიური გრძნობები. 33 წლამდე მისი შინაგანი სამყარო ღმერთისადმი სიყვარულისა და სხეულებრივი ლტოლვების მძაფრი დაპირისპირებით იყო გამსჭვალული. ეს შინაგანი კოლიზიები გასაოცარი გულწრფელობით და გამჭრიახობით არის გადმოცემული „აღსარებაში”, რომელსაც ყველა მკვლევარი თვითანალიზის შედევრად აღიარებს. ეს ნაშრომი განსაკუთრებულ ინტერესს ფსიქოანალიტიკოსებში იწვევს, რომლებიც მასში თავიანთი მრავალი იდეის დადასტურებას ხედავენ. კერძოდ, ეს არის ადამიანში ისეთი ლტოლვების არსებობა, რომელთაც ის ვერ აცნობიერებს; ეს არის ფსიქიკის არსებითად ანტისოციალური, ეგოისტური ხასიათი. ავგუსტინეს თქმით, ე.წ. „ბუნებრივი ადამიანი” იმდენად სუსტია, და მანკიერია, რომ მისი გადარჩენა მხოლოდ ღმერთის მადლს შეუძლია. ადამიანის ეს უარყოფითი ბუნება ბავშვობიდანვე იჩენს თავს - ადამიანი დაბადებიდან ცოდვილია. ავტორი აანალიზებს თავის ბავშვობისდროინდელ მოგონებებს, სხვა ბავშვებზე დაკვირვებებს და აჩვენებს, რომ უარყოფითი, ცოდვილი ზნე იმთავითვეა გამოხატული. აღსარების მთელი თავი იმის მტკიცებას ეთმობა, რომ თოთო ბავშვიც კი ღორმუცელობის, ეჭვიანობისა და სხვა ცოდვების მორევშია ჩაძირული. მოზრდილები ამას ან უბრალოდ არ იმჩნევენ, ან ერთობ შემწყნარებლურნი არიან, ვინაიდან მიაჩნიათ, რომ დროთა განმავლობაში ეს გაივლის. სიცრუე, ეშმაკობა, მზაკვრობა, რაც საძაგელი და ყოვლად მიუღებელი ლტოლვების ასრულებისთვის გამოიყენება, ადამიანს იმთავითვე თან ახლავს. ინფანტილური სექსუალობისა და დესტრუქციულობის იდეით გამსჭვალული ფსიქოანალიზისთვის ავგუსტინეს მოსაზრებები საკმაოდ მიმზიდველი აღმოჩნდა. დიდი სურვილის შემთხვევაში, ავგუსტინეს გამორჩეულად თბილი ურთიერთობაც დედასთან შეიძლება ოიდიპოსის კომპლექსად იქნეს ინტერპრეტირებული, ხოლო ფსიქოანალიტიკოსებს, როგორც ცნობილია, ასეთი სურვილები არ აკლიათ (იხ. თავი 8.1.)       აქედან გამომდინარე, გასაკვირი არ არის, რომ ერთ-ერთი წამყვანი ფსიქოანალიტიკოსი და, ამავე დროს, ფსიქოლოგიისა და ფსიქიატრიის ისტორიის მკვლევარი, ფ. ალექსანდერი, ავგუსტინეს ფსიქოანალიზის წინამორბედად მოიხსენიებს. იგი მიიჩნევს, რომ პლატონისა და არისტოტელეს აბსტრაქტული კონცეფციებისაგან განსხვავებით, ავგუსტინეს „აღსარებაში” ფსიქოლოგია უფრო რეალური, კონკრეტული და სისხლსავსე ხდება. თავის მეორე დიდ ნაწარმოებში, „ღვთიური ქალაქი”, ავგუსტინემ გამოთქვა მოსაზრება, რომ იდეალური ქვეყანა უნდა მართონ დესტრუქციული იმპულსებისაგან თავისუფალმა, ჰარმონიული სულის ადამიანებმა. სულის ჰარმონიას ტექნოლოგიითა და პოლიტიკით ვერ მიიღებ. ამისთვის საჭიროა შინაგან ღირებულებათა შეცვლა, რაც ეკლესიისკენ შემობრუნებით მიიღწევა. ალექსანდერს მიაჩნია, რომ ნეტარი მამის ეს პოზიცია ფსიქოლოგიის როლის უეჭველ აღიარებას ნიშნავს და მის ნააზრევს აქტუალურსა და თანამედროვეს ხდის. ამ ძალზე მაღალ შეფასებაში არის გარკვეული სიმართლე, მაგრამ ნუ დაგვავიწყდება, რომ ავგუსტინე ეკლესიას ემსახურებოდა და არა ფსიქოლოგიას. შინაგანი ღირებულებების შეცვლა ერთმნიშვნელოვნად გულისხმობდა საზოგადოების ტოტალურ გაეკლესიურებას და ქრისტიანული რწმენით გამსჭვალვას, რაც ავგუსტინესთვის კეთილშობილებისა და სულიერი სიმშვიდის სინონიმი იყო. ეს უკვე თეოკრატიული პოზიციაა და არა ფსიქოლოგიური. მოცემულ კონტექსტში მთავარი ისაა, რომ იგი არსებითად ეწინააღმდეგება ფროიდის თეორიულ შეხედულებებს, ხოლო ფსიქოანალიზის პრაქტიკას მთლიანად თამაშგარე მდგომარეობაში ტოვებს.       ავგუსტინეს ძირითადი დოქტრინა ის არის, რომ მთელი სამყარო, ადამიანი, მისი სხეული და სული ღმერთის შექმნილია. სული სხეულზე უფრო „მაღალი” დონის ქმნილებაა, ვინაიდან ის ღვთიურ სუნთქვას უკავშირდება, რომლის ჩაბერვითაც ადამიანს სიცოცხლე მიენიჭა. მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ამით ადამიანში ღმერთის ნაწილი შევიდა. სული ღმერთისაგან მომდინარეობს, მაგრამ ღმერთის სუბსტანციის მატარებელი არ არის. სული არაფრიდან არის შექმნილი და აბსოლუტურად არამატერიალურია. მიუხედავად ამისა, ისეთი ელემენტები, როგორიცაა სინათლე და ჰაერი, სულთან უფრო ახლოსაა. ამიტომ სულის მიერ სხეულის მართვა (რაც მისი ძირითადი დანიშნულებაა), გარკვეულწილად ამ ელემენტებთან არის დაკავშირებული. ნერვები ჰაერითაა სავსე; მისი მოძრაობა კიდურებს გადაეცემა, თავად კი სულის ნებას ემორჩილება.       სულის ყოფიერება, ავგუსტინეს მიხედვით, შვიდ გრადაციას ანუ სტადიას შეიცავს. სულის პირველი, უმარტივესი დონე ადამიანს და მცენარეს საერთო აქვთ. ის უზრუნველყოფს ორგანიზმის მთლიანობას, მის ცოცხლად ყოფნას და პასუხისმგებელია კვებასა და გამრავლებაზე. სულის მეორე საფეხური ადამიანს საერთო აქვს ცხოველებთან. ის „შეიგრძნობს” და „ხედავს სიზმრებს”. მესამე სტადიაზე სულს ემატება მეხსიერების, მეტყველებისა და პრაქტიკული გონების ფუნქციები. მეოთხე სტადიაზე სული საკუთარი თავისკენ შემობრუნდება, იწყებს თავისი თავის, როგორც სხეულისაგან განსხვავებულის და მასზე ამაღლებულის შეფასებას და ეძიებს ღმერთს თავის ბუნებაში. მეხუთე დონეზე სული უკვე განწმენდილია სიკვდილის შიშისაგან და ჭეშმარიტებისკენ მიმავალ გზას ადგას. მეექვსე სტადიაზე სული მთელი თავისი არსითა და გონების ძალით მიიმართება ღმერთისკენ, ანუ ერთადერთი ჭეშმარიტებისკენ. მეშვიდე სტადიაზე სული ჭეშმარიტებას სწვდება, ვინაიდან მთლიანად ღმერთითაა მოცული.       ავგუსტინეს ამ თეორიულ კონსტრუქციაში ფსიქოლოგიის ზოგი ისტორიკოსი სულის სახეების არისტოტელესეული კლასიფიკაციის გავლენას ხედავს. ეს ალბათ მხოლოდ პირველი სამი სტადიის მიმართაა მართებული, ვინაიდან მათი დახასიათებისას ავტორი მყარ ემპირიულ ნიადაგზე დგას. შემდგომი სტადიების დახასიათებისას კი მისტიკური ელემენტი სულ უფრო მატულობს და საბოლოოდ იმდენად მეტაფიზიკურ სახეს იღებს, რომ თითქმის მიუღწეველი ხდება მეცნიერული ანალიზისთვის. თუმცა ერთი რამ მაინც შესაძლებელია: უმაღლესი, მეშვიდე სტადიის განცდისეული მხარის შედარება პლოტინის მიერ აღწერილი ექსტაზის მდგომარეობასთან. თუ ეს ანალოგია მართებულია, მაშინ მის შესახებ იმავეს თქმა შეიძლება, რაც ზემოთ პლოტინისეული ექსტაზის თაობაზე ითქვა, ჭეშმარიტების წვდომისა და ნამდვილი ცოდნის მიღებასთან დაკავშირებით. ამგვარი რამ, პლოტინის მიხედვით, ექსტაზის მდგომარეობაში ხდება. ადვილი დასანახია, რომ სულის აღნიშნული სახეები, იმავდროულად, ჭეშმარიტებასთან (იმავე ღმერთთან) დაახლოების სტადიებია. ამდენად, გნოსეოლოგიური პრობლემა ნათლად გამოხატულ ფსიქოლოგიურ ხასიათს იძენს. ეს გასაგებიცაა, ვინაიდან შემეცნების შესაძლებლობაზე საუბარს, ადრე თუ გვიან, აუცილებლად მივყავართ ამ პროცესის ფსიქოლოგიური უზრუნველყოფის საკითხთან. ეს მით უფრო ბუნებრივია ავგუსტინესთანა მოაზროვნისთვის, რომელიც ჭეშმარიტ ცოდნას ღმერთში ათავსებს, თვით ღმერთს სულში უჩენს ადგილს, ხოლო მასთან მისასვლელ გზას სულის მიერ საკუთარი თავის შეცნობაში ხედავს.       პლატონის მსგავსად, ავგუსტინეს ფსიქოლოგიურ სისტემაში განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს ისეთი შემეცნებითი ფსიქიკური ფუნქცია, როგორიც მეხსიერებაა. ავგუსტინეს მიხედვით, სწორედ მასშია განთავსებული მთელი ცოდნა და მის მოსაპოვებლად საჭირო არაა სულის გარეთ გასვლა, ბუნების კვლევა - საკმარისია საკუთარი თავის შესწავლა. შემეცნება თვითშემეცნებით ხორციელდება - ეს თეზისი მისი ფილოსოფიური და ფსიქოლოგიური მოძღვრების ლეიტმოტივია.       მეხსიერება წმინდა სულიერი აქტივობაა, ის სულში არსებულის ნათელყოფაა. მეხსიერება ორი სახისაა: გრძნობადი და ინტელექტუალური. გრძნობადი მეხსიერება დაკავშირებულია გრძნობის ორგანოებთან. შესაბამისად, ჩვენ გვაქვს შეხებითი, სმენითი, მხედველობითი და ა.შ. მეხსიერება. მეხსიერება სულიერების სფეროა და არა უბრალოდ ცნობების შესანახი ადგილი. ადამიანს არ შეუძლია შეინახოს იდეა მისი განცდის ან გააზრების გარეშე. ამავე დროს, სავალდებულო არ არის, რომ ადამიანი ყოველთვის აცნობიერებდეს იმას, რაც იცის. აქედან გამომდინარე, ადამიანს აქვს ისეთი ცოდნაც, რომელიც პოტენციურად ცოდნად უნდა ჩაითვალოს და რომელიც მოგონების აქტს საჭიროებს. ავგუსტინე იმ პირობებზეც საუბრობს, რომლებიც პოტენციური ცოდნის ცნობიერებაში აღდგენას უწყობს ხელს. ესენია: შთაბეჭდილების სიძლიერე, მისი გამეორება, მასალის მოწესრიგებულობა, მასზე ყურადღების ან ნებისყოფის მიმართვა, გონების გავარჯიშება და სხვა. გარდა ამისა, ავგუსტინეს თქმით, მოგონება ბუნებრივად არის დაკავშირებული ერთი იდეის მიერ მეორის აღდგენის ხელოვნებასთან. აქ იგი ნათლად აყალიბებს ადგილის, დროისა და მსგავსების ასოციაციის პრინციპებს. შეიძლება ითქვას, რომ გრძნობადი მეხსიერების დახასიათებაში ავგუსტინე ძირითადად აგრძელებს არისტოტელეს ხაზს, იყენებს საკუთარ ემპირიულ დაკვირვებას და დღევანდელი გადასახედიდანაც კი საკმაოდ დამაჯერებელია.       რაც შეეხება ე.წ. ინტელექტუალურ მეხსიერებას, მისი ანალიზი მთლიანად მეტაფიზიკური ფსიქოლოგიის ფარგლებში მიმდინარეობს. აქ ავგუსტინე არსებითად პლატონის ხაზს მიჰყვება და ცდილობს მის შეთანხმებას ქრისტიანულ დოქტრინასთან. პლატონის შემეცნების, როგორც გახსენების თეორია, დავიწყების თეორიაცაა. ავგუსტინეს აზრით, მთელი ცოდნა ღვთაებრივი და მარადიულია. ინდივიდუალურ ცნობიერებაში ამ ცოდნის ამოტანა ჩვენი სულიერი ბუნებისა და ღმერთის არსების ერთიანობას ეფუძნება. სულს აქვს თვითცნობიერება და ამიტომ მან ყოველთვის იცის, რომ ის უმაღლესი აზრის მატარებელია, მაგრამ ყოველთვის არ აცნობიერებს საკუთრივ ამ აზრს, ანუ ჭეშმარიტ ცოდნას. ავგუსტინეს თქმით, სული ჰგავს ამოუწურავ მაღაროს, საიდანაც მას თვითონვე ამოაქვს მზის სინათლეზე აზრის ძვირფასი ქვები. ჭეშმარიტების გამოგონება კი არ ხდება, არამედ მისი აღმოჩენა საკუთარ გონებაში. აქედან გამომდინარე, სწავლა გახსენებაა და ვინაიდან მთელი ცოდნა შინაგანია, სწავლის პროცესიც ამ შინაგანის გამომზეურებაა. მასწავლებელი იმაზე მეტს ვერ მოგცემს, რაც შენში იყო. ის მხოლოდ საუკეთესო პირობებს ქმნის სულის სათანადო აქტივობისთვის, რასაც ცოდნის ექსპლიკაცია მოჰყვება. ცოდნა და სწავლა იწყება ღმერთით (წინასწარჩანერგილი ცოდნა) და თავდება ღმერთით (მისი შემეცნება). ცოდნის ზრდა, ფაქტობრივად, არის ღმერთის შესახებ ცოდნის ზრდა.       ადვილი დასანახია, რომ ამ კონცეფციაში ფსიქოლოგიისთვის ძალიან მნიშვნელოვანი თემებია გაერთიანებული (შემეცნების პროცესი, მეხსიერება, სწავლა და სწავლება, თანდაყოლილი და შეძენილი). ამავე დროს, ფსიქოლოგია და მეტაფიზიკა ერთმანეთშია შერეული, ხოლო მეტაფიზიკას მეცნიერული კრიტერიუმებით ვერ შეაფასებ. მართლაც, სულის როგორი გაგებაა უკეთესი - როგორც ზოგადი ცნებების (იდეების) თანაზიარი მოვლენისა (პლატონი), თუ ღმერთის მიერ არარადან შექმნილი ფაქტისა (ავგუსტინე)? ეს რწმენისა და ფილოსოფიის განსჯის საგანია, რადგან მეცნიერება ვერც ღმერთის განზრახვაში შეაღწევს და ვერც იდეათა სამყაროში. თუმცა ამ უკანასკნელის შესახებ დარწმუნებით შეიძლება ითქვას, რომ ის არსებობს ინდივიდუალური ცნობიერების მიღმა, მისგან დამოუკიდებლად და ყოველი ადამიანი ცოდნის მოპოვებისა და ჭეშმარიტების წვდომისას ეზიარება მას. ამ შემთხვევაში იდეათა სამყარო გაგებულია, როგორც სულიერი კულტურის სინამდვილე, რომელიც დაფიქსირებულია მის გრძნობად მატარებლებში, პირველ ყოვლისა, ენაში, მეცნიერულ და ლიტერატურულ ტექსტებში. ეს არის ობიექტური ღირებულებებისა და იდეალების, აბსტრაქტული ცნებების სამყარო, სადაც მოცემულია საგნებისა და მოვლენების არსებითი ნიშნები, მათი არსი. პლატონის იდეათა სამყარო კოსმიურ-მეტაფიზიკური სფეროდან მიწაზე ჩამოტანის შემდეგ სავსებით ემპირიულ მნიშვნელობას შეიძენს. ამგვარი ინტერპრეტაცია არსებით შეცდომას არ უნდა შეიცავდეს. ისიც ცხადია, რომ ავგუსტინეს ზეციური მეტაფიზიკის ასეთი „დამიწება” ძნელად წარმოსადგენია. მიუხედავად ამისა, შევეცადოთ გავაანალიზოთ წარმოდგენილი შეხედულება ფსიქოლოგიის ისტორიისა და, შეძლებისდაგვარად, თანამედროვე ფსიქოლოგიის თვალსაზრისით.       ეს კონცეფცია, არსებითად არის პლატონისა და ნეოპლატონოზმის გაგრძელება და ღმერთის იდეასთან დაახლოება. პრინციპული მნიშვნელობა აქვს იმას, რომ, არისტოტელესაგან განსხვავებით, პლატონსა და ავგუსტინეს მეხსიერების ფუნქცია დავიწყება-აღდგენის განზომილებაში აქვთ გააზრებული. ამას მეხსიერების ცნების რეალური ემპირიული შინაარსის დავიწროებამდე მივყავართ, რადგან მის გარეთ რჩება დამახსოვრების პროცესი, რომელიც, შემონახვისა და აღდგენა-დავიწყების პროცესებთან ერთად, მეხსიერების ფუნქციის ძირითადი მახასიათებელია. არისტოტელესთან დამახსოვრების პროცესი გათვალისწინებულია. იმდენად, რამდენადაც მისთვის მეხსიერება ახალი ინფორმაციის მიღებით იწყება, ის გრძნობადი აღქმის გაგრძელებაა, რომელიც შემოინახება და, საჭიროების შემთხვევაში, აღდგება. პლატონი დამახსოვრებაზე მხოლოდ მისტიკური აქტის მნიშვნელობით ლაპარაკობს, როდესაც სული, იდეების სამყაროში ყოფნისას, უშუალოდ ჭვრეტს ამ იდეებს და ახალი ცოდნით „ივსება”. ავგუსტინესთან კი დამახსოვრებას მთლიანად ეკარგება სულის განსაკუთრებული მნემური აქტივობის სახე და ღმერთის მიერ ინდივიდუალურ სულში ცოდნის ჩადების აქტად წარმოგვიდგება. ამ მხრივ ეს ერთგვარი უკუსვლაა არისტოტელეს პოზიციიდან.       შენახვასთან დაკავშირებით იგულისხმება, რომ მეხსიერებაში (ამ შემთხვევაში იგივეა, რაც სულში), მთელი ცოდნა თავიდანვე რაღაც ფორმით არის შემონახული და ადამიანის განვითარება (სწავლა) მხოლოდ მისი ცნობიერებაში ამოტანაა. მოკლედ, ცოდნა თანდაყოლილია. ახლანდელი მეცნიერების თვალსაზრისით ასეთ გაგებას არც თეორიული და არც ემპირიული გამართლება არა აქვს. თანდაყოლილობის პრობლემა ფსიქოლოგიამ მემკვიდრეობით მიიღო ფილოსოფიისაგან და მის მუდმივ პრობლემებს მიეკუთვნება. ასეთი პრობლემები ფსიქოლოგიას ახლავს მთელი მისი არსებობის გზაზე. მოგვიანებით დავრწმუნდებით, რომ ე.წ. თანდაყოლილი იდეების პრობლემა რაციონალური და ემპირიული ფსიქოლოგიის უმწვავესი დაპირისპირების საგანი გახდა და, გარკვეული აზრით, ახალი დროის ფსიქოლოგიაში ამ ორი მიმდინარეობის წყალგამყოფადაც იქცა. ამ პრობლემის ფესვები ანტიკურ ფილოსოფიაში და, შესაბამისად, ფსიქოლოგიაშია და უკავშირდება ჭეშმარიტი ცოდნის არსებობის დასაბუთებას. ემპირიულ სინამდვილეში მხოლოდ კონკრეტული საგნები და მოვლენებია. ამავე დროს, მათი გრძნობადი აღქმაც და მასზე დამყარებული აზროვნებაც შეცდომების წყაროა. მიუხედავად ამისა, ჩვენ გვაქვს ზოგადი ცნებები და მათში დაუნჯებული ჭეშმარიტი ცოდნა. ამის ასახსნელად მოაზროვნეთა ნაწილი ჭეშმარიტი ცოდნის თანდაყოლილობის პოსტულატს იღებდა. ამ პრობლემის ფილოსოფიური ასპექტების, განხილვა ჩვენი მიზანი არ არის; უბრალოდ მივუთითებთ, რომ ასეთია პლატონ-ავგუსტინეს ხაზი.       თანამედროვე მეცნიერების მონაცემებით, არ არსებობს სერიოზული საფუძველი იმის მტკიცებისთვის, რომ ადამიანში დაბადებიდანვე რაიმე სახით არის მოცემული ცოდნა ფაქტებისა ან კანონზომიერებათა შესახებ. ის, რომ 2X2=4, ან რომ დედამიწა მრგვალია, არ არის თავიდანვე ჩაწერილი არც ნერვულ და არც ფსიქიკურ სისტემაში. ადამიანი ამ ცოდნის მატარებელ არსებად არ იბადება. ეს ცოდნა ცხოვრების პროცესში, სწავლით შეიძინება და ფიქსირდება. ეს ურთულესი პროცესი მრავალი მეცნიერების, მათ შორის ფსიქოლოგიის შესწავლის საგანია და მასთან დაკავშირებით უკვე დიდი მასალაცაა დაგროვილი. მართალია, გასარკვევი კიდევ ბევრია, მაგრამ ერთი რამ ცხადია - სწავლა ახლის შეძენაა და არა ძველის აღდგენა. ეს ითქმის ყოველგვარ ცოდნაზე. ჩვენ თავიდან არ ვიცით, რომ შაქარი ტკბილია, ხოლო წიწაკა - მწარე, ან ის, რომ ინცესტი დაუშვებელია. ყოველივე ამას შემდგომში, საკუთარი გამოცდილებით ან სხვების დახმარებით ვიგებთ. მაგრამ ჩამოთვლილ მოვლენებთან მიმართებაში ზოგი რამ თანდაყოლილიც არის. ფსიქოლოგიის ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად განვითარებადი დარგის, ევოლუციური და გენეტიკური ფსიქოლოგიის მონაცემებით ადამიანები თავიდანვე ანიჭებენ მეტ-ნაკლებ უპირატესობას სხვადასხვა გემოს (მაგ., მოსწონთ ტკბილი და არ მოსწონთ მწარე); მათ უფრო ადვილად უმუშავდებათ შიშის რეაქცია სტიმულთა გარკვეული კლასის (მაგ., გველების) მიმართ. იგივე ითქმის ინცესტუალურ ტაბუზეც. ამ მორალურ ნორმასაც, როგორც ჩანს, თავისი მემკვიდრეობითი ძირები აქვს - ინცესტის მიუღებლობა ჩვენს ბიოფსიქიკურ კონსტიტუციაშია მოცემული. არსებობს სხვა ასეთივე თანდაყოლილი მიდრეკილებაც. აქ შეიძლება ჯერ კიდევ ბევრი რამ იყოს გამოსარკვევი და საკამათო, მაგრამ თითქმის აღარავის ეპარება ეჭვი იმაში, რომ არაერთი ფსიქიკური მიდრეკილება და უნარ-თვისება დიდწილად თანდაყოლილია. ასეთია ადამიანის ტემპერამენტი, ინტელექტი, ზოგიერთი პიროვნული თვისებაც კი. მაგრამ ეს არ არის ცოდნა მოვლენების, მათი კავშირების, ნიშნების, იდეების ან ღირებულებების შესახებ, რომელიც იმპლიციტურად არსებობს ფსიქიკაში, შენახულია მის რაიმე სტრუქტურაში, კერძოდ მეხსიერებაში და ცხოვრების მსვლელობაში თავისით თუ სხვების დახმარებით გამომზეურდება, ექსპლიციტური ხდება. ენის შეთვისების უნარი (ე.წ. ენობრივი ნიჭიერება) ადამიანის მემკვიდრეობითი და ყველა სხვა ცოცხალი არსებისაგან გამორჩეული თვისებაა. ის, პირველ რიგში, დედაენის ძალზე ადრეულ და ძალზე ადვილ ათვისებაში ვლინდება, მაგრამ ეს, ცხადია, არ ნიშნავს, რომ ენა, როგორც ნიშანთა კონკრეტული სისტემა გვაქვს თანდაყოლილი. ასევე, ადამიანს თანდაყოლილი აქვს ზოგად ცნებათა გააზრების უნარი და, უფრო მეტიც, განზოგადების ძირითადი მიმართულებებისკენ მიდრეკილება, მაგრამ არა - თვით ზოგადი ცნებები.       თუ დავუბრუნდებით ავგუსტინეს მიერ მეხსიერების დახასიათებას, შეიძლება ითქვას, რომ მისი ნაწილი, მაგალითად, ე.წ. გრძნობადი მეხსიერების აღწერა, ფაქტებისა და მეცნიერული დაკვირვების საფუძველზეა შესრულებული. რაც შეეხება თანდაყოლილ ცოდნასთან დაკავშირებულ ე.წ. ინტელექტუალურ მეხსიერებას, აქ მისი მსჯელობა გონებაჭვრეტით ხასიათს იღებს და მეცნიერებისთვის მიუწვდომელი ხდება.       დაახლოებით ასეთივე სურათი გვაქვს ნებისყოფის შემთხვევაშიც. მეხსიერების მსგავსად, ამ ფსიქიკურ ფუნქციაშიც ორი სახეობა გამოიყოფა. პირველი, ნებისყოფის დაბალი ფორმა მიმართულია ყოფით მოქმედებაზე ემპირიულ სამყაროში, მართავს ამგვარ მოქმედებაში ჩართულ ფსიქიკურ და სხეულებრივ პროცესებს. უფრო მეტიც, იგი სხეულებრივ პროცესებსაც ფსიქიკურად აქცევს. მაგალითად, გრძნობის ორგანოებში მოცემული საგნების სხეულებრივი ანაბეჭდებიდან ქმნის მათ ფსიქიკურ ხატებს, ხოლო ამ ხატებიდან - გრძნობადი მეხსიერების მოგონებებს. ნებისყოფის ამ სახეობამ შეიძლება მორალურად მანკიერი საქციელი გამოიწვიოს. ეს ცოდვილი ადამიანის ნებაა, რომელიც მის მისწრაფებებში ვლინდება. „ჩემში თითქოს ორი ნება იბრძვის, ამბობდა ავგუსტინე, და მათ დაპირისპირებაში იგლიჯება სული ჩემი”. აქედან ჩანს, რომ ნებისყოფის დაბალი ფორმა არც არის ნებისყოფა, როგორც ასეთი, ის უფრო სურვილი ან მოთხოვნილებაა. მას ებრძვის ნებისყოფის ის ფორმა, რომელიც ამაღლებული და ზნეობრივი ქცევისკენ წარმართავს ადამიანს. ამ უკანსაკნელს ავგუსტინე სულიერ ნებისყოფას უწოდებს და ისე წარმოგვიდგენს, რომ მას, ფაქტობრივად, დაკარგული აქვს რეალური ფსიქიკური პროცესის ნიშნები. სულიერი ნებისყოფა ღვთაებრივი ნების განმახორციელებელი მისტიკური ძალის სახეს იღებს და მისი წვდომა მხოლოდ გონებაჭვრეტით შეიძლება.       სხვათა შორის, სწორედ ასეთი ვოლუნტარისტულ-მისტიკური შინაარსის გამო, XX საუკუნის ფსიქოლოგიამ ერთხანს თითქმის ამოაგდო თავისი კატეგორიებიდან ნებისყოფა. ახლა იგი კვლავ ბრუნდება მეცნიერებაში, მაგრამ სავსებით ემპირიული შინაარსით - თვითრეგულაციის ისეთი პროცესების ან უნარების სახით, რომლებიც ექვემდებარებიან ფორმირებას, კორეგირებას, გაზომვას და მოდელირებას. სიტყვამ მოიტანა და აღვნიშნავთ, რომ იმ მოძღვრების სათავესთან, რომელსაც შემდგომში ვოლუნტარიზმი ეწოდა, სწორედ ნეტარი ავგუსტინე დგას. ეს ფილოსოფიური მიმართულება მთელი ყოფიერების და სულიერი ცხოვრების საწყისად ნებისყოფას აცხადებს. მართლაც, ავგუსტინესთან სინამდვილის შემოქმედი პირველსაწყისი ღვთაებრივი ნებაა. ფსიქოლოგიური კუთხით კი ნებისყოფა ყველა სულიერ ფუნქციაზე მაღლა დგას. ავტორი იმასაც ამბობს, რომ ადამიანი შეიძლება წარმოვიდგინოთ, როგორც მხოლოდ ნებისყოფა. ყოველ შემთხვევაში, ავგუსტინეს მიხედვით, ფსიქიკურ პროცესებს განაგებს არა გონება, როგორც ამას მისი წინამორბედების უმრავლესობა თვლიდა, არამედ ნებისყოფა. ნებისყოფა მთელ სულს გამსჭვალავს, იგი მთავარი სულიერი ძალაა. თუ ამას ისე გავიგებთ, რომ მოტივაციურ-ვოლიტური სფერო მთელ ფსიქიკას მოიცავს და მის გარეშე არავითარი სულიერი ცხოვრება არ არსებობს, ავგუსტინეს ვოლუნტარიზმი სავსებით გამართლებული იქნება. ყოველ შემთხვევაში, ერთი რამ ნათელია: ისევე, როგორც ყველა ფუნქციას, უმაღლეს კოგნიტურ ფუნქციასაც, აზროვნებასაც წარმმართველი ძალა ესაჭიროება. ადამიანი ჯერ გადაწყვეტილებას იღებს და შემდეგ იწყებს შემეცნებას. მაგრამ ვოლუნტარიზმი, ნების უზენაესობასთან ერთად, ნებისყოფის თავისუფლებას, მის შეუზღუდაობასაც გულისხმობს.       ამ პუნქტში იჩენს თავს ავგუსტინეს ფილოსოფიური და ფსიქოლოგიური თვალსაზრისის ძირეული წინააღმდეგობა. იგი ნებისყოფის თავისუფლებას ქადაგებს და, ამავე დროს, მას არსებითად ზღუდავს. ავგუსტინეს აზრით, ადამიანი თავისუფალია იმდენად, რამდენადაც ღვთაებრივ ნებას ემორჩილება. იგი არ არის ბოლომდე ავტონომიური. ასეთი იყო პირველი ადამიანი - ადამი. თავისი დაცემის შემდეგ ადამიანთა მოდგმა ცოდვისა და ბოროტებისკენ მიმავალ გზაზე გახდა თავისუფალი, ხოლო კეთილი საქმე მხოლოდ ღმერთის უშუალო ჩარევით სრულდება. თავისუფლება მხოლოდ უსიტყვო და უყოყმანო რწმენაშია. ამ თვალსაზრისში თავისუფლება იმაზე ნაკლებია, ვიდრე სტოელებთან, ვისთანაც თავისუფლება აუცილებლობისადმი დამორჩილებაა.       ადამიანის შეუზღუდავ თავისუფლებას ქადაგებდა პელაგიუსი, რომელსაც მკაცრად დაუპირისპირდა ავგუსტინე. პელაგიუსი თვლიდა, რომ ადამიანი შთამომავლობითი ცოდვის მატარებელი არ არის და არც პასუხს აგებს ადამისა და ევას ცოდვაზე. ამიტომ მას თავად შეუძლია სიკეთის კეთება სავსებით თავისუფალი არჩევანის საფუძველზე. ავგუსტინეს მიაჩნდა, რომ ადამიანთა მოდგმის ყველა უბედურების წყარო პირველი ცოდვაა, რომელშიც ცალსახად ევაა დამნაშავე. ამიტომ იგი ზიზღით უყურებდა სქესობრივ ცხოვრებას და ყოველმხრივ ადანაშაულებდა ქალებს. ალბათ კომენტარს არ საჭიროებს ის, თუ რამდენად მართებული ან ბუნებრივია ეს პოზიცია დღევანდელი შეფასებით, მაგრამ იგი საუკუნეების მანძილზე ბატონობდა და არცთუ დიდი ხანია, რაც შეიცვალა.       ნებისყოფის თავისუფლების შეზღუდულობის პოსტულატი ჩვენს დროშიც სავსებით მართებულად გამოიყურება. საპირისპირო დებულება ნების აბსოლუტური თავისუფლების შესახებ უფრო დამაეჭვებელია, თუნდაც იმიტომ, რომ ყოველი „თავისუფალი” არჩევანი ან გადაწყვეტილება აუცილებლად რაიმე საფუძველს ემყარება, რომელიც მას განსაზღვრავს. მაგრამ სრულიად გაუგებარი და მიუღებელია მოსაზრება, თითქოს ნება მხოლოდ „ცუდი” ქცევის მიმართულებითაა გახსნილი და თავისუფალი, ხოლო სიკეთისკენ მიმავალ გზაზე მას ღმერთის ნებართვა სჭირდება. ეს ის შემთხვევაა, როცა ემპირიული ფსიქოლოგიის მონაცემები მსხვერპლად ეწირება რელიგიურ დოგმატს.       საბოლოოდ, უნდა ითქვას, რომ შინაგან სამყაროში ჩაღრმავება ღმერთისკენ აღმასვლისთვის ქრისტიანული მრწამსის ფუძემდებლური ნორმაა. ავგუსტინე შეეცადა არა მხოლოდ თეორიულად, არამედ პრაქტიკულად ეჩვენებინა სულის ასეთი მოძრაობის სიკეთე. ავგუსტინე კარგად ხედავს ფსიქიკური სამყაროს სიღრმესა და მრავალფეროვნებას და სხვებსაც მოუწოდებს, შემობრუნდნენ საკუთარი სულისკენ: „ადამიანები სამოგზაუროდ მიეშურებიან, რათა მთის მწვერვალებით და ზღვის ზვირთებით დატკბნენ. მათ ხიბლავს ფართო, მჩქეფარე მდინარეები, ოკეანის გაშლილი სივრცეები და ვარსკვლავთა გზები, თავის თავს კი ივიწყებენ და არ აკვირვებთ საკუთარი შინაგანი ცხოვრება”. ავგუსტინეს თვითანალიზი პლოტინის თვითცნობიერების იდეის რეალური ფსიქოლოგიური ხორცშესხმაა. ადამიანის შინაგან სამყაროზე ასეთმა ინტელექტუალურმა კონცენტრაციამ (რა საბოლოო მიზნებსაც არ უნდა ისახავდეს იგი), არ შეიძლება უკვე თავისთავად არ შეგვძინოს ცოდნა ფსიქიკური მოვლენების შესახებ და, ამდენად, ხელი არ შეუწყოს ფსიქოლოგიის წინსვლას. აქედან გამომდინარე, ავგუსტინე, პლატონთან და არისტოტელესთან ერთად, ფსიქოლოგიის ისტორიის საწყისი ეტაპის ყველაზე გამოჩენილ ფიგურად უნდა მივიჩნიოთ. მისმა მოძღვრებამ მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა შუა საუკუნეების თეოლოგიურ, ფილოსოფიურ და ფსიქოლოგიურ აზროვნებაზე. ირაკლი იმედაძე წიგნიდან: ფსიქოლოგიის ისტორია « წინა ნაწილი | გაგრძელება » P.S. სტატიის სათაური არ არის წიგნის ავტორისეული სათაური. სტატიის სათაური პოსტის ავტორის მიერ თემატურად შერჩეული სათაურია…
დაამატა ლაშა to ფსიქოლოგია at 11:06am on აპრილი 23, 2018
თემა: ფსიქოლოგიური აზრის განვითარება ახალი დროიდან ფსიქოლოგიური მეცნიერების დაფუძნებამდე
კის კანონების მიხედვით შესაძლებელი გახდა ყოველი ფიზიკური სხეულის მოძრაობისა და ადგილმდებარეობის გამოთვლა-პროგნოზირება. ეს იყო კაუზალური პრინციპის, კერძოდ მექანიკური დეტერმინიზმის ტრიუმფი. სამყარო მექანიზმია, რომელიც მექანიკის კანონების მიხედვით მოქმედებს. ეს მსოფლმხედველობა ახალი დროის ფსიქოლოგიის წინაშე მწვავე საკითხებს სვამდა: არიან თუ არა ცოცხალი არსებები, მათ შორის ადამიანები, მექანიზმები? რა ადგილი უკავია სამყაროს ფიზიკურ სურათში სულს? მიეყენება თუ არა მას საბუნებისმეტყველო-ემპირისტული მეთოდოლოგია? ამის გათვალისწინებით დეკარტეს როლი ფსიქოლოგიის ისტორიაში სრულიად განსაკუთრებულია. მის მოძღვრებაში ცნობიერების შესახებ მოცემულია მეტაფიზიკური სულისაგან ფსიქიკური სინამდვილის გამოყოფის კრიტერიუმი. ფსიქიკა არის რეალობა, ემპირია, შინაგანი სამყარო, რომელსაც საკუთარი ცნობიერი, თვითდაკვირვებისთვის მოცემული არსებობა აქვს. იგი უპირისპირდება ყოველივე მატერიალურს თავისი არსებობის საკუთარი წესით.       რენე დეკარტე (ლათინიზირებული რენატუს კარტეზიუს, აქედან სახელწოდება - კარტეზიანული ფილოსოფია) (1594-1650) ძველი ფრანგული არისტოკრატული გვარის წარმომადგენელი იყო. განათლება მიიღო იეზუიტთა კოლეჯში, სადაც დაეუფლა კლასიკურ ენებს, ისტორიას, ლიტერატურას, ლოგიკას, მათემატიკას, ფიზიკას, მეტაფიზიკას და ეთიკას. სწავლის დასრულების შემდეგ დეკარტემ იმსახურა ჯარში და იმოგზაურა რამდენიმე ევროპულ ქვეყანაში, რამაც საშუალება მისცა, დაემყარებინა პირადი კონტაქტები იმ დროის ბევრ გამოჩენილ მეცნიერთან და ინტელექტუალთან. საკმაოდ მხიარულად გატარებული ახალგაზრდობის მერე დეკარტემ გადაწყვიტა თავი მეცნიერებისთვის მიეძღვნა. იგი გადასახლდა ჰოლანდიაში, სადაც ოცი წლის განმავლობაში განმარტოებით ცხოვრობდა და ქმნიდა თავის ნაწარმოებებს. დეკარტეს კორესპონდენტებს შორის იყო შვედეთის განსწავლული დედოფალი ქრისტინე, რომელმაც საბოლოოდ დაითანხმა იგი, გამხდარიყო მისი ფილოსოფიის მასწავლებელი. ცხოვრების ყაიდის შეცვლა დამღუპველი აღმოჩნდა: სულ მალე დეკარტე ავად გახდა ფილტვების ანთებით და გარდაიცვალა. მრავალმხრივმა განათლებამ, ახლის ძიების მუდმივმა წყურვილმა და მრავალფეროვანმა ნიჭიერებამ დეკარტეს საშუალება მისცა, ძალა მოესინჯა მეცნიერების სხვადასხვა დარგში: იგი იყო უდიდესი ფილოსოფოსი და გამოჩენილი მათემატიკოსი, მუშაობდა ფიზიკასა და ფიზიოლოგიაში. რაც შეეხება დეკარტეს ფსიქოლოგიურ მოძღვრებას, ის გადმოცემულია როგორც მის ძირითად ფილოსოფიურ ტრაქტატებში, ისე სპეციალურ შრომებში, რომელთა შორის აღსანიშნავია წიგნი “სულის ვნებათა შესახებ” (1649).       დეკარტეს ფილოსოფიაში საკვანძოა ცოდნის ჭეშმარიტების პრობლემა. დეკარტე ეძებს ჭეშმარიტების კრიტერიუმებს და ეჭვი შეაქვს ყველა დებულებაში. ესაა მეთოდოლოგიური სკეპტიციზმი, რომლის საშუალებითაც ფილოსოფოსი იმედოვნებს, მიაგნოს ისეთ დებულებას, რომელშიც აღარ შეიძლება ეჭვის შეტანა. ის იქნება საფუძველი, რომელზეც დედუქციურად აიგება ახალი მეცნიერება. დეკარტეს დაეჭვება, პირველ რიგში, შეგრძნებათა სფეროს ეხება, რამდენადაც ყველაფერი ეყრდნობა აღქმებს (გრძნობად მონაცემებს), ხოლო ისინი არცთუ იშვიათად გვატყუებენ. ჩვენ მაშინაც ვტყუვდებით, როდესაც რაიმე აღქმისა ან მოქმედების ცხადი განცდა გვაქვს, მაგრამ ირკვევა, რომ ეს მხოლოდ სიზმარი ყოფილა. ასევე გვატყუებს გრძნობები: მარტო ის რად ღირს, რომ განიცდი ტკივილს ამპუტირებულ კიდურში (ე.წ. ფანტომის ეფექტი). ჩვენი მსჯელობები, მათემატიკური მტკიცებებიც კი, ეჭვის საფუძველს აჩენს, ვინაიდან, თუ ღმერთმა ადამიანი არასრულყოფილად შექმნა, მისი მსჯელობებიც შეიძლება შეცდომებს შეიცავდეს.       ამრიგად, ყველაფერში შეიძლება ეჭვის შეტანა, მაგრამ ეს საყოველთაო ეჭვი, ამავე დროს, ერთი ეუჭველი დებულების მაჩვენებელიცაა: სხვა რომ არაფერი არ არსებობდეს, თვით დაეჭვება ხომ სახეზეა, ის ხომ როგორც ფაქტი არსებობს. დაეჭვება აზროვნების გამოვლინებაა, რაკი ვეჭვობ, ე.ი. ვაზროვნებ. აქედან კი აუცილებლობით და უტყუარად გამომდინარეობს, რომ არსებობს ამ ეჭვის, ანუ აზროვნების მატარებელი მოაზროვნე სუბიექტი, “მე”. ჩოგიტო ერგო სუმ - ვაზროვნებ, მაშასადამე ვარსებობ - ეს არის ჭეშმარიტი ამოსავალი დებულება. იგი გულისხმობს რაციონალური საწყისის პრიორიტეტს შემეცნებაში (დეკარტე რაციონალიზმის ერთ-ერთი მთავარი სახეა). მაგრამ ჩოგიტო მხოლოდ აზროვნების ფილოსოფიური პრინციპი არ არის, იგი აზროვნების სუბიექტურად განცდილი პროცესიცაა, რომლისაგანაც ვერ გამოაცალკევებ მოაზროვნე სუბიექტს. მასში, შეიძლება ითქვას, შერწყმულია შემეცნება (გნოსეოლოგია) და ყოფიერება (ონტოლოგია). არა მხოლოდ შემეცნების შესაძლებლობაზე, არამედ გარკვეულ ფსიქიკურ რეალობაზეც არის მითითება. ჩოგიტო ფსიქოლოგიური დებულებაცაა, ვინაიდან მასში აზროვნების (ცნობიერების) არსებობისა და რაობის ცხადყოფა ხდება.       მაგრამ რა არის თავად აზროვნება? დეკარტე იმდენად აფართოებს ამ ცნების შინარსს, რომ, არსებითად, აიგივებს მას ცნობიერებასთან, თუმცა არ იყენებს ტერმინს “ცნობიერება”: “აზროვნება არის ყველაფერი ის, რაც ჩვენში ხდება და თანაც ისე, რომ ამას უშუალოდ აღვიქვამთ (განვიცდით); ამიტომ აზროვნება ნიშნავს არა მხოლოდ გაგებას, არამედ სურვილს, წარმოსახვას, გრძნობას”. აზროვნება ყოფილა მთელი ჩვენი სულიერი ცხოვრება, რომლის არსებობის შესახებ ჩვენ “ვიცით”, რომელიც “მოჩანს” ჩვენს შინაგან აღქმაში. აზროვნება არ არის მხოლოდ ამოცანის გადაწყვეტის ინტელექტუალური პროცესი, როგორც დღევანდელი ფსიქოლოგია იტყოდა. ის მოიცავს ყველა ფსიქიკურ მოვლენას, რომელიც უშუალოდ განიცდება, ანუ ცნობიერდება. აზროვნება სულის უმთავრესი ნიშანია (თვისებაა) და, არსებითად, სულის მიერ თავისი არსებობის დადასტურების, ასახვის, თვითცნობიერების ტოლფასია.       ამრიგად, არსებითად, დეკარტემ ჩამოაყალიბა ის პოსტულატი, რომელზეც ახალი დროის ფსიქოლოგია აიგო. მას უფრო დაზუსტებული ფორმა მისცა ჯ. ლოკმა და ამით ემპირიულ ფსიქოლოგიას ჩაუყარა საფუძველი. რაციონალისტ დეკარტეს და ემპირისტ ლოკს ის აერთიანებს, რომ ორივე ცნობიერების ფსიქოლოგიას ქმნის. მათთვის ამოსავალი ცნობიერების არსებობის დადასტურებაა. პირველი, რასაც ადამიანი თავის თავში აღმოაჩენს, მისი საკუთარი ცნობიერებაა. ფსიქოლოგიის ამოცანა ცნობიერების მდგომარეობათა და შინაარსების ანალიზია. ცნობიერების ფსიქოლოგიის სხვადასხვა ვერსიებში, რომლებიც ახალი დროიდან მოყოლებული XX საუკუნის დასაწყისამდე ბატონობდნენ ფსიქოლოგიაში, განსხვავებული შეხედულებები არსებობდა იმაზე, თუ რას წარმოადგენს ეს შინაარსები, საიდან ჩნდება ისინი და როგორ უნდა ხდებოდეს მათი შესწავლა. რაციონალური (დეკარტესეული) და ემპირისტული (ლოკისეული) ფსიქოლოგია ამაში საფუძვლიანად უპირისპირდება ერთმანეთს, თუმცა ორივე ცნობიერების ფსიქოლოგიაა. ამასთანავე, ისიც უნდა აღინიშნოს, რომ რაციონალური ფსიქოლოგია მეტაფიზიკურ საკითხებს ანიჭებს პრიორიტეტულ მნიშვნელობას.       როგორ აქვს წარმოდგენილი ცნობიერება დეკარტეს? ამ კითხვაზე პასუხი სუბსტანციების შესახებ მოძღვრებაშია მოცემული. დეკარტემ დაუშვა, რომ ბუნებისა და ფსიქიკის კონკრეტული მოვლენების მიღმა და მათ საფუძველში არსებობს მატერიალური და სულიერი სუბსტანცია. სუბსტანცია არის “ის რაც არსებობს და რომელსაც თავისი არსებობისთვის არაფერი ესაჭიროება, გარდა თავისთავისა”. საკუთრივ სუბსტანციის არც დანახვა შეიძლება და არც წარმოდგენა; მას მხოლოდ აზროვნება სწვდება. ეს კონკრეტულად მის არსებით, განუყოფელ თვისებას, ანუ ატრიბუტს ეხება. მატერიალური სუბსტანციის ერთადერთი ატრიბუტია განფენილობა, ხოლო სულიერი სუბსტანციისა - აზროვნება (ცნობიერება). მაშასადამე, ცნობიერება სულის ისეთი ნიშანია, რომელიც მას ყოველთვის ახლავს და რომლის გარეშე ის ვერ მოიაზრება. ეს იმას ნიშნავს, რომ სული ყოველთვის აზროვნებს, ანუ შიგნიდან აღიქვამს თავის ფსიქიკურ შინაარსს, ხედავს და აცნობიერებს მას. დეკარტეს მიაჩნია, რომ არაცნობიერი ფსიქიკა, არაცნობიერი სულიერი მოვლენა არ არსებობს. სულიერი მხოლოდ ცნობიერი შეიძლება იყოს.       განფენილობის ნიშნის მქონე მატერიალური სუბსტანციის ყველა გამოვლინებას აქვს სიგრძე, სიგანე, მოცულობა, ფორმა; ის დანაწევრებადია, აქვს მოძრაობის უნარი და ა.შ. ასეთია მთელი ბუნება, ციური და დედამიწაზე არსებული სხეულები, მათ შორის ცხოველებისა და ადამიანების სხეულებიც. სულ სხვაა არაგანფენილი და მოაზროვნე სული. ის არის ერთიანი და განუყოფელი. სული მარტივია - ამბობს დეკარტე და ამით უარყოფს ძველ ატომისტურ (მატერიალისტურ) შეხედულებებს სულზე. უფრო მეტიც, იგი ემიჯნება არისტოტელესაც, ვისი მოსაზრებებიც დომინირებდა მანამდე არსებულ ფსიქოლოგიაში. არისტოტელემ უარი თქვა წინამორბედი ბერძნული ფსიქოლოგიის გულუბრყვილო ჰილოძოიზმზე, ანუ მთელი ბუნების განსულიერებაზე. მან მკაცრად გამიჯნა არაცოცხალი და ცოცხალი ბუნება. სულიერი რეალობა ამ უკანასკნელს დაუკავშირა და, რიგ შემთხვევებში, გააიგივა კიდეც მასთან (არისტოტელემ დაუშვა ე.წ. ვეგეტაციური სულის არსებობა, რომლის თვისებები ზრდისა და გამრავლების ბიოლოგიური ფუნქციებით შემოიფარგლება). დეკარტემ შემდეგი ნაბიჯი გადადგა - მან მკაფიო საზღვარი გაავლო ცოცხალსა და სულიერს შორის. ცოცხალი სხეული მატერიალურია, მაშასადამე განფენილი და დანაწევრებადია. სული არის მოაზროვნე, არასხეულებრივი, მთლიანი, განუყოფელი.       სულის ერთიანობისა და განუყოფლობის აღიარება არ ნიშნავს იმას, რომ სულს არა აქვს სხვადასხვა გამოვლინება, რომ არ არსებობს განსხვავებული სულიერი მოვლენები. დეკარტე ცნობიერების შინაარსების ორ კლასს გამოყოფს: ერთი შემეცნებას ემსახურება და იდეების სახით არსებობს, მეორე კი მოქმედებას უდევს საფუძვლად და ნებელობით აღინიშნება. თავის მხრივ იდეების სამი სახეობა გამოიყოფა. პირველი - გარედან, გრძნობადი აღქმის გზით, გამოცდილებით მიღებული იდეებია. ასეთი შეძენილი იდეები შეიძლება ორგვარი იყოს - სუბიექტის ინდივიდუალური გამოცდილების შედეგი (ჩემი საკუთარი წარმოდგენები საგნებზე, მოვლენებზე და მათ თვისებებზე) და სხვა ადამიანთა მიერ განზოგადებული იდეები (სწავლით, კითხვით თუ სხვებთან ურთიერთობით მიღებული ცოდნა). პირველი ტიპის იდეები ხშირად შეიცავს შეცდომას, ვინაიდან გრძნობადი გამოცდილება ცოდნის სანდო წყარო არ არის. მეორე შემთხვევაში იდეები უფრო ადეკვატური და სრულყოფილია, ვინაიდან ისინი სხვადასხვა და, როგორც წესი, განსაკუთრებით უნარიანი ხალხის განზოგადებულ გამოცდილებას ემყარება. მიუხედავად ამისა, არც მათი მეშვეობით შეგვიძლია ვწვდეთ ნამდვილ ჭეშმარიტებას, გარე თუ შიდა სამყაროს მოვლენების არსს.       შეძენილი იდეების გარდა, არსებობს ჩვენ მიერ შექმნილი იდეები. ისინი მოცემული ელემენტების თავისუფალი კომბინირების, ფანტაზიის გზით მიიღება (მაგ., კენტავრი, სირინოზი, ქიმერა და ა.შ.). დაბოლოს, ჩვენ გვაქვს ე.წ. თანდაყოლილი იდეები. ისინი არც გარე გამოცდილებით მიღებულ იდეებს გვანან, და არც წარმოსახვით გაჩენილ მითოლოგიურ წარმოდგენებს. ასეთი იდეები იმთავითვე იმყოფება სულში და საგნების, მოვლენებისა თუ აზროვნების კანონების შესახებ ჭეშმარიტი ცოდნის ერთადერთ წყაროდ გვევლინება. თანდაყოლილ იდეებს მიეკუთვნება იდეა ღმერთის, “მე”-ს, რიცხვის, სრულყოფილების, უსასრულობის, მიზეზობრიობის და სხვათა შესახებ. ასეთი ზოგადი ცნებები პირდაპირ ეძლევა გონებას და არ საჭიროებს გრძნობის ორგანოებით მიღებულ დამატებით ცნობებს ან დედუქციურ მტკიცებებს. თანდაყოლილი იდეის უტყუარობაში “გონების სინათლე”, ე.წ. რაციონალური ინტუიცია გვარწმუნებს. თანდაყოლილი ცოდნის ჭეშმარიტების კრიტერიუმი მის უშუალოდ მოცემულ სინათლესა და გარკვეულობაშია.       სხეული, ცხოველისა იქნება ის თუ ადამიანის, ემორჩილება ფიზიკის, კერძოდ მექანიკის კანონებს, იგი ავტომატია. სხეული შეიძლება შევადაროთ საათს, რომელიც, თუ კარგად არის აწყობილი და შესაბამისი მატერიალური პირობები აქვს სათანადო მოქმედების შესასრულებლად, უნაკლოდ მუშაობს. დეკარტე იძლევა ამ ავტომატის - სხეულის აღწერას იმჟამად არსებულ ცოდნაზე დაყრდნობით. მან იცოდა ზოგი რამ სისხლის მიმოქცევის, საჭმლის მონელების, კუნთების ანატაგონისტური მოქმედების და სხვა ფიზიოლოგიური პროცესების შესახებ. ესმოდა ისიც, რომ შეგრძნებები და მოძრაობები ნერვებთან არის დაკავშირებული. ნერვების მოქმედებას დეკარტე მატერიალისტურად ხსნის, თუმცა იყენებს ძველებურ ცნებას, ცხოველური სულები. ისინი ძალიან მცირე ზომის და სწრაფად მოძრავი მატერიალური ნაწილაკებია, რომლებიც მოძრაობის უშუალო მიზეზად გვევლინება. მოძრაობა, ფიზიოლოგიის თვალსაზრისით, ერთი კუნთის შეკუმშვასა და მეორის გაჭიმვაში მდგომარეობს. შეკუმშვას იწვევს ცხოველური სულები, შეკუმშული კუნთი კი ამოძრავებს სხეულის სათანადო ნაწილს. ეს პროცესი ნერვების საშუალებით ხორციელდება. ნერვი კი არის მილაკი, რომელიც ორივე მიმართულებით ატარებს ცხოველურ სულებს. ნერვული მილების შიგნით მოთავსებულია ნერვული ძაფები. ერთი ბოლოთი ისინი უერთდებიან ტვინის შესაბამის არეს, ხოლო მეორით - სხეულის გარკვეულ ნაწილს. როდესაც გამღიზიანებელი სხეულის სათანადო ნაწილზე მოქმედებს, ნერვული ძაფი იჭიმება და აღებს სარქველს ტვინში. ტვინიდან ნერვულ მილებში გამოდიან ცხოველური სულები, აღწევენ კუნთამდე და ჭიმავენ მას.       ეს არის ე.წ. რეფლექტორული რკალის პირველი აღწერა მეცნიერებაში. ასე ხორციელდება ადამიანის ყველა უნებლიე, მექანიკური მოძრაობა ანუ ის მოძრაობა, რომელიც სრულდება ადამიანის ცნობიერების, განზრახვის გარეშე, გარე ზემოქმედების შედეგად. რაც შეეხება ცხოველს, მისი ყველა მოძრაობა ასეთია, ვინაიდან მას საერთოდ არა აქვს უკვდავი სული, აზროვნება და თავისუფალი ნება. ცხოველები მთლიანად მატერიალური სამყაროს (სუბსტანციის) გამოვლინებაა. დეკარტე მათ მანქანებს, ავტომატებს უთანაბრებს. ცხოველები ზოგ რაიმეს, შესაძლოა, ჩვენზე უკეთაც აკეთებენ, მაგრამ ეს მხოლოდ იმაში გვარწმუნებს, რომ “ისინი მოქმედებენ იმავე მიზეზების გავლენით, რითაც საათის მექანიზმის ზამბარები და კბილანები, მექანიზმისა, რომელიც გაცილებით ზუსტად ზომავს დროს, ვიდრე ეს ჩვენი მსჯელობის საშუალებით შეგვიძლია გავაკეთოთ”. მაგრამ, თუ ცხოველი სულიერ სუბსტანციას არ მიეკუთვნება, მას ცნობიერებაც არა აქვს, ე.ი. ვერაფერს გრძნობს. ამიტომ იყო, რომ დეკარტე და იმ დროის სხვა მკვლევარები, მეცნიერული მიზნებით, აუღელვებლად ატარებდნენ ცხოველების ვივისექციას და ყურადღებას არ აქცევდნენ ტანჯული არსებების კონვულსიებს და ხმებს, რამდენადაც ეს მხოლოდ მანქანის ვიბრაციად ან ჰიდრავლიკური მექანიზმის ხმაურად იყო მიჩნეული.       ეს ყოველივე მართლდება სხეულისადმი მკაცრად მექანიცისტური მიდგომის ფარგლებში. ადამიანზე ეს, ცხადია, ვერ გავრცელდება, ვინაიდან ადამიანი არის განსულიერებული სხეული. ადამიანის სხეული სულის სამყოფელია, ანუ, სხვანაირად, მოაზროვნე სხეულია. ამდენად, სხეულის მოქმედება მხოლოდ მექანიკის კანონებით ვერ აღიწერება. სული სხეულში არსებობს და მასთან ერთად მოქმედებს. გამოცდილება, თვითდაკვირვება ადასტურებს სულისა და სხეულის უმჭიდროვეს კავშირს. მოთხოვნილებები, შეგრძნებები, გრძნობები სხეულისა და სულის ერთობლივი პროდუქტია. აზროვნებისა და ნებელობის მქონე ცნობიერი სული უნდა ზემოქმედებდეს სხეულზე და განიცდიდეს მის უკუქმედებას. სულის განზრახვა, სურვილი გადაადგილდეს სივრცეში, სრულდება სხეულის კუნთების, მყესებისა და ნერვების მეშვეობით. ზუსტად ასევე, როცა სხეულზე ზემოქმედებს რაიმე გამღიზიანებელი (სინათლე, ხმა, სუნი და ა.შ,.) მისი დაფიქსირება, გრძნობადი მონაცემების დამუშავება და საპასუხო მოქმედებაზე გადაწყვეტილების მიღება ადამიანის გონების, ცნობიერების მეშვეობით ხდება.       იმისთვის, რომ განფენილი სხეულისა და მოაზროვნე სულის ეს კავშირი განხორციელდეს, მათი ურთიერთზემოქმედება შედგეს, აუცილებელია მათ შორის კონტაქტში არსებობდეს. მაგრამ აქ ორი კითხვა ჩნდება: სად და როგორ? პირველ მათგანზე პასუხი ასეთია - კონტაქტი სულსა და სხეულს შორის მყარდება პატარა ჯირკვალში, ე.წ. ჯანღუზისებრ სხეულში (ეპიფიზში), რომელიც ტვინის არაწყვილეული ნაწილია. დეკარტეს მიაჩნდა, რომ ტვინი განსაკუთრებულ როლს თამაშობს ფსიქიკური პროცესებისა და მოქმედებების პროდუცირების საქმეში: გრძნობის ორგანოებიდან იმპულსები ტვინისკენ მიემართება, და მისგანვე მოდის სამოძრაო იმპულსები. ამასთან, რადგან სული ერთიანია და განუყოფელი, მას არ შეუძლია სხვადასხვა პუნქტებში იმოქმედოს სხეულზე; აქედან გამომდინარე, ურთიერთზემოქმედების წერტილად დეკარტემ სწორედ ტვინის ერთადერთი არაწყვილეული ორგანო აირჩია. თვით ურთიერთზემოქმედება კი დეკარტემ მექანიცისტურად გაიაზრა. ჯანღუზისებრი სხეული ძალიან მგრძნობიარე ორგანოა და ცხოველური სულების ყოველგვარ მოძრაობას “იჭერს”. ამ მოძრაობათა რაგვარობა დამოკიდებულია იმაზე თუ რა საგანმა და რა ვითარებაში აღძრა ისინი. ცხოველური სულების განსხვავებული მოძრაობები აისახება ჯანღუზისებრ სხეულში სხვადასხვა სულიერი განცდების - აღქმებისა და აფექტების სახით. თავის მხრივ, სულმა (გონებამ, ნებელობამ) შეიძლება გამოიწვიოს ჯირკვლის აქეთ-იქით მოძრაობა, რაც წარმართავს ცხოველურ სულებს. ისინი მიემართებიან ტვინის სარქველებისკენ და იქიდან, ნერვების გავლით, ხვდებიან კუნთებში. ასე იწვევს სული ნებისმიერ, განზრახულ მოქმედებას. იგივე მეორდება მოგონებებთან და წარმოდგენებთან დაკავშრებით. მაგალითად, როდესაც სულს რაიმეს გახსენება სურს, იგი ამოძრავებს ჯირკვალს, რომელიც აგზავნის ცხოველურ სულებს ტვინის სხვადასხვა ნაწილებში. ისინი იქამდე მოძრაობენ, ვიდრე არ მოხვდებიან ტვინის იმ ნაწილში, სადაც დარჩენილია გასახსენებელი საგნის კვალი და სადაც მოთავსებულია ამ საგნის აღქმისას გამოყენებული სარქველი.       დეკარტეს ეს შეხედულება ისე არ უნდა გავიგოთ, თითქოს სული ჯანღუზისებრ სხეულშია მომწყვდეული, როგორც ზოგჯერ ფიქრობენ ხოლმე. ჯირკვალი მხოლოდ გაშუალების, ურთიერთდაკავშირების ფუნქციას ასრულებს. იმისთვის, რომ განუფენელმა სულმა განფენილ სხეულზე იმოქმედოს, საჭიროა არსებობდეს წერტილი, სადაც ეს ზემოქმედება განხორციელდება - სწორედ ასეთი წერტილია ჯანღუზისებრი სხეული. ზოგადად კი სულის სამყოფელი მთელი სხეულია. აქ შეიძლება გაჩნდეს კითხვა - რაკი სული მთელ სხეულთან არის დაკავშირებული, რატომ არ შეუძლია მას, იმოქმედოს სხეულის თითოეულ ნაწილზე და, შესაბამისად, მისგან განიცადოს გავლენა? დეკარტესთვის ასეთი ვარიანტი მიუღებელია, ვინაიდან ამ შემთხვევაში სხეული აღარ იქნება ის სრულყოფილი მექანიზმი, რომელიც მის წარმოდგენაში არსებობს - ადამიანის სხეულიც ხომ კარგად აწყობილი მანქანაა. ცხოველის ფიზიოლოგია გასაგებია, აქ არ არის სული და ყველაფერი ფიზიკურზე დაიყვანება. სულს რომ ყოველ პუნქტში შეეძლოს სხეულზე ზემოქმედება, ადამიანის ფიზიოლოგია ბუნებისმეტყველური, მექანიცისტური დეტერმინიზმის მიღმა დარჩება.       დეკარტეს ემპირიული “აღმოჩენები” ცხოველურ სულებთან და ჯანღუზისებრ ჯირკვალთან დაკავშირებით მის ეპოქაშიც არ იყო სერიოზულად აღქმული (მაგ., ის საკმაოდ კრიტიკულად შეაფასა სპინოზამ). მაგრამ ფსიქოფიზიკური პრობლემის დეკარტესეულმა გააზრებამ მრავალ სწავლულს გაუჩინა თავსატეხი. იგი გახდა კარდინალური ხასიათის სირთულეების წყარო, და ფსიქოლოგიას მთელი შემდგომი განვითარების გზაზე გაჰყვა. ეს პრობლემა, თავისთავად, ახალი არ იყო. ის, თუ რა მიმართებაშია ერთმანეთთან ფსიქიკური და ფიზიკური, სულიერი და მატერიალური (ფსიქოფიზიკური პრობლემა), ან, უფრო კონკრეტულად, ფსიქიკური და ფიზიოლოგიური, სული და სხეული (ფსიქოფიზიოლოგიური პრობლემა), ანტიკურ მკვლევარებსაც აინტერესებდათ. დეკარტემ ამ პრობლემის ფორმულირება ე.წ. დუალისტური თვალსაზრისის კონტექსტში სცადა. მან მკვეთრად დაუპირისპირა ერთმანეთს მატერიალური და სულიერი სუბსტანცია, დაახასიათა ისინი აბსოლუტურად განსხვავებული ატრიბუტებით და ამით ლოგიკურად გამორიცხა მათი გავლენა ერთმანეთზე. მეორე მხრივ, ასეთი ურთიერთგავლენის შესახებ უამრავი ემპირიული ფაქტი მეტყველებს (მაგ., სხეულებრივი პროცესების დარღვევა ფსიქიკური პროცესების აშლილობას იწვევს, სხეულზე მომქმედი გარკვეული ნივთიერებები, ვთქვათ ნარკოტიკები, აღძრავს სპეციფიკურ სულიერ მოვლენებს და ა.შ. თავის მხრივ, სულიერი კომფორტი ან დისკომფორტი სათანადოდ აისახება ორგანიზმზე და იწვევს მოძრაობას, ანუ ფიზიოლოგიურ პროცესს და ა.შ.).       დეკარტე, როგორც ბუნებისმეტყველი, გვერდს ვერ უვლის ემპირიულ გამოცდილებას და მის საფუძველზე აყალიბებს ე.წ. ურთიერთზემოქმედების თეორიას. იგი დღესაც ფსიქოფიზიკური პრობლემის გადაჭრის ერთ-ერთი უმთავრესი ვარიანტია. ეს კონცეფცია უშვებს სულიერი და სხეულებრივი პროცესების ერთმანეთზე ზემოქმედების შესაძლებლობას, რითაც ეწინააღმდეგება დუალისტურ თვალსაზრისს: სულისა და სხეულის სუბსტანციონალობა, მათი კატეგორიული გამიჯვნა თეორიულ დონეზე გამორიცხავს ამ ორი სუბსტანციის ურთიერთზემოქმედებას. ამას განმარტებაც ადასტურებს, რომლის თანახმად, სუბსტანციას არსებობისთვის საკუთარი თავის გარდა არაფერი ესაჭიროება. ესეც რომ არ იყოს, მოვლენები, რომელთაც არც ერთი საერთო ნიშანი არა აქვთ, ერთმანეთზე ვერ იმოქმედებენ. აქ იმ შემთხვევასთან გვაქვს საქმე, როდესაც თეორიული დებულება და ფაქტობრივი ვითარება ერთმანეთთან წინააღმდეგობაში მოდიან. დეკარტემ თავის სისტემაში ვერ მოახერხა მეტაფიზიკური ჰიპოთეზების შეთანხმება ემპირიულ დაკვირვებებთან. იგი თავადაც გრძნობდა ამ სირთულეს და ზოგჯერ პირდაპირ ლაპარაკობდა სულისა და სხეულის ურთიერთზემოქმედების შეუმეცნებადობაზე. ერთ ადგილას, მაგალითად, დეკარტე ამბობს: რადგან არსებობს სხეულის თუნდაც ერთი წერტილი, სადაც სული და სხეული პირდაპირ ეხება ერთმანეთს, ეს ნიშნავს, რომ იქ, იმ პუნქტში ან სული იძენს განფენილობას და მატერიალიზდება, ან სხეული იძენს აზროვნების უნარს და განსულიერდება.       დეკარტეს ეკუთვნის საკმაოდ ცნობილი მოძღვრება გრძნობების შესახებ. მისი აზრით, გრძნობას (ვნებას) ორმაგი ბუნება აქვს. ის შეიცავს როგორც სხეულებრივ კომპონენტებს, ისე აზრს საგნის შესახებ. სხეულებრივი საწყისი გრძნობას უმართავ, უნებლიე ხასიათს ანიჭებს, ხოლო აზროვნებასთან - კავშირი მას მართვად და აღზრდად მოვლენად აქცევს. დეკარტე ასხვავებს გრძნობის მიზეზსა და წყაროს. გრძნობის მიზეზია ცხოველური სულები, რომლებიც სხეულებრივ ცვლილებებს იწვევენ. იგი აღწერს გრძნობების ფსიქოფიზიოლოგიას (პულსი, სუნთქვა და ა.შ.). რაც შეეხება გრძნობის წყაროს, ის მრავალგვარია, მაგრამ მთავარი მაინც გარე საგანთა ზემოქმედებაა. დეკარტე ასევე გამოყოფს ე.წ. პირველად და მეორად გრძნობებს. პირველადია ექვსი გრძნობა: გაკვირვება, სურვილი, სიყვარული, სიძულვილი, სიხარული, დარდი. მათი დანიშნულებაა სხეულისთვის იმის შეტყობინება, თუ რა არის მისთვის სასარგებლო ან საზიანო. მეორადი გრძნობები მათგანაა წარმოებული. გრძნობების მნიშვნელობა დიდია, “ისინი ასწავლიან სულს ისურვოს ის, რაც ბუნების მიხედვით სასარგებლოდ არის ცნობილი”. ეს, ფაქტობრივად, გრძნობების შეგუებითი, ადაპტაციური თვალსაზრისია, რომელმაც მნიშვნელოვანი განვითარება ჰპოვა შემდგომდროინდელ ფსიქოლოგიაში და დღესაც ემოციის ბუნების გაგების ერთ-ერთი ძირითადი პრინციპია.       საინტერესოა, აგრეთვე, დეკარტეს შეხედულება გრძნობების აღზრდაზე. ეს საკითხი იმის გამო დგება, რომ გრძნობები ხშირად გვატყუებენ და სიკეთე არ მოაქვთ. არის მრავალი საზიანო რამ, რაც არ იწვევს დარდს, პირიქით, გვახარებს კიდეც. ასევე, ბევრი რამ სასარგებლოა, მაგრამ უსიამოვნოდ განიცდება. მაშასადამე, გრძნობები უნდა აღიზარდონ. აქ ადამიანს ბევრი რამ შეუძლია, მაგრამ არის სირთულეც: უშუალოდ გრძნობაზე ვერ იმოქმედებ, შიშს სურვილისამებრ ვერ გააქრობ და მამაცი ვერ გახდები. არასასურველ გრძნობებთან, ვნებებთან ბრძოლის საშუალებებია გონება და ნებელობა. პირველი ცხოვრებისეულ სიბრძნეს გვაზიარებს, გვაწვდის ცოდნას სასარგებლოსა და მავნეს შესახებ, ხოლო მეორე საშუალებას იძლევა, გავმიჯნოთ აზრი საგანზე მის მიერ გამოწვეული ცხოველური სულებისაგან და დაუკავშიროთ ისინი მეორე აზრს საგნის შესახებ. ნებელობა აბრკოლებს ვნებებით აღძრულ მოძრაობებს. მაგალითად, თუ რისხვა დასარტყმელად გვაწევინებს ხელს, ნებელობა აკავებს მას, ან თუ შიში გასაქცევად გვიბიძგებს, ამასაც ნებელობა აღუდგება წინ. საკითხი, თუ რა აძლევს ნებელობას ასეთ ძალას, დეკარტეს სისტემაში ღიად რჩება. ერთი რამ ცხადია, მექანიკურ დეტერმინიზმს, რომელიც გვიხსნის სხეულებრივი პროცესების მიზეზსა და მიმდინარეობას, აქ ძალა ეკარგება. ნებისყოფა წარმოდგენილია მეტაფიზიკურ ძალად, რომელიც თავისუფლად ერევა ფსიქოფიზიკურ პროცესებში და მათ ვნებების საწინააღმდეგო მიმართულებით წარმართავს. ნება ან ნების თავისუფლება, ამბობს დეკარტე, არის ერთადერთი იმ უნართაგან, რომელიც, ჩემი გამოცდილებით, იმდენად ძლიერია, რომ მეტის წარმოდგენა შეუძლებელია. ეს ის უნარია, რომელიც თავს ღმერთის დარად მაგრძნობინებს. მაგრამ ადამიანი ღმერთს ვერ გაუტოლდება! იგი ხომ ღმერთის ქმნილებაა. დეკარტეს ტერმინებითვე რომ ვილაპარაკოთ, ადამიანი მოაზროვნე სხეულია, ხოლო სული და მატერია პირველადი, “ღვთაებრივი სუბსტანციის” მიმართ მეორადი, ანუ “შექმნილი სუბსტანციებია”. ამიტომ, საკითხი ადამიანის ნების თავისუფლებისა თუ განსაზღვრულობის შესახებ პრინციპულ მნიშვნელობას იძენს არა მხოლოდ ფილოსოფიური ან თეოლოგიური თვალსაზრისით, არამედ ფსიქოლოგიური კუთხითაც, ვინაიდან ნებელობითი ქცევა ფსიქიკური აქტიობის სახეობაა და, ამდენად, ფსიქოლოგიის კვლევის საგანი.       დეკარტე რამდენჯერმე უბრუნდება ამ საკითხს, მაგრამ დამაჯერებელ პასუხს ვერ პოულობს. ეს არცაა გასაკვირი, რადგან ნებელობითი ქცევის თავისუფლების პრობლემა ფსიქოლოგიის “მუდმივ პრობლემებს” მიეკუთვნება. მართლაც, როგორ შეიძლება მოქმედება გარეგანი და შინაგანი ფაქტორებით იყოს განსაზღვრული და, ამასთანავე, თავისუფლების ნიშნითაც ხასიათდებოდეს? ზემოთ მოყვანილი გამონათქვამიდან ჩანს, რომ დეკარტე თავის უშუალო გამოცდილებას ანუ განცდათა მონაცემებს ეყრდნობა, რომლებიც მას უეჭველად უდასტურებენ თავისუფალი ნების ძალას რაიმე სახის განსაზღვრულობის გარეშე. “ჩვენი ნებისყოფის თავისუფლების წვდომა ხდება დასაბუთების გარეშე, მხოლოდ ჩვენი შინაგანი გამოცდილებით”. თვითცნობიერების ეს გამოცდილება (განცდა) ყველა ადამიანს აქვს და, ამდენად, ნების თავისუფლება ფაქტია, ფიქრობს დეკარტე. ამით ფილოსოფიასა და ფსიქოლოგიაში შემოაქვს ნების თავისუფლების დასაბუთების ფენომენოლოგიური არგუმენტი, რომელსაც ამის შემდეგ ყველა ინდეტერმინისტი მიმართავდა. მაგრამ როგორია ადამიანის თავისუფლების მიმართება ღმერთის ნებასთან? არც თვითდაკვირვება და არც რაციონალური ინტუიცია არაფერს გვეუბნება იმაზე, ახდენს თუ არა ღმერთი ჩვენი თავისუფალი ქცევის დეტერმინაციას. ფსიქოლოგიის ერთ-ერთი ისტორიკოსის ზუსტი შეფასებით, დეკარტემ ვერ დაძლია ეს დილემა: “ან ღმერთის ყოვლადშემძლეობა და ყოველივეს საფუძვლობა უნდა შერყეულიყო, ან ადამიანის თავისუფლება უნდა უარყოფილიყო. დეკარტეს ერთ-ერთი ფორმულა - ადამიანი ერთი მხრივ დამოკიდებულია ღმერთზე, ხოლო მეორე მხრივ არა - როგორც ჩანს, თვით დეკარტეს არ აკმაყოფილებდა” (ა. ბოჭორიშვლი).       სულ სხვაგვარად დაისვა თავისუფლებისა და ფსიქოფიზიკური პრობლემები სპინოზას ფილოსოფიურ სისტემაში. ბარუხ (ბენედიქტ) სპინოზა (1632-1677) დაიბადა ამსტერდამში, შეძლებული ებრაელი ვაჭრის ოჯახში. რელიგიურ სასწავლებელში იგი უდიდესი ნიჭიერებით გამოირჩეოდა, მაგრამ ვერ შეეგუა ბიბლიისა და თალმუდის დოგმატურ განმარტებებს და თავისი ინტერესი მათემატიკის, ბუნებისმეტყველების, მედიცინისა და ფილოსოფიის შესწავლისკენ მიმართა. თავისუფალი აზროვნებისთვის იგი ამსტერდამის ებრაული თემიდან მოკვეთეს, რის შემდეგაც სოფელში დასახლდა. აქ იგი ინტენსიურ სამეცნიერო საქმიანობას ეწეოდა, საარსებო სახსრებს კი ლინზების დამუშავებით შოულობდა. სპინოზას ძირითადი ნაშრომი “ეთიკა” მისი სიკვდილის მერე დაიბეჭდა. ნაშრომი გეომეტრიის მსგავსად არის აგებული და შედგება განსაზღვრებების, აქსიომების, თეორემებისა და მტკიცებულებებისაგან.       სპინოზა იმ დებულებიდან ამოდის, რომ არსებობს მხოლოდ ერთი სუბსტანცია, რომელსაც იგი ღმერთს ან ბუნებას უწოდებს. ბუნება ღმერთთან არის გაიგივებული იმ აზრით, რომ ის, როგორც სუბსტანცია, აბსოლუტურად დამოუკიდებელია, არაფრით არის განსაზღვრული, არ არის შექმნილი და მარადიულია. ბუნება (სუბსტანცია) თავისთავით იხსნება. აქ სპინოზა პრინციპულად უპირისპირდება დეკარტეს დუალიზმს და მონისტურ თვალსაზრისზე დგება. ბუნება უსასრულოა და, ამდენად, უსასრულო რაოდენობის ატრიბუტი ახასიათებს. ადამიანის გონება მათგან მხოლოდ ორს სწვდება: განფენილობას და აზროვნებას. ის, რაც დეკარტესთან ორი სუბსტანციის სახით იყო წარმოდგენილი, სპინოზასთან ერთი სუბსტანციის ორი ატრიბუტის სახით არის გააზრებული. ერთიანი და განუყოფელი სუბსტანციის ყოველი კონკრეტული გამოვლინება (ანუ მოდუსი), განხილული განფენილობის კუთხით, არის ობიექტური საგანი, ხოლო აზროვნების ატრიბუტის თვალსაზრისით - ამ საგნის იდეა ან მისი სულიერი მხარე. მაგალითად, ბუნებაში არსებული მართკუთხედი და ამ მართკუთხედის იდეა არის ერთი და იგივე რამ, მაგრამ სხვადასხვაგვარად გამოხატული. შეიძლება ითქვას, რომ ისინი ერთი რეალობის ორ მხარეს წარმოადგენენ. შესაბამისად, ბუნებისა და საკუთარი თავის შემეცნებისას ჩვენ შევისწავლით ერთსა და იმავე მიზეზობრივ კავშირს, ერთსა და იმავე კანონზომიერებას, ოღონდ სხვადასხვა კუთხით. ამაზე მიუთითებს სპინოზას ცნობილი თეზისი, რომელიც განსხვავებული ინტერპრეტაციის საგანი გახდა: “იდეათა წესრიგი და კავშირი იგივეა, რაც საგანთა წესრიგი და კავშირი”. ეს დებულება არავითარ შემთხვევაში არ ნიშნავს იმას, რომ საგნებს იდეები განსაზღვრავს; ისინი ერთმანეთზე არ ზემოქმედებენ, ერთმანეთს არ იწვევენ. ისინი ერთმანეთს შეესაბამებიან.       იგივე ითქმის ადამიანის სულისა და სხეულის ურთიერთდამოკიდებულების შესახებ. სხეული და სული ერთიანობაა, ერთი ინდივიდია, მოაზროვნე სხეულია, რომელიც ხან ერთი ატრიბუტით ხასიათდება, ხან მეორით. არც სხეულს შეუძლია სულში აზროვნება გამოიწვიოს და არც სულს - აამოძრაოს სხეული, ამბობს სპინოზა. ამით იგი პრინციპულად უპირისპირდება დეკარტეს ურთიერთზემოქმედების თეზისს. სული და სხეული განცალკევებულად არ არსებობენ, ისინი ჩართული არიან ბუნების ერთსა და იმავე წესრიგში და ერთიანი სუბსტანციის კონკრეტული მოდუსის, კერძოდ, ცოცხალი ადამიანის ორი გამოვლინებაა. ამიტომ ისინი კი არ განსაზღვრავენ, არამედ შეესაბამებიან ერთმანეთს.       სულის დახასიათება სპინოზას სისტემაში მჭიდროდ უკავშირდება მის თვალსაზრისს ფსიქოფიზიკური პრობლემის შესახებ. თანამედროვე ტერმინოლოგიით რომ ვთქვათ, სპინოზა, არსებითად, ორი სახის სულიერ (ფსიქიკურ) პროცესზე საუბრობს: შემეცნებითზე და მოტივაციურ-აფექტურზე. ამასთან, პრიორიტეტი პირველს ენიჭება (სპინოზა რაციონალიზმის ხაზის გამგრძელებელია). სულის არსი შემეცნების უნარშია, რაც მის მიერ ცნებების ან იდეების პროდუცირებაში ვლინდება. სპინოზა გამოყოფს სამი სახის იდეებს და, შესაბამისად, შემეცნების პროცესის სამ საფეხურს. პირველს ეწოდება შეხედულება ან წარმოსახვა. ესაა გრძნობად გამოცდილებაზე დაფუძნებული ცოდნა კონკრეტული საგნების შესახებ. ასეთი გზით მიღებული იდეები ბუნდოვანია და უწესრიგო. ისინი არ შეესაბამებიან საგნებისა და მოვლენების ნამდვილ ბუნებას - არც სულიერს, არც მატერიალურს. მეორე საფეხურის შემეცნებას ეწოდება განსჯა ან გონება. ის გვაძლევს მსჯელობის გზით მოპოვებულ ზოგად ცნებებს, ნათელ და ადეკვატურ იდეებს. მათი ნაკლი კონკრეტული საგნის ინდივიდუალობის გაუთვალისწინებლობაა. მესამე, ე.წ. ინტუიციურ შემეცნებაში ეს ნაკლიც მოხსნილია. მასში გახსნილია საგნის ჭეშმარიტი ბუნება, რაც ხორციელდება როგორც არსებითი, ისე ინდივიდუალური თვისებების ერთდროული ინტუიციური წვდომის საფუძველზე.       კოგნიტური ფსიქიკის მოქმედების საკითხთან დაკავშირებით, სპინოზამ საკმაოდ მკაფიოდ მიუთითა იმაზე, რასაც შემდგომში ასოციაციის პრინციპი ეწოდა და რაც ჯერ კიდევ არისტოტელემ აღმოაჩინა. იგი ასე ამბობს: თუ ადამიანის სხეულზე ერთდროულად რამდენიმე ობიექტი მოქმედებს, შემდგომში ისე ხდება, რომ სული, წარმოიდგენს რა ერთ-ერთ მათგანს, მაშინვე გაიხსენებს სხვებსაც.       სპინოზა აყალიბებს დასრულებულ მოძღვრებას აფექტების შესახებ. აფექტების გაგებაში ყველაზე მკაფიოდ აისახა მისი პოზიცია ფსიქოფიზიკურ პრობლემასთან დაკავშირებით. აფექტი ბუნებრივი მოვლენაა. მას სხეულებრივი მხარეც აქვს და სულიერიც. ზემოთ განხილული განფენილობის ატრიბუტის კუთხით აფექტი სხეულის მდგომარეობად შეიძლება მივიჩნიოთ, ხოლო აზროვნების ატრიბუტის კუთხით ის სულიერ მოვლენად წარმოგვიდგება. დღევანდელი ენით რომ ვთქვათ, აფექტი ფსიქოფიზიკური ფენომენია. შემთხვევითი არ არის, რომ ფსიქოლოგიის ისტორიკოსები ბევრ საერთოს პოულობენ სპინოზას შეხედულებებსა და ჯეიმს-ლანგეს ემოციების ორგანიზმულ თეორიას შორის.       სპინოზა გამოყოფს აფექტების სამ სახეობას. პირველია ვნებები (სურვილი). ისინი გამოხატავენ ყოველი არსების ბუნებრივ სწრაფვას თვითშენარჩუნებისკენ. გაცნობიერებულ ვნებას სურვილი ეწოდება. აფექტის მეორე და მესამე სახეობაა სიამოვნება (სიხარული) და უსიამოვნება (მწუხარება). აფექტის ყველა დანარჩენი გამოვლინება ამ პირველადი აფექტებიდან არის წარმოებული. ყოველი აფექტი, პრინციპში, გამოხატავს ადამიანის დამოკიდებულებას საგნების მიმართ. აქედან გამომდინარე, ყველაფერი, რაც ხელს უწყობს თვითშენახვას, იწვევს სიამოვნებას და პირიქით. სასიხარულო გრძნობები აადვილებენ ადამიანის ცხოვრებას. ისინი სხეულს მოქმედებისკენ უბიძგებენ, ხოლო სულს - აზროვნებისკენ. უარყოფითი გრძნობები თრგუნავენ მათ. ამდენად, შეიძლება ითქვას, რომ ყველა აფექტი, განსაკუთრებით კი ვნებები, აშკარად გამოხატულ მოტივაციურ ფუნქციას ასრულებენ.       აფექტი ორგანიზმის მამოძრავებელი ძალაა. ქცევას ყოველთვის აქვს ესა თუ ის აფექტური ტონალობა, რაც გარდაუვალია, ვინაიდან ადამიანი ბუნების ნაწილია და ბუნების კანონებს ექვემდებარება. ვნებას, როგორც მოტივაციურ ფაქტორს, დიდი ძალა აქვს. ადამიანის ქცევა ვნებებით (აფექტებით) არის დეტერმინირებული. მაგრამ, ვინაიდან თვითონ აფექტები სუბიექტის გარეგან საგნებზე დამოკიდებულებას გამოხატავენ, საბოლოო ჯამში ადამიანის ქცევის მიზეზი მათში კი არა, არამედ გარეთ ყოფილა საძებნი. ადამიანები საკუთარ სურვილებს აცნობიერებენ და არა მათი ქმედების ნამდვილ მიზეზებს. ამიტომ, სპინოზას აზრით, ნების თავისუფლება ფიქციაა, ის რეალურად არ არსებობს.       სპინოზას მიხედვით “თავისუფალი~ ისეთ საგანს ეწოდება, რომელიც მხოლოდ თავისი საკუთარი ბუნების აუცილებლობით არსებობს და მხოლოდ თავისთავით განსაზღვრავს საკუთარ მოქმედებას. აუცილებელი, ან, უკეთ რომ ვთქვათ, იძულებითი, ეწოდება ისეთ საგანს, რომლის არსებობა და მოქმედება რაიმე სხვით არის განსაზღვრული”. ამ გაგებით თავისუფლება მხოლოდ სუბსტანციას ანუ ღმერთს ახასიათებს, ვინაიდან არ არსებობს არაფერი, რაც მას განსაზღვრავს, მისი არსებობისა და აქტივობის მიზეზია. პირიქით, ბუნების ყველა მოვლენა განსაზღვრულია სუბსტანციით, მისი კანონზომიერებით. სპინოზა უდიდესი დეტერმინისტია და ფიქრობს, რომ ადამიანი ბუნებას ვერ გამოეყოფა, იგი ბუნების ნაწილია და მის კანონებებს ემორჩილება. “ჩვენ სხვადასხვაგვარად აღვიგზნებით გარეგანი მიზეზებით და ვმღელვარებთ, როგორც საპირისპირო ქარებით მიმართული ზღვის ტალღები, ისე რომ არ ვიცით ჩვენი გამოსავალისა და ბედის შესახებ”. საგნები აფექტების (ვნებების) საშუალებით და მაშასადამე, იძულებით წარმართავენ ადამიანის მოქმედებას. ხოლო თვით აფექტების წინაშე ადამიანი უძლურია, მას არ შეუძლია წინ აღუდგეს თავის ვნებებს, შექმნას ან აირჩიოს ისინი თავისი ნებით, მართოს იდეების საშუალებით. ეს იმიტომ ხდება, რომ ვნება, აფექტი არ არის მხოლოდ იდეალური, იგი სხეულებრივი პროცესიცაა, რომელზეც სულიერი ვერ ზემოქმედებს.       მიუხედავად ნების თავისუფლების უარყოფისა, სპინოზა მაინც პოულობს ადგილს თავისუფლებისთვის ადამიანის ქცევაში. რაციონალისტი სპინოზა თავისუფლებას ადამიანის აზროვნების უნარს უკავშირებს. მისი აზრით, კი არ უნდა ვიცინოთ ან ვიტიროთ (არადა, სწორედ ასე რეაგირებენ ადამიანები თავის განცდებზე), არამედ უნდა გავიგოთ. გეომეტრი ხომ აბსოლუტურად უგრძნობია თავისი მსჯელობისას. ასევე უნდა მოვეპყრათ ჩვენს ვნებებს, ამბობს სპინოზა, ანუ საჭიროა ავხსნათ, თუ როგორ წარმოიქმნებიან და რატომ ქრებიან ისინი. მართალია, ჩვენ არ შეგვწევს უნარი უშუალოდ ვიმოქმედოთ აფექტებზე, მაგრამ შეგვიძლია შევიმეცნოთ ჩვენი მდგომარეობები, ავხსნათ მათი მიზეზი და ამით არაპირდაპირ, გონებრივი გაშუალებით, მოვიპოვოთ მათზე ძალაუფლება და ამ აზრით გავხდეთ თავისუფალი. არ შეიძლება წუხდე იმაზე, რისი აუცილებლობაც იცი. ჩვენ ვხვდებით თავისუფალი იმდენად, რამდენადაც გავიგებთ, სად გადის ჩვენი შესაძლებლობების საზღვარი, გავარკვევთ გარეგანი (ანუ საგნებიდან მომდინარე) და შინაგანი (ანუ აფექტებიდან მომდინარე) იძულების ბუნებას და მიზეზებს. მოკლედ, სპინოზას მიხედვით, თავისუფლება, არსებითად, შემეცნებული აუცილებლობაა. “ეთიკის” ბოლო თავს ასეც ეწოდება: “გონების ძალაუფლება, ანუ ადამიანური თავისუფლების შესახებ”.       სპინოზამ დეკარტეს მოძღვრება გრძნობების შესახებ გაამდიდრა, გააღრმავა და მას გამოკვეთილად მოტივაციური ხასიათი მისცა. ეს უთუოდ წინ გადადგმული ნაბიჯი იყო, თუმცა სპინოზაც, როგორც ყველა რაციონალისტი, გონების პრიორიტეტიდან ამოდიოდა. რაც შეეხება ფსიქოფიზიკური პრობლემას მისი გააზრება სპინოზას მიერ ძირეულად განსხვავდება დეკარტესაგან, ვინაიდან ეს უკანასკნელი მას დუალისტური თვალსაზრისით განიხილავს. მატერიალურისა და იდეალურის, სულისა და სხეულის ურთიერთობა მაშინ იქცევა პრობლემად, თუ დაშვებულია სამყაროში ორი თანაბარმნიშვნელოვანი, დამოუკიდებელი და ერთმანეთზე დაუყვანადი საწყისის, სუბსტანციის არსებობა. მონისტური თვალსაზრისის ფარგლებში, ეს პრობლემა ერთი სუბსტანციისა და მისი თვისებების მიმართების საკითხად ტრანსფორმირდება. ასეა სპინოზას შემთხვევაშიც.       აქედან გამომდინარე, სპინოზას პოზიცია განსხვავდება არა მხოლოდ დეკარტეს პოზიციისაგან, არამედ ამ უკანასკნელის მიმდევრის, ნიკოლა მალბრანშის (1638-1715) შეხედულებისგანაც. მალბრანში ფიქრობდა, რომ ვინაიდან სული და სხეული აბსოლუტურად დამოუკიდებელი არსებია (სუბსტანციებია), მათი ურთიერთზემოქმედება პრინციპში შეუძლებელია. რაც შეეხება მათ ურთიერთშესაბამისობას, ეს ემპირიული ფაქტია და ღმერთის ჩარევით აიხსნება. ამ თვალსაზრისს ოკაზიონალიზმი (ოცცასიო-შემთხვევა, საბაბი) ეწოდება. მის მიხედვით, ის, რაც სულიერი პროცესის (აზრის ან ნების) სხეულებრივ მიზეზად გვეჩვენება, სინამდვილეში არის მხოლოდ საბაბი. ნამდვილად მოქმედი მიზეზი მხოლოდ ღმერთია. ღმერთი არეგულირებს მათ მიმართებას, იგი ყველა კერძო შემთხვევაში ქმნის სხეულში სულის შესაბამის მდგომარეობას და პირიქით. სწორედ აქედან, და არა სპინოზასაგან იღებს სათავეს ე.წ. ფსიქოფიზიკური პარალელიზმის კონცეფცია. პარალელიზმი ფსიქოფიზიკური პრობლემის გადაწყვეტის მეორე ვარიანტია. პირველი ვარიანტი ურთიერთზემოქმედების თეორიაა. ორივე მათგანს XVII საუკუნეში ჩაეყარა საფუძველი. პირველი დეკარტეს სახელს უკავშირდება, ხოლო მეორე - ლაიბნიცს.       უნდა აღინიშნოს, რომ დავა ფსიქოფიზიკური პრობლემის გარშემო ფსიქოლოგიური აზროვნების მთელ ისტორიას გასდევს და ფსიქოლოგიის ერთ-ერთი მუდმივი პრობლემაა. XIX საუკუნის მიწურულში, როცა ფსიქოლოგია ბოლოსდაბოლოს გამოეყო ფილოსოფიას და დამოუკიდებელი მეცნიერება გახდა, ბევრი წამყვანი მეცნიერი, ფაქტობრივად, ძველ არგუმენტებს იმეორებდა, კერძოდ იმას, რომ სხეულებრივი და ფსიქიკური პროცესები ქმნიან ერთმანეთისაგან დამოუკიდებლად და ერთმანეთის პარალელურად მიმდინარე მიზეზშედეგობრივი მოვლენების რიგს (ვუნდტი, ტიჩენერი, ებინჰაუზი, რიბო და სხვა). იყვნენ ისეთებიც, ვინც ურთიერთზემოქმედების თვალსაზრისზე იდგა (კიულპე). XX საუკუნის ერთერთი უდიდესი ფსიქოლოგის, ჟ. პიაჟეს თქმით, საკითხი დღესაც ასე დგას: “ან ცნობიერებასა და შესაბამის ნერვულ პროცესებს შორის არსებობს ურთიერთზემოქმედება, ან ლაპარაკია მოვლენათა ორ პარალელურ რიგზე, რომელთა განსხვავებულობა გამორიცხავს მათი ერთმანეთზე ზემოქმედების შესაძლებლობას”. ამ უკანასკნელ თვალსაზრისს გაფორმებული სახე მისცა ლაიბნიცმა.       გოტფრიდ ვილჰელმ ლაიბნიცი (1646-1716) დაიბადა ლაიფციგის უნივერსიტეტის ფილოსოფიის პროფესორის ოჯახში. სწავლობდა ლაიფციგისა და იენის უნივერსიტეტებში. ლაიბნიცს ენციკლოპედიური განათლება და ფართო მეცნიერული ინტერესები ჰქონდა. მათემატიკასთან ერთად (იგი იყო დიფერენციალური და ინტეგრალური აღრიცხვის ერთ-ერთი აღმომჩენი, ნიუტონთან ერთად) ლაიბნიცის კვლევითი და პრაქტიკული ინტერესების - სფეროში შედიოდა ისტორიის, ენათმეცნიერების, გეოლოგიის, ფიზიკის, ეკონომიკის, ფინანსებისა და პოლიტიკის საკითხები. ლაიბნიცი იყო ბერლინის აკადემიის დამაარსებელი და პირველი პრეზიდენტი, მონაწილეობდა ანალოგიური ცენტრების ორგანიზებაში სხვა ქვეყნებშიც (მას ეკუთვნის სანკტპეტერბურგის აკადემიის პროექტიც). ლაიბნიცს, კანტამდე, ბადალი არ ჰყავდა გერმანულ ფილოსოფიაში. მის ფილოსოფიურ სისტემაში, ე.წ. მონადოლოგიაში, სულთან დაკავშირებულ ფსიქოლოგიურ პრობლემატიკას მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს.       ლაიბნიცი მკაცრი პარალელიზმის პოზიციაზე იდგა. ოკაზიონალისტებისაგან განსხვავებით, მან უარყო ღმერთის ჩარევა ყოველ ცალკეულ ფსიქოფიზიკურ აქტში და ღმერთს სულსა და სხეულს შორის წინასწარ დაწესებული ჰარმონიის შექმნა დააკისრა. სული და სხეული ავტონომიურად მოქმედებენ თავიანთი შინაგანი წესებისა და კანონების შესაბამისად, მაგრამ, ვინაიდან ზუსტად და ურთიერთშეთანხმებულად არიან აწყობილი, იქმნება მათი ერთმანეთზე დამოკიდებულების შთაბეჭდილება. ეს ისეთივე შეცდომაა, როგორც ორი საათის შემთხვევაში, რომლებიც ერთნაირი სიზუსტით მუშაობენ და, მაშასადამე, ერთნაირ დროს აჩვენებენ, თუმცა სრულიად დამოუკიდებლად მოქმედებენ. ცხადია, რომ საუბარი მათ ურთიერთზემოქმედებაზე ყოველგვარ აზრს მოკლებულია. ამგვარად, ამ საკითხში დეკარტესა და ლაიბნიცის პოზიციები კარდინალურად განსხვავებულია. განსხვავებულია ისინი ცნობიერების გაგებასთან დაკავშირებითაც. ამ საკითხში ლაიბნიცი ასევე უპირისპირდება თავისი დროის კიდევ ერთ უდიდეს მოაზროვნეს, ლოკს, რომელთან ხანგრძლივ და მწვავე პოლემიკას მის შემოქმედებით ბიოგრაფიაში მნიშვნელოვანი ადგილი უკავია. სწორედ ლოკთან კამათში ჩამოაყალიბა ლაიბნიცმა ბევრი საყურადღებო დებულება ფსიქოლოგიისთვის. ასეთია, თუნდაც, ფსიქიკის უნივერსალური აქტივობის პრინციპი. ლოკის მიხედვით, მარტივი იდეების შემეცნების, ანუ იმავე შეგრძნების პროცესში გონება პასიურია და მთლიანად საგნობრივი სინამდვილის ზემოქმედებით არის განსაზღვრული. ხოლო ლაიბნიცის თანახმად კი სულიერი “აქტივობა შეგრძნებებშიც არსებობს, ვინაიდან ისინი უფრო მკაფიო აღქმებს უზრუნველყოფენ და, მაშასადამე, გვაძლევენ საბაბს ზოგი რამ შევამჩნიოთ და განვვითარდეთ”. აზრი იმის შესახებ, რომ სულიერი სამყარო მუდმივი განვითარებისა და გართულების პროცესშია, წითელ ზოლად გასდევს ლაიბნიცის მთელ ფსიქოლოგიას. განვითარება კი აქტივობას გულისხმობს. ამიტომ სულიერი მოვლენები არ ამოიწურება შემე ცნებითი (აღქმები, წარმოდგენები) ფენომენებით. მათთან ერთად არსებობს აქტივობის, ნების გამომხატველი მოვლენები, ანუ ე.წ. მისწრაფებები. ფსიქიკის შემეცნებით და ნებელობით მხარეს შორის უმჭიდროვესი კავშირია. ისინი, არსებითად, ერთმანეთს დაუშორებელი მოვლენებია. მისწრაფების ობიექტი წარმოდგენაა, ხოლო წარმოდგენის გაჩენის ძალა მისწრაფებაშია. ლაიბნიცი ასეც ამბობს: “იმ შინაგანი პრინციპის მოქმედებას, რომელიც ერთი წარმოდგენის მეორეში გადასვლას იწვევს, შეიძლება მისწრაფება ვუწოდოთ”. აღსანიშნავია, რომ ფსიქიკის აქტიურობა, მისი მისწრაფებულობა, მართლაც უნივერსალურია და ვრცელდება ყველა სულიერ შინაარსსა თუ განცდაზე, მიუხედავად იმისა, რომ ისინი ცნობიერების სხვადასხვა დონეზე შეიძლება არსებობდნენ.       ეს ბოლო მომენტი განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს. ლაიბნიცმა პირველმა შემოიტანა ფსიქოლოგიისთვის კარდინალური მნიშვნელობის ცნება არაცნობიერისა. იგი გამოდის დეკარტესა და ლოკის თვალსაზრისის წინააღმდეგ, რომლის მიხედვით ფსიქიკა და ცნობიერება გაიგივებულია. ლაიბნიცის აზრით, კარტეზიანელები ცდებოდნენ, როცა ამტკიცებდნენ, რომ არაცნობიერი აღქმა შეუძლებელია. იგი წერს: “რწმენა იმისა, რომ სულში არსებობს მხოლოდ ისეთი აღქმები, რომელთაც ის აცნობიერებს, უდიდესი შეცდომის წყაროა”.       არაცნობიერის იდეა შემოტანილია ე.წ. თანდათანობის ან უწყვეტობის კანონის გასამართლებლად. ლაიბნიცის მიხედვით, სამყაროში ყველაფერი ამ კანონს ემორჩილება: არაორგანული და ორგანული, მცენარე და ცხოველი, ცხოველი და ადამიანი მხოლოდ საფეხურებია, რომლებიც უწყვეტი პროგრესიით არიან ერთმანეთთან დაკავშირებული. ეს კანონი ძალაშია სულიერი ცხოვრების მიმართაც. ემპირიული გამოცდილება არ გვიდასტურებს იმას, რომ სული მუდმივად და უწყვეტად ცნობიერ მდგომარეობაშია. მაგრამ მაშინ უნდა არსებობდნენ არაცნობიერი ფსიქიკური მდგომარეობები, წინააღმდეგ შემთხვევაში გაუგებარი გახდება, საიდან აღმოცენდება ახალი ცნობიერი შინაარსები, თუ უშუალოდ მათ წინ სხვა ცნობიერი შინაარსები არ იყო მოცემული. შეუძლებელია, რომ არაფრიდან რაიმე აღმოცენდეს. სიცარიელე და წყვეტა ვერ იარსებებს ფიზიკური ან სულიერი მოვლენების სფეროში. “ერთბაშად არაფერი წარმოიქმნება, არც აზრი და არც მოძრაობა”. მეორე მხრივ, სულიერის მიზეზი, პარალელიზმის დოქტრინის შესაბამისად, მხოლოდ სულიერი შეიძლება იყოს და არა სხეულებრივი. აქედან გამომდინარე, სულიერი ცხოვრების სფეროში ცნობიერ, შესამჩნევ, ან, ლაიბნიცის ტერმინოლოგიით, აპერცეპტირებულ განცდებთან ერთად, უნდა არსებობდეს ცნობიერების უფრო დაბალი ხარისხები ანუ ნაკლებად შესამჩნევი ან სულაც შეუმჩნეველი ფსიქიკური შინაარსები. მათ ლაიბნიცი მცირე განცდებს (მცირე პერცეფციებს) უწოდებს.       ამრიგად, ცნობიერების აღმოცენების ასახსნელად ლაიბნიცი ცნობიერების მიღმა გადის, მაგრამ რჩება სულიერ (ფსიქიკურ) სინამდვილეში. იგი აფართოებს ფსიქიკურის ცნების შინაარსს და მასში, ცნობიერი მოვლენების გარდა, არაცნობიერი ფენომენებიც შეყავს. ეს არაცნობიერი განცდები მაშინაც არსებობენ, როცა ადამიანი უსიზმრო ძილშია ან ცნობიერება აქვს დაკარგული. ჩვენ მათ ვერ “ვხედავთ” შინაგანი მზერით, ვერ ვამჩნევთ, მაგრამ ვასკვნით მათი არსებობის შესახებ იმ შედეგების მიხედვით, რომლებიც მათი ზემოქმედებით არის გამოწვეული. ამ აზრის საილუსტრაციოდ ლაიბნიცი მიმართავს ზვირთცემის მაგალითს: ჩვენ გვესმის ზვირთცემის გუგუნი, მაგრამ ცალკეული ტალღის მოძრაობა თითქოს არ იწვევს ჩვენში რაიმე შთაბეჭდილებას. მეორე მხრივ, ჩვენზე რომ თითოეული ტალღის მოძრაობა არ მოქმედებდეს, მაშინ ასეულობით ათასი ტალღის მოძრაობაც არ გამოიწვევდა რაიმე შთაბეჭდილებას, ვინაიდან რამდენი არარაც გინდა შევაჯამოთ, ის ვერ შეადგენს რაიმე სიდიდეს.       მცირე განცდები უდიდეს როლს თამაშობენ სულიერ სამყაროში. უნებლიე მოქმედებათა უმრავლესობა მათ მიერ არის განსაზღვრული. ისინი აპირობებენ ჩვენს გემოვნებას, მათგანვე გამომდინარეობს სურვილები და ვნებები. მცირე განცდები ვერ ცნობიერდება მათი სისუსტის გამო, მაგრამ ჩვენ თავისუფლად შევძლებდით მათ გაცნობიერებას (აპერცეფციას), ისინი რომ ასე მრავალრიცხოვანი არ იყვნენ, არ ითრგუნებოდნენ უფრო ძლიერი შთაბეჭდილებებით, ან კიდევ არ იყვნენ იმდენად ერთგვაროვანი, რომ გვიჭირს მათი განცალკევება ერთმანეთისაგან.       ხშირად პირიქითაც ხდება. ცნობიერი შინაარსი, მისი ერთგვაროვნების გამო, იწვევს შეჩვევას და აჩლუნგებს ჩვენს ყურადღებას. შედეგად, ამ განცდას ეკარგება ცნობიერობის ნიშანი და არაცნობიერ განცდად გადაიქცევა. სწორედ ამიტომ, წისქვილთან ან ჩანჩქერთან ახლოს მცხოვრები ადამიანი ვეღარ ამჩნევს მათ ხმაურს, თუმცა ისინი განაგრძობენ მასზე ზემოქმედებას. აქედან ჩანს, რომ სულში მუდმივად ხორციელდება გადასვლები ცნობიერებიდან არაცნობიერში და პირიქით. ეს, პირველ ყოვლისა, იმიტომ არის შესაძლებელი, რომ არაცნობიერი და ცნობიერი განცდები თვისებრივად და შინაარსობრივად კი არ განსხვავედებიან ერთმანეთისაგან, არამედ მხოლოდ რაოდენობრივად. რაოდენობრივი განსხვავება შეიძლება ნიშნავდეს იმას, რომ ცნობიერი განცდა არაცნობიერზე ძლიერია, ინტენსიურია და იმასაც, რომ ცნობიერი განცდა უფრო რთულია; იგი მარტივი არაცნობიერი ელემენტების გაერთიანების შედეგად წარმოიქმნება, როგორც ეს ზვირთცემის მაგალითშია. ასეა თუ ისე, ყველა შემთხვევაში - არაცნობიერი განცდა გადადის ცნობიერში თუ ცნობიერი იქცევა არაცნობიერ განცდად - განსხვავება მათ შორის მხოლოდ რაოდენობით მხარეს ეხება და არა შინაარსობრივს. მართლაც, წისქვილის ხმა, განცდის შინაარსის თვალსაზრისით, ერთი და იგივეა მაშინაც, როცა ის გვესმის, ანუ ცნობიერია და მაშინაც, როცა არ გვესმის, ანუ არაცნობიერია.       მოძღვრებას არაცნობიერი ფსიქიკურის შესახებ ლაიბნიცი იყენებს ლოკთან მისი პოლემიკის ძირითადი საგნის თაობაზე მსჯელობისას - ესაა საკითხი თანდაყოლილი იდეების შესახებ. აღნიშნული საკითხი ემპირიზმისა და რაციონალიზმის დაპირისპირების ერთ-ერთი მთავარი პუნქტი გახდა. ემპირისტებს (ჰობსი, ლოკი) მიაჩნდათ, რომ შემეცნების, იდეების ერთადერთ პირველად წყაროს გამოცდილება, ცდა, გრძნობადი აღქმა შეადგენს. რაციონალსტები ფიქრობდნენ, რომ ინდივიდის გრძნობადი გამოცდილება არ არის საკმარისი შემეცნებისთვის, მისგან შეუძლებელია აბსტრაქტული და საყოველთაო ცოდნის მიღება. ამას გონება უზრუნველყოფს და ამდენად, ყველა რაციონალისტი გონების პრიორიტეტიდან ამოდის. მაგრამ აქ ორი ხაზია გასარჩევი. დეკარტე თვლიდა, რომ ჭეშმარიტი შემეცნების წყარო თანდაყოლილ იდეებშია, რომლებიც მზამზარეული სახითაა მოცემული ცნობიერებაში. ასეთია, პირველ რიგში, ღმერთის იდეა, აგრეთვე იგივეობის, მიზეზობრიობის, წინააღმდეგობისა და სხვა ე.წ. აზროვნების (გონების) ძირითადი კანონები. ამავე დროს, იგი უარყოფდა პლატონის ანამნეზისის ანუ თანდაყოლილი ცოდნის მოგონების კონცეფციას, რამდენადაც უარყოფდა არაცნობიერის არსებობას – სულში არ არსებობს რაიმე დაფარული ადგილი, საიდანაც თანდაყოლილი იდეების გამომზეურება ხდება.       ლაიბნიცს კი მიაჩნდა, რომ სულში არსებობს მხოლოდ მიდრეკილებები, რომელთაგანაც შესაძლებელია გამოვიყვანოთ არაგამოცდილებისეული ჭეშმარიტებები.       ლაიბნიცი არ უარყოფს ცდას, ემპირიული გამოცდილების მნიშვნელობას. ეს ყველაფერი აუცილებელია ნამდვილი ცოდნის მისაღწევად, მაგრამ არ არის საკმარისი, ვინაიდან აღქმა გვაძლევს ცოდნას მხოლოდ ცალკეულის, კერძოს, ინდივიდუალურის შესახებ. კონკრეტული მაგალითების საფუძველზე, რაც არ უნდა მრავალრიცხოვანი იყვნენ ისინი, ვერ დავადგენთ ჭეშმარიტების საყოველთაო და აუცილებელ ხასიათს. იქიდან, რომ რაღაც მოხდა, არ გამომდინარეობს, რომ ის ყოველთვის მოხდება. ის გარემოება, რომ ყოველ 24 საათში დღეს ღამე მოჰყვება, არ ნიშნავს იმას, რომ ეს ყოველთვის ასეა (სხვა განედებზე სხვანაირადაა, მაგალითად, ჩრდილოეთში წლის ერთი ნახევარი სულ დღეა, ხოლო მეორე ნახევარი - ღამე. მეტიც, მომავალში მზე და დედამიწა შეიძლება სულაც მოისპოს). ამიტომ აუცილებელი ჭეშმარიტებანი (მაგ., როგორც მათემატიკაშია) არ გამოიყვანება გრძნობადი აღქმის მონაცემებიდან, თუმცა, მათ გარეშე ამგვარ ჭეშმარიტებებზე არც ვიფიქრებდით. ლაიბნიცის თქმით, გრძნობადი გამოცდილება, არსებითად, მხოლოდ “საბაბია თანდაყოლილი იდეების გამოღვიძებისთვის”.       თანდაყოლილი იდეების არსებობის წინააღმდეგ ლოკს შემდეგი არგუმენტი მოაქვს: თუ იდეა სულშია მოცემული, ის აუცილებლად გაცნობიერებულია. ბავშვმა არ იცის მათემატიკის კანონები, მას არ ესმის მათი შინაარსი. ამ კანონების შესახებ იდეები თანდაყოლილი რომ ყოფილიყო, მას ისინი იმთავითვე ეცოდინებოდა. ლაიბნიცი არღვევს ამ მსჯელობას თავისი კონცეფციით არაცნობიერის შესახებ. მისი აზრით, იდეების თანდაყოლილობა სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ისინი იმთავითვე ცნობიერი სახით არიან მოცემული სულში. სულში ბევრი ჯერ კიდევ გაუცნობიერებელი წარმოდგენა არსებობს, რომელთაც ჩვენი გონება დროთა განმავლობაში აცნობიერებს. ამის შედეგად ჩვენ ვრწმუნდებით, რომ ისინი თანდაყოლილი ყოფილან, რომ სული არ არის “სუფთა დაფა”, როგორც ამას ლოკი ამტკიცებდა. ლაიბნიცი სხვა მეტაფორას იყენებს. იგი სულს მარმარილოს ქვას ადარებს, რომლის “ძარღვები” მომავალ ქანდაკებას შეესაბამება; მასში უკვე თავიდანვეა მოცემული მომავალი ფიგურის კონტურები. მოქანდაკე სარგებლობს ამ მინიშნებებით, აცილებს ქვას იმას, რაც ზედმეტია და ასე ქმნის მისგან ქანდაკებას. ასევე, თანდაყოლილია იდეები, რომლებიც მიდრეკილების ან წინასწარი განწყობილების სახით არის მოცემული. ისინი არ არსებობენ სულში ჩამოყალიბებული და აქტუალური ფორმით; ეს იდეები მხოლოდ პოტენციალურია. თანდაყოლილი იდეა არ გულისხმობს იმთავითვე ნათლად და გარკვეულად შემეცნებას, ის მხოლოდ ჩანასახია, ესკიზია, შესაძლებლობაა, რომლის განხორციელება გონების აქტიური მოქმედების საშუალებით ხდება. ამრიგად, სული არც სუფთა დაფაა, მაგრამ არც მზამზარეული დებულებების ფორმით წარმოდგენილი ცოდნის სისტემა. აქტივობის ჩანერგილი უნივერსალური უნარის მეშვეობით პოტენციალური (არაცნობიერი) ცოდნა გამოკვეთილი იდეის სახეს იღებს.       ლაიბნიცმა საკმაოდ დიდი წვლილი შეიტანა ფსიქოლოგიის მეთოდოლოგიის დამუშავებაში. მან დასრულებული სახე მისცა პარალელისტურ კონცეფციას. მანვე ჩამოაყალიბა მოსაზრება თანდაყოლილი იდეების შესახებ, რომელშიც ბევრი რამ არის საგულისხმო შეძენილი და მემკვიდრეობითი თვისებებისა და, კერძოდ, ნასახებისა და მიდრეკილებების ფსიქოლოგიის თვალსაზრისით. ლაიბნიცმა შემოიტანა მეცნიერებაში არაცნობიერი ფსიქიკურის ცნება, რომელიც შემდგომში ჰერბარტისა და, განსაკუთრებით, ფროიდის წყალობით, ფსიქოლოგიის ფუნდამენტურ კატეგორიად იქცა. ამ მხრივ ლაიბნიცის კონცეფციამ გავლენა დ. უზნაძის განწყობის ფსიქოლოგიის ჩამოყალიბებაზეც მოახდინა. ლაიბნიცი იყო პირველი, ვინც ცნობიერების ხარისებისა თუ დონეების დახასიათება სცადა. მის მიერ შემოთავაზებული ტერმინი “აპერცეფცია”, როგორც ქვემოთ ვნახავთ, გამოყენებულ იქნა კანტის, ჰერბარტისა და ვუნდტის სისტემებში. ფსიქოლოგიის ისტორიკოსები ლაიბნიცს, არცთუ უსაფუძვლოდ, მიიჩნევენ ე.წ. აქტივობის ფსიქოლოგიის წინამორბედად. მის მიერ წინა პლანზე წამოწეულმა აქტივობის პრინციპმა განვითარება პოვა ბრენტანოს, შტუმფის, ჯეიმსის, კიულპეს, მაკ-დაუგოლისა და სხვათა შემოქმედებაში. თანამედროვე ფსიქოლოგიასთვის, მისთვის აქტივობა, ქცევის ფორმაში მოცემულობა, ფსიქიკის არსებით ნიშნად არის აღიარებული.       ზემოთ უკვე ითქვა, რომ ლაიბნიცის მთავარი ოპონენტი ლოკი იყო. ეს ბუნებრივიცაა, ვინაიდან რაციონალიზმს ფილოსოფიაში (და ფსიქოლოგიაშიც) ემპირიზმი უპირისპირდება, ხოლო ახალი დროის უდიდესი ემპირისტი ლოკი იყო. ეს ემპირიზმი გრძნობად გამოცდილებას ცოდნის უპირველეს და უმთავრეს წყაროდ მიიჩნევს და ამტკიცებს, რომ ყოველგვარი ცოდნა ემპირიული გამოცდილებით საბუთდება. ემპირიზმმა და მასთან დაკავშირებულმა ასოციაციურმა კონცეფციამ უდიდესი ზეგავლენა მოახდინა ფსიქოლოგიის განვითარებაზე. საზოგადოდ, ითვლება, რომ ემპირისტულ-ასოციაციონისტური აზროვნება ფსიქოლოგიის, როგორც დამოუკიდებელი ექსპერიმენტული მეცნიერების ფილოსოფიურ-მეთოდოლოგიური საფუძველია.       სულიერი მოვლენების ანალიზის ეს მეთოდოლოგია ბრიტანეთში ჩაისახა. მის სათავეებთან იდგა დეკარტეს თანამედროვე გამოჩენილი ფილოსოფოსი, თომას ჰობსი (1588-1679). ჰობსის ემპირიული ფსიქოლოგიის ძირითადი დებულებები გადმოცემულია მის მთავარ ნაშრომში “ლევიათანი” (1651) და ტრაქტატებში “მოქალაქის შესახებ”, “სხეულის შესახებ”, “ადამიანის შესახებ”. ჰობსი ილაშქრებს დეკარტეს შეხედულების წინააღმდეგ ორი სუბსტანციის შესახებ. იგი უარყოფს გონიერი სულის, როგორც დამოუკიდებელი სუბსტანციის არსებობას. სუბსტანცია მხოლოდ მატერიალურია, სხეულებრივია. “უსხეულო სუბსტანცია” უაზრო გამოთქმაა, ისევე როგორც “უსხეულო სხეული”. აზროვნებს მატერია და არა სულიერი სუბსტანცია. მეცნიერება შეისწავლის სხეულს, რომელიც განისაზღვრება სივრცის, დროის, რაოდენობისა და მოძრაობის თვისებებით. მოძრაობა არის სამყაროს უნივერსალური პრინციპი. მას მატერიალური სხეულებიც ემორჩილება, და ადამიანის ცნობიერებაც.       ადამიანი არის სხეული, რომელიც, სხვა მატერიალური სხეულების მსგავსად, მექანიკის კანონებს ემორჩილება. დეკარტეს მექანიკურ დეტერმინიზმს ჰობსმა დასრულებული სახე მისცა. ადამიანი წარმოდგენილია, როგორც მექანიზმი, რომელშიც “გული არის ზამბარა, ნერვები - ძაფები, ხოლო სახსრები - ბორბლები, რომლებიც ამოძრავებენ ადამიანის სხეულის მთელ მანქანას”. ჰობსმა მექანიკური დეტერმინიზმის პრინციპი უნივერსალურ პრინციპად გამოაცხადა და მას დაუმორჩილა ადამიანის მთელი ფსიქიკური ცხოვრება. ეს უკანასკნელი - სხეულებრივი პროცესის თანამდევი მოვლენა, ე.წ. ეპიფენომენია, რომელსაც რეალური მნიშვნელობა არა აქვს. რეალურად არსებობს სხეული და მისი მოძრაობა. ცნობიერება ამ მოძრაობის პარალელურად აღმოცენდება ისევე, როგორც წარმოიქმნება შეგრძნება: “შეგრძნების მიზეზი გარეგანი სხეულია (ობიექტი), რომელიც ან უშუალოდ აწვება ყოველი შეგრძნების შესატყვის ორგანოს (როგორც გემოსა და შეხების დროს), ან გაშუალებულად (როგორც მხედველობის, სმენისა და ყნოსვის შემთხვევაში). ეს დაწოლა, რომელიც სხეულის შიგნით გრძელდება და ნერვების საშუალებით ტვინამდე და გულამდე აღწევს, იწვევს წინააღმდეგობას, უკუზეწოლას, ანუ გულის მცდელობას, გათავისუფლდეს. ვინაიდან ეს მცდელობა გარეთ არის მიმართული, იგი ისეთ რამედ გვეჩვენება, რომელიც გარეთ არსებობს. სწორედ ეს არის ის მოჩვენება ან აჩრდილი, რასაც ხალხი შეგრძნებას უწოდებს”. მაშასადამე შეგრძნება, ყველა სხვა განცდის მსგავსად, არის გარეგანი საგნის მიერ სხეულში გამოწვეული პროცესების გვერდითი ეფექტი (აჩრდილი), რომელსაც მათზე უკუზემოქმედების მოხდენა არ შეუძლია ისევე, როგორც არფის სიმებიდან მომდინარე მელოდია ვერ იმოქმედებს მათი რხევის სიხშირეზე ან ფეხით მოსიარულეს ჩრდილი ვერ იმოქმედებს მისი მოძრაობის სიჩქარეზე. ამდენად, ფსიქიკური მოკლებულია რაიმე რეალურ მნიშვნელობას და დაიყვანება პროცესებსა თუ მოვლენებზე (ეპიფენომენებზე), რომლებიც პასიურად მიჰყვებიან რეალურ და ფუნდამენტურ მატერიალურ (სხეულებრივ) პროცესებს. ამგვარ თვალსაზრისს ეპიფენომენალიზმი ეწოდება.       ეპიფენომენური სამყაროს საფუძველს შეგრძნებები ქმნიან. ფსიქიკა ხატებისაგან (წარმოდგენებისაგან) შედგება. წარმოსახვა გაფერმკრთალებული შეგრძნებაა, ხოლო მეხსიერება წარსულთან დაკავშირებული წარმოდგენა. აზროვნება წარმოდგენების ისეთი დაკავშირებაა, რომელსაც შემდგომში ასოციაცია დაერქვა. ჰობსმა არ იცის ეს ტერმინი, მაგრამ ისე ახასიათებს ასოციაციის პროცესს, რომ იგი წარმოდგენების დაკავშირების უნივერსალური პრინციპის სახეს იღებს. იქაც, სადაც წარმოდგენები თითქოს უსისტემოდ მიჰყვებიან ერთმანეთს, სპეციალური ანალიზი აღმოაჩენს მათ კავშირს, წარმოდგენები შემთხვევით არ აღმოცენდება. “აზრთა ჯაჭვი” ზოგჯერ უგეგმოდ, არამიმართულად წარიმართება, ზოგჯერ კი იმართება ნებით, როცა რაიმეს მოგონება გვინდა ან პრობლემის გადაჭრას ვცდილობთ. ამ ნააზრევში შეიძლება დავინახოთ თავისუფალი და კონტროლირებადი ასოციაციის კონცეფციის წინაპარი, რომელსაც დიდი მნიშვნელობა ენიჭება, განსაკუთრებით სიღრმის ფსიქოლოგიაში (იხ. თავი 8.1). ასევე იკვეთება ჰობსის აზრის სენსუალისტური მიმართულება, ანუ განსხვავებული ფსიქიკური შინაარსების გრძნობად გამოცდილებაზე (შეგრძნებაზე) დაყვანა, რაც განსაკუთრებით ლოკის ფსიქოლოგიისთვის გახდება დამახასიათებელი.       სენსუალისტურ-ემპირისტული პოზიციიდან უპირისპირდება ჰობსი დეკარტეს სწავლებას თანდაყოლილი იდეების შესახებ. “არ არსებობს ადამიანის გონებაში არც ერთი ცნება, რომელიც პირველადად, მთლიანად ან ნაწილობრივ არ იყო აღმოცენებული შეგრძნების ორგანოებში”. არ არსებობს არა მხოლოდ თანდაყოლილი იდეები, არამედ თანდაყოლილი ნიჭიერებაც კი. ადამიანები ერთნაირი შესაძლებობებით იბადებიან. მათ შორის გონებრივი განსხვავება ცხოვრების პროცესში ყალიბდება. აქ გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება გამოცდილებას, რომლის შეძენა შეიძლება არაორგანიზებული ცხოვრებისეული პრაქტიკის ან სისტემატური სწავლების გზით. ერთნაირ პირობებში ერთნაირი გონება ვითარდება. მაგრამ ფსიქიკური ცხოვრების სფეროში არსებობს ისეთი ერთი ფაქტორი, რომლითაც ადამიანები ძალზე განსხვავდებიან ერთმანეთისაგან. ეს ფაქტორი ვნებებია. სწორედ ვნებები განაპირობებენ იმას, რომ ზოგი ადამიანი აქტიურია და ინიციატივიანი, ზოგიც პასიური და ინდიფერენტული. ეს გონებრივ აქტივობაზეც აისახება: “გონებრივ განსხვავებათა მიზეზები ვნებებში უნდა ვეძებოთ”.       ჰობსი მკაცრი დეტერმინისტია და, სპინოზას მსგავსად, პრინციპულად უარყოფს ნების თავისუფლებას, რომელსაც ქმედების მიზეზების არცოდნით გამოწვეულ ილუზიად მიიჩნევს. მათრახით დატრიალებულ ბზრიალასაც შეეძლო ჩაეთვალა თავისი მოძრაობა საკუთარი ნებით გამოწვეულად, ამბობს ჰობსი. ამასთანავე, იგი ცდილობს, რომ აუცილებლობის კატეგორიასთან ერთად თავისუფლების კატეგორიასაც შეუნარჩუნოს ადგილი, თუმცა ძალიან შეზღუდული მნიშვნელობით. ადამიანის ქცევა, ამბობს იგი, შეიძლება შევადაროთ მდინარეს, რომლის წყალი მიედინება თავისუფლად და, ამავე დროს, აუცილებლად თავისი კალაპოტის გაყოლებით. ადამიანის ქცევა ყოველთვის დეტერმინირებულია გარე პირობებით და ამ აუცილებლობას ვერსად გაექცევი. მაგრამ ასეთი აუცილებლობის ჩარჩოებშიც ადამიანი გარკვეულად თავისუფალია თავისი მოქმედების არჩევაში. თუმცა მისი თავისუფლება აქაც შეზღუდულია იმ შინაგანი მოტივაციური ძალებით, ან, ავტორის თქმით, მოძრაობის დამწყები “ძალისხმევით”, რომელსაც არსებითად ორი გამოვლინება აქვს - ძალისხმევა რაიმესკენ, რაც ლტოლვაა (მისწრაფება) და ძალისხმევა რაიმესაგან, რაც არის ზიზღი. სიყვარული იგივე ლტოლვაა, სიძულვილი კი - ზიზღი. ლტოლვის ობიექტი “კარგად” მიიჩნევა, ზიზღის ობიექტი - “ცუდად”. ჩვენ უნდა გავერკვეთ იმაში, თუ რისკენ მივისწრაფით და რა იწვევს ზიზღს, რომელი მოქმედებაა კარგი და რომელი - ცუდი. ამ კოლიზიას, რასაც დღეს მოტივთა ბრძოლას ვუწოდებთ, ჰობსი აზროვნებისა და მოფიქრების სახელს არქმევს. ამ პროცესის შედეგად იქმნება მოტივაციური მდგომარეობა (დადებითი ან უარყოფითი ტენდენცია), რაც შეიძლება ნებელობად მივიჩნიოთ. ჰობსი თვლის, რომ მხოლოდ ამ აზრით და ამ ფარგლებში შეიძლება ვილაპარაკოთ ნების თავისუფლებაზე. საბოლოოდ, მოქმედება განსაზღვრულია გარეგანი და შინაგანი მიზეზების წყებით და “ყველასთვის, ვინც შეძლებს დაინახოს ამ მიზეზთა კავშირი, ცხადი გახდება, რომ ყოველგვარ ადამიანურ ნებელობით მოქმედებას მაინც აუცილებლობა განაპირობებს”.       ჰობსი ფსიქოლოგიისთვის მნიშვნელოვან მრავალ საკითხს შეეხო. მიუხედავად ამისა, მისი გავლენა ფსიქოლოგიაზე მაინც შედარებით სუსტი იყო. ეპიფენომენალიზმი აუფასურებს მის ზოგიერთ საინტერესო მიგნებას ფსიქოლოგიის სფეროში. ჰობსი, ისევე როგორც სპინოზა, მონიზმის პოზიციიდან უდგება ფსიქოფიზიკურ პრობლემას. მაგრამ ამ მიდგომებს შორის პრინციპული განსხვავებაა. სპინოზა სულს და სხეულს, მატერიალურს და იდეალურს ერთი არსის (ბუნების) გამოვლინებებად თვლის. მისთვის აზროვნება და განფენილობა ერთი სუბსტანციის ორი, თანაბარი მნიშვნელობის მქონე თვისებაა. ჰობსთან ნამდვილ რეალობად მხოლოდ მატერიალური სუბსტანცია და მისი თვისებები განიხილება. ფსიქიკური პროცესები სხეულებრივი პროცესების თანმდევი აჩრდილებია, რომლებსაც არ გააჩნია დამოუკიდებელი მნიშვნელობა ადამიანის ცხოვრებაში. ფსიქიკური ფენომენები (იგივე ეპიფენომენები) კიდეც რომ არ არსებობდნენ, ამით ფაქტობრივად არაფერი შეიცვლება. ისინი არავითარ მონაწილეობას არ იღებენ ცხოველქმედების პროცესში და არ წარმოადგენენ ამ პროცესის აუცილებელ რგოლს - ქცევა მათ გარეშეც მშვენივრად განხორციელდება. თავი რომ დავანებოთ იმას, თუ რამდენად ეწინააღმდეგება ეს ყოველივე საღ აზრს და ადამიანთა ცხოვრებისეულ გამოცდილებას, დგება პრინციპული ხასიათის მეცნიერული საკითხები: საზოგადოდ, რატომ და რისთვის წარმოიქმნა ფსიქიკა, როგორ უნდა აიხსნას ფსიქიკის მუდმივი განვითარება ფილოგენეზში და უაღრესად ინტენსიური განვითარება ონტოგენეზში ან, თუნდაც, ცნობიერების ისტორიული ფორმების ცვალებადობა. ნათელია, რომ ფსიქოლოგიისთვის ამ საკითხებზე პასუხს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, ეპიფენომენოლოგიური მიდგომის ფარგლებში კი ეს შეუძლებელია. ამიტომ ემპირიული ფსიქოლოგიის სათავედ ჰობსის კი არა, მისი თანამემამულის, ლოკის მოძღვრებაა მიჩნეული.       ჯონ ლოკი (1632-1704) დაიბადა ბრისტოლის მახლობლად, ადვოკატის ოჯახში. განათლება მიიღო ლონდონის უინძორის სკოლაში და ოქსფორდის უნივერსიტეტში, სადაც მომდევნო წლებში ასწავლიდა ფილოსოფიას, ბერძნულს და ლიტერატურას. ეწეოდა კვლევით მუშაობას ექსპერიმენტულ ქიმიაში, მეტეოროლოგიასა და მედიცინაში. 1668 წელს იგი აირჩიეს ლონდონის სამეფო საზოგადოების (ანუ ინგლისის მეცნიერებათა აკადემიის) წევრად. ამ დროიდან იწყება მისი მეგობრული და, ამასთანავე, საქმიანი ურთიერთობა ლორდ ეშლისთან, რესტავრაციის ხანის გამოჩენილ პოლიტიკურ მოღვაწესთან. ლოკი უშუალოდ იყო ჩართული პოლიტიკურ საქმიანობაში, როგორც ინგლისის მეფის ოპოზიციის ლიდერის მდივანი და ნდობით აღჭურვილი პირი. კარლ II-ს წინააღმდეგ წარუმატებელი შეთქმულების შემდეგ ლოკი იძულებული გახდა, გაჰყოლოდა თავის მეგობარს და პატრონს ემიგრაციაში, ჯერ საფრანგეთში, მოგვიანებით კი ჰოლანდიაში. 1689 წლის რევოლუციისა და მეფის შეცვლის შემდეგ ლოკი სამშობლოში დაბრუნდა. მომდევნო წლებში დაასრულა და გამოაქვეყნა ტრაქტატები სახელმწიფო მართვისა და აღზრდის საკითხებზე, ასევე თავისი ძირითადი ფილოსოფიური (და ფსიქოლოგიური) ნაშრომი “ნარკვევები ადამიანის გონების შესახებ” (1690), რომელიც ოცი წლის განმავლობაში იწერებოდა და ავტორის სიცოცხლეში ოთხჯერ გამოიცა.       ამ ნაწარმოების სათაურიც მიუთითებს იმაზე, რომ ლოკის ფილოსოფია, არსებითად, შემეცნების თეორიაა (გნოსეოლოგიაა). მას აინტერესებს შემეცნების სანდოობისა და საზღვრების პრობლემა. ამიტომ პირველ რიგში სვამს საკითხს ადამიანის ცნობიერებაში მოცემული იდეების წარმოშობის შესახებ. საიდან ჩნდებიან ისინი, რა გზებით, რა საშუალებებით? აქ ლოკი, ცხადია, გვერდს ვერ უვლის საკითხს იდეების თანდაყოლილობის შესახებ. იდეათა (ცოდნის) თანდაყოლილობის თვალსაზრისი ჯერ კიდევ ანტიკურ ხანაში არსებობდა (სოკრატე, პლატონი, არისტოტელე და სხვა); ის გაბატონებული იყო შუა საუკუნეების სქოლასტიკაში, ხოლო ახალი დროის ფილოსოფიურ და ფსიქოლოგიურ აზროვნებაში იგი დეკარტემ დაამკვიდრა. ეს თვალსაზრისი ეყრდნობა ჭეშმარიტების გამომხატველი იდეების (ცნებების) ზოგადობისა და საყოველთაოობის არგუმენტს. ჩვენ გვაქვს ზოგადი იდეები, მაგრამ ზოგადი იდეა არასდროს აღქმაში (გამოცდილებაში) არ არის მოცემული, ე.ი. ის თანდაყოლილია.       