ძიება
  • რეგისტრაცია
  • შესვლა

Qwelly

ძიების შედეგები - სიცოცხლის

თემა: სამართლის ღვთაებრივი ბუნება
დამჭირდებოდა, მაგრამ სულ მალე დავრწმუნდი, რომ ეს თურმე მხოლოდ ერთგვარი შესავალი იყო. გლავკონმა, რომელსაც არასდროს არაფრის წინაშე არ სჩვევია უკან დახევა, ვერც ამჯერად მოითმინა, რომ თრასიმაქემ პაექრობის გაგრძელება აღარ ისურვა, და ამ სიტყვებით მომმართა: - რა გირჩევნია, სოკრატე: გეგონოს, რომ გადაგვარწმუნე, თუ მართლაც დაგვარწმუნო იმაში, რომ სამართლიანობა ყოველთვის უსამართლობაზე უმჯობესია? - ჩემზე რომ იყოს დამოკიდებული, – ვუთხარი მე, – რა თქმა უნდა, მერჩია მართლაც დამერწმუნებინეთ. - მართლა რომ გერჩიოს, ეგრე აღარ მოიქცეოდი. აბა, მითხარი: არსებობს თუ არა, შენის აზრით, ერთგვარი სიკეთე, რასაც ჩვენ ვისურვებდით, მაგრამ იმის გამო კი არა, რაც მას შედეგად მოსდევს, არამედ იმიტომ, რომ თავისთავადაა სასურველი, როგორც, მაგალითად, სიხარული, ან უწყინარი გართობა, რასაც არავითარი სხვა შედეგი არ მოსდევს, გარდა იმისა, რომ გულს გვიხალისებს? - ჩემის აზრით, ამნაირი სიკეთე მართლაც არსებობს. - კი მაგრამ, არსებობს თუ არა სხვანაირი სიკეთეც, რასაც ჩვენ ვისურვებდით როგორც თვით მისი გულისთვის, ისე მისივე შედეგის გამოც? ასე მაგალითად, მიგაჩნია თუ არა შენ, რომ კეთილგონიერება, მხედველობა ან ჯანმრთელობა ორმაგად სასურველია ჩვენთვის? - დიახ, – მივუგე მე. - და ბოლოს, ნუთუ ვერ ხედავ, რომ არსებობს მესამენაირი სიკეთეც, – თქვა გლავკონმა, – რომელსაც მიეკუთვნება სხეულის წვრთნა, ავადმყოფთა მოვლა-პატრონობა, მკურნალობა და ზოგიერთი სხვა სარფიანი ხელობა? ამნაირ სიკეთეზე შეიძლება ითქვას, რომ ის სამძიმოა, მაგრამ სასარგებლოც, და ამიტომ თავისთავად კი არაა სასურველი ჩვენთვის, არამედ მხოლოდ მისი სარფიანობისა და სხვა უპირატესობათა გამო, რასაც მისი ფლობა გვანიჭებს. - არსებობს მაგნაირი სიკეთეც; მერედა, რა? - რა და ის, რომ მაინც რომელს მიაკუთვნებ სამართლიანობას? - მე თუ მკითხავ, ყველაზე მშვენიერს, რომელიც თავისთავად საამოა და თავისი შედეგებითაც სასურველია ყოველი ჩვენგანისათვის, ვინც მიელტვის ბედნიერებას. - მაგრამ უმრავლესობა სიკეთის ყველაზე სამძიმო სახეობას აკუთვნებს სამართლიანობას, რომელიც სასურველია მხოლოდ და მხოლოდ საზღაურის, სახელისა თუ დიდების გამო, თავისთავად კი იმდენად მძიმე ტვირთია, რომ ყველა თავს არიდებს მას. - ჩემთვის ცნობილია ეს აზრი; – ვუთხარი მე, – აკი თრასიმაქეც ამდენი ხანია ჰგმობს და აგინებს სამართლიანობას, სამაგიეროდ ქება-დიდებას ასხამს უსამართლობას; მაგრამ მე, ალბათ, ბრიყვი ვარ, ბრიყვი. - მოიცა, ახლა მეც მომისმინე, – გამაწყვეტინა გლავკონმა, – ვინ იცის, იქნებ დამეთანხმო კიდეც. ჩემის აზრით, თრასიმაქე ძალიან დაგნებდა და მონუსხული გველივით ნებას დაჰყვა შენს გრძნეულებას. მე კი არც სამართლიანობის შენეული განხილვა მაკმაყოფილებს და არც უსამართლობისა. ამიტომაც კეთილ-ინებე და ამიხსენი, რანაირია როგორც ერთის, ისე მეორის ბუნება, ან რანაირ ზემოქმედებას ახდენენ სულზე, თავიანთ სამყოფლად რომ აურჩევიათ. ხოლო ყოველგვარი შედეგი, სახელი თუ საზღაური განზე გადავდოთ. თუ ნებას მიბოძებ, აი, რას ვიზამ: კვლავ მივუბრუნდები თრასიმაქეს მსჯელობას და, ჯერ ერთი, ვიტყვი, რა არის, ხალხის აზრით, სამართლიანობა, ან საიდან იღებს დასაბამს; მეორეც, გიჩვენებ, რომ სამართლიანობის ყველა მიმდევარი იძულებით იქცევა ასე, თითქოს ის აუცილებლობა იყოს და არა სიკეთე; მესამეც, მოგახსენებ, რომ ამნაირი ქცევა მართებულია, ვინაიდან, როგორც ამბობენ, უსამართლო კაცის ცხოვრება გაცილებით უმჯობესია სამართლიანი კაცის ცხოვრებაზე. პირადად მე ყოველივე ეს სულ სხვანაირად მესახება, სოკრატე, მაგრამ საგონებელში ვარ ჩავარდილი, ვინაიდან ყურები გამომიჭედეს თრასიმაქემ და ათასობით მისნაირმა. სამწუხაროდ, არავისგან მსმენია ის, რაც მე მჭირდება: სამართლიანობის საფუძვლიანი დაცვა და უსამართლობის წინაშე მისი უპირატესობის მტკიცება. მე მინდა მოვისმინო ქება სამართლიანობისა თავისთავად, და, უწინარეს ყოვლისა, შენგან მოველი ამას. ამიტომაც განზრახ მოვყვები უსამართლო ცხოვრების ქებას, რათა მიგახვედრო, თუ რარიგად მსურს ამის საპირისპიროდ მოვისმინო შენგან უსამართლობის გმობა და სამართლიანობის ქება-დიდება. მაგრამ მითხარი, იზიარებ თუ არა ჩემს აზრს? - რა თქმა უნდა, – ვუთხარი მე, გონიერი კაცისთვის რა უნდა იყოს იმაზე სასიამოვნო, რომ ხშირად მიეცეს ამ საკითხზე საუბრის საშუალება? - კეთილი და პატიოსანი, – თქვა გლავკონმა, – მაშ, მოისმინე ის, რაც ყველაზე უმალ შემოგთავაზე განსახილველად: კერძოდ, რა არის სამართლიანობა, და საიდან იღებს დასაბამს.       როგორც ამბობენ, ბუნების თანახმად, უსამართლობის ჩადენა კარგია, მისი ატანა კი – ცუდი; მაგრამ უსამართლობის ატანა გაცილებით უფრო ცუდია, ვიდრე მისი ჩადენაა კარგი. ამიტომ მას შემდეგ, რაც ადამიანებმა გემო გაუგეს ერთს და იწვნიეს მეორე, ესე იგი მიხვდნენ, რასაც ნიშნავდა უსამართლობის ჩადენაც და მისი ატანაც, – რაკიღა შეუძლებელი შეიქმნა ცხოვრების წესად ექციათ მხოლოდ ერთი და თავიდან აეცილებინათ მეორე, უფრო ხელსაყრელად მიიჩნიეს შეთანხმებოდნენ ერთმანეთს, რათა აღარ ჩაედინათ უსამართლობა და აღარ ვნებულიყვნენ მისი ატანით. აქედან იღებს დასაბამს კანონმდებლობაც და ორმხრივი ხელშეკრულებაც. სწორედ კანონისეულ დადგენილებებს ეწოდა კანონიერებაც და სამართლიანობაც. ასეთია სამართლიანობის დასაბამიც და არსიც, სამართლიანობისა, რომელსაც საშუალო ადგილი უჭირავს უდიდეს სიკეთესა და უდიდეს ბოროტებას შორის: რადგანაც უსამართლობის ჩადენა ისე, რომ დაუსჯელი დარჩე, ყველაზე დიდი სიკეთეა, ხოლო უსამართლობის ატნა, როცა სამაგიეროს მიგება არ შეგიძლია, – ყველაზე დიდი ბოროტება. ამ ორ უკიდურესობას შორის მდებარე სამართლიანობა სასურველია არა როგორც სიკეთე, არამედ პატივდებულია მხოლოდ მათ მიერ, ვისაც უსამართლობის ჩადენის თავი არა აქვს. რადგანაც ვისაც უსამართლობის ჩადენის უნარი შესწევს (მე ვგულისხმობ ნამდვილ მამაკაცს), აზრადაც არ მოუვა – თუკი, რა თქმა უნდა, სრულ ჭკუაზეა, – ხელშეკრულების დადება იმის თაობაზე, რომ დაუშვებელია უსამართლობის ჩადენა ან მისი ატანა. აი, რანაირია, სოკრატე, სამართლიანობის ბუნება და მისი დასაბამი, მავანთა მსჯელობის თანახმად.       სამართლიანობის მიმდევრები მხოლოდ თავისდა უნებურად და იმის გამო მისდევენ მას, რომ უსამართლობის ჩადენის ძალი არ შესწევთ. რაშიაც თვალნათლივ დავრწმუნდებით, თუ წარმოვიდგენთ შემდეგს: მოდი, მივცეთ თანაბარი უფლება როგორც სამართლიან, ისე უსამართლო კაცსაც, ჩაიდინონ ყველაფერი, რაც მათ მოეპრიანებათ, შემდეგ კი თვალი გავადევნოთ საით წაიყვანენ თვითეულ მათგანს მისი საკუთარი ვნებები, ზრახვები თუ მისწრაფებები. ჩვენ ვნახავთ, რომ სამართლიანი კაცი იმავე გზას დაადგება, რომელსაც მისდევს უსამართლო, ხოლო ამის მიზეზია სიხარბე, ანგარება, მომხვეჭელობა, რასაც ისე მიელტვის ნებისმიერი ბუნება, როგორც სიკეთესა და მხოლოდ კანონის ძალა თუ აიძულებს, ერთგვარი ზომიერება შეინარჩუნოს.       ადამიანებს მხოლოდ მაშინ მიეცემოდათ ყველაფრის ჩადენის შესაძლებლობა, რაზედაც ზემოთ მოგახსენებდით, – იგივე უნარი რომ ჰქონოდათ, რაც გადმოცემით ჰქონია ლიდოსის პირმშოს გიგესს. გიგესი მწყემსი იყო და ლიდიის მაშინდელ მეფეს ემსახურებოდა. ერთხელ, საშინელი თავსხმისას, რასაც მიწისძვრაც მოჰყვა, დედამიწის ქერქი სწორედ იმ ადგილას გაიპო, სადაც გიგესი ფარას მწყემსავდა. ამ სანახაობით განცვიფრებული გიგესი ნაპრალში ჩაძვრა და მიწის ქვეშ, როგორც გადმოგვცემენ, მრავალ სხვა საოცრებას შორის სპილენძის ცხენიც იხილა, რომლის ფუღურო მუცელსაც ორსაგდულიანი კარი ჰქონდა დატანებული. გიგესმა შიგ შეიხედა და მიცვალებული დაინახა; ეტყობოდა, სიცოცხლეში მოსული კაცი უნდა ყოფილიყო. მიცვალებული შიშველი იყო, მხოლოდ ცალ თითზე ოქროს ბეჭედი ეკეთა. გიგესმა ბეჭედი წააძრო და ჯურღმულიდან ამოცოცდა. ყოველი თვის დამლევს მწყემსები ერთად იყრიდნენ თავს, რათა მეფისთვის თავიანთი სამწყსოს ამბავი მოეხსენებინათ. მალე ამ დრომაც მოაწია. თავყრილობაზე სხვებთან ერთად გიგესიც გამოცხადდა, მწყემსებს შორის მჯდომარემ შემთხვევით ისე შეატრიალა ბეჭედი, რომ თვალი ხელის გულისკენ მოექცა. ბეჭდის შეტრიალებაც იყო და გიგესი უხილავი გახდა. დანარჩენები ისე ლაპარაკობდნენ გაუჩინარებულზე, თითქოს მათ გვერდით კი არა, არამედ სადღაც შორს ყოფილიყოს, რამაც დიდად გააოცა იგი. ხელახლა შემოაბრუნა ბეჭედი, ისე რომ თვალი ზევით უყო, და კვლავ ხილული შეიქნა. ამის შემდეგ რამდენჯერმე კიდევ მოსინჯა, მართლა ასეთი ძალა ჰქონდა თუ არა ბეჭედს, და ყოველთვის, როცა ბეჭდის თვალს ხელის გულისკენ შეაბრუნებდა, გიგესი უხილავი ხდებოდა, ხოლო როგორც კი ზევითკენ შემოატრიალებდა, – ხილული. ამაში დარწმუნებულმა ისე მოაწყო საქმე, რომ სხვებთან ერთად მეფის კარზე მაცნედ წარგზავნეს. სასახლეში რომ შეაღწია, გიგესმა აცთუნა დედოფალი, მასთან ერთად თავს დაესხა მეფეს, მოკლა და ხელში ჩაიგდო ძალაუფლება.       დავუშვათ ახლა, რომ არსებობს ორი ამნაირი ბეჭედი, რომელთაგანაც ერთი სამართლიან კაცს უკეთია, მეორე კი – უსამართლოს. ალბათ, ერთ კაცსაც ვერ ვპოვებდით იმდენად უდრეკს და მტკიცეს, რომ სამართლიანობის ერთგული დარჩენილიყო და არ აჰყოლოდა ცთუნებას, ესე იგი, არ მიეთვისებინა სხვისი ავლადიდება, ხელიც კი არ ეხლო მისთვის, თუმცაღა საშუალება ექნებოდა საბაზრო მოედნებზე დაუსჯელად აეწაპნა ყველაფერი, რაც კი მოეპრიანებოდა, უჩუმრად შეეღწია სახლებში, დაუფლებოდა ყველა ქალს, ვინც თვალში მოუვიდოდა, მუსრი გაევლო ხალხისთვის, ან დილეგიდან დაეხსნა დამნაშავენი, მოკლედ, ისე მოქცეულიყო კაცთა შორის, თითქოს ყოვლისმძლე ღმერთი ყოფილიყოს. ამ მხრივ ბეჭდის ყველა მფლობელი წყლის ორი წვეთივით ემგვანებოდა ერთმანეთს, სამართლიანი კაცი ისევე მოიქცეოდა, როგორც უსამართლო. აი, უტყუარი საბუთი იმისა, რომ ადამიანი თავისი ნებით კი არ ირჩევს სამართლიანობას, არამედ იძულებით, რადგანაც საკუთრივ სამართლიანობა არავის მიაჩნია სიკეთედ, და თუ უსამართლობის ჩადენის საშუალება მიეცა, ხელიდან არ გაუშვებს ამ შესაძლებლობას. ეს იმიტომ, რომ უსამართლობა ყველას უფრო ხელსაყრელი, უფრო სასარგებლო ჰგონია, ვიდრე სამართლიანობა; და მართებულადაც ჰგონიაო, იტყვის ამ თვალსაზრისის მომხრე. თუ ამნაირი ძალაუფლების მფლობელი კაცი ერთხელ მაინც არ მოიქცევა უსამართლოდ და ხელს არ ახლებს სხვის ავლადიდებას, ყველაზე უბადრუკად და უგუნურად შერაცხავს ხალხი, თუმცა ხმამაღლა პირფერულად მოჰყვებიან მის ქება-დიდებას, მაგრამ მხოლოდ იმისი შიშით, რომ თვითონ მათ არა ევნოთ რა. აი, ასეა საქმე.       რაც შეეხება იმათ ცხოვრებას, ვისზედაც აქ ვლაპარაკობთ, ჩვენ მხოლოდ იმ შემთხვევაში შევძლებთ მართებულად ვიმსჯელოთ ამის თაობაზე, თუ ერთმანეთს შევუპირისპირებთ ყველაზე სამართლიანი და ყველაზე უსამართლო კაცის ცხოვრებას, არა და, კოვზი ნაცარში ჩაგვივარდება. მაგრამ მაინც რანაირად შეიძლება ერთმანეთს შევუპირისპიროთ ისინი? აი, ასე: უსამართლო კაცს ქრთილის მარცვლის ოდენა უსამართლობასაც ნუ ჩამოვაცილებთ, სამართლიანს კი – სამართლიანობის ნატამალს, ასე რომ სრულყოფილი სახით წარმოვიდგინოთ ორივე მათგანის ბუნება. დაე, უსამართლო კაცმა, უწინარე ყოვლისა, თავის საქმეში გაწაფული ოსტატივით იმოქმედოს: გამოცდილმა მესაჭემ თუ ექიმმა იცის, რა არის მის საქმეში შესაძლებელი და რა – შეუძლებელი; ამიტომ ერთს თუ მოჰკიდებს ხელს, მეორეს განზე მიაგდებს. ამასთანავე, მას შეუძლია თავისი შემთხვევითი მარცხის გამოსწორებაც. ეგეც არ იყოს, უსამართლო კაცი, თუ მას სურს მართლაც უსამართლო კაცის სახელი ერქვას, მარჯვედ და მალულად უნდა იკვარახჭინებდეს თავის უსამართლო საქმეს. თუ ამხილეს, მაშასადამე, არ ვარგებულა. რადგანაც უსამართლობის უკიდურესი ზღვარი ისაა, რომ სამართლიანობად ჩანდეს, თუმცა სინამდვილეში სამართლიანობისა არა სცხია რა. მაშ, სრული უსამართლობით შევმოსოთ უსამართლო კაცი, ისე, რომ უსამართლობის ნატამალიც კი არ დავაკლოთ, რათა უდიდესი უსამართლობის მოქმედმა ყველაზე სამართლიანი კაცის სახელი მოიხვეჭოს ხალხის თვალში. თუ ღმერთი გაუწყრა და სადმე წაიფორხილა, მაშინვე ფეხზე დადგომა და წელში გამართვა უნდა შეძლოს. ამასთანავე, სიტყვაც კარგად უნდა უჭრიდეს, რათა თუ მისი უსამართლობის ამბავი გამჟღავნდა, მტერს გზა-კვალი აუბნიოს და თვალში ნაცარი შეაყაროს. სადაც საჭიროა, არც ძალმომრეობას უნდა ერიდებოდეს, რადგანაც არც სიმამაცე უნდა აკლდეს, არც ძალმოსილება, არც მეგობრები და არც სიმდიდრე.       აი, ამნაირ ბოროტმოქმედს დავუპირისპიროთ ჩვენი მსჯელობით სამართლიანი, უბრალო და კეთილშობილი კაცი, რომელსაც სურს, ესქილეს სიტყვებით რომ ვთქვათ, კი არ ჩანდეს, არამედ მართლაც კეთილი იყოს. მაშ, შორს მისგან ყოველგვარი მოჩვენებითობა. რადგან თუ მხოლოდ ხალხს ეჩვენება სამართლიანად, მაშინ ისე მიაგებენ პატივს და საჩუქრებითაც აავსებენ, როგორც სამართლიან კაცს, და ვეღარავინ მიხვდება, რის გამოა სამართლიანი: საჩუქრებისა და პატივისა თუ საკუთრივ სამართლიანობის გულისთვის. ამიტომაც უნდა ჩამოვაცილოთ ყველაფერი, სამართლიანობის გარდა, და ამ სახით დავუპირისპიროთ უსამართლო კაცს. დაე, უსამართლობით შესვრილი კაცის სახელი გაუვარდეს ხალხში, ისე, რომ არავითარი წილი არ ედოს უსამართლობასა და ბოროტებაში, რათა მისი სამართლიანობა სასტიკი გამოცდის წინაშე დადგეს და ყველასათვის ცხადი შეიქნეს, რომ ვერც ავსიტყვაობა აკლებს რასმე და ვერც ის, რაც შედეგად მოსდევს ავსიტყვაობას. დაე, განუხრელად მისდიოს თავის გზას უკანასკნელ ამოსუნთქვამდე; დაე, სამართლიანს მთელი სიცოცხლის მანძილზე უსამართლო კაცად იცნობდეს ყველა. და როცა ერთი – სამართლიანობის, მეორე კი უსამართლობის უკიდურეს ზღვარს მიაღწევს, მაშინღა შეიძლება ვიკითხოთ, რომელია უფრო ბედნიერი. - ღმერთო დიდებულო! – აღმომხდა მე, – ეს რა ოსტატურად გამოაქანდაკე, გლავკონ, როგორც ერთი, ისე მეორე, ამ ჩვენს სამსჯავროზე წარმოსადგენად?! - ცდა არ დამიკლია, – მითხრა გლავკონმა, – და რახან ამნაირნი არიან, ვფიქრობ, აღარ გაგვიჭირდება, ვიმსჯელოთ და ვნახოთ, რა ბედი ელის თვითეულ მათგანს. რაც სათქმელია, უნდა ითქვას, ხოლო თუ ჩემი სიტყვა გემწვავა, ისე იგულე, სოკრატე, თითქოს მე კი არ ვლაპარაკობდე, არამედ ისინი, სამართლიანობის მაგივრად უსამართლობას რომ ასხამენ ხოტბას. მათ თუ ვერწმუნებით, ჩემს მიერ ამნაირად წარმოსახული კაცი საიმისოდაა განწირული, რომ გაამათრახონ, აწამონ, გახურებული შანთით ამოსწვან თვალები და, ბოლოს, ძელზე გასვან, რათა, ამრიგად, მიხვდეს, რომ სამართლიანობას კი არ უნდა მიელტვოდეს, არამედ მხოლოდ იმას, რომ სამართლიანი ეგონოს ხალხს. ასე რომ, ესქილეს ამონათქვამიც გაცილებით უფრო მართებულად მიესადაგება უსამართლოს. რადგანაც ეს უკანასკნელი, უსამართლობის მეხოტბეთა სიტყვით, რაღაც მოჩვენებითს კი არა, ნამდვილს ესწრაფის; იმას კი არ ცდილობს, რომ ხალხს უსამართლო კაცად მოაჩვენოს თავი, არამედ იმას, რომ მართლა უსამართლო იყოს: «ღრმად დაუხნავს და დაუკვალავს თვისი გონება, რომ ჯეჯილივით აღმოცენდნენ ბრძნული აზრები».       სამართლიანობის ნიღაბს ამოფარებული, უწინარეს ყოვლისა, ხელთ იგდებს სახელმწიფო მართვის სადავეს, ვისაც უნდა, იმას მოიყვანს ცოლად, ვისაც უნდა, იმას გაათხოვებს, ვისაც უნდა, იმას დაუკავშირდება და, თანაც, ყოველივე ამას თავისდა სასარგებლოდ და ხელის მოსათბობლად გამოიყენებს, ვინაიდან სულაც არ ეთაკილება უსამართლობა. სულერთია, გინდ კერძო და გინდ საზოგადო საქმისთვის რომ შეექნას დავა, აუცილებლად სძლევს თავის მოცილეთ; რაკიღა სძლევს, თვითონაც გამდიდრდება და მეგობრებსაც გააბედნიერებს, თავბედს აწყევლინებს მტრებს, მსხვერპლშეწირვას არ მოაკლებს და ულევი ძღვნითაც მოიმადლიერებს ღმერთებს, ასე რომ, უკვდავთაც და მოკვდავთაც მეტ პატივს მიაგებს და ღმერთებისთვისაც უფრო სასურველი იქნება, ვიდრე სამართლიანი კაცი. აი, რას ემყარება, სოკრატე, მტკიცება, რომლის თანახმადაც, უსამართლოს უკვდავნიც და მოკვდავნიც უფრო სწყალობენ, ვიდრე სამართლიანს.       როდესაც გლავკონმა სიტყვა დაასრულა, საპასუხოდ გავემზადე, მაგრამ მისმა ძმამ ადიმანტემ დამასწრო და მითხრა: - ხომ არ გგონია, სოკრატე, რომ ამით ამოიწურა ყველაფერი? - რატომაც არა? - კი მაგრამ, მთავარი რომ უთქმელი დარჩა? - მაშინ, ანდაზისა არ იყოს – «ძმა ძმისთვისაო», – თუ გლავკონს რამე გამორჩა, შენ დაუმატე. ჩემთვის მისი ნათქვამიც საკმარისია, რათა დამარცხების ნიშნად თითი მოვკაკვო და სამართლიანობის დაცვის თავი აღარა მქონდეს. - თავს ნუ იკატუნებ! – შემომიტია ადიმანტემ, – აბა, ერთი ესეც მოისმინე: ჩვენ გვმართებს განვიხილოთ იმის საწინააღმდეგო მოსაზრებაც, რასაც ამტკიცებდა გლავკონი, ვისი მოპირისპირენიც ქება-დიდებას ასხამენ სამართლიანობას, უსამართლობას კი გმობენ. მაშინ, ჩემი აზრით, უფრო გასაგები გახდება, თუ რას იზრახავდა გლავკონი. აკი მამები გამუდმებით ურჩევენ და შეაგონებენ შვილებს, სამართლიანნი იყავითო, და ასევე იქცევა ყველა, ვინც სხვებზე ზრუნავს. მაგრამ სამართლიანობას თვით მისი გულისთვის კი არ აქებენ, არამედ იმ სახელის გამო, რასაც მისი წყალობით ვიხვეჭთ. სწორედ სამართლიანობის მეოხებით ცდილობენ ხელთ იგდონ მაღალი თანამდებობა, სარფიანად იქორწინონ და მიაღწიონ ყველა იმ უპირატესობას, წეღან რომ ახსენებდა გლავკონი იმ უსამართლო კაცზე მსჯელობისას, რომელიც სამართლიანი ჰგონია ხალხს. მაგრამ სამართლიანობის მომხრენი ამასაც არ სჯერდებიან და ზემოთ ჩამოთვლილთ ზოგიერთ სხვა უპირატესობასაც უმატებენ, რასაც სახელისა და დიდების წყალობით იძენს კაცი: ისინი იმოწმებენ ღმერთის წყალობას და ჩამოთვლიან იმ ურიცხვ სიკეთეს, რასაც უკვდავნი, მათი აზრით, მიაგებენ ღვთისმოსავთ. ამას ამტკიცებს ისეთი დიდებული პოეტი, როგორიცაა ჰესიოდე, და მას კვერს უკრავს თვით ჰომეროსიც. ჰესიოდეს მიხედვით, ღმერთებმა სამართლიან კაცთათვის შექმნეს მუხები, რათა «რკოს სთავაზობდნენ მათ რტოებით და ტკბილი თაფლით მათსავ სალხენად ივსებდნენ ფუღურო ღეროს; წელში წყდებოდნენ მათთვის ცხვრებიც მატყლის სიმძიმით».       ვინ მოსთვლის, კიდევ რამდენი სიკეთე შექმნეს ღმერთებმა მართალთათვის. დაახლოებით ამასვე ამბობს ჰომეროსიც: «შენ ემგვანები იმ ყრმამრავალ ხელმწიფეს სვიანს, მართლად გამრიგეს და ღვთისმოშიშს, ვის მამულშიაც ზღვად სკდება ხორბლის მოსავალი და თვით მიწამდე იზნიქებიან დახუნძლულნი ნაყოფით ხენი, იალაღებზე ურიცხვი ცხვრის ფარა დაუდის და მფრთონავ ზღვაში ულევია თევზის სიმრავლე».       მუსეოსისა და მისი ძის მიხედვით, ღმერთები კიდევ უფრო დიდ სიკეთეს აღუთქვამენ მართალთ, რომელთაც ჰადესში ჩასვლის შემდეგ ინახად სხამენ, გვირგვინებით უმკობენ შუბლს და დიდებულ ლხინსაც უმართავენ მათი ღვთისმოსაობის სანაცვლოდ, ასე რომ, ისინი მთელ თავიანთ დროს თრობაში ატარებენ, თითქოს სიქველის საუკეთესო საზღაური მარადიული სიმთვრალე იყოს.       სხვების მტკიცებით, ღმერთების წყალობა მარტოოდენ მართალთ კი არა, მათ შთამომავალთაც უწევთ: ღვთისმოშიში და ფიცის ერთგული კაცის სიცოცხლე მის შვილებში, შვილიშვილებში და მომდევნო თაობებში გრძელდება. აი, რისთვის, და ბევრი სხვა რამისთვისაც აქებენ და ადიდებენ ისინი სამართლიანობას, უსამართლო და უკეთურ სულთა სამყოფლად კი ჰადესის ჭანჭრობს სახავენ და აიძულებენ ტანჯულთ, ცხრილით ხაპავდნენ წყალს; თუმცა არც სიცოცხლეში ათავისუფლებენ მათ ტანჯვისაგან, და ყველა ის სასჯელი, რაც გლავკონს იმ სამართლიან კაცთა ხვედრად მიაჩნდა, უსამართლონი რომ ჩანან ხალხის თვალში, მათი მტკიცებით, სწორედ ნამდვილ უსამართლოთ ატყდება თავს. ესაა და ეს; ასეთნაირად ადიდებენ ისინი სამართლიანობას, უსამართლობას კი გმობენ.       გარდა ამისა, სოკრატე, განსახილველად მინდა შემოგთავაზო სამართლიანობისა და უსამართლობის სხვანაირი გაგებაც, ერთავად პირზე რომ აკერია პოეტებსაც და უბრალო ხალხსაც. ისინი ერთხმად ამტკიცებენ, რომ კეთილგონიერება და სამართლიანობა მშვენიერია, თუმცა, იმავდროულად, სამძიმოცაა და ძნელიც, მაშინ როდესაც თავაშვებულება და უსამართლობა სასიამოვნოა და ადვილი; მხოლოდ საყოველთაო აზრი და კანონიერება თუ მიიჩნევს მათ სამარცხვინოდ. ისინი გაიძახიან, უსამართლობა სამართლიანობაზე უფრო სასარგებლოაო. უმრავლესობა, როგორც კერძო, ისე საზოგადო ცხოვრებაშიაც ბედნიერად მიიჩნევს და პატივსა სცემს არამზადებს, თუკი ისინი მდიდარნი და გავლენიანნი არიან, იმავდროულად კი ქედმაღლური ზიზღით უყურებს და აგდებულად ეპყრობა ღირსეულ, მაგრამ ღარიბ-ღატაკ ადამიანებს, თუნდაც ისინი მდიდრებზე უფრო კეთილშობილ ხალხად მიაჩნდეს.       მაგრამ ყველაზე უცნაური მაინც ისაა, რასაც ზოგიერთნი ამბობენ ღმერთებსა და სიქველეზე: თითქო უკვდავნი კეთილ ხალხს წილად არგუნებდნენ უბედურებასა და უბადრუკ ცხოვრებას, უკეთურთ კი საპირისპირო ხვედრს უმზადებდნენ. თავიანთი მხრივ, მოწყალების მთხოვნელი მისნები კარს უტალახებენ და არწმუნებენ მდიდრებს, ღმერთების მიერ მომადლებულ ნიჭსა ვფლობთო, და თუ ან თქვენ, ან თქვენს წინაპრებს რაიმე ცოდვა მოგიძღვით, შეგვიძლია მსხვერპლშეწირვით ან შელოცვით მოგიტევოთო; თანაც, ეს ისე იოლი და სასიამოვნო იქნება თქვენთვის, თითქოს სადღესასწაულო სანახაობით ტკბებოდეთო. თუ ვინმეს სურს მტერს ავნოს რამე, ისინი მზად არიან, სულ მცირე საზღაურის ფასად, გაჩენის დღე აწყევლინონ მას, სულერთია, გინდ კეთილი იყოს და გინდ უკეთური. ამასთან, ირწმუნებიან, რომ გრძნეულებისა და ჯადოქრული კვანძების მეოხებით, შეუძლიათ თვით ღმერთებიც კი დამქაშებად გაიხადონ. ყოველივე ამის დასტურად პოეტებს იმოწმებენ, რომელთა აზრითაც ბოროტებასა თუ ბიწიერებაზე ადვილი არა არის რა: «ბიწიერება ურიცხვია, რომელიც გნებავს ამოირჩიე, გზაც მოკლეა მისკენ სავალი, სიქველის ბჭეს კი მხოლოდ ოფლის ღვრით და წამებით თუ შეიძლება რომ მიეახლო».       თანაც, სიქველისაკენ მიმავალი გზა გრძელია და ნარეკლიანი. ზოგიერთის მტკიცებით კი ადამიანებს შეუძლიათ თვით ღმერთებზედაც მოახდინონ ზემოქმედება, რის დასტურადაც ჰომეროსს იმოწმებენ, რომელიც ამბობს: «თვით ღმერთებსაც კი გულს მოულბობს შემცოდე კაცი, რის მსხვერპლშეწირვით, ზედაშის ღვრით, ლოცვა-ვედრებით, ქედმოდრეკილი შეწყალებას მოითხოვს მათგან».       ზოგსაც ხელთ უპყრია მუსეოსისა და ორფევსის – როგორც ამბობენ, სელენესა და მუზების შთამომავალთა – წიგნების გროვა; ამ წიგნების მიხედვით ასრულებენ ისინი თავიანთ საღვთისმსახურო წესებს და არწმუნებენ არა მარტო ცალკეულ პირებს, არამედ მთელ ხალხებსაც, რომ მსხვერპლშეწირვითა და თავშესაქცევი თამაშებით შეუძლიათ დაიხსნან და ცოდვებისაგან გაწმინდონ როგორც ცოცხლები, ისე მკვდრებიც. ამ საღვთისმოსაო წეს-ჩვეულებათა აღსრულებას ისინი მისტერიებისეულ ზიარებად მიიჩნევენ, რაც თითქოს იმ ქვეყნად წამებისაგან ათავისუფლებს სულებს, ხოლო ვინც უგულებელყოფს სხვერპლშეწირვას, ჰადესში მარადიული ურვისთვისაა განწირული.       ყოველივე ამას და, ვინ მოსთვლის, კიდევ რაღას არ ამბობენ, ჩემო ძვირფასო სოკრატე, სიქველესა თუ ბიწზე; იქვე დასძენენ, თუ რანაირი თვალით უყურებენ ერთსაც და მეორესაც ადამიანებიც და ღმერთებიც. ახლა მითხარი, რანაირ შთაბეჭდილებას მოახდენენ ეს სიტყვები უზადო ბუნებრივი მონაცემებით დაჯილდოებულ ჭაბუკთა სულზე, ხარბად რომ აცხრებიან ამ სატყუარს და საიმისო უნარიც შესწევთ, რომ სათანადო დასკვნა გამოიტანონ აქედან: როგორი უნდა იყოს ადამიანი, ან რა გზა უნდა აირჩიოს, რომ ღირსეულად გალიოს ეს წუთისოფელი. როგორც ჩანს, მათ წინაშე იგივე კითხვა დაისმის, რომლითაც მოგვმართავს პინდარე: «როგორ მივუდგე ამ მიუდგომელ ციხე-კოშკს, ან ვით მოვექცე თხემზე? ჭეშმარიტების თუ სიყალბის გზით?»       როგორც ამბობენ, მე თუ სამართლიანი ვარ, მაგრამ ხალხის თვალში უსამართლო ვჩანვარ, ვერავითარ სარგებელს ვერ ვეღირსები აქედან, პირიქით, სიმძიმილისა და ზარალის გარდა სხვა არაფერი მელის. ხოლო უსამართლო კაცს, რომელმაც იმდენი მოახერხა, რომ სამართლიანის სახელი მოიხვეჭა ხალხში, ბედი უღიმის და ღმერთივით უზრუნველად ცხოვრობს. და რაკი მოჩვენებითობა, ბრძენკაცთა სიტყვით ჭეშმარიტებაზე ძლიერია და კეთილდღეობის პირობად გვევლინება, მთელი ჩემი არსება უპირატესად მისკენ უნდა იყოს მიქცეული. ამიტომ მე მმართებს მოსაჩვენებლად, როგორც კარიბჭის სამკაული, ჩემს ირგვლივ მოვხაზო სიქველის მაცთური ხატება, რათა ხალხს თვალში ნაცარი შევაყარო და ასე შევნიღბო ბრძენთა-ბრძენი არქილოქეს ცბიერი და გაქნილი მელა. კი მაგრამ, მეტყვიან ალბათ, როდემდე შეიძლება შენიღბო შენი უსამართლობა? დიდ საქმეს გარჯა დიდი სჭირდება-მეთქი ვიტყოდი მათ საპასუხოდ. მაგრამ თუ ჩვენ ვესწრაფით კეთილდღეობას, სხვა რა დაგვრჩენია: იმ გზას უნდა დავადგეთ, რაც ამნაირი სიტყვებით გვაქვს მონიშნული. ჩვენი უსამართლობის შესანიღბავად სხვადასხვა ფარულ საზოგადოებებსა თუ ამხანაგობებს ვაარსებთ ეგეც არ იყოს, შეგონებისა თუ დარწმუნების ხელოვნებაში გაწაფული ოსტატებიც ბლომადა გვყვანან, რომელთაც შეიძლება დავესესხოთ მსაჯულთა ყბადაღებულ სიბრძნეს თუ ენაგატლეკილ ვექილთა ლაქლაქს; ასე რომ, ხან დარწმუნების ხერხს მოვიშველიებთ, ხან კი ძალადობას მივმართავთ, რათა ყველა საქმეში გამარჯვებული გამოვიდეთ და სასჯელი თავიდან ავიცილოთ.       მაგრამ ღმერთებს ვერც დაემალები და ვერც ძალას იხმარ მათ მიმართ. ხოლო თუ ისინი არ არსებობენ, ან ამქვეყნიურ საქმეებში არ ერევიან, ჩვენ რაღად უნდა ვცილობდეთ, რომ მათ დავემალოთ? მაგრამ თუ ღმერთები არსებობენ და ზრუნავენ კიდეც ჩვენზე, საკითხავია, რა ვიცით მათ არსებობაზე, გარდა იმისა, რასაც გვაუწყებენ თქმულებები ან პოეტები, მათი გვარტომობის ამბებს რომ გადმოგვცემენ? იგივე პოეტები გვამცნობენ, რომ შეიძლება აზრი შევაცლევინოთ ღმერთებს და მსხვერპლშეწირვით, მდიდრული ძღვენითა თუ ლოცვა-ვედრებით მათი გული მოვინადიროთ. იძულებული ხარ, ერთიც ირწმუნო და მეორეც, ან საერთოდ ურწმუნო გახდე. თუ გწამს, ჯერ უსამართლობის გზას უნდა დაადგე, მერე კი იმ სიმდიდრიდან, რაც უსამართლობით შეიძინე, მსხვერპლი შესწირო ღმერთებს. თუ სამართლიანნი ვართ, არ უნდა გვეშინოდეს იმისა, რომ ღმერთები შეგვაჩვენებენ, მაგრამ იმ სიმდიდრეს კი უნდა გამოვეთხოვოთ, რაც შეიძლებოდა უსამართლობით შეგვეძინა. ასე რომ, უსამართლობა დიახაც სასარგებლოა ჩვენთვის, ხოლო რაც შეეხება ჩვენს შეცდომებს თუ შეცოდებებს, გულმხურვალე ლოცვა-ვედრებით აზრს შევაცვლევინებთ ღმერთებს და, ამრიგად, თავიდან ავიცილებთ მათ რისხვას. კი მაგრამ ჰადესში ჩვენცა და ჩვენს შვილებსა თუ შვილიშვილებსაც ხომ საშინელი სასჯელი გველის ამ ქვეყნად ჩვენი უსამართლობის სანაცვლოდ? მართალია, მაგრამ სწორედ აქ იჩენს თავს მისტერიებისეულ ზიარებათა და მხსნელი ღმერთების დიადი ძალა, თუ ვერწმუნებით ძლევამოსილ სახელმწიფოებსა და ღმერთების ნაშიერთ, პოეტებად თუ ღვთაებრივ წინასწარმეტყველებად რომ მოგვვლენიან ამ ქვეყნად: მათი მტკიცებით, სწორედ ასეა საქმე.       მაშ, რის საფუძველზე შეიძლებოდა აგვერჩია სამართლიანობა უკიდურესი უსამართლობის სანაცვლოდ, თუკი სავსებით საკმარისია წესიერების მოჩვენებითი და მაცთური გარსით შევნიღბოთ უსამართლობა, რათა ჩვენი ქცევა გონივრული და სამართლიანი ჩანდეს, როგორც მოკვდავთა, ისე უკვდავთა თვალშიც, – არა მარტო ჩვენს სიცოცხლეში, არამედ სიკვდილის შემდეგაც? ასეთია როგორც ბრბოს, ისე ამა ქვეყნის ძლიერთა აზრიც. ყოველივე ამის შემდეგ განა შეიძლება, სოკრატე, რომ სულიერი თუ სხეულებრივი ძალმოსილებით შემკული, შეძლებული და წარჩინებული კაცი პატივს სცემდეს სამართლიანობას და დამცინავად არ ქირქილებდეს, როდესაც ესმის, როგორ აქებენ და ადიდებენ მას? თვით ისიც კი, ვისაც შეუძლია ცხადყოს იმისი სიყალბე, რაც ეს-ესაა მოგახსენეთ, ვინც დარწმუნებულია, რომ სამართლიანობას ვერაფერი შეედრება ამ ქვეყნად, – დიახ, თვით ისიც კი შემწყნარებელია უსამართლოთა მიმართ და ურისხველად იტანს მათ თავგასულობას, რადგანაც იცის, რომ უსამართლობა მხოლოდ იმას თუ აღაშფოთებს, ვის ბუნებაშიაც ღვთაებრიობის ნაპერწკალი ღვივის, ან კიდევ იმას, ვინც თავს იკავებს უსამართლობისაგან, რადგანაც მისი სული ცოდნის სინათლითაა გაბრწყინვებული; საერთოდ კი, ნებაყოფილობით არავინ ემსახურება სამართლიანობას: უსამართლობის მგმობელნი მხოლოდ თავიანთი სიმხდალის, სიბერის ან სხვა რაიმე სისუსტის, მოკლედ, იმის გამო თუ ჰგმობენ მას, რომ უსამართლობის ჩადენა არ შეუძლიათ, რასაც თვალნათლივ გვიმოწმებს შემდეგი გარემოება: პირველივე უმწეო კაცი, რომელიც ძალას მოიცემს, დაუყოვნებლივ ჩაიდენს უსამართლობას, რამდენადაც ამის უნარი შესწევს.       ამის მიზეზი კი სხვა არა არის რა, თუ არა ის, რამაც მთელი ეს მსჯელობა გამოიწვია, და, აი, ახლა რას გეტყოდით მე გლავკონი: ო, ჩვენო საოცარო სოკრატე! რამდენიც არ უნდა იყოთ სამართლიანობის თაყვანისმცემელნი, ძველი გმირებიდან მოყოლებული, რომელთა გამონათქვამებიც დღევანდელ დღემდე შემოგვრჩა, და ჩვენი თანამედროვეებით დამთავრებული, – არცერთ თქვენგანს არასოდეს უგმია უსამართლობა და არც სამართლიანობა უდიდებია სხვა რამ მიზეზის და არა მათგან გამომდინარე სახელის, პატივისა თუ სარგებლის გამო. საკუთრივ სამართლიანობა და უსამართლობა კი, მთელი თავიანთი ძალმოსილებითურთ, რითაც ისინი არსებობენ სულში, ჯერ კიდევ არავის განუხილავს სათანადოდ, არც პოეტური და არც პროზაული სიტყვით; არც ის უთქვამს ვინმეს, რომ უსამართლობა უდიდესი ბოროტებაა, რასაც, საერთოდ, შეიძლება შეიცავდეს ადამიანის სული, სამართლიანობა კი – უდიდესი სიკეთე. ყველას რომ თავიდანვე ასე ემსჯელა და ჩვენც სიყრმითგანვე დავეწმუნებინეთ, იძულებულნი აღარ ვიქნებოდით ფხიზლად გვჭეროდა თვალი, რათა ერთმანეთისთვის აღგვეკვეთა უსამართლო ნაბიჯის გადადგმა, და ყოველი ჩვენგანი თვითონვე იქნებოდა საკუთარი თავის მეთვალყურე, იმისი შიშით, ვაითუ უსამართლობა შემომეპაროს სულში და, ამრიგად, უდიდესი ბოროტების მოქმედი შევიქნეო.       აი, რას იტყოდა თრასიმაქე, და ზოგი სხვა ვინმეც, სამართლიანობისა თუ უსამართლობის თაობაზე, რითაც, ჩემის აზრით, უხეშად აურევდა ერთმანეთში მათ მნიშვნელობას და, ალბათ, ამასაც არ დასჯერდებოდა, სოკრატე. მე კი, რაღა დაგიმალო, მიტომაც არ დამიზოგავს თავი, რომ მინდა შენგან ამის საპირისპირო მტკიცება მოვისმინო. მაშ, გვიპასუხე და გვიჩვენე არა მარტო ის, რომ სამართლიანობა უსამართლობაზე უმჯობესია, არამედ ისიც, თუ რანაირ ზემოქმედებას ახდენენ ისინი სულზე, და შეიძლება ითქვას თუ არა რომ ერთი ბოროტებაა, მეორე კი სიკეთე. ხოლო იმაზე, თუ ვინ რა სახელს იხვეჭს სამართლიანობით ან უსამართლობით, ნურაფერს იტყვი, როგორც გირჩია გლავკონმა. რადგან თუ ორსავე შემთხვევაში ჭეშმარიტ სახელს უწევ ანგარიშს და მას ყალბ სახელსაც უმატებ, ჩვენ ვიტყვით, რომ ნამდვილს კი არა, მოჩვენებით სამართლიანობას აქებ, და გმობითაც ნამდვილის ნაცვლად მოჩვენებით უსამართლობას გმობ; რომ გვირჩევ დავმალოთ ჩვენი უსამართლობა, და ამრიგად ეთანხმები თრასიმაქეს, ვისი აზრითაც სამართლიანობა თავისთავად როდია სასარგებლო, არამედ სასარგებლოა მხოლოდ ძლიერისათვის, მაშინ როდესაც უსამართლობა თავისთავადაა სასარგებლოც და ხელსაყრელიც, თუმცა სუსტსა და უმწეოს კი ვნებს. რაკიღა აღიარე, რომ სამართლიანობა უდიდეს სიკეთეთა რიცხვს მიეკუთვნება, რომელთა ფლობაც სასურველია მათგან გამომდინარე შედეგების გულისთვის და, უწინარეს ყოვლისა, თვით მათივე გამო, ხოლო ამნაირ სიკეთეთა შორისაა მზერა, სმენა, გონიერება, ჯანმრთელობა და სხვა მისთანანი, რომელნიც ჭეშმარიტნი არიან მათივე საკუთარი ბუნებით და არა იმის მიხედვით, თუ ვინ რა აზრისაა მათზე, – ადექი და სამართლიანობას სწორედ იმ მხრივ შეასხი ქება, რა მხრივაც ის თავისთავადაა სასარგებლო სამართლიანი კაცისთვის, უსამართლობაში კი დაჰგმე ის, რაც თავისთავად მავნეა. რაც შეეხება სამართლიანობის ჯილდოს – სახელსა თუ საზღაურს, სხვებს მიანდე მათი ქება. როცა მავანნი სწორედ სახელისა თუ საზღაურის გამო აქებენ სამართლიანობას, ან უსამართლობას გმობენ, მართალია, გაჭირვებით, მაგრამ მაინც შემიძლია ამის ატანა, მაგრამ შენც რომ მათსავით მოიქცე, ამას კი ვეღარ ავიტან, თუ, რა თქმა უნდა, საგანგებოდ არ მიბრძანებ ესეც ავიტანო, – რადგანაც მთელი შენი დღე და მოსწრება სხვა რა გიკვლევია, ამის გარდა? მაშ კეთილ-ინებე და შენი პასუხით დაგვარწმუნე არა მარტო იმაში, რომ სამართლიანობა უსამართლობაზე უმჯობესია, არამედ ისიც გვიჩვენე, თუ რანაირ ზემოქმედებას ახდენს თავისთავად როგორც ერთი, ისე მეორე ადამიანის სულზე, ან რატომაა ერთი ბოროტება, ხოლო მეორე – სიკეთე.       მე ყოველთვის აღტაცებულ ვიყავი გლავკონისა და ადიმანტეს გამჭრიახობით და ახლაც განსაკუთრებით მეამა მათი სიტყვები. - მართლაც რომ ღირსეული შვილები ხართ სახელოვანი მამისა; – ვთქვი მე, – მშვენიერია იმ ელეგიის დასაწყისი, რომელიც მოგიძღვნათ გლავკონის მეგობარმა, როცა მეგარის ბრძოლაში გამოიჩინეთ თავი: «სახელოვანი არისტონის ღვთიური მოდგმა – მისი ვაჟები...»       ნამდვილად თქვენი საკადრისია, ჩემო მეგობრებო. ალბათ თქვენში მართლაც არის რაღაც ღვთიური, რადგანაც თქვენივე სიტყვებიდან ირკვევა, რომ არ იზიარებთ იმ აზრს, თითქოს უსამართლობა სამართლიანობაზე უმჯობესი იყოს. მე მგონია, მართლაც არა გწამთ ეს. მთელი თქვენი ქცევა მიმოწმებს ამას, თორემ მარტოოდენ სიტყვებით ვერ დამარწმუნებდით. მაგრამ რაც უფრო მეტად გენდობით, მით უფრო გამოუვალია ჩემი მდგომარეობა, რადგანაც ნამდვილად არ ვიცი, რა ვიღონო, რით დაგეხმაროთ, ასე რომ, იძულებული ვარ ჩემი უმწეობა ვაღიარო. აი, რა მიდასტურებს ამას: ერთის მხრივ, მე მგონია, საფუძვლიანად დავუსაბუთე თრასიმაქეს, რომ სამართლიანობა უსამართლობაზე უმჯობესია, მაგრამ თქვენ არ დაგაკმაყოფილათ ჩემმა მტკიცებამ. მეორეს მხრივ კი, განა მკრეხელობაში არ ჩამომერთმევა, ვხედავდე, როგორ უტევენ სამართლიანობას, მაგრამ თითსაც არ ვანძრევდე მისდა საშველად, თუმცა ჯერ კიდევ პირში სული მიდგას და საიმისო ძალიც შემწევს, რომ მის დასაცავად ხმა ავიმაღლო? ამიტომ ყველაზე უმჯობესი იქნება, როგორც შემიძლია, ისე გამოვესარჩლო მას.       მაშინ გლავკონმა და დანარჩენებმაც მთხოვეს, არაფერი დამეშურებინა სამართლიანობის დასაცავად და გამეგრძელებინა ჩვენი მსჯელობა, კვლავინდებურად მეკვლია, რა არის სამართლიანობა თუ უსამართლობა და რამდენად ჭეშმარიტია ის სარგებლობა, რომელსაც მათგან მოველით. ანაზდეულად ერთმა აზრმა გამიელვა თავში და მათ ვუთხარი: რასაც ჩვენ ვიკვლევთ და ვეძებთ, ხუმრობა საქმე ნუ გგონიათ, მის არსში წვდომას მხოლოდ ბასრი და გამჭრიახი მზერის პატრონი თუ მოახერხებს, მაგრამ რაკი ჩვენ სწორედ ეს გამჭრიახობა გვაკლია, აი, როგორ უნდა განვაგრძოთ ჩვენი ძიება: ბეცს რომ შორიდან დაანახო წვრილი ასოებით აჭრელებული ფურცელი და მათი წაკითხვა სთხოვო, ხოლო მას უეცრად გაახსენდეს, რომ სადღაც უნახავს ზუსტად იგივე, მხოლოდ უფრო მსხვილი ასოებით შევსებული და გაცილებით უფრო დიდი ფურცელი, ამ გზით ყველაზე უკეთ შესძლებს თავდაპირველად წაიკითხოს მსხვილი ასოები და მათი მიხედვით ჩასწვდეს წვრილი ასოებით აჭრელებული ნაწერის აზრსაც, რათა დარწმუნდეს, ორივე ფურცელი ერთი და იმავე შინაარსის შემცველია თუ არა. - რა თქმა უნდა, – თქვა ადიმანტემ, – მაგრამ სად ეგ და სად სამართლიანობის კვლევა-ძიება? - მოგახსენებთ, – მივუგე მე, – ჩვენ ვამბობთ, რომ სამართლიანობა ნიშნეულია ამა თუ იმ კაცისთვის, მაგრამ ვაღიარებთ თუ არა, რომ ის მთელ სახელმწიფოსაც ახასიათებს? - რასაკვირველია, ვაღიარებთ. - კი მაგრამ, სახელმწიფო ხომ კაცზე დიდია? - დიახ. - მერედა, განა იმაში, რაც უფრო დიდია, სამართლიანობაც უფრო დიდი არ იქნება და ადვილად ამოსაცნობი? ამიტომ, თუ გნებავთ, თავდაპირველად ვნახოთ, რანაირია სამართლიანობის ბუნება სახელმწიფოში, შემდეგ კი საკუთრივ ადამიანის სულში განვიხილოთ იგი, და ამრიგად, დიდთან მსგავსების მიხედვით შევიცნოთ მცირე. - მომწონს ეგ შენ სიტყვა, – თქვა ადიმანტემ. - თუ წარმოსახვით წარმოვიდგენთ სახელმწიფოს დასაბამს, განა იქვე არ ვიხილავთ სამართლიანობისა თუ უსამართლობის ჩანასახსაც? - ცხადია. - მაშ შეიძლება თუ არა იმედი ვიქონიოთ, რომ ასე უფრო ადვილად მივაკვლევთ იმას, რასაც ვეძებთ? - რა თქმა უნდა. - ამიტომ, მე მგონია, ყოველნაირად უნდა ვეცადოთ ამას. ჩემის აზრით, ხუმრობა საქმე როდია. თუმცა თქვენ თვითონ გადაწყვიტეთ. - გადავწყვიტეთ და ეგაა, – თქვა ადიმანტემ, – მაშ, საქმეს შეუდექ. - მე მგონია, სახელმწიფოს მაშინ ეძლევა დასაბამი, როცა არცერთ ადამიანს აღარ შეუძლია დაიკმაყოფილოს თავისი თავი, რადგანაც ათასი რამ სჭირდება. თუ, შენის აზრით, სახელმწიფოს დასაბამს სხვა რამე განაპირობებს? - არა, სხვა არაფერი. - ამიტომ ყოველი კაცი ხან ვის მიმართავს და ხან ვის თავისი მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად. ათასნაირ გაჭირვებას რომ განიცდის, ათასობით კაცი ერთიანდება, რათა ერთად იცხოვრონ და შეეწიონ კიდეც ერთმანეთს. სწორედ ამ თანაცხოვრებას ვუწოდებთ ჩვენ სახელმწიფოს; ასეა, არა? - რა თქმა უნდა. - ამრიგად, ისინი რაღაცას იღებენ ერთმანეთისაგან და სანაცვლოდ გასცემენ კიდეც, რადგანაც ყველას ჰგონია, რომ ეს უფრო უმჯობესია მისთვის. - დიახ. - მაშ, მოდი, ვცადოთ, – ვთქვი მე, – აზრით ჩავუყაროთ საფუძველი სახელმწიფოს; ხოლო ამ საფუძვლად, როგორც ჩანს, ჩვენი მოთხოვნილებანი უნდა მიგვაჩნდეს. - უეჭველად. - უპირველესი და უდიდესი მოთხოვნილება კი საზრდოსა და საარსებო საშუალებათა მოპოვებაა. - რა თქმა უნდა. - მეორე მოთხოვნილება ისაა, რომ საკუთარი ჭერი გეფაროს თავზე, მესამე – ის, რომ ტანსაცმელი გქონდეს, და ასე შემდეგ. - მართალს ბრძანებ. - მაშინ ისიც უნდა ვიკითხოთ, – ვუთხარი მე, – რანაირად გაართმევს თავს სახელმწიფო ყოველივე ამას. იქნებ, ისე, რომ ერთი მიწის მუშა იქნება, მეორე – ხურო, მესამე – ფეიქარი და ასე შემდეგ? ხომ არ მივუმატოთ ამათ ხარაზი და ბევრი სხვა ხელოსანიც, ვინც ჩვენი ხორციელი მოთხოვნილებების დაკმაყოფილებას ემსახურება? - ცხადია, უნდა მივუმატოთ. - მაშასადამე, საზოგადოება ოთხი თუ ხუთი კაცისგან მაინც უნდა შედგებოდეს? - როგორც ჩანს. - კი მაგრამ, ყოველი მათგანი თავის საკუთარ საქმეს უნდა ასრულებდეს, იმ ანგარიშით, რომ მთელი საზოგადოებისთვისაც შრომობდეს? ასე მაგალითად, მიწის მუშას, მიუხედავად იმისა, რომ ერთია, ოთხი სულის სამყოფი პური უნდა მოჰყავდეს, ოთხჯერ მეტ დროს ხარჯავდეს და ოთხჯერ უფრო მეტ ოფლსაც ღვრიდეს, რათა სხვებსაც უწილადოს თავისი ნაშრომ-ნაჯაფი, თუ არას დაგიდევს დანარჩენებს, მხოლოდ თავის სამყოფ მოსავალს იწევდეს, ოთხჯერ უფრო ნაკლებ დროს ხარჯავდეს, დროის დანარჩენ სამ მეოთხედს კი სახლის ასაშენებლად, ტანსაცმლის მოსაქსოვად თუ ფეხსაცმელების შესაკერად იყენებდეს, ასე რომ, სხვებისთვის კი არა, მხოლოდ თავისთვის წვალობდეს და თავისსავე საქმეს იგვარებდეს? - პირველი უფრო იოლია, სოკრატე, ვიდრე მეორე, – თქვა ადიმანტემ. - ამაში, ვფიცავ ზევსს, არაფერია უჩვეულო; – ვუთხარი მე, – შენი პასუხი მაფიქრებინებს, რომ ადამიანები დაბადებითვე განსხვავდებიან ერთმანეთისაგან იმის მიხედვით, თუ ვის რა საქმის კეთების ნიჭი დაჰყვება თან, და არც თავიანთი ბუნებით ჰგვანან ერთმანეთს; განა შენც ამას არ გულისხმობ? - დიახ, მაგას. - მერედა, ვინ უკეთ ასრულებს თავის საქმეს – ვინც მრავალ ხელობაში გაწაფულია, თუ ვინც მხოლოდ ერთი ხელობა იცის? - ვინც ერთი ხელობა იცის. - ჩემის აზრით, ისიც აშკარაა, რომ თუ ხელიდან გავუშვებთ რაიმე საქმის კეთებისთვის ხელსაყრელ დროს, არაფერიც არ გამოგვივა. - რა თქმა უნდა. - რადგანაც, მე მგონია, არავითარი საქმე არ დაუწყებს ლოდინს ხელოსანს, აბა, როდის მოიცლის ჩემთვისაო; პირიქით, ხელოსანი ვერასოდეს ვერ უნდა იცლიდეს სხვა რამისათვის, გარდა საკუთარი საქმისა. - ჭეშმარიტად. - ამიტომ შეიძლება ყველაფერი უფრო უკეთ, უფრო სწრაფად და ადვილად აკეთო, როცა მხოლოდ ერთ საქმეს ასრულებ, შენი ბუნებრივი ნიჭისა თუ უნარის შესაბამისად, და, თანაც, დროულად ასრულებ, ისე, რომ სხვა რამისთვის აღარ გცალია. - უცილობლად. - ჰოდა, აი, რას გეტყვი, ადიმანტე: ყოველივე იმას, რაზედაც წეღან ვლაპარაკობდი, სახელმწიფოს ოთხი წევრი ნამდვილად ვერ გაართმევს თავს; რადგანაც მიწის მუშა, რომელსაც მჭრელი სახნისი სჭირდება, თვითონვე როდი დაამზადებს მას, ან თოხსა თუ სხვა სამიწათმოქმედო იარაღს. ხუროსაც, თავის მხრივ, ვინ მოსთვლის, რამდენი რამე სჭირდება, და იგივე ითქმის ხარაზსა თუ ფეიქარზედაც. - მართალს ბრძანებ.       თუ ამ ჩვენს პაწაწინა სახელმწიფოში მჭედლებს, ხუროებს და სხვა ხელოსნებსაც ჩავრთავთ, ისინი ხალხმრავალ ქვეყნად აქცევენ მას. - რა თქმა უნდა. - მაგრამ ის მაინც არ გახდება ვეება სახელმწიფო, თვით მაშინაც კი, თუ ზემოთ ჩამოთვლილთ მეჯოგეებს, მეცხვარეებს და სხვა მწყემსებსაც მივუმატებთ, რათა მიწის მუშებს ხარები ჰყავდეთ სახნავად, ხუროებს, ისევე, როგორც მიწის მუშებს, – საუღლე საქონელი ტვირთის საზიდად, და არც ხარაზებს ან ფეიქრებს მოაკლდეთ ტყავი თუ მატყლი. - ვეება თუ არა, პატარა მაინც არ იქნება სახელმწიფო, რომელიც ამდენ ხალხს აერთიანებს, – თქვა ადიმანტემ. - ეგეც არ იყოს, – გავაწყვეტინე მე, – სად მოძებნი იმნაირ ადგილს სახელმწიფოს დასაარსებლად, რომ მის მოქალაქეებს არაფრის შემოტანა არ დასჭირდეთ? - ვერსად. - მაშასადამე, სახელმწიფოსათვის აუცილებელი იქნება სხვა ხელობის ხალხიც უცხო ქვეყნებიდან საჭირო საქონლის შემოსატანად. - დიახ. - ესე იგი, სახელმწიფომ უნდა აწარმოოს არა მარტო ის, რაც საჭიროა მისი მოქალაქეების მოთხოვნილებათა დასაკმაყოფილებლად, - არამედ ისიც, რაც სხვებს სჭირდება. - აუცილებლად. - მაშასადამე, რაც შეიძლება მეტი მიწის მუშა და სხვა ხელოსანი უნდა გვყავდეს. - დიახ, რაც შეიძლება მეტი. - ასევე ის ხალხიც, საქონლის გაცვლა-გამოცვლისთვის რომ გვჭირდება; ხოლო ეს ხალხი ვაჭრებია, არა? - დიახ. - ასე რომ, არც ვაჭრები უნდა გვაკლდნენ. - რა თქმა უნდა. - მაგრამ თუ საზღვაო ვაჭრობას ეხება საქმე, ვაჭრების გარდა ზღვაოსნებიც ხომ დაგვჭირდება? - დაგვჭირდება და ბლომადაც დაგვჭირდება. - კი მაგრამ, თვით ქვეყნის შიგნით როგორღა იქნება საქმე? რანაირად მოხერხდება ნაწარმის გაცვლა-გამოცვლა ხელოსნებს შორის? აკი ჩვენც, უწინარეს ყოვლისა სწორედ ამ მიზნით დავაარსეთ სახელმწიფო. - ცხადია, აღებ-მიცემობის გზით. - მაშასადამე, უნდა შეიქმნას ბაზარი და დაწესდეს ღირებულების აღმნიშვნელი ნიშანი – ფული. - რა თქმა უნდა. - მერედა, თუ მიწის მუშა ან რომელიმე სხვა ხელოსანი ბაზრობაზე გამოიტანს თავის ნაწარმს, მისი მუშტარი კი დაიგვიანებს, ნუთუ ის გულხელდაკრეფილი დაელოდება ბაზარში და ასე უქმად გააცდენს საქმისათვის საჭირო დროს? - არამც და არამც, – თქვა ადიმანტემ, – განა ცოტაა ისეთი ხალხი, თავის სამსახურს რომ შესთავაზებს მას? კეთილმოწყობილ სახელმწიფოებში ესენი არიან ყველაზე ძაბუნნი და ყოველგვარი სხვა საქმისათვის უვარგისნი: ერთავად ბაზარში ყრიან და ცდილობენ იაფად შეიძინონ სავაჭროდ გამოტანილი საქონელი, რათა შემდეგ სხვებს მიჰყიდონ იგი. - სწორედ ამ მოთხოვნილების გამო ჩნდებიან ჩვენში ქორვაჭრები; – შევნიშნე მე, – განა ასე არ ვუწოდებთ შუაკაცებს მყიდველებსა და გამყიდველებს შორის, ბაზარში რომ ათენებენ და აღამებენ? ხოლო იმ ხალხს, ერთი სახელმწიფოდან მეორეში რომ დაეხეტება საქონლის გასასაღებლად, ვაჭრებს ვეძახით, არა? - დიახ. - მე თუ მკითხავთ, სხვაც ბევრია საჭირო კაცი; მართალია, მწირი გონების გამო ეს ხალხი ნაკლებად იმსახურებენ იმას, რომ მათთან რაიმე ურთიერთობა ვიქონიოთ, მაგრამ საკმაო ძალი კი შესწევთ მძიმე სამუშაოს შესასრულებლად. ისინი ფულზე ჰყიდიან თავიანთ ძალას, და რაკი ამ ფულს ქირას უწოდებენ, მე მგონია, სწორედ ამიტომ მოქირავეებად უხმობენ მათ. - რა თქმა უნდა. - სახელმწიფოს სისრულისათვის, როგორც ჩანს, მოქირავენიც სჭირდება. - ეგრე მგონია. - რას იტყვი, ადიმანტე, იმდენად ხომ არ გაიზარდა ეს ჩვენი სახელმწიფო, რომ უკვე შეიძლება დასრულებულად მიგვაჩნდეს? - ალბათ შეიძლება. - კი მაგრამ, სადღაა სამართლიანობა და უსამართლობა? რამდენი რამ განვიხილეთ, მაგრამ მაინც საიდან იღებენ ისინი დასაბამს?       ვერ გეტყვი, სოკრატე; იქნებ, საერთო საქმიანობაში თვით ადამიანთა ურთიერთდამოკიდებულებიდან? - შეიძლება მართალიც იყო; – ვუთხარი მე, – მაშ, განვაგრძოთ კვლევა-ძიება და განუხრელად მივსდიოთ ჩვენს მიერ დასახულ მიზანს. უწინარეს ყოვლისა, განვიხილოთ ამნაირად დახელოვნებულ კაცთა ცხოვრების წესი. ისინი მოიწევენ ხორბლისა თუ ყურძნის მოსავალს, ხელს მიჰყოფენ ტანსაცმლის თუ ფეხსაცმლის კერვას და სახლების მშენებლობას; ზაფხულის ხვატში წელზემოთ გატიტვლებულნი და ფეხშიშველანი იმუშავებენ, ზამთარში კი საგულდაგულოდ ჩაფუთნულ-ჩათბუნებულნი თავის სარჩენად ქერს დაღერღავენ და ხორბალს დაფქვავენ, ღერღილისაგან ფაფას მოხარშავენ, ფქვილს კი მოზელენ და ცომისაგან დაბრაწულ პურებსა და ფუნთუშებს დააცხობენ, რომლებსაც მადის აღმძვრელად ჩაამწკრივებენ ლერწმის ჭილობსა თუ ქორფა ფოთლებზე. მურტისა და ურთხელის ყლორტებით მოფენილ სარეცლებზე შვილებთან ერთად მხართეძოზე წამოწოლილნი და გვირგვინებით შუბლშემკულნი ნებიერად შეექცევიან ღვინოს, საგალობლებით ქებას შეასხამენ ღმერთებს და მხიარულ მუსაიფში გაატარებენ დროს; შვილებს კი, შიმშილობისა და ომიანობის შიშით, მხოლოდ იმდენს იყოლიებენ, რამდენის ყოლის ნებასაც მისცემთ მათი ავლადიდება. - რაო?! – გამაწყვეტინა გლავკონმა, – ხმელა პურსა და თითო ფიალა ღვინოზე უპირებ ამ ხალხს გადატარებას? - მართალი ხარ, – მივუგე მე, – კინაღამ დამავიწყდა, რომ მათ ნაირ-ნაირი სასმელ-საჭმელიც დასჭირდებათ. ცხადია, მარილიც უნდა ჰქონდეთ, ზეთისხილიც, ყველიც, პრასიცა და სხვა ბოსტნეულიც; ასე მოათუხთუხებენ სოფლურ შეჭამანდს. მაგრამ ვერც პირის ჩასაკოკლოზინებელს მოვაკლებთ: ლეღვს, მუხუდოს, ცერცვს, ან მურტის ნაყოფს თუ რკოს, რომლებსაც ცეცხლზე მოხალავენ და წრუპვა-წრუპვით მიაყოლებენ ღვინოს. ასე, სიამტკბილობით გაატარებენ მთელ სიცოცხლეს, უზრუნველნი და საღსალამათნი, მერე კი ღრმად მოხუცებულნი სამუდამოდ მიიძინებენ და ასეთსავე ცხოვრებას უანდერძებენ თავიანთ შთამომავალთ. - ღორებით რომ დაგესახლებინა ეგ შენი სახელმწიფო, სოკრატე, ალბათ, ვერც მათ შესთავაზებდი სხვანაირ სალაფავს, – წამოიძახა გლავკონმა. - მაშ, რას მიბრძანებ, რა შევთავაზო? – ვკითხე მე. - რასაც ჩვეულნი არიან: ინახად სხდომა, ხორაგით სავსე ტაბლები, ნუგბარ-ნუგბარი კერძები და ტკბილეული, მოკლედ, ყველაფერი, რაც თავზე საყრელადა აქვთ ჩვენს თანამედროვეებს, – თუ გინდა, რომ შიმშილით არ ეწვოდეთ კუჭი. - კეთილი და პატიოსანი, – ვუთხარი მე, – როგორც ჩანს, ჩვენ განვიხილავთ არა მარტო იმ სახელმწიფოს, რომელიც ეს-ესაა იბადება, არამედ კეთილდღეობით გალაღებულსაც. ვინ იცის, იქნებ ასედაც სჯობდეს. რადგანაც შეიძლება თვით ამ უკანასკნელის განხილვამაც დაგვანახოს, რანაირად იჩენენ თავს სახელმწიფოში სამართლიანობა და უსამართლობა. ჩვენს მიერ წარმოსახული სახელმწიფო მე ჯანსაღ სახელმწიფოდ მეჩვენება; მაგრამ თუ გნებავთ, არაფერი არ გვიშლის ხელს, იმ სახელმწიფოსაც დავუკვირდეთ, რომელსაც თითქოს ციებ-ცხელება შეჰყრია. როგორც ჩანს, ზოგიერთს მართლაც არ დააკმაყოფილებს ყოველივე ეს, არც ესოდენ მარტივი ცხოვრების წესი; არა, კეთილ-ინებე და სასწრაფოდ მიართვი მათ სარეცლები, ტაბლები, ნაირ-ნაირი ჭურჭელი თუ დგამ-ავეჯი, მადის აღმძვრელი ნაზუქები, საკმეველი, ნელსაცხებლები, აგრეთვე ჰეტერები თუ ნუგბარ-ნუგბარი კერძები, და, თანაც, ყოველივე ეს – რაც შეიძლება ბლომად. ეტყობა, აუცილებელი მარტოოდენ ის კი არ არის, რაც ზემოთ მოგახსენეთ, – სახლი, ტანსაცმელი თუ ფეხსაცმელი, – არა, მოიტათ სურათებიც, სამკაულებიც, ოქრო-ვერცხლისა თუ სპილოს ძვლის ნაკეთობებიც; ასეა, არა? - დიახ. - კი მაგრამ, ხომ არ მოგვიწევს გავაფართოვოთ ჩვენი სახელმწიფოს ფარგლები? რადგანაც ის პირველი – ჯანსაღი სახელმწიფო უკვე აღარ არის საკმარისი, არამედ იმნაირი ხალხით უნდა ავავსოთ, რომლის ყოფნაც სახელმწიფოში სულაც არ არის აუცილებლობით გამოწვეული: მე ვგულისხმობ ათასი ჯურის მონადირეებს და მიმბაძველებს, ფერებს, ბგერებს თუ სახეებს რომ იყენებენ მიბაძვისას, ესე იგი, პოეტებსა და მათთან განუყრელად დაკავშირებულ რაფსოდებს, მსახიობებს, ქორევტებს, თეატრის მენარდეებს, მეავეჯეებს და სასალუქო საგნების, მეტადრე, ქალების სამშვენისთა თუ სამკაულთა ოსტატებს. წარმოუდგენლად გაიზრდება მსახურთა რიცხვიც: ვინ მოსთვლის, რამდენი აღმზრდელი, ძიძა, ლალა, მოახლე, დალაქი, მზარეული თუ ყასაბი დაგვჭირდება. ახლა მეღორეებს აღარ იკითხავ? ესენი არ გვყოლია ჩვენს პირველ სახელმწიფოში; არც გვჭირდებოდნენ. აქ კი ესენიც საჭირონი არიან და ათასნაირი პირუტყვიც და საქონელიც, რაკიღა უპირატესად ხორცით ვსაზრდოობთ; რას იტყვი, განა სწორი არა ვარ? - რა თქმა უნდა. - ამნაირი ცხოვრების შედეგად გაცილებით უფრო მეტი ექიმი იქნება საჭირო, ვიდრე უწინ. - დიახ, გაცილებით მეტი. - ეგეც არ იყოს, ქვეყანა, ოდესღაც საკმაოდ ვრცელი საიმისოდ, რომ თავისი მოსახლეობა გამოეკვება, ახლა უკვე დაპატარავდება. ასეა, არა? - მართლაც ასეა. - მაშასადამე, იძულებულნი ვიქნებით კაი მოზრდილი ნაწილი ჩამოვაჭრათ მეზობელ სახელმწიფოს, თუ გვინდა სამყოფი საძოვარი და სახნავ-სათესი გვქონდეს, ხოლო მეზობელი სახელმწიფო, თავის მხრივ, მოინდომებს ჩვენი ქვეყნის ნაწილი მიიტაცოს. თუკი თვითონაც დაუსრულებელი მომხვეჭელობის გზას დაადგება და, ამრიგად, გადავა იმის ზღვარს, რაც აუცილებელია საარსებოდ. - ყოველ მიზეზს გარეშე, ეგრეც მოხდება, სოკრატე. - მაშ, ომში უნდა ჩავებათ, გლავკონ? - დიახ, უნდა ჩავებათ. - ჯერჯერობით არაფერს ვიტყვით იმის თაობაზე, თუ რა მოსდევს შედეგად ომს – სიკეთე თუ ბოროტება; შევნიშნავთ მხოლოდ, რომ უკვე მივაკვლიეთ ომების წყაროს, ხოლო ომი უდიდესი უბედურების სათავეა როგორც კერძო პირის, ისე მთელი საზოგადოებისთვისაც, როცა ისინი იძულებულნი არიან იომონ. - რა თქმა უნდა. - ამასთანავე, მოგვიწევს მცირედით კი არა, მთელი ლაშქარით გავზარდოთ სახელმწიფო, ჩემო ძვირფასო: ლაშქრით, რომელიც დაიცავს ჩვენს სამფლობელოებს და, ზემოთქმულისა არ იყოს, სხვის მიწა-წყალსაც შემოგვიმტკიცებს. - როგორ, განა ჩვენ თვითონ კი ვერ შევძლებთ ამას? - ვერა, ვერ შევძლებთ, თუკი სწორად გადავწყვიტეთ ეს საკითხი ჩვენი წარმოსახული სახელმწიფოს დაარსებისას. თუ გახსოვს, იმთავითვე შევთანხმდით, რომ შეუძლებელია ერთი კაცი სრულყოფილად ფლობდეს მრავალ ხელობას. - მართალს ბრძანებ. - მერედა, მეომრის ხელობა ხელობად არ მიგაჩნია? - რა საკითხავია? - კი მაგრამ, ნუთუ მეწაღის ხელობაზე უფრო მეტს უნდა ვზრუნავდეთ, ვიდრე მეომრისაზე? - როგორ გეკადრება. - იმ მიზნით, რომ ჩვენში უკეთ ვითარდებოდეს მეწაღეობა, ხომ ავუკრძალეთ მეწაღეს, მიწის მუშის, ფეიქრისა თუ ხუროს საქმისათვის მიეყო ხელი; ზუსტად ასევე, ყველა სხვა ხელოსანსაც მხოლოდ ერთი საქმე მივანდეთ, რასაც ის წარმატებით გაართმევს თავს, თავისი ბუნებრივი მონაცემების წყალობით; მთელი სიცოცხლის მანძილზე სწორედ ეს იქნება მისი ერთადერთი საქმე, ასე რომ, სხვა რამისთვის ვეღარ მოიცლის, და წარმატებასაც მიაღწევს, თუკი ფუჭად არ გაფლანგავს დროს. კი მაგრამ, განა საომარი ხელოვნება ნაკლებ ყურადღებასა და გულმოდგინებას მოითხოვს? ან, იქნებ, ის იმდენად ადვილია, რომ მიწის მუშას, მეწაღესა თუ ნებისმიერ ხვა ხელოსანსაც თავისუფლად შეუძლია, იმავდროულად, მეომარიც იყოს? კოჭის თამაში რომ კოჭის თამაშია, იმასაც კი ვერ აუღებ ალღოს, თუ ბავშვობიდანვე არ გაგიწაფავს ხელი, არამედ ისე, სასხვათაშორისოდ გითამაშნია. მერედა, ნუთუ საკმარისია ფარით ან სხვა საომარი საჭურვლით აღიჭურვო, ანდა აბჯარი აისხა, რომ მაშინვე ძლევამოსილ მეომრად იქცე და ჰოპლიტების მხარდამხარ ბრძოლაც შეიძლო და სხვა მეომართა დასშიაც? მაშინ როდესაც სხვა რომელიმე ხელოსნის იარაღი რომ აიღო ხელში, ამის წყალობით ვერც ხელოსანი გახდები ერთბაშად და ვერც ათლეტი, თუ საგანგებოდ არ შეგისწავლია სათანადო ხელობა, და არც ამ იარაღის ხმარება შეგიძლია. - ეგრე რომ არა, მაშინ ყოველგვარი იარაღი მართლაც რომ ფასდაუდებელი იქნებოდა. - მაშასადამე, რაც უფრო მნიშვნელოვანია მცველების საქმე, მით უფრო შეუთავსებელია იგი სხვა საქმიანობასთან, რადგანაც უდიდეს ოსტატობასა და გულმოდგინებას მოითხოვს. - მეც ეგრე მგონია. - აუცილებელია სათანადო ბუნებრივი მონაცემები, რათა თავი გაართვა მას. - რა თქმა უნდა. - ასე რომ, თუკი ძალი შეგწევს, ჩვენი საქმეა იმათი გულმოდგინე შერჩევა, ვინც თავისი ბუნებრივი მონაცემებით შეიძლება სახელმწიფოს მცველად გამოდგეს. - დიახ, სწორედ ჩვენი საქმეა. - ვფიცავ ზევსს, ძნელ საქმეს მივყავით ხელი! მაგრამ შევინარჩუნოთ სიმხნევე და შეძლებისდაგვარად აღვასრულოთ ჩვენი ვალი. - ვცადოთ. - როგორ გგონია, როცა დაცვას ეხება საქმე, არის თუ არა რაიმე განსხვავება ჯიშიანი ლეკვისა და კეთილშობილი ჭაბუკის ბუნებრივ თვისებებს შორის? - მაინც რა თვისებებს გულისხმობ? - რასა და იმას, რომ ერთსაც და მეორესაც უტყუარი ალღო უნდა ჰქონდეს, ორივე ერთნაირად სწრაფი უნდა იყოს და უჩვეულო ძალის პატრონიც, რათა უმალვე შეიგრძნონ მტრის სიახლოვე, სწრაფად წამოეწიონ მომხდურს და თავიანთი ძალითა სძლიონ. - მართალს ბრძანებ. - მაგრამ მტერთან შებმა ხომ სიმამაცეს მოითხოვს? - რასაკვირველია. - მერედა, რა სიმამაცე უნდა მოსთხოვო ძაღლს, ცხენსა თუ ნებისმიერ სხვა ცხოველს, ვის არსებაშიც არ ბობოქრობს სიფიცხის მბორგავი სული? ნუთუ არ შეგიმჩნევია სიფიცხის შეუპოვარი და უძლეველი ძალა? ასე რომ, სული, რომელშიაც ძალუმად ბორგავს სიფიცხე, არაფერს შეუდრკება და არც არავის წინაშე დაიხევს უკან. - შემიმჩნევია. - ახლა ხომ ხედავ, რანაირი თვისებები უნდა ამკობდნენ სახელმწიფოს მცველის სხეულს? - ვხედავ. - აგრეთვე სულსაც: ეს გახლავს სიფიცხე. - დიახ. - კი მაგრამ, თუ ყველა მცველი ამნაირია, გლავკონ, განა ისინი დაუნდობელნი არ იქნებიან, როგორც ერთურთის, ისე დანარჩენ თანამოქალაქეთა მიმართაც? - ვფიცავ ზევსს, ძნელი კითხვაა. - მაგრამ ისინი ლმობიერნი უნდა იყვნენ თავისიანებისადმი და ულმობელნი – მტრების მიმართ, თორემ გადამთიელთა ლოდინი აღარ დასჭირდებათ: თვითონვე გაავლებენ მუსრს ერთი-მეორეს. - ჭეშმარიტად. - მაშ, რა ვქნათ? სად ვპოვოთ ზნე ლმობიერი და, იმავდროულად, ულმობელიც? ლმობიერება ხომ უპირისპირდება სულის სიფიცხეს? - ცხადია. - ხოლო თუ კაცი არც ლმობიერია და არც ულმობელი, ნამდვილი მცველიც ვეღარ იქნება. როგორც ჩანს, ეს პირობა განუხორციელებელია და, ამრიგად, შეიძლება დავასკვნათ, რომ ჭეშმარიტ მცველსაც ვერსად ვიპოვით. - ვაი რომ ეგრეა, – თქვა გლავკონმა. - ერთხანს ვყოყმანობდი და ვცდილობდი გამეხსენებინა ყველაფერი, რაც ზემოთ ითქვა. - ეჰ, ჩემო ძვირფასო, – ვუთხარი ბოლოს გლავკონს, – ამ გამოუვალ მდგომარეობაში მიტომაც ჩავცვივდით, რომ თვითონვე დავივიწყეთ ის, რაც სანიმუშოდ მოვიხმეთ. - რას გულისხმობ? - არც კი დავფიქრებულვართ იმაზე, რომ არსებობენ ისეთი ზნენი, ამ ურთიერთ საპირისპირო თვისებებს რომ ითავსებენ. - მაინც? - ეს უფრო ნათლად ჩანს ცხოველების, უწინარეს ყოვლისა კი იმის მაგალითზე, რაც წეღან მცველს შევადარეთ. ხომ მოგეხსენება ჯიშიანი ძაღლების ბუნება: რა ალერსიანნი არიან შინაურებისა თუ პატრონის ნაცნობ-მეგობრების მიმართ და, პირიქით, რა გააფთრებით უტევენ უცნობთ. - რა საკითხავია. - მაშასადამე, ეს შესაძლებელია და მცველში ამნაირ ზნეს რომ ვეძებთ, სულაც არ ვუპირისპირდებით ბუნებას. - როგორც ჩანს, არა. - რას იტყვი, ამ ჩვენს მომავალ მცველს ერთი რამ მაინც ხომ არ აკლია? – მარტო სიფიცხე არ კმარა: თავისი ბუნებით, სიბრძნესაც უნდა მიელტვოდეს. - როგორ? აი, ეგ კი არ მესმის. - ეს შეიძლება თვით ძაღლებშიაც შენიშნო; მართლაც რომ საოცარი თვისებაა ცხოველებისა. - მაინც რა თვისებას გულისხმობ. - უცნობის დანახვაზე ძაღლი ავდება, თუმცა ამ უცხო კაცს არაფერი დაუშავებია მისთვის, ნაცნობის დანახვაზე კი კუდის ქიცინით ეგება ფეხქვეშ, თუმცა არავითარი სიკეთე არ ახსოვს მისგან. არასოდეს განუცვიფრებიხარ ამას? - მართალი გითხრა, დღემდე არც კი დავფიქრებულვარ ამაზე, მაგრამ ცხადია, რომ ძაღლი მართლაც ეგრე იქცევა. - მისი ბუნების ეს თავისებურება მართლაც რომ საოცარია და, ასე განსაჯე, ჭეშმარიტად ბრძნულიც. - როგორ? - როგორ და ისე, რომ მტერ-მოყვარეს მხოლოდ იმის მიხედვით განასხვავებს ერთმანეთისგან, ნაცნობია ის თუ უცნობი. მერედა, რა არის ეს, თუ არა სწრაფვა შემეცნებისკენ, როცა უცხოსა თუ შინაურის განსაზღვრის ცნობა, ან, პირიქით, არცნობა უდევს საფუძვლად? - ვერავინ უარყოფს მაგას. - კი მაგრამ, სწრაფვა შემეცნებისკენ ხომ იგივეა, რაც სიბრძნისკენ სწრაფვა? - დიახ. - ამიტომ თამამად შეგვიძლია დავუშვათ, რომ თუ ადამიანიც შინაურებისა და ნაცნობ-მეგობრების მიმართ ლმობიერია და ალერსიანი, მაშასადამე, მისთვის ბუნებით ნიშნეულია სიბრძნისა და შემეცნებისაკენ სწრაფვა. - დავუშვათ. - ასე რომ, სახელმწიფოს უზადო მცველისთვის ნიშნეული იქნება არა მარტო სიფიცხე, სისწრაფე და ძალა, არამედ სულიერი სრულყოფილებაც. - ჭეშმარიტად. - აი, რანაირი იქნება ჩვენი მცველი. მაგრამ როგორ უნდა ვწვრთნათ იმის მიკვლევაში, რასაც ვეძებთ, ესე იგი, ბოლოს მაინც თუ მივხვდებით, რანაირად იჩენენ თავს სახელმწიფოში სამართლიანობა და უსამართლობა. ნუ დავივიწყებთ ჩვენი საუბრის ამ ძირითად მიზანს, რათა სიტყვა მეტისმეტად არ გაგვიგრძელდეს.       მაშინ გლავკონის ძმამ ჩაურთო: - მე თუ მკითხავთ, ამ საკითხის განხილვა ძალზე სასარგებლო იქნება ჩვენთვის. - ვფიცავ ზევსს, ჩემო ძვირფასო ადიმანტე, – ვუთხარი მე, – თავადაც მაგ აზრისა ვარ; ხელს ნუ ავიღებთ ამაზე, თუნდაც უსაშველოდ გაგვიჭიანურდეს ძიება. - სწორი გადაწყვეტილებაა. - მაშ, მოდი, მოცლილი მეზღაპრეებივით დინჯად და აუჩქარებლად, საქმით თუ არა სიტყვით მაინც შევუდგეთ ჩვენი მცველების აღზრდას. - ჩვენი ვალიც სწორედ ეგ არის. - კი მაგრამ, რანაირად აღვზარდოთ ისინი? თუმცა ძნელია მივაკვლიოთ იმაზე უკეთეს საშუალებას, რაც უძველესი დროიდანვეა ცნობილი. სხეულისათვის ეს გახლავთ გიმნასტიკური აღზრდა, სულისათვის კი – მუსიკური. - ეგრეა. - ხოლო მუსიკური აღზრდა წინ უნდა უსწრებდეს გიმნასტიკურს. - რა თქმა უნდა. - მუსიკური აღზრდაო, რომ ვამბობთ განა მასში სიტყვიერებასაც არ ვგულისხმობთ? - ცხადია, ვგულისხმობთ. - მაგრამ სიტყვიერება ორგვარია – ჭეშმარიტი და ყალბი. - დიახ. - აღზრდისთვის ორივე გვჭირდება, მაგრამ ყალბით უნდა დავიწყოთ. - არ მესმის, რას ამბობ, თქვა ადიმანტემ. - რა არ გესმის? – ვუთხარი მე, – ის, რომ პატარა ბავშვებს ყველაზე უმალ თქმულებები უნდა ვუამბოთ? თქმულება კი, არსებითად, ყალბია, თუმცა ის ჭეშმარიტებასაც შეიცავს. ბავშვების აღსაზრდელად ჩვენ უმალ თქმულებებს მივმართავთ, ვიდრე გიმნასტიკას. - მართალს ბრძანებ. - ამიტომაც მოგახსენე, მუსიკური ხელოვნებით უნდა დავიწყოთ და მხოლოდ შემდეგ გადავიდეთ გიმნასტიკურზე-მეთქი. - სწორია. - მერედა, ნუთუ არ იცი, რომ ყველა საქმეში მთავარია დასაწყისი, მით უმეტეს, როცა საქმე ეხება ნორჩსა და სათუთ არსებას რადგანაც სწორედ ამ ასაკში ყალიბდება და სულში თანდათანობით ფესვს იდგამს ის თვისებები, რომლებიც გვინდა მოზარდში განვავითაროთ. - სრული სიმართლეა. - განა შეიძლება დავუშვათ, რომ ბავშვები ვისგანაც გნებავთ, იმისაგან ისმენდნენ ღმერთმა იცის რანაირ თქმულებებს, რომლებიც უმეტესწილად უპირისპირდებიან ყოველივე იმას, რაც ჩვენ გვსურს ჩავუნერგოთ და ცხოვრების გზაზეც ვუსაგზლოთ მათ? - ვერა, ვერ დავუშვებთ. - უწინარეს ყოვლისა, თვალყური უნდა ვადევნოთ თქმულებათა მთხზველებს: თუ მათი ქმნილება ფასეულია, ჩვენც მოვიწონებთ, თუ არა და, უარვყოფთ მას. დედებსა და აღმზრდელებს ვთხოვთ, მხოლოდ ჩვენს მიერ მოწონებული თქმულებები უამბონ თავიანთ პატარებს, რათა მათი მეშვეობით უფრო უმალ ჩამოქნან და ჩამოაყალიბონ ნორჩების სული, ვიდრე მათი სხეული – ხელებით. იმ თქმულებების უმრავლესობა კი, რომლებსაც დღეს უამბობენ ბავშვებს, უნდა უარყონ. - მაინც რა თქმულებებს გულისხმობ? - ჩვენ შეგვიძლია უფრო ვრცელი თქმულებების მიხედვით შევაფასოთ უფრო მცირენი, რადგანაც ყველა თქმულება, ვრცელიც და მცირეც, ერთნაირ მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდეს და ზემოქმედებითაც ერთნაირ ზემოქმედებას ახდენდეს სულზე; რას იტყვი, ასე არაა? - დიახ, ასეა, მაგრამ არ მესმის, ვრცელ თქმულებებად მაინც რომელი თქმულებები იგულისხმება? - თქმულებები, რომლებსაც ჰესიოდე, ჰომეროსი და სხვა პოეტები გადმოგვცემენ; რადგანაც სწორედ მათი მონაჩმახია ის ყალბი ლათაიები, რომლებიც, ვინ მოსთვლის, რამდენისთვის უამბნიათ და დღესაც უამბობენ. - არა, მაინც რას აყვედრი მათ? - რასაც უწინარეს ყოვლისა და უპირატესად აყვედრიან ხოლმე უკეთური სიცრუისა და სიყალბის მთხზველებს. - როგორ? - როცა უგვანი სიტყვით უარყოფითად წარმოგვიჩენენ ღმერთებს თუ გმირებს, ეს იგივეა, რომ მხატვარმა თავისი ნახატი ვერაფრით ვერ მიამგვანოს იმას, რისი დახატვაც სურდა. - თუ ასეა, შენი ყვედრება გამართლებულია, მაგრამ რამდენად იმსახურებენ პოეტები ამას? - ჯერ ერთი, თავისი უდიერებით უდიდესი სიცრუე შეთხზა და ცილი დასწამა დიად ღმერთებს, ვინაც მოჩმახა, თითქოს ურანოსს ჩაედინოს მთელი ის საშინელება, რასაც მას მიაწერს ჰესიოდე, კრონოსს კი შური ეძიოს მასზე. იგივე ითქმის კრონოსის სისასტიკესა და იმ საზარელ სანაცვლოზედაც, გადმოცემით, ზევსმა რომ მიაგო მას. ყოველივე ეს მართალიც რომ იყოს, ჩემის აზრით, მაინც არავისთვის უნდა მიგვეცა იმისი ნება, რომ ასე წინდაუხედავად ეამბნათ ამდენი უკუღმართობა ჯერ კიდევ უნდილი და უგუნური ბალღებისათვის. აჯობებდა კრინტიც არ დაგვეძრა ამაზე, ანდა, თუ იძულებულნი ვიქნებოდით, ვიღაცისთვის მაინც გაგვენდო ეს, რაც შეიძლება ნაკლები მსმენელი გვყოლოდა, ხოლო ამ მიზნით ღმერთებისათვის გოჭი კი არა, უძვირფასესი და უიშვიათესი მსხვერპლი უნდა შეგვეწირა, რათა ორიოდე სანდო კაცის გარდა არავის მოესმინა ჩვენი სიტყვები. - ეს თქმულებები მართლაც რომ საეჭვონი ჩანან. - ამიტომაც ჩვენს სახელმწიფოში საერთოდ უნდა ავკრძალოთ ისინი, ადიმანტე. რად უნდა ჩავაგონოთ უმწიფარ მსმენელს, რომ შეიძლება საშინელი დანაშაულიც ჩაიდინოს, შეიძლება სასტიკად აწამოს თუნდაც უსამართლობის მოქმედი მამა, მაგრამ ამაში არაფერი იქნება უჩვეულო და არნახული, რაკიღა ისევე იქცევა, როგორც იქცევიან თვით უპირველესი და უდიდესი ღვთაებანი. - ვფიცავ ზევსს, მეც მეჩვენება, რომ უმჯობესია კრინტიც არ დავძრათ ამაზე. - და არც იმაზე, თუ როგორ ომობენ ღმერთები, მახეს უგებენ და ერკინებიან ერთმანეთს (ვაი სირცხვილო!), თუ გვინდა ჩვენს მომავალ მცველებს სათაკილოდ მიაჩნდეთ ის ამბავი, რომ შეიძლება ასე ადვილად წაეკიდონ ერთიმეორეს. რაც შეეხება გიგანტთა ბრძოლებსა თუ გაუთავებელ შუღლსა და მტრობას, ერთის მხრივ, უკვდავ ღმერთებს და გმირებს, ხოლო მეორეს მხრივ, მათ ნათესავებსა და ახლობლებს შორის, – სასტიკად უნდა ავუკრძალოთ ყველას მთელი ამ სისაძაგლის აღწერა და თავიანთი აღწერილობის ზიზილ-პიპილებით შემკობა; პირიქით, თუ გვინდა ჩავაგონოთ მსმენელს, რომ ჩვენი თანამოქალაქენი, არასოდეს აშლიან ერთიმეორეს, და რომ ეს იქნებოდა ნამდვილი ღვთისმგმობლობა, – დედაბრებიც და ბერიკაცებიც ხშირ-ხშირად უნდა უამბობდნენ თავიანთ პატარა შვილიშვილებს წინაპრების სასახელო საქმეთა ამბავს, თუმცა არც დავაჟკაცებულთ აწყენდა ამის გამეორება, მაგრამ აქ საქმეში უნდა ჩავრთოთ პოეტები და ვაიძულოთ ისინი, ნაბიჯითაც არ გადასცდნენ ჩვენს მიერ მონიშნულ გზას. ხოლო როდესაც გადმოგვცემენ, თუ რანაირად გაკოჭა ჰერა მისმა ძემ, ან ზევსმა როგორ მოისროლა ოლიმპოდან ჰეფესტოსი, რომელსაც სურდა გამოსარჩლებოდა დედას და გაცოფებული მეუღლის მუშტებისგან დაეხსნა იგი, ან კიდევ რა გააფთრებით ებრძვიან ღმერთები ერთმანეთს ჰომეროსის წარმოსახვით, – ამას ნამდვილად ვერ მოვითმენთ ჩვენს მიერ დაარსებულ სახელმწიფოში, მთელი ეს მონაჩმახი წმინდა წყლის ალეგორიაც რომ იყოს. რანაირად გაარჩიოს უნდილმა ბალღმა, სადაა ალეგორია და სად არა? ამ ასაკში მიღებული შთაბეჭდილებანი კი უცვლელად და წარუშლელად აღიბეჭდებიან მის სულში. აი, რატომ ვანიჭებთ ესოდენ დიდ მნიშვნელობას იმას, რომ ყველა თქმულება, რომელსაც სულ პირველად ისმენენ ბავშვები, ხელს უწყობდეს მათ სულში სიქველის აღზრდას. - შენი მსჯელობა საფუძველს მოკლებული როდია; – თქვა ადიმანტემ, – მაგრამ ვინმეს რომ ეკითხა ჩვენთვის, მაინც რომელი თქმულებები იგულისხმებაო, რას მივუგებდით პასუხად? - ეჰ, ჩემო ადიმანტე, – ვუთხარი მე, – ჩვენ ახლა პოეტები კი არა ვართ, არამედ სახელმწიფოს დამფუძნებლები; თქმულებების თხზვა კი ფუძემდებელთა საქმე როდია: მათთვის სავსებით საკმარისია იმისი ცოდნა, თუ რანაირ ნიმუშთა მიხედვით უნდა თხზავდნენ პოეტები თავიანთ თქმულებებს, რათა ამ ნიმუშთა დამახინჯების საშუალება არ მისცენ მათ. - მართალს ბრძანებ, – თქვა ადიმანტემ, – მაგრამ მაინც რა ნიმუშებს უნდა მივსდევდეთ ღმერთებზე მსჯელობისას? - თუნდაც ამას: რანაირიცაა ღმერთი, იმნაირადვე უნდა იქნეს გამოყვანილი პოეზიის ნებისმიერ სახეობაში, სულერთია, ეპიური პოეზია იქნება ეს, ლირიკული თუ ტრაგიკული. - ალბათ. - კი მაგრამ, განა ღმერთი კეთილი არაა თავისთავად, და განა ასევე არ უნდა იქნეს წარმოდგენილი? - რა თქმა უნდა. - სიკეთე კი არ შეიძლება მავნე იყოს; ასეა, არა? - ცხადია. - ხოლო ის, რაც მავნე არ არის, შეუძლებელია ვინმეს ვნებდეს. - რასაკვირველია. - მაგრამ ის, რაც არავის ვნებს, რანაირად შეიძლება რაიმე ბოროტებას სჩადიოდეს? - არასდიდებით არ შეიძლება. - ხოლო ის, რაც არავითარ ბოროტებას არ სჩადის, შეუძლებელია რაიმე ბოროტების მიზეზი იყოს. - რა თქმა უნდა. - მაშასადამე, სიკეთე სასარგებლოა? - დიახ. - ესე იგი, კეთილი საქმის მიზეზიც? - დიახ. - ასე რომ, ყველაფრის მიზეზი კი არ არის, არამედ მხოლოდ კეთილი საქმისა, და არა ბოროტის. - ჭეშმარიტად. - მაშასადამე, რაკიღა ღმერთი კეთილია, ის ყველაფრის მიზეზი კი არ არის, როგორც ჰგონია ბევრ ჩვენგანს, არამედ მხოლოდ მცირედის მიზეზია კაცთათვის, მრავალი რამის მიზეზად კი ვერ ვიტყვით მას: აკი ჩვენს ცხოვრებაში კარგი გაცილებით ნაკლებია, ვიდრე ცუდი. სიკეთის მიზეზად მხოლოდ ღმერთი თუ შეიძლება მიგვაჩნდეს, ბოროტებას კი სხვა მიზეზი უნდა გამოვუძებნოთ. - ჩემის აზრით, ცამდე მართალი ხარ. - ასე რომ, ჩვენ ვერ გავიზიარებთ ვერც ჰომეროსისა და ვერც რომელიმე სხვა პოეტის მცდარ წარმოდგენას ღმერთებზე, როგორც, მაგალითად, აი, ამნაირ უაზრობას: «ორი ვეება თიხის ხალამი დაუდგამთ ზევსის სასახლის ზღურბლზე, სვესვიანობით სავსეა ერთი, ხოლო მეორე – სვედავსილობით,»       და ვისაც ზევსი ორივეს ნაზავს სთავაზობს, «მის სიცოცხლეში რიგრიგობით ენაცვლებიან ერთიმეორეს სიხარული და მწუხარება.»       ანდა ამაზე რაღას იტყვით? – «ზევსია, მოკვდავთ რომ უნაწილებს სიკეთესაც და ბოროტებასაც»       ვერც იმას მოვუწონებთ საქციელს, ვინც ამტკიცებს, რომ პანდაროსს ათენამ და ზევსმა გაატეხინეს ფიცი და დაარღვევინეს საზავო ხელშეკრულება. იგივე ითქმის ზევსისა და თემიდას მიერ გამოწვეულ ღმერთების შუღლსა და მათ ბრძოლებზედაც. ვერც იმის ნებას დავრთავთ ვინმეს, რომ ჭაბუკ მსმენელებს გააცნონ ესქილეს ლექსი: «ღმერთი მიზეზს არ დაულევს მოკდავთ, როცა სურს მოსრას, მოაოხროს ვისიმე სახლი».       თუ რომელიმე ნაწარმოებში გამოერევა ამნაირი იამბიკური ლექსები, სადაც აღწერილი იქნება ნიობესა თუ პელიპიდების ტანჯვა-ვაება, ტროას ომის ამბები და სხვა მისთანანი, პოეტმა ვერ უნდა გაბედოს იმისი თქმა, რომ მთელი ეს უბედურება ღმერთმა მოუვლინა მის გმირებს, ანდა, თუ მაინც გაბედავს, დაახლოებით იგივე აზრი უნდა გამოუძებნოს ყოველივე ამას, რასაც ჩვენ ამჟამად ვიკვლევთ; გამოუძებნოს და გვაუწყოს, რომ ღმერთი მხოლოდ სიმართლისა და სიკეთის მოქმედია, ხოლო სასჯელი, ამ ადამიანებს რომ დაატყდა თავზე, თვით მათთვისვეა სასარგებლო. მაგრამ არავის უნდა ჰქონდს იმის თქმის ნება, რომ ღვთის მიერ დასჯილი მოკვდავნი უბედურები არიან, და სწორედ ღმერთია მათი უბედურების მიზეზი. ხოლო თუ პოეტი, პირიქით, იტყვის, რომ ბოროტმოქმედნი უბედურები არიან და ამიტომ სასჯელი საჭიროა მათთვის, რადგანაც უბედურებას უმსუბუქებთ და ამის გამო ლამის ღვთის წყალობად ევლინებათ, – ეს შეიძლება დასაშვებად მიგვაჩნდეს. მაგრამ როდესაც ამტკიცებენ, რომ ღმერთი, რომელიც კეთილია თავისი არსით, ვიღაცისათვის შეიძლება ბოროტების მიზეზი იყოს, ამას ყოველნაირად უნდა აღვუდგეთ წინ, რათა არავის წამოსცდეს და არცერთი მოქალაქის – არც ყმაწვილი კაცისა და არც მოწიფულის ყურს არ მისწვდეს ეს ღვთისმგმობლობა, სულერთია, გინდ პოეტური სიტყვით იყოს გადმოცემული და გინდ პროზაულით, თუკი გულწრფელად ვესწრაფით ჩვენს მიერ დაარსებულ სახელმწიფოში კანონიერების სუფევას, რადგანაც ამნაირი მტკიცება მკრეხელურია, მოქალაქეთათვის აშკარად მავნე და შინაგანი წინააღმდეგობის შემცველი. - შენთან ერთად ხმას ვაძლევ ამ კანონს: ძალიან მომწონს. - ეს იქნება პირველი კანონი, რომელიც ეძღვნება ღმერთებს, და პირველი ნიმუში, რომლის თანახმადაც პოეზიაშიც და სიტყვიერების ყველა სხვა დარგშიაც უნდა ვამტკიცოთ, რომ ღმერთი ყველაფრის მიზეზი კი არ არის, არამედ მხოლოდ სიკეთისა. - სავსებით საკმარისია. - მაშინ გადავიდეთ მეორე კანონზე. როგორ გგონია, ნუთუ ღმერთი ჯადოქარია და, თითქოს განზრახ, ხან ერთი სახით გვევლინება და ხან მეორით: ზოგჯერ თვითონვე იცვლება და თავისი საკუთარი იერის ნაცვლად ურიცხვ სხვადასხვა სახეს იღებს, ზოგჯერ კი გვაცთუნებს და გვაიძულებს ხან რად წარმოვიდგინოთ და ხან რად? თუ ღმერთი რაღაც მარტივია და ყველაზე ნაკლებ შესწევს იმის უნარი, რომ თავისი საკუთარი რაობიდან გამოვიდეს? - ასე სახელდახელოდ გამიჭირდება მაგ კითხვაზე პასუხი გაგცე. - მაგრამ იქნებ ამაზე მაინც მიპასუხო: როცა რაიმე თავისი საკუთარი რაობიდან გამოდის, აუცილებელია თუ არა, რომ ან თავისით იცვლებოდეს, ან რაღაცის ზემოქმედებით? - დიახ, უცილებელია. - მაგრამ ის, რაც ყველაზე სრულყოფილია, ყველაზე ნაკლებ განიცდის ცვალებადობას სხვა რამის ზეგავლენით. ასე მაგალითად, განა ჯანსაღი და ძლიერი სხეული ყველაზე ნაკლებ არ იცვლება სმა-ჭამისა თუ გარჯის შედეგად? ან ნებისმიერი მცენარე – მზის სითბოს, ქარისა თუ სხვა მისთანათა ზემოქმედებით? - რა თქმა უნდა. - მერედა, განა მტკიცე და გონიერებით მოსილი სულიც ყველაზე ნაკლებ არ იცვლება და იმღვრევა გარეშე საგანთა ზემოქმედებით? - დიახ. - იმავე მიზეზის ძალით, ყველა რთულ საგანსაც – დგამ-ავეჯს, ნაგებობას ანდა ტანსაცმელს, თუკი ის კარგი ნახელავია და სათანადოდ მოვლილი, – ყველაზე ნაკლებ ცვლის დროისა და სხვათა და სხვათა ზემოქმედება. - სწორია. - კი მაგრამ, განა ღმერთი, ისევე, როგორც ყოველივე ღვთაებრივი თუ ღვთაებისეული, ყოველმხრივ სრულქმნილი არ არის? - რა თქმა უნდა. - ამიტომ ღმერთი ყველაზე ნაკლებ უნდა იღებდეს სხვადასხვა სახეს. - ჭეშმარიტად. - თუკი თვითონვე არ იცვლება და გარდაიქმნება. - რა თქმა უნდა, თუკი საერთოდ იცვლება. - მერედა, რად გარდაიქმნება: იმად, რაც უფრო უკეთესია და მშვენიერი, თუ იმად, რაც უარესია და მახინჯი? - რასაკვირველია, იმად, რაც უარესია, თუკი ის საერთოდ გარდაიქმნება. მართლაცდა, ხომ ვერ ვიტყვით, თითქოს ღმერთს მშვენიერება ან სიკეთე აკლდეს? - ცამდე მართალი ხარ, – ვუთხარი მე, – და რაკი ასეა, როგორ გგონია, ადიმანტე, გინდ ღმერთი და გინდ კაცი თავისი ნებით შეიცვლიდა თავს და, ამა თუ იმ თვალსაზრისით, უფრო უარესი გახდებოდა, ვიდრე თვითონაა სინამდვილეში? - შეუძლებელია, – თქვა ადიმანტემ. - მაშასადამე, შეუძლებელია ისიც, რომ ღმერთს თავისი თავის შეცვლა სურდეს. ყოველი ღმერთი, უმშვენიერესი და უსრულქმნილესი, ყოველთვის მარტივია და თავისი საკუთარი სახით არსებობს. - მე მგონია, ეგ უდავოა და უცილობელი. - მაშ, დაე, ნურცერთი პოეტი ნუ გაბედავს იმის თქმას თითქოს «ღმერთები ხშირად უცხო კაცთა სახეს იღებენ, და ამნაირად ფერნაცვალებნი დაწანწალებენ კარითი-კარად.»       ნურც ნურავინ მოგვახვევს თავს ათასნაირ სისულელეს პროტევსისა თუ თეტიდას თაობაზე; ნურც ტრაგედიებსა თუ სხვა ქმნილებებში გამოიყვანენ ქურუმ ქალად გარდაქმნილ ჰერას, მოწყალებას რომ თხოულობს «ინახოსის, არგოსელთა დიდი მდინარის, კეთილმოწყალე შვილებისათვის.»       და საერთოდაც, მოეშვან ამ აბდაუბდას. თავიანთი მხრივ, აღარც დედები უნდა ენდონ ამნაირ თქმულებათა მთხზველებს და აღარ დააშინონ შვილები მათი უკეთური გამონაგონით, თითქოს ღმერთები უცხოელთა სახეს იღებდნენ და ათასნაირად იერშეცვლილნი ღამღამობით დაწანწალებდნენ კარდაკარ, – რათა ღვთისმგმობლობაც აიცილონ თავიდან და თავიანთი პატარებიც დაიხსნან შიშისაგან. - მართალს ბრძანებ. - ამრიგად, ღმერთები არ იცვლებიან, მაგრამ, იქნებ, ჯადოქრობით თუ თვალთმაქცობით გვაცთუნებენ და იმნაირ წარმოდგენას გვიქმნიან, თითქოს სხვადასხვა სახით გვევლინებოდნენ? - შესაძლოა. - კი მაგრამ, – ვუთხარი მე, – განა ღმერთი ინებებს სიტყვით თუ საქმით იცრუოს და აჩრდილად წარმოგვიჩინოს თავი? - რა მოგახსენო. - ნუთუ არ იცი, რომ ნამდვილი სიცრუე, თუ შეიძლება ასე ითქვას, თანაბრად საძულველია ღმერთთა და კაცთათვისაც? - როგორ? - როგორ და ისე, რომ არავინ ნებაყოფლობით არ ისურვებს სიცრუის თქმას იმის თაობაზე, რაც ყველაზე არსებითია თვით მასში და არანაკლებ არსებითია საერთოდაც, რადგანაც არაფერი ისე არ აშინებს კაცს, როგორც ამნაირი სიცრუე. - რა ვქნა, არ მესმის. - შენ გგონია, რაღაც უჩვეულოს ვამტკიცებ? არა, მხოლოდ იმას ვამბობ, რომ ყველაზე ძნელი ასატანია გაცრუებული დარჩე საგანთა არსში წვდომისას, თავიდან ვერ აიცილო უმეცრება და სიყალბე; ამ მხრივ, სიცრუეზე უფრო საძულველი მართლაც რომ არა არის რა. - რა თქმა უნდა. - ჰოდა, ჩემს წეღანდელ გამოთქმას რომ მივუბრუნდეთ, სრული უფლება გვაქვს ვამტკიცოთ, რომ ნამდვილი სიცრუე სხვა არა არის რა, თუ არა შემცდარი კაცის სულში ღრმად ფესვგადგმული უმეცრება, რადგანაც სიტყვით გამოხატული სიცრუე მხოლოდ მის ერთგვარ მიბაძვად, მის ანარეკლად გვევლინება, ეს კი აღარ იქნება წმინდა და შეურევნელი სიცრუე; ასეა, არა? - რასაკვირველია. - ნამდვილი სიცრუე საძულველია არა მარტო ღმერთებისათვის, არამედ კაცთათვისაც. - მეც ეგრე მგონია. - კი მაგრამ, სიტყვიერი სიცრუე ხანდახან მაინც თუა სასარგებლო, როცა მას საძულველად ვეღარ მივიჩნევთ? ასე მაგალითად, ჩვენს მტრებსა თუ ეგრეთწოდებულ მეგობრებს სიშმაგემ ან სიშლეგემ რომ დარიოს ხელი და რაღაც საშინელების ჩადენა დააპირონ, განა სიცრუე სასარგებლო არ იქნება, თუკი მისი წყალობით შეიძლება ლაგამი ამოვდოთ მათ მძვინვარებას და ამ საბედისწერო ნაბიჯის გადადგმის საშუალება არ მივცეთ? ანდა ავიღოთ თუნდაც ის თქმულებები, რომლებზედაც წეღან ვლაპარაკობდით: განა აქაც სიცრუეს სასარგებლოდ არ ვაქცევთ, როცა ვცდილობთ შეძლებისდაგვარად მივუახლოვოთ და მივამგვანოთ იგი სიმართლეს, რაკიღა არ ვიცით, რანაირი იყო საქმის ვითარება უხსოვარ დროში? - მართალს ბრძანებ. - მერედა, ამ თვალსაზრისით, მაინც როდის შეიძლება სიცრუე სასარგებლო იყოს ღმერთისთვის? იქნებ წარსულის ამბები არ იცის და ამიტომაც ცდილობს სიმართლეს მიამგვანოს სიცრუე? - სასაცილო იქნებოდა, ეგრე გვეფიქრა. - მაშასადამე, ღმერთისთვის უცხოა ცრუ პოეტი. - რა თქმა უნდა. - იქნებ, ღმერთს მტრების ეშინია და ეს აიძულებს იცრუოს? - შეუძლებელია. - ან, იქნებ, ღვთისმოყვარეთა სიშმაგე და სიშლეგეა ამის მიზეზი? - შმაგთა და შლეგთა შორის არ არიან ღვთისმოყვარენი. - მაშასადამე, არ არსებობს არავითარი მიზეზი, რაც ღმერთს აიძულებდა ეცრუა. - არავითარი. - ესე იგი, ნებისმიერი დემონიური თუ ღვთაებრივი ბუნებისათვის სრულიად უცხოა სიცრუე. - დიახ, სრულიად უცხოა. - ასე რომ, ღმერთი რაღაც მარტივია და მართალი, როგორც სიტყვით, ისე საქმითაც; არც თვითონ იცვლება და არც სხვებს აცთუნებს სიცრუით, არც სიტყვებით და არც მოჩვენებებით, არც ცხადში და არც სიზმარში. - შენ რომ გისმენ მეც ეგრე მგონია. - მაშასადამე, შენ აღიარებ, რომ მსჯელობასაც და პოეტურ შემოქმედებასაც, რომელთა საგანიც ღმერთია, სწორედ ეს მეორე ნიმუში უნდა ედოს საფუძვლად: ღმერთები თვალთმაქცნი ან ჯადოქრები როდი არიან, რომ სახე იცვალონ და სიტყვით თუ საქმით გვაცთუნონ. - დიახ, ვაღიარებ. - ასე რომ, შეიძლება უთვალავი ღირსების გამო ქებას ვასხამდეთ ჰომეროსს, მაგრამ ვერ მოვუწონებთ იმ სიზმარეულ ჩვენებას, ზევსმა რომ მოუვლინა აგამემნონს; ვერც ესქილეს ჩავუთვლით მიღწევად იმ ადგილს, სადაც თეტიდა ამბობს, თვით აპოლონი მღეროდა ჩემს ქორწილშიო: «და აღმითქვამდა, ბედნიერი დედობა გელის, შენს ნაშიერთ კი – სიჯანსაღე და დღეგრძელობა, ო, გიხაროდეს, გმფარველობენ თვითონ ღმერთები! ასე მღეროდა, და სიამით მიძგერდა გული, რადგანაც მწამდა, რომ სიცრუე არ დასცდებოდა ღვთაების ბაგეს, მაგრამ ვაი რომ ვინც აღმითქვა ეს ნეტარება, მუხანათი თვითონვე გახდა ჩემი ძის მკვლელი...»       ვინც ამას იტყვის ღმერთებზე, ჩვენს აღშფოთებას გამოიწვევს; ამიტომ არც ქოროს მივცემთ მას და არც იმის ნებას დავრთავთ აღმზრდელებს, რომ ახალგაზრდობის აღზრდისას ამნაირ ქმნილებებს იყენებდნენ, რადგანაც ჩვენი მცველები ისეთი ღვთისმოსავნი და ღვთისდარნი უნდა იყვნენ, როგორიც საერთოდ შეიძლება იყოს ადამიანი. - სავსებით ვეთანხმები ამ წესებს და მზადა ვარ კანონებად ვაღიარო ისინი. ◄ წინა ნაწილი გაგრძელება ► შენიშვნა: პოსტის სათაური არ შეესაბამება პლატონის ამ დიალოგის (სახელწმიფო) მეორე წიგნის ავტორისეულ სათაურს. პოსტის სათაური არის პოსტის ავტორის მიერ თემატურად შერჩეული სათაური. …
