ძიება
  • რეგისტრაცია
  • შესვლა

Qwelly

ძიების შედეგები - ძებნა qwelly

პოსტი: ნოსტალგია (ფანტასტიკა)

      მურა ფერის გრილი სასმელი, სასიამოვნოდ მწკლარტე გემოსი. ქაფით უხვად თავმოდგმული, ლამის ჭიქის მესამედი რომ უჭირავს... ნება-ნება მიიტან პირთან. სულს…

დაამატა nunu qadagidze at 2:21pm on ივნისი 11, 2018
თემა: ფსიქოკონსულტირება (მეორე ნაწილი)
(კლიენტს), გამოიყენოს საკუთარი შინაგანი რესურსები პოზიტიური მიმართულებით, საკუთარი პიროვნების განვითარებისა და საზრისიანი ცხოვრების და პოზიტიური პოტენციალის რეალიზებისათვის. კონსულტაციური კონტაქტი არის გრძნობებისა და განწყობების ერთობლიობა, რომელსაც განიცდიან და გამოხატავენ, ერთმანეთის მიმართ, კონსულტაციური კონტაქტის მონაწილენი. თეორიები კონსულტაციური კონტაქტის შესახებ ფსიქოანალიტიკური - რომლის თანახმად, კონსულტანტი ინარჩუნებს პირად ანონიმურობას, იმ მიზნით, რომ კლიენტმა თავისუფლად მოახდინოს კონსულტანტზე საკუთარი გრძნობების პროეცირება. ანალიზის დროს ძირითადი ყურადღება ეთმობა, კლიენტის გადატანის რეაქციას, წარმოქმნილი წინააღმდეგობების შემცირებას და ამ გზით უფრო რაციონალური კონტაქტის დამყარებას. კონსულტანტი, კლიენტის მიერ მოწოდებული მასალის (თავისუფალი ასოციაციები, სიზმრები, წაცდენები) ინტერპრეტირებას ახდენს. ამით კონსულტანტი ცდილობს ასწავლოს კლიენტს მისი აწმყო ქცევის წარსულ მოვლენებთან დაკავშირება და მას აწმყოში მისი ქცევის წარსული მოვლენებით ახსნაში ეხმარება. ადლერიანული მიმართულება - აქცენტი კეთდება პასუხისმგებლობის სწორ განაწილებაზე, კონსულტანტსა და კლიენტს შორის ორმხრივ ნდობასა და პატივისცემაზე, თანაბარი პოზიციებისა და კონსულტირების საერთო მიზნების დამყარებაზე. ბიჰევიორისტული თერაპია - კონსულტანტი არის აქტიური და დირექტიული მხარე. ის მასწავლებლის, მწვრთნელის როლს ასრულებს თერაპიულ პროცესში, რომლის მიზანს კლიენტის მიერ უფრო ეფექტური ქცევის დასწავლა წარმოადგენს. კლიენტი აქტიურად უნდა ახდენდეს ქცევის ახალი წესების აპრობირებას. პირადი ურთიერთობების ნაცვლად, აქ ყალიბდება სამუშაო ურთიერთობები დასწავლის პროცედურების ჩასატარებლად. რაციონალურ-ემოციური თერაპია (ა. ელისი) - კონსულტანტი ასრულებს მასწავლებლის როლს, კლიენტი - მოსწავლის. პიროვნულ ურთიერთობებს (მასწავლებელსა და მოსწავლეს შორის) არ ექცევა ყურადღება. ამ დროს ხდება კლიენტის სტიმულირება, რათა იგი საკუთარ პრობლემებს ჩაწვდეს და საკუთარი პრობლემების გაგების საფუძველზე, რაციონალურ შეხედულებებზე დაყრდნობით, საკუთარი ქცევები შეცვალოს. კლიენტზე ორიენტირებული თერაპია (კ. როჯერსი) - კონსულტაციური კონტაქტი კონსულტაციის არსებით პროცესს წარმოადგენს. განსაკუთრებით ხაზი ესმევა კონსულტანტის მხრიდან სითბოს, სიალალეს, პატივისცემას, ემპათიასა და მხარდაჭერას და ამ განწყობების გადაცემას კლიენტისთვის. კონსულტირების დროს კლიენტის მიერ ათვისებული უნარ-ჩვევები ვრცელდება სხვებთან ურთიერთობებზე. ეგზისტენციალური თერაპია - კონსულტირების ძირითად ამოცანას წარმოადგენს. კლიენტის ეგზისტენციაში შესვლა(იცხოვრო მისი ცხოვრებით), რაც ეხმარება აუტენტური (ჭეშმარიტი) ურთიერთობების დამყარებას.       კონსულტანტთან კონსულტირებისას კლიენტი საკუთარ უნიკალურობას აღმოაჩენს ხოლო მათ შორის ურთიერთობა განიხილება როგორც ორ, თანაბარი ფასეულობისა და ღირებულების მქონე, ადამიანურ არსებას შორის ღრმა კომუნიკაციური, აქ და ამჟამად, შეხვედრა და კავშირი. ამგვარი ურთიერთობის დროს იცვლება როგორც კლიენტი, ასევე კონსულტანტი. კონსულტაციური თერაპიული გარემოს - ატმოსფეროს შექმნა:       კონსულტაციური ხარისხი დამოკიდებულია 2 ძირითად და მნიშვნელოვან ფაქტორზე: თერაპიული კლიმატი. კონსულტანტის ვერბალური და არავერბალური ურთიერთობის დამყარების უნარი       თერაპიული ატმოსფერო, თავისმხრივ, მოიცავს რამდენიმე, ფიზიკურ და ემოციურად მნიშვნელოვან კომპონენტს. თერაპიული ატმოსფეროს ფიზიკური კომპონენტები       ფიზიკურ კომპონენტებში იგულისხმება, კონსულტანტის ადგილის, ანუ კაბინეტის მოწყობილობა. აგრეთვე, კონსულტანტისა და კლიენტის სივრცეში განლაგება (დისტანცია), დროის სტრუქტუირება ანუ თუ როგორ ხდება დროის გამოყენება და განაწილება.       ა) საკონსულტაციო გარემო - კაბინეტი       კონფიდენციალური ატმოსფეროს შექმნისა და შენარჩუნების მიზნით კაბინეტში უნდა იყოს მყუდრო გარემო, იგი ხმაურისაგან უნდა იყოს დაცული; ოთახი არ უნდა იყოს ძალიან დიდი; იგი უნდა იყოს მშვიდ ფერებში შეღებილი და კომფორტული; კლიენტს განათება სინათლის სხივი პირდაპირ არ უნდა ხვდებოდეს სახეში; რელაქსაციის მიზნით სასურველია დასაწოლი დივანი და სხვა აუცილებელი აქსესუარები; კლიენტის მიღება ერთსა და იმავე კაბინეტში უნდა მოხდეს.       ბ) სივრცის და დროისა სტრუქტურირება საკონსულტაციო სივრცის კონსტრუირება       კლიენტისა და კონსულტანტის ურთიერთობაში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი, სივრცის კონსტუქტირებაა, რომელსაც ადგილი აქვს პირველივე ვიზიტისას, რადგან ეს, კლიენტის ფსიქოლოგიურ გუნება-განწყობილებაზე ახდენს მნიშვნელოვან გავლენას.       შეხვედრა იწყება გაცნობით. ამ დროს უნდა დავიცვათ გარკვეული ეტიკეტი: უნდა ფეხზე წამოვდგეთ და შუა გზაში შევეგებოთ მას; მოვიპატიჟოთ იგი,თავი გავაცნოთ და ვსთხოვოთ წარმოგვიდგეს; მივსცეთ მას იმის საშუალება რომ თვითონვე აირჩიოს დასაჯდომი ადგილი. იმისათვის, რომ კლიენტმა თავი შეუბოჭავად და თავისუფლად იგრძნოს, კონსულტანტმა უნდა შეასრულოს სტუმართმოყვარე მასპინძლის როლი და მოიქცეს ბუნებრივად, ყოველგვარი დაძაბულობის გარეშე.       მეორე მნიშვნელოვანი საკითხი დაკავშირებულია, კონსულტაციური სივრცის სტრუქტურირებასთან, ანუ კონსულტანტისა და კლიენტის ერთმანეთისადმი სივრცეში განთავსება განლაგებასთან. თუ ისინი მაგიდის საპირისპირო მხარეს სხედან, მაშინ, ადგილი აქვს სოციალურ დისტანციას. აქ მაგიდა ურთიერთობის ბარიერის როლს ასრულებს. ამიტომ, უმჯობესია, ისინი, მაგიდის ერთ მხარეს ისხდნენ.       სოციალურ ფსიქოლოგიაში, ადამიანებს შორის დისტანცია, გამოხატავს პირადი სივრცის ფენომენს. იგი იცვლება და დამოკიდებულია ემოციურ დამოკიდებულებაზე საუბრის თემასა და კულტურულ განსხვავებულებებზე. ეს დისტანცია პირდაპირ პროპორციულია ემოციური დამოკიდებულებისა ანუ ერთმანეთისადმი სამპათიის მქონე ადამიანები სივრცეშიც ერთმანეთთან ახლო განლაგდებიან და პირიქით. იმის მიხედვით, თუ რანაირი დამოკიდებულება გვაქვს ადამიანთან ეს სივრცეშიც აისახება. როლო მეი მას სიყვარულის გეომეტრიას უწოდებს. ამ საკითხებს პროქსემიკა შეისწავლის. შეხება ძალიან ახლო, ინტიმურ კავშირს გამოხატავს.       კონსულტაციის პროცესში არაეროტიული შეხებას დიდი მნიშვნელობა აქვს. იგი წარმოადგენს ურთიერთობის ყველაზე კარგ და ფასეულ კომპონენტს განსაკუთრებით       იმათთვის, ვინც სოციალურად და ემოციურად ჩამოუყალიბებელია,ახლობლების დაკარგვის შედეგად ფსიქიკური ტრავმით გამოწვეულ კრიზისულ მდგომარეობაში იმყოფება და და როდესაც ემოციური მხარდაჭერის დემონსტრირება გვსურს. დროის სტრუქტურირება       თერაპიული კლიმატი, გულისხმობს, დროის სტრუქტურირებას. კლიენტთან პირველი შეხვედრისას დახარჯული დრო, არ უნდა აღემატებოდეს მომდევნო შეხვედრების დროს (დაახლოებით, 50 წთ-დან 1 სთ-მდე, თუ ნაკლებია, მაშინ კლიენტი წინასწარ განიცდის და ნერვიულობს, რომ დრო არ ეყოფა). საუბრის ხანგრძლივობა შეიძლება იცვლებოდეს ასაკის მიხედვით. ზოგი თვლის, რომ 4-7 წლის ბავშვთან საუბარი არ შეიძლება 20წთ-ზე მეტად, ხოლო 8-12 წლის ბავშვთან 1 სთ-მდე. სეანსის ხანგრძლივობა განისაზღვრება დასაწყისში. კლიენტმა უნდა იცოდეს, რამდენი ხანი აქვს პრობლემის განსახილველად. თუ კონსულტანტი არ განსაზღვრავს წინასწარ დროის ხანგრძლივობას, პაციენტი ნერვიულობს იმის შესახებ, რომ სეანსი შეიძლება დამთავრდეს ყოველ წუთს. დროის განსაზღვრა შეიძლება მოხდეს სხვადასხვა ხერხით,… შეიძლება მიმართო: "ჩვენ გვაქვს 60 წთ. და მზად ვარ მოგისმინოთ. თქვენ იქიდან უნდა დაიწყოთ, თუ რას ელოდებით ჩემგან, როგორ გინდათ, რომ გამოიყენოთ დღევანდელი ჩვენი შეხვედრა, ჩვენ გვაქვს 1სთ.       იმისთვის, რომ ჩვენ უფრო კარგად მოვახდინოთ დროის გამოყენება, 40წთ-ის შემდეგ უნდა შევახსენოთ თუ რამდენი დრო დაგრჩათ, რადგან პრობლემების მქონე პაციენტი ცუდად ერკვევა დროის ხანგრძლივობაში. ამიტომ დროის ხანგრძლივობის განსაზღვრა მას აფხიზლებს. აგრეთვე უნდა გაირკვეს კონსულტაციის ხანგრძლივობა. სჯობს, რომ 3-4 შეხვედრაზე წინასწარ კონტრაქტი დაიდოს და 3-4 შეხვედრის შემდეგ გაირკვევა ღირს თუ არა კონსულტაციის გაგრძელება. კონსულტაციის დასაწყისში აუცილებელია განისაზღვროს შეხვედრების სიხშირე. ითვლება, რომ ყველაზე პროდუქტიულია 1-2 შეხვედრა კვირაში. თერაპიული ატმოსფეროს ემოციური კომპონენტები       თერაპიული ატმოსფეროს - საკუთრივ, ემოციურ კომპონენტებს განეკუთვნება ორმხრივი ნდობის ატმოსფეროს ჩამოყალიბება. კონსულტანტის სიალალე და მისი ემპათიის უნარი, პაციენტისადმი უპირობო პატივისცემა და ორმხრივ ნდობაზე აგებული თერაპიული ალიანსის ჩამოყალიბება აუცილებელია თვითექსპლორაციის ხელსაყრელი გარემოს შექმნისათვის.       თუ პაციენტი თავიდანვე ნდობით არ განიმსჭვალა კონსულტანტის მიმართ, მაშინ კონსულტაცია არაეფექტური და უაზრო იქნება. ორმხრივი ნდობის ჩამოყალიბება ნიშნავს თერაპიული კლიმატის ჩამოყალიბებას, რომელიც დამოკიდებულია კონსულტანტის პიროვნულ თვისებებზე და მის დამოკიდებულებაზე კონსულტაციისადმი. ადამიანმა, რომელმაც კონსულტანტს ან ფსიქოთერაპევტს დახმარებისათვის მიმართა ადვილად მოწყვლადია და შფოთვისა და შიშის გავლენის ქვეშ იმყოფება. როდესაც პაციენტი ენდობა კონსულტანტს და მასთან თავს უსაფრთხოდ გრძნობს, მაშინ ის ადვილად და გაბედულად უზიარებს მას თავის განცდებს, აზრებსა და შიშებს, რასაც სხვებთან ადვილად ვერ ახერხებს.       თერაპიული ატმოსფეროს ჩამოყალიბებას განაპირობებს: კონსულტანტის მხრიდან პაციენტისადმი ნამდვილი ინტერესის და მისი დახმარების სურვილის არსებობა. პაციენტები ძალიან კარგად გრძნობენ იმას, თუ როგორ ეპყრობა მათ კონსულტანტი, აინტერესებს თუ არა მას მათი პრობლემები თუ ისინი მისთვის უბრალოდ კვლევის ობიექტებს წარმოადგენენ. არავის სიამოვნებს "დაკვირვების საგანად" ყოფნა. კონსულტაციის დროს კონსულტანტის მხრიდან ყურადღება ყურადღებიანობა. კონსულტანტის მთელი ყურადღება მიმართული უნდა იყოს პაციენტზე და არა სხვა საქმეებზე (ტელეფონზე საუბარი, კოლეგის შემოსვლა...). პაციენტისათვის თვითგამოხატვის ოპტიმალურად კარგი პირობების შექმნა. პაციენტის თვითგამოხატვისათვის მაქსიმალური პირობების შექმნა. პაციენტს უნდა მივცეთ თვითგამოხატვის მაქსიმალური შესაძლებლობა, რადგანაც პაციენტი საკუთარი გადაუწყვეტელი, მისთვის მძიმედ ასატანი პრობლემებით მოდის და მათი განხილვის სურვილი ამოძრავებს; კონსულტანტი "დეტექტივის" როლში არ უნდა მოგვევლინოს. მან უნდა შეაგროვოს მხოლოდ ის ინფორმაცია, რომელიც პაციენტის პრობლემას ეხება და რომელიც საჭიროა პრობლემის სრულფასოვანი გაგებისათვის; კონფიდენციალურობა. პაციენტი დარწმუნებული უნდა იყოს იმაში რომ მის მიერ მონაყალი საიდუმლოდ რჩება. პროფესიული საიდუმლოს შენახვა აუცილებელია. ინფორმაციის გავრცელების საჭიროების შემთხვევაში აუცილებელია პაციენტისაგან ნებართვის აღება. კონსულტანტის აუტენტურობა. მან უნდა გამოავლინოს თანაგრძნობა, სიალალე და მეგობრული დამოკიდებულება რათა პაციენტმა თავი უშუალოდ და თავისუფლად იგრძნოს თავი უშუალო ატმოსფეროში თავისუფლად იგრძნოს... განკითხვას მოკლებული მიდგომა. პაციენტის პრობლემებს უნდა მივუდგეთ განკითხვის გარეშე, კონსულტანტმა კი არ უნდა გაამტყუნოს პაციენტი, არამედ მოუსმინოს და გაუგოს მას.       კარლ როჯერსმა თუ მაშინ "პრინციპის გამოყენებით ეს პროცესი შეაფასა" შემდეგნაირად:       თუ მე ალალად და თბილად ვეპყრობი ადამიანს და ვცდილობ მივუდგე მას ინდივიდუალურად და დავაფასო მისი ძალისხმევა, მაშინ: პაციენტი თვითმყოფადობის იმ ასპექტების რეალიზაციას მოახდენს, რომელსაც ადრე დევნიდა და გაურბოდა; იგი უფრო ინტეგრირებული გახდება და სრულფასოვანი ცხოვრებით იცხოვრებს. ის უფრო მიუხლოვდება საკუთარი თავის იდეალს ანუ უფრო დაემსგავსება იმას, როგორიც უნდა რომ გახდეს. ის გახდება საკუთარ თავში უფრო დაჯერებული და თვითგამოხატვისათვის მეტი საშუალება ექნება; ის უფრო უნიკალური და თვითაქტუალიზირებული გახდება; უფრო კარგად გაუგებს სხვებს და უფრო მდგრადი იქნება ცხოვრებისეული სირთულეებისადმი.       როჯერსმა აგრეთვე (Rogers C. 1961) განსაზღვრა ის კითხვები, რომელიც კონსულტანტმა უნდა დაუსვას საკუთარ თავს. შემიძლია თუ არა ვიქცე ისეთ ადამიანად, რომ სხვა ადამიანებმა სანდოდ ჩამთვალონ; შემიძლია თუ არა მკაფიოდ გამოვხატო ჩემი აზრები, რათა ორაზროვანი არ ვიყო; შემიძლია თუ არა ვიყო თბილი, მზრუნველი, დაინტერესებული და პატივისცემის მქონე; შემიძლია თუ არა ვიქცე იმდენად ძლიერ პიროვნებად, რომ სხვებისაგან განსხვავებული ვიყო. შემიძლია თუ არა იმდენად თავდაჯერებული ვიყო, რომ სხვას უფლება მივცე ჩემგან განსხვავებული დარჩეს (ზოგს სურს პაციენტი თავისებურად გადააკეთოს). შემიძლია თუ არა სრულად ჩავუღრმავდე სხვა ადამიანის გრძნობებსა და პირად მნიშვნელობებსა და საზრისებს და თანავუგრძნო მას. შემიძლია თუ არა მივიღო სხვა ადამიანი ისეთად, როგორიც ის არის და მივახვედრო მას ეს. შემიძლია თუ არა იმდენად ფაქიზი ვიყო სხვებისადმი, რომ ჩემი საქციელი არ იქნეს აღქმული როგორც საშიში. შემიძლია თუ არა გავათავისუფლო სხვები გარეგანი შეფასების საშიშროებისაგან. შემიძლია თუ არა შევხედო სხვა ადამიანს როგორც განვითარების, სრულყოფის პროცესში მყოფი არსებას და არ შევიზღუდები იგი ჩემი და მისივე გამოცდილებით;       ორმხრივი ნდობის ატმოსფეროს შექმნისთვის კონსულტანტს, აუცილებელია ჰქონდეს პირველად როჯერსის მიერ გამოყოფილი კონსულტანტის თვისებები (1951) სიალალე, ემპათიის უნარი, უპირობო პატივისცემა ადამიანებისადმი. კონგრუენტულობა       კონსულტანტის სიალალე ანუ კონგრუენტულობა - ერთ-ერთი მნიშვნელოვან როლს თამაშობს თერაპიული ატმოსფეროს ჩამოყალიბებაში. კონგრუენტულობის სწავლა შეუძლებელია ყოველ შემთხვევაში ადვილი არ არის. მაგრამ კონსულტანტი უნდა ცდილობდეს სხვა ადამიანის სამყაროში შეღწევას, ისეთნაირად რომ შეღწევის ეს მცდელობა გაგებულ და აღქმულ უნდა იქნას, როგორც მხარდაჭერა და არა, როგორც საშიშროება. ღოჯერსის თანახმად კონგრუენტულობა ნიშნავს ინტერპერსონალურ ურთიერთობაში კონსულტანტის განცდების უშუალო და აუტენტურ გამოხატვას. იგი პროფესიური ფასადური დემონსტრაციის საპირისპიროა ამ დროს საკმარისია კონსულტანტის თავისთავადობა და თვითმყოფადობა. ემპათია კონსულტირებისას       ემპათიის პოზიტიური მნიშვნელობა ყველას მიერაა აღიარებული. მის დიდ მნიშვნელობას არც ერთი ორიენტაციის ფსიქოთერაპია და ფსიქოკონსულტირება არ უარყოფს. იგი წარმატებული ფსიქოთერაპიის და ფსიქოკონსულტირების აუცილებელ პირობას წარმოადგენს. ის გულისხმობს სხვებთან იდენტიფიცირების ისეთ სახეს, რომლის დროსაც შესაძლებელი ხდება ურთიერთგაგება განსხვავებულ ადამიანებს შორის. ა. ადლერი თვლიდა, რომ ემპათია ჩნდება ორი ადამიანის ურთიერთობისას და კომუნიკაციისას. შეუძლებელია გაუგო მეორე ადამიანს, თუ მასთან არ გაიგივდებით. თუ ჩვენ გვინდა გავიგოთ, საიდან ჩნდება სხვა ადამიანის მსგავსი მოქმედების და გრძნობის უნარი, მაშინ ჩვენ აღმოვაჩენთ თანდაყოლილ სოციალურ გრძნობას. ის კოსმიური ხასიათისაა და ადამიანის ცხოვრების აუცილებელ მახასიათებელს წარმოადგენს.       იუნგის თანახმად, ამ დროს ხდება შერწყმის პროცესი. ამ პროცესის დროს იცვლება როგორც კონსულტანტი ისე პაციენტიც. იუნგი ამ ფენომენს ალქიმიურ პროცესს ადარებდა. ორი პიროვნების შეხვედრა ორი ქიმიური სუბსტანციის მსგავსია, თუ რეაქცია წარმოიშვება ორივე სუბსტანცია იცვლება. ითვლება, რომ ექიმი ზეგავლენას ახდენს პაციენტზე ეფექტური მკურნალობის ყველა შემთხვევაში მაგრამ ეს ზეგავლენა შესაძლებელია მაშინ, თუ პაციენტიც ზემოქმედებს ამ პროცესზე.       ემპათია შემდეგი სიტყვებით შეიძლება გამოიხატოს "მომეცი შენი თვალი, რომ შენი თვალით შევხედო სამყაროს"-ეს ემპათია ნიშნავს, რომ კონსულტანტი მგრძნობიარედ და ზუსტად რეაგირებს პაციენტის გრძნობებზე, თითქოს ეს მისი საკუთარი განცდები იყოს. აქ იგულისხმება, კონსულტანტის უნარი თანაუგრძნოს პაციენტს და დროებით მისი ცხოვრებით იცხოვროს. ამ დროს მას უნარი აქვს ჩაწვდეს პაციენტის ცხოვრების სხვადასხვა მოვლენების მნიშვნელობას. სხვის ცხოვრებაში ამგვარი ჩაწვდომა განკითხვისა და შავთეთრი შეფასების გარეშე უნდა მოხდეს.       როდესაც კონსულტანტი სწორად ამოიცნობს პაციენტის ამა თუ იმ გრძნობას (ბრაზს, შიში, მტრულ განწყობა, შფოთვა, სიხარული) მაშინ პაციენტს საკუთარი თავის მოსმენისა და გაგების უფრო მეტი შესაძლებლობა აქვს. ემპათია ასევე გვეხმარება პაციენტის არასაკმარისი გულახდილობის მიზეზების გარკვევაში და იმ წინააღმდეგობის გაცნობიერებაში, რომელიც გულახდილ გამოხატვას ხელს უშლის, ანუ იმის გარკვევაში, თუ რისი დამალვა უნდა პაციენტს...       როდესაც სხვის სამყაროში შევდივართ კონსულტანტი უნდა დარჩეს ავტონომიური.       საშიშროება -რომელზედაც როჯერსი წერდა:       "თუ მე მართლა ღია ვარ იმისადმი, რომ სხვას გაუგო და მისი თვალებით შევხედო სამყაროს, დავდგე მის პოზიციაზე, მისი სამყარო მივიღო როგორც ჩემი ანუ გავითავისო მაშინ საშიშროებაა ჩემ სამყაროს სხვისი თვალით ვუყურო და ამის შედეგად დავკარგო საკუთარი ხედვა, საკუთარი მე. მეორე უკიდურესობაა, როდესაც შენი თვალით უყურებ სამყაროს და სხვის აზრს არასოდეს ითვალისწინებ" პაციენტის უპირობო პატივისცემა       უპირობო პატივისცემაში იგულისხმება უპირობო და განკიცხვის გარეშე პაციენტის პიროვნების სრული მიღება.       როჯერსი 1957 წელს გვთავაზობდა შემდეგ განმარტებას: "უპირობო, პოზიტიური დამოკიდებულება, ნიშნავს, პაციენტის სუბიექტური (შინაგანი) სამყაროს მიმართ პატივისცემასა და შემწყნარებლობას. ამ დროს თითქოს შენ თვითონ ხარ მისი ნაწილი. პოზიტიური დამოკიდებულება არ აყენებს არცერთ პირობას, მაგალითად როგორიცაა: "შენ მაშინ მომეწონები, როცა ამას ასე და ასე გააკეთებ" და გამორიცხავს ცუდ და კარგ თვისებებად უხეშ დაყოფას. საჭიროა კლიენტის ყველა სოციალური გრძნობის და განწყობის გააზრება და განვითარება დატევა. არამარტო დადებითი – ნორმალური ზრდასსრული, არამედ უარყოფითისაც- შიშისმომგვრელის, არანორმალური და ა.შ. უნდა შევეგუოთ კლიენტის წინააღმდეგობრივ ბუნებას ამგვარ სიტუაციაში ვლინდება კლიენტისადმი ზრუნვა, საკუთარი განწყობების უარყოფა, საკუთარ მოთხოვნილებებზე უარის თქმა. პაციენტზე უნდა ვიზრუნოთ, როგორც დამოუკიდებელ, თავისუფალ პიროვნებაზე, რათა მან იცხოვროს, საკუთარი ცხოვრებით. "       კონსულტანტს მხოლოდ კლიენტის პატივისცემისას შეუძლია იყოს გულახდილი და კონფრონტაციაში შევიდეს მასთან.       კვლევამ (Lietaer, 1984; Barret-Lennard, 1986) გვიჩვენა, რომ უპირობო, პოზიტიური დამოკიდებულება, ეს რთული მოვლენაა, რომელშიც შეიძლება გამოიყოს რამდენიმე დამოუკიდებელი ფაქტორი. ლიეტარის და ლენარდის (1986) მიხედვით არსებობს ორი არსებითი ფაქტორი: 1. ურთიერთობის დონე; 2. უპირობო დამოკიდებულება; პირველში იგულისხმება, ერთი ადამიანის მეორის მიმართ ემოციური რეაგირების ზოგადი გამოხატულება. მაგ პოზიტიური დამოკიდებულება და ურთეირთობა გულისხმოს მოიცავს სითბოს სიმპათიას ზრუნვას კლიენტის შეფასებას მასზე კონტროლის და მისი მართვის სურვილის გარეშე. თუ ურთერთობის დონე ვლინდება კლიენტისადმი პოზიტიური ან ნეგატიური გრძნობების გამოხატვით მაშინ უპირობო დამოკიდებულების ფაქტორი უნდა ჩაერთოს და პაციენტი უნდა მივიღოთ ისეთად როგორადაც ის გვევლინება კონკრეტულ მოცემულობაში ყოველგვარი "მაგრამ და თუ-ს" გარეშე. ამგვარი უპირობო მიმღებლობა გულისცმობს იმას რომ ჩვენი დამოკიდებულება კლიენტისადმი არ იცვლება და არ არის დამოკიდებული კლიენტის ემოციურ მდგომარეობისა და ქცევაზე.       ზოგი კრიტიკოსი თვლის, რომ ფსიქოთერაპიიასა და ფსიქოკონსულტირებისას კლიენტისადმი უპირობო პატივისცემა არარეალურია, რადგანაც უპირობო პატივისცემა წინააღმდეგობაში მოდის კონსულტანტის სხვა მოთხოვნებთან. უპირობო პატივისცემაში იგულისხმება პაციენტის სურვილები, აზრებისა და ფანტაზიების მიღება. თერაპიული ურთიერთობების ჩამოყალიბება და მათი შენარჩუნება არავერბალური ურთიერთობები; კონსულტაციური კონტაქტის თავისებურებანი - არავერბალური ურთიერთობა       ურთიერთობისას ადამიანები ერთმანეთს გადასცემენ ინფორმაციას არა მარტო მეტყველებით, არამედ სახის გამომეტყველებით, სხეულის პოზით, ჟესტების ენით და დისტანციის დამყარებით. ეს იმას ნიშნავს, რომ სხვა ადამიანებთან ყოფნისას ჩვენ ურთიერთობებს ვერ გავექცევით. ჩვენ უსიტყვოთ გამოვხატავთ ჩვენს გუნებგანწყობას ფიქრებსა და სურვილებს. არავერბალურ ქცევას ნებისმიერი ურთიერთობისას დიდი მნიშვნელობა აქვს. უკიდურესად მნიშვნელოვანია პაციენტმა აღიქვას არავერბალური მესიჯები, რეაგირება მოახდინოს მათზე, ამავე დროს გააცნობიეროს საკუთარი არავერბალური ქცევა.       აზდა 1984 არავერბალური ურთიერთობები შემდეგ 4 ძირითად მოდალობად დაჰყო:       1) არავერბალური ქცევა და დროის სტრუქტურირება.       ა. მოგვიანებული რეაგირება კლიენტის ინფორმაციაზე,       ბ. პრიორიტეტების დადგენა – დროის რაოდენობა რომელიც გარკვეული თემების განხილვას ეთმობა.       2) არავერბალური ურთიერთობა სხეულის გამოყენებით.       ა. თვალების კონტაქტი, აუცილებელია გავითვალისწინოთ თუ რამდენ ხანს უყურებენ პარტნიორები ერთმანეთს და როგორ უყურებენ. თვალის კონტაქტის დროს ყურადღება უნდა მივაქციოთ თუ რომელ ობიექტებს უყურებს პარტნიორი, გამომწვევად იყურება იგი თუ სხვადასხვა ობიექტებზე გაურბის მზერა, კონსულტანტის პირდაპირ მზერას გაურბის, თვალებს ხუჭავს ხელებით და სხვა.       ბ. თვალები თვალების ციმციმი, წარბის აწევა, თვალცრემლიანობა თვალების გაფართოება მიუთითებეს კლიენტის ემოციურ მდგომარეობაზე       გ. კანი. გაფითრება, გაწითლება გამოხატავს შინაგან მდგომარეობას.       დ. პოზა. პოზა შეიძლება გამოხატავდეს ფიზიკურ გადაღლას, თავდაცვას ( მაგ.გადაჯვარედინებული ხელები და ფეხები).       ე. სახის გამომეტყველება. ეს უმთავრესი ხერხია არავერბალური ქცევის გასაგებად. სახეს ურთიერთობის დროს დიდი პოტენციალი აქვს. იგი გამოხატავს ემოციურ მდგომარეობას, ინტერპერსონალურ განწყობას და უკუკავშირს და მეტყველებასთან ერთად წარმოადგენს ინფორმაციის გადაცემის ერთერთი უმთავარეს საშუალებას. დოსტოევსკი აზრით ადამიანის ხასიათს უფრო უკეთ შეიძლება ჩავწვდეთ მისი სიცილით ვიდრე მდორე ფსიქოლოგიური გამოკვლევით."       ვ. ხელები და ჟესტები. ხელების მოძრაობა და სხეულის სხვა ნაწილების მოძრაობა სიმბოლური ხასიათისაა.       ზ. სხეულით მანიპულირება ვლინდება საკუთარი ფრჩხილების მოკვნეტით სახსრების ტკაცუნით თმების წიწკვნით.       თ. მონოტონური ქცევა ხშირად ნერვოტულობის ნიშანია.       ი. მომთხოვნი სიგნალები. ხელების ტუჩებთან მიტანა სიჩუმის მოთხოვნით თითით მითითება და სხვა       კ. შეხება. შესაძლებელია იყოს მეგობრული და სექსუალური.       ბრეისემი და გერსო სხეულის მოძრაობის 4 ტიპს გამოყოფენ: სიმბოლური, რომელიც სიტყვის მაგივრად იხმარება. მოძრაობა-დემონსტრაცია რომელიც მეტყველებას მოსდევს, რომლის მიზანს სიტყვით გამოთქმულის ახსნა წარმოადგენს გამაძლიერებელი. რეგულატორები, რომლებიც დამატებით მნიშვნელობას ძენენ და ავსებენ ვერბალურ ურთიერთობას მაგ. პოზის შეცვლა. თავის დაქნევა ადაპტორები. სხეულის მოძრაობა, რომელიც გაცნობიერებული მიზანშეწონილება არ გააჩნიათ ცნობიერად მიზანმიმართული არ არის, მაგრამ ხშირად გამოხატავს აზრებსა და ემოციებს მაგ. თუჩების კბენა       3) არვერბალური ურთიერთობა ხმის საშუალებით.       ა. ხმის ტონი. მონოტონური, გრძნობას მოკლებული, მკაცრი, ნაზი, დამაჯერებელი, სუსტი, გაუბედავი და ა.შ.       ბ. მეტყველების ტემპი. ჩქარი, ზომიერი, შენელებული.       გ. ხმის ინტენსივობა. ძლიერი, ზომიერი, ჩუმი.       დ. ხმის გამოხატულება. მკაფიო, გაურკვეველი.       ე. ხმის მოდალურობაში ხშირად ვლინდება ადამიანის დამოკიდებულება იმის მიმართ, რასაც გამოთქვავს.. გულახდილობა ვლინდება მკაფიო ხმაში, ხოლო გამბედავობა-მყარში. ჩუმი არამკაფიო ხმა ხშირად ურთიერთობის არ სურვილს ნიშნავს. ამიტომ ხმის ტონით შეიძლება განვსაზღვროთ ისიც რაზეა საუბარი, თუნდაც სიტყვები ვერ გავიგონოთ. ნერვიულობ ან ემოციური გაურკვევლობა ხშირად ხმის ტონში ვლინდება.       4) არავერბალური ურთიერთობა და გარემოს სტრუქტურირება.       ა. დისტანცია. გამოხატავს ჩვენს ემოციურ დამოკიდებულებას ადამიანისადმი. იმისდა მიხედვით თუ რა ურთიერთობა გვინდა ადამიანთან მასთან ისეთ დისტანციას ვიკავებთ;       ბ. თუ როგორი გარემოა და როგორაა ის დალაგებული. თუ როგორაა გარემო მოწყობილი და ოთახი დალაგებული;       გ. მართალია ტანსაცმელი ადამიანს არ ქმნის, მაგრამ ტანსაცმლის დეტალები და ჩაცმულობა გამოხატავს მის განწყობებს;       დ. სივრცეში პოზიცია;       ურთიერთობის არავერბალური ფაქტორები მნიშვნელოვან წილად განსაზღვრავენ საუბრის ემოციურ განწყობას. როდესაც არავერბალური სიმბოლოები თან ახლავს ჩვენს ვერბალურ გამონათქვამებს, ისინი ხშირად მათ მნიშვნელობას და კონტექტს ცვლიან.       ე. მაგ.: გთხოვთ შემობრძანდით, შეიძლება სხვადასხვა მნიშვნელობა ჰქონდეს იმისდა მიხედვით თუ რას გამოხატავს არავერბალური ქცევა თუ ჩვენ პაციენტს ვხვდებით მას ვუყურებთ სახეში, ვართმევთ ხელს, თბილად და მეგობრულად მივმართავთ ეს სულ სხვაა. აგრეთვე მნივნელობას იძენს კონსულტანტის მეტყველების ელემენტები: ხმის ტონი, ინტერვალი სიტყვებს შორის. აქცენტები, დიქცია, პაუზა, გამეორება, დახველება და ა.შ. ძალიან მნიშვნელოვანია არავერბალური ქცევა პაციენტის კონსულტირებისას. პირველ რიგში ეს კონსულტანტს აძლევს დამატებით ინფორმაციას პაციენტის გრძნობებისა და აზრების შესახებ. ხშირად სიტყვებით ითქმის ერთი, ხოლო სახის გამომეტყველება, სხეულის პოზა და ხმის ტონი სულ სხვას გამოხატავს.. კონსულტანტმა უნდა მიაქციოს ყურადღება არავერბალურ და ვერბალურ ქცევას შორის შეუსაბამობას და ამით ხელი შეუწყოს პაციენტს გამოხატოს ნამდვილი გრძნობები. კონსულტანტის პაციენტის არვერბალურ ქცევაზე ყურადღების მიქცევა პაციენტის ნდობას ხარისხს ზრდის. კონსულტანტის მიერ არავერბარული გზავნილების კითხვის უნარი კონსულტანტის განსაკუთრებულ ნიჭს, მის მეექვსე გრძნობას მიეწერებაა. არავერბალურ ქცევას უნდა შევხედოთ როგორც პაციენტის გრძნობებისა და მოტივების სამყაროს გასაღებს. მაგრამ პირდაპირი და სწორხაზოვანი ინტერპრეტაცია მიუღებელია, რადგანაც არავერბალური ურთიერთობა ქცევის უფრო ფართო კონტექსტის ერთ-ერთ ასპექტს ნაწილს წარმოადგენს.       ამავე დროს ძალიან მნიშვნელოვანია კონსულტანტის არავერბალური ქცევა, რადგან ასეთი ქცევა გამოხატავს კონსულტანტის გრძნობებსა და აზრებს. ზოგიერთ არავერბალურ ქცევას ყველა ჩვენთაგანი ერთნაირად აღიქვამს, რადგან მათ ზოგადი ხასიათი მიიღეს.       კონსულტანტმა უნდა გააკონტროლოს თავისი არავერბალური საქციელი, რითაც ის ავითარებს კონსულტაციურ კონტაქტს.       ევანი გამოყოფს ხუთ აუცილებელ პირობას ფიზიკური, ნამდვილი, ორმხრივი კონტაქტისა (ევანი, 1986): კონტაქტი თვალი თვალში. ფიზიკური პირობები, გარემო საშუალებას უნდა აძლევდეს კონსულტანტს და პაციენტს მთლიანად ხედავდნენ ერთმანეთს. ეს ფიზიკური გარემოება უნდა ეუბნებოდეს პაციენტს მე თქვენთვის მისაწვდომი ვარ, მე არჩევანი გავაკეთე, რომ თქვენთან ვიყო. ღია პოზა. გადაჯვარედინებული ფეხები და ხელები ხშირად აღიქმება როგორც თავდაცვითი, განურჩეველი და უკან დახევის პოზა და პირიქით, ღია პოზა მიანიშნებს, რომ კონსულტანტი მზად არის მიიღოს ყველაფერი რასაც მას პაციენტი უგზავნის. დროდადრო შეიძლება მივუახლოვდეთ პაციენტს. მიახლოვება სივრცეში ნიშნავს, რომ მე გეახელი. როდესაც კონსულტანტი პაციენტისკენ იხრება, ამით ეუბნება- მაინტერესებს ყველაფერი რასაც იტყვი. თვალის კონტაქტის შენარჩუნება. იმისთვის, რომ ხაზი გავუსვათ პაციენტისადმი ყურადღებას და დაინტერესებას. თუმცა ეს პირდაპირი თვალი თვალში ყურება არ უნდა იყოს განუწყვეტელი რადგან ის მომაბეზრებელი ხდება პაციენტისათვის და გამომძიებლის მზერას ემსგავსება. მეორეს მხრივ თუ კონსულტანტის თვალები სხვაგანაა და ერთი საგნიდან მეორეზე გადადის და მისი მზერა არ ჩერდება კლიენტზე მაშინ კლიენტს ექმნება შთაბეჭდილება რომ კონსულტანტი გაურბის მასთან კონტაქტს. კონსულტანტი უნდა იყოს მშვიდი და რელაქსირებული. გარემო უნდა იყოს მშვიდი, რადგანაც პაციენტების უმრავლესობა ღელავს კონსულტირების პერიოდში. კონსულტანტის დაძაბულობა გაზრდის პაციენტის მღელვარებას. კონსულტანტი ბუნებრივად უნდა ფლობდეს თავის სხეულს, თავის არავერბალურ ქცევას, რითაც პაციენტს აჩვენებს თავის ემპათიურ ჩართულობას კონსულტაციის პროცესში. ვერბალური კომუნიკაცია       მუხედავად არავერბალური ურთიერთობის დიდი მნიშვნელობისა, უმთავრესი მოვლენები ხდება ვერბალურ დონეზე. ვერბალური ურთიერთობა ხორციელდება კონსულტაციის ძირითადი მეთოდებით.       პაციენტის მოსმენა. - კონსულტაციის პროცესში, კონსულტანტის ვერბალური აქტივობა უნდა იყოს მინიმალური. იმისთვის, რომ კლიენტმა შეძლოს საკუთარი პრობლემებსა და სიძნელეების გამოხატვაზე ყურადგების მოქცევა. ამიტომ კონსულტანტი უფრო უნდა უსმენდეს, ვიდრე ლაპარაკობდეს. მოსმენის უნარი, ნიშნავს, სხვა ადამიანებით ალალ დაინტერესებას.       არსებობს ორი ძირითადი ასპექტი: ნებისმიერი ადამიანი მისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე სხვა ადამიანთან ურთიერთობის მოთხოვნილებას განიცდის; სხვების მოსმენისა, მათი მხარდაჭერის და მათთან შეთანხმების ჩვენი მიდრეკილება დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ გვისმენენ სხვები. შეიძლება ითქვას, ადამიანების ურთიერთობის ხარისხი, დამოკიდებულია, მოსმენის უნარზე.       ხშირად არის, რომ პაციენტის გამონათქვამი არ შეესაბამება კონსულტანტის განწყობას და ამიტომ, იგი უყურედღებოდ უსმენს პაციენტს. ფართოდ გავრცელებული მანერა, რომელიც კონსულტირების პროცესში იჩენს თავს, მდგომარეობს იმაში, რომ, კონსულტანტი კი არ უსმენს თანამოსაუბრეს, არამედ რეაგირებს მის გამონათქვამზე წინასწარ ფორმულირებული რეპლიკებით, პასუხებით, კითხვებით - ეს მხოლოდ მოჩვენებითი მოსმენაა.       სოციალური დასწავლის ერთ-ერთი შედეგი არის ის, რომ, ჩვენ გავურბივართ სხვა ადამიანის შესახებ ზედმეტ ინფორმაციას. ეს ხშირად განაპირობებს, რომ კონსულტანტი ეწინააღმდეგება პაციენტის მონათხრობს, რომელიც ეხება ძალიან პირად პრობლემებს და ამ წინააღმდეგობის გამო ნაკლებად უსმენს პაციენტს. ხშირად არის, რომ პაციენტის მიერ მოთხრობილი ამბავი, კონსულტანტში იწვევს უსიამოვნო გრძნობას, შფოთვასა და დაძაბულობას. ამიტომ ეს ხელს უშლის მას ყურადღებით უსმინოს პაციენტს და ამის გამო ხშირად გამორჩება მნიშვნელოვანი დეტალები.       ხშირად, პაციენტი თავისი წუწუნით, ერთი და იმავე პრობლემის ბევრჯერ გამეორებითა და ჩივილით ( სომატური ჩივილები), სირთულეებს ქმნის და მოსმენის პროცესს ართულებს. მოსმენის დროს ადგილი აქვს უკუკავშირს პაციენტის აზრებსა და გრძნობებზე, რაც აიძულებს პაციენტს უფრო მეტი ილაპარაკოს თავისი პრობლემების შესახებ.       კოქსის აზრით, როდესაც პაციენტს ყურადღებით ვუსმენთ, იგი თავისი წინადადების ბოლოს წერტილს კი არა, არამედ მძიმეს სვამს, და რაც ბოლოდ გვეჩვენებოდა ახალი უფრო ღრმა აღსარების პრელუდიად იქცევა.. ყველა შემთხვევაში, მოსმენა არის აქტიური პროცესი.       ბიუჯენტალის მიხედვით, ეს პროცესი ყველა სახის შეგრძნებებს, ინტუიციას, ასახვას და ემპათიას მოიცავს.       უილიამ ოსიე თავის სტუდენტებს ურჩევდა კარგად მოესმინათ თავისი პაციენტებისათვის, რათა მათგან დიაგნოზი მოესმინათ ("პაციენტი თვითონ გეუბნება დიაგნოზს").       როჯერსი (1969წ.) წერს - "ცხოვრებაში, ხშირად მოულოდნელად ვაწყდებოდი გადაუწყვეტელ პრობლემებს და ამ დროს განვიცდიდი, თითქოს წრეზე დავდივარ. ზოგჯერ არასრულფასოვნების გრძნობა და უიმედობა მიპყრობდა, და მეგონა რომ ფსიქოზით დაავადდი. ამ დროს, ვფიქრობდი, რომ, ბედნიერი ვიქნებოდი, მენახა ის ხალხი, ვინც მე მომისმენდა და გამიგებდა, ყოველგვარი განკითხვისა და დიაგნოზის დასმის გარეშე. დავრწმუნდი, რომ, ფსიქოლოგიური დისკომფორტის დროს, თუ შენ ვინმე ამგვარად მოგისმენს და არ აიღებს საკუთარ თავზე პასუხისმგებლობას და არ შეეცდება ურთირთობის ჩამოყალიბებას, მაშინ თავს უზომოდ კარგად გრძნობ. დაძაბულობა მომენტალურად ქრება. საშიში განცდები, რომელიც მანამადე თვითბრალდებას, უიმედობასა და არეულობის გრძნობას იწვევდა, ხდება ჩვენი შინაგანი სამყაროს ნაწილი. როდესაც მე მისმენდნენ და ჩემი ესმოდათ, მაშინ მე ახლებურად აღვიქვამდი ჩემ განცდებს, შევძელი წინ წავწეულიყავი. გაოცებას იწვევს, ის, რომ გრძნობები, რომლებიც საშინლად მეჩვენებოდა ასატანი ხდება, როდესაც ვინმე გისმენს და გადაუწყვეტელი პრობლემები წარმოჩინდება სხვა განზომილებაში, უფრო იოლად გადასაწყვეტი ხდება(?). ღრმად ვაფასებ ფაქიზ, ემპათიურ, ყურადღებიან მოსმენას". მოსმენის ტექნიკა ემპათიური მოსმენა       ემპათიური მოსმენა ეს მოსმენის ისეთი სახეა რომლის მიზანია პაციენტის, სხვა ადამაინის თვალსაზრისის და პერსპექტივის გაგება და რომელიც არ ნიშნავს ავტომატურად მის თვალსაზრისის დათანხმებასა და გაზიარებას. ის არ გულისხმობს ემპათიისას იდენტურ მდგომარეობაში გადასვლას ანუ ზუსტად ვიგრძნოთ იგივე რასაც სხვა ადამიანი გრძნობს.       ეფექტური მოსმენის ხელისშემსლელი ფაქტორები: უყურადღებობა - როდესაც ადგილი აქვს მსმენელის მხრიდან ყურადღების გაფანტვას; მოსმენა ცალი ყურით - მოსაუბრის შეწყვეტა ან ნაწილობრივი მოსმენა მიუხედავად კითხვის გამეორებისა "რა თქვით?" სასურველის მოსმენა – როდესაც მსმენელი საკუთარი პერსპექტივით საკუთარი თვალსაზრისით, ხშირად ტენდენციურად, აფერადებს იმას რასაც ისმენს ანუ იგებს იმას რისი გაგებაც სურს. ჩასაფრებული პოზიციიდან მოსმენა - მოსმენისას პოზიტიურზე გამახვილების ნაცვლად შეტევის განხორციელებისთვის,შესაძლებლობისათვის საბაბის ძებნა დაცვითი პოზიცია როდესაც მსმენელი საშუალებას აძლევს საკუთარ ემოციებს დაბინდოს დანისლოს სიტყვიერად გადმოცემული შეტყობინება საკუთარი უნარები რომელიც მსმენელს მოეთხოვება ემპათიურიმოსმენისათვის       აქტიური ემპათიური მოსმენისათვის საჭირო ვერბალური უნარები: კითხვების დასმის ხელოვნება : გამოაშკარავების კლარიფიკაციის მიზნით მეტი ინფორმაციის მოძიება- შეგროვებისათვის ფსიქიკის უფრო ღრმა პლასტებზე გასვლისათვის ემოციების განტვირთვისათვის და გაგების ატმოსფეროს შესაქმნელად პასუხების გაცემის ტექნიკა : მხარდამჭერი და გამამხნევებელი სიტყვების გამოყენების მიზნით; პერეფრაზირება და განზოგადოება როდესაც მსმენელი პერეფრაზირებასა და განზოგადოებას ახდენს იმისა რაც ითქვა       ემპათიური მოსმენისათვის საჭირო არავერბალური უნარები მხარდამჭერი ჟესტები – ღიმილი, თავის დაქნევით დადასტურება თვალების კონტაქტი – პირდაპირი მაგრამ არა დაჟინებული თვალჩიციებული ცქერა ჩანაწერის გაკეთება იქ სადაც ეს ადექვატურია დაინტერესებული პოზა - პირისპირ ყურება, ოდნავ წინ წამოწეული ჯდომა მშვიდი გამომეტყველება სახისა ღია გამომეტყველება და სხეულის სპონტანური ენა გადატანა ტრასფერი და კონტრგადატანა კონტრტრანსფერი; გადატანა ტრანსფერი       ფროიდის მიერ ტრანსფერის აღმოჩენა ფსიქოანალიზის ძირითად მიღწევად ითვლება. გადატანა ფსიქოანალიტიკური მკურნალობის ალფა და ომეგაა       გადატანა არის ურთიერთობის განსაკუთრებული ფორმა რომლის დროსაც პაციენტი აწმყოში იქცევა ისე თითქოს ის წარულში იყოს. ტრანსფერი არის გამეორება, ძველი ურთიერთობების ახალი გამოცემა.       ამ დროს პაციენტის იმპულსები, გრძნობები, ფანტაზიები, ლტოლვები, სურვილები და დაცვითი მექანიზმები რომლებიც მას წარსულში, მისთვის ემოციურად მნიშვნელოვან პიროვნებების მიმართ, ჰქონდა გადმოინაცვლებს აწმყოში და წარიმართება აწმყოში არსებულ პიროვნებაზე ძირითადად ანალიტიკოსზე. ამ დროს ადგილი აქვს გადანაცვლებას.       ტრანსფერი აწმყო სიტუაციისადმი არადაექვატურია, თუმცა წარსულის მოვლენებთან       შესაბამისობაშია. თრანსფერს ადგილი აქვს როგორც ანალიზის პროცესში ასევე მის გარეთ. იგი გვხდება ნევროზით და ფსიქოზით დაავადებულ პირებში და ჯანმრთელ ადამიანებშიც.       მნიშვნელოვანია რომ ტრასფერის დროს გახსენებისა და მოგონების ნაცვლად მაგივრად პაციენტი ქცევაში იმეორებს წარსულს და ამაში ხელს უწყობს წინააღმდეგობა რომელიც გახსენების მოგონების აქტს ხელს უშლის.. გარკვეულ წილად ყველა ადამიანური ურთიერთობა შესაძლებელია განვიხილოთ როგორც რეალისტური და ტრასფერული რეაქციების ნარევი. გადატანა არის ყოველთვის არაადექვატური, რადგანაც პაციენტი ანალიტიკოს ყოველთვის მცდარად აღიქვამს და მას მიაწერს იმ თვისებებს რომელიც სხვა ადამიანების კუთვნილებას წარმოადგენდა.       გადატანა შეიძლება იყოს დადებითი და უარყოფითი. დადებითის დროს ხდება დადებითი სასიყვარულო იდეალიზირებული ფსიქიკური შინაარსის მიწერა ანალიტიკოსზე ანუ ადგილი აქვს პროექციის ფენომენს.       უარყოფითის დროს კი ბავშვობაში განცდილი უარყოფითი განცდების (გარიყვის სიძულვილის უგულვებელყოფის) გადმოტანა ხდება კონსულტანტზე.       ტრანსფერი არაცნობიერ პროცესს წარმოადგენს.იგი უფრო ხშირად წარმოიშვება იქ სადაც ბავშვობის გადაუწყვეტელ კონფლიქტებთან გვაქვს საქმე კონტრგადატანა       რადგანაც საკონსულტაციო პროცესი და კონტაქტი ქუჩაში მანქანების ორმხრივ მოძრაობას ჰგავს, აშკარაა, რომ ამ დროს კონსულტანტიც პაციენტთან ურთიერთობისას თავის ცხოვრებისეულ სიძნელეებს რთავს. კონტრგადატანა ისეთივე უნივერსალური მოვლენაა ფსიქოთერაპიაში, როგორც გადატანა და კონსულტანტის პიროვნების განვითარებისა და ჩამოყალიბების დონეზე არ არის დამოკიდებული, რადგანაც კონსულტანტიც ადამიანია, რომელსაც აქვს გადაუწყვეტელი პრობლემები და შინაგანი კონფლიქტები. ეს შინაგანი მტკივნეული თემები წარმოშობენ კონტრგადატანას თუ პაციენტი უნებლიედ შეეხო მათ.       განასხვავებენ გადატანის კლასიკურ და უფრო ფართე განმარტებას.       უფრო ფართე განმარტება მოიცავს კონსულტანტის ყველა ემოციურ რეაქციის გადატანას პაციენტზე, ამიტომ კონტრგადატანაში, ამ დროს, იგულისხმება სრულიად ბუნებრივი რეაქციები, რომლებიც ფსიქოკონსულტანტის შინაგან კონფლიქტებზე არ არის დამოკიდებული.       კლასიკური განმარტებით კი, კონტრგადატანა არის პაციენტის გადატანაზე საპასუხო რეაქცია.       შუალედური კონტრგადატანას განმარტავს, როგორც, კონსულნანტის საკუთარი პრობლემების პროეცირებას პაციენტის მიერ მიწოდებულ მასალაზე, რომელიც დაკავშირებულია გადატანასთან.       კონტრგადატანის ყველაზე ხშირი მიზეზები არის : კონსულტანტის სურვილი, პაციენტის მხრიდან მოწონების, კარგად შეფასების და აღიარების. კონსულტანტის შიში, რომ პაციენტი მასზე ცუდად იფიქრებს და არ მოვა შემდეგ შეხვედრაზე. ეროტიკული და სექსუალური გრძნობების პროეცირება პაციენტზე + ფანტაზიები. უკიდურესი რეაქცია პაციენტზე, რომელიც კონსულტანტში იწვევს იმ გრძნობებს, რომელიც დაკავშირებულია მის საკუთარ კონფლიკტებზე. წინასწარმეტყველური პოზიციის დაკავების მცდელობა და პაციენტის აკვიატებული, იძულებითი რჩევების მიცემა, ე.ი. როგორ უნდა იცხოვროს.       კონსულტაციის პროცესში დგება საკითხი თერაპიულია თუ ანტითერაპიული კონტრგადატანა? ხელს უშლის თუ ეხმარება კონსულტირების პროცესს? კარგია თუ ცუდია ? ამ კითხვებზე პასუხი დამოკიდებულია იმაზე ვლინდება თუ არა კონტრგადატანა ქცევის გარეგანი ფორმით, თუ ის კონსულტანტის განცდების ფარგლებში რჩება.       პირველ შემთხვევაში იგულისხმება კონსულტანტის მოქმედება საკუთარი კონფლიქტების საფუძველზე და ასეთი კონტრგადატანა განხილულ უნდა იქნას კოლეგებთან, რადგან არაკონტროლირებადი და ცუდად გაცნობიერებული გადატანა ხელს უშლის კონსულტანტის ობიექტურობას. შინაგანი განცდების დონეზე არსებული კონტრგადატანა, შესაძლებელია, ძალიან ფასეული იყოს, რადგანაც ეხმარება კონსულტანტს უფრო კარგად ჩაწვდეს თუ რა ზეგავლენა აქვს პაციენტის ქცევას კონსულტანტზე და სხვებზე. ← დასაწყისი გაგრძელება → …
დაამატა ლაშა to ფსიქოლოგია at 4:35pm on სექტემბერი 6, 2015
თემა: შტეფან ცვაიგი - ფანტასტიკური ღამე
ი, 1914 წლის შემოდგომაზე რავა-რუსკასთან ბრძოლაში დაეცა. განსვენებულის ნათესავები ერთი თვალის გადავლებით მიხვდნენ, რომ იგი მხოლოდ ლიტერატურული ცდა უნდა ყოფილიყო; მთხოვეს, გავცნობოდი და თუკი საჭიროდ დავინახავდი, გამომექვეყნებინა კიდეც.       მე კი დიდად გააზრებულ მოთხრობად არა, მაგრამ მეტისმეტად გულალალ აღსარებად მიმაჩნია განსვენებულისა და სრულიად შეულამაზებლად გადმოგცემთ. ამ დილით რატომღაც მომინდა, მე თვითონვე აღმეწერა იმ ფანტასტიკური ღამის ამბები სრულის თანმიმდევრობით, რათა გავრკვეულიყავ მათში. ამ წუთიდან დაუოკებელი სურვილი დამეუფლა, აღვწერო ჩემი თავგადასავალი, თუმცა დიდად ვეჭვობ, მიახლოებით მაინც გადმოგცეთ ის უჩვეულო ამბები, რაც თავს გადამხდა. ბუნებას ხელოვნის ნიჭით არ დავუჯილდოვებივარ, არც კალამი მიცდია ლიტერატურაში, თუ რამდენიმე სახუმარო მოთხრობას არ ჩავთვლით, სკოლაში რომ ვწერდი. მაგალითად, ისიც კი არ ვიცი, არსებობს თუ არა განსაკუთრებული ტექნიკა, რომელიც სწორად შეუფარდებს ერთმანეთს გარეგან მოვლენებს და მათგან გამოწვეული გრძნობებისა და აზრების აღწერას. მე ვეკითხები საკუთარ თავს, შემიძლია თუ არა მივანიჭო სიტყვას საჭირო აზრი და აზრსაც საჭირო სიტყვა მივუსადაგო. განვიცდი თუ არა იმას, რასაც უნებურად შევიგრძნობ ხოლმე კარგი წიგნის კითხვისას. მაგრამ მე ხომ ამ სტრიქონებს მხოლოდ ჩემთვის ვწერ და არა იმისთვის, რომ სხვებს გავაგებინო, რაც მე თვითონაც დიდის გაჭირვებით მესმის. მე მხოლოდ ვცდილობ, დავივიწყო ერთი შემთხვევა, გონებიდან რომ არ მშორდება, მაღელვებს და მტანჯავს. ამიტომ ქაღალდზე უნდა გადავიტანო, ჩავუკვირდე და ყოველმხრივ განვჭვრიტო.      ეს არც ერთი ჩემი მეგობრისთვის არ მიამბნია, რახან ვერ ავუხსნიდი იმას, რაც თავი და თავი იყო, თან მრცხვენოდა კიდეც იმის აღიარება, რომ ესოდენ შემთხვევითმა ამბავმა ეგრე ამიფორიაქა სული. სულ უბრალო, ჩვეულებრივ რამეს მოგახსენებთ. აი, დავიწყე და ვგრძნობ, რა ძნელია შესაფერისი სიტყვების მოძებნა, რა ორაზროვანი, სულელური შეიძლება აღმოჩნდეს ყოველი, სულ უბრალო მნიშვნელობაც კი. რახან ჩემს თავგადასავალს „უბრალოს“ ვეძახი, რაღა თქმა უნდა, ეს შედარებითი მნიშვნელობით მესმის, ვუპირისპირდები დიდ ისტორიულ დრამებს, რომლებშიც წყდება ბედი მთელი კაცობრიობისა; ამასთან კიდევ მე მხედველობაში მაქვს დროის მცირე მონაკვეთი, ყველაფერი ექვს საათში მოხდა. მაგრამ ამ „უბრალომ“, ერთი შეხედვით ამ პატარა, უმნიშვნელო შემთხვევამ ისეთი დიდი გავლენა მოახდინა ჩემზე, რომ ახლაც, ოთხი თვის შემდეგ იმ ფანტასტიკური ღამისა, ნაღველი მიპყრობს და თავს ძალას ვატან, ყველაფერი გულში დავიმარხო. დღენიადაგ, ყოველ წამს ვიგონებ თითოეულ წვრილმანს, თითქოს ჩემი ცხოვრების საყრდენნი გამხდარან. ყოველივეს, რასაც ვაკეთებ, რასაც ვლაპარაკობ, უნებურად ის განსაზღვრავს, ჩემს ფიქრებს მხოლოდ ის იპყრობს, რაც კვლავ წარმომიდგენს იმას და იმის გავლენის ქვეშ მაქცევს. ახლა მივხვდი, რასაც ვერ შევიცნობდი ათი წუთის წინ, როცა კალამს მოვკიდე ხელი: მომხდარ ამბავს მხოლოდ იმიტომ ვწერ ქაღალდზე, რომ მუდამ თვალწინა მქონდეს, შევიგრძნობდე, რათა ერთხელ კიდევ განვიცადო ყოველი და გონებით განვსაჯო. ახლახან მოგახსენეთ, მსურს, გულში დავიმარხო-მეთქი. ეს სიცრუე, მტკნარი სიცრუეა. პირიქით, მინდა მეტი სიცოცხლე შთავბერო სწრაფად განცდილს, გავათბო თბილი, მაცოცხლებელი სურნელით... ო, მე არ მეშინია, თუნდაც ერთი წუთით დამავიწყდეს ის ხვატიანი დღე, ის ფანტასტიკური ღამე. ნიშანსვეტი არა მჭირდება, რომ მოგონებებში განვვლო იმ წუთების გზა. გინდ დღისით, გინდ შუაღამისას, მთვარეულივით შეუცდომლად ვპოულობ ამ გზას და ყოველ წვრილმანს ვხედავ იმ გამჭრიახობით, რისი უნარიც გულს შესწევს და არა სუსტ მეხსიერებას. ახლაც შემეძლო, გულდაჯერებით დამეხატა ამწვანებული გაზაფხულის ბუნების ყოველი ფურცელი, ახლაც კი, შემოდგომაზე, ვიყნოსავ აყვავებული წაბლის ხეების დამბინდავ, ნაზ სურნელს და თუ მაინც აღვწერ იმ წუთებს, არა შიშის გამო, რომ გაჰქრნენ ჩემი მეხსიერებიდან, არამედ იმიტომ, რომ კვლავ მახარებს მათი განცდა. და ახლაც, როცა თანმიმდევრობით გადმოვცემ ყოველ წვრილმანს იმ ღამისა, იძულებული ვარ, მოთხრობის წყობისათვის საკუთარ თავს ლაგამი ამოვდო, რახან მოგონებების ბურანი მეხვევა, რაღაცნაირი ბანგი მაბრუებს და მეშინია, მეხსიერებაში წარმომდგარი ცალკეული სურათები არ შეერწყან ერთ ჭრელ ქაოსს. ახლაც ისე მწარედ განვიცდი განვლილ 1913 წლის 7 ივნისს, როცა შუადღისას ფიაკრში ჩავჯექ...       მაგრამ ვგრძნობ, კვლავ უნდა შევჩერდე, რახან შიშით შევიგრძნობ, რა მახვილი, რა მრავალმნიშვნელოვანი შეიძლება იყოს ყოველი სიტყვა. მოლოდ ახლა, როცა პირველად გადმოგცემთ ყოველივეს დალაგებით, ვხედავ, რა ძნელია, ერთ ფორმაში მოაქციო, რაც ხელიდან გისხლტება და ყოველი ცოცხალის არსს შეადგენს.      ეს-ესაა დავწერე სიტყვა „მე“ და ის, რომ 1913 წლის 7 ივნისს შუადღისას ფიაკრში ჩავჯექ, მაგრამ ეს სიტყვაც კი დაბნეულობას იწვევს, რადგან ის „მე“, რაც ვიყავი 1913 წლის 7 ივნისს, უკვე კარგა ხანია აღარა ვარ, თუმცა მას აქეთ ოთხმა თვემ განვლო და კვლავ იმ „მე“-ს ბინაში ვცხოვრობ და ვწერ მის საწერ მაგიდასთან, მისი კალმით და მისივე ხელით. იმ კაცს, სწორედ იმ ღამის გავლენით, სრულიად განვუდექი, შევყურებ შორიდან, ალმაცერად და ფხიზლად, შემიძლია ვწერო მასზე, როგორც ამხანაგზე, თანატოლზე, მეგობარზე, რომლის შესახებაც ბევრი რამ ვიცი, მაგრამ ამიერიდან ის აღარა ვარ. შემიძლია ვილაპარაკო მასზე, გავკიცხო, მკაცრად განვსაჯო და არ ვიგრძნო, რომ ოდესღაც ის მე ვიყავი. ადამიანი, რომელიც მე ვიყავი იმ ხანებში, გარეგნულად და შინაარსითაც ნაკლებად განსხვავდება იმ საზოგადოებრივი ფენის ადამიანთა უმეტესობისაგან, რომელსაც, საერთოდ, განსაკუთრებით კი ვენაში, სიამაყის გარეშე, სრული რწმენით, „კარგ საზოგადოებას უწოდებენ“. იმხანად ოცდამეთექვსმეტე წელში გადავდექი. მშობლები ადრე დამეხოცნენ და მიმატოვეს კარგა ხნით ადრე, სანამ სრულწლოვანი გავხდებოდი. მათი დანატოვარი ქონება საკმაო აღმოჩნდა იმისთვის, რომ მე სამუდამოდ გავთავისუფლებულიყავ რაიმე კარიერაზე ზრუნვისაგან. ამგვარად, სრულიად მოულოდნელად გავთავისუფლდი მოვალეობისაგან - მიმეღო რაიმე გადაწყვეტილება, რაც იმხანად ძლიერ მაწუხებდა. ის იყო, უნივერსიტეტი დავასრულე და სამოღვაწეო ასპარეზის არჩევანში ვიყავი. ჩემი ოჯახის ნაცნობებისა და მშვიდი ცხოვრების წყალობით, რისკენ მიდრეკილებაც ადრიანად გამომაჩნდა, ნამდვილად სახელმწიფო სამსახურში უნდა ჩავმდგარიყავ. მივიღე თუ არა მშობლების მემკვიდრეობა, მოულოდნელად დამოუკიდებელი, ფუქსავატური ცხოვრების შესაძლებლობა მომეცა და ჩემს თავს ისეთ ახირებულ დაჟინებასაც კი ვუსრულებდი, რაც შეიძლებოდა მეტად ძვირად დამჯდომოდა. არასოდეს ვყოფილვარ პატივმოყვარე, ამიტომ გადავწყვიტე, პირველ ხანებში, რამდენიმე წელს, სანამ მოთხოვნილება არ გამიჩნდებოდა, სამოქმედო ასპარეზი გამომეძებნა, ცხოვრებას დავკვირვებოდი. მაგრამ ისევე ცხოვრების დამკვირვებელი დავრჩი, თუმცა სულაც არ მივისწრაფოდი იქითკენ, რაც სცილდებოდა ჩემს მიერ ადვილად შესასრულებელ სურვილთა საზღვრებს.      არც ერთი ქალაქი მთელს მსოფლიოში ისე არ განგაწყობს უსაქმურობისაკენ, როგორც ვენა, სადაც უმიზნოდ ხეტიალის ხელოვნება, უმოქმედობა, კოხტაობა ნამდვილი ხელოვნების სრულყოფილებამდეა აყვანილი. თავიდან ამოვიგდე ყოველი ზრუნვა სერიოზულ შემოქმედებაზე და მთელი გატაცებით თავი მივეც დროსტარებას, როგორც შეჰფეროდა გამოჩენილი ოჯახის შვილს, მდიდარ, სასიამოვნო გარეგნობის ყმაწვილ კაცს. გამიტაცა აზარტულმა თამაშობებმა, ნადირობამ, ვქეიფობდი, ვმოგზაურობდი, და მალე დავიწყე დიდის მონდომებით ჩემი უსაქმო ცხოვრების შელამაზება. ვაგროვებდი იშვიათ სურათებს, არა იმდენად გატაცებით, რამდენადაც კმაყოფილების გამო, რომ უშრომლად დავუფლებოდი განსაზღვრულ სფეროში ცოდნას. სახლში გამოვფინე იტალიური ბაროკოს გრავიურები და კანალეტოს მანერის პეიზაჟები. ამათი ძებნა ანტიკვარებში ან აუქციონებზე დიდ სიამოვნებას მგვრიდა და ამას საშიში აზარტის იერიც კი დაჰკრავდა. ჩემი გემოვნებისა და მიდრეკილების შესაბამისად სულ სხვადასხვა გასართობებს ვეტანებოდი. იშვიათად თუ გამოვტოვებდი კონცერტებსა და სურათების გამოფენებს. ქალებში დიდი წარმატებები მქონდა და ამ სფეროშიც კი გამოვამჟღავნე კოლექციონერის მალული გზნება, რაც გარკვეულ დრომდე სულიერი ცხოვრების მოშლილობაზე მეტყველებს. მრავალი სამახსოვრო და ძვირფასი წუთი მარგუნა ბედმა და ნელ-ნელა ჩვეულებრივი ტკბობის მოყვარულიდან მცოდნედ და დამფასებლად გადავიქეცი. ამგვარად, დღეებს ვლევდი სასიამოვნო დროსტარებაში, სრულის რწმენით, რომ მდიდარი, მრავალმხრივი ცხოვრებით ვცხოვრობდი და ეს რბილი, თბილი ატმოსფერო, რომელშიც მიედინებოდა ჩემი არც მოსაწყენი, მაგრამ არც თუ მღელვარე ყმაწვილკაცობა, დღითიდღე უფრო მომწონდა. სხვა სურვილი თითქმის არც კი გამაჩნდა. ამ უძრავ ატმოსფეროში ყოველი უსაქმობა სასიხარულო მოვლენად იქცეოდა. გემოვნებით შერჩეულ ჰალსტუხს შეიძლება კარგ გუნებაზე დავეყენებინე, ავტომობილით გასეირნებას, კარგ წიგნს ან ქალთან შეხვედრას უსაზღვრო ბედნიერება მოენიჭებინა. ამგვარი ცხოვრება განსაკუთრებით იმიტომ მომწონდა, რომ არც ერთი მხრით, როგორც უზადოდ შეკერილი ინგლისური კოსტიუმი, არავის ეჩხირებოდა თვალში. ასე მგონია, საზოგადოებაში სიმპათიურ კაცად მთვლიდნენ, ყველას ვუყვარდი და სიამოვნებით მიღებდნენ კარს. ნაცნობთა უმეტესობა ბედნიერ კაცს მეძახდა. ახლა მიმძიმს თქმა, მართლა ბედნიერად გრძნობდა თუ არა თავს ის ადამიანი, რომლის წარმოდგენასაც ვცდილობ, რადგან წინანდელის განცდილის გავლენით ყოველ გრძნობას უფრო სრულსა და ღრმა შინაარსს ვანიჭებ და შეუძლებლად მიმაჩნია მაშინდელ ჩემს განწყობილებაზე მსჯელობა. მაგრამ შემიძლია დაგიმტკიცოთ, თავს არ ვგრძნობდი უბედურად. ჩემი ყოველი სურვილი, ყოველი მოთხოვნილება, რასაც ცხოვრებას ვუყენებდი, სრულდებოდა. მხოლოდ სწორედ იმან, რომ მივეჩვიე, ბედისაგან მიმეღო, რასაც ვინატრებდი, თანდათანობით ჩამიხშო ყოველი ინტერესი და უმოქმედო გახადა ჩემი ცხოვრება. ზოგჯერ უნებურად ნაღველი შემომაწვებოდა გულზე არა იმიტომ, რომ რაიმეს ვნატრობდი. ეს იყო სურვილი სურვილისა, მოთხოვნილება - ვყოფილიყავ ძლიერი, აღვირახსნილი, შეუპოვარი, მქონოდა მშფოთვარე ცხოვრება და თუნდ ტანჯვაც გამომეცადა. მეტისმეტად გონივრული, ტაქტიკური მოქმედებით განვდევნე ჩემი ცხოვრებიდან ყოველი საწინააღმდეგო ქმედება და ამ წინააღმდეგობის გრძნობის უქონლობამ შეანელა ჩემი სიცოცხლისუნარიანობა. ვამჩნევდი, უფრო ნაკლები სურვილები მიჩნდებოდა, რაღაცნაირმა გარინდებამ მოიცვა ჩემი გრძნობები და სულიერი უძლურება, მშფოთვარე ცხოვრების დაუფლების სურვილი მტანჯავდა. სულ უბრალო რამეზე მივხვდი ამას. პირველად შევნიშნე, რომ თანდათან იშვიათად დავდიოდი თეატრში, საზოგადოებაში. ვიყიდდი ნაქებ წიგნებს და მერე მთელი კვირაობით ელაგა საწერ მაგიდაზე გაუჭრელი. წინანდებურად ვაგროვებდი ძველებურ სურათებს და სხვა სიძველეებს, მაგრამ აღარ ვალაგებდი განსაზღვრულ რიგზე და სიხარულს მგვრიდა, კარგა ხნის ძებნის შემდეგ მოულოდნელად რომ აღმოვაჩენდი რომელიმე იშვიათ ნივთს.       ასე შევიგრძენი ნელ-ნელა სულიერი ენერგიის ჩაქრობა ერთი შემთხვევის წყალობით, რომელიც მეხსიერებაში ჩამრჩა. ზაფხულში ვენაში დავრჩი ისევ იმ უცნაური მოთენთილობის წყალობით, არავითარი სიახლე რომ არ იზიდავს. სრულიად მოულოდნელად კურორტიდან ერთი ქალის წერილი მივიღე, რომელთანაც სამი წელია სიყვარულის ძაფები მაკავშირებდა და რომლის სიყვარულშიც თითქმის დარწმუნებული ვიყავი. იგი თოთხმეტგვერდიან აღმაშფოთებელ წერილს მწერდა: ერთი კაცი გავიცანი, იგი გახდა ჩემი სიცოცხლის მიზანი, შემოდგომაზე იმაზე ვთხოვდები და ჩვენს შორის ყველაფერი დამთავრებულიაო. იგი არ ნანობდა, უფრო მეტიც, ტკბილად იგონებდა ჩემთან გატარებულ დროსა და აღმითქვამდა, რომ გათხოვების შემდეგაც ძვირფას სახსოვარივით გულში შეინახავდა ჩემს მოგონებას და მემუდარებოდა, მეპატიებინა ეს ნაუცბათევი გადაწყვეტილება. ამ საქმიან წერილს მოჰყვა ფიცი და ვედრება, რომ ძალიან არ გავბრაზებულიყავ და ამ მოულოდნელ განშორებას არ დავეტანჯე, არ ვცდილიყავ, ძალათი შემეკავებინა, ან საკუთარი თავისთვის რამე არ ამეტეხა. წერილის სტრიქონები თანდათან უფრო ულმობელი ხდებოდა: მევედრებოდა, სხვა, უფრო ღირსეული ქალი შემეყვარებინა და მაშინვე მიმეწერა მისთვის წერილი, რადგან მოუთმენლად მოელოდა, როგორ შევხვდებოდი ამ გადაწყვეტილებას. ქვემოთ ფანქრით მინაწერი ჰქონდა: „რაიმე სისულელე არ ჩაიდინო, გთხოვ, გამიგო, და მაპატიო“.      ეს წერილი რომ წავიკითხე, ჯერ გავშრი მოულოდნელობისაგან, მერე კი, როცა ფურცვლა დავიწყე და ხელმეორედ გადავიკითხე, სირცხვილი ვიგრძენი, რაც სულ მალე, როგორც კი მივხვდი, რისთვის მრცხვენოდა, შინაგან შიშის გრძნობად გადამექცა. რაღა თქმა უნდა, არც ერთ იმ ძლიერ გრძნობას, რასაც მიწინასწარმეტყველებდა ჩემი სატრფო, ოდნავადაც არ გაუღვიძია ჩემს გულში. ამ ამბავს ტკივილი არ მოუყენებია ჩემთვის, არ გამოუწვევია რისხვა და ერთ წუთსაც არ მომსვლია აზრად, თავი შემებრალებინა, ან რაიმე ამეტეხა საკუთარი თავისათვის. ისეთი უცნაური გახლდათ ეს სულიერი სიცივე, რომ შეუძლებელი იყო, თვითონვე არ შემშინებოდა. ჩემგან მიდიოდა ქალი, რამდენიმე წელს ჩემი ცხოვრების თანამგზავრი, ქალი, რომლის მოქნილი, თბილი სხეული ჩემსას ეკვროდა, რომლის სუნთქვაც გრძელ ღამეებში ჩემსას უერთდებოდა, და ამას ჩემი სული არ შეუძრავს, არ აღუშფოთებია, არ მიცდია ისევ უკან დამებრუნებინა. არაფერი მომხდარა ჩემში ისეთი, რასაც გულწრფელად მოელოდა ეს ქალი, როგორც ელიან ყოველი ცოცხალი ადამიანისაგან. მხოლოდ ახლა მივხვდი, რაოდენ გულგრილი გავმხდარიყავ. მივსრიალებდი ცხოვრების ზედაპირზე, როგორც წყლის სარკეზე, არსად ვჩერდებოდი, ფესვებს არსად ვიდგამდი. კარგად ვიცოდი, რომ ამ სივრცეში მკვდრის, მიცვალებულის რაღაც ნაწილი იყო, თუმცა ხრწნის სუნი არ იგრძნობოდა, მაგრამ ეს სულიერი გახევება, ეს საშინელი, ყინულივით ცივი უგრძნობლობა თითქოს წინასწარ აღმითქვამდა სიკვდილის მოახლოებას.       იმ დღიდან გულმოდგინედ ვაკვირდებოდი საკუთარ თავს და უცნაურ მოდუნებას გრძნობებისა, როგორც ავადმყოფი აკვირდება თავის ავადმყოფობას. იმ ხანებში მეგობარი გარდამეცვალა და როცა იმის კუბოს მივაცილებდი, დაძაბული ვუგდებდი ყურს საკუთარ გულისთქმას: სევდა ხომ არ შემომაწვება, ნაღველი ხომ არ დაისადგურებს ჩემს გულში იმის გაფიქრებაზე, რომ სამუდამოდ დავკარგე ბავშვობიდან საყვარელი ადამიანი? მაგრამ არაფერს შეუძრავს ჩემი სული, თითქოს მინის ხუფი ვიყავ, რომელშიც ყველაფერი ჩანს, მაგრამ შიგ არაფერი აღწევს. როგორ არ ვცდილობდი, მეგობრის დასაფლავებისას და მრავალ მსგავს შემთხვევაში რაიმე მეგრძნო, ან განსჯის საბუთებით აღმეძრა ჩემს გულში გრძნობა, მაგრამ ვერ ვპოულობდი მის გამოძახილს ჩემს სულში. მეგობრებმა დამივიწყეს, ქალები მოდიოდნენ და მიდიოდნენ. ამას თითქმის ისევე განვიცდიდი, როგორც ოთახში მჯდომი კაცი განიცდის ფანჯარაზე წვიმის შხაპუნს. ჩემსა და გარე სამყაროს შორის იყო რაღაც მინის კედელი, მაგრამ მე იმისი ვაჟკაცობა, ნებისყოფა არ შემწევდა, დამემსხვრია იგი.      ჩემს აღმოჩენას კარგად ვგრძნობდი, მაგრამ ეს აღმოჩენა ნამდვილ მღელვარებას აღარ განმაცდევინებდა, რადგან, როგორც მოგახსენეთ, გულგრილად ვუყურებდი იმასაც კი, რაც მე მეხებოდა. დავკარგე აღშფოთების უნარი. მხოლოდ ის მაწუხებდა, ამ სულიერ მანკს ისევე ვერ შენიშნავდა უცხო ადამიანი, როგორც მამაკაცის არასრულფასოვნებას, რაც მხოლოდ ინტიმურ წუთებში მჟღავნდება. და ხშირად ხალხში თავი ისე მეჭირა, თითქოს აღფრთოვანებული, მეტისმეტად მგრძნობიარე გახლდით, რათა დამეფარა, რაოდენ უგრძნობელი და მკვდარი ვიყავ. გარეგნულად წინანდებურად საკუთარი სიამოვნებისათვის ვცხოვრობდი. არ ვიცოდი, რა იყო საზრუნავი, დაბრკოლება, არასოდეს გადამიხვევია ერთხელ არჩეული გზიდან. კვირეები, თვეები შეუმჩნევლად გარბოდნენ და შეუმჩნევლად იქცეოდნენ წლებად. ერთ დღეს საფეთქელთან ჭაღარა თმის ღერი შევნიშნე და მივხვდი, რომ ჩემი ყმაწვილკაცობა მოულოდნელად წარსულში უნდა გადასულიყო. მაგრამ ის, რასაც სხვები ახალგაზრდობას ეძახიან, ჩემთვის კარგა ხანია გამქრალიყო. ამიტომ ძნელი არ იყო მასთან გამოთხოვება. მე ხომ ჩემი ახალგაზრდობაც არასაკმაოდ მიყვარდა. ის კი არა, ჩემთვის ჩემი მღელვარე გულიც კი დუმდა.       მიუხედავად ათასნაირი საქმიანობისა და წვრილმანი ამბებისა, ამ ჩემი შინაგანი მოულოდნელობის წყალობით, დღეები თანდათან ერთფეროვანი ხდებოდა, ერთნაირად ფერმკრთალნი მისდევდნენ ერთმანეთს, გამოჩნდებოდნენ და ქრებოდნენ, როგორც ფოთლები ხეზე. და ასევე ჩვეულებრივად, არაფრით გამოირჩეოდა და არც არაფრით იყო შესანიშნავი, დაიწყო ის ერთადერთი დღე, რომელიც მინდა აღვუწერო საკუთარ თავს.      იმ დღეს, 1913 წლის 7 ივნისს, ჩვეულებრივზე ცოტა მოგვიანებით წამოვედი. უბედურად ვემორჩილებოდი სკოლის წლებიდან შემორჩენილ ჩვეულებას კვირა დღის შეგრძნებისა. აბაზანა მივიღე, გაზეთი გადავიკითხე, წიგნები გადავფურცლე, მერე, თბილი ზაფხულის მზით მოჯადოებული, ჩემს ოთახში რომ იჭყიტებოდა, სასეირნოდ წავედი. ჩავიარე გრაბენზე, სადაც, ჩვეულებისამებრ, საზეიმო ჟრიამული სუფევდა ხოლმე. ვტკბებოდი ეკიპაჟების ცქერით, ვესალმებოდი ნაცნობ-მეგობრებს, არავის ვაძლევდი პირობას - კვირა დღეს თქვენთან გავატარებ-მეთქი, რადგან სწორედ კვირადღეობით მიყვარდა საკუთარ თავთან განმარტოება, ახირების ან შემთხვევის აყოლა. ნასადილევს, რინგშტრასეზე რომ დავბრუნდი, მზით გაბრწყინებული ქალაქის, მისი საზაფხულო მორთულობის ცქერით ვტკბებოდი. ყველა მხიარული და სადღესასწაულოდ აჭრელებულ ქუჩებზე შეყვარებული მეჩვენა. ბევრი რამ ახარებდა თვალს და, უწინარეს ყოვლისა, პირდაპირ ასფალტში ამოჭრილი ხეების მწვანე, მშვენიერი სამოსელი. თუმცა აქ ყოველდღე დავდიოდი, ამ კვირადღის ჟრიამულმა მომხიბლა, მომწყურდა მწვანე, ნათელი, კაშკაშა ფერები. უნებურად მომაგონდა პრატერი, სადაც იმ დროს, როცა გაზაფხული ზაფხულში გადადის, ხშირფოთოლა ხეები მწვანე ლივრეებში გამოწყობილ მსახურებივით დგანან მთავარი ხეივნის ორსავე მხარეს, სადაც ეკიპაჟების გაბმული მწკრივი მიემართება და თავიანთ თეთრ, მშვენიერ ყვავილებს სადღესასწაულოდ გამოწყობილი სახლის ტალღას უწვდიან. როგორც მიჩვეული ვიყავ, მაშინვე ამესრულებინა ყოველი, თუნდაც სულ უბრალო სურვილი, გავაჩერე პირველივე ფიაკრი და მეეტლეს ვუბრძანე, პრატერში წამიყვანე-მეთქი.      - დოღზე, ბატონო? - მოწიწებით მკითხა მან, თითქოს ეჭვი არც კი ეპარებოდა.       მხოლოდ ახლა მომაგონდა, რომ დღეს ტრადიციული დოღი იყო დანიშნული, რასაც წინ უძღოდა ლატარეის გათამაშება, და რაზეც თავს იყრიდა ხოლმე მთელი ვენის საზოგადოება. „საოცარია, - გავიფიქრე, ფიაკრში რომ ვჯდებოდი, - რამდენიმე წლის წინ დღევანდელ დღეს როგორ დავაკლდებოდი, ან რა დამავიწყებდა ამ დღეს“.      ისე, როგორც დაჭრილი გაუფრთხილებელი მოძრაობით იღიზიანებს ხოლმე ჭრილობას, ამ გულმავიწყობამ მაგრძნობინა, რაოდენ გულგრილი გავმხდარიყავ.      როცა მთავარ ხეივანს მივაღწიეთ, იქაურობა დაცარიელებული დაგვიხვდა. ეტყობოდა, დოღი კარგა ხანია დაწყებულიყო, რადგან მშვენიერი ფიაკრების განუწყვეტელი ნაკადი აღარ ჩანდა, ცხენების ნალების ჭახაჭუხით კანტიკუნტად თუ ჩამოგვიქროლებდნენ ხოლმე ზოგჯერ, თითქოს უხილავ მიზანს ეჯიბრებიანო. მეეტლე მომიტრიალდა და მკითხა, ხომ არ დავეწიოთო, მაგრამ ვუბრძანე, ცხენები ნებაზე მიეშვა. ჩემთვის სულ ერთი იყო, დავიგვიანებდი თუ არა. დოღზე ხშირად დავდიოდი, დავკვირვებივარ ხალხსაც და ახლა სულაც არ მანაღვლებდა დაგვიანება. ნაღვლიან, ზოზინა გუნებაზე მყოფს უფრო მომწონდა ნელა დავრწეულიყავ ეტლში, ნისლისფერი ჰაერის ნაზი სრიალი შემეგრძნო, რაც გემბანზე ტალღების დგაფუნს მომაგონებდა, და მშვიდად მეცქირა მშვენიერი, აყვავებული წაბლის ხეებისათვის, ჩუმ და თბილ ქარს ფურცლებს რომ უშვერდნენ. ქარი ფურცლებს სწყვეტდა, ცოტა ხანს ჰაერში ატრიალებდა და თოვლის ფიფქებივით ჰფენდა მიწაზე. რა სასიამოვნო იყო სარწეველაში ქანაობა, თვალდახუჭულს გეგრძნო გაზაფხულის სუნთქვა, ნებაზე მიშვებულს სადღაც რომ მიგაქროლებდა. კაცმა რომ თქვას, არც ისე გამხარებია, ფიაკრი ფროიდენაუს ჭიშკარს რომ მიადგა. სიხარულით გამოვტრიალდებოდი უკან, რომ დავმტკბარიყავი ადრეული გაზაფხულის ნათელი თბილი დღით, მაგრამ უკვე გვიან იყო - ფიაკრი ჰიპოდრომის წინ გაჩერდა.      ყრუ გუგუნი შემომესმა, თითქოს საფეხურიანი ტრიბუნების მიღმა ზღვა ღელავსო. ჩემს თვალს მიფარებული ხალხის ტალღის ბობოქრობაზე უნებურად მომაგონდა, ოსტენდეში, ვიწრო შესახვევებით ქალაქიდან პლაჟზე რომ მიდიხარ, მჩქეფარე, მარილიანი ქარი შემოგეგებებათ და სანამ თვალწინ გადაგეშლებათ ნაცრისფერი, ტალღებად აგორებული, აქაფებული სივრცე, ყრუ ღმუილს გაიგონებთ.       ეტყობა ცხენები მორიგ წრეს ურბენდნენ, მაგრამ ჩემსა და ამ წრეს შორის, რომელსაც ცხენები უვლიდნენ, თითქოს ქარიშხალმა დაჰქროლაო, მხედრებისა და მაყურებელთა მოგუგუნე ტალღა გაჭედილიყო. მე გზას ვერა ვხედავდი, მაგრამ დოღის ყოველი წვრილმანი ისახებოდა გარშემომყოფთა საქციელში და შემეძლო თავისუფლად მედევნებინა თვალი მისთვის. ეტყობოდა, კარგა ხანია გაშვებული ცხენები გამწკრივდნენ; ორი-სამი წინ გაიჭრა და წინა ადგილებისათვის იბრძოდნენ, რადგან ხალხიდან, რომელიც მეტად განიცდიდა ჩემთვის უხილავ შეჯიბრს, უკვე ისმოდა ყვირილი, გამამხნევებელი ძახილი. ყველას თვალი ერთი წერტილისათვის მიეპყრო და მივხვდი, რომ ცხენები მოსახვევს უახლოვდებოდნენ. ხალხის ტალღა ერთ წაგრძელებულ კისრად გადაიქცა და თითქოს ერთი ყელიდან ამოსული ათასობით ხმა ერწყმოდა ზვირთცემის ღმუილსა და ბუყბუყს. ზვირთი სულ მაღლა-მაღლა იწევდა, მთელი სივრცე მოიცვა, თვით მოკრიალებულ, ლაჟვარდ ცამდე. ახლოს მდგომი რამდენიმე ადამიანის სახეს ჩავხედე. თითქოს შინაგანი კრუნჩხვისაგან დამახინჯებოდათ, ანთებული თვალები გადმოეკარკლათ, ბაგეები მოეკვნიტათ, ნიკაპები ხარბად წინ გამოეშვირათ, ნესტოები ცხენებივით დაბერვოდათ. ფხიზელ კაცს საშინელებად და სასაცილოდ მეჩვენებოდა ამ გონებადაკარგული, აზარტისაგან მთვრალი ხალხის ცქერა. ჩემს გვერდით სკამზე ერთი კოხტად გამოწყობილი კაცი შემდგარიყო, ეტყობა, სასიამოვნო გარეგნობისაც გახლდათ, მაგრამ ახლა უხილავი ეშმაკისაგან გათანგული ბობოქრობდა, ჯოხს იქნევდა, თითქოს ვიღაცას ურტყამს, წინ ერეკებაო, და უცნაურად მხარს უბამდა ჟოკეის მოძრაობას, გაჭენებულ ცხენს რომ დასძახოდა, რაც გარეშე მაყურებელს უჩვეულოდ სასაცილო ეჩვენებოდა. თითქოს უზანგებს აწვებაო, ქუსლიდან წვერზე გადაიწეოდა, მარჯვენა ხელით ჰაერს აპობდა, ჯოხს მათრახივით აქნევდა, მარცხენათი კი ნერვიულად ჭმუჭნიდა ფურცელს. ასეთი თეთრი ფურცლები გარშემო ბევრი ეყარა. ქაფის შხეფებივით ავარდებოდნენ ხოლმე ადამიანთა მღელვარე ზღვის თავზე. ახლა, ეტყობოდა, რამდენიმე ცხენი მიჰქროდა ერთმანეთის გვერდით, რადგან უცბად მრავალხმიანი ღრიალი გაიპო ორ, სამ, ოთხ სახელად, რასაც საბრძოლო მეტსახელივით წარმოთქვამდნენ ხოლმე ცალკეული ჯგუფები. დროდადრო გაშმაგებული გოდება გაისმოდა, რაც თითქოს სასულე იყო იმათი ციებცხელებიანი ბოდვისა.       მე ვიდექი აღუშფოთველი ამ გაგიჟებულ ხალხში, როგორც კლდე ბობოქარ ზღვაში და ნათლად მახსოვს, რასაც განვიცდიდი იმ წუთში. სიცილს მგვრიდა სხეულის სულელური მოძრაობანი, იმათი დამახინჯებული სახეები, და დამცინავი ირონიით გავცქეროდი ამ მონურ თავშეუკავებლობას, მაგრამ ამასთან - ამაში უნებურად გამოვუტყდი საკუთარ თავს - ცოტათი მეხარბებოდა ასეთი აღტყინება, ასეთი თავშეუკავებლობა, სიცოცხლის ძალა, ამ გაგიჟებულ აზარტში რომ იმალებოდა.      „ნეტავ რა უნდა მომხდარიყო ისეთი, რომ ასე ავეღელვებინე, ასე გავეგიჟებინე, ასე ცეცხლმოკიდებულივით მეღრიალა, ყელიდან უნებურად აღმომხდენოდა ასეთი ველური ყვირილი?“ - გამიელვა თავში.      ვერც დიდძალი ფული, ვერც ქალის სიყვარული ვერ გამაგიჟებდა ასე. არაფერი არ არსებობდა ისეთი... ვინმეს უნებურად რევოლვერის ლულა რომ მოეშვირა, ასე არ ამიჩქროლებდა გულს, როგორც მუჭა ოქროსათვის უჩქროლავდა ჩემს გარშემო მყოფ ათასობით, ათი ათასობით ადამიანს.      