ძიება
  • რეგისტრაცია
  • შესვლა

Qwelly

ძიების შედეგები - სიცოცხლის

თემა: ამბავი ერთი სიყვარულისა
ასრულებდა, მაგრამ ასრულებდა უხალისოდ, ძალისძალად. არა, მას არ უყვარდა ლიდუვინა და, ალბათ, არც არასდროს შეუყვარდებოდა. ეს გრძნობა უფრო იმ ყმაწვილის გატაცებას ჰგავდა, რომელიც ქალის არსს შეიცნობს თუ არა, პირველივე ქალი, ვინც გზად შემოეყრება და სხივიან თვალებს შეანათებს, უმალ შეუყვარდება, თუნდაც იცოდეს, რომ იგი იმ ბედის გზას გაუმრუდებს, ცაში რომაა გადაწყვეტილი. და აჰა, ერთ დღესაც, ზიარება რომ მიიღო და მერე ალალბედზე გადაშალა სახარება, აკი სწორედ ის სტრიქონები მოხვდა თვალში და ნამდვილად არ მოსჩვენებია, ცხადად ამოიკითხა: "წარვედი ყოველსა სოფელსა და უქადაგეთ სახარებაი ესე ყოველთა დაბადებულთა" (მარკოზი XV.15). ეს იყო მისი ვალი და მოწოდება, სახარება უნდა ექადაგა, მაგრამ ჯერ სასულიერო წოდებაზე უნდა ეზრუნა, ალბათ, ჯობდა მონასტერში ბერად აღკვეცილიყო, ამისთვის იყო დაბადებული, უფლის სიტყვა უნდა მიეტანა ხალხთან და არა იმისთვის, რომ ოჯახის მამა გამხდარიყო, მით უმეტეს, საქმრო.       ლიდუვინას კარ-მიდამო ურსულელთა მონასტერს ემიჯნებოდა, რომელსაც გარს ქვის მაღალი გალავანი ჰქონდა შემოვლებული და შუაში ვიწრო შუკა ჩაუდიოდა. გალავანს კვიპაროსის ფართოდ გაშლილი, მძიმე ტოტები ეფინებოდა და იქ მუდამ ბეღურები ჟივჟივებდნენ. საღამო ჟამს მწვანედ ჩამუქებული კვიპაროსი კიდევ უფრო ჩამუქდებოდა და აგიზგიზებული დასალიერის ფონზე მით უფრო მკვეთრად იხატებოდა; და ამ საღამოს სიმყუდროვეში მონასტრის ზარებიც აგუგუნდებოდა, თითქოს კვერს უკრავდა და კიდეც წააქეზებდა, – "წარვედი ყოველსა სოფელსა და უქადაგეთ სახარებაი ესე ყოველთა დაბადებულთაო".       მათი საუბრებიც ნაძალადევი და უხალისო იყო. რკინის მესერი, საქმროსა და საცოლეს რომ აცალკევებდა, ციხის გისოსებს მოგაგონებდათ და იყვნენ კიდეც ისინი ტყვეები, მაგრამ არა სიყვარულისა თუ ნაზი გრძნობისა, არამედ ერთგულებისა და პატიოსნების ღრმა პატივისცემისა; მაგრამ როცა რიკარდო ლიდუვინას აბანოზისფერ თვალებს შეჰყურებდა, უწინდებურად ვეღარ გრძნობდა, რომ სულით მაღლდებოდა.  – თუ საქმე რამ გაქვს, ჩემი გულისთვის ნუ გაცდები, – უთხრა ერთხელაც ლიდუვინამ.  – საქმეო? რა საქმე უნდა მქონდეს ამაზე უკეთესი, შენ რომ გიყურებ! – მიუგო მან. და ორივე მაშინვე დადუმდა, რამეთუ მიხვდნენ ამ სიტყვების სიცარიელეს. ისინი უმეტესწილად ქალაქის ამბებზე ან რომელიმე შეყვარებულ წყვილზე ლაპარაკობდნენ და ქირქილებდნენ. ზოგჯერ ლიდუვინა უნებურად თავის ოჯახზე თუ დაიჩივლებდა, დამბლადაცემულ, დადუმებულ დედაზე ან შურისაგან ერთიანად ჩამომხმარ დაზე დაიწუწუნებდა; მათ სახლში ხომ მამაკაცი არ ჭაჭანებდა; მამა თითქმის არც ახსოვდა, ძმა კი ბუნდოვანი სიზმარივით აგონდებოდა, თოჯინასავით რომ ეთამაშებოდა და თუ კოცნას დაუპირებდა, დილის სიზმარივით გაქრებოდა.       ყოველ საღამოს, როცა რიკარდო ღობეს მოშორდებოდა და შინისაკენ გაუყვებოდა გზას, ეჩვენებოდა, არა, კი არ ეჩვენებოდა, თითქმის დარწმუნებულიც იყო, რომ მათი სიყვარული ისე მოკვდა, დაბადებაც ვერ მოასწრო; მაგრამ კვლავ ბრუნდებოდა, გეგონებოდათ, რაღაც იდუმალი ძალა ეზიდებაო. მას ხიბლავდა ის მშვიდი და თან ნაღვლიანი გარემო იმ შუკაში, ლამის ჰაერიც რომ გაეჟღინთა; მწვანედ ჩამუქებული კვიპაროსი, მონასტრის მაღალი, დაბზარული კედლები, დაისის მქრქალი შუქი, ბეღურების ჟივჟივი ისე ეხამებოდა ლიდუვინას შავ თვალებსა და შავი თმის ტალღებს, ასე ეგონა, საგანგებოდ მისთვის იყო შექმნილი. როცა დაისის ცეცხლისფერ ანარეკლს გასცქეროდა, მაშინაც საცოლის თმის ტალღებს ჭვრეტდა და თვალდათვალ უყურებდა, როგორ იმსჭვალებოდა იგი ამ ანარეკლისა და ზარების შთამაგონებელი გუგუნით. საბრალო რიკარდო, ამ სასიყვარულო ურთიერთობის ტყვე, ფიქრობდა, ეგებ თავად ლიდუვინაა ის კეთილი მაცნე, ასე რომ მიხმობს და მაგულიანებსო. მაგრამ იმავ წუთს მოეჩვენებოდა, თითქოს ქალიშვილის დალალებში უკანასკნელი სხივი რომ ქრებოდა, შავი მდინარის ტალღები გადაევლებოდა და ზღვისკენ მიაქანებდა დასანთქმელად განწირულს.       აღარაფერი დარჩა საჭოჭმანო, ეს ამბავი უნდა დასრულებულიყო, მაგრამ როგორ? როგორ უნდა ეღალატა ჩვევისთვის? როგორ გაეტეხა სიტყვა? ხალხის თვალში ერთი ქარაფშუტა და უმადური გამოჩენილიყო? რიკარდო იმასაც კარგად ხვდებოდა, რომ ლიდუვინასაც გაუცრუვდა იმედი, ამ სიყვარულმა ისიც დაღალა. და აი, ერთ დღესაც ისინი უსიტყვოდ გამოუტყდნენ ერთმანეთს და ეს მათ თვალებში, მათ საუბარში, უფრო სწორად, მათი თვალების უხმო საუბარში გაცხადდა ანგელუს-ის ლოცვის მერე. მათი საღამოები ხომ ისე ილეოდა, თითქოს გარდაცვლილი გრძნობების სადარაჯოდ ფხიზლობენო.       მაგრამ არა, ისინი არამც და არამც არ დაემსგავსებოდნენ სხვებს, ვისზეც თვითონვე ქირქილებდნენ, ისეთები არასდროს გახდებოდნენ. მაგრამ როგორ უნდა გაემხილათ ეს ერთმანეთისთვის, როგორ უნდა ეღიარებინათ, ყველაფერი დამთავრდაო, მეგობრებივით ხომ არ ჩამოართმევდნენ ერთმანეთს ხელს და ასე გულნატკენები დაშორდებოდნენ. თუმცა, ბოლოს და ბოლოს, შვებით ხომ მაინც ამოისუნთქავდნენ. რიკარდოს მონასტრისაკენ მიუწევდა გული, ლიდუვინა კი ალბათ სხვა მამაკაცს შეხვდებოდა და ეგებ მისი ცხოვრების თანამგზავრიც გამხდარიყო.       რიკარდომ კარგად აწონ-დაწონა ვითარება და გადაწყვეტილებაც მიიღო; მისი განზრახვა თან ვითომ ეშმაკურიც იყო და თან სენტიმენტალურიც; სხვა გზას მაინც ვერ ხედავდა, თორემ ეს ურთიერთობა კიდევ კარგა ხანს გაგრძელდებოდა, ისედაც უკვე ხუთი წელია ერთმანეთს ხვდებოდნენ. მათ ოჯახებს მართალია, არათუ საკმარისი, საკმარისზე მეტი შეძლება ჰქონდათ, რომ ახალგაზრდებს უზრუნველად ეცხოვრათ, მაგრამ არც ლიდუვინას დედას და არც რიკარდოს მამას დიდი მოწადინება არ გამოუჩენიათ, რადგან რიკარდოს ჯერ სწავლა უნდა დაესრულებინა, ხოლო თავად ყმაწვილს სწავლის წყურვილი დიდად არ კლავდა, არც სწავლას უჩანდა ბოლო, არც მოთმინება იყო უსაზღვრო; თან იმაზეც ფიქრობდა, ეგებ ჩვენი სიყვარული გაცოცხლდესო, თან ხანდახან აზრი გაუელვებდა, იქნებ ერთიც ვცადო და შევთავაზო, მოდი, უფროსების დაუკითხავად სახლიდან ჩუმად გავიპაროთო. რა თქმა უნდა, ამაზე ლიდუვინა არ დათანხმდებოდა; აი, მაშინ კი მიეცემოდა საბაბი და პირდაპირ ეტყოდა, ხომ ხედავ, ჩვენი სიყვარული ჭეშმარიტი არ ყოფილა, ნამდვილი ვნება სულ სხვააო; მაგრამ არც ეს აზრი ჰგვრიდა დიდ შვებას; მერე იტყოდა, ბოლოს და ბოლოს, რას მიქვია სირცხვილი, რიდი თუ ცრურწმენა, თუკი თავისუფლებას დავიბრუნებო. მაგრამ ვაითუ, ლიდუვინას თანხმობა ეთქვა... მაშინ... არა, ლიდუვინა სახლიდან დაუკითხავად წასვლას, გაქცევას არ მოისურვებდა და ასე მალულ-ფარულად გაპარვას ვერც გაბედავდა. მაგრამ მაინც რომ დათანხმებულიყო... ასეთი ნაბიჯი ხომ ნამდვილი გამოწვევა იქნებოდა ფარისევლებისა და მოვალეობების მონებისთვის, ცოტა მაინც რომ გამოფხიზლებულიყვნენ! ეგებ მაშინ მათი სიყვარულიც გაცოცხლებულიყო, თუკი ოდესმე მაინც იყო ცოცხალი და თუ აქამდე მათზე ზენაარის მადლი არ გადმოსულიყო, ეგებ ამის შემდეგ მოჰფენოდა ნათელი მათ ასეთ ყოფას. მაგრამ არა, ლიდუვინას ვერასგზით ვერ დაიყოლიებდა.       და აი, ერთ დღესაც რიკარდომ გაბედა და სიტყვა გადაუკრა, დიდი წვალებითა და მიკიბულ-მოკიბულად მიანიშნა გაქცევის თაობაზე, მაგრამ ლიდუვინამ არც კი შეიმჩნია, ვითომ ვერ გაიგო, თუ ვერ მიუხვდა; ნეტავი ამ დროს რაზე ფიქრობდა? ეგებ ესეც საბაბად გამოეყენებინა და თავისუფლება დაებრუნებინა, ანდა სულაც ყველაფერი თავიდან დაეწყოთ და ჭეშმარიტი სიყვარულით ანთებულიყვნენ? 2       ლიდუვინას სახლში ისეთი მოწყენილობა სუფევდა, ასე გეგონებოდათ, სევდის შავი ღრუბელი ჩამოწოლილაო. ეს უზარმაზარი სახლი ერთთავად ბინდბუნდში იყო ჩაფლული, კედლებს ალაგ ობიც კი მოსდებოდა, ყოველი მხრიდან ჯავრის იაზმები მოდიოდა და იქაურობა მთლად გაეჟღინთა. როცა ძველისძველი საწონებიანი საათი დარეკავდა, ისეთი გრძნობა დაეუფლებოდა ადამიანს, თითქოს სიცარიელისა თუ მოგონების სიმძიმისაგან მთელი სახლი კვნესისო. ლიდუვინას დედა დღეში ორჯერ ძლივძლივობით მილასლასდებოდა, დიდის გაჭირვებით მიიტანდა ცოცხალ-მკვდარ სხეულს დაფლეთილ სავარძლამდე; ხანდახან ჩაბნელებულ დერეფანში თავის მეორე ქალიშვილს წააწყდებოდა, მუდამ სახე რომ ჩამოსტიროდა. დები თითქმის არც ელაპარაკებოდნენ ერთმანეთს, დედას კი ისევ ლიდუვინა თუ შეეხმიანებოდა და კიდეც მიეფერებოდა. საბრალო ქალი დაჭრილ ნადირს ჰგავდა, ერთთავად ძილ-ბურანში იყო ჩაფლული, იფიქრებდით, მხოლოდ ამ შავბნელ ბურანსა თუ ავადმყოფურ გარინდებაში ცოცხლობსო.       საბრალო ლიდუვინას დროდადრო ძმაც ახსენდებოდა და ისიც ძალიან ბუნდოვნად, თითქოს მარტო სიზმრად ჰყავდა ნანახიო; თოჯინასავით წარმოუდგებოდა, ცისფერთვალა და ოქროსთმიანი, მუდამ მოცინარ-მოღიმარი, მაშინ პატარა ძმამ ინა შეარქვა, მერე ლიდუვინას ეძახდა, ბოლოს – ლიდუს, გეგონება, დროსა და ძალას ზოგავს და სახელს ამიტომ უმოკლებსო; მაგრამ იმხანად სულ პატარები იყვნენ და არც ის ესმოდა, როგორ გამოეხატა დის სიყვარული. ბავშვობა კი დამთავრდა, გაიცრიცა, გახუნდა, უღიმღამო დღეების რიგმა ლამის სულ წაშალა. მერე კი ერთადერთი რიკარდო იყო, ვინც მის ცხოვრებაში სინათლე შეიტანა, მისმა სიყვარულმა მზის სხივივით მოსჭრა თვალი, მაგრამ ისიც ჩამავალი მზის მბჟუტავი ანარეკლი აღმოჩნდა. სულ თავიდან, როცა რიკარდო მას სიყვარულში გამოუტყდა, – აკი დაუფიქრებლადაც მიენდო, – დაიჯერა, რომ ასეთი ტრფიალის მიღმა ჯერ მხოლოდ ნაღვერდალი ბჟუტავდა, გრძნობის ამგვარ ბინდბუნდში განთიადის შუქს ჯერ ვერ შეეღწია, მაგრამ ცისკარი ალბათ მზის ამობრწყინებას აუწყებდა. ვაი, რომ ძალიან მალე მიხვდა – ნაღვერდლის აბრიალების იმედი არ უნდა ჰქონოდა, ნაღვერდალი ჩაფერფლილიყო, მზის აღმოხდომა კი არა, ჩასვენება ახლოვდებოდა, რასაც ღამე მოჰყვებოდა. ლიდუვინა იმასაც კარგად ხვდებოდა და გრძნობდა, რომ მტკიცე და ძლიერი სიყვარული ერთბაშად აგიზგიზდებოდა, ვითარცა ცისკარი გაშლილ მინდორში, მაგრამ, საუბედუროდ, მათი სიყვარული დაბადებიდანვე აგონიაში იყო. ამ სიყვარულს ზოგჯერ თავისი ცისფერთვალა, ოქროსთმიანი ძმის სიყვარულსაც კი ადარებდა.       და მაინც, როგორ შეხვდა ლიდუვინა რიკარდოს? ისეთი უღიმღამო ცხოვრება ჰქონდა, ისე მარტოდ გრძნობდა თავს! პირველად ურსულელთა მონასტერში ნახა, დილის წირვაზე; მერე დილაობით, წირვის შემდეგ, ტაძრიდან რომ გამოვიდოდნენ, ერთმანეთს შეხედავდნენ. ერთხელ რიკარდომ ნაკურთხი წყალიც შესთავაზა, მერე კრიალოსანი მიუტანა, ლიდუვინას სკამზე რომ დარჩენოდა, სადაც დაჩოქილი ლოცულობდა ხოლმე; ბოლოს კი, დილის წირვა რომ დამთავრდა და რიკარდომ ჩვეულებისამებრ ნაკურთხი წყალი შესთავაზა, თან წერილიც გადასცა, ხელი უკანკალებდა და სახე ყაყაჩოსავით უვარვარებდა.       მეორე დილას ლიდუვინა წირვაზე აღარ წასულა, წერილის პასუხი უნდა მოეფიქრებინა. აჰა, საქმროც გამოუჩნდა! საქმრო, როგორც მისი ორიოდე მეგობარი იტყოდა, რომლებიც იშვიათად თუ მოიკითხავდნენ. მერედა, როგორი საქმრო! მოსწონდა კი? თუმცა რა ჰქონდა დასაწუნი! საქმროს პირობაზე ღვთისმოსავი იყო და თან მეტისმეტად ღვთისმოსავი; შესახედავად – სანდომიანი, კარგი ოჯახიშვილი, ყოფაქცევით – სამაგალითო, ესეც არ იყოს, გულს მაინც ხომ გადააყოლებდა, ამ უჟმურ, უღიმღამო დღეებს ხომ შეიმოკლებდა, თავისი დაღვრემილი, სახეჩამომტირალი დის ყურებასაც გადაურჩებოდა, დედის, საბრალო დაჭრილი ნადირის, დუმილიც არ გაუწვრილებდა გულს. მერედა სიყვარული?! ააჰ, სიყვარული მოვიდოდა, აკი ყოველთვის მოდის ხოლმე, თუკი უხმობ, როცა თვითონ სიყვარული გიყვარს და გჭირდება. მაგრამ გადიოდა დღეები, კვირები, თვეებიც კი და გული მაინც არაფერს უთქვამდა. მაშ, რატომ არ ეთმობოდა ასეთი საქმრო? იმედი ჰქონდა, უიმედო იმედი, თვინიერი და საამო, რომ ერთ მშვენიერ დღესაც უფალი, ყოველი შეჭირვებულის შემწე, მოწყალების თვალით გადმოხედავდა და სიყვარული დაიბადებოდა. მაგრამ სიყვარული არა და არ მოდიოდა, ანდა ეგებ მათ შორის დაფრინავდა კიდეც, თუმცა ისინი ვერ ხედავდნენ.       "გვიყვარს კი ერთმანეთი? ეგებ არც გვიყვარს? მაინც რა არის სიყვარული?" – ეს ფიქრები მოსვენებას არ აძლევდა ლიდუვინას თავისი დადუმებული დედისა და სახემოღრუბლული დის გვერდით და იმედს მაინც არ კარგავდა.       ლიდუვინამ, თავისდა სავალალოდ, მალე იგრძნო, რომ რიკარდომ თავი მოაბეზრა, რომ იგი, უბრალოდ, მიეჩვია მონასტრის კედლებს, კვიპაროსს, ბეღურების ჟივჟივს, დაისის ჭვრეტას, ოღონდ არა მას, მის გვერდით ყოფნას. მისი საქმროს გულსა და გონებაში გამჯდარ ღირსებისა და ერთგულების გრძნობას კი იმედგაცრუება ვერაფერს ავნებდა. არა, ამ ურთიერთობას თავად პირველი არასდროს გაწყვეტდა, თუნდაც დარდისაგან მომკვდარიყო. დაე, ჯერ რიკარდოს გადაედგა ეს ნაბიჯი. ლიდუვინასთვის ერთგულება და პატიოსნება ლამის რელიგიას უტოლდებოდა; იგი არც პირველი და არც უკანასკნელი ქალი იქნებოდა, ვინც ერთგულებას შეეწირებოდა. მისი მეგობარი როსარიოც აკი ასე გათხოვდა, იმ პირველ მამაკაცს გაჰყვა, ვისაც ერთგულება შეჰფიცა, ოღონდ კი იმ ქალებისთვის არ შეედარებინათ, ხელთათმანებივით რომ იცვლიდნენ საქმროებს. სწორედ მამაკაცები არიან ორგულებიც და ფიცის გამტეხნიც, სიყვარულის წუთებში მიცემული სიტყვა რომ ავიწყდებათ. ლიდუვინას გულის სიღრმეში თითქმის სძულდა კიდეც ისინი, სძულდა, მაგრამ მაინც ელოდებოდა თავისი ოცნების მამაკაცს, ქმარს, ვინც ისე წარიტაცებდა, ვითარცა ტალღა ოკეანისა და ერთიანად შთანთქავდა ნეტარების მორევში.       ლიდუვინამ ძალიან კარგად გაიგო რიკარდოს გადაკრული სიტყვები გაქცევის თაობაზე, მაგრამ ისე დაიჭირა თავი, ვითომ ვერ მიუხვდა; სინამდვილეში არათუ მიუხვდა, ნათლადაც დაინახა მისი განზრახვა, საქმროს სულში ამოიკითხა ის, რისი თქმაც სწადდა; და უთხრა თავის თავს: "დაე, ისეთი გამბედაობა გამოიჩინოს, ნამდვილ მამაკაცს რომ შეჰფერის, გარკვევით და გადაჭრით მითხრას, გავიქცეთო და მეც დავთანხმდები; დავთანხმდები და თვითონვე გაებმება ჩემთვის დაგებულ მახეში; მაშინ კი გამოჩნდება, ვის ჰქონია გამბედაობა, ალბათ, უკან დაიხევს, ათასგვარ მიზეზსა და საბაბს შეთხზავს, როცა დაინახავს, თავადვე რომ შეიბორკა ხელ-ფეხი იმ ჯაჭვით, ჩემთვის რომ ამზადებდა თავის დასაღწევად, და მეც, საბრალო გოგონა, ოჯახის ნაბოლარა, მე, უიღბლო ლიდუვინა, დიახ, მე, ვაჩვენებ გამბედაობისა და სიყვარულის მაგალითს. ვერა, ამ გადაწყვეტილებას ვერ მიიღებს!.. მხდალია!.. ცბიერი!.. და თუ დავთანხმდები, თუ მაინც დავთანხმდები!.." – და ამ დამთრგუნველმა ფიქრებმა იმ ზომამდე მიიყვანა, რომ ცახცახი დააწყებინა, ისეთი ცახცახი, დედისეული, ძველისძველი, ხავსმოკიდებული სახლის დარბაზებში გავლისას რომ აიტანდა ხოლმე.       "და თუ მაინც გადაწყვიტა, – კვლავაც მიჰყვებოდა ფიქრებს ლიდუვინა, – მაშინ ჩემი ცხოვრება ერთიანად შეიცვლება, გაიფანტება ბურუსი, გაქრება ნესტით გაჟღენთილი ჩრდილები, ვეღარც ძველი საათის ხრიალს გავიგონებ, ვეღარც დედაჩემის დუმილი დამიმძიმებს გულს და ვეღარც ჩემი დის მოქუფრული სახე. თუკი, ბოლოს და ბოლოს, გადაწყვეტს, რომ გავიქცეთ, თუ ეს უბირი ხალხიც გაიგებს, თურმე ვინ ყოფილა სინამდვილეში ლიდუვინა, ურსულელთა შუკაში რომ ცხოვრობს, მაშინ ეგებ ჩვენი სიყვარულიც გაცოცხლდეს, ის სიყვარული, ლამის მომაკვდავი რომ მოვიდა ჩვენთან. თუკი მაინც გადაწყვეტს, ისევ თავიდან შეგვიყვარდება ერთმანეთი, რამეთუ ეს გამბედაობა შეგვაყვარებს, არა, არა, მაშინ აშკარად გამოჩნდება, თურმე როგორ გვყვარებია ერთმანეთი. დიახ, დიახ, ყველაფრის მიუხედავად, მე იგი მიყვარს, ის ხომ ჩემი ცხოვრების ჩვევაა, ჩემი არსებობის ნაწილი, მე ამის წყალობით ვცოცხლობ".       და მართლაც, მოხდა ის, რაც უნდა მომხდარიყო, მათი ნაფიქრი და ნააზრევი ერთმანეთს დაემთხვა, რამეთუ ეს იყო სიყვარული, ის სიყვარული, რომელიც მათ შთააგონებდა. 3       დიახ, სწორედ ისე მოხდა, როგორც ისინი ფიქრობდნენ. ერთ საღამოს, მზის ჩასვლისას, რიკარდომ მოიკრიბა მთელი გამბედაობა, ზურგით მიეყრდნო ღობეს, გისოსებს ხელი გაუშვა და ეს სიტყვები წარმოთქვა:  – ნენა*, დამიგდე ყური, ჩვენი ურთიერთობა მეტისმეტად გაგრძელდა, მე კი ისიც არ ვიცი, როდის დავასრულებ ამ სწავლა-განათლებას, თუმცა მამაჩემს არაფრის გაგონება არ უნდა, მე არავინ არაფერს მეკითხება, სანამ ლიცენციატი არ გავხდები, მე კი გული ამიცრუვდა და სულ შემძულდა ეს სწავლა, გულწრფელად გეუბნები, – და იგი გაჩუმდა, – ჩვენი ასეთი მდგომარეობა უკვე გაუსაძლისი გახდა, ჩვენი ოცნებებიც თანდათან განელდება...  – შენთვის... – თქვა ლიდუვინამ.  – არა, ორივესთვის, ლიდუ, ორივესთვის. გამოსავალს კი ვერ ვხედავ...  – თუ არ დავშორდებით!..  – არა, არასოდეს, ნენა, არასოდეს! ეს როგორ მოგივიდა აზრად! შენ ხომ...  – არა, მე არა, რიკარდო... ეს შენს ფიქრებში ამოვიკითხე...  – მაშ, ცუდად ამოგიკითხავს, ძალიან ცუდად, თუ შენ...  – მე, რიკარდო, მე? მე სადაც გინდა, როცა გინდა, წამოგყვები!  – ხვდები, რას ამბობ, ნენა?  – დიახ, ვხვდები, ძალიან კარგად ვხვდები, რადგან ბევრი ვიფიქრე, სანამ შენ გეტყოდი!..  – მართალს ამბობ?  – ჰო, მართალს...  – აბა, მე რომ შემომეთავაზებინა...  – რაც გინდა, ის შემომთავაზე!..  – რა გამბედაობაა, ლიდუვინა!..  – გამბედაობაო? შენ მე არ მიცნობ, რიკარდო, არ მიცნობ, თუმცა ამდენი ხანია ერთმანეთს ვხვდებით...  – შეიძლება...  – არა, მართლა არ მიცნობ! მაშინ თქვი, რისი თქმაც გინდოდა, რა იყო ასეთი მნიშვნელოვანი? ისეთს მაინც რას მთავაზობ, რომ ასეთი შემზადება გჭირდება?  – გავიქცეთ!  – რატომაც არა!  – დაფიქრდი, რას ამბობ, ლიდუვინა!  – მე კი არა, შენ დაფიქრდი!  – ჰო, ლიდუვინა, გავიქცეთ, გავიპაროთ!..  – კეთილი, რიკარდო, კარგად მესმის შენი; ორივე, შენც და მეც, ეგებ კიდეც გავიპარებოდით, ჩვენ-ჩვენი სახლიდან გავიქცეოდით, რომ... რომ... ჩვენს სიყვარულს რამე ეშველებოდეს...  – შენც?  – ჰო, რიკარდო, მეც... ოღონდ კი მითხარი...       სიჩუმე ჩამოვარდა. მზე უკვე ემზადებოდა თავის მეწამულ სარეცელზე მოსასვენებლად, კვიპაროსი რაღაც ავის მომასწავებლად აწოწილიყო, მონასტრის ზარები მწუხრისკენ უხმობდა ხალხს. ლიდუვინამ პირჯვარი გადაიწერა და ტუჩები აუთრთოლდა. ჩვეულებისამებრ, რკინის გისოსებს მაგრად ჩასჭიდა ხელები და ღობეს რომ მიაწყდა, მძიმედ შეუქანდა მკერდი. რიკარდომ თვალები დახარა და თავისთვის ჩაიბუტბუტა: "წარვედი ყოველსა სოფელსა და უქადაგეთ სახარებაი ესე ყოველთა დაბადებულთა..."       მერე საუბარს თავი ვეღარ მოაბეს. რიკარდოს კიდეც დაავიწყდა, რისი თქმა უნდოდა, აღარც ლიდუვინას ახსოვდა, თითქოს რაღაც საბედისწერო ხდებოდა მათ თავს. ნაღვლიანად დაემშვიდობნენ ერთმანეთს.       გადიოდა დღეები, მაგრამ რიკარდოს მას მერე გაქცევის თაობაზე სიტყვა აღარ დასცდენია, სანამ ისევ ლიდუვინამ არ დაარღვია დუმილი ერთ საღამოს:  – ჰო, მართლა, რიკარდო, იმ ამბავზე აღარაფერს იტყვი?  – რა ამბავზე, ლიდუვინა?  – იმაზე... უკვე დაგავიწყდა კიდეც?  – ვერ ვხვდები, პირდაპირ თქვი!  – აბა, დაფიქრდი, ეგებ გაიხსენო...  – შენი ვერაფერი გამიგია, ნენა...  – მშვენივრად ხვდები, რასაც ვამბობ...  – მაშინ თქვი, გამახსენე...  – გაქცევაზე რომ ამბობდი...  – აჰ, რაო, მართლა დაიჯერე?  – რას ამბობ, რიკარდო, ნუთუ ჩვენი სიყვარული სახუმაროა?!.  – სიყვარული სხვაა...  – იმის შიში, ხალხი რას იტყვისო, არა?.. ნუთუ, ბოლოს და ბოლოს...  – რაკი ასეა, მაშინ...  – მაშინ რა?  – როცა გინდა!..  – მე? თუ გინდა, ახლავე! ჩემს სახლში მაინც არ მედგომება!..  – აი, თურმე რისთვის!..  – არა, რიკარდო, შენთვის, შენი გულისთვის! – ცოტა დაფიქრდა და მერე დასძინა, – ჩემთვისაც, ჩვენი სიყვარულისთვის... ასე გაგრძელება მართლა აღარ შეიძლება!       ერთმანეთს ღრმად ჩახედეს თვალებში და იმავე დღეს კიდეც შეთანხმდნენ. და ამ შეთანხმებამ, ამ რომანტიკული გაქცევისთვის მზადებამ, – თუმცა კი, ხალხის აზრით, მცდარმა ნაბიჯმა, – მათ საღამოებსა და საუბრებს მეტი ხალისი და სითამამე შესძინა, თითქმის მათ სიყვარულსაც ფრთები შეასხა. ესეც არ იყოს, სხვა შეყვარებულ წყვილებზეც უფრო თავისუფლად ქირქილებდნენ, სიყვარულის იმ დადგენილი კანონების საბრალო მონებზე, რომელთაც არაფერი გაეგებოდათ გაქცევის იდუმალების მაცოცხლებელი ძალისა, თანაზიარობის შთამაგონებელი გრძნობისა.       რიკარდო მიხვდა, რომ დამარცხდა, თავს დამცირებულად გრძნობდა, რომ ქალი მასზე ძლიერი აღმოჩნდა, თუმცა ვერც აღტაცებას მალავდა, სიყვარულის მისაგებლადო, ფიქრობდა.       დაბოლოს, ერთ დილას ლიდუვინამ მოიმიზეზა, მეგობართან მინდა სტუმრად წავიდეო, ტანსაცმელი მოიმზადა და მოახლის თანხლებით სახლიდან გავიდა. რამდენიმე ნაბიჯი გაიარეს თუ არა, იქვე, გზის პირას კარეტა დაინახა და ცოტა რომ გასცდნენ, მოახლე გააჩერა, ერთი წუთი აქ მომიცადე, შინ რაღაც დამრჩა და ახლავე მოვბრუნდებიო, უთხრა, უკან გაბრუნდა, მაშინვე კარეტაში ჩაჯდა და ცხენებიც უმალ გაჭენდნენ. როცა მოახლე ლოდინით დაიღალა, სახლში წავიდა სენიორას ამბის გასაგებად, მაგრამ უთხრეს, არ მოსულაო.       ამასობაში კარეტა სწრაფად მიქროდა მეზობელი სოფლისკენ, სადაც რკინიგზის სადგური იყო. მთელი გზა ისე გაიარეს, არც ერთს ხმა არ ამოუღია, ისხდნენ მდუმარედ, ხელიხელჩაკიდებულები და გასცქეროდნენ მინდვრებს, მერე ჩასხდნენ მატარებელში და გაემგზავრნენ. 4       რკინიგზა მდინარის ნაპირს მიჰყვებოდა. ალაგ მდინარე ნამგალივით ირკალებოდა და ყვითელ წყალს ზღვისკენ მიაქანებდა. ორივე მხარეს ვენახები იყო გაშლილი, შიგადაშიგ ნუშის, ზეთისხილისა და ნაძვის ხეები მოჩანდა, უფრო კი ლიმონისა და ფორთოხლის ბაღები იტაცებდა თვალს. ფერდობებს, ფლატეებსა თუ ქარაფებს რომ გასცდებოდა, მდინარე მერცხლის კუდივით იყოფოდა. აქა-იქ წისქვილები და ისლით გადახურული ქოხმახები იყო ჩარიგებული. ვეება კასრებით დატვირთულ ბარჟას მარჯვედ მიმართავდა კაცი შემაღლებული ფიცარნაგიდან.       რიკარდო და ლიდუვინა ვაგონის ერთ კუთხეში მიყუჟულიყვნენ და მდუმარედ გასცქეროდნენ მდინარის ნაპირზე მწვანეში ჩაფლულ სააგარაკო ვილებს და თან ყურს მიაპყრობდნენ თანამგზავრებს, მათთვის გაუგებარ ენაზე რომ საუბრობდნენ, თუმცა ორიოდე სიტყვის მნიშვნელობასაც ძლივს ხვდებოდნენ. ერთ სადგურზე ლიდუვინამ ფორთოხლის გამყიდველი დაინახა და იფიქრა, გამშრალ პირს გავისველებ და ხელებსაც ცოტა ავამოძრავებო. რიკარდომ ფორთოხალი გაფცქვნა და მიაწოდა, ლიდუვინამ შუაზე გახლიჩა და ნახევარი მას შესთავაზა, მეორე ნახევარს კი ერთი ლებანი ჩამოაცალა, მერე თანამგზავრებს გადახედა და როცა დაინახა, ისინი ისევ ისე იყვნენ გართული საუბარში, მისკენ არც იხედებოდნენ, მეორე ნახევარიც საქმროს მისცა. შემდეგ სადგურზე ისადილეს; ისევ მოწყენილები ისხდნენ; ლიდუვინამ, ჩვეულებრივ წყლის მეტს რომ არაფერს სვამდა, ახლა ერთი ჭიქა ღვინოც დალია და მეორე ფინჯანი ყავაც მოითხოვა. რიკარდო ცდილობდა, სიმშვიდე შეენარჩუნებინა, თუმცა ამაოდ; ნეტავი კი ისევ უკან დაბრუნება შეიძლებოდეს და ამ დღეში არ ჩავცვენილიყავითო; მაგრამ მატარებელს მიანდვეს თავი, უკან მაინც ვეღარ დაბრუნდებოდნენ, რადგან მეორე დღემდე მოუწევდათ ლოდინი, რომელ სადგურზეც უნდა ჩასულიყვნენ.  – მადლობა ღმერთს! – ამოისუნთქა ლიდუვინამ, როცა მატარებელი დათქმულ სადგურზე გაჩერდა.       მაშინვე სასტუმროს მიაშურეს, ოთახი მოითხოვეს და იმ უღიმღამო ოთხ კედელს შორის ჩაიკეტნენ.       მეორე დღეს ადრიანად ადგნენ, ორივე ამ ღამის საბედისწერო, მძიმე სევდას შეეპყრო, თვალებში აშკარა იმედგაცრუების ჩრდილი ჩასდგომოდათ, კოცნაც ვეღარ გაებედათ ერთმანეთისთვის. ისეთი გრძნობა დაეუფლათ, თითქოს სიყვარული რაღაც სხვა, არცთუ წმინდა საქციელს შესწირეს. რიკარდო გულში ერთთავად ამას იმეორებდა: "უქადაგეთ სახარებაი ესე ყოველთა დაბადებულთაო"... ლიდუვინას ფიქრი კი ისევ და ისევ დადუმებულ დედას და სახეჩამომტირალ დას დასტრიალებდა, მაგრამ ყველაზე მეტად მონასტრის კვიპაროსები, ის სევდა ენატრებოდა, საღამო ჟამს რომ შემოაწვებოდა ხოლმე გულს. ნუთუ ეს იყო სიყვარული?       ორივე რაღაც უცხო გარინდებას შეეპყრო. მაინც როგორ დაიჯერეს, რომ ეს რომანტიკული თუ გმირული გადაწყვეტილება მათ იმ მზით გასხივოსნებულ მწვერვალზე აიყვანდა, სადაც თავისუფლად ამოისუნთქავდნენ; ახლა კი სად აღმოჩნდნენ? ქვაღორღიანი, ეკალბარდებმოდებული მთის ძირას, გოლგოთისკენ მიმავალი გზა კი არა, სიმწრით სავალი გზის დასაწყისი იყო ჯერ გაუკვალავ ჯაგნარში. ამ ღამემ დააგვირგვინა ღობესთან გატარებული სევდიანი, მაგრამ უშფოთველი საღამოები. ეს იმ ძნელი ცხოვრების დასაწყისს უფრო ჰგავდა, როგორიც მთაზე ასასვლელი აღმართია, რომლის მწვერვალი ღრუბლებში იკარგება.       ყველაზე მეტად მაინც სირცხვილის გრძნობა ტანჯავდა ორივეს, თუმცა იმას ვერ ხვდებოდნენ, რატომ. არც საუზმემ გაახალისა, ლიდუვინამ საჭმელს პირიც ვერ დააკარა; რიკარდო ოთახიდან დაითხოვა, რომ ტანსაცმელი ჩაეცვა, მერე პირის დაბანას შეუდგა და იმდენჯერ წაისვა საპონი და ისე იხეხა პირისახე, ლამის სისხლი დაიდინა.  – ვერ მორჩი? – შეეხმიანა რიკარდო.  – ვერა, ცოტა კიდევ მოიცადე.       მერე საწოლის გვერდით დაიჩოქა და ლოცვა დაიწყო, ისე ლოცულობდა, როგორც არასდროს, უსიტყვოდ, უხმოდ; თავი განგებას მიანდო და მერე გაუღო კარი საქმროს. განა საქმროს? ნეტავი რა უნდა უწოდოს მას ამიერიდან?       სასტუმროდან ხელიხელჩაკიდებულები გავიდნენ და ალალბედზე გაუყვნენ ქუჩას. ლიდუვინას გამალებით უცემდა გული რიკარდოს მარჯვენა მკლავთან, ის კი მოუსვენრად იწიწკნიდა ულვაშს; შეშინებულები იყურებოდნენ აქეთ-იქით, ნაცნობს არავის გადავეყაროთო, მიდიოდნენ და მუხლები უკანკალებდათ, მაგრამ სასტუმროში დაბრუნებას ისევ ეს ერჩივნათ. არა, არა, ის ცივი ოთახი, ძველი ავეჯი, დაბზარული კედლები, სადაც ვინ იცის, რამდენ უცხოს გაუთენებია ღამე, მართლაც რომ ზიზღის მომგვრელი იყო ორივესთვის. მათ სმენას ერთადერთი უცხო ენაზე საუბარი თუ აამებდა, ლამის ნანასავით ელამუნებოდა. ერთხელ ქალმა ჩაუარა მოთენთილი რხევით და გზა გადაუჭრა ფოსტლების ტყაპუნით თუ სულაც ფეხშიშველმა, თან რაღაცნაირი მთვლემარე ცნობისმოყვარეობით კი შეათვალიერა; მერე იყო და, ფორანი გამოჩნდა, რომელშიც წითელი ხარები იყო შებმული და ამან მშობლიური ქალაქი და მონასტრის ჭიშკართან შეყრილი ხალხი გაახსენა მათ.       ამაოდ ეძებდნენ შვებას უცხო ქალაქში, განა რაიმე შეენაცვლებოდა ოჯახურ კერას? როცა ასე გულდამძიმებულებმა ეკლესიას ჩაუარეს, რიკარდომ მკლავთან იგრძნო, როგორ შეუფანცქალდა გული ლიდუვინას და ისინი ეკლესიაში შევიდნენ.       ლიდუვინამ შუა და საჩვენებელი თითები ნაკურთხ წყალში დაისველა და რიკარდოსაც შესთავაზა. მისი დაბინდული მზერა საქმროს ისეთივე დაბინდულ მზერას შეეფეთა. კარის ახლოს გაჩერდნენ, რიკარდო იქვე, კედელთან სკამზე ჩამოჯდა, რადგან იქ უფრო ბნელოდა, ლიდუვინამ მის გვერდით დაიჩოქა და სახე ხელისგულებს დაანდო. ტაძარში არავინ იყო, გარდა ერთი საცოდავი, თავსაფრიანი ქალისა, რომელიც ჩოქვით უვლიდა ლიტანიას, ეტყობოდა, უჭირდა მოძრაობა, უზარმაზარი მუცელი ერთიანად უთახთახებდა და ხან ერთ ფეხს დაეყრდნობოდა, ხან მეორეს; ხელში კრიალოსანი ეჭირა და ასე ტანჯვა-წვალებით მიდი-მოდიოდა საკურთხევლიდან საკურთხევლამდე. წმინდა სინათლის სვეტი პირამიდასავით აღმართულიყო შუა ეკლესიაში, სიჩუმე საამოდ ერწყმოდა ბინდს. უეცრად რიკარდოს ლიდუვინას დახშული ქვითინი შემოესმა. იგი ტიროდა და ვეღარც მან შეიკავა ცრემლი, საცოლის გვერდით დაიჩოქა და ორივემ ასე დაიტირა დაღუპული ოცნებები.       მერე ქალაქში გავიდნენ, ირგვლივ სიმშვიდე სუფევდა, მაგრამ მათ მაინც უფრო სევდიანი ეჩვენებოდათ.  – ის, რაც ჩვენ ჩავიდინეთ, ლიდუვინა... – გაბედა ხმის ამოღება რიკარდომ, ლიდუვინამ კი განაგრძო:  – ჰო, რიკარდო, შეცდომა იყო...  – საქმე ისაა, რომ ვეღარაფერს გამოვასწორებთ...  – პირიქით, ჩემო კარგო, სწორედ ახლა შეგვიძლია გამოვასწოროთ, ახლა, როცა ყველაფერს ნათელი მოეფინა...  – მართალი ხარ...  – მაგრამ მთავარი და უარესი ჯერ კიდევ წინ გველის...  – რა, ჩემო ნენა?  – ის, რომ ქალაქში ვეღარ დავბრუნდებით. რა პირით ვეჩვენო დედაჩემს ან ჩემს დას? როგორ გამოვჩნდე ქალაქში?  – აკი შენ თვითონ იტყოდი ხოლმე, მითქმა-მოთქმას ყური არ უნდა ათხოვოო...  – ჰო, მაგრამ მითქმა-მოთქმა ერთია. ეს არც დიდად მაწუხებს და არც იმდენი მნიშვნელობა აქვს...  – მაშინ, რა?..  – ის, რომ დაგვცინებენ, რიკარდო!..  – ჰოო, ეს კი მართალია!..       სასტუმროში რომ დაბრუნდნენ, კიდევ ერთხელ იჯერეს გული ტირილით, მერე რიკარდომ მოიმიზეზა, ფული უნდა გადავახურდაოო და ქუჩაში გავიდა, სინამდვილეში უნდოდა, ლიდუვინასთვის დრო და საშუალება მიეცა, რომ თავისიანებისთვის წერილი მიეწერა და თავადაც რამე ეღონა.       მეორე დღესვე შეუდგნენ მზადებას უკან დასაბრუნებლად. ლიდუვინა ჯერ იმ სოფელში უნდა ჩასულიყო, სადაც მამიდამისი, მამის და, ცხოვრობდა, რადგან ეძნელებოდა დადუმებულ დედასა და უჟმურ დასთან შეხვედრა; ხოლო რიკარდო მშობლიური ქალაქის უახლოეს სადგურზე ჩამოვიდოდა, შეღამებისას ჩუმად, ქურდულად გაივლიდა მიყრუებულ ქუჩებს და შეუმჩნევლად შეიპარებოდა მამისეულ სახლში.       უკან დაბრუნებისას კიდევ უფრო მძიმე ნაღველი შემოაწვა ორივეს. ისევ ისე გაჰყურებდნენ იმავე ვენახებს, ზეთისხილისა და ფორთოხლის ბაღებს, იმავე წისქვილებს და ბარჟებს. მშობლიური ქვეყნის საზღვარს რომ მიუახლოვდნენ, ასე ეგონათ, მთებიც კი სიყვარულით ეგებებოდნენ, თუმცა უძღები შვილებივით ბრუნდებოდნენ. მაგრამ ასეთი მაინც რა ცოდვა ჩაიდინეს! მატარებელშიც გაფაციცებული იყურებოდნენ აქეთ-იქით, ნაცნობს არავის გადავეყაროთო. სირცხვილის გრძნობა ხომ ორივეს ტანჯავდა, მაგრამ ამაზე უარესი ის იყო, რომ სასაცილო მდგომარეობაში ჩაიგდეს თავი და იყვნენ კიდეც სასაცილონი, ასეთ ბავშვურ საქციელს თავს ვერც ერთი ვერ აპატიებდა. როცა მატარებელი იმ სოფლის სადგურზე გაჩერდა, სადაც ლიდუვინას მამიდა ცხოვრობდა, ის უკვე მოსულიყო მათ შესახვედრად. ლიდუვინამ სიმწრით მოუჭირა რიკარდოს ხელზე ხელი:  – მომწერე, საყვარელო! – ესღა უთხრა და ჩავიდა.       რიკარდო კიდევ უფრო მოიბუზა და კუთხეში მიიყუჟა, არავინ მიცნოსო.  – მესმის, ჩემო კარგო, კარგად მესმის, მაგრამ მაინც მიჭირს დაჯერება, – უთხრა მამიდამ ლიდუვინას, როცა კარეტაში ჩასხდნენ და კარი მიიხურეს, მერე კი დასძინა, – გულახდილად გეტყვი, შენგან ასეთ სისულელეს არ ველოდი! მამაშენი, ჩემი ძმა, ცოცხალი რომ ყოფილიყო, ასეთი რამ ხომ არ მოხდებოდა... დარწმუნებული ვარ, არ მოხდებოდა, მაგრამ იმათ ხელში... კმარა, პატარავ, კმარა... ლიდუვინა იჯდა ჩუმად და ცას შეჰყურებდა.       რიკარდოს ამასობაში თვალი არ მოუცილებია კარეტისთვის, სანამ გორაკზე მდგარ ეკლესიას არ მიეფარა.       როცა მატარებელი ქალაქს მიუახლოვდა, რიკარდო ადრევე ჩამოვიდა და საღამოს ბინდბუნდში მალულად დაადგა გზას სახლისკენ. მზე უკვე მონასტრის კოშკს მოჰფარებოდა და უღრუბლო ცას აფერადებდა, ზარები მლოცველებს უხმობდა; რიკარდომ ქუდი მოიხადა და სამჯერ წარმოთქვა: "და ნუ შემიყვანებ ჩვენ განსაცდელსა..." და მერე განაგრძო: "არამედ მიხსენ ჩვენ ბოროტისაგან, რამეთუ შენი არს სუფევაი და ძალი და დიდებაი საუკუნეთა მიმართ უკუნისამდე. ამინ" (მათე VI.13) – და მერე დასძინა: "წარვედი ყოველსა სოფელსა და უქადაგეთ სახარებაი ესე ყოველთა".  – ყეყეჩო!       მარტო ეს უთხრა მამამ, როცა დაინახა, შვილი ქურდულად აპირებდა შინ შესვლას. 5       გადიოდა დღეები, რიკარდო და ლიდუვინა ელოდებოდნენ შედეგს, რაც მათ გაქცევას, მათ თავგადასავალს უნდა მოჰყოლოდა; გავიდა თვეებიც. პირველ ხანებში რამდენიმე წერილით მოიკითხეს ერთმანეთი; ამ წერილებში ჩივილიც ისმოდა და საყვედურიც; ლიდუვინას წერილები უფრო გონივრული იყო და დასაჯერებელიც. "ჩემო რიკარდო, ამაოდ ირჯები, თუ გინდა ამიხსნა შენი გრძნობები და განცდები; თავადაც მშვენივრად ვხვდები და შენი მჭევრმეტყველება ვერ მომატყუებს. სიმართლე ის არის, რომ აღარ გიყვარვარ და მგონია, არც არასდროს გყვარებივარ, ყოველ შემთხვევაში ისე, როგორც მე მიყვარდი და ახლაც მიყვარხარ; შენ კი რაღაც გზებს ეძებ, რომ ეგ შენი ვითომ შეუბღალავი ღირსება აღიდგინო და სიყვარული არც გაგონდება. დამიჯერე, მოეშვი მაგ ღირსებაზე ზრუნვას. თავად მე ამ მხრივ ძალიან მშვიდად გახლავარ და არც ვთვალთმაქცობ. თუ შენ ისე არ გიყვარვარ, როგორც მე მიყვარხარ, მთელი ჩემი სულითა და ხორცით, მარტო იმიტომ ნურც იქორწინებ ჩემზე, რაც ჩვენ შორის მოხდა, არ მინდა ასეთი მსხვერპლი გაიღო; მიჰყევი მაგ შენს მოწოდებას, მე კი ჩემს თავს თავად მივხედავ, მაგრამ იცოდე, ვფიცავ, ან შენი გავხდები, ან არავისი. ოღონდ თუ შემხვდა კაცი, სულელი იქნება თუ სულგრძელი, და ჩემზე დაქორწინებას მაინც მოინდომებს იმის მიუხედავად, რაც ჩვენ შორის მოხდა ჩვენი ბავშვური საქციელის გამო, სულერთია, მე არ დავთანხმდები. მოსახდენი მოხდება. კარგად დაფიქრდი, სანამ რამეს მოიმოქმედებ!" რიკარდოს გული ქარიშხალში აბორგებული ტბასავით შფოთავდა. ძილი და მოსვენება სულ დაკარგა; სიცოცხლის ხალისიც კი აღარ ჰქონდა. ისევ მიუბრუნდა მისტიკოსებსა და ასკეტებს, სწავლობდა აპოლომენებსაც; მისი ღვთისმოსაობა ლამის ცრურწმენაშიც გადაიზარდა. ხანდახან აიკვიატებდა, ზარი ექვსჯერ რომ დარეკავს, თუ ამასობაში ორი ქუჩის გადაღმა გზაჯვარედინამდე ვერ მივალ, დავდგები და სულს განვუტევებო. ძალიან წუხდა, ბედს ვერა და ვერ შერიგებოდა; ამდენი ხნის სასიყვარულო ურთიერთობა, ის სასაცილო გაპარვა, სულ ეშმაკის ოინებად, ცდუნებად მიაჩნდა, რათა ცაში გადაწყვეტილი მისი ბედი არ აღსრულებულიყო და ის წინასწარმეტყველება, ანაზდად გადაშლილ სახარებაში რომ ამოიკითხა, არ გაემართლებინა. მაგრამ ლიდუვინა... ნუთუ მათი გზები სამუდამოდ გაიყრებოდა? ნუთუ მათი ბედი ვეღარასოდეს დაუკავშირდებოდა ერთმანეთს? აკი წერილი გვარწმუნებს, "რომელნი იგი ღმერთმან შეაუღლნა, კაცნი ნუ განაშორებენო". (მათე 18.6). მაგრამ ხომ არიან აბ ატენეო დაკავშირებულნი, ისინი, ვისი კეთილდღეობაც სულაც არ არის იმაზე დამოკიდებული, თუ მთელ დუნიაზე არ იქადაგებს სახარებას! ნუთუ არ შეიძლება იქადაგოს და ამავე დროს ლიდუვინასთანაც დარჩეს? განა მცნება იმას გვასწავლის, რომ უარი ვთქვათ და არ ვცადოთ გამოსწორება იმისი, რაც გამოსასწორებელია? მაგრამ, მეორე მხრივ, ქორწინება და უსიყვარულოდ?.. თუმცა ისიც ხომ ნათქვამია, სიყვარული მერე მოდისო; ურთიერთობა, თანაცხოვრება, თანაზიარობა, სიყვარულის სურვილი!.. და მაინც, არა, არა!.. იმ უცხო ქალაქში განცდილიც საკმარისი იყო... და რიკარდოს თვალწინ წარმოუდგა ის მოხუცი ქალი, ჩოქვით რომ უვლიდა გარს ეკლესიას და დიდის გაჭირვებით ზიდავდა უზარმაზარ მუცელს. ნეტავ რა ბედი ეწევა ლიდუვინას? ნუთუ მათი გზები აღარ შეიყრება?! ის გაქცევაც ეშმაკმა მოუწყო, აცდუნა, მაგრამ დროზე მოუსწრო უფალმაც და ორივეს დაანახვა ჭეშმარიტების გზა.       რიკარდოს გულში ჩარჩა მამის სიტყვები, შინ დაბრუნებულს რომ უთხრა: "ყეყეჩო! ასეთი მაინც რა ყეყეჩი ყოფილხარ! მეც ხომ ქვეყნის სასაცილო გამხადე, შენზე რომ აღარაფერი ვთქვათ! თავის დროზე მაინც გაგეფრთხილებინე, თუ ამას აპირებდი! რას იტყვის ხალხი, ტირანი ყოფილა, თუ საკუთარი შვილის ბედნიერებას წინ გადაეღობაო... ყეყეჩი ყოფილხარ და ყეყეჩზე უარესიც! თუ დედამისიც წინააღმდეგი იქნებოდა, რა უჭირდა, სადმე სანატორიუმში რომ წაგეყვანათ სამკურნალოდ; ახლა ხალხის თვალში მეც შერცხვენილი გამოვედი და მისიანებიც!.."       რიკარდოც ამას ფიქრობდა. მართლაც რომ სასაცილო დღეში ჩაიგდო თავი იმ გაპარვის გამო. ამდენმა ფიქრმა კი იმ ზომამდე მიიყვანა, რომ ბოლოს გადაწყვიტა, მშობლიური ქალაქიდან სულ გადავიხვეწებიო და წავიდა კიდეც იმ ქალაქში, სადაც ბიძამისი ცხოვრობდა თავისი ოჯახით. იმ ქალაქს გარს მაღალი გალავანი ჰქონდა შემოვლებული და ადამიანს მართლაც შეეძლო იქ სულით ლამის ზეცამდე ამაღლებულიყო; რიკარდოც კიდევ უფრო მეტი მონდომებით შეუდგა მისტიკოსების კითხვას; საათობით იჯდა ხოლმე იდუმალებით მოცული ტაძრის აბსიდის ძირას და ფიქრობდა; მთლიანად ნებდებოდა ოცნებას, ხან მოციქულად წარმოიდგენდა თავს, ხან ახალი დროის რწმენისა და ქველობის წინამორბედად, ხანაც პავლედ, ხან მეორე წმინდა ავგუსტინედ ან ბერნარდად თუ ვისენტედ, ვითომ წინ მიუძღოდა რწმენასა და ნუგეშმოწყურებულ ხალხს, კაცებისა და ქალების მთელ ჯამაათს, რომელთა შორის იყო ლიდუვინაც; ზოგჯერ ისიც კი ეზმანებოდა, ვითომ საკურთხეველთან იდგა და კითხულობდა ლეგენდებს, ვინმე ღვთივშთაგონებულ კაცს რომ შეეთხზა მის შესახებ და ამ ლეგენდებში ლიდუვინაც მოიხსენიებოდა, მასაც ექნებოდა თავისი ადგილი, საგანგებოდ მისთვის განკუთვნილი. მათი მიწერ-მოწერა კვლავაც გრძელდებოდა, ეგ არის, რიკარდოს წერილები უფრო ქადაგებას მოაგონებდა კაცს, ვიდრე სიყვარულისა და მონანიების აღიარებას.       "მომისმინე, ჩემო რიკარდო, სულ ტყუილად ირჯები, თუ გინდა გულისხმაში ჩამაგდო, – პასუხობდა ლიდუვინა, – მგონია, არც ისე უგუნურად მიგაჩნივარ, სიტყვების ასეთი კორიანტელი მჭირდებოდეს, რომ მიმახვედრო, ამით რისი თქმა გინდა. რამდენჯერ უნდა გაგიმეორო, არასოდეს გადაგეღობები შენი ბედის გზაზე, თუკი ასე გწამს და გჯერა-მეთქი. თავადაც კარგად ვიცი, რა ვქნა და რა გზას დავადგე, მაგრამ იმასაც გეტყვი, ან შენი ვიქნები, ან არავისი!"       რიკარდოს სულს უმწარებდა იმაზე ფიქრი, რომ ლიდუვინასთვის გამოსათხოვარი წერილი უნდა მიეწერა, თან ეგონა და თავსაც აჯერებდა, ასე სინდისსაც დავიმშვიდებ და ჩემსას მაინც მივაღწევო. ერთ დილასაც, წმინდა ზიარების მერე კიდეც დაწერა, მაგრამ ლიდუვინას პასუხი რომ მიიღო, ისეთი სიმხდალე და სულმოკლეობა გამოიჩინა, რომ არც კი წაიკითხა, ისე გადაუძახა ცეცხლში; თუმცა იმავ წუთს ინანა, გამწარებული ცდილობდა გადაერჩინა და წაეკითხა, რას სწერდა, რას ჩიოდა მისი მეუღლე. დიახ, მეუღლე, სწორედ მეუღლე უნდა ეწოდებინა მისთვის, დიახ, მისთვის მსხვერპლად შეწირული მეუღლე, მაგრამ მოსახდენი მაინც მოხდა და უფალი ღმერთიც ვეღარაფერს გააწყობდა; ეგებ ორივესთვის ასე სჯობდა კიდეც, ისინი ხომ სულიერად მაინც შეუღლებული იყვნენ, თუნდაც აღარასოდეს ენახათ ერთმანეთი, აღარაფერი გაეგოთ ერთმანეთზე, აღარასოდეს შეყრილიყო მათი გზები, სულერთია, ლიდუვინა მაინც დარჩებოდა მისთვის ისეთი, როგორიც იყო ბეატრიჩე, შთაგონების წყარო.       რიკარდო თავის ოთახში განმარტოვდა, დაიჩოქა და ცრემლებით დანამა სახარება, მისი ბედის მაცნე. 6       მორჩილი ძმა რიკარდოს ცხოვრების წესმა თვით მონასტრის მოძღვარიც კი შეაშფოთა, იმდენად თავდაუზოგავად მსახურებდა ქადაგების, აღსარებისა თუ განმარტოების დროს, მაგრამ ყველაზე მეტად მისი მეცადინეობა აკვირვებდა ყველას. არა, ეს არ იყო ბუნებრივი, თითქოს ეშმაკეული სასოწარკვეთილება უფრო წააქეზებდა, ვიდრე უფლის ნეტარი რწმენა და მისი ძის, ღმერთკაცისა; იმასაც ამბობდნენ, ასეთი გამწარებით იმიტომ მიილტვის იმ თავისი აკვიატებული მოწოდების აღსასრულებლად, რომ თავადაც არ სჯერაო, ანდა სულაც იმას ცდილობს, ყოვლისშემძლეს რაიმე დასცინცლოსო. წმინდა წერილში კი ნათქვამია, მოთმინებითა შენითა მოიპოვე სული შენიო, მაგრამ ძმა რიკარდოს ასეთ სიშმაგეში სახარებისეული მოთმინების ნიშანწყალიც არ ჩანდა. აღსარებაც მისი მიწიერი სიყვარულის, მისი თავგადასავლის გამო მონანიება იყო. ნათქვამია, თუ ქორწინება ცოდვაზეა აგებული, კეთილი ბოლო არ ექნებაო. იგი ლოცულობდა ლიდუვინასი და საკუთარი ბედისათვის, რამეთუ სჯეროდა, მათი ბედი განუყრელად იყო დაკავშირებული. ის საბედისწერო გაქცევა რომ არა, ეგებ კიდეც დაქორწინებულიყვნენ და მაშინ კი ასცდებოდნენ იმ ხვედრს, ცაში რომ იყო გადაწყვეტილი. მისი ლოცვებიც დაუცხრომელი და ბობოქარი იყო. ღმერთს სულ იმას ევედრებოდა, მიეცა მისთვის სიმშვიდე, შთაგონება და ყველაზე უწინ რწმენა. იგი კითხულობდა წმინდა მამებს, კემპისს, მისტიკოსებს, აპოლოგეტებს და ყველაზე გულმოდგინედ – წმინდა ავგუსტინეს "აღსარებას". ზოგჯერ თავსაც კი წარმოიდგენდა წმინდა ავგუსტინედ, რამეთუ აფრიკელის მსგავსად მანაც განიცადა ხორციელი ვნება და მიწიერი, ადამიანური სიყვარული. მისი მოსაგრე ძმები, სხვა მორჩილები, თან შიშით უყურებდნენ მას და თანაც შურით, იმ ნაღველნარევი შურით, ფარული სენივით რომაა მოდებული მონასტრებში; მათ ეჩვენებოდათ, რომ ძმა რიკარდო მარტო იმას ცდილობდა, გამორჩეული ყოფილიყო და სხვები გულში კიდეც სძულდა; ეს კი მართალი იყო. ნამდვილად დიდი მოთმინება მართებდა რიკარდოს, რომ იმ თავისი მოსაგრე მორჩილთა მიამიტობის, თვითკმაყოფილებისა და ბევრი მათგანის უმეცრებისა და მოუქნელობისათვის გაეძლო; თუმცა მათ შორის უკეთესებსაც თავს არიდებდა, უფრო ალალებსა და უბრალოებს, ისინიც სულელებად მიაჩნდა; რატომღაც ცბიერნი უფრო იზიდავდა; ისიც აწუხებდა, როცა ხედავდა, უმეტესობამ ისიც კი არ იცოდა, რისთვის მივიდნენ მონასტერში; ზოგი თურმე მშობლებმა მიიყვანეს ჯერ ისევ ბავშვები, ოღონდ კი მათ ბედ-იღბალზე ზრუნვა თავიდან აეცილებინათ, ზოგმაც თავდაპირველად დარაჯად თუ მსახურად დაიწყო მუშაობა, სხვები სიყმაწვილის გატაცებებს ანდა პოეტურ ხილვებს ეცდუნებინა. თითქმის არავინ არაფერი იცოდა იმ სამყაროსი, რომელზეც ისე ლაპარაკობდნენ, როგორც რაიმე შორეულსა და იდუმალზე. რიკარდოს თანაგრძნობით ეღიმებოდა ხოლმე, მათ გულუბრყვილო მსჯელობას რომ უსმენდა ხორციელ ცდუნებასა და ცოდვის სიტკბოებაზე, ეშმაკეულ ცდუნებად მიაჩნდათ ის, რაც რიკარდომ კარგად იცოდა, რა სისულელე იყო; მათ კი არაფერი გაეგებოდათ ამქვეყნიური სიყვარულის ამაოებისა.       რაკი მორჩილებს შორისაც გავრცელდა ხმა ძმა რიკარდოს საიდუმლო თავგადასავლის შესახებ, რაც მონასტერში მისი მოსვლის მიზეზი გამხდარიყო, ხანდახან სიტყვასაც გადაუკრავდნენ ხოლმე, მაგრამ როცა ის ქედმაღლური ღიმილით მიახვედრებდა, ვითომ ეშმაკეულის, ამქვეყნიურისა თუ ხორციელის ასე გაზვიადება არც ღირსო, ისინი პასუხობდნენ: – ცხადია, თქვენ უკეთ მოგეხსენებათ, ჩვენთან შედარებით აკი მეტი გამოცდილება გაქვთო... ეს კიდეც აამებდა მის პატივმოყვარეობას, მაგრამ თუ პირდაპირ მიანიშნებდნენ მისი სიყვარულისა და ლიდუვინასთან ერთად მისი გაქცევის თაობაზე, ეს უკვე აბრაზებდა და ფიქრობდა, ვერც მონასტრის მაღალი გალავანი, ვერც თანამოსაგრეთა მიამიტობა ვერ უშველიდა, რომ მისი სასაცილო მდგომარეობა სალაპარაკო და საქილიკო არ გამხდარიყო აქაც და მშობლიურ ქალაქშიც.       მორჩილთა მოძღვარმაც ვერა და ვერ ირწმუნა ძმა რიკარდოს ესოდენი გულმოდგინება. მამა პრიორთან საუბრისას ესეც კი თქვა:  – მამაო, თუ დამიჯერებთ, ვერაფერი გამიგია ამ ჩვენი ძმა რიკარდოსი. აქ საკმაოდ ჩამოყალიბებული მოვიდა და საკმაოდ თავისებური ჩვევებიც მოჰყვა; თითქოს სულ რაღაცას ჩქმალავს. ცხადია, სრულიად განსხვავდება იმათგან, ვინც სულითა და ხორცითაა გადაგებული თავის მოვალეობაზე; ის კი მარტო საკუთარი თავის წარმოჩენაზე ზრუნავს, ამასთან, დარწმუნებულია, რომ სხვებთან შედარებით დიდი უპირატესობა აქვს და თავისი თანამოსაგრეები სძულს კიდეც. თითქოს უკეთურება უფრო იზიდავს, ვიდრე მადლიანი უბრალოება; ერთხელ ჩემთანაც კი აღიარა, სულელი ბოროტზე უარესიაო. რჩეული წმინდანები, რა მკაცრებიც უნდა იყვნენ, მასში უფრო მეტ აღფრთოვანებას იწვევენ, თუმცა ვეჭვობ, მათ მიბაძვას ცდილობდეს, თანაც, ჩემი აზრით, ეს ლიტერატურიდან მოჰყვება. მგონი, ნეტარი ენრიკე სუსონი მისი ყველაზე დიდი გატაცება უნდა იყოს, თუმცა ალბათ ეს მჭევრმეტყველებაში გაწაფვისთვის უფრო სჭირდება.  – მჭევრმეტყველებაში გაწაფვისთვის და ისიც სუსონი?.. – შესძახა მამა პრიორმა, რომელიც მთელ იმ მხარეში დიდი მჭევრმეტყველის სახელით იყო ცნობილი. – დიახ, ჩვენს ძმას რიკარდოსაც სწორედ მჭევრმეტყველად მოაქვს თავი და თავისი ნიჭის გამოვლენის საუკეთესო საშუალებაც მჭევრმეტყველება ჰგონია; თანაც ვფიქრობ, სავონაროლას, მონსაბრესა და ლაკორდერის დროებაზე ოცნებობს. ვინ იცის, ეგებ მეტზეც!.. მერე კიდევ, მისი ვითომ სახარებისეული გამოცხადებაც არ უნდა დაგვავიწყდეს, აკი აქედან დაიწყო მისი აკვიატებაც – "წარვედი ყოველსა სოფელსაო"... თუმცა სახარება იმდენად არ შთააგონებს, რამდენადაც ქადაგება...  – მამა პედრო! მამა პედრო! – შესძახა მამა პრიორმა საყვედურით.  – ეეჰ, მამა ლუის, ხომ არ გავიწყდებათ, რომ ამისთანა რამეებში საკმაოდ გამობრძმედილი გახლავარ!.. რამდენ მორჩილს გაუვლია ჩემს ხელში... ესეც არ იყოს, ამგვარი ფსიქოლოგიური დაკვირვებები ყოველთვის მიტაცებდა და მეტისმეტადაც მიტაცებდა...  – ჰმ!.. ჰმ!.. მეც რაღაც-რაღაცებს კი ვხვდებოდი...  – ჰო, გასაგებია, მამა პრიორ, მაგრამ ასეთი რაღაც-რაღაცები მეც კარგად მომეხსენება, ეს მოწოდებებია თუ ზეშთაგონება... ხოლო რაც შეეხება ამ ყმაწვილს, ღმერთმა ინებოს, ვცდებოდე, მაგრამ უფრო წინასწარმეტყველებაზე მიგვანიშნებს, ვიდრე ზეშთაგონებაზე, ანდა შეიძლება სულაც უფრო მეტზეც...  – რაო, რაო? მამა მოძღვარო, ეს რაღას ნიშნავს, რისი თქმა გინდათ?  – ვთქვათ თუნდაც... ეპისკოპოსობაზე...  – ასე გგონია?  – რატომაც არა! ეს ყმაწვილი სულის სიღრმეში დიდი თავკერძაც უნდა იყოს... თუნდაც ის, რაც ჩაიდინა... ერთი სიტყვით, ის საბრალო გოგონა რომ შეაცდინა, განა ეს თავკერძობა არ იყო? მერე კი აქ რომ გამოგვეცხადა, ვითომ იმედგაცრუებული თუ მეოცნებე, ან სულაც თავის მოწონების მიზნით... ვინ იცის, კიდევ რა უდევს გულში...  – თავის მოწონება და ისიც ბერის ანაფორით? – შესძახა მამა პრიორმა და ისე გულიანად გაიცინა, რომ მთელი თავისი ლამაზი კბილები გამოაჩინა, – თავის მოწონება და ისიც ბერის ანაფორით? დიდება შენდა უფალო, რას არ იტყვით, მამა პედრო!  – დიახ, თავის მოწონება ბერის ანაფორით, ვთქვი და არც გადავთქვამ; არც თქვენ, მამა ლუის, და არც მე აკი ამით არ ვიწონებთ თავს, მაგრამ ახლანდელ დროში და მით უმეტეს, ჩვენი მორჩილი ძმა რიკარდოსთანა კაცისთვის ბერის ანაფორა ეგებ ერთგვარი გამოწვევაც კი იყოს საზოგადოებისთვის, ამისთანა ვითომ რომანტიკული და გამორჩეული კაცის მხრიდან. ესეც არ იყოს, პატივმოყვარეობა...  – პატივმოყვარეობა?  – დიახ, პატივმოყვარეობა, პირობები, მდგომარეობა, პატივი და სახელი, – მონასტრით უფრო ადვილი მოსაპოვებელია, ვიდრე სხვა გზებით... დარწმუნებული ვარ, ეს ყმაწვილი ძალიან შორს იყურება... ამაზე ნუღარ ვილაპარაკებთ... თუმცა არც ის უნდა დაგვავიწყდეს, რომ იგი არც პირველია და არც უკანასკნელი, იმედგაცრუებასა და რელიგიურობას რომაა ამოფარებული და სინამდვილეში თეატრალობისკენაა მიდრეკილი; ამას არ უარვყოფ, ან როგორ უნდა უარვყო ის, რამაც იგი აქ, მონასტერში მოიყვანა. თქვენ თუ გახსოვთ, მამაო, ძმა როდრიგო კარმელიტი, არისტოკრატთა სალონებში რომ გაითქვა სახელი თავისი მსახიობური ნიჭით, მაგრამ სცენაზე კი არ დარჩა, ბოლოს მაინც მონასტერს მიაშურა...  – როგორ არა, ახლა მონასტერიც დაუტოვებია და გავიგე, ახალი რელიგიის შექმნას აპირებსო.  – ყოველთვის კომიკოსი იყო! ამ ჩვენს ძმა რიკარდოშიც ხომ კომიკოსი ზის, ოღონდ ეგ არის, იმედი აქვს, რომ მთავარ როლს ითამაშებს და ეგებ მიტრასაც გამოჰკრას ხელი, ან კიდევ, ვინ იცის... მისი ოცნებები შეიძლება კიდევ უფრო შორს მიდის...  – რაო, რაო? თქვით ბარემ, მამაო, თქვით!  – არა, არაფერი, არაფერი! მგონი, ეს უკვე ჭორაობა გამოდის...  – მე უკვე კარგა ხანია ასეც მეჩვენება!  – მაგრამ, ბოლოს და ბოლოს, მამა პრიორო, ვფიქრობ, ჩემი ვალი იყო ეს ცნობები თქვენთვის მომეწოდებინა. თვითონ ყმაწვილი დარწმუნებულია, რომ ჩვენი სამოსელი ძალიან დამშვენდება, ის კი არა, იმასაც ვეჭვობ, თავი ლამაზი და მოხდენილიც ჰგონია და ოცნებებით უკვე წარმოიდგენს თავს, საკურთხეველთან თეთრ სამოსელში გამოწყობილი რარიგად გაბრწყინდება.  – მაინც რა ვერაგი ვინმე ბრძანდებით, მამა პედრო!..       "ბებერი მელა, მამა პედრო, ბებერი მელა... – რომელიც ვერასოდეს ეღირსება ეპისკოპოსობას!" – გაიფიქრა მამა პრიორმა, თავადაც რომ დაემშვიდობა ამაზე ოცნებას. 7       საბრალო ლიდუვინას მამა პრიორისა და მორჩილთა მოძღვრის საუბარი რომ მოესმინა!.. თუმცა რა იმედი უნდა ჰქონოდა ლიდუვინას რიკარდოსი მას შემდეგ, რაც თავადაც მონასტერს შეაფარა თავი და ცრემლდაშრეტილმა და გულდაცარიელებულმა თავადაც მონასტერში დაასამარა თავისი ყმაწვილქალობა. თავდაპირველად იმ მონასტერში უნდოდა შესვლა, სადაც მოწაფეებს შემპარავად, მაგრამ მაინც შთააგონებდნენ მამაკაცებისადმი ზიზღსა და სიძულვილს, რასაც უკვე გრძნობდა კიდეც იმ მართლაცდა მშიშარა და თავკერძა მამაკაცების მიმართ; მაშინ რატომ უნდა გადაეხსნა გული მათ წინაშე და გაშიშვლებულიყო, რატომ გაემწვავებინა ტკივილი შურისძიების გამო? არა, ისევ იმ ორდენში ერჩივნა შესვლა, სადაც მჭევრმეტყველებას, განდგომილებას, დუმილს, მონანიებასა და ლოცვებს ჰქონდა უპირატესობა, ასე უფრო იგრძნობდა შვებას. გარე სამყაროს ექო მაინც აღწევდა იქამდე და სიყვარული გაუადვილებდა სიკვდილის მოლოდინს.       და ასე გაემგზავრა ლიდუვინაც შორეულ, მიყრუებულ ქალაქ ტოლვიედრაში, მთაგორიან მხარეში და იქ ბენედიქტელთა ძველთაძველ მონასტერში, ოთხ კედელს შორის გამოიმწყვდია თავი. ბაღში კვიპაროსიც იდგა, მისი მშობლიური ქალაქის ურსულელთა მონასტრის კვიპაროსის ნამდვილი ასლი, მისი ყმაწვილქალობის მოგონება და როცა ამ ქუფრი ხის ქვეშ იჯდა ხოლმე და გაჰყურებდა ცეცხლისფრად ჩამავალ მზეს, ახსენდებოდა ადრინდელი საღამოები, უცნაურ შვებას ჰგვრიდა ეს სევდიანი ბაღი, სადაც ბოსტნეული მოჰყავდათ, აქა-იქ კი ჩამომჭკნარი ყვავილებიც მოჩანდა, რომელთაც მხოლოდ ის რწყავდა. ეს სევდიანი ბაღი, ბუნების ეს პატარა ნაგლეჯი, მასავით ამ მაღალ კედლებს შორის გამომწყვდეული, ასევე მონასტრის ტყვე იყო, აქედან სხვა სამყარო არ ჩანდა, ეგ არის, ცას ეს ღობე და კედლები ვერ მალავდა. ცის ლაჟვარდზე სწრაფად დაცურავდნენ ღრუბლის ქულები და ჩრდილს უწყალობებდნენ, ხანდახან მტრედიც გადაიფრენდა თეთრი ფრთების ტყლაშუნით, როცა თავისი თბილი ბუდისკენ მიეშურებოდა. როცა წვიმა თავის მსუბუქ, შავ მანტიას გადააფარებდა აქაურობას, მონასტერიც და მის მიღმა მიწაც ერთნაირად სველდებოდა. ღამღამობით ლიდუვინა თავის შავ თვალებს მიაპყრობდა ვარსკვლავებსა და ნახევარმთვარეს, პატარა გემივით რომ მიცურავდა ღრუბლებს შორის; დღისით კედლებს გადაღმა ხალხი მიდი-მოდიოდა და მათი ხმა შიგნითაც აღწევდა, ზოგჯერ გიტარის ხმასაც გაიგონებდა; მერე ამ სხვა სამყაროს ექოს მოჰყვებოდა მოგონებები, თვალწინ წარმოუდგებოდა ის მოხუცი ქალიც, ჩოქვით რომ უვლიდა ლიტანიას, კრიალოსანი რომ ჩაებღუჯა და ძლივძლივობით ეზიდებოდა უზარმაზარ მუცელს; ახსენდებოდა კიდევ ის განმარტოებული ცრემლების ტაძარი, საბედისწერო მგზავრობა მატარებლით, მდინარე, ავდრისაგან ამღვრეულ წყალს რომ მიაქანებდა ნაძვების, ზეთისხილისა და ფორთოხლის ხეებს შორის. ის ქალაქი ცოდვის ქალაქად ესახებოდა. ცოდვის? იყო კი ის ნამდვილად ცოდვა? ნუთუ ისაა ცოდვა, ასე მიმზიდველ ფერებში რომ ხატავენ ხოლმე?!. თუმცა ცოდვა ხომ იგივეა, რაც ცნობისმოყვარეობა და მეტი არც არაფერი. აკი სწორედ ცნობისმოყვარეობამ, ცოდნის წყურვილმა უბიძგა ევასაც, როცა შესცოდა, ცნობისმოყვარეობის გამოა, რომ სცოდავენ მისი შვილებიც. ეგებ უკეთესის მომასწავებელიც იყოს, რიკარდომ რომ მიატოვა... ან უარესისაც... ამაზე ფიქრიც აღარ უნდოდა. კაცი ხომ თავკერძობის განსახიერებაა... მწარედ ახსენდებოდა თავისი დის უცნაური ღიმილი მონასტრის ჭიშკართან, დამშვიდობებისას რომ გადაურბინა სახეზე და უთხრა: "ეგებ აქ მაინც პოვო ბედნიერებაო". მაინც რა უკეთურია ეს სამყარო.       მაგრამ აქაც, მონასტერშიც რომ იგივე დახვდა!.. თუმცა ესეც ხომ ამ სამყაროს ერთი პატარა ნაწილია; აქ დამკვიდრებული უსაქმურობა, ოჯახური ჩვევებისაგან მოწყვეტა, ერთფეროვანი ცხოვრება აკი უფრო ამწვავებს გრძნობებს; მონაზვნური ცხოვრების ეს ნაღველნარევი სიმშვიდე კიდევ უფრო აღვივებს ვნებებს, უნდობლობას და შურს თესავს თანამოსაგრეთა შორის.       წელიწადში ერთხელ გალავანს გადაღმა ბავშვების რიგი ჩაივლიდა ხოლმე და ამ დღეს მონასტრის ბინადარნი, დები, დედები – დედები, საბრალონი! – მაშინვე რკინის გისოსებს მიაწყდებოდნენ, ყვავილებს აყრიდნენ, წმინდანთა მადლითაა ცხებულიო. მათთვის რომ ეთქვათ, დონ ხუან ტენორიო მკვდრეთით აღდგა და ქალაქში გამოჩნდაო, ალბათ, ასე შეშლილებივით არ გაცვივდებოდნენ მის სანახავად. ყველას თავ-თავის სენაკში საკუთარი ჩვილი იესო ჰყავდა – ლამაზი თოჯინა, რომელსაც ხდიდნენ და აცმევდნენ, ყვავილებით ამკობდნენ, ოღონდ მალულ-ფარულად, ზოგჯერ მუხლებზე დაიწვენდნენ და ცოცხალი ბავშვივით უნანავებდნენ. ერთხელ მონასტერში ეპისკოპოსის ნებართვით ერთმა ფოტოგრაფმა შეაღწია რომანული სტილის თაღის გადასაღებად. მაშინ უნდა გენახათ, რა ყოფით გამოცვივდნენ მონაზვნები, თავიანთ ჩვილ იესოსთან ერთად სურათი რომ გადაეღოთ.  – იქით გაიწიე, – ეუბნებოდა ერთი მეორეს, – ჩემი შენსას სჯობია, აბა, ერთი შეხედე, როგორი თვალები აქვს! ლიდუვინა კი ამ დროს განზე იდგა ჩუმად, თავისთვის, და ამდენი იმედგაცრუებული დედის ყურებაზე გული ეთუთქებოდა. ნეტავი მასაც ჰყოლოდა შვილი, ნამდვილი, სისხლისა და ხორცისაგან ქმნილი ბიჭი! ვაი, რომ ის გაქცევა ასეთი უნაყოფო გამოდგა! მართალი ყოფილა რიკარდო, ამიტომაც გახდნენ სასაცილონი, რომ იმ გაპარვას შედეგი არ მოჰყვა, მაგრამ განგების ნებით რომ... "არა! ბავშვი რომ ჰყოლოდათ, ბიჭი, სიყვარულის ნაყოფი, მაშინ ეგებ სიყვარულიც ხელახლა დაბადებულიყო! – ფიქრობდა ლიდუვინა, – სიყვარული თავიდან დაიბადებოდა. არა... აღდგებოდა, რამეთუ მათ უყვარდათ ერთმანეთი, დიახ, უყვარდათ, თუმცა რიკარდო იმ თავისი თავკერძობისა და პატივმოყვარეობის გამო ამას არ აღიარებდა... შვილი რომ გასჩენოდათ, აღარც რიკარდო გასწირავდა მას თავისი მოწოდების გულისათვის, ან რა ასეთი მოწოდება ჰქონდა! ან რისკენ!.. ეეჰ, საბრალო ლიდუვინას მორჩილთა მოძღვრისთვის რომ მოესმინა!.." და ამ ფიქრებში ლიდუვინას კვლავ თავისი პატარა ძმა გაახსენდებოდა, ცისფერთვალა, ოქროსთმიანი, მუდამ ღიმილიანი და თითქოს მისი ხმაც კი ესმოდა, თავისი სიყმაწვილის შორეთიდან რომ ეძახდა: "ინა! ინა! ინა!" რა მალე გაქრა მისი "ინა" იმ დილის წარმავალი სიზმრიდან! რა მალე გაქრა რიკარდოს "ნენა"! განგების ძალით ასევე მალე გაქრება და წავა ყველაფერი! მაგრამ სად? იმ სამყაროში, სადაც არ არის უკეთურობა, სიყალბე, სადაც არ იქნება დედის დუმილი, ვერ დაინახავს სახემოქუფრულ დას, საქმროს თავკერძობას, თანამოსაგრეთა შურს?!       ვინ იცის, როგორ ევედრებოდა საბრალო ლიდუვინა ქალწულ მარიამს მუხლმოდრეკილი: "დედაო, დედაო, ნუთუ ვერ შესთხოვე შენი შვილის მამას, ჩვენს ყოვლისშემძლე უფალს, ჩემთვის მოეცა შვილი, მეც მღირსებოდა დედობა რიკარდოს შვილისა! თუმცა არა, არა!.. მომიტევე!" – და იგი ცრემლად იღვრებოდა, რამეთუ გულით სწადდა, შერიგებოდა თავის ხვედრს, მონასტრის კედლებში სამუდამო ტყვეობას. ესღა ასაზრდოებდა მის სევდას, იმ უკურნებელ სევდას, რაც ალბათ სამარის კარამდე გაჰყვებოდა; ამიტომ განიცდიდა ასე მწვავედ თანამოსაგრე მონაზვნების ბავშვურ მხიარულებას, რომელთაც ალბათ მისტიკოსთა წიგნებში თუ ამოეკითხათ, ჭეშმარიტი წმინდანი გულით მხიარულიაო და თვითონაც ამიტომ ასე ბავშვური ყიჟინითა და ტაშით გამოხატავდნენ მხიარულებას; კიდევ უფრო მეტი ჟივილ-ხივილი ისმოდა ხოლმე შობის დღესასწაულზე, იესოს შობის დღეს, წინასწარ ემზადებოდნენ და მერე თავისუფლად დანავარდობდნენ, ცეკვავდნენ, შეშლილებივით კისკისებდნენ, დაირას გამალებით უტყაპუნებდნენ და მთელ ბარს ხმაურით იკლებდნენ.  – დაო ლიდუვინა, მოდი, შენც იცეკვე!       ის კი პასუხობდა:  – არ შემიძლია, ძალიან სუსტი ფეხები მაქვს!       ისინიც თავისებურად პატივს სცემდნენ მის სევდას, თუმცა კი რაღაცას ხვდებოდნენ, მისი სევდის ნამდვილი მიზეზისა მაინც არაფერი იცოდნენ. მათ მხიარულებას ზღვარი არ უჩანდა, დროდადრო შესძახებდნენ: "დაილოცოს ჩემი იესო! რა საშურია ცხოვრება!" და ეს იყო მათი ნეტარი ცხოვრება, მათი მხიარულება, წმინდა მხიარულების მიბაძვით გამოწვეული მხიარულება.       დღე დღეს მისდევდა, ყველა ერთნაირი და ყველა უღიმღამო. ლიდუვინას არასდროს დაავიწყდებოდა, რომ რიკარდოსთვის ელოცა, გაენათებინა მისთვის გონება და ისიც შეენდო ზენაარს. 8       ძმა რიკარდოს სახელი და მისი ქადაგების ამბავი მთელ ქვეყანას მოედო; იმასაც ამბობდნენ, ესპანეთის ოქროს საუკუნის წმინდა მჭევრმეტყველება სწორედ მან ააღორძინაო. იგი იყო ბობოქარიც და თვინიერიც, მუდამ მშვიდი კილო ჰქონდა, ზომიერი მიხრა-მოხრა, მეთოდური და ნათელი გადმოცემის უნარი, თუმცა მუდამ იგრძნობოდა შინაგანი ცეცხლი, მაგრამ ისიც მოზომილი, მისი თვინიერებაც მოზომილი იყო.       მავანნი, ვინც მის მსჯელობას შესწრებოდნენ, ვნების ნაკლებობას საყვედურობდნენ, თუმცა ისეთი უბირნიც ხომ არიან, ვისაც ვერ გაუგია, რომ გონიერება სხვა არაფერია, თუ არა ვნება. მისი ანტითეზები და პარადოქსები ზოგს გონებისმიერი ეჩვენებოდა და კი ვერ მიმხვდარიყვნენ, რომ წმინდა ავგუსტინე აფრიკელის ანტითეზებისა და პარადოქსების დარად, ძმა რიკარდოს ანტითეზებიცა და პარადოქსებიც ვნების ქურაში გამომწვარ-გამობრძმედილი ალმასები იყო. რაკი მის ქადაგებაში უქმსიტყვაობის სულ მცირე მინიშნებებიც კი არ ჩანდა, ამიტომაც გაიძახოდნენ, ცივიაო და ამ დროს ცივსა და ვნების ქურაში გამოკვერილს ერთმანეთისგან ვერ ასხვავებდნენ, რამეთუ ძმა რიკარდოს ქადაგება ისეთი გამომშრალი და ისეთი ცხელი იყო, ვითარცა სულიერი უდაბნოს სილა; მისი პატივმოყვარეობითა და მონანიებით გაჯერებული სულიც ასევე გიზგიზებდა, მაგრამ ხანდახან ბნელიც იყო, ბნელი სხვათათვისაც და თავისთვისაც, ოღონდ იმ დროს, როცა აზრს ეძებდა. და ასე ესაუბრებოდა იგი არა ბრბოს, მას რომ უსმენდა, არამედ თითოეულს ცალ-ცალკე, რამეთუ ისინი ქმნიდნენ ბრბოს, მისი ნაწილი იყვნენ; და ასე საუბრობდა იგი სულით სულთან.       მისი მჭევრმეტყველება თითქოს ქაოსურიც იყო, თან წყვეტილიც, მაგრამ არანაირი მიკერძოება, სულ მცირე სილოგიზმები, პარაბოლები, მეტაფორები და პარადოქსები, რასაც სახარებაშიც ვკითხულობთ ხოლმე და მოულოდნელი გადასვლები, ნამდვილი ნახტომები.  – საქმე ისაა, რომ ორატორი არ არის და მაინც გვაჯადოებს, – ამბობდნენ პედანტები. ძმა რიკარდო ჩვეულებრივად ლაპარაკობდა ხოლმე ისეთ თემებზე, საჭირბოროტოს რომ უწოდებენ, – რწმენის უკმარისობაზე, გონებასა და რწმენას შორის ბრძოლაზე, რელიგიისა და მეცნიერების დაპირისპირებაზე, სოციალურ საკითხებზე, ღარიბებისა და მდიდრების თავკერძობასა თუ გულმოწყალების უქონლობაზე, მაგრამ ყველაზე მეტად – იმქვეყნიურ ცხოვრებაზე. ოღონდ, თუ სიყვარულზე იტყოდა, მყისვე შეატყობდით, როგორ გარდაისახებოდა.       უკვე მის ეპისკოპოსად კურთხევის თაობაზეც ალაპარაკდნენ, მაგრამ იმის მიუხედავად, რომ ასეთი სახელი მოიხვეჭა, იმის მიუხედავად, რომ მისი უზადო ყოფაქცევა სამაგალითო გამხდარიყო, მაინც ამჩნევდნენ, რაღაც სიმძიმე, მეტად უცხო და გამოუცნობი სიმძიმე აწვა; და მაინც რომ არ სწყალობდნენ თანამოსაგრენი, ვერა და ვერ მოიგო მათი გული, მათი კეთილგანწყობა ვერ მოიპოვა, ვინც მონუსხულივით უსმენდა; ამას ყველაზე უფრო ქალები გრძნობდნენ, – მართლაც რომ მოჯადოებულებივით შესციცინებდნენ და თან ცახცახებდნენ, – რომ მისი მგზნებარე სიტყვების მიღმა რაღაც ძალზე მტკივნეული საიდუმლო იმალებოდა, ამას კი ხედავდნენ მაშინ, როცა თავის ყველაზე სანუკვარ თემაზე – სამოთხის ბაღის ტრაგედიაზე უამბობდა მათ, როცა ევამ აცდუნა ადამი, რომ ეგემა ნაყოფი ხისაგან ცნობადისა კეთილისა და ბოროტისა და მერე განდევნილ იქნენ უცოდველთა ბაღიდან და ამის მერე იყო, რომ ედემს აღმოსავლეთით ქერუბიმები და ცეცხლოვანი მახვილი იცავდნენ, რათა სიცოცხლის ხეს ვეღარავინ მიჰკარებოდა; ანდა სამსონისა და დალილას ცოდვა-ბრალის ამბავს რომ მოუთხრობდა; ყურს მიაპყრობდნენ, მაგრამ ნუგეში არ ისმოდა მის სიტყვებში, ოდენ მწარე სევდა, სიმძიმილი და უბედობა თრგუნავდა ყველას.       ზოგჯერ მის ხმაში ქვითინი და კვნესაც გაისმოდა, თითქოს მსმენელებს თანაგრძნობას შესთხოვსო, მაგრამ სწორედ მაშინ უნდა ამოგეცნოთ მისი სულის დაუოკებელი ბორგვა, თითქოს კიდეც გაიბრძოლებდა, რათა გაეგლიჯა ბორკილები და თავი გაეთავისუფლებინა, თუმცა მალევე მოეგებოდა გონს, ერთბაშად გარდაისახებოდა ისე, რომ დაუნდობელიც კი მოეჩვენებოდა კაცს. ამიტომ იტყოდნენ ხოლმე, ჩვენი საბრალობელი და შეჭირვებული სულისათვის ასეთი მშფოთვარე და დაუზოგავი წინასწარმეტყველი მეტისმეტიაო, ამ ტაძარში რომ მოვდივართ, უწინ მის წიაღში შვება და ნუგეში გვინდა ვპოვოთ, თორემ საფიქრელი და სადარდელი ისედაც არ გვაკლიაო. იგი არ უყვარდა ხალხს, არა, არ უყვარდა; ამაოდ ცდილობდა ენუგეშებინა ისინი, თუკი შეეძლო. ეს დაუდგრომელი მოციქული მარტოობისთვის იყო განწირული.       მარტოსულადაც გრძნობდა თავს და როცა სულ მარტო რჩებოდა, მაშინ თუ გამოუტყდებოდა ხოლმე ისევ საკუთარ თავს: "ასეა, ეს სასჯელი ღმერთმა იმისთვის მომივლინა, რომ ლიდუვინას ვუმუხთლე, მივატოვე და ჩემს პატივმოყვარეობას ვანაცვალე. ახლაღა მივხვდი და გავიგე; ვფიქრობდი, ქალი, ოჯახი მძიმე ტვირთად დამაწვებოდა და სახელისა თუ დიდებისაკენ მიმავალ გზას გადამიღობავდა". მაგრამ მერე, ისევ მარტომყოფი, თვალებს დახუჭავდა, აღარ უნდოდა დაენახა შორს ლანდი ტიარისა. "ნამდვილი თავკერძა ვარ, – იტყოდა ხოლმე ასეთ დროს, – ნამდვილი თავკერძა და მეტი არაფერი, ვესწრაფოდი ამბიონს, სცენას, რაკი მჯეროდა, გარდასახვის ჩემს ნიჭს სწორედ იქ გამოვავლენდი, მაგრამ საკუთარ თავზე მეტად არასოდეს არავისზე და არაფერზე მიზრუნია". 9       ბოლოს და ბოლოს, ის მოხდა, რაზეც რიკარდო იდუმალ ოცნებობდა, სწორედ ახლა შეეძლო, საკუთარი ნიჭისა და მოწოდებისთვის ერთი კარგი გამოცდა მოეწყო. ასე იყო თუ ისე, იგი მიიწვიეს ტოლვიედრას დედათა მონასტერში. როცა ეს ამბავი შეიტყო, მას მერე თვალზე რული აღარ მიჰკარებია, გულმა მოსვენება დაკარგა. ღვთის წყალობით, მრევლმა, ხალხმა, ანდა, ასე ვთქვათ, საზოგადოებამ არაფერი იცოდა იმის შესახებ, რა აკავშირებდა მას ამ მონასტერთან: ეს ყველასთვის საიდუმლო იყო. ახლა კი, ახლა მაინც საკვირველ სანახაობას მოაწყობდა, ოღონდ მხოლოდ ორისთვის, მისთვის და თავისთვის. დიახ, მისთვის, თავისი ბედის ავბედითი მოზიარისთვის, ახლა გული გულს დაელაპარაკებოდა, ამ ბრბოსთვის, ამ უბირი, მონუსხული ბრბოსთვის კი ყველაფერი ისევ საიდუმლოდ დარჩებოდა; ამ დღეს მის წინაშე იტყოდა აღსარებას, იტყოდა ყველას თანდასწრებით, მაგრამ ყველასთვის მიუწვდომელსა და გამოუცნობს. ეს იქნებოდა ქრისტიანული მჭევრმეტყველების ისტორიაში აქამდე გაუგონარი გამარჯვება, თუმცა კი შეიძლება ერთადერთი და უძნელესი გამოცდაც ყოფილიყო, რაც უეჭველი გამარჯვებით დაგვირგვინდებოდა. ეეჰ, იმ საცოდავმა ღვთისმოსავებმა რომ იცოდნენ ამ ავბედითი, საბედისწერო დრამის ის სცენა, რომლის გამართვასაც აპირებს!.. და ეს ჩვენი კომიკური წინასწარმეტყველი გიჟურ ნეტარებას განიცდიდა...       და ეს დღეც დადგა. ტაძარს აურაცხელი ხალხი მიაწყდა. ერთი სული ჰქონდათ, მოესმინათ ამ სახელგანთქმული ქადაგისთვის. მოდიოდნენ და მოდიოდნენ ახლომახლო სოფლებიდან თუ ქალაქებიდან. საკურთხეველი ოქროსავით ელვარებდა. ჯებირს მიღმა, ფარდის უკან გაყუჩებული ქორო მოუთმენლად ელოდა რაღაც იდუმალსა და უჩვეულოს. დროდადრო იქიდან შეკავებული ხველების ხმა თუ გაისმოდა. ძმა რიკარდო აუჩქარებელი ნაბიჯით მივიდა ამბიონთან, ამოიღო ცხვირსახოცი და შუბლი მოიწმინდა. ანაფორის თეთრი, ფართო სახელო მყისიერად თეთრ ფრთასავით აეფარა მის სახეს; მერე თვალი მოავლო შეკრებილთ და ერთი წამით მზერა ფარდაზე შეაჩერა, სადაც ქორო ეგულებოდა; მერე დაიჩოქა და წაიკითხა "გიხაროდენ, ღვთისმშობელო", ხელები ამბიონზე დააწყო და ზედ შუბლი დაადო; გაჩახჩახებული სანთლების შუქზე ტოზურა სულ ერთიანად ულაპლაპებდა; მერე წამოდგა; გაისმა შეკავებული ხველება, კაბების შრიალი და ჩამოვარდა სამარისებური სიჩუმე. რაღაც უჩვეულო ხდებოდა ქადაგის თავს, ენა ებმოდა, ბორძიკობდა, ერთსა და იმავეს იმეორებდა, ხანაც სულ ჩერდებოდა, მღელვარებას ვერ ფარავდა; თანდათან დამშვიდდა, მის ხმასა და მიხრა-მოხრას ნელ-ნელა სიმტკიცე შეემატა და მისი სიტყვებიც ცეცხლოვან მდინარესავით მოჩქეფდა.       მორწმუნენი სულგანაბულები უსმენდნენ. ტაძარში იდუმალების ტრაგიკული სული დატრიალდა, ასე გეგონებოდათ, რაღაც უჩვეულო და სასწაულებრივი რამ უნდა მომხდარიყო. იგი უკვე აღარ იყო ადამიანი, ახლა ლაპარაკობდა მხოლოდ გული და ლაპარაკობდა სიყვარულზე, ღვთაებრივ სიყვარულზე, მაგრამ უფრო ადამიანურ სიყვარულზე რომ გაფიქრებინებდათ.       ყველას, ვინც კი მას ყურს მიაპყრობდა, ისეთი გრძნობა იპყრობდა, თითქოს სულის მანამდე უცნობ სიღრმეებში იძირებოდა, რაღაც შეუცნობლის უფსკრულში ინთქმებოდა. მისი ხმა ღადარივით გიზგიზებდა. იგი უბნობდა სიყვარულზე, რომელიც გვეუფლება და გვიმორჩილებს მაშინაც კი, როცა გვგონია, რომ ის ჩვენგან შორსაა. და იტყოდა იგი:       "დაელოდეთ სიყვარულს! მხოლოდ ის გრძნობს ამას საკუთარ გულსა და გვამში, ვინც ელოდება! ჩვენ გვგონია, რომ ვეხვევით მის ლანდს, მაშინ როცა სიყვარული, უხილავი და უჩინარი, თავად გვეხვევა და გვბოჭავს, როცა გვეჩვენება, რომ იგი მოკვდა ჩვენში, აკი თურმე ჩვენ მოვმკვდარვართ მასში. და მერე იგი გაიღვიძებს და გაიღვიძებს სწორედ იმ დროს, როცა ტკივილი მოუხმობს, რამეთუ ჭეშმარიტი სიყვარულით მანამდე არ შეგვიყვარდება, სანამ შეყვარებულთა გულები ერთად არ დაინაყება ტანჯვის სანაყში. სიყვარული თანაზიარი ვნებაა, ლტოლვაა, თანაგრძნობა, ზიარი ტკივილია. ჩვენ ვერც ვხვდებით, რომ სიყვარული გვაცოცხლებს, ისევე როგორც არასოდეს ვფიქრობთ, ჰაერით თუ ვსუნთქავთ, სანამ უჰაერობით სული არ შეგვეხუთება. დაელოდეთ სიყვარულს! დაელოდეთ სიყვარულს, რამეთუ მას მხოლოდ ის უხმობს, ვინც უკვე გრძნობს მას საკუთარ გულში, საკუთარ სისხლში, თუმცა თავად ეგებ ვერც ხვდება. ის იმ წყალსა ჰგავს, მიწის ქვეშ რომ მიედინება და გვალვას სიცოცხლისკენ მოაბრუნებს. ზოგჯერ ისეთ დაუცხრომელ წყურვილს ვგრძნობ, როგორსაც მინდორი ხვატისაგან გადაბუგული, როცა მწველი სიცხისა და ალმურისაგან მოშუშული ფოთლები მიწას ეფინება, მიწის ქვეშ კი, იმავ მინდვრის ქვეშ, სიღრმეში, მომაკვდავი სიმწვანის ქვეშ, მიედინება მაცოცხლებელი წყალი, მირაკრაკებს ქვებსა და ლოდებს შორის, უერთდება გამხმარი ფოთლების შრიალს მისი ბუტბუტი და მერე დგება წამი, როცა მოწყურებული, გამომშრალი მიწა გაიპობა და მის ზედაპირზე ამოხეთქავს მანამდე თვალით უნახავი წყალი, ჩუხჩუხით გადაედინება ყოველ მხარეს და სიცოცხლეს დაუბრუნებს მთელ არემარეს.       ასეა სიყვარულიც.       ჩემო დებო და ძმებო, ეს თავკერძობა არ არის განა, შმაგი სიყვარული არ არის განა საკუთარი თავის, თვალებს რომ გვიხვევს და თავგზას გვიბნევს, ოღონდ კი არ დავინახოთ სიყვარული მაშინაც კი, როცა გარს გვივლის, ოღონდ არ ვიგრძნოთ იგი. ჩვენ ხომ სულ იმის ცდაში ვართ, რაიმე დავცინცლოთ მას, მთლიანად კი არ მივეცემით, არ დავყვებით; აკი ის ჩვენგან მარტო იმას ელოდება, რომ მივენდოთ, დავნებდეთ მთლიანად და დაუნანებლად; ჩვენ კი ამ დროს მისი დამორჩილება გვინდა, რომ ჩვენს გიჟურ სურვილებზე იაროს, აჰყვეს ჩვენს სწრაფვასა და სრბოლას დიდებისაკენ. ასეა, სიყვარულს, გაადამიანურებულსა და განსხეულებულს, სურს, მას ვეკუთვნოდეთ მთლიანად და განუყოფლად, მხოლოდ მისი ვიყოთ. მერედა რა მალე დავიხევთ ხოლმე უკან, აღმართის ძირშივე ვჩერდებით! მაგრამ რატომ? ყველაზე უფრო სავალალო მიზეზის გამო, – დიახ, სულ უბრალო მიზეზის გამო! – გვეშინია, ჩემო დებო და ძმებო! შიში გვჯაბნის!.. რა უგუნური, რა თავკერძა და სულმოკლეა ადამიანი!.. მომიტევეთ!.."       ეს სიტყვები ლამის ყვირილით წარმოთქვა, თითქოს სულის სიღრმიდან აღმოხდა. და თუ აქამდე ძმა რიკარდოს ხმა ცეცხლის მდინარესავით მოედინებოდა და ღვთისმოსავთა დუმილს თავს დაჰფოფინებდა, უეცრად გულისგამგმირავმა ქვითინმა გაბზარა და გაარღვია ჯებირის მიღმა, ფარდის მხრიდან რომ გაისმა. და ამ ორის სულის კივილი ერთმანეთს შეეჯახა და შეერწყა ისე, რომ საკურთხეველზე სანთლებიც კი აცახცახდნენ. ძმა რიკარდოს მკვდრისფერი დაედო, სანთელივით გაფითრდა, მერე ერთბაშად აენთო, ალმური მოედო, სივრცეს მიაპყრო მზერა და უეცრად თავი მკერდზე ჩამოუვარდა, სახეზე აცახცახებული ხელები აიფარა, თეთრი, ფართო სახელოებიც კი ვერ ფარავდა მის მღელვარებას; იგი ტიროდა, მისი დახშული ქვითინი შეუერთდა კიდევ უფრო დახშულ ქვითინს ჯებირს მიღმა, ფარდის უკან რომ ისმოდა. ერთ წამში გაოგნებული ხალხის დუმილი თითქოს შეგუბდა, შედედდა და აშკარად და ცხადად გაიგონა და დაინახა ყველამ... ქადაგი მუხლებზე დაეცა. ამის შემხედვარე ხალხი ნელ-ნელა დაიშალა, წავიდ-წამოვიდა.       მთელი იმ დღეებისა და თვეების განმავლობაში, ტოლვიედრაში და მთელ იმ მხარეში ხალხს მეტი სალაპარაკო არ ჰქონდა, ყველა მხოლოდ ამ ამბავს იგონებდა, ხოლო ვინც თვითონ შეესწრო და საკუთარი თვალით იხილა, რაც მოხდა, საკუთარი ყურით მოისმინა, მთელი სიცოცხლე ახსოვდა, ან რა დაავიწყებდა. ყველამ, დამსწრემ თუ მსმენელმა, იგრძნო, რომ იმ წუთებში, იმ იდუმალი აზავთების წუთებში, ქადაგი რაღაც უცნაური გამოცანებით, ნაწყვეტ-ნაწყვეტი მინიშნებებით ლაპარაკობდა; მოგვიანებით მიზეზი რომ გაიგეს, მერეღა მიხვდნენ, რაც იგულისხმებოდა იმ სიტყვებში, როცა მიწისქვეშა წყაროზე, ცეცხლზე ლაპარაკობდა, როცა ამბობდა, ბოლოს მიწა გაიპობა და ამოხეთქავს მაცოცხლებელი წყალი და ამ ცეცხლს შეუერთდებაო. მერე და მერე ღრმად რომ ჩაუფიქრდნენ, კიდეც ჩასწვდნენ ძმა რიკარდოს ქადაგების მთელ აზრსაც.       და ისინიც, და ლიდუვინადა ძმა რიკარდო, მხოლოდ მერე მოეგნენ გონს და კიდევ უფრო მწვავედ იგრძნეს თავი ბედის ტყვეებად, იმაზე უფრო მწვავედ, ვიდრე მაშინ, როცა ლიდუვინას სახლის ღობე აცალკევებდათ ურსულელთა მონასტრის შესახვევში. და ახლა, როცა მათი ქვითინი ასე შეერწყა და გადაეჭდო ერთმანეთს, მათი გულებიც შეერთდა და ჩამოეცალათ თვალთაგან ბინდი და ვითარცა დამწვარი ტანსაცმელი, შემოეძარცვათ თავს გადამხდარი და შერჩათ მხოლოდ გაშიშვლებული და ცხადი სიყვარული, ამ სიყვარულისკენ მიმავალი ბილიკი, სიყვარულისკენ, რაც მარტოდ დარჩენილებს იმ სამწუხარო გაქცევის შემდეგ მაინც ისევ უღვიოდათ.       და იმ დღის მერე... მიგელ დე უნამუნო …
დაამატა Kakha to ლიტერატურა at 5:52pm on მარტი 7, 2016
თემა: აღსასრული ერთი გულისა