დაამატა ლაშა to ფილოსოფია at 2:15pm on ოქტომბერი 28, 2016
თემა: სახელმწიფოს პატრონი
– რანაირად იმართლებ თავს, თუ დაგიწყებენ იმის მტკიცებას, რომ დიდად როდი აბედნიერებ ამ ადამიანებს, რაშიაც თურმე თვითონვე მიუძღვით ბრალი, რადგანაც, მართალი გითხრა, სწორედ ისინი არიან სახელმწიფოს ბატონ-პატრონნი, მაგრამ მათთვის ამაში სახეირო არა ყრია რა: მაშინ როდესაც სხვები ადგილ-მამულს იძენენ და დიდებულ სახლებს იშენებენ, სათანადოდ ამკობენ მათ და საგანგებო მსხვერპლს სწირავენ ღმერთებს, გულუხვად მასპინძლობენ უცხოელ სტუმრებს და ფლობითაც ფლობენ იმას, რაზედაც წეღან ლაპარაკობდი – ოქრო-ვერცხლსა და, საერთოდ, ყველაფერს, რაც საჭიროა ბედნიერებისათვის. როგორც ჩანს, ეგ შენი მცველები ისე ეფუძნებიან სახელმწიფოში, როგორც დაქირავებული მაშველი რაზმები, რომლებსაც სხვა საქმე არა აქვთ, მოქალაქეთა დაცვის გარდა. – დიახ, – მივუგე მე, – მეტსაც გეტყვი: დანარჩენებისაგან განსხვავებით, ისინი მხოლოდ სურსათ-სანოვაგისათვის მსახურობენ და არავითარ სხვა საზღაურს არ იღებენ, ასე რომ, ვერც უცხო ქვეყნებს მოინახულებენ თავიანთი ნება-სურვილით, ვერც საჩუქრებს მიართმევენ ჰეტერებს და ვერც სხვა სიამოვნებისათვის დახარჯავენ ფულს, როგორც იქცევიან მათი ბედნიერი თანამოქალაქენი. დანარჩენს რომ თავი ვანებოთ, აი, რამდენი რამ გამოგრჩა, როცა მაგ შენს ბრალდებას მიყენებდი. – მაშ, ეგეც ჩავრთოთ ბრალდებაში, – თქვა ადიმანტემ. – ესე იგი, შენ გსურს გაიგო, რანაირად ვიმართლებ თავს? – დიახ. – მე მგონია, პასუხის მოძებნა არ გაგვიჭირდება, თუკი იმავე გზას გავყვებით. ჩვენ ვიტყვით, რომ საკვირველი არა არის რა იმაში, თუ ჩვენი მცველები სწორედ ამ პირობით იქნებიან ყველაზე ბედნიერნი; თუმცა ჩვენი სახელმწიფოს დაარსებისას იმას კი არ ვისახავთ მიზნად, რომ განსაკუთრებით ბედნიერი გავხადოთ მოსახლეობის ერთი რომელიმე ფენა, არამედ იმას მიველტვით, რომ მთელ სახელმწიფოს მოვუპოვოთ ყველაზე დიდი ბედნიერება. რადგანაც იმთავითვე გვეგონა, რომ სწორედ ამნაირ სახელმწიფოში შეიძლებოდა სამართლიანობის მიკვლევა, ისევე, როგორც უსამართლობისა – მანკიერი წეს-წყობილების მქონე სახელმწიფოში, და იმედი გვქონდა, რომ ამ დაკვირვების წყალობით შევძლებდით გადაგვეჭრა ის საკითხი, რომელსაც ამდენი ხანია ვუკირკიტებთ. ამიტომაცაა, რომ ახლა ჩვენი წარმოსახვით ვძერწავთ სახელმწიფოს, რომელიც ბედნიერი გვგონია, მაგრამ არა ნაწილობრივ, არამედ მთლიანად; მოქალაქეთა მხოლოდ ერთი ნაწილი კი არ უნდა იყოს ბედნიერი, არამედ ყველა. შემდეგ კი განვიხილავთ მის საპირისპირო სახელმწიფოს. ვიღაცის სურათს რომ ვხატავდეთ, ხოლო მავანი მოვიდეს და გმობა დაგვიწყოს იმის გამო, რომ ყველაზე ლამაზ ფერებს არ ვიყენებთ სხეულის ყველაზე ლამაზი ნაწილების გადმოსაცემად, ვთქვათ, თვალებს, სხეულის ამ ულამაზეს სამკაულს, ძოწეულით კი არა ვხატავთ, არამედ შავი ფერით, – მე მგონია, მართებული იქნებოდა, თუ ასე მივუგებდით პასუხად: «ო, ჩვენო საოცარო მჩხრეკელო, რატომ გგონია, თითქოს თვალებს ისე ლამაზად უნდა ვხატავდეთ, რომ აღარც კი შეიძლება თვალებსა ჰგავდნენ? იგივე ითქმის სხეულის სხვა ასოებზედაც. შენ ისა თქვი, რომ თუ ყველა ნაწილს სათანადო ფერით გადმოვცემთ, ლამაზი გამოგვივა მთელი სხეულიც.» ასეა აქაც: ნუ გვაიძულებ მცველების თანამდებობას უშუალოდ დავუკავშიროთ იმნაირი ბედნიერება, რის შედეგადაც ისინი შეიძლება რადაც გნებავთ, იმად იქცნენ, მხოლოდ მცველებად კი არა. ჩვენ შეგვეძლო სასალუქო სამოსით შეგვემოსა, ოქროქსოვილით შეგვემკო მიწის მუშაკნი და ნება მიგვეცა მათთვის, მხოლოდ სახალისოდ ეშრომათ და ემუშავათ; ბუხრის პირას, მხართეძოზე არხეინად წამოწოლილი წარმოგვედგინა მეთუნეებიც; დაე, ელხინათ და ნება-ნება ეწრუპათ ღვინო, თავიანთი დაზგები კი გვერდით მოედგათ და მხოლოდ იმდენი ეტრიალებინათ, რამდენიც მოეპრიანებოდათ; შეგვეძლო ასევე გაგვებედნიერებინა დანარჩენებიც და მთელი ჩვენი სახელმწიფო აყვავებულ ბაღნარად წარმოგვესახა. მაგრამ ნუ გვაქნევინებ ამას, რადგან, კაცმა რომ ყური გიგდოს, აღარც მიწის მუშაკი ემგვანება მიწის მუშაკს, აღარც მეთუნე – მეთუნეს და, საერთოდაც, ვერცერთი ჩვენი მოქალაქე ვეღარ შეინარჩუნებს თავის საკუთარ სახეს. თუმცა ზოგჯერ ეს შეიძლება არც ისე დიდი უბედურება იყოს. რადგან თუ მეწაღეები უვარგისნი და უმაქნისნი იქნებიან, სახელმწიფო როგორმე გაუძლებს ამას. მაგრამ თუ ქვეყნისა და კანონიერების სადარაჯოზე მდგარი მცველები მხოლოდ სახელით იქნებიან მცველები და არა თავიანთი არსით, მალე შენი თვალითა ნახავ, როგორ დააქცევენ და მიწასთან გაასწორებენ სახელმწიფოს, ვინაიდან მათზეა დამოკიდებული ქვეყნის ბედნიერებაც და კეთილდღეობაც. თუ ჩვენ ნამდვილ მცველებად აღვზრდით მცველებს, ისინი ვერავითარ ზიანს ვეღარ მიაყენებენ სახელმწიფოს. ხოლო ვისაც სურს ერთგვარ მიწის მუშებად წარმოგვიჩინოს ისინი, თითქოს მცველები კი არა, საერთო სახალხო ზეიმისა და ღრეობის მონაწილენი იყვნენ, ის ალბათ სახელმწიფოს კი არა, სულ სხვა რაღაცას გულისხმობს. უნდა გადავწყვიტოთ, მაინც რას ვისახავთ მიზნად, სახელმწიფოს სადარაჯოზე რომ ვაყენებთ მცველებს: თვით მცველების ბედნიერებას თუ მთელი სახელმწიფოს კეთილდღეობას. ძალითა თუ შეგონებით უნდა ვაიძულოთ არა მარტო ჩვენი მწენი და მცველები, არამედ დანარჩენებიც, რაც შეიძლება უკეთ შეასრულონ თავიანთი მოვალეობა. ამრიგად, ჩვენს მიერ დაარსებული და სათანადო წყობილების მქონე სახელმწიფოს კეთილდღეობის ზრდასთან ერთად საშუალება უნდა მივცეთ ყველა ფენას, ყველა წოდებას, თავისი საკუთარი წილი ედოს საზოგადო სიკეთეში, მათი ბუნებრივი მონაცემების შესაბამისად. – მე თუ მკითხავ, მშვენივრად მსჯელობ. – მაგრამ ასევე მოგეწონება თუ არა ჩემი შემდეგი მსჯელობაც, ტყუპისცალივით რომ ჩამოჰგავს წინას? – მაინც რომელი? – ვნახოთ, ეს ორი რამ ხომ არ აფუჭებს ხელოსნებს, უმაქნისნი რომ ხდებიან? – რას გულისხმობ? – სიმდიდრეს და სიღარიბეს. – როგორ? – როგორ და, აი, ასე: განა გამდიდრებული მეთუნე მოისურვებს უფრო სრულყოფილად დაეუფლოს თავის ხელობას? – არამც და არამც. – პირიქით, დღითი-დღე სულ უფრო მცონარა და დაუდევარი გახდება. – რა თქმა უნდა. – ასე რომ, უფრო უარესი მეთუნე გვეყოლება. – დიახ. – მეორეს მხრივ, თუ სიღარიბის გამო ვერც ხელსაწყოების შეძენას შესძლებს და ვერც მისი ხელობისათვის საჭირო მასალისას, ჩვენი მეთუნის ნახელავიც უარესი იქნება და თავის საქმეს ვეღარც თვითონ ასწავლის ხეირიანად ვერც შვილებს და ვერც სხვა შეგირდებს. – ცხადია. – მაშასადამე, როგორც ერთის, ისე მეორის, – როგორც სიმდიდრის, ისე სიღარიბის გამოისობით ნახელავიც უარესი ხდება და თვით ხელოსანიც. – ეგრე ჩანს. – ასე რომ, ეტყობა, ამ ჩვენს მცველებს რაღაც ახალი გამოვუჩხრიკეთ, რასაც ყოველნაირად უნდა უფრთხოდნენ და თავგამოდებით ცდილობდნენ, რომ, მათდა შეუმჩნევლად, ჩვენს სახელმწიფოში არ შემოაღწიოს. – რამ? – სიმდიდრემ და სიღარიბემ. რადგანაც პირველი მცონარების, უქნარობისა და ახალ-ახალ სიამეთა წყურვილის სათავეა, მეორე კი, ამ ახალ სიამეთა წყურვილის გარდა, – სიმდაბლისა და ბოროტმოქმედებისაც. – რა თქმა უნდა; მაგრამ ამასაც დაუკვირდი, სოკრატე: რანაირადღა იომებს ჩვენი სახელმწიფო, თუკი დიდძალ ფულს არ მოაქუჩებს, და თუ, ამასთან იძულებული იქნება დიდსა და მდიდარ სახელმწიფოსთან იომოს? – ცხადია, ერთ ამისთანა სახელმწიფოსთან ომი გაუჭირდება, – ვუთხარი მე, – ორთან კი ადვილად შეიძლებს ომს. – რას ამბობ? – თქვა მან. – რასა და, უწინარეს ყოვლისა, იმას, რომ თუ საქმე საქმეზე მიდგა, განა ამ ჩვენს მეომარ ათლეტებს მდიდარ ხალხთან არ მოუწევს ბრძოლა? – რა თქმა უნდა. – მერედა, რას იტყვი, ადიმანტე, განა ერთ მაგარ მოკრივეს გაუჭირდება კრივში გაუწაფავ ორ ზორზოხ მდიდართან შერკინება? – ორივეს ერთად მაინც ნუ შევარკინებთ. – არა, სწორედ ორივეს ერთად: მხოლოდ მასზე იქნება დამოკიდებული, განზე გაუსხლტეს ორივეს, მერე ანაზდად შემოტრიალდეს და ვინც პირველი ეძგერება, იმასა ხეთქოს მუშტი. ხოლო თუ ხშირ-ხშირად გაიმეორებს ამას, და თანაც მზის გულზე, შუადღის ხვატში? განა ამნაირ კაცს გაუჭირდება ორი ამისთანა, ან, თუ გნებავს, მეტი მოწინააღმდეგის ძლევა? – არა, – თქვა მან, – და ეგ არც იქნება გასაკვირველი. – კი მაგრამ, როგორ გგონია, განა მდიდარი ხალხი კრივში უფრო გაწაფული და გამობრძმედილი არ არის, ვიდრე საომარ საქმეში? – ეჭვიც არ მეპარება, – თქვა ადიმანტემ. – მაშასადამე, ჩვენი მეომარი ათლეტები ადვილად გაუმკლავდებიან მათზე ორჯერ თუ სამჯერ მეტ მტერს. – გეთანხმები; მე მგონია, მართალი უნდა იყო. – ხოლო თუ სხვა სახელმწიფოში გაგზავნიან ელჩებს და მათი პირით სრულ სიმართლეს შეუთვლიან: «ჩვენ არც ვერცხლს ვხმარობთ და არც ოქროს; ეს სასტიკად აკრძალულია ჩვენთვის, მაგრამ თქვენ ხომ არ გეკრძალებათ? მაშასადამე, თუ ჩვენი მოკავშირეები იქნებით ომში, ჩვენი წილი ნადავლი თქვენი იქნებაო,» – როგორ გგონია, რას ამჯობინებენ ამის გამგონენი: ძარღვმაგარსა და გაძვალტყავებულ ქოფაკებთან ომს თუ მათთან ერთად ბრძოლას მსუქანი და ფუმფულა ცხვრების წინააღმდეგ? – ჩემის აზრით, ამ უკანასკნელთა წინააღმდეგ ბრძოლას ამჯობინებენ. მაგრამ თუ დანარჩენი სახელმწიფოების სიმდიდრე ერთ ქვეყანაში მოიყრის თავს, განა ეს საშიში არ იქნება ღარიბი სახელმწიფოსთვის? – ნეტავი თუ მართლა გგონია, რომ სახელმწიფოს სახელი შეიძლება სხვა რამესაც მიესადაგოს, გარდა იმისა, რასაც ამჟამად ვაარსებთ? – რატომაც არა? – იმიტომ, რომ ყველა დანარჩენი სახელმწიფოს სახელი გაცილებით უფრო გრძელი იქნება, რადგანაც თვითეული მათგანი ერთი კი არ არის, არამედ მრავალი, როგორც ამბობენ მოთამაშენი. ასეა თუ ისე, ყველა სახელმწიფოში ერთურთის მიმართ მტრულად განწყობილი ორი სახელმწიფო მაინცაა: ერთი – მდიდრებისა, მეორე კი – ღარიბების, და თვითეული მათგანი, თავის მხრივ, მრავალ სხვადასხვა სახელმწიფოდ იყოფა, ასე რომ, სასტიკად ცდები, ერთ სახელს რომ უწოდებ მათ. ხოლო თუ ყველას ასე აღიქვამ, როგორც მრავალს, საკმარისი იქნება ერთთა კუთვნილი ოქრო-ვერცხლი თუ ძალაუფლება გადასცე მეორეთ, და შენ ყოველთვის ბლომად ჰპოვებ მოკავშირეებს, მოწინააღმდეგე კი ცოტა გეყოლება. ეს ჩვენი სახელმწიფო კი, ვიდრე მას ბრძნულად მართავენ, იმ გეგმის შესაბამისად, წეღან რომ შევიმუშავეთ, დიადი და ძლევამოსილი იქნება, მაგრამ მოჩვენებითი კი არა, ჭეშმარიტი სიდიადით, თუნდაც მხოლოდ ათასი მეომარი იცავდეს მას. როგორც ელინთა, ისე ბარბაროსთა შორის ძნელად თუ ჰპოვებ ჭეშმარიტად დიად სახელმწიფოს, მაშინ როდესაც მოჩვენებითი სიდიადით რამდენიც გინდა, იმდენი სახელმწიფო აღემატება ჩვენსას; მაგრამ იქნებ შენ სხვაგვარად ფიქრობ? – არა ვფიცავ ზევსს – თქვა ადიმანტემ. – მაშასადამე, სწორედ ესაა ზღვარი, ჩვენმა მმართველებმა რომ უნდა დაუდონ სახელმწიფოს ზრდას და მის სიდიდეს, უფრო მეტად კი აღარ შეეცადონ გაფართოებას. – მაინც რომელ ზღვარს გულისხმობ? – ჩემის აზრით, აი, ამას: სახელწიფო შეიძლება მხოლოდ მანამდე ზარდო, სანამ ის ინარჩუნებს ერთიანობას, ამ ზღვარს კი არ გადახდე. – კეთილი და პატიოსანი. – ასე რომ, ჩვენს მცველებს ერთ ამნაირ დავალებასაც მივცემთ: თვალი ფხიზლად უნდა ეჭიროთ იმაზე, რომ ჩვენი სახელმწიფო არც მეტისმეტად დიდი იყოს და არც პატარა, არამედ ზომიერებასა და ერთიანობას ინარჩუნებდეს. – არც ისე ძნელი დავალებაა. – მათთვის ამაზე უფრო ადვილი იქნება ის, რაზედაც წეღან ვლაპარაკობდით: თუ მცველების ნაშიერნი უღირსნი და უვარგისნი გამოდგნენ, სხვა წოდებაში უნდა გადავიყვანოთ, და, პირიქით, სხვა წოდებათა ღირსეული ნაშიერნი მცველებად უნდა შევრაცხოთ. ამით ჩვენ გვინდოდა გვეჩვენებინა, რომ თვითეულ მოქალაქეს ის საქმე უნდა მივუჩინოთ, რისი კეთების უნარიც შესწევს, რადგან თუ კაცი მხოლოდ ერთ საქმეს ასრულებს, თვითონაც ერთია და არა მრავალი, რის შედეგადაც სახელმწიფოც თავის ერთობას ინარჩუნებს და თავს აღწევს სიმრავლედ დანაწევრებას. – ეს მართლაც უფრო ადვილი ამოცანაა – იქნებ ვინმემ ისიცა თქვას, ჩემო ძვირფასო ადიმანტე, რომ მეტისმეტად ბევრსა და, მაღალ მოთხოვნებს ვუყენებთ მცველებს, მაგრამ ყოველივე ეს მხოლოდ უმნიშვნელო წვრილმანია იმ ერთ დიდ საქმესთან შედარებით, რომლის სადარაჯოზეც ჩვენი მცველები უნდა იდგნენ; თუმცა უფრო სწორი იქნებოდა, თუ «დიდად» კი არა, «საკმარისად» მივიჩნევდით მას. – მაინც რა საქმეს გულისხმობ? – აღზრდას და სწავლა-განათლებას. რადგან თუ სათანადო აღზრდის წყალობით ჩვენი მცველები თავდაჭერილ ადამიანებად იქცევიან, ისინი ადვილად გაართმევენ თავს არა მარტო ამ საკითხებს, არამედ ყველა დანარჩენსაც, რასაც ამჯერად დუმილით ვუვლით გვერდს, კერძოდ საცოლის შერჩევას, ქორწინებასა თუ შვილების ყოლას; ყოველივე ეს ხომ ზედმიწევნით უნდა ესადაგებოდეს ძველ ანდაზას – მეგობრებს ყველაფერი საერთო აქვთო. – ჭეშმარიტად, – თქვა ადიმანტემ. – მართლაცდა, საკმარისია პირველი ბიძგი, და სახელმწიფო ისე იზრდება, როგორც წრე ტბაში ჩაგდებული ქვა რომ აჩენს წყლის ზედაპირზე. რადგანაც სათანადო აღზრდა და სწავლა-განათლება აკეთილშობილებს ბუნებას, ხოლო ვისაც დაბადებითვე თან დაჰყვება საუცხოო ბუნებრივი მონაცემები, მასში თანდათანობით ხვეწს და ავითარებს ამ მონაცემებს, რომლებიც შემდეგ მემკვიდრეობით გადაეცემა შთამომავლობას, რაც ნიშნეულია ყველა ცოცხალი არსებისათვის. – ეგრეა, თქვა მან. – მოკლედ, სახელმწიფოს მცველებს ფხიზლად უნდა ეჭიროთ თვალი, რათა სწავლა-განათლებას, მათდა შეუმჩნევლად, ხრწნილება არ შეეპაროს; უწინარეს ყოვლისა კი, მათი ვალია მუსიკურსა თუ გიმნასტიკურ ხელოვნებაში წესრიგის დამრღვევ სიახლეთა შემოჭრისაგან დაიცვან სახელმწიფო. როცა ამბობენ – «კაცთა სასმენელს ყველაზე მეტად ატკბობს ახალი საგალობლები, აედებისგან შეთხზული ბოლოს,» – ყველაზე მეტად იმას უნდა ვუფრთხოდეთ, რომ შეიძლება იფიქრონ, თითქოს აქ პოეტი სიმღერების ახალ შინაარსს კი არ გულისხმობდეს, არამედ ახალ სასიმღერო კილოს, და სწორედ ეს მიიჩნიონ მოსაწონად. მაგრამ ეს სულაც არაა მოსაწონი, და არც ზემოთ მოტანილი ლექსი უნდა გვესმოდეს ამნაირად. ყოველი საშუალებით უნდა ვერიდოთ მუსიკური ხელოვნების ახალი სახის შემოტანას, რამაც შეიძლება ყველაფერი აამღვრიოს. აკი დამონი ამტკიცებს და მეც მჯერა მისი, რომ მუსიკური ხელოვნების ყოველნაირი ცვლილება სახელმწიფოს უმნიშვნელოვანეს კანონთა შეცვლას იწვევს. – მოდი, მეც იმათ რიცხვს მიმათვალე, ვისაც დამონისა სჯერა, – თქვა ადიმანტემ. – როგორც ჩანს, ჩვენი მცველები სწორედ აქ – მუსიკური ხელოვნების დარგში დააწესებენ თავიანთ სათვალთვალო ადგილს. – მართლაც, ყველაზე ადვილად და შეუმჩნევლად სწორედ აქედან მოიპარება კანონიერების რღვევა. – დიახ, უწყინარი თავშექცევის ნიღბით. – და მართლაც, კანონიერების რღვევას ის ზიანი მოსდევს შედეგად, რაც ნელ-ნელა იჩენს თავს, ჯერ ზნე-ჩვეულებათა გაუკუღმართებაში ვლინდება, საიდანაც თანდათანობით მოიცავს ყველაფერს, მოქალაქეთა საქმიან ურთიერთობებს, თვით სამართალს და სახელმწიფო მმართველობის საფუძვლებსაც, ასე რომ, უკიდურესი აღვირახსნილობის სათავე ხდება, სოკრატე, და თავდაყირა აყენებს როგორც კერძო, ისე საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა მხარეს. – ვითომ მართლა ასეა, საქმე? – ჩემის აზრით, სწორედ ასეა. – მაშინ, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ბავშვების თამაში რომ თამაშია, თვით ისიც კი დასაბამითვე უნდა დავუქვემდებაროთ წესიერებას, რადგან თუ თამაშისას არავითარი წესრიგი არაა დაცული და ბავშვებიც უწესოდ იქცევიან, შეუძლებელია ისინი სამართლიან ადამიანებად აღიზარდონ. – რა თქმა უნდა. – ხოლო თუ ბავშვები თამაშისას თვითონვე იცავენ წესრიგს და მუსიკური ხელოვნების წყალობით ეჩვევიან კანონებისადმი პატივისცემას, დანარჩენი ბავშვებისაგან განსხვავებით, ეს ჩვევა თანდათანობით ფესვს იდგამს, იზრდება და მტკიცდება მათში, ასე რომ, შეუძლია ყველაფერი გამოასწოროს, თვით გაუკუღმართებული სახელმწიფო წყობილებაც კი. – მართალს ბრძანებ. – ისინი თვით იმ წესებსაც კი დაადგენენ, რაც წვრილმანებად მიაჩნია ხალხს, და რაც მთლიანად დაივიწყეს მათმა წინამორბედებმა. – მაინც რა წესებს? – მოგახსენებ: უმცროსები უნდა დუმდნენ უფროსების წინაშე, ფეხზე ადგომით ეგებებოდნენ და ადგილს უთმობდნენ მათ, პატივს მიაგებდნენ მშობლებს; ამას მოსდევს ყველაფერი, რაც გარეგნობას ეხება: ვარცხნილობა, ტანსაცმელი, ფეხსაცმელი და სხვა მისთანანი ან, იქნებ, არ მეთანხმები? – რასაკვირველია, გეთანხმები. – მაგრამ არა მგონია, საჭირო იყოს ყოველივე ამის დაკანონება: არსად ეს არა სწერია და, ეგეც არ იყოს, წერილობითაც რომ ჩამოვაყალიბოთ, ამ წესებს დიდი დღე მაინც არ უწერია. – ვითომ რატომაო – რატომ და იმიტომ, ადიმანტე, რომ ვინც რანაირად აღუზრდიათ, იმნაირივე იქნება, მთელი მისი ცხოვრების გზაც. ან, იქნებ, შენის აზრით, მსგავსი თავის მსგავსსვე არ იწვევს? – ცხადია, იწვევს. – მე მგონია, ჩვენი საბოლოო დასკვნითაც, ყოველგვარი აღზრდის შედეგი სავსებით ნათელია და გარკვეული: ან სიკეთე, ან მისი საპირისპირო ბოროტება. – რა თქმა უნდა. – ამიტომაც ჯერჯერობით ვერ გავბედავდი ყოველივე ამის დაკანონებას. – გასაგებია. – მაგრამ, თუ ღმერთი გწამს, ესეც მითხარი: შეიძლება თუ არა კანონებით მოვაწესრიგოთ ბაზარი, ესე იგი, ათასნაირი გარიგება, ყიდვა-გაყიდვა, აღებ-მიცემობა, ან, თუ გნებავს, ხელოსნების ურთიერთობა, აყალ-მაყალი, დავიდარაბა, შეხლა-შემოხლა, სარჩელის წარდგენა თუ საქმის გარჩევა? ან კიდევ ბაზრებსა თუ ნავსადგურებში გადასახადის დაწესება და ბაჟის აკრეფა, ერთის სიტყვით, ყოველივე ის, რაც საბაზრო, საქალაქო, სანავსადგურო თუ სხვა ამისთანა საქმეებს ეხება? – არა, – თქვა ადიმანტემ, – არ შეიძლება წესიერი და პატიოსანი ხალხისათვის ქცევის წესების თავზე მოხვევა; ისინი თავად განსაზღვრავენ უპირატესად, სად რა კანონია საჭირო. – სწორია, ჩემო ძვირფასო, თუ ღმერთმა დააცვევინათ ის კანონები, ზემოთ რომ მიმოვიხილეთ. – არა და იძლებულნი იქნებიან მთელი სიცოცხლის მანძილზე ახალ-ახალი კანონები დაადგინონ და ათასნაირი შესწორებები შეიტანონ მათში, იმის იმედით, რომ ოდესმე მაინც მიაღწევენ სრულყოფილებას. – კაცმა რომ ყური გიგდოს, რაღა მათი სიცოცხლე და რაღა იმ ავადმყოფებისა, რომლებსაც აღვირახსნილობის გამო არა სურთ ცხოვრების უკეთურ წესზე ხელი აიღონ. – რა თქმა უნდა. – სეირი თუ გნებავს, სწორედ მათ ცხოვრებაზე ითქმის: მკურნალობით მხოლოდ იმას აღწევენ, რომ ამრავლებენ და ამძაფრებენ სნეულებას, მაგრამ თუ ვინმემ ახალი წამალი შესთავაზათ, მაინც არ კარგავენ განკურნების იმედს. – ამნაირი ავადმყოფების უბედურებაც ეგაა სწორედ. – ეგეც არ იყოს, განა ეს კი ნაკლებად სასეიროა? – თავიანთი მოსისხლე მტერი სიმართლის პირში მთქმელი ჰგონიათ: თუ არ მოეშვებით ლოთობას, ღორმუცელობას, სასიყვარულო განცხრომას და უქნარობას, ვეღარც წამლები გიშველით, ვეღარც ამოწვა და გაკვეთა, ვეღარც შელოცვები თუ ავგაროზები და სხვა მისთანანიო. – კი მაგრამ, განა სასეიროა, თუ გულწრფელი რჩევა მხოლოდ წყრომას იწვევს? – ეტყობა, ამ ხალხის მაქებრად არ გამოდგები. – არა, ღმერთმანი. – მაშასადამე, არც იმ სახელმწიფოს მაქებრად, რომელიც, ჩვენი წეღანდელი თქმისა არ იყოს, ზუსტად ასევე იქცევა. ან იქნებ გგონია, რომ იგივე არა ხდება იმ სახელმწიფოებში, რომლებსაც ცუდად მართავენ, და რომელთა მოქალაქეებსაც ეკრძალებათ ძირეულად შეცვალონ სახელმწიფო წეს-წყობილება, რისი მცდელობაც სიკვდილით ისჯება. მაშინ როდესაც ის, ვინც თვალებში შესციცინებს და ელაქუცება მოქალაქეებს, ცდილობს როგორმე გამოიცნოს მათი სურვილი და ძალ-ღონეს არ იშურებს მის დასაკმაყოფილებლად, არა მარტო საზოგადოების ღირსეულ წევრად, არამედ ბრძენ სახელმწიფო მოღვაწედაც ითვლება და საყოველთაო პატივისცემითაა გარემოსილი. – დიახ, ეგ სახელმწიფოები სწორედ ასე იქცევიან, და მე ვერაფერს მოვუწონებ მათ. – ნუთუ შენ აღტაცებას არ იწვევს იმათი სიმარჯვე და სითამამე, ვინც ასე გულმოდგინედ ემსახურება ამნაირ სახელმწიფოებს? – რა თქმა უნდა, მაგრამ იმათი გამოკლებით, ვისაც ატყუებს ამნაირი სახელმწიფოების მოჩვენებითი სიდიადე და ნამდვილ სახელმწიფო მოღვაწეებად მოაქვთ თავი, მხოლოდ იმიტომ, რომ ბრბო აქებს და ადიდებს მათ. – რაო, რას ამბობ? ნუთუ არ ეთანხმები ამ ხალხს? წარმოიდგინე კაცი, რომელსაც გარს ახვევია ბრბო; ამ კაცს წარმოდგენაც არა აქვს, რა არის ზომა, და იგივე ითქმის ბრბოზედაც, მაგრამ ერთხმად კი უმტკიცებს კაცს, სიმაღლით ოთხი წყრთა ხარო როგორ გგონია, ირწმუნებს თუ არა იგი ბრბოის აზრს? – რასაკვირველია. – მაშ, ნუღარ შერისხავ მათ. მართლაცდა, ამნაირ სახელმწიფო მოღვაწეებზე სასაცილო ხალხის მნახველი არა ვარ: ერთავად თავიანთ კანონებს ჩაჰკირკიტებენ და, ჩვენი წეღანდელი თქმისა არ იყოს, ათასნაირი შესწორებები შეაქვთ მათში, რადგანაც ჰგონიათ, რომ ამ გზით აღმოფხვრიან უკუღმართობას. მაგრამ ის კი არ ესმით, რომ იმ კაცსა ჰგვანან, ვინც ცდილობს თავი დააგდებინოს ჰიდრას. – მართლაცდა, მეტი საქმე არა აქვთ. – მეც, ჩემდა თავად, ვერ წარმომიდგენია, რომ ამა თუ იმ სახელმწიფოში, რომელსაც კარგად ან ცუდად მართავენ, ნამდვილი კანონმდებელი თავს უნდა იმტვრევდეს ამნაირი კანონების შემოღებაზე, რადგანაც იმ სახელმწიფოში, რომელსაც კარგად მართავენ, ეს სრულიად უსარგებლოა და ზედმეტი, ხოლო იმ სახელმწიფოში, რომელიც ცუდად იმართება, ყველას შეუძლია მონაწილეობა მიიღოს ამნაირ კანონთა დაწესებაში, ყოველივე დანარჩენი კი თავისთავად გამომდინარეობს უკვე არსებული ადათ-წესებიდან. – კი მაგრამ, – თქვა ადიმანტემ, – რაღა გვრჩება კანონმდებლობის დარგში? – ჩვენ არაფერი, მაგრამ აპოლონ დელფოელს კი ის, რომ უდიდესი, უმშვენიერესი და უმნიშვნელოვანესი კანონები გვიკარნახოს. – მაინც რა კანონებს გულისხმობ? – კანონებს, რომლებიც განსაზღვრავენ ტაძრების მშენებლობას, მსხვერპლშეწირვასა და ღმერთების, დემონებისა თუ გმირებისადმი თაყვანისცემას; აგრეთვე მიცვალებულთა დაკრძალვას და იმასაც, თუ რა არის საჭირო, რომ ჰადესის მკვიდრთა გული მოვიგოთ და მოვინადოროთ. ყოველივე ეს უცნობია ჩვენთვის, მაგრამ სახელმწიფოს რომ ვაარსებთ, თუ ჭკუაზე მწყრალად არა ვართ, არცერთ სხვა ღვთაებას არ მივმართავთ შემწეობისთვის, გარდა ჩვენი მამულის მფარველისა; რადგანაც აპოლონია ყველა მოკვდავის მოძღვარი, დედამიწის შუაგულში, ზედ მის ჭიპზე დავანებული. – მომწონს ეგ სიტყვა; ასეც მოვიქცეთ. – ახლა დავუშვათ, რომ ეგ შენი სახელმწიფო უკვე დავაარსეთ. ამის შემდეგ ისღა დაგვრჩენია, რომ ბრდღვიალა ჩირაღდანი აიღო ხელში, შენს ძმას, აგრეთვე პოლემარქესა და დანარჩენებსაც მოუხმე და ნახე, იქნება დავლანდოთ, სად მიყუჟულა სამართლიანობა და სად – უსამართლობა, რა განსხვავებაა მათ შორის და რომელი უნდა ირჩიოს კაცმა, ვისაც სურს ბედნიერი იყოს, მიუხედავად იმისა, ამჩნევენ თუ არა მას მოკვდავნი ანდა უკვდავნი. – ხუმრობ, თუ მართალს ამბობ? – თქვა გლავკონმა, – აკი თვითონვე აპირებდი მაგის ძიებას: შენ არა თქვი, მკრეხელობაში ჩამომერთმევა, სამართლიანობას რომ არ დავუჭიროთ მხარი, როგორც შემიძლია და რითაც შემიძლიაო? – კარგი ქენი, რომ გამახსენე, – ვუთხარი მე, – ასეც ვიზამ. მაგრამ თქვენც უნდა დამეხმაროთ. – ბატონი ბრძანდები. – იმედი მაქვს. აი, ამ გზით მივაკვლიო პასუხს: მე მგონია, ეს ჩვენი სახელმწიფო, თუკი მას სწორად მართავენ, სრულქმნილების ნიმუში უნდა იყოს. – უცილობლად. – ცხადია, მას არც სიბრძნე უნდა აკლდეს, არც სიმამაცე, არც ზომიერება და სამართლიანობა. – რა თქმა უნდა. – მაშასადამე, ამ ოთხთაგან რომელსაც არ უნდა მივაკვლიოთ, მიუკვლეველი მხოლოდ დანარჩენი დაგვრჩება. – როგორ? – როგორ და, აი, ასე: დავუშვათ, რომ ნებისმიერი ოთხი საგნიდან ჩვენ ვეძებთ ერთ-ერთს, მაშინათვე რომ გვეპოვნა, ამით შევწყვეტდით ჩვენს ძებნას, მაგრამ ჯერ დანარჩენი სამისთვის რომ მიგვეკვლია, ამით გამოვიცნობდით მეოთხესაც, რადგანაც ცხადი გახდებოდა, რომ სწორედ ის დაგვრჩა მისაკვლეველი. – მართალი ხარ. – ასე რომ, ზემოხსენებული ოთხი სიქველის საკვლევადაც იგივე გზა უნდა ვირჩიოთ. – რასაკვირველია. – პირველი, რაც თვალში გვეცემა ამ ჩვენს სახელმწიფოზე დაკვირვებისას, ჩემის აზრით, მისი სიბრძნეა. მაგრამ აქ, ცოტა არ იყოს, რაღაც უჩვეულოსაც ვამჩნევ. – მაინც რას? – სახელმწიფო, ჩვენ რომ მიმოვიხილეთ, მე მართლაც ბრძენი მეჩვენება, მისი გონივრული გადაწყვეტილებების წყალობით; ასეა, არა? – დიახ. – ხოლო ეს გონივრული გადაწყვეტილებანი იგივეა, რაც ერთგვარი ცოდნა, რადგანაც მათ უმეცრება კი არა, ცოდნა უდევს საფუძვლად. – ცხადია. – სახელმწიფოში კი, ვინ მოსთვლის, რამდენი და რამდენნაირი ცოდნაა თავმოყრილი. – რა თქმა უნდა. – მათ შორის, დურგლობის ცოდნაც; მერედა, ნუთუ შეიძლება სახელმწიფოს ამ ცოდნის მიხედვით ეწოდოს ბრძენი და გონივრულ გადაწყვეტილებათა მიმღები? – არამც და არამც; ეგრე რომ იყოს, მაშინ მისთვის დურგლური სახელმწიფო უნდა გვეწოდებინა. – მაშასადამე, მართალია, სახელმწიფოსათვის სასურველია, რომ ხის ყოველგვარი ნაკეთობა, რაც იქ მზადდება, საუცხოო ნახელავი იყოს, მაგრამ მას ამის გამო როდი შეიძლება ეწოდოს ბრძენი. – რასაკვირველია. – იქნებ სპილენძისა თუ სხვა ნაკეთობათა გამო შეიძლება ბრძნად მიგვაჩნდეს იგი? – არა, არც მაგის გამო. – არც მიწის მუშაკთა მიერ მოწეული ჭირნახულის მიხედვით, თორემ მაშინ შეიძლებოდა სახელმწიფოსათვის სამიწათმოქმედო გვეწოდებინა. – მეც მაგ აზრისა ვარ. – კი მაგრამ, ჩვენს მიერ ახლახან დაარსებულ სახელმწიფოში ზოგიერთი მოქალაქე მაინც თუა იმნაირი ცოდნის პატრონი, რომ მისი მეშვეობით შეიძლებოდეს კერძო კი არა, ზოგადსახელმწიფოებრივი საკითხების გადაჭრა და ყველაზე უკეთ წარვმართავდეთ საშინაო თუ საგარეო ურთიერთობებს? – რა თქმა უნდა. – მაინც რა არის ეგ ცოდნა, ან ვინაა მისი მფლობელი? – ესაა ცოდნა, რომელიც ყოველთვის ფხიზლადა დგას სახელმწიფოს სადარაჯოზე, ხოლო მისი მფლობელნი არიან ის მმართველები, რომლებსაც წეღან უნაკლო მცველები ვუწოდეთ. – რაკიღა ამნაირი ცოდნა არსებობს, რას იტყოდი ჩვენს სახელმწიფოზე? – მე ვიტყოდი, რომ ისაა გონივრულ გადაწყვეტილებათა მიმღები და ჭეშმარიტად ბრძენი. – როგორ გგონია, ვინ უფრო მეტია ჩვენს სახელმწიფოში, – მჭედლები თუ ეს ჭეშმარიტი მცველნი? – მჭედლები გაცილებით მეტნი არიან. – დანარჩენებთან შედარებითაც, ვისაც ესა თუ ის ცოდნა მოეპოვება და თავისი ცოდნის შესაბამისად, ამა თუ იმ სახელით იწოდება, – მცველები გაცილებით ნაკლებნი იქნებიან. – დიახ, გაცილებით ნაკლებნი. – მაშასადამე, ბუნების თანახმად დაფუძნებული სახელმწიფო მთელ თავის სიბრძნეს უნდა უმადლოდეს მოსახლეობის უმცირეს ნაწილს, სათავეში რომ უდგას და მართავს ქვეყანას; დიახ, უმცირეს ნაწილს და მის ცოდნას. როგორც ჩანს, თვით ბუნება განსაზღვრავს ამნაირ ადამიანთა სიმცირეს, და მხოლოდ მათთვისაა ნიშნეული ის ცოდნა, რომელიც ერთადერთია ცოდნის ყველა სხვა სახეს შორის, სიბრძნის სახელს რომ იმსახურებს – ცამდე მართალი ბრძანდები. – აი, ჩვენც მივაკვლიეთ, არ კი ვიცი, რა გზით, ჩვენი სახელმწიფოსათვის ნიშნეული ოთხი სიქველიდან ერთ-ერთს; თვით ამ სიქველესაც და მის ადგილსაც სახელმწიფოში. – ყოველ შემთხვევაში, მეც მგონია, რომ მივაკვლიეთ და საკმაოდ საფუძვლიანადაც განვმარტეთ იგი. – რაც შეეხება სიმამაცეს თავისთავად და მის ადგილს სახელმწიფოში, რისი წყალობითაც სახელმწიფო სიმამაცის განსახიერებად მიიჩნევა, ეს არც ისე ძნელი მისაგნებია. – როგორ? – როდესაც სახელმწიფოს მხდალსა თუ მამაცს ვუწოდებთ, ვინ იგულისხმებს სხვა რამეს, გარდა მოსახლეობის იმ ნაწილისა, რომელიც მისი გულისთვის იბრძვის და ომობს? – არა, სხვა რამეს არავინ არ იგულისხმებს. – დანარჩენი მოქალაქეები გინდ მხდალნი იყვნენ და გინდ მამაცნი; ჩემის აზრით, მათზე როდია დამოკიდებული, სახელმწიფოს ამნაირად მივიჩნევთ თუ იმნაირად. – მართალს ბრძანებ. – მაშასადამე, სახელმწიფო მხოლოდ მისი ერთი ნაწილის წყალობითაა მამაცი, რადგანაც სწორედ ამ ნაწილისთვისაა ნიშნეული ძალა, სამუდამოდ რომ ინახავს და ინარჩუნებს წარმოდგენას საფრთხისა და ყოველივე იმის შესახებ, რასაც უნდა ვუფრთხოდეთ; წარმოდგენას, რომელიც მას აღზრდის გზით ჩაუნერგა კანონმდებელმა. განა ამას არ უწოდებ შენ სიმამაცეს? – მართალი გითხრა, კარგად ვერ გავიგე შენი ნათქვამი; თუ ღმერთი გწამს, გამიმეორე. – სიმამაცეს მე ვუწოდებ ერთგვარ ხსნასა თუ შენახვას. – რის შენახვას? – წარმოდგენისას, რომელსაც აღზრდა გვინერგავს და რომელიც გამუდმებით შეგვახსენებს საფრთხეს. მე ვთქვი, რომ სიმამაცის წყალობით ადამიანი სამუდამოდ ინახავს და არასოდეს არ ტოვებს მას, არც ტანჯვისას თუ განცხრომისას, არც ვნებათაღელვისას თუ ძრწოლისას. თუ გნებავს, ერთი შედარებით აგიხსნი ჩემს აზრს. – ცხადია, მნებავს. – როგორც მოგეხსენება, მღებავები, რომლებსაც სურთ ძოწისფრად შეღებონ შალის ქსოვილი, უთვალათ ფერთა შორის ერთ ფერს არჩევენ, სახელდობრ, თეთრს. მერე გულმოდგინედ ამუშავებენ, რათა მთელი სისრულით მიიღოს ძოწისფერი, და მხოლოდ შემდეგ ღებავენ მას. ამნაირად შეღებილი შალი აღარასოდეს ხუნდება, გინდ ხამი წყლით რეცხავდნენ და გინდ ნაცარტუტით. თუ არა და, ხომ იცი, რაც ხდება, გინდ ამ ფერად ღებავდნენ ქსოვილს და გინდაც სხვა ფერად, წინასწარი დამუშავების გარეშე. – ვიცი, რა მალე ხუნდება და სასეირო სანახავი ხდება. – მაშ, იცოდე, რომ ჩვენც ასევე ვიქცევით, როცა მეომრებს ვირჩევთ და ვცდილობთ გიმნასტიკური და მუსიკური ხელოვნების მეშვეობით აღვზარდოთ ისინი. ჩვენ მხოლოდ იმას ვისახავთ მიზნად, რომ რაც შეიძლება უკეთ და სრულად აღიქვან კანონები, – ზუსტად ისევე, როგორც ქსოვილი იღებს საღებავს, – რათა მათი ბუნებრივი მონაცემებისა და სათანადო აღზრდის წყალობით, საფრთხისა თუ ბევრი სხვა რამის მათეული წარმოდგენა იმდენად მყარი შეიქნეს, რომ ვერავითარმა ნაცარტუტამ ვერ შესძლოს მისი ჩამორეცხვა, – ვერც განცხრომამ, რომელიც ქალესტრულ ტუტეზედაც მძაფრად მოქმედებს, ვერც ტკივილმა, ვერც შიშმა თუ ვნებათაღელვამ და ვერც სხვა რამ ფერისმჭამელამ. აი, სწორედ ამნაირ ძალას, სამუდამოდ რომ გვინარჩუნებს სწორსა და მართებულ წარმოდგენას იმის შესახებ, თუ რას უნდა ვუფრთხოდეთ და რას არა, დიახ, სწორედ ამ ძალას მე ვუწოდებ სიმამაცეს, თუკი შენ წინააღმდეგი არა ხარ. – არამც და არამც, რადგანაც, ჩემის აზრით, თუ მართებული წარმოდგენა ყოველივე ამის შესახებ აღზრდის შედეგი არ არის, როგორც ვთქვათ, წარმოდგენა მონისა თუ ცხოველისა, არამც თუ კანონიერად მიიჩნევ მას, არამედ სულ სხვა სახელს უწოდებ, და არა სიმამაცისას. – სრული ჭეშმარიტებაა. – ასე რომ, მე ვეთანხმები სიმამაცის შენეულ გაგებას. – მაშინ ისიც აღიარე, რომ სიმამაცე სამოქალაქო სიქველეა; ღმერთმანი, არ შეცდები. ოდესმე, თუ გნებავს, უფრო დაწვრილებით განვიხილავთ ამას, ხოლო ამჟამად სიმამაცეს კი არ ვიკვლევთ, არამედ სამართლიანობას. მე მგონია, სიმამაცეზე საკმარისად ვილაპარაკეთ. – საკმარისად, – თქვა გლავკონმა. – განსახილველი დაგვრჩა ჩვენი სახელმწიფოს ორი თვისება: ზომიერება და ის, რაც მთელი ჩვენი ძიების საგნად გვევლინება; მე ვგულისხმობ სამართლიანობას. – დიახ. – იქნებ ჯერ სამართლიანობისათვის მიგვეკვლია; მაშინ ხომ აღარ დაგვჭირდებოდა ზომიერების ძიება. – მე პირადად არა ვიცი რა, და არც სამართლიანობის მიკვლევა მინდა, ვიდრე არ განვიხილავთ ზომიერებას. თუ გინდა მასიამოვნო, ჯერ ზომიერებაზე ილაპარაკე. – მე კი მინდა და უსამართლოდაც მოვიქცეოდი, რომ არ მეცადა. – მაშ, საქმეს შეუდექ. – ახლავე; – ვუთხარი მე – ზომიერება, ჩემის აზრით, – უფრო მეტად, ვიდრე ზემოთ განხილული ორი თვისება, ერთგვარ თანახმიერებასა თუ ჰარმონიას ჰგავს. – როგორ? – ზომიერება სხვა არა არის რა, თუ არა ერთგვარი წესრიგი; ესაა განცხრომის სურვილისა და ვნებათა ძლევა. სწორედ ამას ამტკიცებს, ცოტა არ იყოს, უცნაური გამოთქმა: «საკუთარი თავის ბატონ-პატრონი უნდა იყოო» და სხვა მისთანანი, ზომიერების გამოხატულებად რომ გვევლინებიან. ასეა, არა? – სწორედ ასეა. – »საკუთარი თავის ბატონ-პატრონი უნდა იყოო!» განა სასაცილო არაა? რადგან ვინც თავისი თავის ბატონ-პატრონია, იმავდროულად, თავისი თავის მონაც არის, ხოლო თავისი თავის მონა – თავისივე თავის ბატონ-პატრონი, რაკიღა აქ ერთსა და იმავე კაცს ეხება საქმე. – რა თქმა უნდა. – მაგრამ, ჩემის აზრით, ამ გამოთქმის თანახმად, ადამიანის სულში ორი სხვადასხვა მხარე განირჩევა: უკეთესი და უარესი, და როცა თავისი ბუნებით უკეთესი სძლევს უარესს, სწორედ ესაა «საკუთარი თავის ბატონ-პატრონად ყოფნა»; მაშასადამე, ეს საქებია; ხოლო როდესაც ცუდი აღზრდისა თუ უკეთურ ხალხთან ურთიერთობის შედეგად უარესი საწყისი მძლავრობს უკეთესზე, ეს საძრახისია და ამნაირ კაცზე იტყვიან, «თავისი თავის მონააო», რაც იმას ნიშნავს, რომ ამ კაცს ზომიერების გრძნობა არ გააჩნია. – როგორც ჩანს. – ახლა კი დაუკვირდი ჩვენს მიერ ეს-ესაა დაარსებულ სახელმწიფოს, და მასში ამ ორი მდგომარეობიდან ერთ-ერთსა ჰპოვებ: შენ იტყვი, რომ ამნაირ სახელმწიფოს თამამად შეიძლება ეწოდოს «საკუთარი თავის ბატონ-პატრონი», რადგანაც ზომიერად და თავისი თავის ბატონ-პატრონად უნდა მიგვაჩნდეს ყველაფერი, რაშიაც უკეთესი საწყისი მძლავრობს უარესზე. – ვუკვირდები და მეჩვენება, რომ მართალს ამბობ. – მაგრამ ეს იმას როდი ნიშნავს, რომ იქ ვერ ჰპოვებ უთვალავ ვნებას, განცხრომის სურვილს, ტკივილს თუ სნებას, რაც განსაკუთრებით ნიშნეულია ბავშვების, ქალების, ჯალაბობის და იმათთვისაც, ვისაც თავისუფალ ადამიანებს უწოდებენ, მაგრამ იმდენადვე უღირსნი კი არიან, რამდენადაც ურიცხვნი. – რა თქმა უნდა. – ხოლო მარტივი და ზომიერი, გონებისა და მართებული წარმოდგენის მეშვეობით წრფელი გზით წარმართული გრძნობები ნიშნეულნი არიან მცირერიცხოვან, თავიანთი აღზრდითა და ბუნებით ყველაზე უკეთეს რჩეულთათვის. – ჭეშმარიტად. – ნუთუ ყოველივე ამას ვერ ამჩნევ ჩვენს სახელმწიფოში, სადაც უღირსი უმრავლესობის უკეთური გულისთქმანი ღირსეული უმცირესობის გონიერებასა და კეთილშობილურ სურვილებს ექვემდებარებიან? – ცხადია, ვამჩნევ. – მაშასადამე, თუ რომელიმე სახელმწიფოზე ითქმის, რომ მან საერთოდ სძლია არა მარტო განცხრომის ყველა სურვილსა და ყველა გულისთქმას, არამედ საკუთარ თავსაც, ეს, უწინარეს ყოვლისა ჩვენს სახელმწიფოზე ითქმის. – ცამდე მართალი ბრძანდები. – კი მაგრამ, შეიძლება თუ არა, ყოველივე ამის მიხედვით ვაღიაროთ მისი ზომიერება? – დიახაც შეიძლება. – ასე რომ, თუ რომელიმე სახელმწიფოში მმართველებიცა და მათი ქვეშევრდომებიც ერთმანეთს ეთანხმებიან იმის თაობაზე, თუ ვინ უნდა მბრძანებლობდეს, ეს თანხმობა ჩვენს სახელმწიფოშიც მიღწეულია; ან, იქნებ, შენ სხვაგვარად ფიქრობ? – არა, ღმერთმანი. – მერედა, რას იტყვი, ვის ახასიათებს ზომიერება – მმართველებს თუ მათ ქვეშევრდომებს? – ერთთაც და მეორეთაც. – აი, ხომ ხედავ, ამ ცოტა ხნის წინათ სავსებით სწორად გამოვიცანით, რომ ზომიერება ერთგვარ ჰარმონიასა ჰგავს. – როგორ? – როგორ და ისე, რომ ვერც სიმამაცესა და ვერც სიბრძნეზე ვერ ვიტყვით ამას: ისინი ნიშნეულნი არიან სახელმწიფოს მხოლოდ ერთი ნაწილისათვის და შესაბამისად სიმამაცესა თუ სიბრძნეს ანიჭებენ მას. ზომიერება კი, მათგან განსხვავებით, მთელ სახელმწიფოს მოიცავს, ყველა თავის სიმს იყენებს, სუსტად, მაგრამ თუ საშუალოდ დაჭიმულსაც, და ხმაშეწყობით აჟღერებს მათ, გნებავს გონების, გნებავს ძალის, ან კიდევ რაოდენობის, სიმდიდრისა თუ სხვა მისთანათა მეოხებით; ამრიგად, თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ზომიერება სწორედ ეს თანახმიერებაა, უკეთესისა და უარესის სრული თანხმობა, როცა უნდა გადაწყდეს, თუ ამ ორთაგან რომელი უნდა მბრძანებლობდეს სახელმწიფოშიც და კერძო მოქალაქის სულშიაც. – სავსებით გეთანხმები. – კეთილი და პატიოსანი; აი, ჩვენი სახელმწიფოს ის სამი თვისება, რომლებიც უკვე მიმოვიხილეთ. მაგრამ რა არის ის მეოთხე თვისება, რომლის წყალობითაც სახელმწიფო სიქველსთან წილნაყარი ხდება? თუმცა ისედაც ცხადია, რომ ეს თვისება სამართლიანობა გახლავთ. – რა თქმა უნდა. – ახლა კი, მონადირეებისა არ იყოს, გლავკონ, მჭიდროდ უნდა შემოვერტყათ ამ შამბნარს და თვალი ფხიზლად გვეჭიროს, რომ სამართლიანობა არსად გაგვეპაროს, თორემ ხელიდან დაგვისხლტება და ვერაფერსაც ვეღარ გავარკვევთ. ცხადია, სადღაც აქ უნდა იყოს; კარგად მიათვალიერ-მოათვალიერე, ეგება სადმე დალანდო, და თუ პირველი მოჰკრავ თვალს, მეც დამანახე. – ეგ რომ შემეძლოს! არა, ისევ შენ მოგყვები უკან და ვეცდები დავინახო, რასაც მიჩვენებ. მეტის თავი მე არა მაქვს. – მაშ, მომყევი, ოღონდ ჯერ ერთად ვილოცოთ. – ეგრეც ვიზამ; აბა, წამიძეხ. – მართლაც რომ გაუვალი შამბნარია; ისე ბნელა, რომ თვალთან თითს ვერ მიიტან კაცი, მაგრამ მეტი გზა არ არის, უნდა ვიაროთ. – მაშ, დავიძრათ. მაგრამ აქ ანაზდად ერთმა აზრმა გამიელვა თავში და წამოვიძახე: – ბედმა გაგვიღიმა, კვალს მივაგენით, გლავკონ! ეტყობა, შორს არ წასულა! – სამახარობლო გეკუთვნის! – მითხრა გლავკონმა. – ნამდვილი დოყლაპიები ვართ, დოყლაპიები! – როგორ? – როგორ და ისე, ჩემო ნეტარო, რომ რა ხანია აგერ, ჩვენს ცხვირწინაა, ფეხებში გვებლანდება, ჩვენ კი ზედაც არ ვუყურებთ; მეტი სიბრიყვე იქნება? ეს იმას ჰგავს, კაცი რომ ქუდს დაეძებდეს და ხელში კი ეჭიროს. სადღაც შორს ვიყურებოდით და მიტომაც ვერ ვამჩნევდით მას. – რას ამბობ? – რასა და იმას, რომ საუბარში გართულებმა ვერც კი შევნიშნეთ, ან, უფრო სწორად, ვერ მივხვდით რომ იმთავითვე სამართლიანობაზე ვლაპარაკობდით. – რამხელა შესავალია; კაცს წყურვილი ჰკლავდეს, და წვეთ-წვეთად უსხამდე წყალს! – მაშ, მისმინე და თავად განსაჯე. აკი ჩვენი სახელმწიფოს დაარსებისას იმთავითვე დავადგინეთ, რომ ყველაფერი «მთელის» გულისათვის უნდა მოგვემოქმედა ხოლო ეს «მთელი», ჩემის აზრით, სამართლიანობა თუ მისი ერთ-ერთი ნაირსახეობა უნდა იყოს. ჩვენვე დავადგინეთ, რომ ყოველი კაცი მხოლოდ ერთ საქმეს უნდა მისდევდეს, იმ უთვალავი საქმიდან, რაც საჭიროა სახელმწიფოსთვის, და თანაც, სწორედ იმ საქმეს, რომელსაც ყველაზე უფრო შეეფერება თავისი ბუნებრივი მონაცემებით. – დიახ, სწორედ ეგ დავადგინეთ. – მაგრამ ყველა თავის საქმეს მისდევდეს და სხვისაში არ ერეოდეს, – სწორედ ესაა სამართლიანობა, რაც სხვებისგანაც გაგვიგონია და ჩვენ თვითონაც მრავალჯერ გვითქვამს. – ცხადია, გვითქვამს. – ამრიგად, სამართლიანობა ის იქნება, ჩემო ძვირფასო, რომ ყველა თავის საქმეს აკეთებდეს. იცი, რა მაფიქრებინებს ამას? – არა, ამიხსენი, გეთაყვა. – ჩემის აზრით, ჩვენი სახელმწიფოს იმ სამი თვისების – ზომიერების, სიმამაცის და სიბრძნის გარდა, ზემოთ რომ მიმოვიხილეთ, გვრჩება კიდევ ერთი თვისება, რომელიც დასაბამს აძლევს და განაპირობებს სახელმწიფოში პირველი სამის სუფევას. ჩვენ ისიც ვთქვათ, რომ თვისება, რომელიც სამი დანარჩენის განხილვის შემდეგ გვრჩებოდა, სამართლიანობა უნდა ყოფილიყო. – რა თქმა უნდა. – მაგრამ გადასაწყვეტი რომ გვქონოდა, რომელი თვისების არსებობა განაპირობებს უპირატესად ჩვენი სახელმწიფოს სრულქმნილებას, ეს უფრო ძნელი საქმე იქნებოდა. მაინც რა უნდა მიგვეჩნია ამ პირობად: მმართველებისა და მათი ქვეშევრდომების აზრთა ერთობა, მეომრების სულში კანონით ჩანერგილი და საიმედოდ დაცული წარმოდგენა იმის შესახებ, თუ რას უნდა ვუფრთხოდეთ და რას არა, თუ მმართველთათვის ნიშნეული ზომიერება და სიფხიზლე? ან იქნებ ჩვენი სახელმწიფოს სრულქმნილებას ყველაზე მეტად ის უწყობს ხელს, რისი წყალობითაც ყველა – ქალი თუ კაცი, დიდი თუ პატარა, მონა თუ თავისუფალი, ხელოსანი თუ მეომარი, ქვეშევრდომი თუ მმართველი, – თავის საკუთარ საქმეს ასრულებს, ისე, რომ სხვისაში არ ერევა? – მართლაც რომ ძნელი საქმეა. – როგორც ჩანს, სახელმწიფოს სრულქმნილების თვალსაზრისით, ყოველი მოქალაქის უნარი, რისი წყალობითაც ის თავის საკუთარ საქმეს ასრულებს, მეტოქეობას უწევს სიბრძნეს, სიმამაცესა და ზომიერებას. – დიახ. – მერედა, რა არის ის სიქველე, სახელმწიფოს სრულქმნილებისათვის ბრძოლაში დანარჩენ სამს რომ უწევს მეტოქეობას, თუ არა სამართლიანობა? – რა თქმა უნდა. – მაშინ ისიც მითხარი, ეთანხმები თუ არა, აი, ამას: განა სახელმწიფოს მმართველებს არ მიანდობ სასამართლოში საქმის წარმართვას? – რასაკვირველია. – ხოლო საქმის გარჩევისას რას ეცდებიან ისინი, გარდა იმისა, რომ არავინ მიიტაცოს სხვისი და არც თავისი გამოეცალოს ხელიდან. – დიახ, სწორედ მაგას. – იმიტომ, რომ ეს სამართლიანია? – დიახ. – მაშასადამე, ამ მაგალითის მიხედვითაც, სამართლიანობა სხვა არა არის რა, თუ არა ის, რომ ყველა თავისას სჯერდებოდეს და თავის საკუთარ საქმეს ასრულებდეს. – მართალი ხარ. – ვნახოთ, აქაც თუ დამიკრავ კვერს: ხურომ და მეწაღემ რომ თავიანთი იარაღები და ხელობა გაუცვალონ ერთიმეორეს, ხურომ მეწაღეობა დაიწყოს, მეწაღემ კი – ხუროობა, ან ერთ-ერთმა მიჰყოს ხელი ორივე საქმეს, და საერთოდ, ყველა ხელოსანმა გამოიცვალოს ხელობა, – როგორ გგონია, განა სახელმწიფო დიდ ზარალს არ ნახავს ამით? – არც ისე დიდს. – მაგრამ თავისი ბუნებრივი მონაცემებით ხელოსნად თუ ქორვაჭრად დაბადებულმა კაცმა თავისი სიმდიდრის, მრავალრიცხოვანი ნაცნობობის, გავლენისა თუ სხვა მისთანათა წყალობით, მეომართა წოდებაში გადასვლა რომ მოიწადინოს, ან რომელიმე მეომარმა – სახელმწიფო მრჩეველთა დასში შეღწევა, თუმცა საამისოდ არავითარი მონაცემი არ გააჩნია, და მათ ერთმანეთს გაუცვალონ თავიანთი იარაღიცა და თანამდებობაც, ან კიდევ ერთმა და იმავე კაცმა ერთდროულად მიჰყოს ხელი სუყველას საქმეს, – ალბათ, აქ მაინც დამეთანხმები, რომ ამნაირი გაცვლა-გამოცვლა და არევ-დარევა დაღუპვის პირას მიიყვანს სახელმწიფოს. – რა თქმა უნდა. – მაშასადამე, ამ სამი წოდების ჩარევა სხვის საქმეებში და ერთი წოდებიდან მეორეში გადასვლა უდიდესი ზიანის მომტანია სახელმწიფოსთვის და, იმავდროულად, უდიდესი დანაშაულიც. – ჭეშმარიტად. – მაგრამ რა არის სახელმწიფოს წინაშე ჩადენილი უდიდესი დანაშაული, თუ არა უსამართლობა? – რასაკვირველია. – ასე რომ, სწორედ ესაა უსამართლობა. და პირიქით, როცა ყველა წოდება – საქმოსნებიც, მაშველნიცა და მცველებიც თავ-თავიანთ დანიშნულებას ასრულებენ და თვითეული მათგანი მისთვის ჩვეულ საქმეს აკეთებს, სწორედ ამას ვუწოდებთ სამართლიანობას, უსამართლობას რომ უპირისპირდება და სამართლიანს ხდის თვით სახელმწიფოსაც. – მე მგონია, სწორედ ეგრეა საქმე და არა სხვაგვარად. – მაგრამ დაბეჯითებით ნუ მოვყვებით ამის მტკიცებას, ვიდრე ყველა ადამიანს სათითაოდ არ მივუსადაგებთ ამ სიქველეს: თუ ის სამართლიანობად ვლინდება მათშიაც, სხვა რა დაგვრჩენია, გარდა იმისა, რომ ერთხმად ვაღიაროთ იგი? თუ არა და, სხვა გზით უნდა წარვმართოთ ჩვენი ძიება. ახლა კი, მოდი ისე დავასრულოთ ჩვენი განხილვა, როგორც იმთავითვე ვისახავდით მიზნად: რაც შეიძლება ფართოდ და ზოგადად წარმოგვეჩინა სამართლიანობა, რათა შემდეგ უფრო ადვილად გაგვერკვია, რა სახით ვლინდება ის ადამიანში. სამართლიანობის ფართოდ წარმოჩენის საშუალება სახელმწიფოს უნდა მოეცა, და ჩვენც, შეძლებისდაგვარად, უკეთ მოვაწყეთ და მოვაწესრიგეთ იგი, რადგანაც გვწამდა, რომ სრულქმნილი სახელმწიფო სამართლიანობის ნიმუში უნდა ყოფილიყო. რაც ჩვენ იქ აღმოვაჩინეთ, ახლა მოდი, ადამიანზე გადავიტანოთ. თუ ორივეს სამართლიანობა ერთმანეთს დაემთხვა, მეტი რაღა გვინდა, თუ არა და, კვლავ სახელმწიფოს უნდა მივუბრუნდეთ კვლევა-ძიების გასაგრძელებლად. ვინ იცის, იქნებ მათი დაახლოებით, როგორც ხის ორი ნაჭრის ხახუნით, ავაბრიალოთ სამართლიანობა, და როცა ცეცხლის ალივით აკაშკაშდება, თვით ჩვენს თავშიაც უფრო მტკიცედ დავიმკვიდრებთ მას. – სწორ გზას გვიჩვენებ და ჩვენც მას მივსდიოთ. – როცა დიდსა და მცირე საგანს ერთსა და იმავე საგნადა თვლიან, ნუთუ ისინი ერთმანეთისაგან განსხვავდებიან იმით, რის გამოც ერთად მიიჩნევენ, თუ, პირიქით, ერთმანეთის მსგავსნი არიან? – მსგავსნი არიან. – მაშასადამე, სამართლიანი კაციც, თავისი სამართლიანობის წყალობით, სამართლიანი სახელმწიფოსაგან განსხვავებული კი არა, პირიქით, მისი მსგავსი იქნება. – დიახ, მისი მსავსი იქნება. – ხოლო ჩვენი აღიარებით, სახელმწიფო მაშინაა სამართლიანი, როცა ბუნებით ერთმანეთისაგან განსხვავებული მისი სამივე წოდება თავ-თავის საქმეს ასრულებს. მაშინ როდესაც სახელმწიფოს ზომიერება, სიმამაცე და სიბრძნე სამივე ამ წოდების წარმომადგენელთა შესაბამის თვისებებზეა დამოკიდებული. – მართალს ბრძანებ. – ზუსტად ასევე შევაფასებთ, ჩემო ძვირფასო, ადამიანსაც, ვის სულშიაც იმდენივე საწყისია, რამდენი წოდებაცაა სახელმწიფოში, და ამიტომ მართებული იქნება, თუ იმავე სახელებით აღვნიშნავთ მათ. – უცილობლად. – ვერაფერს იტყვი, იოლ საკითხს კი მივადებით განსახილველად! საქმე სულს ეხება, სულს: მართლა არის თუ არა მასში ეს სამი საწყისი? – სიიოლისა რა მოგახსენო, სოკრატე; ტყუილად როდი ამბობენ: მშვენიერი ძნელიაო. – როგორც ჩანს; – ვუთხარი მე, – მერწმუნე, გლავკონ, იმ გზით, ამჟამად რომ ვადგივართ მსჯელობისას, ვერასოდეს მივწვდებით ჩვენი კვლევა-ძიების საგანს, რომლისკენაც გაცილებით უფრო ძნელი და ნარეკლიანი გზა მიგვიძღვის. თუმცა ჩვენი გზა, შესაძლოა, არც ისე უვარგისი იყოს იმის საწვდომად, რაზეც აქამდე ვმსჯელობდით და ვკამათობდით. – მერედა, განა ეს საკმარისი არ არის? ამჯერად მე ამასაც დავჯერდებოდი. – მე – მით უმეტეს. – მაშ, რაღას ყოყმანობ, საქმეს შეუდექ. – განა იძულებულნი არა ვართ ვაღიაროთ, რომ ყოველი ჩვენგანისათვის ნიშნეულია იგივე ზნეობრივი თვისებები, რაც ახასიათებს სახელმწიფოს. აბა, ისე ციდან ხომ არ ჩამოცვივდებოდნენ იქ? მართლაცდა, განა სასაცილო არ იქნებოდა გვეფიქრა, რომ იმნაირი თვისება, როგორიცაა სულის სიფიცხე, რაც ნიშნეულია თრაკიელების, სკვითებისა და თითქმის ყველა ჩრდილოელი ხალხისთვის, ან მეცნიერების სიყვარული, რაც უმეტესწილად ჩვენ გვახასიათებს, ან კიდევ ანგარება, რითაც განირჩევიან ფინიკიელები და ეგვიპტელები, – მოქალაქეებისგან როდი გადასცემია სახელმწიფოს? – რა თქმა უნდა, სასაცილო იქნებოდა. – ეს დასკვნა თავისთავად გვეხვევა თავზე; ძნელი როდია ამის მიხვედრა. – მართლაც. – მაგრამ, აი, რა არის ძნელი: ჩვენს ქცევას სულის ერთი და იგივე საწყისი განაპირობებს თუ, რაკი ეს საწყისი სამია, თვითეული მათგანი სხვადასხვანაირ ზეგავლენას ახდენს? შემეცნებას ერთი განაპირობებს, გულისწყრომას – მეორე, ხოლო მესამე გვაიძულებს მიველტვოდეთ ყოველნაირ განცხრომას – სმა-ჭამას, ახალი სიცოცხლის ჩასახვას და სხვა მისთანათ? თუ ყოველთვის, როცა ესა თუ ის სურვილი აღგვეძვრის, მის აღძვრაში მთელი სული მონაწილეობს? ძნელი სწორედ ის გახლავთ, რომ საკმაო სიზუსტით განსაზღვრო ეს. – მეც მაგ აზრისა ვარ. – მოდი, ვცადოთ და ამ გზით განვსაზღვროთ. იგივეობრივნი არიან ეს საწყისები თუ ერთმანეთისაგან განსხვავებულნი. – კი მაგრამ, როგორ? – ხომ ცხადია, რომ იგივეობრივს არ შეუძლია ერთსა და იმავე დროს ისეთნაირად მოქმედებდეს ან თვითონვე განიცდიდეს სხვა რამის ზემოქმედებას, რომ ეს მისი იგივეობრიობის წინააღმდეგ იყოს მიმართული. ამიტომაც თუ ვნახავთ, რომ აქ სწორედ ასეა საქმე, დავრწმუნდებით, რომ ჩვენს წინაშე ერთი და იგივე კი არ არის, არამედ მრავალი. – ვთქვათ და, ასეა. – კარგად დაუკვირდი ჩემს სიტყვებს. – შენ კი განაგრძე. – შეიძლება თუ არა, ერთი და იგივე რამ, ერთი და იმავე თვალსაზრისით, უძრავადაც იდგეს და, იმავდროულად, კიდეც მოძრაობდეს? – არასდიდებით არ შეიძლება. – მოდი, უფრო ზუსტად შევთანხმდეთ, რათა შემდეგ თავიდან ავიცილოთ გაუგებრობა. თუ კაცზე, რომელიც ერთ ადგილას დგას, მაგრამ თავსა და ხელებს კი აქნევს, იტყვიან, რომ ის უძრავად დგას და, იმავდროულად, კიდეც მოძრაობს, ჩვენ ალბათ არ დავეთანხმებით მათ აზრს, რადგანაც აქ აი, რა უნდა თქმულიყო: ამ კაცის სხეულის ერთი ნაწილი უძრავია, მეორე კი მოძრაობსო. ასეა, არა? – დიახ. – მაგრამ შეიძლება ხუმრობას ხუმრობა მოაყოლონ და უფრო მახვილგონივრული მაგალითი შემოგვთავაზონ: ბზრიალა მთლიანად დგას და, იმავდროულად, კიდეც მოძრაობს; ის ბრუნავს, მაგრამ ცენტრი კი თითქოს უძრავია და მისი ღერძიც წვერით ერთ წერტილს ებჯინება. მაგრამ ჩვენ ვერც მათ მოსაზრებას გავიზიარებთ, ვინაიდან ამ შემთხვევაშიც ერთი და იმავე საგნის ერთი და იგივე ნაწილები როდი არიან მოძრავნი და, იმავდროულად, უძრავნიც. ჩვენ ვიტყოდით, რომ აქ ერთმანეთისაგან უნდა განვასხვაოთ შვეული ღერძი და წრიული გარშემოწერილობა. ბზრიალას ნაწილები უძრავნი არიან ღერძის მიმართ, რომელიც უცვლელად ინარჩუნებს თავის მიმართულებას, არც აქეთ იხრება და არც იქით, მაგრამ იგივე ნაწილები წრიულად კი ბრუნავენ და ტრიალებენ. ამ წრებრუნვისას ღერძიც აქეთ-იქით, წინ და უკან, მარჯვნივ თუ მარცხნივ რომ იხრებოდეს, ბზრიალას არცერთი ნაწილი აღარ დარჩებოდა უძრავი. – სწორია, – თქვა გლავკონმა. – ასე რომ, ვერცერთი ეს მაგალითი ვერ შეგვაცბუნებს და ვერ გვაფიქრებინებს, თითქოს ერთი და იგივე საგანი შეიძლება ერთსა და იმავე დროს ისეთნაირად მოქმედებდეს ან თვითონ განიცდიდეს სხვა რამის ზემოქმედებას, რომ ეს მისი ერთობისა და თვითიგივეობის წინააღმდეგ იყოს მიმართული. – ყოველ შემთხვევაში, მე ვერავინ მაფიქრებინებს მაგას. – და მაინც, ყველა ამ უაზრობისა თუ გაუგებრობის ჩხრეკა და მათი უსაფუძვლობის მტკიცება რომ არ დაგვჭირდეს, მოდი, ამთავითვე დავუშვათ, რომ ყველაფერი ასეა და ჩვენს გზას გავუდგეთ. მაგრამ იმაზე კი შევთანხმდეთ, რომ თუ ჩვენი დაშვება მცდარი გამოდგა, ყოველგვარი დასკვნა გაქარწყლდება, რაც კი ამ დაშვებიდან გამოვიტანეთ. – დიახ, ასე უნდა მოვიქცეთ. – და მერე, თავის კანტური თუ ქიცინი დასტურის ან უარყოფის ნიშნად, რაღაცის ნატვრა და ზიზღი მის მიმართ, რაღაცის მიზიდვა და ხელის კვრით მოშორება თავიდან, – განა ყოველივე ეს და სხვა მისთანანი, შენის აზრით, ურთიერთსაპირისპირო მოქმედება თუ გრძნობა არ არის? – რა თქმა უნდა. – ეგეც არ იყოს, ავიღოთ, მაგალითად, წყურვილი, შიმშილი და, საერთოდ, რაღაცის ნდომა, ან კიდევ სურვილი თუ ნებელობისმიერი სწრაფვა, – განა ყოველივე ამას იმათ რიცხვს არ მიაკუთვნებ, რაზედაც წეღან ვლაპარაკობდით? ნუთუ არ იტყვი, რომ ყოველთვის, როცა კაცს რაღაცა სურს, მისი სული ხარბად მიელტვის სასურველ საგანს, ან ცდილობს იმის მიტაცებას, რასაც სურს დაეუფლოს, ან კიდევ, როცა რაღაცის ჩაგდებას აპირებს ხელში, დასტურის ნიშნად თავს უკანტურებს საკუთარ ზრახვას, თითქოს ვიღაცა რაღაცას ეკითხება და მოთმინება აღარ ჰყოფნის, როდის ეწევა საწადელსო? – ცხადია, ვიტყვი. – ხოლო «არ გინდოდეს», «არ გსურდეს», «არ გწადდეს» განა იგივე არ არის, რაც «გძულდეს», «გძაგდეს» ან «ხელისკვრით იშორებდე თავიდან», და განა ყოველივე ეს არ უპირისპირდება იმას, რაც ზემოთ ჩამოვთვალეთ? – უეჭველად. – და თუ ასეა, ნუთუ არ ვიტყვით, რომ არსებობს ერთგვარი ნდომა, ხოლო ყველაზე მძაფრ ნდომად წყურვილი და შიმშილი უნდა მიგვაჩნდეს? – დიახაც ვიტყვით. – პირველი სმის სურვილია, მეორე კი ჭამისა, არა? – დიახ. – რაკიღა პირველი სმის სურვილია, ხომ არ იბადება კაცის სულში დამატებითი სურვილი, გარდა იმისა, რაც მე მოგახსენე? ასე მაგალითად, იწვევს თუ არა წყურვილი იმის სურვილს, რომ ცივი თუ თბილი, ცოტა თუ ბევრი, მოკლედ, ესა თუ ის სასმელი დალიო? თუ კაცს სცხელა, ხომ არ ენატრება არა მარტო წყურვილის მოკვლა, არამედ ისიც, რომ ცივი სასმელით მოიკლას წყურვილი, ხოლო თუ სცივა – თბილით? თუ წყურვილი მძაფრია, კაცს უნდა ბევრი დალიოს თუ არა და, – ცოტა. მაგრამ საკუთრივ წყურვილი, ანდა შიმშილი თავისთავად არასოდეს არ იქნება სხვა რამის ნდომა, გარდა იმისა, რომ სმისა თუ ჭამის ბუნებრივი მოთხოვნილება დაიკმაყოფილო. – ასე რომ, – თქვა გლავკონმა, – ამნაირი სურვილი თავისთავად არ მიელტვის სხვა რამეს, გარდა იმისა, რაც მის ბუნებას შეესაბამება, ხოლო ამისა თუ იმის სურვილი, ასე ვთქვათ, დამატებითი მეორადი სურვილია. – მაგრამ ვაითუ ვინმემ ისარგებლოს ჩვენი წინდაუხედაობით და თავგზა აგვიბნიოს: მან შეიძლება გვითხრას, რომ არავის არა სურს მარტოოდენ სასმელ-საჭმელი, არამედ აუცილებლად რიგიანი სასმელ-საჭმელი. რადგანაც ყველას მხოლოდ კარგი სურს. და რაკი წყურვილი ნდომაა, ის რიგიანი სასმელისა თუ სხვა მისთანათა ნდომა უნდა იყოს. იგივე ითქმის ყველა სხვა სურვილზედაც. – ეგრე მართლაც შეიძლება საგონებელში ჩაგვაგდოს. – მაგრამ ყოველივე ეს ეხება მხოლოდ იმას, რაც სხვასთან მიმართებითა თუ თანაფარდობით განიხილება; მას ესა თუ ის თვისება აქვს, იმიტომ, რომ ასეთივე თვისება აქვს იმასაც, რასაც იგი ეთანაფარდება. თავისთავად კი ის მხოლოდ საკუთარი თავის თანაფარდია. – რა ვქნა, არ მესმის. – რა არ გესმის? – ვუთხარი მე, – ის, რომ უფრო დიდი მხოლოდ სხვა რაღაცასთან მიმართებითაა უფრო დიდი? – მაგას კი მართალს ამბობ. – ხოლო «სხვა რაღაცასთან მიმართებითო» რომ ვამბობთ, განა უფრო პატარას არ ვგულისხმობთ? – დიახ. – ის კი, რაც გაცილებით უფრო დიდია, მხოლოდ გაცილებით უფრო პატარის მიმართაა გაცილებით უფრო დიდი; ასეა, არა? – დიახ. – ხოლო ის, რაც უფრო დიდი იყო ოდესღაც, განა იმასთან მიმართებით არ იყო უფრო დიდი, რაც უფრო პატარა იყო? – რა თქმა უნდა. – განა ასეთივე თანაფარდობა არ არსებობს მეტსა და ნაკლებს, ორსა და მის ნახევარს და სხვა მისთანათა შორის? ზუსტად ასევე, უფრო მძიმეც უფრო მსუბუქთან მიმართებით იქნება უფრო მძიმე, უფრო მკვირცხლი – უფრო ზანტთან, ცხელი – ცივთან და ასე შემდეგ. – რასაკვირველია. – კი მაგრამ, განა იგივე არ ითქმის ჩვენს ცოდნაზედაც? ცოდნა ზოგადად და თავისთავად იმ საგნის ცოდნას გულისხმობს თვითონვე რომ შეისწავლის, მიუხედავად იმისა, თუ რომელი საგნის ცოდნას ვგულისხმობთ. მაგრამ ცოდნის ესა თუ ის კერძო სახე მისი საგნის ბუნებითაა განსაზღვრული. აი, რისი თქმა მინდა: სახლის შენება რომ ისწავლეს, განა ეს ცოდნა ყველა სხვა ცოდნისაგან განსხვავებული არ შეიქნა, რის გამოც სამშენებლო ხელოვნება უწოდეს მას? – მერედა, რა? – ეს სახელი სწორედ იმიტომ უწოდეს, რომ არცერთ სხვა ცოდნას არა ჰგავს? – დიახ. – რაც მისი საგანი იყო, იგივე გახდა თავადაც. თუმცა ეს ყველა სხვა ცოდნასა თუ ხელოვნებასაც ეხება. – რა თქმა უნდა. – ახლა კი ალბათ გესმის, რისი თქმაც მსურდა წეღან: ყველა საგანი, თავისთავად აღებული, საკუთარი თავის თანაფარდია, სხვა საგანთან მიმართებით კი – იმნაირი, რანაირიცაა მისი თანაფარდი საგანი. ამით იმის თქმა კი არა მსურს, თითქოს ესა თუ ის საგანი იმასა ჰგავდეს, რასაც ეთანაფარდება, – ასე მაგალითად, ჯანმრთელობისა თუ სნეულების ცოდნა თვითონვე როდია ჯანმრთელი თუ სნეული, ხოლო სიკეთისა თუ ბოროტების ცოდნა – კეთილი ანდა ბოროტი. არა, ცოდნა იმად როდი იქცევა, რაც არის მისი საგანი; ის მხოლოდ თავისი საგნის, ამ შემთხვევაში, ჯანმრთელობისა თუ სნეულების თვისებებს ეთანაფარდება და ამ თვისებებითვეა განსაზღვრული. აი, რატომაა, რომ ამნაირ ცოდნას სახელად ცოდნა კი არ ჰქვია, არამედ სამკურნალო ხელოვნება, მისივე საგნის მიხედვით. – დიახ, მესმის და იმასაც ვხვდები, რომ მართალი ხარ. – ხოლო თუ ავიღებთ წყურვილს, რას იტყვი, განა ისიც თავის საგანს არ ეთანაფარდება? რადგანაც წყურვილი ყოველთვის რაღაცის წყურვილია. – რა თქმა უნდა; მე ვიტყოდი, რომ ის წყურვილია სმისა თუ სასმელისა. – სასმელი კი ათასნაირია და, ამისდა კვალად, ათასნაირია წყურვილიც. ხოლო თავისთავად ის არც უზომო სმის წყურვილია და არც ერთი ყლუპისა, არც საუცხოო სასმელისა და არც ცუდისა; არა მის თანაფარდად ვერ ვიტყვით ვერანაირ სასმელს, რადგანაც წყურვილს თავისთავად სხვა არაფერი ეთანაფარდება, თუ არა სასმელი თავისთავად. – რასაკვირველია. – მაშასადამე, იმისი სული, ვისაც სწყურია, სხვა რამეს კი არ მიელტვის, არამედ სასმელს, რამდენადაც სმა სწყურია. – ცხადია. – მაგრამ თუ თავისი წყურვილის მიუხედავად, სულს რაღაცა არ აძლევს დალევის ნებას, მაშასადამე, მასში არის რაღაც ისეთი, არსებითად რომ განსხვავდება იმისაგან, რაც უშუალოდ განიცდის წყურვილს, და ამრიგად, აიძულებს სულს, პირუყვივით დააცხრეს სასმელს. ჩვენ ხომ ვამტკიცებთ, რომ რაღაც ერთი და იგივე არ შეიძლება ერთი და იმავე ნაწილით ერთდროულად ორ ურთიერთსაპირისპირო ზემოქმედებას ახდენდეს ერთსა და იმავე საგანზე. – რა თქმა უნდა, არ შეიძლება. – ასე მაგალითად, ჩემის აზრით, ცდებიან, როცა მშვილდოსანზე ამბობენ, რომ ის იზიდავს და იმავდროულად კიდევაც განიზიდავს მშვილდს. სიმართლე, თუ გნებვს, ისაა, რომ მშვილდოსანი ცალი ხელით თავისკენ იზიდავს იმას, რასაც განიზიდავს მეორე ხელით. – ცამდე მართალი ბრძანდები. – ისიც ხომ მართალია, რომ მწყურვალი ზოგჯერ უარს აცხადებს დალევაზე? – ბევრი და ბევრჯერ. – მერედა, რას ვიტყოდით მათზე? არის ამ ხალხის სულში რაღაც ისეთი, სასმელად რომ აქეზებს, და ისეთიც, სმას რომ უკრძალავს მათ? და სწორედ ეს უკანასკნელი სძლევს პირველს? – მე თუ მკითხავ, სწორედ ასეა. – ის, რაც სმას უკრძალავს მათ, გონიერების წყალობით ვლინდება (თუკი საერთოდ ვლინდება) სულში, ხოლო ის, რაც სასმელად აღძრავს და აქეზებს ამ ხალხს, ვნებებისა და სნეულებისაგან იღებს დასაბამს? – როგორც ჩანს. – მაშასადამე, ჩვენ უფლება გვაქვს ვამტკიცოთ, რომ ეს ორი საწყისი არსებითად განსხვავდება ერთმანეთისგან: ერთ მათგანს, რისი წყალობითაც ადამიანს აზროვნების უნარი შესწევს, სულის გონივრულ საწყისს ვუწოდებთ, ხოლო მეორეს, რაც განაპირობებს იმას, რომ ადამიანს უყვარს, შია, სწყურია თუ ათასი სხვა რამ სწადია, სულის არაგონივრულ თუ სურვიელ საწყისად ვსახავთ, ყოველგვარი ტკბობისა თუ განცხრომის მონათესავედ. – დიახ, სრული უფლება გვაქვს ასე ვამტკიცოთ. – მაშ, ერთმანეთისგან გავმიჯნოთ ეს ორი საწყისი. რაც შეეხება სულის სიბობოქრეს, რის შედეგადაც გულფიცხნი ვხდებით, ვაღიარებთ თუ არა მას სულის მესამე საწყისად, თუ ის პირველი ორი საწყისიდან ერთ-ერთის მონათესავეა? – შესაძლოა, მეორე – არაგონივრული თუ სურვიელი საწყისის მონათესავე იყოს. – ერთხელ ასეთი ამბავი მიამბეს, რომელიც მე სარწმუნოდ მიმაჩნია: ლეონტიოსი, აგლაიოსის ძე, პირევსიდან შინ ბრუნდებოდა თურმე. ქალაქის ჩრდილო გალავანს რომ მიუახლოვდა, იმ ადგილას, სადაც დამნაშავეებს სიკვდილით სჯიან, მიწაზე დაყრილი გვამები შენიშნა. უცნაური სურვილი დაეუფლა: მისულიყო და გვამებისათვის დაეხედა, მაგრამ, იმავდროულად, ისეთი ზიზღი იგრძნო, რომ გაქცევა მოუნდა. ერთხანს აღარ იცოდა, რა ექნა, სახეზე ხელები აიფარა, მაგრამ ბოლოს მაინც ცნობისწადილმა სძლია, ხელები დაბლა დაუშვა, თვალდაჭყეტილმა მიირბინა