ლოკი აანალიზებს ასეთ ზოგად იდეებს, მაგალითად, იგივეობის იდეას, რასაც სხვაგვარად “დამტკიცების გონებაჭვრეტითი პრინციპი” ეწოდება (რაც არის, ის არის, ან შეუძლებელია, რომ ერთი და იგივე საგანი არსებობდეს და არ არსებობდეს). ეს იმდენად მიღებული დებულებაა, რომ მის საყოველთაოობაში თითქოს ეჭვის შეტანა შეუძლებელია. მიუხედავად ამისა, ამტკიცებს ლოკი, ეს დებულება კაცობრიობის დიდი ნაწილისთვის არ არის ცნობილი და მიღებული. ბავშვებისთვის, იდიოტებისთვის და ბევრი სხვა ადამიანისთვის ეს იდეა უცხოა. თანდაყოლილობის შემთხვევაში ეს ასე არ უნდა ყოფილიყო. ჩვენ ვიცით ამ საბუთზე ლაიბნიცის პასუხი: იდეები გამზადებული სახით არაა ჩადებული ახალშობილის გონებაში, ისინი არაცნობიერად არსებობენ და გონების შინაგანი ძალების მეშვეობით მხოლოდ მაშინ გაცნობიერდებიან, როდესაც ინდივიდი აზროვნებას დაიწყებს. მაგრამ ლოკი კატეგორიულად უარყოფს არაცნობიერი სულიერი მდგომარეობის არსებობას. როგორ შეიძლება რაიმე იყოს გონებაში და მან არ იცოდეს ამის შესახებ. ეს იგივეა, რომ რაიმე იყოს გონებაში და ამავე დროს არ იყოს მასში. “მე წინააღმდეგობის ტოლფასად მიმაჩნია იმის მტკიცება, თითქოს არსებობენ სულში აღბეჭდილი იდეები, რომელთაც ის არ აცნობიერებს და რომლებიც არ ესმის, ... ვინაიდან რაიმეს აღბეჭდვა სულში გაცნობიერების გარეშე ნაკლებ გასაგებად მეჩვენება” - აღნიშნავს ავტორი (ფსიქოლოგიის შემდგომმა განვითარებამ უარყო ფსიქიკის ასეთი დახასიათება).       მოგზაურებისა და მისიონერების ჩანაწერებზე დაყრდნობით, ლოკი ამტკიცებს, რომ არ არსებობს არც საყოველთაო და, შესაბამისად, არც თანდაყოლილი მორალური პრინციპები. განა ზოგიერთ ქვეყნებში არ მარხავენ ახალშობილებს მშობიარობას გადაყოლილ დედებთან ერთად? - კითხულობს იგი; განა არ ისტუმრებენ მათ იმქვეყნად, თუ ე.წ. ასტროლოგი იტყვის, რომ ისინი უბედურ ვარსკვლავზე დაიბადნენ? განა ზოგიერთ ადგილას, ყოველგვარი სინდისის ქეჯნის გარეშე, არ ტოვებენ ბედის ანაბარა ან, სულაც, არ კლავენ გარკვეულ ასაკს მიღწეულ მშობლებს? ზოგან ჭამენ საკუთარ შვილებს, ზოგიერთ ველურ ტომს არა აქვს სიტყვა “ღმერთი”, არა აქვს რაიმე რელიგია, კულტი. მაშასადამე, თვით ღმერთის იდეაც არ არის საყოველთაო და თანდაყოლილი (არსებობს სხვადასხვა რელიგიები და, ასევე, განსხვავებული წარმოდგენები ღმერთზე ერთი რელიგიის ფარგლებში). მაგრამ თუ სულში იდეები ღმერთმა ჩაგვინერგა, იგი პირველ რიგში თავის იდეას ჩანერგავდა. აქედან დასკვნა: თანდაყოლილი იდეები საერთოდ არ არსებობს, სული არის “სუფთა დაფა”, “თეთრი ფურცელი” ან “ცარიელი ოთახი”. იდეათა ერთადერთი წყარო არის ემპირიული გამოცდილება.       გამოცდილების ორი სახე არსებობს: გარეგანი და შინაგანი. გარეგანი გამოცდილება არის გრძნობადი აღქმა, შეგრძნება. მისი ობიექტი გარეგანი სამყაროა, თავისი მატერიალური საგნებით. შეგრძნების შინაარსს საგნების “გრძნობადი თვისებები” შეადგენს. მაგრამ ადამიანს აქვს ცოდნა საკუთარი სულიერი ცხოვრების შესახებაც. ამ ცოდნას ჩვენ ვიღებთ შინაგანი გამოცდილების, ე.წ. რეფლექსიის (ლათინურად “უკან მიმართვა”) საშუალებით. რეფლექსია, არსებითად, თვითდაკვირვების უნარია, რომელიც გვაწვდის ცნობებს ჩვენი გონების მოქმედებათა თაობაზე (აღქმა, აზროვნება, მოგონება, ეჭვი, რწმენა, სურვილი, მისწრაფება). მისი საშუალებით მიღებული იდეები შინაარსის მხრივ არსებითად განსხვავდება გარეგანი გამოცდილებით მიღებული იდეებისაგან. ამავე დროს, ორივე მათგანი ცნობიერების სამსჯავროს წინაშე წარდგება, რამდენადაც “ცნობიერება არის იმის აღქმა, რაც ხდება ადამიანში, მის საკუთარ გონებაში”. ლოკის ეს კლასიკური განმარტება გულისხმობს, რომ ცნობიერება შეიძლება მიმართული იყოს როგორც ობიექტურ სინამდვილეზე (ჩვენ “ვიცით”, რა სენსორული თვისებები აქვს საგანს, რომელსაც ახლა აღვიქვამთ), ასევე სუბიექტურზე (ჩვენ “ვიცით”, რომ ახლა გონება სწორედ აღქმითაა დაკავებული). რეფლექსია სულის ოპერაციების გაცნობიერებაა. ამგვარად, გარეგანი აღქმა (შეგრძნების უნარი) ობიექტურზეა მიმართული, ხოლო შინაგანი აღქმა (რეფლექსია) - სუბიექტზე. პირველი - საგნის ჩვენზე ზემოქმედების შედეგია, მეორე - ამ შედეგზე სულის მუშაობის გაცნობიერება.       შემეცნების ორი გზის დაშვება ე.წ. გნოსეოლოგიური დუალიზმია. მას შორს მიმავალი მეთოდოლოგიური შედეგები მოჰყვება. შემეცნების ორ გზას ორი სახის “ობიექტი”, შინაარსი შეესაბამება. ემპირიული გამოცდილების ორად გაყოფა (გარეგანი და შინაგანი), თავის მხრივ, საფუძვლად ედება ბუნებისმეტყველებისა და ფსიქოლოგიის საგნის დასაბუთებას: გარეგან გამოცდილებას შეისწავლიან ბუნების მეცნიერებანი, ხოლო შინაგანს - ფსიქოლოგია. აქედანვე გამომდინარეობს ფსიქოლოგიური კვლევის მეთოდური თავისებურებაც. საკუთარ თავში დახშული ცნობიერების სამყაროში შეღწევის ერთადერთი გზა თვითდაკვირვება, ინტროსპექციაა. “თუ მე ვაზროვნებ, მაგრამ ამის შესახებ არ ვიცი, სხვამ არავინ არ შეიძლება ეს იცოდეს”. ფსიქოლოგიური კვლევისთვის ღია მხოლოდ საკუთარი ცნობიერებაა. ეს თეზისი გახდა განმსაზღვრელი ინტროსპექციული ფსიქოლოგიისთვის.       ლოკი შეგრძნებასაც და მის ასლსაც (წარმოდგენას) იდეას უწოდებს. მათი გამიჯვნა და ტერმინ “იდეის” ამ უკანასკნელთან დაკავშირება შემდგომი ეტაპის ასოციაციურ ფსიქოლოგიაში მოხდა. ასეა თუ ისე, ყველა იდეა ერთი ან მეორე სახის გამოცდილებიდან მომდინარეობს. ლოკი მათ განასხვავებს, მაგრამ ერთმანეთს არ უპირისპირებს. იგი მიუთითებს, რომ შინაგანი გამოცდილება, მაინც, გარკვეულწილად დამოკიდებულია გარეგანზე, ვინაიდან პირველადი მასალა ყოველთვის შეგრძნებათა გზით მიიღება. რეფლექსია მის შემდგომ და მის საფუძველზე ამოქმედდება და “იდეების იდეებს” ქმნის. მაშასადამე, ყოველგვარი ცოდნის პირველწყარო არის შეგრძნება. არაფერია გონებაში ისეთი, რაც მანამდე არ იყო შეგრძნებაში - ესაა სენსუალისტური თეზისი, რომელიც ჰობსიდან და გასენდიდან მოდის, მაგრამ ლოკთან უფრო სერიოზულად არის დასაბუთებული. ამრიგად, ორი სახის გამოცდილების გამოყოფით ლოკმა, არსებითად, საფუძველი ჩაუყარა ინტროსპექციულ ემპირიულ ფსიქოლოგიას, როგორც მეცნიერებას შინაგანი გამოცდილების შესახებ და, აგრეთვე, ამ ფსიქოლოგიისთვის დამახასიათებელ სენსუალისტურ ტრადიციას.       შეგრძნების გზით მიღებული იდეების ანალიზს ლოკი მიჰყავს იდეისა და მისი შინაარსის შესაბამისობის საკითხამდე. იდეები სულში არსებობენ. მათ გარკვეული თვისებები შეესატყვისება, რომლებიც თითქოს საგნებს უნდა ახასიათებდნენ. მაგრამ ლოკის ანალიზი სხვა სურათს წარმოგვიდგენს. მისი აზრით, არსებობს თვისებათა ორი სახეობა. პირველადი თვისებები საგნების რეალური თვისებებია, ისინი ობიექტურად ახასიათებენ საგანს იმის მიუხედავად, აღიქმება იგი ჩვენ მიერ თუ არა. ეს თვისებებია: სიმკვრივე, მოცულობა, ფიგურა, მოძრაობა, უძრაობა, რაოდენობა და ა.შ. ამ თვისებების შესაბამისი იდეები მათ ზუსტად ასახავენ. მეორადი თვისებები არაა მოცემული საგნებში, მათი წარმოშობა და რაგვარობა შეგრძნების ორგანოს სპეციფიკაზეა დამოკიდებული, ესენია: ფერი, ბგერა, გემო, სუნი, ტემპერატურა და ა.შ.       ამ კონცეფციის საილუსტრაციოდ ლოკი მარტივ ცდას მიმართავს. მარჯვენა ხელს ვყოფთ ცივ წყალში, მარცხენას - ცხელში. შემდეგ ორივე ხელს ვათავსებთ ნელთბილ წყალში. აღმოჩნდება, რომ ერთი ხელი წყალს თბილად შეიგრძნებს, მეორე - გრილად. ცხადია, რომ სითბო-სიგრილის განცდა ჩვენი აღქმის თავისებურებით არის გაპირობებული.       ლოკიდან მომდინარეობს მთელი ემპირიული ფსიქოლოგიისთვის, განსაკუთრებით კი ასოციაციონიზმისთვის, დამახასიათებელი ელემენტარიზმი. ფსიქიკური მოვლენების განხილვის ეს ტრადიცია იმდენად ძლიერი აღმოჩნდა, რომ მან თავი იჩინა მეცხრამეტე საუკუნის მეორე ნახევარში ჩამოყალიბებულ ექსპერიმენტულ ფსიქოლოგიაშიც (ვუნდტი, ტიჩენერი, ებინჰაუზი და სხვა). იგი მომდინარეობს ლოკის მიერ ორი სახის იდეების, კერძოდ, მარტივი და რთული იდეების გამოყოფიდან. მარტივი იდეები არ იშლება, არ იყოფა, ისინი რთული იდეების ელემენტებია. ეს არის მასალა, რომლისაგანაც გონების რთული შინაარსები იქმნება (სწორედ ამას ეწოდება “ელემენტარიზმი”). მარტივ იდეებს წარმოშობს როგორც შეგრძნება, ისე რეფლექსია. ლოკი ახდენს მარტივი იდეების კლასიფიკაციას: 1) მარტივი იდეები, რომელთა საფუძველია ერთი რომელიმე გარეგანი გრძნობა (შეგრძნება) (მაგ., ფერი, გემო, სუნი და სხვა); 2) მარტივი იდეები, რომლებიც გამოწვეულია რამდენიმე გარეგანი გრძნობით (მაგ., ვრცეულობის ან ფიგურის განცდა აღმოცენდება მხედველობისა და შეხების თანამონაწილეობით); 3) მარტივი იდეები, რომელთა საფუძველია რეფლექსია (მაგ., გახსენება, მსჯელობა, რწმენა, ნებელობის აქტი და სხვა); 4) მარტივი იდეები, რომლებიც აღმოცენდება გარეგანი და შინაგანი გამოცდილების ერთდროული მოქმედებით (მაგ., სიამოვნება, უსიამოვნება, ერთიანობა, თანმიმდევრობა და სხვა). ამ კლასიფიკაციიდან ჩანს, რომ მარტივ იდეებს შორისაც არსებობს სირთულის სხვადასხვა ხარისხი.       მარტივ იდეებთან დაკავშირებით აღსანიშნავია ლოკის მოსაზრება იმის შესახებ, რომ ასეთი იდეები პასიურ სუბიექტს გულისხმობენ. გონება პასიურია მარტივი იდეების აღქმისას, “მას არ შეუძლია არ მიიღოს ისინი ისევე, როგორც სარკეს არ შეუძლია არ მიიღოს, შეცვალოს ან წაშალოს მის წინ დაწყობილი საგნების გამოსახულება”. ამავე დროს, თუ გონებაში უკვე არსებობს მარტივი იდეები, მას შეუძლია მათი შედარება, შეერთება და ამით ახალი, რთული იდეების შექმნა.       თუ მარტივი იდეების მიმართ გონება პასიურია, რთული იდეების შემთხვევაში ის საკმაო აქტიურობით გამოირჩევა. რთული იდეები წარმოიქმნება მარტივი იდეების გადამუშავების საფუძველზე მათზე გარკვეული გონებრივი მოქმედებების ჩატარების გზით. გონება მარტივი იდეების კომბინირებას ახდენს: გამოყოფს ერთმანეთისაგან, ადარებს ერთმანეთს, აერთიანებს მათ. გონებრივი მოქმედებებია: განყენება, შედარება და შეჯერება, შეერთება და შეჯამება. ლოკმა მოგვცა მარტივი იდეიდან ან ცალკეული საგნიდან რთული ან ზოგადი იდეის (ცნების) მიღების კლასიკური სქემა. ეს ხორციელდება ცალკეულში (კერძოში) ზოგადის მონახვის გზით. ზოგადი იდეა უნდა შეიქმნას, ვინაიდან რეალურ სინამდვილეში არსებობს მხოლოდ ინდივიდუალური, კონკრეტული საგნები, ხოლო ზოგადი სინამდვილე არ არსებობს. ჩვენ ერთმანეთს ვადარებთ საგნებს, აღმოვაჩენთ მათში მსგავს და განსხვავებულ ნიშნებს, შემდეგ ვახდენთ განყენებას დანარჩენი ნიშნებისაგან და ვტოვებთ მხოლოდ მსგავს ნიშნებს. მსგავსი ნიშნების ერთობლიობა, რომელიც ჩვენმა გონებამ გამოყო ცალკეული საგნებიდან და შემდეგ შეაერთა, არის ის, რასაც ზოგადს (ცნებას) ვუწოდებთ.       რთული იდეების წარმოქმნის ერთ-ერთ მექანიზმს ლოკმა ასოციაცია უწოდა. ეს ტერმინი მან მხოლოდ “ნარკვევების” მეოთხე გამოცემაში შემოიტანა, 1700 წელს. ამან, თავისთავად, ბევრი ვერაფერი შესძინა ლოკის მოძღვრებას, მაგრამ გაჩნდა ტერმინი, რომელმაც დაიპყრო შემდგომი დროის ფსიქოლოგია. ლოკი ასოციაციის შემთხვევაშიც იდეების დაკავშირებისა და კომბინირების შესახებ საუბრობს, მაგრამ მასთან ამ ტერმინს მაინც სპეციფიკური მნიშვნელობა აქვს. ლოკი ერთმანეთს უპირისპირებს იდეების გონისმიერ და ასოციაციურ კავშირებს. ეს უკანასკნელი არასასურველი კავშირებია; ასოციაციური კავშირები იდეებს შორის არასწორი, არაბუნებრივი კავშირებია. ლოკი ერთ ადგილას მათ სიგიჟის სახეობადაც კი ნათლავს. ისინი შემთხვევითობის ან ჩვეულებისაგან მომდინარეობენ და აზრიანი საფუძველი არა აქვთ. ასოციაციები მაშინ ჩნდება, როდესაც “იდეები, რომლებიც თავისთავად სულაც არაა მონათესავე (მსგავსნი), ზოგიერთი ადამიანის გონებაში ერთმანეთს ისე უკავშირდება, რომ მათი გაყოფა ძალზე ძნელი ხდება. ისინი ყოველთვის თან სდევენ ერთმანეთს და როგორც კი ერთი იდეა შემოდის გონებაში, მაშინვე ჩნდება მასთან დაკავშირებული სხვა იდეა”. ამგვარი ასოციაციური კავშირებით ხსნის ლოკი სხვადასხვა ცრურწმენებს, ჩვენს სიმპათია-ანტიპათიებს, ფილოსოფიურ თუ პოლიტიკურ მიმდინარეობებს შორის არსებულ წინააღმდეგობებს და გაუგებრობებს. ლოკი იხსენებს თავის მეგობარს, რომელმაც გადაიტანა მტკივნეული ოპერაცია (მაშინ ანესთეზია არ არსებობდა) და, მიუხედავად ქირურგისადმი დიდი მადლიერებისა, არ შეეძლო მისი დანახვა – იმდენად ძლიერი აღმოჩნდა ექიმის სახისა და ტკივილის ასოციაცია; კიდევ ერთ მაგალითში ნათქვამია ადამიანზე, რომელმაც ისწავლა ცეკვა ოთახში, სადაც იდგა სკივრი და ამის შემდეგ შეეძლო ეცეკვა მხოლოდ იქ, სადაც მსგავსი ნივთი იდგა. მოკლედ, ასოციაციები ყოველგვარი შეცდომის მიზეზად გვევლინება, რის გამოც ლოკი პედაგოგებს მათთან ბრძოლისკენ მოუწოდებს. აღზრდის ამოცანა იმაშია, რომ წინ გადაეღობოს იდეათა შორის არასასურველი კავშირების შექმნას (ლოკი პედაგოგიკის ერთ-ერთი უდიდესი თეორეტიკოსია და, ასევე, ასაკობრივი და პედაგოგიური ფსიქოლოგიის ერთერთი წინამორბედი (იხ. თავი 7.3.).       ასოციაციის ასეთმა შეზღუდულმა გაგებამ ფეხი ვერ მოიკიდა. პირიქით, ასოციაცია იდეების დაკავშირების საყოველთაო და უნივერსალურ პრინციპად გამოცხადდა. ამან საფუძველი ჩაუყარა ასოციაციონიზმს, როგორც ემპირიული ფსიქოლოგიის ყველაზე მძლავრ მიმდინარეობას. ლოკის დამსახურება კი, ძირითადად, “ასოციაიციის” ძალზე სასარგებლო ტერმინის შემოტანაა. თუმცა, ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ასოციაციებზე მსჯელობისას მან ხაზი გაუსვა ჩვევის როლს და ამით წინასწარ განჭვრიტა ე.წ გამეორების კანონი, რომელსაც ესოდენ დიდი მნიშვნელობა გვიანდელ ასოციაციონიზმში და ბიჰევიორიზმში მიენიჭა.       საბოლოოდ უნდა ითქვას, რომ ლოკისაგან ფსიქოლოგიამ ბევრი რამ მიიღო: ინტროსპექციული ემპირიული ფსიქოლოგიის საგნისა და მეთოდის დასაბუთება, როგორც მეცნირებისა შინაგანი გამოცდილების (ცნობიერების) შესახებ, რომელიც რეფლექსიის (თვითდაკვირვების) გზით შეიმეცნება, ატომიზმი, ელემენტარიზმი, რომელიც ამტკიცებს ცნობიერების მარტივი შინაარსების (იდეების) პირველადობას მათგან წარმოებული რთული ფსიქიკური ფენომენების მიმართ, განზოგადების პროცესის სქემა, დაბოლოს, ტერმინი “ასოციაცია”.       ფსიქოლოგიურ აზროვნებაზე საკმაოდ დიდი გავლენა მოახდინა ლოკის შეხედულებამ პირველადი და მეორადი თვისებების შესახებ. მის კვალს - ვხვდებით თითქმის ყველგან, სადაც საკითხი დაისმის სენსორული პროცესის სუბიექტური და ობიექტური მხარის ურთიერთმიმართების შესახებ. XIX საუკუნეში ფორმულირებული გრძნობის ორგანოთა სპეციფიკური ენერგიის ცნობილი კანონიც მის შორეულ გამოძახილად შეიძლება ჩაითვალოს (იხ. თავი 5.1.). ლოკის ამ კონცეფციის შემდგომმა გააზრებამ და ინტერპრეტაციამ გარკვეულად განსაზღვრა XVIII საუკუნის ემპირიული ფილოსოფიისა და ფსიქოლოგიის რამდენიმე მნიშვნელოვანი სისტემის, მათ შორის ფრანგი სენსუალისტების (კონდილიაკი, ჰელვეციუსი, დიდრო და სხვა) და ბრიტანელი სუბიექტური იდეალისტების (ჰიუმი, ბერკლი და სხვა) სისტემების სახეა. ირაკლი იმედაძე წიგნიდან: ფსიქოლოგიის ისტორია « წინა ნაწილი | გაგრძელება » …
დაამატა ლაშა to ფსიქოლოგია at 10:48am on აპრილი 26, 2018
თემა: ემპირიული ფსიქოლოგია
ქოლოგიასთან არის დაკავშირებული. ასოციაციონიზმი, როგორც იმ დროისთვის ყველაზე პროგრესული მოძღვრება, ჰერტლისთან უკვე ჩამოყალიბებულია. ახლა ჩვენ ვნახავთ, რომ მომდევნო საუკუნის პირველ ნახევარში ის თავისი განვითარების მწვერვალს მიაღწევს, შემდეგ კი დაიწყებს ტრანსფორმაციას. ბრიტანული ემპირიზმი და ასაციაციონიზმი ექსპერიმენტული ფსიქოლოგიის თეორიულ-მეთოდოლოგიური მომზადებაა. ექსპერიმენტული ფსიქოლოგია, რომელიც XIX საუკუნის მეორე ნახევარში აღმოცენდება, თავის თეორიულ ნაწილში დიდწილად სწორედ მას ეფუძნება. ფსიქოლოგიის, როგორც დამოუკიდებელი მეცნიერების, წარმოქმნის მეორე საფუძველი ბუნებისმეტყველების, პირველ ყოვლისა, ფიზიოლოგიის მიღწევები გახდება, რასაც მომდევნო თავში გავეცნობით.       მაგრამ სანამ ბრიტანული ემპირიული ფსიქოლოგიის განვითარების ბოლო ეტაპის შესახებ ვისაუბრებთ, შევჩერდეთ იმდროინდელ გერმანულ ფსიქოლოგიაზე. ბოლოს და ბოლოს, მეცნიერული ფსიქოლოგიის აკვანი ხომ გერმანიაში დაირწა, რაც შეუძლებელი იქნებოდა, რომ არ ყოფილიყო გერმანული ემპირიული ფსიქოლოგია. ზემოთ უკვე აღინიშნა, რომ ემპირიზმის იდეების გავრცელება გერმანიაში გაძნელდა და გაჭიანურდა. აქ ბატონობდა აპრიორისტული რაციონალიზმი - შეხედულება გონების იმანენტურ ფორმებზე, თანშობილ ნიჭებზე, რომლებიც საფუძვლად ედება ემპირიულად მოცემულ მთელ ფსიქიკურ ცხოვრებას (ვოლფი, ტეტენსი, კანტი). ეს მეთოდოლოგიური პოზიცია ჰერბარტმა დაარღვია. სწორედ მან ჩამოაყალიბა გერმანული ემპირიული ფსიქოლოგია. აქედან პირდაპირი გზა გაიხსნა ექსპერიმენტული ფსიქოლოგიისკენ, რომელზეც ჰერბარტმა მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა, თუმცა თვითონ უარყოფდა ექსპერიმენტს ფსიქოლოგიაში.       იოჰან ფრიდრიხ ჰერბარტი (1776-1841) საკმაოდ გავლენიანი ფილოსოფოსი იყო. ამავე დროს, იგი ცნობილია როგორც “მამა” მეცნიერული პედაგოგიკისა, რომელიც ფსიქოლოგიაზეა დაფუძნებული. ჰერბარტის მეცნიერული მოღვაწეობა გიოტინგენსა და კენიგსბერგში მიმდინარეობდა. კენიგსბერგის უნივერსიტეტში იგი სათავეში ჩაუდგა კანტის კათედრას, რაც თავისთავად მეტყველებდა მის ავტორიტეტზე. ჰერბარტის ორი ძირითადი ფსიქოლოგიური ნაშრომი: “ფსიქოლოგიის სახელმძღვანელო” (1816) და “ფსიქოლოგია, როგორც მეცნიერება ახლად დაფუძნებული გამოცდილებასა, მეტაფიზიკასა და მათემატიკაზე” (1824-1825), სწორედ აქ დაიწერა.       ფსიქოლოგიის გამოჩენილი ისტორიკოსის ბორინგის თქმით, ამ - უკანასკნელი წიგნის სათაური უკვე მიგვანიშნებს იმაზე, თუ როგორ ესმოდა ფსიქოლოგია მის ავტორს. მართლაც, პირველ რიგში, მასში აღნიშნულია, რომ ფსიქოლოგია მეცნიერებაა. ამ აზრის დადასტურება ნამდვილად მნიშვნელოვანი იყო იმ დროს, როდესაც ფსიქოლოგია უპირატესად ფილოსოფიის წიაღში ვითარდებოდა. ცხადია, ჰერბარტის ფსიქოლოგიაც მჭიდროდ არის დაკავშირებული ფილოსოფიასთან. მაგრამ ფსიქოლოგია მაინც ემპირიული მეცნიერებაა და არა ფილოსოფიის ნაწილი, თუმცა, როგორც სათაურიდან ჩანს, ის მეტაფიზიკაზეა დაფუძნებული. ჰერბარტის მიხედვით, ეს ნიშნავს რომ ფსიქოლოგიურ სისტემას უნდა ჰქონდეს თავისი არაემპირიული, ფილოსოფიური წანამძღვრები. მათ შორის ერთ-ერთი ძირითადია იმის მტკიცება, რომ სულში არაფერი არ არის წინასწარ მოცემული. ამ პუნქტში ჰერბარტი ემიჯნება ნიჭთა ფსიქოლოგიას და უკავშირდება ასოციაციონიზმს. ამავე დროს, იგი ძალაში ტოვებს სულის ცნებასაც, რომლის გარეშე ვერც ფსიქიკის ერთიანობაზე ვილაპარაკებთ და ვერც მისი აქტივობის პირველწყაროს დავადგენთ. ამასთან, უნდა გვახსოვდეს, რომ სული შეუმეცნებელი არსია. ამიტომ მასზე მსჯელობა, არსებითად, მეტაფიზიკური ხასიათისაა. ის სცილდება მეცნიერების საზღვრებს, რომლის საგანიც ყოველთვის ემპირიული ფაქტები და მოვლენებია.       ამგვარად, ფსიქოლოგიას, მეტაფიზიკურ მტკიცებათა სახით, ფილოსოფიური საფუძველი აქვს, მაგრამ საკუთრივ ფსიქოლოგია ემპირიული მეცნიერებაა. ეს ვითარება დაფიქსირებულია ჰერბარტის თხზულების სათაურში, სადაც მითითებულია, რომ ფსიქოლოგია გამოცდილებას ემყარება, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ იგი ექსპერიმენტული დისციპლინაა. ფსიქოლოგია არ შეიძლება ექსპერიმენტული იყოს სულის ერთიანობის გამო. კანტის მსგავსად, ჰერბარტიც უარყოფს ფსიქოლოგიაში ექსპერიმენტის გამოყენების შესაძლებლობას: “ფსიქოლოგიას არ შესწევს უნარი ადამიანებზე ექსპერიმენტირებისა და არ გააჩნია ამისთვის რაიმე ხელოვნური ხელსაწყოები”. ფსიქოლოგიამ უნდა გამოიყენოს ინტროსპექცია, სხვათა დაკვირვება და ქცევის პროდუქტების ანალიზი. ეს ყოველივე ემპირიული კვლევის მეთოდებია, რითაც ჰერბატი კანტის აპრიორიზმს უპირისპირდება. ასევე უარყოფილია კანტის დებულება იმის შესახებ, რომ ფსიქოლოგიას მათემატიკა ვერ მიესადაგება. ფსიქოლოგია მათემატიკას ეფუძნება - ამტკიცებს ჰერბარტი. ამით ფსიქოლოგიას საშუალება ეძლევა, არ დარჩეს მხოლოდ აღწერით მეცნიერებად და შეიმუშაოს ფსიქიკურ მოვლენათა ურთირთკავშირის რაოდენობრივად გამოხატული კანონები, უზრუნველყოს მათი სიზუსტე და შემოწმება. ცხადია, რომ აქ მინიშნებულია ფსიქიკური მოვლენების აღრიცხვისა და გაზომვის შესაძლებლობაც, რაც მოგვიანებით ფსიქოფიზიკაში განხორციელდა.       ამავე დროს, ჰერბარტის ფსიქოლოგია არ არის ფიზიოლოგიური. მას ნაკლებად აინტერესებდა ფიზიოლოგია და არ ფიქრობდა, რომ ფიზიოლოგიური პარამეტრების შესწავლა მნიშვნელოვან სარგებლობას მოუეტანდა ფსიქოლოგიას. ეს, ნაწილობრივ, მისი ანტიექსპერიმენტალისტური ორიენტაციით აიხსნება. პირველ ფსიქოლოგიურ ლაბორატორიებში, რომლებიც ჰერბარტის გარდაცვალების შემდეგ ამოქმედდა, უხვად გამოიყენებოდა ფიზიოლოგიური კვლევის მეთოდოლოგია და მეთოდიკა. შემთხვევითი ხომ არ არის, რომ ვუნდტის ე.წ. “ფიზიოლოგიური ფსიქოლოგია”, ფაქტობრივად, ექსპერიმენტული ფსიქოლოგიის სინონიმი იყო (იხ. თავი 6.1.). მიუხედავად ამისა, ჰერბარტი ხედავდა სხეულსა და სულს შორის არსებულ მიმართებას და მიუთითებდა მათი ურთიერთკავშირის ოთხ ფორმაზე: 1) სხეულებრივმა პირობებმა შეიძლება შეაფერხონ წარმოდგენების აღმოცენება (მაგ., ძილში); 2) სხეულებრივმა პირობებმა შეიძლება დააგვიანონ, დროში გადაწიონ ან სულაც ჩაახშონ წარმოდგენა (მაგ., სიმთვრალის ან ძლიერი ვნების შემთხვევაში); 3) შესაძლოა, რომ სხეულებრივმა პროცესებმა გააძლიერონ წარმოდგენა (მაგ., ნარკოტიკულ ნივთიერებათა ზემოქმედების დროს); 4) სულსა და სხეულს შორის შესაძლებელია თანამშრომლობა (მაგ., ემოციისა და გამომხატველ მოძრაობათა ურთიერთმიმართება).       ჰერბარტის მიხედვით, ფსიქოლოგიური კვლევის ამოსავალი პუნქტი ცნობიერების ფაქტებია. რა მოვლენებს და პროცესებს აღმოვაჩენთ აქ, რას გვაძლევს ცნობიერების ანალიზი? ამ საკითხში ჰერბარტის პოზიცია ერთგვარად წინააღმდეგობრივია. ერთი მხრივ, იგი აღნიშნავს, რომ ფსიქოლოგია არ შეიძლება იყოს ანალიზური - სული ერთიანია და, ამდენად, მის შემადგენელ ნაწილებზე ლაპარაკი სწორი არ იქნება. მეორე მხრივ, იგი გამოყოფს ცნობიერების აშკარად გამოკვეთილ ელემენტს, რომელსაც წარმოდგენას უწოდებს. ამ ტერმინის ქვეშ გაერთიანებულია შეგრძნება და იდეა, რაც მათი დაპირისპირების მოხსნის ერთგვარი მცდელობაა (ლოკი - ჰიუმი). წარმოდგენა სულის პირველადი ელემენტია. მას აქვს თვისებრივი (რომელობითი) და რაოდენობრივი (ენერგეტიკული) მხარე. წარმოდგენები უამრავ რომელობით სახესხვაობას ქმნიან. ყოველი კონკრეტული წარმოდგენა რომელობითად უცვლელია. რომელობითი ცვლილება ახალი წარმოდგენის გაჩენას ნიშნავს. სამაგიეროდ, თვისებრივად ერთი და იგივე წარმოდგენა შეიძლება ცვალებადობდეს ხანიერებისა და ძალის მხრივ. ძალა და ინტენსივობა, სუბიექტურად, წარმოდგენის სიმკვეთრე-სიცხოველეში მჟღავნდება.       წარმოდგენები, როგორც დინამიკური ძალები, ერთმანეთთან ურთიერთობენ. ამ ურთიერთობას საკმაოდ ხშირად დაპირისპირების, კონფლიქტის სახე აქვს; ყოველი მათგანი ცდილობს “დაიცვას თავისი თავი” და არ განიდევნოს ცნობიერების ველიდან, რომლის მოცულობა შეზღუდულია. აქ ადგილს მხოლოდ ძლიერი წარმოდგენები იკავებენ. წარმოდგენების ურთიერთზემოქმედების შედეგად იცვლება მათი რაოდენობრივი მხარე - ისინი ერთმანეთს ძალას უკარგავენ. ცნობიერება, ფაქტობრივად, წარმოდგენების ბრძოლის ასპარეზია. ფსიქოლოგიის მთელი მათემატიკური მხარე დაპირისპირებული წარმოდგენების ინტენსიობის გამოთვლაში მდგომარეობს. ასეთმა გამოთვლებმა, ჰერბარტის აზრით, ცნობიერების ზუსტი სურათი უნდა მოგვცეს. მართალია, მან რეალურად ვერ შეძლო ფსიქიკური მოვლენების ინტენსივობის გამოთვლა და მათემატიკის ენაზე გამოხატვა, მაგრამ მნიშვნელოვანი ის არის, რომ ეს საკითხი დღის წესრიგში დააყენა და ამით გზა გაუკაფა ფეხნერს.       ჰერბარტის ფსიქოლოგია ორი ნაწილისაგან შედგება: სულის სტატიკა და სულის დინამიკა. პირველი გულისხმობს წარმოდგენათა ძალის დადგენას წონასწორობის (სიმშვიდის) მდგომარეობაში. მეორე შეისწავლის წარმოდგენების მოძრაობის კანონზომიერებებს ცნობიერებაში. წარმოდგენებს შორის, საზოგადოდ, ორი ტიპის ურთიერთობა არსებობს: წინააღმდეგობრივი და არაწინააღმდეგობრივი. წინააღმდეგობრივი წარმოდგენები აფერხებს და ასუსტებს ერთმანეთს, არაწინააღმდეგობრივი წარმოდგენები კი ერთიანდება და ძლიერდება. ამ შემთხვევაშიც ორი ვითარება გამოიყოფა: ა) როცა წარმოდგენებს შორის წინააღმდეგობა არ არის და, ამავე დროს, ისინი ერთსა და იმავე მოდალობას ეკუთვნიან. მათი გაერთიანების შემთხვევაში ჰერბარტი შერწყმაზე ლაპარაკობს (მაგ., წითლისა და ლურჯის გაერთიანება გვაძლევს იისფერის წარმოდგენას); ბ) როცა არაწინაარმდეგობრივი წარმოდგენები სხვადასხვა მოდალობებს მიეკუთვნება. მათ გაერთიანებას კომპლიკაცია ეწოდება (მაგ., სიყვითლისა და სიმჟავის წარმოდგენები ერთიანდება ლიმონის ხატში). წარმოდგენების კავშირის მოძღვრებით ჰერბარტი, არსებითად, ასოციაციური თეორიის ხაზს განაგრძობს, თუმცა არ იყენებს მის ტერმინებს (მაგ., ტერმინს “სიმულტანური ასოციაცია”). შერწყმისა და კომპლიკაციის ცნებები თავის სისტემაში აქტიურად გამოიყენა ვუნდტმა (იხ. თავი 6.1).       რაც შეეხება წარმოდგენათა შორის წინააღმდეგობრივ, კონფლიქტურ მიმართებას, მას ასოციაციური ფსიქოლოგია, ფაქტობრივად, არ ეხება, ჰერბარტი კი საგანგებოდ და დაწვრილებით აანალიზებს. ამ შემთხვევაში წარმოდგენები არ სპობენ ერთმანეთს. აქ ხდება მხოლოდ წარმოდგენების ძალის, ინტენსივობის ან, რაც იგივეა, სინათლის შემცირება. ამ კონტექსტში ჰერბარტი ავითარებს შეხედულებას ცნობიერების დონეებისა თუ საფეხურების შესახებ და აქტიურად იყენებს არაცნობიერის ცნებას. სინათლის ხარისხის მიხედვით გამოიყოფა: 1) ნათელი ცნობიერება, რომელიც ცხადი და მკაფიო წარმოდგენებისაგან შედგება; 2) ბუნდოვანი ცნობიერება, რომელშიც თავმოყრილია ნაკლებად ნათელი და მკაფიო წარმოდგენები; და 3) არაცნობიერი, რომელიც ბნელი, სხვა წარმოდგენების მიერ განდევნილი, დაუძლურებული წარმოდგენებისაგან არის შევსებული.       ჰერბარტის შეხედულებაში ცნობიერების ხარისხებისა და არაცნობიერის შესახებ, ლაიბნიცის დიდი გავლენა იგრძნობა. წარმოდგენების განაწილება ცნობიერების დონეების მიხედვით არ არის მუდმივი - ერთი და იგივე წარმოდგენა დროის სხვადასხვა მონაკვეთში შეიძლება ცნობიერების განსხვავებულ საფეხურზე იმყოფებოდეს. სულიერი ცხოვრება - ესაა წარმოდგენების გამუდმებული მოძრაობა ცნობიერიდან არაცნობიერისკენ და პირიქით. საზღვრებს ფსიქიკის სხვადასხვა დონეებს შორის ჰერბარტი ზღურბლს უწოდებს. ნათელ ცნობიერებასა და ბუნდოვან ცნობიერებას შორის საზღვარს ნათელი ცნობიერების ზღურბლი ჰქვია, ხოლო ბუნდოვან ცნობიერებასა და არაცნობიერს შორის - ცნობიერების ზღურბლი.       ზღურბლის ცნება შემდგომში ფეხნერმა გამოიყენა. ჰერბარტისა და ფეხნერის ზღურბლის ცნებასა და მისი დადგენის მექანიზმს შორის განსხვავება ისაა, რომ ჰერბარტი ცდილობდა გამოეთვალა, თუ რა ძალის უნდა ყოფილიყო წარმოდგენა, რომ უფრო ძლიერ წარმოდგენასთან ურთიერთობისას ზღურბლს ზევით დარჩენილიყო. ფეხნერი კი ადგენდა მიმართებას ფიზიკურ გამღიზიანებელსა და შეგრძნების ინტენსივობას შორის (იხ. 4.2.). ასეა თუ ისე, ცნობიერება, ჰერბარტის მიხედვით, არის სცენა, ეკრანი, რომელზეც ურთიერთდაპირისპირებული წარმოდგენები ცვლის ერთმანეთის სინათლის ხარისხს, გადაადგილდება ცნობიერების ერთი დონიდან მეორეში ან იძირება ზღურბლს ქვევით. ამასთან, არაცნობიერი წარმოდგენა არაფრით განსხვავდება ცნობიერისაგან გარდა იმისა, რომ მოცემულ მომენტში სუბიექტის მიერ არ აღიქმება. არავითარი სხვა შინაარსობრივი თუ თვისებრივი ნიშნით ის არ განსხვავდება ფენომენოლოგიურად მოცემული წარმოდგენისაგან. არაცნობიერი წარმოდგენა ინარჩუნებს მეტ-ნაკლებ ძალას, ამიტომ, შესაბამის პირობებში, ის შეიძლება დაბრუნდეს ცნობიერების არეში.       ფსიქოლოგიის ისტორიკოსები ხშირად მსჯელობენ იმაზე, მოახდინა თუ არა ჰერბარტმა გავლენა ფროიდზე. ფროიდის არაცნობიერის კონცეფციაში, ისევე როგორც წარმოდგენების განდევნის მექანიზმებში, შეხედულებაში კომპლექსებზე (წარმოდგენათა გაერთიანებებზე), რომლებიც არ ცნობიერდებიან, მაგრამ მაინც მოქმედებენ ცნობიერების პროცესებზე (სათანადო პირობებში კი შეიძლება გაცნობიერდნენ კიდეც), მართლაც შეიმჩნევა ერთგვარი მსგავსება ჰერბარტის მოსაზრებებთან წარმოდგენათა დინამიკის შესახებ. ეჭვს გარეშეა, რომ ფროიდი მათ კარგად იცნობდა.       ჰერბარტის მიხედვით, როგორც ზემოთ აღინიშნა, სათანადო პირობების არსებობისას არაცნობიერმა (ან სულაც ახალმა) წარმოდგენამ შეიძლება გადალახოს ცნობიერების ზღურბლი და შევიდეს ცნობიერების არეში. რა პირობები იგულისმება აქ? პირველ ყოვლისა, ეს არის წარმოდგენის ძალა, შემდეგია წინააღმდეგობის უქონლობა ან მისი სიმცირე. ყოველი წარმოდგენა უნდა შეესაბამებოდეს ცნობიერების ერთიანობას. ვითარება ისეთია, თითქოს ცნობიერი წარმოდგენები არაცნობიერში სპეციალურად არჩევენ ისეთ წარმოდგენას, რომელიც მათ შეესატყვისება. ახალი წარმოდგენა ცნობიერებაში ვერ გაჩნდება და იქ ადგილს ვერ დაიმკვიდრებს, თუ ის ძველ წარმოდგენებს არ დაუკავშირდა, მათთან საერთო არ მონახა. ლაიბნიცის მიერ შემოტანილ ტერმინს “აპერცეფცია” ჰერბარტი სწორედ ამ მნიშვნელობით იყენებს. ლაიბნიცთან ხდება ყოველი იდეის აპერცეფცია, რომელიც ცნობიერებაში შემოდის. აპერცეფცია, არსებითად, გაცნობიერებასთან არის გაიგივებული. ჰერბარტთან ამ ცნების შინაარსი მეტს გულისხმობს, ვინაიდან ვერცერთი ცნობიერი წარმოდგენა ვერ აღმოცენდება ისე, თუ გარკვეული ადგილი არ დაიკავა ცნობიერებაში ამჟამად მოცემული წარმოდგენების მთლიანობაში. მაშასადამე, აპერცეფცია მხოლოდ წარმოდგენის გაცნობიერება არ არის, იგი მისი ასიმილაციაა ცნობიერების წარმოდგენათა მთლიანობის (გამოცდილების) მიერ. წარსულ შთაბეჭდილებათა ამ მთლიანობას ჰერბარტი მააპერცირებელ მასას უწოდებს, ხოლო ახალი წარმოდგენების წარსულ გამოცდილებასთან შეერთების პროცესს - აპერცეფციას.       ფსიქოლოგიის ისტორიაში მიჩნეულია, რომ ჰერბარტის მოძღვრება აპერცეფციაზე უფრო პროგრესულია, ვიდრე ლაიბნიცისა და კანტის შეხედულებები. ყოველ შემთხვევაში, აპერცეფციის ცნებას ჰერბარტთან ემპირიული შინაარსი აქვს. ლაიბნიცთან აპერცეფცია მოკლებულია ემპირიულ გარკვეულობას. ესაა სულის რაღაც ძალა, რომელიც უერთდება პერცეფციას და რეფლექსიის დონეზე აჰყავს იგი. კანტის ტრანსცენდენტური აპერცეფცია გულისხმობს გრძნობადი გამოცდილების გაერთიანებას, პირველსინთეზს; ესაა “წმინდა ცნობიერება”, რომელიც ახლავს ჩვენს ყველა განცდას და აზრს აძლევს “ემპირიული ცნობიერების” ცვალებად მონაცემებს. კანტის აპერცეფცია ცნობიერების აპრიორულ ფორმებში რეალიზდება, ის გამოცდილებამდე არსებობს და განსაზღვრავს მას. ჰერბარტის “მააპერცირებელი მასა” კი ემპირიულად არის გამოცდილებაში შესული და ცნობიერების ჩვეულებრივი წარმოდგენებისაგან შედგება.       “მააპერცირებელი მასა” შეიძლება მიზანდასახულად იქნეს ფორმირებული პედაგოგიურ პროცესში. ცოდნის შეძენის პროცესი რეგულაციას ექვემდებარება, თუ ვიცით ის ფსიქოლოგიური კანონზომიერებები, რომელებიც მას განსაზღვრავენ. მოძღვრება წარმოდგენათა შეერთებაზე, აპერცეფციაზე, ჰერბარტმა გამოიყენა თავის პედაგოგიურ სისტემაში და პედაგოგიკის გამოჩენილი თეორეტიკოსის სახელიც მოიპოვა. პედაგოგიკის ისტორიაში იგი შევიდა, როგორც სწავლებისა და აღზრდის შესახებ პირველი მეცნიერული სისტემის შემქმნელი, როგორც გზის გამკვალავი იმ საქმიანობისა, რომლის შედეგიც სულიერი ცხოვრების კანონზომიერებებთან სწავლების პროცესის შესაბამისობაში მოყვანა იყო.       ჰერბარტმა მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა მეცნიერული ფსიქოლოგიის ფორმირებაზე. ფსიქოლოგიაში მათემატიკის გამოყენების, ფსიქიკური მოვლენების გაზომვის, ზღურბლის იდეების გარეშე ვერ გაჩნდებოდა ფსიქოფიზიკა, რომლის როლის გადაჭარბებული შეფასება ექსპერიმენტული ფსიქოლოგიის დამკვიდრებაში ძნელია. ბევრი სასარგებლო აიღო ჰერბარტისაგან მეცნიერული ფსიქოლოგიის პატრიარქმა ვუნდტმა (შერწყმა, კომპლიკაცია, აპერცეფცია). გვერდს ვერ ავუვლით ჰერბარტის მოსაზრებათა გავლენას ფსიქოანალიზის ჩამოყალიბებაზეც (ცნობიერებისა და არაცნობიერის დინამიკური ურთიერთობა).       ჰერბარტმა დატოვა ძლიერი სამეცნიერო სკოლა. მის მოწაფეთა და მიმდევართა შორის გამორჩეული ფიგურა იყო ლოგიკოსი, მათემატიკოსი, ფილოსოფოსი და ფსიქოლოგი მ. დრობიში (1802-1896). მან ბევრი რამ გააკეთა ჰერბარტის ფსიქოლოგიური იდეების პოპულარიზაციისთვის. სწორედ დრობიშმა მიიწვია ვუნდტი ლაიფციგში, სადაც ამ უკანასაკნელმა პირველი ფსიქოლოგიური ლაბორატორია დააარსა. ტ. ვაიტცი (1821-1864), მ. ლაცარუსი (1824-1903) და გ. შტაინტალი (1823-1899) თავიანთ მდიდარ მეცნიერულ შემოქმედებაში უფრო ეთნოგრაფიული ინტერესებით ხელმძღვანელობდნენ და ეთნოფსიქოლოგიის ფუძემდებლებად ითვლებიან. ვუნტმა თავის “ხალხთა ფსიქოლოგიაში” განაგრძო კვლევის ეს ხაზი. ვ. ფოლკმანი ცნობილია ფსიქოლოგიის სახელმძღვანელოთი (1856), რომელიც გერმანიაში ვუნდტის “ფიზიოლოგიური ფსიქოლოგიის” გამოქვეყნებამდე საუკეთესოდ იყო აღიარებული.       ჰერბარტის მოწაფეთა თაობას ეკუთვნის გერმანული ემპირიული ფსიქოლოგიის თვალსაჩინო წარმომადგენელი რუდოლფ ჰერმან ლოტცე (18171881). მისი გავლენა ფსიქოლოგიაზე გაცილებით ნაკლებია, ვიდრე ჰერბარტისა, მაგრამ რამდენიმე მომენტი უთუოდ უნდა გამოიყოს. 1852 წელს გამოიცა მისი თხზულება “სამედიცინი ფსიქოლოგია”, რომელმაც ხელი შეუწყო ფსიქოლოგიის გამდიდრებას ფიზიოლოგიური ცოდნით. წიგნის სათაური კარგად გამოხატავს მის შინაარსს - ესაა “ფიზიოლოგიური ფსიქოლოგია” (ეს ტერმინი სწორედ ლოტცემ შემოიტანა), რომელიც მოიცავს სულისა და სხეულის ფრენოლოგიას, შეგრძნებათა ფსიქოფიზიოლოგიას, მათ შორის ვებერიდან მომდინარე საკითხს გამღიზიანებლისა და შეგრძნების ძალის პროპორციულობის შესახებ, ასევე სამედიცინო ფსიქოლოგიას: ცნობიერების მდგომარეობანი, სულიერი ცხოვრების განვითარების პირობები და სულიერი ცხოვრების დარღვევები. წიგნში მოცემულია დიდძალი ფაქტობრივი მასალა და იგი უფრო სახელმძღვანელოა, ვიდრე ორიგინალური კვლევა. მასში ყველაზე საყურადღებოა თავის დროზე საკმაოდ გახმაურებული კონცეფცია სივრცის აღქმისა, ე.წ. ადგილობრივი ანუ ლოკალური ნიშნის თეორია.       ლოტცეს აზრით, შეგრძნებებს აქვს მხოლოდ ინტენსივობა და რომელობა. ვრცეულობა არ არის შეგრძნების პირველადი ნიშანი, ის შეძენილი თვისებაა. ჩვენ იმთავითვე უშუალოდ ვერ აღვიქვამთ სივრცეს (ეს უდავოდ ემპირისტული პოზიციაა). შეხება და მხედველობა ის შეგრძნებებია, რომლებიც გარკვეული მექანიზმის მეშვეობით აყალიბებენ სივრცის აღქმას. მეორე მხრივ, იმისთვის, რომ ეს მექანიზმი ამოქმედდეს და ჩვენმა სულმა სივრცე იმაში შეიგრძნოს, რაშიც თავისთავად სივრცე არ არის (იგულისხმება მხედველობისა და შეხების მასალა), უნდა დავუშვათ სულის თანდაყოლილი უნარის არსებობა - ვრცეულად განალაგოს თავისი პირველადი შინაარსები. ამ პირობის წამოყენებით კონცეფცია ერთგვარ ნატივისტურ ჟღერადობასაც იძენს.       საკუთრივ სივრცის აღქმის მექანიზმი კი დამყარებულია გარკვეულ სხეულებრივ ფაქტორებზე, რომლებიც, თანამედროვე ფიზიოლოგიის თვალსაზრისით, არაა უნივერსალური. კერძოდ, ლოტცე მიიჩნევს, რომ ბადურისა და კანის ყოველი წერტილი საკმაოდ განსხვავდება მეორე წერტილისაგან და ყველა მათგანი სპეციფიკურად შეიგრძნობს ერთი და იგივე გამღიზიანებელს. ეს განსხვავება ძირითადად შეგრძნების ინტენსივობის ხარისხში გამოიხატება და “ლოკალური ნიშანი” ეწოდება. მაგალითად, კანი ზოგან მკვრივია, ზოგან - რბილი, ზოგ ადგილას კანქვეშ ვენებია, ხოლო ზოგან კუნთები, სახსრები ან მყესები. ყოველივე ამის შესაბამისად შეხების სახეობა განსხვავებულია. აქ თავისთავად ვრცეულობა კი არ არის მოცემული, არამედ შეგრძნებათა ინტენსივობის სხვადასხვაობა. იმისთვის, რომ ამ მასალიდან სივრცის ცნობიერება შეიქმნას, საჭიროა კიდევ ერთი რამ - მოძრაობა. მოძრავი გამღიზიანებელი სხეულის სხვადასხვა ადგილზე მოქმედებს, რის გამოც ლოკალური ნიშანი ცვალებადობს - ერთს მეორე, მეზობელი ადგილის ნიშანი ცვლის. თუ ჩვენ საკმაო რაოდენობის ლოკალური ნიშანი მოგვეპოვება და ყველა მეზობელ ნიშანს ვიცნობთ, მაშინ ჩვენ შეგვიძლია გარკვეულად გავითვალისწინოთ უწყვეტი სივრცე. ყველა ლოკალური ნიშნის ურთიერთმიმართებაში მოყვანის გზით სული ქმნის ფსიქოლოგიურ სივრცეს. სულის ამ ტენდენციით (ვრცეულად განალაგოს თავისი შინაარსები) აიხსნება ის, რომ შეგრძნებებით მიღებული შთაბეჭდილებები სივრცული თვისების მატარებელი ხდება.       გერმანული ემპირიული ფსიქოლოგიის მოკლე დახასიათების შემდეგ გადავინაცვლოთ ბრიტანეთში და განვიხილოთ, თუ როგორ ვითარდებოდა იქ ასოციაციური ფსიქოლოგია XIX საუკუნეში. ჩვენ უკვე ვიცით, რომ ბრიტანული ასოციაციონიზმი XVII საუკუნეში დაიწყო ჰობსიდან და ლოკიდან. XVIII საუკუნეში ის ბერკლიმ და ჰიუმმა განავითარეს, ხოლო ჰერტლიმ მას ჩამოყალიბებული სახე მისცა. XIX საუკუნის ასოციაციონიზმი განაგრძობს განვითარებას და კიდევ ორ ეტაპს გაივლის. პირველ ეტაპზე ბრაუნისა და, განსაკუთრებით, ჯ. მილის შემოქმედებაში ასოციაციური მოძღვრება კლასიკურ და დასრულებულ ფორმას იღებს. მეორე ეტაპზე, ძირითადად ჯ.ს. მილის, ბეინისა და სპენსერის ნაშრომებში, ხდება კლასიკური ასოციაციური ფსიქოლოგიის მთელი რიგი დებულებების გადასინჯვა, რაც, არსებითად, ამ მიმართულების კრიზისის გამოხატულებად უნდა ჩაითვალოს. პირველი ეტაპი, როგორც ითქვა, ბრაუნით და ჯ. მილით არის წარმოდგენილი. ეს მეცნიერები ძირითადად XIX საუკუნის პირველ ნახევარში მოღვაწეობდნენ.       თომას ბრაუნი (1778-1820) ედინბურგის უნივერსიტეტის ფილოსოფიის პროფესორი, ერთი შეხედვით, არც უნდა ჩაითვალოს ორთოდოქსულ ასოციაციონისტად. იგი ედავება ჰერტლის ასოციაციონიზმს და იქამდეც მიდის, რომ ტერმინს “ასოციაცია” ცვლის ტერმინით სუგესტია. ამ ეტაპის ასოციაციონიზმისთვის, საზოგადოდ, დამახასიათებელია უარის თქმა ფსიქიკურ მოვლენათა კავშირების ფიზიოლოგიური საფუძვლების ძიებაზე. ასოციაციის მექანიზმი იმანენტურ-ფსიქიკურ თვისებად არის მიჩნეული. ჰერტლის ფიზიოლოგიურ-მატერიალისტურმა ასოციაციონიზმმა გარკვეული ევრისტიული როლი ითამაშა, მაგრამ ბრაუნის მოღვაწეობის პერიოდისთვის უკვე ცხადი გახდა მისი ფიზიოლოგიის არარეალურობა (მაგ., ნერვებში მიმდინარე - ვიბრაციები).       ბრაუნი საერთოდ მიჯნავს ფსიქიკურ მოვლენებს ტვინისაგან და მიზნად ისახავს შეისწავლოს მათი შინაგანი კანონზომიერებანი, რომელთა შემეცნება მხოლოდ თვითდაკვირვებას შეუძლია. ისინი, ბრაუნის აზრით, ბევრად უფრო რთულია, ვიდრე ჰერტლის წარმოედგინა. ჰერტლის ასოციაციები, საბოლოოდ, მატერიალურ პროცესებზე დაყავს. მისთვის მთავარია მეზობლობის ფაქტორი. ერთი მატერიალური პროცესი გადადის მეორეში მათი სივრცითი თანხვედრის გამო. ასევე ასოცირდება შესატყვისი იდეებიც. მაგრამ, ბრაუნის რწმენით, სულიერი პროცესების დინამიკა, მათი დაკავშირება და ამ კავშირების გამოვლენა მხოლოდ მეზობლობით, ანუ მექანიკურად ვერ აიხსნება. სულიერი პროცესებისთვის დამახასიათებელი აზრობრივი კავშირები, ან კავშირები კონტრასტის და მსგავსების გამო, ვერ დაიყვანება სივრცით მეზობლობაზე.       მეთვრამეტე საუკუნის ბრიტანული ასოციაციონიზმი (განსაკუთრებით კი ჰერტლი) გატაცებული იყო ნიუტონის მექანიკით და ცდილობდა მისი კანონები ფსიქოლოგიაზე გაევრცელებინა. ამით ფსიქოლოგია ფიზიკისთვის დამახასიათებელ წინასწარმეტყველების მაღალ უნარს შეიძენდა. თავის ძირითად თხზულებაში “ლექციები ადამიანის გონების ფილოსოფიის შესახებ” (1820), ბრაუნი ამტკიცებს, რომ შემოქმედების პროცესი პოეზიასა (იგი საკმაოდ თვალსაჩინო პოეტიც იყო) და მეცნიერებაში სხვაგვარ ახსნით პრინციპს საჭიროებს. დასახელებულ წიგნში ასეთი მეტყველი პასაჟიცაა: ნიუტონის ფიზიკაზე დაყრდნობილი კლასიკური ასოციაციური ფსიქოლოგია ვერ ახსნის თვით ნიუტონის ინტელექტუალურ მოქმედებას, რომელმაც ეს ფიზიკა შექმნა. ნიუტონის აზრის მსვლელობა ვაშლის მიწაზე დაცემის აღქმიდან სამყაროს აგებულების ძირეულ პრინციპებამდე ასოციაციით კი არა, სუგესტიით უნდა აიხსნას. წარმოდგენები მექანიკურად კი არ დაუკავშირდნენ ერთმანეთს, არამედ ერთმა წარმოდგენამ სუგესტიის, შთაგონების გზით აღმოაცენა მეორე.       ასოციაცია-სუგესტიებისთვის პირველადი კანონებია მეზობლობა, მსგავსება და კონტრასტი. ცნობიერების მოვლენების ურთიერთდაკავშირება უპირატესად ამ კანონების მოქმედებით აიხსნება. მაგრამ მხოლოდ ისინი არაა საკმარისი იმის გასაგებად, თუ რატომ წარმოიქმნება ცნობიერებაში ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სწორედ ეს აზრი, წარმოდგენა ან სურვილი. ამის დასადგენად, ბრაუნის აზრით, ასოციაციის (სუგესტიის) პირველად კანონებს უნდა დაემატოს მეორადი კანონები (ფაქტორები): ძალა, სიხშირე, სიახლოვე, ხანგრძლიობა, სიახლე, ინდივიდის კონსტიტუციური თვისებები, ბუნებრივი უნარები, ჯანმრთელობის მდგომარეობა და ა.შ.       როგორც ვხედავთ, ბრაუნი თითქოს აკრიტიკებს კლასიკურ ასოციაციურ შეხედულებას და ახალ ტერმინსაც კი ხმარობს, მაგრამ ამ ტერმინში ფსიქიკური მოვლენების დაკავშირების რაიმე ახალი მექანიზმი არ იგულისხმება. ბრაუნი, ფაქტობრივად, ავითარებს ასოციაციონიზმს, ავსებს მას პირველადი და მეორადი კანონებით, ანუ დამატებითი ფაქტორებით.       ჯეიმს მილი (1773-1836) ისტორიკოსი და ეკონომისტი იყო, მაგრამ ფსიქოლოგიის საკითხებზეც მუშაობდა. ამის გამოხატულებაა წიგნი “ადამიანის სულიერ მოვლენათა ანალიზი”. ის 1829 წელს გამოიცა და, ჰერტლის წიგნის შემდეგ, უმნიშვნელოვანეს ასოციაციონისტურ ნაშრომად ითვლება. მასში გადმოცემული სისტემა მიჩნეულია ასოციაციონიზმის, როგორც სულიერ მოვლენათა მექანიკური შეერთების პრინციპის, ყველაზე პირდაპირ და უკომპრომისო რეალიზაციად.       ჯ. მილი თვლიდა, რომ “ელემენტების მკაფიო ცოდნა სრულიად აუცილებელია, რათა შევიქმნათ ნათელი წარმოდგენა მთელზე, რომელიც მათგან შედგება”. ჰიუმისა და ჰერტლის მსგავსად, მასაც მიაჩნია, რომ ფსიქიკური ელემენტების ძირითად კლასებს შეგრძნებები და იდეები შეადგენს. ამასთან, იგი ერთ-ერთი პირველთაგანი იყო, ვინც შეეცადა ნათლად განესხვავებინა შეგრძნება და აღქმა (ამ საქმეში პრიორიტეტი ალბათ მაინც რიდს ეკუთვნის). აღქმა შეგრძნებათა ერთობლიობაა. ფსიქოლოგიამ უკვე კარგა ხანია დაძლია აღმისადმი ასეთი ელემენტარისტული მიდგომა, მაგრამ ჯ. მილი, იმ დროის ინტელექტუალური სულისკვეთების შესაბამისად, ელემენტარისტულად და მექანიცისტურად აზროვნებდა. ამიტომ აღქმათა მრავალფეროვნების ასახსნელად იგი შეეცადა გაეფართოებინა აღქმის ელემენტების, ანუ შეგრძნებების არისტოტელესეული სია. ეს ტენდენცია უკვე ბრაუნთან გამოიკვეთა, რომელმაც ტრადიციულ ხუთ შეგრძნებას ე.წ. კუნთური შეგრძნება დაუმატა. ჯ. მილი უფრო შორს წავიდა და რვა შეგრძნება გამოყო. ხსენებულ კუნთურ შეგრძნებასთან ერთად იგი განიხილავს სხეულის რომელიმე ნაწილის აშლილობის შეგრძნებას (მაგ., ქავილი, ღიტინი და ა.შ) და საყლაპავი არხის შეგრძნებას, რომელიც დღეს ორგანული შეგრძნებების კლასშია მოთავსებული. ჯ. მილი, როგორც ემპირისტი, შეგრძნებათა პრიორიტეტს ქადაგებს, ხოლო როგორც ასოციაციონისტი, ცდილობს მონახოს რაც შეიძლება მეტი ელემენტი, რომელთა დაკავშირება გასაგებს გახდის აღქმებისა და რთული იდეების მრავალფეროვნებას. ამაში მდგომარეობს ასოციაციური ფსიქოლოგიის სენსუალიზმი და ატომიზმი.       ჰიუმისაგან განსხვავებით ჯ. მილი არ თვლის, რომ მარტივი იდეები შეგრძნებებზე უფრო მკრთალი წარმოდგენებია. იდეა შეგრძნების ასლია, მაგრამ სინათლის ხარისხით ზოგჯერ შეიძლება აღემატებოდეს კიდეც მას. არსებითი განსხვავება მათ შორის ისაა, რომ არავითარი იდეა არ წარმოიქმნება, თუ გამოცდილებაში წინასწარ არ არსებობდა მისი შესატყვისი შეგრძნება. ამიტომ, შეგრძნებათა სახეების შესაბამისად, არსებობს რვა - მარტივი იდეა.       ცნობიერება ასოციაციური ბუნებისაა. ადამიანში განუწყვეტლივ წარმოიქმნება შეგრძნებები, ისინი “აღვიძებენ” მათ შესატყვის იდეებს, რომლებიც, თავის მხრივ, იწვევენ მათთან დაკავშირებულ სხვა იდეებს და ა.შ. მილი შემდეგნაირად აღწერს ამ ვითარებას: “მე ვხედავ ცხენს - ეს შეგრძნებაა, და ამავე წუთს მე ვფიქრობ მისი პატრონის შესახებ - ეს იდეაა. ცხენის პატრონის იდეა ამ უკანასკნელის თანამდებობაზე მაფიქრებინებს. იგი მინისტრია - ეს უკვე მეორე იდეაა. მინისტრის იდეა მაფიქრებინებს საზოგადოებრივ საქმეებზე და მე პოლიტიკურ იდეათა მდინარებას მივყვები. ამ დროს სასადილოდ მეძახიან - ეს უკვე ახალი შეგრძნებაა...”. ამრიგად, მთელი ჩვენი ცნობიერება სხვა არაფერია, თუ არა ურთიერთდაკავშირებული შეგრძნებებისა და იდეების წყება. თანაც, ასოციაციური კავშირის შექმნაც და ცნობიერებაში მისი რეალიზაციაც ავტომატურად, სუბიექტის ჩაურევლად ხდება. გონება, არსებითად, მანქანაა, ის მექანიზმივით მოქმედებს. ამიტომ ჯ. მილის ფსიქოლოგიურ სისტემას სულის მექანიკა ეწოდება.       ჯ. მილი აშკარად უარყოფს ჰიუმის ასოციაციის სამ კანონს (ფაქტორს) და ამაში სრულიად გარკვეული ლოგიკა ჩანს. ჯერ ერთი, მიზეზშედეგობრიობის კანონი თვით ჰიუმმა ახსნა თანხვედრის სიხშირით, ანუ, არსებითად, მეზობლობაზე დაიყვანა. ხოლო მსგავსების კანონი, მილის აზრით, მოქმედებს მხოლოდ მაშინ, თუ მსგავსი იდეები ხშირადაა ერთად მოცემული. მაშასადამე, მსგავსების კანონის რეალური საფუძველიც იდეათა მეზობლობა ყოფილა. ასე მოხდა მილის ორთოდოქსულ ასოციაციონისტურ სისტემაში არისტოტელეს ასოციაციის ოთხი კანონის დაყვანა ერთზე - სივრცეში მეზობლობაზე (დროში მეზობლობა უკვე მანამდე იყო ჩათვლილი სივრცეში მეზობლობის კერძო გამოვლინებად).       ჯ. მილის მიხედვით, ასოციაციური კავშირის ორი სახე არსებობს: სიმულტანური და სუქცესიური. პირველი უფრო აღქმისთვის არის დამახასიათებელი, მეორე - მეტყველებისა და მსჯელობის, ანუ აზროვნებისთვის. მიუხედავად იმისა, რომ ფსიქიკურ მოვლენათა ერთდროული (სიმულტანური) დაკავშირების პრინციპი თავისთავად ახალი არ იყო (გავიხსენოთ თუნდაც ჰერტლი ან ბრაუნი), ჯ. მილთან მან ახალი ჟღერადობა შეიძინა. სწორედ მან დააყენა საკითხი იმის შესახებ, თუ როგორ ერთიანდება ასოციაციურად ერთ მთლიანში სხვადასხვა ფსიქიკური შინაარსები (იდეები). როდესაც ამაზე მსჯელობს, ჯ. მილი, პირველ ყოვლისა, შეგრძნებათა მასალას აანალიზებს: მაგალითად, ყველა სპექტრალური ფერის ერთმანეთთან შერწყმის შედეგად თეთრი ფერი მიიღება. ამ შემთხვევაში, ფაქტობრივად, სხვადასხვა შეგრძნებებიდან ახალი შეგრძნება წარმოიქმნება. რაკი მარტივი იდეები შეგრძნებებს იმეორებენ, ლოგიკურადაც და რეალურადაც იდეების სფეროში ასეთივე კანონზომიერება უნდა მოქმედებდეს. ჯ. მილის თანახმად, ეს ასეც არის. ნებისმიერი ობიექტისა თუ მოვლენის იდეა უფრო მარტივი იდეების გაერთიანებით (შერწყმით) წარმოიქმნება. მაგალითად, ქვის იდეა ფერის, ფორმის, სიმძიმისა და ა.შ მჭიდრო შეკავშირების შედეგია. თავად სიმძიმის იდეაც მარტივი გვეჩვენება, თუმცა ის თავის თავში შეიცავს წინააღმდეგობის იდეას (რომელიც, თავის მხრივ, შეიცავს კუნთურ იდეას) და მიმართულების იდეას (რომელიც, სულ მცირე, სამი იდეის - განვითარების, ადგილისა და მოძრაობის იდეების შერწყმის შედეგია). მაგრამ, თუ ეს ითქმის ქვისა და სიმძიმის ერთი შეხედვით მარტივი იდეების მიმართ, რატომ არ შეიძლება უფრო შორს წავიდეთ და იგივე ვთქვათ უფრო რთული იდეების მიმართ? ჯ. მილი ასეც იქცევა და, საბოლოოდ, აბსურდამდე მიდის. მაგალითისთვის მისი შემდეგი მსჯელობა გამოდგება: “ერთი რთული იდეა არის აგური, ქვითკირი არის მეორე რთული იდეა. ეს იდეები მდებარეობისა და რაოდენობის იდეებთან ერთად ქმნიან კედლის იდეას. ჩემი იდეა კედლისა, არის რთული იდეა. რთულია ფიცრის იდეა, ძელის იდეა, ლურსმნის იდეა. ეს იდეები, იმავე მდებარეობისა და რაოდენობის იდეებთან შეერთებისას, შეადგენენ იატაკის უფრო რთულ იდეას. ამგვარადვე, მინის, ხისა და სხვა რთული იდეები შეადგენენ ფანჯრის უფრო რთულ იდეას. ეს უფრო რთული იდეები ერთიანდება და იქმნება სახლის იდეა, რომელიც სხვადასხვა რთული იდეების მიერ არის შედგენილი. რამდენი რთული თუ მეორადი იდეაა გაერთიანებული ავეჯის იდეაში? რამდენად მეტია იმ იდეაში, რომელსაც “ყველაფერს” ვუწოდებთ?”.       ამ კითხვებზე პასუხი არ არსებობს, ვინაიდან ისინი აბსურდულია. აქამდე შეიძლება მივიდეს თეორიული ფსიქოლოგია, რომელიც ფაქტობრივ მონაცემებს, რეალურ დაკვირვებას ნაკლებად ემყარება. თუ ემპირიული ფსიქოლოგია კვლევის სათანადო მეთოდური აპარატით არ იქნება აღჭურვილი, ის შეიძლება უაზრობის წყარო გახდეს. მართლაც, მხოლოდ ლოგიკის საშუალებით ვერ დაასაბუთებ იმას, რომ ვთქვათ “სამყაროს” ან “ყველაფრის” იდეა არ შეიცავს ყველა არსებული საგნისა თუ მოვლენის ასოციაციურ კავშირს. მაგრამ რა ემპირიული საფუძველი არსებობს იმის მტკიცებისთვის, რომ ცნობიერებას ზოგადად ან, მით უფრო, მის ერთ-ერთ მოვლენას - იდეას, შეუძლია განუსაზღვრელი რაოდენობის შინაარსი დაიტიოს? ჯ. მილმა პრინციპული მნიშვნელობის საკითხი დასვა, მაგრამ მისი გადაწყვეტა ვერ შეძლო. მისი შვილის, ჯ.ს. მილის შემოქმედებაში ეს საკითხი უფრო მაღალ დონეზეა გააზრებული.       ჯონ სტიუარტ მილს (1803-1873) არასოდეს უსწავლია სკოლაში ან უნივერსიტეტში. მიუხედავად ამისა, იგი უთუოდ იყო თავისი ეპოქის ერთ-ერთი უდიდესი სწავლული. ჯ.ს. მილის ერთადერთი მასწავლებელი მამამისი იყო, რომელიც ადრეული ასაკიდანვე მკაცრად ხელმძღვანელობდა შვილის განათლების პროცესს. ჯ.ს. მილის ადრეული განვითარების ამბავი საყოველთაოდ არის ცნობილი. სამი წლიდან ბერძნულის `შესწავლა დააწყებინეს, შვიდი წლისთვის წაკითხული ჰქონდა ეზოპეს იგავები, ჰეროდოტე, პლუტარქე, ზოგი რამ პლატონიდან, აგრეთვე “რობინზონი”, “დონ-კიხოტი”, “1001 ღამე” და ბევრი სხვა. პარალელურად ითვისებდა მათემატიკას, გეოგრაფიას, პოლიტეკონომიას, ლათინურს და სხვა ენებს. თორმეტი წლისთვის იგი განათლებით ყველა თანატოლს აღემატებოდა. თვითონ ამის შესახებ არაფერი იცოდა, ვინაიდან მოკლებული იყო ბავშვებთან ურთიერთობას, თამაშის შესაძლებლობას და ყველაფერს, რასაც ნორმალური ბავშვობა ჰქვია. მკაცრი პედაგოგიური ექსპერიმენტის მონაწილე მამა-შვილს შორის არ სუფევდა გულითადი დამოკიდებულება. მიუხედავად ამისა, ჯ.ს. მილი ეთაყვანებოდა მამას და ერიდებოდა მისთვის წინააღმდეგობის გაწევას. ეს იმაშიც გამოიხატა, რომ თავისი კარგა ხნის დასრულებული წიგნი “ლოგიკის სისტემა”, რომელშიც უფროსი მილისაგან განსხვავებული მოსაზრებებია გამოთქმული, მან მხოლოდ მამის გარდაცვალებიდან შვიდი წლის შემდეგ გამოაქვეყნა. ჯ.ს. მილი ოცდახუთ წელს მსახურობდა ოსტინდურ კომპანიაში, სადაც, არსებითად, დიპლომატიური საქმიანობით იყო დაკავებული, ასევე ჩართული იყო პოლიტიკაშიც, როგორც პარლამენტის თემთა პალატის წევრი.       ჯ.ს. მილი XIX საუკუნის ბრიტანელი ასოციაციონისტების მეორე თაობას ეკუთვნის. მისი ფსიქოლოგიური მოძღვრება გადმოცემულია უკვე ნახსენებ ტრაქტატში ლოგიკის სისტემის შესახებ, რომელმაც ავტორს მთელ ევროპაში გაუთქვა სახელი, როგორც გამოჩენილ ფილოსოფოსსა და ლოგიკოსს. წიგნი კლასიკური გახდა უპირატესად იმიტომ, რომ მასში წინ არის წამოწეული და დამუშავებული მეცნიერული კვლევის მეთოდოლოგიის საკითხები პოზიტივიზმისა და ინდუქციური ლოგიკის პოზიციებიდან. ამასთან, ჯ.ს. მილი არ შეიზღუდა ლოგიკის, როგორც ფორმალური დისციპლინის განხილვით და დასვა საკითხი იმის შესახებ, თუ როგორ რეალიზდება ლოგიკური კანონები ინდივიდის სუბიექტურ სამყაროში. მისი ლოგიკა ფსიქოლოგისტურია. საზოგადოდ, ჯ.ს. მილი ფსიქოლოგიზმისკენ იხრება - ეკონომიკა, მორალი, პოლიტიკა, სამართალი, პედაგოგიკა და ა.შ. განიხილება ფსიქოლოგიური კანონების მოქმედების გამოვლინებად. პირველ რიგში ეს ითქმის ლოგიკაზე, როგორც მეცნიერებაზე “აზროვნების ტექნიკის” შესახებ. ამ სფეროს შემეცნება გვერდს ვერ აუვლის იმ საკითხს, თუ როგორ ვლინდება ცნება, მსჯელობა თუ დასკვნა ცოცხალი აზროვნების პროცესში, რა ფსიქოლოგიური კანონზომიერება უდევს ამ პროცესს საფუძვლად. რაკი აზროვნებისა და სხვა ფსიქიკური მოქმედების მთავარი კანონი ასოციაციაა, ჯ.ს. მილიც, ბუნებრივია, ასოციაციის პრინციპის დამუშავებას ჰკიდებს ხელს.       უნდა ითქვას, რომ თავისთავად ფსიქოლოგიზმში ორიგინალური არაფერია, თუმცა, ჯ.ს. მილის მოსაზრებები ფსიქოლოგიზმის მკაფიო გამოვლინების ერთ-ერთი პირველი პრეცენდენტია. სამაგიეროდ, ასოციაციის მექანიზმის დამუშავებაში ამ მკვლევარმა არსებითი სიახლე შეიტანა. ფსიქიკურ მოვლენებს, ემპირიული ფსიქოლოგიის თანახმად, შეგრძნებები და იდეები შეადგენს. მათი კავშირის ბუნება უმცროს მილთან ფიზიკის მოდელის მიხედვით კი არ არის გააზრებული, როგორც უფროს მილითან (რომელიც “მენტალურ ფიზიკაზე” ან “სულის მექანიკაზე” ლაპარაკობდა), არამედ ქიმიის მოდელის შესაბამისად. აქედან მოდის მისი სისტემის სახელწოდება: სულის ან მენტალური ქიმია. სულის ქიმიის მომენტები ბრაუნთანაც გვხვდება, მაგრამ ჯ.ს. მილთან ის ჩამოყალიბებულ სახეს იღებს. სულიერი ელემენტების გაერთიანების წესი ისეთივეა, როგორიც ქიმიური ელემენტებისა. ქიმიური რეაქციის შედეგად სრულიად ახალი ნივთიერება მიიღება. ასეთივე ვითარებაა ფსიქიკაშიც. ჰერბარტისა და ჯ. მილის მიერ აღწერილ ფსიქიკური ელემენტების შერწყმის მოვლენას, თანმიმდევრული და სწორი გააზრების შემთხვევაში, სულის ქიმიამდე მივყავართ. აქ ჯ.ს. მილმა დაძლია ის სირთულე, რომლის წინაშე მამამისი აღმოჩნდა ამ ფენომენის ანალიზისას. როგორც ითქვა, ამ უკანასკნელმა დაუშვა უსასრულოდ რთული შენაერთების არსებობა, რომლებიც მოიცავენ თეორიულად დასაშვებ ყველა შესაძლო ელემენტს. აქედან გამომდინარე, დაისვა კითხვა “სამყაროს” ან “ყველფრის” იდეების შემადგენლობის სირთულის შესახებ, რომელიც უპასუხოდ დარჩა.       ჯ.ს. მილმა საბოლოოდ უარი თქვა ამ რთული იდეების შემადგენელი უთვალავი იდეის ძიებაზე. მან მართებულად მიიჩნია, რომ ისინი არც მოიაზრებიან რთული იდეის შემადგენლობაში. სამყაროს იდეა, ყველა სხვა ფსიქიკური შენაერთის (რთული იდეის) მსგავსად, თავისთავადი, ახალი ფსიქიკური ფაქტია და არა ნაწილების მექანიკური ჯამი. აქ ვითარება ისეთივეა, როგორც, მაგალითად, წყლის შემთხვევაში, რომელიც არც წყალბადია, არც ჟანგბადი და არც მათი უბრალო ჯამი. თუ ქიმიური რეაქციის პროდუქტების მიხედვით არ შეიძლება მსჯელობა ამოსავალ ელემენტებზე, ვერც ფსიქიკური მთლიანობის კანონებს გამოვიყვანთ ნაწილთა კანონებიდან. ელემენტებიდან ვერ გაიგებ მთელს, ხოლო მთელიდან, ანუ შერწყმის პროდუქტიდან, ვერ იმსჯელებ შემადგენელი ელემენტების თვისებებზე. ორივე უშუალოდ და ემპირიულად უნდა შევისწავლოთ. აი, როგორ მსჯელობს ამაზე ავტორი: “ ... სპექტრის ფერების სწრაფი მონაცვლეობის დროს ვიღებთ თეთრი ფერის შეგრძნებას ... ამ უკანასკნელ შემთხვევაში უფრო მართებულია ითქვას, რომ სპექტრის შვიდი ფერი წარმოქმნის თეთრ ფერს, ... ზუსტად ასევე, რთული იდეის შესახებაც ... უნდა ითქვას, რომ ის გამომდინარეობს უფრო მარტივი იდეებისაგან, ან წარმოქმნილია მათ მიერ და არა ის, რომ მათგან შედგება ... ესაა სულის ქიმიის შემთხვევები: მათში მარტივი იდეების ერთობლიობა რთულ იდეებს კი არ შეადგენს, არამედ წარმოქმნის მათ”.       აზრი სრულიად ნათელია: ფსიქოლოგიამ უნდა შეისწავლოს მარტივი იდეებიდან რთული იდეების წარმოქმნის პროცესი. მაგრამ როგორ? ყოველი რთული იდეის შემთხვევაში საკმარისი არ არის მსჯელობა იმაზე, თუ როგორ შეიძლება ის წარმოქმნილიყო. ეს პროცესი უეჭველად ემპირიული გზით, ექსპერიმენტულად უნდა იქნეს შესწავლილი. ეს ერთი ამოცანაა, მაგრამ არის მეორეც. საქმე ისაა, რომ მაშინაც, როცა შესწავლილია ამა თუ იმ რთული იდეის წარმოქმნის პროცესი, ჩვენ არ შეგვიძლია მხოლოდ ლოგიკის საშუალებებით გამოვიყვანოთ მისი კანონები. ეს კანონებიც უნდა დადგინდეს უშუალოდ ამ იდეების ექსპერიმენტული შესწავლის გზით. იმის ცოდნა, თუ როგორ წარმოიქმნება ერთი სახის ფსიქიკური მოვლენებიდან მეორენი (სულის ქიმია), “ვერ მოხსნის წარმოქმნილი მოვლენის ექსპერიმენტული შესწავლის აუცილებლობას; ისევე, როგორც ჟანგბადისა და გოგირდის თვისებების ცოდნა ვერ გამოდგება იმისთვის, რომ სპეციალური დაკვირვებისა და ცდის გარეშე გამოვიყვანოთ გოგირდმჟავას თვისებები”.       ჯ.ს. მილი ფილოსოფოსი და ლოგიკოსი იყო და არა ბუნებისმეტყველი. მიუხედავად ამისა, ასოციაციური შენაერთების მოძღვრებას მან მკაფიოდ გამოხატული ექსპერიმენტალისტური ჟღერადობა შესძინა. ჯ.ს. მილის შეხედულებებმა მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა პირველი ფსიქოლოგიური ლაბორატორიების მუშაობის პროგრამებზე. ეს პროგრამები იმაზე იყო მიმართული, რომ ფსიქიკური მოვლენების ექსპერიმენტული ანალიზის გზით გამოეყოთ ცნობიერების ელემენტები და ქიმიური ელემენტების ტაბულის მსგავსი რამ შეექმნათ. ამ მხრივ გერმანიაში შექმნილი ექსპერიმენტული ფსიქოლოგია უფრო მეტად არის დავალებული ბრიტანული ასოციაციონიზმისაგან, ვიდრე გერმანული ემპირიული ფსიქოლოგიისაგან, და თვით ჰერბარტისაგანაც კი, რომელიც უკრძალავდა ფსიქოლოგიას ექსპერიმენტის გამოყენებას.       აღსანიშნავია, აგრეთვე, რომ ექსპერიმენტული ფსიქოლოგია თავისი განვითარების საწყის ეტაპზე საკმაოდ ფიზიოლოგიზირებული იყო. ეს არცაა გასაკვირი, ვინაიდან, მეთოდური თვალსაზრისით, ის ძირითადად ფიზიოლოგიიდან აღმოცენდა. საზოგადოდ ჯ.ს. მილის პოზიციაც საკმაოდ ფიზიოლოგისტურად გამოიყურება. უფრო მეტიც, მისი თვალსაზრისი გამოხატული ფიზიოლოგიური რედუქციონიზმის ნიშნებს ატარებს. იგი ამტკიცებს, რომ თავად ცნობიერების მოვლენები და მათი ასოციაციური მიმდინარეობა ტვინის მუშაობის გამოვლინებაა. ამიტომ სულიერი ფენომენების შესწავლა არ არის დამოუკიდებელი მეცნიერების საქმე. ისინი ფიზიოლოგიური პროცესების გამოხატულებას წარმოადგენენ და “თავის ტვინის ნამდვილი ფიზიოლოგიის” დამხმარე მასალად უნდა განიხილებოდნენ. მაგრამ ვინაიდან იმჟამინდელი ფიზიოლოგია ძალზე არასრულყოფილი იყო იმისთვის, რომ აეხსნა ფსიქიკური მოვლენების თანმიმდევრობა და კავშირები, ეს ამოცანა, მილის აზრით, დროებით თავის თავზე უნდა აეღო სპეციალურ მეცნიერებას - ფსიქოლოგიას. ჯ.ს. მილი მიიჩნევს, რომ ფსიქოლოგიამ პირდაპირ და უშუალოდ უნდა შეისწავლოს ცნობიერების მოვლენათა თვისებები და მათი ურთიერთმიმართების კანონზომიერებანი.       ძნელი დასანახი არ არის, რომ ჯ.ს. მილთან უცნაურადაა შეთავსებული ფსიქოლოგიზმი და რედუქციონიზმი. ფსიქოლოგიზმი, საზოგადოდ, არ გამორიცხავს რედუქციონიზმს. ფსიქოლოგიზმის ანტაგონისტი ანტიფსიქოლოგიზმია, რომელიც მოვლენათა ფსიქოლოგიურ ახსნაზე პრინციპულად უარს ამბობს. მიუხედავად ამისა, ფსიქოლოგიზმი და რედუქციონიზმი არათავსებად მეთოდოლოგიურ ტენდენციებს გამოხატავს, რაც ნათლად იჩენს თავს, თუ ისინი ერთი თეორიული სისტემის ფარგლებში არიან მოცემული. ფსიქოლოგიზმი სხვა მეცნიერებათა საფუძვლების ფსიქოლოგიური კანონზომიერებებით ახსნაა. რედუქციონიზმი კი ფსიქიკის საკუთარ კანონზომიერებათა უარყოფა, მისი არაფსიქიკური მოვლენებით ახსნა და ფსიქოლოგიის სხვა მეცნიერებებზე დაყვანაა (შესაბამისად, როგორც ამას პიაჟე აკეთებს, გამოიყოფა სამი სახის რედუქციონიზმი: სოციოლოგიური, ფიზიკალისტური და ორგანული). ჯ.ს. მილის შეხედულებათა სისტემაში ამ მეთოდოლოგიური მიდგომების თანაარსებობა ნიშნავს, რომ ესა თუ ის მოვლენა (მაგ., ლოგიკის კანონები) ფსიქოლოგიური, კერძოდ, ასოციაციური კანონზომიერებებით კი არ აიხსნება (ფსიქოლოგიზმი), არამედ ფიზიოლოგიურით, ვინაიდან ფსიქოლოგია, თავის მხრივ, ფიზიოლოგიაზე დაიყვანება (რედუქციონიზმი). საეჭვოა, რომ ჯ.ს. მილი ლოგიკისა და კულტურის სფეროების ასეთ ბიოლოგიზაციას დათანხმებოდა.       მიუხედავად არც თუ თანმიმდევრული პოზიციისა ფსიქოლოგიის სხვა მეცნიერებებთან დამოკიდებულების თაობაზე, ჯ.ს. მილს ეჭვი არ ეპარება, რომ ფსიქოლოგია სრულყოფილ მეცნიერებად შედგება და თავის კუთვნილ ადგილს დაიმკვიდრებს სხვა პოზიტიურ დისციპლინებს შორის. ამ საკითხში ჯ.ს. მილი დაუპირიპირდა პოზიტივიზმის ფუძემდებლის, ოგიუსტ კონტის (17981857) პოზიციას. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ჯ.ს. მილი, სპენსერთან ერთად, პირველი ეტაპის პოზიტივიზმის ყველაზე თვალსაჩინო წარმომადგენელია ბრიტანეთში. პოზიტივიზმის ფილოსოფიურმა მიმდინარეობამ, რომელიც XIX საუკუნის ოცდაათიან წლებში გამოჩნდა ევროპის ინტელექტუალურ ასპარეზზე, უზარმაზარი გავლენა მოახდინა საზოგადოდ მეცნიერების და კერძოდ, ფსიქოლოგიის განვითარებაზე. ეს გასაგებიცაა - პოზიტივიზმი ხომ, არსებითად, მეცნიერების ფილოსოფიაა. მისი უპირველესი მიზანი შემეცნების თეოლოგიური, ტელეოლოგიური და მეტაფიზიკური ტენდენციებისაგან განთავისუფლება და ნამდვილი (პოზიტიური), ემპირიული მეცნიერული ცოდნის დამკვიდრებაა. პოზიტივიზმი თავისი არსით უკიდურესი ემპირიზმია, მისთვის ყოველგვარი ცოდნა არასპეკულატური, ემპირიული ხასიათისაა. ამიტომ ბუნებრივია, რომ პოზიტიური ცოდნის სფეროდან გამოირიცხა რაციონალური ფსიქოლოგია თავისი გონებაჭვრეტითი სპეკულაციებით. კონტი უფრო შორს წავიდა და ნამდვილ მეცნიერებათა სიიდან ემპირიული ფსიქოლოგიაც ამოაგდო.       ცოდნის სხვადასხვა დარგის მეცნიერული სტატუსით დაინტერესებული პოზიტივისტები სერიოზულ ყურადღებას აქცევდნენ მეცნიერული დისციპლინების კლასიფიკაციას. სწორედ ამ კონტექსტში დაიწყო სისტემატური მსჯელობა ფსიქოლოგიის, როგორც დამოუკიდებელი მეცნიერების, ბუნებისა და მისი ადგილის შესახებ მეცნიერებათა სისტემაში. კონტის ე.წ. წრფივ კლასიფიკაციაში ექვსი ძირითადი დისციპლინა შემდეგნაირად განლაგდა: მათემატიკა-ასტრონომია-ფიზიკა-ქიმია-ფიზიოლოგია(ბიოლოგია)-სოციოლოგია (სოციალური ფიზიკა). როგორც ვხედავთ, კონტმა ფსიქოლოგიას პოზიტიურ მეცნიერებათა შორის ადგილი არ დაუტოვა. მას მიაჩნდა, რომ მეცნიერება, თუ იგი მეცნიერებაა, დაკვირვებად მოვლენებს უნდა შეისწავლიდეს. იმდროინდელი ემპირიული ფსიქოლოგია მხოლოდ თვითდაკვირვებას იცნობდა, რომელიც კონტს შეუძლებლად მიაჩნდა. ობიექტური დაკვირვების აუცილებელი პირობა დაკვირვების ობიექტისა და დამკვირვებელი სუბიექტის განცალკევებულობაა, რაც ვერ იქნება დაცული თვითდაკვირვებაში. ამიტომ იგი განუხორციელებელია ისევე, როგორც შეუძლებელია ოთახის ფანჯარასთან მდგომმა ადამიანმა იხილოს, თუ როგორ მისეირნობს იგი ქუჩაში, ან თვალმა დაინახოს საუთარი თავი. კონტი ძალიან უარყოფითად იყო განწყობილი ფსიქოლოგიური მეცნიერების მიმართ და მას ასტროლოგიის მსგავს ანტიმეცნიერებად თვლიდა. ფსიქოლოგიის საკვლევი სინამდვილე (სულიერი მოვლენები), მისი აზრით, ფრენოლოგიას (მეცნიერება ტვინის შესახებ) და სოციოლოგიას უნდა გაუნაწილდეს.       ჯ.ს. მილი არსებითად საპირისპირო პოზიციაზე იდგა. მისი აზრით, ფსიქიკური ცხოვრების შესწავლა ნამდვილი მეცნიერებისთვის დამახასიათებელი მეთოდოლოგიით არა თუ შესაძლებლია, არამედ აუცილებელიც. იგი კატეგორიულად აყენებს საკითხს ფსიქოლოგიისთვის დამოუკიდებელი, სრულფასოვანი მეცნიერების სტატუსის მინიჭების შესახებ და თავის კლასიფიკაციაში მას ბოლოს წინა ადგილს, ბიოლოგიასა და სოციოლოგიას შორის აკუთვნებს. ეს კი ნიშნავს, რომ ჯ.ს. მილი ფსიქოლოგიას ურთულეს მეცნიერებად მიიჩნევს, ვინაიდან, როგორც აღინიშნა, მეცნიერებათა პოზიტივისტურ კლასიფიკაციებში დისციპლინები ერთმანეთისაგან სირთულის ხარისხით განსხვავდება, რომელიც მატულობს თავიდან ბოლოსკენ. ამასთან, ფსიქოლოგია ნაკლები სიზუსტითაც გამოირჩევა და ვერ შეედრება სხვა მეცნიერებებს ბუნების შესახებ. მიუხედავად ამისა, ფსიქოლოგიას შეუძლია და უნდა დანერგოს თავის კვლევაში მათი მეთოდოლოგია. ამდენად, ჯ.ს. მილის რწმენით, ფსიქოლოგიას განვითარების დიდი პოტენციალი აქვს, რაც, პირველ რიგში, ექსპერიმენტული მეთოდის დანერგვასთან არის დაკავშირებული.       ჯ.ს. მილის უმცროსი მეგობარი ალექსანდრე ბეინი (1818-1903) უფრო ჩახედული იყო ბიოლოგიის საკითხებში და ცდილობდა, რეალურად დაეახლოვებინა ფსიქოლოგია ფიზიოლოგიასთან. იგი მკაფიო ფსიქოფიზიოლოგიური პარალელიზმის პოზიციებზე იდგა და თავისი ხანგრძლივი სიცოცხლის განმავლობაში ფიზიოლოგიის შთამბეჭდავ წარმატებებს მოესწრო. ამიტომ იგი უხვად იყენებდა ფიზიოლოგიურ მონაცემებს, როგორც შესატყვის ფსიქოლოგიურ პროცესებზე მიმანიშნებელ სიმპტომებს. ბეინი თვითონ ფსიქოლოგიაშიც განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევდა ისეთ მოვლენებს, რომლებსაც ძალზე მჭიდრო კავშირი აქვთ სხეულებრივ ორგანიზაციასთან: რეფლექსები, ჩვევები, ინსტინქტები და საერთოდ ქცევა, ემოციები. ეს განასხვავებს მას ტრადიციული ასოციაციური ფსიქოლოგიისაგან, რომელიც, უპირატესად, წმინდა ცნობიერების ფარგლებში რჩებოდა.       ბეინი, აბერდინის უნივერსისტეტის პროფესორი და რექტორი, ცნობილია, როგორც ფსიქოლოგიის ფართო სისტემატური კურსის ავტორი, რომელიც ორ წიგნად გამოიცა: “შეგრძნებები და ინტელექტი” (1851) და “გრძნობები და ნებელობა” (1859). ეს თხზულება ბევრჯერ გამოიცა და მრავალი წლის განმავლობაში ფსიქოლოგიის ძირითად სახელმძღვანელო იყო ბრიტანეთში. ბეინის სახელთან არის დაკავშირებული, აგრეთვე, 1876 წელს მსოფლიოში პირველი ფსიქოლოგიური ჟურნალის დაარსება, სახელწოდებით “ ინდ”. იმ ფსიქოლოგიური ჟურნალებისაგან განსხვავებით, რომლებიც სულ მცირე დროის შემდეგ მრავლად გამოიცა ევროპასა და ამერიკაში, ამ ჟურნალში არა ექსპერიმენტული, არამედ უფრო ფილოსოფიურ-ფსიქოლოგიური პრობლემატიკა ჭარბობდა.       როგორც ითქვა, ბეინი სერიოზულად იყო დაინტერესებული ქცევასთან დაკავშირებული პრობლემატიკით. მას სურდა დაეძლია ის დაპირისპირება, რომელიც ტრადიციულად არსებობდა უნებლიე და ნებელობითი ქცევების დახასიათებაში. მათ შორის არსებული უფსკრულის ამოვსების მიზნით, მან გამოთქვა იდეა აქტივობის ისეთი სახეობის არსებობის შესახებ, რომელიც არც წმინდა რეფლექსურია, არც წმინდად განზრახული ბუნებისაა და ცდისა და შეცდომის პრინციპს ემორჩილება. ეს არის მოქმედება, რომლის მიზანი ნაბიჯნაბიჯ, თანდათანობით მიიღწევა. ადამიანი უცებ არ გადადის გაუცნობიერებელი, სპონტანური მოქმედებიდან გონიერ, ნებელობით მოქმედებაზე. აქ მნიშვნელოვანია ე.წ. სპონტანურ მოქმედებაზე მითითება, რომელიც, რეფლექსური და ინსტინქტური მოქმედებისაგან განსხვავებით, თავისთავად, გარეგანი სტიმულირების გარეშე აღმოცენდება. მისი წყარო ორგანიზმშია, ნერვული სისტემის აგებულებაში. ზოგიერთი ასეთი მოქმედება შემთხვევით, ცდებისა და შეცდომების წყების შედეგად, შეიძლება გარემოში ასოციაციურად დაუკავშირდეს საგნებსა თუ მოვლენებს, დაფიქსირდეს და ჩამოყალიბდეს ადამიანის მიზანშეწონილ მოქმედებად - ჩვევად.       საყურადღებოა, რომ აქ მნიშვნელობა აქვს არა უბრალოდ გარემოდან მომდინარე გამღიზიანებლების, ანუ შეგრძნებისა და მოძრაობის მექანიკურ თანხვედრას (როგორც ეს ჰერტლისთანაა), არამედ მოძრაობის თანხვედრას სიამოვნების გრძნობასთან. “თუ ესა თუ ის მოძრაობა შეუღლებულია სიამოვნებასთან, იგი ხელს შეუწყობს და გააძლიერებს მოძრაობას”. უსიამოვნება საპირისპირო შედეგს იწვევს. ეს კანონზომიერება, ბეინის სიტყვებით, “თვითშენახვის დიადი კანონის” მოქმედების გამოვლინებაა. თანამედროვე ბიჰევიორისტული ენით რომ ვთქვათ, სასარგებლო მოქმედების მისაღებად მხოლოდ სტიმულისა და რეაქციის თანხვედრა არ არის საკმარისი. საჭიროა მათ შორის კავშირის განმტკიცება. როგორც ქვევით დავრწმუნდებით, ბეინის იდეები ცდისა და შეცდომის გზით ახალ მოქმედებათა შეძენისა და მათი სიამოვნებასთან შეუღლებით ფიქსაციის შესახებ, მეტად მნიშვნელოვანი აღმოჩნდა ფსიქოლოგიისთვის. ამიტომ ბეინს ზოგჯერ დასწავლის ბიჰევიორისტული თეორიის წინამორბედადაც მიიჩნევენ. საფიქრებელია, რომ რაიმე სახის პირდაპირ გავლენაზე ლაპარაკი ამ შემთხვევაში საფუძველს მოკლებულია. მაგრამ იმის აღნიშვნა კი შეიძლება, რომ ბეინის შეხედულება საგრძნობლად განსხვავდება ორთოდოქსული ასოციაციონიზმისაგან, სადაც კავშირის განმსაზღვრელ ფაქტორებად მეზობლობა და სიხშირე ითვლებოდა, ხოლო თანმხლები გრძნობის მნიშვნელობა სულ არ განიხილებოდა.       კლასიკური ასოციაციური ფსიქოლოგიის პრინციპები ბეინს არც შემოქმედებითი პროცესის განხილვისას აკმაყოფილებს, სადაც სრულებით ახალი, ჯერ არარსებული პროდუქტი იქმნება. საქმეს არც “სულის ქიმია” შველის, რომელიც მხოლოდ იმაზე მიუთითებს, რომ უმარტივესი ფსიქიკური ელემენტებიდან მიიღება თვისებრივად ახალი მენტალური პროდუქტი. ეს არ არის საკმარისი, ვინაიდან აქ ყველაფერი მაინც გამოცდილებაში არსებული ცნობიერების მოვლენების კომბინირების ფარგლებში ხდება. შემოქმედება კი სხვა, ახალ უნარზე მიგვანიშნებს; ეს არის სრულიად ახალი მენტალური პროდუქტის შექმნის უნარი, რომელიც, მთლიანობაში, არ შეიძლება წარსული გამოცდილებიდან და შთაბეჭდილებებიდან გამომდინარეობდეს. ბეინი ამას ხედავს, მაგრამ ასოციაციონიზმთან კავშირს მაინც ვერ წყვეტს და ლაპარაკობს ე.წ. კონსტრუქციულ ასოციაციებზე, როგორც მეცნიერული აღმოჩენებისა და მხატვრული შემოქმედების ფსიქოლოგიურ მექანიზმზე. რა მნიშვნელობასაც არ უნდა დებდეს ამაში ავტორი, იგი, არსებითად, ასოციაციონიზმის ფარგლებს გარეთ გადის, ვინაიდან რეალური ასოციაცია არ შეიძლება იყოს იმაზე მეტი, ვიდრე წარსულში მიღებული შთაბეჭდილებების კომბინაცია თუ კავშირი. ამგვარად, ბეინთან აშკარად იჩენს თავს ასოციაციის, როგორც ცნობიერების მოვლენების უნივერსალური მექანიზმის არასაკმარისობა და ასოციაციონიზმის, როგორც ზოგადფსიქოლოგიური მიმდინარეობის რღვევის პროცესი.       ასოციაციურ ფსიქოლოგიას სრულიად ახალი ჟღერადობა მისცა გამოჩენილმა ინგლისელმა ფილოსოფოსმა პოზიტივისტმა და სოციოლოგმა ჰერბერტ სპენსერმა (1820-1903). მან ჩამოაყალიბა ე.წ. ევოლუციური ასოციაციონიზმი და, ეპოქის მოთხოვნების შესაბამისად (როცა უზარმაზარი რეზონანსი ჰქონდა დარვინიზმს), ფსიქოლოგია ბიოლოგიური ევოლუციის მოძღვრებასთან დააახლოვა. ფსიქიკა პირველად იქნა განსაზღვრული ახალ ასპექტში, როგორც ბიოლოგიური ადაპტაციის გამოვლინება. სპენსერი ავტორია “სინთეტური ფილოსოფიის” ათტომეულისა. “ფსიქოლოგიის საფუძვლები” მისი შემადგენელი ნაწილია. ამ შრომის პირველმა გამოცემამ (1855) ჯეროვანი ყურადღება ვერ დაიმსახურა და შეფასდა, როგრც რიგითი ასოციაციონისტური გამოკვლევა. მასში ვერ შენიშნეს მნიშვნელოვანი ახალი მომენტები. მაგრამ მას შემდეგ, რაც კაცობრიობის ინტელექტუალურ სივრცეში მეხივით გავარდა დარვინის “სახეობათა წარმოშობა ბუნებრივი შერჩევის გზით” (1859) და დაიწყო დარვინისტული რევოლუცია, სპენსერის “ფსიქოლოგიის საფუძვლების” ახალმა ორტომეულმა (1870-72) უდიდესი ინტერესი გამოიწვია. მისი ავტორი ერთხმად აღიარეს ევოლუციონიზმის ერთერთ მოციქულად და ახალი მიმართულების - ევოლუციური ასოციაციონიზმის შემქმნელად.       სპენსერმა ჩამოაყალიბა ევოლუციის საერთო კანონი, რომელიც მთელ სამყაროში მოქმედებს: ფიზიკურში, ორგანულში და სოციალურში. ფსიქიკაც განვითარების კანონშია ჩართული. ის სიცოცხლის ერთ-ერთი გამოვლინებაა, ხოლო სიცოცხლე - შინაგანის გარეგანთან მუდმივი შეგუება. ფსიქიკაც შეგუების გარკვეული ფორმაა. მის არსებობას სხვა აზრი და დანიშნულება არა აქვს; ამის გარეშე ფსიქიკის წარმოშობისა და განვითარების ფაქტი გაუგებარი დარჩება. ფსიქიკა ემსახურება სიცოცხლის შენარჩუნებას, თავად კი ემორჩილება ბუნებრივი შერჩევის კანონზომიერებას. ამგვარად, ფსიქიკა სპენსერის მიერ განიხილება ორგანიზმსა და გარემოს შორის ადაპტაციური ურთიერთობის თვალსაზრისით. მოგვიანებით ასეთი მიდგომა ამერიკული ფსიქოლოგიის (ფუნქციონალიზმი, ბიჰევიორიზმი) ერთ-ერთი ძირითადი თავისებურება გახდა. შემთხვევითი არ არის, რომ სპენსერი ამერიკაში უფრო პოპულარული იყო, ვიდრე თავის სამშობლოში.       სპენსერი წარსულის ასოციაციურ ფსიქოლოგიას იმას საყვედურობს, რომ ცნობიერების მატერიალურ პროცესებთან დამოკიდებულების საკითხის განხილვისას ის, ასე ვთქვათ, ორგანიზმის შიგნით იკეტებოდა - შეისწავლიდა კავშირს ფსიქიკურ და ნერვულ პროცესებს შორის. ამისაგან განსხვავებით, ავტორი მოითხოვს ფსიქიკის განხილვას გარემოსთან მიმართებაში. ფსიქიკის ფუნქცია ორგანიზმისა და გარემოს კავშირის შესწავლისას დგინდება. ამ შემთხვევაში, ცნობიერების ფენომენების ანალიზი სხვა კუთხით წარიმართება - არა შიდასხეულებრივ პროცესებთან, არამედ გარემოს ფაქტორებთან მიმართებაში. სპენსერი ამაში ხედავს ფსიქოლოგიის საგნის სპეციფიკას: “ფსიქოლოგია არ შეისწავლის მიმართებებს შინაგან მოვლენებს შორის, არც მიმართებებს გარეგან მოვლენებს შორის; იგი ამ მიმართებათა შორის არსებულ მიმართებებს შეისწავლის”. ამრიგად, სპენსერი აფართოვებს ასოციაციური ფსიქოლოგიის საგნის გაგებას და მასში მოიაზრებს არა მხოლოდ ასოციაციებს შინაგან ფაქტორებს შორის (ასეთია კავშირები ცნობიერების მოვლენებს შორის, ცნობიერებასა და სხეულებრივ მოვლენებს შორის), არამედ კავშირებს ცნობიერებასა და გარე სამყაროს შორის.       ფსიქიკა შინაგანის გარეგანთან შეგუების პროცესში წარმოიქმნება, როგორც ახალი რეალობა თავისი ყველა ნაირსახეობითა თუ გამოვლინებით. ფსიქიკა ვითარდება ორგანულისთვის დამახასიათებელი გაღიზიანებადობის თვისებიდან. მისი პირველადი ერთეულია შეგრძნება. ის ობიექტურად მოცემული ნერვული იმპულსის სუბიექტურ მხარეს გამოხატავს. შეგრძნებიდან წარმოიქმნება მთელი ფსიქიკური ცხოვრება. ის ერთმანეთთან უმჭიდროესად დაკავშირებული ორი ხაზით ვითარდება: 1) ქცევით პლანში - რეფლექსები, ინსტინქტები, ჩვევები; 2) განცდისა და ცნობიერების პლანში - აღქმა, გრძნობა, მეხსიერება, აზროვნება, ნებელობა. ისინი, არსებითად, შეგუების თანდათანობითი გართულებისა და სპეციალიზაციის ფორმები ან სტადიებია. ამასთან, რთული პროცესები უფრო მარტივიდან აღმოცენდება. როდესაც შეგუებისთვის აღარ კმარა აქტივობის რეფლექსური ან ინსტინქტური ფორმები, ვითარდება მეხსიერება და ინტელექტი; მოქმედების ავტომატიზმის დარღვევა იწვევს გრძნობისა და ნებელობის გაჩენას. ასე ყალიბდება ფსიქიკურ პროცესთა იერარქია.       ფსიქიკური ცხოვრება, როგორც შინაგანის გარეგანთან შეგუების პროცესი, ასოციაციის პრინციპს ემორჩილება. გარეგანი მიმართებები ასოციაციურად იწვევენ შინაგან მიმართებებს. ეს კავშირები სულ უფრო რთულდება და მთელ ინდივიდუალურ გამოცდილებას ქმნის. მაგრამ არსებობს აგრეთვე მემკვიდრული (სახეობრივი) გამოცდილება. ასოციაციის კანონების მოქმედება ვრცელდება ფილოგენზზე და ანთროპოგენეზზე. ხშირი გამეორების შედეგად ასოციაციები მემკვიდრეობითი ტენდენციის სახეს იღებენ და მომდევნო თაობების ნერვულ სისტემაში ფიქსირდება როგორც თანდაყოლილი ასოციაციები. ესენია რეფლექსები, ინსტინქტები, ზოგიერთი ცოდნა-ჩვევები და უნარ-თვისებები. მათ მიეკუთვნება, აგრეთვე, ცნობიერების ისეთი ფორმები, როგორიცაა სივრცე და დრო. საკითხი მათი წარმოშობის შესახებ ერთ-ერთი უძველესია ფსიქოლოგიაში. როგორც ცნობილია, აქ ერთმანეთს დაუპირისპირდა ემპირისტული და აპრიორისტული შეხედულებები. ისინი ჯერ კიდევ XVII საუკუნეში ჩამოყალიბდნენ. პირველი ლოკიდან იწყება, XVIII საუკუნეში ბერკლისთან ვითარდება და XIX საუკუნეში ე.წ. გენეტიკური თეორიის სახეს იღებს. მეორეს სათავე დეკარტე-ლაიბნიცის სწავლებაშია, რომელიც, კანტის გავლით, ე.წ. ნატივისტურ კონცეფციად ჩამოყალიბდა.       სპენსერის შეხედულება, არსებითად, ამ ორი თვალსაზრისის გაერთიანებაა. ემპირიზმი არ არის მართებული, ვინაიდან ფსიქიკა ინდივიდუალურად შეძენილი გამოცდილებით არ ამოიწურება; ის არ წარმოდგენს სუფთა დაფას და მოიცავს თანდაყოლილ ასოციაციურ ცოდნაგამოცდილებას, მათ შორის სივრცისა და დროის თაობაზე. ემპირიზმი არ ითვალისწინებს მემკვიდრეობის ფაქტს. არც ორთოდოქსული აპრიორიზმია ბოლომდე მართებული. სწორია ის, რომ ადამიანები იბადებიან გარკვეული ცოდნით, სქემებით სივრცისა და დროის შესახებ. მაგრამ არ შეიძლება იმის უგულებელყოფა, რომ ცნობიერების ეს “აპრიორული ფორმები” ფსიქიკის ხანგრძლივი ფილოგენეტური და ისტორიული გავითარების შედეგია. ამდენად, მათი აპრიორულობა, თანდაყოლილობა შედარებითია და არა აბსოლუტური და პრინციპული, როგორც ამას თუნდაც კანტი ამტკიცებდა.       უფრო ფართო კონტექსტში, ყოველგვარი აპრიორულობა, დაწყებული “თანდაყოლილი იდეებიდან”, ვიდრე “განსჯის კატეგორიებამდე”, სპენსერთან ემპირისტულ-პოზიტივისტური აზრისთვის მისაღებ სახეს იღებს. მას ნაწილობრივი სინათლე მაინც შეაქვს აქამდე სქელ თეოლოგიურ და მეტაფიზიკურ ნისლში გახვეულ საკითხში გონების თანდაყოლილი შიგთავსის წარმოშობის შესახებ. სპენსერის მიხედვით, ის, რაც მთელ სახეობაში ემპირიულად არის შეძენილი, ინდივიდში თანშობილია. მენტალური გამოცდილების შექმნის, განმტკიცების, შენახვისა და გადაცემის მექანიზმი ასოციაციურ-ევოლუციონისტურია. სპენსერის მთელი სისტემა პოზიტივიზმის, ასოციაციონიზმისა და ევულუციონიზმის თავისებური გაერთიანებაა: “თუ ევოლუციის დოქტრინა მართებულია, გარდუვალია დასკვნა, რომ გონების გაგება შესაძლებელია მხოლოდ იმაზე დაკვირვებით, თუ როგორ ევოლუციონირებს იგი”. ევოლუცია კი გულისხმობს ინდივიდუალურად შეძენილი სასარგებლო თვისებების შენაძენების გადაქცევას სახეობის კუთვნილებად ანუ მემკვიდრეობით გადაცემას. საბოლოო ჯამში, ემპირისტული და აპრიორისტული მიდგომების სირთულეები მემკვიდრეობის კანონის გაუთვალისწინებლობით არის გამოწვეული.       სპენსერის ეს მსჯელობა უდავოდ შეიცავს ჭეშმარიტების მარცვალს. მაგრამ, ისიც უდავოა, რომ ხსენებული კანონი მაინც ბიოლოგიურია, რის გამოც ფსიქოლოგიის ისტორიკოსები ხშირად საყვედურობენ სპენსერს ფსიქოლოგიის ბიოლოგიზაციას. ამის საილუსტრაციოდ შეიძლება გამოდგეს სპენსერის მოსაზრება, რომ კულტურულ და პრიმიტიულ ადამიანს შორის არსებული ფსიქოლოგიური განსხვავებულობანი იმით არის გამოწვეული, რომ ევროპელს პაპუასზე 20-30 დუიმით დიდი ტვინი აქვს, რის გამოც “ცივილიზებული ადამიანის ნერვული სისტემა უფრო რთული და ჰეტეროგენულია, ვიდრე არაცივილიზებულისა”. უნდა ითქვას, რომ თანამედროვე მეცნიერების მონაცემების მიხედვით, ამ მტკიცებას არავითარი ფაქტობრივი საფუძველი არ გააჩნია.       გამოკვეთილად ბიოლოგისტურ-ნატურალისტური დაღი აჩნია სპენსერის შეხედულებებს საზოგადოების აგებულებისა და მასში მიმდინარე სოციალური თუ სოციალურ-ფსიქოლოგიური პროცესების შესახებ. საზოგადოების მოწყობას იგი ბიოლოგიურ ორგანიზმს ადარებდა და მიიჩნევდა, რომ საზოგადოების სტრუქტურები ორგანიზმის ცალკეული ნაწილის ანალოგიურია. სპენსერმა გამოყო ორგანოთა სამი სისტემა (სოციალური ინსტიტუტები) - საყრდენი (წარმოება), გამანაწილებელი (კომუნიკაცია) და მარეგულირებელი (მართვა). იმისთვის, რომ გადარჩეს, საზოგადოება გარემოს ახალ პირობებს უნდა შეეგუოს. ასე ხორციელდება ბუნებრივი შერჩევა. შეგუების პროცესში ხდება საზოგადოების ცალკეული ნაწილის სულ უფრო ძლიერი სპეციალიზაცია. ამის შედეგად საზოგადოება, ორგანიზმის მსგავსად, შედარებით მარტივი ფორმებიდან უფრო რთულისკენ ევოლუციონიერებს.       როცა ადამიანის ფსიქიკაში სოციალურ განზომილებას აანალიზებდა, სპენსერი ხაზს უსვამდა იმას, რომ ადამიანი, ცხოველისაგან განსხვავებით, არსებობს არა მხოლოდ ბუნებრივ, არამედ ე.წ. “ორგანულზედა”, ანუ სოციალურ-კულტურულ გარემოში და იძულებულია, მასაც შეეგუოს. სოციალური ევოლუცია ზოგადად ევოლუციის ნაწილია. ამიტომ სოციალური გარემოსადმი ადამიანის შეგუების მექანიზმები და ხერხები არსებითად ისეთივე რჩება, რაც ცხოველურ სამყაროშია. განსხვავება აქ რაოდენობრივია და არა თვისებრივი. ადაპტაციის პროცესი რთულდება დამატებითი ფაქტორების გაჩენით (ენა, წარმოება, სახელმწიფო, ზნეობა, ხელოვნება, მეცნიერება და ა.შ.), მაგრამ მისი არსი იგივე რჩება - ევოლუცია საზოგადოებაშიც “არსებობისთვის ბრძოლა” და “ბუნებრივი შერჩევაა”. ამ დოქტრინას “სოციალური დარვინიზმი” ეწოდა, თუმცა სპენსერმა ის დარვინამდე შეიმუშავა. იგი თვლიდა, რომ ევოლუციის “კოსმოსური” პროცესი ადამიანის სოციალური ცხოვრების მსვლელობაშიც მიმდინარეობს და მას თავისუფალი განხორციელების შესაძლებლობა უნდა მიეცეს. ამიტომ, სახელმწიფო ხელოვნურად არ უნდა ერეოდეს მასში, არ უნდა ეხმარებოდეს სუსტებს, უსუსურებსა და უქონლებს. ბუნებრივი შერჩევა სპობს სუსტებს და, შესაბამისად, მათ მემკვიდრულ უვარგის თვისებებს. ეს პრინციპი კაცობრიობის სრულყოფასაც ემსახურება. მარცხიანი და წარუმატებელი ადამიანებისთვის დახმარების გაწევა ნიშნავს სახეობის დეგრადაციისთვის ხელის შეწყობას, ვინაიდან მათ ამით საშუალება ეძლევათ, გამრავლდნენ და მემკვიდრეობით გადასცენ თავიანთი სოციალური უუნარობა.       სპენსერის დამსახურება ფსიქოლოგიის წინაშე ძალზე დიდია. მან პირველმა განიხილა ფსიქიკა ევოლუციონისტური თვალსაზრისით და ამით, ჯერ ერთი, მყარად დააფიქსირა განვითარების პრინციპი ემპირიული ფსიქოლოგიის ფარგლებში; მეორე, შეარბილა ასოციაციონიზმის ემპირისტული ცალმხრივობა თანდაყოლილი ასოციაციების იდეის შემოტანით; მესამე, ხაზი გაუსვა ფსიქიკის ადაპტაციურ, შეგუებით ფუნქციას. ფსიქიკის ამ კუთხით განხილვა შემდგომდროინდელი ფსიქოლოგიის ერთ-ერთი ყველაზე დამახასიათებელი ნიშანი გახდა.       ვიდრე ასოციაციური ფსიქოლოგიის შეფასებაზე გადავიდოდეთ, მოკლედ შევაჯამოთ ნათქვამი. ასოციაციონიზმი ემპირიული ფსიქოლოგიის ყველაზე მძლავრი მიმდინარეობაა. ამიტომ ემპირიული ფსიქოლოგიის მთავარი ნიშნები მასზეც ვრცელდება. პირველ ყოვლისა, ეს ის თავისებურებებია, ემპირიულ ფსიქოლოგიას მეტაფიზიკურისაგან რომ განასხვავებს. მისი საგანი ცნობიერების ფაქტებია, მათი წარმოშობისა და არსებობის მიზეზები, პირობები და კანონზომიერებები. ახალი დროის ემპირიული ფსიქოლოგია მხოლოდ ფსიქიკური ცხოვრების მოვლენებს ეხება. იგი არ ცნობს სულს, როგორც მეცნიერული კვლევის ობიექტს და საკითხს მისი ბუნების შესახებ მთლიანად მეტაფიზიკას უტოვებს. გონებაჭვრეტითი მსჯელობა რაციონალური ფსიქოლოგიის ფარგლებში მიმდინარეობს, რომელიც ემპირიული ფსიქოლოგიის პარალელურად ვითარდება. ემპირიული ფსიქოლოგია ჯერ კიდევ არ ფლობს ექსპერიმენტულ მეთოდს. მისი ფაქტოლოგია, უპირატესად, არასისტემატური თვითდაკვირვების გზით არის მოპოვებული. ამავე დროს, მისთვის უცხო არც გენეტიკური და შედარებითი კვლევის მეთოდოლოგიაა.       იზიარებს რა ემპირიული ფსიქოლოგიის ამ ნიშნებს, საკუთრივ ასოციაციონიზმი იმის რწმენას ემყარება, რომ ცნობიერების მოვლენების შესწავლა უნდა იწყებოდეს ანალიზით და სრულდებოდეს სინთეზით. ამიტომ მთელი მისი მცდელობა იმაზეა მიმართული, რომ ერთი მხრივ, გამოყოს ცნობიერების უმარტივესი ელემენტები, ხოლო მეორე მხრივ, აჩვენოს მექანიზმი, რომელიც განაპირობებს მათ გაერთიანებას რთულ ფსიქიკურ წარმონაქმნებში. ამ ამოცანების შესაბამისად, შეგრძნების ფენომენის სახით, გამოიყოფა ფსიქიკის პირველადი, სხვა რაიმეზე დაუყვანადი ფაქტი. ყველა ფსიქიკური მოვლენა შეგრძნებიდან არის წარმოებული, და, ამ გაგებით, მეორადია. დადასტურებულია შეგრძნების შვიდი სახეობის არსებობა. არისტოტელესეულ ხუთ შეგრძნებასთან ერთად ესენია კუნთური და ორგანული შეგრძნებები. სულიერ მოვლენებში მოქმედ უზოგადეს კანონს ასოციაციის კანონი წარმოადგენს. ის შეიძლება შევადაროთ მიზიდულობის კანონს ფიზიკურ სამყაროში.       ასოციაციური მოძღვრების ორსაუკუნოვანი განვითარების პროცესში იცვლებოდა წარმოდგენები იმაზე, თუ რა სახისაა ასოციაციური კავშირები და რა ფაქტორები განაპირობებენ მათ შექმნასა და გამოვლენას. თანდათან დამკვიდრდა შეხედულება ერთდროული (სიმულტანური) და თანმიმდევრული (სუქცესიური) ასოციაციების არსებობის შესახებ. ისინი განსხვავებულ როლს თამაშობენ სხვადასხვა ფსიქიკური მოვლენებისა თუ პროცესების განსაზღვრაში. მაგალითად, აღქმის ფაქტები სიმულტანური ასოციაციის შედეგია, მეხსიერებისა - სუქცესიურის. აზროვნების სფეროში ცნება წარმოდგენათა ერთდროული ასოციაციური კავშირის გამოხატულებაა, ხოლო მსჯელობა - თანმიმდევრულის. რაც შეეხება თვით ასოციაციური კავშირების წარმოქმნის პირობებს (მათ ხან ასოციაციის კანონებს, ხანაც ფაქტორებს უწოდებენ), ისინი სხვადასხვა ავტორებთან განსხვავებულად არის მოაზრებული. არისტოტელეს მიერ გამოყოფილ ოთხ კანონს (მეზობლობა სივრცესა და დროში, მსგავსება და კონტრასტი) ზოგჯერ უმატებენ თანხვედრის სიხშირეს და სხვა მეორად ფაქტორებს (ძალა, ხანგრძლივობა, სიახლე და სხვა), ზოგჯერ კი იმდენად კვეცავენ, რომ მხოლოდ ერთ ფაქტორზე, სახელდობრ, სივრცულ მეზობლობაზე დაჰყავთ (ე.წ. ასოციაციის კანონების რედუქცია).       ასეთია ასოციაციური ფსიქოლოგიის ძირითადი პოზიციები. მისი შეფასება, პირველ რიგში, ფსიქოლოგიის შემდგომი განვითარების გადასახედიდან უნდა ხდებოდეს. აქედან ადვილი დასანახია, რომ სწორედ ამ მოძღვრებამ მოამზადა ფილოსოფიური ფსიქოლოგიის მხრიდან იმის ნიადაგი, რომ გაჩენილიყო ექსპერიმენტული ფსიქოლოგია, როგორც დამოუკიდებელი მეცნიერული დისციპლინა. ასოციაციონიზმმა დიდწილად განსაზღვრა ექსპერიმენტული ფსიქოლოგიის პირველი კონცეპტუალური პროგრამების არსებითი თავისებურებანი.       საკითხი ფსიქიკური მოვლენების ექსპერიმენტული შესწავლის აუცილებლობის შესახებ თანდათანობით მწიფდებოდა. გვიანდელ ბრიტანულ ასოციაციონიზმში იგი მეტ-ნაკლებად გამოიკვეთა. პირველ ეტაპზე ექსპერიმენტული კვლევის წესი და შინაარსი მნიშვნელოვნად იყო განსაზღვრული ასოციაციური ფსიქოლოგიისთვის დამახასიათებელი ელემენტარიზმითა და სენსუალიზმით. ეს გამოიხატა იმაში, რომ ექსპერიმენტირების პროცესი, უპირველეს ყოვლისა, ცნობიერების ელემენტების გამოვლენაზე იყო მიმართული, შესწავლის ყველაზე პოპულარულ ობიექტს კი შეგრძნებები წარმოადგენდა (იხ. თავი 6.2.). თეორიულ პლანშიც ფსიქიკის სენსორულ ბუნებაზე კეთდებოდა აქცენტი. ცნობიერება თვალსაჩინო შინაარსების - შეგრძნებებისა და წარმოდგენების ასოციაციური კავშირების სახით იქნა გააზრებული. ყველაზე მკვეთრად ეს ტიჩენერის “სტრუქტურულ ფსიქოლოგიაში” გამოჩნდა, რომელიც ექსპერიმენტული ფსიქოლოგიის პატრიარქის, ვუნდტის ხაზს აგრძელებდა. თუმცა, როგორც ქვევით დავრწმუნდებით, ვუნდტი გრძნობის სახით ცნობიერების არასენსორულ ელემენტსაც აღიარებდა, ხოლო ასოციაცია მისთვის სულიერი ცხოვრების მხოლოდ ერთ-ერთი მექანიზმი იყო, აპერცეფციასთან ერთად (იხ. თავი 6.1). ეს უკანასკნელი მის სისტემაში გერმანული ემპირიზმის, კერძოდ ჰერბარტის გავლენით გაჩნდა.       ორთოდოქსული ასოციაციონიზმი მექანიცისტურიც იყო, ვინაიდან ცნობიერების მოვლენებში მათი შემადგენელი ერთეულების ჯამს, მექანიკურ გაერთიანებას ხედავდა. ბრაუნის, ჯ.ს. მილისა და ბეინის მცდელობა, დაეძლიათ ეს მეთოდოლოგიური პრინციპი, ფსიქოლოგიური დეტერმინაციის ახლებური გააზრების მიმართულებით გადადგმული ნაბიჯია. ეს ტენდენცია აისახა ვუნდტის, ჯეიმსის, დილთაის და სხვათა სისტემებში. “სულის ქიმიის” თუ “კონსტრუქციული ასოციაციების” გარეშე არ ჩამოყალიბდებოდა ვუნდტის “შემოქმედებითი სინთეზის” პრინციპი, რომელიც ფსიქიკური წარმონაქმნების შემადგენელ ნაწილებზე დაუყვანადობის იდეას გამოხატავს. ამასთან, გასათვალისწინებელია, რომ “სულის ქიმიის” მსგავსი კონცეპტები ფაქტების აღწერის დონეს არ სცილდება. ასოციაციური სქემა არ იძლევა იმის გაგების საშუალებას. თუ რატომ აქვს ახალ მთლიანობას ნაწილებისაგან განსხვავებული და მათგან გამოუყვანადი თვისებები. ქიმიასთან ანალოგია, ცხადია, საქმეს ვერ შველის, ვინაიდან გაუგებარი რჩება, თუ რა რეალური კანონზომიერების გამოხატულებაა ეს ფაქტი.       ბრიტანულმა ასოციაციურმა ფსიქოლოგიამ თავისი განვითარების ბოლო ეტაპზე უთუოდ საგრძნობი ნაბიჯი გადადგა წინ, როცა დასვა საკითხი რთული ფსიქიკური მოვლენის შინაარსობრივი განსხვავებულობის შესახებ ელემენტების უბრალო ჯამისაგან. მანამდე, ჯეიმს მილისთვისაც კი ყოველი ფსიქიკური წარმონაქმნი (იდეა) მარტივი იდეების უბრალო კრებადობას წარმოადგენდა. მიუხედავად ამისა, გვიანდელ ასოციაციონიზმშიც მთელი მაინც რჩება სინთეტურ, მეორად მოვლენად, ვინაიდან იგი ისევ ელემენტების შეერთების (თუმცა არა მარტივი დაჯამების) გზით მიიღება. ელემენტი კვლავ პირველად ფსიქიკურ მოცემულობად გვევლინება.       ასოციაციური ფსიქოლოგიის შეზღუდულობა იმაში კი არ მდგომარეობს, რომ მან ელემენტებზე გაამახვილა ყურადღება. ანალიზი და რთულის ნაცვლად ჯერ მარტივის შესწავლა საზოგადოდ მეცნიერული შემეცნების მოუცილებელი მომენტია. ფსიქოლოგიური მეცნიერებაც აქედან იწყება. გავიხსენოთ თუნდაც არისტოტელე, რომელიც სულის ერთიანობას და განუყოფლობას აღიარებდა, მაგრამ მაინც იძულებული გახდა, სულის სამი სახეობა გამოეყო. ემპირიული ფსიქოლოგიაც, რომლისთვისაც ბუნებისმეტყველების წარმატებები იდეალად იქცა, ცდილობდა გაერკვია ცნობიერების ფენომენების შემადგენლობა და იქ ბუნების მოვლენების მსგავსი რამ მოენახა. ატომის აღმოჩენა ფიზიკაში, ელემეტების პერიოდული სისტემის შექმნა ქიმიაში, ორგანიზმის უჯრედული აგებულების დახასიათება ბიოლოგიაში - სტიმულს აძლევდა სულიერი ცხოვრების უმარტივესი ერთეულების ძიების პროცესს. ემპირიული ფსიქოლოგიის მიერ შეგრძნებისა და წარმოდგენის სახით მიგნებული და გამოყოფილი ცნობიერების ელემენტები მეცნიერების უდავო მონაპოვარია. ექსპერიმენტულმა ასოციაციონიზმმა მათ ე.წ. მარტივი გრძნობებიც დაუმატა. ასოციაციონიზმის წარმომადგენლები იმასაც მიხვდნენ, რომ მთელს ამ ელემენტებისაგან განსხვავებული თვისებები აქვს. მაგრამ ასოციაციური ფსიქოლოგია ვერ მივიდა იმ დებულებამდე, რომ რთული ფსიქიკური წარმონაქმნები მხოლოდ ახალი თვისებებით კი არ განსხვავდება შემადგენელი ელემენტებისაგან, არამედ გენეზისის თვალსაზრისითაც არ გამოიყვანება მათგან. ცნობიერების რთული წარმონაქმნების თავისებურების დადასტურებას თან უნდა დართვოდა ფსიქიკური მთლიანობის პირველადობის აღიარება. ფსიქოლოგიური აზროვნების მაშინდელ დონეზე ასეთი გარღვევა ვერ მოხდებოდა. მთლიანობის იდეა უნდა მომწიფებულიყო. ამ პროცესმა ბრენტანოს, ჯეიმსის, დილთაისა და ერენფელსის გავლით, გეშტალტფსიქოლოგიამდე მიგვიყვანა, რომელმაც ელემენტარიზმი საბოლოოდ დაასამარა (იხ. თავი 10.1).       ასოციაციურმა კონცეფციამ საკმაოდ დეტალურად აღწერა საკუთრივ ასოციაციის პროცესი. ამან უდავო დახმარება გაუწია ექსპერიმენტულ ფსიქოლოგიას, როდესაც მან XIX საუკუნის ბოლო მეოთხედში ხელი მოჰკიდა დასწავლის მეხსიერების კანონზომიერებათა კვლევას (ებინჰაუსი, გ.ე. მიულერი და სხვა). გარკვეული თვალსაზრისით, ეს თვით ასოციაციის მოვლენის შესწავლას ნიშნავდა, რომლის პირდაპირი კვლევაც ექსპერიმენტულმა ფსიქოლოგიამ ამავე პერიოდში დაიწყო. ეს იყო ე.წ. “ასოციაციური ექსპერიმენტი”, რომლითაც, თავდაპირველად, განსხვავებულ შინაარსებთან დაკავშირებული ასოციაციის დრო იზომებოდა (იხ. თავი 7.1.). შემდგომში ასოციაციური მეთოდი სხვადასხვა ფიზიოლოგიური პარამეტრების გაზომვასთან დააკავშირეს, რაც პრაქტიკულად გამოიყენეს სამედიცინო და იურიდიულ ფსიქოლოგიაში. იგი ეფექტური საშუალება გახდა განდევნილი ან დაფარული ემოციური კომპლექსების გამოსავლენად.       ის გარემოება, რომ ასოციაცია თვითონვე გახდა ექსპერიმენტული შესწავლის ობიექტი, თავისთავად მიანიშნებს ასოციაციური ფსიქოლოგიის ძირითად ნაკლოვანებაზე. ამ კონცეფციის მიხედვით, ასოციაცია ფსიქიკის მოქმედების ერთადერთ მექანიზმად არის წარმოდგენილი. არსებითად კი, ასოციაცია მხოლოდ გარკვეული მოვლენის, სახელდობრ, იდეების კავშირის აღწერაა; იგი არ არის ამხსნელი მექანიზმი. მას, როგორც კერძო მოვლენას, თვითონ ესაჭიროება ახსნა, ე.ი. დაყვანა ფსიქიკის ნამდვილად ფუნდამენტურ კანონებსა და მექანიზმებზე, რასაც სუბიექტთან, პიროვნებასთან მივყავართ. ასოციაციური პროცესი უნებლიე, სპონტანური ხასიათისაა. მისი მთავარი პირობა სუბიექტის მაქსიმალური პასიურობაა. მიუხედავად ამისა, პიროვნების აქტიურობის მთლიანი გამორიცხვა არც აქ არის შესაძლებელი. საქმე ისაა, რომ ყოველგვარ ფსიქიკურ მოქმედებას, მათ შორის ისეთს, რომელიც წარმოდგენათა დაკავშირებას ან მათი კავშირის რეალიზაციას ეხება, საბოლოო ჯამში პიროვნება ახორციელებს. ეს გარემოება ასოციაციურ ფსიქოლოგიაში მთლიანად იგნორირებულია. აქ გავრცელებული რწმენით, ცნონიერების ფენომენები ისევე ზემოქმედებენ ერთმანეთზე, როგორც ბუნების მოვლენები, ანუ მექანიკური მიზეზობრიობის ანალოგიურად - პირდაპირ და უშუალოდ. როგორც უზნაძემ აჩვენა, მთელი ტრადიციული ფსიქოლოგია და, პირველ რიგში, ასოციაციონიზმი, ასეთ “უშუალობის პოსტულატზეა” აგებული (იხ. თავი 13.2.). მართლაც, ძნელი არ არის იმის შემჩნევა, რომ “ასოციაციის კანონებს უდავოდ უშუალობის პრინციპი უდევს საფუძვლად: ერთი წარმოდგენა მეორეს უკავშირდება პირდაპირ, უშუალოდ, ყოველი შუაწევრის გარეშე, და ერთი წარმოდგენა მეორეს რეპროდუქციას ახდენს ასევე პირდაპირ და ასევე უშუალოდ” (უზნაძე). ამ შემთხვევაში აქტივობის სუბიექტისთვის, პიროვნებისთვის ადგილი არ რჩება. არ ჩანს ადგილი ფსიქიკური პროცესების ავტორისთვის, რომლის მოთხოვნილებების, ინტერესებისა და განწყობების გათვალისწინების გარეშე წარმოდგენებსა და მათი კავშირებს საერთოდ აზრი ეკარგება. გამოდის, რომ ასოციაციის პროცესი მთლიანად იმით განისაზღვრება, თუ რამდენად ხშირია თანხვედრა ამა თუ იმ იდეას შორის, ან იმით, თუ რამდენად ჰგვანან ისინი ერთმანეთს და ა.შ. სინამდვილეში კი სწორედ საწინააღმდეგო ვითარებაა: ყველა ცალკეულ ფაქტორს (ე.წ. ასოციაციის კანონს), მსგავსებას თუ მეზობლობას, მხოლოდ იმდენად აქვს ფაქტორის ღირებულება, რამდენადაც მას სათანადო განწყობა უდევს საფუძვლად, მართებულად აღნიშნავს უზნაძე. მაშასადამე, ასოციაციის პროცესი უშუალოდ ასოციაციის კანონებით კი არა, პირველ ყოვლისა, მათ საფუძვლადმდებარე პიროვნული ფაქტორებით არის განსაზღვრული. სადღეისოდ ფსიქოლოგიას მდიდარი ემპირიული მასალა მოეპოვება იმის დასამტკიცებლად, რომ შთაბეჭდილებათა დაკავშირებაც და ამ კავშირის რეალიზაციაც იმაზეა დამოკიდებული, თუ რამდენად მნიშვნელოვანია იგი პიროვნებისთვის. აქედან გამომდინარე, ერთ შემთხვევაში შეიძლება ისე იყოს, რომ წარმოდგენები მხოლოდ ერთხელ მოხვდნენ ერთად და მათ შორის უმტკიცესი კავშირი დამყარდეს, ხოლო სხვა შემთხვევაში იდეათა მრავალჯერადი თანხვედრაც არ აღმოჩნდეს საკმარისი ასოციაციის შესაქმნელად. არსებული ასოციაციებიდანაც ის აქტუალიზდება და ის ჩაერთვება ქცევაში, რომელიც სუბიექტის აქტუალურ განწყობას შეესაბამება.       ასოციაციური ფსიქოლოგიის ისტორიული მნიშვნელობის შეფასებისას მხედველობიდან არ უნდა გამოგვრჩეს, რომ ის, მართალია, წმინდაწყლის ცნობიერების ფსიქოლოგიას წარმოდგენდა, მაგრამ არც თუ იშვიათად სხეულებრივ, ნერვულ პროცესებთან მიმართებასაც აანალიზებდა (ჰერტლი, ბეინი). ამიტომ ბუნებრივია, რომ ვუნდტის “ფიზიოლოგიურმა ფსიქოლოგიამ” ბევრი რამ აიღო მისგან, ხოლო საკითხი ფსიქიკის ორგანიზმული საფუძვლების შესახებ შემდგომდროინდელი ფსიქოლოგიის ერთ-ერთი პრინციპული საკითხი გახდა.       რაც შეეხება გარემოსა და ფსიქიკის მიმართებას, ასოციაციურ ფსიქოლოგიაში ის, არსებითად, ყურადღების გარეშე დარჩა. გამონაკლისი იყო სპენსერი, რომელმაც აღნიშნულ კავშირს საგანგებოდ გაუსვა ხაზი. დღეს ფსიქოლოგიის წარმოდგენა ამ უმნიშვნელოვანესი მიმართების კვლევის გარეშე შეუძლებელია; ფსიქოლოგიისთვის ის ცენტრალურია. ნიშანდობლივია, რომ ფსიქოლოგია, როგორც დამოუკიდებელი ექსპერიმენტული მეცნიერება, თავიდანვე მასზე იყო ორიენტირებული. ეს გარემოება შეამზადა XIX საუკუნის ბუნებისშემსწავლელ დისციპლინებში მიმდინარე კვლევებმა. მაგალითად, ჰელმჰოლცი, გრძნობის ორგანოთა ფიზიოლოგიის კვლევის პროცესში, ბუნებრივად დადგა იმის გარკვევის აუცილებლობის წინაშე, თუ როგორ ჩნდება ცნობიერებაში საგნის პერცეპტული ხატი სენსორული მონაცემებიდან. საკითხი, არსებითად, იმას ეხებოდა, თუ როგორ ვასხვავებთ ერთმანეთისაგან გარემოში არსებულ საგნებს და როგორ ვმოქმედებთ მათ მიმართ ადეკვატურად. ინტენსიური მუშაობა ე.წ. ფსიქოფიზიკაში პირდაპირ გარეგანისა და შინაგანის მიმართებაზე იყო ორიენტირებული, კონკრეტულად კი იმაზე, თუ როგორია კავშირი გამღიზიანებლისა და შეგრძნების ინტენსივობას შორის. ამავე კონტექსტში მიმდინარებოდა ასტრონომების მიერ ინიციირებული რეაქციის დროის კვლევაც; მას უნდა გამოევლინა მიმართება სტიმულის მახასიათებლებსა და საპასუხო მოქმედების სისწრაფეს შორის. ერთი სიტყვით, საბუნებისმეტყველო აზროვნების წინაშე ხშირად დგებოდა საკითხი იმ მიმართებათა შესახებ, რომლებიც არსებობს სუბიექტურ, ცნობიერ მოვლენებსა და ობიექტურ ცვლადებს შორის. მომდევნო თავში სწორედ იმ წინაპირობებზე ვისაუბრებთ, რომლებმაც ემპირიულ (პირველ რიგში ასოციაციურ) ფსიქოლოგიასთან ერთად, საფუძველი ჩაუყარეს ფსიქოლოგიის დამოუკიდებელ ექსპერიმენტულ დისციპლინად ჩამოყალიბებას.       ირაკლი იმედაძე წიგნიდან: ფსიქოლოგიის ისტორია « წინა ნაწილი | გაგრძელება » P.S. სტატიის სათაური არ არის წიგნის ავტორისეული სათაური. სტატიის სათაური პოსტის ავტორის მიერ თემატურად შერჩეული სათაურია…