ჩვენ ბედის ამ მსუბუქ, პირველ შეხებას საბაბს ვუწოდებთ ადამიანთა ბუნდოვან ენაზე. და განცვიფრებულნი მის მცირე ძალას მნიშვნელოვან შედეგს ვადარებთ, რაიც ხშირად მოსდევს ხოლმე. მაგრამ ისევე, ვით სნეულება მანამდე ისადგურებს ადამიანში, ვიდრე თავს იჩენს, ბედი კაცისა მუდამ როდი იწყებს მოქმედებას, როცა იგი თვალით ხილული, აშკარა ხდება. იგი ჩვენს სულში, ჩვენს სისხლში ბუდობს, ვიდრე გარეგნულად ფრთას შეგვახებდეს. თვითშემეცნება მაშინ მუდამ თავის დაცვაა, უმეტეს წილად, ამაო და ნაგვიანები. *    მოხუცი ზალომონზონი ვისაც შეეძლო სამშობლოში საკუთარი თავისათვის კომერციის საიდუმლო მრჩეველი ეწოდებინა, ღამით საშინელმა თავის ტკივილმა გამოაღვიძა გარდის ტბის პირას მდებარე ოტელში, სადაც თავის ოჯახთან ერთად აღდგომის კვირას ატარებდა. მუცელზე თითქოს რკინის სალტეებს უჭერენო, ძლივს სუნთქავდა. შეკრთა მოხუცი, ღვიძლის ტკივილი სტანჯავდა, რაც არცთუ ისე იშვიათი იყო, და იმის მაგივრად, რომ ექიმის რჩევას მიჰყოლოდა და კარლბადში წასულიყო სამკურნალოდ, ცოლ-შვილის ნებას აყოლილი სამხრეთისაკენ გაემგზავრა. შიშით შეპყრობილმა, ტკივილმა არ მიმატოსო, ფრხილად მოსინჯა ღიპი. და თუმცა ტკივილები არ უამდებოდა, გულს მოეფონა, მიხვდა, რომ მხოლოდ კუჭი სტკიოდა. ეჭვი არ ეპარებოდა, რომ ეს იტალიური საჭმელის ბრალი იყო ან მსუბუქი მოწამვლისა, რაც ხშირად ემართებათ მოგზაურთ. შვებით ამოისუნთქა, აცახცახებული ხელით კვლავ მოისრისა მუცელი... სუნთქვა უმძიმდა. კვნესით, რის ვაი-ვაგლახით წამოდგა საწოლიდან, ცოტას გავივლიო და მართლაც, დადგა თუ არა ფეხზე და რამდენიმე ნაბიჯით მოინაცვლა, ტკივილმა მყის უკლო. მაგრამ ჩაბნელებულ ოთახში ადგილი აღარ ჰყოფნიდა. თან ეშინოდა, გვერდით საწოლზე მძინარე ცოლი არ გავაღვიძოო და ამაოდ არ შევაწუხოო. ხალათი წამოისხა, შიშველი ფეხები ქეჩის ფლოსტებში წაჰყო და ფეხაკრეფით გავიდა დერეფანში. რომ იქნებ სიარულში ტკივილები დაეყუჩებინა. *    ის იყო, ჩაბნელებული დერეფნის კარი გამოაღო, რომ ყურთამდე გაღებული ფანჯრებიდან სამრეკლოს საათის რეკვა შემოესმა. ოთხჯერ დაიგუგუნა ზარებმა, მერე კი ხმამ თრთოლვით ყრუდ გადაუარა ტბას. დილის ოთხი საათი იყო.    გრძელი დერეფანი მთლად წყვდიადს მოეცვა, მაგრამ მოხუცს კარგად ახსოვდა, რა ვრცელი და სწორი იყო იგი. შუქი არც კი სჭირდებოდა. ბოლთასა სცემდა ერთი ბოლოდან მეორეში. მძიმედ სუნთქავდა. გულს უმშვიდებდა იმის შეგრძნება, რომ ტკივილები უყუჩდებოდა... ის იყო, მთლად დაუცხრა და ოთახში შებრუნებას აპირებდა, რომ იქვე, სიბნელეში, რაღაცამ გაიჭრიალა. ფაჩუნი, ყრუ ჩურჩული გაისმა, ვიღაც შემოტრიალდა და ღრიჭოდ დარჩენილ კარიდან გამოჭრილმა სინათლის შუქმა ერთ წამს გაჰკვეთა უკუნი. რა მოხდა? მოხუცი უნებურად კუთხეში მიიყუჟა, ცნობისმოყვარეობის გამო კი არა, შეეშინდა, ამ სიბნელეში რომ დავბორიალობ, ვინმეს მთვარეული არ ვეგონოო. მაგრამ სწორედ იმ წუთში, სინათლის სხივი რომ გამოკრთა, თავისდა უნებურად შენიშნა ან, ვინ იცის, იქნებ მოეჩვენა კიდეც, ოთახიდან თეთრებში ჩაცმული ქალის ფიგურა გამოსრიალდა და მოპირდაპირე მხარეს გაუჩინარდა. მართლაც, დერეფნის ბოლოს ნელა გაიჭრიალა კარის სახელურმა. მერე კვლავ სიბნელე და სამარისებური სიჩუმე ჩამოწვა. მოხუცი შეტორტმანდა, თითქოს გულში მახვილი ჩასცესო. იქ, დერეფნის ბოლოს, სადაც ვერაგულად გაიჭრიალა კარის სახელურმა, ხომ მისი ოთახები იყო, სამოთახიანი ბინა, რომელიც თავისი ოჯახისათვის დაიჭირა. ცოლი რამდენიმე წუთის წინ მძინარე დატოვა. ვიღაცის ოთახიდან ქურდულად გამოსული ქალი კი, ეჭვი არაა, იმისი ქალიშვილი ერნა უნდა ყოფილიყო, რომელსაც ესაა ცხრამეტი წელი შეუსრულდა. თავზარდაცემულ მოხუცს მთელი სხეული უცახცახებდა. მისი ქალიშვილი ერნა, მისი ბავშვი, მისი ცქრიალა, ცელქი გოგონა! არა, ეს შეუძლებელია. არა, ალბათ მოეჩვენა. რა უნდოდა ვიღაცის ოთახში, თუ... თითქოს გამძვინვარებულ მხეცს ხელი ჰკრაო, ისე მოიშორა ეს ფიქრი, მაგრამ სიბნელეში გაუჩინარებული ქალის აჩრდილი ისე გასჭედვოდა თავში, ვერ იქნა და ვერ მოიცილა. არა, უნდა დარწმუნდეს! სულშეგუბებული კედელ-კედელ გაჰყვა დერეფანს. თავზარი დაეცა. მხოლოდ აქედან, მისი საწოლის გვერდით მდებარე შვილის ოთახის კარიდან, ამ ერთადერთი კარიდან, ჭუჭრუტანაში გამოკრთოდა სინათლის სუსტი ზოლი და ავბედითად ბრწყინავდა კლიტის ღრმული: დილის ოთხ საათზე ჯერი ისევ ენთო შუქი მის ოთახში. აი, კიდევ ერთი საბუთი: ამომრთველმა გაიწკაპუნა და სინათლის თეთრი ძაფი გაქრა წყვდიადში. არა, ვის რაში სჭირდება თავის მოტყუება. სწორედ ერნა იყო, რომ ვიღაცის საწოლიდან გამოძვრა და ქურდულად შეიპარა თავის ოთახში.    მოხუცს ციებიანივით აცახცახებდა. მთელ ტანზე ცივმა ოფლმა დაასხა. უცებ გადაწყვიტა შეემტვრია კარები, მივარდნოდა უნამუსოს და ერთი მაგრად გაეტყიპა, მაგრამ ფეხები ეკეცებოდა. ძალა მოიკრიბა, რის ვაი-ვაგლახით მიაღწია თავის ოთახამდე და დაჭრილი მხეცივით უგონოდ დაეცა საწოლზე. იწვა გაუნძრევლად. ფართოდ გახელილი თვალებით უაზროდ მიშტერებოდა სიბნელეს. იქვე, მის გვერდით, უდარდელად ფშვინავდა ცოლი. ერთი გული ეუბნებოდა, მოდი, გაუმხილე საშინელი საიდუმლო, შენი ვარამიც ამოანთხიეო, მაგრამ როგორ უთხრას, რა სიტყვა გამოხატავს ამ შემაძრწუნებელ საშინელებას. არა, არა, არასოდეს დასცდება ამგვარი სიტყვები მის ბაგეებს!    სცადა, გონება მოეკრიბა, მაგრამ ფიქრები ისე გაურბოდნენ, ვით ღამურები გაურბიან ხოლმე ერთმანეთს სიბნელეში. რა თავზარდამცემი ამბავი იყო: ერნა, მისი ნორჩი, აზიზად გაზრდილი, თვალციმციმა ბავშვი! განა დიდი დრო გავიდა მას შემდეგ, რაც ანბანს უჯდა და ბუნჩულა თითს აყოლებდა გაუგებარ ასოებს. განა დიდი დრო გავიდა მას შემდეგ, რაც ცისფერბაფთებიანი გოგონა სკოლიდან საშაქარლამოში მიჰყავდა. ახლაც გრძნობს მის ბავშვურ კოცნას შაქრისაგან გაწებილი ტუჩებით. განა ეს გუშინ არ იყო? არა, წლები გავიდა მას შემდეგ, მაგრამ სწორედ გუშინ იყო, გუშინ... რა ბავშვურად ეხვეწებოდა, ვიტრინაში გამოფენილი ჭრელ-ცისფერი და ოქროსფერი ძაფებით ამოქარგული სვიტერი მიყიდეო. „მამილო, გეთაყვა, მიყიდე!“ ხელებს მოხვევდა და მხიარულად აკისკისდებოდა. ამ ცდუნებას მოხუცი ვერ უძლებდა. ახლა კი, აგერ ორ ნაბიჯზე, შუაღამისას შეიპარა უცხო კაცის საწოლში და შიშველი მასთან ნებივრობდა!    „ღმერთო ჩემო!.. ღმერთო ჩემო!.. - უნებურად ამოიკვნესა მოხუცმა. - ოჰ, სირცხვილო! ოჰ, სირცხვილო! ჩემი ბავშვი, ჩემი სათუთი, ნებიერი ბავშვი... ვიღაც მამაკაცთან!.. მერე და ვისთან... ვისთან... ნეტავ ვინ არის? ეს სამი დღეა გარდონეში ვართ. მანამდე არც ერთ ამ გამოწკეპილ ქარაფშუტას არ იცნობდა - არც მუშტრისტოლა თავიან გრაფ უბალდის, არც იტალიელ ოფიცერსა და არც მეკლენბურგელ მხედარს. ეს ორი დღეა გაიცნეს ერთმანეთი ცეკვისას და ერთი მათგანი უკვე... არა, არა... შეუძლებელია, პირველად იყოს... ალბათ ადრევე დაიწყო შინ... მე კი ჭურში ვიჯექი, ვერაფერს ვერა ვხვდებოდი, ყეყეჩი ვარ, ნამდვილი ყეყეჩი. განა ვიცი საერთოდ მაგათი ასავალ-დასავალი? მთელი დღე მაგათთვის წელებზე ფეხს ვიდგამ, კონტორაში ვათენ-ვაღამებ, წინათ მატარებელში დამქონდა ათასნაირი საქონლის ნიმუშებით სავსე ჩემოდნები. მხოლოდ ფული, ფული უნდა მეხვეტა, რომ მაგათ ძვირფასი კაბები შეეკერათ და ფუფუნებაში ეცხოვრათ. საღამოთი კი, დაღლილ-დაქანცული რომ დავბრუნდებოდი, შინ აღარ მხვდებოდნენ: თეატრში, მეჯლისზე, წვეულებებზე დაბრძანდებოდნენ. აბა, რა ვიცი, რას აკეთებდნენ მთელი დღე? ახლა ისღა ვიცი, ჩემი ბავშვი თავის ნორჩ, უმანკო სხეულს მამაკაცებს ათელვინებს ქუჩის გოგოსავით. ოჰ, სირცხვილო!“    მოხუცი კვნესოდა და თან გულს ატანდა. ყოველი ახალი ფიქრი ჭრილობაში უფრო ღრმად უტრიალებდა მახვილს, თითქოს ტვინი გადაუხსნეს და სისხლში წითელი ჭიები დაფუთფუთებენო.    „რად ვითმენდი აქამდე ამას? ან ახლა რაღად ვწევარ და ვიტანჯები, იმ სხეულწაბილწულს კი მშვიდად სძინავს? რატომ მაშინვე არ შევუვარდი ოთახში და პირში არ მივახალე, რომ შევიტყვე მისი უნამუსობა? რატომ ძვლები არ გადავუმტვრიე? იმიტომ, რომ უღონო ვარ, ლაჩარი. მუდამ უძლურებას ვიჩენდი, ყველაფრის ნებას ვაძლევდი, მეამაყებოდა, უზრუნველად რომ ცხოვრობდნენ, სულს კი ვიმწარებდი. ფულს თითებიდან ვიწოვდი, კაპიკს კაპიკზე ვადებდი, ხელებზე ტყავს ვიძრობდი, ოღონდ იმათ არა მოჰკლებოდათ რა. რაკი ფუფუნებაში ცხოვრობდნენ, ერცხვინებოდათ ჩემი, ლაზათი გაკლია, გაუნათლებელი ხარო. აბა, სად უნდა მესწავლა? თორმეტი წლისა სასწავლებლიდან გამომიყვანეს, ლუკმაპურისთვის უნდა მეშრომა, ოფლი უნდა მეღვარა. საქონლის ნიმუშები ჯერ სოფლიდან სოფლად დამქონდა, მერე ქალაქად დავეხეტებოდი, სანამ საკუთარი სავაჭრო არ გავხსენი... ის იყო, სიმდიდრეში ფეხი შესდგეს და საკუთარი სახლი გაიჩინეს, რომ ჩემი პატიოსანი, წინანდელი კარგი სახელი თვალში აღარ მოუვიდათ, გული გამიწვრილეს, სანამ ფულით არ მაყიდვინეს კომერციის საიდუმლო მრჩეველის სახელი. ეს იმისთვის სჭირდებოდა, რომ მისთვის ფრაუ ზალომონზონი აღარ დაეძახათ, წარჩინებული წრის ქალი გამხდარიყო. აბუჩად მიგდებდნენ, როცა იმათ წარჩინებულობაზე ან იმათ წრეზე ავი დამცდებოდა. როცა ვუამბობდი, დედაჩემი, უფალმა გაანათლოს იმისი სული, რა დინჯი, რა კდემამოსილი დიასახლისი იყო, იმისთვის მხოლოდ ჩვენა და მამა ვარსებობდით-მეთქი ამქვეყნად, ძველი ყაიდის კაცს მეძახდნენ, მამილო, შენ შენი დრო მოსჭამეო. ჰო, მე ჩემი დრო მოვჭამე, ის კი ვიღაც მამაკაცებს უგორდება ლოგინში. ჩემი ბავშვი, ჩემი ერთადერთი შვილი. ჰოი, სირცხვილო! მიწავ, გასკდი და თან ჩამიტანე!“    ისეთი ნაღვლიანი, ისეთი მწარე კვნესა აღმოხდა გულიდან, რომ ცოლს გამოეღვიძა. - რა დაგემართაო? - ჰკითხა ძილ- ბურანში მყოფმა. მოხუცი არც განძრეულა, სული გატრუნა და ისე იწვა დილამდე თავისი ნაღველის შავ კუბოში და ჭიაღუასავით ღრღნიდნენ ფიქრები. *    დილით საუზმეზე პირველი მივიდა. დაჯდა მიჩენილ ადგილას, მაგრამ ლუკმა არ გადასდიოდა ყელში.    „ისევ მარტო ვარ, - ფიქრობდა მოხუცი, - ჩემი წუთისოფელი მარტოობაში გამიტარებია. დილაადრიან კონტორაში რომ მივდივარ, თეატრებსა და ბალებზე ღამენათევნი, ღრმა ძილში არიან. საღამოთი შინ რომ ვბრუნდები, თავიანთ საზოგადოებაში ატარებენ დროს, საცა მე არ მივყავართ. ოჰ, ფულმა, იმ წყეულმა ფულმა გააფუჭა ისინი. ფულმა გაგვხადა ერთმანეთისთვის უცხონი. მე სულელი ცხრაპირს ტყავს ვიძრობდი, ოღონდ მეტი მეშოვნა და ის კი არ ვიცოდი, რომ საკუთარ თავს ვძარცვავდი და სიღატაკეში ვიგდებდი, იმათ კი ვხრწნიდი. რა ფუჭად ჩამიარა თხუთმეტი წლის შრომამ, ძილი მე არ ვიცოდი და მოსვენება, ახლა კი ეულად დავრჩი...“    ისინი არ ჩანდნენ. მოხუცს ბოღმა ახრჩობდა: „რად არ მოდიან? ახლავე უნდა მოველაპარაკო, უნდა ვუთხრა ყველაფერი, დღესვე გავემგზავროთ აქედან. რად აგვიანებს? ალბათ ჯერ ისევ დაღლილია, სინდისი დამშვიდებული აქვს, გულხალვათათ სძინავს, მე კი ლამის გული გამისკდეს. რა უჭკუო ვარ. ერთი, დედა ნახე. მთელი საათობით იკაზმება: ჯერ აბაზანაში უნდა გაიგრილოს ტანი, მოიპრანჭოს, ფრჩხილები დაისუფთაოს, ახალ მოდაზე დაივარცხნოს თმა. თერთმეტ საათამდე არ გამობრძანდება. რა არის საოცარი? იმის შვილი რაღა უნდა გამოვიდეს? ოჰ, ფული, ეს წყეული ფული!“ უკნიდან მსუბუქი ნაბიჯების ხმა შემოესმა. - დილა მშვიდობისა, მამილო, ხომ კარგად გეძინა? - ქალი მისკენ გადმოიხარა და ნაზი ბაგეებით შეეხო მამის გახურებულ შუბლს. მოხუცმა უნებურად თავი უკან გადასწია. ზიზღსა ჰგვრიდა კოტის მოტკბო სურნელი. შემდეგ... - რა მოგივიდა, მამილო? ისევ ვერა ხარ გუნებაზე? კელნერ! შაშხი და ერბოკვერცხი მოგვიტანეთ! ცუდად გეძინა თუ უსიამოვნო რამ ამბავი შეიტყვე? მოხუცი გულს მოერია. აღუშფოთებლად დახარა თავი. თვალს არიდებდა ქალს, კრინტს არა სძრავდა. მხოლოდ ხელებსღა ხედავდა, მის საყვარელ ხელებს, იმათი მოძრაობა თეთრ სუფრაზე რატომღაც ნებიერ თეთრ ფინიებს მოაგონებდა.. მთლად ცახცახებდა. თვალი შეავლო მის ნორჩ, ჯერ კიდევ ბავშვურ მკლავებს... წინათ ხომ... განა დიდი ხანი გავიდა მას შემდეგ, რაც ამ ხელებს მოხვევდა ხოლმე ძილის წინ. თვალი შეავლო მის დამრგვალებულ მკერდს, სუნთქვისას ახალ სვიტერის ქვეშ რომ აუდ-ჩაუდიოდა.    „დედიშობილა... დედიშობილა გორაობდა უცხო მამაკაცთან, - ფიქრობდა გულზე ცეცხლმოკიდებული მოხუცი. - მამაკაცი ხელით ეხებოდა, ეფერებოდა, სტკბებოდა... ჩემი სისხლი და ხორცი... ჩემი ბავშვი... ო, ის არამზადა... ოჰ... ოჰ...“ უნებლიეთ ისევ კვნესა აღმოხდა. - რა მოგივიდა, მამილო? - ჰკითხა ალერსიანად შვილმა და მიუახლოვდა.    „რა მომივიდა? - თავისთვის გაიფიქრა მოხუცმა. - უნამუსო შვილი მყავს და კი ვერ გამიბედავს პირში მივახალო“. მერე თავისთვის ჩაიბურტყუნა: - არაფერია! არაფერი! - სასწრაფოდ წაავლო გაზეთს ხელი, გაშალა, რათა შვილის გამომცდელ თვალებს არიდებოდა. თანდათან შიში იპყრობდა, მის თვალებს არ შესჩეხებოდა. ხელები უცახცახებდა.    „ახლავე უნდა ვუთხრა, ახლავე, სანამ მარტონი ვართ“, - იყო ერთ ფიქრსა და წყვეტებაში მოხუცი, მაგრამ ხმა ღალატობა. ის კი არა, ძალა არა ჰყოფნიდა, თვალებში შეეხედა. უცბად უკან დასწია სავარძელი, წამოდგა და მძიმე ნაბიჯებით ბაღისაკენ წაბარბაცდა. უნებლიეთ ლოყაზე ჩამოგორებული მსხვილი ცრემლი არ უნდოდა შვილისათვის დაენახვებინა. *    ჩიკორა მოხუცი დიდხანს დაბორიალობდა ბაღში. თვალი ვერ მოეწყვიტა ტბისათვის. შეკავებულ ცრემლთაგან დაბინდულ თვალებს არ გამოჰპარვიათ ბუნების სიმშვენიერე. ვერცხლისფერი ნისლის საბურველში გახვეულიყო კიპარისების წვრილი, შავი ზოლებით დასერილი ბორცვების მწვანე ტალღები. მათ უკან აღმართული პირქუში მთები კდემამოსილად დასცქეროდნენ ტბის სიმშვენიერეს ისე, როგორც დარბაისელი მამები ადევნებენ თვალს თავიანთი საყვარელი შვილების თამაშს.    რა ნაზად გადაუშლია კალთები აყვავებულ ბუნებას, თითქოს თავის წიაღში გეპატიჟებაო, „კეთილი იყოს, ბედნიერი იყოს თქვენი მობრძანება!“ რა ღვთაებრივია მარადიული ღიმილი ამ ღვთით კურთხეული სამხრეთისა.    „ბედნიერი იყოს!“ - მოხუცმა ნაღვლიანად გადააქნია დამძიმებული თავი. მართლაც, შეიძლება აქ ბედნიერება იგრძნო. ერთხელ მოვინდომე ჩემს სიცოცხლეში, მხოლოდ ერთხელ, რომ მეგრძნო, რა მშვენიერია სიცოცხლე იმათთვის, ვისაც ცა ქუდად არ მიაჩნია და დედამიწა ქალამნად. ორმოცდაათი წლის წერის, ანგარიშის, გარიგების, ვაჭრობის შემდეგ მხოლოდ ერთხელ მოვინდომე რამდენიმე დღე ბედნიერად გამეტარებინა, მხოლოდ ერთხელ, სანამ გულზე მიწას დამაყრიდნენ... სამოცდახუთი წელი. ღმერთო ჩემო! ყოველ წუთას უნდა მოელოდე, რომ აქლემი შენს კარზეც დაიჩოქებს. მაშინ ვეღარც ფული მიშველის და ვეღარც ექიმები. რამდენჯერ მინატრია, თავისუფლად ამომესუნთქა, ერთხელ მაინც მეფიქრა საკუთარ თავზე... სულკურთხეული მამაჩემისაგან გამიგონია: ჩვენ ტანჯვა-წამებისათვის ვართ გაჩენილნი, მძიმე ტვირთი საფლავში ჩასვლამდე არ მოგვშორდებაო. გუშინ არ იყო, რომ ვფიქრობდი, მეც უფლება მაქვს, ერთხელ მაინც დავისვენო-მეთქი. გუშინ ბედნიერი კაცი ვიყავ ამქვეყნად. შევფოფინებდი ჩემს მშვენიერ ბავშვს, იმისი სიხარულით მეცა ვხარობდი. და აი, ღმერმა დამსაჯა, წამართვა, რაც მებადა. სამუდამოდ დავკარგე იგი. ვეღარ უნდა დაველაპარაკო საკუთარ შვილს, თვალი ვეღარ უნდა გავუსწორო. როგორა მრცხვენია მის მაგივრად. იმაზე ფიქრი მოსვენებას დამიკარგავს შინ თუ გარეთ, ლოგინში მწოლარეს: „ნეტავ სად არის ახლა? ვინ იცის, რას სჩადიოდა!“ გულდამშვიდებით ვეღარასოდეს დავბრუნდები შინ. ჩემს შესახვედრად რომ წამოფრინდებოდა, გული შემიფრთხიალდებოდა, რა ნორჩი იყო, რა მშვენიერი. ახლა რომ მაკოცებს, სულ იმის ეჭვში უნდა ვიყო, ამ ბაგეებს გუშინ ვინ ეკონებოდა-მეთქი, როცა გვერდით არა მყავს, შიში მიპყრობდეს და სირცხვილისაგან თვალს ვერ ვუსწორებდე. ამგვარ სიცოცხლეს რა ფასი აქვს, როგორ ვიცოცხლო!“    მოხუცი მთვრალივით ბარბაცებდა, თან ცხვირში დუდღუნებდა. კვლავ თვალი მოსტაცა ტბამ. ცრემლი ღაპაღუპით ჩამოსდიოდა წვერზე. პენსნე მოიხსნა, ცრემლისაგან დანამული თვალები მოეჭუტა და ისე გაოგნებული იდგა ვიწრო ბილიკზე. მებაღე ბიჭი, გვერდით რომ ჩაუარა, ერთ წუთს შეჩერდა, ერთი გადაიხარხარა, მერე იტალიურად რაღაც გაჰკენწლა და მოჰკურცხლა. ამან მოხუცი გარინდებისაგან გამოაფხიზლა, ისევ გაიკეთა პენსნე და ბაღის შუაგულისაკენ წალასლასდა, რომ განმარტოებული სკამი მოეძებნა და ხალხის თვალს მოფარებოდა.    ვერც კი მოასწრო განმარტოება, იქვე მახლობლად კისკისი შემოესმა. შეკრთა მოხუცი. ნაცნობი ხმა იყო. ეს გიჟმაჟი, წკრიალა ხმა მთელი ცხრამეტი წელიწადი ნანასავით ჩაესმოდა, ახლა კი გულს უფლეთდა. ამ სიცილის გულისათვის ვინ იცის, რამდენი ღამე გაუტარებია მესამე კლასის ვაგონში პოზნანსა და უნგრეთში მიმავალს, მხოლოდ და მხოლოდ იმისთვის, რომ იმათთვის რაიმე ჩამოეტანა და მათ წინ ყვითელი ნეხვი დაეხვავებინა, რომელზედაც ეს თავაწყვეტილი მხიარულება აღმოცენდა. მხოლოდ ამ სიცილისათვის ცოცხლობდა, ამ სიცილისათვის დაიავადმყოფა თავი... რომ ეს სიცილი მუდამ ეხილა მის საყვარელ ბაგეებზე. ახლა კი ეს წყეული სიცილი გახურებული შანთივით უტრიალებდა გულ-გვამში.    მოხუცმა ვერ გაუძლო ცდუნებას და ახლოს მივიდა. მისი ერნა ჩოგბურთის მოედანზე იდგა, გაშიშვლებული ხელით ჩოგანს ატრიალებდა, თავისუფალი მოძრაობით მაღლა ისროდა ბურთსა და ისევ იჭერდა. ჩოგანთან ერთად ლაჟვარდ ცაში იჭრებოდა მისი მხიარული კისკისი. სამი მამაკაცი აღტაცებული შესცქეროდა მას. გრაფ უბალდის ხალვათი, ჩოგბურთის სათამაშო კოსტიუმი ეცვა, ოფიცერს შემოკვართული მუნდირი, მეკლენბურგელ მხედარს კი მშვენიერი საცხენოსნო შარვალი. ვით ქანდაკებებს შუაში მოემწყვდიათ მოფარფატე პეპელა. ღმერთო ჩემო, როგორ უხდებოდა ეს თეთრი, მოკლე კაბა. რა ოქროდ იღვრებოდა მზის სხივები მის ქერა თმაზე. რა ნეტარებით შეიგრძნობდა ნორჩი სხეული ხტუნვასა და სირბილში სიმსუბუქეს, დამტკბარი საკუთარი სხეულის რიტმული მოძრაობით. სწორად აისროლა ჰაერში თეთრი ბურთი, მეორე, მესამე. საოცარია, როგორ შოლტივით იხრება მისი ნატიფი ნორჩი სხეული. აი, შეხტა, რომ ბურთი დაიჭიროს, არასოდეს უნახავს იგი ასეთი მშვენიერი: ასე ანთებული გიჟმაჟი ალით, სიცილის ვერცხლისფერ ბურუსში გახვეული თეთრი ფრიალა ალი, ქალწული ღვთაება, სამხრეთული ბაღის სუროს ფოთლიდან გადმოსული, სარკესავით ლაპლაპა, ლაჟვარდი ციდან ჩამოფრენილი. არა, მისი მოქნილი სხეული ასე გატაცებით, ასე ლაღად არასოდეს არ მისცემია მოძრაობის ასეთ ცეკვისსადარ რიტმს. არა, არასოდეს არ ყოფილა ასეთი იმ სულისშემხუთველ, გალავანშემოვლებულ ქალაქში, არასოდეს არ ჰქონდა მის ხმას ასეთი წკრიალი არც სახლში, არც ქუჩაში. თითქოს ამქვეყნად ყველაფერი დავიწყებიაო, ტოროლასავით წკრიალით გალობდა. არასოდეს არ ყოფილა ასეთი ღვთაებრივი. მოხუცმა თვალი ვერ მოწყვიტა შვილს. ყველაფერი დავიწყებოდა, მხოლოდ მოფრიალე თეთრ ალს შესცქეროდა. ასე იდგებოდა უსასრულოდ, მოჯადოებული მისი მზერით, რომ ქალი სწრაფი მოძრაობით ბოლოს მაღლა არ აფრენილიყო და არ დაეჭირა უკანასკნელი ბურთი. სახეზე ალმურმოდებულმა მძიმედ ამოისუნთქა და სიცილით, ამაყი მზერით მკერდზე მიიკრა. - ვაშა! ვაშა! - შესძახა ერთხმად სამივე მამაკაცმა, რომელნიც აღტაცებულნი შესცქეროდნენ მის მარჯვე თამაშს, თითქოს რომელიმე არია მოისმინესო. ამ ხორხოცმა გამოაფხიზლა მოხუცი. შუბლი შეიკრა.    „ოჰ, ეს არამზადები! - მის გულს ბაგაბუგი გაუდიოდა... - აი, ესენიც... ნეტავ რომელია ამათ შორის? ამ სამში რომელი დაეუფლა მას?.. რა მორთულ-მოკაზმულან და ამჭორებულან ეს უსაქმურები. ამათი ხნისა რომ ვიყავი, დაკერებული შარვალი და მოღრეცილი ფეხსაცმელი მეცვა, კონტორაში ვიჯექი და მუშტრებს კალთებს ვაგლეჯდი. ვინ იცის, ამათი მამები ახლაც იტანჯებიან, ამათი გულისათვის ოფლსა ღვრიან, ესენი კი დაეხეტებიან ამ ქვეყანაზე და უსაქმურობაში ათენ-აღამებენ. რა უდარდელი, მზისაგან დამწვარი სახეები აქვთ, რა ურცხვად უციმციმებთ თვალები. ან კი რა დაუშლით მხიარულებას და კოხტაობას. ამ ყოყოჩა ვაჟბატონმა ერთი-ორი სიტყვა რომ გადაუგდოს, ეს მაშინვე ლოგინში შეუწვება. მაგრამ რომელია, რომელია ამ სამში? ვინ იცის, ერთს კაბაშივე შიშველი წარმოუდგენია და ენას აწკლაპუნებს, შენ ხომ ჩემი იყავიო. იმის ყოველ ნაკვთს იცნობს და გულში ფიქრობს, ამაღამაც ჩემი იქნებიო. თვალს უკრავს. ოჰ, ეს ქოფაკი! უნდა ჩააძაღლოს კაცმა!“    შენიშნეს. ქალიშვილმა ჩოგანი დაუქნია და გაუღიმა, ბატონებიც მიესალმნენ. მოხუცს სალამზე არ უპასუხნია, დაბერილ სისხლჩამდგარ თვალებს არ აშორებდა შვილის ამაყად მომღიმარე ბაგეებს: სიცილიც კი შეგიძლია, შე ურცხვო! ალბათ ისიც იცინის თავის გულში და ფიქრობს: „ეს ბებერი სულელი ებრაელი ღამე არხეინად ლოგინში ხვრინავს. რომ იცოდე, შე უტვინო ბებერო!“ დიახ, მე ვიცი რომ დამცინიან, გვერდს მივლიან, როგორც ფურთხს. ჩემი ქალიშვილი კი მხიარულია, დამყოლი, მაშინვე გიგორდებათ ლოგინში. დედა ცოტა ფაშფაშა დედაკაცია, მაგრამ ისიც მორთულ-მოპრანჭული, ფერ-უმარილ წათხიპნილი დადის. ერთი-ორი სიტყვა რომ გადაუგდო, ალბათ იმასაც ააფუნდრუკებ. თქვენ მართალი ხართ, ძაღლებო, მართალი. ეგ თავქარიანი, უნამუსო ქალები თვითონვე დაგდევენ კუდში. თქვენ რა გენაღვლებათ. ოღონდ ეგენი გაამხიარულოთ და თავი გაირთოთ. რევოლვერით უნდა გაგაფრთხობინოთ კაცმა სული, წკეპლით აგიჭრელოთ ტანი, მაგრამ თქვენ არხეინად ხართ, არავინა გთხოვთ პასუხს. ბოღმას ისევე ვყლაპავ, როგორც ძაღლი საკუთარ ნერწყვს. თქვენ არხეინად ხართ, რადგან მე მხდალი ვარ, ლაჩარი. ძალა არა მყოფნის, რომ ხელი წავავლო და ეგ უნამუსო მოგაშოროთ, ვაგდივარ უხმოდ, ნაღველი მახრჩობს, ლაჩარი ვარ, მხდალი, ლაჩარი. მოაჯირს ჩაეჭიდა. მთლად ცახცახებდა უძლურების სიბრაზისაგან. ანაზდად ფეხებთან დაიფურთხა და ბარბაცით გამოვიდა ბაღიდან. *    მოხუცი პატარა ქალაქის ქუჩებში დაბორიალებდა. უცბად მაღაზიის ვიტრინის წინ შეჩერდა. კოხტა პირამიდებად, ჭრელ-ჭრელ საფეხურებიან კოშკებად დაელაგებინათ ათასნაირი, ტურისტებისათვის საჭირო ნივთები: პერანგები და თევზის საჭერი ბადეები, ხალათები და ანკესები, ჰალსტუხები, წიგნები, ნამცხვარიც კი. მაგრამ მისი მზერა ძვირფას ნივთებს შორის უყურადღებოდ მიგდებულმა ერთმა ნივთმა მიიპყრო: სქელმა, მძიმე, რკინისბუნიკიანმა ჯოხმა. რა საშიშია, ეს ჯოხი რომ მოიქნიო. „სული, სული უნდა გააფრთხობინო!“    ოცნებით გაბრუებული შევიდა მოხუცი მაღაზიაში და სულ იაფად იყიდა ჯოხი. ხელი მოუჭირა თუ არა ამ მძიმე, საშიშ საგანს, ძალა შეემატა: იარაღი რწმენას მატებს ფიზიკურად უძლურ ადამიანს. ხელი ჩაავლო და იგრძნო, როგორ დაეძაბა კუნთები. „სული, სული უნდა გააფრთხობინო ამ ძაღლს!“ - ბურტყუნებდა თავისთვის და შუმჩნევლად მისი მძიმე, ბარბაცა ნაბიჯი თანდათან მტკიცე, თანაბარი გახდა. აუჩქარა ნაბიჯს, აუჩქარა კი არა, გარბოდა სანაპიროზე, სულს ძლივს ითქვამდა ჩქარი სიარულისაგან კი არა - სიბრაზით. ცახცახით უჭერდა ხელს მძიმე სახელურს. ასე შეჭურვილი შევიდა გრილი ფანჩატურის ზურმუხტოვან ჩრდილში და თვალით უჩინარი მტერი მოძებნა. მართლაც, კუთხეში, რბილ, მოწნულ სავარძელში ისხდნენ ყველანი: იმისი ცოლი, ქალიშვილი, განუყრელი სამეული, წვრილი ლერწმის ღერით სოდიან ვისკის წრუპავდნენ და ლარად, გულხალვათად მასლაათობდნენ. ნატავ რომელია ამათში, რომელი? - ფიქრობდა მოხუცი და თან მაგრად უჭერდა ხელს მძიმე ჯოხს. - რომელს გავუხეთქო თავი, რომელს?“ აი, ერნამ შენიშნა მისი მოუსვენარი მზერა და შესაგებებლად წამოხტა. - აქა ხარ, მამილო? სად არ გეძებეთ! ბატონი მედვიც შეგვპირდა, ჩემი ავტოთი გაგასეირნებთო. დეზენცანომდე მივალთ, მთებში, ტბის გაყოლებაზე. - და ალერსიანად მაგიდისაკენ უბიძგა, ეგონა, მადლიერი დაურჩებოდა მოპატიჟებისა.    მამაკაცები თავაზიანად წამოდგნენ და ხელი გაუწოდეს მისასალმებლად. მოხუცი ცახცახებდა. გრძნობდა ქალის ხელის ნაზ შეხებას და ძალა ეცლებოდა, მშვიდდებოდა თითქოს. ერთ წუთს დაავიწყდა თავისი გადაწყვეტილება, უღონოდ ჩამოართვა ყველას გამოწვდილი ხელი, დაჯდა უხმოდ, ამოიღო სიგარა და გააფთრებული თამბაქოს კბილით ჩააფრინდა. ფრანგული საუბარი კვლავ განახლდა, ისევ გაისმა სიცილი. მოხუცი იჯდა მდუმარედ, მობუზული და ისე ძიძგნიდა სიგარას, რომ გამონაჟონმა მოყავისფრო წვენმა კბილები შეუღება.    „ეგენი მართლები არიან, მართლები! - ფიქრობდა თავისთვის. - მართლაც, ფურთხის ღირსი ვარ. ხელი ჩამოვართვი, როცა ვიცი, რომ ერთი ამათგანი არამზადაა. მშვიდად ვუზივარ იმათთან ერთად სუფრას, სულს არ ვაფრთხობინებ, ის კი არა, ხელიც ჩამოვართვი თავაზიანად. რა მაგათი ბრალია, თუ დამცინიან... მერე როგორ ლაპარაკობენ, არც კი მერიდებიან, თითქოს აქ არ ვიყო, თითქოს კარგა ხანია საფლავში ვიწვე. ერნამაც და დედამისმაც მშვენივრად იციან, რომ მე ერთი სიტყვაც არ გამეგება ფრანგულისა... ორივემ იცის ეს, ორივემ, მაგრამ არაფერს მეკითხებიან, სხვის დასანახავად მაინც, რომ ასე სასაცილო არ ვიყვე, ასე ბაიყუშივით არ ვიჯდე. იმათთვის არარაობას წარმოვადგენ, არარაობას, მხოლოდ უსიამოვნო დამატებას, თავს ვაბეზრებ, ხელს ვუშლი, ვესირცხვილები, მაგრამ თავიდან ვერ მიშორებენ, რახან ფულს ვშოულობ. ფული! ფული! ეს ჭუჭყიანი, ეს საზიზღარი ფული ! ჩემს ცოლსა და საკუთარ შვილს ერთი სიტყვაც კი ენანებათ ჩემთვის. ამ მორთულ-მოპრანჭული ყეყეჩებისათვის კი ვერ მოუშორებიათ თვალი. ისე შესციცინებენ და ისე კისკისებენ, თითქოს კარგა ხნის ნაცნობები იყვნენ. მე კი, მე კი ვითმენ ყველაფერს... იმის მაგივრად, რომ ერთი კარგად მივბეგვო, აქა ვზივარ და ვუსმენ, როგორ იცინიან. არაფერი მესმის, მაგრამ მაინც ვზივარ... ჯოხი უნდა ჩასცხო და დააშორიშორო, სანამ ჩემ თვალწინ დაწყვილდებიან... მე ყველაფრის ნებას ვაძლევ... ვზივარ უხმოდ, სულელი ვარ, ლაჩარი, ლაჩარი...“ - ნება მიბოძეთ, - თქვა ამ დროს დამტვრეული გერმანულით იტალიელმა ოფიცერმა და სანთიასაკენ დაიხარა.    მოხუცი მძიმე ფიქრისაგან გამოერკვა, შეკრთა, ულმობელი თვალით მიაშტერდა ოფიცერს, რომელიც გუმანშიაც კი არ იყო. გულზე ცეცხლი მოეკიდა, მაგრად მოუჭირა ხელი ჯოხს, ბაგეები აუთრთოლდა, უაზრო ღიმილმა დაუმანჭა. - ო, ნებასა გრთავთ, - გაიმეორა მან კუშტად, ნატყვეტ-ნაწყვეტად. - რაღა თქმა უნდა, ნებასა გრთავთ, ხე-ხე-ხე... ყველაფრის ნებასა გრთავთ, ყველაფრის... ყველაფერი თქვენთვის მომიძღვნია, რაც კი გამაჩნია... ყველაფრის ნება გაქვთ.    ოფიცრმა განცვიფრებით ახედა. ენა კარგად არ იცოდა და სრულად ვერ გაიგო იმისი ნათქვამი, მაგრამ მოხუცის უაზრო, ნაძალადევმა ღიმილმა შეაწუხა. გერმანელი უნებურად წამოდგა. ქალებს მკვდრისფერი დაედოთ სახეზე. თითქოს ერთ წამს ჭექა-ქუხილმა და ელვამ გადაიარაო, სულისშემხუთველი სიჩუმე ჩამოწვა.    მაგრამ მოხუცს მალე გაუქრა სახეზე ბოროტი ღიმილი, ჯოხი გაუვარდა მომუშტული ხელიდან, გალახული ძაღლივით მოიბუზა და საკუთარი გამბედაობით შემკრთალმა დარცხვენით ჩაახველა. ერნა საჩქაროდ გაწყვეტილ საუბარს მიუბრუნდა, რათა ეს მტანჯველი, დაძაბული დუმილი დაერღვია. გერმანელმა ბარონმა, სახეზე შეამჩნევდით, ნაძალადევი მხიარულებით უპასუხა და რამდენიმე წუთის შემდეგ კვლავ წამოვიდა შეწყვეტილ სიტყვათა ნიაღვარი.    მოხუცი კი ამასობაში იჯდა თავისთვის, არავითარ მონაწილეობას არ იღებდა იმათ საუბარში, კაცს ეგონებოდა, სძინავსო. მძიმე ჯოხი ხელიდან გავარდნოდა და უმიზნოდ ეგდო ფეხებთან. ხელზე ჩამოყრდნობილი თავი თანდათან ქვემოთ უცურდებოდა, მაგრამ ვინ აქცევდა ყურადღებას. მის დუმილს ხმაურით გადაევლებოდა სიტყვათა ტალღები, დროდადრო უგვანი ხუმრობისაგან სიცილის ქაფად ატყორცნილი, მაგრამ მოხუცი იწვა გაუნძრევლად სირცხვილისა და მწუხარების უსასრულო წყვდიადში.    სამივენი წამოიშალნენ, ერნამაც საჩქაროდ იმათ მიბაძა, ცოტათი უფრო ნელა წამოდგა დედა. გამხიარულებულნი იმ დარბაზისაკენ გაემართნენ, საცა მუსიკა უკრავდა და საჭიროდ არც კი ჩასთვალეს, მიეპატიჟათ მათ წინ მთვლემარე კაცი. როგორც კი გარშემო სიცარიელე იგრძნო, მოხუცს გამოეღვიძა, როგორც გამოეღვიძება ხოლმე ღამით მძინარეს, როცა საბანი გადასძვრება და შიშველ სხეულზე სიცივეს იგრძნობს. უნებლიეთ მოავლო თვალი დაცარიელებულ სავარძლებს, მაგრამ იქვე, დარბაზიდან, საცა როიალი იდგა, ჯაზის გრიალი, სიცილი და მოწონების შეძახილები ისმოდა. ცეკვავენ! დიახ, როკვა, თავაწყვეტილი როკვა, აი, ესაა მაგათი საქმე. აუჩქროლდათ სისხლი, ავხორცად ეკვრიან ერთმანეთს და თავდავიწყებას ეძლევიან. ცეკვა საღამოს, ღამე, დღისით, მზისით! ეს უქნარები, ჩიტირეკიები, აი, რითი იზიდავენ ქალებს.    ისევ გაშმაგებით წაავლო ხელი თავის ჯოხსა და ფრატუნით წალასლასდა. კართან შეჩერდა. გერმანელი ბარონი როიალს უჯდა და ნახევრად მობრუნებული, რაღა ამავე დროს მოცეკვავეთათვისაც ეცქირა, ზეპირად, ალალბედზე, რომელიღაც ამერიკულ გაცვეთილ მოტივს აჟღრიალებდა კლავიშებზე. ერნა ოფიცერთან ცეკვავდა. დედამისს, მძიმე, ფაშფასა დედაკაცს გრაფი უბალდი რის ვაი-ვაგლახით ატრიალებდა აქეთ-იქით.    მაგრამ მოხუცი მხოლოდ ერნასა და მის პარტნიორს ადევნებდა თვალს. ამ ქარაფშუტას რა ეშმაკურად, რა თავისუფლად დაუსვენებია ხელი მის ნაზ მხრებზე, თითქოს იმის საკუთრებას წარმოადგენდეს. როგორ მინდობია იმათი სხეულები ერთმანეთს, თითქოს აღუთქვამთ ერთ სხეულად იქცნენ, მის თვალწინ ძლივს იკავებენ მწველ ვნებას. დიახ, ეს არის, ეს! ცხადლივ ეტყობა იმათ მღელვარე სხეულებს სიახლოვე, მათ სისხლში შეჭრილი ნაზიარობა. დიახ, ეს არის, ეს! მის ნახევრადმიბნედილ თვალებში ერთი შეხედვითაც კი ამოიკითხებოდა მგზნებარე ნეტარების მოგონებანი.    ეს არის ქურდი, იგი ეხებოდა მას, გაშმაგებით გულში იკრავდა, რასაც ახლა მსუბუქი, ფრიალა კაბა ჰფარავდა. მან მოსტაცა ბავშვი, მისი ბავშვი. მოხუცმა უნებლიეთ გადადგა ნაბიჯი, რომ ხელიდან გამოეტაცნა შვილი, მაგრამ ერნა ვერ ამჩნევდა მამას. იგი მთლად მისცემოდა ცეკვის რიტმს, მინდობოდა მაცდუნებელ, მამაკაცის ოდნავ შესამჩნევ ხელის მოჭერას: თავი უკან გადაეწია, ბაგეები ოდნავ გაეხსნა, მთლად ნეტარებაში წასული, თავდავიწყებას მიცემული მიჰყვებოდა მუსიკის ნაზ ტალღებს, თავის გარშემო ვერ გრძნობდა ვერც სივრცეს, ვერც დროს, ვერც აცახცახებულ მოხუცს ამჩნევდა, სულს ძლივს რომ იბრუნებდა და მგზნებარებისაგან თვალებანთებული რომ მისჩერებოდა. მხოლოდ საკუთარ თავს შეიგრძნობდა ქალი, საკუთარ ნორჩ სხეულს, რომელიც მორჩილად მისდევდა სწრაფ თავბრუდამხვევ რიტმს, მამაკაცის ცხელ სუნთქვას და მის ძლიერ ხელს. ძლივს უძლებდა ცდუნებას, რომ მგზნებარე სურვილით შეპყრობილი, მის ათრთოლებულ ბაგეებს არ დაჰკონებოდა. მოხუცმა საკუთარი ალღოთი შეიცნო ეს. როდესაც ერნას ცეკვა გაიტაცებდა, ეგონა, სამუდამოდ მეღუპებაო შვილი. უცებ შუა ტაქტში, თითქოს სიმი გაწყდაო, მუსიკა შეწყდა, გერმანელი ბარონი წამოხტა: -Assez joue pour vous, - სიცილით თქვა მან, - Maintenant je veux danser moi meme. ყველანი დაეთანხმნენ სიცილით. მოცეკვავე წყვილები განშორდნენ ერთმანეთს, საზოგადოება დაიშალა.    მოხუცი გონს მოეგო: რამე უნდა იღონოს, ხმა ამოიღოს. ასე რეგვენივით ხომ ვერ გაჩერდება, აღარ სურს ასეთი საბრალო დამატება იყოს. აი, სწორედ ახლა ჩაუარა ცოლმა გვერდით, დაღლილობისაგან ოდნავ სუნთქვაშეკრულმა, მაგრამ კმაყოფილებისაგან სახე ალეწილმა. მრისხანებამ ძალა შემატა, უცბად გადასწყვიტა და გზა გადაუჭრა ქალს: - წამოდი, - მოუთმენლობისაგან სუნთქვა ეკვროდა, - უნდა მოგელაპარაკო.    ცოლმა განცვიფრებით ახედა: ქმარს მკრთალი შუბლი ოფლით ჰქონდა დაცვარული. თვალები ამღვრეოდა. „ნეტავი რა უნდა, რაღა სწორედ ახლა გადამეკიდა?“ - ის იყო, დააპირა რაღაც მიეკიბ-მოეკიბა, მაგრამ მოხუცის ქცევაში შემაშფოთებელი, უცნაური რამ შენიშნა და რომ მოაგონდა, ახლახან როგორ იფეთქა მრისხანებისაგან, უხალისოდ გაჰყვა: - Excusez, messieurs, un instant! „ამათ ებოდიშება, - გაიფიქრა გაბოროტებულის მძვინვარებით, - მე კი არც გავხსენებივარ, სუფრიდან რომ წამოიშალნენ. მე ამათთვის ფინია ვარ, ფეხის საწმენდი ჩვარი, რომელიც შეუძლიათ გასთელონ, მაგრამ ახლა ჩემზე, ახია, რახან ამას ვითმენ“. ქალი იდგა, წარბები პირქუშად შეეკრა. როგორც მოწაფე მასწავლებლის წინაშე, იდგა და სიტყვას ვერა სძრავდა. - რა მოხდა? - ჰკითხა ბოლოს. - მე არა მსურს... არა მსურს რომ თქვენ ამ ხალხთან ურთიერთობა გქონდეთ, - ჩაიბურტყუნა ენის ბორძიკით, უმწეოდ... - რომელ ხალხთან? - ქალმა თავი ისე დაიჭირა, თითქოს ვერა ხვდებაო, და ისეთი აღშფოთებით შეხედა, თითქოს შეურაცხყოფა მიაყენესო. - აი, იმათთან... - გაბრაზებით გაიქნია თავი დარბაზისაკენ, საცა მუსიკა უკრავდა... - ეს არ მომწონს... არა მსურს... - მერე რა მიზეზით?..    „სულ ასე ინკვიზიტორივით ჩამაცივდება ხოლმე, - ფიქრობდა გაბოროტებული. - ისე მექცევა, თითქოს მისი მსახური ვიყო,“ - და უფრო მეტი მღელვარებითა და ენის ბორძიკით განაგრძო: - მაქვს ამისი მიზეზი, თვალსაჩინო მიზეზი... არ მომწონს, არა მსურს, რომ ერნა ამათ ელაპარაკებოდეს... წვრილად ვერ მოგიყვები... - ეს მეტისმეტად გულსა მტკენს, - ამპარტავნულად მიუგო ქალმა, - მე რომ კაცმა მკითხოს, ესენი არაჩვეულებრივად ზრდილნი არიან. ეს საზოგადოება უფრო მომწონს, ვიდრე ის, რომელშიაც ყოველთვის ვტრიალებთ. - რჩეული საზოგადოება! ქურდები... ეს... ეს... - ბრაზისაგან სული ეგუბებოდა... უცბად ფეხი დააბაკუნა. - არა მსურს... ნებას არ გაძლევთ... გასაგებია? - არა, - მიუგო ქალმა გულგრილად. - ვერაფერიც ვერ გავიგე, არ ვიცი, რისთვის უნდა მოვაკლო ჩემს ბავშვს სიამოვნება. - სიამოვნება!.. სიამოვნება!.. - მოხუცი ისე შეტორტმანდა, თითქოს სილა გააწნესო. სახეზე ალმური მოეკიდა. შუბლზე ცივმა ოფლმა დაასხა. ხელი გაიწვდინა, რომ ჯოხი აეღო, დაყრდნობოდა, ან თავში ჩაერტყა, მაგრამ ჯოხი დავიწყებოდა. გონს მოეგო. უცბად იგრძნო, რაღაც თბილი ჩაეღვარა გულში. მიუახლოვდა ცოლს, თითქოს უნდა მის ხელს დასწვდესო. მის ხმაში ალერსი, თითქოს მუდარა ისმოდა. - შენ... შენ არ გესმის ჩემი... ჩემთვის არაფერს არა გთხოვ... მე თქვენ გთხოვთ მხოლოდ... პირველად გევედრები მთელი ამ ხნის მანძილზე... წავიდეთ აქედან. თუგინდ ფლორენციაში, თუგინდ რომში, სადაც თქვენ ისურვებთ, მე ყველაფერზე თანახმა ვარ... თქვენ თვითონ გადასწყვიტეთ, სადაც გსურთ... მხოლოდ აქედან წავიდეთ. გემუდარებით, აქედან წავიდეთ დღესვე... ამას ვეღარ ავიტან... ვერ ავიტან. - დღესვე? - ქალმა განცვიფრებით შეხედა და კოპები შეიკრა. - დღესვე გავემგზავროთ? ეგ რა სულელური აზრი მოგსვლია თავში... მხოლოდ იმისთვის, რომ ეგ ბატონები არ მოგდის თვალში?.. შეგიძლია, სულაც არ დაელაპარაკო.მოხუცი ადგილიდან არ იძვროდა. მუდარით აღეპყრო ხელები. - ამას ვერ გადავიტან, გითხარი, ვერ გადავიტან-მეთქი... არ შემიძლია, არა. გემუდარები, ნუღარას მკითხავ. ოღონდ, დამიჯერე, ვერ გადავიტან... თქვენს სიცოცხლეში ერთხელ მაინც იფიქრეთ ჩემს სიამოვნებაზე, მხოლოდ ერთხელ...    ისევ გაისმა როიალის ხმა. ცოლმა ახედა, თითქოს შეებრალა უნებურად, მაგრამ რა ენით გამოუთქმელად სასაცილო იყო ეს პატარა, ჩაფსკვნილი მამაკაცი. სახე ასწითლებოდა, ამღვრეული თვალებიდან ცეცხლს აფრქვევდა. მეტისმეტად მოკლე სახელოებიდან ხელები ჩამოკონწიალებოდა. კაცს გულს მოუკლავდა, ისე საცოდავი შესახედავი იყო. - ეგ შეუძლებელია, - გადაჭრით თქვა მან, - დღეისათვის შევპირდით, სასეირნოდ წამოვალთო. ან ხვალ როგორ გავემგზავროთ, როცა სამი კვირით დავიჭირეთ ბინა. ქვეყნის სასაცილო გავხდებით. იოტისოდენა მიზეზსაც ვერა ვხედავ აქედან წასასვლელად. მე აქა ვრჩები და ერნაც... - მაშ, მე შემიძლია გავემგზავრო, არა?.. მე მხოლოდ ხელს გიშლით... ხელს გიშლით სიამოვნებაში... - ამ ყრუ შეძახილით შეაწყვეტინა სიტყვა ქმარმა. მისი მოხრილი ჩამრგვალებული სხეული გასწორდა, მუშტები შეკრა, ბრაზისაგან საშიშად დაებერა შუბლის ძარღვები. ეტყობოდა, რაღაც უნდოდა ეთქვა, ან ჩაერტყა, მაგრამ უცბად მოტრიალდა, საჩქაროდ უკან დაიხია და სწრაფი ნაბიჯით, თითქოს მოსდევენო, საფეხურები აიარა. *    მოხუცი ქოშინით არბოდა კიბეებზე. ოღონდ მიაღწიოს თავის ოთახამდე, მარტოკა დარჩეს, დამშვიდდეს, ნერვები დაიწყნაროს, სიშმაგემ გადაუაროს. აი, ავიდა ზემო სართულზე, მაგრამ თითქოს ბასრი ბრჭყალები ჩაასვესო შიგნეულში, უცბად სახე ჩაეტეტკა და კედელს მიეყრდნო. რა მძაფრად უვლიდა ეს მტანჯველი ტკივილი მთელ გულ-გვამში. კბილი კბილს დააჭირა, რომ არ ეყვირა, ტკივილისაგან იკლაკნებოდა მისი მოშვებული სხეული.    მაშინვე მიხვდა, რაცა სჭირდა; ღვიძლის შეტევა დაემართა, რამაც ბოლო ხანებში უხშირა, მაგრამ ასეთი საშინელი წამება არასოდეს არ განუცდია. „ნუ იღელვებთო, - ამ დროს ექიმის დარიგება მოაგონდა და გაბოროტებულმა დასცინა საკუთარ თავს. - თქმა ადვილია, ნუ იღელვებთ! მოდი და ერთხელ იმ ბატონმა პროფესორმა თვითონ სინჯოს, თუ არ იღელვებს, როცა... ოჰ, ოჰ!..“    უხილავი ბასრი ბრჭყალები ისე ესობოდა ნაგვემ სხეულში, რომ მოხუცი კვნესოდა. დიდი გაჭირვებით მიაღწია თავისი ოთახის კარამდე, დივანზე დაეცა და კბილებით ბალიშს ჩააფრინდა. დაწვა თუ არა, ტკივილი ცოტათი დაუამდა. გახურებული შანთები ისე ჯოჯოხეთურად აღარ უტრიალებდა დაფლეთილ შიგნეულში. „კომპრესს დავიდებ, წვეთებს დავლევ და მაშინვე მიკლებს“, - მოაგონდა უცბად, მაგრამ ძალა არ შესწევდა, მეორე ოთახამდე ან ზართან მაინც მილასლასებულიყო.    „სულ მარტოდმარტო ვარ, - ფიქრობდა გამწარებული, - ასევე ძაღლივით ამომხდება სული ოდესღაც. ხომ ვიცი, ეს ტკივილი ღვიძლისა არ არის... სიკვდილი მოახლოვდება... ვიცი, ჩემი კალო გალეწილია, ვეღარ მიშველიან ვეღარც პროფესორები, ვეღარც წამლები. სამოცდახუთი წლის ადამიანი აღარ ჯანსაღდება. ვიცი, ეს მე, სხეულში შანთივით რომ მიტრიალებს, სიკვდილია, და ორიოდე წელი, რაც დამრჩენია, ეს სიცოცხლე კი აღარ იქნება, არამედ სიკვდილი, მხოლოდ სიკვდილი... მაგრამ როდის, როდის ვიცოცხლე ჩემი თავისთვის?.. ეს რა სიცოცხლე იყო? მუდამ ფულის შოვნაში ვიყავი, ფული, ფული, მუდამ სხვისთვის ვცოცხლობდი, ახლა კი რასა მშველის ეს? ცოლი მყავდა, მთლად ბავშვი ვიყავი, რომ შევირთე. მიყვარდა, შვილი გამიჩინა. წლების განმავლობაში ერთ საწოლში ვიწექით, ერთი სუნთქვით ვსუნთქავდით. ახლა, ახლა, რაღა დაემართა? ვეღარ ვცნობ იმის სახეს, იმის ხმას; სულ უცხოსავით მელაპარაკება, ჩემზე არ ფიქრობს. არ აფიქრებს ჩემი საფიქრალი, ჩემი სადარდელი... რაც წლები გადის, თანდათან უცხო ხდება ჩემთვის. სად გაქრა ყველაფერი, სად? შვილიც მყავდა, ველოლიავებოდი, მეგონა ახლა იწყება ჩემო ცხოვრება, უფრო უკეთესი, უფრო ბედნიერი ცხოვრება, ვიდრე ჩემთვის ბედს დაუწერია-მეთქი. ის იქნება ჩემი სიცოცხლის გაგრძელება-მეთქი. ის კი ღამღამობით იპარება და მამაკაცებს ათელვინებს თავის სხეულს. თუ მოვკვდები, ჩემთვის, მხოლოდ ჩემი საკუთარი თავისთვის მოვკვდები, რადგან სხვებისთვის კარგა ხანია აღარ ვარსებობ... ოჰ, ღმერთო ჩემო, ღმერთო ჩემო... რა ეულად დავრჩი!“ ტკივილი ხან იძალებდა, ხან დაუცხრებოდა, მაგრამ საფეთქლებში რაღაც ჩაქუჩებივით სცემდა.    ფიქრი ბასრი, გახურებული შანთივით უხვრეტდა შუბლს. ნეტავი ყველაფერი დაივიწყოს, აღარაფერზე იფიქროს. მოხუცმა გაიხსენა სერთუკი და ჟილეტი. გამობურცული პერანგიდან უფორმოდ გამოებერა დიდი მუცელი. ფრთხილად დაიჭირა ხელი მტკივან ადგილზე.    „მხოლოდ ესა ვარ... - ფიქრობდა იგი, - ერთადერთი, რასაც შევიგრძნობ ამ გახურებულ კანქვეშ... და რაც ჩემს საკუთრებას წარმოადგენს, ეს ჩემი ავადმყოფობაა, ეს ჩემი სიკვდილია. ესღა შემრჩენია... აღარა ვარ კომერციის საიდუმლო მრჩეველი, არც ცოლი მყავს, არც შვილი, არც ფული მაბადია, არც სახლი, არც სავაჭრო. ესღა შემრჩა, რასაც საკუთარი თითების შეხებით შევიგრძნობ: მუცელი და შიგ მწველი ტკივილი... სხვა ყველაფერი ამაოა, აზრი დაჰკარგა, რადგან ეს მხოლოდ ჩემი სატკივარია და ეს ფიქრები მხოლოდ ჩემი საფიქრალი... იმათ ჩემი აღარ ესმით და მე იმათი... მთლად მარტო დავრჩი, ასე არასდროს არ მიგრძვნია სულით ობლობა. ახლა, მხოლოდ ახლა შევიგრძენ, რაც აქა ვწევარ, და ვიცი, სიკვდილს დაუბუდებია ჩემს სხეულში. ახლა ვგრძნობ ამას, ასე გვიან, სამოცდახუთი წლის მოხუცი, როცა სულ მალე ჩავძაღლდები. ისინი კი, ის უნამუსო დედაკაცები, ცეკვავენ და დასეირნობენ. ახლა ვიცი, რომ ჩემი სიცოცხლე იმათ შევწირე. არასოდეს არც ერთი წუთით ჩემი თავისთვის არ მიცოცხლია. მაგრამ იმათთან რა მესაქმება, რა, რად უნდა ვიფიქრო იმათზე, როცა ისინი ჩემზე არა ფიქრობენ? მირჩევნია ჩავკვდე, ვიდრე იმათ გულში სიბრალული აღვუძრა.    ნელ-ნელა უკლო ტკივილმა. ისე გახურებული შანთებივით აღარ ესობოდა ბასრი ბრჭყალები. მაგრამ რაღაცას ყრუდ შეიგრძნობდა. არა, ეს ტკივილი არ იყო. აწვებოდა, უჭერდა, იჭრებოდა მის გულ-გვამში და სულს უმწარებდა. მოხუცი იწვა თვალგახელილი, გალურსული და ყურს უგდებდა, რა ხდებოდა მის სხეულში: აი, თითქოს უხილავი ძალა ჯერ ბასრი, მერე ბლაგვი იარაღით რაღაცას ფხეკდა, ძარღვებს უწყვეტდა. შანთები აღარ უტრიალებდა, ტკივილები აღარ სტანჯავდა, მაგრამ რაღაც იხრწნებოდა და ლპებოდა ნელ-ნელა, იწყებდა კვდომას. ყველაფერი, რითაც ცოცხლობდა, რაც უყვარდა, დაიწვა ამ ნელ ცეცხლზე, შავი ბოლით დაიფარა და დაიფერფლა, დაიმსხვრა, დანახშირდა, გულგრილობის შლამმა დაფარა. ყრუდ შეიგრძნობდა, რომ რაღაც მოხდა, რომ რაღაც მოხდა მის სხეულში, სანამ ასე იწვოდა და ნაღვლიან ფიქრს მისცემოდა თავის ცხოვრებაზე. რაღაც კვდებოდა, მაგრამ რა იყო ეს? იგი ყურს უგდებდა, ყურს უგდებდა. ასე ნელ-ნელა იწყებოდა აღსასრული მისი გულისა.    ოთახში ბინდი ჩამოწვა. მოხუცი იწვა თვალდახუჭული ძილბურანში. ცხადლივ თუ სიზმრივ მის დაბინდულ გონებას წარმოუდგა: საიდანღაც, უხილავი დაყუჩებული ჭრილობიდან სწვეთავდა თბილი სითხე და ძარღვებში ეღვრებოდა, თითქოს სისხლისაგან იცლებაო. ტკივილს არ ჰგვრიდა ეს უხილავი წვეთები. ნელა, თბილი ცრემლებივით მოწვეთავდა და შიგ გულში ეღვენთებოდა. მაგრამ დახშული გული არ პასუხობდა, უხმოდ იღებდა უჩვეულო სითხეს, ღრუბელივით იწოვდა, თანდათან მძიმდებოდა. აი, უკვე გასივდა, ვეღარ ეტევა გულის პერანგში, საკუთარი სიმძიმით ქვემოთ ეწევა, იოგებს უგანივრებს, დაძაბული კუნთები ეშვება. სულ უფრო უსიამოდ აწვება და ქვემოთ ეწევა უსაზღვროდ გაფართოებული გული. დამძიმებული გული ამოძრავდა (მერე რა მტკივნეულია ეს!) და ქვემოთ ეშვება, უცბად, მოწყვეტით კი არა, როგორც გამოსროლილი ქვა ან ხიდან მოწყვეტილი ნაყოფი, სულ ნელ-ნელა მოშორდა უჯრედებს და გაჟღენთილი ღრუბელივით ქვემოთ მიიწევს, სულ ღრმად, არარაობაში, სიცარიელეში, სადღაც მისი არსების მიღმა, თვალუწიერ, უსასრულო წყვდიადში. უცბად, იქ, სადაც ეს თბილი, ტანჯვისმომგვრელი გული ძგერდა, ავბედითმა დუმილმა დაისადგურა: რაღაც დაცარიელდა, შემაძრწუნებელი სიცივე ჩადგა. აღარ ძგერდა, აღარ ჟონავდა წვეთები, მთლად დუმილმა მოიცვა, მთლად ჩაკვდა, თითქოს აცახცახებულ მკერდში დასადგურებული მდუმარე, ჩაუწვდომელი არარაობა შავ კუბოში ასვენიაო. იმდენად ძლიერი იყო ეს ბურანში განცდილი გრძნობა, ისე შეაჟრჟოლა მოხუცი, რომ როდესაც გამოერკვა, უნებურად მარცხნივ წაივლო ხელი, გული მაქვს თუ არაო. ღვთის მადლით! აცახცახებულ თითებქვეშ რაღაც ძგერდა ყრუდ და რიტმულად, მაგრამ მაინც ეგონა, ეს ყრუ ძგერა სიცარიელეში გაისმოდა და გული არა ჰქონდა. უცნაური შეგრძნება დაეუფლა, თითქოს საკუთარი სხეული გამოეთიშა. ტკივილი აღარ აწუხებდა, აღარაფერი არ ათრთოლებდა მის ტანჯულ ნერვებს, ყველაფერი მდუმარებას მოეცვა, გაციებულიყო, გაქვავებულიყო.    „რა მემართება? სწორედ ეს წუთია როგორ ვიტანჯებოდი, რაღაც მწვავდა, მაწვებოდა, ყოველი ნერვი მითრთოდა, ახლა რა მომდის?“ მისი სხეული სიცარიელე დასადგურებულ გამოქვაბულს ჰგავდა. მოხუცი ყურს უგდებდა, მაგრამ არაფერი იძვროდა და შრიალებდა, არ წვეთავდა, არ ძგერდა. ყურს უგებდა, მაგრამ არაფერი ისმოდა; აღარაფერი სტანჯავდა, აღარაფერი აწვებოდა და სტკიოდა: დამწვარი ხის ფუღუროსავით სიცარიელესა და სიბნელეს მოეცვა მისი სხეული. უცბად მოეჩვენა, რომ მოკვდა, რაღაც კვდებოდა მის გულ-გვამში. ისე შემაძრწუნებლად ნელა მოძრაობდა სისხლი, თითქოს სიკვდილის ყინული ჩაუდგა მთელ არსებაში და ეშინოდა თბილი ხელით შეხებოდა თავისსავე სხეულს. *    მოხუცი ყურს უგდებდა საკუთარი სხეულის ხმას. მას არ ესმოდა საათის რეკვა ტბიდან, მის ოთახში რომ იჭრებოდა, ვეღარც დაბინდებას გრძნობდა. მის გარშემო სიბნელე ჩამოწვა, შავად გამოიკვეთა საგნები. თვით ცის გაფერმკრთალებული მონაკვეთი, ფანჯრიდან რომ ჩანდა, წყვდიადმა შთანთქა. მოხუცი ამას ვერ ამჩნევდა, ის მხოლოდ მის სულში ჩამოწოლილ სიბნელეს ჩასცქეროდა, მის სხეულში დასადგურებულ სიცარიელეს უსმენდა, როგორც საკუთარ სიკვდილს.    უცბად მეზობელ ოთახში მხიარული სიცილი გაისმა. ღრიჭოდ დატოვებულ კარიდან სინათლის სხივი გამოკრთა. მოხუცი შეკრთა; ცოლი, ქალიშვილი. აი, ახლა დაინახავენ მწოლარეს და აღარ მოასვენებენ შეკითხვებით. საჩქაროდ შეიკრა სერთუკი და ჟილეტი. რად უნდა იცოდნენ, რომ შეტევა ჰქონდა. იმათ რა ესაქმებათ?    მაგრამ არც დედასა და არც შვილს არც კი მოჰგონებიათ. ეტყობოდათ, სადღაც მიიჩქაროდნენ. გონგის გუგუნი მესამედ იხმობდა სადილისაკენ საზოგადოებას. ჩანდა, ირთვებ-იკაზმებოდნენ. ღიად დატოვებული კარიდან ყოველი მოძრაობის ხმა სწვდებოდა მის სმენას: აი, ახლა გამოსწიეს უჯრა, აი, წკრიალით დაეცა ბეჭდები პირსაბანზე, აი, ფეხსაცმელი გაბრახუნდა იატაკზე. კაჭკაჭივით ენადაუბმელად ლაპარაკობდნენ. ყოველი სიტყვა, ყოველი ბგერა, შემაძრწუნებელი სიცხადით აღწევდა მოხუცის გამახვილებულ სმენამდე. ჯერ იმ ვაჟბატონებზე იჯერეს გული, იგონებდნენ სასაცილო შემთხვევებს, მოგზაურობისას რომ გადახდათ, ერთმანეთს რაღაცას გადაუკრავდნენ, თან არ ცდებოდნენ, იბანდნენ, ივარცხნიდნენ, ირთვებოდნენ. უცბად მოხუცზე ჩამოაგდო სიტყვა. - მამა სადღაა? - იკითხა ერნამ, თან ეტყობოდა, თვითონვე უკვირდა, რომ ასე გვიან მოაგონდა. - მე საიდან მეცოდინება? - ეს დედის ხმა იყო. ქმრის მოგონებამაც კი გააგულისა. - რაღა თქმა უნდა, ქვემოთ ზის და ალბათ მეასეჯერ მაინც კითხულობს ფრანკფურტის გაზეთს ფულის კურსის შესახებ. იმას ხომ სხვა არაფერი აინტერესებს. შენ გგონია, ერთხელ მაინც იყო ტბაზე? არ მოსწონს აქაურობა. დღეს შუადღისას მითხრა, დღესვე გავემგზავროთო აქედან. - დღესვე?.. მერე რატომ? - ეს ერნას ხმა იყო. - რა ვიცი. მაგას ვინ გაუგებს. ჩვენს საზოგადოებას შესაფერისად არა სთვლის, ის ბატონები თვალში არ მოსდის. ეტყობა, თვითონვე გრძნობს, რომ ეგ იმათი ტოლი არ არის. მართლაც, სირცხვილისაგან დაიწვები მაგისი შემხედვარე. კოსტიუმი ერთთავად დაჭმუჭნული აქვს, საყელო მოღეღილი. თვალი გვეჭიროს, იქნებ ამ საღამოს ცოტა რიგიანად ჩაიცვას. შენი სჯერა... ხედავდი, ამ დილით რა ქნა? მერჩივნა, მიწა გამსკდომოდა და შიგ ჩავეტანე... როგორ ეცვა ლეიტენანტს. - ჰო, დედა! რა მოხდა? მინდოდა შენთვის მეკითხა. რა მოუვიდა მამას?.. ასე უგუნებოდ ჯერ არ მინახავს, მართლაც შემეშინდა... - რა უნდა მოსვლოდა? ცუდ გუნებაზე იყო და ეგაა. ეტყობა, კურსი დაეცა... ან იქნებ ის აცეცხლებს, რომ ფრანგულად ვლაპარაკობდით. ვერ იტანს, როცა სხვები მხიარულობენ. ვერ შენიშნე: ჩვენ რომ ვცეკვავდით, ისე იდგა კარებთან, გეგონებოდათ, კაცის მკვლელი ხეს ამოფარებიაო. გავემგზავროთ! ახლავე გავემგზავროთ! და მხოლოდ იმიტომ, რომ მან უცბად ასე ინება. თუ აქაურობა არ მოსწონს, ჩვენ ხელს რაღას გვიშლის დროსტარებაში... მაგრამ მე არ ვაქცევ ყურადღებას იმის უგუნებობას, თავშიაც ქვა უხლია.    საუბარი გასწყვიტეს. ეტყობოდა, დაასრულეს თავიანთი საღამოს ტუალეტი: დიახ, კარი გაიღო. აი, ახლა გადიან ოთახიდან. ამომრთველმა გაიწკაპუნა. სინათლე ჩაქრა.    მოხუცი გაუნძრევლად იჯდა დივანზე. არც ერთი სიტყვა არ გამოპარვია, მაგრამ საოცარი ის იყო, რომ ტკივილს აღარ გრძნობდა, სულ აღარ გრძნობდა ტკივილს. მოუსვენარი საათის მექანიზმი, რაც ეს წუთია ბობოქრობდა და წიკწიკებდა მის მკერდში, მთლად დადუმდა. იქნებ დაიმსხვრა. ერთი ძარღვიც კი არ შეტოკებულა მის არსებაში ამ უხეში შეხებისაგან... არც ბრაზი, არც სიძულვილი... არაფერი... არაფერი... დამშვიდებით შეიკრა სერთუკი, ფრთხილად დაეშვა კიბეზე და უცხოსავით მიუჯდა იმათ მაგიდას. *    მოხუცს ვახშამზე ხმა არ ამოუღია და ისინიც ვერ ამჩნევდნენ მუშტივით შეკრულ დაძაბულ დუმილს. არც კი დამშვიდობებია თავისიანებს, ისევ დაბრუნდა თავის ოთახში, დაწვა საწოლზე და სინათლე ჩააქრო. კარგა ხნის შემდეგ შემოვიდა ცოლიც, ეტყობოდა, დრო მხიარულად გაეტარებინა. ეგონა, სძინავსო და სიბნელეში გაიხადა ტანსაცმელი. მოხუცს სულ მალე მისი მძიმე, უდარდელი ფშვინვა ჩაესმა.    საკუთარ თავთან განმარტოებული მიშტერებოდა ღამის უსაზღვრო სივრცეს. მის გვერდით ვიღაც იწვა სიბნელეში და ღრმად სუნთქავდა. ცდილობდა, მოეგონებინა, რომ ამ ქალს, ახლა ერთ ოთახში, ერთი ჰაერით რომ სუნთქავდნენ, ოდესღაც იცნობდა ახალგაზრდასა და მგზნებარეს, მან შესძინა შვილი და სისხლის ღრმა საიდუმლოთი იმასთან იყო დაკავშირებული. თავს ძალას ატანდა, მოეგონებინა, რომ ეს თბილი, რბილი სხეული, რომელიც ისე ახლოს იწვა, რომ ხელით შეეძლო შეხებოდა, ოდესღაც იმისი სიცოცხლის ნაწილს შეადგენდა. მაგრამ საოცარი იყო; წარსულის მოგონებანი არავითარ გრძნობებს არ აღუძრავდა. ამ სუნთქვას ისე უსმენდა, როგორც ღია ფანჯრებიდან შემოჭრილ, შრიალა ტალღების დგაფუნს სანაპიროს კენჭებზე. ყველაფერი ეს შორეული გახდა მისთვის, აზრი დაჰკარგა, დარჩა მხოლოდ შემთხვევითი და უცხო მეზობლობა. გათავდა, სამუდამოდ გათავდა ყველაფერი. ერთხელ კიდევ წამოიწია: სულ ჩუმად, ქურდულად გაიღო ქალიშვილის ოთახის კარი. „დღესაც ისევ“, - ოდნავ ჩხვლეტა იგრძნო გულში, რომელიც მკვდარი ეგონა. ერთ წამს რაღაც ათრთოლდა, თითქოს მომაკვდავი ნერვიაო, მაგრამ ისიც მალე დადუმდა. „რაც უნდა ისა ქნას, მე რა მესაქმება!“    მოხუცმა ისევ მისდო თავი ბალიშზე. რბილად ეკვროდა წყვდიადი გახურებულ საფეთქლებს. კეთილისმოქმედად იღვრებოდა ცისფერი სიმშვიდე სისხლში. მალე მსუბუქმა სიზმარმა დაუბინდა დაუძლურებული გონება. *    დილით ცოლმა რომ გამოიღვიძა, დაინახა, რომ ქმარს უკვე პალტო ეცვა და ქუდიც დაეხურა. - საით გამგზავრებულხარ? - ჰკითხა ნამძინარევი ხმით. მოხუცი არც კი მობრუნებულა. გულგრილად სტენიდა ღამის პერანგს ჩემოდანში. - შენ უკვე იცი, რომ შინ მივემგზავრები. რაცა მჭირდება, მხოლოდ ის მიმაქვს, დანარჩენი შეგიძლიათ გამომიგზავნოთ. ცოლი შეკრთა. რა მოუვიდა? რა უცხო ხმაა. ცივად, მკაცრად სცრიდა ყოველ სიტყვას კბილებიდან. ქალმა ორივე ფეხი გადმოჰყო ლოგინიდან. - ნუთუ მართლა აპირებ წასვლას? დაგვიცადე, ჩვენც მოვდივართ. მე უკვე ვუთხარი ერნას. მოხუცმა საჩქაროდ გააქნია თავი. - არა, არა, ხელს არ შეგიშლით, - და არც კი შემობრუნებულა, მძიმე ნაბიჯით კარისაკენ გაეშურა. კარის სახელური რომ გადაეწია, ჩემოდანი ერთ წუთს ძირს დადგა. და აი, ამ ერთ წუთში მოაგონდა: ათასჯერ დაუდგამს ჩემოდანი უცხოთა კარის წინ, რომ წასვლის ხანს გამომშვიდობებოდა და თან დაემატებინა, შემდგომშიაც მზად ვარ გემსახუროთო. მაგრამ აქ საქმე გაარიგა და საჭიროც აღარ იყო გამომშვიდობება. უხმოდ, უკანმოუხედავად აიღო ჩემოდანი და ჭრიალით მიხურა კარი და ამით წარსულ ცხოვრებას გამოეყო. *    ვერც დედა და ვერც შვილი ვერ მიმხვდარიყვნენ, რა მოხდა, მაგრამ ამ ურყევმა გადაწყვეტილებამ, მოულოდნელმა გამგზავრებამ ორივე შეაშფოთა. მაშინვე მშობლიურ ქალაქში, სამხრეთ გერმანიაში ახსნა-განმარტების წერილი აფრინეს მომხდარ გაუგებრობაზე, თითქმის ალერსიანი წერილი. მზრუნველობით ეკითხებოდნენ, როგორ იმგზავრა, როგორ გრძნობდა თავს, უცბად დათმობაზე მიდიოდნენ და სწერდნენ, ყოველ წუთს მზადა ვართ ჩვენი მოგზაურობა საზღვარგარეთ დავასრულოთო. მაგრამ პასუხი არ ჩანდა. ისევ სწერდნენ დაჟინებით, დეპეშებს უგზავნიდნენ, მაგრამ პასუხი არ იყო და არა... ერთ წერილში ფულს სთხოვდნენ და იმის პასუხად კონტორიდან მიიღეს ფული ფოსტის ნიშნით, ფირმის ბეჭდით, არც ერთი სიტყვა მისი ხელით ნაწერი, არც მოკითხვა.    ამ გაუგებარმა და მძიმე ვითარებამ დააჩქარა იმათი დაბრუნება სამშობლოში. თუმცა დეპეშით შეატყობინეს, მაგრამ არავინ დახვედრიათ სადგურში. სახლშიც თავი არავის შეუწუხებია. მსახურები ამბობდნენ, დაბნეულმა მოხუცმა დეპეშა მაგიდაზე მიაგდო და არავითარი განკარგულება არ მოუცია, ისე წავიდაო. საღამოთი, ვახშამს რომ უსხდნენ, როგორც იქნა, გაისმა კარის ჯახუნი. წამოცვივდნენ შესაგებებლად. მოხუცმა განცვიფრებით შეავლო თვალი. ეტყობოდა, დეპეშა სულ დავიწყებოდა, არავითარი გრძნობა არ გამოუმჟღავნებია, უგულოდ შეხვდა ქალიშვილის მოხვევნას, გაჰყვა სასადილოში და გულგრილად მოისმინა იმათი საუბარი. არაფერი უკითხავს. უხმოდ სწიწკნიდა თავის სიგარას. ხან მოკლედ უპასუხებდა, ზოგჯერ ყურს მოიყრუებდა იმათ შეკითხვებზე. გეგონებოდათ, თვალებგახელილს სძინავსო. ბოლოს წამოდგა მძიმედ და თავისი ოთახისაკენ წალასლასდა.    ასე გრძელდებოდა შემდეგაც. ამაოდ ცდილობდა შეწუხებული ცოლი, აეხსნა ყველაფერი. რაც უფრო ცდილობდა, მით უფრო ჯიუტად ყურს უყრუებდა ქმარი. ჩაიკეტა საკუთარ თავში, მიუწვდომელი გახდა. უფსკრული გაჩნდა იმასა და შინაურებს შორის. ჯერ ისევ სადილობდა იმათთან, გამოდიოდა როცა სტუმრები ჰყავდათ, მაგრამ მთელი ეს ხანი იჯდა საკუთარ ფიქრებში გართული, არავითარ მონაწილეობას არ იღებდა იმათ საუბარში. თუ რომელიმე სტუმარი შემთხვევით თვალს შეავლებდა, უსიამოვნო გრძნობა შეიპყრობდა. სივრცეში მიპყრობილი მისი უაზრო თვალები ვერაფერს ამჩნევდნენ გარშემო. მალე უცხოებსაც ხვდებოდათ თვალში მოხუცის უცნაურობა. ნაცნობები ქუჩაში ჩუმ-ჩუმად ერთმანეთს მუჯლუგუნს ჰკრავდნენ ხოლმე: მოხუცი, ერთ-ერთი უმდიდრესი კაცი ამ ქალაქში, მათხოვარივით კედელს ეკვროდა. დაჭმუჭნული ქუდი გვერდზე მოქცეოდა, სერთუკზე სიგარის ფერფლი დასცვენოდა, ყოველ ნაბიჯზე უცნაურად ბარბაცებდა და ძლივს გასაგონად რაღაცას თავისთვის ბურტყუნებდა. ვინმე რომ მიესალმებოდა, შეშინებული ახედავდა, თუ დაელაპარაკებოდა, უაზრო თვალებს მიაპყრობდა მოსაუბრეს და ავიწყდებოდა ხელის ჩამორთმევა. ჯერ ეგონათ, მოხუცი დაყრუვდაო და ხმამაღლა უმეორებდნენ ნათქვამს, მაგრამ ყურს არ აკლდა. დრო სჭირდებოდა, რომ სიზმრისაგან გამორკვეულიყო და საუბარში ისევ მისცემოდა თავის უცნაურ თავდავიწყებას. თვალები უბნელდებოდა, საჩქაროდ სწყვეტდა ლაპარაკს და ვერც კი ამჩნევდა მოსაუბრის განცვიფრებას, ისევ განაგრძობდა ბარბაცით გზას. ეტყობოდა, ნიადაგ თავს ძალას ატანდა, რომ გარინდებიდან გამორკვეულიყო. საკუთარ თავში ჩაკეტილი ვერ ხედავდა ადმიანებს, მისთვის ისინი არ არსებობდნენ. არავის დარდი არ აწუხებდა, შინ ვერ ამჩნევდა ცოლის უხმო სასოწარკვეთილებას, ქალიშვილის დაბნეულ შეკითხვებს. გაზეთებს არ კითხულობდა, ყურს არ უგდებდა სხვების საუბარს. არ არსებობდა სიტყვა, ან რაიმე კითხვა, რომ წუთით მაინც გაეხვრიტა მისი არსების გულგრილობის ქუფრი კედელი. საკუთარი სამყაროც, მისი საქმიანობაც უცხო გახდა მოხუცისათვის. ზოგჯერ იჯდა ხოლმე მდუმარედ კონტორაში, რომ ხელი მოეწერა ბარათებისათვის, მაგრამ როდესაც ერთი საათის შემდეგ მდივანი ხელმოწერილი ფურცლების წასაღებად შემოივლიდა, მოხუცი ისევ ისე დახვდებოდა - უაზრო თვალებით მისჩერებოდა წაუკითხავ ბარათებს. ბოლოს მოხუცი მიხვდა, რომ ზედმეტი იყო და თავი მიანება იქ სიარულს.    მაგრამ უჩვეულო და მთელი ქალაქისათვის საოცარი ის იყო, რომ მოხუცი, რომელიც არასოდეს არ ეკუთვნოდა მორწმუნეთა საზოგადოებას, უცბად ღვთისმორწმუნე გახდა. თუმცა გულს ვერაფერს უდებდა, არც სადილად, არც ვინმესთან მოსალაპარაკებლად დროულად არ მივიდოდა, მაგრამ დანიშნულ დროს სინაგოგაში წასვლა არ ავიწყდებოდა. იდგა იქ, თავზე შავ ჩაჩწამოდებული, მხარზე მლოცველის მანტიაგადაგდებული, იდგა იმავე ადგილას, საცა ოდესღაც მამამისი, დაღლილი, თავს აქეთ-იქით აქნევდა და ლოცვებს ბუტბუტებდა. აქ, ამ ნახევრად დაცარიელებულ სინაგოგაში, მის გარშემო ხმათა უცხო და იდუმალ გუგუნში ყველაზე მეტად გრძნობდა სიმარტოვეს. სიმშვიდე ჰფანტავდა ბურუსს და საკუთარ მკერდში ნაკლებ შეიგრძნობდა სიბნელეს. სულთათანას რომ კითხულობდნენ, იგი ხედავდა ნათესავებს, ბავშვებს, განსვენებულის მეგობრებს, მწუხარენი გულმოდგინედ რომ ასრულებდნენ წესსა და უფრო მეტი თავგამოდებით შესთხოვდნენ ღმერთს მიცვალებულის შეწყალებას, და თვალები ეცრემლებოდა. იცოდა, ის ყველაზე უკანასკნელი იყო, არავინ ილოცებდა იმისი სულისათვის. მოხუცი მოწიწებით ბუტბუტებდა ლოცვებსა და საკუთარი თავი მკვდრად მიაჩნდა.    ერთხელ, გვიან საღამოს, თავისი უჩვეულო სეირნობიდან რომ ბრუნდებოდა, წვიმა წამოეწია. მოხუცს ჩვეულებისამებრ, ქოლგის წაღება დავიწყებოდა. კარეტები იაფად სთავაზობდნენ მგზავრებს წაყვანას, სადარბაზო შესასვლელები და მინის ჯიხურები იპატიჟებდნენ, რომ თავი შეეფარებინათ მოულოდნელი თავსხმისაგან, მაგრამ ახირებული მოხუცი ბარბაცით მიდიოდა ამ დელგმაში. დაჭმუჭნულ ქუდში ტბა ჩაუდგა. სახელოებიდან მთელი ნაკადულები ჩამოსდიოდა ფეხებთან, მაგრამ აინუნშიაც არ აგდებდა, მიბაკუნობდა თითქმის მარტოდმარტო დაცარიელებულ ქუჩაში. თავით ფეხამდე გაწუწული უფრო მაწანწალას ჰგავდა, ვიდრე მშვენიერი ვილის პატრონს. სწორედ იმ დროს მიუახლოვდა თავის სახლს, როდესაც შუქფარებიანი მანქანა გაჩერდა და გაუფრთხილებელ მგზავრს ლაფი შეასხა. კარი გაიღო და განათებული მანქანიდან საჩქაროდ გამოვიდა იმისი ცოლი ვიღაც საპატიო სტუმრის თანხლებით, რომელსაც დიდი მოწიწებით ეჭირა მისი ქოლგა, უკან კიდევ მეორე მამაკაცი მოჰყვებოდათ. სწორედ კარებთან შეეჩეხნენ ერთმანეთს. ცოლმა იცნო და თავზარი დაეცა მის შემხედვარეს: თავით ფეხამდე სველი, ტანისამოსდაჭმუჭნული წყლიდან ამოღებულ ფუთასა ჰგავდა. მოხუცი მაშინვე მიხვდა, რომ ცოლს ერცხვინებოდა მისი სტუმრებთან გამოჩენა. არც აღელვებულა, არც გაბრაზებულა და რომ ცოლი უხერხული მდგომარებიდან ეხსნა, რამდენიმე ნაბიჯი გადადგა მსახურთა შესასვლელისაკენ და მშვიდად ავიდა კიბეზე.    ამ დღიდან მოხუცი საკუთარ სახლში მხოლოდ მსახურთა შესასვლელიდან შედიოდა. იცოდა, იქ არავინ შეხვდებოდა, არავინ შეუშლიდა ხელს და მასაც არავინ შეაწუხებდა. ამ დღიდან სადილობისასაც აღარ გადიოდა მათთან, მოხუც მსახურს ოთახში შემოჰქონდა საჭმელი. თუ ცოლი ან ქალიშვილი ინებებდნენ იმასთან შესვლას, საჩქაროდ გამოისტუმრებდა და ოდნავ შემკრთალი, მაგრამ ურყევი გადაწყვეტილებით. ბოლოს მიანებეს თავი, მთლად მიივიწყეს, არაფერს ეკითხებოდნენ, ისიც არაფერს კითხულობდა. ხშირად კედელს იქით, მისთვის უცხო ოთახებიდან ესმოდა სიცილი, მუსიკის ხმა. შუაღამემდე ესმოდა, როგორ ჩერდებოდა და მიდიოდა კარეტები, მაგრამ ისე გულგრილად უყურებდა ყველაფერს, ერთხელაც არ გადაუხედავს ფანჯრიდან. ან რა ესაქმებოდა? მხოლოდ ძაღლი თუ შემოვიდოდა ხანდახან და ყველასაგან მივიწყებული პატრონის საწოლთან დაწვებოდა.    მოხუცი უკვე აღარ გრძნობდა ტკივილს გაციებულ გულში, მაგრამ შავ მაჯლაჯუნას ჩაებუდებინა მის სხეულში და უღრღნიდა სისხლიან შიგნეულს. შეტევებმა იძალეს, ბოლოს ნაწამები მოხუცი დაჰყვა ექიმის რჩევას, საგულდაგულო გამოკვლევა ჩავატაროთო. პროფესორი ჩაფიქრდა: ავადმყოფს ჯერ ნელი-ნელა აჩვევდა და ერთ დღეს განუცხადა კიდეც, ოპერაცია აუცილებელიაო. მოხუცი არ შემკრთალა, მხოლოდ ნაღვლიანად გაიღიმა. ღმერთს მადლობა შესწირა, დადგა ჩემი აღსასრული, სიკვდილის აღსასრული, ახლოვდება ნანატრი სიკვდილიო. ექიმს აუკრძალა, კრინტი არ დასძრათ ჩემიანებთანო, დაანიშვნინა ოპერაციის დღე და მოემზადა. უკანასკნელად წავიდა თავის კონტორაში (სადაც არავინ ელოდა და უცხოსავით შეხვდნენ), ერთხელ კიდევ ჩაჯდა შავი ტყავის სავარძელში, რომელშიც ოთდაათ წელიწადს, მთელი თავისი სიცოცხლე, ვინ იცის, რამდენი საათი მჯდარა, მოითხოვა ქვითარი, ერთი ფურცელი შეავსო და გადასცა თანხის სიდიდით განცვიფრებულ მორწმუნეთა თემის წინამძღვარს. ეს თანხა განკუთვნილი იყო საქველმოქმედო საქმეებისა და მისი საფლავისათვის. მადლობა რომ არ მოესმინა, საჩქაროდ წამოდგა და გამობარბაცდა. ქუდი გადასძვრა, მაგრამ არ დახრილა მის ასაღებად. ასე თავშიშველი, თვალებამღვრეული, სახედანაოჭებულ-ჩაყვითლებული წაცუხცუხდა სასაფლაოზე, თავისი მშობლების საფლავებისაკენ. ცნობისმოყვარენი განცვიფრებით შესცქეროდნენ მოხუცს: იგი კარგა ხანს ელაპარაკებოდა ხავსმოდებულ ქვებს, თითქოს ადამიანები არიანო. თავის მოსვლად ატყობინებდა თუ კურთხევას შესთხოვდა? არავის ესმოდა მისი სიტყვები, უხმოდ აცმაცუნებდა ტუჩებს და ლოცვაში თანდათან ძირს ხრიდა თავს. გასასვლელთან მათხოვრები შემოეხვივნენ მათთვის კარგად ცნობილ კაცს. საჩქაროდ ამოიქექა ჯიბეები, ამოიღო მონეტები და ქაღალდის ფული და როცა სულ დაარიგა, ერთი მიხრწნილი დედაბერი მოუახლოვდა კოჭლობით და სლუკუნი მორთო. დაბნეულმა მოხუცმა ყველა ჯიბე გადმოიბრუნა, მაგრამ რაღას ნახავდა. მხოლოდ თითზე რაღაც უცხო და მძიმე უჭერდა. ეს მისი ნიშნობის ბეჭედი იყო. მოაგონდა განვლილი დღენი, საჩქაროდ წაიძრო თითიდან და აჩუქა განცვიფრებულ დედაბერს. ასე მათხოვარივით ღარიბ- ღატაკი, მთლად სულ-გულ ამოცლილი, ეული დაუწვა ქირურგს დანის ქვეშ.    ნარკოზის შემდეგ გონს რომ მოეგო, ავადმყოფი მძიმე მდგომარეობაში იყო, ექიმებმა მისი ცოლი და ქალიშვილი შემოიყვანეს, რომელთაც უკვე გაეგოთ ეს ამბავი. მოხუცმა ძლივძლივობით ასწია ჩალურჯებული, დაჩრდილული ქუთუთოები. „სადა ვარ?“ - თვალი მოავლო მისთვის უცხო ოთახის თეთრ კედლებს.    საცოდავად ჩავარდნილი სახისკენ მისაალერსებლად დაიხარა ქალიშვილი. უცბად, თითქოს იცნოო, რაღაცამ გაიელვა მოხუცის ჩამქრალ თვალებში. ნაპერწკლები აენთო, აი, მისი ბავშვი, მისი თვალისჩინი, მისი ნაზი, მშვენიერი ბავშვი! სულ ნელ-ნელა შეინძრა, ღიმილმა, ღიმილმა გაუპო მაგრად მოკუმული ტუჩები. ამ უძლური სიხარულის გამომჟღავნებით აღელვებული ერნა უფრო დაიხარა მამის სისხლისაგან დაცლილ ლოყებზე საამბორებლად.    მაგრამ უცბად... სუნამოს მოტკბო სურნელმა აღუძრა მოგონებანი თუ ნახევრადმიბინდულ გონებაში მივიწყებულმა ფიქრმა გაიღვიძა? ერთი წუთის წინ ბედნიერი სახე უცბად შეეცვალა: ჩატეტკილი ბაგეები კუშტად შეეკრა, საბანქვეშ ხელი აუცახცახდა, თითქოს ცდილობს წამოდგომას, რომ რაღაც საზიზღარი საგანი მოიცილოსო. მღელვარებისაგან მთელი დაფლეთილი სხეული უცახცახებდა. - შორს ჩემგან! შორს ჩემგან! - ბუტბუტებდა ნაწყვეტ-ნაწყვეტად, მაგრამ მაინც გასაგებად მისი ჩალურჯებული ბაგეები.    ისეთი უსაზღვრო სიძულვილი და გაქცევის შეუძლებლობის მტანჯველი შეგრძნება აღბეჭდილიყო მის სახეზე, რომ შეწუხებულმა ექიმმა ქალები გვერდზე გასწია. - ბოდავს, - ჩურჩულით თქვა მან, - ჯობს მარტო დატოვოთ!    გავიდნენ თუ არა ორივენი ოთახიდან, მის ნატანჯ, დამანჭულ სახის ნაკვთებზე კვლავ სიმშვიდე და დაღლილობა გამოიხატა, ხიხინით სუნთქავდა, მკერდი აუდ-ჩაუდიოდა, რათა მაცოცხლებელი ჰაერი ჩაესუნთქა, მაგრამ მალე დაიღალა ამ მწარე საზრდოს სუნთქვისაგან, და როდესაც ექიმმა გულზე ხელი დაადო, იგი უკვე აღარ აწამებდა მოხუცს.…
დაამატა Kakha to ლიტერატურა at 12:46pm on ოქტომბერი 14, 2016
თემა: სახელმწიფოს ფილოსოფოსი მმართველი