ცხედრებთან და წამოიძახა: «ეგეც თქვენ, სვედავსილნო, დატკბით ამ მშვენიერი სანახაობით!» – ეგ ამბავი მეც გამიგონია. – ის გვიჩვენებს, რომ რისხვა ზოგჯერ გულისთქმას უპირისპირდება, და ისინი ერთმანეთისაგან განსხვავდებიან. – მართლაც. – ბევრ სხვა შემთხვევაშიაც ჩვენ ვამჩნევთ, რომ, გონიერების საპირისპიროდ, გულისთქმას აყოლილი კაცი თავის თავს ჰკიცხავს და არაგონივრულ, სურვიელ საწყისზე მრისხანებს, მოძალადესავით რომ ჩასახლებია სულში. ამრიგად, რისხვა გონების მოკავშირე ხდება ამ ულმობელ ორთაბრძოლაში, რომელიც თითქოს ორ ურთიერთმოქიშპე მხარეს შორის მიმდინარეობს. ხოლო რისხვა რომ გულისთქმის მოკავშირედ გვევლინებოდეს, როცა გონება უკრძალავს ამას, მე მგონია, ეს უჩვეულო მოვლენა არც სხვაში შეგიმჩნევია ოდესმე და არც შენსავე თავში. – არა, ვფიცავ ზევსს, მართლაც არ შემიმჩნევია. – ეგეც არ იყოს, როცა ადამიანს ესმის, რომ უსამართლოდ მოექცა ვინმეს, მაშინ, რაც უფრო დიდსულოვანია იგი, მით უფრო ნაკლებ შეუძლია მრისხანებდეს მის წინააღმდეგ, ვინც, შურისგების მიზნით, ათასნაირ სატანჯველს უმზადებს, როგორც, მაგალითად, შიმშილს, სიცივეს და სხვა მისთანათ; მე ვამბობ, რომ ეს მასში არ გამოიწვევს რისხვას. – მართალი ხარ, – თქვა გლავკონმა. – და პირიქით, როცა ჰგონია, რომ თვითონ მას ექცევიან უსამართლოდ, მრისხანებით აბორგებული თვალებიდან ცეცხლს აკვესებს და გაშმაგებით უტევს შეურაცხმყოფელს, ასე რომ, იმის მოკავშირედ იქცევა, რაც სამართლიანი ეჩვენება, და რისი გულისთვისაც მზადაა აიტანოს შიმშილიც, სიცივეცა და სხვა ამნაირი გაჭირვებაც, ოღონდ კი თავის საბოლოო მიზანს ეწიოს. ის ხელს არ აიღებს თავის კეთილშობილურ სწრაფვაზე, ან თავისას გაიტანს, ან თავს შეაკლავს მტერს, და ვერაფერი დააცხრობს მის მძვინვარებას, გარდა გონების ხმისა, რომელიც ისევე მიიხმობს, როგორც მწყემსი – თავის ქოფაკს. – გულთმისანივით მიმიხვდი, რისი თქმაც მსურდა. მაგრამ ერთი ამასაც დაუკვირდი. – რას? – რასა და იმას, რომ სულის მრისხანე თუ ბობოქარ საწყისზე ახლა სულ სხვანაირი წარმოდგენა შეგვექმნა, ვიდრე წეღან, როცა მას სურვიელ საწყისთან ვაკავშირებდით. ახლა კი, როგორც ირკვევა, შორსა ვართ ამ აზრისაგან, რაკიღა იმ ბრძოლაში, ადამიანის სულში რომ მიმდინარეობს, ბობოქარ საწყისს გონიერების მოკავშირედ ვსახავთ. – რა თქმა უნდა. – მერედა, რას ვიტყვით, განსხვავდება ის სულის გონივრული საწყისისაგან თუ მხოლოდ ამ უკანასკნელის ერთ-ერთი სახეობაა, ასე რომ, სულში მხოლოდ ორი საწყისი უნდა ვიგულისხმოთ: გონივრული და სურვიელი? თუ მსგავსად იმისა, როგორც სახელმწიფო სამი სხვადასხვა წოდებისაგან შედგება: საქმოსნების, მცველებისა და მმართველებისგან, სულშიც მესამე – ბობოქარი საწყისი უნდა იყოს, რომელიც თავისი ბუნებით გონივრული საწყისის მოკავშირედ გვევლინება. თუკი უხეირო აღზრდის შედეგად არ არის გადაგვარებული? – სულში აუცილებლად მესამე საწყისიც უნდა იყოს. – რა თქმა უნდა, თუკი გაირკვა, რომ ის განსხვავდება გონივრული საწყისისაგან, ისევე, როგორც სურვიელი საწყისისგან განსხვავებული გვეჩვენა იგი. – მაგის გარკვევა ძნელი როდია; – თქვა გლავკონმა, – საკმარისია დავუკვირდეთ პატარა ბავშვებს, ლამის დაბადებიდანვე რომ ბორგავენ და ბობოქრობენ, რისხვით აღვსილნი, მაშინ როდესაც ზოგიერთ მათგანს, ჩემის აზრით, გონიერების ნატამალიც არ გააჩნია, ზოგი კი საკმაოდ გვიან ეზიარება გონებას. – მშვენიერი ნათქვამია, ვფიცავ ზევსს! აქვე უნდა დავძინოთ, რომ ცხოველებიც ადასტურებენ შენს დაკვირვებას. ამასვე მოწმობს ჰომეროსის ლექსიც, რომელიც ზემოთ უკვე მოვიხმეთ: «მკერდს მჯიღი იკრა, და გულს ასე უთხრა ბორგნეულს» პოეტი აქ ნათლად გვაუწყებს, ორი სხვადასხვა საწყისიდან როგორ ჰყვედრის ერთი მეორეს, კერძოდ, გონება, რომელიც არჩევს, რა არის უკეთესი და რა – უარესი, გადაჭრით ჰგმობს უგუნურსა და ბობოქარ საწყისს. – მართალს ბრძანებ. – ამრიგად, მართალია, დიდი გაჭირვებით, მაგრამ მაინც დავძლიეთ ყველა დაბრკოლება და საკმაოდ დამაჯერებლად მივაღწიეთ თანხმობას იმის თაობაზე, რომ ადამიანის სულში იმდენი და იმნაირივე საწყისია, რამდენი წოდებაცაა სახელმწიფოში. – მართლაც ასეა. – მაშასადამე, აუცილებლად იგივე ითქმის შემდეგზეც: რანაირად და რითაც ბრძენია სახელმწიფო, იმნაირად და იმითვე უნდა იყოს ბრძენი ადამიანიც. – რა თქმა უნდა. – ზუსტად ასევე, რანაირად და რითაც მამაცია ადამიანი, იმნაირად და იმითვე უნდა იყოს მამაცი სახელმწიფოც. ერთსაც და მეორესაც თანაბრად უნდა ახასიათებდეს ყველაფერი, რაც კი საერთოდ უკავშირდება სიქველეს. – აუცილებლად. – მე მგონია, სამართლიანიც იმნაირადვე იქნება კერძო პირი, გლავკონ, რანაირადაც ვლინდება სამართლიანობა სახელმწიფოში. – ეგეც აუცილებელია. – მაგრამ ხომ არ დაგვავიწყდა, რომ ჩვენი სახელმწიფო მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ იქნება სამართლიანი, როცა ყველა მისი წოდება თავის საკუთარ საქმეს ასრულებს. – ჩემის აზრით, არ დაგვვიწყნია. – მაშასადამე, უნდა გვახსოვდეს, რომ ყოველი ჩვენგანიც მხოლოდ მაშინ იქნება სამართლიანი და თავის საკუთარ საქმეს შეასრულებს, როცა ჩვენი სულის ყველა საწყისი თავის დანიშნულებას ასრულებს. – ამრიგად, გონივრული საწყისი უნდა ბრძანებლობდეს, რაკიღა მისთვის ნიშნეულია სიბრძნე, და მასვე მართებს მთელ სულზე ზრუნვაც, ხოლო სულის ბობოქარი საწყისი მისი მორჩილი და თანამდგომი უნდა იყოს. – რასაკვირველია. – ისიც ხომ მართალია, რომ, ზემოთქმულისა არ იყოს, მუსიკური და გიმნასტიკური აღზრდის ურთიერთშერწყმის შედეგად შეიძლება მიღწეულ იქნეს ამ ორი საწყისის თანხმობა: ამნაირი აღზრდა გონივრულ საწყისს უფრო მიზანსწრაფულს გახდის და მშვენიერი სიტყვებითა თუ მოძღვრებებით ასაზრდოებს მას, ბობოქარ საწყისს კი მოადუნებს, სიტყვებით მოალბობს და ჰარმონიისა თუ რიტმის მეშვეობით მოათვინიერებს. – მართალს ბრძანებ. – ხოლო ეს ორი საწყისი, ამნაირად აღზრდილი, ჭეშმარიტებით განსწავლული და საკუთარი მოვალეობის აღსასრულებლად აღძრული, როგორმე მოახერხებს უწინამძღვროს სურვიელ საწყისს, ჩვენი სულის უმეტეს ნაწილს რომ მოიცავს და თავისი ბუნებით ხარბად მიელტვის სიმდიდრეს. თვალი ფხიზლად უნდა გვეჭიროს მასზე, რათა არ იზარდოს და იმძლავროს ყოველივე იმის შედეგად, რასაც ხორციელი განცხრომა ჰქვია და საერთოდ უარი არ თქვას თავისი დანიშნულების შესრულებაზე; თორემ შეიძლება იმის დამონება და დამორჩილება სცადოს, რაც მისი ჯიშისა არ არის, და ამრიგად შერყვნას და შებღალოს მთელი საზოგადოებრივი ცხოვრება. – ჭეშმარიტად. – ორივე საწყისი მშვენივრად დაიცავდა მთელ სულსაც და სხეულსაც გარეშე მტრებისაგან: ერთი – რჩევით, ხოლო მეორე – საჭურვლით; ეს უკანასკნელი წარმმართველი საწყისის თანამდევი იქნებოდა და თავისი სიმამაცით ხორცს შეასხამდა მის გადაწყვეტილებებს. – მართლაც. – და მამაცსაც, ჩემის აზრით, ადამიანს ჩვენ ვუწოდებთ სწორედ იმდენად, რამდენადაც მისი ბობოქარი საწყისი ლხინშიაც და გასაჭირშიაც განუხრელად იცავს გონების მითითებებს იმის თაობაზე, თუ რას უნდა ვუფრთხოდეთ და რას არა. – მართალს ბრძანებ. – ბრძენს კი – იმ მცირეოდენი ნაწილის მიხედვით, თვითეულ ჩვენგანში რომ მბრძანებლობს და ზემოხსენებულ მითითებებს იძლევა, რადგანაც მის მეტმა არავინ იცის, რა არის სასარგებლო როგორც ყოველი საწყსისათვის ცალ-ცალკე, ისე სამივესათვის ერთად. – რა თქმა უნდა. – ხოლო ზომიერს მარტოოდენ ამ საწყისთა ერთსულოვნებისა და თანახმიერების მიხედვით თუ ვუწოდებთ ადამიანს, როცა არა მარტო წარმმართველი, არამედ მისდამი დაქვემდებარებული ორი დანარჩენი საწყისიც იმ აზრისაა, რომ მბრძანებლობის უფლება მხოლოდ გონებას ეკუთვნის და დაუშვებელია არ ემორჩილებოდე მას. – და მართლაც, სწორედ ესაა როგორც სახელმწიფოს, ისე კერძო პირის ზომიერებაც. – მაგრამ სამართლიანიც, როგორც არაერთგზის აღგვინიშნავს, მხოლოდ ამის შედეგად და ამნაირად თუ იქნება ადამიანი. – უეჭველად. – და მაინც, ხომ არაფერი გვიბინდავს სამართლიანობას, ასე რომ, სხვა სახით წარმოგვიჩენს მას, და არა იმით, რითაც სახელმწიფოში ვლინდება? – მე მგონია, არა. – თუ სულში ოდნავი ეჭვი მაინც დაგვრჩა, ჩვენ შეგვიძლია ერთი უბრალო მაგალითის მოხმობით საბოლოოდ გავფანტოთ იგი. – მაინც რა მაგალითს გულისხმობ? – ავიღოთ, ერთის მხრივ, ეს ჩვენი სახელმწიფო, მეორეს მხრივ კი – თავისი ბუნებითა თუ აღზრდის მიხედვით მისი მსგავსი ადამიანი, და დავუშვათ, რომ სრულ თანხმობას უნდა მივაღწიოთ ამ საკითხთან დაკავშირებით: განა შეიძლება, რომ ამნაირმა ადამიანმა მიითვისოს შესანახად მიბარებული ოქრო-ვერცხლი? ანდა ვინ გაბედავს ამის მტკიცებას, თუ არა ის, ვინც ძირფესვიანად განსხვავდება მისგან? – ვერავინ. – მისთვის სრულიად უცხოა მკრეხელობა, ძარცვა-გლეჯა და გამცემლობა: კერძო ცხოვრებაში – მეგობრების, საზოგადოებრივ ცხოვრებაში კი– სახელმწიფოს ღალატი. – დიახ, ყოველივე ეს სრულიად უცხოა მისთვის. – რაღა თქმა უნდა, არც ფიცის გატეხა სჩვევია და არც პირობის დარღვევა. – ცხადია. – ავხორცობაც, უპატივცემლობაც მშობლების მიმართ და ღვთისმოსაობის დავიწყებაც, – ყოველივე ეს, ვისაც გნებავს, იმას შეჰფერის, ოღონდ არა მას. – რა თქმა უნდა. – მერედა, რა არის ყოველივე ამის მიზეზი, თუ არა ის, რომ თვითეული მისი ნაწილი თავის საკუთარ საქმეს ასრულებს მბრძანებლობისა თუ მორჩილების თვალსაზრისით? – დიახ, მხოლოდ ეგ და სხვა არაფერი. – და შენ გინდა, რომ სამართლიანობა სხვა რამე იყოს და არა ის ძალა, რომელიც ამნაირსა ხდის ადამიანებსაც და სახელმწიფოსაც? – არა, ვფიცავ ზევსს, არ მინდა. – აი, როგორ აგვიხდა ჩვენი ზმანება, კერძოდ, ის, რასაც ბუნებრივად ვგრძნობდით: როგორც კი დავაპირეთ საფუძველი ჩაგვეყარა სახელმწიფოსთვის, რომელიღაც ღვთაების წყალობით სახელდახელოდ მივაკვლიეთ სამართლიანობის ერთგვარ ნიმუშს და საწყისს. – ჭეშმარიტად. – ასე რომ, სამართლიანობის თავისებურად სასარგებლო ხატება იყო, გლავკონ, ჩვენი მტკიცება იმის თაობაზე, რომ ვინც თავისი ბუნებრივი მონაცემებით მეწაღედ დაბადებულა, მართებული იქნება, თუ მეწაღეობის გარდა სხვა საქმეს არ მოჰკიდებს ხელს, ხოლო ხუროდ დაბადებული მარტოოდენ ხუროობას დასჯერდება. იგივე ითქმის ყველა სხვა ხელობაზედაც. – როგორც ჩანს. – მე თუ მკითხავ, მართლაც ამნაირი იყო სამართლიანობის ჩვენეული გაგება, მაგრამ არა ადამიანის საქმიანობის ამა თუ იმ გარეგნული გამოვლინების, არამედ ჭეშმარიტად შინაგანი ქმედითობის – თავის თავსა და თავის სულიერ სამყაროზე ზემოქმედების თვალსაზრისით. ამნაირი კაცი ნებას არ დართავს სულის არცერთ საწყისს, სხვისი საკეთებელი აკეთოს ან სხვის საქმეში ჩაერიოს; პირიქით, ის სრულ წესრიგს ამყარებს საკუთარ სულში, თავისი თავის ბატონ-პატრონი, წრფელი გზით წარმმართველი და მეგობარი ხდება, ასე რომ ჰარმონიულად უხამებს ერთმანეთს თავისი სულის სამივე საწყისს, ზუსტად ისევე, როგორც თანახმიერების სამ ძირითად ტონს – მაღალს, დაბალს და საშუალოს, აგრეთვე შუალედურ ტონებსაც, თუკი მათ შორის გვხვდებიან; ყოველივე ამას ერთად ჰკრავს და, ამრიგად, სიმრავლიდან იღებს ერთობას, ზომიერებას და ჰარმონიულ თანახმიერებას. ასეთია მთელი მისი საქმიანობა, სულერთია, სიმდიდრის მოსახვეჭად იღვწის, ტანის სიმრთელეზე ზრუნავს, სახელმწიფოს ემსახურება თუ თავის საკუთარ საქმეს იგვარებს. ის მშვენიერსა და სამართლიანს უწოდებს ყოველნაირ ქმედებას, რომელიც სულში ამგვარ განწყობას ამკვიდრებს, სიბრძნედ კი ამ ქმედების წარმმართველ უნარსა სახავს. მისივე აზრით, უსამართლოა ქმედება, რომელიც არღვევს ყოველივე ამას, უმეცრება კი იმნაირი წარმოდგენაა, რომელიც წარმართავს უსამართლო ქმედებას. – ცამდე მართალი ხარ, სოკრატე. – ერთის სიტყვით, თუ ვაღიარებთ, რომ უკვე განვსაზღვრეთ სამართლიანი სახელმწიფოცა და სამართლიანი ადამიანიც ისევე, როგორც სამართლიანობა, რომელიც მათში ვლინდება, ალბათ, ვეღარ იტყვიან, რომ ძალზე შორსა ვართ ჭეშმარიტებისაგან. – ვერა, ვფიცავ ზევსს, ვეღარ იტყვიან. – მაშ, ვაღიარებთ ამას? – დიახ, ვაღიარებთ. – კეთილი და პატიოსანი; ამის შემდეგ, მე მგონია, უსამართლობა დაგვრჩა განსახილველი. – ცხადია. – მერედა, რა უნდა იყოს ეს, თუ არა ზემოხსენებული სამი საწყისის უთანხმოება და ურთიერთაშლა, ერთმანეთის საქმეებში ჩარევა, სულის ერთ-ერთი ნაწილის ჯანყი მთელი სულის წინააღმდეგ ერთპიროვნული მბრძანებლობის მოსაპოვებლად, თუმცა უსამართლობის ბუნება იმნაირია, რომ ბრძანებლურ საწყისს უნდა მორჩილებლეს. ჩემის აზრით, სწორედ ასე განვსაზღვრავთ უსამართლობას: ესაა სულის ნაწილთა მუდმივი შფოთი და წრიალი. მათი აღვირახსნილობა, სიმხდალე და უმეცრება, მოკლედ, მთელი ბოროტება თუ ბიწიერება. – ყოველივე ეს ერთი და იგივეა. – მაშასადამე, უკვე სავსებით ნათელია, რა არის, ერთის მხრივ, უსამართლო ქცევა და თვით უსამართლობა, ხოლო მეორეს მხრივ, – სამართლიანი საქციელი, რაკიღა უკვე განვსაზღვრეთ სამართლიანობისა და უსამართლობის ბუნება. – როგორ? – როგორ და ისე, რომ სამართლიანობა და უსამართლობა არაფრით არ განირჩევიან ჯანსაღი და სნეული საწყისებისგან, მხოლოდ პირველი ორი სულისთვისაა ნიშნეული, ბოლო ორი კი – სხეულისათვის. – რას ამბობ? – იკითხა გლავკონმა. – ჯანსაღი საწყისი ჯანმრთელობის საწინდარია, სნეული კი – სნეულებისა. – დიახ. – ზუსტად ასევე, სამართლიანი ქცევაც სამართლიანობის საწინდრად გვევლინება, უსამართლო ქცევა კი – უსამართლობისა. – უცილობლად. – ჯანმრთელობის დამკვიდრება იმასა ნიშნავს, რომ მბრძანებლობისა თუ ურთიერთდაქვემდებარების ბუნებრივი წესრიგი დაამყარო სხეულებრივ საწყისთა შორის, სნეულება კი სხვა არა არის რა, გარდა იმისა, რომ მბრძანებლობისა თუ ურთიერთდაქვემდებარების იმნაირი დამოკიდებულება დაამყარო იმავე საწყისთა შორის, რაც ეწინააღმდეგება ბუნებას. – ეგრეა. – ზუსტად ასევე, სამართლიანობის დამკვიდრება იმასა ნიშნავს, რომ მბრძანებლობისა თუ ურთიერთდაქვემდებარების ბუნებრივი დამოკიდებულება დაამყარო სულიერ საწყისთა შორის, უსამართლობის დამკვიდრება კი – იმას, რომ მბრძანებლობისა თუ ურთიერთდაქვემდებარების იმნაირი დამოკიდებულება დაამყარო იმავე საწყისთა შორის, რაც ეწინააღმდეგება ბუნებას. – მართალს ბრძანებ? – მაშასადამე, სიქველე, როგორც ჩანს, სულის სიჯანსაღეა, მშვენიერება და კეთილდღეობა, ბიწიერება კი – სნეულება, სიმახინჯე და სისუსტე. – ჭეშმარიტად. – მერედა, განა პატიოსანი ქცევა ხელს არ უწყობს სიქველის დამკვიდრებას, უპატიოსნო ქცევა კი – ბიწისას? – რა თქმა უნდა. – ახლა კი, ეტყობა, განსახილველი დაგვრჩა, რამდენად სასარგებლოა, ერთის მხრივ, სამართლიანი ქცევა, პატიოსნება და საკუთრივ სამართლიანობა, მიუხედავად იმისა დაფარულია ყოველივე ეს თუ გამჟღავნებული, მეორეს მხრივ კი – უსამართლო საქციელი და თვით უსამართლობა, თუნდაც არც სამსჯავროს წინაშე წარდგომას და არც სასჯელს უქადდეს კაცს, გამოსასწორებლად რომ სჯიან დამნაშავეებს. – მაგრამ მე, მართალი გითხრა, სოკრატე, ამჯერად უკვე სასაცილოდაც არ მყოფნის ამნაირი განხილვა: თუ ჯანმრთელობაშერყეულ კაცს სიცოცხლე არაფრად უღირს, თუმცა შეიძლება არც სასმელ-საჭმელი აკლდეს, არც სიმდიდრე და ძალაუფლება, რაღა ითქმის მის სიცოცხლეზე, ვის არსებაშიაც მთლიანად დარღვეული და დაშლილია თვით იმისი ბუნება, რითაც ჩვენ ვცოცხლობთ, თუნდაც საშუალება ჰქონდეს აკეთოს ყველაფერი, რაც კი მოეპრიანება, გარდა იმისა, რისი წყალობითაც შესძლებდა თავი დაეღწია ბიწიერებისა თუ უსამართლობისათვის, და ამრიგად ზიარებოდა სიქველეს და სამართლიანობას? აკი გულდასმით განვიხილეთ როგორც ერთის, ისე მეორის ბუნება. – მართლაც რომ სასაცილოა; მაგრამ რაკი აქამდე მოვედით, საიდანაც ცხადზე უცხადესად ჩანს, რომ ყველაფერი მართლაც ასეა, მოდი, ნუღარ დავიხევთ უკან. – ვფიცავ ზევსს, უკან დახევა ყველაფერზე უარესია. – მაშ, დაუკვირდი, რამდენი სხვადასხვა სახე აქვს ბიწს; ღმერთმანი, ღირს განხილვად. – კვალდაკვალ მოგდევ, შენ კი განაგრძე. – მართლაც, აქედან, როგორც სათვალთვალო კოშკიდან, რომელსაც ჩვენი საუბრისას მოვექეცით წვერზე, მე ვხედავ სიქველის მხოლოდ ერთ სახეს, მაშინ როდესაც ბიწი ურიცხვი სხვადასხვა სახით წარმოგვიჩნდება. ოთხი მათგანი იმად ღირს, რომ მოვიხსენიოთ. – რას გულისხმობ? – რამდენიცაა სახელმწიფო მმართველობის სხვადასხვა სახე, იმდენი სხვადასხვა სახისაა სულიც. – მაინც რამდენის? – არსებობს როგორც სახელმწიფო მმართველობის, ისე სულის ხუთი სხვადასხვა სახე. – დამისახელე. – მე თუ მკითხავ, სახელმწიფო მმართველობის ერთ-ერთი სახე ისაა, ახლახან რომ მიმოვიხილეთ, მაგრამ მას შეიძლება ორნაირი სახელი ეწოდოს: თუ მმართველთა შორის ყველას აღემატება ერთი, ამას სამეფო ძალაუფლება ჰქვია, ხოლო თუ ძალაუფლებას მრავალი მმართველი ინაწილებს, ეს იქნება არისტოკრატია. – მართალს ბრძანებ. – აი, სწორედ ამასა ვსახავ სახელმწიფო მმართველობის ერთ-ერთ სახედ, რადგან მმართველი ერთი იქნება თუ მრავალი, ისინი არ დაარღვევენ სახელმწიფოს უმნიშვნელოვანეს კანონებს, თუკი იმნაირად წარმართავენ ქვეშევრდომთა აღზრდას და სწავლას, როგორც ჩვენი მსჯელობისას ჩამოვაყალიბეთ. – რა თქმა უნდა, არ დაარღვევენ. ◄ წინა ნაწილი გაგრძელება ►             შენიშვნა: პოსტის სათაური არ შეესაბამება პლატონის ამ დიალოგის (სახელწმიფო) მეოთხე წიგნის ავტორისეულ სათაურს. პოსტის სათაური არის პოსტის ავტორის მიერ თემატურად შერჩეული სათაური.      …
დაამატა ლაშა to ფილოსოფია at 2:02pm on ნოემბერი 11, 2016
თემა: ფილოსოფოსის ბუნება მართვაში
და მოგვაჩნდეს ფილოსოფოსებად და ვინ არა. – ასეა, – თქვა მან, – მოკლე ხანში შეუძლებელი იქნებოდა ამის გარკვევა. – ეტყობა; – მივუგე მე, – ეგეც არ იყოს, მე მგონია, ჩვენი მტკიცება უფრო საფუძვლიანი იქნებოდა, მხოლოდ ეს რომ გვქონოდა გასარკვევი და არა ბევრი სხვა საკითხიც იმის განხილვისას, თუ რითი განსხვავდება სამართლიანი ცხოვრება უსამართლოსგან. – ამის შემდეგ რაღა დაგვრჩა განსახილველი? – იკითხა მან. – რა და, შემდეგი: თუ ფილოსოფოსები ის ხალხია, ვისაც იმისი წვდომის უნარი შესწევს, რაც მარად უცვლელია და თვითიგივეობრივი, სხვებს კი ამის თავი არა აქვთ და საგანთა სიმრავლესა თუ ცვალებადობაში დაბორიალობენ, – საკითხავია, ამ ორთაგან ვინ უნდა ედგეს სახელმწიფოს სათავეში? – რა უნდა ვთქვათ, რომ სათანადო პასუხი გამოგვივიდეს? – ვისაც იმისი ძალა შესწევს, რომ კანონებსა და ქვეყნის ადათ-წესებს იცავდნენ, სწორედ მათ დავადგენთ მცველებად. – სწორია, – თქვა მან. – ხომ ცხადია, – მივუგე მე, – რომ მცველი ბრმა კი არა, მახვილი მზერის პატრონი უნდა იყოს. – რა საკითხავია? – კი მაგრამ, რა განასხვავებს ბრმას იმისაგან, ვისთვისაც მთლიანად დაფარულია საგანთა არსი, და ვის სულშიაც ვერავინ ჰპოვებს მათ მკაფიო ხატებს? მხატვრებისა არ იყოს, არც მას შეუძლია უზენაესი ჭეშმარიტების ჭვრეტა, თუმცა წამითაც არ უნდა წყვეტდეს თვალს და ცდილობდეს შესაძლო სიზუსტით წარმოიდგინოს იგი, რათა მშვენიერების, სამართლიანობისა და სიკეთის კანონები დაადგინოს ამ ქვეყნად, თუკი საჭირო შეიქნა მათი დადგენა, ანდა ფხიზლად იცავდეს მათ, თუ ისინი უკვე არსებობენ. – ვფიცავ ზევსს, დიდად როდი განსხვავდება ბრმისაგან. – მერედა, ვის დავადგენთ მცველებად, ბრმებს თუ იმათ, ვისთვისაც ცნობილია ყოველი საგნის არსი და, ამასთან, არც გამოცდილებით ჩამოუვარდება მათ და არც ნებისმიერი სიქველით? – უგუნურება იქნებოდა სხვების დადგენა, თუკი ისინი ტოლს არ უდებენ და სიქველითაც აშკარად ჩრდილავენ მათ. – ხომ არ გვეჩვენებინა, რანაირად შეიძლება ერთმანეთს უხამებდნენ ისინი გამოცდილებას და უზენაესი სიკეთის ჭვრეტას? – ცხადია, უნდა გვეჩვენებინა. – როგორც ჩვენი მსჯელობის დასაწყისში ითქვა, თავდაპირველად გვმართებს გავარკვიოთ მათი ბუნება და, ვფიქრობ, თუ ამ საკითხში საკმარის თანხმობას მივაღწევთ, მაშინ იმასაც ვაღიარებთ, რომ ისინი შეიძლება თანაბრად ფლობდნენ ორივე ამ უპირატესობას, და სახელმწიფოს სხვებს კი არა, სწორედ მათ უნდა ვუყენებდეთ სათავეში. – როგორ? – ფილოსოფოსთა ბუნებასთან დაკავშირებით უნდა შევთანხმდეთ, რომ ისინი ვნებიანად მიელტვიან ცოდნას, რაც მათ უმჟღავნებს მარადიულ არსს, რომელიც არ ექვემდებარება წარმოშობითა თუ ხრწნილებით გამოწვეულ ცვალებადობას. – დიახ, უნდა შევთანხმდეთ. – უნდა ითქვას, რომ ისინი ესწრაფვიან მთელ არსებობას და ცდილობენ უყურადღებოდ არ დატოვონ მისი არცერთი ნაწილი, არც დიდი და არც მცირე, არც მეტად თუ ნაკლებად ფასეული, მოკლედ, ისე იქცევიან, როგორც პატივმოყვარენი და შეყვარებულნი, რომლებზედაც ზემოთ ვლაპარაკობდით. – მართალს ბრძანებ. – ახლა კი დაუკვირდი, აუცილებელია თუ არა, რომ ის ხალხი, რომელიც ისეთი უნდა იყოს, როგორც ჩვენ ვამბობთ, შემდეგ თვისებასაც ფლობდეს... – რა თვისებას? – გულწრფელობას, სიცრუის გადაჭრით უარყოფას, მისდამი სიძულვილს და სიყვარულს ჭეშმარიტების მიმართ. – რა თქმა უნდა. – ეს არა მარტო ბუნებრივია, ჩემო მეგობარო, არამედ აუცილებელიც იმისთვის, ვინც, თავისი ბუნებისამებრ, სიყვარულით მიელტვის და პატივს სცემს ყველაფერს, რაც მისი სიყვარულის საგნის ახლობელია და მონათესავე. – სწორია, – თქვა მან. – კი მაგრამ, თუ გეგულება რამე, სიბრძნესთან უფრო ახლოს რომ იდგეს, ვიდრე ჭეშმარიტება? – არაფერი. – განა შეიძლება ერთსა და იმავე კაცს სიბრძნეც უყვარდეს და სიცრუეც? – არა, არ შეიძლება. – მაშასადამე, ჭეშმარიტი სიბრძნისმოყვარე სიყრმითგანვე მთელი არსებით უნდა ესწრაფვოდეს ჭეშმარიტებას. – დიახ, მთელი არსებით. – მაგრამ როცა ადამიანს მისი სურვილები ძალით მიაქცევენ ერთი რომელიმე საგნისაკენ, ჩვენ ვიცით, რომ მათი სწრაფვა მეტისმეტად სუსტდება ყოველივე დანარჩენის მიმართ, როგორც კალაპოტიდან გადაგდებული ნაკადი. – მერედა რა? – როცა ადამიანის სურვილი ცოდნის შეძენისა თუ სხვა მისთანათა მიმართ მიაქცევს მას, ჩემის აზრით, ეს სიამოვნებას ანიჭებს მის სულს, ხორციელი განცხრომისაკენ სწრაფვა კი ქრება, თუ, რა თქმა უნდა, ის თავს კი არ გვაჩვენებს სიბრძნის მოყვარედ, არამედ მართლა უყვარს სიბრძნე. – უცილობლად. – ამნაირი ადამიანი კეთილგონიერია და არამც და არამც – ვერცხლისმოყვარე; რადგანაც მხოლოდ ფულზე გეჭიროს თვალი, ვისაც გინდა, იმას შეჰფერის, მაგრამ არა მას. – ეგრეა. – ერთსაც უნდა მიაქციო ყურადღება, თუ გსურს ერთმანეთისაგან არჩევდე, ვინაა ბუნებით ფილოსოფოსი და ვინ არა. – მაინც რას? – რასა და იმას, რომ სიფრთხილე გმართებს, რათა არ გამოგეპაროს მისი რაიმე სიმდაბლე, რადგანაც სულმოკლეობა დაუძინებელი მტერია სულისა, რომლის დანიშნულებაც ისაა, რომ გამუდმებით მიელტვოდეს ყოველივე ღვთაებრივს თუ ადამიანურს. – მართალს ბრძანებ. – მაგრამ თუ ადამიანი დიდსულოვანია და შეუძლია ერთობლივად მოიცვას მზერით მთელი დრო და მთელი ყოფიერება, როგორ გგონია, განა მას შეუძლია დიდ რამედ მიაჩნდეს ჩვენი ცხოვრება? – არა, ეს შეუძლებელია, – თქვა მან. – ასე რომ, ის არც სიკვდილს მიიჩნევს საშინელებად? – არამც და არამც. – როგორც ჩანს, მხდალი და მდაბალი ბუნებისათვის მიუწვდომელია ფილოსოფია. – ასე მგონია. – ხოლო თუ კაცი წესიერია, უანგარო, არა მდაბალი, არა თავგასული და არა მხდალი, განა შეიძლება ის უხიაგი ან უსამართლო გახდეს? – არა, არ შეიძლება. – ასე რომ, როცა გსურს განიხილო, ფილოსოფიურია თუ არა სული, დაუკვირდი და სიყმაწვილეშივე შეატყობ, სამართლიანია და თვინიერი თუ უხიაგი და ველური. – რა თქმა უნდა. – მე მგონია, არც ეს გამოეპარება შენს თვალს... – რა? – შესწევს თუ არა სწავლის უნარი. განა შეიძლება იმედი გქონდეს, რომ დროთა განმავლობაში გულს დაუდებს იმას, რასაც წამებად მიიჩნევს და რის ვაივაგლახით ართმევს თავს? – ნამდვილად არ შეიძლება. – ხოლო თუ ვერაფერს იმახსოვრებს, რასაც ასწავლიან, და ყველაფერი ავიწყდება, განა შეიძლება თავცარიელი არ იყოს? – რასაკვირველია, არა. – როგორ გგონია, ასე ამაოდ მაშვრალი, განა, ბოლოს და ბოლოს, თავსაც არ შეიძულებს და ამნაირ სწავლა-განათლებასაც? – რა თქმა უნდა. – მაშასადამე, იმას, ვინც ვერაფერს იმახსოვრებს, ნამდვილად ვერ მივაკუთვნებთ ფილოსოფოსთა რიცხვს და კარგი მეხსიერების პატრონს უნდა დავუწყოთ ძებნა. – უცილობლად. – მაგრამ განა შეიძლება ვამტკიცოთ, რომ სულის უხამსობასა და გაუთლელობას შედეგად არ მოსდევს ის, რასაც ზომის უქონლობა ჰქვია? – არა, არ შეიძლება. – კი მაგრამ, ჭეშმარიტება, შენი აზრით, ზომიერებას უკავშირდება თუ ზომის უქონლობას? – ზომიერებას. – მაშასადამე, ბევრი სხვა რამის გარდა, უნდა ვეძებოთ ზომიერება, უშუალოდ რომ ერწყმის გონების ბუნებრივ დახვეწილობას, რათა ამ თანდაყოლილმა თვისებებმა თავისუფლად წარმართონ სული ყოველი საგნის იდეისაკენ. – რა თქმა უნდა. – ან იქნებ გგონია, რომ ჩვენს მიერ ჩამოთვლილი და ერთიმეორის მომდევნო ყველა ეს თვისება სულაც არ არის აუცილებელი სულისათვის, რათა მან საკმარისად და სრულყოფილად შეიცნოს არსი? – ყოვლად აუცილებელია. – მერედა, ნუთუ შეგიძლია იმ საქმიანობის გმობა, რომელსაც ვერავინ ვერ მისდევს ისე, როგორც წესი და რიგია, თუკი ბუნებამ მეხსიერება, სწავლის უნარი, დიდსულოვნება და დახვეწილობა არ უბოძა, ან ჭეშმარიტების, სამართლიანობის, სიმამაცისა და დახვეწილობის მოყვარე თუ მონათესავე არ არის? – თვით მომოსიც კი ვერ უპოვიდა რაიმე საგმობს. – მაგრამ ნუთუ შენ მხოლოდ ამნაირ – მოწიფულსა და ზედმიწევნით განსწავლულ ხალხს მიანდობდი სახელმწიფოს მართვას? აქ საუბარში ჩაერია ადიმანტე: – ვინ გაბედავს, სოკრატე, რაიმე დაუპირისპიროს შენს მოსაზრებებს? მაგრამ თუ იცი, რას განიცდიან შენი მსმენელები, როცა საკუთარ აზრს გამოთქვამ? რაკი არც კითხვების დასმა შეუძლიათ და არც პასუხის გაცემა, ასე ჰგონიათ, რომ შენი მსჯელობა ყოველი კერძო საკითხის ირგვლივ მეტად თუ არა, ოდნავ მაინც აშორებთ ჭეშმარიტებას; მაგრამ როცა ერთ «ოდნავს» მეორე ემატება, მეორეს – მესამე და ასე შემდეგ; მათი ჯამი ერთ უხეშ შეცდომად იქცევა, მკვეთრად რომ უპირისპირდება შენი მსმენელების თავდაპირველ განწყობას. როგორც ძლიერი მოშაშე სუსტს, ბოლოს და ბოლოს, სვლის გაკეთების საშუალებას აღარ უტოვებს, შენი მსმენელებიც, ადრე თუ გვიან, ჩიხში ემწყვდევიან და კრინტის დაძვრასაც ვეღარ ახერხებენ იმ თავისებურ თამაშში, სადაც კოჭების მაგივრად სიტყვებს იყენებენ. მაგრამ, კაცმა რომ თქვას, ეს როდი წყვეტს საქმეს. მე აქ ჩვენს შემთხვევას ვგულისხმობ: ყველას შეეძლო ეღიარებინა, რომ ვერაფერს დაუპირისპირებს შენს მსჯელობას ვერცერთ აქ წამოჭრილ საკითხზე, თუმცა ამ მხრივაც უნდა განგვეხილა საქმე: ვინც ფილოსოფიას ეწაფება, მაგრამ ახალგაზრდობაში გარკვეული განათლების შესაძენად კი არა, არამედ თითქმის მთელ სიცოცხლეს სწირავს მას, უმეტესწილად უცნაურზე უცნაურია, რომ არა ვთქვა – უქნარა და უმაქნისი-მეთქი, და თვით ისიც კი, ვინც ყველაზე გონიერი ჩანს, სხვას ვერაფერს იძენს ფილოსოფიის შესწავლით, რასაც შენ ასე აქებ და ადიდებ, გარდა იმისა, რომ სრულიად უსარგებლო ხდება სახელმწიფოსთვის. ადიმანტეს რომ მოვუსმინე, მე ვთქვი: – როგორ გგონია, ვინც ამას ამბობს, ცდება? – არ ვიცი, – თქვა ადიმანტემ, – მაგრამ სიამოვნებით კი მოვისმენდი შენს აზრს. – მაშ, მოისმინე: მე თუ მკითხავ, მართალს ამბობს. – კი მაგრამ, როგორღა ეთანხმება ეს იმ მტკიცებას, რომ სახელმწიფოები მანამდე ვერ დააღწევენ თავს უბედურებას, ვიდრე მათ სათავეში არ ჩაუდგებიან ფილოსოფოსები, რომლებიც შენ ეს-ესაა უმაქნისებად დასახე? – შენ ისეთ კითხვებს მისვამ, რომ მხოლოდ შედარებებით თუ შემიძლია ვუპასუხო. – მაგრამ, შენ ხომ შედარებებით ლაპარაკი არა გჩვევია. – რაც არის, არის, – ვთქვი მე, – თავსამტვრევ განსჯაში ჩამითრიე და დამცინი კიდეც?! მაშ, მოისმინე ჩემი შედარება, რათა დარწმუნდე, რარიგ ძნელია ეს ჩემთვის: სახელმწიფო ისე სასტიკად ეპყრობა ბრძენკაცთ, რომ უარესი აღარ იქნება. ამიტომ მათ დასაცავად სხვადასხვა საგანს მოვიშველიებ, რათა ერთმანეთს მივუსადაგო ეს სხვადასხვაობა, როგორც იქცევიან მხატვრები ვაცირმის თუ სხვა მისთანათა ხატვისას, ერთმანეთს რომ უხამებენ ნაირგვარ ნაკვთებს. მაშ, წარმოიდგინე ხომალდისა თუ ხომალდთა მთელი ქარავნის პატრონი, ახოვანებითა და ძალ-ღონითაც რომ აღემატება დანარჩენ ზღვაოსნებს, მხოლოდ ეგაა, ყურს აკლია, არც თვალი უჭრის და საზღვაო საქმისაც ბევრი არა გაეგება რა, ზღვაოსნები კი საჭის ხელში ჩასაგდებად თავ-პირს ამტვრევენ ერთმანეთს: ყველას ჰგონია, რომ სწორედ მან უნდა მართოს ხომალდი, თუმცა არსად უსწავლია მესაჭეობა, ასე რომ, ვერ გეტყვით, ვინ ასწავლა ან როდის ისწავლა ეს ხელობა. მათი თავგასულობა იქამდისაც კი მიდის, რომ ხმამაღლა გაჰყვირიან, ამას რა სწავლა უნდაო, და მზად არიან ნაკუწებად აქციონ ყველა, ვინც ამტკიცებს, რომ მესაჭეობა დიახაც მოითხოვს სწავლას. პატრონის ირგვლივ შემოჯარულნი თავს აბეზრებენ ვედრებით, თხოვნითა და ხვეწნა-მუდარით, არა ჩვენ მოგვანდე ეს საქმე და არა ჩვენო. თუ დაიყოლიეს და საწადელს ეწიენ, დანარჩენებს კი ხელი მოეცარათ, გაშმაგებულნი დაერევიან და მუსრს ავლებენ ერთმანეთს, ცხედრებს კი პირდაპირ ზღვაში ისვრიან. ხომალდის კეთილშობილ პატრონს კი მანდრაგორათი, ღვინითა თუ სხვა რამ მათრობელა სითხით აბრუებენ და ხელთ იგდებენ ხომალდს. მაშინ დაერევიან ყველაფერს, რაც ხომალდზეა, იწყება გაუთავებელი სმა-ჭამა და ღრეობა, ხომალდი კი, რაღა თქმა უნდა, ისე მიჰყავთ, როგორც ამნაირ მეხომალდეებს შეჰფერით. თანაც ქება-დიდებას არ აკლებენ, ნამდვილ ზღვაოსანს, უებრო მესაჭეს და საზღვაო საქმის უბადლო მცოდნეს უწოდებენ ყველას, ვინც შესძლო პატრონის დაყოლიებითა თუ ძალადობით ჩაეგდო ხელში ძალაუფლება, მაშინ როდესაც დასცინიან და აბუჩად იგდებენ მათ, ვინც ეს ვერ შესძლო. ამ ხალხს წარმოდგენაც არა აქვს ნამდვილ მესაჭეზე, რომელიც უნდა ითვალისწინებდეს წელიწადის დროს, თვალს ადევნებდეს ცას, ვარსკვლავებს თუ ქარის ქროლას, მოკლედ, ყველაფერს, რაც მის ხელობას უკავშირდება, თუ სურს მარჯვედ მართავდეს ხომალდს, მიუხედავად იმისა, შეესაბამება თუ არა ეს ვისიმე ნება-სურვილს. მათ ჰგონიათ, რომ შეუძლებელია სწავლით შეიძინო ამის უნარი, გამოცდილება და თვით მესაჭის ხელობა. ხოლო თუ ეს ხდება ხომალდზე, როგორ გგონია, განა ამნაირ ვითარებაში მეზღვაურები მაღალფარდოვან ყბედად, უბადრუკად და უმაქნისად არ მიიჩნევენ ნამდვილ მესაჭეს? – რა თქმა უნდა, – მომიგო ადიმანტემ. – არა მგონია, ამ სურათის შემყურეს რაიმე ახსნა-განმარტება დაგჭირდეს იმის დასადგენად, თუ რითი ჰგავს ეს სურათი ფილოსოფოსების მდგომარეობას სახელმწიფოში; ხომ გესმის, რასაც ვამბობ? – ძალიან კარგად. – მაშ, უწინარეს ყოვლისა, შენ თვითონ განუმარტე ეს შედარება იმას, ვისაც უკვირს, რატომ არ სცემენ პატივს ფილოსოფოსებს სახელმწიფოში, და ეცადე დაარწმუნო, რომ უფრო საკვირველი ის იქნებოდა, პატივი რომ მიეგოთ მათთვის. – ასეც ვიზამ. – ისიც უთხარი, რომ მართალს ამბობს, როცა ამტკიცებს, რაოდენ უსარგებლოა სახელმწიფოსათვის ის ხალხი, ფილოსოფოსებად რომ მოაქვთ თავი, მაგრამ კეთილ ინებოს და ამ უსარგებლობაში მათ დასდოს ბრალი, ვისაც ვერანაირ საქმეში ვერ გამოუყენებია ისინი, და არა თვით ამ ბრძენკაცებს. განა ბუნებრივია, რომ მესაჭე მორჩილებას სთხოვდეს მეზღვაურებს, ბრძენკაცნი კი კარს უტალახებდნენ მდიდრებს? ცდებოდა, ვინც ასე იხუმრა. სიმართლე კი, თუ გნებავთ, ის არის, რომ მდიდარია კაცი თუ ღარიბი, ავად რომ გახდება, ექიმს უნდა მიაკითხოს; ხოლო ვისაც ქვეშევრდომობა სურს, იმას მიმართოს, ვისაც ქვეშევრდომთა მართვის უნარი შესწევს. სად გაგონილა, მმართველი სთხოვდეს ქვეშევრდომთ, გემუდარებით, მოდით და მიქვეშევრდომეთო, თუკი მართლა ვარგა მმართველად? ამიტომაც არ შეცდები, თუ დღევანდელ სახელმწიფო მოღვაწეებს იმ ზღვაოსნებთან გააიგივებ, რომლებზედაც წეღან ვლაპარაკობდით, ხოლო ვისაც ეს ზღვაოსნები უქნარებად და მაღალფარდოვან ყბედებად თვლიან, – ჭეშმარიტ მესაჭესთან. – მართალს ამბობ. – ამის გამო და ამნაირ ვითარებაში ადვილი როდია ყველაზე უკეთეს ხელოვნებას პატივს მიაგებდეს ის ხალხი, ვინც სრულიად საპირისპირო ხელობას მისდევს. ყველაზე მძიმე და ყველაზე საშინელ ბრალდებას კი სწორედ ისინი უყენებენ ფილოსოფოსებს, ვისაც ჰგონია, რომ ფილოსოფოსობა მათი საქმეა. შენს მიერ ხსენებული ფილოსოფიის მგმობელის სიტყვით, ფილოსოფოსთა უმრავლესობა ყველაზე უკეთური ხალხია, ხოლო ბრძენკაცნი უსარგებლონი და უმაქნისნი არიან, და მეც დაგეთანხმე, მართალი ხარ-მეთქი; ასეა, არა? – დიახ, ასეა. – მაგრამ ჩვენ ხომ ვნახეთ, რატომ არიან ნამდვილი ფილოსოფოსები უსარგებლონი? – რა თქმა უნდა. – ხომ არ გსურს ახლა ისიც ვნახოთ, რა არის უმრავლესობის უკეთურობის მიზეზი და შეძლებისდაგვარად ვცადოთ იმის დამტკიცებაც, რომ ამაში ფილოსოფიას როდი მიუძღვის ბრალი? – ცხადია, მსურს. – მაშ, განვაგრძოთ ჩვენი კითხვა-პასუხი და გავიხსენოთ, რა ბუნებრივი თვისებებია საჭირო იმისთვის, რომ ადამიანი ღირსეული და კეთილი იყოს? თუ გახსოვს, პირველი იყო ჭეშმარიტების სიყვარული, რომელსაც თავის წინამძღვრად უნდა სახავდეს და ყველგან და ყოველთვის უყოყმანოდ მიჰყვებოდეს, რადგანაც მკვეხარა და უკეთური ვერასოდეს ეზიარება ჭეშმარიტ ფილოსოფიას. – დიახ, სწორედ ამას ვამტკიცებდით. – კი მაგრამ, განა ამ მხრივ მკვეთრად არ ვუპირისპირდებით დღესდღეობით საყოველთაოდ გაბატონებულ აზრს? – მკვეთრად და უფრო მეტადაც. – განა მართებული არ იქნებოდა ჩვენი მოსაზრების დასაცავად გვეთქვა, რომ ცოდნის მოყვარე კაცი ბუნებრივად მიელტვის ჭეშმარიტ არსს და საგანთა სიმრავლეზე კი არ ჩერდება, რომელთა არსებობაც მხოლოდ მოჩვენებითია, არამედ განუხრელად მიიწევს წინ და მისი ვნება მანამდის არ დაცხრება, სანამ არ ჩასწვდება თვით საგანთა არსს თავისი სულის იმ ნაწილით, რომლის დანიშნულებაც სწორედ ამ არსის წვდომაა და რომელიც ამავე არსს ენათესავება, ხოლო მისი მეშვეობით რომ მიეახლება და შეერწყმის კიდეც ჭეშმარიტ არსს, რათა შვას გონება და ჭეშმარიტება, შემდეგ უკვე (და არა მანამ) ჭეშმარიტი სიცოცხლით ცოცხლობს, ჭეშმარიტებით საზრდოობს და თავს აღწევს მშობიარობის ტკივილებს. – ეს იქნებოდა სავსებით მართებული დაცვა. – განა ამ კაცს შეიძლება უყვარდეს სიცრუე? თუ, პირიქით, უნდა სძულდეს იგი? – უნდა სძულდეს. – რაკი მას წინ უძღვის ჭეშმარიტება, ალბათ ვერ ვიტყვით, რომ ბიწიერების მთელი ქორო მიჰყვება უკან. – რა სათქმელია? – არამედ ვიტყვით, რომ მას ახლავს ზნეთა სიწმინდე და სიწრფელე, მათ კვალდაკვალ კი – გონიერება. – რა თქმა უნდა. – მაგრამ დანარჩენ თვისებათა ქოროზე რაღას ვიტყვით, რომლებიც ნიშნეულნი არიან ფილოსოფოსის ბუნებისათვის? რა საჭიროა ხელახლა ჩამოვთვალოთ? ხომ გახსოვს, რომ მათ რიცხვში შედის სიმამაცე, დიდსულოვნება, ცოდნის ადვილად შეთვისების უნარი, მეხსიერება. მაშინ შენ პასუხად მითხარი, რომ უეჭველად ყველა დაეთანხმებოდა ჩვენს სიტყვებს, მაგრამ უნდა შეგვეწყვიტა მსჯელობა და ყურადღება გადაგვეტანა მხოლოდ მათზე, ვისზედაც ვლაპარაკობდით; იმასაც იტყოდნენ, რომ მათ შორის ბევრია უსარგებლო და უმრავლესობა – სრულიად უმაქნისი. მას აქეთ ვიძიებთ ამ ბრალდების მიზეზს და ახლა იმ კითხვას მივადექით, თუ რატომაა მათ შორის ამდენი უმაქნისი. ამიტომაც კვლავ შევუდექით ჭეშმარიტ ფილოსოფოსთა ბუნებრივი თვისებების კვლევას და იძულებულნი გავხდით კვლავ განგვესაზღვრა ისინი. – ასეა, – თქვა მან. – ახლა კი გვმართებს განვიხილოთ, რა იწვევს ამნაირი ბუნების გადაგვარებას, რატომ იხრწნება ის უმრავლესობაში, ან რატომაა, რომ მხოლოდ ცოტანი თუ აღწევენ თავს ამ ხრწნილებას, და ისინი უკეთურებად თუ არა, უმაქნისებად მაინც არიან მიჩნეულნი. შემდეგ კი განვიხილავთ მათ მიმბაძველთა თვისებებს, მათსავე თანამოსაქმეებად რომ მოაქვთ თავი. ამ ხალხის ურიცხვი შეცდომა თუ მარცხი იმის შედეგია, რომ ფილოსოფოსობის ღირსნი არ არიან და არც ამისი უნარი შესწევთ. სწორედ ისინი უტეხენ სახელს ფილოსოფიას, რაზედაც შენ ლაპარაკობდი. – კი მაგრამ, მაინც რა იწვევს შენს მიერ ხსენებულ გადაგვარებას? – ვეცდები შეძლებისდაგვარად აგიხსნა. მე მგონია, ყველა დაგვეთანხმება, რომ იმნაირ ადამიანებს, ვისი სულიც აერთიანებს ყველა თვისებას, რაც, ჩვენი აზრით, უნდა ახასიათებდეს ჭეშმარიტ ფილოსოფოსს, იშვიათად ბადებს ბუნება. თუ შენ სხვაგვარად ფიქრობ? – არა, სავსებით გეთანხმები. – ამნაირი ხალხი ცოტაა, მაგრამ ნახე, რამდენი რამ უწყობს ხელს მათ გადაგვარებას. – მაინც? – ყველას ძალიან გააკვირვებს იმის გაგება, რომ ნებისმიერი თვისება, რაც ჩვენ ამ ხალხში მოვიწონეთ, დიახ, სწორედ ნებისმიერი ეს თვისება განაპირობებს მისი მფლობელი სულის გადაგვარებას და ფილოსოფიისაგან მის ჩამოშორებას. მე ვგულისხმობ სიმამაცეს, გონიერებას და, საერთოდ, ყველაფერს, რაც ზემოთ მიმოვიხილეთ. – მართლაც რომ საკვირველია. – ასევე ხრწნის და ფილოსოფიას აშორებს სულს ყოველივე ის, რაც სიკეთედ მიაჩნია ბრბოს: სილამაზე, სიმდიდრე, გავლენიანი ნათესაობა და სხვა მისთანანი. ალბათ გესმის, რასაც ვგულისხმობ. – ცხადია, მესმის, მაგრამ უფრო მეამებოდა, თუ დაწვრილებით ამიხსნიდი შენს აზრს. – თუ ყველაფერს მთლიანად და მართებულად მოიცავ აზრით, შენთვის სავსებით ცხადი გახდება და აღარ გეუცნაურება ის, რაც ამის თაობაზე ზემოთ ითქვა. – კი მაგრამ, მაინც რას მიბრძანებ, როგორ მოვიქცე? – როგორც მოგეხსენება, ყოველგვარი თესლი თუ ჩანასახი, ცხოველისა იქნება თუ მცენარისა, თუკი სათანადო საზრდოობას, ჰავას ან ნიადაგს მოკლებულია, მით უფრო მეტად კარგავს თავის თვისებებს, რაც უფრო ძლიერია თავად: რადგანაც ცუდი უფრო მკვეთრად უპირისპირდება კარგს, ვიდრე არა კარგს. – რა თქმა უნდა. – ხომ სრული უფლება გვაქვს ვამტკიცოთ, რომ უკეთესი ბუნება, მისთვის შეუფერებელი საზრდოობისას, გაცილებით მეტს კარგავს, ვიდრე უარესი? – ცხადია, გვაქვს. – კი მაგრამ, ადიმანტე, – ვუთხარი მე, – განა მაღალნიჭიერი სულიც ცუდი აღზრდისას უფრო მეტად არ უარესდება? ან იქნებ გგონია, რომ საზარელი დანაშაული თუ ბოროტმოქმედება სულის უნიჭობისაგან იღებს დასაბამს და არა მძლავრი ბუნებისაგან, რომელიც ბავშვობაში სათანადოდ ვერ აღზარდეს? სუსტი ბუნება კი ვერც დიდი სიკეთის მიზეზი გახდება და ვერც დიდი ბოროტებისა. – ვერა, – თქვა მან, – მეც ასე ვფიქრობ. – თუ ფილოსოფოსის ჩვენს მიერ განსაზღვრულ ბუნებას სათანადოდ აღზრდიან, მაშინ ის, თანდათანობითი განვითარების გზით, აუცილებლად მიაღწევს ნებისმიერ სიქველეს; მაგრამ თუ ის არასათანადო ნიადაგზე დაინერგა და აღიზარდა, მაშინ სრულიად საპირისპირო შედეგს მივიღებთ, თუკი მას რომელიმე ღმერთთაგანი არ შეეწია. ან იქნებ შენც ბრბოსავით ფიქრობ, რომ სოფისტების მიერ გარყვნილ ჭაბუკთა რიცხვი უმნიშვნელოა, ეს გამრყვნელნი კი კერძო პირები არიან და ამიტომ მხოლოდ მათზე თუ შეიძლება ვილაპარაკოთ? მაგრამ ის ხალხი, რომელიც ამას ამტკიცებს, თვითონვეა ყველაზე დიდი სოფისტი, რომელსაც შეუძლია თავის ნებაზე აღზარდოს და თავისებურად ჩამოაყალიბოს ახალგაზრდაც და ხნიერიც, ქალიც და კაციც. – კი მაგრამ, როდისღა ასწრებენ ამას? – როცა ისინი მოფუთფუთე ბრბოებად სხედან სახალხო თავყრილობებზე, სამსჯავროებში, თეატრებში, სამხედრო ბანაკებსა თუ საჯარო თავშეყრის სხვა ადგილებში და ყურთასმენის წამღები ყაყანით იწონებენ ან იწუნებენ ვისიმე გამოსვლას თუ მოქმედებას და თანაც ორსავე შემთხვევაში ყოველგვარი ზომიერების ზღვარს გადადიან; კლდეებიდან არეკლილი მათი გნიასი, გაშმაგებული ტაშისცემა, მოწონებისა თუ გმობის ყიჟინი მგრგვინავ ექოდ უბრუნდება მათივე თავშეყრის ადგილს და ორმაგად მძლავრობს ღრიალი. როგორ გგონია, რას უნდა განიცდიდეს ამნაირ ვითარებაში ყმაწვილი კაცის გული? რომელი კერძო მასწავლებლის გაკვეთილებს შეუძლია წინ აღუდგეს ყოველივე ამას? განა ყველაფერს არ წაშლის და წალეკავს ლანძღვა-გინებისა თუ ქება-დიდების ეს ბობოქარი ნაკადი? განა ყმაწვილი კაცი ამასვე არ მიიჩნევს სასახელოდ თუ სათაკილოდ? და, ბოლოს, განა ასეთივე არ გახდება თავადაც? – აუცილებლად, სოკრატე, – თქვა მან. – მაგრამ ჩვენ ჯერ არც გვიხსენებია ყველაზე დიდი აუცილებლობა. – მაინც რომელი? – აუცილებლობა, რომლის წყალობითაც ყოველივე ამას საქმესაც ზედ ურთავენ ეს აღმზრდელები და სოფისტები, როცა სიტყვით ვერ ახერხებენ ვისიმე დარწმუნებას. ნუთუ არ იცი, რომ ურჩს სამოქალაქო უფლებების ჩამორთმევით, ფულადი ჯარიმით და სიკვდილითაც კი სჯიან? – როგორ არ ვიცი. – კი მაგრამ, ვის, რომელ სხვა სოფისტს ან რომელ კერძო სწავლა-განათლებას შეუძლია წინ აღუდგეს ამნაირ აღზრდას? – მე მგონია, არცერთს. – რა თქმა უნდა; თვით ამნაირი მცდელობაც კი დიდი უგუნურება იქნებოდა; რადგანაც შეუძლებელია, შეუძლებელი იყო და კვლავაც შეუძლებელი იქნება, რომ სიქველის გაკვეთილები ცვლიდნენ უმრავლესობის მიერ ჩამოყალიბებულ ბუნებას; მე ადამიანურ აღზრდას ვგულისხმობ, ჩემო ძვირფასო, თორემ ღვთაებრივისათვის, ანდაზისა არ იყოს, გამონაკლისი უნდა დაგვეშვა. ისიც იცოდე, რომ თუ ამნაირი სახელმწიფოებრივი წყობილების პირობებში რაღაცა მაინც ასრულებს თავის დანიშნულებას და ის არის, რაც უნდა იყოს, ამას ღვთის წყალობას უნდა ვუმადლოდეთ მხოლოდ და მხოლოდ; შენ შეგიძლია ისე ამტკიცო ეს, რომ შეცდომის შიში არ გქონდეს. – მეც ასე ვფიქრობ, – თქვა ადიმანტემ. – ერთშიაც უნდა მერწმუნო. – რაში? – თქვა ადიმანტემ. – ყველა ეს კერძო მოვაჭრე, რომლებსაც სოფისტებს უწოდებს და თავის მეტოქეებად მიიჩნევს ხალხი, სხვა რამეს როდი ასწავლის თავის შეგირდებს, გარდა იმ აზრებისა თუ შეხედულებებისა, რასაც თავყრილობებზე გამოთქვამს უმრავლესობა, – და სწორედ ამას ასაღებს სიბრძნედ. ხომ არ გაგონებს ეს იმ კაცს, გულმოდგინედ რომ უვლის უზარმაზარსა და ძლიერ მხეცს, ბეჯითად სწავლობს მის ბუნებას, ჟინსა თუ ზნეს და იცის, საიდან მოუაროს, რა მხრივ მიუდგეს, როდის და რატომ მძვინვარებს ან მშვიდდება და ცხრება, რის გამო ღმუის, ან რისი გაგონება აღაგზნებს თუ ათვინიერებს. ყოველივე ამას რომ შეისწავლის ხანგრძლივი მოვლა-პატრონობის და დაკვირვების შედეგად, თავის გამოცდილებას ცოდნად მიიჩნევს, სახელმძღვანელოდ სახავს მას და ამის მიხედვით წვრთნის შეგირდებსაც; თუმცა წარმოდგენაც არა აქვს, რა არის ამ მხეცის ქცევაში კარგი ან ცუდი, საქები ან საძრახისი, მოსაწონი ან დასაწუნი, სამართლიანი ან უსამართლო, არამედ ყველაფერს მისი ქცევისა და ზნე-ჩვეულების მიხედვით აფასებს: რაც მხეცისთვის სასიამოვნოა, სიკეთედ სახავს, უსიამოვნოს კი ბოროტებად, თუმცა სინამდვილეში არც ერთის და არც მეორის არა გაეგება რა; ამიტომაცაა, რომ ერთმანეთში ურევს, ერთის მხრივ, სამართლიანობასა და მშვენიერებას, მეორეს მხრივ კი – აუცილებლობას. მაგრამ რაკი აუცილებლობის ბუნება არსებითად განსხვავდება სიკეთის ბუნებისაგან, ვერც თვითონ ხედავს და ვერც სხვას უჩვენებს ამას. ახლა კი, ზევსის გულისათვის, მითხარი, განა უცნაურად არ გეჩვენება ამნაირი აღმზრდელი? – რა თქმა უნდა. – კი მაგრამ, რა განსხვავებაა ამ კაცსა და იმას შორის, ვინც სიბრძნეს აიგივებს იმის ცოდნასთან, თუ რა მოსწონს ან რა არ მოსწონს ერთად თავშეყრილი ნაირგვარი ხალხის უმრავლესობას? – მხატვრობა იქნება ეს, მუსიკა თუ თვით პოლიტიკა? ვინც ბრბოს გასაცნობად წარუდგენს თავის პოემას, ხელოვნების ქმნილებას ან სახელმწიფო მოღვაწეობის გეგმას, ამ ბრბოს უფრო მეტად აქცევს თავის მბრძანებლად, ვიდრე აუცილებლობა მოითხოვს ამას; და მაშინ, «დიომედესის გასაჭირისა» არ იყოს, იძულებულია აღასრულოს ის, რაც აკმაყოფილებს ბრბოის გემოვნებას. მაგრამ სინამდვილეში კარგია ეს თუ ცუდი, ერთხელ მაინც თუ გსმენია, რომ ვინმეს თავისთვის მაინც ეცადა ამის გარკვევა და სასაცილო არ გამხდარიყო ხალხის თვალში? – არა, – თქვა მან, – არცა მსმენია და ვერც ვერასდროს მოვისმენ. – მაშ, ახლა, ყოველივე ამის გათვალისწინებით, ერთხელაც შეგახსენებ: შეიძლება თუ არა, ბრბომ შეიგნოს და აღიაროს, რომ არსებობს მშვენიერება თავისთავად, განსხვავებით მშვენიერი საგნებისაგან, და არსებობს ბევრი სხვა არსიც თავისთავად, განსხვავებით ცალკეულ საგანთა სიმრავლისაგან? – არასდიდებით, – თქვა მან. – მაშასადამე, შეუძლებელია ბრბოის ფილოსოფოსობა. – დიახ, შეუძლებელია. – ესე იგი, ვინც ფილოსოფოსობს, აუცილებლად იგმობა ბრბოის მიერ? – აუცილებლად. – და იმ კერძო პირთა მიერაც, ბრბოს რომ შერევიან და ცდილობენ თავი მოაწონონ მას? – ცხადია. – აქედან გამომდინარე, რა გესახება ფილოსოფიური ბუნების ხსნად? რანაირად შეუძლია მას კვლავ მისდიოს თავის საქმეს და, ამრიგად, მიაღწიოს თავის მიზანსაც? იმის მიხედვით განსაჯე, რაც ზემოთ ითქვა: აკი შევთანხმდით, რომ ამნაირი ბუნებისათვის ნიშნეულია შემდეგი თვისებები – ცოდნის ადვილად შეთვისების უნარი, სიმამაცე და დიდსულოვნება. – დიახ. – ამნაირი ადამიანი პირველი იქნება ტოლ-სწორთა შორის, მით უმეტეს, თუ ხორცითაც ისევე სრულქმნილია, როგორც სულით. – რა თქმა უნდა. – ახლობლები და თანამოქალაქენი, ალბათ, მოინდომებენ რაიმე საქმე მიანდონ, როცა მოიწიფება, არა? – რასაკვირველია. – მაშასადამე, ფეხქვეშ ჩაუვარდებიან მავედრებელნი და თაყვანს სცემენ, რათა თავი მოუქონონ მლიქვნელობით და, ამრიგად, წინასწარვე მოიპოვონ მისი კეთილგანწყობილება. – ხშირად ასე ხდება. – მერედა, რას იზამს ეს კაცი ამნაირ ხალხში, მით უმეტეს, თუ ბედმა დიდი სახელმწიფოს მოქალაქეობა, სიმდიდრე, კეთილშობილური წარმომავლობა, სილამაზე და წარმოსადეგობა არგუნა წილად? ხომ არ წარმოიდგენს, შლეგური იმედებით თავბრუდასხმული და გაყოყოჩებული, რომ მხოლოდ ის უნდა განაგებდეს ბერძენთა და ბარბაროსთა საქმეებს? ცამდე ხომ არ ააღერინებს თავს ფუჭი პატივმოყვარეობა და ყურს აღარ ათხოვებს გონების ხმას? – უეჭველად. – ასე თავგასულს მშვიდად რომ მიახლოებოდა ვინმე და სიმართლე ეთქვა – ჭკუა გაკლია და ნამდვილად არ გაწყენდა მისი შეძენა, მაგრამ ამას დიდი ძალისხმევა სჭირდებაო, – როგორ გგონია, ამდენი უკეთური გრძნობით თავბრუდახვეულს გაუადვილდებოდა მისი სიტყვების მოსმენა? – არამც და არამც. – და მაინც, თუ ბუნებით თანდაყოლილი თვისებებისა და კეთილშობილების წყალობით, ეს სიტყვები სათანადო გამოძახილს ჰპოვებენ მის სულში, რასაც შეუძლია დაარწმუნოს და ფილოსოფიის მიმართ მიაქციოს იგი, შენი აზრით, როგორ მოიქცევიან ამ შემთხვევაში მისი მაამებელნი, რაკიღა დაინახავენ, რომ ხელიდან ეცლებათ თავიანთი მფარველი და ის წყალობაც, მისგან რომ მოელოდნენ? განა ყოველნაირად, სიტყვით თუ საქმით, არ ეცდებიან გადაარწმუნონ და, იმავდროულად, გააქარწყლონ მისი კეთილისმყოფელი მრჩევლის სიტყვებიც? მრჩევლისა, რომელსაც ან მალულად დაუგებენ მახეს, ან სამსჯავროში უჩივლებენ, რათა საჯაროდ აგებინონ პასუხი. – ეს გარდუვალია. – მერედა, რამდენად შესაძლებელია, რომ ამ კაცმა ფილოსოფიას მიუძღვნას თავი? – ნაკლებად. – ხომ ხედავ, რომ არ შევმცდარვართ, როცა ვთქვით, რომ ფილოსოფიური ბუნების განმსაზღვრელი თვისებები, როცა მათ სათანადო აღზრდა აკლიათ, თვითონვე ხდებიან იმის მიზეზი, რომ ადამიანი ღალატობს თავის მოწოდებას, და ამაში ყოველივე იმასაც მიუძღვის ბრალი, რაც სიკეთედ მიაჩნია ბრბოს: ვთქვათ, სიმდიდრეს და სხვა მისთანათ. – არა, – თქვა მან, – არ შევმცდარვართ; პირიქით, მართალნი ვიყავით. – აი, როგორ ხდება, ჩემო საოცარო, ყველაზე უკეთეს ბუნებათა გადაგვარება, რომელთა დანიშნულებაც უკეთილშობილურესი საქმის სამსახური იყო. ამნაირი ბუნების ხალხი, ჩვენი მტკიცებით, ცოტაა. სწორედ მათი წრიდან გამოსულნი აყენებენ ყველაზე დიდ ზიანს სახელმწიფოებსაც და კერძო პირთაც, და ამავე წრეს ეკუთვნიან ყველაზე დიდი კეთილისმყოფელნიც, როცა თავიანთ დანიშნულებას არ ღალატობენ. უმწეო ბუნება კი ვერასოდეს აღასრულებს რაიმე დიადს. ვერც კერძო პირისა და ვერც სახელმწიფოს საკეთილდღეოდ. – მართალს ბრძანებ, – თქვა მან. – როცა ფილოსოფიას ზურგს აქცევენ ისინი, ვისაც ყველაზე მეტად მართებდა მისი სამსახური, ის ეულად და უნაყოფოდ რჩება, ზურგის მქცეველნი კი მათი საკუთარი ბუნებისა და ჭეშმარიტებისათვის უკადრისი ცხოვრებით ცხოვრობენ. დაობლებულსა და თვისტომთაგან განწირულ ფილოსოფიას კი უღირსნი ეპატრონებიან, სახელს რომ უტეხენ, პატივს ხდიან და, შენი თქმისა არ იყოს, ბღალავენ მას. ამ უღირსთა შორის ზოგი მართლაც რომ უბადრუკია, უმრავლესობა კი – ყველაზე უარესი ხვედრის ღირსი. – ასე ამბობენ. – და მართალსაც ამბობენ. როდესაც უბადრუკი კაცუნები დაინახავენ, რომ დიდებული სახელებითა და მოჩვენებითი ბრწყინვალებით სავსე ადგილი გათავისუფლდა, პატიმრებისა არ იყოს, თავიანთი საპატიმროებიდან გამოქცეულნი ტაძრებს რომ აფარებენ თავს, გახარებულნი ხელს იღებენ თავიანთ ხელობაზე და ფილოსოფიას აწყდებიან; მეტადრე ისინი, ვინც უფრო მარჯვედ და უნარიანად უძღვება თავის პატარა საქმეს. რადგანაც ფილოსოფია, თავისი მიგდებულობის მიუხედავად, მაინც უფრო დიდი პატივით სარგებლობს, ვიდრე რომელიც გნებავთ ხელობა თუ ხელოვნება, რაც ესოდენ დაუოკებელი ძალით იზიდავს მისკენ უღირსსა და უბადრუკ, მძიმე შრომით ხორციელად დამახინჯებულსა და სულიერად დასახიჩრებულ ხალხს; განა შეიძლება სხვაგვარად იყოს? – არამც და არამც. – კაცმა რომ თქვას, რითი განსხვავდებიან ისინი თავმოტვლეპილი და ჯუჯა მჭედლისაგან, ცოტა ხნის წინათ რომ გამოვიდა საპატიმროდან, იბანავა, ახალი მოსასხამი მოისხა, სასიძოსავით მოიკაზმა და თავისი გაღატაკებული ბატონის ქალიშვილზე აპირებს დაქორწინებას? – არაფრით. – რა უნდა დაიბადოს ამნაირი ქორწინებისგან, უკანონო და უვარგისი შთამომავლობის გარდა? – სხვა არაფერი. – მერედა, როცა უღირსი და უვიცი ხალხი ფილოსოფიას უშინაურდება და, თავისი უღირსობის მიუხედავად, ურთიერთობას ამყარებს მასთან, რა აზრები და შეხედულებები შეიძლება იშვან ამნაირი ურთიერთობისაგან? თუ მათ შესაფერის სახელს დავარქმევთ, – მხოლოდ სოფიზმები, და არა კანონიერი, არა ჭეშმარიტი სიბრძნე. – უცილობლად. – ძალიან ცოტაა იმ ხალხის რიცხვი, ადიმანტე, ვისაც შეუძლია ღირსეული ურთიერთობა დაამყაროს ფილოსოფიასთან: ან ის, ვინც საუცხოო აღზრდის წყალობით ბოლომდე შეინარჩუნა კეთილშობილება, და ვისაც მხსნელად მოევლინა თვით სამშობლოდან განდევნა, რის შედეგადაც თავი დააღწია უკეთური სინამდვილის დამღუპველ ზემოქმედებას და ზურგი არ აქცია ფილოსოფიას; ან ორიოდე დიდსულოვანი კაცი, რომელსაც ბედმა პატარა სახელმწიფოს მოქალაქეობა არგუნა წილად და დაუფარავი ზიზღით უყურებს ყოველგვარ თანამდებობას თუ საზოგადოებრივ მოღვაწეობას; ან თითო-ოროლა მაღალი ნიჭით ცხებული სული, ფილოსოფიის გულისთვის რომ ღალატობს თავის საკუთარ ხელობას, რომელიც სავსებით სამართლიანად მიაჩნია უფრო მდარედ; ზოგს შეიძლება ლაგამი ამოსდოს და განდგომის ნება არ მისცეს მისმავე საკუთარმა მდგომარეობამ, როგორც, მაგალითად, ჩვენს მეგობარ თეაგეს, რომელსაც ყველა მონაცემი ჰქონდა საიმისოდ, რომ განდგომოდა ფილოსოფიას, მაგრამ ჯანმრთელობაზე მუდმივი ზრუნვა აიძულებს უარი თქვას პოლიტიკაზე. აღარაფერს ვიტყვი ჩემს დემონიურ ნიშანზე, რადგანაც საეჭვოა წარსულში თუნდაც ერთი ამნაირი მაგალითი მოიძებნებოდეს. ვინც ამ მცირერიცხოვან რჩეულთა წრეს ეკუთვნის და პირადად განუცდია ფილოსოფიით მონიჭებული სიამოვნება და ნეტარება, ვინც არაერთხელ ყოფილა ბრბოის სიშლეგის მოწმე, ვისაც არ ახსოვს თუნდაც ერთი პოლიტიკოსის გონივრული საქმე, ვინც იცის, რომ ერთ მოკავშირესაც ვერ ჰპოვებს, ვისთან ერთადაც შეიძლება ისე შეეწიოს სამართლიანობას, რომ ეს სიცოცხლის ფასად არ დაუჯდეს, – თავს ისე გრძნობს, როგორც ველური მხეცების ხროვაში, რომელთა სისხლიან თარეშში მონაწილეობას ხელაღებით უარყოფს, თუმცა იმისი ძალი კი არ შესწევს, რომ მარტოდმარტო აღუდგეს წინ მათ მძვინვარებას, რადგანაც იცის, რომ მანამდე წააგებს თავს, ვიდრე რამეში წაადგებოდეს სახელმწიფოს ან თავის მეგობრებს, ვერც თავს არგებს რასმე და ვერც სხვებს დაიხსნის გაჭირვებისგან. ამაში ღრმად დარწმუნებული სიმშვიდეს არჩევს და აუმღვრევლად აკეთებს თავის საქმეს. როგორც მგზავრი თავსხმასა თუ გრიგალში დაეძებს თავშესაფარს, ისიც თავისი სიმყუდროვიდან აკვირდება უკანონობის თავაწყვეტილ პარპაშს და ბედნიერია იმის შეგნებით, რომ უსამართლობასა და უწმინდურობას გარიდებული მშვიდად გალევს ამ წუთისოფელს, მერე კი, უკეთესი ხვედრის მოლოდინში, უდრტვინველად გაეცლება მას. – მაშასადამე, ისე როდი წავა აქედან, რომ დიდი საქმეები არ აღასრულოს. – მაგრამ არა ყველაფერი, რისი უნარიც ჰქონდა, სახელმწიფო წყობილება მისი შესაფერისი რომ ყოფილიყო. სათანადო წყობილების პირობებში კი არა მარტო მეტს მიაღწევდა, არამედ იმასაც შეძლებდა, რომ პირად ბედნიერებასთან ერთად საზოგადო კეთილდღეობაც უზრუნველეყო. ამრიგად, ფილოსოფიისადმი წაყენებული ბრალდებისა და ამ ბრალდების უსაფუძვლობის შესახებ, ჩემი აზრით, საკმარისად ვილაპარაკეთ; თუ, რა თქმა უნდა, შენი მხრივ არაფერს დაუმატებ ამას. – არა, – თქვა მან, – არაფერი მაქვს სათქმელი. მაგრამ დღევანდელ სახელმწიფო წყობილებათა შორის მაინც რომელს მიიჩნევ ფილოსოფიისათვის შესაფერისად? – ვერცერთს, – მივუგე მე, – ჩემი დრტვინვის მიზეზიც ისაა, რომ ვერცერთს ვერა ვცნობ ფილოსოფიური ბუნების ღირსად, მათი წყალობით რომ იბღალება და იერს იცვლის. როგორც ახალ ნიადაგზე გადანერგილი თესლი იცვლის ბუნებას და ადგილობრივ მცენარეთა თვისებებს იძენს, ფილოსოფიური ბუნებაც დღევანდელ პირობებში ვერ ახერხებს თავისი ძალმოსილების შენარჩუნებას და თითქმის მთლიანად იცვლის სახეს. მაგრამ თუ სახელმწიფო წყობილება, თავისი სრულყოფილებით, მის ბუნებას ესატყვისება, მაშინ კი ნახავთ, რომ ის ჭეშმარიტად ღვთაებრივია, ყოველივე დანარჩენს კი, ბუნებასაც და საქმიანობასაც, მხოლოდ ადამიანური თუ შეიძლება ეწოდოს. ამის შემდეგ შენ, ალბათ, მკითხავ, ეს რა სახელმწიფო წყობილებააო? – ცდები, – თქვა მან, – ეგ კი არა, აი, რა მინდოდა მეკითხა: სხვა წყობილებას გულისხმობ თუ იმას, რომლის გეგმაც უკვე მოვხაზეთ ჩვენი სახელმწიფოს დაფუძნებისას? – ამ უკანასკნელს. ხომ უკვე ითქვა, რომ სახელმწიფოში უნდა იყოს გარკვეული საწყისი, ისევე რომ განმარტავდა საქმის არსს, როგორც შენ, კანონმდებელი, კანონთა დადგენისას? – დიახ, უკვე ითქვა. – მაგრამ ჩვენ საკმარისად არ განგვიმარტავს ეს საკითხი, იმისი შიშით, რომ უთუოდ დაგვიპირისპირდებოდით და ერთხმად დაიწყებდით მტკიცებას, მაგის განმარტება დიდ დროს მოითხოვს და თანაც ძალიან ძნელი საქმეაო; მით უმეტეს, რომ არც დანარჩენია ადვილი. – მაინც რა? – რანაირად უნდა იყენებდეს სახელმწიფო ფილოსოფიას, რომ არ დაიღუპოს. ყოველივე დიადი ხომ არამყარია, ყოველივე მშვენიერი კი, როგორც მართებულად ამბობენ, – ძნელი. – მაგრამ ბარემ ბოლომდე მიიყვანე შენი მტკიცება და ესეც განმარტე. – თუ ვერ განვმარტე, ამის მიზეზი ის კი არ იქნება, რომ არ მინდა, არამედ ის, რომ არ შემიძლია. ახლავე დაგანახებ ჩემს გულმოდგინებას. მაშ, დაუკვირდი, რა თამამად და წარბშეუხრელად ვიწყებ იმის მტკიცებას, რომ სახელმწიფო სულ სხვანაირად უნდა უდგებოდეს ამ საკითხს, ვიდრე ამჟამად. – მაინც როგორ? – დღესდღეობით, ბავშვობის ასაკიდან ახლად გამოსულ ყმაწვილკაცთა გარდა ახლოსაც არვინ ეკარება ფილოსოფიას, მაგრამ როგორც კი მიაღწევენ მის ყველაზე ძნელ ნაწილს, დაოჯახებულნი საქმეს ჰკიდებენ ხელს და საბოლოოდ ემშვიდობებიან მას, თუმცა დიდ ფილოსოფოსებად კი მოაქვთ თავი. ხოლო ფილოსოფიის ყველაზე ძნელ ნაწილს მე ვუწოდებ დიალექტიკას. შემდგომში ისიც დიდ საქმედ მიაჩნიათ, თუ კეთილ-ინებეს და ვისიმე რჩევით დაესწრნენ ფილოსოფიურ საუბრებს. რადგანაც სწამთ, რომ ეს საქმე ისე, სასხვათაშორისოდ უნდა აკეთო. სიბერეში კი, იშვიათ გამონაკლისთა გარდა, უფრო მალე ქრებიან, ვიდრე ჰერაკლიტეს მზე, რომელიც აღარასოდეს აღარ ანათებს. – მაშ, როგორ უნდა მისდევდე ფილოსოფიას? – სულ სხვანაირად. სიყრმესა და სიყმაწვილეში ბავშვებს მათი ასაკის გათვალისწინებით უნდა ასწავლიდნენ ფილოსოფიას და განსაკუთრებულ მზრუნველობას იჩენდნენ მათი სხეულის მიმართ, ვიდრე ის იზრდება და ვითარდება, რათა ფილოსოფიის სამსახურად მოამზადონ ისინი. ხოლო მოწიფულობის ჟამს, როცა საბოლოოდ ყალიბდება სული, შესაბამისად უნდა გაართულონ და გაახანგრძლივონ მისი წვრთნა. და ბოლოს, როცა ადამიანს ძალა აკლდება, ასე რომ, აღარც სახელმწიფო მოღვაწეობის თავი აქვს და აღარც სამხედრო სამსახურისა, მაშინ კი თავის ნებაზე უნდა მიუშვან, რათა მხოლოდ ფილოსოფიას მიუძღვნას თავი, ვისაც სურს ნეტართა სიცოცხლით იცოცხლოს, სიკვდილის შემდეგ კი ღირსეული სიცოცხლის საკადრისი სანაცვლო მიეგოს იმ ქვეყნად. – მართალი გითხრა, დიდი გზნებით კი ლაპარაკობ, სოკრატე. მაგრამ, მე თუ მკითხავ, შენი მსმენელები, თრასიმაქედან მოყოლებულნი, სულაც არ იზიარებენ შენს მგზნებარებას, რაკიღა ისინი ვერაფერშიც ვერ დაარწმუნე. – თრასიმაქეს მაინც ნუ გადამკიდებ; ეს-ესაა დავმეგობრდით, თუმცა არც უწინ ვყოფილვართ მტრები. ყოველნაირად ვეცდები დავარწმუნო ისიც და დანარჩენებიც, ან რაღაცა მაინც ვარგო მომავალ ცხოვრებაში, როცა ხელახლა შობილნი კვლავ დადგებიან ამნაირ საკითხთა წინაშე. – არც ისე შორეულ დროზე ლაპარაკობ. – რა არის ეს დრო მარადისობასთან შედარებით? ხოლო ის, რომ ხალხს სხვისი სიტყვებისა არ სჯერა, სულაც არ არის საკვირველი. მას ხომ არასოდეს უნახავს ის, რაზედაც ახლა ვმსჯელობთ? მისთვის ეს მხოლოდ სიტყვებია, ერთმანეთს გარკვეული მიზნით მისადაგებულნი, და არა ერთიმეორისაგან თავისთავად გამომდინარე აზრები. იმნაირი კაცისთვის კი, სიტყვით თუ საქმით სიქველის განსახიერებად რომ გვევლინება და ბრძნულად მართავს ჩვენს მიერ დაარსებულ სახელმწიფოს, რაც მართალია, მართალია, ერთხელაც არ მოუკრავს თვალი, არც ერთისთვის და არც ბევრისთვის. – არცერთხელ. – ერთხელაც არ დასწრებია, ჩემო ნეტარო, იმ მომხიბლავსა და კეთილშობილურ საუბრებს, სადაც ასე გულმოდგინედ და ათასგვარი საშუალებით დაეძებენ ჭეშმარიტებას მხოლოდ და მხოლოდ შემეცნების მიზნით; საუბრებს, რომლებსაც საერთო არა აქვთ რა დიდების მაძიებელთა ყალბ ენამჭევრობასთან, სამსჯავროებში მოპირისპირე მხარეთა დავასა თუ კერძო პირთა ცილობასთან. – მართლაც. – აი, რატომაა, რომ თუმცა წინასწარ ვგრძნობდით და ვუფრთხოდით კიდეც ამას, – ჭეშმარიტების კარნახით იძულებულნი ვამტკიცებდით, რომ ვერც სახელმწიფო და ვერც კერძო პირი ვერასოდეს მიაღწევს სრულყოფილებას, თუკი აუცილებლობა არ აიძულებს ფილოსოფოსთა ამ მცირერიცხოვან ჯგუფს, რომელთაც უკეთურებად თუ არა, უმაქნისებად მაინც თვლიან, თავს იდოს სახელმწიფოზე ზრუნვა, თვით სახელმწიფოს კი მოუწევს დაემორჩილოს მათ მმართველობას; ან თუ ღვთაებრივი ზეშთაგონება ფილოსოფიის მიმართ გულმხურვალე სიყვარულს არ ჩაუნერგავს დღევანდელ მეფეებს და მბრძანებლებს, ან მათ მემკვიდრეებს. იმის მტკიცება, რომ ამ ორი შესაძლებლობიდან ერთ-ერთი ან ორივე განუხორციელებელია, მე გაუმართლებლად მიმაჩნია. წინააღმდეგ შემთხვევაში სავსებით სამართლიანად აგვიგდებდნენ საცინლად – საქმე გამოგლევიათ და წყალს ნაყავთო; ასეა, არა? – დიახ. – თუკი გარდასულ საუკუნეთა განმავლობაში ოდესმე მაინც მომხდარა, რომ სახელოვან ფილოსოფოსებს აუცილებლობის კარნახით თავს ედვათ სახელმწიფოს მმართველობა, ან ახლა ხდება ჩვენი თვალისათვის მიუწვდომელ ამა თუ იმ ბარბაროსულ ქვეყანაში, ანდა მომავალში მოხდება, ჩვენ მზად ვართ დაჟინებით ვამტკიცოთ, რომ ამნაირი სახელმწიფო არსებობდა, არსებობს და კვლავაც იარსებებს, თუკი მის მბრძანებლად ფილოსოფიის მუზა გვევლინება. ამნაირი სახელმწიფოებრივი წყობილების დამყარება დიახაც შესაძლებელია, ასე რომ, ჩვენ შეუძლებელზე როდი ვლაპარაკობთ, თუმცა იმას კი ვაღიარებთ, რომ ეს ძალიან ძნელი საქმეა. – მეც ასე ვფიქრობ, – თქვა მან. – მაშინ, ჩემო ნეტარო, ნურც ასე მკაცრად დაადანაშაულებ უმრავლესობას. ის ნამდვილად შეიცვლის აზრს, თუკი მისი ლანძღვის ნაცვლად ეცდები მშვიდად უარყო ფილოსოფიისათვის წაყენებული ყველა ბრალდება და უჩვენო, ვინ არიან ფილოსოფოსები, როგორია მათი ბუნება და საქმიანობა, რათა ბრბომ არ იფიქროს, თითქოს იმათზე ელაპარაკები, ვისაც თვითონვე მიიჩნევს ფილოსოფოსებად. ამ თვალით რომ დაანახებ საქმის არსს, თავად დარწმუნდები, რომ მას უკვე განსხვავებული აზრი შეექმნა და სულ სხვანაირად ლაპარაკობს მათზე. იქნებ გგონია, რომ ბრბოს შეიძლება აღიზიანებდეს ის, ვინც თვითონვე არ ღიზიანდება, ანდა შურით უყურებდეს მას, ვინც თვითონ არ არის მოშურნე? დაგასწრებ და ბარემ ახლავე გეტყვი, რომ ამნაირ უჟმურს იშვიათად თუ შეხვდები ხალხში, უმრავლესობისათვის კი უცხოა ეს უხიაგობა. – სავსებით ვიზიარებ შენს აზრს. – იმასაც თუ იზიარებ, რომ ფილოსოფიისადმი უმრავლესობის უარყოფით დამოკიდებულებაში ბრალი მიუძღვის გარეშე ხალხს, ღრიანცელით რომ იჭრება იქ, სადაც აშკარად არ არის მისი ადგილი, ლანძღვა-გინებით იკლებს და შეურაცხყოფას აყენებს არა მარტო სხვებს, არამედ საკუთარ თავსაც, ერთი სიტყვით, ისე იქცევა, ყველაზე ნაკლებ რომ შეჰფერის ფილოსოფიას. – აქაც გეთანხმები. – მართლაცდა, ადიმანტე, ვისაც თავის მოწოდებად ჭეშმარიტების ჭვრეტა დაუსახავს, საიმისოდ სადა სცალია, რომ, ზეცას კი არა, თვალდახრილი უმზერდეს კაცთა ფუჭ ფუსფუსს და მათი უკეთურების წინააღმდეგ აღძრული მათივე შუღლითა და შურით ივსებოდეს? არა, წარუვალ არსთა მწყობრი წესრიგის და უცვლელობის, სამყაროული ჰარმონიისა და გონების მჭვრეტი სწორედ მათ ბაძავს და, შეძლებისდაგვარად, მათვე ემსგავსება. ან იქნებ გგონია რომ შეიძლება არ ბაძავდე იმას, რასაც აღტაცების გარეშე ვერ უახლოვდები? – არა, ეს შეუძლებელია, – თქვა მან. – ამ ღვთაებრივად მოწესრიგებულ სამყაროს რომ უახლოვდება, ადამიანის სულსაც ეუფლება ეს ღვთაებრიობა, რამდენადაც მისი ტვირთვა შეუძლია მოკვდავ ბუნებას. გმობით კი შეიძლება ყველაფერი ჰგმო ამ ქვეყნად. – რა თქმა უნდა. – ხოლო თუ აუცილებლობა აიძულებს კაცთა კერძო თუ საზოგადო ყოფაში დანერგოს ის, რასაც ზეციურ სამყაროში ჭვრეტს, როგორ გგონია, განა ცუდი დამნერგავი იქნება ზომიერების, სამართლიანობისა თუ სხვა სამოქალაქო სიქველისა? – არამც და არამც. – მაგრამ თუ ხალხი შეიგნებს, რომ სიმართლეს ვეუბნებით ფილოსოფოსებზე, განა კვლავ აღშფოთებული აღიძვრის მათ წინააღმდეგ და უნდობლად მოეკიდება ჩვენს სიტყვებს, რომელთა თანახმადაც სახელმწიფო ვერასოდეს ვერ მიაღწევს კეთილდღეობას, თუკი ჭეშმარიტ ხელოვანთა მიერ ღვთაებრივი ნიმუშის მიხედვით შედგენილი გეგმა არ უდევს საფუძვლად? – თუ შეიგნო, აღარც აღშფოთდება; მაგრამ როგორ შეადგენენ ამ გეგმას? – როგორ და, ფიცარივით აიღებენ სახელმწიფოს თუ ხალხის ზნეობას და, უწინარეს ყოვლისა, გულმოდგინედ გაწმენდენ, რაც სულაც არ არის ადვილი. როგორც თავად მოგეხსენება, სხვებისგან იმითაც განსხვავდებიან, რომ არც სახელმწიფოს გადაკეთებას მიჰყოფენ ხელს, არც კერძო პირისას და არც კანონებს შექმნიან სახელმწიფოსათვის, ვიდრე გაწმენდილს არ ჩაიბარებენ, ან თვითონვე არ გაწმენდენ მას. – მართალს ბრძანებ. – და მხოლოდ ამის შემდეგ მოხაზავენ სახელმწიფო წყობილების გეგმას. – რა თქმა უნდა. – შემდეგ კი, ამ ნახაზის დასრულებისას, უპირატესად ორ რამეს მიაქცევენ ყურადღებას: ერთის მხრივ, იმას, რაც თავისი არსით სამართლიანია, მშვენიერი და გონიერი, მეორეს მხრივ კი – იმას, რაც ასეთივეა ადამიანებში. ხოლო შემდეგ ამ თვისებათა შერწყმა-შერევით – ადამიანის პირველსახეს, იმის მიხედვით, რასაც ჰომეროსი ადამიანებში ღვთაებრივსა და ღვთისდარს უწოდებს. – ეს იქნებოდა უმშვენიერესი სურათი. – კეთილი და პატიოსანი, – ვუთხარი მე, – ნუთუ ახლაც ვერ დავარწმუნეთ ის ხალხი, მწყობრად დარაზმული რომ მოიწევდა ჩვენზე, და ვერ დავანახეთ, რომ ამნაირი სახელმწიფოს მხატვარი სწორედ ის კაცია, რომელსაც წეღან ვაქებდით, ჩვენი მოწინააღმდეგენი კი გააფთრებით გვიტევდნენ, ვის ანდობთ სახელმწიფოს მმართველობასო? ეს რომ მოესმინათ, ნუთუ ოდნავ მაინც არ დაცხრებოდნენ? – რა თქმა უნდა, თუ ჭკუის ნატამალი მაინც შერჩათ. – ან რას იტყოდნენ საპასუხოდ? იქნებ იმას, ფილოსოფოსები გატაცებით არ მიელტვიან არსსა და ჭეშმარიტებასო? – მაგრამ ეს ხომ სისულელე იქნებოდა. – ან იქნებ იმას, რომ ჩვენს მიერ დახატული ფილოსოფიური ბუნება არ ენათესავება სიკეთეს? – არც ეს იქნებოდა ნაკლები სისულელე. – კი მაგრამ, ეს თუ არა, სხვა რა იქნებოდა ფილოსოფიურ ბუნებაზე უფრო ბრძენი და უფრო ქველი, ამ უკანასკნელს სათანადო გამოყენება რომ ეპოვა? იქნებ ჩვენს მიერ უარყოფილი ესა თუ ის ბუნება? – რა თქმა უნდა, არა. – კვლავაც გაცოფდებოდნენ, თუ ვიტყოდით, რომ არც სახელმწიფოს და არც მის მოქალაქეებს არ დაადგებათ საშველი, ვიდრე სახელმწიფოს ფილოსოფოსთა მოდგმა არ ჩაუდგება სათავეში, ან იმნაირი წყობილება არ დამყარდება, ჩვენ რომ დავხატეთ? – ალბათ ეს ნაკლებ გააცოფებდათ. – მოდი, საერთოდ მოვეშვათ ამ «ნაკლებს» და პირდაპირ ვთქვათ, რომ ისინი სავსებით დაცხრებოდნენ და დაწყნარდებოდნენ, სხვაზე რომ აღარაფერი ვთქვათ, სირცხვილის გამო მაინც. – ბატონი ბრძანდები. – მაშ, შევთანხმდეთ, რომ ამ მხრივ უკვე დავარწმუნეთ ისინი; მაგრამ ვინ შემოგვედავება იმაში, რომ მეფეებისა თუ მბრძანებლების მემკვიდრეთა შორისაც შეიძლება გამოერიონ ბუნებით ფილოსოფოსნი? – ვერავინ. – და რაკი შეიძლება გამოერიონ, ვითომ რა აუცილებელია, რომ ხრწნილებას დაექვემდებარონ ისინი? თავისთავადობის შენარჩუნება რომ ძნელია მათთვის, ამას თვითონაც ვაღიარებთ, მაგრამ ვის შეუძლია ამტკიცოს, რომ დროთა განმავლობაში ერთიც ვერ იხსნის თავს? – ვერავინაც ვერ გაბედავს მაგის მტკიცებას. – მაგრამ ერთი ამნაირი კაციც კი, რომელსაც მთელი სახელმწიფო ემორჩილება, სავსებით საკმარისია, რათა აღასრულოს ყოველივე ის, რაც დღეს შეუძლებელი ეჩვენებათ. – დიახ, სავსებით საკმარისია. – რადგან თუ ეს მბრძანებელი იმნაირ კანონებსა და ადათ-წესებს დანერგავს, ჩვენ რომ აღვწერეთ, გამორიცხული არ არის, რომ მოქალაქენი სიამოვნებით აღასრულებენ მათ. – სულაც არ არის გამორიცხული. – მაგრამ ის კი გამორიცხულია და შეუძლებელი, რომ იმას, რაც ჩვენ მოვიწონეთ, სხვებიც იწონებდნენ? – მე თუ მკითხავ, არა. – ჩვენ კი, მე მგონია, საკმაოდ დამაჯერებლად დავამტკიცეთ, რომ ჩვენი გეგმა ყველაზე უმჯობესია, თუკი შესაძლებელია მისი ხორცშესხმა. – დიახ, საკმაოდ დამაჯერებლად. – მაშ, ახლა, როგორც ჩანს, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ ჩვენი საკანონმდებლო გეგმა ყველაზე უკეთესი უნდა იყოს, თუკი შესაძლებელია ხორცი შევასხათ მას, და, მართალია, ეს ძალზე ძნელია, მაგრამ არა შეუძლებელი. – რა თქმა უნდა, შეგვიძლია. – რაკი ეს საკითხი, ასე თუ ისე, უკვე მოგვარდა, ახლა სხვასაც უნდა მივხედოთ: რა გზით, რომელი მეცნიერების მეშვეობით ან რანაირი წვრთნით უნდა აღვზარდოთ და ჩამოვაყალიბოთ სახელმწიფოს მხსნელნი, ან რა ასაკში უნდა მივანდოთ ესა თუ ის საქმე. – დიახ, ესეც მისახედია. – ჩემი სიმარჯვე არაფერშიც არ გამომადგა, – ვთქვი მე, – რაკიღა დუმილით ავუარე გვერდი ცოლების შერთვის, ბავშვების კეთებისა თუ სახელმწიფო თანამდებობებზე ხალხის გამწესების საკითხს, რადგანაც ვიცოდი, რომ მართლის მთქმელს ცხენი შეკაზმული უნდა ჰყავდეს, მაგრამ ახლა კი ირკვევა, რომ სიმართლის თქმა აუცილებელია. მართალია, ცოლებისა და შვილების საკითხი უკვე გადავწყვიტეთ, მაგრამ რაც შეეხება სახელმწიფოს მმართველთა საკითხს, ამის გარკვევა თავიდან უნდა დავიწყოთ. თუ გახსოვს, ჩვენ ვამტკიცებდით, რომ მათ, ლხინშიაც და ჭირშიაც, თავდავიწყებით უნდა უყვარდეთ სამშობლო, ასე რომ, ვერც განსაცდელი, ვერც გასაჭირი თუ ბედის უკუღმა ტრიალი ვერ უნდა ახშობდეს ამ გრძნობას მათში. ვინც ამ მხრივ სისუსტეს გამოიჩენს, ხელაღებით უნდა უარვყოთ, ხოლო ვინც ისე წმინდად გამოვა ამ გამოცდიდან, როგორც ოქრო – ცეცხლიდან, თანამდებობაზე გავამწესოთ და სიცოცხლეშიც და სიკვდილის შემდეგაც სათანადო პატივი არ მოვაკლოთ. აი, რა ითქვა დაახლოებით ამ საკითხის განხილვისას, მაგრამ ნართაულად და მიკიბულ-მოკიბულად, რადგანაც გვეშინოდა იმ დავიდარაბისა, რის წინაშეც ამჟამად ვდგავართ. – სრული სიმართლეა, – თქვა მან, – მშვენივრად მახსოვს. – მაშინ, ჩემო მეგობარო, ვერ გავბედე იმისი თქმა, რასაც ამჟამად ვბედავ. მაშ, გავკადნიერდეთ და პირდაპირ განვაცხადოთ, რომ სახელმწიფოს ყველაზე ღირსეულ მცველებად ფილოსოფოსებს უნდა ვამწესებდეთ. – სათქმელი უნდა ითქვას. – მაგრამ იმასაც დაუფიქრდი, რა ცოტანი შეგრჩებიან ხელთ: რადგანაც იმ თვისებებს, რაც, ჩვენი აზრით, ნიშნეული უნდა იყოს მათი ბუნებისათვის, ერთად თავმოყრილს იშვიათად თუ ჰპოვებ ვისიმე სულში; ისინი, უმეტესწილად, მიმოფანტულნი არიან და ცალ-ცალკე თუ იჩენენ თავს. – რას გულისხმობ? – ცოდნის ადვილად შეთვისების უნარი, მეხსიერება, მახვილგონიერება, გამჭრიახობა და სხვა მისთანანი, როგორც თავად მოგეხსენება, ერთად როდი იყრიან თავს; ჭაბუკურად ფიცხნი და მაღალნიჭიერნი კი ნაკლებად ეგუებიან მოწესრიგებულ, მშვიდსა და უშფოთველ ყოფას. პირიქით, თავიანთი დაუდგრომლობის გამო გამუდმებით ბორგავენ, წრიალებენ, აქეთ-იქით აწყდებიან და ხელიდან ეცლებათ ყოველივე ურყევი და მყარი. – მართალს ბრძანებ, – თქვა მან. – მეორეს მხრივ, გაწონასწორებული, ურყევი და მტკიცე ხასიათის ხალხი უფრო სანდოა, ბრძოლის ველზე საიმედო და საფრთხის წინაშე წარბშეუხრელი. მაგრამ იგივე თვისებები სწავლაში სხვანაირად ავლენენ თავს; უგერგილონი, ზანტნი და ზარმაცნი ისე გახევებულან, თითქოს ტვინის განძრევა უჭირთო, მთქნარება უტყდებათ და ძილი ერევათ, როცა სწავლაზე მიდგება საქმე. – ასეა. – ჩვენ კი ვამბობდით, რომ მცველებში ერთმანეთს უნდა ერწყმოდეს გონების სიმკვირცხლე და ხასიათის სიმტკიცე, რის გარეშეც არც ასე გულმოდგინედ უნდა გვეწვრთნა და აღგვეზარდა, არც ძალაუფლება მიგვენდო და არც პატივი მიგვეგო მათთვის. – მერედა, განა სწორნი არ ვიქნებოდით? – როგორ გგონია, ამ საპირისპირო თვისებათა ურთიერთშერწყმა იშვიათია? – რა თქმა უნდა. – ამიტომ, როგორც ზემოთ ითქვა, მარტო შრომაში კი არა, ლხინშიც და ჭირშიც უნდა გამოვცადოთ ისინი. აქვე იმასაც დავძენ, რაც მაშინ გამომრჩა: აუცილებლად უნდა იწვრთნიდნენ თავს მეცნიერების სხვადასხვა დარგში, რათა საშუალება გვქონდეს დავუკვირდეთ, მიაღწევენ ცოდნის მწვერვალს თუ, როგორც სხვა ასპარეზობისას, შიშით დაიხევენ უკან. – რასაკვირველია, უნდა დავუკვირდეთ. მაგრამ რას უწოდებ შენ ცოდნის მწვერვალს? – ალბათ გემახსოვრება: მას შემდეგ, რაც განვიხილეთ სულის სამი სხვადასხვა სახე, ჩვენ ვისარგებლეთ ამ განსხვავებით, რათა აგვეხსნა, რა არის სამართლიანობა, გონიერება, სიმამაცე და სიბრძნე. – ეგ რომ არ მახსოვდეს, არც იმის მოსმენის ღირსი ვიქნებოდი, რაც აწი უნდა ითქვას. – ისიც თუ გახსოვს, რაც მანამდე ვთქვით? – რა? – რა და, ის რომ ამ სიქველეთა უკეთ შესაცნობად სხვა – უფრო, გრძელი და შემოვლითი გზა უნდა აგვერჩია, რომელიც უფრო ნათლად წარმოგვიჩენდა მათ; თუმცა ზემოთქმულიდანაც შეიძლებოდა სათანადო დასკვნები გამოგვეტანა. თქვენ თქვით, რომ ეს საკმარისი იყო, მაგრამ შემდგომ მსჯელობას, ჩემი აზრით, სიზუსტე აკლდა. და მაინც, თუ გაკმაყოფილებთ, თქვენ თვითონ უნდა მითხრათ. – პირადად მე სავსებით მაკმაყოფილებს, და ამავე აზრისა არიან სხვებიც. – კი მაგრამ, ჩემო ძვირფასო, თუ ეგზომ მნიშვნელოვან საგანთა საზომი ოდნავ მაინც განსხვავდება სინამდვილისგან, ჩვენი მტკიცება უკვე აღარ იქნება საკმარისად დასაბუთებული; რადგან ის, რაც არასრულყოფილია, არაფრის საზომად არ გამოდგება. თუმცა ზოგს ესეც დამაკმაყოფილებლად ეჩვენება, შემდგომი კვლევა-ძიება კი – ზედმეტად. – დიახ, – თქვა მან, – ზოგი მართლაც ასე ფიქრობს თავისი დაუდევრობის გამო. – მაგრამ ასე ყველაზე ნაკლებ უნდა ფიქრობდეს სახელმწიფოსა და კანონების მცველი. – რა თქმა უნდა. – ასე რომ, მან უფრო გრძელი გზა უნდა აირჩიოს, ჩემო მეგობარო, და სულის წვრთნას არანაკლები ძალა მოახმაროს, ვიდრე სხეულისას; თორემ, როგორც უკვე ითქვა, სრულყოფილად ვერასოდეს დაეუფლება იმას, რაც მისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი და არსებითია. – კი მაგრამ, განა ეს ყველაზე არსებითი უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე სამართლიანობა და ყველა სხვა სიქველე, ზემოთ რომ მიმოვიხილეთ? – დიახ, არსებობს რაღაც უფრო მნიშვნელოვანი, და ეს არა მარტო ზოგადად უნდა მიმოვიხილოთ, როგორც ვიქცევით ახლა, არამედ არაფერი არ უნდა გამოგვრჩეს, რათა მთელი სურათი უფრო სრულად წარმოვიდგინოთ. განა სასაცილო არ არის, რომ ამოდენა ძალას ალევენ გაცილებით უფრო უმნიშვნელო საგანს, რათა ზედმიწევნით სრულყონ და დახვეწონ იგი, ყველაზე მნიშვნელოვანს კი სულაც არ სცნობენ იმის ღირსად, რომ თავდაუზოგავად ეცადონ მისი სიდიადის წარმოჩენას? – რა თქმა უნდა, საუცხოო აზრია. მაგრამ ნუთუ გგონია, რომ აღარ გვკითხავენ, მაინც რა არის, შენი სიტყვებით რომ ვთქვათ, ეს უმნიშვნელოვანესი ცოდნა, ან რას ეხება იგი? – სულაც არა, – მივუგე მე, – თუ გნებავს, თვითონაც მკითხე. თუმცა ეს არაერთხელ გსმენია ჩემგან, მაგრამ, ეტყობა, აღარ გახსოვს, ან გინდა გული გამიწყალო მაგ შენი გამოხდომებით; ალბათ, ეს უფრო სავარაუდოა, რადგან ვინ მოსთვლის, რამდენჯერ გაგიგონია, რომ სიკეთის იდეაა ყველაზე მნიშვნელოვანი. სამართლიანობაცა და ყველა სხვა სიქველეც სწორედ მისი წყალობითაა სასარგებლო და ვარგისი. შენ, ალბათ, ისიც გეცოდინებოდა, რასაც დავძენდი: სიკეთის იდეას კარგად არ ვიცნობთ-მეთქი. და რაკი არ ვიცნობთ, ამიტომ ყოველივე დანარჩენი კარგადაც რომ ვიცოდეთ, მერწმუნე, ეს ცოდნა არას გვარგია. ეს იმას ჰგავს, რაიმე ნივთს იძენდე და არ კი იცოდე, რაში გამოგადგება იგი. თუ, შენი აზრით, საკმარისია, რაც შეიძლება მეტი შეიძინო, მაგრამ წარმოდგენაც არ გქონდეს, სასიკეთოა თუ არა ეს შენთვის, ან იქნებ ყველაფერი უნდა იცოდე, გარდა იმისა, რაც მშვენიერია და კეთილი? – არა, ვფიცავ ზევსს, – თქვა მან. – მაგრამ ის ხომ მაინც იცი, რომ სიკეთე, ბრბოის აზრით, განცხრომაა, უფრო დახვეწილთა აზრით კი – ცოდნა. – რა თქმა უნდა. – და რომ ვინც ამ აზრისაა, ჩემო ძვირფასო, ვერც კი გვეტყვის, რას ნიშნავს ეს ცოდნა, თუმცა, ბოლოს და ბოლოს, იძულებულია განგვიმარტოს, რომ აქ სიკეთის ცოდნა იგულისხმება. – ღმერთმანი, სასაცილოა. – რა თქმა უნდა, სასაცილოა, რაკიღა გვსაყვედურობენ, სიკეთეზე წარმოდგენაც არა გაქვთო, შემდეგ კი ისე გველაპარაკებიან, თითქოს დიდი მცოდნენი ვიყოთ. ისე ხშირად ატრიალებენ ამ «სიკეთის ცოდნას», თითქოს «სიკეთის» წარმოთქმისთანავე უნდა ვხვდებოდეთ, რა არის ეს. – სწორია, – თქვა მან. – მაგრამ განა ისინი, ვისი აზრითაც სიკეთე განცხრომაა, ნაკლებ ცდებიან? განა ისინიც იძულებულნი არ არიან აღიარონ, რომ არსებობს უკეთური განცხრომაც? – უკეთურზე უკეთურიც. – მაშასადამე, თვითონვე უნდა აღიარონ, რომ ერთი და იგივე რამ შეიძლება კეთილიც იყოს და უკეთურიც; ასეა, არა? – უცილობლად. – მერედა, განა ასევე ცხადი არ არის, რომ უმრავლესობა იმას მიიჩნევს მშვენიერად და სამართლიანად, რაც მშვენიერი და სამართლიანი ჰგონია, თუნდაც სინამდვილეში არც ერთი იყოს და არც მეორე, და ამის მიხედვით მოქმედებს, იძენს და ფიქრობს; ხოლო რაც შეეხება სიკეთეს, აქ არავინ არ სჯერდება მოჩვენებითის ფლობას, არამედ ყველა ჭეშმარიტ სიკეთეს მიელტვის და არაფრად აგდებს მოჩვენებითს. – ასეა, – თქვა მან. – დიახ, სიკეთეს მიელტვის ყოველი სული და მისი გულისთვისვე აკეთებს ყველაფერს; გუმანით გრძნობს, რომ არსებობს რაღაც ამგვარი, თუმცა დანამდვილებით კი ვერ მიმხვდარა, რა არის ეს. ასე რომ, მტკიცედ ვერ ეყრდნობა თავის ვარაუდს, როგორც ყველა სხვა შემთხვევაში ემყარება თავის ღრმა რწმენას. ამიტომაც ხელი აღარ მიუწვდება ამ დანარჩენზეც და ვეღარ იღებს მისგან იმას, რაც შეიძლებოდა სასარგებლო ყოფილიყო მისთვის. მერედა, ნუთუ ამ ფასდაუდებელ სიკეთეს ასევე ბუნდოვნად უნდა ჭვრეტდნენ სახელმწიფოს უკეთესი მოქალაქენი, რომელთაც მზადა ვართ ყველაფერი მივანდოთ? – არამც და არამც. – მე თუ მკითხავ, შეუძლებელია სამართლიანობისა და მშვენიერების ღირსეული მცველი იყოს ის, ვინც არ იცის, რა აკავშირებს ან ერთსა და ან მეორეს სიკეთესთან. დიახ, მე ამთავითვე ვგრძნობ, რომ ამ კავშირის გარეშე ვერავინ ვერ შეიცნობს მათ. – და არც გატყუებს ეგ შენი გრძნობა. – ასე რომ, ჩვენი სახელმწიფო წყობილება სრულყოფილი იქნება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მას მცველად მივუჩენთ კაცს, რომელმაც იცის ყოველივე ეს. – უცილობლად. მაგრამ შენ თვითონ, სოკრატე, რად მიგაჩნია სიკეთე – ცოდნად, განცხრომად თუ რაღაც მესამედ? – რა კაცი ხარ! კაი ხანია ვიცოდი და გატყობდი კიდეც, რომ ნამდვილად არ დასჯერდებოდი სხვების აზრს ამის თაობაზე. – ეს იმიტომ, სოკრატე, – თქვა მან, – რომ სამართლიანად არ მეჩვენება, როცა მხოლოდ სხვების აზრს გადმოგვცემენ და არა საკუთარს, თუმცა რა ხანია ჩაჰკირკიტებდნენ ამ საკითხს. – როგორ? მაშ, შენ სამართლიანი გგონია, რომ კაცი ლაპარაკობდეს იმაზე, რაც არ იცის და მცოდნედ ასაღებდეს თავს? – არა, მცოდნედ კი არა, მაგრამ კეთილ ინებოს და თავისი საკუთარი აზრები გაგვიზიაროს. – კი მაგრამ, ნუთუ არ შეგინიშნავს, რა უბადრუკია ყველა აზრი, რომელიც ცოდნას არ ემყარება? როგორ გგონია, ვითომ რა განასხვავებს უვიცის თუნდაც მართალ აზრს უსინათლოსგან, რომელიც თავისი თვალდავსილობის მიუხედავად მაინც სწორად მიიკვლევს გზას? – არაფერი. – მერედა, შენ გირჩევნია აკვირდებოდე უსახურს, უსინათლოსა და უგვანს, თუმცაღა შეგიძლია სხვების მეოხებით ჭვრეტდე მშვენიერსა და ნათელს? – თუ ღმერთი გწამს, სოკრატე, – წამოიძახა გლავკონმა, – თავს ნუ არიდებ სათქმელს, თითქოს უკვე დაგემთავრებინოს სიტყვა. ჩვენ იმასაც დავჯერდებით, თუ ისე განგვიმარტავ სიკეთის ბუნებას, როგორც სამართლიანობის, გონიერებისა და სხვა სიქველეთა ბუნება განგვიმარტე. – განა მე კი არ დავჯერდებოდი, ჩემო ძვირფასო? მაგრამ მეშინია, ვაითუ ჩავფლავდე და ჩემი უგერგილობის გამო თქვენი დასაცინი შევიქნე. მოდი, ასე ვქნათ, ჩემო ნეტარნო, ჯერჯერობით თავი ვანებოთ სიკეთის ჭეშმარიტ ბუნებას, რადგან ის, ჩემი წარმოდგენით, მეტისმეტად მაღალია საიმისოდ, რომ ჩვენი ძალისხმევით მივწვდეთ. სამაგიეროდ, თუ გნებავთ, ორიოდე სიტყვას გეტყვით სიკეთის ნაშიერზე, ზედმიწევნით რომ ჩამოჰგავს მშობელს, თუ არა და, მოვეშვათ ამას. – არა, – თქვა მან, – შვილზე მაინც გველაპარაკე, მშობლის ამბავს კი მერე გათქმევინებთ. – ნეტავი მთლიანად დამაბრუნებინა თქვენი ვალი და არა მარტო ვახში, როგორც ამჟამად. მაშ, ჯერჯერობით დასჯერდით ამ ვახშს, ჭეშმარიტი სიკეთის ნაშიერს. მაგრამ ფრთხილად იყავით, რათა, ჩემდა უნებურად, ანგარიშში არ მოგატყუოთ. – რამდენადაც შეგვიძლია, ფრთხილად ვიქნებით; ოღონდ განაგრძე. – ნება თქვენია, მაგრამ ჯერ იმაზე უნდა შევთანხმდეთ, რომ შეგახსენოთ, რაც ზემოთ ითქვა და სხვაგანაც არაერთხელ გვიხსენებია. – მაინც რა? – რამდენი რამაა მშვენიერი, კეთილი და სხვა მისთანანი, რომელთა არსებობასაც ვამტკიცებთ და განვსაზღვრავთ ენის მეშვეობით. – დიახ, ასეა. – იმასაც ვამბობთ, რომ არსებობს მშვენიერი თავისთავად, კეთილი თავისთავად, და ასე შემდეგ, ზემოთ ჩამოთვლილ საგანთა სიმრავლესთან მიმართებით; ხოლო ამ საგანთაგან თვითეულს მისი საკუთარი იდეა შეესაბამება, რომელსაც ერთადერთად და ამ საგნის არსად ვსახავთ. – მართალს ბრძანებ. – და ჩვენ ვამტკიცებთ, რომ ყველა ეს საგანი მზერით აღიქმება, მაგრამ არა აზრით, იდეები კი, პირიქით, აზრით აღიქმებიან და არა მზერით. – დიახ. – ესე იგი, რისი მეშვეობით აღვიქვამთ ხილულ საგნებს? – მზერის მეშვეობით. – ისევე, როგორც სმენის მეშვეობით აღვიქვამთ ყველაფერს, რაც გვესმის, და დანარჩენი გრძნობებით შევიგრძნობთ ყველაფერს, რასაც შევიგრძნობთ? – რა თქმა უნდა. – თუ დაჰკვირვებიხარ, რაოდენ ძვირფასია იმის უნარი, რომ ხედავდე ან გხედავდნენ? უნარს, რომელიც დემიურგოსმა გვიბოძა ჩვენ. – მართალი გითხრა, არც ისე გულმოდგინედ. – მაშ, ამ თვალსაზრისით დაუკვირდი: სმენას რომ ესმოდეს, ბგერა კი ისმოდეს, თუ არის საჭირო რაღაც მესამე, რომლის გარეშეც შეუძლებელია რაიმე გვესმოდეს ან ისმოდეს? – არავითარი მესამე არა გვჭირდება. – ჩემი აზრით, იგივე ითქმის ზოგი სხვა, მაგრამ არა ყველა შეგრძნების მიმართ. ან იქნებ არ მეთანხმები? – რას ჰქვია არ გეთანხმები? – ხომ არ შეგიმჩნევია, სჭირდება თუ არა რაღაც მესამე მზერას, ან ყოველივე იმას, რაც შეიძლება მზერით აღქმულ იქნეს? – როგორ? – რაგინდ გამჭრიახი თვალიც არ უნდა ჰქონდეს კაცს, რაგინდ მკაფიოდაც არ უნდა აღიქვამდეს ფერებს, ალბათ დამეთანხმები, რომ ვერაფერსაც ვერ დაინახავს ამ რაღაც მესამის გარეშე, რომელიც თითქოს საგანგებოდ მზერისათვის არის შექმნილი. – რას გულისხმობ? – რასაც სინათლეს უწოდებ შენ. – მართალს ბრძანებ. – ასე რომ, უმნიშვნელო საწყისი როდი აერთებს მზერას და იმას, რაც შეიძლება მზერით აღქმულ იქნეს. ისინი ყველა სხვა კავშირზე უფრო ფასეული კავშირით ერწყმიან ერთმანეთს, რადგან მართლაც რომ ფასდაუდებელია სინათლე. – რა თქმა უნდა. – მერედა, ზეციურ ღმერთთაგან რომელს მიიჩნევ ამ კავშირის უფლად, ან ვისი ნათელი ანიჭებს მზერას იმის უნარს, რომ ხედავდეს, საგნებს კი – იმისას, რომ მზერით აღქმულ იქნენ? – იმავე ღმერთს, ვისაც გულისხმობ შენც და დანარჩენი მოკვდავნიც. რადგანაც ხომ ცხადია, რომ მზეზე მეკითხები. – მერედა, განა მზერა ბუნებით, გარკვეულწილად არ ეთანაფარდება მზეს? – როგორ? – მზერა არც თავისთავად და არც იმაში, რაშიც იბადება (ჩვენ მას ვუწოდებთ თვალს), არ არის მზე. – ცხადია, არა. – მაგრამ, ჩვენს გრძნობებს შორის ყველაზე მზისდარი კია. – დიახ. – და ის უნარი, რასაც ფლობს მზერა, სწორედ მზისგან ეძლევა მას, როგორც ერთგვარი გამონაშუქი. – რა თქმა უნდა. – ასე რომ, თავის მხრივ, არც მზეა მზერა; და თუმცა მზერის მიზეზი კია, მაგრამ მზერა ვერ ხედავს მას. – რასაკვირველია. – ჰოდა, ამასვე ვამტკიცებ მე იმის თაობაზედაც, რასაც თავის მსგავსებად ბადებს სიკეთე. რასაც ნიშნავს სიკეთე აზრობრივ ადგილას, გონებისა და გონით საწვდომთა მიმართ, იმასვე ნიშნავს მზეც ხილულ ადგილას, მზერისა და მზერით საწვდომთა მიმართ. – როგორ? – იკითხა მან, – თუ შეიძლება უფრო დაწვრილებით ამიხსენი. – ხომ მოგეხსენება, – ვუთხარი მე, – როცა იმ საგნებისკენ მიმართავენ მზერას, რომლებსაც დღის სინათლე კი არ ანათებს, არამედ ღამეულ ვარსკვლავთა მკრთალი ციმციმი, თვალი იძაბება და ბრმას ემსგავსება, თითქოს ხედვის უნარი აღარ შეწევსო. – დიახ. – თუმცა იგივე თვალი მკაფიოდ ხედავს მზით განათებულ საგნებს, რაც იმას ნიშნავს, რომ მხედველობა კვლავაც კარგია. – რა თქმა უნდა. – იგივე ითქმის სულზედაც: როცა იქითკენ მიმართავს მზერას, სადაც ჭეშმარიტება ელვარებს და არსი ბრწყინავს, კიდევაც შეიცნობს მათ, რაც მის გონიერებას მოწმობს, ხოლო როცა იმის მიმართ მიიქცევა, რასაც სიბნელე ერწყმის, რაც იბადება და კვდება, მზერადაბინდული და საკუთარი წარმოდგენების სათამაშოდ ქცეული ხან ერთს აწყდება და ხანაც მეორეს, ხან ალთასაა, ხან ბალთას და ისე წრიალებს, ცნობამიხდილი გეგონება. – მართლაც. – ასე რომ, რაც ჭეშმარიტებას ანიჭებს შეცნობად საგნებს, ადამიანს კი – შეცნობის უნარს, სწორედ ის მიიჩნიე სიკეთის იდეად – ცოდნისა და ჭეშმარიტების მიზეზად. რაგინდ მშვენიერიც არ უნდა იყოს ერთიცა და მეორეც – ცოდნაც და ჭეშმარიტებაც, არ შეცდები, თუ მათზე მშვენიერად აღიარებ სიკეთის იდეას. რამდენადაც მართებული იყო ხილულ სამყაროში სინათლისა და მზერის მიჩნევა მზისდარად, მზედ მიჩნევა კი – უმართებულო, ისე აქაც, გონით საწვდომ სამყაროშიც, მართებულია სიკეთისდარად მივიჩნევდეთ ცოდნასა და ჭეშმარიტებას, თვით სიკეთედ მათი მიჩნევა კი – უმართებულოა, რადგანაც სიკეთის იდეას გაცილებით უფრო მაღლა უნდა ვაყენებდეთ. – უჩვეულო მშვენიერებას კი ანიჭებს მას, რაკიღა თურმე ის ბადებს ცოდნასა და ჭეშმარიტებას და გაცილებით უფრო მშვენიერია მათზე; მაშასადამე, განცხრომად არ უნდა მიგაჩნდეს. – ღმერთმა დამიფაროს! უმჯობესია ამ მხრივ დაუკვირდე მის ხატებას... – რა მხრივ? – მზე არა მარტო იმის უნარს ანიჭებას საგნებს, რომ მზერით აღქმულ იქნენ, არამედ კიდევაც ბადებს, ზრდის და ასაზრდოებს მათ, თუმცა თვითონვე როდია დაბადება და ქმნადობა. – როგორ? – ისიც უნდა აღიარო, რომ გონით საწვდომი საგნების წვდომაც მხოლოდ სიკეთის მეშვეობით თუ შეიძლება; სიკეთის წყალობითვე ეზიარებიან ისინი თავიანთ არსებასაც და არსებობასაც, თუმცა თვით სიკეთე არსებობა კი არ არის, არსებობის მიღმურია, რომელსაც თავისი ღირსებით და ძალმოსილებით აღემატება. მაშინ გლავკონმა მასხარასავით წამოიძახა: – ოო, აპოლონ! რა თავბრუდამხვევი სიმაღლეა! – შენს თავს დააბრალე: ვინ მაიძულა სიკეთის თაობაზე ჩემი აზრი გამომეთქვა? – ჰოდა, შუა გზაზე ნუ შეჩერდები, კვლავაც განაგრძე ეგ შედარება მზესთან და ეცადე არაფერი გამოგრჩეს. – აქამდეც ბევრი რამე გამომრჩა. – აწი მაინც ეცადე უმნიშვნელო წვრილმანიც კი არ გამოტოვო. – ვშიშობ, რომ ბევრი რამის გამოტოვება მომიწევს. თუმცა ახლა მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ ვეცდები განზრახ მაინც არაფერი გამომრჩეს. – აუცილებლად ეცადე. – მაშ, იცოდე, ჩემო ძვირფასო, რომ არის ორი მეუფე: ერთი გონით საწვდომი სამყაროს ყველა გვარსა და მთელ საუფლოზე მბრძანებლობს, მეორე კი – ყოველივე ხილულზე; არ მინდა ამას ცა ვუწოდო, რადგანაც მეშინია, ვაითუ მოგეჩვენოს, რომ მე სიტყვებით ვთამაშობ. თუ გაიაზრე ეს ორი სახე – ხილული და გონით საწვდომი? – დიახ. – ახლა აიღე სწორი ხაზი და ორ თანაბარ მონაკვეთად გაყავი. ერთი ხილულ სამყაროს აღნიშნავს, მეორე კი – გონით საწვდომს. თვითეული მონაკვეთი, თავის მხრივ, იმავე თანაფარდობით გაყავი ორად; თანაც, ხილული სამყაროს აღმნიშვნელი ამ ორი მონაკვეთიდან ერთი მკაფიო უნდა იყოს, მეორე კი – მქრქალი. პირველი მონაკვეთი ხატებათა შემცველი იქნება, ხოლო ხატებებს მე ვუწოდებ, უწინარეს ყოვლისა, ლანდებს, შემდეგ კი – ანარეკლებს წყალში ან მკვრივი, გლუვი თუ პრიალა საგნების ზედაპირზე, და სხვა მისთანათ. ხომ გესმის ჩემი? – დიახ. – მეორე მონაკვეთზე კი ადგილს მიუჩენ ამ ლანდების შესატყვის საგნებს – ყველა ცოცხალ არსს, ყველა მცენარეს თუ ხელთქმნილ საგანს. – მეც ავდგები და მივუჩენ. – ეთანხმები თუ არა იმ აზრს, რომ, ჭეშმარიტისა და არაჭეშმარიტის თვალსაზრისით, ხილული სამყაროს დაყოფა, შემდეგნაირად განხორციელდა: ხატი ისე ეთანაფარდება მის შესაბამის საგანს, როგორც წარმოდგენა – ცოდნას? – სავსებით. – ახლა კი დაუკვირდი, როგორ უნდა დაიყოს გონით საწვდომი სამყაროს შესაბამისი მონაკვეთი. – როგორ? – სული იძულებულია ამ მონაკვეთის ერთ-ერთი განაყოფი წანამძღვრებისა თუ ჰიპოთეზების მეშვეობით ეძიოს, ისე, რომ ხატებად იყენებდეს ხილულ სამყაროში ნიმუშებად მიჩნეულ საგნებს და, ამრიგად, საწყისს კი არ მიელტვოდეს, არამედ – დასასრულს. მაშინ როდესაც მეორე მონაკვეთის მისაკვლევად, რომელსაც აგვირგვინებს უწანამძღვრო საწყისი, სული, წანამძღვრებიდან გამომდინარე, პირველ შემთხვევაში გამოყენებულ ხატებზე კი არა, მხოლოდ თავისთავად იდეებზე დაყრდნობით უნდა წარმართავდეს თავის ძიებას. – კარგად ვერ გავიგე შენი სიტყვები. – ახლავე გაგიადვილებ, – ვუთხარი მე, – რასაც ახლა გეტყვი, უფრო გასაგები უნდა იყოს: შენ, ალბათ, იცი, რომ გეომეტრიის, არითმეტიკისა და სხვა ამნაირ მეცნიერებათა მიმდევრები თავიანთი კვლევა-ძიებისას ვარაუდობენ, თითქოს იციან, რა არის ლუწი და რა არის კენტი, გეომეტრიული ფიგურები, კუთხეების სამი სახე და სხვა მისთანანი, რასაც ისინი ამოსავალ დებულებებად თვლიან და საჭიროდ აღარ მიიჩნევენ თავიანთ თავსა თუ სხვებს განუმარტონ ის, რაც, მათი აზრით, ყველასთვის ცხადი უნდა იყოს. სწორედ აქედან გამომდინარე გამოჰყავთ ყოველივე დანარჩენი და ერთიმეორის მიყოლებით ბოლომდე ასაბუთებენ ყველაფერს, რაც თავიანთი ძიების საგნად დაუსახავთ. – ეს, რა თქმა უნდა, ვიცი. – მაშინ ისიც გეცოდინება, რომ ისინი იყენებენ ხილულ ფიგურებს, ანუ ნახაზებს, და მათი მიხედვით მსჯელობენ, თუმცა თვით ამ ნახაზებზე კი არ ფიქრობენ, არამედ – იმაზე, რასაც ისინი თავიანთი მსგავსებით გამოსახავენ. ასე მაგალითად, ისინი ფიქრობენ თავისთავად ოთხკუთხედზე, თავისთავად დიაგონალზე და არა იმაზე, რასაც თვითონვე ხაზავენ. იგივე ითქმის ფერწერულსა თუ სკულპტურულ ქმნილებებზედაც, რომლებიც შეიძლება ჩრდილს აფენდნენ ან წყალში ირეკლებოდნენ, მაგრამ თვით ეს ქმნილებები მხოლოდ ხატოვანი გამოსახულებები არიან იმისა, რისი ხილვაც მარტოოდენ გონების თვალით თუ შეიძლება. – მართალს ბრძანებ. – აი, სწორედ ამ გონით საწვდომ საგნებს ვგულისხმობდი წეღან: მათკენ სწრაფვისას სული იძულებულია წანამძღვრებსა თუ ჰიპოთეზებს დაეყრდნოს და ამიტომაც ვერ აღწევს მათ საწყისს, რადგანაც არ შეუძლია ვარაუდის ფარგლებს გასცდეს; სწორედ ამით აიხსნება, რომ მხოლოდ ხატებად იყენებს ხილული სამყაროს საგნებს, რომლებსაც თავიანთი ასლები შეესაბამებიან ხილული სამყაროს ქვედა ნაწილში და რომლებიც სწორედ ამ ასლებთან შედარებით უფრო მკაფიო ხატებად არიან მიჩნეულნი. – გასაგებია: შენ ლაპარაკობ იმაზე, რასაც გეომეტრიისა და სხვა მისთანათა მეშვეობით სწავლობენ. – მაშინ ისიც გასაგები უნდა იყოს, რომ გონით საწვდომი სამყაროს მეორე განაყოფს მე ვუწოდებ იმას, რასაც ჩვენი გონება აღწევს დიალექტიკური უნარის წყალობით. თავის ჰიპოთეზებს ის საწყისებად კი არ ასაღებს, არამედ ვარაუდებად, ანუ საფეხურებად თუ საყრდენ წერტილებად აღიქვამს მათ, რომელთა მეშვეობითაც ყოვლის უპირობო და უწანამძღვრო საწყისამდე მაღლდება. მას შემდეგ, რაც ამ საწყისს მიაღწევს და ჩაეჭიდება ყველაფერს, რაც ზემოხსენებულ საწყისზეა დამოკიდებული, სული დაღმასვლისას მიდის საბოლოო დასკვნამდე, რისთვისაც რაიმე გრძნობად მონაცემებს კი არ ეყრდნობა, არამედ მხოლოდ იდეებს, რომლებითაც იწყება და ვითარდება მისი ძიება, რათა იდეითვე დამთავრდეს. – მესმის, – თქვა მან, – მაგრამ ბოლომდე კი არა. მე მგონია, ძალიან ძნელ საგნებზე მელაპარაკები. და მაინც, როგორც ჩანს, შენ გინდა დაადგინო, რომ ჭეშმარიტ არსსაც და გონით საწვდომ ყველა საგანსაც დიალექტიკის მეშვეობით შეიძლება გაცილებით უფრო ნათლად ჭვრეტდე, ვიდრე ეგრეთწოდებულ ხელოვნებათა წყალობით, რომელთა საწყისებადაც ჰიპოთეზები გვევლინებიან. თუმცა ისინიც იძულებულნი არიან გონივრული განსჯით ჭვრეტდნენ გონით საწვდომ სამყაროს და არა გრძნობებით. მაგრამ რაკი თავიანთ ჰიპოთეზებზე დაყრდნობით იკვლევენ მას და ამიტომაც ვერ აღწევენ პირველსაწყისს, შენი აზრით, არ შეუძლიათ გონებით მისწვდნენ ამ სამყაროს, თუმცა ის სავსებით გონმისაწვდომია, თუკი ჩავწვდებით მის პირველსაწყისს. გონივრულ განსჯად კი, მე მგონია, შენ მიიჩნევ იმ უნარს, რაც ნიშნეულია გეომეტრებისა და სხვა მათნაირ სწავლულთათვის. მაგრამ ეს ჯერ კიდევ არ არის გონება, რადგანაც გონივრულ განსჯას შუალედური ადგილი უჭირავს წარმოდგენასა და გონებას შორის. – საკმარისზე მეტადაც გესმის, – ვუთხარი მე; – ახლა ადექი და ზემოხსენებულ ოთხ დანაყოფს მიუსადაგე სულის ქმედითობის ოთხი უნარი: ყველაზე მაღლა დააყენე გონება, შემდეგ – გონივრული განსჯა, მესამე ადგილზე – რწმენა, ბოლოს კი – წარმოსახვა, და ეცადე სიცხადის ხარისხის მიხედვით განალაგო ისინი: ისე, რომ, რაც უფრო მეტი წილი უდევთ თვითეული მათგანის საგნებს ჭეშმარიტებაში, მით უფრო ცხადნი იყვნენ ისინი. – გასაგებია; – თქვა მან, – გეთანხმები და მისაღებად მიმაჩნია შენს მიერ შემოთავაზებული წესრიგი. ◄ წინა ნაწილი გაგრძელება ► შენიშვნა: პოსტის სათაური არ შეესაბამება პლატონის ამ დიალოგის (სახელწმიფო) მეექვსე წიგნის ავტორისეულ სათაურს. პოსტის სათაური არის პოსტის ავტორის მიერ თემატურად შერჩეული სათაური. …
დაამატა ლაშა to ფილოსოფია at 1:23pm on ნოემბერი 25, 2016
თემა: ფსიქოლოგია ემპირიასა და რაციოში
VIII საუკუნეში ჩამოყალიბდა. ის ცარიელ ადგილას არ წარმოქმნილა, წინა საუკუნეში იგი სპინოზამ, ჰობსმა და ლოკმა შეამზადეს. ამ უკანასკნელმა შემოიტანა ტერმინი “ასოციაცია”, ე.წ. ასოციაციის კანონები კი ჯერ კიდევ არისტოტელეს მიერ იყო დამუშავებული. სწორედ ასოციაციონიზმის განვითარებამ მოამზადა ნიადაგი იმისთვის, რომ ფსიქოლოგიას ფილოსოფიური ორიენტაცია თანდათან კვლევითმეცნიერულით შეეცვალა და XIX საუკუნის მეორე ნახევრიდან სრულფასოვანი დამოუკიდებელი დისციპლინის სახით დამკვიდრებულიყო. XVIII საუკუნის ბრიტანული ასოციაციური ფსიქოლოგიის ჩამოყალიბებაში ყველაზე დიდი წვლილი შეიტანა ჰიუმმა და, განსაკუთრებით, ჰერტლიმ. ხოლო იმ დროის ერთ-ერთმა უდიდესმა ბრიტანელმა ფილოსოფოსმა ბერკლიმ, მართალია ნაკლები გავლენა მოახდინა ემპირიული ფსიქოლოგიის ასოციაციურ მოძღვრებაზე, მაგრამ აღქმის ფსიქოლოგიის ზოგიერთი საკითხის დასმასა და გააზრებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა.       ჯორჯ ბერკლი (1685-1753) დაიბადა ირლანდიაში, იქვე მიიღო განათლება. მან ბევრი იმოგზაურა, იყო საკმაოდ გავლენიანი ფილოსოფოსი და რელიგიური მოღვაწე (ეპისკოპოსი). ახალგაზრდობაშივე დაწერა ორი ნაშრომი, რომლებიც საინტერესოა ფსიქოლოგიური თვალსაზრისით, ესენია: “ესსე მხედველობის ახალ თეორიაში” (1709) და “ტრაქტატი ადამიანური შემეცნების პრინციპების შესახებ” (1710).       ბერკლის ფილოსოფია სუბიექტური იდეალიზმია. დეკარტედან მომდინარე დუალისტურ თვალსაზრისს ორი განცალკევებული სამყაროს შესახებ, ბერკლიმ დაუპირისპირა “ახალი პრინციპი”, რომლის თანხმად, სუბიექტისაგან დამოუკიდებლად არსებული საგნების სამყაროზე ლაპარაკი აზრს მოკლებულია: საგანთა არსებობა (ყოფიერება) არის მათი აღქმა, აღქმულობა (სსე ესტ პერციპი).       მატერიის ცნება, როგორც სუბსტანციისა, საგანთა მიღმა მყოფი არსისა, უაზრობაა. იგი შემეცნებისთვის არ გამოდგება, ვინაიდან არაფერს მატებს საგანთა თვისებებს იმაზე მეტს, რაც შეიძლება მოგვცეს გრძნობადმა აღქმამ. მატერია უზოგადესი ცნებაა, რომელიც ინდივიდუალურ საგნებში არ არსებობს. ცოდნა ინდივიდუალური საგნებზე უნაშთოდ იშლება მის გრძნობად თვისებებად (ის მათი ჯამია). აქ მატერიისთვის, როგორც დამატებით მოცემული სუბსტანციისთვის, ადგილი არ რჩება, ის არც აღიქმება და არც მოიაზრება. ბერკლი ნომინალისტია - იგი ზოგადის რეალურ არსებობას უარყოფს, ხოლო თუ არ არსებობს ზოგადი, მაშინ არც მატერია არსებობს.       რეალურად არსებობს მხოლოდ იდეები. წარმოშობის თვალსაზრისით ისინი ოთხ ჯგუფად იყოფა: 1) შეგრძნებებით მიღებული იდეები; 2) იდეები, რომლებიც სულის მოქმედების ან მდგომარეობის საფუძველზე აღმოცენდება (განცდები); 3) წარმოსახვის საფუძველზე შექმნილი იდეები და 4) იდეები, რომლებიც ზემოთ დასახელებული იდეების შეერთების შედეგად წარმოიქმნება. ამგვარად, გონებას შეადგენენ შეგრძნებები, სულიერი განცდები და მათ საფუძველზე შექმნილი წარმოდგენები.       ამოსავალი ყველა იდეისთვის არის შეგრძნება, გრძნობადი აღქმა. ბერკლი სენსუალისტია, რაც თავისთავად ბუნებრივია იმ მოაზროვნისთვის, რომელიც საგანთა არსებობას მათ აღქმადობასთან აიგივებს. ერთადერთი, რისი მოცემულობის შესახებაც ადამიანმა ნამდვილად იცის, მისი შინაგანი გამოცდილებაა, პირველ ყოვლისა, შეგრძნებით მიღებული იდეებია. ადამიანი დარწმუნებით ვერაფერს იტყვის საგნებისა და მათი თვისებების ობიექტური, სუბიექტისაგან დამოუკიდებელი არსებობის თაობაზე. “მაგიდა, რომელზეც მე ვწერ, არსებობს. ეს იმას ნიშნავს, რომ მე მას ვხედავ, მე მას ვეხები. მე რომ ჩემს სამუშაო ოთახში არ ვყოფილიყავი, ვიტყოდი: მაგიდა არსებობს ოთახში და ვიგულისხმებდი, რომ ოთახში რომ ვყოფილიყავი, მე მას აღვიქვამდი ან რომელიმე სხვა სული აღიქვამდა მას”. თუ ავტორის ამ მაგალითს გავყვებით, შეიძლება ვთქვათ, რომ მაგიდას, პრინციპში, შეუძლია აღძრას ფორმის, მოცულობის, სიმკვრივის, ფერის, სუნის, ტემპერატურისა და სხვა შეგრძნებები მათი შესაბამისი იდეებით. ლოკის მიხედვით, ზოგი მათგანი ამ საგნის ობიექტურ თვისებას ასახავს ანუ თვით ობიექტის კუთვნილებაა (პირველადი თვისება), ზოგიც მხოლოდ სუბიექტის, დამკვირვებლის, მისი გონებისა თუ სენსორული აპარატის უნარებს გამოხატავს (მეორადი თვისება).       ავითარებს რა ლოკის აზრს, ბერკლი ფიქრობს, რომ პირველადი და მეორადი თვისებების განცალკევება არ შეიძლება; პირველადი თვისებები დაკავშირებულია მეორადთან (მაგ., შეუძლებელია ფიგურას არ ჰქონდეს რაიმე ფერი, თუნდაც თეთრი ან შავი). ამიტომ თუ მეორადი თვისებები გონებაშია (გონების პროდუქტია), რა საფუძველი გვაქვს ვიფიქროთ, რომ პირველადი თვისებებიც არაა ასეთი წარმოშობისა? მით უფრო, რომ შეხედულება პირველად თვისებებზე ეყრდნობა რწმენას განფენილი მატერიალური სუბსტანციის არსებობის შესახებ (საგანთა პირველადი თვისებები განფენილობიდანაა წარმოებული); ამ რწმენის უსაფუძვლობაში კი ბერკლის ეჭვი არ ეპარება.       რამდენადაც საგნების თვისებების დამადასტურებელი შეგრძნებები გონებაშია, თვით საგნებიც სხვა არაფერია, თუ არა ამ შეგრძნებათა შესატყვისი იდეების კრებადობა. ისინი, როგორც წესი, მყარ კომბინაციებს ქმნიან, მათ ერთ სახელს ვუწოდებთ და, ამიტომ, ერთ საგნად მივიჩნევთ. მაგალითად, აღვიქვამთ რაიმე ფერს, გემოს, სუნს, ფორმას, კონსისტენციას, რაც ერთდროულადაა მოცემული და ამას ვუწოდებთ “ვაშლს”. იდეათა სხვა კრებული არის ქვა, ხე, წიგნი, სახლი და ა.შ. შეგრძნებათა ეს ერთიანობები იწვევენ სიხარულს ან მწუხარებას იმის მიხედვით, სასიამოვნოა ისინი ჩვენთვის თუ უსიამოვნო. თითოეული შეგრძნებიდან მომდინარე იდეა სხვა იდეებისაგან გამიჯნული და განსხვავებულია, მაგრამ, ვინაიდან ისინი ყოველთვის ერთდროულად გვეძლევა, ერთი საგნის იდეად ერთიანდებიან. ამ იდეათა შეკავშირების მექანიზმი, არსებითად, ასოციაციურია (მეზობლობის ასოციაცია), თუმცა იგი ბერკლისთან ჯერ კიდევ არ არის სათანადოდ გააზრებული და ფორმულირებული.       ბერკლის მოძღვრების მთავარი პრინციპი გულისხმობს საგნის არსებობის დაყვანას მის აღქმადობაზე. აქედან გასაგებია, რომ აღქმის, პირველ ყოვლისა, მხედველობითი აღქმის საკითხს იგი საგანგებო ყურადღებას აქცევს. მისი ერთ-ერთი მთავარი თხზულება მხედველობითი აღქმის ახალი თეორიის აგების მცდელობაა. მასში მართლაც არის მრავალი სიახლე, განსაკუთრებით, სივრცის აღქმის გააზრების თვალსაზრისით. მანამდე თვლიდნენ, რომ საგნების სივრცით თვისებებს - სიდიდეს, დაშორებულობას, ფორმას, ადგილმდებარეობას და სხვას - ჩვენ უშუალოდ ვხედავთ, ისევე როგორც ფერებს. ბერკლის მართებულად მიაჩნია, რომ ასეთი გაგება არ არის ადეკვატური. თავის მტკიცებებში ბერკლი ძირითადად ეყდნობა თვითდაკვირვებას, რამდენადაც “ყოველი თვითონ არის საუკეთესო მსაჯული იმისა, რას აღიქვამს და რას არა”. ბერკლი არ კმაყოფილდება თვითდაკვირვებით და, ლოგიკურ მსჯელობასთან ერთად, იყენებს არსებულ დაკვირვებებს დაბადებიდან ბრმა ადამიანებზე, რომელთაც თვალი აეხილათ. ეს მის არგუმენტაციას უფრო დამარწმუნებელს ხდის. ჯერ ერთი, მანძილი არ აღიქმება უშუალოდ თვალით თუნდაც იმიტომ, რომ მანძილი რაიმე ობიექტამდე არის თვალის მიმართ პერპერდიკულარული ხაზი, რომელიც პროექციაში იძლევა მხოლოდ წერტილს. აქ მნიშვნელობა არა აქვს, თუ რა მანძილია ობიექტამდე. მეორეც, ის უსინათლოები, ვისაც მხედველობა დაუბრუნდა, უშუალოდ სივრცეს ვერ ხედავენ და მხოლოდ თანდათან ეჩვევიან ამას. ეს განსაკუთრებით მესამე განზომილების აღქმას ეხება.       მაშასადამე, განფენილი სხეულები სამ განზომილებაში მხოლოდ მხედველობით არ აღიქმება. ამაში უდიდეს როლს ასრულებს შეხებითი და თვალის მოძრაობასთან დაკავშირებული კუნთური შეგრძნებები, რომლებიც უკავშირდებიან მხედველობით შეგრძნებებს. მათ შესაბამის იდეებს შორის ასოციაციური კავშირი გამეორებათა სიხშირის გამო მყარი ხდება. ამრიგად, ის, რასაც ჩვენ სივრცის მხედველობით აღქმას ვუწოდებთ, სინამდვილეში წარმოადგენს მხედველობის, შეხებისა და კუნთური შეგრძნებების კომბინაციას. როგორც ვხედავთ, მინიშნება აქაც ასოციაციის მექანიზმზე კეთდება.       ბერკლი გამოყოფს და განიხილავს რამდენიმე ფაქტორს, რომლებიც განაპირობებენ სივრცის აღქმის სიზუსტეს. მათ შორის გადამწყვეტია ე.წ. “მანძილი გუგებს შორის”, რომელიც ცვალებადობს ობიექტის დაშორების შესაბამისად (დღევანდელი ტერმინოლოგიით, ეს არის კონვერგენცია ანუ თვალების ღერძების კოორდინირებული შებრუნება შიგნით) და ე.წ. “თვალის დაძაბვა” (დღევანდელი ტერმინოლოგიით, ეს არის აკომოდაცია ანუ ბროლის ჩაზნექა და ამოზნექა საგნის დაშორების შესაბამისად). თანამედროვე შეხედულების მიხედვითაც, მხედველობითი აპარატის ამ მოძრაობებთან დაკავშირებული კუნთური შეგრძნებები, საკუთრივ ოპტიკურ შთაბეჭდილებასთან ერთად, უდიდესწილად განსაზღვრავენ სივრცის (განსაკუთრებით, რელიეფის, სიღრმის) აღქმას, ამიტომ მათ პირველად ფაქტორებს უწოდებენ. გამოიყოფა, აგრეთვე, ე.წ. მეორადი ფაქტორები. უნდა აღინიშნოს, რომ ბერკლი იყო პირველი, ვინც ზოგიერთ მათგანზე მიუთითა. მაგალითად, მან აღნიშნა, რომ მანძილის შეფასების სიზუსტე მატულობს, თუ აღმქმელსა და საგანს შორის სხვა ობიექტებიც არის განლაგებული (დღეს ამას სივრცის შევსებულობა ჰქვია); ბერკლიმ იმასაც მიაქცია ყურადღება, რომ მანძილის მატებასთან ერთად ობიექტის გამოსახულება ბუნდოვანი ხდება და ადამიანი ამ გამოცდილებას მანძილის შეფასებისას ითვალისწინებს (დღეს ამას ჰაერის პერსპექტივის ფაქტორის ზემოქმედებით ხსნიან). ერთი სიტყვით, ბერკლიმ სავსებით მართებულად მიუთითა სივრცის აღქმის ფაქტორებზე, თუმცა, ცხადია, არ ესმოდა აქ მოქმედი ფიზიკური, ფიზიოლოგიური და ფსიქიკური მექანიზმების ბუნება. ეს მხოლოდ მომდევნო საუკუნეებში გაირკვა. ბერკლი სწორად მიხვდა იმასაც, რომ სივრცის აღქმა უპირატესად შეძენილი უნარია (ამას შემდგომში გენეტიზმი ეწოდა). მან ასევე, მართებულად მიანიშნა, რომ სივრცის აღქმა რამდენიმე შეგრძნების გაერთიანებული მოქმედების შედეგია, ანუ ინტერმოდალური ხასიათისაა. ბერკლის ხაზი მეცხრამეტე საუკუნის ასოციაციონიზმში განაგრძო ა. ბეინმა, რომელიც სპეციალურად აღნიშნავდა კუნთური შეგრძნების როლს სივრცის აღქმაში.       შემდეგი ბრიტანელი, რომელმაც ფსიქოლოგიაზე კიდევ უფრო მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა, ვიდრე ბერკლიმ, იყო დევიდ ჰიუმი (17111766). ჰიუმი დაიბადა ედინბურგში. ერთხანს სწავლობდა იქვე უნივერსიტეტში, შემდეგ კი განათლების მიღება განაგრძო საფრანგეთში. ინგლისში დაბრუნების შემდეგ თავი მრავალ სფეროში გამოსცადა: მუშაობდა ბიბლოთეკარად, ადვოკატად, დიპლომატად, ბავშვის მასწავლებლად მდიდარ ოჯახში. დაწერა არაერთი პუბლიცისტური ესსე და ინგლისის რვატომიანი ისტორია. ჰიუმის მთავარი ფილოსოფიური და ფსიქოლოგიური თხზულებებია “ტრაქტატი ადამიანის ბუნების შესახებ” (1739) და “გამოკვლევა ადამიანის შემეცნების შესახებ” (1748).       ჰიუმის ფილოსოფიაში ფსიქოლოგიურ პრობლემატიკას დიდი ადგილი უკავია. ეს გასაგებიცაა. როგორც თანმიმდევრული სუბიექტური იდეალისტი, იგი სრულებით უარს ამბობს ობიექტური სამყაროს შესახებ მსჯელობაზე და მთლიანად სუბიექტური სინამდვილის ანალიზით იფარგლება. ჰიუმი, ლოკის მსგავსად, ადასტურებს მარტივი და რთული იდეების არსებობას და ამ უკანასკნელთა წარმოქმნის ასოციაციურ პრინციპს უფრო ჩამოყალიბებულ სახეს აძლევს. ასევე, მეტი ადეკვატურობით გამოირჩევა ცნობიერების შინაარსების ჰიუმისეული ანალიზიც. მთელ შინაგან გამოცდილებას, ცნობიერების მდგომარეობათა ერთობლიობას მან პერცეფცია უწოდა და ორ კლასად დაყო: შთაბეჭდილებებად და იდეებად. “შთაბეჭდილებებში” იგულისხმება შეგრძნებები, გრძნობები და ვნებები. “იდეები” კი არის შთაბეჭდილებათა მკრთალი სურათები ან ასლები ჩვენს გონებაში. ამგვარ გამიჯვნას პრინციპული მნიშვნელობა ჰქონდა. მისი წყალობით, როგორც თვითონ ავტორი აღნიშნვს, სიტყვა “იდეამ” თავდაპირველი მნიშვნელობა დაიბრუნა, რომელიც მას ლოკმა დაუკარგა, ვინაიდან შეგრძნებებსაც იდეებს უწოდებდა. იდეა არის ისეთი განცდა, რომელიც არსებობს მისი შესაბამისი საგნის სუბიექტზე უშუალო ზემოქმედების გარეშე. ფსიქოლოგიის თვალსაზრისით ის იგივეა, რაც წარმოდგენა. ეს ტერმინი დღესაც ამ მნიშვნელობით იხმარება, რასაც ვერ ვიტყვით ტერმინ “შთაბეჭდილების” ჰიუმისეულ გაგებაზე.       შთაბეჭდილება და იდეა განცდის ორი სახესხვაობაა. მათი გამიჯვნის ძირითადი კრიტერიუმი არის განცდის სიცხოველე: შთაბეჭდილებები უფრო ძლიერი, გამოკვეთილი და ცხადია. ეს განსხვავება მართლაც ადვილად გამოიკვეთება შინაგან გამოცდილებაში. მაგრამ მთავარი ის არის, თუ როგორია ამ განსხვავების საფუძველი, მხოლოდ რაოდენობრივი, როგორც ჰიუმს მიაჩნდა, თუ თვისებრივიც. ალბათ ძნელია იმის უარყოფა, რომ ზოგიერთი იდეა უფრო ძლიერი და მკაფიოა, ვიდრე რაიმე სუსტი შთაბეჭდილება. ქუხილის იდეა, მაგალითად, აშკარად უფრო ინტენსიურია, ვიდრე საათის ტიკტიკის ოდნავ შესამჩნევი შეგრძნება. ისეთი მახვილი თვითდაკვირვების უნარის მქონე მკვლევარს, როგორიც ჰიუმი იყო, არ შეიძლებოდა ეს არ შეემჩნია. იგი პირდაპირ მიუთითებს ისეთ მდგომარეობებზე (სიზმარი, ტრანსი და ა.შ.), როდესაც იდეის ინტენსიობა უტოლდება ან აჭარბებს კიდეც შთაბეჭდილების ძალას. მიუხედავად ამისა, ავტორს არ უჩნდება კითხვა, თუ რატომ უნდა ვუწოდოთ მაშინ ასეთ სუსტ ფსიქიკურ შინაარსს შთაბეჭდილება, ხოლო უფრო ძლიერს - იდეა. აქ საქმე მხოლოდ ინტენსიობაში არ უნდა იყოს. შთაბეჭდილებასა და იდეას შორის განსხვავება ჰიუმმა ემპირიულად დაადგინა. უშუალო გამოცდილების ფარგლებში ეს იმდენად აშკარაა, რომ აღნიშნული სირთულის მიუხედავად, მეცნიერებამ იგი მაინც მიიღო. მაგრამ, ამ განსხვავების სიცხადე მათ შორის არსებულ უფრო მნიშვნელოვან განსხვავებაზე მიანიშნებს; იგი მხოლოდ განცდების ძალითა და სიცხოველით კი არ ამოიწურება, არამედ თვისებრივ, რომელობით განსხვავებას ეხება. ფაქტია, რომ გრძნობადი აღქმა იმდენად თვალსაჩინოდ განსხვავდება მეხსიერების ან წარმოსახვის განცდებისაგან, რომ იშვიათად ხდება მათი აღრევა (მაშინაც კი, როცა მათი ინტენსივობა, სიცხოველე თანაბარია). ეს ფსიქიკურ მასალაში პირველადი, რომელობითი განსხვავების არსებობაზე მიუთითებს. აქ იმის მსგავსი განსხვავებაა, რომელიც არსებობს, ვთქვათ, ფერისა და გემოს განცდებს შორის.       შთაბეჭდილებები იყოფა შეგრძნების შთაბეჭდილებებად (ანუ უბრალოდ შეგრძნებებად) და რეფლექსიის შთაბეჭდილებებად. ეს უკანასკნელნი იდეის მიერ აღძრული შთაბეჭდილებებია და, ფაქტობრივად, ვნებებსა და ემოციებს აღნიშნავენ. მათი წარმოქმნა შემდეგნაირად ხდება: ჩვენ განვიცდით სიცივეს, შიმშილს, ტკივილს და სხვა შეგრძნებებს, ისინი იწვევენ სათანადო იდეებს, ამ იდეებს კი შეუძლიათ ახალ შთაბეჭდილებათა გამოწვევა, მაგალითად, მისწრაფების, იმედის, შიშის, ზიზღის და სხვა. მათი პირველადი საფუძველი ამ შემთხვევაშიც შეგრძნებებია.       რაც შეეხება იდეებს, მათში გამოიყოფა მეხსიერებისა და წარმოსახვის იდეები. მეხსიერების იდეები უფრო შთაბეჭდილებებს გვანან და მეტი სიმკვეთრით და სიცხოველით ხასიათდებიან. უნდა აღინიშნოს, რომ ექსპერიმენტული ფსიქოლოგიის მონაცემები არ ადასტურებენ ჰიუმის ამ მოსაზრების მართებულობას. ჰიუმის მიხედვით, შთაბეჭდილებები, ისევე როგორც იდეები, შეიძლება იყოს მარტივი ან რთული. მარტივი იდეა უთუოდ ჰგავს მარტივ შთაბეჭდილებას, მაგალითად, წითელი ფერის იდეა - ანალოგიური შინაარსის შეგრძნებას. მარტივ შთაბეჭდილებებსა და იდეებს არა აქვთ ნაწილები, ხოლო რთული იდეები განსხვავებული ნაწილების ან თვისებების ერთობლიობას წარმოადგენენ. მაგალითად, ვაშლის აღქმაში ან იდეაში განვასხვავებთ ფორმას, ფერს, გემოს და ა.შ. რთული იდეები შინაარსის მხრივ ასევე შეესაბამებიან რთულ შთაბეჭდილებებს (აღქმებს), მაგრამ, არსებობენ ისეთი რთული იდეებიც, რომლებიც არ გვანან არავითარ აღქმით შთაბეჭდილებას და მარტივი იდეების ახლებური შეერთებით წარმოიქმნებიან.       როგორც ზემოთ ითქვა, რთული (ზოგადი) იდეების წარმოქმნა, ლოკის მიხედვით, უპირატესად, გონებრივ მოქმედებათა (შედარება, განყენება, შეერთება და სხვა) საშუალებით ხორციელდება. ამ საკითხის განხილვისას ჰიუმი ბევრად უფრო თამამად საუბრობს ასოციაციის მექანიზმზე, ვიდრე მისი წინამორბედნი, თუმცა ამ ტერმინს თავადაც არ ხმარობს დარწმუნებით. იგი ასე მსჯელობს: პრინციპში ყველა მარტივი იდეა შეიძლება განცალკევდეს სხვა იდეებისაგან და ნებისმიერად, წარმოსახვის უნარის გამოყენებით ყოველნაირი კომბინაციით ხელახლა დაუკავშირდეს სხვადასხვა იდეებს. ჩვენ შეგვიძლია დავუკავშიროთ ერთმანეთს ცხენის ტანი ადამიანის თავს და ასე შევქმნათ კენტავრის იდეა. მაგრამ ეს კავშირი ბუნებრივი არ არის. ამიტომ უნდა არსებობდეს მუდმივი დამაკავშირებელი უნივერსალური პრინციპი, რომელიც ყველგან და ყოველთვის მოქმედებს. იგი საშუალებას იძლევა, მარტივი იდეები გაერთიანდნენ რეალურად ერთსა და იმავე კომპლექსებში ისე, რომ ერთმა იდეამ ბუნებრივად გამოიწვიოს მეორე, როგორც ეს ჩვეულებრივ ხდება ხოლმე. ასეთი პრინციპია ასოციაცია. ასოციაცია გაგებულია, როგორც მიზიდულობა იდეებს შორის, მათი დამაკავშირებელი ძალა. ასოციაცია არ არის რაღაც აუცილებელი კანონი, რომლითაც იდეები ერთმანეთს უკავშირდება. როგორც ითქვა, წარმოსახვის საშუალებით იდეების ყოველგვარი დაკავშირებაა შესაძლებელი. ასოციაცია ის მუდმივმოქმედი პრინციპია, რომელიც ქმნის უფრო ხშირ, “როგორც წესი” არსებულ კავშირებს. ჩვეულებრივი ობიექტების ან მიმართებების შესახებ ჩვენში მოცემული რთული იდეები სწორედ ასოციაციის მექანიზმის მოქმედების შედეგადაა აღმოცენებული.       თავდაპირველად ჰიუმმა გამოყო ასოციაციის სამი კანონი: მსგავსების, მეზობლობის (დროსა ან სივრცეში) და მიზეზ-შედეგის. შემდგომში, ეს უკანასკნელი, ფაქტობრივად, მეზობლობაზე იქნა დაყვანილი. ჰიუმი არჩევდა ერთდროულ (სიმულტანურ) და თანმიმდევრულ (სუქცესიურ) ასოციაციებს. იგი მიუთითებდა აგრეთვე ე.წ. გაშუალებულ ასოციაციებზე, როდესაც ორი ობიექტი ერთმანეთს უკავშირდება არა იმის გამო, რომ ისინი ერთმანეთის მსგავსია ან ერთმანეთის მეზობლად მდებარეობს, არამედ იმიტომ, რომ მათ შორის მოთავსებულია მესამე ობიექტი, რომელიც თითოეულ მათგანთან ერთერთი ამ მიმართებით არის დაკავშირებული.       ასოციაციის ყველა ეს ვარიანტი თუ კანონი გვხვდება როგორც ყოველდღიურ ცხოვრებაში, ისე მეცნიერულ აზროვნებაში. ეს განსაკუთრებით მკაფიოდ კაუზალური მიმართების ჰიუმისეულ ანალიზში ჩანს. იდეა იმის შესახებ, რომ რაიმე მოვლენას (მიზეზს) აუცილებლად მოჰყვება სხვა მოვლენა (შედეგი), ე.ი. რომ ერთი იწვევს მეორეს, არის ილუზია. აქ ყველაფერი მოვლენათა, უფრო ზუსტად კი, შთაბეჭდილებათა და შესაბამის იდეათა მეზობლობაზე დაიყვანება. სინამდვილეში ერთ იდეას, როგორც წესი, მოჰყვება მეორე. ასეთი თანხვედრის სიხშირის გამო ჩვენ გვიჩნდება რწმენა, რომ ერთი მეორის მიზეზია. მაგრამ ის, რომ მოვლენები ერთმანეთიდან გამომდინარეობს, აღქმაში არ გვეძლევა, ამის შესაბამისი შთაბეჭდილება არ არსებობს. ჩვენ განვიცდით მხოლოდ მოვლენათა (შთაბეჭდილებათა) თანმიმდევრობას. მაგალითად, ელვას ქუხილი მოსდევს, მაგრამ თანმიმდევრობიდან მიზეზობრიობაზე დასკვნის გამოტანა ლოგიკური შეცდომაა: პოსტ ჰოს, ერგო პოპტერ ჰოს (ამის შემდეგ, მაშასადამე ამის გამო). თუკი მიზეზობრიობა, როგორც რეალური მიმართება არ აღიქმება, მაშინ არც შესაბამისი იდეა შეიძლება არსებობდეს, ვინაიდან იდეაში უნდა იყოს მხოლოდ ის, რაც შთაბეჭდილებაში იყო მოცემული. მაშასადამე, მიზეზობრიობის იდეა, რომელიც კაუზალურ კავშირს, როგორც რეალობას სახავს, დროში მოსაზღვრეობის ასოციაციის გზით ყალიბდება და სინამდვილეში მხოლოდ ჩვეულებას ან სუბიექტურ რწმენაზე დაფუძნებულ ილუზიას (ჰიუმის გამოთქმით, ქიმერას) წარმოადგენს.       ამრიგად, ჩვენ ვერაფერს ვამბობთ ობიექტური სამყაროსა და იქ მოქმედი კაუზალური კავშირების რეალურ არსებობაზე. რეალურად არსებობს მხოლოდ შთაბეჭდილებათა და იდეათა ჩვევად ქცეული კომპლექსები. მათ, მოსახერხებლობის გამო, ერთ სახელს ვუწოდებთ და რეალური არსებობის რწმენით ვაჯილდოვებთ. მაგრამ, იმავე ლოგიკით, თუ არ არსებობს რეალური ობიექტი, არ არსებობს რეალური სუბიექტიც. სუბიექტის, “მე”-ს ცნება ზუსტად ასევეა კონსტრუირებული ჩვენ მიერ. “მე” არის ჩვენი ცნობიერების შინაარსების კავშირი, კომპლექსი: “როცა საკუთარ მე-ში ვღრმავდები, ყოველთვის ვაწყდები ამა თუ იმ ერთეულ პერცეფციას - სიყვარულს ან სიძულვილს, ტანჯვას ან სიამოვნებას, და ვერასოდეს ვიჭერ ჩემს “მე”-ს, პერცეფციისაგან დამოუკიდებლად”. ცნობიერების ამ მდგომარეობათა კრებადობას მხოლოდ ჩვეულების გამო ვუწოდებთ “მე”-ს, მაგრამ ამ კომპლექსის რეალური არსებობის შესახებ დანამდვილებით არაფრის თქმა არ შეგვიძლია. პიროვნება, “მე”, როგორც ასეთი, დაკვირვებას არ ექვემდებარება და, ამდენად, ფსიქოლოგიურ ილუზიად, ქიმერად უნდა ჩაითვალოს. თუმცა, ჰიუმი აქვე აღიარებს, რომ კარგად არ ესმის, თუ რა შემადგენლობისაა “მე”-ს იდეა და როგორ არის კონსტრუირებული. სამაგიეროდ, ზუსტად განმარტავს კიდევ ერთი “ქიმერული იდეის”, სახელდობრ, ღმერთის იდეის სტრუქტურას, რომელიც, მისი აზრით, ყოვლისმცოდნეობის, ყოვლისშემძლეობისა და მშობლიური სიყვარულის იდეათა გაერთიანებაა.       იქიდან, რაც “მე”-ს შესახებ ითქვა, შეიძლება დავასკვნათ, რომ სწორედ ჰიუმის “დამსახურებით” დარჩა ფსიქოლოგია კარგა ხანს, ასე ვთქვათ, უსუბიექტო მდგომარეობაში. სულიერი ცხოვრების ანალიზში “მე”-ს, პიროვნების კატეგორიები არ ფიგურირებდა. ფსიქიკა გაგებული იყო, როგორც სცენა, რომელზეც ცნობიერების სხვადასხვა შინაარსი ჩნდება, ცოცხლობს და ქრება. ჰიუმი პირდაპირ ამბობს: “სული თეატრს ჰგავს, რომელშიც ერთმანეთის მიყოლებით გამოდიან სხვადასხვა პერცეფციები”. სხვათა შორის, თეატრთან შედარებას დეკარტეს ფსიქოლოგიურ შეხედულებათა მიმართაც ხშირად იყენებდნენ. მათ “კარტეზიანულ თეატრს” უწოდებდნენ და გულისხმობდნენ, რომ სული სხეულის შიგნით ზის და უყურებს თეატრალურ სცენას, რომელზეც გარე და შინაგანი სამყაროს ამსახველი იდეები გამოდიან. ფსიქოლოგიის ერთ-ერთი ისტორიკოსის ზუსტი შეფასებით, ჰიუმმა გამორიცხა სული (ანუ “მე”, სუბიექტი) კარტეზიანული თეატრიდან და ფსიქოლოგიური რეალობის სახით მხოლოდ მისი სცენა დატოვა (თ. ლიხი).       ასეთია ჰიუმის ფსიქოლოგიური წარმოდგენები, რომლებიც უკიდურესი ემპირიზმის ნიშანს ატარებს: მხედველობაში უნდა მივიღოთ მხოლოდ ის, რაც გამოცდილებაშია (ცნობიერებაშია) მოცემული. ამ გამოცდილების პირველადი მასალა კი შეგრძნებებიდან მიიღება. ამიტომ მეცნიერებამ შეიძლება მხოლოდ დაკვირვებად მოვლენებზე იმსჯელოს. ეს პოზიცია მომდევნო საუკუნეში გაგრძელდება და განვითარდება პოზიტივისტურ ფილოსოფიაში და საკმაოდ დიდ გავლენას მოახდენს ფსიქოლოგიური აზროვნების ფორმირებაზე. მიუხედავად თავისი უკიდურესობისა და ცალმხრივობისა, განვითარების სწორედ ეს ვექტორი მიიყვანს ფსიქოლოგიას ექსპერიმენტამდე და, საბოლოოდ, ფილოსოფიისაგან დამოუკიდებელი ემპირიული მეცნიერების დამკვიდრებამდე.       ჰიუმის ფილოსოფია ყველაზე უფრო ფსიქოლოგიზირებული მოძღვრებაა. მასში პირდაპირ არ არის ნათქვამი, მაგრამ საკმაოდ ნათლად არის მინიშნებული, რომ ფსიქოლოგიურ ცოდნას გამორჩეული მნიშვნელობა აქვს მეცნიერებათა მთელი სისტემის დაფუძნების თვალსაზრისით. “ყველა მეცნიერება, ამბობს იგი, ადამიანის ბუნებას ენათესავება და ერთადერთი საძირკველი, რომელსაც ისინი შეიძლება ეყრდნობოდნენ, ესაა მეცნიერება ადამიანის ბუნების შესახებ”. ამასთან მასალა, რომლის გათვალისწინებითაც შესაძლებელია ადამიანის ბუნების შესწავლა, პერცეფციებით ანუ ფსიქიკური შინაარსებით ამოიწურება. მაშასადამე, სუბიექტური სინამდვილის შესახებ ცოდნის სისტემა ყოველგვარი ცოდნის საფუძველია. ტერმინი “ფსიქოლოგია” იმ ხანად კიდევ ეს-ესაა იკიდებდა ფეხს სამეცნიერო ლექსიკონში. ამიტომ, მართალია ამ კონტექსტში ფსიქოლოგია ჰიუმის მიერ არაა ნახსენები, მაგრამ ის დანამდვილებით არის ნაგულისხმევი.       დევიდ ჰერტლი (1705-1757) არაა ისეთი მასშტაბის მოაზროვნე, როგორსაც მისი თანამედროვე და თანამემამულე ბერკლი ან ჰიუმი არიან, მაგრამ მან უდავოდ უფრო დიდი როლი ითამაშა იმდროინდელ ფსიქოლოგიაში, ვინაიდან შექმნა პირველი, დასრულებული სახის ასოციაციონისტური სისტემა. მოსაზრება იმის თაობაზე, რომ მეხსიერებაში წარმოდგენათა შორის კავშირის დამყარების პროცესი გარკვეულ კანონებს ემორჩილება, ჯერ კიდევ არისტოტელემ გამოთქვა. იდეებს შორის კავშირებზე (ასოციაციებზე) აგრეთვე მიუთითებდნენ სპინოზა, ჰობსი, ლოკი. უფრო თამამად საუბრობდა ასოციაციის პრინციპზე ბერკლი, ჰიუმმა კი ის ფსიქიკური შინაარსების გაერთიანების ყველაზე გავრცელებულ პრინციპად მიიჩნია. ჰერტლი კიდევ უფრო შორს წავიდა. მან ასოციაცია ცნობიერების მუშაობის არა უბრალოდ ყველაზე გავრცელებულ, არამედ ერთადერთ პრინციპად გამოაცხადა. ჰერტლიმ გამოიყენა წინამორბედთა იდეები, დაუმატა საკუთარი მოსაზრებები, გააერთიანა ისინი და ჩამოაყალიბა ერთი მთლიანი ფსიქოლოგიური კონცეფცია. ჰერტლისთან მთელი ფსიქიკური ცხოვრება ასოციაციის პრინციპის საფუძველზეა გააზრებული.       ჰერტლის ოჯახი მაღალ საზოგადოებას მიეკუთვნებოდა. მამამისი მინისტრი იყო. ჰერტლის თავდაპირველად უნდოდა, სასულიერო პირი გამხდარიყო, მაგრამ შემდგომში გეგმები შეცვალა და თეოლოგიურ განათლებას სამედიცინოც დაუმატა. იგი დიდად ერუდირებული ექიმი იყო, რაც აისახა მის მთავარ თხზულებაში: “ფიქრები ადამიანზე, მის აგებულებაზე, მოვალეობებსა და იმედებზე” (1749). მის შექმნაზე ჰერტლი 18 წელს მუშაობდა. “ფიქრები”, პირველ ყოვლისა, ადამიანის სულიერ სამყაროზეა მიმართული. ჰერტლი ფსიქოლოგიის სისტემას ქმნის, მაგრამ ისეთი ფსიქოლოგიისა, რომელსაც მედიკოსისთვის დამახასიათებელი მატერიალისტურ-სხეულებრივი საფუძველი აქვს. სულზე საუბრისას იგი არასდროს ივიწყებს სხეულს. ჰერტლის მთავარი საფიქრალი სწორედ მათი ურთიერთობის გარკვევაა.       ამ საკითხის გააზრებისას ჰერტლი ცდილობს, ერთმანეთს დაუკავშიროს ლოკის და მისი მიმდევრების იდეათა ასოციაციის მოძღვრება და ნიუტონის ე.წ. ვიბრაციების თეორია. ჰერტლის აზრით, ის კანონზომიერებანი, რომლებსაც ემორჩილება სულის იდეები და სხეულის ვიბრაციები, ძალიან ჰგავს ერთმანეთს, მაგრამ ისინი მხოლოდ პარალელურია და არა იდენტური. სხეული და სული სხვადასხვა რეალობას, სუბსტანციას მიეკუთვნება. ამრიგად, ჰერტლი დუალისტია და პარალელისტი. მისი პარალელიზმი ფსიქოფიზიოლოგიურია, იგი სხეულისა და სულის ურთიერთმიმართებაზე ფიქრობს. ჰერტლი მკაფიოდ გამოყოფს სხეულის იმ ნაწილებს, რომლებთანაც სულია დაკავშირებული, ანუ “სულის ადგილსამყოფელია”. ასეთი ნაწილი, პირველ რიგში, თავის ტვინია, აგრეთვე, ზურგის ტვინი და მათგან გამომავალი ნერვები. ნერვული სისტემის ფუნქციონირებას, ჰერტლის აზრით, ნერვული სუბსტრატის უმცირესი ნაწილაკების ვიბრაციული მოქმედება განაპირობებს. ეს შეხედულება უპირისპირდება ნერვული მექანიზმის დეკარტესეულ გაგებას, რომელიც გულისხმობს ნერვებში “ცხოველური სულების” გადაადგილებას. ჰერტლის თანახმად, ნერვები მილაკები კი არა, შევსებული სტრუქტურებია და მათში ვიბრაციული პროცესი მიმდინარეობს. მაგრამ ვინაიდან მისი სტიმულირება ეთერის ვიბრაციით ხდება, ეს პროცესი გრძნობის ორგანოებში და კუნთებშიც მიმდინარეობს. ამრიგად, ჰერტლი ვიბრაციის ტერმინებში ახასიათებს რეფლექტორულ რკალს, რომელიც პირველად დეკარტემ აღწერა: გარემოდან მიღებული ვიბრაცია გრძნობის ორგანოს გადაეცემა და, ტვინის გავლით, ნერვების საშუალებით აღწევს სამოძრაო აპარატამდე.       სხეულში განვითარებული ვიბრაციული პროცესები ერთმანეთისაგან ოთხი ნიშნით განსხვავდება: ხარისხით, რაგვარობით, ადგილმდებარეობით და მიმართებით. ხარისხი რხევის ამპლიტუდას ანუ ძალას ნიშნავს, რაგვარობა - რხევის სიხშირეს, ადგილმდებარეობა ლოკალიზაციაზე მიუთითებს, ხოლო მიმართებას განსაზღვრავს ის, რომ ვიბრაციები სხვადასხვა ნერვებით გადაეცემა ტვინს. ხარისხის, ანუ ძალის მიხედვით, ვიბრაციების ორი სახეობა გამოიყოფა: ჩვეულებრივი, ანუ გრძნობადი ვიბრაციები, რომლებიც შეგრძნებებს შეესაბამება და ამ უკანასკნელთა განმეორებით გამოწვეული კიდევ უფრო მცირე ვიბრაციები ტვინში. მათ ვიბრაციუნკულები ან მინიატურები ეწოდება და ისინი იდეებს შეესაბამებიან.       უნდა აღინიშნოს, რომ ჰერტლის ვიბრაციულ-ფიზიოლოგიური წარმოდგენები საკმაოდ შორს იყო ჭეშმარიტებისაგან. ისინი გამოხატავდნენ XVIII საუკუნის ცოდნას, უფრო ზუსტად, რეალური ფიზიოლოგიური პროცესების შესახებ ცოდნის არარსებობას. მაგრამ, როგორც ფსიქოლოგიის ისტორიკოსები მუთითებენ, მათში მაინც აისახა მკვლევარის პროგრესული ბუნებისმეტყველური სწრაფვა, გამოევლინა ფსიქიკური პროცესების ობიექტური დინამიკა ისე, რომ არ მიემართა სულისთვის, როგორც ამხსნელი ცნებისთვის.       სულიერი სამყაროს აგებულებაში, ჰერტლის მიერ გამოიყოფა სამი უმარტივესი ელემენტი: შეგრძნებები (სენსეციები), იდეაციები (შეგრძნების იდეები ანუ გამეორება საგნის რეალური მოცემულობის გარეშე) და აფექტაციები (სიამოვნება-უსიამოვნება). ეს არის ის მასალა, რომლისაგანაც ასოციაციის მექანიზმის მეშვეობით მთელი ფსიქიკური ცხოვრება შენდება. ამასთან, სხეულებრივი (ნერვული) და ფსიქიკური პროცესები სრულ შესაბამისობაშია, ამიტომ, არსებითად, ასოციაციის ორი მექანიზმისა და, შესაბამისად, ორი პროცესის შესახებ უნდა ვისაუბროთ. მათგან ერთი სხეულში ხორციელდება, მეორე - სულში.       სულში მოქმედ ასოციაციის კანონზე ჰერტლი წერს: “თუ გარკვეული შეგრძნებები (A,B,ჩ და სხვა) საკმარისად ხშირად დაუკავშირდება ერთმანეთს, ისეთ ძალას შეიძენენ შესატყვის იდეებზე (ა,ბ,ც და სხვა), რომ რომელიმე მათგანი (A) განცალკევებული მოქმედებისას სულში დანარჩენ შეგრძნებათა იდეებს (ბ,ც და სხვა) აღძრავს”. სხეულში პარალელურად მიმდინარე ასოციაციური პროცესის ფორმულირება აღწერილის ანალოგიურია იმ განსხვავებით, რომ შეგრძნების ნაცვლად ლაპარაკია გრძნობად ვიბრაციაზე, ხოლო იდეის ნაცვლად - მინიატურულ ვიბრაციაზე. ეს არის კანონი, რომლის საფუძველზეც მყარდება ასოციაცია შეგრძნებასა და იდეას შორის. რაც შეეხება იდეებს შორის ასოციაციას, მისი შესაბამისი პროცესი ტვინში ასე აღიწერება: როცა ორი მინიატურული ვიბრაცია ტვინში ერთდროულად მიმდინარეობს, შესატყვისი ზონებიდან აგზნების პროცესი ყველა მიმართულებით ვრცელდება და ისინი ერთმანეთზე ზემოქმედებენ; ზონებს შორის მით უფრო მჭიდრო კავშირი მყარდება, რაც უფრო ხშირად ხდება ეს. ამიტომ, როდესაც შემდგომში ერთი ვიბრაცია აღმოცენდება, ის გამოიწვევს მეორეს. ეს შეესაბამება ერთი იდეის მიერ მეორის გამოწვევის პროცესს.       ასოციაცია შეიძლება დამყარდეს შეგრძნებებს, იდეებსა და მოძრაობებს შორის. მოძრაობის შემოტანა აქ მეტად მნიშვნელოვანია, ვინაიდან ეს საშუალებას იძლევა ასოციაციის მექანიზმი გავრცელდეს მოტორული მოქმედების სფეროზე, რაც თითქმის ორი საუკუნის შემდეგ განხორციელდა ბიჰევიორიზმში. თვით ჰერტლი მოძრაობათა ორ ჯგუფს გამოყოფს: ავტომატიზმებს და ნებისმიერ მოძრაობებს. ავტომატიზმები სხეულებრივი მექანიზმებიდან მომდინარეობს და გრძნობად გამღიზიანებელზე უშუალო რეაქციას წარმოადგენს. ადამიანი იბადება ე.წ. პირველადი ავტომატიზმების გარკვეული მარაგით. ნებელობითი მოძრაობები ამ ავტომატიზმების სხვადასხვა ფსიქიკურ მიზეზებთან (იდეები, აფექტები, ვნებები) ასოციაციური დაკავშირების გზით ყალიბდება. მაგალითად, ახალშობილი ბავშვის ხელისგულზე შეხება იწვევს თითების უნებლიე შეკუმშვას, ანუ ტაცების პირველად ავტომატიზმს. ეს მოძრაობა შეიძლება დაუკავშირდეს სხვადასხვა შეგრძნებებსა თუ იდეებს, ვთქვათ, საყვარელი სათამაშოს დანახვას, რომლის ტაცებას და დაჭერას ბავშვი თანდათან სწავლობს ასოციაციის კანონების შესაბამისად. ამავე ლოგიკით, სიტყვები: აიღე, დაიჭირე, რომლებიც ბავშვს ესმის უფროსებისაგან, უკავშირდება სათანადო მოძრაობებს და მას სამოქმედოდ აღძრავს. ეს უკვე ნახევრად ნებელობითი მოძრაობაა. მოძრაობა მთლიანად ნებელობითი გახდება მაშინ, როდესაც “ის იდეა ან სულის მდგომარეობა, რომელსაც ჩვენ შეგვიძლია ვუწოდოთ ტაცების სურვილი და რომელსაც, გარკვეულად, შინაგანი ბრძანების ხასიათი აქვს, ისე ძლიერად დაუკავშირდება სათანადო მოძრაობას, რომ ეს უკანასკნელი პირველის გაჩენისთანავე აღმოცენდება”. ნებელობა სწორედ “სულის მდგომარეობაა”, რომელიც წინ უსწრებს ჩვენ მიერვე გამოწვეულ სულიერ (მოგონება, წარმოსახვა) თუ სხეულებრივ (მოძრაობა) აქტებს. ხშირი გამეორების, ვარჯიშის შედეგად ნებელობითი მოძრაობები შეიძლება გადაიქცეს ე.წ. მეორად ავტომატიზმებად, ანუ ჩვევებად და ჩვეულებებად. ისინი ნებელობად წოდებული “სულის მდგომარეობით” აღარ არიან გაშუალებული, თითქოს თავისთავად აღიძვრებიან და მიმდინარეობენ. მაშასადამე, პირველადი ავტომატიზმებიდან ასოციაციის მექანიზმის საშუალებით წარმოიქმნება ნახევრად ნებელობითი, ნებელობითი აქტები და მეორადი ავტომატიზმები.       აღზრდის პროცესში ასოციაციის ასეთივე მექანიზმით ყალიბდება აფექტები და ვნებები (თავისი წინამორბედების მსგავსად, ჰერტლიც ვერ განასხვავებს დაბეჯითებით ემოციურ და მოტივაციურ სფეროებს; მაგ., ძლიერ აფექტს იგი სურვილს უწოდებს). ვნება წარმოიქმნება საგნის წარმოდგენის ანუ იდეაციის და აფექტაციის დაკავშირების გზით. თავიდან ბავშვისთვის უცხოა შიში. მას რაღაც უნდა დაუშავდეს, რაიმე ზიანი მიადგეს, რის შემდეგაც მეხსიერებაში შემორჩენილი ამ უარყოფითი ემოციის იდეა ასოცირდება იმ პირობების იდეასთან, რომლებმაც გამოიწვიეს ზიანი და შესაბამისი ემოცია.       თვით ასოციაციის პრინციპის გააზრებაში ჰერტლის ბევრი ახალი და საყურადღებო ნიუანსი შემოაქვს. ასოციაციის პირობებიდან თუ ფაქტორებიდან იგი მსგავსებას გამორიცხავს, ტოვებს მეზობლობას და უმატებს გამეორებას. ეს ხდება იმის გათვალისწინებით, რომ ფსიქიკურ ასოციაციას საფუძვლად უდევს ფიზიოლოგიური (ვიბრაციული) ასოციაცია. ამიტომ ასოციაციური კავშირის შექმნა არ შეიძლება იყოს დამოკიდებული სუბიექტურ და სუბიექტიდან გამომდინარე წინაპირობებზე (მსგავსება, მაგალითად, ასეთი ფაქტორია, ვინაიდან მსგავსია თუ არა საგნები და მოვლენები - სუბიექტი ადგენს). ამდენად ჰერტლი აგრძელებს ჰიუმისეული უსუბიექტო მექანიცისტური ფსიქოლოგიის ხაზს. პოზიტიური აქ ის არის, რომ ჰერტლი ასოციაციის ფაქტორებს დაბეჯითებით უმატებს გამეორებას. “შეგრძნებები, იდეები და მოძრაობები საკმაოდ ხშირად უნდა დაუკავშირდნენ ერთმანეთს”, ამბობს იგი და ამით ხაზს უსვამს გამეორების ფაქტორს. მისი უდიდესი მნიშვნელობა მხოლოდ XIX და XX საუკუნეების მიჯნაზე გახდა ნათელი (ებინჰაუსი, თორნდაიკი და სხვა) და ის დასწავლის ერთ-ერთ ძირითად პრინციპად იქცა.       ფსიქოლოგიის შემდგომი განვითარების თვალსაზრისით ჰერტლის ასოციაციური მოძღვრების სხვა მხარეებიც საინტერესოა. მან საგანგებო მსჯელობის საგნად აქცია სიმულტანური და სუქცესიური ასოციაციების არსებობის ფაქტი (რომელზეც ჰიუმმა მხოლოდ მიანიშნა) და ამით მკვეთრად გააფართოვა ასოციაციის გამოყენების არე. ის ვარგისიანი გახდა როგორც თანმიმდევრული პროცესების (მეხსიერება, აზროვნება), ისე მარტივი იდეების კომპლექსებად შერწყმის ასახსნელად (აღქმა). სიმულტანური ასოციაციების დაშვება ნაბიჯია ჯ.ს. მილის “სულის ქიმიისკენ”, ანუ ცნობიერების რთულ წარმონაქმნებში ისეთი კავშირების გააზრებისკენ, სადაც შემადგენელი ელემენტები ახალ თვისობრიობას ქმნიან (იხ. თავი 4.3). ასოციაციონისტური მოძღვრების განვითარებას, როგორც შემდგომში დავრწმუნდებით, ლოგიკურად მივყავართ ცნობიერების მოვლენების ასეთ ანალიზამდე. ამის ნიშნები უკვე ჰერტლისთან არის მოცემული, რასაც ადასტურებს თუნდაც შემდეგი გამონათქვამი: “შეგრძნების მარტივი იდეები უნდა ერთიანდებოდნენ ჯგუფებად და კომბინაციებად. ასოციაციების მეშვეობით თითოეული მათგანი მრავალი შემადგენელი ნაწილის დაახლოებისა და შერწყმის გზით ერთ დიდ რთულ იდეად შეიზრდება. დაკვირვება იმასაც გვიჩვენებს, რომ მრავალი ინტელექტუალური იდეა, როგორიცაა მშვენიერების, ღირსების, ზნეობრივი თვისებებისა და სხვა, ფაქტობრივად არიან ისეთი ნაწილებისაგან შემდგარი იდეები, რომლებიც თანდათან შეიზარდნენ ერთ რთულ იდეად”.       ყველა რთული სულიერი მოვლენა მარტივი ფსიქიკური მასალიდან აიგება ასოციაციის მეშვეობით. აფექტები და ვნებები, როგორც ითქვა, შეგრძნებების, სიამოვნება-უსიამოვნების ან მათი იდეების ასოციაციური გაერთიანებაა. აღქმები მიიღება საგნის გრძნობადი თვისებების ამსახველ შეგრძნებათა შეერთების გზით. მეხსიერება ასოციაციურად დაკავშირებული იდეების აღდგენაა იმ თანმიმდევრობითა და მიმართებით, როგორც შეგრძნებაში იყო მოცემული. წარმოსახვაც იდეების დაკავშირებაა, ოღონდ თავდაპირველი წესისა და თანმიმდევრობის გარეშე (მაგ., სიზმარი). აზროვნებაზე ჰერტლი პირდაპირ არ ლაპარაკობს; იგი მხოლოდ სიტყვით გამოთქმული შინაარსის გაგების პროცესს განიხილავს. სიტყვა ბგერათა ჯამია, მნიშვნელობა კი გრძნობადი თვისებების კომპლექსი, რომლითაც საგნები ერთმანეთს გვანან. მაგალითად, სიტყვა “სითეთრის” მნიშვნელობა მრავალი საგნის (თოვლი, ქაღალდი, რძე და ა.შ.) მუდმივი გრძნობადი თვისების გამოყოფის შედეგად მიიღება. აღზრდისა და სწავლის პროცესში ხდება ასოციაციური კავშირის დამყარება სათანადო ბგერით კომპლექსსა და საგნის გრძნობად თვისებათა ერთობლიობას შორის. სიტყვის მნიშვნელობის გაგებაც ამას ნიშნავს. პირინციპში, ასეთივე გზით მიმდინარეობს ცნების ფორმირება - აქ ჰერტლი, ფაქტობრივად, ლოკის მოსაზრებებს ეყრდნობა.       ჰერტლის შრომამ საგრძნობი ზეგავლენა არა მარტო ფსიქოლოგიაზე, არამედ სხვა დარგებზეც მოახდინა; მაგალითად, ეთიკაზე, ლოგიკაზე, პედაგოგიკაზე. ჰერტლის იდეების პოპულარიზაციაში განსაკუთრებული წვლილი შეიტანა მისმა მოწაფემ, ლონდონის სამეფო საზოგადოების, პარიზისა და სანკტ-პეტერბურგის მეცნიერებათა აკადემიების წევრმა ჯოზეფ პრისტლიმ (1733-1804). იგი ახერხებდა წარმატებით შეეთავსებინა ერთმანეთთან თეოლოგიური (იყო მღვდელი) და ბუნებისმეტყველური (იყო ქიმიკოსი, ჟანგბადის აღმომჩენი) ინტერესები. როგორც გავლენიანი ფილოსოფოსი, იგი სწორედ ბუნებისმეტყველების პოზიციიდან განიხილავდა ფსიქიკურ სინამდვილეს. ფსიქიკური პროცესები ფიზიოლოგიური პროცესებით აიხსნება, შესაბამისად, მეცნიერება სულიერი ცხოვრების შესახებ (ფსიქოლოგია) არის “ნერვული სისტემის ფიზიკა”. მოკლედ, პრისტლიმ მოხსნა ჰერტლისთვის დამახასიათებელი ორაზროვნება სხეულებრივი და სულიერი პროცესების ურთიერთმიმართებასთან დაკავშირებით. ყველა ფსიქიკური პროცესი ასოციაციური წარმოშობისაა, მაგრამ ასოციაციის მექანიზმის ბუნება ნერვულ სუბსტრატში უნდა ვეძებოთ.       ემპირიული ფსიქოლოგიის განვითარება მიმდინარეობდა საფრანგეთშიც, თუმცა მისი გავლენა შემდგომი დროის ფსიქოლოგიაზე ნაკლები იყო, ვიდრე ინგლისური ასოციაციონიზმისა. XVIII საუკუნის ფრანგული ფილოსოფიური და ფსიქოლოგიური აზროვნება ძირითადად ემპირიზმის განვითარებისა და რაციონალიზმის კრიტიკის ნიშნით ხასიათდება. ფრანგული ემპირიული ფსიქოლოგიის წარმომადგენლები ემყარებოდნენ ლოკის სენსუალისტურ თეზისს გრძნობადი (შეგრძნებითი) გამოცდილების პრიორიტეტის შესახებ და ფსიქიკის განვითარებაში მთავარ ძალად გარემოს მიიჩნევდნენ. ცნობიერების ფორმირება სოციალურ გარემოში მიმდინარეობს, სადაც გადამწყვეტ როლს აღზრდა-განათლება ასრულებს. ამიტომ განათლების პროცესის სწორი ორგანიზაცია პირველი რიგის ამოცანაა. ამ მიზნით, დიდროს თაოსნობით, გამოიცა ენციკლოპედია, რომელშიც თავმოყრილი იყო განათლებული ადამიანისთვის აუცილებელი ცოდნა. ამიტომ, ამ ეპოქის ფრანგი სწავლულების დიდ ნაწილს განმანათლებლებს და ენციკლოპედისტებს უწოდებენ. ფრანგული ემპირიული ფსიქოლოგიის კიდევ ერთი განმასხვავებელი ნიშანი არის ის, რომ შემეცნებით და ემოციურ პროცესებთან ერთად, მასში წარმოდგენილია მოტივაციური სფეროს, კერძოდ, მოთხოვნილებათა საყურადღებო დახასიათება.       ეტიენ ბონო დე კონდილიაკი (1715-1780) საფრანგეთის აკადემიის წევრი, დიდროსთან დაახლოებული ენციკლოპედისტი, ცდილობს კიდევ უფრო გააძლიეროს ლოკის ემპირიზმი. ეს უკანასკნელი გამოცდილების შეძენის ორ წყაროს უშვებდა: შეგრძნებებს და რეფლექსიას. ის, რაც ლოკთან რეფლექსიიდან, ხოლო დეკარტესთან სულის ოპერაციებიდან და თანდაყოლილი იდეებიდან მომდინარეობდა (ანუ ფსიქიკური მოქმედება), კონდილიაკს სურს ახსნას შეგრძნებების საშუალებით. კონდილიაკი, თანმიმდევრული სენსუალისტი, თავის მთავარ ნაშრომში “ტრაქტატი შეგრძნებების შესახებ” (1754), ცდილობს ყველა ფსიქიკური უნარი და პროცესი შეგრძნებიდან გამოიყვანოს. თუ ძირითადი ფსიქიკური უნარების - მეხსიერების, აზროვნების, ფანტაზიის, ნებისყოფის და ა.შ. ჯამს გონებას ვუწოდებთ, შეიძლება ითქვას, რომ კონდილიაკის მიხედვით, ადამიანი თავდაპირველად მოკლებულია გონებას. “ტრაქტატის” მიზანია გვიჩვენოს, თუ როგორ შეიქმნა ადამიანური შეგრძნებებიდან გონება.       აქ ავტორი მიმართავს ე.წ. მარმარილოს ქანდაკების მოდელს, რომელიც გარეგნულად ადამიანის მსგავსია. დავუშვათ, ეს ქანდაკება ცოცხალია, სულიერია, მაგრამ არც ცოდნა და არც სხვა ფსიქიკური თვისება, შეგრძნების გარდა, არ გააჩნია. მისი სულიერება, ფაქტობრივად, შეგრძნების უნარში მდგომარეობს. კონდილიაკი გვთავაზობს ჩავატაროთ ასეთი გონებაჭვრეტითი ექსპერიმენტი: მივანიჭოთ ქანდაკებას ყნოსვის შეგრძნების უნარი და ამ დაშვებიდან გამოვიყვანოთ ყველა იდეა თუ სულის თვისება. ყნოსვის შეგრძნება შემთხვევით არ არის შერჩეული; ავტორი თვლის, რომ ის ყველაზე დაბალი რანგის შეგრძნებაა. შეგრძნებათა რანგები, საზოგადოდ, კლასიფიცირებულია მათი შემეცნებითი ღირებულების მიხედვით და ასეთი რიგით არიან განლაგებული: 1. შეხება, 2. მხედველობა, 3. გემო, 4.სმენა, 5. ყნოსვა. შეხების შეგრძნება ყველაზე მეტად უწყობს ხელს შემეცნებას და, რაც მთავარია, იგი ერთადერთია, რომელიც ქანდაკებას უქმნის რწმენას ობიექტური სამყაროს არსებობის შესახებ. ამასთან, შეხება ყველაზე ინტენსიურ ემოციას აღძრავს ქანდაკებაში.       საზოგადოდ, ყოველ შეგრძნებას, მათ შორის ყნოსვის შეგრძნებას, რომელიც ქანდაკებას მივანიჭეთ, აუცილებლად ახლავს ერთგვარი გრძნობითი ტონი, სიამოვნების ან უსიამოვნების განცდა. სიამოვნება-უსიამოვნება, კონდილიაკის თანახმად, შეგრძნების ერთ-ერთი დახასიათებაა, მისი იმანენტური ნიშანია. შეგრძნების მეტ-ნაკლები ინტენსივობა თანმხლები გრძნობითი ტონის განსხვავებული სიძლიერით გამოიხატება. შეგრძნების მეორე თანმდევი განცდა ყურადღების განცდაა. ყურადღება ყოველგვარი განცდის აუცილებელი პირობაა, ფონია, რომელზეც ფსიქიკური მოვლენები (ე.ი. შეგრძნებებიც) გამოისახება. ამრიგად, ქანდაკებამ, რომელსაც სუნის შეგრძნების უნარი გაუჩნდა, იმავდროულად შეიძინა მგრძნობელობისა და ყურადღების თვისებებიც. დანარჩენი ფსიქიკური ფუნქციები ამ უნართვისებების ამოქმედებისა და გარდაქმნის შედეგად წარმოიქმნება. პირველი მათ შორის მეხსიერებაა. ის ყურადღების ფუნქციონირებას მოჰყვება. ქანდაკების მიერ განცდილი სუნი არ ისპობა გამღიზიანებლის ზემოქმედების შეწყვეტასთან ერთად. ყურადღება, რომელიც ქანდაკებამ სუნს მიაპყრო, კიდევ ერთ ხანს ინახავს მას, ტოვებს სულში გარკვეული შთაბეჭდილების სახით. ამიტომ სუნის გამეორებისას ქანდაკება მას იცნობს. ესაა მეხსიერება. ორი შეგრძნების ერთდროული არსებობა, ან აწმყოში მოცემული სუნის წარსული სუნის იდეასთან შედარება მსჯელობას გვაძლევს, ვინაიდან, ავტორის მტკიცებით, მსჯელობა ორ შესადარებელ მოვლენას შორის მიმართების აღქმაა. ასე იძენს ქანდაკება აზროვნების, შემეცნების უნარს. მოთხოვნილება აქტივობისა და განვითარების პირობაა, მაგრამ ის ვერ გაჩნდებოდა გრძნობებისა და მეხსიერების გარეშე. შეგრძნებას სიამოვნებაუსიამოვნების ნიშანი რომ არ ჰქონოდა, ქანდაკება ვერ განვითარდებოდა და ლეთარგიული ძილის მდგომარეობაში აღმოჩნდებოდა, რადგან ის არ იქნებოდა დაინტერესებული, მიეღო ერთი ან განრიდებოდა მეორეს, ანუ არ ექნებოდა სათანადო სურვილი. ამავე დროს, მოთხოვნილება მეხსიერებასაც გულისხმობს, ვინაიდან ის არის სწრაფვა უკეთესი (სასიამოვნო) წარსული მდგომარეობისკენ. მოთხოვნილების ნიადაგზე აღმოცენდება წარმოსახვა, როგორც ტენდენცია სასურველი ხატის აღდგენისა. წარმოსახვა მომავლის გათვალისწინების უნარს იძლევა, ხოლო მისი გაერთიანება შეფასების აზროვნებით უნართან და მოთხოვნილებასთან წარმოქმნის იმას, რასაც ნებისყოფა ეწოდება.       