ეტყობოდა, ერთი ცხენი უკვე უახლოვდებოდა ფინიშს, რადგან ხალხის ტალღამ აიტაცა ერთი სახელი და ეს შერწყმული, ყურისწამღები ყვირილი თანდათან უფრო გააფთრებული ხდებოდა, ვიდრე უცბად არ მიწყდა, თითქოს მეტისმეტად დაჭიმული სიმი გაწყდაო. დაიგრიალა ორკესტრმა. ხალხის ტალღა შეთხელდა. დოღი დამთავრდა. ბრძოლა დასრულდა, აღელვებულები დამშვიდდნენ და მსუბუქი ფრფონაღა დარჩა. ხალხის ტალღა, რომელიც ახლახან განცდების ერთიან გუნდს წარმოადგენდა, დაიყო მრავალ მოსეირნე, მოცინარ, მოსაუბრე ადამიანად. უგუნურების ნიღბიდან კვლავ გამოჩნდა დამშვიდებული სახეები. ერთიანი, გამდნარი მასა, რადაც გადააქცია რამდენიმე წუთში თამაშის აზარტმა ეს ხალხი, კვლავ იწყებდა დაკოშტებას. ხალხი მიდიოდა, ან თავს იყრიდა ჯგუფ-ჯგუფად თავისი საზოგადოებრივი მდგომარეობის შესაბამისად; ხვდებოდნენ ნაცნობებიც, რომლებიც ერთმანეთს ესალმებოდნენ, იყვნენ უცხოებიც, ცივად რომ შეავლებდნენ თვალს ერთმანეთს. ქალები შურიანად ათვალიერებდნენ თავიანთი მეტოქეების მორთულობას, მამაკაცები მათ ნაზად შესცქეროდნენ. ხან იმ ბრწყინვალე საზოგადოებისათვის ჩვეულ ცნობისმოყვარეობას იკმაყოფილებდნენ, რაც, კაცმა რომ თქვას, მთავარ საქმიანობას წარმოადგენს მაღალი წრის ხალხში. ეძებდნენ მეგობრებს, ნაცნობებს, აინტერესებდათ, ყველანი აქ იყვნენ თუ არა, როგორ ეცვათ. ამ ბურანიდან გამოფხიზლებული ხალხისთვის რომ გეკითხათ, ვერც კი გეტყოდათ, რისთვის მოვიდა აქ - დოღის საყურებლად, თუ დროის სატარებლად შესვენებისას დოღსა და დორს შუა.       მე დინჯად დავსეირნობდი ამ უსაქმო ხალხში, ვესალმებოდი, სალამზე პასუხს ვაძლევდი, სიამოვნებით ვსუნთქავდი სიკოხტავის არომატს, ჩვეულ სურნელს სუნამოებისას, ამ ჭრელ ადამიანთა კალეიდოსკოპს. მაგრამ კიდევ უფრო მეტ სიამოვნებას ჰგვრიდა კაცს ზაფხულის მზით გამთბარი ჭალებიდან და მინდვრებიდან მონაბერი ნიავი, რომელიც ელამუნებოდა ადამიანებს, უმეტესად კი ქალების კაბების თეთრ მარმაშს.      ნაცნობებმა რამდენჯერმე სცადეს გამომლაპარაკებოდნენ. სილამაზით განთქმული მსახიობი დიანა ალერსიანად მომესალმა, მიმიწვია თავის ლოჟაში, მაგრამ მე არავისკენ მიმიწევდა გული. არ მაინტერესებდა ამ ხალხთან საუბარი, მომწყინდა მათში, როგორც სარკეში საკუთარი თავის დანახვა. მხოლოდ სანახაობა მიზიდავდა, აღგზნება, ხალხის ტალღაში რომ სუფევდა. უცქირო სხვის აღფრთოვანებას, გულგრილი ადამიანისთვის ეს ხომ ყოველთვის მიმზიდველი სანახაობაა. როცა ლამაზ ქალებს შევხვდებოდი, უტიფრად, თან მეტისმეტად გულგრილად შევცქეროდი ნისლივით გამჭირვალე ქსოვილით დაფარულ მათ მკერდს და მართობდა იმათი შეკრთომა, რომელშიც სირცხვილიც შეინიშნებოდა და დაკმაყოფილებული პატივმოყვარეობაც. მღელვარებას არ განვიცდიდი, უბრალოდ, მომწონდა ეს თამაში, მინდოდა, იმათში გულზვიადი აზრები აღმეძრა და თვალებით გამებურღა, მათ თვალებშიც საპასუხო ცეცხლი ამენთო. მე, როგორც ყოველ გულგრილ ადამიანს, ნამდვილ ტკბობას განმაცდევინებდა არა საკუთარი ვნება, არამედ ჩემს მიერ გამოწვეული გრძნობათა ჩოჩქოლი, მინდოდა მეგრძნო მხოლოდ იმ სითბოს ჩაღვრა სულში, რასაც განვიცდით ქალების შეხედვისას, და არა ნამდვილი ცეცხლი. არ მსურდა ცეცხლი მომდებოდა, მხოლოდ მისი ჭვრეტა მინდოდა. ასე დავსეირნობდი ახლაც, ვიჭერდი ქალთა მზერას, მსუბუქ ბურთებივით ადვილად ვიგერიებდი მათ, ვეალერსებოდი მიუკარებლად, ვტკბებოდი ისე, რომ არ შევიგრძნობდი, შევცქეროდი ოდნავ აღგზნებული ჩვეული თამაშით.      მაგრამ ესეც მალე მომბეზრდა. სულ ერთი და იგივე ხალხი მხვდებოდა, რომელთა სახეებსა და მოძრაობას კარგად ვიცნობდი. მახლობლად თავისუფალი სკამი აღმოჩნდა. ჩამოვჯექი. ჩემს გარშემო ისევ ერთი აურზაური ატყდა. ხალხი ჯგუფდებოდა, გარბოდა, ერთმანეთს ეჯახებოდა. აქ აღარ დამედგომებოდა, მაგრამ ადგილიდან არ ვიძროდი და სკამის ზურგს გადაწოლილი ჩაფიქრებული თვალს ვადევნებდი, ჩემი სიგარეტის ბოლი თეთრ ბოლქვებად როგორ ადიოდა ცაში და ღრუბლის ფთილასავით ჰქრებოდა გაზაფხულის ლაჟვარდში.       და აი, სწორედ ამ წუთში მოხდა ის განუმეორებელი რამ, რაც ახლაც წარმართავს ჩემს ცხოვრებას. შემიძლია ზუსტად დავასახელო დრო, რადგან იმ წუთში შემთხვევით დავხედე საათს. საათის ისრები გადაჯვარედინდა და მე ისეთი ცნობისმოყვარეობით ჩავაშტერდი, თითქოს ერთი სეკუნდის წინაც ამას ვფიქრობდი. ოთხის სამი წუთი იყო, 1913 წლის 7 ივნისი.      ამგვარად, ბავშვურსა და უაზრო ჭეშმარიტებაში მთლად ჩანთქმული, სიგარეტით ხელში, თეთრ ციფერბლატს დავცქეროდი, რომ უცბად ზურგს უკან ქალის სიცილი შემომესმა. ქალი ხმამაღლა, აღგზნებული კისკისებდა. სწორედ ეს მომწონს ქალებში, როცა სიყვარულის გზნებისას, მოულოდნელად აუტყდებათ ხოლმე კისკისი. ის იყო, თავის მობრუნება დავაპირე, რომ იმ ქალისათვის შემეხედა, ისე კადნიერად და გამომწვევად რომ შემოიჭრა ჩემს უზრუნველ ოცნებებში, როგორც თვალისმომჭრელი თეთრი ქვა გამოჩნდება ხოლმე შლამით დაფარულ გუბურაში, მაგრამ თავი შევიკავე. უცნაურმა სურვილმა შემაჩერა, რაც ხშირად დამეუფლებოდა ხოლმე, თავდავიწყებით მივცემოდი უწყინარ თამაშს, ჩამეტარებინა პატარა ფსიქოლოგიური ცდა, თავისუფლება მიმეცა ჩემი წარმოსახვისათვის და შეუხედავად წარმომედგინა ის ქალი - მისი სახე, პირი, კისერი, კეფა, მკერდი, ერთი სიტყვით, მისი სიცილით წარმომედგინა ცოცხალი, რეალური სახე.      ქალი, ეტყობოდა, სწორედ ჩემს ზურგსუკან იდგა. სიცილი საუბარმა შეცვალა. სმენადქცეული ყურს ვუგდებდი. იგი ძალიან სწრაფად და ცოცხლად, მსუბუქი უნგრული აქცენტით ლაპარაკობდა, ხმოვნებს ისე აგრძელებდა, თითქოს მღერისო. ახლა ჩემს გასართობს ის წარმოადგენდა, რომ მის ლაპარაკზე მთელ სახეს აღვიქვამდი და ვცდილობდი, წარმომედგინა ყოველი ნაკვთი. მე მივანიჭე შავი თმა, შავი თვალები, მსხვილი, მგრძნობიარე ტუჩები, თოვლივით ქათქათა, გამწკრივებული კბილები. პატარა თხელი, ნესტოებდაბერილი ცხვირი. მარცხენა ლოყაზე მშვენიერი ხალი დავუხატე. ხელში მივეცი წკეპლა, რომელსაც სიცილით ირტყამდა ფეხებზე. იგი ლაპარაკობდა შეუჩერებლივ. ყოველი სიტყვა ახალ თვისებას მატებდა ჩემს ოცნებაში ელვის უსწრაფესად წარმოქმნილ სახეს: თხელი, ქალწულებრივი მკერდი, მუქმწვანე კაბა, ირიბად გაყრილი ბრილიანტის აბზინდა, ღია ფერის, თეთრ ფრთებშემოვლებული შლიაპა. სურათი თანდათან ნათელი ხდებოდა და მე მეჩვენებოდა, რომ ჩემს უკან მდგარი ეს უცხო ქალი ჩემს თვალებში ისე ისახებოდა, როგორც ფოტოფირზე. მაგრამ თავი არ მომიტრიალებია, მინდოდა გამეგრძელებინა თამაში. რაღაც იდუმალი მომხიბვლელობა გამოსჭვიოდა ჩემთვის ამ თამამ ოცნებაში. თვალები დავხუჭე და ოდნავადაც არ მეპარებოდა ეჭვი, რომ როცა გავახელდი და თავს შემოვატრიალებდი, წარმოდგენილი სახე უეჭველად დაემთხვეოდა რეალურს.       ქალი წინ წამოვიდა. უნებურად გავახილე თვალები და ცეცხლი მომეკიდა: სულ სხვანაირი იყო. უფრო მეტიც, თითქოს განზრახ სრული წინააღმდეგობა აღმოჩნდა ჩემს მიერ შექმნილი სახისა. მწვანე კაბა კი არ ეცვა, არამედ თეთრი, ტანწერწეტი კი არ იყო, ჩათქვირული, ჩამრგვალებულთეძოებიანი. მსუქან ლოყაზე ხალი არ უჩანდა, წითურა, და არა შავ თმაზე ჩაჩქანივით ქუდი ედო. არც ერთი ჩემი ნიშანი არ შეეფერებოდა იმის სახეს, მაგრამ ქალი ლამაზი იყო, მეტისმეტად ლამაზი, თუმცა მე, ამპარტავნობით თავი ფსიქოლოგად რომ წარმომედგინა, არ მინდოდა საკუთარ თავს გამოვტყდომოდი ამაში. თითქმის მტრულად შევხედე, მაგრამ, მიუხედავად ამ წინააღმდეგობისა, ამ ქალის შეხედვაზე რაღაც საოცარი გრძნობა დამეუფლა, ცხოველური გზნება მისი ჩათქვირული, მკვრივი სხეულისადმი. ქალი კვლავ კისკისებდა, აჩენდა თეთრ, სწორ კბილებს და ეს გულალალი, გამომწვევი სიცილი სრულიად ეხამებოდა მის სილამაზეს. ყველაფერი მიმზიდველი და გამომწვევი გეჩვენებოდათ მასში: მაღალი მკერდი, სიცილისას წინ გამოწეული ნიკაპი, მსუსხავი მზერა, კეხიანი ცხვირი, ხელი, მტკიცედ რომ ეჭირა ქოლგა. მასში შეიგრძნობდით ქალურ საწყისს, პირველყოფილ ძალას, ოსტატურ, დაჟინებულ მომხიბვლელობას, ხორცშესხმულ ცდუნებას.       მის გვერდით იდგა კოხტა, ცოტათი ჯანგატეხილი ოფიცერი და რაღაცას გატაცებით ელაპარაკებოდა. ქალი უსმენდა, იღიმებოდა, იცინოდა, პასუხობდა, მაგრამ გულგარეთ. ნესტოები მოუთმენლად უთრთოდა და თვალები აქეთ-იქით გაურბოდა. ყოველი ჩამვლელი მამაკაცი უეჭველად ყურადღებას მიაქცევდა, გაუღიმებდა. ქალს თვალები აქეთ-იქით გაურბოდა, ხან ტრიბუნებზე ნაცნობ სახეს შენიშნავდა და გახარებული პასუხობდა სალამზე, ხან - მარცხნივ, ხან - მარჯვნივ, თან წინანდებური ქედმაღლური ღიმილით უსმენდა ოფიცერს. მხოლოდ მე, მის თანამგზავრს ამოფარებული, ვრჩებოდი მისი მხედველობის არის გარეშე. ეს მაბრაზებდა. წამოვდექი, მაგრამ ის მაინც ვერ მხედავდა. ახლოს მივედი, ის მაინც ტრიბუნისაკენ იცქირებოდა. მაშინ წინ დავუდექი, მივესალმე მის თანამოსაუბრეს და ქალს სკამი შევთავაზე. ქალმა განცვიფრებით შემომხედა, თვალები ეშმაკურად გაუბრწყინდა, ბაგეებზე თავაზიანმა ღიმილმა გაურბინა. თუმცა თავდაჭერილად გადამიხადა მადლობა და სკამი გამომართვა, მაგრამ არ დამჯდარა. ნიდაყვებამდე შიშველი ხელებით მსუბუქად დაეყრდნო საზურგეს და ისეთი პოზა მიიღო, რაც გამოჰკვეთავდა იმის ჩათქვირულ ნაკვთებს.      უხეირო ფსიქოლოგიური ცდით გამოწვეული წყენა გამიქრა, მხოლოდ იმ ქალთან გააშიკება მიტაცებდა. ცოტათი უკან დავიხიე ტრიბუნების კედლისაკენ, საიდანაც ჯოხზე დაყრდნობილს შემეძლო თავისუფლად, სხვებისაგან შეუმჩნევლად მეცქირა მისთვის. ვცდილობდი, მისი მზერა დამეჭირა. ქალმა ეს შენიშნა. ოდნავ შემოტრიალდა ჩემი სათვალთვალო პოსტისაკენ, მაგრამ ისე, რომ ეს მოძრაობა სრულიად შემთხვევითი გეგონებოდათ. თვალს არ არიდებდა ჩემს მზერას, ის კი არა, ზოგჯერ შემომხედავდა კიდეც, მაგრამ იმედს არ მაძლევდა. თვალები წინანდებურად აქეთ-იქით გაურბოდა, მაგრამ ვერაფერზე ვერ აჩერებდა. მხოლოდ მაშინ, როცა ჩემს მზერას შეეფეთა, ღიმილი ჩაუდგა, მაგრამ ვინ იცის, იქნებ ამ ღიმილით აჯილდოებდა ყველას? ვერა და ვერ გამომეცნო. სწორედ ეს გაურკვევლობა მაბრაზებდა. როცა მისი მზერა შუქნიშნის სხივივით მომხვდა, იგი მრავლისაღმთქმელი იყო, მაგრამ ისევე ცივი ელვარებით განურჩევლად ირეკლავდა მასზე მიპყრობილ მზერას. ამ თამაშით, ეტყობოდა ქედმაღლურ პატივმოყვარეობას იკმაყოფილებდა, თან კიდევ ერთ წუთსაც არ სწყვეტდა კურკურს თავის თანამგზავრთან, გეგონებოდათ, მისი ნათქვამი ძალიან აინტერესებსო. რაღაც გაუგონარი კადნიერება შეინიშნებოდა მის ქცევაში - აშიკობის ვირტუოზობა თუ წრესგადასული მგრძნობელობა. უნებურად ერთი ნაბიჯით მივუახლოვდი: მისი აღუშფოთველი კადნიერება მეც გადმომეცა. მე უკვე აღარ შევცქეროდი თვალებში, საქმის ცოდნით ვათვალიერებდი თავით ფეხამდე, მზერით ვხდიდი ტანსაცმელს და ვაშიშვლებდი. იგი თვალს ადევნებდა ჩემს მზერას და სულაც არ გრძნობდა შეურაცხყოფას, ტუჩების კუთხეებით უღიმოდა თანამოსაუბრე ოფიცერს, მაგრამ ამ ეშმაკურ ღიმილში მოწონება ამოვიკითხე. ხოლო, როცა ცქერა დავუწყე მის პატარა კოხტა ფეხს, კაბის ქვეშიდან რომ მოუჩანდა, და ცოტა ხნის შემდეგ, როცა თითქოს შემთხვევით დავადგი ფეხი სკამის ქვედა ღერძს და თხელ ქვედატანს ქვეშ თვალი შევავლე მის წინდებს მუხლებამდე, თანამოსაუბრისაკენ მიპყრობილ მომღიმარ სახეზე დამცინავი, ცბიერი გამომეტყველება გამოესახა. ეტყობოდა, ისიც ისევე აგზნების გარეშე მეკურკურებოდა, როგორც მე, და გაბოროტებით შევნიშნე, რომ იგი სრულყოფილად ფლობდა ამ სარისკო თამაშის ტექნიკას. მან თითქოს რაღაც იდუმალებით გააღვივა ჩემი ცნობისმოყვარეობა, თან ყურადღებით უსმენდა თავისი თანამოსაუბრის ჩურჩულს, მაგრამ ერთსაც და მეორესაც სრულის გულგრილობით აკეთებდა. ეს მაშფოთებდა, რადგან ამ ცივ, ბოროტ, ანგარებიან კურკურს ვერ ვიტანდი, სისხლისაღმრევ სიახლოვეს განმაცდევინებდა ჩემს საკუთარ უგრძნობელობასთან. მაგრამ მაინც წამეკიდა გზნება, იქნებ უფრო მეტად სიძულვილისაგან, ვიდრე ამ ქალით გატაცებისაგან. ახლოს მივედი და ურცხვად ჩავხედე თვალებში. „მე შენ მინდიხარ, მშვენიერო ცხოველო“, - არაორაზროვნად ამბობდა ჩემი მზერა, და ეტყობოდა, ჩემი ბაგეებიც უნებურად შეირხა, რადგან იმან გამიღიმა ოდნავ ზიზღნარევი ღიმილით და კაბა გაისწორა. შავი თვალები მაშინვე მკვირცხლად აქეთ-იქით გაექცა. სრულიად ნათელი იყო, რომ ისიც ისეთივე ცივი იყო, როგორც მე, რომ იგი ჩემი ღირსეული პარტნიორი გახლდათ, რომ თითოეული ჩვენგანი მეორის ჯიბრზე ნაცარს ჩხრეკდა, რომელიც მხოლოდ მოჩვენებით ცეცხლს გააღვივებდა, რაც მხოლოდ თვალს გაახარებდა და ამ ნაღვლიან დღეს დროს მოკლავდა.      მაგრამ უცბად გამოცოცხლება გაჰქრა მისი სახიდან, თვალებში ბრწყინვალება ჩაუქრა, ახლახან მომღიმარე ბაგეებზე წყენის ნაოჭი გაუწვა.      თვალს არ ვაშორებდი მის მზერას: ტანდაბალი, ფაშფაშა კოსტუმიანი სქელ-სქელი ბატონი აჩქარებით მოდიოდა მისკენ, თან აღელვებული გზა-გზა გაოფლიანებულ სახეს იწმენდდა ცხვირსახოცით. შლიაპის ქვეშ, აჩქარებისაგან გვერდზე რომ მოქცეოდა, დიდი ქაჩალი ადგილი მოუჩანდა. გუნებაში გავიფიქრე, ეს მოტვლეპილი თავი ქუდქვეშ ალბათ მსხვილი ოფლის წვეთებით აქვს დაცვარული-მეთქი, და უნებური ზიზღი ვიგრძენი ამ კაცისადმი. ბეჭდებაჩონჩხლილი ხელი ბილეთების დასტას ჭმუჭნიდა და მღელვარებისაგან გულგასიებულს ცოლისათვის არც კი შეუხედავს, უნგრულად ხმამაღლა გამოელაპარაკა ოფიცერს. მაშინვე მივხვდი, რომ საცხენოსნო სპორტის თავგამოდებული მოყვარული იყო. ვინ იცის, იქნებ რომელიმე მსხვილი ვაჭარი გახლდათ, რომლისთვისაც მთელი ცხოვრების აზრს აზარტი შეადგენდა. ეტყობოდა, ცოლმა შენიშვნა მისცა (მისი იქ ყოფნა არცხვენდა ქალს და ახლა მცირეოდენი მხნეობაც კი დაკარგა), რადგან შლაპა გაისწორა, მერე გულკეთილად გაიცინა და დაჰკრა მხარზე ხელი. ქალმა მრისხანედ შეჰყარა წარბები. ეტყობოდა, გააბრაზა ასეთი ინტიმური დამოკიდებულების გამომჟღავნებამ, შერცხვა ოფიცრისა და იქნებ უფრო მეტად ჩემი. კაცმა ისევ ბოდიში მოიხადა, ისევ უთხრა რამდენიმე სიტყვა ოფიცერს უნგრულად, რომელზეც იმან თავაზიანი ღმეჭით უპასუხა, მერე მორიდებითა და ნაზად გაუყარა ცოლს მკლავი. მივხვდი, რომ ქალს შერცხვა ასეთი ინტიმურობის გამომჟღავნებისა ჩვენს თვალწინ და მეც ზიზღნარევი, დამცინავი ღიმილით შევცქეროდი მის დამცირებას, მაგრამ იგი ისევ დაეუფლა საკუთარ თავს, მსუბუქად დაეყრდნო კაცის მკლავს, ირონიული მზერით მომხედა, თითქოს მეუბნებოდა: „ხედავ, აი, ამას ვეკუთვნი და არა შენ“. ეს მწყინდა კიდეც და თან ზიზღიც დამეუფლა. მხოლოდ ისღა მსურდა, ზურგი შემექცია მისთვის და გავტრიალებულიყავ, რომ დამემტკიცებინა, ამ ვულგარული, სქელ-სქელი კაცის ცოლი მე ვერ დამაინტერესებდა, მაგრამ ისე დიდი იყო ცდუნება, დავრჩი.       სწორედ ამ წუთში სტარტის ყურისწამღები ნიშანი გაისმა. უცბად მთელი ეს მოყაყანე, ზანტად მოსეირნე დაქუცმაცებული ხალხის ტალღა ამოძრავდა და ერთად მიაწყდა ბარიერს. ამ ტალღამ ლამის მეც გამიყოლა, მაგრამ მე უეჭველად მინდოდა, საერთო არეულობაში ამ ქალის გვერდით მოვხვედრილიყავი იმის იმედით, რომ შემთხვევა მომცემოდა გაბედული შეხედვისა, ჟესტის, რაიმე თამამი საქციელის, ოღონდ რისი, მე თვითონაც არ ვიცოდი, ამიტომ ჯიუტად ვარღვევდი ხალხის ტალღას და მივიწევდი მისკენ. მისი ქმარიც გააფთრებით მოიწევდა წინ, ეტყობოდა, უნდოდა უკეთესი ადგილი დაეჭირა ტრიბუნის მახლობლად, და უცბად ტალღის მოწოლით ისე მაგრად დავეჯახეთ ერთმანეთს, რომ ქუდი გადასძვრა და მის ბაფთში ჩატანებული ბილეთები აქეთ-იქით გაიფანტა, თითქოს წითელი, ლურჯი, ყვითელი და თეთრი პეპლებიაო. მან გაბრაზებით შემომხედა. ის იყო, უნებურად ბოდიშის მოხდას ვაპირებდი, რომ რაღაც ავმა გაბოროტებამ ენა ჩამიგდო. ის კი არა, ცივად, უტიფრად, შეურაცხმყოფელი, გამომწვევი მზერით შევცქეროდი. მისი მზერა ერთ წუთს დათრგუნვილი გააფთრებით აენთო, მაგრამ მაშინვე შიშით გაჰქრა ჩემი მზერის წინაშე. ერთ წუთს რაღაც დაუვიწყარი, დამფრთხალი თვალებით შემომხედა თვალებში, მერე გატრიალდა, მაგრამ უცბათ თავისი ბილეთები მოაგონდა, აიღო ქუდი და იმათი შეგროვება დაიწყო. მისმა ცოლმა კი ხელი გაუშვა ქმარს და დაუფარავი გააფთრებით, მღელვარებისაგან მთლად ალმურმოდებულმა მომანათა თვალები. მე გულში ვზეიმობდი, რომ ვუყურებდი, ლამის იყო ჩემთვის სილა გაეწნა. გულგრილად ვიდექი იმავე ადგილას და თავხედური ღიმილით თვალს ვადევნებდი, სწორედ ჩემს ფეხებთან სქელი კაცი როგორ ჰკრეფდა ხვნეშით ბილეთებს. დახრისას საყელო გაფხორილი ქათმის ფრთასავით გადაეწეოდა და ქონის სქელი ფენა ამოებერებოდა სქელ კეფაზე. ყოველი დახრისას ავადმყოფურად ხვნეშოდა. უნებურად წარმოვიდგინე ის ლეში ცოლქმრული ალერსისას და ზიზღითა და დაუფარავი ღიმილით შევცქეროდი მის მრისხანებისაგან დამახინჯებულ სახეს. ახლა ქალი მეტისმეტად ფერმკრთალი ჩანდა და ძლივს იკავებდა თავს, ბოლოსდაბოლოს წარვტაცე მას ჭეშმარიტი, ნამდვილი გრძნობა: სიძულვილი, დაუოკებელი მრისხანება. სიამოვნებას მგვრიდა ამ ბრაზისმომგვრელი სცენის უსაზღვრო გაჭიანურება და გულგრილი ნიშნისგებით ვადევნებდი თვალს, როგორ იტანჯებოდა ეს სქელ-სქელი კაცი, რომ სათითაოდ აეკრიფა ბილეთები. მოუსვენარი ეშმაკი მეჯდა ყელში, რომელიც გამუდმებით ხითხითებდა, თავს ძლივს იკავებდა სიცილისაგან. ო, როგორ მინდოდა, ერთი გულიანად გადამეხარხარა, ან ჯოხი მეკრა ჩემს ფეხებთან მხოხავი ლეშისათვის. არასოდეს ასეთ ბრაზს არ შევუპყრივარ, როგორიც ამ კადნიერ, თავის თავში დარწმუნებულ ქალზე სრული გამარჯვების წუთებში.       მაგრამ აი, უბედურმა ბოლოს და ბოლოს შეაგროვა ბილეთები გარდა ერთისა - ლურჯი ბილეთისა, რომელიც უფრო შორს გაფრენილიყო და პირდაპირ ჩემს ფეხებთან ეგდო. იგი ქოშინით მიტრიალდა აქეთ-იქით, ეძებდა თავისი ახლომხედველი თვალებით. პენსნე ოფლით დაცვარულ ცხვირზე ჩამოსცურებოდა. მე ცბიერად ვისარგებლე ამ წუთით, რომ გამეგრძელებინა ძებნა, რაც სიცილს მგვრიდა. ბავშვური სიცელქით სწრაფად წამოვწიე ფეხი და დავაფარე ლურჯ ქაღალდს: ახლა ვერასგზით ვეღარ იპოვიდა, შემეძლო, რამდენ ხანსაც მოვისურვებდი, მეტანჯა იგი, მეძებნინებინა, და ისიც ეძებდა, ეძებდა შეუსვენებლივ, ფორთხავდა, კვლავ ითვლიდა სხვადასხვაფერ ფურცლებს; რაღა თქმა უნდა, მხოლოდ ერთი, ჩემი აკლდა. და როცა მომძლავრებულ ხალხის ტალღაში კვლავ აპირებდა ძებნას, იმისი ცოლი პუჩების კვნეტით ჯიუტად შეტრიალდა, თვალი აარიდა ჩემს დამცინავ მზერას, ვეღარ მოითმინა და იფეთქა.      - ლაიოშ! - მბრძანებლურად უყვირა ქმარს. კაცი შეკრთა, როგორც ცხენი შეკრთება ხოლმე ნაღარის დაცემისას, კიდევ მოავლო თვალი მიწას. ფეხქვეშ დამალულმა ბილეთმა შემიღიტინა და ძლივს ვიკავებდი სიცილს. მერე მორჩილად მიტრიალდა ცოლისკენ. ქალმა საოცარი სისწრაფით მომაშორა ქმარი და ორივე მჩქეფარე ხალხის ნიაღვარს შეერია.      მე კი იქვე დავრჩი, ოდნავი სურვილიც კი არა მქონია, იმათ გავყოლოდი. ეპიზოდი ჩემთვის დამთავრებული იყო. ეროტიული დაძაბულობის გრძნობამ ჩამიხშო წუთიერი სურვილი, გზნება, უცაბედი აფეთქება და ამ თამაშისაგან მხოლოდ კმაყოფილების სასიამოვნო, უტიფარი შეგრძნება შემომრჩა, რომ ნომერი გამოვიდა. წინ ერთი ჭყლეტა იყო, აღგზნებული ტალღა მღვრიე, აქაფებულ ზვირთივით მიაწყდა ბარიერს, მაგრამ მე არც კი ვიყურებოდი იქითკენ; მომწყინდა, ახლა მხოლოდ იმაზეღა ვფიქრობდი, აქვე პარკში გავისეირნო, თუ შინ წავიდე-მეთქი. მაგრამ ნაბიჯი გადავდგი თუ არა, მაშინვე შევნიშნე მიწაზე დაგდებული ლურჯი ბილეთი. ავიღე და ხელში ვათამაშებდი, არ ვიცოდი, სად წამეღო. თავში გამიელვა, ლაიოშისათვის დამებრუნებინა, რაც დიდებული მიზეზი იქნებოდა მისი ცოლის გაცნობისა, მაგრამ იგი ახლა სულაც აღარ მაინტერესებდა და ის წუთიერი ინტერესი, რაც ამ შემთხვევამ აღმიძრა, კარგა ხანია შესცვალა ჩემმა ჩვეულებრივმა გულგრილობამ. იმდენად მძაგდა ეს ლეში, ამ უხმო ორთაბრძოლის, გულღია მზერის მეტს აღარაფერს მოვითხოვდი ლაიოშის ცოლისაგან. გავერთე ამ თამაშით და ახლა წუთიერად თუ დამეუფლებოდა ცნობისმოყვარეობა, სასიამოვნო შეგრძნება.       სკამი, რომელიც იმას დავუთმე, ისევ იმავე ადგილას იდგა ცარიელი, უფრო მოხერხებულად დავჯექი და სიგარა გავაბოლე. ჩემს წინ ისევ ბობოქრობდნენ ვნებანი, მაგრამ მე ყურს აღარ ვუგდებდი. ჩემზე არ მოქმედებდა განმეორებანი, ნება-ნება ვაბოლებდი და ვფიქრობდი წყალვარდნილზე, რომელიც ორი წლის წინ ვნახე მერანოში. სწორედ ისეთი იყო, როგორც აქაურობა: მშფოთვარე, მჩქეფარე ნაკადი, რომლისაგან არც არავის სცივა და არც არავის სცხელა, უაზრო გრგვინვა ზურმუხტისფერ პოეზიაში. მაგრამ აი, ხალხის ტალღის დრტვინვამ უმაღლეს წერტილს მიაღწია. აბობოქრებულ ხალხის ზვირთებს ზემოთ კვლავ გამოჩნდა ქოლგები, შლიაპები, ცხვირსახოცები, კვლავ ყველაფერი ერთ გოდებად შეირწყა და ხალხის ვეებერთელა ტალღიდან კვლავ ათასგზის გამოიყო ერთი სახელი, რასაც დიდი აღტაცებით და თავგამოდებით ყვიროდნენ: „კრესი! კრესი! კრესი!“ მერე დაჭიმულ სიმის ხმასავით უცბად შეწყდა (რა ერთფეროვანია გზნებანი, როცა მეორდება). იგრიალა მუსიკამ. ხალხი იშლებოდა. ასწიეს ფარდები, რომლებზეც გამარჯვებულთა ნომრები ეწერა. ანგარიშმიუცემლად შევხედე მათ. პირველ ადგილზე შვიდიანი ბრწყინავდა. უნებურად შევხედე ხელში შემორჩენილ ლურჯ ბილეთს. იმაზეც შვიდიანი იყო გამოსახული.      გამეცინა. ბილეთმა მოიგო. ძვირფასი ლაიოში მიხვდა ალბათ ამას. ამგვარად, კვლავ ჩემს ხელთ იყო იმ ქალის სქელი მეუღლე. უცბად ეშმაკი შემიჯდა სულში. ახლა მაინტერესებდა, რამდენი დაუჯდა იმას ჩემი იჭნეული ჩარევა. პირველად დავაკვირდი ლურჯ ბილეთს; ბილეთი ოცი კრონისა იყო და ლაიოშიც მოგებული გახლდათ. ეს საკმაო თანხა იყო. დიდხანს არც კი მიფიქრია, ცნობისმოყვარეობით შეპყრობილი შევუერთდი ხალხის ტალღას, რომელიც სალაროებს მიაწყდა. ერთ-ერთ რიგში გავეჭედე, წარვუდგინე ბილეთი და კაცის ძვალტყავა, სწრაფმა ხელებმა, ვისი სახეც არასოდეს მენახა, მარმარილოს დაფაზე მომითვალა ოცი კრონის ცხრა ბანკნოტი.       იმ წუთში, როცა მონაგები ნამდვილი ფული მომითვალეს, სიცილი შემეყინა ბაგეებზე. უცბად საშინელი გრძნობა დამეუფლა. უნებურად ხელი გავწიე, რომ არ მიმეკარებინა სხვისი ფულისაკენ. სჯობდა, ეს ბანკნოტები დაფაზე დამეტოვებინა, მაგრამ ჩემს უკან ერთი ჭყლეტა იყო და მოუთმენლად ელოდნენ მონაგების მიღებას. ამგვარად, ზიზღით ავიღე ბანკნოტები, თითქოს მწვავდა, თითქოს ცეცხლის ენებიაო, ის კი არა, ხელიც კი გავწიე, თითქოს ჩემი არ იყო. მაშინვე მივხვდი, რა გამოუვალ მდგომარეობაშიც ჩავვარდი, ჩემდა უნებურად ხუმრობამ ისეთი ხასიათი მიიღო, რაც არ შეჰფეროდა წესიერ კაცს. ჯენტლმენს. მე თვითონვე ვერ ვბედავდი, ჩემი საქციელისათვის ნამდვილი სახელი მეწოდებინა. ეს ხომ დამალული კი არა, ეშმაკურად გამოცანცლული, მოპარული ფული იყო.      ჩემს გარშემო ხალხი ზუზუნით, ხელისკვრით მიიწევდა სალაროებისაკენ, ან უკან გამოდიოდნენ. მე კვლავ გაუნძრევლად ვიდექი ხელგაწვდილი. რა უნდა მექნა? უწინარეს ყოვლისა, მომაგონდა, რაც ყველაზე ბუნებრივი იყო; მომენახა ბილეთის მფლობელი, ბოდიში მომეხადა და უკან დამებრუნებინა ფული. მაგრამ ეს შეუძლებელი იყო, განსაკუთრებით იმ ოფიცრის თანდასწრებით. მე ხომ თადარიგის ლეიტენანტი გახლდით და ასეთი აღიარებისათვის უეჭველად ჩინით ჩამომაქვეითებდნენ. თუნდაც რომ შემთხვევით მეპოვნა ბილეთი, ფულის აღება უღირსი საქციელი იყო. ისიც კი ვიფიქრე, ხომ არ ავყოლოდი ინსტინქტურ სურვილს - მომეჭმუჭნა ქაღალდები და გადამეყარა, მაგრამ ესეც შეიძლებოდა ვინმეს საეჭვოდ მოსჩვენებოდა. მე კი არავითარ შემთხვევაში, ერთი წუთითაც კი არ მინდოდა ხელში მჭეროდა სხვისი ფული, თუნდაც იმ აზრით, რომ ვინმესთვის მეჩუქებინა. ბავშვობიდანვე შესისხლხორცებული სიწმინდის გრძნობა ნებას არ მაძლევდა ამ ბანკნოტების ხელის შეხებისა. თავში ჩაქუჩივით მარტყამდა ერთი აზრი, რა ხერხითაც არ უნდა ყოფილიყო, ოღონდ მომეშორებინა ეს ფული. დაბნეულმა უნებურად აქეთ-იქით მივიხედ-მოვიხედე, ხომ არ არის სადმე ისეთი მიფარებული კუთხე, რომ ეს ფული გადავყარო-მეთქი, რომ უცბად შევნიშნე, ხალხი კვლავ მიიწევდა სალაროებისაკენ, მაგრამ ახალ უკვე ფულით ხელში. ამ წუთში თავში გამიელვა, დამებრუნებინა ფული ცბიერი შემთხვევისათვის, რომელმაც იგი შემომაჩეჩა, უკან ჩამეგდო იმ გაუმაძღარ ხახაში, ჩემს თვალწინ ხარბად რომ ნთქავდა ვერცხლსა და ბანკნოტებს. დიახ, ეს იყო გამოსავალი, ეს იყო ჭეშმარიტი ხსნა!       ადგილს მოვწყდი, მივირბინე სალაროებთან, ჩავდექი რიგში. მხოლოდ ორი კაცი იდგა ჩემს წინ. პირველი უკვე მივიდა ტოტალიზატორთან, რომ უცბად მომაგონდა, არც კი ვიცოდი, რომელი ცხენი დამესახელებინა. დაძაბული ვუგდებდი ყურს სხვების ლაპარაკს: - რავახოლზე სდებთ? - ჰკითხეს ერთს. - რაღა თქმა უნდა, რავახოლზე, - უპასუხა მეორემ. - თქვენ როგორ გგონიათ, ტედის არა აქვს შანსები? - ტედის? - სულაც არა. ჰანდიკაპში მთლად ჩაფლავდა. ტედი მკვეხარაა და მეტი არაფერი...      როგორც მწყურვალე ადამიანი ხარბად დაეწაფება ხოლმე წყალს, ისე ვისრუტავდი ამ სიტყვებს. მაშ ასე, ტედი უიმედოა, ტედის არ შეუძლია გაიმარჯვოს. მაშინვე გადავწყვიტე ის ამერჩია. გავყარე ფული ფანჯარაში და დავასახელე ეს-ესაა გაგონილი სახელი ტედისა, ვიღაცამ ხელში მომაყარა ბილეთები, ერთის მაგივრად ცხრა ბილეთის მფლობელი გავხდი. ეს არ იყო სასიამოვნო, მაგრამ არც ისე საზიზღარი და დამამცირებელი გახლდათ, როგორც ხელში მოშრიალე ბანკნოტების ჭერა.      ისევ შვებით ამოვისუნთქე. ფული მოვიშორე. დამთავრდა თავგადასავლის უსიამოვნო მხარე და კვლავ უწყინარი ხუმრობის ხასიათი მიიღო. იმავე სკამზე დავჯექი და ნება-ნება ვაბოლებდი სიგარას, ბოლის ბოლქვებს ვუშვებდი, მაგრამ ერთ ადგილას ვერ ვისვენებდი. წამოვდგებოდი, წინ და უკან დავდიოდი, კვლავ დავეშვებოდი კიბეზე. საოცარი იყო: ნეტარი, საოცნებო სიმშვიდე უკვალოდ გაქრა. რაღაც გამოუცნობი მღელვარება დამეუფლა. პირველად მეგონა, ეს უსიამოვნო გრძნობა გამოწვეული იყო ხალხში ლაიოშისა და იმისი ცოლის დანახვის შიშით. მაგრამ აბა ისინი როგორ მიხვდებოდნენ, რომ ეს ახალი, თეთრ, წითელზოლებიანი ბილეთები იმათ ეკუთვნოდა? არც აღელვებული, მოფუსფუსე ხალხი მიშლიდა ხელს. პირიქით, ყურადღებით ვადევნებდი თვალს, ბარიერისკენ ხომ არ მიიწევს-მეთქი. ის კი არა, საკუთარი თავი იმაშიც კი დავიჭირე, რომ ყოველ წუთს ვდგებოდი სკამიდან და თვალებით ვეძებდი დროშას, რომელსაც დოღის დაწყებისას აღმართავენ ხოლმე. ეს მხოლოდ ფიცხი მოუთმენლობა იყო, რამაც შემიპყრო სტარტის მოლოდინში, რადგან მინდოდა, ეს სულელური ამბავი სამუდამოდ დამთავრებულიყო.      გვერდზე ჩამირბინა ბიჭმა, რომელსაც აფიშები ეჭირა ხელში. დავუძახე, ვიყიდე აფიშა და დავიწყე ჩემთვის გაუგებარ სპორტულ ენაზე დაწერილი ტექსტის კითხვა, სანამ ბოლოს ტედის არ წავაწყდი. გამოვიცანი ჟოკეის, თავლის მფლობელის გვარი, ფერები - წითელი და თეთრი. მაგრამ რად მინდოდა ეს? გააფთრებით მოვჭმუჭნე ქაღალდი და გადავაგდე. წამოვდექი სკამიდან, მერე ისევ დავჯექი. უცბად დამცხა, სველი შუბლი ცხვირსახოცით მოვიწმინდე. საყელო ყელში მიჭერდა. დოღი ჯერ კიდევ არ დაწყებულიყო.      ბოლოს გაისმა ზარის ხმა. ხალხის ტალღა წინ მიაწყდა და ამ წუთში შევიგრძენი, რომ ამ ზარის წკრიალმა მაღვიძარასავით გამომიყვანა მთვლემარე გაშეშებიდან. ისე უცბად წამოვხტი, რომ სკამი გადაყირავდა, და ვიჩქარე, არა, თავპირის მტვრევით გავიქეცი, მაგრად ვჭმუჭნიდი მუშტში ბილეთებს და ხალხის ტალღაში ისე შევიჭერი, თითქოს მეშინოდა, არ დამგვიანებოდა, მეტისმეტად მნიშვნელოვანი რამ არ გამომრჩენოდა. ნიდაყვების უხეშად ქნევით ბარიერამდე მივაღწიე და თავხედურად ვეტაკე სკამს, რომელზეც ის იყო ერთი მანდილოსანი აპირებდა დაჯდომას. მის განცვიფრებულ მზერაზე მაშინვე მივხვდი, რომ უზრდელად მოვიქეცი. ეს ჩემი კარგი ნაცნობი გრაფინია „რ“ გახლდათ. იგი წარბებშეჭმუხვნილი განრისხებული შემომცქეროდა, მაგრამ სირცხვილისა და სიჯიუტის გამო ცივად მოვტრიალდი და სკამზე შევხტი, რომ უკეთ დამენახა ბილიკი.      სადღაც, შორს, მწვანე მინდორზე, სტარტთან ცხენების პატარა ჯგუფი შევნიშნე, რომელთაც თავს ძლივს უჭერდნენ პატარა, ჭრელ-ჭრელი, ჯამბაზებივით ჟოკეები. მინდოდა იმათ შორის ჩემი ამორჩეული ცხენი დამენახა, მაგრამ უჩვევი თვალი მქონდა. რაღაც მოციმციმე ბურუსი მიშლიდა ხელს და მრავალფერ ლაქებს შორის ვერ ვარჩევდი წითელსა თეთრ ფერს. ამ წუთში გაისმა მეორე ზარი და როგორც ერთი მშვილდიდან გასროლილი შვიდი ჭრელი ისარი, შვიდი ცხენი გაიჭრა მწვანე ბილიკზე. დამშვიდებული მაყურებლისათვის, რაღა თქმა უნდა, უჩვეულო, ლამაზი სანახაობა იყო. კოხტა ცხენები გააფთრებული ჭენებით გაიჭრნენ მწვანე მინდორზე, ნალებს მიწას არც კი აკარებდნენ, მაგრამ მე ვერაფერს ვამჩნევდი, მხოლოდ იმას ვცდილობდი სასოწარკვეთილი, ჩემი ცხენი და ჩემი ჟოკეი გამომეცნო და თავბედს ვიწყევლიდი, ბინოკლი რად არ წამოვიღე-მეთქი. როგორ არ ვიხრებოდი, როგორ არ ვიჭიმებოდი, მხოლოდ ოთხს თუ ხუთ ჭრელ ქინქლას ვხედავდი, რომელიც ერთ მფრინავ გორგალს შერწყმოდა. მაგრამ აი, მოსახვევში ეს გორგალი გაიშალა, შექმნა სოლი, წაწვეტებული მხარე წინ გამოიწია და უკან გამოეყო რამდენიმე ჩამორჩენილი ცხენი. გააფთრებული ბრძოლა იყო, სამი თუ ოთხი ცხენი, ჭენებაში გადარეული, თავი თავზე მიდებული მიჰქროდა, გეგონებოდათ ერთმანეთის გვერდზე დაწებებული სხვადასხვა ქაღალდის ზოლებიაო. ხან ერთი, ხან მეორე ისკუპებდა და ცოტათი წინ გამოიჭრებოდა. მეც მთელი ტანით ვიჭიმებოდი, კუნთებს ვძაბავდი, თითქოს ეს უშველიდათ ცხენებს, რომ უფრო სწრაფად, ქარივით ექროლათ.       ჩემს გარშემო მღელვარება მატულობდა. ზოგიერთი გამოცდილი მაყურებელი მოსახვევშივე არჩევდა ჟოკეის ფერს, რადგან გაურკვეველ ხმაურში შუშხუნებივით ავარდებოდა ხოლმე ცაში სახელები. ჩემს გვერდით ერთი კაცი იდგა, რომელიც გააფთრებით იქნევდა ხელს და როცა ერთი ცხენის თავი წინ წამოვიდა, ფეხი დააბაკუნა და ველურად დაიღრიალა ამაზრზენი საზეიმო ხმით; „რავახოლ! რავახოლ!“ - უცბად დავინახე, ამ ცხენის ჟოკეის ტანსაცმელი მართლაც ლურჯად ელავდა და საშინლად გავბრაზდი, რომ ჩემი ცხენი არ იმარჯვებდა. თანდათან აუტანელი ხდებოდა ჩემთვის ჩემი მეზობლის ყურისწამღები ღრიალი: რავახოლ! რავახოლ!“ ისე გავფითრდი, ძლივს შევიკავე თავი, რომ მუშტი არ მიმერტყა მის ფართოდ დაღებულ, აღრიალებულ შავ პირში. სიბრაზისაგან ისე ვცახცახებდი, არც კი ვგრძნობდი, ყოველ წუთს როგორ ვკარგავდი განსჯის უნარს. მაგრამ აი, მეორე ცხენი ლამის გაუსწორდა პირველს. იქნებ ეს ტედია, იქნებ, იქნებ, - და იმედმა ფრთები შემასხა. მართლაც, მომეჩვენა, რომ უნაგირზე გაიელვა წითელმა ხელმა, როცა ჟოკეიმ გავაზე შემოსცხო. იქნებ ეს ტედი იყო, არა, ტედია, ტედი, უეჭველად ტედია! მაგრამ რატომ არ უსწრებს წინ ის არამზადა? კიდევ შემოსცხე წკეპლა, შემოსცხე! ახლა სულ ახლოს იყო, ერთი ნახტომი და! რატომ უსწრებს რავახოლი? არა, რავახოლი არა! რავახოლი არა! ტედი! ტედი! გაუსწარი, ტედი, ტედი! უცბად უკან მოვიხედე. რა მოხდა? ვინ ღრიალებდა ასე? ვინ ღრიალებდა ასე გააფთრებით: „ტედი! ტედი!“ ეს ხომ მე ვიყავი. თუმცა ჭკუას ვკარგავდი, მე თვითონვე მეშინოდა საკუთარი თავისა. მინდოდა თავი შემეკავებინა, ჩემი თავი ხელში ამეყვანა. სირცხვილი მკლავდა, მაგრამ თვალს ვერ ვწყვეტდი ვერც ერთ ცხენს, თითქოს ერთმანეთს რომ შერწყმოდნენ. ეტყობოდა, ტედი მართლა ებრძოდა პირველ ადგილს იმ წყეულ რავახოლს, რომელიც ნამდვილი სიძულვილით მძაგდა, რადგან ჩემს გარშემო ატყდა ყურისწამღები ყვირილი: „ტედი! ტედი!“ - და მეც ერთ წუთს გონს მოსული კვლავ გავხელდი. ტედიმ უნდა მოიგოს, ვალდებულია მოიგოს! და მართლაც, აი, წინ მქროლავი ცხენის თავს გამოეყო მეორე თავი, ჯერ ერთი მეოთხედით, მერე ნახევრით, აი, უკვე კისერიც ჩანს - ამ დროს ზარმა დაიჟღრიალა და ხალხის ტალღას სიხარულის, სასოწარკვეთილების, მრისხანების ღრიალი აღმოხდა. ერთ წუთს სასურველმა სახელმა აავსო მთელი ცის თაღი, მერე ყვირილი მიწყდა და სადღაც მუსიკამ დაიგრიალა.       ალმურმოდებული, მთლად ოფლად დაღვრილი, გულაძგერებული ჩამოვხტი სკამიდან. ერთ წუთს ისევ ჩავჯექი, რადგან თავი მიბრუოდა. სიხარულმა შემიპყრო, რაც არასოდეს განმიცდია, დაუოკებელმა სიხარულმა იმის შეგრძნებისა, რომ შემთხვევა ასე ბრმად დაემორჩილა ჩემს სურვილს. ვცდილობდი საკუთარი თავი დამერწმუნებინა იმაში, რომ ცხენმა ჩემი სურვილის წინააღმდეგ მოიგო, რომ მე მინდოდა წამეგო ეს ფული. მაგრამ თანაც არ მჯეროდა ამისი და მთელს სხეულში საშინელ ქავილს ვგრძნობდი. რაღაც მიბიძგებდა და კარგად ვიცოდი, საითკენ: მინდოდა მეგრძნო გამარჯვება, მენახა იგი, შემეგრძნო, ხელში მჭეროდა ფული, ათრთოლებული თითებით გადამეთვალა ლურჯი ბანკნოტების დასტა. რაღაც გამოუცნობმა გააფთრებულმა ვნებიანმა სურვილმა შემიპყრო და ვეღარავითარი სირცხვილი ვერ შემაკავებდა. წამოვდექი თუ არა სკამიდან, სალაროსკენ გავიქეცი, უხეშად გავარღვიე რიგში მდგომი ხალხის ტალღა, სარკმელთან მივიჭერი, რომ რაც შეიძლება ჩქარა, ჩქარა დამენახა ნამდვილი ფული.      - უზრდელო! - ჩაიბუზღუნა ვიღაცამ ჩემს ზურგსუკან, მაგრამ გაბრაზება არც კი მიფიქრია, მთლად ვცახცახებდი მიუღწეველი, გააფთრებული მოუთმენლობისაგან. ბოლოს ჩემი რიგიც დადგა და ხარბად ვტაცე ხელი ბანკნოტების დასტას. სიხარულისაგან აცახცახებულმა გადავთვალე. დასტაში ექვსას ორმოცი კრონი იყო.      მაგრად ვუჭერდი ხელს ფულს. ჩემი პირველი ფიქრი ის იყო, კიდევ ამეღო, უფრო მეტი მომეგო, ბევრად უფრო მეტი. სად გაქრა ჩემი აფიშა? ოჰ, მღელვარებისაგან გადავაგდე! აქეთ-იქით ვიყურებოდი, იქნებ სხვა მეპოვნა, მაგრამ თავზარი დამეცა, რომ დავინახე, ჩემს გარშემო ხალხის ტალღა თხელდებოდა, გასასვლელისაკენ მიემართებოდა. სალაროები იკეტებოდა, დროშა დაეშვა. დოღი დამთავრდა. მე უკანასკნელი მოჯირითე ვიყავი. ერთ წუთს გაშეშებული ვიდექი. მერე მრისხანებამ შემიპყრო, თითქოს უსამართლობის მსხვერპლი ვყოფილიყავ. ვერა და ვერ შევრიგებოდი იმ აზრს, რომ ახლა, როცა ნერვები ასე მეტისმეტად დაძაბული მქონდა, როცა ამდენი ხნის შემდეგ სისხლი ასე მჩქეფარედ მიედინებოდა ჩემს ძარღვებში, დადგა აღსასრული. ამაოდ ვიტყუებდი თავს იმის იმედით, რომ ეს შეცდომა იყო: თანდათან იფანტებოდა ხალხის ჭრელი ტალღა და გათელილი ბალახი უკვე მწვანდებოდა აქა-იქ შემორჩენილ, დაგვიანებულ მგზავრთა ფეხქვეშ. ბოლოს გონს მოვეგე, მივხვდი, რომ სასაცილო, სისულელე იყო აქ ბორიალი, ავიღე შლიაპა და ჯოხი, მღელვარებისაგან რომ დამვიწყებოდა, და გასასვლელისაკენ გავემართე. ერთი მსახური მოვიდა, თავაზიანად მომიხადა ქუდი. მე ჩემი ფიაკრის ნომერი ვუთხარი, მან ხელები რუპორივით მიიტანა პირთან და დაუძახა. ფიაკრი მაშინვე ჭიშკართან გაჩნდა. მეეტლეს ვუბრძანე, ნელ-ნელა ევლო მთავარ ხეივანში, რადგან ახლა, როცა მღელვარება ცოტათი დამიცხრა, სიამოვნებას განმაცდევინებდა ამ დღეს განცდილი წვრილმანის მეხსიერებაში აღდგენა.       სწორედ იმ წუთში ჭიშკართან კიდევ ერთი ფიაკრი გაჩერდა. უნებურად გავიხედე იქითკენ და მაშინვე შემოვტრიალდი: ფიაკრში სწორედ ის ქალი და მისი სქელ-სქელი მეუღლე სხდებოდნენ. მე ვერ შემნიშნეს, მაგრამ მაშინვე საშინელი გრძნობა დამეუფლა, ჰაერი აღარ მყოფნიდა, თითქოს დანაშაულზე წამასწრესო. მინდოდა მეეტლისთვის დამეყვირა, მათრახი გადაეცხო ცხენებისათვის, რომ რაც შეიძლება ჩქარა გავცლოდი აქაურობას. ფიაკრი ნელ-ნელა გაცურდა რეზინის თვლებზე სხვა ფიაკრების გაყოლებით, რომლებიც ყვავილებით მორთულ ნავებივით მიირწეოდნენ წაბლების ხეივნის მწვანე ნაპირებს შორის და თან მიჰყავდათ ჭრელი ტვირთი - მორთულ-მოკაზმული ქალები. ჰაერი თბილი, სასიამოვნო იყო, უკვე იგრძნობოდა საღამოს სასიამოვნო სიგრილე, მაგრამ წეღანდელი ნეტარი, საოცნებო განწყობილება სრულიად გამიქრა: ჩემი სიცრუის მსხვერპლთან შეხვედრამ დამაბნია. თითქოს გაყინული ჰაერის ნაკადი შეიჭრა ჩემს სხეულში და მაშინვე დააცხრო ჩემი გზნება. კვლავ თავიდან და სრულიად დამშვიდებული გონებით მოვიფიქრე ყველაფერი. საკუთარ თავს ვეღარ ვცნობდი; მე, საზოგადოებაში პატივცემულმა ჯენტლმენმა, თადარიგის ოფიცერმა, საჭიროების გარეშე მივისაკუთრე ნაპოვნი ფული, შევინახე საფულეში და ეს ისეთი ხარბი სიხარულით, ისეთი სიამოვნებით გავაკეთე, რომ შეუძლებელი იყო ჩემი საქციელის გამართლება. ერთი საათის წინ უდანაშაულო, ჩირქმოუცხებელმა ადამიანმა ჩავიდინე დანაშაული - ქურდი გავხდი და თითქოს იმიტომ, რომ საკუთარი თავი შემეშინებინა, ხმადაბლა, ანგარიშმიუცემლად ავყევი ნალების კაკა-კუკს და ვიმეორებდი განაჩენს: „ქურდი! ქურდი! ქურდი! ქურდი!      მაგრამ უცნაურია, როგორ აღვწერო, რაც დამემართა? ეს ხომ ისეთი რამაა, რისი ახსნაც არ შეიძლება; უჩვეულოა და მაინც ვიცი, რომ არაფერს ვიგონებ, რაც იმ დღეს არ მომხდარა. ყოველი წვრილმანი ჩემი სულიერი მდგომარეობისა, ყოველი ფიქრი შთამებეჭდა მეხსიერებაში ისეთი ზებუნებრივი სიცხადით, როგორც არც ერთი მოვლენა ჩემი ოცდათექვსმეტი წლის ცხოვრებაში. მაგრამ მაინც ვერ გადამიწყვეტია გადმოგცეთ ქაღალდზე შეგრძნებათა ეს საოცარი მიმდინარეობა, ეს შემაძრწუნებელი აზრის ხვეულები. არა მგონია, რომელიმე პოეტსაც კი შესძლებოდა მათი გადმოცემა ლოგიკური თანმიმდევრობით. მე შემიძლია მხოლოდ აღვწერო ის, რაც განვიცადე, და თან ზედმიწევნით თანმიმდევრობით.      ამგვარად, ვეუბნებოდი საკუთარ თავს: „ქურდი! ქურდი! ქურდი!“ მერე დადგა საოცარი, რაღაც ცარიელი წუთი, როცა არ არსებობდა არაფერი, როცა მხოლოდ, - რა ძნელია ამის გამოთქმა, - როცა მხოლოდ ვისმენდი, ყურს ვუგდებდი საკუთარ გულისთქმას. საკუთარ თავს დაკითხვა მოვუწყე, წარვუდგინე დანაშაულობანი, ახლა სამართალში მიცემულს პასუხი უნდა გამეცა სასამართლოსათვის. და აი, ყურს ვუგდებდი, მაგრამ არაფერი მესმოდა. სიტყვა „ქურდს“, როგორც მათრახის დარტყმას, უნდა გამოვეფხიზლებინე და მერე სირცხვილისა და მონანიების უფსკრულში გადავეჩეხე. მაგრამ ეს სიტყვა ჩემზე არ მოქმედებდა, მოთმინებით ვიცდიდი რამდენიმე წუთს, კიდევ უფრო ღრმად ჩავხედე საკუთარ თავს, რადგან მეტისმეტად ნათლად შევიგრძნობდი, რომ ამ ჯიუტ დუმილში რაღაც იმალებოდა, და მღელვარებით ველოდი გამოძახილს, ველოდი, რომ ზიზღის, გულისწყრომის, სასოწარკვეთილების ყვირილი აღმომხდებოდა, მაგრამ ამჯერად არაფერი მომხდარა. არავითარი გამოძახილი. კიდევ გავიმეორე სიტყვა „ქურდი“ „ქურდი“ - ახლა უკვე ხმამაღლა, რომ გამეღვიძებინა თითქოს მიძინებული, მოდუნებული სინდისი. მაგრამ პასუხი კვლავ არ იყო. უცბად ელვასავით გამინათა გონება ნათელმა აზრმა, თითქოს ასანთი გაჰკრესო ბნელი უფსკრულის თავზე. მივხვდი, რომ მხოლოდ მინდოდა, სირცხვილი მეგრძნო, მაგრამ არა მრცხვენოდა, ის კი არა, თვით სულიერი დაცემულობის მომენტშიც კი რაღაც იდუმალი მიზეზით ამაყად ვგრძნობდი თავს და ბედნიერადაც კი, ამ ჩემი სულელური საქციელით.      როგორ შეიძლებოდა ეს? ახლა, როცა სულაც არ მაშინებდა ასეთი მოულოდნელი აღმოჩენა, მთელის ძალით ვეწინააღმდეგებოდი ამ გრძნობას, მაგრამ მეტისმეტი გზნებითა და შეუკავებლობით იღვიძებდა ჩემში. *გაგრძელება* →  …
დაამატა Kakha to ლიტერატურა at 9:40pm on თებერვალი 4, 2015
თემა: ნიკალა
ლი კარტუზით, მოარული ნელა და დაბნეულად - ასეთი იყო ნიკო ფიროსმანი თავისი ცხოვრების ბოლო ათ წელიწადს. ნიკო ფიროსმანი, ანუ ქალაქელებისთვის მხატვარი ნიკალა ან ნიკალაი მხატვარი. იმისთვის, რომ ვიცოდეთ, რას ნიშნავს ძველი ქალაქისთვის მხატვარი, უნდა ვიცოდეთ სად გადის თბილისში საზღვარი ძველ და ახალ ქალაქს შორის. ეს საზღვარი გადის შუა ბაზარზე, დაახლოებით იქ, სადაც ახლა ლესელიძის ქუჩაა. იმიტომ რომ მხატვარი ამ ქუჩის დაბლა და ამ ქუჩის მაღლა, სულ სხვადასხვა რამეს ნიშნავდა ძველ თბილისში. ქუჩის მაღლა, ანუ ახალ ქალაქში, რომელიც რუსების დროს შენდებოდა და აშენდა, მხატვარი იყო ნასწავლი კაცი, აკადემიური განათლებით, შემოქმედი, ინტელექტუალი და ასე დაუსრულებლად. ქუჩის დაბლა, ძველ ქალაქში, მხატვარი იყო უსწავლელი კაცი, რომელსაც ხშირად წერა-კითხვა იმისთვის თუ ჰქონდა ნასწავლი, რომ აბრებზე კოხტად დაეწერა შეკვეთილი სიტყვები, ეს იყო კაცი, რომელიც თავისი ბუნებრივი ნიჭის წყალობით ახერხებდა დაედო თუნუქზე ან მუყაოზე ფერები და შეესრულებინა ნაირგვარი შეკვეთა. ეს შეკვეთები იყო სულ ნაირ-ნაირი, არა მარტო დუქნების აბრების დახატვა, არამედ სამიცვალებულო განცხადებების ხატოვნად წერა და გამოკვრაც და სხვა ათასი. რა თქმა უნდა, ამაში შედიოდა ჩვეულებრივი ხატვაც და თუ ძალიან ხმამაღლა არ გამოგვივა, ფერთა წერაც. მხატვარი იმავდროულად იყო მღებავიც და ეს ყველაფერი ერთიანდებოდა ამ სიტყვის ქვეშ. მხატვარი არის სიტყვა სწორედ დაბლა ქალაქიდან და ის სწორედ შუა ბაზრის გავლით ავიდა მაღლა და დაერქვა აკადემიურ მხატვრებს. მხატვრები თბილისში იმ გაგებით, როგორც მას ძველი ქალაქი ხმარობდა, ყოველთვის ბევრი იყო და კონკურენციაც საკმაოდ მაღალი შეიმჩნეოდა. რახან 100 წლის განმავლობაში თბილისი იყო ძალიან მზარდი და ყოველდღიურად მშენებარე ქალაქი, მას ყოველთვის ჰქონდა გარეგნული სიკოხტავის მოთხოვნილება. იმ დროს იშვიათად გაივლიდა თვე, რომ ქალაქში რაღაც ახალი დუქანი ან რამე გასართობი სახლი არ გახსნილიყო. ამას ყველაფერს აუცილებლად სჭირდებოდა მხატვარი. თბილელი მხატვარი იყო თვითნასწავლი კაცი. გიგო ზაზიაშვილი, ერთი ყველაზე ცნობილთაგანი ასეთთა შორის, იგონებს, როგორ სწავლობდნენ თბილისში ხატვას. მამამისი შუაბაზრელი მკერავი ყოფილა, ქალებს უკერავდა ტანისამოსს. ამ დროს გაზაფხულზე თბილისში მოდაში იყო სისხლის გამოშვება. ადამიანებს წნევა უწევდათ და დალაქებს საქმე ემატებოდათ. ანუ მიუშვერდი შენს მკლავს და დალაქიც სისხლს გამოგიშვებდა. ჰოდა, ამ მკერავ ზაზიაშვილსაც ერთ მაისის თვეში სისხლი გამოუშვებინებია და მერე ხელზე ჭრილობა გამიზეზებია, იმიტომ რომ მორჩენას და შეხორცებას არ დალოდებია, რახან გაღმა კრივი ყოფილა დანიშნული და საკრივოდ წასულა. ამ კრივში მკერავს ხელი უარესად დაუზიანდა და, როგორც ჩანს, განგრენაც დაეწყო. ერთმა კარგმა ექიმმა მკლავი მოჰკვეთა და დარჩა უხელოდ. ცალი ხელით რაღა უნდა შეეკერა. იჯდა ასე საწყლად და დარაჯად მსახურობდა. ერთ დღესაც აიღო კალმისტარი, რახან იმ სადარაჯოში ხშირად უყურებდა, როგორ ხატავდა რუსის მოხელე რაღაცეებს და გადაწყვიტა, გველი დაეხატა. აბა, გველს როგორ დავხატავო და დახატა გველი. მერე რაღაც სურათი იშოვა და იქიდან გადახატა. გაეჩვია, გააჩვია ხელი და ასე გახდა უფროსი ზაზიაშვილი მხატვარი. მერე კი თავისი პროფესია შვილსაც გადასცა. აი, ასეთი ხელობის ხალხი იყო. ვარანცოვზე იყო ერთი მხატვარი ჯორაშვილი, რომელსაც ძალიან ბევრი შეკვეთა ჰქონდა. შეკვეთა მაინცდამაინც ტილოს და შინაარსიან ნახატს არ გულისხმობდა, უფრო აბრების ხატვას და გაფორმებას, ან სახლის კედლების, ამიტომ ეს ხელობა ახლოს იყო რუსულიდან შემოსულ სიტყვა „მალიართან“, ანუ მღებავთან. მხატვარი ბევრი იყო, ვთქვათ, გრიგორიანი, ვანო ხოჯაბეგოვი. ანდა ათონის ქუჩაზე იყო მხატვარი არსენა, რომელსაც ძალიან კარგი სახელოსნო ჰქონდა. თბილელ მხატვრებს ამქრები არ ჰქონდათ, მაგრამ გარკვეული ერთობა და სოლიდარობა კი სჭირდებოდათ, ხშირად ერთად იღებდნენ შეკვეთებს, ერთად ყიდულობდნენ საღებავებს, ზიარად აგროვებდნენ მასალას. ფიროსმანი განსხვავდებოდა ყველა ამ მხატვრისგან. ის ცხოვრების სულ სხვანაირ გზებს მისდევდა. ფიროსმანს არასდროს არ ჰქონდა ისეთი სახელოსნო, როგორიც გიგო ზაზიაშვილს, იგივე იმ არსენას. ის უმეტესად სამადლოდ ათევდა ღამეს, თუმცა მუშტარი ყოველთვის ბევრი ჰყავდა. ყველაზე უცნაური საიდუმლო ფიროსმანის დანატოვარის სიუხვისა და მისი ხელის სისწრაფისა არის სწორედ ის, რომ თბილელ მხატვართა შორის არსებული მაღალი კონკურენციიის მიუხედავად, ფიროსმანს სამუშაო ყოველთვის ჰქონდა. ის ნამუშევარში ფულს იშვიათად იღებდა. სხვები იღებდნენ, ის - არა. ფიროსმანი ძირითადად მუშაობდა ორ უბანში - თბილისის სადგურის მიდამოებში და იარმუკასა და რიყეზე. ამ ორ უბანზე იყო ძირითადად. შემკვეთ მედუქნეებს აწყობდათ ასეთი კაცი. ის საჭმლისა და სასმლის სანაცვლოდ ხატავდა და აფორმებდა ყველაფერს, თან ხატავდა ძალიან სწრაფად და ხატავდა ყველანაირი შეკვეთით: აი, აქ ისე დამიხატე, იქ ისე დამიხატე…... იარმუკაში იყო ერთი კაი კაცი ვანო აბაევი, ფიროსმანის მეგობარი. ეს ვანო ოთახებს აქირავებდა. ასეც ერქვა: „მებელიროვანიე კომნატი ვლადიკავკაზა“. ოსი იყო ეს ვანო აბაევი და იყო არა მარტო ფიროსმანის, არამედ ვაჟა-ფშაველას მეგობარიც. სწორედ ამ „ვლადიკავკაზის ოთახებში“ მოხდა ფიროსმანისა და ვაჟა-ფშაველას ერთადერთი შეხვედრა. ეს შემთხვევითობა იყო: ფიროსმანი რაღაცას ღებავდა და ვანომ დაუძახა. სადილად ვაჟა ჰყავდა, რომელიც იმხანად ვანოს ოთახებში ჩერდებოდა ხოლმე ქალაქში ჩამოსული. ჰოდა იქ ლაპარაკის დროს გამოირკვა, რომ ფიროსმანს წაკითხული ჰქონია „შვლის ნუკრის ნაამბობი“. ამ დაბლა ქალაქის მხატვრებში კითხვა ძალიან იშვიათი რამ იყო. განსაკუთრებით ისეთი რამეებისა, როგორიც არის ვაჟას „შვლის ნუკრის ნაამბობი“. იქ სხვა ლიტერატურა არსებობდა, რომელიც უკიდეგანო იყო და იმასაც ვერ ამოწურავდი, რომ მიჰყოლოდი... ფიროსმანმა ვაჟას მოუთხრო, რომ ერთ დუქანში დაეხატა ეს მისი შვლის ნუკრის ამბავი, რადგან მოთხრობას ძალიან ემოქმედა მასზე და დაეხატა ყელგამოჭრილი შველიც. მედუქნეს სწყენოდა, ამ დუქანში ხალხი გასართობად შემოდის და ამ სისხლის ყურებაში რა უნდა ჭამონ და რაღა უნდა დალიონო. ამიტომ იქვე გადაეღებათ კედელი და ფიროსმანს ზედვე დაეხატა თავადების ქეიფი. შეკვეთები იყო ძალიან კონკრეტული. რომელიმე მედუქნე ეტყოდა ფიროსმანს, დამხატე, ოღონდ ხელში ჯაჭვი მეჭიროს, ამ ჯაჭვზე კიდევ ყოჩი იყოს გამობმულიო. მოგეხსენებათ, თბილისში ყოჩების ჩხუბი ძალიან პოპულარული იყო და ბევრ მედუქნეს ესახელებოდა, რომ სურათზე მაინც ჰყოლოდა კარგი ყოჩი. ნიკოს ძველი მეგობარი, მედუქნე ბეგო იაქსიევი იგონებს, რომ ერთხელაო იმდენი ხატაო, იმდენი მოვუყევი და ხატაო, რომ ბოლოს ვეღარ მოვიფიქრეთ, რაღა დაეხატაო. ჰოდა გამოვედით დუქნის გარეთ და დავინახეთ, ჩარდახიანი ურემი მოდისო და შემობრუნდაო და: აგე, ეხლა ეგ დავხატოთო. ოღონდ, მხოლოდ შეკვეთები არ იყო: ფიროსმანი თავისითაც ხატავდა. როცა ვინმე პატივს სცემდა, ორი დღის მერე ის აუცილებლად მიაკითხავდა და მიუტანდა რაიმე ნახატს საჩუქრად, რომელსაც თვითონ ხატავდა ხოლმე სახლში. თუ ჰქონდა სადმე ჭერი, იქ აუცილებლად იჯდა და ხატავდა. სხვათა შორის, ხშირად ხატავდა ლამპის შუქზე. ჰქონდა თავისი ხერხები. მაგალითად, ჭვარტლსა და კირს ურევდა ერთმანეთში და მუშამბაზე უსმევდა შავ ფონად. ამბობენ, რომ ის მუშამბაზე კი არ ხატავდა იმდენად, რამდენადაც ეტლების სკამების გადასაკრავ დერმატინზე, რომელიც ძალიან ძვირი იყო და ძალიან ძნელი საშოვნელიც. საერთოდ, საინტერესო ის არის, რომ ძალიან მაღალი ხარისხის საღებავებს ყიდულობდა ყოველთვის და ძალიან სწრაფად აზავებდა მათ პირდაპირ დუქნის თეფშზე. ის ერთი დასვრილი თეფში მისთვის არ ენანებოდათ ხოლმე. მაშინ თბილისში იყო ორი-სამი მაღაზია, სადაც ძალიან კარგი და ძვირი ინგლისური საღებავები იყიდებოდა. ერთი ასეთი იყო მუხრანის ხიდის შორიახლოს. მისი პატრონი იყო პეპოვიანცი და ფიროსმანი სულ იქ ყიდულობდა საღებავებს, სანამ პირველი მსოფლიო ომი არ დაიწყო. ამ ამბავს ამ პეპოვიანცის სიკვდილიც მოჰყვა და მაღაზიაც დაიკეტა. მერე უკვე დაბლა ცდილობდა ეშოვა ეს საღებავები. ხშირად ხატავდა თუნუქზე, თუკი შეუკვეთავდნენ, ხატავდა ხოლმე შუშაზეც, როცა საჭირო იყო და, რაც მთავარია, მიდიოდა დუქნებში, როგორც წესი, თვითონ. გამოჩნდებოდა და გეტყოდა: რამე არ გინდათ დაგიხატოთ. მისი ფასი იცოდნენ - მაქსიმუმ მედუქნეს მისთვის ჯიბეში ჩაედო ერთი ან ორი მანეთი. ეს არ იყო, ასე ვთქვათ, მაინცდამაინც უბრალო ფული, მაგრამ სასაცილო ფულია იმასთან, რასაც თბილისში სხვა მხატვრები იღებდნენ. ეს იყო ძალიან უცნაური. ფიროსმანის გარეგნობაც კი იმ დროის დაბლა ქალაქში, ამ ძველ ქალაქში იყო ძალიან უცნაური. ბეგო იხსენებს, მე ვყიდულობდი ხოლმე მაგისთვის ტანსაცმელსო, 4-5 წელიწადს სულ ერთად ვიყავით და ერთი სუფრა გვქონდაო. ყოველთვის იცოდა არჩევა ძალიან დახვეწილი ტანისამოსის და უნდოდა, რომ გამორჩეული ყოფილიყო. ერთხელ ვიღაცამ ბაღდადი გადაჰკიდა მხარზე ხუმრობით და მოიშორა, არა ვარ ყარაჩოღელი და თქვენნაირი არა ვარ, ეგ არ მჭირდებაო. ჰოდა, ბეგომ, ბაზარში ავედით ტანსაცმლის საყიდლადო და ძალიან კარგი ჩოხა და ყარაჩოღლის მთელი სამოსი მომაჩეჩეს იაფად, ზუსტად მისი სარგოო და მოვკიდე ხელი და შემოვხედე და არა, არა ეგ ჩემი არ არიო, ნიკალამ მითხრაო. უცნაურობა მის ტანსაცმელში არის ისიც, რომ ხშირად ეცვა ძველი, ნაკემსი და ჩამოძენძილი, მაგრამ იმავდროულად უხდებოდა, კარგად ჰქონდა მომდგარი. თავისი მეგობარი მედუქნეების და ყარაჩოღლების წრეში ის ხშირად ამბობდა, რომ ტანსაცმელს მნიშვნელობა არა აქვს. ხშირად ფეხსაცმელიც არ ჰქონდა ისეთი, რომ თავისუფლად ევლო ქუჩაში. მაგრამ როგორც კი ის ერთი-ორჯერ მოხვდა მაღლა ქალაქის მხატვრებში, იქ თქვა, მიჭირს თქვენთან სიარული, იმიტომ, რომ ტანსაცმელიც კი არა მაქვსო. აუცილებლად იცოდა ვალის დაბრუნება. პირველად როცა მოხვდა მხატვართა ასოციაციაში, თუმანი აჩუქეს და უზარმაზარი ტილო მოიტანა საპასუხო საჩუქრად. ძველი მედუქნეები ყვებიან, რომ ხშირად ამბობდა, არავის კაპიკი არ მინდაო. საერთოდ, ვალი არ იცოდა. იყო იმ დროის თბილისში ცნობილი სირაჯი მესხიშვილი, რომელიც ფიროსმანს დახატულიც ჰყავდა და ამ მესხიშვილის სიტყვებია, ვალი ეჯავრებოდაო, მაგის კასტუმს ჯიბე არა ჰქონდაო, ანუ რასაც ჩააგდებდი, იმწუთში ვარდებოდა და ჩაგდებას კიდევ არც განებებდაო. ამიტომ მაგის ხელფასი საჭმელი იყო და მაგის ჰონორარი სასმელიო. იმ დროის თბილისში ღარიბი კაცისთვის ცხოვრება ძალიან ძნელი და აუტანელი არ იყო. არა ღატაკი კაცისთვის და მათხოვარისთვის, არამედ ღარიბი კაცისთვის. ცხოვრება ასატანი იყო, თუ ღარიბ მარტოხელა კაცს მეგობრები ჰყავდა. ფიროსმანს არ ჰქონდა სახლი, არ ჰქონდა ფული, არ ჰქონდა ვალი და ტანსაცმელს მისთვის მეგობრები და გულშემატკივრები ყიდულობდნენ ხოლმე და ხანდახან ვიღაცა რაღაცას აჩუქებდა. ამის მიუხედავად, მედუქნეებმა „გრაფი“ დაარქვეს. ეს არ იყო მარტო დამცინავი მეტსახელი, თუმცა დამცინავიც იყო, იმიტომ, რომ ადამიანი, რომელსაც ქვეყანაზე არაფერი ებადა და ვიღაც 10 მანეთს ჩაუდებდა ჯიბეში, მერე კი ეს ადამიანი მათხოვრებს ურიგებდა ამ ფულს, ცხადია, გარკვეული დაცინვის საგანიც შეიქნებოდა ხოლმე ისეთი ხალხისგან, როგორებიც იყვნენ თბილელი მედუქნეები. ისინი ცუდი ხალხი არ იყო, თბილისელი მედუქნეები. ძალიან საინტერესო ფენა იყო და საერთოდ, ფიროსმანმა რომ ამდენი იცოცხლა, ფიროსმანის რომ ამდენი ნახატი დაგვრჩა, სწორედ თბილისელი მედუქნეების დამსახურებაა. მაგრამ ზურგს უკან ისინი მაინც დასცინოდნენ ხოლმე ნიკალას ახირებულობას და თან ნიკალას ხარჯზე იოლად გამოდიოდნენ, რადგან ვერ იპოვიდი სხვა ისეთ მხატვარს, ერთ მათლაფა ხარჩოში და ერთ ბოთლ არაყში დაეხატა რაღაც. ამის მიუხედავად, ის მაინც ინარჩუნებდა ღირსებას და „გრაფი“ ამასაც მოიცავდა. როცა ფიროსმანი დუქნის დარბაზის კუთხეში მჯდომი ხატავდა ხოლმე, იქ ბევრი მოქეიფე იყო და ხშირად სინათლეც არ იყო კარგი. ზაფხულობით საერთოდაც ადრე დგებოდა და 6 საათიდან დაიწყებდა და მთელი დღე იჯდა და რამდენიმე ნახატს ერთბაშად უკეთებდა ხოლმე ამ მედუქნეებს, მაგრამ მოგეხსენებათ, თბილისის დუქანი სულ გაჭედილი იყო, სულ არღნის ხმა მოისმოდა, რომელიც, სხვათა შორის, ფიროსმანს უყვარდა და სიამოვნებდა. ყველა სუფრასთან იწვევდნენ, მაგრამ ის არც ერთ სუფრასთან არ ჩამოჯდებოდა, თუმცა თითოს დალევა ყველგან უწევდა და ფაქტობირვად მთვრალი ამთავრებდა ხოლმე სამუშაო დღეს. სირაჯმა მესხიშვილმა თქვა საოცარი ფრაზა ფიროსმანის შესახებ: ხატავდა იმიტომ, რომ დაელია და სვამდა იმიტომ, რომ დაეხატაო. გულახდილად რომ ვთქვათ, ფიროსმანი ლოთი იყო, მაგრამ ის არ თვრებოდა. ლოთები არ თვრებიან. მისი ცნობილი გამონათქვამია: ბეგო, ბიჭო, არაყი მომაშველეო. ეს ჩვეულებრივი, საწყალი ლოთი კაცის მოწოდებაა. მას უნდა, რომ მუშაობა გააგრძელოს და თუ არ დალია, ვერაფრით ვერ გააგრძელებს. ქეიფის მოტივი მის სმაში არ იყო, ეს იყო მარტოხელა კაცის ლოთური პორციები, რომლებსაც ის იღებდა დღის მანძილზე და ეს წლობით გრძელდებოდა. ერთი სადგურისპირა მედუქნე იხსენებს, დილით მოვიდოდა ხოლმე ჩემთან აცახცახებული და მთხოვდა რამე დამალევინე და სანაცვლოდ, რასაც გინდა დაგიხატავ, რამდენსაც გინდა დაგიხატავო. არანაირი სიამოვნება ამ სმაში ფიროსმანს არ ჰქონდა, ის ჩვენ მოქეიფედ და დროის მტარებელ კაცად არ უნდა წარმოვიდგინოთ. ის იყო მშრომელი, ალკოჰოლიზმით დაავადებული კაცი. ის იყო ერთადერთი მხატვარი თბილისში მაშინ, ვისაც სახელოსნო არ ჰქონდა და არ ებადა ქვეყანაზე არაფერი, ცხოვრობდა დუქნების უკანა ეზოებში, სადაც სოფლებიდან ჩამოსულ ხალხს ჩამოჰქონდა საქონელი, სადაც იყო ბაკები. ბოლო მისი ბინა საერთოდაც კიბის ქვეშ იყო. ბინაც არ იყო ესა და ჩიოდა, ბავშვები ფანჯარას მიმტვრევენო, ერთი ფანჯარა ჰქონდა, უბედური. ის, რასაც ჰყვებიან მედუქნეები, ყარაჩოღლები და კინტოები, რომ სასმელი მომაშველეთო, მისი უბედურება იყო და არა მისი ბედნიერება და სილაღე. თუ არ დალევდა, ვერ დახატავდაო. როცა ადამიანი წლების განმავლობაში ლოთია, ის თუ არ დალევს, არათუ ვერ დახატავს, ვერ გაინძრევა საერთოდ. მთელი მისი უბედურება ეს იყო, მაგრამ ნიკალა ყოველთვის ასეთი არ იყო. უბრალოდ, მან თვითონ აირჩია ასეთი ცხოვრება და საოცარი ცხოვრება გამოვიდა, ალბათ ყველაზე საოცარი თბილისში, თორემ მანამდე ნიკო ფიროსმანაშვილი კომერსანტიც იყო, სამჯერ დუქანიც ჰქონდა და ეს საქმეები რომ ჩაეშალა, ერთხანს „ტარმაზნოი კონდუქტორიც“ იყო გამოუვალობისგან, მაგრამ ეს კონდუქტორობა ცალკე ჯანმრთელობის და ცალკე ალბათ იმის გამო, რომ მოკლებული იყო ხატვის შესაძლებლობას დიდად არ მოსწონდა და მედუქნეობა კი მოსწონდა. მისი ერთ-ერთი კომპანიონი ამბობს: რა ენაღვლებოდა, მე დახლში ვიდექიო და თვითონ ავიდოდა ზედა ოთახში, აიტანდა ახალ მოთიბულ ბალახს, გააგებდა იატაკზეო და მეუბნებოდა, სოფელში ვერ დავდივარ და მსიამოვნებს, ამაზე რომ ვაბიჯებო. მედუქნეობისას, იჯდა მთელი დღეები და ხატავდა ძმაკაცებისთვის, სხვებისთვის. მაშინ ცოტა ფული ჰქონდა და შეეძლო, რომ თავის ნებაზე ეხატა და ემუშავა. ალბათ სწორედ იმ დროის არის დაუდგენელი ისტორია მომღერალ მარგარიტას შესახებ, იმიტომ, რომ უფულო კაცი დიდად ვერ წავიდოდა ორთაჭალის ბაღებში. სიცოცხლის ბოლო 10-15 წელიწადს ის ორთაჭალაში არ დადიოდა. ძნელი წარმოსადგენია, რომ სადმე ბაღებისკენ გაეხედა და საქეიფოდ გაჰყოლოდა ვინმეს. დადიოდა სულ მარტო, ეგება ამიტომაც დაარქვეს „გრაფი“. ასე რომ, ამ მეტსახელში ძალიან ბევრი რამაა გაბნეული. მაგალითად, მისი ცნობილი ფრაზაც, როცა უკვე ფიროსმანი შეამჩნიეს მაღლა, ევროპულ თბილისში და როცა მიშელ ლედანტიუმ საფრანგეთში რამდენიმე წერილი დაბეჭდა გაზეთებში მის შესახებ: „მე უკვე საფრანგეთში მიცნობენ“. ეს სიამაყის გამომხატველი ფრაზა იყო და შეიძლებოდა ასეთი კაცისთვის ამიტომაც დაგეცინა. შეხედავდი ფიროსმანს და ის იყო სრულიად ბოგანო იერის კაცი და სავსე რაღაც მოულოდნელი ღირსებით. ძალიან უცნაური შეთანხმებაა. ტანსაცმელი არ უვარგოდა, მაგრამ მას უხდებოდა, საშინელი იყო, მაგრამ ამავე დროს იყო ღირსეული. უცნაურობა კიდევ ის იყო, რომ მას მიესვლებოდა ყველგან. ყველგან უხაროდათ მისი ნახვა, იმიტომ, რომ ჩვეულებრივ ძალიან სიტყვაძუნწი და ურთიერთობებში დისტანციის შემნახველი, კარგ ადგილას მოხვედრილი, მშვიდად იწყებდა ლაპარაკს და ლაპარაკი და თხრობა უყვარდა ძალიან. იმავდროულად ცნობილი იყო, როგორც მდუმარე და უხიაგი კაცი. იმ ორ უბანში, სადაც საქმიანობდა, ფიროსმანს ჰქონდა თავისი ბირჟები, ანუ რახან სახელოსნო არ ჰქონდა, როცა თვითონ აღარ დადიოდა მედუქნეებთან და ვიღაცას კი უნდოდა მისთვის რაღაც შეეკვეთა, ნიკალა მიდიოდა თავისი მეგობრების სახელოსნოებში და იქ იჯდა. ეს არ იყო მაინცდამაინც მხატვართა სახელოსნოები. ვთქვათ, ერთი მისი მეგობარი იყო შაშო მექუდე, ვისთანაც ნიკალა ბევრ დროს ატარებდა. სხვა ასეთი ადგილი ფიროსმანს ჰქონდა გაღმა, ავლაბარში. ეს იყო ავლაბრის ბაკების შენობა, სადაც ერთ პატარა ოთახში სანთლებსა და პატარა ქალაქურ წიგნებს ყიდდა ძველი თბილისის ძალიან ცნობილი პოეტი დავით გივიშვილი. ეს გივიშვილი იყო ძალიან კოლორიტული კაცი. გივიშვილთან იჯდა და ფურცლავდა ამ წიგნებს და ასევე იქაც მოდიოდნენ შემკვეთები. ხშირად იყო ხოლმე ნიკალა აბრაგუნეს განთქმულ დუქანშიც. ეს აბრაგუნე მეგობრობდა მას დიდად. რახან მედუქნეებზე ვლაპარაკობთ, უნდა ვიცოდეთ, რომ მედუქნე არ არის აუცილებლად ჩარჩი და ვაჭარი. იმ დროის თბილისში რამდენიმე ტიპის მედუქნეა. მათში ხშირია დასავლეთ საქართველოდან ჩამოსული მშრომელი ხალხი, რომელთაც ქალაქი ძალიან იოლად იგუებს და კარგად იწოვს - მაგალითად, გოლა ჭიჭინაძე, რომელსაც სადგურთან ჰქონდა ცნობილი სასტუმრო და რესტორანი „არარატი“, სადაც ფიროსმანის ბევრი ნახატი იყო და სადაც ცხოვრობდა ხოლმე ნიკალა. აბრაგუნე კი იყო ძველი ყარაჩოღელი, ცოტა სხვა ტიპის მედუქნე. ნაყარაჩოღლარი მედუქნეები ძალიან ხშირად თავზე ხელაღებული, დამრტყმელი კაცები იყვნენ. იმათ შორის კი იყო ეგეთი „შავი ვანო“, რომელსაც მტკვარს გადმოღმა, ხევში ჰქონდა დუქანი, აი, საბურთალოს და დიღმის გზის შორიახლოს. იმ დუქანში შეიძლებოდა ყაჩაღსაც შეენახა თავი, იმიტომ, რომ თვითონაც ნახევრად ყაჩაღი იყო შავი ვანო და სულ მუშტებზე იყურებოდა. შავ ვანოსთან იყო ფიროსმანის ნახატები, მალაკნების სერია. ესეც პირდაპირი შეკვეთა იყო. რახან შავი ვანო თვითონ ოხრის მქნელიც ხშირად იყო და ეს კარგად იცოდა, ასეთ ხალხს ხშირად წესიერი და პატიოსანი ადამიანები მოსწონს და ვანოსთან ხშირად მოდიოდნენ მალაკნები, გადმოსახლებული რუსი სექტანტების შთამომავლები და მოჰქონდათ მისთვის რძის ნაწარმი და სხვადასხვა პროდუქტი. მალაკნები ცნობილი იყვნენ თავიანთი პატიოსნებით და ვანოსაც გული მიუვიდა მათზე. ჰოდა, სთხოვა ნიკალას, მალაკნები დამიხატეო. სატინის ხალათები ცისფერი ან ვარდისფერი, შავი ჟილეტები, გრძელი წვერი, კარგად გაპრიალებული ჩექმები, მალაკნები მოსწონდა - წესიერი ხალხია ჩვენგან განსხვავებითო. ბეგო და აბრაგუნე კი მართლა ინახავდნენ ნიკალას. გოლა ჭიჭინაძეც მართლა ინახავდა, მაგრამ მედუქნე ბევრნაირი იყო და ხშირად იყო, ნახატი მიფრინავდა სადღაც, იმიტომ რომ მედუქნეს არ მოსწონდა. ხშირად იყო გულსატკენი ეპიზოდები, მაგრამ რახან ნიკალა მუქთად ხატავდა, დიდად არ იმჩნევდა დაწუნებულს. ვერავინ დათვლიდა, რამდენი ნახატი იყო ფიროსმანის, რამდენი კედელზე, რამდენი მის მუშამბასა და დერმატინზე, რამდენი თუნუქზე და რამდენი მუყაოზე. ვერავინ ვერ დათვლიდა და ვერ გაიგებდა ამას, იმიტომ, რომ ეს კაცი რაღაც გასაოცრად მოძრაობდა ქალაქში, მისი პოვნა იყო შეუძლებელი, ვინმეს რომ დასჭირდებოდა, ვერაფრით ვერ იპოვიდა, თუ მის ბირჟებზე არ გადააწყდებოდა. ჰკითხავდნენ: სადა ხარ, ჩვენთან რატომ არა ჩნდებიო და, აი, დიდუბეში ვიშოვე რაღაცა პატარა ოთახი და იქა ვარ და წყნარათა ვარო, უპასუხებდა. რევოლუცია დამარცხდა, ადრეც მოგახსენებდით. სისხლი. მე კიდევ თბილისელი სირაჯები მახსენდება. ეგრეა, რომ ფიროსმანის ბევრ ტილოზე, „ფართრეთზე“, როგორც მაშინ თბილისში იტყოდნენ, ბევრი მისი მეგობარია აღბეჭდილი და ბევრიც კიდევ მისი ქალაქის ცნობილი კაცი. ამათი ჩამოთვლა, ამათი აღწერა კიდე ცალკე საქმეა და ესეც სახალისო საქმე. იგივე ბეგო იაქსიევი არის მის ტილოებზე, არი ცნობილი მეზურნე დიდი ბაგრატა, სარქისა მეღვინე. ტილო „მეეზოვეს“ შეიძლება სულ სხვა სახელი ერქვას, „მეეზოვე“ ალბათ უკვე ხელოვნებათმცოდნეებმა დაარქვეს, იმიტომ რომ ამ მეეზოვის ვინაობა ცნობილია - ეს არის მირზოევის ქარვასლის იეზიდი დარაჯი რაშიდ ალმოევი. რაშიდა ძალიან შავი იყო და ფიროსმანს ამიტომაც დააინტერესა, მინდოდა შავი კაცის დახატვაო. ფიროსმანი ღატაკი კაცი იყო, მაგრამ ცხოვრება მაინც სავსე იყო ხალისიანი ეპიზოდებით, იმედის მომცემი ამბებით. ეს ხშირად ხდებოდა ხოლმე თვითონ ფიროსმანის ხასიათიდან და განწყობიდან გამომდინარე. სწორედ ამ ჩვენი რუსეთის რევოლუციის დროს მან იშვიათმა, ძველი ქალაქის შვილთაგან, უცბად რევოლუციონერობა დაიჩემა და აქა-იქ პლაკატებიც კი გააკრა დუქნებზე. მედუქნეები პოლიტიკაში ნაკლებად ერკვეოდნენ და ერეოდნენ, მაგრამ პლაკატებზე გარადავოები ურჩევდნენ, მოხსენითო. ნიკალა კი წერდა და წერდა ამ პლაკატებს - „ძირს მეფეო“ და ასე შემდეგ. ერთხელაც, რომ ჩამოუხსნეს, თქვა, დაიცადე, მაგას მაინც ბოლო მოეღება, ჩემს სეხნიასო. ერთხელ კიდევ გააკეთა მაგარი ეშმაკური რაღაც. საერთოდ, ძველ თბილისში ასე იყო და კარგა ხანსაც მოყვა, რომ თბილისის ამქრები, ხელოსნების პროფესიული გაერთიანებები, წელიწადში ერთ დღეს იღებდნენ რომელიმე დუქანს მთლიანად, ან კიდევ ბაღებში მიდიოდნენ და ის ბაღებიც ვიღაცის იყო და ბაღებსაც იღებდნენ საქეიფოდ მთელი დღით. ჩვეულებრივ, ეს იყო ხოლმე ამქრის მფარველი წმინდანის დღეს და ძალიან შემოსავლიანი რამ გახლდათ მედუქნეებისა და ბაღების პატრონებისთვის, იმიტომ, რო ვთქვათ, მთელი ამქარი რომ მოიკრიბებოდა, ვთქვათ - მექუდეებისა, 150-200 კაცი გამოვიდოდა ხოლმე და შემოსავალი კარგი შემოდიოდა. ჰოდა, მედუქნეს ყოველთვის ახსოვდა იმ ამქრის დღე, რომელმაც წინა წელიწადს მასთან გაატარა დრო და კარგი ფულიც გადაიხადა. ეს მთელი რიტუალი იყო ამქრებისა: ჯერ ქარგლებს დალოცავდნენ, სილას შემოარტყამდნენ, მერე კი იწყებოდა ქეიფი. მოჰყავდათ ბაგრატა თავისი დასტით, ჭიანურა თავის დასტით, მთელი ამბავი იყო მოკლედ და გამოფენდნენ თავიანთ ცისფერ ბაირაღებს და ერთმა მედუქნემ იფიქრა, რომ რახანც წელს ესენი კარგად ვაქეიფე და ამხელა შემოსავალი მომცესო, მოდი ისე გავაკეთებო, რომ ამათ ამქრის გულს მოვიგებ, რომ გაისადაც ჩემთან მოვიდნენო და გადაწყვიტა, თავისი დუქნის კედელზე დიდი ნახატი შეეკვეთა ფიროსმანისთვის, ძალიან კონკრეტული პერსონაჟებით, აი იმ ამქრის უსტაბაშით, იგივე ბაგრატათი და მოკლედ, ესენი რომ ჩვეულებრივ დღეს შემოვიდოდნენ დუქანში, თავისი თავი ამოეცნოთ და მერე ეთქვათ: იქ წავიდეთ, საცა ჩვენა ვხატივართო. ეს სასახელო იყო მაშინ უბრალო ხალხში, ჰოდა ნიკალამაც აიღო შეკვეთა და მედუქნემ ჩამოუთვალა, სად ვინ უნდა იდგეს, სად ვინ უნდა ეხატოს, როგორ უნდა იყოს, რა უნდა იყოს. ნიკალამ წაიღო ეს შეკვეთა და გააკეთა სწრაფად, როგორც იცოდა, პირდაპირ დუქნის მთელ კედელზე. უზარმაზარი ნახატი გამოუვიდა. ოღონდაც, ფიროსმანმა ერთი ეშმაკობა ჩაიდინა ამ სურათის ხატვის დროს - ჩვეულებრივ, ამქრებს თავისი ბაირაღები ჰქონდათ და ეს ბაირაღიც ამ ნახატზე შეკვეთილი იყო. ბაირაღები ძირითადად იყო ცისფერი, ზედ წარწერით და სხვადასხვა სიმბოლოებით. ჰოდა, ფიროსმანი ადგა და ცისფრის ნაცვლად წითელი დახატა. ესეც რევოლუციის ხათრით. დახატა შემპარავად, ვერავინ ვერ შეამჩნია, იმიტომ, რომ ბაირაღები უკან იყო. დახატა და ძალიან ხარობდა თვითონ ამის გამო, ოღონდ უთქმელად, იმიტომ რომ მედუქნე დიდად ვერ მიხვდა მთელ ამ ამბავს, მაგრამ ეს უკვე რომელი დროა, იცით? როცა რევოლუცია დამარცხებულია და დასდევენ რევოლუციონერებს, ხოლო წითელი არის დამნაშავეობის ფერი. მაგრამ აი, ერთხელაც ვიღაცამ შეამჩნია და მედუქნე გალანძღა და შეაშინა, რო შენაო, არ იცი რა მოგივა აი ამის გულისთვისო, მიხვდა რაც იყო. მედუქნეს ისე შეეშინდა, რომ ეცა დანით, გაჯიანადვე ამოფხიკა ეს ბაირაღი და მერე დარბოდა იარმუკაში და ნიკალას ეძებდა, გამიახლოს ის ნახატი, დამიმახინჯდაო. დიდი არაფერი, გაჯით ამოავსეს ისევ და ნიკალამ ცისფერი ბაირაღი დახატა. ფიროსმანის ცხოვრებაშიც მოხდებოდა ხოლმე სასიამოვნო ქეიფები, ანუ ისეთი სუფრები, სადაც ყოფნა მას უყვარდა. რახან ჩვეულებრივ არ ჩერდებოდა სუფრაზე, რაღაც განსაკუთრებული უნდა მომხდარიყო, რომ ქეიფში მისულიყო. მუხრანის ხიდი რომ გაიხსნა, ამან იარმუკა ძალიან გამოაცოცხლა. დაიწყო შენება და გაგრძელდა, გაგრძელდა და მივიდა ისევ მეტეხის ხიდამდე. ორ ხიდს შუა ძალიან გამოცოცხლდა ცხოვრება და იქ მრავალთაგან ერთი სახლი აშენდა ძალიან უცნაური იერისა. ვიწრო იყო, დერეფანს ჰგავდაო, თვითმხილველები ამბობენ, მაგრამ მეორე სართულზე გაუკეთეს დიდი აივანი და პირდაპირ მტკვარზე იყო გადმოკიდებული, რაღაც ჰაეროვანი აივანი გამოვიდა ბიჯგების გარეშე. ეს აივანი ამ შენობას მიაშენა ერთმა თელაველმა ასათიანმა, მედუქნემ და ამ ზედა სართულზე გახსნა დუქანი, ძალიან ვიწრო, საჩაიე, ასე ვთქვათ. აივანი გადადიოდა მტკვარზე და ამიტომ ძალიან ბევრი ხალხი ეტანებოდა. ეს ის დრო იყო, როცა იარმუკაში ძალიან პოპულარული გახდა ერთი განთქმული კაცი, თუმცკი ისტორიაში არც თუ ხშირად ხსენებული. ეს იყო პირველი ქართველი მფრინავი, ბესარიონ ქებურია, რომელიც სწორედ მაშინ საფრენი აპარატებით ატარებდა საოცრებებს დიდუბესა და ვაკეში. ეს იყო მთელი აღმოჩენა თბილისისთვის - ცაში აეროპლანი. ჰოდა, ლექსიც იყო ქებურიაზე უბრალო ხალხში გავარდნილი: ბესარიონ ქებურია ვაჟკაცობით ქებულია, მტკვარზე გადის უხიდოდ, ცაში ადის უკიბოდ. ჰოდა, რახან ამ დუქნის აივანს ძალიან ჰაეროვანი იერი ჰქონდა და იარმუკის სულ განთქმულმა კინტოებმა, ჰაჯიამ, ანგლიამ და პარიკამ თქვეს, რომ ესაო, დუქანი კი არა, აეროპლანიაო და შეერქვა ამ დუქანს „აეროპლანი“ და უკვე ასათიანიც მზად იყო, რომ დუქნისთვის დაერქმია „აეროპლანი“. ამისთვის სჭირდებოდა ახალი აბრა, ახალი „ვივესკა“ და ამიტომაც დაუძახა ფიროსმანს. ფიროსმანმა გააკეთა ძალიან კარგი „ვივესკა“ და დუქნის სამი კედელიც მოხატა. უფრო სწორად, ორი კედელი მოხატა და მესამეზე ნახატი არ ეტეოდა და დაწერა სწორედ ეს ლექსი. ერთ კედელზე ეხატა ცაში მფრინავი აეროპლანი და შიგნით კიდევ ბესარიონ ქებურია. მეორე მხარეს, რა თქმა უნდა, ქეიფი. მერე იმდენი გაბედეს უბრალო იარმუკელებმა, რო ბესარიონ ქებურია დაპატიჟეს სწორედ ამ დუქანში და აჩვენეს კედელზე მისი აეროპლანი და თავისი თავი და იქ იყო ფიროსმანიც და ეს დარჩა ძალიან ლამაზ წუთებად მის ცხოვრებაში. თბილისი მაშინ იმგვარი ქალაქი იყო, რო მიუხედავად მისი სიპატარავისა, რაღაც გასაოცარი საზღვარი გადიოდა შუაბაზარზე და ქვედა ქალაქის ხალხს ზედა ქალაქში არ იცნობდნენ. აი, ქებურიამაც არ იცოდა ეს ლექსი, ქებურიამ არ იცოდა ფიროსმანი. ფიროსმანმა და ვაჟა-ფშაველამ არ იცოდნენ ერთმანეთი. ეს ყველაფერი ერთად გროვდება. ფიროსმანი კიდე აუცილებლად გრძნობდა, რომ მას უნდა გაერღვია ეს საზღვარი და ევროპულ თბილისში მოხვედრილიყო. ფიროსმანი უნდა აღმოეჩინათ და ის აღმოაჩინეს. აღმოაჩინეს ევროპული თბილისის შვილებმა, მაგრამ მერე დაიწყო პირველი მსოფლიო ომი. პირველი მსოფლიო ომი იყო ფიროსმანის დასასრულის დასაწყისი, მაგრამ მან ეს არ იცოდა. მოდი, ისევ ფიროსმანზე ვილაპარაკოთ. საერთოდ, კაცი თუ ყურადღებას მიაქცევდა, თბილისის ყველა შემოსასვლელში ფიროსმანი იდგა. ყველა შემოსასვლელს ნამდვილად ვერ ჩამოვთვლი, მაგრამ ჩამოხვიდოდი ველიამინოვზე, ანუ მოხვიდოდი კოჯრის კართან, სადაც იწყებოდა შუაბაზარი, იქ პირდაპირ ვიტრინაში იდო ფიროსმანის სურათები. წამოხვიდოდი დიღმიდან საბურთალოს გამოვლით და სანამ ბორანთან გამოხვიდოდი, ნახავდი „შავი ვანოს დუქანს“ და იქაც ფიროსმანის ნახატები იყო. ასეთი შემოსასვლელი თბილისში ბევრი იყო, ყველგან დუქანი იდგა და ყველგან შეგეძლო გენახა ფიროსმანის ნახატები, ოღონდ საქმე ისაა, რომ ამ დუქნებში ნასწავლი ხალხი, როგორც მაშინ იტყოდნენ არ დაიარებოდა. ეს იყო უბრალო ხალხის და ჩამოსული გლეხობის დროის სატარებელი ადგილები, მაგრამ იყო ერთი შემოსასვლელი თბილისში, საიდანაც ნასწავლი ხალხი ხშირად შემოდიოდა. ეს იყო თბილისის სადგური და ამ სადგურიდანაც რომ გამოხვიდოდი, ყველგან იყო ფიროსმანი. უამრავი დუქანი, საჩაიე, აშპაშხანა, მეიხანა, ჩაიხანა, ყავახანა, დუქანი, რესტორანი, ტრაქტირი და ათასი სხვა. და ძალიან ბევრგან ნახავდი ფიროსმანს. ამიტომ დაკვირვებული თვალისთვის და ჭკვიანი კაცისთვის ფიროსმანის პოვნა ძნელი არ იყო და ზუსტად ასე იპოვეს ფიროსმანი სწორედ თბილისის სადგურისპირა დუქნებში ძმებმა ზდანევიჩებმა და ფრანგმა მიშელ ლედანტიუმ. ასე აღმოაჩინა ფიროსმანი, ასე მოიწონა პირველად ფიროსმანი მაღლა ქალაქის, ანუ ევროპული თბილისის ხალხმა და აქედან დაიწყო ბევრი რამ, რასაც თითქოს უნდა შეეცვალა ფიროსმანის ცხოვრება, მაგრამ ვერაფერი ვერ შეცვალა. როდესაც კირილ და ილია ზდანევიჩებმა და ლედანტიუმ ფიროსმანის ნახატები იპოვეს, ამოიცნეს ისინი და მათი შეგროვება დაიწყეს საქართველოსთვის, რუსეთისთვის და ევროპისთვის, მშვიდობიანი დრო იყო, თუმცა, თურმე მზადდებოდა პირველი მსოფლიო ომი, რომელშიც, სხვათა შორის, დაიღუპა ლედანტიუ და დაიჭრა ილია ზდანევიჩი, მაგრამ ეს ცოტა სხვა ისტორიაა, მანამდე კი მშვიდობიან თბილისში, ზაფხულის არდადეგებზე ჩამოსული ზდანევიჩები და ლედანტიუ, რომლებიც უფრო ხალხური ხელოვნების ნიმუშებს ეძებდნენ და კერამიკით იყვნენ დაინტერესებული, შეიქნენ ნამდვილი მოგზაურები ამ ძველი თბილისის დუქნებში და ამ ნახატების ამომცნობნი და შემმოწმებელნი. ფიროსმანი, ცხადია, არავისში არ ერეოდათ, იმიტომ, რომ მხატვარი იქ მართლაც ძალიან ბევრი იყო და ერთხელ ისე მოახერხეს, რომ ნიკალას გადააწყდნენ კიდეც კითხვა-კითხვით. ფიროსმანი იდგა და კედელზე აწერდა სიტყვას „სარძევე“. მათ ილაპარაკეს მშვიდად. ფიროსმანი იყო კვლავ ძველმანებში ჩაცმული და ძალიან ღირსეული, მერე ისე მოხდა, რომ ისინი დამეგობრდნენ, ფიროსმანი უხატავდა მათ, ჩუქნიდა ნახატებს. ილია ზდანევიჩი დახატა კიდეც. პორტრეტზე იბარებდა და ესეც საოცარი სცენები იყო. ისინი მიდიოდნენ სასწავლებლად რუსეთში, ფიროსმანის ნახატებს აგროვებდნენ, ცდილობდნენ როგორმე გაზეთებამდე მიეტანათ ყველაფერი, გაეტანათ ფართო წრეებში, თბილისელი აკადემიური მხატვრებისთვის ეჩვენებინათ, რომელთა უმრავლესობაც, რა თქმა უნდა, მტრულად შეხვდა ფიროსმანს. მათ შორის ყველაზე ცნობილი იყო გიგო გაბაშვილი. ის სასტიკად არ ცნობდა ფიროსმანს, მაგრამ შეუძლებელი იყო, ვერ მიმხვდარიყო, რა იყო ფიროსმანი. შეიძლება ამიტომაც არ ცნობდა. სამაგიეროდ ცნობდა სხვას - იგივე გიგო ზაზიაშვილს, რომელთანაც მეგობრობდა. ლედანტიუსა და ზდანევიჩების მოგზაურობა თბილისის დუქნებში კი სულაც არ იყო უხიფათო. ლედანტიუ მარტო მიბოდიალდა შავი ვანოს დუქანში. ათვალიერებდა სურათებს და იწერდა მათ სახელებს. ჰოდა, შავი ვანო ნაყარაჩოღლარი კაცი იყო და ეს ჩაწერები არ მოეწონა. ჩაწერით მაშინ შპიკები იწერდნენ, ძირითადად. ჰოდა ჩხუბი ატყდა და ლედანტიუ მომზადებული სპორტსმენი გამოდგა. მეორე დღეს, ზდანევიჩები შესარიგებლად რომ მივიდნენ შავ ვანოსთან, ის თვალახვეული დაუხვდათ და ცოტა დაბნეულიც. უცნაურობა ის იყო, რომ ზოგი მედუქნე ძნელად ელეოდა ნახატებს. ზდანევიჩები ყიდულობდნენ. მერე უკვე, 1918 წელს, მათ თბილისში ერთდღიანი გამოფენაც მოაწყვეს. მოსკოვშიც მოაწყვეს გამოფენა. ეს ყველაფერი კი გააკეთეს, მაგრამ ფიროსმანისთვის ბევრი არაფერი იცვლებოდა. ის მათგან კი ფულს იღებდა, როგორც პატივისცემას. ხოლო მედუქნეები, ან არ ელეოდნენ, ან ხალისით ყიდდნენ. თუ იმწუთში ვთქვათ თუმანი ჭირდებოდა მედუქნეს, შეეძლო მიეყიდა, სხვანაირად კი არაფრით. გულს იმით ინუგეშებდნენ, ნიკალა მაინც დაგვიხატავსო. აი, ასე თანდათან გროვდებოდა ფიროსმანის ნახატები ევროპულ თბილისში და ამ დროს დაიწყო პირველი მსოფლიო ომი. პირველმა მსოფლიო ომმა ძალიან ბევრი რამ შეცვალა პატარა ადამიანების ცხოვრებაში. ფიროსმანისთვის თვალში საცემი შეიქნა, რო თბილისში დუქნების დაკეტვა დაიწყეს. ეს იყო სრული კრიზისი, ქვეყანაში იყო გაჭირვება.