ნება განათლებისა თუ გაუნათლებლობის მხრივ: წარმოიდგინე ადამიანები, რომლებიც თითქოს მღვიმის მსგავს მიწისქვეშა დილეგში არიან გამომწყვდეულნი. დილეგს მთელ სიგრძეზე გასდევს ჭრილი, საიდანაც შემოდის სინათლე. პატიმრებს კისერსა და ხელ-ფეხზე სიყრმიდანვე ბორკილები ადევთ, ასე რომ, არც განძრევა შეუძლიათ და არც უკან მიხედვა. ამიტომაც მხოლოდ წინ იყურებიან და მარტოოდენ იმას ხედავენ, რაც თვალწინ უდევთ. ბორკილდადებულნი ზურგშექცევით სხედან კედლისკენ, საიდანაც შემოდის სინათლე, რომელსაც შორს, მაღლა, მოგიზგიზე ცეცხლი ასხივებს. ცეცხლსა და პატიმრებს შორის მაღლობზე გადის გზა. ამ გზას პატიმრებისაგან დაბალი კედელი ჰყოფს, იმ ფარდის მსგავსად, რომლის მიღმაც თვალთმაქცები თავიანთ თანაშემწეებს მალავენ, მაღლა აწეული თოჯინებით რომ ართობენ ხალხს. – წარმოვიდგინე. – ახლა ისიც წარმოიდგინე, რომ კედლის გასწვრივ მიდი-მოდიან მგზავრები, რომლებსაც ხელში ნაირ-ნაირი საგნები უჭირავთ, მათ შორის, ხისა თუ ქვისაგან გამოთლილი ადამიანებისა და ცხოველების გამოსახულებანი, რომლებიც იმ სიმაღლეზე აუწევიათ, რომ კედლის მიღმაც ჩანან. მგზავრებიდან, ჩვეულებრივ, ზოგი ლაპარაკობს, ზოგი კი ჩუმადაა. – ეს რა უცნაურ სურათსა და უცნაურ პატიმრებს გვიხატავ? – ისინი ჩვენ გვგვანან. ერთი ეს მითხარი, როგორ გგონია, განა ამ დღეში მყოფი ხალხი შეიძლება სხვა რამეს ხედავდეს, გინდა თავისას და გინდა სხვისას, მის წინ – მღვიმის კედელზე მორიალე ლანდების გარდა? – რას უნდა ხედავდნენ, თუკი გაჩენის დღიდან თავის უკან მიბრუნებაც არ შეუძლიათ? – კი მაგრამ, განა იგივე არ ითქმის იმ საგნებზედაც, კედლის მიღმა რომ მიმოაქვთ? – მაინც რა? – რა და, პატიმრებს რომ ერთმანეთში ლაპარაკი შეეძლოთ, შენი აზრით, იტყოდნენ თუ არა, რომ ნამდვილი საგნების სახელს არქმევენ კედელზე მორიალე მათ ლანდებს? – რა თქმა უნდა. – ხოლო მათი მღვიმე ექოსავით რომ იმეორებდეს გზად მიმავალი მგზავრების სიტყვებს, განა არ ეგონებოდათ, რომ კედელზე მორიალე ლანდები ლაპარაკობენ? – ცხადია, ვფიცავ ზევსს. – მაშასადამე, ეჭვს გარეშეა, რომ ისინი ნამდვილ საგნებად აღიქვამდნენ ამ ხელთქმნილი საგნების ლანდებს? – აუცილებლად. – ახლა კი დაუფიქრდი, რა შეიძლებოდა მოჰყოლოდა შედეგად იმას, რომ მათთვის ბორკილები აეყარათ და უმეცრებისაგან დაეხსნათ, ანუ, სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, რა მოხდებოდა მათში, ბუნებრივი გზით რაღაც ამგვარი რომ შემთხვეოდათ? ვთქვათ, ერთ-ერთი მათგანისათვის ბორკილები აეხსნათ და ებრძანებინათ, შებრუნებულიყო, ორიოდე ნაბიჯი გადაედგა და სინათლის მხარეს გაეხედა. განა ეს ნამდვილი ტანჯვა არ იქნებოდა მისთვის? თვალისმომჭრელი სინათლე იმ საგნების გარჩევის საშუალებას არ მისცემდა, რომელთა ლანდებსაც მღვიმის კედელზე ხედავდა. როგორ გგონია, რას იტყოდა, ვინმეს რომ ეთქვა – აქამდე მხოლოდ უბადრუკ ლანდებს ხედავდი, ახლა კი, ჭეშმარიტ არსებობას მიახლებული, ნამდვილ საგნებსა ხედავო? მერე ერთ-ერთი საგანი ეჩვენებინათ, თანაც ეკითხათ, რა არის ესო, და ძალდატანებით მოეთხოვათ პასუხი გაეცა მათთვის. განა ეს, შენი აზრით, საგონებელში არ ჩააგდებდა? საბრალოს შეიძლებოდა ეფიქრა, რომ გაცილებით უფრო ნამდვილი იყო ის, რასაც მანამდე ხედავდა, ვიდრე ის, რასაც ახლა უჩვენებენ. – რასაკვირველია, ამას იფიქრებდა. – ანდა, თუ აიძულებდნენ ცეცხლის შუქისათვის ემზირა, განა თვალს არ მოსჭრიდა მისი ციმციმი? ასე რომ, შეძრწუნებული, სირბილით დაუბრუნდებოდა იმას, რასაც აქამდე ასე თავისუფლად უსწორებდა თვალს და რაც, მისი აზრით, გაცილებით უფრო ნამდვილი იყო, ვიდრე ის, რაც ახლახან უჩვენეს. – მართალს ბრძანებ. – ხოლო თუ ძალით გამოათრევდნენ გარეთ, რათა ციცაბო ფერდობზე გამავალი გზით მაღლა აეყვანათ და მზის სინათლე ეჩვენებინათ, განა ტკივილით გატანჯულს არ აღაშფოთებდა ამნაირი ძალმომრეობა? მზის სიკაშკაშით თვალდავსილი ერთსაც ვერ გაარჩევდა იმ საგნებს შორის, რომლებზედაც დაჟინებით ჩასჩიჩინებენ, ნამდვილი საგნები თუ გნებავს, სწორედ ესენი არიანო. – ერთბაშად მართლაც ვერ გაარჩევდა. – აქ საჭიროა მიჩვევა, რაკიღა ყველაფრის დანახვა მართებს, რაც მაღლაა. ამიტომ, უწინარეს ყოვლისა, ლანდებისკენ უნდა მიმართოს მზერა, შემდეგ – წყლის სიღრმეში არეკლილი ადამიანებისა თუ სხვადასხვა საგანთა გამოსახულებებისაკენ, ბოლოს კი საკუთრივ საგნებს უნდა მიაპყროს თვალი. ამასთან, ცისა თუ ყოველივე ზეციურის ჭვრეტა ღამით, მთვარისა და ვარსკვლავების შუქზე უფრო გაუადვილდება, ვიდრე დღისით – მზის სინათლეზე. – რა თქმა უნდა. – ბოლოს და ბოლოს, ეს კაცი, ჩემი აზრით, იმასაც შეძლებს, რომ თვალი გაუსწოროს თვით მზესაც და წყალში კი აღარ უცქიროს მის ანარეკლს, არამედ ცის თაღზე დაუკვირდეს მის თვისებებს. – უცილობლად. – რის შედეგადაც ის დაასკვნის, რომ სწორედ მზე განსაზღვრავს წელიწადის დროთა მონაცვლეობას და დროის დინებას, რომ ამ ხილულ სამყაროში მზე წარმართავს ყველაფერს და, გარკვეული აზრით, იგივე მზეა ყოველივე იმის მიზეზიც, რაც მღვიმეში ჩანდა. – ცხადია, თავისი დაკვირვების შედეგად სწორედ ამ დასკვნამდე მივა. – მერედა, თავისი უწინდელი სამყოფლის, იქაური სიბრძნისა და თავისი მეგობარი პატიმრების გახსენებისას განა ნეტარებად არ მიიჩნევს თავის ახლანდელ ყოფას და სიბრალული არ აღეძვრის დილეგში მყოფთა მიმართ? – რა თქმა უნდა. – ხოლო თუ ისინი თავიანთ მღვიმეში პატივსა და დიდებას მიაგებდნენ ერთმანეთს და ჯილდოს არ იშურებდნენ იმისთვის, ვის გამჭრიახ მზერასაც არ გამოეპარებოდა არცერთი საგანი, კედლის იქით რომ მიჰქონდათ, და ყველაზე უკეთ იმახსოვრებდა, რა გამოჩნდებოდა პირველად, რა – შემდეგ და რა – ერთდროულად, რის საფუძველზეც წინასწარმეტყველებდა მომავალს, – როგორ გგონია, ბორკილებიდან თავდაღწეული კვლავინდებურად ინატრებდა ყოველივე ამას, ან შური აღეძვროდა იმის მიმართ, ვისაც თაყვანს სცემდნენ მღვიმეში, როგორც ყველაზე საჩინო და სახელოვან კაცს? თუ იმავე განცდით გულშეძრულს, რასაც გვაუწყებს ჰომეროსი, მხოლოდ ერთი რამ ექნებოდა სანატრელი: დღიურ მუშად ემუშავა ღარიბი გლეხის ყანაში და ოფლის ღვრით ეშოვა ლუკმა პური, ან აეტანა ათასნაირი გაჭირვება, ოღონდაც აღარასოდეს მიბრუნებოდა თავის უწინდელ ყოფას და იმდროინდელ სიბრმავეს. – მეც ასე ვფიქრობ, – თქვა მან, – მართლაც ყველაფერს აიტანდა იმის გულისთვის, რომ ძველებურად აღარ ეცხოვრა. – ერთსაც დაუფიქრდი: ეს კაცი რომ კვლავ მღვიმეს დაბრუნებოდა და თავის ძველ ადგილას დამჯდარიყო, განა მზის ნათელს ასე ანაზდად განშორებულს იმწამსვე თვალს არ დაუვსებდა ბნელი? – რა თქმა უნდა. – ხოლო თუ მღვიმეში სამუდამოდ გამომწყვდეულ პატიმრებთან კვლავ მოუწევდა პაექრობა ამა თუ იმ ლანდისა და მისი მნიშვნელობის გამო, ვიდრე თვალს შეაჩვევდა სიბნელეს, რასაც, ალბათ, საკმაო დრო დასჭირდებოდა, შენი აზრით, განა მასხრად არ აიგდებდნენ ამ სიტყვებით: რას მიეხეტებოდა იმ სიმაღლეზე, სულ ტყუილად დაკარგა თვალის ჩინიო? ასე რომ, თუ ვინმე შეეცდებოდა ტყვეობიდან დაეხსნა და მაღლა აეყვანა ისინი, განა იმწამსვე სულს არ გააფრთხობინებდნენ, ხელში რომ ჩავარდნოდათ? – უეჭველად. – ჰოდა, ჩემო ძვირფასო გლავკონ, სწორედ ესაა კაცთა ყოფის ზუსტი ხატება. მღვიმე ხილული სამყაროა, ხოლო სინათლე, რომელსაც ცეცხლი ასხივებს, მზის ნათელს ედარება. მაღლა ასვლა და ნამდვილი საგნების ჭვრეტა სხვა არა არის რა, თუ არა სულის აღმასვლა გონით საწვდომი სამყაროს მიმართ. აი, როგორია ჩემი აზრი, თუკი გსურს მას მისდიო; პირადად მე ასე მგონია, ცოდნით კი ღმერთმა იცის, მართალია თუ არა იგი. გონით საწვდომი სამყაროს ზღვარი სიკეთის იდეაა, რომელსაც ძნელად თუ გაარჩევს გონების თვალი, მაგრამ საკმარისია ბუნდოვნად მაინც აღვიქვათ, რომ აქედან უშუალოდ გამოგვაქვს დასკვნა: სწორედ სიკეთის იდეაა ყოველივე ჭეშმარიტისა და მშვენიერის მიზეზი, ხილულ სამყაროში ის ბადებს ნათელს და მის მეუფეს, გონით საწვდომ სამყაროში კი თვითონვეა მეუფეც და მბრძანებელიც, რომლისგანაც დასაბამს იღებს ჭეშმარიტება და გონიერება; ამიტომ სწორედ მის ჭვრეტას უნდა ცდილობდეს ყველა, ვისაც სურს გონივრულად იქცეოდეს როგორც კერძო, ისე საზოგადოებრივ ცხოვრებაშიც. – გეთანხმები, – თქვა მან, – რამდენადაც შემიძლია შენს აზრს მივსდიო. – მაშინ ამაშიც დამეთანხმე: ვინც ამ სიმაღლეს მიაღწია, უკვე აღარ შეუძლია ხელი მიჰყოს კაცთა ჩვეულებრივ საქმიანობას, რადგანაც მისი სული გამუდმებით მიელტვის მხოლოდ სიმაღლეს. და ეს სავსებით ბუნებრივია, რადგანაც ზედმიწევნით შეესაბამება ჩვენს მიერ დახატულ ალეგორიულ სურათს. – მართლაც. – მერედა, ნუთუ შენი აზრით, უნდა გვიკვირდეს, რომ როდესაც ამ ღვთაებრივი ჭვრეტიდან ადამიანი კვლავ უბრუნდება ამქვეყნიურ უბადრუკობას, შემცბარი და დაბნეული, – სასაცილო ჩანს? დაბინდული მზერა ჯერ კიდევ ვერ შესჩვევია გარემომცველ სიბნელეს, მაგრამ, ვიდრე შეეჩვეოდეს, მანამდე აიძულებენ სამსჯავროში თუ სადმე სხვაგან გამოვიდეს და სამართლიანობის ლანდებისა თუ ამ ლანდების ანარეკლთა გამო იდავოს, ესე იგი, იმ ხალხივით დაიწყოს ბრძოლა მათი განმარტებისთვის, ვისაც თვალითაც არ უნახავს სამართლიანობა თავისთავად. – არა, ამაში არაფერია საკვირველი. – ჭკვიანი კაცი გაიხსენებდა, რომ მზერას ორი სხვადასხვა მიზეზი ამღვრევს: როცა სინათლიდან სიბნელეში გადავდივართ, ანდა, პირიქით, სიბნელიდან – სინათლეში. იგივე ითქმის სულზედაც: დავუკვირდეთ შემცბარსა და დაბნეულ სულს, საგანთა გარჩევის უნარი რომ დაჰკარგვია, მაგრამ ბრიყვულად ნუკი დავუწყებთ დაცინვას, არამედ დავუფიქრდეთ – უფრო ნათელი ყოფიდან მოვიდა და მისთვის უჩვევმა სიბნელემ დაუვსო თვალი, თუ, პირიქით, სრული უმეცრებიდან ამაღლებულს თვალი მოსჭრა სინათლის ასევე უჩვევმა ბრწყინვალებამ? ამ შემთხვევაში შეიძლება ნეტარებად დავსახოთ მისი ყოფა, პირველ შემთხვევაში კი მისდამი თანაგრძნობა გვმართებს. მაგრამ თუ ვინმე მაინც ვერ იკავებს სიცილს, ეს დაცინვა ნაკლებად ბრიყვული იქნება, თუკი მისი საგანია სული, რომელმაც სინათლის საუფლოდან სიბნელეში ამოყო თავი. – მართალს ბრძანებ. – თუ მართალია, – ვთქვი მე, – აი, რა დასკვნის გამოტანა გვმართებს: განათლება სულაც არ არის ის, რაც ზოგ-ზოგიერთს ჰგონია, ვისი მტკიცებითაც გაუნათლებელ სულს თითქოს ისე უნდა ჩავუნერგოთ განათლება, როგორც უსინათლო თვალს – ხედვის უნარი. – დიახ, ასე ამტკიცებს ბევრი. – ეს ჩვენი მსჯელობა კი მოწმობს, რომ ყველა სულსა აქვს ამის უნარი და სათანადო იარაღიც მოეძებნება. მაგრამ როგორც თვალი მხოლოდ მთელ სხეულთან ერთად თუ მიბრუნდება სიბნელიდან სინათლისაკენ, სულიც ასევე მთლიანად თუ განუდგება ყოველივე ქმნადს, იმ ზომამდე, რომ არა მარტო არსს, თვით იმასაც კი გაუსწოროს თვალი, რაც ყველაზე ნათელია არსში, ხოლო ეს, ჩვენი მტკიცებით, სიკეთეა, არა? – დიახ. – სწორედ აქ ვლინდება მოქცევის ხელოვნება, – ვუთხარი მე, – რა გზით შეიძლება უფრო ადვილად და ქმედითად მოვაქციოთ კაცი? მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს, რომ ხედვის უნარი ჩავუნერგოთ მას, ვისაც უკვე აქვს ეს უნარი. თუმცა ის არასწორადაა მიმართული და იქით როდი იყურება, საითაც ჯერ არს. სწორედ აქ გვმართებს ძალისხმევა, რომ მისი მზერა სწორად მივმართოთ. – როგორც ჩანს. – სულის ზოგიერთი უნარი ძალზე ახლოს დგას სხეულის ამა თუ იმ უნართან, რამდენადაც ადამიანს თავიდანვე შეიძლება არც ჰქონდეს როგორც ერთი, ისე მეორე, მაგრამ შემდეგ თვითწვრთნის წყალობით შეიძინოს. ხოლო რაც შეეხება ცოდნის უნარს, ეს, ეტყობა, რაღაც უფრო ღვთაებრივია, რაკიღა არასოდეს არ კარგავს თავის ძალას და იმის მიხედვით, თუ რისკენაა მიმართული, ხან სასარგებლოა და სასიკეთო, ხანაც უსარგებლო და უკეთური. ნუთუ არ შეგიმჩნევია, რა გამჭრიახია იმ ხალხის ბნელი სული, ვისაც არამზადებად, თუმცა ჭკვიანებად კი თვლიან, ან რატომ ვერაფერს გამოაპარებ მათ თვალს, რასაც თვითონვე მიელტვიან? ასე რომ, მათ მშვენიერი მხედველობა აქვთ, მაგრამ რაკი ის მათსავე ავკაცობას ემსახურება, ამიტომ რაც უფრო გამჭრიახია, მით უფრო მეტ ბოროტებას სჩადის. – რა თქმა უნდა. – მაგრამ თუ ამნაირ ბუნებას ერთბაშად, ბავშვობაშივე მოვკვეთდით უკეთურ მიდრეკილებებს, ტყვიის საძირავივით რომ ეწევიან მას ღორმუცელობის, ღრეობისა თუ სხვა ხორციელი განცხრომისაკენ და ქვემოთ მიმართავენ მის მზერას, მაშინ ყოველივე ამისაგან თავდახსნილი სული ჭეშმარიტებას მიუბრუნდებოდა და იგივე ავკაცნი არანაკლებ თვალნათლივ გაარჩევდნენ ყოველივე ჭეშმარიტს, ვიდრე იმ საგნებს, რომლებისკენაც ამჟამად მიმართულია მათი მზერა. – კი მაგრამ, განა ზემოთქმულიდან ბუნებრივად და გარდუვალად არ გამომდინარეობს, რომ სახელმწიფო მმართველობისთვის არც გაუნათლებელნი და ჭეშმარიტების არმცოდნენი გამოდგებიან და არც ისინი, ვინც მთელი თავისი დღე და მოსწრება ცოდნას და განათლებას იძენდა? პირველნი იმიტომ, რომ მტკიცედ დასახული მიზანი არ გააჩნიათ, რომლისკენ სწრაფვასაც შეალევდნენ მთელ თავიანთ პირადსა თუ საზოგადოებრივ ცხოვრებას, მეორენი კი იმიტომ, რომ არასდიდებით არ დათანხმდებოდნენ სახელმწიფოს მართვისათვის მიეყოთ ხელი, რადგანაც, მათი აზრით, სიცოცხლეშივე დაიმკვიდრეს ნეტართა კუნძულები. – მართალს ბრძანებ. – მაშასადამე, ჩვენი, როგორც სახელმწიფოს დამაარსებლების, ვალი ისაა, რომ ვაიძულოთ ყველაზე ღირსეულნი სწორედ იმის შესწავლას მიუბრუნდნენ, რაც უზენაესად დავსახეთ: მე ვგულისხმობ სიკეთის წვდომას და მისკენ სწრაფვას. მაგრამ როცა ამ სიმაღლეს მიაღწევენ და გულს იჯერებენ მისი ჭვრეტით, იმის ნებას კი აღარ მივცემთ, რაც დღეს ნებადართულია მათთვის. – მაინც რის ნებას? – ამ სიმაღლეზე დარჩენისას, თუკი აღარ ისურვებენ კვლავ დაუბრუნდნენ ჩვენს პატიმრებს, რათა, ავად თუ კარგად, მათი ჭირი და ლხინი გაიზიარონ. – კი მაგრამ, მაშინ ხომ უსამართლონი ვიქნებით მათ მიმართ, რაკიღა ჩვენს გამო შავ დღეში უნდა ჩაცვივდნენ, თუმცა კი შეეძლოთ გაცილებით უკეთ ეცხოვრათ. – შენ კვლავ გავიწყდება, ჩემო კეთილო, რომ კანონი მოსახლეობის ერთი რომელიმე ფენის კეთილდღეობას კი არ ისახავს მიზნად, არამედ მთელი საზოგადოებისას. შეგონებით თუ იძულებით, ის უზრუნველყოფს ყველა მოქალაქის ერთიანობას, რათა ისინი ერთმანეთისათვის სასარგებლონი იყვნენ იმდენად, რამდენადაც შეუძლიათ ამით არგონ მთელ სახელმწიფოს. მოქალაქეთა რიცხვშიაც იმიტომ როდი რთავს ღირსეულ ადამიანებს, რათა საშუალება მისცეს მათ, ვისაც რა მოეპრიანება, ის აკეთოს, არამედ იმიტომ, რომ სახელმწიფოს განსამტკიცებლად გამოიყენოს ისინი. – მართლაც დამავიწყდა. – იმასაც დაუფიქრდი, გლავკონ, რომ ჩვენ უსამართლონი კი არ ვიქნებით ჩვენშივე აღზრდილ ფილოსოფოსთა მიმართ, არამედ სამართლიან მოთხოვნებს წავუყენებთ და ვაიძულებთ მათ, როგორც მცველებს, სხვებზე იზრუნონ. «ყველა სხვა სახელმწიფოში – ამ სიტყვებით მივმართავთ მათ, – ვინც ფილოსოფოსი ხდება, უფლება აქვს მონაწილეობა არ მიიღოს სახელმწიფოს მართვის საქმეში, რადგანაც ყველა, სახელმწიფო წყობილებისაგან დამოუკიდებლად, თვითონვე გახდა ფილოსოფოსი, ხოლო ის, რაც თავისით იზრდება, არავის არ უმადლის თავის საზრდოს და, ცხადია, არც იმის სურვილი აქვს, რომ ვინმეს აუნაზღაუროს მისი გულისთვის გაწეული ხარჯი. თქვენ კი ჩვენ აღგზარდეთ, როგორც თვით თქვენდა სასიკეთოდ, ისე სახელმწიფოს საკეთილდღეოდ, რათა იგივენი ყოფილიყავით, რანიც არიან მეფეები და ბელადები ფუტკრების სკაში. ჩვენი წყალობით შეიძინეთ საუცხოო და უცხოელ ფილოსოფოსებზე გაცილებით უფრო სრულყოფილი განათლება და ჩვენვე გიბოძეთ იმის უნარიც, რომ ერთმანეთისთვის შეგეთავსებინათ ფილოსოფია და პოლიტიკა. ამიტომ თვითეული თქვენგანი ერთიმეორის მიყოლებით უნდა დაეშვას დანარჩენ მოქალაქეთა საერთო საცხოვრისამდე; შეაჩვიეთ თვალი იქ გამეფებულ წყვდიადს, და როცა შეაჩვევთ, ათასჯერ უკეთ გაარჩევთ ყველაფერს, ვიდრე ბნელეთის მკვიდრნი, და უკეთვე გამოიცნობთ, რას წარმოადგენს თვითეული ლანდი ან რისი ხატია იგი, რადგანაც ადრევე გიხილავთ ყოველივე მშვენიერის, სამართლიანისა და კეთილის ჭეშმარიტი პირველნიმუშნი. მაშინ ჩვენი სახელმწიფო წყობილება ჩვენცა და თქვენც სიცხადეში წარმოგვიდგება და არა სიზმარში, როგორც სხვა დღევანდელი წყობილებანი, სადაც მიმდინარეობს ძმათამკვლელი ომები და ლანდების გააფთრებული ბრძოლები ძალაუფლებისათვის, თითქოს ეს იყოს ყველაზე დიდი სიკეთე. სიმართლე კი, თუ გნებავთ, ისაა, რომ სადაც ძალაუფლებას ყველაზე ნაკლებ მიელტვიან ისინი, ვინც უნდა მართავდეს ქვეყანას, სახელმწიფო სწორედ იქ იმართება ყველაზე უკეთ და შინააშლილობისთვისაც ყველაზე ნაკლები საბაბი რჩება; მაშინ როდესაც სულ სხვაგვარადაა საქმე იმ სახელმწიფოებში, რომელთა მმართველნიც საპირისპიროდ არიან განწყობილნი». – რა თქმა უნდა. – როგორ გგონია, ამას რომ მოისმენენ, ჩვენი აღზრდილები აღარ დაგვემორჩილებიან და არ ინებებენ ერთიმეორის მიყოლებით ითანამშრომლონ დანარჩენ მოქალაქეებთან? თუ ამჯობინებენ სამუდამოდ გვერდი-გვერდ დარჩნენ წმინდა სინათლის საუფლოში? – შეუძლებელია, – თქვა მან, – რადგანაც სამართლიან ხალხს ვუყენებთ ჩვენს სამართლიან მოთხოვნებს. თუმცა, ყველა დღევანდელი სახელმწიფოს მმართველთა საპირისპიროდ, თვითეული მათგანი მხოლოდ აუცილებლობის კარნახით თუ აიღებს ხელში მმართველობის სადავეს. – დიახ, ასეა საქმე, ჩემო კეთილო. თუ იმათთვის, ვინც უნდა მართოს ქვეყანა, ცხოვრების უკეთეს წესს ჰპოვებ, ვიდრე მმართველობას, მაშინ იმასაც შესძლებ, რომ მშვენიერი სახელმწიფო წყობილება დაამყარო. რადგანაც მხოლოდ ამნაირი სახელმწიფოს მმართველნი თუ იქნებიან ჭეშმარიტად მდიდრები, მაგრამ ოქროთი კი არა, არამედ იმით, რითაც მდიდარია ბედნიერი კაცი: სიბრძნითა და სიქველით. ხოლო თუ გლახაკნი და უპოვარნი მიელტვიან ძალაუფლებას, რათა საქვეყნო სიკეთეს მსუყე ლუკმა ჩამოათალონ, სასიკეთოს ნურას მოელი: რადგანაც იწყება გაუთავებელი შუღლი, შფოთი, შეხლა-შემოხლა და ეს შინააშლილობა ბოლოს უღებს თვით მათაც და სახელმწიფოსაც. – მართალს ბრძანებ. – კი მაგრამ, თუ იცნობ ცხოვრების რომელიმე სხვა წესს, ისეთივე ზიზღს რომ აღუძრავდეს ადამიანს ამა თუ იმ სახელმწიფო თანამდებობის მიმართ, როგორც ჭეშმარიტ ფილოსოფიასთან ზიარებულის ცხოვრებაა? – არა, ვფიცავ ზევსს. – ასე რომ, სახელმწიფო თანამდებობა ხელში არ უნდა ჩავუგდოთ იმ ადამიანებს, რომლებსაც სული ელევათ მასზე, თორემ მათი ჯიბრი და მეტოქეობა გადაგვიყოლებს. – უცილობლად. – მერედა, ვის განამწესებ იძულებით სახელმწიფოს მცველებად, თუ არა იმ ხალხს, ვინც ყველაზე უკეთ იცის, როგორ უნდა მართო ქვეყანა, მაგრამ, ამასთან, ბევრი სხვა ღირსებაც აქვს და გაცილებით უფრო ღირსეულადაც ცხოვრობს, ვიდრე სახელმწიფო მოღვაწენი? – სხვას ვერავის. – ახლა, თუ გნებავს, ვნახოთ, რანაირად შეიძლება აღვზარდოთ ამნაირი ადამიანები და რა გზით წარვმართოთ ისინი მაღლა – სინათლისაკენ, როგორც, გადმოცემით, ზოგიერთი გმირი ამაღლებულა ჰადესიდან ღმერთებამდე. – რა საკითხავია? – ეს არც ისე ადვილია, როგორც თიხის ნატეხის გადაბრუნება; აქ თვით სული უნდა შევაბრუნოთ ბინდისფერი დღიდან ჭეშმარიტებით გაბრწყინვებული დღისაკენ. ხოლო ამნაირ აღმასვლას ჩვენ, ალბათ, სიბრძნისკენ სწრაფვას ვუწოდებთ. – რა თქმა უნდა. – იქნებ ისიც გვენახა, მაინც რისი ცოდნა გვაძლევს ამის საშუალებას? – აუცილებლად უნდა ვნახოთ. – კი მაგრამ, გლავკონ, რა უნდა იყოს ეს ცოდნა, ქმნადობიდან ჭეშმარიტი არსებობის მიმართ რომ მიაქცევს სულს? თუმცა ამას რომ ვამბობ, სულ სხვა რამეზე ვფიქრობ. აკი ვთქვით, რომ ჩვენი ფილოსოფოსები სიჭაბუკისას მხნე მეომრებიც უნდა იყვნენ? – დიახ, უკვე ვთქვით. – მაშასადამე, ცოდნას, რომელსაც ჩვენ ვეძებთ, გარდა აღნიშნულისა, სხვა უპირატესობაც უნდა ჰქონდეს. – მაინც რა? – რა და, სასარგებლო უნდა იყოს მეომრებისთვის. – რა თქმა უნდა, თუკი ეს შესაძლებელია. – კი მაგრამ, ისიც ხომ ითქვა, რომ მათ გიმნასტიკური და მუსიკური ხელოვნების მეშვეობით უნდა ვზრდიდეთ? – დიახ, ესეც ითქვა. – მერედა, გიმნასტიკა ხომ იმას ეხება, რაც იბადება და კვდება? რადგანაც მასზეა დამოკიდებული ძალის მატებაც და კლებაც. – რა თქმა უნდა. – მაშ, სწორედ ესაა, რასაც ვეძებთ? – არა. – ჩვენს მიერ ზემოთ აღწერილი მუსიკური ხელოვნება ხომ არ არის? – მაგრამ, თუ გახსოვს, – თქვა მან, – ჩვენი ადრინდელი მტკიცებით ის ერთგვარად უპირისპირდება გიმნასტიკას, რამდენადაც აყალიბებს მცველების ზნეს, ჰარმონიის მეშვეობით ჰარმონიულ წონასწორობას რომ ანიჭებს მათ, რიტმის მეშვეობით კი – ევრითმიას, მაგრამ არა ცოდნას. ასეთივეა მისი ზემოქმედება სიტყვიერების დარგშიაც, გინდ მითიურ თქმულებებს ეხებოდეს საქმე და გინდ ნამდვილ ამბებს; მაგრამ ის ცოდნა, სიკეთისაკენ რომ მიგვიძღვის, ცოდნა, რომელსაც ამჟამად ეძებ, უცხოა მუსიკური ხელოვნებისთვის. – სწორედ რომ დროზე გამახსენე; მართლაცდა, ამგვარი ხომ არა გვითქვამს რა. მაგრამ, ჩემო დიდებულო გლავკონ, სად უნდა იყოს ეს ცოდნა, რაკიღა ყველა ხელოვნება მხოლოდ ტლანქი ხელობა გამოდგა? – რა მოგახსენო? ანკი რა ცოდნაღა გვრჩება, თუ მუსიკასაც უკუვაგდებთ, გიმნასტიკასაც და სხვა ხელოვნებასაც. – კეთილი, – ვთქვი მე, – თუკი მათ გარდა აღარაფერი გვაქვს, მაშინ ის მაინც ავიღოთ, რაც ყველაფერზე ვრცელდება. – მაინც რა? – თუნდაც ის, რასაც ყველა ხელოვნება იყენებს, ისევე, როგორც აზროვნება და მეცნიერება; ის, რასაც ყოველი ჩვენგანი ყველაზე ადრე უნდა სწავლობდეს. – რას გულისხმობ? – ისეთს არაფერს; მხოლოდ იმას, რისი მეშვეობითაც ერთმანეთისაგან ვასხვავებთ ერთს, ორსა თუ სამს; მოკლედ რომ ვთქვათ, თვლისა და ანგარიშის ხელოვნებას, რის გარეშეც ვერცერთი ხელოვნება, ვერცერთი მეცნიერება ვერ გავა ფონს; ასეა, არა? – რა თქმა უნდა. – ვერც საომარი ხელოვნება? – ვერა. – მართლაცდა, განა პალამედესი, გამოჩნდება თუ არა ტრაგედიებში, ნამდვილ პამპულად არ წარმოგვიჩენს მხედარმთავარ აგამემნონს? ნუთუ არ დაჰკვირვებიხარ, რომ ანგარიშის ეს გამომგონებელი თვითონვე გვიცხადებს, როგორ დააწყო რაზმებად და ილიონის გალავანთან საიერიშოდ განალაგა ლაშქარი, როგორ დათვალა ხომალდები და სხვა დანარჩენი, თითქოს მანამდე არავის დაეთვალოს. აგამემნონმა კი, ეტყობა, ისიც არ იცოდა, თუ რამდენი ფეხი ჰქონდა, რაკიღა თვლა არ შეეძლო. ჰოდა, თავად განსაჯე, როგორი მხედართმთავარი უნდა ყოფილიყო. – როგორი და, ბრიყვი, თუკი ეს მართალია. – ვაღიარებთ თუ არა, რომ მხედარმთავარი აუცილებლად უნდა ფლობდეს თვლისა და ანგარიშის მეცნიერებას? – აუცილებლად, თუკი სურს ცოტა რამ მაინც ესმოდეს საომარი ხელოვნებისა; მეტიც, საერთოდ, თუ სურს იყოს ადამიანი. – მაგრამ თვითონაც თუ იზიარებ ჩემს აზრს ამ მეცნიერების შესახებ? – კერძოდ? – ვეცდები აგიხსნა, – ვუთხარი მე, – მაგრამ რაკი ჩემთვისვე ვცდილობ განვასხვავო ერთმანეთისგან, რას მივყავართ ამ მიზნისაკენ და რას არა, ჩემთან ერთად განიხილე ეს და პირდაპირ მითხარი, მეთანხმები თუ არა, რათა უფრო ნათელი გახდეს, რამდენად სწორია ჩემი ვარაუდი. – მაშ, გზა მიჩვენე. – გიჩვენებ, თუ გსურს ამ გზას მისდიო. ზოგი რამ ჩვენს შეგრძნებებში შემდგომი განხილვისათვის არ აღძრავს გონებას, რადგანაც საამისოდ საკუთრივ შეგრძნებაც კმარა, ზოგი კი გადაჭრით მოითხოვს განხილვას, რადგანაც შეგრძნება სანდოსა და საიმედოს არას გვთავაზობს. – ცხადია, შენ გულისხმობ შორიდან დანახულ საგნებს და შუქ-ჩრდილის თამაშს. – ვერც ისე კარგად მიმიხვდი. – მაშ, რას გულისხმობ? – გონებას განსახილველად არ აღძრავენ ის საგნები, რომლებიც ერთდროულად არ იწვევენ ორ ურთიერთსაპირისპირო შეგრძნებას, და, პირიქით, განხილვას მოითხოვენ საგნები, რომლებიც ამნაირ შეგრძნებებს იწვევენ, ვინაიდან, ახლოდან აღვიქვამთ მათ თუ შორიდან, შეგრძნება სულაც არ გვიჩვენებს, რომ საგანი ასეთი და ასეთი უფროა, ვიდრე ისეთი. თუმცა შენ უკეთ გამიგებ, თუ შემდეგი მაგალითით აგიხსნი ამას: ავიღოთ ეს სამი თითი – ნეკი, საჩვენებელი და შუა თითი. – კეთილი, – თქვა მან. – თვითეული მათგანი თითია და, ამ მხრივ, მათ შორის არავითარი განსხვავება არ არის, სულერთია, შუა ნაწილს უყურებ თუ კიდურას, თეთრია ის თუ შავი, წვრილი თუ მსხვილი და ასე შემდეგ. არცერთ ამ შემთხვევაში ადამიანთა უმრავლესობის სული იძულებული არ არის აზროვნებას მიმართოს კითხვით – მაინც რა არის თითი? ვინაიდან მზერას არასოდეს უჩვენებია მისთვის, რომ თითი შეიძლება სხვა რამეც იყოს, გარდა თითისა. – რა თქმა უნდა, არა. – მაშასადამე, სავსებით ბუნებრივია, რომ აქ შეგრძნება აზროვნებას არ მიმართავს და არც აღვიძებს მას. – დიახ, სავსებით ბუნებრივია. – კი მაგრამ, თვალი ასევე კარგად არჩევს, დიდია თითი თუ პატარა, ხოლო მზერისთვის სულერთია შუა თითი და კიდურა? ან შეხებით თუ შეიძლება ზუსტად განვსაზღვროთ, წვრილია თითი თუ მსხვილი, რბილი თუ მკვრივი? და განა იგივე არ ითქმის დანარჩენ შეგრძნებათა მიმართაც? გრძნობა, რომლის დანიშნულებაც სიმკვრივის შეგრძნებაა, იმავდროულად უნდა აღიქვამდეს სირბილესაც, და ამიტომაც აუწყებს სულს, რომ ერთსა და იმავე საგანს ის აღიქვამს როგორც მკვრივს და როგორც რბილსაც. – ასეა, – თქვა მან. – მაგრამ ამ შემთხვევაში სული თავის მხრივ, იბნევა და აღარ იცის, რას ნიშნავს სიმკვრივის ეს შეგრძნება, რომელიც ერთსა და იმავე საგანს მკვრივადაც აღიქვამს და რბილადაც. და განა იგივე არ ითქმის სიმძიმისა და სიმსუბუქის შეგრძნებაზედაც, რომელიც იუწყება, რომ მძიმე მსუბუქია, მსუბუქი კი – მძიმე? – ყველა ამნაირი უწყება უცნაურია სულისთვის და, რა თქმა უნდა, განხილვას მოითხოვს. – ისიც სავსებით ბუნებრივია, რომ საგონებელში ჩავარდნილი სული განსჯასა და აზროვნებას მოუხმობს მწედ, რათა, უწინარეს ყოვლისა, გაარკვიოს, ყოველი ასეთი უწყება ერთ საგანს ეხება თუ ორს. – რა თქმა უნდა. – და თუ გაირკვა, რომ ეს ორი საგანია, თვითეული მათგანი ერთადაც ეჩვენება და მეორისგან განსხვავებულადაც? – დიახ. – ხოლო თუ თვითეული მათგანი ერთად ეჩვენება, ორივე კი – ორად, ის მათ ერთმანეთისაგან განცალკევებით აღიქვამს, რადგანაც განცალკევებულნი რომ არ იყვნენ, ორად კი არ აღიქვამდა მათ, არამედ – ერთად. – მართლაც. – მაგრამ მზერა, ჩვენი მტკიცებით, ცალ-ცალკე კი არ აღიქვამს დიდს და პატარას, არამედ – ერთად შერწყმულთ; ასეა, არა? – დიახ. – და ნათელი რომ მოჰფინოს ამას, აზროვნება იძულებულია ერთად შერწყმული სახით კი არ განიხილოს დიდი და პატარა, არამედ ერთიმეორისგან განცალკევებით, ესე იგი, მზერის საპირისპიროდ იქცევა. – ჭეშმარიტად. – მერედა, განა სწორედ ამის გამო არ გვებადება კითხვა: მაინც რა არის ეს დიდი და პატარა? – სწორედ ამის გამო. – ასე რომ, ერთს გონით საწვდომს ვუწოდებთ, მეორეს კი – გრძნობით აღქმადს. – მართალს ბრძანებ. – სწორედ ამას ვგულისხმობდი წეღან, როცა ვამბობდი: ზოგი რამ გონების ქმედითობას იწვევს, ზოგი კი – არა-მეთქი. ის, რაც ჩვენს გრძნობებზე ზემოქმედებისას თავის საპირისპიროსთან ერთად მოქმედებს, აზრის გამომწვევად დავსახე, ხოლო რაც ამნაირად არ მოქმედებს, არც აღვიძებს აზრს. – ახლა კი მესმის და მართებულად მიმაჩნია შენი ნათქვამი. – კი მაგრამ, ამ ორთაგან რომელს მიაკუთვნებენ რიცხვსა და ერთს? – ვერ გეტყვი. – მაშინ ზემოთქმულიდან გამოიტანე დასკვნა. თუ თავისთავადი ერთი საკმაოდ ცხადად აღიქმება მზერით ან რომელიმე სხვა გრძნობით, მაშინ სულში არ აღიძვრის იმისკენ სწრაფვა, რომ ახსნას მისი არსი, როგორც თითის მაგალითზე გიჩვენე ზემოთ. მაგრამ თუ ერთის აღქმა ყოველთვის გარკვეულ წინააღმდეგობას შეიცავს, ისე, რომ ერთი მარტოოდენ ერთად კი არა, თავის საპირისპიროდაც წარმოგვიჩნდება, აქ უკვე საჭირო ხდება განსჯა: საგონებელში ჩავარდნილი სული იძულებულია ეძებოს, თვითონვე აღძრას აზრი და თავის თავს ჰკითხოს – რა შეიძლება იყოს ერთი თავისთავად? ამრიგად, ერთის წვდომა არსის ჭვრეტად მიაქცევს სულს. – ერთის აღქმა ჩვენში მართლაც ამ განცდებს იწვევს, რადგანაც ერთსა და იმავე საგანს ერთადაც აღვიქვამთ და უსასრულოდ მრავლადაც. – მერედა, რაც ითქვა ერთზე, განა იგივე არ ითქმის ყველა სხვა რიცხვზედაც? – რა თქმა უნდა. – მაგრამ არითმეტიკა და ანგარიში ხომ მთლიანად რიცხვებს ეხება? – დიახ. – მაშასადამე, სწორედ მათ მივყავართ ჭეშმარიტებისაკენ. – ასეა, – თქვა მან. – მაგრამ ჩვენი მცველი ხომ ერთდროულად მეომარიცაა და ფილოსოფოსიც? – დიახ. – ამიტომ ეს ცოდნა სავალდებულო უნდა გავხადოთ, გლავკონ, და დავარწმუნოთ ყველა, ვისაც სურს უმაღლესი თანამდებობები დაიკავოს სახელმწიფოში, ანგარიშის ხელოვნებას დაეუფლონ, მაგრამ ზერელედ კი არა, არამედ მანამდე განაგრძონ სწავლა, ვიდრე წმინდა აზროვნებით არ შეიცნობენ რიცხვის ბუნებას, ოღონდ აღებ-მიცემობის გულისთვის კი არა, როგორც იქცევიან ვაჭრები და სოვდაგრები, არამედ საომარი მიზნებისა და იმის გულისთვის, რომ სულს ქმნადობის სამყაროდან ჭეშმარიტებისა და არსის მიმართ მიქცევა გაუადვილონ. – დიდებულად მსჯელობ. – და მართლაც, ახლა, ანგარიშის ხელოვნების განხილვის შემდეგ, თვალნათლივ ვხედავ, რა დახვეწილი და მრავალმხრივ სასარგებლოა ჩვენი განზრახვისათვის, თუკი მას შემეცნების მიზნით ეუფლებიან და არა ვაჭრებივით. – მაინც რითია სასარგებლო? – იმით, რაზედაც ახლახანს ვლაპარაკობდით: გავიხსენოთ, რა ძალით მიაქცევს სულს უზენაესი სამყაროს მიმართ და აიძულებს თავისთავად რიცხვებზე იმსჯელოს, ისე, რომ ამ მსჯელობაში არამც და არამც არ ჩართოს ხილულ და ხელშესახებ საგანთა შესაბამისი რიცხვები. ხომ მოგეხსენება, როგორ დასცინიან ამ მეცნიერებაში გაწაფულნი და ზიზღით უარყოფენ ყოვლგვარ მცდელობას, რომელიც მიზნად ისახავს ნაწილებად დაყონ ერთი თავისთავად, მაგრამ თუ მაინც დაყოფ, ისინი კვლავ გააერთიანებენ მათ, რათა ერთი კვლავ ერთად ჩანდეს და არა ნაწილთა სიმრავლედ. – მართალს ბრძანებ. – როგორ გგონია, გლავკონ, მათთვის რომ გვეკითხა: ო, საოცარნო, რომელ რიცხვებზე ლაპარაკობთ, იმათზე ხომ არა, რომლებშიაც ერთი მართლაც ისეთია, როგორც თქვენ ფიქრობთ, ესე იგი, ყოველი ერთი ყველა სხვა ერთის ტოლია, არაფრით არ განსხვავდება მისგან და არავითარი ნაწილები არ გააჩნია? – დიახ, როგორ გგონია, რას გვეტყოდნენ პასუხად? – მე თუ მკითხავ, ისინი იმნაირ რიცხვებზე ლაპარაკობენ, რომელთა წვდომაც მხოლოდ აზრით თუ შეიძლება და სხვა გზით ვერანაირად ვერ მიუდგები. – ხომ ხედავ, ჩემო კეთილო, ეს მეცნიერება შეიძლება მართლაც აუცილებელი აღმოჩნდეს ჩვენთვის, რამდენადაც აიძულებს სულს წმინდა აზროვნებას მიმართოს თავისთავადი ჭეშმარიტების გულისთვის. – თანაც რა კარგად ახერხებს ამას. – მაგრამ თუ შეგიმჩნევია, რა ადვილად ითვისებენ ყველა სხვა მეცნიერებას გამოთვლის ნიჭით დაჯილდოებულნი? თვით ისინიც კი, ძალიან მძიმედ რომ აზროვნებენ, გამოთვლის ხელოვნებაში სათანადო წვრთნისა და გაწაფვის შემდეგ, სხვას თუ არაფერს, იმის უნარს მაინც იძენენ, რომ სხვებზე გაცილებით უფრო ადვილად ეუფლებოდნენ ცოდნას. – ასეა, – თქვა მან. – თანაც, ჩემი აზრით, ძნელად თუ მოიძებნება რომელიმე სხვა საგანი, რომლის დაუფლებაც უფრო მეტ შრომას მოითხოვდეს ჩვენგან. – რა თქმა უნდა. – ყოველივე ამის გამო ვერასდიდებით ვერ უგულებელვყოფთ ამ მეცნიერებას; პირიქით, მისი მეშვეობით უნდა აღვზარდოთ საუცხოო ბუნებრივი მონაცემებით დაჯილდოებულნი. – გეთანხმები. – მაშასადამე, ესაა ჩვენს მიერ აღიარებული პირველი მეცნიერება; ახლა კი მეორეც განვიხილოთ, რომელიც პირველს უკავშირდება და ვნახოთ, საჭიროა თუ არა ჩვენთვის. – გეომეტრიას ხომ არ გულისხმობ? – დიახ, სწორედ გეომეტრიას. – რამდენადაც ის გამოიყენება სამხედრო საქმეში, – თქვა მან, – რა თქმა უნდა, გვჭირდება. ბანაკის გაშლა იქნება, ხელსაყრელი ადგილის დაკავება, ლაშქრის დარაზმვა თუ გაშლა, ან სხვა საომარი მოქმედებები როგორც ბრძოლის ველზე, ისე ჯარის გადაადგილებისას, – ყოველივე ამას გეომეტრიის მცოდნე მხედართმთავარი გაცილებით უკეთ გაართმევს თავს, ვიდრე არმცოდნე. – მაგრამ ამისთვის საკმარისი იქნებოდა გეომეტრიის სულ უმნიშვნელო ნაწილისა და ანგარიშის ცოდნაც. ჩვენ კი გვმართებს განვიხილოთ მისი უმთავრესი ნაწილი, გაცილებით უფრო ფართოდ რომ გამოიყენება, რათა დავრწმუნდეთ, შეესაბამება თუ არა ის ჩვენს მიერ დასახულ მიზანს, ან რამდენად გვიწყობს ხელს იმაში, რომ უფრო ადვილად ვჭვრეტდეთ სიკეთის იდეას. რა თქმა უნდა, ხელს გვიწყობს, ვამტკიცებთ ჩვენ, რამდენადაც აიძულებს სულს მიიქცეს იმ სამყაროს მიმართ, რომელიც არის სავანე არსთა შორის უნეტარესი არსისა, ვის ხილვასაც დაუოკებლად უნდა მიელტვოდეს ყველა ჩვენგანი. – მართალს ბრძანებ. – მაშასადამე, თუ გეომეტრია ჭეშმარიტი არსის ჭვრეტად მიგვაქცევს, ის საჭიროა ჩვენთვის, ხოლო თუ ქმნადობის ჭვრეტად – არა. – ცხადია. – მაგრამ ვისაც ცოტა რამ მაინც გაეგება გეომეტრიისა, ალბათ, დაგვეთანხმება, რომ ეს მეცნიერება აშკარად უპირისპირდება იმ ენას, რომელსაც იყენებენ მისი მიმდევრები. – როგორ? – ეს ენა ძალზე სასაცილოა და უცნაური; რადგანაც ისინი პრაქტიკოსებივით ლაპარაკობენ და მხოლოდ პრაქტიკულ მიზნებს ისახავენ. ამიტომაც ერთავად ეს აკერიათ პირზე – «ავაგოთ ოთხკუთხედი», «დავუშვათ მოცემულ ხაზზე», «მივუმატოთ» და ასე შემდეგ. არადა, ამ მეცნიერების მიზანი შემეცნებაა. – რა თქმა უნდა. – ერთშიაც ხომ არ შევთანხმდეთ? – რაში? – მისი მიზანი მარადიული არსებობის შემეცნებაა და არა იმისა, რაც იბადება და კვდება. – გეთანხმები; გეომეტრია მართლაც მარადიული არსებობის შემეცნებაა. – მაშასადამე, ის, ჩემო კეთილშობილო, ჭეშმარიტებისაკენ მიაქცევს სულს და ფილოსოფიურ აზრს აღვიძებს მასში, რის შედეგადაც ზეგრძნობადი სამყაროს საგნებისკენ მიმართავს ჩვენს მზერას, რომელიც ახლა, შეცდომით, გრძნობადი საგნებისკენ გვაქვს მიმართული. – გეომეტრია ამ მხრივ მართლაც რომ დიდ ზემოქმედებას ახდენს ჩვენზე. – ამიტომაც უნდა დავავალდებულოთ კალლიპოლისის მკვიდრნი, არამც და არამც არ უგულებელყონ ფილოსოფია, რომლის თვით გამოყენებით ნაწილსაც კი დიდი მნიშვნელობა აქვს. – კერძოდ? – კერძოდ, იმას, რაზედაც შენ ლაპარაკობდი: მისი მნიშვნელობა ძალიან დიდია სამხედრო საქმეში და ბევრ სხვა დარგშიაც, ვისაც სურს საფუძვლიანად დაეუფლოს მათ. ჩვენ ხომ ვიცით, რა უზარმაზარი განსხვავებაა გეომეტრიის მცოდნეთა და არმცოდნეთა შორის. – უზარმაზარი, ვფიცავ ზევსს. – მაშასადამე, ესაა მეორე მეცნიერება, რომლის შესწავლასაც დავავალებთ ჩვენს ჭაბუკებს? – დიახ. – კეთილი; მაშინ მესამე ადგილს მივუჩენთ ასტრონომიას; რას იტყვი? – გეთანხმები, რადგანაც წელიწადის დროების, თვეებისა თუ წლების მონაცვლეობაზე დაკვირვება სასარგებლოა არა მარტო მიწათმოქმედისა თუ ზღვაოსნის, არამედ მხედართმთავრისთვისაც. – რა კარგი ვინმე ხარ, – ვუთხარი მე, – კაცმა შეიძლება იფიქროს, რომ გეშინია, ვაითუ ვინმემ დამწამოს, ფუჭი მეცნიერებების შესწავლას ავალებ ხალხსო. არადა, თუმცა ძნელი კია, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ირწმუნო, რომ ის მეცნიერებები, რომლებზედაც ჩვენ ვლაპარაკობთ, თითქოს წმენდენ და სიცინცხლეს უბრუნებენ ადამიანის სულის გარკვეულ უნარს, რომელსაც ბევრი სხვა საქმიანობა აბლაგვებს და აჩლუნგებს, თუმცა მისი სისაღის შენარჩუნება გაცილებით უფრო ფასეულია, ვიდრე ათასი თვალის ქონა, რადგანაც მხოლოდ მისი მეშვეობით თუ იხილავ ჭეშმარიტებას. ვინც ამ აზრს იზიარებს, ალბათ, იტყვის, რომ მშვენივრად მსჯელობ, ხოლო ვისაც ამის წარმოდგენაც არ შეუძლია, ის, რა თქმა უნდა, იფიქრებს, რომ სისულელეს როშავ, რადგანაც დარწმუნებულია, რომ თუ მეცნიერება პრაქტიკულად უსარგებლოა, მასზე ლაპარაკიც არ ღირს. მაშ, ამთავითვე გადაწყვიტე, ამ ორი სხვადასხვა შეხედულების მქონე მსმენელიდან მაინც რომელს მიმართავ? თუ არც ერთის აზრს უწევ ანგარიშს და არც მეორისას და მხოლოდ შენთვის მსჯელობ? მაგრამ მაშინ იმის საწინააღმდეგო რა უნდა გქონდეს, რომ ვინმემ ამ შენი მსჯელობიდან თავისთვის სასარგებლო დასკვნა გამოიტანოს? – მე მირჩევნია, აი, ასე, კითხვა-პასუხის საშუალებით ვმსჯელობდე, მაგრამ მხოლოდ ჩემთვის. – მაშინ უკან დაიხიე, – ვუთხარი მე, – რადგანაც წეღან არასწორად ავირჩიეთ გეომეტრიის მომდევნო საგანი. – როგორ? – იკითხა მან. – სიბრტყეების შემდეგ ჩვენ ავიღეთ წრიულად მბრუნავი მყარი სხეულები, თუმცა ჯერ თავისთავად უნდა განგვეხილა ისინი, რადგანაც უფრო სწორი იქნებოდა ორი განზომილების შემდეგ მესამეს მივდგომოდით: მე ვგულისხმობ კუბებისა და სიღრმის მქონე ყველა სხვა სხეულის განზომილებას. – სწორია, სოკრატე, – თქვა მან, – მაგრამ მე მგონია აქ ჯერ კიდევ არაფერი აღმოუჩენიათ. – ორი სხვადასხვა მიზეზის გამო: ჯერ ერთი არცერთ სახელმწიფოში ამ მეცნიერებას სათანადოდ არ აფასებენ, და რაკი ძალიან ძნელია, ამიტომ სუსტადაა განვითარებული. ეგეც არ იყოს, მკვლევართათვის აუცილებელია ხელმძღვანელი, ვის გარეშეც მათი შრომა წყალში იყრება. მაგრამ ხელმძღვანელის პოვნა ადვილი საქმე როდია, თუმცა კიდევაც რომ იპოვნონ, თვით სწავლულები დღევანდელ ვითარებაში ისე არიან გაზულუქებულნი, რომ მაინც არ დაემორჩილებიან, მაგრამ მთელი სახელმწიფო ზრუნვას რომ არ აკლებდეს ამ მეცნიერებას და მხარს უჭერდეს ხელმძღვანელობას, მაშინ არა მარტო დაემორჩილებოდნენ, არამედ გამუდმებული და მკაცრი სიზუსტით წარმართული კვლევა-ძიების წყალობით ნათელსაც მოჰფენდნენ ბევრ საკითხს, ვინაიდან თვით დღესაც კი, როცა მას ზიზღით უყურებს ბრბო და გასაქანს არ აძლევს იმ მკვლევართა უმრავლესობა, რომელთაც თვითონ არ ესმით მისი მნიშვნელობა, ყოველივე ამის მიუხედავად, მაინც ვითარდება, იმდენად მომნუსხველია მისი ხიბლი. ამიტომ არ უნდა გვიკვირდეს, რომ ჯერჯერობით ამ დღეში ვხედავთ. – მართლაცდა, მასში ბევრი რამაა მომნუსხველი. მაგრამ უფრო ნათლად ამიხსენი, რასაც ახლახანს მეუბნებოდი. შენ ჯერ დაასახელე გეომეტრია, ანუ სიბრტყეთა შემსწავლელი მეცნიერება, არა? – დიახ. – მერე კი – ასტრონომია, მაგრამ შემდეგ უკან დაიხიე. – მე მინდოდა სასწრაფოდ განმეხილა ყველაფერი, მაგრამ რომ იტყვიან, მოჩქარეს მოუგვიანდესო, სწორედ ისე გამომივიდა. ეგეც არ იყოს, გეომეტრიას უშუალოდ ის მეცნიერება მოსდევს, სამგანზომილებიან სხეულებს რომ შეისწავლის, მაგრამ რაკი მისი დღევანდელი მდგომარეობა ძალზე არასახარბიელოა, ამიტომაც გვერდი ავუარე და პირდაპირ ასტრონომიაზე, ანუ მყარ სხეულთა მოძრაობის შემსწავლელ მეცნიერებაზე გადავედი. – მართალს ბრძანებ. – ასე რომ, მეოთხე ადგილას ჩვენ დავაყენებთ ასტრონომიას; დღესდღეობით ის, ცოტა არ იყოს, მივიწყებულია, მაგრამ კვლავ აღორძინდება, თუკი სახელმწიფო მიაქცევს ყურადღებას. – რა თქმა უნდა; მაგრამ რაკი წეღან მისაყვედურე, სოკრატე, რომ მე უგერგილოდ განვადიდე ასტრონომია, ამიტომ ახლა ვეცდები, შენ რომ მოგეწონება, ისე შევაქო. მე მგონია, ყველასთვის აშკარაა, რომ ის აიძულებს სულს მაღლა მიმართოს მზერა და მიწიდან ზეცისკენ მიუძღვის მას. – იქნებ ყველასთვის აშკარაა, მაგრამ ჩემთვის კი არა. – როგორ? – თუ ასტრონომიას იმათი თვალსაზრისით შევხედავთ, ფილოსოფიურ მნიშვნელობას რომ ანიჭებენ მას, მაშინ ის მაღლა კი არა, პირიქით, დაბლა მიმართავს მზერას. – რას გულისხმობ? – იკითხა მან. – მე თუ მკითხავ, მშვენივრად ჩამოაყალიბე შენი წარმოდგენა უზენაესი სამყაროს შემსწავლელი მეცნიერების შესახებ. ალბათ, იმასაც ფიქრობ, რომ თუ კაცი თავს უკან გადაიგდებს, მოხატულ ჭერს მიაშტერდება და მისი შემყურე რაღაცას მაინც ამოიცნობს, ამას გონებით ახერხებს და არა მზერით. ჩემნაირ გულუბრყვილოს კი ვერასდიდებით ვერ დააჯერებ, თითქოს სულს სხვა რამე მიაქცევს უზენაესი სამყაროს მიმართ, გარდა იმ მეცნიერებისა, რომლის საგანიც არსი და უხილავი სინამდვილეა. მაგრამ თუ რაიმე გრძნობადის შესაცნობად პირდაღებულნი შესციცინებენ ცას, ან თვალმოჭუტულნი აშტერდებიან მიწას, ვერაფერსაც ვერ შეიცნობენ, რადგანაც არავითარი გრძნობადი შემეცნების საგნად არ გვევლინება, და სული, ამ შემთხვევაში, მაღლა კი არ იყურება, არამედ – დაბლა, თუნდაც გულაღმა იწვე მიწაზე, ან ზურგულით მიაპობდე ზღვას. – მაგრად კი მომდექი, თუმცა ახია ჩემზე. მაგრამ შენი აზრით, დღევანდელობისაგან განსხვავებით, როგორ უნდა სწავლობდნენ ასტრონომიას, რათა მისი შესწავლა სასარგებლო იყოს ჩვენი მიზნისთვის? – აი, როგორ: ცის თაღის მომხიბლავ სამკაულებს ჩვენ უნდა აღვიქვამდეთ ყველაზე ნატიფ და თვალწარმტაც სამშვენისებად ამნაირ საგანთა შორის; მაგრამ ისინი ახლოსაც ვერ მივლენ იმ უხილავ სამკაულთა სრულქმნილებასთან, თავიანთი მოძრაობითა და ამ მოძრაობის ჭეშმარიტი სისწრაფით თუ სიზანტით, თავიანთი ჭეშმარიტი ფორმითა თუ თანაფარდობით რომ ამოძრავებენ ყველაფერს, რასაც ცის თაღი მოიცავს. ყოველივე ეს მზერით კი არა, მხოლოდ გონებით და წმინდა აზრით მიიწვდომება; თუმცა იქნებ შენ სხვაგვარად ფიქრობ? – არამც და არამც. – მაშასადამე, ციურ სამკაულებს ისე უნდა ვიყენებდეთ უზენაესი სამყაროს შესაცნობად, როგორც გამოიყენებდა კაცი დედალოსისა თუ სხვა რომელიმე დიდოსტატის უებრო ხელოვნებით შექმნილ ნახაზებს, შემთხვევით რომ ჩავარდნოდა ხელში: გეომეტრიის მცოდნე ერთი შეხედვითაც აღიქვამდა მათ განსაცვიფრებელ სინატიფეს და სრულყოფილებას, მაგრამ სასაცილოდაც არ ეყოფოდა, თუ ვინმე დააპირებდა მათი მიხედვით შეეცნო ტოლობის, გაორმაგების თუ სხვაგვარ თანაფარდობათა ჭეშმარიტი ბუნება. – მართლაც რომ სასაცილო იქნებოდა. – მერედა, შენი აზრით, განა ჭეშმარიტი ასტრონომიც ამასვე არ განიცდიდა ვარსკვლავთა მოძრაობაზე დაკვირვებისას? მისთვისაც ცხადი იქნებოდა, რომ ცაც და ყოველივე ციურიც დემიურგოსმა უსრულყოფილესად მოაწესრიგა, მაგრამ რაც შეეხება დღის მიმართებას ღამისადმი, დღე-ღამისას – თვისადმი, თვისას – წლისადმი, ხოლო ვარსკვლავებისას – ყოველივე ამისა და ერთმანეთისადმი, როგორ გგონია, განა ის უაზრობად არ მიიჩნევდა არა მარტო იმის მტკიცებას, რომ ყველა ეს მიმართება მუდამ ერთი და იგივეა და არასოდეს არ იცვლება, არამედ იმის თავგამოდებულ მცდელობასაც, რომ აქ ჭეშმარიტებისათვის მიეღწიათ, მაშინ როდესაც ზემოხსენებული მიმართებები ხილულ და სხეულებრივ საგანთა მიმართებებია? – ყველაფერს ვეთანხმები, რაც ახლა მოვისმინე. – ასე რომ, ასტრონომიასაც ისევე შევისწავლით, როგორც გეომეტრიას, ზოგად პრობლემათა მოშველიებით, და არც კი შევეხებით ციურ მოვლენებს, თუკი გვსურს სათანადოდ დავეუფლოთ ასტრონომიას და, ამრიგად, გამოვიყენოთ თავისი ბუნებით გონივრული და ჯერ კიდევ გამოუყენებელი ნაწილი ჩვენი სულისა. – გვარიანად კი ართულებ ასტრონომების ამოცანას იმასთან შედარებით, რასაც ისინი დღეს აკეთებენ. – მე მგონია, ამასვე დავუწესებთ სხვა მეცნიერებებსაც, თუკი გვსურს ნამდვილი კანონმდებლები გვერქვას; მაგრამ თუ შეგიძლია ჩვენთვის საჭირო კიდევ ერთი მეცნიერებაც გამახსენო? – ასე სახელდახელოდ არ შემიძლია. – მოძრაობა, ჩემი აზრით, ერთი კი არა, ბევრი სხვადასხვა სახისაა; მცოდნემ შეიძლება ყველაფერი ჩამოთვალოს, ჩვენ კი მხოლოდ ორი გვახსენდება. – მაინც? – გარდა ზემოხსენებულისა, არის კიდევ ერთი, მისი შესაბამისი. – რომელს გულისხმობ? – როგორც ჩვენი თვალი ასტრონომიისკენაა მიქცეული, ისე ყური – ჰარმონიულ თანახმიერებათა მოძრაობისკენ. ეს ორი მეცნიერება დები არიან, როგორც ამტკიცებენ პითაგორელები, და ჩვენც, გლავკონ, ალბათ, კვერს დავუკრავთ, არა? – რა თქმა უნდა. – რაკი ეს საკითხი არსებითია, ვეცდებით აქაც გავიზიაროთ მათი აზრი და სხვა მხრივაც, თუკი რაიმეს დასძენენ; მაგრამ, ასეა თუ ისე, მაინც ჩვენს აზრზე დავრჩებით. – კერძოდ? – ჩვენს აღსაზრდელებს არამც და არამც არ უნდა დავრთოთ რაიმე არასრულყოფილის ან იმის შესწავლის ნება, რასაც ჩვენს მიერ დასახული მიზნისაკენ არ მივყავართ, რომელსაც უნდა მიელტვოდეს ყველა; ამასვე ვამტკიცებდით წეღან ასტრონომიასთან დაკავშირებით. ნუთუ არ იცი, რომ ჰარმონიის მიმართაც იგივე შეცდომა მეორდება? აქაც, ვინ იცის, რამდენი შრომა იყრება წყალში, მხოლოდ იმიტომ, რომ მუსიკოსები მარტოოდენ სმენით აღქმული ბგერების გაზომვითა და მათი ურთიერთშედარებით იფარგლებიან. – სასაცილოა, ღმერთმანი! ისე ყურდაცქვეტილნი ლაპარაკობენ «სიხშირეებზე», გეგონებათ მეზობლების საუბარს აყურადებენო. ზოგი ამტკიცებს, ორ ბგერას შორის შუათანასაც აღვიქვამთო; მათი აზრით, ესაა უმცირესი შუალედი, რომელსაც საზომად უნდა იყენებდნენ. ზოგს კი, პირიქით, ის წინა ბგერების მსგავსი ჰგონია; თუმცა ერთნიც და მეორენიც სმენას გონებაზე მაღლა აყენებენ. – ეტყობა, იმ ყოჩაღ მუსიკოსებს გულისხმობ, მოსვენებას რომ არ აძლევენ სიმებს და თითქოს საწამებლად ახვევენ კოჭზე. შემეძლო გამეგრძელებინა სიტყვა და იმაზეც მელაპარაკა, როგორ ადანაშაულებენ სიმებს, რანაირად უხათქუნებენ ხემს, ხან გმობენ, ხან კი მათი ჟღერით თავს იწონებენ, მაგრამ აღარ გავაჭიანურებ და ერთს დავსძენ მხოლოდ: აქ მათზე კი არ ვლაპარაკობ, არამედ იმ ხალხს ვგულისხმობ, რომლებსაც წეღან შევთავაზეთ ჰარმონიაზე ემსჯელათ. რადგან ისინი ზუსტად ისევე იქცევიან, როგორც ასტრონომები, რაკიღა რიცხვებს ეძებენ სმენით აღქმულ თანახმიერებებში, მაგრამ ზოგადი პრობლემის განხილვამდე კი ვერ მაღლდებიან და არც იმის გარკვევას ცდილობენ, თუ რომელი რიცხვები არიან ჰარმონიული და რომელი არა, ან რა იწვევს მათ შორის ამ განსხვავებას. – განსაცვიფრებელ საქმეზე მსჯელობ. – მართლაც რომ სასარგებლოა სიკეთისა და მშვენიერების საკვლევად, მაგრამ სრულიად უსარგებლოა, თუკი სხვა რამეს ვისახავთ მიზნად. – რა თქმა უნდა. – მე მგონია, თუ ჩვენს მიერ განხილული ყველა მეცნიერების შესწავლა მათ კავშირსა თუ ნათესაობას ცხადყოფს და იმასაც გვიმჟღავნებს, მაინც რა მხრივ უკავშირდებიან ერთმანეთს, – ისინი ხელს შეგვიწყობენ ჩვენს მიერ დასახული მიზნის მიღწევაში, თუ არა და, ტყუილად გავრჯილვართ. – მეც ასე ვფიქრობ: მაგრამ ძალიან რთულ საკითხზე მსჯელობ, სოკრატე. – საწყის ნაწილს გულისხმობ თუ სხვა რამესაც? ნუთუ არ იცი, რომ ყოველივე ეს მხოლოდ შესავალია იმ მელოდიისა, რომელიც ჩვენ უნდა ვისწავლოთ? თუ, შენი აზრით, ვინც ყველა ამ მეცნიერებაში გაწაფულია, ის არის დახვეწილი დიალექტიკოსიც? – რა თქმა უნდა, არა, ვფიცავ ზევსს, ჩემს ნაცნობთა შორის იშვიათ გამონაკლისთა გარდა. – კი მაგრამ, ვისაც არც ბჭობის თავი აქვს და არც მოსმენისა, განა ოდესმე შეიცნობს იმას, რისი ცოდნაც, ჩვენი აზრით, საჭიროა? – ვერა, – თქვა მან. – სწორედ ეს არის, გლავკონ, ის მელოდია, რომელიც გამოჰყავს დიალექტიკას. და თუმცა ის გონით საწვდომია, ხედვის უნარი ცდილობს მის მიბაძვას, მაგრამ ხედვა, ჩვენი წეღანდელი თქმისა არ იყოს, თავდაპირველად მიელტვის ცოცხალ არსებათა, შემდეგ – ვარსკვლავების და ბოლოს – თვით მზის აღქმას. ხოლო როდესაც ვინმე ცდილობს დიალექტის გზით, გრძნობათა შემწეობის გარეშე, მარტოოდენ გონების მეოხებით ჩასწვდეს ყოველი საგნის არსს და ვერაფერი შეაჩერებს, ვიდრე აზრით არ ამაღლდება სიკეთის არსის წვდომამდე, მაშინ ის აღწევს გონით საწვდომი სამყაროს მწვერვალს, ისევე, როგორც ხედვის უნარი – ხილული სამყაროისას. – მართალს ბრძანებ. – მერედა, განა დიალექტიკურს არ უწოდებენ ამ გზას? – რა თქმა უნდა. – სწორედ ესაა ბორკილებისაგან თავდახსნა, ლანდებიდან – ხატებათა და სინათლის მიმართ მიქცევა, მიწისქვეშეთიდან – მზისკენ აღმასვლა, ხოლო თუ ამ შემთხვევაშიც შეუძლებელია ცოცხალ არსებათა, მცენარეთა და მზის შუქის ჭვრეტა, უმჯობესია ღვთაებრივ ანარეკლთა თუ ნამდვილ საგანთა ლანდების ციმციმს უმზერდე წყალში, ვიდრე ჩახჩახა მზის ხატის – ცეცხლის შუქით მღვიმის კედელზე მიფენილი ნამდვილი საგნების ხატებათა ლანდების ცეკვას. ამის უნარს კი გვანიჭებს ზემოხსენებულ მეცნიერებებში თავის გაწაფვა, ზეციური სინამდვილისა და არსთა შორის უსრულქმნილესის ჭვრეტად რომ მიაქცევს ჩვენი სულის ყველაზე მშვენიერ საწყისს, ისევე, როგორც ჩვენი სხეულის ყველაზე გამჭრიახი საწყისი – ჩვენი ხორციელი თვალი მაღლდება ამ ნივთიერ და ხილულ სინამდვილეში ყველაზე ნათელი საგნის ჭვრეტამდე. – ეს, ჩემი აზრით, დასაშვებია, თუმცა ძალიან კი მიჭირს ამის დაშვება. მაგრამ, მეორეს მხრივ, არც ამის უარყოფა ჩანს ადვილი. ამიტომ – რაკი ამ საკითხს არა მარტო ახლა განვიხილავთ, არამედ შემდგომაც მრავალჯერ მივუბრუნდებით, – დავუშვათ, რომ საქმე მართლა ისეა, როგორც შენ ამბობ, საკუთრივ მელოდიაზე გადავიდეთ და ისევე განვიხილოთ იგი, როგორც მისი შესავალი განვიხილეთ. მაშ, გვითხარი, რა განასხვავებს დიალექტიკას, რა სახეებად განიყოფება, ან რა გზებს მისდევს იგი? რადგან ამ გზებს, როგორც ჩანს, იმ მიჯნამდე მივყავართ, რომლის მიღწევაც მოგზაურისთვის დასვენებას და მისი მგზავრობის დასასრულს მოასწავებს. – მე კი მზადა ვარ, მაგრამ შენ რომ ვერ მომყვები, ჩემო ძვირფასო გლავკონ? არადა, იმის ხატებას კი არ იხილავდი, რაზედაც ახლა ვმსჯელობთ, არამედ – თვით ჭეშმარიტებას; ყოველ შემთხვევაში, მე ასე მგონია. მართლა ასეა თუ არა ეს, ჯერჯერობით ნუ მოვყვებით ამის მტკიცებას; მაგრამ რაღაც ამდაგვარი რომ უნდა არსებობდეს, ეს კი შეგვიძლია დაჟინებით ვამტკიცოთ, არა? – როგორც ჩანს. – და არა მარტო ეს, არამედ ისიც, რომ მხოლოდ დიალექტიკა თუ უჩვენებს ამას ჩვენს მიერ ზემოთ განხილულ მეცნიერებებში გაწაფულს, სხვა გზით კი ეს შეუძლებელია. – ამის მტკიცებაც ღირს. – ალბათ, ვერავინ შეგვედავება იმაში, რომ არ არსებობს სხვა მეცნიერება, მეთოდურად რომ ცდილობდეს მოიხელთოს ყოველი საგნის არსი, რადგანაც ყველა სხვა ხელოვნება თავის საგნად ან კაცთა ვნებებსა თუ შეხედულებებს სახავს, ან ყველაფრის წარმოშობასა თუ ურთიერთშერწყმას, ანდა ბუნებრივ თუ ხელოვნურ საგანთა დაცვას. რაც შეეხება დანარჩენ ხელოვნებებსა თუ მეცნიერებებს, რომლებიც, ჩვენი წეღანდელი თქმისა არ იყოს, არსის გარკვეულ ნაწილს მაინც იხელთებენ, როგორც, მაგალითად, გეომეტრია და მისი მომდევნო მეცნიერებანი, ჩვენ ვხედავთ, რომ არსის მათეული აღქმა სიზმარეულ ჩვენებებს უფრო მოგვაგონებს, ცხადად კი ვერ ხედავენ და ვერც იხილავენ მას, ვიდრე, თავიანთ ვარაუდებს აყოლილნი, შეეცდებიან კვლავაც უცვლელად შეინარჩუნონ ისინი და მათი ღირებულების თაობაზე ანგარიშს ვერ ჩააბარებენ თავიანთ თავს. ვისაც საწყისის მაგივრობას უწევს ის, რაც არ იცის, ხოლო დანასკვად და შუალედურ წინადადებებად იყენებს ყოველივე იმას, რაც ერთმანეთს არ ერწყმის, შეიძლება ერთმანეთს კი მიუსადაგოს ისინი, მაგრამ აქედან ნამდვილად ვერ მიიღებს ცოდნას. – ვერასდიდებით. – მაშასადამე, დიალექტიკური მეთოდი ერთადერთია, ჰიპოთეზებს რომ უარყოფს და უშუალოდ პირველსაწყისამდე მაღლდება, რათა მყარად დააფუძნოს თავისი დასკვნები; ის თანდათან ათავისუფლებს ბარბაროსულ მწვირეში დანთქმულ სულიერ მზერას, რისთვისაც თანამგზავრებად და თანაშემწეებად იყენებს ჩვენს მიერ ზემოთ განხილულ ხელოვნებებს, თუმცა ჩვეულების ძალით, ზოგჯერ მეცნიერებებად ვიხსენიებდით მათ; მაგრამ აქ სხვა სახელწოდება იყო საჭირო, უფრო ცხადი, ვიდრე «წარმოდგენა», მაგრამ უფრო ბუნდოვანი, ვიდრე «მეცნიერება». ზემოთ, აქა-იქ, «გონივრულ განსჯას» ვუწოდებდით მას. თუმცა, ჩემის აზრით, რა დროს სახელწოდებებზე დავაა, როცა განსახილველად წინ გვიძევს ისეთი მნიშვნელოვანი საკითხი, რომელიც ჩვენ შემოგთავაზეთ. – მართლაც; მთავარია სახელწოდება ნათლად გამოხატავდეს იმას, რასაც აღნიშნავს. – ასე რომ, წეღანდელისა არ იყოს, ჩვენთვის საკმარისი იქნება, თუ პირველ დანაყოფს მეცნიერებასა თუ ჭეშმარიტ ცოდნას ვუწოდებთ, მეორეს – გონივრულ განსჯას, მესამეს – რწმენას, მეოთხეს კი – მიმსგავსებას, ამ ორ უკანასკნელს, ერთად აღებულს, – წარმოდგენას, ხოლო პირველ ორს – აზროვნებას. წარმოდგენის საგანია ქმნადობა, აზროვნებისა კი – ჭეშმარიტი არსებობა. არსებობა ისე მიემართება ქმნადობას, როგორც აზროვნება – წარმოდგენას, და როგორც აზროვნება მიემართება წარმოდგენას, ისე მიემართება ცოდნა რწმენას, გონივრული განსჯა კი – მიმსგავსებას. ხოლო რაც შეეხება ორად გაყოფას – იმად, რასაც წარმოდგენით აღვიქვამთ და იმად, რასაც გონებით ვწვდებით, ისევე, როგორც თვითეულის მიმართებას მისი შესაბამისი საგნისადმი, ამის განხილვას შევეშვათ, გლავკონ, რათა თავიდან ავიცილოთ გაცილებით უფრო გრძელი მსჯელობა. – მაგრამ ჩემთვის ისიც საკმარისია, რაც ახლა თქვი, რამდენადაც იმისი ძალი შემწევს, რომ შენ მოგდიო. – მაშ, შენ დიალექტიკოსს უწოდებ იმას, ვისაც შეუძლია ყოველი საგნის არსს ჩასწვდეს? ხოლო ვისაც ამისი თავი არა აქვს, შენი აზრით, იმდენადვე აკლია ჭკუა, რამდენადაც არ შეუძლია თვითონვე გაიცხადოს ან სხვისთვის ცხადყოს ეს? – რა თქმა უნდა. – იგივე ითქმის სიკეთეზედაც. ვისაც არ შეუძლია ყოველივე დანარჩენისაგან განაცალკევოს და ასე განსაზღვროს სიკეთის იდეა; ვინც ისე მხნედ არ მიარღვევს დაბრკოლებებს, როგორც ბრძოლის ველზე, რათა უკუაგდოს ყველა საპირისპირო მოსაზრება, რომელიც არსის წვდომაზე კი არა, წარმოდგენაზეა დამყარებული; დიახ, ვინც ურყევ ლოგიკაზე დაყრდნობით შეუპოვრად არ მიიწევს წინ, ამნაირ კაცზე შენ, ალბათ, იტყვი, რომ ის არც ჭეშმარიტ სიკეთეს იცნობს და არც საერთოდ სიკეთეს; ხოლო თუ ის, ასე თუ ისე, მაინც ახერხებს მოიხელთოს სიკეთის ლანდი, წარმოდგენის მეოხებით ახერხებს და არა ცოდნის წყალობით. ამნაირი კაცი თვლემასა და სიზმარეულ ჩვენებებში ატარებს თავის ამქვეყნიურ სიცოცხლეს და გამოფხიზლებასაც ვერ ასწრებს, ისე ჩადის ჰადესში, რათა იქ სამუდამო ძილით იძინოს. – ვფიცავ ზევსს,თამამად ვიტყვი ამას. – მაგრამ, ადრე თუ გვიან, როცა მოგიწევს აღზარდო და განათლება მიაღებინო შენს შვილებს, რომლებსაც ჯერ მხოლოდ წარმოსახვით ელოლიავები, ალბათ, ნებას არ მისცემ მათ, ჯერ კიდევ შავი მონახაზებივით უნდილნი და უგუნურნი, მბრძანებლობდნენ და უმნიშვნელოვანეს საქმეებს წყვეტდნენ სახელმწიფოში. – რა თქმა უნდა, არა. – ალბათ, კანონით დაავალდებულებ მათ, უპირატესად იმნაირი განათლება შეიძინონ, რომლის წყალობითაც სრულყოფილად დაეუფლებიან კითხვა-პასუხის ხელოვნებას. – დავავალდებულებ, შენთან ერთად. – მაშ, ასე. ხომ არა გგონია, რომ დიალექტიკა აგვირგვინებს მთელ ცოდნას, და არ არსებობს ხელოვნება, რომელიც შეიძლებოდა მასზე მაღლა დაგვეყენებინა, რადგანაც ის არის ცოდნის უმაღლესი მწვერვალი. – რა თქმა უნდა. – ისღა დაგვრჩენია, განვსაზღვროთ, ვის აღვზრდით, ან როგორ აღვზრდით ამ გზით. – ცხადია, – თქვა მან. – თუ გახსოვს, რანაირი მმართველები ავირჩიეთ მათი პირველი არჩევისას? – როგორ არ მახსოვს. – კეთილი; მაშ, დარწმუნებული ბრძანდებოდე, რომ სწორედ მათნაირი ხალხი უნდა ავირჩიოთ: სანდონი, მამაცნი და, შეძლებისდაგვარად, წარმოსადეგნი; უნდა ვეძიოთ არა მარტო კეთილშობილნი და დარბაისელნი, არამედ ამნაირი აღზრდისათვის სათანადო ნიჭით ცხებულნიც. – რა ნიჭს გულისხმობ? – სწავლაში გამჭრიახნი უნდა იყვნენ, ჩემო კეთილო, და ადვილად ეუფლებოდნენ ცოდნას. რადგანაც სულებს გაცილებით უფრო აკრთობს მეცნიერებათა სირთულე, ვიდრე გიმნასტიკური ვარჯიშებისა. ვინაიდან ტანჯვა-წამება, რასაც ცოდნის შეძენა მოითხოვს, მით უფრო მტკივნეულია სულისათვის, რომ სხეული არ იზიარებს მას. – მართალს ბრძანებ. – ზუსტად ასევე, განა ჭეშმარიტებასთან მიმართებითაც სახიჩრად არ მივიჩნევთ სულს, რომელსაც ისე ძალიან სძულს ნებსითი სიცრუე, რომ ზიზღის გარეშე ვერც თავის თავში იტანს მას და ვერც სხვაში – აღშფოთების გარეშე, მაგრამ მაინც დასაშვებად მიაჩნია უნებური სიცრუე და არავითარ აღშფოთებას არ ავლენს მის მიმართ, არამედ ისე გორავს თავის საკუთარ უმეცრებაში, როგორც ღორი – წუმპეში. – რა თქმა უნდა. – რაც შეეხება კეთილგონიერებას, სიმამაცეს, დიდსულოვნებას და სიქველის ყველა სხვა სახეს, არანაკლები დაკვირვება სჭირდება იმას, რომ უკეთურისაგან გაარჩიო კეთილშობილი. ვინც მათ გარჩევას ვერ შესძლებს, სულერთია, სახელმწიფო იქნება თუ კერძო პირი, ამა თუ იმ საჭიროებისათვის ისე მიიწვევს კოჭლებსა და უკეთურებს, ვის – მეგობრებად და ვის – მმართველებად, რომ თვითონ ვერც კი შენიშნავს ამას. – ჩვეულებრივ, ასედაც ხდება. – ჩვენ კი სწორედ ამას უნდა ვერიდოთ. თუ ცოდნის დასაუფლებლად და სხეულის გასაკაჟებლად სულითა და ხორცით ჯანსაღ ხალხს შევარჩევთ, თვით სამართლიანობაც კი ვერაფერს გვისაყვედურებს და ჩვენ ურღვევად შევინარჩუნებთ სახელმწიფოს მთლიანობასაც და მის წყობილებასაც. ხოლო თუ საამისოდ უღირს ხალხზე შევაჩერებთ არჩევანს, საქმე უკუღმა წაგვივა და კიდევ უფრო მწარე დაცინვის საგნად ვაქცევთ ფილოსოფიას. – მართლაც რომ სირცხვილს ვჭამდით, – თქვა მან. – რა თქმა უნდა; მაგრამ მე მგონია ახლავე აღმოვჩნდი სასაცილო მდგომარეობაში. – რატომ? – დამავიწყდა, რომ ეს თამაშია და, ცოტა არ იყოს, ხმას ავუწიე; თანაც ერთავად ფილოსოფიაზე მეჭირა თვალი და ვხედავდი, როგორ ამცირებენ. ამიტომაც აღშფოთებით შევუტიე მის აბუჩად ამგდებთ და უკმეხად გამომივიდა, რაცა ვთქვი. – ვფიცავ ზევსს, მე, როგორც ერთი შენი მსმენელი, სხვა აზრისა ვარ. – მე კი, როგორც რიტორი, ვერ დაგეთანხმები. ასეა თუ ისე, ნუ დავივიწყებთ, რომ ხანდაზმულებზე შევაჩერეთ ჩვენი პირველი არჩევანი, ახლა კი ვხედავთ, რომ შევცდით. მართლაცდა, ხომ ვერ ვერწმუნებით სოლონს – ხანში შესული ბევრ რამეს სწავლობსო? პირიქით, ხანდაზმულს კიდევ უფრო ნაკლებ შესწევს სწავლის უნარი, ვიდრე სირბილისა. ასე რომ, ყველაზე დიდ და მრავალრიცხოვან საქმეთა აღმსრულებლად ახალგაზრდობა უნდა მიგვაჩნდეს. – უცილობლად, – თქვა მან. – მაშასადამე, არითმეტიკის, გეომეტრიისა და სხვა მეცნიერებათა ცოდნა წინ უნდა უსწრებდეს დიალექტიკის შესწავლას, ასე რომ, ახალგაზრდები ბავშვობაშივე უნდა ეუფლებოდნენ მათ, მაგრამ ყოველგვარი იძულებისა თუ ძალდატანების გარეშე. – ვითომ რატომაო? – იმიტომ, რომ თავისუფალი ადამიანი მონასავით როდი უნდა ეუფლებოდეს ცოდნას. როცა სხეულს სიძნელეთა დაძლევას აჩვევენ, ამით ის სულაც არ ხდება უარესი, მაგრამ სულში ძალით ჩანერგილი ცოდნა არამყარია. – ამას კი მართალს ამბობ. – ამიტომ, ჩემო კეთილშობილო, შენს შვილებს ძალდატანებით კი არა, თამაშით უნდა ასწავლიდე, რასაც ასწავლი, თუ გინდა უკეთ ადევნო თვალყური თვითეულის ბუნებრივ მიდრეკილებებს. – ჭკვიანურია. – თუ გახსოვს, ჩვენ ვამბობდით, რომ ბავშვები ცხენებზე უნდა შეგვესხა და თან გვეახლა ომში, რათა ბრძოლის ქარცეცხლისთვის შორიდან ედევნებინათ თვალი, ხოლო თუ საფრთხე ნაკლები იყო, ახლოსაც მიგვეშვა, რომ ლეკვებივით ეგემათ სისხლი. – როგორ არ მახსოვს. – და ვინც ყოველივე ამაში – გარჯაში, სწავლასა თუ განსაცდელში ყველაზე უკეთ გამოიჩენდა თავს, ცალკე სიაში შეგვეტანა. – რა ხნისანი? – როცა უკვე თავს ანებებენ სავალდებულო საწვრთნელ ვარჯიშებს; რადგანაც ამ ხნის განმავლობაში – სულერთია, ორ წელიწადს გრძელდება თუ სამს, – არასდიდებით არ შეუძლიათ სხვა რამეშიც იმეცადინონ: დაღლილობა და ძილი მეცადინეობის მტრები არიან. თან ესეც ხომ საკმაოდ ძნელი გამოცდაა: რანაირად გამოიჩენენ თავს საწვრთნელ ვარჯიშებში. – ცხადია, – თქვა მან. – ამ დროის გასვლის შემდეგ ოცი წლის ჭაბუკებიდან გამორჩეულთ უფრო მეტ პატივს მიაგებენ, ვიდრე დანარჩენებს, ხოლო იმ მეცნიერებებს, ბავშვობაში ცალ-ცალკე რომ ასწავლიდნენ, გარკვეულწილად გააერთიანებენ, რათა თვალნათლივ უჩვენონ შეგირდებს მათი ნათესაობა როგორც ერთურთის, ისე არსის ბუნების მიმართ. – მხოლოდ ამ გზით შეძენილი ცოდნა იქნება მყარი. – სწორედ ესაა ყველაზე დიდი გამოცდა, რომლის მეშვეობითაც შეიძლება დავადგინოთ, ვინაა თავისი ბუნებით დიალექტიკოსი და ვინ არა. ვისაც შეუძლია ყველაფერი ერთობლივად მოიცვას მზერით, დიალექტიკოსია, ხოლო იმას, ვისაც ამის უნარი არ შესწევს, ვერც ჩვენ მივიჩნევთ დიალექტიკოსად. – მეც ასე ვფიქრობ, – თქვა მან. – ჰოდა, სწორედ შენ უნდა განსაზღვრო, ვინაა ყველაზე უკეთესი ამ მხრივ და ვინ უფრო უდრეკი იქნება მეცნიერების დაუფლებისას, ბრძოლის ველზე თუ ყოველივე იმის აღსრულების დროს, რასაც ვალად გვიწესებს კანონი. ოცდაათი წლისანი რომ გახდებიან, მათ შორის ხელახლა უნდა მოახდინო არჩევანი, ხოლო რჩეულებს კიდევ უფრო მეტი პატივი უნდა მიაგო და გამოსცადო, ვინ რისი მაქნისია დიალექტიკაში, ან ვის შესწევს ხედვისა თუ სხვა შეგრძნებათა შემწეობის გარეშე ჭეშმარიტ არსამდე ამაღლების უნარი. მაგრამ აქ, ჩემო მეგობარო, დიდი სიფრთხილე გვმართებს. – ვითომ რატომაო? – ნუთუ არ შეგიმჩნევია ის ბოროტება, დღეს რომ ემუქრება დიალექტიკას და ესოდენ ღრმად გაიდგა ფესვი? – რა ბოროტებას გულისხმობ? – რასა და, იმას, რომ დიალექტიკის მიმდევრებში უკანონობა ისადგურებს. – მართლაც. – მერედა, გიკვირს მათი მდგომარეობა? როგორ გგონია, იმსახურებენ თუ არა მიტევებას? – რა მხრივ? – ავიღოთ ასეთი მაგალითი: ვთქვათ, მრავალრიცხოვან, მდიდარსა და კეთილშობილურ ოჯახში მიგდებული ბავშვი იზრდება. აქ მას ყოველნაირად ანებივრებენ. მაგრამ როცა წამოიზრდება, გაიგებს, რომ ვინც მშობლებად მიაჩნდა, თურმე უცხონი ყოფილან, ნამდვილ მშობლებს კი ვერ პოულობს. თუ შეგიძლია გამოიცნო მისი დამოკიდებულება, ერთის მხრივ, იმ ხალხისადმი, ვინც ანებივრებს, მეორეს მხრივ კი – დედობილ-მამობილის მიმართ, ჯერ ერთი, მაშინ, როცა არ იცოდა, მიგდებული რომ იყო, და მეორეც, მას შემდეგ, რაც გაიგებს ამას. ანდა, თუ გნებავს, მე გეტყვი, როგორ წარმოგიდგენია ეს? – ცხადია, მნებავს. – წინასწარ ვხედავ, რომ, ვიდრე სიმართლე არ გაუგია, უფრო მეტი პატივისცემით ეპყრობა დედ-მამას და ნათესავებს, ვიდრე იმათ, ვინც თავს ევლება და ელოლიავება. ნაკლებ დაუდევრობას გამოიჩენს გასაჭირში ჩავარდნილ ახლობელთა მიმართ, ნაკლებად ატკენს გულს სიტყვით თუ საქმით და ნაკლებად ეურჩება მათ, ვიდრე იმ ხალხს, ვინც ანებივრებს. – ალბათ. – მაგრამ მას შემდეგ, რაც სიმართლეს გაიგებს, მე მგონია საგრძნობლად იკლებს მისი პატივისცემა და ყურადღება ახლობლების მიმართ, და, პირიქით, იმატებს იმათ მიმართ, ვინც ანებივრებს, რომლებსაც უფრო მეტად დაემორჩილება, ვიდრე უწინ, ყურად იღებს მათ რჩევას და აშკარად დაიჭერს მათ მხარეს, მამობილსა და ყოფილ ნათესავებზე კი საერთოდ აღარ იზრუნებს, თუ ბუნებით უაღრესად კეთილი კაცი არ არის. – ყველაფერი ისე მოხდება, როგორც შენ ამბობ, მაგრამ რა საერთო აქვს შენს მაგალითს დიალექტიკის მიმდევარ ხალხთან? – აი რა: სამართლიანობასა და მშვენიერებაზე ჩვენ, მშობლების ზეგავლენით, ბავშვობაშივე გვიყალიბდება გარკვეული შეხედულებები, მშობლებისა, რომლებსაც პატივს ვცემთ და ვემორჩილებით. – მართლაც. – მაგრამ ამ შეხედულებებს უპირისპირდებიან მაცთური წარმოდგენები, საამოდ რომ ელამუნებიან სულს. თუმცა თავდაჭერილი ხალხი არ აჰყვება მათ მაცთურ ხიბლს და როგორც მამაპაპურ შეხედულებათა ერთგული კიდევაც ემორჩილება მათ. – ასეა. – კეთილი; მოდი, ვკითხოთ ამნაირად განწყობილ კაცს, რა არის მშვენიერება: ისე გვიპასუხებს, როგორც უსწავლია კანონმდებლისგან, მაგრამ თუ შემდგომი მსჯელობისას მრავალგზის და მრავალნაირად უარყოფენ და აბათილებენ მის აზრს, ამ კაცს შეიძლება ვაფიქრებინოთ, რომ მშვენიერება სულაც არ არის უფრო მშვენიერი, ვიდრე სიმახინჯე, და ასეთსავე შეცდომას დავაშვებინებთ სამართლიანობასთან, სიკეთესა და ყოველივე იმასთან მიმართებით, რასაც უწინ განსაკუთრებით აფასებდა. ამის შემდეგ, როგორ გგონია, რა მოუვა მის პატივისცემას და მორჩილებას? – ცხადია, აღარც უწინდელი პატივისცემის გრძნობა შერჩება და არც მორჩილებისა. – მაგრამ თუ ყოველივე ამას აღარ მიიჩნევს პატივისცემის ღირსად და ფასეულად, ჭეშმარიტებას კი ვეღარ მიაკვლევს, საკითხავია, ცხოვრების რანაირ წესს მიუბრუნდება, თუ არა იმას, რაც საამოდ ელამუნება მის პატივმოყვარეობას? – ყოველივე სხვა გამორიცხულია. – ასე რომ, ჩემი აზრით, კანონთა დამრღვევად მოგვევლინება, თუმცა ადრე განუხრელად იცავდა მათ. – უცილობლად. – მაშასადამე, ამნაირი მდგომარეობა ბუნებრივია დიალექტიკის მიმდევართათვის, და, როგორც ზემოთ აღვნიშნე, ისინი სავსებით იმსახურებენ მიტევებას. – და სიბრალულსაც. – ამრიგად, ოცდაათწლიანებმა ამნაირი სიბრალული რომ არ აღგვიძრან, ისინი დიდი სიფრთხილით და წინდახედულებით უნდა ვაზიაროთ დიალექტიკას? – რა თქმა უნდა. – განა სიფრთხილის ერთი ამნაირი საშუალება ის არ იქნება, რომ სიყრმეშივე არ იგემონ დიალექტიკის სიტკბო? ალბათ შეგინიშნავს: როგორც კი გემოს გაუსინჯავენ დიალექტიკას, ყმაწვილები ცდილობენ სათამაშოდ და თავშესაქცევად გამოიყენონ იგი, წინააღმდეგობებით გატაცებულნი რომ ბაძავენ მის უარმყოფელთ, რათა თვითონვე უარყონ ისინი, და თანაც იმით ტკბებიან, რომ თავიანთი საბუთებით ლეკვებივით ძიძგნიან ყველას, ვისაც კი საკბენად მოიხელთებენ. – ტკბებიან და მერე როგორ. – მას შემდეგ, რაც თვითონ უარყოფენ მრავალს და მრავალი, თავის მხრივ, უარყოფს მათ, ისინი უკვე სწრაფად აქცევენ ზურგს ყოველივე იმას, რაც მანამდე სწამდათ, ეს კი ხალხის თვალში ჩირქსა სცხებს მათაც და ფილოსოფიის მთელ საგანსაც. – მართალს ბრძანებ, – თქვა მან. – უფრო ხნიერი კი არ ისურვებს მონაწილეობა მიიღოს ამ სიშლეგეში; პირიქით, უმალ იმ კაცს მიბაძავს, ვისაც სურს ჭეშმარიტებას მიაღწიოს დავისა და კამათის გზით, ვიდრე იმას, ვინც მხოლოდ თავშექცევისა თუ თამაშის გულისთვის უარყოფს მოპირისპირის მოსაზრებებს. ის თვითონაც თავდაჭერილია და კი არ ამდაბლებს, პირიქით, ხალხის თვალში ფასს ჰმატებს ფილოსოფიას. – სწორია. – განა სიფრთხილის ზომებს არ ეკუთვნის ყოველივე ის, რაც ზემოთ ითქვა: დიალექტიკოსებად შეიძლება აღვზარდოთ მხოლოდ მტკიცე და თავდაჭერილი ხალხი, ესე იგი, იმის საპირისპიროდ ვიქცევით, რასაც დღეს ვხედავთ, როცა დიალექტიკის დაუფლების ნებას აძლევენ ყველას, ვისთვისაც ღმერთს არ მიუცია ამისი ნიჭი. – რა თქმა უნდა. – იმასთან შედარებით, ვინც გიმნასტიკური ვარჯიშებით იკაჟებს სხეულს, საკმარისი იქნება თუ არა ორჯერ მეტი დრო დიალექტიკის დასაუფლებლად, თუ ამის გარდა სხვას არაფერს აკეთებს კაცი? – ექვს წელიწადს გულისხმობ თუ ოთხს? – ეგ სულერთია; თუნდაც ხუთი იყოს. შემდგომ ამისა, შენ აიძულებ მათ კვლავ დაუბრუნდნენ მღვიმეს და სახელმწიფო თანამდებობები დაიკავონ: როგორც სამხედრო, ისე ყმაწვილკაცთა შესაფერის სხვა მოვალეობათა შესრულებას მიჰყონ ხელი, რათა არავის ჩამოუვარდებოდნენ გამოცდილებით. ეგეც არ იყოს, ამით კიდეც გამოსცდი მათ: გაუძლებენ ათასნაირ საცთურს თუ ვერა. – საამისოდ რამდენ წელს აძლევ? – თხუთმეტს. ხოლო როცა ორმოცდაათს მიუკაკუნებენ, მაშინ ისინი, ვინც ღირსეულად გაუძლო გამოცდას და როგორც საქმეში, ისე მეცნიერებაშიც გამოიჩინა თავი, უკვე თავიანთი საბოლოო მიზნის ხორცშესხმას უნდა შეუდგნენ: უნდათ თუ არა, უზენაესი არსის მიმართ აღაპყრონ თვალი, არსისა, სინათლეს რომ ჰფენს ყველაფერს, ხოლო მას შემდეგ, რაც იხილავენ უზენაეს სიკეთეს, ნიმუშად დასახონ იგი და სიცოცხლის მთელი დანარჩენი დროის მანძილზე მისი მიხედვით მოაწესრიგონ სახელმწიფოს, კერძო პირთა თუ თავიანთი პირადი ცხოვრება. ისინი ფილოსოფიის შესწავლაში გაატარებენ სიცოცხლის უმეტეს ნაწილს, ხოლო როცა რიგი მოუწევთ, სახელმწიფო თანამდებობებს დაიკავებენ და საზოგადო ცხოვრების მოწესრიგებას მიჰყოფენ ხელს, მაგრამ იმიტომ კი არა, რომ ეს დიდებულ საქმიანობად მიაჩნიათ, არამედ იმიტომ, რომ ასე სჭირდება ქვეყანას. ასე, უწყვეტი რუდუნებით თავიანთ მსგავსად რომ აღზრდიან მოქალაქეებს, რათა მათ გადააბარონ სახელმწიფოს დაცვა, თვითონ ნეტართა კუნძულებს მიაშურებენ საცხოვრებლად. სახელმწიფო ძეგლებს აუგებს ამ ღვაწლმოსილთ და მათ სახსოვრად, როგორც უკვდავი ღვთაებებისა, დააწესებს მსხვერპლშეწირვას, თუკი პითია დაადასტურებს ამას, თუ არა და, მაშინ მათ ისე შესწირავენ მსხვერპლს, როგორც ნეტარსა და ღვთაებრივ ხალხს. – რა მშვენივრად გამოძერწე ეგ შენი მმართველები, სოკრატე, ნამდვილი მოქანდაკეც ვერ შესძლებდა უკეთესად. – მმართველი ქალებიც, გლავკონ: რაც მე ვთქვი, ქალებსაც ისევე ეხება, როგორც კაცებს; მართალია, მხოლოდ იმ ქალებს, რომლებსაც საამისოდ ბუნებრივი მონაცემები მოეძებნებათ. – სწორია, – თქვა მან, – რაკიღა, ჩვენი შეთანხმებისამებრ, ერთთაც და მეორეთაც თანაბარი უფლებები უნდა ჰქონდეთ ყველაფერში. – კეთილი და პატიოსანი; ახლა მაინც ხომ აღიარებთ, რომ ფუჭი აზრები როდი გამოგვითქვამს სახელმწიფოსა და მის წყობილებასთან დაკავშირებით. რა თქმა უნდა, მათი ხორცშესხმა ძნელია, მაგრამ არა შეუძლებელი; როცა სახელმწიფოს სათავეში ჭეშმარიტი ფილოსოფოსები ჩაუდგებიან, – გნებავთ, ერთი და გნებავთ მრავალი, – მათ თვალში ფასი დაეკარგება ყველა იმ პატივს, დღეს ასე ხარბად რომ მიელტვიან, რადგანაც თავისუფალი კაცისთვის უღირსად და უფასურად მიიჩნევენ მათ, მაშინ როდესაც გაცილებით უფრო მაღლა დააყენებენ მოვალეობის პირნათლად მოხდას და უანგარობის ჯილდოს – ღირსებას. ყველაზე დიდ ფასეულობად კი დასახავენ სამართლიანობას, რომელსაც ერთგულად ემსახურებიან და რომლის მიხედვითაც ეცდებიან მართონ ქვეყანა. – როგორ? – იმათ, ვინც ჩვენს სახელმწიფოში ათ წელზე მეტი ხნისაა, სოფლებში გაგზავნიან, დანარჩენებს კი დღევანდელ ზნე-ჩვეულებებს განარიდებენ, რაც ნიშნეულია მათი მშობლებისათვის, და ჩვენს მიერ ზემოთ განხილულ კანონთა მიხედვით აღზრდიან. ამ გზით სახელმწიფოში ყველაზე უფრო ადვილად დამყარდება ის წყობილება, ჩვენ რომ მოვხაზეთ; სახელმწიფოც აყვავდება და მისი მოქალაქეებიც ბედს ეწევიან. – რა თქმა უნდა; ჩემის აზრით, კარგად ახსენი, სოკრატე, რანაირად შეიძლება ამის ხორცშესხმა. – ასე რომ, ჩვენ საკმარისად ვილაპარაკეთ ამ სახელმწიფოზეც და მის მინამგვან ადამიანებზედაც; ხომ ცხადია, როგორიც უნდა იყოს იგი. – დიახ, ცხადია. და, შენი თქმისა არ იყოს, ეს საკითხი ამოწურულად უნდა მიგვაჩნდეს. ◄ წინა ნაწილი გაგრძელება ► შენიშვნა: პოსტის სათაური არ შეესაბამება პლატონის ამ დიალოგის (სახელწმიფო) მეშვიდე წიგნის ავტორისეულ სათაურს. პოსტის სათაური არის პოსტის ავტორის მიერ თემატურად შერჩეული სათაური.…
დაამატა ლაშა to ფილოსოფია at 1:58pm on დეკემბერი 2, 2016
თემა: ელინისტური ფსიქოლოგია
ის გავრცელებას რომის იმპერიაში შემავალ და მის მომიჯნავე ქვეყნებში ევროპის, აზიისა და აფრიკის კონტინენტებზე. გაჩნდა ფილოსოფიისა და მეცნიერების კერები რომში, ალექსანდრიაში, მცირე აზიის ქალაქებში, გაფართოვდა და გაღრმავდა კავშირები აღმოსავლურ კულტურებთან, არაჩვეულებრივად გაიზარდა ინტერესი ადამიანის მიმართ. კვლევა ძირითადად წარიმართა ადამიანის ორგანიზმის (მედიკო-ბიოლოგიური ასპექტი) და პიროვნების ქცევის, მოტივაციისა და ცხოვრების წესის (ფილოსოფიურეთიკური ასპექტი) შესწავლის მიმართულებით.       ეპიკურე (341-270 ძვ.წ.) საკუთრივ ფსიქოლოგიურ იდეებს ძირითადად ცხოვრების აზრისა და წესის ეთიკურ შეხედულებებთან დაკავშირებით გამოთქვამდა. სწორედ ეს საკითხებია მისი მოძღვრების ცენტრში. იგი აანალიზებს ბუნების მოწყობისა და შემეცნების თეორიის საკითხებსაც, თუმცა, საბოლოოდ, მათაც მორალის ფილოსოფიის საჭიროებას უქვემდებარებს.       ეპიკურე დაიბადა და გაიზარდა კუნძულ სამოსზე. 18 წლისა ჩავიდა ათენში და სწავლა განაგრძო აკადემიაში, რომელსაც მაშინ პლატონის მოწაფე ქსენოკრატე ხელმძღვანელობდა. 306 წელს ათენში იყიდა სახლი დიდი ბაღით, სადაც გახსნა თავისი სკოლა (აქედანაა სახელწოდება „ბაღის ფილოსოფოსები”). სკოლის შესასვლელში ასეთი წარწერა იყო: „უცხოელო, აქ შენ მშვენივრად იგრძნობ თავს; აქ უმაღლესი სათნოება - მხიარულებაა”. ეს წარწერა კარგად გამოხატავს როგორც ეპიკურეიზმის მორალური ფილოსოფიის არსს, ისე სკოლაში არსებულ ატმოსფეროს. ეპიკურესთვის უმაღლესი ღირებულება მეგობრობა და სულიერი ურთიერთობა იყო. ამიტომ სკოლაში მასწავლებლებისა და მოწაფეების დამოკიდებულებას უფრო საერთო იდეებითა თუ ინტერესებით შეკრული მეგობრებისა და თანამზრახველების ურთიერთობის სახე ჰქონდა.       ეპიკურე ატომისტია. იგი დემოკრიტეს ხაზს აგრძელებს. ამ უკანასკნელის მსგავსად, მისი მატერიალიზმი იმდენად შორს მიდის, რომ სულსაც უფაქიზესი და ძალიან მოძრავი უხილავი ნაწილაკებისაგან შემდგარ მოვლენად განიხილავს. ეს ნაწილაკები მთელს სხეულშია გაფანტული და მის მოქმედებას განაპირობებენ. სული რომ სხეულზე ზემოქმედებდეს და სხვა ზემოქმედებასაც განიცდიდეს, იგი მატერიალური უნდა იყოს, ვინაიდან მოძრაობა მხოლოდ მატერიალურიდან მატერიალურს შეიძლება გადაეცეს, ამბობს ეპიკურე. ამავეს ამტკიცებდა დემოკრიტეც - სულის ატომები ეჯახებიან სხეულის ატომებს და იწვევენ ორგანიზმის მოქმედებას. ამავე მოსაზრებას ანვითარებდა ეპიკურეს ყველაზე სახელგანთქმული მიმდევარი ლუკრეციუსი. გამოდის, რომ ადამიანის მოქმედება მხოლოდ ატომების მოძრაობის ბუნებრივი ტრაექტორიით არის დეტერმინირებული და ადამიანი თავისი მოქმედების განსაზღვრაში არ მონაწილეობს. ასეთი მექანისტური დეტერმინიზმისაგან თავის დასაღწევად და თავისუფალი ნების არსებობის დასასაბუთებლად (რის გარეშეც ქცევის ზნეობრივი შეფასება აზრს კარგავს), ეპიკურე არღვევს დემოკრიტეს მიერ შექმნილ მკაცრი მიზეზობრიობის სურათს და უშვებს ატომების მოძრაობის სპონტანურ და შემთხვევით ცვლილებებს. ამით იგი ადამიანის ქცევის თვითდეტერმინირებულობის ფსიქოლოგიურ იდეას გარკვეულ მეთოდოლოგიურ ნიადაგს უქმნის: თუ თავისი განსხვავებული წონის გამო ატომებს შეუძლია მოძრაობის კანონზომიერი ტრაექტორიის შეცვლა, მაშინ ადამიანსაც აქვს უნარი შეცვალოს თავისი ქმედება, და საბოლოო ჯამში, განსაზღვროს საკუთარი ბედი.       ატომისტურ-მატერიალისტური თვალსაზრისის შესაბამისად, ეპიკურე უარყოფს სულის უკვდავების თეზისსაც. თუ სულის შემადგენლობა ისეთივეა, როგორც სხეულისა, სიკვდილის შემდეგ მასაც იგივე ბედი ელის, რაც სხეულს - იშლება ატომებად, რომლებიც იფანტებიან სივრცეში, ანუ სული, როგორც ორგანიზებული ერთიანობა, ისპობა. სულის უკვდავება, ტრანსცენდენტული სულის არსებობა და მსგავსი მეტაფიზიკური იდეები ეპიკურესთვის მითოლოგიის სფეროს მიეკუთვნება.       ასეთია ზოგადი, პრინციპული თეორიული მოსაზრებები სულის ბუნებისა და მოქმედების წესის შესახებ. მაგრამ ეპიკურესთვის მთავარია პრაქტიკული ფილოსოფია, რომელიც კონკრეტული ადამიანის რეალური ცხოვრების რაობისა და დანიშნულების გაგებას, საბოლოო ანგარიშით კი მის გაუმჯობესებას, ანუ ბედნიერების მიღწევას ემსახურება. მთავარი დებულება, რომელსაც მთელი მისი სისტემა ეფუძნება, აბსოლუტურად ჰედონისტური ხასიათისაა - ადამიანი სიამოვნების მიღებისთვის ცხოვრობს, სიამოვნებაა ბედნიერების არსი. ამდენად, ეპიკურეს ფილოსოფიაში ცენტრალურ ადგილს იკავებს ისეთი ფსიქოლოგიური კატეგორია (და შესაბამისი მოვლენა), როგორიცაა გრძნობა („აფექტი”) და მასთან დაკავშირებული მისწრაფება. პლატონთან და არისტოტელესთან უმთავრეს ფსიქიკურ ფუნქციად გონება (აზროვნება) ითვლებოდა, ეპიკურესთან კი წამყვანი როლი ემოციას ეკუთვნის. გონება, ცხადია, უარყოფილი არ არის, მაგრამ ადამიანის მოქმედების განსაზღვრაში წამყვანია გრძნობად-მოტივაციური საწყისი.       როგორც მთელ ანტიკურ ფილოსოფიაში, ისე ეპიკურესთანაც ემოცია და მოტივაცია არ არის ერთამანეთისაგან მკაცრად გამიჯნული. სურვილი, სწრაფვა და სიამოვნება-უსიამოვნება ერთიანობაში განიხილება. მეტიც, შეიძლება ითქვას, რომ ანალიზის ერთეული თავისთავად სიამოვნება კი არ არის, არამედ სწრაფვა სიამოვნებისკენ, რაც, ეპიკურეს თქმით, სიცოცხლის მუდმივი თანმხლებია, ადამიანის ბუნებრივი თვისებაა. მთავარი საკითხია ის, თუ რისკენ არის მიმართული სწრაფვა, ანუ რაში ხედავს ან რისგან იღებს ადამიანი სიამოვნებას.       არსებობს გრძნობა-სურვილების სამი სახეობა: 1) ბუნებრივი და აუცილებელი; 2) ბუნებრივი, მაგრამ არააუცილებელი და 3) არაბუნებრივი და არააუცილებელი. სურვილების ეს უკანასკნელი სახეობა დახასიათებულია, როგორც ფუჭი, ამაო, უქმი; ისინი იწვევენ შფოთვასა და სულიერ დაბნეულობას და ამიტომ უნდა ვეცადოთ მათგან გათავისუფლებას. პირიქით, ბუნებრივი და აუცილებელი სურვილები (მაგ., ჭამის სურვილი) უთუოდ და სრულად უნდა დაკმაყოფილდეს. რაც შეეხება ბუნებრივ და არააუცილებელ სურვილებს (მაგ., ფუფუნებისკენ სწრაფვა) მათი დაკმაყოფილება გონივრულ ფარგლებში, ზომიერად უნდა ხდებოდეს. ეპიკურემ სიამოვნების მიღების ორი მექანიზმი განიხილა. ერთ შემთხვევაში სიამოვნება იმიტომ ჩნდება, რომ ადამიანი რომელიმე სურვილს იკმაყოფილებს; ე.ი. სიამოვნება პოზიტიური გამღიზიანებლის მოქმედების შედეგია. მეორე შემთხვევაში სიამოვნებას უსიამოვნებისაგან, ტანჯვისაგან, შიშისაგან გათავისუფლება იწვევს. თანამედროვე ფსიქოლოგიაში, სკინერის შემდეგ, ამას დადებითი და უარყოფითი განმტკიცების მექანიზმს უწოდებენ (იხ. თავი 9.3.).       როდესაც სიამოვნების განცდის აღმოცენების პირველ წესზე ვსაუბრობთ, აქ გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს იმას, თუ რა საქმიანობის განხორციელება ან რა ობიექტის დაუფლება იწვევს მას. ეპიკურეს და მის მიმდევრებს ხშირად საყვედურობენ, რომ ისინი სხეულებრივი ტკბობის, ხორციელი სიამოვნების კულტს ამკვიდრებდნენ. გვიანდელი, რომაული პერიოდის ეპიკურეიზმში ამ ტენდენციამ მართლაც იჩინა თავი, მაგრამ თვით ეპიკურე, მისი უშუალო მიმდევრები და ლუკრეციუსი კატეგორიულად უარყოფდნენ ამ ბრალდებას და ხაზგასმით ამტკიცებდნენ, რომ ჭეშმარიტი სიამოვნება მხოლოდ სულიერ ტკბობას მოაქვს და არა გრძნობად სიამოვნებასა და ავხორცობას. სულიერი სიამოვნება მუდმივი და გარდაუვალი ხასიათისაა, სხეულებრივი სიამოვნება კი დროებითია და შეიძლება თავისი საპირისპირო სახით, ანუ უსიამოვნებით შემოგვიბრუნდეს. უხვმა და ნოყიერმა ვახშამმა შეიძლება ისე დაგვამძიმოს, რომ ვერ დავიძინოთ, მეტიც, შეიძლება თავი ან კუჭი აგვატკიოს; უცხო ქალთან კონტაქტის შემდეგ შეიძლება ცუდი დაავადება შეგვეყაროს; წიგნებთან და მეგობრებთან ურთიერთობას კი მუდამ სიხარული მოაქვს. გარდა ამისა, სულიერი სიამოვნება უკავშირდება როგორც აწმყოს, ისე წარსულს და მომავალს, ხოლო სხეულს მხოლოდ ამჟამად მისაღები სიამოვნება აღელვებს.       სულიერი ტკბობა არა მხოლოდ „სასიამოვნო” და „სასარგებლოა”, არამედ ზნეობრივიც. ეპიკურე ეთანხმება პლატონსა და არისტოტელეს იმაში, რომ ზნეობა არის ადამიანის ცხოველისაგან განმასხვავებელი ძირითადი თვისება, მაგრამ უარყოფს მათ მოსაზრებას, რომ ზნეობრივი მხოლოდ გონებაზე დაფუძნებული ქცევაა. როგორც ითქვა, ეპიკურეს სისტემის ცენტრალური ცნება არის გრძნობა. ამიტომ ზნეობრივი ქცევის კრიტერიუმიც ემოციის სფეროშია მოცემული. ქცევას გრძნობა იწვევს და არა გონება. ქმედება ბუნებრივად მიმართულია სიამოვნების მიღებისკენ და უსიამოვნების არიდებისკენ. თავის მხრივ, სიამოვნებისა და უსიამოვნების მომგვრელი საგნებისა და ვითარებების გარჩევა გარკვეულ ცოდნას, სიტუაციის გააზრებას მოითხოვს. ამ პუნქტში გრძნობა და გონება ერთმანეთთან თანამშრომლობენ. ამასთან, უპირველესი ყოველთვის სიამოვნებაა. ეს ჰედონისტური განწყობა, ეპიკურეს მიხედვით, სულაც არ ეწინააღმდეგება ქცევის ზნეობრიობის მოთხოვნას. „არ შეიძლება იცხოვრო სასიამოვნოდ და არ იცხოვრო ამავე დროს გონივრულად, ზნეობრივად და სამართლიანად; და პირიქით, არ შეიძლება იცხოვრო გონივრულად, ზნეობრივად და სამართლიანად, თუ ცხოვრობ სიამოვნების გარეშე”. მოკლედ, სიამოვნება თავისთავად ზნეობრივია, თუ ის სულიერია; ასევე ზნეობრივია გონებით ზღვარდადებული სხეულებრივი სიამოვნებაც.       როგორც ითქვა, სიამოვნების მიღწევის მეორე წყარო არის ტანჯვისაგან თავის არიდება, შიშისაგან განთავისუფლება. პირველ ყოვლისა, ეს ეხება ღვთაებათა და სიკვდილის შიშს. ეპიკურე ამ შიშებს ებრძვის. ის არ უარყოფს ღვთაებათა არსებობას, მაგრამ გამორიცხავს მათ უნარს, ჩაერიონ ადამიანის ცხოვრებაში. ეპიკურე ღვთაებებს მხოლოდ კოსმოსის წესრიგის დამყარების ფუნქციას მიაწერს და განარიდებს მათ მიწიერი, ქმედითი სამყაროსგან. ადამიანი თავისუფალია ღმერთების მიერ დადგენილი ბედისწერისაგან და, შესაბამისად, არ უნდა გრძნობდეს მათდამი შიშს, რიდსა თუ მორჩილებას, არ უნდა ელოდოს მათგან არც დახმარებას და არც სასჯელს. თავის ქცევაში ადამიანი მხოლოდ საკუთარ სურვილებსა და ზნეობრივ კრიტერიუმებს უნდა ექვემდებარებოდეს.       სიკვდილის შიშის დაძლევა თითქოს უფრო ძნელია, რადგან, თუ ღმერთების ყოფნა-არყოფნა ან ძლევამოსილება, ასე თუ ისე, საკითხავია, სიკვდილს ვერავინ გაექცევა. მიუხედავად ამისა, ეპიკურეს რწმენით, ამ შიშის დაძლევაც სავსებით შესაძლებელია. აქაც, ისევე როგორც ღვთაებათა შემთხვევაში, სიკვდილის რაობის გარკვევაა საჭირო. ამისთვის ავტორი ისევ და ისევ ატომისტიკას მიმართავს. სული სხეულივით ატომებისაგან შედგება. სიკვდილის მომენტში ეს ატომები სამყაროში იფანტება. ამიტომ მის დადგომას ჩვენ ვერ შევიგრძნობთ, „ვინაიდან ყველაფერი, კარგიცა და ცუდიც, შეგრძნებას ემყარება, სიკვდილი კი შეგრძნების აღკვეთაა”. ამდენად, თუ სიკვდილის ბუნებას ჩავუკვირდებით, ადვილად დავინახავთ, რომ ჩვენი სიცოცხლის გზაზე ის არ გვხვდება, ჩვენს არსებობასთან შეხება არა აქვს და, მაშასადამე, მისადმი შიში უსაფუძვლოა. „სანამ ჩვენ ვართ, სიკვდილი არ არის, ხოლო როცა სიკვდილი მოვა, მაშინ ჩვენ აღარ ვიქნებით”.       ამ შიშების გარდა, ადამიანს ბევრი სხვა შიში და შფოთვა აწუხებს. სიამოვნება გულისხმობს „სხეულის გათავისუფლებას ტანჯვისაგან და სულისა - შფოთვისაგან”. ყველაზე დიდი ნეტარება ე.წ. ატარაქსიაში, ანუ სულიერ სიმშვიდეში, უშფოთველობაშია. მისი მიღწევის გზა არის აზროვნება, ჭეშმარიტი მსჯელობა, სიბრძნის ძიება. ამისთვის კი საჭიროა იცხოვრო შენთვის, განერიდო აქტიურ საზოგადოებრივ საქმიანობას, პოლიტიკას, ფუჭ პაექრობას იმათთან, ვინც შორს არის მეცნიერული აზრისაგან. მხოლოდ განმარტოებული ფიქრი ან ახლობელი მეგობრების წრეში მსჯელობა იძლევა ნამდვილ ნეტარებას, სრულ ატარაქსიას და მას მივყავართ ჭეშმარიტ შემეცნებამდე.       აქედან გასაგებია, რომ ეპიკურე გვერდს ვერ აუვლიდა შემეცნების თეორიის პრობლემატიკას და, კერძოდ, შემეცნების ჭეშმარიტების კრიტერიუმის საკითხს. იგი გადაჭრით ამტკიცებს, რომ „ჭეშმარიტების კრიტერიუმი შეგრძნებებშია”. შემეცნების პროცესის სათავე შეგრძნებაა და მასშივეა მოცემული იმის გარანტია, რომ სამყაროს ჩვენს მიერ შექმნილი სურათი უტყუარია. შეგრძნების აღმოცენება დემოკრიტეს მსგავსად არის გაგებული. საგნები გამოყოფენ თავიანთ სახეებს, უმცირეს ანაბეჭდებს (ე.წ. ეიდოლებს). შეგრძნება წარმოიქმნება ეიდოლების შეღწევით გრძნობის ორგანოში. ვინაიდან ეიდოლები ფორმითაც და მასალითაც საგნების ასლები არიან, შეგრძნება საგნის შესახებ სრულყოფილ ცნობებს გვაძლევს. ეს იმიტომაც არის ასე, რომ თვით შეგრძნების პროცესი აბსოლუტურად პასიურია; ის არაფერს არ ცვლის და მხოლოდ ასახავს.       მეხსიერება ინახავს შთაბეჭდილებებს ისე, როგორც შეგრძნებაში იყო მოცემული. ეს ნიშნავს, რომ მეხსიერების წარმოდგენებიც მართებულია. უზუსტობა, დამახინჯება ან შეცდომა შეიძლება მაშინ გაჩნდეს, როცა აზროვნება, როგორც აქტიური კოგნიტური პროცესი, იწყებს შეგრძნებისა და მეხსიერების შთაბეჭდილებებით მანიპულირებას, მათ შორის კავშირების დამყარებას, ურთიერთშედარებას და ა.