ამრიგად, ჩვენი ქანდაკება ყველა ძირითადი ფსიქიკური ფუნქციით აღიჭურვა. ახლა, თუ შევიტანთ სხვა შეგრძნებებს - სმენას, გემოს, მხედველობას, არსებითად არაფერი შეიცვლება. მდგომარეობას პრინციპულად ცვლის მხოლოდ შეხებითი შეგრძნება, რომელიც გვაძლევს სხვა სხეულის სიმკვრივის, წინააღმდეგობისა და, აქედან გამომდინარე, მისი არსებობის განცდას. ამ მომენტამდე ჩვენი შეგრძნებები განიცდებოდა მხოლოდ შინაგან მდგომარეობებად, ახლა ისინი იქცევიან საგნის თვისებებად, საგნისა, რომელიც სუბიექტისაგან დამოუკიდებლად არსებობს. ამდენად, ობიექტის განცდასთან ერთად და მასთან დაპირისპირებაში ჩნდება თავად სუბიექტის განცდაც, “მე”-ს ცნობიერებაც. ერთი სიტყვით, მთელი შინაგანი სამყარო სრული სახით გამოიყვანება შეგრძნებებიდან. თანამედროვე მეცნიერების თვალსაზრისით, მთელი ეს თეორია უსაფუძვლო ხელოვნური კონსტრუქციაა.       ჟიულ ოფრე დე ლამეტრიც (1709-1751) სენსუალისტია, მაგრამ მისი ყურადღების ცენტრში სხვა საკითხი, სახელდობრ, სხეულისა და სულის მიმართების საკითხი იყო. ლამერტიმ სამედიცინო განათლება პარიზში მიიღო და სტაჟირება ჰოლანდიაში, ცნობილ მკურნალ ბურხავესთან გაიარა. სამხედრო ექიმად მუშაობისას იგი დააკვირდა იმ ვითარებას, რომ ავადმყოფობა (ვთქვათ ციება) არა მარტო ფიზიკურად ასუსტებს ადამიანს, არამედ მის გონებრივ შესაძლებლობებსაც აქვეითებს. აქედან ლამეტრი მივიდა დასკვნამდე, რომ სულიერი მოქმედება გაპირობებულია სხეულებრივი ორგანიზაციით. ამ იდეით შეპყრობილმა მან ზედიზედ დაწერა ორი ნაშრომი “სულის ბუნებრივი ისტორია” (1745) და “ადამიანი მანქანა” (1748), რომლებიც დაწვეს, როგორც ერეტიკული ტრაქტატები. ამ ნაწარმოებებმა მის ავტორს სკანდალური პოპულარობა მოუტანა და მისი სიცოცხლე საფრთხის ქვეშ ჩააგდო, რის გამოც იგი იძულებული გახდა სიცოცხლის ბოლო წლები ბერლინში გაეტარებინა, სადაც განთლებული მონარქის, პრუსიის მეფის, ფრიდრიხ II-ის მიწვევით ჩავიდა.       ლამეტრიმ უარყო დეკარტეს დუალიზმი: არსებობს მხოლოდ ერთი მატერიალური სუბსტანცია, რომელსაც, სხვა დანარჩენი თვისებების გარდა, შეგრძნებისა და აზროვნების უნარიც გააჩნია. ეს მატერიის (ტვინის) გარკვეული ორგანიზაციის შედეგია. ორგანიზაციის კატეგორია წამყვანია ლამეტრის მსჯელობაში. ადამიანი ბუნების ნაწილია. მცენარე, ცხოველი, ადამიანი - უწყვეტი კიბის საფეხურებია. მათ შორის განსხვავება სხეულის სხვადასხვა ორგანიზაციით არის გაპირობებული. აქ ლამეტრიმ წინასწარ განჭვრიტა უფრო გვიანდელი ევოლუციონისტების იდეები. ეპოქაში, როცა მეცნიერება დარწმუნებული იყო მცენარეებისა და ცხოველების სახეობათა უცვლელობაში, ლამეტრიმ გაბედა გამოეთქვა მკრეხელური აზრი იმის თაობაზე, რომ ცოცხალი სხეულების, მათ შორის ადამიანის ორგანიზაცია, არის სახეობათა ხანგრძლივი ევოლუციის პროდუქტი. სიცოცხლის სხვადასხვა ფორმა ერთმანეთისაგან ორგანიზაციის სირთულით განსხვავდება. ცხოველის მსგავსად, ადამიანიც კარგად აწყობილი, თვითმართვადი მანქანაა. “თუ სულის ყველა უნარი იმდენადაა დამოკიდებული ტვინისა და მთელი სხეულის ორგანიზაციაზე, რომ ისინი არსებითად, სხვა არაფერია ამ ორგანიზაციის შედეგის გარდა, მაშინ ადამიანი შეიძლება ჩაითვალოს ფრიად განსწავლულ მანქანად”. ცხადია, სიტყვა “მანქანა” აქ პირდაპირი მნიშვნელობით არ იხმარება. ის მხოლოდ მეტაფორის სახით გამოიყენება და გულისხმობს მატერიალურად დეტერმინირებულ სისტემას. მისი დახმარებით ავტორი ცდილობს ბუნებისმეტყველების პოზიციებიდან ახსნას ადამიანის ყველა ურთულესი უნარის, მათ შორის ცნობიერების ფუნქციონირება და განვითარება. ადამიანის, როგორც “განსწავლული მანქანის” უპირატესობას სწავლებისა და აღზრდის პროცესები უზრუნველყოფს.       სულიერი ცხოვრების სპეციფიკის დახასიათებისას ლამეტრიმ ხაზი გაუსვა მოთხოვნილებათა მნიშვნელობას. მოთხოვნილება ორგანული, სასიცოცხლო პროცესებიდან გამოიყვანება, მაგრამ სულიერი ცხოვრების დეტერმინაციაში იმდენად დიდ როლს თამაშობს, რომ გარკვეულად გონებასაც უთანაბრდება. არსებები, რომლებიც მოკლებული არიან მოთხოვნილებებს, მოკლებული არიან გონებასაც. ასეთებია, მაგალითად მცენარეები. ცხოველი შეიძლება ჩაითვალოს მოძრავ მცენარედ, მაგრამ ის უკვე სრულიად სხვაგვარი არსებაა, ვინაიდან გადაადგილების უნართან ერთად აქვს მოთხოვნილებები და, შესაბამისად, შეგრძნების, გრძნობისა და აზროვნების უნარი. რაც მეტი მოთხოვნილება აქვს ორგანიზებულ სხეულს, მით მეტი საშუალებები აქვს ბუნებისაგან ბოძებული მათ დასაკმაყოფილებლად. ეს საშუალებები გონიერების სხვადასხვა ხარისხთან არის დაკავშირებული და ცხოველებთან ინსტინქტის, ხოლო ადამიანთან სულის სახით ვლინდება. რაც ნაკლები მოთხოვნილება აქვს ორგანიზმს, მით უფრო ადვილია მისი გამოკვება და გაზრდა, მით ნაკლებად არის მასში განვითარებული გონებრივი უნარები.       როგორც ვხედავთ, ლამეტრიმ მოქმედების მანქანური (მექანიკური) პრინციპი სხეულიდან (დეკარტეს “სხეული - მანქანა”) სულზეც, ფსიქიკურ ცხოვრებაზეც გაავრცელა და ამით ადამიანის ქმედების სხვადასხვაგვარი მექანიცისტური (თუნდაც ბიჰევიორისტული) ინტერპრეტაციისთვის ერთგვარი ინტელექტუალური ფონი შექმნა.       ცნობილი ფრანგი ფილოსოფოსის კლოდ ადრიან ჰელვეციუსის (1715-1771) ინტერესის მთავარ საგანს შეადგენდა ადამიანების ფსიქიკური წყობის, კერძოდ კი გონებრივ შესაძლებლობათა, ნიჭიერების განსხვავებულობის საკითხი. თავისი მოსაზრებები ამასთან დაკავშირებით მან გადმოსცა ორ მთავარ თხზულებაში: “გონების შესახებ” (1758) და “ადამიანის შესახებ” (1769), რომლებიც, ერეტიკულობის ბრალდებით, ოფიციალურად აკრძალეს.       ჰელვეციუსიც სენსუალისტია. იგი მიჰყვება კონდილიაკს და თვლის, რომ დაბადებიდან ადამიანს აქვს შეგრძნება და მისი შემონახვის უნარი - მეხსიერება. მეხსიერება “ხანგრძლიობის მქონე, მაგრამ შესუსტებული შეგრძნებაა”. აზროვნებაც შეგრძნებებს უკავშირდება და მათი კომბინირების უნარად არის წარმოდგენილი. მაგრამ ადამიანთა ინტელექტუალურ უთანაბრობას არც შეგრძნებები განსაზღვრავს და არც მათგან წარმოებული ფსიქიკური უნარები. თითქმის ყველა ადამიანს აქვს საკმარისი შეგრძნებათა სიმახვილე და მეხსიერება, რომ გააკეთოს დიდი აღმოჩენა. ამაში არავითარ როლს არ თამაშობს გეოგრაფია, რასა, კვება, ტემპერამენტი თუ სხვა ფაქტორები. ჰელვეციუსი საბოლოოდ ორ მიზეზს აღნიშნავს, ეს არის სხვადასხვა მდგომარეობები და ვითარებები, რომლებშიც შემთხვევითობის წყალობით ხვდება ესა თუ ის ადამიანი, და, აგრეთვე, დიდებისკენ მისწრაფების მეტ-ნაკლებობა. ჰელვეციუსი საჭიროდ თვლის შევისწავლოთ ყველა ფაქტორი, რომლებმაც ხელი შეუწყო დიდ აღმოჩენებს, რათა მათი გათვალისწინებით მიზანდასახულად აღვზარდოთ თვალსაჩინო პიროვნებები. ჰელვეციუსი დარწმუნებულია აღზრდის გადამწყვეტ როლში: “ჭკუის უთანაბრობა შეიძლება აღზრდით აიხსნას”, “აღზრდა გვაქცევს ჩვენ იმად, რაც ვართ”, თუმცა, იმასაც აღნიშნავს, რომ აღზრდა ვერ აქცევს საზოგადოების ყველა წევრს გამოჩენილად. საქმე ისაა, რომ ყველა ერთნაირ აღზრდას ვერ მიიღებს, ვინაიდან თითოეული ინდივიდის აღმზრდელად გვევლინება როგორც მმართველობის ფორმა, რომელშიც იგი ცხოვრობს, ისე მეგობრები, საყვარელი ადამიანები, გარშემომყოფი ხალხი, წაკითხული წიგნები, დაბოლოს შემთხვევა, ანუ ის უამრავი მოვლენა, რომელთა მიზეზებსა და კავშირებს ჩვენ ვერ მივუთითებთ. მიუხედავად ამისა, აღზრდას ძალუძს გაზარდოს გენიალური ადამიანები, ხოლო დანარჩენები აქციოს გონიერებად და ჭკვიანებად.       შემოქმედების მოტივაციასთან დაკავშირებით, ჰელვეციუსი აღნიშნავს, რომ გონება შეიძლება განვიხილოთ როგორც მანქანა, რომელიც არ მოქმედებს, სანამ ვნებები არ აამუშავებს მას. ვნების ძალა და ხასიათი ყველასთან განსხვავებულია, მაგრამ ეს არ არის თანდაყოლილი თვისება, ვინაიდან ადამიანები იბადებიან არა მხოლოდ იდეების, არამედ ვნებების გარეშეც. გონების მსგავსად, ვნებებიც უნდა აღვზარდოთ. ამისთვის დიდებასთან და სახელთან დაკავშირებული ვნებები უნდა დავუკავშიროთ სხვადასხვაგვარ სხეულებრივ სიამოვნებას, რომლებიც ყოველგვარი მაღალი მისწრაფების ფორმირების პირობას წარმოადგენენ. დიდება და მისგან გამომდინარე მატერიალური უზრუნველყოფა ჰედონისტური განცდების მიღების საშუალებაა. დიდების წყურვილი მხოლოდ სხეულებრივ სიამოვნებათა მიღების შენიღბული სურვილია. მოტივაციის გაგებაში ჰელვეციუსი, ლამეტრის მსგავსად, ბიოლოგისტურ პოზიციაზე დგას.       ჰელვეციუსის ფსიქოლოგიური წარმოდგენები ამართლებს მის მსოფლმხედველობრივ პოზიციას ადამიანთა საყოველთაო თანასწორობის შესახებ - უთანაბრობა და ინდივიდუალური განსხვავებები მთლიანად ინდივიდების სოციალური მდგომარეობისა და აღზრდის განსხვავებულობით აიხსნება. ჰელვეციუსის ინტერპრეტატორები აღნიშნავენ, რომ ასეთ მიდგომას ფატალიზმამდე მივყავართ. ეს ერთი შეხედვით უცნაურია, ვინაიდან ფატალიზმს, როგორც წესი, უკავშირებენ საწინააღმდეგო შეხედულებას, რომლის თანახმად ადამიანის ფსიქიკური წყობა დამოკიდებულია თანდაყოლილ შინაგან ფაქტორებზე. ისინი ფატალურად განსაზღვრავენ მის უნარ-თვისებებს და, საბოლოოდ, ცხოვრების გზასაც. მაგრამ ჰელვეციუსის თვალსაზრისითაც ფატალიზმამდე მივდივართ: ადამიანი ბედის სათამაშოდ, შემთხვევითობის მსხვერპლად წარმოგვიდგება, რომელიც, მოათავსებს რა მას ამა თუ იმ გარემოში, განსაზღვრავს მის სოციალურ მდგომარეობას, სწავლა-აღზრდის პირობებს და, მაშასადამე, მისი ცხოვრების სცენარსაც. თანდაყოლილ თავისებურებათა უარყოფასთან ერთად ჰელვეციუსი უარყოფს ადამიანის პასუხისმგებლობას საკუთარი უნარ-თვისებების, ცოდნა-ჩვევების ჩამოყალიბებისა და, საბოლოოდ, ცხოვრების სტილისა და შინაარსის წინაშე.       ასეთ მიდგომას არ იზიარებდა იმდროინდელი საფრანგეთის ერთ-ერთი უდიდესი სწავლული, ფრანგული ენციკლოპედიის მთავარი რედაქტორი დენი დიდრო (1713-1784). მან დაწერა სპეციალური ნაშრომი: “თანმიმდევრული უარყოფა ჰელვეციუსის წიგნისა “ადამიანის შესახებ”. როგორც ემპირისტი და მატერიალისტი, დიდრო გარემოს წამყვან როლს აღიარებს, მაგრამ, მისი აზრით, გარემოს მნიშვნელობა განსხვავებულია ინდივიდისთვის და საზოგადოებისთვის. ამ უკანასკნელის გონებრივ მდგომარეობას მთლიანად განაპირობებს სოციალური და პოლიტიკური სიტუაცია. კანონები, წეს-წყობილება, განათლების სისტემა და ა.შ. განსაზღვრავს განსხვავებებს ხალხებს შორის. საზოგადოებრივ განათლებას შეუძლია გაათანაბროს მხოლოდ ადამიანთა დიდი მასები, მაგრამ არა ერთეული ინდივიდები. დიდრო ასე უსვამს საკითხს ჰელვეციუსს: წარმოიდგინეთ, რომ მოინდომოთ ხუთასი ახალშობილის აღზრდა თქვენი შეხედულებისამებრ. რამდენ მათგანს აქცევდით გენიოსად? რატომ ხუთასივეს არა? დაფიქრდით და დარწმუნდებით, რომ საბოლოოდ ბავშვების შინაგანი, ბუნებრივი ორგანიზაციის განსხვავებულობამდე მიხვალთ. ის არის სიზარმაცის, ქარაფშუტობის, სიჯიუტისა და სხვა მანკიერებათა პირველწყარო, მაგრამ, ის თანდაყოლილი ნიჭებისა და უნარების წყაროცაა.       ვინაიდან არსებობს ინდივიდუალური, თანდაყოლილი გონებრივი უნარები, ყველაფრის გადაბრალება გარემოებებსა და შემთხვევითობაზე არაა მართებული. გენიოსობა, ამბობდა ჰელვეციუსი, არის შემთხვევითობის პროდუქტი. სწორედ შემთხვევა ათავსებს ჩვენს თვალწინ გარკვეულ საგნებს, რითაც განსაკუთრებით საინტერესო აზრებს იწვევს და ზოგჯერ დიდ აღმოჩენებამდე მივყავართ. ამაზე დიდრო კითხულობს: ნუთუ გგონიათ, რომ შემთხვევამ მიიყვანა ნიუტონი ჩამოვარდნილი ვაშლიდან მთვარის მოძრაობამდე, მთვარის მოძრაობიდან კი მთელი სამყაროს სისტემამდე? თვითონ ნიუტონი სხვაგვარად ფიქრობდა. როცა ეკითხებოდნენ, როგორ მივიდა აღმოჩენამდე, იგი პასუხობდა: “ფიქრის გზით”. ამიტომ მართებული იქნება თუ ვიტყვით, რომ შემთხვევა მხოლოდ პირობებს ქმნის კონკრეტული ადამიანის განვითარებისთვის, მაგრამ შეძლებს თუ არა იგი ამ შემთხვევის გამოყენებას, და როგორ - ეს მის ინდივიდუალურ უნარებზეა დამოკიდებული. მაშასადამე, პიროვნება არ თავისუფლდება პასუხისმგებლობისაგან, ვინაიდან ის თვითონ წყვეტს, რა გამოიყენოს გარემოებათა შემოთავაზებებიდან და რა - არა.       ასევეა დიდებისკენ მისწრაფების შემთხვევაშიც. ეს მისწრაფება ტალანტებს ქმნისო, წერდა ჰელვეციუსი. დიდრო აღიარებს ამ მოტივაციის მნიშვნელობას, მაგრამ თვლის, რომ თავისთავად სურვილი ან მისწრაფება ვერ შექმნის ნიჭიერებას იქ, სადაც ის არ არის. არსებობს უამრავი რამ, რაც იმდენად აღემატება ჩემს ძალებსა და შესაძლებლობებს, რომ ვერაფერი მაიძულებს მათკენ ვისწრაფოდე, არც სამეფო ტახტის მიღების იმედი და არც საკუთარი სოცოცხლის გადარჩენის სურვილი. აქედან შეიძლება დავასკვნათ, რომ შეჯიბრი, დიდებისკენ მისწრაფება თუ სხვა მოტივაცია ნიჭიერების გამოვლენის შესაძლებლობას ქმნის და არა თვით ნიჭიერებას.       დიდროს ნატივისტური პოზიცია არ შეიძლება ტიპურად ჩაითვალოს XVIII საუკუნის ფრანგული ფილოსოფიურ-ფსიქოლოგიური აზროვნებისთვის. როგორც ითქვა, აქ გაბატონებულია ემპირიზმი და მისი უკიდურესი გამოვლინება - სენსუალიზმი, რომლის თანახმად ყოველგვარი სულიერი შინაარსის, მდგომარეობისა თუ პროცესის პირველწყარო არის შეგრძნებების მიერ მიღებული გამოცდილება. ყველაფერი, რაც სულშია მოთავსებული, ამ გზით არის შეძენილი. სულიერი მოვლენების ქმნადობის ყველაზე გააზრებული მექანიზმი ინგლისურმა ემპირიულმა ფსიქოლოგიამ ასოციაციის მექანიზმის სახით შემოგვთავაზა. ასოციაციური კავშირები მექანიკურად მყარდება შეგრძნებებისა თუ წარმოდგენების მეზობლობის, მსგავსების, გამეორების ან სხვა პირობების არსებობის შემთხვევაში.       სულიერი სინამდვილის განხილვის ასეთი წესი XVIII საუკუნეში ყველაზე გავრცელებული იყო, მაგრამ არა ერთადერთი. მას უპირისპირდებოდა ნაკლებ გავრცელებული და ნაკლებ გავლენიანი მიმართულება, რომლის სათავეები ემპირიზმის ფილოსოფიურ ანტაგონისტში, სახელდობრ, რაციონალიზმში ძევს და მას ნიჭთა ფსიქოლოგია ეწოდება. ის ჩაისახა გერმანიაში, სადაც იმხანად ემპირიზმმა ფეხი ვერ მოიკიდა. აქ პირველ რიგში უნდა დავასახელოთ ქრისტიან ვოლფი.       ქრისტიან ვოლფი (1673-1754) ლაიფციგის, მარბურგისა და ჰალეს უნივრსისტეტების მეტად ავტორიტეტული ფილოსოფიის პროფესორი იყო. ვოლფი ლაიბნიცის დიდ გავლენას განიცდიდა და მისი შემოქმედების თვალსაჩინო სისტემატიკოსად და პოპულარიზატორად ითვლებოდა. ცხადია, ისიც პარალელიზმის პოზიციაზე იდგა, მაგრამ, ლაიბნიცისაგან განსხვავებით, იმდენად მატერიისა და სულის მიმართება კი არ აინტერესებდა, რამდენადაც მიმართება სხეულსა და ფსიქიკას შორის. შესაბამისად, მისი პარალელიზმი, ჰერტლის მსგავსად, ფსიქოფიზიოლოგიურია.       ვოლფი არ უგულებელყოფდა არც ემპირიულ და არც რაციონალურ ფსიქოლოგიას. ამაზე მეტყველებს ის, რომ ამ სახელწოდებებით, 1732 და 1734 წლებში, მან გამოსცა ორი წიგნი, რის შემდეგაც სიტყვა “ფსიქოლოგია” ევროპაში საყოველთაოდ მიღებული გახდა. ფსიქოლოგიის ამ ორი სახეობის ურთიერთმიმართებაზე მსჯეობისას ვოლფი აღნიშნავდა, რომ ყოველი მოვლენა, მათ შორის სულიერი, შეიძლება შეიმეცნო როგორც გამოცდილების, ისე გონების საშუალებით და განიხილო როგორც გარეგანი თვისებების, ისე არსის მხრივ. პირველ შემთხვევაში საქმე გვაქვს ემპირიულ ფსიქოლოგიასთან. ის, გარკვეული აზრით, საფუძვლად ედება რაციონალურ ფსიქოლოგიას, რომელიც ამოსავალ პუნქტად იღებს რაიმე ცდისეულ მოცემულობას, მაგალითად, სხეულებრივ და სულიერ ცვლილებათა თანხვედრის ფაქტს, ხოლო შემდეგ ცდილობს მის ახსნას. ეს ახსნა ჰიპოთეტურ ხასიათს ატარებს, რაც სავსებით ბუნებრივია ისეთი ჭეშმარიტად ფილოსოფიური, მეტაფიზიკური დისციპლინისთვის, როგორიც რაციონალური ფსიქოლოგიაა. ემპირიული ფსიქოლოგია პრაქტიკულადაც სასარგებლოა, ვინაიდან “ლოგიკის კანონები” და “მორალის წესები” საჭიროებს დაფუძნებას რაიმე ისეთზე, რაც თავისთავად ცხადია. ასეთი კი შეიძლება იყოს მხოლოდ ცდისეული ცოდნა სულის შესახებ. მიუხედავად ამ განცხადებებისა, ვოლფის ემპირიულმა ფსიქოლოგიამ, რომელიც ცნობიერების მოვლენების აღწერას შეიცავდა, ახალი ვერაფერი შესძინა მეცნიერებას სულის შესახებ (გარდა ზოგიერთი ფრთხილად გამოთქმული მოსაზრებებისა ფსიქიკური მოვლენების გაზომვის შესაძლებლობასთან დაკავშირებით). სამაგიეროდ, რაციონალური ფსიქოლოგია, გარდა აბსტრაქტული მსჯელობებისა სულის არსზე, ადგილმდებარეობაზე, თავისუფლებასა თუ უკვდავებაზე, შეიცავდა თეორიულად საინტერესო მოსაზრებებს სულის ბუნების შესახებ.       სულიერი მოვლენების ამხსნელ ფაქტორად ნიჭის ცნება დასახელდა. ამასთან ერთად, განვითარდა ლაიბნიციდან მომდინარე იდეა სულის სპონტანური აქტივობის შესახებ. ეს სპონტანური, ყოველგვარი გარეშე ზემოქმედებისაგან დამოუკიდებელი აქტივობა, სულის მთავარი მახასიათებელი გახდა. ეს აქტივობა აქცევს ქმედითად ფსიქიკურ პროცესებს, პირველ რიგში, შემეცნებითს. სწორედ ამიტომ, სულს როგორც გრძნობადი, ისე გონებრივი შემეცნების შემთხვევაში, შეუძლია მასში ჩანერგილი წარმოდგენები საგნების შესახებ გააძლიეროს და განავითაროს. სულში ორი სახის ნიჭი (პროცესები) არსებობს - შემეცნებითი (წარმოდგენები) და ლტოლვითი (მისწრაფებები). აქტიური ბუნების გამო წარმოდგენები არ არის სტატიკური. რომელიმე ობიექტის ან მოვლენის წარმოდგენას უკავშირდება მისგან მომდინარე სიამოვნება და აზრი მის ღირსებათა შესახებ, რასაც მოჰყვება მისკენ სწრაფვა ან, როგორც ვოლფი იტყოდა - აპეტიტი.       პოსტულატი ჩანერგილი უნარების, პრინციპებისა თუ ნიჭების შესახებ, რომლებიც სულის საკუთარ, სპონტანურ აქტივობას გამოხატავენ, ამოსავალია ნიჭთა ფსიქოლოგიის სხვადასხვა განშტოებისთვის. ერთ-ერთი ასეთი ვარიანტია ბრიტანული ფილოსოფიისა და ფსიქოლოგიის მიმართულება, რომელიც შოტლანდიელი პროფესორების მიერ შეიქმნა და ამიტომაც შოტლანდიური სკოლა ეწოდება. ამ სკოლის ფუძემდებელია თომას რიდი (1710-1796) აბერდინის უნივერსიტეტიდან, ხოლო ერთ-ერთი თვალსაჩინო წარმომადგენლია დიუგალტ სტიუარტი (1753-1828) ედინბურგის უნივერსიტეტიდან. შოტლანდიური სკოლა ინგლისურ ემპირიზმსა და ასოციაციონიზმს (ბერკლი, ჰიუმი, ჰერტლი) ე.წ. საღი აზრის თეორიის პოზიციდან ეწინააღმდეგება. “საღ აზრში” იგულისხმება როგორც გონების განსაკუთრებული ინტუიციური უნარი ან ძალა, ისე პირველადი და ამოსავალი პრინციპებისა და დებულებების ერთობლიობა. ისინი ადამიანთა გონებაში ღმერთის მიერ არიან ჩანერგილი და “ადამიანური ბუნების” ნაწილს წარმოადგენენ. მათი საშუალებით ჩვენ ზუსტად შევიმეცნებთ სამყაროს და ვმოქმედებთ ზნეობრივი პრინციპების შესაბამისად. ეს პრინციპები წინ აღუდგებიან შემეცნებით სკეპტიციზმსა და ცხოვრებისეულ ნიჰილიზმს, განსაზღვრავენ საღად აზროვნებასა და საღად მოქმედებას. ნაშრომში “ნარკვევები ადამიანის ინტელექტუალური უნარების შესახებ” (1785) რიდი თორმეტ ასეთ პრინციპს ჩამოთვლის, მათ შორისაა ღმერთისა და გარე სამყაროს არსებობის რწმენა, დებულება ჭეშმარიტისა და მცდარის გარჩევის შესაძლებლობის შესახებ, მიზეზობრიობისა და ინდუქციის პრინციპები, პირადი იდენტობის ცნება და ა.შ.       რიდმა პირველმა განაცალკევა ტერმინოლოგიურად შეგრძნება და აღქმა. შეგრძნება უბრალო მგრძნობელობაა, სუბიექტში მოცემული მდგომარეობაა; აღქმა გარე ობიექტის ხატია, ის საგნობრივია და მასში მოცემულია რწმენა ამ ობიექტის ჩვენგან დამოუკიდებელი, რეალური არსებობის შესახებ. ეს რწმენა ერთ-ერთი იმ თანდაყოლილი ნიჭის (პრინციპის) გამოვლინებაა, რომლებზეც რიდი საუბრობს. პერცეფცია სამი ელემენტისაგან შედგება: აღმქმელი სუბიექტი, აღქმის აქტი და რეალური ობიექტი. აღქმის აქტი პირდაპირ კონტაქტშია საგანთან და არა მასთან დაკავშირებულ იდეასთან. ამ პუნქტში რიდი უპირისპირდება ბერკლისა და ჰიუმის სკეპტიციზმამდე მიმყვან “იდეიზმს”, რომლის მიხედვით სამყარო უშუალოდ არ შეიცნობა; გამოცდილებას და შემეცნებას საქმე აქვს მხოლოდ საგნების ხატებთან, იდეებთან. ამის საპირისპიროდ, რიდი ამტკიცებს, რომ ჩვენ პირდაპირ, გაშუალების გარეშე შევიცნობთ საგნებს. ჩვენი პერცეფცია იმთავითვე საგნობრივია, საგნობრივი მნიშვნელობის მქონეა. ამიტომ მისით მოპოვებული გამოცდილება საგნობრივი სინამდვილის ამსახველია. იდეები იმის მენტალური რეპრეზენტაციაა, რაც რეალურად არსებობს.       აღქმის საგნობრიობის ხაზგასმით შოტლანდიური სკოლა ებრძვის არა მხოლოდ სკეპტიციზმს, არამედ სენსუალიზმსაც. გამოცდილება არ არის მარტივი შეგრძნებების უბრალო კომბინაცია. პირველადი გამოცდილება რთული, “კომპლექსური შთაბეჭდილებაა”. ის შეიძლება ანალიზის გზით დაყვანილ იქნეს მარტივ, ერთეულ შეგრძნებებამდე, მაგრამ, საგნობრივი მნიშვნელობის მქონე კომპლექსის წარმოქმნა არ ხდება შეგრძნებითი ელემენტების მექანიკური ასოციაციური დაკავშირებით. როგორც მოგვიანებით მთლიანობის ფსიქოლოგია იტყვის, სამკუთხედი სამი ხაზისაგან შედგება, მაგრამ ჩვენს გამოცდილებაში ის ყოველთვის წარმოდგენილია, როგორც ორგანიზებული, საგნობრივი მნიშვნელობის მქონე მთელი - სამკუთხედი (და არა როგორც სამი ხაზის ნაერთი). ამდენად, პერცეპტული კომპლექსის დაყვანა ერთეულ შეგრძნებებზე შეუძლებელია. წინააღმდეგ შემთხვევაში მას ეკარგება მისთვის ძირეული რამე - საგნობრივი მნიშვნელობა. აშკარაა, რომ ამ მსჯელობით შოტლანდიურმა სკოლამ ბევრად გაუსწრო იმ ეპოქაში გავრცელებულ ელემენტარისტულ-სენსუალისტურ წარმოდგენებს. მან პირველმა გამოხატა ნათლად მთლიანობის ფსიქოლოგიის სულისკვეთება, რომელმაც დასრულებული სახე მხოლოდ მეოცე საუკუნის დასაწყისში, გეშტალტფსიქოლოგიაში მიიღო (იხ. თავი 10.1.).       ნიჭთა ფსიქოლოგიის ტრადიცია გერმანიაში გააგრძელა იოჰან ნიკოლას ტეტენსმა (1736-1807). მან პირველმა მკაფიოდ გამოთქვა მოსაზრება სულის ტრიქოტომიის შესახებ (ცნობიერების მოვლენათა დაყოფა სამ კლასად - შემეცნებითად, ემოციურად და ნებელობითად), რაც ფსიქოლოგიის კლასიკად იქცა და დღესაც არ დაუკარგავს მნიშვნელობა. ტეტენსი უაღრესად განსწავლული, მათემატიკის, ფიზიკისა და ფილოსოფიის პროფესორი იყო. იგი კარგად იცნობდა წინა საუკუნის კლასიკურ სისტემებს, მაგრამ, რაც მთავარია, ზედმიწევნით კარგად იყო ინფორმირებული მისი თანამედროვე ბრიტანული (ბერკლი, ჰიუმი, რიდი, სტიუარტი, ჰერტლი, პრისტლი), ფრანგული (კონდილიაკი, ჰელვეციუსი, რუსო, ბიუფონი) და გერმანული (ვოლფი და მისი სკოლა) მენტალური ფილოსოფიისა და ფსიქოლოგიის შესახებ. უფრო მეტიც, იგი ცდილობდა ამ განსხვავებულ შეხედულებათა ერთგვარი სინთეზი მოეხდინა. ეს ნიშნავდა ემპირიული და რაციონალური ფსიქოლოგიის სისტემურ დაკავშირებას. ნიჭების (ფსიქიკური პროცესების) დახასიათებისას, ტეტენსი დაკვირვებას, უფრო ზუსტად, თვითდაკვირვებას ეყრდნობოდა, მაგრამ, ამავე დროს, მიიჩნევდა, რომ ეს ემპირიული მონაცემები სრულყოფილი ანალიზისთვის საკმრისი არ არის. ამისთვის აუცილებელია სულის სუბსტანციონალობასთან დაკავშირებული მეტაფიზიკური დაშვებები. ტეტენსმა არ შექმნა სკოლა და მისი გავლენა არ იყო დიდი, თუმცა ამ მეცნიერის კაპიტალურ ნაშრომს “ფილოსოფიური ცდები ადამიანის ბუნებასა და განვითარებაზე” (1777) მაღალ შეფასებას აძლევდნენ გერმანელი სწავლულები, კერძოდ, კანტი. სხვათა შორის, ფსიქოლოგიის ზოგიერთი ისტორიკოსი სწორედ კანტის გავლენას მიაწერს იმას, რომ ტეტენსმა ვერ მოიპოვა აღიარება. კანტის “კრიტიკული პერიოდის” პირველ ნაშრომს ტეტენსის ტრაქტატის გამოქვეყნებიდან სულ ოთხი წელი აშორებს. გერმანიის მთავარი ინტელექტუალური ძალები მის განხილვაზე წარიმართა, ამიტომაც ტეტენსის ნაშრომი სათანადო ყურადღების გარეშე დარჩა.       XVII და XVIII საუკუნეების ფსიქოლოგიის განვითარების ზოგადი ტენდენციების რეზიუმირება ძალზე სქემატურად ფსიქოლოგიის ერთ-ერთი ისტორიკოსის შემდეგი სიტყვებით შეიძლება: “დეკარტედან მოყოლებული, მსჯელობა ფსიქიკური ცხოვრების შესახებ ორი მიმართულებით ვითარდებოდა, თუმცა ეს მიმართულებები უკვე ანტიკური ფილოსოფიის დროიდან გახდა კლასიკური. ერთი მათგანი, რომელიც ეხებოდა ჩვენს წარმოდგენებს და მათი შეერთების კანონებს, აქცენტს აკეთებდა ემპირიულ გენეზისზე და ასოციაციებზე, რომელთა ძირითადი ფაქტორები იყო მეზობლობა და გამეორება; მეორე მიმართულება წინა პლანზე აყენებდა ცნობიერების აქტივობის პრინციპს” (პ. ფრესი). მაგრამ ეს განხილვა სრული არ იქნება, თუ მოკლედ მაინც არ შევეხებით ი. კანტის სისტემას, რომლის ერთმნიშვნელოვანი კვალიფიკაცია მოცემული სქემის საფუძველზე საკმაოდ რთულია, ვინაიდან მისი მოძღვრება, არსებითად, ანტიფსიქოლოგიური ხასიათისაა. მიუხედავად ამისა, თუ გავითვალისწინებთ იმ გავლენას, რომელიც კანტზე ვოლფმა და ტეტენსმა მოახდინეს, აგრეთვე თვით კანტის სისტემის თავისებურებებს, შესაძლებელია ვისაუბროთ მის კავშირებსა თუ მიმართებებზე აქტივობისა და ნიჭთა ფსიქოლოგიასთან.       იმანუელ კანტის (1724-1804) მოძღვრების შეფასება ფსიქოლოგიის ისტორიის თვალსაზრისით არც ისე იოლია. ფსიქოლოგიის ისტორიის ზოგიერთი მკვლევარი ხაზგასმით აღნიშნავს კანტის როლს ფსიქოლოგიაში, ზოგი კი, ფაქტობრივად, უგულვებელყოფს მას. ალბათ ორივე პოზიციის გამართლება შეიძლება. კანტის გიგანტური ფიგურა ისეთი მასშტაბისაა, რომ მას უბრალოდ არ შეეძლო ზეგავლენა არ მოეხდინა შემდგომი დროის იმ მოაზროვნეებზე, რომლებიც სულიერ სამყაროზე ფიქრობდნენ. ეს განსაკუთრებით ითქმის გერმანელ მკვლევარებზე. ამავე დროს, კანტის აშკარა ანტიფსიქოლოგიზმი გასაგებს ხდის იმათ პოზიციასაც, ვინც დიდ ყურადღებას არ უთმობს შეხედულებას, რომლის მიხედვითაც ფსიქოლოგიას, საზოგადოდ არ ძალუძს რამდენადმე სარწმუნო მეცნიერული ცოდნის მოცემა. კანტი კი სწორედ ასე ფიქრობდა. იგი საგანგებოდ და სერიოზულად მუშაობდა როგორც ემპირიული, ისე რაციონალური ფსიქოლოგიის კრიტიკის მიმართულებით.       აუცილებელია აღინიშნოს, რომ ასეთი პოზიცია დამახასიათებელია კანტის ფილოსოფიური მოღვაწეობის მეორე, ე.წ. “კრიტიკული პერიოდისთვის”. ამ პერიოდის ნაშრომებში ჩამოყალიბდა მისი ცნობილი ფილოსოფიური სისტემა, “ტრანსცენდენტული” ან “კრიტიკული” იდეალიზმი. “წინაკრიტიკულ” პერიოდში კანტი ლოიალურად იყო განწყობილი ფსიქოლოგიის მიმართ. იგი წლების განმავლობაში კითხულობდა ლექციების კურსს ფსიქოლოგიაში, რომლის შინაარსი ცნობილია. ამ კურსს ვოლფის ფსიქოლოგიის სერიოზული გავლენა ეტყობა. ვოლფის მსგავსად, კანტი ასხვავებს ემპირიულ და რაციონალურ ფსიქოლოგიას. პირველი, თავისი ემპირიზმის გამო, არ არის მეტაფიზიკური დისციპლინა. მისი მთავარი მიზანია სულის “ნიჭების” (სულიერი მოვლენების) დახასიათება და კლასიფიკაცია. ამ მონაცემების საფუძველზე რაციონალური ფსიქოლოგია იწყებს სულის არსის აპრიორულ გამოკვლევას.       კანტი იმასაც ცდილობდა, რომ გაერკვია ფსიქოლოგიის ადგილი მეცნიერებათა სისტემაში. ფსიქოლოგია მოთავსებულია ფიზიოლოგიაში, როგორც ბუნების შესახებ კრებით სწავლებაში. შესაბამისად, ფიზიოლოგია კონკრეტდება, ერთი მხრივ ფიზიკად, ანუ მეცნიერებად იმ საგნების შესახებ, რომლებიც გარეგან გრძნობაშია მოცემული, და, მეორე მხრივ, ფსიქოლოგიად, რომელიც შეისწავლის იმას, რაზეც შინაგანი გრძნობაა მიმართული, ანუ სულს. ამ მეცნიერებათაგან თითოეული, თავის მხრივ, შეიძლება იყოს რაციონალური ან ემპირიული. კანტთან სხვა სქემასაც ვხვდებით: თეოლოგია - მეცნიერება საგნების პირველსაწყისის შესახებ, კოსმოლოგია - მათი ამჟამინდელი მდგომარეობის შესახებ და ფსიქოლოგია - მომავლის, ან, უფრო ზუსტად, სულის მომავლის შესახებ. აქედან გამომდინარეობს ამ უკანასკნელის ძირითადი თემაც - სულის უკვდავება. ადვილი შესამჩნევია, რომ ეს სქემა ფსიქოლოგიის მთელ შინაარსს ვერ ფარავს, ვინაიდან სულის უკვდავება რაციონალური ფსიქოლოგიის ექსკლუზიური საკითხია და ემპირიული ფსიქოლოგია ამ სისტემაში ვერ მოიაზრება.       “კრიტიკულ პერიოდში” კანტის პოზიცია შეიცვალა. ჩამოყალიბდა უაღრესად სკეპტიკური განწყობა ემპირიული ფსიქოლოგიის შესაძლებლობების მიმართ. კანტი აკრიტიკებდა ვოლფს, უარყოფდა მათემატიკის გამოყენების შესაძლებლობას სულის ემპირიული შესწავლის პროცესში და ამით, თავისთავად, უარყოფდა სულიერი მოვლენების გაზომვის იდეას. კანტის უნდობლობას ემპირიული ფსიქოლოგიის მონაცემების მიმართ ისიც აძლიერებდა, რომ ამ უკანასკნელს არ შეუძლია ბუნებისმეტყველების მთავარი იარაღის, ექსპერიმენტის გამოყენება. საქმე ისაა, რომ ვერც საკუთარი თავის და ვერც სხვების შემთხვევაში, ჩვენ ვერ ვენდობით დაკვირვებას, მეცნიერული კვლევის რომელ ფორმაშიც უნდა მიმდინარეობდეს იგი. განუყოფელი და ერთიანი სულის დანაწევრება, მისი ნაწილების შენახვა და შემდეგ შეერთება შეუძლებელია. ამის გარეშე კი სულიერი მოვლენების ექსპერიმენტული შესწავლა, პრინციპში, ვერ განხორციელდება; თავის მხრივ, ინტროსპექციის სირთულე ის არის, რომ შინაგანი დაკვირვება, როგორც ფსიქიკური მოვლენა, ზედ ედება დასაკვირვებელ სულიერ მდგომარეობას და ცვლის მას. ბუნებრიობა ეკარგება სხვა ინდივიდის ქცევასაც, როცა მას აკვირდებიან.       მიუხედავად იმისა, რომ ემპირიული ფსიქოლოგია, კანტის აზრით, ძალზე არასანდოა და შეზღუდული, ის მაინც შეიძლება განვიხილოთ, როგორც “ისტორიული მოძღვრება” სულის მოვლენების შესახებ, რომელიც ვერ ადის ნამდვილი ბუნებისმეტყველების დონემდე. სხვაგვარად რომ ვთქვათ, ემპირიული ფსიქოლოგია არის აღწერითი და არა ახსნითი დისციპლინა. ის თავს უყრის და აწესრიგებს გარკვეულ დაკვირვებებს ფსიქიკურ მოვლენებზე, მაგრამ ვერ გვითვალისწინებს მათი წარმოშობისა თუ ფუნქციონირების კანონზომიერებებს.       ფსიქოლოგიის ასეთი სახე წარმოადგინა კანტმა თავის “ანთროპოლოგიაში” (1798), რომელშიც ზოგი რამ შევიდა წინაკრიტიკული პერიოდის ლექციებიდან ემპირიულ ფსიქოლოგიაში. ეს ნაწარმოები ეხება ადამიანს საზოგადოდ და არა მხოლოდ მის ფსიქიკას, თუმცა ფსიქოლოგია მის საკმაო ნაწილს იკავებს. თანაც, დახასიათებულია არა მხოლოდ ინდივიდის ფსიქიკური წყობა, არამედ ადამიანთა დიდ გაერთიანებათა სხვადასხვა თავისებურებანი, მათ შორის ფსიქიკურიც. ლაპარაკია სქესის, ერისა და რასის დახასიათებაზე. აქ კანტი იშველიებს მრავალი წყაროდან მომდინარე მონაცემებს (ისტორია, ლიტერატურა, მოგზაურთა ჩანაწერები და სხვა).       რაც შეეხება ინდივიდის ფსიქოლოგიას, აქ მოცემულია არაერთი ზუსტი დაკვირვება და სერიოზული განზოგადება. მათ შორის უნდა აღინიშნოს ზემოთ ნახსენები “სულის ტრიქოტომია”, რომელიც სწორედ კანტის გავლენით გადაიქცა საყოველთაოდ მიღებულ კლასიფიკაციად. კანტი საგანგებოდ განასხვავებს სულის შემეცნებით უნარს მგრძნობელობითი და მისწრაფებითი უნარებისაგან. ფსიქიკური ფენომენი, რომლითაც შემეცნებითი პროცესები ოპერირებენ, წარმოდგენებია. წარმოდგენების ცნობიერებაში შეკავება ყურადღების ფუნქციას უკავშირდება, მაგრამ კანტი არ შემოსაზღვრავს სულიერ სფეროს მხოლოდ ცნობიერი მოვლენებით. წარმოდგენა შეიძლება იყოს იმდენად სუსტი და მკრთალი, რომ, ფაქტობრივად, შეუმჩნეველი დარჩეს სუბიექტისთვის. მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ არაცნობიერი განცდები ზეგავლენას არ ახდენენ ჩვენზე: “საკმაოდ ხშირად ბუნდოვანი წარმოდგენები ჩვენით თამაშობენ”. მათი გავლენით ხან მოუფიქრებლად ვმოქმედებით, ხან რაიმეს განვსჯით. ამ კონტექსტში კანტი ერთ პრაგამტულ რჩევას აძლევს მწერლებს: თქვენი იდეები ცოტა ბუნდოვნად წარმოადგინეთ; როცა მკითხველი მათში გაერკვევა და სინათლეს შეიტანს, მას თავისი თავი უფრო ჭკვიანად მოეჩვენება. საზოგადოდ, თუ ჩავუკვირდებით იმას, რაც ვიცით, აღმოვაჩენთ, რომ ბუნდოვანი წარმოდგენები ნათელზე მეტია. კანტის სიტყვებით, ჩვენი გონება უზარმაზარ რუკას ჰგავს, სადაც მხოლოდ რამდენიმე ადგილია განათებული. უნდა აღინიშნოს, რომ კანტის მიერ არაცნობიერის დაშვება, თუნდაც ბუნდოვანი წარმოდგენის სახით, ლაიბნიცის ხაზის გაგრძელებაა. ლოკიდან წამოსული ემპირიული ფსიქოლოგიისთვის ეს ცნება სრულიად მიუღებელი იყო. ამ მხრივ გერმანული ფსიქოლოგია, როგორც ისტორიამ აჩვენა, თავიდანვე უფრო სწორი მიმართულებით ვითარდებოდა.       მიუხედავად ამისა, ნამდვილი ადამიანური აქტივობა შემეცნებისა თუ პრაქტიკის სფეროში, ცნობიერებას და გონიერებას უკავშირდება. ამიტომ კანტი საგანგებოდ გამოკვეთს ყველა იმ ფაქტორს, რომელიც ხელს უშლის თავისუფალ და გააზრებულ ქცევას. ასეთებს შორის უმნიშვნელოვანესია აფექტები და ვნებები. კანტი ამ მოვლენების თავისებურ კლასიფიკაციას გვთავაზობს იმის მიხედვით, თუ რამდენად აფერხებენ ისინი გადაწყვეტილების მიღებას და განხორციელებას. ამ მხრივ ვნებები უფრო დიდ საფრთხეს შეიცავს. “აფექტისაგან ადამიანს მხოლოდ დროებით ეკარგება თავისუფლება და საკუთარი თავის ფლობის უნარი, ვნება კი სრულიად უარს ამბობს მათზე; იგი თავის სიამოვნებასა და დაკმაყოფილებას მონურ სულში პოულობს”.       ზოგადად მისწრაფებით უნარები კი მოიცავენ სურვილებს, რომელთა სათავე სიამოვნების ობიექტის წარმოდგენაში უნდა ვეძებოთ; მაგრამ სულში, ასეთ სურვილებთან ერთად, არსებობენ აუცილებელი ზნეობრივი მოთხოვნები. ისინი მორალური კანონის გამოვლინებებია. ეს კანონი აპრიორულ ფორმაში მოცემული უპირობო ბრძანებაა, ე.წ. კატეგორიული იმპერატივია, რომელიც ადგენს ყოველგვარი ქცევის ზნეობრივ ქმედებად შეფასების კრიტერიუმს. ნებისყოფა (პრაქტიკული გონება) მორალური კანონის შესრულების უნარს განასახიერებს. ასეთი ნებისყოფა თავისუფალია ყოველგვარი ემპირიული განსაზღვრულობისაგან, რაც პრაქტიკულად შეუძლებელს ხდის მის დახასიათებას რეალურ ფსიქიკურ პროცესად. ნებისყოფისა და თავისუფლების ცნებები იმდენად მჭიდროდ უკავშირდება კანტის მორალურ შეხედულებას (“პრაქტიკული გონების კრიტიკა”), რომ მათ ერთმანეთისაგან ვერ დააშორებ. მხოლოდ თავისუფალ არსებას შეუძლია არ დაექვემდებაროს ბუნებაში მოქმედ მიზეზობრიობის კანონს და, საკუთარი ნებით, იხელმძღვანელოს ზნეობრივი კანონით. აქედან გამომდინარე, ნებისყოფა დეტერმინაციის გარეშე მყოფ ფუნქციად გვევლინება, რომლის შესწავლა მეცნიერების, კერძოდ - ემპირიული ფსიქოლოგიის ფარგლებში შეუძლებელია.       კანტი ახასიათებს თითქმის ყველა შემეცნებით ფსიქიკური პროცესს. იგი არ ასხვავებს აღქმასა და შეგრძნებას და იფარგლება არისტოტესეული ხუთი შეგრძნების გარჩევით. აქ უფრო საინტერესოა მსჯელობა ზოგადად მგრძნობელობის უნარზე მოქმედ ფაქტორებზე. ზოგი ფაქტორი ამ უნარს აძლიერებს (კონტრასტი, სიახლე, ცვალებადობა), ზოგიც ასუსტებს ან საერთოდ თრგუნავს (სიმთვრალე, ძილი, გულყრა, ასფიქსია). მეხსიერება და წარმოსახვა წარმოდგენის, როგორც საგნის უშუალო ზემოქმედების გარეშე ცნობიერებაში აღმოცენების უნარის გამოვლინებებია. წარმოდგენების დაყოფა ტემპორალური ნიშნით შეიძლება - ზოგი წარმოდგენის შინაარსი წარსულს უკავშირდება, ზოგის - აწმყოს, ზოგისაც - მომავალს. აქ რამდენადმე მნიშვნელოვან სიახლეს ვერ ვხვდებით. მხოლოდ იმის აღნიშვნა შეიძლება, რომ კანტმა შედარებით მკაფიოდ გამიჯნა წარმოსახვის ფუნქციის ორი გამოვლინება. პირველია უნებლიე, რეპროდუქტიული წარმოსახვა, რომელსაც ფანტაზიას უწოდებს (მაგ., სიზმარი) და მეორე - ნებელობითი, პროდუქტიული წარმოსახვა, რაც შემოქმედების უნართან არის დაკავშირებული. იგი აგრეთვე მსჯელობს ფანტაზიის მასტიმულირებელ ფიზიკურ ზემოქმედებებზე, სახელდობრ, ნარკოტიკულ საშუალებებზე და ფანტაზიის კონტექსტში განიხილავს იმას, რასაც დღეს ფსიქოლოგიაში ცნობიერების შეცვლილ მდგომარეობებს უწოდებენ. ეს, პირველ ყოვლისა, სიზმრებს ეხება. ყურადღებას იმსახურებს კანტის მოსაზრება სიზმრის აუცილებლობისა და სარგებლიანობის შესახებ, თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ ამ მოსაზრების დასაბუთებისას იგი საკმაოდ გულუბრყვილო ფიზიოლოგიური არგუმენტაციით იფარგლება.       რადგან ცნობიერების შეცვლილი მდგომარეობები ვახსენეთ, ისიც უნდა ითქვას, რომ “ანთროპოლოგიაში” საკმაოდ ვრცელი მასალაა წარმოდგენილი სულიერი აშლილობების შესახებ. ამ თემის სერიოზული დამუშავება სათანადო კლინიკური პრაქტიკის გარეშე ძალზე რთულია. კანტი კაბინეტური მეცნიერი იყო, ამიტომ მისი “ანთროპოლოგიური” მოსაზრებები ფსიქიკური დარღვევების შესახებ ფსიქიატრიისა და ფსიქოპათოლოგიის შემდგომ წინსვლაზე არ აისახა. იგივეს ვერ ვიტყვით ამავე ნაწარმოებში მოცემულ მსჯელობებზე ინდივიდუალური ხასიათის პრობლემატიკასთან დაკავშირებით. ეს შეიძლება ნაშრომის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო და ღირებული ნაწილი იყოს. კანტის გავლენა ქარაქტეროლოგიის განვითარებაზე უეჭველია. განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ სწორედ კანტმა მისცა დასრულებული ფორმა ტემპერამენტის კლასიკურ ტიპოლოგიას (იხ. თავი 7.2).       ასეთია ძალიან მოკლედ კანტის მოსაზრებები ემპირიული ფსიქოლოგიის შესახებ, რომელსაც იგი არასრულყოფილ, მაგრამ მაინც რეალურ მეცნიერებად თვლის. სამაგიეროდ, ე.წ. რაციონალურ ფსიქოლოგიას კანტი მთლიანად უარყოფს. ამ უკანასკნელში მას ესმის მეცნიერება სულის (ცნობიერების) არსისა და უზოგადესი პრინციპების შესახებ, რომელიც დაფუძნებულია კარტეზიანულ დებულებაზე - ვაზროვნებ, ესე იგი ვარსებობ, - აქედან გამომდინარე ყველა მტკიცებით. ეს მტკიცებები ეხება სულის სუბსტანციურობას, სიმარტივეს, დაუნაწევრებადობას, არამატერიალურობას. კანტის თანახმად, ისინი ლოგიკურ შეცდომებია (ე.წ. პარალოგიზმებია), ვინაიდან არასწორი საფუძვლიდან გამომდინარეობენ. საქმე ისაა, რომ სული (ცნობიერება, ცოგიტო) ზღვრული ცნება და ყოვლეგვარი შემეცნების პირობაა. როგორც ასეთი, ის ემპირიული გამოცდილების მიღმა, ტრანსცედენტალურად არსებობს და ვერ გადაიქცევა მეცნიერული აზროვნების საგნად, რადგანაც ეს უკანასკნელი თვით მას ეფუძნება. “მე ვაზროვნებ” არის რაციონალური ფსიქოლოგიის ერთადერთი დებულება, რომლიდანაც მან უნდა გამოიყვანოს მთელი თავისი სიბრძნე, ამბობს კანტი. მაგრამ, როგორც კი მეცნიერული შემეცნების ეს ლოგიკური პირობა თვით გახდება მეცნიერების საგანი, დაგვჭირდება ამ პირობის ახლიდან მონახვა, რათა შემეცნება შესაძლებელი შეიქმნას. სულიერი ცხოვრების წვდომა შესაძლებელია მხოლოდ ემპირიული დაკვირვების გზით, იმ სირთულეების გათვალისწინებით, რასაც ეს დაკვირვება შეიცავს. დაუკვირვებადზე, ტრანსცენდენტურზე მეცნიერება ვერ იმსჯელებს. სულის სუბსტანციურობა, არამატერიალურობა და სხვა, რაციონალური ფსიქოლოგიის, როგორც კონკრეტული მეცნიერების საქმე არ არის. მის ფარგლებში ეს დებულებები ვერც დამტკიცდება და ვერც მათი უარყოფა მოხდება. ამიტომ, კანტის დასკვნით, რაციონალური ფსიქოლოგია მთელი თავისი შინაარსით უნდა შევიდეს ფილოსოფიაში, სახელდობრ, შემეცნების თეორიაში (“გონების კრიტიკა”), რომელიც ეხება საზოგადოდ ცოდნის წინაპირობებს, ცნობიერების აპრიორულ ფორმებს. ისინი წინ უსწრებენ ყოველგვარ გამოცდილებას, მისგან არ გამომდინარეობენ და მასზე არ დაიყვანებიან.       თეორიული ფსიქოლოგიის თვალსაზრისით, კანტის სისტემაში ყველაზე საინტერესოა მოძღვრება ცნობიერების აპრიორულ ფორმებზე. აპრიორული ფორმები ჩვენი სულის იმთავითვე მოცემული უნარებია. ისინი უნდა განვასხვავოთ, ერთი მხრივ, ე.წ. ნოუმენებისაგან, ანუ ცნობიერების მიღმა ობიექტურად არსებული საგნებისაგან (ნივთები თავისთავად) და, მეორე მხრივ, ჩვენი ცნობიერების წარმოდგენებისა თუ განცდებისაგან, რომლებსაც კანტი მოვლენებს უწოდებს. ნოუმენები, რომელთა ობიექტური არსებობის სახე ჩვენთვის ყოველთვის დაფარული დარჩება, მოქმედებს მგრძნობელობაზე და იწვევს შეგრძნებებს. ეს მასალა თავიდანვე გადამუშავდება ცნობიერების აპრიორული ფორმების მიერ და მთელი ჩვენი ცოდნა ამ უნარების მოქმედების შედეგად მიიღება. რამდენადაც შემეცნება აღქმიდან იწყება და აზროვნებით გრძელდება, აპრიორული ფორმები ორივეგან უნდა ვიგულისხმოთ. აღქმის (მგრძნობელობის) აპრიორული ფორმებია სივრცე და დრო. პირველი მხოლოდ გარე მგრძნობელობას ეხება, მეორე - გარესაც და შინაგანსაც (ლოკის მსგავსად, კანტიც ე.წ. შინაგან აღქმაზე ლაპარაკობს, რომელიც მიმართულია ჩვენს საკუთარ სულიერ მდგომარეობებსა და ქცევებზე). ის, რაც არსებობს სივრცეში, არსებობს დროშიც, მაგრამ არა პირიქით. სულიერ მოვლენებს სივრცული მახასიათებლები არ გააჩნია. ამიტომ დრო ყველაფრის, ხოლო სივრცე მხოლოდ ბუნების მოვლენების ჭვრეტის აპრიორული ფორმაა. აქ იგულისხმება სწორედ ჭვრეტის ფორმა, სქემა, “აპრიორული წარმოდგენა” და არა ემპირიულად მოპოვებული წარმოდგენა ან ცნება. ჭვრეტის ამ ფორმების აპრიორულობა იმით მტკიცდება, რომ ისინი ლოგიკურად წინ უსწრებენ მოვლენების წარმოდგენას. შეუძლებელია წარმოვიდგინოთ, რომ არავითარი სივრცე და დრო არ არსებობს, თუმცა სავსებით შესაძლებელია სივრცისა და დროის მოაზრება მათში საგნების არსებობის გარეშე. ამდენად, ისინი გამოცდილების პირველადი და აუცილებელი პირობებია. მაგალითად, ჩვენი ცნობიერება თავიდანვე ისე აწესრიგებს სივრცულ გამოცდილებას, რომ სამყარო სამგანზომილებიანი წარმოგვიდგება. მაგრამ, როგორც თანამედროვე კოგნიტური ფსიქოლოგია იტყოდა, ეს მხოლოდ ინფორმაციის ორგანიზაციისა და გადამუშავების პირველი ეტაპია.       ჭვრეტის აპრიორულ ფორმებში დალაგებული მონაცემების ურთიერთდაკავშირება, კანონზომიერი, აუცილებელი და საყოველთაო კავშირების დადგენა გონების (აზროვნების) მეშვეობით ხდება. ამისთვის გამოიყენება ე.წ. განსჯის აპრიორული ფორმები ან კატეგორიები. ჩვენი გონების მიერ მოვლენები ფასდება, როგორც მიზეზი და შედეგი, ერთიანობა და სიმრავლე, არსებული, შესაძლებელი, აუცილებელი და სხვა. მაგალითად, ადამიანის ცნობიერების წინასწარ მოცემული წყობა სამყაროს ისე წარმოგვიდგენს, რომ ყოველ მოვლენას აუცილებლად უნდა ჰქონდეს თავისი მიზეზი. განსჯის კატეგორიები აწესრიგებენ გამოცდილებას, ახორციელებენ ემპირიულად მიღებული მრავალფეროვანი მასალის, ქაოტური წარმოდგენების სინთეზს. მათი საშუალებით გადამუშავებული მონაცემები იძენენ სტრუქტურას და მნიშვნელობას, ხოლო მეცნიერული ცოდნა - საყოველთაო და აუცილებელ ხასიათს.       ეს, ცხადია, არ ნიშნავს, რომ თვით განსჯის ფორმები ან კატეგორიები თანდაყოლილი იდეებია, მზამზარეულ ცოდნაა. კანტის სისტემის ფსიქოლოგიური ანალიზისთვის არსებითი მნიშვნელობა აქვს იმას, რომ განსჯის - აპრიორულ კატეგორიებში რაიმე ცნებები, შინაარსი კი არ იგულისხმება, არამედ, საზოგადოდ, ადამიანის ცნობიერების მოწყობისა და ფუნქციონირების ფორმა, ცოდნის ორგანიზაციის ხერხი, გონების მასინთეზირებელი მოქმედება. სწორედ ამ აქტივობას უწოდებს კანტი აპერცეფციას. აპერცეფცია ორი სახისაა იმის მიხედვით, თუ რაზეა ის მიმართული - თვითცნობიერებაზე (განაპირობებს ცნობიერების ერთიანობას, რის გარეშე შემეცნება ვერ განხორციელდება), თუ ობიექტზე (განაპირობებს სხვადასხვაგვარი შთაბეჭდილების ერთ ობიექტად გაერთიანებას).       ფილოსოფიური რეფლექსია აღმოაჩენს, რომ ადამიანის ცნობიერებას გარკვეული სტრუქტურა აქვს და, ასევე, გარკვეული ორგანიზაციით ხასიათდება. სივრცის, დროის, მიზეზობრიობის და სხვა კატეგორიები ჩაშენებულია ფსიქიკის სტრუქტურაში და ისეთნაირად აწესრიგებს მთელს გამოცდილებას, რომ სამყარო მხოლოდ ამ კატეგორიების პრიზმაში გარდატეხილად წარმოგვიდგება. ფსიქოლოგიისთვის პრინციპული მნიშვნელობისაა საკითხი ფსიქიკის ამ სტრუქტურული ფორმების არსებობის წესისა და ბუნების შესახებ. ისინი არ იქმნებიან ფსიქიკური ცხოვრების შედეგად და, როგორც სულის თანდაყოლილი უნარ-თვისებები, შეადგენენ ყოველგვარი გამოცდილების პირობას. კანტის თქმით, მათ ახასიათებთ “ემპირიული რეალობა”, ანუ ისინი ნამდვილად არსებობენ შემმეცნებელ სუბიექტში სხვა წარმოდგენებისა თუ განცდების მსგავსად, თუმცა, ცხადია, არ ცნობიერდებიან და ფსიქიკის სიღრმივ სტრუქტურას ქმნიან. მაგრამ თუ სულიერი განცდები ასე თუ ისე ექვემდებარება მეცნიერულ შესწავლას ემპირიული ფსიქოლოგიის ჩარჩოებში, სულის აპრიორული ფორმების შესახებ მეცნიერება ვერ იარსებებს. ამიტომ რაციონალური ფსიქოლოგია, როგორც კონკრეტული მეცნიერება, შეუძლებელია, თუმცა მისი შინაარსი ძალზე მნიშვნელოვანია და უნდა დამუშავდეს ფილოსოფიის ფარგლებში.       უკვე აღინიშნა, რომ კანტის როლი ფსიქოლოგიის განვითარებაში ცალსახად და ერთმნიშვნელოვნად არ არის განსაზღვრული. კანტს ეშლებოდა, როცა ემპირიულ ფსიქოლოგიას მეთოდური იმპოტენციის დიაგნოზი დაუსვა. კანტის გარდაცვალებიდან რამდენიმე ათეულ წელიწადში, ფსიქოფიზიკისა და ფსიქომეტრიის განვითარებამ დამაჯერებლად აჩვენა, რომ მისი შეფასებები არ იყო მართებული (იხ. თავი 5.2. 5.3. 7.1.). ფსიქოლოგია წარმატებით დაეუფლა ექსპერიმენტსაც, გაზომვასაც და, საზოგადოდ, კვლევის საბუნებისმეტყველო ტექნოლოგიას. კანტის მიერ რაციონალური ფსიქოლოგიის კრიტიკის მართებულობასაც არ მიიჩნევენ სარწმუნოდ. ამასთან დაკავშირებით სპეციალისტები აღნიშნავენ, რომ “კანტმა სულის ცნებას ის ფუნქციაც წაართვა, რაც აქვს სამყაროს იდეას ბუნების შემეცნების პროცესში. არ არის ნაჩვენები, თუ რატომ არ შეიძლება სულმა ზღვრული ცნების როლი შეასრულოს და სულიერი მოვლენების შეუჩერებელ შემეცნებას საფუძვლად დაედოს” (ა. ბოჭორიშვილი). ასე რომ, ფსიქოლოგიის კანტისეულ კრიტიკას ფსიქოლოგიის სისტემის შენებისთვის პოზიტიური არაფერი გაუკეთებია.       მეორე მხრივ, ფსიქოლოგიის ისტორიკოსები აღნიშნავენ, რომ კანტის მოძღვრება საფუძვლად უდევს მთელ რიგ სერიოზულ ფსიქოლოგიურ კონცეფციას (აღწერითი და გაგებითი ფსიქოლოგია, ვუნდტის სისტემა, ვიურცბურგის სკოლა, გეშტალტფსიქოლოგია). ამის თაობაზე უნდა ითქვას, რომ ამ შემთხვევაში მხოლოდ გარკვეულ გავლენებზე შეიძლება იყოს საუბარი და ისიც არაპირდაპირზე, ვინაიდან აღნიშნული კონცეფციები სინამდვილეში ზოგადფსიქოლოგიური კვლევის სისტემებია, ანუ ის, რასაც კანტი ფაქტობრივად უარყოფდა.       ამავე დროს, კანტმა პირდაპირი გავლენაც მოახდინა ფსიქოლოგიურ და ფსიქოფიზიოლოგიურ კვლევაზე აღქმის სფეროში (ი. მიულერი. ე. ჰერინგი და სხვა). სივრცის აღქმის მიმართ ე.წ. ნატივისტური თვალსაზრისი მჭიდროდ უკავშირდება კანტის მოსაზრებებს აღქმის აპრიორული (თანდაყოლილი) ფორმების შესახებ. იოჰანეს მიულერმა ამ ფორმების ფიზიოლოგიზაცია მოახდინა, და სივრცის კონსტრუირების უნარი თვალის ბადურას მიაწერა (იხ. თავი 5.1). ნატივიზმი, როგორც ცნობილია, სივრცის აღქმას თანდაყოლილ თვისებად მიიჩნევს. ამდენად, იგი შეესაბამება კანტის შეხედულებას. მაგრამ იმავეს ვერ ვიტყვით თანამედროვე ფსიქოლოგიის წარმოდგენებზე სივრცის აღქმის შესახებ. დღეს უკვე ემპირიულად დამტკიცებულად ითვლება, რომ სივრცის აღქმის უნარი ნაწილობრივ თანდაყოლილია და ნაწილობრივ შეძენილი. ორგანზომილებიან სივრცეს, ანუ განფენილობას ადამიანი დაბადებიდან აღიქვამს, ხოლო მესამე განზომილების ანუ სიღრმის აღქმის უნარი თანდათანობით, გამოცდილების კვალდაკვალ ვითარდება. ამრიგად, სამგანზომილებიანი სივრცის აღქმა არ არის აღქმის აპრიორული ფორმა კანტისეული გაგებით, ე.ი. ცნობიერების თანდაყოლილი, გამოცდილებამდელი და უცვლელი სტრუქტურა.       იგივე ითქმის განსჯის აპრიორული ფორმების ან კატეგორიების მიმართაც. თანამედროვე კოგნიტური ფსიქოლოგიის მონაცემების მიხედვით, ყოველგვარ გამოცდილებას და ქცევას კოგნიტური სქემები და სტრუქტურები აშუალებს. ამიტომ, არ არის გასაკვირი, რომ თავის წინამორბედებზე ლაპარაკისას კოგნიტივისტები კანტის სახელს საკმაოდ ხშირად ახსენებენ. თითქმის უდავო ფაქტად არის მიჩნეული, რომ გონებრივი სტრუქტურები აქტიურად გარდაქმნიან გრძნობად გამოცდილებას და იმასაც განსაზღვრავენ, თუ როგორ წარიმართება გარემოსთან ურთიერთობა, ადაპტაციური მოქმედება. ამ აზრით, კოგნიტური სქემები ასტრუქტურებენ მთელ ჩვენს ცოდნას სამყაროს შესახებ. მაგრამ ეს სტრუქტურები აპრიორულ მოცემულობას არ წარმოადგენს, ისინი ცვალებადობენ და ვითარდებიან ასაკისა და გამოცდილების მატებასთან ერთად. გონებრივი განვითარება სულ უფრო სრულყოფილი ინტელექტუალური სქემების თანმიმდევრული ცვალებადობაა. ეს პროცესი დაწვრილებით შეისწავლა ერთ-ერთმა უდიდესმა ფსიქოლოგმა, გენეტიკური ეპისტემოლოგიის ფუძემდებელმა, ჟან პიაჟემ. პიაჟეს მიხედვით, შემეცნებითი სტრუქტურების გენეზისი ონტოგენეზში ოთხ სტადიას გაივლის. თითოეულ სტადიაზე ინტელექტი თვისებრივად სხვადასხვაგვარია, ანუ განსხვავებულია ბავშვის გონებრივი წყობა და, შესაბამისად, მის მიერ შექმნილი სამყაროს სურათიც (იხ. თავი 12.2.). მაშასადამე, ლაპარაკი გონებრივ სტრუქტურებზე, როგორც თანდაყოლილზე (აპრიორულზე) და უცვლელზე, უსაფუძვლოა.       კანტი გენეზისის საკითხს საერთოდ არ განიხილავდა და განვითარების ფაქტს მხედველობაში არ იღებდა. იგი ამოდიოდა უკვე არსებული მეცნიერული ცოდნიდან და ცდილობდა მისი საფუძვლებისა და წინაპირობების დადგენას. მეცნიერული ცოდნის განვითარებამ გარკვეული ეჭვები წარმოქმნა იმასთან დაკავშირებით, თუ რამდენად უნივერსალურია ეს წინაპირობები (ცნობიერების აპრიორული ფორმები). მაგალითად, რა აპრიორული ფორმებით ხელმძღვანელობენ თანამედროვე ქვანტურ ფიზიკაში ან არაევკლიდურ გეომეტრიაში, სადაც სულ სხვა წარმოდგენებია დროზე, სივრცეზე, მიზეზობრიობაზე და ა.შ. ეს საკითხი კანტის შეხედულებათა დღევანდელი მეცნიერების მონაცემებთან შესაბამისობის პრობლემაა და მოცემული ანალიზის ფარგლებს სცილდება, მაგრამ ერთი რამ უდავოა: თუ კანტის მიერ დახასიათებული ჭვრეტისა და განსჯის აპრიორული ფორმები “ემპირიული რეალობის” მქონე “სულის თვისებებია”, მათი ანალიზი გენეტიკური მიდგომის გარეშე დამარწმუნებელი ვერ იქნება.       საზოგადოდ კი შეიძლება ითქვას, რომ ფსიქოლოგიამ, ერთგვარად, “სამაგიერო” გადაუხადა კანტს მისი ანტიფსიქოლოგისტური პოზიციისთვის. ფსიქოლოგია არა მხოლოდ შედგა, როგორც სრულყოფილი მეცნიერება, არამედ მან წარმატებით, ემპირიულად იკვლია სწორედ ის სფერო, რომლის დახასიათების ექსკლუზიური უფლება კენიგსბერგელმა სწავლულმა თავის შემეცნების თეორიას და, შესაბამისად, გონებაჭვრეტას მიანიჭა. გარდა ამისა, განა ნიშანდობლივი არ არის, რომ კანტი, ერთ-ერთი უდიდესი ანტიფსიქოლოგისტი, ძალზე საფუძვლიანად გაება ფსიქოლოგიზმის ბადეში. მართლაც, შემეცნების წინაპირობები - ჭვრეტისა და განსჯის აპრიორული ფორმები - ხომ არსებითად ფსიქიკის სტრუქტურებია, სულის უნარებია. აპერცეფციაც, როგორც სულის მასინთეზირებელი უნარი, “არის ადამიანის ფსიქიკის კანონზომიერება, ხოლო ფსიქიკური კანონზომიერებით შემეცნების პროცესის ახსნა ისევ ფსიქოლოგიზმსა და, რადგან ეს კანონზომიერება ადამიანურის კანონზომიერებაა, ანთროპოლოგიზმს წარმოადგენს” (კ. ბაქრაძე). ირაკლი იმედაძე წიგნიდან: ფსიქოლოგიის ისტორია « წინა ნაწილი | გაგრძელება » P.S. სტატიის სათაური არ არის წიგნის ავტორისეული სათაური. სტატიის სათაური პოსტის ავტორის მიერ თემატურად შერჩეული სათაურია…
დაამატა ლაშა to ფსიქოლოგია at 10:59am on აპრილი 28, 2018
თემა: ზოოფსიქოლოგია
იქოლოგიაში მიმდინარე კვლევის განხილვის გარეშე. პირველი, როგორც ცნობილია, ცხოველების ფსიქიკას შეისწავლის, ხოლო - მეორე საერთოსა და განმასხვავებელს ადამიანისა და ცხოველის ფსიქიკაში, ახდენს მათი ფსიქიკური ცხოვრების შედარებით ანალიზს. კვლევა-ძიებას ამ მიმართულებით საფუძველი დაუდო ჩარლზ დარვინმა (1809-1882). თავის სახელგანთქმულ თხზულებაში „სახეობათა წარმოშობა ბუნებრივი შერჩევის გზით“ (1859) მან ჩამოაყალიბა ევოლუციური მოძღვრება, რომელიც ფსიქოლოგიის ისტორიკოსის თქმით „ეპოქის ინტელექტუალურ ფენომენად იქცა და მის გავლენას დაემორჩილა ბიოლოგიაც და ფსიქოლოგიაც“ (ე. ბორინგი). განსაკუთრებით ეს ითქმის მისი სამშობლოს - ინგლისის ფსიქოლოგიაზე. ერთი მხრივ, ამ გავლენამ ფ. ჰალტონის მეშვეობით დიფერენციალურ ფსიქოლოგიამდე მიგვიყვანა (იხ. თავი 7.2.). მეორე მხრივ, მან დასვა დღის წესრიგში საკითხი ცხოველთა ფსიქიკის შესახებ, ვინაიდან ევოლუციის თეორია მოითხოვს სხვადასხვა სახეობის ცხოველებსა, და შემდგომ, ცხოველებსა და ადამიანს შორის უწყვეტი განვითარების დადასტურებას. იმ დროს კი ჯერ კიდევ კარტეზიანული შეხედულება ბატონობდა, რომლის თანახმად ფსიქიკა, სული აქვს მხოლოდ ადამიანს; ცხოველს ის არ გააჩნია, იგი მხოლოდ ბიოლოგიური მანქანაა; ადამიანსა და ცხოველს შორის ფსიქოლოგიური თვალსაზრისით უფსკრულია. ამის საპირისპიროდ, ევოლუციის თეორია უმწვავესად აყენებს ფსიქიკური განვითარების უწყვეტობის პრობლემას.       დარვინი ფიქრობდა, რომ „არ არსებობს ფუნდამენტური განსხვავება ადამიანისა და უმაღლესი ძუძუმწოვრების ფსიქიკურ უნარებს შორის“. მას ეჭვი არ ეპარებოდა იმაში, რომ ცხოველებს აქვთ მრავალი განცდა ისეთი როგორიცაა ტკივილი, სიამოვნება, უსიამოვნება, სიხარული და ა. შ. ცხოველებს აქვთ მხედველობის, სმენის, ყნოსვის, გემოს და სხვა შეგრძნებებთან დაკავშირებული განცდები, თანაც ხშირად უფრო მძაფრი, ვიდრე ადამიანს. ისინი ხედავენ სიზმრებს და, მაშასადამე, აქვთ წარმოდგენის უნარი. აქედან გამომდინარე, საჭიროა იმის გარკვევა, თუ როგორია, საზოგადოდ, ფსიქიკის თავისებურებანი ფილოგენეზში და როგორ მიმართებაშია ერთმანეთთან ადამიანისა და ცხოველის ფსიქიკური ცხოვრება.       პირველი ნაბიჯი ამ მიმართულებით თავად დარვინმა გადადგა. 1872 წელს გამოქვეყნებულ წიგნში „ემოციის გამოსახვა ადამიანსა და ცხოველებში“, დაკვირვებათა მდიდარ მასალაზე და ევოლუციურ კონცეფციაზე დაყრდნობით მან დაასაბუთა ადამიანისა და ცხოველის მთელი რიგი ემოციის (შიში, აგრესიულობა, გაკვირვება და სხვა) გამომხატველ მოძრაობათა წარმოქმნის ერთიანობის თეზისი და მიუთითა მათ შეგუებით მნიშვნელობაზე. დარვინი ლაპარაკობს არა ემოციურ განცდებზე, არამედ გამომხატველ მოძრაობებზე და მიიჩნევს, რომ ადამიანთან ისინი ფილოგენეტურად მიზანშეწონილი და სასარგებლო მოძრაობების ნარჩენებს ანუ რუდიმენტებს წარმოადგენენ. გამძვინვარებული ადამიანის მუშტი, კბილების ღრჭენა, თმების ყალყზე დადგომა და სხვა იმ დროის ქცევის ნიშნებია, როცა იგი მართლაც მუშტებით და კბილებით იბრძოდა, აბურგძვნით კი აშინებდა მოწინააღმდეგეს.       ამგვარად, დარვინმა აჩვენა მემკვიდრეობითობა და მსგავსება ადამიანსა და ცხოველს შორის ემოციების, სახელდობრ, მათი გამოხატულების სფეროში. ევოლუციური მოძღვრების მოწინააღმდეგენი ხაზს უსვამდნენ ადამიანის გამორჩეულობას, უარყოფდნენ მის რაიმე სახის მსგავსებას ცხოველებთან, პირველ რიგში, გონებრივი შესაძლებლობების თვალსაზრისით. ამიტომ მეორე ნაბიჯი ფსიქიკური თვისებების უწყვეტი განვითარების იდეის დასაბუთების გზაზე უნდა ყოფილიყო იმის ჩვენება, რომ ადამიანის კოგნიტურინტელექტუალური უნარები არის მხოლოდ უმაღლესი წერტილი ფსიქიკის ევოლუციურობისა, და რომ ისინი სულაც არაა უცხო ევოლუციური რიგის უფრო დაბალ საფეხურზე მდგომი ცოცხალი არსებებისთვის.       ეს ნაბიჯი გადადგა დარვინის მეგობარმა და თანამზრახველმა ჯონ რომენესმა (1848-1894). მის ნაშრომს „ცხოველთა ინტელექტი“ (1882) თანამედროვეთა დიდი გამოხმაურება მოჰყვა და მეცნიერების ისტორიაში შევიდა, როგორც პირველი წიგნი შედარებით ფსიქოლოგიაში. რომანესმა გააანალიზა კოლოსალური მასალა ცხოველთა ქცევის შესახებ, რომელიც სხვადასხვა გზით იყო მიღებული. გამოიყენებოდა მეცნიერული მონაცემებიც (რომანესმა ერთ-ერთმა პირველმა დაიწყო ცხოველთა ქცევის ლაბორატორიული შესწავლა), მაგრამ უფრო ხშირად ავტორი ეყრდნობოდა სხვადასხვა გადმოცემას ცხოველთა ქცევის თაობაზე. რომანესის მიერ ინფორმაციის მოპოვების ტექნოლოგიას ანეკდოტების მეთოდი ეწოდა, რადგანაც იგი იყენებდა არაკვალიფიცირებული პირების ხშირად ტენდენციურ და ამიტომ არასანდო დაკვირვებებს. რომანესი ამ ისედაც საეჭვო მონაცემების ანტროპომორფიზაციას ახდენდა ანუ გადაჭარბებულად მიაწერდა ცხოველებს ადამიანურ თვისებებს. ასეთი რამ მისთვის ალბათ ბუნებრივიც იყო, ვინაიდან მთელი გულისყური მიმართული ჰქონდა იმისკენ, რომ ეჩვენებინა ფსიქიკის უწყვეტობა ცხოველიდან ადამიანამდე და ამისთვის გაფაციცებით ეძებდა ინტელექტის ნებისმიერ გამოვლინებას უმაღლეს ცხოველებში. ფსიქიკური მოვლენები რომანესის მიერ გამოიხატებოდა კლასიკური ასოციაციონიზმის ცნებებით, რომელიც იმ დროს გაბატონებული მიმდინარეობა იყო ინგლისურ ფსიქოლოგიაში. რომანესის მიხედვით, მარტივი იდეები (შეგრძნებები, აღქმები და მათი რეპროდუქციები) ცხოველსა და ადამიანში ერთნაირია. რთული იდეები ანუ ასოციაციის კანონების შესაბამისად მიღებული ფსიქიკური წარმონაქმნები ადამიანის გარდა მხოლოდ ზოგიერთ მაღალგანვითარებულ ცხოველს აქვს, ხოლო ცნებითი იდეები „ადამიანის მონოპოლიური კუთვნილებაა“.       რომანესი სასტიკი კრიტიკის ქვეშ მოექცა ანეკდოტური მეთოდის არასანდოობის (სუბიექტურობის) და ანტროპომორფიზმისთვის. რომანესი კრიტიკოსებს პასუხობდა, რომ ისინი ამოდიან თანამედროვე, ცივილიზებული, მოზრდილი ადამიანის ცნობიერებიდან და ამიტომ აწყდებიან ბევრ თვისებრივ განსხვავებას ცხოველების ფსიქიკისაგან. მაგრამ თუკი „ჩავალთ ქვევით“ და ადამიანის წინაპრებს (ანთროპოიდებს, პრიმიტიულ ადამიანებს) და ბავშვებს შევადარებთ ცხოველს, მაშინ დავინახავთ, რომ სინამდვილეში განსხვავება რაოდენობრივია და არა თვისებრივი.       ასეთი მიდგომის ილუსტრაციად შეიძლება განვიხილოთ რომანესის მიერ მისი მეეტლის კატის ქცევის ანალიზი. ამ კატას შეეძლო რამდენიმე მოხერხებული მოძრაობით საჯინიბოს კარის გაღება. აქაც, როგორც სხვა შემთხვევებში, რომანესი მიმართავს ე.წ. ანალოგიით ინტროსპექციის მეთოდს ანუ უშვებს, რომ დამკვირვებელში ისეთივე გონებრივი პროცესები მიმდინარეობს, რაც დასაკვირვებელი ცხოველის ფსიქიკაში. ამის შესაბამისად რომანესი მიიჩნევს, რომ „კატებს ასეთ შემთხვევაში აქვთ ზუსტი წარმოდგენა კარის მექანიკური თვისებების თაობაზე; მათთვის ცნობილია, რომ კარის გასაღებად საჭიროა მასზე მიწოლა ... ჯერ ერთი, კატამ უნდა შეამჩნიოს, რომ კარი იღება სახელურის ჩამოწევით და რაზის გაწევით. მეორეც, „გრძნობათა ლოგიკის“ საშუალებით მან უნდა დაასკვნას, რომ ადამიანის ხელით შესრულებული მოქმედებები შეიძლება თათითაც გაკეთდეს. როდესაც კატა წინასწარ გააღებს რაზას და უკანა თათებზე მდგომი აწვება კარს, ეს პროცესი შეიძლება განხილულ იქნეს, როგორც ადაპტური მსჯელობის შედეგი“. ცხადია, რომ რომანესი ამ მსჯელობაში კატას ადამიანურ თვისებებს მიაწერს (ანტროპომორფიზმი).       ანეკდოტური მეთოდიდან მომდინარე საფრთხე სავსებით გააცნობიერა გამოჩენილმა ინგლისელმა ბიოლოგმა და ზოოფსიქოლოგმა კონვეი ლოიდმორგანმა (1852-1936). იგი ებრძოდა ცხოველების ადამიანთან მიმსგავსების წრეგადასულ ტენდენციას; ცდილობდა შეექმნა შედარებითი ფსიქოლოგიისთვის უფრო მყარი მეცნიერული საფუძველი და ამით აეწია მისი პრესტიჟი. ამ მიზნით, თავის ცნობილ თხზულებაში „შედარებითი ფსიქოლოგიის შესავალი“ (1894) მან ჩამოაყალიბა ე.წ. მომჭირნეობის კანონი, რომელიც ლოიდ-მორგანის კანონის სახელითაც არის ცნობილი. მისი ავტორისეული ფორმულირება ასეთია: „დაუშვებელია რაიმე მოქმედების უმაღლესი ფსიქიკური უნარების რეზულტატად მიჩნევა, თუკი შესაძლებელია მისი ახსნა ფსიქოლოგიურ რიგში უფრო დაბალი უნარის საფუძველზე“.       წიგნში უხვადაა მოცემული ავტორის საკუთარი ექსპერიმენტები, რომელთაც შუალედური ხასიათი აქვთ ბუნებრივ პირობებში წარმოებულ დაკვირვებასა და ლაბორატორიულ, ხელოვნურ სიტუაციაში ჩატარებულ დაკვირვებას შორის. თავის ცდებში ლოიდ-მორგანი ერთგვარად ცვლიდა ცხოველის ჩვეულ გარემოს და უყურებდა, როგორ მოიქცეოდა ის უჩვეულო სიტუაციაში, შეძლებდა თუ ვერა, გადაესხვაფერებინა თავისი ქცევა, მოერგო ის ახალი პირობებისთვის. ეს არსებითად დასწავლის კვლევა იყო, დასწავლისა, რომელსაც, ავტორის აზრით, ეფუძნება ცხოველთა დიდი ნაწილის ქცევა. დასწავლა არის ინსტინქტებზე უფრო მაღალი, მაგრამ იდეების დონეზე მიმდინარე რაციონალურ აზროვნებაზე დაბალი პროცესი. იგი მიმდინარეობს ცდისა და შეცდომის გზით. შეცვლილ პირობებში ცხოველი უცებ არ აღწევს საწადელ მიზანს, არამედ მას მერე, რაც ალალბედზე მოსინჯავს სხვადასხვა შესაძლებლობას და შეცდომების შემდეგ მონახავს სწორ მოქმედებას. ცდისა და შეცდომის პრინციპით წარმოებულ მოქმედებაზე ჯერ კიდევ ბეინი ლაპარაკობდა. მაგრამ სამეცნიერო საზოგადოების ყურადღება მან ლოიდ-მორგანის გავლენით მიიპყრო. ის ცენტრალური გახდა თორნდაიკისთვის. მან წამოიწყო ცხოველთა დასწავლის სისტემატური კვლევა, რომელიც შემდგომში მთელ ბიჰევიორისტულ ფსიქოლოგიაზე გავრცელდა.       მთავარი ისაა, რომ ცდისა და შეცდომის პრინციპის მეშვეობით ცხოველის დასწავლა გაიმიჯნა გონიერი მოქმედებისაგან. ლოიდ-მორგანი სწორედ ამას ცდილობდა - არ მომხდარიყო ცხოველთა გონებრივი შესაძლებლობების გადაჭარბული შეფასება და საზღვრის წაშლა ადამიანსა და ცხოველს შორის. ამასთან, იგი, ცხადია, არ უარყოფდა იმას, რომ ცხოველებს აქვთ ფსიქიკა, სხვადასხვაგვარი განცდები და კოგნიტური უნარები, რის გამოც ზოოფსიქოლოგიაში ე.წ. ფსიქოლოგისტური მიდგომის ფუძემდებლად არის მიჩნეული.       ამავე პერიოდში კიდევ ერთმა დიდმა ბიოლოგმა, ჟაკ ლიობმა (1859-1924) მომჭირნეობის კანონი უკიდურესობამდე მიიყვანა - საერთოდ უარი თქვა რაიმე სახის ფსიქიკურ უნარებზე და ცხოველთა ქცევის ახსნა ფიზიკურ-ქიმიურ პროცესებზე დამყარებული ე.წ. ტროპიზმებით სცადა. იგი მექანიცისტური მიმართულების ფუძემდებელია, რომელმაც დეკარტისეული მიდგომა ცხოველის ქცევისადმი ანუ ცხოველი-ავტომატის იდეა იმდროინდელი მეცნიერული აზროვნების დონეზე ააღორძინა. ამოდის რა ორგანული სამყაროს ერთიანობის თეზისიდან, ლიობი მიდის ბიოლოგიური აქტივობის ისეთი ფუნდამენტური ფორმის აღიარებამდე, როგორიცაა ტროპიზმი და რომელიც ერთნაირია მცენარისთვის და ცხოველისთვის. ტროპიზმი არის ორგანიზმის იძულებითი ხასიათის მოძრაობა გარკვეული მიმართულებით, გამოწვეული გარეგანი ფიზიკურ-ქიმიური გამღიზიანებლით (სინათლე, გრავიტაცია, ქიმიური ნივთიერებები და ა.შ.). მზესუმზირას თავთავი მზის სინათლის მოძრაობას „მიჰყვება“ (ფოტოტროპიზმი), ხოლო მისი ფესვები ყოველთვის მიმართულია გრავიტაციის ცენტრისკენ ანუ მიწის ზედაპირის პერპენდიკულარულად. ამის მსგავსად, ცხოველური ორგანიზმი, ყოველ შემთხვევაში - უმარტივესი, პირდაპირ მოძრაობს გარკვეული გამღიზიანებლისკენ (დადებითი ტროპიზმი) ან მისგან (უარყოფითი ტროპიზმი). ამ მხრივ ის წააგავს ე.წ. პირობით რეფლექსს, მაგრამ უფრო უნივერასალურია, რადგან სიცოცხლის მცენარეულ ფორმებზეც ვრცელდება. ამდენად, ტროპიზმი შეიძლება განხილულ იქნეს, როგორც პროტოპლაზმის აქტიური მოქმედების ყველაზე ელემენტარული ერთეული.       ლიობი ცდილობდა ეჩვენებინა, რომ ტროპიზმი ცხოველური ორგანიზმების განვითარების ყველა დონეზე გვხვდება. მაგრამ სხვა მკვლევრთა ექსპერიმენტები იმასაც აჩვენებდნენ, რომ თვით უმარტივესებშიც ტროპიზმები შეიძლება შეიცვალოს - პირობების ვარიაციით შესაძლებელია უარყოფითი ტროპიზმის ჩაქრობა ან დადებითით ჩანაცვლება. ეს ქცევის უნივერსალური პლასტიკურობის და შეგუებითობის მაჩვენებელია. ლიობი, რა თქმა უნდა, იმასაც კარგად უწყის, რომ ცხოველების ქცევითი რეპერტუარი არ ამოიწურება ტროპიზმებით ან სხვა სახის თანდაყოლილი, იძულებითი მოქმედებებით. მაგრამ იგი ცდილობს შეგუების შედეგად შეძენილი (დასწავლილი) ქცევაც ფსიქიკის და მით უმეტეს ცნობიერების ცნებების გარეშე ახსნას. ცხოველურ ორგანიზმს აქვს უნარი, გაარჩიოს გამღიზიანებლები, რაც შეგრძნების ფსიქოლოგიური უნარის ანალოგიაა და შეინარჩუნოს წინა გამღიზიანებლის ზემოქმედება, რაც მეხსიერების ფსიქოლოგიური ფუნქციის ანალოგია. ეს ცოცხალი პროტოპლაზმის ფუნდამენტური თვისებებია. ცხოველი ახალ რეაქციას სწავლობს ამ უნარების წყალობით, რასაც ასოციაიცურ მეხსიერებას უწოდებს. მისი იმიტაცია შეიძლება თუნდაც ხმის ჩამწერი მოწყობილობით, როგორიცაა ფონოგრაფი. ფონოგრაფს აქვს „უნარი“ მიიღოს (გაარჩიოს), ჩაწეროს (შეინახოს) ახალი ინფორმაცია და საჭიროებისამებრ აღადგინოს იგი. ქცევის ვარიაბილობა, ცვალებადობა ასოციაციური მეხსიერების მექანიზმის მოქმედების შედეგია. ის არ მოითხოვს ფსიქიკას და, საბოლოოდ, ორგანული მატერიის თვისებებით არის პირობადებული. ერთი სიტყვით, ლიობი ცხოველის ქცევის ყველა გამოვლინების ახსნას მექანიცისტური თვალსაზრისის საფუძველზე ცდილობს.       ე.წ. გერმანული ობიექტივისტური სკოლის წარმომადგენლები (ა. ბეერი, თ. ბეტე, ე. ციგლერი, ი. ფონ იუკსკული) არსებითად გაჰყვნენ ლიობის ხაზს და ყოველ ღონეს ხმარობდნენ, რათა ცხოველთა ქცევა აღეწერათ ისე, რომ არ მიემართათ არც ფიზიკური და არც ინტროსპექციულ-სუბიექტივისტური ჟღერადობის მქონე ფსიქოლოგიური ცნებებისთვის. ასე მაგალითად, შეგრძნებების ნაცვლად ისინი რეცეფციაზე საუბრობდნენ, ხოლო კონკრეტულად სმენის შეგრძნების ნაცვლად - ფონორეცეფციაზე; მეხსიერების მაგივრად შემოთავაზებულ იქნა ტერმინი „რეზონანსი“ და ა. შ.       საზოგადოდ, ზოოფსიქოლოგიის, მით უფრო შედარებითი ფსიქოლოგიის, ისტორია სცილასა (მექანიციზმი) და ქარიბდას (ანტროპომორფიზმი) შორის სვლას მოგვაგონებს. აქაა ძირითადი სირთულე. ანტროპომორფიზმი პირდაპირ მიაწერს ცხოველებს ადამიანურ თვისებებს (მსჯელობა, წარმოდგენა, ცნობიერება და სხვა), რასაც ლოგიკურად დასრულებულ ფორმაში ცხოველისა და ადამიანის გაიგივების აბსურდამდე მივყავართ. თუმცა, ისიც უნდა ითქვას, რომ ეს უმრავლეს შემთხვევში მეცნიერული სიმკაცრის, მით უმეტეს, მეცნიერული კეთილსინდისიერების ნაკლებობის გამო არ ხდებოდა. უბრალოდ ~კლასიკურ~ ცნობიერების ფსიქოლოგიას, რომელსაც ეს ორიენტაცია ეყრდნობოდა, არც გააჩნდა სხვა ცნებები გარდა ხატის, წარმოდგენის, მსჯელობის, დასკვნის, ინტელექტისა და ა.შ. ნათელია, რა სურათი დაიხატება, თუ ცხოველის ქცევას ამ ცნებებით აღვწერთ.       საწინააღმდეგო მიდგომას, მექანიციზმსაც აბსურდამდე მივყავართ. მაგალითად, ნ. მალბრანში ამტკიცებდა, რომ შეიძლება ვაწამოთ ძაღლი და არ მივაქციოთ ყურადღება მის წკმუტუნს, რადგანაც ეს მხოლოდ ცუდად გაზეთილი მექანიზმის ჭრიალიაო. მექანიცისტური მიმართულება გამოხატავდა ბიოლოგთა პროტესტს ტრადიციული ინტროსპექციული ფსიქოლოგიის მიმართ, რომელსაც იმ დროს გაბატონებული პოზიციები ეკავა. ფსიქიკა ცნობიერებასთან იყო გაიგივებული, ხოლო ამ უკანასკნელის შესწავლა აუცილებლობით გულისხმობს ინტროსპექციას. რა შესაძლებლობები რჩება ამ შემთხვევაში ცხოველთა ფსიქოლოგიას? ვინაიდან თვითდაკვირვება აქ გამორიცხულია, უარი უნდა ვთქვათ ცხოველთა ფსიქიკის შესწავლაზე? გამოსავალი თითქოს ერთია - თუ სხვა ადამიანების განცდებს მათთან ჩვენი განცდების ანალოგიის გზით ვწვდებით (ე.წ. ანალოგიით დასკვნა), ცხოველებთანაც იგივე ხერხს უნდა მივმართოთ. ჩავაყენოთ თავი იმავე ვითარებაში, რომელშიც „ინტელექტის მქონე ცხოველია“ მოთავსებული და ჩვენი სულიერი სამყაროს მსგავსად შევაფასოთ მისი ფსიქიკა. როგორც რომანესის შემთხვევაში ვნახეთ, ასეთ მეთოდოლოგიაზე დამყარებული კვლევა აუცილებლად იწვევს ანტროპომორფიზმს. მექანიციზმი მის მიმართ უკიდურეს უარყოფით რეაქციას წარმოადგენს, თუმცა, ცხადია, არც ის ხსნის პრობლემას. ცხოველის მანქანასთან გაიგივება არ არის გამოსავალი.       ის, თუ რა სიფრთხილეა საჭირო ცხოველების გონებრივი შესაძლებლობების შეფასებისას, ძალიან ნათლად გამოჩნდა ე.წ. ჭკვიანი ჰანსის ისტორიის შემთხვევაში. საუკუნის დასაწყისში მთელი მსოფლიო ლაპარაკობდა მოაზროვნე ცხენზე, სახელად ჰანსი. გიმნაზიის ყოფილი მასწავლებელი ფონ ოსტენი შეპყრობილი იყო ჟინით დაემტკიცებინა, რომ ცხენებს აზროვნება შეუძლიათ და ეს არ ჩანს იმიტომ, რომ მათთან არავინ საგანგებოდ არ მეცადინეობს. მან შეიმუშავა სპეციალური სქემა, რომლითაც ასოებს უხამებდა რიცხვით მნიშვნელობებს, რათა ცხენს შეძლებოდა ეპასუხა წინა ფეხის ჩლიქის კაკუნით ან თავის ქნევით. თოთხმეტი წლის გამალებული მეცადინეობის შედეგად ჰანსი აკეთებდა თითქმის ყველაფერს, რაც შეუძლია გიმნაზიაგავლილ თორმეტი წლის მოწაფეს. სახელდობრ, ჰანსი მშვენივრად ფლობდა შეკრება-გამოკლებას, მარტივ მოქმედებებს წილადებით, შეეძლო რიცხვების მესამე ხარისხში აყვანა, კითხულობდა და ადგენდა სიტყვებს, არჩევდა ფერებს, სახეებს ფოტოებზე, დროს საათზე და სხვა.       