დაამატა ლაშა to ფსიქოლოგია at 12:27pm on მაისი 1, 2018
თემა: კლიმენტი ალექსანდრიელი - სტრომატა
უმლოში, რაც არ გამჟღავნებია ადამიანის ძეთა სხვა თაობებს, როგორც აწ გაეცხადათ მის წმიდა მოციქულებსა და წინასწარმეტყველებს” (ეფეს. 3, 3-5).(1) ამგვარად, არსებობს სრულთა რამ სწავლებაც, რის შესახებ კოლასელთა მიმართ მიწერილში ამბობს იგი: “არ ვცხრებით თქვენთვის მლოცველნი და მთხოვნელნი, რომ მისი ნების შემეცნებით სავსე იყოთ თქვენ ყოველგვარ სიბრძნეში და სულიერ წვდომაში, მიმოდიოდეთ ღირსად უფლისა ყოველნაირი სათნოყოფით, ყოველ კეთილ საქმეში ნაყოფისგამომღებლები და აღორძინებულები ღვთის შემეცნებაში, მთელი ძალით გაძლიერებულები მისი დიდების ძალმოსილებისამებრ” (კოლ. 1, 9-11).(2) და კიდევ: “ღვთის განგებულებისამებრ, რაც თქვენდამი მომეცა მე, რომ აღვასრულო სიტყვა ღვთისა, - საიდუმლო, დაფარული საუკუნეთაგან და თაობათაგან, ამჟამად რომ გაეცხადათ მის წმინდანებს, რომელთათვისაც ინება ღმერთმა, ეუწყებინა, რა არის სიმდიდრე ამ საიდუმლოს დიდებისა წარმართთა შორის” (კოლ. 1, 25-27).(3) ამგვარად, სხვანია, ერთი მხრივ “საიდუმლონი”, ვიდრე მოციქულებამდე “დაფარულნი” (ხოლო “დაფარულნი” – ძველ აღთქმაში) და მათგან გადმოცემულნი, ისე როგორც [მათვე] უფლისაგან მიიღეს, რაც “ამჟამად გაეცხადათ მის წმინდანებს”, და სხვა არის, მეორე მხრივ, “სიმდიდრე იმ საიდუმლოს დიდებისა, რაც არის წარმართთა შორის”, რაც რწმენაა და სასოება ქრისტესადმი და რაც სხვაგან “საძირკვლად” თქვა (I კორ. 2,10; ებრ. 6,1). [1] და კიდევ, თითქოსდა ეშურება რა “ცოდნის” ცხადჩენას, როგორღაც ასე წერს: “ვმოძღვრავთ ყოველ კაცს ყოველ სიბრძნეში, რომ წარვადგინოთ ყოველი კაცი სრული ქრისტეში”,(4) - არათუ უბრალოდ “ყოველი კაცი” (რადგანც აღარავინ იქნებოდა ურწმუნო), არცთუ “ყოველი” მორწმუნე “ქრისტეში სრულიად”, არამედ ამბობს “ყოველ კაცს”, როგორც ვთქვით “მთელ კაცს”, ვითარცა განწმენდილს სხეულითა და სულით, რამეთუ რადგან “ყველასი არ არის ცოდნა” (I კორ. 8,7),(5) გარკვევით დასძენს: “შეერთებულნი სიყვარულში და წვდომის გულსავსების მთელ სიმდიდრეში, ღვთის საიდუმლოს შესაცნობად ქრისტეში, რომელშიც არის სიბრძნისა და ცოდნის ყველა საუნჯე” (კოლ. 2, 2-3),(6) და კვლავ: “მტკიცე იყავით ლოცვაში, იფხიზლეთ მასში მადლიერებით” (კოლ. 4,2);(7) “მადლიერება” არის არა მხოლოდ სულისათვის და სულიერ სიკეთეთა გამო, არამედ, აგრეთვე, სხეულის გამო და სხეულებრივ სიკეთეთათვის. და კიდევ, უფრო ნათლად ცხადყოფს მოციქული, რომ ყველასი არ არის ცოდნა, დასძენს რა: “ილოცეთ, აგრეთვე, ჩვენთვისაც, რომ ღმერთმა გაგვიღოს ჩვენ კარი ქრისტეს საიდუმლოს სათქმელად, რისთვისაც შებორკილი ვარ; რომ გავაცხადო იგი, როგორც მმართებს მე თქმა” (კოლ. 4, 3-4),(8) რადგან იყო რაღაც დაუწერლად გადმოცემული. ახლა ებრაელებისადმი ამბობს: “და გმართებდათ რა, მოძღვარნი ყოფილიყავით ხნოვანების გამო (როგორც დაბერებულებს ძველ აღთქმაში), კვლავ გაქვთ საჭიროება ისწავლოთ თქვენ, რა არის საფუძვლები ღვთის სიტყვათა დასაბამისა და გახდით მსაჭიროებელნი რძისა და არა მაგარი საკვებისა, რადგან ყველა, რძესთან ზიარებული, უმეცარია სამართლიანობის სიტყვისა, რადგან ჩვილი არის”,(9) [როგორც] პირველ სწავლებებს რწმუნებული; “ხოლო სრულთა არის მაგარი საკვები, რომლებსაც ჩვევითად გაწვრთნილი აქვთ გრძნობის ორგანოები კეთილისა და ბოროტის გასარჩევად. ამიტომ, დავტოვოთ სიტყვა ქრისტეს დასაბამისა და მივისწრაფოთ სისრულისაკენ” (ებრ. 5,14-6,1).(10) თვით ბარნაბაც, მოციქულთან ერთად თანამქადაგებელი სიტყვისა, მსახურებდა რა წარმართებს, ამბობს: “უფრო მარტივად გწერთ თქვენ, რომ ჩაწვდეთ (“ბარნაბას ეპისტოლე” 6,5). შემდეგ ქვემოთ, უფრო ცხადად წარმოაჩენს რა უკვე გნოსტიკური გადმოცემის(11) კვალს, ამბობს: “რას ეუბნება მათ სხვა წინასწარმეტყველი მოსე? “აჰა, ამას ამბობს უფალი ღმერთი: შედით კეთილ მიწაზე, რომელიც ჰფიცა უფალმა ღმერთმა, ღმერთმა აბრაამისმა, ისააკისმა და იაკობისმა, და იმემკვიდრეთ იგი, - მიწა, რომელსაც გამოსდის რძე და თაფლი” (გამოსვლ. 33, 1-3). რას ამბობს ცოდნა? ისწავლეთ: “სასოებდეთ, ამბობს, იესოს, რომელიც ხორცში უნდა გამოგიჩნდეთ თქვენ, რადგანც ადამიანი არის ვნებადი მიწა; რადგან ადამის შეძერწვა მიწის ზედაპირისაგან მოხდა. ამრიგად, რატომ ამბობს: “მიწა კეთილი, რომელსაც გამოსდის რძე და თაფლი?” კურთხეულია ჩვენი უფალი, ძმანო, რომელმაც ჩადო ჩვენში მის დაფარულთა სიბრძნე და გონება, რადგანაც ამბობს წინასწარმეტყველი: “ვინ შეიცნობს უფლის იგავს, თუ არა ბრძენი, მეცნიერი და საკუთარი უფლის მოყვარე?” (შდრ. იგავ. 1,6; ესაია 40,13) (“ბარნაბას ეპისტოლე” 6, 8-10). ასე რომ, მცირედთათვის არის ამგვართა წვდომა; რადგან, ამბობს, “შურით არ გამოუცხადებია უფალს” რომელიღაც სახარებაში: “ჩემი საიდუმლო ჩემთვისაა და ჩემი სახლის შვილებისათვის” (შდრ. ესაია 24,16); საიმედოობაში და უზრუნველობაში ჰყო მან რჩეულობა, რომ იგი (რჩეულობა), მიმღები ყოველივე იმისა, რაც კი ეთვისებათ მათ, რომლებიც გამოირჩია (უფალმა), შურზე უფრო მაღლა ყოფილიყო; ვისაც არა აქვს სიკეთის ცოდნა, უკეთურია, რადგანაც “ერთია კეთილი” – მამა! ხოლო უმეცრება მამისა არის სიკვდილი, როგორც მცოდნეობა არის საუკუნო ცხოვრება უხრწნელ ძალასთან თანაარსებობით, უხრწნელება კი არის ზიარება ღვთიურობასთან, ხოლო ხრწნილებას იწვევს განდგომა საღვთო ცოდნისაგან. [2] კვლავ წინასწარმეტყველი: “და მოგცემ შენ დაფარულ, ბნელ, უხილავ საუნჯეებს, რათა შეიცნონ, რომ მე ვარ უფალი ღმერთი” (ესაია 45,3).(12) ამათვე თანმხვედრს ფსალმუნებს დავითი: “რადგან, აჰა, ჭეშმარიტება შეიყვარე, უჩინონი და ფარულნი შენი სიბრძნისა გამიცხადე მე” (ფს. 50,8). რადგან: “დღე დღეს ამოუნთხევს სიტყვას”, - ცხადად დაწერილს, - “და ღამე ღამეს აუწყებს ცოდნას”(13) – საიდუმლოდ დაფარულს, “და არ არის სიტყვები, არც ნათქვამები, რომელთა ხმებიც არ გაიგნება” უფლის მიერ, რომელიც ამბობს: “იქმს ვიღაც ფარულად, და განა არ ვხედავ მას?”.(14)   ამიტომ ეწოდება სწავლებას “განათლება”, რადგანაც დაფარულს აცხადებს იგი. მხოლოდ მოძღვარმა გახსნა თავი კიდობნისა, პოეტები კი, პირიქით, იმას ამბობენ, რომ ზევსმა თავი დაუცო სიკეთის ჭურჭელს, გახსნა კი [ჭურჭელი] უკეთურებათა.(15) მოციქული ამბობს: “ვიცი, რომ თქვენთან მომავალი მოვალ ქრისტეს კურთხევის სავსებაში” (რომ. 15,29), “ქრისტეს სავსებად” უწოდა რა იმ “სულიერ მადლსა” და იმ მცოდნეობით გადმოცემას (th\n gnwstikh\n para/dosin), რის განდობაც სურს მათთვის, იქ მყოფთათვის, იქ მისულს (რადგანაც არ შეიძლებოდა, რომ ეპისტოლის მიერ გაემხილა იგი) – “გამოცხადებისამებრ საიდუმლოებისა, საუკუნოვან დროთა წიაღ დადუმებულისა, აწ კი საჩინოქმნილისა წინასწარმეტყველურ ნაწერთა მიერ საუკუნო ღვთის განჩინებით, ნაუწყებისა ყველა წარმართის დასამორჩილებლად რწმენისადმი” (რომ. 16, 25-26).(16) პლატონიც ეპისტოლეებში მართებულად მსჯელობს ღვთის შესახებ, რადგანც ამბობს: “იგავურად უნდა ითქვას, რათა ნაწერი გრაგნილები, თუკი მათ ვნება რამ შეემთხვევათ ზღვაზე ან ხმელეთზე, წამკითხველმა ვერ შეიმეცნოს”,(17) რადგანაც ყოველთა ღმერთი, რომელიც აღემატება ყოველგვარ სიტყვას, აზრს თუ ზრახვას, წერილობით არასოდეს გადმოიცემა, არამედ ჰგიეს იგი, თავისი ძალით გამოუთქმელი. ესეც ნათელყო პატონმა, როდესაც თქვა: “ამათ შესახებ განჭვრეტ რა, ფრთხილად იყავი, რომ არ გაგიხდეს ოდესმე სანანებლად აწ უღირსად სააჯმნოქმნილნი. ყველაზე დიდი უსაფრთხოებაა არდაწერა და ზეპირსწავლა. არ შეიძლება, არ შეიძლება, რომ ნაწერები არ გახმაურდეს (ეკპესეინ)”.(18) მსგავსადვე ამბობს წმ. მოციქული პავლეც, დამცველი წინასწარმეტყველური და ჭეშმარიტად ძველი ფარულსწავლებისა (h( e)pi/kruyij), საიდანაც გაიღვარა ელინთა შორის სასიკეთო სწავლებანი. [3] [ასე ამბობს იგი]: “სიბრძნეს ვმეტყველებთ სრულთა შორის, ხოლო სიბრძნეს არათუ ამ საუკუნის, არცთუ ამ საუკუნის გამგებელთა, რომლებიც უნდა განადგურდნენ, არამედ ვმეტყველებთ საიდუმლოდ ღვთის სიბრძნეს, დაფარულს” (I კორ. 2, 6-7).(19) ცოტა ქვემოთ როგორღაც იმასაც გვასწავლის მოციქული, რომ ვერიდოთ მრავალთა წინაშე სიტყვების გათქმას: “და მე, ძმანო, ვერ შევძელი მეთქვა თქვენთვის, როგორც სულიერთათვის (pneumatikoij), არამედ – როგორც ხორციელთათვის, როგორც ქრისტეში ჩვილთათვის. რძე გასვით თქვენ, არათუ საჭმელი, რადგანაც არ ძალგიძდათ ჯერ, თუმცა არც ახლა ძალგიძთ ჯერ კიდევ, რადგან ჯერ კიდევ ხორციელნი ხართ” (I კორ. 3, 1-3).(20)   ამგვარად, თუკი მოციქულის მიერ “რძე” ჩვილთა საზრდოდ ითქვა, “საჭმელი” კი სრულთათვის, “რძედ” კატეხიზმო იგულისხმება, როგორც სულის პირველი საზრდო, “საჭმელად კი არის “ზემხედველი მჭვრეტელობა” (h( e)poptikh/ qewri/a), თვით ხორცნი და სისხლი სიტყვისა ანუ საღვთო ძალისა და არსების წვდომა.   --------------------------------------------------------------------------------------------- შენიშვნები   (1) - შდრ. ძვ. თარგ.: ”გამოცხადებით მეუწყა მე საიდუმლოჲ იგი, ვითარცა-იგი უწინარეს მივწერე თქუენდა მცირედ-რე, რომლითა შემძლებელ ხართ, აღმოიკითხოთ რაჲ, ცნობად გულისხმისყოფისა მის ჩემისა საიდუმლოჲღა მით ქრისტესითა, რომელიც ნათესავსა სხუასა არა გამოეცხადა ძეთა კაცთასა, ვითარ-ესე აწ გამოეცხადა წმიდათა მისთა მოციქულთა და წინაჲსწარმეტყუელღა”. (2) - შდრ. ძვ. თარგ.: ”არა დავსცხრებით თქუენთჳს ლოცვითა და თხოვითა, რაჲთა აღივსნეთ მეცნიერებითა ნებისა მისისაჲთა, ყოვლითა სიბრძნითა და გულისხმისყოფითა სულიერითა, რაჲთა ხჳდოდით თქუენ ღირსად ღმრთისა ყოველსავე სათნოებასა ყოვლითა საქმითა კეთილითა ნაყოფიერნი და აღორძინებულნი მეცნიერებასა ღმრთისასა, ყოვლითა ძალითა განძლიერებულნი სიმტკიცისაებრ დიდებისა მისისა”. (3) - შდრ. ”მოღუაწებითა ღმრთისაჲთა, რომელიც მომეცა მე თქუენდა მიმართ აღსრულებად სიტყჳსა ღმრთისა, საიდუმლოჲ იგი, დაფარული საუკუნითგან და ნათესავითგან, ხოლო აწ გამოეცხადა წმიდათა მისთა, რომელთაჲ იგი ინება ღმერთმან უწყებად, რაჲ - იგი არს სიმდიდრე დიდებისა საიდუმლოჲსაჲ მის წარმართთა შორის”. (4) - შდრ. ”ვჰმოძღურით ყოველსა კაცსა ყოვლითა სიბრძნითა, რაჲთა წარუდგინოთ ყოველი კაცი სრული ქრისტე იესუჲს მიერ” (კოლ. 1,28). (5) - შდრ. ”არა ყოველთა თანა არს მეცნიერებაჲ”. (6) - შდრ. ”თანაშეტუებულნი სიყუარულით ყოვლისა მიმართ სიმდიდრისა გულსავსებისა გულისხმისყოფისა მეცნიერად საიდუმლოსა მას ღმრთისასა და ქრისტესსა, რომელსა შინა არიან ყოველნი საუნჯენი სიბრძნისა და მეცნიერებისანი დაფარულნი”. (7) - შდრ. ”ლოცვასა განეკრძალენით, იღჳძებდით მას შინა მადლობით”. (8) - შდრ.: ”ილოცევდით მათ თანა და ჩუენთჳსცა, რაჲთა ღმერთმან განმიღოს ჩუენ კარი სიტყჳსაჲ სიტყუად საიდუმლოთა მათ ქრისტესთა, რომლისათჳსცა პყრობილ ვარ, რაჲთა განვაცხადო იგი, ვითარ - იგი ჯერ-არს ჩემდა სიტყუად”. (9) - ”და რამეთუ თანა-გედვა, რაჲთამცა იყვენით მოძღუარ ჟამისა ამისაგან; კუალად გიჴმს-ვე-ღა მოძღურებაჲ თქუენ ასოთა რათმე დასაბამისა სიტყუათა ღმრთისათა და იქმნენით მოქენე სძისა და არა მტკიცისა საზრდელისა, რამეთუ ყოველი, რომელი მიიღებენ სძესა, უმეცარ არს სიტყუასა მას სიმართლისა, რამეთუ ჩჩჳლ არს” (ებრ. 5, 12-13). (10) - შდრ.: ”ხოლო სრულთაჲ არს მტკიცჱ იგი საზრდელი, რომელთა წესითა მით გონებანი წურთილნი ჰქონედ განრჩევად კეთილისა და ბოროტისა. ამისთჳს დაუტეოთ დასაბამისა მის ქრისტეს სიტყუათაჲ და სისრულისა მიმართ მოვიდეთ”. (11) - ცხადია, იგულისხმება ჭეშმარიტი საეკლესიო მცოდნეობითი (”გნოსტიკური) გადმოცემა და არა ცრუგნოსტიკური, სექტანტური. (12) - შდრ.: ”და მიგცნე შენ საუნჯენი ბნელნი, დაფარულნი, უხილავნი, - განგიხუნე შენ, - რაჲთა სცნან, ვითარმედ მე ვარ უფალი ღმერთი”. (13) - შდრ.: ”დღე დღესა აუწყებს სიტყუასა და ღამე ღამესა მიუთხრობს მეცნიერებასა (”ანანგელლეი გნოსინ”) და არა არიან თქუმულ, არცა სიტყუა, რომელთაჲ - იგი არა ესმა ჴმაჲ მათი” (ფს. 18. 3-4); ჩვენი თარგმანი ”ამოუნთხევს” გადმოსცემს ბერძნულ e)reu/getai (e)reu/gomai - ”ამობოყინება”, ”ამონთხევა”, გადატ. ”სიტყვის ამოტყორცნა”). (14) - შდრ. იერ. 23,24: ”ნუ დაიმალოს კაცი სამალავსა შინა და მე არა ვიხილო იგი?” (15) - იხ. ჰომეროსი, ილიადა, 24, 527-533. (16) - შდრ. ”გამოჩინებისაებრ საიდუმლოჲსა მის ჟამთა მათ საუკუნეთაჲსა დადუმებულისა, რომელი-ესე გამოჩნდა აწ წიგნებითა საწინაჲსწარმეტყუელოთაჲთა, ბრძანებითა საუკუნოჲსა ღმრთისაჲთა, დასამორჩილებელად სარწმუნოებისა ყოველთა მიმართ წარმართთა გამოცხადებული” (რომ. 16, 25-26). (17) - პლატონი, მეორე ეპისტოლე, 312 d 6-8. (18) - იქვე, 314 d 6-c2. (19) - შდრ. ”ხოლო სიბრძნესა ვიტყჳთ სრულთა მათ მიმართ, ხოლო სიბრძნესა არა ამის სოფლისასა, არცა მთავართა მათ სოფლისათა, რომელნი განქარვებად არიან აწ, არამედ ვიტყჳთ სიბრძნესა ღმრთისასა საიდუმლოდ, დაფარულსა მას. (20) - შდრ. ”და მე, ძმანო, ვერ უძლე სიტყუად თქუენდა, ვითარცა სულიერთა, არამედ ვითარცა ხორციელთა, ვითარცა ჩჩჳლთა ქრისტეს მიერ. სძე გასუ თქუენ და არა საჭმელი, რამეთუ არღა გეძლო, არამედ არცაღა აწ გიძლავს, რამეთუ წუთღა ხორციელვე ხართ.   -------------------------------------------------------------------------------------------------- [1] - კლიმენტის მოძღვრების არსია სწავლება “გნოსიზის” ან“ცოდნის”, “მცოდნეობის” შესახებ, მაგრამ აღნიშნული სწავლების სრული წვდომისათვის საჭიროა განვიხილოთ კლიმენტის თვალსაზრისი “ცოდნის შესახებ, რადგანაც “რწმენა” და “ცოდნა” ანუ “პისტის” და “გნოსის” მასთან მჭიდროდ უკავშირდება ერთმანეთს. მკვლევართა მიერ შენიშნულია, რომ კლიმენტი ალექსანდრიელი სრულად აცნობიერებდა იმ ორმაგ დაპირისპირებას, რაც “რწმენის” ევანგელური შინაარსის მიმართ აღმოცენდა: (1) ბერძენ ფილოსოფოსთა ნაწილი მკაცრად განაქიქებდა ქრისტიანთა სწრაფვას სარწმუნოებისაკენ, მაცხოვრისეული სიბრძნისკენ, კიცხავდა ამ სიბრძნის ჭეშმარიტებას, ჭეშმარიტებას ფილოსოფიური დასაბუთების გარეშე, ანუ კიცხავდა ქრისტიანთა მზადყოფნას, ყოველგვარი მტკიცების გარეშე ერწმუნათ მაცხოვრის სწავლება; (2) სექტანტი გნოსტიკოსები, განსაკუთრებით კი ვალენტინელები, მკაცრად განასხვავებდნენ მარტივ მორწმუნეთა “რწმენსა” და იმ უზენაეს “ცოდნას”, რაც თითქოს წინდაწინვე ბუნებრივად, არსობრივად იყო შთანერგილი მხოლოდ ზოგ პიროვნებაში, რომლებსაც ისინი “სულიერებს”, “პნევმატიკოსებს” უწოდებდნენ. მესამე დაპირისპირება, რაც არანაკლებ რთულად გადასალახავი იყო კლიმენტის მიერ, გულისხმობდა საკუთრივ ეკლესიის წიაღში არსებულ ქრისტიანთა იმ ნაწილს, რომელიც მთლიანად უარყოფდა სარწმუნოების ამა თუ იმ ასპექტის რაიმე მეცნიერულ გაშინაარსებას და “რწმენის” “ცოდნად” ქცევას. აღნიშნული სამი დაპირისპირებიდან პირველი, - ელინური ბრალდება ქრისტიანთა მიმართ, - თავს იჩენს კლიმენტის შემდეგ სიტყვებში: “ელინები გმობენ რწმენას, რასაც ფუჭად და ბარბაროსულად რაცხენ”. რაც შეეხება “რწმენის” გნოსტიკურ, კერძოდ, ვალენტინურ განქიქებას, ამ მხრივ საყურადღებოა კლიმენტის შემდეგი სიტყვები: “ვალენტინელები, ერთი მხრივ, რწმენას განგვიკუთვნებენ ჩვენ, მარტივთ, ხოლო, მეორე მხრივ, თავიანთ თავში, როგორც რჩეული თესლის სიუხვისამებრ ბუნებითად გამოხსნილებში “ცოდნის” (“გნოზისის”) არსებობას მოსურნეობენ და ამ ცოდნას რწმენისაგან ისე დიდად დაშორებულს ამბობენ, როგორც დაშორებულია მშვინვიერისგან სულიერი (“პნევმატიკოს”). თუკი ორივე ზემორე საფრთხე “რწმენის” განქიქებას მოასწავებდა, მესამე საფრთხე, აღმოცენებული საკუთრივ ქრისტიანობის წიაღში, პირიქით, მარტოდენ “რწმენის” მნიშვნელობას აღიარებდა და შეუვალად და სავსებით უარყოფდა ყველაფერს დანარჩენს. ამგვარ ქრისტიანთა შესახებ მრავალგზის გვაუწყებს კლიმენტი. საგულისხმოა მისი შემდეგი სიტყვები: “ზოგიერთები, რომლებიც ფიქრობენ, რომ მიმადლებულნი არიან, უგულებელყოფენ როგორც ფილოსოფიასთან შეხებას, ასევე, განსჯას და, აგრეთვე, ბუნებითი მეცნიერების შესწავლასაც. ისინი მოითხოვენ, მხოლოდდამხოლოდ ლიტონ რწმენას”. “სტრომატას” I წიგნის II თავში კლიმენტი ალექსანდრიელი უფრო ვრცლად საუბრობს გარკვეულ ქრისტიანთა შორის არსებულ ამგვარ უკიდურესობაზე. ასე მსჯელობს იგი: “იმ კომენტარების თაობაზე, რომლებიც საჭიროების შემთხვევაში მოიცავენ ელინურ აზროვნებას, ამგვარად ვუპასუხებ გაკიცხვის მოყვარულებს: ... ელინთა დაგმობა არ ხელეწიფებათ მათ, რომლებიც ელინური ნააზრევის შესახებ ლიტონი სიტყვებით იფარგლებიან და არ ცდილობენ მის გაცნობიერებასა და დაწვრილებით გამოკვლევას (სიტყვ. “დაწვრილებით გაცხადებას”), მაშინ როცა სარწმუნოა სწორედ გამოცდილებით მხილება, რადგანაც სრულყოფილი გამოაშკარავება გულისხმობს იმის ცოდნას, რაც იგმობა”. სამი ზემოაღნიშნული საფრთხის უარსაყოფად თავს იდვა კლიმენტიმ მოძღვრებითი სახით განემარტა, თუ რა არის “რწმენა” და როგორ შეერთვის იგი “ცოდნას”. მკვლევართა მიერ ცხადყოფილია, რომ “რწმენა” კლიმენტის შრომებში სამგვარი შინაარსით გვხვდება: 1. რწმენის პირველი მნიშვნელობა არის, შეიძლება ითქვას, აქსიომატური რწმენა ანუ რწმენა იმისა, რაც უშუალო ცოდნის სახით გვეძლევა და რაც გულისხმობს მსჯელობის პირველსაფუძვლებს. 2. რწმენა არის ღრმა დარწმუნებულობა, რასაც იძენს ადამიანის გონება ამა თუ იმ მოვლენის მეცნიერული დასაბუთების შემდეგ. ესაა რწმენა, რომელიც ეფუძნება არგუმენტაციას და მომდინარეობს მისგან. 3. რწმენა არის საღვთო წერილის უწყებათა და სწავლებათა სრულად მიღება მათში უფრო ღრმად წვდომის მცდელობის გარეშე. “რწმენის” პირველი ორი მნიშვნელობა მოიცავს ეპისტემოლოგიურ ანუ მეცნიერულ საკითხებს, ხოლო მესამე მიეკუთვნება რელიგიურ სფეროს, თუმცა სამივე მათგანი მჭიდროდ უკავშირდება ერთმანეთს. შევეხოთ ცალკეულად მათ: 1. “რწმენის” პირველი მნიშვნელობა თავს იჩენს შემდეგ სიტყვებში: “ან ყველაფერი დასაბუთებას საჭიროებს ანდა რაღაცეები მათგანვე არიან სარწმუნონი”. ამგვარ აზრს კლიმენტი შემდეგ მსჯელობას ურთავს: “თუკი პირველს დავეყრდნობით, მაშინ ყოველგვარი მტკიცების მტკიცება გახდება საჭირო, რაც უსასრულობაში გადაგვიყვანს და რითაც გაუქმდება თვით მტკიცება; თუ მეორე თვალსაზრისს მივიღებთ, მაშინ ის მოვლენები, რომლებიც მათგანვე არიან სარწმუნონი, მტკიცებათა სათავეები გახდებიან. ფილოსოფოსები დაუმტკიცებლად არიარებენ ყოვლიერების საწყისებს. ასე რომ, თუკი არსებობს მტკიცება, მაშინ აუცილებელია, რომ უპირველესად არსებობდეს რაღაც ისეთი, რაც სარწმუნოა თავისთავად, რასაც ეწოდება “პირველი” და “დასაბუთებული”. მთელი დასაბუთება მომდინარეობს დაუსაბუთებელი რწმენიდან (სიტყვ. “ადის დაუსაბუთებელ რწმენამდე”) “სტრომატას” II წიგნში კლიმენტი დაწვრილებით მსჯელობს “რწმენისა” და “დასაბუთების” (ანუ “მტკიცების”) ურთიერთმიმართების შესახებ: “არსებობს ოთხი რამ, რაშიც ჰგიეს ჭეშმარიტება: გრძნობა, გონება, მეცნეირება, ვარაუდი. ბუნებით პირველია გონება, ხოლო ჩვენთვის და ჩვენთან დამოკიდებულებაში კი – გრძნობა; გრძნობისა და გონებისაგან შედგება მეცნიერების არსება, რადგანაც გონებისა და გრძნობისათვის საერთოა ცხადლივობა. გრძნობა არის კიბე მეცნიერებისაკენ, ხოლო რწმენა, რომელსაც მეგზურობს გრძნობა, მოკლებულია ვარაუდს. იგი ისწრაფვის უტყუარ საქმეთაკენ და მკვიდრობს ჭეშმარიტებაში. თუკი ვინმე იტყვის, რომ მეცნიერება ისაა, რაც სიტყვის მიერ მტკიცდება, ისმინოს მან, რომ თვით სათავეებიც დაუმტკიცებელნი არიან. ვერც ოსტატობით, ვერც აზროვნებით ვერ შევიმეცნებთ მათ... მიიჩნევენ, რომ მხოლოდ რწმენით მიიღწევა ყოველივეს დასაბამი, რადგან ყოველგვარი მეცნიერება სწავლებადია, ხოლო სწავლებადობა გამომდინარეობს იმისგან, რაც უწინარეს უკვე შემეცნებულ იქნა. მაგრამ ელინთა მიერ არ იყო წინაშემეცნებული ყოველივეს დასაბამი, - არც თალესის მიერ, რომელმაც პირველ მიზეზად წყალი დააწესა, არც შემდგომი დროის სხვა ბუნებისმეტყველთა მიერ; ასევე, თუმცა ანაქსაგორამ პირველმა განუკუთვნა მოვლენებს გონება, არც მას დაუცავს შემოქმედებითი ღირსება, რდგანაც გონების უმოქმედობასთან და უგუნურებასთან ერთად რაღაც აზრსმოკლებული წრებრუნვები წარმოსახა... მეცნიერება არის მტკიცებითი გვარი, ხოლო რწმენა მადლია, რომელიც დაუმტკიებელთა წიაღ ყოვლად მარტივისკენ ზეაღგვიძღვება, რაც არც ნივთთან არის, არც ნივთია, არც ნივთის ქვეშაა”. კლიმენტი ალექსანდრიელი მიიჩნევს იმასაც, რომ, რწმენისეულ წყაროსთან ერთად, შესაძლებელია ცალკეულ მტკიცებათა სათავეებად მივიჩნიოთ აგრეთვე ყველაფერი ის, რაც გრძნობასა და აზროვნებას ცხადად წარმოუჩნდება. აი, მისი სიტყვები: “ალბათ არის მტკიცებათა სხვა სათავეებიც რწმენითი წყაროს შემდეგ (ე.ი. რწმენითი სათავის გარდა, ე.ჭ.), კერძოდ გრძნობასა და აროვნებაში ცხადლივად ჩენილი (მოვლენები). ის, რაც გრძნობას თანხვდება, მარტივია და დაუშლელი, ხოლო გონებასთან დაკავშირებული მოვლენები არის მარტივი, აზროვნებითი და პირველი; რაც მათგან იშვება (ე.ი. ერთობლივად გრძნობისაგან და გონებისაგან, ე.ჭ.), შედგენილია, მაგრამ ესეც არანაკლებ ცხადია, სარწმუნოა და ლოგიკურია, ვიდრე პირველი. თუკი მოიძებნება ისეთი სიტყვა, რომელიც უკვე სარწმუნოა საქმეთა გზით დამაჯერებლობას შესძენს ჯერ კიდევ არასარწმუნო მოვლენებს, სწორედ ამგვარ სიტყვას ვიტყვით მტკიცების არსებად. თქმულია ისიც, რომ რწმენისა და მტკიების გვარი მრჩობლია: პირველი მათგანი დარწმუნებულობას სძენს მსმენელთა სულებს, მეორე კი – მეცნიერებას. თუკი ვინმე გრძნობისა და გონებისათვის ცხადი მოვლენებიდან დაიწყებს და შემდეგ შესაბამის დასკვნასაც მოადევნებს მათ, მართებულად იმსჯელებს იგი; მაგრამ თუ დაეყრდნობა მხოლოდ მოსაზრებებს და არა “პირველთ”, ანუ არა მათ, რომლებიც ცხადდებიან გრძნობასა და აზრში, და თუ, ამასთან, შესბამის დასკვნასაც მოადევნებს, მიზეზშედეგობრივად იმსჯელებს იგი, თუმცა მისი მტკიცება მეცნიერული არ იქნება, - ხოლო თუ შეუსაბამოა დასკვნა, მთლიანად არასილოგისტური იქნება მისი მსჯელობა”. კლიმენტის დასკვნა ასეთია: “ყოველ საძიებელ საკითხში არის რაღაც შემეცნებაზე უწინარესი, რაც სარწმუნოა თავისთავად და რაც ირწმუნება კიდეც დაუმტკიცებლად, რისი ამოსავალ წერტილად მიჩნევაც გვმართებს მათი (ამ საკითხების, ე.ჭ.) კვლევის ჟამს”. აქსიომატურ რწმენასა და დამტკიცებასთან დაკავშირებით საყურადღებოა კლიმენტი ალექსანდრიელის განმარტება თუ რა არის “ანალიზი”. განმარტება ასეთი სახისაა: “ყოველი მტკიცება გარკვეულ მტკიცებათა მიერ მტკიცდება, რომლებიც ადრე დამტკიცდნენ სხვა მტკიცებათა გზით. ასე ავდივართ თავისთავად სარწმუნო მოვლენებამდე... ამას ეწოდება ანალიზი”. სხვაგან კლიმენტი “რწმენას” განმარტავს, როგორც გრძნობითი აღქმის ჭეშმარიტებისადმი გონების “თანხმობას”. ეს “თანხობა” ბერძნულად გადმოიცემა ტერმინით “სიღკატათესის”, რაც ლათინურად ითარგმნება, როგორც “ადსენსიო”. კლიმენტი აღნიშნავს: “რწმენა არის... ნებაყოფლობითი წინასწარ აღქმა”. სხვაგან აღნიშნულია: “ყოველგვარი მოსაზრება, განსჯა, ვარაუდი და სწავლება წარმოადგენს “თანხმობას”, რაც სხვა არა უნდა იყოს რა, თუ არა რწმენა”. ამგვარად, მკვლევართა შეჯამებით, კლიმენტი ალექსანდრიელის შრომებში ტერმინი “პისტის” (“რწმენა”) თავისი პირველი მნიშვნელობით გულისხმობს: (1) მტკიცების პირველსათავეებს, რომლებიც თავისთავად დაუმტკიცებელნი არიან; (2) მტკიცების სათავეებს, რომლებიც ცხადია გონებისა და გრძნობისათვის და, აგრეთვე (3) ყოველგვარ უშუალო ცოდნას, დაფუძნებულს გრძნობად აღქმაზე, რასაც აღნიშნავს ტერმინები “თანხმობა” და “წინასწარ აღქმა”. 2. მეცნიერულ მტკიცებას ახასიათებს დამაჯერებელი დასკვნა. ამიტომ, ტერმინი “რწმენა” აღნიშნავს, აგრეთვე, არგუმენტირებული დასკვნის შედეგად მიღებულ მტკიცე დამაჯერებლობას. კლიმენტი გვაუწყებს: “უძირითადესი აზრით, მტკიცება ეწოდება მას, რაც მეცნიერულ რწმენას უნერგავს შემსწავლელთა სულებს”. კლიმენტი სხვაგან იშველებს არისტოტელეს სიტყვებს და გვაუწყებს: “არისტოტელე ამბობს, რომ მეცნიერებაზე დაფუძნებული (სიტყვ. “მეცნიერებას მოდევნებული”) გადაწყვეტილება, როგორც რამ ჭეშმარიტი, რწმენას წარმოადგენს”. კლიმენტის აზრით, რწმენა, რომელიც მტკიცებას ეფუძნება, მხოლოდ მაშინ იქნება “მეცნიერული რწმენა”, თუკი თავად მტკიცება არის მეცნიერული. კლიმენტი განასხვავებს მეცნიერულ მტკიცებას და მტკიცებას, დაფუძნებულს ვარაუდზე. შესაბამისად, იგი გამოყოფს “რწმენის” ორ სახეს: მეცნიერულსა და ვარაუდისეულს. “რწმენა არის ორგვარი – მეცნიერული (“ეპისტომენიკე”) და ვარაუდისეული (”დოქსატიკე”). ამიტომაც, არაფერია ხელისშემშლელი, ორგვარად წარმოვაჩინოთ მტკიცებაც, კერძოდ, როგორც ”მეცნიერული” და ”ვარაუდისეული”, რადგანაც თვით ”ცოდნა” და ”წინასწარცოდნაც” ორგვარია: ერთია ზედმიწევნითი ბუნების მქონე, მეორე კი – ნაკლული”. სხვაგან კლიმენტი აღნიშნავს: ”არა მხოლოდ მტკიცება, რწმენა და ცოდნა, არამედ ”წინასწარცოდნაც” ორგვარად ითქმის, - ერთია ”მეცნიერული” და მყარი, მეორე კი მხოლოდ ”სასოებითი” (”ელპისტიკე”). რადგანაც, კლიმენტის სწავლებით, ”რწმენა” არის პირდაპირი შედეგი მეცნიერული მტკიცებისა, ამდენად იგი უიგივდება მეცნიერულ ცოდნას, მაგრამ კლიმენტი უფრო ღრმად ჭვრეტს ”მეცნიერული რწმენის” არსს და მას ”მეცნიერულ ცოდნაზე” მაღლა აყენებს, რადგანაც ”მეცნიერული ცოდნა” ეფუძნება ”მეცნიერულ რწმენას”. ამიტომ ამბობს კლიმენტი: ”რწმენა არის უფრო ძალმოსილი, ვიდრე მეცნიერება და იგი წარმოადგენს ამ უკანასკნელის კრიტერიუმს”. 3. კლიმენტისათვის, ცხადია, არსებითია ”რწმენის” საკუთრივ რელიგიური მნიშვნელობით გულისხმისყოფა. Aმგვარი შინაარსით ”რწმენა” განმარტებულია კლიმენტის შემდეგ სიტყვებში: ”რწმენა არის შინაგანი სიკეთე, რომელიც ღვთის ძიების გარეშე აღიარებს, რომ არსებობს იგი და ადიდებს მას, როგორც არსებულს”. ესაა ის რწმენა, რომელსაც კლიმენტი უწოდებს ”ლიტონს”, ”ზოგადს” და რომელიც ზემოთ მოვიხსენიეთ. ეს ”რწმენა თუმცა წარმოადგენს ქრისტიანული ცხოვრების ”საფუძველს” და იგი საკმარისია ხსნისათვის, მაინც, კლიმენტის სწავლებით, მას აკლია სრულყოფილება. კლიმენტი ხშირად აღნიშნავს ლიტონი რწმენის სრულყოფილ რწმენად ანუ მისი ”ცოდნად” ქცევის აუცილებლობას. ”სტრომატას” V წიგნში ვკითხულობთ: ”ჩანს, რომ მოციქული ორგვარ რწმენას აცხადებს, უფრო კი აცხადებს ერთს, რომელიც მიმღებია ზრდისა და სრულყოფისა, რამეთუ ზოგადი რწმენა ქვე-დადებულია, როგორც საფუძველი. უფალმა ასე უთხრა მათ, რომლებიც ესწრაფოდნენ კურნებას და სარწმუნოებით იყვნენ აღძრულნი: ”სარწმუნოებამან შენმან გაცხოვნა შენ” (მათე 9,22); მეორე მხრივ, ის რწმენა, რომელიც უპირატესად ზედაშენია, სრულიქმნება მორწმუნესთან ერთად და კვლავაც მასთანვე სრულყოფას იღებს შეძენილი სწავლის გზით”. ცოტა ქვემოთ კლიმენტი გვმოძღვრავს” ”ვიცით, რომ საუკეთესოა რწმენით შემცნობელი ძიება, რაც რწმენის საძირკველზე აშენებს ჭეშმარიტების დიდმშვენიერ ცოდნას”. საგულისხმოა, აგრეთვე, კლიმენტის შემდეგი სიტყვები: ”ვამბობთ რწმენას, არა მხოლოდღა უქმს, არამედ მას, რომელიც ძიებასთან ერთად უნდა წარემატებოდეს”. ”სტრომატას” VII წიგნში კლიმენტი გვამცნობს: ”ისინი, რომლებიც მარტივად იგემებენ წერილს, მხოლოდ რწმენას ფლობენ, ხოლო რომლებიც წინ მიიწევენ, წარემატებიან ჭეშმატიების ზედმიწევნით გამორჩევაში. ესენი არიან ”მცოდნეები”. კლიმენტის მოძღვრებით, საღვთო წერილი არის არა მხოლოდ მარტივად სარწმუნო თხრობა, არამედ დაუსრულებლად გამოსაძიებელი და უღრმესი მისტიკური ჭვრეტით საწვდომი წიგნი. შრომაში ”ვინ არის გამოხსნილი მდიდარი”? კლიმენტი გვაუწყებს: ”რადგან მაცხოვარი მისიანებს საღვთო, მისტიკური სიბრძნით ასწავლის ყველაფერს და არა კაცობრივად, მართებთ ცხადად მცოდნეებს, რომ არათუ ხორციელად ისმინონ მისი სიტყვები, არამედ სათანადო ძიებისა და წვდომის გზით გამოიკვლიონ და შეისწავლონ მათში დაფარული აზრი, რადგანაც ისიც კი, იგავურად გაზრახულთაგან, რაც ჩანს, რომ თვით უფალმა განუმარტა მოწაფეებს, ამჟამადაც არათუ ნაკლები, არამედ უმეტესი ყურადრების ღირსია მათში არსებული აზრის ზეგარდამატებული აღმატებულების გამო... არათუ ზედაპირულად სმენა გვმართებს, არამედ გონება უნდა მივაახლოთ მაცხოვრის სულსა და აზრის იდუმალებას”. კლიმენტი ზოგან ”ცოდნად” უწოდებს ”მეცნიერულ მტკიცებას”. აი მისი სიტყვები: “უზენაესი მტკიცება, რაშიც ვგულისხმობთ “მეცნიერულს”, წერილთა თანაშეწყობისა და განმარტების გზით რწმენას უნერგავს სწავლისმოსურნეთა სულებს, რაც იქნება “ცოდნა”. ამგვარად, კლიმენტის აზრით, ერთი მხრივ, არსებობს რწმენა მტკიცების გარეშე, ანუ რწმენა საღვთო წერილისა თავისთავად, რომელიც სრულ ქრისტიანთა შორის “ცოდნამდე” მაღლდება, ხოლო, მეორე მხრივ, არსებობს რწმენა, რაც მოსდევს “მეცნიერულ მტკიცებას” ანუ საღვთო წერილის ღრმა განმარტებას. პირველ შემთხვევაში “ცოდნა” მომდინარეობს “რწმენიდან” და აღმატებულია მასზე ანუ წარმოადგენს “რწმენის” სრულყოფას, სწორედ ეს იგულისხმება კლიმენტის სიტყვებში: “ცოდნა უმჯობესია რწმენაზე”; “რწმენის მწვერვალამდე მისული, - თვით ცოდნამდე”; “ცოდნა... არის სრულყოფა რწმენისა”; “ამის (“ცოდნის”, ე.ჭ.) მიერ სრულიქმნება რწმენა, რადგანაც მხოლოდ მისგან არის სრული მორწმუნე”. მეორე მხრივ, თვით “რწმენა” გამომდინარეობს “ცოდნიდან”, როდესაც სწავლისმოყვარე სული “ირწმუნებს” რაიმეს “მეცნიერული მტკიცების” ანუ განმარტებითი მოძღვრების საფუძველზე. ასეთ შემთხვევაში თვით “რწმენაა” “ცოდნის” სრულყოფა, რაც მინიშნებულია კლიმენტის შემდეგ სიტყვებში: “რწმენა უფრო ძალმოსილია მეცნიერებაზე და წარმოადგენს ამ უკანასკნელის კრიტერიუმს”. ამგვარად, დასკვნის სახით შეიძლება ითქვას, რომ მარტოდენ “რწმენა” რელიგიური აზრით, კლიმენტისათვის არ არის სრუყოფის ნიმუში. ეს სრულყოფა მას “ცოდნით” ეძლევა. თვით იმ შემთხვევაშიც კი, როცა “რწმენა” მოსდევს “ცოდნას”, ამოსავალი წერტილი მაინც “რწმენაა”, რადგანაც როგორც ზემოთ იყო აღნიშნული, ყოველგვარი ცოდნა აუცილებლად გულისხმობს აქსიომატურ რწმენას, ანუ “რწმენას” მეცნიერულად დაუმტკიცებელი და თავისთავად სარწმუნო პირველსაფუძვლებისადმი. სწორედ ესაა ის ორი “რწმენა” (ერთია “რწმენა” დაუსაბუთებელი, დაუმტკიცებელი და თავისთავად სარწმუნო დასაბამიერი პირველსაფუძვლებისადმი და მეორეა “რწმენა” დაფუძნებული “ცოდნაზე”, გამომდინარე მეცნიერული მტკიცებიდან, განმარტებითი მოძღვრებიდან), რაზეც ზემოთ იყო საუბარი და რასაც კლიმენტი არსობრივად ერთ რწმენად წარმოგვიდგენს, ანუ უფრო ზუსტად, მეორე “რწმენას” პირველის სრულყოფად დაგვისახავს. ესაა იგივე “მცოდნეობითი რწმენა”, რაც სრულქმნილი ქრისტიანის თვისებაა და რაც თავს იჩენს კლიმენტის სიტყვებში: “ამგვარად, სარწმუნოა ცოდნა და მცოდნეობითი რწმენა”. ამ სიტყვებით შეიძლებოდა დაგვესრულებინა ზემორე მოკლე მიმოხილვა “რწმენის” კლიმენტისეული გააზრების თაობაზე.   [2] - ზემოთ ჩვენ შევეხეთ “რწმენისა” და “ცოდნის” ურთიერთმიმართების კლიმენტისეულ განმარტებას. როგორც ცხადი გახდა, კლიმენტი ალექსანდრიელისთვის “ცოდნა” ანუ “გნოზისი”, უპირველესად გულისხმობს ქრისტიანული მოძღვრების ღრმა წვდომასა და ცოდნას, რაც მიიღწევა საღვთო წერილის დაფარული აზრის შეცნობის, ბიბლიურ საიდუმლოთა საცნაურყოფის გზით. კლიმენტის აზრით, მხოლოდ ამგვარად შევძლებთ ძალისამებრ განვჭვრიტოთ უზენაესი ღვთიურობა; სწორედ ეს შეცნობა, ეს განჭვრეტა არის “ცოდნა” და სწორედ იგია უზენაესი მიზანი ქრისტიანული სიბრძნისმეტყველებისა ანუ ფილოსოფიისა. კლიმენტის მოძღვრებაში გამოიყოფა “ცოდნის” ორი ხარისხი: ეს “ცოდნა” გარკვეულწილად, რაღაც ნაწილით საწვდომია ამქვეყნად მყოფი ადამიანისათვის და ესაა ხსენებული ცოდნის პირველი ხარისხი, მაგრამ იგივე ცოდნა სრულყოფილად ვლინდება და სრულად ცნაურდება მხოლოდ ხორციელი სიკვდილის შემდეგ, როდესაც ჭეშმარიტი “მცოდნე” ქრისტიანის სული (არ აგვერიოს სექტანტ გნოსტიკოსებში) თავის დასაბამიერ წიაღს მიუბრუნდება და მადლით ღმერთქმნილი ანუ განღმრთობილი ილხენს მარადიული, სრული სიწყნარითა და უზენაესი ღვთიურობის “პირისპირ” ჭვრეტით სხვა ღმერთქმნილ არსთა შორის. კლიმენტი ალექსანდრიელის მოძღვრება “ცოდნის” შესახებ, რომლის ზოგადი სახეც ზემოთ წარმოჩნდა, სპეციალურ ლიტერატურაში კონკრეტული ასპექტით დაკავშირებულია ექვს ძირითად საკითხთან: 1. შემეცნებითი ანუ წვდომითი შინაგანობა (არ აგვერიოს სექტანტურ ეზოტერიზმში); საღვთო წერილის სიმბოლიზმი; საიდუმლო მოძღვრება. 2. ღვთის სიტყვის, როგორც “ცოდნის” დასაბამისა და როგორც ამ “ცოდნის” მასწავლებლის მისია. 3. მჭვრეტელობითი ცხოვრების მიზანი, რაც დაკავშირებულია გრძნობადი სამყაროდან გათავისუფლებულისა და სულიერ არსებებთან თანაზიარების საკითხთან. 4. მნიშვნელობა ფილოსოფიისა და ზოგადსაგანმანათლებლო საგნებისა “ცოდნის” ჩამოყალიბებაში. 5. “ძველი აღთქმისეული” კიდობნისა და მღვდელმთავრის “წმიდათა წმიდაში” შესვლის ალეგორიული განმარტება. 6. “მცოდნეობითი” სულის ზეცად ამაღლება და მისი განღმრთობა. ჩამოთვლილთაგან პირველი ოთხი საკითხი მოიცავს “ცოდნის” პირველ ხარისხს, ე.ი. იმ ხარისხს, რაც საწვდომია ამქვეყნად მყოფი კაცისათვის; მეექვსე საკითხი გულისხმობს “ცოდნის” მეორე ხარისხს, რაც მიიღწევა მხოლოდ იმქვეყნად. მეხუთე საკითხი უკავშირდება ორივე ხარისხს. “ცოდნის” სწავლებათა დაფარულობა განაპირობებს იმას, რომ კლიმენტი ხშირად განმარტავს ხსენებულ სწავლებებს, როგორც “საიდუმლოებებს”, ხოლო მათში წვდომას “განდობად” სახელდებს, თავად “მცოდნეებს” კი “განდობილებს” უწოდებს. ამ თვალსაზრისით კლიმენტისათვის უდიდესი მნიშვნელობისაა სახარების შემდეგი სიტყვები: “თქუენდა მოცემულ არს ცნობად საიდუმლოი სასუფეველისა ცათაისა, ხოლო მათდა არა მიცემულ არს” (მათე 13,11). ძველი ქართული “ცნობა” არის ტერმინული შესატყვისი ბერძნული “გნოზისისა”, რაც დღეისათვის “ცოდნად” გამოითქმის. ზემორე მუხლი სწამებს, რომ მაცხოვარმა არა მხოლოდ რწმენა მისცა მოციქულებს, არამედ, სხვებისაგან განსხვავებით, უზენაეს საიდუმლოთა “ცოდნაც”. ამიტომ უწოდებს კლიმენტი მოციქულებს სწორედ “მცოდნეებს” და არა “ლიტონად მრწმუნეებს”. ასევე უდიდესი მნიშვნელობისაა მისთვის პავლე მოციქულის სიტყვები: “სიბრძნესა მას ვიტყვი სრულთა მათ მიმართ... ვიტყვი ღმრთისა სიბრძნესა საიდუმლოდ, დაფარულსა მას”(I კორ. 2, 6-7). მომდევნო თავში პავლე მოციქული კვლავ აღნიშნავს განსხვავებას ქრისტიანთა შორის: “მე, ძმანო; ვერ უძლე სიტყუად თქუენდა, ვითარცა სულიერთა, არამედ ვითარა ხორციელთა, ვითარცა ჩჩვილთა ქრისტეს მიერ; სძე გასუ თქუენ და არა საჭმელი, რამეთუ არღა გეძლო, არამედ არცაღა აწ გიძლავს” (I კორ. 3, 1-2). კლიმენტის სწავლებით “სძე” გულისხმობს “ლიტონ რწმენას”, ხოლო “საჭმელი” - ამაღლებულ “ცოდნას” (სტრ. V, 66,1). ამიტომ აღნიშნნავს კლიმენტი ზემორე ტექსტში: “არის რაღაც სწავლება სრულთა”. ეს სიტყვები როგორც ვნახეთ, კომენტარის სახით ერთვის პავლე მოციქულის სიტყვებს: “რამეთუ გამოცხადებით მეუწყა მე საიდუმლო იგი... რომლითა შემძლებელხართ, აღმოიკითხოთ რაი, ცნობად გულისხმისყოფისა მის ჩემისა საიდუმლოთა მით ქრისტესითა... აწ გამოეცხადა წმიდათა მისთა მოციქულთა და წინასწარმეტყველთა სულითა წმიდითა” (ეფეს. 3-5). კლიმენტი აღნიშნულ მუხლებს აკავშირებს რომაელთა მიმართ ეპისტოლის სიტყვებთან: “აჩუენოს სიმდიდრე იგი დიდებისა მისისაი” (9,23) და მოძღვრებითი სახით აყალიბებს თვალსაზრისს იმის შესახებ, რომ პავლე მოციქულის სიტყვები “საიდუმლოი დაფარული”, რომელიც “აწ გამოეცხადა წმიდათა მისთა”, გულისხმობს, ერთი მხრივ, “ცოდნის” ტრადიციას, რომელსაც მაცხოვრის მიერ ჩაწვდნენ მოციქულნი და რასაც შეიცნობენ “სულიერნი”, ხოლო, მეორე მხრივ, პავლესვე სიტყვები “სიმდიდრე იგი დიდებისა მისისიაი” აღნიშნავს მარტივ მორწმუნეებს. “მაღალ ცოდნას”, კლიმენტის სწავლებით, ახასიათებს “დაფარულობა” ანუ “აპოკრიფულობა”, სიღრმისეულობა, შინაგანობა ანუ “ეზოტერულობა”, რაც ცხადდება და ვლინდება მხოლოდ აღმატებული, განბრძნობილი გონების წინაშე. ზემოაღნიშნული სხვაობა “ლიტონ რწმენსა” და “ცოდნას” შორის, ცხადია, გულისხმობს სხვაობას საკუთრივ “ლიტონ მორწმუნეთა” და “მცოდნეთა” შორისაც. ეს აზრი, მკვლევართა მითითებით, კლიმენტისეული მოძღვრების ლეიტმოტივია. ქრისტიანული “ცოდნის” დაფარუობა კლიმენტის მიერ ასეა დასაბუთებული: თუკი ელინი ფილოსოფოსები თავიანთ მოძღვრებას მხოლოდ რჩეულთ გადასცემდნენ და არა ყველას, რაოდენ უფრო მართებთ ჭეშმარიტ ფილოსოფიას, რომ დაფარული დარჩეს არაზნეობრივი და უმეცარი სიმრავლისაგან? ეს აზრი მჟღავნდება მათეს სახარების სიტყვებში: “მრავალნი არიან ჩინებულ და მცირედნი რჩეულ” (მათე 22,14). კლიმენტი ყურადღებას აქცევს, აგრეთვე, სახარების ცნობილ სიტყვებს: “არა არს დაფარული, რომელი არა გამოჩნდეს, და არცა საიდუმლოი, რომელი არა გამოცხადნეს” (მათე 10,26). ალექსანდრიელი მოძღვრის განმარტებით, ეს წინადადება გულისხმობს “მცოდნე” ქრისტიანებს, რომლებსაც ეცხადებათ ჭემარიტების უღრმესი წიაღი. იგი აღნიშნავს: “ამ სიტყვით იწინასწარმეტყველა, რომ “დაფარულად” მსმენელს “დაფარული გამოუჩნდება” და ვინც შემძლეა “საიდუმლოდ” შეიწყნაროს გადმოცემები, “გაეცხადება დაფარული”, როგორც ჭეშმარიტება, და იგი, მრავალთაგან “დაფარული”, მცირედთათვის “ცხადი გახდება” (სტრ. I. 13. 3). მოგვაქვს ანალოგიური გამონათქვამები კლიმენტისა: სტრ. V. 35.5-7. “წმინდა კიდობნის შესახებ უწყებანი მოასწავებს გონისეულ სოფელს, რაც დაფარულია და დახშულია მრავალთათვის”. სტრ. V. 80.3. “ნუთუ რაღაცით ამასვე არ გულისხმობდა წინასწარმეტყველი, როდესაც ბრძანებდა “დაფარულ უცომოთა” (გამოსვლ. 12.39) ქმნას, რითაც იმას მოასწავებდა, რომ წმიდა სიტყვა, როგორც ჭეშმარიტად მესაიდუმლე დაუბადებელი არსისა და მის ძალთა შესახებ, დაფარული უნდა იყოს. ... კვლავაც ამბობს სახარება, რომ ჩვენი მაცხოვარი საიდუმლოდ ეტყოდა სიტყვას მოციქულებს” (შდრ. I კორ. 2,7). სტრ. VI. 70.2. “გნოსტიკოსი, რომლის შესახებაც მე ვსაუბრობ, წვდება იმას, რაც მიუწვდომელია სხვათათვის”. სტრ. Vი. 116.1: “წმიდა დოგმატები დაფარულია”. სტრ. VI. 126. 1-2: “წერილი ფარავს თავის მნიშვნელობას რამდენიმე მიზეზით: პირველი, იმიტომ, რომ ძიებას ვესწრაფოდეთ და მარადის ვიჩენდეთ გულმოდგინებას მაცხოვნებელ სიტყვათა აღმოსაჩენად; მეორეც, იმიტომ, რომ ყველასათვის გასაგები ვერ იქნება... ამიტომაც წმიდა საიდუმლონი დაფარულია იგავებში და დამარხულია ისინი რჩეულთათვის და, აგრეთვე, მათთვის, რომლებიც, რწმენიდან მოსულნი, გზახსნილნი არიან ცოდნაში; სტრ. VI. 129.4: “რადგანაც ჭეშმარიტება არ ეკუთვნის ყველას, იგი დაფარულია მრავალგვარად და ნათელყოფს მხოლოდ მათ, რომლებიც განდობილნი არიან ცოდნაში, სახელდობრ, რომლებიც, სიყვარულით აღძრულნი, ეძებენ მას”. კლიმენტის სწავლებით, მაცხოვარი მეტყველებდა იგავებით, რომ ამ გზით საღვთო ჭეშმარიტება უღირსთაგან შეურყვნელად დაეცვა. აი, მისი სიტყვები: “არც თვით მაცხოვარს აღმოუთქვამს მარტივად საღვთო საიდუმლონი, არამედ იგავებით მეტყველებდა იგი, რომ შემთხვევით პირებს ადვილად არ მოეხელთებინათ ეს საიდუმლოებანი” (სტრ. VI. 124.6). ამგვარი აღმატებულება საღვთო ცოდნისა კარგად მჟღავნდება, აგრეთვე კლიმენტის შემდეგ სიტყვებში: “არათუ ბევრს გამოუცხადა (უფალმა) ის, რაც ბევრისთვის არ იყო, არამედ გაენდო იგი მხოლოდ მცირე ნაწილს, კერძოდ მათ, რომლებიც შესაფერისებიც იყვნენ და ხელეწიფებოდათ კიდეც როგორც მიღება საიდუმლოთა, ასევე მათდამი დასახვა თავისა” (სტრ. I. 13.2) უაღრესად ყურადღებამისაქცევია კლიმენტის სწავლება იმის თაობაზე, რომ საღვთო წიაღის შესახებ “მცოდნეობითი” გადმოცემა მომდინარეობს ანუ “გაცხადებულია” უშუალოდ მაცხოვრის მიერ. ეს ნიშნავს, რომ ჭეშმარიტი ცოდნა მიიღწევა მხოლოდ მაცხოვრის გზით, ლოგოსის, ძე ღმერთის, მეორე ჰიპოსტასის წიაღ. აი კლიმენტის სიტყვები: 1. სტრ. 1. 97.2: “აღმოჩენა ჭეშმარიტებისა ხდება ძის მიერ”. 2. სტრ. V. 12.3: “ძის მიერ მამა შეიცნობა”. 3. სტრ. VII. 2.2: “რომლის (ძის, ე.ჭ.) მიერაც უნდა მივიღოთ სწავლება მიღიმიერი მიზეზის, ყოველთა მამის შესახებ”. 4. სტრ. VII. 13.2: “ვუკავშირდებით ღმერთს დიდი მღვდელმთავრის მიერ”. 5. სტრ. VII. 16.6: “თვით ჭეშმარიტად მხოლოდშობილი... შთაბეჭდავს მცოდნეში სრულ მჭვრეტელობას”. კლიმენტის რწმენით, სწორედ მაცხოვარია “მცოდნე მოძღვარი”, რომელიც განკაცდა სრული ცოდნის გასაცხადებლად. თავად ჯვარცმაა კლიმენტისთვის უდიდესი “ცოდნა”, უდიადესი “გნოზისი”. ასე ამბობს იგი: - “ჯვრის გარეშე ვერ მიგვაახლებდა ჩვენ (უფალი) ცოდნასთან” (სტრ. V. 72.3). ეს აღმატებული “ცოდნა” გულისხმობს მჭვრეტელობას, ხედავს, ხილვას, რის წინაპირობაცაა სრული განშორება გრძნობადობისაგან. კლიმენტი გვამცნობს: “უკვე კორიფე გნოსტიკოსი ლოცვას აღავლენს, რომ აღაორძინოს მჭვრეტელობა და დაიმკვიდროს მასში” (სტრ. VII. 46.4). სხვაგან თქმულია: “ამიერიდან კი საჭიროა, რომ მჭვრეტელობის მარადიულ და უცვლელ გვარად გაიწვრთანეს ცოდნა ან სიბრძნე” (სტრ. VI. 61.3). კლიმენტის სწავლებით, ეკლესიური გნოზისის ჩამოყალიბებას მნიშვნელოვან წინაპირობას უქმნის ენციკლური სწავლებანი. მაგალითად, ერთერთი ენციკლური საგნის, ასტრონომიეს შესახებ კლიმენტი აღნიშნავს: “ასტრონომიის გზით გონებრივად დედამიწიდან ზე ადის ადამიანი, მაღლდება იგი ცამდე, თანამიმოიქცევა წრებრუნვაში და მარადიულად იმეცნებს როგორც საღვთო საიდუმლოებებს, ასევე სამყაროს ურთიერთშეწყობას” (სტრ. VI. 80.3). სხვაგან კლიმენტი ცხადად გვმოძღვრავს, რომ ასტრონომია არის მიმაახლებელი ყოვლისშემოქმედ ძალთან: “ყოველივე იმის შესწავლით, რაც ეხება ზეციურ სხეულებს, აგრეთვე ყოვლიერების აღნაგობას, ცის ბრუნვასა და ვარსკვლავთა მოძრაობას, უფრო ახლოს მიჰყავს მას (ასტრონომიას, ე.ჭ.) სული შემოქმედ ძალთან” (სტრ. VI. 90.3). სწორედ ცის ჭვრეტამ მიიყვანა აბრაამი საღვთო ცოდნასთან: “შემდეგ კი აღიხილა მან ცისაკენ... შეიცნო ღმერთი, უმჯობესი შესაქმეზე და მის ყოველგვარ წესზე, მიიღო... ცოდნა ერთი და მხოლოდ ღვთისა” (სტრ. V. 8.6). ეს აზრი სხვაგანაც გვხვდება: “მათგან (ციურ სხეულთაგან) აღძრული აბრაამი შემოქმედის ცოდნამდე ამაღლდა” (სტრ. VI. 80.3). კიდევ: “აბრაამი ციურთა ჭვრეტიდან ღვთისეულ რწმენამდე მივიდა”; მსგავს ფუნქციას აკისრებს კლიმენტი გეომეტრიას, რომელიც მისი თქმით “გრძნობადთაგან გონისეულთაკენ გადაგვიყვანს” (სტრ. VI. 90.4). სხვაგან კლიმენტი გვაუწყებს: “გეომეტრიის მიერ ადამიანი არსებას ჭვრეტს თავისთავად, რითაც იგი ეჩვევა... სხეულთაგან განსხვავებული უცვლელი არსის მოაზრებასაც” (სტრ. VI. 80.2). კლიმენტის თანახმად, ერთმანეთს მჭიდროდ უკავშირდება ენციკლური სწავლებანი, ფილოსოფია და “ცოდნა” ანუ “გნოზისი”. დიალექტიკა, ასტრონომია და გეომეტრია ადამიანს ათავისუფლებს გრძნობადობისაგან და გონისეულთა შესაცნობად აღძრავს მას. ასე რომ, ეს საგნები საფუძველს უმზადებს ფილოსოფიას, ხოლო ფილოსოფია, თავის მხრივ, არის ქვესაფეხური “ცოდნისა”. ამის შესახებ დაწვრილებით ვიმსჯელეთ ზემოთ. ამგვარად, კლიმენტის მოძღვრების თანახმად, ენციკლური სწავლებანი და ფილოსოფია ქრისტიანს ამზადებს “ცოდნის” ანუ სულიერ, გონისეულ არსთა ჭვრეტის, მჭვრეტელობითი მეცნიერების დასაუფლებლად. საკუთრივ “ცოდნის” მოპოვება, კლიმენტის განმარტებით, იგივეა, რაც ადამიანის გულმოდგინე მცდელობა, მისი გარჯა იმისათვის, რომ “იყოს ღმერთი” (სტრ. VI. 113.3). უფრო ზუსტად, ჭეშმარიტი გნოსტიკოსი, ჭეშმარიტი “მცოდნე”, როგორც ნამდვილი ხატი “მოძღვრისა”, ანუ ღვთის სიტყვისა, მაცხოვრისა, მადლით უკვე “ღმერთია”: სავსებით სრულიქმნება იგი ხატად მოძღვრისა და ხორციელად მიმოდის ღმერთი” (სტრ. VII. 101.4). ამგვარად ღმერთქმნილი ადამიანისათვის არსებითია ღვთისებრ “მარადიული აზროვნება”, რასაც კლიმენტის სახისმეტყველებით, მოასწავებს მღვდელმთავრის შესვლა “წმიდათა წმიდაში”, სადაც სჯულის კიდობანი ჰგიეს. ესაა მდგომარეობა გნოსტიკური სულისა, რმელიც “ივსება განუძღომელი მჭვრეტელობით” (სტრ. V. 40.1). კლიმენტის რწმენით, ანგელოზები თვალს ადევნებენ სულის ზეაღსვლას ცათა წიაღ. იგი ასეთი ეპითეტით წარმოაჩენს ანგელოებს: “აღმასვლის ზედამხედველი ანგელოზები” (სტრ. IV. 116.2). ამ ანგელოზებს მართებთ ან დააბრკოლონ აღმასვლა იმ სულებისა, რომლებიც ჯერ კიდევ არ განწმენდილან ნივთისაგან და ხორციელი ვნებებისაგან, ანდა პირიქით, გზა მისცენ და ქებისმეტყველებით შეამკონ გნოსტიკოსთა სრულიად წმიდა სულები. “სტრომატას” IV წიგნში ვკითხულობთ: “ისინი აჩერებენ მათ, რომლებსაც თან მოაქვთ რაიმე ქვეყნიური და ბაჟს თხოვენ საკუთარ ვნებათაგან დამძიმებულებს, ხოლო მას, ვინც თავისუფალია საბაჟო საზღაურთაგან, - აღსავსეს ცოდნითა და საქმეთამიერი სამართლიანობით, - გაატარებენ, თანაც მასთან ერთად ლოცულობენ და ამ კაცს საქმითურთვე ნეტარყოფენ” (სტრ. IV. 117.2). სულმა რომ აღმასვლა განაგრძოს, მან უნდა უჩვენოს ანგელოზებს ანდა ძალებს “ნიშანი”, მომასწავებელი და ცხადმყოფელი მისი სიწმინდისა და საქმით სამართლიანობისა: “იგი წარმოუჩენს აღმასვლას ზედამხედველ ანგელოზებს წმიდა სიმბოლოს, სამართლიანობის ნათელ ნიშანს” (სტრ. IV. 116.2). სხვაგან, განწმენდილი სულის შესახებ კლიმენტი მოგვითხრობს: “არ ერცხვინება მას სიკვდილისა და ძალთა წინაშე გამოჩენისა, რადგანაც მართალი აქვს მას სინდისი და, ასე ვთქვათ, განწმენდილია იგი ყველა სულიერმიერი ზადისაგან” (სტრ. VII. 83.1). “სტრომატას” VII წიგნში კლიმენტი გვამცნობს, რომ ადამიანი, რომელიც ამქვეყნად სრულყოფის მწვერვალს მიაღწევს, ამის შემდეგ იგი მიისწრაფვის მამისეული სავანისა და საუფლო ტაძრისაკენ და გაივლის წმიდა “ჰებდომადს” (იხ. შტრ. VII. 57.5). “სტრომატას” VI წიგნში კლიმენტი აკონკრეტებს, რომ სრული ადამიანები არ რჩებიან “ჰებდომადში”, არამედ გადადიან “ოგდოადში” ანუ “მერვეში”, სადაც ისინი ნეტარებენ “განუძღომელი მჭვრეტელობითა” და “წმიდა ხედვით”: “ისინი, რომლებიც არ დაივანებენ მოსვენების ჰებდომადში, საღვთო მსგავსების ქველმოქმედებით ოგდოატიკური კეთილმყოფელობის სამემკვიდრეოსაკენ აღიხილავენ და აუმღვრეველი მზერით შეეკერტებიან განუძღომელ მჭვრეტელობას” (სტრ. VI. 108.1). კლიმენტისათვის “ჰებდომადი” ნიშნავს როგორც პირველ შვიდ პლანეტარულ ცას, ასევე, საკუთრივ მეშვიდე ცას ან კვირის მეშვიდე დღეს, შაბათს, ხოლო “ოგდოადი” – მერვეს, უძრავ ვარსკვლავთა ცას და კვირადღეს. ეს მერვე ცა იწოდება “საუფლო ცად”. ამგვარ ხვედრს ზიარებული სულები, კლიმენტის თქმით, მახოვრის ქვემოთ პირველდაწესებულთა შორის დამკვიდრდებიან” (სტრ. VII. 56.7). ეს “ოგდოადი” კლიმენტის თქმით, ემეზობლება “გონისეულთა სამყაროს” (სტრ. IV. 159.2) ღმერთქმნილი სული, კლიმენტის სწავლებით, “პირისპირ მეცნიერებით ჭვრეტს ღმერთს” (სტრ. VII. 57.1). ამგვარ სულს “ანგელოზად” სახელდებს კლიმენტი: “რაჟამს სული ზეაღვლის შესაქმეს და თავისთავად მყოფი შეერთვის იდეებს... როგორც უკვე ანგელოზქმნილი, ქრისტესთან დაიმკვიდრებს” (სტრ. IV. 155.4). ამგვარ წმიდაქმნილ სულებს კლიმენტი, “ფსალმუნისებრ” (81,6), სიმბოლურად “ღმერთებად” უხმობს: სტრ. VII. 13.1: “ღმერთის ნეტარი სავანეები”. შტრ. VII. 56.6: ”და სახელად ეწოდათ მათ ღმერთები და იქნებიან თანამოსაყდრენი სხვა ღმერთთა, მაცხოვრის ქვეშ პირველდაწესებულთა”. კლიმენტის მოძღვრებით, ”ცოდნისა” და ”მჭვრეტელობის” უშუალო გამოვლინებაა ”მოსვენება”. ”ცოდნის ზღვარია მოსვენება” შტრ. VII. 57.1: ”ამგვარად, ცოდნა ადვილად მიუძღვის ადამიანს იმისაკენ, რაც ენათესავება სულს, რაც საღვთოა და წმიდა; და იგი (ცოდნა) თავისი საკუთარი სინათლით შეეწევა მას, რომ განვლოს სულმა ნაირგვარი საიდუმლო ხარისხები, ვიდრე არ მიიყვანს მას მოსვენების უზენაეს ადგილას”. შტრ. VII. 68.5: ”სული, რომელიც გახდა სავსებით სულიერი და მიაღწია მისთვის მონათესავეს, დაივანებს სულიერ კრებულში, საღვთო მოსვენებაში”. კლიმენტი ალექსანდრიელის მოძღვრება მორწმუნის ”მცოდნეობითი ზრდის” შესახებ თავის უღრმეს გამოვლინებას, თავის გამოთქმით ზედმიწევნითობასა და ყოვლის გამჭოლ იდუმალსურნელვან სულიერებას აღწევს ხსენებული ”ცოდნის” ლიტურგიკულ მჭვრეტელობაში: ”სული უკვე თვით ზრდის თავის თავს, რადგანაც საღვთო სიტყვის ჭამა და სმა საღვთო არსების ცოდნას ნიშნავს” (სტრ. V. 66.3). [3] - აუცილებლად გასათვალისწინებელია, რომ თუ, ერთი მხრივ, ეკლესია უარყოფდა გნოსტიციზმს, როგორც უკვე გაცხადებული მაცხოვენებლი ჭეშმარიტების დამახინჯებით მიმღებელსა და შემბილწველს, მეორე მხრივ, ანტიკურ ფილოსოფიაში ჭეშმარიტების თვისობრივ მარცვალს ჭვრეტდა, იმ მარცვალს, რაც თავად ელინებისათვის, წარმართი ფილოსოფოსებისათვის თავისი ნამდვილი აზრით ბოლომდე გაუხსნელი და ბუნდოვანი რჩებოდა და რაც სწორედ მაცხოვნებელი მადლის, იესო ქრისტეს მიერ მოფენილი სინათლის შუქზე იძენდა საცნაურობასა და სულთმარგებლობას. კლიმენტი ალექსანდრიელი პირდაპირ ამბობდა: “ფილოსოფია, როგორც მრავალსასარგებლო რამ საქმე, ძველად გაიფურჩქნა ბარბაროსთა შორის და გაიბრწყინა ერიდან ერში, მოგვიანებით კი ჩამოვიდა იგი ელინებთანაც” (სტრ. I.71.3-4). კლიმენტი ალექსანდრიელი ფილოსოფიის წარმოშობის სამ გზას წარმოგვიდგენს. 1. ბერძენმა ფილოსოფოსებმა აღმოაჩინეს ჭეშმარიტების მარცვალი და მიაღწიეს ცოდნის გარკვეულ ხარისხს, როგორც მათივე გულმოდგინებით, ასევე საღვთო შთაგონებით. 2. მათ “მოიპარეს” აზრები “ძველი აღთქმიდან” და თავისად გაასაღეს ისინი. ამ ასპექტით ყველა მათგანი დამოკიდებულია მოსეზე. 3. ფილოსოფია, რომელსაც ფლობდა ღმერთი, ქვემორე ძალებმა ანუ ანგელოზებმა გადასცეს ადამიანებს, რაც არ დაუბრკოლებია საღვთო ნებას. რაც შეეხება პირველ გზას, ცხადია, რომ კლიმენტის აზრით ბერძნებს ჰქონდათ შესაძლებლობა და უნარი ღვთის შესახებ შეექმნათ მართებული რამ წარმოდგენა და გამოეთქვათ ზოგი მართებული საღვთისმეტყველო აზრი, რადგანაც ისინი, ყველა ადამიანის მსგავსად, ფლობდნენ “ბუნებით აზროვნებას”, ანუ “საზოგადო გონებას”. “სტრომატას” I წიგნში კლიმენტი სხვისი პირით გვაუწყებს: “თქმულია, რომ ელინები ან ბუნებით აზროვნებას ფლობდნენ ანდა საზოგადო გონებას” (სტრ. I94.2). V წიგნში უკვე თავად კლიმენტი გამოთქვამს იმავე შეხედულებას: “ერთი ყოვლისმპყრობელი ღმერთის გამოჩინება იყო, ყოვლითურთ ბუნებითი, ყველა მართებულად მოაზროვნესთან” (სტრ. V.87.2). კლიმენტის აზრით, ყოველი ადამიანის “გონება” არის “ხატი” და “მსგავსება” ღვთის სიტყვისა. აი, მისი სიტყვები: “ადამიანი იქმნა “ხატისაებრ და მსგავსებისაებრ”; ხატი ღვთისა არის საღვთო და სამეუფო სიტყვა,.. ხოლო ხატი ხატისა – ადამიანური გონება” (V.94.4-5). ამგვარად, კლიმენტის სწავლებით არსებობს კავშირი კაცობრივ გონებასა და ღვთის სიტყვას, ძე ღმერთს შორის. ამიტომ, ზოგმა ბერძენმა ფილოსოფოსმა ჭეშმარიტი რამ შეიცნო ღვთის შესახებ სწორედ მასში არსებული საღვთო ხატოვნების ანუ ღვთის სიტყვის ხატის, გონების გზით. ამგვარად ამბობს კლიმენტი: “ჩვენში არსებული საღვთო ნაწილის გზით ძალისამებრ ვჭვრეტთ შემოქმედებით მიზეზს” (სტრ. I94.4). ასე რომ, კლიმენტის მოძღვრებით, ფილოსოფია არის ღვთის სიტყვის გამოშუქება ანუ საღვთო მადლი, რაც ეწყალობათ ბერძნებს: “ფილოსოფია... არის ჭეშმარიტების ცხადი ხატი, ელინთათვის ბოძებული საღვთო ძღვენი”. (სტრ. I20.1). კლიმენტი გვასწავლის, რომ ბერძნებმა ჭეშმარიტების მარცვალი აღმოაჩინეს არა მხოლოდ თავიანთი “გონებით”, არამედ აგრეთვე, საღვთო შთაგონების წიაღ, რაც აგრეთვე ღვთის სიტყვიდან მომდინარეობს. სწორედ ამგვარად გაიგება კლიმენტის სიტყვები: “ერთი მხრივ, ბუნებისათვის ნიშანდობლივ რამ თვისებას ფლობენ “ბრძენნი გონებითა”, ხოლო მეორე მხრივ, უმეტესად სამეუფო სიბრძნისაგან იღებენ ისინი “მგრძნობელობის სულს” (1.26.2). ეს სიტყვები ეფუძნება “გამოსვლათა” წიგნის XXVIII,3 მუხლს. შდრ. “მოუწოდა ყოველთა ბრძენთა გაგონებითა, რომელნი აღივსენ სულითა მგრძნობელობისაითა”. კლიმენტის სიტყვებში ფრაზა “ბრძენნი გონებითა”, ცხადია, გულისხმობს ბერძენ ფილოსოფოსებსაც. “სული მგრძნობელობისა” მიანიშნებს საღვთო შთაგონებას, ხოლო “უმეტესად სამეუფო სიბრძნე” არის იგივე სიტყვა ღვთისა, ძე ღმერთი. ზემორე ფრაზა “ბრძენნი გონებითა” კლიმენტისათვის რომ აუცილებლად გულისხმობს “ფილოსოფოსებსაც”, ამას ცხადყოფს მისი შემდეგი სიტყვბი: “ფილოსოფოსები განიწვრთნენ “მგრძნობელობის სულით” (სტრ. VI.154.1). სხვაგან თქმულია, რომ ამგვარი საღვთო შთაგონება “გადმოღვრის” შედეგად მიემადლათ ადამიანებს: “ყველა ადამიანში... ერთბაშად არის ჩაპკურებული საღვთო რამ გადმოღვრა”. უფრო ცხადად იგივე აზრი გამოთქმულია შემდეგ სიტყვებში: “ელინებმა შეიწყნარეს საღვთო სიტყვის რაღაც ნაპერწკლები, და მცირე რამ წარმოთქვეს ჭეშმარიტებისა”. საღვთო ნაპერწკლის შეწყნარებას კლიმენტი წარმოსახავს, როგორც “წვიმისებრ გადმოსხმას”. ასე გვაუწყებს იგი: “ჩანს, რომ ელინური პირველსწავლება თვით ფილოსოფიასთან ერთად ღვთისაგან მოიწია ადამიანებზე... ისე, როგორ წვიმები გადმოისხმება” (სტრ. 1.37.1). მოტანილი ბოლო ციტატა კლიმენტის მიერ დაკავშირებულია მთესავის იგავთან. მოგვაქვს ამ მეტად საყურადღებო ადგილის თარგმანი ზემორე ციტატის ჩართვით: “ამგვარად, ჩანს, რომ ელინური პირველსწავლება, თვით ფილოსოფიასთან ერთადაც, ღვთისაგან მოიწია ადამიანებზე, თუმცა არა გამორჩევითად, არამედ ისე, როგორც წვიმები გადმოისხმება კეთილ მიწაზე, სანეხვეზეც და სახლებზეც. აღმოაცენებს იგი ბალახსაც და თავთავსაც... ამჯერადაც სარგებლობის მომტანია “თესვის” იგავი, რაც განგვიმარტა უფალმა, რამეთუ ერთია მუშაკი კაცობრივი მიწისა (სიტყვ. “კაცთა შიგნით მიწისა”), ვინც სამყაროს დაფუძნებიდან ზეგარდმო თესავს მასაზრდოებელ თესლებს, ვინც აწვიმა საუფლო სიტყვა ჟამსა ყოველსა, ხოლო ჟამთა და შემწყნარებელ ადგილთა მიერ განსხვავებები იშვა. სხვაგვარად თესავს მიწის მუშაკი არა მხოლოდ ხორბლებს (თუმცა თვით მათშიც მრავალგვარი სხვაობაა), არამედ აგრეთვე, დანარჩენ თესლებსაც: ქერს, პარკოსნებს, ბარდას, მუხუდოს, ბაღჩეულსა და საყვავილე თესლებს. იმავე მიწადმოქმედებას განეკუთვნება მენერგეობა (მოშენება ნერგებისა, ბაღებისა, ხეხილისა) ანუ მთლიანად ყველაფერი ის, რაც ხეთა ბუნებასა და ზრდას უკავშირდება. მსგავსადვე, არა მხოლოდ მწყემსობის ხელობა, არამედ მენახირეობაც, მეცხენეობაც, მეძაღლეობაც და მეფუტკრეობაც, ანუ მოკლედ რომ ვთქვათ, ყველა მეჯოგეობითი და მეცხოველეობითი საქმიანობა ურთიერთისაგან მეტნაკლებად სხვაობს, თუმცა ყოველი მათგანი სასარგებლოა ცხოვრებაში. რაც შეეხება ფილოსოფიას, ჩვენ ფილოსოფიად ვამბობთ არა სტოიკურ მოძღვრებას ანდა პლატონურს, ეპიკურულსა თუ არისტოტელურს, არამედ ვამბობთ რჩეულს “ფილოსოფიად” ანუ ერთობლივად ყოველსავე იმას, რაც კი აღნიშნული სკოლებიდან თითოეულმა კეთილად თქვა და რაც სამართლიანობისა და კეთილმსახურებითი მეცნიერების შესახებ ასწავლეს მათ (სიტყვ. “ასწავლიდნენ რა სამართლიანობას კეთილმსახურებით მეცნიერებასთან ერთად”); მაგრამ რაც კი ადამიანური აზრებიდან ამოგლიჯეს და დაამახინჯეს, არასოდეს გვითქვამს ღვთიურად. ეხლა ისიც განვჭვრიტოთ, ცხოვრობენ თუ არა კარგად ისინი, რომლებმაც არ იციან კეთილის ქმნა. ხდება ხოლმე, რომ კეთილს იქმან ისინიც, ხოლო მათგან ზოგნი გამჭრიახობის წყალობით ჭეშმარიტების შესახებ სიტყვასაც უმიზნებენ, თუმცა აბრაამი სარწმუნოების მიერ გამართლდა და არა საქმეთაგან (რომ. IV). ამ ცხოვრებიდან წასვლის შემდეგ არავის არგებს ამჟამინდელი ქველმოქმედება, თუკი არა აქვს მას სარწმუნოება. სწორედ ამიტომ, ელინთა ენაზეც ითარგმნა წერილი, რომ აღარ ჰქონოდათ შესაძლებლობა უცოდინარობის მომიზეზებისა; მხოლოდ უნდა ენებათ მათ და შეძლებდნენ კიდე მოსმენას ჩვენსას, რადგანაც, ერთი მხრივ, სხვაგვარად ამბობს ვინმე ჭეშმარიტების შესახებ, ხოლო, მეორე მხრივ, თავად ჭეშმარიტება სხვაგვარად განმარტავს თავის თავს. ასევე სხვა არის ვარაუდი ჭეშმარიტებისა და სხვა არის ჭეშმარიტება; სხვა არის მსგავსება და სხვა არის თავად არსი. პირველი მათგანი სწავლითა და წვრთნით მიიღწევა, მეორე კი ძალითა და რწმენით, რადგანაც საღვთისმსახურო სწავლება საბოძვარია, სარწმუნოება კი – მადლი... სამართლიანობისაკენ მიმართული გზები მრავალია და მრავალგვარი, ღმერთიც მრავალგვარად იჩენს მფარველობას, რადგანაც კეთილია იგი, ხოლო ამ გზებს მივყავართ საუფლო გზისა და კარიბჭისკენ. თუკი სამეუფო და ჭეშმარიტ შესასვლელს ეძიებ, ისმინე: “ეს არის კარიბჭე უფლისა. მართალნი შევლენ მასში” (ფს. 117,20), ამიტომ, თუმცა მრავალი კარიბჭეა გახსნილი, კარიბჭე სამართლიანობისა ეს იყო, ქრისტეს წიაღ. ნეტარი იყვნენ ყველანი, რომლებიც მასში შევიდნენ და რომლებმაც წარმართეს მათი მსვლელობა მცოდნეობით სიწმინდეში. მაგალითად კლიმენტი (რომაელი, ე.ჭ.) “კორინთელთა მიმართ ეპისტოლეში” განსხვავებას აწესებს ეკლესიურად გამოცდილ პირთა შორის და სიტყვა-სიტყვით ამბობს: “იყოს ზოგი საიმედო, ზოგი იყოს შემძლე ცოდნის გადმოცემისა, იყოს ბრძენი სიტყვათგანმრჩეველობაში, იყოს განსაცვიფრებელი საქმეთა მიერ” (პგ. VIII, ცოლ. 732-736). ზემომოტანილ ვრცელ ციტატაში მრავალ სხვა უაღრესად საყურადღებო აზრთან ერთად მეტად მნიშვნელოვანია სწავლება მამაღმერთის მიერ ღვთის სიტყვის მთელ კაცობრიობაზე “წვიმების” შესახებ. ეგევე აზრი სრულიად აშკარად აქვს გამოთქმული კლიმენტის შრომაში “პედაგოგი”: “კეთილმოყვარე და კაცთმოყვარე მამამ აწვიმა სიტყვა” (პაედ. I.41.3). ამგვარად, კლიმენტი ალექსანდრიელი მამა ღმერთს წარმოგვიდგენს “მთვესელად”, ხოლო ღვთის სიტყვას, ძე ღმერთს კი – თესლთა ერთობლიობად, რაც წვიმისავით ეცემა “მიწას” ანუ ადამიანთა გონებას, ადამიანთა სულს. კლიმენტის კონკრეტული წყაროებია: “სიბრძნე სოლომონისა” (7.22-27), ეკლესიასტე 1,19, ფილონ ალექსანდრიელისა და წმ. იუსტინე მარტვილის შრომები. რაც შეეხება ბერძნული ფილოსოფიის მეორე წყაროს, - ”ძველი აღთქმიდან” მოძღვრების ”მოპარვას”, - ამგვარი შეხედულება უფრო ადრე გამოთქმული იყო ჯერ ფილონის, შემდეგ წმ. იუსტინეს მიერ. მაგალითად, წმ. იუსტინე მიიჩნევდა, რომ პლატონის ფრაზა ”ღმერთი არის უმიზეზო” (იხ. ღეპ.X. 617 ე) მომდინარეობს მოსე წინასწარმეტყველიდან (იხ. Aპოლ. 11,44). იუსტინე სრულიად აშკარად ამბობს, რომ მთელი პლატონური მოძღვრება სამყაროს წარმოშობის შესახებ ნასესხებია საღვთო წერილიდან (აპოლ. 1,59). როგორც ავღნიშნეთ, ამგვარი აზრი ხშირად გვხვდება კლიმენტისთანაც. ეს უკანასკნელი უპირველესად ბერძენ ფილოსოფოსთა მოღვაწეობის ხანას განსაზღვრავს, ყურადღებას ამახვილებს ბევრი მათგანის არაბერძნულ წარმომავლობაზე, შემდეგ კი აღნიშნავს: “მათი უმეტესობა ბარბაროსია წარმოშობით და ბარბაროსთა შორის განისწავლნენ ისინი. ... გაირკვა, რომ პითაგორა ტვირინელია, ანტისთენე – ფრიგიელი, ორფევსი – ოდრისელი ან თრაკიელი, ჰომეროსი – ეგვიპტელი, როგორც ამას გვიჩვენებს ბევრი, ხოლო თალესი ფინიკიელი იყო ტომით, შემდეგ კი იგი ეგვიპტელ წინასწარმეტყველებს დაუკავშირდა, პითაგორას მსგავსად, რომელმაც ხსენებულ წინასწარმეტყველთა მიერ წინადაიცვითა რომ შეუვალთა შიგნით შესულიყო და ეგვიპტელთაგან ესწავლა საიდუმლო ფილოსოფია. დაუკავშირდა იგი, აგრეთვე, ქალდეველთაგან რჩეულთ, მისი “ჰომაკოიონი” კი მოასწავებდა მას, რასაც ამჟამად ეკლესიას ვუწოდებთ. არც პლატონი უარყოფს, რომ რაც საუკეთესოა ფილოსოფიაში, ბარბაროსთაგან მოივაჭრა მან. აღიარებს კიდეც, რომ ეგვიპტემდე მიაღწია მან... ამიტომ უწოდა მან ბარბაროსთა ტომებს “ფილოსოფოსთა ტომები” (ცოლ. 769 ც)... ამბობენ, რომ დელფოში სენატეს გვერდით მოჩანს რაღაც კლდე, სადაც თურმე იჯდა პირველი სიბილა, რომელიც ჰელიკონიდან მოსულა მუზების მიერ გამოზრდილი. ზოგიერთები მას ლამია სიდონელის ასულად და მალიანიდან მოსულად ამბობენ. სერაპიონი თავის ეპოსში გვაუწყებს, რომ სიბილა არ დამცხრალა წინასწარმეტყველებისაგან მაშინაც კი, როდესაც კვდებოდა. ... ფილოსოფიაში უწინარესნი იყვნენ ეგვიპტელთაგან წინასწარმეტყველები, ასირიელთაგან – ქალდეველები, გალატელთაგან – დრუიდები, ბაქტრიელთაგან – სამანაიები, აგრეთვე, კელტთა ტომიდან – სიბრძნისმეტყველნი, სპარსთა შორის მოგვები (ამ უკანასკნელებმა წინასწარ მოასწავეს მაცხოვრის შობა და ვარსკვლავის წინამძღვრობით იუდეის ქვეყანაში მოვიდნენ), ინდოელთაგან – შიშველმართალნი, და სხვა ბარბაროსი ფილოსოფოსები, რომელთა ტომი ორგვარია: სარმანები და ბრახმანებად წოდებულნი. სარმანთაგან ცნობილი არიან “ალლობიოები”, რომლებიც არც ქალაქებში სახლობენ, არც თუ ჭერი აქვთ მათ რამე, არამედ იმოსებიან ხეთა ფოთლებით და ხილით იკვებებიან, ხოლო წყალს ხელებით სვამენ. არ იციან მათ არც ქორწინება, არც შვილების გაჩენა, როგორც მათ, რომლებსაც ამჟამად ენკრატიტები ეწოდებათ. ინდოელთაგან ზოგნი ერწმუნებიან ბუდას სწავლებას და მას ზეაღმატებული სიწმინდის გამო ღმერთად პატივყოფენ. სკვითელი იყო ანახარისისი, რომლის შესახებაც წერია, რომ აღემატებოდა იგი მრავალ ბერძენ ფილოსოფოსს. ჰელანიკოსი მოგვითხრობს, რომ რიპეის მთებში მკვიდრობდნენ ჰიპერბორეელები, რომლებიც ასწავლიდნენ სამართლიანობას, არ ჭამდნენ ხორცს, არამედ მხოლოდ ხილს. სამოცწლიანებს ისინი კარიბჭის გარეთ გაიყვანდნენ და უჩინოჰყოფდნენ. ასევე არიან გერმანელთა შორის ე.წ. წმიდა ქალები, რომლებიც ჩააცქერდებოდნენ მდინარეთა წრებრუნვებს და ნაკადთა ტრიალისა და ხმაურის მიხედვით მიანიშნებდნენ და წინასწარმეტყველებდნენ მომავალს. ამათ ყოველთა დიდად უხუცესი არის იუდეველთა ტომი. პითაგორელმა ფილონმა აშკარად ცხადყო, რომ იუდეველთა ფილოსოფია, დაწერილი სახით, აღმოცენდა უწინარეს ელინთა ფილოსოფიისა. ამასვე ამბობს არისტობულე პერიპატეტიკოსიც, და კიდევ ბევრი სხვა... უცხადესად წერს მწერალი მეგასთენე, თანამედროვე სელევკოს ნიკატორასი, “ინდიელთა შესახებ” შრომის მესამე ნაწილში: “ყოველივე ის, რაც ბუნების შესახებ ითქვა ძველების მიერ, თქმულია, აგრეთვე, არაელინ ფილოსოფოსთა მიერ. ნაწილი ინდოელთა შორის ბრახმანთა მიერ, ნაწილი კი სირიაში მათგან, რომელთაც იუდეველები ეწოდებათ (კლიმენტი მოსეს მოძღვრებას უწოდებს “უძველეს ფილოსოფიას”)... არა მხოლოდ ფილოსოფიის, არამედ თითქმის ყველა ხელობის აღმომჩენი ბარბაროსები არიან” (სტრ. XVI;). ბერძნული ფილოსოფიისადმი კლიმენტის დამოკიდებულება კარგად ჩანს იოანეს სახარების შემდეგ სიტყვათა კომენტარში: “უფლის მოსვლამდე ყველანი მპარავნი არიან და ავაზაკები” (იოანე X,8); მოგვაქვს კლიმენტის განმარტება: “ამბობენ, რომ წერილს არს უფლის მოსვლამდე ვინ იყვნენ, ყველანი მპარავნი არიან და ავაზაკები”... მაგრამ წინასწარმეტყველები, რადგანაც ისინი უფლის მიერ წარმოიგზავნენ და სულიერიქმნენ, არიან არა მპარავნი, არამედ მსახურნი. ამბობს წერილი: “წარგზავნა სიბრძნემ მისი მსახურნი და თანაუწოდა მაღალი მოძღვრებით ღვინის სასმისისაკენ” (იგავ. 9,3); ხოლო ფილოსოფია არ მოვლინებულა უფლის მიერ, არამედ მოვიდა, როგორც ამბობს, მოპარულად ანდა გადმოცემულ იქნა მპარავის მიერ. ამგარად, ძალმა თუ ანგელოზმა, რომელმაც ისწავლა ნაწილი ჭეშმარიტებისა, მაგრამ ვერ დაიმკვიდრა მასში (ჭეშმარიტებაში, ე.ჭ.), ეს ნაწილი შთაბერა და პარვით ასწავლა ფილოსოფოსებს, ხოლო უფალი, რომელმაც თითოეული არსების დასაფუძვლებამდე სამომავლო საქმეთა სასრულიც უწყოდა, ცხადია არ იყო უმეცარი მპარველობისა, მაგრამ არ დააბრკოლა მან იგი, რადგანაც მაშინ რამდენადმე სასარგებლო იყო ადამიანებამდე მოსული ნაქურდალი” (ცოლ. 796-797). კლიმენტი ალექსანდრიელი აკონკრეტებს აღნიშნულ აზრს “სტრომატას” V წიგნში: “პირველ სტრომატაში ვაჩვენეთ, რომ ელინი ფილოსოფოსები მპარავებად იწოდებიან, რამდენადაც მათ მოსესაგან და წინასწარმეტყველთაგან უმადლოდ აიღეს უმთავრესი დოგმატები. დავძენთ, აგრეთვე, რომ იმ ანგელოზებმა, რომლებიც ზენა ნაწილის წილხვედრნი იყვნენ და რომლებიც ვნებამდე ქვედაცურდნენ, ქალებს გაუცხადეს საიდუმლონი, რაც კი მათ იცოდნენ (სიტყვ. “მათ ცოდნამდე იყო მიღწეული”) და რასაც სხვა ანგელოზები ფარავდნენ ან, უფრო, იცავდნენ უფლის მოსვლამდე. აქედან გამოიღვარა მოძღვრება წინაგანგების შესახებ და ზეციურთა აპოკალიფსი (V.10.2-3). წინასწარმეტყველება გადაეცათ ელინთა პოეტებს, ხოლო აზროვნებითი მოღვაწეობა – ფილოსოფოსებს (იქვე). ზემოგანხილული სამი გზა ბერძნული ფილოსოფიის წარმოშობისა კლიმენტი ალექსანდრიელთან წინააღმდეგობაში არ არის, როგორც ეს ზოგ მკვლევარებს წარმოუდგენია. არც შეიძლება, რომ წინააღმდეგობა იყოს ერთი ავტორის მიერ მოწოდებულ კომენტარში, მითუმეტეს, რომ ბერძნული ფილოსოფიის სამივე წყარო ხშირად გვერდიგვერდ არის განხილული კლიმენტის მიერ. საქმე ისაა, რომ ბერძენ ფილოსოფოსთა მოძღვრებაში კლიმენტი ალექსანდრიელი ჭვრეტს როგორც (I) ნასესხობას “ბარბარსოთა” ფილოსოფიიდან, ასევე (II) საკუთარი გონების (როგორც ყველა ადამიანში არსებული საღვთო ხატის) ძალისხმევით მოპოვებულ რაღაც ნაწილს ჭეშმარიტებისას და, აგრეთვე, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, (III) ღვთის სიტყვის მიერ მომადლებულ საბოძვარს, რაც სიმბოლურად “წვიმის” სახით წარმოუდგენია კლიმენტის. ეს მესამე გზა მეტად საყურადღებოა. როგორც ზემოთ ვნახეთ, ზოგან კლიმენტი ბერძნულ ფილოსოფიას სრულიად აშკარად უწოდებს ღვთის სიტყვის, ძე ღმერთის საბოძვარს, ზოგან კი ამ საბოძვარს არა უშუალოდ ძე ღმერთისგან, არამედ ქვემორე ანდა დაცემულ ანგელოზთა მეშვეობით მონიჭებულად დაგვისახავს. ამგვარ აზრს გამოთქვამს კლიმენტი “სტრომატას” VII წიგნში: “საღვთო წინასწარმეტყველებანი ცხადად წარმოაჩენს, რომ ჰგიეს სიტყვა ღვთისა, რომელიც არის ჩვენს მიერ თქმული უფალი და მაცხოვარი... იგია, ვინც მისცა, აგრეთვე, ელინებს ფილოსოფია ქვენა ანგელოზთა მიერ (პგ. IX, 409 ბ). ზემოთ აღნიშნული იყო, რომ ქვენა ანგელოზთა მიერ ელინებისათვის ზეციურ საიდუმლოთა გაცხადება უფლის ნებით ხდება, რადგანაც სარგებლობა მოაქვს მას; ამიტომ, თუნდაც მარტოდენ დაცემულ ანგელოზთაგან გადასცემოდათ ბერძნებს ფილოსოფია, ეს ფილოსოფია მაინც არსობრივად საღვთო საბოძვარი, საღვთო წარმოშობისა იქნებოდა, რადგანაც, კვლავ გავიმეორებთ, რომ თვით ანგელოზურ ძალთა მიერ საუფლო ჭეშმარიტბიდან რაღაც ნაწილის “მოპარვა” და მისი “შთაბერვა” ელინებისადმი უზენაესი ყოვლისმცოდნეობის წინაშე აღსრულდება და ღვთის ნებით, ღვთის ნებართვით დაუბრკოლებლად მიმდინარეობს. აქვე აუცილებლად გასათვალისწინებელია, რომ “მპარველ” ანგელოზთა დაცემულობა თავისთავად გულისხმობს ამ ანგელოზთა გავლით მომდინარე “ცოდნის” არასრულყოფილებასა და ხსენებულ ანგელოზთა დაცემით განპირობებულ უმეცურლ ბუნდოვანებას, რის გამოც ელინურ და, საზოგადოდ, არაბიბლიური, არაქრისტიანული სიბრძნე მხოლოდ ნაპერწკლებს შეიცავდა ჭეშმარიტებისას და ეს ნაპერწკლები, ცხადია, შეზავებული იყო ცრუსიბრძნესთან, უმეცრულ ცრუმორწმუნეობასთან. ანტიკური ფილოსოფიის, წარმართული სიბრძნის ჭეშმარიტება სწორედ ამ მიმოფანტული “ნაპერწკლების” ერთობლიობაში გამოიხატება, რასაც კლიმენტი ალექსანდრელი, როგორც ვნახეთ, “რჩეულ ფილოსოფიას” უწოდებს. აი, ეს “რჩეული ფილოსოფიაა” ჭეშმარიტი საბოძვარი ღვთისა ელინებისადმი, ზოგადად კაცობრიობისადმი. აი, ამ “ფილოსოფიას” უწოდებს კლიმენტი “ჭეშმარიტების ცხად ხატს, ელინებისადმი ბოძებულ საღვთო ძღვენს” (პგ. VIII, ცოლ. 709 ბ). ზემოთქმული, ვფიქრობთ, გასაგებს ხდის, რომ ელინები ეზიარნენ არა უშუალოდ ძე ღმერთის საიდუმლოს, არა მაცხოვნებელ ჭეშმარიტებას, არა იესო ქრისტეს მაცხოვარებას, არამედ მათ ხსენებულ უზენაესი სიბრძნის მხოლოდ შორეულ ანარეკლს, შორეულ მსგავსებას გაუსწორეს თვალი, მხოლოდ “ნაპერწკლები” მოისთველეს საუფლო დიდებისა. ღვთისმცოდნეობის კლიმენტისეული მოძღვრება ეფუძნება მის სწავლებას კაცობრიობის სულიერი შემთვისებლობითი ხარისხების შესახებ, რაც ნიშნავს: შემეცნების მიზანი ყველასათვის ყოველჟამს ერთია, რადგანაც ერთი ღმერთი სუფევს ყოველთა ზედა. ამიტომ განსხვავებას ქმნის არა შემეცნების მიზანი ანუ შემეცნების არსი, არამედ თავად შემმეცნებელი სულიერი მდგომარეობა ანუ ის, თუ რა სულიერ სიმაღლეზეა ესა თუ ის შემმეცნებელი პირი, რა ზომით ძალუძს მას ჭეშმარიტების შეწყნარება, რაოდენ განხმული აქვს მას შემეცნებითი თვალი. სწორედ ეს იგულისხმება კლიმენტის სიტყვებში: “... ერთი და მხოლოდ ღმერთი ელინთა მიერ წარმართულად, იუდეველთა მიერ იუდეურად, ჩვენს მიერ კი (ქრისტიანთა მიერ, ე.ჭ.) ახლად და სულიერად (“პნევმატიკოს”) შეიმეცნება” (პგ. IX, 261 ბ). ზემორე ციტატას უშუალოდ წინ უძღვის კლიმენტის სიტყვები იმის შესახებ, რომ ფილოსოფია ელინებისათვის პირობითად, სიმბოლურად არის ღვთისაგან მომდინარე რამ “აღთქმა”, მსგავსი ჭეშმარიტი “ძველი აღთქმისა”, რომლის შემდეგ ქრისტიანებს ეძლევათ “ახალი აღთქმა”. აი კლიმენტის სიტყვები: “ახალი აღთქმა ჩვენ დაგვიდო ღმერთმა, რადგანაც ელინთა და იუდეველთა აღთქმანი ძველია, ხოლო ჩვენ, ქრისტიანები, როგორც მესამე ტომი, ახლად თაყვანისვცემთ მას” (პგ. IX, ცოლ. 261 A). იქვე კლიმენტი ბერძნულ ფილოსოფიას კვლავ ადარებს ორ აღთქმას (“ძველსა” და “ახალს”) და ამ უკანასკნელთა მსგავსად ფილოსოფიასაც ღვთივბოძებულად აღიარებს: “თვით ღმერთი არის ორივე აღთქმის მომნიჭებელი, რომელიც არის აგრეთვე ელინებისათვის მიმცემელი ფილოსოფიისა, რითაც ელინთა შორის იდიდება ყოვლისმპყრობელი” (ცოლ. 261 ბ). კლიმენტი ალექსანდრიელი მოტანილო მსჯელობას ასე აგრძელებს: “როგორც ელინური სწავლებისაგან, ასევე რჯულისეულისაგანაც ისინი, რომლებიც რწმენას იღებენ, შემოკრბებიან გამოხსნილი ერის ერთ ტომში, რადგანაც არათუ დროში იყოფა ეს სამი ერი, რაც თითქოს სამმაგ ბუნებას გულისხმობს, არამედ სხვადასხვა აღთქმათა მიერ განისწავლნენ ისინი, თუმცა კი არიან ერთი უფლის, ერთი უფლის სიტყვისაგან, რადგანაც, ისევე, როგორც ნებავდა ღმერთს იუდეველთა გამოხსნა და ამიტომაც მიანიჭა მათ წინასწარმეტყველნი, ასევე, ელინთა შორის უმეტესად სახელგანთქმულნი მათ მშობლიურ ენაზე წინასწარმეტყველებად წარმოაჩინა (რამდენადაც ძალუძდა მათ შეწყნარება ღვთისმიერი ქველმოქმედებისა) და მდაბიო კაცთაგან გამოარჩია ისინი” ( პგ. IX, ცოლ. 264 A). “სტრომატას” VI წიგნის VI თავის დასაწყისში კლიმენტი ალექსანდრიელი კვლავ გვასწავლის: “ისევე, როგორც ახლა დროულად მოდის მოძღვრება, ასევე დროულად მიეცა რჯული და წინასწარმეტყველნი ბარბაროსებს, ელინებს კი – ფილოსოფია, რაც მოძღვრებისათვს (ე.ი. ქრისტიანობისათვის, ე.ჭ.) აჩვევს მათ ყურებს” (ტ. IX, ცოლ. 265 A). როგორც ვხედავთ მოტანილი ციტატიდან აშკარად იკვეთება აზრი ელინური ფილოსოფიის, როგორც მოძღვრებისათვის ანუ ქრისტიანობისათვის ელინთა მოსამზადებელი სწავლების შესახებ, ბოძებულისა ღვთისაგან შესაფერის დროს. ეს აზრი სხვა ადგილას უფრო ცხადადაა გამოთქმული: “არ შევცდებით, თუ ვიტყვით, რომ ზოგადი აზრით, ყოველივე ის, რაც საჭიროა და სასარგებლოა ცხვრებაში, ღვთისაგან მოდის ჩვენამდე, ფილოსოფია კი, რომელიც ელინებს უფრო მათთვის შესაფერისი “აღთქმის”მსგავსად მიეცათ, არის ქვესაფეხური ქრისტესმიერი ფილოსოფიისა” (პგ. IX, 283-284). ერთგან კლიმენტი ფილოსოფოსებს მხატვრებს ადარებს, რომლებიც მხოლოდ მსგავსებას გამოსახავენ: “ფილოსოფოსებიც, თითქსდა ხატვით, ჭეშმარიტების მსგავსებას წარმოაჩენენ” (ცოლ. 277 ჩ). კლიმენტი ალექსანდრიელის მოძღვრებით, ყოველგვარი მართებული აზრი უფლისმიერი წარმომავლობისაა, რადგანაც “ჭეშმარიტად ერთია ღმერთი, რომელმაც სათავე დაუდო ყოველივეს”. კლიმენტი იმოწმებს მათე მახარებლის სიტყვებს: “ნუცა გერქუმინ თქუენ წინამძღუარ” (23,10) და დასძენს: “ხედავ, საიდან მომდინარეობს ჭეშმარიტი ფილოსოფია? ... როგორც შემოქმედი ღმერთისაკენ აღისწრაფებს ყოველი ტომი, ასევე უფლისაკენ აღისწრაფებს მოძღვრება კეთილ საქმეთა შესახებ, მოძღვრება მართლმყოფელი, აქეთკენ ხელამპყრობელი და შემწევნელი. თუკი ვიღაცეები რომელიმე ქმნილებისაგან მიღებულ ჭეშმარიტების თესლებს ვერ ააღორძინებენ და ნაცვლად ჩააგდებენ ამ თესლებს უნაყოფო და ურწყლ მიწაში, სადაც ველური ბალახები მოსპობენ მათ (მსგავსად ფარისეველთა, რომლებმაც კაცობრივი სწავლებანი შემოიტანეს და რჯულისაგან გადაუხვიეს), დამნაშავე იქნება არა მაგვარ კაცთა მოძღვარი, არამედ თავად ისინი, რომლებმაც ურჩება ამჯობინეს. როდესაც ვინმე მათგანი ირწმუნებს უფლის მოსვლასა და წერილთა ცხადლივობას, იგი შეიცნობს რჯულსაც (IX, ცოლ. 281 A). ფილოსოფიისაგან მოქცეულებიც საუფლო მოძღვრების მიერ ჭეშმარიტი ფილოსოფიის შეცნობას მიაღწევენ (ცოლ. 281 A), რაც ნიშნავს, რომ მცოდნეობითი სული მრავალგვარად განიწმინდება მიწიერ განხურვებათაგან განდგომის გზით”. კლიმენტისათვის “ფილოსოფია” არის ქვესაფეხური ჭეშმარიტი “მცოდნეობისა”, “გნოსტიკურობისა” (არ აგვერიოს “ცრუგნოსტიციზმში”), “ცოდნისა”. ამიტომ, გნოსტიკურობამდე ანუ “მცოდნეობითობამდე” ამაღლებული “ფილოსოფოსი” კვლავ აღარ უნდა მიიქცეს “ფილოსოფიისაკენ”, რადგანაც ეს იქნებოდა ძველისაკენ ქვედადაბლება, უკუსვლა. ამიტომ აღნიშნავს კლიმენტი: “თვით პავლეც თავის ეპისტოლეებში არ ჩანს ფილოსოფიის მგმობელი, მაგრამ იგი მას, ვინც ეზიარა “მცოდნეობით” სიმაღლეს (“გნოსტიკურ სიმაღლეს”), აღარ უსურვებს კვლავ მიბრუნებას ელინური “ფილოსოფიისაკენ”, იმ ფილოსოფიისაკენ, რასაც სახეობრივად აღნიშნავს სამყაროს სტიქიონები ანუ პირველსაფუძვლები, რადგანაც ეს ფილოსოფია სწორედ პირველსაფუძვლების შემცველია და იგი წარმოადგენს ჭეშმარიტების წინამორბედ სწავლებას (“პროპაიდეა”; ცოლ. 284 ჩ). ამიტომ, როდესაც მისწერს პავლე ებრაელებსაც, რომლებიც სარწმუნოებიდან (ე.ი. ქრისტიანობიდან, ე.ჭ.) რჯულისაკენ (იუდაიზმისაკენ) მიდრკებოდნენ, ასე ამბობს იგი: “ნუთუ კვლავ გმართებთ თქვენ სწავლა, თუ როგორია ღვთის სიტყვათა დასაბამის პირველსაფუძვლები? ნუთუ გმართებთ რძე და არა მაგარი საკვები?” (ებრ. 5,12). მსგავსადვე მიმართავს იგი ელინთაგან მოქცეულ კოლასელებს: “გაფრთხილდით, არავინ წარგიტაცოს თქვენ ფილოსოფიის ანდა ფუჭი ცთომილების მიერ ადმაიანთა გადმოცემის კვალბაზე, თანახმად ამ სამყაროს სტიქიონებისა და არა ქრისტეს თანახმად” (კოლას. 2,8). მთელი ზემორე მსჯელობა ცხადყოფს, რომ კლიმენტის აზრით ელინური ფილოსოფია არის მოსამზადებელი ეტაპი ანუ წინასაფეხური ქრისტიანობისა, რაც ეფუძნება მისსავე თვალსაზრისს ფილოსოფიის საღვთო წარმომავლობის შესახებ. ასე გვაუწყებს კლიმენტი: “თუნდაც თქვას ვინმემ, რომ კაცობრივი გონებით აღმოაჩინეს ელინებმა ფილოსოფია, საღვთო წერილი, როგორც მასში ვპოულობთ, საკუთრივ გონებას ღვთივმომლენილად ამბობს (პგ. IX, ცოლ. 284). მეფსალმუნე უდიდესი საბოძვარად რაცხს გონებას და თხოვნით ამბობს: “შენი მონა ვარ მე, გონიერ – მყავს მე” (ფს. 118,125) (ცოლ. 285 A). აქვე კლიმენტის მოაქვს პეტრე მოციქულის სიტყვები “საქმე მოციქულთას” წიგნიდან: “ყველა ერში მისი მოშიში და სიმართლის მოქმედი შემწყნარებელია მისი” (საქმე 10, 34-35), შემდეგ იგი იშველიებს ფსალმუნის სიტყვებს: “”ხმაი უფლისაი წყალთა ზედა” (ფს. 28,3) და დასძენს: “ეს საწინასწარმეტყველო სიტყვაც იმავე მნიშვნელობისაა და იგი გულისხმობს არა მხოლოდ სხვადასხვა “აღთქმებს”, არამედ მოძღვრების ნაირსახეობებსაც ბარბაროსთა და ელინთა შორის, რაც კი სამართლიანობისკენ მიგვიძღვის. დავითი კვლავაც აშკარად ემოწმება ჭეშმარიტებას და ფსალმუნებს: “მიიქცენ ცოდვილნი ჯოჯოხეთს და ყოველნი წარმართნი, რომელთა დაჰვიწყებიეს ღმრთისაი” (ფს. 9,18); ცხადია, რომ წარმართებმა “დაივიწყეს” ის, რაც ადრე ახსოვდათ, და რაც დავიწყებამდე იცოდნენ, ის უგულებელყვეს. ასე რომ, იყო რაღაც ბუნდვანი ცოდნა ღვთისა წარმართთა შორისაც” (285 ჩ). ამგვარად, რომ შევაჯამოთ, კლიმენტის მოძღვრებით, ბერძნული ფილოსოფია ანუ “რჩეული ფილოსოფია” ელინთა შორის არსობრივად ღვთივმომდინარეა, მაგრამ ეს არსობრივი ნაწილი, ჭეშმარიტების ნაპერწკლები, მიმოფანტულია ცრუსბრძნის წიაღში ანუ უფლისაგან დათესილი კეთილი თესლი ღვარძლის თესლში არის შერეული. თუ ვინ არის ღვარძლის ანუ უკეთურების მთესველი და ჯეჯილის გვერდით სარეველად დამნერგველი, ამის შესახებ კლიმენტი გვაუწყებს: “როგორც ბარბარულ ფილოსოფიაში, ასევე ელინურში “დაითესა ღვარძლი” (მათ. 13,25) იმ მიწადმოქმედის მიერ, ვინ ღვარძლთა თვისებისაა. ამის შედეგად, ერთი მხრივ, ჩვენს შორის ნაყოფიერ თავთავთან ერთად თანააღმოცენდა მწვალებლობანი, ხოლო, მეორე მხრივ, ელინურ ფილოსოფიაში ქადაგებულ იქნა ეპიკურეს უღმერთოება და ჰედონიზმი, აგრეთვე, ყველაფერი ის, რაც მართალი სიტყვის გვერდით დაითესა და რაც ღვთისაგან ელინთათვის ბოძებული მიწადმოქმედების ცრუ ნაყოფად წარმოადგენენ. მას “ამ საუკუნის სიბრძნეს” სახელსდებს მოციქული, - სიბრძნედ სიამტკბილობისა და თავმოყვარეობისა... ასე რომ, ეს ნაწილობრივი ფილოსოფია არის ჭეშმარიტად სრული მეცნიერების პირველსაფუძველთა შემცველიც, - იმ მეცნიერებისა, რომელიც სამყაროს მიღმა არსებულ გონისეულ და, კიდევ მათზე უსულიერეს ძალთა ირგვლივ მიმოიქცევა, “რაც თვალს არ უხილავს, ყურს არ სმენია და ადამიანთა გულამდე არ მისულა” (I კორ. 11,9). დასასრულს მოვტანთ თავად კლიმენტი ალექსანდრიელის შემაჯამებელ სიტყვებს ელინური ფილოსოფიის რაობის შესახებ: “ამგვარად, უფლის მოსვლამდე ელინებში ფილოსოფია იყო, როგორც სამართლიანობისათვის აუცილებელი რამ, აწ კი იგი სასარგებლო არის ღვთისმსახურებისათვის, რადგანაც წარმოადგენს გარკვეულ მოსამზადებელ სწავლებას (“პროპაიდეა”) მათთვის, რომლებიც სარწმუოებას დამტკიცების გზით შეიწყნარებენ, რამეთუ წერილი ამბობს: “ფერხი შენი არა წარსცე” (იგავ. 3,23). ამით იგი წინაგანგებას განუკუთვნებს ყოველსავე კარგს, ელინური იქნება იგი, თუ ჩვენეული, რადგანაც ყოველივე კარგის მიზეზი არის ღმერთი, თუმცა ზოგისა უშუალოდ (“განსაკუთრებით”), როგორც ძველი და ახალი აღთქმისა, ზოგისა კი – შედეგობრივად, როგორც ფილოსოფიისა, თუმცა მაშინ, ალბათ, ელინებსაც უშუალოდ მიეცათ იგი, ვიდრე უფალი უხმობდა მათაც, რადგანაც ისევე “უწინამძღვრებდა” (“პედაგოგობდა”) ფილოსოფია ელინებს ქრისტესკენ, როგორც “რჯული” ებრაელებს. ასე რომ, წინაშეამზადებს (“პროფარასკეუაძეი”) და წინამეგზურობს ფილოსოფია მას, ვინც ქრისტეს მიერ სრულიქმნება. ... ერთია ჭეშმარიტების გზა, მაგრამ ამ გზას, როგორც მარადიულ მდინარეს, სხვადასხვა მხრიდან სხვადასხვა ნაკადი თანაშეედინება” (ცოლ. 720 A).   ძველი ბერძნულიდან თარგმნა და შენიშვნები დაურთო ედიშერ ჭელიძემ ჟურნალი "გზა სამეუფო", №2, 1994წ.  …
დაამატა nika grani to პატროლოგია at 9:43pm on მაისი 29, 2013
თემა: ფსიქოლოგიის როგორც დამოუკიდებელი დისციპლინის პირველი თეორიული სისტემები