შ. ამ გზით აზროვნება მრავალი კონკრეტული შთაბეჭდილების საერთო ნიშნებს გამოყოფს, ანუ ცნებას აყალიბებს. ეს პროცესი, ერთი მხრივ, მეცნიერული შემეცნების აუცილებელი პირობაა, ხოლო მეორე მხრივ, იგი პოტენციურად შეიცავს შეცდომის საშიშროებას. შეცდომის არიდება შესაძლებელია, თუ დადგინდება აზროვნების პროდუქტის (ცნების) მიმართება იმასთან, რასაც დასაბუთება არ სჭირდება, ანუ თავის პირველწყაროსთან, შეგრძნებასთან. მოკლედ, შემეცნების პროცესის თავიც და ბოლოც შეგრძნებაშია. ამიტომაც ეპიკურე აღიარებულია, როგორც პირველი თანმიმდევრული სენსუალისტი ანტიკურ ფილოსოფიასა და ფსიქოლოგიაში. სენსუალისტურმა ტენდენციამ, როგორც ვნახეთ, უკვე სოფისტებთან იჩინა თავი, რაც იმაზე მიუთითებს, რომ ანტიკურ აზროვნებაში მას სხვა დასაყრდენიც ჰქონდა, მაგრამ ეპიკურესთან რადიკალური ხასიათი შეიძინა.       ეპიკურემ შექმნა ისეთი ფილოსოფიური მიმდინარეობა, რომელმაც მთელი შემდგომი ანტიკური ხანის განმავლობაში იარსება. მის მიმდევრებს შორის ყველაზე სერიოზული მოაზროვნე უთუოდ ტიტუს კარუს ლუკრეციუსი (99-55 ძვ.წ.) იყო. მან დახვეწილი და სრული ფორმა მისცა ეპიკურეს ფილოსოფიურ სისტემას, თუმცა ბ. რასელის შეფასებით, მასში რაიმე არსებითი სიახლე არ შეუტანია. მიუხედავად ამისა, ფსიქოლოგიის ისტორიის კუთხით, ლუკრეციუსის შემოქმედებაში ისეთმა თემებმაც გაიჟღერა, რომლებიც ეპიკურესთან არ გვხვდება ან, შესაძლოა, ჩვენამდე ვერ მოაღწია. ასეთია, მაგალითად საკითხი ძილისა და სიზმრის შესახებ, რომელსაც ლუკრეციუსი საკმაოდ დაწვრილებით განიხილავს.       ძილის მდგომარეობა აღმოცენდება იმის გამო, რომ სულის ნაწილები მთელ ორგანიზმში იფანტება, ხოლო ზოგიერთი სხეულის გარეთ გამოდის. შედეგად, სასიცოცხლო ტონუსი ქვეთდება. ძილში სხეულის მოთენთილობა და შედარებითი უძრაობა თავისი მააქტივირებელი საწყისის, სულის ნაწილის დაკარგვით აიხსნება. ძილში აღმოცენებული სიზმრების შინაარსს ორი რიგის ფაქტორები განაპირობებს. ერთია ადამიანის გამოცდილება, მისი პირადი და საქმიანი ცხოვრების შინაარსი. მაგალითად, სამხედროს ესიზმრება ბრძოლა, რომელშიც თვითონაც მონაწილეობს, ვექილს - სასამართლო პროცესი და ა.შ. თავის თავზე ლუკრეციუსი ამბობს, რომ ის სიზმრებში ხედავს, როგორ შეისწავლის ბუნებას და თავისი კვლევის შედეგებს პოეტურ ფორმაში გადმოსცემს (ლუკრეციუსი გამოჩენილი რომაელი პოეტი იყო, მისი ფილოსოფიური თხზულება „საგანთა ბუნებისთვის” ბრწყინვალე პოემაა). ღვიძილში ადამიანი ხშირად ურთიერთობს გარკვეულ საგნებთან და მოვლენებთან. მართალია, ძილში ისინი ადამიანზე უშუალოდ არ მოქმედებენ, მაგრამ მათი შესატყვისი ხატებისთვის გზა უკვე გაკვლეულია გონებისკენ და ისინი სიზმრის წარმოდგენების სახით ჩნდებიან. მეცნიერი ძილშიც მზად არის, მიიღოს ბუნების კვლევასთან დაკავშირებული ხატები, მეზღვაური ნაოსნობასთან დაკავშირებულ ხატებს ხედავს და ა.შ. სიზმრის შინაარსის განმსაზღვრელი მეორე ფაქტორი მოთხოვნილებაა. სიზმარში ხშირად ჩნდება ისეთი სურათები, რომლებიც ძილის მდგომარეობაში არსებულ ძლიერ მოთხოვნილებას გამოხატავს. მწყურვალს წყალი ესიზმრება, სქესობრივად აღტკინებულ ყმაწვილს - ქალის სხეული და სხვა.       ლუკრეციუსი უყურადღებოდ არ ტოვებს ტემპერამენტისა და ხასიათის საკითხსაც. ცხოველიც და ადამიანიც თავისებური მიდრეკილებებით იბადებიან: ზოგი ადვილად ღიზიანდება, ზოგი მშიშარაა, ზოგიც ზედმეტად მშვიდი ან აპათიური. ამგვარი ძლიერ მიდრეკილებათა აღმოფხვრა ადამიანის ბუნებიდან აღზრდას არ შეუძლია, მაგრამ ნაკლებად გამოხატულ ხასიათობრივ თავისებურებათა რეგულაცია, შესაფერისი ცხოვრების წესისადმი მიჩვევით, სავსებით შესაძლებელია.       ეპიკურეიზმის პარალელურად ათენში შეიქმნა ძლიერი ფილოსოფიური სკოლა სტოიციზმი. ეს სახელწოდება წარმოდგება სიტყვა „სტოა”-დან, რაც გადახურულ გალერეას, პორტიკს ნიშნავს. თავდაპირველად სწორედ აქ ქადაგებდა სკოლის დამაარსებელი ძენონი (336-264 ძვ.წ.). მის უშუალო მოწაფეთაგან ყველაზე ცნობილია ქრიზიპოსი (281/277-208/205 ძვ.წ). სტოიციზმმა მრავალი საუკუნე იარსება.       რომის იმპერიის ეპოქაში სტოელებიდან ყველაზე მეტად გაითქვეს სახელი სენეკამ (5-65 ჩვ.წ), ეპიქტეტემ (50-140 ჩვ.წ) და იმპერატორმა მარკუს ავრელიუსმა (121-180 ჩვ.წ       ეპიკურეიზმის მსგავსად, სტოიციზმის ფილოსოფია და ფსიქოლოგია მატერიალისტურია, მაგრამ არ არის ატომისტური. სული, ისევე როგორც სხეული, მატერიალურია. მისი საწყისია პნევმა. ეს არის სამყაროს აქტიური ელემენტების, ჰაერისა და ცეცხლის გარკვეული ერთიანობა („თბილი სუნთქვა”). ყოველივე მისგან წარმოიქმნება, მოძრაობს და ცოცხლობს. მთელი სამყარო ამ მაფორმირებელი ძალით არის გამსჭვალული. პნევმა სულია, ვინაიდან ის აქტივობის წყაროა. გამომდინარე იქიდან, რომ პნევმა ყველგან იმყოფება, მთელი სამყარო განსულიერებულია. ამდენად, სტოელების ნატურფილოსოფია ჰილოძოიზმის სახეს იღებს. როგორც უკვე ითქვა, ეს არის პანფსიქიზმის ძველბერძნული ნაირსახეობა, რომლის თანახმად სული ყოველივე არსებულში იმყოფება, მაგრამ სხვადასხვა ოდენობით. განსხვავებულია პნევმის თვისებრივი მახასიათებლებიც - რაც უფრო თხელი და წმინდაა ამა თუ იმ საგნის პნევმა, მით მეტია მისი „ტონუსი” და მით უფრო მეტადაა იგი ცოცხალი და სულიერი. ადამიანის სული ამ სუბსტანციის ყველაზე დახვეწილი ფორმაა.       სულის ბუნებაზე ასეთი ნატურფილოსოფიური და მეტაფიზიკური სპეკულაციების გარდა სტოელები საყურადღებო მოსაზრებებს გამოთქვამენ კონკრეტული ფსიქიკური მოვლენების შესახებ. განსაკუთრებული გულისყურით არის შესწავლილი ადამიანის ემოციური სფერო. მათი ეთიკურფსიქოლოგიური შეხედულების ცენტრალური პუნქტია გონებისა და გრძნობის დაპირისპირება და ემოციისთვის (აფექტისთვის) მკვეთრად უარყოფითი როლის მიწერა. ეპიკურელებისა არ იყოს, ფსიქოლოგიური პრობლემატიკის დიდ ნაწილს სტოელებიც მორალური ფილოსოფიის კუთხით განიხილავდნენ. ამ კონკურენტი სკოლების შეხედულებებში არის მსგავსებაც და განსხვავებაც. გარდა სულისადმი ერთნაირი მატერიალისტური მიდგომისა, მათ აერთიანებთ საერთო პრაქტიკული მიმართულობა იმაზე, რომ ადამიანი ბედნიერი გახადონ. მათი აზრით, ფილოსოფიის (რომელიც მაშინ ფსიქოლოგიასაც მოიცავდა) დანიშნულება სწორედ ესაა. პრაქტიკულმა ფილოსოფიამ უნდა უზრუნველყოს ადამიანის ოპტიმალური და მშვიდი განწყობილება. მაგრამ ეპიკურელებისთვის ნამდვილი ბედნიერება ნიშნავს გონებიდან მომდინარე მაღალი სულიერი განცდებით ტკბობას, ხოლო სტოელები ბედნიერებას გრძნობების სრულ აღკვეთასა და გონიერ ცხოვრებაში ხედავენ. ეპიკურელები ჰედონიზმს ქადაგებდნენ და ადამიანის ცხოვრების აზრს სიამოვნებაში ეძებდნენ. სტოელები ე.წ. რიგორიზმს (სიმკაცრეს) ემხრობოდნენ, ანუ მიიჩნევდნენ, რომ ადამიანის ბედნიერებაც და ზნეობაც ვალდებულებათა და მოვალეობათა შესატყვის ცხოვრების წესშია ჩადებული. ცხოვრების ასეთი წესის განხორციელების ძირითადი ფსიქიკური ინსტრუმენტი გონებაა, ხოლო მთავარი საფრთხე გრძნობებიდან (აფექტებიდან) მომდინარეობს.       ყოველი ცოცხალის პირველადი და ძირეული სწრაფვა თვითშენახვაში ვლინდება. ეს ბუნებასთან შეთანხმებულ არსებობას, მასთან მიზანშეწონილ ურთიერთობას გულისხმობს. ცხოველიც და ადამიანიც იმას ემორჩილება, რასაც ბუნების კანონები ჰკარნახობს. ეს კანონები ჩვენზე არაა დამოკიდებული, არამედ „მსოფლიო წესრიგის” გამოვლინებაა. საზოგადოებრივი ცხოვრების მოწყობა (მათ შორის პოლიტიკური სისტემა) ამ მსოფლიო წესის შემადგენელი ნაწილია. მასაც თავისი კანონები აქვს. ისინი იმ ნორმებისა და წესების სისტემაშია ასახული, რომლებიც საზოგადოებაშია დამკვიდრებული. რა მიმართულებით უნდა იაროს ადამიანმა თავისი წუთისოფლის გზაზე, იმთავითვეა განსაზღვრული. მან ის როლი უნდა შეასრულოს, რომელიც ცხოვრების პიესაში მიაკუთვნეს. ადამიანი არც პიესას ირჩევს და არც როლს. მას მხოლოდ როლის კარგად ან ცუდად შესრულება შეუძლია, ვინაიდან ბუნების კანონებსა და თავის ბედისწერას ვერ შეცვლის; მათ წინაშე ადამიანი უძლურია, რაც აიძულებს მასზე დაკისრებული ტვირთი ზიდოს. მთავარი აქ ის არის, თუ როგორ გააკეთებს ამას. ძენონის თქმით, საცოდავი სანახავია ის ადამიანი, ვინც განუწყვეტლივ მოთქვამს, ვინაიდან არ ესმის თავისი მიზანი. სულ სხვაგვარად გამოიყურება ცხოვრების გზაზე ამაყად და ღირსეულად მიმავალი ადამიანი, რომელმაც იცის, საით მიდის. ბედს მიყავს ის, ვისაც ეს სურს და მიათრევს მას, ვისაც ეს არ სურს - ამბობდა სენეკა.       აქედან ჩანს, რომ სტოელების წინაშე მთელი სიმძაფრით დადგა ადამიანის თავისუფლების პრობლემა. ისინი აღიარებდნენ, რომ პიროვნება თავისუფალია და გულისხმობდნენ, რომ ის თავისუფალია შინაგნად, ანუ თავისუფალია მისი სული (ე.წ. შინაგანი თავისუფლება). ამავე დროს, ადამიანი არ არის თავისუფალი თავის ქმედებაში (ე.წ. გარეგანი თავისუფლება). როგორც ითქვა, იგი ვერ ირჩევს პიესას და როლს. მისი ნება ვრცელდება მხოლოდ იმაზე, თუ როგორ იქნება ეს როლი შესრულებული. სტოელები იმასაც ამტკიცებდნენ, რომ ბედისწერას შეუძლია ადამიანს წაართვას შესაძლებლობა იცხოვროს ისე, როგორც სურს, მაგრამ ვერ წაართმევს სიკვდილის უფლებას. ამაყ, დაუმორჩილებელ ადამიანს ყოველთვის აქვს არჩევანი: არ შეურიგდეს პირადი ღირსებისა ან თავისუფლების ბედისწერით განსაზღვრულ დაკარგვას და თავისი ნებით წავიდეს ცხოვრებიდან (სენეკა, მაგალითად, ასეც მოიქცა). ცხოვრებაში თავისი დანიშნულებისა თუ ხვედრის გაგება და ამის შესაბამისად მოქცევა ადამიანს თავისუფლების განცდას უჩენს, რაც, ფაქტობრივად, სხვა არაფერია, თუ არა შეცნობილი აუცილებლობა. თავისუფლების პრობლემის ასეთი ფორმულირება მხოლოდ სპინოზას შემდეგ გახდა პოპულარული სხვადასხვა ფილოსოფიურ და ფსიქოლოგიურ შეხედულებებში.       აქედან გამომდინარე, გასაგები ხდება, თუ რატომ მიეწერება ასეთი მნიშვნელობა იმას, რომ, ცხოველისაგან განსხვავებით, ადამიანი გონებით არის დაჯილდოებული. ცხოველი ინსტინქტურად მიჰყვება „ბუნების მიწერილობებს”, ხოლო ადამიანი მათ აცნობიერებს, გაიაზრებს და შეგნებულად აქცევს თავისი ცხოვრებისა თუ მოქმედების წესად. სტოელები ამტკიცებდნენ, რომ ვინც ხალისით ემორჩილება ბრძანებებს, თავიდან ირიდებს მონობის ყველაზე უსიამოვნო მხარეს - აკეთოს ის, რაც არ სურს. უბედური ის კი არ არის, ვინც სხვის ბრძანებას ასრულებს, არამედ ის, ვინც ამას თავისი ნების გარეშე, იძულებით ასრულებს. გამოსავალი ერთია - ვიყოთ შინაგნად მზად იმის გასაკეთებლად, რასაც გარემოებანი გვკარნახობს. ასეთი პოზიციის გამომუშავებას ორი რამ ესაჭიროება - საყოველთაო აუცილებლობის გაცნობიერება (საკუთარი თავისა და ბედისწერის რაციონალური შეფასება) და იმ წინააღმდეგობის დაძლევა, რომელსაც გრძნობები და სურვილები უქმნის მართებულ ქცევას. საბოლოო ჯამში, ადამიანი ორივე მათგანს პიროვნული წრთობით აღწევს.       პედაგოგიური დოქტრინა, რომელსაც განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებდნენ გვიანდელი სტოელები - სენეკა, მარკუს ავრელიუსი და სხვები, გულისხმობდა ბავშვებზე ადრეული ასაკიდან მიზანმიმართულ ზემოქმედებას მათში აქტიური ცხოვრებისეული პოზიციისა და გონების შესაძლებლობებში დარწმუნებულობის გამომუშავებისთვის. ადამიანმა ბავშვობიდანვე უნდა ირწმუნოს, რომ ყველაფრის გაგებისა და დაძლევის უნარი აქვს. პირველ რიგში ეს აფექტებზე ვრცელდება. სტოელების რწმენით, სწორედ აფექტები უქმნიან ყველაზე დიდ საფრთხეს იმას, რომ ადამიანმა გონივრულად იცხოვროს და თავისი ნებით მიიღოს ბედისწერის მიერ დადგენილი ცხოვრების წესები.       სტოელები აფექტების ოთხ ნაირსახეობას გამოყოფენ. მათი დაჯგუფება დროის პრინციპის შესაბამისად ხდება: მწუხარება (დარდი) და ზღვარგადასული სიამოვნება აწმყოს უკავშირდება, ძლიერი სურვილი და შიში კი - მომავალს. პირველადი და ძირითადია სურვილისა და შიშის აფექტები, ხოლო მწუხარება და სიამოვნება მეორადია და მათგან გამომდინარეობს. სიამოვნება მაშინ ჩნდება, როცა ვისრულებთ სურვილს ან თავიდან ვიცილებთ იმას, რაც არ გვსურდა (ეს საკმაოდ წააგავს იმას, რასაც სიამოვნების - გენეზისზე ამბობდნენ ეპიკურელები). მწუხარების აფექტიც იმის შედეგად წარმოქმნება, რომ ვერ მივაღწიეთ სასურველს ან შეგვემთხვა ის, რისიც გვეშინოდა.       განმარტების თანახმად, აფექტი არის გონების მიერ დადგენილი საზღვრის გადალახვის შედეგად წარმოქმნილი უზომოდ მხურვალე, ძლიერი სულიერი მიდრეკილება, მიზიდულობა. მარკუს ავრელიუსი აფექტს იმ სიტუაციას ადარებს, როცა ადამიანი რაიმე მიზნისკენ მირბის, მაგრამ მისი მიღწევის შემდეგაც თავს ვერ იკავებს და სირბილს განაგრძობს. აფექტი, თავისთავად, უმართავი სტიქიაა. მაგრამ მას შეიძლება გონების ძალა დავუპირისპიროთ, რომელიც აფექტს ან სულ აღკვეთს, ან საგრძნობლად შეზღუდავს მის დამანგრეველ მოქმედებას.       გონებისა და აფექტის ურთიერთმიმართება რთული და ორმხრივი ხასიათისაა. სტოელებისთვის აფექტი არასწორი მსჯელობის საფუძველია. ამავე დროს, აფექტი მხოლოდ აზროვნების დამახინჯების მიზეზი არ არის; თვითონ არასწორი მსჯელობაც, ანუ „გონების შეცდომაც”, შეიძლება აფექტად ჩაითვალოს (ქრიზიპოსი). ეს ლოგიკურად მხოლოდ იმას ნიშნავს, რომ მსჯელობის გამოსწორებით აფექტიც მოიხსნება. ე.ი., არსებითად, გონებასთან აფექტის კავშირი მისი რაციონალური მართვის საშუალებას იძლევა. თუ გონება ძლიერია, ის ზღუდავს ან აფერხებს მისწრაფების გადაზრდას აფექტში. პირიქით, სუსტი, ცრურწმენებით დაბინდული გონება სათანადო წინააღმდეგობას ვერ უწევს აფექტის განვითარებას.       აფექტის განვითარებაში სამი სტადია გამოიყოფა. თავდაპირველად, გარეგანი გამღიზიანებლის ზემოქმედების შედეგად, ორგანიზმში გარკვეული ფიზიოლოგიური პროცესები იწყება. სტოელებს კარგად ჰქონდათ შესწავლილი ემოციები, კერძოდ აფექტები და ნათლად ხედავდნენ, რომ გამომხატველი მოძრაობებისა თუ შინაგანი ორგანული ცვლილებების გარეშე აფექტი არ არსებობს. ეს ცვლილებები ავტომატურად, უნებლიეთ წარმოიქმნება. შემდეგ სტადიაზე ასევე უნებლიეთ ჩნდება აფექტის ფსიქიკური კომპონენტი. ეს კომპონენტი თავის თავში აერთიანებს აზრს (წარმოდგენას) იმის შესახებ, რომ მოხდა რაღაც მნიშვნელოვანი და, ასევე, მომხდარზე გარკვეული რეაგირების სურვილს, ტენდენციას. აფექტის განვითარების მესამე, ნებელობითი სტადია მაშინ დგება, როცა მის მსვლელობაში გონება ჩაერთვება. ამ დროს სულის რაციონალური მხარე ემოციურს უპირისპირდება და ადამიანი ღებულობს ზომებს აფექტის აღსაკვეთად ან, თუნდაც, მის შესარბილებლად.       სტოელებმა შეიმუშავეს აფექტებთან ბრძოლის მეთოდები. ისინი მოიცავს აფექტების წინააღმდეგ მიმართულ მოქმედებათა და ღონისძიებათა ერთობლიობას. მაგალითად, რეკომენდებულია მაქსიმალურად შეიზღუდოს აფექტის გარეგანი (სამოძრაო ან სხეულებრივი) გამოვლინება. ეს ბევრად აადვილებს მის მოთოკვას; სასურველია, არ დავამძიმოთ აფექტი ჩვენი ფანტაზიით; გამოვიყენოთ ჩვენი გამოცდილება და აღვადგინოთ მეხსიერებაში აფექტის საწინააღმდეგო ქმედების სურათები (მაგ., შიშის დროს გავიხსენოთ თავშეკავებისა და სიმამაცის გამოვლენის ფაქტები); გავაანალიზოთ აფექტური მოქმედების სავალალო შედეგები; სასურველია, შეძლებისდაგვარად გავახანგრძლიოთ აფექტის მოქმედებაში გადასვლის დრო (მაგ., დავითვალოთ ათამდე) და სხვა. ერთი სიტყვით, სტოელებმა გამოიმუშავეს თვითრეგულაციის საკმაოდ ეფექტური სისტემა, რომლის გამოყენებაზე არც თანამედროვე ფსიქოლოგია ამბობს უარს.       ეს სისტემა სტოიციზმის მიერ შემუშავებული აღზრდის დოქტრინის ნაწილია. ბავშვს თავიდანვე უნდა ვასწავლოთ გონების ძალით აფექტის შეზღუდვა, ვინაიდან ცხადია, რომ უფრო ადვილია აფექტის პრევენცია, ვიდრე ძალაში შესულ აფექტთან გამკლავება. სტოელებმა შექმნეს ბრძენი ადამიანის იდეალი, რომელიც აფექტებისაგან სრულად თავისუფალია, რადგან ბუნებასთან შესაბამისობაში ცხოვრობს, კმაყოფილია თავისი ბედით, ზრუნავს თავისი დანიშნულების რეალიზაციაზე და აღჭურვილია ნებელობით („გონიერი აგზნებით”), რომელიც შეუსაბამო სურვილებს უპირისპირდება. ბრძენი თავისუფალია ვნებებისაგან, მშვიდია და თავშეკავებული. მარკუს ავრელიუსი ამას უწოდებდა „აუმღვრეველი”.       აფექტების მოქმედების დესტრუქციულ მხარეს სხვა ფილოსოფოსებიც კარგად ხედავდნენ. არისტოტელეს მიმდევრები და ინტერპრეტატორები, ე.წ. პერიპატეტიკოსები მოითხოვდნენ აფექტების შერბილებას და გრძნობების ზომიერებას (ე.წ. „მეტროპათია”). ეპიკურელების „ატარაქსიაც” ხომ უშფოთველობას ნიშნავს. სტოელები ამით არ კმაყოფილდებიან. მათ ეთიკურფსიქოლოგიურ მოძღვრებაში შემოდის აპათიის ცნება, რაც გულგრილობას, სრულ სიმშვიდეს გულისხმობს. აქ ნათლად იკვეთება აღმოსავლური რელიგიურ-ფილოსოფიური სისტემების, სახელდობრ, ბუდიზმის გავლენა. გავიხსენოთ ბუდიზმის მოძღვრება ნირვანაზე - ადამიანის უმაღლეს სულიერ მდგომარეობაზე, რომელიც ხასიათდება სრული სიმშვიდით, თვითმკმარობითა და განდგომით. ეს უკანასკნელი მახასიათებელი ნაკლებ ესადაგება სტოელების მოძღვრების სულისკვეთებას, ვინაიდან, იმავე ეპიკურელებისაგან განსხვავებით, ისინი მიმდევრებს აქტიური სასიცოცხლო პოზიციისკენ მოუწოდებდნენ.       ძნელი შესამჩნევი არ უნდა იყოს, რომ სტოელების ეთიკურ-ფსიქოლოგიური სწავლების ზოგადი მიმართულება, თანამედროვე ენით რომ ვთქვათ, ფსიქოთერაპიულია. ეპიკურელების მსგავსად, სტოელებიც ცდილობენ, დაძლიონ ან შეარბილონ კონკრეტული ადამიანის რეალური ფსიქოლოგიური სირთულეები, ასწავლონ მას „სწორი” ცხოვრება და მიიყვანონ ისეთ სულიერ მდგომარეობამდე, როცა თავს ბედნიერად იგრძნობს. ეპიკურელებისა და სტოელების გავლენით, ანტიკური ფილოსოფოსები სულ უფრო ემსგავსებოდნენ სულის მკურნალებს, ე.ი. ნაწილობრივ მაინც ასრულებდნენ იმ ფუნქციას, რომელიც შემდგომში, ქრისტიანულ ეპოქაში, მთლიანად სასულიერო პირების პრეროგატივა გახდა.       თეორიულ ჭრილში სტოიციზმმა ვერ შეძლო ბუნებრივი კანონზომიერებისა და მორალური თავისუფლების მიმართების პრობლემის გადაჭრა (თუმცა, ეს ვერც შემდგომდროინდელმა მეცნიერებამ შეძლო). ადრინდელი სტოიციზმი საბოლოოდ აშკარად გამოხატულ ფატალიზმამდე მივიდა. მაგრამ გვიანდელმა სტოიციზმმა, თავისი ზნეობრივი დარიგებებითა და - ცხოვრებისეული წესების ფორმულირებით, თეორიული პრობლემა პრაქტიკულ ჭრილში გადაიყვანა. ცნობილი კანადელი ფსიქოლოგიის ისტორიკოსის, გ. ბრეტის ზუსტი შეფასებით, სტოელები თავისუფლების შესაძლებლობის ახსნაში დამარცხდნენ, მაგრამ თავისუფლად ყოფნის თვალსაზრისით საკმაოდ წარმატებულნი აღმოჩნდნენ.       სტოელების მიხედვით, ემოციებს გონება მართავს. აქედან გამომდინარე, ცხადია, რომ სტოიციზმის პოზიცია მკვეთრად რაციონალისტურია. გონება წამყვან როლს ასრულებს მთელ ფსიქიკურ ცხოვრებაში და, კერძოდ, ადამიანის კოგნიტურ აქტივობაში. შემეცნება, ზოგადად, მოიცავს შეგრძნებას, მეხსიერებას, წარმოსახვას და აზროვნებას. თავად აზროვნებას ორი ფორმა აქვს - შინაგანი და გარეგანი. ეს უკანასკნელი მეტყველების პროცესთან არის გაიგივებული. ზოგადად კი აზროვნება შემეცნების მთელ პროცესს გამსჭვალავს და ყველა ფუნქციის მუშაობაში მონაწილეობს. აზროვნების გარეშე შეგრძნებაც არ იქნებოდა ადეკვატური და ყველასთვის თვალსაჩინო. ნამდვილი ცოდნა მხოლოდ აზროვნებას მოაქვს და შეგრძნებაც მისი წყალობით არის უტყუარი. ეპიკურელების სენსუალიზმი გულისხმობს, რომ შეგრძნება სინამდვილის უტყუარ სურათს იძლევა და, ამდენად, ჭეშმარიტების კრიტერიუმად გვევლინება. სტოელების რაციონალიზმის თანახმად კი თვით შეგრძნებათა უტყუარობას ან მცდარობას მათში აზროვნების ჩართულობის დონე განაპირობებს. იგივე ხდება მეხსიერებისა და წარმოსახვის შემთხვევაში, ანუ შემეცნების პროცესის ყველა საფეხურზე. ამგვარი პოზიცია ეხმიანება თანამედროვე კოგნიტური ფსიქოლოგიის მიდგომას, რომლის მიხედვით შემეცნების ფსიქოლოგიური პროცესი სხვადასხვა დონის კოგნიტურ სტრუქტურებში ინფორმაციის გადამუშავების სახით არის წარმოდგენილი. დღეს უკვე საკმაოდ დიდი ცოდნა დაგროვდა იმის შესახებ, თუ რა ხდება სინამდვილეში კოგნიტური ფუნქციონირების სხვადასხვა დონეზე და როგორია ეს პროცესი მთლიანობაში. სტოელების გულუბრყვილო და ინტუიციურ მიხვედრებთან შედარებით ეს, რა თქმა უნდა, ცა და დედამიწაა, მაგრამ, თუ კარგად ჩავუკვირდებით, დავინახავთ, რომ სწორედ სტოელებმა მოგვცეს შემეცნების ფსიქოლოგიური პროცესის ერთიანი სურათი და გამოყვეს მისი საფეხურები. გარკვეული აზრით, ისინი დღევანდელი კოგნიტური ფსიქოლოგიის შორეულ წინაპრებადაც შეიძლება მივიჩნიოთ, თუმცა, რაიმე სახის პირდაპირ მემკვიდრეობაზე ლაპარაკიც ზედმეტია.       პლოტინი (204/5-270) დაიბადა ეგვიპტეში, სწავლობდა მეცნიერების იმდროინდელ ცენტრში, ალექსანდრიაში, და მოღვაწეობდა ძირითადად რომში, სადაც გარდაიცვალა. მისი მოძღვრება წინაქრისტიანული პერიოდის ფსიქოლოგიის განვითარების ბოლო წერტილია. მან ბევრი რამ აიღო პლატონიდან და თავის სწავლებას ნეოპლატონიზმი უწოდა. პლატონზე არანაკლებ, მის ნააზრევში არისტოტელეს და სტოიციზმის გავლენაც იგრძნობა. ეს ძირითადად პლოტინის ემპირიულ ფსიქოლოგიას ეხება, მაგრამ თავისი სულისკვეთებით პლოტინის მთელი ფსიქოლოგიური სისტემა უდავოდ მეტაფიზიკურია და, არსებითად, პლატონის მეტაფიზიკის განვითარებაა. პლოტინთან მთავარია მსოფლიო გონი, როგორც ყველაფრის საწყისი. ამ ცნებასთან მიმართებაში ხდება სულის ღვთაებრიობისა და უკვდავების დასაბუთება. ემპირიული ფსიქოლოგიაც, ფაქტობრივად, ამას ემსახურება.       ნამდვილი არსებობა ახასიათებს მსოფლიო გონს (იმავე სულიერ სუბსტანციას). მასში მოცემულია ჭეშმარიტი ცოდნა, რომელსაც ის ასხივებს, როგორც მზე სინათლეს. ის მოთავსებულია სამყაროს ცენტრში, სამყარო კი, რამდენიმე ფენის სახით, გარშემო ერტყმის მას. ეს ფენები ხილული სინამდვილის იერარქიას ქმნის და, არსებითად, ამ ცენტრალური და უმაღლესი რეალობის გამოვლინებას, გამოსხივებას, ჩამოდინებას ან, პლოტინის ტერმინებში ემანაციას, წარმოადგენს. რაც უფრო ახლოა მსოფლიო გონის აბსოლუტურ სრულყოფილებასთან სინამდვილის ესა თუ ის საფეხური, რეალობისა და არსებობის მით უფრო მაღალ ფენას (დონეს) მიეკუთვნება იგი. ინდივიდუალურ სულს (ე.ი. ემპირიული ფსიქოლოგიის შესასწავლ საგანს) ემანაციაში შუა პოზიცია უკავია. ხოლო ემანაციის ყველაზე ქვედა საფეხურს მატერიალური სხეულები, ცოცხალი და არაცოცხალი ბუნება ქმნის.       პლოტინის ემანაციის თეორია პლატონის იდეების თეორიის შემდგომ დამუშავებად და კონკრეტიზაციად შეიძლება მივიჩნიოთ, მაგრამ მათი კვლევის ამოსავალი წერტილი განსხვავებულია. პლატონი თავის კვლევა-ძიებას იწყებს გრძნობადი აღქმის მონაცემების ანალიზით, ადგენს მათ არასანდოობას და ეძიებს ცოდნის უფრო სრულყოფილ (ზოგად და ჭეშმარიტ) ფორმას, რასაც იდეაში (იდეების სამყაროში) პოულობს; გრძნობადი მონაცემები იდეების („ეიდოსების”) ასლებია. პლოტინი იწყებს არა კონკრეტული მოვლენებიდან, არამედ ზოგადი და სრულყოფილი ფორმიდან, რომელსაც წარმოგვიდგენს ზებუნებრივი, მისტიკური, ყოვლადერთიანი და ერთადერთი ჭეშმარიტი ყოფიერების სახით. მთელი ხილული და რეალური სამყარო, მათ შორის სულიერი, მისი ემანაციაა. სულიერი მოვლენები მსოფლიო გონიდან არის ნაწარმოები. მით უფრო ეს ითქმის ცოცხალი სხეულისა და, საზოგადოდ, საგნობრივი სამყაროს მიმართ.       პლოტინის ფსიქოლოგიაში დიდი ადგილი ეთმობა სულის აბსოლუტური არამატერიალურობისა და სხეულისაგან პრინციპული განსხვავებულობის თეზისის დასაბუთებას. ავტორს მრავალი არგუმენტი მოაქვს სულის მატერიალისტური (ნატურფილოსოფიური თუ ატომისტური) თეორიების საწინააღმდეგოდ. საბოლოო ანგარიშით, პლოტინს სულის სუბსტანციონალობის დამტკიცება სურს. ამიტომ იგი უარყოფს ყველა შეხედულებას, რომელიც სულის სხეულისაგან დამოუკიდებლობის იდეას ეწინააღმდეგება. თუ სული არამატერიალური სუბსტანციაა, მას არ ექნება მატერიალურის ძირითადი ნიშანი - სივრცულობა. სივრცულობის გამო ყველა სხეული დანაწევრებადია, ხოლო სული განუყოფელი მთლიანობაა. სული სხეულის ყველა ნაწილში იმყოფება და, ამავე დროს, მთლიანობაა.       პლოტინი იმ თვალსაზრისსაც უარყოფს, რომლის მიხედვით სული მატერია არ არის, მაგრამ გაგებულია როგორც სხეულის ენტელექია, მისი ფორმა, რაც მათ განუყრელ კავშირს გულისმობს (არისტოტელე და მისი მიმდევრები). სული რომ სხეულის ენტელექია ყოფილიყო, ის მუდამ მასთან იქნებოდა. არადა პლოტინის მიხედვით სული სიცოცხლეშივე ხშირად შორდება სხეულს და შემდეგ კვლავ უბრუნდება (მაგ., ძილის დროს). სხეული ამ დროს ცოცხალი რჩება, თუმცა თავის ენტელექიას (სულს) მოკლებული სხეული ცოცხალი ვერ იქნება. გარდა ამისა, სული რომ სხეულის ფორმა იყოს, მათ შორის სრული ჰარმონია უნდა სუფევდეს, რაც ასევე არ შეესაბამება რეალობას. სხეულს მრავლად აქვს ისეთი მიდრეკილებები, რომლებსაც სული ებრძვის, სულს კი ისეთი მისწრაფება, რომელიც სხეულის მოთხოვნილებებს ეწინააღმდეგება.       სხეული არ არის სუბსტანცია, ვინაიდან ის იქმნება და ცვალებადობს. ხოლო სული ნამდვილი სუბსტანციაა, ის ყოველგვარი მოძრაობის დასაბამია, სხვას ამოძრავებს, სიცოცხლეს ანიჭებს, თავად კი არც მოძრაობს და არც სიცოცხლეს იძენს საიდანმე. მას სხვა არ სჭირდება და თავის თავში შეიცავს ყოველგვარ არსებობას. ცხოველებისა და ადამიანის სულები მისგან არის ნაწარმოები. კონკრეტული ინდივიდუალური სული, თავის მხრივ, სხეულს უკავშირდება და სიცოცხლეს შთაბერავს. სხეულსა და სულს შორის ისეთივე მიმართებაა, როგორიცაა მუსიკოსს (დამკვრელს) და ქნარს (ინსტრუმენტს) - შორის, ანუ სხეული სულის ორგანოა, იარაღია. სული თავის დანიშნულებას სხეულის მეშვეობით ასრულებს. ამასთან, ის შეიძლება კიდეც დასცილდეს სხეულს, თუ აღმოჩნდება, რომ ეს უკანასკნელი სათანადოდ ვეღარ მუშაობს. როგორც მუსიკოსი მოიშორებს უვარგის ინსტრუმენტს, სულიც შეარჩევს თავისთვის ახალ ორგანოს. აქედან მომდინარეობს სულის გადასახლების იდეა, რომლის რეალობაში პლოტინს ეჭვი არ ეპარება. ცხადია ეს აზრი ინდური რეინკარნაციის გავლენით ჩამოყალიბდა (პლოტინს უმოგზაურია ინდოეთში და ამიტომ მის ნააზრევში საკმაოდაა აღმოსავლური გავლენა).       ინდივიდუალური სულის აქტივობა მიმართულია ან ზემოთ, მსოფლიო გონისკენ, ან ქვემოთ, გრძნობადი მატერიალური სინამდვილისკენ, ან თავის თავზე, საკუთარ მოქმედებაზე, რომელიც გარედან უხილავია. იგი აკვირდება თავის მუშაობას და ფსიქიკური ცხოვრების ერთგვარ „სარკედ” იქცევა. სულის აქტივობის ეს ვექტორი პლატონთან არ გვხვდება და პლოტინის უმნიშვნელოვანეს ორიგინალურ მიგნებად უნდა შეფასდეს.       სულის აქტივობის აღნიშნული სამი მიმართულება განსხვავებული ცოდნის წყაროდ გვევლინება. სხეულზე მიმართული სული მის შესახებ ცნობებს იძლევა; ამავე გზით ხდება ბუნების მოვლენების, გარესამყაროს შემეცნება. განსაკუთრებულ როლს ამ მხრივ შეგრძნება, გრძნობადი აღქმა თამაშობს. მისი საშუალებით ჩვენ ვიძენთ ახალ ცოდნა-გამოცდილებას. როდესაც ინდივიდუალური სული მიიმართება მსოფლიო გონისკენ, ამ უკანასკნელში მოცემული ცოდნა მასში გადადის. ფსიქოლოგიის ზოგიერთი ისტორიკოსი ფიქრობს, რომ ცოდნის მიღების ეს გზა ჰქონდა მხედველობაში პლატონსაც. მაგრამ, თუ გავიხსენებთ, რას გულისხმობს პლატონის ანამნეზისის თეორია, დავინახავთ რომ ასეთი პარალელის გავლება არ უნდა იყოს მართებული. პლატონს მიაჩნდა, რომ ინდივიდუალური სული იმთავითვეა იდეების სამყაროში მიღებული ჭეშმარიტი ცოდნის მატარებელი. ამიტომ პლატონთან ჭეშმარიტების შემეცნება სუბიექტის მიერ მხოლოდ ამ დავიწყებული ცოდნის განახლებაა (ანამნეზისი). ხოლო პლოტინის მიხედვით, ცოდნის მიღების ყველა გზა მართლაც ახალი ცოდნის მოპოვებაა ინდივიდუალური სულის მიერ, რომელსაც მანამდე ეს ცოდნა არ გააჩნდა. იგივე ვითარებაა ინდივიდუალური სულის მსოფლიო გონთან ურთიერთობისას.       პლოტინი საგანგებოდ ამახვილებს ყურადღებას ამ პროცესის თავისებურებაზე და ხაზს უსვამს აღნიშნული ურთიერთობის უშუალო ხასიათს, რასაც განაპირობებს სულის განსაკუთრებული მდგომარეობა, ე.წ. ექსტაზი. ექსტაზში მყოფი სული განიცდის მსოფლიო გონთან ერთიანობას, მას ერწყმის და იქ არსებულ ჭეშმარიტ და უმაღლეს ცოდნას სწვდება. ამ მეტაფიზიკურ ბურანში ძნელია, ნათლად გაიგო კაცმა, თუ რა რეალური ფსიქიკური პროცესი იმალება გონისა და სულის აღნიშნული ურთიერთობის მიღმა. სამწუხაროდ, ეს განმარტებული არ არის, მაგრამ საფიქრებელია, რომ აქ საქმე მოგონებასთან არ უნდა გვქონდეს. ეს დასკვნა შეიძლება გამოვიტანოთ პლოტინის მოსაზრებებიდან მეხსიერების შესახებ. მისი ბუნება საკმაოდ თავისებურად და არც თუ დამაჯერებლად არის გახსნილი. მართლაც, პლოტინი კატეგორიულად ილაშქრებს ანტიკურ ფსიქოლოგიაში გავრცელებული კვალის თეორიის წინააღმდეგ. მის თანახმად, მეხსიერება შთაბეჭდილების ანაბეჭდის შემონახვაში მდგომარეობს. მოგონება ვერ იქნება ამ კვალის აღდგენა, რადგან კვალი სულში არც არსებობს. თუ აღნიშნული მოსაზრება მართებულია, ანაბეჭდებისა და, შესაბამისად, მოგონებების რაოდენობა სუბიექტის გამოცდილების პროპორციული უნდა იყოს. მაგრამ ეს ასე არ არის. უეჭველი ფაქტია, მაგალითად, რომ ახალგაზრდებს უფრო მეტი მოგონება აქვთ, ვიდრე მოხუცებს. გარდა ამისა, თუ მოგონება კვალის აღდგენაა, გაუგებარი რჩება ის ძალისხმევა, რომელიც შთაბეჭდილების რეპროდუქციას ახლავს, ვინაიდან, კვალი რომ არსებობდეს, ის მუდამ აქტუალური და, მაშასადამე, ჩვენთვის ცნობილი უნდა იყოს. სხვათა შორის, ამ შემთხვევაში დავიწყება სულ არ უნდა ხდებოდეს. გაუგებარი იქნება გამეორებათა საჭიროებაც, რადგან სრულყოფილ კვალს ცვილზე ბეჭდის ერთჯერადი დაჭერაც იძლევა. საბოლოოდ, პლოტინი ასეთ ზოგად ფორმულირებას გვთავაზობს: კვალის თეორია არასწორია, ვინაიდან ის ყურადღების მიღმა ტოვებს სულის აქტიურ ბუნებას და მას შთაბეჭდილებების პასიური მიმღების როლს აკუთვნებს.       ბუნებრივად იბადება კითხვა: თუ შთაბეჭდილება კვალს არ ტოვებს, რა ინახება და რისი აღდგენა ხდება მეხსიერებაში? ნათელ პასუხს ამაზე პლოტინი ვერ იძლევა. იგი მსჯელობს სულის აქტიურობაზე და მის უნარზე, სურვილისამებრ დააყენოს თავისი მზერის წინაშე ის, რასთანაც მას ოდესღაც ჰქონია საქმე. ინტერპრეტატორების თქმით, პლოტინი მეხსიერების ინტელექტუალიზაციას ახდენს - ყოველი მოგონება ამ მოგონების შესახებ აზრს ნიშნავს ან შეიცავს. ეს შესაძლოა ასეც იყოს, მაგრამ იმისთვის, რომ შთაბეჭდილებაზე აზრი გქონდეს, ის უნდა არსებობდეს, ხოლო თუ მას სულში კვალი არ დაუტოვებია, ვერც გაიმეორებ (ე.ი. მნემურ აქტივობას ვერ განახორციელებ) და ვერც გაიაზრებ.       ასეა თუ ისე, პლოტინის ემპირიული ფსიქოლოგიის ეს სირთულე იმას ადასტურებს, რომ მსოფლიო გონიდან ცოდნის მიღება ინდივიდუალურ სულში მისი ანაბეჭდის აღდგენის სახით ვერ განხორციელდება. ექსტაზი არ არის ანამნეზისი, თუმცა თვით ექსტაზის, როგორც შემეცნებაში ჩართული ფსიქიკური მდგომარეობის, ბუნებაც გაუხსნელი რჩება. თანამედროვე ფსიქოლოგიას შეუძლია თქვას, რომ პლოტინს მხედველობაში აქვს ცნობიერების შეცვლილი მდგომარეობა, რომელიც აღწერილია მრავალ დასავლურ და, განსაკუთრებით, აღმოსავლურ ფილოსოფიურ-რელიგიურ სწავლებაში. ეს არის მდგომარეობა, როცა ინდივიდუალური ცნობიერება აბსოლუტთან ერთიანდება და ნამდვილ ცოდნას სწვდება. დღეს ასეთი მდგომარეობების ინტენსიური კვლევა მიმდინარეობს, მაგრამ ჯერ-ჯერობით მეცნიერებისთვის უცნობი რჩება სულის ექსტაზურ (ან მის მონათესავე) მდგომარეობაში მოპოვებული ჭეშმარიტი ცოდნის შინაარსიც (თუ ასეთი რამ საერთოდ არსებობს) და მისი მიღების მექანიზმიც.       სამაგიეროდ, ცოდნის მოპოვების მესამე გზა, რომელზეც პლოტინმა მიუთითა, ფსიქოლოგიური მეცნიერებისთვის უაღრესად მნიშვნელოვანი და პროდუქტიული აღმოჩნდა. როგორც ითქვა, ამ შემთხვევაში ადამიანის სული თავის თავზეა მიმართული და ამგვარად იღებს ცოდნას საკუთარი ფსიქიკური ცხოვრების შესახებ. გამოცდილების მიღების ეს გზა შესაძლებლობას იძლევა, დავაკვირდეთ შინაგან სამყაროს და შევიქმნათ გარკვეული აზრი საკუთარ თავზე. მრავალი საუკუნის შემდეგ, ადამიანის უნარს აღიქვას, წარმოიდგინოს, გაიაზროს, იგრძნოს, ისურვოს და ამავე დროს იცოდეს ამ განცდების არსებობისა და რაგვარობის შესახებ, რეფლექსია ეწოდა. რეფლექსია, როგორც „თვითცნობიერების მექანიზმი”, ემპირიული ფსიქოლოგიის საფუძველია და მისი კვლევის ძირითადი მეთოდის - თვითდაკვირვების პირობაც (იხ. თავი 4). შემეცნების ამ მესამე გზის ჩვენებით, რომელსაც თვითცნობიერებამდე, სუბიექტური სამყაროს შესახებ ცოდნის სისტემის შექმნამდე მივყავართ, პლოტინმა შემოიტანა ფუნდამენტური მნიშვნელობის იდეა, რომლის გარეშე ფსიქოლოგიის შემდგომი განვითარება წარმოუდგენელი იქნებოდა. ამის გამო ფსიქოლოგიის ვერც ერთი ისტორიკოსი გვერდს ვერ აუვლის პლოტინის შემოქმედებას.       როგორც დასაწყისში აღინიშნა, პლოტინის ფსიქოლოგია ძირითადად მეტაფიზიკურია. მიუხედავად იმისა, რომ თვითცნობიერებაზე მითითებით მან, მეტ-ნაკლებად მაინც, გზა გაუხსნა ემპირიულ ფსიქოლოგიას, მისი დაკვირვებები და მსჯელობები რეალური ფსიქიკური მოვლენების შესახებ სისრულით და ხარისხით საგრძნობლად ჩამოუვარდება არისტოტელეს ნააზრევს. ამის მაგალითად მეხსიერების ზემოთ მოყვანილი დახასიათებაც კმარა. მეხსიერება, წარმოსახვასა და აზროვნებასთან ერთად, ე.წ. მაღალი სულიერი პროცესების ჯგუფში შედის. დაბალ ფსიქიკურ მოვლენებს მიეკუთვნება ხორციელი გრძნობები, სურვილები, მისწრაფებები და გარე გრძნობები. ეს უკანასკნელი იგივე შეგრძნებებია და თუმცა ისინი დაბალ პროცესებად განიხილება, მათი სტატუსი ამ მხრივ ბოლომდე არ არის გარკვეული. ამის მიზეზი ალბათ ის არის, რომ პლოტინის მიერ დაბალი და მაღალი პროცესების განსხვავებისთვის შემოღებული კრიტერიუმები ფსიქიკური პროცესების გამიჯვნის საშუალებას არ იძლევა. „მაღლებად” მიჩნეულია ისეთი ფუნქციები, რომლებიც მხოლოდ ადამიანს ახასიათებს და ცხოველებს არ გააჩნიათ. შემდეგი ნიშანია ამ ფუნქციების სხეულისაგან დამოუკიდებლობა. თუ კონკრეტული სულიერი მოვლენა სხეულის რაიმე ორგანოს ჩართულობას გულისხმობს, ის უკვე დაბალ ფსიქიკურ პროცესად ითვლება. თუ ამ კრიტერიუმების მიხედვით ვიმსჯელებთ, შეგრძნება მართლაც დაბალ ფსიქიკურ ფუნქციად უნდა ჩაითვალოს, ვინაიდან ის ცხოველსაც აქვს და მისი აღმოცენებისთვის აუცილებელია გრძნობის ორგანო. მიუხედავად ამისა, შეგრძნებას, გარკვეული აზრით, ორმაგი ბუნება აქვს. მართალია, ის გრძნობის ორგანოზეა დამოკიდებული, მაგრამ, მეორე მხრივ, შემეცნებასაც ემსახურება, კოგნიტური ფსიქიკური პროცესია; შემეცნებითი სულიერი მოვლენები კი მაღალ განცდებს მიეკუთვნება, ვინაიდან ინდივიდუალური სულის მთავარი და განსაკუთრებული ფუნქცია კოგნიტური ხასიათისაა. ეს ფუნქციაა შემეცნების სამივე სახის უზრუნველყოფა. მისი საშუალებით ადამიანი ცოდნას იძენს ბუნებიდან, მსოფლიო გონიდან და საკუთარი თავიდან. შეგრძნება ჩართულია ამ პროცესში, ყოველ შემთხვევაში, ბუნების მოვლენების შემეცნებისას მაინც. მოკლედ, შეგრძნების (ანუ გარეგანი გრძნობის) სტატუსი ბოლომდე ნათელი არ არის - ის, ერთდროულად, დაბალი ფუნქციაც არის და მაღალიც.       შეგრძნების აღმოცენების ზოგადი სქემა ასეთია: გარე ობიექტი ზემოქმედებს გრძნობის ორგანოზე; აქ აღმოცენებული შთაბეჭდილება გადაეცემა სულს, რომელიც გრძნობის ორგანოს მონაცემების გათვალისწინებით ქმნის ობიექტის თვისებებს, მის ტექსტურას - ფერს, სუნს, გემოს, ტემპერატურას, სიმკვრივეს და ა.შ. ფაქტობრივად, სუბიექტის მიერ შეიგრძნობა (აღიქმება) არა თვით ობიექტი, არამედ მისი ფსიქიკური რეპრეზენტაცია. აღქმა გარე რეალობის ფსიქიკური ასახვა კი არ არის, არამედ აქტიური სულის მიერ წარმოებული განცდაა. ფსიქოლოგიის ცნობილი მეთოდოლოგისა და ისტორიკოსის, ნოელ სმიტის შეფასებით, აღქმის ასეთ დახასიათებას თანამედროვე ფსიქოლოგიაში დამცველებიც ჰყავს და მოწინააღმდეგეებიც.       კოგნიტურ აქტივობაში შეგრძნების შემდგომ საფეხურს წარმოდგენა (ფანტაზია) ქმნის. რაკი შემეცნება ადამიანური სულის გამორჩეული თვისებაა, წარმოდგენა თითქოს ცალსახად მაღალ ფუნქციად უნდა ჩაითვალოს, მაგრამ, შეგრძნების მსგავსად, აქაც გაორებული და ერთგვარად წინააღმდეგობრივი მდგომარეობა იკვეთება. პლოტინი ორი სახის წარმოდგენას გამოყოფს. ერთი რაიმე საგნის ან ვითარების თვალსაჩინო სურათს იძლევა, გრძნობის ორგანოზე მისი ზემოქმედების გარეშე და, გარკვეული აზრით, ინსტინქტს უახლოვდება. ასეთი წარმოდგენა ცხოველის მიზანშეწონილი ქცევის შესრულებაშიც მონაწილეობს. თუ ეს მართლაც ასეა, იგი დაბალი რიგის განცდა ყოფილა. მაგრამ არსებობს სხვაგვარი წარმოდგენაც, რომელშიც თვალსაჩინო ხატის გარდა, მოცემულია მეტ-ნაკლები დარწმუნებლობა. ამით ის უახლოვდება აზროვნებას, დასკვნას, ოღონდ, ამ უკანასკნელისაგან განსხვავებით, წარმოდგენის დარწმუნებულობა დასაბუთებული არ არის, ის, ასე ვთქვათ, უშუალო ხასიათისაა. ასეთი წარმოდგენა ინტელექტუალური განჭვრეტის უნარს იძენს და, მაშასადამე, მაღალ ფსიქიკურ პროცესად გვევლინება.       ფსიქოლოგიურად ძალიან მნიშვნელოვანია, რომ წარმოდგენითი ჭვრეტა შეიძლება ყველა მხარეს იყოს მიმართული. იგი გრძნობადი აღქმის სურათს იმეორებს და, ამდენად, გარე სამყაროს წარმოგვიდგენს. ამავე დროს, ის გვაწვდის ცნობებს თვით ჩვენი სულიერი აქტივობის მიმდინარეობის თაობაზე. მათი გაცნობიერება საფუძველს უქმნის შინაგანი სამყაროს შესახებ ჩვენს ცოდნას. ამრიგად, ადამიანის ფსიქიკურ პროცესებს ახლავს შინაგანი წარმოდგენა და მისი გაცნობიერების უნარი. პლოტინი სავსებით მართებულად აღნიშნავს, რომ ამ უნარს ბავშვობიდანვე სჭირდება განვითარება.       შემეცნებითი ფსიქიკური აქტივობის ბოლო პუნქტი საკუთრივ აზროვნებაა. აზროვნების პროცესუალური მხარე რაიმეს დასაბუთებას გულისხმობს, მაგრამ თავის უმაღლეს საფეხურზე, რომელსაც მოგვიანებით ინტუიცია უწოდეს, აზროვნება ჭეშმარიტებას პირდაპირ სწვდება. ყველა კრიტერიუმის მიხედვით, აზროვნება უმაღლეს ფსიქიკურ ფუნქციად უნდა ჩაითვალოს, ვინაიდან იგი შემეცნების პროცესის მწვერვალია, ადამიანის სულის ექსკლუზიური კუთვნილებაა და სხეულზე არ არის დამოკიდებული. თუმცა, ისიც სათქმელია, რომ დღევანდელი მეცნიერების გაგებით, პლოტინის ემპირიული ფსიქოლოგიის ყველა ეს კრიტერიუმი პირობითად და არასანდოდ გამოიყურება. თანამედროვე ფსიქოლოგია კოგნიტური ფუნქციონირების ელემენტებს ფილოგენეზის საკმაოდ დაბალ საფეხურებზეც აფიქსირებს, ხოლო წარმოდგენისა და აზროვნების ჩანასახოვანი ფორმების არსებობას უმაღლეს ცხოველებში საკმაოდ სავარაუდო ფაქტად მიიჩნევს. რაც შეეხება სხეულისაგან დამოუკიდებლობის კრიტერიუმს, მისი სერიოზულად განხილვა არც შეიძლება, რადგან ნერვულ სისტემას მოწყვეტილი აზროვნება, ან საერთოდ რაიმე ფსიქიკური პროცესი ამჟამინდელი მეცნიერების თვალსაზრისით ნონსენსია.       აღნიშნული სირთულეები თავს იჩენს აგრეთვე პლოტინის მიერ მოტივაციური პროცესების დახასიათებისას. როგორც ითქვა, სურვილები და მისწრაფებები დაბალი სულიერი მოვლენებია და ხშირად სხეულებრივ საჭიროებებს გამოხატავს; ისინი ცხოველებთანაც გვხვდება. მაგრამ, ხომ არსებობს ისეთი მისწრაფებებიც, რომლებიც მხოლოდ ადამიანისთვის არის დამახასიათებელი და უმაღლეს ინტელექტუალურ, ეთიკურ თუ ესთეტიკურ განცდებს უკავშირდება. ამას პლოტინიც ხედავს. იგი იმასაც ამტკიცებს, რომ ყოველი ემოციური განცდა (აფექტი) სხეულის მონაწილეობას გულისხმობს და საჭიროებს. ეს ეხება საკუთრივ ადამიანურ მისწრაფებებს და გრძნობებსაც. მაშინ ჩნდება კითხვა, თუ როგორია მათი კვალიფიკაცია სიმაღლე-სიდაბლის თვალსაზრისით. ამაზე პასუხი პლოტინთან არ ჩანს. და მაინც, სამართლიანობა მოითხოვს აღინიშნოს, რომ პლოტინის ემპირიული ფსიქოლოგიის ამ ხარვეზების მიუხედავად, თვითცნობიერების იდეის შემოტანით მან მწვანე შუქი აუნთო „წმინდა” ემპირიულ ფსიქოლოგიას. თუმცა, სანამ ფსიქოლოგიური აზრი ამ მიმართულებით დაიწყებდა მოძრაობას, ძალიან დიდი დრო გავიდა. მაგრამ, როცა ეს მოხდა, პლოტინისა და ავგუსტინეს გამოცდილება ფრიად სასარგებლო აღმოჩნდა.       ამრიგად, საბოლოო რეზიუმეს სახით შესაძლებელია ითქვას, რომ დასაწყისში ანტიკური პერიოდის ფსიქოლოგიური წარმოდგენები ემყარებოდა სხეულისა და სულის, მატერიალურისა და იდეალურის განუყოფლობის და, აქედან გამომდინარე, ბუნების საყოველთაო განსულიერების პანფსიქისტურ იდეას. შემდგომში, განვითარების კვალდაკვალ, მოხდა მატერიალურისა და იდეალურის მკაფიო დიფერენციაცია. გამოიკვეთა სულის პრიორიტეტული როლი სხეულთან მიმართებაში. თავდაპირველად სული სხეულის მამოძრავებელ ძალად ითვლებოდა, ხოლო შემდგომში - მის არსად და ყველა ფუნქციის მაორგანიზებელ საწყისად. სულიერ მოვლენებში გამოიყო შეგრძნება, აზროვნება და გრძნობები. მათ თანდათან დაემატა სხვა ფსიქიკური ფუნქციები: აღქმა, მეხსიერება, წარმოსახვა, ნებისყოფა. ისინი არსებითად გაიმიჯნა ერთმანეთისაგან და განსხვავებულმა თეორიულმა სისტემებმა სხვადასხვა მათგანს მიანიჭა უპირატესობა, ზოგმა შემეცნებითს, ზოგმა ემოციურს, ზოგმა კი ნებელობითს. ამ უკანასკნელთან დაკავშირებით ანტიკურ ხანაშივე გაჩნდა ორი ურთიერთსაწინააღმდეგო თვალსაზრისი. ერთი, შეზღუდულ ფორმაში, მაგრამ მაინც უშვებდა ნების თავისუფლებას. მეორე ამას პრინციპულად უარყოფდა და იცავდა პოსტულატს ბუნებისა და სულიერი მოვლენების სრული განსაზღვრულობის, ანუ დეტერმინიზმის შესახებ.       ანტიკურ პერიოდში დაისვა ძირეული მნიშვნელობის პრობლემები, რომლებიც ფსიქოლოგიას მისი მთელი არსებობის განმავლობაში გაყვნენ და მუდმივ პრობლემებად იქცნენ. ესენია: სულისა და სხეულის ურთიერთმიმართების პრობლემა, ფსიქიკის შინაარსისა (ცოდნის) და თვისებების თანდაყოლილობა-შეძენილობის პრობლემა, შემეცნების პროცესში ემპირიულისა (გრძნობადის) და რაციონალურის (გონებრივის) მიმართების პრობლემა, ქცევის თავისუფლება-დეტერმინირებულობის პრობლემა და ბოლოს, ადამიანის ფსიქიკის სპეციფიკურობის პრობლემა.       ანტიკურ ეპოქაში საფუძველი ჩაეყარა ფსიქოლოგიის კატეგორიალურ სისტემას. გამოიყო და გარკვეულ დონეზე დამუშავდა ზოგიერთი ძირითადი ცნება: განცდა, ქცევა, პიროვნება, ცნობიერება, ხატი და სხვა. მათი ურთიერთკავშირის განხილვისას გამოიყო სულის განსხვავებული ფორმები და დონეები და, საბოლოო ჯამში, ხორცი შეესხა სულის განვითარების იდეას, როგორც ფილოგენეტურ, ისე ონტოგენეტურ ჭრილში.       ანტიკურ ფსიქოლოგიას უმთავრესად მეტაფიზიკური და გონებაჭვრეტითი ხასიათი ჰქონდა, თუმცა, ყველა კონცეფციას გარკვეული ემპირიული საყრდენი გააჩნდა, რაც ზოგიერთ სისტემაში განმსაზღვრელიც იყო. საზოგადოდ კი, რასელის თქმით, ელინურ ფილოსოფიას ეჭვი ეპარებოდა, რომ თვით მეტაფიზიკა და კოსმოლოგია შეიძლება შეიქმნას მრავალჯერადი მსჯელობისა და დაკვირვებების შეთავსების გზით. მოგვიანებით, შუა საუკუნეების ეპოქაში, გონებაჭვრეტითმა მსჯელობებმა იმდენად იმძლავრა, რომ ემპირიული საწყისი თითქმის ჩრდილში მოაქცია. სამაგიეროდ, ახალი დროიდან ფსიქოლოგიის (ისევე როგორც მთელი მეცნიერების) განვითარების ძირითადი ტენდენცია მყარად დაუკავშირდა სულიერი (ცნობიერების) მოვლენების დაკვირვების მონაცემებს. ეს მნიშვნელოვანი ბიძგი იყო ემპირიული ფსიქოლოგიის განვითარებისთვის, რამაც, საბოლოოდ, ექსპერიმენტულ ფსიქოლოგიამდე მიგვიყვანა.       ავრელიუს ავგუსტინეს (357-430) შემოქმედება ანტიკური ტრადიციიდან ქრისტიანულ მსოფლმეხდველობაზე გადასვლის აღმნიშვნელია. მან პლოტინის თვითცნობიერების დოქტრინა გააღრმავა და თვითანალიზის დონემდე აიყვანა. ამით თითქოს შინაგანი სამყაროს შესწავლა პრინციპულად ახალ საფეხურზე ავიდა და გაიხსნა პირდაპირი გზა ემპირიული ფსიქოლოგიისკენ. მაგრამ ეს მხოლოდ ერთი შეხედვით ჩანს ასე. თუ მის ნააზრევს ჩავუკვირდებით, დავინახავთ, რომ ავგუსტინეს მთელი შემოქმედება მხოლოდ ღმერთის ცნების დამკვიდრებას ემსახურება. მისთვის მთავარია რწმენა და მისი დასაბუთება. ყოველგვარი ცოდნა მეორადია რწმენასთან მიმართებაში. ცოდნისკენ მიმავალი გზა რწმენაზე გადის. ეს ეხება ფსიქოლოგიურ ცოდნასაც, სულიერი მოვლენების კვლევას; ფსიქიკურ ცხოვრებაზე დაკვირვებას და თვითანალიზს, რომლის შესანიშნავი ნიმუში მოცემულია ავგუსტინეს ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ნაწარმოებში „აღსარება”, ავტორისთვის თავისთავადი მნიშვნელობა არა აქვს და მხოლოდ და მხოლოდ სამყაროს, მათ შორის შინაგანი სამყაროს, ღვთაებრივი შექმნისა და მოწყობის დასაბუთებას ემსახურება. მით უფრო ითქმის ეს მეტაფიზიკურ ფსიქოლოგიურ მსჯელობებზე სულის წარმოშობისა და რაობის, მისი უკვდავებისა და თავისუფლების შესახებ. ეს აგრეთვე ეხება მის წმინდა ფილოსოფიურ დებულებებს ცოდნის წყაროებისა და ჭეშმარიტების კრიტერიუმების შესახებ. აღარაფერს ვამბობთ საკუთრივ თეოლოგიურ მსჯელობებზე; ავგუსტინე ხომ ქრისტიანული თეოლოგიის ერთ-ერთი ნიშანსვეტია. სამაგალითო თეორიული და პრაქტიკული მოღვაწეობის გამო იგი მართლმადიდებლობაში ნეტარ ავგუსტინედ მოიხსენიება, კათოლიკობაში - წმინდა ავგუსტინედ.       ავგუსტინე დაიბადა ქალაქ თაგასტაში (ნუმიდია, ახლანდელი ალჟირი), თავისუფალი ცხოვრების მომხრე წარმართი პატრიციელი მამისა და ღვთისმოსავი ქრისტიანი დედის ოჯახში. რიტორიკასა და სამართალს დაეუფლა კართაგენში, რომსა და მილანში. შემდგომში აქვე მასწავლებლობდა. ავგუსტინემ სხვადასხვა ფილოსოფიურ და რელიგიურ მიმდინარეობათა გავლენა განიცადა. ათ წელს მისდევდა მანიქევლობას (მცირე აზიაში გაჩენილი და იმ დროს ძალიან გავრცელებული რელიგიურფილოსოფიური სწავლება, რომელიც აერთიანებს ზოროასტრიზმის, ბუდიზმისა და ქრისტიანობის ელემენტებს). მოგვიანებით გატაცებული იყო სტოიციზმით, ე.წ. „ახალი აკადემიის” სკეპტიციზმით და ბოლოს, ნეოპლატონიზმით. ამ უკანასკნელის გავლენა ავგუსტინეს შემოქმედებაზე განსაკუთრებით შესამჩნევია. ავგუსტინეს მსოფლმხედველობრივი მრწამსის რადიკალური შემობრუნება ქრისტიანობისკენ მოხდა 387 წელს, როცა იგი მოინათლა. ამიერიდან მთელი მისი ცხოვრება ეკლესიის სამსახურს ეძღვნება. თავის მშობლიურ ქალაქში ის აყალიბებს ბერების თემს, 391 წელს იკურთხება ხუცესად, ხოლო 395 წელს აქვე ხდება ეპისკოპოსი და სიკვდილამდე მღვდელმთავრად მოღვაწეობს.       მიუხედავად უდიდესი სიყვარულისა და პატივისცემისა დედისადმი, რომელიც სულ ცდილობდა, შვილი ქრისტიანობისკენ მოექცია, ავგუსტინე თავდაპირველად მამის კვალს გაჰყვა. მისივე თქმით, იგი ვნებებითა და უგუნურობით სავსე ცხოვრებას ეწეოდა. ამავე დროს, უკვე სკოლაში სწავლისას გაუჩნდა რელიგიური გრძნობები. 33 წლამდე მისი შინაგანი სამყარო ღმერთისადმი სიყვარულისა და სხეულებრივი ლტოლვების მძაფრი დაპირისპირებით იყო გამსჭვალული. ეს შინაგანი კოლიზიები გასაოცარი გულწრფელობით და გამჭრიახობით არის გადმოცემული „აღსარებაში”, რომელსაც ყველა მკვლევარი თვითანალიზის შედევრად აღიარებს. ეს ნაშრომი განსაკუთრებულ ინტერესს ფსიქოანალიტიკოსებში იწვევს, რომლებიც მასში თავიანთი მრავალი იდეის დადასტურებას ხედავენ. კერძოდ, ეს არის ადამიანში ისეთი ლტოლვების არსებობა, რომელთაც ის ვერ აცნობიერებს; ეს არის ფსიქიკის არსებითად ანტისოციალური, ეგოისტური ხასიათი. ავგუსტინეს თქმით, ე.წ. „ბუნებრივი ადამიანი” იმდენად სუსტია, და მანკიერია, რომ მისი გადარჩენა მხოლოდ ღმერთის მადლს შეუძლია. ადამიანის ეს უარყოფითი ბუნება ბავშვობიდანვე იჩენს თავს - ადამიანი დაბადებიდან ცოდვილია. ავტორი აანალიზებს თავის ბავშვობისდროინდელ მოგონებებს, სხვა ბავშვებზე დაკვირვებებს და აჩვენებს, რომ უარყოფითი, ცოდვილი ზნე იმთავითვეა გამოხატული. აღსარების მთელი თავი იმის მტკიცებას ეთმობა, რომ თოთო ბავშვიც კი ღორმუცელობის, ეჭვიანობისა და სხვა ცოდვების მორევშია ჩაძირული. მოზრდილები ამას ან უბრალოდ არ იმჩნევენ, ან ერთობ შემწყნარებლურნი არიან, ვინაიდან მიაჩნიათ, რომ დროთა განმავლობაში ეს გაივლის. სიცრუე, ეშმაკობა, მზაკვრობა, რაც საძაგელი და ყოვლად მიუღებელი ლტოლვების ასრულებისთვის გამოიყენება, ადამიანს იმთავითვე თან ახლავს. ინფანტილური სექსუალობისა და დესტრუქციულობის იდეით გამსჭვალული ფსიქოანალიზისთვის ავგუსტინეს მოსაზრებები საკმაოდ მიმზიდველი აღმოჩნდა. დიდი სურვილის შემთხვევაში, ავგუსტინეს გამორჩეულად თბილი ურთიერთობაც დედასთან შეიძლება ოიდიპოსის კომპლექსად იქნეს ინტერპრეტირებული, ხოლო ფსიქოანალიტიკოსებს, როგორც ცნობილია, ასეთი სურვილები არ აკლიათ (იხ. თავი 8.1.)       აქედან გამომდინარე, გასაკვირი არ არის, რომ ერთ-ერთი წამყვანი ფსიქოანალიტიკოსი და, ამავე დროს, ფსიქოლოგიისა და ფსიქიატრიის ისტორიის მკვლევარი, ფ. ალექსანდერი, ავგუსტინეს ფსიქოანალიზის წინამორბედად მოიხსენიებს. იგი მიიჩნევს, რომ პლატონისა და არისტოტელეს აბსტრაქტული კონცეფციებისაგან განსხვავებით, ავგუსტინეს „აღსარებაში” ფსიქოლოგია უფრო რეალური, კონკრეტული და სისხლსავსე ხდება. თავის მეორე დიდ ნაწარმოებში, „ღვთიური ქალაქი”, ავგუსტინემ გამოთქვა მოსაზრება, რომ იდეალური ქვეყანა უნდა მართონ დესტრუქციული იმპულსებისაგან თავისუფალმა, ჰარმონიული სულის ადამიანებმა. სულის ჰარმონიას ტექნოლოგიითა და პოლიტიკით ვერ მიიღებ. ამისთვის საჭიროა შინაგან ღირებულებათა შეცვლა, რაც ეკლესიისკენ შემობრუნებით მიიღწევა. ალექსანდერს მიაჩნია, რომ ნეტარი მამის ეს პოზიცია ფსიქოლოგიის როლის უეჭველ აღიარებას ნიშნავს და მის ნააზრევს აქტუალურსა და თანამედროვეს ხდის. ამ ძალზე მაღალ შეფასებაში არის გარკვეული სიმართლე, მაგრამ ნუ დაგვავიწყდება, რომ ავგუსტინე ეკლესიას ემსახურებოდა და არა ფსიქოლოგიას. შინაგანი ღირებულებების შეცვლა ერთმნიშვნელოვნად გულისხმობდა საზოგადოების ტოტალურ გაეკლესიურებას და ქრისტიანული რწმენით გამსჭვალვას, რაც ავგუსტინესთვის კეთილშობილებისა და სულიერი სიმშვიდის სინონიმი იყო. ეს უკვე თეოკრატიული პოზიციაა და არა ფსიქოლოგიური. მოცემულ კონტექსტში მთავარი ისაა, რომ იგი არსებითად ეწინააღმდეგება ფროიდის თეორიულ შეხედულებებს, ხოლო ფსიქოანალიზის პრაქტიკას მთლიანად თამაშგარე მდგომარეობაში ტოვებს.       ავგუსტინეს ძირითადი დოქტრინა ის არის, რომ მთელი სამყარო, ადამიანი, მისი სხეული და სული ღმერთის შექმნილია. სული სხეულზე უფრო „მაღალი” დონის ქმნილებაა, ვინაიდან ის ღვთიურ სუნთქვას უკავშირდება, რომლის ჩაბერვითაც ადამიანს სიცოცხლე მიენიჭა. მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ამით ადამიანში ღმერთის ნაწილი შევიდა. სული ღმერთისაგან მომდინარეობს, მაგრამ ღმერთის სუბსტანციის მატარებელი არ არის. სული არაფრიდან არის შექმნილი და აბსოლუტურად არამატერიალურია. მიუხედავად ამისა, ისეთი ელემენტები, როგორიცაა სინათლე და ჰაერი, სულთან უფრო ახლოსაა. ამიტომ სულის მიერ სხეულის მართვა (რაც მისი ძირითადი დანიშნულებაა), გარკვეულწილად ამ ელემენტებთან არის დაკავშირებული. ნერვები ჰაერითაა სავსე; მისი მოძრაობა კიდურებს გადაეცემა, თავად კი სულის ნებას ემორჩილება.       სულის ყოფიერება, ავგუსტინეს მიხედვით, შვიდ გრადაციას ანუ სტადიას შეიცავს. სულის პირველი, უმარტივესი დონე ადამიანს და მცენარეს საერთო აქვთ. ის უზრუნველყოფს ორგანიზმის მთლიანობას, მის ცოცხლად ყოფნას და პასუხისმგებელია კვებასა და გამრავლებაზე. სულის მეორე საფეხური ადამიანს საერთო აქვს ცხოველებთან. ის „შეიგრძნობს” და „ხედავს სიზმრებს”. მესამე სტადიაზე სულს ემატება მეხსიერების, მეტყველებისა და პრაქტიკული გონების ფუნქციები. მეოთხე სტადიაზე სული საკუთარი თავისკენ შემობრუნდება, იწყებს თავისი თავის, როგორც სხეულისაგან განსხვავებულის და მასზე ამაღლებულის შეფასებას და ეძიებს ღმერთს თავის ბუნებაში. მეხუთე დონეზე სული უკვე განწმენდილია სიკვდილის შიშისაგან და ჭეშმარიტებისკენ მიმავალ გზას ადგას. მეექვსე სტადიაზე სული მთელი თავისი არსითა და გონების ძალით მიიმართება ღმერთისკენ, ანუ ერთადერთი ჭეშმარიტებისკენ. მეშვიდე სტადიაზე სული ჭეშმარიტებას სწვდება, ვინაიდან მთლიანად ღმერთითაა მოცული.       ავგუსტინეს ამ თეორიულ კონსტრუქციაში ფსიქოლოგიის ზოგი ისტორიკოსი სულის სახეების არისტოტელესეული კლასიფიკაციის გავლენას ხედავს. ეს ალბათ მხოლოდ პირველი სამი სტადიის მიმართაა მართებული, ვინაიდან მათი დახასიათებისას ავტორი მყარ ემპირიულ ნიადაგზე დგას. შემდგომი სტადიების დახასიათებისას კი მისტიკური ელემენტი სულ უფრო მატულობს და საბოლოოდ იმდენად მეტაფიზიკურ სახეს იღებს, რომ თითქმის მიუღწეველი ხდება მეცნიერული ანალიზისთვის. თუმცა ერთი რამ მაინც შესაძლებელია: უმაღლესი, მეშვიდე სტადიის განცდისეული მხარის შედარება პლოტინის მიერ აღწერილი ექსტაზის მდგომარეობასთან. თუ ეს ანალოგია მართებულია, მაშინ მის შესახებ იმავეს თქმა შეიძლება, რაც ზემოთ პლოტინისეული ექსტაზის თაობაზე ითქვა, ჭეშმარიტების წვდომისა და ნამდვილი ცოდნის მიღებასთან დაკავშირებით. ამგვარი რამ, პლოტინის მიხედვით, ექსტაზის მდგომარეობაში ხდება. ადვილი დასანახია, რომ სულის აღნიშნული სახეები, იმავდროულად, ჭეშმარიტებასთან (იმავე ღმერთთან) დაახლოების სტადიებია. ამდენად, გნოსეოლოგიური პრობლემა ნათლად გამოხატულ ფსიქოლოგიურ ხასიათს იძენს. ეს გასაგებიცაა, ვინაიდან შემეცნების შესაძლებლობაზე საუბარს, ადრე თუ გვიან, აუცილებლად მივყავართ ამ პროცესის ფსიქოლოგიური უზრუნველყოფის საკითხთან. ეს მით უფრო ბუნებრივია ავგუსტინესთანა მოაზროვნისთვის, რომელიც ჭეშმარიტ ცოდნას ღმერთში ათავსებს, თვით ღმერთს სულში უჩენს ადგილს, ხოლო მასთან მისასვლელ გზას სულის მიერ საკუთარი თავის შეცნობაში ხედავს.       პლატონის მსგავსად, ავგუსტინეს ფსიქოლოგიურ სისტემაში განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს ისეთი შემეცნებითი ფსიქიკური ფუნქცია, როგორიც მეხსიერებაა. ავგუსტინეს მიხედვით, სწორედ მასშია განთავსებული მთელი ცოდნა და მის მოსაპოვებლად საჭირო არაა სულის გარეთ გასვლა, ბუნების კვლევა - საკმარისია საკუთარი თავის შესწავლა. შემეცნება თვითშემეცნებით ხორციელდება - ეს თეზისი მისი ფილოსოფიური და ფსიქოლოგიური მოძღვრების ლეიტმოტივია.       მეხსიერება წმინდა სულიერი აქტივობაა, ის სულში არსებულის ნათელყოფაა. მეხსიერება ორი სახისაა: გრძნობადი და ინტელექტუალური. გრძნობადი მეხსიერება დაკავშირებულია გრძნობის ორგანოებთან. შესაბამისად, ჩვენ გვაქვს შეხებითი, სმენითი, მხედველობითი და ა.შ. მეხსიერება. მეხსიერება სულიერების სფეროა და არა უბრალოდ ცნობების შესანახი ადგილი. ადამიანს არ შეუძლია შეინახოს იდეა მისი განცდის ან გააზრების გარეშე. ამავე დროს, სავალდებულო არ არის, რომ ადამიანი ყოველთვის აცნობიერებდეს იმას, რაც იცის. აქედან გამომდინარე, ადამიანს აქვს ისეთი ცოდნაც, რომელიც პოტენციურად ცოდნად უნდა ჩაითვალოს და რომელიც მოგონების აქტს საჭიროებს. ავგუსტინე იმ პირობებზეც საუბრობს, რომლებიც პოტენციური ცოდნის ცნობიერებაში აღდგენას უწყობს ხელს. ესენია: შთაბეჭდილების სიძლიერე, მისი გამეორება, მასალის მოწესრიგებულობა, მასზე ყურადღების ან ნებისყოფის მიმართვა, გონების გავარჯიშება და სხვა. გარდა ამისა, ავგუსტინეს თქმით, მოგონება ბუნებრივად არის დაკავშირებული ერთი იდეის მიერ მეორის აღდგენის ხელოვნებასთან. აქ იგი ნათლად აყალიბებს ადგილის, დროისა და მსგავსების ასოციაციის პრინციპებს. შეიძლება ითქვას, რომ გრძნობადი მეხსიერების დახასიათებაში ავგუსტინე ძირითადად აგრძელებს არისტოტელეს ხაზს, იყენებს საკუთარ ემპირიულ დაკვირვებას და დღევანდელი გადასახედიდანაც კი საკმაოდ დამაჯერებელია.       რაც შეეხება ე.წ. ინტელექტუალურ მეხსიერებას, მისი ანალიზი მთლიანად მეტაფიზიკური ფსიქოლოგიის ფარგლებში მიმდინარეობს. აქ ავგუსტინე არსებითად პლატონის ხაზს მიჰყვება და ცდილობს მის შეთანხმებას ქრისტიანულ დოქტრინასთან. პლატონის შემეცნების, როგორც გახსენების თეორია, დავიწყების თეორიაცაა. ავგუსტინეს აზრით, მთელი ცოდნა ღვთაებრივი და მარადიულია. ინდივიდუალურ ცნობიერებაში ამ ცოდნის ამოტანა ჩვენი სულიერი ბუნებისა და ღმერთის არსების ერთიანობას ეფუძნება. სულს აქვს თვითცნობიერება და ამიტომ მან ყოველთვის იცის, რომ ის უმაღლესი აზრის მატარებელია, მაგრამ ყოველთვის არ აცნობიერებს საკუთრივ ამ აზრს, ანუ ჭეშმარიტ ცოდნას. ავგუსტინეს თქმით, სული ჰგავს ამოუწურავ მაღაროს, საიდანაც მას თვითონვე ამოაქვს მზის სინათლეზე აზრის ძვირფასი ქვები. ჭეშმარიტების გამოგონება კი არ ხდება, არამედ მისი აღმოჩენა საკუთარ გონებაში. აქედან გამომდინარე, სწავლა გახსენებაა და ვინაიდან მთელი ცოდნა შინაგანია, სწავლის პროცესიც ამ შინაგანის გამომზეურებაა. მასწავლებელი იმაზე მეტს ვერ მოგცემს, რაც შენში იყო. ის მხოლოდ საუკეთესო პირობებს ქმნის სულის სათანადო აქტივობისთვის, რასაც ცოდნის ექსპლიკაცია მოჰყვება. ცოდნა და სწავლა იწყება ღმერთით (წინასწარჩანერგილი ცოდნა) და თავდება ღმერთით (მისი შემეცნება). ცოდნის ზრდა, ფაქტობრივად, არის ღმერთის შესახებ ცოდნის ზრდა.       ადვილი დასანახია, რომ ამ კონცეფციაში ფსიქოლოგიისთვის ძალიან მნიშვნელოვანი თემებია გაერთიანებული (შემეცნების პროცესი, მეხსიერება, სწავლა და სწავლება, თანდაყოლილი და შეძენილი). ამავე დროს, ფსიქოლოგია და მეტაფიზიკა ერთმანეთშია შერეული, ხოლო მეტაფიზიკას მეცნიერული კრიტერიუმებით ვერ შეაფასებ. მართლაც, სულის როგორი გაგებაა უკეთესი - როგორც ზოგადი ცნებების (იდეების) თანაზიარი მოვლენისა (პლატონი), თუ ღმერთის მიერ არარადან შექმნილი ფაქტისა (ავგუსტინე)? ეს რწმენისა და ფილოსოფიის განსჯის საგანია, რადგან მეცნიერება ვერც ღმერთის განზრახვაში შეაღწევს და ვერც იდეათა სამყაროში. თუმცა ამ უკანასკნელის შესახებ დარწმუნებით შეიძლება ითქვას, რომ ის არსებობს ინდივიდუალური ცნობიერების მიღმა, მისგან დამოუკიდებლად და ყოველი ადამიანი ცოდნის მოპოვებისა და ჭეშმარიტების წვდომისას ეზიარება მას. ამ შემთხვევაში იდეათა სამყარო გაგებულია, როგორც სულიერი კულტურის სინამდვილე, რომელიც დაფიქსირებულია მის გრძნობად მატარებლებში, პირველ ყოვლისა, ენაში, მეცნიერულ და ლიტერატურულ ტექსტებში. ეს არის ობიექტური ღირებულებებისა და იდეალების, აბსტრაქტული ცნებების სამყარო, სადაც მოცემულია საგნებისა და მოვლენების არსებითი ნიშნები, მათი არსი. პლატონის იდეათა სამყარო კოსმიურ-მეტაფიზიკური სფეროდან მიწაზე ჩამოტანის შემდეგ სავსებით ემპირიულ მნიშვნელობას შეიძენს. ამგვარი ინტერპრეტაცია არსებით შეცდომას არ უნდა შეიცავდეს. ისიც ცხადია, რომ ავგუსტინეს ზეციური მეტაფიზიკის ასეთი „დამიწება” ძნელად წარმოსადგენია. მიუხედავად ამისა, შევეცადოთ გავაანალიზოთ წარმოდგენილი შეხედულება ფსიქოლოგიის ისტორიისა და, შეძლებისდაგვარად, თანამედროვე ფსიქოლოგიის თვალსაზრისით.       ეს კონცეფცია, არსებითად არის პლატონისა და ნეოპლატონოზმის გაგრძელება და ღმერთის იდეასთან დაახლოება. პრინციპული მნიშვნელობა აქვს იმას, რომ, არისტოტელესაგან განსხვავებით, პლატონსა და ავგუსტინეს მეხსიერების ფუნქცია დავიწყება-აღდგენის განზომილებაში აქვთ გააზრებული. ამას მეხსიერების ცნების რეალური ემპირიული შინაარსის დავიწროებამდე მივყავართ, რადგან მის გარეთ რჩება დამახსოვრების პროცესი, რომელიც, შემონახვისა და აღდგენა-დავიწყების პროცესებთან ერთად, მეხსიერების ფუნქციის ძირითადი მახასიათებელია. არისტოტელესთან დამახსოვრების პროცესი გათვალისწინებულია. იმდენად, რამდენადაც მისთვის მეხსიერება ახალი ინფორმაციის მიღებით იწყება, ის გრძნობადი აღქმის გაგრძელებაა, რომელიც შემოინახება და, საჭიროების შემთხვევაში, აღდგება. პლატონი დამახსოვრებაზე მხოლოდ მისტიკური აქტის მნიშვნელობით ლაპარაკობს, როდესაც სული, იდეების სამყაროში ყოფნისას, უშუალოდ ჭვრეტს ამ იდეებს და ახალი ცოდნით „ივსება”. ავგუსტინესთან კი დამახსოვრებას მთლიანად ეკარგება სულის განსაკუთრებული მნემური აქტივობის სახე და ღმერთის მიერ ინდივიდუალურ სულში ცოდნის ჩადების აქტად წარმოგვიდგება. ამ მხრივ ეს ერთგვარი უკუსვლაა არისტოტელეს პოზიციიდან.       შენახვასთან დაკავშირებით იგულისხმება, რომ მეხსიერებაში (ამ შემთხვევაში იგივეა, რაც სულში), მთელი ცოდნა თავიდანვე რაღაც ფორმით არის შემონახული და ადამიანის განვითარება (სწავლა) მხოლოდ მისი ცნობიერებაში ამოტანაა. მოკლედ, ცოდნა თანდაყოლილია. ახლანდელი მეცნიერების თვალსაზრისით ასეთ გაგებას არც თეორიული და არც ემპირიული გამართლება არა აქვს. თანდაყოლილობის პრობლემა ფსიქოლოგიამ მემკვიდრეობით მიიღო ფილოსოფიისაგან და მის მუდმივ პრობლემებს მიეკუთვნება. ასეთი პრობლემები ფსიქოლოგიას ახლავს მთელი მისი არსებობის გზაზე. მოგვიანებით დავრწმუნდებით, რომ ე.წ. თანდაყოლილი იდეების პრობლემა რაციონალური და ემპირიული ფსიქოლოგიის უმწვავესი დაპირისპირების საგანი გახდა და, გარკვეული აზრით, ახალი დროის ფსიქოლოგიაში ამ ორი მიმდინარეობის წყალგამყოფადაც იქცა. ამ პრობლემის ფესვები ანტიკურ ფილოსოფიაში და, შესაბამისად, ფსიქოლოგიაშია და უკავშირდება ჭეშმარიტი ცოდნის არსებობის დასაბუთებას. ემპირიულ სინამდვილეში მხოლოდ კონკრეტული საგნები და მოვლენებია. ამავე დროს, მათი გრძნობადი აღქმაც და მასზე დამყარებული აზროვნებაც შეცდომების წყაროა. მიუხედავად ამისა, ჩვენ გვაქვს ზოგადი ცნებები და მათში დაუნჯებული ჭეშმარიტი ცოდნა. ამის ასახსნელად მოაზროვნეთა ნაწილი ჭეშმარიტი ცოდნის თანდაყოლილობის პოსტულატს იღებდა. ამ პრობლემის ფილოსოფიური ასპექტების, განხილვა ჩვენი მიზანი არ არის; უბრალოდ მივუთითებთ, რომ ასეთია პლატონ-ავგუსტინეს ხაზი.       თანამედროვე მეცნიერების მონაცემებით, არ არსებობს სერიოზული საფუძველი იმის მტკიცებისთვის, რომ ადამიანში დაბადებიდანვე რაიმე სახით არის მოცემული ცოდნა ფაქტებისა ან კანონზომიერებათა შესახებ. ის, რომ 2X2=4, ან რომ დედამიწა მრგვალია, არ არის თავიდანვე ჩაწერილი არც ნერვულ და არც ფსიქიკურ სისტემაში. ადამიანი ამ ცოდნის მატარებელ არსებად არ იბადება. ეს ცოდნა ცხოვრების პროცესში, სწავლით შეიძინება და ფიქსირდება. ეს ურთულესი პროცესი მრავალი მეცნიერების, მათ შორის ფსიქოლოგიის შესწავლის საგანია და მასთან დაკავშირებით უკვე დიდი მასალაცაა დაგროვილი. მართალია, გასარკვევი კიდევ ბევრია, მაგრამ ერთი რამ ცხადია - სწავლა ახლის შეძენაა და არა ძველის აღდგენა. ეს ითქმის ყოველგვარ ცოდნაზე. ჩვენ თავიდან არ ვიცით, რომ შაქარი ტკბილია, ხოლო წიწაკა - მწარე, ან ის, რომ ინცესტი დაუშვებელია. ყოველივე ამას შემდგომში, საკუთარი გამოცდილებით ან სხვების დახმარებით ვიგებთ. მაგრამ ჩამოთვლილ მოვლენებთან მიმართებაში ზოგი რამ თანდაყოლილიც არის. ფსიქოლოგიის ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად განვითარებადი დარგის, ევოლუციური და გენეტიკური ფსიქოლოგიის მონაცემებით ადამიანები თავიდანვე ანიჭებენ მეტ-ნაკლებ უპირატესობას სხვადასხვა გემოს (მაგ., მოსწონთ ტკბილი და არ მოსწონთ მწარე); მათ უფრო ადვილად უმუშავდებათ შიშის რეაქცია სტიმულთა გარკვეული კლასის (მაგ., გველების) მიმართ. იგივე ითქმის ინცესტუალურ ტაბუზეც. ამ მორალურ ნორმასაც, როგორც ჩანს, თავისი მემკვიდრეობითი ძირები აქვს - ინცესტის მიუღებლობა ჩვენს ბიოფსიქიკურ კონსტიტუციაშია მოცემული. არსებობს სხვა ასეთივე თანდაყოლილი მიდრეკილებაც. აქ შეიძლება ჯერ კიდევ ბევრი რამ იყოს გამოსარკვევი და საკამათო, მაგრამ თითქმის აღარავის ეპარება ეჭვი იმაში, რომ არაერთი ფსიქიკური მიდრეკილება და უნარ-თვისება დიდწილად თანდაყოლილია. ასეთია ადამიანის ტემპერამენტი, ინტელექტი, ზოგიერთი პიროვნული თვისებაც კი. მაგრამ ეს არ არის ცოდნა მოვლენების, მათი კავშირების, ნიშნების, იდეების ან ღირებულებების შესახებ, რომელიც იმპლიციტურად არსებობს ფსიქიკაში, შენახულია მის რაიმე სტრუქტურაში, კერძოდ მეხსიერებაში და ცხოვრების მსვლელობაში თავისით თუ სხვების დახმარებით გამომზეურდება, ექსპლიციტური ხდება. ენის შეთვისების უნარი (ე.წ. ენობრივი ნიჭიერება) ადამიანის მემკვიდრეობითი და ყველა სხვა ცოცხალი არსებისაგან გამორჩეული თვისებაა. ის, პირველ რიგში, დედაენის ძალზე ადრეულ და ძალზე ადვილ ათვისებაში ვლინდება, მაგრამ ეს, ცხადია, არ ნიშნავს, რომ ენა, როგორც ნიშანთა კონკრეტული სისტემა გვაქვს თანდაყოლილი. ასევე, ადამიანს თანდაყოლილი აქვს ზოგად ცნებათა გააზრების უნარი და, უფრო მეტიც, განზოგადების ძირითადი მიმართულებებისკენ მიდრეკილება, მაგრამ არა - თვით ზოგადი ცნებები.       თუ დავუბრუნდებით ავგუსტინეს მიერ მეხსიერების დახასიათებას, შეიძლება ითქვას, რომ მისი ნაწილი, მაგალითად, ე.წ. გრძნობადი მეხსიერების აღწერა, ფაქტებისა და მეცნიერული დაკვირვების საფუძველზეა შესრულებული. რაც შეეხება თანდაყოლილ ცოდნასთან დაკავშირებულ ე.წ. ინტელექტუალურ მეხსიერებას, აქ მისი მსჯელობა გონებაჭვრეტით ხასიათს იღებს და მეცნიერებისთვის მიუწვდომელი ხდება.       დაახლოებით ასეთივე სურათი გვაქვს ნებისყოფის შემთხვევაშიც. მეხსიერების მსგავსად, ამ ფსიქიკურ ფუნქციაშიც ორი სახეობა გამოიყოფა. პირველი, ნებისყოფის დაბალი ფორმა მიმართულია ყოფით მოქმედებაზე ემპირიულ სამყაროში, მართავს ამგვარ მოქმედებაში ჩართულ ფსიქიკურ და სხეულებრივ პროცესებს. უფრო მეტიც, იგი სხეულებრივ პროცესებსაც ფსიქიკურად აქცევს. მაგალითად, გრძნობის ორგანოებში მოცემული საგნების სხეულებრივი ანაბეჭდებიდან ქმნის მათ ფსიქიკურ ხატებს, ხოლო ამ ხატებიდან - გრძნობადი მეხსიერების მოგონებებს. ნებისყოფის ამ სახეობამ შეიძლება მორალურად მანკიერი საქციელი გამოიწვიოს. ეს ცოდვილი ადამიანის ნებაა, რომელიც მის მისწრაფებებში ვლინდება. „ჩემში თითქოს ორი ნება იბრძვის, ამბობდა ავგუსტინე, და მათ დაპირისპირებაში იგლიჯება სული ჩემი”. აქედან ჩანს, რომ ნებისყოფის დაბალი ფორმა არც არის ნებისყოფა, როგორც ასეთი, ის უფრო სურვილი ან მოთხოვნილებაა. მას ებრძვის ნებისყოფის ის ფორმა, რომელიც ამაღლებული და ზნეობრივი ქცევისკენ წარმართავს ადამიანს. ამ უკანსაკნელს ავგუსტინე სულიერ ნებისყოფას უწოდებს და ისე წარმოგვიდგენს, რომ მას, ფაქტობრივად, დაკარგული აქვს რეალური ფსიქიკური პროცესის ნიშნები. სულიერი ნებისყოფა ღვთაებრივი ნების განმახორციელებელი მისტიკური ძალის სახეს იღებს და მისი წვდომა მხოლოდ გონებაჭვრეტით შეიძლება.       სხვათა შორის, სწორედ ასეთი ვოლუნტარისტულ-მისტიკური შინაარსის გამო, XX საუკუნის ფსიქოლოგიამ ერთხანს თითქმის ამოაგდო თავისი კატეგორიებიდან ნებისყოფა. ახლა იგი კვლავ ბრუნდება მეცნიერებაში, მაგრამ სავსებით ემპირიული შინაარსით - თვითრეგულაციის ისეთი პროცესების ან უნარების სახით, რომლებიც ექვემდებარებიან ფორმირებას, კორეგირებას, გაზომვას და მოდელირებას. სიტყვამ მოიტანა და აღვნიშნავთ, რომ იმ მოძღვრების სათავესთან, რომელსაც შემდგომში ვოლუნტარიზმი ეწოდა, სწორედ ნეტარი ავგუსტინე დგას. ეს ფილოსოფიური მიმართულება მთელი ყოფიერების და სულიერი ცხოვრების საწყისად ნებისყოფას აცხადებს. მართლაც, ავგუსტინესთან სინამდვილის შემოქმედი პირველსაწყისი ღვთაებრივი ნებაა. ფსიქოლოგიური კუთხით კი ნებისყოფა ყველა სულიერ ფუნქციაზე მაღლა დგას. ავტორი იმასაც ამბობს, რომ ადამიანი შეიძლება წარმოვიდგინოთ, როგორც მხოლოდ ნებისყოფა. ყოველ შემთხვევაში, ავგუსტინეს მიხედვით, ფსიქიკურ პროცესებს განაგებს არა გონება, როგორც ამას მისი წინამორბედების უმრავლესობა თვლიდა, არამედ ნებისყოფა. ნებისყოფა მთელ სულს გამსჭვალავს, იგი მთავარი სულიერი ძალაა. თუ ამას ისე გავიგებთ, რომ მოტივაციურ-ვოლიტური სფერო მთელ ფსიქიკას მოიცავს და მის გარეშე არავითარი სულიერი ცხოვრება არ არსებობს, ავგუსტინეს ვოლუნტარიზმი სავსებით გამართლებული იქნება. ყოველ შემთხვევაში, ერთი რამ ნათელია: ისევე, როგორც ყველა ფუნქციას, უმაღლეს კოგნიტურ ფუნქციასაც, აზროვნებასაც წარმმართველი ძალა ესაჭიროება. ადამიანი ჯერ გადაწყვეტილებას იღებს და შემდეგ იწყებს შემეცნებას. მაგრამ ვოლუნტარიზმი, ნების უზენაესობასთან ერთად, ნებისყოფის თავისუფლებას, მის შეუზღუდაობასაც გულისხმობს.       ამ პუნქტში იჩენს თავს ავგუსტინეს ფილოსოფიური და ფსიქოლოგიური თვალსაზრისის ძირეული წინააღმდეგობა. იგი ნებისყოფის თავისუფლებას ქადაგებს და, ამავე დროს, მას არსებითად ზღუდავს. ავგუსტინეს აზრით, ადამიანი თავისუფალია იმდენად, რამდენადაც ღვთაებრივ ნებას ემორჩილება. იგი არ არის ბოლომდე ავტონომიური. ასეთი იყო პირველი ადამიანი - ადამი. თავისი დაცემის შემდეგ ადამიანთა მოდგმა ცოდვისა და ბოროტებისკენ მიმავალ გზაზე გახდა თავისუფალი, ხოლო კეთილი საქმე მხოლოდ ღმერთის უშუალო ჩარევით სრულდება. თავისუფლება მხოლოდ უსიტყვო და უყოყმანო რწმენაშია. ამ თვალსაზრისში თავისუფლება იმაზე ნაკლებია, ვიდრე სტოელებთან, ვისთანაც თავისუფლება აუცილებლობისადმი დამორჩილებაა.       ადამიანის შეუზღუდავ თავისუფლებას ქადაგებდა პელაგიუსი, რომელსაც მკაცრად დაუპირისპირდა ავგუსტინე. პელაგიუსი თვლიდა, რომ ადამიანი შთამომავლობითი ცოდვის მატარებელი არ არის და არც პასუხს აგებს ადამისა და ევას ცოდვაზე. ამიტომ მას თავად შეუძლია სიკეთის კეთება სავსებით თავისუფალი არჩევანის საფუძველზე. ავგუსტინეს მიაჩნდა, რომ ადამიანთა მოდგმის ყველა უბედურების წყარო პირველი ცოდვაა, რომელშიც ცალსახად ევაა დამნაშავე. ამიტომ იგი ზიზღით უყურებდა სქესობრივ ცხოვრებას და ყოველმხრივ ადანაშაულებდა ქალებს. ალბათ კომენტარს არ საჭიროებს ის, თუ რამდენად მართებული ან ბუნებრივია ეს პოზიცია დღევანდელი შეფასებით, მაგრამ იგი საუკუნეების მანძილზე ბატონობდა და არცთუ დიდი ხანია, რაც შეიცვალა.       ნებისყოფის თავისუფლების შეზღუდულობის პოსტულატი ჩვენს დროშიც სავსებით მართებულად გამოიყურება. საპირისპირო დებულება ნების აბსოლუტური თავისუფლების შესახებ უფრო დამაეჭვებელია, თუნდაც იმიტომ, რომ ყოველი „თავისუფალი” არჩევანი ან გადაწყვეტილება აუცილებლად რაიმე საფუძველს ემყარება, რომელიც მას განსაზღვრავს. მაგრამ სრულიად გაუგებარი და მიუღებელია მოსაზრება, თითქოს ნება მხოლოდ „ცუდი” ქცევის მიმართულებითაა გახსნილი და თავისუფალი, ხოლო სიკეთისკენ მიმავალ გზაზე მას ღმერთის ნებართვა სჭირდება. ეს ის შემთხვევაა, როცა ემპირიული ფსიქოლოგიის მონაცემები მსხვერპლად ეწირება რელიგიურ დოგმატს.       საბოლოოდ, უნდა ითქვას, რომ შინაგან სამყაროში ჩაღრმავება ღმერთისკენ აღმასვლისთვის ქრისტიანული მრწამსის ფუძემდებლური ნორმაა. ავგუსტინე შეეცადა არა მხოლოდ თეორიულად, არამედ პრაქტიკულად ეჩვენებინა სულის ასეთი მოძრაობის სიკეთე. ავგუსტინე კარგად ხედავს ფსიქიკური სამყაროს სიღრმესა და მრავალფეროვნებას და სხვებსაც მოუწოდებს, შემობრუნდნენ საკუთარი სულისკენ: „ადამიანები სამოგზაუროდ მიეშურებიან, რათა მთის მწვერვალებით და ზღვის ზვირთებით დატკბნენ. მათ ხიბლავს ფართო, მჩქეფარე მდინარეები, ოკეანის გაშლილი სივრცეები და ვარსკვლავთა გზები, თავის თავს კი ივიწყებენ და არ აკვირვებთ საკუთარი შინაგანი ცხოვრება”. ავგუსტინეს თვითანალიზი პლოტინის თვითცნობიერების იდეის რეალური ფსიქოლოგიური ხორცშესხმაა. ადამიანის შინაგან სამყაროზე ასეთმა ინტელექტუალურმა კონცენტრაციამ (რა საბოლოო მიზნებსაც არ უნდა ისახავდეს იგი), არ შეიძლება უკვე თავისთავად არ შეგვძინოს ცოდნა ფსიქიკური მოვლენების შესახებ და, ამდენად, ხელი არ შეუწყოს ფსიქოლოგიის წინსვლას. აქედან გამომდინარე, ავგუსტინე, პლატონთან და არისტოტელესთან ერთად, ფსიქოლოგიის ისტორიის საწყისი ეტაპის ყველაზე გამოჩენილ ფიგურად უნდა მივიჩნიოთ. მისმა მოძღვრებამ მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა შუა საუკუნეების თეოლოგიურ, ფილოსოფიურ და ფსიქოლოგიურ აზროვნებაზე. ირაკლი იმედაძე წიგნიდან: ფსიქოლოგიის ისტორია « წინა ნაწილი | გაგრძელება » P.S. სტატიის სათაური არ არის წიგნის ავტორისეული სათაური. სტატიის სათაური პოსტის ავტორის მიერ თემატურად შერჩეული სათაურია…
დაამატა ლაშა to ფსიქოლოგია at 11:06am on აპრილი 23, 2018
პოსტი: მზის საათი

      მართლაც იგავმიუწვდომელია ახალი ამბების გავრცელების სისწრაფე: ახლადამოსულ მზეს ჯერაც ხეირიანად არ შეემაღლებინა... მზის საათთან წერწეტა ჩრდილი იწვა,…

დაამატა nunu qadagidze at 3:09pm on იანვარი 26, 2021
თემა: წერილები მილენასადმი (დასასრული)
ში ამ ყველაფერს თვითონ გაძლევენ. ვინერ ვალდში წინასწარ იხდიან თანხის ნაწილს, გრიმენშტაინში - არა. გრიმენშტაინი უფრო მაღლაც მდებარეობს. ჯერ არ მივემგზავრები. ერთი კვირის განმავლობაში საკმაოდ ცუდად ვგრძნობდი თავს (სიცხე და ისეთი სუნთქვის უკმარისობა მქონდა, მაგიდიდანაც ვეღარ ვდგებოდი, მაგრად მახველებდა). ეს, ეტყობა, ერთი ხანგრძლივი გასეირნების შედეგია. ახლა ცოტა უკეთ ვარ, ამიტომაც სანატორიუმში წასვლა ისევ მეორეხარისხოვნად იქცა. ისე ორივე სანატორიუმი ძვირია. ინექციები ფასიანია. სადმე სოფლად წასვლა ან პრაღაში დარჩენა მირჩევნია, რათა რამე ხელობა შევისწავლო. რა მინდა სანატორიუმში? მთავარი ექიმი თავის პრეტენზიებს მომახვევს, ხორცის ჭამას მაიძულებს. მე კი ალბათ ყელში გამეჩხირება. *** ორი საათი ჰამაკში ვიწექი და მარტო შენზე ვფიქრობდი. *** შენ გავიწყდება, რომ ჩვენ ერთმანეთის გვერდით ვდგავართ და მიწაზე ერთ არსებას დავცქერით, ეს არსება მე ვარ. მაგრამ ჩემს გამოხედვაში აღარაფერი იკითხება. სხვათა შორის, შემოდგომაც მეხუმრება მგონი: ხან საეჭვოდ ცხელა, ხანაც ცივა. უკვე ვიფიქრე იმაზე, ვენით გავმგზავრებულიყავი, მაგრამ ეს მხოლოდ იმიტომ, რომ ფილტვები მეტად ცუდ მდგომარეობაში მაქვს, ვიდრე ზაფხულში მქონდა (ეს ბუნებრივიცაა). ქუჩაში ლაპარაკი სირთულეებს მიქმნის და არასასიამოვნო შედეგებიც მოაქვს. ამ ოთახიდან უკვე უნდა გავიდე და შეძლებისდაგვარად სწრაფად. გადავინაცვლო გრიმენშტაინის შეზლოგინში. იქნებ მგზავრობა, ვენის ჰაერი მომიხდეს კიდეც... *** როგორ ხდება ეს, მილენა, რომ შენ ისევ და ისევ არ გაქვს ჩემ მიმართ შიში, მორიდება თუ რაღაც მსგავსი? რა ძალა ან რა გულწრფელობა გაგაჩნია ასეთი! ერთ ჩინურ მოჩვენებათა წიგნში მახსენდება, სულ სიკვდილზეა ლაპარაკი. ერთი სასიკვდილო სარეცელზე წევს და სიკვდილის სიახლოვის მიუხედავად ამბობს: ჩემი ცხოვრება ისე გავატარე, სულ საკუთარ სურვილებს ვებრძოდი, ასეც დავასრულე. კიდევ: ერთი მოსწავლე მასწავლებელს დასცინის, რომელიც მხოლოდ სიკვდილზე ლაპარაკობს: სულ სიკვდილზე რომ ლაპარაკობ, არ მოკვდებიო… *** რა არის ისეთი, ასე რომ გტანჯავს? მეგონა, ადრე ყოველთვის მე ვიყავი უღონო, ახლაც ვარ, მაგრამ ახლა შენც ასეთი მეჩვენები. ხშირად ხარ ავად? *** დირექტორთან ვიყავი, დამიბარა. ოტლა, მიუხედავად იმისა, რომ მე ეს არ მსურდა, იქ იყო. არც ის მინდოდა, ექიმს გავესინჯე, მაგრამ გამსინჯა. დირექტორმაც, ისე რომ არ მითხოვია, შვებულებაში გამიშვა. *** ისე ვიყავი საკუთარ თავში ჩაკეტილი, წერილის გამოგზავნა რამდენიმე ხანი კიდევ შევაყოვნე. შენი მოუწერლობის მხოლოდ ერთი მიზეზი ვიცი. ქალაქის მთავრობას თხოვნა უკვე გავუგზავნე. თუ თანხმობა მომივიდა, დანარჩენი უკვე ჩქარა მოგვარდება, ჩამოვალ. ჩემ დასაც უნდა ვენაში ჩემთან ერთად წამოსვლა. შეიძლება ისიც ჩემთან ერთად გამოემგზავროს,ორი დღე ვენაში დარჩეს. ბავშვის დაბადებამდე უნდა, პატარა მგზავრობა მაინც მოასწროს. ერენშტაინი (გარდაცვლილი ვენელი პოეტი - ალბერტ ერენშტაინი) მას შემდეგ, რაც მასზე მოგწერე, შეიცვალა, სიამოვნებით გადავამოწმებდი ჩემს ადრინდელ შეხედულებას მასზე, მაგრამ მეტი მასთა6 შეხვედრის თავი აღარ მაქვს. რომ გითხრა, ჩემთვის ძალიან მშობლიური იყო-მეთქი, არა, მაგრამ არც უცხოდ მეჩვენა. ერთი სიტყვით, სასიამოვნო კი ეთქმოდა. ის კარგად მსჯელობს, ლაპარაკობს, ოღონდ ძალიან იძაბება ლაპარაკისას. ისე, ყოველი ქუჩის კუთხეში ასეთი მოლაპარაკე თუ შემაყოვნებს, ისედაც პატარა დღეს კიდევ უფრო გაუსაძლისს გახდიან. გახსოვს ლაპარაკი ტანიასა და მღვდელს შორის? სხვათა შორის, კიდევ ერთი მაგალითი, თუ რა უძლურია ნუგეშისცემა. ტანია ამ დროს კვდება (კაფკა აქ ლაპარაკობს ერნსტ ვაისის დრამაზე ,,ტანია”) არა, მილენა, ერთად ვერ ვიქნებით, ვერც ვერასოდეს ვიქნებოდით. დიდხანს ვებღაუჭებოდი ღობეს, მაგრად ბოლოს გადატყავებული ხელებით დავეცი. იქნებ არსებობს სხვა შესაძლებლობებიც, მაგრამ მე არ ვიცი. საათობრივი გეგმით ძალიან გამახარე. რუკასავით ვსწავლობ. სულ ცოტა, ეს მაინც უსაფრთხო ჩანს. თოთხმეტ დღეში ვერ მოვალ, ალბათ - უფრო გვიან. ბიუროში მაბრკოლებს კიდევ რაღაცები; საკმარისია გასამგზავრებლად გავემზადო, რომ ხან რა მაკლია და ხან - რა. გამგზავრების მეშინია. ვინ ამიტანს სასტუმროში, თუ გუშინდელივით (ასე უკვე წლებია არ ვყოფილვარ, ღამის ორის ნახევრიდან გათენებამდე ვახველებდი) შეუწყვეტლივ ვახველებ? ძლივს ჩამეძინა, რომ ერთ საათში გადაბრუნებისას ისევ დამეწყო ხველა. საათამდე გასტანა. შარშან როგორი ვაგონითაც ვიმგზავრე, წელს ისეთით არ გამოვა. *** მთლად ასე არ არის, მილენა. შენ ხომ იცნობ იმას,ვინც ახლა გწერს მერანიდან? მაშინ ერთნი ვიყავით, შემდეგ ისევ განხეთქილება მოხდა. ამაზე მინდა, კიდევ რაღაც გითხრა, მაგრამ ამ ჩემი დახშული ყელიდან არ ამომდის. *** ხშირად ვფიქრობ ამაზე, მინდა მოგწერო, მაგრამ ვერ გწერ. გეგონება, ნტეროფიცერ პერკინსს უჭირავს ჩემი ხელი. თუ ერთ წამს მაინც გამიშვებს, ეგებ ერთი სიტყვა მოგწერო საიდუმლოდ. მილენა, ეს ხომ ჩვენს ერთნაირ გემოვნებაზე მიუთითებს, რომ შენ მაინცდამაინც ეს ადგილი წამებაზე, გადათარგმნე. ეს ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი ადგილია. მეც ხომ მხოლოდ მაგით ვარ დაკავებული, საკუთარ თავსაც ვაწამებ და სხვასაც? რატომ? ეს ერთხელ ასე ავხსენი: ცხოველი ბატონს მათრახს გამოგლეჯს ხელიდან და საკუთარ თავს თვითონ ურტყამს, რომ ბატონი გახდეს... *** შენს ქმარს რომ არ შევხვდე, მგონი,შენ უფრო მეტად გინდა, ვიდრე მე. ის რომ მოვიდეს ჩემთან, თუმცა ამას არ გააკეთებს. გამორიცხულია, ჩვენ ერთმანეთს შევხვდეთ! *** მგზავრობა კიდევ ჯანჯლდება, რადგან ბიუროში საქმე მაქვს. ხედავ, არ მრცხვენია მოგწერო, რომ ბევრი საქმე მაქვს. რა თქმა უნდა, ეს სამსახური ისეთივეა, როგორც ყველა სხვა. ეს ჩემთან ნახევრად ძილი, სიკვდილთან სიახლოვეა. ჰო, ვენკოვი (მაშინდელი რეაქციული პარტიის ფურცელი) მართალია. გადახვეწა, მილენა, მხოლოდ გადახვეწა! *** შენ ამბობ, მილენა, რომ არ გესმის. შეეცადე გაგებას, რა მიგაჩნია ავადმყოფობად. არსებობს უამრავი ავადმყოფობის გამოვლინება, რომლებიც ფსიქოანალიტიკოსებს სჯერათ, რომ აღმოაჩინეს. მე ამას ავადმყოფობას არ ვუწოდებ და თერაპიაში ფსიქოანალიზი უსუსურ შეცდომად მიმაჩნია. ყველა ეს მოცემული ავადმყოფობა, რა ნაღვლიანადაც უნდა გამოიყურებოდეს, რწმენის საქმეა, მძიმე მდგომარეობაში ჩავარდნილი ადამიანის დათრგუნვა და შებოჭილობა. აქ ფსიქოანალიტიკოსი ვერაფერს მოძებნის, გარდა იმისა, რომ თქვას დაავადებულია, თან ცდილობს, ცალკეული მიზეზებით დაასაბუთოს. იქნებ ეს აწმყოსეული სევდითაა გამოწვეული… ამ სამყაროში როგორ უნდა გამოჯანსაღდეს კაცი? ჩემს შემთხვევაში კაცს შეუძლია სამი მიმართულებით იფიქროს: A,B, C. A უხსნის B-ს: რატომ ტანჯავენ ეს ადამიანები ერთმანეთს, რატომ არ ენდობიან ერთმანეთს? რატომ არ აქვთ, უფლება იცხოვრონ? (დიოგენეც ხომ მძიმედ იყო ავად? ვის არ გააბედნიერებდა ალექსანდრეს ბედნიერი, გაბრწყინებული მზერა?) დიოგენეს კი სწორედ ეს აეჭვებდა,ეს მზე,ეს ბერძნული განუწყვეტლად მწველი მზე (მოჩვენებებით აღსავსე აღქმა). C-ს უჭირს ამის ახსნა, შიშისაგან ცახცახებს,ვმაგრამ იმედოვნებს, რომ A აუხსნის B-ს ყველაფერს და B-ც ყველაფერს სწორად გაიგებს. მილენა, მე გულწრფელი ვარ (შეიძლება ჩემი ნაწერი ადრე უფრო გულღია და ნათელი იყო, ასეა?). აქ თითქოს ციხის წესრიგია, უფრო სწორად, ციხეზე უფრო მკაცრიც. ციხეში იქნებ ამაზე მეტი თავისუფლებაც იყოს. ამას ვერ შევურიგდები, ეს ჩემთვის მიუღებელია. მე რაღაც მესაკუთრული მაქვს, რაც ყველა ჩემი ნაცნობისაგან, არსებითად არა, მაგრამ ხარისხობრივად ძალიან განმასხვავებს. ჩვენ ხომ ორივე კარგად ვიცნობთ დასავლეთ ებრაელებისათვის დამახასიათებელ გამოკვეთილ თვისებებს. მე იმათ შორის მეტისმეტად დასავლელი ვარ. ეს იმას ნიშნავს, გადაჭარბებით თუ ვიტყვით, რომ არც ერთ მშვიდ წუთს, არაფერს არ მაჩუქებენ, ყველაფერი უნდა მოვიპოვო, არა მარტო აწმყო, არამედ მომავალიც, წარსულიც. ვინც მიცნობს,იმედია, მიხვდა ამას. ან იქნებ, რომ მიხვდნენ, ესეც ჩემი მოსაპოვებელია? საშინელებაა. ასე მგონია, ეს დედამიწა მარჯვნივ ტრიალებს. თუ ეს ასეა, მაშინ მარცხნივ უნდა შევატრიალო, რომ წარსულს დავწიო. მაგრამ ყველა ამ ვალდებულებებს მე ვერ ვიკისრებ. ვერ შევძლებ სამყარო ჩემს მხრებზე ვატარო, როცა ჩემს ზამთრის ქურთუკს ძლივს ვატარებ. სულაც არ მინდა, ამ უღონობაზე წუწუნი ან რა საჭიროა?! რა ძალა უნდა მქონდეს, ეს მისია რომ შევასრულო?! აქ, ყოველი მცდელობა, საკუთარი ძალებით გაღწევა რომ შეძლო, სიგიჟეა. სიგიჟედაც დამიჯდება. ამიტომ ამასთან შეგუება, როგორც შენ მწერ, შეუძლებელია. საკუთარი ნებით იმ გზაზეც ვერ გამივლია, რომელზეც მინდა გავიარო... ჰო,იმ გზაზე გავლის სურვილის უფლებაც კი არ მაქვს! მე მხოლოდ მშვიდად უნდა ვიყო, არაფერი ვისურვოან საერთოდ გამაჩნია სურვილი? *** გავიგე, შენს ქმარს უთქვამს, რომ მას პარიზში სურს გადასახლება. *** დღეს ორი წერილი მოვიდა. რა თქმა უნდა, მართალი ხარ, მილენა, ჩემდა სამარცხვინოდ უნდა ვაღიარო, რომ ჩემს წერილებზე შენი პასუხების გახსნას ვერც ვბედავ. მაგრამ ჩემი წერილები მართალია ან იქნებ სიმართლისაკენ მიმავალ გზას ადგას.. ჩემი წერილები არაგულწრფელი რომ იყოს,რა დამემართებოდა შენი პასუხების გამო? პასუხი ადვილია: გავგიჟდებოდი. სიმართლის თქმა დიდი საქმე არაა. მე ხომ ძნელად გასაზიარებლის გაზიარებას, გაუგებრის ახსნას, რაღაც ისეთის მოყოლას ვცდილობ, რაც ძვლებმა გადაიტანეს, ან კიდევ რისი გადატანაც შეუძლიათ. ეს იქნებ შიშია და სხვა არაფერი. მაგრამ შიში ყველაფერს სჭარბობს, შიში დიდებისა თუ პატარების წინაშე, შიში, გამანადგურებელი შიში თვით სიტყვის გამოთქმისასაც. ყოველ შემთხვევაში, ეს შიში არა მხოლოდ შიშია, არამედ რაღაცისადმი სწრაფვაც... O mne rozbil (ის ჩემში დამსხვრეულია). ამაში მარტო მე მიმიძღვის ბრალი. ჩემს მხარეზე მცირე სიმართლეა, ისევ და ისევ მცირე სიმართლე. ისევ და ისევ მეტი წილი ტყუილი, ტყუილი შიშის გამო საკუთარი თავის წინაშე, ადამიანების წინაშე! ეს დოქი, ვიდრე ჭამდე ჩაიტანდნენ, მანამ დაიმტვრა, დიდი ხანია დაიმტვრა. ახლა გავჩუმდები, რომ შენ წინაშე, სულ ცოტა, მართალი დავრჩე. საშინლად ვიტყუები, ამაზე საშინელი სულიერი სატანჯველი სხვა არაფერია! ამიტომ გთხოვ, მომეცი უფლება, ვიყო მშვიდად. O mne rozbil (ის ჩემში დამსხვრეულია), მწერ შენ: ვხედავ, როგორ ტანჯავ საკუთარ თავს. როგორც წერ, სიმშვიდეს მხოლოდ ქუჩაში პოვებ. მე კი - აქ, ჩემს თბილ ოთახში, ჩემს ღამის პიჟამასა და ფლოსტებში. ვზივარ ასე მშვიდად, გეგონება, ჩემმა საათის ისრებმაც მიმატოვესო (სხვათა შორის, დროს მაი6ცაჩვენებს). *** როდის გავემგზავრები, მაში6 გეტყვი, როცა მოვა მთავრობისაგან სანატორიუმში ცხოვრების ნებართვა. ერთი კვირის წი6 მივმართე ამ თხოვნით. O mne rozbil (ის ჩემში დამსხვრეულია) - მე ისევ ამ სიტყვებზე ვფიქრობ. მაგრამ, ეს არაა ჩემი ბრალი, არც - ადამიანების. მე მარტოობაში ვპოვებ სიმშვიდეს, ასე მირჩევნია. *** როცა ამაზე ვფიქრობდი, რაღაც შინაგან მუქარას ვგრძნობდი. ვამჩნევდი, რომ მგზავრობის გამო ყოყმანი ნაწილობრივ რაღაც მიზეზით იყო გამოწვეული, მაგრამ მჯეროდა, ამას იოლად გადავლახავდი. სამშაბათს, ნაშუადღევს ვიღაცისაგან გავიგე, რომ იმ ნებართვისათვის დაცდავარ იყო საჭირო. ვენაშიც თავისუფლად მიიღებდა კაცი. ასე რომ, ამ მხრივ გზა თავისუფალი იყო. მთელი ნაშუადღევი ჰამაკში ვიწექი და თავს ვიტანჯავდი. საღამოს შენ მოგწერე, მაგრამ არ გამომიგზავნია. კიდევ მჯეროდა, რომ ჩემში გამგზავრებაზე ყოყმანს გადავლახავდი, მაგრამ მთელი უძილო ღამე ტანჯვაში გავატარე. ჩემში ორი განცდა ებრძოდა ერთმანეთს: ერთს უნდოდა გამგზავრება, მეორეს ეშინოდა. არადა, ორივე ჩემი ნაწილი იყო, ეს ორი უმწეო არსება ჩემში იბრძოდა. დღეს ძალიან ადრე ავდექი. გამგზავრების ძალა არ მქონდა. იმის წარმოდგენაც, რომ შენთან წამოსვლას ვაყოვნებ, მტანჯავს, ამ დარტყმას ვეღარ ავიტან. შენი წერილი უკვე აუტანელია. მწერ, რომ ჩემი იმედი აღარ გაქვს. მაგრამ გჯერა, რომ შეძლებ ჩემთან განშორებას? მე შენ და საერთოდ ვერავის გავაგებინე, რა ხდება ჩემში. ეს მეც არ მესმის. მაგრამ მთავარი მხოლოდ ერთი რამაა: შეუძლებელია, ჩემს გარემოში ადამიანურად იცხოვრო; ამას ხედავ, მაგრამ არ გინდა დაიჯერო. შაბათი საღამო ყვითელი წერილი ჯერ არ მიმიღია,იმას გაუხსნელად უკან გამოგიგზავნი. ხომ არ აჯობებდა, ახლავე შეგვეწყვიტა ერთმანეთისადმი მიმოწერა? გინდა, საბოლოოდ გავგიჟდე? მაგრამ მე არ გავგიჟდები, მილენა. მე არ მინდა შენზე ლაპარაკი, არა იმიტომ, რომ ეს ჩემი საქმე არაა. უბრალოდ, ეს ჩემი საქმეა, არ მინდა და მორჩა. მოკლედ, ახლა მხოლოდ შენზე, იმაზე მინდა მოგწერო, რა ხარ ჩემთვის. დიახ, ჩემთვის მთელი სამყარო ხარ. ეს არ წერია ყოვლედღე ქაღალდის ნაგლეჯზე, რომლებსაც გიგზავნი. ამ წერილებს ტანჯვის მეტი არაფერი მოაქვს, არაფერს მშველის. ერთ დღეს გმიუნდმავწარმოქმნა გაუგებრობები, სირცხვილი, თითქმის გადაულახავი სირცხვილი. მე ისე მინდა შენი ნახვა, როგორც პირველად ქუჩაში, მაგრამ ყველაზე მეტად წერილები მაფერხებს, ვიდრე მთელი ეს ქუჩა თავისი ხმაურით. მაგრამ გადამწყვეტი ეს არ არის! გადამწყვეტი შენი წერილების მიმართ, ასევე საკუთარი თავის მიმართაც ჩემი უღონობაა. ათასი წერილი შენგან და ათასი სურვილი ჩემგან ამას ვერ გააბათილებს.ბმთავარი ეს უღონობაა, მაგრამ ყველა მიზეზი აქ ამ სიბნელეშია. დაუოკებელი ძლიერი ხმა ალბათ შენი ხმაა, რომელიც სიმშვიდისაკენ მიხმობს, რაც ყველა შენს წერილშია (იქნებ შენს ყვითელ წერილშიც, დეპეშაშიც, რომლითაც წერილს უკან ითხოვ, რა თქმა უნდა, სამართლიანად) ხშირად შენს წერილებში ზოგიერთი ადგილის ისე მეშინია, რომ გვერდს ვუვლი, როგორც ეშმაკი წმინდა, ნაკურთხ ადგილს. *** ახლაც ასე ვარ. სხვა ვერას ვაკეთებ, ვზივარ, საათობით ჩავცქერი შენს წერილებს და ამ წერილების საშუალებით ზოგჯერ გხედავ, მაგრამ არა სიზმარში, უფრო წარმოსახვაში; გხედავ, რომ სახეზე თმა გაქვს ჩამოყრილი, მე ხელით აქეთ-იქით გიყოფ, რომ შენი სახე დავინახო. ხელს შუბლზე გისვამ, შენს სახეს ჩემს ხელებში ვიქცევ. წერილის კიდეზე: სანატორიუმში თუ წავალ, აუცილებლად მოგწერ. ორშაბათი ამ წერილის დახევა მინდოდა, გამოგზავნას არ ვაპირებდი. დეპეშაზეც არ მსურდა პასუხის გაცემა. დეპეშები მეტად მრავალმნიშვნელოვანია. ახლა ბარათიც და წერილიც მოვიდა. მილენა, ლაპარაკს მოწყურებული ენა რომც გადავყლაპო, როგორ დავიჯერო, რომ შენ ახლა წერილები გჭირდება? შენ ახლა სიმშვიდის მეტი არაფერი გჭირდება. ეს წერილები ხომ სულ ტანჯვაა და ტანჯვიდან ამოზრდილი, უკურნებელი სენი კი სულ უფრო მატულობს. ამ ზამთარში ერთადერთი საშუალება მშვიდად ყოფნაა, აქ-იქ ნაღვლიანად... რას იზამ? ასე ძილი უფრო ბავშვური და ღრმა გექნება. მაგრამ ტანჯვა? ტანჯვა ძილს გართმევს, გაფხიზლებს, ეს კი აუტანელია. ოთხშაბათი არ არსებობს არანაირი კანონი, რაც ამიკრძალავს, ისევ მოგწერო, ისევ გითხრა მადლობა შენი წერილებისათვის. ყველაზე ულამაზესი, საუკეთესო ის იქნება, რომ მომწერო: მე ვიცი, რომ შენ მე... დიდი ხანია, თითქოს შევთანხმდით, ერთმანეთს აღარ მივწეროთ. შესაძლოა, ამას ორივე მივხვდით. არ არის საჭირო იმის ახსნა, რატომ ჯობია, არ მომწერო. საშინელება იქნება, თუ მართლა აღარ მექნება საშუალება, მოგწერო. ასეც რომ მოხდეს, თუკი საჭირო იქნება,შენ მაინც უნდა მომწერო. ეს ხომ თავისთავად ცხადია. მე ვ-სთან (აქ იგულისხმება მილენას მამა) ძალიან ცუდად მოვიქეცი. ამაში ეჭვიც არ მეპარება. მაგრამ ალბათ არც ისე ცუდად. სრულიად უცხოსავით მივედი, იმ ადამიანივით, რომელსაც ასე თუ ისე გაეგებოდა ვენაში ურთიერთობების,ვი6ნც შენგან ორი ნაღვლიანი წერილი მიიღო. არ გემშვიდობები, ეს არ არის გამომშვიდობება. ან როგორ უნდა გამოგემშვიდობო, როცა რაღაც ძალა შენკენ მთელი ძალით მიზიდავს, მექაჩება. საყვარელო ქალბატონო მილენა (ბოლო წერილები ძირითადად მილენას ბინის მისამართზე იყო გაგზავნილი) უნდა გამოგიტყდე, რომ ერთხელ ვიღაცის ძალიან მშურდა, ქუდბედიანი იყო, მისი ყველას ესმოდა და უყვარდა. სულ ყვავილებს უფენდნენ ფეხქვეშ. შურით ვსკდებოდი. ჟურნალი ტრიბუნი ბევრჯერ არა, მაგრამ რამდენჯერმე წავიკითხე, მგონი, უფლება ჰქონდათ დაეხურათ. ზაფხულმა ისე ჩაიარა, ერთი ნომერიც ძლივს ვნახე, ისიც სადგურზე, პრაღაში. ერთი ზაფხულივით ტურფა ქალი ვიღაცას ელაპარაკებოდა, სწორედ იმას ეჭირა ხელში. ჩემმა დამ სთხოვა, ჩემთვის გამოართვა. თუ არ ვცდები, რაღაც სასაცილო წერილი წავიკითხე გერმანული აბანოების შესახებ. მახსოვს, ერთხელ ბედნიერად გატარებულ ერთ ზაფხულზე წერდით. ისიც ლამაზი იყო; ზუსტად აღარ მახსოვს... კიდევ თქვენი ნათარგმნი წერილიც წავიკითხე დიასახლისზე... იცით აიხენდორფის ლექსი ,,ო მდელოებო, შორს, ო სიმაღლეებო!” ან იუსტუს კერნერის ლექსი ხერხზე? (კაფკას საყვარელი ლექსი). თუ არ იცით, ერთხელ ამოვიწერ და გამოგიგზავნით. ოტლა ძალიან კეთილად მეპყრობა. მიუხედავად იმისა, რომ ვაჟი ჰყავს გასაზრდელი, ზრუნვას არ მაკლებს. ფილტვები, სავალალო მდგომარეობაში მაქვს. უკვე თოთხმეტი დღეა აქ ვარ, მაგრამ ექიმთან ჯერ არ მივსულვარ. მგონი, უარესობა არ უნდა იყოს. მაგალითად, გარეთ - თუმცა ეს წმინდაწყლის კეკლუცობაა! - ერთი საათის განმავლობაში ან მეტ ხანს დაუღალავად შეშის დაჭრა რომ შემეძლოს, ბედნიერი ვიქნები, იმ წუთას. რაც შეეხება ძილს,ზოგჯერ უარესადაცაა საქმე. ისე თქვენი ამაყი, ძლიერი, ნატანჯი, ურყევი ფილტვები როგორაა? თქვენი კ. ქალბატონო მილენა​, აი, უკვე რამდენი ხანია აღარაფერი მომიწერია. ახლაც სრულიად შემთხვევით გწერთ. ალბათ ბოდიში იმის გამო, რომ არ გწერდით, არ უნდა მოვიხადო. იცით, როგორ მძულს წერილები. ჩემი ცხოვრების ყველაზე დიდ უბედურებად ვთვლი. არა, არ ვწუწუნებ, უბრალოდ მინდა ერთი საყოველთაო, ჭკუის სასწავლებელი დასკვნა გავაკეთო: წერილებს თუ წერილების წერას რა მოაქვს. მგონი, ადამიანებს ჩემთვის არასოდეს მოუტყუებიათ, აი, წერილები კი მუდამ, მარტო სხვების კი არა, ჩემიც ცრუობს. ჩემ შემთხვევაში იქნებ ეს ყველაზე დიდი უბედურებაა, რაზეც აღარ მსურს ლაპარაკი. წერილების წერა - ეს მხოლოდ თეორიულადა ჩანს ასე იოლი. ისე კი წერას საშინელი სულიერი მოშლა სდევს თან. ესაა შეხლა, შეჯახება არა მარტო წერილის ადერესატის, არამედ საკუთარ მოჩვენებასთანაც. ან საერთოდ როგორ მივიდა ადამიანი იმ აზრამდე, რომ წერილებით ერთმანეთთან შესაძლებელია ურთიერთობა. ადამიანს შეუძლია შორებელ ადამიანზე იფიქროს, ახლო ადამიანს შეეხოს, ყველაფერი დანარჩენი კი ადამიანის ძალას ნამდვილად აღემატება. წერილების წერა მოჩვენებების გამოხმობას ნიშნავს. მოჩვენებები ხარბად ელიან ამ წერილებს. დაწერილი კოცნა არასოდეს მიაღწევს ადრესატამდე, რადგან მოჩვენება ამ კოცნას გზაშივე ხარბად შთანთქავს. ამ მდიდრული საკვებით ეს მოჩვენებები უსასრულოდ მრავლდებიან. კაცობრიობა გრძნობს ამას და ებრძვის მათ. მან, იმისათვის, რომ მოჩვენებები ადამიანსა და რეალობას შორის გამორიცხოს, სულიერი სიმშვიდე პოვოს, გამოიგონა რკინიგზა, მანქანა, თვითმფრინავი, მაგრამ ვერც ამან უშველა ვერაფერი. ეს ის გამოგონებებია, რომლებიც უკვე იმთავითვე კრახისთვის იყო განწირული. მოჩვენებები იმდენად მშვიდი და ძლიერი გამოდგნენ, რომ თავიანთ გამოსაკვებად ფოსტა-ტელეგრაფი გამოიგონეს. ასე, აღარაფერი დაამშევთ მათ, სამაგიეროდ ჩვენ გავნადგურდებით. გაოცებული ვარ, რომ თქვენ ამ თემაზე ჯერ არაფერი დაგიწერიათ. ნამდვილად უნდა გამოეხმაუროთ ამ საკითხს, იქნებ ცოტათი მაინც შეაფერხოთ, ან, სულ მცირე, ამ მოჩვენებებს დაანახოთ, რომ ვამჩნევთ და ვიცით მათ შესახებ. თუ უკვე ძალიან გვიანია? მათი შეცნობა გამონაკლისის სახით მაინც შეიძლება, ზოგჯერ ერთ წერილს შეუფერხებლად უშვებენ, მოდის სწრაფად და სიხარულს გგვრის. მაგრამ ესეც მოჩვენებითია და საშიში, ასეთი სასიხარულო სწრაფი წერილისაგან უფრო უნდა დაიცვას კაცმა თავი. სულ მცირე, ერთი იმედგაცრუებაც კმარა, რომ… სწორედ ასეთი რამ დამემართა დღეს, ამიტომაც გწერთ ამ ყველაფერზე. დღეს ერთი მეგობრისაგან |იგულისხმება თვით მილენა), რომელსაც თქვე6ც კარგად იცნობთ, წერილი მივიღე. უკვე დიდი ხანია ვწერთ ერთმანეთს, რაც გარეგნულად გონივრულიცაა. სწორედ ამ სიტყვებმა - წერილები ძილის საწინააღმდეგო მშვენიერი საშუალებაა - დამაწერინა ეს ყველაფერი. რა მდგომარეობამდე მიხვედით! ეს ხომ გამოფიტული, დაუძლურებული, გაღიზიანებული, ტანჯვაგამოვლილი წამიერი სიხარულია. როცა წერილებს თავდავიწყებით კითხულობ, ისედაც მცირე ხნით მოახლოებული ძილი მაშინვე ღია ფანჯრიდან მიფრინავს და კარგა ხანს უკან აღარ ბრუნდება. ბევრს, ძალიან ბევრს და ხშირად ვფიქრობ, ალბათ ამიტომაც აღარ ვწერთ ერთმანეთს. შეიძლება ზოგჯერ ზერელეც იყოს ჩემი ფიქრები. აი, გუში6 საღამოს კი მასზე (მეგობარზე) ბევრი ვიფიქრე. ღამის ძვირფასი საათები საწოლში იმისთვის დავკარგე, რომ მისთვის ის სიტყვები, აზრები, რაც თავში მომივიდა, გამეზიარებინა. მისგან ადრიანად მოვიდა წერილი. შიგ ეწერა, რომ მეგობარს ერთი თვის წინ ჩემთან მოსვლის სურვილი გაუჩნდა. ამან მიბიძგა პასუხი დამეწერა. და როცა უკვე დავწერე, როგორ არ გავუგზავნო? ქალბატონო მილენა, ამ სიტყვებს ყველაზე დიდი სიამოვნებით ვწერ (რამდენადაც კაცს ასეთ შემთხვევაში შეუძლია სიამოვნებით წერა, როცა იცის, რომ ყველაფერს მოჩვენებებისათვის ამბობს. ისინი უკვე ჩამწკრივებულან ჩემი მაგიდის გარშემო)... *** დიდი ხანია გაზეთებში თქვენი აღარაფერი მინახავს, გარდა მოდებზე დაწერილი სტატიებისა. ამან კი მთელი თავისი წვრილმანებით გამამხიარულა და დამამშვიდა. გაზაფხულის ბოლო წერილიც ვნახე. სამი კვირის ტრიბუნიც არ წამიკითხავს. ალბათ ვიშოვი. შპინდელმიულეში ვიყავი, როცა თქვენი წერილი მივიღე. ახლა წერილის წერისას უცნაურად ვგრძნობ თავს. თქვენ ახლა - თუმცა ალბათ მარტო ახლა კი არა სულ - მოთმინება უნდა იქონიოთ. უკვე წლებია აღარავისათვის მიმიწერია. ამ მხრივ მკვდარი, ვინმესთვის აზრთა გაზიარების უნარს მოკლებული ვიყავი. ამ სამყაროს, უფრო სწორად, არც ერთ სამყაროს აღარ ვეკუთვნოდი. იმ წლებში თითქოს ყველაფერი რაც ხდებოდა, რასაც ვაკეთებდი, ჩემ მიღმა ხდებოდა და მარტო იმას ველოდებოდი, როდის დამიძახებდა ავადმყოფობა მეორე ოთახიდან, რომ გავქცეულიყავი და მთლიანად მას დავმორჩილებოდი, დავნებებოდი. ოთახში სიბნელე იყო გამეფებული, არ ვიცი, ავადმყოფობა იყო თუ არა იქ? ყოველ შემთხვევაში, ფიქრი და წერა ძალიან მიძნელდება, ზოგჯერ წერისას ხელი მხოლოდ ცარიელ ფურცელზე უღონოდ მიირწევა, ახლაც, ფიქრებით მოცულს, მსურს შევწყვიტო წერა (სულ უფრო და უფრო მაოცებს თქვენი სხარტი გონება). მოკლედ, მოთმინება უნდა იქონიოთ, მოთმინება, ეს კვანძი ნელ-ნელა გაიხსნება, ის მხოლოდ კვანძია, ამას ჩაკეტილ კვანძს უწოდებენ… *** ამწუთას ყველაზე უარესი ისაა, რასაც თავადაც არ მოველოდი, რომ მე ამ მნიშვნელოვანი წერილების წერის გაგრძელება აღარ შემიძლია. წერილების წერის ბოროტმა ჯადოქარმა შემიპყრო და ისედაც ძილდარღვეული ღამეები კიდევ უფრო ამიფორიაქა. უნდა შევწყვიტო, აღარ მსურს წერა! ოჰ, თქვენი უძილობა სულ სხვანაირია, ვიდრე ჩემი! გთხოვთ, აღარ მომწეროთ. *** სალმისთვის დიდი მადლობა. რაც შემეხება მე: რამდენიმე დღით გავემგზავრე. პრაღაში თავს კარგად ვერ ვგრძნობდი. ეს არაა მგზავრობა, ეს უფრო ფართხალია მოურგებელი ფრთებით. კ. საყვარელო მილენა, დობრიხოვიჩიდან ჩემი ბარათი ალბათ მიიღეთ. მე ისევ აქ ვარ, მაგრამ ორ-სამ დღეში შინ მივემგზავრები. მხოლოდ უძილობა მიჯდება ძვირად, სხვა მხრივ ყველაფერი ძალიან კარგადაა. რაც შემდგომ მოგზაურობას შეეხება, (ისე მგონი, იმ ერთმა მგზავრობამ უკვე გამომაცოცხლა), ჯერ ერთი - სიძვირე მაშინებს, მეორეც უკვე ზეცაც მაშინებს და ჯოჯოხეთიც. ყველაფრის მიუხედავად, სამყარო მაინც შეუცნობელია ჩემთვის. გულითადი სალამი თქვენი კ. როცა ჩვენი ბოლო ერთად ყოფნისას უცბად (მაგრამ არა, ჩემდა გასაოცრად!) გაქრი, იმის შემდეგ პირველად სექტემბერში გავიგე შენ შესახებ, ჩემთვის ისედაც მძიმე დროს. ამასობაში ივლისში ჩემთან დიდი რამ მოხდა - თურმე დიდი რაღაცებიც არსებობს! - მე ჩემი უფროსი დის დახმარებით ბალტიის ზღვაზე ვიყავი, მიურიცში. ეს იყო გზა პრაღიდან, დაკეტილი ოთახიდან ისევ გარეთ აღმოვჩნდი. თავდაპირველად ძალიან ცუდად ვიყავი... მიურიცში არდადეგებზე ჩამოსულ ბერლინელი იუდეველების კოლონას შევხვდი. ძირითადად აღმოსავლელი ებრაელები იყვნენ. ძალიან დავინტერესდი. ბერლინში გადასახლებაზე ფიქრიც კი დავიწყე. ჩემს ადრინდელ სურვილზე - პალესტინაში გავმგზავრებულლიყავი - ძლიერი ეს აღმოჩნდა. ბერლინში ან საერთოდ სადმე მარტო ცხოვრებაზე ფიქრიც კი წარმოუდგენლად მეჩვენებოდა ადრე. მიურიტცმა ამ მხრივ დაუჯერებელი დახმარება გამიწია (აქ გაიცნო კაფკამ თავისი ცხოვრების ბოლო თანმხლები დორა დიმანტი). აგვისტოს შუა რიცხვებში პრაღაში ჩავედი. ერთი თვე იქ დავრჩი. შემთხვევით სწორედ იქ გავიგე წერილების დაწვის შესახებ და მაშინვე მოგწერე, რომ შენთვის ტვირთი ჩამომეხსნა. გამოგზავნით არ გამომიგზავნია, რადგან შენგან პასუხი არ ვიცოდი. ეს წერილიც ბერლინში გამგზავრებამდე დავწვი. იმ სამ წერილზე, რომელთაც შე6 ახსენებ, დღემდე არაფერი ვიცი. რომელიმე მათგანი მიურუიტცში რომ მიმეღო, გვერდს ნამდვილად ვერ ავუვლიდი. სექტემბრის ბოლოს ბერლინში გავემგზავრე. გამგზავრებამდე სულ ცოტა ხნით ადრე მივიღე შენი წერილი. უკანასკნელი ძალების მოკრება დამჭირდა, რომ წავსულიყავი. ახლა აქ ვარ და არცთუ ცუდად, როგორც გეგონა. ბერლინის ქალაქგარეთ, პატარა ბაღიან ვილაში ვცხოვრობ. მგონი, ასეთი ლამაზი ბინა ჯერ არ მქონია. ისე შესაძლოა, მალე დავკარგო. მეტისმეტად ლამაზია ჩემთვის. უკვე მეორე ბინაა აქ. პრაღისაგან განსხვავებით საჭმელი არსებითად სხვანაირია, ყოველ შემთხვევაში, მე რასაც ვჭამ. ასევეა ჯანმრთელობის თვალსაზრისითაც. საერთო მდგომარეობა ასატანია. ისევ და ისევ ვერ ვბედავ, მიჭირს რამის თქმა. რაც ვთქვი, ისიც ბევრია. მოჩვენებები ყოველ სიტყვას ხარბად ისრუტავენ. არც შენ ამბობ ბევრს შენს წერილში. გამოცნობა კი მიჭირს. ჰოდა, კაცს სხვა რა დარჩენია, თუ არა შიში. ფ. საყვარელო მილენა! რამდენი ხანია წერილის ერთი ნაწილი აქ მიდევს და გაგრძელება ვერა და ვერ გამიბედავს, რადგან ძველმა ტანჯვებმა აქაც მომაკითხა, შემიპყრო და დამცა. ყველაფერი, ყოველი სიტყვის მოხაზვა დიდ ძალისხმევად მიჯდება, რაც ჩემს ძალებთან შედარებით მეტისმეტად გრანდიოზული მეჩვენება. ქვეშ რომ ვწერ გულითადი სალამი, ამ სალამს მართლაც აქვს ძალა, ამ ხმაურიან, ველურ, ნაცრისფერ ქალაქის ქუჩაზე რომ მოაღწიოს, სადაც მე და ჩემი შინაგანი მე ვეღარ ვსუნთქავთ. ასე, ვეღარაფერს დავწერ. უკეთეს ან უარეს დროს დაველოდები. ისე კი აქ კარგად ვარ შეყუჟული, მიწიერ შესაძლებლობებს მოცილებული. სამყაროდან ჩემს ყურამდე აღწევს ამბები, საშინელი გაძვირების თაობაზეც გავიგე. პრაღის გაზეთებს აქ არ ვიღებ, ბერლინური მეტისმეტად ძვირია. თუ გამომიგზავნიდით რამე ამონაწერს ნაროდნი ლისტიდან, როგორც ერთხელ, ახლაც ძალიან გამახარებდით. უკვე რამდენიმე კვირაა ამ მისამართზე ვარ: შტეგლიცი, გრუნევალდშტრასე 13, ბატო6 ჰ.ზაიფერტთან. ახლა კი საუკეთესო სალამი. რა იქნება, ბაღის კარს რომ მოადგეთ... იქნებ თქვენ უფრო გეყოთ საამისოდ ძალა? თქვენი კ. ბოლოსიტყვაობა ,,წერილების წერა მოჩვენებების წინაშე გაშიშვლებას ნიშნავს, რომლებიც ხარბად ელიან მათ. დაწერილი კოცნა, რა თქმა უნდა, არ მივა იმ ადგილამდე, ვისთვისაც გამიზნულია, უბრალოდ, აჩრდილების მიერ გზაშივე შთაინთქმება.” კაფკა მილენასადმი ფრანც კაფკამ მილენა ჯერ როგორც მთარგმნელი ისე გაიცნო (მილენა კაფკას ადრეულ მოკლე პროზას ჩეხურ ენაზე თარგმნიდა). შემდეგ, მათი ნაცნობობა ვნებიან სასიყვარულო ურთიერთობაში გადაიზარდა. ეს კარგად ჩანს მერანიდან მილენასადმი 1920 წელს მიწერილ წერილებში; დადგა მომენტი, როცა კაფკა მიხვდა, რომ ის გადაწყვეტილების მიღებაში თავისუფალი არ იყო და მას მერანიდან მიუნხენში ან პრაღაში,ან ბიომის ბადში დაბრუნება ისე აღარ შეეძლო,ვენაზე რომ არ გაევლო... რადგან მილენას სურდა ასე. მილენა ვენაში ქმართან ერთად ცხოვრობდა. თუმცა ეს კავშირი დიდი ხანია უკვე მყარი აღარ იყო. ამ დროს არც კაფკა ითვლებოდა თავისუფლად. ის დანიშნული იყო ფელიჩეზე. კაფკას დღიურები (1951 წელს მაქს ბროდის მიერ გამოცემული, ფიშერის გამომცემლობა) კარგად გვიჩვენებს ამ ურთიერთობის მთელ სიღრმეებს, სიხარულსა თუ ტანჯვას. ამ წერილებში ჩანს გულის შემძვრელი სასიყვარულო რომანი, მთელი თავისი ორგიებით, ეჭვებით, სულიერებით, თვითგვემით, დამცირებით. მილენა და კაფკა რამდენჯერმე კიდეც შეხვდნენ ერთმანეთს. მილენა წარმოშობით ჩეხური ოჯახიდან იყო, პრაღელი - ერთი იმათგანი, რომელთაც ჭეშმარიტი პატრიციები ეწოდებოდათ ჩეხეთში. მისი გვარი პრაღაში, მერიის წინ, ბრინჯაოს დიდ დაფაზე წერია იმის პატივსაცემად, რომ მისი წინაპარი ჩეხეთის პატრიოტი იყო. თვითონ მილენა ზოგჯერ მიანიშნებდა კიდეც, რომ ის მე-16-17 საუკუნის არისტოკრატი გახლდათ, სწორედ ისეთი გამოკვეთილი ხასიათით, სტენდალის ნაწარმოებებში რომ გვხვდება: ვნებიანი, მამაცი, ცივი, ჭკვიანი, მაგრამ ამასთანავე გრძნობებში და გადაწყვეტილებების მიღებისას დაუფიქრებელი. აი, ასეთი გახლდათ მილენაც. ეს დაუღალავი, ენერგიული, სიცოცხლით სავსე, კეთილშობილი ქალბატონი ყოველთვის მზად იყო, მეგობრისათვის დახმარების ხელი გაეწია, თუმცა, რაც გრძნობებს შეეხება, თავადაც არ მოითხოვდა ნაკლებს. ხოლო სიყვარულში, როგორი იყო მილენა - როგორც საყვარელი ან შეყვარებული, ამაზე ძნელია რამის თქმა, რადგან ყველა,ვინც მას იცნობდა, მკვდარია. ახალგაზრდობის უმეტესი წლები მას პრაღაში ჰქონდა გატარებული. მაშინ ის წარმოუდგენლად უსაზღვროდ ფლანგავდა - ფულს, გრძნობებს, საკუთარ ცხოვრებას. გრძნობებს კი, რომლებიც მას გააჩნდა და რომელთაც კი სხვებისგან ეზიარებოდა ხოლმე, ისე უყურებდა, როგორც საკუთრებას, რომლის თავისუფლად მართვაც შეეძლო. ალბათ ამიტომ უწოდებს მას კაფკა დედა მილენას და არცთუ უსაფუძვლოდ. ის თავის წერილებში წერს, მილენას აქვს ერთი ისეთი თვისება, რაც მას უბედურს არასდროს გახდისო. ალბათ ეს ასეცაა. ვკითხულობთ რა ამ თვითგვემისა და ტანჯვის, თფვითბრალდებისა თუ შიშის, სიტკბოებისა და ჯოჯოხეთური განცდების, სამყაროდან გაქცევის ამსახველ ეპიზოდებს, ამავდროულად არ შეიძლება, არ შევნიშნოთ, ზოგჯერ ის იუმორიც, რასაც კაფკა ამ სიტყვების მიღმა დებს, თუნდაც ბავშვობაში მათხოვრის ამბავი ან ურთიერთობა გამყიდველ გოგონასთან... თავდაპირველად მილენას ალბათ სულაც არ სურდა კაფკას, როგორც კაცის, მოხიბვლა, უბრალოდ ის თაყვანს სცემდა მას, როგორც მწერალს და უნდოდა მის სულიერ სამყაროში შეღწევა, ჩაწვდომა. მას უყვარდა, მაგრამ, ამავე დროს, იტანჯებოდა კიდეც, რადგან გრძნობდა, თვით კაფკაც იტანჯებოდა. მილენამ იცოდა, რომ წერილები - ეს ერთადერთი საშუალება იყო, რითაც შეეძლო კაფკასთან საუბარში შეჭრილიყო. მასთან ერთად მოჩვენებასავით ეხეტიალა ვენის გარეუბნის სასტუმროებსა თუ ზაფხულის მდელოებზე, ტყეებში... სრულიად მოულოდნელად მილენასაც აღმოაჩნდა ფილტვების დაავადება, მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ კაფკას ჰქონდა - უფრო სწორად მილენამ დაავადება ისე მძაფრად წარმოისახა, თითქოს უკვე პირიდან სისხლს იღებდა კიდეც. ამ წერილებიდან აშკარად ჩანს, რომ მილენა ამ დაავადებით სატანჯველად ნამდვილად არ იყო განწირული. კაფკას წერილებში უთუოდ უნდა გამოვყოთ ორი სიმბოლური წერილი. ერთი - მილენას სახლის წინ (ამ სიზმრით კაფკასთვის ცხადი გახდა, რომ ის უნდა გამგზავრებულიყო ვენაში მილენასთან); მეორე წერილში - აღწერილია სიზმარი, სადაც ის და მილენა ერთიმეორეში გადაიზარდნენ და ერთდროულად იწვოდნენ, თან ცეცხლს აქრობდნენ (ეს სიზმარი კი ამ სასიყვარულო ამბის დასასრულს თითქოს წინასწარ განჭვრეტს); კაფკას ამ წერილებშიც აშკარად ჩანს მისი უკმაყოფილება ამ სამყაროსადმი, კაფკას გენია, სამყაროსაგან გარიყვა, ტანჯვა, თვითგვემა, ზიზღი, დაბოლოს, ნამდვილად მომაკვდინებელი შიში, რაც ასე სტანჯავდა მთელი ცხოვრება. აქვე უნდა გამოიკვეთოს ერთი წერილი, სადაც კაფკა გაკვრით აღნიშნავს ვიღაცაზე: უნდა გამოგიტყდე, რომ ერთხელ ვიღაცის ძალიან მშურდა, ქუდბედიანი იყო, მისი ყველას ესმოდა, უყვარდა. სულ ყვავილებს უფენდნენ ფეხქვეშ. შურით ვსკდებოდი. კაფკამ ეს შესაშური ბედნიერება თავისი ცხოვრების ბოლოს მაინც პოვა,ვიდრე ის მარადიული ყვავილების ქვეშ განისვენებდა. მისი სიცოცხლის ბოლო წლები უფრო ბედნიერი და მშვიდი იყო, ვიდრე ცეცხლოვანი თუ ჩამქრალი ვნება მილენასადმი. რაც შეეხება მილენას ბოლო წლებს, ამას ქალბატონ მარგარიტა ბუბერ ნოიმანის მოგონებებიდან ვიგებთ: მარგარიტა ბუბერ-ნოიმანი მოხიბლული იყო მილენათი. ისინი ერთად ისხდნენ რავენსბრიუკის საკონცენტრაციო ბანაკში. მარგარიტა ბუბერ-ნოიმანი მილენას მომაჯადოებელმა ხიბლმა ისევე, როგორც ყველა დანარჩენი, მონუსხა. მოგვიანებით, როცა მილენა უკვე აღარ იყო ახალგაზრდა და ცოტა გასუქდა კიდეც, მაშინაც შეინარჩუნა ეს ხიბლი. აი, რას გვიამბობს ქალბატონი ბუბერ-ნოიმანი: მილენა და მე პირველივე წუთიდან დავმეგობრდით და სიკვდილამდე მეგობრებად დავრჩით. საოცრად დაგვაახლოვა ბანაკში ერთად გატარებულმა ოთხმა წელმა. მადლობელი ვარ განგების, რომ რავენსბრიუკში მომახვედრა, სადაც მილენას შევხვდი. ის დაავადებული მოიყვანეს დრეზდენის ციხიდან. ეგონა, ეს იყო რევმატიზმი. ხელები სულ დასიებული ჰქონდა, საშინლად სტკიოდა. ბანაკის გაუსაძლის ყოფაში სიცივისაგან აცახცახებული, პლედის ქვეშაც ვერ თბებოდა. მაგრამ ის ძალიან ძლიერი ქალი იყო. მილენა სულით პატიმარი არასოდეს გამხდარა. არც არასოდეს გახდებოდა გახევებული, გაბოროტებული... მას ავადმყოფობის გამო გაზის კამერა და კრემატორიუმი ემუქრებოდა. მაგრამ ასეთ სიკვდილს გადაურჩა. მილენა გარდაიცვალა 1944 წლის 17 მაისს, თირკმლის ოპერაციით, რომელიც როგორც ჩანს, უკვე დაგვიანებული იყო. მისი სიკვდილის შემდეგ ჩემმა ცხოვრებამაც აზრი დაკარგა, - წერდა ბუბერ-ნოიმანი. …
დაამატა Kakha to ლიტერატურა at 3:57pm on დეკემბერი 14, 2018
თემა: გარდაცვალების საიდუმლო (ნაწილი IV)
მარება ამქვეყნად მცხოვრებთაგან. თუ მიწიერ სიცოცხლეში მეფის მეგობარს შეუძლია იშუამდგომლოს მის წინაშე სასჯელმისჯილის დასახმარებლად, ამგვარადვე თუ ადამიანი „ღვთის მეგობარია“, შეუძლია ითხოვოს უფალთან, მისჯილთა სულების ერთი „საპატიმროდან“ მეორეში, შედარებით უკეთესმი გადაყვანა, რათა ისინი ერთი საკნიდან სხვაში საცხოვრებლად უფრო მოხერხებულში მოთავსებულ იქნან. შეიძლება თხოვნა იმისთვისაც, რომ გადაყვანა მოხდეს საკნიდან რომელიღაც ოთახშიაც ან ბინაშიაც. ღმერთს სურს დაეხმაროს მიცვალებულებს, რადგან ტკივილს განიცდის მათდამი, მაგრამ არ აკეთებს ამას იმის გამო, რომ კეთილშობილება აქვს, არ უნდა, რომ მისცეს უფლება ეშმაკს, რათა მან თქვას: როგორღა უნდა იხსნა ეს ცოდვილი, როცა ის ამ კუთხით საერთოდ არ შრომობდა, საქმიანობდა? თუმცაღა უკვე მიცვალებულისთვის ლოცვისას ჩვენ ვაძლევთ უფალს ჩარევის „უფლებას“. უნდა ითქვას, რომ უფრო მეტად ალბობს უფლის გულს ჩვენი ლოცვები მიცვალებულთათვის, ვიდრე ცოცხლებისათვის აღვლენილი ვედრება. ამიტომაც ჩვენმა ეკლესიამ დაადგინა საკურთხის კურთხევა, სელის მოსახსენიებელი მსახურებები, პანაშვიდის გადახდა.        მიცვალებულთა სულის საოხად ჩატარებულ მსახურებებს იმხელა ძალა აქვს, რომ მას შეუძლია ადამიანის სულის გამოხსნა ჯოჯოხეთიდან. ერთ-ერთი ეკლესიური ქალბატონი იხსენებს: „გარდაცვლილი პროფესორი, გეოლოგი სამოილოვი ჩემი შორეული ნათესავი იყო, თავისი სპეციალობით იგი ძალიან ცნობილი, შეიძლება ითქვას გამოჩენილიც კი გახლდათ. მას კარგა ხანია ვიცნობდი, მის ძმასაც, ასევე ცნობილ ფიზიოლოგ-პროფესორსაც. ორივე ძმა ძალიან განათლებული, ჭკვიანი იყო, მაგრამ, ამასთან, გამოირჩეოდა ურწმუნოებითაც.        1929 წ-ს განსვენებული პროფესორი გეოლოგი საზღვარგარეთ ფოსფატებისადმი მიძღვნილ გეოლოგთა ყრილობაზე მიემგზავრებოდა.        საღამოს იგი მეუღლესთან და მეგობართან ერთად მომავალი მოგზაურობის შესახებ მსჯელობდა. სტუმრის წასვლის შემდეგ მოულოდნელად ცუდად შეიქნა და რამდენიმე წუთში გულის შეტევის გამო სული დალია. ცოლმა ნაცნობ-მეგობრებს ტელეფონით მომხდარი ამბავი შეატყობინა.        მე მათკენ გავეშურე. გარდაცვლილის მეუღლე დარდისაგან ცოცხალ-მკედარი დამხვდა, მის საწოლზე კი შევნიშნე პატარა ხატის გამოსახულება. შევჩერდი, პირჯვარი გადავსახე მიცვალებულს და გულდამძიმებული წამოვედი უკან. ვიცოდი, რომ ეკლესიურად წესის აგების გარეშე დაკრძალავდნენ მას.        მეორე დღეს ეკლესიაში მივედი და საღამოს მსახურებაზე გადავეცი მისი სახელი სულის მოსახსენიებლად. ვიყავი დასაფლავებაზეც. ეს დასაფლავება ჩემთვის მძიმე გახლდათ. სუფევდა საზეიმო განწყობა, ბევრი მეცნიერი, სტუდენტი ესწრებოდა. კუბო გვირგვინებმი ჩაფლულიყო. დასაფლავებას ხელმძღვანელობდა გარდაცვლილის 2 ასისტენტი, მათი სახეები კარგად დამამახსოვრდა. ეს სახლში ხდებოდა.        როდესაც გარდაცვლილთან გამოთხოვების დრო დადგა, მხოლოდ მე ერთმა გადავიწერე პირჯვარი და მასაც გადავწერე, ამასთან ვგრძნობდი, რომ ასეთი საქციელი აქ თითქოსდა უადგილო გახლდათ. მაგრამ მე მასთან გამომშვიდობება არ შემეძლო სხვანაირად. ნოვოდევიჩის სასაფლაოზე არ წავსულვარ, არ მინდოდა მესმინა გარდაცვლილის საქებარი სიტყვები მისთვის ლოცვის მაგივრად.        ორი დღის შემდეგ მნიშვნელოვანი სიზმარი მესიზმრა: მაგიდას ორი ძმა პროფესორი, სიცოცხლეში ძალიან დაახლოვებულები უსხედან. და აი, მეც შევედი მათთან. მაშინ გარდაცვლილი ძმას მხარზე ხელს კიდებს, აცილებს და ეუბნება: „წადი, დაისვენე“. შემდეგ მე მიბრუნდება და მავედრებელი ტონით მთხოვს მისთვის მეტად აუცილებელი და საჭირო ქაღალდის ხელში მიცემას.        მაშინვე მივხვდი, რომ იგი წესის აგებას ითხოვდა და შენდობის ლოცვის იმ ქაღალდს, რომელიც წესის აგების შემდგომ მიცვალებულს ხელში აქვს. მაგრამ ჩემთვის იმდენად ცხადი იყო მისი მტკიცე და შეუვალი ურწმუნოება, რომ ჩემი პასუხი მის მიმართ საკმაოდ ცივი გახლდათ.        - თქვენ ხომ არ გწამთ გარდაცვალების შემდგომი ცხოვრებისა, რისთვის გჭირდებათ ეს ქაღალდი მანდ? - მან მაშინვე ცოცხლად მიპასუხა:        - მე ცოცხალი ვარ, ცოცხალი, გაიგეთ, ისევე ცოცხალი, როგორც თქვენ ხართ. მომეცით ჩემი ქაღალდი, მჭირდება მე იგი აქ.        ამ დროს ოთახში ის ორი ასისტენტი შემოვიდა, რომლებიც ხელმძღვანელობდნენ მის გასვენებას. მასთან მივიდნენ და მოწიწებით მოახსენეს, რომ შედგება მისი, როგორც გამოჩენილი პროფესორის სამეცნიერო მოღვაწეობის ხსოვნისადმი მიძღვნილი სხდომა, იქ კი ცხოველურ უჯრედზე მისი ნაშრომების შესახებ წაკითხულ იქნება სხვადასხვა მოხსენება. ასისტენტები თანდათან უახლოვდებოდნენ, მაგრამ იგი მათ თავიდან იშორებდა და იძახდა: ჩემთვის ეს ახლა არც მნიშვნვლოვანია და არც არაფერში მჭირდება, - შემდეგ კი ისევ მე მომიბრუნდა და კვლავ მომთხოვა მისთვის საჭირო და აუცილებელი ქაღალდი მიმეცა.        აქ გამომეღვიძა. ჩემთვის სრულიად ცხადი იყო, რომ იგი დაუსწრებლად წესის აგებას ითხოვდა. მაგრამ მე ამის გაკეთების სურვილი არ მქონდა. ვფიქრობდი, რომ ეს ეკლესიური ლოცვა რახან არ შესრულდა, ეს მისი ბრალიც გახლდათ. მაგრამ პროფესორის ცოლთან მისვლა და ჩემი სიზმრის შესახებ მოყოლა, სულმოკლეობის გამო, არ მწადდა. ვიხსენებდი რა იმ ორი ასისტენტის სიტყვებს, რომ ცხოველური უჯრედის შესახებ პროფესორის შრომებბე იქნება ლაპარაკი, ვცდილობდი ამით თავი დამერწმუნებინა, რომ ჩემს სიზმარს მნიშვნელობა არ ჰქონდა. მაგრამ ეს სიზმარი მოსვენებას მაინც არ მაძლევდა და ჩემს სულიერ მოძღვარს მოვუყევი ყველაფერი, რომლის რჩევითაც გადავწყვიტე წესის აგება და ქვრივის მონახულება. ოჯახში ყველას მოვუყევი ამ ცხოველური უჯრედის შესახებ, რომელსაც ჩემი აზრით, გეოლოგიასთან საერთო არაფერი ჰქონდა.        გარდაცვლილის ქვრივს მოვუყევი ჩემი სიზმარი და ვაუწყე, რომ ვაპირებდი მისი ქმრისთვის დაუსწრებლად ამეგო წესი იმ ტაძარში, სადაც ჩემი სულიერი მოძღვარი მსახურობდა. იგი ატირდა, მადლობა გადამიხადა და დამპირდა, რომ წესის აგებას დაესწრებოდა. მას აშფოთებდა ხარჯი, მაგრამ ყველაფერი გაკეთდა უფასოდ და ძალიან კარგად, მონაწილეობით გუნდისა. მიცვალებულის სულის საოხად წაიკითხეს ლოცვა, მან მიიღო თავისი ქაღალდი, მე კი ვიგრძენი სულიერი შვება.        ამ ამბიდან თვენახევრის შემდეგ გამომიგზავნეს სამგლოვიარო კონვერტი: მოსაწვევი ბილეთით სხდომაზე, რომელიც განსვენებული პროფესორის ხსოვნას ეძღვნებოდა. წასვლა არ მინდოდა, ვინაიდან გეოლოგიაში არაფერი გამეგება, მაგრამ ქმარმა დამიყოლია. რადგან განსვენებულის ცოლს, რომელმაც მოსაწვევი გამოგვიგზავნა, შესაძლოა სწყენოდა.        წავედით პოლიტექნიკურ მუზეუმში; კედელს უზარმაზარი პორტრეტი ამშვენებდა. დაიწყო მოხსენებები. მე უყურადღებოდ ვუსმენდი, ჩემამდე ცოტა რამ თუ დადიოდა. მინდოდა გარდაცვლილისთვის მელოცა, მახსენდებოდა მისი სიტყვები, რომ მიწიერი საქმეები და ცხოვრება მას უკვე არ სჭირდებოდა. თვით ჩემი სუსტი ლოცვაც კი მისთვის უფრო საჭირო იყო. ვიდრე ის, რაც იქ ხდებოდა.        და აი, კათედრაზე ავიდა ერთ-ერთი იმ ასისტენტთაგანი, რომელიც დამესიზმრა, მას მეორეც მიჰყვა, - ისინი მეცნიერების წინაშე მისი დამსახურების შესახებ საუბრობდნენ. და რა? ორივემ ცხოველურ უჯრედზე მისი შრომების შესახებ დაიწყო მოხსენება. გაირკვა, რომ მან გააკეთა აღმოჩენა, რომ ურალის ქედის გასწვრივ მდებარე მთები ზღვის ნიჟარების ნარჩენებისგან შედგება, ვინაიდან წინათ იმ ადგილებში გახლდათ ზღვა. ეს მისი დამსახურება იყო, იქ ცხოველური უჯრედის აღმოჩენა.        გამაცია, როცა ვუსმენდი ამ მოხსენებას. მე ხომ სულ ამ ცხოველურ უჯრედს ვეყრდნობოდი, როცა წესის აგება არ მინდოდა. ამის შესახებ კი თვენახევრით ადრე მეუწყა. ცუდად ვიგრძენი თავი და ქმარმა სახლში წამიყვანა, მომხდარით შეძრული. ეს საღამო არ დამავიწყდება.        თუ რა სარგებლობა მოაქვს ჯოჯოხეთში მყოფ სულთათვის როგორც პირად, ისე საზოგადო ლოცვებს, ვედრებას, აღწერილია წმინდანთა, ქრისტიან მოღვაწეთა ცხოვრებაში, ასევე თხზულებებში წმიდა მამათა. მაგალითად, წმინდა მოწამე პერპეტუას (III ს.) ცხოვრებიდან ვიგებთ, თუ მისთვის ავსებული წყალსატევის საშუალებით თავისი ძმის, დემოკრატეს, ხვედრი გამხელილი როგორ იქნა. წყალსატევი იმდენად მაღლა იყო, რომ წმინდანის ძმა იმ უსუფთაო და აუტანლად ცხელი ადგილიდან, სადაც ის იყო დატყვევებული, ვერაფრით ვერ ახერხებდა, მიწვდომოდა მას. დის მთელი დღეღამის გულმხურვალე ლოცვის შედეგად მან წყალსატევამდე მიღწევა შეძლო და წმ. პერპეტუამ იგი ნათელ ადგილას მყოფი იხილა. ამ ჩვენებით წმინდანი მიხვდა, რომ მისი ძმა სასჯელისგან განთავისუფლდა.        მსგავს ამბავს ვხვდებით უკვე ჩვენი დროის, მეოცე საუკუნეში მცხოვრები მონაზვნის (ანასტასია ლოგაჩევას) ცხოვრებიდან. მან გულმხურვალე ლოცვით თავისი ძმის გულისათვის, რომელმაც სიმთვრალეში თავი ჩამოიხრჩო, შეიძლება ითქვას, ნამდვილი გმირობა ჩაიდინა. მონაზონი რჩევის საკითხავად დივეევის მონასტერში მცხოვრებ ნეტარ პელაგიასთან მივიდა და ჰკითხა, თუ რა შეეძლო უბედური ძმის საიქიო ხვედრის შესამსუბუქებლად გაეკეთებინა. ბჭობის შედეგად გადაწყდა ასეთი რამ: ანასტასია თავის სენაკში უნდა ჩაკეტილიყო, ემარხულა და ძმისთვის ელოცა, ყოველდღე 150-ჯერ ჩაეკითხა ღვთისმშობლის ლოცვა. ღვთისმშობელო, ქალწულო გიხაროდენ... ორმოცი დღის შემდეგ ანასტასიამ ღრმა უფსკრული დაინახა, რომლის ძირშიაც სისხლიანი ლოდივით იდო რაღაც და ზედ ორი კისერზე ჯაჭვმობმული ადამიანი იწვა. მათგან ერთ-ერთი მონაზვნის ძმა გახლდათ. როცა ანასტასიამ ხილვის შესახებ ნეტარ პელაგიას მოეთხრო, მან ლოცვის და მარხვის კვლავ გაგრძელება ურჩია. ორმოცი დღის გასვლის შემდეგ დამ იგივე უფსკრული იხილა ლოდზე მიჯაჭვული ორი ადამიანით, მხოლოდ ახლა მისი ძმა ადგა, გაიარ-გამოიარა, შემდგომ ისევ დაეცა ლოდზე და მიეჯაჭვა მას. ნეტარი პელაგიას რჩევით, ანასტასიამ იგივე ღვაწლი მესამედ იტვირთა. შემდგომი ორმოცი დღის გასვლისას დამ ისევ ნახა უფსკრული ლოდით, მაგრამ მასზე დარჩენილი მარტოოდენ ერთი კაციღა გახლდათ, მისი ძმა კი თანდათანობით შორდებოდა ლოდს და მალე იგი თვალს მიეფარა. ლოდზე დარჩენილი კი ამბობდა: „რა კარგია, რომ მიწაზე ასე მხურვალედ მლოცველნი გყავს“. ამის შემდეგ ნეტარმა პელაგიამ თქვა: განთავისუფლდა შენი ძმა წამებისაგან თუმცაღა ნეტარება არ მიუღია.        ასეთი შემთხვევები მართლმადიდებელ წმინდანთა, მოღვაწეთა ცხოვრებაში მრავლადაა. თუ ვინმე ამგვარ ჩვენებათა პირდაპირ აღქმას მოინდომებს, მან უნდა იცოდეს, რომ სახე, რომელიც აქვს ამ დროს ხილვებს (ჩვეულებრივ სიზმრებში) - აუცილებლად სულის იმქვეყნიური მდგომარეობის ფოტოგრაფიულ სურათს კი არ წარმოადგენს, არამედ ისინი უფრო ხატია იმისა, თუ მიწაზე დარჩენილთა ლოცვებით როგორ უმჯობესდება სულის საიქიო ყოფა.        თუ რამდენად მნიშვნელოვანია განსვენებულთა მოხსენიება წირვის დროს, ეს შეიძლება დავინახოთ შემდეგი შემთხვევებიდან: ჯერ კიდევ მანამ, სანამ წმიდა თეოდოსი ჩერნიგოველის სახელი ხალხისთვის ცნობილი გახდებოდა, მღედელ-მონაზონ ალექსის, რომელიც განსვენებულის ცხედართან იჯდა, ჩათვლემისას ასეთი ხილვა ჰქონდა: მას წმინდანი გამოეცხადა და უთხრა: მადლობელი ვარ ჩემთვის გაწეული ამაგისთვის, მაგრამ, ამასთან, ერთი თხოვნაც მექნება შენთან, ლიტურგიის გადახდისას ჩემი მშობლებიც მოიხსენიოო ეგება. წმინდანმა ბერს თავისი მშობლების სახელები ამცნო (მარიამი და ნიკიტა). მანამდე მათი სახელები არავინ იცოდა. მხოლოდ წმინდანის კანონინაციიდან რამდენიმე წლის შემდეგ მონასტერში, სადაც წმ. თეოდოსი წინამძღვრად მსახურობდა, მისი მოსახსენიებლის პოვნით იქნა დადასტურებული ნათქვამ სახელთა ჭეშმარიტება. „შენ, წმინდანი, თავად ღვთის ტახტთან მდგომარე, მადლით რომ აცისკროვნებ ადამიანებს, მე როგორ მთხოვ ლოცვას?“ - ჰკითხა მღვდელ-მონაზონმა მას. „ეს მართალია, - უპასუხა წმინდა თეოდოსიმ, - მაგრამ განსვენბულთათვის ლიტურგიის დროს შესაწირავის შეწირვა ჩემს ლოცვაზე მეტად ძლიერია“.        ამიტომაც, მართალია, სასარგებლოა მიცვალებულთათვის პანაშვიდის გადახდა, შინ ლოცვაში მოხსენიება, მათ სახელზე გაკეთებული კეთილი საქმეები, მოწყალების გაღება ან ეკლესიისათვის შესაწირავის შეწირვა, მაგრამ განსაკუთრებით კარგია მათთვის წირვაზე მოხსენიება. ამაზე მიუთითებს მიცვალებულთა მრავალი გამოცხადება, ამასვე ადასტურებს სხვადასხვა მოვლენა. ამით ბევრ იმქვეყნად სინანულით წასულ ადამიანს, სიცოცხლეში რომ ვერ მოუხერხებია მისი გამოხატვა, შემსუბუქებია საიქიო ხვედრი, განთავისუფლებულა ტანჯვისგან. ეკლესიაში მუდმივად აღევლინება ლოცვები მიცვალებულთათვის, მაგრამ სულთმოფენობის დღეს, მუხლმოყრილი ლოცვისას განსაკუთრებით ჯოჯოხეთში მყოფ სულთათვის ევედრებიან.        წმ. გრიგოლი დიდი, პასუხობს რა თავის საუბრებში კითხვას - შესაძლებელია თუ არა რითიმე სულთათვის სარგებლობის მოტანა? - გვასწავლისა დიდი სარგებლობა მოაქვს ამ დროს მაცხოვრის წმინდა მსხვერპელთშეწირვას. იმ თვალსაზრისით, რომ მიცვალებულთა ცოდვები მომავალ ცხოვრებაში მიტევებულ იქნას. ამიტომაც არის. რომ ზოგჯერ გარდაცვლილთა სულები თავისთვის ითხოვენ ლიტურგიის ჩატარებას. რა თქმა უნდა, უმჯობესი იქნება თუ თავადვე ვიზრუნებთ ამ ცხოვრებაში იმაზე, რასაც ველით ჩვენი სიკვდილის შემდეგ სხვისგან. სჯობს, თავისუფლებამოპოვებულები წარვდგეთ ღვთის წინაშე, ვიდრე ბორკალდადებულებმა ვეძიოთ იგივე თავისუფლება.        წმ. გრიგოლის მიცვალებულთა ცოცხლად გამოცხადების რამდენიმე მაგალითი მოჰყავს, რომლის დროსაც ისინი ლიტურგიის ჩატარებას ითხოვდნენ თავისთვის ან კიდევ ამისთვის იხდიდნენ მადლობას. ტყვე, ვისაც ცოლი დაღუპულად თვლიდა და მისთვის წირვას უკვეთავდა განსაზღვრულ დღეებში, ტყვეობიდან დაბრუნების შემდეგ ასეთ რაღაცას მოჰყვა: თურმე მას ზოგჯერ ჯაჭვებისგან ათავისუფლებდნენ და აღმოჩნდა, რომ ეს ხდებოდა იმ დღეებში, როცა მისთვის ტარდებოდა ლიტურგია.        განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მიცვალებულთა მოხსენიება პირველი ორმოცი დღის განმავლობაში სულის სხეულიდან გაყრისას. აქედან კი კიდევ უფრო მეტად გამოსაყოფია მეორმოცე დღე, როცა ზეციერ სამსჯავროზე ხდება სულის ადგილსამყოფელის დადგენა. როდესაც კაცი საპატიმრთში ხვდება, განა დასაწყისში უფრო მძიმე არ არის მისთვის იქ გაძლება, ასევეა მაშინაც, როცა ჩვენ ამ ცხოვრებიდან მივდივართ. განაჩენის გამოტანისას ხომ კიდევ უფრო მნიშვნელოვანია მხარდაჭერა, გვერდში დადგომა.        როგორც მამა პაისი აღნიმნავს, მიცვალებულთა სულის საოხად ასევე მეტად მნიშვნელოვანია მიწაზე დარჩენილ მათ შთამომავალთა, ახლობელთა სწორი საქმიანობა, ღვთისთვის სათნო მოღვაწეობა. „უფრო სასარგებლო ყველა სახის მოხსენიებასა და სულის საოხად ჩატარებულ მსახურებაზე, წერს იგი, გახლავთ ჩვენი გულისხმიერი ცხოვრება, ის ბრძოლა, რომელსაც ვეწევით საკუთარი ნაკლოვანებების შესასუსტებლად, გამოსასწორებლად, განსაწმენდად სულისა. შედეგი მატერიალური და სულიერი ვნებებისგან ჩვენი თავისუფლებისა იქნება არა მხოლოდ ის, რომ თვითონ შევიგრძნობთ მდგომარეობის შემსუბუქებას, არამედ გაუმჯობესებას იგრძნობენ წასული წინაპრებიც მთელი ჩვენი გვარისა. ისინი სიხარულს განიცდიან თუ მათი შთამომავალი იმყოფება უფალთან ახლოს, ხოლო თუ ჩვენი სულიერი მდგომარეობა არაკეთილსახოვანია, მაშინ ჩვენი იმქვეყნად წასული მშობლები, პაპები თუ დიდი ბაბუები, ყველა სხვა წინაპარი საკმარისად იტანჯებიან: „ნახე ერთი, როგორ ცხოვრობს ჩვენი შთამომავალი“, - ამბობენ ისინი და მათი განწყობა გაუარესებულია. მაგრამ თუ ჩვენი სულიერი ყოფა წარმატებულია, ისინი სიხარელს განიცდიან, რადგან ჩვენი გაჩენისას ერთგვარად მათაც ხომ ითანამშრომლეს უფალთან. ამიტომ გარკვეული თვალსაზრისით ღმერთი თითქოს ვალდებულიცაა დაეხმაროს მათ“.        ეკლესიური გაგებით მაცხოვრის მეორედ მოსვლამდე ჯერ კიდევ არის შესაძლებელი იმქვეყნად ადამიანის ხვედრის, ადგილსამყოფელის, მდგომარეობის შეცვლა, შემდეგ კი უკვე საბოლოოდ ხდება მისი იქაური ადგილის დადგენა. „საყოველთაო სასამართლოზე“, როგორც მამა პაისი აღნიშნავს, უცბად გამჟღავნდება თუ თითოეული კაცი რა მდგომარეობაში იმყოფება. ყველა წავა იმ ადგილას, რისი ღირსიცაა. როგორც ტელევიზორში, ისე დაინახავს საკუთარ უზნეობასაც და სხვის შინაგან მდგომარეობასაც. ადამიანი სარკეში რომ ჩანს, ისე წარმოჩნდება და თავჩაღუნული გაეშურება თავის გამოყოფილ ადგილას. ვთქვათ თუ რძალი მიწიერ სიცოცხლეში იჯდა ფეხი-ფეხ გადადებული, დედამთილი კი კოჭლობით თავის შვილიშვილზე, მის შვილზე ზრუნავდა, საყოველთაო სამსჯავროზე რძალი დაინახავს თუ როგორ განუკუთვნებს მაცხოვარი მისი ქმრის დედას სამოთხეს, მას კი ეს არ ეღირსება. იგი ვერაფერს იტყვის საწინააღმდეგოს, ვერაფერს კითხავს უფალს, თუ რატომ ხდებაო ამგვარად, რადგან მთელი თავის მიწიერი ყოფის სურათი თვალწინ დაუდგება მას. კარგად ემახსოვრება, დედამთილი დაზიანებელი ფეხით როგორ უვლიდა თავის შვილიშვილს და ვერ გაბედავს სამოთხეში შესვლას. ბერები, მონაზვნებიც დაინახავენ იმ სირთულეებს, სიძნელეებს, რაც გადაჰქონდა საერო ხალხს. შეხედავენ როგორ უძლებდნენ, ლახავდნენ მათ. თუ ღვთისმსახურნი ცხოვრობდნენ არასწორად, მაშინ თავჩაქინდრულნი თავად წავლენ იმ ადგილას, რისი ღირსნიც არიან. მონაზვნები, რომლებიც არასათნო ეყვნენ უფალს, საყოველთაო სამსჯავროზე დაინახავენ გმირ დედებს, რომელთაც მართალია არ დაუდიათ მონაზვნური აღქმა, არ ჰქონიათ ღვთის ის კურთხევა, ხელშემწყობი პირობები, რაც მონასტრის დებს აქვთ, მაგრამ მიუხედავად ამისა, გმირობა ჩაიდინეს და მიაღწიეს მაღალ სულიერ მდგომარეობას. ამის შემყურე როგორ შერცხვებათ თავის მეწვრილმანეობის, მდაბალი ბუნების გამოვლენა, რასაც ამჟღავნებენ ისინი და რის გამოც თავადვე იტანჯებოდნენ აქ. ვფიქრობ, ამბობს მამა პაისი, საყოველთაო აღდგომა ამდაგვარად იქნება, მაცხოვარი არ იტყვის „იქ წადი, რა ჩაიდინე მანდ“ ან „შენ ჯოჯოხეთში წახვალ, შენ კი იქნებიო სამოთხეში. არა თითოეული შეადარებს რა საკუთარ თავს სხვას, თავადვე მიაშურებს იმ ადგილს, რაც კი მან თავის ამქვეყნიერი ყოფით დაიმსახურა“.        ბევრისთვის ერთ-ერთი მეტად ძნელად გასაგები საკითხია ის, თუ რატომ უშვებს უფალი პატარა ბავშვების, უმანკო ყრმების ან კიდევ იმ ადამიანთა ნაადრევ სიკვდილს, დაღუპვას, ვინც თავისი კეთილსახოვანი ხნით, ცხოვრებით გამოირჩევა. აქაც ეკლესიური კუთხით ერთ-ერთ ყველაზე გასაგებ, ამომწურავ პასუხს მამა პაისი ათონელი იძლევა: „ჯერ არავის დაუდია ხელშეკრულება ღმერთთან, თუ როდის უნდა წავიდეს იმქვეყნად. ღმერთს გაჰყავს თითოეული ადამიანი ამ სოფლიდან მისთვის ყველაზე შესაფერის ჟამს, თან გაჰყავს განსაკუთრებელი, მისთვის საჭირო ხერხითაც, ისე, რომ მისი სული იხსნას. თუ იგი ხედავს, რომ ადამიანი შემდგომმი უკეთესი გახდება. მაშინ ცოცხალს ტოვებს მას. მაგრამ თუ დაინახავს, რომ უარესობისკენ წავა, მიჰყავს რათა ის იხსნას. სხვები კი, რომლებიც ეწევიან ცოდვილ ცხოვრებას - მაგრამ აქვთ მისწრაფება, განწყობა სიკეთის ქმნისა - მიჰყავს თავისთან ჯერ კიდევ მანამ, სანამ კეთილ საქმეს იქმნიან. ღმერთი ამას უშვებს მისთვის, რომ იცის ეს ხალხი სიკეთეს ჩაიდენდა თუ ამის ხელშემწყობი საშუალება ექნებოდა. ე.ი. ეს იგივეს ნიშნავს, რომ უფალი ეუბნება მათ: „ნუ გაირჯებით“. საკმარისია თქვენი ის კეთილი განწყობა, მომართვა, რომელიც გაქვთ“. ხოლო ზოგიერთი კი ასევე მეტად კარგი, მიჰყავს თავისთან იმიტომ, რომ სამოთხეში ყვავილის კოკრებიც საჭიროა.        რა თქმა უნდა, გარდაცვლილი პატარის მშობლისთვის, ახლობლისთვის ეს ადვილი გასაგები არაა. როცა ბავშვი კვდება, ქრისტეს მიჰყავს ის, როგორც თითქოსდა ანგელოზი პატარა, მშობლები კი ქვითინებენ და გულში ხელს იცემენ მაშინ, როცა უნდა სიხარული განეცადათ. არადა, რა იციან, რა გამოვიდოდა მისგან, როცა იგი გაიზრდებოდა? მოახერხებდა კი სულიერად ხსნას. როცა 1924 წელს ჩვენ მცირე აზიიდან ხომალდით მივემგზავრებოდით, ჯერ კიდევ ჩვილი ვიყავ. გემზე ბევრი ლტოლვილი გახლდათ და გემბანზე შეხვეული ვეწვინე დედას. ერთმა მეზღვაურმა შემთხვევით ფეხი დამაბიჯა. დედამ იფიქრა, რომ დავიღუპე და ტირილი დაიწყო მან. ერთმა ქალმა ჩვენი სოფლიდან ჩვრები გახსნა, რაშიც შეხვეული ვიყავი და დარწმუნდა. რომ არაფერი მომსვლოდა. მაგრამ მაშინ რომ მოვმკვდარიყავი, სამოთხეში ვიქნებოდი ნამდვილად. ახლა კი ამდენი წლის ვარ, ვიღვაწე ამდენ ხანს, მაგრამ მოვხვდები თუ არა სასუფეველში, დარწმუნებული ახლაც არ ვარ. თუ ღმერთი ხედავს, რომ ბავშვი ასცდებოდა სწორ გზას, უფსკრულისკენ მიექანებოდა და ხსნის სხვა საშუალება არ არსებობდა, ის თავისთან მოულოდნელი სიკვდილით მიჰყავს მას. დავუშვათ, უფალი უშვებს მთვრალმა მძღოლმა მანქანით გაიტანოს პატარა და ამგვარად გაჰყავს ამ წუთისოფლიდან. შესაძლებელი რომ ყოფილიყო, ბავშვი უკეთესი გამხდარიყო, მაშინ ღმერთი ხელს შეუმლიდა უბედურ შემთხვევას. შემდეგ მძღოლს გასდის სიმთვრალით გაბრუება, გონს მოდის და სინდისი ქენჯნის მთელი დარჩენილი ცხოვრება. „დანაშაული ჩავიდინე“, - ამბობს ის და სულ ევედრება ღმერთს, აპატიოს მას. ამგვარად, ღებულობს ეს ადამიანი ხსნას. დაღუპული ბავშვის დედა კი, იტანჯება რა სულიერი ტკივილისაგან, უფრო მოწესრიგებული ხდება, ფიქრობს და იქაურ ცხოვრებაში გადასასვლელად ემზადება. ასე ხდება მისი გადარჩენაც. ნახეთ, უფალი დედის ლოცვით როგორ აწყობს ადამიანთა ხსნას? მაგრამ თუ ეს დედებს არ ესმით, მაშინ ისინი იწყებენ ღმერთის გამტყუნებას? რისი მოსმენაღა აღარ უწევს უზენაესს მათგან.        ამას გარდა, ბავშვების სიკვდილი თავად მის მშობლებსაც ეხმარება. მათ უნდა იცოდნენ, რომ იმ მომენტიდან, როცა კი ბავშვი უკვდებათ - სასუფეველში მლოცველი უჩნდებათ. როცა მშობელი გარდაიცვლება, შვილები სასუფევლის კარებთან დახვდებიან მას, ასე შეხვდებიან სულებს დედათა და მამათა. ეს პატარა საქმე ხომ არაა. გარდა ამისა, პატარა ბავშვებს მაცხოვარი მიმართავს: „მოდით, აირჩიეთ ყველაზე კარგი ადგილი სამოთხეში, აქ. პატარები კი ეპასუხებენ მას: იქ მშვენიერია, მაგრამ გვინდა, რომ გვერდით იყოს ჩვენი დედაც და ღმერთიც გაუგონებს რა მათ, საშუალებას იპოვის მშობელიც იხსნას“.        კაცი სინამდვილეში სულაც არ კვდება და სიკვდილი მხოლოდ ერთი ცხოვრებიდან მეორეში გადასვლაა, მარტოოდენ მცირე ხნით განშორებაა. დავუშვათ, ვიღაც ერთი წლით საზღვარგარეთ მიემგზავრება, მისი ახლობლები წუხან იმიტომ, რომ ამდენი ხნით შორდებიან მას ან კიდევ თუ მიდიან უკვე ათი წლით, შფოთდებიან ამ ათ წელთან დაკავშირებითაც. ამგვარადვე უნდა შევხედით იმ განშორებასაც, რაც უკვე სიკვდილს მოაქვს. თუ ხანშიშესულ ხალხს უკვდება ახლობელი ადამიანი, მათ უნდა თქვან: „თხუთმეტი წლის შემდეგ შევხვდებით კვლავ“. თუ ისინი, ვისაც ახლობელი გარდაეცვალა, ახალგაზრდები არიან, უნდა იფიქრონ: „ორმოცდაათი წლის შემდეგ ისევ შევხვდებით მას“. რა თქმა უნდა, განვიცდით ტკივილს ახლობლის გარდაცვალების გამო, მაგრამ სიკვდილს უნდა მივუდგეთ სულიერადაც. გახსოვთ, რას ამბობს პავლე მოციქული: „რაც შეეხება განსვენებულებს, არ მინდა დაგტოვოთ, ძმებო, უცოდინარნი, რომ არ ინაღვლოთ სხვებივით, რომელთაც იმედი არ გააჩნიათ“ (თესალონიკელთა მიმართ 4,13). ვიფიქროთ ასე: ვთქვათ ცოცხალი რომ დარჩენილიყო, რამდენად ხშირად ვნახავდი ჩემს გარდაცვლილ ნათესავს? თვეში ერთხელ, ასე უნდა ვიმსჯელოთ: იმ ცხოვრებაში კი ვიქნები მასთან მუდმივად. ჩვენი შიში მხოლოდ იმ შემთხვევაშია გამართლებული, თუ ადამიანი, ვინც გარდაიცვალა, ცხოვრობდა არაქრისტიანულად, ცუდად. ვთქვათ, თუ ეს ადამიანი სასტიკი გახლდათ, ჩვენ ბევრი უნდა ვილოცოთ მისი სულის საოხად. თუ მართლაც გვიყვარს იგი და გვინდა შევხვდეთ იმქვეყნად.        