ფიროსმანის ერთადერთი შემოსავალი იყო სწორედ ის, რომ დუქანში საჭმლის ფასად დაეხატა, ან ერთი-ორი მანეთი აეღო. თბილისში კი დუქნები იმიტომ დაიკეტა, რომ ომის დაწყებისთანავე ძალიან ბევრი ჯარისკაცი იპარებოდა სამხედრო ნაწილებიდან. თბილისში კიდევ იყო 300, 400, 500, 600 დუქანი. ეს იყო ღვინის და ქეიფის ქალაქი და ისეთ დუქნებში, როგორებშიც მოღვაწეობდა ფიროსმანი, ღვინო და საჭმელ-სასმელი იაფი იყო. თურქეთის ფრონტის ჯარისკაცები კი იპარებოდნენ, მერე კი ყიდდნენ თავიანთ ჩექმებს და სამოსს ამ ღვინისთვის და ეს იმხელა ამბავი იყო, რომ ძალიან მალე ღვინის გაყიდვაც კი აკრძალეს დუქნებში. ეს იყო ცოტა ხანს, მაგრამ ამან სასტიკად დაარტყა დუქნებს. ისინი იკეტებოდა. ბეგო იაღსიევმაც დაკეტა თავისი დუქანი, რა ნახატებზე იყო ლაპარაკი, რაღა შეკვეთა იქნებოდა, რაღას წააწერდნენ. მთელ წელიწადშიო, ვიღაც იგონებს, ნიკალამ ერთ ლუდხანას დააწერა და მეორე კიდევ ქუჩის წინ გამოდგმულ ფარანზე დააწერა, აქ რაღაცა შეიძინეთო და ეგ იყოო. მაგრამ სწორედ ამ დროს მოხდა ის ამბავი, რომ გერმანიიდან ჩამოვიდა მაგარი მხატვარი და მაგარი კაცი დიმიტრი შევარდნაძე. დათიკოში კი ნუ აგერევათ. დიმიტრიმაც სადგურზევე იპოვა ფიროსმანი, შეიძლება ითქვას, პირველსავე დუქანში, და დაიწყო მისი პირდაპირი მნიშვნელობით ძებნა. და იპოვა კიდეც. იპოვა და მიიყვანა ქართველი მხატვრების შეკრებაზე, სადაც ფიროსმანმა მხოლოდ რამდენიმე სიტყვა თქვა. შევარდნაძე ძალიან ცდილობდა, მოევლო ფიროსმანისთვის, მაგრამ ფიროსმანი იკარგებოდა და მას ვერ პოულობდნენ ვერანაირად. როგორ მოძებნა შევარდნაძემ ფიროსმანი, ვინ იყო მათი დამაკავშირებელი, ეს თავისთავად საინტერესო ამბავია, იმიტომ რომ იმ კაცმა, ვინც მიუყვანა შევარდნაძეს და ქართველ მხატვრებს ნიკალა, მოახერხა ის, რაც ვერ მოახერხა ნიკალამ, ანუ პირდაპირი მნიშვნელობით შუა ბაზრიდან ამოვიდა და ჩადგა აკადემიურად და ევროპულად განათლებულ ქართველ მხატვართა შორის. ეს კაცი იყო გიგო ზაზიაშვილი და ჩვენ აუცილებლად უნდა ვიცოდეთ მის შესახებ. გიგო ზაზიაშვილი დაიბადა ძალიან სიმბოლურ ადგილას თბილისში - ძველი და ახალი თბილისის საზღვარზე, ანუ აზიური და ევროპული თბილისის გასაყარზე. ხატვა თავისი მამისგან, ცალხელა მკერავისაგან ისწავლა. თავისი შრომით, წვალებით, დაგვით, მონდომებით და ნიჭით მიაღწია იმას, რომ გახდა ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული და უხვშეკვეთიანი მხატვარი დაბლა ქალაქში და მერე თანდათან ავიდა მაღლა. ზაზიაშვილი ძალიან გატაცებული იყო ხატწერით და უამრავ ეკლესიაში ჰქონდა სამუშაო, ამიტომ, მას ბევრად მეტი შეძლება ჰქონდა ყოველთვის, ვიდრე ფიროსმანს. ის მთელ საქართველოში დადიოდა და იღებდა შეკვეთებს ეკლესიების მოხატვაზე, ხატების წერაზე, უბრალოდ ხალხისთვის, გლეხებისთვის თუ თავადებისთვის. ყოველთვის ჰქონდა კარგი სახელოსნო და რაც მთავარია, ადრევე გაიცნო გიგო გაბაშვილი, თავისი სათაყვანებელი მხატვარი და დაუმეგობრდა მას. გაბაშვილმაც, ასე ვთქვათ, შეიტკბო ზაზიაშვილი, თვითნასწავლი კაცი და მასში დაინახა რაღაც საოცარი ნიჭი და აქედან ზაზიაშვილი გაეცნო თბილისურ, აკადემიურ მხატვრებს. გიგო თავადაც ევროპულად იცვამდა, თუმცა უკვე მერე მის გარეგნობაში ძალიან ჩანს ძველი თბილისელის იერი, თბილისისთვის დამახასიათებელი ერთ-ერთი შტრიხით - დაბლა დაშვებული ულვაშით. ზაზიაშვილი ერთადერთი იყო გადმოღმა ქალაქის მხატვრებს შორის, რომელიც ფიროსმანს არათუ იცნობდა, მეგობრობდა მასთან და ძალიან ხშირად შეეძლო, მოეძებნა კიდეც. ისინი მეგობრობდნენ, ფიროსმანი და ზაზიაშვილი. ზაზიაშვილს არაერთხელ ხელი გაუმართავს მისთვის. ცოლისთვისაც კი დაბარებული ჰქონდა, თუ ნიკალამ შემოიაროს, უსადილოდ არ გაუშვაო, ხომ იცი, როგორი კაცია და უჭირსო. მეტიც, ერთხანს, ველიამინოვზე ზაზიაშვილს და ნიკალას ერთად ჰქონდათ სახელოსნო. უფრო სწორად, ეს ზაზიაშვილის სახელოსნო იყო, მან მიიკედლა ფიროსმანი და ერთად მუშაობდნენ რაღაც შეკვეთებზე, მაგრამ ფიროსმანმა ვერც ამ საქმეში ივარგა. ასეთ მოწესრიგებულ საქმეში ვერ ივარგა. ზაზიაშვილი იხსენებს ერთ შემთხვევას, როცა გამზადებული, შეკვეთილი ნახატი თუ აბრა გაატანა ფიროსმანს მუშებთან ერთად დათქმულ მისამართზე და უთხრა, მეც მალე წამოგეწევითო. საღამომდე ვერ მივიდა იქ, ფული უნდა აეღო შეკვეთაზე და ხედავს, დაკეტილ კართან მუშები დგანან და ეს შენაკვეთი აბრა უჭირავთ. ნიკალა სად არიო, გიგომ და ნიკალა ცოტა ხანს იდგა და გვითხრა: წავედი მეო. არა ჰქონდა ამის ნერვები - პირდაპირ და ახლებურად რომ ვთქვათ. ზაზიაშვილი ასევე იგონებს, როგორ უპოვია მთვრალი ნიკალა ქუჩაში არაერთხელ, წამოუყენებია, წაუყვანია, დაუწყნარებია. რაც შეეძლო, ეფერებოდა, მაგრამ მათი ურთიერთობა მაინც რთული იყო. რაც დრო გადიოდა, ფიროსმანი აუცილებლად გრძნობდა, რომ ის, რაც ჰქონდა ზაზიაშვილს, მასაც ეკუთვნოდა და შეიძლება გრძნობდა იმასაც, რომ ერთი ასად ეკუთვნოდა, მაგრამ, სამწუხაროდ, მას არ შეეძლო ასე მუშაობა. ხდებოდა, რომ ისინი ერთმანეთის შესახებ რაღაც უხერხულს ამბობდნენ, თუმცა ამას მეგობრობისთვის და კარგი განწყობისთვის ხელი არ შეუშლია. მაგალითად, ქართველ მხატვრებთან შეხვედრისას ფიროსმანმა თქვა, არ მესმის ისეთი მხატვრობა, როგორსაც, აი, მაგალითად, ხატმწერები მისდევენო, მაგათ ხატვა არ იციანო, მაგათ ხატვა არ უნდათო, რაღაცა სხვას აკეთებენო. თვითონ ფიროსმანმა ერთადერთხელ დახატა წმინდა გიორგი, რომელსაც ხშირად ახსენებდა, და ეს ხატი არ იყო, ეს იყო უბრალოდ ნახატი, მაშინ, როცა ზაზიაშვილი სულ ამ შეკვეთებზე მუშაობდა და არაფერი ამაში საძრახისი არ იყო. ერთხელ ნასვამი ნიკალა ქუჩაში მოდიოდა და გაუგონია ლაპარაკი რომელიღაც დუქნის კართან, რომ ნახე რა ლამაზად დახატა ზაზიაშვილმა აბრაო და მოუხედავს და დაუყვირა: ზაზიაშვილი, ზაზიაშვილი, მე უკეთესად დავხატავო! იყო კიდე ერთი ასეთი ამბავიც, რომ სირაჯმა მესხიშვილმა ნიკალას დაახატვინა თავისი „ფართრეთი“. მესხიშვილის მოგონებაა დარჩენილი, მოვიდა ზაზიაშვილიო, ნიკალა უკვე წასული იყო და ხელახლა დამხატაო. ისა სჯობდა, ზაზიაშვილს სხვანაირი ხელი ჰქონდა და ისა მგავდაო. აქ, მოგეხსენებათ, ცოტა ფოტოგრაფიულ აღქმაზეა ლაპარაკი და მეღვინეს უნდა ვაპატიოთ, მაგრამ ზაზიაშვილის საქციელიც საინტერესოა, რომ ის მივიდა და ნახა ნიკალას ნახატი და მაინც მიიღო შეკვეთა. ზაზიაშვილი ეხმარებოდა ფიროსმანს. ფიროსმანი ამ დახმარებას იღებდა, მაგრამ როგორღაც მაინც მათი ერთად მუშაობა არ გამოდიოდა. იმ ერთ საქმეში რომ იყვნენ, ისიც მალე დაიშალა. მერე იყო, რომ ზაზიაშვილმა ფიროსმანი მიიყვანა ქართველ მხატვრებთან. მხატვრები ორჯერ დაეხმარნენ ფიროსმანს ფულით. ორჯერვე ეს ფული წაუღო მას ლადო გუდიაშვილმა. პირველად გადასცა, მეორედ კი ვეღარ იპოვა. ეს იყო უკვე 1918 წელს. უცნაური და მძიმე წელია ფიროსმანისთვის სწორედ 1916 წელი, როცა ის პირველად შეხვდა ქართველ მხატვრებს და რაღაცის იმედი მიეცა. მან წარმოიდგინა, რომ გახდებოდა ისეთი, როგორებიც სხვები იყვნენ. ეს მან აუცილებლად წარმოიდგინა, მაგრამ იმავე წელს მისი ყველა იმედი დასამარდა ერთი უცნაური ამბით - ფიროსმანი ორჯერ მოხვდა გაზეთში: პირველად „სახალხო ფურცლის“ სურათებიან დამატებაში, როცა მისი პორტრეტი დაბეჭდეს, როგორც ახლად აღმოჩენილი ნიჭისა და ეს იყო ძალიან საამაყო.მაგრამ ამას სულ მალე მოჰყვა მეორე, რამაც გაანადგურა ფიროსმანი.ამ ბუნების, ამ აღზრდის და ამ ქალაქში მცხოვრები კაცისთვის გაზეთი, ნაწერი, ქაღალდი, წიგნი ნიშნავდა სინამდვილეს. ასე იყო საქართველოში ტრადიციულად და მერეღა ნელ-ნელა დაინგრა ეს მითი და ამბობდნენ, რომ ამას კომუნისტებმა შეუწყვეს ხელი გაზეთებში ტყუილების წერითო, თორემ ქაღალდზე ნაწერი იგივე კანონი იყო. ზაზიაშვილის ცოლი იგონებს, როგორ მოვიდა ერთხელ მათთან აღელვებული ფიროსმანი და მოიტანა „სახალხო ფურცლის“ სურათებიანი დამატება. იმ ნომერში იყო ფიროსმანის კარიკატურა - ფეხშიშველი, ბანჯგვლიანი, ჩამოგლეჯილი ფიროსმანი დგას და ხატავს თავის საოცარ ჟირაფს. თუმცა, ჟირაფი იმ კარიკატურაზე საოცარი არ არის, ფიროსმანს კი ზურგს უკან უდგას გრიგოლ რობაქიძე თავისი პარიკით, გამოწყობილი ძალიან კარგ კოსტიუმში და ეუბნება, ისწავლე მეგობარო, ისწავლე, 20-30 წელი უნდა ისწავლო, მერე კი ალბათ ნამდვილი მხატვარი გამოხვალ და გამოფენასაც მოგიწყობო. ფიროსმანმა მოიტანა ეს გაზეთი ზაზიაშვილთან, დაუტოვა მის ცოლს და უთხრა: შენი ჭირიმე, გიგოს უთხარიო, რომ როგორც გადამკიდა, აი, ამ ხალხს, ვისთანაც მიმიყვანა, ისე ჩამომაშოროსო. ამ კარიკატურიდან ტრაგედიის შექმნა არ ღირდა, მაგრამ აშკარა იყო, რას ნიშნავდა მისთვის ყოველი სიტყვა ევროპული ნაწილიდან - ეს მისთვის იმედი იყო. როგორც ჩანს, ფიროსმანი დადიოდა ამ გაზეთით ხელში ქალაქში, ძალიან განიცდიდა ამ ამბავს, იმიტომ ,რომ არსებობს მეორე შემთხვევა: ის მივიდა შაშო მექუდესთან იარმუკაში და იქაც ხელში ეჭირა ეს გაზეთი და აჩვენა იქ მყოფთ, აი, ნახეთ როგორ გამამასხრესო და რას მიპირებენ და მიშვრებიანო, ხედავთ რა სწერიაო: 20-30 წლის მერე მოგიწყობთ გამოფენასო. მას აქ არ ესმის ხუმრობა და ირონია. 20 წლის მერე მკვდარი ვიქნები, ეხლა ომია და ამ ომში თავი რით გავიტანო, 20-30 წელი როგორღა ვიცოცხლებო. აი, ასე პირდაპირ და გულწრფელად თქვა. სჯეროდა, რომ მის ცხოვრებაში რაღაც შეიცვლებოდა.ასე გაქრა ქართველი მხატვრებისთვის ფიროსმანი. ამ კარიკატურის შემდეგ ის აღარ უნახავთ. მიეცა ისევ ამ თბილისს და მის სამყაროს, რომელიც ძალიან გადასხვაფერებული იყო ამ ომის დროს. ეს იყო სიღატაკის დრო, მათხოვრობა, დაჭრილები, ეპიდემიები. ქალაქი იყო განადგურებული. თბილისი იყო ახლო ზურგი თურქეთის ფრონტისა და აქ მოქმედებდა სამხედრო კანონები და არანაირი სახსარი ცხოვრებისა ფიროსმანისნაირი კაცისთვის აღარ არსებობდა. აღარ არსებობდა დუქანი, სადაც ის თავს შეინახავდა და სადაც იშრომებდა. ამის გამო ის იშვიათად აკითხავდა ხალხს. ერთხელ ზაზიაშვილმა გადაწყვიტა, მოეძებნა ფიროსმანი და იცოდა სადაც იქნებოდა - მალაკნების მოედანზე, სადგურის უკან. ფიროსმანს იქ უყვარდა ხოლმე მისვლა, იქ იკრიბებოდნენ თბილისელი მედროგეები. მედროგეებმა დროგზევე იცოდნენ სუფრის გაშლა და სულ დარჩეული ლოთები იყვნენ, დარჩეული ლოთები მარილიანი სიტყვა-პასუხით და მათი ბირჟა იყო მალაკნების მოედანზე, იქ სასტუმროებიც ბევრი იყო და ამ სასტუმროებში კი უფრო ჩერდებოდა პროვინციიდან ჩამოსული მოვაჭრე ხალხი. ჰოდა, ზაზიაშვილმა იცოდა, სად მოეძებნა ფიროსმანი, მივიდა იქა და ნახა დროგზე გაშლილ სუფრასთან, ძალიან მთვრალი და არცთუ კარგ გუნებაზე მყოფი. ჩავებღაუჭეო - იგონებს ზაზიაშვილი - და ვუთხარიო, ნიკო, წამო კაცოო, იმ საზოგადოებაში მიგიყვანოო, მხატვრებზე ეუბნებოდა და იმან გაიცინა და ბრაზიანად უთხრა: აი, ჩემი საზოგადოებაო და დაანახა მთვრალი მედროგეები და დროგზე გაშლილი სუფრა.ეს ყველაფერი მართლა იყო და მართლა ხდებოდა. ეს კაცი ინგრეოდა, რადგან ყველაფერი ერთმანეთს დაედო და გამოსავალი კი არ იყო. ომის ბოლოსკენ, როგორც ჩანს, იყო კანტიკუნტი შეკვეთები. ფიროსმანი იქავე, სადგურთან ცხოვრობდა, კიბის ქვეშ, საწყობში, სადაც ინახავდნენ ღვინოს, შეშას და ასეთ რამეებს და მას რაღაც გროშებად მიაქირავეს და პატრონი შერჩენოდა ერთი - ცალფეხა მეჯღანე არჩილა მაისურაძე. ეს კაცი უვლიდა, ეხმარებოდა, ამხნევებდა და ფიროსმანს მისცა ბოლო შეკვეთა.ეს იყო აბაშიძის სასტუმრო, სადაც ის პირველ სართულზე მუშაობდა და სვამდა კიდეც ჩვეული წესით. მაგრამ ეს იყო ცუდი დრო, ეპიდემიების დრო. თბილისში მაშინ მძვინვარებდა „ისპანკა“, საშინელი გრიპი, უკურნებელი, წამალი არ იშოვებოდა არათუ ღარიბისთვის, მდიდრისთვისაც კი. თან გაზაფხული იყო, როცა ყველანაირი ავადმყოფობა და სისუსტე ადამიანისა თავს წამოყოფს ხოლმე. ფიროსმანი მუშაობდა აბაშიძესთან და ერთ დღესაც არ მივიდა. მეორე დღესაც არ მივიდა და მერე იმ საცოდავმა მაისურაძემ, თვითონაც ცალფეხამ და გაჭირვებულმა, მოიკითხა და იპოვა დაგდებული იმ თავის სარდაფში. გონზე იყო. მაისურაძე ასე იგონებს, სმისგან დამართნოდაო, ცუდად გამხდარიყოო. უფრო აზრიანი იქნება, ვიფიქროთ, რომ მას ეს „ისპანკა“ შეეყარა. მოუვლელობა და სმა უბრალოდ ზედ დაერთო. ფიროსმანმა უთხრა, არჩილაო, სამი დღეა აქა ვგდივარ, ბიჭოო, და ვკვდებიო, კაცი არ შემოსულაო. რაც შეეძლო საწყალ მაისურაძეს, დატრიალდა, ექიმებიც კი მოუყვანეს. მოიყვანეს დროგი. დროგები, მოგეხსენებათ, იქვე იყო და ფიროსმანი წაიყვანეს არამიანცის საავადმყოფოში, სადაცო, მაისურაძე ამბობს, მე ვეღარ მივყევი, საქმე მქონდაო. ასეთი ცხოვრება იყო თბილისში.მეორე დღეს მომკვდარიყო. აქ უნდა გავიხსენოთ კიდევ ერთი ძველი ამბავი. უკეთეს დროში, პეპოიანცის მაღაზიაში, სადაც ნიკალა ომამდე ყიდულობდა ამ თავის დარჩეულ საღებავებს, ერთ-ერთი ნოქარი ყოფილა ვინმე „პაჭუა მიშა“, რომელსაც პეპოიანცის სიკვდილის და მაღაზიის დახურვის შემდეგ დაუკარგავს ეს სამსახური და მოწყობილა უპატრონო მიცვალებულთა ზიდვის ეტლზე. ომის დროს იყო ასეთი ხელობა. ჯარისკაცები, მაწანწალები ბევრნი იხოცებოდნენ, ეს ეპიდემიაც თავისას შვრებოდა და უპატრონო და ღატაკ მიცვალებულს ვერ მარხავდნენ ისე, როგორც საჭირო იყო. ამისთვის რამდენიმე ადგილას სასაფლაოებს ადგილები მოემატა და უბრალოდ ჭრიდნენ სამარეს და კაცს პირდაპირ მარხავდნენ სახელმწიფო წესით და სახელმწიფოს ხარჯით. მოხდა ასეთი უცნაური ამბავი, რომ შაშო მექუდის ვაჟი, ვასო, წამოჰყოლოდა თავისი უპატრონო მეზობლის ბალდახინს. მოუსვენებიათ უბნის ახალგაზრდებს ეს უპატრონო ქალი და მღვდელიც მოუყვანიათ და კრძალავდნენ პეტრე-პავლეს ეკლესიის უკან, ძველი ავლაბრის საჭიდაოზე. რახან ომი იყო, ეს საჭიდაო გაეუქმებინათ და უპატრონო და უსახელო ჯარისკაცებსა და მიცვალებულებს იქავე კრძალავდნენ. ჰოდა, ამ ვასომ უცებ დაინახა, რო დახურული საკუბოვე ეტლით სასაფლაოზე შემოვიდა პაჭუა მიშა და რახან ერთმანეთი იცნეს, მიშამ უთხრა, იცი ვინ მისვენიაო აქაო? მამაშენის ძმაკაცი, ჩვენი ნიკალაო, თუ გახსოვსო. ხსომებაზე აქ არ იყო, ვასომ ნახა მიცვალებული და, სხვათა შორის, მოახერხა, რომ მღვდელი, რომელიც სხვა საქმეზე იყო იქა, მოიყვანა და წესი ააგებინა ფიროსმანისთვის და იქავე დავმარხეთ მე და პაჭუა მიშამო, ასე გაიხსენა მრავალი წლის შემდეგ. მერე ვასო წამოსულა და ეს ყველაფერი უამბნია შაშოსთვის და კიდევ ფიროსმანის ერთი ძველი მეგობრისთვის, ილია აბაევისთვის. ეს აღდგომის დღეებია. ფიროსმანი აღდგომის წინა ღამეს მოკვდა. ილო და შაშო მოსულან პეტრე-პავლეზე და ყარაჩოღლურად, ზედ საფლავზე გაუშლიათ სუფრა და იქ მთელი დღე ნიკალასთან ჭირის პური უჭამიათ, ღვინოც დაუსხამთ, როგორც ეს ხშირად ხდებოდა თბილისში და მერე შაშოს ქვაც დაუდია. საფლავი დაკარგულია. მალევე ატყდა ფიროსმანის ბუმი, ქართველმა მწერლებმა დაიწყეს ძებნა, მოგონებების ჩაწერა, მაშინ ნახეს ბეგო, მაშინ ნახეს გორელი ლიმონა, მაშინ ნახეს ყველა, მაშინ ნახეს კიდევ ერთხელ ზაზიაშვილი, რომელმაც ცოტა ცივად უამბო მათ ფიროსმანის ამბავი. მობეზრებული ჰქონდა ეტყობა ნიკალას ხუშტურები, ათასში ერთხელ გამახსენდებოდა, მივიდოდი და მივეხმარებოდიო და ერთხელ მოსე თოიძემ, ფიროსმანის დიდმა გულშემატკივარმა, მითხრა, წამო მომაძებნინეო, მივიკითხ-მოვიკითხეთ მალაკნებზეო და მომკვდარიყოო. მაგრამ როდესაც თვითონ კვდებოდა გიგო ზაზიაშვილი, 1952 წელს, სიკვდილის წინ სწორედ ფიროსმანი გაიხსენა და თქვა, მე რომ მაშინ თბილისში ვყოფილიყავი, ის არ მოკვდებოდაო. ზაზიაშვილი მთელ საქართველოში დადიოდა შეკვეთებზე და სწორედ იმ აღდგომას არ იყო თბილისში. არ ვიცი, რას იზამდა, მაგრამ ეს მისი ბოლო გახსენება ფიროსმანისა ძალიან მტკივნეულია. …
დაამატა Kakha to ლიტერატურა at 4:55pm on დეკემბერი 16, 2016
თემა: უხილავი კოლექცია
მომაჩერდა დაჟინებით და თავი დამიკრა, როგორც კარგ ნაცნობს. ჯერ ვერ ვიცანი, მაგრამ როგორც კი გამიღიმა და თავისი სახელი წარმოთქვა, მაშინვე მომაგონდა: მთელ ბერლინში განთქმული ჩუბაჯი იყო, რომლისგანაც მშვიდობიანობის დროს ხშირად ვყიდულობდი ძველ წიგნებს და ავტოგრაფებს. მოვიგონეთ ამ მთისა, იმ ბარისა. ანაზდად ჩემმა მოსაუბრემ წამოიწყო: - ახლა მინდა გიამბოთ, საიდან მოვდივარ. ოცდაჩვიდმეტი წელია, ძველი ხელოვნების ნიმუშებით ვვაჭრობ, მაგრამ ასეთი უცნაური ამბავი არ გადამხდენია. თქვენ ალბათ კარგად მოგეხსენებათ, როგორ მიდის საანტიკვარო საქმე მას შემდეგ, რაც ფულის კურსი დაეცა. სიმდიდრეში ახლად ფეხშედგმული ტარაბუცები სულს არ იშურებენ გოტიკური მადონებისა და ინკუნაბულებისათვის, გრავიურებისა და სურათებისათვის. იმათ ვერაფრით გააძღებ, მთელი სახლიც რომ გამოაცარიელო. ის კი არა, პერანგის სახელოდან საკინძეებს გამოგაცლიან, საწერი მაგიდიდან ლამპას აიღებენ და იყიდიან. რაც დრო გადის, თანდათან ჭირს ნივთების შოვნა. მაპატიეთ, რომ ნივთსა ვუწოდებ, რაც ჩვენთვის წმიდათა წმიდაა, მაგრამ ამ საზიზღარმა მოდგმამ იქამდე მიგვიყვანა, რომ საოცარ ვენეციურ ინკუნაბულებს რაღაც დოლარებით ვაფასებთ და გვერჩინოს სურათებში რამდენიმე ასეულ ფრანკს ვხედავთ. შეძენის ამ ანაზდეულ, დაჟინებულ სურვილს წინ ვერაფერი დაუდგება. ერთ ღამეში მთლად გავღატაკდი და ისე მრცხვენოდა პაპაჩემისაგან მამაჩემისათვის მემკვიდრეობით დანატოვარ ძველ დუქანში მეყურებინა საცოდავი ხარახურისათვის, რომელსაც წინათ ჩრდილოეთში მეძველმანეც კი არ დადებდა ურიკაზე, რომ მერჩივნა ჟალუზები ჩამომეშვა.    ამ გასაჭირში ვიყავი, რომ თავში ერთი აზრი მომივიდა: ჩვენი ძველი ანგარიშის წიგნი გადამექექა იმ იმედით, იქნებ რამდენიმე მუშტარს წავაწყდე და ორიოდე ასლი დავცინცლო-მეთქი. მუშტართა ამგვარი ნუსხები მუდამ სასაფლაოს მაგონებს, განსაკუთრებით ახლანდელ დროში, და მეც ბევრი ვერაფერი ამოვიკითხე შიგ. მუშტრების უმრავლესობას თავისი ქონება აუქციონით გაეყიდა ან დახოცილიყო, და დარჩენილ ნაწილზე, აბა, რა იმედს დაამყარებდა კაცი. ანაზდად ერთი ძველი მუშტრის წერილების მთელ შეკვრას წავაწყდი. იგი არც კი მომგონებია, რახან 1914 წლიდან, რაც მსოფლიო ომმა იფეთქა, არც არაფერი შეუკვეთია და არც არაფერს შეგვკითხია. მიწერ-მოწერა ჩვენს შორის, რომ არ გადავამეტო, თითქმის სამოცი წლის წინათ დაიწყო. ჯერ კიდევ პაპაჩემისა და მამაჩემის მუშტარი იყო, მაგრამ ჩემი ვაჭრობის ოცდაჩვიდმეტი წლის მანძილზე არ მახსოვს, რომ ჩვენს დუქანში შემოსულიყოს. როგორც ჩანდა, თავისებური, ძველი მოდის სასაცილო კაცი უნდა ყოფილიყო, მენცელის, ან შპიცვეგის გადაშენებული ტიპის ერთ-ერთი წარმომადგენელი, იშვიათი ეგზემპლარი, როგორიც ჯერ ისევ შეიძლებოდა შეგხვედროდათ პატარა პროვინციულ ქალაქებში. იმისი წერილები, წმინდად ნაწერი, კალიგრაფიის ნიმუში გახლდათ. ფასი სახაზავით, წითელი მელნით იყო გახაზული, რაიმე გაუგებრობის თავიდან ასაცილებლად ციფრს ორჯერ იმეორებდა. ნახმარი, გადაბრუნებული კონვერტების გამოყენება და სხვის წერილებზე დარჩენილ სუფთა ფურცლებზე წერა ამ პროვინციელი კაცის წვირლმანობასა და საოცარ ხელმომჭირნეობას მეტყველებდა. ხელმოწერა ამ უცნაური დოკუმენტისა, გარდა მისი გვარისა, შეიცავდა სრულ ტიტულს: „სამსახურიდან გადამდგარი სატყეო და ეკონომიური უწყების მრჩეველი, ყოფილი ლეიტენანტი, პირველი ხარისხის რკინის ჯვრის კავალერი“. თუ ჯერ ისევ ცოცხალი იყო, შეიძლებოდა გვეფიქრა, რომ საფრანგეთ-პრუსიის ომის ვეტერანი, სულ ცოტა ოთხმოცი წლისა მაინც იქნებოდა. მაგრამ ეს მეტად სასაცილო ქვაწვია ძველი გრაფიკის შეგროვებისას არაჩვეულებრივ ჭკუას, შესანიშნავ ცოდნასა და ფაქიზ გემოვნებას ამჟღავნებდა. როცა ნელ-ნელა დავიანგარიშე მისი დაკვეთები თითქმის სამოცი წლის მანძილზე, ამასთან პირველში ზილბერგროში ჰქონდა გადახდილი, დავრწმუნდი, რომ ამ პატარა პროვინციელ კაცს იმ დროში, როცა ტალერად მშვენიერი, ხეზე ამოკვეთილი გერმანული გრავიურების ყიდვა შეიძლებოდა, თავისთვის წყნარად მთელი ესტამპები ჰქონდა შეგროვილი, რომლებიც საპატიო ადგილს დაიჭერდნენ სიმდიდრეში ახლად ფეხშედგმული ტარაბუცების კოლექციაში. მარტო ის, რასაც ნახევარი საუკუნის განმალობაში ჩვენგან ჩალის ფასად ყიდულობდა, ახლა საოცარ სიმდიდრეს წარმოადგენდა და ამას გარდა უნდა ვიფიქროთ, რომ არანაკლებ მდიდრდებოდა სხვა ჩუბაჯებთან და აუქციონებზე. თუმცა 1914 წლიდან იმას ჩვენთვის არაფერი შეუკვეთია, მაგრამ ხომ ვიცი, რა ხდება საანტიკვარო საქმეში: შეიძლებოდა აუქციონით ან ფარული ვაჭრობით ხელიდან წამსვლოდა ამგვარი კოლექცია. ვიფიქრე, ეს უცნაური კაცი ან ცოცხალია ან მისი კოლექცია მემკვიდრეების ხელში იქნება-მეთქი.    ამან იმდენად დამაინტერესა, რომ მეორე დღესვე, ესე იგი, გუშინ საღამოს, არც კი დავფიქრებულვარ, საქსონიის ერთ-ერთ მეტისმეტად პროვინციულ ქალაქში გავემგზავრე. და როდესაც პატარა სადგურიდან მთავარი ქუჩისაკენ წავლასლასდი, თითქმის შეუძლებლად მომეჩვენა, რომ ამ ჩამოფხავებულ, უგემურ სახლებს, წვრილბურჟუაზიულ ხარახურათა შორის, რომელიღაც ოთახში შეიძლებოდა ეცხოვრა იმ კაცს, რომელიც რემბრანდტის შესანიშნავ სურათებს, დიურერისა და მანტენიას გრავიურების საუცხოო, სრულ კოლექციას ფლობდა. როცა ვიკითხე, ესა და ეს სატყეო ან ეკონომიური უწყების სამსახურიდან გადამდგარი მრჩეველი აქ თუ ცხოვრობს-მეთქი, ჩემდა გასაკვირად ფოსტაში მიპასუხეს, მოხუცი ჯერ ისევ ცოცხალიაო. რაღა დაგიმალოთ, მზე ჯერ საშუადღეოზეც არ იყო, რომ გულის ძგერით გავუდექი გზას. იმისი სამყოფელის პოვნა არ გამჭირვებია: სპეკულანტ არქიტექტორების მიერ საჩქაროთ დაშენებულ უბრალო სახლის მეორე სართულზე ცხოვრობდა. პირველი სართული ერთ პატიოსან თერძს ეჭირა, მეორე სართულზე ბრწყინავდა წარწერა ფოსტმაისტერის გვარით, ბოლოს, მარჯვნივ, პორცელანის დაფაზე, ამოვიკითხე სატყეო და ეკონომიური უწყების გადამდგარი მრჩევლის გვარი. მოკრძალებით დავრეკე ზარი. კარი გამიღო თეთრთმიანმა, შავ, სუფთა თავსაბურიანმა, გადაყრუებულმა დედაბერმა. ჩემი სადარბაზო ბარათი გავუწოდე და ვკითხე, შეიძლება თუ არა ბატონი სატყეო უწყების მრჩევლის ნახვა-მეთქი. განცვიფრებით, აშკარა უნდობლობით ამომხედა ჯერ მე, მერე სადარბაზო ბარათს დახედა. ამ გადაკარგულ ქალაქში, ამ ძველისძველ, მამაპაპური სახლში უცხო კაცის სტუმრობა დიდი ამბავი იყო. მაგრამ დედაბერმა თავაზიანად მთხოვა, დამელოდეთო, თვითონ კი ბარათით ხელში ოთახში შევიდა. ჯერ ქალის ჩურჩული გავიგონე, მერე უცხო მამაკაცის ხმამაღალი, ბოხი ხმა შემომესმა: „ოჰ, ბატონო, რ... ბერლინიდან, დიდი ანტიკვარული ფირმიდან. მობრძანდეს... მობრძანდეს... მეტად მოხარული ვარ!“ ისევ გამოცუხცუხდა დედაბერი და სასტუმროში შემიპატიჟა.    პალტო გავიხადე და ოთახში შევედი. უბრალოდ მოწყობილ შუა ოთახში იდგა წელში გამართული, ჯერ ისევ ყოჩაღი, ულვაშაბურძგნილი ბერიკაცი. ტანთ ქამარშემოჭერილი, სანახევროდ სამხედრო ფორმის საშინაო ხალათი ეცვა. ორივე ხელი გამომიწოდა, მაგრამ გულწრფელი სიხარულის ამ გულღია ჟესტსა და უნებურ მოსალმებას ეწინააღმდეგებოდა ეს უცნაური გაქვავება. ნაბიჯიც კი არ გადმოუდგამს ჩემკენ და მე ცოტათი განცვიფრებულს სხვა რა გზა მქონდა, მისკენ უნდა წავსულიყავი, რომ ხელი ჩამომერთმია. ის იყო, უნდა შევხებოდი მის ხელს, რომ შევნიშნე, ხელები უმოძრაოდ, ჰორიზონტალურად გაშეშებოდა ჰაერში, ჩემსას კი არ ეძებდა, ელოდა. მაშინვე მივხვდი - ეს კაცი ბრმა იყო. ბავშვობიდან მოკიდებული, ყოველთვის უსიამოვნო გრძნობა დამეუფლებოდა ხოლმე, როცა ბრმის პირისპირ ვიდექი. სირცხვილი და ძრწოლა მიპყრობდა, როცა ვიცი, რომ ჩემ წინ ცოცხალი ადამიანი დგას და ისევე არ აღმიქვამს მე, როგორც მე იმას. და ახლაც ძლივს დავძლიე შიში, როდესაც თეთრ, გაფანჩულ წარბებს ქვემოდან სივრცეში უსიცოცხლოდ მზირალი თვალები დავინახე. მაგრამ მოხუცს დიდხანს არ დაუყოვნებია, რომ ამ განცვიფრებას მივცემოდი. შეეხო თუ არა მისი ხელი ჩემსას, მაგრად შემანჯღრია და ხმამაღლა, თავისი მგრგვინავი ხმით გააგრძელა მოსალმება: - რა იშვიათი სტუმარია, - იცინოდა მთელი გულით, - მართლაც, საოცარია, რომ ბერლინელმა პატივცემულმა ბატონმა ინება ჩვენს ქოხმახში შემოსვლა... მაგრამ ფხიზლად უნდა იყო, თუ რომელიმე ბატონი ჩუბაჯი გზას დაადგა... ჩვენში იტყვიან: ჭიშკრები ჩაკეტე, ჯიბეც ამოიფხიკე, ბოშები მოდიანო... დიახ, მე უკვე მივხვდი, რისთვისაც მეძებთ... ჩვენს უბედურ, გაღატაკებულ გერმანიაში ვაჭრობის საქმე დაეცა, მყიდველები აღარ არიანა და თქვენც, დიდ ბატონებს მოგაგონდათ თქვენი ძველი მუშტრები, თქვენს ბატკნებს ეძებთ... მაგრამ ვეჭვობ, რომ ჩემთან გულის წადილს ეწიოთ... ჩვენ, დაჩაჩანაკებული, საწყალი პენსიონერები იმითაც კმაყოფილნი ვართ, თუ შინ ლუკმაპური გვეგულება. ჩვენი ჯიბე ვერ გაუძლებს დღევანდელ ბობოქარ ფასებს. ჩვენი საქმე წასულია სამუდამოდ.    მაშინვე დავარწმუნე მოხუცი, თქვენ ვერ გამიგეთ. მე იმისთვის კი არ მოვსულვარ, რომ რაიმე მოგყიდოთ, აქვე ახლოს ვიყავი და არ მინდოდა შემთხვევა გამეშვა და ჩვენი ფირმის ამდენი ხნის მუშტრისა და დიდი გერმანელი კოლექციონერისათვის ჩემი სტუმრობით პატივისცემა არ დამემტკიცებინა-მეთქი. წარმოვთქვი თუ არა სიტყვები: „დიდი გერმანელი კოლექციონერისათვის“, მოხუცს მაშინვე სახე უცნაურად შეეცვალა. ისევ იდგა შუა ოთახში წელში გამართული, მაგრამ სახეზე უცბად ნათელი მოეფინა, მისი სახის ყოველ ნაკვთში შინაგანი სიამაყე იგრძნობოდა. მერე მიბრუნდა იმ მხარეს, სადაც ცოლი ეგულებოდა, თითქოს უნდა უთხრასო: „გესმის!“ და მხიარული ხმით, რომელშიც ნიშანწყალიც კი აღარ იყო მეომრის წინანდელი უხეში ტონისა, ეს-ესაა, რომ შევნიშნე, მომიბრუნდა და რბილად, თითქმის ნაზად მითხრა: - მართლაც, ეს მეტისმეტი თავაზიანობაა თქვენი მხრივ, მაგრამ არც თქვენ ინანებთ ჩემთან მოსვლას. აქ ისეთ რამეს გიჩვენებთ, რასაც ყოველდღიურად ვერ იხილავთ თქვენს მედიდურ ბერლინში, რამდენიმე ისეთ ნიმუშს გიჩვენებთ, რომ უკეთესს კაცის თვალი ვერ ნახავს ვერც „ალბერტინაში“ და ვეც იმ წყეულ ბერლინში. დიახ, როცა სამოცი წელიწადი აგროვებ, ისეთი რამეები ჩაგივარდება ხელთ, რაც ქუჩაში არა ყრია ყოველ ნაბიჯზე. ლუიზა! კარადის გასაღები მომიტანე!    მაგრამ უცბად მოულოდნელი რამ მოხდა. დედაბერმა, რომელიც მის გვერდით იდგა და თავაზიანად, ალერსიანი, მეგობრული ღიმილით ყურს უგდებდა ჩვენს საუბარს, უცბად ჩემკენ მუდარით გამოიწვდინა ხელი, თან თავი უარის ნიშნად გადააქნ-გადმოაქნია. ჯერ ვერ მივუხვდი, ეს რას ნიშნავდა. მერე მივიდა ქმართან, მსუბუქად ჩამოაყრდნო ორივე ხელი მხრებზე და უთხრა: - კი მაგრამ, ჰერვარტ, შენ ხომ არ გიკითხავს ამ ბატონისათვის, აქვს თუ არა დრო შენი კოლექციის დასათვალიერებლად. აგერ შუადღემაც მოატანა. ნასადილევს ერთი საათი უნდა დაისვენო, ამას ექიმი დაჟინებით მოითხოვს. არა, ჯობს შენი გრავიურები ამ ბატონს სადილის შემდეგ აჩვენო და მერე ყველამ ერთად ყავა დავლიოთ? ამასობაში ანე-მარიაც მოვა. იმას უკეთ ესმის ყველაფერი და ჩემზე უკეთ გიშველის.    და უსიტყვოდ მოხუცის ზურგს უკან, რომელიც გუმანშიაც არ იყო, ისევ დაჟინებით, ჟესტით გაიმეორა თავისი თხოვნა. მივუხვდი, უნდოდა უარი მეთქვა, ახლა ვერ დავათვალიერებ-მეთქი. მეც საჩქაროდ მიზეზი გამოვძებნე რა თქმა უნდა, ჩემთვის დიდი სიამოვნება და დიდი პატივია თქვენი კოლექციის დათვალიერება, მაგრამ სადილად მელიან და სამ საათამდე ვერ შევძლებ, მერე კი სიამოვნებით გეახლებით-მეთქი.    მოხუცი გაბუტული ბავშვივით შეტრიალდა, თითქოს თავისი საყვარელი სათამაშო წაართვესო. - რასაკვირველია, - ჩაიბურტყუნა მან, - ბერლინელ ბატონებს არასოდეს არ აქვთ დრო, მაგრამ ამჟამად უნდა გამოსძებნოთ, რადგან აქ სამი ან ხუთი ცალი კი არ არის, მთელი ოცდაშვიდი საქაღალდეა, თითოეული სულ სხვადასხვა მხატვრისა. არც ერთი არ არის იმათ შორის სანახევროდ ცარიელი. მაშ, სამი საათისათვის გელოდებით. არ დაიგვიანოთ, თორემ ვერ მოვასწრებთ; კვლავ გამოიწვდინა ჰაერში ხელი ჩემს ჩამოსართმევად. - ყური მიგდეთ. იქნებ სიხარული მოგანიჭოთ, ან შეიძლება გაბრაზდეთ კიდეც. და რამდენადაც მეტად გაბრაზდებით, იმდენად უფრო გავიხარებ. ასეთები ვართ კოლექციონერები: ყველაფერი ჩვენთვის გვინდა, სხვისთვის არაფერი გვემეტება! - და კიდევ ერთხელ მაგრად შეანჯღრია ჩემი ხელი.    დედაბერმა კარამდე მიმაცილა. მთელი ეს ხანი მის სახეზე რაღაც მოუსვენრობა, შიში იხატებოდა, მაგრამ სწორედ კარებთან, მთლად ჩაწყვეტილი ხმით, ენის ბორძიკით ჩაიბურტყუნა: - ხომ... ხომ არ ინებებთ, რომ ჩემმა ქალიშვილმა ანე-მარიამ მოგაკითხოთ, სანამ ჩვეთან მოხვიდოდეთ?.. ასე აჯობებს მრავალი მიზეზის გამო... თქვენ ალბათ სასტუმროში ისადილებთ, არა? - ცხადია, - სასიამოვნო იქნება ჩემთვის, - ვუთხარი მე.    და მართლაც, ერთი საათიც არ გასულა მარკტპლაცზე, ოტელის პატარა სასადილოში ვისადილე, რომ ერთი ხანში შესული, სადად ჩაცმული ქალი შემოვიდა და თვალებით ძებნა დამიწყო. მივუახლოვდი, ჩემი თავი გავაცანი და ვუთხარი, მზადა ვარ ახლავე გამოგყვეთ კოლექციის დასათვალიერებლად-მეთქი. მაგრამ ქალი ანაზდად გაწითლდა და ისევე შემკრთალმა, როგორც დედამისმა, მთხოვა, წინასწარ ორიოდე სიტყვა მაქვს სათქმელი და მომისმინეთო. მაშინვე მივხვდი, როგორ უმძიმდა. სძლევდა თუ არა სიმორცხვესა და ლაპარაკის დაწყენას დააპირებდა, სახეზე ალმური მოედებოდა და კაბის კალთას ჩააფრინდებოდა. ბოლოს ენის ბორძიკით, მომეტებულის მღელვარებით დაიწყო: - დედაჩემმა გამომგზავნა თქვენთან. იმან ყველაფერი მიამბო. დიდი სათხოვარი გვაქვს. სანამ მამაჩემთან მოხვიდოდეთ, წინასწარ უნდა გაგაფრთხილოთ. მამაჩემი, ეჭვი არა მაქვს, მოისურვებს თავისი კოლექცია დაგათვალიერებინოთ, მაგრამ კოლექცია... კოლექცია სრული აღარ არის... ზოგიერთი გრავიურა აკლია სამწუხაროდ, საკმაოდ ბევრი...    ქალმა სული მოითქვა, თვალებში მომაშტერდა და საჩქაროდ განაგრძო: - გულახდილად გიამბობთ... ხომ იცით, რა დროა... ვფიქრობ, ყველაფერს გამიგებთ... ომი რომ დაიწყო, მამაჩემმა თვალისჩინი მთლად დაჰკარგა. წინათაც აკლდა თვალთ, მაგრამ მღელვარებისაგან სულ წაერთვა მხედველობა. თუმცა სამოცდათექვსმეტი წლის იყო, მაინც უნდოდა მონაწილეობა მიეღო საფრანგეთის წინააღმდეგ ლაშქრობაში. მაგრამ აი, არმია ისევე აღარ მიიწევდა წინ, როგორც 1870 წელს, მამა მეტისმეტად აღელდა და საოცრად სწრაფად უკლო სინათლემ, თორემ ჯერ კიდევ მხნედ არის. ამ ცოტა ხნის წინათ შეეძლო საათობით ესეირნა, ის კი არა, ნადირობდა კიდეც. მაგრამ ახლა ამ სიამოვნებას გამოეთხოვა და დარჩა მხოლოდ ერთადერთი სიხარული - კოლექცია, რომელსაც ყოველდღე ათვალიერებს. მაგრამ რას ვამბობ, ათვალიერებს-მეთქი. იმან ხომ თვალის ჩინი დაჰკარგა. ამოალაგებს ნასადილევს ყველა საქაღალდეს, რომ სულ მცირე ესტამპსაც კი ხელი შეახოს, ერთიმეორის მიყოლებით, იმავე რიგით, რაც ათეული წლების განმავლობაში ზეპირად ახსოვს. მე უნდა ვუკითხო გაზეთებში ყოველდღიურად აუქციონის ფასები და რამდენადაც მაღალ ფასს გაიგონებს, იმდენად უფრო ბედნიერია... უბედურება ის არის, რომ მამაჩემს არ ესმის ფასები და არც ის რა დროში ვცხოვრობთ... არ იცის, რომ ყველაფერი დავკარგეთ და იმისი პენსიით ორ დღესაც ვერ გახვალ იოლას. მერე კიდევ ჩემს დას ქმარი ფრონტზე დაეღუპა და ოთხი პატარა ბავშვი დარჩა... მამაჩემი გუმანშიაც არ არის, რა გაჭირვებით ვცხოვრობთ... ჯერ ყაირათსა ვწევდით, იმაზე მეტად ხელმომჭირნეობდით, ვიდრე წინათ, მაგრამ ამან ვერაფერი გვიშველა. მერე ნივთების გაყიდვას შევუდექით. მის საყვარელ კოლექციას, რასაკვირველია, ხელს არ ვახლებდი. გავყიდეთ, რაც კი ძვირფასი გვებადა, მაგრამ, ღმერთო ჩემო, ეს ისეთი უმნიშვნელო რამ იყო. მამაჩემი სამოცი წელიწადი კაპიკს კაპიკზე აწებებდა და გრავიურებს ყიდულობდა. ერთ მშვენიერ დღეს მოვიხედეთ და აღარაფერი აღარ აღმოგვაჩნდა გასაყიდი. აღარ ვიცოდი, რა გზას დავდგომოდით. მაშინ მე და დედამ ერთი გრავიურა გავყიდეთ. მამაჩემი ამის ნებას არ მოგვცემდა. იმან არ იცის, როგორ ჭირს ცხოვრება. გუმანშიაც არ არის, რა ძნელია ფარული ვაჭრობით ლუკმაპური იშოვნო. ისიც კი არ იცის, რომ ომი წავაგეთ და ელზასი და ლოტარინგია დავთმეთ. ამ ამბებს აღარ ვუკითხავთ, არ გვინდა ავაღელვოთ.    მეტად ძვირფასი რამ იყო რემბრანდტის გრავიურა, ჩვენ რომ გავყიდეთ. ჩუბაჯმა რამდენიმე ათასი მარკა შემოგვთავაზა და ვიმედოვნებდით, ამ ფულს რამდენიმე წელს გამოვიზოგავდით. მაგრამ კარგად მოგეხსენებათ, როგორ უქრება კაცს ფული ხელში. რაც დაგვრჩა, ბანკში შევინახეთ, მაგრამ ორი თვის შემდეგ სულ წაგვივიდა ხელიდან. ავდექით და კიდევ გავყიდეთ ერთი გრავიურა, მერე კიდევ ერთი, მაგრამ ჩუბაჯი ფულს ისე გვიან გვიგზავნიდა, რომ მისი კურსი დაცემული იყო. მერე ვცადეთ, აუქციონზე გაგვეყიდა, მაგრამ აქაც ყინულზე გვაცურებდნენ, თუმცა ფასები მილიონებს აღწევდა. და ვიდრე ეს მილიონები ჩვენამდე მოვიდოდა, ფარატინა ქაღალდად იქცეოდნენ. ასე ნელ-ნელა ხელიდან წაგვივიდა ჩინებული კოლექცია, მხოლოდ რამდენიმე გრავიურა შემოგვრჩა და სულ იმისათვის, რომ ეს გაძაღლებული, საცოდავი სიცოცხლე გაგვეხანგრძლივებინა. მამაჩემმა არაფერი იცის, ამიტომ შეშინდა დედა დღეს, თქვენ რომ გვესტუმრეთ. მამაჩემს თავისი საქაღალდეები რომ ეჩვენებინა, ყველაფერი გამომჟღავნდებოდა. იმავე ძველ პასპარტუში - იგი ყველას ხელის შეხებით სცნობს, - ასლები ან იმისი მსგავსი ქაღალდები ჩავაწყვეთ, ისე, რომ ხელითაც რომ მოსინჯოს, ვერაფერს მიხვდება. იმისი ხელის შეხება და გადაწყობა (თანმიმდევრობა ზუსტად ახსოვს) ისეთივე სიამოვნებას ანიჭებს, როგორც წინათ, თვალხილული რომ იყო. ამასთან ჩვენს ქალაქში არავის თვლის ღირსად, რომ თავისი საუნჯე აჩვენოს. თითოეული ისეთი ფანტასტიკური სიყვარულით უყვარს, რომ, მგონი, გული გაუსკდება, თუ შეიტყობს, რომ კარგა ხანია ხელიდან გაუქრა. მას შემდეგ, რაც დრეზდენის გალერეის სპილენძის გრავიურის განყოფილების უფროსი გარდაიცვალა, თქვენ პირველი ხართ, ვისთვისაც თავისი კოლექციის ჩვენება მოისურვა. ამიტომ გემუდარებით... უცბად ხანში შესულმა ქალმა ხელები ჩემკენ გამოიწვდინა და თვალებში ცრემლი აუბრწყინდა. - გემუდარებით... ნუ გააუბედურებთ... ნურც ჩვენ გაგვაუბედურებთ... ნუ მოაკლებთ ამ უკანასკნელ ილუზიას, მოგვეშველეთ, განვუმტკიცოთ რწმენა, რომ ყველა გრავიურა, რომელსაც თქვენ აგიწერთ, არსებობს... ცოცხალი ვერ გადარჩება, თუ მიგვიხვდა. იქნებ უსამართლობაც ჩავიდინეთ, მაგრამ სხვანაირად არ შეგვეძლო. განა ადამიანის სიცოცხლე, ჩემი დის ოთხი ობოლი უფრო ძვირფასი არ არის, ვიდრე ის საცოდავი გრავიურები? მისთვის დღევანდლამდე სიხარული არ წაგვირთმევია, იგი ბედნიერია. ყოველდღე, ნასადილევს, სამ-სამი საათობით უზის თავის საქაღალდეებს. აწყობს გრავიურებსა და თითოეულს ისე ელაპარაკება, როგორც ადამიანს. დღეს კი... დღევანდელი დღე შეიძლება უბედნიერესი დღე იყოს მისთვის, ამას ელოდა წლების განმავლობაში, თავისი საუნჯე ერთხელ მაინც ეჩვენებინა ისეთი ადამიანისათვის, რომელსაც შეეძლო მისი დაფასება... გემუდარებით, გემუდარებით ხელებგამოწვდილი, ნუ წაართმევთ ამ სიხარულს.    ძალა არ შემწევს გადმოგცეთ, რა მწუხარებით თქვა ეს. ო, ღმერთო ჩემო, როგორც ჩუბაჯს, რამდენჯერ მინახავს საზიზღრად გაძარცვული, ინფლაციისაგან უნამუსოდ მოტყუებული ადამიანები, რომელთაც ლუკმაპურის ფასად ართმევდნენ ძვირფას, საგვარეულო ნივთებს, მაგრამ აქ ბედს განსაკუთრებით დაერია ხელი, რამაც მეც მეტისმეტად შემაშფოთა. რაღა თქმა უნდა, შევპირდი, ხმას არ ამოვიღებ და როგორც კი შემიძლია, მოგეშველებით-მეთქი.    ერთად წავედით. გზაზე სულის სიმწარით ვისმენდი, რა მზაკვრობით მოეტყუებინათ საწყალი, უმეცარი ქალები. ამან კიდევ უფრო განმიმტკიცა გადაწყვეტილება, რომ ბოლომდე დავხმარებოდი. კიბე ავიარეთ და ის იყო ხელი შევახეთ კარის სახელურს, რომ შიგნიდან მოხუცის მხიარული როხროხი შემოგვესმა: „შემობრძანდით, შემობრძანდით!“ უსინათლო ადამიანის გამახვილებული სმენით შეიცნო ალბათ ჩვენი ნაბინჯის ხმა კიბეზე. - ჰერვარტს დღეს თვალიც არ მოუხუჭავს, ისე მოუთმენლად ელის, როდის გაჩვენებთ თავის საუნჯეს, თქვა ღიმილით დედაბერმა. ქალიშვილის ერთმა შეხედვამ დაამშვიდა იგი. მიხვდა, რომ მე ყველაფერი ვიცოდი. მაგიდაზე უკვე გაეშალა საქაღალდეების გროვა. როცა ბრმამ ჩემი ხელის შეხება იგრძნო, სალამ-ქალამს მოეშვა, ხელი ჩამავლო და სავარძელში ჩამსვა. - მაშ ასე, დავიწყოთ, დროს ნუღარ ვკარგავთ, ბევრი გვაქვს სანახავი, ბატონ ბერლინელებს კი დრო არასოდეს არა რჩებათ. ამ პირველ საქაღალდეში მხატვარ დიურერის ვრცელი კომპლექტია. ამაში თქვენ თვითონ დარწმუნდებით. ერთი მეორესა სჯობია, თუმცა თქვენ თვითონვე განსჯით. აი, ნახეთ! - და გაშალა პირველი საქაღალდე - „დიდი ცხენი“. მომეტებული სიფრთხილით, როგორც ნაზ ჭურჭელს აიღებენ, თითის წვერების ოდნავი შეხებით გამოიღო საქაღალდიდან პასპარტუ, რომელშიც ცარიელი, დრო-ჟამისაგან გაყვითლებული ფურცელი იყო. ეს უბრალო ქაღალდი დიდი აღფრთოვანებით ეჭირა ხელში. ერთ წუთს, თითქოს ტკბილ ოცნებას მისცემიაო, გაჩაჩხული ხელებით თვალებთან მიიტანა ქაღალდი. თუმცა ვერაფერს ხედავდა. მაგრამ რაღაც მაგიური ძალით მის დაძაბულ სახეს თვალხილულის გამომეტყველება მიეცა. უცბად მის უსიცოცხლო თვალებში სინათლე გამოკრთა. ეს ქაღალდის ანარეკლი იყო თუ შიგნიდან მოდიოდა სხივი? - აბა, - ამაყად მითხრა მან. - განა ოდესმე გინახავს ამაზე მშვენიერი ანაბეჭდი? რა მკვეთრად, რა ნათლად გამოიკვეთება თითოეული დეტალი. ჩემი ეგზემპლარი დრეზდენისას შევადარე, მაგრამ იგი მთლად უსიცოცხლო, მქრქალი მეჩვენა. აი, კიდევ საგვარტომო ნუსხა! - და ფურცელი გადააბრუნა. ცარიელი ფურცლის მეორე მხარეს თითის ფრჩხილით ისეთი სიზუსტით აჩვენებდა ადგილებს, რომ მე უნებურად ჩავიხედე, ნიშანი მართლა ხომ არ არის-მეთქი. - ეს კოლექციონერ ნაგლერის ბეჭედია, ეს კიდევ რემისა და ეისდაილის. ჩემი სახელოვანი წინაპრები ვერასოდეს ვერ იფიქრებდნენ, რომ იმათი ავლადიდება ოდესმე ასეთ პატარა ქოხმახში მოხვდებოდა.    ტანში ჟრუანტელი მივლიდა, როდესაც ვხედავდი, მთლად ცარიელ ფურცელს როგორ აღფრთოვანებით აქებდა. მეტისმეტად შემზარავი იყო ცქერა იმისა, ფრჩხილით ყოველ მილიმეტრს ზუსტად როგორ აყოლებდა მის წარმოდგენაში არსებულ კოლექციონერთა უხილავ ნიშნებს. მღელვარებისაგან ყელში ბურთი გამეჩხირა და ვერაფერი ვუპასუხე. მაგრამ როდესაც შემკრთალმა მასპინძელ ქალებს შევხედე და შეშინებული მოხუცი ქალის ჩემკენ მუდარით გამოწვდილ, აცახცახებულ ხელებს წავაწყდი, ძალა მოვიკრიბე და ჩემი როლის შესრულებას შევუდექი. - უბადლოა! - ამოვთქვი ბოლოს, - შეუდარებელი ანაბეჭდია მოხუცს მაშინვე სახე გაუბრწყინდა სიამაყისაგან. - ეს კიდევ რა არის! - ხარობდა მოხუცი, - თქვენ იმისი „მელანქოლია“[39] ან „ვნებანი“ უნდა ნახოთ. ერთი შეხედეთ, რა ბრწყინვალე ეგზემპლარია. ასეთს მეორეს ვერ ნახავთ. - და მისი თითი კვლავ ნაზად ამოძრავდა წარმოსახულ სურათზე. - რა ცოცხალი, მუქი, თბილი ხელებია. მთელი ბერლინი თავისი კოლექციონერებითა და ხელოვნების მცოდნეებით შურისაგან გულზე გასკდებოდა.    მთელი ორი საათის განმავლობაში იღვრებოდა მგზნებარე სიტყვების ნიაღვარი. არა, ვერ აგიწერ, რა თრთოლვით დავათვალიერე იმასთან ერთად ასი თუ ორასი ცარიელი ქაღალდი თუ ცარიელი რეპროდუქცია, რომლებიც ამ საცოდავი კაცის წარმოდგენაში ისე ცოცხლობდა, რომ წუთითაც არ ყოყმანობდა, ისე აქებდა და აღწერდა თითოეულის მეტისმეტად ზუსტ დეტალებს შეუმცდარი თანმიმდევრობით. უხილავი კოლექცია, რომელიც კარგა ხანია ქარს გაეფანტა, ამ თვალისჩინდაკარგული, ამ ამაღელვებლად მოტყუებული კაცისათვის ჯერ ისევ ხელუხლებელი იყო და მგზნებარე ძალა ხილვადობის იმდენად ძლიერი, რომ ლამის იყო, მეც დამეჯერებინა. მხოლოდ ერთხელ დაარღვია მისი ნათელი ჭვრეტის მთვარეული სიმშვიდე გამოფხიზლების საფრთხემ. როდესაც რემბრანდტის „ანტიოპეს“ ანაბეჭდის რელიეფურობას აქებდა (ლაპარაკობდა მართლაც შეუდარებელ საცდელ ანაბეჭდზე) და თავის დაძარღვულ, ნათელმჭვრეტ თითს სიყვარულით ატარებდა წარმოსახულ ხაზებზე, უცხო ქაღალდზე ვერ აღმოაჩინა მისთვის ცნობილი ჩაღრმავებანი. თითქოს ჩრდილმა გადაურბინა სახეზე. ხმა შეეცვალა. - ეს... ეს... „ანტიოპეა“, - ჩაიბურტყუნა ოდნავ შემკრთალმა. მე მაშინვე ჩავერიე საქმეში. საჩქაროდ გამოვართვი ჩარჩოში ჩასმული ფურცელი და მოჩვენებითი გრავიურა, როგორც კი შემეძლო, დაწვრილებითა და აღფრთოვანებით აღვწერე. შემკრთალი სახე ბრმას ისევ მოულბა და რამდენადაც მეტ ხოტბას ვასხამდი გრავიურას, ამ უხეშ, ჩამომჭკნარ კაცს გულწრფელი, ნათელი სიხარულით უბრწყინავდა სახე. - როგორც იქნა შემხვდა ისეთი კაცი, რომელსაც ესმის, - სახეგაბრწყინებული მიუბრუნდა თავისიანებს, - ბოლოს და ბოლოს საკუთარი ყურით გესმით, რა ფასი აქვს ამ ჩემს გრავიურებს. მუდამ ეჭვის თვალით მიყურებდით და მლანძღავდით, რომ მთელი ჩემი ფული ამ კოლექციაში მოვაქციე. მართალია, სამოცი წლის განმავლობაში ლუდი არ დამილევია, ღვინო არ მისვამს, თუთუნი არ მომიწევია, თეატრი არ ვიცოდი რა იყო და მოგზაურობა, წიგნებს არ ვყიდულობდი, ამ გრავიურებისათვის ვაწებებდი კაპიკს კაპიკზე, მაგრამ, აი, ნახავთ, როცა მე აღარ ვიქნები, რა მდიდრები გახდებით, ყველაზე მდიდრები მთელ ქალაქში, ისეთი მდიდრები, როგორც დრეზდენელი უმდიდრესი ადამიანები არიან. მაშინ ჩემი სისულელე კიდევ ერთხელ მოგანიჭებთ სიხარულს. მაგრამ სანამ მე ცოცხალი ვარ, არც ერთი გრავიურა არ გავა ამ სახლიდან. ჯერ მე გამიტანენ და მერე ჩემს კოლექციას, - და ნაზად, ცოცხალ არსებასავით გადაუსვა ხელი კარგა ხნის დაცარიელებულ საქაღალდეებს. ჩემთვის საშინელება იყო, თან ამაღელვებელი ამისი ცქერა, რადგან მთელი ომის განმავლობაში მე არ მინახავს არც ერთი გერმანელის სახეზე ასეთი სრულყოფილი, წმიდა ნეტარების გამომეტყველება. რაღაც იდუმალი მსგავსება იყო მის გვერდით მდგომ ქალებსა და გერმანელი ოსტატის გრავიურაზე გამოსახულ ქალების ფიგურებს შორის, რომელთაც მაცხოვრის საფლავის სანახავად მოსულთ, გადაგორებული ქვისა და დაცარიელებული კუბოს ხილვისას, ოცნებაში წასულთ ამ სასწაულზე სახეზე ღვთისმოშიშობა ეხატებათ.    ისევე, როგორც ქრისტეს მონა ქალებს მაცხოვრის ციური გამოცხადებით განცვიფრებულთ, დედაბერსა და მის ხანშიშესულ ქალიშვილსაც, ძალ-ღონე გამოცლილ, ცხოვრებისაგან განადგურებულ სახეზე ბავშვური გულწრფელი სიხარული გადასდებიათ და ცრემლნარევი ღიმილი უბრწყინავთ.    ამაზე ამაღელვებელი სურათი მე არ მინახავს ჩემს სიცოცხლეში. მაგრამ მოხუცს ვერ აძღებდა ჩემი ქება. ისევ ხსნიდა და ხურავდა საქაღალდეებს, ხარბად ყლაპავდა თითოეულ სიტყვას. მხოლოდ მაშინ ამოვისუნთქე, როცა ბოლოს მოჩვენებითი კოლექცია აალაგეს და მოხუცმა უხალისოდ დაცალა მაგიდა ყავისათვის. მაგრამ რა იყო ჩემი დანაშაულებრივი ამოსუნთქვა მის უსაზღვრო, მღელვარე სიხარულთან, ოცდაათი წლით გაახალგაზრდავებული კაცის სიამაყესთან შედარებით! ათას ანეგდოტს ჰყვებოდა, როგორ ვაჭრობდა და არიგებდა. ხელს არავის აშველებინებდა, ბარბაცით მივიდოდა თავის კოლექციასთან, რათა ერთხელ კიდევ ამოეღო რომელიმე გრავიურა, გეგონებოდათ, შეზარხოშებულიაო. როცა ბოლოს ვუთხარი, ახლა დროა გამოგემშვიდობოთ-მეთქი, შეშინდა, გაიბუტა თავნება ბავშვივით, ჯიუტად დააბაკუნა ფეხი, ეს არ ვარგა, ჯერ ნახევარიც არ დაგითვალიერებიათო.    დიდი გაჭირვებით გაუფანტეს ქალებმა მისი ჯიუტური უგუნებობა - დიდხანს ნუ შეაყოვნებ, თორემ მატარებელზე დააგვიანდებაო.    როცა ბოლოს სასოწარკვეთილებით აღსავსე წინააღმდეგობის შემდეგ დადგა გამომშვიდობების წუთები, ხმა აუთრთოლდა. ორივე ხელში ჩამავლო ხელი და თითებს, როგორც კი შეეძლო უსინათლოს, ალერსიანად მისვამდა მაჯაზე, გეგონებოდათ, უნდა მეტი იცოდეს ჩემს შესახებ, უფრო მეტი სიყვარული გამოამჟღავნოს, თითქოს სიტყვებს ეს არ ძალუძთო. - თქვენი სტუმრობით დიდი სიხარული მომანიჭეთ, - დაიწყო მან გულის სიღრმიდან ამომავალი მღელვარე ხმით, რასაც ვერასოდეს ვერ დავივიწყებ. - ეს ჩემთვის დიდი მადლი იყო, რომ ბოლოს, როგორც იქნა, ამდენი ხნის ლოდინის შემდეგ ვნახე ჩემი საყვარელი კოლექციის დამფასებელი. მხოლოდ იცოდეთ, თქვენ ამაოდ არ მოსულხართ უსინათლო მოხუცთან. სიტყვას გაძლევთ, ჩემი ცოლი იქნება ამისი მოწმე, ჩემს ანდერძს ერთ პუნქტს კიდევ დავუმატებ, რომლის მიხედვითაც მხოლოდ თქვენს სახელგანთქმულ ფირმას ექნება უფლება ჩემი კოლექციის გაყიდვისა. პატივი გხვდათ, თქვენ იყოთ გამგებელი ამ ყველასათვის უცნობი საუნჯისა, - და სიყვარულით ხელი დაადო დაცარიელებულ ქაღალდებს, - სანამ არ გაიფანტება ქვეყნის სხვადასხვა მხარეს. მხოლოდ შემომფიცეთ, რომ კარგ კატალოგს შეუდგენთ, ეს იქნება ჩემი სამუდამო ძეგლი, უფრო ძვირფასი მე არ მჭირდება.    შევხედე დედასა და ქალიშვილს. ერთმანეთს მიჰკვროდნენ და ისე ცახცახებდნენ, ეს ჟრჟოლა ისე გადასდებოდათ ერთმანეთისაგან, თითქოს ერთი გრძნობით აცახცახებულ სხეულად ქცეულანო. მეც არაჩვეულებრივ მხიარულ გუნებაზე ვიყავი და მაღელვებდა, რომ ეს კაცი, რომელიც გუმანშიაც კი არ იყო თავის უხილავ, კარგა ხნის გაფანტულ კოლექციაზე, როგორც ძვირფას საუნჯეზე ზრუნვას მე მანდობდა. აღელვებულმა აღვუთქვი, რისი შესრულებაც არასოდეს არ შემეძლო. ჩამკვდარ თვალის გუგებში ისევ სინათლე აუციმციმდა და მე ვიგრძენი, როგორი აღგზნებით ცდილობდა ცოცხლად წარმოედგინა ჩემი სახე. ეს მისი თითების ნაზ, მგრძნობიარე მოჭერაზე ვიგრძენი, როცა ჩემი ხელი ხელში ეჭირა ნიშნად მადლობისა და აღთქმისა.    ქალებმა კარებამდე მიმაცილეს. ხმის ამოღება ვერ გაბედეს, რადგან მოხუცს არაჩვეულებრივი სმენა ჰქონდა და ყოველ სიტყვას დაიჭერდა, მაგრამ რა მადლობით უბრწყინავდათ ცრემლით სავსე თვალები. მთლად გაბრუებული ჩამოვბარბაცდი კიბეზე. გამოგიტყდებით, მრცხვენოდა, კიდეც საკუთარი თავისა: ზღაპრული ანგელოსივით შემოვედი ამ საცოდავი ხალხის ქოხმახში, ერთი საათით მხედველობა დავუბრუნე უსინათლოს იმით, რომ ხელს ვუწყობდი კეთილის მოქმედ ტყუილს. ურცხვად ვცრუობდი, რომ სინამდვილეში მე, საცოდავი ჯუბაჩი, იმისთვის ვიყავი მოსული, რომ რამდენიმე ძვირფასი გრავიურა დამეცინცლა. მაგრამ რაც აქედან მიმქონდა, უფრო ძვირფასი იყო ჩემთვის: ამ მოუსვენარ, უსიხარულო დროში კვლავ დამეუფლა წმიდა, ცოცხალი აღფრთოვანება ნათელი სულიერი ექსტაზისა, რომ მთლად ხელოვნებისათვის შემეწირა თავი, რასაც კარგა ხანია, ჩვენი ხალხი გადაეჩვია. რაღაც მოწიწების გრძნობამ შემიპყრო, სხვანაირად არ შემეძლო ამისათვის მეწოდებინა, თან სირცხვილი მკლავდა, მაგრამ კაცმა რომ თქვას, არ ვიცოდი - რისთვის.    უკვე ქუჩაში ვიდექი, რომ ზემოთ ფანჯარამ გაიჭრიალა და ჩემი სახელი შემომესმა: მართლაც, მოხუცი თავისი სხივჩამქრალი თვალებით იქითკენ იცქირებოდა, სადაც მე ვეგულებოდი. ისე ღრმად გადმოხრილიყო ფანჯრიდან, რომ ქალებს მზრუნველად ეჭირათ უკნიდან. ცხვირსახოცი დამიქნია და თავისი წკრიალა, ბავშვური ხმით დამიძახა: - გზა მშვიდობისა!    არასოდეს არ დამავიწყდება ის სურათი: ფანჯარაზე, ქუჩაში მომავალ, დაღვრემილ, აფუსფუსებულ ხალხს ზემოთ, ჩვენი საძაგელი სინამდვილის მიღმა თავისი მშვენიერი ილუზიის თეთრ ღრუბლებში მფრინავი თეთრთმიანი მოხუცის გაბრწყინებული სახე. აქ ერთი ბრძნული ნათქვამი მომაგონდა. მგონი, ეს სიტყვები გოეთეს ეკუთვნის: „კოლექციონერები ბედნიერი ადამიანები არიან ქვეყნად“.…
დაამატა Kakha to ლიტერატურა at 3:55pm on ოქტომბერი 12, 2016
თემა: იგი
ლმე, როცა შიგნიდან ცეცხლის ენა ამოიმართება და ცა ფერფლის ღრუბლით დაიფარება.       შეშფოთებამ იგის თავიდან ფეხებამდე დაუარა.       ასეთი რამ ჯერ არც ერთ ბელადს არ ეთქვა.       იგი მიხვდა, რომ ქვეყნად რაღაც ახალი გაჩნდა.       ოღონდ ისე არა, ცის ძახილი ცეცხლად რომ გაიკლაკნება და მყისვე გაქრება.       არა.       მიწა რომ გაიბზარება და ნაპრალი აღარასოდეს ამოივსება, ისე.       ირგვლივ დუმილი იდგა.       თანამოძმეებს თვალები გაფართოვებოდათ და იგის შესცქეროდნენ.       მაშინ იგი კიდევ უფრო გაიმართა, თავი უკან გადაიგდო და შორეული მთების სიმაღლეს მიაბჯინა მზერა. მთების დიდმა სიმშვიდემ შეშფოთება ნელ-ნელა გამოდევნა სხეულიდან. ცხელი ხიფათის სუნიც გაილია.       იგიმ მთების სიმაღლეს მადლობა შეუთვალა.       თანამოძმეთა გაფართოებული თვალები ერთმანეთში შეცურდნენ.       იგის ახლა ერთი ვეებერთელა თვალი მოსჩერებოდა ყოველი მხრიდან.       ირგვლივ დუმილი იყო და მოლოდინის მძაფრი სუნი იდგა.       იგიმ ბელადს შეხედა.       ბელადი ყველაზე მეტად იყო მოხრილი. გრძელი ხელები ლამის მიწაზე დასთრევდა. შუბლი ვიწრო და ბრტყელი ჰქონდა, კბილები – მრისხანედ დაკრეჭილი.       მორიგეობით ინაცვლებდა ფეხებს და ადგილზე ირწეოდა.       ასეთი ბელადის დანახვაზე ძლიერი ნადირებიც კი დამფრთხალი გარბოდნენ.       დიდი დაძინების ქარაფზე ის ადის, ვისი დაბადებაც არაღავის ახსოვს, ვისაც მკლავებში და მუხლებში სიძაბუნის გემო ჩაუდგა, ვისაც აღარც კეტის ტრიალი შეუძლია და აღარც ნადირის დევნა.       დაბინდებისას ბელადი მთელ ტომს შეყრის და იტყვის.       ხოლო ცაზე რომ დღის თვალი ამოცურდება და სიბნელეს სინათლით გაფანტავს, კაცები აღმართს შეუდგებიან. წინ ის მიდის, ვინც ქარაფიდან უნდა გადაეშვას. უკან დანარჩენები მიჰყვებიან. ქარაფის შუა წელთან, იქ, სადაც ბოლო ხე დგას, დანარჩენები შეჩერდებიან და მარტო ის განაგრძობს გზას. მიდის, მიდის, მიდის. მწვერვალს რომ მიაღწევს, მოიხედავს. თუ მანამდე არ მოიხედა, მწვერვალთან მაინც მოიხედავს. და ამ დროს სახეზე ცოცხლად შეპყრობილი ნადისრის ფერი ადევს. მერე ისევ შეტრიალდება, მოიკუნტება, შეიკუმშება, დაპატარავდება, თვალებდახუჭული (იგიმ არ იცის, თვალებდახუჭული თუ გახელილი, მაგრამ ახლა, როცა თვითონ მიუყვება დიდი დაძინების ციცაბო აღმართს, რატომღაც ჰგონია, რომ თვალებდახუჭული გადააბიჯებს და მისი კივილი დიდი დაძინების ხახაში ჩაიკარგება.       თანამოძმეები კეტებს მაღლა შემართავენ, გამარჯვების ყიჟინას დასცემენ და გამოქვაბულში დაბრუნდებიან.       ის აღარ დაბრუნდება.       იგიმ არ იცის, რატომ არასოდეს იღვიძებს დიდი დაძინებით დაძინებული, მაგრამ იცის, რომ არ იღვიძებს, რაკი უკან დაბრუნებული არავინ უნახავს.       აქამდე ასე იყო.       და ბელადი...       კიდევ დამარცხებული ბელადი ადის დიდი დაძინების ქარაფზე.       დამარცხებულ ბელადს არც მკლავში უდგას სიძაბუნის გემო და არც მუხლებში. კეტის მოქნევაც შეუძლია და ნადირის დევნაც.       მაგრამ მაინც ადის დიდი დაძინების ქარაფზე.       რატომ ადისო, არავინ კითხულობს.       ალბათ ჰგონიათ, რომ რაც არის, ის მუდამ იყო.       თავიდან იგისაც ასე ეგონა, მაგრამ ახლა, როცა მრავალი გაკვირვება უკვე ცოდნად ექცა, მიხვდა, რომ მუდამ არაფერი ყოფილა, ყველაფერი ოდესღაც გაჩნდა, და უხმოდ იკითხა თავის სხეულში: “რატომ ადის დამარცხებული ბელადი დიდი დაძინების ქარაფზე?”       იმიტომ რომ დამარცხებული ბელადი მაინც ბელადია, მაგრამ რაკი დამარცხდა, ბელადი აღარაა. ხოლო როცა ბელადია და თანაც ბელადი აღარაა, ეტყობა რაღაც ირღვევა, რისი დარღვევაც არ შეიძლება. ამიტომ ადის...       ადრე, უცხო სიტყვები რომ შემოესეოდნენ და იგი მათს ასხმასა და დალაგებას შეუდგებოდა, გაურკვეველი სიმძიმე სხეულში ტკივილად ეღვრებოდა, თვალები ეხუჭებოდა და ძილი ერეოდა.       ახლა ასეთი რამ აღარ ემართება. ახლა უცნობ სიტყვებს იოლად და სწრაფად ალაგებს. სიტყვები გამწკრივდებიან და ისე მიუყვებიან მათთვის მიჩენილ გზას, როგორც ნადირი მიუყვება გაკვალულ ბილიკს წყაროსაკენ.       ესეც იმის ბრალია, ალბათ, წელში რომ გაიმართა...       პირველად იმ დღეს შენიშნა, რა დღესაც ძველი ბელადი დიდი დაძინების ქარაფზე ავიდა.       ... როდესაც ცამ დღის თვალი დახუჭა და ღამის მქრქალი თვალი გაახილა, კაცები დაბრუნდნენ. ბედმა გაუღიმათ და მარჯვედ ინადირეს.       წინ ბელადი მოდიოდა. კეტი მხარზე ჰქონდა გადებული. დანარჩენები უკან მოჰყვებოდნენ და ვეებერთელა ნადირი მოჰქონდათ.       ქალები და ბავშვები ჟივილ-ხივილით გამოეგებნენ და ნანადირევის დანახვაზე თვალებში შიმშილის ფერი ჩაუდგათ.       ბელადი გამოქვაბულში შევიდა. სახეზე, როგორც ყოველთვის, სიმშვიდისა და სითბოს სუნი ასდიოდა. მისთვის განკუთვნილ ქვას მიაშურა, დაჯდა, კეტი გვერდით მოიდო და ხელები მუხლებზე დაიწყო.       ამასობაში დანარჩენებიც შემოვიდნენ, ნანადირევი შუა გამოქვაბულში დადეს და ძველი მონადირეები ხორცის განაწილებას შეუდგნენ.       როგორც წესია, წამახული ქვებით ჯერ თავი წააცალეს მოკლულ ნადირს, ბელადს მიუტანეს და ფერხთით დაუდეს.       იგი მერე დიდხანს ცდილობდა გაეხსენებინა, რა ადგილას იდგა ამ დროს ბელადის შვილი, მაგრამ ვერ გაიხსენა, რადგან მაშინ სტომაქში შიმშილი დაფუსფუსებდა და ირგვლივ ხორცის მეტს ვერაფერს ხედავდა.       ასე იყო თუ ისე, ბელადმა რომ ხელები გაიწოდა თავისი წილის ასაღებად, შვილი თვალის დახამხამებაში მასთან გაჩნდა, ცალი ფეხი ნადირის თავს დააბიჯა და გადმოკარკლული თვალები მამას მიაპყრო. მხარზე გადებული კეტი ორივე ხელით ჩაებღუჯა, შავი ფაფარი მხრებზე სცემდა, კბილები დაეკრიჭა და სახეზე გაავებული ნადირის სუნი ასდიოდა.       გამოქვაბულში გაკვირვების ღმუილი გაისმა.       მერე ღმუილმა გადაიარა და ისევ სიჩუმე ჩამოწვა.       ბელადის სახეს სითბოს სუნი ისე გადაეცალა, როგორც ტყეს გადაეცლება ბურუსი, ქარი რომ დაუბერავს. იგის მოეჩვენა, თითქოს სიმშვიდის სუნმაც იწყო გადაცლა, მაგრამ ამ დროს ბელადმა თვალები ნელა მოხუჭა და სიმშვიდის სუნი დარჩა. გაწვდილი ხელები უკანვე წაიღო, ისევ მუხლებზე დაიწყო და თვალები გაახილა. ერთხანს გაუნძრევლად იჯდა და შვილის ფეხს უყურებდა, რომელიც ნადირის თავზე იდგა. მერე ნელა ააყოლა თვალი. სახეს რომ მიწვდა, კვლავ გაშეშდა. უყურა. შვილის ავი სუნი მამის სიმშვიდის სუნს ებრძოდა. გამოქვაბულში დაძაბული დუმილი იდგა. იგის ტყუილად ეგონა, ბელადის სახეზე თეთრი შიში გადაირბენსო; ბელადი მისჩერებოდა შვილს ჩასისხლიანებულ, გადმოკარკლულ თვალებში და მის სახეს რამდენჯერმე მიუახლოვდა და ისევ მოშორდა სითბოს სუნი. ბოლოს შვილს თვალი მოარიდა, ხელკეტს დასწვდა და წამოდგა.       ძველმა მონადირეებმა ნანადირევი გვერდზე გასწიეს და მამა-შვილს გამოქვაბულის შუაში დაუთმეს ადგილი.       შეიბნენ.       შვილი ღონიერი იყო და ბრძოლა მალე დასრულდა. მამა ძირს დასცა, ხელკეტი ააცალა, თავის ხელკეტთან ერთად მაღლა შემართა და დამარცხებულ მეტოქეს ძლევამოსილი ყიჟინით რამდენჯერმე ირგვლივ შემოურბინა. მერე წავიდა და მამის ადგილას დაჯდა საბელადო ქვაზე. ნადირის თავი აიღო, ორივე ხელით მაგრად ჩაბღუჯა და მკერდზე მიიკრა. ეჭირა ასე და თვალებს აქეთ-იქით აცეცებდა.       დამარცხებული ბელადი ნელა წამოდგა და გვერდზე გადგა. სახეზე კი მაინც ასდიოდა სიმშვიდის მსუბუქი სუნი.       იგის უკვირდა.       ძველმა მონადირეებმა ნანადირევი კვლავ შუა გამოქვაბულში გამოათრიეს და განაწილება განაგრძეს...       როდესაც შიშველი მთის თავზე ცამ თვალი გაახილა, კაცები დიდი დაძინების ქარაფს შეუყვნენ.       ყველაზე წინ ძველი ბელადი მიაბიჯებდა. მარტო, უხელკეტოდ. ცოტა მოშორებით ახალი ბელადი მიჰყვებოდა. ახალ ბელადს დანარჩენები მისდევდნენ უკან.       იგიც.       ცის თვალს ქვემოდან ღრუბლები აეფარნენ. ქვეყანაზე წვიმა მოვიდა.       წვიმის ნესტიანი სუნი რომ იგრძნო, იგის სხეულში უცებ ნი გაჩნდა.       ნი ლამაზი იყო.       ქარაფის შუა წელთან, იქ, სადაც ბოლო ხე იდგა, ახალი ბელადი შეჩერდა. დანარჩენებიც წამოეწივნენ და შეჩერდნენ. ყველა სველი იყო.       მხოლოდ ძველი ბელადი მიდიოდა.       იგი ზურგს ხედავდა და, ნეტა ახლაც თუ ასდის სახეზე სიმშვიდის სუნიო, უხმოდ კითხულობდა თავის სხეულში.       ძველი ბელადი ნელა მიაბიჯებდა. უკან არ იხედებოდა.       ბოლოს მოიხედავსო, თავის სხეულში ამბობდა იგი. ჯერ არავინ ასულა დიდი დაძინების ქარაფზე ისე, რომ უკან არ მოეხედა.       იდგნენ თავით ფეხებამდე სველები და უყურებდნენ.       ძველი ბელადი მიდიოდა, ხოლო უკან, ატალახებულ მიწაზე, მისი ღრმა კვალი რჩებოდა. ჩაზნექილი, ამოზნექილი, ისევ ჩაზნექილი და ბოლოში თითების ანაბეჭდი, ერთმანეთზე მიტყუპებული და ერთმანეთისაგან მაინც გამოყოფილი. ფეხს რომ ასწევდა, სანამ ხელახლა დადგამდა, ნაფეხურში წყალი დგებოდა.       ზურგზე, ბეჭებშუა, წვიმის წვეთები ერთად იყრიდნენ თავს და ნაკადულივით მოედინებოდნენ ქვემოთ. თმიდანაც წვეთები ჩამოსდიოდა.       ქარაფის წვერს რომ მიაღწია, იგიმ თავის სხეულში თქვა, ახლა შეჩერდება და მოიხედავსო.       ამის თქმა ძლივს მოასწრო, რომ ძველმა ბელადმა ნაბიჯი გადადგა ქარაფის წვერიდან და გაქრა.       არც მოუხედავს, არც დაუყვირია.       ახალმა ბელადმა კი დაიყვირა.       ხელკეტი მაღლა შემართა, დიდი ხმით დაიყვირა და ხტუნვა დაიწყო, დანარჩენებიც აყვნენ.       იგიც.       იგის მერე უკვირდა       ახალმა ბელადმა ყვირილი და ხტუნვა მოათავა, ხელკეტი ისევ მხარზე გაიდო და თავდაღმართს დაუყვა. დანარჩენებიც აედევნენ.       მარტო ძველი ბელადი დარჩა სადღაც.       ისე წვიმდა, ცა კი არა, ღრუბლებიც აღარ ჩანდა.       ძველ ბელადს არც მოუხედავს და არც დაუყვირია. კვალი კი დატოვა.       იგის სხეულში გაკვირვება აწრიალდა.       კვალი ხომ ძველი ბელადის ფეხისა იყო. როგორღა დარჩა? თუკი ბელადის ფეხი ბელადთან ერთად გაქრა, როტომ კვალი არ გაქრა ფეხთან ერთად? ნუთუ კაცი რომ დიდი დაძინებით იძინებს, მთლად არ ქრება?       იგიმ ნაბიჯი შეანელა. კაცებს ჩამორჩა, თმიდან და სახიდან წვიმის წვეთები ორივე ხელით ჩამოიწურა და უკან მიიხედა. ნაფეხურები უნდოდა დაენახა.       ქარაფის წვერზე თეთრი ნისლი იწვა, მეტი არაფერი ჩანდა.       იგი უკანვე მოტრიალდა.       კაცების დაწინაურებული ჯგუფი უცნაურად შემჭიდროვებულიყო, შეკრულიყო და ერთიანი გორგალივით მიგორავდა თავდაღმართში.       იგი ისე მიაჩერდა გორგალს, თითქოს რაღაც უცხო ჯიშის ნადირს წაწყდომოდეს.       ფეხს აუჩქარა. წამოეწია.       ერთიანი გორგალი კვლავ ცალ-ცალკე კაცებად იქცა.       ზოგი მეტად იყო მოხრილი, ზოგი ნაკლებად. მაგრამ ყველანი მოხრილები იყვნენ. შუბლები მიწისათვის მიეშვირათ, გრძელი ხელები უსიცოცხლოდ ქანაობდნენ.       წინ ბელადი მიდიოდა.       ბელადი ყველაზე მეტად იყო მოხრილი. ხელები ლამის მიწაზე დასთრევდა.       იგის უცებ სახეზე ალმურის სუნი აუვიდა და მუცელში ცხელმა გემომ დაუარა.       იგი ისეთი არ იყო, როგორიც იყვნენ სხვები!       გამართული იდგა. შუბლი შორეული მთის წვერისთვის მიეშვირა.       ცხელი გემო კიდევ უფრო სწრაფად დატრიალდა მუცელში. ტანზე ცივმა შიშმა გადაურბინა და ბალანი აუჯაგრა.       და მარტოობის შემაშფოთებელი სუნი ეცა.       “კიდევ კარგი, არავის შეუმჩნევია გამართული იგი, - უხმოდ თქვა იგიმ თავის სხეულში. – იგი ახლავე მოიხრება და ისეთი გახდება, როგორიც არიან სხვები.       მაშინ მას მარტოობა აღარ ეტკინება და აღარც ცივი შიში აუჯაგრავს ბალანს”.       იგი შეჩერდა, წინ მიმავალ თანამოძმეებს დააკვირდა. ყველანი მშვენივრად იყვნენ მოხრილები. “იგიც მათ უნდა დაემსგავსოს, რაკი მათი თანამოძმეა”, - თავის სხეულში თქვა იგიმ.       მაგრამ ოდნავ მოიხარა თუ არა, ზურგში ავი ნადირივით ჩააფრინდა ტკივილი.       იგიმ შეჰყვირა და გაიმართა.       ყვირილზე კაცებმა მოიხედეს. მოტრიალებით არ მოტრიალებულან; შედგნენ და მარტო თავები მოაბრუნეს.       იგის ბევრი სახე უყურებდა.       მერე ბელადმა ხმადაბლა დაიღრინა და გზა განაგრძო.       დანარჩენებიც მიჰყვნენ.       ხოლო იგი თავის სხეულში კიდევ დიდხანს ხედავდა მისკენ მობრუნებულ სახეებს. სახეები ისე მოსჩერებოდნენ, თითქოს არასოდეს ენახოთ.       საღამოს, როდესაც ცამ დღის თვალი დახუჭა და ღამის მკრთალი თვალი გაახილა, იგის სხეულში წუხილმა დაიდო ბინა.       წუხილი ისეთი ყოფილა, როგორიცაა მძინარე ტკივილი.       იგი წრიალებდა და ვერ ისვენებდა. თუ ფეხზე იდგა, დაჯდომა უნდოდა; თუ იჯდა, ფეხზე დგომა უნდოდა; თუ მიდიოდა, გაჩერება უნდოდა; გაჩერებული თუ იყო, წასვლა უნდოდა; საცა იყო, იქ ყოფნა არ უნდოდა; იქ უნდოდა, საცა არ იყო. მაგრამ როგორც კი მივიდოდა იქ, საცა არ იყო, უკვე იქ იყო, საცა იყო, და იქ ყოფნა აღარ უნდოდა.       ძალიან ცუდად ექცეოდა წუხილი იგის.       ხანდახან სხეულში ბელადი გაჩნდებოდა და მკაფიოდ ესმოდა მისი ხმადაბალი ღრენა. მაშინ წუხილი ისეთი იყო, დამშეული ნადირი რომ ძვალს ღრღნიდეს.       იმ ღამეს იგიმ ვერ იქნა და ვერ დაიძინა, იწვა თვალდახუჭული და უყურებდა, როგორ დაძვრებოდა სხეულში წუხილი.       დანარჩენებს ყველას ეძინა. მიმოფენილიყვნენ ბნელ გამოქვაბულში კაცები და ქალები, დიდები და პატარები.       “ნისაც სძინავს.” – თავის სხეულში თქვა იგიმ.       წუხილი უცებ სადღაც დაიმალა, მაგრამ მალევე გამოჩნდა. იგის გაუკვირდა, წუხილი რომ დაიმალა, მერე კიდევ თქვა: “ნის თვალები ისეთია, როგორიცაა ცა.”       წუხილი კვლავ დაიმალა და იგი მიხვდა, რომ ნის გახსენება ებრძოდა წუხილს.       “ნი, ნი, ნი, ნი...” – იმეორებდა იგი. შეშინებული წუხილი უგზოუკვლოდ დაიკარგა და იგი ერთხანს მოსვენებით იწვა. მაგრამ წუხილი ნელ-ნელა შეეჩვია ნის გახსენებას და ისევ შემოიპარა სხეულში. ახლა იგი სულ ტყუილად იმეორებდა: “ნი, ნი, ნი...” წუხილი ძველებურად თავის ნებაზე დათარეშობდა. მერე ძვალს მიაგნო სხეულში და ღრღნა დაუწყო.       მეტის მოთმენა აღარ შეეძლო იგის. სადღაც უნდა წასულიყო, რაღაც უნდა ექნა.       წამოდგა, სიბნელეს თვალი შეაჩვია; ფეხაკრეფით დაიძრა გასასვლელისაკენ. ფრთხილად მიიწევდა, რომ ძირს დაფენილი თანამოძმეებისათვის ფეხი არ დაედგა. როგორც იქნა, მიაღწია გასასვლელს და გავიდა.       ტყის მხრიდან ნიავი უბერავდა და ტყის მწვანე სუნი მოჰქონდა.       იგი შეჩერდა, სახე ნიავს მიუშვირა, ტყის მწვანე სუნი ღრმად შეისუნთქა. მწვანე სუნმა რაღაც შემოიტანა სხეულში, რაც სიხარულის გემოს ჰგავდა. წუხილი შეკრთა და ძვალს პირი გაუშვა. მერე მიხვდა, რომ საშიში არაფერი იყო, და ისევ დაუწყო ღრღნა.       იგი ტყისკენ წავიდა. რბილ ბალახზე მიაბიჯებდა. თვალები ვერ ხედავდნენ ბალახს, მაგრამ ფეხისგულები ხედავდნენ.       ტყეში შევიდა. მწვანე სუნში ჩაეფლო.       თავიდან კარგი იყო. მერე წუხილმა მწვანე სუნიც წუხილად აქცია. მართალია, ძვალს აღარ ღრღნიდა, მაგრამ სხეულში დაძვრებოდა და, საცა გაივლიდა, ისეთ გემოს ტოვებდა, იღლიას რომ სველი ფოთოლი გამოედოს და ტანში ჟრჟოლამ დაუაროს.       ვერც ტყეში მოისვენა.       მაშინ ზღვის პირას გავიდა და ზღვის სველ სიმშვიდეში შეაბიჯა. სიგრილე ეამა. წუხილი მცირე ხნით მიყუჩდა. მერე კვლავ გაიკლაკნა და ამოძრავდა. …       ზღვის სიგრილეც წუხილად იქცა.       წუხილი ავი იყო.       ბოლოს იგი იქვე პატარა გამოქვაბულში შევიდა.       გამოქვაბულში ჩუმად იწვა სიბნელე და ეძინა.       “იგი ისეთი უნდა გახდეს, როგორიც არიან სხვები. მაშინ იგი მარტო აღარ იქნება და წუხილიც თავს დაანებებს”.       იგიმ სცადა მოხრილიყო. ტკივილი დილანდელივით ჩააფრინდა ზურგში. იგიმ დაიკვნესა და გაიმართა.       ცოტა ხნის შემდეგ კიდევ სცადა. მერე კიდევ სცადა.       ტკივილი ყვიროდა.       იგი ებრძოდა ტკივილს, მაგრამ ტკივილი ძლიერი იყო.       “იგის მაინც ტკივილი ურჩევნია წუხილს”. – თავის სხეულში თქვა იგიმ და კვლავ მოიხარა.       ტკივილი იცოდა რაც იყო.       ტკივილი ისაა, ბრძოლის დროს რომ ნადირი კბილს გაჰკრავს და ფეხიდან წითელი სისხლი გამოუვა. ტკივილი ავია, მაგრამ დიდხანს არ ჩერდება სხეულში. ნაკბენი ადგილი კარგად უნდა გაილოკოს და დანერწყვოს. ტკივილს შეეშინდება და გაეცლება.       წუხილი კი ვერაფრით ვერ შეაშინა იგიმ. წუხილი არხეინად იჯდა სხეულში და ნადირივით ღრღნიდა ძვლებს.       ამიტომ ერჩივნა ტკივილი.       მოიხრებოდა იგი, იყო ასე, სანამ ტკივილს გაუძლებდა, მერე გაიმართებოდა, ცოტას შეისვენებდა და ისევ მოიხრებოდა.       როცა შიშველი მთის თავზე დღის თვალი გამოჩნდა, იგი დიდ გამოქვაბულში დაბრუნდა და დანარჩენ კაცებთან ერთად სანადიროდ წავიდა.       მარტოობა ისეთი ყოფილა, მონადირეს რომ შეპყრობილი ნადირი გაექცეს და უიმედოდ გააყოლოს თვალი.       როცა მარტო იყო იგი, მაშინ არ გრძნობდა მარტოობას; სხვებთან როცა იყო, მაშინ გრძნობდა.       კაცები ისე უყურებდნენ, როგორც უცხო რამ სულიერს და მის გვერდით ყოფნას ერიდებოდნენ. ბელადს კბილები ავად უელავდა და თვალებში მრისხანება ედგა.       იგი ყველანაირად ცდილობდა თანამოძმეებს დამსგავსებოდა და მოახლოებული ხიფათი აეცდინა.       როცა ქვეყანაზე შავი სიბნელე ჩამოწვებოდა და ყველანი ძილს მიეცემოდნენ, ფრთხილად დგებოდა, თავის პატარა გამოქვაბულს მიაშურებდა და მანამ ებრძოდა ტკივილს, სანამ ცასა და მიწას შორის ჩაწოლილ ღამეს დღის თვალი ძლიერი სხივებით არ გაფანტავდა.       ტკივილი ჯიუტი იყო და იგის მძიმე ბრძოლის გადახდა დასჭირდა. მაგრამ ბოლოს მაინც თავისი გაიტანა, ტკივილი დაამარცხა და ისეთი გახდა, როგორიც არიან სხვები. დადგა დღე, როცა სანადიროდ მიმავალი იგი სხვებისაგან აღარაფრით გამოირჩეოდა. მოხრილი იყო, ხელები კოჭებამდე დასთრევდა, შუბლი მიწისთვის მიეშვირა. მართალია, ზურგში ჯერ კიდევ კბენდა ტკივილი, მაგრამ ეს პატარა ტკივილი იყო, ტკივილის შვილი, რომელსაც არც სიავე ჰქონდა, არც ძალა და არც ბასრი კბილები.       იგის ახლა ისე უყურებდნენ, როგორც თავისიანს. აღარავინ გაურბოდა, აღარავინ ერიდებოდა. ბელადის თვალებშიც გაქრა მრისხანება.       იგი მაინც დადიოდა თავის გამოქვაბულში და ტკივილის შვილს ებრძოდა.       როცა ტკივილი საბოლოოდ გაქრა, უხმოდ თქვა თავის სხეულში:       "ახლა იგის შეუძლია დიდ გამოქვაბულში დარჩეს და დაიძინოს".       იგი დიდ გამოქვაბულში იწვა, ხელები თავქვეშ ამოეწყო, თვალები დაეხუჭა და ძილს ელოდებოდა.       სხვებს უკვე ეძინათ.       საცა იყო იგისაც ჩაეძინებოდა. იგი ფაფუკ ბურანში იყო გახვეული და ძილი ჩუმად, ფეხაკრეფით მოდიოდა მისკენ.       სწორედ ამ დროს, სად იყო, სად არა, წუხილი გამოჩნდა.       წუხილი შმაგი ნადირივით წამოვიდა, უჩუმრად მომავალ ძილს გადაასწრო, ფაფუკი ბურანი გაარღვია და იგის სხეულში შეუძვრა.       თან მარტოობის გემო შეიტანა.       იგი გამოფხიზლდა. გაკვირვებული გაინაბა, სუნთქვა შეიკრა, ყური მიუგდო წუხილს.       წუხილი სხეულში დაძვრებოდა.       მაშინ იგი ფრთხილად წამოჯდა.       "რა უნდა წუხილს იგისაგან? - უზმოდ ჰკითხა იგიმ წუხილს. - იგი ხომ უკვე ისეთია, როგორიც არიან სხვები?"       წუხილმა არაფერი უპასუხა, ძვალს მიაგნო სხეულში და ღრღნა დაუწყო.       იგის სიბრაზის ფერი დაედო.       "თავი დაანებოს წუხილმა იგის!" - უხმოდ დაუყვირა იგიმ წუხილს.       ისევ დაწვა, თვალები დახუჭა, ცდილობდა წუხილისათვის ყურადღება არ მიექცია და ძილს დადარაჯებოდა.       მაგრამ ძილი აღარ მოდიოდა.       წუხილი არ უშვებდა ახლო ძილს.       იგი ხან გულაღმა დაწვა, ხან პირქვე, ხან ერთ გვერდზე, ხან მეორეზე.       არაფერი გამოუვიდა. ძილს ეშინოდა წუხილის და მოსვლას ვერ ბედავდა.       "არ მოვა ძილი, სანამ იგი წუხილს არ მოიშორებს", უხმოდ თქვა იგიმ.       წამოჯდა. ფეხები შემოიკეცა, მკლავები შემოაჭდო, ნიკაპი მუხლებს შუა ჩაიდო.       წუხილი ძვალს ჩაფრენოდა და ხარბად ღრღნიდა.       იგის ვეღარაფერი გაეგო. განა იმისთვის არ იწვალა ამდენი, რომ წუხილის ნება შეესრულებინა და ისეთი გამხდარიყო, როგორიც არიან სხვები? განა ამას არ მოითხოვდა წუხილი მისგან? მაშ რაღად დაბრუნდა? რაღას მოითხოვს?       იგის ვერაფერი გაეგო. ახლა მარტო ის იცოდა, რომ ვერ მოისვენებდა, ვერ დაიძინებდა. იქ უნდოდა ყოფნა, საცა არ იყო, და თუმცა ძველი გამოცდილება აფრთხილებდა, როგორც კი იგი "იქ" მივა, მაშინვე, "სხვაგან" ყოფნა მოუნდებაო, მაინც არ შეეძლო წუხილის ნებას არ დაჰყოლოდა.       იგი წამოდგა, ნაჩვევი სიფრთხილით გადააბიჯა თანამოძმეებს, გამოქვაბულიდან გავიდა და ტყისკენ გასწია.       ტყე სიბნელით იყო სავსე. იგი მიაბიჯებდა და სველი ბალახი ფეხის გულებს უღიტინებდა. შუაგულ ტყეს რომ მიაღწია, სიბნელეს მკრთალი შუქი შეერია. ხეებს შორის, მიწაზე, აქა-იქ ბალახი აკიაფდა. იგი მიხვდა, რომ ღამის თვალი ღრუბლებს გასცდა და ქვეყანაზე ბრჭყვიალა სხივები მიმოაბნია. სხივები უმთავრესად ხეთა კენწეროებს ეფინებოდა, მაგრამ როცა რომელიმე მათგანი ფოთლებს შუა ხვრელს იპოვიდა, იმ ხვრელს ჩამოყვებოდა და ბალახში აკიაფდებოდა. ეს იგიმ ძველი დაკვირვებით იცოდა.       ახლაც ხის კენწეროებს შუა სხივი შემოპარულიყო და პატარა ბალახს დასცემოდა. იგი ახლო მივიდა. ბალახის პაწაწკინტელა ფოთოლზე მრგვალი წვეთი იდო და ისე ბრჭყვიალებდა, ვითომ თვითონაც ცის თვალი ყოფილიყოს. იგი ჩაცუცქდა და ბალახს ზემოდან ხელი დააფარა. სხივი ახლა ხელს სცემდა. მაშინ ამ ხელს მეორე ხელი დააფარა. სხივმა მეორე ხელზე გადაინაცვლა. მეორე ხელს სახით გადაეფარა. სხივი აღარ ჩანდა. იგიმ იცოდა, რომ სხივი არ გამქრალა, სადღაც მის თმებში ბრჭყვიალებდა. მართლაც, თავი რომ გადასწია, ქვედაზე გადაინაცვლა; ქვედაც გადასწია და მრგვალი წვეთი წეღანდელივით აბრჭყვიალდა ბალახის ფოთოლზე.       იგი წამოდგა და გზა განაგრძო.       სანამ სხივთან თამაშით იყო გართული, წუხილს, როგორც ჩანს ჩასძინებოდა; ან არადა, შეშინებული მიკუნჭულიყო სადღაც კუთხეში. ახლა, რაკი იგიმ გზა განაგრძო, საფარიდან გამოვიდა და ძვალს დაუწყო ძებნა.       ტყე გაილია და ზღვა გამოჩნდა.       იგიმ გვერდზე გაუხვია; თავის გამოქვაბულს მიაშურა. გამოქვაბულში რომ შევიდა, მაშინ კი გაუკვირდა და თავის სხეულში თქვა: "ნეტა რისთვის მოვიდა აქ იგი?" მართალია, ძველი წუხილი სწორედ აქ დაამარცხა, მაგრამ მაშინ იცოდა, რომ წუხილის დასამარცხებლად წელში უნდა მოხრილიყო და სხვებს დამსგავსებოდა, რადგან მაშინ წუხილს მარტოობა ერქვა.       ეხლანდელ წუხილს რა ერქვა, იგიმ არ იცოდა.       ქვაზე ჩამოჯდა და თვალები დახუჭა. წუხილი მოუსვენრად წრიალებდა სხეულში და ისე უღიტინებდა, ერთ ადგილას გაჩერება შეუძლებელი იყო.       წამოდგა. სიარული დაიწყო. ჩქარი ნაბიჯით დადიოდა გამოქვაბულში. იარა და იარა. მაინც ვერ მოისვენა. მაშინ გარეთ გავიდა და ზღვისკენ გასწია.       დიდხანს იარა ზღვისპირას. მერე ტყეში შევიდა. ახლა ტყეში იარა დიდხანს. ვერ იქნა და ვერ მოისვენა. ბოლოს ისევ ზღვისპირას გავიდა. სილაში ჩაჯდა, მუხლები შემოიკეცა და ზედ მკლავები შემოაჭდო.       ზღვა მშვიდად სუნთქავდა, წყალი წამოვიდოდა, ფეხის წვერებს დაუსველებდა და უკანვე ბრუნდებოდა.       წუხილი სხეულში უღიტინებდა და სხეულს აჟრჟოლებდა.       "თქვას მაინც წუხილმა რა უნდა! იგი ყველა სურვილს შეუსრულებს. იმიტომ, რომ იგის მეტი არაღ შეუძლია!"       უცებ შორს, სადაც ცა ზღვაში ეშვებოდა, სხივი გამოჩნდა. იგი დააკვირდა და თვალი ააყოლა. სხივი ერთ ადგილას გაწყვეტილი იყო, ზემოთ ისევ ჩანდა. იგიმ უფრო მაღლა ააყოლა თვალი, კიდევ უფრო მაღლა, კიდევ უფრო მაღლა. ზურგში ტკაცანი გაისმა, მაგრამ ყურადღება არ მიუქცევია. ბოლოს სხივის დედა დაინახა, ღამის თვალი, რომელიც ღრუბელზე იჯდა და იგის უყურებდა. მთელი ცა ბრჭყვიალა კენჭებით იყო მოფენილი.       იგის რაღაცნაირი ხმა აღმოხდა.       ხმა თითქოს ისეთი იყო, როგორიცაა გამარჯვების ყიჟინა, მაგრამ უფრო რბილი და თბილი სუნი ასდიოდა.       და მაშინვე იგრძნო, რომ წელში გამართული იჯდა.       სწრაფად წამოხტა, გაშეშდა და საკუთარ სხეულს მიაყურადა.       წუხილი გამქრალიყო. წუხილს რაღაცის შეშინებოდა. ძვლისთვის პირი გაეშვა და , იგის რომ ხმა აღმოხდა, იმ ხმას გაჰყოლოდა.       იგი იდგა. ცის თვალს შესცქეროდა. და უნებურად კბილები გამოუჩნდა. ოღონდ ისე არა, სხვა დროს რომ გამოსჩენია. სხვა დროს სხვებივით გამოსჩენია: ავი კბილები, ბრძოლის, ხიფათის, სიბრაზის; როცა არავის დაინდობდა, როცა მზად იყო საკუთარი სხეულიც კი ნაფლეთებად ექცია. ახლა იგის კბილებსაც და მთელ სახესაც სითბოს და სიხარულის სუნი ასდიოდა, როგორც იმ ხმას აუვიდა, წეღან რომ აღმოხდა.       იდგა გამართული და ცის თვალს შესცქეროდა. და ცის თვალსაც, შორეულ ბრჭყვიალა კენჭებსაც, ტყესაც და ზღვასაც ისე გრძნობდა, როგორც საკუთარ ხელ-ფეხს.       არაფერი იყო "ცუდი". არაფერი იყო "კარგი" ყველაფერი ისე იყო, რომ ვერც "ცუდი" დააკლებდა რამეს და ვერც "კარგი" შეჰმატებდა.       მერე საკვირველი სითბო, რომელსაც ზღვა გამოსცემდა, ცა, ცის თვალით მკრთალად განათებული ქედები, ტყე და ყველაფერი, რაც ირგვლივ ჩანდა, ყოველი მხრიდან შემოვიდა იგის სხეულში. იგიმ უნებურად თვალები დახუჭა და იგრძნო, რომ ისე იყო, თითქოს სულაც არ ყოფილიყო.       ხოლო როცა შორეული ქედები, ზღვა, ტყე, ცა და ცის ბრჭყვიალა კენჭები ისევ გაიკრიფნენ იგის სხეულიდან და თავიანთ ადგილს დაუბრუნდნენ, იგის ტანზე გაკვირვების მსუბუქი სუნი აუვიდა.       თავში უცხო და გაუგებარი სიტყვების კორიანტელი ედგა.       მართალია, უცხო სიტყვების წყობისად დალაგებას კარგა ხანია მიეჩვია, მაგრამ ამჯერად, რაც ქვეყანაზე სიტყვაა, ეტყობა ყველა ერთად ალაპარაკდა. ყაყანებდნენ სიტყვები, აქეთ-იქით აწყდებოდნენ, იმსხვრეოდნენ და ნამსხვრევები უწესრიგოდ ირეოდნენ ერთმანეთში. იგის თავი ისე იყო, პატარა გამოქვაბულში რომ დიდი ტომი დაბანაკდეს, ყველა ვერ დაეტიოს და არც არავინ გავიდეს.       სიტყვებსაც გაკვირვების სუნი ასდიოდა.       "რა მისდის იგის?" - უხმოდ იკითხა იგიმ და თავი მძლავრად გადაიქნია.       წეღან იგი ისე იყო, თითქოს სულაც არ არისო. ამავე დროს არაფერი არ არსებობდა ირგვლივ ისეთი, რაც იგი არ ყოფილიყოს. რა მოხდა? სად გაქრა იგი? ან როგორ დაიშალა და როგორ შეერია ყველაფერს? რისგანაა, რომ იგი ცას უყურებდა და ცა იგი იყო, ზღვას უყურებდა და ზღვა იგი იყო, ტყეს უყურებდა და ტყე იგი იყო?       ან წუხილი რაღა იქნა? რამ დააფრთხო? ნუთუ იმან, რომ იგი წელში გაიმართა? აკი ამას წინათ სწორედ იმიტომ შეუძვრა სხეულში, რომ წელში გამართული დაინახა!       "უკვირს იგის!" - თავის სხეულში თქვა იგიმ.       ახლა, როცა დიდი დაძინების ქარაფს მიუყვება, ყველაფერი ეს იცის. მაშინ კი, ის, რაც ახლა ცოდნაა, მხოლოდ გაკვირვება იყო.       იგიმ კვლავ რამდენჯერმე გაიქნია თავი, რათა უცნობი სიტყვები გამოერეკა. მერე პეშვით წყალი აიღო, სახეზე შეისხა, მოტრიალდა და აღმართს აუყვა. ტყეში რომ შევიდა, სხეულში ის ბალახი გაუჩნდა, ზედ რომ ღამის თვალი მრგვალ წვეთს აბრჭყვიალებდა, და ძებნა დაუწყო, მაგრამ ვერ იპოვა. ღამის თვალს თავისი სხივები წაეღო და სხვაგან წასულიყო.       იგის სხეულში უცებ ნი გაჩნდა და გაქრა.       ნი ძალიან კარგი იყო.       იგიმ გზა განაგრძო, ტყე გადაიარა, დიდ გამოქვაბულში ფეხაკრეფით შევიდა, ფრთხილად გადააბიჯა მძინარე თანამოძმეებს და თავის ადგილას დაწვა. ხელები თავქვეშ ამოიწყო, თვალები დახუჭა.       თანამოძმეები კარგები იყვნენ.       ბელადიც კარგი იყო...       იგის ჩაეძინა.       როდესაც დილით, სანადიროდ წასვლისას, იგის დანახვაზე ბელადმა ხმადაბლა ჩაიღრინა და მისმა დიდრონმა თეთრმა კბილებმა დღის თვალის შუქზე ავად გაიელვა, იგის გაახსენდა, რომ წინა ღამეს ბელადი კარგი იყო, და არც ბალანი აჯაგვრია და არც შიში აწრიალებია სხეულში.       თანამოძმეებმა ისე შეხედეს, თითქოს იგი იგი არ ყოფილიყო, თითქოს იგი სულაც არ არსებობდა. ვისაც კი გვერდით ამოუდგა, ყველა სასწრაფოდ გაეცალა. ზედ არავინ უყურებდა.       მხოლოდ პატარა ზუ, რომელიც დღეს პირველად წაიყვანეს სანადიროდ, დროდადრო გამოაპარებდა ხოლმე თვალს, მაგრამ, წააწყდებოდა თუ არა იგის მზერას, მაშინვე შეტრიალდებოდა და დანარჩენ მონადირეებში მიიმალებოდა.       ტანი რაღაცას უგრძნობდა იგის. რას უგრძნობდა, ვერ გაეგო.       მთელი დღე ამაოდ იწანწალეს და საღამოს ხელცარიელი დაბრუნდნენ უკან.       უხმოდ მიდიოდნენ.       ბელადი კიდევ უფრო მოხრილი ჩანდა. ისე იყო შეკუმშული, თითქოს ნადირის სუნი იკრა და ნახტომისათვის მოემზადაო.       გამოქვაბულს რომ მიუახლოვდნენ, პატარა ზუმ ბილიკიდან გადაუხვია. მონადირეებს მისთვის ყურადღება არ მიუქცევიათ. არც იგის მიუქცევია ყურადღება, ალბათ მუცელში შიმშილი აუწრიალდა და საჭმელს ეძებსო, თავის სხეულში თქვა. მართლაც პატარა ზუ გაბარდნილ ბუჩქს მიადგა და მის წვრილ, შავ ნაყოფს ჭამა დაუწყო.ცოტა გზა რომ გაიარა, იგის სხეულში პატარა ზუ გაჩნდა, რომელიც ფეხაკრეფით გადადიოდა ბილიკიდან და თან ცალი თვალი ეჭირა თანამოძმეებისაკენ, თითქოს რაღაცის ეშინიაო.       "ვის ემალება პატარა ზუ?" - თავის სხეულში იკითხა იგიმ და სწრაფად მიიხედა.       პატარა ზუ გაშეშებული იდგა ბუჩქის ძირას, კეტი ორივე ხელით ჩაებღუჯა და თვალებგაფართოებული მისჩერებოდა იგის. როგორც კი იგიმ მიიხედა, სახეზე დამფრთხალი ნადირის ფერმა გადაურბინა, ბუჩქისკენ შეტრიალდა და ფაცხაფუცხით დაიწყო ნაყოფის კრეფა და ჭამა.       იგი მობრუნდა და გზა განაგრზო. რამდენიმე ნაბიჯი რომ გადადგა, წეღანდელივით სწრაფად მოიხედა. პატარა ზუ მისკენ აღარ იყურებოდა, შავი ნაყოფის ჭამით იყო გართული.       ქალები და ბავშვები ხმამაღალი ღრიანცელით გამოეგებნენ მონადირეებს, მაგრამ, ხელცარიელები რომ დაინახეს, უცბადვე დადუმდნენ, სახეზე შეშფოთების ფერი დაედოთ და ბელადს მიაჩერდნენ. ბელადს ხმა არ ამოუღია, არც ნაბიჯი შეუნელებია. მაშინ ქალები და ბავშვები მიიწ-მოიწიენ. ბელადსა და დანარჩენ მონადირეებს გზა დაუთმეს და, როცა კაცები გამოქვაბულში შევიდნენ, მახლობელ ტყეში მიმოიფანტნენ.       ბელადი საბელადო ქვაზე დაჯდა, კეტი ფეხებთან დაიდო. დაჯდა ასე, ხელები კოჭებში ჩაევლო, შუბლი მიწისათვის მიეშვირა. იჯდა უხმოდ და ოდნავ ირწეოდა.       დანარჩენებიც დასხდნენ.       იგიმ გამოქვაბულის შორეულ კუთხეში მოიკალათა. ახლა, როცა შიმშილი ბელადს ბელადობას ედავებოდა, იგის ერჩივნა მოშორებით ყოფილიყო და მისი გამართული სხეული თვალში არავის მოხვედროდა. რომელიღაც გაუგებარი სიტყვა კარნახობდა, ასე მოიქცეს იგიო, თორემ შიშით არ ეშინოდა. არც შიში და არც შეშფოთება იმ დღეს იგის არ გაკარებია. შიმშილიც კი ისე უჩუმრად დასრიალებდა მის სხეულში, რომ ძლივს ამჩნევდა. ეგ იყო მხოლოდ, ტანი უგრძნობდა რაღაცას და უცნობი სიტყვა ურჩევდა, შორს იყოს იგი და თვალში ნურავის შეეჩხირებაო.       ამასობაში ქალები და ბავშვები დაბრუნდნენ და ნაირნაირი ნაყოფი და ფესვები მოიტანეს. ნაყოფი და ფესვები დაძინებით ვერ დააძინებდა შიმშილს, მაგრამ ცოტათი მაინც დააშოშმინა.       გამოქვაბულის ცივი დუმილი ხრამუნმა დაარღვია. ყველანი ჭამდნენ, მარტო ბელადი იჯდა უძრავად. ბელადს პირი არაფრისთვის დაუკარებია.       იგიმაც მალე მიატოვა ჭამა; ცოტაოდენი ფესვები გაღეჭა და თავი მიანება.       გამოქვაბულში ხრამუნი და ქშენა ისმოდა.       უცებ იგიმ იგრძნო, რომ ვიღაც უთვალთვალებდა. ერთი კი შეკრთა ოდნავ, მაგრამ არ შერხეულა. გატრუნულმა მიუგდო ყური. მერე ოდნავ, სულ ოდნავ მიაბრუნა თავი იმ მხარეს და ცალი თვალი გააპარა.        ზუ იყო. ზუ იჯდა, პირი გამოტენილი ჰქონდა, ორივე ლოყა გამობერილი, მაგრამ დაღეჭვა და გადაყლაპვა თითქოს დავიწყებოდა. თვალებგაფართოებული მისჩერებოდა იგის.       "ზუს რაღაც უნდა". - თავის სხეულში თქვა იგიმ და სწრაფად მიტრიალდა ზუსკენ.       ზუმ მაშინვე აარიდა თვალი და გამალებით აამუშავა ყბა.       ღამით იგის სხეულში გუშინდელი იგი გაჩნდა, რომელიც ცას უყურებდა და ხედავდა, რომ ცა იგი იყო, ზღვას უყურებდა და ხედავდა, რომ ზღვა იგი იყო, ტყეს უყურებდა და ხედავდა, რომ ტყე იგი იყო.       მთელ სხეულში თბილმა, ძალიან კარგმა გემომ დაუარა და გაეღვიძა.       ნის სუნი რომ მოუვიდოდა, მაშინ დაუვლიდა ხოლმე სხეულში ასეთი გემო.       დილით ბელადმა კეტი მაღლა შემართა და, როცა ყველანი გაჩუმდნენ, თქვა.  - იგი არ წავა სანადიროდ.       იგის სხეულში გაკვირვება შეკრთა. გაკვირვებას უცხო სუნი ასდიოდა.       მონადირეებს ყრუ და გაუგებარი ხმა აღმოხდათ. მერე ისევ გაჩუმდნენ და ბელადს მიაჩერდნენ. ყველანი ბელადს უყურებდნენ. მარტო ზუ უყურებდა იგის. ზუ სადღაც უკან იდგა და იგი ვერ ხედავდა მას, მაგრამ ბეჭები უგრძნობდა, რომ ზუ უყურებდა.       როცა სხეულში გაკვირვება გაჩუმდა, იგიმ თქვა:  - იგი ქალი არ არის. იგი ბავშვი არ არის. რატომ არ წავა იგი სანადიროდ?       ბელადმა ქვემოდან ამოხედა იგის, მერე ისევ მიწას დააშტერდა. ყველანი დუმდნენ. ბელადი იდგა, მიწას მისჩერებოდა და ისეთი სახე ჰქონდა, კაცი რომ დიდ ქვას დაეჭიდოს და ვერ ასწიოს.       იგი მიხვდა, რომ ბელადს თქმა უნდოდა და სიტყვებს წყობისად ვერ ალაგებდა. ბოლოს, დიდი დუმილის შემდეგ, მაინც თქვა:  - იგი თუ წავა სანადიროდ, მონადირეები შიმშილს ინადირებენ. - აქ ისევ გაჩუმდა. მერე თვალი მიწას მოსწყვიტა, იგის ახედა, თეთრი კბილები ავად დაკრიჭა, კეტი მიწას დაჰკრა. - იგი არ წავა სანადიროდ!       მონადირეებმა უკან დაიხიეს და ბელადსა და იგის გამოქვაბულის შუაში ადგილი დაუთმეს. იგის თავში სიტყვები ჩნდებოდა და წყობისად ლაგდებოდა. ან უნდა შებმოდა ბელადს, ან უნდა გასცლოდა.       ბელადი ძლიერი იყო.       იგი გაეცალა. შეტრიალდა, მონადირეებს გასცდა. ქალებისა და ბავშვების ავ მზერას წააწყდა და, ნეტა ნი სად არისო, სხეულში იკითხა.       ბეჭები ზუს მზერას გრძნობდა. მერე ზუს მზერა მოშორდა ბეჭებს და იგი მიხვდა, რომ მონადირეები წავიდნენ.       ასეთი რამ არასოდეს მომხდარა, ვისაც ნადირობა შეეძლო, ყველა დადიოდა სანადიროდ. ვისაც არ შეეძლო, ის დიდი დაძინების ქარაფზე აჰყავდათ.       იგი ხის ძირას იჯდა, ზურგითა და კეფით ხის ტანს ეყრდნობოდა და ცას შეჰყურებდა. თავში სიტყვები ისე მიედინებოდა, როგორც ნადირთა ჯოგი მიდის წყაროზე, ხოლო სხეულში ხან ბელადი ჩნდებოდა, ხან ზუ, ხან სხვები. ბელადი იღრინებოდა იგის სხეულში და მისი თეთრი კბილები ავად ელავდნენ.       რა უნდა ბელადს? რატომ არ წაიყვანა იგი სანადიროდ? ხომ არ ჰგონია, იგის ნადირობა არ შეუძლია? იქნებ ისა ჰგონია, ხელი რომ მოეცარათ და ვერაფერი მოინადირეს, იგის ბრალია?       იგი გაიტრუნა და საკუთარ თავს ყური მიუგდო. ბოლო სიტყვები უკან დაბრუნდნენ და ხელახლა გაიარეს იგის თავში. იქნებ მართლა იგის ბრალია? აქამდე არასოდეს დაბრუნებულან ხელცარიელი...       იგი წამოდგა და ტყისკენ გასწია. ქალებმა, რომლებიც გამოქვაბულის წინ ისხდნენ და თოთო ბავშვებს თავიანთ სხეულს აწოვებდნენ, თვალი გააყოლეს. იგის მათკენ არ მიუხედავს. ნელი ნაბიჯით გასცდა იქაურობას.       ტყეში, ნაკადულთან, სხვა ქალებს წააწყდა. ესენი ნადირის ტყავებს ალბობდნენ წყალში და, რომ ჩაუარა, მათაც გააყოლეს თვალი.       იგი ამ ქალებსაც გასცდა და ნაკადულს ქვემოთ დაუყვა. არც მარტოობას გრძნობდა, არც წუხილს, არც შეშფოთებას, მაგრამ ისე მაინც არ იყო, როგორც იყო ადრე, სანამ ბელადი ქალებთან და ბავშვებთან დატოვებდა. რაღაც გაურკვეველი გემო ჰქონდა სხეულში. რისი გემო იყო, ვერ გაეგო.       იმ ადგილს რომ მიუახლოვდა, სადაც ნაკადული ზღვას ერთვოდა, უცებ ნის სუნი ეცა.       თავიდან მყისვე ამოუვარდა ყველა სიტყვა და მხოლოდ სიტყვა "ნი" დარჩა. სხეულიდანაც ყველა სახე ამოუვარდა და იქაც მხოლოდ ნის სახე დარჩა. შეჩერდა. იქაურობა დაკვირვებით მოათვალიერა.       ნი გაღმა იყო; გულაღმა იწვა, მკლავები აქეთ-იქით გადაეშალა, თვალები დახუჭული ჰქონდა და მშვიდად სუნთქავდა. მრგვალი მუცელი ნელა ადიოდა და ჩადიოდა. იგი შეყოყმანდა, ჯერ გზის გაგრძელება დააპირა, მერე შეტრიალდა და ნაკადულში შეტოპა.       ნიმ თვალი გაახილა, მოიხედა და გვერდზე გადმობრუნდა. მერე წამოჯდა, ხელისგულები თეძოების ორსავე მხარეს მიწას დააყრდნო და მისკენ მომავალ იგის მიაჩერდა.       ის, რაც ნის საამო სუნი იყო, უცებ გაქრა და მის ადგილას მძაფრი და გამაბრუებელი ქალური სუნი გაჩნდა. იგის გააჟრჟოლა და მუცელში სიმხურვალემ დაუარა. ეტყობა, თვითონაც გამოსცა საპასუხო სუნი, რადგან ნიმ ნესტოები დაბერა და ჰაერი ხარბად შეისუნთქა.       იგი რომ მიუახლოვდა, ნი წამოხტა და უკან დაიხია. იგი შეჩერდა. მერე ნაბიჯი წინ წადგა. ნი შეტრიალდა და გაიქცა. იგი დაედევნა. ნიმ ხის ირგვლივ დაიწყო სირბილი, დროდადრო უკან იხედებოდა და ნაბიჯს თანდათან უნელებდა. ბოლოს იგი წამოეწია და ხელები წელზე შემოხვია. ნის სხეული აუკანკალდა, ჩაიჩოქა, მერე გულაღმა დაწვა და თვალები მილულა.       იგიმ მის გვერდით ჩაიმუხლა და ის იყო ისე უნდა მოქცეულიყო, როგორც იქცევიან ასეთ დროს სხვები, რომ უეცრად მძაფრ ქალურ სუნში ნის საკუთარი საამო სუნი შემოიპარა. ნის სუნმა ნელ-ნელა გამოარღვია მძაფრი ქალური სუნი და იგის მუცელში სიმხურვალე გაქრა.       ნი ახლა ისეთი იყო, როგორიც ადრე, როცა იგის სხეულში ჩნდებოდა და თან თბილი სუნი შემოჰქონდა.       იგიმ ხელი ფრთხილად გადაუსვა სახესა და თმაზე და თქვა:  - ნის საკვირველი სუნი ასდის. თბილი და საამო.       ნიმ ოდნავ გაახილა თვალი და იგისკენ მიჩოჩდა.       იგიმ კიდევ თქვა:  - ნის თვალები ისეთია, როგორიცაა ზღვა.       ნიმ ახლა ბოლომდე გაახილა თვალები და გაკვირვებით მიაჩერდა იგის.       ხოლო იგიმ კიდევ თქვა:  - ნის თმა ისეთია, როგორიცაა ჩამოცვენილი ფოთოლი.       ნი სწრაფად წამოჯდა.  - იგის სხვა რამე უნდა?       ნის თვალებში გაკვირვებას ავი ფერი დაკრავდა და ყველა და ყველა სიტყვა, რომლებსაც სითბოს სუნი ასდიოდათ, ერთბაშად ამოუცვივდა იგის თავიდან. ნის საამო სუნი კვლავ მძაფრმა ქალურმა სუნმა შეცვალა და იგი ისე მოიქცა, როგორც იქცევიან ასეთ დროს სხვები: ხელები მხრებში მოჰკიდა, დააწვინა და თვითონაც ქშენით დააწვა ზემოდან. ნიმ თვალები ისევ მილულა, მკერდით მკერდზე მიეკრა და ასხმარტალდა. მერე, როცა იგი ისე მოიქცა, როგორც იქცევიან სხვები, ნიმ სხმარტალი შეწყვიტა. ახლა ის უძრავად იწვა, მოშვებული და თვალებდახუჭული.       იგი ფრთხილად მოშორდა ნის სხეულს და წამოჯდა. თავში აღარც ერთი კარგი სიტყვა აღარ ჰქონდა. იჯდა, უკვირდა და ვერ მიმხვდარიყო, რატომ მაინცადამაინც ნი ჩნდებოდა ხოლმე მის სხეულში და არა სხვა ვინმე.       ნიმ თვალი გაახილა.  - აღარ უნდა იგის ნისთან?       იგიმ არ უპასუხა. ადგა და ნაკადულს დაუყვა ქვემოთ. მის სხეულში ისევ ნი იყო, მაგრამ ახლა არ იცოდა კარგი იყო ნი თუ ცუდი, რადგან ნი ისე იყო დამახინჯებული, კაცი რომ გუბეში თავის თავს უყურებდეს და ამ დროს შიგ ქვა ჩავარდეს. იგი ცდილობდა ეს უცნაურად დაშლილი და დარღვეული ნი გაესწორებინა თავის სხეულში, მაგრამ არაფერი გამოსდიოდა.       დამახინჯებული ნი სხეულში ტკიოდა იგის. ამიტომ გაძევება სცადა.       "გავიდეს ნი იგის სხეულიდან!"       ნი არ გადიოდა. ტანი მოღრეცილი ჰქონდა, სახე უსაშველოდ გაგრძელებული, ნიკაპი გვერდზე გაგდებული, ცალი თვალი შუბლზე აჯდა, მეორე სულ არ ჩანდა, ფეხები შეშუპებული იყო და შუაში გადატეხილი.       ცუდი სანახავი იყო ნი.       "გავიდეს ნი იგის სხეულიდან!"       ნი არ გადიოდა.       მაშინ იგი თვითონ გაჩნდა თავის სხეულში და გამეტებით ჰკრა ხელი ნის. ნი კიდევ უფრო დაირღვა და დაიშალა. იგი მთელი ძალით მიაწვა ნის. ნის ნაწილები სხეულის კუთხეში მიიყუჟა, მაგრამ გასვლით არ გავიდა.       " იგიმ არ იცის სად არის ხვრელი, საიდან უნდა გავიდეს ნი". - მწუხარედ თქვა იგიმ თავის სხეულში და გზა განაგრძო.       სხეულში იგი ებრძოდა ნის და ერეოდა კიდეც, მაგრამ გაძევებით ვერ აძევებდა.       ამასობაში ზღვის სველი სუნი ეცა და ამით მიხვდა, რომ ზღვის პირას გავიდა, თორემ დანახვით ირგვლივ ვერაფერს ხედავდა, რადგან საკუთარ სხეულში იყურებოდა, სადაც იგი ნის ებრძოდა.       თბილ სილაში ჩაიჩოქა.       სხეულში იგი და ნი იბრძოდნენ.       თითს უაზროდ უსვამდა სილას.       მახინჯი ნი ტკივა სხეულს. მაგრამ მახინჯი ნი არ გამოდის სხეულიდან. რა უცნაური სანახავია! წაგრძელებული სახე, გვერდზე გავარდნილი ნიკაპი, ცალი თვალი შუბლზე...ტანი დაბრეცილი...ფეხები ასე შეშუპებული...შუაში, აი აქ, გატეხილი...       უეცრად მახინჯი ნი გაქრა სხეულიდან და მყისვე იგის თვალებმა მახინჯი ნი სილაში დაინახეს.       იგის თითქოს რაღაცამ უბიძგაო, ზეზე წამოვარდა. თვალებში შიშისა და გაოცების ფერი ჰქონდა, სხეულში ყრუ ბაგაბუგი ისმოდა.       დამფრთხალმა დაიხია უკან. მერე შეტრიალდა და გაიქცა. თავში სიტყვები ლაპარაკობდნენ, მაგრამ რას ლაპარაკობდნენ, არ ესმოდა.       მერე სიტყვები ნელ-ნელა დალაგდნენ, ბაგაბუგიც ცოტა მიწყნარდა სხეულში და იგიმ ნაბიჯი შეანელა.       იქ, სილაში, მახინჯი ნი წევს. მახინჯი ნი იგის სხეულიდან გამოვიდა და სილაში ჩაწვა.       იგიმ ფრთხილად მოიხედა, მაგრამ ნი ვერ დაინახა; სილაში მხოლოდ საკუთარი კვალი ჩანდა.       როგორ გაჩნდა ნი?       უცებ იგის სხეულში იგი შემოვიდა. ეს იგი მუხლებზე იდგა და თითს სილაში უსვამდა. თითის ნაკვალევი ერთმანეთს უერთდებოდა და რაღაცას ემსგავსებოდა.       და იგი მიხვდა!       იგის თითმა გააკეთა სილაში ნი!       იგის ჟრუანტელმა დაუარა სხეულში. თითი ოდნავ ასწია და ზედ დაიხედა. თითი თითი იყო.       იგი შეტრიალდა და უკან წავიდა. ისე მიდიოდა, მძინარე ნადირს რომ წამოეპაროს. მიდიოდა და იქაურობას დაკვირვებით ათვალიერებდა.       ნეტა წავიდა მახინჯი ნი, თუ ისევ სილაში წევს?       ბევრი კი ურბენია აქეთობას.       ეტყობა წასულა," - თავის სხეულში თქვა იგიმ და ამ დროს ნიც გამოჩნდა სილაში.       იგი შედგა. კინაღამ წეღანდელივით შეტრიალდა და გაიქცა. ძლივს შეიკავა თავი. მერე კიდევ რამდენიმე ნაბიჯი გადადგა. ნი იწვა და არ ინძრეოდა, იგიმ კენჭი აიღო და ესროლა, თან გასაქცევად მოემზადა. კენჭი ნის გვერდით დაეცა. ნი არ განძრეულა. იგიმ კიდევ ესროლა კენჭი და დაბრეცილ მკერდში მოარტყა. რაკი ნი არც ამჯერად გაინძრა, გული მოეცა და გაბედულად მიუახლოვდა. აქ ისევ შეჩერდა, დააკვირდა.  - ნი! - დაუძახა და გასაქცევად მოემზადა.       ნის არც მოუხედავს და არც ხმა გაუცია.       "ეს ნი ნამდვილი არ არის, - უხმოდ თქვა მაშინ იგიმ, - ეს ნი ისეთია, როგორიც იგის სხეულში იყო."       ეს კი თქვა იგიმ, მაგრამ კარგახანს მაინც ვერ გაბედა მისვლა. ბოლოს მივიდა, ზემოდან დააცქერდა, მერე ფეხი ფრთხილად ასწია, ოდნავ შეეხო ნის ხელს და მაშინვე მოაშორა, თან ყოველი შემთხვევისათვის უკან დაიხია.       იმ ადგილას, სადაც იგი შეეხო, ნის ხელი სხეულს მოწყდა.       "ეს იგის ფეხის კვალია, - თავის სხეულში თქვა იგიმ, - იგის ფეხის კვალმა ნის ხელი მოსწყვიტა".       იგიმ კვლავ ასწია ფეხი და ნის სახეზე მიუს-მოუსვა.       ნის სახე გაქრა.       მაშინ იგი დაიხარა, ნის სხეულს, ნის ხელებს, ნის ფეხებს თავისი ხელები გადაუსვა ზემოდან.       ნი სულ გაქრა.       "ეს ნი არ იყო, - თავის სხეულში თქვა იგიმ, - ეს ნის კვალი იყო".       ამ სიტყვებს გაკვირვების სუნი აუვიდა.       იგი ფეხს დაადგამს სილას და იქ იგის თითების კვალი რჩება. იგი გაჩაჩხულ ხელს დაადებს სილაზე და იგის თითების კვალი რჩება. ეს მას შემდეგ იცის იგიმ, რაც ერთხელ დიდი დაძინების ქარაფზე ძველი ბელადის ნაფეხურები ნახა.       მაგრამ იგის კვალს იგი ტოვებს. ბელადის კვალს ბელადი ტოვებს. თუკი ნი არ იყო, ნის კვალი როგორღა დარჩა? განა იგის თითი ნი არის, რომ ნის კვალი გააკეთოს?       იგიმ კვლავ დახედა თავის თითს. თითი არაფრით არ ჰგავდა ნის.       იგი ჩაცუცქდა, თითი ფრთხილად დაადო სილას და გაუსვა. სილაზე რაღაც კვალი დარჩა, მაგრამ ეს არ იყო ნი. იქნებ ჯერ არ არის ნი და მერე გახდეს? იგიმ თითის მოსმა განაგრძო. უსვამდა და უსვამდა. სილაში ხაზები იკლაკნებოდნენ, ერთმანეთს კვეთდნენ, ერთმანეთში ირეოდნენ, მაგრამ ნის არ ჰგავდნენ. იგი შეჩერდა, კარგად დააკვირდა თავისი თითის ნამოქმედარს. ხან ამ მხრიდან უყურა, ხან იმ მხრიდან, უცებ ამასწინანდელი ღამე გაახსენდა, როცა აქ იდგა და ირგვლივ ყველაფერი იგი იყო, ცაც იგი იყო, ზღვაც იგი იყო, ტყეც და ქედებიც...ალბათ ზოგჯერ ნიც იგია. ალბათ წეღან იგის თითი მართლა ნი იყო, ამიტომ დატოვა კვალი სილაში.       იგიმ ხაზები საგულდაგულოდ წაშალა, მუხლებზე დადგა და ნი მოიხმო.       "ნი შემოვიდეს იგის სხეულში. ნი შემოვიდეს იგის სხეულში!"       და ნი შემოვიდა იგის სხეულში. ნი წეღანდელივით დარღვეული და მახინჯი იყო.       იგი დაკვირვებით უყურებდა ნის და თითი მსუბუქად დაცურავდა სილაში. თავიდან თითის მოძრაობას ვერ ხედავდა, რადგან მთელი გულისყური სხეულში ჰქონდა. მერე და მერე მოახერხა ისე, რომ ნისაც უყურებდა და თითსაც ადევნებდა თვალს.       ნი ნელ-ნელა ქრებოდა სხეულში და სილაში ჩნდებოდა.       ბოლოს თითი გაჩერდა. ნი სილაში იწვა. მახინჯი, დაბრეცილი, დაშლილი.       იგი იდგა მუხლებზე და სილის ნის დასცქეროდა. სხეული ცარიელი ჰქონდა, თავში სიტყვები არ მოძრაობდნენ.       მერე წელში გასწორდა, შორეულ ქედებს გახედა, თითქოს გაიშალა, გაიზარდა და მთელი სივრცე ამოავსო. ახლა რაც კი იყო ირგვლივ, ყველაფერი გაერთიანდა, ერთ არსად იქცა ყველაფერი. არ არსებობდა ცალკე ზღვა, ცალკე ცა, ცალკე იგი. არსებობდა მხოლოდ ერთი რამ და ეს ერთი რამ იგი იყო, და ეს ერთი რამ ცა იყო, და ეს ერთი რამ ზღვა იყო... ერთი რაღაც გაცხადებულიყო ყველაფერში და ყველაფერი სათითაოდ ეს ერთი რაღაც იყო...       იგი იდგა მუხლებზე და მთელ სივრცეში მხოლოდ თავის თავს ხედავდა.       მერე, როცა გარემოს მოწყდა და ისევ საკუთარ სხეულში მოექცა, დანარჩენი საგნებიც თათვიანთ სხეულში დაბრუნდნენ და ზღვარი, რომელიც მათ ერთმანეთისგან ჰყოფდა, აღდგა. ახლა ზღვა ზღვა იყო, ცა ცა იყო, ტყე ტყე იყო და იგი იგი იყო. ყველაფერი თავის ძველ სახეს დაუბრუნდა; ოღონდ მათ შორის რაღაც იდუმალი კავშირი მაინც დარჩა და ეს კავშირი იგი იყო. იგი უცნაურ წინათგრძნობას შეეპყრო; თითქოს ქვეყნად უამრავი იგი არსებობდა, ოღონდ ზოგ მათგანს ზღვა ჰქონდა სხეულად, ზოგს მთა, ზოგს ცა... და იგის შეეძლო, როცა მოისურვებდა, გადაეხსნა ეს სხეული და მაშინ ქვეყნიერება წეღანდელივით მხოლოდ იგი იქნებოდა, ერთიანი და განუყოფელი იგი, რომელსაც არაფერი არ ექნებოდა სხეულად.       რაკი იგი კვლავ თავის სხეულს დაუბრუნდა, თვალებმა სილის ნის დახედეს.       სანამ ნაკადულის პირას ის მოხდებოდა, რაც მოხდა, მანამ იგის სხეულში მუდამ სხვანაირი ნი ჩნდებოდა, ლამაზი, თბილი, კარგი, თვალები რომ ზღვას უგავდა და თმა - ჩამოცვენილ ფოთოლს. ახლა რაღა მოუვიდა ნის? რად დამახინჯდა? რად დაირღვა?       თვალები სილის ნის უყურებდნენ. ასეთი სახე არ ჰქონდა ადრე ნის.       იგიმ ფრთხილად გადაუსვა ხელი სილის ნის სახეს და წაუშალა.       როგორი სახე ჰქონდა ნის ადრე?       იგიმ თვალები დახუჭა და გაირინდა. სხეულში ძველი ბელადი გაჩნდა და გაქრა. მერე ახალი ბელადი გაჩნდა და გაქრა. მთელმა ტომმა გაიარა, როცა ციდან წვიმა მოდიოდა. და აი, ბოლოს ნიც გაჩნდა.       ნი გაჩნდა, მაგრამ ძალიან სწრაფად გაქრა და იგიმ ვერ გაარჩია, როგორი სახე ჰქონდა.       იგიმ თვალები გაახილა და ისევ დახუჭა.       ახლა მის სხეულში პატარა ბალახი გაჩნდა, რომლის ფოთოლზე ღამის თვალი მრგვალ წვეთს აბრჭყვიალებდა, იქვე იგი ჩაჩოქილიყო და ბალახს დაჰყურებდა. მერე ბალახიც გაქრა და იგიც. მათ ადგილას ზღვა გაჩნდა. ზღვა ლივლივებდა და შორს, დასალიერთან, ცას ერთვოდა.       და უცებ კვლავ გაჩნდა ნი. ნი წეღანდელივით სწრაფად გაქრა, მაგრამ ამჯერად იგიმ მოასწრო იმის შემჩნევა, თუ როგორი ცხვირი ჰქონდა ნის. იგი უყურებდა ნის ცხვირს და ნის ცხვირს ნელ-ნელა მთელი სახე გამოესხა. ძველი ნის სახე. კარგი, საყვარელი, ცის თაღივით რომ სითბოს აფრქვევდა. აი, ეს არის ნამდვილი ნი, და არა ის დაშლილი და დაბრეცილი ნი, რომელსაც არაფრით არ უნდოდა იგის სხეულიდან გასვლა. იგის თითი ნელა მოძრაობდა სილაში. იგი ახლა მკაფიოდ ხედავდა, როგორ ქრებოდა მის სხეულში ნი ნაწილ-ნაწილ და როგორ ჩნდებოდა სილაში ასევე ნაწილ-ნაწილ.       თითმა მოძრაობა დაამთავრა. სილაში ახლა ძველი ნი იყო, ის ნი, რომლის ყოველ შემოსვლაზე იგის სხეულში უჩვეულო და საამო ბაგა-ბუგი ატყდებოდა ხოლმე და უჩვეულო და საამო სუნი დატრიალდებოდა.       იგი წამოდგა და მაღლიდან დახედა სილის ნის. მერე ირგვლივ შემოუარა, თან თვალს არ აშორებდა. შემოვლა რომ დაამთავრა, სილის ნის იგის ფეხის ნაკვალევი შემოეკრა. იგიმ კვლავ შემოუარა, ისე, რომ ფეხს კვალსა და კვალს შორის ადგამდა. რამდენჯერმე რომ შემოუარა, სილის ნის უკვე ერთიანი კვალი ერტყა გარშემო.       იგის მოეწონა.       და არც კი განუზრახავს, ისე თქვა სხეულში:       "იგიმ რაღაც იცის ისეთი, რაც სხვებმა არ იციან".       ეს რომ თქვა, მაშინღა იგრძნო, რომ მთელ სხეულში ცხელი გემო ტრიალებდა. ცხელი გემო ტრიალებდა, თან ზემოთ მოიწევდა და თითქოს იგის სხეულსაც სადღაც ზემოთ ეწეოდა.       "იგიმ რაღაც იცის ისეთი, რაც თვით ბელადმაც კი არ იცის".       და ბელადი გაჩნდა იგის სხეულში. ბელადმა კეტი შემართა და თქვა: "იგი არ წავა სანადიროდ!" მერე ასეთი ბელადი გაქრა და სხვანაირი ბელადი გაჩნდა. ის ბელადი გაჩნდა, რომელმაც თავისი მამა დაამარცხა, მის ადგილას დაჯდა, ნადირის თავი ჩაბღუჯა და გულში ჩაიკრა.       ეს ბელადი დარჩა იგის სხეულში. ავი ბელადი, კბილებდაკრეჭილი, ფაფარაყრილი, თვალებჩასისხლიანებული.       იგის თითი კვლავ ამოძრავდა სილაში.       ბელადი ნელ-ნელა გამოდიოდა იგის სხეულიდან და სილაში ჩნდებოდა.       იგიმ სილის ბელადსაც შემოავლო კვალი.       "იგიმ დიდი რაღაც იცის".       ცხელი გემო, რომელიც სხეულში ტრიალებდა და მაღლა მიიწევდა, უცნაურად საამო იყო. ისეთი, როგორიცაა პირველი ნადირობა და ისეთიც, როგორიცაა ნისთან წოლა ნაკადულის პირას.       ამ დროს ქვეყანაზე წვიმა წამოვიდა.       იგიმ დააპირა პატარა გამოქვაბულში შეეფარებია თავი, მაგრამ უცებ შენიშნა, როგორ ეცემოდა წვეთები სილის ნისა და სილის ბელადს, და შეჩერდა.       წვეთები პატარ-პატარა ღრმულებს აკეთებდნენ ნისა და ბელადის სახეებზე. მერე ღრმულები გაფართოვდნენ, ერთმანეთს შეუერთდნენ, მთელ სახესა და მთელ სხეულს მოედვნენ და მალე ნისა და ბელადის ადგილას სველი სილის მეტი აღარაფერი დარჩა.       იგი უყურებდა სველ სილას და სხეული გაკვირვებით ევსებოდა.       როცა დიდი დაძინების ქარაფზე წვიმაში ძველი ბელადის ნაბიჯები კვალს ტოვებდა, იგის ეგონა, კვალი წვიმის გამო რჩებოდა. აქ კი წვიმამ სილის ნიც წაშალა, სილის ბელადიც და იგის კვალიც.       იგი უყურებდა სველ სილას და თვითონაც სველდებოდა. მერე თავის სხეულში თქვა:       "ნეტა როგორ უნდა გააკეთოს იგიმ ისეთი კვალი, რომ არ წაიშალოს?"       იგის თავში არ იყო ისეთი სიტყვები, რომლებიც ამ კითხვას უპასუხებდნენ.       ერთხელაც დახედა სველ სილას და დიდი გამოქვაბულისაკენ გაუდგა გზას.       ქალებსა და ბავშვებს გამოქვაბულში შეეფარებინათ თავი. ქვეყანაზე ძლიერი წვიმა მოდიოდა და იგის გაუკვირდა, ნი რომ გარეთ დაინახა. ნი ბალახში იდგა. მკლავები განზე გაეშვირა, მთელი სხეული წვიმისთვის შეეშვირა, თავით ფეხებამდე სველი იყო და ისეთი სახე ჰქონდა, პატარა ბავშვი რომ დედას დაინახავს.       იგი შედგა და ცქერა დაუწყო.       ნის რაღაც ჰქონდა ისეთი, რის გამოც ძველი ნი იყო, და რაღაც ჰქონდა ისეთი, რის გამოც ძველი ნი არ იყო.       ამ დროს ნიმ იგი იგრძნო და მოიხედა. ახლა აღარ ჰქონდა ისეთი სახე, პატარა ბავშვი რომ დედას დაინახავს.       მკლავებიც დაუშვა.       იგი იდგა და უყურებდა.  - რა უნდა იგის? - იკითხა ნიმ. ნი რაღაცნაირი იყო.  - ნი არ არის ნამდვილი, - თქვა იგიმ. - ნამდვილი ნი სილაში იყო და წვიმამ წაშალა.       იგი უყურებდა ნის და სხეულში ნამდვილი ნი გაჩნდა; ძველი ნი, რომელსაც უჩვეულო სუნი ასდიოდა.  - ნუ უყურებს იგი ნის, - ჩურჩულით თქვა უცებ ნიმ. - ნის ეშინია.       იგი შეკრთა, სწრაფად აარიდა თვალი და ზურგი შეაქცია.       "რატომ ეშინია ნის? - უხმოდ თქვა იგიმ. - განა იგი მძვინვარე მხეცია, რომ საშიში იყოს?"       მაშინვე ტანმა რაღაც უგრძნო და ცივმა ჟრუანტელმა თავით ფეხებამდე დაუარა. ამჯერად თითქოს მიხვდა კიდევ, რა სიტყვა ერქვა ამ გრძნობას, მაგრამ ყურს მონადირეების შორეული ხმა მიწვდა და ნაპოვნი სიტყვა ისევ გაქრა.       მონადირეების ხმამ გამოქვაბულშიც შეაღწია. ქალები და ბავშვები გნიასით გამოცვივდნენ გარეთ.       წინ, წესისამებრ, ბელადი მოდიოდა. და თუმცა კარგად ენადირათ, მაინც ქუშად ჩაჰყურებდა მიწას. უკან ძველი მონადირეები მოჰყვებოდნენ. ამათ ვეებერთელა ნადირი გაედოთ მხრებზე და მოჰქონდათ. ზუ ბოლოში მოაბიჯებდა.       ქალები და ბავშვები მონადირეების ირგვლივ დახტოდნენ, ხელებს იქნევდნენ და ყურთასმენის წამღებად ჭყიოდნენ.       იგი განზე იდგა.       ბელადმა და დანარჩენმა მონადირეებმა ისე ჩაუარეს, არ მოუხედავთ. მხოლოდ ზუმ მოიხედა. ზუმ ნელა მოატრიალა სახე, მაგრამ როგორც კი იგის მზერას წააწყდა, მაშინვე აარიდა თვალი.       გამოქვაბულის შესასვლელთან ქალები და ბავშვები გვერდზე მიდგნენ და კაცებს დაუთმეს გზა.       ძველმა მონადირეებმა ნადირი გამოქვაბულის შუაში დადეს და განაწილებას შეუდგნენ. სხვები ისხდნენ და მათ უყურებდნენ. თვალებიდან ყველას შიმშილის სუნი ასდიოდა.       თავი ბელადს მიუტანეს და ფერხთით დაუდეს. ბელადმა აიღო, შეატრიალა და, სადაც წითელი სისხლი ჰქონდა შერჩენილი, იმ ადგილს დაეწაფა. ისე ნელა წოვდა, ჩვილმა ბავშვმა რომ დედის სხეული მოწოვოს. თან თვალები დახუჭა. სახიდან სიავის სუნიც გადაეცალა და სითბოს სუნი დაეფინა.       მონადირეები ნადირის განაწილებას განაგრძობდნენ.       იგი შორეულ კუთხეში იჯდა.       ყველაზე ძველი მონადირე რიგრიგობით ეძახდა თანამოძმეებს.       "ახლა იგის დაუძახებენ!" - უხმოდ თქვა იგიმ, როცა მისი ჯერი მოვიდა.       მაგრამ ყველაზე ძველმა მონადირემ სხვას დაუძახა. მერე კიდევ სხვას დაუძახა და მერე კიდევ სხვას. ზუც რომ გაისტუმრა, მხოლოდ ამის შემდეგ დაუძახა იგის.       იგი წამოდგა.       ბელადმა წოვა შეწყვიტა. პირი არ მოუშორებია ნადირის სისხლიანი კისრისათვის, ისე შეწყვიტა წოვა, ცალი თვალი გაახილა და ძველ მონადირეებს გადმოხედა. სახეზე სითბოს სუნი გადაეცალა და სიავის სუნი დაეფინა. მერე წამოდგა, ნადირის თავი საბელადო ქვაზე დადო და შუა გამოქვაბულისაკენ წამოვიდა.       ყველანი ბელადს მისჩერებოდნენ.       ის იყო იგიმ თავისი წილი ხორცი ჩამოართვა ყველაზე ძველ მონადირეს, რომ ბელადიც მოვიდა.       ბელადმა გრძელი კბილები გადმოჰყარა, ქვემოდან ახედა იგის და იგიმ განძრევაც ვერ მოასწრო, ისე უცებ გამოგლიჯა ხორცი ხელიდან       გამოქვაბულს გაკვირვების ღმუილმა გადაუარა.  - იგის არ უნადირია, - თქვა ბელადმა და თავის ადგილს დაუბრუნდა. დაჯდა, ნადირის თავი კალთაში ჩაიდო და ზედ იდაყვები დააჭირა, იგის წილ ხორცს ლი ძიძგნა დაუწყო, თან ცალი თვალი იგისკენ ეჭირა.       მთელი გამოქვაბული ახლა იგის უყურებდა. ძველმა მონადირეებმაც კი შეწყვიტეს ხორცის განაწილება და ისინიც იგის მიაჩერდნენ.       იგის ბალანი აეჯაგრა, სხეული მრისხანებამ აუვსო, კეტს ხელი მაგრად მოუჭირა და მაღლა ასწია. ბელადმა მაშინვე შეწყვიტა ჭამა და თვითონაც კეტს დაავლო ხელი, ოღონდ წამოდგომით არ წამომდგარა.       უცებ საიდანღაც სიმშვიდის სუნი მოვიდა. სიმშვიდის სუნი ირგვლივ შემოეფინა იგის, მერე სხეულშიც შეაღწია და იქიდან მრისხანება გამოდევნა.იგიმ კეტი დაუშვა და წყნარად თქვა:  - იგის არ უნადირია, იმიტომ რომ ბელადმა არ წაიყვანა სანადიროდ.       ბელადმაც დადო კეტი და იგის წილი ხორცის ძიძგნა განაგრძო.       მაშინ იგი ახლო მივიდა, ზემოდან დახედა და გაიმეორა:  - იგის არ უნადირია იმიტომ, რომ ბელადმა არ წაიყვანა სანადიროდ.       ბელადმა ხორცის ძიძგნა შეწყვიტა, თავისი წილი და იგის წილი ერთად ჩაბღუჯა, საიმედოდ მიიკრა გულზე და იგის შეხედა. სახე ისეთი ჰქონდა, მონადირეს რომ ტყეში ღმუილი შემოესმის და ვერ გამოიცნოს, რომელმა ნადირმა დაიღმუვლა.       იგი ატყობდა, რომ ბელადის თავში უცნობი სიტყვები დაქროდნენ და ბელადი ვერ ახერხებდა მათ დალაგებას და დაკავშირებას. იგის სხეულში უხმოდ გაჩნდა გამარჯვების ყიჟინა. ბელადმა იცოდა, რომ რაკი იგის არ უნადირია, არც ხორცი ერგებოდა. მაგრამ ახლა გაიგო, რომ თვითონვე უთხრა უარი სანადიროდ წაყვანაზე. ხოლო უარი რატომ უთხრა, ამას ვერ გაიგებდა, რადგან გუშინდელი დღე ბელადის სხეულში არ გაჩნდებოდა. ეს იცოდა იგიმ და მშვიდად ელოდა. ბელადისთვის ცხადი უნდა ყოფილიყო, რომ წართმეული ხორცი უკანვე უნდა დაებრუნებინა, მაგრამ ნადავლი არ ეთმობოდა და ამიტომ ჯიუტობდა.       გამოქვაბულში სიჩუმე იდგა.       იგი ელოდა. მაგრამ უცებ ეს სიმშვიდე რაღაცამ შეაკრთო. იგის უკნიდან ვიღაც ჩაციებით მოსჩერებოდა. ბეჭებს ეტკინა დაჟინებული მზერა. იგის ჯერ ზუ ეგონა, მერე მიხვდა, რომ ზუ არ იყო. და როცა უხმოდ თქვა, ნეტა ვისი მზერა სტკივა ასე იგის ბეჭებსო, გამოქვაბულში ნის ხმა გაისმა:  - იგი ისეთი არ არის, როგორიც არიან სხვები.       ღმუილი მიწყნარდა გამოქვაბულში, ნის ხმამ კიდევ თქვა:  - იგი სხვა ჯიშისაა.       ამჯერად არავის დაუღმუვლია. გამოქვაბულში დიდი სიჩუმე იდგა და დიდი სიჩუმე ყურებში წიოდა.       ნის სიტყვები ავი ნადირის კბილებივით ჩაესო იგის. სხეულში ძლიერმა ტკივილმა იყვირა. იგიმ ძლივს შეიკავა თავი, რომ თვითონაც არ ეყვირა; კბილი კბილს მაგრად დააჭირა, თვალები დახუჭა და ასე ერთიანად დაძაბული ელოდა, როდის გადაივლიდა ტკივილი.       ტკივილმა მართლაც გადაიარა და იგიმ თვალები გაახილა.       გამოქვაბულში კვლავ სიჩუმე იდგა.       ბელადს ხორცი, ნადავლიცა და თავისი წილიც, ისევ ისე გულში ჰქონდა ჩაკრული, პირი გაეღო და ქვემოდან ამოსცქეროდა იგის. გაფართოებულ თვალებში გაკვირვება ედგა და იგის მოეჩვენა, რომ ამ გაკვირვებაში თეთრი შიშიც ერია.       გამოქვაბულის ყოველი კუთხიდან თანამოძმეთა თვალები მოსჩერებოდნენ იგის.       იგის სხეულში ნი ლამაზი და თბილი იყო და საამო სუნი ასდიოდა. და იგის ვერ გაეგო, რატომ გაუჩნდა სხეულში ასეთი ნი და არა ის ნი, რომელმაც საშინელი სიტყვები თქვა.       ამასობაში ბელადის თვალებს გაკვირვების სუნი გადაეცალა. ბელადმა ცალი ხელი შეუშვა ხორცს, ძირს დაგდებულ კეტს მოჰკიდა ხელი და თქვა:  - იგი სხვა ჯიშისაა.       საიდან გაჩნდა ეს სიტყვები ან რას ნიშნავდა, არავინ იცოდა. მხოლოდ ის იცოდნენ, რომ საშიში და ავი სიტყვები იყო, ისეთი საშიში და ავი, როგორიცაა "მძვინვარე მხეცი".       ბელადი წამოდგა, კეტი მაღლა შემართა (ხორცი ცალი ხელით ისევ გულში ჰქონდა ჩაკრული) და დიდი ხმით თქვა:  - იგი ისეთი არ არის, როგორიც არიან სხვები. იგი სხვა ჯიშისაა.       ბეჭები ახლა ზუს მზერას გრძნობდნენ, მაგრამ ზუს მზერა არ ტკიოდა ბეჭებს. ეს ამბავი ცოტათი უკვირდა, მაგრამ ამისათვის არ ეცალა. ბელადის თვალებში ახლა ისევ სიავე და მრისხანება იდგა.       თავში სიტყვები აიშალნენ. სიტყვები იყო ახლა ერთადერთი ხსნა, რადგან იგიმ იცოდა, რომ ასეთ ღონიერ ბელადს კეტით ვერ გაუმკლავდებოდა.       თვალი თვალში გაუყარა ბელადს. მანამ უყურა, სანამ მის მრისხანე მზერაში შეშფოთება არ შეერია. მერე კი მშვიდად თქვა:  - იგი ისეთია, როგორიც არიან სხვები. იგი არ არის სხვა ჯიშის.       ბელადმა პირი გააღო. მერე თავი გვერდზე გადაიგდო, ლამის ბეჭს დაეყრდნო და ისე მიაჩერდა იგის. სახეზე ავი სუნი გადაეცალა და ისევ დაეფინა, კიდევ გადაეცალა და კიდევ დაეფინა, როგორც მინდორს გადაეცლება და დეფინება ჩრდილი, როცა ცის თვალის ქვეშ ღრუბლები დაცოცავენ. ბოლოს თავი ისევ აწია, პირი მოკუმა. ისეთი სახე ჰქონდა, დაღლილი მონადირე რომ დიდი ხეტიალის შემდეგ ნადირის კვალს წააწყდეს.       და თქვა:  - იგი ისეთი არ არის, როგორიც არიან სხვები. იგი გამართულია.       ეს სიტყვები ყველაზე თვალსაჩინო ადგილას იყო და ბელადს მათი პოვნა არ გაუჭირდებოდა. ეს იცოდა იგიმ და ამიტომ პასუხიც მომზადებული ჰქონდა. როგორც კი ბელადმა თავისი სიტყვები თქვა, იგი მოიხარა; ზურგში ტკივილი კბენდა, მაგრამ მოითმინა, ბოლომდე მოიხარა, ბელადს თვალი თვალში გაუყარა და ჰკითხა:  - ახლა იგი ისეთია, როგორიც არიან სხვები?       და იგიმ მკაფიოდ დაინახა, როგორ გადაირბინა თეთრმა შიშმა ბელადის სახეზე. ბელადმა ნაბიჯი უკან გადადგა და, ხორცი რომ ეჭირა, ის ხელიც კეტს დაავლო. ხორცი ძირს დავარდა. იგის წილი ფეხებთან დაეცა, ნადირის თავი კი გაგორდა და მოშორებით გაჩერდა. ბელადმა ცალი ფეხი გაიშვირა, გაჭიმა, როგორც იქნა, მიაწვდინა ნადირის თავს და ახლო მოიჩოჩა. თან იგის თვალს არ აშორებდა. ბოლოს ხორცი, თავისიც და იგისიც, ფეხებშუა საიმედოდ მოიქცია; იდგა ავი და კბილებდაკრეჭილი, კეტი მომარჯვებული ეჭირა და იგის შესცქეროდა. მაგრამ მის სიავეში დროდადრო მაინც ჩანდა თეთრი შიში.       იგი უყურებდა და ელოდა.       ბელადი უხმოდ მისჩერებოდა.       მაშინ იგი გაიმართა და ისევ მოიხარა. კიდევ გაიმართა და კიდევ მოიხარა.       და ჰკითხა:  - ახლა იგი ისეთია, როგორიც არიან სხვები?       ბელადს შიში გაუქრა. ახლა მის გაავებულ სახეს გაკვირვების სუნი ასდიოდა. ბოლოს თქვა:  - ახლა იგი ისეთია, როგორიც არიან სხვები.       და კეტი დაუშვა.       ამ დროს ნიმ თქვა:  - იგის ისეთი სიტყვები აქვს, როგორიც სხვებს არა აქვთ.       ბელადმა ისევ მოიმარჯვა კეტი და დაიძაგრა.  - რა სიტყვები აქვს იგის?       ზურგში ნის მზერა და ზუს მზერა ერთმანეთს შეერია. იგი ვერ ატყობდა ტკიოდა თუ არა. სხეული გამოქვაბულში წუხდა და გარეთ ყოფნა უნდოდა.       ბელადი იდგა ერთიანად მოზიდული და ავად შესცქეროდა.       უცებ იგის დიდი სიმშვიდე დაეუფლა. ბელადს თვალი აარიდა, სივრცეს გახედა მის აშლილ ფაფარს ზემოთ და თქვა:  - იგის არა აქვს სიტყვები. სიტყვები არავის არა აქვს. სიტყვები რაღაცაა და თავისთვისაა. ხოლო რაღაცა ყველგანაა. ხეში, ზღვაში, შორეულ ქედებში, ტყის მწვანე სუნში, ბალახის ღეროში. ხანდახან იგის თავში შემოდის, იქ სიტყვებად იქცევა და პირიდან გამოდის. განა სხვებს არ დამართნიათ ასეთი რამ? განა ბელადს არ დამართნია ასეთი რამ?  - არა. ბელადს არ დამართნია! - დიდი ხმით თქვა ბელადმა.       იგის პირი თავისთავად გაეხსნა, თეთრი კბილები გამოუჩნდა, სახეზე სითბოს სუნი აუვიდა.       სხეულში ბელადი გაჩნდა. მაგრამ ეს ბელადი ნადირის უმწეო ლეკვსა ჰგავდა, ახალშობილს, ბრმას, რომელიც წკავწკავებს და უსინათლო თვალებით დედას ეძებს.       იგიმ სხეული შეიბერტყა და ხილვა გააძევა. მერე ბელადს შეხედა. მისი სახის ავ გამომეტყველებას სინამდვილეშიც ახლდა რაღაც ისეთი, რაც ბრმა ლეკვის უმწეობას ჰგავდა.       და იგიმ თქვა:  - რაღაცა ყველაფერშია. ყველაფერი რაღაცაა. - უცებ თავში სიტყვები მოზღვავდნენ და იგის უკითხავად წამოვიდნენ. - ქვეყანა ზეცაა, მაგრამ ქვეყნის სახე აქვს, ფოთოლი ხეა, მაგრამ ფოთლის სახე აქვს, ღამის სიბნელე ცის თვალია, მაგრამ სიბნელის სახე აქვს, ყველაფერი რაღაცაა; და როცა იგი რაღაცას ხედავს, მაშინ იგიც ყველაფერია. იგი ზღვაცაა და ცაც, ნადირიც და მონადირეც. იგი ყველაფერშია და ყველაფერი იგიშია... იგი...       მოზღვავებული სიტყვები ნის ხმამ შეაჩერა.       ნიმ თქვა:  - იგი ნიც არის?  - ნიც არის. იგი ყველაფერია.        ბელადი შეკრთა. ცალი ფეხი უკან გადადგა. თვალები გაუფართოვდა და იგის მოეჩვენა, რომ ხმაც გაუფართოვდა.  - იგი ბელადიც არის?       გამოქვაბულმა ერთი დაიღმუვლა და მერე სიჩუმეზე უფრო ძლიერი სიჩუმე ჩამოწვა.       დუმილი დაჟინებით მისჩერებოდა და პასუხს ელოდა.       იგიმ თვალები დახუჭა და გაირინდა. სხეულში აწრიალებული შეშფოთება მიყუჩდა. თავში სიტყვების გაუგებარი გროვა ნელა შეირხა, გადაიხსნა და წყობისად დალაგდა. მაშინ იგიმ თვალები ისევ გაახილა და ბელადს მიაპყრო.  - იგიმ ისეთი რამ იცის, რაც სხვებმა არ იციან. იგიმ იცის, რომ იგი ყველაფერია და დანარჩენებიც ყველაფერი არიან. ყველაფერი იგის სხეულშია და იგის შეუძლია ყველაფერი თავისი სხეულიდან გამოუყვანოს. იგი აჩვენებს ბელადს, როგორ გამოვა იგის სხეულიდან ყველაფერი. გამოვიდეს ბელადი გარეთ. დანარჩენებიც გამოვიდნენ.       იგი შეტრიალდა და წელში გამართული, ნელი ნაბიჯით წავიდა გასასვლელისაკენ.       თავიდან არავინ განძრეულა. ყველა გაშეშებული იდგა და იგი გრძნობდა, რომ ყველა მას უყურებდა.       იგის არ მოუხედავს, ისე გავიდა გამოქვაბულიდან.       ქადილით კი დაიქადნა, მაგრამ არ იცოდა, შეასრულებდა ნათქვამს თუ ვერა. რაც ზღვის პირას მოხდა, თავისთავად გაჩნდნენ იგის სხეულში ნიცა და ბელადიც, თავისტავად გამოვიდნენ იქიდან და მერე სილაში ჩაწვნენ. ახლა კი იგი ბედს იყო მინდობილი, როგორც მონადირე, რომელმაც კვალს ვერ მიაგნო და ალღოთი დაეძებს ნადირს. თუ ალღომ უმტყუნა იგის, ბელადის რისხვა დიდი იქნება და ძლიერი.       იგიმ აქაც უნდა გააკეთოს ის, რაც ზღვის პირას გააკეთა.       იგი ჩაცუცქდა, საჩვენებელი თითი გაშალა და, მიწას რომ შეახო, სხეულში ცივმა შეშფოთებამ დაუარა. ზღვის პირას რბილი სილა იყო და თითი ადვილად ეფლობოდა შიგ, აქ კი მაგარი მიწაა, ამ მიწას თითი ვერაფერს დააკლებს...       იგის ბრძოლა მოუწევდა ბელადთან. კეტი მაინც არ დარჩენოდა გამოქვაბულში.       იგი ზეზე წამოვარდა, უკანვე შეტრიალდა, მაგრამ გვიანღა იყო: გამოსასვლელში უკვე მოჩანდა ბელადი. თავში, თითქოს იგის სულაც არ ეხებოდა, ისე ჩაიქროლეს სიტყვებმა: "რომც არ დარჩენოდა კეტი გამოქვაბულში, ასეთ ბელადთან მაინც რას გახდებოდა იგი!"       მაგრამ სხეული ხსნას ეძებდა და სიტყვებს ყურადღებას არ აქცევდა. სხეული სწრაფად დატრიალდა, თვალებმა რაღაცას დაუწყეს ძებნა, ბოლოს ქვაზე შეჩერდნენ. ფეხებმა სწრაფად მიირბინეს იმ ქვასთან, ხელებმა აიტაცეს. იგი ცდილობდა გაერკვია, რას აპირებდა მისი სხეული, მაგრამ სხეული გაექცა იგის და იგი აღარ იყო სხეულის პატრონი. და მხოლოდ მაშინ, როცა ხელებში ატაცებული ქვა შუაზე გადატყდა, იგი დაეწია თავის სხეულს.       "რაღა რბილი ქვა მოყვა ხელში იგის!" - უხმოდ თქვა გამწარებულმა იგიმ და ქვას ხელი გაუშვა. ნატეხი ძირს დაეცა და კვლავ შუაზე გადატყდა.       იგი დამტვრეულ ქვას დააცქერდა და უცებ სხეულში ძლიერი სინათლე შემოიჭრა. მაშინვე თვითონაც სინათლედ იქცა, ყოველ მხარეს გაიფანტა, ყველაფერში შეაღწია, ყველაფრად იქცა და ყველაფრად იგი აქცია. ახლა სამყარო და იგი ერთი განუყოფელი რარაც იყო.       იგის არ გაუგია, როგორ დავარდა მუხლებზე და როგორ აიღო დამსხვრეული ქვის მოზრდილი ნატეხი, რადგან, როცა საკუთარ თავს დაუბრუნდა, ქვის ნატეხი ხელში ეჭირა და ზედ გამალებით უსვამდა ფრჩხილს. ფრჩხილი მკრთალ კვალს ტოვებდა. სხეულიდან კი ძლიერი ბაგაბუგი ისმოდა.       როცა ქვა სულ ერთიანად დაიკაწრა, იგი შეჩერდა და ნაკაწრს დააკვირდა. ის ხელი, რომელიც წეღან კაწრავდა, ახლა იგის გვერდით მიწაზე დაფათურობდა და რაღაცას ეძებდა. ბოლოს ამ ხელმა მაგარი ქვის ნატეხი იპოვა და აიღო.       იგიმ რბილი ქვა გადმოაბრუნა და მეორე, დაუკაწრავ მხარეს მაგარი ქვა გაუსვა. მაგარი ქვის კვალი კიდევ უფრო ღრმა და მკაფიო იყო, ვიდრე ფრჩხილის კვალი.       სხეულიდან კვლავ ისმოდა ბაგაბუგი.       მაშინ იგიმ თავი ასწია. უკვე ყველანი გამოსულიყვნენ გამოქვაბულიდან. იდგნენ და იგის შესცქეროდნენ.       იგის სახეზე სითბოს სუნი აუვიდა, თეთრი კბილები გამოაჩინა და ბელადს მიუბრუნდა.  - რომელი ქვა აიღოს იგიმ?       ბელადმა იგის შეხედა. მერე თავი გვერდზე გადახარა, ლამის ბეჭზე დაიდო და ისე უყურა. ბოლოს თქვა:  - რომელიც უნდა.       თან კეტს მაგრად მოუჭირა ხელი.       იგიმ ბრტყელი ქვა აირჩია. ფრთხილად აიღო, რომ არ გადამტყდარიყო, ბელადთან მიიტანა და აჩვენა.  - ხომ ხედავს ბელადი ამ ქვას? იგის შეუძლია, რაც ბელადს სურს, ის გამოიყვანოს თავისი სხეულიდან და ამ ქვაზე დადოს.       ბელადმა პირი გააღო, ნაბიჯი უკან გადადგა და ფრთხილად მიხედა თანამოძმეებს.  - რა გამოიყვანოს იგიმ თავისი სხეულიდან? - ჰკითხა იგიმ.       ბელადს კეტი მომარჯვებული ეჭირა. იგისთვის არ შეუხედავს, მიწას დაჰყურებდა. ბოლოს თქვა:  - რაც თვითონ უნდა, ის გამოიყვანოს. - და კიდევ ერთი ნაბიჯით დაიხია უკან.  - კარგი. - თქვა იგიმ, ჩაიმუხლა, რბილი ქვა მიწაზე დადო, ცალი ხელი ზედ დააჭირა, მეორე ხელით მაგარი, წვეტიანი ქვა მოიმარჯვა, თვალები დახუჭა და სხეულში ნი მოიხმო.       ნი გაჩნდა. ლამაზი ნი იყო. მაშინ იგიმ თვალი გაახილა, წვეტიანი ქვა რბილ ქვას დაადო და ნელა გაუსვა.       ნი ქრებოდა სხეულში და ჩნდებოდა ქვაზე.       ირგვლივ ისეთი დუმილი იდგა, თითქოს იმ არემარეზე კაცი არ ჭაჭანებდა.       სხეულში ბაგაბუგი მაშინ შეწყდა, როცა ნი მთლიანად გადმოვიდა ქვაზე.       იგი წამოდგა, ჯერ თვითონ დახედა ქვის ნის, მერე მაღლა ასწია და თანამოძმეებისკენ შეტრიალდა.       ისეთი წივილ-კივილი ატყდა, თითქოს მძვინვარე მხეცი სახმოდეთ თავს.       თვალის დახამხამებაში ყველანი გამოქვაბულში შეცვივდნენ.       გარეთ მხოლოდ ზუ დარჩა. ზუ იდგა და ქვის ნის თვალს არ აშორებდა.       იგის გაუკვირდა.       "არ ეშინია ზუს?" - იკითხა თავის სხეულში და ის იყო ხმამაღლა უნდა ეთქვა, რომ გამოქვაბულიდან ბელადის თავი გამოჩნდა.       ბელადმა ქვის ნის შეხედა და ისევ მიიმალა, მაგრამ მალე კვლავ გამოჩნდა. ერთხანს ზღურბლზე იდგა, მერე წამოვიდა და შორიახლოს გაჩერდა.       მაშინ დანარჩენებიც გამოვიდნენ და ბელადის უკან დადგნენ.  - ქვის ნი საშიში არ არის. - თქვა იგიმ.       ბელადმა კბილები დაკრიჭა, სახეზე ავმა ფერმა გადაკრა.  - ბელადს არ ეშინია! - დიდი ხმით თქვა, სწრაფი ნაბიჯით მივიდა იგისთან, ქვის ნი გამოართვა და დახედა. უყურა, უყურა და თქვა:  - ქვის ნი საშიში არ არის. - მერე იგის მიუბრუნდა, ქუშად სეხედა. - ქვის ბელადსაც გამოიყვანს იგი თავის სხეულიდან?  - გამოიყვანს. - თქვა იგიმ.       ბელადმა ქვის ნი დაუბრუნა იგის, კეტი მაგრად ჩაბღუჯა. თვალებში მრისხანების ფერი ჰქონდა.  - მაშ გამოიყვანოს იგიმ ქვის ბელადი.        იგიმ ქვის ნი ძირს დადო, სხვა რბილი ქვა მოძებნა, ჩაიმუხლა, თვალები დახუჭა, ბელადს მოუხმო სხეულში. მერე, როცა ბელადი შემოვიდა, თვალები ისევ გაახილა და საქმეს შეუდგა.       ზუს მზერას ძალიან ახლოდან გრძნობდა.       როდესაც ბელადი სხეულიდან მთლიანად გადმოვიდა ქვაზე, იგი წამოდგა. ქვა ასწია და ქვის ბელადი ყველას დაანახა.       ამჯერად მხოლოდ ღმუილი გაისმა. გაქცევით არავინ გაქცეულა.       ბელადმა ქვის ბელადი გამოართვა იგის. დახედა. დიდი ფაფარი ეყარა მხრებზე და ავი თვალები ჰქონდა.  - ახლა აღარა ჰყავს იგის სხეულში ბელადი? - იკითხა ბელადმა.  - ჰყავს! - მიუგო იგიმ.  - ხომ გამოიყვანა? - ბელადი თვალებში უყურებდა იგის.       ჰყავს. - გაიმეორა იგიმ. - სანამ იგი არის, მის სხეულში არც ბელადი გამოილევა, არც ნი, არც არაფერი. ბელადსაცა ჰყავს სხეულში იგი, ბელადი იგია და იგი ბელადია.  - ბელადი იგი არ არის! - დიდი ხმით დაიყვირა ბელადმა და კეტი მოიმარჯვა, ხოლო რაკი კეტი მოიმარჯვა, ქვის ბელადი ხელიდან გაუვარდა.       ქვის ბელადი ძირს დაეცა და შუაში გატყდა. ნახევარი ბელადი აქეთ ეგდო, ნახევარი - იქით.       ბელადმა დაიღმუვლა. დანარჩენებმაც დაიღმუვლეს.       ყველანი ახლო მოცვივდნენ და ორად გაყოფილ ბელადს დააცქერდნენ.       ბელადი დაიხარა, თავის ნაწილებს უყურა, ხელში აიღო, ატრიალა; იგის სეხედა, თანამოძმეებს შეხედა, ისევ ქვის ბელადის ნატეხებს დააცქერდა. ერთ ნატეხზე წელს ზევით იყო ბელადი, მეორეზე - წელს ქვევით. ბელადის კეტიც ნახევარი ერთ ნატეხზე იყო, ნახევარი - მეორე ნატეხზე.       იგი ზუს მზერას გრძნობდა.       უცებ ბელადმა ნატეხები მოიქნია და შორს გასტყორცნა. ნატეხები ბუჩქებში დაეცა და იქიდან მსხვრევის ხმა მოისმა. მსხვრევის ხმას საერთო ღმუილი მოჰყვა.       მერე ბელადმა კეტი მაღლა შემართა და, სიჩუმე რომ ჩამოვარდა, თქვა:  - როცა ცა დღის თვალს გაახელს და ქვეყნიერებას სიბნელეს გადააცლის, იგი ავა მაღალ ქარაფზე და დიდი დაძინების ხახაში ჩაეშვება.       ასეთი რამ ჯერ არც ერთ ბელადს არ ეთქვა.       შეშფოთებამ იგის თავით ფეხებამდე დაუარა.       იგი მიხვდა, რომ ქვეყნად რაღაც ახალი გაჩნდა. ბელადმა ახალი სიტყვები გააჩინა.       იგიმ არ იცოდა, მისი სხეულის რომელი ნაწილი გრძნობდა, რომ ეს სიტყვები აღარასოდეს გაქრებოდა და ყველა მომავალი ბელადის თავში იქნებოდა საშიში და გამზადებული, როგორც მომარჯვებული კეტი.       ირგვლივ დუმილი იდგა.       იგიმ ბელადს აარიდა თვალი და მზერა შორეული მთების სიმაღლეს მიაბჯინა. მთების დიდმა სიმშვიდემ შეშფოთების გემო ნელ-ნელა გამოდევნა სხეულიდან.       ყველანი მოხრილები იყვნენ, მაგრამ ბელადი ყველაზე მეტად იყო მოხრილი. გრძელი ხელები ლამის მიწაზე დასთრევდა. შუბლი ვიწრო და ბრტყელი ჰქონდა, კბილები - მრისხანედ და ავად დაკრეჭილი. მორიგეობით ინაცვლებდა ფეხს და ადგილზე ირწეოდა.       იგიმ იცოდა, რომ ან უნდა დამორჩილებოდა ბელადს, ან უნდა შებმოდა.       შებმას აზრი არ ჰქონდა: ასეთი ბელადის დანახვაზე ძლიერი ნადირიც კი დამფრთხალი გარბოდა.       ბელადი იგის უყურებდა და ელოდა.       ვიღაცამ გამოქვაბულიდან კეტი გამოუტანა იგის და ფეხებთან დაუდო. იგიმ კეტი აიღო. ბელადი დაიძაბა და შეიკუმშა.       რომც ჰქონოდა შებმას რაიმე აზრი, იგი მაინც უარს იტყოდა. სხეული დიდი სიმშვიდით იყო სავსე და ამ დიდ სიმშვიდეს ვერაფერს ვერ დაარღვევინებდა.       იგიმ კეტი ძირს დააგდო და ბელადს ზურგი შეაქცია.       მაშინ ბელადმაც დაუშვა კეტი და გამოქვაბულში შევიდა.       დანარჩენებიც მიჰყვნენ და შეწყვეტილი ჭამა განაგრძეს. ბელადმა ჯერ იგის წილი ხორცი შეჭამა, მერე თავის წილს დაუწყო ძიძგნა.               -----               იგი თვალებდახუჭული იწვა, მაგრამ არ ეძინა.       დიდი დაძინების ქარაფზე ხშირად ასელა, ოღონდ შუაწელს არასოდეს გასცდენია. მუდამ შუაწელზე რჩებოდა, ბოლო ხის ძირას. როცა ვინმე თავისი ფეხით ადიოდა ქარაფის წვერზე, რათა დიდი დაძინების ხახაში ჩაშვებულიყო, მაშინ დანარჩენები ბოლო ხის ძირას რჩებოდნენ; ხოლო თუ ვინმე გამოქვაბულშივე დაიძინებდა დიდი დაძინებით, კაცებს აჰქონდათ ქარაფის წვერზე; იქ ხელებში და ფეხებში მოეჭიდებოდნენ, გაიქნევდნენ, გამოიქნევდნენ და გადააგდებდნენ. იგი ამ დროსაც ბოლო ხის ძირას რჩებოდა სხვებთან ერთად. ახლა იგის ჯერიც მოვიდა. ცა რომ დღის თვალს გაახელს, იგი ავა დიდი დაძინების ქარაფზე და უკან აღარ დაბრუნდება.       სხვები? სხვები დაბრუნდებიან? იგის სხეულში დიდი გაკვირვება შევიდა და იქიდან ყველაფერი გამოდევნა.       როგორ დაბრუნდებიან სხვები, თუკი იგი აღარ იქნება? როგორ იარსებებენ, როგორ ინადირებენ, როგორ იტყვიან სიტყვებს? ან ბალახზე როგორ აბრჭყვიალდება მრგვალი წვეთი, ან წვიმა როგორ მოვა ქვეყანაზე? შეუძლებელი ჩანდა რაიმეს არსებობა, როცა იგი აღარ იარსებებდა. იქნებ იგი იარსებებს? იქნებ მთლიანად არ გაქრება? იქნებ ის რაღაც, რაც იგიც არის, ტყეც, ზღვაც, ცაც და ყველაფერი, დარჩეს ქვეყანაზე?       გამოქვაბულში ფაჩუნი გაისმა. იგიმ ცალი თვალი გაახილა. კუთხეში ვიღაცის ლანდი წამოდგა.       "ზუს ჰგავს, - უხმოდ თქვა თავის სხეულში. - სად მიდის ზუ?"       ზუ ფრთხილად მიიკვლევდა გზას თანამოძმეთა სხეულებს შორის. იგის რომ მიუახლოვდა, შეჩერდა. იგიმ თვალები დახუჭა და თავი მოიმძინარა. ზუს მზერას სითბოს სუნი მოჰყვებოდა. "რა უნდა ზუს?" - თავის სხეულში იკითხა იგიმ. მერე ზუს მზერა წავიდა და იგიმ თვალი გაახილა. ზუმ გასასვლელს მიაღწია და გამოქვაბულს გასცდა.       იგიმ დაძინება სცადა, მაგრამ ვერ დაიძინა. დიდხანს იწვალა. ბოლოს ადგა და ფეხიაკრეფით გავიდა გარეთ. ზუ არსად ჩანდა.       "რაღაც დარჩება იგისგან, - თავის სხეულში თქვა იგიმ. - ოღონდ იგიმ არ იცის, როგორ დარჩება რაღაც... ნეტა ზუ სად უნდა წასულიყო?"       ღამის თვალი ბრჭყვიალებდა და სხივებს ჰფენდა არემარეს და იქაურობას ანათებდა.       იგი ხის ძირას დაჯდა, თვალები მოჭუტა და ღამის თვალს მიაჩერდა. ასე უფრო ბრჭყვიალებდა სხივები.       "დღის თვალიც და ღამის თვალიც დიდი დაძინების ქარაფს იქით ეშვება, - უხმოდ თქვა იგიმ თავის სხეულში. - სად მიდიან? ან მერე რაღად ჩნდებიან შიშველი მთის თავზე? ქვის ნის მაგივრად რომ ქვის მძვინვარე მხეცი გაეკეთებინა იგის, მაშინაც გაბედავდა ბელადი გამოქვაბულიდან გამოსვლას? ქვის მძვინვარე მხეცი რომ გაეკეთებინა, ალბათ გამოქვაბულში არც შეცვივდებოდნენ, სულ გადაიკარგებოდნენ ამ არემარედან. ზუს რა უნდა გარეთ? სად წავიდა ზუ? დარჩება რაღაც, იგი რომ გაქრება, თუ არ დარჩება? ძველი ბელადი რომ ჩაეშვა დიდი დაძინების ხახაში, რა დარჩა მისგან? კვალი? არა. კვალი სხვა რამეა. იქნებ ის დარჩა, რომ იგი ამბობს: ძველი ბელადი. ძველი ბელადი რომ არ ყოფილიყო, იგი არ იტყოდა: "ძველი ბელადი". რაკი ძველი ბელადი იყო და გაქრა, იგი ამბობს: "ძველი ბელადი".       ბუჩქებიდან ფაჩუნი მოისმა. იგიმ ყურები ცქვიტა.       "ზუ იქნება". - უხმოდ თქვა თავის სხეულში და ხმადაბლა დაიძახა:  - ზუ!       ფაჩუნი შეწყდა. მერე ზუს ლანდმა მინდორი გადაირბინა. ხელში რარაც ეჭირა.       "ზუს ქვა მიაქვს". - თავის სხეულში თქვა იგიმ და კვლავ დაუძახა:  - ზუ!       ზუს არ მოუხედავს. ხელში ქვა ეჭირა, ის ქვა გულზე მიიხუტა, სირბილს მოუმატა და მალე ტყეში გაუჩინარდა.       იგი წამოდგა და იმ ბუჩქებისკენ გასწია, საიდანაც წეღან ფაჩუნი შემოესმა. ბუჩქის ძირას ქვის ბელადის ნამსხვრევები ეყარა. ნამსხვრევები ვიღაცას მოეგროვებინა და ისე მიედო ერთმანეთზე, როგორც მანამ იყო, სანამ დაიმსხვრეოდა. ოღონდ რამდენიმე ნატეხი აკლდა, რომლებზეც ბელადის ვიწრო შუბლი და ცალი ფეხი უნდა ყოფილიყო, იმიტომ რომ ქვის ბელადს ახლა შუბლი და ცალი ფეხი არ ჰქონდა.       აი თურმე რა უნდოდა ზუს!       იგი ბუჩქებიდან გამოვიდა. გამოქვაბულის შესასვლელთან ლანდს მოჰკრა თვალი. ლანდი გამოქვაბულიდან გამოდიოდა.       "ზუს არა ჰგავს, - უხმოდ თქვა იგიმ. - ნისა ჰგავს".       იგის სხეულში ნის სიტყვები გაჩნდა: "იგი ისეთი არ არის, როგორიც არიან სხვები. იგი სხვა ჯიშისაა". ნის სიტყვებმა იგის რაღაც ატკინა სხეულში.       ნიმ იგი შეამჩნია და მისკენ გამოეშურა.  - ნიმ დაინახა, იგი რომ გამოქვაბულიდან გამოვიდა, - თქვა ნიმ. - ნი იგის გამოჰყვა.       ნი ლამაზი იყო.  - რა უნდა ნის? - იგის ნის სილამაზემაც ატკინა რაღაც.       ნიმ წყნარად თქვა:  - ნის იგისთან უნდა.       იგის სხეულში ნი გულაღმა დაწვა და თვალები მილულა.  - კარგი, - თქვა იგიმ, - დაწვეს ნი.  - არა, - თქვა ნიმ და სახეში შეხედა იგის. ნის თვალებიდან უცნობი სხივები იფრქვეოდა. - ნის არ უნდა იგისტან დაწოლა.       იგის გაუკვირდა.  - აბა, რა უნდა ნის?  - ნის იგის გვერდით ყოფნა უნდა. ნის უნდა, რომ იგის გვერდით იჯდეს ხის ძირას.       "რა დაემართა ნის?" - უხმოდ იკითხა იგიმ და ყურადღებით დააცქერდა.       ადრე, სანამ ნაკადულის პირას ის მოხდებოდა, რაც მოხდა, იგისაც უნდოდა ნის გვერდით მჯდარიყო უხმოდ და ყველა სიტყვას სძინებოდა. მაგრამ ეს, ალბათ, იმიტომ უნდოდა, რომ ნი ლამაზი და თბილი იყო, ანდა იმიტომ, რომ იგი თურმე ისეთი არ არის, როგორიც არიან სხვები. ნის რარა დაემართა? ნუთუ არც ნია ისეთი...       იგიმ თავი გაიქნია და სიტყვები გაფანტა.       დასხდნენ ხის ძირას და ისხდნენ უხმოდ. მერე ნიმ თქვა:  - იგიმ ქვის ნი გააკეთა. რა უყო იგიმ ქვის ნი?  - იგიმ აქ დატოვა ქვის ნი. - თქვა იგიმ და უცებ სხეულში ზუ გაჩნდა, რომელსაც ხელში ქვა ეჭირა და ტყისკენ მირბოდა. "ქვის ნი მიჰქონდა ზუს. - უხმოდ თქვა იგიმ. - რად უნდოდა ზუს ქვის ნი?" - მერე ხმამაღლა დაუმატა: - სადმე იქნება ქვის ნი.  - იგის საკვირველი სიტყვები აქვს. - თქვა სიჩუმის მერე ნიმ. - ნის ენატრება იგის საკვირველი სიტყვები.       ნის სხეულიდან სითბო წამოვიდა. და უცებ ნი ისეთი გახდა, როგორიც იყო მანამ, სანამ ნაკადულის პირას ის მოხდებოდა, რაც მოხდა.       იგი საამო სითბოში გაეხვია და თვითონაც სითბოდ იქცა. სითბო ყველაფერს მოედო. ახლა ყველაფერი სითბო იყო; ახლა ყველაფერი იგი იყო და ახლა ყველაფერი ნი იყო.       იგის ხელმა ნის ხელი მოძებნა და ფრთხილად შემოეჭდო. ნის ხელი ოდნავ ტოკავდა.  - როცა იგი დღის თვალს უყურებს, იგის უხარია ნი, - წყნარად თქვა იგიმ და სიტყვები ისე შრიალებდნენ, როგორც შრიალებს ტყე, ნიავი რომ დაუბერავს. - როცა იგი ღამის თვალს უყურებს, იგის ენატრება ნი. ნის თვალები ისეთია, როგორიცაა მთვლემარე ზღვა; ნის თმა ისეთია, როგორიცაა ჩამოცვენილი ფოთოლი. როცა იგი მარტოა, ნი ჩნდება იგის სხეულში და იგი აღარაა მარტო. როცა იგის ნის სუნთქვა ესმის, იგის ჰგონია, რომ ნის სუნთქვაა ის რაღაც, რის გამოც ყველაფერი ერთი და იგივეა, რის გამოც იგი ყველაფერშია და ნიც ყველაფერშია...       ნის ხელი ოდნავ ტოკავდა. მერე ნიმ მიავივით დაიჩურჩულა:  - იგი ისეთი არ არის, როგორიც არიან სხვები. იგი კარგია.       ქარაფის შუა წელზე, ბოლო ხესთან, ყველანი შეჩერდნენ.       იგიმ მარტო განაგრძო გზა აღმართში.       ნელა მიაბიჯებდა. გამართული. თავაწეული. ქარაფის წვერს ახლადგახელილი დღის თვალი დაჰნათოდა. მკაფიოდ ჩანდა ყოველი ბუჩქი, ყოველი ბალახი, მიწის ყოველი ნამცეცი.       ქარაფის წვერზე დიდი სინათლე იყო.       იგი ნელა მიაბიჯებდა.       ეს გზა იმთავითვე იგისთვის იყო გამიზნული. ვიღაცამ თუ რაღაცამ იმთავითვე იცოდა, რომ იგი უნდა გამართულიყო და მერე ასე გამართული ასულიყო დიდი დაძინების ქარაფზე. ამიტომ ეხმიანებოდნენ შორეული ქედები: გაიმართოს იგი! ამიტომ დუდუნებდა ვრცელი ზღვა: გაიმართოს იგი! ამიტომ ჩამოსძახოდნენ ცა და ცის თვალები: გაიმართოს იგი! ნის საკვირველი სითბოც მუდამ გამართვას მოითხოვდა იგისგან.       სხვანაირად არ შეიძლებოდა. იგი უნდა გამართულიყო და მერე ასე გამართული ასულიყო დიდი დაძინების ქარაფზე.       ბელადი ქვემოთ იცდის, ბოლო ხესთან. დანარჩენებიც იქ იცდიან.       "იგი ბელადზე უფრო ძლიერია". - მოულოდნელად თქვა იგიმ თავის სხეულში და უკან მოხედვა მოუნდა, მაგრამ არ მოუხედავს.       მშვიდად მიაბიჯებდა.       "ისიც რომ იცოდეს იგიმ, - უხმოდ ამბობდა იგი, - რა დარჩება მისგან, როცა ქარაფის წვერიდან გადაეშვება, მაშინ ყველაფერი ისე იქნებოდა, როგორც იყო წუხელ, ღამის თვალი რომ ბრჭყვიალა სხივებს აფრქვევდა ქვეყანაზე და იგი და ნი გვერდიგვერდ ისხდნენ ხის ძირას. მაგრამ ამის ცოდნა იგიმ ვერ იპოვა. ძველი ბელადისაგან კვალი დარჩა. მაშინ წვიმა მოდიოდა. ახლა წვიმა არ მოდის და იგის კვალი არ დარჩება... თუმცა კვალი სხვა რამეა; კვალი არ არის ის, რაც უნდა დარჩეს".       იგიმ ქარაფის წვერს მიაღწია.       ისინი ქვენოთ უცდიან, ბოლო ხესთან.       იგი ისე სწრაფად მოტრიალდა, თითქოს რაღაცამ უბიძგა და ძალით მოატრიალაო.       და უცებ შეკრთა. სხეულში თბილმა ტალღამ დაუარა. და სანამ თვალები მიხვდებოდნენ, რა დაინახეს, სიტყვებმა უხმოდ თქვეს: "იგიმ იცის რა დარჩება მისგან!"       ისინი იდგნენ მოხრილები, გრძელი ხელები კოჭებამდე დასტრევდათ, ვიწრო შუბლები მიწისათვის მიეშვირათ და ქვემოდან შემოსცქეროდნენ იგის.       ხოლო ბოლოში, ყველაზე უკან იდგა ზუ. და იგის თვალები ისე იყვნენ გაკვირვებული, რომ გვიან მოხვდნენ: ზუ იდგა გამართული, მხრებში გაშლილი, თავი მაღლა აეწია, მშვიდი მზერით შემოჰყურებდა ქარაფის წვერს.       და იგი მიხვდა, რომ ყველაზე უფრო, ცის თვალზე, შორეულ ქედებზე, ზღვაზე და ტყეზე უფრო, მისი წელში მოხრილი, ვიწროშუბლიანი ძმები შესთხოვდნენ და ევედრებოდნენ: გაიმართოს იგი! დაწინაურდეს იგი!       იგის სხეულში დიდი სისწრაფით შემოიჭრა ურიცხვი ტომი. ყველა გამართული იყო, ყველა - მხრებში გაშლილი. ცას უყურებდნენ. სხივოსანი თვალები ჰქონდათ. მხრებზე რარაც თეთრი წამოესხათ და ეს თეთრი მოსასხამები დღის თვალის შუქზე დღის თვალებივით ლაპლაპებდნენ. და საკვირველი ტომი ისე შემოიჭრა იგის სხეულში, რომ იქ ყველაფერი გაანათა.       იგი ზუსაც უყურებდა, სხივოსან ტომსაც და თავის განათებულ სხეულსაც.       მერე უკან გადადგა ნაბიჯი. სახეზე სითბოს სუნი ასდიოდა.       კიდევ გადადგა უკან ნაბიჯი და, ფეხმა რომ ქვეშ მიწა ვეღარ იგრძნო, უხმოდ თქვა თავის სხეულში: "იგისგან სწორედ ის დარჩა, რაც იგიში იგი იყო".  ჯემალ ქარჩხაძე …