ყველაზე მეტად მის სახელთან არის დაკავშირებული. მასვე ეკუთვნის ფსიქოლოგიური მეცნიერების პირველი თეორიული სისტემა.       ვილჰელმ მაქსიმილიან ვუნდტი (1832-1920) დაიბადა გერმანიაში, ბადენის მიწის პატარა ქალაქ ნეკარაუში, პროტესტანტი პასტორის ოჯახში. სწავლობდა მედიცინას ტიუბინჰემის და ჰაიდელბერგის უნივერსიტეტებში. ერთი სემესტრი გაატარა ბერლინში. აქ ექსპერიმენტული ფსიქოლოგიის მომავალი ფუძემდებელი წვრთნას გადიოდა ექსპერიმენტული ფიზიოლოგიის მამად აღიარებულ იოჰანეს მიულერთან. მაშინდელი გერმანიის უნივერსიტეტების სამედიცინო ფაკულტეტები ფართო აკადემიურ ცოდნას იძლეოდნენ: სტუდენტს საშუალება ჰქონდა გამოსულიყო როგორც პრაქტიკოსი ექიმი, ისე მეცნიერი ფიზიოლოგი. ვუნდტმა სწორედ ეს უკანასკნელი გზა აირჩია. 1855 წელს იგი იცავს სადოქტორო დისერტაციას ჰაიდელბერგში და აქვე იწყებს მუშაობას: კითხულობს ლექციებს პრივატ დოცენტის რანგში და ასრულებს მისი სათაყვანებელი მეცნიერის ჰელმჰოლცის ასისტენტის მოვალეობას. ათი წლის მერე მას ენიჭება ექსტრაორდინალური პროფესორის წოდება. ვუნდტის მოღვაწეობის ჰაიდელბერგული პერიოდი ოც წელს გაგრძელდა. ამ ხნის განმავლობაში მან გაიარა საკმაოდ გრძელი გზა ფიზიოლოგიიდან ფსიქოლოგიამდე. ეს პროცესი მკაფიოდ აისახა მის ნაშრომებში. თავდაპირველად ისინი წმინდა ფიზიოლოგიური ხასიათისა იყო: „მოძღვრება კუნთის მოძრაობათა შესახებ“ (1858) და „მასალები გრძნობითი აღქმის თეორიის შესახებ“ (1862). ორივე ეს თემა იმდროინდელ ფიზიოლოგიაში ფრიად პოპულარული იყო, თუმცა მათი ვუნდტისეული განხილვა, განსაკუთრებით გრძნობადი აღქმის შემთხვევაში, ბევრ ფსიქოლოგიურ მომენტს შეიცავდა. ვუნდტის ინტერესი ფსიქოლოგიისადმი სულ უფრო იზრდებოდა, რაც გამოვლინდა მისი ლექციების კურსში. ეს კურსი 1863 წელს გამოქვეყნდა წიგნად, სათაურით „ლექციები ადამიანისა და ცხოველის სულის შესახებ“. ამ ნაშრომში უკვე მონიშნულია ფსიქოლოგიის აგების ვუნდტისეული პროგრამის ზოგიერთი პუნქტი. ეს პროგრამა სულ უფრო იხვეწებოდა ლექციების კითხვის კვალდაკვალ, რომელთაც საბოლოოდ „ფიზიოლოგიური ფსიქოლოგიის“ კურსი დაერქვა. 1873-74 წლებში გამოდის ვუნდტის განთქმული „ფიზიოლოგიური ფსიქოლოგიის საფუძვლები“, რომელმაც ფსიქოლოგიის განვითარებაში ეპოქა შექმნა. ამ ორტომიან მონოგრაფიაში სისტემატურად არის დალაგებული მთელი იმდროინდელი ფსიქოლოგია და, ამავე დროს, მოცემულია ვუნდტის ორიგინალური ფსიქოლოგიური სისტემა. ეს წიგნი შემდგომში ხუთჯერ გამოიცა. ყოველი მომდევნო გამოცემა მნიშვნელოვნად განსხვავდებოდა ადრინდელისაგან ახალი მასალის სიუხვით. თვით მოძღვრებამ გაცილებით ნაკლები ცვლილება განიცადა.       1875 წლიდან იწყება ვუნდტის სამეცნიერო მოღვაწეობის ლაიფციგის პერიოდი. აქ იგი ფილოსოფიის კათედრას ხელმძღვანელობდა და ერთ ხანს ლაიფციგის უნივერსიტეტის რექტორიც იყო. ფსიქოლოგიის ისტორიისთვის ყველაზე მნიშვნელოვანია ის, რომ 1879 წელს ლაიფციგის უნივერსიტეტში ვუნდტის მიერ დაარსდა ფსიქოლოგიური ლაბორატორია. თავდაპირველად ის რამდენიმე ოთახში იყო განთავსებული, ხოლო ცოტა ხანში გადავიდა სპეციალურ შენობაში და ფსიქოლოგიის ინსტიტუტის ადმინისტრაციული სტატუსი მიიღო. ეს იყო პირველი ოფიციალურად ჩამოყალიბებული დაწესებულება, სადაც მიმდინარეობდა ფსიქოლოგიურ-ექსპერიმენტული კვლევა-ძიება და მზადდებოდა პროფესიონალი ფსიქოლოგების კადრები. ამიერიდან ფსიქოლოგია ორგანიზაციულადაც მეცნიერების დამოუკიდებელი დარგი ხდება, რომელსაც აკადემიური, საუნივერსიტეტო სტატუსი აქვს. აქამდე, როგორც ვიცით, ფსიქოლოგია უპირატესად ფილოსოფოსებისა და ფიზიოლოგების ძალებით ვითარდებოდა. ამ მხრივ ძალიან სიმბოლურია, რომ ექსპერიმენტული ფსიქოლოგიური მეცნიერების ფუძემდებელი იმავდროულად საკმაოდ თვალსაჩინო ფიზიოლოგი და ფილოსოფოსი იყო, თუმცა, საბოლოოდ, ფსიქოლოგია ორივესაგან დამოუკიდებელი გახადა. ვუნდტის ფიზიოლოგობაზე უკვე ითქვა. რაც შეეხება ფილოსოფიას, ოთხმოციანი წლები მისი შემოქმედების ფილოსოფიურ პერიოდად შეიძლება ჩაითვალოს. ზედიზედ გამოდის სქელტანიანი მონოგრაფიები: „ლოგიკა“, „ეთიკა“ და „ფილოსოფიის სისტემა“. პარალელურად ვუნდტი ხელმძღვანელობს ინსტიტუტში მიმდინარე ინტენსიურ ექსპერიმენტულ მუშაობას. ამ კვლევების შედეგები ქვეყნდება მის მიერ 1881 წელს დაარსებულ სამეცნიერო ჟურნალში, რომელსაც „ფსიქოლოგიური კვლევები“ ეწოდა.       ვუნდტს ურყევად სწამდა თავისი მოძღვრების ჭეშმარიტებისა და თანმიმდევრულად ახორციელებდა ზოგადი ფსიქოლოგიის აგების იმ პროგრამას, რომელიც ფიზიოლოგიური ფსიქოლოგიის პირველივე გამოცემაში ჩამოაყალიბა. ამ პროგრამის ერთ-ერთი პუნქტი ითვალისწინებდა ფსიქოლოგიის ორი სახეობის ან შტოს არსებობას. პირველი ფიზიოლოგიური ფსიქოლოგიის სახელწოდებით არის ცნობილი. ეს არის მეცნიერების ექსპერიმენტული დარგი, რომლის კვლევის ობიექტს ელემენტარული ფსიქიკური პროცესები (შეგრძნება-აღქმა, მარტივი ასოციაციები, რეაქციები, გრძნობები და სხვა) შეადგენს. მაღალი რიგის ფსიქიკური მოვლენები და რთული პროცესები ექსპერიმენტული მეთოდით კვლევას არ ექვემდებარება და უნდა შეისწავლებოდეს კაცობრიობის სულიერი ისტორიის პროდუქტების - ენის, მითოლოგიის, ხელოვნების, მორალის, რელიგიისა და სხვათა ანალიზის გზით. ამ ფსიქოლოგიას ვუნდტმა ხალხთა ფსიქოლოგია უწოდა. XIX-XX საუკუნეთა მიჯნაზე ვუნდტმა ჩათვალა, რომ ძირითადად შეასრულა თავისი პროგრამის პირველი ნაწილი და შეუდგა ხალხთა ფსიქოლოგიის წერას. ეს გრანდიოზული თხზულება ოცი წლის განმავლობაში იქმნებოდა და ათი მსხვილტანიანი ტომი მოიცვა. ბოლო წიგნი 1920 წელს გამოიცა. ამავე წელს გარდაიცვალა მისი ავტორი. მან მთლიანად მოასწრო დამოუკიდებელი ფსიქოლოგიური დისციპლინის დაფუძნების საკუთარი პროგრამის განხორციელება.       ვუნდტის ცხოვრების და მოღვაწეობის მნიშვნელობა და მთავარი შინაარსი ფსიქოლოგიის, როგორც დამოუკიდებელი მეცნიერების ჩამოყალიბებაში მდგომარეობდა. ამიტომ ფსიქოლოგიის საგნის პრობლემა მისთვის არსებითი იყო. დამოუკიდებელ მეცნიერებას თავისი საკუთარი საგანი, კვლევის სფერო უნდა ჰქონდეს. ფიზიოლოგიიდან წამოსული ვუნდტისთვის საკითხი ასე იდგა: ფსიქოლოგია, როგორც ემპირიული, ექსპერიმენტული დისციპლინა ბუნებისმეტყველების ყაიდაზე უნდა იყოს აგებული. მან უნდა მოიპოვოს უტყუარი ფაქტები, განაზოგადოს ისინი და დაადგინოს კანონზომიერებები. მეორე მხრივ, მას იმ მეცნიერებათაგან განსხვავებული საგანი უნდა ჰქონდეს, რომლებმაც უკვე „დაინაწილეს“ ბუნების სინამდვილე. ვუნდტამდელ ემპირიულ ფსიქოლოგიაში ფსიქოლოგიისა და ბუნებისმეტყველების საგანთა გამიჯვნა ლოკიდან მომდინარე ტრადიციის საფუძველზე ხდებოდა. ამ თვალსაზრისის თანახმად, ყოველგვარ გამოცდილებას, რომელიც ადამიანის სულში იდეების სახით არის წარმოდგენილი, ორი წყარო აქვს. პირველია ბუნების ობიექტები და მოვლენები, რომელთა შესახებ იდეებს სული შეგრძნებათა ანუ ე.წ. გარეგანი ცდის საშუალებით იძენს. მეორე სახის გამოცდილება თვით სულიერი სამყაროდან მომდინარეობს, ე.წ. რეფლექსიის ანუ შინაგანი ცდის საშუალებით. ასე გამოიყო გარეგანი და შინაგანი გამოცდილება და შესაბამისად, ბუნებისმეტყველება და ფსიქოლოგია.       ვუნდტი უკუაგდებს ასეთ გაგებას. შინაგანი და გარეგანი ცდის განსხვავება მართებული არ არის. გრძნობა „შინაგანია“, რადგან იგი სუბიექტის მდგომარეობას გამოხატავს, ხოლო აღქმა „გარეგანი“, ვინაიდან იგი ობიქტებზე მიუთითებს. ფსიქოლოგიას ორივესთან თანაბრად აქვს საქმე, რამდენადაც ორივე განცდაა. ვუნდტი ასაბუთებს გამოცდილების ერთიანობის პრინციპს. არსებობს მხოლოდ ერთი ემპირიული სინამდვილე, რომელიც ადამიანს ეძლევა. ეს არის მისი ცნობიერების უშუალო გამოცდილება, ანუ სუბიექტის განცდა. უშუალო გამოცდილებაში არ გამოიყოფა გარეგანი და შინაგანი, ყოველივე მოცემული უკვე ცნობიერებაა, განცდაა. პირველადი მასალა მხოლოდ ეს არის. უშუალო გამოცდილება ყოველგვარი შემეცნების პირველწყაროა - ბუნებისმეტყველურისაც და ფსიქოლოგიურისაც. მასალის მიხედვით მათი გაყოფა არ შეიძლება, სამაგიეროდ შეიძლება მეცნიერული მიდგომის ანუ თვალსაზრისის მიხედვით. თუ უშუალო გამოცდილება განიხილება თავის ნამდვილ, ბუნებრივ მოცემულობაში, სუბიექტის განცდის სახით, იგი ფსიქოლოგიური ცოდნის წყაროდ გვევლინება. ამ შემთხვევაში განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს ის გრძნობადი მოცემულობა, ფსიქიკური ფორმა, რომელშიც სულიერი მოვლენები, განცდათა სამყაროა წარმოდგენილი. ასეთი მიდგომისას სინამდვილე გვეძლევა ხატების, წარმოდგენების, გრძნობების, აზრების, ე.ი. ფსიქიკური მოვლენების ან პროცესების სახით. მაგრამ უშუალო გამოცდილებას შესაძლებელია სხვა თვალსაზრისითაც მივუდგეთ, სახელდობრ, განვიხილოთ მისი შინაარსები სუბიექტურისაგან, განცდისაგან განყენებით, როგორც გარე სამყაროში, ჩვენგან დამოუკიდებლად და თავისთავად არსებული ობიექტები თუ მოვლენები. ასეთი თვალსაზრისით დანახული და გადასხვაფერებული უშუალო გამოცდილება ბუნებისმეტყველების კვლევის საგანს შეადგენს.       ავიღოთ ნებისმიერი ფიზიკური მოვლენა, ამბობს ვუნდტი, მაგალითად, სინათლე, ბგერა, ტემპერატურა ან რომელიც გნებავთ საგანი; ისინი მხოლოდ ფიზიკური ფენომენები კი არ არის, არამედ უთუოდ ფსიქიკურიც. ამრიგად, მთელ სინამდვილეს ორი მხარე აქვს. პირველ ყოვლისა, ის აუცილებლად ჩვენს მიერ განიცდება. ამის გარეშე ის არც იქნებოდა ჩვენი გამოცდილების შინაარსი და, შესაბამისად, შემეცნების საგნად ვერ იქცეოდა. მაშასადამე, გამოცდილებაში არ არსებობს არც ერთი მოვლენა, „ჩვენი სულის ბრძმედში რომ არ იყოს გატარებული“. ფსიქოლოგიის საგანი მთელი გამოცდილებაა იმ სახით, როგორც ის ჩვენ გვეჩვენება. ბუნებისმეტყველებაც იმავე გამოცდილებას იკვლევს, ოღონდ ისე, თითქოს ის არავის მიერ არ იყოს განცდილი, თითქოს სავსებით ობიექტურად არსებობდეს. შეიძლება ასეც გვეთქვა: ფსიქოლოგია შეისწავლის გამოცდილებას, როგორც განცდას, სულიერ მოვლენას, ხოლო ბუნებისმეტყველება - ამ განცდის ობიექტურ შინაარსს. მაგალითად, ცისარტყელას ხილვისას აღმოცენებული სენსორული თუ ემოციური განცდები ფსიქოლოგიის საქმეა. ფიზიკა ცისარტყელას შესახებ იტყოდა, რომ ეს არის ფერადი რკალი ცის კამარაზე, რომელიც აიხსნება წვიმის წვეთებში სინათლის გარდატეხით, არეკვლით და დიფრაქციით. ე.ი ფიზიკა მსჯელობს არა იმაზე, რაც უშუალო გამოცდილებაში „ხელშესახებად“ არის მოცემული, არამედ ცნებითად კონსტრუირებულ სინამდვილეზე; მისი მონაცემები ცნებითი ბუნებისაა: მატერიის მარადიულობა ცნებისეულია, ვინაიდან არც ერთი ცდა თავისთავად არ არის მარადიული.       რა ამოცანები უნდა გადაჭრას ფსიქოლოგიამ, როგორც მეცნიერებამ უშუალო გამოცდილების შესახებ? პირველ ყოვლისა, საჭიროა დადგინდეს, თუ რა ელემენტებისაგან შედგება ცნობიერების ყოველი მოვლენა. შემდგომში უნდა გაირკვეს, თუ რა კავშირებს, რა ფსიქიკურ შენაერთებს ქმნის ეს ელემენტები და როგორ ურთიერთობაში იმყოფება ერთმანეთთან; დაბოლოს, ფსიქოლოგიამ უნდა დაადგინოს კანონები, რომელთა მიხედვითაც მყარდება კავშირები ცნობიერების ფენომენებს შორის და რომელთაც ექვემდებარება მთელი სულიერი სამყარო.       ფსიქიკურ ელემენტებზე მსჯელობისას ვუნდტი საჭიროდ მიიჩნევს ხაზი გაუსვას შემდეგ გარემოებას: სულიერი სამყაროს ყოველი შინაარსი თავისი ბუნებით რთულია. ამიტომ მოსაზრება ცნობიერების ელემენტების შესახებ იმ გაგებით, რომ ისინია ფსიქიკურ მოვლენათა აუცილებლად მარტივი და დაუნაწევრებელი შემადგენელი ნაწილები, გარკვეულად, ანალიზისა და აბსტრაქციის შედეგია. მიუხედავად ამისა, გაწაფული თვითდაკვირვება საშუალებას იძლევა, გამოიყოს ისეთი ფსიქიკური ელემენტები, რომელთაგანაც შედგება ყოველი რთული სულიერი წარმონაქმნი. ეს ელემენტები ორი სახისაა: შეგრძნებები და მარტივი გრძნობები. ეს უკანასკნელი, როგორც წესი, თან სდევს სინათლის, ხმის, გემოს და ა.შ. შეგრძნებებს, საგნების აღქმას, რომლებიც მოგვწონს ან არ მოგვწონს, ყურადღებისა და ნებელობის აქტებს.       ყოველგვარ შეგრძნებას და გრძნობას ორი აუცილებელი თვისება აქვს: რომელობა და ინტენსივობა. ფსიქიკური ელემენტების დახასიათებისას ჩვენ სწორედ მათში არსებულ რომელობით განსხვავებულობებს აღვნიშნავთ. შეგრძნების სფეროში ასე ვასხვავებთ ერთმანეთისაგან, მაგალითად, მწვანეს და წითელს, ცივს და ცხელს, ტკბილს და მწარეს და ა.შ. ეს რომელობები ყოველთვის სხვადასხვა ინტენსივობით არის წარმოდგენილი: სუსტი, საშუალო, ძლიერი, ძალიან ძლიერი. გარდა ამისა, შეგრძნებათა სიმრავლეში გამოიყოფა რამდენიმე სისტემა ისეთი შეგრძნებებისა, რომელთა ელემენტებს შორის არავითარი რომელობითი მსგავსება არ არის. ამიტომ შეგრძნებებს, რომლებიც სხვადასხვა სისტემას მიეკუთვნება, დისპარატულს უწოდებენ. ასეთებია ტონი და ფერი, სითბო და დაწოლვა და ა.შ. ვუნდტი შეგრძნებათა რვა ასეთ ჯგუფს გამოყოფს: სინათლის, ბგერის, სუნის, გემოს შეგრძნებებს და ე.წ. საერთო მგრძნობელობაში შემავალ შეგრძნებათა ოთხ ჯგუფს: ტკივილის, დაწოლვის, ტემპერატურისა და ორგანულ შეგრძნებებს. თანამედროვე ტერმინოლოგიით, ამ დისპარატულ სისტემებს შეგრძნებათა მოდალობები ეწოდება.       რაც შეეხება გრძნობებს, ყოველი მათგანი თვისებრივად განსხვავებულ რომელობას ქმნის. მაგრამ მარტივი გრძნობების დახასიათებისას ვუნდტი არ იფარგლება მხოლოდ სიამოვნება-უსიამოვნების განზომილებით, როგორც მანამდე იყო გავრცელებული. იგი გრძნობათა უფრო ზუსტ და ხარისხიან ფენომენოლოგიურ ანალიზს აკეთებს და გამოყოფს აგრეთვე აგზნებადამშვიდებისა და დაძაბვა-შვების კატეგორიებს, რომლითაც ხასიათდება თითოეული გრძნობა. ორი განსხვავებული ფერი, მაგალითად წითელი და ცისფერი, შეიძლება ერთნაირად მოგვწონდეს, მაგრამ მათ მიერ გამოწვეული გრძნობა მაინც განსხვავებული იყოს, ვინაიდან პირველი აგვაგზნებს, მეორე კი გვამშვიდებს. ასევე, მეტრონომის ნელი ძგერის მოსმენისას ჩვენი გრძნობა მნიშვნელოვნად ცვალებადობს. ბგერებს შორის ინტერვალში სულ უფრო ძლიერდება გრძნობა, რომელსაც ყველაზე კარგად სიტყვა „დაძაბვა“ გამოხატავს, ხოლო უშუალოდ დარტყმის შემდეგ იგი თავის საწინააღმდეგო ემოციაში გადადის, რომელსაც შვების გრძნობა შეიძლება ეწოდოს. აღსანიშნავია, რომ გრძნობათა ეს მიმართულებები ერთმანეთისაგან დამოუკიდებელი არ არის და, ასე ვთქვათ, ემოციათა სამგანზომილებიან სივრცეს ქმნის, რომელშიც თითოეული ცალკეული ემოცია თავის ადგილს იჭერს. სიამოვნება-უსიამოვნების მსგავსად, აგზნება-დამშვიდებისა და დაძაბვა-შვების პროცესებს შორისაც გრძნობათა უამრავი რომელობითად განსხვავებული სახეა.       ელემენტები მეტ-ნაკლებად რთულ ფსიქიკურ წარმონაქმნებს, ანუ, ვუნდტის თქმით, „შენაერთებს“ ქმნიან. თუ შენაერთი უპირატესად შეგრძნებებისაგან შედგება, მას წარმოდგენა ეწოდება, მიუხედავად იმისა, თუ რომელ სფეროს განეკუთვნება იგი - აღქმის, მეხსიერებისა თუ წარმოსახვის. მაგრამ მთავარი აქ ისაა, რომ ყოველი წარმოდგენის, ისევე როგორც „ყოველი ფსიქიკური შენაერთის თვისება არ ამოიწურება მასში შემავალი ელემენტების თვისებებით; ელემენტების გაერთიანების ძალით ყოველთვის წარმოიქმნება ახალი თვისება“.       წარმოდგენა, როგორც რთული ფსიქიკური წარმონაქმნი, არ დაიყვანება ელემენტების ჯამზე. ის მეტია, ვიდრე თავისი შემადგენელი ნაწილები. მასში ახალი თვისებრიობაა მოცემული. რამდენიმე ტონის მიერ შედგენილი მელოდია ამ ტონებზე დაუყვანელი ახალი თვისებრიობაა, რაც თუნდაც იქიდან ჩანს, რომ ის შეიძლება ტრანსპონირებულ იქნეს სხვა ტონალობაში, მაგრამ ერთი რამ ცხადია - ამ მელოდიაში შესაძლებელია მისი შემადგენელი ტონების გამოყოფა. სხვადასხვა ფერი სურათზე ახალ ერთობლიობას ქმნის, მაგრამ მაინც ერთდროულად არსებობს, ჩვენ შეგვიძლია ისინი გავარჩიოთ ერთმანეთისაგან. ერთი სიტყვით, შეგრძნებები შეიძლება შეურევლად განიცდებოდნენ. ემოციების სფეროში ასეთი რამ არ ხდება. ერთდროულად მოცემული მარტივი გრძნობების შერწყმით მიიღება სრულიად ახალი ერთიანი გრძნობა ან ემოციური მდგომარეობა. მის შექმნაში მონაწილე გრძნობების ცალ-ცალკე განცდა უკვე შეუძლებელია. ამას ვუნდტი ემოციურ მდგომარეობათა ერთიანობის პრინციპს უწოდებს. ხოლო შეგრძნებები და წარმოდგენები ყოველთვის დაკავშირებულია გრძნობებთან, ვინაიდან გრძნობა ამ უკანასკნელთა მოცემულობის გარეშე არ წარმოიქმნება. ამასთან, აღსანიშნავია, რომ ეს კავშირი არ არის მყარი და ერთნაირი, როგორც სხვადასხვა ინდივიდებში, ისე ერთი ინდივიდის შიგნით. ერთი და იგივე ტონი ან მელოდია სხვადასხვა ინდივიდებში და განსხვავებულ სიტუაციებში სხვადასხვა გრძნობას უკავშირდება.       გრძნობათა გაერთიანების შედეგად ხშირად აღმოცენდება რთული ემოცია, რომელსაც ვუნდტი აფექტს უწოდებს. აფექტში აგრეთვე შეიძლება გადავიდეს ცალკეული გაძლიერებული გრძნობა. აფექტი, გარდა იმისა, რომ ის ძლიერი გრძნობაა, ხასიათდება ორგანიზმის შიდა პროცესების ინტენსიფიკაციით და გამომხატველ მოძრაობებთან მჭიდრო კავშირით. აფექტებიდან იღებს სათავეს ნებითი მოქმედებები, რომლებიც სულიერი აქტივობის ურთულეს ფორმას წარმოადგენენ. გრძნობა, აფექტი და ნებელობა ერთიანი აფექტურ-ვოლიტური პროცესის სამ საფეხურს შეადგენენ. ისინი ერთმანეთში გადადიან და ერთმანეთს განსაზღვრავენ. ამავე დროს, არც იმის თქმა შეიძლება, რომ ყველა გრძნობა აფექტში გადადის, ან ყველა აფექტი ნებითი მოქმედებით მთავრდება. იმისთვის, რომ რაიმე მოქმედება მოხდეს, უნდა წარმოიქმნას გრძნობისა და წარმოდგენის კავშირი, რომელიც მას მოამზადებს. ასეთ ფსიქიკურ შენაერთს ვუნდტი მოქმედების მოტივს უწოდებს. მოტივის წარმოდგენით მხარეს ეწოდება მოქმედების საფუძველი, ხოლო გრძნობით მხარეს - მოქმედების აღმძვრელი. როდესაც, მაგალითად, ცხოველი თავს ესხმის მსხვერპლს, მისი მოქმედების საფუძველი მსხვერპლის პერცეპტული ხატია, ხოლო აღმძვრელი - შიმშილის უსიამოვნო გრძნობა. ადამიანის შემთხვევაში მკვლელობის ქმედების საფუძველი შეიძლება იყოს მტრის განადგურების წარმოდგენა, აღმძვრელი კი - სიძულვილი, ეჭვი, შური და სხვა. მაშინ, როდესაც მოტივის როლში გვევლინება ერთი გრძნობა თავისი თანმხლები წარმოდგენებით, საქმე გვაქვს მარტივ ნებელობით პროცესთან ანუ იმპულსურ მოქმედებასთან. ამ შემთხვევაში ნებელობით პროცესს მხოლოდ ერთი მოტივი განსაზღვრავს. მაგრამ, თუ ამ პროცესში რამდენიმე მოტივია ჩართული, თუ გრძნობისა და წარმოდგენის რამდენიმე კომპლექსი ერთდროულად აქტუალიზირდება და სხვადასხვაგვარი მოქმედების შესრულების ტენდენციას ქმნის, მაშინ უკვე ადგილი აქვს საკუთრივ ნებელობით ან რთულ განზრახულ მოქმედებას. ამ შემთხვევაში ის მოტივი, რომელიც საბოლოოდ განსაზღვრავს მოქმედებას, თანდათანობით გამოიკვეთება ურთიერთდაპირისპირებული მოტივებიდან. როდესაც მოტივთა ბრძოლა ალტერნატივების ცნობიერი აწონ-დაწონის გზით ხდება და არჩევანის აქტით მთავრდება, ნებელობითი მოქმედება არჩევითი ქმედების სახეს იღებს. ამ პროცესის სპეციფიკურ გრძნობით მხარეს ქმნის ყოყმანის, დაეჭვებისა და გადაწყვეტილების თანმხლები გრძნობები.       ელემენტების ფსიქიკურ შენაერთებად გაერთიანება და ამ შენაერთებს შორის კავშირების დამყარება გარკვეულ ფსიქიკურ მექანიზმს ეფუძნება. ასეთად ვუნდტი ასოციაციას და აპერცეფციას მიიჩნევს. მათ შორის ძირეული განსხვავება ისაა, რომ ასოციაცია ცნობიერების პასიური მექანიზმია, ხოლო აპერცეფცია ყოველთვის აქტიურ ცნობიერ მოქმედებას გულისხმობს. ასოციაცია შეიძლება იყოს ერთდროული (სიმულტანური) და თანმიმდევრული (სუქცესიური). ამასთან ერთად, გამოიყოფა ასოციაციური მექანიზმის სამი სახეობა: შერწყმა, ასიმილაცია და კომპლიკაცია. შერწყმა არის ელემენტების (შეგრძნების ან გრძნობის) შერევა. ამავე დროს, შერწყმით მხოლოდ ერთი და იმავე მოდალობის ელემენტები ერთიანდება: ტონები, ფერები და ა.შ. წითლისა და ყვითლის შერევის შედეგად მიღებული ნარინჯისფერი შერწყმის მაგალითია. ასიმილაცია ახალ და ძველ შთაბეჭდილებათა ურთიერთობაში ვლინდება. ამ შემთხვევაში თავს იჩენს მიმსგავსებისა და კონტრასტის მოვლენები, რის შედეგად აღქმისა და მეხსიერების სფეროში ხშირად წარმოიქმნება ილუზიები. როდესაც ცხელი წყლის შემდეგ ნელთბილი წყალი ცივად გვეჩვენება, ეს ასიმილაციის გამოვლინებაა. ასიმილაციის მექანიზმით აიხსნება ცნობის მოვლენაც. როდესაც ვხედავთ წიგნს, ჩვენ ადვილად ვცნობთ მას ასიმილაციის მეშვეობით, ვინაიდან ამ წუთას აღქმული წიგნი ასოცირდება უწინ ნანახთან. ცნობა, როგორც ასიმილაციის ფორმა, შეიძლება ორ ეტაპად დაიყოს - ნაცნობობის ბუნდოვანი განცდა და საკუთრივ ცნობის აქტი. ისეც ხდება, რომ ნაცნობობის განცდა გვატყუებს და ცნობის ილუზიაში ვვარდებით - ნაცნობი უცნობად გვეჩვენება ან პირიქით. ასოციაციის მესამე სახეობა, კომპლიკაცია, სხვადასხვა მოდალობის ელემენტების ან სხვადასხვა სახის შენაერთების გაერთიანებას გულისხმობს. შერწყმისაგან მას ისიც განასხვავებს, რომ კომპლიკაციური გაერთანების დროს მის შემადგენელ ნაწილებს არ ეკარგება თავისი თვისებრიობა (როგორც, მაგალითად, ნარინჯისფერის შემთხვევაშია, რომელშიც წითელი და ყვითელი უშუალოდ აღარ ჩანს). ყველა რთული ინტერმოდალური აღქმა, ვუნდტის აზრით, კომპლიკაციის ნიმუშია: ვაშლი ფორმის, ფერის, გემოს, სუნის ერთიანობაა. შერწყმისა და კომპლიკაციის ცნებები ვუნდტს არსებითად ისევე ესმის, როგორც ჰერბარტს.       შესაძლოა ჰერბარტისგანვეა აღებული ტერმინი აპერცეფციაც, მაგრამ მას უფრო გრძელი ისტორია აქვს. აპერცეფციის ცნებას იყენებდა როგორც ემპირიული ფსიქოლოგია, ჰერბარტის სახით, ისე რაციონალური ფსიქოლოგია, კერძოდ ლაიბნიცი, ვოლფი, კანტი. აპერცეფციის გაგებაში, როგორც ჩანს, ვუნდტი უფრო ამ უკანასკნელ ტრადიციას გაჰყვა. ეს იქიდანაც ჩანს, რომ თუ ჰერბარტთან აპერცეფცია აღნიშნავდა ძველ შთაბეჭდილებებთან (ე.წ. აპერცეფციულ მასასთან) მათი მსგავსი ახალი შთაბეჭდილების მიერთების მექანიკურ პროცესს, ვუნდტთან აპერცეფცია სხვა ნიშნით ხასიათდება: ის არის აქტიური, შეგნებული და აზრიანი პროცესი. ცნობიერებაში ყოველი შინაარსი შეიძლება ორგვარი სახით, ე.წ. პერცეფციის ან აპერცეფციის სახით იყოს მოცემული: „პერცეფციის ქვეშ ცნობიერებაში რაიმე შინაარსის უბრალო ფაქტობრივი შემოსვლა უნდა გვესმოდეს, ხოლო აპერცეფციაში - ამ შინაარსზე ყურადღების მიპყრობა“. აპერცეფცირებული შინაარსი ცნობიერების ცენტრში გადადის და ამით უფრო ნათელი და მკაფიო ხდება.       ამის მიუხედავად, აპერცეფცია არ უნდა გავაიგივოთ ყურადღებასთან. პირველი ცნების მოცულობა ბევრად უფრო ფართოა. რაიმე შინაარსებზე ყურადღების მიპყრობა მხოლოდ პირობაა იმისა, რომ მათზე სხვადასხვა სახის პროცედურები ჩატარდეს, მათი გადამუშავება მოხდეს. აქ იგულისხმება ცნობიერების შინაარსების დანაწევრება, ურთიერთმიკუთვნება, შედარება, აწონ-დაწონა, შეკავშირება და გაერთიანება. ამ მარტივი აპერცეფციული ოპერაციების საფუძველზე წარმოიქმნება ანალიზისა და სინთეზის რთული ოპერაციები. როდესაც ისინი მიმართულია იმაზე, რომ განსხვავებული შესაძლებლობებიდან არჩეულ იქნეს მოქმედების საუკეთესო ვარიანტი, აპერცეფცია ნებელობის ფუნქციას ასრულებს. აპერცეფციის ძირითადი ფუნქციებია აგრეთვე აზროვნება და ფანტაზია. კერძოდ, აზროვნების ისეთი პროდუქტი, როგორიცაა მსჯელობა ანალიზის ოპერაციის შედეგია, რადგანაც მსჯელობაში სუბიექტის და მისი თვისებებისა თუ მოქმედებების გამიჯვნა და შემდგომ მათ შორის არსებული ურთიერთმიმართების დადასტურება ხდება. ცნება კი სინთეზის ოპერაციის წყალობით წარმოიქმნება. ამ შემთხვევაში ჩვენ რაიმე ნიშანთვისებას წინ წამოვწევთ და სინთეზის გზით მას თავის შესატყვის წარმოდგენებს ვუკავშირებთ. ცნება ზოგადი წარმოდგენაა. იგი ხშირად საკმაოდ ბევრი წარმოდგენის ერთობლიობაა, რომელთაც აერთიანებს საერთო ნიშანთვისება. ზოგადად კი აზროვნების სფეროში აპერცეფცია ცნობიერების შინაარსებს ლოგიკურად აწესრიგებს. ფანტაზიის შემთხვევაში წარმოდგენათა კავშირი შედარებით ნაკლებად მჭიდრო და უფრო თავისუფალია.       აპერცეფციის შედეგად ფსიქიკურ შინაარსებს შორის ყოველთვის მიმართებები დამყარდება. ყურადღება, აზროვნება, წარმოსახვა, ნებელობა - აპერცეფციის გამოვლინებებია. აპერცეფციის ცნების საშუალებით ვუნდტის სისტემაში ხდება ამ ფსიქიკური პროცესების მნიშვნელობის გარკვევა. მათი მეშვეობით აპერცეფცია ცნობიერების შემაკავშირებელ და მაორგანიზებელ ფუნქციას ასრულებს. ფაქტობრივად იმავე ამოცანას ემსახურება ასოციაციის მექანიზმებიც. მაგრამ, როგორც ითქვა, ასოციაციასა და აპერცეფციას შორის არსებითი განსხვავებაა: პირველი პასიურია, ხოლო მეორე - აქტიური. აქტიურობა აპერცეფციის ძირეული თვისებაა და ფენომენალურად არის მოცემული უშუალო გამოცდილებაში; ცნობიერებას იგი ეძლევა თვითაქტივობის, თვითგანხორციელებისა თუ თვითკონტროლის გრძნობათა სახით.       ერთი სიტყვით, ვუნდტის მიხედვით, აპერცეფცია სულიერი აქტივობისა და მოწესრიგებულობის წყაროა. იგი მოწოდებულია, ახსნას ფსიქიკური ცხოვრების ეს უმნიშვნელოვანესი თავისებურებანი, თუმცა თავად რაიმე ახსნას ან გარეშე დეტერმინაციას არ ექვემდებარება. აპერცეფცია ცნობიერების იმანეტური ნიშანი და უნივერსალური ამხსნელი მექანიზმია. ამ თვალსაზრისით აპერცეფცია იმ „განსაკუთრებული შინაგანი სულიერი ძალის“ ნიშნებს შეიძენს, რომლებიც, ნებელობის სახით, ვოლუნტარიზმის მოძღვრებაშია მოცემული. ეს შეხედულება ა. შოპენჰაუერის, ფ. ნიცშეს, ე. ჰარტმანის და სხვათა გავლენით საკმაოდ იყო გავრცელებული იმ ხანის გერმანულ ფილოსოფიურ-ფსიქოლოგიურ აზროვნებაში. მასში ნებელობა ადამიანის ყოფიერების პირველად და აბსოლუტურ ძალად არის აღიარებული. განსაზღვრავს რა ფსიქიკური პროცესების მსვლელობას, ნებელობა არავითარ ახსნას არ ემორჩილება და, მაშასადამე, არსებითად, ზებუნებრივ საწყისად გვევლინება.       ვუნდტის სისტემაში ნებელობა მართლაც ცნობიერების სტრუქტურის უმთავრესი საწყისის სახეს იღებს. ვუნდტი ამ გარმოებას თავადვე უსვამს ხაზს. იგი თავის ფსიქოლოგიას ვოლუნტარისტულს უწოდებს და ამით განასხვავებს მას ადრინდელი ფსიქოლოგიის ინტელექტუალიზმისაგან. ვუნდტის სისტემის ვოლუნტარისტული ბუნება ყველაზე თვალსაჩინოდ იმაში ვლინდება, რომ აქ ნების ცნება ფაქტობრივად ენაცვლება სუბიექტის ან პიროვნების ცნებას. ვუნდტის ფსიქოლოგია არსებითად უსუბიექტო ფსიქოლოგიაა. ის, რომ ასოციაციური პროცესები სუბიექტის მონაწილეობის გარეშე მიმდინარეობენ, თავისთავად ცხადია, მაგრამ ცნობიერების მუშაობის უმაღლეს დონეზეც, რომელიც გამსჭვალულია ადამიანის საკუთარი მე-ს განცდით, ვუნდტი არ უშვებს რაიმე გამაერთიანებელი და მაკონტროლებელი ინსტანციის არსებობას პიროვნების სახით და ისევ ნებელობის აპერცეფციულ პროცესს მიმართავს.       ბოლო საკითხი, რომელიც ვუნდტის ზოგადფსიქოლოგიურ სისტემაშია დამუშავებული, ეს არის საკითხი ფსიქიკის უზოგადესი კანონების ან პრინციპების შესახებ. ამ კონტექსტში ვუნდტი აყალიბებს თავის სულის აქტუალობის პრინციპს. ტერმინი „აქტუალობა“ რამდენიმე მნიშვნელობით იხმარება. ერთი, როგორც სუბსტანციურობის ოპოზიცია. სული არ არის რაიმე არსი ან სუბსტანცია, რომელიც პრინციპულად განსხვავდება ფსიქიკური პროცესებისაგან; ის თვით ამ პროცესების მსვლელობაა. აქედან გამომდინარეობს აქტუალობის მეორე მნიშვნელობაც: ფსიქიკურის აქტუალობა ნიშნავს აქ და ახლა არსებულ განცდას ან პროცესს. მესამე მნიშვნელობით აქტუალობა პასიურობისა და სტატიკურობის ოპოზიციაა; ფსიქიკური აქტიურია, რამდენადაც ის არის გამოცდილების მუდმივი ქმნადობა, აღდგენა ან განახლება. ამ გაგებით იგი პროცესუალური ბუნებისაა. ამავე დროს, ცნობიერების მიმდინარეობა და ცვალებადობა არ არის შემთხვევითი. მას აქვს მიმართულება, რაგვარობა, თანმიმდევრობა, ერთი სიტყვით ის, რაც კანონზომიერების ცნებით აღინიშნება. ფსიქიკური პროცესები კანონზომიერი პროცესებია.       ვუნდტის თეორიულ სისტემაში საგანგებოდ არის დამუშავებული საკითხი ფსიქოლოგიური კანონზომიერების სპეციფიკის შესახებ. ვუნდტის აზრით, ფსიქიკის სფეროშიც უნდა ვილაპარაკოთ მიზეზობრიობაზე, მაგრამ სხვა მნიშვნელობით, ვიდრე ეს ბუნების მეცნიერებათა სფეროში ხდება. იქ მექანისტური მიზეზობრიობის თვალსაზრისია გამეფებული. ამ უკანასკნელის თანახმად, შედეგსა და მიზეზს შორის სრული რაოდენობრივი და თვისებრივი იგივეობა და შესატყვისობაა. შედეგში ვერ მონახავ ისეთ რაიმეს, რაც უკვე მიზეზში არ იყო მოცემული. ფიზიკური მიზეზობრიობა ენერგიის შენახვის პრინციპს ეფუძნება. ეს არ არის უბრალოდ ორი ურთიერთშეთანხმებული მოვლენა, როდესაც ერთი წინ უსწრებს მეორეს, როგორც ამას ჰიუმი ფიქრობდა. ფიზიკური მოვლენები მართლაც იწვევენ ერთმანეთს ისე, რომ არასოდეს ირღვევა ენერგიის რაოდენობრივი ექვივალენტობის პრინციპი. მიზეზი ისე გადადის შედეგში, რომ მათი ენერგიები ყოველთვის ექვივალენტური რჩება.       სულ სხვა მდგომარეობაა ფსიქიკურ მოვლენათა სფეროში. რაკი არ არსებობს სულიერი სუბსტანცია, არ არსებობს სულიერი ენერგიაც და, მაშასადამე, ფსიქიკურ კაუზალობაზე საუბრისას არ იგულისხმება რაიმე სახის ექვივალენტობა. ფიზიკურ სამყაროში მოვლენათა თანაქმედების რეზულტატი ამ მოვლენათა ჯამის ტოლია, ხოლო რთული ფსიქიკური შენაერთი, მისგან განსხვავებით, ყოველთვის ახალი თვისებრიობის მქონეა, თვისებრიობისა, რომელიც არ გამოიყვანება მისი შემადგენელი ელემენტებიდან; იგი მათ უბრალო ჯამზე მეტია. ყოველივე ეს ჯ.ს. მილის „სულის ქიმიის“ ანალოგიურია. ვუნდტი ფსიქიკური კაუზალობის ამ თავისებურებას „ფსიქიკური რეზულტანტების“ კანონს უწოდებს. ამ კანონში განხორციელებულია ე.წ. შემოქმედებითი სინთეზის პრინციპი. იგი შემოქმედებითია იმდენად, რამდენადაც უშუალო გამოცდილების ელემენტების სინთეზი ახალი თვისებრიობის ქმნადობაა.       ფსიქიკური კაუზალობის მეორე კანონია ფსიქიკურ მიმართებათა კანონი. ამ კანონის თანახმად, ყოველი კერძო ფსიქიკური შინაარსი მნიშვნელობას იძენს იმ მიმართებაში, რომელშიც ის ცნობიერების სხვა შინაარსებთან იმყოფება. ამ კანონის მოქმედების გამოვლინებაა, რომ ერთი და იგივე შთაბეჭდილება განსხვავებულად განიცდება იმის მიხედვით, თუ ცნობიერების რა შინაარსების კონტექსტშია მოცემული. მაგალითად, სიტყვებს მნიშვნელობა შეიძლება ჰქონდეთ მხოლოდ მოცემული ან ნაგულისხმევი წინადადების გათვალისწინებით, ხოლო გამოთქმულ წინადადებას მნიშვნელობა აქვს მხოლოდ იმ კავშირის წყალობით, რაც მას რაიმე უფრო ფართო მენტალურ კომპლექსთან აქვს. დაბოლოს, კიდევ ერთი კანონი განასხვავებს ფსიქიკურ მოვლენებს ფიზიკური მოვლენებისაგან. ეს არის ე.წ. კონტრასტის კანონი. გარკვეულ პირობებში ურთიერთსაწინააღმდეგო ფსიქიკური მოვლენები აძლიერებენ ერთმანეთს. მაგალითად, ძლიერი ტკივილის მერე მცირედი სიამოვნებაც ნეტარებად განიცდება. ასევე, რაიმე ტკბილი კიდევ უფრო ტკბილად გვეჩვენება, თუ ის მჟავე საჭმლის მერე გავსინჯეთ. ფსიქიკურის ეს თავისებურება არსებითად განასხვავებს მას ფიზიკურისაგან, სადაც ურთიერთსაწინააღმდეგო მოვლენები თუ პროცესები ერთმანათს ასუსტებენ ან სპობენ.       ცნობიერება არის მუდმივად ცვალებადი შინაარსების მსვლელობა. ისინი თანმიმდევრულად ცვლიან ერთმანეთს ფსიქიკური კაუზალობის კანონების შესაბამისად, მაგრამ ეს კანონები მხოლოდ ცნობიერების დახშული სისტემის ფარგლებში მოქმედებს. ამ სისტემაში, ანუ ცნობიერების სამყაროში, სხვა, არაფსიქიკური ბუნების მოვლენები (ფიზიკური, ფიზიოლოგიური) არ შემოდის. ეს უკანასკნელნი საკუთარ დახშულ სისტემას ქმნიან, სადაც მექანიკური კაუზალობის პრინციპი ბატონობს. ამდენად, საკითხი სხეულისა და სულის, ფიზიოლოგიურისა და ფსიქიკურის ურთიერთობის შესახებ ვუნდტთან ცალსახად არის გარკვეული; იგი პარალელისტია. ფიზიოლოგიური და ფსიქოლოგიური პროცესები არ შეიძლება ურთიერთზემოქმედებდეს. ასეთი რამ შესაძლებელია მხოლოდ ფსიქიკურ, ანუ ცნობიერების მოვლენებს შორის. ფიზიოლოგიური ფენომენები ფსიქოლოგიური მოვლენების რიგში ვერ აღმოჩნდება. ისინი თავის რიგს ქმნიან, რომელიც ფსიქიკური მოვლენების რიგის პარალელურია. სხეულებრივი და სულიერი მოვლენები ერთმანეთს არ განაპირობებს, მაგრამ სრულ შესატყვისობაშია. აქედან გამომდინარე, შეიძლება ითქვას, რომ ფიზიოლოგიის მონაცემები, მართალია ვერაფერს მატებენ ფსიქოლოგიურ ახსნას, მაგრამ მაინც ამდიდრებენ და ავსებენ ფსიქოლოგიურ კვლევას, ვინაიდან ხშირ შემთხვევაში სხეულებრივი პროცესები ფსიქიკური პროცესების სიმპტომებად გვევლინება ფიზიოლოგიური მონაცემები, რომლებიც საკმარისად ზუსტად იზომება, ხშირად, მნიშვნელოვან ინფორმაციას შეიცავს სულიერი პროცესების რაგვარობასა და დინამიკაზე.       ტერმინი „ფიზიოლოგიური ფსიქოლოგია“ ვუნდტმა იმ მეცნიერების აღსანიშნავად იხმარა, რომელსაც თავის ლაბორატორიაში ავითარებდა. აქ, ცხადია, არ იგულისხმება, რომ ფსიქოლოგიის კვლევის საგანი ფიზიოლოგიური მოვლენები უნდა იყოს. ეს ტერმინი მხოლოდ იმაზე მიუთითებს, რომ ფსიქოლოგიამ თავისი კვლევა საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა, კერძოდ, ფიზიოლოგიის მსგავსად უნდა წარმართოს. ეს ფსიქოლოგიას ექსპერიმენტულ მეცნიერებად აქცევს; იგი საბოლოოდ გამოეყოფა ფილოსოფიას და დამოუკიდებელი პოზიტიური დისციპლინის სტატუსს შეიძენს. ამგვარად, ფიზიოლოგიური ფსიქოლოგია, ფაქტობრივად, ექსპერიმენტულ ფსიქოლოგიას ნიშნავს. ვუნდტმა ფსიქოლოგია საბოლოოდ გადააქცია ექსპერიმენტულ მეცნიერებად, მაგრამ ფსიქოლოგიაში ექსპერიმენტის დამკვიდრება სრულებითაც არ ნიშნავს თვითდაკვირვების უარყოფას. იმდენად, რამდენადაც ფსიქოლოგია, ვუნდტის მიხედვით, უშუალო გამოცდილებას ანუ განცდათა სამკვიდროს შეისწავლის, მისი კვლევის ერთადერთ პირდაპირ მეთოდად ინტროსპექცია რჩება. აქ იგულისხმება არა ჩვეულებრივი, ყოფითი, უსისტემო თვითდაკვირვება, არამედ ექსპერიმენტულად ორგანიზებული ინტროსპექცია. ვუნდტის ექსპერიმენტულ ინტროსპექციაში თვითდაკვირვება მოწესრიგებული და კონტროლირებადი პროცედურის სახეს იღებს: „ექსპერიმენტის ამოცანა ისაა, რომ შესაძლებელი გახადოს ზუსტი თვითდაკვირვება“. ცდა ისეა ორგანიზებული, რომ ცდისპირმა თავიდან ბოლომდე და მაქსიმალური ყურადღებით განიცადოს გამოსაკვლევი ფსიქიკური მოვლენა, რათა მის შესახებ სრულყოფილი ანგარიში წარადგინოს. გარდა ამისა, გათვალისწინებულია ექსპერიმენტის სტანდარტული მოთხოვნები, რაც გულისხმობს დაკვირვების მრავალჯერადი გამეორებისა და მოვლენის გამომწვევი პირობების ვარიაციის შესაძლებლობას.       ამ მეთოდოლოგიურ პრინციპებზე დაყრდნობით ლაიფციგის ფსიქოლოგიის ინსტიტუტში ფართო კვლევითი მუშაობა წარიმართა. თუ როგორ მიმდინარეობდა იგი, ამაზე ქვემოთ დაწვრილებით ვისაუბრებთ (იხ. თავი 7.1.). აქ მხოლოდ კიდევ ერთხელ აღვნიშნავთ, რომ ლაბორატორიული კვლევა შედარებით მარტივ ფსიქიკურ პროცესებს ეხებოდა. რაც შეეხება რთულ ფსიქიკურ მოვლენებს, ისეთებს, როგორიცაა ნებისმიერი მეხსიერება, წარმოსახვა, აზროვნება, მაღალი გრძნობები, ნებელობა - ვუნდტი უარყოფდა მათი ექსპერიმენტული შესწავლის შესაძლებლობას იმის საფუძველზე, რომ ამ მოვლენებს ხელოვნურად ვერ გამოვიწვევთ და უცვლელად ვერ გავიმეორებთ. შეუძლებელია, ამბობდა იგი, ლაბორატორიაში მაღალი ინტელექტუალური პროცესებისა თუ რელიგიური ან ზნეობრივი განცდების სურვილისამებრ გამოწვევა. მათ თითქმის არ ახლავს სხეულებრივი ცვლილებები, შეუძლებელია მათი გაზომვა. გარდა ამისა, აღნიშნულ მოვლენებში ყველაზე მეტად იჩენს თავს თვითდაკვირვებასთან დაკავშირებული სირთულეები, რომლებზეც ი. კანტმა და ო. კონტმა გაამახვილეს ყურადღება. მათგან განსაკუთრებით აღსანიშნავია ის, რომ ფსიქიკურ პროცესზე ან განცდაზე დაკვირვების ფაქტი ცვლის ან სპობს ამ უკანასკნელს. სამაგიეროდ, ამ განცდების კვალი აისახება სხვავადასხვა ხალხთა კულტურაში - ენაში, ხელოვნებაში, რელიგიაში, სამართალში, მითებში, ადათ-წესებში. აქ უკვე სოციალური ჯგუფების, ტომების, ერების შემოქმედების პროდუქტებთან გვაქვს საქმე. ყოველივე ამის შესწავლით და ურთიერთშედარებით შესაძლებელი ხდება ფსიქიკის ზოგადი კანონების ჩამოყალიბება. ამისთვის არის მოწოდებული ე.წ. ხალხთა ფსიქოლოგია.       ფსიქოლოგიის შემდგომმა განვითარებამ ნათლად აჩვენა ვუნდტის მოსაზრების უსაფუძვლობა მაღალი ფსიქიკური პროცესების ექსპერიმენტული შესწავლის შეუძლებლობის შესახებ. ეს აშკარა გახდა მის სიცოცხლეშივე, თუნდაც მეხსიერებისა (ჰ. ებინჰაუსი, გ.ე. მიულერი) და აზროვნების (ვიურცბურგის სკოლა) პროცესების წარმატებული ექსპერიმენტული კვლევის შემდეგ (იხ. თავი 7.1.). მიუხედავად ამისა, ვუნდტი მაინც მყარად იდგა თავიდანვე არჩეულ პოზიციაზე. მართალია, წლების განმავლობაში მას შეჰქონდა გარკვეული ცვლილებები თავის სისტემაში, მაგრამ პრინციპული საკითხების უმეტესობაში მისი შეხედულება ურყევი იყო. ფსიქოლოგიის ერთერთი ისტორიკოსი აღნიშნავს, რომ ვუნდტი სულ უფრო ექცეოდა თავისი სისტემის ტყვეობაში, რომლის მიმართ კრიტიკულობას ნაკლებად იჩენდა. სამაგიეროდ, საკმაოდ მკაცრად აკრიტიკებდა მათ, ვინც სხვაგვარად ფიქრობდა. ასეთები კი მრავლად იყვნენ. ამასთან დაკავშირებით, ფსიქოლოგიის ისტორიის აღიარებული მეტრი ედვინ ბორინგი მიუთითებს, რომ თითქმის ყველა ახალი ფსიქოლოგიური სკოლის (იგულისხმება ფსიქოლოგია XX საუკუნის ოცდაათიან წლებამდე) ჩამოყალიბებას განსაზღვრავდა პროტესტი ვუნდტის ფსიქოლოგიური სისტემის ამა თუ იმ მხარის წინააღმდეგ. იგულისხმება, რომ ვუნდტის ფსიქოლოგია იყო 1) ინტროსპექციული, 2) ელემენტარისტული, 3) ასოციაციონისტური და 4) ცნობიერების ფსიქოლოგია (ვუნდტი მხოლოდ ცნობიერი ფსიქიკის არსებობას ცნობდა). პირველს განსაკუთრებით ბიჰევიორიზმი შეებრძოლა, მეორეს და მესამეს - გეშტალტფსიქოლოგია, ხოლო მეოთხეს - ფსიქოანალიზი.       ყოველივე ეს, ამავე დროს, იმაზე მიუთითებს, თუ რა დიდ მნიშვნელობას ანიჭებდნენ ვუნდტის სამეცნიერო საქმიანობას სხვა ფსიქოლოგები და რაოდენ დიდი იყო მისი ავტორიტეტი. დისკუსიებმა მისი თეორიული პოზიციების გარშემო, ექსპერიმენტის გამოყენების, ფსიქოლოგიის საგნისა და სხვა მრავალი პრობლემის შესახებ, სტიმული მისცა ახალი კონცეფციებისა და მიმდინარეობების გაჩენას, რომელებმაც გაამდიდრეს ფსიქოლოგია ახალი წარმოდგენებით და იდეებით. ვუნდტმა მართლაც კოლოსალური სამეცნიერო მემკვიდრეობა დატოვა. ფსიქოლოგიის ისტორიკოსებმა დათვალეს, რომ 67 წლის განმავლობაში, პირველი სამეცნიერო ნაშრომის გამოცემიდან სიკვდილამდე, ვუნდტმა დაწერა 53735 გვერდი, რაც ნიშნავს საშუალოდ 2,2 გვერდს დღეში. ამასთან, უზარმაზარი მეცნიერული პროდუქცია გაჯერებული იყო ეკლექტიკური იდეებით. მიუხედავად იმისა, რომ ეკლექტიზმი ფსიქოლოგიაში კარგ ტონად არ ითვლებოდა, ვუნდტის ეკლექტიზმმა გარკვეულად პოზიტიური როლი ითამაშა, ვინაიდან სწორედ მან მოიზიდა ვუნდტთან სხვადასხვა წარმომავლობისა და მრწამსის ახალგაზრდა მეცნიერები. ლაიფციგის ფსიქოლოგიის ინსტიტუტი XIX-XX საუკუნეების მიჯნაზე ფსიქოლოგიის ნამდვილი მექა იყო. აქ ჩამოდიოდნენ სასწავლებლად და სამუშაოდ ფსიქოლოგიით დაინტერესებული პირები სხვადასხვა ქვეყნიდან. ბევრი მათგანი საყოველთაოდ ცნობილი მკვლევარი გახდა. მათი გვარების უბრალო ჩამოთვლაც კმარა: კიულპე, კლემი, კრიუგერი, კრეპელინი, ლიფსი, მარბე, მიუნსტენბერგი, მოიმანი (გერმანია), სპირმენი, ტიჩენერი (ინგლისი), ენჯელი, კეტელი, სკრიპჩარი, უიტმენი, უორენი, ჰოლი (ამერიკა), მიშოტი, ტიერი (ბელგია), ლემანი (დანია), ბეხტერევი, ნ. ლანგე (რუსეთი), უზნაძე (საქართველო). ვუნდტის ხელმძღანელობით დაცული იყო ორასამდე სადოქტორო დისერტაცია ფსიქოლოგიასა და ფილოსოფიაში. მათ შორის უნდა მოვიხსენიოთ ქართული ფსიქოლოგიური სკოლის ფუძემდებლის, დიმიტრი უზნაძის დისერტაცია ვლადიმერ სოლოვიოვის მოძღვრების შესახებ.       რაც შეეხება ვუნდტის სისტემის ეკლექტიზმს, ის ყოველთვის ართულებდა ამ მოძღვრების ნამდვილი ბუნების გარკვევის ამოცანას. განსაკუთრებული თავსატეხი გაუჩინა ფსიქოლოგიის ისტორიკოსებს საკითხმა ვუნდტის სისტემის ელემენტარიზმის შესახებ. მართლაც, რა არის მთავარი ფსიქოლოგიის აგების ვუნდტისეული პროგრამისთვის - ფსიქიკური ელემენტების გამოყოფა და ცხადყოფა თუ რთული ფსიქიკური წარმონაქმნების, ფსიქიკური შენაერთების შესწავლა? ანალიზია მთავარი თუ სინთეზი? ვუნდტის ყველაზე ავტორიტეტული ამერიკელი მიმდევრის, ტიჩენერის გავლენით, ერთ ხანს აქცენტი ვუნდტის ფსიქოლოგიის ელემენტარისტულ და ანალიტიკურ მხარეებზე იყო გადატანილი. ფსიქოლოგიის, როგორც დამოუკიდებელი ექსპერიმენტული მეცნიერების ამოცანების ფორმულირებისას ვუნდტს პირველ ნომრად მართლაც უშუალო გამოცდილების უმარტივესი ფორმების, მისი ელემენტების გამოყოფა და შესწავლა აქვს დასახელებული. ელემენტები ვუნდტისთვის არაა ცარიელა აბსტრაქცია, ისინი რეალურად არსებობენ, როგორც ჩვენი ცნობიერების ფაქტი. გაწაფულ ინტროსპექციას შეუძლია მათი განცდაში დაფიქსირება. მაგრამ ელემენტების ცხადყოფა სპეციალურ ძალისხმევას მოითხოვს, ხშირად კი ანალიზი უძლურია, როგორც ეს უმაღლესი ფსიქიკური პროცესების შემთხვევაშია. საზოგადოდ, ჩვენი ცნობიერება შედგება ფსიქიკური კომპლექსებისაგან, შენაერთებისაგან ანუ სინთეტური წარმონაქმნებისაგან. ამიტომ ანიჭებს ვუნდტი ესოდენ დიდ მნიშვნელობას იმის გარკვევას, თუ რა სახის შენაერთები არსებობს და რა კანონები განაპირობებენ ელემენტებიდან მათ წარმოქმნას. ამ კანონების რიგში პირველ ადგილზე შემოქმედებითი სინთეზის პრინციპი მოიაზრება. ვუნდტი ასე ამბობს: „არ არსებობს არავითარი ფსიქოლოგიური სტრუქტურები, რომლებიც თავიანთი მნიშვნელობით ან შინაარსის ღირებულებით შეიძლება დავახასიათოთ, როგორც მათი შემადგენელი ელემენტების ჯამი ან შემადგენელი ნაწილების უბრალო მექანიკური შედეგი“. აქედან ჩანს, რომ იგი ცნობს ელემენტებს, მაგრამ არ ცნობს მექანიციზმს ფსიქოლოგიის სფეროში. ამდენად, მართებული იქნება თუ ვიტყვით, რომ ვუნდტის ფსიქოლოგიური სისტემა ელემენტარისტულიც არის და მთლიანობითიც, ანალიზურიც და სინთეზურიც.       ეკლექტიზმი შეინიშნება იმაშიც, რომ ვუნდტის ფსიქოლოგია ერთდროულად ინტროსპექციულიც არის და ექსპერიმენტულიც. ცნობილია, რომ ვუნდტი ტრადიციული ინტროსპექციული ფსიქოლოგიის კატეგორიული მოწინააღმდეგე იყო. ამავე დროს, იმის საჩვენებლად, თუ როგორ ცდებოდნენ ბიჰევიორიზმის გერმანელი ინტროსპექციონისტი წინამორბედები, როგორც წესი, ვუნდტზე მიუთითებენ. არადა, ვუნდტი ნამდვილად იყო ყველაზე შეუპოვარი მებრძოლი კლასიკური აკადემიური ინტროსპექციის წინააღმდეგ, ვინაიდან ეს უკანასკნელი კაბინეტურ თვითანალიზს ეფუძნებოდა. ფსიქოლოგიის ერთ-ერთი ისტორიკოსის თქმით, მიცვალებულს რომ ასეთი რამ შეეძლოს, ვუნდტის სხეული არა ერთხელ გადატრიალდებოდა კუბოში, თუ გაიგებდა, რომ მას ინტროსპექციული სკოლის მამის სახელს მიაწერდნენ. ვუნდტი საგანგებოდ უსვამდა ხაზს, რომ მისი ახალი ფსიქოლოგია იყენებს თვითდაკვირვებას, როგორც მკაცრ, „ობიექტურ“ მეთოდს, რადგან შეუძლია მისი გამეორება და რეგულირება. მიუხედავად ამ განმარტებებისა, თვითდაკვირვება და ექსპერიმენტი განსხვავებულ ფსიქოლოგიურ მეთოდად რჩება. როგორც ქვემოთ დავრწმუნდებით, ამ ეკლექტიზმის შედეგი ის იყო, რომ ექსპერიმენტული ინტროსპექციის მეთოდით ერთი და იმავე საკითხის კვლევა სხვადასხვა ლაბორატორიში განსხვავებულ შედეგს იძლეოდა. ეს „უზუსტობა“ ექსპერიმენტში თვითდაკვირვების სუბიექტურობას შეჰქონდა, რაც „ობიექტური ფსიქოლოგიის“ (ბიჰევიორიზმის) მიმდევრებს არ გამოჰპარვიათ (იხ. თავი 9.1.).       ვუნდტის ფსიქოლოგიის ეკლექტიზმი იმაშიც ჩანს, რომ ის ერთდროულად დეტერმინისტულიც არის და ვოლუნტარისტულიც. ვუნდტმა მთელი მოძღვრება შექმნა ფსიქიკური კაუზალობის შესახებ. იგი ამტკიცებდა, რომ ცნობიერების სფეროში ყველაფერი მიმდინარეობს გარკვეული და მხოლოდ მისთვის დამახასიათებელი კანონზომიერების მიხედვით. ამავე დროს, იგი თავის სისტემას ვოლუნტარიზმს უწოდებდა და მიიჩნევდა, რომ ფსიქიკის იმანენტური აქტივობის უნარი ახსნას არ ექვემდებარება.       ვუნდტის სისტემის ეკლექტიზმი ალბათ ყველაზე მეტად გამოვლინდა მის პოზიციაში ფიზიოლოგიური ფსიქოლოგიისა და ხალხთა ფსიქოლოგიის არსებობის შესახებ. ამ პოზიციას ფსიქოლოგიის ორად გაყოფასთან მივყავართ, რომელთაგან ერთი საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა კლასში ხვდება, ხოლო მეორე - ე.წ. გონის (ჰუმანიტარულ) მეცნიერებათა კატეგორიაში. გამოდის, რომ ფსიქოლოგია ეკუთვნის ბუნებისმეტყველებასაც და ჰუმანიტარიასაც. ასეთი რამის დაშვება ერთიანი დისციპლინის ფარგლებში უმძიმეს მეთოდოლოგიურ პრობლემებს წარმოქმნის, რის შესახებაც ქვემოთ კიდევ ვისაუბრებთ (იხ. თავი 6.7.).       ვუნდტის ღვაწლი ფსიქოლოგიის წინაშე არ არის ერთმნიშვნელოვნად შეფასებული. ფსიქოლოგიის ისტორიკოსების ნაწილი მართებულად აღნიშნავს, რომ ფსიქოლოგიის აგების ვუნდტისეული პროგრამა შეიცავდა ისეთ მომენტებს, რომლებიც არსებითად ეწინააღმდეგებოდნენ ფსიქოლოგიის განვითარების ობიექტურ ლოგიკას. ასეთია, მაგალითად, მისი პოზიციის გამოკვეთილი სუბიექტივიზმი; იგი კვლევიდან გამორიცხავს ყველაფერს, რაც არ წარმოადგენს ცნობიერებას - იქნება ეს ადამიანისა და ცხოველის ქცევა თუ არაცნობიერი ფსიქიკა. გარდა ამისა, აღსანიშნავია მისი პოზიციის სტრუქტურალიზმი, რომელიც ზღუდავს ფსიქოლოგიის კვლევითი ამოცანების წრეს ფსიქიკური მოვლენების შემადგენლობის აღწერითა და ახსნით. მაგრამ ფსიქოლოგია ვალდებულია შეისწავლოს ფსიქიკური მოვლენები და პროცესები არა მხოლოდ მათი სტრუქტურის, არამედ მათი დანიშნულების, როლისა და იმ ფუნქციის მხრივაც, რასაც ისინი ასრულებენ ფიზიკურ და სოციალურ გარემოსთან შეგუების პროცესში.       აღსანიშნავია ვუნდტის ფსიქოლოგიის მეთოდური მხარეც. ექსპერიმენტის „მიბმა“ ინტროსპექციაზე ზღუდავს მისი გამოყენების ჩარჩოებს. ასეთი ექსპერიმენტის გამოყენება შეუძლებელია ცხოველებზე, ბავშვებზე, სულით ავადმყოფებზე და სხვა. ექსპერიმენტული კვლევის მიღმა რჩება უამრავი ფუნდამენტური და გამოყენებითი ხასიათის საკითხი. გამოყენებითი ფსიქოლოგიის მიმართ ვუნდტი არც იჩენდა რამდენადმე სერიოზულ ინტერესს. მას არასანდოდ მიაჩნდა ბავშვისა და პედაგოგიურ ფსიქოლოგიაში მოპოვებული მონაცემები. ზოგად კანონზომიერებებზე ორიენტირებული ვუნდტი ხელისშემშლელად მიიჩნევდა ყველაფერს, რაც ინდივიდუალურ განსხვავებებს უკავშირდებოდა. აქედან მომდინარეობს მის მიერ დიფერენციალური ფსიქოლოგიისა და ტესტოლოგიის მიუღებლობა. ზოგადი ფსიქოლოგიის მეტრი დიდი ეჭვით უყურებდა ფსიქოტექნიკის, იურიდიული, სამედიცინო თუ გამოყენებითი ფსიქოლოგიის სხვა დარგების განვითარებას. ამის თვალსაჩინო მაგალითია ის, თუ რა დაუფარავი სარკაზმით ეხმიანებოდა ვუნდტი თავისი ერთ-ერთი უნიჭიერესი მოწაფის, ჰ. მიუნსტენბერგის აშკარად წარმატებულ და საყოველთაოდ აღიარებულ მოღვაწეობას ამ სფეროში.       მაშინ რატომ ითვლება ვუნდტი ფსიქოლოგიის ისტორიის ერთ-ერთ ნიშანსვეტად? რაოდენ პარადოქსულადაც არ უნდა მოგვეჩვენოს, ვუნდტის თეორიულმა შეხედულებებმა სწორედ რადიკალურად და მკვეთრად გამოთქმული „შეცდომებითაც“ შეიტანა დიდი წვლილი მეცნიერების განვითარებაში. უდიდესი ავტორიტეტის მქონე ეკლექტიკოსის შემოქმედებაში ყველა პოულობდა მისაღებსაც და მიუღებელსაც; ეს უკანასკნელი კი ხდებოდა შემოქმედების, ახალი იდეებისა და, საბოლოოდ, ფსიქოლოგიის პროგრესის ქვაკუთხედი. ვუნდტის ფსიქოლოგიური სისტემა არც თუ ყოველთვის ადექვატური კრიტიკის სამიზნე გახდა იმათთვის, ვინც ახალ გზებს ეძებდა ჩვენს მეცნიერებაში მაშინ, როდესაც იგი პირველ ნაბიჯებს დგამდა აკადემიური მეცნიერების ასპარეზზე და სერიოზული პრეტენზიების მქონე დამოუკიდებელ დისციპლინად ყალიბდებოდა. იმ დროის პოზიტივისტური სულისკვეთების გათვალისწინებით, ეს სტატუსი ფსიქოლოგიას მისმა ექსპერიმენტულობამ მიანიჭა. მიუხედავად იმისა, რომ ექსპერიმენტირება ფსიქიკის სფეროში ვუნდტს არ დაუწყია, მისი მოღვაწეობა სისტემატური ექსპერიმენტული კვლევების ორგანიზაციის საქმეში ფასდაუდებელია. ვუნდტის ინსტიტუტის ფუნქციონირება აღმოჩნდა ის საბოლოო იმპულსი, რომელმაც ფსიქოლოგიაში ფართო ექსპერიმენტულ კვლევა-ძიებას გზა გაუხსნა. ვუნდტმა შექმნა უდიდესი სამეცნიერო-საგანმანათლებლო სკოლა, რომელიც გაიარა მრავალმა ახალგაზრდა მეცნიერმა მთელი მსოფლიოდან. სამშობლოში დაბრუნების შემდეგ ისინი აყალიბებდნენ კვლევით ცენტრებს, სადაც ახალი მეცნიერების აქტიური განვითარება ხდებოდა. ფსიქოლოგიის ისტორიკოსების საერთო შეფასებით, ვუნდტმა უნიშვნელოვანესი როლი ითამაშა მკვლევართა კონსოლიდაციის საქმეში. ისინი თანდათან ჩამოყალიბდნენ პროფესიონალ ფსიქოლოგებად. თავად ვუნდტი კი შეიძლება პირველ პროფესიონალ ფსიქოლოგად ჩაითვალოს.       ვუნდტთან წვრთობაგამოვლილი სპეციალისტების უმრავლესობა მაინც თავისი საკუთარი გზით წავიდა ფსიქოლოგიაში. მათ საფუძველი ჩაუყარეს მთელ რიგ დარგებს, ორიგინალურ თეორიულ ორიენტაციებსა და სამეცნიერო სკოლებს, მაგრამ ერთი მეცნიერი ბოლომდე დარჩა თავისი სათაყვანებელი მასწავლებლის, ვილჰელმ ვუნდტის მიმდევრად. ეს იყო ე. ტიჩენერი. 6.2. სტრუქტურული ფსიქოლოგია       ედვარდ ბრედფორდ ტიჩენერი (1867-1927) დაიბადა სამხრეთ ინგლისში, ჩიჩესტერში. ოქსფორდში მიიღო ფილოსოფიური განათლება. ერთხანს იქვე მუშაობდა ფიზიოლოგიის კათედრაზე, მაგრამ გული ექსპერიმენტული ფსიქოლოგიისკენ მიუწევდა. ინგლისში იმ დროს ჯერ კიდევ ფილოსოფიურასოციაციონისტური ფსიქოლოგია ზეობდა. ამიტომ ტიჩენერი გაემგზავრა ლაიფციგში, სადაც ორი წელი დაჰყო და ვუნდტის ფიზიოლოგიური ფსიქოლოგიის გულანთებული მომხრე გახდა. 1892 წელს მან მიიღო დოქტორის ხარისხი და დაბრუნდა სამშობლოში. ძალიან მალე ტიჩენერი მიხვდა თავისი მეცნიერული მრწამსის სრულ შეუსატყვისობას ინგლისური ფსიქოლოგიის სულისკვეთებასთან და იძულებული გახდა გადასახლებულიყო ამერიკაში, სადაც ერთიმეორის მიყოლებით იხსნებოდა ახალი ფსიქოლოგიური ლაბორატორიები. 1893 წელს ტიჩენერი სათავეში ჩაუდგა ერთ-ერთ ასეთ ლაბორატორიას ნიუ-იორკის კორნელის უნივერსიტეტში, შემოიკრიბა მოწაფეები და შექმნა ე.წ. სტრუქტურული ფსიქოლოგიის სკოლა, რომელიც ამერიკაში გერმანული მენტალისტური ფსიქოლოგიის ბასტიონად გადაიქცა. ის გამიჯნული იყო მთელი ამერიკული ფსიქოლოგიისაგან, სადაც უპირატესად ვითარდებოდა ისეთი დარგები, როგორიცაა დიფერენციალური, ცხოველთა, ბავშვის ფსიქოლოგია. მათგან განსხვავებით, ტიჩენერის ფსიქოლოგია კლასიკური, ვუნდტისეული ზოგადი ფსიქოლოგიაა. იგი ექსპერიმენტულია და ინტროსპექტული, მაშინ როცა ამერიკაში სულ უფრო მეტ პოპულარობას კვლევის ობიექტური მეთოდები იძენენ.       ძალიან მალე ტიჩენერის სტრუქტურული ფსიქოლოგია დაუპირისპირდა ე.წ. ფუნქციონალურ ფსიქოლოგიას, რომელიც ბიჰევიორიზმის გაბატონებამდე ამერიკული ფსიქოლოგიის მთავარ თეორიულ ორიენტაციას წარმოადგენდა (იხ. თავი 6.5.). სტრუქტურულ ფსიქოლოგიას არ აინტერესებს, თუ რა როლს ასრულებს ესა თუ ის ფსიქიკური წარმონაქმნი ქცევაში, რა ფუნქცია აქვს მას. სტრუქტურული ფსიქოლოგიის ამოცანა საკუთრივ ცნობიერების შემადგენლობის, სტრუქტურის შესწავლაა. სტრუქტურის ცნება მოიცავს რაიმე მოვლენის შემადგენელ ნაწილებს და მათ შორის არსებულ კავშირებს. აქედან გამომდინარე, სტრუქტურულმა ფსიქოლოგიამ უნდა გამოყოს ცნობიერების უმთავრესი ელემენტები (ანალიზი), გაარკვიოს, თუ რა სახის კავშირებს ქმნიან ისინი (სინთეზი) და ახსნას, თუ რატომ იქმნება სწორედ ასეთი კავშირების კომბინაციები (კანონები). ადვილი დასანახია, რომ ტიჩენერთან ფსიქოლოგიური კვლევის ამოცანები არსებითად ისევეა ფორმულირებული, როგორც ვუნდტთან. განსხვავება ეხება აქცენტებს და პრობლემების გადაწყვეტის მეთოდოლოგიას.       მაგალითად, ფსიქოლოგიური ახსნისა და კანონების საკითხს ტიჩენერი სხვანაირად უდგება. ეს არც არის გასაკვირი, ვინაიდან იგი, ვუნდტთან შედარებით, გაცილებით ძლიერი პოზიტივისტური ორიენტაციით გამოირჩევა. ტიჩენერი თამამად ლაპარაკობს ანალოგიებზე ფსიქოლოგიასა და ფიზიკას შორის, რასაც მისი მასწავლებელი ძალიან ერიდებოდა. ცხადია, ტიჩენერიც ცდილობს გამიჯნოს ბუნებისმეტყველებისა (ფიზიკის) და ფსიქოლოგიის შესასწავლი მოვლენები. ისიც თვლის, რომ ამის გაკეთება შესაძლებელია უშუალო გამოცდილებისადმი განსხვავებული მიდგომით. ერთ შემთხვევაში გამოცდილება წარმოდგენილია კონკრეტული პიროვნებისაგან სრულიად დამოუკიდებელი, ანუ ობიექტური რეალობის სახით. მეორე შემთხვევაში ჩვენ ამოვდივართ იქიდან, რომ ეს გამოცდილება მთლიანად პიროვნებაზეა დამოკიდებული და მხოლოდ იმდენად არსებობს, რამდენადაც მას ვინმე აღიქვამს. მაგალითად, ფუნდამენტური ფიზიკური მოვლენები, როგორიცაა სივრცე, დრო, მასა, ყველგან და ყოველთვის მუდმივია, იზომება უცვლელი სიდიდეებით და ამ თვალსაზრისით არ არიან მკვლევარის პიროვნებაზე დამოკიდებულ ცვლადები.       სამაგიეროდ, სუბიექტურ გამოცდილებაში ამ მოვლენათა შეფასება ძალიან ცვალებადობს - ორი ტოლი ხაზი არატოლად გვეჩვენება იმის მიხედვით, თუ საითაა მიმართული ბოლოებში მიბმული ისრები (მიულერლაიერის ილუზია); ორი ტოლი წონის საგნიდან ის გვეჩვენება უფრო მსუბუქი, რომელიც დიდად გამოიყურება (შარპანტიეს ილუზია); დროის ერთნაირი მონაკვეთი ხან ძალიან იწელება, ხანაც სწრაფად გარბის, გამომდინარე იქიდან, თუ რა სიტუაციაში ვიმყოფებით. ფიზიკამ იცის, რომ სითბო, არსებითად, მოლეკულების მოძრაობაა, სინათლე - ელექტრომაგნიტური ტალღების გადაადგილება, ხოლო ბგერა - ჰაერის ტალღისებური მოძრაობა. ფიზიკური სამყარო, რომელშიც გამოცდილების ეს სახეები მკვლევარი სუბიექტისაგან დამოუკიდებლად განიხილება, არც თბილია და არც ცივი, არც ნათელია და არც ბნელი, არც ხმაურიანია და არც მდუმარე. მხოლოდ მაშინ, როდესაც გამოცდილება ადამიანზე დამოკიდებულად განიხილება, ჩვენ ვიღებთ განსხვავებულ ტემპერატურას, მრავალ სხვადასხვა ფერს და ტონს. ყოველივე ეს არის ფსიქოლოგიის შესასწავლი საგანი.       ამასთან, უნდა აღინიშნოს, რომ ფსიქოლოგია ვერ შეიზღუდება უშუალო გამოცდილების აღწერით. ფიზიკის მსგავსად, მან მოვლენების ახსნაზეც უნდა იზრუნოს. აქ კი ჩვენ სერიოზულ სირთულეს ვაწყდებით, ვინაიდან „ერთ ფსიქიკურ პროცესს მეორის მიზეზად ვერ განვიხილავთ“. ამავე დროს, ვერც ნერვული პროცესები ჩაითვლება ფსიქიკურის მიზეზად, რადგან ისინი მოვლენათა პარალელურ რიგს ქმნიან. მიუხედავად ამისა, ახსნის ამოცანის გადაწყვეტისას ფსიქოლოგიამ ისევ სხეულებრივ პროცესებს უნდა მიმართოს. ისინი არ იწვევენ ფსიქიკურ მოვლენებს, მაგრამ გვეხმარებიან მათი ერთიანობისა და თანმიმდევრობის გაგებაში ისევე, როგორც რუკა გვეხმარება გორაკების, მდინარეების, ქალაქების ადგილმდებარეობის, გარკვევაში. ერთი სიტყვით, „ფიზიკა ხსნის მოვლენას მისი მიზეზის დადგენის საშუალებით. ფსიქოლოგია იძლევა ახსნას იმ ნერვულ პროცესებზე მითითების გზით, რომლებიც დაკვირვებად ფსიქიკურ მოვლენებთან ურთიერთკავშირშია. ჩვენ შეგვიძლია გავაერთიანოთ ეს ორივე მეთოდი, თუ ახსნას მივიჩნევთ იმ გარემოებათა გარკვევად, რომლებშიც აღწერილი მოვლენა ხორციელდება. „ნამი წარმოიქმნება ჰაერისა და მიწის ტემპერატურების სხვაობის პირობებში; აზრები წარმოიქმნება ნერვულ სისტემაში მიმდინარე გარკვეული პროცესების პირობებში. შესასწავლი ობიექტი და ახსნის წესი ორივე შემთხვევაში არსებითად ერთნაირია“. ამრიგად, ტიჩენერის მიხედვით, ფსიქოლოგია თავისი ამოცანებით და საერთო მეთოდოლოგიით ემსგავსება საბუნებისმეტყველო მეცნიერებას, იმავე ფიზიკას და ფიზიოლოგიას. უფრო მეტიც, ახსნით ნაწილში ფსიქოლოგია, ფაქტობრივად, ფიზიოლოგიის კანონებს მიმართავს. ეს პოზიცია საკმაოდ შორდება ვუნდტის თვალსაზრისს, რომლის მიხედვითაც სწორედ სპეციფიკური ფსიქოლოგიური კაუზალობის არსებობა განასხვავებს მას ყველა სხვა მეცნიერებისაგან.       ვუნდტის პოზიციიდან ერთგვარი განსვლა იგრძნობა ფსიქოლოგიური კვლევის მეორე ამოცანასთან დაკავშირებითაც. ეს ამოცანა ელემენტებიდან მიღებული რთული ფსიქიკური მოვლენების დახასიათებასა და მათი წარმოქმნის (სინთეზის) წესის განსაზღვრაში მდგომარეობს. ტიჩენერისთვის მიუღებელია აპერცეფცია და მასთან დაკავშირებული ვუნდტისეული ვოლუნტარიზმი, ვინაიდან ისინი აუხსნელ ძალებსა თუ მექანიზმებს გულისხმობენ. ამავე დროს, აპერცეფციის ცნების გარეშე ძნელი ხდება რთულ ფსიქიკურ შენაერთებზე მსჯელობა ანუ სინთეზის ამოცანის რამდენადმე პროდუქტიული გადაწყვეტა. რაკი ავტორი სხვა ალტერნატივას არ გვთავზობს, რჩება მხოლოდ ასოციაციის მასინთეზირებელი მექანიზმი, რაც ახალი გერმანული ექსპერიმენტული ფსიქოლოგიის მქადაგებელი ტიჩენერის ბრიტანულ ასოციაციურ ფსიქოლოგიასთან პარადოქსულ დაბრუნებას ნიშნავს.       შესაძლოა, ამითაც იყო გამოწვეული, რომ ტიჩენერმა თავისი ექსპერიმენტული კვლევა-ძიების ძირითად ამოცანად ფსიქიკის ანალიზი აქცია. ტიჩენერი და მისი თანამშრომლები შესაშური ენთუზიაზმით ეძებდნენ ფსიქიკის ახალ ელემენტებს და მათ თვისებებს შეისწავლიდნენ. ამ კვლევის შედეგად ტიჩენერმა გამოყო ელემენტების სამი ჯგუფი, ესენია: შეგრძნებები (აღქმის ელემენტები), წარმოდგენები (მეხსიერებისა და ფანტაზიის ელემენტები) და ემოციური მდგომარეობები (რთული გრძნობების ელემენტები). შეგრძნებათა და წარმოდგენების ძირითადი ნიშნებია: რომელობა, ინტენსივობა, მკაფიობა და ხანგრძლივობა. წარმოდგენები, როგორც შეგრძნებათა ასლები, მათზე ნაკლებ მკაფიოა, ხოლო ემოციურ მდგომარეობებს ეს თვისება სულ არ ახასიათებს. ამასთან, ტიჩენერი ფიქრობდა რომ გრძნობებს მხოლოდ ორი რომელობა აქვთ - სიამოვნება და უსიამოვნება. ამით იგი დაუპირისპირდა ვუნდტს, რომელიც გრძნობების რომელობათა სამგანზომილებიანობის თვალსაზრისზე იდგა. რაც შეეხება შეგრძნებებს (და შესაბამის წარმოდგენებს), ისინი უამრავ რომელობით სახესხვაობას ქმნიან.       ცნობიერების მოვლენები ერთგვარ შინაგან სამყაროს შეადგენენ, რომელსაც თავისებური მასალა და წყობა აქვს. ტიჩენერი ე.წ. „ფსიქიკის მატერიაზე“ ლაპარაკობდა. მისი ანალიზი, ცხადია, მხოლოდ თვითდაკვირვების საშუალებით შეიძლება. იგი თავის ინტროსპექციონიზმში ვუნდტზე შორს მიდიოდა და ლაპარაკობდა განსაკუთრებულ, წმინდა, ან სხვანაირად, ანალიტიკურ თვითდაკვირვებაზე. ეს არის სპეციალურად გაწაფული ინტროსპექცია, რომლის მონაცემები გამორიცხავენ ე.წ. სტიმულის შეცდომას. თვითდაკვირვებისას ამ შეცდომას ხშირად ვუშვებთ, ვინაიდან ჩვენი შინაგანი სამყაროს აღწერისას, ფაქტობრივად, გარე მოვლენებზე და ობიექტებზე ვსაუბრობთ. სტიმულის შეცდომის დროს ერთმანეთშია არეული თვითონ ფსიქიკური პროცესი და ამ პროცესის სტიმული (გარემოს მოვლენა ან საგანი). ამის თავიდან ასაცილებლად ანალიზური თვითდაკვირვების მონაცემები მხოლოდ „ცნობიერების წმინდა შინაარსებისაგან“ უნდა შედგებოდეს. მაგალითად, ინტროსპექციული ანგარიშისას ის კი არ უნდა ვთქვათ, რომ „გზა უსწორმასწოროა“, რაც გარე ობიექტის თვისებას აღნიშნავს, არამედ ის, რომ „წნევა ტერფებზე სულ უფრო არაერთგვაროვანი ხდება“, რაც წმინდა სახით შეგრძნების რაგვარობაზე მიუთითებს. ასევე, ლამპარზე ლაპარაკის ნაცვლად უნდა აღვწეროთ სინათლის, სითბური, სივრცითი და სხვა სახის შეგრძნებები ან უფრო რთული ფსიქიკური მოვლენები, რომელთაც ეს საგანი (სტიმული) იწვევს ცნობიერებაში.       თავის ლაბორატორიაში ტიჩენერი ცდისპირებს ექსპერიმენტულ პირობებში, ხელოვნურად აწვდიდა სათანადო სტიმულებს და სთხოვდა ისეთ „რაფინირებულ“ ინტროსპექციულ პასუხებს, როგორც ზემოთ მოყვანილ მაგალითებშია წარმოდგენილი. ასე შეიქმნა ელემენტარულ შეგრძნებათა სია, რომელიც სენსორული განცდის 44 ათას ნიუანსს შეიცავდა. მათგან უმეტესობა მხედველობით (32 820) და სმენით (11 600) სფეროს მიეკუთვნებოდა. ტიჩენერის შემდეგ მის ლაბორატორიაში ანალიზური ინტროსპექციის უამრავი ოქმი დარჩა. მათ მიმართ ინტერესი აღარავის გამოუჩენია, ვინაიდან შემდგომმა მკვლევარებმა მიიჩნიეს, რომ ეს მონაცემები არ იყო ღირებული არც აკადემიური და არც გამოყენებითი მეცნიერებისთვის. აღსანიშნავია ისიც, რომ გამოყენებით ფსიქოლოგიას თვითონ ტიჩენერი არ ცნობდა, რაც აშკარა დისონანსში იყო ამერიკული ფსიქოლოგიის საერთო პრაქტიკულ სულისკვეთებასთან.       ტიჩენერის მოძღვრება და კვლევა-ძიება არც ევროპული ფსიქოლოგიის განვითარების ძირითად ტენდენციებს ეთანხმებოდა (რა თქმა უნდა, ვუნდტის სკოლის გამოკლებით). ამის სარწმუნო მაგალითია მწვავე კამათი, რომელიც გაიმართა ტიჩენერისა და ვიურცბურგის სკოლებს შორის არათვალსაჩინო აზროვნების პრობლემის გარშემო. ვიურცბურგელებმა აღმოაჩინეს, რომ რაიმეს მოაზრება შესაძლებელია შინაარსის წარმოდგენითი მოცემულობის გარეშე (იხ. თავი 7.1.). ტიჩენერი ამას უჩვეულო სიჯიუტით უარყოფდა. იგი შეუვალი სენსუალისტი იყო და შეგრძნებით საწყისს ფსიქიკურის ყველა გამოვლინებაში ეძებდა. ამაში, შესაძლებელია, მისი დიდი თანამემამულეების, ბრიტანელი სენსუალისტების გავლენაც დავინახოთ. ასეა თუ ისე, იგი თვლიდა, რომ აზროვნების შინაარსი ყოველთვის რაიმე გრძნობად-თვალსაჩინო ფორმაშია მოცემული და მიაჩნდა, რომ ვიურცბურგელთა სისტემატური ექსპერიმენტული თვითდაკვირვება უბრალოდ ვერ იჭერდა იმ სენსორულ ფენომენებს, რომელთა სახითაც არის წარმოდგენილი მნიშვნელობა აზროვნების დროს. ტიჩენერის რწმენით, მისი ოპონენტები სტიმულის შეცდომაში ვარდებიან, როდესაც ამტკიცებენ, რომ რაიმე მნიშვნელობა არათვალსაჩინო ფორმაშია მოცემული, ვინაიდან მისი მოაზრებისას თვითდაკვირვება არ ადასტურებს ცნობიერებაში სათანადო ხატის, წარმოდგენის არსებობას. ტიჩენერის მნიშვნელობის კონტექსტური თეორიის თანახმად, ყოველგვარი ცოდნა ობიექტის შესახებ აიგება გრძნობადწარმოდგენითი ელემენტების ერთობლიობიდან. ასეთ კონტექსტში არსებობს ე.წ. სენსორული ბირთვი, რომელსაც უპირატესად ძნელად შესამჩნევი კუნთური და ორგანული შეგრძნებები ქმნიან. მაშინაც, როდესაც კონტექსტის დანარჩენი ელემენტები ცნობიერებაში არაა, სენსორული ბირთვი ყოველთვის სახეზეა. ის ცნობიერებაში მთელ მნიშვნელობას წარმოადგენს და კარგად გავარჯიშებული ანალიზური თვითდაკვირვება მას აუცილებლად აღმოაჩენს. მაშასადამე, აზროვნება მაინც თვალსაჩინო, სენსორულ-წარმოდგენითი ბუნებისაა.       მთელი ეს მსჯელობა დინების წინააღმდეგ სვლა იყო, ხელოვნური და არაადეკვატური თეორიული კონსტრუქცია, რომელიც დისკრედიტირებული სენსუალისტური იდეის გადარჩენას ემსახურებოდა. ტიჩენერის ტიტანური, მაგრამ პრინციპში უნაყოფო შრომა ლოგიკურად ასრულებს ელემენტარისტული ფსიქოლოგიის ხაზს, რომელსაც მეცნიერება ჩიხში შეჰყავდა. ტიჩენერმა ეს გზა ბოლომდე გაკვალა, მაგრამ მას აღარავინ გაჰყვა. 6.3. ინტენციონალურ-ფენომენოლოგიური ფსიქოლოგია       ფრანც ბრენტანო (1838-1917), გერმანიაში გადასახლებული ძველი იტალიური გვარის ჩამომავალი, დაიბადა რაინზე მდებარე ქალაქ მარიენბერგში. ოჯახი მას თავიდანვე სასულიერო პირად ამზადებდა. მიიღო რა საფუძვლიანი საუნივერსიტეტო ფილოსოფიური და თეოლოგიური განათლება მიუნჰენში, ვიურცბურგში, ბერლინსა და მიუნსტერში, ბრენტანომ 1862 წელს დაიცვა სადოქტორო დისერტაცია ტიუბინგენში, ორი წლის შემდეგ კი მღვდლად ეკურთხა და დაიწყო ფილოსოფიის სწავლება ვიურცბურგის უნივერსიტეტში. ამ დროისთვის მას უკვე გამოქვეყნებული ჰქონდა ნაშრომი არისტოტელეს მოძღვრებაზე. უნდა ითქვას, რომ არისტოტელე ბრენტანოსთვის მთელი ცხოვრების განმავლობაში კერპად დარჩა. ბრენტანო აქტიურად ჩაება თეოლოგიურ დისკუსიაში პაპის უცოდველობის შესახებ. მას შემდეგ, რაც 1870 წელს ვატიკანმა მიიღო უცოდველობის დოგმა, რასაც ბრენტანო კატეგორიულად არ ეთანხმებოდა, მან ანაფორა გაიხადა და უარი თქვა პროფესორის წოდებაზე, რომელიც, როგორც მღვდელმა, მიიღო. ამიერიდან იგი მხოლოდ მეცნიერებას ემსახურებოდა. 1874 წელს გამოქვეყნდა ბრენტანოს კლასიკური ნაშრომი „ფსიქოლოგია ემპირიული თვალსაზრისით“. თუ გავიხსენებთ, რომ ამავე წელს გამოიცა ვუნდტის „ფიზიოლოგიური ფსიქოლოგიის“ მეორე ნაწილი, შეიძლება ითქვას, რომ ეს წელი მართლაც განსაკუთრებულია ფსიქოლოგიის ისტორიისთვის, ვინაიდან ეს არის თარიღი ორი უმნიშვნელოვანესი წიგნის გამოსვლისა, რომლებმაც არსებითად განსაზღვრეს იმდროინდელი ფსიქოლოგიის სახე. ამ საეტაპო წიგნის გარდა, თავისი ფსიქოლოგიური შეხედულებები ბრენტანოს გადმოცემული აქვს კიდევ ორ ნაშრომში: „შეგრძნების ფსიქოლოგიის შესახებ“ (1907) და „ფსიქიკურ ფენომენთა კლასიფიკაციისთვის“ (1911). ისე კი ბრენტანოს ფილოსოფიასა და ფსიქოლოგიაში არც თუ ბევრი ნაშრომი აქვს გამოქვეყნებული. იგი უფრო „მოლაპარაკე“ მეცნიერი იყო, ვიდრე „მწერალი“. ბრენტანოს ლექციები ვენის უნივერსიტეტში, სადაც მან 1974 წელს დაიწყო პროფესორად მუშაობა, ძალიან პოპულარული იყო. მის მრავალრიცხოვან მსმენელთა შორის ბევრმა გაითქვა სახელი: მაგალითად, ტ. მასირაკი ჩეხეთის პრეზიდენტი გახდა, ხოლო გ. ფონ ჰეთლინგი - ავსტრიის რეიხსკანცლერი. ხოლო მეცნიერთაგან საკმარისია დავასახელოთ ისეთი თვალსაჩინო მოაზროვნეები, როგორიცაა ზ. ფროიდი (ფსიქოანალიზის ავტორი), ე. ჰუსერლი (ფენომენოლოგიური ფილოსოფიის ავტორი), კ. შტუმფი (ბერლინის ფსიქოლოგიის ინსტიტუტის დირექტორი), ა. მაინონგი და ქ. ერენფელსი (გრაცის ფსიქოლოგიური სკოლის ფუძემდებლები). ვენაში ბრენტანომ ოც წელს იმუშავა. პედაგოგიური საქმიანობიდან წასვლის შემდეგ იგი ათ წელს ცხოვრობდა ფლორენციაში, შემდეგ ციურიხში. ავადმყოფობის მიუხედავად, ბრენტანო სიცოცხლის ბოლომდე განაგრძობდა მუშაობას ფილოსოფიასა და ფსიქოლოგიაში.       ბრენტანო, ვუნდტის მსგავსად, პირველ ყოვლისა იმაზე ზრუნავდა, რომ ფსიქოლოგია დამოუკიდებელ ემპირიულ მეცნიერებად დაემკვიდრებინა. ამიტომ მის წინაშეც ბუნებრივად დადგა ფსიქოლოგიის საგნის პრობლემა, სახელდობრ, საკრამენტული საკითხი ფიზიკურისა და ფსიქიკურის გამიჯვნის შესახებ. ბრენტანომ მისი გადაჭრა სხვა გზით სცადა. როგორც ვნახეთ, ვუნდტისთვის ფიზიკური და ფსიქიკური სინამდვილე ერთიანია - ეს არის უშუალო გამოცდილება, რომელშიც ბუნებისმეტყველებისა და ფსიქოლოგიის საგანთა გამოცალკევება სხვადასხვა თვალსაზრისის საფუძველზე ხდება. რეალობა, მასალა ერთია, განსხვავებულია გნოსეოლოგიური პოზიცია.       ბრენტანოს მიაჩნდა, რომ თვალსაზრისის პრინციპი არ არის საკმარისი. ამ მეცნიერებათა ეპისტემოლოგიური დაფუძნებისთვის მათ იმთავითვე საკუთარი ობიექტი, საგანი უნდა მოეძებნოს. იგი თითქოს ნახულობს კიდეც ასეთ საგანს გამოცდილების იმანენტურ სტრუქტურაში. ამისთვის არ არის საჭირო გამოცდილების (ცნობიერების) სხვადასხვა თვალსაზრისით ანალიზი; საკმარისია მისი განხილვა ისე, როგორც ის ბუნებრივად არის მოცემული. თუ ასე შევხედავთ, დავინახავთ, რომ ემპირიულად მოცემული გამოცდილება არ შედგება მხოლოდ შინაარსებისაგან, რომელთაც ტრადიციული ფსიქოლოგია ხატების, წარმოდგენებისა თუ სხვა, ე.წ. ფსიქიკური მოვლენების სახით წარმოაჩენდა. გამოცდილება, პირველ რიგში, შედგება ე.წ. აქტებისაგან. აქტები ცნობიერების პირველადი მოცემულობაა. თითოეული აქტი ყოველთვის რაიმე შინაარსს გულისხმობს, ის აუცილებლად რაიმე ობიექტზეა მიმართული. აქ ბრენტანოს შემოაქვს შუა საუკუნეების სქოლასტიკიდან ნასესხები ტერმინი ინტენცია, რომელიც ცნობიერების რაიმე საგანზე მიმართულობას აღნიშნავს. თვითონ ინტენციის საგანი, ანუ შინაარსი, ფსიქოლოგიის ობიექტი არ არის. საკუთრივ ფსიქიკური ფენომენი არის ინტენციონალური აქტი. ფერი არ არის ფსიქიკური; ფსიქიკურია ხედვა, ხედვის აქტი. ან კიდევ, როდესაც ადამიანს სიტყვა ესმის, მისი ცნობიერება ბგერით-მატერიალური გარსის მიღმა იმ საგნისკენ მიემართება, რომელსაც ის აღნიშნავს. სიტყვის გაგება არის აქტი და, მაშასადამე, ფსიქიკური ფენომენი. ის დაირღვევა, თუკი თავად აქტს აკუსტიკური გამღიზიანებლისა (ბგერის) და მის მიერ აღნიშნული ფიზიკური საგანისაგან დამოუკიდებლად განვიხილავთ. ინტენციონალური აქტი მათზეა მიმართული და მათ გულისხმობს, მაგრამ არც გამღიზიანებელი და არც საგანი თავისთავად, ფსიქოლოგიის შესასწავლ სფეროს არ მიეკუთვნება. ერთი სიტყვით, შინაარსები, რომლებზეც აქტებია მიმართული, ბუნებისმეტყველების საკვლევ სფეროს შეადგენს, აქტები - ფსიქოლოგიისას. ამრიგად, აქტისა და მისი შინაარსის ანალიზის გზით, ბრენტანო ბუნებისმეცნიერებათა და ფსიქოლოგიის დიფერენციაციამდე მიდის.       ნათქვამი სრულებითაც არ ნიშნავს იმას, რომ ბუნების ობიექტები თავისთავად, ცნობიერების გარეშე და მისგან დამოუკიდებლად არსებობენ. ერთადერთი, რისი დარწმუნებით თქმაც შეუძლია ცნობიერების ფსიქოლოგიას და მასზე დამყარებულ „მეცნიერულ ფილოსოფიას“, არის ის, რომ მათი მოცემულობის ფორმა ყოველთვის აქტის შინაარსად ყოფნაა. ფიზიკური მოვლენები ყოველთვის ფსიქიკური ინტენციის ობიექტებია. თვითონ მათ ინტენციონალობის ნიშანი არ ახასიათებთ. ფიზიკური ობიექტები არ არიან აუცილებლად რაიმეზე მიმართული. ინტენციონალობა ფსიქიკური მოვლენების (აქტების) განსაკუთრებული თვისებაა. ფიზიკურსა და ფსიქიკურს შორის პირველი განმასხვავებელი ნიშანი ფსიქიკურის იმანენტური ინტენციონალობაა. ამ აზრს ავტორი მკაფიოდ აყალიბებს: „ყოველი ფსიქიკური ფენომენი ხასიათდება იმით, რასაც შუა საუკუნეების სქოლასტები საგნის ინტენციურ (ან მენტალურ) შინაგან არსებობას უწოდებდნენ და რისთვისაც ჩვენ შეგვეძლო გვეწოდებინა შინაარსისადმი მიმართება, ობიექტზე მიმართულობა ... ყოველი ფსიქიკური ფენომენი რაიმეს შეიცავს, როგორც თავის ობიექტს, თუმცა ყველა ერთგვარად არა. ამის მიხედვით წარმოდგენაში უთუოდ რაღაცის წარმოდგენა ხდება, მსჯელობაში - დადასტურება ან უარყოფა, სიყვარულში - შეყვარება, სიძულვილში - შეძულება და ა.შ.“.       მოყვანილი გამონათქვამის მეორე ნახევარში მოცემული მსჯელობა, არსებითად, ეხება ფსიქიკური მოვლენების კლასიფიკაციის საკითხს. ბრენტანო ამტკიცებს, რომ ცნობიერების აქტებში შინაარსის მოცემულობის სხვადასხვა ფორმა არსებობს. ამის მიხედვით იგი აქტების სამ სახეობას გამოყოფს: იდეაციის, განსჯისა და გრძნობის აქტებს. იდეაციის აქტებში (შეგრძნება, წარმოსახვა) საგანი ხატის ან წარმოდგენის სახით არის მოცემული. წარმოდგენა ყველა ფსიქიკური ფენომენის საფუძველია. არ შეიძლება იმსჯელო და არ გქონდეს წარმოდგენა, რაზეა მსჯელობა; არ შეიძლება გიყვარდეს და იმის წარმოდგენა არ გქონდეს, თუ ვინ გიყვარს, ისურვო - სურვილის ობიექტის წარმოდგენის გარეშე და ა.შ. განსჯის აქტებში ხდება დადასტურება ან უარყოფა, შემჩნევა ან მოგონება. აქ აქტის შინაარსი მოცემულია ჭეშმარიტ-მცდარობის განზომილებაში. დაბოლოს, გრძნობის აქტებში საგანი ფასდება, როგორც სასურველი ან მავნე. როგორც ვხედავთ, ცნობიერების მოვლენები ამ შემთხვევაშიც სამ კლასად იყოფა, ოღონდ აქ იგულისხმება არა ფსიქიკური შინაარსები ან სტრუქტურის ელემენტები, არამედ ფსიქიკური პროცესები, აქტები - აქტი აღქმისა, აქტი აზროვნებისა, აქტი ემოციისა.       ამრიგად, ბრენტანოს თვალსაზრისით, ფსიქიკური მოვლენები არის აქტები, აქტის ძირითადი თვისება კი მისი ინტენციონალობაა. გარდა ამისა, აქტს კიდევ აქვს სხვა თვისებები, რომელთა გარეშე მისი ცნობიერი ფენომენის სახით გააზრება შეუძლებელია. საქმე ისაა, რომ, განსაზღვრების თანახმად, აქტში შინაარსი ცნობიერდება, როგორც ინტენციის საგანი, ხოლო ის, რაზეც მიმართულია აქტი (შინაარსი, საგანი) არაფსიქიკურია (ფიზიკურია). მაშინ დგება საკითხი თვით აქტის გაცნობიერების შესახებ. ფაქტია, რომ თუნდაც განსჯის აქტი ცნობიერია, მაგრამ როგორ ხდება ის ცნობიერი? თუ ამ აქტის გასაცნობიერებლად მეორე აქტია საჭირო, მაშინ ეს პირველი აქტი (აზროვნება) სხვა აქტის შინაარსად (საგნად) იქცევა. ამით მას ავტომატურად დაეკარგება ფსიქიკურობის ნიშანი და ფიზიკურ მოვლენად გადაიქცევა, რაც წარმოუდგენელია. გარდა ამისა, თუ მივიღებთ დებულებას, რომ აქტის გაცნობიერება სხვა აქტის მეშვეობით ხდება, მაშინ აქტის გამაცნობიერებელ აქტსაც დასჭირდება გაცნობიერება და შესაბამისი აქტი, ამ უკანასკნელს კიდევ თავისი და ასე, უსასრულოდ. ერთი სიტყვით, აქტის გაცნობიერება შეუძლებელი გახდება.       ამ სირთულეებიდან თავის დასაღწევად ბრენტანოს ფსიქიკურის კიდევ ერთი არსებითი ნიშანი შემოაქვს. მისი აზრით, ფსიქიკურს და ფიზიკურს ისიც განასხვავებს, რომ ერთი ე.წ. შინაგანი აღქმით არის მოცემული, მეორე კი - გარეგანი აღქმით. ფსიქიკურის (აქტის) შინაგან აღქმაში მოცემულობის თეზისი იმ მტკიცებიდან გამომდინარეობს, რომ აქტები ორმიმართულებიანი ფსიქიკური ფენომენებია. ერთი მხრივ, ისინი მიმართული არიან სხვაზე (შინაარსზე, საგანზე) და ეს არის გარეგანი აღქმა, ხოლო მეორე მხრივ - თავის თავზე, რაც შინაგანი აღქმაა. ყოველ აქტს ასეთი თვისება აქვს: ის აცნობიერებს არაფსიქიკურ შინაარსებს და, იმავდროულად, თვით ამ ფსიქიკურ აქტს. ჩვენ არა მარტო რაიმეს გავიაზრებთ, არამედ ვიცით, რომ ვაზროვნებთ; არა მხოლოდ გვიყვარს ვინმე, არამედ ვაცნობიერებთ, რომ შეყვარებულები ვართ. აქტი უშუალოდ არის მოცემული თვითცნობიერებაში. აქტი და მისი თვითგანცდა, არსებითად, ერთი და იგივე პროცესია, ამიტომ აქტის გასაცნობიერებლად სხვა აქტი საჭირო არ არის. აქტის თვითგანცდა მოიცავს როგორც თვითწარმოდგენას, ისე თვითშემეცნებასა და თვითგრძნობას.       ფსიქიკურის შინაგან აღქმაში მოცემულობას მჭიდროდ უკავშირდება ფსიქიკურის კიდევ ერთი სპეციფიკური ნიშანი. ეს არის მისი უშუალო, ნამდვილი და უეჭველი არსებობა, ანუ ე.წ. ევიდენტურობა. გარეგანი აღქმის საგნები, როგორც ბუნებისმეტყველების მოვლენები, ყოველთვის ინტენციონალურად არის მოცემული. ისინი თვითონ არ წარმოადგენენ ფსიქიკას და მის გარეთ არსებულად იგულისხმებიან. არის თუ არა მათი ცნობიერებაში მოცემულობა იმის ადექვატური, რაც ისინი სინამდვილეში არიან, ყოველთვის კითხვის ქვეშაა. აქ შესაძლებელია შეცდომები, ილუზიები, ჰალუცინაციები. რაიმე საგანი შეიძლება სულ სხვა საგნად მოგვეჩვენოს, მაგრამ ფსიქიკურ მოვლენაზე, აქტზე, განცდაზე ეს არ ვრცელდება. ფსიქიკური აქტი ნამდვილად ისეთია, როგორც ის განიცდება. არ შეიძლება გქონდეს რაიმე განცდა და აღმოჩნდეს, რომ ეს განცდა არა გაქვს. შინაგან აღქმაში მოცემული ფსიქიკური მოვლენები უეჭვლად და რეალურად არსებობენ თავისი ნატურალური სახით. ბრენტანო ასე ამბობს: „შემეცნება, სიხარული, სურვილი არიან ნამდვილად; სინათლე, ბგერა, სითბო - მხოლოდ ფენომენალურად და ინტენციონალურად“.       ფსიქიკურის კიდევ ერთი დამახასიათებელი ნიშანი მისი სპეციფიკური მთლიანობაა. ფიზიკური და ფსიქიკური მოვლენები სხვადასხვაგვარად უკავშირდება ერთმანეთს და განსხვავებულ მთლიანობებს ქმნიან. აღქმაში ერთდროულად მოცემული შინაარსი (ფერი, ტონი, სუნი და სხვა) შეიძლება სხვადასხვა ფიზიკურ ობიექტებს თუ ნივთებს მივაკუთვნოთ, მაგრამ მათი შესაბამისი აღქმის აქტები (ხედვა, სმენა, ყნოსვა) და მათთან დაკავშირებული გრძნობები, მოგონებები, მსჯელობები ერთ მთლიან ფსიქიკურ მოვლენას ქმნის და ამ ფსიქიკური ტოტალობის ნაწილობრივ ფენომენებად განიცდება. ცნობიერებას, როგორც აქტების მთლიანობას, ბრენტანო ადარებს მდინარეს, სადაც ერთი ტალღა მეორეს მიჰყვება.       ბოლო ნიშანი, რომლითაც ფსიქიკური ხასიათდება, მისი განუფენლობაა. ფიზიკური მოვლენა ყოველთვის სივრცეშია მოცემული, ანუ განფენილია, ფსიქიკურს კი სივრცესთან არაფერი აქვს საერთო.       ასეთია ბრენტანოს შეხედულება ფსიქიკის შესახებ. ფსიქიკის შემსწავლელი მეცნიერება - ფსიქოლოგია - ემპირიული მეცნიერებაა. ის რეალურად არსებულ, სუბიექტურ გამოცდილებაში მოცემულ ცნობიერების მოვლენებს იკვლევს, მაგრამ ეს მოვლენები ცნობიერების შინაარსები კი არ არის, არამედ ცნობიერების აქტები, ოპერაციები. ვუნდტი (და საზოგადოდ სტრუქტურალიზმი) ექსპერიმენტული პროცედურების მეშვეობით უშუალო გამოცდილების სტრუქტურის, მისი შემადგენელი შინაარსების რაგვარობისა და თვისებების შესწავლას შეეცადა, ხოლო ბრენტანომ ფსიქოლოგიური კვლევის ძირითად გზად უშუალო გამოცდილების სისტემატური დაკვირვება ჩათვალა. ეს დაკვირვება არ გულისხმობს ლაბორატორიულ, ხელოვნურ პროცედურებს ფსიქიკურ მოვლენებზე და აქტების ბუნებრივი მიმდინარეობის შესწავლის შესაძლებლობას იძლევა. ექსპერიმენტული და ანალიზური ინტროსპექცია აუცილებლად ამახინჯებს ფსიქიკური მოვლენების ბუნებრივ სახეს. ესმოდა რა ტრადიციული თვითდაკვირვების ნაკლოვანებებიც, ბრენტანო გვთავაზობდა აქტების შესწავლის სხვადასხვა ხერხს. მაგალითად, შესაძლებელია აქტის კვლევისას გამოვიყენოთ მეხსიერება და ფანტაზია. ერთ შემთხვევაში ვიხსენებთ, თუ რა განცდები ერთვოდა, ვთქვათ, იდეაციის აქტს, ხოლო მეორეში წარმოვიდგენთ ამ აქტს და ვაკვირდებით მის თანმხლებ ფსიქიკურ მდგომარეობებს. ასეა თუ ისე, ბრენტანოს აზრით, ნამდვილმა ემპირიულმა ფსიქოლოგიამ ფსიქიკური აქტები უნდა შეისწავლოს ცალკეული ელემენტების ანალიზისა და საერთოდ რაიმე წინასწარი მოლოდინებისა თუ ვარაუდების გარეშე, ანუ ისე, როგორც უშუალო გამოცდილებაშია მოცემული. კვლევის ასეთ მეთოდოლოგიას ფილოსოფიასა და ფსიქოლოგიაში, განსაკუთრებით ჰუსერლის შემდეგ, ფენომენოლოგია ეწოდა და მან დიდი გავლენა მოახდინა ჩვენი მეცნიერების ისტორიულ განვითარებაზე.       ინტროსპექციული კვლევის ეს ორი მეთოდოლოგია გახდა იმ მწვავე დისკუსიის მიზეზი, რომელიც ოთხმოცდაათიან წლებში მიმდინარეობდა ვუნდტსა და ბრენტანოს მოწაფეს, შტუმფს შორის. კარლ შტუმფი (1848-1936) იმ დროისთვის უკვე სახელგანთქმული მეცნიერი იყო. მან დააარსა ფსიქოლოგიური ინსტიტუტები მიუნხენისა და ბერლინის უნივერსიტეტებთან. მის მოწაფეთა შორის იყვნენ ე. ჰუსერლი და გეშტალტფსიქოლოგიური მიმართულების ყველა წამყვანი ფიგურა: მ. ვერთჰაიმერი, ვ. კიოლერი, კ. კოფკა, კ ლევინი. შტუმფის დიდ ავტორიტეტზე მეტყველებს ის, რომ იგი აირჩიეს ფსიქოლოგთა მესამე საერთაშორისო კონგრესის პრეზიდენტად (მიუნჰენი 1896). შტუმფის კვლევის ძირითად საგანს მუსიკალური ტონების ფსიქოლოგია შეადგენდა. ამ თემატიკაში გაერთიანდა მისი ცხოვრების ორი უმთავრესი ინტერესი - მეცნიერება და მუსიკა. თავადაც კარგი მუსიკალური განათლების მქონე შტუმფი (წერდა მუსიკას და უკრავდა რამდენიმე ინსტრუმენტზე) ემპირიულ კვლევაში უპირატესობას პროფესიონალ მუსიკოსთა გამოცდილებას, დაკვირვებას, განცდას ანიჭებდა. ვუნდტი კი, როგორც ვიცით, თვითდაკვირვებაში გაწაფულ ფსიქოლოგებს ენდობოდა. შტუმფის აზრით, ეს ცდისპირები ხელოვნურად შლიდნენ უშუალო გამოცდილებას ელემენტებად და უკარგავდნენ მას ბუნებრიობას. ფენომენოლოგიურად ორიენტირებული ექსპერტი მუსიკოსები სმენასთან დაკავშირებულ განცდას მის ნამდვილ მოცემულობაში აღწერდნენ.       შტუმფის თეორიული შეხედულება, პრინციპში, ბრენტანოს ხაზს აგრძელებს. მისი აზრით, ფსიქოლოგიის შესასწავლი საგანია ე.წ. ფსიქიკური ფუნქციები. შტუმფის ფუნქციის ცნება ბრენტანოს აქტის ექვივალენტურია. ამა თუ იმ ფუნქციის სახელწოდებაში მოცემულია იმ ოპერაციის, მოქმედებისა თუ პროცესის თავისებურება, რომელიც მიმართულია რაიმე მოვლენაზე (შინაარსზე): აღქმა, შემჩნევა, მსჯელობა, დაჯგუფება, გაგება, მონდომება, უკუგდება, განზრახვა და სხვა. შტუმფმა, ამავე დროს, ყურადღება გაამახვილა იმ ფსიქიკურ მოვლენებზე (ხატები, წარმოდგენები, აზრები და ა.შ.), რომელთა სტატუსი ბრენტანოს სისტემაში ბოლომდე არ იყო გარკვეული. საქმე ისაა, რომ ბრენტანომ ფსიქიკურ მოვლენებს აქტის იმანენტურ სტრუქტურაში მოუნახა ადგილი მისი ინტენციონალური შინაარსის სახით. ყოველი აქტი მიმართულია მოვლენაზე, როგორც თავის შინაარსზე, მაგრამ საკუთრივ შინაარსი ფსიქიკური არ არის; ფსიქიკურია მხოლოდ აქტი, მოვლენებს კი შეისწავლის ბუნებისმეტყველება. ეს კონსტრუქცია გაუგებრობათა წყაროდ იქცა. გამოდის, რომ აქტი, თავისი შინაარსით (მოვლენით), ფსიქოლოგიის კვლევის საგანია, ხოლო ცალკე მოვლენა, რომელიც აქტისაგან დამოუკიდებლად არც განიხილება - ბუნებისმეტყველებისა. აქტის ცნების შემოტანა უდავოდ ამდიდრებს ცნობიერების ანალიზს, რომელიც, შინაარსების ფსიქოლოგიის მიხედვით, მხოლოდ მოვლენებისაგან შედგებოდა, მაგრამ აქტის ცნებამ არ უნდა განდევნოს ფსიქოლოგიიდან ფსიქიკური მოვლენები. ვაშლის ყურება (აქტი) და ვაშლის ხატი (მოვლენა) ერთადაა და ორივე ფსიქოლოგიის ფარგლებში მოიაზრება. ფსიქოლოგიის გარეთ შეიძლება დარჩეს „ობიექტურად არსებული“ ვაშლი, რომლის რეალურ არსებობა-არარსებობაზე მსჯელობას ბრენტანო შეუძლებლად მიიჩნევს და მას მხოლოდ ინტენციის ობიექტად განიხილავს; ამ ობიექტს კი ბუნებისმეტყველება შეისწავლის. აქ თავისთავად იბადება კითხვა: ვინ უნდა შეისწავლოს ვაშლის ფსიქიკური ხატი - ბოტანიკამ?! კიდევ უფრო მეტი უხერხულობა იქმნება, თუ ამ ლოგიკით წარმოსახვის აქტზე ვისაუბრებთ. კენტავრი ფანტაზიის აქტის ინტენციის ობიექტია. საკითხავია, რომელი საბუნებისმეტყველო დისციპლინის კვლევის საგანს წარმოადგენს იგი - იქნებ ზოოლოგიის?! მითოლოგიური არსებები ბუნებაში არ გვხვდებიან, ამიტომ, შინაარსის მხრივ, ისინი ბუნების კი არა, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა კომპეტენციაში შედიან, რომელთა შესახებ ბრენტანო სულ არაფერს გვეუბნება. უფრო მნიშვნელოვანი აქ ის არის, თუ რა ფსიქიკურ ფორმაშია მოცემული ეს შინაარსი. ამ შემთხვევაში იგი წარმოდგენის სახით გვეძლევა. რეალურ საგანს წარმოიდგენთ თუ არარეალურს, წარმოდგენა რჩება წარმოდგენად, ანუ გარკვეულ ფსიქიკურ მოვლენად. ის განსხვავდება ფსიქიკური აქტისაგან (წარმოსახვის ან მოგონების პროცესი) და, ამ უკანასკნელთან ერთად, უთუოდ ფსიქოლოგიის კომპეტენციაში შედის. ამიტომ ფსიქოლოგიის საგნის შემოსაზღვრა აქტებით უმართებულოა.       შტუმფის ცნობიერების ფაქტების ცნობილი კლასიფიკაცია ნაწილობრივ ხსნის ამ სირთულეებს. ფუნქციებთან ერთად და პირველ რიგში, გამოიყოფა ე.წ. ფსიქიკური მოვლენები (ფენომენები). ისინი ცნობიერების გრძნობად მონაცემებს (ფერები, ტონები, ხატები, ტკივილისა თუ სიამოვნება-უსიამოვნების განცდები და ა.შ.) და მათ რეპროდუქციულ ფორმებს ანუ წარმოდგენებს აერთიანებენ. მოვლენები მიეკუთვნება სპეციალურ მეცნიერებას, ფენომენოლოგიას [1], რომელიც არის ფიზიკისა და ფსიქოლოგიის წინა დისციპლინა, მათი პროპედევტიკა. მოვლენების ცნობიერებაში მოცემულობა ყოველგვარი მეცნიერების - საბუნებისმეტყველოსი თუ გონითის (ანუ ჰუმანიტარულის) პირობაა. შტუმფი გამოყოფს მეცნიერებათა ორ ჯგუფს. პირველი ჯგუფის ცენტრალური დისციპლინა ფიზიკაა, მეორისა - ფსიქოლოგია. ამდენად, ფიზიკაც და ფსიქოლოგიაც მოვლენათა შესახებ მონაცემებით საზრდოობს. ფიზიკა, მათზე დაყდნობით, მიემართება ობიექტური სინამდვილის პროცესებისკენ, რომელთა არსებობასაც ის მოვლენათა მიღმა უშვებს. ფსიქოლოგია მიემართება მოვლენებთან დაკავშირებული ფსიქიკური ფუნქციებისკენ. სწორედ ეს უკანასკნელნი, როგორც ითქვა, შეადგენენ საკუთრივ ფსიქოლოგიის საკვლევ სფეროს.       განასხვავებდა რა ცნობიერების მოვლენებსა და ფუნქციებს, შტუმფი თვლიდა, რომ ისინი ერთმანეთზე დამოკიდებული არ არიან და დამოუკიდებლად ცვალებადობენ. ამ დებულების დასაბუთებას იგი ფენომენოლოგიური ანალიზით ცდილობს. ერთი მხრივ, შეიძლება ფუნქცია იცვლებოდეს, ხოლო მოვლენა უცვლელი იყოს. ამის მაგალითია ის შემთხვევები, როცა ჩვენ ვამჩნევთ ადრე შეუმჩნეველ ფენომენს, თუმცა ის ობიექტურად არ შეცვლილა: უცებ ყურადღებას მივაქცევთ საათის რეკვას ან ცალკე ტონს აკორდში. აქ ფუნქცია შეიცვალა და არა გამღიზიანებელი, ანუ მოვლენა. მეორე მხრივ, შეიძლება პირიქითაც მოხდეს - მოვლენა შეიცვალოს ფუნქციისაგან დამოუკიდებლად. ამაზე ის ფაქტები მიგვითითებენ, როცა გამღიზიანებლის თანდათანობითი, უწყვეტი ცვლილების პირობებში მისი ცვალებადობის დისკრეტული, ან უცაბედი განცდა გვიჩნდება. ასე ხდება, მაგალითად, როდესაც შეუმჩნევლად შემოგვეპარება ბინდი, თუ სხვა რამეზე გვაქვს მიმართული ყურადღება. შტუმფის ანალიზით, ამ შემთხვევაში ჩვენ თანდათან განვიცდიდით მოვლენის ცვალებადობას (სინათლის კლებას), მაგრამ ვერ ვამჩნევდით ამას, ვინაიდან ყურადღება (ანუ ფუნქცია) მყარად და უცვლელად იყო მიპყრობილი სხვა საგანზე.       ადვილი დასანახია, რომ ეს მსჯელობა შეუმჩნეველი ანუ არაცნობიერი ფსიქიკური ფენომენების არსებობას გულისხმობს. მართლაც, შტუმფი ახალი ფსიქოლოგიის იმ შედარებით მცირერიცხოვან ავტორებს მიეკუთვნება, ვინც აღიარებს არაცნობიერ ფსიქიკურ მოვლენებს. ჩვენი ანალიზის კონტექსტში კი მთავარი ის არის, რომ შტუმფმა სცადა ზოგადად ფსიქიკური მოვლენებისა და შინაარსების ერთგვარი რეაბილიტაცია და ისინი ფიზიკისა და ფსიქოლოგიის საფუძვლადმდებარე მეცნიერებაში - ფენომენოლოგიაში მოათავსა. ეს, რა თქმა უნდა, ბევრად უკეთესია, ვიდრე მათი შეტანა საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში, როგორც ეს ბრენტანოსთანაა. ამავე დროს, დაუქვემდებარა რა ისინი სხვადასხვა მეცნიერებას, შტუმფმა რადიკალურად გამიჯნა ერთმანეთისაგან ცნობიერების მოვლენები და ფუნქციები, თუმცა არათუ ლოგიკა, უბრალოდ საღი აზრიც მოითხოვდა მათ განხილვას ერთი დისციპლინის ფარგლებში. ეს მართლაც ასეა, ვინაიდან, ბოლოს და ბოლოს, ორივე მათგანი ფსიქიკურ რეალობას მიეკუთვნება - ცნობიერს თუ არაცნობიერს. ფსიქოლოგიამ, საბოლოოდ, აქტებიც (ფუნქციები) და მოვლენებიც (შინაარსები) თავისი შესწავლის ობიექტად აქცია. ამით ერთგვარად მოიხსნა ბრენტანოდან წამოსული დაპირისპირება შინაარსისა და აქტის ფსიქოლოგიას შორის და გზა გაეხსნა კონკრეტულ კვლევებს ექსპერიმენტული ფსიქოლოგიის სხვადასხვა ცენტრებში.       ამ კონტექსტში აღსანიშნავია ედმუნდ ჰუსერლის (1859-1938) ღვაწლი. მან გარკვევით განაცხადა, რომ აქტებიც (მისი ტერმინოლოგიით „ინტენციონალური განცდები“) და მათი შინაარსებიც („გრძნობადი მონაცემები“) ერთ სფეროს, კერძოდ, ცნობიერებას ეკუთვნის. ამ შინაარსების მიღმა იგულისხმება „საგნები“, რომლებიც ბუნებისმეტყველებისა და გონისმეცნიერების ინტერესის სფეროს შეადგენენ. ჰუსერლის მაგალითში ისინი ნათლად იმიჯნება. რაიმე საგანი, ვთქვათ კოლოფი, აღქმის აქტში შეიძლება სრულიად განსხვავებული გრძნობადი შინაარსით იყოს მოცემული: მას, შესაძლებელია, ვუყურებდეთ სხვადასხვა მხრიდან, ვსინჯავდეთ ხელით, ვყნოსავდეთ და ა.შ. ასეთ დროს საგანი ერთი და იგივე რჩება, მაგრამ იცვლება გრძნობადი მონაცემები. იგივე ხდება სხვა აქტების დროსაც, მაგალითად ამ საგნის გააზრების შემთხვევაში. აქ თითქოს ყველაფერი გარკვეულია, გარდა ერთისა, რასაც ფსიქოლოგიის საგნის განსაზღვრის კუთხით გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, კერძოდ, რომელი დისციპლინა უნდა შეისწავლიდეს ინტენციონალურ განცდებს (აქტები, ფუნქციები) და გრძნობად მონაცემებს (ფსიქიკური მოვლენები, შინაარსები)? ბუნებრივი პასუხი თითქოს ნათელია - ფსიქოლოგია, მაგრამ სწორედ ამას ეწინააღმდეგება ჰუსერლი. ფენომენოლოგიური ფილოსოფიის ფუძემდებლის განწყობა ზოგადად ანტიფსიქოლოგიური იყო. იგი ებრძოდა ფსიქოლოგიზმს და სურდა გაეწმინდა ფილოსოფიური შემეცნება ფსიქოლოგიის ყოველგვარი შინაარსისაგან. მიისწრაფოდა რა ცნობიერების საყოველთაო, წმინდა ან ტრანსცენდენტური სტრუქტურების გამოვლენისკენ, ჰუსერლმა შეიმუშავა ფენომენოლოგიური მეთოდი, რომელიც ე.წ. „რედუქციის პროცედურებს“ გულისხმობს. მათი არსი იმაშია, რომ „ნატურალისტურ განწყობათა“ გადალახვით გამოიყოს ცნობიერება, როგორც ანალიზის ერთადერთი ობიექტი და შემდგომ თვითონ ცნობიერება გაიწმინდოს ყოველგვარი კულტუროლოგიური, პირველ ყოვლისა, ემპირიულ-ფსიქოლოგიური გამოცდილებისაგან.       ჰუსერლის ურთულეს მოძღვრებაში ფსიქოლოგიისა და ფენომენოლოგიის, როგორც ფილოსოფიის ურთიერთობის პრობლემა სათანადოდ ვერ გადაწყდა. ჰუსერლის პოზიცია ამ საკითხში შემოქმედების სხვადასხვა ეტაპზე იცვლებოდა. ვუნდტიდან მომდინარე ემპირიულექსპერიმენტულ ფსიქოლოგიას იგი თავიდანვე არ ცნობდა მისი ნატურალიზმისა და საბუნებისმეტყველო ელფერის გამო. ჰუსერლის აზრით, ბუნების შემსწავლელი მეცნიერებებისადმი მიბაძვა ფსიქოლოგიას ღუპავს და მუდმივი კრიზისის მდგომარეობაში აყენებს. ფენომენოლოგიური რედუქცია საშუალებას იძლევა „გამოირთოს“, „ფრჩხილებში ჩაისვას“ ტრადიციული ფსიქოლოგია, რათა გზა გაეხსნას ნამდვილ ფსიქოლოგიას. მაგრამ ამ ნამდვილი, ანუ ფენომენოლოგიური ფსიქოლოგიის, როგორც დამოუკიდებელი მეცნიერული დისციპლინის შესაძლებლობათა დასაბუთება ჰუსერლმა ვერ შეძლო და, საბოლოო ჯამში, იგი ფენომენოლოგიასთან, ანუ ფილოსოფიასთან გააიგივა. მხოლოდ ამ უკანასკნელის ფარგლებშია შესაძლებელი წმინდა ცნობიერების ან წმინდა სუბიექტურობის პირდაპირი ჭვრეტა, მისი არსებითი მხარეების გათვალისწინება, ინტუიციური წვდომა. ცნობიერების შემეცნების ყოველგვარი სხვა გზა აუცილებლად მარცხს განიცდის. მაშასადამე, ასე კარგად დახასიათებული ფსიქიკური აქტიც და მოვლენაც, საბოლოოდ, ფენომენოლოგიური ფილოსოფიის „საკუთრებად“ იქცევა, ხოლო ფსიქოლოგია უსაგნოდ რჩება; იგი, როგორც მეცნიერება, არსებითად, უქმდება.       ფსიქოლოგიის ისტორიის თვალსაზრისით, ეს იყო უკუსვლა, ფილოსოფიაში დაბრუნება, და ეს მაშინ, როდესაც მეცნიერული აზრის მთავარი ვექტორი სწორედ საპირისპიროდ იყო მიმართული. აქტიურად მიმდინარეობდა ფსიქოლოგიის, როგორც ცალკე დისციპლინის, მეცნიერებათა სისტემაში დამკვიდრების პროცესი. ამ მხრივ ფსიქოლოგიურ მეცნიერებას უკვე ჰქონდა მიღწევები როგორც ემპირიული მონაცემების მოპოვების, ისე მათი თეორიული გააზრების სარბიელზე. მოგვიანებით, ჰუსერლის იდეებმა გამოხმაურება ჰპოვა ე.წ. ეგზისტენციალური ფსიქოლოგიის ფარგლებში, რომელიც არასდროს ყოფილა ფსიქოლოგიის განვითარების მაგისტრალური ხაზი.       რაც შეეხება ფსიქოლოგიურ ფენომენოლოგიას, ის გულისხმობს ცნობიერების კვლევის მეთოდს, რომელიც ფსიქოლოგიურ დონეზე გამოიყენება. ამ გაგებით, იგი უნდა განვასხვავოთ ფილოსოფიური ანუ ტრანსცენდენტური ფენომენოლოგიისაგან, რომელიც მიმართულია მოვლენების არსზე და საბოლოო სინამდვილის ცოდნაზე. ფსიქოლოგი, რომელიც ფენომენოლოგიურ მეთოდს იყენებს, უბრალოდ ცდილობს, განიხილოს სულიერი მოვლენა ისე, როგორც ის უშუალოდ არის მოცემული განცდაში. ეს არის ერთგვარი დაკვირვების მცდელობა იმ წინასწარი დაშვებებისა და ვარაუდების გარეშე, რომლებსაც შეუძლიათ დაამახინჯონ უშუალო გამოცდილება ჩვენი თეორიებისა თუ დოგმების შესაბამისად. პირველ რიგში ამით განსხვავდება იგი ექსპერიმენტული ინტროსპექციისაგან, რომლის დროსაც კარგად გაწაფული დამკვირვებელი, გარკვეული სტიმულაციის შემთხვევაში, გადმოსცემს თავის შთაბეჭდილებებს და ცდილობს, დაიყვანოს ისინი უმარტივეს მენტალურ ელემენტებამდე, დაადგინოს მათი თვისებები. ფენომენოლოგიური დაკვირვებისას კი არ არსებობს არავითარი წინასწარი ვარაუდი, რომელიც ეხება შთაბეჭდილებათა რაგვარობას ან თვისებათა ერთობლიობას. უფრო მეტიც, ინტროსპექტულ პასუხებში ობიექტები და მნიშვნელობები მაქსიმალურად უნდა გამოირიცხოს, რათა, ტიჩენერის თქმით, არ მოგვივიდეს „სტიმულის შეცდომა“, ხოლო ფენომენოლოგიური კვლევისას ისინი არსებითია. ფენომენოლოგიას აინტერესებს სტიმულებისა და სიტუაციების ის მნიშვნელობები, რომლებიც მათ დამკვირვებლისთვის აქვთ.       ფენომენოლოგიური აღწერის სისტემატური და ეფექტური გამოყენების პირველ მაგალითებს XIX საუკუნის დასაწყისში ვხვდებით. ასეთებია ი. გოეთესა და ი. პურკინიეს კვლევები მხედველობითი აღქმის სფეროში. მოგვიანებით, ექსპერიმენტული ფსიქოლოგიის ჩამოყალიბების შემდეგ, ამ მეთოდს მიმართავდენენ ე. ჰერინგი, კ. შტუმფი, გ.ე. მიულერი, ვ. ფენდერი, თ. რიბო და სხვა. XX საუკუნის დასაწყისში ფენომენოლოგიური კვლევა ახალ საფეხურზე აიყვანეს დ. კაცმა და მ. ვერთჰაიმერმა. მათი ნაშრომები ფერისა და მოძრაობის აღქმას მიეძღვნა. ამ კლასიკურ გამოკვლევებში განხორციელდა ლაბორატორიული ტექნიკისა და ფენომენოლოგიური აღწერის ორგანული შერწყმა, რამაც მოგვიანებით ექსპერიმენტული ფენომენოლოგიის სახელწოდება მიიღო. აქ საქმე გვაქვს უშუალო გამოცდილების, განცდის ისეთ თავისებურებათა გამოვლენასთან, რაც პირდაპირ არ გამოიყვანება ფიზიკური სტიმულების თვისებებიდან. ასე აღმოაჩინეს ბევრი საინტერესო ფენომენი ვიზუალური აღქმის სფეროში (კონსტანტობა, ფიგურა-ფონი, სხვადასხვაგვარი ილუზიები). ექსპერიმენტული ფენომენოლოგიის ფარგლებში მუშაობდნენ ისეთი თვალსაჩინო მეცნიერები, როგორიცაა ნ. ახი, კ. ბიულერი, ვ. ბოიტენდაიკი, ვ. კელერი, ვ. კოფკა, ფ. კრიუგერი, ა. მიშოტი, ე. რუბინი და სხვა. ამრიგად, ფენომენოლოგიურ კვლევას ფსიქოლოგიაში დიდი ტრადიცია აქვს და მას სრულიად განსხვავებული ორიენტაციის მკვლევარები აწარმოებდნენ.       ასე წარიმართა ინტენციონალურ-ფენომენოლოგიური ძიებანი, რომელიც წამოიწყო ბრენტანომ ახალი ემპირიული ფსიქოლოგიის დაფუძნების განზრახვით და დაასრულა ჰუსერლმა ფსიქოლოგიის უარყოფით. ამ ფსიქოლოგიურმა მიმდინარეობამ, განსაკუთრებით ბრენტანოსა და შტუმფის სამეცნიერო და პედაგოგიური მოღვაწეობის წყალობით, მნიშვნელოვნად განსაზღვრა ფსიქოლოგიური მეცნიერების შემდგომი სახე. მისი გავლენა მეტნაკლებად აისახა ვიურცბურგის, გრაცის და ბერლინის (იმავე გეშტალტფსიქოლოგიის) სკოლების კვლევითი მუშაობის პრინციპებზე.       დასასრულს, მხოლოდ ერთ გარემოებას აღვნიშნავთ ინტენციონალურფენომენოლოგიური ფსიქოლოგიის სახელწოდებასთან დაკავშირებით. ის გამოხატავს ამ მიმდინარეობის საკვანძო ნიშანს, ეს არის ინტენციონალური აქტების შესწავლა ფენომენოლოგიური მიდგომით. ფსიქოლოგიის ისტორიკოსები მას საკმაოდ ხშირად უწოდებენ ფუნქციონალურ ფსიქოლოგიას და ფუნქციონალისტური მიმდინარეობის ევროპულ ვარიანტად მიიჩნევენ. ფსიქოლოგიის ამ მიმდინარეობის შესახებ ქვემოთ საგანგებო საუბარი გვექნება (იხ. თავი 6.5.). მაშინ დავრწმუნდებით, რომ ის მომდინარეობს სიტყვა „ფუნქციიდან“ და მიუთითებს ფსიქიკის დანიშნულებასა და როლზე ორგანიზმის გარემოსთან შეგუების პროცესში. არც ბრენტანო, არც შტუმფი და მათი მიმდევრები ამ კუთხით არ განიხილავდნენ ფსიქიკას, ხოლო „ფუნქციას“ უბრალოდ აქტის ექვივალენტურ ცნებად იყენებდნენ. ნამდვილი ფუნქციონალური ფსიქოლოგია არ მომდინარეობს აქტ-ფსიქოლოგიიდან (როგორც თავის სისტემას ბრენტანო უწოდებდა). ფსიქიკის ადაპტაციური თვალსაზრისით განხილვა არ იყო უცხო იმდროინდელი ევროპელი ფსიქოლოგებისთვისაც. მიუხედავად ამისა, ფუნქციონალური ფსიქოლოგია, როგორც ერთიანი მიმდინარეობა, ამერიკული მოვლენა იყო, და თუ ვინმე მისი ნამდვილი წინამორბედია, ეს არის უ. ჯეიმსი. ირაკლი იმედაძე წიგნიდან: ფსიქოლოგიის ისტორია « წინა ნაწილი | გაგრძელება » 1 ტერმინი „ფენომენოლოგია“ აქ არა კვლევის მეთოდის, არამედ სპეციალური მეცნიერებული დისციპლინის მნიშვნელობით იმარება.…
დაამატა ლაშა to ფსიქოლოგია at 11:51am on მაისი 6, 2018
თემა: ფსიქოლოგია საქართველოში