ერთ-ერთი საკითხი, რომელიც ალბათ ადამიანის ცნობიერებაში ჩნდება და მეტად ძნელია მასზე პასუხის გაცემა, არის ის, რომ თუ იმქვეყნად წასულები სხვადასხვა ადგილას ხვდებიან, ზოგი სასუფეველმი, ზოგიც კიდევ დასასჯელ ადგილას, და ამგვარი სხვადასხვაგვარი ხვედრი შეიძლება ჰქონდეთ ახლობლებს, ერთი ოჯახის წევრებსაც, მაშინ განა ძნელი გადასატანი არ უნდა იყოს მათთვის, ვინც სასუფეველშია, იმაზე ფიქრი, დარდი, რომ იქ, სადღაც ჯოჯოხეთის ჯურღმულებში მისი ახლობელი იტანჯება. განა ამით დიდად არ უნდა გაფერმკრთალდეს ის ნეტარება, რასაც მართალთა სულები განიცდიან სამოთხეში, უფლის სიახლოვესთან. აი, მამა პაისი ამის თაობაბე რას განგვიმარტავს: „წარმოვიდგინოთ, ოთახში შუქია. ის, ვინც ქუჩაშია, ხედავს მათ, ვინც ამ სინათლეში სახლშია. ასევე ისინიც, ვინც ჯოჯოხეთში არიან, დაინახავენ მათ, ვინც სამოთხეშია. და ეს კიდევ უფრო გააძლიერებს ამ ხალხის ტანჯვას და ასევე წარმოვიდგინოთ ისინიც, ვინც ღამით სინათლეშია, ხომ ვერ ხედავენ მათ, ვინც ღამით ქუჩაში, სიბნელეში იცდიან. ასევე სამოთხეში მყოფნიც ვერ დაინახავენ იმათ, ვინც ჯოჯოხეთშია. თუ ის ხალხი, რომელიც სასუფეველშია, დაინახავს ტანჯულ ცოდვილებს, ეს ტკივილს მიაყენებს მათ. ისინი დამწუხრდებიან მათ მწარე ხვედრზე და სასუფევლის სიტკბოებას ისე ვეღარ განიცდიან. მაგრამ სამოთხეში „ავადმყოფობა არაა...“ ისინი, ვინც სამოთხეშია, არა მხოლოდ ვერ დაინახავენ მათ, ვინც დასასჯელ ადგილას გამწესებულია, არამედ არ ემახსოვრებათ, რომ ჰყავდათ ძმა, დედა ან მამა თუ ისინი სამოთხეშიც არ იქნებიან მათთან ერთად. „იმ დღეს გაქრება მისი ფიქრები“ - მეფსალმუნე დავითი გვეუბნება (ფს. 145,4) თუ სამოთხეში მყოფთ ჯოჯოხეთში ტანჯული ნათესავნი ემახსოვრებათ, მაშინ როგორღა იქნება მათთვის იქ სამოთხის ნეტარება და უფრო მეტიც, ვინც სასუფეველშია, იფიქრებს, რომ სხვები (იმათ გარდა, ვინც სამოთხეშია) არც არიან. ასევე მათ არ ემახსოვრებათ ის ცოდვები, რაც მიწიერ ცხოვრებაში ჩაუდენიათ. თუ მათი მეხსიერება ადრინდელ ცოდვებს აღბეჭდავს, ღვთისადმი სიყვარულის გამო ვერ აიტანენ იმ აზრს, რომ მათ აწყენინეს უფალს.        სამოთხისეელი განცდების შესახებ თქმულმა ამ მონაკვეთმა შესაძლოა ეჭვი დაბადოს, აღიქმებოდეს ბუნდოვნად, არცთუ მთლად გასაგები იყოს, ჩანდეს ვიღაცის გამონაგონად, რაც მარტოოდენ ერთგვარად განმარტავს თუ როგორ შეიძლება კაცი არ განიცდიდეს სამოთხეში ტანჯვას დაკავშირებით თავის დასჯილ ნათესავებთან, ახლობლებთან. აქ სათქმელია ერთი რამ, რაც უკვე აქ, ამ ჩვენს მიწიერ ცხოვრებაში თვალსაშისაცემია ის, რომ უფალს ხელეწიფება თავისი მადლით შეასუსტოს ან საერთოდ გააქროს უარყოფით, დამძაბველ, მწუხარების მომნიჭებელ აზრთა, ემოციათა ზეგავლენა ადამიანთან. როცა აღსარებაში ამბობ საკუთარ ცოდვათა შესახებ, მართალია, ისინი ზოგიერთი შემდგომში გახსოვს, მაგრამ ამასთან, ვის არ შეუნიშნავს ისიც, თუ როგორ სუსტდება მათი ჩადენის ხსოვნით გამოწვეული დამთრგუნველი, მწვავე გავლენა კაცთან. ანუ ღვთის წყალობით მათთან დაკავშირებული განცდები, მოგონებები ისეთი მწველი, უსიამოვნო აღარ გახლავთ. მორწმუნეთაგან ვის არ შეუგრძვნია მძიმე, დამთრგუნველი შინაგანი მდგომარეობისას ხშირად ლოცვის დაწყება როგორ აფერმკრთალებს უარყოფით განწყობას, იწვევს გუნების გამოკეთებას, ასუსტებს ან საერთოდ აქრობს ცხოვრებისეულ პრობლემებზე დარდს. თუ უფალი გვიჩვენებს თავის უარყოფითი განცდების შესუსტებასთან დაკავშირებულ კეთილისმყოფელ გავლენას აქ, განა არ შეიძლება იგი უფრო შთამბეჭდავად, სრულად ამასთან სხვა სახითაც იქნეს გამოვლენილი სამოთხემიაც. თუნდაც, იმგვარად რომ უბრალოდ იქ მყოფთ არ ახსოვდეთ თავიანთი ჩადენილი ცოდვების და თან უსიამოვნო ადგილას მყოფი ახლობლების შესახებაც. „შეუძლებელ კაცთათვის, ღვთისთვის შესაძლებელ არს“.        სიკვდილის მოვლენასთან მიმართებით გამოსაყოფია კიდევ ერთი, მეტად საჭირბოროტო რამ. ვუთხრათ თუ არა მძიმე ავადმყოფებს, რომ გარდაცვალების წუთი მათთან ახლოა. ბევრი თვლის, რომ ეს აუცილებელია, რადგან კაცი ერთგვარად მომზადებული უნდა შეხვდეს მარადისობას, ასეთ დროს საჭიროა ბიძგი, რათა აღსარება თქვან, ეზიარონ, სხვა კუთხითაც შეხედონ საკუთარ ყოფას. ეს ერთი მხრივ, ასეა, მართლაცდა ზოგჯერ თუ არ ითქვა მოახლოებული აღსასრულის შესახებ, შეიძლება ავადმყოფმა არც არაფერი შეცვალოს პირად ცხოვრებაში, არ ჩაუღრმავდეს საკუთარ წარსულს, თავს, მაგრამ გასათვალისწინებელია კიდევ ერთი რამ. ზოგიერთს რომ პირდაპირ, ყოველგვარი მომზადების გარეშე უთხრა ამის შესახებ, არ შეარჩიო მიმართვის დრო, ფორმა შეიძლება სასოწარკვეთაში, ღვთის გმობაშიც კი ჩააგდო იგი, მან ხელი ჩაიქნიოს, დაკარგოს ხალისი ყველაფრისა. საკმარისად ბევრი ყოფილა ასეთი შემთხვევა. ზოგს სულიერად ძლიერს შეიძლება აცნობო, მაგრამ მაინც ყველა შემთხვევაში დიდი სიფრთხილით, ტაქტით უნდა მოხდეს განსაზღვრა ამისა. სიკვდილის მოახლოების გაგება უმთავრესად იმდენად დიდ განცდებთან, სტრესთან არის დაკავშირებული, რომ აქ მოურიდებლობა, აჩქარება გაუმართლებელია, საჭიროა ყველასთან თავისებური მიდგომა. მამა პაისი ათონელი წერს: „თუ როგორ ვეტყვით მოახლოებული აღსასრულის შესახებ, ეს გააჩნია ადამიანს. ზოგჯერ სიმსივნით დაავადებული მეკითხება: „მამაო, როგორ ფიქრობთ, მოვკვდები თუ ცოცხალი გადავრჩები? თუ ეტყვი, რომ მალე წავა ამ ქვეყნიდან, შეიძლება მდგომარეობიდან გამოსვლისგან შენ თვალწინ გათავდეს ამ სიტყვების მოსმენისგან, თუკი არ ეტყვი და ის მხნევდება, შიშის გარეშე უყურებს თავის სნეულებას. როცა „მომწიფდება“, თავადვე ღებულობს საკუთარ ჯვარს და პოულობს ძალას გაუძლოს ყველაფერ ამას, რაც შემდგომში ელოდება. ე.ი. შეიძლება იცხოვროს კიდევ რამდენიმე წელი, დაეხმაროს საკუთარ ოჯახს, თავად მოემზადოს იმქვეყნად წასვლისთვის, მისცეს შესაძლებლობა ახლობლებს ისინიც მოემზადონ ამისთვის“.        აქ ხაზგასასმელია ერთი რამ. ამ დროს ეკლესიური კუთხით მიზანია: საკუთარ თავში ჩაღრმავება, წარსული განვლილი გზის შეფასება, ცოდვათა მონანიება, ზიარება მაცხოვრის წმიდა სისხლისა და ხორცისა. ანუ ამ მიმართულებით წადგმა დიდი ნაბიჯისა. მაგრამ ეს შეიძლება მოხდეს სხვა საშუალებითაც. შეიძლება კაცს არ უთხრა. რომ მას მიწაზე მცირე სიცოცხლეღა დარჩენია და დაელაპარაკო სულ სხვანაირად. აუხსნა, რომ არცთუ იშვიათად ცოდვების მონანიებით, შემდეგ ზიარებით ბევრი სნეულის მდგომარეობა გაუმჯობესებულა, ზოგიერთი კი, საერთოდ, სრულიად გამოკეთებულა. რომ ხშირად ავადმყოფობას უფალი ჩვენი შეცდომების, ნაკლოვანებების, ცოდვების გამო გვიგზავნის და თუ მოვინანიებთ, დიდ ნაბიჯს წავდგამთ მათ გასაქარწყლებლად, რის გამოც ადვილი შესაძლებელია, უფრო მეტი შემართებით, ღირსეულად მოხდეს გასაჭირის გამკლავება. იმასაც უნდა გაესვას ხაზი, რომ მაცხოვრის წმიდა სისხლის და ხორცის მიღებისას მაზიარებელს ეუბნებიან: „საკურნებლად სულისა და ხორცისა“. და იგი მეტად ქმედითი საშუალებაა ფიზიკური სნეულების დაძლევისას. ყოველივე ამის შემდეგ თუ მიზნის მიღწევა მოხდა, ავადმყოფი უფრო მეტად ჩაუფიქრდა თავის განვლილ ცხოვრებას, ცოდვებს, შეცდომებსაც, შემდეგ უკვე ეზიარა, საჭიროა კი ასეთ დროს ვუთხრათ, რომ მას მცირე სიცოცხლეღა დარჩენია, განა არ ჯობია, ავარიდოთ მას ზედმეტად დათრგუნვა.        აქ კიდევ გამოსაყოფია ის, რომ, რაც არ უნდა მძიმე იყოს ავადმყოფის მდგომარეობა, როგორც მრავალი დიდი მართლმადიდებელი მოღვაწე აღნიშნავს, მას მაინც უნდა მივცეთ იმედი გამოჯანმრთელებისა. მამა ვიტალი (სიდორენკო) თავის სულიერ შვილებს ასწავლიდა ავადმყოფის გამხნევებას მათთან გულთბილად და ალერსიანად საუბარს, გამოჯანმრთელების იმედის ჩასახვას ყველასათვის მაშინაც კი თუ იგი იყო ძალიან ავად.        სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქმა უწმიდესმა და უნეტარესმა ილია II-მ მოძღვარს, მრევლის ჯგუფს, რომელმაც ონკოლოგიურ საავადმყოფოში სიარულის და იქ პაციენტებისთვის სულიერი დახმარების სურვილი გამოთქვა, კურთხევა მისცა, რომ რაც არ უნდა მძიმე ავადმყოფი ყოფილიყო, გამოჯანმრთელების იმედი არ წაერთმიათ მისთვისაც.        რა რელიგიურ, სამეცნიერო თუ სხვა სახის წყაროებსაც არ უნდა გაეცნო, როგორც არ უნდა დაინტერესდე ამ ურთულესი თემით, მაინც ბოლომდე ვერ ჩაწვდები, გაიგებ, თუ რა ხდება ამქვეყნიერი სიცოცხლის დასრულებისას. ეს უფლის დიდი საიდუმლოა, რომელიც უფრო მეტად გამჟღავნდება, რასაც მეტად ჩავწვდებით გარდაცვალების ჟამს. აქ, ამქვეყნად, ძალიან დიდ უმრავლესობას ადამიანებისას, მხოლოდ გარკვეული წარმოდგენა შეიძლება შეექმნათ, თუ რას უნდა ელოდონ სულის სხეულიდან გაყრისას და მიუხედავად ჩვენი ადამიანური ამგვარი შეზღუდულობისა, ცოდნის სიმწირისა, მაინც მეტად მნიშვნელოვანია უკვე აქ მიწიერ სიცოცხლეში ვემზადოთ სიკვდილისთვის და დაახლოებით ვიცოდეთ. თუ რისი გადატანა შეიძლება მოგვიწიოს იმქვეყნიურ სამყაროსთან ზიარებისას. თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის პედაგოგი დავით ციცქიშვილი • ამოსაბეჭდი ვერსია • ← სარჩევი  …
დაამატა ლაშა to ფსიქოლოგია at 3:40am on ოქტომბერი 4, 2013
თემა: სოლომონიანი (გაგრძელება)
თ, რომ ღრმად შეშფოთებული ვართ ჩვენი შვილების ბედისა გამო, რაც, ბუნებრივია, თავის დაღს ასვამს აგრეთვე ჩვენი შრომის ეფექტიანობასა და ნაყოფიერებას. საქმე ეხება პედაგოგ სოლომონ იასონის ძე კიტარიძეს. შესაძლებელია, ზემოხსენებული ს. კიტარიძის პროფესიული დონე, პედაგოგიური ალღო და მეთოდიკა თავის დროზე შეესაბამებოდა ეპოქას, არ ვიცით, მაგრამ დღევანდელ გაზრდილ მოთხოვნებს ნამდვილად ვეღარ პასუხობს. მისი მოწაფეები, როცა სკოლის დამთავრების შემდეგ თბილისში მიდიან მისაღები გამოცდების ჩასაბარებლად, სერიოზულ კონკურენციას ვერ უწევენ იქაურ სულ სხვა პედაგოგიური წიაღიდან გამოსულ კადრებს. პლუს ამას გაკვეთილებისთვის განკუთვნილი დროის არადანიშნულებისამებრ გამოყენება. დღევანდელ რთულ ვითარებაში, როდესაც სასკოლო პროგრამა ისედაც გადატვირთულია და თვითოეული მასწავლებლისგან მოითხოვს დაძაბულ შრომასა და ნამდვილ შემოქმედებით თავგანწირვას, ს. კიტარიძე თავის გაკვეთილებზე მოსწავლეებს საქართველოს ისტორიაზე ესაუბრება მაშინ, როცა ისტორიისთვის ცალკე საათები და, რაც მთავარია, ცალკე პედაგოგიური კადრები არსებობს. პლუს ამას ზოგი აუხსნელი სტუმრობა მარტოხელა ქალთან, რასაც აქ გაკვრით შევეხებით და რაც კვალიფიცირებულ უნდა იქნას, როგორც მორალურად საეჭვო, რამდენადაც, ადვილი შესაძლებელია, ჩირქი მოსცხოს უდანაშაულო და პატიოსან ადამიანს. პლუს ამას ტენდენციურობა. ჩვენთვის ცნობილია, რომ გასულ სასწავლო წელს ს. კიტარიძემ დამამთავრებელი კლასის ორი მოწაფეს დაუმსახურებლად აუწია ნიშანი. ბუნებრივად ისმის კითხვა: უანგაროდ? დაე, ამ კითხვის პასუხი ს. კიტარიძის სინდისზე იყოს. დავუშვათ, უანგაროდ, მაგრამ ტენდენციურობას რაღა ვუყოთ? ყველა ყველა და, შეიძლება პედაგოგი ტენდენციური იყოს? ამით ხომ გამოუსწორებელ ფსიქოლოგიურ ტრავმას ვაყენებთ ბავშვის ფაქიზ სულს, რომელიც, როგორც ცნობილია, სუფთა ფურცელია და იგი ჩვენ უნდა შევავსოთ! განა პედაგოგი ის პიროვნება არ არის, ვინც საზოგადოებას ღირსეულ ცვლას უმზადებს? და რა ღირსეული ცვლა შეიძლება მოუმზადოს ჩვენს მოწინავე საზოგადოებას ისეთი ტენდენციური მიმდინარეობის პედაგოგმა, როგორიცაა ს. კიტარიძე? ჩვენ ვიცნობთ სკოლის დირექტორს ამხ. ჰ. თვალაბეიშვილს, როგორც პრინციპულ, მომთხოვნ და მაღალი ჰუმანური იდეების მატარებელ ხელმძღვანელ მუშაკს, და მიგვაჩნია, რომ იგი ალბათ კოლეგიალობის გრძნობასა და აგრეთვე პირადი სულგრძელობის გამო ითმენს ს. კიტარიძეს. მაგრამ ამჟამად ისეთი ვითარება შეიქნა, როცა პირადული საზოგადოებრიულის სამსხვერპლოზე უნდა მივიტანოთ, ვინაიდან სასწორის პინაზე ჩვენი მომავალი დევს. ჩვენ ბევრი ვითმინეთ, მაგრამ მეტის მოთმენა უკვე შეუძლებელია და ამიტომ, გამომდინარე ზემოაღნიშნულიდან, დაბეჯითებით მოვითხოვთ გადააყენოთ ს. კიტარიძე და მის ადგილას დაგვინიშნოთ ისეთი პედაგოგი, ვინც ცოდნას მისცემს ბავშვებს და ამ ცოდნის შესაფერის ნიშნებს დაუწერს, რათა ჩვენი შვილების მომავალი საიმედო ხელში იყოს და ჩვენც, დაწყნარებულებმა, მთელი ჩვენი ნიჭი და ენერგია საზოგადოებრივად სასარგებლო შრომას მოვახმაროთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, იძულებული შევიქნებით ბოიკოტის სახით ბავშვები ს. კიტარიძის გაკვეთილებს არ დავასწროთ, რაც ისეთი მნიშვნელობის აქტია, რომ არც ჩვენთვინ იქნება კარგი და არც თქვენთვინ. იმედია, გულისხმიერად მოეკიდებით ჩვენს თხოვნას და დააკმაყოფილებთ მას. პატივისცემით“. ოცდახუთი ხელმოწერა ახლავს ალფავიტზე გაწყობილი. წავიკითხო? და რეზოლუცია: „ამხ. ჰ. თვალაბეიშვილს. გთხოვთ გულდასმით განიხილოთ და მიღებული ზომების შესახებ მაცნობოთ. ი. დიდიძე“. როდესაც ბესარიონ ჭედიამ კითხვა დაამთავრა, სამასწავლებლოში უკვე კარგა ხანია მძიმე სიბნელე იწვა.    იმ წამს, რა წამსაც მან თავისი მსუყე, საამო ბანით წარმოთქვა ფრაზა, საქმე ეხება სოლომონ იასონის ძე კიტარიძესო, სოლომონის თავში ტკაცანი გაისმა, თითქოს მოკლე ჩართვა მოხდაო, და ვეება, ცარიელი სივრცე თეთრმა და არნახულად მძაფრმა, თვალისმომჭრელმა სინათლემ გაანათა. მაგრამ ეს დიდი სინათლე ანთებისთანავე ჩაქრა და ზემოდან სიბნელე დაეშვა. სიბნელე ეშვებოდა არა მსუბუქად და ნარნარად, როგორც შემოღამების წესია, არამედ მძიმედ, სწრაფად და სახიფათოდ, თითქოს განყენებული ფერი კი არა, სქელი, შედედებული კუპრი ყოფილიყო. მოდიოდა მრისხანედ, გზადაგზა ყველაფერს იწოვდა და საბოლოოდ ყოველივე ბლანტ, გაუვალ წყვდიადად იქცა. სოლომონი ერთხანს უგონოდ იყო ამ წყვდიადში. მერე უეცრად შორეულმა ზარმა მწუხარე ხმაზე ჩამოჰკრა და სიბნელე გაიხსნა. ჯერ პატარა ნახვრეტი გაჩნდა შუაში, მერე ნახვრეტი თანდათან გაიზარდა. გაიზარდა, გაიზარდა, გაიზარდა და შავი წყვდიადის მიღმა უკიდეგანო ოკეანე გამოჩნდა, რომლის შუაგულში, შიშველი და გავარვარებული მზის ქვეშ, პაწაწკინტელა კლდოვან კუნძულზე, ეული პალმა იდგა. პალმა მარტოდმარტო იყო. არათუ ხე, ირგვლივ, ბალახი რა არის, ბალახიც არ ჭაჭანებდა. ოთხივე მხარეს, სადამდეც კი თვალი წვდებოდა, ყვითელი წყალი ჩანდა, რომელსაც ბოლოში ცა ჩამომხობოდა და ყველა გასასვლელს კეტავდა. მერე კუპრის შავმა კედელმა პირი ისევ შეიკრა, ყვითელი ოკეანე თანდათან გაქრა და სოლომონი კვლავ წყვდიადში მოექცა. მაგრამ ბოლოს - სოლომონი ვერ მიხვდა, თვალი შეაჩვია სიბნელეს თუ საიდანღაც სინათლის სხივი შემოიპარა - სამყარო ძველებური სახით აღდგა. ჯერ კედლებისა და ფანჯრების ბუნდოვანი მოხაზულობა შემოცურდა მხედველობის არეში, მერე ერთიმეორეში ათქვეფილი წვრილ-წვრილი საგნებიც დაცალკევდნენ და, თუმცა ჯერ კიდევ ყოველივე მსუბუქ ბურუსში იყო გახვეული, სოლომონს მხედველობა დაუბრუნდა. მაგიდა ტორტმანებდა. ტორტმანებდა გამაღიზიანებლად, როგორც მოცეკვავე, რომელიც რიტმიდან ამოვარდა და ახლა სასოწარკვეთით ცდილობს კვლავ რიტმში მოექცეს, რითაც კიდევ უფრო გვაღიზიანებს, ვინაიდან, როცა მისი განწირული ილეთები და მუსიკის დინება საერთო კალაპოტს მიადგება და იმედის ნაპერწკალი გაჩნდება, დაძაბული მოლოდინისაგან წამით გული გვიჩერდება, რაც მერე მწვავე ტკივილში გადადის, რაკიღა უკანასკნელ მომენტში მოცეკვავე და მუსიკა ისევ აცდებიან ერთმანეთს და თავთავიანთი გზით წავლენ.    კაბინეტში დუმილი იდგა და სოლომონი გრძნობდა, რომ, სანამ ეს დუმილი არ დაირღვეოდა, მაგიდა ტორტმანს არ შეწყვეტდა. ბესარიონ ჭედიამ სათვალე მოიხსნა, მშობელთა კოლექტიურ განცხადებაზე დადო, რბილი სკამის საზურგეს მიაწვა, ხელები ვიწრო მკერდზე დაიკრიბა და ისეთი სახით მიაჩერდა მოპირდაპირე კედელს ეთერ გვალიასა და გურამ ხომერიკის თავებშუა, როგორც მსახიობი, რომელიც ჩუმი სიამაყით ცდილობს მოსალოდნელ აპლოდისმენტებს მშვიდად და ღირსეულად შეხვდეს. ბოლოს, ხანგრძლივი დუმილის შემდეგ, რომელსაც მხოლოდ ნუკრი ვაჩეიშვილის საჩვენებელ თითზე წამოცმული გასაღებების ასხმა არღვევდა, დირექტორი ქალბატონი ცისანასკენ გადაიხარა, რაღაც წასჩურჩულა (რაზედაც ქალბატონმა ცისანამ თავი დაუქნია), ისევ გაიმართა, სხდომის მონაწილეებს ნელა, დაკვირვებით მოავლო თვალი (ოღონდ სოლომონს აარიდა მზერა, როგორც ჯიბის ფარნის შუქს ავარიდებთ ბნელ ოთახში რაიმე საგანს, რომლის დანახვა უსიამოვნო მოგონებებს აღგვიძრავს) და თქვა: - შეკითხვა თუ გაქვთ ვინმეს?    ალექსანდრე ღუდუშაური მსუბუქად თვლემდა. ეთერ გვალიას ნიკაპი ხელისგულზე ჩამოეყრდნო და თვალებმოწკურული მისჩერებოდა დირექტორს. გურამ ხომერიკს თან მოტანილი ჟურნალი გადაეშალა და ბოლო გვერდზე ასუჯრედიანი შაშის ამოცანას ჩაღრმავებოდა. ნესტან ვაჩეიშვილს ყელი მოეღერებინა და სხდომას ალამაზებდა. ნუკრი ვაჩეიშვილი საჩვენებელ თითზე წამოცმულ გასაღებების ასხმას ზანტად ატრიალებდა და ისეთი სახე ჰქონდა, როგორიც შეიძლება ჰქონდეს მძიმეწონოსან მოკრივეს, რომელსაც ჩია, კაფანდარა კაცი დედას შეაგინებს. კატო მასწავლებელი მაგიდაზე დაწყობილ საკუთარ ხელებს დასცქეროდა და შიგადაშიგ თვალებს ახამხამებდა. ნატალია დავიდოვნას სახე ასწითლებოდა, რაც მშობელთა კოლექტიური ქარაგმის ბრალი არ უნდა ყოფილიყო, რადგან შეუძლებელია მისი მიამიტობის პატრონს ეს ქარაგმა გაეგო. ბესარიონ ჭედია განზე გადგმული იდაყვებით მაგიდას დამხობოდა, წინ ქაღალდის დასტა ედო და ფხაჭა-ჭხუჭით წერდა სხდომის ოქმს. ბატონი დიმიტრი სივრცეს გასცქეროდა და წყნარად, თითქმის შეუმჩნევლად, უღიმოდა თავის ფიქრებს. ქალბატონი ცისანა იჯდა. - არავისა გაქვთ შეკითხვა? - გაიმეორა დირექტორმა. ამჯერად სიჩუმე დაირღვა. სოლომონმა ხელი აიწია და თქვა: - მე მაქვს. ყველამ, ვინ ქურდულად და ვინ აშკარად, სოლომონს შეხედა. - ბრძანე, სოლომონ ბატონო, - უთხრა დირექტორმა. - ოცდახუთი ხელმოწერა თქვი, მგონი, ბესარიონ, არა? - სოლომონს საკუთარი ხმა ისე მკაფიოდ ჩაესმოდა, ისე ცხადად და ამავე დროს ისე უცხოდ, თითქოს სხვა ლაპარაკობდა. - კი, - მიუგო ბესარიონ ჭედიამ, - ოცდახუთი. - მეათე კლასში ოცდაექვსი მოწაფე მყავს და, თუ კაცი ხარ რომელია ოცდამეექვსე, ხელი რომ არ მოუწერია? - ნამიჭეიშვილი, - სწრაფად მიუგო ბესარიონმა, რომელმაც ეჭვი არაა, საკითხი ღრმად იცოდა. სოლომონის გონების თვალმა წამსვე გამოკვეთა სივრცეში ნამიჭეიშვილი, გამხდარი, სუსტი ბიჭი, რომელსაც ცნობისმოყვარე, ცოტა გაკვირვებული თვალები და სასაცილოდ (უფრო საყვარლად) მოპრუწული ტუჩები ჰქონდა. და უეცრად რაღაც თბილი, რაღაც საამო ნაკადი სამყაროს წვენივით გამოეყო, ყოველი მხრიდან დაიძრა და ნამიჭეიშვილის ირგვლივ იწყო თავმოყრა. ეს გრძნობიერი პროცესი ჯერ კიდევ არ იყო დასრულებული, როდესაც დირექტორმა თქვა: - ნამიჭეიშვილის მშობლებს განცხადება აქვთ შემოტანილი. ბინა გამოიცვალეს და ბავშვი სხვა სკოლაში გადაჰყავთ. ამის შემდეგ კვლავ დუმილი ჩამოვარდა, რომელიც ცოტა ხნის შემდეგ უკვე ნუკრი ვაჩეიშვილმა დაარღვია. მან საჩვენებელი თითი, რომელზედაც გასაღებების ასხმა ჰქონდა წამოცმული, ჰერში გააშეშა და ბესარიონ ჭედიას მიუბრუნდა: - მაშ, ოცდახუთი არა, ბესარიონ? - ოცდახუთი, კაცო, მე მგონი გარკვევით ვთქვი! - ცოტა მოთმინებამ უღალატა ბესარიონ ჭედიას. - მერე რა განერვიულებს, შე კაცო! - დაამშვიდა ნუკრი ვაჩეიშვილმა, - შენ ნუ იღელვებ და, ჩემდათავად, მაგათ, ოცდახუთივეს, და იმასაც, ოცდამეექვსესაც... საერთოდ, დიდი ბედნიერებაა, კაცს რომ გვერდით ღვიძლი ბიძაშვილი გიზის, რომელსაც შეუძლია კრიტიკულ მომენტში მწარედ გიჩქმიტოს მკლავზე და სოლიდური სხდომა უწმაწური სიტყვებისაგან იხსნას, მაგრამ ამჯერად ნესტანს ალბათ მაინც დააგვიანდებოდა, ნუკრი ვაჩეიშვილს რომ ოცდამეექვსეზე არ გაემახვილებინა ყურადღება და ამის გამო ცოტა არ შეყოვნებულიყო. სწორედ ამ ოცდამეექვსემ უშველა საქმეს და ნესტანმა ჩქმეტა მოასწრო, რასაც შედეგად ის მოჰყვა, რომ ნუკრი ვაჩეიშვილი მოულოდნელობისაგან შეკრთა, ბიძაშვილს მწყრალად მოხედა და, მის თვალებში რომ განათლების განყოფილების აჩრდილი აირეკლა, მთავარი სათქმელი უკვე ხმადაბლა, თითქმის თავისთვის წაიბურდღუნა, ისე რომ თავად ნესტანის, სოლომონის, კატო მასწავლებლისა და ნატალია დავიდოვნას გარდა ალბათ არავის გაუგონია. მაგრამ ეს მაინც ფორმალური თავშეკავება იყო და მთლად უყურადღებოდ დატოვება არ ივარგებდა, ამიტომ დირექტორმა საჩვენებელი თითი სამჯერ მკაცრად დაჰკრა მაგიდას და ნუკრი ვაჩეიშვილს თვალები დაუბრიალა, რაც ამ უკანასკნელს აინუნშიაც არ ჩაუგდია.    აი, ამ დროს ნატალია დავიდოვნამ, რომელიც უკანასკნელ წამს კიდევ უფრო გაწითლდა, უეცრად სწრაფად, სხაპასხუპით, თითქოს ეშინოდა, ვინმეს პირზე ხელი არ აეფარებინა, დაიწყო: - ყველაფერი ეს ხომ სისულელეა და აშკარა ცილისწამება, - ოღონდ, სიჩქარის თუ მღელვარების გამო, ისეთი შეცდომა დაუშვა, რომელსაც ჩვეულებრივ არ უშვებდა ხოლმე, კერძოდ, „ცილისწამების“ ნაცვლად თქვა „წილისცამება“. ამან ცოტა დააბნია, რაც იმაში გამოიხატა, რომ ხელი ისე აიქნია და დაიქნია, თითქოს თვალებში ბოლი შეუვიდაო, მაგრამ მაინც სხაპასხუპით განაგრძო, - ჩვენ ყველამ მშვენივრად ვიცით, რომ ბატონი სოლომონი უმწიკვლო (უშეცდომოდ თქვა) და პატიოსანი კაცია. ძალიანაც კარგად იცის თავისი საგანი და მოსწავლეებიც...    ნატალია დავიდოვნა, - უფლებამოსილი, მაგრამ ამავე დროს მოთმინებით სავსე კილოთი შეაწყვეტინა დირექტორმა, - ჯერ ერთი, მე ვთქვი, შეკითხვები თუ გაქვთ-მეთქი, სიტყვებზე ჯერ არ გადავსულვართ, და მეორეც, ისეთ შთაბეჭდილებას ნუ შექმნით, თითქოს მარტო თქვენ შეგტკივათ გული სოლომონზე, ჩვენ კი შორიდან ვუცქერით სეირს. ნატალია დავიდოვნა სულ მთლად აირია, კიდევ მეტად გაწითლდა, რაღაც გაუგებრად წაიბუტბუტა, თავი ჩაღუნა და მაგიდას ჩააცქერდა. - კიდევ აქვს ვინმეს შეკითხვა? - გაიმეორა დირექტორმა, ერთხანს შეიცადა და, რაკი არავინ გამოეხმაურა, დაასკვნა, - არავის. კეთილი, მაშინ გადავიდეთ სიტყვებზე, - და ნატალია დავიდოვნას მიუბრუნდა, - ახლა ბრძანეთ, თუ რამე გაქვთ სათქმელი, - მაგრამ ნატალია დავიდოვნამ უხმოდ გაიქნია თავი უარის ნიშნად, - ვინ დაიწყებს? - სხდომის მონაწილეები რომ ამ მოწოდებასაც დუმილით შეხვდნენ, განაგრძო, - კარგი, მე თვითონ დავიწყებ, მით უმეტეს, რომ ამ საკითხზე ბევრი ვიფიქრე და რაღაც მოსაზრებებიც მაქვს. მადა ჭამაში მოდისო და, - აქ კეთილმოსურნე ღიმილით გაიღიმა, - მერე იქნებ თქვენც აგეშალოთ ლაპარაკის საღერღელი. ამგვარად გვაქვს კოლექტიური განცხადება, კოლექტიური საჩივარი. კოლექტიურ საჩივარს კი, ჩემი სწავლება რად გინდათ, არ შეიძლება ანგარიში არ გაეწიოს. ოცდახუთი კაცი აწერს ხელს. ჯერ ერთი, იმას ხომ ვერ დავუშვებთ, რომ ოცდახუთი კაცი ტყუის და ერთი კაცია მართალი... - მე ორმოცდაათი ვირიც მინახავს ერთად თავმოყრილი, - ჩაურთო მოულოდნელად ნუკრი ვაჩეიშვილმა. - რაო? - ვერ გაიგო დირექტორმა. - მე ორმოცდაათი ვირიც მინახავს-მეთქი ერთად თავმოყრილი, - გაიმეორა ნუკრი ვაჩეიშვილმა.    დირექტორმა ჯერ კბილი კბილს მაგრად დააჭირა, რის გამოც ლოყების ქვედა ნაწილი, ყბების არეში, თითქოს დაეწნეხა, კანი დაეჭიმა და შიგნიდან მოწოლილი ძვლების ფორმა მკაფიოდ დაემჩნა. მერე წყნარად თქვა: - ჩემო ნუკრი, მე შეკითხვების საშუალებაც მოგეცით ყველას და აზრის გამოთქმისაც, მაგრამ არ მოისურვეთ. ახლა კეთილი ინებეთ და მე მომისმინეთ. - კაი, კაი, - თქვა ნუკრი ვაჩეიშვილმა. - მეორეც, - ზუსტად იქიდან განაგრძო დირექტორმა, სადაც შეწყვიტა, - გინდაც ოცდახუთივე ტყუოდეს, კოლექტიური განცხადება მაინც კოლექტიური განცხადებაა. არ დაგავიწყდეთ, ბოიკოტით გვემუქრებიან და, ღმერთმა ნუ ქნას და, რომ შეგვისრულონ, სკანდალს ვერ გადავურჩებით. მეორე მხრივ, ყველანი ვიცნობთ ჩვენს სოლომონს, ვაფასებთ და პატივს ვცემთ. ყოველთვის მართლები და ყოველთვის შეუმცდარები ანგელოზები არიან ცაში, - ისევ გაიღიმა დირექტორმა, - ჩვენ, ჩემო ბატონო, ადამიანები ვართ და ადამიანი რისი ადამიანი იქნება, ხანდახან შეცდომა თუ არ დაუშვა. დავიჯერო, ამ ოცდახუთი კაციდან, ვინც ამ განცხადებას ხელს აწერს, - საჩვენებელი თითი საქაღალდეს მიაშვირა, რომელიც ბესარიონ ჭედიას ედო წინ, - ერთი მაინც ურევია ისეთი, რომ თავის დღეში არ შემცდარიყოს?! სამწუხარო ის არის, რომ განცხადებაში მოტანილი რამდენიმე ფაქტი, თუმცა, მე თუ მკითხავთ, არც ისე მნიშვნელოვანი, სინამდვილეს შეეფერება. ყველას გვჭირს პატარ-პატარა სისუსტე. ხანდახან მეც წამოვიწყებ ხოლმე საქართველოს ისტორიაზე ლაპარაკს ისეთ ვითარებაში, სადაც არც დროა ამისი და არც ადგილი. მიყვარს ეს ოხერი და რა ვქნა! მაგრამ თავის მოთოკვაც უნდა ვიცოდეთ, მეტი გზა არ არის. რაც შეეხება ნიშნების აწევას, რაზედაც განცხადებაშია ლაპარაკი, ფაქტიურად, საქმე ეხება არა თითო ნიშნის წამატებას, არამედ უფრო ნახევარ-ნახევარი ნიშნის წამატებას. ეს კი, კაცმა რომ თქვას... - კაცმა რომ თქვას, - ისევ ჩაერია თავისი არხეინი კილოთი ნუკრი ვაჩეიშვილი, - არ ჯობია, ამ კაცს პირდაპირ ვუთხრათ, რაზე უჩივიან, ნიშნებს რომ უმატებს, იმაზე, თუ ნიშნებს რომ არ უმატებს, იმაზე. აქ დირექტორმა გაშლილი ხელისგული მაგიდას დაჰკრა, ფეხზე წამოდგა და დაიყვირა: - ახლავე შეწყვიტე ეს დემაგოგია! - მერე, სრულ სიჩუმეში, უკვე წყნარად, მაგრამ მკაცრი კილოთი დაუმატა, - თუ მოსმენა და თავის შეკავება არ შეგიძლია, მიბრძანდი აქედან!    სანამ დირექტორი ლაპარაკობდა, ნუკრი ვაჩეიშვილი მას უყურებდა. უყურებდა მშვიდად, აუღელვებლად. მერე, დირექტორმა რომ სათქმელი მოათავა, სოლომონს შეხედა. არავინ იცის, რა დაინახა სოლომონის სახეზე, უეცრად გაიღიმა, ხელი ჩაიქნია და თქვა: - მართლა რას ვეჩრები სხვის საქმეში უტარო კოვზივით! ერთი თქვენი ყველასი, ბრალმდებლიან-ბრალდებულიანად...    ამ სიტყვებით წამოდგა და ისე ნელა, თითქმის სეირნობა-სეირნობით გაემართა კარისკენ, რომ სხდომის მონაწილეებს კარგა ხანს ედგათ თვალწინ მისი განიერი ბეჭები და ათლეტის ჩამოქნილი ტანი. ნუკრი ვაჩეიშვილი რომ გავიდა, კაბინეტში სიჩუმემ დაისადგურა, რომელიც დირექტორის მშვიდი თავდაჯერების მეოხებით სულ მალე დაირღვა. დირექტორს თავისი გონების საუფლოში, ყველაზე თვალსაჩინო ადგილას, ერთი პატარა კუთხე მუდამ თავისუფალი ჰქონდა და იქ არავითარი საჭოჭმანო და თავსამტვრევ კითხვებს არ აჭაჭანებდა. ეს კუთხე მთლიანად და განუყოფლად ეკუთვნოდა ლაღსა და ამო აზრს იმის შესახებ, რომ ლამაზი იყო, წარმოსადეგი, ელეგანტური, ქალების ნებიერი, და განათლების განყოფილებაში მრავალი მეგობარი ჰყავდა. ამიტომ, რა რთული და მძიმე პრობლემაც არ უნდა გასჩენოდა, ამ კუთხეში ყოველთვის ეგულებოდა მკვიდრი საყრდენი ოპტიმიზმისა და თვითრწმენისათვის, რაც ყოველგვარი პრობლემის გადაჭრის უმთავრესი საწინდარია. ასე რომ, მცირე პაუზის შემდეგ იგი ქალბატონ ცისანასკენ გადაიხარა, თხელ ყურში რაღაც ჩასჩურჩულა და, ქალბატონმა ცისანამ რომ თავი დაუქნია, მშვიდად, დაჯერებულად, ცოტა ხაზგასმული სილაღითაც კი, რაც იმის მანიშნებელი იყო, რომ ვაჩეიშვილის პრობლემა დიდი ყურადღების ღირსი არ არის, მიმართა სხდომის მონაწილეებს: - მაგას ცალკე მოველაპარაკები, ახლა კი ჩვენი საქმე განვაგრძოთ. ამგვარად, საკითხი ასე დგას: ერთი მხრივ, არავითარი უფლება არა გვაქვს რეაგირების გარეშე დავტოვოთ ასეთი განცხადება, ერთი კაცი რომ აწერდეს ხელს, ან თუნდაც ორი კაცი, იცოცხლეთ, დავტოვებდი, მეორე მხრივ, სოლომონი ჩვენი კოლეგაა, საყვარელი და პატისაცემი ადამიანი და მოვალეები ვართ მხარში ამოვუდგეთ და ვაგლახად არავის დავაჩაგვრინოთ. მე დიდხანს ვიფიქრე ამ საქმეზე, ყველაფერი ავწონ-დავწონე და გადავწყვიტე, ერთი წინადადებით შემოვიდე თქვენს წინაშე. თუ თქვენც მხარს დამიჭერთ, ერთიანი ძალით გავიტანთ კიდეც ჩვენსას, გავიტანთ, თუნდაც ამის გამო განათლების განყოფილება, - აქ მარჯვენა ხელი ისევ წაიღო და ღიმილით დაადო ქალბატონი ცისანას მაჯას, რაზედაც ქალბატონმა ცისანამ ოვალური ფარდები დაუშვა და ასწია, - გაგვიჯავრდეს. ჩემი აზრით, ერთადერთი გამოსავალი, რომელიც საშუალებას მოგვცემს არც მწვადი დავწვათ და არც შამფური, პენსიაა. - აქ დირექტორი ცოტა ხანს შეყოვნდა, რათა მსმენელებისათვის საშუალება მიეცა თავიანთი შეფასება გამოემჟღავნებინათ. მართლაც, სხდომის მონაწილეებმა შვებით ამოისუნთქეს, თითქოს მძიმე ტვირთი, რომელსაც თვითონ ვერაფერს უხერხებდნენ, ვიღაცამ მოხსნა, პირქუში განწყობილება მსწრაფლად გაიფანტა და აქა-იქ ხალისიანი ხმებიც გაისმა. მაშინ დირექტორმა განაგრძო, - საბედნიეროდ, სოლომონის საპატიო ასაკი ამის საშუალებას გვაძლევს. რაც შეეხება მომჩივნებს, ისინიც დაკმაყოფილებული იქნებიან. ბოლოს და ბოლოს, მასწავლებლის შეცვლა უნდათ და არა ის, რომ ვინმე მოვხსნათ და გავაუბედუროთ. ჩვენში დარჩეს და, მეტიცა მაქვს ჩაფიქრებული, თუ - აქ ღიმილით გადახედა ქალბატონ ცისანას, - ქალბატონი ცისანა არ გაგვთქვამს: ხანი რომ გამოხდება და ეს მითქმა-მოთქმა ჩაწყნარდება, სოლომონის სურათი საპატიო დაფაზე ჩამოვკიდოთ. რაც არ უნდა იყოს, ოცდათვრამეტი წელი იმუშავა კაცმა ამ სკოლაში და ერთი განცხადების გულისთვის ამდენ ღვაწლს წყალში ხომ არ გადავუყრით! - ამ სიტყვებით დირექტორი სოლომონს მიუბრუნდა და ამის შემდეგ, სანამ სათქმელს არ მორჩა, სულ მას მიმართავდა, - მე ვიცი, ჩემო სოლომონ ბატონო, რომ შენ ჯან-ღონით სავსე კაცი ხარ, მხნე და ყოჩაღი, და ჯერ კიდევ ბევრის გაკეთება შეგიძლია, მაგრამ რა ვუყოთ, რომ კოლექტიური საჩივრისაგან არავინა ვართ დაზღვეული ამ ცოდვილ მიწაზე. კიდევ გიმეორებ, ეს რომ ერთი კაცის განცხადება ყოფილიყო, რომ იტყვიან, სოლო განცხადება, კაცობას გეფიცები, ყურადღებას არ მივაქცევდი, - ეს „ყურადღებას არ მივაქცევდი“ დირექტორმა ისეთი დაღმავალი ტონით თქვა, რომ ეტყობა ფიქრი სათქმელთან აუსხლტა და მოულოდნელად სხვა საგნისკენ გაექცა. მერე, სანამ ახალ წინადადებაზე გადავიდოდა, ისეთი სახე მიიღო, როგორიც, სავარაუდოა, უნდა ჰქონოდა აბაზანაში ჩაძირულ არქიმედეს, როცა უეცრად იგრძნო, რომ მასზე მოქმედებდა ამომგდები ძალა, რომელიც უდრიდა მის მიერ გამოდევნილი წყლის წონას, და სახეგანათებულმა განაგრძო, - ასეა, კოლექტიურია საშიში, თორემ სოლო და მონო საჩივარი რას დაგვაკლებს ჩემო სოლომონო. „ჩემო სოლომონო“ საერთო სიცილში ისე დაინთქა, ძლივსღა გაისმა. დირექტორი თავადაც აჰყვა დამსწრეთა სიცილს, თუმცა, რაკი კალამბურის ავტორი თვითონ იყო, ცდილობდა ზედმეტი არ მოსვლოდა. ქალბატონმა ცისანამაც გაიცინა და წამით გაჩნდა შესაძლებლობა, რომ გარკვეულიყო, თუ როგორი ხმა ჰქონდა, მაგრამ მისი სიცილი დანარჩენების სიცილმა დაფარა და ჩაახშო. ნესტან ვაჩეიშვილი მოწამებრივი ძალით ცდილობდა პირი ბოლომდე არ გაეღო. ბესარიონ ჭედიამ მუშტები ერთმანეთზე დაალაგა, ზედ შუბლით ჩამოეყრდნო და ისე იცინოდა, თან ვიწრო ბეჭები ერთიანად უთახთახებდა. გურამ ხომერიკიც, ეტყობა, არც ისე ღრმად ყოფილა ჩაფლული ასუჯრედიანი შაშის ამოცანაში, რადგან იმანაც გულიანად იცინა.    დირექტორმა ხელი ასწია და სიჩუმე მოითხოვა (ოხუნჯობა გაცილებით მეტად დაგიფასდებათ, თუ სიცილს მანამ შეაწყვეტინებთ ხალხს, სანამ თავისით შეწყდებოდეს). მერე განაგრძო: - ასე და ამგვარად, მე ვფიქრობ, რომ საკითხი შეგვიძლია უკვე მოგვარებულად ჩავთვალოთ. იმედი მაქვს, განათლების განყოფილებაც დასტურს მოგვცემს.    აქ ქალბატონმა ცისანამ უეცრად, არა დასტურად, არამედ ისე, თავისდაუნებურად, დააბოყინა. ამით შემკრთალმა და შეშინებულმა რაღაც დაბნეული და გაუგებარი მოძრაობა გააკეთა, თითქოს თავი მხრებში უნდა ჩამალოსო, მაგრამ მერე, რა დაინახა, სხდომის მონაწილეებმა ისეთი სახე მიიღეს, ვითომ არაფერი გაეგონოთ, თავადაც ისეთი სახე მიიღო, ვითომ არაფერი ჩაედინოს, ხოლო დირექტორმა სწრაფად განაგრძო ლაპარაკი: - ისე, კაცი თუ დაუკვირდები, მგონი სამაღარიჩო საქმე გაგიკეთეს, - უთხრა მან სოლომონს, - ნეტა მე ვიყო შენს ადგილას! დასვენებას და შენს ნებაზე ყოფნას რა სჯობს! შვილების პატრონი ხარ, ჩემო ბატონო, შვილიშვილების პატრონი ხარ! ღმერთმა დიდხანს გაცოცხლოს და, სანამ იცოცხლებ, იყავი შენთვის და იჩუჩუნე!    როდესაც დირექტორმა ლაპარაკი მოათავა და ამით ფაქტიურად სხდომაც დამთავრდა, კაბინეტში ისეთი ჟრიამული ატყდა, გეგონებოდათ, გაკვეთილი გამოვიდაო, კოლეგები სოლომონს ულოცავდნენ, უცინოდნენ, ბეჭებზე ხელს ურტყამდნენ და გამამხნევებელ სიტყვებს ეუბნებოდნენ. ეს გამამხნევებელი სიტყვები საერთო ყაყანში არ ისმოდა, მაგრამ სამაგიეროდ მკაფიოდ იგრძნობოდა განწყობილება - ხალისიანი და ზეაწეული. განწყობილებას ხომ განსაზღვრავს არა იმდენად ობიექტური ვითარება, რამდენადაც წინამავალ განწყობილებასთან დაპირისპირება. თავად სოლომონს ისეთი გრძნობა ჰქონდა, როგორიც შეიძლება სიზმარში გაგიჩნდეს კაცს, როცა ტრიალ მინდორში დგახარ და გარდაუვალი მუქარით პირდაპირ შენკენ მოდის მეხი, რომელიც მხოლოდ სიზმრისთვის ნაცნობი და გასაგები მიზეზით ხილულია, ვეება და მკვიდრი, მომაკვდინებლად მკვიდრი. მოდის, საშინელი მუქარით გიახლოვდება, შენ კი ადგილიდან ფეხს ვერ იცვლი, ხედავ, რომ ხსნა არსაითაა და კოსმიური შიშით ელოდები სიკვდილს. მაგრამ უეცრად იმ წამს, როცა მეხი უკვე თავს დაგტრიალებს და საცაა მისი ელექტროსაცეცები შეგეხებიან, რათა აგაფეთქოს და გაგაცამტვეროს, ბუნების რომელიღაც გაუგებარი კანონის წყალობით, თითქოს შენმა სხეულმა განზიდვის აქამდე უცნობი ძალები წარმოშვა, ან არადა, თავზე უხილავი და უსხეულო მეხამრიდი ამოგივიდა, მეხი, იმის ნაცვლად, რომ საშინელი გრუხუნით გასკდეს, ჩუმი ფუილით დაიშლება შენს თავს ზემოთ და ჰაერში გაიფანტება. დილით რომ ეთქვათ სოლომონისთვის, პენსიაზე უნდა გახვიდეო, ეს ცნობა მეხივით გავარდებოდა, მაგრამ სიცოცხლე სწორედ იმითაა რთული და ალბათ საინტერესოც, რომ ის, რაც დილით მეხია, ნაშუადღევს შეიძლება მეხამრიდად იქცეს, რადგან ცხოვრება ყოველთვის კარგია, რაკიღა ყოველთვის შეიძლება უარესი იყოს. სანამ თანამშრომლები, მისი გადარჩენით გახარებულები, ხმაურობდნენ, ლაღობდნენ და წეღანდელი მძიმე განწყობილების ჯავრს იყრიდნენ, სოლომონი იმაზე ფიქრობდა, მადლობა ეთქვა თუ არა დირექტორისთვის. მართალია, გულში პატარა ხინჯი კი ჰქონდა იმის გამო, რომ დირექტორს გაკვრითაც არ უხსენებია თავისი მონაწილეობა იმ ორი წამატებული ნიშნიდან ერთ-ერთში, მაგრამ მაინც გრძნობდა, მადლობის თქმა საჭირო იყო, და თუ ვერ გადაეწყვიტა, მხოლოდ იმიტომ, რომ რაღაც ბუნდოვანი და დაუზუსტებელი შიში ჰქონდა, ვაითუ ყალბად პათეტიკური და სასაცილო გამოვჩნდეო. ბოლოს, როდესაც დირექტორი თვითონ მოვიდა და ბეჭზე ხელი მოუთათუნა, გაბედა და უთხრა: - დიდი მადლობელი ვარ, ეს რამხელა სირცხვილს გადამარჩინეთ! - კარგი ერთი! - მეგობრული ღიმილითა და მეგობრული კილოთი მიუგო დირექტორმა. მერე ქალბატონ ცისანას მიუბრუნდა, - არ წახვიდეთ უჩემოდ, მანქანითა ვარ.    როდესაც ხმაურიანი ეპილოგიც მიწყდა, ყველანი წავიდ-წამოვიდნენ და სოლომონი, უკვე მარტო დარჩენილი, სკოლის ბაღში ნელი ნაბიჯით გაუყვა ნაძვნარს, მაშინღა გაახსენდა, რომ, მას შემდეგ, რაც სხდომის, ასე ვთქვათ, ოფიციალური ნაწილი დამთავრდა, ნატალია დავიდოვნა აღარ დაუნახავს. სოლომონს ჯერ გაუკვირდა, მერე თავისთვის წყნარად გაეღიმა. დირექტორმა რომ შენიშვნა მისცა (კაცმა რომ თქვას, სამართლიანადაც), მას მერე ნატალია დავიდოვნას თავი აღარ აუღია. ეჰ, ნატალია დავიდოვნა, ნატალია დავიდოვნა! როგორ შეიძლება, პაწაწკინტელა, უმნიშვნელო შენიშვნას კაცი ასე მწვავედ განიცდიდე! სოლომონს ცოტა გული დაწყდა. ახლა რომ ნატალია დავიდოვნა აქ ყოფილიყო და ჩაიზე დაეპატიჟნა, სიამოვნებით გაჰყვებოდა. ცოტა ხნის შემდეგ სოლომონმა კვლავ თავის საყვარელ ბაღში შეუხვია (დღეს უკვე მეოთხედ), ამჯერად ისევ შეჩერდა და ამოჩემებულ მერხზე ჩამოჯდა. სოლომონის სამი მნიშვნელოვანი დაკვირვება დაკვირვება პირველი    როდესაც ლუბასა და ტარაკანას ერთმანეთს შევადარებთ და დავინახავთ, რომ სასწორი აშკარად ტარაკანის მხარეს იხრება, რადგან სულიერად, პოლიტიკურად, ზნეობრივად და რელიგიურად (თუკი ლუბას ზნეობრიობაზე და რელიგიურობაზე საერთოდ შესაძლებელია ლაპარაკი) ტარაკანა გაცილებით უფრო პროგრესული მოვლენაა, ვიდრე ლუბა ადვილი მოსალოდნელია, პრობლემამ სიღრმეებში შეგვიტყუოს და იმ დასკვნამდე მივიდეთ, რომ, თუ დედამიწაზე სიცოცხლის განვითარების ფორმულა „მცენარე-ცხოველი-ადამიანი“ სწორია, მაშინ ეს განვითარება სულიერი თვალსაზრისით დაღმავალი ხაზია. მართალია, ძვალსა და რბილში საპირისპირო შეხედულება გვაქვს გამჯდარი, მაგრამ, ვინც ისტორიას გულდასმით გადაფურცლავს, არ შეიძლება არ აღმოაჩინოს, რომ ყველაზე დიდი და ხანგრძლივი შეცდომები სწორედ იქ მოგვდის, სადაც შეცდომა გამორიცხული გვგონია. როდესაც ბიოლოგია გვასწავლის, მარტივიდან რთულისკენო, სულიერ განვითარებას არ ითვალისწინებს, თორემ აკი ფილოსოფია იმას გვეუბნება, უმაღლესი ჭეშმარიტება მარტივიაო, და ისეთი კონკრეტული მეცნიერებაც კი, როგორიცაა ფიზიკა, ამავე აზრისაა. მართლაცდა, განა ცხადი არ არის, რომ ზნეობრივად (და, მაშასადამე, გონებრივადაც) მცენარე გაცილებით მაღალ საფეხურზე დგას, ვიდრე ადამიანი? მცენარეს არა აქვს პატივმოყვარეობა (ამ მხრივ, ტარაკანამაც კი დიდად გაგვისწრო), არა აქვს ეგოიზმი, არავის ჩაგრავს, არავის ძარცვავს, არავინ სძულს, ამაო და უაზრო სურვილები არ აფორიაქებს და გუნებას არ უშხამავს. მცენარე უანგაროა. ნაყოფს ისე იძლევა, რომ დაწინაურებას არ ითხოვს. ერთი სიტყვით, მცენარეს აქვს ყველა ის ნიშანი, რაც, დიდ ბრძენთა, დიდ ფილოსოფოსთა და დიდ სულიერ მამათა აზრით, უნდა შეიძინოს ადამიანმა, რათა განვითარების საბოლოო მიზანს მიაღწიოს და დანიშნულების ადგილას მივიდეს. მცენარის ამ უტყუარ უპირატესობას მრავალი მიზეზი ექნება, მაგრამ მათ შორის უმთავრესი ის უნდა იყოს, რომ იგი მხოლოდ ბიოლოგიურად მოძრაობს, რაც ბუნებრივი მოძრაობაა და ამიტომ შემოქმედის მიზანს ემსახურება, და არ მოძრაობს მექანიკურად, რაც ხელოვნური მოძრაობაა, რაკი გარეშე ძალაზეა დამოკიდებული, და ამიტომ შემოქმედის მიზანს ეურჩება. ადამიანს ფიზიკური გადაადგილების უნარი თავის უპირატესობად მიაჩნია, რაც, ცხადია, მცდარი აზრია. ამ შეცდომის სათავე იმაში მდგომარეობს, რომ ფიზიკური გადაადგილება მოთხოვნილებაა, ადამიანს კი, გონებრივი სიზანტისა და სხვა უამრავი შინაგანი ნაკლულევანების გამო, ის, რაც მოთხოვნილებაა, უპირატესობა ჰგონია. სინამდვილეში, ვინც კარგად დაფიქრდება და ყველაფერს თვალნათლივ წარმოიდგენს, ადვილად დაინახავს, რომ სწორედ ფიზიკური გადაადგილებაა ყოველგვარი ბიწიერების მასაზრდოებელი წყარო. (ეს დაკვირვება სოლომონს არავისთვის გაუზიარებია, რადგან სამართლიანად შიშობდა, რომ ადვილი შესაძლებელი იყო, ვინმეს გიჟად ჩაეთვალა). დაკვირვება მეორე    ქართული მწერლობის შვიდი ვარსკვლავიდან ოთხი მეცხრამეტე საუკუნის ცაზე კიაფობდა. ეს ფაქტი საინტერესოც არის და დამაფიქრებელიც. შვიდი კაცი თხუთმეტი საუკუნის მანძილზე ნიშნავს საშუალოდ ორ საუკუნეში ერთ კაცს. რა თქმა უნდა, სისულელეა ასეთ საკითხში მკაცრი თანაფარდობა და ზუსტი განაწილება მოითხოვო, მაგრამ ერთ საუკუნეზე ოთხი კაცი და დანარჩენ თორმეტზე - სამი, მაინც ისეთი შეუსაბამობაა, ალბათობის ყველა საზღვარს სცილდება და რაღაც იდუმალ კანონზე ან, ყოველ შემთხვევაში შენიღბულ ბერკეტზე მიუთითებს, მით უფრო, რომ ეს საუკუნე იყო არა მეთერთმეტე ან მეთორმეტე (ამას კიდევ მოეძებნებოდა რაიმე ბუნებრივი გამართლება), არამედ მეცხრამეტე, როდესაც ქვეყანამ დამოუკიდებლობა დაკარგა და კოლონიად იქცა. ნუთუ დამოუკიდებლობის დაკარგვამ ასე არგო ხალხს, ვინც მთელი არსებობის მანძილზე სწორედ დამოუკიდებლობის შესანარჩუნებლად იბრძოდა? ამ უცნაური გამოცანის ასახსნელად ფიქრიცაა საჭირო და რწმენაც. და თუ დაფიქრდები და რწმენაც გექნება, ადრე თუ გვიან მიხვდები, რომ მშვიდობას, რომელიც საქართველომ დამოუკიდებლობის დაკარგვით მოიპოვა, ამ შემთხვევაში დამოუკიდებლობაზე მეტი ფასი ჰქონდა და არ შეიძლებოდა მას ფეთქებადი განახლება არ მოჰყოლოდა. რაკი ქვეყანას, რომლისთვისაც ბრძოლა ლამის არსებობის ფორმად იქცა, უეცრად საშუალება მიეცა ხმალი დაედო, ოფლი მოეწმინდა, ჩამომჯდარიყო, მიმოეხედა და სამყაროსათვის სულისა და გონების თვალი მიეპყრო, ჯებირიც მოირღვა და დაგუბებული პოეზია (რატომ მაინცდამაინც პოეზია და არა პროზა, ეს ცალკე დაკვირვების საგანია) ნიაღვარივით გადმოსკდა. დამოუკიდებლობა კი დროებით დავიწყებას მიეცა. იდინა ნიაღვარმა, იდინა და მხოლოდ მაშინ, როცა ზიარ ჭურჭელში დადგენილ ზღვარს მიაღწია და კვლავ არტახებში მოექცა (ამიტომ იყო ოცდათორმეტი წელი ნაადრევი და ნაუცბადევი), დაჰკრა ეროვნული თავისუფლებისათვის ბრძოლის ზარმა და აკი გამოვიდა კიდეც ასპარეზზე ილია ჭავჭავაძე.    (სოლომონს არც ეს დაკვირვება გაუზიარებია ვინმესთვის, რადგან აქ ისეთ სიმებს უნდა შეხებოდა, რომელთა შეხება არ იცოდა, შეიძლებოდა თუ არა. სამაგიეროდ, ის იცოდა კარგად, რომ თუ არ იცი, გირჩევნია ფრთხილად იყო და პირში წყალი ჩაიგუბო). დაკვირვება მესამე ქართულ ლიტერატურას უნდა ვასწავლიდეთ არა მეხუთე საუკუნიდან მოყოლებული მეოცე საუკუნემდე, არამედ მეოცე საუკუნიდან მოყოლებული მეხუთე საუკუნემდე.    ჩვენი ბავშვები ისე ამთავრებენ სკოლას, რომ არც ცურტაველი აქვთ წაკითხული, არც მერჩულე და, ასე გასინჯეთ, არც რუსთაველი. ეს არცაა გასაკვირი. როდესაც მერვეკლასელ ბავშვს, რომელიც მხოლოდ თანამედროვე სალიტერატურო სფეროში ტრიალებს და არათუ ენის სიღრმეში არ ჩაუხედავს, ჯერ არც კი იცის, ენას თუ რამე განსაკუთრებული სიღრმე და სირთულე აქვს, პირდაპირ „შუშანიკის წამებას“ შევაჩეჩებთ, რა თქმა უნდა, შეშინდება და პირველივე აბზაციდან მიანებებს თავს. ეს ხომ იგივეა, მათემატიკის სწავლება სამუცნობიანი განტოლებებიდან დავიწყოთ და გამრავლების ტაბულას მეათე კლასშიღა მივაღწიოთ. ცხადია, ამ დროს მასწავლებელიც უძლურია. უკეთესი, რაც მას შეუძლია, გააკეთოს, შინაარსი უამბოს (თუკი თვითონ წაკითხული აქვს) და, თუ მაინცადამაინც, საზეპირო ადგილები გააზუთხინოს. განა უმჯობესი არ არის, გამრავლების ტაბულიდან დავიწყოთ, როგორც ამას უმარტივესი გონივრულობა და ყოველდღიური გამოცდილება გვასწავლის, და სამუცნობიან განტოლებებს ბოლოს მივადგეთ? თანამედროვე მწერლობიდან რომ მივყვეთ და ნელ-ნელა წავიდეთ უკან, ისე მივაღწევთ ცურტაველს და ისე ისწავლის ბავშვი ძველ ქართულს, ვერც კი გაიგებს, თუ რაიმე სირთულე გამოიარა. მაშინ მოგვიანებით, როცა ამ ბავშვების ნაწილი სახარების წაკითხვას დააპირებს, ვინ იცის, იქნებ აღარც კი დასჭირდეთ ქართული ტექსტის გვერდით რუსული ტექსტის დადება და რუსულის მეშვეობით ქართულის გაგება.    (თუ პირველი დაკვირვება უფრო ფანტასტიკის სფეროსკენ იხრებოდა, მეორე დაკვირვებასაც მრავალი ბუნდოვანი კითხვის ნიშანი უტრიალებდა ირგვლივ, ეს მესამე დაკვირვება, სოლომონის აზრით, სრულიად ეჭვმიუტანელი იყო, მაგრამ არც ეს დაკვირვება გაუზიარებია ვინმესთვის. ვინ მიაქცევდა ყურადღებას სოლომონის ლაპარაკს! ვინ დაშლიდა დალაგებულ პროგრამას და დალაგებულ კადრებს, ვინ დაიწყებდა ყველაფერს თავიდან, ვინ აიბურდავდა აწყობილ ცხოვრებას, ვინ აიტკივებდა აუტკივარ თავს, ვინ მოჰკიდებდა ხელს ამოდენა საქმეს იმის გულისთვის, რომ ბავშვებს „შუშანიკის წამება“ წაეკითხათ! ან რა სოლომონის საქმე იყო სწავლების მეთოდებისა და სისტემების მოწესრიგება! სოლომონს თავისი პატარა საქმე ჰქონდა და, ავად იყო თუ კარგად, თავის მოვალეობას კეთილსინდისიერად ასრულებდა. ასეთი პრობლემები ილია ჭავჭავაძის პრობლემებია და, თუ სადმე კიდევაა ილია ჭავჭავაძე, იმან იმტვრიოს თავი!).    ახლა, როდესაც ჩვენი სცენიდან გასვლის ჟამმა დაჰკრა, სოლომონი ისევ თავის საყვარელ მერხზე ზის ბაღში და იცის, რომ ცხოვრება ყოველთვის კარგია, რაკიღა ყოველთვის შეიძლება უარესი იყოს. ირგვლივ დიდრონი ხეები დგანან და განიერი ტოტები ისე გადუშლიათ, თითქოს სოლომონს რაღაცისგან იცავენო. ეს ხეები აქ იდგნენ სოლომონის დაბადებამდე და აქ იდგებიან ორი ათასი წლის დასასრულსაც. სოლომონი კი... სოლომონს უეცრად ელვასავით ნათლად და ცხადად წარმოუდგა თვალწინ ის მოუხელთებელი წამი, დასასრულისა და დასაწყისის შემაერთებელი არარსებული წამი, და დაინახა, რომ არც სოლომონი იყო სოლომონი, არც ასმათი იყო ასმათი, არც ქალბატონი ცისანა იყო ქალბატონი ცისანა, ყველანი ერთნაირები იყვნენ, როგორც დაუთესავი მარცვლები, და ახალი გამოსვლის ცნობისმოყვარე მოლოდინში დახურული ფარდის უკან დედიშობილები ისხდნენ, რადგან თეატრის ადმინისტრაციას ძველი ტანსაცმელი უკვე ცეცხლისთვის მიეცა, ახალი კი ჯერ არ დაერიგებინა.    სოლომონი გაკვირვებული ჩასცქეროდა საკუთარ თავს და სწორედ იმის გამო, რომ იცოდა, ცხოვრება ყოველთვის კარგია, რაკიღა ყოველთვის შეიძლება უარესი იყოს, ვერ გაეგო, მაშ რატომ ეჩვენებოდა, თითქოს ეს-ეს არის ზღვიდან ამოვიდა და შიშველ სხეულზე მედუზები ასხდა... …
დაამატა Kakha to ლიტერატურა at 12:22pm on ოქტომბერი 25, 2016
თემა: ედგარ პო - მოთხრობები
ეს ყმაწვილი ჯენტლმენი და მეც დიდი გულისყურითა და ცნობისმოყვარეობით მოვეკიდე ამ ნაცნობობას. თუ ვინ იყვნენ მისი სულიერი და ხორციელი ნათესავები, ვერ დავადგინე. ვერც მისი ოჯახის შესახებ გავიგე ვერაფერი. ვერც ის მითხრეს, თუ საიდან იყო ჩამოსული. კი გეუბნებით, ყმაწვილი ჯენტლმენი-მეთქი, მაგრამ მისი ასაკი ძალიან საეჭვო შექმნილიყო ჩემთვის. თქმა არ უნდა, ყმაწვილი ჩანდა, თავადაც ამას იძახოდა, ყმაწვილი ვარო, მაგრამ ზოგჯერ იყო და ვიფიქრებდი ხოლმე, ასი წლისა უნდა იყოს მეთქი. ყველაზე უფრო გასაოცარს ამ კაცის აღნაგობას შეარქმევდით. უჩვეულოდ მაღალი და გამხდარი, წელშიაც მეტად მოხრილი იყო. მჭლე და გრძელზე გრძელი კიდურები ჰქონდა, შუბლი - მოგრძო და დაბალი, სახე - უსისხლო ზაფრანისფერი, პირი ვეება და მოძრავი, მთლად კბილებჩოღერა, ოღონდ საღი, აქამდე ამის მსგავსი ადამიანის პირში მე არ მინახავს. სასიამოვნო ღიმილი იცოდაო, ამას ვერ იტყოდით, მაგრამ როგორღაც თქვენს გულს კი იგებდა ამით და, ამასთან ერთად, სულ ერთნაირად, სევდით მოცული იღიმებოდა დღენიადაგ წარუვალი ჩანდა მისი კაეშანი. თვალები უჩვეულოდ დიდრონი ჰქონდა და კატისებრ მრგვალი, გუგები უპატარავდებოდა და უდიდდებოდა ხოლმე სინათლის დაკლება-მომატების კვალობაზე, ვითარცა ეს კატისებრთა ცხოველებს სჩვევიათ. თვალის თეთრონი საკვირვლად აუელვარდებოდა მღელვარების ხანს და თითქოსდა კი არ ირეკლებოდა, შიგნიდან გამოსცემდა სხივებს სანთლის ან მზის მსგავსად, ჩვეულებრივ კი ბუნდი და ლიბრგადაკრული მთლად აზრმოკლებული ჩანდა და ასე გაიფიქრებდით, დიდი ხნის დასამარებული გვამისააო. თავადაც დიდად სწყინდა, როგორც ჩანს, თავისი ასეთი გარეგნობა და ხშირადაც ახსენებდა, თითქოსდა უნდოდა აეხსნა თუ გაემართლებინა, რამაც პირველად გული მომიკლა. მაგრამ სულ მალე შევეგუე ამას და აღარც მიმძიმდა იმასთან ყოფნა. თითქოსდა სურდა, უფრო გადაკვრით ეთქვა, ვიდრე პირდაპირ მოჰყოლოდა მტკიცებას, მართალია დღეს ასეთს მხედავთ, მაგრამ ერთ დროს რომ გენახეთ, ძალიანაც მოგეწონებოდითო, ნევრალგიის გაუთავებელმა შეტევებმა მიმიყვანაო ამ დღემდე. წლების მანძილზე ერთი ექიმი ნახულობდა, გვარად ტემპლტონი, მოხუცი ჯენტლმენი, ასე, სამოცდაათი წლისა უნდა ყოფილიყო, პირველად იმას სარატოგაში შეხვდა და იმ დღიდან მოყოლებული ამ კაცმა დიდად უშველა, ანუ ასე სჯეროდა მას. დაბოლოს ბედლოუმ, მდიდარი რომ გახლდათ, ხელშეკრულება დაუდო ექიმ ტემპლტონს. ამ ხელშეკრულების თანახმად ექიმს მიეცემოდა დიდი გასამრჯელო, რათა მას მთელი დრო და თავისი საექიმო გამოცდილება ამ ავადმყოფისთვის მოეხმარა.        თავის სიყმაწვილეში ექიმ ტემპლტონს ბევრი უმოგზაურია და პარიზში ყოფნის ხანს მესმერის ერთგული მიმდევარი გამხდარა. მაგნეტიკურ ხერხებს იშველიებდა ეს კაცი და თავის პაციენტს მწვავე ტკივილები შეუმცირა; ამ წარმატების შედეგად, რაღა თქმა უნდა, ავადმყოფი გარკვეულწილად გაიზიარებდა იმ მოძღვრებას, ამ ხერხებს რომ ესაძირკვლებოდა. მაგრამ იმ ექიმმა, ყველა ენთუზიასტის დარად, სულაც მოისურვა მოწაფის გადმოყვანა თავის რწმენაზე და იმდენად იყოჩაღა, რომ ის წამებული კაცი მრავალგზის გახდა ცდისპირი. ბევრ ცდას ის შედეგი ჰქონდა, ჩვეულებრივი რომ იყო ამ უკანასკნელ ხანებში და დღეს უკვე ხანდახან თუ იპყრობს ყურადღებას ან სულაც ვეღარ ამჩნევენ, მაგრამ იმხანად, აქ მოთხრობილი ამბავი რომ მოხდა, თითქმის არც იყო ცნობილი ამერიკაში. მე იმის თქმა მინდა, რომ ექიმ ტემპლტონსა და ბედლოუს შორის ნელინელ, ცხადლივ დამკვიდრდა rapport, ანუ მაგნეტიკური დამოკიდებულება. მაგრამ ზუსტად ვერ გეტყვით ხსენებული rapport ჩვეულებრივი ძალის საზღვრებს სცილდებოდა-მეთქი; ოღონდ უფრო სწორი იქნებოდა, თუ ამას ძილქუშის დაწოლას დავარქმევდით. პირველი ცდა მაგნეტიკური ძილის გამოწვევისა სრულიად გაუცუდდა მესმერისტს. მეხუთედ თუ მეექვსედ ნაწილობრივ მიაღწია მიზანს და ისიც დიდი ძილისხმევის შედეგად მხოლოდ მეთორმეტეჯერ მოუპოვებია სრული წარმატება. შემდგომ ამისა პაციენტის ნება მალე ემორჩილებოდა მკურნალის განკარგულებას, და იმხანად, როდესაც პირველად გავიცანი ორივენი, სულ მცირეოდენი შეგონება სჭირდებოდა ექიმს და ძილი მაშინვე მოიცავდა ავადმყოფს, რომელსაც შეიძლება არც კი სცოდნოდა, თუ იყო ვინმე ამ დროს მასთან. ახლა კი 1845 წელს, მსგავს საოცრებას ყოველდღიურად ათასები ხედავენ და მე ვბედავ ეს თითქოსდა შეუძლებელი მოვლენა აღვწერო როგორც სრული რეალობა. დიდი ტემპერამენტის მქონე გახლდათ ბედლოუ, მგრძნობიარე, აგზნებული, აღტაცებული, ძალუმი და მრავალფეროვანი წარმოსახვა იცოდა, რაც, თქმა არ უნდა, კიდევ უფრო გაცხოველებოდა მორფს შეჩვეულ კაცს, ბევრსაც ყლაპავდა ამ ბალღამს, ურომლისოდაც ვეღარც წარმოედგინა არსებობა. ჩვეულებრივ დიდ დოზას დააყოლებდა ხოლმე საუზმეს, უფრო სწორად, ერთ ფინჯან მაგარ ყავას და შუადღემდე აღარაფერს ჭამდა, მერე კი მარტოდმარტო ან ძაღლის თანხლებითღა დიდხანს დაეხეტებოდა ველურ და სევდის მომგვრელ გორებში, შარლოტსვილის დასავლეთითა და სამხრეთით რომ არის და რომელსაც უწოდებენ კლდოვან მთებს. ერთ მოქურუხებულ, თბილსა და ნისლიან-ბურუსიან დღეს, ნოემბრის მიწურულს, წლის იმ დროს, უცნაური interregnum  რომ არის და რასაც ამერიკაში ინდოელთა ზაფხულს ეძახიან, ბ-ნი ბელდოუ, ჩვეულებისამებრ გორებში სახეტიალოდ წავიდა. დღე გავიდა და ის ჯერ კიდევ არ დაბრუნებულიყო.        საღამოს რვა საათი იქნებოდა და კარგა მაგრადაც შევშინდით, რად დააგვიანდაო და საძებნელადაც უნდა წავსულიყავით, რომ უცებ გამოჩნდა საღსალამათი, ოღონდ ჩვეულებრივზე უფრო აგზნებული კი გახლდათ. თავის მოგზაურობასა და დაგვიანების მიზეზი რომ გვიამბო, გაოცებული დავრჩით. - თუ გახსოვთ, - გვითხრა მან, - დაახლოებით დილის ცხრა საათზე გავედი შარლოტსვილიდან. მაშინვე მთებს მივაშურე და ათისთვის ერთი, სრულიად უცნობი ხევი ვნახე. დიდი ყურადღებით ვაკვირდებოდი იქაურობას იმ მიხვეულ-მოხვეულ ვიწრობებში მიმავალი. დიდებული სანახავი იყოო ის მთელი არემიდამო, ამას ვერ იტყოდით, მაგრამ იმდენად გაუდაბურებული და მოწყენილი ჩანდა, რომ აღტაცებული დავრჩი. თითქოსდა სრულიად შეურყვნელი იყო ეს მივარდნილი ადგილი. ფიქრი ვერ მომეცილებინა, რომ იქ, სადაც მე მივდიოდი, ამ მწვანე კოდიანსა და ნაცრისფერ ქვა-ღორღზე კაცს არ გაეჭაჭანებინოს. შესასვლელი ისე მოზღუდული იყო და მიუდგომელი, რომ იმ ღარტაფში მისასვლელად ერთი და ორი კი არა, რამდენიმე სხვადასხვა ადგილას შემთხვევით გავლა იყო საჭირო. ამისდა კვალად სულაც არ უნდა ყოფილიყო შეუძლებელი, რომ თავგადასავლების მაძიებელთაგან მხოლოდ მე უნდა ვყოფილიყავი პირველი, ვინც ამ უდაბურ ადგილას ფეხი დაადგა. სქელი და რაღაც უცნაური ნისლი თუ კვამლი, როგორც ეს ინდიელთა ზაფხულის დროს იცის, მძიმედ ჩამოშლილიყო, ყოველი საგანი მოეცვა ჩემ გარშემო და, რაღა თქმა უნდა, ეს საგნები ციებ-ცხელებიანი კაცის თვალით დანახულს დამსგავსებოდა. იმდენად განუჭვრეტელი იყო ეს სასიამოვნო ბურუსი, რომ თორმეტ იარდზე ჩემ წინ ვეღარაფერს ვხედავდი. სავალი მეტად მიხვეულ-მოხვეულიყო, მზე არ ჩანდა და მალე აღარ ვიცოდი, თუ საით მივდიოდი. თავის ჩვეულებრივი ეფექტისთვის მიუღწევია ამ დროს მორფს და მთელ ამ არემიდამოს დიდი ყურადღებით ვაკვირდებოდი. ფოთლის თრთოლვა - ბალახის ფერი - ფუტკრის ზუზუნი - ნამის ელვარება - ნიავის ფშვინვა - ტყის სურნელება მთელი ამ სამყაროს ჩქამი იყო, სათავე მხიარული და ნაირფერი, უწესრიგოდ მოძალებული აღფრთოვანებული ფიქრებისა. რამდენიმე საათს მივიდოდი ასეთ ყოფაში, ნისლი სულ უფრო დაბლა განრთხმულიყო და მთლად გარშემომხვეოდა, დაბოლოს ხელის ფათურითღა მივიკვლევდი გზას. და მაშინ ენით უთქმელმა შფოთიანობამ მომიცვა, როგორღაც ავნერვიულდი, ვჭოჭმანობდი, კანკალმა ამიტანა. ფეხის გადადგმის მეშინოდა, ვაითუ სადღაც უფსკრულში გადავიჩეხო-მეთქი. ისიც გამახსენდა, თუ რა უცნაური ამბები მოუყოლიათ ამ კლდოვანი მთების შესახებ, თითქოსდა ველური, სისხლისმსმელი ტომები ბინადრობდნენ ამ ტევრებსა და გამოქვაბულებში. ათასნაირი ბუნდი ზმანება დამეუფლა და თავგზა ამიბნია. ზმანება-მეთქი, რომელთა ბუნდოვანება კიდევ უფრო აძლიერებდა ჩემს სასოწარკვეთილებას. და უცებ ჩემი ყურადღება მიიპყრო ხმამაღალმა დოლისცემამ. დიდად გამიკვირდა, რაღა თქმა უნდა, სად დოლისცემა და სად ეს გორები-მეთქი. მთავარანგელოზის საყვირის ხმაც კი არ გამაოცებდა ასე. მაგრამ შიშიანობისა და ცნობისმოყვარეობის ახალი და კიდევ უფრო გამაოგნებელი წყარო დავინახე. თითქოსდა გასაღებების დიდი შეკვრა ყოფილიყო, რაღაც ჟღარუნი და ჩხერება მომესმა და იმავე წამს შავტუხა და ნახევრად შიშველმა კაცმა ჩამირბინა ყვირილ-ყვირილით. ჩემთან ისე ახლოს გაირბინა, რომ იმისი სუნთქვა მომეახლა სახეზე. ცალ ხელში რაღაც, ფოლადის რგოლებით გაწყობილი იარაღი დაეკავებინა, მორბოდა და მაგრად მოიქნევდა. მიიმალა თუ არა ნისლში ფეხდაფეხ მიჰყვა ხვნეშა-ხვნეშით თვალებაბრიალებული ვეებერთელა ცხოველი. ნამდვილად არ შევმცდარვარ, ეს იყო აფთარი.         ამ ურჩხულის დანახვაზე ისე აღარ შევშინებულვარ, რადგან ახლა კი დავრწმუნდი, მომეჩვენა-მეთქი, და ყოველი ღონე ვიხმარე, რათა გონს მოვსულიყავი. გაბედულად და ცოცხლად წინ წავედი. თვალებს ვიფშვნეტდი. გავყვიროდი. ხელები დავიჩქმიტე. წყარო დავინახე უცებ, დავიხარე, დავისველე კისერი, ხელ-პირი. ამან მიშველა, გონზე მოვედი და მოვიცილე ის ჩემი შემაწუხარი გუნება-განწყობილება. წამოვდექი, ახლა კი სულ სხვა კაცი ვარ-მეთქი. ასე გავიფიქრე, და მტკიცედ და მშვიდად განვაგრძე ის ჩემი უცნობი სავალი. დაბოლოს, დაძაბულობისაგან ქანცგაწყვეტილი, მძიმე ჰაერისაგან სულშეხეთული ერთი ხის ძირას ჩამოვჯექი. მზემ გამოიჭვრიტინა უცებ და ფოთოლთა ტევრის ბუნდი, მაგრამ ცხადლივ გარშემოკრული ჩრდილი დაეფინა ბალახს. მრავალი წუთი გაოცებული დავცქეროდი ამ ჩრდილს. გავშეშდი კიდევაც გაკვირვებისაგან. მაღლა ავიხედე. ეს ხე პალმა იყო. თავზარდაცემული წამოვიჭერი - მძინავს-მეთქი, ეს ფიქრი რაღას მიშველიდა. ვხედავდი და ვგრძნობდი, სრულ ჭკუაზე ვიყავი, ამ სრულ ჭკუაზე მყოფი აღვიქვამდი მთელ სამყაროს ახალ და ენით უთქმელ შეგრძნებებისას. იმ წუთასვე თაკარა სიცხე დადგა. საკვირველი სურნელება მოჰყვებოდა ნიავს. ჩქაფუნი ჩამესმა, თითქოსდა აქ სადღაც უნდა ყოფილიყო წყალუხვი, მდოვრე მდინარე, რომლის ხმასაც შერთოდა მრავალრიცხოვანი ბრბოს უცნაური ყაყანი. ჩემს მაშინდელ ყოფას ზუსტად ვერ აგიწერთ; ვიდრე სულ გაოგნებული ყურს ვუგდებდი ამ ხმებს, თითქოსდა ჯადოქარმა ჯოხი აიქნიაო, ქარის უეცარმა და ძალუმმა კვეთებამ ამ არემიდამოს ნისლი შემოაცალა. თურმე მაღალი მთის ძირას ვმდგარვარ და გავცქეროდი ვეებერთელა ველს, რომელზეც მიიკლაკნებოდა დიდებული მდინარე. იმის სანაპიროზე მოჩანდა აღმოსავლური ქალაქი, რომლის მსგავსი არაბულ ზღაპარში შეგვხვედრია, თუმცა ეს ჩემ წინ მდებარე უფრო საკვირველი სანახავი იყო. იმ ადგილიდან, საიდანაც მე დავყურებდი, თითქოსდა რუქაზე დაუხაზავთო, ყოველი კუთხე და კუნჭული ჩანდა ამ ქალაქისა. აურაცხელი მაცხოვრებლებით მოფენილი ქუჩაბანდები ყოველმხრივ კვეთდნენ ერთმანეთს და უფრორე ხეივნებს მოგვაგონებდნენ, ვიდრე ქუჩებს, თვალისმომჭრელი ფერებით გამოირჩეოდა სახლები. სადაც არ მიდგებოდით, ყველგან დაინახავდით საკვირველ მოხატულ-მოჩუქურთმებულ აივნებს, ვერანდებს, მინარეთებს, სამლოცველოებს. ბაზარი დუღდა და გადმოდიოდა, სულო და გულო, რა არ გამოეტანათ აქ - აბრეშუმები, მუსლინები, მოელვარე დაშნები, უძვირფასესი ქვები და სამკაულები. ყოველ მხარეს და ყოველ ნაბიჯზე დაინახავდით ალმებსა და პალანკინებს, ტახტრევნებით დაჰყავდათ ბანოვნები, მძიმედ დააბიჯებდნენ ბრწყინვალედ მორთული სპილოები, ყოველგან იდგა საოცრად გამოჭრილი კერპები, მოოქრულ-მოვერცხლილი იყო დოლები, დროშები, გონგები, კვერთხები. და ამ ბრბოში, ჯაჯღანსა და არეულ-დარეულობაში ურიცხვ შავ და ყვითელ ტურბანებიან და ლაბადებიან, მოფრიალე წვერებიან სახლში დაეხეტებოდა აუარება მორთულ-მოკაზმული წმინდა ხარი და ამავე დროს, აქვე დაშლიგინობდა ჭყივილ-კივილით ასევე მორთული მაიმუნების ჯარი, დაძვრებოდნენ მეჩეთების ლავგარდნებზე, მინაერთებსა და სამლოცველოებზე. ხალხით გაჭედილი ქუჩებიდან, სადაც არ გავიხედავდით, ეშვებოდა კიბეები, რომელთა ბოლო საფეხურები საბანაო ადგილებს ებჯინებოდნენ, თავად მდინარე კი ამ დროს თითქოსდა ძლივსღა მიედინებოდა დამძიმებული უამრავი გადატვირთული გემით და აღარც კი ჩანდა მდინარის ზედაპირი. ქალაქის ირგვლივ წამოჭიმულიყო პალმებისა და ქოქოსების დიდებული კორომები რაღაც სხვა ათასწლოვანი გიგანტური გასაოცარი ხეებითურთ. აქა-იქ მოჩანდა ბრინჯის მინდვრები, ჩალით დახურული ქოხმახები, წყალსატევი, მივარდნილი ტაძარი, ბოშათა ბანაკი, ტანწერწეტა ქალიშვილი, დოქით თავზე მარტოდმარტო ამ დიდებულ მდინარის სანაპიროსკენ მიმავალი.        