დაამატა თათია to ლიტერატურა at 2:37pm on ივლისი 11, 2014
თემა: აკა მორჩილაძე - ჟურნალისტი
იცოდნენ, ვინ იყო და რას წარმოადგენდა. ერთი იმას თუ გაიხსენებდნენ, რომ ოდესღაც დედაქალაქიდან გადმობარგებულიყო, რადგან იქ ხელი მოსცაროდა და ცხოვრების გამოსავალი, სახსარი და ხალისი ვერ ეპოვა. იმასაც ამბობდნენ, ცოლმა გამოაგდო სახლიდან, როგორც უიღბლო და უნიათოო. უნიათობისა მართლაც არაფერი ეტყობოდა. დედაქალაქის გაზეთებში ნამუშევარი, აქ ულაპარაკოდ მიიღეს, მაგრამ მალევე გაირკვა, რომ მას მუშაობის ახირებული ხერხები იზიდავდა.        პოლიციელებთან ურთიერთობა ვერ ააწყო, ერთი სანდო კაციც კი ვერ გაიჩინა მათ შორის და ამიტომ ყოველი ახალი ამბის მოპოვებას შემოვლითი გზით ცდილობდა. ამბავს კი მოიპოვებდა ხოლმე, თუმცა სხვანი რომ ყველაფერს ერთი დარეკვით შეიტყობდნენ, მას ათასი რამის გაკეთება უხდებოდა, თუნდაც ძალიან უმნიშვნელო საქმის გამო. რედაქციაში ატყობდნენ, რომ ის ბევრს და ხშირად სვამდა. შემხმარი და ფერდაკარგული კაცი იყო, კარგად მოთელილი პიჯაკი და მამაკაცურად ნარეცხი და ნაუთოები პერანგები ეცვა. სამსახურში ცოტას ლაპარაკობდა, სათვალეს მოირგებდა და ისე მიუჯდებოდა საბეჭდ მანქანას. თვალები ყოველთვის დასიებული ჰქონდა, ან უძილობისგან, ან მეტისმეტი სმისგან. უბეში ყოველთვის ედო მეექვსედგალონიანი ბრტყელი მათარა და მალიმალ მოიყუდებდა ხოლმე. ამბობდნენ, სადღაც გარეუბანში ცხოვრობსო. იმ დილით, როცა წესისამებრ შეაბიჯა პოლიციის დეპარტამენტში, რათა მორიგე სერჟანტთან წინადღის შემთხვევათა ნუსხა მიეღო, რა თქმა უნდა, სასაფლაოზე მომხდარ მკვლელობას მიაქცია ყურადღება. მოკლულის ვინაობა დადგენილია? ჰკითხა სერჟანტს. არა, იყო მოკლე პასუხი: მოკლული ამ დილით იპოვეს. დანით მოკლეს? ტყვიით, განზე გაიხედა სერჟანტმა. აუცილებლად მჭირდება ვინაობა. გამომძიებელს ჰკითხეთ, იყო პასუხი: მაგრამ ჯერ დადგენილი არ არის. გამომძიებელიც არ არის. სასაფლაოზე წავიდა. გვამი აქ არის?         აქ არის. მინდა ვნახო. არ შეიძლება. სისულელეს ნუ ლაპარაკობთ, აი, ჩემი მოწმობა. საბუთი მაგიდაზე დაუგდო და დერეფანს გაუყვა. ეშმაკმა წამიღოს, ფიქრობდა მერე: რა კარგად ვიცნობდი ამ კაცს. წიგნიც კი მაჩუქა ერთხელ, მესამე თუ მეოთხე შეხვედრისას. კარგი კაცი იყო. ჟურნალისტს გაახსენდა, როგორ წამოდგა ეს კაცი და ქუჩა გადაჭრა, სასტუმროს სადარბაზოში შევიდა ჩქარი ნაბიჯით. იქიდან მალევე გამობრუნებულს კი ხელში წიგნი ეჭირა. კაფეს პატრონ ქალს ფანქარი გამოართვა და იქვე წაუწერა: „დილის თანამეინახეს. აფრიკიდან“ წიგნი ახლაც სახლში ჰქონდა, თუმცაღა არ წაეკითხა. როგორღაც გული ვერ დაუდო, გადაფურცლა და მალევე მიივიწყა. აფრიკა არასოდეს უყვარდა. წიგნი შუა აფრიკის ერთი ტომის ცხოვრებას აღწერდა. უფრო სწორედ ამ ტომის მეფეთა დინასტიის თავგადასავალს. ისეთი ტომი იყო, რომ მეფეებად სულ ქალები ჰყავდათ. წიგნი მათი ამჟამინდელი დედოფლის ნაამბობს ეფუძნებოდა, „შïვი ვïრდი“ ერქვა და ზედ ულამაზომკერდიანი ზანგი დედოფალი ეხატა. ჟურნალისტი პარკსიქეთა უბანში ხშირად დადიოდა, ერთხანს კიდეც ცხოვრობდა იქ, თუმცა, სამსახურში ამის შესახებ არაფერი უთქვამს. არც უკითხავს ვინმეს, მაგრამ რომც ეკითხა, არ უპასუხებდა, რადგან საღამოს გაზეთი საკუთარ თავს რესპექტაბელურ დაწესებულებად მიიჩნევდა და ცირკის შორიახლოს დასახლებული თანამშრომლები არ სჭირდებოდა. თუმცა ჟურნალისტს ეს არ ედარდებოდა. ამგვარ უბნებს შეჩვეული იყო და თანაც გასამრჯელო, რომელსაც შემთხვევათა რეპორტიორისთვის იმეტებდნენ ასეთ გაზეთებში, სწორედ ასეთ უბნებში ცხოვრების საშუალებას იძლეოდა. მწერალიც იქ გაიცნო ჟურნალისტმა და მათი მეგობრობა მანამდე გაგრძელდა, სანამ ჟურნალისტმა ახალი, უფრო იაფი საცხოვრებელი ადგილი არ გამონახა. იმის შემდეგ სულ ორიოდეჯერ შეხვდნენ ერთმანეთს და ისიც შემთხვევით. ერთხელ დოღზეც გადაეყარნენ ერთმანეთს, სადაც ორივემ წააგო. მაშინ მწერალი როგორღაც უცნაურად გამოიყურებოდა, შლაპა თვალებზე ჩამოეფხატა და სკამზე ჩამოძინებული კაცივით ჩაექინდრა თავი... ჟურნალისტმა იფიქრა კიდეც, ვიღაცას ხომ არ ემალებაო. მაშინ უბრალოდ, ძველი ნაცნობებივით გამოელაპარაკნენ ერთმანეთს. აღმოჩნდა, რომ ერთ ცხენზე დაედოთ ფსონი. სეზონის ბოლო რბოლა იყო. ხვალ უნდა წავიდე დოღზე, გაიფიქრა ჟურნალისტმა, „უდაბნოს პრინცი“ მოიგებს. ახლა კი სასაფლაოზე წავალ.        ტრამვაიში იმ კაფეს სახელს იხსენებდა, მწერალს სადაც ხვდებოდა ხოლმე პარკსიქითა უბანში. იმ სასტუმროს „თეთრი საყელო“ ერქვა, კაფეს კი „კამპუსი“, თუ „ლანუსი“. თავად მწერალიც აპირებდა ამ უბნიდან დაძვრას. საერთოდ, საკვირველი იყო, რომ აქ ცხოვრობდა. ცხადი იყო, რომ ამ ქუჩაზე გაჭირვებას ანდა ხელჩაქნეულობას არ მოეყვანა. მისი ნაწერებიდან გამომდინარე, თითქოს რაღაცის გამოკვლევას აპირებდა. მოულოდნელი კი ის იყო, რომ კვლევა მშობლიურ ქალაქში წამოეწყო და თანაც – ხალხისთვის შეუმჩნევლად. იმას ვერ იტყოდი, რომ აქ მას სახეზე ცნობდნენ, მაგრამ ბევრი ნაცნობი რომ ეყოლებოდა, ლაპარაკი არ უნდოდა. ერთხელაც, დილით, მწერალმა უთხრა ჟურნალისტს, რომ აქედან გადასვლას აპირებდა. პატარა, მყუდრო ბინის ქირაობა სურდა სადმე, მოყუჩებულ ადგილას, რათა უკვე დაგეგმილ და მოფიქრებულ წიგნს ჩასჯდომოდა სიმშვიდეში. როგორც ამბობდა, წიგნის დასაწერად სამი თვეღა ჰქონდა დარჩენილი. დედაქალაქის მოზრდილ გამომცემლობასთან დადებული კონტრაქტი ახრჩობდა. ამ უბანში წერა შეუძლებელია. აქ ვერაფერს შექმნი. აქ რომ ცხოვრობ, წერა არ გინდება, რადგან ეს ყველაფერი რომანზე ან თავგადასავალზე ბევრად უკეთესი და ცოცხალია. ამიტომ აქაურობას უნდა მოშორდე, მაგრამ თან აქაურ ჰაერს უნდა გრძნობდე. გადავიდოდი სადმე კარგ სასტუმროში, მაგრამ ეგეთ ადგილებში ნაწერს ეგეთი ადგილების სუნი ასდის. „შავ ვარდს“ ნაირობიში ვწერდი, საუცხოოდ გამომივიდა. მაგრამ ახლა სხვაგვარი წიგნი მინდა დავწერო. მინდა ïმ უბანში სიყვარულის შესაძლებლობასა და მის ბოლოზე ვიფიქრო, თქვა მაშინ მწერალმა. სიყვარულის შესაძლებლობაზე? თითქოს გაუკვირდა ჟურნალისტს.        ჰო, აქ შესაძლებელია სიყვარული? რომეო და ჯულიეტა არ მაინტერესებს. მაინტერესებს ორი ჩვეულებრივი, ცხოვრებისგან ნაცემი ადამიანი, რომელიც აი, ამ საზიზღარ კაფეში გაიცნობს ერთმანეთს. საერთოდ რა არის გაცნობა? შემთხვევითობაა? რა მოჰყვება სექსს? ჩემთვის იოლია ორი მორგებული ხასიათის არჩევა. ამაზე იოლი არაფერია. მაგრამ ეს რომანი იქნებოდა. მე რომანი არ მინდა. მე არ ვწერ რომანებს. მე ნამდვილ თავგადასავლებს ვეძებ. გასაგებია, გაეღიმა ჟურნალისტს, მაგრამ ესეც ხელოვნურია. ალბათ, თქვენ რაღაც მახეებს აგებთ, რათა რაღაც მოვლენა გამოიწვიოთ. თქვენ მონაწილე ჩანხართ და არა მოთვალთვალე. თუნდაც ასე იყოს. მხოლოდ მე ვიცი, რომ ხელოვნურია. მაგრამ მე წესებს ვიცავ. თუმცა, ძალიან მიჭირს, ძალიან. თქვა მწერალმა: პასუხები არ არის. არავინ იცავს წესებს.        უბრალო რეპორტიორი ვარ. ჩემთვის ძალიან ძნელია ეს, ხელები გაშალა ჟურნალისტმა. მე ცოლი მივატოვე შვიდი წლის წინათ, თქვა უცებ მწერალმა: ძალიან უცნაურად მივატოვე. მშვენივრად ვიყავით ერთად. მაგრამ ვერ გავუძელი ასეთ ჩვეულებრივ ურთიერთობებს. რაღაც ნაპერწკალი მინდოდა. ის რომ წასულიყო ასე, გამოვეკიდებოდი. მე წამოვედი და არ გამომეკიდა. ესე იგი, ყველაფერი ისე მოხდა, როგორც უნდა მომხდარიყო. როცა მოვდიოდი, წერილი დავუტოვე. ვწერდი, გემშვიდობები-მეთქი, მაგრამ იმასაც ვწერდი, სად და რომელ საფოსტო კანტორებში მივაკითხავდი მის წერილებს. ის ვერ მიხვდა, რომ ეს სიყვარულის გამოცდა იყო. ანდა, მიხვდა და ასე ჩააბარა. საინტერესოა, თქვა ჟურნალისტმა და კიდევ ერთი პორცია დაუკვეთა. თქვენ ბევრს სვამთ, შენიშნა მწერალმა. შეიძლება ითქვას, რომ ჩემი სმა ჩემი გამოცდა იყო, გაიცინა ჟურნალისტმა: ეს გამოცდა საერთოდ ვერავინ ვერ ჩააბარა. მწერალს გაეცინა. მეტიც, უნივერსიტეტიც კი დაწვეს.         მართლა? ჰო, შინ მოვედი და არავინ დამხვედრია. კინაღამ ციხეში მოვხვდი. ჰო, გრძნობათა მართვა ძალიან ძნელია, თუმცა ამას ყოველთვის ვახერხებდი ასე თუ ისე. მწერალს ერთი სათხოვარი ჰქონდა. რახან გული დიდად არ მიუწევდა სხვა უბნებისაკენ, ხოლო გაზეთეBბში ამოკითხული განცხადებებით ხეირიანს ვერაფერს მიაკვლია, ჟურნალისტს სთხოვა, მოცალეობის ჟამს ან გზად, რომელიმე სამაკლერო კანტორაში შეევლო და იქაური სიები წამოეღო მისთვის. რამდენჯერმე მოუბოდიშა ამ თხოვნის გამო, თუმცა, ჟურნალისტმა ბოდიში არ მიიღო, მაინც მთელ ქალაქს ვუვლი ფეხით და ეგ რა გასაჭირიაო. ასე მოხვდა სამაკლერო კანტორში, სადაც ერთი ეშხიანი, ცალსაყურიანი ქალი უჯდა უბრალო მაგიდას. თუნდაც მათხოვარი იყო, ასეთ დაწესებულებებში მაინც ღიმილით მოგეგებებიან ხოლმე. მაგრამ ჟურნალისტმა გაიფიქრა, რომ საინტერესო იქნებოდა ამ ქალთან ერთად რაიმეს დალევა აქვე, ქუჩის მეორე მხარეს. წვრილი კანჭები ექნება, უთხრა თავის თავს და სცადა, მაგიდის ქვეშ ეს კანჭები შეეთვალიერებინა. მას უცებ გაახსენდა, რომ ძალიან მოენატრა ქალები, რომელთაც მატარებლით გამოექცა დედაქალაქიდან. ბინის ქირაობას აპირებთ? მხიარული ქალი ჩანდა. ჩემი მეგობარი აპირებს. თქვენ კი არა? კრიზისის წლებში, როცა ჩვენს კანტორაში მოდიოდნენ, არასოდეს ამბობდნენ ბინის ყიდვა გვინდაო. სულ ასე ამბობდნენ, ჩემს მეგობარს უნდაო. ეტყობა, რცხვენოდათ, რომ იმ გაჭირვების დროს ფული ჰქონდათ. მე მაგ დროს დედაქალაქში ვცხოვრობდი, წაიბურტყუნა ჟურნალისტმა: გაზეთში ვმუშაობდი და იქ შედარებით უკეთ ვიყავით. თუმცა, ხორბლის სპეკულანტები კი მდიდრდებოდნენ. დედაქალაქში მუშაობდით? კი, იქაური ვარ. ჟურნალისტად? ასე იყო. კი მაგრამ, რას გამოექეცით იქიდან?         სიყვარულს გამოცდებს ვუწყობდი, გაეცინა კაცს. ძალიან პირობითი რამე თქვით. ასეთი რამ არ არსებობს. ჩვენს დროში უფრო გატაცებები და სურვილებია, ვიდრე სიყვარული.დედაქალაქი დამღლელი ადგილია. თანაც, ჟურნალისტობა აქაც შესაძლებელია. საღამოს გაზეთში ვმუშაობ. მართლა? მე კი მეგონა, რომ უფრო ხეტიალი გიყვართ და ამ ქალაქშიც შემთხვევით მოხვდით. შემორჩით და ახლა ბინის დაქირავება გადაწყვიტეთ სამი თვით. შეცდომაა, მიუგო ჟურნალისტმა: ხეტიალი არ მიყვარს. მარადი მგზავრივით გაცვიათ. ეს ჩვეულებაა. ძველი ჩვეულება. პროფესიას ახლავს გაცვეთილი პიჯაკი. და დასიებული თვალები, არა? იხუმრა ქალმა. ოო, თვალებში ტკივილი გროვდება. გამოსასვლელი არა აქვს. რას ვიზამთ? ადამიანს ძალიან ცოტა ადგილი აქვს სხეულზე, საიდანაც რაღაცეების გამოშვება შეუძლია. თქვენ მართლა ჟურნალისტი ყოფილხართ. მხოლოდ ჟურნალისტებს უყვართ ასეთი რაღაცეების ლაპარაკი. ნებისმიერ სილამაზეს რაღაც ბზარს უპოვიან და იქიდან ექაჩებიან სიბინძურეებს. თავგადასავლები არ მიყვარს. პირიქით მგონია. თქვა ჟურნალისტმა: თქვენ ლაპარაკი გიყვართ, უცნობ ადამიანებთან რაღაცეების გარკვევა. თავგადასავალი კი აქედან იწყება. თქვენ მზად ხართ თავგადასავლისთვის? თითქოს გაუკვირდა ქალს. ერთადერთი, რისთვისაც ახლა მზად ვარ, ვისკის ორმაგი პორციაა, უთხრა ჟურნალისტმა: ქუჩის გადაღმა კაფეა, ახლა დაგტოვებთ და იქ ვიჯდები, სანამ თქვენ არ განთავისუფლდებით.        ეს სერიოზულია? ჰკითხა ქალმა. ეს შემთხვევაა, შემთხვევა კი თავგადასავლის დასაწყისია. თამაშის დასაწყისი. თამაში ნამდვილად შეიძლება, ხალისიანად მიუგო ქალმა. მერე, როცა ყავას სვამდნენ ქალთან, პაწაწინა სამზარეულოში, მასპინძელი ამბობდა: თავიდან ბოლომდე ბოთლს ჰგავხარ. უცნაურია, არა? არ მინახავს ვინმე, რომ ასე ჰგავდეს ბოთლს. საიდან მოიტანე? მარტინის ბოთლს ჰგავხარ. წითელი მარტინის ბოთლს. მხოლოდ ფსკერზე რომაა დარჩენილი რაღაც წითელი და დავიწყებული. კაცმა ყავა მოსვა და წამოდგა. შენ კიდევ კატას ჰგავხარ, არ გვინდა იმაზე ფიქრი, ვინ რას ჰგავს. შემოვივლი ხოლმე, თუ არ გაგაბრაზებს ეს ამბავი. არა, რატომ... შეიძლება ხშირად შემოვიარო, შეიძლება თვეობით არ გამოვჩნდე. ის გამიკვირდებოდა, რაიმე სხვაგვარი რომ გეთქვა. არც ვაპირებ ხელშეკრულების გაფორმებას. მეც ან დაგხვდები, ან არა. უცნაურია, თქვა კარისაკენ მიმავალმა: ძალიან უცნაური. საერთოდ არ მხსომებია, რა და როგორ. სამაგიეროდ, სმა გეხერხება, დაადევნა ქალმა სმა გამოგდის ლამაზად. ისე სვამ, როგორც ჰემფრი ბოგარტის გმირები.        დაქანცული ხალხი ვართ. ვინა? მე და ჰემფრი ბოგარტის გმირები. სასაფლაოზე მისული ჟურნალისტი დარაჯს გადაეყარა. მას მორიგეობა დაესრულებინა და შემცვლელთან ერთად იჯდა ჯიხურის წინ. რამდენ ხანს უნდა ველოდო? ამბობდა ნაწყენი და იაფფასიან ჩიბუხს ექაჩებოდა: უკვე მთელი საათია, რაც შევიდნენ და ჯერაც არ ჩანან. რაც გავიგონე, დილითვე ვუთხარი. თერთმეტის ნახევარია და არ მისაუზმია. ვის სიამოვნებს უზმოზე მოწევა? უკვე მეორედ მოვიდნენ. ჩვენ წავალთ და მალევე დავბრუნდებით. აქედან ფეხი არ მოიცვალოთო. რას ნიშნავს ფეხი არ მოიცვალოთ? პოლიციელები არიან? წვიმას იწყებს, ისინი კი ისევ იქ არიან. ერთი მელოტი, სამხრეთელი და მეორე მაღალი, მისი თანაშემწე. რამდენჯერ უნდა დამკითხონ? გასროლა არ გამიგონია. რაღაც ხმაური გავიგონე და მორჩა. ჟურნალისტი საფლავებს შორის მიდიოდა. ერთი ბილიკი ამოირჩია და იმით დაადგა დარაჯებისგან ნასწავლ გზას. არეული ნაბიჯით მიდიოდა ჯვრებსა და ქვებს შორის. ვინ მოიგონა საფლავებზე ნიშნების დადება? ფიქრობდა ჟურნალისტი: რას ნიშნავს წარწერები, რომ აქ წევს ესა და ეს? გვამისთვის ხომ სულერთია, სად წევს? მას ცოცხლებისთვის თუ აქვს მნიშვნელობა, თორემ მკვდრებისთვის – არანაირი. მკვდრები სულ სხვა რაღაცაზე ფიქრობენ. ორ ცაცხვს შუა, მარჯვენა მხარეს მან დაინახა მერხზე ჩამომჯდარი ორი კაცი, რომლებიც აუჩქარებლად აბოლებდნენ სიგარეტს და ხმადაბლა ლაპარაკობდნენ. გამარჯობათ. მე საღამოს გაზეთიდან ვარ, უთხრა ჟურნალისტმა: აქ მოხდა ის ამბავი? ჟურნალისტები საფლავშიაც არ მოგასვენებენ, წაიბურტყუნა მაღალმა. ასეა, გაეცინა მოსულს: მე ვიცნობდი მოკლულს. მეც შემიძლია გიამბოთ რაღაც, თუ თქვენ მიამბობთ. მელოტმა თავი გადააქნია.        მოკლულის ვინაობა ჯერ არ დაგვიდგენია და საიდან იცით, რომ თქვენი ნაცნობი იყო? ვიცანი. გვამი ნახეთ? ვნახე. მწერალი იყო. შარშან რამდენჯერმე შევხვდი. მაგრამ ასე არ გამოვა. ეგებ თქვენც მითხრათ რაიმე. ჩვენ რა უნდა გითხრათ? გაუკვირდა მაღალს: აი, ამ საფლავის ქვაზე ეგდო. დილით მებაღემ იპოვა. ამ საქმეში ქალია გარეული? ჰკითხა უცებ ჟურნალისტმა. საიდან მოიტანეთ? რა ვიცი, ეს ყველაფერი ძალიან რომანტიკულია. მოღრუბლული დილა სასაფლაოზე. ორი ჩაფიქრებული კაცი. წინა ღამით კი მწერალი მოკლეს ზუსტად ამ ადგილას. ქალი აუცილებლად იქნებოდა, სასაფლაოზე თუ არა, ცხოვრებაში მაინც... ეგებ თავი მოიკლა? დამხვდურებმა ერთმანეთს გადახედეს. გამორიცხულია? ეგებ თავი მოიკლა. თუ, რა თქმა უნდა, იარაღი იპოვეთ. აქ იყო იარაღი? მელოტი თითქოს არც უსმენდაო, განზე იყურებოდა.        იყო იარაღი? პატარა, მონიკელებული რევოლვერი, რომელსაც სულ თან ატარებდა, აქ ეგდო? იცრუა ჟურნალისტმა. გამომძიებელმა ამოიოხრა. ვხედავ, არ გსიამოვნებთ ჩემი აქ ყოფნა, მაგრამ ასეთი ხელობა მერგო, გაიცინა ჟურნალისტმა: კარგად ბრძანდებოდეთ. საღამოს გაზეთი წაიკითხეთ. და გატრიალდა და წავიდა, გაჰყვა მოკირწლულ ბილიკს. წყეული ლოთი, გადააფურთხა თანაშემწემ. არ ვიცნობ, თქვა გამომძიებელმა. ათაშანგივით კაცია, ვერ მოიშორებ, თუ ერთხელ შემოგეჩვია. სულ სასმელის სუნი ასდის. ლოთს არ ჰგავდა. ნეტავი მართალი თქვა? მაგათ ათასი ხერხი იციან, რომ რაიმე გამოგტყუონ. ო, მაგრამ ჩვენთან მუშაობენ, ტყუილი კი არ გამოადგებათ. ხვალაც ხომ უნდა მოვიდნენ? რევოლვერზეც ზუსტად თქვა. ეს კალიბრია. თქვენს ადგილას რომ ვიყო, ახლავე დავაკავებდი და დავკითხავდი. მართლაც ცუდად მენიშნა, რევოლვერზე რომ ჩამოაგდო სიტყვა. ნუ ცხარობ. მართლა თუ იცნობდა და მართლა თუ მწერალია, გასაკვირი რაღაა. წაიკითხე საღამოს გაზეთი და იქიდან გიპასუხებს ყველაფერს.        მაგრამ საღამოს გაზეთში არაფერი ეწერა. უფრო სწორედ, ჟურნალისტმა მოკლულის ვინაობაც კი არ გაამხილა, თუმცა, მშვენივრად იცოდა, რომ დილის გაზეთები პირველ გვერდებს ააჭრელებდნენ, მწერალი მოუკლავთო. ბევრი რამ რომ იცოდა, რედაქტორისთვის არ გაუმხელია. უთხრა, საღამოს პირზე უკვე ყველაფერი მეცოდინება, მაგრამ საგაზეთოდ აღარ მოესწრებაო. ასე იმიტომ მოიქცა, რომ როგორღაც არ მოუნდა, თავისი ძველი ნაცნობი ჩვეულებრივ საგაზეთო სტატიაში ჩვეულებრივად მოეხსენიებინა. მეორე საღამოსთვის კი ნამდვილ ბომბს ააფეთქებდა, რადგან შეატყო, გამომძიებელი გვიან საღამომდე არ გაამხელდა მოკლულის ვინაობას, რაც დილის მეგაზეთეებს ხელ-ფეხს შეუბორკავდა და იმავე დღეს რაიმე მნიშვნელოვნის მოჩხრეკას ვეღარ მოახერხებდნენ. მხოლოდ ვინაობის გამხელა კი, აბა, რა დიდი საქმე იყო. სამაგიეროდ, თვითონ ერთ-ორ ამბავს გადაამოწმებდა და მოზრდილ სტატიასაც გამოაცხობდა. რედაქციიდან გამოსულმა კაფეში შეირბინა და ლიმონჩაწურული არაყი გადაჰკრა, მერე დიდი სანდვიჩი იყიდა ქუჩის კუთხეში და პარკის კიდეზე ჩამომჯდარმა შეჭამა. საერთოდ ცოტას ჭამდა, მაგრამ სალმონის სანდვიჩი კი უყვარდა. თევზს ხომ უცნაური უნარი აქვს, ყოველთვის ცინცხალი იყოს. სანდვიჩი მიირთვა, ერთი გააბოლა და მერე პარკის ყვითელ ნაპირს გაუყვა იმ უბნისაკენ, სადაც გასულ შემოდგომაზე ცხოვრობდა. მთავარ ქუჩაზე პირდაპირ პარკიდან გავიდა, ზუსტად იმ ადგილიდან, სადაც კვარცხლბეკზე ძველი, ცისკენ ლულააპრეხილი ზარბაზანი იდგა, რომელსაც ამ უბანში ძალიან ცუდ სახელს ეძახდნენ. ღამღამობით ზარბაზანთან ხალხი იკრიბებოდა ხოლმე: მეძავები და უქონელი, მოლაზღანდარე ბიჭები. ბBიჭები ცდილობდნენ რაიმე ნაძლევზე გამოეწვიათ მეძავები, ეჯობნათ და ამით რაღაცა გამოეტყუათ. ჟურნალისტი ერთი ვიწრო ჩიხისკენ მიდიოდა, სადაც ადრე ასევე მეძავები იდგნენ, ოღონდ ისეთები, რომელთა შეთვალიერებაც კი გაუჭირდებოდა კაცს. ისინი ღატაკთა და უქონელთა მეძავები იყვნენ და სადარბაზოების ვიწრო კარებთან ატუზულიყვნენ. კლიენტი ამ ჩიხში ცოტა იყო, გამვლელი – კიდევ უფრო ცოტა. წივილ-კივილი მაშინ ატყდებოდა ხოლმე, როდესაც ვინმე უცხო, რომელმაც აქაურობისა ბევრი არაფერი იცოდა, ჩიხში შეაბიჯებდა. მეძავები ასეთების გაძარცვის ოსტატები იყვნენ, გარბოდნენ და უჩინარდებოდნენ. სექსის ადგილად სადარბაზო ჰქონდათ და საკმარისი იყო, ერთს გაეძარცვა ვინმე ფულის წინდაწინ გადახდის დროს, რომ ყველანი უჩინარდებოდნენ. სწორედ ამ ჩიხში, ერთ-ერთ ბნელ ბარში, იჯდა ხოლმე კაცი, რომელსაც ჟურნალისტი ეძებდა. ეს კაცი ჩუმ-ჩუმად ჰაშიშსაც ყიდდა და, როგორც ამბობდნენ, უიაფეს მეძავთა მეთაურიც იყო. ჟურნალისტი ადამიანთა იმ მცირერიცხოვან გუნდში ჩაითვლებოდა, ვისაც ამ კაცთან საუბრის გაბმა შეეძლო. ამგვარი პატივი კი იმიტომ დაემსახურებინა, რომ ერთხელ, საპოლიციო ალყის დროს, რაც ასე ხშირი იყო პარკსიქითა უბანში, პოლიციელთათვის შეუმჩნევლად მისთვის დახმარების ხელი გაეწოდებინა. მადლობის ნიშნად, სუტენიორს მისთვის მუქთა ქალი შეეთავაზებინა, მაგრამ უარი მიეღო, რასაც კიდევ უფრო გაეოცებინა. მან ხომ არ იცოდა, რომ ჟურნალისტი ქალებს ერიდებოდა. მაშინ სუტენიორს ეთქვა, თუკი ჩემი მოკლე ენა ოდესმე რამეში დაგჭირდეს, მეგობრად მიგულეო და იშვიათად, ჟურნალისტი შეუვლიდა ხოლმე მას ბნელ და საზიზღარ ბარ „კონტრაში“, რომელიც, როგორც ჩანდა, სწორედ ამ კაცს ეკუთვნოდა.        სუტენიორი ახლაც ბარში დაუხვდა. მაგიდაზე შლაპა ედო და გაუპარსავი და გამოუძინებელი იყო. რას დალევ? ჰკითხა უხალისოდ. დილიდან ლიმნიან არაყზე ვარ, მიუგო ჟურნალისტმა. უცნაურია. მეც, ჭიქას დახედა მასპინძელმა. ახალი რა არის? ახალი... არც არაფერი. ყველანი კვდებიან. „თეთრი საყელოს“ პატრონესა კვდება. უგონოდაა. ქმარი კი გამუდმებით კანაბისს ეწევა. ის იდიოტი, სიმპატიური კაცი?         ჰო, ამერიკელი. ისიც მოკვდა... უფრო სწორედ, მოკლეს. მაგათი მდგმური. მწერალი. მწერალი? ჩაფიქრდა სუტენიორი: როდის? წუხელ. ამ დილით მკვდარი იპოვეს სასაფლაოზე. გულში ერთი ტყვიით. მიბჯენით. მგონი ეგ კაცი სასტუმროს გაყიდვას აპირებს. ერთადერთი მდგმურიც მოკლა და ახლა ცოლსაც კლავს. კიდევ სამი გოგო ცხოვრობს მათთან, მაგრამ ისინი იოლად იშოვიან ბინას. ეგ მწერალი კარგად არ მახსოვს. კი მინახავს, კაფეში, სწორედ სასტუმროს წინ, მაგრამ არ ვიცნობდი. ჰო, სხვა რამეები უფრო აინტერესებდა, თქვა ჟუნალისტმა და არაყი მოსვა. ეტყობა, ხელჩაქნეული კაცი იყო, ყოველთვის რაღაც ისე იჯდა. თითები სულ თამბაქოსგან ჰქონდა ჩაყვითლებული. არა. ეგეთს თამაშობდა. ასეთი როლი სჭირდებოდა. როლში იყო. იმიტომაც კვდებიან. იგონებენ რაღაცნაირ ცხოვრებას და მერე ვეღარ ერევიან. ეგ როგორ არის, იცი? ბანქოში ფულის მოგება რომ გადაწყვიტო და თამაშს გზადაგზა სწავლობდე. მე კი ეგ საქმე კისერზე მაწევს. მოგეხსენება, გაზეთი სწორედ ამგვარი რამეებისთვისაა მოგონილი. დილიდან დავდივარ და ხეირიანი ვერაფერი შევიტყვე. ერთი იმას ვხვდები, რომ უქალოდ არაფერი მოხდებოდა, რადგან ბოლო დროს... ფარაონები რას გეტყვიან? ფარაონების მოდგმა ხომ... ხელი აიქნია სუტენიორმა: წამოდგა და დახლისაკენ წავიდა. ნიანგის ტყავის, ფოლადით გაწყობილი მოკლეყელიანი ჩექმები ეცვა. დახლთან ჩამოდგა და ტელეფონს გადასწვდა. ეი, მე ვარ, მოესმა ჟურნალისტს: რას საქმიანოBბ? ეგებ გვეწვიო. ჩვენთან, რა თქმა უნდა. სიბნელე საჭიროა. ბარია, კაფე ხომ არა? კარგი, ბევრს ნუ ლაპარაკობ. მოდი, საქმე მაქვს. ოც წუთში ბარში ქალი შემოვიდა. ჟურნალისტი იცნობდა მას, მის კაფეშიც ნამყოფი იყო. იგი ორმოცს იმიტომ თუ გადასცდენოდა, რომ უფრო მიმზიდველი და ეშხიანი გამხდარიყო. ბარის მრუმე სინათლეში მთლად საოცარი ჩანდა, მაღალი და სავსე. ხავერდის შემოტკეცილი კაბა და ალბათ ვარდისფერი საგაზაფხულო პალტო ეცვა. ხშირი თმა ეფინა ამ პალტოს საყელოზე. რას დალევ, ჰკითხა სუტენიორმა: ამას ხომ იცნობ? ქალმა კეთილად შეხედა ჟურნალისტს და თქვა: როგორ არა. შენგანაც მსმენია. რა სალაპარაკოა, მოიბოდიშა ჟურნალისტმა. თუმცა, ჩემთან არასოდეს ყოფილხართ. ჩემს კაფეში არ მახსოვხართ. ამ უბანში აღარ ვცხოვრობ, თუმცა... არა, ჩემთან არ დადიოდით. ალბათ, ძალიან იშვიათად. ეგებ ჩემი მეგობარი დადიოდა თქვენთან? მეგობრებისა რა მოგახსენოთ. არავის უთქვამს, რომ თქვენი მეგობარია. მისმინე, შეაწყვეტინა სუტენიორმა: მისმინე... წუხელ ის კაცი მოუკლავთ, „თეთრ საყელოში“ რომ ცხოვრობდა. ეგებ რამე გვიამბო მის შესახებ? სწორედ იმაზე გეუბნება, ჩემი მეგობარი იყოო. ქალმა თავი ჩაღუნა.        ერთხანს ასე იყო. თქვენ ისევ საღამოს გაზეთში მუშაობთ? ჰკითხა ბოლოს. სხვა სამუშაო არ არის. გახსოვდეს, ამ კაცს სხვა ღირსებებიც აქვს, თქვა სუტენიორმა. ამის შეხსენება არ მჭირდება. სამწუხაროა, რომ მოუკლავთ. ძალიან სამწუხარო. თუმცა, რა იცით, რომ მოუკლავთ? ჟურნალისტმა მხრები აიჩეჩა. დალიე რამე, ქვრივო, გაუმეორა მასპინძელმა. არ მინდა. იცით, რას გეტყვით? მე ვიცნობდი. ბოლო დროს ხშირად შემოდიოდა ჩვენთან. ლაპარაკის ოსტატი იყო. პირდაღებული მოუსმენდი. ვიცი, მეც ვიცნობდი, თან კარგად.გუშინწინ სასტუმროს პირდაპირ, კაფე „ლანუსში“ იჯდა ვიტრინასთან. რახან ვიცნობდი, შევედი და მოვიკითხე. მეც მიყვარს ვიტრინასთან ჯდომა სხვის კაფეში. მან კი ვახშმად დამპატიჟა. იტალიურ რესტორანში წავიდეთო. კიდევ კარგი, სხვას მოუკლავს, თორემ მე მომიწევდა მისი მოკვლა, ჩაიცინა სუტენიორმა. შენ ვერ მოკლავდი, თქვა ქალმა: არ იყო შენი ყალიბის კაცი. სულ სხვანაირი კაცი იყო. სხვა სამყაროდან. აქ რა ჯანდაბა უნდოდა? წიგნის დაწერას აპირებდა, აუხსნა ჟურნალისტმა: რაღაც ურთიერთობებს ეძებდა. სიმართლე გითხრა და, აღარც მეგონა, თუ აქ ცხოვრობდა. უკვე შემოდგომაზე ეძებდა მყუდრო ბინას კარგ უბანში. რატომღაც აქ დარჩენილა. ჩანს, კიდევ იკვლევდა რაღაცეებს. ეგეთი ხალხის არაფერი მესმის. მე მგონი, მდიდარი კაცი იყო, თქვა ქალმა: საკმაოდ მდიდარი. სასტუმროში, სადაც ცხოვრობდა, პატრონებს მისი ვალი ჰქონდათ. სასტუმროს პატრონი ქალია, მაგრამ ქმარი ნამდვილი შეშლილი ჰყავს. ლამაზი ქალი იყო. კიბომ დაადნო. ვიცი, თავი დაუქნია ჟურნალისტმა: ვიცი. თქვენ გგონიათ, რომ ის ქმარი რაიმეს გაუბედავდა და მის მოკვლას გადაწყვეტდა? მე მოვკლავ ერთხელაც იქნება, ჩაურთო სუტენიორმა. არა, ვერაფერს გაუბედავდა, რადგან ქმარს არავინ არაფერს ეკითხებოდა, სანამ ქალი ფეხზე იდგა. ერთი კვირაა წევს. მე მგონია, რომ ქალს ეგ მწერალი შეუყვარდა. თავისი ოცნებების ამხდენი დაინახა მასში. თვითონ ოდესღაც ვარიეტეში ცეკვავდა. მისი ქმარიც იჩემებდა მწერლობას და ალბათ ამიტომაც გაჰყვა. გაჰყვა კი არა, მოიყვანა. ვიღაც გიჟი, მაწანწალა ამერიკელი. რამდენი წელიწადია ასე იყო და უცებ, ეს მწერალი გამოჩნდა. ნამდვილი მწერალი. მაგრამ რაღა გამოუვიდოდა, მან ხომ იცოდა, რომ სასიკვდილოდაა ავად.        ეგებ რაღაცის მოსწრებას შეეცადა? ჰკითხა ჟურნალისტმა: ეგებ თავზე ხელი აიღო? არ ვიცი. მისი სიკვდილი დღეების ამბავია. გუშინ უკანასკნელად მოვიდა ექიმი. ამბობენ, გონს ვეღარც მოვაო. ქმარი კი დააბოტებს გალეშილი და უწმაწურ ანეკდოტებს ჰყვება. სასტუმრო ისედაც გაკოტრებულია, ვირთხები დარბიან. მეძავები მხოლოდ იმიტომ შემორჩნენ, რომ თითქმის არაფერს იხდიან. კლიენტის მიყვანაც კი ძალიან უხერხულია. კი მაგრამ, გამოცოცხლდა სუტენიორი: რომ დაგპატიჟა, რა უთხარი? მირჩევნია, აქვე ყავაზე დამპატიჟოთ-მეთქი. და მართლაც დამპატიჟა ყავაზე. ნახევარი საათი მაინც ვისხედით იქ, მერე კი მე წამოვედი. სისულელეა, არა, როცა შენი კაფე გაქვს და სხვისი კაფესკენ მიგიწევს გული. რატომღაც მომწონს. ის ისე კარგად ლაპარკობდა, რომ ძნელი იყო არ მოგესმინა. ცხოვრებაზე ლაპარაკობდა. საერთოდ, გულღია კაცი ჩანდა, პირდაპირ ამბობდა ყველაფერს, ოღონდ ძალიან რბილად. ყველაზე უხერხულ რამესაც ისე შემოგთავაზებდა, რომ არ გეწყინებოდა. უხერხული რა შემოგთავაზა? ჩაეკითხა სუტენიორი. მე არაფერი, მერეღა ვფიქრობდი, რაიმე ურთიერთობის გაბმას ხომ არ აპირებდა-მეთქი, რადგან ბოლოს მოუხშირა ჩვენთან სიარულს და, მგონი, ჩემი გულისთვის მოდიოდა იქ..        ეს რა ამბები მესმის, გადაიხარხარა მასპინძელმა: ხედავ, მეგობარო? ქალს ვიღაც ახირებული მწერალი მართმევდა. ის სხვა სამყაროდან იყო, აქ საჭიროებისთვის ცხოვრობდა და შენ ვერაფერს დააკლებდი, რადგან, როცა მოუნდებოდა, მაშინ აიკრავდა გუდანაბადს. შენ კი ვერ აიკრავ. რაღაცას დაეძებდა, წაიბურტყუნა ჟურნალისტმა და წამოდგა: მაპატიეთ, რომ შეგაწუხეთ, ქალბატონო. ძველ მეგობრებს არაფერს ვუმალავთ, ხელი გაუწოდა სუტენიორმა: იმიტომ რომ, ვიცით, ძველი მეგობრები ნამდვილი კაცები არიან. ჟურნალისტს ჩაეცინა და ქალს მიმართა: არ იფიქროთ, რომ სადმე თქვენი სახელი გამოჩნდება. დიდი მადლობა. ნახვამდის, უთხრა ქალმა: ახლა კი დავლევდი რამეს. წვიმდა, მაგრამ სინათლემ მაინც თვალი მოსჭრა. თავჩაღუნულმა, სწრაფი ნაბიჯით ჩაუარა უშნო მეძავებს და მთავარ ქუჩაზე გამოვიდა. წამით შედგა და იქით გაიხედა, სადაც სასტუმრო „თეთრი საყელო“ ეგულებოდა. თითქოს დააპირა კიდეც იქით წასვლა, მაგრამ მერე საყელო წამოიწია და პარკისაკენ გაძუნძულდა. პირველი ადგილი, სადაც წვიმას შეაფარა თავი, პარკს აქეთ წიგნის მაღაზია იყო. წიგნის მაღაზიის პირობაზე საკმაო ხალხს მოეყარა თავი. ცხადია, წვიმის გამო. თითქმის ნახევარ საათს იყო იქ და წინაღამით მოკლულის რამდენიმე წიგნსაც გადააწყდა. ერთხანს ორჭოფობდა, მაგრამ მერე მაინც იყიდა ერთ-ერთი მათგანი, რომელსაც „წმინდა ელენე, იმპერატორის უკანასკნელი სამეფო“ ერქვა. წიგნს არაბუნებრივად გასუქებული ბონაპარტი ეხატა. მართლა ბევრს მოგზაურობდა, გაიფიქრა ჟურნალისტმა: მაგრამ რად მინდა ეს წიგნი? ჯანდაბას, ვიცი, რადაც მინდა, იფიქრა მერე და გარეთ გამოვიდა.        მოედნისკენ მოდიოდა წვიმაში. გზად თევზის მაღაზიაში შეიარა. წვიმა კი მაინც არ წყდებოდა. საჩუქრებით მოვედი, უთხრა ქალს, როდესაც მან კარი გაუღო: წიგნი და სალმონი მოგიტანე. ამ წიგნის ავტორი წუხელ მოკლეს, სალმონი კი ალბათ უფრო ადრე. არ გელოდი, უხალისოდ უთხრა ქალმა: არ მიყვარს ასეთი ამინდი. ჩვენ არ ვირჩევთ ამინდს, ამინდი გვირჩევს, შენიშნა მან: რაიმე ამინდის შესაბამისი უნდა მოხდეს, როცა ასეა. რა უნდა მოხდეს, ჰკითხა ქალმა: მაღაზიაში უნდა წავიდე და წვიმაში გასვლა მეზარება. იცი, რა არ მიყვარს? როცა გაზაფხული მოვა, ლაბადა რომ უნდა ჩაიცვა. ვეღარ ვითმენ ზაფხულამდე. ესე იგი, ზაფხული გიყვარს. რამდენ საინტერესოს წააწყდები კაცი სხვის სახლში. მე მგონი, ქურდობის სურვილი აქედან იბადება. ეს ფირფიტა... შეიძლება დავდო? დადე, უთხრა ქალმა: რა არის? „შავი ვარდი“, თქვა კაცმა: იცი, რა არის უცნაური? აი, ეს წიგნი რომ მოვიტანე, ამავე მწერალმა დაწერა რაღაც, აფრიკელებზე, „შავი ვარდი“ ჰქვია. ამინდის შესაბამისი ისტორიაა. ამინდის და სალმონის. ყველა მკვდარია და შავი ვარდები მოიტანეს.        არც ისე ცუდ გუნებაზე ყოფილხარ, ფირფიტა დადო კაცმა და ჩამრთველს დააჭირა თითი: აჰ.. აჰ.. ძველი ნაცნობი, მღელვარე წლები. ფლეიტაც როგორ ეშველება. გახსოვს, არა? გაეცინა ქალს: საშინელი დღეები იყო. ცხოვრების წესი იყო ერთ დროს. რატომ იყო საშინელი დღეები? იყო, თქვა ქალმა: ჩემთვის იყო. მაშინ სხვა წესი იყო, ამიტომაც გადაგხდა რაღაც. ახლა როგორი ცხოვრების წესია? ჰკითხა ქალმა და ბოთლი გამოიღო კარადიდან. ახლა არაფერს აქვს დასასრული, ამოიოხრა კაცმა. ამ დროს კაკუნი გაისმა. ჩუ, თქვა უცებ ქალმა: ჩუ... და ჩურჩულით დაუმატა: აკაკუნებენ, მე კი არ გავაღებ. ძალიან კარგი, ღიმილით წაიჩურჩულა კაცმა: მაგრამ ვინ არის? არ ვიცი, ხელი გააქნია ქალმა: შენი „შავი ვარდით“ გავაცილებთ. უფრო ბრაზიანად დააკაკუნეს, მერე კი ყველაფერი მიჩუმდა. თუ ვინმეს ელოდი, გეთქვა და წავიდოდი, თქვა კაცმა.  რა სისულელეა? არავის ველოდი, მაღაზიაში ვაპირებდი წასვლას. ესე იგი ამინდის შესაფერისი ისტორიის გაგრძელებაა, არა? რაც გინდა ის იყოს, აირია ქალი: არ გეჩვენება, რომ სულელურად მოხვედი? ალბათ, მაგრამ წვიმა იყო და მაღაზიაში შევედი. სხვანაირად აღარ გამოვიდოდა. ესეც არ იყოს და შენ ხომ თამაში გიყვარს? თამაში მიყვარს, თქვა ქალმა ცივად. შაბათს დოღია. გინდა წავიდეთ, დოღზე? დოღზე მივდივარ, ოღონდ უკვე შევუთანხმდი. სხვას დავპირდი, რომ წავყვებოდი, უთხრა ქალმა. ოოო, თუკი დაპირდი... მე მაინც წავალ და ეგებ იქ გნახო.        მაინცდამაინც ნუ მომძებნი. ეს თხოვნაა? არა, მაგრამ, მაინც. ძებნა უწესობაა. არ არის ლამაზი, როცა ქალს ეძებ, მით უმეტეს მაშინ, როცა სხვასთან ერთადაა დოღზე. თუ ასეა, კარგი. არ მოგძებნი, შორიდან შეგათვალიერებთ. გვათვალიერე, რამდენიც გინდა. როცა კაცმა წასვლა გადაწყვიტა, ქალმა სთხოვა: მოიცა, მეც მოვდივარ. მიყვარს საღამოობით მაღაზიებში გავლა. ერთი ეს ნახე, კაცს ყვითელი ყვავილების პატარა თაიგული ეჭირა ხელში: სახელურში იყო გაჩრილი. რა ჰქვია ამ ყვავილს?მომეცი ეგ თაიგული, ნაჩქარევად უთხრა ქალმა და ყვავილები სამზარეულოსკენ წაიღო. ეს თაიგული ჟოკეის ხომ არ უნდა აჩუქოთ? ჰკითხა კაცმა და აღარ დალოდებია, ისე დაეშვა კიბეზე. მეორე დღეს, დილით კვლავ საპოლიციო დეპარტამენტში მივიდა. შემთხვევები გადმოიწერა წიგნაკში და რედაქციაში დაბრუნდა, დიდ სამსართულიან სახლში, რომელიც ჯერ კიდევ პირველ ომამდე აეშენებინათ. დღეს ზაფხული მოვიდა, თქვა ოთახში შესვლისას და საბეჭდ მანქანას მიუჯდა. შუადღემდე უკაკუნებდა ღილაკებს. მერე კი ხმაურით ამოაძრო უკანასკნელი ფურცელი მანქანიდან და თქვა: არ ვიცი, დაჭირდებათ თუ არა ამგვარი რამ, მაგრამ მაინც გავაკეთე. რომანების წერა დაგიწყია, ჩაიხითხითა თანამშრომელმა: შეშლილივით აკაკუნებდი. რომანებს ადრე ვწერდი. ახლა რომანების დამწერებზე ვწერ. უფრო საინტერესოა, უთხრა მხიარულად და ქაღალდები წამოკრიფა მაგიდიდან. პირველ გვერდზე დაბეჭდავენ, თქვა ოთახში შემობრუნებულმა: ძლივს ვიღაც ისეთი მოკლეს ამ ქალაქში, კვლავ ჩაიქირქილა თანამშრომელმა. ვიღაც ისეთი, პირველ გვერდზე რომ დაბეჭდონ. მე ვიცნობდი, მას. ოღონდ ადრე. მაშინ სულაც არ წერდა წიგნებს. ერთად ვსწავლობდით ლიცეუმში. მეც ხომ აქ დავიბადე და გავიზარდე.        მართლა? სამჯერ გაიქცა სახლიდან. სამჯერვე დააბრუნეს. უფრო სწორედ თვითონვე ბრუნდებოდა. მერე სახელსა და გვარს იცვლიდა ხოლმე. იცი, რას აკეთებდა? სხვა ლიცეუმში მივიდოდა იქ ადრიდანვე შეთანხმებულ ბიჭთან და მის სახელსა და გვარს ირქმევდა. მასწავლებელი რომ გამოიძახებდა, იმ ბიჭის გვარით გადიოდა. მერე სკანდალი ტყდებოდა და გამორბოდა იქიდან. მკვლელობის ამბავი რომ შევიტყვე ამ დილით, პირველი ეგ ვიფიქრე, ეგებ თვითონ არ იყოს, ეგებ თავისი პასპორტი ვიღაცას გაუცვალა-მეთქი. მაგისგან ბევრი რამ იყო მოსალოდნელი. გამიკვირდა კიდეც, რომ ისევ აქ ცხოვრობდა. აუცილებლად უნდა მივიდე დაკრძალვაზე, ბოლოს და ბოლოს ერთ ლიცეუმში ვსწავლობდით.        ჟურნალისტს აღარაფერი უკითხავს, მხოლოდ თქვა: დღეს ძალიან კარგი ამინდია. ეს კი ხვალინდელი დოღისთვის სასარგებლოა. ტოტალიზატორში რიგი დადგება. „უდაბნოს პრინცზე“ უნდა დავდო ფული, თუმცა ბევრს ვერაფერს მოვიგებ. მთელი ქალაქი „უდაბნოს პრინცზე“ დებს ფულს. მერე წიგნაკი ამოიღო უბიდან და კედლის ტელეფონთან მივიდა. გამარჯობათ, მე საღამოს გაზეთიდან ვარ. ვიცი, რომ თქვენთვის ახლა სამძიმოა ლაპარაკი და ჟურნალისტებთან ურთიერთობა, მაგრამ ეგებ შეძლოთ და სულ ათი წუთი დამითმოთ? თქვენს ყოფილ მეუღლეს მეც კარგად ვიცნობდი, მაგრამ არა მგონია, რომ თქვენზე კარგად იცნობდა ვინმე... მესმის, რა თქმა უნდა, მესმის, მაგრამ ახლა მის ჯიბრზე რაიმეს თქმას აზრი აღარ აქვს. ეს სამწუხარო ამბავი ყველაფერს ამთავრებს. მხოლოდ ათ წუთს წაგართმევთ. ტელეფონითაც შემეძლო ამის შეკითხვა, მაგრამ თუ ძალიან არ შეგაწუხებთ... ო, დიახ, გმადლობთ, ო დიახ. რა თქმა უნდა. გმადლობთ... ქვრივს ნათელი ბინა ჰქონდა. ფანჯრის რაფაზე კაქტუსებით გამოტენილი ქოთნები იდგა. სათვალიანი ქალი იყო, სქელი წინდებით, ღამის ხალათში გამოხვეული დააბიჯებდა ხალიჩაზე. სასმელიც კი შესთავაზა. ეტყობოდა, მართლა წუხდა, განიცდიდა ამ მკვლელობას, მაგრამ ამას საგულდაგულოდ მალავდა.        არ გიცდიათ, რომ დაკავშირებოდით მას შემდეგ, რაც მიგატოვათ? არ მიცდია. რაღაც სულელური ქალაქების საფოსტო მისამართები მომდიოდა ხოლმე... თქვენ სამხრეთელი ხართ? არა. დედაქალაქში დავიბადე. ჰო, დიდი სისულელე იქნებოდა, რომ მიმეწერა ან გავკიდებოდი. თუ მართლა უნდოდა, რომ მომეძებნა, რატომ არ შემატყობინა, რომ ბოლო დროს აქ ცხოვრობდა? აქ უცხოვრია ზაფხულის შემდეგ. გამომძიებელმა მითხრა. ერთხელაც არ შემხვედრია სადმე, თუმცა, სად უნდა შემხვედროდა. ის ხომ უჩინმაჩინი იყო. უცებ აორთქლდებოდა ხოლმე. სიმართლე გითხრათ და ამ დილით ისიც შევიტყვე, სად უცხოვრია. ერთ საშინელ სასტუმროში. ვიღაც ყვითელპალტოიანი უცხოელი მომადგა, ყოვლად საზიზღარი და თავხედი კაცია. ჩემოდანი დააგდო ბინის კართან. იმ სასტუმროს პატრონი ყოფილა, სადაც ის ცხოვრობდა. ჩემოდანს არ ვიტოვებდი, მაგრამ დააგდო და თქვა, ჩვენ ანგარიში გავასწორეთ და არ თქვათ, რომ რაიმე მოვიპარეო. ყველაფერი გავიგე, რად მინდა მისი ჩემოდანი? რა ჯანდაბად მინდა ეს ნივთები? ყველაფერი გადავყარე, ამან კი ხელახლა მომიტანა. შეიძლება ჩემოდანი ვნახო? მაპატიეთ, მაგრამ არ შეიძლება. გამოძიებაში მონაწილეობის არანაირი სურვილი არ მაქვს. მე ხომ გამომძიებელი არ ვარ.თქვენ უარესი ხართ, ჟურნალისტი. თქვენი ნებაა, მაგრამ ამ ჩემოდანს გამომძიებელი მაინც მოგთხოვთ. სასტუმროში ხომ მივა? ქალმა სიგარეტს მოუკიდა და თქვა:არავის საქმე არ არის მისი საცვლები და პერანგები. მე გადავყრი. თქვენ თუ გრძნობთ, რომ ეჭვს თქვენზეც მოიტანენ? ჰკითხა უცებ კაცმა და გაიფიქრა, აი, რატომ გამექცა თვალი კედლის საათისკენ. კარგი იქნებოდა, დამელია რამე. ერთი ყლუპი მაინც. მოიტანონ, თქვა ქალმა: ისე, გამომძიებელი სამხრეთელია და სულ ოჯახის ამბები აინტერესებს. სამხრეთელები ოჯახს იქეთ იშვიათად იყურებიან. იმიტომ გკითხეთ, საიდან ხართ-მეთქი.        დიდად მადლიერი ვარ, სასმელი რომ შემომთავზეთ. შეიძლება რამე დავლიო? რაც გნებავთ. თქვენით აირჩიეთ. კაცმა ვისკი აირჩია. სმა არ უყვარდა, არა? ბოთლის შორიახლოს ყოფნა უფრო უყვარდა. მთავარ საქმედ წერა მიაჩნდა. სწორიცაა. ვისი რა საქმეა, როგორ იქცევა მწერალი? ეგეც უთქვამს. ნუთუ არ გაინტერესებთ, ვინ მოკლა? რა მნიშვნელობა აქვს? ამას სიმშვიდე მოაქვს. თქვენ კი ალბათ ღელავთ. მე უძილობა მტანჯავდა. დღემდე წამლებით ვიძინებ... მომისმინეთ, ამ ყველაფრის გაზეთში დაწერას აპირებთ? რა თქმა უნდა არა, კაცმა მორიდებული პორცია დაისხა და ქვრივს შეხედა. სიმართლეს გეტყვით. ამ საღამოს ჩემი წერილი გამოქვეყნდება მომხდარის შესახებ. შემიძლია დავიტრაბახო, რომ ბევრი არ იცნობდა მას ისე, როგორც მე. შეიძლება ითქვას, რომ ჩვენ გულახდილი ურთიერთობა გვქონდა. დღეს სასტუმროში ვიყავი და შევიტყვე, რომ მისი პირადი ნივთები თქვენ გადმოგცეს. ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია ამ ჩემოდნის ნახვა. ამიტომაც მოვედი. ანუ ჩემი მოსვლის ნამდვილი მიზეზი სწორედ ეგ ჩემოდანია, თორემ თქვენი ქმრის შესახებ იმდენი რამ ვიცი, რომ ნამდვილად არ შეგაწუხებდით. ამიტომაც გთხოვთ, მანახეთ ჩემოდანი და მერე გნებავთ გადააგდეთ, გნებავთ გამომძიებელს მიართვით. ვისკი ამისათვის დაგჭირდათ? თითქოს წამოწითლდა ქალი: ძალიან მოხდენილად სვამთ. გიხდებათ კიდეც. ნამდვილი პროფესიონალი ჩანხართ. ეს ერთადერთი რამაა, რასაც ვახერხებ, გაეცინა ჟურნალისტს. ასე იყოს, თქვა ქალმა და ოთახიდან გავიდა. ჩემოდანი არცთუ დიდი იყო, მუქი მწვანე ფერისა, ისეთები, ყველგან რომ იყიდება. ქალი ფანჯარასთან იდგა და ეწეოდა. არც კი მოუხედავს კაცისკენ, რომელიც ფრთხილად ალაგებდა ჩემოდნიდან ნაჩქარევად ჩატენილ სამოსს. ჩემოდნის ჯიბეში ორიოდე კალმისტარი და საპარსი მოწყობილობის ზოგიერთი ნაწილი ეყარა. ცისფერი პერანგის ჯიბეში რაღაც ქვითრები ეწყო. ოთხად გაკეცილი სამრეცხაოს ქვითრები. იქვე იყო მოკლე სიგარები. საერთოდ, ყველაფერს თამბაქოს სუნი უდიოდა. ეტყობა იმიტომ, რომ სიგარები პირდაპირ ჩაყარეს ჩემოდანში. ნახეთ? ჰკითხა უცებ ქალმა. ის წიგნის დაწერას აპირებდა. სულ რაღაცეებს ინიშნავდა ყვითელფურცლებიან წიგნაკში. პარკსიქეთა უბანშიც ამიტომ დასახლდა. მაგრამ წიგნაკი აქ არ არის. ვერაფერს მოგახსენებთ, თქვა ქვრივმა: არ მივკარებივარ მაგ ჩემოდანს. თქვენ მართალი ხართ, ყველაფერს გამომძიებელს ვეტყვი. ეგებ ისე უთხრათ, რომ მე არ მახსენოთ, თქვა კაცმა და ნაჩქარევად შეკრა ჩემოდანი: კიდევ ერთხელ გიხდით ბოდიშს. განუზომლად გმადლობთ იმისათვის, რაც ჩემთვის გააკეთეთ. ერთიც დალიეთ, უთხრა ქალმა: მომწონს, როგორც სვამთ, თითქოს წყალი გწყურიათ, ისე იყუდებთ ჭიქას. გმადლობთ, საკმარისი იყო, უთხრა კაცმა და ჰოლისაკენ წავიდა. რა უნდა ეპოვა იმ უბანში? ვერაფერს იპოვიდა. დაადევნა ქალმა. ალბათ. ალბათ ვერ იპოვა რაც სჭირდებოდა, შედგა სტუმარი: შემოდგომაზევე უნდოდა იქიდან წამოსვლა, მაგრამ დარჩა. რატომ დარჩა? ქალმა მხრები აიჩეჩა.        ქვრივისგან წამოსული ჟურნალისტი მოედნისკენ წავიდა და იქ ერთ-ერთ კაფეში შევიდა. ხურდა მოიძია ჯიბეში და ტელეფონთან მივიდა. ეს მე ვარ, თქვა მხიარულად: მივხვდი, რომ არ შეიძლება ზარის გარეშე შენთან მოსვლა.ძალიან კარგი, მოესმა იქიდან: რა გინდა? შემოგივლიდი, თუ, რა თქმა უნდა, უკვე დოღზე არა ხარ. ერთი აზრი მომივიდა. ურიგო აზრი არ უნდა იყოს. რას იტყოდი, ვახშმად რომ დამეპატიჟე? ვნახოთ, მოდი, უპასუხა ქალმა: მოდი, ვერ მოგიშორებს ადამიანი. ასეთი რა დრამა იყო? სად? იქ, წინა ცხოვრებაში. ვითომ ვერ გავიგონე, თქვა კაცმა: ყვითელი ყვავილები წამოვიღო? არ არის საჭირო, ისედაც მოიტანენ. „შავი ვარდი“ ჩართე. უკვე ახლოს ვარ, მოედანზე.ცხრა საათი სრულდებოდა, როდესაც იტალიურ რესტორანში მივიდნენ. უცნაური წყვილი ჩანდა. კაცს უბრალოდ ეცვა, ეტყობოდა, რომ დიდად არ ზრუნავდა ტანსაცმელზე. ქალი მშვენივრად გამოიყურებოდა: პრიალა ცისფერი ჩანთით ხელში, საზაფხულოდ გამოწყობილი. კაცი დიდად არ ეტანებოდა ღვინოს, სანამ შეკვეთილს მოიტანდნენ, ორი ჭიქა გრაპა დალია და იმით გადიოდა იოლას. რა საინტერესოა, ფიქრობდა ქალი, როგორ ცოცხლობს? არაფერი აქვს ხელჩასაჭიდი ამ მძიმე სასმელების გარდა.        კაცი კი ხითხითებდა. ეს საოცარი რამ არის. უცნობი ყვითელი ყვავილებით. ისევ მოვიდა და ისევ ზარის გარეშე. მგონი, რაღაც თავგადასავალში გავეხვიე. ასე გიყვარს ეგ ყვავილები? სულაც არ მიყვარს. უბრალოდ, ასე გამოვიდა. ასე გამოვიდა. ძალიან საინტერესოა. როგორ იწყება ამბები? აი, ახლა, ჩვენ რომ ტაქსი ვიქირაოთ და სასაფლაოზე წავიდეთ, რა გამოვა? სისულელე. არაფერიც არ გამოვა, თქვა ქალმა. რატომ? იმიტომ, რომ ჩვენ არ ვიქირავებთ ტაქსს და სასაფლაოზე არ წავალთ. რატომ? იმიტომ, რომ ჩვენს ამბავს არც დასაწყისი აქვს და არც გაგრძელება. ჩვენ არაფერი გადაგვხდება თავს. ყვითელ ყვავილებს კი აქვს გაგრძელება, არა? არა მგონია, რომ სასაფლაოზე ჰქონდეს. კარგი, თქვა კაცმა: რატომ გგონია, რომ ყველაფერს ერთი გაგრძელება აქვს? სულაც არ მგონია. უბრალოდ, მართლა ასეა.        შუაღამე იქნებოდა, როცა ისინი იტალიური რესტორნიდან გამოვიდნენ და ტაქსში ჩასხდნენ. ჩემთან წავიდეთ, უთხრა ქალმა. რა თქმა უნდა, ჯერ შენთან წავიდეთ, გაეპასუხა კაცი. საბოლოოდ მოვიდა გაზაფხული. თუ გნებავთ, მინას ჩამოვწევ, თქვა მძღოლმა. ჩამოწიეთ, თქვა ქალმა: ძლივს გაზაფხულის ღამეს ვეღირსეთ. ფანჯრებს დავაღებ და ისე დავიძინებ. ქუჩებში თითქმის აღარავინ იყო. როდესაც მანქანა სადარბაზოსთან გაჩერდა, ქალმა კარი გამოაღო და უთხრა: ხედავ ამ ვიტრინას? აქ ყიდულობს ყვითელ ყვავილებს... არ გადმოდიხარ? ჩვენ მშვენიერი წყვილი ვიქნებოდით, გაეპასუხა კაცი: რატომღაც ასე მგონია. სამხრეთში წავიდოდით. ქალმა კარი მიაჯახუნა და სადარბაზოსკენ წავიდა. დავიძრათ, უთხრა კაცმა მძღოლს. საით? თავგადასავლების საძებნელად. ეგებ იყოს სხვანაირი გაგრძელებაც. *გაგრძელება* …
დაამატა Kakha to ლიტერატურა at 12:22pm on დეკემბერი 5, 2014
თემა: სოციალური და ემოციური განვითარება ჩვილობაში
ოციალური და ემოციური განვითარების რამდენიმე ფაზას. პირველ ყველაზე ახლო და მნიშვნელოვან კავშირს ადამიანი ამყარებს დედასთან, ან იმ ადამიანთან, ვინც ზრუნავს მასზე. 60-იანი წლებიდან მოყოლებული ამ პირველ ყველაზე მჭიდრო კავშირს ფსიქოლოგები მიჯაჭვულობის ტერმინით განსაზღვრავენ. ტერმინი მიჯაჭვულობა მოდის ე.წ. მიჯაჭვულობის ფსიქოლოგიიდან და იგი შეიმუშავეს ჯ. ბოულბიმ და მ. ეინსფორტმა. რა არის მიჯაჭვულობა?      ჯ. ბოულბისა და მ. ენსვორტის შრომებში საკვანძო ტერმინებია: ემოციური კავშირი, მიჯაჭვულობა და მიჯაჭვულობის ქცევა.      ემოციური კავშირი – ეს არის შედარებით ხანგრძლივი კავშირი, სადაც სხვა ადამიანი ჩვენთვის მნიშვნელოვანია, როგორც უნიკალური და შეუცვლელი პიროვნება. ემოციური კავშირის დროს ადგილი აქვს სურვილს მასთან სიახლოვის.      მიჯაჭვულობა – ეს არის ემოციური კავშირის ქვესახეობა, სადაც ემოციურ ურთიერთობას თან ახლავს დაცულობის გრძნობა. როცა თქვენ ვინმესთან ხართ მიჯაჭვული, მის გვერდით თავს დაცულად და კონფორტულად გრძნობთ. ემოციური კავშირი და მიჯაჭვულობა არის შინაგანი მდგომარეობა, რომელსაც ჩვენ ვერ ვხედავთ, მაგრამ ის გამოვლინდება მიჯაჭვულობის ქცევაში.      მიჯაჭვულობის ქცევა საშუალებას აძლევს ბავშვს ან მოზრდილს მოიპოვოს ან შეინარჩუნოს სიხლოვე ადამიანთან, რომელთანაც ის მიჯაჭვულია.      ბავშვის ზრდასთან ერთად, მიჯაჭვულობის ფორმები რთულდება. თანდათანობით ისინი გარდაიქმნება გარკვეულ პატერნებად - ადამიანის სხვა ადამიანებთან ურთი­ერთობის საშუალებებად. ბავშვობაში ჩამოყალიბებული მიჯაჭვულობის ტიპი საკმაოდ მდგრადია, მისი მოდიფიკაცია მიმდინარეობს მთელი ცხოვრების განმავლობაში.      მიჯაჭვულობა რეციპროკულია, იგი ორმხრივი პროცესია და უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს ადამიანის ჩამოყალიბების, მისი სრულფასოვანი განვითარების პროცესში.      აღსანიშნავია ისიც, რომ მოზრდილები თავს კომფორტულად გრძნობენ, როცა ვინმეს მიმართ მიჯაჭვულობას განიცდიან, ხოლო ბავშვებისთვის მიჯაჭვულობის განცდა აუცილებელია, რადგან ამის გარეშე იგი სრულფასოვნად ვერ ვითარდება. პოზიტიური ემოციური კავშირი ეხმარება ბავშვს დაძლიოს შიში და შფოთვა, გაუმკლავდეს სტრესს და ფრუსტრაციას. სანდო მიჯაჭვულობა ხელს უწყობს ემოციური იმპულსების კონტროლის უნარის ფორმირებას, საკუთარი და სხვა ადამიანების გრძნობების გაგებას, თვითპატივისცემის ჩამოყალიბებას, აქედან გამომდინარე სანდო მიჯაჭვულობა ამცირებს განვითარების დარღვევის რისკს.      მიჯაჭვულობის დარღვევამ შეიძლება გავლენა მოახდინოს არა მხოლოდ სოციალური უნარების, ღირსების გრძობების თუ ემპათიის ჩამოყალიბებაზე, არამედ ის ბავშვის ემოციური, ფიზიკური და გონებრივი განვითარების შეფერხებას იწვევს. ბავშვებს რომლებიც მიჯაჭვულობის გრძობის დეფიციტს განიცდიან, სამყაროს შეცნობის და ადამიანთა შორის დამოკიდებულების არაადექვატური აღქმა გამოუმუშავდებათ. ამასთან აღსანიშნავია ისიც, რომ მიჯაჭვულობის პატერნი შესაძლოა გადაეცეს თაობიდან თაობას, ანუ საკუთარი ბავშვობის გამოცდილება გავლენას ახდენს შვილებთან ემოციური კავშირის ფორმირებაზე.      იქიდან გამომდინარე, რომ მიჯაჭვულობა ასე მნიშვნელოვანია ჩვილის ფსიქოლოგიური განვითარების პროცესში, აუცილებლად უნდა განვიხილოთ ის მექანიზმები, რომელთა მეშვეობითაც იგი ფორმირდება. მერი ეინსვორტმა მიჯაჭვულობის ჩამოყალიბების პროცესში გამოყო ჩვილის ქცევის კომპონენტები, რომლებიც უზრუნველყოფენ სხვა ადამიანთან დაახლოებას. ესენია: ტირილი, ხმოვანი სიგნალები, ღიმილი; საორიენტაციო ქცევები: გამოხედვა, ყურება; სხვა ადამიანის ქცევით გამოწვეული ლოკომოცია: მიახლოვება, დადევნება; ასევე აქტიური ქმედებები, რომელიც მიმართულია ფიზიკური კონტაქტის დამყარებაზე: აცოცების მცდელობა, ჩაჭიდება, ხელების შემოჭდომა, ტაცება, ჩახუტება.      ეინსვორტი ახასიათებს ქცევის ამ ფორმებს, როგორც მიჯაჭვულობის კრიტერიუმებს, რადგან მათ გარეშე ახლო ემოციური ურთიერთობის ჩამოყალიბება თითქმის შეუძლებელია. წარმოიდგინეთ რამდენად რთულია ემოციურად დაუახლოვდეთ ახალშობილს, რომელიც გამუდმებით ჭირვეულობს, უარს ამბობს ხელში აყვანაზე, არ გიყურებთ სახეში, არ იღიმება და არ ღუღუნებს ნაცნობი ადამიანის დანახვისას.      ეინსვორტმა კვლევების შედეგად დაადგინა, რომ ბავშვებს, რომლებსაც ჩამოყა­ლიბებული ჰქონდათ სანდო მიჯაჭვულობა, ჰყავდათ ძალიან მგრძობიარე დედები, რომლებიც ყოველთვის რეაგირებდნენ ბავშვის მოთხოვნებზე. ისინი სწრაფად რეაგი­რებდნენ ჩვილების ფიზიოლოგიურ მოთხოვნილებებზე, ცდილობდნენ დაემყარებინათ კონტაქტი ექსპრესიებისა და ვოკალიზაციის საშუალებით. მათ ჩამოყალიბებული ჰქონდათ კვების, ძილის, თუ თამაშის გრაფიკი, რომელიც უშუალოდ ახალშობილის ცხოვრების რიტმზე იყო მორგებული.      რა თქმა უნდა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ დედა უნდა რეაგირებდეს ბავშვის ყველა სიგნალზე. ეს შეუძლებელია ყველაზე მგრძნობიარე დედებისთვისაც კი, იყოს ყოველწამიერად ბავშვთან და ბავშვისთვის. მნიშვნელოვანია ბავშვთან ურთი­ერთობისას იქნება ეს პირველადი, თუ მეორადი მოთხოვნილებების დაკ­მაყოფილება, დედა ემოციურად იყოს ჩართული ამ პროცესში.      ბოულბი თვლიდა, რომ მიჯჭვულობა დაფუძნებულია, როგორც ჩვილის, ისე მასზე მზუნველის გენეტიკურად დაპროგრამებულ ქცევაზე. მისი აზრით, მიჯაჭვულობა სწორედ ამ ქცევით იწყება და შემდეგ ნარჩუნდება მიღებული სიამოვნების, უსაფრთხოების, კომფორტის და სიყვარულის ხარჯზე. ე.ი. მიჯაჭვულობის ჩამოყალიბება და შენარჩუნება დამოკიდებულია მემკვიდრეობაზე და გარემოზე.      საბოლოო ჯამში, ბოულბი და ეინსვორტი მივიდნენ დასკვნამდე, რომ ურთიერთკავშირის ტიპი მშობელი-შვილი, რომელიც ყალიბდება მიჯაჭვულობის სახით პირველი ორი წლის განმავლობაში, წარმოადგენს ყველა სამომავლო ურთიერთობის საფუძველს. მიჯაჭვულობის თეორიები      სხვადასხვა თეორიები მიჯაჭვულობის ფორმირებას თუ მის მიმდინარეობას სხვადასხვაგვარად ხსნიან, თუმცა ყველა თეორიაში ხაზგასმულია ემოციური კავშირის უმნიშვნელოვანესი, შეუცვლელი როლი.      პირველი მეცნიერი, რომელმაც გამოთქვა მოსაზრება იმის შესახებ, რომ დედასთან ემოციური მიჯაჭვულობა საფუძველია ბავშვის სხვა ადამიანებთან ურთიერთობებისა იყო ზიგმუნდ ფროიდი. მისი ფსიქოდინამიკური თეორიის თანახმად, ბავშვი განვითარების პირველ ორალურ სტადიაზე, სიამოვნებას იღებს წოვით. მისი ეროგენული ზონა ამ სტადიაზე არის პირი. შესაბამისად მისთვის დამახასიათებელია მიჯაჭვულობის ჩამოყალიბება იმ ადამიანთან, ვინც მის ორალურ სიამოვნებას აკმაყოფილებს. იქიდან გამომდინარე, რომ უმრავლეს შემთხვევაში ბავშვს აჭმევს დედა, მიჯაჭვულობა სწორედ დედასა და შვილს შორის ყალიბდება, ანუ სწორედ დედაა ის ადამიანი, რომელიც ჩვილს ანიჭებს დაცულობის გრძნობას და სიყვარულს.      მიჯაჭვულობის ფორმირების პროცესში ემოციის მნიშვნელოვნების ფაქტს ხაზგასმით აღნიშნავენ ბიჰევიორალური თეორიის მიმდევრებიც. მათი მოსაზრებით, ბავშვს მიჯაჭვულობა უყალიბდება იმ ადამიანის მიმართ, ვინც კვებავს და მოთხოვნილებებს უკმაყოფილებს. უმრავლეს შემთხვევაში ეს ადამიანი არის დედა, რომელიც ჩვილის კვების პროცესში უკმაყოფილებს მას შიმშილის პირველად მოთხოვნილებას. ამ პროცესს კი თან ახლავს მოფერება, ღიმილი. ამით ხდება ჩვილის მეორადი მოთხოვნილებების დაკმაყოფილება. შესაბამისად, სწორედ ეს ადამიანი ასოცირდება ბავშვისთვის უსაფრთხოებასთან, სიამოვნებასთან და დაძაბულობის მოხსნასთან, რის შედეგადაც უყალიბდება მას მიჯაჭვულობა. ბავშვი დაისწავლის ყველანაირ ქცევას, იქნება ეს ღუღუნი, ღიმილი, ტირილი, თუ თვალებით კონტაქტი, ოღონდ იყოს იმ ადამიანის გვერდით, ვინც მას სიამოვნებას ანიჭებს და არიდებს სტრესს.      ერიკ ერიქსონი ეთანხმებოდა მოსაზრებას, რომ დედის როლი ძალიან მნიშვნელოვანია მიჯაჭვულობის ჩამოყალიბების პროცესში. თუმცა კვებაზე უფრო მნიშნელოვნად იგი მიიჩნევდა დედის რეაგირებას ბავშვის მოთხოვნილებებზე. ერიქსონის ფსიქოსოციალური განვითარების თეორიის პირველი სტადიის მიხედვით, ნდობა-უნდობლობა ყალიბდება დედის ქცევიდან გამომდინარე - როგორ რეაგირებს დედა (ან, ის ადამიანი ვინც მასზე ზრუნავს) ბავშვის მოთხოვნილებებზე, რამდენად თანმიმდევრულად პასუხობს იგი ბავშვის სურვილებს, რამდენად ემოციურადაა ჩართული იგი ბავშვთან ურთიერთობის პროცესში. სწორედ ეს ქცევის პატერნები უყალიბებს ბავშვს ნდობას ან უნდობლობას არა უშუალოდ დედის, არამედ მთელი გარემოს, ყველა გარშემომყოფი ადამიანის მიმართ. აქედან გამომდინარე, ჩვენ კიდევ ერთხელ ვხედავთ რამდენად მნიშვნელოვანია, ბავშვის განვითარების პროცესში მიჯაჭვულობის ჩამოყალიბება.      კოგნიტური თეორიის წარმომადგენლები მნიშვნელობას ანიჭებდნენ არა მხოლოდ მშობლის, არამედ ბავშვის როლს მიჯაჭვულობის ჩამოყალიბების პროცესში. ამ თეორიის თანახმად, იმისთვის რომ მიჯაჭვულობა ჩამოყალიბდეს, ბავშვი უნდა იყოს გარკვეულ კოგნიტური განვითარების საფეხურზე. მას უნდა შეეძლოს ერთმანეთისგან გაარჩიოს ნაცნობი და უცნობი სახეები, უნდა ესმოდეს საგნის მუდმივობა. წარმოუდგენელია მიჯაჭვულობა ჩამოყალიბდეს იმ ადამიანების მიმართ, ვისაც ჩვილი ვერ სცნობს, ან მით უფრო იმათ მიმართ, ვინც არსებობას წყვეტენ, როგორც კი თვალს მიეფარებიან. სწორედ ამიტომ კოგნიტური თეორიის მიმდევრები აღნიშნავენ, რომ მიჯაჭვულობის გრძნობა ჩნდება 7-9 თვის ასაკში. კერძოდ, სენსო-მოტორული სტადიის მეოთხე ქვესაფეხურზე, როცა ბავშვი იწყებს მის თვალწინ დამალული ობიექტების ძიებას, რაც იმის ნიშანია, რომ მას ესმის ობიექტის მუდმივობა.      ამ მოსაზრებას იზიარებს ბ. ლესტერიც, რომლის კვლევებმაც აჩვენა, რომ 9 თვის ბავშვები, ობიექტის მუდმივობის ტესტში მაღალი ქულებით, აპროტესტებდნენ დედასთან განშორებას. მაშინ, როცა მათი თანატოლები დაბალი მაჩვენებლებით ობიექტის მუდმივობის ტესტში, დედასთან განშორებას მშვიდად, პროტესტის გარეშე ხვდებოდნენ.      გასული საუკუნის 50-იან წლებში ჰარლოუ აღნიშნავდა, რომ მიჯაჭვულობის ჩამოყალიბებისთვის მნიშვნელოვანია კვება, თუ სხვა პირველადი მოთხოვნილებების დაკმაყოფილება, მაგრამ ეს არაა საკმარისი. ჰარლოუმ ჩაატარა მთელი რიგი ცდებისა მაიმუნებზე. მისი აზრით, გარემოს გაკონტროლებისათვის, სადაც უნდა მომხდარიყო დასწავლა, უკეთესი იქნებოდა მაიმუნების დაშორება დედასთან, რადგან მის ექსპერიმენტში დედა მაიმუნები, რომლებიც მოდელის როლს ასრულებდნენ შვილებისთვის, არაკონტროლირებადი ცვლადი იყო.      ჰარლოუმ სრულიად შემთხვევით აღმოაჩინა, რომ დედებთან განშორებისას პატარა მაიმუნებს ნეგატიური ქცევები აღმოუცენდებოდათ. ზოგი მათგანი დაიღუპა, ზოგი იყო ძალიან შეშინებული, გაღიზიანებული და უარს ამბობდნენ თამაშზე და ჭამაზეც კი. ცხადი გახდა, რომ პატარა მაიმუნებს წარმატებით განვითარებისათვის და უსაფრთხოების განცდისთვის სჭირდებოდათ რაღაც უფრო მეტი ვიდრე უბრალოდ რეგულარული კვება.      ჰარლოუ კოლეგებთან ერთად ატარებდა ექსპერიმენტებს ხელოვნური სუროგატი დედების გამოყენებით. თითოეული პატარა მაიმუნისთვის იყო შექმნილი მავთულის მანეკენი, რომელსაც ჰქონდა ბოთლი, საიდანაც იგი იღებდა საკვებს. ასევე ექსპერიმენტში იყო რბილი ქსოვილით დაფარული მანეკენი, რომლისგანაც პატარა მაიმუნები საკვებს არ იღებდნენ. იმის მიუხედავად, რომ მაიმუნი იკვებებიდა მავთულის მანეკენის საშუალებით, პატარა მაიმუნები უპირატესობას ანიჭებდნენ რბილი ქსოვილით დაფარულ მანეკენს. ისინი დიდ დროს ატარებდნენ რბილ სუროგატ დედებთან, ეჭიდებოდნენ მას, აძლევდნენ მას ხმოვან სიგნალებს, თუ რამის შეეშინდებოდათ, თავშესაფარს ეძებდნენ სწორედ რბილ სუროგატ დედასთან. ამის შედეგად ჰარლოუმ დაასკვნა, რომ შეხების კომფორტულობა არის მიჯაჭვულობის ფორმირების ერთ-ერთი უმნიშვნოვალესი ფაქტორი.      აღსანიშნავია ჰარლოუს დაკვირვებაც იმის შესახებ, რომ მიუხედავა იმისა, რომ ამ მაიმუნებს ჩამოუყალიბდათ მიჯაჭვულობა ხელოვნურ სუროგატ დედებთან, მათი განვითარება არ მიმდინარეობდა ნორმალურად. ზრდასრულობისას ყველა მათგანი თავს ესხმოდა სხვა მაიმუნებს, ან გაურბოდნენ მათთან ურთიერთობას.      ამ ექსპერიმენტების შედეგად დამტკიცდა ისიც, რომ მაიმუნები, რომლებსაც საშუალება ეძლეოდათ თავისი ასაკის სხვა მაიმუნებთან თამაშისა, ამჟღავნებდნენ ნორმალურთან მიახლოვებულ სოციალურ ქცევებს, ანუ ახერხებდნენ დედის დეპრივაციით გამოწვეული დეფიციტის კომპენსირებას.      საბოლოო ჯამში შეგვიძლია დავასკვნათ, რომ სრულფასოვანი სოციალური ურთიერთკავშირის დამყარება გადამწყვეტ როლს თამაშობს მაიმუნების ნორმალური განვითარების პროცესში. შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ეს მტკიცება ჭეშმარიტია ადამიანებთან მიმართებაშიც.      ნახევარი საუკუნის წინ კონრად ლორენცმა შეამჩნია, რომ პატარა ბატის ჭუკები ყველგან დასდევდნენ დედებს დაბადედის მომენტიდანვე. ეს კავშირი ეხმარებოდა ბატს დაეცვა საკუთარი შთამომავლობა. ლორენცმა ასევე აღმოაჩინა, რომ უდედოდ დარჩენილი პატარა ჭუკები, რომლებზეც მათი სიცოცხლის პირველი 24 საათის განმავლობაში თვითონ ზრუნავდა, ყველგან დასდევდნენ მას და არა სხვა ბატს. ზოგირთი მისი ბატის ჭუკი ამჯობინებდა ღამე გაეთია სწორედ ლორენცის ოთახში და არა დუნაის ნაპირებზე.      ლორენცმა შემოიტანა ცნება იმპრიტინგი (imprint. ინგ. - კვალი, ანაბეჭდი). იმპრინტინგი ეს არის სწავლის სპეციფიური ფორმა, გარკვეული ინფორმაციის მეხსიერებაში ფიქსაციის პროცესი. იმპრიტინგი არის პროცესი, რომლის საშუალებითაც ცოცხალი არსება ითვისებს სტიმულებს, რომელიც ინიცირებას უკეთებს მათ სოციალურ ინსტიქტებს. მაგალითად, ცხოველების და ფრინველების შვილები ”სწავლობენ”, რომელ მოძრავ ობიექტს უნდა გაყვნენ უკან. იმპრიტინგი შესაძლებელია ძალიან ხანმოკლე დროის პერიოდში, ე.ი. სენზიტიური (კრიტიკული) პერიოდის განმავლობაში. თუ იმპრინტინგს არ აქვს ადგილი თავის დროზე (კრიტიკულ პერიოდში), ჭუკებს ეშინიათ გარემოსი და საკუთარი მშობლებისაც კი. ხშირ შემთხვევაში ისინი უარს ამბობენ ბატის, საკუთარ დედად აღიარებაზე და იზრდებიან მარტო. ასეთი ჭუკების განვითარების პროცესი არის შეფერხებული, დროში გაწელილი და არასრულფასოვანი. როგორ ყალიბდება მიჯაჭვულობა?      ჯ. ბოულბი თვლიდა, რომ კვება არ არის მიჯაჭვულობის ჩამოყალიბების საფუძველი. მისი აზრით, მიჯაჭვულობას აქვს გენეტიკური ფესვები. ურთიერთობა ბავშვსა და მშობელს შორის იწყება თანდაყოლილი სიგნალების ნაკრებით, რომლითაც ბავშვი მოუხმობს უფროსს. ესენია: მიახლოება, გადევნება, ჩაჭიდება (მიკვრა), ღიმილი, თვალებით კონტაქტი, ტირილი, პროტესტი განშორებისას, ხელში აყვანის სურვილი, ძებნა. დროთა განმავლობაში წარმოიქმნება ახალი ემოციური კავშირები, რომელსაც საფუძვლად უდევს ახალი ემოციური და კოგნიტური შესაძლებლობები.      ამავე დროს ჩვილს განვითარებისთვის ჭირდება უფროსი ადამიანი, რომელიც მასზე უფრო ძლიერია (უშიშროება და დაცულობა) და ბრძენია (გამოცდილება). დედა (ან ადამიანი, რომელიც მას უვლის) ყოველდღიური ზრუნვის დროს პასუხობს (ან არ პასუხობს) ბავშვის მოთხოვნილებებს, რითაც ხელს უწყობს ჩვილს, განუვითარდეს წარმოდგენა იმის შესახებ, თუ რა რეაქციას უნდა ელოდეს მისგან სხვა დროს.      