სკოლის ისტორია საკმაოდ კარგად არის შესწავლილი მრავალი ქართველი და უცხოელი სპეციალისტის მიერ. ეს არც არის გასაკვირი, ვინაიდან ქართული ფსიქოლოგია მსოფლიო მეცნიერების საგანძურში სწორედ უზნაძის მიერ შექმნილი და მისი მიმდევრების მიერ განვითარებული კონცეფციით, განწყობის ზოგადფსიქოლოგიური თეორიით შევიდა. რაც შეეხება სულიერი სინამდვილის შესახებ უზნაძემდე არსებული ცოდნის ანალიზს, ის მხოლოდ რამდენიმე მკვლევარის ერთეულ ნაშრომებში აისახა. გამონაკლისი მხოლოდ ალექსანდრე ფრანგიშვილია, ვინც მთელი სიცოცხლე სისტემატურ კვლევას ეწეოდა ამ მიმართულებით.       განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია მისი კაპიტალური გამოკვლევა „ნარკვევები ადამიანის ფსიქოლოგიური ცოდნის ისტორიიდან საქართველოში“. იგი მოიცავს პერიოდს XვII საუკუნიდან XIX საუკუნის პირველი მესამედის ჩათვლით. ავტორი ამ პერიოდს „აღორძინების ხანად“ მოიხსენიებს და გულისხმობს ინტელექტუალური ცხოვრების იმ საგრძნობ გამოცოცხლებას, რომელიც „დაცემის ხანას“ მოყვა. სოციალურ-პოლიტიკურ ფაქტორებთან ერთად, ეს, ნაწილობრივ, დასავლეთის ფილოსოფიური და მეცნიერული აზრის გავრცელებითაც იყო გაპირობებული. აღნიშნული პერიოდი, ფსიქოლოგიური მეცნიერების განვითარების თვალსაზრისით, ორ ეტაპს მოიცავს: „გარდამავალი ხანა“ (XვII-XვIIIსს. პირველი ნახევარი), რომელიც წარსულში, დაცემის ხანამდე მოპოვებული ფსიქოლოგიური ცოდნის აღდგენას და ერთგვარ განზოგადებას უკავშირდება და „ადრეული განმანათლებლობა“ (XვIIIს. მეორე ნახევრიდან XIXს. პირველი მესამედის ჩათვლით), რომელშიც ცოდნა ადამიანის სულიერი ცხოვრების შესახებ ვითარდებოდა საქართველოს „ადრინდელი ჰუმანიზმის“ აღდგენისა და „განმანათლებლობის“ კუთხით.       ქართულ ფილოსოფიურ ნაშრომებში, ისევე როგორც რელიგიურ და საერო მწერლობაში, წარმოდგენები სულიერი ცხოვრების განსხვავებული ასპექტების შესახებ, ცხადია, მანამდეც არსებობდა. ამ მხრივ საინტერესოა, აგრეთვე, ე.წ. „ხალხური ფსიქოლოგია“, რომელიც გულისხმობს ერის პრაქტიკულ ცხოვრებაში სულიერ მოვლენებზე დაკვირვებათა შედეგად დაგროვილ ცოდნას. ეს გამოცდილება ასახულია მითებში, ანდაზებში, ზნე-ჩვეულებებში და, უპირველესად - ენაში. ქართული ენის ფსიქოლოგიური კუთხით შესწავლა იმას მოწმობს, რომ სულიერი ცხოვრების გამომხატველი სიტყვების დიდი ნაწილი „გულ“-ფუძის მეშვეობით არის წარმოდგენილი. ეს კანონზომიერება ეხება შინაგანი (ფსიქიკური) სამყაროს ყველა მოვლენას, სხვადასხვა სახის განცდებს, პროცესებს და თვისებებს (გულისწყრომა, გულნაკლულობა, გულისთქმა, გულისყური, გულისხმიერება, გულითადობა, გულგრილობა, გულადობა და ა. შ.). ქართულ ენაში ჩადებული ხალხური გონის, ხალხური ფსიქოლოგიის ეს თავისებურება ყველა ეპოქისა და ყოველგვარი ხასიათის ნაწარმოებში იჩენს თავს. ამ მხრივ განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს ქართული სიტყვიერების შედევრის, „ვეფხისტყაოსნის“ ფსიქოლოგიური ლექსიკონი.       აანალიზებს რა ქართულ ენაში დალექილ ფსიქოლოგიურ ცოდნას, ფრანგიშვილი იმოწმებს ე. კასირერს. იგი თვლიდა, რომ ენაში არსებობს ისეთი პირველადი, და ფუძისეული ფორმები, რომლებიც არა მხოლოდ გარეგან სამყაროს, არამედ შინაგან, სულიერ სინამდვილესაც ასახავენ. მრავალი ენის შესწავლის შედეგად კასირერი იმ დასკვნამდე მივიდა, რომ ენაში პიროვნების ცნება სხეულის რომელიმე ცენტრალური ნაწილის სახელითაა წარმოდგენილი (თავი, გული, კუჭი და სხვა). ქართულმა ენობრივმა გონმა ასეთად გული შეარჩია. ფრანგიშვილის აზრით, ის გარემოება რომ ფსიქიკურ მოვლენებთან დაკავშირებული სიტყვები „გულ“-ფუძიდან არიან ნაწარმოები, ერთ რაიმეზე მიუთითებს, კერძოდ იმაზე, რომ ქართული ენობრივი გონი მათ საერთო საფუძველს უკავშირებს და უფრო მაღალი მთლიანობის, სახელდობრ პიროვნების კონკრეტულ გამოვლინებებად მიიჩნევს. „ქართულ ენაში გულსიტყვა ცალკეული ფსიქიკური პროცესების გამოსახვისას იმიტომ გამოდის ამოსავალი მნიშვნელობის როლში, რომ ამით აღინიშნება ფაქტი - პიროვნებაა ფსიქიკურ მოქმედებათა მომწესრიგებელი და მათი მატარებელი“ (ა. ფრანგიშვილი).       სულხან-საბა ორბელიანის (1658-1725) „ქართული ლექსიკონში“ („სიტყვის კონა“), ფსიქოლოგია პირველად არის წარმოდგენილი, როგორც ფილოსოფიური ცოდნის დარგი. ფსიქოლოგიურ ცნებებს საკმაოდ დიდი ადგილი უკავია ამ ენციკლოპედიური ხასიათის მქონე თხზულებაში. ავტორი ცდილობს წარმოადგინოს ფილოსოფიური რეფლექსიის შედეგად მოპოვებული ცოდნა სინამდვილის სხვადასხვა სფეროს, მათ შორის სულიერი სამყაროს შესახებ. იგი ძირითადად ბერძნული ფილოსოფიური წყაროების თარგმანებით სარგებლობს, თუმცა განმარტებებს იმის მიხედვით არჩევს, თუ რამდენად შეესაბამება ისინი მის საკუთარ შეხედულებებს. ავტორი თვითონვე აღნიშნავს, რომ ყველა ცნების განმარტებას იგი თავის წარმოდგენებთან მიმართებაში განიხილავს. იგივე ითქმის ფსიქოლოგიურ ცნებებზეც, რაც ნიშნავს, რომ სულხან-საბას გაცნობიერებული აქვს მათ შორის არსებული კავშირი, ე.ი. ფლობს ფსიქოლოგიური ცოდნის გარკვეულ სისტემას. ეს სისტემა, რა თქმა უნდა, ეკლექტური ხასიათისაა (არ უნდა დავივიწყოთ, რომ საქმე ორიგინალურ ტრაქტატთნ კი არ გვაქვს, არამედ ლექსიკონთან, რომლის უპირველესი ამოცანაა მკითხველს მიაწოდოს „აუცილებელი“ და, ამავე დროს, „საადვილოდ აღწერილი“ ცოდნა). სულხან-საბა საგანგებოდ არჩევდა, ერთმანეთთან აჯერებდა და სისტემაში მოჰყავდა სხვა ავტორების შეხედულებები (განმარტებები). მართალია ამას იგი შეგნებულად, საკუთარი კრიტერიუმების შესაბამისად აკეთებდა, მაგრამ „ქართულ ლექსიკონში“ მოცემული ფსიქოლოგია მაინც არ წარმოადგენს ავტორის საკუთარი მეცნიერული ძიების პროდუქტს და, გარკვეულად, სქოლასტიკის ნიშნებსაც ატარებს. მიუხედავად ამისა, „ქართულმა ლექსიკონმა, როგორც ენციკლოპედიამ, მოამზადა ნიადაგი იმისთვის, რათა სინამდვილის ცოდნა თვით სინამდვილის დამოუკიდებელი ძიებებით შესწავლის საფუძველზე ყოფილიყო მოპოვებული“ (ა. ფრანგიშვილი).       ანტონ პირველი (1720-1788) იყო ვახტანგ ვI-ის ძმისწული, ქართლის მეფე იესესა და ერეკლე I-ის ასულის ელისაბედის ვაჟი. ქართლის სამეფოს ტახტის მემკვიდრე, უფლისწული თეიმურაზი, როგორც მას ერისკაცობაში ერქვა, იზრდებოდა თელავის სასახლეში, თავის ბიძაშვილთან ერეკლე II-სთან ერთად, რომელთანაც მთელი ცხოვრება მჭიდრო მეგობრული და საქმიანი ურთიერთობა აკავშირებდა. მეფის კარის წიგნთსაცავებში, დავითგარეჯის წინამძღვრის სპირიდონის ხელმძღვანელობით, მან ფართო განათლება მიიღო. ცხრამეტი წლის თეიმურაზმა უარი თქვა ტახტზე და ბერად აღიკვეცა. ანტონი მისი სასულიერო სახელია. ეს გადაწყვეტილება ნაწილობრივ პირადი ტრაგედიით იყო ნაკარნახევი. მისი დანიშნული, დიდი თავადის გივი ამილახვრის ქალიშვილი, თბილისში ლაშქრით შემოსულმა ნადირ-შაჰმა წაჰგვარა. სასოწარკვეთლმა ახალგაზრდამ გელათის მონასტერს შეაფარა თავი. განსწავლული და ენერგიული ჭაბუკი სწრაფად დაწინაურდა საეკლესიო იერარქიაში. ჯერ გახდა გელათის მონასტრის წინამძღვარი, შემდეგ ქუთაისის მიტროპოლიტი, ხოლო 1744 წელს, 24 წლის ასაკში - საქართველოს კათალიკოსი. აქედან დაიწყო ანტონ პირველის დაუღალავი და უაღრესად ნაყოფიერი საზოგადოებრივი, საგანმანათლებლო და მეცნიერული მოღვაწეობა. იგი თარგმნის წიგნებს, ქმნის სახელმძღვანელოებს ცოდნის სხვადასხვა დარგში, აარსებს სასწავლო დაწესებულებებს, მათ შორის პირველ ორ სასულიერო სემინარიას თბილისსა (1755) და თელავში (1782), კითხულობს ლექციებს, წერს ორიგინალურ ნაწარმოებებს.       ევროპული ორიენტაციის ანტონი დაუახლოვდა საქართველოში მყოფ კათოლიკე მისიონერებს. ეს კარგად გამოიყენეს მისმა მტრებმა. 1755 წელს საეკლესიო კრებამ ანტონს გაკათოლიკება დასწამა და კათალიკოსობიდან გადააყენა. ანტონი რუსეთს მიემგზავრება, სადაც სინოდი მას ვლადიმირის ეპარქიის მთავარეპისკოპოსად ნიშნავს. რუსეთში გატარებული ექვსი წელი მან ნაყოფიერად გამოიყენა - გაეცნო დასავლეთის უახლეს მიღწევებს მეცნიერებისა და ფილოსოფიის სფეროში. ერეკლე II-ის მიწვევით სამშობლოში დაბრუნებულმა ანტონმა, რომელსაც კვლავ უბოძეს კათალიკოსის ტახტი, ამ ცოდნას მრავალი ადამიანი აზიარა. მან შექმნა სამეცნიერო-საგანმანათლებლო სკოლა, რომელმაც ღრმა კვალი დატოვა მთელ ქართულ საზოგადოებრივ და ინტელექტუალურ ცხოვრებაზე. ანტონი დაკძალულია სვეტიცხოვლის ტაძარში მღვდელმთავრებისა და ბაგრატიონთა დინასტიის წარმომადგენელთა გვერდით.       ანტონის შემოქმედება მდიდარია და მრავალფეროვანი. მასში ფსიქოლოგიას სერიოზული ადგილი უკავია. ანტონის ფსიქოლოგიური შემოქმედება პირობითად შეიძლება ორ პერიოდად დაიყოს: პირველი - რუსეთში წასვლამდე და მეორე - რუსეთში მოღვაწეობისა და რუსეთიდან დაბრუნების შემდეგ. პირველი პერიოდის ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწარმოებია „სპეკალი“ (1752). ეს არის ფილოსოფიური შინაარსის თხზულება, რომელიც სამი ნაწილისაგან შედგება. მესამე, ყველაზე დიდი ნაწილის სათაურია „სულისთვის“ და, ფაქტობრივად, ფსიქოლოგიას წარმოადგენს. მთელი ეს ნაშრომი, არსებითად, ენციკლოპედიური ხასიათისაა; ავტორის მიზანია დაალაგოს მის ხელთ არსებული ცოდნა, რომელიც სხვადასხვა დროის ფილოსოფოსებისა და ეკლესიის მამების ტრაქტატებშია მოცემული. სულის შესახებ მოსაზრებათა შეჯერებისას ანტონი მრავალ ავტორს მოიხსენიებს (ალბერტ დიდი, არისტოტელე, დემოკრიტე, ეპიკურე, დუნს სკოტი, კრატილი, ნემესიოს ემესელი, პეტრიწი, პლატონი, პროკლე, სენეკა, თომა აქვინელი, ჰერაკლიტე და სხვა).       მეორე პერიოდში ანტონი ეზიარა ახალ ფილოსოფიასა და ბუნებისმეტყველებას. აქ ერთობ საგრძნობია ლაიბნიც-ვოლფის შეხედულებათა გავლენა, რომლებსაც იგი უმთავრესად ქრისტიან ბაუმაისტერის (1708-1785) თხზულებების საშუალებით გაეცნო. მან თარგმნა ვოლფის სკოლის ამ თვალსაჩინო წარმომადგენლის ყველაზე პოპულარული სახელმძღვანელოები „მეტაფიზიკა“ და „ფიზიკა“. განსაკუთრებით საინტერესოა ანტონის კომენტარები ამ სახელმძღვანელოებზე. მათში აისახა, თუ როგორ შეიცვალა ან დაზუსტდა ანტონის აზრი ამა თუ იმ საკითხზე „სპეკალში“ ფორმულირებულ თვალსაზრისთან შედარებით. ანტონის თვალსაწიერი ფსიქოლოგიის სფეროში საგრძნობლად გაფართოვდა, რაც განსაკუთრებით დაეტყო მისი ფსიქოლოგიის „ემპირიულ“ ნაწილს. საზოგადოდ, ორივე პერიოდის ფსიქოლოგია შეიცავს როგორც მეტაფიზიკურ-რაციონალურ, ასევე ემპირიულ ნაწილებს. ამასთან, ანტონი იზიარებს ბაუმაისტერის და, შემდგომში ლაიბნიცის აზრს იმის შესახებ, რომ ფსიქოლოგია მეტაფიზიკას მიეკუთვნება. მის შემადგენლობაშია, აგრეთვე ონტოლოგია, კოსმოლოგია და ბუნებრივი თეოლოგია. ეს უკანასკნელი არის სპეკულატური მოძღვრება ღვთაების შესახებ. კოსმოლოგია ფილოსოფიური სწავლებაა სამყაროზე, როგორც მთელზე, ხოლო ფსიქოლოგია - მოძღვრება სულზე, როგორც არამატერიალურ სუბსტანციაზე. მიუხედავად ამისა, ანტონი განიხილავს ამ სუბსტანციის კერძო გამოვლინებებსაც (რაც იგივე ფსიქიკური მოვლენებია), ანუ ეხება ემპირიული ფსიქოლოგიის საკითხებს.       ანტონის მეტაფიზიკურ-რაციონალური ფსიქოლოგიის მიხედვით, სული არის არამატერიალური, სუბსტანციური, მარტივი და უკვდავი. არამატერიალურობა ანუ „უსხეულობა“, სულის უმთავრესი ნიშანია. მატერია განფენილია, სული განუფენელი. მას არა აქვს ზომა, წონა. ყოველივე მატერიალური გარეგანი ზემოქმედებით მოძრაობს, სული კი თვითმოძრავია და მეტიც, ცოცხალ არსებათა სხეულები მოჰყავს მოძრაობაში. ამასთანავე, მას სხეულისაგან დამოუკიდებელი, თავისთავადი არსებობა აქვს, ე.ი. სული სუბსტანციაა. სულიერი ძალები და მოვლენები, რომელთაც ანტონი აღნიშნავს ტერმინით „პსიხე“, ამ სუბსტანციის გამოვლინებებია. სული სხეულის იდეალური არსია, ის აქცევს სხეულს ცოცხალ ორგანიზმად. სულისაგან დაშორებული სხეული კვდება, იშლება ნაწილებად და ნადგურდება. სულს არა აქვს ნაწილები, ის მარტივია, რაც მისი მარადიულობის, უკვდავების საწინდარია.       ვოლფისა და ბაუმაისტერის გავლენით, ანტონი ნიჭთა ფსიქოლოგიის თვალსაზრისს ემხრობა. მას მიაჩნია, რომ ფსიქიკური სინამდვილე („მგრძნობელობითი სული“) ე.წ. სულის ნიჭებით ან ძალებით არის წარმოდგენილი. მგრძნობელობითი სული იყოფა შემეცნებით და მოქმედებით („ძვრით“) ძალებად. ანტონის ინტერესი უმთავრესად შემეცნების პროცესის ფსიქოლოგიაზეა მიმართული. ამ პროცესს ორი საფეხური აქვს: გრძნობადი და რაციონალური. გრძნობად შემეცნებაში მონაწილე ფსიქიკურ უნარებს პყრობითი ძალები შეადგენენ. ისინი, თავის მხრივ, ორ ჯგუფად იყოფა: შინაგანად და გარეგანად. პირველში ერთიანდება ხუთი შეგრძნება, მეორეში - ხუთი სპეციალური შემეცნებითი პროცესი: ზოგადი გრძნობა, წარმოჩინება, ეჭვი, აზრი და მეხსიერება. ეს ალბერტ დიდის კლასიფიკაციაა, მაგრამ მთლიანად მას არ იმეორებს.       გრძნობადი შემეცნების ძალების პყრობითობა ნიშნავს იმას, რომ მათი აქტუალიზაცია ობიექტური, საგნობრივი ვითარების არსებობასა და მის ზემოქმედებას გულისხმობს. შეგრძნებების წარმოქმნა არისტოტელეს მიხედვით არის გააზრებული. საგანი გრძნობის ორგანოზე მოქმედებს არა მასალით, არამედ ფორმით („სახით“). შეგრძნება არის „სახის მიღება“. მაგრამ ეს მიღება უშუალოდ არ ხდება. გამღიზიანებლის ზემოქმედება გაშუალებულია ამ გამღიზიანებელსა და გრძნობის ორგანოს შორის არსებული გარემოთი („სამიმღებო შუა“). შეგრძნების უნარი გრძნობის ორგანოში შესაძლებლობის სახითაა მოცემული, თანაც, თითოეულ გრძნობის ორგანოს მხოლოდ მისთვის დამახასიათებელი შეგრძნების გამოწვევის უნარი აქვს: თვალით მხოლოდ დანახვა შეიძლება, ყურით - მოსმენა. შემეცნების პროცესში შეტანილი წვლილის მხრივ ყველაზე ღირებულია მხედველობა, შემდეგ სმენა.       ზოგადი გრძნობა ანტონთან წარმოდგენილია აღქმის გრძნობადი აქტის სახით, რომელიც აერთიანებს ცალკეულ შეგრძნებათა („კერძოვან გრძნობათა“) მონაცემებს. წარმოჩინების ფუნქციას იმ ხატების დაცვა შეადგენს, რომლებიც ზოგად გრძნობაში (აღქმაში) იყო ასახული. „წარმოჩენითი ძალა“ მის მიერ დაცულ ხატებს შინაგანი გრძნობის სხვა ძალებს აწვდის. ისინი, არსებითად, ხატის მნიშვნელობის გაცნობიერების საფეხურებია. პირველი საფეხური ზოგადი გრძნობის დონეს მოიცავს, სადაც მოცემულია ხილვის, მოსმენისა და სხვა აქტების ცნობიერება (ხედვის ხედვა, სმენის სმენა და ა.შ.). თანამედროვე კოგნიტური ფსიქოლოგია ამის შესახებ იტყოდა, რომ შემმეცნებელ ფსიქიკურ სისტემაში აღქმის ხატში მოცემული ინფორმაციის შემდგომი გრძნობადი გადამუშავება ხდება. ასე მაგალითად, ეჭვი აცნობიერებს ხატში მოცემული მნიშვნელობის ემოციურ მხარეს. „იჭვის“ ძალით აღქმული და წარმოჩენილი შინაარსი ივსება მარტივი ემოციური განცდებით, რის საფუძველზეც აღმოცენდება მიახლოების ან განრიდების ტენდენცია. მაგალითად, მგლის ხატს „იჭვის“ საფუძველზე ინსტინქტურად, ანუ „ბუნებრივად“ ერთვის „მტერობის“ განცდა, რაც აჩენს გაქცევის მისწრაფებას. გამოდის, რომ ეჭვი არის არა მხოლოდ პყრობითი პროცესი, არამედ აღმძვრელი ძალაც. ეჭვი არ არის ადამიანური (სიტყვიერი) სულის სპეციფიკური უნარი. იგი ნიადაგს უქმნის ცხოველის მარტივ ქცევას და თავს იჩენს აღქმულისა და წარმოჩენილის არარაციონალურ შეფასებაში.       ანტონი სერიოზულად ეკიდება ცხოველისა და ადამიანის სულების გარჩევის საკითხს. ამ უკანასკნელს სიტყვიერი სული ეწოდება. სული, ფსიქიკის მნიშვნელობით, ცხოველებსაც აქვთ. მაგრამ ეს არის გონებას და ნებას მოკლებული უსიტყვო სული, დაჯილდოებული გარკვეული პყრობითი ძალებით, პირველ ყოვლისა შეგრძნებით. ერთი სიტყვით, ცხოველი არ არის უსულო არსება, მანქანა, როგორც კარტეზიანელები მიიჩნევდნენ. იგი პრიმიტიული შემეცნების უნარის მქონე ცოცხალი ორგანიზმია.       ცხოველი აზრის უნარის მატარებელიც არის. „ჰაზრი გინა განზრახვა“ დაახლოებით იგივეა, რაც ფანტაზია. მისი ფუნქცია ხატებისა და მნიშვნელობების ურთიერთკომბინირებაში მდგომარეობს. ამ უნარს მიეწერება ცხოველის ქცევის ისეთი თავისებურებანი, როგორიცაა მომავლის გრძნობა, მსჯელობის ეკვივალენტური პრიმიტიული ცოდნა, არჩევანი და ა.შ. ადამიანის შემთხვევაში აზრითი ძალის მოქმედებას ასწორებს და მიმართავს გონება. ამიტომ მისი გამოვლინებანი ადამიანში ბევრად უფრო მრავალფეროვანია. ამ კონტექსტში ანტონი სვამს საკითხს, თუ რა კანონზომიერებას ემორჩილება კავშირი იდეებს შორის. ცნობიერებაში იდეები იზოლირებულად არ არსებობენ. მათ შორის კავშირი „შინაგან გრძნობაში“ მოცემული რეალობაა, ფაქტია. იდეების დაკავშირების კანონზომიერების დასადგენად ანტონი, პირველად ქართულ ფილოსოფიურ მწერლობაში, მიმართავს ასოციაციის მექანიზმს. იდეათა კავშირი თავს იჩენს იმაში, რომ ერთი იდეა მეორეს იწვევს. ესაა „იდეათა თანამოყვასობა“, ანუ ასოციაცია. იდეა იმ იდეას იწვევს, რომელთან ერთადაც („თანად“) ყოფილა განცდილი. იდეების დაკავშირება, პრინციპში, ფსიქიკური ცხოვრების გართულება და განვითარებაა. გამოდის, რომ ასოციაცია განვითარების მექანიზმია. მაგრამ, ადამიანის შემთხვევაში, სულიერი ძალები ძირითადად ვითარდებიან და იზრდებიან ინტელექტის საფუძველზე გარდაქმნის შედეგად.       ეს ეხება მეხსიერების უნარსაც, რომელიც ადამიანის დონეზე სულ სხვა სახეს იღებს, ვინაიდან გონების სამსახურში ექცევა. საერთოდ კი მეხსიერება გარკვეულად „წარმოჩენითი ძალის“ ფუნქციის გამგრძელებელია. თუ ეს უკანასკნელი „ზოგად გრძნობაში“ მოცემული ხატების დაცვას ემსახურება, მეხსიერება ამ ხატების შინაარსს წარსულთან მიმართებაში, ანუ როგორც წარსულში არსებულს ან მომხდარს აცნობიერებს.       რაციონალური შემეცნების ძალები, შემეცნების პროცესის უმაღლესი საფეხურია, როგორც გენეტიკურად, ისე ფუნქციურად. განსხვავებით გრძნობადი შემეცნების ძალებისაგან, ისინი სპეციფიკურად ადამიანურ უნარებად ითვლებიან. ასეთად, პირველ რიგში, მიჩნეულია ყურადღება. ყურადღების უნარის დახასიათება, რომელიც ანტონმა სპეკალში მოგვცა, პირველია ქართული ფსიქოლოგიური აზრის ისტორიაში. აქ ყურადღება განხილულია, როგორც დამოუკიდებელი, სპეციფიკურად ადამიანური უნარი და ყოველგვარი ინტელექტუალური აქტივობის პირობა. ინტელექტუალური ძალების მოქმედება მას შემდეგ იწყება, რაც შესამეცნებელი საგანი ნათლად და გამოკვეთილად იქნება წარმოდგენილი ყურადღების მიერ. საკუთრივ ინტელექტუალურ ძალებს მიეკუთვნება „თნება“ - ნაკლებად ზოგადი, არააუცილებელი და არაარსებითი ცოდნა; „მიდმოგონება“ - დისკურსიული, ლოგიკური აზროვნება და „გაგონება“ - ინტუიციური აზროვნება, აზროვნების საგნის უშუალო წვდომა. ფსიქოლოგიის ისტორიკოსის შეფასებით, რაციონალური შემეცნების ძალებზე ანტონი ისეთს არაფერს ამბობს, რაც არ იყო ცნობილი ადრეული ხანის ქართულ ფილოსოფიურ წყაროებში და რაც არ განზოგადებულა სულხან-საბასთან. სამაგიეროდ, პირველად „სპეკალში“ გვხვდება ჩამოყალიბებული თეორია და ცოდნა გრძნობადი შემეცნების პროცესის შესახებ (ა. ფრანგიშვილი).       ანტონის ინტერესი შემეცნების ფსიქოლოგიაზე იყო კონცენტრირებული; ამიტომ სულის „ძვრითი ძალების“ შესახებ ძალზე მოკლედაა ნათქვამი. აქ საუბარია ნებელობაზე და ამ ტერმინში სხვადასხვა მნიშვნელობაა ჩადებული. გონიერ (სიტყვიერ) სულში ის წადილის სახითაა მოცემული, ხოლო უგონო სულში სურვილის ან „სულის თქმის“ სახით. ნების კიდევ ერთი მნიშვნელობა გადაწყვეტილების გამოტანის უნარს (ნიჭს) უკავშირდება.       ამ დახასიათების დროს, ანტონი, როგორც ყოველთვის, მიმართავს არა დაკვირვებასა და გამოცდილებას, არამედ სხვადასხვა მოაზროვნეთა წარმოდგენების სისტემატიზაციას და შერიგებას. ზოგჯერ იგი აღწევს მათ „ორგანულ სინთეზს“, მაგრამ უმეტეს შემთხვევაში ფსიქოლოგიის (ან, როგორც ანტონი უწოდებს, „პსიხოლოღიის“) სისტემის შექმნა ეკლექტიზმით მთავრდება. ეს ერთნაირად ეხება როგორც ანტონის რაციონალურ ფსიქოლოგიას, ისე ემპირიულს. ორივე მათგანი „პსიხოლოღიის“ ქუდის ქვეშ არის მოქცეული. ანტონმა გააერთიანა ვოლფის მიერ გამიჯნული ფსიქოლოგიის ეს ორი სახე, ანუ ფაქტობრივად გაჰყვა ბაუმაისტერს, რომელმაც გერმანიაში ფსიქოლოგიის გადმოცემის ასეთი ტრადიცია დაამკვიდრა. სულის შესახებ მეტაფიზიკურ მსჯელობებს ანტონ კათალიკოსი, ბუნებრივია, განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებდა. ამიტომ, საბოლოოდ შეიძლება ითქვას, რომ მისი მოძღვრება სულის შესახებ არის რაციონალური (მეტაფიზიკური) ფსიქოლოგია, სადაც ცდისეულ ფსიქოლოგიას სერიოზული ნაწილი აქვს დათმობილი. ანტონის შემდეგ რაციონალური ფსიქოლოგიის ყველაზე თვალსაჩინო წარმომადგენლია იონა ხელაშვილი (1770-1837).       ემპირიულ ფსიქოლოგიაზე აქცენტი უფრო მეტად არის გამოკვეთილი ღირსეული ქართველი ენციკლოპედისტისა და განმანათლებლის იოანე ბაგრატიონის (1767-1830) შემოქმედებაში. იგი იყო ქართლ-კახეთის უკანასკნელი მეფის გიორგი XII-ის შვილი. მამის გარდაცვალების შემდეგ, პოლიტიკურ ასპარეზს ჩამოშორებული, სხვა ბატონიშვილებთან ერთად რუსეთში გადასახლებული იოანე ბაგრატიონი აქტიურ სამწიგნობრო-მთარგმნელობით და ლიტერატურულ-მეცნიერულ მოღვაწეობას ეწეოდა. იგი ავტორია რამდენიმე ლექსიკონისა და ენციკლოპედიისა. მისი შემოქმედების მწვერვალია „კალმასობა“ (1824), რომელიც ლიტერატურული ნაწარმოებიც არის და ენციკლოპედიური ხასიათის თხზულებაც. ის შეიცავს ცნობებს თითქმის ყველა დარგიდან, მათ შორის, და საკმაოდ ბევრს, ფსიქოლოგიიდან. გარდა ამისა, იოანე ბაგრატიონს ეკუთვნის მცირე ზომის წმინდა ფსიქოლოგიური ნარკვევი „ძალნი სულისანი“.       იოანე ბაგრატიონი საუბრობს სულის რელიგიურ და მატაფიზიკურ მნიშვნელობებზე (ღმერთი, რომელიც დასაბამს აძლევს ყოველივე ამქვეყნიურს, მათ შორის უკვდავ სულს), მაგრამ მკაფიოდ განმარტავს, რომ ასეთი ცოდნა მეცნიერების საზღვრებში არ მოიპოვება. ამდენად, იგი უშვებს მეტაფიზიკურრაციონალურ და ემპირიულ ფსიქოლოგიას. ეს უკანასკნელი შეიძლება იყოს დადებითი მეცნიერული ცოდნის დარგი, ვინაიდან მეცნიერება მხოლოდ ბუნებრივ მოვლენებს შეისწავლის. თუ იონა ხელაშვილს სულიერი მოვლენების ბუნებრივი მიმდინარეობა უმთავრესად მათი ზებუნებრივი საწყისის საჩვენებლად აინტერესებდა, იოანე ბაგრატიონისთვის ფსიქიკურ ცხოვრებას თავისთავადი მნიშვნელობა აქვს. ამ სინამდვილის ემპირიულად მოცემული თვისებები მისი ბუნებრივი განვითარების შედეგის სახით განიხილება. აქ იოანე ბაგრატიონი ლოკსა და კონდილიაკს მიჰყვება. იგი კონდილიაკის ემპირისტულ-სენსუალისტური მოძღვრების დიდ გავლენას განიცდიდა და მისი „ლოგიკაც“ თარგმნა. უფრო მეტიც, თავის ნაწარმოებებში იგი კონდილიაკს ხშირად სიტყვა-სიტყვით იმეორებს.       შემეცნების მეთოდი „ემპირიული ანალიზია“. სულიერი მოვლენები ისევე უნდა შეისწავლებოდეს, როგორც ყველა სხვა ბუნებრივი საგანი თუ ფენომენი. ამაში იგულისხმება მათი „გამოწვლილებით განრჩევა“, ანუ მათი ელემენტებად დაშლა და შემდგომში ახსნა ამ ელემენტების კავშირების საფუძველზე. ფსიქიკურის მთელი შინაარსი ასეთი ანალიზის შედეგად გამოვლინდება. ეს კი ჩვენთვის უკვე კარგად ცნობილი ატომიზმის ან ელემენტარიზმის პრინციპია, რომელიც ემპირიული ფსიქოლოგიის დამახასიათებელი ნიშანია.       სენსუალისტური შეხედულების თანახმად, ფსიქიკის მთავარი ელემენტი შეგრძნებაა. მთელი სულიერი ცხოვრება შეგრძნებებიდან აღმოცენდება და მათი გარდაქმნის შედეგია. ფსიქიკური ფუნქციები, ანუ „ძალნი სულისანი“ შეგრძნებებიდან წარმოიქმნება მათი სახეცვლილების საფუძველზე. ეს ფუნქციებია: 1. ყურადღება, რაც არსებითად არის შეგრძნების იზოლირებული განცდა; 2. შეთანასწორება ორთა განცდათა, ანუ შედარება, რაც ორ შეგრძნებაზე ყურადღების მიქცევას ნიშნავს; 3. ჰსჯა ანუ მსჯელობა, რაც, არსებითად, გრძნობადი მონაცემების შედარების გართულებული ფორმაა; 4. მიდგონება ანუ განსჯა, რაც ცნობიერების ერთი იდეიდან მეორეზე გადასვლას ნიშნავს; 5. წარმოსახვა - ორი იდეიდან ერთი ახალი იდეის შექმნა; 6. გონიერება ანუ ორი მსჯელობიდან (წინამძღვრიდან) ერთის გამოყვანა (დასკვნა); 7. მეხსიერება, ანუ გაგება, რაც მთლიანად შემეცნებაა და მოიცავს შეგრძნების გარდაქმნით მიღებულ ყურადღების, შედარების, მსჯელობისა და დასკვნის სულიერ ძალებს.       იოანე ბაგრატიონის მიხედვით, რაც სრულ შესაბამისობაშია სენსუალისტურ-ემპირიულ ფსიქოლოგიასთან, ფსიქიკური სინამდვილის შემადგენელი პროცესები და შინაარსები (იდეები) ცხოვრებისეული გამოცდილების შედეგად შეძენილი მოვლენებია.       შეგრძნებათა სხვა ფსიქიკურ ფუნქციებში ტრანსფორმაციის პროცესს მამოძრავებელი ძალა, მოქმედების საფუძველი ესაჭიროება. ასეთად მოთხოვნილებაა მიჩნეული. სულიერი ცხოვრების დინამიკური წყარო თვით სულში კი არ არის თანდაყოლილად ჩანერგილი, როგორც ამას ნიჭთა ფსიქოლოგია თვლიდა, არამედ ერთ-ერთი სულიერი მოვლენის, კერძოდ მოთხოვნილების უნარიდან მომდინარეობს. ეს უნარიც შეგრძნებიდან არის ნაწარმოები, ვინაიდან დანაკლისის განცდა (სურვილი) მგრძნობელობის განუყოფელი მხარეა. თუ საჭირო საგნის დანაკლისით გამოწვეულ სურვილს მსჯელობაც ერთვის, ამ მდგომარეობას ნება ეწოდება. ნება, პრინციპში, მხოლოდ მოთხოვნილების სახეობაა და არა მისგან განსხვავებული, აქტივობის დამოუკიდებელი საწყისი. ეს ნიშნავს, რომ ნებისყოფის თავისუფლებაზე საუბარი უსაფუძვლოა, ვინაიდან ნება ყოველთვის „საჭიროების“ (დანაკლისის) გამოხატულებაა და, მაშასადამე, აუცილებლობის სფეროშია მოქცეული.       საქართველოში ფსიქოლოგიური აზრის მოკლე ისტორიაც ვერ აუვლის გვერდს შესანიშნავი სწავლულისა და მამულიშვილის ს. დოდაშვილის შემოქმედებას. სოლომონ დოდაშვილი (1805-1836) დაიბადა სიღნაღის მაზრის სოფელ მაღაროში, მღვდლის ოჯახში. თბილისის სასულიერო სემინარიაში იგი გამორჩეულ მოსწავლედ ითვლებოდა. ამიტომ მისი დამთავრების შემდეგ, მიტროპოლიტ იოანე ბოდბელის ხელშეწყობით, იგი სწავლის გასაგრძელებლად რუსეთში გაემგზავრა და ჩაირიცხა პეტერბურგის საიმპერატორო უნივერსიტეტის ფილოსოფიურ-იურიდიულ ფაკულტეტზე. 1827 წელს დოდაშვილი წარჩინებით ამთავრებს უნივერსისტეტს და სადოქტორო დისერტაციად წარადგენს ნაშრომს: „ფილოსოფიის კურსი. პირველი ნაწილი. ლოგიკა“. ამ შრომის ღირსებები თავიდანვე ყველასთვის ნათელი იყო. მას ძალიან მაღალი შეფასება მიეცა და იმავე წელს გამოქვეყნდა, რაშიც დოდაშვილს დიდი დახმარება გაუწია ცნობილმა ქართველმა ფილოსოფოსმა და თეოლოგმა, პეტერბურგში გადასახლებული ბატონიშვილების კარის მოძღვარმა, იონა ხელაშვილმა. ამ წიგნის წყალობით დოდაშვილმა ღირსეული ადგილი დაიმკვიდრა ქართული და რუსული ფილოსოფიური და ფსიქოლოგიური აზრის ისტორიაში.       სამშობლოში დაბრუნებული დოდაშვილი მრავალფეროვან სამწერლოჟურნალისტურ, საგანმანათლებლო და სამეცნიერო მოღვაწეობას ეწევა. იგი აქტიურად არის ჩართული საზოგადოებრივ ცხოვრებაში. 1832 წელს დააპატიმრეს რუსეთის თვითმპყრობელობის წინააღმდეგ მიმართულ შეთქმულებაში მონაწილეობისთვის, რომლის მიზანი საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენა იყო. დოდაშვილს თავდაპირველად ჩამოხრჩობა მიესაჯა, რომელიც შემდგომ ათი წლით გადასახლებით შეუცვალეს. ჭლექით ავადმყოფ დოდაშვილს ვიატკის გუბერნიის კლიმატმა მალე მოუღო ბოლო. იგი იქვე, ვიატკაში დაკრძალეს. 1994 წელს სახელოვანი მამულიშვილის ნეშტი სამშობლოში გადმოასვენეს და მთაწმინდის მიწას მიაბარეს.       თავის „ლოგიკაში“ დოდაშვილი განიხილავს ფილოსოფიის შემადგენლობისა და მეცნიერების მეთოდოლოგიის პრობლემატიკას. ამ კონტექსტში იგი გამოთქვამს მოსაზრებებს, რომლებიც ფსიქოლოგიის, როგორც მეცნიერების დასაბუთებას და მისი კვლევის ხასიათს ეხება. უნდა ითქვას, რომ ლოგიკისთვის ყოველთვის მნიშვნელოვანი იყო მისი გამიჯვნა ფსიქოლოგიისაგან. ფსიქოლოგიზმის საფრთხე აქ საკმაოდ მძაფრად იგრძნობა, ვინაიდან ლოგიკა არის სწავლება აზროვნების წესებისა და კანონების შესახებ. აქედან გამომდინარე, შესწავლის სფერო თითქოს ემთხვევა აზროვნების ფსიქოლოგიას. საჭირო ხდება იმის ჩვენება, რომ ლოგიკა „სწორი“ აზროვნების უცვლელ, მარადიულ და საყოველთაო წესებს ადგენს, ხოლო ფსიქოლოგია ადამიანის აზროვნების ცოცხალ პროცესს შეისწავლის. ფსიქოლოგია არ ახასიათებს აზროვნებას სისწორე-მცდარობის თვალსაზრისით და იკვლევს მას, როგორც ცნობიერების მოვლენას, რეალურ ფსიქიკურ მოქმედებას. აზროვნების ფაქტობრივად მიმდინარე პროცესის კვლევა ემპირიულად შეიძლება, რასაც ვერ ვიტყვით ლოგიკის შესასწავლ პრობლემატიკაზე ანუ იმაზე, როგორ უნდა იაზროვნონ ადამიანებმა. გასათვალისწინებელია ისიც, რომ რეალური ფსიქიკური ცხოვრება აზროვნებით არ ამოიწურება და აზროვნებაზე არ დაიყვანება.       ამგვარად, ფსიქოლოგია განსხვავდება ლოგიკისაგან. იგი განსხვავდება, აგრეთვე, მეტაფიზიკისაგან (მოძღვრება შემეცნებისა და შესამეცნებლის ზოგად კანონებზე). დოდაშვილი ფიქრობს, რომ ლოგიკა, ფსიქოლოგია და მეტაფიზიკა ე.წ. თეორიული ფილოსოფიის ნაწილებია. გარდა ამისა, გამოიყოფა პრაქტიკული ფილოსოფია (ეთიკა, სამართალი, თეოლოგია) და ესთეტიკა. ფილოსოფიის მთლიანმა სისტემამ, რომლის მხოლოდ პირველი ნაწილია ლოგიკა, უნდა მოიცვას ყველა ეს დისციპლინა. მაშასადამე, ფსიქოლოგია დოდაშვილის მიერ საბუთდება, როგორც ფილოსოფიის ცალკე დარგი, რომელიც ადგენს ადამიანის ფსიქიკური მოქმედების კანონზომიერებებს.       რა აქვთ საერთო ფილოსოფიას და, კერძოდ, ლოგიკას ფსიქოლოგიასთან? როგორც ითქვა, ლოგიკა და ფსიქოლოგია ფილოსოფიის დარგებია. ორივე აზროვნებას შეისწავლის, მაგრამ სხვადასხვა ასპექტით. ამავე დროს, თვით ფილოსოფიის ძირითადი ამოცანა ფორმულიერებულია, როგორც ადამიანის მიერ საკუთარი თავის შემეცნება. „ფილოსოფია ნიშნავს ყურადღება მივაპყროთ თავის თავს, ჩავწვდეთ თავის თავს, რათა გამოვიცნოთ და გავიგოთ თვით ჩვენი თავი და ამ გზით დავადგინოთ სამყარო ჩვენში და ჩვენთან“. მაგრამ „სამყარო ჩვენში“ ფსიქოლოგიის უშუალო კვლევის საგანია. მეტად საყურადღებოა ისიც, რომ „ფილოსოფიაში შემმეცნებელი პირი და შემეცნების უმთავრესი საგანი ადამიანია“. მაშასადამე, სხვა მეცნიერებებისაგან განსხვავებით, შემეცნების ობიექტი და სუბიექტი ფილოსოფიაში ერთმანეთს ემთხვევა: ადამიანი ადამიანს შეისწავლის, ცნობიერება ცნობიერებას, აზროვნება აზროვნებას. გამოდის რომ ფილოსოფია, არსებითად, თვითშემეცნებაა. ალბათ შეიძლება იმაზე მსჯელობა, თუ რამდენად ვრცელდება ეს თეზისი ფილოსოფიის ისეთ შემადგენლებზე, როგორიც მეტაფიზიკა ან, თუნდაც, ესთეტიკაა, მაგრამ ლოგიკისა და ფსიქოლოგიის მიმართ იგი უდავოდ მართებულია (მას შემდეგ, რაც ფსიქოლოგია მეცნიერებათა სისტემაში დამკვიდრდა, მის ერთ-ერთ სპეციფიკურ ნიშნად ითვლება ის, რომ აქ ადამიანის მეცნიერული ცნობიერება გადაიქცევა მის მეცნიერულ თვითცნობიერებად). ასეთ შორს მიმავალ პარალელებსა და განზოგადებებს დოდაშვილი არ აკეთებს, მაგრამ საგანგებოდ უნდა აღინიშნოს, რომ ფილოსოფიის მისეული დახასიათება გარკვეული მნიშვნელობით ფსიქოლოგიურ ხასიათს ატარებს; ყოველ შემთხვევაში ფსიქოლოგიას ფილოსოფიური ცოდნის ორგანულ ნაწილად გულისხმობს.       შეიძლება ვიფიქროთ, რომ ასეთი პოზიცია, ფსიქოლოგიის ისტორიის თვალსაზრისით, არ არის პროგრესული. ფსიქოლოგიის განვითარების მაგისტრალური ხაზი ხომ მისი ფილოსოფიისაგან ემანსიპაციასა და დამოუკიდებელ, პოზიტიურ მეცნიერებად გაფორმებაში მდგომარეობდა. მაგრამ აქ საკითხი სხვაგვარად დგას; მთავარი ის კი არ არის, ფორმალურად დისციპლინათა რომელ ჯგუფს აკუთვნებს ავტორი ფსიქოლოგიას, არამედ ის, თუ როგორ აქვს გააზრებული ამ მეცნიერების მეთოდოლოგიური და მეთოდური სახე.       დოდაშვილი პირდაპირ არ ახსენებს ფსიქოლოგიას, მაგრამ მისი პოზიცია ამ პრინციპულ საკითხებზე გარკვევით იკითხება მსჯელობებში ადამიანის მეცნიერული შესწავლის შესაძლებლობის თაობაზე. იგი წერს: „გვიჩვენეთ თუნდაც ერთი ნაწილი ადამიანის შემადგენლობაში, თუნდაც ერთი მოქმედება ამ მცირე სამყაროში, რომელიც მუდმივ კანონებს არ ექვემდებარებოდეს. მისი შინაგანი იდეალური ცხოვრება თავის თავში და თავის მოვლენებში ისევე, როგორც ორგანული და ცხოველური არსებობაც, არ შეიძლება და არც უნდა იყოს შეუწყობელი, უწესრიგო“. აზრი ნათელია: „შინაგანი იდეალური ცხოვრების“ შემსწავლელი მეცნიერება (ფსიქოლოგია), უნდა ამოდიოდეს იმ მასალიდან, რასაც იგი „თავის მოვლენებში“ ნახულობს და ხელმძღვანელობდეს კვლევის იგივე პრინციპებით, რითაც ბუნების მოვლენების შემსწავლელი სხვა მეცნიერებები. აქ, არსებითად, ის იგულისხმება, რომ მეცნიერული კვლევა დეტერმინიზმის მეთოდოლოგიური პრინციპის საფუძველზე უნდა მიმდინარეობდეს. რაც შეეხება კონკრეტულ მეთოდურ ხერხებს, საფიქრებელია, რომ ისინიც სხვა მეცნიერებათა მსგავსად უნდა იყვნენ შერჩეული. დოდაშვილთან ჩვენ ვერ ვხვდებით პირდაპირ მოწოდებას ფსიქოლოგიისადმი მიმართოს ექსპერიმენტს, როგორც ამას ორი ათეული წლის შემდეგ გააკეთებს მისი გამოჩენილი კოლეგა, ლოგიკოსი ჯ. ს. მილი, მაგრამ ეს აზრი ფაქტობრივად ნაგულისხმევია და რომ დასცლოდა ქართველ სწავლულს, ამას უთუოდ იტყოდა.       დოდაშვილის ლოგიკა, როგორც ითქვა, მხოლოდ პირველი ნაწილია მის მიერ ჩაფიქრებული იმ ფილოსოფიური სისტემისა, რომელიც ფსიქოლოგიასაც მოიცავს. ეჭვი არ არის, რომ იგი არ შემოიფარგლებოდა ფსიქოლოგიის მეთოდოლოგიური საკითხების გარკვევით და ფსიქოლოგიური ცოდნის სისტემურ დალაგებაზეც იზრუნებდა. თუ გავითვალისწინებთ დოდაშვილის მეცნიერულ კრედოს, მის მსოფლმხედველობრივ პოზიციას, რომელიც გულისხმობს სქოლასტიკური ბორკილებისაგან განთავისუფლებას და გამორიცხავს მეცნიერებაში ყოველივე ზებუნებრივს, საფიქრებელია, რომ მისი ფსიქოლოგია არ იქნებოდა მეტაფიზიკური და მისტიკურ-რელიგიური შინაარსით დატვირთული რაციონალური ფსიქოლოგია [1].       ალბათ ასეთი შინაგანი პოზიციის უქონლობამ არ მისცა საშუალება ქართული ფსიქოლოგიური აზრის მომდევნო თაობის თვალსაჩინო წარმომადგენელს გ. ქიქოძეს (გაბრიელ ეპისკოპოსს), რეალურად განთავისუფლებულიყო ანტონის სკოლის „რაციონალური ფსიქოლოგიის“ გავლენისაგან და თავისი „ცდისეული ფსიქოლოგიის საფუძვლები“ მთლიანად მეცნიერულ ნიადაგზე დაემკვიდრებინა. ეს ნაშრომი საგანგებო ყურადღებას იმსახურებს თუნდაც იმიტომ, რომ ეს არის ჩვენში შექმნილი ფსიქოლოგიის პირველი სისტემატური კურსი, რომელიც თავისი უდავო ღირსებების გამო კარგა ხანს ასრულებდა სახელმძღვანელოს ფუნქციას რუსეთის იმპერიის სემინარიებში.       გაბრიელ (ერისკაცობაში გერასიმე) ქიქოძე (1825-1896) დაიბადა ოზურგეთის მაზრის სოფელ ბახვში. 1839-1845 წლებში სწავლობდა თბილისის, ფსკოვისა და პეტერბურგის სასულიერო სემინარიებში. 1849 წელს დაამთავრა პეტერბურგის სასულიერო აკადემია. მაგისტრის ხარისხის მქონე ახალგაზრდა ღვთისმეტყველების გარდა საფუძვლიანად დაეუფლა ფილოსოფიას, ისტორიას, მათემატიკას, ფიზიკას. იმავე წელს დაბრუნდა სამშობლოში და დაიწყო სამსახური თბილისის სასულიერო სემინარიაში ინსპექტორად და რექტორის თანაშემწედ. აქვე ფიზიკისა და მათემატიკის პროფესორის რანგში კითხულობდა შესაბამის კურსებს, ხოლო თბილისის კეთილშობილ ქალთა ინსტიტუტში ასწავლიდა საღმრთო რჯულს. დიდი პირადი ტრაგედიის გადატანის მერე (მან მოკლე დროში დაკარგა მეუღლე და ხუთი შვილი), 1856 წელს აღიკვეცა ბერად. 1858 წელს დაინიშნა დავითგარეჯის არქიმანდრიტად, შემდეგ იყო გორისა და 1860 წლიდან იმერეთის ეპისკოპოსი. გაბრიელ ეპისკოპოსი დაკრძალულია გელათის ღვთისმშობლის ეკლესიაში.       გაბრიელ ეპისკოპოსი იყო დიდად პატივცემული სასულიერო და საზოგადო მოღვაწე. მისი თაოსნობით დაარსდა საყოველთაოდ ცნობილი „ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება“, გაიხსნა რამდენიმე საერო სკოლა და სასწავლებელი, სასულიერო სემინარია. იგი დღენიადაგ იღწვოდა ქართული ეროვნული ინტერესებისთვის; განსაკუთრებული შემართებით იბრძოდა ქართული ენის შესანარჩუნებლად.       გაბრიელის ქადაგებანი გამოირჩეოდნენ უზადო ფორმით და ღრმა თეოლოგიური და ზნეობრივი შინაარსით. ისინი გამოიცა ქართულად, რუსულად და ინგლისურად, რაც მათ მიმართ უდიდეს ინტერესზე მეტყველებს. მაგრამ, მისი გონების ყველაზე მნიშვნელოვანი ქმნილება უთუოდ „ცდისეული ფსიქოლოგიის საფუძვლებია“. ეს თხზულება იწერებოდა ავტორის პროფესორობისა და ბერობის პერიოდში. ის გამოქვეყნდა 1858 წელს პეტერბურგში და იყო ერთ-ერთი პირველი სახელმძღვანელო, რომელიც რუსეთის იმპერიის ტერიტორიაზე შეიქმნა. ამ წიგნით დიდი ხნის მანძილზე მიმდინარეობდა ფსიქოლოგიის სწავლება რუსეთის სემინარიებში. ეს რუსულად შექმნილი ნაწარმოები ქართულად მხოლოდ 1993 წელს გამოქვეყნდა.       ქიქოძე მკაფიოდ აყალიბებს თავისი ნაშრომის მთავარ მიზანს - დაიწეროს ისეთი ფსიქოლოგია, რომელიც, საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა მსგავსად, დაეფუძნება ცდებისა და დაკვირვების მონაცემებს და, ამდენად, აღარ იქნება დამოკიდებული „უნაყოფო გონებაჭვრეტაზე“. ფსიქოლოგია არის მეცნიერება სულის შესახებ, რომელიც სულიერი მოვლენებისა და ფაქტების სახით არის წარმოდგენილი. შინაგანი დაკვირვების გზით ჩვენ შეგვიძლია მათი შესწავლა ისევე, როგორც გარეგანი დაკვირვებით შევიმეცნებთ ბუნების მოვლენებს. ვინაიდან ჩვენი თვითცნობიერება მუდმივი შინაგანი ცდაა, შესაძლებელია მისი მოქცევა მეცნიერული კვლევის კალაპოტში, სულიერი მოვლენების მიუკერძოებელი აღწერა და ფაქტების ანალიზი. ამგვარად, ფსიქოლოგია გახდება გამართული ცდისეული მეცნიერება.       ავტორის აზრით, ფსიქოლოგია ჯერ არ ასულა ამ დონეზე. ეს მტკიცება ალბათ იმის გამოძახილია, რომ ქიქოძე უფრო მეტად გერმანელ ავტორებს ეყრდნობოდა. გერმანიაში ემპირიული ფსიქოლოგია ჰერბარტის სკოლით იყო წარმოდგენილი, მაგრამ ბევრად უფრო გავრცელებული იყო მეტაფიზიკური ფსიქოლოგია. მას ახლებური სახელწოდება ქ. ვოლფმა მიანიჭა, როცა ერთმანეთს დაუპირისპირა „ემპირიული“ და „რაციონალური“ ფსიქოლოგია შესაბამისი სახელწოდების წიგნებში. ამას დაემატა კანტის გავლენა (იხ. თავი 4.2), რის შედეგადაც ემპირისტულ იდეებს გერმანიაში ნაკლები გასაქანი მიეცა. ფსიქოლოგიის ისტორიის გამარტივებული სქემის მიხდვით, ემპირიული ფსიქოლოგიის ეტაპი მეტაფიზიკური ფსიქოლოგიის ეტაპს მოსდევს. ეს, ცხადია, არ ნიშნავს იმას, რომ ემპირიული ფსიქოლოგია მეჩვიდმეტე საუკუნიდან, ანუ მისი გაფორმებისთანავე ჩაენაცვლა მეტაფიზიკურ ფსიქოლოგიას. „მენტალურ ფილოსოფიაში“, რომლის ფარგლებშიც ვითარდებოდა ფსიქოლოგიური შემეცნება, მეტაფიზიკური ფსიქოლოგია კიდევ დიდ ხანს ინარჩუნებდა პოზიციებს. მეთვრამეტე საუკუნიდან კი მას რაციონალური ფსიქოლოგია დაერქვა.       რაციონალური ფსიქოლოგია განიხილავს უკვდავი სულის მეტაფიზიკურ ბუნებას. იგი მიისწრაფვის გონებაჭვრეტით, ონტოლოგიური და გნოსეოლოგიური თვალსაზრისით სწვდეს სულის არსს, ანუ იმას, თუ როგორია სული თავისთავად და როგორია ის შემეცნებისთვის. ემპირიული ფსიქოლოგია აღწერს დაკვირვებაში მოცემული ცნობიერების რეალურ მოვლენებს, ახდენს ამ მოვლენების კლასიფიკაციას და ადგენს მათ შორის არსებულ კანონზომიერ კავშირებს. დღევანდელი ფსიქოლოგიის სახე უპირატესად ემპირიული ფსიქოლოგიის პრინციპებმა განსაზღვრა. ამდენად, ქიქოძის „ცდისეული ფსიქოლოგიის საფუძვლები“ მასში დეკლარირებული მიზნებით (ემპირიულ ნიადაგზე დადგომა და მეტაფიზიკური სპეკულაციებისაგან გათავისუფლება) უეჭველად მოექცა ფსიქოლოგიის განვითარების იმ კალაპოტში, რომელმაც მისი შემდგომი პროგრესი უზრუნველყო და დამოუკიდებელ ექსპერიმენტულ მეცნიერებად აქცია. სხვა საკითხია, თუ რამდენად შეძლო ავტორმა რაციონალური ფსიქოლოგიისაგან რეალური გათავისუფლება და ცდისეული ფსიქოლოგიის პრინციპების თანმიმდევრული გატარება.       სულიერი მოვლენების შესწავლას ქიქოძე შეგრძნებების ანალიზით იწყებს. შეგრძნებებში სამი ასპექტი უნდა გამოიყოს: 1. შეგრძნებების გამომწვევი ფიზიკური მოვლენა ანუ გარე მიზეზი; 2. სხეულის ორგანოში, ნერვში და ტვინში მიმდინარე აგზნების ფიზიოლოგიური პროცესი ანუ შთაბეჭდილება და 3. საკუთრივ შეგრძნება, როგორც ფსიქიკური ფენომენი ანუ განცდა. ავტორი დაჟინებით მოითხოვს, არ ავრიოთ ისინი ერთმანეთში და არ დავიყვანოთ ერთმანეთზე. არ შეიძლება შეგრძნების, როგორც ფსიქიკური ფაქტის გაიგივება ფიზიკურ ან ფიზიოლოგიურ მოვლენასთან. წინააღმდეგ შემთხვევაში ფსიქოლოგია ზედმეტი გახდება.       მიუხედავად იმისა, რომ ფიზიოლოგია მაშინ სწრაფად ვითარდებოდა, ცოდნა გრძნობის ორგანოთა მოწყობაზე, სათანადო ცენტრების განლაგებასა და ფუნქციონირების კანონზომიერებებზე ჯერ კიდევ მწირი იყო. ეს ქიქოძის შეხედულებაზეც აისახა (იმის თქმაც საკმარისია, რომ იგი ფრენოლოგიის თვალსაზრისს იზიარებდა). მაგრამ მთავარი მაინც მისი რწმენაა, რომ ფიზიოლოგიისა და ნევროლოგიის სფეროში არსებული ცოდნა, მისი მასშტაბის მიუხედავად, ვერ ნათელყოფს შეგრძნებისა და სხვა გონებრივი თუ სამოძრაო უნარების წარმომავლობას. მათი საწყისი არის „სუბსტანცია, რომელიც ადამიანში ყველაფერს შეიგრძნებს და ამოძრავებს, სრულიად განსხვავებულია ტვინისაგან და საერთოდ ყოველგვარი ორგანიზმისაგან. ეს არის არასხეულებრივი, სულიერი სუბსტანცია, რომლის ძირითად ძალას შეგრძნება შეადგენს. ტვინი კი მხოლოდ უკანასკნელი და, ამავე დროს, ცენტრალური ორგანოა, სადაც თავს იყრის ყველა შთაბეჭდილება, რათა საბოლოოდ აისახოს სხვადასხვაგვარი შეგრძნებების სახით ამ უხილავ სუბსტანციაში“.       ამრიგად, შეგრძნებასა და მოძრაობას, სულიერი სუბსტანციის სახით, აქვს სხეულისაგან, ტვინისაგან დამოუკიდებელი და მისგან განსხვავებული საწყისი, პირველადი წყარო. ქიქოძე ამ საკვანძო დებულების დასაბუთებას ემპირიულად, უპირატესად ფიზიოლოგიაზე დამყარებული არგუმენტებით ცდილობს. იგი ასე მსჯელობს: ტვინი, სხვა ორგანოების მსგავსად, შედგება ატომებისაგან, მატერიალური ნაწილაკებისაგან, რომელთაც ვერ ექნებათ ისეთი გასაოცარი უნარი, როგორიც შეგრძნებაა; ერთნაირი ქიმიური შემადგენლობის მქონე ტვინის ყველა უბანში გრძნობის ორგანოებიდან წამოსული ერთნაირი აგზნების პროცესები მიმდინარეობს. მაგრამ შეუძლებელია მატერიის ორ ერთნაირ ნაწილს ჰქონდეს ესოდენ განსხვავებული შეგრძნება (მაგ., განცდა ფერისა და ბგერისა). თუ ამ შეგრძნებებს მართლაც ტვინი განსაზღვრავს, გამოდის რომ ტვინის ერთი ნაწილი ხედავს, მეორე კი ისმენს. ე.ი. ისმენს და ხედავს არა ერთი არსება, არამედ განსხვავებული არსებანი, რაც უაზრობაა. ეს ვრცელდება მრავალრიცხოვან და მრავალფეროვან მოძრაობებზეც. ამიტომ, სინამდვილეში, შეგრძნებათა და მოძრაობათა მიზეზი არის არა მატერია (ტვინი), არამედ არანივთიერი შემგრძნები და მამოძრავებელი საწყისი, გონიერი, უხილავი სულიერი ძალა, ერთი განუყოფელი არსება, სუბსტანცია, მონადა, რომელიც ერთმანეთს ადარებს სხვადასხვა შეგრძნებებს და თანხმობაში მოჰყავს სხვადასხვა მოძრაობები. ეს „ემპირიული“ არგუმენტაცია დღევანდელი მეცნიერების გადასახედიდან დამაჯერებლად ნამდვილად არ გამოიყურება. თუმცა, მთავარი სხვა რამეა, კერძოდ ის, რომ როგორც არ უნდა გაფართოვდეს ჩვენი ცოდნა ნევროლოგიაში, ფსიქოფიზიოლოგიასა თუ ფსიქოლოგიაში, ის პრინციპულად ვერ მოგვცემს ემპირიულ საბუთებს სულის სუბსტანციური ბუნების ან სხვა მეტაფიზიკური წარმოდგენების დასადასტურებლად. ემპირიულ ფაქტებს ემპირიული სინამდვილის ფარგლებში აქვს ძალა. ავტორი თუ მხოლოდ იმის დამტკიცებას ისურვებდა, რომ შეგრძნება, როგორც ფსიქიკური მოვლენა, არ დაიყვანება ფიზიოლოგიაზე (რაც აბსოლუტურად სწორია), ამისთვის მართლაც საკმარისი იქნებოდა სხეულებრივი და განცდისეული მონაცემების დაპირისპირება. მაგრამ იგი გაცილებით შორს მიდის და ფსიქიკური პროცესების სინამდვილიდან მეტაფიზიკის, უხილავი სულიერი ძალებისა და საწყისების სფეროში გადადის, ანუ ისევ „უნაყოფო გონებაჭვრეტას“ უბრუნდება.       სუბსტანციაზე მსჯელობისას ქიქოძე თავადვე აღნიშნავს ამ ცნების ჰიპოთეტურ და გონებაჭვრეტით ხასიათს. არსებობს მატერიალური მოვლენები, რომლებიც განფენილია, შემოზღუდული, ნაწილებისაგან შემდგარი და უმოქმედო. არსებობს, აგრეთვე, სულიერი მოვლენები: შეგრძნება, აზროვნება, გრძნობა, მოტივი და სხვა. სუბსტანციის ცნება გულისხმობს ისეთი რაიმეს დაშვებას, რომელიც ამ მოვლენების საფუძვლად მდებარეობს, გამოხატავს მათ არსს, აერთიანებს და წარმოშობს მატერიალურ და სულიერ თვისებებსა და ძალებს. შესაბამისად, შეიძლება ვისაუბროთ ორ სუბსტანციაზე - მატერიალურზე და სულიერზე. ეს უკანასკნელი არის არამატერიალური, განუყოფელი, მოქმედი, შემგრძნები, გონიერი. სავსებით შესაძლებელია, მატერიასაც და სულსაც უამრავი სხვა თვისება ჰქონდეს, რომლებსაც ვერასდროს ამოვიცნობთ. ვის ძალუძს ახსნას და გაიგოს სუბსტანციის შინაგანი ყოფიერება, ამბობს ავტორი, და ამით ადასტურებს, რომ აქ არა მხოლოდ ცდისეული მეთოდი, არამედ გონებაჭვრეტაც უძლურია. მით უფრო ეს ითქმის სულის უკვდავების შესახებ. ქიქოძე საგანგებოდ ჩერდება ამ საკითხზე, თუმცა აღიარებს, რომ უკვდავება არ განეკუთვნება სულის იმ თვისებებს, რომლებიც ცდისა და დაკვირვების გზით შეისწავლება. და მაინც, იგი თვლის, რომ სწორედ ცდისეულ ფსიქოლოგიას შეუძლია მოგვაწოდოს საბუთები იმისთვის, რათა ვირწმუნოთ სულის უკვდავების ჭეშმარიტება. ასეთია დებულებები სულის სუბსტანციურობისა და მისი განუწყვეტელი სრულქმნის შესახებ.       სულის სუბსტანციურობიდან გამომდინარე, მისი სიკვდილი ორი მნიშვნელობით შეიძლება იქნეს გაგებული: ის ან სხეულის მსგავსად უნდა დაიშალოს შემადგენელ ნაწილებად, ან მოისპოს სხვა სუბსტანციის ზემოქმედებით. სული მარტივი სუბსტანციაა. მატერიალურისაგან განსხვავებით, მას არ გააჩნია ნაწილები, ელემენტები, რომლებადაც ის დაიშლებოდა. რაც შეეხება სიკვდილის მეორე სახეს - მოსპობას, ის არა მარტო სულისთვის, მატერიისთვისაც უცხოა. ბუნებაში არაფერი ისპობა და არც ერთიდან მეორე სახის არსებობაში გადადის. სულზე, რომელსაც მატერიალურ-ატომარული შემადგენლობა არა აქვს, სხვა სტიქიები (სუბსტანციები) ზემოქმედებას ვერ მოახდენენ და, მაშასადამე, ვერც მოსპობენ. ეს ძალუძს მხოლოდ ღმერთს, რომელიც, ცხადია, ამას არ გააკეთებს.       სულის განუწყვეტელი სრულყოფის არგუმენტი გულისხმობს იმას, რომ სული გახსნილია მუდმივი შემეცნებისთვის, მისი „უნარები და ძალები კი შეიცავენ მარადიული ყოფნისა და მოღვაწეობის შესაძლებლობას და საწინდარს“. ის ფაქტი, რომ ზოგი ფსიქიკური უნარი მოხუცებულობისას სუსტება, ქიქოძის აზრით, ამ არგუმენტს არ არღვევს. ეს დასუსტება ფსიქიკურ უნარებთან მჭიდროდ დაკავშირებული სხეულებრივი ფუნქციების ცვეთის შედეგია; ის არ გამოხატავს საკუთრივ სულიერი უნარების შინაგან ბუნებას, რაც მათ უსასრულო სრულყოფაში მდგომარეობს. თუმცა, როგორია სინამდვილეში მათი საკუთარი ბუნება, თუნდაც განვითარების უწყვეტობის კუთხით, მკითხველისთვის საიდუმლოდ რჩება, ვინაიდან სხეულებრივი სუბსტრატის გარეშე ფსიქიკური უნარ-თვისებების განვითარება არავის უნახავს. თანამედროვე ფსიქოლოგია იმასაც იტყოდა, რომ ფსიქიკური დისპოზიციების, მაგალითად ინტელექტის არსებობის ფაქტი იმაზე მიუთითებს, რომ ზოგიერთი ფსიქიკური უნარის განვითარების დონე ნამდვილად ზღვარდებულია.       სულის უკვდავების ყველაზე ძლიერ საბუთად ქიქოძეს ე.წ. ზნეობრივი საბუთი მიაჩნია. წინა საბუთის მსგავსად, ისიც, არსებითად, ვოლფის რაციონალური ფსიქოლოგიიდან არის ნასესხები. მის მიხედვით, არსებობს აშკარა შეუსატყვისობა ადამიანის ამქვეყნიური ცხოვრების გამოვლინებასა და უცვლელი ღვთიური სიმართლის ზნეობრივ კანონს შორის. სიკეთე, უმეტესწილად, ვერ იმკის ჯილდოს, ხოლო ბოროტება - სასჯელს. ეს მდგომარეობა არაბუნებრივია და დროებითი. ამიტომ აუცილებლად უნდა დადგეს უპირობო ზნეობრივი სიმართლის დამკვიდრების დრო, დრო იმისა, როდესაც შემოქმედი გაასწორებს ამქვეყნიურობის ზნეობრივ შეუსაბამობებს „მომავალი ჯეროვანი ზღვევით“. ამქვეყნიური ცხოვრება მხოლოდ მომზადებაა დამსახურების შესატყვისი მარადიული ცხოვრებისთვის. უკვდავი სული ან ჯილდოვდება ან ისჯება. „ეს მაღალი აზრი, გამოცხადება რომ შთაგვაგონებს, საოცრად შეესატყვისება იმ შედეგებს, რომელსაც ფსიქოლოგი აღწევს სულის ბუნებასა და თვისებებზე დაკვირვებისა და შესწავლის გზით“.       ამ სათუო მტკიცებით სრულდება ქიქოძის „ცდისეული ფსიქოლოგის საფუძვლები“ და მასში კარგად ჩანს ავტორის პოზიციის თავისებურება. იგი ვერც ობიექტური მეცნიერული კვლევის პრინციპებზე ამბობს უარს და ვერც რწმენის დოგმატებზე. სულის უკვდავების დასაბუთება ვერ დაეფუძნება ცდისეული ფსიქოლოგიის ფაქტებს, ვინაიდან ფსიქიკურ სინამდვილეზე დაკვირვების მონაცემებში ამდაგვარი არაფერი ჩანს. ძნელი შესამჩნევი არ უნდა იყოს, რომ ყოველივე ეს ეწინააღმდეგება დასაწყისში დეკლარირებულ პრინციპს - შეიქმნას ფსიქოლოგია მხოლოდ ცდისეული მეთოდისა და მეცნიერული მონაცემების საფუძველზე.       დავუბრუნდეთ სულის სუბსტანციურობის თეზისს. მატერიალურ სუბსტანციასთან ერთად სულიერი სუბსტანციის დაშვება დუალისტურ თვალსაზრისზე დადგომას ნიშნავს. ეს კი უთუოდ აჩენს ამ სუბსტანციათა ურთიერთმიმართების, ანუ ფსიქოფიზიკურ პრობლემას. ფსიქოლოგიის ისტორია აჩვენებს, რომ ეს მუდმივი პრობლემაა. ქიქოძე თავს არიდებს მასზე მსჯელობას მთელ ფილოსოფიურ კონტექსტში, როგორც ეს დეკარტეს, სპინოზას, ლაიბნიცის და სხვათა სისტემებშია მოცემული. იგი ცდილობს მის მაქსიმალურ „გაემპირიულებას“ ანუ სხეულებრივი, ორგანიზმული და ფსიქიკური, ცნობიერი პროცესების ურთიერთმიმართების (ე.ი. ფსიქოფიზიოლოგიური პრობლემის) ჭრილში განხილვას. ამ პრობლემას ავტორი კარგად ხედავს. მისი გადაწყვეტის არსებითად ორი ვარიანტიდან - პარალელისტური და ურთიერთზემოქმედების თეორიებიდან - იგი ამ უკანასკნელს ემხრობა. „სულსა და ორგანიზმს შორის ურთიერთდამოკიდებულების არსი ისაა, რომ სული და სხეული არა მხოლოდ თანაარსებობენ, არამედ ურთიერთს განაპირობებენ. სულისა და სხეულის განვითარება, სრულყოფა და საერთოდ, მთელი ცხოვრება მიმდინარეობს არა მხოლოდ პარალელურად, არამედ უწყვეტი ურთიერთზეგავლენით და ისე მჭიდროდ, რომ ისინი ქმნიან არა ორ, არამედ ერთ არსებას - ადამიანს“.       ქიქოძეს მრავალი ფაქტი მოჰყავს, რითაც ადასტურებს, რომ ორგანიზმული პროცესები ფსიქიკურ პროცესებზე მოქმედებენ და პირიქით. ავტორი იყენებს იმდროინდელი ფიზიოლოგიის მასალას და სპეციალურად განიხილავს ნერვული, სისხლის მიმოქცევის, საჭმლის მონელების, გამოყოფის, სუნთქვისა თუ სხვა სისტემების ფუნქციონირებას იმ კუთხით, თუ რა გავლენას ახდენს ეს შეგრძნებაზე, მეხსიერებაზე, აზროვნებაზე, ემოციებზე, მთლიანად სულის თვითგრძნობაზე და ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე. ასევე არსებობს უკუზემოქმედების დამამტკიცებელი მონაცემები, გრძნობების მიერ სხვადასხვა ორგანულ სისტემებში გამოწვეულ ცვლილებათა შესახებ. გრძნობების ნიშნის მიხედვით ისინი შეიძლება ან დადებითად აისახონ ფიზიოლოგიურ ფუნქციონირებაზე ან უარყოფითად, და გახდნენ ავადმყოფობის ან განკურნების საფუძველი. ქიქოძე თვითრეგულაციის ფსიქოლოგიურ მექანიზმზეც მიანიშნებს და ამტკიცებს, რომ ნებისყოფას შეუძლია შეამციროს ან სრულიადაც მოსპოს ორგანული გავლენები სულზე (თანამედროვე ფსიქოსომატური მედიცინის მონაპოვართა გადასახედიდან ეს მოსაზრებები საინტერესოდ და აქტუალურად გამოიყურება).       ეს ყოველივე საქმის ფაქტობრივი მხარეა, სადაც ცდისეული ფსიქოლოგიის ავტორი მართლაც მოწოდების სიმაღლეზე დგას. მაგრამ ფაქტების მიღმა ფუნდამენტური თეორიული პრობლემაა, რომლის სიმძიმეს იგი სავსებით აცნობიერებს. ნურავინ იფიქრებსო, ამბობს იგი, რომ ეს პრობლემა ცდისეული მონაცემებით გადაწყდება, ან უფრო მეტიც, რომ ის საერთოდ გადაწყვეტადია. როგორ შეუძლია აგზნების ფიზიოლოგიურ პროცესს გახდეს შეგრძნების განცდის მიზეზი ან როგორ იწვევს სულის ნება იმ ცვლილებას ნერვში, რომელიც სხეულს ამოძრავებს; ეს ყოველთვის დარჩება ბუნების გამოუცნობ საიდუმლოებად. ზოგჯერ უკეთესია, შენიშნავს იგი, პატიოსნად ვაღიაროთ საკითხის გადაჭრის შეუძლებლობა, ვიდრე ისეთნაირად გადავჭრათ, რომ დავუპირისპირდეთ სხვა აღიარებულ ჭეშმარიტებებს.       ახლა გადავინაცვლოთ იმაზე, რაც ნამდვილად უნდა იყოს ე.წ. ცდისეული ფსიქოლოგიის შინაარსი. მხედველობაში გვაქვს ცოცხალი ორგანიზმის ემპირიულად მოცემული შინაგანი სამყაროს დახასიათება მისი შემადგენლობისა და იქ მოქმედ კანონზომიერებათა გამოვლენის თვალსაზრისით. სწორედ ცოცხალი არსება და არა ადამიანი, ვინაიდან ეს გამოხატავს ცდისეული ფსიქოლოგიის ავტორის პრინციპულ პოზიციას, რომ სული აქვთ ცხოველებსაც. მათ აქვთ მრავალი შეგრძნება, მეხსიერება, ერთგვარი გაგების უნარი, გრძნობები და ა.შ. როგორც ემპირიული ფსიქოლოგი, ქიქოძე ამას ადასტურებს. განსხვავებას ადამიანსა და ცხოველს შორის იგი იმაში ხედავს, რომ ცხოველების სულიერი უნარები უფრო მარტივია, ვიდრე ადამიანებისა. ადამიანი განსაკუთრებული არსებაა, რაც მისი რწმენით, სამყაროს შემოქმედთან ზიარებით არის გაპირობებული. თეოლოგიური თვალსაზრისით ეს უკანასკნელი ნიშანი უდავოა, მაგრამ თანმიმდევრული ცდისეული ფსიქოლოგია აქაც ემპირიულ ნიშნებს უნდა ეძებდეს, მით უფრო რომ მათი გამოვლენა სავსებით შესაძლებელია.       ფსიქიკურ პროცესებს, ან, როგორც თვითონ უწოდებს, სულიერ ძალებს, უნარებს, ქიქოძე ორ ჯგუფად ყოფს, სენია შემეცნებითი და სურვილისეული, ანუ მოქმედებისეული უნარები. ამ უკანასკნელში ემოციური და მოტივაციური პროცესები ერთიანდება. პირველში შედის შეგრძნება, ყურადღება, მეხსიერება, წარმოსახვა, აზროვნება. სულიერი უნარები არ უნდა დაიყოს მაღალ და დაბალ უნარებად, ვინაიდან მათ შორის იმდენად მჭიდრო კავშირია, რომ ისინი განუყოფლად და ერთდროულად მოქმედებენ. რომელი უნარიც არ უნდა ამოიღო ამ ერთიანობიდან, ნორმალური ფსიქიკური ფუნქციონირება დაირღვევა, ამიტომ ვერც ერთს ვერ უწოდებ დაბალს.       ეს არ ნიშნავს, რომ ფსიქიკური უნარების ამ რიგში არ შეიძლება გამოიყოს გენეტიკურად პირველადი და ძირითადი უნარი, რომელიც ყველა დანარჩენთა საფუძველს და ჩანასახს წარმოადგენს. ესაა შეგრძნება. „შეგრძნების ძალა ძირითადი უნარია იმის გამო, რომ მისგან, როგორც თავისი წყაროსაგან, გამომდინარეობენ ადამიანის სულის დანარჩენი უნარები“. ცხადია რომ ეს არის ემპირიული ფსიქოლოგიისთვის ესოდენ დამახასიათებელი სენსუალისტური თეზისი. შეგრძნების პროცესში სული თავისუფალი არ არის, ვინაიდან ის თავისდაუნებურად შეიგრძნობს იმას, რასაც გრძნობის ორგანოები აწვდიან. მას არ შეუძლია არ დაინახოს, არ გაიგონოს და ა.შ. სულის თავისუფალი მოქმედების პირველი მომენტი ყურადღების ფუნქციონირების შედეგად წარმოიქმნება. სწორედ ყურადღება განაპირობებს, რომ სული მასში წარმოქმნილი მრავალი შეგრძნებიდან ერთერთზე ჩერდება: შეხედვა, ყურის მიგდება, დაყნოსვა ყურადღების მოქმედების გამოვლინებებია. ყურადღება სულის ძალაა, რომლის გარეშე საერთოდ არავითარი შემეცნება არ შეიძლება. არ შეიძლება ვიცოდეთ ის, რისთვისაც ყურადღება არ მიგვიქცევია. ყურადღებით შეპირობებული შეგრძნებები გვაძლევენ მარტივ იდეებს ან წარმოდგენებს. ყურადღების საშუალებით ადამიანები მათ ამჩნევენ, ერთმანეთს ადარებენ და ამით ცოდნის მასალად აქცევენ. ჩვენს წარმოდგენებს ჯერ კიდევ არ შეიძლება ეწოდოს „ცოდნა“ ზუსტი მნიშვნელობით. ეს წარმოდგენები საგნების მხოლოდ თვალსაჩინო თვისებებს შეიცავენ და, როგორც შთაბეჭდილებებისა და შეგრძნებების უშუალო შედეგი, ხშირად მცდარი, არასრული და არასაკმარისი არიან. ყველა წარმოდგენა ინახება მეხსიერებაში და მეხსიერებისავე საშუალებით წარსდგება ცნობიერების წინაშე ნამდვილი, ჭეშმარიტი, ზოგადი და ახალი ცოდნის მისაღებად.       ასეთი ცოდნის მოსაპოვებლად შემეცნების პროცესში აზროვნების უნარი უნდა ჩაერთოს. განსჯა, მსჯელობა უშუალოდ ემსახურება „წარმოდგენითი ცოდნის“ ხარვეზების აღმოფხვრას. მაგალითად, მარტივი წარმოდგენა მაგნიტის შესახებ არის მაგნიტისაგან ჩვენს მიერ მიღებული შთაბეჭდილებების აღდგენა, განსაკუთრებით მისი თვისებისა - მიიზიდოს რკინა. მაგრამ, ეს წარმოდგენა ჯერ კიდევ ვერ ჩაითვლება მაგნიტის ცოდნად. ასეთი ცოდნა იქნება ნათელი, გარკვეული და თანმიმდევრული წესრიგის მქონე ცნობიერება ანუ, არსებითად, მსჯელობა მაგნიტის თვისებათა შესახებ. წარმოდგენა ერთგვარად შეიცავს ასეთ ცოდნას, მაგრამ არა ისე ნათლად და გარკვეულად, როგორც მსჯელობა. გონებას მეტის ცხადყოფა შეუძლია. მას, დასკვნის უნარის გამოყენებით, შეუძლია მსჯელობებიდან გამოიყვანოს მათში ფარული სახით მოცემული ახალი მსჯელობები და, ამ გზით, ფაქტობრივად ახალი ცოდნის წყარო გახდეს. ნამდვილი, მეცნიერული ცოდნა მკაცრი გაგებით, ამ უნარის გამოყენებით მიიღწევა.       ამგვარად, აზროვნება მოიცავს განსჯის (მსჯელობის) და დასკვნის (გონების) უნარებს. პირველი ემსახურება წარმოდგენაში მოცემული ბუნდოვანი ცოდნის ნათელყოფას, ხოლო მეორე - მსჯელობებიდან ახალი ცოდნის წარმოებას. მაგრამ, თუ ჩავუკვირდებით, ვნახავთ, რომ ავტორი განსჯას სხვა ფუნქციასაც მიაწერს. ეს არის თვით წარმოდგენის, როგორც საგნისა თუ მოვლენის მთლიანი ხატის შექმნის ფუნქცია. საგნიდან მიღებულ სხვადასხვა შეგრძნებებს ესაჭიროება ერთმანეთთან შესაბამისობაში მოყვანა და საგნის წარმოდგენად გამთლიანება. „ცალკეული, განსხვავებულ გრძნობათა გზით მიღებული შეგრძნებები ჩვენ სულში ერთიანდებიან და ქმნიან ერთ მწყობრ მთელს ისე, რომ საბოლოო წარმოდგენა ყველა გრძნობად საგანზე იქმნება ყველა გრძნობის შთაბეჭდილებათა შეჯერების შედეგად“. ქიქოძე ამტკიცებს, რომ ამას განსჯა აკეთებს, რაც გამოკვეთილად ელემენტარისტული თვალსაზრისია. ეს თვალსაზრისი შორს დგას თანამედროვე მეცნიერების მიერ გაზიარებული მთლიანობის ფსიქოლოგიის შეხედულებისაგან, რომლის თანახმად აღქმის ხატი (ან „წარმოდგენა“, ქიქოძის მიხედვით) არ წარმოქმნება შეგრძნებების (ელემენტების) საგანგებო გაერთიანების გზით; მთლიანობა აღქმის პირველადი და ძირეული თვისებაა. სამაგიეროდ, ქიქოძის პოზიცია სავსებით ტიპურია ემპირიული ფსიქოლოგიისთვის.       ქიქოძე აღქმის ცნებას არ ფლობს და აღქმის ფსიქიკურ პროცესზე არ ლაპარაკობს. ადრინდელისაგან განსხვავებით, გვიანდელ ემპირიულ ფსიქოლოგიაში შეგრძნება და აღქმა საკმაოდ მკაფიოდ იყო გაყოფილი. ეს უკანასკნელი საგნის თვალსაჩინო მოცემულობაა, რომელიც ამ საგნის ცალკეული თვისებების შეგრძნებათა ჯამის სახით გვეძლევა. ემპირიული ფსიქოლოგიის ყველაზე ძლიერ განშტოებაში, ასოციაციონიზმში ამ გაერთიანების მექანიზმად ასოციაცია, კერძოდ კი ერთდროული (სიმულტანური) ასოციაცია მოიაზრებოდა.       ასოციაციის შესახებ ქიქოძეც საუბრობს, მაგრამ არა აღქმის, არამედ, ფაქტობრივად, მეხსიერების პროცესთან მიმართებაში. სულიერი შინაარსები ერთმანეთთან დაკავშირებულ სისტემას ქმნიან ისე, რომ „გარკვეული წარმოდგენები მეხსიერებიდან სხვა წარმოდგენებს გამოიხმობენ, გარკვეული აზრები და ამბები გვაგონებენ სხვა აზრებსა და ამბებს, გარკვეული პიროვნების თუ ადგილთა ხილვა აღძრავს სხვა პიროვნებისა და ადგილთა ხატებს“. ამას ეწოდება იდეათა კავშირი ან ასოციაცია. მაშასადამე, ასოციაციაზე მსჯელობისას ქიქოძეს მხოლოდ მისი ე.წ. თანმიმდევრული (სუქცესიური) სახეობა აქვს მხედველობაში. ეს ასოციაცია შეიძლება იყოს ბუნებრივი და შემთხვევითი. ბუნებრივია, როდესაც წარმოდგენა საგანზე აღმოაცენებს წარმოდგენებს ამ საგნის თვისებებსა და ნიშნებზე დამყარებით: ზამთარი თოვლს და სიცივეს მოგვაგონებს, ნაცნობი - მის ხასიათს, მუსიკალური ნაწარმოების ფრაგმენტი - მთელ ნაწარმოებს ან მის ავტორს, სახლი - მის მაცხოვრებლებს და ა.შ. შემთხვევითი ასოციაცია წარმოიქმნება შემთხვევითი მიზეზებით და არ გამომდინარეობს მოვლენათა შინაგანი, კანონზომიერი მიმართებებიდან. ამგვარი ასოციაციები ინდივიდუალური ხასიათისაა და დამოკიდებულია ადამიანის აღზრდაზე, საქმიანობაზე, ცხოვრების წესზე და ა.შ. ისინი საფუძვლად ედება სიზმრების, სხვადასხვა ჩვეულებების, სიმპათია-ანტიპათიის, დამოკიდებულებების, მცდარი შეხედულებებისა და ცრურწმენების დიდ ნაწილს. რატომ აქვთ, მაგალითად, ზოგიერთ ადამიანებს გამორჩეული უბედური დღეები და რიცხვები? იმიტომ, რომ ისინი ოდესღაც მომხდარ წარუმატებლობას დაუკავშირდნენ.       როგორც ცნობილია, ლოკი ასოციაციად მხოლოდ ასეთ არასასურველ კავშირებს მიიჩნევდა. შემდგომში ასოციაციის ცნების შინაარსი გაცილებით გაფართოვდა და მთელი ფსიქიკური ცხოვრების მთავარი შემაკავშირებელი მექანიზმის სახე მიიღო. ქიქოძის ემპირიულ ფსიქოლოგიას ნამდვილად ვერ ვუწოდებთ ასოციაციურს. ასოციაციებზე მსჯელობას ბევრი ადგილი არ ეთმობა და ის განიხილება ფსიქიკის მუშაობის ერთ-ერთ კერძო და შეზღუდული მნიშვნელობის მომენტად. ავტორი სულ არ ახსენებს ე.წ. ასოციაციის კანონებს, რომელთა შესახებ მუდმივად საუბრობდნენ ჯერ კიდევ არისტოტელეს დროიდან. მათში მოცემულია ასოციაციის განმსაზღვრელი ფაქტორები და პირობები, რომლებიც ერთნაირად ეხება როგორც ბუნებრივ, ისე შემთხვევით ასოციაციებს. ქიქოძის ფსიქოლოგიის არაასოციაციური ხასიათი აიხსნება მისი საერთო ორიენტაციით გერმანულ მეცნიერებაზე (ასოციაციური ფსიქოლოგია უპირატესად ბრიტანეთში ვითარდებოდა). თუმცა ასოციაციონიზმის, როგორც ემპირიული ფსიქოლოგიის განშტოების ზოგადი ნიშნები, კერძოდ, სენსუალიზმი და ელემენტარიზმი, ქიქოძის ცდისეული ფსიქოლოგიისთვისაც არის დამახასიათებელი.       ქიქოძის ფსიქოლოგიურ შეხედულებათა ემპირისტულმა ხასიათმა მკაფიოდ იჩინა თავი მის პოზიციაში თანდაყოლილ იდეებთან დაკავშირებით. ეს საკითხი, როგორც ცნობილია, ერთ-ერთი საკვანძოა ემპირიზმისა და რაციონალიზმის დაპირისპირებაში. ქიქოძე კატეგორიულად უარყოფს რაიმე თანდაყოლილი, „მზა ცოდნის“ ან იდეის არსებობას. ადამიანი მთელ თავის ცოდნას იძენს ან ცდის საშუალებით, ანდა „განაზრებით“. თვით ღმერთის იდეაც კი (იმ ერთადერთისა, ვისაც შეეძლო თავიდანვე ჩაედო ადამიანის სულში იდეები) არ არის მოცემული თანდაყოლილი ცნების სახით, ანუ ისე, როგორც იგი ამჟამად არსებობს ჩვენს გონებაში. ეს ცნება უნდა გამომუშავდეს მსჯელობებისა და დასკვნების რიგის შედეგად. თანდაყოლილად კი შეიძლება ჩაითვალოს მხოლოდ მიდრეკილება, „სულის აუცილებელი მოთხოვნა“ აღიაროს ღმერთი პირველივე შესაძლებლობისთანავე. იგი თანდაყოლილია ისე, როგორც ადამიანის სულიერი უნარები, მაგალითად, უნარი აზროვნებისა, რომელიც პოტენციურად აქვს ბავშვს დაბადებიდანვე. ეს უნარები განვითარების კვალდაკვალ მტკიცდება და სხვადასხვა ცოდნით მდიდრდება.       შეძენილია არა მხოლოდ ცოდნა, არამედ ადამიანის ხასიათიც. ამ ცნებაში ავტორი გულისხმობს „ადამიანის საქმიანობის იმ მუდმივ და საერთო სახეს, რომელიც ყოველთვის ყველა სულიერ ძალთა ერთგვაროვანი განწყობის შედეგია და ამდენად, გამოხატავს სულის შინაგან არსს, ე.ი. მის გონებრივ და ზნეობრივ თავისებურებებს ... შეიძლება ითქვას - ადამიანის ხასიათი, ეს თვით მთლიანად ადამიანია“. ხასიათი არ არის დაბადებიდან მოცემული. მისი ფორმირება გარე პირობების უშუალო ზეგავლენით მიმდინარეობს (რელიგიური, ზნეობრივ-პოლიტიკური გარემო, გეოგრაფიულ-კლიმატური პირობები და სხვა). სამაგიეროდ, არსებითად თანშობილად უნდა ჩაითვალოს ტემპერამენტი, როგორც ადამიანის ბუნებრივი მიდრეკილება გამოავლინოს ამა თუ იმ სახის გრძნობები და აქტიურობის გარკვეული დონე. უნდა აღინიშნოს, რომ ეს ყოველივე სავსებით დამაჯერებლად გამოიყურება დღევანდელი ფსიქოლოგიის გადასახედიდანაც.       ქიქოძის ფსიქოლოგია ცნობიერების ფსიქოლოგიაა. მისთვის ცნებები „სული“ და „ცნობიერება“, არსებითად, სინონიმურია. თუ სულიერი (ფსიქიკური) მოვლენა სახეზეა, ეს ნიშნავს რომ ის ცნობიერია, ანუ სუბიექტს აქვს მის შესახებ ცნობა, „შინაგანი გრძნობა“. ცნობიერება არის უნარი, რომელიც თან ახლავს ყველა სულიერ მოქმედებას: იგი შემადგენელ ნაწილად შედის ყველა სხვა უნარში. როცა ეს უნარი ჩართულია შეგრძნებაში, ჩვენ საგნობრივ ვითარებას ვაცნობიერებთ. მაგრამ, ამავე დროს, ეს შეგრძნება ჩვენს თავზე მიგვითითებს - ეს ჩემი შეგრძნებაა. იგივე ითქმის აზროვნებაზე; კიდევ უფრო მეტად ისეთ სულიერ მოვლენებზე, როგორიცაა გრძნობები, სურვილები, ვნებები, რომელთა საგანი არის ჩვენი საკუთარი ყოფიერება, ჩვენი მე. აქედან შეიძლება ითქვას, რომ ცნობიერება თვითცნობიერების წყაროა. მაგრამ თვითცნობიერება, ქიქოძის გაგებით, უბრალოდ თავის თავზე მიმართული ცნობიერება კი არ არის, არამედ აზრია საკუთარი თავის, საკუთარი ყოფიერების შესახებ. აქედან გამომდინარე, მცირეწლოვან ბავშვს აქვს ცნობიერება, რამდენადაც აქვს შეგრძნებები, მაგრამ არა აქვს თვითცნობიერება, რამდენადაც მისთვის ჯერ კიდევ უცხოა წარმოდგენა, მსჯელობა და ცნება. იგივე ითქმის ცხოველზეც. ამრიგად, თვითცნობიერება, როგორც წარმოდგენა ან აზრი საკუთარი თავის შესახებ, გარკვეულად უახლოვდება დღევანდელ ფსიქოლოგიაში ფართოდ მიღებულ „მე-კონცეფციის“ ცნებას.       ბუნებრივია, რომ ქიქოძის ცდისეულ ფსიქოლოგიაში ვერ მოინახებოდა ადგილი არაცნობიერი ფსიქიკურის ცნებისთვის. ფსიქოლოგიის რომელი ვერსიაც არ უნდა ავიღოთ, რაციონალური თუ ემპირიული, XIX საუკუნის მიწურულამდე თითქმის მთლიანად ცნობიერების ფსიქოლოგია იყო. ქიქოძე რამდენიმე ადგილას ხმარობს ტერმინს „არაცნობიერი“, როგორც მექანიკურის ან ფიზიოლოგიურის სინონიმს. საგანგებოდაა გაანალიზებული გერმანელი ავტორის, კლენკეს „არაცნობიერი აზროვნების“ ცნება და ნაჩვენებია, რომ აქ საქმე გვაქვს ორგანიზმულ პროცესთან, „ფიზიოლოგიურ ფაქტთან“, რომელიც შეიძლება აისახოს ბუნდოვანი შეგრძნების სახით. მაგრამ აზროვნება ვითარების გარკვევით შეცნობას გულისხმობს. იმაზე, რასაც სული არ სცნობს, რაც მისი საგანგებო ყურადღების საგანი არ არის, ის არც აზროვნებს. ცნობიერება აზროვნებაა, აზროვნება კი ცნობიერება. მაშასადამე, გამოთქმა „არაცნობიერი აზროვნება“ შეიცავს წინააღმდეგობას ტერმინებს შორის, დაასკვნის ქიქოძე.       აზროვნების პირველივე ექსპერიმენტულმა კვლევებმა აჩვენა, რომ ის გაჯერებულია არაცნობიერი პროცესებით და შინაარსებით (ვიურცბურგის სკოლა). თანამედროვე კოგნიტური ფსიქოლოგიის მონაცემები ადასტურებს, რომ კოგნიტურ ფუნქციონირებაში ინფორმაციის არაცნობიერ გადამუშავებას უმნიშვნელოვანესი როლი ენიჭება. ფსიქოანალიზის გავლენით არაცნობიერი მოტივაციის მრავალი გამოვლინება იქნა შესწავლილი. ქცევის საერთო რეგულაციაში არაცნობიერი განწყობის გადამწყვეტი მნიშვნელობის შესახებ არაერთი მონაცემი მოეპოვება უზნაძის ფსიქოლოგიურ სკოლას. ქიქოძის დროს ეს ყველაფერი ცნობილი არ იყო. ამიტომ მის მიერ ქცევისა და მოტივაციის პრობლემატიკის განხილვა, ბუნებრივია, მთლიანად ცნობიერების ფსიქოლოგიის ჩარჩოებშია მოქცეული.       დაბოლოს, შევეხოთ ქიქოძის შეხედულებას ნებისყოფასა და მის თავისუფლებაზე, სადაც განსაკუთრებით იკვეთება ემპირიული და რაციონალური ფსიქოლოგიის შეუთავსებლობა. ავტორის თქმით, ნების თავისუფლების საკითხი არსებითად ფილოსოფიური, მატაფიზიკური საკითხია. მიუხედავად ამისა, იგი მაინც აპირებს მის გადაწყვეტას თავისი „ფსიქოლოგიის საფუძვლების“ შესატყვისად, ანუ ცდისეულად და ემპირიულად, და ამისთვის ნებელობის ფსიქოლოგიას მიმართავს.       საკითხი ასეა ფორმულირებული: „თავისუფალია თუ არა ნება თავის მოქმედებებში, ე.ი. თავისუფლად, იძულების გარეშე გადაწყვეტს თუ არა იმოქმედოს ასე და არა სხვაგვარად, თუ ნებამ ყოველთვის აუცილებლობით უნდა ისურვოს და იმოქმედოს ასე და არა სხვაგვარად“. მაგრამ რა არის ნება (ნებისყოფა), როგორც რეალური სულიერი უნარი (ფსიქიკური პროცესი)? ამას ავტორი წიგნის დასაწყისშივე განმარტავს, როცა ახასიათებს ე.წ. მოქმედებისეულ უნარებს თუ ძალებს. მოკლე და მკაფიო ფორმულირებათა სახით წარმოდგენილია ამ ძალების ფენომენოლოგიური სურათი. ყველაფერი იწყება გასაჭირის (იმავე მოთხოვნილების) გაჩენით. უნდა არსებობდეს მოქმედების რეალური საჭიროება, ადამიანს რაიმე უნდა დააკლდეს, რომ იგი საერთოდ მოქმედებისკენ წარიმართოს. ამ ობიექტური გასაჭირის შესახებ მას ატყობინებს სპეციალური განცდა, უსიამოვნო გრძნობა მოუსვენრობისა, რომელიც თავის თავში შეიცავს დანაკლისის აღმოფხვრის ტენდენციას. შემდეგ საფეხურზე ხდება სულის შემეცნებითი უნარების მობილიზაცია გასაჭირისაგან თავის დასაღწევი რესურსების გამოსავლენად (რომელი საგანი, რა მოცულობით შეავსებს დანაკლისს, რა საშუალებებით უნდა იქნეს ის მოპოვებული). სულის ყველა უნარის მიმართულობას გასაჭირისკენ ქიქოძე სურვილს უწოდებს, ხოლო მის ყველაზე ძლიერ გამოვლინებას - ვნებას. ამ პროცესის ბოლო საფეხური ნება ანუ ნდომაა. აქ მიიღება გადაწყვეტილება, ჩნდება განზრახვა შესრულდეს შესაბამისი მოქმედება. ნება, ფაქტობრივად, გადაწყვეტილებაა და არა თავად მოქმედება. ნების, როგორც სპეციფიკური სულიერი უნარის არსი გადაწყვეტილების მიღებაშია. ნება თავად არის გადაწყვეტილება, სულის განზრახვა, მიმართოს თავისი ძალები სურვილის შესრულებისკენ.       მოქმედებისეული უნარებისა თუ ძალების საილუსტრაციოდ შემდეგი მაგალითია მოყვანილი: დიდი ხნის უჭმელობის შემდეგ თავს იჩენს ჭამის საჭიროება. ის ბადებს მოუსვენრობას, რომელსაც შიმშილი ეწოდება. შიმშილის დროს ადამიანი მიმართავს თავის სულიერ ძალებს საჭიროების დაკმაყოფილებისკენ. განსჯა საჭმლის მიღების აუცილებლობაზე მიუთითებს, ხოლო წარმოსახვა დაკმაყოფილებით მიღებულ სიამოვნებას წარმოუდგენს. სულის ეს მდგომარეობა არის სურვილი. ბოლოს ადამიანი ხედავს პურს და გადაწყვეტს შეჭამოს. ეს გადაწყვეტილება, რომელიც შერწყმულია აზრთან, რომ მას შეუძლია ამ მოქმედების შესრულება, არის ნება, ნდომა.       ახლა დავუბრუნდეთ თავისუფლების ცნების ანალიზს. თავისუფლებაზე საუბარი მხოლოდ სულიერ, გონებით დაჯილდოებულ არსებებთან მიმართებაში შეიძლება. უსულო არსებები ან საგნები მოქმედებენ მექანიკურად და აუცილებლობით ემორჩილებიან გარე ძალების ზემოქმედებას. ამის საპირისპიროდ, გონიერ სულიერ არსებას აქვს უნარი, გაარჩიოს ავი და კარგი, აირჩიოს საუკეთესოდ მიჩნეული მოქმედება და წარმართოს მისკენ თავისი ძალები. ეს კი შესაძლებელია იმიტომ, რომ გონიერებასთან ერთად იგი თავისუფალიცაა. გონება მხოლოდ აფასებს ვარიანტებს, მაგრამ შემდეგ საჭიროა არჩევანის გაკეთება, რაც თავისუფლების გარეშე შეუძლებელია. მაშასადამე, თავისუფლება და გონიერება აუცილებლობით უკავშირდება ერთმანეთს. ასევე აუცილებლობით გულისხმობს თავისუფლება მოქმედების შესაძლებლობასაც. გონების მიერ საუკეთესოდ მიჩნეული მისწრაფება ვერ განხორციელდება, თუ ადამიანი არ ფლობს სათანადო შესაძლებლობებს, ძალებს ან იარაღებს. თავისუფლების არე მათი არსებობა-არარსებობით არის შეზღუდული. ციხეში მყოფს არა აქვს იმის შესაძლებლობა (თავისუფლება), რომ გამოვიდეს იქიდან, სიმაღლიდან ვარდნილს არ შესწევს ვარდნის შეჩერების ძალა (თავისუფლება). ამგვარად, თავისუფლების ცნება აუცილებელ კავშირშია ამ ორ არსებით თვისებასთან, გონებასთან და გონებით ნაკარნახევის შესრულების შესაძლებლობასთან. ავტორი ცდილობს ამ თვისებათა საფუძველზე ახსნას ნების მოქმედების ყველა გამოვლენა.       ამ მოვლენათა ანალიზი ცდისეულ ფსიქოლოგიაში მოტივაციის თემას უკავშირდება. ნება, ფაქტობრივად, გადაწყვეტილების უნარია, ხოლო ეს უკანასკნელი არ არსებობს მიზეზის ანუ მოტივის გარეშე. ნება, გადაწყვეტილება ყოველთვის რაიმე მოტივის მოქმედების შედეგია. ნება, უმეტესწილად, ე.წ. გრძნობადი მოტივების საფუძველზე, ანუ სიამოვნების ან უსიამოვნების წარმოდგენის ზეგავლენით მოქმედებს. ასეა ბავშვების, შეშლილების და იმ ნორმალური მოზრდილი ადამიანების შემთხვევაში, რომლებიც გრძნობათა შთაგონებით ხელმძღვანელობენ. ნების გრძნობადი მოტივირების მაგალითია ძლიერი ვნებით ან აფექტით აღძრული მოქმედება. ამ შემთხვევების დროს ცოტაა თავისუფლება, რადგან გონება სულ არ მონაწილეობს მოქმედებაში. გრძნობადი ლტოლვები შეიძლება თავისუფალი მოქმედების მიზეზი გახდეს იმ შემთხვევაში, თუ გადაწყვეტილება მათი რეალიზაციის შესახებ ცნობიერად, „განაზრების“ საფუძველზე კეთდება. მიუხედავად იმისა რომ ამ დროს მოქმედება დაბალი, გრძნობისეული მოტივების განხორციელებაზეა მიმართული, ნება მაინც სავსებით თავისუფალია, ვინაიდან არჩევანი გონების კარნახითაა გაპირობებული. მაგალითად, თუ მავანი ანგარებით და გამდიდრების ლტოლვით შეპყრობილი გონებით ხელმძღვანელობს თავისი მდაბალი მიზნების მისაღწევად, მისი ნება მაინც უთუოდ თავისუფლად უნდა მივიჩნიოთ.       ადამიანის ნება მოქმედებს წმინდა გონებისეული მოტივებითაც. ამ შემთხვევაში ნებას განსაზღვრავს არა შინაგანი მოტივები, არამედ თავად საგნის ობიექტური თვისებები. მაგალითად, ჩვენ ნებაყოფლობით ვემორჩილებით კანონის ავტორიტეტს, ზნეობის ნორმებს, ვასრულებთ მოვალეობას და ამას ვაკეთებთ მიუხედავად იმისა, რომ ეს არ არის სასიამოვნო ან, ყოველ შემთხვევაში, ეწინააღმდეგება გრძნობად მოტივებს, სხეულებრივ სიამოვნებას. „ნების თავისუფლებაში შეიძლება შევეჭვდეთ, წერს ქიქოძე, როცა ის სხეულის საჭიროებას ექვემდებარება და სასიამოვნო წარმოდგენის ზეგავლენით აკეთებს არჩევანს. მაგრამ, როცა ის ემორჩილება გონების მრწამსს და მოქმედებს თავისი გრძნობების მისწრაფების საპირისპიროდ, თავისი სურვილების საპირისპიროდაც კი, აქ უკვე შეუძლებელია უარვყოთ ადამიანის თავისუფლება“.       მოტივები გარკვეულად განსაზღვრავენ ნების მოქმედებას, მაგრამ არ ართმევენ მას თავისუფლებას. ეს მოხდებოდა იმ შემთხვევაში, თუ კავშირს მოტივსა და ქცევას შორის ექნებოდა აუცილებელი ხასიათი, თუ მოტივები გარდუვალად და უსათუოდ წაიყვანდნენ ნებას ამ და არა სხვა მიმართულებით. ასეა, მაგალითად, როცა სიმძიმე იზიდავს სხეულს ცენტრისკენ და არა პირიქით. ნებელობის შემთხვევაში ასეთ დეტერმინაცია არ ხდება. „მოტივები ყოველთვისაა, მაგრამ მათი კავშირი მოქმედებასთან არ არის აუცილებელი, ე.ი. ნებას შეუძლია დაეთანხმოს მათ, მაგრამ შეუძლია მათ არ მისდიოს“.       ქიქოძე ამ თვალსაზრისს იცავს. ამასთან თვლის, რომ ნების თავისუფლების ყველაზე ნათელ დადასტურებად უნდა ჩაითვალოს ყველას მიერ კარგად ცნობილი გრძნობათა ჭიდილი, შინაგანი გაორება, რომელიც გადაწყვეტილებას ახლავს თან. ნება რომ ფიზიკური კანონების აუცილებლობით მოქმედებდეს, არ იარსებებდა არავითარი გადაწყვეტილება, შინაგანი ბრძოლა, ყოყმანი; არ გვაქნებოდა ისეთი განცდებიც, როგორიცაა სინდისის ქეჯნა და არც ის კმაყოფილება, რომელსაც ვიღებთ ვნებებზე გამარჯვებით. ისინი გვიჩვენებენ, რომ ნება არ დანებდა ცდუნებას, მას არ დაუკარგავს თავისუფლება და არ ქცეულა მონად.       თავისუფლებაზე მსჯელობა მთავრდება იმის მტკიცებით, რომ დედამიწაზე შესაძლო თავისუფლების მატარებელი მხოლოდ ჭეშმარიტი ქრისტიანია. მისი ამაღლებული, სიკეთით გამსჭვალული სურვილები არ არის გარედან თავსმოხვეული. ქიქოძე მართებულად შენიშნავს, რომ შეიძლება ადამიანი აიძულო გარკვეულად იმოქმედოს, მაგრამ ვერ აიძულებ ისურვოს ასე და არა სხვაგვარად. ჭეშმარიტი ქრისტიანი მიისწრაფვის სიკეთისკენ სრულიად გულწრფელად, ძალდაუტანებელად და, მაშასადამე, თავისუფლად. და თუ იგი თავისუფალია თავის სურვილებში, მით უმეტეს თავისუფალია მოქმედებაში. ქრისტიანული ზნეობრივი კანონი მის მიერ სიამოვნებით სრულდება.       ამრიგად, ნების ძირეული მომენტი გადაწყვეტილებაა, რომელიც განსჯით არის ნაკარნახევი. ნებისყოფის ფსიქიკური ფუნქციის ასეთი დახასიათება შეხედულებათა იმ კლასში თავსდება, რომლებიც ნებელობის სპეციფიკას გადაწყვეტილების აქტში ხედავენ. ამავე ჯგუფში შედის, მაგალითად, დიმიტრი უზნაძის თვალსაზრისიც, რომლის მიხედვით ნებისყოფის პროცესის სამ პერიოდს შორის (გადაწყვეტილების მომზადება, გადაწყვეტილება და გადაწყვეტილების შესრულება) ნებელობისთვის სპეციფიკური სწორედ გადაწყვეტილების მიღებაა. ქიქოძე ერთმანეთისაგან არ ასხვავებს ნებელობით და უნებლიე (იმპულსურ) ქცევას. შთაბეჭდილება ისეთია, რომ მას ყველა მოქმედების ნებასთან დაკავშირება სურს. იგი თავისუფლების გარკვეულ ხარისხს უტოვებს ისეთ მოქმედებასაც, რომელშიც გონება, განსჯა სულ არ მონაწილეობს (ბავშვი, შეშლილი ან აფექტში მყოფი ადამიანი). თუ აქ თავისუფლების თუნდაც მცირე ხარისხია დაშვებული, მაშინ, იგივე ოდენობით, აქ ნებაც არსებობს. მაგრამ გაუგებარია, საიდან ჩნდება ან ერთი ან მეორე; მათთვის ხომ, ავტორისეული განმარტებით, განსჯა აუცილებელია. თავი რომ დავანებოთ ამ ანალიზის წინააღმდეგობრიობას, ის უბრალოდ არასრულია, რამდენადაც არ მოიცავს ქცევას, რომელიც გონების (ცნობიერების) მონაწილეობის გარეშე ხორციელდება, მაგალითად, მყარი ჩვევით.       ნებისმიერი ქცევის თავისებურება სწორედ ასეთ (იმპულსურ) ქცევასთან დაპირისპირებაში იჩენს თავს. ამ შემთხვევაში მისწრაფების იმპულსი პირდაპირ, აზროვნებით გაშუალების გარეშე აღძრავს აქტივობას. ნებელობით ქცევაში ჩართულია გონება (აზროვნება). მაგრამ, აზროვნება საკმარისი არ არის ისეთი რამის გასაკეთებლად, რაც არ გსურს და რასაც ნებელობა გაკეთებინებს. ამისთვის მას ძალა, აქტივობის საკუთარი წყარო ესაჭიროება, რომელიც იმპულსური ქცევის აღმძვრელს დაუპირისპირდება. უზნაძე ამბობდა: „ნებელობის პრობლემის ძირი აქ, ამ თავისებურებაში მარხია, და ნებელობის ფსიქოლოგიას განსაკუთრებით იმის გამორკვევა ევალება, თუ რომელია ის წყარო, საიდანაც ნებელობა მოქმედების ენერგიას იძენს“ (უზნაძე). საკითხის ასეთი დასმა ნებელობის არსებითი მხარის, მისი სპეციფიკის გამოვლენაზეა მიმართული.       ქიქოძე სხვაგვარად უდგება ნებელობის საკითხს. იგი მსჯელობს ორი სახის მოტივზე და მათ მიერ აღძრულ ყველა მოქმედებას ნებელობითს უწოდებს. მაგრამ აქ მთავარი ის არის, რომ გონებით დაკვალიანებული ნება შეიძლება ერთასაც დაუპირისპირდეს და მეორესაც. მაშინ გაუგებარი რჩება, თუ საიდან იღებს იგი ამისთვის საჭირო ძალას. გონებას, აზრს, იდეას თავისთავად დინამიკური თვისებები არ გააჩნია და აქტივობის გამოწვევის უნარს მოკლებულია. ამის გაკეთება მხოლოდ მოტივაციურ წარმონაქმნს შეუძლია.       ნებელობითი მოქმედების ტიპური სიტუაციების დახასითებისას ქიქოძე და სხვა ფსიქოლოგებიც ისეთ მაგალითებს განიხილავენ, სადაც ადამიანი რაიმე ძლიერი აქტუალური მოთხოვნილების იმპულსს უპირისპირდება და იმას აკეთებს, რისი სურვილიც არა აქვს, მაგრამ რასაც საჭიროდ თვლის. სწორედ აქ იჩენს თავს ურთულესი თეორიულ პრობლემა: როცა მშიერი ადამიანი უარს ამბობს საჭმელზე და უსიამოვნების მომგვრელ საქმეს ჰკიდებს ხელს, აუცილებელია გაირკვეს, თუ როგორ ახერხებს იგი ამას. გონების მიერ საჭიროდ მიჩნეულ ქცევას არ გააჩნია ისეთი სუბიექტური მიმზიდველობა, რომ აჯობოს ახლანდელ სურვილს. ამისთვის აუცილებელია საკუთრივ ნებელობასთან დაკავშირებული აღმძვრელი ძალა. სწორედ აქ დგება ნებელობის ფსიქოლოგიის ცენტრალური პრობლემა, რომელსაც ქიქოძე ყურადღების გარეშე ტოვებს.       ეს ნაწილობრივ მაინც აუფასურებს მის მოსაზრებებს ნების თავისუფლების თაობაზე. საქმე ისაა, რომ, მოყვანილი განსაზღვრებით, თავისუფლება ორ რაიმეს გულისხმობს: გონებას და შესაძლებლობებს. აქ არ არის გარკვეული მოტივაციის ადგილი, რომლის გარეშე ვერც ნებელობის საკითხი გადაიჭრება და, მით უფრო, ვერც მისი თავისუფლებისა.       ფსიქოლოგიას დასკვნები ფაქტების საფუძველზე გამოაქვს. ფაქტები კი იმაზე მიუთითებს, რომ ყოველგვარი ქცევა (გადაწყვეტილება) შინაგანადაა განსაზღვრული, ანუ მოტივირებულია. „გადაწყვეტილება არასოდეს არ არის მიზეზის გარეშე ... ნება ყოველთვის წარმოიშობა ადამიანში სხვადასხვა მოტივის შედეგად“, გვეუბნება ქიქოძე. ეს საყოველთაოდ მიღებული დებულებაა, რომელიც ემპირიული მოცემულობით საბუთდება. ზემოთ მოყვანილ მაგალითს რომ გავყვეთ, შიმშილი არის მოტივი (სურვილი), რომლის საფუძველზე მიიღება ჭამის გადაწყვეტილება. გამოდის, რომ ნება დეტერმინირებულია მოტივით. იგივე დასკვნა უნდა გაკეთდეს მაშინაც, როცა ჭამის ნაცვლად სხვა მოტივის საფუძველზე სხვა მოქმედების გადაწყვეტილება მიიღება. მაგრამ, ქიქოძის აზრით, ეს ასე არ უნდა იყოს, ვინაიდან ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, აქვს თუ არა კავშირს მოტივსა და ქცევას (გადაწყვეტილებას) შორის აუცილებელი ხასიათი. ქიქოძე ასე ამბობს: მოტივი არ ართმევს ადამიანს თავისუფლებას, რამდენადაც ნებას შეუძლია დაეთანხმოს მოტივს ან არ მისდიოს მას. მოტივი გარდაუვალად და უსათუოდ არ იწვევს გარკვეულ მოქმედებას.       საიდან ჩანს, რომ ეს კავშირი არ არის აუცილებელი ხასიათისა, თუნდაც მოყვანილ მაგალითში? იქიდან ხომ არა, რომ შიმშილი (მოტივი) ზოგჯერ იწვევს ჭამის მოქმედებას და ზოგჯერ არა? ეს ფაქტი მხოლოდ იმას ამტკიცებს, რომ შიმშილზე უფრო მნიშვნელოვანი მოტივის გაჩენისას გადაწყვეტილება ამ მოტივის სასარგებლოდ შეიცვლება. მაგრამ, პირობების იდენტურობის შემთხვევაში, ე.ი. თუ სხვა ფაქტორები არ ჩაერევა, ეს მოტივი უსათუოდ იმავე გადაწყვეტილებას და მოქმედებას დაედება საფუძვლად. ამასთან, გადაწყვეტილების აქტი და შემდგომი ქცევა ყოველთვის რაღაცით მოტივირებული იქნება. ამდენად, ყველა შემთხვევაში, ფსიქოლოგიური ანალიზის დონეზე, მოქმედების მოტივირებულობის ფაქტი მას დეტერმინაციის სფეროში აქცევს, სადაც თავისუფლებაზე საუბარი საკმაოდ რთულია.       მეცნიერების ისტორია გვარწმუნებს, რომ ყველა ვინც განიზრახავს ფსიქოლოგიის რესურსებით გადაწყვიტოს თავისუფლების პრობლემა, ე.ი. ქცევის გარკვეულ სახეობას (ნებელობით ქცევას) მიაწეროს თავისუფლების ნიშანი და შემდეგ ის მეცნიერების მეთოდოლოგიის შესაბამისად იკვლიოს, სერიოზულ სირთულეებს აწყდება. ეს იმიტომ ხდება, რომ მეცნიერება ძალიან ძნელად ეგუება ინდეტერმინიზმსა და თავისუფლებას. დეტერმინისტული წანამძღვრების გარეშე საეჭვოა ეფექტური და მიზანდასახული მეცნიერული კვლევა-ძიება. ამას აღიარებენ როგორც მეცნიერების ფილოსოფოსები (პოზიტივისტები), ისე თავისუფლების ფილოსოფოსები (ეგზისტენციალისტები). თუ ფსიქოლოგია მეცნიერებაა, თანაც ცდისეული მეცნიერება, მაშინ ის უთუოდ იზიარებს ამ მოცემულობას. მან უნდა დაადგინოს ქცევის განმსაზღვრელი კანონზომიერებანი, ანუ იმუშაოს აუცილებლობის და არა თავისუფლების „სივრცეში“. ნებელობის ფსიქოლოგიაში მეცნიერების პრინციპებთან თავისუფლების კატეგორიის შეუთავსებლობის აღიარების ყველაზე დრამატული მაგალითია უ. ჯეიმსის კლასიკური ნაშრომი (იხ. თავი 5.4.).       მოცემული საკითხის განხილვა ცდისეულ ფსიქოლოგიაში სრულდება თეოლოგიური მსჯელობით იმის შესახებ, რომ თავისუფლების მატარებელი მხოლოდ ჭეშმარიტი ქრისტიანია. დღევანდელი ცივილიზაციის გადასახედიდან ამ თეზისის კომენტირება საჭირო არ არის; რაც მთავარია ნათელია, რომ ფსიქოლოგიის, მეტადრე ცდისეული ფსიქოლოგიის ფარგლებში, იგი ვერ დასაბუთდება. საზოგადოდ, როდესაც ცდისეული ფსიქოლოგიის მთელ ტექსტს გასდევს თეოლოგიური და მეტაფიზიკური მსჯელობები, ჩნდება კითხვა წიგნის დასაწყისში გამოთქმული დაპირების თაობაზე, რომ ავტორი უარს იტყვის „უნაყოფო გონებაჭვრეტაზე“, მოიმარჯვებს ცდისეულ მეთოდს და წარმოადგენს ახალ, საბუნებისმეტყველო ტიპის მეცნიერებას - ფსიქოლოგიას.       არავინ უარყოფს რაციონალური ფსიქოლოგიის არსებობის უფლებას. ვოლფისა და კანტის განმარტებით, ეს არის სწავლება სულის არსზე, მის მეტაფიზიკურ ბუნებაზე. მისი ამოცანებია: 1. სულის თვისებების დადგენა (მარტივი, თავისუფალი, სუბსტანციური); 2. სულის მიმართების გარკვევა სხვა საგნებთან, როგორც მატერიალურთან (სულის არამატერიალურობის საკითხი), ისევე არამატერიალურთან (მაგ., ცხოველთა სულის საკითხი); 3. სულისა და სხეულის ურთიერთქმედების სხვადასხვა ასპექტების ნათელყოფა და 4. სულის უკვდავების საკითხი დამუშავება, რომელიც უმთავრესია. ადვილია იმის დანახვა, რომ ქიქოძე გულდასმით მიჰყვება ამ სქემას და საფუძვლიანად განიხილავს რაციონალური ფსიქოლოგიის ყველა საკითხს. ქიქოძის დროს ასეთი ფსიქოლოგიაც იწერებოდა და ემპირიულიც (ცდისეული). ისინი მკაფიოდ იყო გამიჯნული, ვინაიდან მათი მეთოდოლოგია და შინაარსი რადიკალურად განსხვავდებოდა ერთმანეთისაგან. რაციონალური ტიპის ფსიქოლოგიას ძირითადად ისინი ქმნიდნენ, ვინც კანტს მიჰყვებოდა და ფსიქოლოგიას, არსებითად, მეტაფიზიკის ნაწილად მიიჩნევდა. იმ ეპოქაში, როდესაც აქტიურად მზადდებოდა ინტელექტუალური ფონი ფსიქოლოგიის ფილოსოფიდან გამოყოფისა და დამოუკიდებელ პოზიტიურ მეცნიერებად გაფორმებისთვის, ასეთი პოზიცია პროგრესულად არ გამოიყურებოდა. ყოველ შემთხვევაში, უმეტესობა აცნობიერებდა, რომ ფსიქოლოგია უნდა დაცლილიყო წმინდა მეტაფიზიკური სპეკულაციებისაგან. XIX საუკუნეში ნამდვილი ემპირიული ფსიქოლოგია ასეც იწერებოდა.       ქიქოძის განაცხადიც ასეთი იყო, თუმცა ეს ჩანაფიქრი ბოლომდე ვერ განხორციელდა. მის ფსიქოლოგიაში მრავალი მონაცემია მოყვანილი, კლასიფიცირებული და თეორიულად გააზრებული. თვალშისაცემია ფიზიოლოგიური მასალის სიუხვე, თუმცა შრომას არც ინტროსპექტული ან ყოფითი დაკვირვებები აკლია. აქ ნათლად გამოვლინდა ავტორის მახვილი თვალი, ქცევასა და განცდაზე დაკვირვების უზადო უნარი, რაც დიდად დასაფასებელია ახალგაზრდა მკვლევარისთვის (წიგნის გამოსვლისას მას 33 წელი შეუსრულდა). თეორიული მსჯელობებისას იგრძნობა ავტორის დიდი განსწავლულობა. მისთვის დამახასიათებელია აზრის გადმოცემის მეტად ნათელი სტილი, რთულ საკითხებზე მარტივად საუბრის უნარი, რაც განსაკუთრებით ესაჭიროება სახელმძღვანელოს. თუმცა, ამასთანავე, მან დიდი ადგილი დაუთმო ისეთ საკითხებზე მსჯელობას, რომელთა ადგილი არ მოაზრება ცდისეულ ფსიქოლოგიაში. სწორედ ამიტომაა ქიქოძის ცდისეული ფსიქოლოგიის შემფასებელთა პოზიცია არაერთგვაროვანი.       პირველივე გამოხმაურებებში ზოგმა დადებითად შეაფასა შრომის საბუნებსმეტყველო ხასიათი, ზოგმა კი ეს ავტორს უდიდეს ნაკლად ჩაუთვალა და წიგნი ქრისტიანული დოგმატების დამრღვევ ერეტიკულ ნაწარმოებად შერაცხა. ეს ითქვა ნაშრომზე, რომელიც თავიდან ბოლომედე გაჯერებულია მსჯელობებით სუბსტანციურ სულსა და მის უკვდავებაზე. მომდევნო საუკუნეშიც იგივე ხდებოდა - ერთნი ცდისეული ფსიქოლოგიის მატერიალისტურ ხასიათს აქებდნენ, მეორენი კი იდეალისტურ-თეოლოგიურ ორიენტაციას აფასებდნენ. ამ პარადოქსის გამოცნობა ადვილია. გააჩნია კრიტიკოსის პოზიციას, თორემ ქიქოძის ცდისეულ ფსიქოლოგიაში ემპირიულსა და საბუნებისმეტყველოს ისევე იპოვი, როგორც მეტაფიზიკურსა და თეოლოგიურს. მოკლედ, ქიქოძის „ცდისეული ფსიქოლოგიის შესავალი“, მიუხედავად სახელწოდებისა, სინამდვილეში ემპირიული და რაციონალური ფსიქოლოგიის ნაზავია. ისინი ვერ ქმნიან ჰარმონიულ მთლიანობას, მაგრამ, განსხვავებით ანტონის ფსიქოლოგიისაგან, ნაშრომის მკაფიო ორიენტაცია მეცნიერულ მეთოდოლოგიაზე მკითხველში ამკვიდრებს აზრს ფსიქოლოგიის, როგორც სრულფასოვანი პოზიტიური მეცნიერების შესაძლებლობის შესახებ. საბოლოო ანგარიშით, ასეთმა ნაშრომებმა გაუკვალეს გზა ფსიქოლოგიას მეტაფიზიკიდან თავისუფალ ექსპერიმენტულ მეცნიერებამდე.       ქიქოძემ დამსახურებულად დაიმკვიდრა საპატიო ადგილი ქართულ კულტურაში. როგორც მღედელმსახურმა და დიდმა მამულიშვლმა, მან მრავალი სასიკეთო საქმე გააკეთა. როგორც სწავლულმა, შექმნა თხზულება, რომელმაც უთუოდ შეასრულა თავისი ისტორიული როლი - აჩვენა წიგნიერ საზოგადოებას სულიერ სინამდვილესთან მისასვლელი მეცნიერული გზა. ილიამ ქიქოძეზე თქვა: ეს იყო ადამიანი, „ვინც სარწმუნოებას ამეცნიერებდა და მეცნიერებას ასარწმუნოებდა“. თუ საქართველოში ვინმეზე ითქმოდა ასეთი რამ, ეს უთუოდ გაბრიელ ეპისკოპოსი იყო.       ქართული ფსიქოლოგიური აზრის განვითარების უზნაძემდელი პერიოდი სრულად ვერ წარმოჩინდება, თუ არ განვიხილავთ გამოჩენილი ფიზიოლოგის, ი. თარხნიშვილის შემოქმედებას, რომელიც გაჯერებულია ფსიქოლოგიური შინაარსით. ირაკლი იმედაძე წიგნიდან: ფსიქოლოგიის ისტორია « წინა ნაწილი | გაგრძელება » [1] კომპეტენტური კომენტატორის განმარტებით, „ქართველ ფილოსოფოსთა შორის ს. დოდაშვილი ერთ-ერთი პირველია, ვის შრომებშიც ფილოსოფიური და სამეცნიერო პრობლემების ღირებულება მისი თეოლოგიურ-რელიგიური მნიშვნელობით არ იზომება“. ამასთან, დოდაშვილის „აზროვნების ახალი სტილი ნიშნავს უარის თქმას სამეცნიერო პრობლემების აუცილებელ რელიგიურ ინტერპრეტაციაზე, მაგრამ არა უარის თქმას რწმენაზე“ (ლ. მჭედლიშვილი).…
დაამატა ლაშა to ფსიქოლოგია at 11:41am on ივლისი 21, 2018
თემა: სოციალური ფსიქოლოგია
აყალიბა. თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ სწორედ მან თქვა, ადამიანი სოციალური ცხოველიაო, ნაკლებ სავარაუდოა, რომ მანამდე ეს არავის შეემჩნია. მეტიც, იმის შანსიცაა, რომ ის არ იყო პირველი ადამინი, ვისაც ამ განაცხადის ჭეშმარიტება გააოცებდა და ამავე დროს, მისი ტრივიალობა და დაუსაბუთებლობა საგონებელში ჩააგდებდა. მართალია, ადამიანები უდავოდ სოციალური ცხოველები არიან, მაგრამ იგივე ითქმის სხვა არსებებზე, ჭიანჭველებითა და ფუტკრებით დაწყებული, მაიმუნებითა და ადამიანის მსგავსი მაიმუნებით დამთავრებული. მაშ, რას ნიშნავს, როცა ვამბობთ, რომ ადამიანები "სოციალური ცხოველები" არიან? მოდით, რამდენიმე კონკრეტულ მაგალითზე შევჩერდეთ:       კოლეჯის სტუდენტი, სახელად სემი, თავის ოთხ ამხანაგთან ერთად, ტელევიზორში პრეზიდენტობის კანდიდატის გამოსვლას უსმენს. სემი მოხიბლული ჩანს. ეს კანდიდატი ოპოზიციურ კანდიდატებზე მეტად მისი გულწრფელობის გამო მოსწონს. წინასაარჩევნო სიტყვის დასრულების შემდეგ, ერთ-ერთი სტუდენტი დაჟინებით ამბობს, რომ კანდიდატმა იმედი გაუცრუა, რომ მისი აზრით, ის სრული გაიძვერაა და რომ უპირატესობას ოპოზიციურ კანდიდატს ანიჭებს. ამ სტუდენტს დანარჩენებიც მყისვე ეთანხმებიან. სემი დაბნეული ჩანს და ცოტა არ იყოს, შეწუხებულიც. ბოლოს, ამხანაგებს ლუღლუღით ეუბნება: "როგორც ჩანს, მთლად ისეთი გულწრფელიც არ არის, როგორსაც მოველოდი."       მეორე კლასის მასწავლებელი დაფასთან დგას და კითხულობს: "რამდენი იქნება ექვსის, ცხრის, ოთხისა და თერთმეტის ჯამი?" გოგონა მესამე რიგიდან ერთხანს დაბნეულად ჩაფიქრდება, ცოტას იყოყმანებს, ხელს წინდახედულად ასწევს და როცა საპასუხოდ მოუხმობენ, ხმადაბლა იტყვის: "ოცდაათი?" მასწავლებელი თავს უკრავს, უღიმის, "ყოჩაღ, ქეროლ," – ეუბნება, და შუბლზე ოქროსფერ ვარსკვლავს აკრავს. შემდეგ მასწავლებელი კლასს ახალ შეკითხვას უსვამს: "რამდენი იქნება შვიდის, ოთხის, რვის, სამისა და ათის ჯამი?" წამს არ კარგავს, ისე წამოხტება ფეხზე ქეროლი და წამოიყვირებს: "ოცდათორმეტი!"       4 წლის ბიჭს დაბადების დღეზე სათამაშო დოლს ჩუქნიან. რამდენიმე წუთი ზედ ხელებს ატყაპუნებს, შემდეგ გვერდზე გადადებს და რამდენიმე კვირის მანძილზე ბეჯითად იგნორირებას უკეთებს. ერთ დღესაც, ბიჭუნას მეგობარი ესტუმრება, დოლს ხელს დასტაცებს და ის-ისაა, მასზე დაკვრა უნდა დაიწყოს, რომ ნივთის ახალგაზრდა "მფლობელი" მეგობარს დოლს გამოგლეჯს და თავად იწყებს დაკვრას, გეგონება, მისი ყველაზე საყვარელი სათამაშო ყოფილიყოს.       10 წლის გოგონა ხარბად მიირთმევს კონკრეტული ფირმის ხორბლის ხრატუნებს, თანაც დღეში ორ ჯამს, იმიტომ რომ, ოლიმპიადის ჩემპიონი ტანვარჯიშში ამ პროდუქტს რეკომენდაციას უწევს და მინიშნებას აკეთებს, რომ მისი ათლეტური გმირობა, ნაწილობრივ, სწორედ აი, ამ ბრენდის ხრატუნების დამსახურებაა.       მაღაზიის მეპატრონეს, რომელსაც მთელი ცხოვრება მონტანას პატარა ქალაქში აქვს გატარებული, არასდროს ჰქონია რეალურ შავკანიანებთან რეალური კონტაქტი, მაგრამ მან "იცის", რომ ეს უკანასკნელნი უჭკუო, ზარმაცი და მოჭარბებული სექსუალური მადის მქონე ხალხია.       ჩარლი დამამთავრებელი კლასის მოსწავლეა. ამას წინათ, საცხოვრებლად სხვა ქალაქში გადავიდა. უწინ საკმაოდ პოპულარული ბიჭი იყო, მაგრამ ახლა ასე აღარაა. მართალია, ბავშვები სკოლაში თავაზიანად ექცევიან, მაგრამ მაინცდამაინც მეგობრულად – არა. თავს მარტო გრძნობს, საკუთარ თავში დარწმუნებული არაა და ჰგონია, რომ შეუხედავია. ერთ დღესაც, ლანჩის დროს, მაგიდასთან მდედრობითი სქესის ორ თანაკლასელთან ერთად აღმოჩნდება. ერთ-ერთი მათგანი თბილია, მომხიბლავი, ჭკვიანი და სიცოცხლით სავსე. ჩარლი მას აღმერთებს და მასზე ბევრიც უოცნებია. რამდენიმე კვირაა, რაც მასთან დალაპარაკების შანსს ნატრობს. მეორე ახალგაზრდა ქალბატონი ასეთივე მიმზიდველი ნამდვილად არ არის. ჩარლი სიცოცხლით სავსე ოცნების ქალს იგნორირებას უკეთებს და მის კომპანიონთან სერიოზულ ლაპარაკს აბამს.       კოლეჯის სტუდენტი, სახელად დები, მეგობარი ბიჭისგან, რომელთანაც ხანგრძლივ ურთიერთობაში იყო, წერილს იღებს. წერილში ბიჭი მათი ურთიერთობის დასრულების შესახებ აუწყებს. მართალია, დები ყოველთვის ამაყობდა, რომ სულ ფორმაში იყო და გონივრულადაც იკვებებოდა, მაგრამ უარყოფამ მის კვების რაციონზე იმოქმედა და ახლა შაბათ-კვირებზე მთელ კოლოფ კრემიან ორცხობილებს, ჩიტის რძეს, შოკოლადებსა და ჯემიან ფუნთუშებს შეექცევა. გარდა ამისა, საინჟინრო ფაკულტეტზე ერთ-ერთი ყველაზე წარჩინებული სტუდენტია, მაგრამ ახლა გამოთვლითი მათემატიკის გამოცდაზე იჭრება, არადა ამ გამოცდაზე, ჩვეულებრივ, კარგ ქულას მიიღებდა.       ვიეტნამის ომის დროს, კენტის სახელმწიფო უნივერსიტეტის რამდენიმე ასეული სტუდენტი ომის წინააღმდეგ დემონსტრაციებს აწყობდა, რაც უნივერსიტეტის კამპუსებში საკმაოდ ჩვეული მოვლენა გახლდათ ჩვენი ისტორიის ამ შეჭირვებული პერიოდისათვის. სრულიად გაუგებარი მიზეზების გამო, ოჰაიოს ეროვნულმა დაცვამ, რომელსაც კამპუსში მშვიდობის დამყარება ევალებოდა, ცეცხლი გახსნა, რასაც ოთხი სტუდენტის სიცოცხლე შეეწირა. ტრაგედიის შემდეგ, ადგილობრივი სკოლის მასწავლებელი ამტკიცებდა, დაღუპული სტუდენტები სიკვდილს იმსახურებდნენო. ამ ქალბატონმა ეს განცხადება იმის მიუხედავად გააკეთა, რომ კარგად იცოდა: მსხვერპლიდან სულ ცოტა ორი სტუდენტი დემონსტრანტი არ იყო, არამედ სროლის დროს კამპუსის მიდამოებში მშვიადობიანად სეირნობდა. მართლაც, ქალბატონი არ დამცხრალა და ასეთი რამეც თქვა: "ყველა, ვინც კენტისნაირი ქალაქის ქუჩებში გრძელი თმით, ჭუჭყიანი ტანსაცმლით ან ფეხშიშველი გაივლის, დახვრეტის ღირსია."       როცა რელიგიურმა წინამძღოლმა, ჯიმ ჯოუნსმა[1] განგაშის ზარი ჩამოკრა, გაიანას სახალხო ტაძრის 900 წევრი მის წინაშე მოგროვდა. მან იცოდა, რომ კონგრესის საგამოძიებო მისიის ზოგიერთი წევრი მოკლული იყო და რომ ჯოუნსტაუნის სიწმინდე და იზოლაცია მალე შეიბღალებოდა. ჯოუნსმა განაცხადა, რომ მათი სიკვდილის დრო დადგა. კასრებში საწამლავი დაამზადეს და პროტესტის, ყვირილისა თუ წინააღმდეგობის გამწევი ქცევების მხოლოდ მეჩხერად, აქა-იქ წარმოქმნილ კერებს შორის, დედებმა და მამებმა ჩვილებსა და ბავშვებს ფატალური მიქსტურა დაალევინეს, თავდაც დალიეს, ძირს დაწვნენ და ერთმანეთის მკლავში მკლავგაყრილები სიკვდილის ლოდინს შეუდგნენ.       1999 წლის 20 აპრილს, კოლორადოს შტატის ქალაქ ლითლტონში მდებარე კოლუმბინის სკოლის კორიდორებსა და საკლასო ოთახებში თოფის სროლის ხმა გაისმა. ცეცხლსასროლი იარაღებითა და ასაფეთქებელი საშუალებებით შეიარაღებულმა ორმა გაშმაგებულმა მოსწავლემ მასწავლებელი და რამდენიმე თანატოლი სკოლის მოსწავლე მოკლა. შემდეგ კი თოფები საკუთარი თავებისკენ მიიშვირეს. როცა სროლისგან დამდგარი კვამლი გადაიწმინდა, აღმოჩნდა, რომ 15 ადამიანი იყო დაღუპული (მათ შორის თავად მსროლელები), 23 – ჰოსპიტალიზებული და მრავალი – მძიმედ დაჭრილი.       მერი ახლახან 9 წლის გახდა. დაბადების დღეზე სათამაშო სამზარეულოს კომპლექტს ჩუქნიან, "თავისი პატარა ღუმელით". მშობლები ამ საჩუქარს იმიტომ ირჩევენ, რომ მერი კულინარიულ ამბებში ძალიან დაინტერესებული ჩანს და დედიკოს მაგიდის გაწყობაში, კერძების მომზადებასა და სახლის დალაგებაში მუდამ ეხმარება. "რა გასაოცარია, არა?!" – ამბობს მერის მამა. – "სულ რაღაც ცხრა წლისაა და უკვე დიასახლისის საქმეები აინტერესებს! პატარა გოგონებს ალბათ დიასახლისობის გენები აქვთ. ამ ფემინისტებმა კიდევ თვითონაც არ იციან, რაზე ლაპარაკობენ."       ჩემი ბავშვობის მეგობარი, ჯორჯ ვუდსი აფრიკელი ამერიკელია. როცა 1940-იან წლებში, მასაჩუსეტსში ერთად ვიზრდებოდით, საკუთარი თავი "ფერადკანიან ბიჭად" მიაჩნდა და თვლიდა, რომ თავისი თეთრკანიანი მეგობრები მასზე უპირატესნი იყვნენ. ამ განცდისათვის ბლომად მიზეზი ჰქონდა. იმ გარემოებამ, რომ თეთრკანიანები მას, როგორც მათზე ქვემდგომს ეპყრობოდნენ, ჯორჯზე, ცხადია, პირდაპირი გავლენა იქონია. იმხანად, თავის შექცევა მას რადიოთი შეეძლო – შეეძლო, ჩაერთო რადიო და ესმინა Amos ‘n’ Andy-სთვის, საოცრად პოპულარული რადიო-შოუსათვის, რომელშიც შავკანიანი ზრადასრული ადამიანები წარმოჩენილნი იყვნენ, როგორც მიამიტი ბავშვები, სულელები, ზარმაცები, უწიგნურები და ერთგვარად საყვარელი, არცთუ არამეგობრული, მოშინაურებული ცხოველები. შავკანიან პერსონაჟებს, რა თქმა უნდა, თეთრკანიანი მსახიობები ანსახიერებდნენ. ფილმებში ჯორჯს შეეძლო, ენახა სტერეოტიპიზირებული "ფერადკანიანი ადამიანი", ხშირად მძღოლის ან რაიმე სხვა მოსამსახურის ტიპის როლში. სტანდარტულ სიუჟეტში ფერადკანიანი კაცი თეთრკანიან გმირს რაიმე მოჯადოებულ სახლში გაჰყვებოდა, იქ უცნაურ და ავისმომასწავებელ ხმაურს გაიგონებდნენ; კამერა ამ დროს უმალ ფერადკანიანი კაცის სახეს მიუახლოვდებოდა, ამ უკანასკნელს კი თვალები შიშისგან ჰქონდა გაფართოებული, წამოიყვირებდა, "ფეხებო, არ მიმტყუნოთ!", და კარში რეტიანივით გავარდებოდა, თან ისე, რომ კარს არც კი გააღებდა. ჩვენ მხოლოდ შეგვიძლია, გამოვიცნოთ, რას განიცდიდა ჯორჯი, როცა ამ ფილმებს თავისი თეთრკანიანი მეგობრების კომპანიაში უყურებდა.       რაღაცები იცვლება. მაგალითად, მართალია, დისკრიმინაცია და უსამართლობა დღემდე რჩება ჩვენი საზოგადოების განუყოფელ ნაწილად, მაგრამ ჯორჯ ვუდის შვილიშვილები, რომლებიც 21-ე საუკუნეში ირზდებიან, იმ ტკივილს დღეს აღარ შეხვდებიან, ჯორჯს რაც აქვს განცდილი. მას-მედია შავკანიანებს ექსკლუზიურად ქვეშევდრომებისა და მომსახურეების როლებში დღეს აღარ წარმოგვიდგენს. მე-20 საუკუნის ბოლოსკენ, აფრიკული ამერიკის ისტორიისა და კულტურის მიმართ ინტერესის და ენთუზიაზმის კვალდაკვალ, სიამაყის განცდაც აღმოცენდა – სიამაყე იმით, რომ შავკანიანი ხარ. ხოლო 2008 წელს, პროგრესის კულმინაცია ბარაკ ობამას არჩევა იყო – პირველი აფრიკელი ამერიკელი პრეზიდენტის. საზოგადოებას დღეს ჯორჯის შვილიშვილებზე განსხვავებული გავლენა აქვს, ვიდრე ჯორჯზე ჰქონდა.       მიუხედავად იმისა, რომ რაღაცები იცვლება, თვითკმაყოფილებას არ უნდა მივეცეთ და არ უნდა დავიჯეროთ, რომ ყველა ცვლილება წრფივი, ჰუმანისტური მიმართულების მქონეა. 1936 წლის 30 აგვისტოს, ესპანური ცივი ომის დროს, ერთმა თვითმფრინავმა მადრიდი დაბომბა. რამდენიმე ადამიანი დაშავდა, მაგრამ მსხვერპლი არ ყოფილა. მსოფლიო სერიოზულ შოკში ჩააგდო იდეამ, რომ ასეთ დასახლებულ ქალაქზე იერიში ჰაერიდან იქნა მიტანილი. მთელი მსოფლიოს მასშტაბით გაზეთები სარედაქციო წერილებში მოქალაქეთა ზოგად შიშსა და აღშფოთებას ახმოვანებდნენ. სულ რაღაც 9 წლის შემდეგ, აშშ-ს თვითმფრინავებმა ჰიროსიმასა და ნაგასაკიში ბირთვული ბომბები ჩაყარეს. 200,000-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა და მრავალი ათასი მძიმედ დაშავდა. მომხდარიდან მალევე, გამოკითხვამ აჩვენა, რომ ამერიკის მოსახლეობის მხოლოდ 4.5 პროცენტი თვლიდა, რომ ასეთი იარაღი არ უნდა გამოყენებულიყო და რაც ყველაზე გასაოცარია, 22.7 პროცენტის აზრით, კიდევ უფრო მეტი უნდა გამოყენებულიყო იქამდე, ვიდრე იაპონიას კაპიტულაციის შანსი ექნებოდა. აშკარაა, რომ ამ 9 წლის მანძილზე რაღაც მოხდა – რაღაც ისეთი, რამაც საზოგადოებრივ აზრზე გავლენა მოახდინა. განსაზღვრება       რა არის სოციალური ფსიქოლოგია? მრავალი განსაზღვრება შეიძლება, მოვიტანოთ. თუმცა, მათი ჩამოთვლის ნაცვლად, შესაძლოა, უფრო ინფორმატიული იყოს, თავად საგანს რომ მივცეთ დარგის განსაზღვრის საშუალება. წინა გვერდებზე წარმოდგენილი ყველა მაგალითი სწორედ სოციოფსიქოლოგიური სიტუაციების ილუსტრაციაა. რაც უნდა მრავალფეროვანი იყოს ეს სიტუაციები, ყველა მათგანი ერთ საერთო ფაქტორს შეიცავს: სოციალურ ზეგავლენას. სემის მეგობრების აზრმა პრეზიდენტობის კანდიდატის ღირსებათა შესახებ სემის მსჯელობაზე (ან ყოველ შემთხვევაში, ამ მსჯელობასთან დაკავშირებულ საჯარო განცხადებაზე) მოახდინა გავლენა. მასწავლებლისგან წამოსულმა ჯილდომ გაკვეთილზე ქეროლის პასუხების სისწრაფესა და ენთუზიაზმზე იქონია გავლენა. 4 წლის ბიჭუნა თავისი სათამაშო დოლით მეგობრის ინტერესის უნებლიე გავლენის შედეგად მოიხიბლა. რაც შეეხება ხორბლის ხრატუნების მოყვარულ 10 წლის გოგონაზე ოლიმპიური ათლეტის ზეგავლენას, ეს გავლენა უკვე სრულებით არ იყო უნებლიე; პირიქით, ეს განზრახ იყო იმგვარად მოფიქრებული, რომ გოგონას მშობლები დაერწმუბინა და შვილისათვის სწორედ ამ კონკრეტული ბრენდის ხრატუნები შეეძინათ. მონტანას მაღაზიის მეპატრონე კი შავკანიანებზე არასახარბიელო სტერეოტიპით როდი დაიბადა. აშკარაა, რომ ეს სტერეოტიპი თავში ვიღაცამ ჩაუდო. დების მოჭარბებული კვება და სუსტი აკადემიური მოსწრება იმასთან იყო კავშირში, რომ გოგონა მეგობარმა ბიჭმა უარყო. ხოლო ჩარლის მიერ თავისი ოცნების ქალის იგნორირებას დიდი ალბათობით იმავე უარყოფის შიშთან აქვს საქმე და დაკავშირებულია საკუთარი თავის შესახებ ბოლოიდროინდელ განცდებსა თუ წარმოდგენებთან და ნახევრად გააზრებულ ვარაუდთან, რომ შანსი იმისა, უარყოფა ამ ორი ახალგაზრდა ქალბატონიდან სწორედ მისი ოცნების ქალიდან წამოსულიყო, უფრო შეესაბამებოდა რეალობას. უარყოფას კი, როგორც დების ქცევა მიგვანიშნებს, შეიძლება, სერიოზული შედეგები მოჰყვეს. შესაძლოა, რომ სწორედ უარყოფასა და დამცირებას ეთამაშა კოლუმბინის სკოლის აგრესიულ მკლველობებში როლი. ხოლო, ის, თუ როგორ მივიდა ოჰაიოს, კენტის სკოლის მასწავლებელი ღრმა რწმენამდე, რომ უდანაშაულო ადამიანები სიკვდილს იმსახურებდნენ, ძალიან საინტერესო და შემაშფოთებელი საკითხია. ამ ეტაპზე, მოდით უბრალოდ ვთქვათ, რომ მასწავლებლის ამ რწმენაზე უნივერსიტეტის ტრაგიკულ მოვლენებში თავისივე არაპირდაპირმა თანამონაწილეობამ იქონია გავლენა. კიდევ უფრო მწვავე კითხვები იბადება ჯოუნსტაუნისა და კოლუმბინის ამბების გარშემო: რამ შეიძლება, მშობლები იქამდე მიიყვანოს, რომ შვილებს საწამლავი დაალევინონ და შემდეგ საკუთარი სიცოცხლეც მოისწრაფონ? რამ შეიძლება, თინეიჯერებს საკუთარი კლასელების მოკვლისკენ უბიძგოს? განვმეორდები და ვიტყვი, რომ ეს რთული კითხვებია, რომლებზეც გარკვეული პასუხების გაცემას ამ ტექსტში, გზადაგზა შევეცდები.       