თქვენ, რასაკვირველია, შეგიძლიათ თქვათ, ზმანება იყოო ეს და მეტი არაფერი, მაგრამ ასე არ არის, რასაც ვხედავდი, რასაც მე ვფიქრობდი, რასაც მე ვგრძნობდი, რაც მე მესმოდა, არ ჰგავდა სიზმარს. ნამდვილად სრულ გონებაზე ვიყავი. პირველად კი შემეპარა ეჭვი, ფხიზელი თუ ვარ-მეთქი, მაგრამ რამდენიმე ცდის ჩატარების შემდეგ მალე დავრწმუნდი, ცხადლივ ვხედავდი ყველაფერს. მართლაც, ვინმეს რომ სძინავს და ძილში რაღაც ეჭვი გაუჩნდება, თუ მძინავსო, ამ ეჭვის დაზუსტებას ვერ ახერხებს და იმწუთასვე იღვიძებს. ასე, მაგალითად, ნოვალისი არ ცდება, როდესაც ამბობს: „თუ გვესიზმრება, გვძინავსო, მაშინ მალე გავიღვიძებთ კიდევაც“. ყველაფერი, რაც ვნახე სიზმარი უნდა ყოფილიყო უთოდ, სიზმარი და მეტი არაფერი, მაგრამ რაკი ვეჭვობდი, ვყოყმანობდი და ცდებიც კი ჩავატარე, რაღაც სხვანაირ ფენომენს გადავყრივარ თურმე. - ვერ დავიჩემებ, ცდებით-მეთქი, - შეაწყვეტინა ექიმმა ტემპლონმა, - მაგრამ მერე რა მოხდა, მიამბეთ, თქვენ ადექით და იმ ქალაქში ჩადით... - ჰო, მე ავდექი, - განაგრძო დიდად გაოცებულმა ბედლოუმ და თან ექიმს შესცქეროდა, - ავდექი-მეთქი, როგორც თქვენ ბრძანეთ, და ქალაქში ჩავედი. აუარება ხალხში გამოვიარე, ქუჩებში გამოსულიყვნენ და ერთი მიმართულებით მიდიოდნენ, ყოველ ნაბიჯზე ეტყობოდათ, რომ საშინლად განრისხებულიყვნენ. უცებ, რაღაც შეუცნობელი იმპულსის გამო დიდი გულისყურით დავიწყე იქაურობის თვალიერება. თითქოსდა, ვიცოდი, რომ რაღაც მნიშვნელოვანი ამბები უნდა გადამხდენოდა, თუმცა არ ვიცოდი, რა და როგორ. ვხედავდი იმ ბრბოს და ვგრძნობდი, ძალიან მტრულად ვიყავი განწყობილი იმათ მიმართ. დავუსხლტი იმათ და სწრაფად წამოვედი, ქალაქს შემოვუარე და სხვა გზით შემოვედი. ყველგან ღრიანცელი იდგა, ჯავრით ყაყანებდნენ. სანახევროდ ინდოელთა, სანახევროდ ევროპელთა მსგავსად მორთულების პატარა ჯგუფი დავინახე, მეთაურები ჰყავდა, ჯენტლმენები, რომელთაც ბრიტანული ფორმის მსგავსი ტანსაცმელი ეცვათ და ქუჩებიდან აურაცხელი ბრბოს გაყრა უნდოდათ. ბრძოლის ველზე დაცემულის იარაღი ავისხი და უმცირესობის მხარე დავიჭირე; არც კი ვიცი, ვის შევები მთლად გააფთრებული, ნერვული სასოწარკვეთილებით მოცული, ბევრნი იყვნენ და მალე გვაჯობეს, უკან დავიხიეთ და რომელიღაც შენობას შევაფარეთ თავი, ბარიკადები ავაგეთ და ახლა, რამდენიმე ხნით დაცული ვიყავით. შენობის სახურავთან ერთი დასაზვერი სარკმელი იყო და იქიდან დავინახე, აბობოქრებული ურიცხვი ბრბო, ერთ, მდინარეზე გადმოშვერილ დიდებულ სასახლეს მიაწყდა და იერიშით შიგ შეჭრას ლამობდნენ. ანაზდად ზედ სასახლის ზედა ფანჯრიდან ვიღაც ჩამოუშვეს, დიაცური შესახედაობის კაცი, იმის თანმხლებთ თავიანთი ტურბანებისაგან თოკი შეეკრათ და იმით. ნავი დახვდა იქვე და მდინარის მეორე მხარეს გადავიდა. და ახლა ეს მოვისურვე. მოკლე, მაგრამ მგზნებარე სიტყვით მივმართე ჩემს ამხანაგებს და იმათთაგან რამდენიმე გვერდში ამომიდგა, შენობიდან გამოვცვივდით და შლეგური იერიში წამოვიწყეთ. ჩვენს გარემომცველთა ბრბოში შევიჭერით. პირველად შედრკნენ და უკუმიდგნენ. შემდეგ მხნეობა მოიკრიბეს, გააფთრებით შემოგვიტიეს და ისევ უკუმიგდნენ. ამ დროს კარგა მაგრად დავცილდით იმ შენობას და სადღაც, ვიწრო ქუჩებში მოვხვდით არეულ-დარეულები, თავგზააბნეულები, ზემოდან დაგვყურებდა მაღალი სახლები, რომელთა ქვეშ არც არასდროს ჩაუღწევია მზის ნათელს. ქალაქის კაცნი ფიცხლად გვიტევდნენ, შუბებს გვიღერებდნენ, ისრის სეტყვა დაგვაყარეს. გასაოცარი ისრები ჰქონდათ, მალაურ დახვეულ კრისს მოგვაგონებდნენ, მოსრიალე გველების მსგავსს, ამ შავ გრძელტარიანი ისრებისთვის შხმიანი წვერო დაეტანებინათ. მარჯვენა საფეთქელში მიმხვდა ერთი ისარი. ტორტმანით წავიქეცი. იმავე წამს სულის ამომხდელმა უღონობამ მომიცვა. ერთი გავიბრძოლე... სუნთქვა შემეკრა... მოვკვდი. - ახლა კი, - გავუღიმე მე, - ვეღარ იტყვით, სიზმარი არ იყოო ის თქვენი თავგადასავალი. როგორღა დაგვიმტკიცებთ, მკვდარი ვარო? ეს სიტყვები რომ ვთქვი, რაღა თქმა უნდა, დიდ წინააღმდეგობას მოველოდი ბედლოუსაგან; მაგრამ რა გაოცებული დავრჩი, როდესაც შევნიშნე, მერყეობდა, შეკრთა, მთლად გაფითრდა და აღარაფერი მიპასუხა. ტემპლტონს შეხედე. გაშეშებული და გაოგნებული იჯდა თავის სავარძელზე - კბილები უკაწკაწებდა და სადაცაა თვალები წამოუცვივდებოდა საბუდედან. საბუდიდან, განაგრძეთო! უთხრა მან ბოლოს ხრინწიანი ხმით ბედლოუს. - კარგა ხანს, - თქვა მან, - ჩემი ერთადერთი გრძნობა თუ შეგრძნება არყოფნის წკვარამი იყო, აზრი სიკვდილისა. დაბოლოს, თითქოსდა სული ჩემი, უეცრად და ძალუმად რაღაცამ გაანათა მსგავსად ელექტრობისა. სინათლე და მოქნილობა აღვიქვი ამასთან ერთად. სინათლე კი არ მიხილავს, შევიგრძენი. თითქოსდა იმავე წამს მიწიდან წამოვდექი, მაგრამ სხეულს, მხედველობის, სმენისა და შეხების უნარს ვერ ვგრძნობდი. ბრბო აღარსად ჩანდა. ბუნტი ჩათავებულიყო. გარკვეულწილად დამშვიდებულიყო ქალაქი. ჩემ ქვემოთ გვამი ეგდო, საფეთქელში ისარი ჰქონდა გაყრილი, თავი მაგრად შეშუპებოდა და დამახინჯებოდა. მაგრამ ყოველივე ამას მე კი არ ვხედავდი, ვგრძნობდი. სრულიად აუმღვრეველი გახლდით. გვამსაც არ შევუშფოთებივარ. რამე ნება-სურვილი არ მქონდა, მაგრამ რაღაცამ კი მაიძულა მოძრაობა, შევფრთხიალდი, მსუბუქად გამოვეშურე ქალაქიდან, გარშემოვუარე მას და იმავე გზით გამოვედი, რითაც შევედი. ხეობის იმ ადგილას რომ მივატანე, სადაც აფთარს გადავაწყდი, რაღაცამ დამკრა, თითქოსდა ბატარეის დენი ყოფილიყო; სხეულიც შევიგრძენი და ნება-სურვილიც გამიჩნდა. ისევ გავხდი ის, რაც ვიყავი და სასწრაფოდ შინისაკენ გამოვწიე, მაგრამ იმას, რაც გადამხდენოდა, არ დაეკარგა რეალობის სიცხადე და ეხლაც, ამ წუთშიც კი ვერ გეტყვით, სიზმარი იყო-მეთქი. - არც იყო, - ძალიან ჩაფიქრებული ჩანდა ტემპლტონი, - მაგრამ კი არის ძნელი რაღაც სხვა რამე დავარქვათ იმას. სავარაუდებელია, რომ თანამედროვე ადამიანის სული განსაცვიფრებელი ფსიქიკური აღმოჩენების კარიბჭესთან მისულა. მოდით და ახლა ამ აზრს დავჯერდეთ. დანარჩენი შეიძლება ასე აიხსნას. აბა, ერთი ეს ფერადი სურათი ნახეთ, კი მინდოდა უფრო ადრე მეჩვენებინა, მაგრამ რაღაც გაურკვეველი შიშის გამო დღემდე ვერ შევძელი. - დავხედეთ იმ სურათს, ვერაფერი ისეთი მნიშვნელოვანი ვერ შევნიშნე, მაგრამ ბედლოუს კი თავზარი დასცა. შეხედა თუ არა, კინაღამ გრძნობა დაკარგა. პატარა პორტრეტი იყო და მეტი არაფერი. ზედმიწევნით ზუსტად, არა ვცდები, იმეორებდა იმის სახის ნაკვთებს. ყოველ შემთხვევაში, ასე გავიფიქრე სურათის შეხედვისთანავე. - აბა, დააკვირდით, - თქვა ტემპლტონმა, - ამ სურათის თარიღს, აი, აქ, ამ კუთხეში, ძლივსღა ჩანს - 1780. სწორედ ამ წელიწადს დაუხატიათ ეს პორტრეტი, ჩემი მკვდარი მეგობრის, ბ-ნ ოლდების სურათია, კალკუტაში გავიცანი ის კაცი, უორენ ჰასტინგსის მმართველობის ხანს, ოცი წლისა ვიყავი მაშინ. პირველად რომ სარატოგაში გნახეთ, ბ-ნო ბედლოუ, სწორედ გასაოცარი მსგავსება თქვენსა და ამ პორტრეტს შორს იყო მიზეზი, რომ გაგიცანით, დაგიმეგობრდით და ბოლოს ხელშეკრულებაც კი დავდეთ და მას მერე სულ თქვენი კომპანიონი ვარ. სწორედ ამას მიველტვოდი ნაწილობრივ ან სულაც იმის გამო, რომ გული მიკვდებოდა იმ ჩემი დაღუპული ამხანაგის გახსენებაზე და, აგრეთვე, ჩვეულებრივი ცნობისმოყვარეობა დამეუფლა და ცოტათი შევშფოთდი კიდეც თქვენთან შეხვედრის ხანს. თქვენ რომ გამოწვლილვით აღწერეთ, თუ რა მოგეჩვენათ იმ მთებში, ცხადლივ მოგვაგონებს ინდოეთის ქალაქ ბენარესს წმინდა მდინარის სანაპიროზე. ის ბუნტი, ბრძოლები და სისხლისღვრა მართლაც მომხდარა შეიტ-სინგის აჯანყების დროს, 1780 წელს, მაშინ ჰასტინგსი ძლივს გადარჩენილა ცოცხალი. ტურბანებისაგან გაკეთებულ თოკს რომ ჩამოჰყვა, თავად შეიტ-სინგი გახლდათ. შენობაში შეცვენილი ჯარისკაცები იყვნენ სიპაები და ბრიტანელი ოფიცრები, მათ ხელმძღვანელობდათ ჰასტინგსი. იმათ შორის მეც ვიყავი და ყოველი ღონე ვიხმარე, რათა წინ აღვდგომოდი იმ ოფიცრის მიერ ანაზდეულად და საბედისწეროდ წამოწყებულ იერიშს, იგი ქუჩებში შეება ბრბოს და და ბენგალელის მოწამლულმა ისარმა გაათავა. ის ოფიცერი ჩემი უძვირფასესი მეგობარი იყო. გვარად ოლდები. ამ ხელნაწერში შეგიძლიათ ამოიკითხოთ (თქვა ეს და რვეული გამოგვიწოდა, სწორედ ახლახან დაეწერა რამდენიმე ფურცელი), რომ იმ დროს, როდესაც თქვენ მთებში ის ამბავი გადაგხდათ, მე აქ, სახლში გამოწვლილვით აღვწერდი იმ ამბავს ამ რვეულში. დაახლოებით ერთი კვირა იყო გასული ამ საუბრის შემდეგ, რომ შარლოტსვილის გაზეთმა შემდეგი ცნობა გამოაქვეყნა: „ღრმა მწუხარებით ვიუწყებით ბ-ნ ოგასტეს ბედლოს გარდაცვალებას, ამ ჯენტლმენის კეთილი გული და მრავალი ღირსება დიდხანს იყო შარლოტსვილის მოქალაქეთა თაყვანისცემის საგანი.         ბ-ნ ბ-ს უკვე რამდენიმე წელიწადი აწუხებდა ნევრალგია, რომელმაც ბევრჯერ კინაღამ ბოლო მოუღო; მაგრამ ეს ავადმყოფობა არ ყოფილა მისი სიკვდილის უშუალო მიზეზი. იგი ერთი მეტად უჩვეულო შემთხვევის გამო გარდაიცვალა. რამდენიმე დღის წინ კლდოვან მთებში სეირნობის ხანს ოდნავ გაცივდა და ციებ-ცხელება შეეყარა, ამას დაერთო თავში მოჭარბებული სისხლის მოწოლა. შვება რომ მიენიჭებინა მისთვის, ექიმმა ტემპლტონმა სისხლის ადგილობრივ გამოშვებას მიმართა. წურბელები საფეთქლებზე დაასვეს. თავზარდამცემი იყო ავადმყოფის უეცარი სიკვდილი და, როგორც აღმოჩნდა, წურბელებიან დოქში სრულიად შემთხვევით მოხვედრილიყო ჭიაყელას მსგავსი შხამიანი ტკიპა, რომელსაც ზოგჯერ მეზობლად მდებარე ტბორში პოულობენ. სწორედ იგი მიკვროდა მის მარჯვენა საფეთქლის მცირე ძარღვს. სამედიცინო წურბელასთან მისი დიდი მსგავსების გამო შეცდომა მეტად გვიან შეუნიშნავთ. N. B. შარლოტსვილის შხამიანი ტკიპა შეგიძლიათ გამოარჩიოთ წურბელისაგან სიშავით და, განსაკუთრებით, იმ ხვეული თუ ჭიაყელასებური მოძრაობით, გველმა რომ იცის“. ხსენებული გაზეთის რედაქტორთან რომ ვსაუბრობდი ამ საგანსა და ამ საყურადღებო შემთხვევაზე, უცებ ვიკითხე, როგორ მოხდა, რომ დაღუპულის გვამი ასე დაუწერიათ-მეთქი - ბედლო. - მგონია, - ვუთხარი მე, - რაღაც იცით და იმიტომ, მაგრამ მე სულ ასე ვფიქრობდი, რომ ეს გვარი უ-თი მთავრდებოდა. - რაღაც იცითო? არა, - მიპასუხა მან, - ეს ბეჭდვის უბრალო შეცდომაა. ამ გვარს, ბედლოს, ყველგან და ყოველთვის ბოლოში უ დაერთვის და არც არასდროს გამიგონია, რომ სხვაგვარად დაეწერათ იგი. - ჰოდა, - ჩავიბურტყუნე მე და მივტრიალდი, - სწორედ უთქვამთ, ყოველივე გამონაგონზე უცნაურიაო ჭეშმარიტება, რადგან თუ ბედლოს უ-ს გარეშე უკუღმა წაიკითხავთ გვარი ოლდები იქნება. ეს კაცი კი მეუბნება, ბეჭდვის შეცდომააო.“ წითელი სიკვდილის ნიღაბი         დიდხანს ბოგინობდა ქვეყნად „წითელი სიკვდილი“. აქამომდე არც ერთი ჟამიანობა არ ყოფილა ასეთი შემმუსრავი, ასეთი შემზარავი. სისხლი იყო მისი ნიშანი, შესაზარელი, სიწითლე სისხლისა. მწვავე ტკივილი, მეყსეული გაბრუება, ხვავრიელი სისხლდენა ყოველი ფორით და აღსასრული. მსხვერპლის სხეულსა, და განსაკუთრებით, სახეს მოდებული წითელი ლაქები იყო ჟამის სამხილი, აგრეთვე კარის დამხშველი მეგობრის თანალმობისა და შემწეობისთვის. მხოლოდ ნახევარ საათს გასტანა სალმობის დასაწყისი, მძლავრობა და დასასრული. მაგრამ მაინც შეუდრეკელი, სვებედნიერი და გონებანათელი იყო უფლისწული პროსპერო. ნახევრად რომ გატიალდა მისი სამფლობელო, კარის მანდილოსანთა და რაინდთაგან ათასი ჯან-ღონით სავსე, გულმხიარული ამხანაგი მიიხმო და გამოიკეტა ერთ შეუვალ მონასტერში. უფლისწულის უცნაური და მეფური გემოვნებისამებრ აეგოთ ეს შენობა. ვრცელი და საკვირველი სასახლისთვის გარეშემოეზღუდათ მაგარი და მაღალი გალავანი რკინის კარიბჭითურთ. შემოვიდნენ და თან შემოიტანეს ქურები და მძიმე უროები, ასე თქვეს: ყველგან დავახშოთ შემოსასვლელ-გასასვლელი, ანაზდეულად სიშლეგე და სასოწარკვეთილება რომ არ შემოიჭრასო. კარებზევე დაადუღეს საკეტები. კარგადაც დაეჭირათ თადარიგი. ჟამიანობის შიში აღარ ექნებოდათ ასეთი წინდახედულობის შემდეგ. თავისთვის თავად ეზრუნა გარექვეყნიერებას. სულ უაზრო იყო ამ დროს მწუხარება და ფიქრი. გასართობი არ შემოაკლდებოდათ უფლისწულის წყალობით - მუშაითები, მიმოზები, მოცეკვავეები, მუსიკოსები, ლამაზები, ღვინო, ყველაფერი ეს იყო აქ და საშიშროება „წითელი სიკვდილი“ - გარეთ. მონასტერში გამოკეტვის დღიდან ილეოდა მეხუთე თუ მეექვსე თვე, და როცა სულ უფრო მძვინვარებდა ჟამი ზღუდეთა მიღმა, უფლისწულმა პროსპერომ ათასი მეგობარი იწვია ბრწყინვალე სამასკარადო სერობაზე. მართლაც დაუვიწყარი სანახაობა იყო ეს მეჯლისი. მაგრამ ჯერ სანადიმო პალატებზე გიამბობთ, თქვენი ნებართვით. კაცს თვალს მოჭრიდა შვიდი სამეფო დარბაზი. ბევრ სასახლეში ასეთი პალატები სწორი, წაგრძელებული წყობისაა და მთლიანად, თითქმის კედლის პირამდე რომ განიხვნება მათი ორფა კარი, სასახლის მთელი სივრცე გამოჩნდება სრულიად. მაგრამ აქ იყო სულ სხვანაირად, რაკი bizarre უყვარდა ჰერცოგს. პალატები ისე უსწოროდ იყო განლაგებული, რომ ცოტასღა დაინახავდა კაცი ერთი თვალის მოვლებით. ოცსა და ოცდაათ იარდზე მკვეთრად მოუხვევდა სავალი და ყველა მოსახვევი თავის მხრივ ახალ რასმე მოგვახილვინებდა. დახშულ დერეფანში, მარჯვნივ და მარცხნივ, კედლებს შუა მთელ სიღრმეზე დაეტანებინათ ფერადშუბებიანი გოთიკური სარკმელები. მთელი მათი ფეროვნება იცვლებოდა შესაბამისად იმისა, თუ რომელი ფერი სჭარბობდა ამა თუ იმ დარბაზში. ასე, მაგალითად, აღმოსავლეთი მხარის ბოლო პალატი ცისფრად შეეღებათ და სარკმელს სულ ცისფერი გადასდიოდა. მეორე დარბაზი მეწამული იყო ფარდაგიან-ჩუქურთმიანად, მინებიც მეწამული ფერის. მესამე ბალახისფერს დაემშვენებინა და ასეთივე ფერის ჰქონდა სარკმლები. განათებითაც და მოწყობილობითაც ნარინჯისფეროვანი - მეოთხე. მეხუთე - თეთრი, მეექვსე - იისფერი. მეშვიდე მოერთოთ ჭერიდან და კედლებიდან ჩამოშლილი შავი ხავერდის ფარდებით, რომლებიც კეც-კეცად, მძიმედ გართხმულიყვნენ ამავე ფერისა და მასალის ხალიჩაზე. მხოლოდ ამ პალატაში ვერ ნახავდით ფერებისა და მოწყობილობების შეთანასწორებას. სარკმლები მეწამული, ერთიანად სისხლისფერი შუშებით გაეწყოთ. მთელი შენობის აუარება ოქროვარაყიან ავეჯსა და, ასევე ჭერიდან ჩამოშვებულ სამკაულებში არ ჩანდა, სანათი ან კანდელი. სხვანაირად ნათდებოდნენ ეს პალატები. გვერდით, დერეფანში, ყველა სარკმლის პირდაპირ დაედგათ სხივმომფინარე ცეცხლოვანი მაყალი, რომლის ბრკიალა შუქს გაენათებინა ოთახები, მრავლის უმრავლესი ხვავრიელფეროვანი და ფანტასმაგორიული სახება ასე წარმოიქმნებოდა. მაგრამ მრუმეფერებიან ფარდობზე სისხლისფერი მინებიდან მიფრქვეული კაშკაშა ნათელი შემზარავად წარმოაჩენდა დასავლეთის, ანუ შავ პალატას, სადაც შლეგისამებრ გამოჩნდებოდა ყოველი სახე და მოქეიფეთაგან მხოლოდ ორიოდეს თუ ეყოფოდა ვაჟკაცობა შემოსასვლელად. ამ დარბაზში, დასავლეთის კედელთან, იდგა შავი ხის ვეება საათი. ჩაყრუებული, მძიმე-მძიმედ, მონოტონური ხმაურით დაქანაობდა იმის ქანქარა, წუთის ისარი წრეს შემოივლიდა, საათი დაჰკრავდა და ბრინჯაოს ფილტვი ამოთქვამდა დროს, ნათელი, მაღალი, უძირო, მეტად მუსიკალური და ისეთი საოცრად მეტყველი ბგერებით, რომ იმავე წამს შეწყვეტდა დაკვრას და გაიტვრინებოდა მისი გამგონე ყველა მუსიკოსი, ვალსის ცეკვას თავს დაანებებდა და მცირე ხნით შეცბუნდებოდა ლხინ-მეჯლისზე მოსული ხალხი. საათი რომ რეკავდა, მთლად დარდიმანდსაც მკვდრისფერი დაედებოდა, ხოლო უფრო მხცოვანი და გულდამჯდარი შუბლზე მიიდებდა ხელს - თითქოს რაღაც ოცნებასა და ფიქრებში წასულაო. მაგრამ მინელდებოდა ექო საათისა და კისკის-სიცილი ისევ გაისმოდა პალატებში, შეხედავდნენ და გაუღიმებდნენ ერთმანეთს თავისი შფოთიანობითა და უგუნურობით გაოცებული მუსიკოსები, ჩურჩულით ფიცავდნენ, მერე უფრო მაგრად დავხვდებითო რეკვის ხმას; და შემდგომ სამოცი წუთისა (მფრინავი დროის სამი ათას ექვსას წამს რომ იტევს) კიდევ დაჰკრავდა საათი და მაინც წეღანდელისამებრ შეჩქვიფებულებს ფიქრები აეშლებოდათ და მოეკიდებოდათ კანკალი. მაგრამ მიუხედავად ამისა, შვება-ლხინს მისცემოდა ბრწყინვალე საზოგადოება. საკვირველი გემოვნების კაცი გახლდათ უფლისწული და მშვენივრად ერკვეოდა ფერებსა და ეფექტებში. კეთილზნეობა სადა მოდისა არაფრად ჩაეგდო. მგზნებარე და გაბედული იყო მისი გეგმა და ბარბაროსული ელვარება მოეღო მის ჩანაფიქრს. გიჟიაო ეს კაცი, იფიქრებდა ზოგიერთი, მაგრამ იმის მეგობართაგან - არავინ. დაუახლოვდებოდით, ნახავდით, მოუსმენდით ამ ადამიანს და დარწმუნდებოდით ამ ეჭვის უსაფუძვლობაში. დიდი fete-სთვის შვიდივე პალატი მნიშვნელოვანწილად მისი მითითებით გააწყვეს; მისი გემოვნებისამებრ შეარჩიეს ნიღბები. ასე რომ, უცილობელი იყო მათი გროტესკული ხასიათი. ბრწყინვალე, მრავალფეროვანი, პიკანტური, ილუზიური, და ბევრი იმდაგვარი რაღაც შექმნეს, შემდეგ „ერნანში“ რომ გვინახავს. ზოგს არაბესკებით მოქარგული სახელოები და კალთებგრძელი ტანისამოსი ჩაეცვა. ზოგსაც თითქოს შეშლილის ბოდვა მოესმინოს და მისი მონათხობით გაეკეთებინოს თავისი ნიღბის სახე. ბევრს წარმოესახა მშვენიერება, ბევრს - ბიწიერება, ბევრს - bizarre, ბევრს - შემზარაობა და მრავალ გულისამრევ საზიზღრობასაც დაინახავდით. ზღვა ნაირსახოვანი სიზმარეული ჩვენება მართლაც მიდი-მოდიოდა შვიდივე პალატში. ტრიალებდნენ აქეთ და იქით, სრასახლში დაყიალობდნენ და სადაც შევიდოდნენ, იმ პალატის ფერი და იერი დაჰკრავდათ ამ სიზმარეულ სახეებს. თითქოსდა მათ ნაბიჯებს ექოდ ეხმიანებოდა ველური მუსიკა. და აი, შავი ხის საათი დაჰკრავდა და ხავერდის კედლებიან პალატში ყველა გაყუჩდებოდა წამით, ამ სიჩუმეში საათის ზარიღა გაისმოდა. ადგილზევე გახევდებოდა მრავალნაირი სიზმარეული სახე. მაგრამ მინელდებოდა თუ არა წამიერი ექო რეკვისა, ისევ გაჩნდებოდა მხიარული, ოღონდ შეკავებული სიცილი. მთელი ძალით კვლავ დაუკრავდა მუსიკა, გახალისდებოდნენ ნიღბოსნები, კიდევ უფრო მეტი ნეტარებით ცეკვავდნენ და თამაშობდნენ. გავარვარებული შვიდივე მაყალი და მრავალფეროვანი მინით გაწყობილი სარკმლების ნათება მოჰფენოდა ყველას. მაგრამ შვიდთაგან ბოლო დარბაზში არავინ შესულიყო; ღამე ილეოდა; სისხლისფეროვან შუშებში ბრწყინავდა მეწამული ფერის შუქი, სიშავე მელნისფერი ფარდაგებისა უფრო ზარდამცემი გამხდარიყო. სევდა-კაეშანი უფრო იმას მოიცავდა, ვინც მელნისფერ ხალიჩაზე გაივლიდა, საათს ახლოს ჩაუვლიდა და გაიგონებდა მის ყრუ რეკვას, ვიდრე იმას, ვინც აქედან უშორეს პალატაში მხიარულობდა და შორითღა მოესმოდა ეს ხმა.         სხვა პალატებში კი ტევა არ იყო, ფეთქავდა სიცოცხლის ცხოველი გული. უკვე ცასა წვდებოდა ლხინი. როცა შუაღამემ მოატანა და საათმა დაჰკრა. ადრინდელივით ჩაჩუმდა მუსიკა; შეჩერდნენ მოცეკვავეები; შფოთსავსე მდუმარება გამეფდა ირგვლივ, საათს თორმეტჯერ უნდა ჩამოეკრა და ამჯერად, შესაძლოა იმიტომ, თანდათან აეშალა ფიქრები მოქეიფეთა შორის ყველაზე გამგებიანებს. იქნებ ასე იმიტომ მოხდა, რომ დაინთქა თუ არა სიჩუმეში ზარის დარტყმის უკანასკნელი ექო, ბევრმა მაშინღა დაინახა ერთი, ჯერ უნახავი ნიღბოსანი. ჩურჩულით უჩვენებდნენ ერთმანეთს ახალმოსულს. ხმაური ატყდა, ჯერ წყრომისა და გაოცების ჩოჩქოლი გაისმა, მერე - შიშის ზარის, შემზარაობისა და ზიზღის. ამ ფანტასტიკური მორთულობის ხალხში, რაღა თქმა უნდა, ასეთ სენსაციას არ იქმოდა, ჩვეულებრივი სახე. მართლაც, ზღვარუდებელი იყო ნაირფეროვნება იმღამინდელი სამასკარადო ჩაცმულობისა. მაგრამ უცნობი ისე მოკაზმულიყო, რომ ჰეროდსაც აჭარბებდა. მეფისწულს კი ჰქონდა მეტად თავისებური შეხედულება დეკორზე, მაგრამ ამგვარ სტუმრობას არავის მოუწონებდა. მთლად თავფქვილა კაცის გულშიცაა რაღაც სიმი, რომელსაც ვერ შეეხები გულდამშვიდებით. ვინც სიკვდილს პირში შესციცინებს, იმას და სულ თავზეხელაღებულსაც აქვს ჩაწნული სულში რაღაც ისეთი, რასაც ვერ გაეხუმრები. დიახაც, მალე ყველამ გაიგო უცხოს ტანისამოსსა და მიხრა-მოხრაში არ ჩანდა გონებამახვილობა, არცა ზრდილობა, მაღალი, გამხდარ-გამხდარი, ერთიანად სუდარაში გახვეულიყო, პირისახის სრულიად დამმალავი ნიღაბი ისე ჰგავდა ნეშტის ხატებას, რომ თუგინდ სულ ახლოდან შეგეხედათ, მაინც ვერ მიხვდებოდით სიყალბეს. კაცი ყველაფერ ამას მოითმენდა და შეიძლება კიდევაც შეექოთ იგი გახელებულ მოქეიფეებს, მაგრამ ძალზე გადაეჭარბებინა ამ მატრაბაზს და წითელი სიკვდილი წარმოეჩინა. სისხლს მოერწყა მისი სამოსელი. მისი ფართო შუბლი, მთელი სახე დაელტო მეწამული ფერის შემზარავ შხეფებს. მოჰკრა თვალი უფლისწულმა ამ მოჩვენებას, თითქოს როლის უკეთ საჩვენებლადო, მოცეკვავეებს უახლოვდებოდა დინჯი, საზეიმო ნაბიჯით და შიშის თუ ზიზღის კანკალმა მოიცვა ჯერ, მერე კი მთლად წამოანთო მრისხანებამ. - ვის გაუბედავს? - შეეკითხა იქვე მდგომ კარისკაცებს ხრინწმორეული ხმით, - ვის გაუბედავს ასე უღმერთოდ ჩვენი აბუჩად აგდება? სტაცეთ ხელი და ნიღაბი მოაძრეთ - გვეცოდინება თუ ვის გადავკიდებთ კისრით ქონგურებიდან ხვალ, დილაადრიანად! ეს ამბავი მოხდა აღმოსავლეთის, ანუ ცისფერ პალატში. აქ წარმოთქვა ასეთი სიტყვები უფლისწულმა პროსპერომ. ზვიადი და ძალგულოვანი კაცი იყო მეფისწული, მკაფიოდ, ნათლად გაისმა მისი ხმა შვიდივე დარბაზში, მისი ხელის დაქნევისთანავე გაჩუმდა მუსიკა. ეს ამბავი მოხდა ცისფერ პალატში უფლისწულის გვერდით იდგა გადაფითრებულ წარჩინებულთა ჯგუფი, მისი ბრძანებისამებრს ხალხმა გაიწია მომხდურისკენ რომელიც ამ წუთას აქვე იყო და ახლა მზვაობარი, უშფოთველი ნაბიჯით უფრო მოახლოვებოდა მასპინძელს. მაგრამ მსახიობის გიჟურმა თავხედობამ რაღაც ენით უთქმელი შიშის ქარი ჩაუყენა ყველას მუხლებში და ვერავინ დააკარა ხელი, ასე რომ შეუფერხებლივ, სულ ახლოს ჩაუარა უფლისწულს, და თითქოს ერთი ფიქრითო, კაციან-ქალიანად, სუყველა პალატის შუაგულიდან კედლებს მიაწყდა, იმან კი განაგრძო თავისი გზა საზეიმო და მოზომილი ნაბიჯებით, სწორედ ამგვარად შემოვიდა აქ; ცისფერიდან გავიდა მეწამულ პალატში, მეწამულიდან - ბალახისფერში, ბალახისფერიდან - იისფერში, აქედან - თეთრში, შემდეგ - შავ ფერისაში და ვერავინ გაბედა მისი შეჩერება. და მაშინღა გააშმაგა საკუთარმა წამიერმა უღონობამ უფლისწული პროსპერო. მრისხანებამ და სირცხვილმა თვალი რომ დაუბნელა, ფიცხლავ გაირბინა ექვსივე პალატი, კაცი არავინ მიჰყვა, ყველას გული გადაქანდებოდა შიშით. მაღლა შემართა მახვილი მეფისწულმა, თავპირისმტვრევით წამოეწია მიმავალს და როცა მან ხავერდოვანი პალატის უშორეს კუთხეს მიატანა, უცებ მოუბრუნდა, წინ დაუდგა მდევარს. შესაზარელი ყვირილით შავფერ ხალიჩაზე დაუვარდა მოელვარე მახვილი და იქვე უსულოდ დაეცა უფლისწული პროსპერო. სასოწარკვეთილის ვაჟკაცობით მოიკრიბა ღონე ბრბომ , შეცვივდნენ შავ პალატში, ხელი სტაცეს მომხდურს, რომელიც უმოძრაოდ ტანასვეტილი იდგა შავი ხის საათის ჩრდილში; ენით აუწერელი თავზარი დაეცათ - შლეგისამებრ გააფთრებულებმა რომ მოგლიჯეს სუდარა და ვერ ნახეს ვინმე ხორციელი. მიხვდნენ, წითელი სიკვდილი ყოფილიყო თურმე. ბნელი ღამის ქურდივით შემოპარულიყო აქ, ერთიმეორის მიყოლებით ეცემოდნენ მოსეირნენი, სისხლის ღვარი დადგა სამხიარულო პალატებში. და ყოველს იქ დაელია სული, სადაც დაცემულიყო. უკანასკნელ მოქეიფესთან ერთად შავი ხის საათიც გაეყარა სიცოცხლეს. დაიშრიტა სინათლე. ყველგან გამეფდა სიბნელე, ხრწნილება და წითელი სიკვდილი. …
დაამატა Kakha to ლიტერატურა at 12:47pm on იანვარი 2, 2015
თემა: ცნებები და ტერმინები
, როგორც მე-19 საუკუნის მეორე ნახევრისა და მე-20 საუკუნის დასაწყისისა, როდესაც ჩამოყალიბდა კულტურის გამააზრებელი დისციპლინები - კულტურის ფილოსოფია, კულტურის ანთროპოლოგია, კულტურის სოციოლოგია, სოციალური სინამდვილისაგან ბუნების გამოსაყოფად და მისგან დამოუკიდებლად შემეცნებისათვის მრავალ ცნებას და ტერმინს იყენებდნენ. ცნებობრივი თუ ტერმინოლოგიური პლურალიზმი დღესაც ძალაშია. ამ მიმართულებით პირველი ნაბიჯი ვილჰელმ დილთაიმ გადადგა, რომელმაც ბუნების მეცნიერების საგნობრივ სფეროს გონის მეცნიერების სფერო დაუპირისპირა, თუმცა, მეთოდოლოგიაში ფსიქოლოგიზმის პრინციპს იცავდა. დილთაის მიხედვით, გონის მეცნიერებათა საგანი უნდა ყოფილიყო ყოველივე ის, რაც ბუნებრივად არარსებობდა და ადამიანის მიერ იყო შექმნილი, რასაც ფსიქიკური სუბსტანცია ჰქონდა. დილთაის აზრით, გონის მეცნიერებათა განმსაზღვრელ დისციპლინად ფსიქიკურის თეორია, ფსიქოლოგია მოიაზრებოდა. ამ მეცნიერებისათვის მან აღწერისა და ახსნის გვერდით გაგების მეთოდის დამკვიდრება სცადა. ეს იყო ბუნებისაგან განსხვავებული სინამდვილის შემეცნების გზაზე პირველი ნაბიჯი. მე-20 საუკუნის დასაწყისის მოაზროვნეთა უმრავლესობა ამ ნაბიჯმა ვერ დააკმაყოფილა. მათ მოითხოვეს და თვითონაც სცადეს ონტოლოგიური დუალიზმისათვის მოერგოთ მეთოდოლოგიური დუალიზმი. ვინდელბანდმა, რიკერტმა, მაქს ვებერმა ბუნების მეცნიერება და მისგან განსხვავებულ მეცნიერებათა ჯგუფი გამიჯნეს არა მარტო და არა უმთავრესად ონტოლოგიურად, არამედ მეთოდოლოგიურადაც. "გონის მეცნიერებათა" ცნება "კულტურის მეცნიერებათა" და "სოციალურ მეცნიერებათა" ცნებებმა შეცვალეს. ისინი ერთმანეთს უპირისპირებენ არა ბუნებისა და გონის, არამედ ბუნებისა და კულტურის მეცნიერებებს. რიკერტი აანალიზებს მეცნიერებათა დაყოფის ფორმალურ და მატერიალურ პრინციპებს. იგი, დასაწყისში, თითქოსდა იზიარებდა საგნობრივ დაყოფას, მაგრამ შემდგომში სინამდვილის მონისტური გაგება განავითარა და მეცნიერებათა ორ ჯგუფს შორის განსხვავება თვალსაზრისთათუ განხილვის წესთა განსხვავებაზე დაიყვანა. თავიდან რიკერტი ბუნებისა და კულტურის დაპირისპირებით შესაბამის ცნებათა ანალიზს აწარმოებს. მისი მტკიცებით, ბუნება ისაა, რაც თავისთავად არსებობს ადამიანთა ჩარევის გარეშე, კულტურა კი ადამიანის მიერ შექმნილი სინამდვილეა. "ბუნება არის ყოველივე იმის ერთობლიობა, რაც თავისთავად აღმოცენდა, თვითონ იშვა და საკუთრივ ზრდას ექვემდებარება. ამ აზრით, ბუნების საპირისპიროა კულტურა როგორც ის, რაც მისი მიზნების შესაბამისად ადამიანის მიერ ან უშუალოდ შექმნილია, ან ის ადრე არსებობდა, მაგრამ, ყოველ შემთხვევაში, ადამიანის მიერცნობიერად სათუთად მოვლილია მასთან დაკავშირებული ღირებულების გამო". კულტურაში მთავარია ღირებულება. ადამიანის მიერ აღიარებული ე.წ. საყოველთაო კულტურული ღირებულებანი. ღირებულების მქონე კულტურული მოვლენები დოვლათია. ღირებულებისაგან გაძარცული ობიექტები ბუნებაა. მასში დოვლათი არაა. კულტურის მოვლენები მოიცავს რელიგიის, იურისპრუდენციის, ისტორიის, ფილოლოგიისა და სხვა მეცნიერებათა ობიექტებს, ე.ი. გონის მეცნიერებათა ობიექტებს, ფსიქოლოგიის გამოკლებით. მეცნიერება კულტურის შესახებ ადეკვატური ცნებაა, ხოლო მეცნიერება გონის შესახებ გამოუსადეგარი და არაადეკვატურია, რადგან ის აგებულია გონის მეცნიერებათა სფეროდ ფსიქიკურის აღიარებაზე, მაშინ, როდესაც კულტურა ფიზიკურსაც მოიცავს ფსიქიკურის გვერდით.      თავის წინამორბედებიდან რიკერტი ასახელებს პაულის მოძღვრებას, რომელმაც საფუძველი დაუდო ბუნებისა და კულტურის მეცნიერებათა განსხვავებას, მაგრამ მანფსიქიკური კულტურაში შეიტანა და ფსიქოლოგია გამოაცხადა კულტურის მეცნიერებათა ბაზად, მაშინ, როდესაც რიკერტი ფსიქოლოგიას საერთოდ არ თვლის კულტურის მეცნიერებად. დასკვნა ერთია: ღირებულების ცნების გარეშე შეუძლებელია ბუნებისა და კულტურის განსხვავება. ისიც აღსანიშნავია, რომ კულტურის მოვლენები უნდა განიხილებოდეს არა მარტო ღირებულებასთან, არამედ შემფასებელ სუბიექტთან მიმართებაშიც. საბოლოოდ, რიკერტი კულტურას განსაზღვრავს როგორც "ობიექტთა ერთობლიობას, რომელიც დაკავშირებულია ზოგადმნიშვნელად ღირებულებებით და რომელსაც სათუთად უვლიან ამ ღირებულებათა გამო”.      რიკერტი, მატერიალურის გვერდით, განასხვავებს მეცნიერებათა ფორმალური პრინციპით დაყოფასაც. მიაჩნია, რომ მეცნიერებათა დაყოფას ფორმალური საფუძველიც აქვს. ისტორიული მეცნიერებანი კულტურის ახსნას ემსახურებიან და მათი მეთოდი ინდივიდუალიზების სახით უპირისპირდება ბუნების მეცნიერებათა მაგენერალიზებელ მეთოდს. მაინდივიდუალიზებელი ანუ იდიოგრაფიული მეთოდი მოვლენის ინდივიდუალობასა და განსაკუთრებულობას იმეცნებს. ნომოთეტური მეთოდისთვის კი ერთეული მოვლენა გვარის ეგზემპლარია და ის კი არაა შემეცნების საგანი, არამედ მოვლენათა ამ კლასისათვის საერთო ნიშნების საფუძველზე მათიგანმსაზღვრელი კანონი. მოვლენის კულტურული მნიშვნელობა იმასთან კი არაა დაკავშირებული, რა აქვს მას სხვა მოვლენებთან საერთო, "არამედ იმასთან, რითაც ისსხვა მოვლენათაგან განსხვავდება. ამიტომ სინამდვილე, რომელსაც ჩვენ კულტურული ღირებულებებისადმი მიმართების თვალსაზრისით განვიხილავთ, უნდა განიხილებოდეს ასევე განსაკუთრებულობისა და ინდივიდუალობის მხრივ. მაშასადამე, რამდენადაც ლაპარაკია კულტურული ღირებულებებისათვის რომელიმე კულტურული პროცესის მნიშვნელობაზე, ამ კულტურული მოვლენის ნამდვილად შესაბამისი მხოლოდ ინდივიდუალურ - ისტორიული განხილვა იქნება”.      რიკერტი ამ საგნობრივი და მეთოდოლოგიური დუალიზმის აღიარებასთან ერთად ამტკიცებს, რომ ერთიდაიგივე სინამდვილე შეიძლება განვიხილოთ როგორც ბუნებრივი, ასევე კულტურული თვალსაზრისით. ამით ის უარყოფს საგნობრივი დაყოფის რეალურობას. მისი მტკიცებით, სინამდვილე ერთია და მისი განხილვა ორი თვალსაზრისითაა შესაძლებელი, იმის მიხედვით, რა ინტერესები გვამოძრავებს. თუ მოვლენის კულტურულ ღირებულებებთან მიმართება გვაინტერესებს, მას განვიხილავთ ინდივიდუალობაში. იგივე მოვლენა შეიძლება განვიხილოთ ღირებულებებთან მიმართების გარეშე, როგორც ბუნების ნაწილი და მაშინ მნიშვნელოვანია არა მისი ინდივიდუალობა, არამედ გვარის ეგზემპლარად ყოფნა და ის თავისთავად შეცვლადია სხვა ეგზემპლარით.      რიკერტი სინამდვილეს და მეცნიერებას თიშავს ერთმანეთისაგან. მიაჩნია, რომ მეცნიერებას საქმე არა აქვს სინამდვილესთან, არა მარტო მაშინ, როდესაც მაგენერალიზებელი მეთოდით ხელმძღვანელობს, არამედ მაშინაც, როცა ინდივიდუალურს იმეცნებს. რიკერტი განასხვავებს ორი სახის ინდივიდუალობას: "უბრალო მრავალსახოვნობას და ინდივიდუალობას ამ სიტყვის ვიწრო მნიშვნელობით. ერთი ინდივიდუალობა თვით სინამდვილეს ემთხვევა და არც ერთ მეცნიერებაში არ შედის. მეორე ინდივიდუალობა სინამდვილის გარკვეული გაგებაა, ამიტომ ცნებებით მოიცვება". კულტურის ცნება მოვლენებში არსებითისაგან არაარსებითის გარჩევის კრიტერიუმს იძლევა და კულტურულ ღირებულებებთან კავშირით მოვლენის კულტურისთვის ღირებულებას განსაზღვრავს. ამგვარად, მეცნიერების არც ერთ დარგს არა აქვს სინამდვილესთან საქმე. მეცნიერება არ სწავლობს სინამდვილეს. რიკერტის ეს პოზიცია მიუღებელი გახდა ვებერისათვის, მიუხედავად იმისა, რომ სხვა საკითხებში ვებერი რიკერტს ეთანხმება, განსაკუთრებით, ღირებულებისა დასინამდვილის დაპირისპირებაში, კულტურის მეცნიერებაში ღირებულების კრიტერიუმად აღიარებასა და მეთოდოლოგიური დუალიზმის საკითხში.      რიკერტის მტკიცებით, კულტურის ცნების განსაზღვრებისას წამოყენებულ უნდა იქნას ღირებულების ცნება, როგორც კულტურისა და ბუნების გამმიჯვნელი. ჩვენც ამას ვეფუძნებოდით, როდესაც კულტურას განვსაზღვრავდით როგორც ღირებულებათა სფეროს, თუმცა, აღმოჩნდა, რომ ღირებულების ცნება აუცილებელი, მაგრამ არასაკმარისია კულტურის ყოფიერების სრულყოფილი განსაზღვრისათვის. გერმანიაში ამ საკითხის ირგვლივ ჩემს ინფორმაციასთან დაკავშირებით გამართულმა დისკუსიებმა და მაქს ვებერის მემკვიდრეობის კიდევ ერთხელ გადასინჯვამ დამარწმუნა, რომ კულტურის სფეროს დასახასიათებლად, ღირებულებათა გვერდით, აუცილებელია საზრისიც. კულტურა ღირებულებათა და საზრისის გზით უნდა განისაზღვროს. კულტურული სინამდვილე ბუნებისა და ბუნებრივისაგან არა მარტო ღირებულებით განსხვავდება, არამედ იმ საზრისითაც, რასაც ამ სფეროს მოვლენებს ანიჭებსადამიანი. კულტურა გასაზრისიანებული, ანუ საზრისმინიჭებული სინამდვილეა. რასაკვირველია, საზრისის გარეშე ღირებულება არ მოიაზრება და ღირებულებით გარკვეულწილად საზრისსაც გავიაზრებთ, მაგრამ კულტურის სფეროს მოსახაზად საზრისს დამოუკიდებელი მნიშვნელობა ენიჭება, ამიტომ კულტურა ამ ორიელემენტით - ღირებულებითა და საზრისით - უნდა განისაზღვროს. სწორედ ასეთი იყო მაქს ვებერის პოზიცია. მისი მტკიცებით, "კულტურა საზრისს მოკლებული უსასრულო სამყაროს ის სასრული ფრაგმენტია, რომელიც ადამიანის თვალსაზრისით საზრისისა და მნიშვნელობის მქონეა". დედანში ეს განსაზღვრება ასე ჟღერს: "Kultur ist ein wom Standpunkt des Menschen aus mit Sinn und Bedeutung Bedachter endlichen Ausschnitt aus der Sinnlo?en Unendlichkeit der Weltgeschehens".      ვებერის მტკიცებით, სოციალურ მეცნიერებათა შესწავლის საგნის სფეროდან სინამდვილის გამორიცხვა შეუძლებელია, რადგან სოციალურ მეცნიერებათა მიზანია ადამიანის გარემომცველი სინამდვილის წვდომა. "სოციალური მეცნიერება სინამდვილის შესახებ მეცნიერებაა". ჩვენ ვცდილობთ გარემომცველი ნამდვილი ცხოვრებისგაგებას, მის თავისებურებასა და ურთიერთკავშირში. ასევე მის ცალკეულ მოვლენათა კულტურული მნიშვნელობის წვდომას თანამედროვეობის გათვალისწინებით. გარდა ამისა, იმ მიზეზების დადგენას, რომელთა მიხედვითაც ისინი ისტორიულად ჩამოყალიბდნენ სწორედ ასე და არა სხვაგვარად".      ვებერი, რიკერტის მსგავსად, სინამდვილის ღირებულებასთან მიმართებას განიხილავს და ასეთი მიმართების მქონე სინამდვილეს კულტურას უწოდებს. შესაბამისად, კულტურის მეცნიერებებად "ისეთ დისციპლინებს თვლის, რომლებიც ცდილობს ცხოვრებისეული მოვლენები შეიმეცნოს მათ კულტურულ მნიშვნელობაში. ხოლო კულტურის მოვლენების მნიშვნელობა და ამ მნიშვნელობის მიზეზი არ აიხსნება და არც საბუთდება კანონთა და ცნებათა სისტემით”. მნიშვნელობა, რომელიც მეცნიერებათა ამ ჯგუფისათვის განმსაზღვრელია, "გულისხმობს კულტურის მოვლენათა ღირებულების იდეებთან მიმართებაში მოყვანას." რიკერტის აზრით, კულტურის ცნება ღირებულებითი ცნებაა. ემპირიული სინამდვილე ჩვენთვის კულტურაა რადგან, ის მიმართებაში მოგვყავს ღირებულებით იდეებთან. კულტურა მოიცავს სინამდვილის მხოლოდ იმ კომპონენტებს, რომელიც ღირებულებებთან მიმართებაში მოყვანით ჩვენთვის მნიშვნელადი ხდება. აქ აუცილებელია ინტერესები, რომლითაც სინამდვილეს მივუდგებით. ეს კი, კანონთან მიმართებაში არ არის. ინდივიდუალურის სინამდვილე, რომელიც ჩვენთვის მნიშვნელობს როგორც კულტურის ფენომენი, მხოლოდ ღირებულებებთან მიმართებაში მოყვანით, არის ასეთი და გამორიცხავს კანონის ეგზემპლარად ყოფნის შესაძლებლობას. თუნდაც, კანონი კულტურის მოვლენათა კვლევაში მონაწილეობდეს, ის არაა ამ კვლევის მიზანი და მხოლოდ საშუალების როლს ასრულებს. ამიტომ, კულტურის მოვლენათა კვლევა, რომელიც ემპირიულ კავშირებს კანონებზე დაიყვანს, უსაზრისოა.      ვებერი იმათ თვალსაზრისსაც უარყოფს, ვინც კულტურას მხოლოდ დადებით ღირებულებათა სფეროდ მიიჩნევს. რიკერტმა ეს პოზიცია გააკრიტიკა, როგორც შეფასებისა და ღირებულებასთან მიმართებაში მოყვანის აღრევა. ადამიანსაქვს უფლება, შეაფასოს მოვლენა, მაგრამ ეს არაა კულტურის ფენომენის შემეცნება, ამტკიცებს რიკერტი და ამ აზრს ვებერიც ავითარებს. მისი მტკიცებით, მოვლენებს კულტურულ მნიშვნელობას ჩვენ ვანიჭებთ მათი გასაზრისიანებით, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ეს საზრისი ან ღირებულება უცილობლად დადებითი უნდა იყოს: "კულტურის მოვლენებს პროსტიტუცია არანაკლებად ეკუთვნის, ვიდრე რელიგია ან ფული, ხოლო ისინი კულტურის მოვლენებია რადგან, მათი არსებობა პირდაპირ თუ არაპირდაპირ ჩვენს კულტურულ ინტერესებს ეხება".      უფრო დაწვრილებით, იმის გასარკვევად, თუ რა ესმით კულტურის მეცნიერებებში და რა მიმართებაშია ეს სფერო სოციალურ ურთიერთობებთან, დავუბრუნდეთმაქს ვებერის პოზიციას ამ საკითხში. იგი აანალიზებს მეცნიერული შემეცნების ძირითად მოთხოვნას შემეცნების ობიექტურობას და სვამს კითხვას როგორაა შესაძლებელი ყოფიერებისა და ჯერარსის შესახებ მეცნიერებათა სფეროში ჭეშმარიტების ობიექტურობა, ანუ "რა აზრით არის, საერთოდ, ობიექტურად მნიშვნელადი ჭეშმარიტებანი კულტურის შესახებ მეცნიერებებში?" ვებერი განიხილავს შემეცნებით და შეფასებით მსჯელობათა მიმართებას და ობიექტური ჭეშმარიტებისმნიშვნელობას მხოლოდ შემეცნებით მსჯელობებს მიაწერს. თუმცა, როგორც თვითონ აღნიშნავს, სოციალურ თუ კულტურის მეცნიერებათა სფეროში არააგამორიცხული შეფასებითი მსჯელობების არსებობა, მაგრამ ეს შემეცნებას არაფერს მატებს. ამ შემთხვევაში, ვებერი სოციალურ და კულტურის მეცნიერებათა ცნებებსადა ტერმინებს სინონიმური მნიშვნელობით იყენებს. მისი მტკიცებით, შემეცნების ამოცანაა, ემპირიული სინამდვილის ისე მოწესრიგება, რომ მას ემპირიულ ჭეშმარიტებაზე პრეტენზია შეეძლოს. ეს ნიშნავს, "რომ აზროვნების მომწესრიგებელ მოღვაწეობას კულტურის მეცნიერებათა სფეროში უმაღლესი ღირებულებანი წარმართავს... სწორია და ყოველთვის დარჩება ფაქტი, რომ თუ ადამიანს უნდა, მიაღწიოს თავის მიზანს, მეთოდურად კორექტული მეცნიერული არგუმენტაცია სოციალურ მეცნიერებათა სფეროში სწორად უნდა სცნოს ჩინელმაც და მნიშვნელობდეს მისთვისაც, თუმცა, ის შეიძლება, ჩვენი ეთნიკური იმპერატივებისადმი ყრუ იყოს, და მაინც, ის არ უარყოფს მეცნიერული ანალიზის ღირებულებას". ვებერი აქ სინონიმური მნიშვნელობით იყენებს სოციალურ და კულტურის მეცნიერებათა ტერმინებს. ეს ჩანს არა მარტო სინამდვილის შემეცნებითი მოწესრიგების ფონზე, არამედ, ამ სინამდვილის სფეროს მოაზრებაშიც. ვებერი სვამს კითხვას: რას ვუწოდებთკულტურულ პროცესებს? რომელნიც სოციალურ - ეკონომიკურ პრობლემატიკას წარმოქმნის. კულტურის პროცესებში ვებერი სამ სფეროს განასხვავებს: ეკონომიკური - მაგალითად, ბირჟის ან ბანკის მოვლენები. "ჩვენი შემეცნების ასეთ ობიექტებს, ვიწრო აზრით, შეგვიძლია "ეკონომიკური" პროცესები ან ინსტიტუტები ვუწოდოთ". მათუერთდება სხვა, მაგალითად, რელიგიური ცხოვრების ხდომილებები, რომლებიც პირველ რიგში, არაეკონომიკური თვალსაზრისით გვაინტერესებს, მაგრამ რომელიც გარკვეულ ვითარებაში ამ თვალსაზრისითაც ხდება მნიშვნელოვანი, რადგან ეკონომიკური თვალსაზრისით, ჩვენთვის საინტერესო პროცესებზე ზემოქმედებს დაეკონომიკურად რელევანტური მოვლენებია. დაბოლოს, არაეკონომიკურ მოვლენებს მიეკუთვნება ისინი, რომელთა ზემოქმედებაც, ეკონომიკური თვალსაზრისით, ანსაერთოდ არ იგრძნობა, ან სრულიად უმნიშვნელოა. მაგალითად, გარკვეული ეპოქის მხატვრული გემოვნების მიმართულება. ეკონომიკურად განპირობებულმოვლენათა კლასში ვებერი ერთნაირად ათავსებს როგორც სახელმწიფოს ინსტიტუტს, რომელიც ადამიანთა შორის ურთიერთობათა კომპლექსად ესახება, ასევეხელოვნებასა და ეკონომიკას დაშორებულ სხვა სფეროებსაც. ვებერი თავისი ჟურნალის მიმართულებას განსაზღვრავს არამხოლოდ ეკონომიკურ მოვლენებზე, არამედ, ეკონომიკურად რელევანტურ და "ეკონომიკურად გაპირობებული მოვლენების შემეცნებაზე წარმართულად. ასეთ მოვლენათა სფეროდ ჩვენი ინტერესების შესაბამისადის მიიჩნევს "კულტურის პროცესთა" მთელ ერთობლიობას". ზომბარტთან ერთად დაარსებული მისი ჟურნალის სახელწოდებაც - "სოციალურ მეცნიერებათა არქივი" - ამ გამოცემის სოციალურ მოვლენებზე ორიენტირებას მიუთითებს, რაშიც "ადამიანთა ერთობლივი ცხოვრების სოციალურ - ეკონომიკური სტრუქტურის საერთო კულტურული მნიშვნელობა და მისი ორგანიზაციის ისტორიული ფორმები იგულისხმება". ამავე დროს, ვებერი ამტკიცებს, რომ სოციალურ - ეკონომიკური ასპექტი კულტურის პროცესებს მთლიანობაში არ მოიცავს და ამ ასპექტზე ინტერესის შეჩერება აღნიშნულ სფეროს ზღუდავს. მას ეჭვი არ ეპარება, რომ "კულტურული ცხოვრების სოციალურ - ეკონომიკური ასპექტის გამოყოფა თემას არსებითად ზღუდავს". მართლაც, ეკონომიკური ან კიდევ მატერიალისტური, როგორც ამას მარქსისგავლენით აღნიშნავენ, თვალსაზრისი, რომლითაც კულტურული ცხოვრება განიხილება, ცალმხრივია. ვებერიც იზიარებს ამ მოსაზრებას, ის საზოგადოებრივ მეცნიერებებს უფრო ფართო პლანით წარმოადგენს და მასთან სოციალური სფერო მის შემსწავლელ მეცნიერებებთან ერთად, კულტურისა და მის შემსწავლელკულტურის მეცნიერებათა სფეროს ემთხვევა. "თუ "კულტურის მეცნიერებებს" იმ დისციპლინებს ვუწოდებთ, რომელიც ადამიანის ცხოვრების მოვლენებს განიხილავს, მაშინ სოციალური მეცნიერება ჩვენი გაგებითასეთ მეცნიერებებს ეკუთვნის".      ვებერი კულტურის მეცნიერებათა ცნების განსაზღვრებასა და, მასთან ერთად, კულტურის ცნებასაც მრავალგზის უბრუნდება. ის წერს: ჩვენ კულტურისმეცნიერებანი ისეთ დისციპლინებს ვუწოდეთ, რომელიც ცდილობს სიცოცხლის მოვლენები მათ კულტურულ მნიშვნელობაში შეიმეცნოს, ხოლო ეს მნიშვნელობაკულტურის მოვლენათა ღირებულებასთან მიმართებას გულისხმობს. კულტურის ცნება ღირებულებითი ცნებაა, ემპირიული სინამდვილე ჩვენთვის იმიტომაა "კულტურა", რომ ჩვენ ის ღირებულებით იდეებთან მიმართებაში მოგვყავს".      როგორც ვხედავთ, ვებერი კულტურის მეცნიერებათა და კულტურის სფეროს ემპირიული სინამდვილის ღირებულებებთან მიმართებაში მოყვანით მოიაზრებს, ხოლო ღირებულებებთან თუ მნიშვნელობასთან მიმართებაში მოყვანილი სინამდვილე კულტურის ფენომენად ცხადდება. ვებერის აზრით, კულტურული სინამდვილის შემეცნება სპეციფიური თვალსაზრისის შედეგია, რადგან სინამდვილის იმ მონაკვეთით შემოიფარგლება, რომელიც კულტურულ ღირებულებებთანაა მიმართებაში. ღირებულებებში სუბიექტური მომენტიც იგულისხმება: "კულტურის მეცნიერებებში შემეცნება ყოველთვის სუბიექტურ წანამძღვარს გულისხმობს", მაგრამ იგი არა პრობლემის გადაწყვეტაზე, არამედ მის შერჩევაზე ვრცელდება. ჩემი ღირებულებითი ორიენტაციები კვლევის სფეროს ამომარჩევინებს, მაგრამ ამ სფეროს შემეცნებისა თუ საკითხების გადაწყვეტის პროცესში ეს ორიენტაციები არ მონაწილეობს. კულტურის მოვლენას კვლევის საგნად იმის მიხედვით ვიხდი, მნიშვნელოვნად მესახება იგი თუ არა. საერთოდ, კულტურას მნიშვნელოვანისა და უმნიშვნელოს გარჩევის კრიტერიუმით ვუდგები, მაგრამ როგორი იქნება ჩემს მიერმნიშვნელოვნად მიჩნეული მოვლენის შემეცნების შედეგები, ეს არაა დამოკიდებული ჩემს ღირებულებით ორიენტაციებზე. ის ობიექტური უნდა იყოს და ყოველგვარ სუბიექტურობას გამორიცხავს.      ყურადსაღებია, რომ ტერმინები - "კულტურა" და "კულტურის მეცნიერებანი" - გერმანული აზროვნების "პირმშოა" და ამ ტრადიციას გერმანია დღემდე ინარჩუნებს. საინტერესოა, რომ "კულტუროლოგიაც" გერმანული წარმოშობის ტერმინია. იგი გერმანელ ქიმიკოსს ოსტვალდს ეკუთვნის, მაგრამ არც ერთ გერმანულ ნაშრომში ესტერმინი არ გამოიყენება და, საერთოდ, მისი გამოყენების მართებულობას არა მარტო გერმანელთა თეორიულ შრომებში, არამედ, უმაღლესი სასწავლებლების ფაკულტეტების დაგეგმვაშიც გამორიცხავენ. გერმანიაში ფიგურირებს კულტურის მეცნიერებანი და არა "კულტუროლოგია". იქ არსებობს "კულტურის მეცნიერებათა ფაკულტეტები", "კულტურის სოციოლოგიის კათედრები", მაგრამ არა - "კულტუროლოგიის".      ასეთივე ნეგატიური დამოკიდებულება აქვთ ტერმინ "პოლიტოლოგიის" მიმართ. იქ არსებობს პოლიტიკის სოციოლოგიის კათედრები, მაგრამ არა "პოლიტოლოგიის". სანიმუშოდ ბავარიის ბაიროითის უნივერსიტეტის სტრუქტურას მოვიტანთ. იქ არსებობს კულტურის მეცნიერებათა ფაკულტეტი, რომელშიც გაერთიანებულია ზოგადი სოციოლოგიის, პოლიტიკის სოციოლოგიის, ევანგელისტური და კათოლიკური თეოლოგიის, ხელოვნებათმცოდნეობის, ფოლკლორისტიკის, ეთნოლოგიის, პედაგოგიკისა და სხვა კათედრები. კულტურის მეცნიერებებში არაა შეტანილი სამართლისა და ეკონომიკის დარგები. მათ ცალკე ფაკულტეტი აქვთ.      კულტურის კვლევის ისტორია ორ განასერში შეგვიძლია წარმოვიდგინოთ: ერთია კულტურის შესახებ შრომები, კულტურის მეცნიერებათა აუცილებლობის დასაბუთება და მეორეა კულტურათა შემსწავლელი ინსტიტუტები. უნდა აღინიშნოს, რომ პრიმატი აქაც გერმანელებს ეკუთვნით, თუმცა, ინგლისელები ცდილობენ გერმანელებს არ ჩამორჩნენ, განსაკუთრებით, თეორიაში. ეს იგრძნობოდა კულტურის ანთროპოლოგიის დარგში ინტენსიური მოღვაწეობით. რაც შეეხება ინსტიტუტებს, გერმანიაშიკულტურის მეცნიერებათა ფაკულტეტები შეიქმნა, მაგრამ კულტურის კვლევის პირველი ცენტრი ინგლისში ჩამოყალიბდა. როგორც ბიომე, მატუშეკი და მიულერი აღნიშნავენ, კულტურის შემსწავლელი ცენტრი ინგლისში ბირმინჰემში 1964 წელს შეიქმნა სახელწოდებით: "თანამედროვე კულტურის შემსწავლელი ცენტრი". შემდეგ კულტურის კვლევისადმი ინტერესი ამერიკაშიც გაღვივდა, სადაც, ლიტერატურის კრიტიკის საფუძველზე, ახალი ისტორიციზმის მოძღვრება შეიქმნა. შემდგომ, კულტურის კვლევა განვითარდა საფრანგეთში, სადაც "ანალების" სკოლის წარმომადგენლებმა - ლუის ლეფევრმადა მარკ ბლოკმა ისტორიის სფეროდან კვლევა კულტურის პრობლემატიკაზე წარმართეს.      გერმანიაში, ჯერ კიდევ ფაშიზმის პერიოდში, იქმნება ფოლკლორისტიკის იდეოლოგიზებული კულტურის ემპირიული კვლევის მიმართულება და შესაბამისი ინსტიტუტი. ეს ინსტიტუტი 1971 წლიდან ტიუბინგენში გადაკეთდა "ემპირიული კულტურის მეცნიერების ინსტიტუტად", ხოლო 1974 წლიდან ფოლკლორისტიკის ფრანკფურტის ინსტიტუტი "კულტურის ანთროპოლოგიისა და ევროპული ეთნოლოგიის ინსტიტუტად" გადაკეთდა. ზემოთ აღნიშნული ბაიროითის უნივერსიტეტის (რომელსაც 2000 წელს მეოთხედი საუკუნე შეუსრულდა) მაგალითი იმის მაჩვენებელია, თუ რა გვიან გაცნობიერდა კულტურის მეცნიერებათა ფაკულტეტის ცალკე გამოყოფა სხვა დარგებიდან. თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ ბავარიის რვა უნივერსიტეტიდან ანალოგიური ფაკულტეტები ყველაში არაა, დავრწმუნდებით, რომ კულტურის მეცნიერებათა და შესაბამისი ინსტიტუტების ჩამოყალიბება ინტენსიურ ფორმას მეოცე საუკუნის მეორე ნახევრიდან იღებს.      კულტურის მეცნიერებათა შესახებ საკითხის დაყენება თანამედროვე ლიტერატურაში უფრო ფართო განხილვის საგანია, ვიდრე - საუკუნის დასაწყისში. დღევანდელი მოაზროვნეები კულტურის მეცნიერებათა აუცილებლობის დასაბუთებას სპეციალურ მონოგრაფიებს უძღვნიან. ასეთი მონოგრაფია ბევრია. დავასახელებ რამდენიმე მათგანს: კლაუს ჰანსენი, "კულტურა და კულტურის მეცნიერება" (Klaus Hansen, Kultur und Kulturwissenschaft); დიტერ კრამერი, "კულტურის მეცნიერების აუცილებლობა" (Dieter Kramer, Won der Notwendigkeit der Kulturwissenschaft). ანალოგიურია, სამი ავტორის: ბიომეს, მატუშეკისა და მიულერისმონოგრაფია: "კულტურის მეცნიერების ორიენტირება".      დღეს იმდენად დაწვრილებით მუშავდება ეს საკითხები, რომ, როგორც აღინიშნა, კულტურის მეცნიერების ცნება მხოლობითში უნდა მოვიაზროთ თუ მრავლობითში, ეს პრობლემაც კი, განხილვის საგანია. ვებერის ენაზე რომ ვთქვათ, საკითხი ისმის: არის თუ არა, კულტურის მეცნიერებათა გარკვეული კონსტელაცია, რომელშიც ვარსკვლავთა განლაგების მსგავსად, კულტურის თითოეულ დისციპლინას თავისი ადგილი ექნება, თუ კულტურის მეცნიერება ერთადერთი ვარსკვლავია. ერთიანი აზრი არც ამ საკითხის ირგვლივაა: ზოგისთვის კულტურის მეცნიერება არსებობს, ზოგისთვის - კულტურის მეცნიერებანი, ზოგიც ორივეს იყენებს.      ზოგჯერ "კულტურის მეცნიერებათა" ნაცვლად, "ადამიანის მეცნიერებათა" ტერმინს იყენებენ "კულტურის ანთროპოლოგიის" სახით, იმ მოსაზრების საფუძველზე, რომ ადამიანიერთადერთი არსებაა, რომელიც კულტურას ქმნის და კულტურის მატარებელია. არც ერთ სხვა სულიერ არსებას არა აქვს კულტურა და არც კულტურის მატარებელია. ადამიანი და მისი საქმიანობა კულტურის იგივეობრივია. ამდენად, ადამიანის შემეცნება კულტურის შემეცნებაა.      ზოგიერთი კულტურასა და საზოგადოებას აიგივებს და საზოგადოების შესწავლას კულტურის შემეცნებად მიიჩნევს, ხოლო საზოგადოების შესახებ მეცნიერებას - კულტურის შესახებ მეცნიერებად. ასეთი თვალსაზრისი აქვს გატარებული ფრიდრიხ ტენბრუკს ორტომიან მონოგრაფიაში საზოგადოება როგორც კულტურა", (Geselschaft als Kultur), 1997 წ. ამ შრომის პირველ ტომს "კულტურის სოციოლოგია" ეწოდება.      როგორ დგას თანამედროვე მეცნიერებაში სოციალურ და კულტურის მეცნიერებათა შინაარსის საკითხი, რა ნიშნებით მოიაზრება და განისაზღვრება როგორც ერთი, ისე მეორე ცნება? როგორც ზემოთ აღინიშნა, ამ ცნებათა ერთმნიშვნელოვანი გაგება არ არსებობს. ზოგიერთი მეცნიერება თუ ერთ მოაზროვნესთან კულტურის მეცნიერებათა ფორმადაა მიჩნეული, სხვასთან ბუნების მეცნიერების დარგად ცხადდება (ასე, მაგალითად, მაქს ვებერი გეოგრაფიას საზოგადოებრივ და, შესაბამისად, კულტურის მეცნიერებათა რიგში ათავსებს, მაშინ, როდესაც გეოგრაფია სხვა მოაზროვნეებთან ბუნების მეცნიერების დარგადაა ცნობილი). სამართლისა და ეკონომიკის მეცნიერებანი, ჩვეულებრივ, კულტურის მეცნიერებებად იყო მიჩნეული, ვებერთან ეკონომიკური მეცნიერებანი და ეკონომიკა კულტურის მეცნიერებათა და კულტურის ცენტრალურ სფეროდ მოიაზრება, მაგრამ ბაიროითის უნივერსიტეტში ისინი კულტურის მეცნიერებათა ფაკულტეტს არ ეკუთვნის და ცალკე დარგად არის წარმოდგენილი.      იმის სადემონსტრაციოდ, თუ როგორაა ეს ცნებები გაგებული თანამედროვე საცნობარო ლიტერატურაში, რამდენიმე სოციოლოგიურ ლექსიკონს მოვიშველიებთ: კარლ ჰაინც ჰილმანის სოციოლოგიურ ლექსიკონში აღნიშნულია: "სოციალური მეცნიერება გამაერთიანებელი სახელდებაა ყოველი თეორიული ცდისეული მეცნიერებისათვის, რომელიც ბუნების მეცნიერებისა და სპეკულატურ დოგმატურ მოძღვრებათა საპირისპიროდ, სისტემატურად იკვლევს საზოგადოების ერთობლივი ცხოვრების რეალურ მოვლენებს. სოციალურ მეცნიერებათა ცნება გონის, კულტურისა და საზოგადოების მეცნიერებებს მოიცავს. სოციოლოგია, როგორც სოციალურ მეცნიერებათა საფუძველი, კულტურულ ანთროპოლოგიასა და სოციალურ ფსიქოლოგიასთან ერთად იკვლევს საზოგადოებას, საზოგადოების სისტემებს, სტრუქტურებსა და პროცესებს, როგორიცაა სოციალური ქცევა. სპეციალური სოციოლოგიები ცალკეულ სფეროებს იკვლევენ და ამასთან ერთად, საზოგადოებრივი ცხოვრების პრობლემათა ასპექტების შესწავლაზე სპეციალიზდებიან: ეთნოლოგია, ეკონომიკა, სამართლის მეცნიერება, პოლიტოლოგია, პედაგოგიკა, ენათმეცნიერება, (განსაკუთრებით, სოციალური ლინგვისტიკა). სოციალურ მეცნიერებათა სფეროს შემოფარგლავენ ბუნებისმეცნიერებანი და, უმთავრესად, ბუნებისმეცნიერულადორიენტირებული დარგები: ბიოლოგია, ეკოლოგია, ფსიქოლოგია, მედიცინა, გეოგრაფია, ცხოველთა და მცენარეთა სოციოლოგია, სოციალური ეკოლოგია, სოციალური ფსიქოლოგია, სოციალური მედიცინა, სოციალური გეოგრაფია. სოციალური პრობლემების შესწავლა მრავალი დისციპლინის ერთობლივ ღონისძიებებს მოითხოვს”.      გერმანულენოვანი სოციოლოგიური ლექსიკონის მესამე ტომი (გვ. 653) სოციალურ მეცნიერებებს ასე ახასიათებს: "სოციალურ მეცნიერებათა ცნება გამაერთიანებელისახელწოდებაა ყოველი აკადემიური დისციპლინისათვის, რომელიც ადამიანთა ერთობლივი ცხოვრების კვლევითაა დაკავებული. ფართო აზრით, ეს დისციპლინებია: სამართლისა და ისტორიის მეცნიერებანი, ენათმეცნიერება, განსაკუთრებით, სოციოლოგიის, ეკონომიკისა და პოლიტიკის მეცნიერებანი, მათი მომიჯნავეა სოციალურიფსიქოლოგია და კულტურის ანთროპოლოგია".      "კულტურის მეცნიერებათა" და "სოციალურ მეცნიერებათა" გვერდით არსებობს "საზოგადოებრივ მეცნიერებათა" ცნებაც. სწავლულებს შორის არც ამ ცნების შინაარსის მიმართაა ერთმნიშვნელოვანი პოზიცია. ზოგიერთის აზრით, საზოგადოებრივ მეცნიერებათა ცნება კულტურისა და სოციალურ მეცნიერებათა ცნებებს ემთხვევა, ზოგიერთი კი საზოგადოებრივ მეცნიერებებს უფრო ვიწრო მნიშვნელობით იყენებს კულტურისა და სოციალურ მეცნიერებათა სფეროსთან შედარებით. საზოგადოებრივ მეცნიერებათა ცნების ეს ორი გაგება დაფიქსირებულია რაინჰოლდის რედაქციით გამოსულ სოციოლოგიის ლექსიკონში. იქ აღნიშნულია: "საზოგადოებრივი მეცნიერებანი ზოგჯერ სოციალურ მეცნიერებათა სინონიმად გამოიყენება, ზოგჯერ კი საზოგადოებრივი მეცნიერებანი, რომელთაც ეკუთვნის სოციოლოგია, პოლიტიკის მეცნიერებანი და პოლიტიკური ეკონომია, სოციალურ მეცნიერებათაგან მაკროსტრუქტურული პერსპექტივებით გამოიყოფა". ამავე ლექსიკონში კულტურის მეცნიერების ცნების დახასიათებისას ავტორები ვერ ხედავენ დიდ განსხვავებას კულტურისა და საზოგადოებრივ მეცნიერებათა შორის. მათი მტკიცებით, კულტურის მეცნიერება ყველა იმ დისციპლინის კრებითი ცნებაა, რომელთაც მეცნიერული კვლევის საგნად კულტურის მეცნიერული დამუშავებაგაიხადეს, იქნება ეს სოციოლოგია, ეთნოლოგია თუ კულტურის ანთროპოლოგია. კულტურისა და საზოგადოებრივ მეცნიერებათა სინონიმად ამ ლექსიკონისავტორები თვლიან სოციალურ მეცნიერებათა ცნებას. მათი აზრით, "სოციალური მეცნიერებანი, საზოგადოებრივი მეცნიერებანი, კრებითი სახელწოდებაა იმ მეცნიერებებისათვის, რომლებიც ადამიანსა და საზოგადოებას შორის მიმართებით არის დაკავებული. სოციალური მეცნიერებები შეიძლება დავანაწევროთ ეკონომიკისა და სამართლის მეცნიერებებად, სოციოლოგიად, პოლიტიკურ მეცნიერებებად, ანთროპოლოგიად, ეთნოლოგიად, პედაგოგიკად, ფსიქოლოგიად და ფილოსოფიად". თუმცა, ყველა ავტორი არ ეთანხმება ამ ცნებათა გაიგივებას და საზოგადოებრივ მეცნიერებათაცნებას უფრო ვიწრო მნიშვნელობას ანიჭებს, ვიდრე კულტურისა და სოციალურ მეცნიერებათა ცნებას. სახელდობრ, საზოგადოებრივ მეცნიერებათა ბირთვად სოციოლოგიას ასახელებენ, ხოლო მის გვერდით ეკონომიკის მეცნიერებასა და სოციალურ ფსიქოლოგიას. ასეთ დაყოფას შეიძლება გარკვეული გამართლება ჰქონდეს, რადგან კულტურა და კულტურული პროცესები, სოციუმი და სოციალური პროცესები, ისე, როგორც სოციალური ინსტიტუტები, არ ემთხვევა საზოგადოებას, რომელსაც სოციოლოგია შეისწავლის. განსახილველია, აგრეთვე, სოციალურ, კულტურულ და საზოგადოებრივ მეცნიერებათა ცნებების მიმართება ადამიანის შესახებ მეცნიერებებთან, განსაკუთრებით, კულტურის ანთროპოლოგიასთან.      წიგნში, "კულტურის მეცნიერების" ორიენტირება, ავტორები - ბიომე, მატუშეკი და მიულერი - მართებულად ილაშქრებენ მათ წინააღმდეგ, ვინც კულტურის მეცნიერების ისტორიას ანტიკურობიდან იწყებს. მათი აზრით, "კულტურის მეცნიერების აკადემიურ დისციპლინად წარმოდგენის მისწრაფება კულტურის ცნების ისტორიიდან ამოდის, მაგრამ უაზრობა იქნებოდა, რომ მისი თითქმის ანტიკურობამდე გავრცელებული ტრადიცია წარმოგვედგინა, როგორც კულტურის მეცნიერების წინაისტორია. ეს ცნება პირველად მეცხრამეტე საუკუნეში ამოტივტივდა აკადემიურ დისციპლინათა დიფერენცირების მიზნით". კულტურის მეცნიერების ცნების შესახებ ყველაზე ადრეული ცნობები კულტურის ისტორიკოსის გუსტავ კლემის ნაშრომში - Grundideen zu einer allgemeinen Culturwissenschaft (1815 წ. ) - გვხვდება. ის ახალ მეცნიერებას კულტურის ისტორიიდან მიჯნავდა და, ბუნების საწინააღმდეგოდ, კაცობრიობას წარმოადგენდა მთლიანობაში, როგორც ინდივიდუმს. მისიათტომიანი შრომის - "კაცობრიობის საყოველთაო კულტურის ისტორია" - მეათე ტომის წინასიტყვაობაში, გუსტავ კლემი აღნიშნავდა: "კულტურის ისტორია კაცობრიობის მოდგმის განვითარების პროცესია და ერთიმეორის შემდგომ ფაქტებისა თუ მოვლენების ინდივიდუალური მსვლელობა ურთიერთკავშირში უნდა განვიხილოთ. ეს იყო მომავალი კულტურის მეცნიერების საფუძველი". მან კულტურის მეცნიერებას სამი ამოცანა დაუსახა: პირველი - გადმოსცეს მოვლენები, რომლებიც ბუნების საწინააღმდეგო ადამიანის ძალთა განვითარებას წარმოადგენს; მეორე - ამის მიზეზი ადამიანსა და ბუნებაში ჰპოვოს და მესამე - გვიჩვენოს კანონები, რომლის ძალითაც ეს ურთიერთქმედება ხორციელდება". ამ ავტორების აზრით, კულტურის მეცნიერებათა დაფუძნებაში მნიშვნელოვანი როლი შეასრულა შტაინტალმა, რომელმაც განასხვავა არაისტორიული, წინაისტორიული და ისტორიული ხალხები.      კულტურის ისტორიის ცნების განმარტება გერმანელმა ისტორიკოსმა ლამპრეხტმა სცადა ნაშრომში "გერმანიის ისტორია" (1891 - 1895), რომლის ერთ - ერთი ქვესათაურია "რა არის კულტურის ისტორია?" მისმა თანამედროვე ბურკჰარტმა კულტურის ისტორიას ანთროპოლოგიური ხასიათი მიანიჭა. მას კულტურის ისტორია გონის ფენომენების შესწავლაზე დაჰყავს. მისთვის სახელმწიფოსა და რელიგიის ისტორიაა ძირითადი. იტალიური რენესანსის კულტურა მასთან სახელმწიფოს განხილვით იწყება, ხოლო იტალიის ხელოვნებაზე ცალკე თავიც არა აქვს. ბურკჰარტის მტკიცებით, ყველა მეცნიერებათაგან ისტორია ყველაზე არამეცნიერულია. ის ცნობათა კრებულია იმის შესახებ, რასაც ერთი ეპოქა მეორეში ღირსშესანიშნავად მიიჩნევს. ასეთი მტკიცების მიუხედავად, ბურკჰარტი იყო ის, ვინც ისტორიის გადარჩენის გზა მოხაზა, გააკრიტიკა ლამპრეხტი, რომელთანაც კულტურის ისტორია მკვდრადშობილ ბავშვად მიიჩნია.      კულტურის პრობლემების კვლევა მე-20 საუკუნის დასაწყისში განახლდა. 1910 წელს მელისმა დააფუძნა და 1912 წლიდან რიჰარდ კრონერთან ერთად სცემდაჟურნალ "ლოგოსს", რომლის ქვესათაური იყო "კულტურის ფილოსოფიის ინტერნაციონალური ჟურნალი", რომელშიც იბეჭდებოდა საინტერესო წერილები კულტურის პრობლემებზე. განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო ზიმელის, ვინდელბანდის, რიკერტის წერილები. ლოგოსის გამოცემა 1933 წელს შეწყდა. მის ნაცვლად ფაშისტურ გერმანიაში გამოდიოდა "კულტურის ფილოსოფიის ინტერნაციონალური ჟურნალი". 1944 წლიდან ამ ჟურნალის ნაცვლად შეიქმნა "კულტურის გერმანული ფილოსოფიის ჟურნალი". კულტურის ისტორიკოსები გერმანული სკოლის წარმომადგენლებიდან განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებენ კასირერისა დაფრანკფურტის სკოლის წარმომადგენელთა ნააზრევს. ეს ხაზი თანამედროვეობაში ინტენსიურად ვითარდება. ამოსაბეჭდი ვერსია: • ცნებები და ტერმინები • წიგნიდან: "კულტურის სოციოლოგია" ← წინა ნაწილი გაგრძელება → …
დაამატა ლაშა to სოციოლოგია at 3:37pm on თებერვალი 19, 2015
  • 1
  • ...
  • 59
  • 60
  • 61
  • 62
  • 63
  • 64
  • 65
  • ...
  • 72