ბავშვის დაბადებიდან მცირე ხნის შემდეგ დედას შეუძლია გაარჩიოს თავისი და სხვისი შვილის ტირილი. მხოლოდ დედისთვის გასაგები ნიშნების მიხედვით, მან შეიძლება გაარკვიოს თუ რა არის ბავშვის მოუსვენრობის, წუხილის მიზეზი (შია, ეძინება, სველია და სხვა). ჩვილთან ხანგრძლივი ურთიერთობის შედეგად, მსგავსი მექანიზმები ერთვებად ჩვილზე მზრუნველ სხვა ადამიანებსაც. ბევრ ქალთან ეს მექანიზმი თავისთავად ერთვება (დედობრივი ინსტინქტი), მაგრამ ზოგიერთ ქალთან ბავშვის მიმართ გრძნობა თავიდანვე არ ჩნდება. ისინი დედის როლში თავს არაკომფორტულად გრძნობენ. დედასა და ბავშვს შორის ადრეული ურთიერთობა ძალიან მოწყვლადია, მაგრამ ის ძალიან მნიშვნელოვანია მიჯაჭვულობის ფორმირებისთვის.      არსებობს სპეციალური ტერმინი - "ჩვილიდან გამოწვეული სოციალური ქცევა". ჩვილთან ურთიერთობისას დედას (ან ადამიანს, რომელიც ზრუნავს ბავშვზე) ეცვლება თვალების, თავის, ხელების, სხეულის მოძრაობა; სახის გამომეტყველება; დისტანცია (მანძილი ბავშვსა და დედას შორის). ასევე, იცვლება დედის მეტყველების სტრუქტურა -მარტივდება სინტაქსისი, ფრაზები მოკლდება, იზრდება პაუზა, იცვლება ზოგიერთი სიტყვის წარმოთქმა, იცვლება ხმის ტემბრი (ჩნდება მაღალი ბგერები) და რითმი, მეტყველება ნელდება, ხმოვნები ნაწილობრივ იწელება. ყოველივე ეს იწვევს დედის მეტყველების მელოდიურობას. ეს კი უადვილებს ჩვილს, აღიქვას და გადაამუშაოს ინფორმაცია, მოახდინოს ადექვატური რეაგირება. ე.ი. ერთის მხრივ, ჩვილი იწვევს დედის (ან ადამიანის, რომელიც ზრუნავს ბავშვზე ) მხრიდან განსაკუთრებულ ქცევას და მეორეს მხრივ, მაქსიმალურად მიმართულია დედის ქცევის აღქმაზე.      მიუხედავად იმისა, რომ ახალშობილი საკმაოდ უსუსურია, მას გააჩნია უნარების მთელი რიგი, მიჯაჭვულობის ჩამოსაყალიბებლად - ტირილი, თვალებით კონტაქტი, ღიმილი. ახალშობილი "განწყობილია" უფროსის ძიებაზე, უპირატესობას ანიჭებს ადამიანის სახის და არა სხვა ობიექტების ყურებას; არჩევს დედის რძის სუნს, გამოხატავს სიხარულს, როცა მას მიმართავენ.      ბოულბის თეორიაზე დიდი გავლენა მოახდინა ლორენცის იმპრინტინგის თეორიამ. იგი თვლიდა, რომ ადამიანებშიც აქვს ადგილი იმპრიტინგს. ბავშვთა სახლებში აღზრდილი ბავშვების მაგალითზე, ბოულბიმ აჩვენა, რომ სიყვარულისა და მიჯაჭვულობის იმპრინტის არ არსებობის გამო (8-9 თვემდე), ყალიბდება ”გარიყულობის” იმპრინტი. ასეთ ბავშვებს არ შეუძლიათ მომავალში დაამყარონ ხანგრძლივი სასიყვარულო ურთიერთობები. ისინი სხვა ადამიანებს მხოლოდ საკუთარი ინტერესების დასაკმაყოფილებლად იყენებენ.      იმპრინტი ეს არის წარსული გამოცდილება, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია ადამიანისათვის. იმპრინტი ვლინდება იმაში, რომ ადამიანი ახდენს მისთვის წარსულში მნიშვნელოვანი ადამიანის ქცევის კოპირებას. მაგალითად, დედა გოგონას წარსულში აგრესიულად ექცეოდა. რა იმპრინტს ღებულობს გოგონა, როცა მას თვითონ ეყოლება შვილი? - გაზრდილი გოგონა თავის შვილსაც აგრესიულად ექცევა. მას შეიძლება თვითონაც არ მოსწონდეს საკუთარი ქცევა, მაგრამ ვერ ხვდება, რატომ იქცევა ასე.      იქიდან გამომდინარე, რომ ბოულბი თავდაპირველად ფსიქოანალიტიკური თეორიის მიმდევარი იყო, მან მაინც შეინარჩუნა იდეა, იმისა, რომ მიჯაჭვულობა, უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს დაცულობის გრძნობის ფორმირებასა და სხვა ადამიანებთან სანდო ურთიერთობების ჩამოყალიბებაში.      ბოულბი მიჯაჭვულობას ევოლუციურად მნიშვნელოვან რეაქციად მიიჩნევდა, რომელიც სჭირდება ადამიანს გადარჩენისთვის, იქიდან გამომდინარე, რომ მიჯაჭვულობა უზრუნველყოფს ადამიანის უსაფრთხოების განცდასა და მოთხოვნილებების დაკმაყოფილებას. მას რთულ ბავშებთან ურთიერთობის დიდი გამოცდილება ჰქონდა, რის შედეგადაც (მათზე დაკვირვების შედეგად), მივიდა დასკვნამდე, რომ ქცევის სირთულეები, ემოციური რეგულაციის პრობლემები, თუ პრობლემები სოციალურ ადაპტაციაში, ხშირ შემთხვევაში გამოწვეული იყო, ბავშვსა და მშობელს შორის ურთიერთობების პრობლემებით.      ბავშვი, რომელსაც ჩამოყალიბებული აქვს მიჯაჭვულობა, განს­ხვავებულად რეაგირებს მშობელთან განშორებაზე, ვიდრე ბავშვი, რომელსაც ასეთი მიჯაჭვულობა არ აქვს. მშობელთან მიჯაჭვულობის მქონე ბავშვი მკვეთრ რეაქციას იძლევა მასთან განშორებისას (ვინაიდან განშორებისას, ის თავს დაცულად არ გრძნობს). ბოულბი გამოყოფს ბავშვების მშობლებთან განშორებაზე რეაქციის 3 სტადიას. ესაა: პროტესტი, გულგატეხილობა და გარიყულობა.      პროტესტის სტადიაზე ბავშვები არ ღებულობენ მშობელთან განშორებას. ისინი ტირიან, ყვირიან, იქნევენ ფეხებს, არ შედიან სხვა ადამიანებთან კონტაქტში.      მეორე სტადიაზე (გულგატეხილობა), რომელიც შეიძლება დადგეს რამოდენიმე საათის ან დღის შემდეგაც კი, ბავშვები კარგავენ ყოველგვარ იმედს, რომ მშობელი დაბრუნდება. ისინი საკუთარ თავში იკეტებიან და ჩუმად სლუკუნებენ.      მესამე სტადიაზე (გარიყულობა) კი ბავშვები შედიან კონტაქტში სხვა ადამიანებთან. რჩება შთაბეჭდილება, რომ მათ დაძლიეს მწუხარება. მაგრამ მშობელთან შეხვედრისას არიან გულგრილები, შეიძლება აგრესიაც კი გამოავლინონ. მიჯაჭვულობის განვითარების ფაზები      მიჯაჭვულობის ჩამოყალიბება ადამიანის სიცოცხლის პირველი ორი წლის მანძილზე ხდება და იგი რამდენიმე ფაზას გაივლის:      მიჯაჭვულობამდელი ფაზა (დაბადებიდან 6 კვირამდე). თანდაყოლილი სიგნალები: ჩაჭიდება, ღიმილი, ტირილი, თვალებში ყურება, ახალშობილს სხვა ადამიანებთან კონტაქტში შესვლაში ეხმარება. საპასუხო რეაქციების მიღებისთანავე, ჩვილები მშობლებს მათ გვერდით ყოფნისკენ წაქეზებას ცდილობენ, რადგან მათთან სიახლოვე ჩვილებს აწყნარებს და კომფორტს უქმნის. ამ ასაკის ბავშვები დედის სუნს, ხმას ცნობენ, არჩევენ დედის ნაკვთებს. ამ პერიოდში ბავშვები ჯერ დედაზე მი­ჯა­ჭ­ვული არ არიან, ამიტომ არ აპროტესტებენ სხვა ადამიანებთან დარჩენას.      მიჯაჭვულობის ჩამოყალიბების ფაზა (6 კვირიდან - 6-8 თვემდე). ამ პერიოდში ბავშვები დედაზე (მომვლელზე) და უცხო ადამიანზე განსხვავებულად რეაგირებენ. მაგალითად, ბავშვი დედასთან უფრო თავისულად იღიმის, იცინის, ღუღუნებს. დედის მიერ ხელში აყვანისას სწრაფად მშვიდდება. ბავშვი სწავლობს, რომ მისი ქნედებები ირგვლივ მყოფთა ქცევას განაპირობებს. ბავშვებში იწყება ნდობის განვითარება, მოლოდინი იმისა, რომ მომვლელი (დედა) სიგნალის მიღებისას რეაგირებას მოახდენს. მიუხედავად იმისა, რომ ბავშვი უკვე ცნობს დედას, მასთან განშორებას არ აპროტესტებს.      მკვეთრად გამოხატული მიჯაჭვულობის ფაზა (6-8 თვიდან - 18 თვემდე). ამ დროს მომვლელის (დედის) მიმართ მიჯაჭვულობა აშკარაა. ბავშვში ჩნდება სეპარაციული (განშორება) შფოთვა, როცა მას მშობელი ტოვებს. ის მოუსვენარი ხდება და შფოთვას განიცდის. ეს მიუთითებს იმაზე, რომ მზრუნველი განაგრძობს ბავშვისთვის არსებობას, მიუხედავად იმისა, რომ ის მას ვერ ხედავს. შესაბამისად, ბავშვები, რომელთაც ჯერ არ აქვთ განვითარებული ობიექტის მუდმივობა (პიაჟე), მშობელთან განშორებისას შფოთვას არ განიცდიან.      ორმხრივი მიჯაჭვულობის ფაზა (18 თვიდან - 2 წლამდე). ამ ასაკში წარმოსახვის და მეტყველების განვითარება, ბავშვებს შესაძლებლობას აძლევს, გააცნობიერონ ის ფაქტი, რომელიც მშობლის წასვლა-მოსვლაზე ახდენს გავლენას და გარკვეულწილად გათვალონ მშობლის დაბრუნება. ამის გამო, განშორების მიმართ პროტესტი კლებულობს. ბავშვები მშობლებთან მოლაპარაკებასა და ”ვაჭრობას” იწყებენ, იყენებენ რა თხოვნასა და დარწმუნებას. მაგალითად, 2 წლის ბავშვი დედას ზღაპრის წაკითხვას სთხოვს, ვიდრე ის სამსახურში წავა.      მიჯაჭვულობის განვითარების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მომენტია უცხო ადამიანების და განშორების შიშის აღმოცენება ბავშვებში. ამ მომენტს ხშირად ,,7 თვიანების შფოთვას" უწოდებენ, იქიდან გამომდინარე, რომ იგი თავს იჩენს სწორედ 7 თვის ასაკის ბავშვებში. ბავშვები, რომლებიც უღიმოდნენ, თბილად ხვდებოდნენ უცნობ ადამიანებს უცაბედად იწყებენ ნერვიულობას და შფოთვას უცხო გარემოში.      ფსიქოლოგთა უმრავლესობა უცნობი ადამიანების შიშში ხედავს ბავშვის ინტელექტუალური განვითარების ნიშნებს. ზრდასთან ერთად, ბავშვი განასხვავებს ერთმანეთისგან მასზე მზრუნველ და მისთვის უცნობ ადამიანებს. უცხო ადამიანებთან მარტო დარჩენის შემთხვევაში ისინი იწყებენ შფოთვას, განიცდიან უსაფრთხოების გრძნობის დეფიციტს. შესაბამისად, გარემო უსაფრთხოა ბავშვისთვის მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მისი ახლობელი ადამიანები ახლოს არიან.      გორდონ ბრონსონმა დაკვირვების შედეგად აღმოაჩინა, რომ 9 თვის ასაკში ბავშვების შფოთვითი რეაქციები უფრო რთულდება. კერძოდ, ამ ასაკის ბავშვი უცნობის დანახვაზე იწყებს შფოთვას და ტირილსაც კი.      უცნობების შიში სოციალური განვითარებისა და მიჯაჭვულობის ჩამოალიბების პროცესში მნიშვნელოვან როლს ასრულებს. მას შემდეგ, რაც ბავშვი სწავლობს ნაცნობი ადამიანების იდენტიფიცირებას და შესაბამისად თავს უსაფრთხოდ და კომფორტულად გრძობს, იგი იწყებს უცნობი ობიექტებისა და გარემოს შესაწავლას. ამისგან განსხვავებით ბავშვები, რომლებიც გამუდმებით ცდილობენ მზრუნველებთან ახლოს ყოფნას და მათ გვერდითაც ვერ გრძნობენ თავს უსაფრხოდ, ხელიდან უშვებენ ახალი გამოცდილების მიღების, გარემოს შესაწავლის შანს, რაც ხელს უშლის მათ ნორმალურ განვითარებაში.      უცნობი ადამიანებისა და განშორების შიშის მიხედვით, შეგვიძლია შევაფასოთ მიჯაჭვულობის ტიპი ბავშვსა და მის მზრუნველს შორის. მიჯაჭვულობის ტიპები      მიჯაჭვულობა უვითარდება ყველა ბავშვს, მაგრამ მისი ხასიათი მნიშვნელოვნად განსხვავდება ერთმანეთისგან. მერი ეინსვორტის თანახმად მიჯაჭვულობა ყალიბდება თანდათან და მასში აისახება ბავშვის მოლოდინები დედის მიმართ. როგორ მოიქცევა ბავშვი სტრესულ სიტუაციაში, მიმართავს თუ არა იგი დედას დახმარებისა და თანაგრძნობისთვის, დამოკიდებულია ბავშვის გამოცდილებაზე და იმაზე თუ რას მოელის დედისგან.      ეინსვორტმა მიჯაჭვულობის ხარისხის შესაფასებლად შექმნა კვლევის პროცედურა - "უცნობი ადამიანის სიტუაცია".      ეინსვორტის ტესტი "უცნობი ადამიანის სიტუაცია", მოგვაგონებს მინი-სპექტაკლს, რომლის მიზანიცაა შეაფასოს მშობელი-ბავშვის ემოციური მიჯაჭვულობის ტიპი. ამ "სპექტაკლში" ჩართულია ბავშვი, მასზე მზრუნველი რომელიმე მშობელი და ერთი უცნობი ადამიანი. ექსპერიმეტის პროცესში, მშობელი და შვილი შედიან უცნობ, სპეციალურად მოწყობილ ოთახში, სადაც უამრავი სათამაშოა, ცოტა ხნის შემდეგ დედა გადის ოთახიდან და ტოვებს ბავშვს მარტო, ოთახში კი შემოდის უცნობი ადამიანიმ შემდეგ დედა ბრუნდება ოთახში. ხდებოდა დაკვირვება იმაზე, თუ რა ტიპის რეაქციას ავლენს ბავში დედის ოთახიდან გასვლისას და რა ტიპის ემოციით ხვდება იგი უკან დაბრუნებულ მშობელს.      ბავშვის ამ ქცევებიდან და ემოციებიდან გამომდინარე ეინსვორტმა გამოყო მიჯაჭვულობის 2 ტიპი:      1. სანდო მიჯაჭვულობა - ამ დროს ბავშვი შორდება დედას და რჩება უცხო ადამიანებთან, მართალია ეს ბავშვები წუხდნენ, როდესაც დედა გადიოდა ოთახიდან, მაგრამ დედის დაბრუნებისას მხიარულად და თბილად ხვდებოდნენ მას, ადვილად მშვიდდებოდნენ. შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ამ ბავშვებს მიღებული ჰქონდათ სენსიტიური, მათი მოთხოვნილებების დაკმაყოფილებაზე მიმართული ზრუნვა.      2. არასანდო მიჯაჭვულობა, რომელიც 3 განსხვავებული ფორმით ვლინდება:      განრიდებული მიჯაჭვულობა. ბავშვები ნაკლებად არიან დამოკიდებული დედაზე, არ ავლენენ რაიმე ტიპის ემოციას მის მიმართ. დედის ოთახიდან გასვლის შემდეგ არ ნერვიულობენ, არ გამოხატავენ შფოთვას და რაც ყველაზე ნიშანდობლივია უცხო ადამიანს ექცევიან ისევე, როგორც დედას. აღსანიშნავია ისიც, რომ ზოგჯერ თუ ბავშვები გამოხატავდნენ შფოთვას ოთახიდან დედის გასვლაზე, ისინი არ იჩენდნენ არანაირ ინტერესს მისდამი ოთახში დაბრუნებისას. შესაძლოა ბავშვი ბრაზობდეს დედაზე, როცა იგი ოთახს ტოვებს, მაგრამ გაურბის მასთან კონტაქტს დაბრუნების შემდეგ. შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ამ ბავშვებს არ ჰქონდათ მოლოდინი იმისა, რომ დედა შეძლებდა მათ დამშვიდებას. შესაბამისად, მათ დაისწავლეს ემოციებთან, თუ პრობლემებთან დამოუკიდებლად გამკლავება, ვინაიდან ვერ ღებულობდნენ დედის მხრიდან მათი ემოციური მოთხოვნილებების დაკმაყოფილებას.      ამბივალენტური მიჯაჭვულობა. ეს ბავშვები, თავდაპირველად ოთახში შემოსვლისას არ სცილდებოდნენ დედას (ასეთ ბავშვებს ”დედის კუდსაც” უწოდებენ) და არ ცდილობდნენ გარემოს შესწავლას. მათ გამოხატული ჰქონდათ მაღალი შფოთვა. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ დედის ოთახიდან გასვლის შემდეგ ისინი შეშინებულები, სასოწარკვეთილები ელოდნენ მის დაბრუნებას. თუმცა როცა დედა ბრუნდებოდა, ისინი გაბრაზებულები ცდილობდნენ ხელიდან დასხლტომოდნენ მას, ტიროდნენ, ეჩხუბებოდნენ და გაურბოდნენ მას. ეს ბავშვები ავლენდნენ ამბივალენტურ ემოციებს. მათი ამგვარი ქცევიდან გამომდინარე შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ბავშვებს გამოცდილებაში აქვთ ქაოტური, არათანმიმდევრული ზრუნვა.      დეზორგანიზაციული მიჯაჭვულობა. ეს არის ყველაზე სუსტი მიჯაჭვულობის ტიპი. ამ დროს ბავშვი იქცევა წინააღმდეგობრივად. დედის ოთახში დაბრუნების შემდეგ, იგი ავლენს ურთიერთ საწინააღმდეგო ემოციებს. ხშირ შემთხვევაში არ იძლევა ემოციურ უკუკავშირს, მხოლოდ ფიზიკურად ეკვრის მშობელს. ასეთმა ბავშვებმა შეიძლება ზურგი შეაქციონ დედას, როცა ის მათ ხელში აყვანას ცდილობს; შესაძლოა გაექცეს დედის მზერას, როცა ის ხელში აჰყავთ; შესაძლოა თავად ბავშვი მიეკროს დედას აპათეური უემოციო სახით. იყო შემთხვევები, როცა დამშვიდების, დედასთან შერიგების შემდეგ, ბავშვი თავიდან იწყებდა ტირილს. აქედან გამომდინარე შეგვიძლია დავასკვნათ, რომ ამ ბავშვების მზრუნველებთან ურთიერთობა დეზორგანიოზებულია და ისინი ვერ იკმაყოფილებენ ემოციურ მოთხოვნილებებს.      ედვარდ ტრონიკი იკვლევდა მიჯაჭვულობის რეციპროკულობის მიმდინარეობას, მას აინტერესებდა, როგორ ხდება ამ ორმხრივი ემოციური კავშირის ჩამოყალიბება, რა როლი ენიჭება ამ პროცესში ჩვილს, და რა როლი აქვს მასზე მზრუნავ ადამიანს.      ტრონიკმა ჩაატარა ლაბორატორიული ექსპერიმენტი, რომლის მიზანიც იყო შეესწავლა ურთიერთმოლოდინები მშობელსა და შვილს შორის. ამ ექსპერიმენტს ეწოდებოდა "გაყინული სახის" ექსპერიმენტი.      ამ ექსპერიმენტის ფარგლებში, მშობლებს სთხოვდნენ ჩვეულებრივად ისე, როგორც სახლში ეთამაშათ სამი თვის ასაკის ბავშვებთან. თითოეულ წყვილს ჰქონდა სპეციფიკური თამაშის მანერა, თუმცა ყველა შემთხვევაში, როცა ბავშვებს სჭირდებოდათ აქტიური მოქმედებებისგან დასვენება, ისინი ზურგს აქცევდნენ მშობლებს ან ხუჭავდნენ თვალებს სტიმულაციის შესამცირებლად. ამ მომენტში ექსპერიმენტატორი სთხოვდა მშობელს შეეწყვიტა ბავშვთან ურთიერთობა. მას უნდა ეყურებინა ბავშვისთვის გაყინული, უემოციო გამომეტყველებით. მშობლის ასეთი რეაქცია ბავშვში იწვევდა გაოგნებას. ის ცდილობდა სხვადასხვა მოქმედებებით ღიმილით, შეხებით, თუ ღუღუნით მშობლის რეაქციის შეცვლას. თუმცა მშობელი ინარჩუნებდა ”გაყინულ” სახეს. რამდენიმე წუთის შემდეგ ბავშვების ქცევა იცვლებოდა. ისინი იწყებდნე თითების წოვას და გამოიყურებოდნენ შეშინებულნი. ზოგი მათგანი იწყებდა ტირილს, ზოგს სდიოდა ნერწყვი, ზოგი ასლოკინებდა. მიუხედავად იმისა, რომ მშობელი ადრინდელივით ახლოს რჩებოდა ბავშვთან, ემოციური უკუკავშირის დეფიციტის გამო, ბავშვი იწყებდა შფოთვას. ექსპერიმენტის ბოლოს მშობელი აღადგენდა შვილთან ემოციურ თამაშს, სანამ ჩვილი არ დადგებოდა კარგ ხასიათზე.      ეს ექსპერიმენტი ცხადყობს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ემოციური კავშირის დამყარება ჩვილებთან. ტრონიკის მიხედვით, ბავშვების განვითარების ძირითადი დეტერმინანტი არის ორმხრივი ემოციური ურთიერთობის დამყარება.      რაც შეეხება მრავლობით მიჯაჭვულობას. ახალშობილები, რომლებიც იზრდებიან მხოლოდ ერთ მშობელთან მიდრეკილნი არიან გამოავლინონ ძლიერი შიში სხვა ადამიანების გარემოცვაში და მეტად აპროტესტებენ მშობელთან განშორებას. ამასთან, ეს ბავშვები შფოთვას ავლენენ გაცილებით უფრო ადრე, ვიდრე ის ბავშვები, რომლებიც იზრდებიან უფრო "ხალხმრავალ" გარემოში. აღსანიშნავია ისიც, რომ ბავშვი უფრო მძაფრად რეაგირებს მშობელთან განშორებაზე, თუ იგი გამუდმებით მის გვერდითაა, სძინავს მშობლის ოთახში, მშობლის საწოლში, გამუდმებით ხელში აყვანილი დაჰყავთ. მაშინ, როცა ბავშვი, რომელიც დაბადების მომენტიდან მიჩვეულია სხვა ადამიანებთან ურთიერთობას და მის მიმართ ჰიპერმზრუნველობას არ იჩენენ, გაცილებით უფრო მშვიდად, ნაკლები შფოთვით ეგუებიან მშობელთან განშორებას.      ცალსახად იმის თქმა, მრავლობითი მიჯაჭვულობა სჯობს, თუ მშობელი-შვილის ურთიერთობა, ფაქტობრივად შეუძლებელია. ეს დამოკიდებულია თავად ჩამოყალიბებული ურთიერთობების ფორმაზე. აღსანიშნავია ისიც, რომ ახალშობილებს, როგორც წესი, მიჯაჭვულობა უყალიბდებათ გარდა მშობლებისა, დებზე, ძმებზე, ბებია-ბაბუაზე ან სხვა უახლოეს ნათესავებზე, ვინც მათზე ზრუნავს. ერთმნიშვნელოვნად მხოლოდ იმის თქმა შეგვიძლია, რომ უცხო გარემოში, თუ უცხო ადამიანებთან ადაპტირება გაცილებით უმარტივდებათ ბავშვებს, რომლებზეც დაბადების მომენტიდან ზრუნავს რამდენიმე ადამიანი, ვიდრე იმ ბავშვებს, რომლებიც მხოლოდ ერთ მზრუნველს არიან შეჩვეულნი. თუმცა ამ შემთხვევაშიც აუცილებლად უნდა გვახსოვდეს ის ფაქტიც, რომ მრავლობითი მიჯაჭვულობის დროს, ბავშვის სრულფასოვანი განვითარებისთვის აუცილებელია, არსებობდეს ერთი ადამიანი, რომლის მიმართაც მას განსაკუთრებით ახლო ემოციური კავშირი ექნება.      დასკვნის სახით შეიძლება ითქვას, რომ ბავშვის ნორმალური განვითარება მნიშ­ვნელოვნადაა დაკავშირებული მიჯაჭვულობასთან. ბავშვის სამომავლო ქცევას დიდწილად განაპირობებს ის, თუ რამდენად აქვს მას ჩამოყალიბებული ადრეულ ბავშვობაში მიჯა­ჭვულობის გრძნობა. სირთულეებმა ამ პროცესის ჩამოყალიბებაში შესაძლოა გამოიწვიოს ქცევითი და ემოციური პრობლემები. უნდა გვახსოვდეს, რომ მშობლების, თუ ახლობელი ადამიანების ქცევის პატერნები ბავშვზე ზრუნვისას გავლენას ახდენს მისი განვითარების ყველა კომპონენტზე, იქნება ეს ფიზიკური ჯანმრთელობა, კოგნიტური განვითარება, სოციალური კომპეტენცია, თვითშეფასება, თვითპატივისცემის განცდა, თუ ზოგადად, ზრდასრულობაში სრულფასოვანი პიროვნული ფუნქციონირება.      მიჯაჭვულობის პრობლემების მქონე ბავშვი გარემომცველი სამყაროსა და ადამიანების მიმართ ნდობას რთულად ამჟღავნებს, რაც ხელს უშლის მას ნორმალურად ფუნქციონირებაში. მაშინ, როცა მზრუნველ და მოსიყვარულე გარემოში აღზრდა მას საკუთარი თავის და ზოგადად გარემოს მიმართ ნდობას უყალიბებს. მიჯაჭვულობის პატერნები ნარჩუნდება მთელი ცხოვრების განმავლობაში და გადაეცემა თაობიდან თაობას, შესაბამისად მაქსიმალური პასუხისმგებლობით უნდა მოვექცეთ ამ პროცესს. ემოციები სიხარული      სიხარული, რომლის გამოხატვაც ღიმილით იწყება და შემდეგ სიცილში გადადის მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ბავშვის განვითარებაზე. ჩვილები იღიმებიან და იცინიან ახალი უნარის დაუფლებისას, მოტორულ და კოგნიტურ სფეროში დახელოვნებისას. ბავშვები კარგად გრძნობენ, რომ მათი ღიმილი უფროსის უფრო მეტ სითბოსა და ყურადღების გამოხატვას განაპირობებს.      პირველი კვირების განმავლობაში, ბავშვები სიმაძღრის, თვალის სწრაფი მოძრაობის ძილის (REM), ნაზად შეხების, დედის ხმის გაგონების და რწევის დროს იღიმებიან. პირველი თვის ბოლოს კი საინტერესო საგნის დანახვისას გაიღიმებენ.      6-10 კვირის ჩვილის სახეზე ე.წ. "სოციალური ღიმილი" ჩნდება (იღიმება დედის დანახვისას ან მისი ხმის გაგონებისას). 3 თვის ჩვილი კი მისთვის ნაცნობ ადამიანთან ინტე­რაქციისას იღიმება.      ბავშვები სიცილს პირველად დაახლოვებით 3-4 თვის ასაკში იწყებენ. ღიმილის მსგავსი სიცილი ჩნდება აქტიური გამღიზიანებლის საპასუხოდ. მაგალითად, როცა მშობლები ბავშვს ეთამაშებიან.      6 თვის ბავშვები უფრო ხშირად ნაცნობ ადამიანებთან ინტერაქციისას იღიმებიან და იცინიან.      10-12 თვის ბავშვები კონტექსტიდან გამომდინარე სხვადასხვაგვარად იღიმებიან - მშობლის დანახვაზე ფართოდ იღიმებიან; უცხო ადამიანს თავშეკავებულად, უხმოდ უღიმიან; მასტიმულირებელი თამაშის დროს კი გულიანად იცინიან.      2 წლის ასაკისთვის კი ღიმილი გააზრებული, სოციალური სიგნალი ხდება. ბრაზი და სევდა      ახალშობილი სხვადასხვა არასასიამოვნო განცდაზე (შიმშილი, მტკივნეული სამედი­ცინო პროცედურა, სხეულის მაღალი ტემპერატურა და ა.შ.) ზოგადი დისტრესით პასუხობს.      4-6 თვიდან ბავშვებში ბრაზის გამოხატვის სიხშირე და ინტენსივობა იზრდება, რომელიც გამოწვეულია სხვადასხვა სიტუაციით. მაგალითად, მათთვის საინტერესო საგანს გამოართმევენ, ზღუდავენ მის მოძრაობას, აძინებენ, მზრუნველის წასვლისას ან თუ თავისი მოქმედებით, სასურველ მიზანს ვერ აღწევენ და ა.შ.      რატომ იზრდება ბრაზის რეაქცია?      ეს დაკავშირებულია კოგნიტურ და მოტორულ განვითარებასთან. მას შემდეგ რაც პატარები ნებისმიერი (მიზანმიმართული) მოქმედების უნარს იძენენ, საკუთარი მოქმედებების კონტროლისა და მათი შედეგების შეფასებას იწყებენ. ასევე უფროსი ასაკის ჩვილები უკეთ ახერხებენ ტკივილის და ფრუსტრაციის გამომწვევი მიზეზის განსაზღვრას.      ბრაზის ინტესივობის ზრდა ასრულებს ადაპტურ ფუნქციასაც. ბრაზით მობილიზებული ენერგია, პატარას თავდაცვის ან სირთულის დაძლევის საშუალებას აძლევს.      გასათვალისწინებელია ისიც, რომ ბავშვის გაბრაზება უფროსებს უბიძგებს მისთვის დისკომფორტის მოხსნაზე. მაგალითად, თუ ბრაზის გამომწვევი მიზეზია დედისგან სეპარაცია, მაშინ მომავალში დედამ შეიძლება მარტო აღარ დატოვოს ბავშვი.      სევდა შეიძლება გამოიწვიოს ტკივილმა, სასურველი საგნის გამორთმევამ, ხანმოკლე განშორებამ. სევდა ჩვილობაში ბრაზთან შედარებით იშვიათია.      სევდა როგორც წესი, მზრუნველთან განშორებისას ან მზრუნველსა და ჩვილს შორის კომუნიკაციის სარიოზული დარღვევის შემთხვევაში ჩნდება. შიში      ბრაზის მსგავსად, შიშივ ცხოვრების პირველი წლის მეორე ნახევარში ჩნდება. უფროსი ასაკის ჩვილები ახალი სათამაშოთი თამაშის დაწყებას ყოყმანობენ.      ცოცვის დაუფლების შემდეგ, ბავშვებს სიმაღლის შიში უჩნდებათ. ყველაზე ხშირად კი ჩვილებს უცხო ადამიანის შიში ახასიათებთ. ბევრი ჩვილი უცხო ადამიანს სიფრთხილით ხვდება, თუმცა არსებობს გამონაკლისიც. ბავშვის რეაქცია დამოკიდებულია რამოდენიმე ფაქტორზე: ტემპერამენტზე (ზოგი ბავშვი ბუნებით მშიშარაა), უცხო ადამიანთან ურთიერთობის გამოცდილებაზე და არსებულ სიტუაციაზე. თუ უცნობი ადამიანი ზის და არ ანხორციელებს აქტიურ ქმედებებს, ხოლო მშობელი ბავშვის გვერდითაა, მაშინ ჩვილი პოზიტიურ ქცევას და ცნობისმოყვარეობას ამჟღავნებს. უცხო ადამიანის მხრიდან სითბოს გამოხატვა, მიმზიდველი სათამაშოს შეთავაზება, ნაცნობი თამაშის წამოწყება, ბავშვთან ნელა მიახლოვება - ბავშვის შიშს ამცირებს.      6 თვის ბავშვებთან შიშის გრძნობის გაზრდამ, შეიძლება მისი ცნობისმოყვარეობა შეაფერხოს. ბავშვები მზრუნველს იყენებენ როგორც უსაფრთხოების საყრდენს, რომელსაც შეიძლება მოსცილდე გარემოს გამოსაკვლევეად და დაუბრუნდე საფრთხის შემთხვევაში.      დროთა განმავლობაში უცხო ადამიანის შიში და სხვა სახის შიშებიც მცირდება. კოგნიტური განვითარება საშუალებას აძლევს ბავშვს გაარჩიოს საშიში და უსაფრთხო სიტუაციები. ამასთანავე, ხრდასთან ერთად ბავშვი ეუფლება შიშის დაძლევის სტრატეგიებს. მე-ს ცნობიერებასთან დაკავშირებული ემოციები      ბაზისური ემოციების გარდა, ადამიანისთვის დამახასიათებელია უფრო რთული ემო­ციებიც, როგორიცაა - სირცხვილის და დანაშაულის გრძნობა, შური და სიამაყე. ასეთ ემო­ციებს მე-ს ცნობიერებასთან დაკავშირებულ ემოციები ეწოდება, ვინაიდან ამ ემოციებს მე-ს განცდის გაძლიერება ან შესუსტება შეუძლია. მაგალითად, ჩვენ ნეგატიურად ვაფასებთ ჩვენს საქციელს, თუ სირცხვილის გრძნობას განვიცდით.      დანაშაულის გრძნობა ვინმესთვის ზიანის მიყენების დროს ჩნდება. სიამაყე კი პირიქით, საკუთარი მიღწევებით კმაყოფილებას ასახავს.      მე-ს ცნობიერებასთან დაკავშირებული ემოციები ჩნდება 2 წლის ასაკში, როდესაც ბავშვებს საკუთარი მე-ს განცდა უჩნდებათ.      18-24 თვის ბავშვებში სირცხვილის, სიამაყის და უხერხულობის გრძნობა ჩნდება, ხოლო შური - 3 წლის ასაკში.      მე-ს ცნობიერებასთან დაკავშირებული ემოციების განვითარებას განაპირობებს, ერთის მხრივ, თვითშემეცნების განვითარება და მეორეს მხრივ, უფროსების მიერ მიცემული მითითებები, როდის უნდა გაუჩნდეს მათ სიამაყის, სირცხვილის ან დანაშაულის გრძნობა. უფროსები უკვე 2 წლის ბავშვებთან, სირცხვილის გრძნობის გამოყენებით, კარგი და ცუდი საქციელის ჩამოყალიბებას ცდილობენ. მშობლებმა უნდა გაითვალისწინონ, რომ გადაჭარბებულმა სირცხვილის გრძნობამ, შესაძლოა ბავშვის თვითშეფასებას ზიანი მიაყენოს.      3 წლის ასაკში მე-ს ცნობიერებასთან დაკავშირებული ემოციები თვითშეფასებას უკა­ვშირდება. ემოციების თვითრეგულაცია      ბავშვები სხვადასხვა ემოციების გამოხატვის გარდა, საკუთარი ემოციების მართვასაც სწავლობენ. ემოციების თვითრეგულაცია ეს არის სტრატეგია, რომელიც ჩვენი ემოციების ინტესივობას შეამცირებს. ემოციების თვითრეგულაცია რამოდენიმე კოგნიტურ უნარს მოითხოვს: ყურადღების კონცენტრაციას და გადატანას, აზრებისა და ქცევის მოთოკვას, დაგეგმვას და სტრესული სიტუაციიდან თავის დასაღწევად აქტიური ნაბიჯების გადადგმას.      ემოციების თვითრეგულაციას ვახდენთ მაშინ, როცა საკუთარ თავს ვახსენებთ, რომ შფოთვის გამომწვევი სიტუაცია მალე დასრულდება, მეგობრის ქცევით გამოწვეულ ბრაზს დავძლევთ ან საშინელებათა ფილმის ყურებას თავს ვარიდებთ.      ემოციების თვითრეგულაცია გულისხმობს ემოციების შეგნებულ მართვას. ამას კი განაპირობებს თავის ტვინის შუბლის ნაწილის განვითარება და უფროსების დახმარება (ასწავლიან პატარებს ემოციების მართვას).      ცხოვრების პირველი თვეების განმავლობაში ჩვილებს ემოციების მართვის შეზღუდუ­ლი უნარი აქვთ. მიუხედავად იმისა, რომ მათ შეუძლიათ არასასიამოვნო სტიმულს ზურგი შეაქციონ, გრძნობების გამძფრებისას ტუჩები ამოძრაონ და წოვონ, შინაგანი და გარეგანი სტიმულიბი გადატვირთავს მათ ნერვულ სისტემას. ამიტომ, ისინი უფროსებზე არიან დამოკიდებული, რომლებივ მათ ხელში აიყვანენ, დაარწევენ, მოეფერებიან.      4 თვის ჩვილებს, ყურადღების გადატანის უნარის განვითარება, მათ ემოციების კონტროლში ეხმარება. ბავშვები, რომლებიც არასასიამოვნო სიტუაციას ზურგს აქცევენ, ნაკლებ დისტრესს განიცდიან. ცხოვრების პირველი წლის ბოლოს ცოცვა და სიარული, სხვადასხვა სტიმულთან მიახლოვებით ან განშორებით, ბავშვებს ემოციების რეგულირების შესაძლებლობას აძლევს.      იმ მშობლების შვილები, რომლებიც ბავშვების ემოციურ სიგნალებს ”ამოიცნობენ” და მათზე თბილ, გულისხმიერ რეაქციას იძლევიან, ნაკლებად ნერვიულები და მეტად ცნობისმოყვარენი არიან. ასევე ისინი ადვილად მშვიდდებიან.      მშობლები, რომლებიც არ რეაგირებენ ბავშვის მიერ მიწოდებულ სიგნალებზე, სანამ ისინი ძალიან ინტენსიური არ გახდება, ბავშვებში ძლიერი დისტრესის გამოწვევას უწყობენ ხელს. მომავალში, მშობლებისთვის ასეთი ბავშვების დაწყნარება უფრო რთულია, ხოლო ბავშვებს ემოციების თვითრეგულაციის სწავლა უძნელდებათ.      თუ უფროსები ვერ არეგულირებენ ჩვილის სტრესულ მდგომარეობას, თავის ტვინის ის სტრუქტურა, რომელიც პასუხიმგებელია სტრესის შესუსტებაზე, შესაძლოა სათანადოდ ვერ განვითარდეს.      ერთ-ერთმა კვლევამ აჩვენა, რომ 5 თვის ბავშვები, რომლებიც ხელების მოძრაობის შეზ­ღუდვისას ტირილს იწყებდნენ, 10 თვის ასაკში, სათამაშოს ხელიდან გამორთმევის შემ­თხვევაში ძლიერ ტირილს იწყებდნენ.      მეორე წლის ბოლოს, წარმოსახვისა და მეტყველების განვითარებასთან ერთად, ემოციების რეგულირების ახალი მეთოდები ჩნდება. მაგრამ პატარებს ჯერ არ შეუძლიათ მეტყველების ეფექტურად გამოყენება. მას შემდეგ, რაც ბავშვი ისწავლის საკუთარი მდგომარეობის ახსნას, ის აგებინებს უფროსს საკუთარ განცდებს და მათ დახმარების შესაძლებლობას აძლევს. მაგალითად, 2 წლის გოგონამ ზრაპრის მოსმენისას, წამოიყვირა: - ”დედა მეშინია”. დედამ წიგნი გადადო და პატარას ჩაეხუტა. ტემპერამენტი      ჩვილები განსხვავდებიან ტემპერამენტით: ისინი განსხვავებულ რეაქციას იძლევიან ახალ ობიექტზე, განსხვავდებიან აქტიობის ხარისხით, ჩვეული გუნება-განწყობილებით, ზოგ მათგანს უყვარს სოციალური ინტერაქცია, ზოგს კი - მარტოობა, აქვთ განსხვავებული ცხო­ვ­რე­ბის რითმი.      ბასმა და პლომინმა ტემპერამენტი აღწერეს 3 მახასიათებლით: ემოციურობა, აქტიობა და კომუნიკაბელობა.      თომასამა და ჩესმა კი ტემპერამენტი აღწერეს 9 მახასიათებლით:      აქტიობის დონე - აქტიური პერიოდის თანაფარდობა, არააქტიურ პერიოდთან.      რითმულობა - ორგანიზმის სტრუქტურების ფუნქციონირების რეგულარულობა. მაგალითად, ზოგ ჩვილს აქვს რეგულარული: კუჭის მოქმედება, ძილი, კვება, ზოგს კი არა.      ყურადღების გადატანა - რამდენად შეუძლია გარე სტიმულს შეცვალოს ბავშვის ქცევა. მაგალითად, ზოგი ბავშვი წყვეტს ტირილს სათამაშოს მიწოდებისას, ზოგი კი -არა.      მიახლოება/განრიდება - რეაქცია ახალ საგანზე, ადამიანზე, საკვებზე. მაგალითად, ზოგი ბავშვი უღიმის უცნობ ადამიანს ან სიამოვნებით იღებს ახალ საკვებს, ზოგი კი ტირის და უარს ამბობს ახალი საკვების მიღებაზე.      ადაპტურობა - რამდენად ადვილად ეგუება ბავშვი გარემო ცვლილებებს. მაგალითად, ჩვილი შეიძლება შეშინდეს უცხო ადამიანის დანახვისას, მაგრამ მალე ჩერდება და შემდეგში მის დანახვაზე აღარ ტირის; ზოგი კი ხელმეორედ ნახვისას, ისევ იწყებს ტირილს.      ყურადღების მოცულობა და სიმყარე - აქტიობისთვის დათმობილი დრო. მაგალითად, ზოგი ბავშვი დიდხანს ათვალიერებს სათამაშოს, ზოგი კი რამოდენიმე წუთში კარგავს ინტერესს.      რეაქციის ინტენსივობა - რეაქციის ენერგიულობის დონე. მაგალითად, ზოგი ბავშვი ხმამაღლა ტირის/იცინის, ზოგი კი - ზომიერად.      რეაქციის ზღურბლი - რეაქციისთვის საჭირო სტიმულის ინტენსივობა. მაგალითად, ზოგი ჩვილი შეკრთება სუსტ ხმაზეც კი, სხვები კი ამ ცვლილებას ვერ ამჩნევენ.      გუნება-განწყობილება - მხიარული აქტიობების რაოდენობა. მაგალითად, ზოგი ბავშვი უფროსებთან ინტერაქციისას ხშირად იცინის, ზოგი კი - არა.      ტემპერამენტის მახასიათებლების მიხედვით, თომასმა და ჩესმა გამოყვეს ბავშვების 3 ტიპი:      ადვილი ბავშვი (40%) - ამ ბავშვის ტემპერამენტი ხასიათდება რეგულარული რეჟიმით, პოზიტიური გუნება-განწყობილებით, ადვილი ადაპტაციის უნარით.      რთული ბავშვი (10%) - ამ ბავშვების ტემპერამენტი ხასიათდება არარეგულარული რეჟიმით, გაძნელებული ადაპტაციით, ნეგატიური გუნება-განწყობილებით და ინტენსიური რეაქციებით.      მოდუნებული ბავშვი (15%) - ბავშვს ახასიათებს სუსტი რეაქციები, მაღალი ზღურბლი, უარყოფითი გუნება-განწყობილება, სუსტი ადაპტაცია.      ბავშვების 35%-ს კი ახასიათებს ტემპერამენტის შერეული ტიპი.      ფსიქოლოგების ყველაზე დიდ ინტერესს იწვევენ რთული ტემპერამენტის ჯგუფში მოხვედრილი ბავშვები. როგორც აღმოჩნდა, ისინი მომავლში ავლენენ აგრესიას და შფოთვას.      მოდუნებული ტემპერამენტის ჯგუფში მოხვედრილ ბავშვებს ნაკლები პრობლემები ახასიათებთ, თუმცა მათთვის დამახასიათებელია: შიშები, შფოთვა, ჩაკეტილობა, არაკომუნიკაბელობა.      მიუხედავად იმისა, რომ ჩვილები განსხვავდებიან ტემპერამენტის თანდაყოლილი მახასიათებლებით, ეს არ ნიშნავს იმას, რომ მათი რეგულაცია არ შეიძლება. ტემპერამენტის თანდაყოლილი მახასიათებლები - ფორმირდება, ძლიერდება, სუსტდებს ან ნეიტრალდება, ბავშვისა და უფროსების ურთიერთობის და მიღებული გამოცდილების შედეგად.      ბავშვები იბადებიან ქცევის განსხვავებული რეპერტუარით და ეს განსხვავება, არა მარტო გავლენას ახდენს ბავშვის მომავალ გამოცდილებაზე, ასევე ხელს უწყობს ბავშვი-მშობელის ურთიერთობის სტილის ფორმირებას. მაგალითად, მშობლები უფრო ხშირად სჯიან რთული ტემპერამენტის მქონე ბავშვებს, ვიდრე ადვილი ტემპერამნტის ბავშვებს. დასჯა კი თავის მხრივ გავლენას ახდენს ბავშვზე.      განათლებულმა მშობლებმა იციან, რომ ბავშვის ქცევის სირთულეები გამოწვეულია მისი ტემპერამენტი მახასიათებლებით და არა გაუზრდელობით ან მშობლების მიერ დაშვებული შეცდომებით. ასეთი მშობლები კი გონივრულად და ადექვატურად რეაგირებენ ბავშვის რთულ ქცევაზე. მე კონცეფცია      ბავშვებში მე კონცეფციის განვითარების გაგებაზე დიდი გავლენა იქონია ფროიდის და პიაჟეს თეორიებმა. ორივე მათგანი თვლიდა, რომ სიცოცხლის დასაწყის სტადიაზე, ბავშვებს არა აქვთ მე-ს განცდა. ფროიდი თვლიდა, რომ დედა და ჩვილი ერთ მთელს წარმოადგენენ და ჩვილი ვერ აცნობიერებს, რომ ის არის დამოუკიდებელი ინდივიდი, და მხოლოდ განვითარების პროცესში ხვდება თავის უნიკალურობას. მ. მალერის (ფსიქოანალიტიკოსი) აზრით, ფიზიკური დაბადებიდან რამოდენიმე თვის შემდეგ, ადგილი აქვს ”ფსიქოლოგიურ დაბადებას”.      მე კონცეფციის გაგებაზე, ასევე დიდი გავლენა იქონია ფ. ჯეიმსის თეორიამ. მან განასხვავა მე-ს 2 ასპექტი: "მე, როგორც სუბიექტი" (I-self, მე ვარ, მე ვარსებობ) და "მე, როგორც ობიექტი" (me-self, პიროვნების მახასიათებლები). "მე, როგორც ობიექტი” წარმოადგენს მე კონცეფციას, მაგრამ სწორედ, ”მე, როგორც სუბიექტი” განსაზღვრავს ობიექტურ მე-ს. როცა ადამიანი იძლევა პასუხს კითხვაზე: - ”ვინ ვარ მე?” , ის აღწერს, ”მე, როგორც ობიექტს”, მაგრამ ამ აღწერას აკეთებს ”მე, როგრც სუბიექტი”.      თანამედროვე თეორეტიკოსები მე-ს ამ 2 ასპექტისთვის დასახასიათებლად, იყენებენ სხვა ტერმინებს. მაგალითად, ლევისი თავის შრომებში ”მე, როგორც ობიექტის” ნაცვლად იყენებს ტერმინს - ”მე-ს მექანიზმი”, ”მე, როგორც სუბიექტის” ნაცვლად -”მე-ზე წარმოდგენა”.      კეისი იყენებს შემდეგ ტერმინებს: ”ნაგულისხმები მე” და ”აღწერითი მე”.      სუბიექტური მე. დღეისთვის მიჩნეულია, რომ უკვე ახალშობილს აქვს გარკვეული პრიმიტიული განცდა იმისა, რომ ის არის დამოუკიდებელი ინდივიდი. სიცოცხლის პი­რველი წლის განმავლობაში ჩვილი აცნობიერებს, რომ ის არის ”აქტიური შემომქმედი”. მას შეუძლია საკუთარი თავის გარშემო გარკვეული მოვლენების ორგანიზება. სიხარული, რომელსაც ბავშვი განიცდის, როცა თავისი აქტიობით გამოიწვევს მაგალითად, სათამაშოს ამოძრავებას, არის საბუთი იმისა, რომ ბავშვს აქვს საკუთარი თავის, როგორც ”შემომქმედის” განცდა. აქვე შეიძლება მოვიყვანოთ ა. ბანდურას შეხედულებაც. ის თვლიდა, რომ თვითეფექტურობის განცდა ყალიბდება პირველი წლის განმავლობაში, როცა ჩვილი ხვდება, რომ მას შეუძლია აკონტროლოს გარემოს გარკვეული მოვლენები. თვითეფექტურობის განცდა ჩნდება არა მხოლოდ ობიექტების მიმართ, არამედ ადამიანების მიმართაც. მაგალითად, უფროსი იღიმება ჩვილის ღიმილის საპასუხოდ. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ბავშვი გრძნობს თავის ”ეფექტურობას”, ძალას, საკუთარ მე-ს.      პიაჟე თვლიდა, რომ სუბიექტური მე-ს განვითარებაში გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ობიექტის მუდმივობის გაგებას, რასაც ადგილი აქვს 9-12 თვის ასაკში. როგორც კი ბავშვი მიხვდება, რომ მაგალითად, დედა განაგრძობს არსებობას მაშინაც კი, როცა მას ვერ ხედავს, ის ხვდება, რომ არსებობს დამოუკიდებლად.      ობიექტური მე. მეორე მნიშვნელოვანი ნაბიჯი მე-ს განვითარებაში არის ჩვილის მიერ იმის გაგება, რომ ისიც ობიექტია, ე.ი. აქვს გარკვეული თვისებები და მახასიათებლები. კვლევებით დასტურდება, რომ ობიექტური მე-ს განვითარებას ადგილი აქვს 15-18 თვის ასაკში. განვიხილოთ ერთ-ერთი საინტერესო კვლევა: ბავშვს ათავსებდნენ სარკის წინ და აკვირდებოდნენ მის ქცევას. 9-12 თვის ბავშვების იწყებდნენ თამაშს საკუთარ გამოსახულებასთან. გარკვეული პერიოდის შემდეგ, მკვლევარი ჩუმად უსვამდე ლაქას ცხვირზე. 9-12 თვის ბავშვები ადებდნენ ცხვირზე ხელს სარკის გამოსახულებას და არც ერთმა მათგანმა არ დაადო ხელი საკუთარ ცხვირს. მხოლოდ 21 თვის ბავშვების ¾ -მა დაინახა საკუთარ ცხვირზე ლაქა. ასევე 21 თვის ბავშვების ¾ , ფოტოს ჩვენებისას მიუთითებს საკუთარ თავზე და ამბობს სახელს.      როგორც კი ბავშვს უვითარდება თვითცნობიერება, იცვლება მისი ქცევის სპექტრი. ის ცდილობს დამოუკიდებლად შეასრულოს სხვადასხვა მოქმედებები და გამოხატავს დამოკი­დებულებას, სათამაშოებისა და სხვა მისთვის მნიშვნელოვანი ობიექტების მიმართ - ”ჩემია!” ალბათ ამას უკავშირდება ის ფაქტი, რომ 2 წლის ასაკის ბავშვები ძალიან თავნებები ხდებიან.      თვითშემეცნების განვითარებაზე მიუთითებს ისეთი ემოციების აღმოცენებაც, როგო­იცაა: სირცხვილი, სიამაყე, უხერხულობა. ლევისი აზრით, სირცხვილისა და სიამაყის გრძნობის აღმოცენება შედეგია, ქცევის გარკვეული სტანდარტების გაცნობიერების და საკუთარი ქცევის შედარების, ამ სტანდარტებთან. მაგალითად, 2 წლის ასაკისთვის იწყებს ბავშვი სიტყვა - ”ჭუჭყიანიას” ხმარებას. ე.ი. ის აფასებს საკუთარ თავს ან საგანს გარკვეულ სტანდარტთან მიმართებაში. 2 წლის ასაკიდან ბავშვები ცდილობენ დაიმსახურონ უფროსების შექება, იმასთან დაკავშირებით, რომ მათ შეძლეს სტანდარტის დაკმაყოფილება და გაამართლეს უფროსების ნდობა. მამის როლი ბავშვის აღზრდის პროცესში      ბავშვის დაბადების შემდეგ მამები შეიძლება სხვადასხვაგვარდ ჩაერთონ აღზრდის პროცესში. ესაა: ფიზიკური მოვლა, ბავშვის გასეირნება, თამაში, საუბარი და სხვა სახის ინტერაქცია. აღზრდის პროცესში დედასთან ერთად მამის მონაწილეობა მრავალფეროვანს ხდის ბავშვის გამოცდილებას. დედის და მამის განსხვავებული ქცევები და აღზრდის მეთოდები, აბალანსებს ერთმანეთს და ბავშვს სამყაროს აჩვენებს სხვადასხვა კუთხით, რაც პოზიტიურ გავლენას ახდენს განვითარებაზე.      კვლევების შედეგად დადგენილია:      ადრეულ ასაკში ბავშვის მოვლის პროცესში მამების ჩართულობა და პოზიტიური ემოციური ურთიერთობა, გავლენას ახდენს უსაფრთხო მიჯაჭვულობის ჩამოყალიბებაზე, რაც დადებითად აისახება ბავშვის ფსიქო-ემოციურ მდგომარეობაზე.      დედებს და მამებს აქვთ განსხვავებული თამაშის სტილი და ბავშვები სარგებელს იღებენ ორივე მიდგომიდან. მამები ამჯობინებენ ენერგიულ თამაშებს, რაც მოითხოვს ფიზიკურ დატვირთვას; ხოლო დედები ბავშვებთან უმეტესად თამაშობენ მშვიდ თამაშებს, იყენებენ მეტ სათამაშოს და წიგნებს. შესაბამისად, მამები უფრო მეტად უწყობენ ხელს მსხვილი მოტორული უნარების განვითარებას.      მამები უფრო მეტად წაახალისებენ ბავშვის დამოუკიდებლობას, მაშინ როცა დედები უფრო ფრთხილები არიან. მამა-შვილის ასეთი ურთიერთობა ზრდის ბავშვის თვითშე­ფასებას, თავდაჯერებულობას და ანვითარებს დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის საჭირო უნარებს.      მამების საუბარი ბავშვებთან განსხვავებული ხმის ტემბრისა და სხვა მახასიათებლების გამო, ხელს უწყობს მეტყველების განვითარებას. ბავშვებს, რომლებსაც მამები ხშირად უკითხავენ წიგნებს, უკეთესი ვერბალური უნარები აქვთ.      ბავშვებს, რომლებსაც მამის მხრიდან სწავლის პროცესში რეგულარული მხარდაჭერა აქვთ, უკეთესი კოგნიტური უნარები აღენიშნებათ.      მამებს მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვთ ბავშვის სოციალური უნარების განვითარებაშიც.      მამის აქტიური ჩართვა აღზრდის პროცესში, მომავალში ამცირებს ქცევითი და ემოციური სირთულეების გაჩენას.      ცხადია, რომ ბავშვის აღზრდის პროცესში მამების მხოლოდ ფიზიკური ჩართულობა არ არის ზემოთ ნახსენები პოზიტიური შედეგების გარანტი. მნიშვნელოვანია, რომ მამამ (ასევე დედამაც) გამოიყენოს სწორი აღზრდის სტილი. მ. მელიქიშვილი …
დაამატა ლაშა to ფსიქოლოგია at 3:46pm on აპრილი 22, 2015
თემა: სხვა - აკა მორჩილაძე
ძინა. ღამე იყო მთვარიანი, უქარო, ციცინათელებიც გაიელვებდნენ ხოლმე. კაცი ორმოცისა იქნებოდა, ან ცოტა მეტისა: რუხ კოსტუმსა და მოხდენილ შავ შლაპაში. ხელში ათამაშებდა მონიკელებულ სანთებელას, რომელსაც მალიმალ ჩამოჰკრავდა ხოლმე გზის გასაკვლევად მაშინ, როცა მთვარის შუქი ვერ აღწევდა ტოტებს შორის. ხელიხელჩაკიდებულნი მიდიოდნენ, უფრო კი ქალს მიჰყავდა კაცი. ქალი ოცდათვრამეტი წლისა იყო და მთვარის შუქზე კრთებოდა მისი ტანის სავსე და მადიანი მოხაზულობა. ქალს თმა დაევარცხნა ისე, როგორც პაემანზე მიმავალი ესპანელი ქალები ივარცხნიან ხოლმე. ისინი რესტორნიდან მოდიოდნენ, სადაც მშვენივრად ევახშმათ და საკმაოდაც ეთქვათ ერთმანეთისთვის. კაცს თითქოს გაუკვირდა, როდესაც ქალმა უთხრა, ნავახშმევს სასაფლაოზე გავისეირნოთო. რომელ ქალს მოუნდება შუაღამის პირზე სასაფლაოზე გასეირნება! მაგრამ კაცი იცნობდა ქალს და თითქოს მიხვდა კიდეც, რომ ქალს მისი გამოცდა, გათამაშება სურდა. მერე ტაქსში ჩასხდნენ და სასაფლაოსაკენ გასწიეს. ვერ ხედავდნენ მძღოლის შემცბარ თვალებს სარკეში, რადგან კაცმა ხელი გადაუსვა ქალს რესტორანში ნასვამი წითელი იტალიური ღვინით გაცხელებულ ფეხზე. ბარძაყისკენ შეასრიალა თითები და სცადა წინდებს შიგნით ჩაეღწია. ქალმა ბარძაყი მიაკრა ბარძაყს, თითქოს კარი გადაკეტაო და კაციც აღარ მისძალებია, მხოლოდ მეორე ხელი მოხვია მხრებზე და სცადა ეკოცნა, ესეც საკმაო მორიდებით. ქალმა კოცნაც აირიდა, ფანჯრისაკენ მიაბრუნა თავი. ასე ისხდნენ მთელი გზა. კაცს რომელიმე საფლავის ქვაზე უნდა დაეგო თავისი რუხი პიჯაკი, ზედ გადაეწვინა ქალი და ნელ-ნელა გაეხსნა მისთვის ღილები გულისპირზე. უნდა გაეგონა მისი კვნესა და კრუტუნი სასაფლაოს სიჩუმეში. უნდოდა, ქალს ის მოვლილი ვარცხნილობა გასწეწოდა და ფერუმარილი გადღაბნოდა ტუჩებზე. ხელში ღონივრად უნდა სჭეროდა მისი წვივები და თვალის კიდით დაენახა მისი თეთრი ფეხსაცმლის წვეტიანი ქუსლი. კაცს უნდოდა ეგრძნო, როგორ მოძრაობს ქალის სხეული მისთვის. სასტუმროს ოთახში ან სადმე სხვაგან, ამ სურვილებს ვერ აისრულებდა, რადგან ერთია ძველი საფლავის ქვა, მეორე კი – ზამბარებიანი ჭრიალა საწოლი. ერთია, როცა ნიავი აგრილებს გახურებულ სხეულებს, მეორე – როცა ტაშტში უნდა დაიბანო, ის კი, ვინც წამის წინ კვალს ტოვებდა შენს სხეულზე, ტოლჩიდან გისხამდეს წყალს ამ კვალის წასაშლელად. და მაინც, კაცმა არ იცოდა, რა უნდოდა ქალს, რას შესთავაზებდა ქალი. ტაქსის მძღოლმა ერთი ჰკიდა თვალი ქალს და შეცბა. იფიქრა, აზრი არა აქვს ასეთი ქალის სასაფლაოზე წაყვანასო. არა იმიტომ, რომ ეს მიღებული არ არის, არამედ იმიტომ, რომ არ იცი, რას უნდა მოელოდე ასეთი ქალისგან. რას გაუგებ ღამის ტაქსისტებს, მათ ხომ იმდენი რამ უნახავთ სიბნელეში, სხვას რომ არც დაესიზმრება. ქალმა წინადღით ნახა კაცი, რომელიც კაფეში იჯდა ვიტრინასთან. მაგიდაზე ალუბალჩარჩენილი მარტინის ჭიქა ედგა. მხარბეჭიანი კაცი იყო, ალესილი ნიკაპითა და ხშირი წარბებით, შავი თმა უკან გადაეყარა და სიგარას ეწეოდა. ქალს თითქოს ადრევე გადაეწყვიტა. კაფეში შევიდა და, თითქოს თავისუფალი მაგიდის ძებნა დაეზარაო, ისე ჰკითხა: შეიძლება? მეც მიყვარს ვიტრინასთან ჯდომა. შეხვედრა მეორე საღამოსთვის დათქვეს იქვე, მოედანზე, ჰერცოგის ძეგლის წინ. მაშინ იმ ძეგლთან ჯერ კიდევ არ იკრიბებოდნენ ჰაშიშის გამყიდველები და მოკოცნავე გოგო-ბიჭები, რომლებსაც ქვაფენილზე ფეხმორთხმით ჯდომა და ერთმანეთისთვის თვალებში ყურება უყვართ. კაცი ყვავილების გარეშე მივიდა, რაც ქალს აშკარად მოეწონა. სად უნდა ეთრია ყვავილები? მართლა შეცვლილხარო, უთხრა კაცმა. უკეთესობისკენ? გაიცინა ქალმა. მსუბუქი საჭმელი დაუკვეთეს, ქალი კი საკმაოდ მალე შეთვრა, თუმცა, მალევე იფხიზლა. კაცმა შეამჩნია, როგორ მოერია ქალი თავს, რათა მისი ნდომა სავახშმო სუფრასთანვე არ გადაზრდილიყო მღვრიე მოქმედებაში. შემთვრალი ქალი ხომ მუხლით ცდილობდა მის მუხლებს შორის შეღწევას. კაცი კუნძულის შესახებ უამბობდა, რაღაცას ყვებოდა ზანგურ მუსიკაზე, აქებდა იქაურ თევზს და ოკეანის მოტანილ მარილიანი წყლის სურნელს. როცა თავს მოერია, ქალმა მოუთხრო როგორ ცხოვრობდა. ისე არა, როგორც ჩვეულებრივ უამბობდა ხოლმე. კმაყოფილი ჩანდა თავისი ცხოვრებით, მაგრამ კაცი მიხვდა, რომ ეს კმაყოფილება დიდხანს არ გასტანდა, რადგან ქალი რაღაცას დაეძებდა. სხვაგვარად რატომ მოუჯდებოდა გვერდით იმ კაფეში? კაცს ეგონა, რომ თავგადასავლების სურვილი აღარ არსებობს და მხოლოდ თვითონღაა ასეთი, მოხეტიალე და მოგზაური, რომელსაც სურს, რომ ჩვეულებრივი პაემანი დაუვიწყარ ღამედ გადააქციოს. სასაფლაოზე ისეთი სიჩუმე იყო, როგორიც არის ხოლმე ღამის სიჩუმე ათასობით მკვდარს შორის. განა რა არის სასიამოვნო ღამის სასაფლაოზე? კაცი ფიქრობდა, რომ ქალი ღვინომ გაათამამა და ამიტომაც უშიშრად მოაბიჯებს საფლავებს შორის. ბილიკზე მიმავალს თავადვე დაქაჩა სახელოზე, შეაჩერა, შემოაბრუნა და კოცნა დაუწყო. დილით სასაფლაოს დარაჯი იგონებდა, რომ თითქოს მოესმა რაღაც ხმაური სასაფლაოს სიღრმიდან, ფარანიც აიღო, ჯოხიც და ძაღლიც წამოაგდო, ახლომახლო ადგილები ძახილით მიიარ-მოიარა კიდეც, მაგრამ ხმაური აღარ გამეორებულა და მშვიდად დაბრუნდა თავის ჯიხურში. გამოსაძინებლად შინ მიმავალმა ღამის ტაქსისტმა ბისტროში ახალ ამბავს მოჰკრა ყური, თითქოს ამ დილით სასაფლაოზე მოკლული კაცი ეპოვოთ. ტაქსისტმა ერბოკვერცხი და შემწვარი ძეხვი ძლივს შეჭამა, ყავა აღარც დაულევია, ისე ჩაჯდა თავის მანქანაში და საპოლიციო დეპარტამენტის რუხი შენობისკენ გასწია. მან უამბო გამომძიებელს, რომ წინაღამით იტალიური რესტორნის სადარბაზო კართან აიყვანა წყვილი, რომელმაც სასაფლაოს მთავარი შესასვლელის შორიახლოს გააჩერებინა მანქანა. მან თქვა, რომ ქალი და კაცი მთელი გზა დუმდნენ და მხოლოდ ამოოხვრა და გახშირებული სუნთქვა თუ შემოესმებოდა ხოლმე, რაც გამომძიებლისთვის გასაგები უნდა იყოს. ამის შემდეგ გამომძიებელი და მისი ორი თანაშემწე პროზექტურისკენ გაუძღვნენ მძღოლს, სადაც თუთიის მაგიდაზე გვამი ესვენა. დაჯერებით ვერ ვიტყვი, თქვა მძღოლმა: ღამე იყო, იმ კაცს შავი შლაპა ეხურა.       იერით კი ჰგავს. თითქოს ნიკაპი ასეთი ჰქონდა. რუხი კოსტუმი ეცვა, ეს მაშინ დავინახე, როცა რესტორნიდან გამოვიდნენ. ერთხანს ლამპიონთან იდგნენ, ახლო-ახლოს, თვალებში უყურებდნენ ერთმანეთს თუ რა იყო, არ ვიცი. გამომძიებელმა კმაყოფილებით გადაისვა თავზე ხელი და ქალის შესახებ ჰკითხა. ზედმეტ სითამამედ ნუ ჩამომართმევთ და იმ ქალის ტანი არ დამავიწყდება. მომხიბვლელი ქალი იყო. ქალს რომ უწოდებენ, სწორედ ისეთი. მანქანის სალონში ბნელა, ამიტომ მისი თეძოები უფრო მახსოვს, ვიდრე იერი, უპასუხა ტაქსისტმა: მკერდიც ზღაპრულად ედგა. თითქოს ყველაფერი საგანგებოდ ვიწრო ეცვა და მზად იყო. ამ დროისთვის გამომძიებელმა უკვე იცოდა მოკლულის ვინაობა. მისი პიჯაკის გულის ჯიბიდან ამოღებული საბუთებით დაედგინა მისივე ბოლო, მერიის არქივში აღნიშნული მისამართი და მისი ცოლის ვინაობა. ცოლს ტელეფონით შეატყობინეს მომხდარის შესახებ. მან კი ოდნავ სევდიანი, მშვიდი ხმით უპასუხა, რომ შვიდ წელიწადზე მეტია არ უნახავს თავისი ქმარი, რომელთანაც კანონით გაყრილი არ არის, რადგან ერთ მშვენიერ დღეს შინ დაბრუნებულს, ქმრის ნაცვლად, გამოთხოვების წერილი დაუხვდა და ახლა სულაც არ აპირებს მისი დაკრძალვის ხარჯების გაღებას. გამომძიებელმა შეახსენა, რომ მოკლული საკმაოდ შეძლებული კაცი იყო, რასაც მისი საბანკო ანგარიშების შესწავლა ადასტურებს, რადგან მისი რამდენიმე წიგნი მშვენივრად იყიდებოდა მთელ ევროპაში და ბანკში ინახება მისი ანდერძი, რომელიც მოწმეებისა და ნოტარიუსის თანდასწრებით უნდა გაიხსნას და მას, როგორც მოკლულის მეუღლეს, შეუძლია დაესწროს ამ აქტს. ქალმა კიდევ უფრო მეტი სევდით მიუგო, რომ არ აინტერესებს ქმრის ანდერძი და წუხს, რომ იგი ასეთ ტრაგიკულ ვითარებაში გარდაიცვალა, თუმცა, მისი ხასიათიდან გამომდინარე, ეს მოსალოდნელი იყო. გამომძიებელმა სთხოვა ქვრივს, მეორე დღეს საპოლიციო დეპარტამენტში სწვეოდა ადვოკატთან ერთად, რადგან მასთან გასაუბრება მაინც აუცილებელი იყო. სავარაუდოდ თქვენი ქმარი ქალმა მოკლა, უთხრა ცოლს. ესეც არ არის მოულოდნელი, გაეპასუხა ქვრივი და ყურმილი დაკიდა. გამომძიებელი კი იტალიური რესტორნისკენ გაეშურა, სადაც მიმტანებთან გასაუბრებას აპირებდა. სწორედ ამ დროს გაწვიმდა და გამომძიებელმა იფიქრა, კარგი იქნებოდა, დილით ლაბადა წამომეღოო. გაზაფხული ხომ ასეთი ცვალებადი და შემპარავია ამ განედებზე. რახან ლაბადა არ ჰქონდა, გამომძიებელმა კეპი ჩამოიფხატა მელოტ თავზე, პიჯაკის საყელო წამოიწია და ტრამვაის გაჩერებისკენ გაიქცა. მყუდრო და უბრალო რესტორანი იყო. მაგიდებზე შინდისფერი სუფრები ეფინა და, კლიენტების სიმრავლის მიუხედავად, ხმაური არ იყო. გამომძიებელი სამზარეულოსაკენ წავიდა და მენეჯერი იკითხა. მენეჯერი იტალიელი გამოდგა, მხიარული კაცი, რომელიც ხელების ქნევით ლაპარაკობდა. მიმტანებთან გასაუბრება კი გაჭირდა. არა იმიტომ, რომ ყველანი იტალიელები გამოდგნენ, არამედ იმიტომ, რომ მოუცლელნი აღმოჩნდნენ. სწრაფად დაალივლივებდნენ მბზინავ ლანგრებს მაგიდებს შორის. ყველაფერი სანელებლების სურნელით იყო გაჯერებული. გაჭყლეტილი ზეთისხილი ეწყო ღრმა ლამბაქებში და გარშემო ყველა კმაყოფილი ჩანდა, რადგან გაზაფხულის წვიმიანი საღამო იყო და იტალიური ვახშამი და ღვინო ხომ მისწრებაა ასეთ დროს. გამომძიებელი დარბაზის სიღრმეში იჯდა ორადგილიან მაგიდასთან და მიმტანებს მოკლული კაცის ფოტოს უჩვენებდა. მიმტანები სულ შვიდნი იყვნენ და მოიცლიდნენ თუ არა, მოდიოდნენ ამ მაგიდასთან. მეოთხემ გაიხსენა, რომ წინა საღამოს ემსახურებოდა ამ კაცს და მასთან ერთად მოსულ ქალს. მიმტანი პატარა კაცი იყო, ორმოცდაათს მიტანებული, მოუსვენრად დაურბოდა თვალები და უნდოდა ბევრი მოეთხრო, თუმცა, იმდენიც არაფერი იცოდა. გაიხსენა, რამდენი აჩუქეს ჩაისთვის, რა შეუკვეთეს და როგორ იქცეოდნენ. ეშხიანი ქალი იყო, თუმცა, ქალი რომ ვყოფილიყავი, კაცისკენაც გამექცეოდა თვალიო. ძალიან შინაურულად ლაპარაკობდნენ და ასეთ წყვილებს მაშინ თუ მიაქცევ ყურადღებას, როცა ქალი მომხიბვლელიაო, თქვა. ისიც გაიხსენა, რომ ქალს მრგვალი, დაბალი მუქი შინდისფერი ქუდი ეხურა, და მეტად ნატიფი თითები ჰქონდა, რასაც ალისფერი მანიკური ამშვენებდაო. ახლა რომ ნახოთ, იცნობთ იმ ქალს? ჰკითხა გამომძიებელმა. ვიცნობ, როგორ არა. შეიძლება ასეთივე იერის ქალში ამერიოს, მაგრამ სხვათაგან ნამდვილად გამოვარჩევ. ეშხიანი ქალი იყო, მკერდი ჰქონდა, რომ შეივსებიან და ძალიან რომ უხდებათ კორსეტი, მიუგო მიმტანმა. გამომძიებელმა მეორე დღის თორმეტი საათისთვის დაიბარა მიმტანი. რაც იცით, ქაღალდზე უნდა გადავიტანოთ და თანაც, ეგებ ახალი რამ მოხდესო. ერთხანს ორჭოფობდა, აქვე ხომ არ ვივახშმოო, მაგრამ წამოდგა და დაუმშვიდობებლად გამოვიდა გარეთ. დაუმშვიდობებლად წამოსვლა მისი ერთ-ერთი უცნაური ჩვევა იყო და დეპარტამენტში ამიტომაც ეძახდნენ ინგლისელს. თუმცა, ინგლისელს არაფერი უგავდა ამ ჩვევის გარდა, არც მოქანცული კაცის შავი თვალები და არც მოკლე, მონდომებით ნაკრეჭი შავი ულვაში. გარეთ ცრიდა, ტროტუარი ირეკლავდა ლამპიონების სინათლეს. გამომძიებელმა დაინახა, როგორ გადმოვიდა სველი მანქანიდან ნაცნობი ტაქსისტი და ხელი დაუქნია. აჰ, თქვენა? ჰო, მე აქ ვდგავარ ხოლმე, უთხრა მძღოლმა: ხედავთ როგორ წვიმს? ალბათ იმ საქმეზე მოხვედით, არა? დიახ, თქვენ მართალი იყავით. აქ ყოფილა ვიღაც ქალთან ერთად. მოხდენილი ქალი იყო, გაიხსენა ტაქსისტმა: სადმე მოშორებით ხომ არ მიბრძანდებით? წაგიყვანთ. არა, ფეხით გავივლი... ქუდი შეისწორა გამომძიებელმა: მაინც უნდა დამერეკა თქვენთვის. ხვალ თორმეტი საათისთვის დეპარტამენტში გელოდებით. აჰ, შეიცხადა მძღოლმა: გამოძინებას ვერ მოვასწრებ. ცოტა გვიან არ მოხერხდება? არა, მეტად საჭირო საქმეა, მიუგო გამომძიებელმა და გამოეთხოვა, ქუჩა გადაჭრა და მოედნისკენ წავიდა. მოედნის სამხრეთით, იმ ქუჩაზე, სადაც ახლა ნიდერლანდული ყვავილების მაღაზიებია, მაშინ კი მხოლოდ ერთი საყვავილე იყო, გამომძიებლის საყვარელი ცხოვრობდა მეორე სართულზე, პატარა ბინაში. ისინი კვირაში ორჯერ მაინც ხვდებოდნენ ერთმანეთს და გამომძიებელს უყვარდა მასთან ერთად ყოფნა. მარტოხელა, თავის მომვლელი ქალი იყო, რომელსაც ქმარი არასოდეს ჰყოლოდა და სამაკლერო კანტორაში მუშაობდა. ისეთი ქალი გახლდათ, რომ დიდად არაფერზე აიტკიებდა თავს, მასთან ყველაფერი იოლი იყო და მათი შეხვედრაც წარსულ ზაფხულს როგორღაც იოლად მოხდა. გამომძიებელი იმ კანტორაში მივიდა, რადგან მოხუცი დეიდისგან მემკვიდრეობით დატოვებული ბინის გაყიდვა გადაეწყვიტა. ხომ არ გვევახშმა? ჰკითხა ქალს მესამე ვიზიტისას. როდის? თუნდაც დღეს, შესთავაზა გამომძიებელმა. ძალიან კეთილი შემოთავაზებაა თქვენგან, მაგრამ დღეს არ მცალია, უპასუხა ქალმა: არც ხვალ. გნებავთ, ზეგ ვივახშმოთ ერთად, თქვენ როგორი სამზარეულო მოგწონთ? მე კაცი ვარ, გაეცინა გამომძიებელს: ის სამზარეულო მომწონს, რომელიც იმ ქალს მოეწონება, მე რომ მომეწონა და ვახშმად დავპატიჟე. მგონი, გავუგებთ ერთმანეთს, გაეცინა ქალსაც. ახლა გამომძიებელი ფიქრობდა, რომ ზაფხულში შვებულებას აიღებდა და სადმე სამხრეთისაკენ წაიყვანდა ქალს, ზღვისკენ. წინა საღამოსაც შეხვდნენ ერთმანეთს. საერთოდ, ჩვეულებად არ ჰქონდათ, რომ ზედიზედ დაეთქვათ პაემნები. გამომძიებელს არც კი დაურეკავს მისთვის, იტალიურ რესტორანში ყოფნამ თუ გადააწყვეტინა მასთან მოსვლა. იქაური სამზარეულოს სურნელმა გამოაფხიზლა და წამოიყვანა აქეთ, სადაც ქალი ეგულებოდა. ასეთია ამ ქალაქების სული. ის მართავს ადამიანებს, წვიმაშიც კი. საყვავილე ჯერ კიდევ ღია იყო. გამომძიებელმა ყვითელი ყვავილების პატარა თაიგული იყიდა და ისე შევიდა სადარბაზოში. ამ ყვავილების სახელი არ იცოდა, მაგრამ ყოველთვის მოსწონდა ისინი. კარს იქიდან ხმადაბალი მუსიკის ხმა მოისმოდა. რადიო "შავ ვარდს" უკრავდა. გამომძიებელმა ჩვეული რიტმით დააკაკუნა და მოაჯირს ჩამოეყრდნო. კარი არ გაუღეს. გამომძიებელმა კვლავ დააკაკუნა, ამჯერად უფრო მოურიდებლად, მაგრამ კვლავ არავინ ჩანდა. ეტყობა, სადმე წავიდა და რადიოსაც ამიტომ აუწია, გაიფიქრა კაცმა. მერე თაიგული კარის სახელურში გაუყარა და კიბეს ჩაუყვა. მოწყენილი წამოვიდა მოედნისაკენ. იქ ერთ კაფეში ძლივს იპოვა თავისუფალი სკამი. ალბათ წვიმის ბრალი თუ იყო, კაფეში რომ ამდენი ხალხი ირეოდა. დახლთან ვერ გაივლიდი, საპირფარეშომდე მისვლაც კი ჭირდა. დაორთქლილ ვიტრინებს მიღმა არაფერი ჩანდა, უკვე ისედაც ჩამობნელებულიყო. გამომძიებელმა ორმაგი ესპრესო შეუკვეთა და სიგარეტი ამოიღო. ნელა ეწეოდა, თითქმის არ სვამდა ყავას. კარგი იქნებოდა, საღამოს გაზეთი მეყიდა, დოღის წინასწარ ფსონებს მაინც ჩავხედავდი, გაიფიქრა გამომძიებელმა და სცადა კაფეში ახმიანებული რადიოსთვის მიეგდო ყური. სიგარეტი რომ ჩაამთავრა, წამოდგა და ჩახუთული კაფედან გამოვიდა, იქვე იყიდა საღამოს გაზეთი და საყვარლის სახლისაკენ გაეშურა. აჰ, მოსულა, გაიფიქრა გამომძიებელმა, როცა დაინახა, რომ კარის სახელურში თაიგული აღარ იყო და ხალისიანად დააკაკუნა. რადიოს ხმა აღარ მოისმოდა, მაგრამ კარიც არავის გაუღია. ეი, დააბრახუნა გამომძიებელმა, მე ვარ... რა ამბავში ხარ? კიბეზე ქალი ამოდიოდა, უკვე დაკეცილი სველი ქოლგა ეჭირა. სად ხარ? შეუბღვირა გამომძიებელმა: უკვე მეორედ მოვედი. სულაც არ გელოდი. შენთან რომ მოვსულიყავი ასე, დამხვდებოდი? ზერელედ აკოცა ქალმა და კლიტეს გასაღები მოარგო. ჩემი თაიგული სად არის? წაიბურდღუნა კაცმა: წეღან მოვედი და კარში თაიგული დაგიტოვე. თაიგული? ჰო, თაიგული. ვიღაცამ მოიპარა ჩემი თაიგული? გაიცინა ქალმა: რა სისულელეა. თაიგული დავტოვე. რადიო კი "შავ ვარდს" გადმოსცემდა. რადიო გამორთულია, თქვა ქალმა და ქოლგა მიაყუდა საკიდთან: რა გჭირს? უცნაურია, თქვა გამომძიებელმა და ჰოლში გაჩერდა. მოიხადე ეგ ქუდი და დამშვიდდი, დიდი ამბავი, ვიღაცამ ბოროტად იხუმრა და თაიგული მოიპარა. ბოროტების მეტი რა არის ამ ქალაქში? და "შავი ვარდი"? დაიჟინა კაცმა: არ ვიცი, აღარ ვიცი, ეგებ სულ სხვა მხრიდან მოდიოდა ეგ ხმა. ეგ შენი პროფესია გაგაგიჟებს, თქვა ქალმა: გაიხადე. არა, წამო წავიდეთ სადმე. აჰ, მე უკვე ვივახშმე. თან, სად წავიდეთ ამ წვიმაში? თუნდაც, ოპერეტაში, ან თეატრში სადმე, ანდა კინოში. არა, არა, გაიხადე-მეთქი, უთხრა ქალმა: მე გავახშმებ. მაქვს რაღაცეები, ვთქვათ, სალმონი. ახლავე შევწვავ ღვინოში. გამომძიებელმა ქუდი მოიხადა და თქვა: რაღაცით ოჯახს ვგავართ. რაღაცით. ოჯახის რა გაგეგება? სამზარეულოდან გამოსძახა ქალმა: რა იცი ოჯახის? მახსოვს, როგორ მოდიოდა მამაჩემი შებნელებულზე, თქვა გამომძიებელმა და სავარძელში ჩაჯდა: საღამოს გაზეთი მაქვს. ზეგინდელი დოღის ფსონებს შევათვალიერებ. აი, ზეგ წავიდეთ დოéზე, გამოსძახა ქალმა. მწერალი მოკლეს, თქვა უცებ გამომძიებელმა: სასაფლაოზე იპოვეს, ერთი ტყვია ესროლეს მიბჯენით, ხმაც კი არ გაუგონია არავის. მწერალი? ჰო, მწერალი ყოფილა, მე არც ვიცოდი. მის ცოლს ველაპარაკე დღეს. დიდი აბურდული ამბავია. გეხვეწები, არ მითხრა, როგორი ქალია მწერლის ცოლი. გამომძიებელს გაეცინა. სულ იმას ყვები, როგორი იყო ვიღაცის ცოლი, ჩაიხითხითა ქალმა. სამხრეთული სისხლის ბრალია. აი, თმაც იმიტომ გამცვივდა, რომ სამხრეთელი ვარ. "შავ ვარდს" გადმოსცემდნენ ამ შენს რადიოში. ფირფიტაც მაქვს, უთხრა ქალმა. ფირფიტაც? "ჩვენმა ჯარებმა გარკვეული წარმატება მოიპოვეს ჩრდილოეთ აფრიკაში მიმდინარე ბრძოლებში. მეხუთე განსაკუთრებული დივიზია და ალისფერლენტიანთა პოლკი ერთობლივ შეტევაზე გადავიდა ალ-ჰალეჯის მიდამოებში და აიღო მოწინააღმდეეგის ფორტიფიკაციები. უმნიშვნელო მსხვერპლის ფასად, ალისფერლენტიანთა პოლკმა დაიკავა გამაგრებული ადგილი ალ-მოჰაბი. მთავარმა შტაბმა სიმამაცის ჯილდოზე წარადგინა რვა ოფიცერი და თორმეტი ჯარისკაცი", მოისმოდა რადიოდან.       