მერის და მის სათამაშო სამზარეულო კომპლექტს რომ მივუბრუნდეთ, დასკვნის გამოტანა ალბათ არ გაგვიჭირდება და მერის მამის თქმის არ იყოს, ვიტყვით, რომ "დიასახლისობა" გენეტიკურია. თუმცა, გაცილებით რეალურია, სულ პატარა ასაკიდანვე მერი დაეჯილდოვებინათ და წაექეზებინათ ყოველ ჯერზე, როცა კი გოგონა ისეთი ტრადიციულად ფემინური რაღაცების მიმართ გამოხატავდა დაინტერესებას, როგორიცაა სამზარეულოში ტრიალი, კერვა და თოჯინები. მისი წაქეზების ხარისხი, ამ შემთხვევაში, გაცილებით მაღალი იქნებოდა, ვიდრე, ვთქვათ, ფეხბურთის, ბოქსის ან ქიმიის მიმართ რომ გამოეხატა ინტერესი. აგრეთვე, გონივრულია, ვივარაუდოთ, რომ მერის პატარა ძმა "დიასახლისობისადმი" ინტერესში რომ შეემჩნიათ, მას სათამაშო სამზარეულო კომპლექტს დაბადების დღეზე არ აჩუქებდნენ. ასევე, როგორც ახალგზარდა ჯორჯ ვუდის შემთხვევაში, რომელიც თავის თანატოლებზე ქვემდგომად აღიქვამდა თავს, მერის მე-ხატის ჩამოყალიბებაშიც მნიშვნელოვანი წვლილი მას-მედიას ექნებოდა შეტანილი, იმ მას-მედიას, რომელიც ქალებს უფრო ტრადიციულად "ქალურ" როლებში წარმოაჩენდა: დიასახლისის, მდივნის, ექთნისა და სკოლის მასწავლებლის როლებში. თუ ახალგზარდა ჯორჯ ვუდს მისსავე შვილიშვილებს შევადარებთ, ვნახავთ, რომ უმცირესობის წარმომადგენელთა მე-ხატები შეიძლება, შეიცვალონ და რომ ამ ცვლილებებს შეუძლიათ, ერთი მხრივ, გავლენა იქონიონ მას-მედიასა და ზოგადად მოსახლეობის დამოკიდებულებებში (attitudes) მიმდინარე ცვლილებებზე, მეორე მხრივ კი, მას-მედიის ცვლილებების გავლენის ქვეშ თავად მოექცნენ. ნათქვამის კარგ ილუსტრაციას ამერიკელთა მოსაზრებები წარმოადგენს 1945 წელს ბირთვული იარაღის გამოყენებასთან დაკავშირებით.       ცნება, რომელსაც წინა აბზაცში შევეხეთ, სოციალური ზეგავლენაა. და სწორედ ეს უკანასკნელი გახლავთ სოციალური ფსიქოლოგიის სამუშაო განსაზღვრება: ზეგავლენები, რომლებსაც ადამიანები ახდენენ სხვათა რწმენებზე, გრძნობებსა და ქცევებზე. ამ განსაზღვრების საშუალებით, შევეცდებით, გავიგოთ ბევრი ის ფენომენი, რომელიც ზემოთ განხილულ მაგალითებში იქნა აღწერილი. როგორ ექცევიან ადამიანები გავლენის ქვეშ? რატომ იღებენ ისინი გავლენას ან, სხვაგვარად რომ ვთქვათ, რისთვის სჭირდებათ ამ გავლენის მიღება? რა არის ის ცვლადები, რომლებიც ზრდიან ან ამცირებენ სოციალური ზეგავლენის ეფექტურობას? ეს ზეგავლენა სამუდამო ეფექტის მატარებელია თუ მხოლოდ დროებითია? რა ცვლადები ზრდიან ან ამცირებენ სოციალური ზეგავლენის ეფექტების მუდმივობას? შესაძლებელია, ერთი და იგივე პრინციპები გამოვიყენოთ კენტის სკოლის მასწავლებლისა და იმ ბავშვის მიმართ, ამა თუ იმ სათამაშოს რომ ანიჭებს უპირატესობას? როგორ ხდება, რომ ერთ ადამიანს მეორე მოსწონს? ერთი და იმავე პროცესების შედეგია, რატომაც ჩვენი ახალი სპორტული მანქანა ან ხორბლის ხრატუნები მოგვწონს? როგორ უმუშავდება ადამიანს წინასწარგანწყობები (Prejudices) ეთნიკური ან რასობრივი ჯგუფების მიმართ? ეს პროცესი მოწონების პროცესის მსგავსია (ანუ მისი შებრუნებული ვერსიაა) თუ სულ სხვა ფსიქოლოგიური მექანიზმებია მასში ჩართული?       ადამიანთა უმეტესობას მსგავსი ტიპის საკითხები აინტერესებს. ეს კი იმიტომ რომ, ჩვენ, როგორც ადამიანები, სხვა ადამიანებთან ინტერაქციაში დიდ დროს ვატარებთ – ვიღებთ მათგან გავლენას, ვახდენთ მათზე გავლენას, აღვფრთოვანდებით მათით, თავს ვიქცევთ და ვსევდიანდებით მათ გარემოცვაში, ვბრაზობთ მათზე. ამგვარად, ბუნებრივია, რომ სოციალური ქცევის შესახებ ერთგვარი ჰიპოთეზები გვიყალიბდება. ამ თვალსაზრისით, ყველა ჩვენგანი, სამოყვარულო დონეზე, სოციალური ფსიქოლოგები ვართ. მოყვარული სოციალური ფსიქოლოგების უმეტესობა თავიანთ ჰიპოთეზებს ამოწმებს კიდეც, თუმცა, მხოლოდ საკუთარი სიამოვნებისთვის. ამდენად, მსგავს "შემოწმებებს" ფრთხილი მეცნიერული კვლევისთვის დამახასიათებელი სიმკაცრე და მიუკერძოებლობა აკლია. საინტერესოა, რომ ხშირად, სამეცნიერო კვლევის შედეგები იდენტურია იმისა, რაც ადამიანთა უმეტესობამ "ისედაც იცის", რომ "ასეა". ეს არცაა გასაკვირი. კონვენციური სიბრძნე ხშირად გამჭრიახ დაკვირვებებს ეფუძნება – დაკვირვებებს, რომლებმაც დროის გამოცდას გაუძლო. უცნაური სრულებით არ იქნება, თუ ამ წიგნში მოტანილ ექსპერიმენტთა შედეგების გაცნობისას, რაღაც მომენტებში გაიფიქრებთ: "ეს ხომ ისედაც ცალსახაა?! რად უნდოდა ახლა ამის "აღმოჩენას" დროის და ფულის ხარჯვა?" ექსპერიმენტებს რამდენიმე მიზეზის გამო მივამართავთ, მიუხედავად იმისა, რომ შედეგები ხშირად გაკვირვებას საერთოდ არ იწვევს. პირველ ყოვლისა, ყველა ჩვენგანი მგრძნობიარენი ვართ რეტროსპექტული წინასწარმეტყველების (hindsight bias) მიმართ. ეს უკანასკნელი გულისხმობს ჩვენს ტენდენციას, გადაჭარბებულად შევაფასოთ ჩვენივე წინასწარმეტყველების ძალა იმ პირობებში, როცა მოცემული მოვლენის შედეგი წინასწარ ვიცით. ასე, მაგალითად, ერთ-ერთი კვლევის თანახმად, როცა არჩევნების მომდევნო დღეს ხალხს ეკითხებიან, როგორ ფიქრობდით, რომელი კანდიდატი გაიმარჯვებდაო, თითქმის ყველა აწ უკვე გამარჯვებულს ასახელებს, მიუხედავად იმისა, რომ არჩევნების წინა დღეს მათი წინასწარმეტყველება ასეთი ზუსტი ნამდვილად არ იქნებოდა. ამავენაირად, ექსპერიმენტის შედეგიც ყოველთვის უფრო მოსალოდნელი ჩანს მას მერე, რაც შედეგები ხელში გვიჭირავს, ვიდრე მანამდე – შედეგების წინასწარმეტყველება ჩვენთვის რეტროსპექტული წინასწარმეტყველების დახმარების გარეშე რომ ეთხოვათ. გარდა ამისა, კვლევის ჩატარება მნიშვნელოვანია (რაც უნდა, ცალსახად ცხადი იყოს შედეგები), რადგან ბევრი რამ, რაც "ვიცით", რომ "ასეა", ფრთხილი გამოკვლევის შემდეგ სულ სხვაგვარად აღმოჩნდება ხოლმე. მაგალითად, გონივრულია ვარაუდი, რომ ადამიანები, რომელთაც გარკვეული ქცევისათვის მკაცრი დასჯით ემუქრებიან, თანდათანობით ამ ქცევას მოიძულებენ. მაგრამ თუ ამ ვარაუდს ემპირიულად შევამოწმებთ, აღმოჩნდება, რომ ის არასწორია. ადამიანებს, რომელთაც ზომიერი დასჯით ემუქრებიან, აკრძალული ქცევის მიმართ ანტიპათია უმუშავდებათ, ხოლო მათ, ვისაც მკაცრად ემუქრებიან, აკრძალული ქცევისადმი, სულ მცირე, პატარა სიმპათია მაინც უვითარდებათ. ან კიდევ: უმეტესობა ჩვენგანმა გამოცდილებით ვიცით, რომ თუ ყურს მოვკრავთ, რომ ვინმე ჩვენს ზურგს უკან ჩვენზე რაიმე სასიამოვნოს ამბობს, ეს ადამიანი, დიდი ალბათობით, მოგვეწონება, თან ისე, რომ მის შესახებ შეიძლება, სხვა არაფერი ვიცოდეთ. ეს მართლაც ასეა. მაგრამ, ამავე დროს, მართალია ისიც, რომ ეს ადამიანი მაშინაც მოგვეწონება, როცა ჩვენს მიერ ყურმოკრული მისი კომენტარები ყველაფერია, სასიამოვნოს გარდა. ამ ფენომენეზე მომდევნო თავებში უფრო დეტალურად იქნება ლაპარაკი. სოციალური ქცევის გაგების გზაზე პროფესიონალ ფსიქოლოგებს, ყველაზე მოყვარულ სოციალურ ფსიქოლოგებთან შედარებითაც კი, გაცილებით დიდი უპირატესობა გვაქვს. მოყვარულების მსგავსად, პროფესიონალებიც ხშირად ფრთხილი დაკვირვებით ვიწყებთ, მაგრამ ჩვენ საკმაოდ შორს წასვლა შეგვიძლია. ადამიანების ქცევებზე დასაკვირვებლად, ჩვენთვის არაა აუცილებელი, დაველოდოთ, როდის მოხდება ესა თუ ის მოვლენა. ჩვენ თავად შეგვიძლია მოვახდინოთ ეს მოვლენები. სხვა სიტყვებით, სოციალურ ფსიქოლოგებს შეუძლიათ, ჩაატარონ ექსპერიმენტი, რომელშიც უამრავი ადამიანი გარკვეული მოვლენების სამიზნე ხდება (მაგალითად, მკაცრი დასჯის ან ზომიერი დასჯის; სასიამოვნო კომენტარის გაგონების ან სასიამოვნოსა და უსიამოვნოს კომბინაციის გაგონების სამიზნე). თანაც, ასეთი რამეების გაკეთება ჩვენ იმგვარ სიტუაციებში შეგვიძლია, სადაც კონკრეტული საკვლევი მოვლენების გარდა, სხვა ყველაფერი უცვლელია. შესაბამისად, პროფესიონალ სოციალურ ფსიქოლოგებს შეუძლიათ, გაცილებით ზუსტი და მრავალრიცხოვანი მონაცემიდან გამოიტანონ დასკვნები, ვიდრე ეს მოყვარული სოციალური ფსიქოლოგებისთვისაა ხელმისწავდომი. ამ უკანასკნელთ შეზღუდვები აქვთ, რადგან იძულებულები არიან, იმ მოვლენებს დააკვირდნენ, რომლებიც შემთხვევითად და ისეთ კომპლექსურ გარემოებებში აღმოცენდება, სადაც ერთდროულად ბევრი რამ ხდება. ამ წიგნში წარმოდგენილი თითქმის ყველა მონაცემი ექსპერიმენტულ კვლევებს ეფუძნება. ამიტომ, მნიშვნელოვანია, მკითხველმა (1) გაიგოს, რას ნიშნავს ექსპერიმენტი სოციალურ ფსიქოლოგიაში და (2) გაიგოს ის უპირატესობები, ნაკლოვანებები, ეთიკური პრობლემები, სასიამოვნო აღელვება, თავისტკივილები და გულისტკივილები, რაც ამ თავგადასავალთანაა დაკავშირებული. მიუხედავად იმისა, რომ ექსპერიმენტული მეთოდის გააზრება მნიშვნელოვანია, ეს ამ წიგნში წარმოდგენილი პრაქტიკული მასალის გასაგებად არსებითი არ გახლავთ. ამდენად, "სოციალური ფსიქოლოგია, როგორც მეცნიერება", ამ წიგნის სულ ბოლო თავია. როგორც მკითხველმა, შეგიძლიათ, ამ თავს ყურადღებით შეავლოთ თვალი, ვიდრე კითხვას გააგრძელებდეთ (მით უფრო, თუ გირჩევნიათ, რომ ტექნიკური ნიუანსები იქამდე გაიგოთ, სანამ პრაქტიკულ მასალაში გადაეშვებოდეთ) ანდა ამ წიგნში მოგზაურობის ნებისმიერ ეტაპზე მიუბრუნდეთ – როცა კი იგრძნობთ, რომ ინტერესი საკმარისად აღგეძრათ. ადამიანები, რომლებიც სიგიჟეებს სჩადიან, ყოველთვის გიჟები არ არიან. სოციალური ფსიქოლოგი იმგვარ სოციალურ სიტუაციებს სწავლობს, რომლებიც ადამიანების ქცევაზე ახდენენ გავლენას. ხანდახან, ეს ბუნებრივი სიტუაციები იმხელა წნეხის სახეს იღებს და ადამიანებში ისეთ ქცევებს იწვევს, რომლებიც ადვილად შეიძლება, პათოლოგიურ ქცევებად კლასიფიცირდეს. როცა "ადამიანებს" ვახსენებ, ადამიანთა ძალიან დიდ რაოდენობას ვგულისხმობ. ჩემი აზრით, ადამიანური ქცევის შესახებ ჩვენს ცოდნას არ ამდიდრებს ის გარემოება, რომ ამგვარი ქცევის ავტორებს უმალ ფსიქოპათების იარლიყს ვაკრავთ. ბევრად უფრო გონივრულია, ჯერ სიტუაციის ბუნება და ის პროცესები გავიგოთ, რომლებიც ქცევის წარმოქმნას ედო საფუძვლად. ჰოდა, არონსონის პირველ კანონსაც მივადექით: ადამიანები, რომლებიც სიგიჟეებს სჩადიან, ყოველთვის გიჟები არ არიან. საილუსტრაციოდ, ოჰაიოს სკოლის მასწავლებელი ავიღოთ, რომელიც ამტკიცებდა, კენტის სახელმწიფო უნივერსიტეტის ოთხი სტუდენტი სიკვდილს იმსახურებდაო. არა მგონია, ეს ქალბატონი ერთადერთი ადამიანი ყოფილიყო ასეთი რწმენით, და მიუხედავად იმისა, რომ ყველა ადამიანი, ვისაც ამგვარი რწმენა გააჩნია, თავისუფლად შეიძლება, შეშლილი იყოს, მე მაინც ეჭვი მეპარება. მეტიც, ვეჭვობ, რომ ამ ხალხის ფსიქოპათებად მონათვლამ მოცემული ფენომენის გაგებაში რაიმე მხრივ წინ წაგვწიოს. ასე, მაგალითად, კენტის უნივერსიტეტის მკლელობის შემდეგ, ჭორები დაირხა – დაღუპული გოგონები მაინც ორსულად იყვნენ და სიკვდილი მათთვის მადლი იყოო, ხოლო ოთხივე გარდაცვლილ სტუდენტზე ამბობდნენ, ისეთი ბინძურები და ტილიანები იყვნენ, რომ მორგის თანამშრომლებს ცხედრების დათვალიერების დროს გულისრევა დაეწყოთო. ეს ჭორები, ცხადია, თავიდან ბოლომდე მცდარი იყო, მაგრამ ჯეიმს მიჩენერის[2] თანახმად, ელვის სისწრაფით ვრცელდებოდა. ნუთუ ეს ადამიანები, ვისაც ამ ჭორების სჯეროდა და ვინც ამას ავრცელებდა, ყველანი გიჟები იყვნენ? მოგვიანებით, ამ წიგნში, ჩვენ განვიხილავთ იმ პროცესებს, რომლებიც სწორედ ამგვარ ქცევებს იწვევენ და რომლებისადმიც, შესაბამის სოციოფსიქოლოგიურ პირობებში, უმეტესობა ჩვენგანი მგრძნობიარეები ვართ. ჩემი ერთ-ერთი ყოფილი სტუდენტი, ელენ ბერსჩეიდი (Ellen Berscheid) დააკვირდა, რომ ადამიანებს აქვთ ტენდენცია, უსიამოვნო ქცევის ასახსნელად ქცევის ავტორს იარლიყი მიაწებონ ("გიჟი", "სადისტი" ან ნებისმიერი მსგავსი რამ) და ამის საშუალებით ეს ადამიანი დანარჩენებისგან, ანუ "ჩვენგან, კარგი ხალხისგან", გარიყონ. ასე, უსიამოვნო ქცევის შესახებ წუხილი აღარ დაგვჭირდება, რადგან მას აღარავითარი საქმე აღარ ექნება ჩვენთან, წესიერ ხალხთან. ბერსჩეიდის თანახმად, საფრთხე, რომელსაც ასეთი აზროვნება შეიცავს, ისაა, რომ მიდრეკილს გვხდის, თვითკმაყოფილებაში გადავეშვათ და უსიამოვნო ქცევის წარმომქმნელი სიტუაციური წნეხებისადმი ჩვენს საკუთარ სენსიტიურობაზე არ ვიღელვოთ; ამ ვითარებას კი სოციალური პრობლემების გადაწყვეტის სწორხაზოვან მიდგომამდე მივყავრთ. კერძოდ, ამგვარ სწორხაზოვან გადაწყვეტას, შესაძლოა, გარკვეული დიაგნოსტიკური ტესტების შემუშავება მოჰყვეს, რომელთაც იმის დასადგენად გამოვიყენებთ, თუ ვინ არის მატყუარა, ვინ არის სადისტი, ვინ – გარყვნილი და ვინ კიდევ მანიაკი. ამგვარად, სოციალურმა ქმედებამ, შესაძლოა, ამ ხალხის ამოცნობისა და მათი შესაბამის ინსტიტუციებში განთავსების სახე მიიღოს. ცხადია, მე იმას არ ვამბობ, რომ ამქვეყნად ფსიქოზი არ არსებობს ან რომ ფსიქოზური დარღვევების მქონენი არასდროს უნდა იყვნენ ინსტიტუციონალიზებულნი. არც იმას ვამბობ, რომ ყველა ადამიანი ერთნაირია და ერთსა და იმავე ინტენსიურ სოციალურ წნეხებზე ზუსტად ერთნაირად გიჟურად რეაგირებს. მე ვამბობ, რომ – როგორც ზემოთაც აღვნიშნე – ზოგ სიტუაციურ ცვლადს შესწევს ძალა, ჩვენს, "ნორმალური" ზრდასრული ადამიანების, საკმაოდ დიდ ნაწილს ძალიან არასანდომიანი ქცევებისკენ გვიბიძგოს. უმნიშვნელოვანესია, ვეცადოთ და გავიგოთ, რა არის ის ცვლადები და პროცესები, რომლებიც უსიამოვნო ან დესტრუქციულ ქცევებს წარმოშობს. ალბათ, აქ მაგალითი დაგვეხმარება. წარმოიდგინეთ ციხე. წარმოიდგინეთ ციხის მცველები. როგორები არიან? დიდი შანსია, ხალხის უმეტესობამ ციხის მცველები უხეშ, ტლანქ და გულქვა ადამიანებად წარმოიდგინოს. ზოგმა შეიძლება, ეს ხალხი ბოროტ, სადისტ ტირანებადაც კი წარმოიდგინოს. ხალხმა, ვინც სამყაროს შესახებ ამგვარ დისპოზიციურ შეხედულებებს ატარებს, შესაძლოა, იფიქროს, რომ ადამინები იმიტომ ხდებიან ციხის მცველები, რომ საკუთარი სიბოროტის გამოყენების შანსი მიეცეთ და თან ისე, რომ ამისათვის არ დაისაჯონ. ახლა წარმოიდგინეთ პატიმრები. როგორები არიან? მეამბოხეები და ურჩები? მორჩილები? არ აქვს მნიშვნელობა, კონკრეტულად რა ხატები გვაქვს თავში, მთავარი აქ ისაა, რომ ეს ხატები ჩვენში არსებობს და უმეტესობა ჩვენგანი დარწმუნებულია, რომ პატიმრები და ციხის მცველები ხასიათითა და პიროვნული თვისებებით ჩვენგან საკმაოდ განსხვავდებიან. შესაძლოა, ეს ასეც იყოს, მაგრამ შესაძლოა, საკითხი გაცილებით რთულადაც იდგეს. დრამატულ ექსპერიმენტში, ფილიპ ზიმბარდომ (Philip George Zimbardo), კოლეგებთან ერთად, სტენფორდის უნივერსიტეტის სარდაფში ციხის სიმულაცია მოაწყო. ამ "ციხეში" მან ნორმალური, ზრდასრული, სტაბილური, გონიერი ახალგაზრდა კაცების ჯგუფი მიიყვანა. ააგდო მონეტა და ბიჭების ნახევარს ციხის მცველების როლი მიანიჭა, ნახევარს კი პატიმრებისა. რამდენიმე დღის მანძილზე ისინი სწორედ ამ როლებში ცხოვრობდნენ. რა მოხდა? მოდით, თავად ზიმბარდოს სიტყვებით გავიგოთ: სულ რაღაც ექვსი დღის თავზე, იძულებულნი გავხდით, ჩვენი ინსცენირებული ციხე დაგვეხურა, რადგან ის, რაც ჩვენ ვნახეთ, შემაშფოთებელი იყო. ჩვენთვის და ცდის პირთა უმეტესობისთვის უკვე გაუგებარი იყო, სად მთავრდებოდა მათი რეალური სახე და სად იწყებოდა როლები. უმრავლესობა ნამდვილ "პატიმრებად" და "ციხის მცველებად" იქცა და აღარ ჰქონდა უნარი, როლურ თამაშსა და მე-ს შორის მკაფიო დიფერენცირება მოეხდინა. მათი ქცევის, აზროვნებისა და გრძნობების თითქმის ყველა ასპექტში დრამატული ცვლილებების მოწმენი გავხდით. ერთი კვირაც კი არ იყო გასული, რომ პატიმრობის გამოცდილებამ გაანადგურა (დროებითად) ის, რაც მთელი ცხოვრების მანძილზე ესწავლათ; ადამიანური ღირებულებები კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა, მე-ხატები სერიოზული გამოწვევის წინაშე აღმოჩნდა და ადამიანური ბუნების ყველაზე მახინჯი, ყველაზე სულმდაბალი, პათოლოგიური მხარე ზედაპირზე ამოტივტივდა. თავზარი დაგვეცა, როცა ვხედავდით, როგორ ეპყრობოდა ზოგიერთი ბიჭი ("მცველები") დანარჩენ ბიჭებს, როგორც ცხოველებს, და თან ამ სისასტიკით სიამოვნებას იღებდა, მაშინ როცა დანარჩენი ბიჭები ("პატიმრები") მონურ, დეჰუმანიზებულ რობოტებად იქცნენ, რომლებიც მხოლოდ გაქცევაზე, ინდივიდუალურ თვითგადარჩენასა და მცველებისადმი დაგროვილ სიძულვილზე ფიქრობდნენ. სოციალური ფსიქოლოგია, როგორც მეცნიერება პირველად, კოლეჯში[3] სწავლისას, სოციალური ფსიქოლოგიით იმიტომ დავინტერესდი, რომ ის ადამიანის ყველაზე საინტერესო ასპექტებს შეისწავლიდა: სიყვარულს, სიძულვილს, აგრესიას, ალტრუიზმს, წინასწარგანწყობებს, სოციალურ გავლენას, კონფორმიზმს და სხვა. იმ დროისათვის ნაკლებად მაინტერსებდა, როგორ მოიპოვეს მთელი ეს ცოდნა. მხოლოდ მინდოდა, მცოდნოდა ყველაფერი, რაც ცნობილი იყო. უკვე მაგისტრატურაში ჩაბარების შემდეგ უცებ მივხვდი, რომ ამ ცოდნის შეძენაზე მეტი შემეძლოო გამეკეთებინა – თავად შემეძლო ცოდნის წარმოქმნა. ამით, ჩემს წინაშე სრულიად ახალი სამყარო გადაიშალა – სოციალური ფსიქოლოგიის სამეცნიერო სამყარო. ვისწავლე, როგორ დამესვა მნიშვნელოვანი შეკითხვები და ჩამეტარებინა ექსპერიმენტები ამ კითხვებზე პასუხის საპოვნელად. ამით მცირედი წვლილი შემეძლო შემეტანა იმ ცოდნის დაგროვებაში, რომელსაც სტუდენტობის დროს ვიღებდი. მას შემდეგ, მთელი გატაცებით ვარ ჩართული ამ საქმეში. ამ თავის მიზანი არაა, რომ თქვენ მეცნიერად გადაგაქციოთ. ჩემი განზრახვა ნაკლებად ამბიციურია, მაგრამ არანაკლებ მნიშვნელოვანი. ამ თავის მიზანი გახლავთ, გაგიუმჯობესოთ მეცნიერული აზროვნების უნარი იმ მოვლენების შესახებ, რომლებიც თქვენს საკუთარ სოციალურ სამყაროში ხდება. ყველთვის ვფიქრობდი, რომ ამის გაკეთება საჭიროა. თუმცა, ამას ზოგჯერ იმედგაცრუებაც მოსდევს. ახლავე მაგალითით აგიხსნით, რას ვგულისხმობ. რამდენიმე წლის წინ ვიყიდე ჟურნალი The New Yorker, რომელშიც წავიკითხე ჯეიმს კუნენის ბრწყინვალე და ძალზედ ინფორმაციული სტატია ჩვენს ციხეებში არსებული კოლეჯის დონის საგანმანათლებლო პროგრამების შესახებ. კუნენი ენთუზიაზმით წერდა მათი ეფექტურობის შესახებ. შემდეგ იგი აკრიტიკებდა კონგრესის უმრავლესობის მიერ ამ პროგრამების წინააღმდეგ გალაშქრების ფაქტს, რომელებიც მათ უაზრო ხარჯად და კრიმინალების განებივრებად მიიჩნევდნენ. კუნენის სტატია შეიცავს რამდენიმე მსჯავრდებულის საინტერესო ისტორიას, რომლებმაც ციხეში ყოფნისას გაიარეს კოლეჯის პროგრამა, ხოლო განთავისუფლების შემდეგ ნაყოფიერი ცხოვრება დაიწყეს. ეს ისტორიები ძალზე გულისამაჩუყებელია. როგორც მეცნიერს, მომინდა, გამეგო, თუ არსებობს რამე სისტემატური მონაცემები, რომელთა გამოყენებითაც შევძლებდი ამ პროგრამის შედეგიანობის შეფასებას. დიახ, არსებობს. კუნენი წერს, რომ 1991 წელს ნიუ იორკის შტატის კორექციული სამსახურის დეპარტამენტმა გამოაქვეყნა ერთი კვლევა, რომლის თანახმადაც, გათავისუფლებიდან 4 წლის შემდეგ რეციდივის შემთხვევები 20%-ით ნაკლებია იმ ნასამართლევთა შორის, რომლებმაც ციხეში ყოფნისას ერთი წლის ან მეტის განმავლობაში უმაღლესი განათლება მიიღეს. შთამბეჭდავად ჟღერს, არა? ახლა, უფრო დაწვრილებით განვიხილოთ. როგორც მეცნიერმა, ერთი ძალიან მნიშვნელოვანი კითხვა უნდა დავსვა: იყვნენ თუ არა ის პატიმრები, რომლებმაც გაიარეს უმაღლესი განათლების პროგრამა, დანარჩენი პატიმრების მსგავსნი ამ პროგრამის გავლამდე? იქნებ საქმე იმაშია, რომ პატიმრები, რომლებმაც აირჩიეს ეს პროგრამა და ერთი წელი ისწავლეს, თავიდანვე განსხვავებულნი (ვთქვათ, მოტივაციით, უნარით, ჭკუით, განათლებით, გონებრივი სიჯანსაღით და ა.შ.) იყვნენ იმათგან, ვისაც არ აურჩევია ეს პროგრამა? ახლავე უნდა დავამატო, რომ ეს არაა ზედმეტი ჩაძიება; თუ ისინი თავიდანვე განსხვავებული იყვნენ პატიმართა საერთო ერთობლიობისაგან, მაშინ მოსალოდნელია (შესაძლებელია), მათ რეციდივის ნაკლები დონე გამოევლინათ სასწავლო კურსის გავლის გარეშეც. თუ საქმის არსი ამაშია, მაშინ პროგრამას არ გამოუწვევია რეციდივის შემცირება. როდესაც კუნინის სტატიას ვკითხულობდი, ჩემი ერთი ნაწილი – ლიბერალურ/ჰუმანისტური – აღფრთოვანებული იყო ამ კვლევის შედეგებით; ეს ხომ შესანიშნავია, არსებობს დამარწმუნებელი მონაცემები, რომ პატიმართა განათლებას შედეგი მოაქვს. მაგრამ ჩემი მეორე ნაწილი, მეცნიერი, სკეპტიკურად განწყობილი რჩებოდა. ამიტომ მოსდევს იმედგაცრუებები სამყაროს მეცნიერის თვალით დანახვას. სამაგიეროდ, ეს გვაძლევს საშუალებას, ხორბალი ჩენჩოსგან გამოვარჩიოთ და, როგორც დაინტერესებულმა მოქალაქეებმა, მოვითხოვოთ ინოვაციური პროგრამების სათანადოდ შეფასება. ამგვარად შესაძლებელი გახდება, დავადგინოთ, ათასობით შესაძლო პროგრამიდან რომელი გვიღირს დროის, ენერგიის და ფულის ხარჯვად. თუმცა, საქმე იმაშია, რომ ბევრ შემთხვევაში ძალიან ძნელია სათანადო ექსპერიმენტის ჩატარება – როგორც ამას ქვემოთ ვნახავთ. რა არის სამეცნიერო მეთოდი? სამეცნიერო მეთოდი – იქნება ის გამოყენებული ფიზიკაში, ქიმიაში, ბიოლოგიაში თუ სოციალურ ფსიქოლოგიაში – საუკეთესო გზაა, რომ ჩვენ, ადამიანებმა დავიკმაყოფილოთ ცოდნის წყურვილი. უფრო კონკრეტულად რომ ვთქვათ, სამეცნიერო მეთოდს ვიყენებთ სხვადასხვა საგნებსა და მოვლენებს შორის კანონზომიერებების აღმოსაჩენად, იქნება ეს ქიმიური ნივთიერებები, პლანეტები, ადამიანთა მიკერძოებული დამოკიდებულებების, თუ სიყვარულის გამომწვევი მიზეზები. სამეცნიერო პროცესის პირველი ეტაპია დაკვირვება. ფიზიკაში მარტივი დაკვირვება ამგვარად ხორციელდება: ჩემს შვილიშვილს სათამაშო მანქანაში უდევს რეზინის ბურთი; თუ იგი მანქანას წინ გასწევს, ბურთი უკან გაგორდება. (სინამდვილეში, ბურთი უკან არ მიგორავს, ასე მხოლოდ გვეჩვენება.) თუ იგი უცებ გააჩერებს მანქანას, ბურთი მანქანის წინა მხარისკენ გაგორდება. სოციალურ ფსიქოლოგიაში მარტივი დაკვირვება შემდეგნაირია: დავუშვათ, მიმტანი ვარ და მაგიდებს ვემსახურები, თუ კარგ ხასიათზე ვარ და ვუღიმი მომხმარებლებს, ჩემი გასამრჯელო უფრო მეტი იქნება, ვიდრე მაშინ, როცა ცუდ ხასიათზე ვარ და არ ვიღიმები. შემდეგი ეტაპია იმის მიხვედრა, რატომ ხდება ეს. ეს მიხვედრა იქნება ჩვენი პირველი მცდელობა იმ "კანონზომიერი დამოკიდებულების" აღმოსაჩენად, რომელიც ზემოთ ვახსენეთ. მესამე ეტაპია ამ მიხვედრის ფორმულირება შემოწმებადი ჰიპოთეზის სახით. საბოლოო ეტაპი იქნება ექსპერიმენტის (ან ექსპერიმენტების სერიის) სქემა/დიზაინი, რომელიც დაადასტურებს ან უარყოფს ამ ჰიპოთეზას. თუ კარგად მოფიქრებულმა და კარგად შესრულებულმა ექსპერიმენტებმა არ დაადასტურა ჰიპოთეზა, მასზე უარს ვამბობთ. როგორც ჩემი საყვარელი ფიზიკოსი, რიჩარდ ფეინმანი ამბობს: "არა აქვს მნიშვნელობა, რამდენად მშვენიერია ვარაუდი, ან რამდენად ჭკვიანია მისი ავტორი, ან რამდენად ცნობილია იგი. თუ ექსპერიმენტი არ ადასტურებს ვარაუდს, მაშინ ვარაუდი მცდარია. სულ ესაა." ჩემი აზრით, ამაშია მეცნიერების მთელი არსიც და მისი ხიბლიც. მეცნიერებაში არ არსებობს ხელშეუხებელი ჭეშმარიტებები. მეცნიერება და ხელოვნება. ჩემი აზრით, მეცნიერებაში ძალიან ბევრი ადგილი უკავია ხელოვნებას. მჯერა, რომ ეს ორი პროცესი, ხელოვნება და მეცნიერება განსხვავებულია, მაგრამ ერთმანეთთანაა დაკავშირებული. ცნობილმა რუსმა ფსიქოლოგმა პაველ სემიონოვმა (Pavel Semonov) ბევრი იმუშავა ამ განსხვავების განსასაზღვრად. სემიონოვის თანახმად, ჩვენ, როგორც მეცნიერები, ვაკვირდებით გარემოს და ვცდილობთ მის ორგანიზებას გონივრულად და შინაარსიანად. როგორც ხელოვანები, ჩვენ, გარდავქმნით არსებულ გარემოს, სრულიად ახალი რამის შესაქმნელად. ამ დაკვირვებას დავუმატებდი, რომ კარგი ექსპერიმენტი ხშირად მოითხოვს უნარების კომბინაციას ორივე ამ სფეროდან. როგორც ექსპერიმენტატორები, ჩვენ ხშირად ვიყენებთ ხელოვნებას მეცნიერების გასამდიდრებლად. ჩემი აზრით, ყველაზე მეტად ეს სოციალური ფსიქოლოგიის ექსპერიმენტებს შეესაბამება. რატომაა მეცნიერების და ხელოვნების ამგვარი შერწყმა განსაკუთრებით სოციალური ფსიქოლოგიისთვის დამახასიათებელი? ამ შეკითხვის სრული პასუხი ამ თავის განმავლობაში გამოჩნდება. ჯერ-ჯერობით კი მხოლოდ იმას ვიტყვი, რომ სოციალური ფსიქოლოგია არ შეისწავლის მენზურაში მოთავსებული ქიმიური ნივთიერებების ქცევას, ან რეზინის ბურთების მოძრაობას სათამაშო მანქანებში; ჩვენ ვსწავლობთ ჭკვიან, ცნობისმოყვარე და რთული ბუნების მქონე ზრდასრულ ადამიანებს, რომლებიც მთელ თავის სიცოცხლეს სოციალურ სამყაროში ატარებენ. იმის თქმაც კი აღარაა საჭირო, რომ ექსპერიმენტატორთა მსგავსად, ჩვენი ექსპერიმენტის ცდის პირებსაც აქვთ საკუთარი აზრები და თეორიები, იმის შესახებ, თუ რა იწვევს მათ საკუთარ გრძნობებსა და ქცევას, ისევე, როგორც გარშემომყოფი ადამიანების გრძნობებსა და ქცევას. ეს არ ჰგავს ქიმიურ ნივთიერებებზე, ლაბორატორიის ცხოველებზე, ან თუნდაც, არასოციალურ სიტუაციაში მყოფ ადამიანებზე ექსპერიმენტების ჩატარების პროცესს. ის ფაქტი, რომ ჩვენ სოციალურად რთული ბუნების მქონე ადამიანებთან გვაქვს საქმე, გარკვეულწილად განაპირობებს სოციალური ფსიქოლოგიის, როგორც ექსპერიმენტული კვლევების თემის, მომხიბვლელობას. ამავე დროს, ეს სიტუაცია მოითხოვს ექსპერიმენტებში ხელოვნების შეტანას, რაც ექსპერიმენტატორს მისცემს შესაძლებლობას, ვალიდური და სანდო შედეგები მიიღოს. ამ თავში, შევეცდებით, აღვწეროთ, ზუსტად როგორ ხდება ეს. ვარაუდებიდან ექსპერიმენტამდე მერვე თავში აღვწერე დამაბნეველი ფენომენი, რომელსაც რამდენიმე წლის წინ წავაწყდი: ჯონ ფ. კენედის პრეზიდენტობის დროს მისი პიროვნული პოპულარობა უცებ გაიზარდა მას შემდეგ, რაც მან კოლოსალური მნიშვნელობის შეცდომა დაუშვა. კონკრეტულად, მას შემდეგ, რაც კენედის შეცდომას "ღორების ყურის ფიასკო"[4] მოჰყვა, სოციოლოგიურმა გამოკითხვამ აჩვენა, რომ ადამიანებს უფრო მეტად მოსწონდათ კენედი, ვიდრე ამ ინციდენტამდე. მეც, როგორც ბევრი სხვა ადამიანი, განმაცვიფრა ამან. როგორ შეიძლება, უფრო მეტად მოგწონდეს ადამიანი, როცა მან ასეთი რამ ჩაიდინა? როგორც მეცნიერმა, ვივარაუდე, რას შეიძლება, გამოეწვია ასეთი ცვლილება. ჩემი ვარაუდი ასეთი იყო, კენედი მანამდე აღიქმებოდა თითქმის სრულყოფილ პიროვნებად, ამ შეცდომის დაშვებამ კი ის უფრო ადამიანური გახადა, ამიტომ ჩვეულაბრივმა ადამიანებმა მასთან უფრო მეტი სიახლოვე იგრძნეს. საინტერესო დაშვებაა, მაგრამ რამდენად შეესაბამება სიმართლეს? "ღორების ყურის ფიასკოს" დროს ბევრი სხვა რამ ხდებოდა, ამიტომ შეუძლებელია, დარწმუნებული ვიყოთ, რომ ეს ვარაუდი ზუსტია. როგორ უნდა გაგვერკვია ეს? შეიძლება, უბრალოდ გვეკითხა ამ ადამიანებისთვის, რატომ მოსწონდათ კენედი ახლა უფრო მეტად, ვიდრე წინა კვირაში. ეს ძალიან იოლი გასაკეთებელი ჩანს. სამწუხაროდ, ეს არაა ადვილი. წლების განმავლობაში დავრწმუნდი, რომ ადამიანებმა ხშირად არ იციან, რატომ იქცევიან ისე, როგორც იქცევიან, ან რატომ ეცვლებათ ხოლმე შეხედულებები; ამგვარად, ასეთ რთულ სიტუაციაში, უბრალოდ ჰკითხო ადამიანებს, ახსნან საკუთარი ქცევა, სანდო შედეგს ვერ მოიტანს. სწორედ ამიტომ ატარებენ ექსპერიმენტებს სოციალური ფსიქოლოგები. მაგრამ, როგორ შევძლებთ ექსპერიმენტის ჩატარებას ჯონ ფ. კენედის პოპულარობაზე? ვერ შევძლებთ. ასეთ შემთხვევაში უნდა ვეცადოთ, ჩავატაროთ ექსპერიმენტი იმ ფენომენზე, რომელიც საფუძვლად უდევს ამ მოვლენას და არა ამ ფენომენის ერთ-ერთ კონკრეტულ გამოვლინებაზე. თანაც, რასაკვირველია, ჩვენ გვაინტერესებდა არა კონკრეტული მოვლენა, არამედ თავად ფენომენი: ზრდის თუ არა შეცდომის დაშვება თითქმის სრულყოფილი ადამიანის პოპულარობას? ამ უფრო ზოგად კითხვაზე საპასუხოდ საჭიროა გავცდეთ იმ მოვლენის ფარგლებს, რომელმაც წარმოშვა ჩვენი ვარაუდები. მე და ჩემმა კოლეგებმა დავგეგმეთ ექსპერიმენტი, რომელიც საშუალებას მოგვცემდა, გვეკონტროლებინა გარეშე ცვლადები და შეგვემოწმებინა შეცდომის გავლენა მიმზიდველობაზე ნაკლებად რთულ სიტუაციაში – ისეთში, სადაც გავაკონტროლებდით როგორც შეცდომის ზუსტ სახეს, ისე მისი ჩამდენი ადამიანის ტიპს. ასეთ მარტივ სიტუაციაში აღმოჩნდა, როგორც ვიწინასწარმეტყველეთ, რომ "თითქმის სრულყოფილი" ადამიანები უფრო მიმზიდველნი ხდებიან შეცდომის დაშვების შემდეგ, ხოლო "ჩვეულებრივი" ადამიანები ნაკლებ მიმზიდველნი ხდებიან იდენტური შეცდომის დაშვების შემდეგ. ექსპერიმენტის დიზაინი. როგორც ზემოთ ვთქვი, ექსპერიმენტატორს კონტროლის მისაღწევად სჭირდება, რომ საკუთარი იდეები რეალური სამყაროს აურზაურიდან ლაბორატორიის უფრო სტერილურ ფარგლებში გადმოიტანოს. როგორც წესი, ეს გულისხმობს ისეთი სიტუაციის მოფიქრებას, რომელიც ნაკლებად ჰგავს რეალური სამყაროს იმ სიტუაციას, რომელზე დაკვირვებითაც გაჩნდა იდეა. ხშირად ლაბორატორიულ ექსპერიმენტებს სწორედ იმის გამო აკრიტიკებენ, რომ ისინი ადამიანთა ურთიერთქმედების არარეალისტური, გამოგონილი იმიტაციაა და არაფრით ასახავს რეალურ სამყაროს. რამდენად სწორია ეს კრიტიკა? ამ კითხვაზე საპასუხოდ, უმჯობესი იქნება, დეტალებში ჩაღრმავებით განვიხილოთ ერთ-ერთი ლაბორატორიული ექსპერიმენტი, ვნახოთ მისი უპირატესობა და ნაკლი, და განვიხილოთ ის ალტერნატიული და უფრო რეალისტური გზაც, რომელიც შეიძლებოდა გამოგვეყენებინა იმავე საკითხის შესასწავლად. ინიციაციის ექსპერიმენტი, რომელიც ჯადსონ მილსთან თანამშრომლობით ჩავატარე, შესანიშნავად შეესაბამება ჩვენს მიზანს, იმიტომ, რომ ის ლაბორატორიის ბევრ უპირატესობასა თუ ნაკლს შეიცავს. მკითხველმა, შეიძლება, გაიხსენოს, რომ მილსის და ჩემი ვარაუდით, ადამიანებს მოეწონებათ ისეთი საგნები, რომელთათვისაც ძალისხმევა გაწიეს. მაშინ ჩვენ მოვიფიქრეთ და ჩავატარეთ ლაბორატორიული ექსპერიმენტი, რომელშიც ვაჩვენეთ, რომ როდესაც ადამიანები დიდ ძალისხმევას იყენებდნენ (ინიციაციის მკაცრი პროცედურა) ჯგუფის წევრად გახდომისათვის, მაშინ მათ მეტად მოსწონდათ ეს ჯგუფი, ვიდრე იმ ადამიანებს, რომლებიც უფრო ადვილად გახდნენ ჯგუფის წევრები. აი, როგორ ჩავატარეთ ეს ექსპერიმენტი. "ამ კვლევაში ცდის პირები იყვნენ კოლეჯის სტუდენტი გოგონები, სულ 63, რომლებმაც ნებაყოფლობით გადაწყვიტეს სექსის ფსიქოლოგიის შესახებ დისკუსიებში მონაწილეობის მიღება, თითოეულ სტუდენტს ინდივიდუალური ტესტი ჩაუტარდა. კვლევის დასაწყისში ავუხსენი, რომ უნდა შემესწავლა "ჯგუფური დისკუსიის პროცესის დინამიკა". ვთქვი, რომ დისკუსიის თემა მნიშვნელოვანი არ იყო ჩემთვის, ეს თემა მხოლოდ იმიტომ ავირჩიე, რომ სექსი ბევრ ადამიანს აინტერესებს, მე კი მინდოდა ბევრი ცდის პირცდის პირი მყოლოდა. მე აგრეთვე ავუხსენი, რომ თემად სექსის არჩევამ დაბრკოლებაც შემიქმნა: კერძოდ, ბევრ ადამიანს მორცხვობის გამო უჭირდა ჯგუფში სექსზე მსჯელობა. დისკუსიის მსვლელობისას, ნებისმიერ დაბრკოლებას შეეძლო შედეგების ანულირება. ამიტომ, დარწმუნებული უნდა ვყოფილიყავი, რომ ცდის პირცდის პირებს არ გაუჭირდებოდათ სექსის შესახებ მსჯელობა. როდესაც ცდის პირებს ვკითხე, თითოეულმა მათგანმა დამიდასტურა, რომ არ გაუჭირდებოდა. ასეთი დაწვრილებითი ინსტრუქცია საჭირო იყო მნიშვნელოვანი მოვლენისთვის მოსამზადებლად. მკთხველმა უნდა შენიშნოს, რომ ექსპერიმენტატორის ნათქვამი იოლად დასაჯერებელს ხდის შემდგომ მასალას. ამ დრომდე ყველა მონაწილეს ერთნაირი ინსტრუქცია ჰქონდა. ახლა უკვე დრო იყო, რომ ადამიანები განსხვავებულ ექსპერიმენტულ პირობებში ჩაგვეყენებინა – ექსპერიმენტატორების აზრით, ამ განსხვავებებს ჰქონდა მნიშვნელობა. ცდის პირები შემთხვევითი შერჩევით გადავანაწილეთ სამი სხვადასხვა პირობის დასაცავად: 1) მათ ერთ მესამედს მკაცრი ინიციაცია უნდა გაევლო, 2) ერთ მესამედს ზომიერი ინიციაცია ექნებოდა, 3) ერთი მესამედი ინიციაციის პროცესს საერთოდ არ გაივლიდა. ინიციაციის გარეშე მიღების შემთხვევაში ცდის პირებს უბრალოდ ვეუბნებოდით, რომ მათ უკვე შეეძლოთ, შეერთებოდნენ სადისკუსიო ჯგუფს. ზომიერი და მკაცრი ინიციაციის შემთხვევაში კი მე ვეუბნებოდი თითოეულ ცდის პირს, რომ იმისათვის, რომ დარწმუნებული ვყოფილიყავით, რომ ის შეძლებდა ღიად საუბარს სექსზე, მე შემოვიღე ტესტი სიმორცხვეზე, რომლის გავლასაც ვთხოვდი მას. ეს ტესტი იყო ინიციაციის პროცესი. მკაცრი ინიციაციისთვის ტესტი ძალიან რთული იყო. ცდის პირს უნდა დაეზეპირებინა 12 უხამსი სიტყვა და თანამედროვე რომანებიდან აღებული 2 ნაწყვეტი სქესობრივი აქტივობის დეტალური აღწერით. ზომიერი ინიციაციის შემთხვევაში ცდის პირებს სექსთან დაკავშირებული სიტყვების დაზეპირება მოეთხოვებოდათ მხოლოდ, მაგრამ ეს სიტყვები არ იყო უხამსი. ეს სამი პირობა, რომლის მიხედვითაც გავანაწილეთ ცდის პირები, კვლევის დამოუკიდებელ ცვლადს წარმოადგენს. მკვლევრის მიერ ექსპერიმენტის დაგეგმვის და ჩატარების მიზანია, დაადგინოს, გავლენას მოახდენს თუ არა ცდის პირების რეაქციაზე ის, რაც მათ შეემთხვევათ. ჩვენი მიზანი იყო, დაგვედგინა, დამოუკიდებელი ცვლადი, ანუ ინიციაციის სიმკაცრე, გამოიწვევდა თუ არა სისტემატურ განსხვავებებს ცდის პირთა ქცევაში. ის ცდის პირები, რომლებმაც მკაცრი ინიციაცია გაიარეს, განსხვავებულად მოიქცეოდნენ თუ არა იმათგან, ვინც ზომიერი ინიციაცია გაიარა ან საერთოდ არ გაუვლია ინიციაცია? მაგრამ განსხვავებულად მოქცევა რას ნიშნავს? ინიციაციის შემდეგ თითოეულ მონაწილეს მოვასმენინეთ იმ ჯგუფის დისკუსია, რომელსაც იგი ეს-ესაა შეუერთდა. მასალის შინაარსის კონტროლისათვის აუდიოჩანაწერი გამოვიყენეთ; თუმცა, ცდიპირებს სჯეროდათ, რომ ცოცხალ საუბარს უსმენდნენ. ამგვარად, ყველა ცდის პირი, მიუხედავად იმისა, მკაცრი ინიციაცია გაიარა, ზომიერი, თუ საერთოდ არ გაუვლია, ერთსა და იმავე დისკუსიას ისმენდა. ჯგუფის დისკუსია, რამდენადაც შესაძლებელია, მოსაწყენი იყო; ბლუყუნით და გაურკვევლად აანალიზებდნენ უმდაბლესი ცხოველების მეორეულ სქესობრივ ნიშნებს – ჩიტების ბუმბულის შეფერილობის ცვლილებას, ობობების შესაწყვილებელ ცეკვას და ა. შ. ჩანაწერში იყო ხანგრძლივი პაუზები, ჰმ-ები და მდა-ები, შეწყვეტინებები, დაუსრულებელი წინადადებები და სხვა, ეს ყველაფერი იმისთვის, რომ დისკუსია მოსაწყენი გამოსულიყო. დისკუსიის ბოლოს შემოვიტანე შეფასების სკალები და ცდის პირს ვთხოვე, შეეფასებინა, რამდენად საინტერესო და ღირებული იყო დისკუსია. ამას ეწოდება დამოკიდებული ცვლადი, რადგან რეაქცია, ჩვენი ვარაუდის თანახმად, "დამოკიდებულია" იმ კონკრეტულ ექსპერიმენტულ პირობებზე, რომლებშიც მონაწილეა ჩაყენებული. დამოკიდებული ცვლადი არის ის, რასაც ექსპერიმენტატორი ზომავს იმისათვის, რომ შეაფასოს დამოუკიდებელი ცვლადის გავლენა. მოკლედ, დამოუკიდებელი ცვლადი არის მიზეზი, დამოკიდებული ცვლადი კი – შედეგი. შედეგებმა დაადასტურა ჰიპოთეზა: ის გოგონები, რომლებმაც გაიარეს ზომიერი ინიციაცია, ან ინიციაცია საერთოდ არ გაუვლიათ, თვლიდნენ, რომ დისკუსია მოსაწყენი იყო. ისინი კი, ვინც რთული პროცესი გაიარა ჯგუფში მოსახვედრად, ამბობდნენ, რომ დისკუსია ძალიან საინტერესო იყო. როგორც გახსოვთ, ყველა სტუდენტმა ზუსტად ერთი და იგივე დისკუსია შეაფასა." ამ ექსპერიმენტის დიზაინი და ჩატარება შრომატევადი პროცესი იყო. მილსმა და მე ასობით საათი მოვანდომეთ მის დაგეგმვას, დამაჯერებელი სიტუაციის შექმნას, სცენარის დაწერას ჯგუფის დისკუსიის აუდიოჩანაწერისთვის, მსახიობების რეპეტიციას, რომლებსაც ჯგუფის წევრების როლი უნდა შეესრულებინათ, ინიციაციის პროცედურების და საზომი ინსტრუმენტების შედგენას, მოხალისე ცდის პირების შეკრებას, პროცედურის პილოტირებას, ექსპერიმენტის ჩატარებას, ექსპერიმენტის ნამდვილი მიზნის ახსნას თითოეული ცდის პირისათვის (ტყუილის მიზეზის, რას ნიშნავდა ეს ყველაფერი, და სხვა). ჩვენ აღმოვაჩინეთ, რომ იმ ადამიანებს, რომლებიც მკაცრი ინიციაციის პროცესს გადიან ჯგუფში მისაღებად, ბევრად უფრო მოსწონთ ეს ჯგუფი, ვიდრე იმ ადამიანებს, რომლებსაც ზომიერი ინიციაცია აქვთ გავლილი, ან საერთოდ არ გაუვლიათ ინიციაცია. ამის გასაკეთებლად უფრო მარტივი გზაც უნდა არსებობდეს! არსებობს კიდევაც. მკითხველი, ალბათ, შენიშნავდა, რომ არსებობს დიდი მსგავსება მილსის და ჩემს მიერ მოფიქრებულ პროცედურასა და ინიციაციის სხვა პროცედურებს შორის, რომლებსაც პრიმიტიული ტომები იყენებდნენ, ან ზოგიერთი კოლეჯის საძმოები, ან ზოგიერთი ექსკლუზიური კლუბი ან ორგანიზაცია. მაშინ, რატომ არ გამოვიყენეთ რეალური, ცხოვრებისეული სიტუაცია, რომელიც უფრო ადვილი შესასწავლიცაა და გაცილებით უფრო რეალისტურიც? მოდით, განვიხილოთ უპირატესობები. რეალური ინიციაციები, შესაძლოა, იყოს უფრო მკაცრი (ე. ი. უფრო მეტი გავლენა ექნება წევრებზე); არ მოგვიწევდა ამდენი ფიქრი დიზაინზე, რომელიც ჯგუფის წევრთათვის დამარწმუნებელი იქნებოდა; სოციალურ ურთიერთობებში უფრო მეტი ადამიანი იქნებოდა ჩართული, ვიდრე ჩვენს აუდიოჩანაწერში; არ დადგებოდა ეთიკური პრობლემა, რომელსაც მეცნიერების სახელით ტყუილის თქმა იწვევს; და ბოლოს, ყველაფრის მიღწევა გაცილებით უფრო მცირე დროში შეიძლებოდა, ვიდრე ამ ექსპერიმენტს დასჭირდა. ამგვარად, როდესაც ზედაპირულად ვუყურებთ ბუნებრივი სიტუაციის უპირატესობებს, ჩანს, თითქოს მილსი და მე ძალიან გავიადვილებდით ამოცანას, თუ უკვე არსებულ საძმოებს შევისწავლიდით. აი, როგორ შეგვეძლო ამის გაკეთება. შევაფასებდით თითოეული ჯგუფის ინიციაციის სიმკაცრეს და შემდეგ გამოვკითხავდით მის წევრებს, რათა დაგვეგინა, რამდენად მოსწონთ მათ საკუთარი ჯგუფი. თუ იმ წევრებს, რომლებსაც ინიციაციის მკაცრი პროცედურა ჰქონდათ გავლილი, საკუთარი საძმოები უფრო მეტად მოსწონდათ, ვიდრე საძმოს იმ წევრებს, რომლებსაც ზომიერი ინიციაცია ჰქონდათ გავლილი, ან ინიციაცია საერთოდ არ გაუვლიათ, ჰიპოთეზა დადასტურებული იქნებოდა. იქნებოდა კი? მოდით, უფრო დაწვრილებით განვიხილოთ, რატომ იწუხებენ თავს ადამიანები და ატარებენ ექსპერიმენტებს. თუ ადამიანებს გამოვკითხავთ და ვთხოვთ, დაგვისახელონ ლაბორატორიული ექსპერიმენტის ყველაზე მნიშვნელოვანი მახასიათებელი, დიდი უმრავლესობა იტყვის "კონტროლს". ექსპერიმენტების უპირატესობა იმაშია, რომ მათ შეუძლიათ გარემოს და ცვლადების კონტროლი, რაც იმისთვისაა საჭირო, რომ ზუსტად შეისწავლონ თითოეული ცვლადის გავლენა. ჩვენი ჰიპოთეზის ლაბორატორიაში შემოწმებით მილსმა და მე უამრავი გარეგანი ფაქტორის ცვალებადობა ავიცილეთ თავიდან. ყველა მკაცრი ინიციაცია თანაბარი სირთულის იყო; პირობების შედარება გაგვიჭირდებოდა, თუ მკაცრი ინიციაციების მქონე რამდენიმე საძმოს ავირჩევდით. გარდა ამისა, ჯგუფის დისკუსია იდენტური იყო ყველა ცდის პირისთვის; რეალურ სამყაროში კი საძმოს წევრებს ერთმანეთისგან განსხვავებული საძმოების შეფასება მოუწევდათ. დავუშვათ, ჩვენ შევძელით და ვიპოვეთ განსხვავება მკაცრი და ზომიერი ინიციაციების მქონე საძმოთა შორის, საიდან გვეცოდინება, რომ ეს მართლა ინიციაციის გამოა და არა ერთმანეთის მოწონების განსხვავებული ხარისხის გამო, რომელიც ჯგუფის წევრებში უკვე არსებობდა? ექსპერიმენტში ერთადერთი განსხვავება იყო ინიციაციის სიმკაცრე, ამიტომ, ჩვენ ვიცით, რომ ნებისმიერი განსხვავება ამ პროცედურის გამო მოხდა. შემთხვევითი განაწილების მნიშვნელობა კონტროლი არის ლაბორატორიული ექსპერიმენტის მნიშვნელოვანი ასპექტი, მაგრამ ის არაა მთავარი უპირატესობა. კიდევ უფრო მნიშვნელოვანი უპირატესობა იმაში მდგომარეობს, რომ ცდის პირები შემთხვევითად არიან განაწილებული სხვადასხვა ექსპერიმენტულ პირობაში. ეს ნიშნავს, რომ თითოეულ ცდის პირს თანაბარი შესაძლებლობა აქვს, შეხვდეს კვლევის ნებისმიერ პირობა. გადამწყვეტი განსხვავება ექსპერიმენტულ მეთოდსა და არაექსპერიმენტულ მიდგომებს შორის არის ცდის პირთა შემთხვევითი განაწილება პირობების მიხედვით. ადამიანთა შემთხვევითი განაწილების უპირატესობა კი შემდეგში მდგომარეობს: თეორიულად, ყველა ის ცვლადი, რომელთა ზუსტი გაკონტროლება არ ხერხდება, შემთხვევითადაა განაწილებული პირობებს შორის. ეს ნიშნავს, რომ უკიდურესად მცირეა ალბათობა, რომ ამ ცვლადებმა შედეგებზე სისტემატური გავლენა იქონიოს. ამის უკეთ გაგებაში მაგალითი დაგვეხმარება: დავუშვათ, მეცნიერი ხართ და გაქვთ ჰიპოთეზა, რომ მამაკაცებს მეტად აბედნიერებს ჭკვიან ქალზე ქორწინება. როგორ შეამოწმებთ ამ ჰიპოთეზას? დავუშვათ, იპოვეთ 1000 კაცი, რომლებიც ჭკვიან ქალებზე არიან დაქორწინებული, და კიდევ 1000 კაცი, რომლებსაც არც-ისე-ჭკვიანი ცოლები ჰყავთ, დავუშვათ, ყევლა მათგანს შეავსებინეთ "ბედნიერების" გასაზომი კითხვარი. ჰოი, საოცრებავ, თქვენ დაადგინეთ, რომ ჭკვიან ქალებზე დაქორწინებული მამაკაცები უფრო ბედნიერები არიან, ვიდრე ნაკლებად ჭკვიან ქალებზე დაქორწინებულნი. ნიშნავს ეს, რომ მამაკაცებს ჭკვიან ქალზე დაქორწინება აბედნიერებს? არა. იქნებ, ბედნიერი მამაკაცები უფრო თბილი, კარგი ხასიათის მქონე და უპრეტენზიონი არიან და ამიტომ, ჭკვიანი ქალები ასეთ მამაკაცებს ეძებენ საქმროებად. აქედან გამომდინარეობს, რომ ბედნიერება მიზეზია, რომლის გამოც ჭკვიან ქალებზე ქორწინდებიან. პრობლემა ამით არ მთავრდება. ისიც შეიძლება, რომ არსებობდეს რაიმე მესამე ფაქტორი, რომელიც იწვევს ბედნიერებასაც და ჭკვიან ქალზე დაქორწინებასაც. ერთი ასეთი ფაქტორი შეიძლება იყოს ფული: შესაძლებელია, სიმდიდრე ეხმარება მამაკაცებს ბედნიერებაში და ამავდოულად, სიმდიდრე იზიდავს ჭკვიან ქალებს. თუ ასეა, მაშინ არცერთი მიზეზობრივი კავშირი არ შეესაბამება სიმართლეს. არც ბედნიერება იწვევს ჭკვიან ქალებზე დაქორწინებას და არც ჭკვიან ქალებზე დაქორწინება იწვევს ბედნიერებას. პრობლემა კიდევ უფრო რთულია, რადგან ჩვენ, როგორც წესი, წარმოდგენა არ გვაქვს, რა შეიძლება იყოს მესამე ფაქტორი. ბედნიერების კვლევის შემთხვევაში ეს ფაქტორი შეიძლება იყოს სიმდიდრე; ისეც შეიძლება მოხდეს, რომ პიროვნების ჩამოყალიბებულობა იწვევს მამაკაცებში ბედნიერებას და ის, ასევე, იზიდავს ჭკვიან ქალებს; ასეთ ფაქტორებს შორის შეიძლება იყოს სოციალური მდგომარეობა, სპორტული მონაცემები, ძალაუფლება, პოპულარობა, სწორად შერჩეული კბილის პასტის ხმარება, კარგად ჩაცმა და სხვა ათასობით თვისება, რომელთა შესახებ საბრალო მკვლევარს წარმოდგენა არ ექნება და ვერც გათვალისწინებას შეძლებს. მაგრამ, თუ მკვლევარი ჩაატარებს ექსპერიმენტს, მას შეუძლია, შემთხვევითად გაანაწილოს ცდის პირები სხვადასხვა ექსპერიმენტულ პირობაში. მართალია, ეს პროცედურა არ გამორიცხავს ზემოთ ჩამოთვლილ ცვლადებს (ფული, სოციალური მდგომარეობა, სპორტული შესაძლებლობები და სხვა), მაგრამ ანეიტრალებს მათ ამ მონაცემების შემთხვევითად განაწილებით სხვადასხვა ექსპერიმენტულ პირობაში. ესე იგი, თუ ცდის პირებს შემთხვევითად შევახვედრებთ რომელიმე ექსპერიმენტულ პირობას, დაახლოებით იმდენივე მდიდარი მამაკაცი იქნება ერთ პირობაში, რამდენიც სხვა პირობებში, იმდენივე სოციალურად გამორჩეული ადგილის მქონე მამაკაცი იქნება ერთ პირობაში, რამდენიც სხვა პირობებში, იმდენივე სპორტსმენი მამაკაცი იქნება ერთ პირობაში, რამდენიც სხვა პირობებში. ამგვარად, თუ აღმოვაჩინეთ განსხვავება ექსპერიმენტულ პირობებს შორის, ეს არ იქნება რომელიმე ცალკეული თვისების ინდივიდუალური განსხვავებებით გამოწვეული, რადგან თითოეული ამ თვისების განაწილება თანაბარია (ან თითქმის თანაბარია) ყველა პირობაში. უნდა აღინიშნოს, რომ ჭკვიან ქალებსა და მათ ბედნიერ ქმრებზე აქ მოცემული მაგალითის შემოწმება, ალბათ, შეუძლებელია ექსპერიმენტულ ლაბორატორიაში. მაგრამ, მოდით, ფანტაზია მოვიშველიოთ, როგორ გავაკეთებდით ამას, შესაძლებელი რომ ყოფილიყო. იდეალურ შემთხვევაში, ჩვენ დაგვჭირდება 50 მამაკაცი, რომელთაგან 25-ს შემთხვევით შევახვედრებთ ჭკვიან ცოლებს, 25-ს კი ნაკლებად ჭკვიან ცოლებს. რამდენიმე თვის შემდეგ დავბრუნდებით და ჩავატარებთ ბედნიერების გასაზომ კითხვარს. თუ ის კაცები, რომლებსაც ჭკვიანი ცოლები შეხვდათ, უფრო ბედნიერები იქნებიან, ვიდრე კაცები, რომლებსაც ნაკლებად ჭკვიანი ცოლები შეხვდათ, ჩვენ გვეცოდინება, რა არის მათი ბედნიერების მიზეზი – ესეც ასე! ესე იგი, მათი ბედნიერება ვერ მიეწერება სოციალურ მდგომარეობას, გარეგნობას, ფულს ან ძალაუფლებას; ესენი შემთხვევითად განაწილდა ექსპერიმენტულ პირობებს შორის. ჩვენ თითქმის დარწმუნებული ვიქნებით, რომ ბედნიერებაში განსხვავება მათი ცოლების თვისებებმა გამოიწვია. ვიმეორებ, რომ ეს მაგალითი წმინდა წყლის ფანტაზიაა. სოციალურმა ფსიქოლოგებმა არც კი უნდა სცადონ ადამიანთა დაქორწინება სამეცნიერო მიზნებისათვის. მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ ვერ შევამოწმებთ უამრავ მნიშვნელოვან და საჭირო მოვლენას კონტროლირებად ლაბორატორიულ პირობებში. ეს წიგნი სავსეა მსგავსი მაგალითებით. ამ მაგალითებიდან ერთ-ერთის საფუძველზე ვნახოთ, რა უპირატესობები აქვს ექსპერიმენტულ მეთოდს. მე-6 თავში ვწერდი, რომ არსებობს კორელაცია ბავშვების მიერ ტელევიზიით ძალადობის ყურების ხანგრძლივობასა და მათ მიერ პრობლემის აგრესიული მეთოდებით გადაჭრის ტენდენციას შორის. ნიშნავს თუ არა ეს, რომ აგრესიის ყურება ტელევიზორში ბავშვებში აგრესიულობას იწვევს? არაა აუცილებელი. თუმცა, შესაძლებელია. ეს იმასაც შეიძლება ნიშნავდეს, რომ აგრესიულ ბავშვებს ურჩევნიათ აგრესიის ყურება და ისინი ასეთივე აგრესიულები დარჩებიან, მთელი დღე რომ მხოლოდ Sesame Street [5]ვაყურებინოთ. თუმცა, როგორც უკვე ვნახეთ, რამდენიმე ექსპერიმენტატორმა დაადასტურა, რომ ძალადობის ყურება ზრდის ძალადობას. როგორ? მათ შემთხვევითად გაანაწილეს ბავშვები სიტუაციებში, რომლებშიც ისინი უყურებდნენ ტელესერიალის ნაწყვეტს ძალადობის ეპიზოდით – ამ ეპიზოდში ადამიანები 25 წუთის განმავლობაში სცემენ, კლავენ, აუპატიურებენ, ურტყამენ ერთმანეთს. როგორც საკონტროლო ჯგუფი, ბავშვების ნაწილი შემთხვევითად გაანაწილეს სიტუაციაში, რომელშიც ისინი იმავე ხანგრძლივობის სპორტულ შეჯიბრს უყურებდნენ ტელევიზორში. გადამწყვეტია: თითოეული ბავშვისთვის არსებობდა თანაბარი შესაძლებლობა, რომ მას შეარჩევდნენ ძალადობრივი ან არაძალადობრივი ვიდეოჩანაწერის საყურებლად; აქედან გამომდინარე, ბავშვების ხასიათებს შორის განსხვავება ამ ექსპერიმენტში განეიტრალებული იყო. ექსპერიმენტში აღმოჩნდა, რომ ბავშვებმა, რომლებმაც უყურეს ძალადობრივ ვიდეოს, შემდეგ უფრო მეტი აგრესია გამოავლინეს, რაც ადასტურებს იმ მოსაზრებას, რომ ძალადობას შეუძლია ძალადობის გამოწვევა. ალბათ, გახსოვთ, რომ სწორედ ეს პრობლემა იდგა ციხეში არსებული კოლეჯის პროგრამების შეფასებისას, რომელიც ამ თავის დასაწყისში აღვწერეთ: ის პატიმრები, რომლებიც პროგრამის გავლას ირჩევდნენ, სავარაუდოდ, ბევრი თვისებით განსხვავდებოდნენ იმ პატიმრებისგან, რომლებსაც ეს პროგრამა არ აურჩევიათ. ამიტომ, არაფრის მომცემი იყო მათი შემდგომი რეციდივის შედარება დანარჩენი პატიმრების გამოვლენილ რეციდივთან. ასეთი შედარება ცალმხრივი იქნება, ის პროგრამას უფრო ეფექტურად წარმოგვიჩენს, ვიდრე სინამდვილეშია. როგორ გადავჭრათ ეს პრობლემა? ერთ-ერთი მეთოდია, საჭირო რაოდენობაზე ორჯერ მეტი მსურველის შეკრება. შემდეგ მათ ნახევარს შემთხვევითად შევარჩევთ პროგრამის გასავლელად, მეორე ნახევარს კი – საკონტროლო ჯგუფად გამოვიყენებთ. თუ შერჩევა ნამდვილად შემთხვევითია, ამ ორ ჯგუფს შორის რეციდივის რაოდენობათა შედარება მოგვცემს საჭირო მონაცემებს. ახლა ინიციაციის ექსპერიმენტს დავუბრუნდეთ. ჩვენ რომ გამოკითხვა ჩაგვეტარებინა და აღმოგვეჩინა, რომ მკაცრი ინიციაციის მქონე საძმოებში წევრებს უფრო მეტად მოსწონთ ერთმანეთი, ვიდრე ზომიერი ინიციაციის მქონე საძმოების წევრებს, ამით დადასტურდებოდა, რომ ინიციაციის სიმკაცრესა და საძმოს წევრების მიერ ერთმანეთის მოწონებას შორის დადებითი კორელაციაა. ეს ნიშნავს, რომ რაც უფრო მკაცრია ინიციაცია, საძმოს მით უფრო მეტ წევრს მოსწონს ერთმანეთი. არა აქვს მნიშვნელობა, რამდენად მაღალი კორელაცია აღმოჩნდება ამ ორ ცვლადს შორის, მხოლოდ ამ გამოკითხვის შედეგებზე დაყრდნობით ჩვენ მაინც ვერ დავასკვნით, იწვევს თუ არა მკაცრი ინიციაცია ჯგუფის მოწონებას. ამ გამოკითხვიდან მხოლოდ იმ დასკვნის გამოტანა შეგვიძლია, რომ ეს ორი ფაქტორი დაკავშირებულია ერთმანეთთან. შესაძლებელია, დადებითი კორელაცია მკაცრ ინიციაციასა და საძმოს სხვა წევრების მოწონებას შორის იმიტომ კი არ არსებობდეს, რომ მკაცრი ინიციაცია იწვევს ჯგუფის მეტად მოწონებას, არამედ ზუსტად საპირისპირო მიზეზის გამო. შეიძლება, ჯგუფის მაღალი მიმზიდველობა იწვევდეს მკაცრ ინიციაციას. თუ ჯგუფის წევრები ერთმანეთს ძალიან სასურველად მიიჩნევენ, ისინი შეეცდებიან ელიტური ჯგუფის შენარჩუნებას. ამის გამო, მათ, შეიძლება, მკაცრი ინიციაცია შემოიღონ, რის შედეგადაც ჯგუფში მხოლოდ ის ადამიანები მოხვდებიან, რომლებსაც ამის ძალიან დიდი სურვილი აქვთ. მხოლოდ კითხვარის მონაცემებით ვერ დავასკვნით, რომ ეს ახსნა მცდარია და რომ მკაცრი ინიციაცია ნამდვილად იწვევს მოწონებას. მონაცემები არ გვაძლევს საფუძველს, ავირჩიოთ ამ ახსნათაგან რომელიმე, რადგან მონაცემები არაფერს გვეუბნება მიზეზის და შედეგის შესახებ. უფრო მეტიც, როგორც წინა მაგალითში ვნახეთ, შესაძლებელია, მესამე ცვლადიც არსებობდეს, რომელიც იწვევს ორივეს, მკაცრ ინიციაციასაც და მოწონებასაც. ვინმეს მოუნდება მკაცრი ინიციაციის ჩატარება ან გავლა? როგორ არა, ხომ არსებობენ ადამიანები ძლიერი სადო-მაზოხისტური ტენდენციებით. ასეთ ადამიანებს ინიციაციის გავლის გამო კი არ მოეწონებათ ერთმანეთი, არამედ იმიტომ, რომ ერთმანეთის მსგავსთ აქვთ ტენდენცია, ერთმანეთი მოსწონდეთ. ეს, შეიძლება, უცნაურ ახსნად მოგვეჩვენოს, მაგრამ სავსებით ლოგიკურია. მკვლევრისთვის ყველაზე უარესი ისაა, რომ უამრავი სხვა ახსნაც იარსებებს, რომლებიც მას აზრადაც კი არ მოუვა. ექსპერიმენტული მეთოდი, რომელიც ემყარება ექსპერიმენტულ პირობებში შემთხვევითად განაწილების ტექნიკას, ერთი ხელის მოსმით გამორიცხავს ყველა მათგანს. ამ ექსპერიმენტში სადო-მაზოხისტებს ექნებათ ზუსტად ერთნაირი შესაძლებლობა, მოხვდნენ ისეთ პირობებში, სადაც ინიციაციის გარეშე მიიღებენ ჯგუფში, ან ისეთში, სადაც მკაცრი ინიციაციით მიიღებენ. სამწუხაროდ, რეალურ სიტუაციაში ჩატარებული კვლევა საშუალებას აძლევს ყველა მათგანს, თვითონ აირჩიონ მკაცრი ინიციაციის პირობა, რაც კვლევის შედეგებს გაურკვეველს გახდის. ექსპერიმენტების სირთულეები სოციალურ ფსიქოლოგიაში კონტროლი თუ გავლენა. ექსპერიმენტების სამყაროში ყველაფერი ასე ადვილად არ გვარდება. არსებობს ძალზედ რეალური პრობლემები, რომლებიც ექსპერიმენტებთანაა დაკავშირებული. უკვე ვახსენე, რომ ექსპერიმენტის ერთ-ერთი ძირითადი უპირატესობაა კონტროლი, მაგრამ სრული კონტროლის განხორციელება შეუძლებელია, როცა ცდის პირები ადამიანები არიან. ამიტომაა, რომ ბევრ ფსიქოლოგს ვირთხებზე ექსპერიმენტების ჩატარება ურჩევნია ადამიანზე ექსპერიმენტის ჩატარებას. ამ დროს, მკვლევარს შეუძლია თითქმის ყველაფერი გააკონტროლოს ცდის პირების დაბადებიდან ექსპერიმენტის დასრულებამდე: კლიმატი, კვება, ვარჯიში, დანარჩენ ცდის პირებთან შეხვედრა, ტრავმული გამოცდილებები და ა.შ. სოციალურ ფსიქოლოგებს ცდის პირი ადამიანები გალიებში ვერ ეყოლებათ გასაკონტროლებლად. ცდის პირს მოსწონს, რომ მასაც ვირთხასავით არ ამწყვდევენ გალიაში, მაგრამ მეცნიერებისთვის ნაკლებად ზუსტი შედეგების მომტანია. კონტროლს კიდევ უფრო ამცირებს ის ფაქტი, რომ ადამიანები ურიცხვი ნიშნის მიხედვით განსხვავდებიან ერთმანეთისგან. სოციალური ფსიქოლოგები ცდილობენ აღწერონ, რას აკეთებენ ადამიანები. ამაში იგულისხმება, რომ ადამიანთა უმრავლესობა უმეტესწილად აკეთებს ამას მოცემულ პირობებში. რამდენადაც ჩვენს შედეგებში ყოველთვის მოცემულია არაგაზომვადი ინდივიდუალური განსხვავებები, ჩვენი დასკვნები ყველა ადამიანის შესახებ არ იქნება ზუსტი. განსხვავებები დამოკიდებულებებში, ღირებულებებში, პიროვნულ თვისებებში და გამოცდილებებში გავლენას ახდენს იმაზე, როგორ მოიქცევიან ადამიანები ექსპერიმენტის დროს. ამიტომ, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ შეგვიძლია ექსპერიმენტის სიტუაციის გაკონტროლება, ერთი და იგივე სიტუაცია მაინც სხვადასხვაგვარ გავლენას ახდენს სხვადასხვა ადამიანზე. გარდა ამისა, მაშინაც კი, თუ მოვახერხებთ და ექსპერიმენტს ისე გავაკონტროლებთ, რომ ყველა ადამიანისთვის ერთი და იგივე გავლენა მივიღოთ, ჩნდება რეალური რისკი, რომ სიტუაცია იმდენად სტერილური გამოვა, რომ ცდის პირი მას სერიოზულად არ აღიქვამს. სიტყვა სტერილურს ორი მნიშვნელობა აქვს: 1) უნაყოფო და 2) არაეფექტური. ექსპერიმენტატორი უნდა ეცადოს, რომ მიაღწიოს რაც შეიძლება სტერილურ სიტუაციას, მაგრამ ისე, რომ არ გახადოს ეს სიტუაცია ცდის პირისთვის უნაყოფო და უსიცოცხლო. ცდის პირებს თუ არ აინტერესებთ ექსპერიმენტში მიმდინარე მოვლენები, მათი რეაგირება სპონტანური იქნება და, შესაბამისად, ჩვენი შედეგებიც უმნიშვნელო. ამგვარად, კონტროლის გარდა, საჭიროა, რომ ექსპერიმენტს გავლენაც ჰქონდეს ცდის პირებზე. მათ სერიოზულად უნდა აღიქვან ექსპერიმენტი და ჩაერთონ მასში. სხვაგვარად ეს ექსპერიმენტი მნიშვნელოვან გავლენას ვერ მოახდენს მათ ქცევაზე. სოციალური ფსიქოლოგებისთვის სირთულეს ის წარმოადგენს, რომ ეს ორი გადამწყვეტი ფაქტორი, გავლენა და კონტროლი, ხშირად ურთიერთსაწინააღმდეგოდ მოქმედებს: ერთი თუ იზრდება, მეორე მცირდება ხოლმე. ექსპერიმენტატორები დილემის წინაშე დგებიან, როგორ გაზარდონ გავლენა ცდის პირებზე ისე, რომ არ დაკარგონ სიტუაციაზე კონტროლი. ამ დილემის გადასაჭრელად შემოქმედებითობა და გამომგონებლობაა საჭირო, რომ ექსპერიმენტული სიტუაციის სწორი დიზაინი მოხერხდეს. ამას მივყავართ რეალიზმის პრობლემამდე. რეალიზმი. ამ თავის დასაწყისში უკვე ვახსენეთ, რომ ლაბორატორიულ ექსპერიმენტებს ხშირად იმის გამო აკრიტიკებენ, რომ ისინი ხელოვნურია და "რეალობის" მხოლოდ იმიტაციას წარმოადგენს. რას ვგულისხმობთ რეალურში? რამდენიმე წლის წინ ექსპერიმენტული მეთოდის შესახებ ტრაქტატის წერისას მერილ კარლსმიტი (Merrill Carlsmith) და მე ვცდილობდით, გვეპოვა რეალურის ზუსტი განსაზღვრება. ჩვენ ვმსჯელობდით, რომ ექსპერიმენტი ორი სხვადასხვა სახით შეიძლება იყოს რეალისტური: თუ ექსპერიმენტი გავლენას ახდენს ცდის პირებზე, აიძულებს მათ სერიოზულად აღიქვან სიტუაცია და ჩაერთონ პროცედურებში, შეგვიძლია ვთქვათ, რომ მივაღწიეთ ექსპერიმენტულ რეალიზმს. ამისგან სავსებით განსხვავებულია საკითხი, რამდენად ჰგავს ლაბორატორიული ექსპერიმენტი იმ მოვლენებს, რომლებიც ხშირად ხდება რეალურ სამყაროში. კარლსმიტმა და მე ამას ცხოვრებისეული რეალიზმი ვუწოდეთ. ხშირად, ექსპერიმენტული და ცხოვრებისეული რეალიზმის ერთმანეთისგან განსხვავება უჭირთ და ექსპერიმენტებს ხელოვნურობის გამო მხოლოდ იმიტომ აკრიტიკებენ, რომ ისინი რეალურ სამყაროს არ გავს. ამ ორ რეალიზმს შორის განსხვავება კარგად ჩანს შემდეგი კვლევის მაგალითში, როელშიც მაღალია ექსპერიმენტული რეალიზმი, მაგრამ დაბალია ცხოვრებისეული. გავიხსენოთ სტენლი მილგრემის ექსპერიმენტი, რომელიც მეორე თავშია აღწერილი. მასში თითოეულ ცდის პირს თხოვდნენ ელექტროშოკით დარტყმა მიეყენებინა მეორე ოთახში მყოფი ადამიანისთვის, რომელიც ელექტრულ აპარატზე იყო მიერთებული. ახლა გავიხსენოთ, რამდენად ხშირად გვთხოვენ მსგავს რამეს ყოველდღიურ ცხოვრებაში. ეს არარეალისტურია, მაგრამ მხოლოდ ცხოვრებისეული გაგებით. ჰქონდა თუ არა ამ პროცედურას ექსპერიმენტული რეალიზმი? ამაში იგულისხმება, აღიქვამდნენ თუ არა ცდის პირები სიტუაციას სერიოზულად, ახდენდა თუ არა მათზე გავლენას, იყო თუ არა ეს იმ წუთში მათი რეალური ცხოვრების ნაწილი? იქნებ ისინი მხოლოდ თამაშობდნენ და სერიოზულად არ იღებდნენ ამას? მილგრემი წერს, რომ მისი ცდის პირები ძალიან დაძაბულები იყვნენ და დისკომფორტს განიცდიდნენ. აი, მილგრემისავე აღწერილობა, როგორ გამოიყურებოდა ცდის პირი: "ვაკვირდებოდი ხანში შესულ და გაწონასწორებულ ბიზნესმენს, რომელიც თავდაჯერებული ღიმილით შემოვიდა ლაბორატორიაში. ოც წუთში ის განადგურდა, კანკალი აუვარდა და ენა დაება, ნერვული შოკის პირას იყო მისული. ის გამუდმებით ისრესდა ყურის ბიბილოებს და თითებს იფშვნეტდა. უცებ შუბლზე სილა იტკიცა და წაილუღლუღა: "ო, ღმერთო! შევწყვიტოთ!". და მაინც, ის აგრძელებდა ექსპერიმენტს და ემორჩილებოდა ექსპერიმენტატორის თითოეულ სიტყვას ექსპერიმენტის დასრულებამდე". ეს არ ჰგავს არარეალისტურ სიტუაციაში მყოფი ადამიანის ქცევას. ყველაფერი, რაც მილგრემის ცდის პირებს ემართებოდათ, რეალური იყო , მიუხედავად იმისა, რომ ასეთი რამეები ყოველდღიურ ცხოვრებაში არ ხდება. შესაბამისად, შეიძლება დავასკვნათ, რომ ამ ექსპერიმენტების შედეგები საკმაოდ ზუსტი მინიშნებაა იმაზე, როგორ მოიქცეოდნენ ადამიანები, მსგავსი მოვლენები რომ რეალურ სამყაროში ხდებოდეს. ტყუილი. ექსპერიმენტული რეალიზმის მნიშვნელობა ძალიან დიდია. მის მისაღწევად კი საუკეთესო მეთოდია ისეთი დიზაინის მოფიქრება, რომელიც საინტერესო იქნება ყველა ცდის პირისთვის. ამავდროულად, ხშირად საჭიროა კვლევის ჭეშმარიტი მიზნის დამალვა. რა საჭიროა დამალვა? ამ თავის დასაწყისში უკვე ვახსენე, რომ ყველა ადამიანი მოყვარული სოციალური ფსიქოლოგია იმ გაგებით, რომ ჩვენ ყველანი სოციალურ სამყაროში ვცხოვრობთ და მუდმივად ვაყალიბებთ ჰიპოთეზებს იმ მოვლენების შესახებ, რაც ჩვენს სოციალურ სამყაროში ხდება. მათ შორის, ადამიანების შესახებაც, რომლებიც ჩვენი ექსპერიმენტების ცდის პირები არიან. ვინაიდან, ადამიანები ყოველთვის ცდილობენ საუკეთესო გამოსავლის პოვნას, მათ რომ სცოდნოდათ, რის მიღწევას ვცდილობთ, მათი ქცევა მუდამ იქნებოდა ჩვენი ჰიპოთეზის შესაბამისი, ჩვენ კი გვინდა ვნახოთ, როგორ იქცევიან ისინი ბუნებრივ და ჩვეულ სიტუაციაში. ამ მიზნით ვცდილობთ, ექსპერიმენტის ნამდვილი მიზანი დავუმალოთ ცდის პირებს და ვინაიდან თითქმის ყოველთვის გვაქვს საქმე ძალიან ჭკვიან ადამიანებთან, ეს არაა ადვილი. თუმცა, ეს აუცილებელი მოთხოვნაა ექსპერიმენტების უმრავლესობისთვის, თუ ვალიდური და სანდო მონაცემების მიღება გვსურს. ეს მოთხოვნა სოციალურ ფსიქოლოგს ფილმის რეჟისორის მდგომარეობაში აყენებს, მან უნდა მოამზადოს სცენა მოქმედებისთვის, მაგრამ არ უნდა უთხრას მსახიობს, რა რისთვის კეთდება. ასეთ პირობებს გამოგონილ ამბავს ვუწოდებთ და მისი საშუალებით ვზრდით ექსპერიმენტის რეალიზმს, ვქმნით სიტუაციას, რომელშიც ცდის პირი ბუნებრივად იქცევა და არ იცის, მისი ქცევის რომელ ასპექტს შევისწავლით. მაგალითად, არონსონ-მილსის ინიციაციის კვლევაში ცდის პირებს ვეუბნებოდით, რომ მათ უნდა გაევლოთ ტესტი სიმორცხვეზე, რათა მიგვეღო სექსის ფსიქოლოგიის განმხილველი ჯგუფის წევრებად. ეს იყო გამოგონილი ისტორია. ეს სრული სიცრუე იყო. სინამდვილეში, მათ უნდა გაევლოთ ინიციაცია, რათა გვენახა, რა გავლენა ექნებოდა ამას მათ მიერ ჯგუფის მოწონებაზე. ცდის პირებს კვლევის დაწყებამდე რომ სცოდნოდათ მისი მიზანი, შედეგები ჩვენთვის სრულიად უსარგებლო იქნებოდა. ამ საკითხის შემსწავლელმა მკვლევრებმა დაადგინეს, რომ, როდესაც ცდის პირებმა იციან ექსპერიმენტის ნამდვილი მიზნის შესახებ, ისინი ბუნებრივად არ იქცევიან. ისინი ცდილობენ, საკუთარი თავი უკეთ წარმოაჩინონ, ან "დაეხმარონ" ექსპერიმენტატორს იმ შედეგის მიღებაში, რაც ცდის პირების აზრით, მას სურს. ამ ქცევათაგან ორივე კატასტროფულია ექსპერიმენტატორისთვის. ექსპერიმენტატორს შეუძლია გაუქროს ცდის პირს მისთვის დახმარების გაწევის სურვილი, მაგრამ საკუთარი თავის უკეთ წარმოჩენის სურვილის გაქრობა უფრო რთულია. ადამიანთა უმრავლესობას არ სურს, რომ მათ სუსტებად, არანორმალურებად, კონფორმისტებად, არამიმზიდველებად, სულელებად ან შეშლილებად მიიჩნევდნენ. ამგვარად, თუ შესაძლებლობა გვექნება მივხვდეთ, რას იკვლევს ექსპერიმენტატორი, ადამიანთა უმრავლესობა შეეცდება საკუთარი თავი კარგად ან ნორმალურად წარმოაჩინოს. მაგალითად, კონკრეტულად ამ ფენომენის შესასწავლად დადგმულ ექსპერიმენტში, ვუთხარით ცდის პირებს, რომ რაღაც კონკრეტული შედეგი მიანიშნებდა მათ კარგ პიროვნულ თვისებებზე. ამის შემდეგ, ისინი გაცილებით უფრო ხშირად იღებდნენ ამ შედეგს, ვიდრე მაშინ, როცა ვუთხარით, რომ ეს უარყოფით თვისებას ნიშნავდა. ეს ქცევა ადვილად გასაგებია, მაგრამ ის ხელს უშლის ექსპერიმენტატორს სწორი შედეგის მიღებაში. ამ მიზეზის გამო, ექსპერიმენტატორებს ხშირად სჭირდებათ, რომ ტყუილი უთხრან ცდის პირებს და არ გააგებინონ ექსპერიმენტის ნამდვილი მიზანი. უფრო მკაფიო სურათისთვის, შევხედოთ სოლომონ აშის კლასიკურ ექსპერიმენტს კონფორმიზმის შესახებ. გავიხსენოთ, რომ ამ კვლევაში სტუდენტს დაავალეს შეედარებინა რამდენიმე სხვადასხვა ზომის ხაზი ერთმანეთისთვის. დავალება მარტივი იყო, მაგრამ სხვა სტუდენტებმა (რომლებიც სინამდვილეში ექსპერიმენტატორის მოკავშირეები იყვნენ) წინასწარგანზრახვით არასწორად უპასუხეს. ამ სიტუაციაში, ცდის პირების დიდი ნაწილი ემორჩილებოდა ნაგულისხმევ ჯგუფურ გავლენას და თვითონაც არასწორად პასუხობდა. რასაკვირველია, ეს ექსპერიმენტი ტყუილზეა აგებული. ცდის პირები თვლიდნენ, რომ აღქმის ექსპერიმენტში მონაწილეობდნენ, მაგრამ სინამდვილეში კვლევა კონფორმულობას შეისწავლიდა. აუცილებელი იყო თუ არა ტყული? ვფიქრობ, კი. მოდით, წარმოვიდგინოთ ეს ექსპერიმენტი ტყულის გარეშე: თქვენ ექსპერიმენტის ცდის პირი ხართ და ექსპერიმენტატორი გეუბნებათ, "მე ვიკვლევ, გამოიჩენთ თუ არა კონფორმულობას და დაემორჩილებით თუ არა ჯგუფის ზეწოლას." შემდეგ კი მოსდევს ზემოთხსენებული ექსპერიმენტის პროცედურა. მე ვფიქრობ, რომ თქვენ არ იქნებით კონფორმული. ვფიქრობ, რომ არავინ იქნება კონფორმული ამ სიტუაციაში, რადგან კონფორმულობა სუსტ და არამიმზიდველ ქცევად ითვლება. რა უნდა დაასკვნას ექსპერიმენტატორმა აქედან? - რომ ადმიანები არაკონფორმისტები არიან? ამგვარი დასკვნა მცდარი იქნება. ასეთი ექსპერიმენტი არაფერში გამოგვადგება. გავიხსენოთ მილგრემის ექსპერიმენტი მორჩილების შესახებ. მან აღმოაჩინა, რომ მის ექსპერიმენტში მონაწილე მოქალაქეთა დაახლოებით 65 პროცენტი მზად იყო, დამორჩილებოდა ექსპერიმენტატორის ნათქვამს და მეორე ადამიანისთვის ელექტროშოკით დარტყმა მიეყენებინა. და მაინც, ყოველწლიურად, როდესაც ჩემს სტუდენტებს ვუხსნი ამ ექსპერიმენტის სიტუაციას და ვეკითხები, თვითონ ისინი დაემორჩილებოდნენ თუ არა ექსპერიმენტატორის ბრძანებას, მხოლოდ 1 პროცენტი ამბობს, რომ დაემორჩილებოდა. ნიშნავს ეს იმას, რომ ჩემი სტუდენტები უკეთესები არიან, ვიდრე მილგრემის ცდის პირები? ასე არ ვფიქრობ. ჩემი აზრით, ეს იმას ნიშნავს, რომ თუ ადამიანებს მიეცემათ შესაძლებლობა, ისინი მუდამ ცდილობენ, უკეთესად წარმოადგინონ თავი. ამგვარად, მილგრემს რომ ტყუილი არ გამოეყენებინა, მისი შედეგები სრულიად განსხვავებული გამოვიდოდა და არ ასახავდა ადამიანთა ქცევას რეალურ სიტუაციაში. თუ ადამიანებს საშუალებას მივცემთ, რომ მოიცადონ, დაფიქრდნენ და გამოიცნონ, როგორია საუკეთესო საქციელი მოცემულ სიტუაციაში, იმის სურათს კი არ მივიღებთ, როგორები არიან ადამიანები, არამედ იმისას, როგორები სურთ მათ, რომ იყვნენ. ეთიკური პრობლემები ტყუილი შეიძლება იყოს საუკეთესო (და ალბათ, ერთადერთი) გზა საჭირო ინფორმაციის მისაღებად, როგორ მოიქცევიან ადამიანები რთულ და მნიშვნელოვან სიტუაციებში, მაგრამ ის ნამდვილად აჩენს სერიოზულ ეთიკურ პრობლემებს. ასეთი პრობლემა, ძირითადად, სამია. 1. უბრალოდ, არაეთიკურია ადამიანების მოტყუება. ეს კიდევ უფრო მნიშვნელოვანი გახდა უოთერგეიტის[6] შემდგომ პერიოდში, როდესაც გამომჟღავნდა, რომ სამთავრობო სამსახურები უკანონოდ უსმენდნენ მოქალაქეების საუბრებს; რომ პრეზიდენტები ატყუებდნენ საკუთარ ამომრჩეველ ხალხს; რომ პრეზიდენტის უშუალო ხელქვეითები იყენებდნენ ბინძურ მეთოდებს, ყალბ წერილებს, გაყალბებულ დოკუმენტებს და ა. შ. როგორ შეუძლია სოციალურ მეცნიერებას, გაამართლოს ტყუილის დამატება მთელი ამ არსებული სიყალბისადმი? 2. ამგვარ ტყუილს ხშირად მივყავართ პირად ცხოვრებაში ჩარევამდე. როდესაც ცდის პირებმა არ იციან, რას სწავლობს სინამდვილეში ექსპერიმენტატორი, ისინი ვერ მისცემენ ინფორმირებულ თანხმობას. მაგალითად, ზოგიერთი ცდის პირი არაფრით დათანხმდებოდა აშის ექსპერიმენტში მონაწილეობას, წინასწარ რომ სცოდნოდა, რომ აში მათ კონფორმულობის მიდრეკილებას შეისწავლიდა და არა აღქმას. 3. ექსპერიმენტის პროცედურები ხშირად გულისხმობს უსიამოვნო გამოცდილებას, როგორიცაა ტკივილი, მოწყენილობა, შფოთვა და სხვა. აქვე უნდა დავამატო, რომ ეთიკური პრობლემები მაშინაც ჩნდება, როცა ტყუილი არაა გამოყენებული და ექსპერიმენტიც არაა რამენაირად ექსტრემალური. ყველაზე უფრო კეთილშობილურ პროცედურებსაც კი შეუძლია ზოგიერთ ცდის პირზე ისეთი გავლენის მოხდენა, რომელსაც წინასწარ ვერაფრით გავთვლიდით – თვით ყველაზე ყურადღებიან და მზრუნველ ექსპერიმენტატორებსაც ემართებათ ხოლმე ასეთი რამ. განვიხილოთ ექსპერიმენტების სერია, რომელიც რობინ დოუსმა, ჯინ მაკტავიშმა და ჰარიეტ შეკლიმ (Robyn Dawes, Jeanne McTavish, Harriet Shaklee) განახორციელეს. ისინი "სოციალურ დილემებს" იკვლევდნენ, როდესაც ცდის პირებმა უნდა გადაწყვიტონ, თანამშრომლობა ურჩევნიათ, თუ "დეზერტირობა". თუ ყველა ითანამშრომლებს, ფინანსურად ისარგებლებს ყველა; მაგრამ თუ ერთმა ან რამდენიმე მათგანმა მაინც თქვა უარი თანამშრომლობაზე, ისინი მაღალ ანაზღაურებას იღებენ, ისინი კი, ვინც თანამშრომლობა აირჩია, დიდ ფინანსურ დანაკარგს განიცდიან. პასუხები ანონიმურია და ანონიმური რჩება მთელი კვლევის განმავლობაში. თამაშის წესებს უხსნიან ყველა მონაწილეს ექსპერიმენტის დასაწყისშივე. აქ ტყუილი არ გამოიყენება. მთელი სცენარი, ერთი შეხედვით, უწყინარია. ერთი ექსპერიმენტული სესიიდან 24 საათის გასვლის შემდეგ ხნიერმა მამაკაცმა დაურეკა ექსპერიმენტატორს. ის ერთადერთი დეზერტირი იყო თავისი ჯგუფიდან, რომელმაც 190$ მოიგო. მას უნდოდა, რომ მოგებული ფული დაებრუნებინა და დანარჩენი მონაწილეებისთვის გაეყო (რომლებმაც თანამშრომლობა არჩიეს და თითოეულმა მხოლოდ 1$ მოიგო). საუბარში გამოირკვა, რომ ის თავს ძალიან ცუდად გრძნობდა საკუთარი სიხარბის გამო, რომ მთელი ღამე არ ეძინა და ა.შ. ასეთივე ექსპერიმენტის შემდეგ ერთი ქალი, რომელმაც თანამშრომლობა აირჩია, ხოლო ყველა დანარჩენმა – დეზერტირობა, ამბობდა, რომ აქამდე ძალიან გულუბრყვილო იყო და ახლა ისწავლა, რომ ადამიანების ნდობა არ შეიძლება. მიუხედავად გულდასმით დაგეგმვისა, ექსპერიმენტები მაინც ახდენენ ცდის პირებზე ძლიერ გავლენას, რომლის წინასწარ გათვლა შეუძლებელია. მე განზრახ ავირჩიე დოუსის, მაკტავიშის და შეკლის ექსპერიმენტები, რადგან მათში ტყუილი არ არის და ამიტომ ეთიკის კოდექსს არ არღვევს. რასაც ვამბობ, მარტივია, მაგრამ მნიშვნელოვანი: არცერთ ეთიკის კოდექსს არ შეუძლია ყველა პრობლემის წინასწარ განსაზღვრა, განსაკუთრებით ეს ეხება პრობლემებს, როდესაც ცდის პირები რაიმე უსიამოვნოს იგებენ საკუთარი თავის ან სხვების შესახებ. სოციალურ ფსიქოლოგებს ექსპერიმენტების ჩატარების ეთიკური მხარე სწორედ იმიტომ აწუხებთ ასე ძალიან, რომ მათი სამუშაო ეთიკურ დილემაზეა აგებული. ახლავე აგიხსნით: ეს დილემა ემყარება ორ საპირისპირო ღირებულებას, რომლებსაც სოციალურ ფსიქოლოგთა უმრავლესობა იყენებს. ერთ მხარესაა თავისუფალი სამეცნიერო კვლევის ღირებულება, ხოლო მეორე მხარეს – ადამიანური ღირსება და პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლება. ეს დილემა რეალურად არსებობს და შეუძლებელია მისი უგულებელყოფა. არ შეიძლება, დავიცვათ მხოლოდ ადამიანთა ღირსება, ან მხოლოდ სამეცნიერო მიზნები. სოციალური ფსიქოლოგები ამ პრობლემას აწყდებიან ყოველთვის, როცა გეგმავენ და ატარებენ ექსპერიმენტს. არ არსებობს კონკრეტული და უნივერსალური წესები, რომლებიც ყველა ექსპერიმენტის შემთხვევაში გამოდგება. ცხადია, რომ ზოგიერთი ექსპერიმენტული ტექნიკა მეტ პრობლემას ქმნის, ვიდრე სხვები. ძირითადად, ექსპერიმენტები, რომლებიც ტყუილზეა აგებული, ყველაზე პრობლემურია, რადგან თვით ტყუილის აქტია გასაკიცხი, მაშინაც კი, როცა ტყუილი ჭეშმარიტების დადგენის მიზნებს ემსახურება. პროცედურები, რომლებიც იწვევს ტკივილს, შერცხვენას, დანაშაულის განცდას ან სხვა მძაფრ გრძნობებს, აშკარად იწვევს ეთიკურ პრობლემებს. უფრო ფაქიზი, მაგრამ ასევე მნიშვნელოვანი პრობლემები ჩნდება, როცა ცდის პირები საკუთარ თავში აღმოაჩენენ თვისებას, რომელიც არაა სასიამოვნო და პოზიტიური. გაიხსენეთ ცდის პირების გამოცდილება დოუსის, მაკტავიშის და შეკლის ექსპერიმენტიდან. სოლომონ აშის ბევრმა ცდის პირმაც ექსპერიმენტიდან გაიგო, რომ კონფორმულები არიან ჯგუფის გავლენისადმი. ჩვენს საკუთარ ექსპერიმენტში (არონსონი და მეთი) ბევრმა ცდის პირმა შეიტყო, რომ კარტის თამაშისას მოწინააღმდეგის მოტყუება შეუძლიათ. მილგრემის ცდის პირებმა გაიგეს, რომ დაემორჩილებიან ავტორიტეტს მაშინაც კი, თუ ეს მორჩილება სხვა ადამიანებს ზიანს მოუტანს. შეიძლება, ვიკამათოთ, ამგვარი აღმოჩენები ცდის პირებისთვის თერაპიული ან საგანმანათლებლო სარგებლობის მომტანია თუ არა. ბევრმა ცდის პირმა თავადაც ჩათვალა ასე, მაგრამ ეს მაინც არ ამართლებს ამ პროცედურებს. სხვა რომ არაფერი, საიდან უნდა ვიცოდეთ ექსპერიმენტის დაწყებამდე, რომ მის შედეგებს თერაპიული დანიშნულება ექნება? ნებისმიერი მეცნიერისთვის ზედმეტი ამპარტავნობა იქნება, თუ ის გადაწყვეტს, რომ შეუძლია თერაპიული ჩარევა ადამიანების ცხოვრებაში მათი წინასწარი თანხმობის გარეშე. თუ ამ პრობლემებს გავითვალისწინებთ, შეგვიძლია, ვთქვათ, რომ სოციალურ-ფსიქოლოგიური კვლევის მიზნები ამართლებს საშუალებებს? ეს საკამათოა. ზოგი ამტკიცებს, რომ რაც არ უნდა იყოს მეცნიერების მიზნები და მიღწევები, ისინი არაფრად ღირს, თუ ადამიანს ვატყუებთ, ან დისკომფორტს ვუქმნით. ამის საპირისპიროდ, სხვები ამტკიცებენ, რომ სოციალური ფსიქოლოგების აღმოჩენები მთელ კაცობრიობას დიდ სარგებლობას მოუტანს, ამიტომ, ამ შედეგების მიღება თითქმის ნებისმიერ ფასად ღირს. ჩემი საკუთარი პოზიცია სადღაც ამათ შორისაა. მჯერა, რომ სოციალური ფსიქოლოგია, როგორც მეცნიერება, მნიშვნელოვანია, მაგრამ ასევე მჯერა, რომ ცდის პირების ჯანმრთელობა და კეთილდღეობა მუდამ დაცული უნდა იყოს. თითოეული კონკრეტული ექსპერიმენტის დაგეგმვისას, როცა მისი ეთიკურობა უნდა შევაფასოთ, ჩემი აზრით, მართებულია დანახარჯი-სარგებლობის ანალიზის გაკეთება. ესე იგი, ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ, რამდენი სიკეთის მოტანა შეუძლია ამ ექსპერიმენტს და რამდენი ზიანი მიადგებათ ცდის პირებს. სხვაგვარად რომ ვთქვათ, მეცნიერების და საზოგადოების სარგებლობა უნდა შევადაროთ ცდის პირებისთვის მიყენებულ ზიანს და ეს შეფარდება მივიღოთ მხედველობაში დასკვნის მიღებისას. სამწუხაროდ, ამგვარი შედარება ძნელი გასაკეთებელია, რადგან ვერასოდეს ვიქნებით დარწმუნებულები ვერც სარგებლობის და ვერც ზიანის თაობაზე, სანამ ექსპერიმენტი არ ჩატარდება. წარმოვიდგინოთ მორჩილების შესახებ ექსპერიმენტი. თავიდანვე უეჭველი იყო, რომ რთული პროცედურა იქნებოდა. მაგრამ, მილგრემს ვერაფრით ეცოდინებოდა, ზუსტად რამდენად რთული, ვიდრე ექსპერიმენტს არ დაიწყებდა. ჩემი აზრით, ეს ძალიან მნიშვნელოვანი ექსპერიმენტი იყო; მან ბევრი რამ გაგვაგებინა ადამიანის ქცევაზე; საბოლოო ჯამში, მე მოხარული ვარ, რომ მილგრემმა გადაწყვიტა მისი ჩატარება. თუმცა, ამ საკითხში ყველა არ მეთანხმება. ეს ექსპერიმენტი ჩატარებისთანავე გააკრიტიკეს ეთიკური მოსაზრებების გამო, პოპულარულმა პრესამაც და სერიოზულმა მეცნიერებმაც. ექსპერიმენტის შედეგების გამოქვეყნებიდან რამდენიმე წლის შემდეგ სტენლი მილგრემმა საიდუმლოდ გამანდო – სევდიანად და მწარედ – რომ, მისი აზრით, კრიტიკის ეს ტალღა მის ექსპერიმენტში გამოყენებული პროცედურის კი არა, მისი მიღებული შედეგების გამო აგორდა. ეს საინტერესო საკითხია: ახსენებდნენ თუ არა კრიტიკოსები მილგრემის ექსპერიმენტის ეთიკურ პრობლემას, არცერთ მის ცდის პირს ზომიერზე მეტი ინტენსივობის შოკი რომ არ გამოეყენებინა? ათიოდე წლის შემდეგ ლეონარდ ბიკმანმა და მეთიუ ზარანტონელომ (Leonard Bickman, Matthew Zarantonrllo) აღმოაჩინეს, რომ მილგრემის მიხვედრა ზუსტი იყო. მათ მარტივი ექსპერიმენტი ჩაატარეს, რომლის დროსაც 100 ადამიანს სთხოვეს, წაეკითხათ მილგრემის ექსპერიმენტის პროცედურის აღწერა. იმ ადამიანებმა, რომლებსაც უთხრეს, რომ მილგრემის ცდის პირთა მაღალი პროცენტული რაოდენობა დაემორჩილა ექსპერიმენტატორს, გაცილებით უფრო მეტი ზიანის მომტანად შეაფასეს ეს პროცედურა (და, შესაბამისად, ნაკლებად ეთიკურად), ვიდრე იმ ადამიანებმა, რომელთაც უთხრეს, რომ ექსპერიმენტატორს თითქმის არავინ დაემორჩილა. საზოგადოდ, ვიტყოდი, რომ ნებისმიერი ექსპერიმენტის ეთიკა ნაკლებად პრობლემატურად ჩაითვლება, როცა მისი შედეგები რამე სასიამოვნოს გვეუბნება ადამიანის ბუნების შესახებ, ვიდრე როცა რამე ისეთს ვიგებთ, რის გაგებაც არ გვინდა. ეს, რასაკვირველია, არ ნიშნავს, რომ ჩვენი კვლევები მხოლოდ სასიამოვნო ამბების აღმოჩენით უნდა შემოიფარგლოს! მილგრემის მორჩილების ექსპერიმენტი ამ მხრივ საუკეთესო მაგალითია. მჯერა, რომ როდესაც მეცნიერი იკვლევს, რამდენად შეუძლია ადამიანს სხვისთვის ზიანის მიყენება ავტორიტეტისადმი ბრმა მორჩილების პირობებში, ამის გაკეთება გარკვეული დისკომფორტის გარეშე შეუძლებელია. საბოლოო ჯამში, სოციალური ფსიქოლოგის გადაწყვეტილება, ჩაატაროს თუ არა რაიმე კონკრეტული ექსპერიმენტი, დამოკიდებულია ამ ექსპერიმენტის პოტენციური ზიანის და სარგებლობის შეფასებაზე. როდესაც ჩემს სტუდენტებს გადასაწყვეტი აქვთ, ჩაატარონ თუ არა ექსპერიმენტი, ვურჩევ, გაითვალისწინონ ეს ხუთი რჩევა. 1. თუ შესაძლებელია, თავი უნდა ავარიდოთ პროცედურებს, რომლებიც იწვევს ძლიერ ტკივილს ან ინტენსიურ დისკომფორტს. ზოგიერთი ჰიპოთეზის შემოწმება გარკვეული დისკომფორტის გარეშე შეუძლებელია. 2. ექსპერიმენტატორებმა უნდა მისცენ ცდის პირებს რეალური საშუალება, შეწყვიტონ ექსპერიმენტი, თუ მათი დისკომფორტი ძალიან ძლიერია. 3. ექსპერიმენტატორებმა უნდა მოიფიქრონ, არსებობს თუ არა ტყუილის თავიდან არიდების საშუალება. თუ რაიმე სხვა პროცედურის მოფიქრება შესაძლებელია, ტყუილზე უარი უნდა თქვან. 4. ექსპერიმენტატორებმა ექსპერიმენტის დასრულების შემდეგ დიდი დრო უნდა დაუთმონ თითოეულ ცდის პირს, დაწვრილებით აუხსნან მას ექსპერიმენტის დეტალები, მისი ნამდვილი მიზანი, ტყუილის და დისკომფორტის მიზეზები და ასე შემდეგ. კვლევის შემდგომი ინტერვიუს დროს მათ უნდა დაიცვან ცდის პირების ღირსება, არ აგრძნობინონ მათ თავი სულელად ან გულუბრყვილოდ, რადგან ტყუილი დაიჯერეს. ისინი უნდა დარწმუნდნენ, რომ ცდის პირები კარგ განწყობაზე რჩებიან – მოსწონთ საკუთარი თავი და საკუთარი როლი ექსპერიმენტში. ამას მიაღწევს ნებისმიერი ექსპერიმენტატორი, რომელიც დახარჯავს დროს და ენერგიას იმისთვის, რომ გულწრფელად გადაუხადოს მადლობა თითოეულ ცდის პირს (ინფორმაციის მიწოდებით და პატივისცემის გამოხატვით) ექსპერიმენტში შესრულებული მნიშვნელოვანი როლისთვის. 5. ბოლოს, ექსპერიმენტატორმა არ უნდა ჩაატაროს ექსპერიმენტი, რომელშიც ტყუილი და დისკომფორტი "უმიზნოდ და უმიზეზოდაა" გამოყენებული. ექსპერიმენტატორი ლაბორატორიაში შესვლამდე დარწმუნებული უნდა იყოს, რომ მისი ექსპერიმენტი კარგად მოფიქრებული და ღირებულია – ის ეძებს პასუხს მნიშვნელოვან შეკითხვაზე და ამას აკეთებს გულდასმით და კარგად ორგანიზებულად. სოციალურ ფსიქოლოგიაში ექსპერიმენტატორები ცდილობენ, რაც შეიძლება, მეტი ყურადღება გამოიჩინონ ცდის პირების საჭიროებების მიმართ. ბევრი ექსპერიმენტი შეიცავს ისეთ პროცედურებს, რომლებიც გარკვეულ დისკომფორტს გულისხმობს, ამ პროცედურების უმრავლესობაში არსებობს ცდის პირების დამცავი საშუალებებიც. დავუბრუნდეთ ისევ ექსპერიმენტს მორჩილებაზე, რადგან მისი მონაწილეების აზრით, ის ამ წიგნში აღწერილ პროცედურათაგან ყველაზე უფრო სტრესულია. აშკარაა, რომ მილგრემი ბევრს მუშაობდა, რომ ცდის პირთათვის აეხსნა ექსპერიმენტის შინაარსი და ის მათთვის საინტერესო და სასარგებლო გაეხადა. ისიც ნათელია, რომ მისმა ძალისხმევამ საკმაო წარმატება მოუტანა: ექსპერიმენტიდან რამდენიმე კვირის შემდეგ ცდის პირთა 84 პროცენტი ამბობდა, რომ მოხარული იყო ექპსერიმენტში რომ მიიღო მონაწილეობა; 15 პროცენტი ნეიტრალურად იყო განწყობილი; მხოლოდ ერთი პროცენტი აცხადებდა, რომ ნანობდა ექსპერიმენტში მონაწილეობას (თუმცა, ამ მონაცემებს სიფრთხილით უნდა მოვეკიდოთ. მეხუთე თავში კოგნიტური დისონანსის განხილვისას ვნახეთ, რომ ადამიანები ხშირად ამართლებენ საკუთარ ქცევას უკვე ჩამოყალიბებული დამოკიდებულებების შეცვლით). უფრო დამაჯერებელი მტკიცებულებები შემდეგ კვლევაშია: ექსპერიმენტის პროგრამის დასრულებიდან ერთი წლის შემდეგ უნივერსიტეტის ფსიქიატრმა გამოკითხა შემთხვევითად შერჩეული ცდის პირები და საზიანო შედეგების ფაქტები ვერ აღმოაჩინა. ცდის პირთა ტიპური პასუხი იყო, რომ ექსპერიმენტში მონაწილეობა ჭკუის სასწავლებელი და გამოცდილების გამამდიდრებელი იყო. ჩვენი ვალი ცდის პირთა მიმართ. ამ თავში განვიხილე ექსპერიმენტული მეთოდის უპირატესობები და ვაჩვენე, რამდენად რთული და პრობლემურია ლაბორატორიული ექსპერიმენტის დიზაინი სოციალურ ფსიქოლოგიაში. ამას გარდა, გაგიზიარეთ ის აღფრთოვანებაც, რასაც განვიცდი სირთულეების დაძლევისას, ვიმსჯელეთ ჩვენი ექსპერიმენტების ცდის პირების კეთილდღეობის უზრუნველყოფის გზებზე და მათთვის ექსპერიმენტის მიზნის ახსნის საჭიროებაზე. წიგნის პირველ რვა თავში აღწერილი ცოდნა, ინფორმაცია და ვარაუდები ადამიანის სოციალური ქცევის შესახებ ემყარება ამ თავში განხილულ ტექნიკასა და პროცედურებს. ისინი, ასევე, ემყარება ათიათასობით ადამიანის თანამშრომლობას, რომლებმაც ნება დაგვრთეს, შეგვესწავლა მათი ქცევა ლაბორატორიებში მთელი მსოფლიოს მასშტაბით. მათგან ძალიან ვართ დავალებული. ჩვენ მიერ ადამიანის ბუნების მთელი თავისი სირთულით ამოცნობა დამოკიდებულია ქცევის შესასწავლი ტექნიკის გამოგონებაზე, რომელიც კარგად იქნება გაკონტროლებული და იმოქმედებს იმ ადამიანთა ღირსების შელახვის გარეშე, რომლებიც ხელს გვიწყობენ ამ ცოდნის მიღებაში, როგორც ექსპერიმენტის ცდის პირები. რა მოხდება, თუ ჩვენს აღმოჩენებს არასწორად გამოიყენებენ? არსებობს კიდევ ერთი, დამატებითი ეთიკური მოსაზრება: მეცნიერის მორალური პასუხისმგებლობა საკუთარ აღმოჩენაზე. ამ წიგნში განვიხილავდი დარწმუნებისთვის საჭირო რამდენიმე პირობას. მეხუთე თავში განვიხილე თვითშთაგონების რამდენიმე ტექნიკა, შემდეგ თავებში კი ვიმსჯელე ამ ტექნიკების გამოყენებასა და შედეგებზე. თვითშთაგონება ძალიან ძლიერია, რადგან დარწმუნების ობიექტმა არასოდეს იცის, რა არის მისი მიზეზი. ისინი იჯერებენ, რომ რაღაც ფაქტი ჭეშმარიტია, არა იმიტომ, რომ ჯ. რობერტ ოპენჰაიმერმა[7], ან ტ. ს. ელიოტმა, ან "მხარბეჭიანმა" ჯომ დაარწმუნა მის ჭეშმარიტებაში, არამედ იმიტომ, რომ თავად დაარწმუნეს საკუთარი თავი. ამას გარდა, მათ ხშირად ისიც არ იციან, რატომ ან როგორ დაიჯერეს ეს. ამის გამოა ეს ფენომენი არა მხოლოდ ძლიერი, არამედ შიშისმომგვრელიც. როდესაც ვიცი, რატომ დავიჯერე X, შედარებით თავისუფლად შემიძლია შევიცვალო აზრი, მაგრამ თუ მხოლოდდამხოლოდ ის ვიცი, რომ X ჭეშმარიტებაა და მეტი არაფერი, მე უფრო მეტად ვეჭიდები ამ რწმენას, გადამარწმუნებელი ფაქტების არსებობის შემთხვევაშიც კი. ჩემ მიერ აღწერილი მექანიზმები შეიძლება გამოვიყენოთ, რომ ადამიანები ვაიძულოთ, გაიხეხონ კბილები, შეწყვიტონ უმცროსების დამცირება, შეამცირონ ტკივილი, ან შეიყვარონ მეზობლები. ბევრმა შეიძლება ჩათვალოს, რომ ეს შედეგები კარგია, მაგრამ ისინი მანიპულაციურია. იგივე მექანიზმები შეიძლება გამოყენებულ იქნას იმისათვის, რომ ვაიძულოთ ადამიანები, იყიდონ გარკვეული მარკის კბილის პასტა, ან ხმა მისცენ გარკვეულ პოლიტიკურ კანდიდატს. ჩვენს ეპოქაში, როდესაც მრავლად არიან პოლიტტექნოლოგები, პროპაგანდისტები, ვაჭრები, ამორალური არ არის სოციალური გავლენის მძლავრი ტექნიკის გამოყენება? ამ წიგნის მკითხველმა უკვე იცის, რომ, როგორც რეალურ სამყაროში მცხოვრებ რეალურ ადამიანს, ბევრი ღირებულება მაქვს და არც ვმალავ მათ. ისინი თვალსაჩინოდაა გამოფენილი. მაგალითად, მინდა ფანატიზმის და ბოროტების მოსპობა. ძალაუფლება რომ მქონდეს, ყველაზე ჰუმანურ და ეფექტურ მეთოდებს გამოვიყენებდი ამ მიზნის მისაღწევად, რაც კი გამაჩნია. ისიც ვიცი, რომ თუ ეს მეთოდები განვითარდება, სხვებსაც შეეძლებათ მათი გამოყენება ისეთი მიზნების მისაღწევად, რომლებსაც მე არ ვეთანხმები. ეს ძალიან მადარდებს. ისიც ვიცი, რომ თქვენ, შეიძლება, არ იზიარებდეთ ჩემს ღირებულებებს. ამიტომ, თუ თქვენც აღიარებთ ამ ტექნიკის სიძლიერეს, უნდა გაწუხებდეთ ეს. ამავე დროს, ახლავე უნდა აღვნიშნო, რომ ჩემს მიერ ამ ფურცლებზე აღწერილი ფენომენები სრულებითაც არაა ახალი. სოციალური ფსიქოლოგი არ ყოფილა ის, ვინც მისტერ ლანდრი მარლბოროს ანკესზე წამოაგო, ან ვინც სარეკლამო მიზნებისთვის ფასდაკლების სისტემა გამოიგონა; არც ის ყოფილა სოციალური ფსიქოლოგი, ვინც ლეიტენანტი კელი აიძულა, ვიეტნამელი მოქალაქეების უმიზნო ხოცვა-ჟლეტა გაემართლებინა. მათ თვითონ, დაუხმარებლადაც მოახერხეს ეს. სოციალური ფსიქოლოგები ცდილობენ, გაიგონ ეს ფენომენები და უამრავი სხვა, რომლებიც ყოველდღიურად ხდება მსოფლიოში – ზოგიერთი მათგანი ჯერ კიდევ იმ დროიდან იღებს სათავეს, დედამიწაზე მცხოვრებმა პირველმა ორმა ადამიანმა რომ დაიწყო ურთიერთობა. ამ ფენომენების გაგებით სოციალური ფსიქოლოგები შეძლებენ, დაეხმარონ ადამიანებს პროცესების და მათი მოსალოდნელი შედეგების გაგებაში; შედეგად, შესაძლებელი გახდება, რომ ადამიანებმა თავად თქვან უარი გარკვეული ქცევების შესრულებაზე, თუ თვითონ გადაწყვეტენ, რომ ეს ქცევები დისფუნქციურია. მხოლოდ იმ ფაქტის ცოდნა, რომ ის ფენომენები, რომლებსაც ჩვენ, სოციალური ფსიქოლოგები ვიკვლევთ, არაა ჩვენი შექმნილი, მორალური პასუხისმგებლობისგან არ გვათავისუფლებს. ხშირად, სწორედ ჩვენი სამუშაო სძენს ფორმას ამ ფენომენებს და გადააქცევს მათ კარგად სტრუქტურირებულ და ადვილად გამოსაყენებელ ტექნიკად. ყოველთვის არსებობს საფრთხე, რომ ზოგიერთი ადამიანი ამ ტექნიკას დახვეწს და გამოიყენებს საკუთარი მიზნებისათვის. დემაგოგის მიერ ამ ტექნიკის გამოყენებას შეუძლია, ჩვენი საზოგადოება ორუელისეულ[8] კოშმარად აქციოს. არ ვაპირებ, რომ ზოგადად სოციალურ ფსიქოლოგთა პასუხისმგებლობებზე ვიქადაგო. ყველაზე კარგად ჩემი საკუთარი პასუხისმგებლობა მაქვს გაცნობიერებული. მოკლედ რომ ვთქვათ, მათი ვალია, გააგებინონ საზოგადოებას, როგორ შეიძლება ამ ტექნიკის გამოყენება და ყურადღებით იყვნენ, რომ არ მოხდეს მათი ბოროტად გამოყენება; მე კი ვაგრძელებ კვლევას, რომ მეტი გავიგოთ საკუთარი თავის, როგორც სოციალური ცხოველის შესახებ – როგორ ვფიქრობთ, როგორ ვიქცევით, რა იწვევს ჩვენში აგრესიას, რა იწვევს სიყვარულს. გულახდილად ვამბობ, რომ უფრო საინტერესო და უფრო მნიშვნელოვანი საქმე ვერ წარმომიდგენია. [1] ჯიმ ჯოუნსი (1931–1978) იყო სახალხო ტაძრის დამაარსებელი და ლიდერი. ჯოუნსტაუნი (ასევე, ცნობილი, როგორც სახალხო ტაძრის სამეურნეო პროექტი) კი სამხრეთ ამერიკის ჩრდილო სანაპიროზე მდებარე სუვერენულ შტატ გაიანაში შექმნილი თემური დასახლება გახლდათ, რომელიც ასევე, ჯოუნსმა დააარსა. როგორც ჯოუნსტაუნის, ისე სახალხო ტაძრის კონცეფცია სოციალისტურ იდეალებს ეფუძნებოდა; ჯოუნსს უნდოდა, სამყაროსაგან იზოლირებული, "წმინდათაწმინდა" სივრცე შეექმნა. და მართლაც – როგორც ნამდვილ კომუნისტურ სახელმწიფოებში, სახალხო ტაძრის წევრებს ჯოუნსტაუნიდან გასვლა ეკრძალებოდათ. 1978 წელს იქ მომხდარი ინციდენტი შეფასებულია, როგორც ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური თვითმკვლელობა ჯგუფურ თვითმკვლელობათა შორის. ხოლო 2011 წლის 11 სექტემბრამდე, ის, აგრეთვე, მიიჩნეოდა არა ბუნებრივი სტიქიების შედეგად მიღებულ მშვიდობიან მოქალაქეთა ყველაზე მასობრივ დანაკარგად ამერიკის ისტორიაში (აქ და შემდგომ: მოცემული აღნიშვნით გაკეთებული კომენტარები ეკუთვნის მთარგმნელს). [2] ჯეიმს ალბერტ მიჩენერი (James Albert Michener; 1907 – 1997) – ამერიკელი მწერალი, რომელიც 40-ზე მეტი წიგნის ავტორია. მისი ნაწარმოებების დიდი ნაწილი საგას ჟანრშია, რომელიც სხვადასხვა გეოგრაფიულ ტერიტორიაზე მცხოვრები არაერთი თაობის ცხოვრების შესახებ ჰყვება და რეალური ისტორიული ფატქტებითაა გაჯერებული. [3] რედაქტორის შენიშვნა: კოლეჯი იგივეა, რაც უმაღლესი განათლების საბაკალავრო დონე. [4] სამხედრო ოპერაცია 1960 წელს, რომელიც აშშ-ს მთავრობამ კუბაში ფიდელ კასტროს მთავრობის დასამხობად წამოიწყო. [5] რედაქტორის შენიშვნა: პოპულარული საბავშვო ამერიკული სერიალი. [6] რედაქტორის შენიშვნა: უოთერგეითი არის დემოკრატების ეროვნული სათაო ოფისი ვაშინგტონში, კოლუმბიის ოლქში, აშშ. მასთანაა დაკავშირებული მეოცე საუკუნის 70-იანი წლების პოლიტიკური სკანდალი, რასაც პრეზიდენტ ნიქსონის გადადგომა მოყვა თან. [7] ცნობილი ამერიკელი ფიზიკოსი (1904–1967), ატომური ბომბის ერთ-ერთი შემქმნელი (ქ. თ.) [8] რედაქტორის შენიშვნა: ჯორჯ ორუელი, ცნობილი ამერიკელი მწერალი. ლიტერატურა: ელიოტ არონსონი, "სოციალური ცხოველი" (I და IX თავები), მთარგმნ.: ქეთევან თოდაძე, ანა მაყაშვილი, ესმა ბერიკიშვილი. რედ.: ნინო ჯავახიშვილი …
დაამატა ლაშა to ფსიქოლოგია at 10:49am on სექტემბერი 3, 2015
თემა: ბავშვთა და პედაგოგიური ფსიქოლოგია