Welcome to
Qwelly

რეგისტრაცია
ან შესვლა

ღონისძიებები

  • დაამატე ღონისძიება

ბლოგ პოსტები

სააღდგომო ეპისტოლე 2026

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 13, 2026.
საათი: 12:00am 0 კომენტარი 1 Like

საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტის,

შიოს, სააღდგომო ეპისტოლე

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის…

გაგრძელება

არცაღა ერთი მკუდართაგანიღა არს საფლავსა შინა

გამოაქვეყნა აკაკი ლიპარტია_მ.
თარიღი: აპრილი 12, 2026.
საათი: 3:36am 0 კომენტარი 9 მოწონება

ქრისტე აღსდგა მკვდრეთით

სიკვდილითა სიკვდილისა დამთრგუნველი

და საფლავების შინათა ცხოვრების მიმნიჭებელი!…

გაგრძელება

ოსკარის 2026 წლის დაჯილდოება - გამარჯვებულები და ნომინირებულები

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: მარტი 16, 2026.
საათი: 11:30pm 0 კომენტარი 1 Like

ოსკარი 2026 სრული სია

      ისევ დამიგვიანდა! ეტყობა, მართლა დავბერდი და უკვე აღარც კი…

გაგრძელება

2026 Guide to the Best AI Voice Generation for Creators and Businesses

გამოაქვეყნა supprity_მ.
თარიღი: მარტი 13, 2026.
საათი: 6:30pm 0 კომენტარი 0 მოწონება

As we step further into 2026, the landscape of content creation is being transformed by AI-powered technologies. Among these innovations, voice generation stands out as one of the most impactful tools for creators, businesses, and educators.…

გაგრძელება

Gallium Market to Reach $860 million by 2033

გამოაქვეყნა Heden Brock_მ.
თარიღი: მარტი 9, 2026.
საათი: 10:00am 0 კომენტარი 0 მოწონება

According to our latest research, the Global Gallium market size was valued at $430 million in 2024 and is projected to reach $860 million by 2033, expanding at…

გაგრძელება

How Minidumperfactory Electric Garden Loader Manufacturer Adapts to Energy Trends

გამოაქვეყნა Minidumperfactory00_მ.
თარიღი: მარტი 2, 2026.
საათი: 6:30am 0 კომენტარი 0 მოწონება

Electric Garden Loader Manufacturerstrategies are increasingly centered on advanced battery systems as demand grows for efficient and low-emission landscaping equipment. Energy storage technology now plays a defining role in how electric compact…

გაგრძელება
  • დამატება დღიურში
  • ყველა

Qwelly World

free counters

© 2026   George.   • Ning - platform for social network creation and community website building

პანაღია  |  პრობლემის აღმოჩენისას!  |  Terms of Service

საუბრის დაწყება!