რეზონანსი ჰანსის უნარების დემონსტრაციისაგან იმდენად დიდი იყო, რომ მთავრობამ შექმნა სპეციალური კომისია ამ ფენომენის შესასწავლად. მასში შედიოდნენ სპეციალისტები ცირკიდან, ზოოპარკიდან, ვეტერინარები, კავალერისტები, ფიზიოლოგები და ფსიქოლოგები, კერძოდ, ცნობილი ბერლინელი პროფესორი კ. შტუმფი. ხანგრძლივი მუშაობის შემდეგ 1904 წელს კომისია მივიდა დასკვნამდე, რომ ჰანსს არავინ არაფერს ჰკარნახობს და რომ ეს რეალობაა და არა მოხერხებული ხრიკი. მაგრამ ეს დასკვნა არ ეთანხმებოდა შტუმფის მეცნიერულ მრწამსს და არ აკმაყოფილებდა მის ცნობისმოყვარეობას. ამიტომ მან შესთავაზა თავის ერთ-ერთ თანამშრომელს, ოსკარ ფუნგსტს ჩაეტარებინა ამ უცნაური მოვლენის საფუძვლიანი მეცნიერული გამოკვლევა.       მთელი რიგი ექსპერიმენტის შედეგად ფუნგსტმა დაადგინა, რომ ჰანსის პასუხების სიზუსტე და სისწორე ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული: რამდენად კარგად იცნობს ცხენი თავის გამომცდელს, რა მანძილი აშორებს მათ, ახვეული აქვს თუ არა თვალები. მაგრამ, უმთავრესია ის, რომ ცხენს ეშლებოდა ყველა იმ შემთხვევაში, როდესაც მისმა გამომცდელმა თვითონ არ იცოდა მიწოდებული ამოცანის პასუხი. ფსიქოლოგის შეუპოვარმა მეცადინეობამ საბოლოოდ ახადა საფარველი ჭკვიანი ჰანსის საიდუმლოებას. გაირკვა, რომ პატრონი ან ნებისმიერი გამომცდელი თავისდაუნებურად „ჰკარნახობდა“ ცხენს სწორ პასუხს. ჰანსი ამჩნევდა მათ არაცნობიერ, არაკონტროლირებად მოძრაობებს, თავის დაქნევას, მიმიკის, სუნთქვის სიხშირის სულ უმნიშვნელო ცვალებადობას, პატრონის კისერზე ვენის ფეთქვას, ხოლო თავზე ცილინდრის ერთმილიმეტრიან მოძრაობასაც კი, და იყენებდა ამას, როგორც სიგნალს იმისთვის, რათა დაეწყო ან შეეწყვიტა ჩლიქების ბაკუნი. ჭკვიანი ჰანსის ისტორია დამაფიქრებელია ზოოფსიქოლოგიური წარმოდგენების განვითარების თვალსაზრისით. მართალია, ფსიქოლოგიურმა კვლევამ ამ შემთხვევაში გააქარწყლა მითი ცხოველის (ცხენის) გამორჩეული ადამიანური, ლინგვისტური და მათემატიკური უნარების შესახებ, მაგრამ ამავე დროს გამოავლინა გასაოცარი უნარები შემჩნევისა, გარჩევისა, დასწავლისა და სხვა, რაც გამორიცხავდა ამ ცხოველის მექანიკურ მოწყობილობად განხილვის შესაძლებლობას.       სწორედ ანტროპომორფიზმის და მექანიციზმის მითების დამსხვრევა დაისახა მიზნად ცხოველთა ქცევის ცნობილმა ამერიკელმა სპეციალისტმა ჰერბერტ ჯენინგსმა (1868-1947). იგი არ ეთანხმებოდა ლიობს და შეუძლებლად თვლიდა უმარტივესების დონეზეც კი ქცევის საკმარისად მრავალფეროვანი და ცვალებადი გამოვლინებების ახსნას მხოლოდ ტროპიზმის მექანიზმით. ეს უკანასკნელი ხომ იმას გულისხმობს, რომ ქცევა გარეგანი სტიმულაციის ცოცხალ პროტოპლაზმაზე პირდაპირი ზემოქმედების შედეგია; ფიზიკურქიმიური გამღიზიანებლები უშუალოდ არ განსაზღვრავენ ორგანიზმის რეაქციებს. მიმართება მათ შორის არაერთმნიშვნელოვანია: ერთი და იგივე გარეგანი აგენტი ორგანიზმის სხვადასხვა მდგომარეობის შესაბამისად განსხვავებულ, ზოგჯერ საპირიპირო რეაქციას იწვევს. მაშასადამე, ხდება რეაგირების მოდელის შერჩევა გარკვეული შინაგანი ფაქტორების გათვალისწინებით, რომლებიც ყოველთვის აშუალებენ გარე გამღიზიანებლისა და ქცევის მიმართებას. ამასთან ერთად, ჯენინგსი წინააღმდეგი იყო ეს შინაგანი ფსიქიკური რეალობა წარმოედგინა ადამიანური ტიპის ცნობიერი ფსიქიკის სახით. თუმცა, ეს არც ისე ადვილი იყო. თავის ყველაზე ცნობილ თხზულებაში „დაბალი ორგანიზმების ქცევა“ (1904) მან აღიარა: „ამებაზე დაკვირვებისას ძლივს ვიკავებდი თავს, რომ მისთვის ცნობიერება არ მიმეწერა“.       ასეა თუ ისე, ჯენინგსი შეწონასწორებული პოზიციის შემუშავებისკენ მიისწრაფოდა. მისმა შრომებმა უთუოდ შეუწყო ხელი ამერიკაში შედარებითი და ცხოველთა ფსიქოლოგიის გავრცელებას, რომელიც აქ უფრო ობიექტივისტური მიდგომებისკენ იყო მიდრეკილი. ამიტომ გასაკვირი არ არის, რომ ყველაზე ობიექტური ფსიქოლოგია - ბიჰევიორიზმი ამერიკაში შეიქმნა და სწორედ ზოოფსიქოლოგიური კვლევებიდან ამოიზარდა. ამერიკაში ასეთი კვლევა გასული საუკუნის დასაწყისში უკვე რვა ლაბორატორიაში მიმდინარეობდა.       შედარებით ფსიქოლოგიას ნამდვილი ექსპერიმენტული დისციპლინის სახე მისცა ედვარდ თორნდაიკმა. ამ დისციპლინის ამოცანას იგი ხედავდა იმაში, რომ გაეშუქებინა ფსიქიკური ცხოვრების განვითარება მთლიანად და კერძოდ განეხილა ადამიანური უნარ-თვისებების წარმოქმნის საკითხი. მისი თეორიული შეხედულებები სტიმულსა და რეაქციას შორის კავშირის დამყარებას ეხებოდა; ამიტომ მის სისტემას კონექციონიზმი ეწოდება („კონექცია“ კავშირს ნიშნავს) და ის ბიჰევიორიზმის წინამორბედად ითვლება, თუმცა, ზოგჯერ ადრეული ბიჰევიორიზმის ფორმადაც განიხილება. ასეა თუ ისე, თორდაიკმა პირველმა მოიყვანა უმაღლესი ცხოველები ლაბორატორიაში და საგანგებოდ შექმნილი მოწყობილობებით აწარმოა მათი ქცევის შესწავლა. თავდაპირველად მის ლაბორატორიას უილიამ ჯეიმსის სახლის სარდაფი ეკავა. ჯეიმსმა აქ შეხიზნა თავისი ცხოველების მოყვარული მოწაფე უამრავ ძაღლთან, კატასთან თუ ქათამთან ერთად, რამაც, ისტორიკოსის თქმით, მისი ცოლის შეძრწუნება, ხოლო შვილების აღტაცება გამოიწვია. აქ შეისწავლიდა იგი ცხოველების ქცევას ე.წ. პრობლემური ყუთის საშუალებით. ეს დანადგარი წარმოადგენდა დახურულ გისოსებიან ყუთს, რომლიდან გამოსვლა შეიძლებოდა ან რაზაზე დაჭერით ან ჯაჭვის გამოქაჩვით. მშიერი კატა ან ძაღლი ცდილობს გამოვიდეს ყუთიდან რათა დაეუფლოს საკვებს, რომელიც გალიის წინ დევს. ამისთვის ის მიმართავს ქაოტურ მოძრაობებს: ცდილობს გაძვრეს ყველა ხვრელში, კბენს ან ფხაჭნის გისოსებს და ა.შ. დროთა განმავლობაში ცხოველი მიაგნებს საჭირო მოძრაობას, აღებს კარს და ეუფლება საჭმელს. შემდგომი ცდების პროცესში შეცდომითი რეაქციების რაოდენობა თანდათანობით კლებულობს და ბოლოს რჩება მხოლოდ სწორი რეაქცია, რომელსაც ცხოველი გალიაში მოხვედრისთანავე მიმართავს. ამავე დროს თორნდაიკმა შექმნა ლაბირინთიც, რომელიც თავდაპირველად უბრალოდ აყუდებული წიგნებისაგან იყო გაკეთებული. ამ ლაბირინთში იგი წიწილებს უშვებდა. ლაბირინთის მეთოდიკა განავითარა სმოლმა (1900) და ამის მერე ის ცხოველების მიერ ახალი რეაქციების დასწავლის კანონზომიერებათა კვლევის ერთ-ერთ ძირითად ინსტრუმენტად იქცა.       თავის სადოქტორო დისერტაციაში „ცხოველთა ინტელექტი, ცხოველთა ასოციაციური პროცესების ემპირიული შესწავლა“ (1898), თორნდაიკი დაასკვნის, რომ დასწავლისას, ანუ ექსპერიმენტული პრობლემის გადაჭრის დროს, ცხოველი არ ფიქრობს იმაზე, რომ იმყოფება „მშიერ ტყვეობაში“, არ განჭვრიტავს, რომ სწორედ ეს მოძრაობა მოუტანს მას წარმატებას და მერე არ მოქმედებს მონახული სწორი რეაქციის შესრულების განზრახვით. მოკლედ, ეს არ არის გონიერი ქცევა. დასწავლა პრობლემურ გალიაში და ლაბირინთში ხორციელდება საჭირო მოძრაობის შემთხვევით მონახვის და არა მიხვედრის ან გაგების გზით. ცხოველები არ აზროვნებენ. მათ არც წარმოდგენები, იდეები აქვთ, ანუ არ გააჩნიათ მეხსიერება რაიმეს ცნობიერად დამახსოვრების და მოგონების მნიშვნელობით. ამ დასკვნამდე ავტორი მიდის ქათმებთან მიბაძვით დასწავლის შეუძლებლობის ფაქტიდან გამომდინარე. ქათამი ვერ სწავლობს მეორე ქათმის მიერ ამოცანის შესრულების ხილვის საფუძველზე. წარმოდგენები რომ ჰქონოდა, ის გაიხსენებდა ნანახს. თორნდაიკი იყენებს ლოიდ-მორგანის მოსაზრებას ცდისა და შეცდომის შესახებ და მას დასრულებული კონცეფციის სახეს აძლევს. ცდისა და შეცდომის პროცესში შემთხვევით მოინახება საჭირო მოქმედება. ეს მოქმედება შემოინახება, განმტკიცდება, დაისწავლება იმის გამო, რომ მას მოჰყვება მოთხოვნილების დაკმაყოფილებასთან დაკავშირებული სიამოვნება. განმტკიცების ამ მექანიზმს ეწოდა ეფექტის კანონი. სიამოვნების ეფექტი აძლიერებს რეაქციას, უსიამოვნებისა - ასუსტებს. მაშასადამე, სიამოვნება სასარგებლო მოქმედების შენარჩუნების ანუ დასწავლის საფუძველია (იხ. თავი 9.1.).       ეს მნიშვნელოვანი მომენტია. თორდაიკი არ თვლის საჭიროდ ილაპარაკოს კოგნიტურ პროცესებზე ცხოველებთან, მაგრამ იგი არ უარყოფს მათთან ფსიქიკური ცხოვრების სხვა ფორმებს, თუნდაც სიამოვნება-უსიამოვნების განცდებს. მკაცრი ბიჰევიორიზმი კი სრულებით უარს ამბობს რაიმე სახის შინაგანი, სუბიექტური მოვლენების შესწავლაზე არა მხოლოდ ცხოველთან, არამედ ადამიანთანაც. ამ თვალსაზრისის მიხედვით, ფსიქოლოგიამ უნდა იკვლიოს ობიექტურად მოცემული ქცევა. ცხოველების ქცევა ამ მხრივ საუკეთესო მოდელია. ამიტომ სრულებით ბუნებრივია, რომ ბიჰევიორიზმის ოფიციალური ფუძემდებელი ჯონ უოთსონი თავის სამეცნიერო მოღვაწეობას ცხოველთა ფსიქოლოგიის სფეროში იწყებდა. ამ სფეროში მან დაიცვა დისერტაცია (1903), ხოლო 1907 წელს გამოაქვეყნა მნიშვნელოვანი წერილი, რომელშიც ამტკიცებდა, რომ თეთრი თაგვების ლაბირინთიდან გამოსვლა მთლიანად „კინესთეტიკურ მეხსიერებაზეა“ დაფუძნებული; მოძრაობასთან დაკავშირებული კინესთეტიკური შეგრძნება ერთადერთი აღმოჩნდა, რომლის გამორიცხვაც მან ვერ მოახერხა ისე, რომ არ გაებათილებინა სწავლის ეფექტი. აქედან დასკვნა: ცხოველის ფსიქიკის გაგება ადამიანის ფსიქიკასთან ანალოგიით არ შეიძლება, რამდენადაც ამ უკანასკნელთან სწორედ მაღალი შეგრძნებებია გადამწყვეტი. ცხოველი კი ახერხებს რთულ სიტუაციებთან შეგუებას მხოლოდ კინესთეტიკური პროცესების მეშვეობით. აქ მთავარია კუნთური მექანიზმი ეფერენტული მოქმედებით და კონტროლით. ფსიქოლოგიის ისტორიკოსის თქმით, თუ ბიჰევიორიზმი არის „კუნთების კრუნჩხვის“ ფსიქოლოგია, მის სამშობლოდ უოთსონის ლაბორატორია უნდა ჩაითვალოს (ბორინგი). უოთსონმა ცხოველების ფსიქოლოგიის ობიექტური მეთოდი ადამიანზეც გაავრცელა და ასე შექმნა ბიჰევიორიზმი. აქედან დაიწყო ადამიანის ფსიქოლოგიის ზოოლოგიზაცია, საპირისპიროდ მანამდე გავრცელებული ცხოველთა ფსიქოლოგიის ანთროპომორფიზაციისა. ახლა უკვე ცხოველის ქცევის შესწავლით მიღებული დასკვნები გადაჰქონდათ ადამიანზე. რომანესის „რომანტიკულ ხანაში“ ფსიქოლოგიური კანონების გადატანა ხდებოდა ზემოდან ქვემოთ, ხოლო უოთსონის „მკაცრი მეცნიერების“ პირობებში - ქვემოდან ზემოთ.       თორნდაიკის მერე ცხოველის ქცევის გაგება ცდისა და შეცდომის თეორიის მიხედვით საკმაოდ გავრცელდა ყოველ შემთხვევაში ამერიკაში, სადაც ბიჰევიორიზმი გაბატონდა. მაგრამ მას არ ჰქონდა საყოველთაო მხარდაჭერა. თავი რომ დავანებოთ ამ მოდელის ადამიანზე გადმოტანის საეჭვოობას, მისი უნივერსალურობის საკითხი თვით ცხოველების დონეზეც ეჭვქვეშ დგება. პირველ რიგში ეს ეხება ევოლუციის კიბის უმაღლეს საფეხურებზე მდგომ ცხოველებს, განსაკუთრებით მაიმუნებს. ადამიანის ქცევა გონიერია. ცხოველი თავის პრობლემებს ცდისა და შეცდომის გზით ანუ შემთხვევით და მექანიკურად წყვეტს. დგება საკითხი მათ შორის აქტივობის გარდამავალი ფორმის არსებობის შესახებ. მისი გადაჭრა ანთროპოიდების ქცევის შესწავლის შედეგად მოხერხდა.       ამ კვლევას ხელი მოჰკიდა გამოჩენილმა გერმანელმა ფსიქოლოგმა, გეშტალტფსიქოლოგიის ერთ-ერთმა ფუძემდებელმა ვოლფგანგ კელერმა. 1913 წელს კელერი კანარის კუნძულებზე მოხვდა, სადაც პირველი მსოფლიო ომის გამო დიდი ხნით მოუწია დარჩენა. აქ იგი ხელმძღვანელობდა ანთროპოიდების შემსწავლელი სადგურის მუშაობას. კელერი, რა თქმა უნდა, კარგად იცნობდა თორნდაიკის შეხედულებებს ცხოველების არაგონიერი ქცევის შესახებ, რომელიც ორ ფუნდამენტურ ფაქტს ემყარებოდა: 1) ქცევითი პრობლემის სწორი გადაწყვეტა ფორმირდება თანდათანობით, მრავალჯერადი ცდისა და შეცდომის შედეგად; 2) სწორი გადაწყვეტის შემდეგაც ცხოველი იმეორებს მცდარ მოქმედებებს. ცხადია, რომ გონიერი ქცევის შემთხვევაში საწინააღმდეგო სურათი უნდა იყოს. გონიერი ქცევა მიხვედრას, ამოცანის ამოხსნის წესის უცაბედ წვდომას გულისხმობს. ამ მოვლენას ინსაიტი ეწოდება. ეს არის ქცევითი ამოცანის არსებით მიმართებათა და მთლიანად სიტუაციის მყისიერი და დასწავლიდან გამოუყვანელი გაგება, რითიც მიიღწევა პრობლემის გადაწყვეტა. ის უპირისპირდება პრობლემის გადაჭრის შემთხვევით და „ბრმა“ ხერხს, რომელიც ცდისა და შეცდომის მეთოდშია ნაგულისხმევი.       კელერის აზრით, თორნდაიკის ცხოველები იძულებულნი იყვნენ მიემართათ ამ ხერხისთვის, რადგან ექსპერიმენტის სიტუაცია მათ სხვა შესაძლებლობას არ უტოვებდა და არა იმიტომ, რომ ისინი საერთოდ მოკლებულნი არიან უნარს სხვაგვარად, სახელდობრ, ინსაიტის გზით გადაწყვიტონ ამოცანა. კელერი აღნიშნავდა, რომ თვით პრობლემური ყუთის კონსტრუქციაა ისეთი, რომ ის აიძულებს ცხოველს იმოქმედოს ცდისა და შეცდომის მეთოდით. ყუთში გამოკეტილი ცხოველი ვერ ხედავს, როგორ მოქმედებს „გამომშვები“ მექანიზმი, მას უბრალოდ არ შეუძლია „იმსჯელოს“ განთავისუფლების გზებზე, ვინაიდან პრობლემის საკვანძო ელემენტები მისგან დაფარულია. სიტუაცია თორნდაიკის ექსპერიმენტებში ცხოველს მხოლოდ ქაოტური ცდებისა და შეცდომების საშუალებას უტოვებდა, ამიტომაც მან დასწავლის თანდათანობითი ხასიათი აღმოაჩინა. თორნდაიკმა განაზოგადა თავისი ეს მონაპოვარი და მიიჩნია, რომ ცხოველები ახალ ადაპტურ მოქმედებას მხოლოდ ასეთი გზით ნახულობენ და ითვისებენ.       კელერი ფიქრობს, რომ ეს დასკვნა არ შეესაბამება სინამდვილეს. თუ ცხოველს მოვათავსებთ ისეთ სიტუაციაში, სადაც მისთვის ხელმისაწვდომი იქნება ინფორმაცია ამოცანის ყველა მნიშვნელოვანი მომენტის შესახებ, იგი სხვაგვარად მიუდგება მის გადაწყვეტას. თავის საყოველთაოდ ცნობილ ცდებში კელერი მაიმუნებს აყენებდა სიტუაციაში, სადაც მათ პირდაპირი გზით არ შეეძლოთ ამოცანის გადაწყვეტა. ამისთვის შემოვლითი გზის გამოყენებაა საჭირო და ესაა გონიერი ქცევის კრიტერიუმი. მის კლასიკურ წიგნში „ადამიანის მსგავსი მაიმუნების ინტელექტის შესწავლა“ (1917) უამრავი ექსპერიმენტული მაგალითია აღწერილი: შიმპანზე პირდაპირ ვერ წვდება ჭერზე ჩამოკიდებულ ბანანს და ამისთვის იყენებს ოთახში დაყრილ ყუთებს, რომელთაც ერთმანეთზე აწყობს. ან კიდევ გალიაში მყოფი მაიმუნი გარეთ შორიახლოს მდებარე ხილს ჯოხის საშუალებით იზიდავს თავისკენ, ხოლო თუ ჯოხი მოკლეა აგრძელებს მას, რისთვისაც ერთ ბამბუკის ჯოხს მეორეში არჭობს. მაიმუნის ქცევაზე დაკვირვება უფლებას გვაძლევს ვივარაუდოთ, რომ ის გონიერად მოქმედებს. უშედეგო პირველი ცდის მერე იგი შეფიქრიანებული ჩანს, გამოხატავს გაკვირვებას, რაც აზროვნების პროცესის დასაწყის ეტაპად ითვლება; გარკვეული ხანი ყურადღებით აკვირდება სიტუაციას და შემდეგ, უცბად შეფრთხიალდება, თითქოს იპოვა პასუხი და იწყებს სწორი მოქმედების შესრულებას. ესაა მიხვედრა - აზროვნების პროცესის დასასრული, რომელსაც ადამიანებთან თან ერთვის ვიურცბურგის სკოლაში დახასიათებული ე.წ. „აჰა განცდა“ (იხ. თავი 7.1.). რაც მთავარია, ინსაიტის მერე ცხოველი შეცდომას აღარ უშვებს. სახეზეა ერთგვარი პრაქტიკული განზოგადება: ახალი ამოცანის ერთჯერადი გადაწყვეტა საკმარისია, რომ ინდივიდი ამ მოქმედებას „ერთხელ და სამუდამოდ“ დაეუფლოს. ერთი სიტყვით, კელერის ცდებში თითქოს აზროვნების პროცესის ყველა არსებითი ნიშანია მოცემული. არავითარი გაწვრთნა, ამ მოქმედებათა გამეორება ამისთვის საჭირო არ არის, რადგან მოქმედება გონიერია. თუ, მაგალითად, შიმპანზე ერთხელ შეძლებს ყუთების გამოყენებას მაღლა დაკიდებული საგნის მისაწვდომად, იგი სხვა ანალოგიურ სიტუაციაშიც უმალვე გამოიყენებს ამ საშუალებას. ამას გადატანა ან ტრანსპოზიცია ეწოდება.       გონიერი ქცევის მიმდინარეობის სურათი, მისთვის დამახასიათებელი ინსაიტი და ტრანსპოზიცია იმას მოწმობს, რომ იგი აზროვნების პირველი გამოვლინებაა. მას მეტ-ნაკლები ადგილი უკავია ადამიანის ქცევით რეპერტუარშიც. ხოლო ცხოველთა სამყაროში გონიერი ქცევა ალბათ განვითარების მწვერვალია. ის დასტურდება ყველაზე მაღალაგანვითარებულ ცხოველებში - ანთროპოიდებში, როგორც ექსპერიმენტულ, ისე ბუნებრივ პირობებში. გალიაში მყოფი ძაღლის წინ რომ მოათავსოთ ძაფის წვერი, რომლის ბოლოს საკვებია მიბმული, იგი ვერასდროს მიხვდება, რომ ის თავისკენ უნდა მოწიოს და მხოლოდ შემთხვევით თუ გააკეთებს ამას, რის შემდეგაც ანალოგიურ სიტუაციაში ისევ უსუსური აღმოჩნდება. ანთროპოიდი კი მალე მოისაზრებს, როგორ უნდა ჩაიგდოს ხელში საკვები და, შეძლებისდაგვარად სხვა სიტუაციებშიც გამოიყენებს ამ თავის მიგნებას. აქედან გამომდინარე, კელერის ზემოთ მოყვანილი მოსაზრება თორნდაიკის ცდების საწინააღმდეგოდ ბოლომდე მართებული არ უნდა იყოს. ცხოველი მარტო იმიტომ კი არ მიმართავს ცდისა და შეცდომის მეთოდს, რომ ექსპერიმენტული სიტუაცია გონებრივი უნარის გამოვლინების საშუალებას არ აძლევს, არამედ ხშირად იმიტომაც, რომ მას ეს უნარი უბრალოდ არ გააჩნია.       კელერის დასკვნები არსებითად დაადასტურა შედარებითი ფსიქოლოგიის ერთ-ერთმა უდიდესმა წარმომადგენელმა რობერტ იერქსმა (1876-1959). იგი ორმოცი წლის განმავლობაში ატარებდა ცდებს კიბოებზე, კუებზე, ბაყაყებზე, მტრედებზე, ყვავებზე, ღორებზე და მაიმუნებზე, რათა ეჩვენებინა ფსიქიკური განვითარების უწყვეტობა ფილოგენზში. მის გამოკვლევებში ფსიქიკის თანდათანობითი განვითარების იდეამ საფუძვლიანი ემპირიული დასაბუთება მოიპოვა. იერქსმა თავისი შთამბეჭდავი კვლევითი და საორგანიზაციო მოღვაწეობა ფლორიდაში პრიმატების შემსწავლელი დიდი ლაბორატორიის შექმნით დაასრულა და პრიმატოლოგიის, როგორც ცოდნის ცალკე დარგის ფუძემდებლის სახელი მოიპოვა. ეს სამეცნიერო ცენტრი ახლაც მუშაობს და მის სახელს ატარებს.       იერქსის აზრით, უმაღლეს პრიმატებში ჩვენ შეგვიძლია ვილაპარაკოთ „რაციონალური“ ფსიქიკის არსებობაზე. მაგრამ ეს ცხოველთა ფსიქიკის განვითარების უმაღლესი დონეა. შედარებით დაბალ საფეხურებზე მათი ფსიქიკა უფრო პრიმიტიულია და სხვა ნიშნებით ხასიათდება. როგორც ყველა შედარებითი ფსიქოლოგისთვის, იერქსისთვისაც საკითხი ცხოველებთან ფსიქიკის კრიტერიუმების თაობაზე ერთობ აქტუალური იყო. მეტიც, ამ საკითხს იგი განსაკუთრებული სიმძაფრით აყენებდა და მიაჩნდა, რომ მას არა მხოლოდ ცხოველის, არამედ ადამიანის ფსიქოლოგიისთვისაც გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. იერქსი ასე მსჯელობდა: როცა ვაფასებთ იმას, თუ რა ხდება ცხოველის და სხვა ადამიანის გონებაში, ორივე შემთხვევაში, არსებითად, ვარაუდებიდან ამოვდივართ. ამიტომ „ადამიანის ფსიქოლოგია გადარჩება ან დაიღუპება ცხოველების ფსიქოლოგიასთან ერთად. თუ დაბალი ცხოველების ფსიქიკური ცხოვრების კვლევა უმართებულოა, მაშინ არც ადამიანის ცნობიერების კვლევაა უფრო მართებული“.       იერქსს მიაჩნდა, რომ ცხოველის ფსიქიკის კრიტერიუმები ორ დიდ ჯგუფად უნდა დაიყოს. პირველში ე.წ. სრუქტურული კრიტერიუმები შედიან: მაგალითად, ცხოველი შეიძლება მივიჩნიოთ ფსიქიკის მატარებლად, რადგანაც აქვს საკმარისად განვითარებული ნერვული სისტემა. სამწუხაროდ, ეს ვერ ჩაითვლება სანდო კრიტერიუმად, ვინაიდან არ არსებობს ერთმნიშვნელოვანი შესაბამისობა ორგანიზმის მორფოლოგიურ-სტრუქტურული აგებულების სირთულესა და მის „ინტელექტუალობას“ შორის. ამიტომ უფრო მნიშვნელოვანი და სანდოა ე.წ. ფუნქციონალური კრიტერიუმები. ისინი ქცევის ისეთ მახასიათებლებს ეხება, რომლებიც მის გონივრულობაზე მიუთითებენ. მკვლევართა უმეტესობისთვის გონიერების ქცევით გამოხატულებად ცხოველის დასწავლის უნარი ითვლებოდა. ცხოველი, რომელსაც დასწავლა არ შეუძლია, რომელიც ვერ ცვლის თავის ქცევას ახალი ვითარების შესატყვისად, ცოცხალ ავტომატად უნდა ჩაითვალოს. მაგრამ დასწავლა შეგუების ერთ-ერთი ფორმაა. ზოგადად, შეგუების თვისებაში კი, იერქსის მიხედვით, ფსიქიკური მოქმედების მინიმუმ სამი ტიპი (დონე) შეიძლება გამოვყოთ: 1) განმასხვავებელი ფსიქიკა, რომლის მეშვეობით ორგანიზმებს შეუძლიათ ერთი სტიმული მეორისგან გაარჩიონ; ის ყველაზე პრიმიტიულ ცოცხალ არსებებშიც აღინიშნება (მაგ., აქტინიებში); 2) ინტელექტუალური ფსიქიკა, რაც, არსებითად, დასწავლის უნარში ვლინდება; 3) რაციონალური ფსიქიკა, რომელიც ზემოთ ვახსენეთ და ცხოველის გონიერი ქცევის სახით გამოიხატება.       ფსიქიკის და, შესაბამისად, ქცევის სამი დონის გამოყოფა საკმაოდ გავრცელდა ზოოფსიქოლოგიაში. იერქსის მიერ გამოყოფილი განმასხვავებელი ფსიქიკის ნაცვლად, უფრო ხშირად ლაპარაკობდნენ ინსტინქტური ქცევის პლანში განხორციელებულ ფსიქიკაზე, როგორც თანდაყოლილ და სტერეოტიპულ მოქმედებაზე. მას უპირისპირებდნენ ქცევის ცვალებად და შეძენილ ფორმებს; ამ უკანასკნლთ კი - ინტელექტუალურ ქცევას, რომლის დროსაც მოქმედების შეცვლა დასწავლით კი არა, ინსაიტური წვდომით ხდება. ამ შეხედულებას ჩამოყალიბებული სახე მისცა კარლ ბიულერმა კოგნიტური განვითარების ე.წ. სამსაფეხურეობრივ თეორაში, რომელშიც განასხვავა და ერთმანეთს დაუპირისპირა ინსტინქტი, დასწავლა და ინტელექტი.       თორნდაიკის და შემდგომ ბიჰევიორიზმის გავლენით ამერიკულ ზოოფსიქოლოგიაში, ძირითადად, შეისწავლებოდა ქცევის ახალი ფორმების (ჩვევების) ფორმირების პროცესი (დასწავლა). კვლევა მიმდინარეობდა ლაბორატორიულ პირობებში, უპირატესად ხელოვნურად გამოყვანილ ცხოველებზე (თეთრი ვირთხა). კვლევის მეთოდოლოგიის ამდაგვარი ლაბორატორიულობახელოვნურობა თვით ამერიკელი ზოოფსიქოლოგების ნაწილისთვისაც მიუღებელი იყო. თორნდაიკის ცდების დახასიათებისას ეს პოზიცია ძალიან თვალსაჩინოდ გამოხატა ავტორიტეტულმა ამერიკელმა ზოოფსიქოლოგმა უ. მილზმა: „თორნდაიკი ათავსებს კატებს ყუთებში, რომელთა ზომაა მხოლოდ 20, 15, 12 დიუმი და ელოდება მათგან ბუნებრივ მოქმედებას. ეს იგივეა, რომ გამოკეტო ცოცხალი ადამიანი კუბოში, ჩაუშვა მიწაში მისი ნების გარეშე და მისი ქცევის საფუძველზე გააკეთო დასკვნები ნორმალური ფსიქოლოგიის შესახებ“.       ამერიკულისაგან განსხვავებით, ევროპული ტრადიიციის მიხედვით, ზოოფსიქოლოგია შეისწავლის ცხოველთა ქცევის ბუნებრივ რეპერტუარს, რომელიც ვლინდება ბუნებრივ (საველე) პირობებში და ცხოველთა სახეობის შეზღუდვის გარეშე. ცხოველთა ქცევის ამდაგვარ კვლევას ე.წ. ეთოლოგია ახორციელებს. თავდაპირველად ორივე მიდგომის წარმომადგენლებს მიაჩნდათ, რომ ცხოველების ქცევის ობიექტური შესწავლა მათ მიერ არჩეული გზით უფროა შესაძლებელი. ამიტომ კვლევის ეს ორი მიმართულება ერთხანს შედარებით იზოლირებულად ვითარდებოდა. ორმოცდაათიანი წლებიდან იწყება მათ შორის სერიოზული კონტაქტები და დისკუსია. სპეციალისტები დღეს უკვე მათი ერთგვარი სინთეზის შესახებ საუბრობენ.       ეთოლოგიის ცნებითი აპარატი თანდათანობით ვითარდებოდა. პირველი თაობის მკვლევარებიდან, რომელთაც XX საუკუნის დასაწყისში ჩაუყარეს საფუძველი ამ მიმართულებას, განსაკუთრებით გამოიყოფა ჩარლზ უიტმენი, ოსკარ ჰეინროტი, იაკობ იუკსკული და უოლეს კრეიგი. ეთოლოგიამ თავის მწვერვალს მიაღწია ავსტრიელი კონდრატ ლორენცის (1903-1989) და ჰოლანდიელი ნიკო ტინბერგენის (1907-1988) კლასიკურ ნაშრომებში, რომლებისთვისაც მათ 1973 წელს, „ფუტკრების ცეკვის“ (ფუტკრების ენის) გამშიფრავ ავსტრიელ კარლ ფრიშთან (1886-1982) ერთად, ნობელის პრემია მიენიჭათ. მათ შეიმუშავეს ცხოველთა ინსტინქტური ქცევის, მისი ონტოგენეტური და ფილოგენეტური განვითარების ახლებური გაგება.       ჯერ კიდევ კრეიგმა შეამჩნია, რომ ცხოველთა მოქმედება თითქოს ორი ნაწილისაგან შედგება: ე.წ. აპეტიტური (მოსამზადებელი) და კონსუმატორული (დამამთავრებელი) აქტებისაგან. მოქმედების პირველი ფაზა გამოიხატება რაიმე მოთხოვნილებით აქტივირებულ საერთო აღგზნებაში და ცხოველის ძიებით ქცევაში ანუ არამიმართულ გადაადგილებაში, გარემოს გამოკვლევაში. ამ აქტივობის პროცესში ცხოველი, როგორც წესი, წააწყდება ხოლმე ე.წ. ჩამრთველ სტიმულებს, სხაგვარად რელიზერებს, რომლებიც აღძრავენ საკუთრივ ინსტინქტურ მოქმედებას, ან უფრო ხშირად, მოქმედებათა წყებას. მაგალითად, მტაცებლის კვებითი ქცევა იწყება ქაოტური სირბილით და ტერიტორიის გამოკვლევით. ნადავლის გამოჩენა ქცევას ორგანიზებულს ხდის: ცხოველი ჯერ ეპარება, მერე მისდევს და ბოლოს კლავს თავის მსხვერპლს, შემდეგ გლეჯს ნანადირევს და ყლაპავს ხორცს. აქტების ამ რიგში მხოლოდ ორი უკანასკნელი წარმოადგენს საკვების მოპოვების ქცევის დამამთავრებელ, საკუთრივ ინსტინქტურ ფაზას. ყველაფერი, რაც მას წინ უსწრებს, შეიძლება მიეწეროს ძიებით, ანუ არაინსტინქტურ ფაზას.       ქცევა ყველაზე უფრო პლასტიკურია ძიებით ფაზაში. სწორედ აქ ითვისებს ცხოველი ქცევის ახალ ხერხებს. რაც უფრო ვუახლოვდებით დამამთავრებელ ფაზას, მით უფრო სტერეოტიპული ხდება მოძრაობები; საკუთრივ დამამთავრებელ ფაზაში კი მოძრაობები აბსოლუტურად სტერეოტიპულია, ფიქსირებულია და მაღალორგანიზებული. ამიტომ ეთოლოგიაში მათ ხშირად ინსტინქტურის ნაცვლად უწოდებენ ფიქსირებულ მოძრაობათა კომპლექსს (ფმკ). ყველა სახეობას მისთვის დამახასიათებელი ფმკ აქვს. კვლევის შედეგად ზოგიერთი მათგანისთვის გამოიყო სპეციფიკური ჩამრთველი სტიმულები. ისინი, შესაძლოა, სრულიად განსხვავებული გამღიზიანებლების სახით წარმოგვიდგნენ: გარკვეული ფერის, ფორმის, სუნის, ხმის, მოძრაობის და ა.შ. სახით. რელიზერებს ადარებენ გასაღებს, რომელიც ზუსტად არის მორგებული ბოქლომს (ე.ი. ფმკ-ს). ეთოლოგიაში მათ შეისწავლიან ე.წ. მოდელების - ამ სტიმულებისთვის დამახასიათებელი თვისებების მქონე ხელოვნური ობიექტების საშუალებით. რელიზერების გამოჩენისას წყდება ძიებითი აქტივობა და იწყება დამამთავრებელი აქტები ანუ ჩაირთვება ფმკ. ძიებითი და დამამთავრებელი ფაზების თანაფარდობა განსხვავდება სხვადასხვა ცხოველებში. მთავარი კი ის არის, რომ რაც უფრო განვითარებულია ცხოველის ფსიქიკური ორგანიზაცია, მით უფრო გაშლილი და ხანგრძლივია ძიებითი ფაზა, მით უფრო მდიდარი და მრავალფეროვანი გამოცდილების მიღება შეუძლია ცხოველს. ისე კი ფილოგენეტური განვითარების გარკვეული დონიდან მოყოლებული, ცხოველის ფაქტობრივად ყოველ ქცევაში შერწყმულია სახეობისთვის დამახასიათებელი თანდაყოლილი და შეძენილი ქცევის ელემენტები. ირაკლი იმედაძე წიგნიდან: ფსიქოლოგიის ისტორია « წინა ნაწილი | გაგრძელება » P.S. სტატიის სათაური არ არის წიგნის ავტორისეული სათაური. სტატიის სათაური პოსტის ავტორის მიერ თემატურად შერჩეული სათაურია…
დაამატა ლაშა to ფსიქოლოგია at 1:55pm on მაისი 12, 2018
თემა: ფსიქოანალიზისა და განწყობის თეორიის შედარებითი ანალიზი
არაცნობიერზე თეორიული შეხედულებებით. უზნაძისათვის არაცნობიერის პრობლემა იმთავითვე ფუნდამენტური იყო. ამიტომ გასაგებია, რომ ფროიდის თეორიას მან თავიდანვე მიაქცია განსაკუთრებული ყურადღება. ეს ინტერესი ქართული ფსიქოლოგიისათვის ბოლომდე დარჩა დამახასიათებელი. ფსიქოანალიზის პირველ მოხსენიებას უზნაძის 1925 წლის მონოგრაფიაში «ექსპერიმენტული ფსიქოლოგიის საფუძველები» ვხვდებით. აქ იგი განხილულია არაცნობიერი ფსიქიკურის იმჟამად არსებული დასაბუთებების კონტექსტში. ფსიქოანალიზის მიერ მოპოვებული ფაქტები მოიხსენიება იმ ფაქტებს შორის, რომლებიც ცნობიერებიდან განდევნილ მოვლენებს შეეხება. ვინაიდან ამ პერიოდში უზნაძე არ სცნობდა არაცნობიერი ფსიქიკურის არსებობას, იგი, ცხადია, ამ ფენომენების ფსიქიკურობასაც უარყოფს. აქ ჯერ კიდევ არ არის მოცემული ფსიქოანალიზის საგანგებო შეფასება; იგი უნდა მოვიაზროთ უზნაძის იმ ზოგად შეხედულებათა კონტექსტში, რომელთა თანახმად, «არაცნობიერი ფსიქიკური განცდა არ არსებობს, მაგრამ ამავე დროს არც თვით ფსიქიკური განცდანი არიან საკმარისნი იმისათვის, რომ მათი მიმდინარეობა ჩვენთვის გასაგები გავხადოთ» [14; 160]. ეს არც ფიზიოლოგიურ ფაქტებს შეუძლია. ფსიქიკურის დეტერმინაცია ე. წ. ბიოსფერულ რეალობაში ხდება, რომელსაც შემდგომში ავტორი განწყობას დაარქმევს.       მოგვიანებით 1936 წელს ტრაქტატში «ძილი და სიზმარი» უზნაძე უკვე საფუძვლიანად იხილავს ფროიდის კონცეფციას და გამოთქვამს პრინციპულ მოსაზრებას მის შესახებ, რომელიც შემდგომ გამოკვლევებშიც ძალაში რჩება. ფროიდის მიხედვით, ამბობს უზნაძე, არაცნობიერი ფსიქიკის არე თავისი შინაარსით არ განსხვავდება ცნობიერისაგან. იგი ისეთსავე განცდებს შეიცავს, როგორც ცნობიერი, მხოლოდ იმ განსხვავებით, რომ ინდივიდმა მათ შესახებ არაფერი იცის. მაგრამ მაშინ არაცნობიერის ცნება ახალს არაფერს გვაძლევს, რამდენადაც, მიუხედავად იმისა, შენიღბულია თუ არა მისი შინაარსი, როგორც ეს მაგალითად სიზმარში ხდება, იგი არსებითად იმავე მნიშვნელობათა მატარებელია, რაც ცნობიერება. ეს ფსიქიკური მოვლენები «უკვე მანამ არსებობენ დამთავრებული სახით, სანამ სიზმარში თავის რეალიზაციას მოახერხებდნენ. მაგრამ მაშინ რაღა აზრი ექნებოდა მათს სიზმრის ცნობიერებაში აქტივაციას? არა, იგინი როგორც განცდები კი არ განაგრძობენ არსებობას, როგორც წარმოდგენები, აზრები, სურვილები ან აფექტები, არამედ როგორც მათი ფუნქციონალური ტენდენციის აქტივაციის მზაობა, როგორც სუბიექტის განწყობა მათი მიმართულებით განცდების წარმოშობისა» [12; 58].       აქ ფაქტიურად ერთად არის მოცემული ნეგატიური და პოზიტიური შეხედულება, რაც საერთოდ დამახასიათებელია ფსიქოანალიზის უზნაძისეული შეფასებისათვის. უზნაძეს მიაჩნია, რომ ფროიდის ცნება არ გამოდგება ცნობიერი შინაარსების აღმოცენებისა და მიმდინარეობის გასაგებად, რადგან იგი შემდგარია განცდადობას მოკლებული ჩვეულებრივი ფსიქიკური (ცნობიერი) ფენომენებისაგან (აზრები, სურვილები, აფექტები), ხოლო განცდით (თუნდაც არაცნობიერით) განცდის ახსნა არ შეიძლება. ამისათვის უნდა მოინახოს სულ სხვა კატეგორიის და ხასიათის ცნება და რეალობა.       თავის გვიანდელ შრომებში უზნაძე კვლავ უბრუნდება ფროიდის კონცეფციის განხილვას, ოღონდ, უკვე არა სიზმრის ფენომენთან დაკავშირებით, არამედ ზოგადფსიქოლოგიური თვალსაზრისით. ამ დროისათვის უზნაძემ შეცვალა თავისი პოზიცია განწყობის ფსიქიკურობის მიმართ. ახლა იგი (განწყობა) არაცნობიერ ფსიქიკურ რეალობად იქნა ჩათვლილი და ცალსახად მიეწერა ფროიდის მიერ ნაგულისხმევი არაცნობიერის ჩამნაცვლებლის როლი. ავტორის აზრით, არაცნობიერი ფსიქიკურის ცნება საზოგადოდ ზედმეტია და უნდა შეიცვალოს განწყობით. «განწყობა შეუძლებელია წარმოადგენდეს სუბიექტის ცნობიერების ცალკე აქტს, იგი მხოლოდ მოდუსია მისი, როგორც მთელის მდგომარეობისა. ამიტომ სავსებით ბუნებრივია ჩავთვალოთ, რომ თუ ჩვენში მართლაც მიმდინარეობს რაიმე არაცნობიერად, ეს, პირველ რიგში, რა თქმა უნდა ჩვენი განწყობა უნდა იყოს» [18; 285].       უზნაძის მიხედვით ფროიდის მოძღვრების ყველაზე სუსტი ადგილი ის არის, რომ მასში არაცნობიერი დახასიათებულია მხოლოდ ნეგატიურად – როგორც ცნობიერების უარყოფა. ფროიდის არაცნობიერი იგივე ცნობიერი განცდებია, რომლებიც განიდევნენ ცნობიერებიდან და ახლა ცნობიერებას მოკლებული განცდის ფორმაში იმყოფებიან. ასეთი არაცნობიერი ისეთივე ცნობიერი ფსიქიკაა, მინუს განცდა. მათი შინაგანი ბუნება და სტრუქტურა იგივეობრივია. ფროიდის თეორიის ძირითად ნაკლს უზნაძე ასე ახასიათებს: «რომ მოხერხდებოდეს, არაცნობიერის ცნების განთავისუფლება ცნობიერი ცხოვრებისათვის ჩვეული ფსიქიკური შინაარსისაგან, რომ მოხერხდებოდეს მათთვის სხვა უფრო შესაფერისი შინაარსის მოძებნა, მაშინ ხელთ გვექნებოდა იარაღი, რომელიც მოგვცემდა საშუალებას უფრო ღრმად ჩავწვდომოდით საქმის ნამდვილ ვითარებას» [17; 45]. განწყობა სწორედ ასეთ ცნებად არის მიჩნეული. იგი საფუძვლად ედება ყოველ ცნობიერ შინაარსს, რჩება რა ამასთან ყოველთვის არაცნობიერი. განწყობა ფსიქიკის განვითარების ადრეული საფეხურია, რომელიც ლოგიკურად და ფაქტობრივად წინ უსწრებს ცნობიერებას. არაცნობიერის ფსიქოანალიტიკური გაგება მეცნიერებას პოზიტიურს არაფერს აძლევს. იგი ცნობიერებიდან განდევნილი ფსიქიკაა, ე. ი. ცნობიერება მისი წარმოქმნის პირობაა, ამიტომ ცნობიერების განვითარებას იგი ვერ აგვიხსნის.       მიუხედავად ამ თეორიული წუნისა, ფსიქოანალიზს უეჭველი პრაქტიკული მიღწევები აქვს. უზნაძის აზრით, წარმატებული მკურნალობისას ფროიდი მართლაც ახერხებდა შეხებოდა იმას, რაც განსაზღვრავს ნევროტული სიმპტომების წარმოქმნას. მაგრამ დაავადების ჭეშმარიტ მექანიზმს ის ვერ ხედავდა და ახასიათებდა მას მხოლოდ უარყოფითად, როგორც განდევნილ არაცნობიერ განცდებს.       სინამდვილეში ფსიქოანალიზურ თერაპიას საქმე აქვს განწყობასთან, ვინაიდან სწორედ ის არის რეალური არაცნობიერი ფსიქიკური ფაქტი.       ასეთია ფსიქოანალიზის უზნაძისეული შეფასება. მას, როგორც ითქვა, აქვს როგორც კრიტიკული, ისე პოზიტიური ნაწილი. ერთი მხრივ ნაჩვენებია არაცნობიერის ფროიდისეული გაგების უმართებულობა; მეორე მხრივ მითითებულია ცნებაზე, რომელიც მას უნდა ჩაენაცვლოს. ამდენად, აქ ორი მომენტი უნდა გაირჩეს: ერთი, რამდენად ზუსტი და სამართლიანია ფროიდის უზნაძისეული კრიტიკა, და მეორე, რამდენად მიზანშეწონილია და ნაყოფიერი განწყობის მოაზრება ფსიქოანალიტიკური არაცნობიერის ალტერნატივად.       უნდა ითქვას, რომ უზნაძისეული ეს შეფასება ქართულ ფსიქოლოგიაში ყველამ არ გაიზიარა. მაგალითად, ვ. კაკაბაძე ფსიქონალიზისადმი მიძღვნილ მრავალ ნაშრომში იმ აზრს იცავს, რომ ფროიდი, მართალია, ადასტურებს არაცნობიერი ფსიქიკის ცნობიერებისაგან დამოუკიდებელ არსებობას, მაგრამ მისი ყოფიერების ფორმის თაობაზე, მისი ონტოლოგიური სახის შესახებ არაფერი იცის. ფროიდის მიხედვით არაცნობიერი პროცესების შინაგანი ბუნებისა და მდგომარეობის შესახებ საერთოდ შეუძლებელია გარკვეული და სანდო ცნობის მიღება. ფროიდი მართლაც არაერთგან მიუთითებს, რომ «წარმოდგენა, რომელიც მოცემულ მომენტში ცნობიერია, მომდევნო წამს აღარ არის ასეთი, მაგრამ შეუძლია ისევ გახდეს ცნობიერი გარკვეულ, ადვილად მისაღწევ პირობებში. როგორი იყო იგი შუალედურ პერიოდში, ჩვენ არ ვიცით; შეიძლება ითქვას, რომ იგი იყო დაფარული» [30; 185]. ან «არაცნობიერს ჩვენ ვუწოდებთ ფსიქიკურ პროცესს, რომლის არსებობის თაობაზე ჩვენ უნდა დავუშვათ, რადგანაც მის შესახებ ვასკვნით შედეგებიდან გამომდინარე ისე, რომ არაფერი ვიცით მის შესახებ» [31; 343]. თუ ეს ასეა, თვლის კაკაბაძე, მაშინ არ უნდა იყოს მართებული ფროიდის არაცნობიერის ცნების უზნაძისეული ინტერპრეტაცია. რა შინაარსი და სტრუქტურა აქვს არაცნობიერს და საზოგადოდ არის თუ არა ის ფსიქიკური, უცნობია. ფროიდი მხოლოდ იმას ამტკიცებდა, რომ არაცნობიერი ჩვენთვის გაუგებარი რეალობაა, რომ მისი არსებობის ფორმის წარმოდგენა შეუძლებელია, ხოლო ფსიქოანალიზის ავტორის მიერ ხშირად ხმარებული გამონათქვამები, როგორიცაა: «არაცნობიერი წარმოდგენა»,       «არაცნობიერი აფექტი», «არაცნობიერი სურვილი» და სხვა, ფროიდისავე თქმით, მხოლოდ «გამონათქვამის უწყინარი დაუდევრობაა».       კაკაბაძე თავის მტკიცებებში ძალიან შორს მიდის. არაცნობიერი ფსიქიკური რეალობის დაშვება ფსიქოანალიზის ამოსავალი წერტილია. სხვა ამბავია, რომ ფროიდი ხშირად ერიდება ამ რეალობის პოზიტიურ, შინაარსობრივ დახასიათებას. მოყვანილი ამონაწერები სწორედ ამაზე მეტყველებს. მაგრამ ისინი, ამავე დროს, ფროიდის მეცნიერულ კეთილსინდისიერებასაც ადასტურებენ, რადგანაც არაცნობიერი, მისივე რწმენით, მაინც ჰიპოთეტური ცნებაა; როგორც თეორეტიკოსი, კაკაბაძე უარყოფს არაცნობიერი ფსიქიკური სინამდვილის არსებობის შესაძლებლობას. ამიტომ, როგორც ფსიქოლოგიის ისტორიკოსი, იგი განსაკუთრებით სენზიტიურია ფროიდის ყოველგვარი გამონათქვამის მიმართ, რომელიც არაცნობიერი ფსიქიკურის ბუნების შეუცნობადობას ეხება. საქმეს ისიც ართულებს, რომ ფროიდის ტექსტები ხშირად იძლევა განსხვავებული წაკითხვის საშუალებას, და, საზოგადოდაც, მის მიერ არაცნობიერის ბუნების გააზრება სიცხადითა და თანამიმდევრულობით არ გამოირჩევა.       მართლაც, ერთი მხრივ, ფროიდი აღნიშნავს არაცნობიერი პროცესის მიუწვდომლობას. ცნობიერებიდან გასული შინაარსები ხდება ლატენტური, ცნობიერებისთვის უცნობი და უცხო. მათ შესახებ მარტო იმის თქმა შეიძლება, რომ «ისინი გახდნენ არაცნობიერნი, თუკი საერთოდ ვიქნებოდით დარწმუნებულნი, რომ ლატენტურ მდგომარეობაში ისინი აგრეთვე ფსიქიკურნი არიან» [31; 343]. ფროიდი აქ არაჩვეულებრივად ფრთხილობს და იმასაც კი ვერ ამბობს დარწმუნებით, არის თუ არა არაცნობიერი ფსიქიკური; მას ეჭვი შეაქვს თავისი თეორიის ფუძემდებლურ თეზისში, რომელიც არაერთგზის დაბეჯითებით გამოუთქვამს. მეორე მხრივ, ფროიდთან მოცემულია დადებითი მსჯელობების რიგი არაცნობიერის ფორმებისა და თვისებების შესახებ. იგი გამოყოფს ორი სახის არაცნობიერს: ე. წ. «წინაცნობიერი», რომელიც მჭიდრო კავშირშია ცნობიერებასთან, ადვილად გადის და შემოდის მასში, და «საკუთრივ არაცნობიერი», რომლის ამგვარი ტრანსფორმაცია ან შედარებით გაძნელებულია, ან სულაც შეუძლებელი. ბოლო პერიოდში ფროიდმა უფრო დააკონკრეტა თვალსაზრისი და ცნობიერებასთან მიმართებაში ოთხი სახის არაცნობიერზე მიუთითა. ესენია: წინაცნობიერი, განდევნილი, არქაული და საკუთრივ არაცნობიერი. უკანასკნელი აუცილებლად და ყოველთვის არაცნობიერია. დანარჩენები ამა თუ იმ კავშირში იმყოფებიან ცნობიერებასთან. მათი გენეზისის თავისებურება იმაშია, რომ ისინი ოდესღაც ცნობიერების შინაარსები იყვნენ და უკანვე დაბრუნების უნარი აქვთ. აქვე აღვნიშნოთ, რომ არაცნობიერის სწორედ ამ სახეობათა მიმართ არის მართებული უზნაძის კრიტიკული დებულება, რომლის თანახმად ფროიდის არაცნობიერის ცნება უვარგისია ცნობიერების გენეზისის საკითხის გადასაწყვეტად. არაცნობიერი, რომლის წარმოქმნა ცნობიერებაზეა დამოკიდებული, მართლა არ გამოდგება ცნობიერების აღმოცენების წინაპირობად. სამაგიეროდ ე. წ. «საკუთრივ არაცნობიერის» მიმართ ეს შენიშვნა ვერ გავრცელდება.       ამ უკანასკნელის მიმართ იმის თქმაც ძნელია, თითქოს ის შედგება ჩვეულებრივი ცნობიერი პროცესებისაგან, რომელთაც მხოლოდ განცდობა აკლია. არის რა «იდ»-ის არსებობის ფორმა, არაცნობიერის ეს სახე პრინციპულად უპირისპირდება ცნობიერებას, რომელიც მე-შია მოთავსებული. განსხვავება ეხება როგორც გენეზისს (იგი წინ უსწრებს და განსაზღვრავს ცნობიერებას), ისე მათ ბუნებას (შინაარსს და მოქმედების პრინციპებს). სამაგიეროდ, ცნობიერებიდან წარმოებული არაცნობიერი სულ სხვაგვარად ხასიათდება. ყოველ შემთხვევაში ცნობიერებასთან მისი დაპირისპირება გაცილებით ნაკლებ კატეგორიულია და, შესაძლებელია, სულაც არ არსებობდეს. სწორედ ასეთ არაცნობიერს ახასიათებს ფროიდი, როდესაც ამბობს, რომ «ზოგიერთ ლატენტურ მდგომარეობათა მიმართ ჩვენ შეგვიძლია ისიც კი ვამტკიცოთ, რომ ისინი მხოლოდ იმით განსხვავდებიან ცნობიერებისაგან, რომ მოკლებულნი არიან ცნობიერებას» [28; 127].       აზრი სრულიად ნათელია. არაცნობიერის გარკვეული სახეობა მხოლოდ იმით განსხვავდება ცნობიერებისაგან, რომ არ განიცდება, ცნობიერების მიერ არ აღიქმება. მაშასადამე, ფროიდი მართლაც ლაპარაკობს ისეთ არაცნობიერზე, რომელიც თვისებრივად არ განსხვავდება ცნობიერი ფსიქიკური შინაარსებისაგან. უზნაძე არაცნობიერის სწორედ ასეთი გაგების წინააღმდეგია. აქედან გამომდინარე, უზნაძეს ფსიქოანალიზის შეფასება ფაქტობრივად მხოლოდ ე. წ. «რეპრესირებულ არაცნობიერს» ეხება და არა მთლიანად არაცნობიერის სფეროს, რომელიც არ დაიყვანება ამ უკანასკნელზე.       ეს ვითარება შეამჩნია ი. ბჟალავამაც. მან დაადასტურა, რომ ფროიდის მოძღვრებაში ისეთი არაცნობიერის არსებობაც არის დაშვებული, რომელიც არ ყოფილა განდევნილი. მაგრამ მას მიაჩნია, რომ ამ დაშვებამ არ ჰპოვა განვითარება ფროიდის ნააზრევში და ამიტომაც სავსებით ეთანხმება არაცნობიერის ფსიქოანალიზური კონცეფციის უზნაძისეულ შეფასებას [2].       ამასთან დაკავშირებით უნდა აღინიშნოს, რომ თავის გვიანდელ შრომებში ფროიდმა განსაკუთრებული ყურადღება არაცნობიერის სწორედ ამ სფეროს მიაპყრო, ცდილობდა რა საკუთრივ არაცნობიერი განეხილა, მისი სიტყვებით, არა იმდენად როგორც «ფსიქიკის თვისება», არამედ როგორც «სულის არე». ეს არე, რომელსაც «იდი» ან «იგი» ეწოდა, განსხვავდება ორი დანარჩენი არესაგან («ეგო» და «სუპერეგო») მოქმედების პრინციპებითაც და არაცნობიერთან მიმართებითაც. «იდი» მთლიანად და აუცილებლად არაცნობიერია.       «იგი»-ში გაბატონებული თვისება არაცნობიერია. «იგი» და არაცნობიერი შინაგანად ისევე ეკუთვნის ერთმანეთს, როგორადაც «მე» და «წინაცნობიერი» [20; 501]. «იდი» არაცნობიერი ფსიქიკის გენეტიკურად პირველადი ფორმაა პერსონის და მისი ფსიქიკური აპარატის განვითარების თვალსაზრისით. «მე» იდიდან შეიქმნა. ევოლუციის პროცესში გარემოსთან შეგუების ზეგავლენით გარკვეული შინაარსები გარდაიქმნა წინაცნობიერად და მოთავსდა «მე»-ში, რომელიც მათ საჭიროებისამებრ აცნობიერებდა. «იდი»-ს სახით მოცემული გენეტიკურად პირველადი ფორმა არაცნობიერისა არის ფსიქიკური ენერგეტიკა, პირველადი ლტოლვები, რომლებიც ფილოგენეზის, ონტოგენეზის თუ აქტუალგენეზის თვალსაზრისით ყოველგვარ ფსიქიკურ სტრუქტურასა და აქტს განაპირობებენ. ამ არაცნობიერი ფსიქიკური სამყაროს არსებობისა და მოქმედების წესზე დარწმუნებით ბევრი არაფრის თქმაა შესაძლებელი, მაგრამ დაშვებები შესაძლებელიცაა და აუცილებელიც. ფსიქიკური ენერგეტიკა ისეთი ფუნდამენტური დაშვებაა, რომელიც ფსიქოლოგიის ბუნებისმეტყველური დაფუძნების ფროიდისეულ მცდელობას გამოხატავს. ფსიქიკურ ენერგეტიკას თავისი ფესვები ფსიქოფიზიკურ პროცესებში აქვს გადგმული. ამიტომ «იდი»-ს სფერო დაკავშირებულია სომატურ პროცესებთან, საიდანაც იძენს აღძვრით მუხტს და მათ ფსიქიკურ ფორმას აძლევს. «იდი»-ს არაცნობიერი პროცესები აკავშირებენ სომატურ და ფსიქიკურ პროცესებს, მაგრამ თუ რა სუბსტრატში ხორციელდება მათი დაკავშირება ან როგორია პირველადი არაცნობიერი პროცესის ონტოლოგიური სტატუსი, ამის გარკვევისაგან ფროიდი თავს იკავებს. მიუხედავად ამისა, ერთი რამ ცხადია – ეს არაცნობიერი სფერო თავისი ბუნებით არსებითად განსხვავდება როგორც ცნობიერი, ისე არაცნობიერი ფსიქიკის იმ სახეობათაგან, რომლებიც ცნობილია ტრადიციული ფსიქოლოგიისათვის[42].       ფროიდი არა მხოლოდ უშვებს არაცნობიერი ფსიქიკის ასეთი სფეროს არსებობას, არამედ ვარაუდების სისტემასაც აყალიბებს, ქმნის მიკროთეორიას მისი მოქმედების თავისებურებათა შესახებ. განსხვავებით წინაცნობიერისაგან ან განდევნილი არაცნობიერისაგან, რომლებიც სპონტანურად ან სათანადო პირობებში შედარებით ადვილად გადაინაცვლებენ ცნობიერებაში, «იდ»-ის მუდმივი ფენა ნაკლებ მოძრავია და შებოჭილია არაცნობიერის ფარგლებით. ამ საზღვრებში მოთავსებული ფსიქიკური სამყარო რადიკალურად განსხვავდება ყოველივე იმისაგან, რაც ჩვეულებრივ «მე»-ს ფსიქიკას მიეწერება. აქ სხვა კანონზომიერება და ლოგიკა მოქმედებს. ეს არის ირაციონალური ენერგეტიკული წარმონაქმნების უსისტემო მოძრაობის სფერო, სადაც მხოლოდ სიამოვნების პრინციპია გაბატონებული. მისთვის უცხოა ყოველგვარი შეფასება, სიკეთე, ბოროტება, მორალი; ასევე არ მოქმედებს აქ აზროვნების და ლოგიკის კანონები, იგი უგრძნობია შეუსაბამობათა და წინააღმდეგობათა მიმართ. საწინააღმდეგო ძალები თავისუფლად თანაარსებობენ და სრულიად წარმოუდგენელ კომბინაციებს ქმნიან. აქ არ არსებობს დროულობა; «იდ»-ის არაცნობიერი შინაარსები ვირტუალურად უკვდავნია. ისინი ყოველთვის ისე მოქმედებენ, თითქოს ახლა წარმოიქმნენ. მათ არ იციან წარსული და მომავალი. დრო გაჩერებულია, ხოლო აქტუალურად მოცემული სურათი სრული განუკითხაობისა და ქაოსის მდგომარეობად გვევლინება. ერთი სიტყვით, ფსიქიკური ცხოვრების ცნობილი კანონზომიერებანი «იდ»-ში არ მოქმედებს. უფრო მეტიც, აქ მოცემული ვითარება მათ ანტიპოდად გამოდგება. მართლაც, ფსიქიკა ხომ იმისათვის და ისეა ორგანიზებული, რომ გათვალისწინებულ იქნეს სიცოცხლის შენარჩუნებისათვის საჭირო ყველა მოთხოვნა და ფაქტორი და ინდივიდმა მისი მეშვეობით მიზანშეწონილად იმოქმედოს. იდისმიერი ლტოლვების სახით მოცემული არაცნობიერი ფსიქიკა შეგუებაზე კი არა, მხოლოდ საკუთარ სიამოვნებაზე ზრუნავს. თუკი ასეთი ფსიქიკა მართლაც არსებობს, იგი ფსიქიკის ყველა სხვა სახისაგან პრინციპულად განსხვავდება. ჩვენი ანალიზისათვის კი მთავარი ისაა, რომ ფროიდს ამგვარი არაცნობიერი დაშვებული აქვს და იგი მართლაც ვერ აღიწერება, როგორც ცნობიერების ნიშანს მოკლებული ჩვეულებრივი ფსიქიკური პროცესი.       ამრიგად, ერთგვარი, თუმცა, არცთუ ყოველთვის ნათელი და ცალსახა თვალსაზრისი არაცნობიერი ფსიქიკური ფორმებისა და მათი თავისებურებების შესახებ ფსიქოანალიზს, რა თქმა უნდა, მოეპოვება. ამიტომ იმის მტკიცება, რომ ფსიქოანალიზში სულ არაა მოცემული რაიმე შეხედულება არაცნობიერის ბუნების არსებობის ფორმის შესახებ, უმართებულოა. ამგვარი შეფასების საფუძველს შეადგენს თეორიულ-მეთოდოლოგიური პოზიცია, რომლის თანახმად არაცნობიერი ფსიქიკურის არსებობის დადასტურება საერთოდ შეუძლებელია მისი უშუალოდ დაუკვირვებადობის გამო [6][25]. ვერავინ, ცხადია, და ვერც ფროიდი ვერ იტყვის რაიმეს არაცნობიერის არსებობის ფორმაზე, იმაზე, თუ როგორია იგი თავისთავად, ცნობიერებისგან დამოუკიდებლად. ფროიდს მართლაც არაერთგზის აქვს აღნიშნული არაცნობიერის არადაკვირვებადობა. არაცნობიერი ფსიქიკურის ონტოლოგიური ბუნების წვდომასთან დაკავშირებული სირთულეები, რომლებიც მას კარგად ჰქონდა გაცნობიერებული, ამ გარემოებიდან მომდინარეობს. ფროიდს ისიც ნათლად ესმოდა, რომ მისი წარმოდგენები სინამდვილის ამ სფეროს შესახებ არსებითად ჰიპოთეტური ხასიათისაა. მაგრამ ასეთი წარმოდგენები მას ჰქონდა და ისინი სულაც არ იყო მიღებული თავისუფალი გონებაჭვრეტის შედეგად; ისინი სავსებით გარკვეულ ემპირიულ საფუძველს ემყარებოდნენ. კლინიკური პრაქტიკა ფროიდს აძლევდა იმის რწმენას, რომ თუნდაც არაპირდაპირი გზით იგი არაცნობიერს სწვდებოდა. ფროიდი ამტკიცებდა, რომ არსებობს ფაქტები, რომლებიც უშუალოდ მიგვანიშნებენ არაცნობიერის არსებობაზე; არაცნობიერი ფსიქიკურის კატეგორია მეცნიერებაში პირველ რიგში გარკვეული ემპირიის ახსნისა და გააზრების მოთხოვნითაა შემოტანილი.       ამრიგად, ანალიზი გვაჩვენებს, რომ ფროიდის კონცეფციაში, მიუხედავად ერთგვარი ბუნდოვანებისა, გათვალისწინებულია არაცნობიერის ისეთი სახე, რომელიც აღიწერება იმავე კატეგორიებით, რაც ცნობიერი ფსიქიკური აქტები. ასეთი «არაცნობიერის ubw სისტემას აქვს იგივე თავისებურება, რაც ცნობიერის bw სისტემას» [28; 132]. უზნაძის შეფასება ამგვარ არაცნობიერს ეხება. მაგრამ ფროიდის მოძღვრებაში მნიშვნელოვანი ადგილი აგრეთვე სხვაგვარ არაცნობიერს უკავია. ეს არის ე. წ. საკუთრივ არაცნობიერი, რომლის ავტორისეული დახასიათება გამორიცხავს რაიმე პარალელს მას და ცნობიერებას შორის. ეს ჰიპოთეტური არაცნობიერი სფერო, რომელიც არსებითად პირველადი ლტოლვების სამყაროს წარმოადგენს, გააზრებულია როგორც ფსიქიკა, რომელსაც ფენომენალური ფსიქიკისაგან სრულიად განსხვავებული თავისებურებანი აქვს. და თუმცა ამის შესახებ ფროიდი ბევრს არაფერს გვეუბნება, ფსიქოანალიზში არაცნობიერი ფსიქიკის ასეთი სახის არსებობის უგულვებელყოფა დაუშვებელია. ფსიქოანალიზის უზნაძისეული შეფასება ამდაგვარ არაცნობიერზე ვერ გავრცელდება.       როგორც ითქვა, უზნაძე არ შემოიფარგლა ფროიდთან არაცნობიერის «უარყოფითი ცნების» კრიტიკით, არამედ გამოთქვა მოსაზრება, რომ იგი «დადებითი შინაარსის ცნებით», ანუ განწყობით უნდა შეიცვალოს. ის, რასაც ფსიქოანალიზი არაცნობიერი ფსიქიკურის სფეროს უწოდებს, განწყობის სფეროა; არაცნობიერად მხოლოდ განწყობები არსებობს. ამიტომ უფრო ფართო კონტექსტში უზნაძე იმასაც კი ამბობს, რომ არაცნობიერი საერთოდ ზედმეტი ცნებაა და იგი განწყობით უნდა შეიცვალოს. თუ რამეა მოცემული არაცნობიერად, ეს განწყობაა. როგორც ჩანს, აქ მეტი სიფრთხილეა საჭირო. ყოველ შემთხვევაში ერთი რამ აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ, სახელდობრ ის, რომ რეფლექსიური ცნობიერების გარეშე არსებული მოვლენების წრე მხოლოდ განწყობებით არ შემოიფარგლება. შეუძლებელია იმის უარყოფა, რომ არსებობს ფსიქიკური შინაარსები და აქტები ცნობიერების მიღმა, რომლებიც არ წარმოადგენენ განწყობას. არსებობს განცდა მინუს ცნობიერება. ასეთია ცხოველის ფსიქიკა; ცხოველებს აქვთ შეგრძნებები, მოთხოვნილებები, წარმოდგენები, ერთი სიტყვით სხვადასხვა განცდები, მაგრამ მათ არა აქვთ ცნობიერება. ასეთი ცნობიერების გარეშე მოცემული ფსიქიკა ადამიანსაც აქვს და იგი თვით უზნაძის თეორიულ სისტემაშიც არის გათვალისწინებული. ჩვენ მხედველობაში გვაქვს ე. წ. ფსიქიკის მუშაობის პირველი დონე; ქცევის რეგულაცია ამ შემთხვევაში მიმდინარეობს იმ განცდებზე დაყრდნობით, რომელთა ობიექტივირება (გაცნობიერება) არ ხდება. აშკარაა, რომ ასეთი ფსიქიკა არ არის ცნობიერი, მაგრამ იგი არც განწყობაა, ვინაიდან, თეორიის თანახმად, თავად აღმოცენდება სათანადო განწყობის საფუძველზე. მაშასადამე, განწყობის ცნების შინაარსი არ ფარავს არაცნობიერი მოვლენების სფეროს; არაცნობიერი, როგორც ჩანს, ზედმეტი ცნება არ უნდა იყოს. სხვა საკითხია, რა მიმართებაშია ეს არაგანწყობისეული არაცნობიერი ფროიდის სისტემაში ნაგულისხმევი არაცნობიერის სახეობებთან. იქნებ შესაძლებელია აქ ე. წ. «წინაცნობიერთან» ერთგვარი პარალელის გავლება. ეს საკითხი სპეციალურ შესწავლას საჭიროებს.       ქართველი ფსიქოლოგების უმრავლესობამ გაიზიარა ასეთი მიდგომა. თავისებური პოზიცია დაიკავა შეროზიამ [36]. იგი ცდილობს შეარიგოს ერთმანეთთან ფროიდისა და უზნაძის თვალსაზრისები და ასეთი გზით «არაცნობიერის სრული თეორია მოგვცეს». ამ ამოცანას ავტორი ერთობ მარტივად სწყვეტს. იგი უბრალოდ არაცნობიერის სფეროში ორ ქვესტრუქტურას გამოყოფს. ერთი უზნაძისეული არაცნობიერი ანუ პირველადი განწყობაა. განწყობა იმთავითვე და აუცილებლად არაცნობიერია და ამასთან ყოველგვარი ფსიქიკური აქტივობის საფუძველია. მეორე ფროიდისეული არაცნობიერია, რომელსაც შეადგენენ ცნობიერების მიერ «გადამუშავებული», «ჩვეულებრივი არაცნობიერი განცდები»: სურვილები, მოტივები, წარმოდგენები, აზრები და ყოველგვარი ფიქსირებული განწყობები. ისინი არ არიან არც პრინციპულად არაცნობიერნი და არც რაიმე ფსიქიკურის საფუძველი, არამედ თვითონ ეყრდნობიან აქტუალურ განწყობას. ამავე დროს, როგორც ინდივიდის გამოცდილების გამოხატულება, ეს არაცნობიერი მოვლენები განწყობის რეალიზაციის ხელშემწყობ ან ხელშემშლელ ფაქტორებად გვევლინება. ამრიგად, არსებობს განწყობის სახით «ცნობიერებამდელი არაცნობიერი». იგი წარმოადგენს პიროვნების მთლიან მოდიფიკაციას და ამდენად, ყოველთვის და აუცილებლად არაცნობიერია. როგორც ფსიქიკის სახეობა, იგი გენეტიკურად და ფუნქციონალურად წინ უსწრებს და აპირობებს ცნობიერ განცდებს. ამავე დროს დაშვებულია ფსიქიკის ისეთი არაცნობიერი ფორმაც, რომელიც ცნობიერებამოკლებული განცდებისაგან შედგება. ერთი სიტყვით, არაცნობიერის სფეროს არ მოიცავს განწყობა, არამედ მასში შედის არაცნობიერი ფსიქიკური განცდებიც, რომელთა არსებობას, როგორც ვიცით, უზნაძე კატეგორიულად უარყოფდა.       რის საფუძველზე ამტკიცებს ამას შეროზია? სამწუხაროდ, რაიმე საგანგებო თეორიულ არგუმენტაციას მის შრომებში ვერ ვხვდებით. როგორც ჩანს, ავტორს უბრალოდ მიაჩნია, რომ როგორც განწყობის, ისე არაცნობიერი განცდების ფენომენი დადასტურებულია სათანადო ფაქტოლოგიით, რომელიც აქვს შესაბამისად განწყობის ფსიქოლოგიას და ფსიქოანალიზს.       ფსიქოანალიზთან მიმართებაში ეს არის უპირველეს ყოვლისა ჰიპნოზისა და სიზმრის მოვლენები. ფროიდი მართლაც ხაზს უსვამდა ჰიპნოზის მნიშვნელობას ფსიქოანალიზის თეორიასა და პრაქტიკაში. იგი იმასაც კი ამბობს, რომ პოსტჰიპნოთიური ჩაგონების ცდებმა თვალნათლივ უჩვენა არაცნობიერის არსებობა და მისი ფუნქციონირების წესი [37]. ფროიდი ფიქრობდა, რომ ჰიპნოზურად ჩაგონებული მიზანი გადადის არაცნობიერ ფსიქიკურში და იქიდან, ვითარცა ცნობიერებას მოკლებული განზრახვა, განაპირობებს პოსტჰიპნოზურ მოქმედებას.       ამ საკითხში შეროზია ფროიდს ეთანხმება. ყოველ შემთხვევაში, იგი აქტიურად ეწინააღმდეგება იმ მოსაზრებას, რომ არავითარი ფაქტი, მათ შორის ჰიპნოზურიც, არ გვაძლევს პირდაპირ ცნობას არაცნობიერი ფსიქიკურის არსებობის შესახებ. ჰიპნოზის ფაქტი აჩვენებს მხოლოდ იმას, რომ ჩაგონებული შინაარსი არ არის ცნობიერი; მაგრამ როგორი ბუნებისაა მიღებული არაცნობიერი მდგომარეობა – ფსიქიკურია იგი თუ ფიზიოლოგიური, ამაზე არაფერს ამბობს. მისი ასეთი თუ ისეთი გააზრება დამოკიდებულია წინასწარ მეთოდოლოგიურ პოზიციაზე იმის თაობაზე, თუ უშუალოდ ფსიქიკური საიდან მომდინარეობს – ისევ ფსიქიკურიდან თუ ნერვული სისტემის მოქმედებიდან. ჰიპნოზის მოვლენა პირდაპირ ვერ გვითვალისწინებს იმას, არსებობს თუ არა არაცნობიერი ფსიქიკა და როგორია მისი თავისებურებანი. არაცნობიერი ფსიქიკური ფაქტი არ არსებობს, არსებობს მხოლოდ ჰიპოთეზები [5][6].       შეროზია უარყოფს ამ პოზიციას და მხარს უჭერს ფროიდს იმაში, რომ ჰიპნოზის ფაქტი ამტკიცებს არაცნობიერი ფსიქიკურის არსებობას. პოსტჰიპნოზური ეფექტები ჩაგონებული ფსიქიკური ამოცანით არის გაპირობებული, მაგრამ ირკვევა, რომ შეროზია მაინც უკმაყოფილოა ჰიპნოზის ფსიქოანალიზური გააზრებით და ამის მიზეზია არაცნობიერის ფროიდისეული გაგება. უფრო მეტიც, «საკითხი არაცნობიერი ფსიქიკის ონტოლოგიური სტატუსის შესახებ ფროიდთან – ამბობს შეროზია – ღიად უნდა ჩაითვალოს» [36; 122].       შეროზიას მოსაზრებებს აკლია თანმიმდევრულობა. თუ ჰიპნოზის ფაქტი მართლაც ადასტურებს არაცნობიერი ფსიქიკურის არსებობას, მაშინ ის არაცნობიერის ონტოლოგიასაც გვითვალისწინებს. შეროზია ფროიდისეულ არაცნობიერ განცდებს ცნობს და განწყობასთან ერთად არაცნობიერის მთლიან სტრუქტურაში შეჰყავს, ხოლო ფროიდისთვის ჰიპნოზი სწორედ ასეთი არაცნობიერი ფსიქიკის მამტკიცებელი არგუმენტი იყო. მაინც რატომღა უნდა ჩაითვალოს ღიად ფსიქოანალიზში საკითხი არაცნობიერის ონტოლოგიური გარკვეულობის შესახებ? შესაძლოა, შეროზია ფიქრობს, რომ ჰიპნოზით მიღებული მდგომარეობის აღსაწერად ფროიდის არაცნობიერი არ გამოდგება; პოსჰიპნოზურ მოქმედებას არაცნობიერი მიზანი კი არა, განწყობა წარმართავს. ასეთი გაგება კანონიერია. მაგრამ ის გარემოება, რომ ჰიპნოზის მოვლენაზე დაყრდნობით ფროიდი და უზნაძე არაცნობიერის არსებითად განსხვავებულ ფორმებზე ლაპარაკობენ, იმაზე მეტყველებს, რომ ჰიპნოზი თავისთავად არ გვაძლევს ფაქტს, რომელიც ერთმნიშვნელოვნად მიუთითებს შექმნილი მდგომარეობის ბუნებაზე. მაშასადამე, ჰიპნოზის მოვლენა ვერც იმას გაგვირკვევს, უნდა ჩაენაცვლოს თუ არა განწყობა არაცნობიერ განცდას და ვერც იმას, საჭიროა თუ არა ორივე მათგანის შენარჩუნება, როგორც ამას შეროზია გვთავაზობს.       ჰიპნოზის ფენომენი ყოველთვის იპყრობდა არაცნობიერით დაინტერესებული მკვლევარების ყურადღებას. გამონაკლისი არც უზნაძე და მისი სკოლა ყოფილა. სწორედ ჰიპნოზში ფორმირებული განწყობის მეთოდით ჩატარებული ცდები გახდა მთავარი ემპირიული არგუმენტი განწყობის არაცნობიერობის სასარგებლოდ. პირველად 1936 წელს ჩატარებული ეს ცდები მართლაც ამტკიცებს იმას, რომ «განწყობა ცნობიერების მოცემულობის გარეშე მოქმედებს და რომ ამ აზრით იგი არაფენომენალურ პროცესად უნდა ჩაითვალოს» [15; 104]. სამწუხაროდ, მიღებული ექსპერიმენტული ფაქტი არაფერს ამბობს არაცნობიერი ფიქსირებული განწყობის ონტოლოგიური სახის შესახებ. მას რომ ეს შეძლებოდა, საკითხი ერთხელ და სამუდამოდ მაშინვე იქნებოდა გადაწყვეტილი. არადა, ამ გამოკვლევიდან ათ წელზე მეტი ხნის განმავლობაში უზნაძე იმ პოზიციაზე იდგა, რომ არაცნობიერი ფსიქიკური არ არსებობს, ხოლო განწყობა ფიზიკურის და ფსიქიკურის გამაშუალებელი სინამდვილის ახალ სფეროს მიეკუთვნება. სხვა რომ არაფერი იყოს, ეს გარემოება ამტკიცებს იმას, რომ ჰიპნოზის ფაქტები არაცნობიერის ბუნებაზე მხოლოდ ჰიპოთეტური დებულებების გამოთქმის საშუალებას იძლევიან. ორმოციანი წლების ბოლოს, როცა უზნაძემ განწყობა არაცნობიერ ფსიქიკურ მოვლენად მიიჩნია, მის მიერ თვალსაზრისის შეცვლა ჰიპნოზის თუ სხვა რაიმე ახალი ექსპერიმენტული ფაქტების გავლენით არ მომხდარა[43]. სხვათა შორის, ნიშანდობლივია, რომ მკვლევარებს, რომლებიც უზნაძის თავდაპირველ პოზიციას იზიარებენ, მიაჩნიათ, რომ დინამიკური მდგომარეობა, რომელიც მედიუმში პოსტჰიპნოზური ჩაგონების შედეგად იქმნება, არც წმინდა ფიზიკური ცვლილებაა და არც წმინდა ფსიქიკური პროცესი [22]. ეს სავსებით ლოგიკურად გამომდინარეობს ისევ და ისევ წინასწარ მიღებული თეორიული დაშვებებიდან, რომ ჰიპნოზში განწყობა იქმნება, ხოლო ის არც ცალსახად ფიზიოლოგიურია და არც ცალსახად ფსიქიკური.       პოსტჰიპნოზური ჩაგონების ფაქტები მართლაც არ ააშკარავებს არაცნობიერის ონტოლოგიურ სახეს. მაგრამ მაინც ჰიპნოზში განწყობის ფიქსაციის ცდები ერთ მნიშვნელოვან გარემოებაზე მიგვანიშნებს. კერძოდ, იმაზე, რომ ფიქსირებული განწყობა ცნობიერების ჩვეულებრივი ფსიქიკური შინაარსებისაგან განსხვავებული მოვლენა უნდა იყოს; წინააღმდეგ შემთხვევაში ისიც დაექვემდებარებოდა პოსტჰიპნოზურ ამნეზიას და ილუზორულ განცდასაც ვერ გამოიწვევდა. აქედან შორს მიმავალი დასკვნა კეთდება: «თუ ფროიდის არაცნობიერი იმას გულისხმობს, რაც პოსტჰიპნოზურ მოვლენაში იჩენს თავს, მაშინ ექსპერიმენტულად დასაბუთებულ დებულებად უნდა მივიჩნიოთ ის, რომ ფიქსირებული განწყობა ასრულებს იმის დანიშნულებას, რასაც ფროიდი არაცნობიერ წარმოდგენას უწოდებს» [2; 55]. ბჟალავას ეს ანალიზი მართლაც საინტერესოა, მაგრამ დებულება, რომ ფიქსირებული განწყობა ისაა, რასაც ფროიდი არაცნობიერ წარმოდგენას უწოდებს, ექსპერიმენტულად დასაბუთებულად მაინც ვერ ჩაითვლება. ამ ცდებიდან მარტო ის ჩანს, რომ ფიქსირებულ განწყობას «არსებობის საკუთარი ფორმა» აქვს, რომელიც განსხვავდება არაცნობიერი წარმოდგენისაგან, თუკი ასეთი რამ საერთოდ არსებობს. მაგრამ არსაიდან არ გამომდინარეობს, რომ არაცნობიერი სფერო მთლიანად მხოლოდ განწყობებისაგან შედგება. საკითხები, რომელთაც უზნაძის და ფროიდის შეხედულებათა ურთიერთშეპირისპირება ბადებს, პრინციპულია. დესკრიფციის საზღვრების დადგენას ხომ ფაქტიურად ფსიქოლოგიის საგნის დადგენამდე მივყავართ. უშუალო ცოდნა მართლაც მხოლოდ დაკვირვებადი, განცდადი ფსიქიკის შესახებ არსებობს. ამიტომ კითხვა არაგანცდადი განცდის შესახებ პრობლემურია. ფროიდი, როგორც ვიცით, ასეთ შესაძლებლობას უშვებდა, უზნაძე – არა. მნიშვნელოვანია აგრეთვე არაცნობიერის ონტოლოგიასთან დაკავშირებული საკითხებიც. ჩვენ უნდა გვქონდეს პასუხი კითხვებზე, არის თუ არა არაცნობიერი ფსიქიკური წმინდა თეორიული, ჰიპოთეტური კონსტრუქტი, თუნდაც ისეთი, როგორც დამოუკიდებელ და დამოკიდებულ ცვლადებს შორის არსებული სავარაუდო კავშირის აღმნიშვნელი ე. წ. შუალედური ცვლადებია? ან იქნებ ეს ცნება მხოლოდ ფილოსოფიურ-მეთოდოლოგიური საჭიროებით იქნა შემოტანილი? ან, შესაძლოა, მისი დამკვიდრება მეცნიერებაში ფაქტების პირდაპირი კარნახით მოხდა? თუ ასეა, რა ფაქტებია ეს, და ჩანს თუ არა მათში არაცნობიერის ნამდვილი ბუნება?       უნდა ვიფიქროთ, რომ თვით არაცნობიერი ფსიქიკა, როგორც მოვლენა, არც ყოფით და არც ექსპერიმენტულ ფაქტში ვერ დასტურდება, რადგან თუ მან ხილული, დაკვირვებადი სახე მიიღო, იგი ცნობიერებად, ანუ სხვაგვარ ფსიქიკად მოგვევლინება. ასეა იმ ჰიპოთეტური რეალობის შემთხვევაშიც, რომელსაც უზნაძემ განწყობა უწოდა. არის თუ არა ის არაცნობიერი ფსიქიკის ერთადერთი შესაძლო ფორმა, ესეც ვარაუდია. რომელ ფაქტში ჩანს ეს? – არცერთში. ასევე, ჩვენ არ ვიცით, რა ემართება ცნობიერებიდან განდევნილ შინაარსს. განა ფროიდმა სადმე ნახა მისი ფსიქიკურობა? ასეთი კითხვები უსასრულოდ დაისმის, რადგან მათზე ფაქტებით არ პასუხობენ: რა სახით ინახება გამოცდილება, რა ფორმით არის მოცემული აქტუალურად მოქმედი მოთხოვნილება, მოტივი, მიზანი, რომელიც არ განიცდება და სხვა. როდესაც ჩვენ ყოველივე ამის ასახსნელად ფიქსირებული განწყობის ცნებას ვიშველიებთ, ესეც ხომ ჰიპოთეზაა. ფიქსირებული განწყობა, როგორც საზოგადოდ განწყობა და არაცნობიერი – ვარაუდია. მისი ჭეშმარიტი ონტოლოგია უცნობია, თორემ ეს ცნება დღემდე არ იქნებოდა პოლემიკის საგანი [34].       ამრიგად, «არაცნობიერი ფსიქიკური არ აღიქმება უშუალოდ ისე, როგორც აღიქმება ცნობიერი ფსიქიკური პროცესები. იგი ჰიპოთეტური ხასიათის ცნებაა» [34; 98]. მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ მას ემპირიული საფუძველი არ გააჩნია და საერთოდ არ უკავშირდება ფაქტებს. ცნობილია, რომ აზრი არაცნობიერი რეალობის არსებობის შესახებ მეცნიერებაში ორი გზით შემოვიდა. ერთ შემთხვევაში იგი გარკვეული ფილოსოფიური და ზოგადმეთოდოლოგიური პრობლემების ნათელსაყოფად გამოიყენებოდა (უწყვეტობის პრინციპი, ფსიქოფიზიკური პრობლემა, ცნობიერების წარმოშობისა და განვითარების დილემა); მეორე შემთხვევაში არაცნობიერის დაშვების იდეამდე მივიდნენ მეცნიერები, რომლებიც მხოლოდ ფიზიოლოგიური კანონზომიერებებით ვერ ხსნიდნენ სულიერი ცხოვრების მთელ რიგ ფაქტებს. ეს ემპირიკა სრულფასოვნად აქვს სისტემატიზებული და გადმოცემული შ. ჩხარტიშვილს [22]. აქ შედის, როგორც არაცნობიერთან «ტრადიციულად» დაკავშირებული ფაქტოლოგია (სიზმრები, ჰიპნოზი), აგრეთვე ცნობიერების კოგნიტური, ემოციური და ვოლიტური სფეროს მრავალრიცხოვანი მოვლენა. ეს ფაქტები გვაფიქრებინებს, რომ უნდა არსებობდეს რეალობის არაცნობიერი ფსიქიკური სფერო, რომელიც გასაგებს გახდის ამ ფენომენების აღმოცენებისა და მოქმედების თავისებურებებს. ზოგი ფაქტი ამ მხრივ ნაკლებ ინფორმატულია, ზოგიც – მეტად. ამ უკანასკნელთა რიცხვს მიეკუთვნება, მაგალითად, ბოლო ხანს მოპოვებული მონაცემები «არაყურადღებულ შეგრძნებებთან» დაკავშირებით [4]. თუმცა, ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ეს ფაქტები არც ერთ შემთხვევაში არ ცხადყოფს რეალობის ამ სფეროს ნამდვილ ონტოლოგიურ ბუნებას, განსხვავებით ფიზიოლოგიისგან და ცნობიერებისგან.       ნათქვამი მთლიანად ეხება ფსიქსირებული განწყობის მეთოდით მოპოვებულ ფაქტოლოგიასაც. ცნობილია, რომ თვით განწყობის ფსიქოლოგიის ავტორმა არაცნობიერის ონტოლოგიის ორი პარადიგმა ჩამოაყალიბა. ერთ შემთხვევაში განწყობა არაცნობიერ და არაფსიქიკურ რეალობად არის მოაზრებული. «ესაა სინამდვილის ჯერ კიდევ უცნობი არე», «სინამდვილის ჯერ კიდევ მიუკვლეველი სფერო». მას პირველად ბიოსფეროს თვალსაზრისის ავტორმა მიაკვლია და ფიზიკურისა და ფსიქიკურის ურთიერთქმედების ხიდად წარმოგვიდგინა. განწყობის (არაცნობიერის) ცნება ამ შემთხვევაში ფსიქოფიზიკური პრობლემის გადაჭრის მიზნითაა შემოტანილი. შემდგომში უზნაძემ უფრო დახვეწა და დააკონკრეტა თავისი პოზიცია. მან დასვა ე. წ. უშუალობის პრინციპის დაძლევის მეთოდოლოგიური ამოცანა. როგორც მთლიანი მდგომარეობის – განწყობის სახით თეორიაში შემოყვანილი იქნა სუბიექტი, პიროვნება, რომელიც აშუალებს «გარემო – ცნობიერებისა» და «ცნობიერება – ცნობიერების» ურთიერთმიმართებებს. თეორიის კონსტრუირება აქ უკვე სუბიექტისმიერი პოზიციიდან ხდება. ამავე დროს უზნაძე ცდილობს მიზანშეწონილების პრობლემის გადაჭრასაც. განწყობა სუბიექტის ისეთი მთლიანი მდგომარეობაა, რომელშიც გათვალისწინებულია ყველაფერი, რაც ქცევის მიზანშეწონილი წარმართვისთვისაა საჭირო. განწყობა (არაცნობიერი) ამ შემთხვევაშიც გაგებულია როგორც «თავისებური რეალობა, რომელიც უსწრებს კერძოულს ფსიქიკურსა და ფიზიოლოგიურს და მათზე არ დაიყვანება» [13; 25]. სიცოცხლის მიწურულს უზნაძემ ძირფესვიანად შეცვალა ეს პოზიცია. მან დაუშვა არაცნობიერი ფსიქიკის არსებობა და განწყობა ასეთ ფსიქიკურ მოვლენად მიიჩნია. არგუმენტაცია აქაც მეთოდოლოგიას უკავშირდება. კერძოდ, უზნაძის წინაშე აქტუალურად დაისვა ფსიქიკის განვითარების პრობლემა. განწყობა ჩათვლილ იქნა ფსიქიკის გენეტიკურად პირველად ფორმად, რომელიც წინ უსწრებს და აპირობებს ცნობიერ ფსიქიკას. ამასთან, ვინაიდან ზემოთ დასახელებული მეთოდოლოგიური ამოცანებიც ძალაშია დარჩენილი, განწყობა ცალსახად არაცნობიერ მოვლენად რჩება, ფენომენად, რომელიც «არავითარ შემთხვევაში ჩვენი ცნობიერების შინაარსად არ ჩაითვლება» [17; 43].       ჩვენი ანალიზის კონტექსტში აღსანიშნავია, რომ განწყობის ონტოლოგიურ ბუნებაზე უზნაძის შეხედულებათა ცვლილება ახალი მეთოდოლოგიური ამოცანების გადაჭრის საჭიროებით იყო ნაკარნახევი. ეს ცვლილებები არ ეფუძნებოდა განწყობის ემპირიული კვლევის შედეგებს. განწყობის ძირითადი ემპირიული კანონზმიერებანი უკვე 30-იან წლებში დადგინდა, ხოლო განწყობის ონტოლოგიური ბუნების ძირფესვიანი გადახედვა და მისი ფსიქიკურ ფენომენად აღიარება 40-იანი წლების ბოლოს მოხდა. მაშასადამე, იგი ფაქტებით არ იყო ნაკარნახევი. ამ საკითხის გარკვევა მხოლოდ ფაქტებზე დაყრდნობით რომ ყოფილიყო შესაძლებელი, იგი დიდი ხნის წინ იქნებოდა გადაწყვეტილი.       უკანასკნელი თვალსაზრისი განწყობის ფსიქიკურობის შესახებ უზნაძის მიმდევრების დიდმა ნაწილმა გაიზიარა. მაგრამ იყო და არის სხვა შეხედულებებიც. მაგალითად, შ. ჩხარტიშვილი უფრო დ. უზნაძის პირველი თვალსაზრისისაკენ იხრება, მაგრამ ცდილობს მის რედაქტირებას ონტოლოგიური მონიზმის პოზიციიდან [22]. პიროვნების სუბსტრატი უმაღლესად ორგანიზებული მატერიაა, რომელიც ვერ იქნება დაყვანილი მხოლოდ ნერვულ მოქმედებაზე. ეს პროცესი ფსიქიკას წარმოქმნის და ფსიქიკითვეა გაჟღენთილი. იგი ფსიქიკის თვისების მქონე უმაღლესი მატერიალური პროცესია და ამ აზრით შეიძლება პირველად ფსიქიკის მოვლენადაც იქნეს კვალიფიცირებული. განწყობა ისეთი ფსიქიკური ფენომენია, რომელიც იმავდროულად ფიზიოლოგიურიცაა. იგი, ასე ვთქვათ, პირველადი ფსიქოფიზიკურად დაუნაწევრებელი რეალობაა. ერთი სიტყვით, განწყობა ფსიქოფიზიკური ბუნების მოვლენაა. აქაც, როგორც ვხედავთ, განწყობის ონტოლოგიური ბუნება გარკვეული მსოფლმხედველობრივი პოზიციიდან არის გააზრებული.       იგივე ითქმის ა. ბოჭორიშვილის შესახებ, რომელიც განწყობის ონტოლოგიური ბუნების საკითხს არაცნობიერი ფსიქიკის შეუძლებლობის მისეულ მრწამსთან შესაბამისობაში განიხილავს [1]. ვ. კაკაბაძეც უარყოფს არაცნობიერ ფსიქიკას. მარქსიზმიდან გამომდინარე, მას მიაჩნია, რომ ფსიქიკური დიალექტიკური ნახტომის გზით უშუალოდ გამოიყვანება «განსაკუთრებულად ორგანიზებული მატერიიდან». განწყობა კი, როგორც ფსიქიკური აქტივობის უშუალო არაცნობიერი საფუძველი, სინამდვილის «ჯერ კიდევ უცნობ ფიზიოლოგიურ ასპექტად» არის წარმოდგენილი [6; 99].       ბოლოს, არსებობს განწყობის ონტოლოგიური რაობის ისეთი გააზრებაც, რომლის თანახმად განწყობა არა მხოლოდ არაცნობიერ ფსიქიკას, არამედ ზოგიერთ შემთხვევაში ცნობიერი ფსიქიკის სფეროსაც მიეკუთვნება. შ. ნადირაშვილი ამოდის წინასწარ მიღებული მოსაზრებიდან, რომ არაცნობიერი ფსიქიკური ფენომენის არსებითი ნიშანი მის გაცნობიერებადობაში მდგომარეობს. განწყობის ფსიქიკურობის კრიტერიუმი ის არის, რომ იგი შეიძლება უშუალოდ მიეცეს სუბიექტს «მე»-ს ნაწილად, «მე»-ს მდგომარეობად იქცეს, ანუ გაცნობიერდეს [7ა; 107-108]. არსებობს რადიკალურად საპირისპირო აზრიც: განწყობა სწორედ იმიტომ არის თავისებური ფსიქიკური ფენომენი, რომ გაუცნობიერებადია; განწყობა სუბიექტისმიერია და არა სუბიექტური. სუბიექტს იგი უშუალოდ არ ეძლევა ცნობიერების კერძო განცდის (წარმოდგენა, აზრი, ემოცია... და ა. შ.) სახით, ხოლო «ამგვარ განცდათა გარდა, სხვა შინაარსი ცნობიერებას არ გააჩნია». [17; 45]. ამიტომ განწყობა ცნობიერებისაგან განსხვავებული, ყოველთვის არაცნობიერ ფორმაში მოცემული ფსიქიკაა [26].       ჩვენი ამოცანა არაა ამ თვალსაზრისების ანალიზი. მხოლოდ იმას დავადასტურებთ, რომ ისინი არსებითად განსხვავდებიან ერთმანეთისაგან. განწყობა გაგებულია, როგორც ახალი ონტოლოგიური რეალობა, როგორც მატერიალური, ფიზიოლოგიური პროცესი, როგორც არაცნობიერი ფსიქიკური სინამდვილე და როგორც ცნობიერი მოვლენა. ყოველი გაგება არგუმენტირებულია არა ფაქტებით, რომლებიც განწყობის ფსიქოლოგიის სფეროში ყველასთვის ერთნაირია, არამედ ამოსავალი მსოფლმხედველობრივი, მეთოდოლოგიური თუ თეორიული მოსაზრებებით. შეხედულება განწყობის (არაცნობიერის) ბუნების შესახებ ამის გავლენით ფორმირდება.       