ოგადოებისთვის. ამიტომ უძველეს კულტურებსა და ცივილიზაციებში არსებობდა გარკვეული პედაგოგიური პრინციპები და მათი რეალიზაციის ტექნოლოგია. განათლების შინაარსი, სწავლა-აღზრდის ორგანიზაციის წესი და მეთოდები ნაკარნახევი იყო ამა თუ იმ კულტურის „ობიექტური“ (სოციალურ-პოლიტიკური, ეკონომიკური, ეთნიკური, რელიგიური თუ სხვა) თავისებურებებით. რაც შეეხება „სუბიექტურ“ მხარეს, აღსაზრდელის ფსიქოლოგიურ თავისებურებებს, მათ სერიოზული მნიშვნელობა არ ენიჭებოდა და მხოლოდ მაშინ ითვალისწინებდნენ, როცა საჭირო ხდებოდა იმის გარკვევა, შეეძლო თუ არა აღსაზრდელს მის მიმართ წაყენებული მოთხოვნების შესრულება. პედაგოგიური ფსიქოლოგიის საკითხები თითქმის არ იყო რეფლექსირებული; მათი გადაწყვეტა პრაქტიკულ პლანში, საღი აზრის დონეზე ხდებოდა.       ანტიკურ ფილოსოფიაში იმთავითვე გაჩნდა მოსაზრებები ბავშვის ფსიქიკის განვითარების თაობაზე. სულიერი მოვლენების საფუძვლების ძიებას ანტიკური მოაზროვნეები აუცილებლობით მიჰყავდა ფსიქიკის განვითარების იდეამდე, რაც ლოგიკურად აყენებდა საკითხს განვითარების პროცესის განმსაზღვრელი ფაქტორებისა და ეტაპების შესახებ. აქედან გამომდინარე, ძველი დროის წამყვანი მკვლევარები სულზე (ფსიქიკაზე) თავისი შეხედულებების დასამტკიცებლად ხშირად მიუთითებდნენ იმაზე, თუ როგორ აღიქვამს ბავშვი სამყაროს, როგორ ითვისებს ახალ ცნებებს, როგორ რეაგირებს სხვადასხვა სიტუაციაზე და ა.შ. (დემოკრიტე, სოკრატე, პლატონი, არისტოტელე, ეპიკურე, ძენონი, სენეკა, კვინტილიანე, მარკუს ავრელიუსი და ბევრი სხვა). ასე გაგრძელდა მომდევნო ეპოქებში, როგორც ქრისტიანული ტრადიციის (ავგუსტინე, თომა აქვინელი, ერაზმ როტერდამელი, ხუან ვივესი და სხვა), ისე აღმოსავლური ტრადიციის (კონფუცი, ალ-ღაზალი, ავიცენა, ავეროესი და სხვა) ფარგლებში.       შუასაუკუნოვან ევროპაში გაბატონებული იყო დოგმატურ-რელიგიური, სქოლასტიკური განათლება. სქოლასტიკის მთავარი სასწავლო მეთოდია გაზეპირება და დამახსოვრება (როგორც წესი, თვალსაჩინო წარმოდგენისა და გააზრების გარეშე). სქოლასტიკური პედაგოგიკა ყურადღებას არ აქცევდა ბავშვის ფსიქოლოგიას, ბავშვს მხოლოდ გამოსაძერწ და მოსარჯულებელ მასალად განიხილავდა, მიზნად ისახავდა ბავშვის ბუნების დათრგუნვას, რადგან იგი ცოდვილად და მანკიერებისკენ მიდრეკილად მიაჩნდა. სწამდა, რომ მხოლოდ ბუნების დათრგუნვით შეიძლება ზნეობრივი და გონიერი ქრისტიანის აღზრდა. ამგვარი მიდგომა, რომელიც XVII-XVIII საუკუნეებში პროტესტანტულმა ეთიკამ კიდევ უფრო გააძლიერა, XX საუკუნის შუახანებამდეც კი შემორჩა. სქოლასტიკური ზეპირობა კი XXI საუკუნეშიც ერთ-ერთ მთავარ სასწავლო მეთოდად რჩება. მხოლოდ რენესანსის ხანაში მოხდა გამონათება და ანტიკური ტრადიციის განვითარება, ოღონდ გაცილებით მაღალ დონეზე - ქრისტიანული ჰუმანიზმისა და ინდივიდუალიზმის დონეზე. რენესანსის ფილოსოფიაში და, კერძოდ, პედაგოგიკაშიც, სქოლასტიკის საპირისპიროდ, მთავარია ბუნებითობის პრინციპი.       რენესანსის ჰუმანისტებმა (იტალიელები ვ. დე ფელტრე, პ. ვერჯერიო და მ. ვეჯიო, ჰოლანდიელი ერაზმი, ინგლისელი თ. მორი, ფრანგები ფ. რაბლე და მ. მონტენი, ჩეხი ი.ა. კომენსკი და სხვანი) კლასიკური პედაგოგიკა დააფუძნეს. რენესანსის ფილოსოფიის თანახმად, ღმერთმა ადამიანი ამქვეყნიურობის გვირგვინად და მეუფედ შექმნა, მოუწყო მას მშვენიერი სამყარო - ლამაზი ბაღი, რომელშიც ადამიანი ბედნიერად უნდა ცხოვრობდეს (ამ სიცოცხლეშივე), გონებით უნდა შეიმეცნებდეს და გულით ესთეტიკურად უნდა განიცდიდეს ამ სამყაროს - ღმერთის დიად ქმნილებას. მაგრამ, ამასთან, ვითარც კეთილ მეუფეს, ადამიანს ამ სამყაროზე ზრუნვაც ევალება - როგორც კარგი მებაღე ზრუნავს თავის ბაღზე. სიქველე, თავისუფალი შრომა, სიყვარული, შემოქმედება (ღმერთის მიბაძვა) - აი, ადამიანის მოწოდება და ღვთივსათნო საქმე (უკვე აქედან ჩანს აშკარად, თუ როგორ ძირეულად განსხვავდება რენესანსის სიცოცხლისმოყვარული ფილოსოფია ორთოდოქსული ქრისტიანობის გარდამქმნელი მეორე მძლავრი მოძღვრებისგან - პირქუში პროტესტანტიზმისაგან). ჰუმანისტებმა უარყვეს შუასაუკუნეთა სქოლასტიკური საეკლესიო პედაგოგიკა და, ანტიკური ტრადიციების აღორძინებით, დააფუძნეს სწავლება-აღზრდის საერო მოძღვრება მეცნიერებაზე დამყარებით (განათლების მეცნიერულობა). ეს იყო ჰუმანიზმის ზოგადი ფილოსოფიის გადატანა კერძოდ ბავშვზე: როგორც ადამიანია ამქვეყნიურობის ცენტრი, ისევე უნდა იყოს ბავშვი სწავლება-აღზრდის ცენტრი, ანუ განათლების მიზანი და არა საშუალება თუ მასალა (თანამედროვე პედაგოგიკაში ამას ეწოდება პედოცენტრიზმი ანუ მოსწავლეზე ცენტრირება); ამასთან, ყველა ბავშვი განუმეორებელი პიროვნებაა და თავისებური მიდგომა სჭირდება (განათლების ინდივიდუალიზაცია); როგორც ადამიანის ცხოვრება უნდა იყოს სისხლსავსე და მრავალმხრივი, ისე ბავშვის აღზრდაც უნდა იყოს მრავალმხრივი: სხეულის, გრძნობის, უნარის, გონებისა და ნების ურთიერთშეწონილი განვითარებით (ჰარმონიული განათლება); როგორც მებაღის მუშაობაში მთავარი საფუძველია მცენარეთა ბუნებრივი (ღმერთის მიერ ჩანერგილი) თვისებები, და მებაღე მათ საუკეთესო გაფურჩქნაზე უნდა ზრუნავდეს, ასევე პედაგოგიკის მიზანიც ისაა, რომ ბავშვის სულში ჩანერგილ, თანდაყოლილ უნართა და ჯანსაღ მიდრეკილებათა საუკეთესო გაფურჩქნა-განვითარებას შეუწყოს ხელი, ამასთან, ~გასხლას~ არაჯანსაღი ~წანაზარდები~. ესაა თანდაყოლილისა და შეძენილის, ბუნებრივისა და სოციალურის ურთიერთზემოქმედება ანუ ინტერაქცია - რისი კარგი ხატოვანი მაგალითიცაა სწორედ ბაღი, რომელიც ბუნებრივისა და კულტურულის ჰარმონიულ შერწყმას წარმოგვიდგენს.       ჰუმანისტებმა ყურადღება გაამახვილეს აგრეთვე ბავშვის (ზოგადად, ადამიანის) შემეცნებით უნართა მრავალფეროვნებაზეც: პირველადია უშუალო შეგრძნება (თვალსაჩინოების პედაგოგიკური პრინციპი), რომელიც, მომდევნო დონეზე, უნდა განვითარდეს განყენებულ განსჯით აზროვნებად; მეხსიერება მხოლოდ თვალსაჩინო წარმოდგენასთან და აზროვნებასთან ერთად და მათზე დაყრდნობით უნდა მუშაობდეს (გააზრებული სწავლების პრინციპი); ამასთან, დიდი მნიშვნელობა აქვს აგრეთვე უშუალო წვდომას, ანუ ინტუიციას. მიუხედავად თვალსაჩინოების პრინციპის დამკვიდრებისა, რენესანსის გნოსეოლოგია (შემეცნების თეორია) არ იყო ცალმხრივად სენსუალისტურნომინალისტური, რადგან შეუძლებლად მიაჩნდა აზროვნებისა თუ ზნეობის ფორმების განვითარება შეგრძნებებიდან - თანდაყოლილი, ღმერთის მიერ მონიჭებული წინარეფორმების (ნასახების) გარეშე. სწორედ ეს ნასახები უნდა განავითაროს და ჩამოაყალიბოს ბავშვის გამოცდილებამ და ბავშვზე პედაგოგიურმა ზემოქმედებამ.       ახალი დროის ფილოსოფოსთაგან, საინტერესო მოსაზრებები ფსიქიკური განვითარების სხვადასხვა ასპექტებთან დაკავშირებით გამოთქმული აქვთ დეკარტეს, სპინოზას, ლაიბნიცს. მაგრამ ლოკი და რუსო იყვნენ ის მოაზროვნენი, რომლებმაც მთლიანად შეცვალეს ის ინტელექტუალური კლიმატი, სადაც ხდებოდა ბავშვის ფსიქიკური ბუნების, მისი განვითარებისა და ფორმირების საკითხების განხილვა.       ჯონ ლოკი ემპირიული ფსიქოლოგიის ფუძემდებლად ითვლება (იხ. თავი 4.1.). იგი ამოდიოდა იქიდან, რომ ადამიანის ფსიქიკური მოწყობა ემპირიული გამოცდილების შედეგია. ადამიანი დაბადებიდან „სუფთა დაფაა“, რომელზეც გარემოს ზემოქმედების კვალდაკვალ იწერება ყოველგვარი ცოდნა ბუნების მოვლენებისა თუ საზოგადოებრივი წესების შესახებ. იგი ენერგიულად ებრძოდა ე.წ. თანდაყოლილი იდეების პოსტულატს, რომელსაც ბევრი მომხრე ჰყავდა (დეკარტე, ლაიბნიცი და სხვა). ყველა ახალშობილი ერთნაირია, ხოლო იდეებით აღსავსე ცნობიერებისა და ზნეობრივი პიროვნების ფორმირება სოციალური გარემოცვის, პირველ რიგში, სწავლა-აღზრდის ნაყოფია. განსაკუთრებით დიდია გარემოს ზემოქმედების როლი ბავშვის ცხოვრების პირველ წლებში, როდესაც მისი ფსიქიკა უფრო მოქნილია და მეტად ექვემდებარება მოზრდილების გავლენას.       სასწავლო და აღმზრდელობითი ზემოქმედება გარკვეული მექანიზმებისა და წესების გათვალისწინებით უნდა ხდებოდეს. ამ საკითხთან დაკავშირებული მოსაზრებები ლოკმა ჩამოაყალიბა თავის მთავარ ფილოსოფიურ ნაშრომში „ცდა ადამიანის გონების შესახებ“ (1690), ძირითად, პედაგოგიურ ნაშრომში „აზრები აღზრდის შესახებ“ (1693) და მისი სიკვდილის შემდეგ გამოცემულ ტრაქტატში „ადამიანის გონების მართვის შესახებ“ (1706).       ლოკი ფიქრობდა, რომ ცნობიერება შედგება იდეებისაგან. მარტივი იდეები შეგრძნების გზით შემოდიან ცნობიერებაში. რთული იდეები მარტივი იდეების გადამუშავებით და კომბინირებით წარმოიქმნება. ამის ერთ-ერთ მექანიზმს ასოციაცია წარმოადგენს. ლოკი ასოციაციური ფსიქოლოგიის სათავეებთან დგას, თუმცა ასოციაცია სპეციფიკურად ესმის. ამ ტერმინით იგი აღნიშნავს იდეებს შორის არსებულ არაბუნებრივ ან არასწორ კავშირებს. მაგალითად, თუ ბავშვს რაიმე საგანთან ურთიერთობისას უარყოფითი გამოცდილება ჰქონდა, ცნობიერებაში ამ საგნის იდეის გაჩენა ნეგატიურ გრძნობებს და მის გამოყენებაზე უარის თქმას იწვევს, თუმცა ის, შესაძლოა, ძალიანაც სასარგებლო იყოს. ეს შემცდარი დამოკიდებულების ან ჩვევის მაგალითია, რომელსაც უნდა ვებრძოლოთ. მაგრამ დადებითი გამოცდილებისა და სასარგებლო ჩვევების შეძენა აუცილებელია და ამის ერთ-ერთი საშუალებაა გამეორება. გამრავლების ტაბულა ბევრჯერ უნდა წაიკითხო, კბილები ხშირად უნდა გაიხეხო. სწორედ ასე ხდება სათანადო ცოდნა-ჩვევის ფორმირება. კიდევ ერთი საშუალებაა მიბაძვა. აქ უზარმაზარი მნიშვნელობა ენიჭება კარგ მაგალითს, რომელსაც ბუნებით მიმბაძველი ბავშვი მიჰყვება. მაგრამ კარგი მოქმედებისა და შეხედულების გამომუშავებისთვის ეს ხშირად არ კმარა. სწავლა-აღზრდის პროცესი დასჯა-წახალისების გამოყენებასაც გულისხმობს, მაგრამ აქცენტი წახალისებაზე უნდა გაკეთდეს და შეძლებისდაგვარად, გამოირიცხოს ფიზიკური დასჯა (მაგ., როზგი). ქცევის გარეგან სტიმულებთან ერთად (შექება, საჩუქარი), ლოკი შინაგანი სტიმულების მნიშვნელობაზე ამახვილებდა ყურადღებას. საუბარია იმაზე, რომ გამოყენებულ იქნეს ბავშვის ცნობისმოყვარეობა, ის ბუნებრივი მექანიზმი, რითაც ადამიანი დაჯილდოებული იმთავითვეა და საიდანაც, სწორი აღზრდის შემთხვევაში, აღმოცენდება ცოდნისკენ სწრაფვა. ლოკი აღნიშნავდა, რომ აღზრდის რეალურ პროცესში ჩამოთვლილი მექანიზმები ხშირად ერთად მოქმედებენ. მაგალითად, საფიქრალია რომ ბავშვი თავის მშობლებს მიბაძავს, თუ დაინახავს, რომ ისინი ტანსაცმელს საკიდზე ჰკიდებენ. ეს კარგი მოქმედება გამეორებათა შედეგად ჩვეულებად გადაიქცევა და მით უფრო განმტკიცდება, რაც მეტს შეაქებენ მას ამის გამო.       სწავლა-აღზრდის შინაარსი და საშუალებები უნდა შეესაბამებოდნენ ბავშვის ასაკობრივ და ინდივიდუალურ თავისებურებებს. ვერ მოინახება ორი ბავშვი, ამტკიცებდა ლოკი, რომელთა აღზრდისას შესაძლებელი იქნება ზუსტად ერთნაირი მეთოდებისა და ხერხების გამოყენება. ინდივიდის მიდრეკილებების გათვალისწინება აუცილებელია იმისთვისაც, რომ სწავლის პროცესი დადებითი ემოციების ფონზე მიმდინარეობდეს, იყოს საინტერესო, სახალისო და, ამდენად, ეფექტური. ეს, ფაქტობრივად, ნიშნავს, რომ ბავშვები ერთმანეთისაგან იმთავითვე განსხვავდებიან. მათი ინდივიდუალური უნარები და მიდრეკილებები სერიოზულ შეზღუდვებს უქმნიან სწავლების შინაარსისა და მეთოდების განსაზღვრის საქმეს. ლოკი სისულელედ მიიჩნევს იმაზე ფიქრსაც, რომ შეეცვალათ ან წინ აღდგომოდნენ ბავშვის ბუნებრივ მიდრეკილებებს. როგორც არ უნდა შეფასდეს ეს დებულება დღევანდელი მეცნიერების თვალსაზრისით, ერთი რამ ცხადია, - ის ეწინააღმდეგება ლოკის ზოგად ემპირისტულ პოზიციას, რომელიც მისი მსოფლმხედველობის ქვაკუთხედია. გამოდის, რომ ბავშვის გონება არ ყოფილა „სუფთა დაფა“, ან კიდევ „თიხის ნაჭერი“, რომლისაგანაც ყველაფრის გამოძერწვა შეიძლება. განვითარების თეორიების სპეციალისტებს შეუმჩნეველი არ დარჩენიათ ლოკის პედაგოგიური სისტემის ეს არათანმიმდევრულობა.       ჟან-ჟაკ რუსოსთვის (1712-1778) პოსტულატი ბავშვების თანდაყოლილი ფსიქიკური განსხვავებულობის შესახებ, პედაგოგიური კონცეფციის ერთ-ერთი საფუძველი იყო. რუსოს აზრით, ბავშვი ვითარდება ბუნების მიერ დაწერილი გეგმის შესაბამისად. განვითარების პროცესი შინაგნად არის განსაზღვრული. ლოკისაგან განსხვავებით, მას არ სჯეროდა, რომ სულიერი სფეროს ფორმირება ყოვლისშემძლე გარეგანი (პირველ რიგში სოციალური) ზემოქმედების მიხედვით წარიმართება. აღზრდა მხოლოდ მაშინ იქნება ეფექტური, თუ ის შეესაბამება აღსაზრდელის ბუნებრივ უნარებს და მიდრეკილებებს, მისი განვითარების გეგმას. აღზრდამ უნდა შექმნას ოპტიმალური პირობები, რათა ამ გეგმის განხორციელება დაუბრკოლებლად წარიმართოს, რათა ბავშვმა თვითონ გამოავლინოს მისი შესაძლებლობები. ბუნება, ამბობდა რუსო, როგორც ფარული მასწავლებელი, აღძრავს ბავშვს, რათა მან ზრდის სხვადასხვა სტადიაზე სხვადასხვა უნარები განივითაროს. ბუნებრივად დაწესებული განვითარების განრიგი ასახავს როგორც ბავშვის ინდიდიდუალურ თავისებურებებს (ზოგი ადრე იწყებს სიარულს, ან გვიან იწყებს ლაპარაკს, ზოგი ხელოვნებისკენ არის მიდრეკილი, ზოგი მეცნიერებისკენ და ა.შ.), ასევე განვითარების ზოგად კანონზომიერებებს. ამ კანონზომიერებათა შესაბამისად გამოიყოფა განვითარების ოთხი სტადია ან პერიოდი, რომელთაც ყველა ბავშვი გაივლის. მათი დახასიათება ხდება იმის მიხედვით, თუ რომელი სფეროს განვითარება მიმდინარეობს უპირატესად და როგორ უნდა წარიმართოს აღზრდის პროცესი ბუნების ჩანაფიქრის ოპტიმალური რეალიზაციისთვის.       პირველი პერიოდი, ჩვილობა (დაბადებიდან 2 წლამდე), უპირატესად ფიზიკური განვითარების სტადიაა. მშობლების ვალია შეუქმნან ბავშვს სათანადო პირობები ფიზიოლოგიური მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად, მაგრამ, ამასთან, იყვნენ საკმარისად მომთხოვნები რათა ზედმეტად არ გაანებივრონ შვილი. სხეულებრივი განვითარებისთვის აუცილებელია ფიზიკური ვარჯიშისა და წრთობის ორგანიზება. ამ პერიოდში ბავშვებს არა აქვთ იდეები და გონება. ისინი უბრალოდ განიცდიან ტკივილს ან სიამოვნებას და ამ პროცესში ეცნობიან საგანთა თვისებებს (ცივი, თბილი, მაგარი, რბილი და ა.შ.). ბავშვები, აგრეთვე, იწყებენ დამოუკიდებლად ენის ათვისებას და ამ პროცესში უფროსების საგანგებო ჩარევა, მით უფრო მისი დაჩქარების მცდელობა, არ არის რეკომენდებული.       მეორე პერიოდი, ბავშვობა (2-დან 12 წლამდე) ძირითადად სენსორული განვითარების სტადიაა. რუსო, ფრანგი განმანათლებლების უმეტესობის მსგავსად, სენსუალისტი იყო და ამიტომ შეგრძნებათა განვითარებას აზროვნების მომავალი განვითარების საფუძვლად მიიჩნევდა. ამ დროს ბავშვი სამყაროს გრძნობის ორგანოების საშუალებით ეცნობა. მას აქვს თავისებური ინტუიციური გონებაც, მაგრამ ის უშუალოდ არის დაკავშირებული სხეულის მოძრაობებთან და შეგრძნებებთან. მაგალითად, ბურთის ზუსტად მსროლელი ბავშვი ავლენს სიჩქარისა და მანძილის „ცოდნას“. მაგრამ ეს ცოდნა და გონება ძალზე კონკრეტული ხასიათისაა. ამიტომ რუსო ბავშვების ადრეული სწავლების წინააღმდეგ გამოდიოდა. ამ პერიოდში „გონებას სძინავს“ და სისტემატური სწავლებაც შემდეგი პერიოდიდან უნდა დაიწყოსო, ამბობდა იგი.       მესამე პერიოდი, გვიანი ბავშვობა (12-დან 15 წლამდე) აზროვნების განვითარების სტადიაა. სისტემატური სწავლების დაწყება ამ დროს არის საჭირო, ვინაიდან ბავშვს სწორედ ახლა უჩნდება ჩვენ მიერ მიწოდებული ცოდნის ადეკვატური გაგებისა და შეთვისების უნარი. ამასთან, სწავლებაში რუსო გულისხმობს გონებრივი განვითარების პროცესს, რომელიც ხორციელდება პროგრამების, განრიგისა და სახელმძღვანელოთა გარეშე. უნდა შეიქმნას ისეთი სიტუაცია, სადაც ბავშვი გამუდმებით სვამს კითხვებს, ხოლო აღმზრდელი პასუხობს. ასეთი წესით ბავშვი აითვისებს გეოგრაფიას, ქიმიას, ფიზიკას, ბიოლოგიას, ე.ი. ბუნებისმეტყველურ საგნებს. სოციალურ-ჰუმანიტარული ცოდნის მიწოდება არ არის რეკომენდებული, რადგან ამ პერიოდში, ისევე როგორც წინა პერიოდებში, ბავშვი არის ასოციალური არსება, ანუ ძირითადად იმაზე ზრუნავს, რაც მისთვისაა სასარგებლო და ნაკლებად იჩენს ინტერესს სოციალური ურთიერთობებისადმი, რომელთა გარეშე არ არსებობს ზნეობა. ამ პერიოდის ბავშვს რუსო ადარებს რობინზონ კრუზოს: თვითკმარ ადამიანს, რომელიც ეფექტურად ურთიერთობს ფიზიკურ გარემოსთან.       მეოთხე პერიოდი, მოზარდობის ასაკი (15-დან 25 წლამდე, ანუ სრულწლოვანებამდე) არის მორალური განვითარების სტადია. ამ პერიოდში ახალგაზრდა ინდივიდი სოციალურ არსებად იქცევა. იგი აღარ არის თვითკმარი, მას უჩნდება ძლიერი სწრაფვა სხვა ადამიანების, განსაკუთრებით, თანატოლებისადმი. ეს დიდწილად სქესობრივი მომწიფებით არის განსაზღვრული და, რუსოს წარმოდგენით, 15 წლიდან იწყება. რადიკალურად იცვლება მოზარდის ემოციური სამყარო, ესაა „ქარიშხლებისა და ვნებების“ ხანა. სოციალურ ურთიერთობებზე ორიენტირებული, ემოციურად აგზნებული და არამდგრადი მოზარდისთვის აუცილებელია კეთილი სურვილების, კეთილი აზრებისა და კეთილი ნების გამომუშავება ანუ ზნეობრივი აღზრდა. ეს მიიღწევა არა დარიგებებით და შეგონებებით, არამედ კარგ ადამიანებთან უშუალო ურთიერთობით, კარგი მაგალითების ჩვენებით. ამ საქმეში თავის ფუნქციას ასრულებს სწავლებაც, განსაკუთრებით ისეთი საგანი, როგორიც ისტორიაა. იგი საშუალებას გვაძლევს დავანახოთ მოზარდს ადამიანური ცხოვრების სცენა წარმოდგენაში უშუალო მონაწილეობის გარეშე.       რუსომ მოგვცა ფსიქიკური განვითარების პირველი გაშლილი პერიოდიზაცია, რაც, ცხადია, ძალიან მნიშვნელოვანია ასაკობრივი, კერძოდ, ბავშვის ფსიქოლოგიის ისტორიის თვალსაზრისით. თუმცა, აქვე უნდა აღინიშნოს, რომ რუსოს პერიოდიაზაცია უფრო გონებაჭვრეტითი ხასიათისაა. იგი ემყარება არა მის საკუთარ მეცნიერულ დაკვირვებებს, არამედ თეორიულ მოსაზრებებს და საზოგადოების ყოფით გამოცდილებას (ცნობილია, რომ რუსოს არ უყვარდა ბავშვები, არ ჰქონდა მათთან ურთიერთობა არც როგორც მასწავლებელს, არც როგორც მშობელს. მან თავისი ხუთივე შვილი თავიდანვე უპატრონო ბავშვების თავშესაფარში გაამწესა). რუსოს შეხედულებები ბავშვის ფსიქიკური ბუნებისა და ე.წ. ბუნებრივი აღზრდის თაობაზე ჩამოყალიბებულია მის ცნობილ წიგნში „ემილი ანუ აღზრდის შესახებ“ (1762).       ასაკობრივმა ფსიქოლოგიამ, როგორც ფსიქოლოგიის დამოუკიდებელმა დარგმა ჩამოყალიბება XIX საუკუნის მეორე ნახევარში დაიწყო. ოთხმოციანი წლებიდან მისი განვითარება უკვე საკმაოდ სწრაფი ტემპით წარიმართა. თუმცა პირველი წიგნი, სადაც სისტემატურად ასახულია ბავშვის პირველი ორი წლის ფსიქიკური განვითარება (ავტორის ვაჟის მაგალითზე) 1787 წელს გამოიცა და ეკუთვნის გერმანელ ექიმს დ. ტადემანს. საკუთარ შვილებზე დაკვირვება ყოველთვის წარმატებით გამოიყენებოდა ბავშვის ფსიქოლოგიაში, მისი განვითარების ადრეულ ეტაპზე კი ინფორმაციის ძირითად წყაროს წარმოადგენდა. ასეთია, მაგალითად, ბ. სიგიზმუნდის (1856) ნაშრომი; აგრეთვე C. დარვინის „პატარა ბავშვის ბიოგრაფიული ესკიზი“ (1877), სადაც დღიურის ფორმაში გადმოცემულია ავტორის დაკვირვებები მისი შვილის ფრენსის ონტოგენეზზე; დაბოლოს, ი. ტენის შრომა, რომელშიც მისი ქალიშვილის მიერ ენის შეთვისების პროცესია აღწერილი და ენის ისტორიული განვითარების პროცესთან შედარებული. ამგვარი ნაშრომების არსებობის მიუხედავად, ბავშვის ფსიქოლოგიის საწყის პუნქტად მიჩნეულია ინგლისელი ბიოლოგისა და ფსიქოლოგის ვ. პრაიერის კაპიტალური ნაშრომი „ბავშვის სული“ (1882). მან უდიდესი რეზონანსი გამოიწვია და მრავალ ენაზე ითარგმნა. პრაიერი ამტკიცებდა, რომ საჭიროა (და შესაძლებელიც) არა მხოლოდ ფსიქიკური განვითარების ცალკეული მხარეების შესწავლა, არამედ ბავშვის მთელი სულიერი ცხოვრების, მისი გონებრივი, ნებელობითი, ზნეობრივი, ესთეტიური ასპექტების ერთიანობის სისტემატური ანალიზი. პირველი თაობის ბავშვის ფსიქოლოგები ერთხმად მიიჩნევენ, რომ პრაიერის წიგნმა, პირდაპირი მნიშვნელობით, გზა გაუკვალა ამ ახალ დარგს. ამავე დროს აღნიშნავენ, რომ „ეს საოცარი წიგნია, სავსე კეთლსინდისიერი და საინტერესო დაკვირვებებით და მწირი საკუთარი აზრებით“ (ბიულერი). აქ იგულისხმება, რომ ფაქტების პრაიერისეული ინტერპრეტაცია და მისი თეორიული შეხედულებები მეცნიერებას უკვე ორი ათეული წლის შემდეგ ვეღარ აკმაყოფილებდა, იმდენად სწრაფი აღმოჩნდა პროგრესი ამ სფეროში. ამის მიუხედავად, პრაიერის წვლილი მაინც მნიშვნელოვანია, ვინაიდან მან კონკრეტულად აჩვენა ზოგიერთი ობიექტური მეთოდის გამოყენების პერსპექტივა ბავშვის ფსიქიკის კვლევაში.       მართლაც, ობიექტური, პირველ ყოვლისა ექსპერიმენტული მეთოდების დანერგვა, ფსიქოლოგიის ამ დარგის წინსვლის სერიოზული საწინდარი გახდა. თუ არა გარღვევა, რომელიც ფეხნერის, ვუნდტის, ებინჰაუსის, მიულერისა და ექსპერიმენტული ფსიქოლოგიის სხვა ფუძემდებლების წყალობით მოხდა, გენეტიკური ფსიქოლოგიის პრობლემატიკა (ფილოგენეზი და ონტოგენეზი), კვლავაც დარჩებოდა ყოფითი ხასიათის დაკვირვებებისა და ფილოსოფიური ვარაუდების სფეროში. ემპირიული ინტროსპექციული ფსიქოლოგიის ფარგლებში რომ პრაქტიკულად შეუძლებელია იმ სფეროს შესწავლა, სადაც თვითდაკვირვება არსებითად უძლურია (ცხოველის ან ბავშვის ფსიქიკა), ამაზე ზემოთ უკვე საკმარისად ითქვა (იხ. თავი 7.1.). აქ ყველაზე მეტად ჩანს კვლევის ობიექტური მეთოდების გამოყენების პროდუქტიულობა.       იმავდროულად, ფსიქოლოგიაში სულ უფრო იკიდებდა ფეხს ე.წ. გენეტიკური მეთოდოლოგია ან მიდგომა. იგი გულისხმობდა ფსიქიკური პროცესებისა და მთელი სულიერი ცხოვრების განხილვას მისი აღმოცენებისა და განვითარების კუთხით. დებულება, რომ ფსიქიკური მოვლენები არ წარმოიქმნებიან გამზადებული სახით, არამედ გაივლიან ფორმირების საკმაოდ ხანგრძლივ გზას და რომ ამ პროცესს თავისი კანონზომიერი ეტაპები აქვს, ასაკობრივი ფსიქოლოგიის ქვაკუთხედია. ეს იდეა, თავის მხრივ, ევოლუციონისტური აზროვნების ნაყოფია. მას, პირველ რიგში, დარვინის მოძღვრებამ გაუმყარა საფუძველი, მაგრამ მისი გავლენა გასცდა ბუნებისმეტყველებას და გავრცელდა სოციალურ მეცნიერებაზე და ფილოსოფიაზე. აქ უნდა მოვიხსენიოთ პირველი პოზიტივისტები, სახელდობრ a. ბეინი და, განსაკუთრებით, ჰ. სპენსერი. ემპირიული ფსიქოლოგია, როგორც ვიცით, ძირითადად ფილოსოფიის ფარგლებში ვითარდებოდა. სპენსერი კი ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი მოაზროვნე იყო. მან ბევრი რამ გააკეთა იმისთვის, რათა ევოლუციური წარმოდგენების დანერგვის საშუალებით ასოციაციური ფსიქოლოგიის რეფორმირება მოეხდინა. იგი ამტკიცებდა, რომ ფსიქიკა ევოლუციის კანონზომიერი ეტაპია და გარემოსთან ადეკვატური შეგუების ფუნქციას ასრულებს (იხ. თავი 4.3.). ეს იდეები შემდგომში ფუნქციონალურ ფსიქოლოგიაში განვითარდა, რომელიც ამერიკაში გამოყენებითი დარგების თეორიული საფუძველი გახდა (იხ. თავი 6.5.). მათ შორის ერთ-ერთი ძირითადი ადგილი სწორედ ასაკობრივმა და პედაგოგიურმა ფსიქოლოგიამ დაიკავა.       რადგან ზემოთ სიტყვა ფილოსოფიაზე ჩამოვარდა, უნდა ითქვას შემდეგი: ბავშვის ფსიქოლოგიის ფორმირების პირველ ეტაპზე მიაჩნდათ, რომ ფილოსოფიის ბევრი ბნელი საკითხი შეიძლება გაშუქდეს ან გამარტივდეს იმ აღმოჩენების წყალობით, რომლებსაც მოიტანს ბავშვის ფსიქიკური ცხოვრების საწყისი ეტაპების მეცნიერული შესწავლა. ერთ-ერთი ასეთი საკითხია ის, რაც ემპირიზმისა და რაციონალიზმის მუდმივი დავის საგანს ეხება: რა ავსებს ჩვენ ცნობიერებას შინაარსით - გამოცდილება თუ „თანდაყოლილი იდეების“ აქტუალიზაცია. მაგრამ იდეების ან „ცოდნის“ (მიუხედავად იმისა, თუ სად იმყოფება იგი - იმთავითვე ინდივიდში თუ მის გარეთ) ადამიანის ნამდვილ კუთვნილებად გადაქცევა იმას ნიშნავს, რომ სუბიექტი მას ცნობიერად უნდა ფლობდეს და საჭიროებისამებრ გამოყენება ხელეწიფებოდეს. ე.ი. ცოდნა აქტიური უნდა იყოს. ამის მისაღწევად კი სათანადო პირობები და მეთოდებია საჭირო. მაშასადამე, უნდა მოხდეს ისეთი პროცესის ორგანიზება, რომელიც „ცოდნის“ შეთვისებას ან აქტუალიზაციას უზრუნველყოფს. ეს კი, არსებითად, პედაგოგიური პროცესია.       ამ პროცესის გაძლიერებისა და გადახალისების ამოცანა უაღრესად აქტუალური გახდა XIX საუკუნის შუა პერიოდიდან. ის მნიშვნელოვან წილად უკავშირდებოდა საყოველთაო განათლების შემოღებას. მასობრივი სკოლა სულ სხვა მოთხოვნებს აყენებს, ვიდრე საოჯახო განათლება, რომელიც მანამდე წამყვანი იყო. აქ უკვე შეუძლებელია სწავლების ფორმალური და შინაარსეული მხარის განსაზღვრა ცალკეული ბავშვის ინდივიდუალურ თავისებურებებზე დაყრდნობით. ამიტომ დღის წესრიგში დგება განვითარების იმ ასაკობრივი ეტაპებისა და ცოდნის შეთვისების მექანიზმების გარკვევა, რომლებიც საერთოა ყველა ბავშვისთვის. ეს უშუალოდ ასაკობრივი და პედაგოგიური ფსიქოლოგიის საქმეა. მხოლოდ ამ ცოდნის საფუძველზეა შესაძლებელი იმის განსაზღვრა, თუ რა, როგორ და როდის უნდა ასწავლოს სკოლამ. ყოველივე ეს საზოგადოებრივ მოთხოვნებს უკავშირდებოდა, კერძოდ, იმის რწმენას, რომ სასკოლო რეფორმა და აღზრდის სისტემის ძირეული გადახალისება, რაც მეცნიერულ საფუძველზე უნდა მომხდარიყო, საზოგადოებრივი ცხოვრების სასურველ ცვლილებებს მოიტანდა. ამ მეცნიერულ საფუძველს მნიშვნელოვან წილად სწორედ ასაკობრივი და პედაგოგიური ფსიქოლოგია ქმნის.       რეფორმატორული ტენდენცია განსაკუთრებით ძლიერი იყო ამერიკაში. აქ ფეხი მოიკიდა მძლავრმა საზოგადოებრივმა მოძრაობამ, ე.წ. პროგრესივიზმმა, რომელიც ქადაგებდა ინოვაციებს სოციალური ცხოვრების ყველა სფეროში. განათლების სისტემაში მიმდინარე რეფორმებს სათავეში ჩაუდგა ამერიკის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ინტელექტუალი, პრაგმატიზმის ფილოსოფიისა და ფუნქციონალური ფსიქოლოგიის ერთ-ერთი ფუძემდებელი ჯონ დიუი (იხ. თავი 6.5.). სკოლის რეფორმა, მისი აზრით, აღზრდის ახალ მიზანს უნდა დაექვემდებაროს. ეს მიზანი ზედმიწევნით შეესაბამება პრაგმატიზმისა და ფუნქციონალიზმის იდეებს და ფორმულირებულია, როგორც „განსხვავებულ სიტუაციებთან შეგუება თავისუფალი მეწარმეობის პირობებში“. დიუის პედაგოგიური სისტემის დედაბოძი არის პრინციპი: სწავლება კეთების საშუალებით. ეს ნიშნავს სასკოლო სისტემის ისეთ აგებას, როდესაც განათლების წყარო არის პედაგოგიურ გარემოში მიმდინარე ბავშვის პრაქტიკული თვითაქტივობა. სათანადო პირობებში მოსწავლეები ბუნებრივად ითვისებენ სოციალური ქცევის კონკრეტულ ჩვევებს და ზოგად გამოცდილებას.       დიუის იდეების გამოცდის პოლიგონად გადაიქცა მის მიერ ჩიკაგოს უნივერსიტეტთან შექმნილი „სკოლა-ლაბორატორია“ (1896). მასში სწავლობდნენ 4-დან 13 წლამდე ასაკის ბავშვები. ისინი ადრეული ასაკიდანვე ეჩვეოდნენ ყველაფრის დამოუკიდებლად კეთებას, უპირატესად, თამაშის ქცევის ფარგლებში. უფროსი ასაკის მოსწავლეების „კეთებით სწავლება“ შრომით საქმიანობას ემყარებოდა. აღმზრდელს უნდა წარემართა მოსწავლეთა სასწავლო-პრაქტიკული აქტივობა მათი უნარების გათვალისწინებით. დიუი ფიქრობდა, რომ სწავლა-აღზრდა თავიდანვე უნდა ეყრდნობოდეს ბავშვის თანდაყოლილ შესაძლებლობებს. სწავლა-აღზრდა ვერ აღმოაცენებს უნარ-შესაძლებლობებს, მას მხოლოდ მათი განვითარება შეუძლია.       განათლების სისტემის ოპტიმიზაციის ამოცანა ასაკობრივი და პედაგოგიური ფსიქოლოგიის ჩასახვისა და განვითარების უდიდესი მამოძრავებელი ძალა გახდა. მაგრამ ეს შეუძლებელი იქნებოდა, თუ საერთო ფონის სახით არ იარსებებდა გაკვეული საზოგადოებრივი პოზიცია ბავშვისა და ბავშვობის, როგორც ასაკობრივი კატეგორიის მიმართ. საქმე ის არის, რომ უფროსების დამოკიდებულება ბავშვობისადმი, როგორც ადამიანის ცხოვრების გარკვეული ხანისადმი, შესამჩნევად ცვალებადობდა ისტორიის განმავლობაში. კაცობრიობის განვითარების ადრეულ სტადიაზე ბავშვობა პრაქტიკულად არ გამოიყოფოდა ცხოვრების ცალკე პერიოდის სახით, ვინაიდან თემის პატარა ინდივიდები ფეხზე დადგომისთანავე ერთვებოდნენ საკვების მოპოვების საქმიანობაში შემგროვებლობისა თუ პრიმიტიული იარაღების გამოყენების გზით. ასეთ პირობებში არ იყო არც საჭიროება და არც შესაძლებლობა იმისა, რომ გამოყოფილიყო ცალკე პერიოდი ბავშვის მოსამზადებლად მომავალი სერიოზული საქმიანობისთვის. ბავშვობა სოციალური თვალსაზრისით არც არსებობდა, ვინაიდან ისტორიულად ბავშვობის ცნება უკავშირდება არა ინდივიდის მოუმწიფებლობის ბიოლოგიურ მდგომარეობას, არამედ გარკვეულ სოციალურ სტატუსს, ამ პერიოდისთვის დამახასიათებელ უფლებებსა და მოვალეობებს, ქცევის სპეციფიკურ ფორმებს.       შუა საუკუნეების ევროპაში ბავშვობა, როგორც ასეთი, იგნორირებული იყო. 6-7 წლამდე ინდივიდები ითვლებოდნენ უსუსურ ჩვილებად, ხოლო შემდეგ, პატარა, მინიატურულ მოზრდილებად. მათ სათანადოდ აცმევდნენ და სათანადო ცოდნა-ჩვევებს აზიარებდნენ. მაღალი შობადობისა და სიკვდილიანობის დემოგრაფიულ სიტუაციაში ბავშვობა მიჩნეული იყო სწრაფად წარმავალ და ნაკლებღირებულ პერიოდად. ვითარება შეიცვალა XVII საუკუნიდან. პატარა ბავშვი უკვე განიხილებოდა, როგორც ოჯახის მნიშვნელოვანი წევრი. ბავშვებისადმი გულგრილობა შეიცვალა მათდამი განსაკუთრებული ყურადღებით, განებივრებითაც კი. მაგრამ XVIII საუკუნეში, საზოგადოების განვითარების კვალდაკვალ, ბავშვისადმი, როგორც მშვენიერი სათამაშოსადმი დამოკიდებულება შეცვალა რაციონალური აღზრდის კონცეფციამ. ის დამყარებული იყო მკაცრი დისციპლინის პრინციპზე ოჯახში და სასწავლო დაწესებულებაში. სკოლა თანდათან გადაიქცა უმნიშვნელოვანეს საზოგადოებრივ ინსტიტუტად, რომელიც ემსახურებოდა მომავალი კვალიფიციური მუშაკებისა და სამაგალითო მოქალაქეების ორგანიზებულ მომზადებას. გადახალისდა ბავშვობის კონცეფციაც. ადამიანის ცხოვრების ეს ხანა გახანგრძლივდა და მასში გამოიყო ყრმობისა და ჭაბუკობის პერიოდი. ტექნიკურმა პროგრესმა და საზოგადოებრივმა ცვლილებებმა XIX საუკუნეში საგრძნობლად გაზარდა მოთხოვნები ბავშვის მომავალი ცხოვრებისთვის მომზადების კუთხით. ბავშვობის პერიოდის მნიშვნელობამ კიდევ უფრო იმატა. ამის გამოძახილი გახდა უკვე ნახსენები მოძრაობა განათლების სისტემის გაუმჯობესების მიმართულებით, რამაც ბიძგი მისცა ასაკობრივი და პედაგოგიური ფსიქოლოგიის განვითარებას.       ამრიგად, ასაკობრივი და პედაგოგიური ფსიქოლოგიის ჩასახვისა და განვითარების წყაროდ შემდეგი მოვლენები იქცა: ევოლუციურ-გენეტიკური იდეების გავრცელება ბუნებისმეტყველებასა და ფილოსოფიაში, ობიექტური მეთოდების დანერგვა ზოგად ფსიქოლოგიაში, სასკოლო განათლების ოპტიმიზაციის პრაქტიკული მოთხოვნები და საზოგადოებრივ ცნობიერებაში მომხდარი ცვლილებები ბავშვობისადმი დამოკიდებულების თვალსაზრისით.       პრაქტიკულ ამოცანებთან ერთად ამ დისციპლინების წინაშე თავიდანვე ფუნდამენტური თეორიული საკითხები დაისვა. მათ შორის ორი შეიძლება განსაკუთრებით გამოიყოს: 1) რა პერიოდებს გაივლის ადამიანი თავისი ონტოგენეტური განვითარების პროცესში და 2) რა ძალები ან ფაქტორები განსაზღვრავენ ამ გენეზისს. ესენი დამოუკიდებელი საკითხებია, მაგრამ, პრინციპში, პირველის გადაწყვეტის ესა თუ ის ვარიანტი არსებითად უკავშირდება იმას, თუ როგორ არის გააზრებული მეორე საკითხი.       ასაკობრივი პერიოდების გამოყოფა სხვადასხვა საფუძველს ემყარება, კერძოდ იმას, თუ რა საფეხურებს გაივლის ადამიანის ფსიქიკის მომწიფების ბუნებრივი პროცესი, ან იმას, თუ რა გარემო პირობებში უხდება მას ცხოვრება. შესაძლებელია, ამ ფაქტორების ერთდროული მოქმედებაც. შესაბამისად, იკვეთება სამი შეხედულება განვითარების მამოძრავებელი ძალის შესახებ. ერთის მიხედვით, ფსიქიკურ ონტოგენეზს განსაზღვრავს ბიოლოგიურ მომწიფებასთან დაკავშირებული თანდაყოლილი ფაქტორები (ბიოგენეტიკური თვალსაზრისი). მეორის მიხედვით, გადამწყვეტი როლი ენიჭება სოციალურ გარემოს, სწავლა-აღზრდის პირობებს (სოციოგენეტიკური თვალსაზრისი); მესამე თვლის, რომ ფსიქიკური განვითარება ბიოლოგიურისა და სოციალურის, მომწიფებისა და აღზრდის ურთიერთქმედების შედეგია (ინტერაქციული თვალსაზრისი). ასეთია განვითარების სამი ძირითადი კონცეფცია, რომელიც სხვადასხვა მკვლევარის მიერ ასაკობრივი და პედაგოგიური ფსიქოლოგიის საწყის ეტაპზევე იქნა წარმოდგენილი. ეს არცაა გასაკვირი, ვინაიდან აღნიშნული კონცეფციები არსებითად რაციონალიზმისა (ნატივიზმისა) და ემპირიზმის დაპირისპირებაში იღებს სათავეს.       ბიოგენეტიკური თვალსაზრისის მომხრე იყო ამერიკაში ასაკობრივი და პედაგოგიური ფსიქოლოგიის ფუძემდებელი სტენლი ჰოლი (1846-1924). ფსიქოლოგია მან ლაიფციგში, ვუნდტის ხელმძღვანელობით შეისწავლა, მაგრამ ამერიკაში დაბრუნებისას უარი თქვა თავისი მასწავლებლის წმინდა აკადემიურ, ზოგადფსიქოლოგიურ ორიენტაციაზე და თავისი ყურადღება პრაქტიკულ საკითხებზე გადაიტანა, უპირატესად სწავლებისა და ასაკობრივი განვითარების სფეროში. საერთოდ კი, ჰოლი ფსიქოლოგიის ისტორიაში შევიდა, როგორც მეცნიერების თვალსაჩინო ორგანიზატორი. მან დააარსა ამერიკის პირველი ფსიქოლოგიური კვლევითი ლაბორატორია ბალტიმორის უნივერსიტეტში (1883), პირველი ფსიქოლოგიური ჟურნალი (1887), აგრეთვე ჟურნალი გენეტიკურ და პედაგოგიურ ფსიქოლოგიაში (1891), რელიგიის ფსიქოლოგიაში (1904), გამოყენებით ფსიქოლოგიაში (1915). იგი იყო ამერიკის ფსიქოლოგთა საზოგადოების დაფუძნების ერთ-ერთი ინიციატორი და მისი პირველი პრეზიდენტი (1892).       ჰოლის მეცნიერული ინტერესები საკითხთა ფართო წრეს მოიცავდა. მათ შორის უნდა გამოიყოს კლასიკური გამოკვლევა რელიგიის ფსიქოლოგიაში. მაგრამ ყველაზე დიდი აღიარება მას ბავშვის ფსიქიკური განვითარების სფეროში შესრულებულმა კვლევებმა მოუტანა. განსაკუთრებით აღსანიშნავია მისი კაპიტალური ნაშრომები „ჭაბუკობა“ (1904) და „აღზრდის პრობლემები“ (1911). თავის ბოლო წიგნში „დაბერება“ (1922) ჰოლმა გააფართოვა ასაკობრივი ფსიქოლოგიის ფარგლები და მისმა კვლევამ არა მხოლოდ სიცოცხლის საწყისი, არამედ მისი დამასრულებელი პერიოდიც მოიცვა.       მოზარდების შესასწავლად ჰოლმა და მისმა თანამშრომლებმა შეიმუშავეს უამრავი ანკეტა და მათი საშუალებით დიდძალი მასალა დააგროვეს ბავშვის სულიერი ცხოვრების სხვადასხვა ასპექტის შესახებ. შემდგომში კვლევის არე გაფართოვდა და სხვა ასაკის ბავშვებიც მოიცვა. ამასთან, ანკეტებს ავსებდნენ როგორც ბავშვები, ისე მშობლები და მასწავლებლები. ეს საშუალებას აძლევდა ჰოლს კომპლექსურად დაეხასიათებინა ბავშვები, დაენახა განვითარების მიღწევები და სირთულეები როგორც თვით ბავშვების, ისე მოზრდილების პოზიციიდან. ჰოლის გავლენით ანკეტური მეთოდი ამერიკაში ძალიან პოპულარული გახდა. მას იყენებდნენ რათა გაერკვიათ, თუ როგორ განიცდიან ბავშვები სოციალურ გარემოს, რა პრობლემების წინაშე დგებიან სახლში, სკოლაში და სხვა. ამ ტიპის კვლევები ისე გავრცელდა, რომ თვით ანკეტური მეთოდი უკვე ასოცირდებოდა ჰოლის, და არა მისი ნამდვილი შემქმნელის, ჰალტონის სახელთან.       კვლევის შედეგად ჰოლი გარკვეულ თეორიულ განზოგადებამდე მივიდა, რომელიც ბავშვის განვითარების კანონზომიერებას ეხებოდა. იგი ე.წ. რეკაპიტულაციის თეორიის (ლათინურად რეცაპიტულატიო - გამეორება) სახით იქნა ჩამოყალიბებული. ეს თეორია ეყრდნობოდა ე. ჰეკელის მიერ ფორმულირებულ ბიოგენეტიკურ კანონს. იგი ცხოველური ორგანიზმების ემბრიონალურ განვითარებაზე დაკვირვების შედეგია და ამტკიცებს, რომ ჩანასახი ემბრიოგენეზში იმეორებს იმ ძირითად სტადიებს, რომლებიც გაიარა ამ ბოლოგიურმა გვარმა თავის ფილოგენეტურ განვითარებაში. ჰეკელის ფორმულა ასეთია: ონტოგენეზი არის ფილოგენეზის შეკვეცილი და სწრაფი გამეორება. გაავრცელა რა ეს კანონი ადამიანის ფსიქიკაზე, ჰოლი ამტკიცებდა, რომ ბავშვის განვითარების პროცესი იმეორებს იმ ძირითად სტადიებს, რომლებიც გაიარა კაცობრიობამ თავისი კულტურულ-ისტორიული განვითარების პროცესში. აქედან გამომდინარე, განვითარების ეტაპების თანმიმდევრობა და რაგვარობა თანდაყოლილად არის მოცემული და ყველა ბავშვი მათ აუცილებლად გაივლის.       ჰოლის მოწაფემ, კ. ჰათჩინსონმა რეკაპიტულაციის თეორიის საფუძველზე შექმნა ბიოფსიქიკური განვითარების კონკრეტული პერიოდიზაცია, რომელიც მიჰყვება კაცობრიობის კულტურულ-ისტორიული ცხოვრების სტადიების თანმიმდევრობას. ეს სტადიები გამოიყოფა იმის მიხედვით, თუ როგორ ცვალებადობდა, ისტორიულად, საკვების მოპოვების ხერხები. მისი აზრით, ასეთი ხერხი თავდაპირველად იყო, ჯერ მიწის თხრა და ქექვა, შემდეგ ნადირობა, მწყემსობა, მიწათმოქმედება და ბოლოს წარმოება და ვაჭრობა. შესაბამისად, გამოიყოფა ბავშვობის ხუთი პერიოდი, რომელთაც არა აქვთ მკაფიო საზღვრები: ერთის დაწყება არ ემთხვევა წინარეს დასასრულს. ეს პერიოდებია:       1) დაბადებიდან 5 წლამდე (პირველყოფილი ადამიანის ხანა). ამ პერიოდში ბავშვისთვის, ისევე როგორც პირველყოფილისთვის, „ყველაფრის საზომი არის საჭმელად ვარგისიანობა“. ამიტომ მას ყველაფერი პირში მიაქვს და გემოს უსინჯავს. ამავე დროს, ფრიად დაინტერესებულია მიწასთან დაკავშირებული თამაშებით და ფუსფუსით. 2) 4-9წ. (მონადირეობის ხანა). ამ პერიოდის ბავშვებისთვის, როგორც პირველყოფილი მონადირეებისთვის, დამახასიათებელია „შიში ყოველივე უცხოსი, მალულად მოქმედება, გულგრილობა ტკივილისადმი, გმირების თაყვანისცემა, სისასტიკე“. თამაშების შინაარსშიც დომინირებს ჩასაფრება, შეშინება, დამალობანა, დატყვევება და ა.შ. 3) 8-12წ. (მწყემსობის ხანა). ამ პერიოდისთვის განსაკუთრებით დამახასიათებელია „ალერსიანობა ცხოველებისადმი და სურვილი გააჩნდეს რაიმე საკუთარი“. აქედან გამომდინარე, ბავშვების თამაშებსა და საქმიანობაში დომინირებს: „შინაური ცხოველების მოვლა, მყუდრო თავშესაფრების შენება, გვირაბების თხრა“. 4) 11-15წ. (მიწათმოქმედების ხანა). ამ პერიოდს ახასიათებს „წინდახედულების განვითარება და მებაღეობისადმი სწრაფვა“. იღვიძებს ამინდისადმი, ბუნების მოვლენებისადმი ინტერესი და ზოგადად, დაკვირვების უნარი. გართობა და თამაშიც ამ შინაარსით არის დატვირთული. 5). 14-20წ. (მრეწველობა-ვაჭრობის ანუ თანამედროვე ადამიანის ხანა). ამ პერიოდში ძლიერდება ფულისამი, დათვლისამი და გაცვლა-გამოცვლისადმი ინტერესი, რაც სათანადო თამაშებში და საქმიანობაში აისახება.       ჰოლი და ჰათჩინსონი თვლიდნენ, რომ ბავშვის ნორმალური განვითარებისთვის აუცილებელია ყველა პერიოდის თანმიმდევრული გავლა. მაგრამ ბავშვს არ შეუძლია რეალურად გადაინაცვლოს იმ ეპოქების შესატყვის სიტუაციებში, რომლებიც მან უნდა გაიაროს. ამიტომ საჭიროა არსებობდეს მექანიზმი, რომელიც ბავშვს იმის საშუალებას მისცემს, რომ ეს საკუთარ გარემოში განახორციელოს. ასეთი სპეციფიკური მექანიზმის როლს თამაში ასრულებს. სახლობანა, ომობანა და სხვა თამაშები ამას ემსახურება. თამაშის საშუალებით ხდება „ისტორიული ინსტინქტების აღმოფხვრა“. თამაში, ჰოლის აზრით, არის აუცილებელი ვარჯიში რუდიმენტული და ამჟამად უსარგებლო ფუნქციების გაქრობისთვის. თამაშის დროს ბავშვი ქცევის ისტორიული ფორმების რეალიზაციას ახდენს, რათა საბოლოოდ მოიცილოს ისინი. ეს თავკომბალას ქცევას ჰგავს, რომელიც გამუდმებით ამოძრავებს კუდს, რათა ის მოიწყვიტოს. ჰოლი აგრეთვე ფიქრობდა, რომ ბავშვის ნახატების ასაკობრივი ცვლილებები ასახავს სახვითი ხელოვნების კაცობრიობის მიერ განვლილ გზას.       ჰოლსა და ჰათჩინსონს მიაჩნდათ, რომ ცივილიზებული ადამიანის სტადია რვა წლის ასაკში, ანუ „მწყემსობის პერიოდში“ დგება. ამიტომ ამ დროიდან უკვე შესაძლებელია და საჭიროც არის ბავშვების სისტემატური სწავლება. საზოგადოდ კი სწავლება და აღზრდა უნდა ეფუძნებოდეს განვითარების გარკვეულ დონეს, რომელსაც რეკაპიტულაციის კანონზომიერების მიხედვით მიმდინარე ბუნებრივი მომწიფების პროცესი განსაზღვრავს. ამრიგად, რეკაპიტულაციის თეორიაზე დაყრდნობით, სავსებით პრაქტიკული დასკვნები კეთდებოდა, თუნდაც სასკოლო პროგრამებთან დაკავშირებით. მაგალითად, კითხვის სწავლებისას ზღაპრის საჭიროების დასასაბუთებლად მიმართავდნენ პარალელებს პრიმიტიულ კულტურებთან, სადაც არსებობს ძლიერი მიდრეკილება ყოველივე ზღაპრულისკენ; ესთეტიკური აღზრდის სფეროში საჭიროდ თვლიდნენ ყველა პერიოდის „აღმოფხვრას“, რეალიზმიდან მოყოლებული ვიდრე სიმბოლიზმამდე, ფუტურიზმამდე და სხვა იზმებამდე. რელიგიური აღზრდის კუთხით, ბავშვს განიხილავდნენ პატარა წარმართად და სთავაზობდნენ „გაეტარებინათ“ იგი ყველა კონკრეტული რელიგიის ისტორიულ ფორმაში, რათა აღმოეფხრათ ისინი ბავშვის ცნობიერებიდან და მიეყვანათ იგი თანამედროვე კულტურული კაცობრიობის ათეიზმამდე. დღევანდელი გადასახედიდან ყოველივე ეს არასერიოზულად გამოიყურება, მაგრამ XX საუკუნის დასაწყისში ე.წ. პედოლოგიური მოძრაობის ფარგლებში ამ თემებზე ბევრს საუბრობდნენ.       პედოლოგია უშუალოდ არის დაკავშირებული სტენლი ჰოლის სახელთან. გასული საუკუნის პირველ ნახევარში იგი დიდი პოპულარობით სარგებლობდა. ტერმინი პედოლოგია (ბერძ. პაის, პაიდოს – ბავშვი) ჰოლის მოწაფეს ო. კრისტიანსენს ეკუთვნის; მოგვიანებით ამერიკაში უფრო პოპულარული გახდა ტერმინი ცჰილდ სტუდყ (ბავშვის შესწავლა). პედოლოგიურ მოძრაობაში გაერთიანებულნი იყვნენ პედაგოგები, ბიოლოგები, პედიატრები, ანთროპოლოგები, სოციოლოგები, ფსიქოლოგები. ოციან წლებში ამ უკანასკნელებმა დომინირებული ადგილი დაიკავეს პედოლოგიურ მოძრაობაში და მოხდა მისი აშკარა ფსიქოლოგიზაცია. პედოლოგიის არნახულ პოპულარობას მთელ მსოფლიოში, პირველ ყოვლისა, მისი მკვეთრად გამოხატული პრაქტიკული მიმართულობა განსაზღვრავდა. ბავშვებთან ურთიერთობისას აღმზრდელები და მასწავლებლები უამრავ პრობლემას აწყდებოდნენ სხვადასხვა სფეროდან, იქნებოდა ეს ბავშვის ჯანმრთელობა, ფსიქიკური უნარები, სოციალური ადაპტაცია თუ სხვა. პედოლოგიას, ჰოლისეული ჩანაფიქრით, კომპლექსურად უნდა მოევლო ამ პრობლემებისთვის.       პედოლოგიური კვლევა-ძიების თეორიულ ბაზად ჰოლი, ბუნებრივია, საკუთარ თვალსაზრისს მიიჩნევდა. მას მართლაც ჰყავდა მიმდევრები, ვინაიდან იმხანად ევოლუციონისტური წარმოდგენების ზეობის ფონზე, ბიოგენეტიკური იდეები საკმაოდ პოპულარული იყო ბავშვის ფსიქოლოგებს შორის. მიუხედავად ამისა, ჰოლის რეკაპიტულაციის თვალსაზრისის სუსტი მხარეები წამყვანი სპეციალისტებისთვის ცხადი იყო. ეს ეხებოდა კონკრეტულ შეუსაბამობებს ამა თუ იმ ასაკის ბავშვების ქცევით თუ ფსიქიკურ გამოვლინებებსა და იმ მოთხოვნებს შორის, რომლებსაც ამ ასაკს რეკაპიტულაციის თვალსაზრისი უყენებდა. ბავშვს, მაგალითად, შეიძლება უფრო ადრე გაუჩნდეს ინტერესი მანქანებისადმი ან საფრენი აპარატებისადმი, ვიდრე ცხოველებისადმი ან ყვავილებისადმი, რაც, ცხადია, ვერ აიხსნება იმით, რომ კოსმონავტიკის ეპოქა წინ უსწრებს მწყემსობისა ან მიწათმოქმედების ხანას. მაგრამ, დეტალების გარეშეც, თავიდანვე პრინციპულად დაისვა შემდეგი საკითხი: რამდენად კანონიერია ასეთი შორს მიმავალი და, რაც უარესია, სწორხაზოვანი პარალელები ამა თუ იმ ეპოქის საზოგადოების ქცევასა და გარკვეული პერიოდის ბავშვის ქცევას შორის. კულტურის ისტორიისა და პედოლოგიის მონაცემები უკვე მაშინ აყენებდა ეჭვქვეშ ამგვარი მიდგომის მართებულობას. საუბარია მის სწორხაზოვნებასა და უნივერსალობაზე, თორემ გარკვეული პარალელების არსებობის დანახვა, მართლაც, არ არის ძნელი.       მიუხედავად რეკაპიტუალაციის კონცეფციის შეზღუდულობისა და გულუბრყვილობისა, ბიოგენეტიკური პრინციპი მაინც საინტერესო და სასარგებლო იყო ასაკობრივი და პედაგოგიური ფსიქოლოგიისთვის, ვინაიდან იგი წარმოადგენდა განვითარების კანონზომიერების ძიების მცდელობას. მასში ნაჩვენებია კავშირი ისტორიულ და ინდივიდუალურ განვითარებას შორის. ამ კავშირის გაზვიადების მიუხედავად, ესაა თეორიული კონცეფცია, რომელმაც გზა გაუხსნა სხვა კონცეფციებს. ამაშია მისი უდავო ისტორიული მნიშვნელობა. გარდა ამისა, ისიც აღსანიშნავია, რომ ევოლუციური თვალსაზრისი, რეკაპიტუალაციის პრინციპის სახით, არსებითად, პირველად მიესადაგა ბავშვს და ადამიანის ფსიქიკის ონტოგენეზის პრობლემატიკას.       ჰოლისაგან განსხვავებით, მისი ყველაზე ცნობილი მოწაფე არნოლდ გეზელი (1880-1961) უფრო მეტად ადრეული ბავშვობის ხანით იყო დაინტერესებული. პედაგოგიური და სამედიცინო განათლების მქონე გეზელი ოცდაათ წელზე მეტ ხანს მუშაობდა იელის ნორმალური ბავშვობის კლინიკაში, რის საფუძველზე მოგვიანებით შეიქმნა გეზელის ბავშვის განვითარების ცნობილი ინსტიტუტი. იგი ფსიქიკური ონტოგენეზის კვლევის აღიარებულ ცენტრად გადაიქცა. გეზელი თვლიდა, რომ პირველი სამი წლის განმავლობაში ბავშვი თავისი ფსიქიკური განვითარების მნიშვნელოვან ნაწილს გაივლის. განვითარების ტემპი ამ დროს ყველაზე დიდია და შემდგომში თანდათან კლებულობს. ეს დებულება დაედო საფუძვლად მის ასაკობრივ პერიოდიზაციას, სადაც სამი პერიოდი გამოიყოფა: დაბადებიდან ერთ წლამდე, ერთიდან სამ წლამდე და სამი წლიდან თვრამეტ წლამდე. შესაბამისად, განვითარების უმაღლესი ტემპი პირველ პერიოდზე მოდის, საშუალო - მეორეზე და დაბალი - მესამეზე.       ბავშვის განვითარების კვლევაში გეზელმა ბევრი სიახლე შეიტანა. მან დაამუშავა ბავშვის განვითარების კომპლექსური დიაგნოსტირების პრაქტიკული სისტემა, რომელშიც მოცემულია მოტორული აქტივობის, მეტყველების, შეგუებითი რეაქციების, სოციალური კონტაქტების, პიროვნული, გონებრივი და სხვა მაჩვენებლების ნორმები სხვადასხვა ასაკისთვის სამი თვიდან ექვს წლამდე. ამისთვის გამოიყენება ბავშვზე დაკვირვების ობიექტური მეთოდები: ფოტო და კინო გადაღებები, ე.წ. „გეზელის სარკე“ (ცალმხრივი ხედვის მინა). გეზელმა პირველმა გამოიყენა ფსიქოლოგიაში ლონგიტუდური მეთოდი, რაც მდგომარეობდა ერთი და იმავე ბავშვის შესწავლაში დიდი ხნის განმავლობაში, უფრო ხშირად დაბადებიდან მოზარდობამდე. მანვე დაიწყო ტყუპების მეთოდის სისტემატური გამოყენება იმის ნათელსაყოფად, თუ რა მიმართებაა მომწიფებასა და სწავლებას შორის.       გეზელის აზრით, განვითარება მომწიფების ბუნებრივი პროცესისა და სოციალური ზემოქმედების ერთობლივი ნაყოფია. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ იგი უპირატესობას ანიჭებდა შინაგან, გენეტიკურად განსაზღვრულ მომწიფების პროცესს. სწორედ გენეტიკური პროგრამა განაპირობებს ბავშვის განვითარების მიმდინარეობას ფიქსირებული თანმიმდევრობით. შეიძლება ვარირებდეს განვითარების ტემპი და არა განვითარების სტადიების რაგვარობა და რიგითობა. ინდივიდუალური განსხვავებები განვითარების ტემპში, ნაწილობრივ, სოციალური გარემოთია განპირობებული, მაგრამ გადამწყვეტი აქაც ბავშვის ინდივიდუალური გენეტიკური პროგრამაა. ამიტომ არ უნდა ვეცადოთ ვასწავლოთ ბავშვს რაიმე იმაზე ადრე, ვიდრე ეს მისი მომწიფების ალგორითმით არის განსაზღვრული. ბავშვი აუცილებლად დაიჭერს თავს, დაჯდება, გაივლის, ალაპარაკდება, როცა ბუნებრივად მზად იქნება სათანადო ფსიქოფიზიკური სისტემები; მაშინ გაუჩნდება ამის შესრულების შესაძლებლობაც და სურვილიც. მანამდე მისი იძულებითი სწავლება არც ეფექტური იქნება და შეიძლება მრავალი გართულებაც გამოიწვიოს. ამასთანავე, ისიც ცხადია, რომ სწავლა-აღზრდა, ზოგადად სოციალური ზემოქმედება, ყოვლად აუცილებელია განვითარებისთვის. ასოციალურ სივრცეში, ამბობდა გეზელი, პიროვნების სტრუქტურა საერთოდ ვერ ჩამოყალიბდება. მაგრამ ყოველგვარი გარე ზემოქმედება, სოციალიზაცია მაშინ მიმდინარეობს ოპტიმალურად, თუ ის დამყარებულია შინაგანი მომწიფების კანონზომიერებაზე და მას ეთანხმება.       ამერიკაში გენეტიკური იდეების ერთ-ერთი აქტიური გამტარებელი იყო ჯეიმს ბოლდუინი (1861-1934). ამერიკელი ფსიქოლოგების პირველი თაობის თვალსაჩინო წარმომადგენელი, ცნობილი თეორეტიკოსი, ექსპერიმენტატორი და მეცნიერების ორგანიზატორი ბოლდუინი სოციალური, დიფერენციალური და განვითარების ფსიქოლოგიის სათავეებთან იდგა. ბოლდუინი პრინციპული ევოლუციონისტი იყო. ევოლოციის თეორიის განხილვა კი ორი თვალსაზრისით შეიძლება: პირველი - ორგანიზმზე გარემოს ზემოქმედების კუთხით, რის შედეგადაც ხდება ადაპტაცია და ახალი თვისებების ფორმირება; და მეორე - ინდივიდის მიერ ადაპტაციის შედეგად შეძენილი ახალი სასარგებლო თვისებების მემკვიდრეობით გადაცემის კუთხით. მაშასადამე, ევოლუციურ მიდგომაში განვითარების პრობლემის ორივე ასპექტია გათვალისწინებული, როგორც გარეგანისა და შეძენილის, ისე შინაგანისა და თანდაყოლილის. როდესაც ბავშვის განვითარებაზე ლაპარაკობდა, ბოლდუინი ორივე ამ ასპექტის მნიშვნელობას აცნობიერებდა. მაგრამ, ჰოლისა და გეზელისაგან განსხვავებით, მეტ აქცენტს სოციალური გარემოს როლზე აკეთებდა. ეს მისი ერთი-ერთი ძირითადი წიგნის სათაურიდანაც ჩანს: „სულიერი განვითარება სოციოლოგიური და ეთიკური თვალსაზრისით“ (1913). შეიძლება ითქვას, რომ ბოლდუინი უფრო სოციოგენეტიკოსი იყო, ვიდრე ბიოგენეტიკოსი.       ბოლდუინი დიდ ყურადღებას უთმობდა ბავშვის ემოციური სფეროს განვითარებისა და, რაც მთავარია, პიროვნული თვისებების ფორმირების საკითხს. სოციალიზაციის როლი ამ მხრივ გადამწყვეტია. ბავშვის პიროვნული თვისებები განიხილებოდა როგორც „გარედან“, ანუ კულტურისა და უშუალო სოციალური წრის ობიექტურ კრიტერიუმებთან მიმართებაში, ისე „შიგნიდან“, ბავშვის თვითშეფასების გადასახედიდან. აქედან გამომდინარე, ბოლდუინი კატეგორიულად მოითხოვდა პედაგოგიური სისტემის ისეთ რეფორმირებას, რომ საზოგადოებრივ, სასკოლო განათლებას მოეცვა ყველა ბავშვი. რაც შეეხება სკოლამდელ ხანას, აქ უდიდესი როლი ეკუთვნის თამაშს, რომელსაც ბოლდუინი სოციალიზაციის ინსტრუმენტად განიხილავდა. იგი ხაზს უსვამდა თამაშის მნიშვნელობას, როგორც ისეთი აქტივობისა, რომელიც აუცილებელია ადამიანის მოსამზადებლად რთული სოციალური ურთიერთობებისთვის.       პიროვნულ სფეროსთან შედარებით გონებრივი განვითარების სფეროში მემკვიდრეობითი ფაქტორის წონა მეტია. მაგრამ ბოლდუინი აქაც სოციალურ ფაქტორზე აკეთებს აქცენტს. ამ მხრივ ნიშანდობლივია მისი ერთ-ერთი წიგნის სათაური: „გონებრივი განვითარება ბავშვში და საზოგადოებაში“ (1895). კაპიტალურ სამტომიან თხზულებაში „გენეტიკური ლოგიკა“ (1903-1908) ბოლდუინმა ჩამოაყალიბა ბავშვის კოგნიტური განვითარების კონცეფცია. მისი აზრით, შემეცნებითი სფეროს ონტოგენეზში რამდენიმე საფეხური გამოიყოფა. ჯერ აქტუალიზდება და იხვეწება თანდაყოლილი სენსო-მოტორული რეაქციები. შემდეგ ბავშვი გაივლის მეტყველების განვითარების სტადიას და ბოლოს - ლოგიკური აზროვნების განვითარების საფეხურს. ბოლდუინი განსაკუთრებით დაინტერესებული იყო იმის ჩვენებით, თუ რა დიდ როლს ასრულებს ბავშვის სოციალური გარემოცვა შემეცნებითი ფუნქციების ფორმირების პროცესში. ამ კონტექსტში მან გამოყო აზროვნების განვითარების სპეციალური მექანიზმები: ასიმილაცია, ანუ გარემოს ზემოქმედების ინტერიორიზაცია და აკომოდაცია, ანუ თვით ორგანიზმის ცვლილება.       ისტორიკოსები აღნიშნავენ, რომ ბოლდუინის მოსაზრებებმა უთუოდ იქონია გავლენა კოგნიტური სფეროს ონტოგენეზის ყველაზე თვალსაჩინო მკვლევარის, პიაჟეს შეხედულებათა ფორმირებაზე (იხ. თავი 12.2.). სიცოცხლის მიწურულს ბოლდუინი ევროპაში მოღვაწეობდა, იყო ჟენევის უნივერსიტეტის პროფესორი. აქ მუშაობდნენ ბოლდუინის კოლეგა და მეგობარი კლაპარედი და ამ უკანასკნელის მოწაფე პიაჟე.       პედოლოგია მაშინვე გავრცელდა ევროპაში. აქ მისი ერთ-ერთი ლიდერი უთუოდ ედვარდ კლაპარედი გახდა. კლაპარედი თვალსაჩინო ფიგურაა იმდროინდელ ფრანგულენოვან ფსიქოლოგიაში. როგორც თეორეტიკოსი, იგი ეკუთვნის ფუნქციონალური ფსიქოლოგიის ევროპულ ფრთას (იხ. თავი 6.5.). განსაკუთრებულია მისი წვლილი ბავშვის ფსიქოლოგიის განვითარებაში. მან ჟენევაში დააარსა რუსოს სახელობის პედაგოგიური ინსტიტუტი, რომელიც ევროპაში ასაკობრივი და პედაგოგიური ფსიქოლოგიის ერთ-ერთ წამყვან კვლევით ცენტრად გადაიქცა. აქ მიმდინარეობდა ბავშვის ფიზიკური, კოგნიტური და პიროვნული განვითარების კომპლექსური კვლევა. სწორედ ბავშვის შესწავლის კომპლექსურობაში ხედავდა კლაპარედი პედოლოგიის არსს. იგი მას ორ ნაწილად ყოფდა: თეორიულ და გამოყენებით პედოლოგიად. თეორიულმა პედოლოგიამ უნდა შეისწავლოს ონტოგენეზის ფუნდამენტური კანონზომიერებანი, ზოგადად, და ყველა ასაკობრივ ეტაპზე - კონკრეტულად. გამოყენებითი პედოლოგია, თავის მხრივ, მოიცავს ე.წ. ფსიქოტექნიკას და ფსიქოგნოსტიკას. ფსიქოტექნიკის მიზანია სხვადასხვა ასაკის ბავშვებისთვის ადეკვატური სასწავლო-აღმზრდელობითი მეთოდების დამუშავება და დანერგვა, ფსიქოგნოსტიკისა - ფსიქიკური განვითარების დონის გარკვევა. ამ უკანასკნელის ფუძემდებლია კლაპარედის პარიზელი კოლეგა ალფრედ ბინე. სწორედ მის სახელთან არის დაკავშირებული ბავშვის ინტელექტუალური განვითარების პირველი ტესტური მეთოდის შექმნა, რაზეც უკვე ვისაუბრეთ დიფერენციალური ფსიქოლოგიის ისტორიის კონტექსტში (იხ. თავი 7.2.).       ინტელექტუალური სფეროს ონტოგენეზის საკითხი კლაპარედის კვლევით ინტერესებშიც ერთ-ერთი უმთავრესი იყო. ეს დაინტერესებულობა მან გადასცა პიაჟეს, რომელმაც ამ მიმართულებით უდიდესი აღმოჩენები გააკეთა. კლაპარედი იმდენად დიდ მნიშვნელობას ანიჭებდა კოგნიტურ განვითარებას, რომ მას თითქმის აიგივებდა ფსიქიკურ განვითარებასთან. ეს იქიდან ჩანს, - რომ ფსიქიკური განვითარების პერიოდიზაციის მისეულ სქემაში ერთი ეტაპიდან მეორეზე გადასვლის ძირითად კრიტერიუმად კოგნიციის სახეებისა და მათთან დაკავშირებული ინტერესების მონაცვლეობაა შერჩეული. კლაპარედი შემდეგ პერიოდებს გამოყოფს: 1) დაბადებიდან 2 წლამდე. ამ დროს ბავშვი ძირითადად იმით არის დაინტერესებული, თუ როგორ გამოიყურება საგნები. ამიტომ მისი კოგნიტური განვითარება უმთავრესად აღქმის გენეზისს უკავშირდება. 2) 2-დან 3 წლამდე. ამ პერიოდში დომინირებს ვერბალური ინტერესი (სიტყვები და მათი მნიშვნელობები); შესაბამისად, ვითარდება მეტყველების ფუნქცია. 3) 3-დან 7 წლამდე. საკუთრივ აზროვნების განვითარება სწორედ ამ პერიოდიდან იწყება. წამყვან ადგილს ზოგადი ინტელექტუალური ინტერესი იკავებს. 4) 7-დან 12 წლამდე. ამ პერიოდში იწყება სპეციალური ინტერესების ჩამოყალიბება. შემეცნება გამორჩეულად მიემართება გარკვეული საგნებისა თუ მოქმედებებისკენ. ამაში ვლინდება ბავშვის კოგნიტური განვითარების ინდივიდუალური თავისებურებები, მისი თანდაყოლილი ინტელექტუალური მიდრეკილებები. 5) 12-დან 18 წლამდე. კლაპარედი ამ პერიოდს სენტიმენტალურს უწოდებს. აქ განვითარება ეთიკური და სოციალური ინტერესების დომინირებით მიმდინარეობს.       ამ მიდრეკილებათა საფუძველზე, მოგვიანებით, უკვე მოზრდილობის ხანაში, თავს იჩენენ მემკვიდრეობითი ფაქტორებით გაპირობებული ე.წ. სპეციალური ნიჭები და უნარები. რაც შეეხება ე.წ. ზოგად ნიჭიერებას, კლაპარედის აზრით, ის ვლინდება ბავშვობის ხანაში და უკავშირდება მისი ყველა გონებრივი თვისების საერთო მაღალ დონეს, ინტელექტუალური საქმიანობის წარმატებულობას. თანდაყოლილი კოგნიტური უნარები, ისევე როგორც სხვა ფსიქიკური თვისებები, თვითგანვითარების პრინციპით მოქმედებენ, მაგრამ მემკვიდრეობით მოცემულის აქტუალიზაცია და რეალიზაცია გარკვეული სტიმულებისა და ფაქტორების ზემოქმედების შემთხვევაშია შესაძლებელი. თვითგანვითარებას მოქმედი მექანიზმები ესაჭიროება, რომლებიც განსაზღვრავენ მის ტემპს, მიმართულებას და შინაარსს. ასეთებად ავტორი თამაშსა და მიბაძვას მიიჩნევს. ამასთან, თამაში უფრო ქმედითი და უნივერსალური მექანიზმია; მისი საშუალებით ხდება ფსიქიკის ყოველმხრივი განვითარება, საერთო და სპეციალური უნართვისებების აქტუალიზაცია და გავარჯიშება. ეს ეხება როგორც გონებრივ, ისე აფექტურ და ნებელობით სფეროს. მიბაძვის მექანიზმი უფრო ამ უკანასკნელის განვითარებას ემსახურება. მისი მეშვეობით ბავშვი ეუფლება ახალ მოქმედებას, იძენს მისი შესრულების უნარს. ეს უნარი ასოციაციის პრინციპს ეყრდნობა: მყარდება კავშირი უფროსის მიერ ნაჩვენებ და თვით ბავშვის მიერ შესრულებულ მოქმედებას შორის. ამასთან, თუ ადრეულ ასაკში ათვისებული მოქმედების გამოსაწვევად მისი თვალსაჩინოდ ჩვენებაა საჭირო, შემდგომში სიტყვიერი მითითებაც საკმარისი ხდება.       განვითარების ზოგადი კანონზომიერებისა და მისი სწავლებასთან კავშირის პრობლემაზე მსჯელობისას კლაპარედი განიხილავს ბიოგენეტიკურ კანონს და მისგან გამომდინარე რეკაპიტულაციის პრინციპს. ის გარკვეულ დაზუსტებებს საჭიროებს. კერძოდ, სრულიად უმართებულოა ვიფიქროთ, რომ ადამიანის ემბრიონი მის ბიოლოგიურ წინაპრად გადაიქცევა (მაგ., თევზად, ვინაიდან ლაყუჩები უჩნდება). ასეთივე შეცდომაა იმის მტკიცება, რომ ბავშვი რომელიმე ეტაპზე პირდაპირი მნიშვნელობით ხდება ქვის ან ბრინჯაოს ხანის ადამიანი. ეს, ცხადია, ასე არ არის, ვინაიდან მას არა აქვს მოზრდილი ინდივიდის ის თვისებები, რომელთაც ფლობს პრიმიტიული ადამიანი, მაგალითად, სექსუალობა, მამაცობა და ა.შ. ბავშვის ფსიქოლოგია ყოველთვის „ბავშვური ფსიქოლოგია“ იქნება, ამბობს კლაპარედი. ეს არ ნიშნავს თვალის დახუჭვას იმ პარალელებზე, რომლებიც უეჭველად არსებობს ისტორიულ და ინდივიდუალურ განვითარებას შორის. ყველა ბავშვი, ყველა ქვეყანაში და განედზე, აუცილებლად აკეთებს იმას, რასაც ჩვენი წინაპრები აკეთებდნენ. ამ პარალელიზმს ვერ გავექცევით, მაგრამ რა არის მისი მიზეზი? აქ ორი კონცეფცია არსებობს. ერთის მიხედვით, ეს მსგავსება წარმოიშვება იმის გამო, რომ ახალი თაობა მოკლედ იმეორებს წინა თაობის მიერ განვლილ ფაზებს და ეს ბავშვის მემკვიდრეობაშია ჩაწერილი. სხვა თვალსაზრისით, ეს მსგავსება უბრალო კონფორმულობაა: თუ ინდივიდის განვითარება მოგვაგონებს გვარის განვითარებას, ეს იმიტომ ხდება, რომ ცოცხალი არსება რეგულარული კანონების მიხედვით ყალიბდება, და ბუნება იყენებს იდენტურ საშუალებებს ინდივიდისა და გვარის ევოლუციის განხორციელებისთვის.       პირველი შეხედულება ყველაზე მკაფიოდ ჰოლმა გამოხატა. მეორეს მონახაზი დიუისთან გვხვდება. კლაპარედი მას გაფორმებული კონცეფციის სახეს აძლევს. ფილოგენეზსა და ონტოგენეზში ერთნაირი ლოგიკა მოქმედებს. ამ ლოგიკის შესაბამისად, საბოლოო ორგანოს, ფუნქციის ან მთელი ორგანიზმის მისაღებად საჭიროა დროებით არსებობდნენ უფრო პრიმიტიული წარმონაქმნები, ისევე როგორც შენობის აგებისას საჭიროა დროებითი ხარაჩოები. თუ ბავშვი გაივლის ზოგიერთ ეტაპს, რომელიც გვაგონებს ცხოველს, ველურს ან ბარბაროსს, ეს ეტაპები უნდა განვიხილოთ როგორც აუცილებელი საფეხურები მისი შემდგომი ევოლუციისთვის. ბავშვობის ბარბაროსული ეტაპი წარმოადგენს სტიმულს მოზრდილი ადამიანის უნარების განვითარებისთვის მსგავსად იმისა, როგორც ემბრიონის საზურგე ქორდა არის სტიმული ზურგის კოლონის (ხერხემლის) შემდგომი ჩამოყალიბებისთვის. აქედან დასკვნა: ბავშვის ფსიქიკის თანმიმდევრული პროგრესის გასაგებად და მისთვის სწავლა-აღზრდის კონკრეტული საფეხურის შესარჩევად მიზანშეწონილია დავიხმაროთ ცოდნა კაცობრიობის განვითარების ისტორიიდან.       კლაპარედი იმათაც ედავება, ვინც კატეგორიულად უარყოფს ბიოგენეტიკურ პრინციპს და მიიჩნევს, რომ აღზრდას არაფერი ესაქმება ბავშვსა და მის პრიმიტიულ წინაპრებს შორის არსებულ ანალოგიასთან. ბავშვი, რომელიც იმყოფება სრულიად განსხვავებულ პირობებში, ვიდრე ველური ან ბარბაროსი, სწრაფად უნდა შეეგუოს აქტუალურ გარემოს. ამისთვის აუცილებელი არ არის იმ შეცდომების გამეორება და იმ შემოვლითი გზების ხელახალი გავლა, რაც გაიარა კაცობრიობამ ევოლუციის პროცესში. პირიქით, ბლონსკის თქმისა არ იყოს, არაევოლუციური ის იქნებოდა, თუ ჩვენ ვაიძულებდით ბავშვს თავის თავზე გამოეცადა კაცობრიობის ინტელექტის ყველა შეცდომა. გარკვეული აზრით, ეს, ალბათ, სწორია. უკიდურესობამდე მიყვანილი ყველა პრინციპი შეიძლება უაზრობამდე დავიდეს. ეს ეხება პედაგოგიურ პრაქტიკაში რეკაპიტულაციის გამოყენებასაც. მართლაც, ძნელი დასაჯერებელია, რომ ბავშვს ესაჭიროება ბუმერანგის ხმარების, დათვებზე ნადირობის ან კერპების თაყვანისცემის სწავლება იმის გამო, რომ „ველური“ ან „ბარბაროსული“ ინსტინქტების გამოვლენა სასარგებლოა მისი განვითარებისთვის. მიუხედავად ამისა, დიდი სიფრთხილე გვმართებს, რათა მეორე უკიდურესობაში არ გადავვარდეთ. სავსებით შესაძლებელია, რომ ის, რაც ჩვენი პედანტური ლოგიკისთვის „შემოვლითი გზა ან შეცდომაა“, სინამდვილეში მიზნის მიღწევის ყველაზე მოკლე გზა აღმოჩნდეს, ვინაიდან ეს ის გზაა, რომელიც ბუნებამ გაკვალა. ამ ლოგიკით შეიძლებოდა გვეფიქრა, რომ ბაყაყისთვის შემოვლითი გზაა თავკომბალის მდგომარეობის გავლა; უფრო ადვილი არ იქნებოდა, რომ ის თავიდანვე დაბადებულიყო თათებით და, განსაკუთრებით, კუდის გარეშე, რომელიც არის მხოლოდ „შემოვლითი გზა და შეცდომა“?! მაგრამ რეალურად ეს „შეცდომა“ ევოლუციურად გამართლებულია. ძალიან აჩქარდებოდნენ ისინი, ვინც დიდი ბაყაყის ფორმირებისთვის თავკომბალას კუდს მოაჭრიდა. ამას ალბათ გააკეთებდნენ კიდეც, ბაყაყებს სკოლები რომ ჰქონოდათო, ირონიულად შენიშნავს კლაპარედი.       XIX და XX საუკუნეების გასაყარზე ბრიტანეთში ჯერ კიდევ ბატონობდა ემპირიული ფსიქოლოგია და მისი ყველაზე მძლავრი მიმდინარეობა - ასოციაციონიზმი. ამიტომ გასაკვირი არ არის რომ ბავშვის ბრიტანული ფსიქოლოგიის პიონერი ჯორჯ სელი (1843-1923) ემპირიზმის პოზიციებზე იდგა. იგი ცდილობდა ასოციაციური ფსიქოლოგიის პრინციპები მოერგო ბავშვის განვითარების პრობლემატიკისთვის. სპენსერმა ასოციაციონიზმის პოზიციიდან ფილოგენეზი განიხილა, ხოლო სელიმ - ონტოგენეზი. მან თავისი მოსაზრებები რამდენიმე გახმაურებულ წიგნში ჩამოაყალიბა, რომელთაგან ყველაზე ცნობილია „ბავშვის ფსიქოლოგიის ნარკვევები“ (1895) და „პედაგოგიური ფსიქოლოგია“ (1915).       სელი ასოციაციური ფსიქოლოგიის ტრადიციულ სქემას მიჰყვება: თავდაპირველად არსებობენ ფსიქიკური ელემენტები, რომლებიც ასოციაციის გზით ერთიანდებიან რთულ ფსიქიკურ წარმონაქმნებში. კერძოდ, ბავშვის ფსიქიკური განვითარება იწყება ფსიქიკური პროცესების თანდაყოლილი ნასახებიდან ანუ ელემენტებიდან. ესენია შეგრძნება, მარტივი გრძნობა, რეფლექსურ-იმპულსური აქტივობა. განვითარების პროცესში მათ საფუძველზე წარმოიქმნება კოგნიტური, ემოციური და ნებელობითი პროცესები. ეს ხდება ელემენტების ინტეგრაციით, რაც წარმოშობს ცნებებს, წარმოდგენებს, განზრახვებს და ა. შ. ყოველივე ეს ასოციაციის კანონებს ემორჩილება. აქ სელის ახალი არაფერი უთქვამს. ახალი იყო ყურადღების გამახვილება იმაზე, თუ როგორი ასოციაციები და რა თანმიმდევრობით წარმოიქმნება ბავშვის განვითარების პროცესში. მისი გამოკვლევების თანახმად, თავდაპირველად ყალიბდება სენსომოტორული ასოციაციები მსგავსების კანონის მიხედვით. შემდგომში ბავშვს თანდათან უყალიბდება საგნების ხატები, მეზობლობის კანონის შესაბამისად, ხოლო მეორე წლის ბოლოს ჩნდება ასოციაციები, რომლებიც კონტრასტის კანონს ემყარება.       სელიმ თავისებურად გამიჯნა შემეცნებითი, ემოციური და ნებელობით ფუნქციების განვითარების ეტაპები. იგი დაბეჯითებით მოითხოვდა, რომ ეს გაეთვალისწინებინათ სასწავლო პროცესის ორგანიზებისას, სახელდობრ, სკოლაში სასწავლო პროგრამებისა და ბავშვებთან პედაგოგების ურთიერთობის სტილის შეცვლისთვის.       გარდა იმისა, რომ ბავშვის ფსიქოლოგიას შეუძლია და უნდა დაეხმაროს პედაგოგიკას, ის დიდ სარგებლობას მოუტანს მოზრდილი ადამიანის ფსიქიკის საიდუმლოების გახსნის საქმესაც. ყოველი ადამიანური ორგანიზმი, ამბობდა სელი, თავის თავში ატარებს ადამიანური ცნობიერების ჩანასახს. ეს ცნობიერება დაბადებიდანვე იწყებს განვითარებას და იმთავითვე სპეციფიკურად ადამიანური სახე აქვს. თუ ფსიქოლოგი მოახერხებს შეაღწიოს ბავშვის ცნობიერებაში და გაიგოს რა ხდება იქ, იგი გაცილებით უკეთეს მდგომარეობაში აღმოჩნდება მოზრდილის რთულ ცნობიერებაში გარკვევისას. „შესაძლებელია, ბავშვის სული არც ისე მარტივია, როგორც ერთი შეხედვით ჩანს. მაგრამ მკვლევარი ვერ აიღებს ამოსავალ წერტილად ვერც ერთი ცხოველის გონებას, ვინაიდან, მიუხედავად იმისა, რომ ეს უკანასკნელი შეიცავს ბევრ ადამიანურ ელემენტს, იგი ავლენს მათ სრულიად განსხვავებული, თავისებური ფორმით“. სელის ეს სიტყვები მნიშვნელობას იძენს ცხოველისა და ბავშვის ფსიქიკას შორის არსებული იმ პარალელების ფონზე, რომელზეც მიუთითებენ სხვა ფსიქოლოგები, განსაკუთრებით კი ბიულერი. ამაზე ქვემოთ ვისაუბრებთ. აქ კი აღვნიშნავთ, რომ ბიოგენეტიკური იდეები არც სელისთვის იყო უცხო. იგი ხედავდა გარკვეულ კავშირს ისტორიოგენეზსა და ონტოგენეზს შორის და აღნიშნავდა, რომ ადამიანის ცხოვრების პირველი წლები „თითქოს დაპატარავებულ და მრუდე სარკეში გვიჩვენებენ იმ მდგომარეობას, რომელშიც, ალბათ, იმყოფებოდა პირველყოფილი ადამიანი“.       გერმანიაში ბავშვის ფსიქოლოგიის ერთ-ერთი ფუძემდებელი ერნსტ მოიმანი (1862-1915) უფრო მკვეთრად აფიქსირებს განსხვავებას ბავშვისა და მოზრდილის ფსიქიკას შორის და ოთხ ძირითად მომენტზე ამახვილებს ყურდღებას: 1) ბავშვს დასაწყისში არ გააჩნია მოზრდილის ყველა სულიერი თვისება. 2) თვისებების განაწილება ბავშვთან და მოზრდილთან განსხვავებულია. მათთან სხვადასხვა თვისებები დომინირებს. მაგალითად, მოზრდილი ადამიანი უმეტესწილად სიტყვების მეშვეობით აზროვნებს, მცირეწლოვანი ბავშვი კი უფრო მეტად იყენებს თვალსაჩინო წარმოდგენებს საგნების შესახებ. ამასთან, ბავშვსაც შეუძლია იაზროვნოს სიტყვებით, ხოლო მოზრდილს წარმოდგენებით, მაგრამ მათი თანაფარდობა განსხვავებულია. 3) ბავშვის სულიერი ცხოვრების ზოგიერთი გამოვლინება თვისებრივად განსხვავდება მოზრდილისაგან და 4) ბავშვის თვისებები მოზრდილისაგან ხარისხობრივადაც, ინტენსივობის მხრივაც განსხვავდება.       მოიმანი გერმანიაში ბავშვისა და პედაგოგიური ფსიქოლოგიის თვალსაჩინო ორგანიზატორი იყო. მან ჰამბურგში დააარსა ბავშვის ფსიქიკური განვითარების შემსწავლელი ლაბორატორია და პირველი გერმანული ჟურნალი პედაგოგიურ ფსიქოლოგიაში. მისი კაპიტალური სამტომეული „ლექციები ექსპერიმენტულ პედაგოგიკაში“ (1907) იმ დროისთვის ენციკლოპედიური მნიშვნელობის კვლევას წარმოადგენდა. პირველ ორ ტომში განხილულია ბავშვის ფსიქოლოგიის, ხოლო მესამეში - პედაგოგიკისა და პედაგოგიური ფსიქოლოგიის, კერძოდ, კითხვის, წერის, თვლისა და ხატვის სწავლების საკითხები.       მოიმანი ბავშვის ორგანიზმს მთლიანობაში განიხილავდა, ანუ მისი ფიზიკური და ფსიქიკური მხარეების ერთიანობაში. იგი ხაზს უსვამდა, რომ აუცილებელია გვქონდეს თითოეული ინდივიდის განვითარების სრული ფსიქოფიზიკური სურათი და გაუმართლებლად მიაჩნდა აღმზრდელების ზედმეტი გატაცება ბავშვის მხოლოდ გონებრივი მოქმედების კონტროლით. ასეთ შემთხვევაში ჩვენ შეიძლება არასწორად მოვექცეთ ბავშვს და მისგან ისეთი რამ მოვითხოვოთ, რისი გაკეთებაც არ ძალუძს ფიზიკური სისუსტის გამო. ბავშვის ნებელობაზე აპელირება ამ შემთხვევაში სრულიად ამაოა, ვინაიდან აქ საქმეს მხოლოდ ფიზიკურ განვითარებაზე ზრუნვა უშველის. ამასთან, ისიც გასათვალისწინებელია, რომ სულიერი და ფიზიკური განვითარება ყოველთვის პარალელურად არ მიმდინარეობს. ეს მოიმანმა თავისი კვლევით დაადასტურა. მან ისიც დაამტკიცა, რომ ახალგაზრდა და მოზრდილი ორგანიზმი არა მხოლოდ ფსიქიკური, არამედ ანატომიურ-ფიზიოლოგიური კუთხითაც თვისებრივად განსხვავდება ერთმანეთისაგან.       მოიმანმა აჩვენა, რომ ბავშვის ნორმალური ფიზიკური და ფსიქიკური განვითარება მუდმივი პროცესი არ არის - შეჩერებებსა და პაუზებს შეიცავს. განსაზღვრულ პერიოდებში ეს ყველა ბავშვს ემართება და, ამდენად, კანონზომიერია. საზოგადოდ კი, ყველაზე ადრე ვითარდება ის უნარები, რომლებიც ბავშვის გარემო პირობებთან შეგუებისთვის, თვითშენარჩუნებისთვის არის აუცილებელი. მაგალითად, ბავშვი გაცილებით ადრე იწყებს ორიენტირებას სივრცეში, ვიდრე დროში. საქმე ისაა, რომ პატარას ცხოვრებას დროში აღმზრდელები ანაწილებენ, ხოლო სივრცითი ორიენტაცია უმეტესად მისი საკუთარი საზრუნავია. ასევე, ცოდნა საგნების სივრცითი თვისებების (ფორმა, ზომა და ა.შ.) შესახებ უფრო ადრე შეიძინება, ვიდრე ცოდნა ფერების შესახებ, ვინაიდან პირველი სრულებით აუცილებელია საგნების ცნობისთვის, ფერები კი ხშირად მხოლოდ ესთეტიკური დამატებაა. ასევე, სხვისი მეტყველების გაგება უფრო ადრე იწყება, ვიდრე დამოუკიდებელი მეტყველება და ა.შ.       გერმანული პედოლოგიის პირველი თაობის თვალსაჩინო წარმომადგენელია აგრეთვე კარლ გროსი (1861-1946). მისი წიგნი „ბავშვის სულიერი ცხოვრება“ საკმაოდ პოპულარული იყო, მაგრამ განსაკუთრებული აღიარება იმ გამოკვლევებმა მოუტანა, რომლებშიც თამაშის ბუნების გარკვევა იყო ნაცადი. თამაშის მნიშვნელობაზე ბევრ მოაზროვნეს უფიქრია, თუმცა საგანგებო კვლევის საგნად იგი მხოლოდ ბავშვის ფსიქოლოგიის სპეციალურ დარგად ჩამოყალიბების შემდეგ იქცა. გროსმა ერთ-ერთმა პირველმა დაიწყო თამაშის სისტემატური შესწავლა, მდიდარ ემპირიულ მასალაზე დაყრდნობით აჩვენა მისი როლი ცხოველისა და ადამიანის განვითარების საქმეში. გროსის ცნობილ თამაშის თეორიაში ნაჩვენებია, რომ აქტივობის ამ სახის ფუნქცია მომავალი ცხოვრებისთვის მომზადებაა.       გროსს სურდა შეექმნა თეორია, რომელიც დაძლევდა სხვა თეორიების ნაკლოვანებებს. ამიტომ მან კრიტიკულად გააანალიზა იმ დროისთვის არსებული შეხედულებები. ასეთები იყო, მაგალითად, შტაინტალისა და ლაცარუსის თვალსაზრისი, რომელიც თამაშს დასვენების ფუნქციას მიაწერს, სპენსერის კონცეფცია, რომელიც თამაშს ორგანიზმში ჭარბი ენერგიის რეალიზაციის საჭიროებას უკავშირებს, ან კიდევ ჰოლის შეხედულება, რომლის მიხედვით თამაშის ბუნება რეკაპიტულაციის პრინციპის თანახმად არის გააზრებული.       გროსის ე.წ. ვარჯიშის თეორიის მიხედვით, ბავშვის თანდაყოლილი რეაქციები არ არის საკმარისი ნორმალური ადამიანური ფუნქციონირებისთვის მომავალში. ბავშვობის პერიოდში უნდა მოხდეს ისეთი ფუნქციებისა და რეაქციების გამომუშავება, რომლებიც რეალური ცხოვრებისეული ამოცანების გადასაჭრელად გამოდგება. ამას ემსახურება თამაში. მასში ხდება მოქმედების ახალი ფორმების შეძენა და სერიოზული ცხოვრებისთვის აუცილებელი ძალების გავარჯიშება. თამაშის საშუალებით ბავშვი მომავალი ცხოვრებისთვის ემზადება. ეს არის თამაშის ობიექტური მიზანი და დანიშნულება. გროსის თქმით, „ჩვენ იმიტომ კი არ ვთამაშობთ, რომ ბავშვები ვართ, არამედ სწორედ იმისთვის გვაქვს ბოძებული ბავშვობა, რომ ვითამაშოთ“. ცხადია, მომავალი ცხოვრებისთვის მომზადება არაა მოთამაშე ინდივიდის სუბიექტური მიზანი. თამაშის აქტივობის მასაზრდოებელი წყარო, მისი სტიმუ ლი თანდაყოლილი ძალების ამოქმედებაა. ძველ რეაქციებზე დაშენდება ახალი მოქმედებები, რომლებიც უფროსების მოქმედებათა გარეგნულ სახეს იმეორებენ: თოჯინის მოვლა, მანქანის ტარება და სხვა. თამაშის შინაარსი ბავშვის უფროსებისადმი მიბაძვის შედეგია, მიმბაძველობა კი ბავშვის თანდაყოლილი თვისება. ამრიგად, თამაშში ორგანულად არის შერწყმული ინდიდვიდის მემკვიდრეობითი მოცემულობა და სოციალური გარემოს ზემოქმედება.       გამოჩენილი გერმანელი ფსიქოლოგი ვილიამ შტერნი აზუსტებს და აღრმავებს გროსის ანალიზს. იგი გამოყოფს თამაშის ფორმას და შინაარსს. ფორმა უცვლელია და დაკავშირებულია თანდაყოლილი თვისებების გავარჯიშებასთან, რაც თამაშის მთავარი ბიოლოგიური ფუნქციაა. შინაარსი ცვალებადია, მას სოციალური გარემო განსაზღვრავს. შედეგად, თანდაყოლილი ფუნქციების ამოქმედების პროცესი თამაშის ქცევაში შეძენილი სოციალური შინაარსით ივსება.       ადვილი შესამჩნევია, რომ განვითარების თვალსაზრისით შტერნის თამაშის თეორიას ავტორის უფრო ფართო შეხედულების მკაფიო კვალი ატყვია. შტერნი პირველი თაობის პროფესიონალ ფსიქოლოგებს შორის ერთერთი ყველაზე ავტორიტეტული ინტერაქციონისტი იყო. იგი ამოდიოდა იდეიდან, რომ განვითარება ყოველთვის და აუცილებლად თანდაყოლილისა და შეძენილის, შინაგანისა და გარეგანის გაერთიანებული მოქმედების, ანუ კონვერგენციის შედეგია. კონვერგენციის თეორიის თანახმად, არსებობს ბავშვის თანდაყოლილი მიდრეკილებები და ნასახები, რომლებიც დასრულებული და გამზადებული თვისებები კი არაა, არამედ მხოლოდ პოტენციური შესაძლებლობებია. ფსიქოფიზიკური პოტენციის გადაქცევა სინამდვილედ, რეალურ თვისებად გარეგანი ფაქტორების ზემოქმედებით ხდება. მარცვალში იმთავითვე ჩანერგილია მომავალი მცენარის სახე. მაგრამ როგორი სისწრაფით, რამდენად კარგად და რა სპეციფიკური ფორმით განვითარდება იგი, დამოკიდებულია ნიადაგზე, ამინდზე, მებაღის მზრუნველობაზე და სხვა გარე პირობებზე. ასევეა ბავშვის შემთხვევაში.       განვითარების პროცესში შინაგანისა და გარეგანის ურთიერთქმედება ე.წ. ინტროცეფციის მექანიზმის მეშვეობით ხდება. შტერნის მიხედვით, ეს ნიშნავს შინაგანი მიზნების გაერთიანებას სოციალური გარემოდან მომდინარე მიზნებთან. თავდაპირველად მცირეწლოვანი ბავშვის ფსიქიკური შესაძლებლობები არ არის გამოკვეთილი; იგი არ აცნობიერებს საკუთარ თავს, საკუთარ უნარ-მიდრეკილებებს, მიზან-მისწრაფებებს. ყოველივე ამის ჩამოყალიბება, ორგანიზება, დაკონკრეტება და, საბოლოოდ, გაცნობიერება გარემოს ზემოქმედებით მიიღწევა. ბავშვი ცდილობს აიღოს გარედან ის, რაც მას ესაჭიროება და რაც მის შინაგან პოტენციას შეესაბამება, და პირიქით, ზღუდავს ისეთ ზემოქმედებას, რომელიც ამას ეწინააღმდეგება. ცნობიერება მოქმედების შესრულების დაბრკოლების, წინააღმდეგობის გაჩენის შემთხვევაში იჩენს თავს. მისი ფუნქციაა გართულებული ადაპტაციის ხელშეწყობა, მაგრამ გაცნობიერების საგანი ხდება არა მხოლოდ წინააღმდეგობის შემცველი ფიზიკური თუ სოციალური გარემო, არამედ სუბიექტური სამყაროს ის მხარეც, რომლის რეალიზაცია ვერ მოხერხდა მოქმედებაში; ესენია კონკრეტული მისწრაფებები და ფსიქიკური შესაძლებლობები. სხვაგვარად რომ ვთქვათ, ინტროცეფციის გართულება ან ფრუსტრაცია მეტი სოციალიზაციისა და თვითრეფლექსიის, საბოლოოდ კი პიროვნების განვითარების წყაროდ იქცევა.       შტერნი განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევდა სწორედ პიროვნების, როგორც მთლიანის განვითარებას და ფორმირებას. ეს სავსებით კანონზომიერია, შტერნი ხომ დიდი ფსიქოლოგიური სისტემის ავტორია, რომლის ცენტრალურ ცნებას პიროვნება (პერსონა) წარმოადგენს. შტერნმა პერსონალისტური ორიენტაცია განვითარების პრობლემატიკაზე გადმოიტანა. ამას, ზოგადად, პოზიტიური მნიშვნელობა ჰქონდა, ვინაიდან ბავშვის ფსიქოლოგიის ჩამოყალიბების საწყის ეტაპზე მკვლევართა ინტერესი ძირითადად კოგნიტური სფეროს ონტოგენეზისკენ იყო მიმართული. კოგნიცია კი მთლიანი პიროვნების მხოლოდ ერთ-ერთი სფეროა. თუმცა აღსანიშნავია, რომ შტერნმა ამ სფეროს განვითარებაც სპეციალურად იკვლია და სერიოზულ შედეგებსაც მიაღწია. ყველაზე სრულად ისინი გადმოცემულია კლასიკურ ნაშრომებში „ბავშვის ენა“ და „ადრეული ბავშვობის ფსიქოლოგია“.       შტერნს მიაჩნდა, რომ კოგნიტური სფეროს განვითარება კონკრეტული მიმართულებით, კერძოდ, პერიფერიიდან ცენტრისკენ მიემართება. ამიტომ ონტოგენეზში ჯერ ვითარდება ჭვრეტა (აღქმა), შემდეგ წარმოდგენა (მეხსიერება) და ბოლოს აზრი (გონება). ამ გზით, ბავშვი გარემოს ბუნდოვანი ასახვიდან გადადის სამყაროს მოვლენათა არსის შეცნობაზე. გარდამტეხი მომენტი მთელ კოგნიტურ განვითარებაში დგება 1,5-2 წლის ასაკში, როცა მეტყველების ათვისების პროცესი კრიტიკულ ფაზას აღწევს. ამ დროს, შტერნის თქმით, ბავშვი აკეთებს უდიდეს აღმოჩენას თავის ცხოვრებაში - იგი ხვდება, რომ ყველა საგანს შეესაბამება მისი აღმნიშვნელი ბგერითი კომპლექსი, ანუ იმას, რომ ყველა საგანს თავისი სახელი აქვს, ყველა სიტყვას კი - თავისი მნიშვნელობა. საზოგადოდ, მეტყველების ონტოგენეზში სამი ტენდენცია იჩენს თავს: მიმართულობა განცდის გამოხატვაზე, მიმართულობა შეტყობინებაზე და მიმართულობა სიტყვის მნიშვნელობაზე. ეს უკანასკნელი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. შტერნმა აღწერა მეტველების დაუფლების ძირითადი ეტაპები ხუთ წლამდე. მათ ცვალებადობას კანონზომიერი ხასიათი აქვს და მიმდინარეობს პასიური მეტყველებიდან აქტიურისკენ, ბგერებიდან სიტყვებისკენ, სიტყვებიდან წინადადებებისკენ.       შტერნმა შეისწავლა აზროვნების განვითარებაც, სახელდობრ, მისი ისეთი ონტოგენეტური ფორმა, როგორიცაა ე.წ. აუტისტური აზროვნება. საკითხი აზროვნების ამ ფორმის ბუნებისა და ფუნქციის შესახებ ბავშვის ფსიქოლოგიაში სერიოზული კვლევისა და აზრთა ჭიდილის ასპარეზი გახდა. აქ მხოლოდ შემდეგს აღვნიშნავთ: პიაჟესაგან განსხვავებით, შტერნს მიაჩნდა, რომ აუტისტური აზროვნება უფრო რთული ბუნებისაა, ვიდრე რეალისტური, და ამიტომ, კოგნიტური განვითარების პროცესში, მასზე გვიან უნდა ჩნდებოდეს.       შტერნი ფიქრობდა, რომ ასაკობრივი პერიოდების სახით მოცემული განვითარების ზოგადი კანონზომიერებების გარდა, ყველა ბავშვის შემთხვევაში ინდივიდუალური თავისებურებებიც იჩენს თავს. ეს, პირველ რიგში, ფსიქიკური განვითარების ინდივიდუალურ ტემპში გამოიხატება. შტერნის, როგორც დიფერენციალური ფსიქოლოგიის ერთ-ერთი ფუძემდებლის, ინტერესი ბავშვების განვითარების ინდივიდუალური თავისებურებებისადმი სრულიად ბუნებრივი იყო. მან მხარი აუბა ბინეს და სერიოზული მუშაობა ჩაატარა იმ მეთოდების შესაქმნელად, რომლებიც ბავშვის ინტელექტუალური განვითარების გაზომვისთვის იყო საჭირო. სწორედ შტერნის შემოღებულია e.w. გონებრივი განვითარების კოეფიციენტი IQ (იხ. თავი 7.2.).       ეს სამუშაო მიმდინარეობდა ჰამბურგის პედაგოგიურ ლაბორატორიაში, რომელიც შტერნმა მოიმანის გარდაცვალების შემდეგ ჩაიბარა და აგრეთვე ჰამბურგის ფსიქოლოგიის ინსტიტუტში, რომლის დამაარსებელი და ხელმძღვანელიც იყო ამერიკაში ემიგრაციამდე (1916-1933). ამ ინსტიტუტის მრავალფეროვან კვლევა-ძიებაში, რაც უმთავრესად გამოყენებითი ფსიქოლოგიის კუთხით მიმდინარეობდა, ასაკობრივი და პედაგოგიური ფსიქოლოგიის პრობლემატკას უმნიშვნელოვანესი ადგილი ეკავა. ამავე დროს, შტერნი მოიმანის მიერ შექმნილ პედაგოგიური ფსიქოლოგიის ჟურნალსაც რედაქტორობდა. მოკლედ, შტერნი იყო ბავშვის ფსიქოლოგიის უდიდესი მკვლევარი და გერმანიაში პედოლოგიური მოძრაობის თვალსაჩინო ორგანიზატორი.       ბავშვის ფსიქოლოგთა პირველ თაობაში საპატიო ადგილი უკავია გამოჩენილ გერმანელ ფსიქოლოგს, კარლ ბიულერს (1879-1963). თავდაპირველად ბიულერი ვიურცბურგის სკოლის წევრი იყო და აქტიურად მონაწილეობდა აზროვნების ექსპერიმენტულ კვლევაში. მას ეკუთვნის ტერმინი „აჰა განცდა“, რომელიც გამოხატავს ამოცანის გადაწყვეტის მომენტში გაჩენილ სპეციფიკურ შვების განცდას (იხ. თავი 7.1.). ვიურცბურგის შემდეგ ვენაში მოღვაწეობდა, ბოლოს კი ამერიკაში გადასახლდა. შეიცვალა მისი ინტერესებიც, რომლებმაც ზოგადიდან განვითარების ფსიქოლოგიაზე გადაინაცვლეს. ამ მიმართულებით მისი ყველაზე ცნობილი ნაშრომია „ბავშვის სულიერი განვითარება“ (1918). წიგნში განხილულია ბავშვის ფსიქოლოგიის ყველა ძირითადი თემა, მოცემულია ავტორის ორიგინალური შეხედულება მთელ რიგ მნიშვნელოვან საკითხებზე. მათ შორის ყველაზე არსებითია საკითხი ონტოგენეტური განვითარების პროცესის ბუნებისა და მსვლელობის კანონზომიერებათა შესახებ.       ბიულერი ამოდის თეზისიდან: „ბუნება არ აკეთებს ნახტომებს, განვითარება ყოველთვის თანდათანობით მიმდინარეობს“. ამიტომ იგი თამამად ავლებს პარალელებს ცხოველურსა და ადამიანურს, ბიოლოგიურსა და სოციალურ-კულტურულს, ფილოგენეტურსა და ონტოგენეტურს შორის, ცდილობს აჩვენოს მათი ერთმანეთში გადასვლის უწყვეტობა და თანმიმდევრულობა. განვითარება, საზოგადოდ, მყარ შინაგან კანონზომიერებას ექვემდებარება. უსუსური ახალშობილი სამი წლისთვის შორს იტოვებს განვითარებაში ყველა ცხოველს, ვინაიდან მეტყველებს, მსჯელობს, აკეთებს დასკვნებს, აქვს ერთგვარი მსოფლმხედველობაც, თუმცა, ცხადია, პრიმიტიული და არასაკმარისი; მას აქვს თავისებური დამოკიდებულება სიმართლისა და ტყუილის, კეთილისა და ბოროტის, ლამაზისა და უშნოს მიმართ. განვითარების ასეთივე ისტორია აქვს გვარსაც. კაცობრიობაც თანდათან დაეუფლა ენას, ხელოვნებას და კულტურის სხვა მონაპოვარს. მიუხედავად ამისა, ადამიანთა მოდგმა არ არის იზოლირებული ცხოველური სამყაროსაგან, რომელთანაც მჭიდრო ნათესაობა აკავშირებს. ეს უპირველესად იმაში ვლინდება, რომ ცხოველისა და ადამიანის ქცევა თუ ფსიქიკა განვითარების სამ ძირითად სტადიას გაივლის, ესენია: ინსტინქტი (სტერეოტიპული, თანდაყოლილი აქტივობა), დრესურა (მოქმედების ახალი ფორმების შეძენა) და ინტელექტი (პრაქტიკული აზროვნება).       აანალიზებს რა ონტოგენეზს, ბიულერი განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს ადრეული ბავშვობის ხანას, ვინაიდან სწორედ აქ იჩენს თავს სამივე აღნიშნული მექანიზმი და საფუძველი ეყრება მთელ შემდგომ სულიერ განვითარებას. პირველი წლიდან იწყება ინტელექტის ფორმირება. ბავშვი იწყებს პრიმიტიული იარაღის გამოყენებას, მსგავსად კელერის მიერ შესწავლილი პრიმატებისა. ამიტომ ამ პერიოდს ბიულერი „შიმპანზესმაგვარს“ უწოდებს. ინტელექტის განვითარება ჯერ პრაქტიკული, აზრიანი მოქმედების პლანში მიმდინარეობს, ხოლო შემდგომ შინაგან პლანში გადაინაცვლებს. ეს ენის მეშვეობით ხდება. აქედან გამომდინარე, დიდი ყურადღება ექცევა მეტყველების ათვისების პროცესის დახასიათებას. ბიულერი იქიდან ამოდის, რომ „არსებობს სულიერი განვითარების მყარად დადგენილი რიტმი, რომელიც შეიძლება დაჩქარდეს ან დამუხრუჭდეს, მაგრამ მისი სრული გაჩერება შეუძლებელია“. ეს ეხება ყველა ფსიქიკურ პროცესსა თუ ფუნქციას, მათ შორის მეტყველებასაც. იგი განსაზღვრულ რიტმში გაივლის ტრანსფორმაციათა რიგს (ღიღინი, ტიტინი, მიბაძვა, პირველი სიტყვები, წინადადებები, ფრაზები და ა.შ.). საზოგადოდ კი, ბიულერი მიიჩნევს, რომ ამეტყველება გამზადებული ენის უბრალო შეთვისება კი არ არის, არამედ მისი კონსტრუირებაა უფროსებთან ურთიერთობის პროცესში. აქ ბავშვი აკეთებს სამ დიდ აღმოჩენას, რომლებიც ამ პროცესს სამ სტადიად ყოფს. პირველ სტადიაზე ბავშვი აღმოაჩენს სიტყვის „მნიშვნელობას“. იგი ხვდება, რომ ბგერათა გარკვეული კომპლექსი იწვევს მოზრდილთა შესაბამის რეაქციას და იწყებს მის განზრახ გამოყენებას. მეორე სტადიაზე აღმოაჩენს, რომ ყველა საგანს თავისი სახელი აქვს. იგი უკვე თვითონ კი არ იგონებს საგნების სახელებს, არამედ უფროსებისაგან იწყებს სათანადო ცნობების მოძიებას. მესამე სტადიაზე ბავშვი გრამატიკის მნიშვნელობას აღმოაჩენს. იგი აფიქსირებს, რომ მიმართებები საგნებს შორის შეიძლება გამოიხატოს სიტყვის ბგერითი მხარის ცვლილებით, მაგალითად: სათამაშო - სათამაშოები.       იგივე ითქმის აზროვნებაზეც. ლოგიკური აზროვნების განვითარება (ცნება, მსჯელობა, დასკვნა) იწყება მეტყველების განვითარების კვალდაკვალ. მას თავისი ტემპი აქვს და კონკრეტული კანონზომიერების შესაბამისად მიმდინარეობს. მაგალითად, ბავშვის ცნებებისა და განსაზღვრებების კვლევისას ბიულერმა დაადგინა, რომ პირველ ხანებში მათში მოცემულია მხოლოდ მითითება საგნის დანიშნულებაზე. მითითებანი გვარისა და სახეობის ნიშნებზე ჩნდება სასკოლო ასაკში და სასკოლო სწავლების გავლენით. ბიულერი ხაზს უსვამს იმას, რომ აზროვნების პროცესში ხდება ახალი მიმართებების წვდომა და, ამდენად, ეს პროცესი შემოქმედებითი ბუნებისაა. აზროვნებისა და შემოქმედების მიმართების კონტექსტში განიხილება ბავშვის მხატვრობის საკითხი. ბიულერმა აჩვენა, რომ ხატვა უშუალოდ მოქმედებს ბავშვის კოგნიტურ განვითარებაზე. ნახატი გრაფიკული მოთხრობაა, ის საგნის ასლი კი არ არის, არამედ ბავშვის გონებაში გადამუშავებული მონათხრობია მის შესახებ.       ხატვა ბავშვის შემოქმედებითი აქტივობის ერთ-ერთი გამოვლინებაა და, ამდენად, უშუალოდ არის დაკავშირებული ფანტაზიის ფუნქციასთან. ამ ფუნქციის განვითარების კიდევ ერთი წყაროა ზღაპრები. ბიულერი საგანგებოდ - აანალიზებს ზღაპრის წარმოშობისა და დანიშნულების საკითხებს გენეტიკური ფსიქოლოგიის თვალსაზრისით, განსაკუთრებით კი, წარმოსახვისა და შემოქმედებითი უნარების განვითარებასთან მიმართებაში. იგი მიუთითებს მკაფიო პარალელებზე შემოქმედებასა და თამაშს შორის, მაგრამ მათ შორის არსებულ განსხვავებასაც ხედავს, რაც აქტივობის ამ ორი ფორმის განხორციელების ემოციურ-მოტივაციური მექანიზმის თავისებურებაში მდგომარეობს; ბავშვის თამაშის საკითხიც სწორედ ემოციების კონტექსტში განიხილება.       ეს კონცეფცია აშკარად ჰედონისტური ხასიათისაა. ავტორს შემოაქვს ტერმინი ჰედონალგიური რეაქცია, რაც გულისხმობს სიამოვნებისა (ჰედონე) და უსიამოვნების (ალგოს) ჩართულობას ცოცხალი ორგანიზმის ყოველგვარ აქტივობაში. ტკბობის საყოველთაო პრინციპის პირველადი გამოვლინებაა სურვილი და დაკმაყოფილება. საამისოდ ბუნებამ შექმნა ფუნქციონალური სიამოვნების მექანიზმი, როცა სიამოვნების წყაროა „არა დაკმაყოფილება“ (დაუკმაყოფილებლობა), ანუ აქტივობის სურვილი უსიამოვნების მდგომარეობაა, რომელიც აღძრავს „მიზანმიმართულ“ აქტივობას, ხოლო დაკმაყოფილება სიამოვნების მდგომარეობაა, რომელიც მოჰყვება „მიზნის“ მიღწევას. ეს მექანიზმი მოქმედებს იქ, სადაც აქტივობა ჩამოყალიბებულია, ანუ ინსტინქტის სტადიაზე. მაგრამ ის არ არის საკმარისი დრესურის სტადიაზე მიმდინარე აქტივობის გასაგებად. აქ აქტივობა არ არის ფორმირებული, ის ყალიბდება მრავალჯერადი გამეორებითა და ვარჯიშით. მთავარია არა შედეგი, არამედ თვით მოქმედება, მისი მიმდინარეობის პროცესი. ამით მოინახა „დრესურისთვის“ (ვარჯიშისთვის) საჭირო დაუღალავი მცდელობებისა და გამეორებების მამოძრავებელი ძალა.       ეს ყოველივე უშუალოდ ეხება თამაშს, რამდენადაც ის, პირველ ყოვლისა, ემსახურება პატარა ინდივიდის სხეულებრივი თუ სულიერი ფუნქციების გავარჯიშებას და მომავალი ცხოვრებისთვის მომზადებას. ამაშია მისი ბიოლოგიური აზრი, რაც ყველაზე უკეთ გროსმა აჩვენა. ბიულერი ამ ობიექტური ვითარების სუბიექტურ-მოტივაციურ მხარეზე ამახვილებს ყურადღებას და ფუნქციონალური სიამოვნების მექანიზმის საშუალებით ცდილობს, ნათელი გახადოს, თუ რატომ, რა შინაგანი საჭიროების გამო თამაშობს ცხოველი და ადამიანი. იგი ამბობს: „თამაშს ვუწოდებთ ისეთ ქმედებას, რომელიც ხასიათდება ფუნქციონალური სიამოვნებით. ფუნქციონალური სიამოვნებაა ის, რაც მას ინარჩუნებს და რისთვისაც იგი ხორციელდება. აქ მნიშვნელობა არა აქვს, თუ რა განსხვავებულ შედეგამდე მივყავართ მას და კიდევ რა მიზნებთან შეიძლება იყოს დაკავშირებული“.       მაშასადამე, თამაშის შემთხვევაში სიამოვნება თვით მოქმედების პროცესს უკავშირდება. შემოქმედების დროს კი სიამოვნების წყარო არის არა ქცევის პროდუქტი ან პროცესი, რომელიც ხშირად საკმაოდ მძიმე და მტანჯველია, არამედ იდეის ჩასახვის, ნაწარმოების შინაგანი მომწიფების მომენტი. სიამოვნება აქ ქცევის საწყისშია. თუ ყოველ ქცევაში პირობითად ორ ფაზას გამოვყოფთ - შინაგანი და გარეგანი მუშაობის ფაზას - შემოქმედების სპეციფიკური სიხარული ან მთლიანად პირველ ფაზას დაუკავშირდება, ან წარმოიქმნება პირველიდან მეორეზე, ანუ გარე გამოვლენილ მოქმედებაზე გადასვლისას.       ამრიგად, ბიულერის მიხედვით, ქცევის ემოციურ-მოტივაციურ მექანიზმთან მიმართებაში განვითარების შემდეგი კანონზომიერება იკვეთება: ინსტინქტურ სტადიაზე სიამოვნება მოქმედების შედეგს, ე.ი. მოთხოვნილების დაკმაყოფილებას მოჰყვება; დრესურის (ფართო გაგებით თამაშის) სტადიაზე მოქმედებს ფუნქციონალური სიამოვნების ანუ აქტივობისაგან მიღებული სიამოვნების მექანიზმი; ინტელექტის (ფართო გაგებით შემოქმედების) სტადიაზე სიამოვნება ქცევის რეალიზაციამდეა მხედველობაში მიღებული: განვითარების გარკვეულ დონეზე ბავშვს შეუძლია მოქმედების დაწყებამდე წარმოიდგინოს, თუ რა სიამოვნებას მიიღებს, ვთქვათ, ნაყინისაგან ან თანატოლებთან ურთიერთობისაგან.       გამოჩენილი ქართველი ფსიქოლოგი დიმიტრი უზნაძე ცნობილია თავისი განწყობის ზოგადფსიქოლოგიური თეორიით, მაგრამ ზოგადი ფსიქოლოგიის გარდა იგი ნაყოფიერად მუშაობდა სხვა დარგებშიც, მათ შორის, და პირველ ყოვლისა, ბავშვის ფსიქოლოგიაში. უზნაძე შეიძლება ჩაითვალოს პედოლოგების პირველი თაობის წარმომადგენლად. გერმანიიდან დაბრუნების შემდეგ, სადაც იგი ექსპერიმენტული ფსიქოლოგიის ფუძემდებელთან, ვუნდტთან სწავლობდა, უზნაძემ ხელი მოჰკიდა აქტიურ პედაგოგიურ საქმიანობას: ასწავლიდა გიმნაზიაში, დაარსებისთანავე სათავეში ჩაუდგა პირველ ქართულენოვან სკოლას „სინათლე“ და შექმნა მისთვის დაწყებითი სწავლების კონცეფცია. მის კალამს ეკუთვნის რამდენიმე სახელმძღვანელო ძველი მსოფლიოს ისტორიაში, წერილები თეორიულ პედაგოგიკაში და, რაც მთავარია, რუსეთის იმპერიაში ერთ-ერთი პირველი წიგნი ექსპერიმენტულ პედაგოგიკაში (1912). მასში პრინციპულად არის გატარებული აზრი, რომ მეცნიერული პედაგოგიკა მხოლოდ ბავშვის ფსიქოლოგიის ცოდნაზე შეიძლება იქნეს დაფუძნებული. წიგნში წარმოდგენილია მასალა, რომელიც იმ დროისთვის იყო დაგროვებული პედოლოგიაში ყურადღების, ინტერესის, მეხსიერებისა და დაღლილობის საკითხებთან დაკავშირებით.       მომდევნო წლებში უზნაძე მთავარ ყურადღებას თავისი ზოგადფსიქოლოგიური სისტემის, განწყობის თეორიის შექმნას უთმობდა, მაგრამ აგრძელებდა მუშაობას პედოლოგიის სფეროშიც, რაც დაგვირგვინდა წიგნით „პედოლოგია“ (1933). შესავალში ავტორი აღნიშნავს, რომ ამ წიგნს მოჰყვება გაგრძელება მეორე ტომის სახით, მაგრამ მას გამოსვლა არ ეწერა, რადგან 1936 წელს, სპეციალური დადგენილებით, საბჭოთა კავშირში აიკრძალა პედოლოგია. ეს იდეოლოგიური კამპანია ნაწილობრივ ინიცირებული იყო ტესტური გაზომვების შეცდომებით, რომელთა მიხედვით შეძლებული ოჯახის ბავშვებს უფრო მაღალი ინტელექტი აღენიშნებოდათ (იხ. თავი 7.2.). ამ დარგის წარმომადგენლებს დაბრალდა: „საბჭოთა პედაგოგიკაში ანტიმეცნიერული ბურჟუაზიული პედოლოგიის შეხედულებებისა და პრინციპების უკრიტიკო გადმოტანა, პედოლოგიისა, რომელიც ექსპლოატატორული კლასების ბატონობის შენარჩუნების მიზნით ამოცანას ისახავს, დაამტკიცოს ექსპლოატატორული კლასებისა და „უმაღლესი რასების“ საგანგებო ნიჭიერება და არსებობის განსაკუთრებული უფლებები, და, მეორე მხრივ, მშრომელი კლასებისა და „დაბალი რასების“ ფიზიკური და გონებრივი განწირულობა“. პედოლოგია მართლაც სერიოზულად განიხილავდა განვითარების მამოძრავებელი ფაქტორების მნიშვნელობას, მაგრამ არასდროს დაუდგენია კანონი „ბიოლოგიური და სოციალური ფაქტორების, მემკვიდრეობისა და რაღაც უცვლელი გარემოს გავლენით ბავშვის ბედის ფატალური განსაზღვრულობის შესახებ“, როგორც ეს ხსენებულ დადგენილებაშია აღნიშნული. მისი გამოსვლის შემდეგ უზნაძემ ერთგვარად დაამუხრუჭა თავისი კვლევა და აღარ უწოდებდა მას პედოლოგიურს. მისი წიგნი „ბავშვის ფსიქოლოგია“ მხოლოდ 1947 წელს გამოიცა. ეს იყო წიგნი, რომელზეც აღიზარდა ქართველი ფსიქოლოგებისა და პედაგოგების რამდენიმე თაობა. ბრწყინვალე ერუდიციამ ავტორს საშუალება მისცა, გადმოეცა ბავშვის ფსიქიკური განვითარების სრული სურათი დაბადებიდან უფროსი სასკოლო ასაკის ჩათვლით. წიგნი შეიცავს თვით უზნაძის მიერ ჩატარებული ემპირიული კვლევის მონაცემებს და ორიგინალურ შეხედულებებს მთელ რიგ საკვანძო თეორიულ საკითხებზე.       განსაკუთრებით აღსანიშნავია ე.წ. კოინცინდენციის თეორია, რომელიც გაშლილი სახით „პედოლოგიაშია“ გადმოცემული. მასში ლაპარაკია განვითარების მამოძრავებელი თანდაყოლილი (შინაგანი) და შეძენილი (გარეგანი) ფაქტორების არსებითი კავშირის შესახებ. ეს შეხედულება უზნაძემ შტერნის გახმაურებული კონვერგენციის თეორიის საპირისპიროდ წამოაყენა, რომლის მიხედვით განვითარების პროცესში ერთდროულად მოქმედებს ენდოგენური და ეგზოგენური ფაქტორები; ისინი სრულიად განცალკევებული, ავტონომიური ერთეულებია. უზნაძე მართებულად აღნიშნავს, რომ ორი სრულიად გამიჯნული და ჰეტეროგენული მოვლენა ვერ შექმნის ისეთ ჰარმონიულ კავშირს, რომელიც განვითარებას განაპირობებს და ქცევასაც წარმართავს. განვითარებისა და ქცევის დეტერმინაციის გასაგებად უნდა ამოვიდეთ იქიდან, რომ ინდივიდის ყოველგვარ მახასიათებელს აუცილებლად შეესაბამება გარემოში არსებული რაიმე მოვლენა ან გამღიზიანებელი. მოთხოვნილება მისი დაკმაყოფილების საგანს გულისხმობს, შეგრძნების ორგანო - სათანადო გამღიზიანებელს და ა.შ. ვცადოთ, მაგალითად, თვალის, როგორც ორგანიზმის შინაგანი კუთვნილების, მისი თანდაყოლილი სტრუქტურის ფუნქციის დახასიათება და დავრწმუნდებით, რომ სრულიად გარკვეული გარეგანი პირობების, სახელდობრ, სინათლის ფიზიკური მახასიათებლების გათვალის წინების გარეშე ეს შეუძლებელი იქნება. თვალის სტრუქტურა და ფუნქცია პირდაპირ მიგვითითებს იმ გარემოებებზე, რომელთა გარეშე მისი განვითარება წარმოუდგენელია: „ახლა ვიკითხოთ, რა აქვს თვალს თანდაყოლილი, e.x. შინაგნად მოცემული, თავისი გარკვეული სტრუქტურა მხოლოდ, თუ ის პირობებიც, რომელშიც ჩვეულებრივ მისი განვითარება წარმოებს, ე.ი. სხივების ზემოქმედება. ჩვენ იძულებული ვიქნებით ვაღიაროთ, რომ რამდენადაც სტრუქტურა ისეთია, რომ მხოლოდ გარკვეულ პირობებს გულისხმობს და ამ პირობებზე მიგვითითებს, ერთიც თანდაყოლილი აქვს მას და მეორეც“. ადვილი დასანახია, რომ აქ იშლება სადემარკაციო ხაზი გარეგანსა და შინაგანს შორის. შინაგანში მკაფიოდ არის „ჩასახული“ გარეგანი. თავის მხრივ, ეს უკანასკნელიც (ამ შემთხვევაში სინათლის ზემოქმედება) იმ სტრუქტურას გულისხმობს, რომელზეც ზემოქმედება შეუძლია. ელექტრომაგნიტური ტალღა ყურზე ვერ იმოქმედებს, ხოლო ჰაერის ტალღა - თვალზე. ეს ლოგიკა ყველა სხვა შემთხვევაზეც ვრცელდება. აქედან გამომდინარე, „შინაგანის ცნება უკვე შეიცავს თავის შინაარსში იმას, რასაც გარეგანად თვლიან, და პირიქით, გარეგანისა იმას, რასაც შინაგანად თვლიან. ეს იმას ნიშნავს, რომ ამ ცნებათა შინაარსის ურთიერთისაგან გამოთიშვა სრულიად მოუხერხებელია, და, მაშასადამე, ჩვენს წინაშე შინაგანისა და გარეგანის, თანდაყოლილისა და შეძენილის ცნებათა კოინცინდენციის, ერთიანობის ფაქტი დგას“.       კოინცინდენციის თეორია მეთოდოლოგიური საყრდენია სხვა პრინციპული საკითხების გადაწყვეტისთვის. კერძოდ, იგი არსებითად გასაგებს ხდის აღზრდის პროცესის დანიშნულებასა და მნიშვნელობას. მართლაც, თუ შინაგანი ძალა და გარეგანი ზეგავლენა ისეთ მთლიანობას ქმნის, რომ შინაგანი პირდაპირ მიგვითითებს, თუ როგორი ზემოქმედებაა საჭირო მისი განვითარებისთვის, მაშინ, ცხადია, აუცილებელი ხდება სათანადო ზემოქმედებათა შერჩევა და ორგანიზაცია, ანუ ის, რასაც აღზრდა ეწოდება. ეს ასეა, ვინაიდან ადამიანის ფსიქოფიზიკური ფუნქციების აქტუალიზაცია და განვითარება დიდწილად იმაზეა დამოკიდებული, თუ რამდენად სწორად არის მონახული აღმზრდელობითი ზემოქმედების პრინციპები და ხერხები.       ეს ზემოქმედება, თავის მხრივ, შესაბამისად მოდიფიცირებულ გარემოში მიმდინარეობს, გარემოში, რომელიც სოციალური წრის მიერ არის განსაზღვრული და სახეშეცვლილი. ასეთ გარემოს უზნაძე ასაკობრივ გარემოს უწოდებს. ყველა ასაკს თავისი სპეციფიკური გარემო აქვს. ხანგრძლივი ისტორიული გამოცდილების საფუძველზე მასში გათვალისწინებული და ორგანიზებულია ის პირობები, რომლებიც შეესატყვისება ბავშვის რეალურ შესაძლებლობებს. ამდენად, ასაკობრივი გარემო, პირველ ყოვლისა, სოციალურად ორგანიზებული გარემოა. იგი უზრუნველყოფს ბავშვის ოპტიმალურ განვითარებას, რამდენადაც მასში მაქსიმალურად არის გათვალისწინებული სათანადო ასაკის ბავშვის ფსიქოფიზიკური ძალები და თავისებურებანი. ამრიგად, „ერთი მხრივ, ბავშვის ძალთა განვითარება მასზე მომქმედ ასაკობრივ გარემოზეა დამოკიდებული, ხოლო, მეორე მხრივ, პირიქით, თვითონ ასაკობრივი გარემოს შინაარსი ბავშვის ძალთა განვითარების დონით განისაზღვრება“.       დაკვირვება ცხადყოფს, რომ ასაკობრივი გარემო, ბავშვის განვითარების კვალდაკვალ, სერიოზულ ცვლილებებს განიცდის და ვიდრე მოზრდილი ადამიანის გარემოს სახეს მიიღებდეს, რამდენიმე თვალსაჩინოდ განსხვავებული ფორმით წარმოგვიდგება. ამდენად, შესაძლებელია, თვალი გავადევნოთ ასაკობრივი გარემოს ცვალებადობას და ამის შესაბამისად, გამოვყოთ ბავშვობის პერიოდები. უზნაძე ასეც იქცევა და თავის ასაკობრივ პერიოდიზაციას ამა თუ იმ პერიოდისთვის დამახასიათებელი ასაკობრივი გარემოს თავისებურებებზე აფუძნებს. ასე გამოიყოფა დედის მუცლის, ახალშობილობის, დედის ძუძუს ხანა, ადრეული ბავშვობა, სკოლის წინარე პეროიდი, პირველი, საშუალო და უფროსი სასკოლო პერიოდი.       ასაკობრივი გარემო ბავშვის აქტივობისთვის ოპტიმალურ პირობებს ქმნის. განვითარება მხოლოდ ქცევის პროცესში ხდება, ქცევა კი სუბიექტისა და გარემოს ურთიერთობაა. მაგრამ თითოეულ ასაკობრივ ეტაპს ქცევათა თავისებური სისტემა ახასიათებს. მასში ყოველთვის მოინახება ისეთი ქცევები, რომლებშიც უპირატესად ხდება ბავშვის განვითარება. ამიტომ კანონზომიერად დგება ამ ქცევების დახასიათების ამოცანა. უზნაძემ ეს ამოცანა ქცევის ფორმათა კლასიფიკაციის ფარგლებში გადაჭრა, რაც საკითხის დამუშავების სიღრმით უნიკალურია ფსიქოლოგიის ისტორიაში. აქ მხოლოდ ყველაზე მთავარს აღვნიშნავთ. კლასიფიკაციის საფუძველს მოთხოვნილებათა ორი სახეობის გამოყოფა წარმოადგენს, ესენია ე.წ. ფუნქციონალური მოთხოვნილებები, რომელთა დაკმაყოფილება თვით აქტივობის (ფუნქციონირების) პროცესში ხდება და ე.წ სუბსტანციონალური მოთხოვნილებები, რომელთაც სინამდვილის საგნები და მოვლენები აკმაყოფილებენ. შესაბამისად გამოიყოფა ე.წ. ინტროგენული ქცევის ფორმები, რომლებიც მიმართულია თვითონ აქტივობაზე, და ექსტროგენული ქცევის ფორმები, რომლებიც მიმართულია საგნებსა და ურთიერთობებზე. პირველის ტიპური ფორმაა თამაში, მეორისა - შრომა, ხოლო მათ შორის გარდამავალი ფორმაა სწავლა.       უზნაძე თამაშის ორიგინალური თეორიის ავტორია. ისევე როგორც სხვა შემთხვევებში, ავტორი შინაგანისა და გარეგანის ერთიანობის პრინციპიდან ამოდის. თამაშის შინაგანი მოტივაციური ფაქტორია ფუნქციონალური ტენდენცია. ბავშვი თამაშობს იმიტომ, რომ ესწრაფვის აამოქმედოს მეტ-ნაკლებად მომწიფებული ფსიქოფიზიკური ფუნქციები, რომლებიც ჯერ არაა მიმართული სერიოზული სასიცოცხლო ამოცანების გადაჭრაზე. თამაშის შინაარსიც ნაწილობრივ ამ საფუძვლიდან გამომდინარეობს - იგი ყოველთვის განისაზღვრება სამოქმედოდ აღძრული ფსიქოფიზიკური ძალების შემადგენლობითა და მომწიფების დონით, მაგრამ ამ ძალების აქტუალიზაცია მხოლოდ გარკვეულ ასაკობრივ გარემოშია შესაძლებელი. ეს გარემო, თავის მხრივ, ეკონომიკური, სოციალური და კულტურული ფაქტორების შესაბამისად არის ორგანიზებული. „აქედან თავისთავად გამომდინარეობს, რომ ყველა იმ შინაგან შესაძლებლობათაგან, რომლებიც ბავშვის ფსიქოფიზიკურ ორგანიზმს მოეპოვება, ფუნქციონალურ ტენდენციას ყველაზე უფრო მკაფიოდ ის შესაძლებლობები გამოაჩენენ, რომელნიც გარემოში აუცილებელს შესატყვის პირობებს შეხვდებიან. აქედან ცხადია, რომ ბავშვი ყველგან და ყოველთვის ერთნაირად როდი თამაშობს, არამედ მისი თამაშის სახეები და ფორმები გარემოს მიხედვით იცვლებიან: სოფლელი ბავშვის თამაშის შინაარსი ერთია, ქალაქელი ბავშვისა - მეორე, ზღვის ნაპირას მცხოვრების სხვაა და მთიელი ბავშვისა კიდევ სხვა“.       სასკოლო ასაკში განვითარება უკვე სწავლის ქცევას მიჰყავს. სწავლასა და თამაშს შორის მსგავსება სწორედ ამაშია - ორივე ფსიქოფიზიკური ძალების განვითარებაზეა მიმართული. მაშასადამე, სწავლის პროცესში ამ ძალების აქტივობას დამოუკიდებელი, თავისთავადი მნიშვნელობა აქვს და მის მოტივაციურ საფუძველს, თამაშის მსგავსად, ფუნქციონალური მოთხოვნილებები ქმნიან. ისინი ხომ სუბიექტის ძალების ამოქმედებას და, ამდენად, განვითარებას იწვევენ. მაგრამ სწავლა თამაში არ არის, ის ქცევის დამოუკიდებელი ფორმაა. უზნაძე მიუთითებს სწავლის ისეთ თავისებურებაზე, რაც მას არსებითად განასხვავებს თამაშისაგან. თუ თამაშის დროს ბავშვი თვითონ ირჩევს თავისი ფუნქციონალური მოთხოვნილებების დამაკმაყოფილებელ საგანს, სწავლის დროს შებრუნებული ვითარებაა - ბავშვი არ ირჩევს იმას, თუ რა და როგორ უნდა ისწავლოს. ამას უფროსები განსაზღვრავენ მრავალი თაობის ისტორიული და კულტურული გამოცდილების საფუძველზე. ბუნებრივია, რომ ბავშვს დამოუკიდებლად არ შეუძლია ამ მასალის მოპოვება და შეთვისება. „სწავლა ქცევის ისეთი ფორმაა, რომელშიც სამოქმედოდ განწყობილ ინტელექტუალურ ძალებს მათთვის აუცილებელი საგანი გარედან, და ამდენად იძულებით ეძლევა“. სწორედ ეს გარემოება განასხვავებს სწავლას თამაშისაგან და აახლოებს მას შრომასთან. ამრიგად, უზნაძის მიხედვით, სწავლა ისეთი ქცევაა, რომელსაც როგორც თამაშის, ისე შრომის ნიშნები აქვს, მაგრამ არც ერთი მათგანი არ არის. იგი ქცევის თავისებური ფორმაა.       სწავლასთან დაკავშირებით უზნაძე მრავალ მნიშვნელოვან საკითხს განიხილავს. აქ მხოლოდ უმთავრესს შევეხებით. ეს არის საკითხი სწავლებისა და განვითარების (მომწიფების) ურთიერთმიმართების შესახებ. პედაგოგიური ფსიქოლოგიის ყველა სერიოზული მკვლევარი ვალდებულია, განსაზღვროს თავისი პოზიცია ამ საკვანძო საკითხთან დაკავშირებით, რასაც უზნაძე სრულიად ნათლად აკეთებს. სასწავლო მასალა, ერთი მხრივ, „მოსწავლის ძალთა განვითარების აქტუალური დონისთვის უნდა იყოს შესატყვისი; მეორე მხრივ, საკმარისად უნდა იყოს მას დაშორებული: წინააღმდეგ შემთხვევაში, ე.ი. რომ იგი სავსებით განვითარების აქტუალური დონის შესატყვისი ყოფილიყო, როგორ შეძლებდა იგი წინსვლისა და უფრო მაღალ დონეზე ამაღლების პირობად გამხდარიყო. სასწავლო მასალა, მაშასადამე, ყოველთვის ისეთია, რომ მოწაფის განვითარების აქტუალურ დონეზე მაღალია“ მაგრამ, ვინაიდან განვითარებისთვის მისი აქტუალურ დონესთან გარკვეული შესაბამისობაც უნდა იყოს დაცული, საჭირო ხდება მასწავლებლის ჩარევა, რომელიც ისე აწოდებს მასალას მოწაფეს, რომ მისთვის მისაწვდომი შეიქმნეს. საზოგადოდ, უზნაძის პოზიცია განვითარების განმსაზღვრელი ფაქტორების შესახებ შეიძლება შეფასდეს, როგორც ერთგვარი კომპრომისი ორ დაპირისპირებულ შეხედულებას შორის - ერთი მომწიფების ბუნებრივ პროცესზე აკეთებს აქცენტს (პიაჟე), ხოლო მეორისთვის განმსაზღვრელია სწავლების სოციალურად ორგანიზებული პროცესი (ბრუნერი, ვიგოტსკი) (იხ. თავი 12.2.). უზნაძე საუბრობს განვითარების „ბუნებრივ გზაზე“, რომელიც, თავისთავად, არასაკმარისია და მოითხოვს შევსებას სწავლების პროცესით. აქ მხოლოდ იმას აღვნიშნავთ, რომ აზრთა ამ ჭიდილს მხოლოდ ისტორიული მნიშვნელობა არა აქვს; ის განვითარების ფსიქოლოგიის დღევანდელ სახესაც განაპირობებს. ირაკლი იმედაძე წიგნიდან: ფსიქოლოგიის ისტორია « წინა ნაწილი | გაგრძელება » P.S. სტატიის სათაური არ არის წიგნის ავტორისეული სათაური. სტატიის სათაური პოსტის ავტორის მიერ თემატურად შერჩეული სათაურია…
დაამატა ლაშა to ფსიქოლოგია at 1:51pm on მაისი 11, 2018
  • 1
  • 2
  • 3
  • 4
  • 5
  • 6
  • 7