რას ნიშნავს უმნიშვნელო მსხვერპლი? გაბრაზდა გამომძიებელი. ბონაპარტი რომ ცოცხალი იყოს, კარგად აგიხსნიდა, უთხრა ქალმა. რა შუაშია აქ ბონაპარტი? არ ვიცი. რაღაც წიგნი ვიყიდე. აი, ნახე, მანდ აგდია, "წმინდა ელენე, იმპერატორის უკანასკნელი სამეფო". გამომძიებელი წამოდგა და ტორშერთან მიგდებულ წიგნს დასწვდა. აი, თქვა ყრუდ: სწორედ ეს კაცი მოკლეს გუშინ, ვინც ეს დაწერა. სასაფლაოზე. მოგზაურობდა და იმ ადგილების შესახებ წერდა, რომლებიც მოინახულა. კარგია, არა? ცუდია, როცა ასე მოგკლავენ. არ უნდა დაიმსახურო ასეთი სიკვდილი. წავიკითხავ ამ წიგნს. მოდი, ჯერ ივახშმე, სალმონი მზადაა. მერე ვნახოთ, რასაც წაიკითხავ, გაუცინა ქალმა: აი, ნახე, რა კარგი ლიმონები ვიყიდე. დილით მზემ გამოანათა. გამომძიებელმა ჯიბეში ჩაიტენა ქუდი და ისე შეახტა საპოლიციო დეპარტამენტისკენ მიმავალ ტრამვაის. თერთმეტ საათზე მოკლულის ქვრივი მოვიდა. წითლად თმაშეღებილი, სათვალიანი ქალი. კრემისფერი საზაფხულო შლაპა ეხურა და ფართხუნა, ვარდისფერი ბლუზა ეცვა. საერთოდ, ყველაფერი აჩაჩულ-დაჩაჩულად ედგა ტანზე, მეორე სათვალე ძეწკვით ჩამოეკონწიალებინა გულზე. დიდი ნაქსოვი ჩანთა ჰქონდა, იქიდან კი ახალი გაზეთების კიდეები მოჩანდა. რწევა-რწევით შემოვიდა დეპარტამენტში და გამომძიებელი მიხვდა, რომ ამ ახირებულ ქალთან ლაპარაკი დროის გაცდენის მეტი არაფერი იქნებოდა. ამის მიუხედავად, დასაკითხ ოთახში შეუძღვა და თანაშემწეს დაუბარა, რომ როცა მიმტანი და ტაქსის მძღოლი მოვიდოდნენ, მისთვის ეცნობებინა, ქალს კი ყავა შესთავაზა. ასეთ ადგილას, ყავა? გაუკვირდა ქვრივს: კარგი, ეს გემოც მეცოდინება. მათ კარგა ხანს ისაუბრეს და გამომძიებელმა ვერაფერი შეიტყო იმის მეტი, რომ ქალს განსვენებულის დანახვაც კი არ შეეძლო. ამის მიუხედავად, გამომძიებელმა გვამის ამოცნობა და მისი ვინაობის დადასტურება სთხოვა და ისიც შეახსენა, რომ მასზე უკეთ მიცვალებულის ვინაობას ვერავინ დაადასტურებდა. ამ ქალისა და კაცის თავგადასავალი საკმაოდ ჩვეულებრივი გამოდგა. ჩვეულებრივი ტკივილებით სავსე. ქალი მიტოვებული და შეურაცხყოფილი იყო და ეს შეურაცხყოფა არც კი განელებოდა, ძალიან ცუდი გულისა იყო თავის ყოფილ ქმარზე, რომელიც საბუთებით კვლავაც მის ქმრად ითვლებოდა. ერთმანეთი ათი წლის წინათ გაეცნოთ აფრიკაში. უცნაური იყო, რომ ქალს არასოდეს ეცხოვრა ამ ქალაქში და აქ ქმრის ხათრით გადმობარგებულიყო. ცხოვრებითაც კვლავინდებურად თავიანთ ძველ ბინაში, მდინარის ნაპირას ცხოვრობდა. ქმარი მწერალი იყო და რაც დაქორწინდნენ, ერთად მოგზაურობდნენ. წელიწადში ორ-სამ თვეს თუ ატარებდნენ შინ. კაცი ლაპარაკისა და განსჯების ოსტატი იყო, მახვილი თვალი ჰქონდა და ქალს მოსწონდა მისი ნაფიქრიც და ნაწერიც. ოღონდ კაცი ზომაზე მეტად მგრძნობიარე იყო და სასიყვარულო თავგადასავლები იზიდავდა. ქალი, რა თქმა უნდა, ამჩნევდა და მის გატაცებებსაც უპირისპირდებოდა, მაგრამ ყოველთვის ეგონა, რომ ეს გატაცებები მოგზაურობის, ახალ გარემოში ყოფნის გამო იბადებოდნენ. საერთოდ, ძალიან ეფლობოდა გარემოში, მისი ტყვე ხდებოდაო, ამბობდა ქვრივი და ყოფილი ქმრის პასპორტს ატრიალებდა ხელში. ჭკვიანი, მაგრამ მოცეცებული ქალი ჩანდა, მღელვარე და სულსწრაფი. თქვა, რომ არასოდეს უმუშავია და არც აპირებს, რადგან მშვენივრად ცხოვრობს თავისი რენტით, მეტი კი არ სჭირდება. თავიდან სიძულვილით კი დაიწყო, მაგრამ თანდათან არცთუ ავ რამეებს ამბობდა მოღალატე ქმარზე, საკმაოდ ფერადოვნად უამბობდა გამომძიებელს მის შესახებ. ამბავს ომახიანად, მშფოთვარედ იწყებდა და სევდაგარეული ჩურჩულით ასრულებდა, თითქოს ჰაერი აღარ ჰყოფნისო. პატარა ჯიბის საფერფლე ედგა მაგიდაზე და იქ ღონივრად და სწრაფად აქრობდა სიგარეტებს. ყველაზე მეტად იმიტომ იყო ნაწყენი, რომ ქმარი წერილით გამოეთხოვა. წერილი იმწამსვე ექცია ნაკუწებად და შვიდ წელიწადს არაფერი გაეგო მისი. ისეთი ურთიერთობა არ გვქონდა, რომ რაიმეს მორიდებოდა. არ უნდა მომქცეოდა ასე, ამბობდა ქალი: ამ შვიდ წელიწადში საბოლოოდ ამოვიღე გულიდან. ამიტომ არ დავესწრები მის დაკრძალვას. ეგებ რაღაც იყო? ვიღაც ქალი? ეგებ პირისპირ ვერ გაგიბედათ თქმა? ჰკითხა გამომძიებელმა. არა მგონია, ქალი ყოფილიყო. ის ძალიან გაწონასწორებული იყო ამ საქმეში. თუ თავგადასავალი არ აურევდა ტვინს, ასეთ ნაბიჯს არ გადადგამდა. მაშინ წიგნს წერდა. ინდიელებთან ვცხოვრობდით სამი თვე, ჩამოვედით და წერა დაიწყო. საბეჭდი მანქანა და ყველა მისი ქაღალდი გადავყარე. არ შემეძლო მათი ყურება. ქალი კი არა, რაღაც უფრო სერიოზული იყო, რაღაცამ მოუარა თავში. მგონი შევძულდი და ამიტომ გაიქცა. რატომ უნდა შეძულებოდით? გაუკვირდა გამომძიებელს. რას გაუგებ კაცებს. ეგებ რაღაც არ მოეწონა, რაღაც სისულელე და ამაზე მთელი თეორია ააგო. ასე იცოდა. მისი საყვარელი გამოთქმა იყო: მე მწერალი ვარ, ვისი რა საქმეა, რას ვაკეთებ? ნუ მთხოვ, რომ თეატრში წამოვიდე, იმიტომ რომ მე წიგნებს ვწერ. უცნაური აზრია. არც ისე, თქვა ქალმა: გახსოვთ ერთი ნათქვამი? დედა, იტირე, შენ მწერალი გაგიჩნდა. და ის წიგნი თუ გამოვიდა, ინდიელებზე რომ წერდა? ჰკითხა გამომძიებელმა. ეგ მისი მესამე წიგნი იყო. იმის შემდეგ კიდევ ხუთი გამოსცა. მაღაზიაში ვხედავდი, მაგრამ არც ერთი არ მიყიდია. იმ წიგნში სულ ჩემზე უწერია რაღაცეები, გადავფურცლე და რამდენჯერმე მომხვდა თვალში ჩემი სახელი. გესმით? თითქოს არაფერი მომხდარაო. თანაშემწემ შემოიხედა და გამომძიებელი მობოდიშებით გავიდა დასაკითხი ოთახიდან. კაბინეტში თვალებდასიებული ტაქსისტი და მიმტანი ელოდნენ. გამომძიებელმა დასაკითხი ოთახის მეორე მხარეს, ბნელ სარკმელთან მიიყვანა ისინი და ჯიქურ ჰკითხა: გინახავთ ოდესმე ეს ქალი, ბატონებო? რა თქმა უნდა, არ ენახათ. მაშინ გამომძიებელმა კიდევ უფრო ჯიქურ ჰკითხა: რაიმეთი ხომ არ ჰგავს ეს იმ ქალს, გუშინწინ რომ ნახეთ მოკლულთან ერთად? რასა ბრძანებთ, თქვა მიმტანმა, რასა ბრძანებთ... არა, არა, ეს ვიღაც პეპლების დამჭერი ქალია, ის კი ნამდვილი საყვარელი იყო, იუარა მძღოლმა და მსუქანი, წამოწითლებული სახე მოისრისა. გამომძიებელი სხვას არც არაფერს ელოდა, ამიტომ არ დააშორა ერთმანეთს მოწმეები და მათთან ლაპარაკზე დრო აღარ დაკარგა. ნაჩქარევად გამოემშვიდობა მათ და კვლავ ქალთან შებრუნდა. დღეს ოთხ საათზე ბანკში ნოტარიუსი მოვა და ჩემი და ორი გარეშეს თანდასწრებით თქვენი მეუღლის ანდერძს გახსნის. ეს ანდერძი მას სამი წლის წინათ შეუდგენია, თქვენ შეგიძლიათ დაესწროთ ამ საქმეს, გამოუცხადა ქალს. მე არ მაინტერესებს მისი ანდერძი. ეგებ უარიც ვთქვა, თუკი რაიმე დამიტოვა, უთხრა ქვრივმა. შეგეხმიანებით, ოღონდ ახლა გთხოვთ, დაბლა ჩამობრძანდეთ და მიცვალებული ნახოთ, უთხრა გამომძიებელმა. ქალი არ შემცბარა და აღარც უუარია, უთქმელად ჩაჰყვა გამომძიებელს პირველ სართულზე, პროზექტურაში. ხეირიანად არც დაუხედავსო, იხსენებდა მერე გამომძიებელი, თვალი შეავლო გვამს, ის არისო, თქვა ხმამაღლა და სწრაფად გამოვიდა ოთახიდან, თითქოს გაქცევა უნდოდაო. გამომძიებელმა მოუბოდიშა ამ მძიმე წუთისათვის და კიდევ ერთხელ შეახსენა ანდერძის ამბავი. ქალმა კვლავ იუარა და ასე დასცილდნენ ერთმანეთს. გამომძიებელი თავის ოთახში აბრუნდა, სადაც თანაშემწე ელოდა. თანაშემწეს უბრალო ჩიბუხი გაებოლებინა, ღია ფანჯარაზე ჩამომჯდარი ეფიცხებოდა მზეს. ტანხმელი, მაღალი კაცი იყო, გრძელი, წვეტიანი ცხვირით. უკვე დაედგინა რომელ სასტუმროში ცხოვრობდა მოკლული და გაკვირვებულიც იყო, თუ ეს კაცი მწერალი იყო და ფულიც ბლომად მოუდიოდა, იმ სასტუმროში რა უნდოდაო. მწერლებს ვერაფერს გაუგებ, უთხრა გამომძიებელმა: ახირებულად იქცევიან ხოლმე. ვინ იცის, ეგებ იმიტომაც მოეწყო ეგეთ უბრალო სასტუმროში, რომ რაღაცას აკვირდებოდა, ანდა აინტერესებდა, გახუნებულ êედლებში ცხოვრება როგორიაო. თანაშემწემ უამბო, როგორ მივიდა ამ სასტუმროში და როგორ დაალუქვინა მოკლულის ოთახი. სასტუმროს პატრონიც მოვიკითხე, მაგრამ იქ არ დამიხვდა და პორტიემ მითხრა, ნაშუადღევს დაბრუნდებაო. შენ ქაღალდებს მიხედე, მე სასტუმროში წავალ და ოთახს დავათვალიერებ, მერე კი ბანკში უნდა წავიდე, სადაც ჩვენივე მოთხოვნით, ანდერძი უნდა გაიხსნას. სასტუმრო პარკის მეორე მხარეს, ძველ ქუჩაზე იყო. ამ ქუჩას უცხოელებში სახელი გავარდნოდა, როგორც ქალაქის ყველაზე ბოჰემურ ადგილს, სადაც ძველი და იაფი კაფეები მისდევდა ერთმანეთს და ყოველ ამათგანში შებნელებიდანვე მუსიკას უკრავდნენ. იქ ყველაფერს მიმზიდველი სიღარიბის იერი ედო და სასტუმროებიც ორ-სამსართულიან ძველ სახლებში გაემართათ. ამ სასტუმროების ნომრებში არ იყო სააბაზანო ოთახები და საპირფარეშოებიც მხოლოდ თითო გაემართათ თითო სართულზე. ჩვეულებრივ, აქ ხანგრძლივად მცხოვრები კლიენტები არ იდგნენ. წყვილები ერთი ღამით დაიჭერდნენ ხოლმე ოთახებს, რათა უცაბედი სასიყვარულო ღამეები გაეტარებინათ იაფ საწოლებზე. პარკის კიდეზე იდგა ძველისძველი, ხით ნაგები ცირკის შენობა, სადაც მოგზაური მეორეხარისხოვანი დასები მართავდნენ ხოლმე წარმოდგენებს. ხანგრძლივ კლიენტებს სასტუმროებისათვის სწორედ მოხეტიალე დასთა წევრები წარმოადგენდნენ და კიდევ, თურმე ეს მწერალი, რომელსაც მისი მშობლიური ქალაქის საუკეთესო სასტუმროში შეეძლო ცხოვრება. ზოგიერთ სასტუმროში ოთახები მეძავებსაც ეჭირათ. ვინაიდან ქალაქში ბორდელები აკრძალული იყო, მეძავები იაფი სასტუმროების პატრონებს მოურიგდებოდნენ, ისედაც ცარიელი ოთახები უფასოდ ეჭირათ და თავიანთი შემოსავლიდან უხდიდნენ მათ. იმ სასტუმროს "თეთრი საყელო" ერქვა და მისი პატრონი ერთი ყვითელპალტოიანი ამერიკელი ყოფილიყო. უფრო სწორედ ეს ამერიკელი და მისი ცოლი, რომელიც წინაღამით მომკვდარიყო კიბოთი გამოწვეული გაუსაძლისი ტკივილებისგან. ალბათ სასტუმროს პატრონსაც ამიტომ შემოეცვა ყვითელი პალტო შიშველ და ბანჯგვლიან, თვალში საცემად ღონიერ ტანზე. გამომძიებელი, ცოტა არ იყოს, დააბნია ამგვარმა ვითარებამ: თურმე სასტუმროს სასაუზმო ოთახში მიცვალებული ესვენა. გამომძიებელმა შეწუხებისთვის მოუბოდიშა სასტუმროს პატრონს და მეორე სართულზე ავიდა, სადაც ოთახს ლუქი ახსნა. ერთი ბეწო ოთახი იყო. ფანჯარა ყრუ კედელს უცქეროდა. მინის საფერფლიდან ნამწვების ბორცვი ამოზრდილიყო. აბურდულ ლოგინზე სამოგზაურო ჟურნალები და გაყვითლებული საღამოს გაზეთები ეყარა. პატარა საწერ მაგიდაზე კი ყავის გაურეცხავი ფინჯნები და ვისკის ცარიელი ბოთლები იდგა. საკიდზე რუხი კოსტუმი ეკიდა, უჯრებში თეთრეული ჩანდა და იატაკზე პირქვე გაშლილი ყვითელი წიგნაკი ეგდო. გამომძიებელმა წიგნაკი აიღო. სულ გადაჭრელებული იყო ფანქრით ნაწერით. სხვა დროს, მოკლული მწერალი რომ არ ყოფილიყო, გამომძიებელი ყურადღებით ჩაუჯდებოდა ამ წიგნაკს, მაგრამ ახლა უაზროდ გადაფურცლა და უბეში ჩაიდო, რადგან გაეგონა, რომ მწერლები უამრავ ამბავს იწერენ წიგნაკებში და მერე ამ ამბებს თავიანთი წიგნებისთვის იყენებენ. სწორედ ეს წუთი იყო, რომ გამომძიებელს სასტუმროს პატრონი წამოადგა თავს, ოდესღაც ïლბïთ ლამაზი, ახლა კი თმაგაჩეჩილი და სახეარეული კაცი. მიაკვლიეთ მკვლელს? ჰკითხა უინტერესოდ. გამომძიებელი აირია, არ ეგონა, თუ ეს კაცი თავის მწუხარებას სხვა რამეს გაურევდა. ჯერ ვიძიებთ, მიუგო ხმადაბლა: ჯერ ვემზადებით. ეს მზადება სახლის ჩხრეკას გულისხმობს, არა? ჰკითხა იმავე განწყობით. ცხადია, უამისოდ არაფერი გამოვა. ცხადია, ცხადია, ჩაიცინა სასტუმროს პატრონმა: თუ მიაკვლიეთ რამეს? მაგალითად კუბოკრულ საღამურ ხალათს. სადღაც აქ უნდა იყოს, და კარადის კარი გამოაღო. აჰა, აქ არის. ხალათი გამოგლიჯა კარადიდან და ფეხებთან დაუგდო გამომძიებელს. ეს ხალათი ჩემმა განსვენებულმა მეუღლემ უსახსოვრა. დიდხანს ცხოვრობდა თქვენსას? ხალათს დასწვდა გამომძიებელი. შემოჩვეული ძაღლივით იყო. ზუსტად ასეთი ხალათი მეც მაქვს. ჩემს მეუღლეს მოსწონდა, რომ ქმარს და საყვარელს ერთნაირი ხალათები ეცვათ. რას ნიშნავდა ეს მისთვის, ვერ მოგახსენებთ, მაგრამ ასე კი იყო. მას მოსწონდა, ასე რომ იყო. ვფიქრობ, ეს ამბავი რაღაცით მის ავადმყოფობასთანაა დაკავშირებული. გამომძიებელმა ისღა მოახერხა, რომ სიგარეტის კოლოფი ამოიღო და ქვემოდან ცერი ამოჰკრა, რათა ღერი მოხდენილად ამოვარდნილიყო. დიახ, ასე იყო, თქვა სასტუმროს პატრონმა: თქვენ უხერხულობას გრძნობთ? სულ ტყუილად. საუხერხულო არაფერია. ჩვენი ცხოვრება ხომ ასეთი ბინძურია. მეთანხმებით? სიბინძურის წილი უზარმაზარია. არ მითხრათ, რომ ებრძვით სიბინძურეს, იმიტომ, რომ ეს შეუძლებელია. შეიძლება თქვენი მეუღლის ფოტო ვნახო? სასტუმროს პატრონს გაეცინა. თქვენ შეგიძლიათ ჩემი მეუღლე ნახოთ, ჰოლში ჩამობრძანდით და განახებთ ჩემს მეუღლეს. მგონია, რომ მკვდარიც კი ნდომას აღგიძრავთ. სასაუზმო ოთახში მისი აფიშაც ჰკიდია, ოდესღაც ის კაბარეში ცეკვავდა. მაგრამ სულ ტყუილად იფიქრეთ, რომ ჩემი მეუღლე სასაფლაოზე გაჰყვა მას და იქ მოუსწრაფა სიცოცხლე. მათ ეს არაფერში სჭირდებოდათ. ესეც არ იყოს, გუშინწინ ჩემი ცოლი ტკივილებს ებრძოდა, მე კი მთელი ღამე შპრიცით ვადექი თავს, რათა მორფიუმით მეშველა მისთვის. ის კი ამ დროს ქალს მიათრევდა სასაფლაოზე. თავადაც მიხვდებით, როგორი კაცი იყო. გამომძიებელმა რაღაც ჩაიფრუტუნა და უყურადღებოდ მოავლო თვალი ოთახს. რაც შეეხება მაგ წიგნაკს, უბეში რომ ჩაიდეთ, ჩემია, ჩაიქირქილა მასპინძელმა: მანდ გაზეთებიდან ამოკითხული უბედური შემთხვევებია ჩამოწერილი. რას იზამ, ყველას თავისი ჰობი აქვს. გამომძიებელმა წიგნაკი ამოიღო უბიდან და კიდევ ერთხელ გადაფურცლა. მართლაც, თქვა ხმადაბლა: მაგრამ მის ოთახში საიდან მოხვდა? მე ხშირად შემოვდიოდი აქ. გუშინ, ჩემი ცოლი რომ გარდაიცვალა, აქ მეძინა. პირველად გავატარე ღამე იქ, სადაც ისინი ხვდებოდნენ ხოლმე ერთმანეთს. მშვენიერი განცდა იყო, ორივე მკვდარია. ერთგვარად ნამდვილი სიყვარულის ამბავიც კი იყო. იაპონურ თხზულებებში რომაა ხოლმე, ისეთი. უერთმანეთოდ ვერ იცოცხლეს. თუმცა ჩემს მეუღლეს არც გაუგია მისი სიკვდილი. მაპატიეთ, წიგნაკი გაუწოდა გამომძიებელმა: მე მეგონა, რომ ეს მწერლის წიგნაკი იყო. მათ ხომ ასე უყვართ რაღაცეების ჩანიშვნა. ვიფიქრე, ეგებ გამოძიებას რამეში დაეხმაროს-მეთქი. ვიცი, რომ ისინი თავიანთი წიგნებისთვის იწერენ ამბებს, მაგრამ ამ შემთხვევაში ყველაფერი გამოსადეგია. სისულელეა. წერისა არაფერი გაეგებოდა, თქვა სასტუმროს პატრონმა. გინდათ თქვათ, რომ უვარგისი მწერალი იყო? მწერალი საერთოდ არ ყოფილა. საიდან მოიტანეთ, რომ მწერალი იყო? ოდესღაც რაღაცეებს ცდილობდა, როცა პირველად მოეხეტა აქ, ამბობდა, ფილოსოფოსის დიპლომი მაქვსო, რაც სიცრუე იყო. კარგი, თქვა გამომძიებელმა: კარგი, ბოდიში, რომ შეგაწუხეთ. შეგიძლიათ ოთახის დალაგება. უბიდან მოკლულის პასპორტი ამოიღო: თქვენ ამ კაცზე მელაპარაკებოდით, არა? ჰმ, არც ვიცოდი, თუ პასპორტი ჰქონდა. ნახეთ, როგორ გადაუყვია თმა! გამომძიებელი წამოვიდა, ჰოლში თვალი ჰკიდა განსვენებული ქალის პლაკატს და გარეთ გამოვიდა. ერთხანს სასტუმროს ზღურბლზე იდგა. რა ჯანდაბაა? ფიქრობდა, რა ვქნა? ამ სასტუმროს რეგისტრაციის დავთარიც არ ექნება და რომც ჰქონდეს, მოკლული ისეთ შინაურ კაცად ჩანს, რომ მას დავთარში არავინ ჩაწერდა. რაღაც ხომ არ აერია თანაშემწეს? თუმცა, სახელიც ემთხვევა, გვარიც და პასპორტის ფოტოსაც ყველა ცნობს. სასტუმროს პატრონი კი ალბათ გიჟია, მაგრამ ეს არაფერს ცვლის. თუ მწერალი ამდენ ხანს ცხოვრობდა ქალაქში, რაღა აქაურობა აირჩია? ადრეც იცნობდა ამ ცოლ-ქმარს და იმიტომ? სისულელეა. ვინ იყო ის ქალი, სასაფლაოზე რომ წაიყვანა ღამით? სასტუმროს პატრონის ცოლი? პლაკატზე მართლაც ჰგავს იმ ქალს, ტაქსისტმა და მიმტანმა რომ აღწერეს, მაგრამ, კიბოთი დატანჯული, მომაკვდავი ქალი ამდენს მოახერხებდა? ეს პატარა რევოლვერიც არ უნდა იყოს მაინცდამაინც ამათი.       თუ მოკლული მწერალი არ არის, აბა ვინ არის? ვინ ცხოვრობდა ამ სასტუმროში? გამომძიებელმა ქუჩა გადაირბინა და ერთ გადახუნებულ, უბრალო კაფეში შევიდა. ორმაგი ესპრესო მოითხოვა და ახალი სიგარეტი ამოიღო. დილის გაზეთი რომ მქონდეს, დოღის ფსონებს ვნახავდი, გაიფიქრა. ეი, ქაჩალო, არ დამპატიჟებ ყავაზე? ვიტრინასთან ჯდომა მეც მიყვარს. თავს ქალი წამოსდგომოდა, ალბათ მეძავი. ყოველ შემთხვევაში, მეძავს ჰგავდა. თან, სწორედ ის საათი იდგა, ღამენათევი მეძავები რომ იღვიძებენ და ყავის დასალევად შედიან კაფეებში. დაჯექი. რატომაც არა? გაუცინა გამომძიებელმა: გიხდება ეგ ფერფლისფერი პარიკი. შენ უპარიკოდ უნდა მნახო. ხელი აიქნია ქალმა: ეს დიდი მოულოდნელობაა. ხდება ხოლმე, რომ ვინმე თმებში ჩაგავლებს ხელს. კაცებს ხომ თავის შეკავება უჭირთ. ანდა რატომ უნდა შეიკავონ თავი, როცა თავშეუკავებლობაში იხდიან ფულს. ჰოდა, მოგავლებენ თმებში ხელს, ვითომ თვითონ არიან ამ საქმის უფროსები და პარიკი კი შერჩებათ. მე შავი თმა მაქვს, კაცი კი ძალიან დახვეწილი უნდა იყოს, შავთმიანი მეძავი რომ აირჩიოს. ასე არ არის? ალბათ, თქვა გამომძიებელმა. რატომ ალბათ? ჰკითხა ქალმა: მეძავი არ აგირჩევია? აქეთ იშვიათად დავდივარ, აღიარა გამომძიებელმა: ერთი კაცის ასავალ-დასავალი მინდა შევიტყო და ბევრი ვერაფერი დავადგინე. აი, იმ სასტუმროში ცხოვრობდა, მწერალი იყო. კარგად შესახედი კაცი, არა? ჩაეკითხა მეძავი: აქ იჯდა ხოლმე. ზოგჯერ დილიდან საღამომდე იჯდა. სქელ, ტრინიდადულ სიგარას ახრჩოლებდა და რაღაცეებს წერდა. თითები სულ გაყვითლებული ჰქონდა. ლაპარაკი უყვარდა. გოგოები ამბობდნენ, იმპოტენტი უნდა იყოსო. თავისთან არასდროს მიჰყავდა ვინმე. თვითონ მიჰყვებოდა და ფულსაც უხდიდა, მაგრამ არც მიეკარებოდა. ელაპარაკებოდა და ელაპარაკებოდა. მერე კი წამოვიდოდა. მაგრამ ეგ კაცი ხომ მოკვდა, მოკლული უპოვიათ სასაფლაოზე. ვიცი, მიუგო გამომძიებელმა. პოლიციელი ყოფილხარ, თქვა მეძავმა. ასეა, კვლავ გაეცინა გამომძიებელს. მე არ გაგთქვამ, გაეცინა ქალსაც: ბოლოს და ბოლოს ყავაზე დამპატიჟე. ვინ მოკლა ეგ მწერალი? არ ვიცი, გამომძიებელმა პასპორტი ამოიღო უბიდან და ქალს ფოტო დაანახვა: ამ კაცზე მელაპარაკები, არა? კი, ეგ არის, თავი დაუქნია ქალმა. სასტუმროს პატრონმა მითხრა, არავითარი მწერალი არ ყოფილაო. რა გითხრა? ხელი აიქნია ქალმა: ამ ქუჩაზე წიგნებს არ კითხულობენ. ისე კი წერდა რაღაცეებს, ყვითელფურცლებიანი წიგნაკი ჰქონდა. ზედ ხან ყავა გადაესხმებოდა, ხან რა. სასტუმროს პატრონი კი ბოროტი კაცია. თვითონ არის მწერალი და ეტყობა, შურდა. თვითონ არის მწერალი? ყოველ შემთხვევაში იყო. ლამაზი ცოლი ჰყავს. მოკვდა. მოკვდა? გაუკვირდა ქალს: როდის? წუხელ. საბრალო. ავადმყოფობდაო. გარეთ აღარც გამოდიოდა. დიდი ამაგი ჰქონდა ქმარზე. ეს სასტუმროც მისი იყო. ქმარი კიდევ იმპოტენტია. გამომძიებელს გულიანად გაეცინა: შენ რომ გკითხოს კაცმა, მაგ სასტუმროში ყველა იმპოტენტია. ეგ ცნობილი ამბავია. მაგ ამერიკელს მწერლობა უნდოდა და ოცი წლის წინ ომში წავიდა. იქ რაღაც მოახვედრეს საჭირო ადგილას, ისე რომ, აღარაფერი შეუძლია. ეს ქალი კი მაინც გაჰყვა ცოლად. ერთად ცხოვრობდნენ, მაგრამ ეს ძალიან ბოროტი კაცია. ერთხელ გადამიხადა და ცოლის ოთახში შემიყვანა. ქალიც იქვე იჯდა, სავარძელში. გამოუცხადა, აი, ახლა ეს გასწავლის, მამაკაცს როგორ უნდა დაეხმაროო. მერე? რა მერე?ქალმა განზე გაიხედა, ჭიქა ეჭირა ხელში, ალბათ სვამდა. აბა, ისე როგორ გაუძლებ, შენს ქმარს რომ ვიღაც უნდა დაეხმაროს? საერთოდ, ქალი გალოთებული იყო. ყველგან ბოთლები ყრია მაგათ სასტუმროში. მერე, დაეხმარე? არა. ფული მაგიდაზე დავდე და წამოვედი. რა წესია? ორი-სამი წლის წინ იყო ეგ ამბავი. მე კი მითხრეს, ეგ ქალი ამ მოკლული მწერლის საყვარელი იყოო. მაგასაც ეგ საზიზღარი კაცი გეტყოდათ. სულ ამგვარ რამეებს ამბობდა. ერთხელ საცვლების მაღაზიასთან იდგა და ჰყვებოდა, როგორ უნდა იყო აკრობატ ქალთან. ამბობდა, თითქოს ცირკის ვიღაცასთან ჰქონდა რომანი და მისი სხეულის მოქნილობას იყენებდა. ვიღაც სულელები პირდაღებულები უსმენდნენ. ასეთი კაცია, საზიზღარი. ერთი მწერალი იყო, ახლა ორი გახდა, თავი გააქნია გამომძიებელმა: თან ორივე იმპოტენტი. შენ რომ გისმინო, ყველაფერი სულ სხვა რამეზეა დამოკიდებული. შენ არა ხარ იმპოტენტი, ჩაიხითხითა ქალმა. რა იცი? თვალებში სამხრეთული ნაპერწკალი გაქვს, ამიტომაც გამელოტდი ადრე. სამხრეთელები ადრიდანვე დასდევენ ქალებს. ვიცი, მეც სამხრეთელი ვარ. სამხრეთელები ბევრნი ვართ, ჩაიცინა გამომძიებელმა: ტელეფონი არის აქ? არის, აი ეგერ, დახლს იქით. გამომძიებელმა საყვარელს დაურეკა. სამსახურში ხარ? როგორ ფიქრობ? მოესმა შორიდან. დღეს ვერ გამოგივლი, გავიჭედე ამ მკვლელობის გამო. ბანკში ანდერძის გახსნას უნდა დავესწრო. ხვალ კი მოედანზე შევხვდეთ, ათ საათზე, დოღზე ხომ უნდა წავიდეთ? რა თქმა უნდა, უპასუხა იქიდან ქალმა: მშვენიერი ფსონი მოვიფიქრე. "უდაბნოს უფლისწული" მოიგებს. სამწლიანებში ახლა უკეთესი ცხენი არ არსებობს. ოო, დიდი სპეციალისტი ხარ, გამოეთხოვა გამომძიებელი: დიდი სპეციალისტი. ეჭვი გეპარება? კარგი, კარგი. გამომძიებელი კვლავ მეძავს მიუჯდა გვერდით. აბა, კიდევ რას მეტყვი? ბოშა კი არა ვარ, მეტი რა უნდა გითხრა, გაეცინა ქალს: რამე უფრო სერიოზული ხომ არ დაგველია? გამომძიებელმა საათს დახედა. ნახევარ საათში უნდა წავიდე. პერნო, პერნო დავლიოთ. საზიზღრობაა. წითელი ღვინო დავლიოთ, უთხრა მეძავმა. ახლა კი მჯერა, რომ სამხრეთელი ხარ, თქვა გამომძიებელმა: კლიენტურის საქმე როგორ არის? იცი რა? მე ვამაყობ, რომ ამ საქმეს ვემსახურები, თქვა უცებ მეძავმა: ყველას არ შეუძლია ამის კეთება. მართლაც, ძნელი საქმეა. მაგრამ არ მგონია, რომ სასიამოვნო იყოს. შენ გსიამოვნებს, რომ დაწანწალებ და მკვლელს ეძებ? ეგ სხვაა, ღვინო მოსვა გამომძიებელმა: მე სულ სხვა რამეს ვემსახურები. და დადიხარ ვარდისფერი პერანგით და მელოტი თავით, არა? ჩაეკითხა ქალი: მერე შინ მიხვალ და ცოლი თევზს შეგიწვავს. უცოლო ვარ. ცოლი არ მყოლია. ხომ ვამბობდი, იმპოტენტი არა ხარ-მეთქი, გაიცინა მეძავმა. მე შეიძლება შეღამებულზე გამოვიარო. სად გნახო? აჰ, უკვე ასეა საქმე? არა. მგონია, რომ შეღამებულზე აქ სხვა ამბებიც ხდება, გარდა ყავის სმისა. ასეა, მიუგო ქალმა: აქ ბევრი რამ ხდება. არ იფიქრო, რომ თანამშრომლობას გთავაზობდე, უბრალოდ, მაინტერესებს. მკვლელი უნდა ვიპოვო. ალბათ, ქალი, არა? ჰკითხა უცებ მეძავმა. რა ვიცი, მოიღრუბლა გამომძიებელი. მისმინე, ამოიოხრა ქალმა: აქ, შორიახლოს, ერთი ლოგინად ჩავარდნილი ბიჭი ცხოვრობდა დედასთან ერთად. დედამისი ძალიან კარგი ქალი იყო. ეშხიანი და მოხდენილი. ახლა ორმოცს იქნება გადაცილებული, მაგრამ სწორედაც რომ ქალია. კაფე აქვს. ერთხელ, მის კაფეში რომ შევედი, გამიხმო და მთხოვა, მის ვაჟს დავხმარებოდი. კვირაში ერთხელ ან ორჯერ მივდიოდი ხოლმე მათთან და ბიჭი რომ კვდებოდა, მხოლოდ მე მახსენებდა. ექიმებს ეგონათ, რომ დედამისს ეძახდა. შენ გაგიკეთებია რამე ამგვარი? მერე ფულსაც აღარ ვართმევდი. რა დააშავა იმ ბიჭმა, სულ ფანჯარასთან რომ იჯდა საბანში გამოხვეული? ამას რატომ მეუბნები? ჰკითხა გამომძიებელმა. ბევრი რამის გამო. ერთი, რომ იცოდე, მეძავის ცხოვრებაც ცხოვრებაა. მეორეც ის, რომ მე ვალდებული არა ვარ რაღაცეები გიამბო და მესამეც, ის შენი მწერალი მაგ ქალის კაფეში არ დადიოდა, მაგრამ სამი დღის წინათ, აი, აქ, ამ ვიტრინასთან იჯდა და ის ქალი შემოვიდა და მიუჯდა, ზუსტად ისე, როგორც მე მოგიჯექი შენ. უცნაურია, თქვა გამომძიებელმა. რა არის უცნაური? სად შეიძლება იმ ქალის მონახვა? უბრალოდ, რომ შევხედო, მეტი არაფერი. კაფეში. კაფე "იმელდა". თქვა მეძავმა: ეგ ქალი იჭყიტებოდა ხოლმე, როცა მის ვაჟთან მივდიოდი. რატომ იქცეოდა ასე? რაღაც ხდება ხოლმე ასეთ დროს. ბიჭთან რომ მოვრჩებოდი, კაფეში ყავაზე ჩამომიპატიჟებდა ხოლმე. სულ ერთსა და იმავეს მეკითხებოდა, რა იყო, როგორ იყო, როგორ შეუძლია მის შვილს. არანორმალურად აინტერესებდა. მე კი არ მიყვარს ამგვარი ლაპარაკები. რა სალაპარაკოა? ესე იგი, ლამაზი ქალია. რას ნიშნავს ლამაზი? იცი, როგორი ქალია? რომ შეხედავ, იფიქრებ, თუნდაც ერთი დღით ჯოჯოხეთში გავყვებიო. შავი ვარდივითაა. კი მაგრამ, ასეთი ქალია და მარტოა? ვის უნდა ქალი, რომელიც სულ ავადმყოფ შვილს ახსენებს? ვის უნდა ქალი, ამგვარი მზითევი რომ მოჰყვება? გამომძიებელი სწრაფად წამოდგა. ჩემი წასვლის დროა, თქვა უცებ: მგონია, რომ კიდევ შევხვდებით. მე არ მგონია, გაუცინა ქალმა. კარგი, გეგონოს ასე, მაგიდაზე ფული დატოვა კაცმა: აიღე კიდევ რამე შენთვის. შენ არავინ გამოგყვება ჯოჯოხეთში? მე, არა. იმიტომ, რომ მე არ მივდივარ ჯოჯოხეთში. შემომხედე, ვგავარ ჯოჯოხეთში მიმავალს? გამომძიებელი ჩქარი ნაბიჯით გამოსცდა ამ ქუჩას, ცირკთან გამოიარა და პარკის კიდე გადაჭრა. უკვე დაძრულ ტრამვაის შეახტა და ახლაღა გაახსენდა, რომ დილის გაზეთის ყიდვა უნდოდა. ბანკში უკვე თავი მოეყარათ.       ნოტარიუსმა, რომელსაც საგულდაგულოდ გაკრეჭილი შავი წვერი ამშვენებდა, ქვაბურა შლაპის მოუხდელად წაიკითხა კანონის ის მუხლები, რომელთა საფუძველზეც დაბეჭდილი ანდერძი უნდა გაეხსნათ. გამომძიებელმა დააპირა ეთქვა, რომ ანდერძის გახსნა ნაადრევია, რადგან მოკლული მწერალი შესაძლოა სულაც არ იყოს ის მწერალი, რომლის ანდერძსაც ახლა ხსნიან. ძალიან აერია თავში ფიქრები და აღარაფერი თქვა. ეგებ ასე სჯობდეს, გაიფიქრა და ბანკის პრეზიდენტს გადახედა. ჩვენი ძველი კლიენტი იყოო, უამბობდა პრეზიდენტი უკვე დერეფანში: კარგი იქნება, თუ მემკვიდრე სხვაგან არ გადაიტანს მის დანაზოგებს. ჩვენ თაობებთან ვთანამშრომლობთ. ნოტარიუსი კი ძალიან ჰგავდა რაბინს. თითქოს, რომელიღაც ლექსს გალობსო, ისე კითხულობდა ანდერძს, რომელიც იუწყებოდა, რომ ამ ბანკში შენახული მთელი თანხა და ამ ქალაქში არსებული უძრავი ქონება ეკუთვნოდა მის ქვრივს. გამომძიებელმა ბანკიდანვე დაურეკა მწერლის ქვრივს და სთხოვა, ანდერძი ჩაიბარეთ, ხოლო რას გადაწყვეტთ მიღებულ მემკვიდრეობასთან დაკავშირებით, თქვენი საქმეაო. ქალმა, თავის მხრივ, უთხრა, რომ დაკრძალვას არ დაესწრება, თუმცა უკვე შეატყობინა ერთ-ერთ დამკრძალავ ბიუროს და მოკლულის დაკრძალვას სწორედ ეს ბიურო უხელმძღვანელებს. ერთსაც გკითხავთ, თუ შეიძლება, სთხოვა გამომძიებელმა: შესაძლებელია, რომ თქვენს ქმარს მთელი წელიწადი ეცხოვრა ამ ქალაქში, პარკს იქითა უბანში და თქვენ არაფერი გცოდნოდათ? შესაძლებელია, მიუგო ქალმა: თუ რაღაცის დაწერას გადაწყვეტდა, ჯოჯოხეთშიაც იცხოვრებდა. ის საზიზღარ, იაფ სასტუმროში ცხოვრობდა. იცხოვრებდა. და მეძავებით სავსე ჭუჭყიან კაფეში იკვებებოდა. შესაძლებელია. მეძავებთანაც არ მოიწყენდა. მაგრამ, ქალბატონო, იქ ხეირიანად არც იცოდნენ, რომ ის მწერალი იყო, თანაც ძალიან ცნობილი. ვინ ცნობს მწერლებს სახეზე? მაინც მინდა გკითხოთ, როდესაც გვამი ნახეთ, დარწმუნდით, რომ ის თქვენი ქმრის გვამია? მე მინდა გკითხოთ, ეგებ მოკლული სულაც არ იყო თქვენი ქმარი? იცით რა? ამოიოხრა ქალმა: შეიძლება მიცვალებული აგერიოს, მაგრამ შენი ქმარი არ აგერევა. მე ხეირიანად ვერ შევხედე, იმიტომ, რომ არ შემიძლია მკვდრების თვალიერება, მაგრამ პასპორტში, ფოტოზე ჩემი ქმარია და ისიც, თქვენთან რომ ესვენა, ძალიან ჰგავდა მას. სხვას ვერაფერს გეტყვით. ხომ არ მოგატყუებთ? გმადლობთ. გამომძიებელს კიდევ უნდოდა რაღაცის თქმა, მაგრამ ყურმილი ჩამოკიდა და გარეთ გავიდა. შემდეგ საპოლიციო დეპარტამენტში წავიდა, იქაურ ბუფეტში ორი სოკოს ღვეზელი შეჭამა და თავის ოთახში ავიდა. იქ დიდხანს არ გაჩერებულა, თანაშემწეს სთხოვა, სასაფლაოზე წასულიყო და კიდევ ერთხელ დაეთვალიერებინა იქაურობა, თვითონ კი უჯრიდან პისტოლეტი ამოიღო და პერანგის ქვეშ გაირჭო ქამარში. ტრამვაიში მიხვდა, რომ წელიწადის ამ თვეს ძალიან ნელა და გვიან ღამდება და პარკსიქეთა უბანში დაბრუნებას ჯერ აზრი არა ჰქონდა. ამიტომ, პირველსავე გაჩერებაზე ჩამოხტა და მოედნისაკენ აიღო გეზი. იქ უკვე აფრიალებდნენ საღამოს გაზეთებს. გუშინ ამ დროს წვიმდა, გაიფიქრა გამომძიებელმა და გაზეთი იყიდა. ჩამოვჯდები სადმე და წავიკითხავ. მაგრამ კაფეში ჩამოჯდომას მაინც საყვარელთან შევლა არჩია. ამას ადრეც ფიქრობდა, როცა დაურეკა, მაშინ. ქუჩას დაუყვა და საყვავილეში ისევ ის ყვითელი თაიგული იყიდა, წინა საღამოს რომ დატოვა მისი სახლის კარში. კიბეზე დინჯად ავიდა და შემოესმა "შავი ვარდის" ჰანგები. ზუსტად ისე, როგორც წინა საღამოს, გაიფიქრა გამომძიებელმა და დააკაკუნა. კარი არავინ გაუღო. გამომძიებელმა ახლა უფრო მკვეთრად დასცხო კარს მუშტი, მერე კი დიდხანს აღარ უფიქრია, თაიგული კარის სახელურში ჩატოვა და წამოვიდა. ჩემი ბრალია, დავურეკე და ხვალინდელზე შევუთანხმდი, ეს "შავი ვარდი" რაღა ჯანდაბაა? კაცმა პარკსიქითა უბნისკენ გასწია. გაგრძელება ►…
დაამატა Kakha to ლიტერატურა at 10:13pm on დეკემბერი 4, 2014
თემა: სიცოცხლის სიყვარული
ვოდათ, ხანგრძლივმა გაჭირვებამ რომ იცის. ზურგზე თასმებით შემოეკრათ დიდი ფუთები, ფუთებს შუბლზე მოჭერილი ღვედებითაც იმაგრებდნენ. ხელში თითო თოფი ეჭირათ. წელში მოხრილები მიდიოდნენ, მხრები ჩამოეყარათ, თავი წინ წაეგდოთ და მიწას ჩასჩერებოდნენ.       - ნეტავ ორი ამდენი ვაზნა კიდევ წამოგვეღო იმ მარაგიდან, - თქვა მეორემ. მის გაბზარულ ხმას შნო და ლაზათი დაჰკარგოდა. ისე უსიცოცხლოდ ლაპარაკობდა, რომ ლოდებს შორის ქაფმოკიდებულ რძისფერ წყალში ჩამდგარმა თანამგზავრმა პასუხის ღირსადაც არ ჩათვალა. მეორე კვალდაკვალ მიჰყვებოდა. ფეხსაცმელს არც ერთი არ იხდიდა, წყალი ყინულივით ცივი იყო - ისეთი ცივი, რომ ფეხები სტკიოდათ და თითები უშეშდებოდათ. ალაგ-ალაგ, სადაც წყალი მუხლზე სცემდათ, ფეხი უცდებოდათ და ბარბაცებდნენ. უკანას სიპ ქვაზე ფეხი დაუცურდა, ის იყო უნდა დაცემულიყო, რომ დიდის გაჭირვებით თავი შეიკავა და ტკივილისაგან მწარედ ამოიგმინა. კინაღამ გული შეუღონდა, თავბრუ დაესხა. წაფორხილებულმა ხელი ისე მოიქნია, თითქოს ჰაერს წაეპოტინაო. ბოლოს გასწორდა და ის იყო ფეხი წინ გადადგა, რომ ისევ წაიფორხილა და, ცოტას გასცდა, არ დაეცა. ერთ ხანს ასე იდგა და ამხანაგისაკენ იყურებოდა, ამხანაგს თავი ერთხელაც არ მოუბრუნებია. ერთი წუთი მაინც იდგა უხმოდ, თითქოს თავს ებრძვისო. მერე უცბად წამოიყვირა: - გამიგონე, ბილ. ფეხი ვიღრძე. ბილი რძისფერ წყალში მიბარბაცებდა. უკან არ მოუხედავს. მეორე ისევ უყურებდა; თუმცა სახე უმეტყველო ჰქონდა, თვალები დაჭრილი ირმის თვალებს მიუგავდა.       ბილმა კოჭლობით გაიარა ნაპირი და უკანმოუხედავად განაგრძო გზა. მეორე ისევ წყალში იდგა და ამხანაგს გაჰყურებდა. ტუჩები ისე აუთრთოლდა, ხეხეში წაბლისფერი ულვაშიც კი შეირხა ზედ, ენა გამოჰყო და გამშრალ ტუჩებზე მოისვა. - ბილ! - შეჰყვირა მან.       ეს იყო გასაჭირში ჩავარდნილი ძლიერი მამაკაცის მავედრებელი ძახილი, მაგრამ ბილი მაინც არ მობრუნებულა. სასაცილოდ მიათრევდა ფეხებს და წინწახრილი დაბალი ბორცვების წვეროებისაკენ ავარდნილ აღმართს არეული ნაბიჯით მიუყვებოდა. მეორეს თვალი არ მოუცილებია, სანამ მისი ამხანაგი ქედს არ გადასცდა და არ მიიკარგა. შემდეგ მიმოიხედა და თვალი მოავლო იმ ქვეყანას, რომელიც ბილის წასვლის შემდეგ დარჩა.       ჰორიზონტთან უფორმო ბურუსითა და ნისლით შებურული მიმქრალი მზე ცხრებოდა და უწახნაგო და უკიდეგანო მასის შთაბეჭდილებას სტოვებდა. კაცმა მთელი სიმძიმე ცალ ფეხზე გადაიტანა და საათი ამოიღო. ოთხი იყო და რაკი ივლისის უკანასკნელი დღეები თუ აგვისტოს დასაწყისი იდგა (დრო ორი კვირით ეშლებოდა), იცოდა, რომ მზე დაახლოებით ჩრდილო-დასავლეთით უნდა მდგარიყო. სამხრეთისაკენ გაიხედა. მისი ვარაუდით, სადღაც იმ ცივი მთების გადაღმა „დათვის ტბა“ იყო. ისიც იცოდა, რომ იმავე მხარეს არქტიკის წრის საშინელ ხაზს კანადის ყამირები ჰკვეთდა. წყალი, რომელშიც ახლა იდგა, მდინარე კოპერმაინის შენაკადი იყო. იგი ჩრდილოეთისაკენ მიედინებოდა და კოპერმაინის ყურით ჩრდილოეთის ოკეანეში იცლებოდა. თვითონ არასოდეს ყოფილა იქ, მხოლოდ ჰუძონის ყურის კომპანიის რუკაზე ენახა ერთხელ.       ისევ მოავლო თვალი ქვეყანას. ეს არ იყო შვებისმომგვრელი სანახაობა, მქრალი ჰორიზონტი მოჩანდა მხოლოდ. გარშემო დაბალი გორაკები იყო. არსად ხე, არსად ბუჩქი და ბალახი. მხოლოდ გაუთავებელი და საშინელი უდაბურება.       კაცს შიში შეეპარა. - ბილ, - წაიჩურჩულა მან ერთხელ და ისევ გაიმეორა, - ბილ!       ქაფმომდგარ წყალში უსუსურობა იგრძნო. უსასრულო სივრცე უძლეველი ძალით სრესდა, თითქოს ახრჩობდა თავისი დაუნდობლობით. კაცი ხურვებაშეყრილივით აცახცახდა, თოფი ხელიდან გაუვარდა და წყალში ტყლაშანი მოადინა. ხმაურზე გამოერკვა, ადგილიდან დაიძრა. მალე შიში დათრგუნა, ღონე მოიკრიბა, წყალში ხელი მოაფათურა და იარაღი ამოიღო. ფუთა მარცხენა მხარისკენ გადაიგდო, რათა დაშავებულ კოჭს სიმძიმე შემსუბუქებოდა და ფრთხილად, აუჩქარებლად გაემართა ნაპირისკენ. ტკივილისაგან სახე ეღმიჭებოდა. არ შეჩერებულა. გაშმაგებული თავგანწირულებით აიარა პატარა აღმართი იმ ქედამდე, სადაც მისი ამხანაგი მიიკარგა. თვითონ უფრო გროტესკული და კომიკური იყო, ვიდრე ბილი, კოჭლობით რომ მიბანცალებდა. ტკივილებს ვეღარ გრძნობდა, ქედიდან ტრიალი მინდორი დაინახა, მინდორს სიცოცხლის ნიშან-წყალიც არ ეტყობოდა. ისევ შეებრძოლა მოძალებულ შიშს და დათრგუნა. ფუთა უფრო მარჯვედ მოიგდო მარცხენა მხარზე და დაღმართს კოჭლობით დაუყვა.       მინდორი წყლით იყო დამბალი, სინოტივეს ნეჭასავით ზედ დაკრული ხავსი ინახავდა. წყალს ჭყაპაჭყუპი გაჰქონდა და ზევით ასხამდა ფეხის ყოველ გადაბიჯებაზე. გზას ჭყანტებსა და ჭანჭრობში მიიკვლევდა და ამხანაგის კვალს მიჰყვებოდა, ნაფეხურები ჩაბუჟბუჟებული ხავსის ზღვაში პატარა კუნძულებივით ჩარჩენილიყვნენ. თუმცა მარტო დარჩა, დაკარგული მაინც არ იყო. კარგად იცოდა, რომ იმ ადგილას მივიდოდა, სადაც დაგვალული და დაჩიავებული ფიჭვი და ნაძვი პატარა ტბის ნაპირებს გასდევდა. ამ ადგილს მკვიდრნი ტიჩინნიჩილის ანუ „წვრილი ჯოხების მიწას“ ეძახდნენ. ტბა კამკამა იყო და შიგ პატარა მდინარე ჩადიოდა. წყალზე ავარდნილი ბალახი იყო - ეს კარგად ახსოვდა. მაგრამ ერთ ხესაც ვერსად იპოვიდი. ჰოდა, მანამდე გაჰყვებოდა ამ მდინარეს, სანამ წყალგამყოფთან მისი პირველი ნაკადი არ მიიკარგებოდა. წყალგამყოფს გაივლიდა და მეორე მდინარის სათავეს მიადგებოდა, იგი დასავლეთისაკენ მიედინებოდა და მდინარე დიიზს უერთდებოდა. აქ, ქვა-ღორღით დაფარული გადაბრუნებული კანოეს ქვეშ სამალავი ჰქონდა. ამ სამალავში ვაზნებიც ეგულებოდა თავისი ცარიელი თოფისათვის, ანკესებიც, ბაწრებიცა და პატარა ბადეც - ერთი სიტყვით, ყველაფერი, რაც კი საკვების მოსაპოვებლადაა საჭირო. ცოტაოდენი ფქვილი, ლორის ნაჭერი და ლობიოც ჰქონდა გადამალული. ბილიც იქვე დახვდებოდა, მერე ორივენი სამხრეთით დაუყვებოდნენ დიიზს და „დიდი დათვის“ ტბისაკენ გასწევდნენ. სამხრეთისაკენ აიღებდნენ გეზს და ტბას გადასცურავდნენ, მერე ისევ და ისევ სამხრეთისაკენ ივლიდნენ. თანდათანობით უკან ჩამოიტოვებდნენ მისუსტებულ ზამთარს, ყინულად ქცეულ მორევებსა და ცივ, მოსარკულ დღეებს და სამხრეთში მივიდოდნენ, სადაც თბილი ჰუძონის ყურის კომპანიის მაღალი და დიდებული ხეები ხარობდნენ და საჭმელიც ყელამდე იყო.       ასე ფიქრობდა კაცი და მიდიოდა. ებრძოდა დამძიმებულ სხეულს და არანაკლები ძალით ეჭიდებოდა დამძიმებულ სულს. ცდილობდა დაერწმუნებინა თავი, რომ ბილი არ მიატოვებდა და აუცილებლად დაელოდებოდა. იძულებულიც იყო ასე ეფიქრა, სხვანაირად რაღა აზრი ჰქონდა სიარულს, უნდა დაცემულიყო და მომკვდარიყო. და როცა მზის ალმურმოდებული დისკო ნელა გადაიხარა ჩრდილოეთისაკენ, გონებით უკვე რამდენჯერმე ნაბიჯ-ნაბიჯ დაფარა ის გზა, რომელიც მასა და ბილის უნდა გაევლოთ, რათა კარს მომდგარ ზამთარს გაქცეოდნენ. ორი დღის უჭმელი იყო, რამდენი ხანია ის აღარ ეგემა, რაც ენატრებოდა. დაიხრებოდა და ჭაობის გაყვითლებულ ნაყოფს კრეფდა, პირში ჩაიდებდა, გაღეჭავდა და გადაყლაპავდა. ჭაობის წყლიანი წვრილი კენკრა პირში დნებოდა და მხოლოდ მწკლარტე გემოს უტოვებდა. კაცმა კარგად იცოდა, რომ თესლი ყუათი არა ჰქონდა, მაგრამ მაინც მოთმინებით ღეჭავდა, უფრო მეტი იმედი ასულდგმულებდა, ვიდრე ცოდნა თუ შეუწყნარებელი გამოცდილება. ცხრა საათზე კბოდეს ფეხი წამოჰკრა, დაუძლურებული და დასუსტებული დაბარბაცდა და დაეცა. კარგა ხანს უძრავად ეგდო გვერდზე. მერე ფუთის ღვედებიდან გამოძვრა, ტანი აითრია და წამოჯდა. ჯერ კიდევ არ ჩამობნელებულიყო, ხელი მოაფათურა, ქვა-ღორღში მშრალი ხავსი მოძებნა. კარგა ბლომად შეაგროვა და ცეცხლი დაანთო, მიბჟუტულ და ახრჩოლებულ ცეცხლზე თუნუქის ციცხვი შემოდგა.       მერე ფუთას თავი მოხსნა, უწინარეს ასანთის ღერები გადათვალა. სამოცდაშვიდი ღერიღა დარჩენილიყო. დასარწმუნებლად კიდევ სამჯერ დათვალა, მერე რამდენიმე ნაწილად გაჰყო და გასანთლულ ქაღალდში გაახვია. ერთი ნაწილი თამბაქოს ცარიელ ქისაში ჩადო. მეორე თავისი დაჭმუჭნული ქუდის შიგა ქობას ჩაატანა, ხოლო მესამე ხალათის ქვეშ გულზე გამოინასკვა. ამას რომ მორჩა, ეჭვმა გაჰკრა, სიმშვიდე დაჰკარგა, სამივე შეკვრა გამოიღო, დახსნა და ხელახლა გადათვალა. ისევ სამოცდაშვიდი იყო. გალუმპული წინდები ცეცხლთან გააშრო. მოკასინებისაგან წყლით გაჟღენთილი ტყავის ნაგლეჯებიღა დარჩენილიყო. მატყლის წინდები რამდენიმე ადგილას გამოგლეჯოდა. გადატყავებული ფეხებიდან სისხლი სდიოდა. კოჭი უფეთქავდა და ისე შესიებოდა, მუხლის თავს უფრო მიუგავდა. შალის საბანს გრძელი ნაჭერი ჩამოახია და კოჭი მაგრად შეიხვია. მერე კიდევ მოაფხრიწა რამდენიმე ნაჭერი ფეხებზე ისე შემოიჭირა, რომ მოკასინებად და წინდებად გამოსდიოდა. ცხელი წყალი შესვა, საათი მომართა და შალის საბანში გაეხვია. მკვდარივით ეძინა. შუაღამისას ხანმოკლე წყვდიადი ჩამოდგა და უცბად გაილია. ჩრდილო-აღმოსავლეთიდან მზე ამოცურდა, ან უკეთ დღემ იმ მხრიდან გამოჟონა, რადგან მზე ნაცრისფერი ღრუბლებით იყო დაბურული.       ექვს საათზე გამოეღვიძა. გულაღმა იწვა მშვიდად. შიმშილი იგრძნო. როცა ნიდაყვზე გადმოტრიალდა, ხმამაღლა ფრუტუნმა შეაკრთო - ირემი იყო, ელდანაცემი პირუტყვი ცნობისმოყვარეობით შეჰყურებდა. ირემი ოცდაათიოდე ფუტის მოშორებით თუ იქნებოდა მისგან და წამსვე ადამიანს ცეცხლზე აშიშხინებული ირმის ხორცი წარმოუდგა. უნებურად ცარიელ თოფს დასწვდა, დაუმიზნა და ჩახმახს გამოჰკრა. ირემმა დაიფრუტუნა, გახტა და სიპ ქვებზე ბაკუნით მოკურცხლა. კაცმა შეიგინა და ცარიელი თოფი გადააგდო. თან ხმამაღალი კვნესა აღმოხდა, წამოდგომა დააპირა, გაუჭირდა, ტანი არ აჰყვა, ძლივს აითრია. სახსრები ჩაჟანგულ ხიმინჯებს მიუგავდა. მყესები გახევებოდა. თითოეული მოხრა და მოღუნვა ნებისყოფის დიდ დაძაბვას მოითხოვდა. და ბოლოს, როცა, როგორც იქნა, ფეხზე წამოდგა, მთელი ერთი წუთი მათ გამართვას მოანდომა, რათა წესიერად დამდგარიყო. როგორც იქნა პატარა ბექობთან მიბობღდა და გარემოს თვალი მოავლო. არც ხე ჩანდა, არც ბუჩქი. ირგვლივ ნაცრისფერი ხავსის ზღვა იყო მხოლოდ, აქა-იქ მოჩანდა ნაცრისფერი სიპები, ნაცრისფერი ტბორები და ნაცრისფერი ნაკადულები. ცაც ნაცრისფერი იყო, მზე არ ანათებდა, მისი ნასახიც კი არსად ჩანდა ცაზე. ვეღარ გაეგო, საით იყო ჩრდილოეთი და ის გზაც დაავიწყდა, საიდანაც წუხელ მოვიდა. კარგად იცოდა, რომ დაკარგული მაინც არ იყო. მალე „პატარა ჯოხები მიწაზე“ გავიდოდა. გრძნობდა, რომ სადღაც მის ხელმარცხნივ უნდა ყოფილიყო ეს ადგილი. და არცთუ ისე შორს, იქნებ იმ მეორე პატარა ბორცვის იქითაც. უკან დაბრუნდა, ფუთა შეკრა სამგზავროდ. გულის დასაიმედებლად ასანთის ღერების სამივე შეკვრას ხელი მოუსვა, დათვლით ამჯერად აღარ გადაუთვლია. მაგრამ რაღაც აყოვნებდა, იდგა დაფიქრებული და ირმის ტყავის ტომსიკას მისჩერებოდა. ტომსიკა დიდი არ იყო. ხელებშიც დამალავდა. იცოდა, რომ თხუთმეტ გირვანქას იწონიდა - თითქმის იმდენივეს, რასაც დანარჩენი ტვირთი ერთად აღებული, და ეს აწუხებდა. ტომსიკა გვერდზე გადადო და ფუთა შეკრა. მერე ისევ ტომსიკას შეხედა. საჩქაროდ აიღო, ისე ფრთხილად მიმოიხედა, თითქოს მთელი უდაბნო ცდილობდა ტომსიკა როგორმე წაერთმია მისთვის. როცა ფეხზე წამოდგა, რომ ბარბაცით გადგომოდა გზას, ტომსიკა უკვე ზურგზე მოგდებულ ფუთაში ჰქონდა გამოკრული. მთელი სიმძიმე მარცხენა ფეხზე გადაიტანა. ხანდახან თუ შედგებოდა ჭაობის კენკრის მოსაკრეფად. კოჭი კიდევ უფრო სტკიოდა და მომეტებულად კოჭლობდა. მაგრამ ფეხის ტკივილი არაფერი იყო, კუჭი ისევ ეწვოდა. შიმშილი უფრო აწვალებდა, თანდათანობით ღრღნიდა. კაცმა მტკიცედ გადაწყვიტა, აუცილებლად მიეღწია „პატარა ჯოხების მიწამდე“. ჭაობის კენკრა შიმშილის ტკივილს ვერ უყუჩებდა, ენასა და სასას გამაღიზიანებლად ჩხვლეტდა და ტკენდა.       ერთ მინდორს მიადგა. კლდის თეთრი გნოლები ფრთების შხუილით წამოფრინდნენ სიპებიდან და კენკროვანიდან. „კრ-კრ... კრ“... ჟივჟივებდნენ ისინი. კაცმა ქვა ესროლა, მაგრამ ვერ მოახვედრა. ფუთა მიწაზე ჩამოიღო და ისე გაინაბა, როგორც კატამ იცის ხოლმე ტოროლას დანახვაზე. წვეტიანი ქვები შარვალს უხევდა და კანჭებს უკაწრავდა. მუხლებიდან სისხლი სდიოდა, მაგრამ ყველა ტკივილი შიმშილის სიმწარეში ერთიანად ქრებოდა. დაკრუნჩხული მიფოფხავდა სველ ხავსში, ტანისამოსი გაელუმპა და ტანი უბჟუოდა, მაგრამ ვერაფერს გრძნობდა, ისე შეეპყრო შიმშილის ციებ-ცხელებას. გნოლები ცხვირწინ უფრინდებოდნენ ფრთების შხუილით. მათი „კრ... კრ... კრა“ - მისთვის დაცინვად იქცა. ერთი შეუკურთხა გნოლებსა და გნოლივით დაიკრუილა. უცებ მძინარე გნოლს გადააწყდა, მაგრამ მანამდე ვერ შეამჩნია, სანამ ფრინველი არ შეფრთხიალდა და სახეში არ შეაფრინდა. კაცმა ხელი მოუქნია, სანამ ჩიტი აფრენას მოასწრებდა, მაგრამ სამი ფრთა შერჩა მხოლოდ ხელში. გნოლს თვალი გააყოლა და ისეთი სიძულვილი იგრძნო მისდამი, თითქოს დიდი ბოროტება ჩაედინოს ფრინველს. მერე გამობრუნდა და ფუთა მხარზე მოიგდო. მზე რომ გადავიდა, ჭანჭრობებს მიადგა. აქ მეტი ფრინველი იყო. კარიბუს ჯოგმა თოფის სასროლზე ჩაუარა. ოცი თუ ოცდაერთი ირემი იქნებოდა. ველურმა აღტყინებამ აიტანა, უკან დადევნებოდა. დარწმუნებული იყო, დაეწეოდა. წინ შავმა მელამ გადაურბინა, პირში გნოლი ჰქონდა გამოჩრილი. უყვირა კაცმა. შემზარავად დაუყვირა, მაგრამ მელა მხოლოდ გაფრთხა და გნოლი მაინც არ გააგდო პირიდან.       გვიან ნაშუადღევს ერთ ნაკადულს დაუყვა. წყალი კირისაგან რძესავით გამოთეთრებულიყო და მეჩხერი ლელიანიდან ავარდნილ ბალახში გარბოდა. ბალახს ძირში ხელი მოავლო, მოსწია და რაღაც ნორჩი ხახვის ყლორტის მსგავსი ამოიღო. ყლორტი სიდიდით სახურავის ლურსმანზე დიდი არ იქნებოდა. ნედლი იყო და კბილებში ისე ახრაშუნდა, თითქოს გემრიელი საჭმელი ყოფილიყოს. მაგრამ ბალახს ხეხეში ძარღვები ჰქონდა. ბოჭკოვანი ძაფები წყლით იყო გარბილებული, და არც სინოყივრე გააჩნდა. ფუთა განზე ისროლა, ბალახებში შეფორთხდა და მცოხნავი საქონელივით ბალახს ხრაშახრუში აუტეხა. გადაქანცული დასვენებას ნატრობდა - უნდოდა სადმე მიგდებულიყო და დაეძინა. წინ იმის სურვილი კი აღარ ეწეოდა, რომ „პატარა ჯოხების მიწაზე“ გასულიყო, უფრო - შიმშილი კლავდა. პატარა გუბეებს დაუყვა. ბაყაყებისა და ჭიაყელების ძებნაში მიწა ფრჩხილებით გადათხარა, თუმცა ისიც კარგად იცოდა, რომ ასე ჩრდილოეთით ვერც ბაყაყი გაძლებდა, ვერც ჭიაყელა.       ამაოდ იჩიჩქნებოდა ტბორებში, სანამ მიმწუხრზე ერთ უთვისტომო ჭიჭყინას არ გადააწყდა. მკლავი მხრამდე ჩაყო წყალში, მაგრამ თევზი მაინც გაექცა. მერე ორივე ხელი მოიშველია, ფსკერზე დალექილი კირი აამღვრია. აღელვებულმა ვეღარ მოზომა, თვითონაც შიგ ჩავარდა და წელამდე ამოილუმპა. წყალიც ისე გათეთრდა, რომ არაფრის დანახვა აღარ შეიძლებოდა და იძულებული გახდა ნალექის დაწდომას დალოდებოდა.       მერე ისევ დაიწყო ძებნა, სანამ ისევ არ აიმღვრა წყალი. მაგრამ ახლა დაწდომას ვეღარ დაუცადა. თუნუქის ციცხვი მოიხსნა და წყლის ამოხაპვას შეუდგა. გიჟივით იქნევდა ხელებს, თვითონაც იწუწებოდა და წყალს ისე ახლოს ასხამდა, რომ ისევ ტბორში ჩადიოდა. მერე უფრო ფრთხილად მოიქნია ხელი. შეეცადა დამშვიდებულიყო, თუმცა ყელში რაღაც ებჯინებოდა და ხელები უკანკალებდა. ნახევარ საათში ტბორი თითქმის დაცარიელდა. შიგ პეშვი წყალიც კი აღარ დარჩა. თევზი მაინც არ ჩანდა. უცბად ღორღებში ხვრელს მოჰკრა თვალი, ხვრელი მეორე უფრო მოზრდილ ტბორში გადიოდა, მის ამოხაპვას ერთი დღე-ღამე მოუნდებოდა. ცოდნოდა, ხვრელს თავიდანვე სიპით დაგმანავდა და თევზიც მისი იქნებოდა.       ასე გაიფიქრა და სველ მიწაზე ჩაჯდა. ჯერ ჩუმად ატირდა, მერე ხმამაღლა შებღავლა ულმობელ უდაბურებას, გარს რომ ერტყა ყოველი მხრიდან. ბოლოს კი გულამოსკვნილი დიდხანს უცრემლოდ ქვითინებდა და ტოტივით თრთოდა. ცეცხლი დაანთო და ცხელი წყლით გაითბო გულ-მუცელი. კლდის შვერილზე ისეთივე საწოლი მოიწყო, როგორიც წინა ღამით ჰქონდა. დაწოლის წინ ისევ შეამოწმა ასანთის ღერები და საათი მომართა. საბნები სველი იყო და ცივი. კოჭი ტკივილისაგან უფეთქავდა. მაგრამ შიმშილის მეტი არაფერი ახსოვდა, ძილში სულ ღრეობა და ნადიმები ესიზმრებოდა, გაშლილი სუფრები ავსებული იყო ხორაგეულით, რა გინდა სულო და გულო, იქ არ იყო. გათოშილს გამოეღვიძა, ავად იყო. მზე არ ჩანდა. ნაცრისფერი ცა და მიწა კიდევ უფრო განაცრისფერებულიყო. ნოტიო ქარი ქროდა და პირველმა თოვლმა მთის წვერები შევერცხლა. ირგვლივ ჰაერი შესქელდა და რძისფერი გახდა. კაცმა ცეცხლი დაანთო და უფრო მეტი წყალი აადუღა. სველი თოვლი მოდიოდა, თითქოს წვიმდა კიდეც, დიდი ფანტელები ცვიოდა. მიწას შეეხებოდნენ თუ არა, ლღვებოდნენ. მერე თოვლმა იმატა, მიწა გადაფარა, ცეცხლი გამოფშუკა და მშრალი ხახვის მარაგი დაასველა. ეს იმის ნიშანი იყო, რომ კაცს ფუთა ზურგზე უნდა მოეგდო და სადღაც წაბანცალებულიყო. უკვე აღარ ადარდებდა არც „პატარა ჯოხების მიწა“, არც ბილი და აღარც სამალავი გადმობრუნებულ კანოესთან მდინარე დიიზზე. მხოლოდ ერთჯერადი ზმნა აწუხებდა - „ჭამა“. შიმშილისაგან იყო გახელებული. აღარ დაეძებდა, საით მიდიოდა. გზამ ჭანჭრობის ფსკერზე მიიყვანა. გულმა უგრძნო, რომ ამ სველ თოვლქვეშ ჭაობის კენკრაც იქნებოდა. მიდიოდა და ბალახს ძირიანად თხრიდა. მაგრამ ბალახს აღარაფრის გემო აღარ ჰქონდა, ვერ აკმაყოფილებდა. მერე რაღაც სარეველა ნახა, მჟავე გემო ჰქონდა, რაც კი ნახა სულ შეჭამა, მაგრამ მაინც გულს აკლდა. მხვიარა მცენარე რამდენიმე დუიმის სისქე თოვლის ქვეშ ადვილი საპოვი არ იყო. იმ ღამეს ცეცხლი ვერ დაანთო. ვერც ცხელი წყალი დალია. საბანში გაეხვია და ჩაიძინა. შიმშილით გაწამებული შფოთავდა ძილში. თოვლი ცივ წვიმად იქცა. პირდაპირ სახეში სცემდა და ხშირ-ხშირად ეღვიძებოდა. გათენდა დღე, - უმზეო, ნაცრისფერი დღე. წვიმამ გადაიღო. ვეღარ გრძნობდა შიმშილის სიმწვავეს, მხოლოდღა კუჭი ეწვოდა, მაგრამ ეს არც ისე აწუხებდა. გონება უფრო დაეწმინდა და კვლავ დაიწყო ფიქრი „პატარა ჯოხების მიწასა“ და სამალავზე მდინარე დიიზთან.       ერთი საბნის ნარჩენი ნაჭრებად აქცია და დასისხლიანებული ფეხები შეიხვია. დაწყლულებული კოჭიც დაიამა და გასამგზავრებლად მზადებას შეუდგა. სანამ ფუთას მხარზე მოიგდებდა, ერთ ხანს კიდევ იყოყმანა, როცა ირმის ტყავის ტომსიკას თვალი მოჰკრა. მერე იმასაც დაავლო ხელი და თან წაიღო. წვიმაში თოვლი გალღვა. მხოლოდღა მთის მწვერვალები მოჩანდა თეთრად. მზე გამოვიდა, გზის გაგნება შეეძლო, თუმცა გრძნობდა, რომ ახლა მართლა დაკარგული იყო. რაკი დღემდე სულ მარცხნივ ეჭირა გეზი, ახლა მარჯვენა მხარე დაიჭირა, რათა სწორ გზაზე გასულიყო.       შიმშილი დაუცხრა, მაგრამ დაუძლურდა და დასუსტდა. ხშირად ჩერდებოდა, ჭაობის კენკრას აგროვებდა. ენა გაუსივდა, პირში სიმწარეს გრძნობდა. ყველაზე მეტად მაინც გული აწუხებდა. რამდენიმე ნაბიჯს გადაადგამდა და უკვე ბაგაბუგი გაჰქონდა, მერე შეიფრთხიალებდა და ისე აცახცახდებოდა, კაცს სული ეხუთებოდა, თავბრუ ესხმოდა, ცოტაც და უგრძნობლად დაეცემოდა.       შუადღე იქნებოდა, გუბეში ორი ჭიჭყინა დაინახა, წყლის ამოხაპვა არ შეეძლო, მაგრამ რაკი ახლა უფრო დამშვიდებული იყო, იმარჯვა და თევზები თუნუქის ციცხვით დაიჭირა. ნეკა თითს არცერთი არ აღემატებოდა, მაგრამ კაცს ისე აღარ შიოდა. კუჭის ტკივილი თანდათან მიუყუჩდა და გაუნელდა. ისეთი შეგრძნება ჰქონდა, თითქოს კუჭი ბურანში გახვეულიყო და თვლემდა. თევზები უმად, ტკივილისმომგვრელი გულმოდგინებით დაღეჭა და შეჭამა, რადგან იგი ახლა გონების კარნახს უგდებდა ყურს. ჭამის სურვილიც არა ჰქონდა, მაგრამ იცოდა, არსებობისთვის უნდა ეჭამა. შებინდებულზე კიდევ სამი ჭიჭყინა დაიჭირა, ორი შეჭამა, მესამე კი საუზმისათვის შეინახა. მზემ ხავსი გამოაშრო, კაცმა ცხელი წყალი აიდუღა და გათბა. იმ დღეს ათ მილზე მეტი ვერ გაიარა, ხოლო მეორე დღეს, როგორც გულმა მისცა ნება, ხუთიოდე მილი გაიარა მხოლოდ. კუჭი ოდნავადაც არ აწუხებდა. კუჭს ღრმად ჩასძინებოდა. თითქოს უცნაურ მხარეში მოხვდა კაცი. სულ უფრო და უფრო ხშირად ხედავდა ირმებს, მგლებს. მათი ყმუილი შორიდან მოესმოდა და ერთხელ ზედ ბილიკზე გადაურბინა სამმა მგელმა. ერთი ღამეც გაითენა. დილით უფრო საღად ადგა, ტყავის თასმით გაკრულ მრგვალ ტომსიკას თავი მოხსნა, იქიდან ოქროს ზოდებისა და ქვიშის ყვითელი ნაკადი გადმოიღვარა. კაცმა ოქრო ორად გაანაწილა, ერთი ნახევარი კლდის კიდეზე შემოსდო, მეორე საბნის ნაჭერში გაახვია და ტომსიკაში ჩააბრუნა. თოფი მაინც არ გააგდო ხელიდან; მდინარე დიიზზე სამალავში ვაზნები ეგულებოდა.       ბურუსიანი დღე იყო. შიმშილმა ისევ შეახსენა თავი. სისუსტისაგან თავბრუ ესხმოდა. ჟამიჟამ თვალთ დაუბნელდებოდა, დაბარბაცდებოდა და დაეცემოდა ძირს. ერთხელ ზედ გნოლის ბუდეს გადაემხო. შიგ ოთხი ახლად გამოჩეკილი ბარტყი იყო - ერთი დღის სიცოცხლის მფეთქავი ნაჭრები. თითო-თითო ლუკმის ოდენა თუ იქნებოდა. მგელივით ეცა, პირში ცოცხლად ჩაიტენა და კვერცხის ნაჭუჭივით ააკნატუნა. გააფთრებული დედა გნოლი ფრთებს სახეში სცემდა, კაცმა თოფი ხელკეტივით მოიქნია, ჩიტი მაინც დაუძვრა, მერე ქვებს წამოავლო ხელი, ესროლა და ფრთა მოტეხა. ჩიტი მიფრთხიალებდა და მოტეხილ ფრთას მიითრევდა. უკან კაცი მისდევდა. პატარა ბარტყებმა მადა გაუღვიძა მხოლოდ. კაცი კოჭლობით მიხტოდა, დროდადრო დიდის წამებით ჩაიმუხლებდა, ქვებს ესროდა და ხრინწიანი ხმით ჰკიოდა, დაეცემოდა, დაუზოგავად, ჯიუტად აითრევდა ტანს, თვალებს იფშვნეტდა, რომ გამოფხიზლებულიყო და თავბრუ არ დასხმოდა. ამ დევნა-დევნაში ველის ბოლოს ჭანჭრობიან მღვიმეში ამოჰყო თავი. გაბიჟვინებულ ხავსზე ნაფეხურებს მოჰკრა თვალი. მისი რომ არ იყო, მიხვდა. ბილისა უნდა ყოფილიყო, მაგრამ არ შეჩერებულა, დედა გნოლი ხომ ისევ გარბოდა. ჯერ ჩიტს დაიჭერს, მერე დაბრუნდება და ნაფეხურებსაც შეამოწმებს.       კაცმა დედა გნოლი მოქანცა, მაგრამ თვითონაც დაიღალა. ჩიტი გვერდზე ეგდო და ძლივს ფეთქავდა. თავად თორმეტიოდე ფუტის მოშორებით იწვა და ქოშინობდა, ძალა აღარ ჰქონდა გნოლთან მიფორთხებულიყო. როცა ღონე მოიკრიბა, ჩიტიც მოსულიერდა და ფარფატით გაფრთხიალდა. ისევ განახლდა დევნა. მალე ჩამოღამდა კიდეც და ჩიტმა თავს უშველა. კაცმა სისუსტისაგან ბანდალი დაიწყო, პირქვე დაეცა და ლოყა გაიჭრა. დიდხანს არ განძრეულა. ფუთა ზურგზე ეკიდა, მეორე გვერდზე გადაბრუნდა, საათი მომართა და დილამდე იქვე დარჩა.       მეორე დღეც ბურუსიანი იყო. საბნის ნახევარი ფეხსახვევებს მოუნდა. ბილის კვალს ვეღარ მიაგნო. მაინცდამაინც არაფრად ჩაუგდია. შიმშილი მომეტებულად აწუხებდა. ვაითუ ბილიც დაიკარგაო, ფიქრობდა. შუადღემდე გაუძლო, მერე კი ფუთის სიმძიმე აუტანელი გახდა. ისევ გაჰყო ოქრო, თითქმის ნახევარი მიწაზე მოაბნია. ნაშუაღამევს კი დარჩენილი ოქროც განზე მოისროლა. ხელში მხოლოდ ნახევარი საბანი, თუნუქის ციცხვი და თოფიღა დარჩა. ჰალუცინაციები აეკვიატა და წვალება დაუწყო. მოეჩვენა, რომ ერთი ვაზნა ჰქონდა სავაზნეში. არადა ისიც კარგად იცოდა, რომ სავაზნე დიდი ხანია ცარიელი იყო. მაგრამ ჰალუცინაცია არ ასვენებდა. რამდენიმე საათი ებრძოდა ცდუნებას. მერე თოფის საკეტი გადმოსწია, ცარიელი დახვდა, ისე ემწარა იმედის გაცრუება, თითქოსდა მართლა ელოდა შიგ ვაზნას. ნახევარი საათი მშვიდად მილასლასებდა, მერე ისევ აეკვიატა ჰალუცინაცია, კაცი ისევ შეებრძოლა და ჰალუცინაციაც ისევ გაჯიუტდა, სანამ კვლავ არ გახსნა კაცმა თოფი, მხოლოდ იმიტომ, რომ შვება ეგრძნო. ხანდახან გონება ერეოდა და სადღაც შორეთში ეხეტებოდა. თვითონ კი უაზროდ მიაბიჯებდა და უცნაური ფიქრები და წარმოდგენები ჭიასავით უღრღნიდა ტვინს. მაგრამ ისევ მალე მოეგებოდა ხოლმე გონს, შიმშილის ტკივილები ისევ და ისევ უბრუნებდა სინამდვილეს. ერთმა გარემოებამ ისე გამოაფხიზლა, რომ გული კინაღამ შეუღონდა. მთვრალივით შეირხა და დაბარბაცდა, თავი ძლივს შეიკავა. მის წინ ცხენი იდგა. თვალებს არ უჯერებდა. სინათლის შხეფებით დაწინწკლული სქელი ბინდი ჩამოაწვა, თვალები უმალ მოიფშვნიტა, რომ ნათლად დაენახა, ცხენი კი არა და დიდი მურა დათვი დალანდა. მხეცი მტრული ცნობისმოყვარეობით შეჰყურებდა.       კაცმა ანგარიშმიუცემლად ასწია თოფი, მერე დაბლა დაუშვა და წელზე შემორტყმული ქარქაშიდან სანადირო დანა დააძრო. მის წინ ხორცი და სიცოცხლე იდგა. დანის პირს ცერი გადაუსვა - ბასრი იყო და წვერიც წამახული ჰქონდა. ზედ გადააწვება დათვს და მოკლავს. მაგრამ გულმა გამაფრთხილებელი ბაგაბუგი დაუწყო. მერე აუფართხალდა და ლამის საგულედან ამოვარდა. თითქოს შუბლზე რკინის სალტე შემოაჭდესო - თავბრუ დაეხვა. განწირულის გამბედაობა შიშის ტალღამ განდევნა. ვაითუ თვითონ დათვმა შეუტიოს დაძაბუნებულ მეტოქეს? კაცი დაიძაბა და რიხიანად შეიმართა, დანა ჩაბღუჯა და მხეცს შეაშტერდა. დათვმა ორიოდე ნაბიჯზე გადმოაბოტა, უკანა თათებზე შეტორტმანდა და ჭაშნიკად ღრიალი ამოუშვა. კაცი თუ გაქცევას იკადრებდა, მაშინ, რა თქმა უნდა, უკან გამოუდგებოდა, მაგრამ კაცი არ განძრეულა, დიდმა შიშმა აღაგზნო, შემაძრწუნებლად დაიბღავლა. მის ხმაშიც ის შიში ერია, სიცოცხლეს რომ ყოველთვის თან ახლავს და მის უკიდურეს ფესვებშია განკვართული.       დათვი ცალ ტორზე გადაიხარა, მუქარით დაიბუხუნა, თუმცა, ცოტა არ იყოს, შეაშინა კიდეც ამ უცნაურმა არსებამ, მოულოდნელად რომ გამოეცხადა და მის წინ უტეხად დადგა. მაგრამ კაცი ადგილიდან არ იძვროდა. ქანდაკივით იდგა, სანამ საფრთხემ არ ჩაიარა. მერე გონს მოეგო, აკანკალდა და გაბიჟვინებულ ხავსზე დაეშვა. ბოლოს ძალა მოიკრიბა და გზა განაგრძო. ახალ ხიფათს ელოდა. ეს არ იყო შიმშილით სიკვდილი. ეს იყო ძრწოლვა, რომ რაღაც მასზე ძლიერი მანამდე შემუსრავდა, ვიდრე შიმშილი ძალისა და ღონის ამ უკანასკნელ ნაპერწკალს ჩაუქრობდა, რითაც კაცი თავის სიცოცხლის გახანგძლივებას ცდილობდა. მგელიც მრავალი იყო. ამ უდაბნოში მათი ყმუილი ყოველი მხრიდან მოისმოდა. გარემომცველი ჰაერი ერთიანად აევსო ამ თავზარდამცემ ყმუილს. ეს საშინელება რომ უკუეგდო, კაცმა უნებურად ისე აღმართა ხელები, თითქოს ქარით გაბერილ კარვის კალთებს იცილებს თავიდანო. ჟამიდან ჟამ ორი, ხანაც სამი მგელი ბილიკზე გადაურბენდა, მაგრამ პირისპირ შეხვედრას მაინც ერიდებოდა. მაინცდამაინც ბევრნი არ იყვნენ, და გარდა ამისა, ისინი უფრო მეტად ირემს ეტანებოდნენ, ირმებს ბრძოლა არ შეეძლოთ, ხოლო ამ უცნაურ ორფეხა არსებას ალბათ დაკაწვრაც შეეძლო მათი და კბენაც.       გვიან ნაშუადღევს მიმოფანტულ ძვლებს წააწყდა. მგლების მსხვერპლი უნდა ყოფილიყო. ირმის ბიჟიკი იყო, ვინ იცის, ერთი საათის წინ სიცოცხლით გალაღებული დარბოდა და დაკუნტრუშობდა, კაცი ძვლებმა დააფიქრა, დაღრღნილმა და გალოკილმა ძვლებმა. ჯერ კიდევ სიცოცხლე შერჩენილი უჯრედებისგან ვარდისფერი რომ დაჰკრავდა. ხომ შეიძლება თვითონაც ძვლებად იქცეს დაღამებამდე. ეჰ, ასეთია სიცოცხლე! ამაო და წარმავალი. მხოლოდ სიცოცხლემ იცის ტკივილები. სიკვდილმა წუხილი არ იცის, სიკვდილი დაძინებას ჰგავს. დაიძინებს და დაისვენებს. მაშ, რატომ არ უნდა სიკვდილი? მაგრამ დიდხანს აღარ უფიქრია. ხავსში ჩაცუცქდა, ძვალი პირში ჩაიდო და იმ ადგილებს დაუწყო წუწნა, სადაც ვარდისფერი დაჰკრავდა. ხორცის სასიამოვნო გემომ, მოგონებასავით სუსტმა და მქრალმა, გაახელა. ძვალს კბილი დააჭირა და ჩაკვნიტა. ხან ძვალი ტყდებოდა, ხან მისი კბილი. მერე ძვალი ქვებით დაამტვრია, დანაყა და პირში ჩაიყარა. სიჩქარეში თითებიც ზედ მიანაყა, თან უკვირდა, რომ თითები მაინცდამაინც არცა სტკიოდა, როცა ქვა ხვდებოდა. საშინელი თოვლიანი და წვიმიანი დღეები დადგა, აღარ იცოდა, როდის წვებოდა ან როდის დგებოდა. მიდიოდა და მიდიოდა, დღე და ღამე გაერთიანებული ჰქონდა. სადაც დაეცემოდა, იქვე ისვენებდა, და მიფორთხავდა, როცა მიბჟუტულ სიცოცხლეს ცეცხლი მიემატებოდა და უკვამლოდ დაიწყებდა კიაფს. როდიღა იბრძოდა ცოცხალი ადამიანივით. თავად სიცოცხლე ეწეოდა წინ, სიცოცხლეს არ სურდა დანებებოდა სიკვდილს. აღარ იტანჯებოდა, ნერვები მოუდუნდა და დაუჩლუნგდა, გონება კი უცნაური ჩვენებითა და საუცხოო წარმოსახვებით აევსო. გზადაგზა ირმის ბიჟიკის დამტვრეულ ძვლებს წუწნიდა და ხრავდა, ერთი პატარა ნატეხიც არ დაუტოვებია მაშინ, ერთიანად შეაგროვა და თან წამოიღო. მას შემდეგ არც მთებზე ასულა, არც უღელტეხილები გადაულახავს - შეუცნობლად მიჰყვებოდა ერთ განიერ დინებას, რომელიც ვრცელ დაბლობზე მიემართებოდა. მოჩვენებათა მეტს ვერაფერს ხედავდა ირგვლივ. სული და სხეული მხარდამხარ მიაბიჯებდა ან მიფორთხავდა და მაინც ცალ-ცალკე იყვნენ, ისეთი წვრილი იყო ის ძაფი, რომელიც მათ აერთებდა. კლდის შვერილზე პირაღმა მწოლს საღ გონებაზე გამოეღვიძა. თბილი და კაშკაშა მზე ანათებდა. შორიდან ირმის ბიჟიკების ბღავილი მოისმა. ბუნდოვნად მოაგონდა წვიმა და თოვლი, ის კი აღარ იცოდა, რამდენ ხანს იწვალა ამ ავდარში - ორი დღე თუ ორი კვირა.       ერთ ხანს უძრავად იყო. კეთილი ცხოველმყოფელი მზე მის საცოდავ სხეულს თბილად ელამუნებოდა. კარგი დღეა, - გაიფიქრა მან. იქნებ შესძლოს და წამოჯდეს. წვალებით გადაბრუნდა გვერდზე. დაბლა განიერი ატალახებული მდინარე მიედინებოდა. ეუცხოვა და გაუკვირდა. ნელა გააყოლა თვალი. ფართო ჭორომებიანი მდინარე ცივ და შიშველ მთებში მიიკლაკნებოდა. მთები იქით და იქით კიდევ უფრო ცივდებოდნენ, შიშვლდებოდნენ და თანდათან დაბლდებოდნენ. მანამდე ასეთი არაფერი ენახა. დინჯად, აუღელვებლად, უფრო კი უინტერესოდ გაჰყურებდა იგი ცასთან შეერთებულ ამ უცნაურ დინებას და ხედავდა, როგორ იცლებოდა იგი მოელვარე ზღვაში.       ვერც ამან ააღელვა. „არაჩვეულებრივი მოჩვენებაა თუ მირაჟია, - გაიფიქრა მან, - უფრო მოჩვენება უნდა იყოს, ჩემი აფორიაქებული სულის ხილვაა“. ამის დასტურად მან ღუზაჩაგდებული გემიც შენიშნა მოელვარე ზღვაში. წამით თვალები მოხუჭა და გაახილა. რა უცნაურია, რომ ხილვა არ წაიშალა! ან კი რა იყო უცნაური, კარგად იცოდა, რომ ამ დაბერწებული მიწის გულში არც ზღვები იყო, არც გემები, როგორც არც ერთი ვაზნა არ იყო მის ცარიელ თოფში. უკან ქსუტუნი შემოესმა, - გაგუდული ოხვრა იყო თუ ხველება, ვერ გაიგო. ძალიან ნელა, რამდენადაც დასუსტებული და გამოფიტული სხეული ამის უფლებას აძლევდა, მეორე მხარზე გადაბრუნდა. ვერაფერი დაინახა, მოთმინებით დაელოდა. ისევ ქსუტუნი და ხველა გაისმა და ოციოდე ფუტის მოშორებით დაკბილულ კლდეებს შუა რუხი მგლის თავი გაარჩია. ყურები ისე არ ჰქონდა აცქვეტილი, როგორც სხვა მგლებზე უნახავს. თვალები ამღვრეოდა და ჩასისხლიანებოდა. თავი საწყლად ჩამოეგდო. მხეცი მზის სინათლეს თვალს ვერ უსწორებდა. ჩანდა, სნეული იყო. წამდაუწუმ ქსუტუნებდა და ახველებდა. „ეს მაინც არის სინამდვილე“, - გაიფიქრა მან და გვერდზე გადაბრუნდა, ისე, რომ ბოლოს მაინც იხილა ნამდვილი სამყარო, რომელსაც აქამდე მოჩვენებების ფარდა ჰფარავდა. მაგრამ შორს ისევ ელვარებდა ზღვა. და გემიც მკაფიოდ მოჩანდა. ნუთუ ესეც სინამდვილეა? თვალები ისევ მოხუჭა და დაფიქრდა, მერე მიხვდა: ჩრდილო-აღმოსავლეთით წამოსულა, დიიზის ხეობას დაშორებია და კოპერმაინის ველზე მოხვედრილა. ეს განიერი და ატალახებული მდინარე თვითონ კოპერმანი იყო. ხოლო ის მოელვარე ზღვა - არქტიკის ოკეანე. ეს გემი ვეშაპმჭერი იქნებოდა, შორს აღმოსავლეთიდან მაკენზის უბით წამოსვლა და კორონციის ყურეში ჩაუგდია ღუზა. ჰუძონის ყურის კომპანიის რუკაც გაახსენდა, დიდი ხნის წინათ რომ ენახა, და ყველაფერი ცხადი და გასაგები გახდა მისთვის.       იგი წამოჯდა. ყურადღება თავის საქმეებზე გადაიტანა. საბნის ნახევები მთლიანად შემოძარცვოდა. ფეხები ატყავებული ხორცის უფორმო ნაჭრებს მიუგავდა. საბნის უკანასკნელი ნაგლეჯიც გამქრალიყო. აღარც დანა და თოფი შერჩენოდა. ქუდიც სადღაც დაჰკარგოდა ასანთის ღერებიანად, მაგრამ ხალათის გულთან გამონასკვული, გასანთლულ ქაღალდში შეხვეული ღერები ისევ მშრალი იყო. საათს დახედა. თერთმეტს უჩვენებდა და ისევ მუშაობდა. ცხადი იყო, მომართვა არ ავიწყდებოდა.       თავს მშვიდად გრძნობდა და საღ გონებაზე იყო. თუმცა ძალიან იყო დასუსტებული, ტკივილები მაინც არ აწუხებდა, არც შიოდა. საჭმლის გახსენებაც კი არ სიამოვნებდა, და მხოლოდ გონების კარნახს მიჰყვებოდა. შარვლის ტოტები მუხლებამდე ჩამოხია და ფეხები შეიხვია. რაღაც ძალით თუნუქის ციცხვი შემორჩენოდა. ცოტაოდენი ცხელი წყალი უნდა დაელია, სანამ გემისაკენ თავის საშინელ გზას შეუდგებოდა.       ნელა მოძრაობდა. დამბლადაცემულივით ცახცახებდა. როცა მშრალი ხავსის მოსაგროვებლად დაიხარა, მიხვდა რომ ფეხზე დადგომა არ შეეძლო. ისევ დაიძაბა და მუხლებზე გაფორთხდა. ერთხელ ავადმყოფ მგელთანაც კი მიბობღდა. მხეცი უხალისოდ ჩამოეცალა გზიდან და დრუნჩი გაშეშებული ენით გაილოკა. ადამიანმა შენიშნა პირუტყვის უჩვეულო ავადმყოფური ენა. მოყვითალო-ყავისფერი დაჰკრავდა და სქელი მშრალი ლორწოთი იყო გაგლესილი. ცხელი წყალი რომ დალია, ადამიანმა ფეხზე დადგომაც შეძლო, მომაკვდავი კაცივით ნაბიჯებიც გადადგა. იძულებული იყო ყოველ წუთში დაესვენა. მოკვეთილ ფეხებს გაუბედავად ადგამდა. მგელიც ასეთივე ნაბიჯებით მისდევდა კვალდაკვალ. და იმ დღეს, როცა მოელვარე ზღვა მრუმეში დაინთქა, ადამიანმა იგრძნო, რომ ნაპირს მხოლოდ ოთხიოდე მილით მიუახლოვდა. ღამეში ავადმყოფი მგლის ხველება მოესმოდა, ჟამიჟამ ირმის ბიჟიკები ბღაოდნენ. ირგვლივ სიცოცხლე ჰყვაოდა. მაგრამ ეს მძლავრი სიცოცხლე იყო, მჩქეფარე, ხალისიანი და საღი, და კარგად იცოდა, ავადმყოფი მგელი მის კვალს იმ იმედით არ მოშორდებოდა, რომ ადამიანი პირველი უნდა მომკვდარიყო. დილით, თვალი გაახილა თუ არა, მგელს მოჰკრა თვალი, ნაღვლიანი და მშიერი თვალებით შესცქეროდა. საცოდავს ნაცემი ძაღლივით ამოეჩარა კუდი ფეხებში. დილის ცივ ნიავს აეტანა და ცახცახებდა. მგელმა უხალისოდ დაკრიჭა კბილები, როცა ხმაჩახლეჩილი ადამიანი ჩურჩულით გამოელაპარაკა.       მზე ამობრწყინდა. ადამიანი მთელი დილა მიბარბაცებდა გემისაკენ. დიდებული ამინდი იყო. ნაგვიანევი ზაფხული იდგა. მაგრამ ერთ კვირას თუ გასტანდა. შეიძლებოდა ხვალვე ან ზეგ შეცვლილიყო ამინდი.       ნაშუადღევს ადამიანის ნაფეხურებს წააწყდა. კაცისა უნდა ყოფილიყო, ეტყობოდა, მასავით ოთხზე მიფოფხავდა ისიც. ბილის კვალი თუაო, - გაიფიქრა კაცმა. მაგრამ ფიქრი მხოლოდ გულგრილად, სხვათა შორის გაივლო გულში. მისთვის ახლა სულ ერთი იყო ყველაფერი. აღარაფერს გრძნობდა და აღარაფერი აღელვებდა. აღარც ტკივილები აწუხებდა, კუჭსა და ნერვებს ღრმად ჩასძინებოდათ. ხოლო სიცოცხლე ეწეოდა წინ. ქანცგაცლილი იყო, მაგრამ სიცოცხლეს სიკვდილი არ სურდა. სწორედ ამიტომ ჭამდა კიდეც ჭაობის კენკრასა და ჭიჭყინას, სვამდა ცხელ წყალს და მოუშორებლად ეჭირა თვალი სნეულ მგელზე. მერე იმ მფორთხავი კაცის კვალს გაჰყვა და მალე გზის დასასრულს მიადგა. ატალახებულ ხავსზე მიმოფანტული იყო ახლად გამოხრული ძვლები, ირგვლივ უამრავი მგლის ნაფეხური აჩნდა ხავსს. გამობერილ, ირმის ტყავიდან გამოკერილი ტომსიკას მოჰკრა თვალი, სწორედ ისეთს, როგორიც მას ჰქონდა. ტომსიკა ბასრ კბილებს დაეგლიჯა. კაცმა ხელში აიღო ტომსიკა, თუმცა ასეთი ტვირთის აწევა უჭირდათ მის დასუსტებულ თითებს. ბილს ბოლომდე უტარებია იგი. ჰა-ჰა! - დასცინა ბილს, იგი თან წაიღებს ამ ტომსიკას, მოელვარე ზღვაში გემთან მიიტანს. მისი სიცილი ყვავის ჩხავილივით უხამსი და შემაძრწუნებელი იყო. სნეული მგელი აჰყვა და საწყალობლად შეჰყმუვლა. კაცი უცბად გამოერკვა. რატომ დასცინის ბილს? თუკი ეს მართლა ბილი იყო. თუკი ეს მოვარდისფრო თეთრი, კრიალა ძვლები მართლაც ბილის ძვლები იყო?       იქაურობას გასცილდა. ჰმ, ბილმა მიატოვა იგი. არა, არც მის ოქროს წაიღებს და არც ბილის ძვლებს დაუწყებს წუწნას. თვითონ ბილი კი ალბათ ასე მოიქცეოდა, პირიქით რომ ყოფილიყო. ფიქრობდა კაცი და მიბანცალებდა.       გუბურას მიადგა. როცა ჭიჭყინას მოსაძებნად დაიხარა, თავი უკან გადააგდო, თითქოს რაღაცამ უკბინაო. წყალში არეკლილ სახეს მოჰკრა თვალი. ეს ისეთი საშინელება იყო, რომ ამდენი ხნის დაყრუებული გრძნობებიც კი აუშალა. სამი ჭიჭყინა დაცურავდა გუბურაში. წყალი ბევრი იყო, ამოხაპვას ვერ შეძლებდა. ერთ ხანს ცდილობდა თუნუქის ციცხვით დაეჭირა თევზები, მერე კი თავი მიანება. შეეშინდა ქანცგაცლილი შიგ არ ჩავარდნილიყო და არ დამხრჩვალიყო. სწორედ ამიტომ ვერც მდინარეში შესვლა გაბედა, რომ მორს მოსჭიდებოდა და წყალს დაჰყოლოდა, მორები კი ბლომად იყო მდინარის ქვიშოვან თავთხელებში.       იმ დღეს გემამდე მანძილი სამი მილით შემცირდა, მეორე დღეს მხოლოდ ორი მილით, რადგან ისიც ბილივით ფორთხვაზე გადავიდა. მეხუთე დღის ბოლოს შვიდიოდე მილიღა დარჩა, მაგრამ უკვე ერთი მილის გავლაც აღარ შეეძლო დღეში. ბებრის ყვავილობა კიდევ გრძელდებოდა და ისიც მიფორთხავდა. სნეული მგელიც მის კვალში იდგა და ქსუტუნებდა. ადამიანს მუხლისთავები ტერფებივით გადაუტყავდა და თუმცა მათ ხალათზე მოხეული ნაჭრებით იხვევდა, ქვებსა და ხავსზე მაინც წითელ კვალს სტოვებდა. უკან მოიხედა, მგელი ხარბად ლოკავდა მის სისხლიან კვალს, და ცხადლივ წარმოიდგინა საკუთარი აღსასრული, თუკი მგელს თავიდან ვერ მოიცილებდა. და დაიწყო არსებობისათვის ბრძოლის ჯერ არნახული საშინელი ტრაგედია, სნეული მფორთხავი ადამიანი და სნეული კოჭლი მგელი: ორი არსება მიათრევს მომაკვდავ სხეულს უდაბურებაში და ერთიმეორის სიცოცხლეზე ნადირობს.       მგელი რომ ჩვეულებრივი ჯანსაღი მგელი ყოფილიყო, ადამიანს აქამდეც არ აცლიდა. ხოლო ადამიანს ზიზღს გვრიდა იმის წარმოდგენა, რომ ამ თითქმის ამძორებული პირუტყვის ლუკმად იქცეოდა. ისევ აემღვრა კაცს გონება, ჰალუცინაციები აეჭრა, ხოლო გონება უფრო იშვიათად ეწმინდებოდა და უფრო ხანმოკლე იყო ასეთი წუთები.       გულწასული ერთხელ ზედ ყურთან ქსუტუნმა გამოარკვია. მგელმა კოჭლობით დაიხია უკან, ფეხი აერია და სისუსტისგან დაეცა. სასაცილო იყო, მაგრამ კაცს სიცილის თავი აღარ ჰქონდა. არც შეშინებია. შიშიც სადღაც შორს დარჩა. მაგრამ გონება წამით გაუნათდა, ზურგზე გადაწვა და ჩაფიქრდა, გემი უკვე ოთხი მილით იყო დაშორებული მისგან. მკაფიოდ ხედავდა მას, როცა დაბინდულ თვალებს მოიფშვნიტავდა. ელვარე ზღვაზე მომავალ თეთრ იალქნიან პატარა ნავსაც ხედავდა, მაგრამ გრძნობდა, რომ იმ ოთხი მილის გავლა აღარ შეეძლო. და მაინც სიცოცხლე სწყუროდა. უაზრობა იყო ამდენი ტანჯვის მერე სიკვდილი. ბედი მეტისმეტად ბევრს მოითხოვდა მისგან. და მომაკვდავმა სიკვდილი არ ინდომა. იქნებ ეს სიგიჟეც იყო, მაგრამ სიკვდილის კლანჭებში ჩავარდნილი მაინც არ დაემორჩილა სიკვდილს და სიკვდილზე უარი განაცხადა. თვალები დახუჭა და უსაზღვროდ ფრთხილად მოიკრიბა ძალა. დაიძაბა, რომ ეს გამგუდავი მოქანცულობა დაეძლია, რომელიც მოვარდნილი წყალივით მისი არსების ყველა ჯურღმულში შეტბორებულიყო. სწორედ ზღვას გავდა ეს მომაკვდინებელი მოქანცულობა, რომელიც ისევ და ისევ იზრდებოდა ყოველ ნაბიჯზე და ახრჩობდა მის ცნობიერებას. ზოგჯერ კაცი დაჰყვებოდა ამ დინებას, და მის აზავთებულ ზვირთებში დაცურავდა. და მაინც სულის უცნაური ალქიმიის წყალობით ისევ პოულობდა ნებისყოფის ნაგლეჯს და ფეხებს უფრო მძლავრად ადგამდა.       გულაღმა იწვა უძრავად და ესმოდა, როგორ უახლოვდებოდა ნელი-ნელ ავადმყოფი მგლის შეგუბებული სუნთქვა. აი, კიდევ უფრო მოახლოვდა, კიდევ უფრო, დრო უსასრულოდ გაიჭიმა. ლოყაზე გამხმარი ენა ხოროში ქაღალდივით გაეხახუნა. ადამიანმა უმალ გამართა მკლავები, ყოველ შემთხვევაში უნდოდა გაემართა მკლავები, - თითები ბრჭყალებივით შეიკრა, მაგრამ შიგ მხოლოდ ჰაერი შერჩა. სისწრაფესა და შემართებას ძალა ესაჭიროებოდა, ადამიანს კი ძალა არ გააჩნდა. საშინელი იყო მგლის მოთმინება. არც ადამიანის მოთმინება იყო ნაკლებად საშიში. ნახევარი დღე უძრავად იწვა. არეულ გონებას ებრძოდა. ელოდა იმას, ვისაც უნდა შეეჭამა. და ვისი შეჭმაც თავად სურდა. ზოგჯერ ის გაბლანტებული ზღვა გადაეფარებოდა თვალებზე და კაცი მაშინ ზმანებებში იძირებოდა. მაგრამ ყოველ წამს სიზმრებში იყო, თუ ფხიზლობდა, იმ უჩვეულო სუნთქვასა და იმ ენის საშინელ მოალერსებას ელოდა.       სუნთქვა აღარ გაუგონია. ზმანებიდან მაშინ გამოერკვია, როცა ენა უკვე ხელზე გაეხახუნა, ადამიანი გაინაბა ეშვები ჯერ ნაზად შეეხო, მერე თანდათან მოუჭირა, მგელი უკანასკნელ ძალებს იმეტებდა, რომ კბილები იმ ნადავლში ჩაესო, რასაც ამდენი ხანია უცდიდა. მაგრამ ადამიანიც დიდხანს ელოდა მას და დაწყლულებული ხელი ყბაზე მოეჭდო მგელს. ნელი-ნელ დაიძაბა, მეორე ხელიც გამოცურდა ჩასაბღუჯად. ხუთი წუთის შემდეგ ადამიანის მთელი სხეული გადააწვა მგელს. ხელებს არ ყოფნიდათ ძალა დაეხრჩოთ მგელი, ადამიანის სახე მიეკრა მგლის კისერს, პირი ბალნით აევსო. ნახევარი საათის შემდეგ კაცს თბილი ნაკადი ჩაეღვარა. ემწარა, თითქოს კუჭში გამდნარი ტყვია ჩაასხესო. ნებისყოფის დიდი დაძაბვა დასჭირდა, მერე ადამიანი გადმობრუნდა და ჩაეძინა.       ვეშაპმჭერ „ბედფორდზე“ მეცნიერული ექსპედიციის სულ რამდენიმე წევრი იყო. გემბანიდან ნაპირზე რაღაც უცნაურ საგანს მოჰკრეს თვალი, წყლისკენ მოღოღავდა; ვერ გაარკვიეს, რა იყო. როგორც მეცნიერებს შეჰფერით, ჩასხდნენ ნავში და ნაპირისაკენ გამოსწიეს. ცოცხალი არსება ნახეს, მაგრამ ძნელად იტყოდით, ადამიანიაო. დაბრმავებულს გონება დაეკარგა. ქვიშაზე ვეებერთელა ჭიაყელასავით იგრიხებოდა. მეტწილად მისი ცდა ამაო იყო, წვალობდა, იკრუნჩხებოდა, საათში ოციოდე ნაბიჯს თუ გადიოდა.       სამი კვირის შემდეგ ადამიანი ვეშაპმჭერ „ბედფორდის“ საწოლზე იწვა და ცრემლების ფრქვევით ნაწყვეტ-ნაწყვეტ ლუღლუღებდა, ვინ იყო და რა გადახდა. ყვებოდა დედაზე, მზიან სამხრეთ კალიფორნიაზე და ფორთოხლებისა და ყვავილების ჭალაში ჩადგმულ სახლსაც ახსენებდა.       ბევრ დროს არ გაუვლია, რომ მეცნიერებთან და გემის ოფიცრებთან ერთად ისიც სუფრას მიუჯდა. არაჩვეულებრივად ბევრს ჭამდა, აღგზნებულ თვალებს არ აშორებდა იმ საჭმელს, რომელსაც სხვები შეექცეოდნენ. ყოველი ლუკმის გაქრობაზე თვალებში ღრმა სინანული ეხატებოდა. საღ გონებაზე იყო და მაინც სძულდა ეს ადამიანები ჭამის დროს. სულ იმის შიში ჰქონდა, რომ საკვები არ ეყოფოდათ. მზარეულს, გემის ბიჭსა და კაპიტანს წამდაუწუმ საკვების მარაგზე ეკითხებოდა. მრავალჯერ დაარწმუნეს და დაამშვიდეს, მაინც არ იჯერებდა. საკუჭნაოში შეიპარებოდა ხოლმე, რომ მარაგი საკუთარი თვალით ენახა. ისიც შენიშნეს, რომ კაცი სუქდებოდა, ყოველდღე სუქდებოდა. მეცნიერები თავს აქნევდნენ და ათასგვარ თეორიებს აყენებდნენ. საჭმელს ნორმით აძლევდნენ, მაგრამ მუცელი კაცს საოცრად ეზრდებოდა და ხალათი ებერებოდა.       მეზღვაურები იღრიჭებოდნენ. იცოდნენ, რაც იყო მიზეზი და როცა მეცნიერებმაც თვალთვალი დაუწყეს - ისინიც მიხვდენ; საუზმის შემდეგ კაცი გაძვრებ-გამოძვრებოდა, რომელიმე მეზღვაურს მიადგებოდა და მათხოვარივით გაუწვდიდა ხელს. ისიც ჩაიცინებდა და მეზღვაურული ბისკვიტის ნატეხს გაუწვდიდა. კაცი დასტაცებდა ხელს, ხარბად დააცქერდებოდა, როგორც ძუნწი ოქროს და ხალათის უბისაკენ გააქანებდა. იღიმებოდნენ და ასე იქცეოდნენ სხვა მეზღვაურებიც.       მეცნიერები გონივრულად მოიქცნენ და კაცი ნებაზე მიუშვეს. მისი საწოლი ჩუმად შეამოწმეს. საწოლი ორცხობილით იყო სავსე, ორცხობილით იყო გამოტენილი ლეიბი, ორცხობილით იყო გაჩურჩული ყველა კუთხე და ხვრელი. თვითონ საღ გონებაზე იყო. მომავალი შიმშილობისთვის საჭმელს იმარაგებდა მხოლოდ - ეს იყო და ეს. ამისაგან განიკურნებაო, თქვეს მეცნიერებმა, და ასეც მოხდა, სანამ „ბედფორდის“ ღუზა სან-ფრანცისკოს ყურეში ჩაგრუხუნდებოდა. …
დაამატა Kakha to ლიტერატურა at 11:55am on იანვარი 5, 2015
  • 1
  • 2
  • 3
  • 4
  • 5
  • 6
  • 7
  • 8
  • 9
  • 10