ამ ფონზე საკითხი ფროიდისეული არაცნობიერის განწყობით შეცვლის შესახებ რთულდება. მართლაც, ერთი მხრივ, როგორც ირკვევა, არაცნობიერის ცნება ფსიქოანალიზში არ არის ერთგვაროვანი, იგი არაცნობიერი ფსიქიკის სულ მცირე ორ, ერთმანეთისაგან ძალზე განსხვავებულ სახესხვაობას მოიცავს. მეორე მხრივ, არც განწყობის ონტოლოგიური სტატუსის მიმართ არსებობს შეთანხმებული პოზიცია. ასეთ ვითარებაში არც ისე ადვილია იმის გარკვევა, თუ რომელ არაცნობიერს როგორი განწყობა შეიძლება ჩაენაცვლოს და რატომ. ამისათვის უნდა გავითვალისწინოთ ის მეტათეორიული პრინციპები და ამოცანები, რომელთა გამოც ეს ცნებები იქნა ფორმულირებული, და ის ფუნქცია, რომელიც თეორიაში მიეწერება არაცნობიერ სფეროს, აგრეთვე თვით თეორიათა მასშტაბი და მიყენების არე. ერთი სიტყვით, არაცნობიერის ცნება უნდა განვიხილოთ არა თავისთავად, არამედ მოცემულ თეორიათა მთელს კონტექსტში. მაშასადამე, პირველ ყოვლისა, ამ თეორიათა ურთიერთმიმართება არის გასარკვევი.       დავიწყოთ იმით, თუ რა მასშტაბის კონცეფციებს მიეკუთვნება ფსიქოანალიზი და განწყობის თეორია. ცნობილია, რომ განასხვავებენ მცირე და დიდ თეორიებს. პირველი კერძო, ცალკეულ პროცესებს ეხება. მეორეს გაცილებით დიდი მოცულობა და ზოგადობა ახასიათებს. ისინი მთელი ქცევის და არა ცალკეული ასპექტების დახასიათებაზე არიან ორიენტირებულნი. დიდ თეორიებში, თავის მხრივ, კონცეფციების ორი სახე გაირჩევა – ესენია პიროვნების თეორიები და ქცევის ზოგადფსიქოლოგიური თეორიები. უკანასკნელნი ყველა სახის თუ დონის ქცევაზე ვრცელდება, ვინც უნდა იყოს მისი სუბიექტი (ცხოველი, ბავშვი, თუ ზრდასრული ადამიანი). ამასთან მათში განიხილება ქცევის სტრუქტურის ყველა ასპექტი – დინამიკური, საშემსრულებლო-ოპერაციული თუ სემანტიკური; გარდა ამისა, დახასიათებულია ყველა ფაქტორი, რომელიც მოტივაციის, გამოცდილების თუ სიტუაციის მხრიდან განსაზღვრავს მიზანშეწონილი ქცევის აღძვრას და მიმდინარეობას. რაც მთავარია, ქცევის ზოგადფსიქოლოგიურ თეორიაში გააზრებულია ქცევის რეგულაციაში ამ ფაქტორთა თანამონაწილეობის წესი, ე. ი. მოცემულია მიზანშეწონილი ქცევის ზოგადფსიქოლოგიური მექანიზმი.       პიროვნების თეორია მხოლოდ ადამიანის ქცევას ეხება; გარკვეული შეზღუდვები აქაც არის. პიროვნების თეორიაში ძირითადი და გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება ქცევის მოტივაციურ ასპექტს. აქტივობის სიტუაციური და საშემსრულებლო ასპექტი ან მთლიანად უგულვებელყოფილია (როგორც მაგალითად, ფროიდის თეორიაშია), ან ძლიერ შეზღუდულადაა წარმოდგენილი. ქცევის ფაქტორების მაინტეგრირებელი მექანიზმი, როგორც წესი, არ არის რეფლექსირებადი. პიროვნების თეორიების სპეციალისტები ამ განსხვავებებს ყურადღებას არ აქცევენ და მიაჩნიათ, რომ «ყველა ქცევის ზოგადი თეორია პიროვნების თეორიას წარმოადგენს და პირიქით» [32; 33]. ამ თეზისის მართებულობა სათუოა და რიგ შემთხვევებში სერიოზულ უხერხულობასაც ქმნის. მაგალითად, პიროვნების თეორიად ინათლება კონცეფცია, რომელიც თეთრი ვირთხების ქცევის შესწავლის შედეგად შეიქმნა (ბიჰევიორიზმი) და სადაც პიროვნების ცნება საერთოდ ფიქციად არის გამოცხადებული (სკინერი).       პიროვნების თეორია უფრო ვიწროა. აქ, ცხადია, გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს იმას, თუ როგორ არის გაგებული პიროვნება. მაგალითისთვის ოლპორტის ცნობილი განსაზღვრებებიც კმარა.       მისი ორი პირველი განსაზღვრება ასეთია: «პიროვნება ის არის, რაც კონკრეტული აქტების უკან ძევს და ინდივიდის შიგნით იმყოფება» და «პიროვნება არის ინდივიდში იმ ფსიქოფიზიკური სისტემების დინამიკური ორგანიზაცია, რომელიც განსაზღვრავს გარემოსთან მის უნიკალურ შეგუებას» [38; 48]. რომ არ ვიცოდეთ, რომ ოლპორტი პიროვნებას მხოლოდ ადამიანთან აკავშირებდა, ამ განსაზღვრებებში ცხოველებიც მოექცეოდა. მხოლოდ გვიანდელ განსაზღვრებაში, სადაც ძალზე ფართო მნიშვნელობის მქონე სიტყვა «შეგუება» შეიცვალა სიტყვებით «ქცევა» და «აზროვნება» [39] ნათლად გამოჩნდა, რომ პიროვნება მოაზროვნე სუბიექტი ანუ ადამიანი ყოფილა (თუმცა დაზუსტება აქაც საჭიროა, ვინაიდან აზროვნების პრიმიტიული ფორმა უმაღლესი ცხოველებისთვისაც არ არის უცხო).       საკითხი იმ ჭრილშიც შეიძლება დაისვას, თუ რომელი კატეგორიაა უფრო ზოგადი – ქცევა თუ პიროვნება. თუ სუბიექტი და პიროვნება სინონიმებია, მაშინ საკითხი ქათმისა და კვერცხის დილემას დაემსგავსება, ვინაიდან ქცევა და მისი სუბიექტი განუყოფელია. სუბიექტი (ავტორი) ყველა ქცევას ჰყავს. ამიტომ მის როლში შეიძლება გამოვიდეს ცხოველი და ადამიანი, თოთო ბავშვი და იდიოტი. მაგრამ, არის კი ქცევის ყველა ეს სუბიექტი პიროვნება? თუ პიროვნება მხოლოდ ადამიანია და თანაც არა ყოველგვარი ადამიანი, მაშინ მისი ქცევაც სპეციფიკური ნიშნების მქონე იქნება, რაც სწორედ პიროვნების თეორიამ უნდა დაახასიათოს და არა ქცევის ზოგადფსიქოლოგიურმა კონცეფციამ. ამიტომ, დებულება რომ ქცევის ყველა ზოგადი თეორია პიროვნების თეორიას წარმოადგენს და პირიქით, მხოლოდ პირველ ნაწილშია მართებული და ისიც იმ გაგებით, რომ ქცევის ზოგადი თეორია შეიძლება შეიცავდეს პიროვნების თეორიასაც. იმისთვის, რომ იგი მართლაც გახდეს პიროვნების სრულყოფილი თეორია, საგანგებო სამუშაოა ჩასატარებელი. ეს იმით არის ნაკარნახევი, რომ პიროვნების ჭეშმარიტი თეორია უნდა პასუხობდეს კონკრეტულ კითხვებს, და შეიცავდეს სათანადო თემებთან დაკავშირებულ «მიკროთეორიებს». ზოგადი თეორიის შექმნისას ამას ზოგჯერ სათანადო ყურადღება არ ექცევა და საჭირო ხდება მისი «მიყვანა» სათანადო კონდიციამდე.       ჰიელისა და ზიგლერის მიხედვით პიროვნების ნამდვილი თეორია უნდა შეიცავდეს მოსაზრებებს ექვსი საკითხის თუ თემის გარშემო, რომლებიც გამოხატავენ მის შინაარსს და მიყენების არეს. ესაა: 1) პიროვნების სტრუქტურა 2) მოტივაცია 3) პიროვნების განვითარება 4) ფსიქოპათოლოგია 5) ფსიქიკური ჯანმრთელობა და 6) პიროვნების შეცვლა ფსიქოთერაპიული ზემოქმედების გზით [32].       ფროიდის მოძღვრება პიროვნების ერთ-ერთი თვალსაჩინო თეორიაა. იგი შეიცავს პასუხს თითოეულ ამ საკითხზე. უზნაძის თეორიის კვალიფიცირება ამ მხრივ უფრო რთულია. იგი პირველ რიგში ქცევის ზოგადფსიქოლოგიური თეორიაა. მას აქვს ასეთი რანგის კონცეფციის ყველა ნიშანი. განწყობის თეორია მოწოდებულია გადაჭრას მასშტაბური მეთოდოლოგიური ამოცანები. იგი რელევანტურია ქცევის ყოველგვარი გამოვლენის მიმართ, მიუხედავად იმისა, ვინ ახორციელებს მას და რა დონისა თუ სახისაა იგი. განწყობის თეორია მიმართულია მიზანშეწონილი ქცევის უნივერსალური მექანიზმის გამოვლენასა და შესწავლაზე. ამიტომ მასში გათვალისწინებულია ყველა შინაგანი თუ გარეგანი ფაქტორი, რომელიც მონაწილეობს ქცევის დეტერმინაციაში. ამავე დროს, როგორც უნივერსალური ზოგადფსიქოლოგიური კონცეფცია, განწყობის თეორია შეიცავს მოძღვრებას ადამიანის ფსიქიკისა თუ ქცევის თავისებურებათა და კანონზომირებათა შესახებაც.       აქ საჭიროა აღინიშნოს, რომ უზნაძის სკოლაში არსებობს ისეთი თვალსაზრისიც, რომლის თანახმად განწყობის თეორია მხოლოდ პიროვნების თეორიაა. მაგალითად, ა. ბოჭორიშვილი და მისი ზოგიერთი მიმდევარი ფიქრობს, რომ «განწყობაზე მხოლოდ იქ უნდა ვილაპარაკოთ, სადაც პიროვნება გვეგულება» და, მაშასადამე, «განწყობის ფსიქოლოგია, როგორც პიროვნების ფსიქოლოგია, შესაძლებელია მხოლოდ როგორც ადამიანის ფსიქოლოგია» [1; 292-293]. პიროვნება კი მხოლოდ იქ არის, სადაც ცნობიერებაა. ამ მტკიცებათა რეალური წყარო ავტორის მიერ არაცნობიერი ფსიქიკურის არსებობის კატეგორიული მიუღებლობაა. ამიტომ იგი ყოველ ზოგადფსიქოლოგიურ სისტემას, მათ შორის განწყობის თეორიასაც, ცნობიერებიდან იწყებს და პიროვნების თეორიად ნათლავს. საკითხავია ოღონდ, არსებობს თუ არა ამისათვის საკმაო საფუძველი. ბოჭორიშვილს მიაჩნია, რომ მოთხოვნილებისა და სიტუაციის თანხვედრით მიღებულ მდგომარეობაზე მსჯელობა საზოგადოდ კანონიერია, მაგრამ იგი სცილდება ფსიქოლოგიის ჩარჩოებს, ვინაიდან არც მოთხოვნილება და არც სიტუაცია არ არის ფსიქოლოგიური კატეგორია. «ცხოველის (და მცენარის) მიზანშეწონილი ქცევა და ყოველივე მასთან დაკავშირებული ბიოლოგიის პრობლემაა და არა ფსიქოლოგიისა» [1; 293].       საფიქრებელია, რომ ყოველივე თქმული სერიოზულ გაუგებრობას ქმნის. რატომ არის მოთხოვნილება და მისი დაკმაყოფილების გარემოს ასახვა არაფსიქიკური მოვლენა? ვინ თქვა, რომ მცენარე ქცევას ახორციელებს, ხოლო ცხოველის ქცევის მიზანშეწონილობის პრობლემა მხოლოდ ბიოლოგიის კომპენტენციაა? განა ქცევის, თუნდაც ცხოველის ქცევის, განხორციელებაში ფსიქიკა არ მონაწილეობს? ან იქნებ ცხოველს საერთოდ არ აქვს ფსიქიკა, განცდა და იგი მხოლოდ ავტომატია. მაშინ მართალი ყოფილა მალბრანში, როცა ამტკიცებდა, რომ შეიძლება გულარხეინად ვაწამოთ ძაღლი და არ მივაქციოთ ყურადღება მის წკმუტუნს, რადგან ეს მხოლოდ ცუდად გაზეთილი მექანიზმის ჭრიალია. ამ კითხვებზე პასუხის გარეშე მოცემული პოზიცია დაუსაბუთებელი დარჩება. სხვა თუ არაფერი, თუკი იგი შევიწყნარეთ, ფსიქოლოგიური მეცნიერების მიღმა დარჩება არა მხოლოდ განწყობის ფსიქოლოგია, რომელიც ცალსახად ქცევის მიზანშეწონილობის თეორიაა, არამედ აგრეთვე ფსიქოლოგიის ძირითადი მიმართულებები: ბიჰევიორიზმი და ნეობიჰევიორიზმი, გეშტალტფსიქოლოგია და ტოპოლოგიური ფსიქოლოგია, ფუნქციონალური და გენეტიკური ფსიქოლოგია, კოგნიტივიზმი და ქმედების თეორია, აგრეთვე ფსიქოლოგიის სხვა მნიშვნელოვანი მიმართულებანი.       განწყობის ფსიქოლოგია მხოლოდ პიროვნების თეორია არ არის. ის პირველ ყოვლისა ქცევის სუბიექტის, ქცევის აქტორის ფსიქოლოგიაა. ამ როლში კი შეიძლება მოგვევლინოს ყოველი ცოცხალი არსება, ცხოველიც და ადამიანიც. თვით ადამიანის ფსიქიკური აქტივობაც სხვადასხვა დონეებზე მიმდინარეობს. ამიტომ ყველა მისი ქცევა პიროვნების აქტორობით არ სრულდება. ამ გაგებით ადამიანის ფსიქოლოგიაც არ არის ყოველთვის პიროვნების ფსიქოლოგია. განწყობის ფსიქოლოგია მოიცავს ფსიქიკური აქტივობის ყველა დონეს (მაგალითად, იმპულსური – ნებელობითი, განწყობის – ობიექტივაციის, ინდივიდის – სუბიექტის – პიროვნების), ამიტომ მართებულადაა მიჩნეული ქცევის ზოგად თეორიად. მაგრამ ითვალისწინებს რა პიროვნების აქტივობის დონესაც, იგი პიროვნების თეორიაცაა. ამავე დროს, ჩვენი აზრით, იგი შეიცავს გარკვეულ მოსაზრებათა სისტემას იმ საკითხებისა თუ თემების გარშემო, რომელთაც, როგორც აღინიშნა, უნდა მოიცავდეს პიროვნების სრული თეორია. თუ ეს მართლაც ასეა, მაშინ ფროიდის და უზნაძის კონცეფციების, როგორც პიროვნების თეორიების შედარება შესაძლებელი და საინტერესო გახდება, თუმცა ამისათვის საგანგებო, რთული სამუშაოს ჩატარება იქნება საჭირო. ამ შემთხვევაში კი მხოლოდ იმაში გვსურს დავრწმუნდეთ, რომ პიროვნების თეორიის შემადგენელი თემები მართლაც არის წარმოდგენილი განწყობის ფსიქოლოგიაში.       1. საკითხი პიროვნების სტრუქტურის ანუ ადამიანის ქცევის სტაბილური ასპექტების შესახებ განწყობის ფსიქოლოგიაში რამდენიმე კუთხით არის განხილული. პირველ ყოვლისა ფიქსირებული ან ე. წ. დისპოზიციური განწყობის სახით გამოყოფილია პიროვნების სტრუქტურის მთავარი ერთეული, აქტივობის ძირითადი საშენი ბლოკი [8][15]. ის გარემოება, რომ ფიქსირებული განწყობები განსხვავდება პიროვნული წონით, გენეზისით, სიმყარით, ფუნქციით, რეალიზაციის ხარისხითაც კი, შესაძლებლობას ქმნის, გავავლოთ პარალელი არა მხოლოდ პიროვნების ე. წ. დისპოზიციური თეორიების ისეთ ცნებებთან, როგორიცაა სხვადასხვა სახის პიროვნული თვისება, ინდივიდუალური დისპოზიცია, ფაქტორი თუ სხვა, არამედ ფსიქოანალიზის ისეთ ცნებასთანაც, როგორიცაა კომპლექსი.       პიროვნების სტრუქტურა შეიძლება აღიწეროს პიროვნების ტიპის კონცეფციით. განწყობის ფსიქოლოგიაში მოცემულია ასეთი კონცეფცია; იგი პიროვნების ფორმალურ-დინამიკურ მახასიათებლებს ეხება. თუკი იგი მყარად დაუკავშირდება პიროვნების შინაარსეულ მახასიათებლებს, შესაძლებელი გახდება ფსიქოანალიზურ ტიპოლოგიასთან მისი მიმართების განხილვაც. და ბოლოს, განწყობის ფსიქოლოგიაში შემუშავებულია თვალსაზრისი განწყობისა და ადამიანის ფსიქიკური აქტივობის იერარქიული დონეების შესახებ [7ბ], რომელიც არ უნდა იყოს სავსებით ჰეტეროგენული ფროიდის პიროვნების სამდონიანი მოდელის მიმართ.       2. რაც შეეხება მოტივაციას, ამ თემაზე საკუთარი აზრი არა მხოლოდ პიროვნების თეორიას, არამედ ყოველ ზოგადფსიქოლოგიურ თეორიას უნდა მოეპოვებოდეს. გამონაკლისი არც განწყობის ფსიქოლოგიაა. უზნაძეს და მის მიმდევრებს ამ მხრივ არაერთი ორიგინალური მოსაზრება აქვთ გამოთქმული. ზოგი მათგანი მოთხოვნილებათა კლასიფიკაციას ეხება. გამოყოფილია სხვადასხვა სახის მოთხოვნილებები: დაბალი (ვიტალური) და მაღალი (მე-ს ეთიკური, ესთეტიკური და ინტელექტუალური მოთხოვნილებები) [15]; აგრეთვე ბიოგენური, ფსიქოგენური და სოციოგენური მოთხოვნილებები [21]. ძალზე ნაყოფიერი აღმოჩნდა ე.წ. სუბსატანციონალური და ფუნქციონალური მოთხოვნილებების კონცეპტუალიზაცია. სუბსტანციონალური მოთხოვნილებები რაიმე საგნით კმაყოფილდება, ხოლო ფუნქციონალური – საკუთრივ აქტივობით. ისინი კვებავენ ისეთ ქცევებს, როგორიცაა თამაში, გართობა, ესთეტიკური ტკბობა, შემოქმედება, ნაწილობრივ სწავლა და სხვა [15][16]. ჩვენი ანალიზისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ სწორედ ფუნქციონალური ტენდენციის კონსტრუქტის გამოყენებით არის გააზრებული განწყობის თეორიაში ისეთი «ფსიქოანალიზური თემები», როგორიცაა სიზმარი და კომპლექსი [12].       მოთხოვნილება აქტივობის აღძვრას ემსახურება, ხოლო მოტივი გამოხატავს იმ ღირებულებას, რომელიც კონკრეტულ ქცევას აქვს პიროვნებისთვის. ამიტომ მოტივი გადაწყვეტილების მიღების საფუძველია. უზნაძის და მისი მიმდევრების მიერ გამოთქმულია მრავალი საყურადღებო მოსაზრება, რომლებიც ეხება სხვადასხვა მოტივაციური წარმონაქმნების (მიზანი, გეგმა, მოტივი, ატიტუდი და სხვა) ბუნებასა თუ ფუნქციონირების წესს; აგრეთვე თვით მოტივაციის პროცესის ფუნქციას და დინამიკას (ქცევის აღძვრა, მიმართულება, გადაწყვეტილების მომზადება, მოთხოვნილებათა თანამოქმედება და ა. შ.) [15][21][24].       ჩხარტიშვილის აზრით, ძირითადი წინააღმდეგობა ფროიდსა და უზნაძის თეორიებს შორის წარმოიქმნება არა განწყობის ცნებასთან მიმართებაში, არამედ ქცევის მთავარ აღმძვრელ ფაქტორთან დაკავშირებით. ფროიდისთვის ეს არის სექსუალური ლტოლვები, ხოლო უზნაძის მიხედვით ამ «მთავარი ძალის ფუნქციას ასრულებს აქტივობის მოთხოვნილება, რომელიც დიფერენცირდება რა ფუნქციონალური სტრუქტურის შესაბამისად, შესატყვის სიტუაციაში განსაზღვრავს ადეკვატური განწყობის ფორმირებასა და რეალიზაციას» [35; 108].       ამას შეიძლება დავუმატოთ ისიც, რომ ფსიქოანალიზი მოტივაციის ჰომეოსტატურ, დახურულ მოდელს გვთავაზობს. განწყობის თეორიაში კი მოტივაციის ღია მოდელია გათვალისწინებული, რომელიც არ ეფუძნება წონასწორობის პრინციპს. «წონასწორობის ცნება, ამბობს უზნაძე, არ შეიძლება ამოსავალი ცნება იყოს ჩვენთვის, რაკი, ჩვენი რწმენით, ცოცხალი ორგანიზმი არსებითად ყოველთვის ერთგვარს დინამიკურ სისტემას წარმოადგენს. ბუნებრივი მდგომარეობა ცოცხალი ორგანიზმისა არის არა წონასწორობა გარემოსთან და უძრაობა, არამედ პირიქით, მოძრაობა, აქტივობა» [19; 88]. ამ პრინციპულ პოზიციას სხვა მკვლევარებიც იზიარებენ [21] [24]. ყველაზე შორს ამ მხრივ ა. ალხაზიშვილი წავიდა. მან აჩვენა, რომ ე. წ. სუბსტანციონალური მოთხოვნილებები ყოველთვის დახურული, ჰომეოსტატური სისტემებია; ხოლო იმ ფუნქციონალურ მოთხოვნილებებს, რომლებიც სპეციფიკურად ადამიანურ ფუნქციებში იღებენ სათავეს, ღიაობის პოტენციალი აქვთ [23]. სპეციფიკურად ადამიანური მოთხოვნილებების ღია ხასიათი ვლინდება მათ მუდმივობაში, არაციკლურობაში, დაკმაყოფილების ფიქსირებული დონის უქონლობაში, განვითარების, ზრდის და რეალიზაციის სულ უფრო მაღალი დონეებისაკენ სწრაფვაში. თქმა არ უნდა, რომ ამ მხრივ განწყობის ფსიქოლოგიაში გამოთქმული მოსაზრებები თვალსაჩინოდ უპირისპირდება ფსიქოანალიზს და უახლოვდება ჰუმანისტური ფსიქოლოგიის პოზიციას.       3. ადამიანის ონტოგენეტიკური განვითარების საკითხს უზნაძის სკოლა ყოველთვის დიდ მნიშვნელობას ანიჭებდა. უზნაძეს ეკუთვნის ე. წ. «კოინცინდენციის თეორია», რომელიც განვითარების მამოძრავებელი ძალებისა და ფაქტორების ურთიერთმიმართებას ითვალისწინებს. ამ კონცეფციის თანახმად შინაგანი, თანდაყოლილი და გარეგანი, შეძენილი ფაქტორები იმთავითვე გულისხმობს და გარკვეულად მოიცავს ერთმანეთს. განვითარება ამ ამოსავალი ერთიანობის საფუძველზე ხდება. პოტენციური თანდაყოლილი ძალა თუ უნარი იმთავითვე თავის დამაკმაყოფილებელ გარემოსა და გამღიზიანებელს გულისხმობს. ამიტომ განვითარების წარმართვა (აღზრდა) ონტოგენეზის ყველა ეტაპზე მომწიფებული ფსიქოფიზიკური ძალებისთვის შესატყვისი «ასაკობრივი გარემოს» ორგანიზაციაში მდგომარეობს. «ასაკობრივ გარემოთა» კანონზომიერ ცვალებადობაზეა დამყარებული ბავშვის განვითარების უზნაძისეული პერიოდიზაცია [11][16]. ამ საკითხში უზნაძის პოზიცია მკაფიოდ ინტერაქციონისტულია, მაშინ, როდესაც ფროიდი უკიდურესი კონსტიტუციონალიზმის პოზიციაზე დგას [33].       თუ ფროიდის მიერ აღწერილი ფსიქოსექსუალური განვითარების სტადიები ფაქტიურად მოტივაციური სფეროს (ლიბიდოს) ჩამოყალიბების პროცესს ასახავს, უზნაძე ადამიანის განვითარების ფაქტორთა უფრო ფართო სპექტრს განიხილავს; ამა თუ იმ ასაკობრივი პერიოდის ხასიათი განისაზღვრება როგორც მოტივაციური, ისე ფუნქციონალური სფეროებით. ამასთან, რაც მთავარია, ფროიდისგან განსხვავებით, განვითარების პროცესის მიმდინარეობა არ არის ფატალურად განსაზღვრული ფსიქიკური ენერგეტიკის ფორმირების არსებითად ინსტინქტური, თანდაყოლილი კანონზომიერებებით. თუმცა, უნდა ითქვას, რომ თვით განწყობის, როგორც შინაგანისა და გარეგანის გამაერთიანებელი მექანიზმის ონტოგენეტური ცვალებადობა ჯერ კიდევ არ არის სათანადოდ შესწავლილი.       4. უზნაძემ შექმნა განწყობის ფსიქოპათოლოგია. მისი მოძღვრების თანახმად ფსიქიკური დაავადების არსი პიროვნების მთლიანობითი სტრუქტურის დარღვევაში უნდა ვეძიოთ. თეორიის მიხედვით ეს სტრუქტურა პირველ ყოვლისა განწყობაშია რეპრეზენტირებული. ამიტომ, რაკიღა, როგორც ფსიქოზების, ისე ნევროზების დროს «ქცევის მკვეთრად გამოვლენილი გადახრის ან გამრუდების სხვადასხვა ფორმას ვხვდებით», «ამ პათოლოგიურ შემთხვევებში, განწყობის მოქმედების უეჭველად ამდენივე განსხვავებულ ფორმებთან უნდა გვქონდეს საქმე» [15; 113]. უზნაძის სკოლაში ჩატარდა მრავალი გამოკვლევა იმის გამოსავლენად, თუ როგორ იცვლება განწყობის ფორმალურ-დინამიკური მახასიათებლები განსხვავებული ფსიქიკური დაავადებების შემთხვევაში. ამ მონაცემებს გარკვეული დიაგნისტიკური ღირებულება მიეწერება.       5. განწყობა მიზანშეწონილი ქცევის, ე. ი. ნორმალური ადაპტაციის მექანიზმია. მისი გარკვეული მხარეების თუ ნიშნების პათოლოგიური ცვლილება არღვევს ოპტიმალური შეგუების შესაძლებლობას, რაც დაავადების ამა თუ იმ ფორმაში ვლინდება. მაგალითად, ფსიქასთენიის დროს ეს დარწმუნებულობის სისუსტეა, რომელიც განწყობის დიფერენცირებულობის უკმარისობით არის გამოწვეული, ხოლო ისტერიის შემთხვევაში აქტიური წარმოდგენით გაშუალებული განწყობის შექმნის სიძნელეში მჟღავნდება [17]. მაგრამ საფიქრებელია, რომ თუ განწყობის მექანიზმის დეფექტი დაავადებაში ვლინდება, გამოჯანსაღების პროცესიც უნდა აისახოს განწყობის მოქმედების სფეროში; კერძოდ, «განწყობის მოქმედების ტიპი ნორმალურს უნდა დაუახლოვდეს. პათოლოგიური განწყობის ექსპერიმენტული შესწავლის პროცესში სწორედ ამ ფაქტმა იჩინა თავი: «ყველგან, სადაც ავადმყოფი გაუმჯობესების გზას ადგებოდა, განსაკუთრებით იქ, სადაც მართლა გაჯანსაღების შესახებ შეიძლებოდა ლაპარაკი, ხშირად იქაც, სადაც იგი დროებით მაინც კარგად გრძნობდა თავს, მისი განწყობის ტიპი თვალსაჩინოდ იცვლებოდა და გარკვევით იმას უახლოვდებოდა, რაც ამ სუბიექტისათვის, როგორც გარკვეული ხასიათის პატრონისათვის, ჯანმრთელობის დროს იყო ან უნდა ყოფილიყო დამახასიათებელი» [15; 117]. ამრიგად, ჯანმრთელობა ქცევის მიზანშეწონილობის ხარისხის მაჩვენებელია. ამ პუნქტში უზნაძისა და ფროიდის პოზიცია არსებითად იდენტურია. ფროიდისთვისაც პიროვნების ჯანმრთელობის და მოწიფულობის საზომი იყო პროდუქტიული მუშაობის და ნორმალური სოციალური ურთიერთობის უნარი.       ასეთია ის ხუთი სფერო, რომელსაც უნდა მოიცავდეს პიროვნების სრულყოფილი თეორია. განწყობის ფსიქოლოგიაში, როგორც ვნახეთ, ისინი გათვალისწინებულია. პოზიცია ყველგან მეტნაკლებად გამოკვეთილია. რაც შეეხება მეექვსე თემას – ფსიქოთერაპიას, აქ საქმე უფრო რთულადაა და ამაზე ქვემოთ ვიტყვით. აქ კი აუცილებელია აღინიშნოს, რომ განხილულ საკითხთა უმრავლესობა ფროიდისა და უზნაძის მიერ განსხვავებულად არის დასმული და განხილული. ეს არც არის გასაკვირი, რადგან სისტემების შექმნისას ისინი სხვადასხვა მეთოდოლოგიურ, თერაპიულ და პრაქტიკულ ამოცანებს ისახავდნენ. უზნაძე უაღრესად მასშტაბური პრობლემების წინაშე იდგა. ფსიქოფიზიკურის საკითხის, სუბიექტის, მიზანშეწონილობის პრობლემებთან შერკინებამ მის თეორიას აშკარად ზოგადფსიქოლოგიური ხასიათი შესძინა. განწყობის კატეგორია პირველ ყოვლისა ამ მეთოდოლოგიური პრობლემების გააზრებას ემსახურება. ამავე დროს, სპეციფიკურად ადამიანურ ფაქტორებზე აგებული განწყობა, რომელიც ობიექტივაციის მექანიზმს იყენებს, სხვადასხვაგვარი ფიქსირებული განწყობები, რომელნიც პიროვნულ თვისებებს, გამოცდილებასა და რესურსებს გამოხატავენ, ქმნიან იმის შესაძლებლობას, რომ ამ თეორიით აიხსნას საკუთრივ ადამიანური ქცევის თავისებურებები, პიროვნების ჩამოყალიბების და ცვალებადობის კანონზომიერებანი. განწყობის ზოგადფსიქოლოგიური კონცეფციის ფარგლებში უზნაძემ დაიწყო ადამიანის, პიროვნების თეორიის შექმნა. ეს საქმე განაგრძეს მისმა მიმდევრებმა. თეორიის დახვეწა-განვითარება ამ მიმართულებით ამჟამადაც მიმდინარეობს.       ამ კონტექსტში უაღრესად საინტერესო და სასარგებლო უნდა იყოს განწყობის ფსიქოლოგიის შედარება პიროვნების სხვა თეორიებთან, იმათთანაც, რომლებიც ზოგადფსიქოლოგიური სისტემის ფარგლებში იმყოფებიან და იმათთანაც, რომლებიც იმთავითვე პიროვნების თეორიის სახით იყვნენ ფორმირებული[44].       ფროიდის თეორია ამ უკანასკნელთა რიგს მიეკუთვნება, ამიტომ მასში ვერ მოვიძიებთ იმ მდიდარ შინაარსს, რომელსაც გამოხატავს განწყობა, როგორც ყოველგვარი ქცევის უნიკალური მექანიზმი. განწყობის ცნების ადგილი ფროიდის თეორიაში არ ჩანს და არც არის შევსებული. ფსიქოანალიზში არაცნობიერის ცნება იმისთვის და ისეა ფორმირებული, რომ იგი პირველ რიგში ფსიქოთერაპიული პრაქტიკისთვის იყოს სასარგებლო, მოსახერხებელი. ყოველ შემთხვევაში ასეთია ე. წ. «განდევნილი არაცნობიერი» რომლის ცნობიერებიდან გასვლის და შემდეგ მობრუნების პროცესი ფროიდს უფრო მეტად აინტერესებდა, ვიდრე «საკუთრივ არაცნობიერის» ონტოლოგიური ბუნება. ფსიქოანალზური მეთოდი ამ ფაქტიურ ვითარებას ეხება. ამიტომაც ცნობიერებიდან გასული და შემოსული შინაარსი ერთი და იმავე ფსიქიკური მოვლენების სახით არის წარმოდგენილი. უზნაძეც ამას საყვედურობდა ფროიდს: ცნობიერების გარეშე არსებულ ფსიქიკურს სხვაგვარი ბუნება აქვსო და განწყობის სახით მისი თავისებურებების გათვალისწინება სცადა. ახლა თუ იმასაც მივიღებთ მხედველობაში, რომ «არაცნობიერი ფსიქიკურის ბუნება არც ყოფილა ფროიდის შესწავლის საგანი» [2; 51], არც ისე ნათელია, როგორ უნდა შედარდეს ერთმანეთს ფროიდის არაცნობიერი და განწყობა ამ უკანასკნელით მისი ჩანაცვლების თვალსაზრისით. არადა, ფსიქოანალიზის უზნაძისეული შეფასების მეორე ნაწილი სწორედ ამას გულისხმობს.       მართლაც, არაცნობიერის ცნება ორივე ავტორს დასჭირდა, მაგრამ მისი დამუშავება სხვადასხვა მოსაზრებით მოხდა და განსხვავებული მეთოდოლოგიით წარიმართა. უზნაძის წინაშე იდგა ფილოსოფიური ფსიქოლოგიის ძირეული პრობლემები, ხოლო მათ გადასაჭრელად ექსპერიმენტულად კონცეპტუალიზებული სინამდვილე (განწყობა) შეისწავლებოდა. ფროიდი, როგორც ექიმი, თავიდანვე ფსიქოთერაპიის ინტერესით იყო შეპყრობილი და კლინიკური დაკვირვების მეთოდს იყენებდა. შესაბამისად, არაცნობიერის ცნებამ არსებითად განსხვავებული ხასიათი და შინაარსი შეიძინა. ეს ცნებები თავის შინაარსს თეორიის მთელი კონტექსტიდან იძენს და მათი მექანიკური ურთიერთჩანაცვლება სხვა თუ არაფერი, არანაყოფიერი იქნება. ფროიდის განდევნილი არაცნობიერის ცნება პრინციპულად არ გამოდგება უშუალობის პოსტულატის დასაძლევად, ქცევის მიზანშეწონილობის გასაგებად ან ფსიქიკის გენეზისის პრობლემის გასაანალიზებლად. თუმცა თუნდაც ამ ბოლო პრობლემის მიმართ ფროიდისავე «საკუთრივ არაცნობიერის» ცნება შესაძლებელია არც ისე ჰეტეროგენული აღმოჩნდეს. ამავე დროს, განწყობის ცნებასაც გაუჭირდება პირდაპირ გახდეს კლინიკური პრაქტიკის ან ფსიქოთერაპიის საფუძველი. განწყობის ფსიქოლოგიისთვის, თუკი იგი პიროვნების თეორიის სტატუსზეც აცხადებს პრეტენზიას, ეს ამოცანა ჯერ კიდევ გადასაჭრელია. სამწუხაროდ, აქამდე ამ მიმართულებით საგანგებო და სისტემატური მუშაობა არ წარმართულა. პოლიტიკურ-იდეოლოგიური გარემო, რომელშიც ბოლო წლებამდე განწყობის ფსიქოლოგიას უხდებოდა ფორმირება, საერთოდ არ იყო ფსიქოთერაპიის განვითარებისთვის ხელშემწყობი, არადა, ყოველი დიდი ფსიქოლოგიური თეორიის ნაყოფიერების ერთ-ერთი ძირითადი ნიშანი ის არის, შექმნილა თუ არა მის ბაზაზე ფსიქოთერაპიული კონცეფცია და რამდენად ეფექტურია მასზე დაფუძნებული ფსიქოთერაპიული პრაქტიკა. ამ მხრივ განწყობის ფსიქოლოგიას ზრდის დიდი პოტენციალი უეჭველად აქვს. მაგრამ ჯერჯერობით მას ამ ასპექტით ვერ შევადარებთ ფსიქოანალიზს, რომელშიც არა მხოლოდ დაავადებისა და მკურნალობის მექანიზმების თეორიაა, არამედ მოცემულია მკურნალობის მეთოდებისა და ტექნიკების სისტემა.       სადღეისოდ ჩვენს ხელთაა ერთადერთი მაგალითი იმისა, თუ როგორ შეიძლება იქნას გააზრებული ნევროზის აღმოცენებისა და განკურნების პროცესი განწყობის ფსიქოლოგიის თვალსაზრისით. იგი ეკუთვნის საქართველოში სამედიცინო ფსიქოლოგიის ფუძემდებელს, ი. ბჟალავას [2]. ბჟალავა არ გვაძლევს მითითებებს რაიმე კონკრეტულ მეთოდებსა თუ ტექნიკებზე, რომელთაც განწყობისეული ფსიქოთერაპია შეიძლება ეწოდოს. იგი უბრალოდ ცდილობს, გაიაზროს დაავადებისა და გამოჯანმრთელების იდეოლოგია განწყობის საფუძველზე და ფსიქოანალიზთან შეპირისპირებით. იგი სპეციალურად აღნიშნავს, რომ მის ანალიზში მოცემულია იმ პროცესის აღწერა, რომელსაც ფსიქოანალიზში უწოდებენ «არაცნობიერის გარდაქმნას ცნობიერებად»; ამასთან ერთად, უზნაძესთან სრულ შესაბამისობაში ამტკიცებს, რომ ცნობიერების შინაარსი იდევნება, მაგრამ რჩება განწყობა და ესაა ის, რაც ფროიდის მოძღვრებაში «კომპლექსის» სახელით აღინიშნება.       ბჟალავა განიხილავს კრეჩმერის მიერ აღწერილ კლინიკურ შემთხვევას. ახალგაზრდა ქალმა იგრძნო ახლობელი ყმაწვილისადმი ნორმალური სქესობრივი ლტოლვა. ოჯახური ნორმებისა და საერთო მორალური პრინციპების ზეგავლენით იგი ცდილობს ეს არ გაამჟღავნოს. თავშეკავება იწვევს გაფითრება-გაწითლების უნებლიე რეაქციებს, რომლებსაც იგი თავისი დაფარული სურვილის გამოვლინებად მიიჩნევს. ეს აძლიერებს გამჟღავნებასთან დაკავშირებულ შიშს. ქალიშვილი ებრძვის თავს, ერიდება საზოგადოებაში ყოფნას, მაგრამ სიმპტომი პირიქით, ძლიერდება და ბოლოს ტრანსფორმირდება ილუზორულ განცდაში იმისა, რომ მას მუცელში ჰყავს გველი, რომლის თავი საყლაპავს ებჯინება.       ახლა ვნახოთ, თუ როგორ ახასიათებს ამ ვითარებას ავტორი განწყობის ფსიქოლოგიის ენაზე. სქესობრივმა მოთხოვნილებამ მონახა თავისი ობიექტი (სიტუაცია) და ამ ფაქტორების საფუძველზე შეიქმნა აქტუალური განწყობა. ვუწოდოთ მას პირობითად სქესობრივი ქცევის განწყობა. მოცემულ ფაქტორთა ხშირ შეხვედრას მოჰყვა განწყობის უნებლიე ფიქსაცია. ამ ფიქსირებულ განწყობას ეწინააღმდეგება აღზრდის პროცესში ჩამოყალიბებული და გაფიქსირებული განწყობა, რომელიც სქესობრივ მორალთანაა დაკავშირებული. ამ ორი განწყობის კონფლიქტის შედეგად ცნობიერებაში ჩნდება კონტრასტული განცდები. ირღვევა ცნობიერ მოვლენებს შორის ლოგიკური კავშირი. ძლიერდება იმპულსების ბრძოლა, რაც აღრმავებს განცდებს შორის კონფლიქტს. თავს იჩენს ერთმანეთის გამომრიცხავი შინაარსები და ამბივალენტური ტენდენციების მოქმედება. ჩვეულებრივ სიტუაციაში, როგორც ეს განწყობის ექსპერიმენტებიდან ჩანს, ცნობიერების შინაარსების ილუზორული ინტერპრეტაცია ადგილს უთმობს ადეკვატურ აღქმას. მაგრამ ავადმყოფობის შემთხვევაში რეალობის პრინციპს ძალა დაკარგული აქვს, ამიტომ გრძელდება ინფორმაციის მცდარი გადამუშავება. ავადმყოფი ვერ ახერხებს ფიქსირებული განწყობის შეცვლას. იგი ძველი, პათოლოგიურად ტრანსფორმირებული განწყობის ტყვეობაში რჩება და შთაბეჭდილებათა მცდარ ასიმილაციას, ე. ი. ცნობიერების თვალსაჩინო შინაარსების შერწყმასა და იდენტიფიკაციას ახდენს. ამ პათოლოგიურად შეცვლილი განწყობის ნიადაგზე ხდება შთაბეჭდილებათა ისეთი შეერთება, რასაც კონტამინაცია ეწოდება.       განწყობის პათოლოგიური შეცვლა გამოიხატება იმაში, რომ იგი ინერტული ხდება. ავადმყოფი უძლურია, თავისი ნებით შეცვალოს იგი, წინ აღუდგეს მის რეალიზაციას. ექიმის ფსიქოთერაპიის დანიშნულებაა, დაეხმაროს ამაში პაციენტს. ავადმყოფობის წყაროდ ქცეული ფიქსირებული განწყობა უნდა მოისპოს, აღმოიფხვრას; მას ნიადაგი უნდა გამოეცალოს და ცნობიერების მონაწილეობით «საწინააღმდეგო განწყობა» შემუშავდეს. ამისათვის აუცილებელია ფსიქოთერაპიის პროცესი, რომელიც გააანალიზებს ავადმყოფობის გამომწვევი ფიქსირებული განწყობის ობიექტურ და სუბიექტურ ფაქტორებს, რასაც მოჰყვება შეგნება იმისა, თუ რამ განაპირობა ავადმყოფური სიმპტომების აღმოცენება. ამ ობიექტივირებული ცოდნის საფუძველზე ვაღწევთ სიმპტომების გაცნობიერებას და სიმპტომების წყაროდ ქცეული განწყობის შეცვლას ცნობიერების, ე. ი. ობიექტივაციის დონეზე შემუშავებული განწყობით. ამას კი ავადმყოფი განკურნებისაკენ მიჰყავს. განკურნება ნიშნავს არა მოთხოვნილების მოსპობას, არამედ მისი რეალიზაციის ნორმალური საფუძვლის მონახვას. ობიექტივაციის დონეზე უნდა შეიქმნას ახალი განწყობა, რომელიც ამ მოთხოვნილებას ისეთ არხში წარმართავს, რომ არ დაუპირისპირებს მას სხვა განწყობებს. «ასე გვეხატება ჩვენ, დაასკვნის ავტორი, პროცესის მიმდინარეობა, რომელსაც ფსიქოანალიტიკოსები უწოდებენ არაცნობიერის გარდაქმნას ცნობიერებად. ამ პროცესს, ჩვენი აზრით, საფუძვლად უდევს ობიექტივირებული ცოდნა» [2; 68].       ადვილი დასანახია, რომ ბჟალავა თანმიმდევრულად მიჰყვება იმ ხაზს, რომელიც დასახა უზნაძემ. ფსიქოანალიზური ფსიქოთერაპია გასააზრებელია განწყობისეულ ფსიქოთერაპიად. უზნაძის თქმით, ფსიქოანალიზური პრაქტიკა ნაყოფიერია იმიტომ, რომ «ფროიდი მკურნალობის პროცესში ხშირად მართლაც ახერხებდა შეხებოდა იმას, რაც მნიშვნელოვნად აპირობებდა დაავადების პროცესს» [18; 285]. ეს რაღაც არის არა ცნობიერებიდან განდევნილი განცდა (კომპლექსი), არამედ განწყობა. მაშასადამე, დაავადების მიზეზიც და განკურნების გზაც განწყობაში უნდა ვეძიოთ. განწყობის თეორიისათვის ეს დებულება სავსებით ლოგიკური და სამართლიანია. სხვა ამბავია, როგორ უნდა მოხდეს მისი რეალიზაცია კონკრეტული ფსიქოთერაპიის ვითარებაში. ამისთვის მრავალი საკითხია დასაზუსტებელი და დასამუშავებელი. ეს ბჟალავას ანალიზიდანაც ჩანს. იგი არ გვაჩვენებს იმას, თუ კონკრეტულად როგორ უნდა გავიგოთ დაავადება და როგორ ჩავატაროთ მკურნალობა. როგორც აღვნიშნეთ, ამის პრეტენზია ავტორს არცა აქვს. სამაგიეროდ, განწყობისეულ ფსიქოთერპიასთან დაკავშირებული საკითხების გამოსაკვეთად მოცემული ანალიზი ფრიად სასარგებლოა.       პირველ რიგში უნდა აღინიშნოს, რომ ეს ანალიზი მიმართულია უპირატესად ფსიქიკური დარღვევის აღმოცენების და მიმდინარეობის შინაარსობრივ მხარეზე. ასეთი მიდგომა შესაძლებელს ხდის ფსიქოანალიზურ და განწყობისეულ ფსიქოპათოლოგიებს შორის ურთიერთმიმართების დამყარებას. ეს პრინციპული ვითარებაა. საქმე ისა, რომ ორივე მიდგომა ავადმყოფობის მიზეზს ცნობიერების მიღმა არსებულ სფეროში ეძებს. მაგრამ ფსიქოანალიზი იქ არსებულ შინაარსებზე ლაპარაკობს, ხოლო განწყობისეული ფსიქოპათოლოგია ტრადიციულად ორიენტირებულია განწყობის ფორმალურ-დინამიკურ ნიშნებზე. სხვადასხვა ფსიქიკური აშლილობის დახასიათებისას იზომება ფიქსირებული განწყობის ცნობილი დინამიკური მახასიათებლები. ამ მონაცემებს უთუოდ აქვთ გარკვეული პრაქტიკული მნიშნეველობა. მაგრამ ფსიქოთერაპიის პროცესში პირველ პლანზე გამოდის პაციენტის პრობლემების გაგება, მტკივნეული შინაარსების გამოვლენა და ანალიზი. მართალია, გააჩნია, რა სახისაა დარღვევა, მაგრამ მაინც მრავალი ნევროზის შემთხვევაში (თუნდაც დღეს ესოდენ გავრცელებული ლოგონევროზებისას) განწყობის დინამიკური მხარის ცვლილებათა შესახებ მონაცემებს უფრო დამატებითი ინფორმაციის მნიშვნელობა უნდა ჰქონდეს (თუკი ასეთი ცვლილებები საერთოდ მომხდარა). ყოველ შემთხვევაში მხოლოდ აგზნებადობის, სტატიკურობა-დინამიკურობის, სტაბილობის, ვარიაბელობის და მსგავს ტერმინებში ვერც გადახრის არსის, ბუნების გაგებაა შესაძლებელი და ვერც მისი კორეგირება.       ეს გაცნობიერებული აქვს ბჟალავას, რასაც მისი მსჯელობა ადასტურებს, მაგრამ, როგორც განწყობისეული ფსიქოპათოლოგიის, ე. ი. ფორმალურ-დინამიკური მიდგომის თვალსაჩინო წარმომადგენელი, იგი ბოლომდე არ ამბობს უარს განწყობის მეთოდების ფორმალურ-დინამიკურ ასპექტზე, ალბათ, სავსებით მართებულადაც. მოცემულ შემთხვევაში ბჟალავა აღნიშნავს, რომ განწყობის პათოლოგიური ტრანსფორმაცია მის ინერტულობაში, შეცვლისადმი დაუქვემდებარებლობაში გამოიხატება. ავადმყოფი პათოლოგიური განწყობის ტყვეობაშია, იგი თვითონ ვერ ცვლის მას, ვერ გადადის ადეკვატურ განწყობაზე და ამიტომაც საჭიროებს ფსიქოთერაპევტის დახმარებას.       ამასთან დაკავშირებით დგება ერთი პრინციპული საკითხი: რომელი განწყობა აქვთ მხედველობაში, როდესაც ფორმალურ-დინამიკური მახასიათებლების, ამ შემთხვევაში ინერტულობის გამოვლინებაზეა ლაპარაკი – ის კონკრეტული არარეალიზებული განწყობა, რომელმაც სიმპტომები გამოიწვია, თუ ყველა ის ფიქსირებული განწყობები, რომლებიც ქმნიან პიროვნების სტრუქტურას. სხვანაირად რომ ვთქვათ, იცვლება ერთი პათოგენური განწყობა თუ მთლიანად პიროვნება. მკაფიო პასუხი ამ კითხვაზე არ ჩანს. ტექსტში ყურადღება პათოგენური განწყობის დაუძლევლობასა და გაძლიერებაზეა გამახვილებული, რაც მისივე ინერტულობით აიხსნება. მაშასადამე, საქმე მისი დინამიკის ცვლილებაში ყოფილა. მაგრამ თეორიული და პრაქტიკული თვალსაზრისით ნათელი არ არის როგორ დავუშვებთ ისეთი ვითარების შესაძლებლობას, როდესაც განწყობის ფორმალურ-დინამიკური მხარის დეფექტი მხოლოდ ერთ, კონკრეტულ ფიქსირებულ განწყობაზე ვრცელდება და პიროვნების დანარჩენ განწყობებს არ მოიცავს. როდესაც ვახდენთ რაიმე ფსიქოპათოლოგიით შეპყრობილი სუბიექტის განწყობის ფიქსირებული განწყობის მეთოდით გამოკვლევას, ეს მონაცემი მის ყველა სხვა განწყობაზე ვრცელდება. იგულისხმება, რომ იცვლება პიროვნების განწყობის ტიპი და არა ეს ერთი კონკრეტული განწყობა. ჩვენს შემთხვევაში ეს ნიშნავს, რომ ინერტულობის ნიშანი ამ ადამიანის ყველა განწყობისათვის იქნება დამახასიათებელი. მაშასადამე, მისი ყველა განწყობა იქნება პათოლოგიურად შეცვლილი და მაშინ კითხვის ქვეშ დგება მოცემულ ანალიზში შემოთავაზებული მკურნალობის პრინციპი, რომელიც ერთი (პათოგენური განწყობის) მეორეთი (ადეკვატურით) ჩანაცვლებას გულისხმობს. ჩანაცვლება რეალურად თითქმის შეუძლებელი რამ იქნება, რადგან ყველა განწყობა ინერტულია. ეს თუნდაც მოხერხდეს, ახალი განწყობა იგივე პათოგენური ფორმალურდინამიკური თვისებების მქონე აღმოჩნდება და ძალიან მალე ახალი ნევროზის წყარო გახდება. ერთი სიტყვით, დინამიზმის (მაგალითად ინერტულობის) დარღვევის გამო ყოველი განწყობა (რა შინაარსისაც უნდა იყოს იგი), რომელიც რამდენადმე დომინირებულ ადგილს დაიჭერს პიროვნების სტრუქტურაში, თანდათანობით აუცილებლად პათოგენური გახდება.       ბჟალავა მიისწრაფვის მაქსიმალურად გამოიყენოს განწყობის ფსიქოლოგიაში დამუშავებული ცნებით-კონცეპტუალური აპარატი. ეს ეხება კონტრასტ-ასიმილაციის ცნებასაც, რომელიც უაღრესად მნიშვნელოვანია განწყობის ექსპერიმენტული ფსიქოლოგიისთვის. ამასთან, ავტორი ცდილობს, ეს მექანიზმი შინაარსეულ მასალას მიუყენოს. ეტყობა, ეს არც ისე ადვილია; ასეა, ყოველ შემთხვევაში, რაოდენობრივ მასალასთან შედარებით (მხედველობაში გვაქვს დიდი-პატარა ბურთები), სადაც ნათელია, რა რისი საწინააღმდეგოა ან კონტრასტული. კერძოდ, ცხოვრებისეული ვითარებების, მოთხოვნილებების ან თუნდაც ემოციური განცდების მიმართ, რასთანაც საქმე აქვს ფსიქოთერაპიას, ამის თქმა ძნელზე ძნელია, ზოგჯერ კი – პრაქტიკულად შეუძლებელი. არადა, თუ განწყობის შინაარსს ვეძებთ, სწორედ ეს უნდა გვქონდეს მხედველობაში.       მაგალითში მოცემულ ფსიქოთერაპიულ სიტუაციაში ამ მხრივ ბევრი რამაა ბუნდოვანი და გაუგებარი. დავიწყოთ თუნდაც პათოგენური განწყობის შინაარსეული დახასიათებით. აქ პირველ რიგში ქცევის რაგვარობაა გასარკვევი, რომლის საფუძველიც ეს განწყობაა. მოყვანილ ანალიზში ეს არ არის გაკეთებული, ამის გარეშე კი განწყობის შინაარსზე რეალურად რაიმე წარმოდგენას ვერ შევიქმნით. ამიტომ ცოტაოდენი გარკვეულობის შესატანად ჩვენ თავად ვუწოდეთ მას, შესაძლოა, არცთუ საუკეთესოდ, «სქესობრივი ქცევის განწყობა». ამ განწყობის შინაარსზეა დამოკიდებული მთელი პათოგენური სიტუაციის წარმოქმნა-გაშლის პროცესი. იგი შინაარსეულად უპირისპირდება ფიქსირებულ განწყობას, რომელიც სექსუალური ქცევის გარკვეულ აკრძალვასთან არის დაკავშირებული. ამ შინაარსის ფრუსტრაციის შედეგად ჩნდება ე. წ. «კონტრასტული განცდები», რაც, როგორც ჩანს, ვლინდება როგორც გარკვეული ემოციების, ისე სომატურ გამოვლინებათა ილუზორულ გაძლიერებაში. ამავე განწყობის დინამიკური მხარის დეფექტის, კერძოდ, ინერტულობის გამო ვერ ხერხდება მისი შეცვლა და როგორც ფიქსირებული განწყობის ექსპერიმენტებშია – ადეკვატურ მოქმედებაზე და განწყობაზე გადასვლა. მთავარი საკითხი, რომელიც ასეთი ინტერპრეტაციისას დგება, ეხება იმას, თუ რა მოქმედება და განწყობა უნდა იქნას ამ სიტუაციაში მიჩნეული ადეკვატურად. თავისთავად სულაც არ არის ნათელი ის, თუ სუბიექტი ამ ორი კონფლიქტური განწყობიდან რომელს უნდა დაექვემდებაროს, რა კრიტერიუმით უნდა შეფასდეს ეს ეგზისტენციური სიტუაცია. აქედან გამომდინარე, გარკვევით არ ჩანს, თუ რა უნდა ურჩიოს განწყობისეულმა ფსიქოთერაპევტმა, თუკი პაციენტი მასთან იმ სტადიაზე მოხვდა, როცა ჯერ კიდევ შედარებით ადვილია არჩევანის გაკეთება ერთ-ერთი განწყობის სასარგებლოდ. მართლაც, პათოგენური სიტუაციიდან გამოსვლის მიზნით რას უნდა მიენიჭოს უპირატესობა: სექსუალურ ქცევას თუ მის აკრძალვას? ანალიზში ნაგულისხმევი პასუხი უკანასკნელს ემხრობა.       მაგრამ გავყვეთ ანალიზს. ვითარება სულ უფრო მძიმდება. პათოგენური ფიქსირებული განწყობა განაგრძობს თავის დამანგრეველ მოქმედებას. «შთაბეჭდილებათა მცდარი ასიმილაციის» შედეგად წარმოიქმნება სიმპტომი – «მუცელში მყოფი გველის თავის საყლაპავთან მიბჯენის» განცდა. ბუნებრივად დგება საკითხი, როგორია კავშირი ამ განცდისა და ფიქსირებული განწყობის შინაარსებს შორის. ერთი რამ ცხადია, კავშირი არავითარ შემთხვევაში არაა ისეთივე პირდაპირი და ლოგიკურად გასაგები, როგორც ფიქსირებული განწყობის ექსპერიმენტული ილუზიების დროს. აქ ძნელი მისახვედრია, რა კანონზომიერებით უკავშირდება ერთმანეთს განწყობა და მის ნიადაგზე წარმოქმნილი ფსიქოსომატური ფენომენი. გაუგებარია, რატომ გარდაიქმნა გაწითლების სიმპტომი მოცემულ შინაარსად და უფრო მეტიც, საზოგადოდ რატომ და როგორ ჩნდება სექსუალური ქცევის განწყობასთან დაკავშირებით ან, თუნდაც, მასთან ბრძოლის შედეგად ორგანიზმის შიგნით გველის ყოლის განცდა. განწყობასა და ილუზიურ განცდას შორის პირდაპირი შინაარსეული კავშირი, როგორც ეს განწყობის ცდებშია, აქ არ ჩანს. კავშირის გამოსავლენად სპეციალური სამუშაო არის ჩასატარებელი. ამისათვის საჭიროა პიროვნების ხასიათობრივი თავისებურების, მისი შინაგანი სამყაროს და გარემოცვის ღრმა შესწავლა და ამ მონაცემების ურთიერთმიმართებაში მოყვანა. მხოლოდ ამის საფუძველზეა შესაძლებელი შევიქმნათ წარმოდგენა იმ განწყობის შინაარსეულ მხარეზე, რომელმაც გამოიწვია ასეთი უცნაური შინაარსის განცდა. ნიშანდობლივია, რომ სწორედ ასე იქცევა ფსიქოანალიზი; სპეციალური მეთოდებით ხდება პიროვნების მოტივების, გამოცდილების, სოციალური ურთიერთობების ფაქიზი ანალიზი, რომლის საფუძველზეც გამოითქმება ვარაუდი ავადმყოფური განცდების თუ სიმპტომების და მათ გამომწვევ ფსიქიკურ შინაარსებთან კავშირის შესახებ. განწყობის ფსიქოლოგიაში არ შემუშავებულა თეორიული მიდგომა და პრაქტიკული მეთოდი შინაარსეული ფსიქიკური მასალის ანალიზისთვის. კონტრასტ-ასიმილაციის ეფექტის მარტივ და ნათელ კონსტრუქციას აქ ბევრი რამით დასჭირდება შევსება სხვადასხვა ფსიქოთერაპიული სისტემებიდან, მათ შორის – ფსიქოანალიზიდან.       ამრიგად, განწყობისეული ფსიქოთერაპიის შემუშავების გზაზე ერთ-ერთი მთავარი დაბრკოლებაა განწყობის შინაარსის გასარკვევი მეთოდოლოგიის უქონლობა. ერთი შეხედვით აქ დიდი პრობლემა არ უნდა არსებობდეს: განწყობა ქცევის მექანიზმია, ქცევისადმი მზაობაა; რაც განწყობაშია მოცემული, ის ვლინდება აქტივობაში. მაშასადამე, განწყობის შინაარსს მისით შეპირობებული აქტივობის შინაარსი შეადგენს. ეს უეჭველად ასეა. მაგრამ აქვე ჩნდება სირთულეები. საქმე ის არის, რომ თვით ქცევა, როგორც განწყობის შინაარსი, უაღრესად რთული სტრუქტურის მქონე ფენომენია. იგი მოიცავს და აერთიანებს მრავალ პროცესსა და წარმონაქმნს: მოთხოვნილებებს, მიზნებს, გეგმებს, განზრახვებს, მოტივებს, მოქმედებებს, ოპერაციებს, ემოციურ და სხეულებრივ გამოვლინებებს. ყველა მათგანი ქცევის სტრუქტურის ელემენტია. ამავე დროს, იმის გამო, რომ ქცევას განწყობა განსაზღვრავს, იგი (ქცევა) არის განწყობის შინაარსიც. ფსიქოთერაპიის დროს განწყობის მთელი უმდიდრესი შინაარსიდან საჭიროა ავირჩიოთ ის, რაც არსებითად არის დაკავშირებული დაავადებასთან. ბჟალავას ანალიზში ვითარება ამ მხრივ შეძლებისდაგვარად გამარტივებულია; გამოყოფილია ე. წ. «პათოლოგიური მოთხოვნილება»[45]. მის საფუძველზე აღმოცენებული განწყობის შინაარსს თავად ეს მოთხოვნილება და მისი დაკმაყოფილება-ფრუსტრაციის პროცესში აღმოცენებული განცდები შეადგენს. განწყობის ფიქსაცია იმ შინაარსის ფიქსაციაა, რომელმაც, ასე ვთქვათ, «კომპლექსის» სახე მიიღო. აქედან გამომდინარე, ბჟალავა თამამად უპირისპირებს ერთმანეთს კომპლექსის და განწყობის ცნებებს და პირველს მეორით ცვლის.       უნდა ითქვას, რომ ამ შემთხვევაში ბჟალავა მიჰყვება ტრადიციულ სქემას, რომელიც უზნაძის სკოლაში განწყობის შინაარსის გარკვევისას გამოიყენება. ჩვეულებრივ, ასეთ შემთხვევაში გამოყოფენ მოთხოვნილებას, რომელსაც განწყობით წარმართული ქცევა აკმაყოფილებს. იგულისხმება, რომ განწყობის შინაარსს მის მიერ გამოწვეული ქცევის მოთხოვნილებისეული, ან უფრო სწორად, ინტენციური მხარე განსაზღვრავს. რაზეც მიმართულია ქცევა, იმ შინაარსისაა სათანადო განწყობაც. მაგრამ მოთხოვნილების შინაარსით დახასიათებული განწყობა ძნელად თუ შეენაცვლება იმას, რაც ფსიქოანალიზში კომპლექსის სახითაა ცნობილი. მაშინაც კი, თუ სიმარტივისათვის არატიპურ, მხოლოდ ერთი მოთხოვნილებით აღძრულ აქტივობას განვიხილავთ, კომპლექსი არა მთლიანად ქცევას, არამედ მხოლოდ მის ნაწილს ან მხარეს შეეხება, იმას, რომელიც ტრავმატული შეიქმნა. კომპლექსი აფექტურად შეფერილი წარმოდგენა, ან, უზნაძის თქმით, «იდეოაფექტური მოტორული სისტემაა», რომელიც ქცევის ერთ-ერთი სეგმენტს დაუკავშირდა და შემდეგ რეპრესირებულ იქნა. ტრავმის მიღება, ცხადია, ქცევის პროცესში ხდება; მაგრამ კომპლექსის სახით იდევნება არა მთელი ქცევა თავისი ინტენციით, არამედ მხოლოდ ტრავმასთან დაკავშირებული მისი ერთ-ერთი, ზოგჯერ საკმაოდ მცირე ნაწილი. ამრიგად, კომპლექსის შინაარსი არ ფარავს და არ ემთხვევა ქცევის ინტენციურ შინაარსს, უფრო მეტიც, თვით კომპლექსი და მის მიერ გამოწვეული სიმპტომები შესაძლებელია შინაარსით ერთმანეთისაგან საკმაოდ განსხვავებული რამდენიმე ქცევის (და ე. ი. განწყობის) მიმდინარეობის პროცესში ჩამოყალიბდეს. ფროიდი საგანგებოდ აღნიშნავდა ამ გარემოებას, რადგან იგი აუცილებლად უნდა იქნას გათვალიწინებული კომპლექსის რეალური შინაარსისა და სიმპტომის გენეზისის დადგენისას.       მოვიყვანთ ერთ მაგალითს ფროიდის პრაქტიკიდან. პაციენტ ქალს აწუხებს ტიკი, ერთგვარი ტკაცუნის ხმა, რომელსაც იგი გამოსცემს თავისდაუნებურად აგზნებისას ან სულაც უმიზეზოდ. ეს ტიკი წარმოიქმნა როგორც შედეგი ორი განცდისა, რომლებიც აღმოცენდნენ სხვადასხვა ცხოვრებისეულ სიტუაციაში, მაგრამ გააჩნდათ საერთო ნიშანი: იმ მომენტში ჩუმად ყოფნის საჭიროება. სწორედ ამ ხმამ მისდაუნებურად დაარღვია სიჩუმე ერთ შემთხვევაში, როდესაც ქალის ავადმყოფმა შვილმა როგორც იქნა ჩაიძინა და მეორეჯერ, როდესაც ეტლით მგზავრობისას ავდარში იგი ცდილობდა შეენარჩუნებინა სიჩუმე, რომ კიდევ უფრო მეტად არ დაეფრთხო ცხენები. რა თქმა უნდა, ბავშვის მოვლა და მგზავრობა სხვადასხვა ინტენციური შინაარსის ქცევებია და მათი განწყობებიც განსხვავებული შინაარსისაა. მათი რეალიზაციის პროცესში წარმოიქმნა საერთო-ტექნიკური ამოცანა და სათანადო განცდა, რომლის ტრავმატიზაციამ დატოვა გარკვეული სიმპტომი. ქცევის ამ მონაკვეთს, სადაც კომპლექსი წარმოიქმნა, საკუთარი, ქცევის განწყობისაგან განსხვავებული განწყობა ვერ ექნებოდა, რადგანაც განწყობა მთლიანი ქცევის რელევანტური მექანიზმია; ყველა ოპერაციას, განცდას თუ პროცესს, რომელიც ჩართულია ქცევაში, თავისი განწყობა, ცხადია, არ გააჩნია. მაგრამ მაშინ, ვინაიდან ამ კონკრეტულ შემთხვევაში მოცემულია ორი განსხვავებული ქცევის განწყობა, ისმის საკითხი, რომელი ქცევის და რა შინაარსის განწყობამ მიიღო კომპლექსის სახე, დაფიქსირდა და გახდა ავადმყოფური სიმპტომის საფუძველი? ეს საკითხი კანონიერია იმ შემთხვევაში, თუკი განწყობისა და კომპლექსის შინაარსები გაიგივებულია ერთმანეთთან. მართლაც, თუ განხილულ მაგალითში ორივე განწყობა გაფიქსირდა, მაშინ ორი კომპლექსი უნდა არსებობდეს, რაც სინამდვილეს არ შეეფერება. ხოლო თუკი ამ ერთი კომპლექსის რეალური შინაარსიდან ამოვალთ, მისი შესატყვისი ფიქსირებული განწყობის მონახვა გახდება შეუძლებელი, რადგან ორივე შემთხვევაში ფაქტობრივად გაფიქსირდა არა მთელი განწყობა, არამედ მხოლოდ მისი მცირე მონაკვეთი.       ფროიდისთვის ამ შემთხვევის ანალიზი უფრო ადვილია. იგი არ ზრუნავს იმაზე, რომ დაადგინოს აქტივობის დიდი ერთეულის, ქცევის შინაარსი და კმაყოფილდება კონკრეტული განცდის (წარმოდგენის, ემოციის) შინაარსით. ამ მასშტაბში ლაპარაკობს იგი ტრავმაზე, განდევნაზე, კომპლექსზე, კონვერსიაზე და გაცნობიერებაზე, როგორც განკურნების საშუალებაზე. განწყობის თეორია ისეა კონსტრუირებული, რომ მოითხოვს კონკრეტული განცდის ანალიზს მთელი ქცევის და სათანადო განწყობის კონტექსტში. ეს ასეა, ვინაიდან, როგორც ითქვა, განწყობის თეორიის თანახმად, ქცევის პროცესში აღმოცენებულ ცალკეულ განცდებს თავისი საკუთარი განწყობა არ გააჩნია.       როგორც ჩანს, საკითხი იმის შესახებ, თუ რა შინაარსებთან და როგორ უნდა იმუშაოს განწყობისეულად ორიენტირებულმა ფსიქოთერაპევტმა და აგრეთვე ის, თუ როგორი უნდა იყოს მისი მიმართება ფსიქოანალიზის ცნებებსა და პრაქტიკასთან, სერიოზულ დამუშავებას მოითხოვს. არ არის საკმარისი მხოლოდ იმის მტკიცება, რომ კომპლექსი სინამდვილეში განწყობაა, ხოლო ფროიდის ფსიქოთერაპიის წარმატებები კი – იმის შედეგი, რომ ფროიდი როგორღაც ახერხებდა ამ განწყობასთან დაკავშირებას.       აღვწეროთ კიდევ ერთი მაგალითი ფროიდის პრაქტიკიდან, რომელიც კარგად აჩვენებს იმას, რომ სწორედ ემოციური შინაარსებია ის ფსიქიკური მასალა, რითაც ოპერირებს ფსიქოანალიზი. ერთ-ერთი სიმპტომი, რომელიც ბრეიერის ცნობილ პაციენტს ანას აწუხებდა, მდგომარეობდა იმაში, რომ ანა ძლიერი წყურვილის მიუხედავად ვერაფერს ვერ სვამდა. მას ჰქონდა ჰიდროფობია. როგორც ანალიზით გამოირკვა, ამის მიზეზი იყო ზიზღის გრძნობა, რომელიც ოდესღაც დაეუფლა მას, როდესაც დაინახა, როგორ თქვლეფდა მისი კომპანიონი ქალის ძაღლი წყალს პირდაპირ ჭიქიდან. ჰიპნოზში მოხდა ამ განცდის განმეორება, რასაც მოჰყვა კათარზისი და სიმპტომის მოხსნა.       ამრიგად, სიმპტომი გაგებულია, როგორც აფექტური განცდებისა ან აფექტური ტრავმების ნარჩენი კვალი ან სიმბოლო. აღწერილ მაგალითში მოხდა პათოგენული აფექტების შეკავება. «ნაწილობრივ ეს აფექტები დარჩნენ როგორც სულიერი ცხოვრების მუდმივი დაძაბულობის დამამძიმებელი წყარო; ნაწილობრივ მათ გადაინაცვლეს უცნაურ სხეულებრივ ინერვაციებსა და შეკავებებში, რომლებიც ამ შემთხვევის სხეულებრივ სიმპტომებს წარმოადგენენ» [29; 155]. კათარზისმა განმუხტა აფექტური დაძაბულობა და მოხსნა ისტერიული კონვერსია.       ამ შემთხვევის ინტერპრეტაცია ქცევის (მოთხოვნილების) შესაბამისი განწყობის შინაარსის ტერმინებში არ არის ადვილი. ძნელი სათქმელია, რა მოთხოვნილებას აკმაყოფილებდა ანას ქცევა მოცემულ სიტუაციაში და, მაშასადამე, რა განწყობის შინაარსი იქნა რეპრესირებული და ფიქსირებული. მაგრამ მთავარი ისაა, რომ ძიება ამ მიმართულებით მაინც უნაყოფო იქნება ფსიქოთერაპიისთვის, ვინაიდან სრულიად ნათელია, რომ ტრამვა ზიზღის განცდასთან არის დაკავშირებული, განცდასთან, რომელიც აქტივობის პროცესში შემთხვევით წარმოქმნილი ვითარების გამო გაჩნდა და თვით ამ ქცევის (განწყობის) შინაარსთან არსებით კავშირში არ ყოფილა. ამის გამო რა საჭიროა საერთოდ იმის გარკვევა, თუ რა ქცევას ასრულებდა ანა, როდესაც შევიდა კომპანიონი ქალის ოთახში და მოულოდნელად შეესწრო პათოგენურ სცენას? ერთი სიტყვით, აქედან ჩანს, რომ «მოლარული» ქცევის და შესაბამისი განწყობის შინაარსი ხშირად არ ემთხვევა კომპლექსის ფაქტობრივ «მოლეკულარულ» შინაარსს, რომლითაც ფსიქოანალიზი ოპერირებს. მოყვანილ შემთხვევაშიც კომპლექსის შინაარსი, რომელიც თავისთავად ეჭვს არ იწვევს, შეიძლება დავუკავშიროთ ქცევაში ჩართულ რაიმე «მიკროგანწყობას», თუნდაც კომპანიონი ქალის მიმართ უარყოფითი დამოკიდებულების გამომხატველ განწყობას. თუმცა, ეს იქნება ძალდატანება განწყობის და ქცევის შესაბამისობის ძირეულ პრინციპზე და ქცევის პოლიგანწყობისეულ რეგულაციასთან დაკავშირებული მთელ რიგ საკითხებს წარმოშობს[46].       და მაინც, განწყობის ფსიქოლოგიის ფარგლებში ასეთი თეორიული სვლა სავსებით წარმოსადგენია. მაგრამ როგორ უნდა მოვიქცეთ მაშინ, როდესაც მთელი ტრავმატული ვითარება და კომპლექსის შინაარსი ხასიათდება უკიდურესად სპეციფიკური ფსიქოანალიზური ცნებების კონსტრუქციების თუ მექანიზმების საშუალებით? ასეთი შინაარსები ხომ საერთოდ უცხოა განწყობის ფსიქოლოგიისათვის. ამიტომ, ფსიქოთერაპიის პროცესში მათი შესაბამისი განწყობების (შესაძლებელიც რომ იყოს ასეთების მოაზრება) ძიებას საერთოდ არავინ დაიწყებს. მაგალითად გამოდგება თუნდაც ფროიდის მიერ აღწერილი «პატარა ჰანსის» ან «ადამიანი მგლებთან» ცნობილი შემთხვევები, სადაც ნევროტული კომპლექსის შინაარსი ოიდიპოსის და კასტრაციის კომპლექსების ენით აღიწერება. ძნელი სათქმელია, როგორ უნდა მოიქცეს ამ შემთხვევაში ფსიქოთერაპევტი, რომელიც განწყობისა და კომპლექსის იდენტურობის აზრს იზიარებს. კომპლექსის ფსიქოანალიზური შინაარსის შესაბამისი განწყობის არსებობას იგი ალბათ ვერ დაუშვებს, რადგან ასეთი შინაარსები მისთვის სულ არ არსებობს. მაგრამ მაშინ მას უნდა შეეძლოს, ზუსტად მიუთითოს იმ განწყობის შინაარსზე, რომლის ფრუსტრაციამ გამოიწვია თუნდაც ის, რომ პატარა ჰანსს ქუჩაში ცხენის კბენისა ეშინია და ჩაატაროს ისეთი პროცედურები, რომ ეს შიში გაქრეს, როგორც ეს ფროიდმა გააკეთა.       შესაძლებელია კი ამის გაკეთება საზოგადოდ? ძნელი სათქმელია. პირველ ყოვლისა იმის გამო, რომ ფროიდი, როგორც ფსიქოთრაპევტი, განცდებზე მუშაობდა. არაცნობიერის გაგებაც ისეთი შეიმუშავა, რომ ეს საქმე გაადვილებულიყო. განწყობის ცნების შინაარსი ბევრად უფრო ფართოა და ფსიქოანალიზის სისტემაში არ ეტევა. საზოგადოდ, იმის მცდელობა, რომ აუცილებლად შეიცვალოს ფსიქოანალიზური ცნებები განწყობისეულით, თუნდაც კომპლექსისა – განწყობით, არაპროდუქციულად გამოიყურება. ასეთი რამ არც ერთ თეორიას არ არგებს. გასათვალისწინებელია, რომ ამ შემთხვევაში არსებითად განსხვავებულ კონცეპტუალურ სისტემებთან გვაქვს საქმე. განწყობის თეორია ვერ შეითვისებს ფროიდის შეხედულებებს ლტოლვაზე, ფსიქოსექსუალურ განვითარებაზე, პიროვნების სტრუქტურაზე, დაავადებისა და მკურნალობის მეთოდოლოგიაზე. ასევე ფსიქოანალიზისთვის ყოველთვის უცხო იქნება ქცევის მიზანშეწონილების განწყობისეული ახსნის, სუბიექტის მთლიანობის, ქცევის ფაქტორების ერთიანობის, ფუნქციონალური ტენდენციის, ობიექტივაციის, განწყობის ფიქსაციის და სხვა უზნაძისეული კონსტრუქციები. განწყობის ფსიქოლოგია ვერ მოერგება ფსიქოანალიზს. მან საკუთარი ფსიქოთერაპია უნდა შექმნას, ვინაიდან ფსიქოანალიზი ისე უდგება დაავადების აღმოცენებას და მკურნალობას, როგორც ეს მხოლოდ მასთან შეიძლება იყოს მოაზრებული. ამასთან ერთად, განწყობისეული ფსიქოთერაპიის ქმნადობის პორცესში არ უნდა დაიკარგოს არც ერთი სასარგებლო იდეა და პრაქტიკული ხერხი ფსიქოანალიზიდან თუ სხვა ფსიქოთერაპიული სისტემიდან. ამ სფეროში იმდენი ითქვა და გაკეთდა თეორიისა თუ პრაქტიკის მხრივ, რომ პრინციპულად ახლის გამოგონება ძნელია. არსებული გამოცდილება კი თამამად უნდა იქნას გამოყენებული, რადგანაც ფსიქოთერაპიული სისტემები, როგორც კონცეპტუალური, ისე მეთოდური თვალსაზრისით უაღრესად მრავალფეროვანია. საჭიროა განწყობისეული ფსიქოთერაპიის კვალიფიცირება თუნდაც იმ მხრივ, თუ რა სახის ფსიქოთერპიულ სისტემებს უახლოვდება იგი და რომლებს უპირისპირდება. ეს იქნება პირველი ნაბიჯი განწყობისეული ფსიქოთერაპიის გააზრების გზაზე. ეს მომგებიანი იქნება ზღვა გამოცდილებიდან ჩვენთვის სასარგებლო მიდგომებისა და მეთოდების შესარჩევად. საფუძველი ასეთი ანალიზისთვის არსებობს, რადგან მეტ-ნაკლებად ცნობილია განწყობის ფსიქოლოგიის მიმართება სერიოზული ფსიქოთერაპიული სისტემების ქვემდებარე ზოგად თეორიებთან. განწყობის თეორიას აქვს მათთან გადამკვეთი პოზიციები, რაც შესაბამის ფსიქოთერაპიებთან კომუნიკაციისთვის ნაყოფიერი საფუძველი შეიძლება გახდეს.       ამ მხრივ, ცხადია, ჩვენთვის სერიოზული ინტერესის საგანია ფსიქოანალიზი, სიღრმის ფსიქოლოგიის სხვა სისტემები (კ. იუნგი, ა. ადლერი) და ნეოფროიდიზმი. აქ განწყობის ფსიქოლოგიასთან გადაკვეთის წერტილი პირველ რიგში არაცნობიერის სფეროა, რადგანაც ფსიქოთერაპიის ეს სისტემები (მათ შორის განწყობისეულიც), არაცნობიერ შინაარსებზე მხოლოდ მათი ცნობიერებაში ან ქცევაში გამოვლენის მიხედვით მსჯელობს. ამიტომ განწყობისეული ფსიქოთერაპიის შემთხვევაშიც შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს ცნობიერებასთან მათი კონფლიქტის დარეგულირების გზები (ე. წ. დაცვითი მექანიზმები), არაცნობიერი შინაარსების გამოვლენის ხერხები (ასოციაციები, სიზმრები, გადატანა და სხვ.) და არაცნობიერი შინაარსების გაცნობიერება-დარეგულირების პროცედურები (კათარზისი, ჩაგონება, მანიპულაცია, აბსტინენცია და ა შ.), ერთგვარი მოდიფიკაციით.       საინტერესოა აგრეთვე ბიჰევიორალური ფსიქოთერაპია, რადგან «ფიზიკური ქცევა», როგორც მთელი ქცევის ერთ-ერთი განუყოფელი მხარე, ყოველთვის იმყოფება განწყობის ფსიქოლოგიის თვალსაწიერში. განწყობის ფსიქოლოგია პირდაპირ არის დაინტერესებული ჩვევებისა და ჩვეულებების ჩამოყალიბება-შეცვლის კანონზომიერებებით, რომლებიც ფიქსირებული განწყობის მექანიზმს ემყარება. განწყობის ფსიქოლოგიის თანამედროვე ვერსიებში ოპერაციული სისტემები განწყობის ერთ-ერთ ფაქტორად მოიაზრება [7ა][22][24].       ამიტომ ისინი შესაძლებელია მნიშვნელოვან ინსტრუმენტად განვიხილოთ როგორც განწყობის შექმნის, ისე მისი კორექციის პროცესში.       ინტერესს იწვევს რაციონალური თერაპიაც, ვინაიდან კოგნიტურ პროცესებსა და განწყობას შორის ურთიერთმიმართების საკითხს განწყობის ფსიქოლოგიაში ცენტრალური ადგილი უკავია (ობიექტივაციის ცნება და პროცესი).       არ უნდა გამოგვრჩეს არც ფენომენოლოგიური ტრადიცია და არც აუტოტრენინგი, რადგანაც ამ შემთხვევაში ემოციური და სხეულებრივი პროცესების რეგულაცია ხდება. ხოლო განწყობის თეორიაში ეს პროცესები განწყობის უშუალო გამოვლინებადაა მიჩნეული. თავის მხრივ სხეულიდან მომდინარე ინფორმაცია მნიშვნელოვან გავლენას ახდენს განწყობის დეტერმინაციაზე. ამიტომ «სხეულთან მუშაობის» თერაპიული ეფექტურობა სავსებით ესადაგება განწყობისეულ პარადიგმას [10]. განწყობა, როგორც «მთლიანი ფსიქოფიზიკური მდგომარეობა», უშუალოდ გადის ორგანიზმულ პროცესებზე და როგორც უკვე დადასტურდა, შეიძლება გახდეს ფსიქოსომატური პათოლოგიის განვითარების საფუძველი [3]. ლიტერატურაში უკვე შემჩნეული და ობიექტივირებულია პარალელები, რომლებიც აგრეთვე გეშტალტთერაპიულ და განწყობისეულ სისტემებს შორის არსებობს [9].       განწყობისეულ ფსიქოთერაპიას შეუძლია თამამად გამოიყენოს ამ სისტემებში შემუშავებული დიაგნოსტიკური და თერაპიული პროცედურები, თუკი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ნაჩვენები იქნება მათი ადეკვატურობა განწყობის შინაარსის გამოვლენისა და კორექციის ამოცანებისადმი. ეს არ უნდა იყოს შეუძლებელი, რადგანაც განწყობის შინაარსი რეალურად აქტივობის ყველა მხარეს მოიცავს, ხოლო განწყობა, როგორც ახსნითი მოდელი ფსიქოლოგიაში, ერთერთი ყველაზე უფრო მთლიანობითი და ინტეგრალურია. ამიტომ განწყობისეული მიდგომისთვის აქტივობის არც ერთი ასპექტი არ არის უცხო. მაგრამ ხომ არ ნიშნავს ეს იმას, რომ განწყობისეული ფსიქოთერაპია განწირულია იყოს ეკლექტიკური სისტემა, რომელიც მხოლოდ სხვა სისტემების პროცედურებს აერთიანებს? ეს ალბათ ასეც იქნებოდა, განწყობა რომ მხოლოდ ახსნითი კონსტრუქტი ყოფილიყო. იგი ამავე დროს რეალურად არსებული მოვლენაა, რომელსაც თავისი მოცემულობისა და მოქმედების წესი აქვს. ამ ფენომენის პათოგენურობის დადასტურება და მისი მოდიფიკაცია – ეს არის განწყობისეული ფსიქოთერაპიის უპირველესი ამოცანა და იგი მხოლოდ განწყობის ზოგადი თეორიის გათვალისწინებით შეიძლება გადაიჭრას. ამ მიმართულებით აწარმოებდა კვლევას ი. ბჟალავა. არსებითად, ამ გზით მიდიან ის ერთეული მკვლევარებიც, რომელნიც დღეს ამ საკითხს შეისწავლიან [27].       პათოლოგიური პროცესი ფსიქიკის სფეროში და, შესაძლოა, მთელი ორგანიზმის მასშტაბითაც, შესაძლებელია გაგებულ იქნას, როგორც განწყობათა ინტერაქციის შედეგად აღმოცენებული მოვლენა. ბჟალავას მიერ მოყვანილ მაგალითში ეს კარგად ჩანს. დაშვებულია, რომ ავადმყოფობა აღმოცენდა განწყობათა დაპირისპირების გამო. ძლიერ განწყობათა არათავსებადობა პიროვნების დეზინტეგრაციას იწვევს; პათოლოგიური პროცესი არათავსებად განწყობათა თანამოქმედების შედეგია. ავადმყოფობის ასეთი კონცეფცია აღძრავს გარკვეულ საკითხებს. პრაქტიკულ პლანში საქმე ეხება განწყობათა შინაარსის გარკვევასთან დაკავშირებულ სირთულეებს. კერძოდ, აუცილებელია იმის გარკვევა, ამ მხრივ აქვს თუ არა განწყობის ფსიქოლოგიას სპეციფიკური სადიაგნოსტიკო ხერხები – სხვა სისტემების რომელი მეთოდებია ყურადღების ღირსი და საჭიროა თუ არა ახალი მეთოდების შექმნა. თეორიულ პლანში დგება საკითხი მრავალგანწყობისეული მდგომარეობის დახასიათებასთან დაკავშირებით. ერთი მხრივ, თეორიის მიხედვით ყველა კერძო შემთხვევაში სუბიექტი იმყოფება ერთი კონკრეტული აქტუალური განწყობის მოდუსში; მეორე მხრივ, რეალური აქტივობის, მათ შორის პათოგენური პროცესის სრულყოფილ დახასიათებას აუცილებლობით მივყავართ ერთდროულად არსებული აქტუალური (პირველადი თუ გააქტიურებული ფიქსირებული) განწყობების კონფლიქტური ან სინერგიული მოქმედების აღიარებამდე. უნდა ითქვას, რომ ეს საკითხი თითქმის დაუმუშავებელია [24].       რაც შეეხება კორექციის პრობლემას, მისი განხილვა განწყობისეული მიდგომის საფუძველზე ნიშნავს განწყობის მოვლენის თერაპიულ ამოცანასთან შესაბამისობაში მოყვანას. მაგრამ რა უნდა ვიგულისხმოთ ამ შესაბამისობაში, ეს არც თუ ისე ადვილი სათქმელია. აქ ძირითადი სირთულე იმის ჩვენებაშია, თუ რომელი განწყობაა პათოლოგიური პროცესის წყარო და რომელი განწყობა მიგვიყვანს განკურნებამდე. ბჟალავას მიერ განხილულ შემთხვევაში ერთმნიშვნელოვნად რაიმეს თქმა ამის შესახებ ძნელია. ჩარევა კორექციის მიზნით აზრს იძენს იმ შემთხვევაში, თუკი მიღწეულია გარკვეულობა ამ საკითხში. მაგრამ დავუშვათ, რომ ეს საქმე მოგვარებულია. დგება შემდგომი ამოცანა – მოინახოს და განხორციელდეს მკურნალობის პროცედურა, რომელიც მიმართული იქნება განწყობის პათოლოგიური გავლენის მოსახსნელად. აქ სამი სახის სტრატეგია შეგვიძლია წარმოვიდგინოთ:       1) მუშაობა უშუალოდ პათოლოგიურ განწყობაზე ან განწყობებზე, მათი შესუსტების, მოსპობის ან მოდიფიკაციის მიზნით.       2) მუშაობა უშუალოდ იმ განწყობაზე ან განწყობებზე, რომლებიც უნდა ჩაენაცვლონ პათოგენურ განწყობას. აქ ვითარებისდა მიხედვით აქცენტი გაკეთდება ან პიროვნების არსებული განწყობების გაძლიერების ან სულაც ახალი ადეკვატური განწყობის შექმნაზე.       3) მუშაობა, რომელიც გარკვეული დოზით მოიცავს წინა ორ სტრატეგიას და მეტ-ნაკლებად ორივე მიზანს ემსახურება.       რა თქმა უნდა, ეს მხოლოდ სავარაუდო სქემაა. მასში გათვალისწინებულ ვარიანტებს დეტალური ანალიზი ესაჭიროება. დასაფიქრებელია თუნდაც ის, თუ რამდენად შორს შეიძლება წავიდეს განწყობის მოდიფიკაცია ერთი განწყობის ფარგლებში; სად არის ის მიჯნა, რომლის მერე შინაარსობრივი და დინამიკური მხარის ტრანსფორმაციას უკვე ახალი განწყობის ჩამოყალიბებამდე მივყავართ. საზოგადოდ კი, ეს ვარიანტები განხილული უნდა იქნას განწყობის ფიქსაციისა და ჩაქრობის კანონზომიერებებთან შესაბამისობაში. სერიოზული სირთულე ისაა მხოლოდ, რომ ამ შემთხვევაში დინამიკურთან ერთად განწყობის შინაარსეული მხარეც არის გასათვალისწინებელი.       ცხადია, თითოეული ეს სტრატეგია განსხვავებულ ტაქტიკას გულისხმობს. განწყობისეულ ფსიქოთერაპიას მოუწევს გარკვეულობის შეტანა იმაში, თუ რომელ შემთხვევაში რა თერაპიული ხერხების გამოყენება იქნება მიზანშეწონილი. ამ მიმართულებით ფართო კვლევითი და პრაქტიკული სამუშაოს ორგანიზება არის საჭირო. ჩვენი ანალიზის ფარგლებში კი მხოლოდ იმის აღნიშვნა შეიძლება, რომ ალბათ ფსიქოანალიზური ტექნიკების უმრავლესობა ძირითადად პირველ სტრატეგიასთან არის დაკავშირებული. ირაკლი იმედაძე წიგნიდან: გამოკვლევები თეორიულ ფსიქოლოგიაში …
დაამატა ლაშა to ფსიქოლოგია at 9:35pm on აპრილი 4, 2019
თემა: ერმის - მწყემსი