Welcome to
Qwelly

რეგისტრაცია
ან შესვლა

ღონისძიებები

  • დაამატე ღონისძიება

ბლოგ პოსტები

სააღდგომო ეპისტოლე 2026

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 13, 2026.
საათი: 12:00am 0 კომენტარი 1 Like

საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტის,

შიოს, სააღდგომო ეპისტოლე

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის…

გაგრძელება

არცაღა ერთი მკუდართაგანიღა არს საფლავსა შინა

გამოაქვეყნა აკაკი ლიპარტია_მ.
თარიღი: აპრილი 12, 2026.
საათი: 3:36am 0 კომენტარი 9 მოწონება

ქრისტე აღსდგა მკვდრეთით

სიკვდილითა სიკვდილისა დამთრგუნველი

და საფლავების შინათა ცხოვრების მიმნიჭებელი!…

გაგრძელება

ოსკარის 2026 წლის დაჯილდოება - გამარჯვებულები და ნომინირებულები

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: მარტი 16, 2026.
საათი: 11:30pm 0 კომენტარი 1 Like

ოსკარი 2026 სრული სია

      ისევ დამიგვიანდა! ეტყობა, მართლა დავბერდი და უკვე აღარც კი…

გაგრძელება

2026 Guide to the Best AI Voice Generation for Creators and Businesses

გამოაქვეყნა supprity_მ.
თარიღი: მარტი 13, 2026.
საათი: 6:30pm 0 კომენტარი 0 მოწონება

As we step further into 2026, the landscape of content creation is being transformed by AI-powered technologies. Among these innovations, voice generation stands out as one of the most impactful tools for creators, businesses, and educators.…

გაგრძელება

Gallium Market to Reach $860 million by 2033

გამოაქვეყნა Heden Brock_მ.
თარიღი: მარტი 9, 2026.
საათი: 10:00am 0 კომენტარი 0 მოწონება

According to our latest research, the Global Gallium market size was valued at $430 million in 2024 and is projected to reach $860 million by 2033, expanding at…

გაგრძელება

How Minidumperfactory Electric Garden Loader Manufacturer Adapts to Energy Trends

გამოაქვეყნა Minidumperfactory00_მ.
თარიღი: მარტი 2, 2026.
საათი: 6:30am 0 კომენტარი 0 მოწონება

Electric Garden Loader Manufacturerstrategies are increasingly centered on advanced battery systems as demand grows for efficient and low-emission landscaping equipment. Energy storage technology now plays a defining role in how electric compact…

გაგრძელება
  • დამატება დღიურში
  • ყველა

Qwelly World

free counters

© 2026   George.   • Ning - platform for social network creation and community website building

პანაღია  |  პრობლემის აღმოჩენისას!  |  Terms of Service

საუბრის დაწყება!