Welcome to
Qwelly

რეგისტრაცია
ან შესვლა

ღონისძიებები

  • დაამატე ღონისძიება

ბლოგ პოსტები

ვისაც პოეზია უყვარს

გამოაქვეყნა დავით ბილიხოძე_მ.
თარიღი: ივლისი 3, 2025.
საათი: 12:30pm 0 კომენტარი 2 მოწონება

ვწვალობ მამაო, აღარ ძალმიძს სულის ნათება, ჩვენთან სამყარო მახინჯია, კუპრივით ბნელი, მტვრიან მიწაზე იმედების მოკალათებას, ვეღარ ვცდილობ და სამართალსაც ყოველდღე ვწყევლი, ვწვალობ მამაო, სტრიქონებით გესაუბრები, აღსარებაა ყველა ლექსი, - ჩემი განვლილის, პოეზია კი მხრებზე მადგას, როგორც უღელი და არ სუსტდება, მოყვასისთვის ხელი გაწვდილი, ვწვალობ მამაო, წვალებაა თვითონ ცხოვრებაც, ბრძოლის ველია, გავიტანო კბილებით უნდა, მაგრამ ბალღამი ქურდია და სულში მოძვრება რა მეშველება, იმედებიც თუ გამიხუნდა?…

გაგრძელება

Valhalla Rising Strategy Guide – Dominate the Norse Realms

გამოაქვეყნა Karmasaylor_მ.
თარიღი: ივნისი 27, 2025.
საათი: 6:00am 0 კომენტარი 1 Like

 Lionheart Studio, deeply inspired by Norse mythology. Set across the realms of Midgard, Jotunheim, Niflheim, and Alfheim, players are immersed in breathtaking landscapes, cinematic storytelling, and visceral combat. However, to thrive in the world of Odin, you'll need more than good looks and brute strength—you'll need solid strategies. 

1. Choose the Right Class for Your Playstyle

At launch, Odin: Valhalla Rising features four primary classes: Warrior, Sorceress, Rogue, and…

გაგრძელება

დამეხმარეთ გთხოვთ🖤

გამოაქვეყნა nino bubulashvili_მ.
თარიღი: ივნისი 20, 2025.
საათი: 11:26pm 0 კომენტარი 0 მოწონება

გამარჯობა❤ძალიან გთხოვთ როგორც დედა და როგორც ქალი,ამ მდგომარეობიდან ამოსვლაში დამეხმაროთ♥️️

სულ ვცდილობთ ვიშრომოთ მე და ჩემმა მეუღლემ, არდავნებდეთ, მაგრამ დავიღალე!ვეღარ აუდივართ,ძალიან ბევრ ხარჯს, ბავშვების ჭამა,ცუდათ ყოფნა,თითოეულ ვიზიტზე მასაჟს თანხა უნდა,გამოვიფიტეთ ყველაფრისგან,პატარაც გამიცივდა და წამლებში წავიდა იმ 600ლარის ხელფასის ნაწილი,სოციალური კი დავინიშნეთ მაგრამ ივლისამდე ვერ ვიღებთ,აღარც მაღაროზე გამოიძახეს ჯერ და იმ 60პროცენტსაც აღარ უხდიან😔 ბოლო პერიოდში ხალხი როარა…

გაგრძელება

Lamine Yamal

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: ივნისი 6, 2025.
საათი: 3:30am 0 კომენტარი 0 მოწონება

In the world of soccer, wherever expertise frequently emerges within the unlikeliest of places, Lamine Yamal stands out for a beacon of prodigious talent and boundless opportunity. The young star has captured the imagination of enthusiasts and pundits alike, with performances that defy his many years. At just 16 a long time aged, Yamal is currently earning waves inside the sport—a testament to his incredible skill and devotion.



Early Lifetime and Background…



გაგრძელება
  • დამატება დღიურში
  • ყველა

Qwelly World

free counters

© 2025   George.   • Ning - platform for social network creation and community website building

პანაღია  |  პრობლემის აღმოჩენისას!  |  Terms of Service

საუბრის დაწყება!