ი არიან და ადამიანის სულის ხსნა ხელეწიფებათ (იაკობ. 1.21). ჩემს თავს ამას ვეუბნებოდი: "ნეტარი ვიქნები, რაჟამს ამ მცნებებში ვისრბოლებ, და ბედნიერია, ვინც მათ შეუდგება" (ფს. 1. 1-2; 118.1). 2. ვიდრე ამას ვეზრახებოდი საკუთარ თავს, ვხედავ, მოულოდნელად ჩემ გვერდით მწყემსი ჩამოჯდა და ამბობს: ‘რატომ ორჭოფობ მცნებების გამო, რომლებიც დაგავალე? სათნონი არიან ისინი. საერთოდ არ დაეჭვდე, არამედ უფლის რწმენა შეიმოსე და მათში ისრბოლებ, რადგან მე განგამტკიცებ. 3. სასარგებლოა ეს მცნებები სინანულის მსურველთათვის; ფუჭია სინანული, უკეთუ მათ არ აღასრულებენ. 4. მონანულებმა ამა საუკუნის წარმწყმედელი უკეთურებანი მოირიდეთ; ყოველგვარი სიმართლის სათნოებაში შემოსილებს კი ძალგიძთ, ეს მცნებები დაიცვათ და ნურც თქვენს შეცოდებებს გაამრავლებთ. ჩემს მცნებებში ისრბოლეთ და ღმერთში იცოცხლებთ. ამ ყოველივეს მე გეუბნებით თქვენ". 5. მას შემდეგ, რაც ასე მომმართა, ამბობს: "ველად წავიდეთ და ცხვართა მწყემსებს გიჩვენებ". მივუგე: "წავიდეთ, უფალო". ერთ-ერთ დაბლობზე გავედით და ყვითელი ფერის ნაქსოვი სამოსით მოსილ ახალგაზრდა მწყემსზე მიმითითა. 6. ძალზედ ბევრ ცხვარს აბალახებდა. ეს ცხვრები თითქოს იშვებდნენ, ფრიად ნებივრობდნენ და მხიარულნი ხტუნავდნენ აქეთ და იქით. თავად მწყემსიც ძლიერ გახარებული იყო საკუთარი სამწყსოთი. იგი თავისი გარეგნობით დიდად მოხარული ჩანდა და ცხვრებს შორის მიმორბოდა. ერთ ადგილზე სხვა ნებიერა და მხიარული ცხვრებიც ვიხილე, თუმცა არ დახტოდნენ. 62.(2). 1. მეუბნება მე: "ხედავ ამ მწყემსს?" მივუგე: "ვხედავ, უფალო". "ის, - ამბობს, - შვებისა და სიცრუის ანგელოზია. წარხოცავს ღვთის მონათა სულებს და ჭეშმარიტებისგან გადააცდენს მათ, ატყუებს რა უკეთური სურვილებით, რითიც წარწყმედს; 2. ცხოველი ღმერთის მცნებებს ივიწყებენ, სიცრუითა და ამაო განცხრომით სრბოლობენ და იღუპებიან ამ ანგელოზის მიერ, ზოგი სასიკვდილოდ, სხვანი კი გასახრწნელად". 3. ვეუბნები მას: "უფალო, ვერ გავიგე, რას ნიშნავს სასიკვდილოდ და რას - გასახრწნელად". "ისმინე, - მომიგებს, - ცხვრები, რომლებიც იხილე, რომ უხაროდათ და ხტუნავდნენ, ისინი არიან, ვინც ბოლომდე განუდგა ღმერთს და ამა საუკუნის ზრახვებს გადასცა საკუთარი თავი. ამრიგად, აღარაა მათში ცხოველი სინანული, რადგან თავიანთი შეცოდებანი ამრავლეს და დაგმეს უფლის სახელი. სწორედ ესაა სიკვდილი. 4. ხოლო ცხვრები, რომლებიც იხილე, რომ არათუ დახტოდნენ, არამედ ერთ ადგილზე ბალახობდნენ, ისინი არიან, ვინც საკუთარი თავი შვებასა და სიცრუეს გადასცა, მაგრამ უფალი არ დაუგმია. ასეთნი გახრწნილი არიან სიმართლისთვის, მაგრამ არის მათში იმედი სინანულისა, რომელსაც გადარჩენა ხელეწიფება. ხრწნილებაში არის რამ იმედი განახლებისა, ხოლო სიკვდილი კი საუკუნო წარწყმედის მფლობელია". 5. კვლავ გავიარეთ მცირედი და თხის თეთრი ტყავით გარშემორტყმული დიდი მწყემსი მიჩვენა, თითქოს ველური გარეგნობის. აბგა ჰქონდა მხარზე, ხელში ფრიად მძიმე, დატოტილი კვერთხი და დიდი მათრახი ეჭირა. ისეთი დამწუხრებული გარეგნობა ჰქონდა, რომ შემეშინდა მისი. ასეთი შესახედაობისა იყო. 6. ეს მწყემსი ახალგაზრდა მწყემსისგან იწყნარებდა ნებიერა და განცხრომილ ცხვრებს, რომლებიც არ დახტოდნენ, და რომელიღაც ციცაბო, ეკლიანი და ნარშავიანი ადგილისკენ მიერეკებოდა მათ, ამიტომაც ცხვრებს ეკლებისა და ნარშავებისგან არ ძალუძდათ დახსნილიყვნენ და ებმებოდნენ მათში. 7. ამრიგად, ბალახობისას ეკლებსა და ნარშავებს შორის გაბმულნი ფრიად იტანჯებოდნენ, მწყემსისგან გალახულნი. აქედანაც და იქიდანაც უვლიდა, მოსვენებას არ აძლევდა მათ და საერთოდ არ აჩერებდა ამ ცხვრებს. 63.(3). 1. ვიხილე რა ისინი ამგვარად გამათრახებულნი და გატანჯულნი, მათზე ვდარდობდი, რადგან ასე იტანჯებოდნენ და განსვენება საერთოდ არ გააჩნდათ. 2. ჩემთან მოსაუბრე მწყემსს ვეკითხები: "უფალო, ვინ არის ეს მწყემსი, რომელიც ასეთი უმოწყალო და მრისხანეა და ამ ცხვრებს საერთოდ არ იბრალებს?" "იგი, - მომიგებს, - შურისგების ანგელოზია, მართალ ანგელოზთაგანაა, ხოლო დადგენილია შურისგებისთვის. 3. ის ღმერთისგან განდგომილებს და ამა საუკუნის სურვილებითა და სიცრუით მოგზაურთ იწყნარებს და ისე სჯის მათ, როგორც ღირსია მავანი, საშინელი და სხვადასხვა შურისგებით". 4. ვეუბნები: ‘უფალო, მსურს ვიცოდე, თუ როგორია ეს მრავალგვარი შურისგება". "ისმინე, - ამბობს, - სხვადასხვა ტანჯვისა და შურისგების შესახებ. ცხოვრებისეულნი არიან ტანჯვანი184: ზოგიერთი დანაკარგით ისჯება, სხვანი - სიღარიბით, ნაწილი - სხვადასხვა უძლურებით, მავანი - გამუდმებული შფოთით, ზოგიერთი უღირსთაგანაა შეურაცხყოფილი და მრავალი სხვა საქმის დამთმენია. 5. მრავალი, საკუთარ სურვილებში დაუდგრომელი, ბევრს ტვირთულობს, თუმცა საერთოდ ვერაფერს წარემატება მათგან; და საკუთარ თავთან მსჯელობენ, რომ ვერ კმაყოფილდებიან თავიანთ საქმეებში, არც აღწევნილა მათ გულზე, უკეთურებას რომ იქმოდნენ, არამედ უფალს ადანაშაულებენ185. 6. რაჟამს მრავალი შეჭირვებით განიკითხებიან, მაშინ კეთილად განსწავლისთვის მე გადმომეცემიან და გაძლიერდებიან უფლის რწმენაში, ხოლო თავიანთი ცხოვრების დარჩენილ დღეებს სუფთა გულით უფალს დაემონებიან (ფს. 51.10). ამრიგად, როცა შეინანებენ, მაშინ აღიწევა მათ გულებზე უკეთური საქმენი, რასაც იქმოდნენ, და მაშინ განადიდებენ ღმერთს, რადგან სამართლიანი მსაჯულია (ფს. 7.12; II მაკაბ. 12.5; II ტიმ. 4.8) და სიმართლით განსჯის ყველას, თითოეულს თავისი საქმისამებრ (მთ. 16.27; აპოკალ. 2.23; ფს. 61.13). მომავალში კი სუფთა გულით უფალს დაემონებიან და წარემატებიან თავიანთ ყველა საქმეში და რასაც ითხოვენ უფლისგან, ყოველივეს მიიღებენ (მთ. 21.22; I ინ. 3.22). და განადიდებენ მაშინ ღმერთს, რომ მე გადმომეცნენ, და მეტად აღარც განიკითხებიან უკეთურებათა გამო".      64.(4). 1. ვეუბნები მას: "უფალო, ესეც განმიმარტე". მომიგებს: "რა გაინტერესებს?" "უფალო, ნუთუ იმდენ ხანს იტანჯებიან შვებითა და ტყუილით მცხოვრებნი, რაც შვებასა და სიცრუეში გაატარეს?" ამბობს: "ეს დრო დაიტანჯებიან”. 2. ვპასუხობ: "უფალო, ნუთუ უმნიშვნელოდ განიკითხებიან? რადგან საჭიროა, ამგვარად განცხრომილნი და ღვთის დამვიწყებელნი შვიდწილად დაისაჯონ”. 3. ამბობს: "უგუნური ხარ და ვერც კი ხვდები ტანჯვის ძალას". ვეუბნები: "თუკი გავიგებდი, უფალო, აღარც გკითხავდი, რომ გაგეცხადებინა ჩემთვის". "ისმინე, - მომიგებს, - ორივეს ძალის შესახებ. 4. შვებისა და სიცრუის დრო ერთი საათია, ხოლო სასჯელის საათს ოცდაათი დღის ძალა აქვს. თუკი ვინმე ერთი დღე იშვებდა და ცრუობდა, ერთი დღე დაისჯება, მაგრამ სასჯელის დღეს მთელი წლის ძალა აქვს. რამდენ დღესაც ისიამოვნებს მავანი, იმდენ წელს დაიტანჯება. ხომ ხედავ, - ამბობს, - სიამოვნებისა და სიცრუის დრო ძალზედ მცირეა, ხოლო შურისგებისა და სასჯელისა კი - მრავალრიცხოვანი"186.   65.(5). 1. "უფალო, - ვეუბნები, - საერთოდ ვერაფერს ვხვდები სიცრუის, სიამოვნებისა და ტანჯვის დროის შესახებ, უფრო ცხადად განმიმარტე". 2. მპასუხობს და მეუბნება მე: "ხანგრძლივია (παράμονός) შენი უგუნურება და არ გსურს, რომ გული შენი განიწმინდო და უფალს ემონო. ეკრძალე, - ამბობს, - რომ ჟამი არ განსრულდეს და შენ კი უგუნური არ აღმოჩნდე. მაშ ასე, ისმინე და გაიგე ისე, როგორც მოგსურვებია. 3. ვინც ერთი დღე იშვებდა თუ ცრუობდა და რასაც იზრახავდა, იმას აღასრულებდა, ფრიადი სიშლეგით შემოსილა და ვერ იმეცნებს საქმეს, რომელსაც მოქმედებს, ივიწყებს რა ხვალამდე, თუ რას იქმოდა ერთი [დღის] წინ, რადგან სიამოვნებასა და ტყუილს უგუნურების გამო, რაშიც იმოსება, მოსაგონარი არ გააჩნია, ხოლო როცა ადამიანს ერთი დღის შურისგება და სასჯელი მიეახლება, წლის მანძილზე სჯის და სტანჯავს, რამეთუ დიდი ხსოვნა აქვს მას. 4. ამრიგად, მთელი წლის მანძილზე ტანჯული და დასჯილი, რაჟამს შვებასა და ტყუილს იხსენებს, ხვდება, რომ ამ უკეთურებათა გამო განიკითხება. ყველა განცხრომილი და მტყუარი ადამიანი ამგვარად დაისჯება, რადგან სიცოცხლის მფლობელებმა საკუთარი თავი სიკვდილს გადასცეს". 5. შევეკითხე: უფალო, როგორი შვებაა დამღუპველი?" "ნებისმიერი საქმე, - მომიგებს, - შვებაა ადამიანისთვის, რაჟამს სიამოვნებით ასრულებს მას, რადგან აღგზნებულიც (ὁ ὀξύχολος ) საკუთარი ვნებით არამცირედი განცხრომით მოქმედებს. მრუში, მემთვრალე, ავმეტყველი, მატყუარა, ანგარი თუ მძარცველი და მათ მსგავსად მქმნელი თავის უკეთურებას საკმარისად აღასრულებს და სწორედაც რომ ტკბება საკუთარი საქმით. 6. ყველა ეს შვება დამღუპველია ღვთის მონათათვის. ამრიგად, დასჯილნი და ტანჯულნი ამ საცთურთა გამო განიკითხებიან. 7. მაგრამ არის შვება, რომელიც იხსნის ადამიანს, რადგან მრავალი, ვინც სიკეთეს იქმს, საკუთარ თავს შვებას სიამოვნებით ანიჭებს. ასე რომ, ეს შვება სასარგებლოა ღვთის მონათათვის და სიცოცხლეს ანიჭებს ამ ადამიანს. წინარეგანცხადებული დამღუპველი განცხრომანი კი სასჯელსა და შურისგებას შემოიკრებენ. ხოლო ვინც შეყოვნდება და არ შეინანებს, საკუთარ თავს სიკვდილს მიაახლებს". იგავი VII 66. 1. რამდენიმე დღის შემდეგ იმ დაბლობზე ვიხილე იგი, სადაც მწყემსებიც მენახა, და მეუბნება: "რას ეძიებ?" "უფალო, - ვპასუხობ, - მოვედი, რომ შურისგების მწყემსს ჩემი სახლიდან წასვლა უბრძანო, რადგან ძლიერ მტანჯავს მე". მომიგებს: "უნდა დაისაჯო, ასე ბრძანა შენ შესახებ დიდებულმა ანგელოზმა, ჰსურს რა შენი გამოცდა". ვუთხარი: "უფალო, ასეთი რა უკეთურება აღვასრულე, რომ იმ ანგელოზს მიმაბარეს?" 2. "ისმინე. - ამბობს, - მრავალია შენი შეცოდება, თუმცა არა ეგზომ ფრიადი, რომ ამ ანგელოზს გადასცემოდი, მაგრამ დიდი ცოდვა და ურჯულოება შენმა სახლეულმა აღასრულა. დიდებული ანგელოზი კი განრისხებულია მათი საქმეებით და ამიტომაც ბრძანებს შენ დასჯას გარკვეული დროით, რათა მათ შეინანონ და ამა საუკუნის ყოველგვარი სურვილისგან განიწმინდონ საკუთარი თავი. ამრიგად, რაჟამს მოინანიებენ და განსპეტაკდებიან, მაშინ გაგერიდება შურისგების ანგელოზი". 3. ვეუბნები მას: "უფალო, თუკი ისინი აღასრულებდნენ იმას, რამაც დიდებული ანგელოზი განარისხა, მე რა გავაკეთე?". მომიგებს: ‘წარმოუდგენელია, ისინი სხვაგვარად დაისაჯონ, თუკი შენ, ოჯახის თავი, არ განიკითხე, რადგან შენი ტანჯვით გარდაუვალად ისინიც იტანჯებიან, ხოლო შენი განსვენებით კი შეუძლებელია რაიმე მწუხარების განკუთვნა". 4. "მაგრამ აჰა, უფალო, - ვპასუხობ, - მთელი თავიანთი გულით შეინანეს". "ვიცი, - ამბობს, - რომ მთელი გულით მოინანიეს. ნუთუ გგონია, რომ მონანულებს შეცოდებანი მყისვე მიეტევებათ? ერთიანად არა, რადგან საჭიროა, მონანულმა ტანჯოს საკუთარი სული, ყოველ საქმეში ძლიერ დამდაბლდეს და ივნოს მრავალი და განსხვავებული სასჯელით. რაჟამს მასზე მოწევნად სასჯელებს დაითმენს, ყოვლისშემოქმედი (ეფეს. 3.9; ფს. 67.29) და განმაძლიერებელი უეჭველად შეიბრალებს და კურნებას მიჰმადლებს მას. 5. ესეც, უდაოდ, როდესაც იხილავს ყოველი უკეთური საქმისგან განწმენდილ მონანულის გულს. შენ და შენი სახლეული კი კარგია ახლა დაისაჯოთ, მაგარამ რაღა გითხრა მეტი? უნდა იტანჯო, როგორც ბრძანა უფლის იმ ანგელოზმა, ვინც შენი თავი მე გადმომცა. ამისთვისაც მადლობდე უფალს, რომ მწუხარების გაცხადების ღირსი გაგხადა, რადგან წინასწარმცოდნემ მამაცურად აიტანო იგი". 6. ვეუბნები: "უფალო, ჩემთან ერთად იყავი და ძალმიძს, ყოველგვარი შეჭირვება ვიტვირთო". "მე, - ამბობს, - შენთან ერთად ვიქნები. შურისგების ანგელოზსაც შევევედრები, რომ შენ უმსუბუქესად187 დაგსაჯოს. მცირე დროით განიკითხები და კვლავ შენს სახლეულს დაუბრუნდები. მხოლოდ სიმდაბლე შეინარჩუნე, უფალ ღმერთს სუფთა გულით ემსახურე შენი შვილებითა და შენი სახლეულით, ჩემს მცნებებში ისრბოლე, რომლებიც შენ გაუწყე, და ძალუძს შენს სინანულს, იყოს წმინდა და ძლიერი. 7. რაჟამს ამას დაიცავ შენს სახლეულთან ერთად, ყოველგვარი შეჭირვება განილტვის შენგან. და ყველას განეშორება მწუხარება, ვინც კი ჩემს მცნებებში ისრბოლებს. იგავი VIII 67.(1). 1. მიჩვენა მე დიდი ტირიფი, რომელიც მთასა და ბარს ფარავდა. ყველა, უფლის სახელით მოწოდებული, ტირიფის საფარქვეშ იკრიბებოდა. 2. ტირიფთან ფრიად მაღალი, უფლის დიდებული ანგელოზი იდგა, დიდი ნამგალი ჰქონდა, ტირიფს ტოტებს ათლიდა და ტირიფქვეშ თავშეფარებულ ხალხს აწვდიდა. პატარა რტოებს გადასცემდა მათ, დაახლოებით მტკაველის ზომისას. 3. ანგელოზმა მას შემდეგ, რაც რტოები ყველას მიაწოდა, ნამგალი დადო, ის ხე კი მთელი იყო, როგორც მენახა. 4. მე გავოცდი, საკუთარ თავთან ვმსჯელობდი: "ხეს ამდენი ტოტი მოეკვეთა, როგორაა მთელი?" მწყემსი მეუბნება: "ნუ გიკვირს, რომ ეს ხე, ეგზომ ტოტებმოკვეთილი, ჯანსაღი დარჩა. მოითმინე, - ამბობს, - ხოლო რაჟამს ყველაფერს ნახავ, გეუწყება შენ, თუ რა არის". 5. ხალხისთვის რტოთა მიმწოდებელმა ანგელოზმა უკან მოითხოვა ისინი. როგორც მიეღოთ, ასევე მოიხმობოდნენ მასთან. თითოეული მათგანი რტოს უბრუნებდა; უფლის ანგელოზი კი ჩამოართმევდა და აკვირდებოდა მათ. 6. ზოგიერთისგან გამხმარი და თითქოს ჩრჩილისგან გამოხრული რტოები დაიბრუნა. ანგელოზმა ამ რტოთა მიმწოდებლებს ცალკე განთავსება უბრძანა. 7. სხვები ხმელ [ტოტებს] აძლევდნენ, მაგრამ არ იყვნენ ჩრჩილისგან დაზიანებულნი. მათაც განცალკევებით დადგომა განუწესა. 8. სხვანი ნახევრად ხმელს გადასცემდნენ. ისინიც განმარტოებით დგებოდნენ. 9. ნაწილი სანახევროდ გამხმარ და ბზარების მქონე რტოებს აწვდიდა. მათაც განმხოლოება დაევალა. 10. სხვები მწვანე ტოტებს აბრუნებდნენ, მაგრამ ბზარები ჰქონდათ. ისინიც მოშორებით დააყენეს. 11. ნაწილი სანახევროდ ხმელსა და ნახევრად მწვანე რტოებს აძლევდა. მათაც განმარტოება განეწესა. 12. სხვებმა თავიანთი ტოტები მოიტანეს. გამწვანებული იყო რტოს მეორედი ნაწილი, ხოლო მესამედი კი - ხმელი. ისინიც ცალკე განთავსდნენ. 13. სხვები კი მეორედი ნაწილით ხმელს, ხოლო მესამედით მწვანეს აწვდიდნენ. მათაც განმარტოება განეწესა. 14. ნაწილი თავის ტოტებს თითქმის მთლიანად მწვანეს გადასცემდა, მხოლოდ მცირედი, ტოტის უმნიშვნელო [ნაწილი] იყო გამხმარი, მისი კენწერო, მაგრამ ბზარები ჰქონდა მათ. ისინიც განზე გადგნენ. 15. სხვების მცირედით მწვანე იყო, ხოლო დანარჩენი ნაწილი ტოტებისა კი ხმელი. მათაც ცალკე აყენებდნენ. 16. სხვები მოდიდოდნენ და მწვანე ტოტები ისე მოჰქონდათ, როგორც ანგელოზისგან შეეწყნარებინათ. ხალხის უდიდესი ნაწილი ასეთ ტოტებს აბრუნებდა. ძლიერ ხარობდა ანგელოზი მათ გამო. ცალკე განაწესეს ისინი. 17. ნაწილი  მწვანესა და კვირტების მქონე ტოტებს აწვდიდა. ისინიც მოშორებით დააყენეს. მათ გამოც ფრიად მხიარულობდა ანგელოზი. 18. სხვები მწვანე და კვირტების მქონე რტოებს გადასცემდნენ, ხოლო მათ კვირტებს კი თითქოს რამ ნაყოფი ჰქონდა. ამ ადამიანებს, რომლებიც ასეთი ტოტებით წარმოჩინდნენ, ძლიერ უხაროდათ; ანგელოზიც მხიარულობდა. მწყემსიც მათთან ერთად ფრიად გახალისებულიყო.   68.(2). 1. უფლის ანგელოზმა გვირგვინების მოტანა ბრძანა. გვირგვინები მიართვეს, თითქოს პალმის ფოთლებისგან დაემზადებინათ, და იმ ადამიანებს დაადგა, რომლებმაც კვირტისა და ნაყოფის მქონე ტოტები გადასცეს. კოშკისკენ გააგზავნა ისინი. 2. სხვებიც, ვინც კვირტებიან, მაგრამ უნაყოფო ტოტებს აბრუნებდა, კოშკისკენ გაისტუმრა. მათ ბეჭედი მისცა188. 3. ყველას, ვინც კი კოშკისკენ მიემართებოდა, ისეთი თეთრი სამოსელი ჰქონდა, როგორც თოვლი. 4. ისინიც განუტევა, რომლებმაც ისეთივე მწვანე ტოტები დააბრუნეს, როგორიც მიიღეს. თეთრი სამოსი და ბეჭედი გადასცა მათ. 5. ამის დასრულების შემდეგ ანგელოზი მწყემსს ეუბნება: "მე წავალ, შენ კი ისინი კედლებთან მიუშვი, რომ სადაც ღირსია, იქ დამკვიდრდეს მავანი. გულმოდგინედ დააკვირდი მათ ტოტებს და ასე გაისტუმრე. ყურადღებით მოიხილე, უყურე, რომ არავინ გაგცდეს, ხოლო თუკი ვინმე ჩაგივლის, - ამბობს, - მე გამოვცდი მათ საკურთხეველთან". მწყემსს ეს უთხრა და გაგვშორდა. 6. ანგელოზის წასვლის შემდეგ მწყემსი მეუბნება: "ტოტები ყველას გამოვართვათ და დავრგოთ ისინი, თუ ძალუძს მათგან რომელიმეს იცოცხლოს". ვპასუხობ: "უფალო, ამ გამხმართ როგორღა ძალუძთ სიცოცხლე?" 7. მომიგებს და მეუბნება მე: "ეს ხე ტირიფია და სიცოცხლისმოყვარე ჯიშისაა189. ამრიგად, რაჟამს დავრგავთ და ტოტები მცირე ტენიანობას მიიღებენ, მათგან მრავალი გაცოცხლდება. შემდეგ ვეცადოთ და წყლით მოვრწყათ ისინი. უკეთუ რომელიმე მათგანს ხელეწიფება სიცოცხლე, გავიხარებ მათით, ხოლო თუკი არ იცოცხლებენ, არ გამოვჩნდები მე უზრუნველი". 8. მწყემსმა მათი ხმობა ისე მიბრძანა, როგორც იდგა მავანი. მწყობრი-მწყობრ მოდიოდნენ და რტოებს მწყემსს გადასცემდნენ. მან რტოები მიიღო და მწყობრადვე დარგო ისინი. დარგვის შემდეგ წყალი მრავლად დაასხა, ისე რომ, აღარ ჩანდა ტოტები წყალში. 9. ტოტების მორწყვის შემდეგ მეუბნება: ‘წავიდეთ, რამდენიმე დღის შემდეგ დავბრუნდეთ და თითოეული ეს ტოტი მოვიხილოთ, რადგან ამ ხის შემოქმედს ყველას სიცოცხლე ჰსურს, ვინც ამ ხისაგან რტოები მიიღო. მეც ვიმედოვნებ, რომ დატენიანებული და წყლით დარწყულებული ტოტების უდიდესი ნაწილი იცოცხლებს".   69.(3). 1. ვეუბნები მას: "უფალო, გამაგებინე მე, თუ რა არის ეს ხე, რადგან გაოცებული ვარ მის გამო, ამდენი ტოტი ჩამოჭრეს, ხე კი მთელია და არაფერი ეტყობა მას მოკვეთილი. ამით ვარ გაოგნებული". 2. "ისმინე! - ამბობს, - ეს დიდი ხე, რომელიც მთასა და ბარს და მთელ დედამიწას ფარავს, მთელი სამყაროსთვის ბოძებული ღვთის რჯულია. ეს რჯული კი ძე ღვთისაა, რომელიც დედამიწის დასასრულამდეა ნაქადაგები. საფარქვეშ მყოფი ხალხი კი ისინი არიან, ვინც ქადაგება ისმინა და ირწმუნა იგი. 3. ხოლო დიდი და დიდებული ანგელოზი მიქაელია, რომელსაც აქვს ხელმწიფება ამ ხალხზე და განაგებს მათ, რადგან თავად ანიჭებს რჯულს მორწმუნეთა გულებს. ამრიგად, აკვირდება, ვისაც რჯული გადასცა, იცავენ თუ არა მას. 4. ხომ ხედავ თითოეულის ტოტს, ტოტებიც რჯულია. შეხედე რტოთაგან მრვალ უსარგებლოს და მიხვდები, რომ მათგან არავის დაუცავს რჯული. თითოეულის სამკვიდრებელსაც იხილავ". 5. ვეუბნები მას: "უფალო, რატომ გაგზავნა ზოგიერთები კოშკისკენ, ხოლო ნაწილი კი შენთან დატოვა?" მომიგებს: "ისინი, ვინც მისგან მიღებულ რჯულს გარდახდა, ჩემს ხელმწიფებაში რჩებიან სინანულისთვის; ხოლო ვინც უკვე აღასრულა რჯული და დაიმარხა იგი, ასეთები საკუთარი ხელმწიფების ქვეშ ჰყავს". 6. შევეკითხე: "უფალო, გვირგვინოსანნი და კოშკისკენ მავალნი ვინ არიან?" მომიგებს: "გვირგვინოსანნი ისინი არიან, რომლებმაც დემონის წინააღმდეგ იბრძოლეს და სძლიეს მას. რჯულისთვის ვნებულნი არიან ისინი190. 7. სხვები, რომლებიც მწვანესა და კვირტების მქონე ტოტებს აწვდიდნენ, მაგრამ ნაყოფი არ გააჩნდათ, რჯულის გამო დევნილნი არიან, არა ვნებულნი, მაგრამ არც თავიანთი რჯულის უარმყოფელნი191. 8. ხოლო ისინი, ვინც მწვანე [ტოტები] როგორიც მიიღო, ისეთივე დააბრუნა, უბიწონი და მართალნი არიან, ფრიად განწენდილი გულით მავალნი და ღვთის მცნებათა აღმსრულებელნი (ეკლეს. 12.13)192. დანარჩენს მაშინ გაიგებ, როდესაც ამ დარგულ და დარწყულებულ რტოებს მოვიხილავ". 70.(4). 1. რამდენიმე დღის შემდეგ ადგილზე დავბრუნდით. მწყემსი დიდი ანგელოზის ალაგზე დაჯდა, მეც მასთან დავდექი და ამბობს: "ტილო შემოირტყი და მე მემსახურე". ძაძის სუფთა ტილო მოვირტყი. 2. მიხილა რა მე წელშემოსარტყლული და მასთან მოსაგრეობისთვის მზადმყოფი, მეუბნება: "მამაკაცები, რომელთა ტოტებიც დარგულია, რიგისამებრ მოიხმე, როგორც გვაწვდიდა რტოებს მავანი". დაბლობისკენ წავედი და ყველას მოვუწოდე. ისინი მწყობრში ჩადგნენ. 3. ეუბნება მათ: "თითოეულმა თავისი ტოტები იპყრას და ჩემთან მოიტანოს". 4. პირველად მოსულებს, რომლებსაც საკუთარი [რტოები] გამხმარი და გამოხრული გადაეცათ, კვლავაც ისეთივე გამხმარნი და გამოხრულნი აღმოაჩნდათ. მათ ცალკე დადგომა უბრძანა. 5. შემდეგ ის ტოტები მიაწოდეს, რომლებიც ხმელი, მაგრამ გამოუხრავი იყო. ზოგიერთი მათგანი მწვანე რტოებს აბრუნებდა, ხოლო ნაწილი გამხმარსა და თითქოს ჩრჩილისგან დაზიანებულ ტოტებს აწვდიდა. მწვანე [რტოების] მიმწოდებლებს განცალკევებით დგომა უბრძანა, ხოლო ხმელისა და გამოხრულის დამბრუნებლებს პირველებთან ერთად განთავსება მოსთხოვა. 6. შემდეგ ის [რტოები] მიართვეს, რომელნიც გამხმარი და ბზარების მქონენი იყვნენ. მრავალი მათგანი მწვანესა და ბზარების არმქონეს აბრუნებდა. ზოგიერთები მწვანესა და ყლორტებიანს და ყლორტებთან ნაყოფის მქონე [ტოტებს] აწვდიდნენ, როგორც კოშკისკენ მიმავალ გვირგვინოსნებს ჰქონდათ. ვიღაცეები ხმელებსა და გამოხრულთ აბრუნებდნენ, ხოლო ნაწილი - გამხმარსა და გამოუხრავს, ზოგიერთებს ნახევრად გამხმარი და დაბზარული მიჰქონდათ. უბრძანა, რომ თითოეული მათგანი ცალ-ცალკე, საკუთარ რიგებში ჩამდგარიყო. 71.(5). 1. შემდეგ იმათ მიართვეს, რომელთაც მწვანე, მაგრამ დაბზარული ტოტები ჰქონდათ193. ყველა ისინი მწვანე [რტოებს] იძლეოდნენ და თავიანთ რიგში დგებოდნენ. უხაროდა მწყემსს მათ გამო, რომ ყველანი შეიცვალნენ და აღხოცილიყო მათი ბზარები. 2. ისინიც აწვდიდნენ, რომელთაც ნახევრად მწვანე, მაგრამ სანახევროდ ხმელი [ტოტები] ჰქონდათ. ზოგიერთების რტოები ყოვლითურთ აყვავებული აღმოჩნდა, ნაწილის - სანახევროდ ხმელი, ვიღაცეების - ხმელი და გამოხრული, სხვებს მწვანე და ყლორტიანი [რტოები] ჰქონდათ. ყველანი სათითაოდ მიემართებოდნენ თავიანთი რიგებისკენ. 3. შემდეგ ისინი აბრუნებდნენ, რომელთაც მეორედი ნაწილი მწვანე, ხოლო მესამედი გამხმარი ჰქონდათ. მათგან მრავალმა მწვანე დააბრუნა, ბევრმა - ნახევრად ხმელი, სხვებმა - ხმელი და გამოხრული. ყველანი თავიანთი რიგებისკენ იგზავნებოდნენ. 4. სხვები, ვისაც თავისი ტოტები მეორედი ნაწილით ხმელი, ხოლო მესამედით მწვანე მიეწოდებინა, მრავალი მათგანი სანახევროდ გამხმარს, ვიღაცეები ხმელსა და გამოხრულს, კიდევ სხვანი ნახევრად ხმელსა და ბზარის მქონე ტოტებს აბრუნებდნენ, მცირე რაოდენობა გამწვანებულებს გადასცემდა. ყველა ისინი საკუთარ რიგში დგებოდნენ. 5. მწვანე, მაგრამ მცირედი [ნაწილით] გამხმარი და ბზარის მქონე ტოტების მიმწოდებელთაგან ზოგი მწვანეს, ვიღაცეები მწვანესა და ყლორტის მქონეს აბრუნებდნენ. ისინიც თავიანთი რიგებისკენ მიემართებოდნენ. 6. შემდეგ იმათაც დააბრუნეს, რომელთაც ოდნავ გამწვანებული, ხოლო დანარჩენი ნაწილით ხმელი [რტოები] ჰქონდათ. მათი ტოტების უდიდესი ნაწილი გამწვანებული, ყლორტის მქონე და ნაყოფიერი აღმოჩნდა, სხვები მთლიანად მწვანე იყო. დიდად ხარობდა მწყემსი მათი ტოტების გამო, რადგან ამგვარად წარმოჩინდნენ.  ისინიც სათითაოდ საკუთარი რიგისკენ მიემართებოდნენ. 72.(6). 1. მწყემსი, მას შემდეგ, რაც ყველა ტოტი მოიხილა, ამბობს: "გეუბნებოდი შენ, რომ ეს ხე სიცოცხლისმოყვარეა. ხედავ, რამდენმა შეინანა და გადარჩა?" ვპასუხობ: "ვხედავ უფალო". ამბობს: "უფლის მრავალმოწყალება იხილე, რომ დიდი და დიდებულია, და სული მიჰმადლა სინანულის ღირსებს"194. 2. "უფალო, - ვეკითხები, - რატომ ყველამ არ შეინანა?" მომიგებს: "ვისაც იხილავს უფალი, რომ მოსურნეა გულის განწმენდისა და მთელი გულით მას დაემონება, ეგევითარს უწყალობებს სინანულს, ხოლო თუკი მზაკვარობით, უკეთურებითა და ცბიერებით მონანიების მზრახველთ დაინახავს, არ ანიჭებს ასეთებს სინანულს, რომ კვლავ არ შეურაცხჰყონ მისი სახელი”. 3. ვეუბნები მას: "უფალო, ახლა უკანდაბრუნებული ტოტები განმიმარტე, თუ ვინ არიან ისინი და [სადაა] მათი სამკვიდრებელი, რომ მსმენელებმა, რომლებმაც ირწმუნეს, ბეჭედი მიიღეს, მაგრამ წარხოცეს იგი და სიმრთელე არ დაიცვეს, შემმეცნებლებმა საკუთარი საქმეებისა შეინანონ, ბეჭედი შენგან მიიღონ და განადიდონ უფალი, რადგან შეიბრალა ისინი და მათი სულების განსაახლებლად შენ წარმოგგზავნა". 4. "ისმინე! - ამბობს, - ტოტები, რომლებიც ხმელი და ჩრჩილისგან გამოხრული აღმოჩნდა, განდგომილნი, ეკლესიის გამყიდველნი, თავიანთი ცოდვებით უფლის მგმობელნი და ასევე ისინი არიან, რომლებსაც შერცხვათ უფლის სახელისა, რითიც იწოდნენ (საქმ. მოც. 15.17; იაკობ. 2.7; დაბ. 48.16). ამრიგად, ასეთნი ბოლომდე მოუკვდნენ ღმერთს. ხედავ, რომ მათგან არავინ შეინანა, მიუხედავად იმისა, სიტყვა, რომელიც შენ გეუწყა და მათთვის ითქვა, მოისმინეს. ასე რომ, განერიდა ასეთებს სიცოცხლე. 5. მათთან ახლოს არიან ხმელი და ულპოლველი [რტოების] დამბრუნებელნიც, რადგან ისინი ცბიერები, სხვა მოძღვრებათა შემომტანნი და ღვთის მონათა გარემიმაქცეველნი იყვნენ. განსაკუთრებით შემცოდეებისა, რადგან არ ანებებდნენ მათ სინანულს, არამედ უგუნურ სწავლებას უმორჩილებდნენ. მაგარამ ფლობენ ისინი იმედს სინანულისა. 6. ხედავ, რომ მათგან მრავალმა შეინანა მას შემდეგ, რაც ჩემი მცნებები განუცხადე; კვლავაც შეინანებენ. ისინი, რომლებიც არ მოინანიებენ, საკუთარ სიცოცხლეს წარიწყმედენ, ხოლო ვინც მათგან შეინანებს, სახიერი შეიქმნება და მათი სამკვიდრებელი პირველი კედლები გახდება, ზოგიერთნი კი კოშკისკენაც ზეაღიწივნენ. ხედავ, - ამბობს, - რომ ცოდვილთა სინანული სიცოცხლეს ფლობს, ხოლო მოუნანიებლობა - სიკვდილს195.   73.(7). 1. მათ შესახებ ისმინე, ვინც ნახევრად ხმელ, ბზარების მქონე [ტოტებს] აბრუნებდა. ბევრი მათგანი, რომლებსაც სანახევროდ ხმელი ტოტები ჰქონდათ, ორგულნი არიან, არც ცოცხალნი, არც გარდაცვლილნი. 2. ისინი, რომლებსაც სანახევროდ გამხმარი და დაბზარული [ტოტები] ჰქონდათ, ორგულნი და ავმეტყველნი არიან, საკუთარ თავში არასოდეს მშვიდობისმყოფელობენ, არამედ მუდამჟამ მეამბოხეობენ. მათთვის ჯერაც განწესებულია სინანული. ხედავ, რომ ზოგიერთმა უკვე შეინანა. ასეთებისთვის კვლავაც არის იმედი სინანულისა. 3. ამრიგად, ბევრი მათგანი შეინანებს და სამკვიდრებელი კოშკში ექნება. ისინი, რომლებიც ფრიად დაგვიანებით მოინანიებენ, კედლებთან განლაგდებიან, ხოლო მრავალი, ვინც არ შეინანა, არამედ კვლავაც საკუთარ საქმეებში შეყოვნდა, სიკვდილით აღესრულება196. 4. ამრიგად, - ამბობს, - ვინც მწვანე და ბზარების მქონე ტოტები დააბრუნა, მარადჟამ მორწმუნენი და სახიერნი არიან, მაგრამ პირველობისა და რამ დიდების გამო ურთიერთიერთისადმი შური გააჩნდათ. ყველა ისინი, ვისაც პირველობის მიზეზით ერთურთში მოშურნეობა აქვს, უგუნურები არიან; 5. მაგარამ მოისმინეს რა ჩემი მცნებები, სახიერნი გახდნენ, რადგან განიწმინდეს საკუთარი თავი და მყისვე შეინანეს. ასე რომ, კოშკშია მათი სამკვიდრებელი. თუკი რომელიმე მათგანი კვლავ განხეთქილებისკენ მიიქცევა, კოშკიდან განიდევნება და საკუთარ სიცოცხლეს წარიწყმედს. 6. უფლის მცნებათა ყოველი დამმარხველისთვის არის სიცოცხლე (ეკლეს. 12.13). არაფერია მცნებებში პირველობის ან რაიმე დიდების შესახებ, არამედ ადამიანის სულგრძელებისა და სიმდაბლის თაობაზეა. ასე რომ, მათშია უფლის სიცოცხლე, ხოლო განხეთქილებასა და ურჯულოებაში სიკვდილია197. 74.(8). 1. სანახევროდ მწვანე და ნახევრად ხმელი ტოტების დამბრუნებელნი ისინი არიან, რომლებიც საქმეებით აღრეულან და არც წმინდანებს შეერთებიან. ამიტომაცაა მათი [რტოების] ნახევარი ცოცხალი და ნახევარიც - მკვდარი. 2. მრავალმა მსმენელმა ჩემი მცნებებისა შეინანა. ასე რომ, ვინც უკვე მოინანია, კოშკშია მათი სამკვიდრებელი, ხოლო ზოგიერთი მათგანი ბოლომდე განდგა. ისინი სინანულს ვერასოდეს ეუფლებიან, რადგან თავიანთი საქმეებით უფალი შეურაცხჰყვეს და უარყვეს იგი. ამიტომაც წარიწყმიდეს თავიანთი სიცოცხლე უკეთურების გამო, რასაც აღასრულებდნენ. 3. ორჭოფობდა მრავალი მათგანი, მაგრამ ისინი კვლავაც ფლობენ სინანულს. თუკი მყისვე შეინანებენ, კოშკში იქნება მათი სამკვიდრებელი, ხოლო უკეთუ ფრიადი დაგვიანებით მოინანიებენ, კედლებთან დამკვიდრდებიან, მაგრან თუ არ შეინანებენ, საკუთარ სიცოცხლეს ისინიც წარიწყმედენ. 4. მეორედი ნაწილით მწვანე, მაგრამ მესამედით ხმელი [რტოების] დამბრუნებელნი ისინი არიან, ვინც მრავალი განდგომით უარყო. 5. ამრიგად, მათგან ბევრმა შეინანა და კოშკთან მივიდა დასამკვიდრებლად; მრავალი კი ბოლომდე განუდგა ღმერთს. საბოლოოდ წარიწყმიდეს მათ სიცოცხლე. ზოგიერთი მათგანი ორგულობდა და მეამბოხეობდა. ასეთებისთვის ჯერაც არის სინანული, თუკი სწრაფად შეინანებენ და არ შეყოვნდებიან თავიანთ ვნებებში, ხოლო უკეთუ საკუთარ საქმეებში დარჩებიან, სიკვდილს შეამთხვევენ თავიანთ თავს. 75.(9). 1. მეორედი ნაწილით ხმელი, ხოლო მესამედით მწვანე ტოტების დამბრუნებელნი ის მორწმუნეები არიან, რომლებიც გამდიდრდნენ და განდიდებულნი გახდნენ წარმართთაგან, დიდი ამპარტავნება შეიმოსეს, გაამაყდნენ, ჭეშმარიტება დაუტევეს და არათუ მართალთ შეუერთდნენ, არამედ წარმართებთან ერთად თანამოქალაქეობდნენ და ეს გზა უტკბესი გახდა მათთვის; მაგრამ ღვთისგან არ განდგომილან, რწმენაში დარჩნენ, ხოლო რწმენის საქმეებს კი არ მუშაკობდნენ. 2. ამრიგად, მათგან მრავალმა შეინანა და კოშკი გახდა მათი სამკვიდრებელი. 3. სხვანი კი, ბოლომდე წარმართებთან ერთად თანამცხოვრებნი და წარმართთა პატივმოყვარეობასთან აღრეულნი, ღმერთს განუდგნენ და წარმართთა საქმეებს მუშაკობდნენ. ასე რომ, წარმართთა შორის აღირიცხნენ ისინი. 4. კიდევ სხვანი მერყეობდნენ, არ ჰქონდათ რა იმედი გადარჩენისა საქმეების გამო, რასაც იქმოდნენ. სხვები მერყეობდნენ და ურთიერთში მეამბოხეობდნენ. ორგულთათავის თავიანთი საქმეების გამო სინანული ჯერაც არის, მაგრამ სინანული დაჩქარებას საჭიროებს, რომ კოშკი გახდეს მათი სამკვიდრებელი, ხოლო უკეთუ არ შეინანებენ, არამედ საკუთარ ვნებებში შეყოვნდებიან, ახლოსაა სიკვდილი.   76.(10). 1. ისინი, ვინც მწვანე ტოტები დააბრუნა, მაგრამ ხმელი კენწერო და ბზარები ჰქონდა, მარადის სახიერნი, მორწმუნენი და დიდებულნი არიან ღვთის წინაშე. მცირედით შესცოდეს უმნიშვნელო სურვილის გამო და ერთურთისადმი უმნიშვნელო რამ [წყენა] გააჩნდათ, მაგრამ მოისმინეს რა ჩემი სიტყვები, უდიდესმა ნაწილმა მყისვე შეინანა და კოშკი გახდა მათი სამკვიდრებელი. 2. ზოგი მათგანი შეორგულდა, ხოლო ზოგიერთმა შეორგულებულმა დიდი განხეთქილება მოიმოქმედა, მაგრამ კვლავ არის ასეთებში იმედი სინანულისა, რადგან მუდამ სახიერნი (ἀγαθοὶ) იყვნენ. ამიტომაც ძნელად თუ მოკვდება ვინმე მათგანი198. 3. ხმელი, მაგრამ მცირედი სიმწვანის მქონე ტოტების დამბრუნებელნი ისინი არიან, რომელთაც მხოლოდ ირწმუნეს, მაგრამ უკეთურ საქმეებს აღასრულებდნენ. ისინი ღვთისგან არასოდეს განდგომილან, სიხარულით ატარებდნენ სახელს და სიამოვნებით ღებულობდნენ თავიანთ სახლებში ღვთის მონებს. ასე რომ, ამ სინანულის მსმენელებმა შეუორგულებლად შეინანეს და სიმართლის ყოველგვარი სათნოება აღასრულეს (საქმ. მოც. 10.15; ებრ. 11.33). 4. ზოგიერთი მათგანი სიხარულით იტანჯა და მწუხარებდა, შემმეცნებელი საკუთარი საქმეებისა, რასაც იქმოდა. ამრიგად, კოშკშია ყველა მათგანის სამკვიდრებელი". 77.(11). 1. მას შემდეგ, რაც მან ყველა ტოტის შესახებ განასრულა განმარტებები, მეუბნება მე: "წადი და ყველას უთხარი, რომ შეინანონ და ღვთისთვის იცხოვრონ, რადგან მოწყალეა უფალი და თითოეულისთვის სინანულის მისანიჭებლად წარმომგზავნა (II პეტრ. 3.9), თუნდაც რომ არ იყოს მავანი ღირსი ხსნისა თავისი საქმეების გამო; მაგარამ სურს სულგრძელ უფალს, დაიხსნას თავისი ძის მიერ ხმობილი". 2. ვეუბნები მას: "უფალო, ვიმედოვნებ, რომ ყოველი, ვინც კი ამას მოისმენს, შეინანებს, რადგან მჯერა, ყოველი, საკუთარი საქმის შემმეცნებელი და მოშიში ღვთისა, მოინანიებს". 3. მომიგებს მე და მპასუხობს: "მათგან მრავალნი მთელი გულით შეინანებენ და განიწმენდენ თავს თავიანთ წინარეგანცხადებულ უკეთურებათაგან და მეტად ნურავინ ამრავლებს საკუთარ შეცოდებებს, რომ კურნება მიიღოს უფლისგან უწინარეს ცდომილებათა გამო. თუკი არ შეორგულდებიან ამ მცნებებში, ღმერთთან იცოცხლებენ. მაგარამ, - ამბობს, - მრავალნი გაამრავლებენ საკუთარ ცოდვებს და იმოგზაურებენ ამა საუკუნის გულისთქმებით და თავიანთ თავს სიკვდილს განუწესებენ. 4. შენ კი ჩემს მცნებებში ისრბოლე და ღმერთთან იცოცხლებ. და ვინც მათში იმეგზურებს და სწორად აღასრულებს, ღმერთში იცოცხლებს". 5. მიჩვენა რა და მითხრა ყოველივე ეს, მეუბნება მე: "დანარჩენს რამდენიმე დღის შემდეგ განგიცხადებ".   იგავი IX 78.(1). 1. მწყემსის, სინანულის ანგელოზის, მცნებებისა და იგავების აღწერის შემდეგ იგი ჩემთან  მოვიდა და მეუბნება: "მსურს გიჩვენო, რაც სულიწმინდამ გაგიცხადა და ეკლესიის სახით საუბრობდა შენთან ერთად, რადგან ეს სული ძე ღვთისაა. 2. ვინაიდან სხეულით უუძლურესი იყავი, არ გიცხადდებოდა ანგელოზის საშუალებით, ხოლო რაჟამს სულის მიერ მოღონიერდი და შენი ძალით განმტკიცდი, ანგელოზის ხილვა შეძელი. სწორედ მაშინ გამჟღავნდა შენთვის ეკლესიის მიერ კოშკის მშენებლობა. კეთილია და წმინდა ყოველივე, რაც ქალწულმა გიჩვენა, მაგრამ ახლა ანგელოზის მიერ ხედავ, კვალად იმავე სულისა199. 3. საჭიროა, რომ შენ ჩემგან უზუსტესად შეიმეცნო ყველაფერი, რადგან ამიტომაც მერგო დიდებული ანგელოზისგან შენს სახლში მკვიდრობა, რათა ნათლად იხილო ყოველივე და არაფრის გეშინოდეს, როგორც ადრე". 4. და წამიყვანა მე არკადიისკენ, სფეროსებრი (μαστῶδες) მთისკენ. დამსვა მე მთის მწვერვალზე და დიდი დაბლობი მიჩვენა. დაბლობის ირგვლივ კი თორმეტი მთაა. მთებს სხვადასხვა შესახედაობა ჰქონდათ. 5. შავი ფერის იყო პირველი, როგორც მური. მეორე გაშიშვლებულიყო, არ გააჩნდა ბალახი. მესამე ეკლებითა და სარეველათი დაფარულიყო. 6. მეოთხეს ნახევრად გამხმარი ბალახი ჰქონდა, ბალახი ზევიდან მწვანე იყო, ხოლო ძირისკენ - ხმელი. ხმებოდა ბალახის ნაწილი, რაჟამს მზე დააცხუნებდა. 7. ფრიად უსწორმასწორო იყო მეხუთე მთა, მაგრამ მწვანე ბალახი ჰქონდა. მეექვსე მთა როგორც დიდი, ასევე მცირე ბზარებით მოფენილიყო მთლიანად. ბზარებში ბალახი ამოვიდა, მაგრამ ბალახი არა ფრიად აყვავებული, არამედ უმეტესობა - დამჭკნარი. 8. მეშვიდე მთას ლამაზი200 ბალახი ჰქონდა, მთელი მთა იყო აყვავებული. ყველა ჯიშის ცხოველი და ფრინველი ამ მთაზე იკვებებოდა და რამდენსაც შეექცეოდნენ ცხოველები და ფრინველები, იმ მთაზე მეტი და მეტი ბალახი ყვაოდა. ნაკადულებით იყო სავსე მერვე მთა და ყველა სახის უფლის ქმნილება იმ მთის წყაროებიდან რწყულდებოდა. 9. მეცხრე მთას წყალი საერთოდ არ გააჩნდა და მთლიანად გაუდაბურებულიყო. მხეცები და ადამიანის მომაკვდინებელი შხამიანი ქვეწარმავლები იყვნენ მასზე. მეათე მთას კი უდიდესი ხეები ჰქონდა და მთლიანად დაჩრდილულიყო. ხეების საფარქვეშ ცხვარი იწვა, ისვენებდა და იცოხნებოდა. 10. ხოლო მეთერთმეტე მთას ძალზე ხშირი ტყე201 ჰქონდა და ნაყოფიერი იყო ეს ხეები. სხვადასხვა ნაყოფით გამშვენებულებს, თუკი ვინმე იხილავდა, ამ ნაყოფთაგან დაგემოვნებას ისურვებდა. მთლიანად თეთრი იყო მეთორმეტე მთა, ხოლო მისი შეხედულება - გასაოცარი (ἱλαρὰ) და ფრიად სასიხარულო.   79.(2). 1. დაბლობის შუაში მინდვრიდან ზეაზიდული დიდი, თეთრი კლდე მიჩვენა. კლდე მთებზე უფრო მაღალი იყო და ოთხკუთხა, თითქოს ძალუძდა, მთელი სამყარო მოეცვა. 2. ძველი იყო ეს კლდე და კარი ჰქონდა გამოკვეთილი. იფიქრებდი, თითქოს კარის ახლადამოკვეთილიაო. მზეზე მეტად ბრწყინავდა კარი, ისე რომ, კარის ბრწყინვალებით მე გაოცებული ვიყავი. 3. კარის ირგვლივ თორმეტი ქალწული იდგა. მე კუთხეებთან მდგომი ოთხი [ქალწული] უფრო დიდებულად მეჩვენა, მაგრამ სხვებიც დიდებულები იყვნენ. კარის ოთხივე მხარეს იდგნენ, ხოლო მათ შორის კი - ორ-ორი ქალწული. 4. სელის სამოსი ემოსათ და ლამაზად იყვნე წელშემოსარტყლულნი. მარჯვენა მხარი ჰქონდათ გაშიშვლებული, თითქოს რაღაც ტვირთის წაღებას იზრახავდნენ. ამგვარად მომზადებულიყვნენ. ფრიად მხიარულნი და გულმოდგინენი იყვნენ. 5. მას შემდეგ, რაც ისინი დავინახე, საკუთარ თავს გავუოცდი, რომ დიდი და დიდებული საქმენი ვიხილე. კვლავაც დაბნეული ვიყავი ქალწულთა გამო, რადგან ნაზად მყოფნი, ისე მამაცურად იდგნენ, თითქოს აპირებდნენ, მთელი ზეცა ეტვირთათ. 6. მწყემსი მეუბნება: "რატომ განსჯი, მწუხარებ და საკუთარ თავს დარდს მოუზიდავ? რისი გაგებაც არ ძალგიძს, ნუ იტვირთავ ვითარცა გონიერი; არამედ უფლისგან ითხოვე, რომ ამის განმსჯელი კეთილგონიერება მიიღო. 7. განა ძალგიძს უკან იმზირო?! ხოლო იმას, რაც შენ წინაა, დაინახავ. ამრიგად, იმისთვის, რისი ხილვაც არ შეგიძლია, საკუთარ თავს ნუ დატანჯავ; მაგრამ ეუფლე იმას, რასაც განჭვრეტ, და დანარჩენის შესახებ ამაოდ ნუ დაშვრები, რადგან ყოველივეს გაგიცხადებ, რასაც გიჩვენებ. მაშ ასე, დანარჩენს უმზირე".   80.(3). 1. ვხედავ, მაღალი, დიდებული და შეხედულებით მსგავსი ექვსი მამაკაცი მოემართება. ადამიანების სიმრავლეს მოუწოდეს. ეს ხმობილი კაცები მაღლები, მშვენიერნი (καλοὶ) და ძლიერები იყვნენ. ექვსმა მამაკაცმა მათ კლდის ზემოთ კოშკის აგება უბრძანა. კოშკის ასაშენებლად მოსული კაცები დიდად ხმაურობდნენ და კარის გარშემო აქეთ და იქით მიმორბოდნენ. 2. კარის ირგვლივ მდგომი ქალწულები კაცებს ეუბნებოდნენ, რომ კოშკი სწრაფად აეშენებინათ. ქალწულები ხელებს იწვდიდნენ, თითქოს მათგან რაღაცის მიღება სურდათ. 3. ექვსი მამაკაცი ერთ-ერთი დაბლობიდან ქვების მოტანასა და კოშკის შენობაში შეტანას ბრძანებდა. ათი ოთხკუთხა, ბრწყინვალე და გამოუკვეთელი ქვა ამოიტანეს. 4. ექვსმა მამაკაცმა ქალწულები მოიხმო და ყველა კოშკთან მიტანილი ქვის აღება, კარის გავლით შეტანა და კოშკის შენების განმზრახი კაცებისთვის გადაცემა უბრძანა მათ. 5. სიღრმიდან ამოტანილი პირველი ათი ქვა ქალწულებმა ურთიერთზე განათავსეს და ერთად მიჰქონდათ, როგორც ერთი ქვა.   81.(4). 1. როგორც იდგნენ კარის წრიულად ერთად, ამგვარადვე მიჰქონდათ. ისინი, რომლებიც ძლიერებად მიიჩნეოდნენ, ქვის კუთხეების ქვეშ განთავსებულიყვნენ, ხოლო სხვანი ქვის გვერდებში ჩადგნენ და ასე გადაჰქონდათ ყველა ქვა. კარის გავლით გაჰქონდათ ისინი, როგორც ებრძანათ, და მამაკაცებს კოშკში გადასცემდნენ. ისინი კი იღებდნენ და აშენებდნენ. 2. კოშკის შენება დიდ კლდეზე ხდებოდა, კარის მაღლა. ის ათი ქვა შემოიკრიბა და მთელი კლდე შეავსო. ისინი კოშკის შენობისთვის საფუძველი გახდა, ხოლო კლდე და კარი მთელ კოშკს ტვირთულობდა. 3. ათი ქვის შემდეგ დაბლობიდან ოცი სხვა ქვა ამოიტანეს. ისინიც კოშკის ასაშენებლად შეაგროვეს. ქალწულებს ისე მიჰქონდათ, როგორც უწინდელნი. ამის შემდეგ ოცდათხუთმეტი ამოიტანეს და მათაც მსგავსადვე კოშკთან აგროვებდნენ. შემდეგ სხვა ორმოცი ქვა ამოიზიდა. ყველა მათგანი კოშკის ასაშენებლად შემოიკრიბა. ასე რომ, კოშკის საფუძველში ოთხი რიგი შეიქმნა.202 4. და შეწყდა დაბლობიდან ამოტანა. მცირე [დროით] მშენებლებიც შეჩერდნენ. ექვსმა მამაკაცმა კვლავ უბრძანა ხალხის სიმრავლეს, რომ ქვები კოშკის ასაშენებლად მთებიდან მოეზიდათ. 5. და მოჰქონდათ ყოველი მთიდან მამაკაცთა მიერ გამოკვეთილი, განსხვავებული ფერის ქვები და ქალწულებს გადასცემდნენ, ხოლო ქალწულებს კარის გავლით გადაჰქონდათ ისინი და კოშკის ასაშენებლად აწვდიდნენ. როდესაც მრავალნაირი ქვა შენობაში განათავსეს, ადრინდელი ფერი შეეცვალათ და ერთნაირები, თეთრები, გახდნენ. 6. მამაკათა მიერ ასაშენებლად მიღებული ზოგიერთი ქვა არ გამხდარა ბრწყინვალე, არამედ როგორიც დაედოთ, ისეთივე იყვნენ, რადგან არც ქალწულებს მიუწვდიათ, არც კარის გავლით გაუტანიათ. ამრიგად, ეს ქვები უადგილონი იყვნენ კოშკის შენობაში. 7. ექვსმა მამაკაცმა, იხილა რა შენობაში ეს უადგილო ქვები, მათი აღება და დაბლა, თავის ადგილზე დაბრუნება ბრძანა, საიდანაც მოეზიდათ. 8. და ეუბნებიან ქვების მომტან კაცებს: "საერთოდ ნუღარ გადასცემთ ქვებს მშენებლობისთვის, არამედ კოშკთან განალაგეთ ისინი, რომ ქალწულებმა კარის გავლით შეიტანონ და ასაშენებლად მიაწოდონ, რადაგნ თუკი ამ ქალწულების ხელისა და კარის გავლით არ მოიტანენ, არ ძალუძს, მათ ფერს შეიცვალოს. ამრიგად, ფუჭად ნუღარ დაშვრებით". 82.(5). 1. და დამთავრდა იმ დღეს შენება, ხოლო კოშკი არ განსრულებულა. აგება შეჩერებული იყო, მაგრამ შენება კვლავ იზრახებოდა. ექვსმა მამაკაცმა ყველა მშენებელს მცირე [დროით] წასვლა და დასვენება უბრძანა, ხოლო ქალწულებს ამცნეს, კოშკს არ განშორებოდნენ. ვიფიქრე, რომ ქალწულები კოშკის დასაცავად რჩებოდნენ. 2. მას შემდეგ, რაც ყველანი დასასვენებლად წავიდნენ, მწყემსს ვეუბნები: "უფალო, კოშკის შენება რად არ განსრულდა?" მომიგებს: "არ ძალუძს კოშს დასრულდეს, ვიდრე მისი უფალი არ მოვა და გამოცდის ამ ნაგებობას, რადგან თუკი რომელიმე ქვა უვარგისი აღმოჩნდა, შეცვლის მას, ვინაიდან კოშკი მისი სურვილით შენდება". 3. ვპასუხობ: "უფალო, მსურს გავიგო, რა არის ეს კოშკი, კლდე, კარი, მთები, ქალწულები, წყლის ფსკერიდან ამოტანილი და გამოუკვეთელი ქვები, რომლებიც შენობაში შეჰქონდათ; 4. რატომ ჩაიდო საფუძველში პირველად ათი ქვა, შემდეგ ოცი, მერე ოცდათხუთმეტი, მოგვიანებით ორმოცი; შენობაში მოტანილი, კვლავ აღებული და თავის ადგილზე დაბრუნებული ქვები. ამ ყოველივეს გამო ჩემს სულს განუსვენე, უფალო, და განმიმარტე მე ისინი”. 5. "თუკი ამაოდმოქმედი203 არ აღმოჩნდი, - ამბობს, - ყველაფერს გაიგებ, რადგან რამდენიმე დღის შემდეგ აქ მოვალთ და ამ კოშკის მომავალს იხილავ და ყველა იგავს ზუსტად შეიმეცნებ". 6. რამდენიმე დღის შემდეგ იმ ადგილზე მივედით, სადაც ვისხედით, და მეუბნება: "კოშკისკენ წავიდეთ, რადგან კოშკის მეუფე მოდის, რომ მოიხილოს იგი". და წავედით კოშკისკენ. საერთოდ არავინ იყო იქ გარდა ქალწულებისა. 7. მწყემსმა ქალწულებს ჰკითხა, კოშკის მეუფე თუ მობრძანებულიყო. მიუგეს, რომ მას შენობის დასათვალიერებლად სურდა მოსვლა. 83.(6). 1. და აჰა, მცირე [დროის] შემდეგ ვხედავ მრავალი მამაკაცი მწყობრად მოემართება. შუაში ვიღაც კაცია, სიდიდით მაღალი, თითქოს კოშკზე აღმატებული. 2. მშენებლობაზე დადგენილი ექვსი მამაკაცი მას მარჯვნივ და მარცხნივ მოჰყვებოდა. და ყველა, ვინც ნაგებობას აშენებდა, სხვებიც, მრავალი დიდებული, მის ირგვლივ იყვნენ. კოშკის მცველმა ქალწულებმაც მიირბინეს მასთან, ეამბორნენ და კოშკის გარშემო მის სიახლოვეს დაიწყეს სიარული. 3. საფუძვლიანად იკვლევდა ეს ადამიანი შენობას ისე, რომ თითოეულ ქვას თითებით ეხებოდა. ხელში ერთი კვერთხი ეპყრა და ყოველ სამშენებლო ქვას ეხებოდა. 4. რაჟამს დაჰკრავდა, ზოგი მათგანი შავი ხდებოდა, როგორც მური. ზოგიერთი იხორკლებოდა. სხვებს ბზარები ჰქონდათ. ნაწილი დამოკლებულიყო. კიდევ სხვები არც თეთრი იყვნენ, არც შავი. ზოგი - უსწორმასწორო და სხვა ქვებთან თანაშეუწყობელი. ნაწილს მრავალი ლაქა ჰქონდა. ასეთი განსხვავებულები იყვნენ მშენებლობისთვის უვარგისი ქვები. 5. ბრძანა, ყველა მათგანი კოშკიდან გაეტანათ, გარეთ დაედოთ, სხვა ქვები მოეზიდათ და მათ ადგილზე განეთავსებინათ. 6. მშენებლებმა ჰკითხეს მას, თუ რომელი მთიდან სურდა ქვების მოტანა და მათ ადგილზე დადება. მთებიდან წამოღება არ დაუვალებია, არამედ ახლოს მდებარე ერთ-ერთი დაბლობიდან მოსთხოვა მოზიდვა. 7. დაბლობი გაითხარა და ბრწყინვალე, ოთხკუთხა ქვები აღმოჩნდა, ხოლო ზოგიერთები - მომრგვალებულნიც. ყველა ქვა, რომელიც იმ დაბლობზე იყო, მოიტანეს და კარის გავლით ქალწულებს გადაჰქონდათ. 8. ოთხკუთხა ქვები გამოკვეთეს და გათავისუფლებულ ადგილზე განათავსეს. მომრგვალებულნი კი შენობაში არ დაუდიათ, რადგან ძნელი და შემაფერხებელი იქნებოდა მათი გამოკვეთა. კოშკთან მოათავსეს, რომ მოგვიანებით გამოეკვეთათ ისინი და შენობაში დაედოთ, რადგან ფრიად ბრწყინვალენი იყვნენ.   84.(7). 1. რაჟამს დიდებულმა მამკაცმა და მთელი კოშკის უფალმა ეს დაასრულა, მწყემსი მოიხმო და მას ყველა კოშკთან მდებარე, შენობიდან განგდებული ქვა გადასცა და ეუბნება: 2. "გულმოდგინედ გაწმინდე ეს ქვები და კოშკის შენობაში განათავსე, რომ ძალუძდეთ დანარჩენებთან კავშირი, ხოლო ისინი, რომლებიც ვერ შეუკავშირდებიან, კოშკიდან შორს მოისროლე". 3. ეს დაავალა მწყემსს და ყველასთან ერთად, ვისთან ერთადაც მოსულიყო, კოშკს გაშორდა, ქალწულები კი კოშკის ირგვლივ დადგნენ მის დასაცავად. 4. მწყემსს ვეუბნები: "როგორ ძალუძთ ამ უარყოფილ ქვებს კოშკის შენობაში დაბრუნება?" მიპასუხებს და მომიგებს: ‘ხედავ ამ ქვებს?" ვეუბნები: "ვხედავ, უფალო". "მე, - ამბობს, - ამ ქვების უდიდეს ნაწილს გამოვკვეთ, შენობაში შევიტან და დანარჩენ ქვებს შეეწყობიან”. 5. ვეკითხები: "უფალო, გამოკვეთილებს როგორღა ძალუძთ იმ ადგილის შევსება?" მპასუხობს: "ისინი, რომლებიც პატარები აღმოჩნდებიან, შენობის შუაში განთავსდებიან, ხოლო დიდები კიდეებში დაიდებიან და მათ თანაშეაკავებენ". 6. ასე მომიგო და მეუბნება: ‘წავიდეთ, ორი დღის შემდეგ მოვიდეთ, ეს ქვები გავწმინდოთ და შენობაში შევიტანოთ, რადგან ყველაფერი, რაც კოშკის ირგვლივაა, უნდა გასუფთავდეს, რომ მოულოდნელად არ მოვიდეს კოშკის მბრძანებელი და გარშემო უსუფთაობის აღმომჩენი არ განრისხდეს; რომ ეს ქვებიც არ მოარიდონ კოშკის შენობას და მეც უზრუნველად მყოფი არ ვეჩვენო მბრძანებელს". 7. ორი დღის შემდეგ კოშკთან მივედით და მეუბნება: "ყველა ქვა მოვიხილოთ და ვნახოთ, შენობაში რომლის შეტანაა შესაძლებელი". მივუგე: "ვნახოთ, უფალო". 85.(8). 1. მისულებმა პირველად შავი ქვები დავათვალიერეთ. ისეთივე აღმოჩნდნენ, როგორებიც შენობასთან განეთავსებინათ. მწყემსმა ბრძანა, რომ ისინი კოშკიდან წაეღოთ და განეცალკევებინათ. 2. შემდეგ დახორკლილ ქვებს დააკვირდა. მათგან მრავალი აიღო, გამოთალა და ქალწულებს მიუთითა, რომ აეღოთ ისინი და შენობაში შეეტანათ. იღებდნენ მათ ქალწულები და კოშკის შენობის შუაში განათავსებდნენ. ბრძანა, დანარჩენები შავ [ქვებთან] ერთად მოეთავსებინათ, რადგან ისინიც შავები აღმოჩნდნენ. 3. შემდეგ ბზარების მქონე [ქვებს] უმზირა. მათგანაც მრავალი გამოკვეთა და ქალწულებს უბრძანა, შენობაში შეეტანათ. კიდეებში განთავსდნენ, რადგან ფრიად გაჯანსაღებულნი აღმოჩნდნენ. დანარჩენების გამოკვეთა ბზარების სიმრავლის გამო შეუძლებელი იყო. ამიტომაც კოშკის შენობას ამ მიზეზით მოარიდეს. 4. შემდეგ მოკლე [ქვებს] დააკვირდა. მათში მრავალი აღმოჩნდა შავი ფერის, ხოლო ნაწილზე დიდი ბზარები წარმოქმნილიყო. ბრძანა, ისინიც განცალკევებულებთან ერთად დაედოთ. მიუთითა, რომ მრავალი გაწმენდილი და გამოკვეთილი [ქვა], შენობაში მოეთავსებინათ. ქალწულები მათ იღებდნენ და კოშკის შენობის შუაში დებდნენ, რადგან ფრიად სუსტნი იყვნენ. 5. შემდეგ [იმ ქვებს] დააკვირდა, რომლებიც ნახევრად თეთრი და სანახევროდ შავი ფერისანი აღმოჩნდნენ204. მრავალი მათგანი შავი ფერის გამოდგა. მოითხოვა, ისინიც გადაყრილებთან ერთად განელაგებინათ. ქალწულებმა ყველა დარჩენილი [ქვა] აიღეს, რადგან თეთრები იყვნენ ისინი, და კოშკში განათავსეს, კიდეებში დადეს, ვინაიდან მთლიანები აღმოჩნდნენ. ამიტომაც მათ შუაში განლაგებული ქვების განმტკიცება ძალუძდათ, რემეთუ მათგან საერთოდ არც ერთი არ დამოკლებულა. 6. შემდეგ უსწორმასწორო და მძიმე [ქვები] მოიხილა და მათგან მცირედი განაგდო, ვინაიდან ფრიად მძიმენი გამოდგენენ და ამიტომაც შეუძლებელი იყო მათი გამოკვეთა. დანარჩენები გამოკვეთა. ქალწულებმა აიღეს და, რადაგნ ძალზედ ფაქიზები იყვნენ, კოშკის შენობის შუაში განალაგეს. 7. შემდეგ ლაქების მქონე [ქვებს] დააკვირდა. მათგან მცირედი გაშავებულიყო; დანარჩენებთან გადაყარეს, ხოლო უმეტესი მთელი და ბრწყინვალე აღმოჩნდა. ქალწულებმა ისინიც შენობაში განათავსეს და კიდეებში დადეს მათი აღმატებული ძალის გამო.   86.(9). 1. შემდეგ დასათვალიერებლად თეთრ და მრგვალ ქვებთან მივიდა და მეკითხება: "ამ ქვებთან დაკავშირებით როგორ მოვიქცეთ?" ვპასუხობ: "მე რა ვიცი, უფალო?" მეუბნება: "ვერაფერს მოიფიქრებ მათ შესახებ?" 2. ვეუბნები: "არ ვფლობ ამ ხელობას, უფალო. არც ქვისმთლელი ვარ, არც მოფიქრება ძალმიძს". "ვერ ხედავ, - ამბობს, - რომ ფრიად მომრგვალებულნი არიან? თუკი მოვისურვებ, ისინი ოთხუკუთხედებად ვაქციო, საჭიროა, დიდი ნაწილი მოეკვეთოს. ზოგიერთი მათგანი აუცილებლად შენობაში უნდა დაიდოს". 3. "უფალო, - მივუგე, - უკეთუ აუცილებელია, რატომ იტანჯავ საკუთარ თავს და არ გამოარჩევ შენობისთვის იმას, რომელიც გსურს, და არ შეიტან მასში?" დიდი და უბრწყინვალესი205 ქვები მოიძია და ჩამოთალა ისინი, ხოლო ქალწულებმა აიღეს და შენობის გარეთა ნაწილში დადეს. 4. დარჩენილები კი წაიღეს და იმ დაბლობზე განათავსეს, საიდანაც მოეტანათ, მაგარამ არ გადაუყრიათ. "კოშკი, - ამბობს, - კვლავაც დარჩა ასაშენებელი, ხოლო კოშკის მბრძანებელს სურს, ყველა ეს ქვა შენობასთან შეაკავშიროს, რადგან ფრიად ბრწყინვალენი არიან". 5. უმშვენიერესი გარეგნობის შავებში მოსილ, წელშემოსარტყლულ თორმეტ დედაკაცს მოუხმო. მხრები გაშიშვლებული ჰქონდათ და თმები ჩამოშვებული. მე ეს დედაკაცები ველურებად მივიჩნიე. მწყემსმა მათ შენობიდან განგდებული ქვების აღება და იმ მთებისკენ წაღება უბრძანა, საიდანაც მოეტანათ. 6. მხიარულებმა აიღეს, ყველა ქვა წააბრძანეს და იქ განათავსეს, საიდანაც წამოეღოთ. მას შემდეგ, რაც ყველა ქვა გაზიდეს და კოშკის ირგვლივ ქვა აღარ იდო, მწყემსი მეუბნება: "კოშკს შემოვუაროთ და ვნახოთ, ნაკლული რამ ხომ არ არის მასში". და შემოვუარე მე მასთან ერთად. 7. კოშკის მშვენიერების მხილველი მწყემსი ფრიად მხიარული იყო მშენებლობით, რადაგნ კოშკი იმგვარად აგებულიყო, რომ მე, მხილველს, ამ შენობისთვის გული მითქვამდა, რადგან ისე იყო ნაშენი, ვითარცა ერთიანი ქვისგან, არც ერთი შეერთება არ ჰქონდა მას. ქვა თითქოს კლდისგან გამოკვეთილი ჩანდა. იფიქრებდი, მონოლითური არისო.   87.(10). 1. მასთან ერთად მოარული, მეც მხიარული ვიყავი ამ სიკეთეთა მხილველი. მწყემსი მეუბნება: "წადი, კირი და თხელი თიხა მოიტანე, რომ აღებული და შენობაში დადებული ქვების ფორმები აღვადგინო, რადგან საჭიროა, კოშკის ირგვლივ ყველაფერი მოსწორდეს". 2. გავაკეთე, როგორც მიბრძანა, და მას მივუტანე. "დამეხმარე, - ამბობს, - და საქმე მალე დასრულდება". შენობაში შეტანილი ქვათა ფორმები აღადგინა და ბრძანა, კოშკის ირგვლივ დაეგავათ და გაეწმინდათ. 3. ქალწულებმა ცოცხები აიღეს, დაგავეს, მთელი ჭუჭყი კოშკიდან მოარიდეს და წყალი ასხურეს. და გახდა კოშკის ადგილი უმშვენიერესი და სამხიარულო. 4. მწყემსი მეუბნება: "ყველაფერი სუფთაა! რაჟამს უფალი კოშკის დათვალიერებას ისურვებს, არაფერი ექნება ჩვენთვის სასაყვედურო". ეს მითხრა და წასვლა განიზრახა. 5. მის აბგას ჩავეჭიდე და უფლის სახელს ვაფიცებდი, განემარტა ის, რაც მე მიჩვენა. მეუბნება: "ახლა ცოტა დრო მაქვს, მაგრამ ყველაფერს აგიხსნი. აქ დამელოდე, ვიდრე მოვიდოდე". 6. ვპასუხობ: "უფალო, მარტო აქ რა ვაკეთო?" მომიგებს: "არა ხარ მარტო, რადგან ეს ქალწულები შენთან ერთად იქნებიან". ვეუბნები: "მაშინ მათ მიმაბარე". მწყემსმა ისინი მოიხმო და ეუბნება: "ამას თქვენ გაბარებთ, ვიდრე დავბრუნდებოდე". და წავიდა. 7. მე ქალწულებთან ერთად მარტო ვიმყოფებოდი. უმხიარულესნი იყვნენ და კეთილგანწყობა ჰქონდათ ჩემდამი, განსაკუთრებით, მათგან ოთხ უბრწყინვალესს. 88.(11). 1. ქალწულები მეუბნებიან: "მწყემსი დღეს აქ აღარ მოვა". მივუგე: "მე როგორ მოვიქცე?" მპასუხობენ: "საღამომდე მაინც დაელოდე მას. თუკი მოვა, ისაუბრებს შენთან, ხოლო უკეთუ არ მობრძანდა, აქ ჩვენთან ერთად დარჩი, ვიდრე მოვიდოდეს". 2. ვეუბნები მათ: "დაღამებამდე დავუცდი, ხოლო თუ არ მობრძანდა, სახლში გავემართები და განთიადისას დავბრუნდები". პასუხად მომიგეს: "რადგან ჩვენ მოგვებარე, არ ძალგიძს ჩვენგან წახვიდე". 3. ვეკითხები: "სად გავჩერდე?" "ჩვენთან ერთად დაიძინე როგორც ძმამ და არა როგორც ქმარმა, - ამბობენ, - რადგან ჩვენი ძმა ხარ. მომავალშიც გვსურს შენთან ერთად მკვიდრობა, ვინაიდან ძლიერ გვიყვარხარ". მე კი მრცხვენოდა მათთან დარჩენა. 4. ის, ვინც მათში უპირატესად მიიჩნეოდა, მეამბორა და მომეხვია. როდესაც სხვებმა იგი დაინახეს, როგორ მეხვეოდა, ამბორი მათაც დამიწყეს. კოშკის ირგვლივ დავყავდით და ჩემთან ერთად ხალისობდნენ. 5. მეც თითქოს ახალგაზრდა გავხდი და მათთან ვილხენდი. ისინი უკრავდნენ, ცეკვავდნენ, მღეროდნენ, მე კი, მათთან ერთად კოშკის ირგვლივ მოარული, მდუმარე ვიყავი, მაგრამ მიხაროდა. 6. დაღამებისას სახლში წასვლა ვისურვე. არ გამიშვეს, შემაკავეს. და დავრჩი ღამე მათთან ერთად. კოშკთან მეძინა. 7. ქალწულებმა მიწაზე თავიანთი სელის მოსასხამები დამიგეს და მე მათ შორის დამაწვინეს. საერთოდ არაფერი უკეთებიათ, თვინიერ ლოცვისა. მეც მათთან ერთად შეუჩერებლად ვლოცულობდი და არანაკლებ, ვიდრე ისინი. ახარებდათ ქალწულებს ჩემი ასეთი ვედრება. დავრჩი იქ ქალწულებთან ერთად დილამდე, ვიდრე მეორე ჟამამდე. 8. შემდეგ მწყემსი მოვიდა და ეუბნება ქალწულებს: "ცუდად ხომ არ მოეპყარით მას?" მიუგეს: "თავად ჰკითხე". ვეუბნები: "უფალო, გავიხარე მათთან ერთად დარჩენით". მეკითხება: "რითი ისადილე?" ვპასუხობ: "მთელი ღამე უფლის სიტყვას ვიხმევდი, უფალო". განაგრძობს: "კეთილად გისტუმრეს?" მივუგე: "დიახ, უფალო". 9. "ახლა კი, - ამბობს, - რისი მოსმენა გსურს პირველად?" "უფალო, ის, რაც დასაწყისში მიჩვენე. გევედრები, უფალო, ვითარცა შეგეკითხები, ისე გამნმიცხადე". "როგორც გენებოს, ისე განგიცხადებ, - მომიგებს, - და საერთოდ არაფერს დავფარავ შენგან". 89.(12). 1. "უფალო, - ვეუბნები, - უპირველეს ყოვლისა, ეს განმიცხადე: კლდე და კარი რა არის?" "ეს კლდე და კარი, - ამბობს, - ძე ღვთისაა". "როგორ, - მივუგე, - უფალო, კლდე ძველია, ხოლო კარი ახალი?" "ისმინე, - მომიგებს, - და გაიგებ, უგულისხმოვ. 2. ძე ღვთისა ყოველგვარ მის ქმნილზე უწინარესია, ამიტომაც იგი მრჩეველი გახდა მამისა მისი ქმნილების შესახებ (იგავ. 8. 27-30). ამის გამოა კლდე ძველი". ვეკითხები: "უფალო, კარი რატომაა ახალი?" 3. "რადგან უკანასკნელ დღეთა დასასრულს განცხადდა206, - მომიგებს, - ამიტომაც გახდა კარი ახალი, რომ გადარჩენის მსურველნი მისი გავლით შევიდნენ ღვთის სასუფეველში (ინ. 3.5; მრ. 9.47). 4. ნახე, - ამბობს, - კარის გავლით ქვები რომ შეჰქონდათ და კოშკშის შენობაში განათავსეს და ისინიც, რომლებიც არ შეიტანეს და კვლავ თავის ადგილზე დადეს?" ვპასუხობ: "ვნახე, უფალო". "ასევე ვერავინ შევა ღვთის სასუფეველში (ინ. 3.5), თუკი მისი წმინდა სახელი არ მიიღო. 5. რაჟამს რომელიმე ქალაქში შესვლას ისურვებ, ეს ქალაქი კი ირგვლივ კედელმოზღუდულია207 და ერთი კარიბჭე აქვს, ვერ შეძლებ ამ ქალაქში შეღწევას, თუ არა კარის გავლით, რომელიც აქვს". მივუგე: "უფალო, განა სხვანაირად შესაძლებელია მოხდეს?" ამბობს: "ამრიგად, უკეთუ ქალაქში არ ძალგიძს შეღწევა, თუკი მისი კარიბჭე არ გაიარე, ასევე სხვაგვარად არ შეუძლია ადამიანს ღვთის სასუფეველში შესვლა (ინ. 3.5), თუ არა მისგან შეყვარებული მისი ძის სახელის მიერ208. 6. ნახე კოშკის მაშენებელთა სიმრავლე?" მივუგე: "ვნახე, უფალო". "ისენი ყველანი დიდებული ანგელოზები არიან. სწორედ ისინი გარშემოეხვეოდნენ უფალს209. კარი კი ძე ღვთისაა. ისაა ერთადერთი მისასვლელი  უფლთან. სხვაგვარად ვერავინ მიეახლება მას, თუ არა მისი ძის მიერ (ინ. 14.6). 7. ხედავდი, - ამბობს, - ექვს მამაკაცს და მათ შორის მაღალსა და დიდებულ კაცს, კოშკის ირგვლივ მავალს და შენობიდან ქვების გამომხშირავს?" მივუგე: "ვხედავდი, უფალო". 8. "დიდებული კაცი ძე ღვთისაა, - მპასუხობს, - ისინი კი ექვსი დიდებული ანგელოზია, მის მარჯვნივ და მარცხნივ შემოკრებილნი. ეს დიდებული ანგელოზები არავის მიუშვებენ ღმერთთან მისი გვერდისავლით. ვინც მისი სახელი არ მიიღო, ვერ შევა ღვთის სასუფეველში" (ინ. 3.5).   90.(13). 1. ვეუბნები: "კოშკი რა არის?" "ეს კოშკი, - ამბობს, - ეკლესიაა". 2. "ის ქალწულები ვინ არიან?" "ისინი, - მომიგებს, - წმინდა სულები არიან. სხვაგვარად ადამიანს არ ძალუძს ღვთის სასუფეველში აღმოჩნდეს, თუკი მათ არ შემოსეს იგი თავიანთი სამოსით; რადგან უკეთუ მხოლოდ სახელი მიიღე, ხოლო მათგან სამოსი არ შეგიწყნარებია, არაფერი შეგეწევა, ვინაიდან ეს ქალწულები ღვთის ძის ძალები არიან. რაჟამს სახელს მიიღებ, მაგრამ ძალას არ იტვირთავ, მისი სახელის ამაოდ მატარებელი იქნები. 3. ხოლო ქვები, რომლებიც განგდებულნი იხილე, ისინი არიან, რომლებიც სახელს ატარებდნენ, მაგრან ქალწულთა სამოსი არ შეუმოსავთ". შევეკითხე: "უფალო, რა არის მათი სამოსი?" "მათი სამოსი მათი სახელებია. ვინც ღვთის ძის სახელს ატარებს, ამ სახელთა ტვირთვაც ევალება, რადგან თავად ძეც ამ ქალწულთა სახელებს ატარებს. 4. ყველა ქვა, რომელიც კოშკის შენობაში შეტანილი იხილე, ქალწულთა ხელებში გავლით რომ გადაეცემოდნენ და შენობაში რჩებოდნენ, ისინი არიან, ვინც ამ ქალწულთა ძალებით შეიმოსა. 5. ამიტომაც ხედავ კოშკს მონოლითურს, კლდესთან გაერთიანებულს. ასევე ერთი სული და ერთი სხეული ხდებიან ამ სულებით მოსილნი უფლის მორწმუნენიც მისი ძის მიერ (ინ. 1.7; ეფეს. 4.4). მათი სამოსიც ერთი ფერია. ამ ქალწულების სახელთა მატარებელნი კოშკშის მკვიდრნი არიან”. 6. ვეკითხები: "უფალო, უარყოფილი ქვები რატომ განაგდეს, ისინი კოშკის შენობაში ხომ კარის გავლითა და ქალწულთა ხელებით განთავსდნენ?" მომიგებს: "რადგან შენ ყველაფერი გაინტერესებს და ზუსტად გამოეძიებ, განგდებული და უარყოფილი ქვების შესახებაც ისმინე. 7. ყველა ისინი, - ამბობს, - ღვთის ძის სახელს ღებულობდნენ. იმ ქალწულთა ძალაც შეიწყნარეს. ამრიგად, ამ სულთა მიმღებნი გაძლიერდნენ და ღვთის მორჩილებთან თანამყოფობდნენ. და ჰქონდათ მათ ერთი სული, ერთი სხეული (ეფეს. 4.4) და ერთი სამოსი, რადგან ისინი განსჯიდნენ და სიმართლეს აღასრულებდნენ (II კორინ. 13.11; ფილიპ. 2.2; ფს. 14.2; საქმ. მოც. 10.35; ებრ. 11.33). 8. მაგრამ რაღაც დროის შემდეგ ცდუნდნენ დედაკაცთა მიერ, რომლებიც შენ პირმშვენიერნი, შავი მოსასხამით მოსილნი, გაშიშვლებული მხრებითა და გაშლილი თმებით იხილე. დაინახეს რა ისინი, ისურვეს და მათი ძალა შეიმოსეს, ხოლო ქალწულთა სამოსი და ძალა განიმოსეს. 9. ამრიგად, ისინი განიდევნენ ღვთის სახლიდან და მათ გადაეცნენ. ხოლო ის, ვინც ამ დედაკაცთა სილამაზით არ მოტყუებულა, ღვთის სახლში დარჩა. გაქვს განმარტება უარყოფილი [ქვების] შესახებ". 91.(14). 1. ვეკითხები: "უფალო, თუკი ეს ადამიანები, ამგვარად მყოფნი, შეინანებენ და იმ დედაკაცების სურვილს დაუტევებენ, ქალწულებსა და მათ ძალას დაუბრუნდებიან და მათი საქმეებით ისრბოლებენ, ვეღარ შევლენ ღვთის სახლში?" 2. "შევლენ, - მომიგებს, - რაჟამს იმ დედაკაცთა საქმეებს მოირიდებენ, ქალწულთა ძალას შეიწყნარებენ და მათ საქმეებს იმოქმედებენ. ამიტომაცაა შეჩერებული მშენებლობა, რომ თუ ისინი შეინანებენ, კოშკის შენობაში შევიდნენ. მაგარამ უკეთუ არ მოინანიებენ, მაშინ სხვები შევლენ, ხოლო ისინი საბოლოოდ განიდევენებიან". 3. ყოველივე ამისთვის ვმადლობდი უფალს, რომ ყველა მისი სახელის მხმობელთ მწყალობლობს (ეს. 43.7) და ჩვენ, მის მიმართ მცოდველთ, სინანულის ანგელოზს გვიგზავნის და ჩვენს სულსა თუ ჩვენ, უკვე გახრწნილთ, აღგვადგენს და ცხოვრების იმედის არმქონეთ სიცოცხლეს განგვიახლებს. 4. ვეუბნები: "უფალო, ახლა კი განმიცხადე, კოშკი რატომ მიწაზე არ აშენდა, არამედ - კლდესა და კარზე". "კვლავაც უგუნური და უგულისხმო ხარ?" - მომიგებს. "უფალო, იძულებული ვარ შენ შეგეკითხო, რადგან საერთოდ არაფერი ძალმიძს გავიგო, ვინაიდან ყოველივე დიდი და დიდებულია და ძნელადსაწვდომია ადამიანისთვის". 5. "ისმინე! - ამბობს, - ღვთის ძის სახელი დიდია და განუსაზღვრელი, მთელი მსოფლიო უპყრია. თუკი ყველა ქმნილება ღვთის ძის სახელითაა პყრობილი, რას ფიქრობ მისი სახელით ხმობილებზე, ღვთის ძის სახელის მატარებლებსა და მის მცნებებში მსრბოლელებზე? 6. ხედავ, როგორ განადიდებს მისი სახელის მთელი გულით მატარებელთ? ამრიგად, ის გახდა მათთვის საფუძველი და სიხარულით უპყრია ისინი, რადგან არ შეჰრცხვენიათ მისი სახელის ტარება".  92.(15). 1. ვეუბნები: "უფალო, გამაგებინე მე ქალწულთა და შავ მოსასხამებში მოსილ დედაკაცთა სახელები". "ისმინე, - მომიგებს, - კუთხეებთან მდგომი უძლიერესი ქალწულების სახელები. 2. პირველი რწმენაა, მეორე - თავშეკავება, მესამე - ძალა, მეოთხე - სულგრძელება210, ხოლო სხვები, მათ შორის მდგომნი, ამ სახელებს ფლობენ: უბრალოება, უმანკოება, უმწიკვლოება, სიხარული, ჭეშმარიტება, გულისხმისყოფა, ერთსულოვნება, სიყვარული211. ღვთის სასუფეველში შესვლა ამ სახელებისა და ღვთის ძის სახელის მატარებელს შეუძლია (ინ. 3.5). 3. შავი სამოსის მქონე დეადკაცთა სახელებიც ისმინე. მათგან ოთხნი უძლიერესნი არიან: პირველი ურწმუნოებაა, მეორე - თავშეუკავებლობა, მესამე - ურჩობა, ხოლო მეოთხე - ცბიერება. მათ შედგომილებს კი ეწოდებათ დარდი, უკეთურება, გარყვნილება, მრისხანება, ტყული, უგუნურება, ბოროტმეტყველება, შური. მონა ღვთისა, ვინც ამ სახელებს ატარებს, ღვთის სასუფეველს იხილავს, მაგრამ მასში ვერ შევა”. 4. შევეკითხე: "უფალო, დაბლობიდან ამოტანილი ქვები ვინ არაიან?” ‘საფუძველში განთავსებული პირველი ათი [ქვა], ამბობს, - პირველი მოდგმაა. ოცდახუთი [ქვა] მართალი ადამიანების მეორე მოდგმაა, ხოლო ოცდათხუთმეტი ღვთის წინასწარმეტყველნი და მისი მსახურები არიან. ორმოცი კი მოციქულები და ღვთის ძის მოძღვრების მასწავლებლები არიან". 5. ვეუბნები: "უფალო, რატომ გადასცეს ქალწულებმა ეს მოტანილი ქვები კოშკის ასაშენებლად კარის გავლით?" 6. მომიგო: "რადგან მათ პირველებმა იტვირთეს ეს სულები და საერთოდ არ განშორებიან ურთიერთს, არც სულები - ადამიანებს, არც ადამიანები - სულებს, არამედ რჩებოდნენ სულები მათთან ვიდრე გარდაცვალებამდე. და თუკი ეს სულები მათთან ერთად არ იქნებოდნენ, ვერ გახდებოდნენ სასარგებლონი ამ კოშკის შენობისთვის". 93.(16). 1. ვეუბნები: "უფალო კვლავაც განმიმარტე". მეკითხება: "რა გაინტერესებს?" მივუგე: "უფალო, თუკი ქვები ამ სულთა მატარებელნი იყვნენ, რატომ ამოიტანეს წყლის ფსკერიდან და განათავსეს კოშკის შენობაში?" 2. მომიგებს: "აუცილებელი იყო წყლის გავლით ამოტანა, რომ განცხოველებულიყვნენ, რადაგნ არ ძალუძდათ სხვაგვარად ღვთის სასუფეველში შესვლა (ინ. 3.5), თუკი არ დაუტევებდნენ თავიანთი ადრინდელი ცხოვრების სიკვდილს212. 3. ამრიგად, ამ გარდაცვლილებმაც მიიღეს ღვთის ძის ბეჭედი და ღვთის სასუფეველში შევიდნენ (ინ. 3.5), რადგან მკვდარია ადამიანი ღვთის ძის სახელის შემოსვამდე, მაგარამ როდესაც ბეჭედს მიიღებს, მაშინ სიკვდილს დაუტევებს და სიცოცხლეს შეიწყნარებს. 4. ასე რომ, წყალია ბეჭედი. შესაბამისად, წყალში მკვდრები ჩადიან და ცოცხლები ამოდიან. ეს ბეჭედი მათთვის იქადაგა და კეთილექმნა იგი, რადგან ღვთის სასუფეველში შევიდნენ" (ინ. 3.5). 5. "უფალო, - ვეკითხები, - ბეჭდის მქონე ორმოცი ქვა მათთან ერთად წყლის ფსკერიდან რატომ ამოიტანეს?" მპასუხობს: "რადაგან ისინი მოციქულები და ღვთის ძის სახელის მქადაგებელი მოძღვრები არიან. ღვთის ძის ძალითა და რწმენით გარდაცვლილებმა შესვენებულებისთვისაც იქადაგეს და თავად მიანიჭეს მათ ქადაგების ბეჭედი. 6. ასე რომ, მათთან ერთად ჩავიდნენ წყალში და კვლავ ამოვიდნენ213, მაგარამ ისინი ცოცხალნი ჩავიდნენ და ცოცხალნი ამოვიდნენ, ხოლო ეს შესვენებულნი მკვდრები შთავიდნენ, მაგრამ ცოცხალნი აღმოვიდნენ214. 7. სწორედ მათი საშუალებით განცხოველდნენ და შეიმეცნეს ღვთის ძის სახელი. ამიტომაც ამოვიდნენ მათთან ერთად, თანაშეეწყვნენ კოშკის შენობას და ხელშეუხებელნი თანაშეუშენდებოდნენ215, რადგან სიმართლესა და დიდ უმწიკვლოებაში აღესრულნენ, მხოლოდ ეს ბეჭედი არ გააჩნდათ. ამრიგად, გაქვს განმარტება ამის შესახებაც". ვპასუხობ: "დიახ, უფალო".   94.(17). 1. "უფალო, ახლა კი მთების შესახებ განმიცხადე, თუ რატომაა მათი გარეგნობა განსხვავებული და მრავლგვარი?" მომიგებს: "ისმინე. ეს თორმეტი მთა მთელს სამყაროში დასახლებული თორმეტი ტომია, რომლებსაც მოციქულთა მიერ ექადაგათ ღვთის ძის სახელი". 2. "უფალო, რატომაა მთების სახე მრავალგვარი და სხვადასხვა?" "მისმინე! - ამბობს, - მთელ სამყაროში დამკვიდრებული ეს თორმეტი ტომი თორმეტი ხალხია. განსხვავებულები არიან აზრებითა და გონებით. როგორი მრავალსახოვანი მთებიც იხილე, ასეთივე განსხავავებაა ამ ხალხების აზრსა და გონებას შორის. და აი, თითოეულის საქმეს განგიცხადებ შენ". 3. ვეკითხები: "უფალო, პირველად ეს გამაგებინე: როდესაც ასეთი მრავალფეროვანი მთებიდან [მოტანილი] ქვები შენობაში განათავსეს, როგორ გახდნენ ერთი ფერისანი, მსგავსად წყლის ფსკერიდან ამოტანილი ბრწყინვალე ქვებისა?" 4. მომიგებს: "რადგან ცისქვეშეთში დამკვიდრებულ ყველა ხალხს, მსმენელსა და მრწმუნებელს, ღვთის ძის სახელი ეწოდა. ამრიგად, მიმღებლებს ბეჭდისა ერთი აზრი და ერთი გონე გააჩნდათ (ეფეს. 4.4), ერთი გახდა მათი სარწმუნოება, ერთია სიყვარული და სახელთან ერთად ქალწულთა სულებიც იტვირთეს. ამიტომაც გახდა კოშკის შენობა ერთი ფერის, ბრწყინვალე, ვითარცა მზე. 5. მაგრამ მას შემდეგ, რაც ისინი მასში (კოშკში, ი. ო.) შევიდნენ და ერთი სხეული შეიქნენ, ზოგიერთმა მათგანმა საკუთარი თავი წაბილწა, მართალთა მოდგმიდან განიდევნა და როგორებიც ადრე იყვნენ, კვლავ ისეთივე გახდნენ, მეტად უარესნიც". 95.(18). 1. ვეუბნები: "უფალო, ღვთის შემმეცნებელნი უარესნი როგორღა გახდნენ?" მომიგებს: "ვისაც ღმერთი არ შეუმეცნებია და უკეთურობს, თავისი ცოდვების გამო განეკუთვნება სასჯელი, ხოლო ღვთის შემმეცნებელი ვალდებულია აღარ შესცოდოს, არამედ - კეთილმოქმედება აღასრულოს. 2. ამრიგად, თუკი ის, ვინც მოვალეა სიკეთე ქმნას, უკეთურობს, არ ფიქრობ, რომ უმეტეს ცოდვას ჩადის, ვიდრე ის, ვინც ღმერთი არ იცის? ამიტომაც ღვთის შეუმეცნებელნი და უკეთურების მოქმედნი სიკვდილისთვის არიან განწირულნი, მაგარამ ღვთის შემმეცნებელნი, მისი დიდებულებების მხილვენი და მცოდველნი ორმაგად დაისჯებიან და საუკუნოდ მოკვდებიან. ასე რომ, ამგვარად განიწმინდება ღვთის ეკლესია. 3. ხომ იხილე, რომ კოშკიდან აღებული და იქიდან განგდებული ქვები უკეთურ სულებს გადაეცნენ, განწმენდილებიც ერთი სხეული არიან, ვითარცა კოშკი, რომელიც გასუფთავების შემდეგ თითქოს ერთიანი ქვისგან ნაშენი გამხდარიყო, ამგვარივე იქნება ღვთის ეკლესია მისი განწმენდის, უკეთურთა, ფარისეველთა, მგმობელთა, ორგულთა და მრავალგვარი ცოდვებით ბოროტმოქმედთა გაძევების შემდეგ. 4. მათი უარყოფის მერე ღვთის ეკლესია ერთი სხეული, ერთი აზრი, ერთი გონება, ერთი რწმენა, ერთი სიყვარული იქნება და მაშინ საკუთარი განწმენდილი ხალხის მიმღები ძე ღვთისა იმხიარულებს და გაიხარებს მათით". ვეუბნები: "უფალო, დიდებული და დიადია ყოველივე. 5. ახლა კი თითოეული მთის ძალა და საქმე განმიმარტე, რომ უფალს მინდობილმა ყოველმა სულმა, ვინც უფალს მიენდო, მოისმენს რა, განადიდოს მისი დიდი, გასაოცარი და დიდებული სახელი" (ფს. 8.2; 85.9; 98.3). მომიგებს: "ისმინე მრავალსახოვანი მთებისა და თორმეტი ხალხის შესახებ. 96.(19). 1. პირველი შავი მთა ასეთი მორწმუნეები არიან216: განდგომილნი, უფლის მგმობელნი და ღვთის მონათა გამცემნი. არაა მათთვის სინანული, ხოლო სიკვდილი კი არის. ამიტომაც არიან შავი ფერის, რადგან ურჯულოა მათი მოდგმა. 2. მეორე გაშიშვლებული მთა ასეთი მორწმუნეები არიან: ფარისეველნი და უკეთურების მოძღვარნი. ამრიგად, ისინიც პირველთა მსგავსნი არიან, არ გააჩნიათ რა სიმართლის ნაყოფი (ფილიპ. 1.11; ებრ. 12.11; იაკ. 3.8), რადგან როგორც მათი მთა არის უნაყოფო, ამგვარადვე ეს ადამიანები, სახელის მქონენი217, რწმენისგან დაცლილნი არიან და არაა მათში ნაყოფი ჭეშმარიტებისა. ასე რომ, მათ სინანული განეწესათ, თუკი სწრაფად შეინანებენ, მაგრამ უკეთუ შეყოვნდებიან, პირველებთან ერთად იქნება მათი სიკვდილი". 3. "უფალო, - ვეუბნები, - რატომაა მათთვის სინანული, ხოლო პირველთათვის არა, თუ ეს საქმენი მათებრ არიან?"218 მპასუხობს: "მათ სინანული იმიტომ განეკუთვნათ, რომ თვიანთი უფალი არ დაუგმიათ, არც ღვთის მონათა გამცემნი გამხდარან, მაგრამ ანგარების სურვილის მიზეზით მზაკვრობდნენ და შემცოდე ადამიანთა გულისთქმისამებრ იმოძღვრებოდა თითოეული219; გარკვეული სასჯელი მოელით, მაგრამ არ გამხდარან რა ისინი მგმობელნი, არც გამცემნი, ამიტომაც სინანული განეწესათ მათ. 97.(20). 1. სარეველებისა და ეკლების მქონე მესამე მთა ასეთი მორწმუნეები არიან: ზოგიერთი მათგანი მდიდარია, სხვანი მრავალი საქმით აღრეულან. სარეველები მდიდრები არიან, ხოლო ეკლები - მრავალგვარ საქმეში აღრეულნი (მთ. 13.22; მრ. 4. 18-19). 2. ამრიგად, ისინი, მრავალგვარსა და განსხვავებულ საქმეებს შეჭიდებულნი, არათუ ღვთის მონებს უკავშირდებიან, არამედ დაეხეტებიან თავიანთი ქმედებებით მოშთობილნი220. ძნელად უკავშირდებიან მდიდრები ღვთის მონებს, რადგან შიშობენ, რამ არ ითხოვონ მათგან. ასე რომ, ძნელად შევლენ ისინი ღვთის სასუფეველში (მრ. 10.23); 3. ვითარცა სამძიმოა შიშველი ფეხებით ეკლებზე სიარული, ასევე ძნელია მათთვის ღვთის სასუფეველში შესვლა (მთ. 10.23). 4. მაგარამ არის სინანული ყველა მათგანისთვის, ოღონდ სწრაფად, რომ ადრინდელი ჟამი, როდესაც არ მოქმედებდნენ, ახლანდელ დროში ზეაღირბინონ221 და რაიმე სიკეთე აღასრულონ. ამრიგად, რაჟამს შეინანებენ და სიკეთეს იმუშაკებენ, ღმერთთან იცხოვრებენ; ხოლო თუკი თავიანთ საქმეებში შეყოვნდებიან, გადაეცემიან დედაკაცებს, რომლებიც მოაკვდინებენ მათ.   98.(21). 1. მრავალი ბალახის მქონე მეოთხე მთა, ზემოდან მწვანე და ძირისკენ ხმელი ბალახით, ხოლო ზოგიერთები მზისგან გამხმარნი, ასეთი მორწმუნეები არიან: ორგულები, რომლებიც უფალს ბაგეებით ატარებენ, მაგრამ გულში კი არ ჰყავთ. 2. ამის გამოა მათი ძირები ხმელი და ძალა არა გააჩნაით. მხოლოდ მათი სიტყვაა ცოცხალი, მაგრამ მათი საქმეები - მკვდარი. ასეთნი არც ცოცხლები და არც მიცვალებულები არიან. ამრიგად, ორგულებს ემსგავსებიან, რადაგან ორგულნი არც მწვანე ფერისა არიან და არც გამხმარნი ანუ არც ცოცხალნი და არც მკვდარნი. 3. რადგან როგორც მზის მხილველი ის ბალახი გახმა, ასევე ორგულნი, რაჟამს დევნის შესახებ მოისმენენ, შიშის გამო კერპებს ეთაყვანებიან და თავიანთი უფლის სახელის რცხვენიათ. 4. ამიტომაც არც ცოცხალნი, არც მიცვალებულნი არიან. მაგრამ ისინიც, თუკი სწრაფად შეინანებენ, შეძლებენ ცხონებას. ხოლო უკეთუ არ მოინანიებენ, უეჭველად გადაეცემიან თავიანთი სიცოცხლის ხელმყოფელ დედაკაცებს. 99.(22). 1. მწვანე ბალახის მქონე და უსწორმასწორო მეხუთე მთა ასეთი მორწმუნეები არიან: მორწმუნენი, მაგრამ ძნელადგანსასწავლნნი და თავდაჯერებულნი, საკუთარი თავით კმაყოფილნი და მსურველნი ყოველივეს გაგებისა, მაგრამ საერთოდ ვერაფრის შემმეცნებელნი. 2. საკუთარი თავდაჯერებულობის გამო გონიერება დაუტევეს და ბრიყვული უგუნურება მიეახლა მათ. თავს განიდიდებენ, თითქოსდა საზრიანობას ფლობდნენ, და, უგუნურებს, ჰსურთ თვითმარქვია მოძღვარნი იყონ222. 3. ამრიგად, ამ მაღალწარმოდგენის223 გამო მრავალმა ამაღლებულმა დაამხო საკუთარი თავი, რადგან დიდი ეშმაკეულობაა თავდაჯერებულობა და ფუჭი სასოება. ასე რომ, უარყოფილია ბევრი მათგანი, მაგრამ ზოგიერთებმა შეინანეს, ირწმუნეს და შემმეცნებლებმა საკუთარი უგუნურებისა საკუთარი თავი გონიერების მქონებელთ დაუმორჩილეს. 4. დანარჩენებსაც, ვინც ასეთია, სინანული განეკუთვნება, ვინაიდან არ გამხდარან უკეთურები, ძლიერ ბრიყვნი და უგულისხმონი. ამრიგად, რაჟამს შეინანებენ ისინი, ღმერთთან იცოცხლებენ, მაგრამ უკეთუ არ მოინანიებენ, მათდამი უკეთურებისმოქმედ დედაკაცებთან ერთად დამკვიდრდებიან. 100.(23). 1. მეექვსე მთა, რომელსაც დიდი და მცირე ბზარები ჰქონდა, ხოლო ბზარებში გამხმარი ბალახი იყო, ასეთი მორწმუნეები არიან: 2. მცირე ბზარის მქონენი ის მორწმუნეები არიან, რომლებსაც ურთიერთთან დაპირისპირება აქვთ და თავიანთი ავმეტყველების გამო სარწმუნოებაში მოუძლურდებიან, მაგრამ მათგან მრავალი შეინანებს. დანარჩენებმაც უნდა მოინანიონ, როდესაც ჩემს მცნებებს მოისმენენ, რადგან უმნიშვნელოა მათი ავმეტყველება და მალევე შეინანებენ. 3. ხოლო დიდი ბზარების მქონენი ისინი არიან, რომლებიც საკუთარ ავმეტყველებაში რჩებიან და, ხდებიან რა ავმეხისიერნი, ერთურთისადმი მრისხანებენ. ამრიგად, ისინი კოშკიდან განიგდებიან და აღმოიფხვრებიან მისი შენობიდან. ასე რომ, ძნელად ცხონდებიან ასეთნი. 4. თუკი ღმერთი და უფალი ჩვენი, ყოველთა მეუფე და თავის ყველა ქმნილებაზე ხელმწიფების მქონე, არ ავმეხსიერებს საკუთარი ცოდვების აღმსარებელზე, არამედ მოწყალე ექმნება, განა ადამიანი, ხრწნადი და ცოდვებით აღსავსე, უნდა ბოროტმეხსიერებდეს ადამიანზე, თითქოს ძალუძდეს  მისი დაღუპვა ანთუ დახსნა (იაკ. 4.12)? 5. სინანულის ანგელოზი გეუბნებით თქვენ, რომლებსაც ასეთი არჩევანი გაქვთ, განუდექით მას, შეინანეთ და რაჟამს ამ ეშმაკეულობისგან განიწმინდებით, განკურნავს თქვენს უწინდელ შეცოდებებს უფალი, ხოლო უარის შემთხვევაში სიკვდილს გადაეცემით. 101.(24). 1. მეშვიდე მთა, რომელსაც მწვანე და გასაოცარი ბალახი ჰქონდა, მთლიანად აყვავებულიყო და ყველა ჯიშის ცხოველი თუ ცის ფრინველი იკვებებოდა ამ მთის მდელოზე, ბალახიც, რომლითაც იკვებებოდნენ, მეტად ყვაოდა, ისინი ასეთი მორწმუნეები არიან: 2. მარადჟამ უბრალონი და უბოროტონი, ურთიერთთან დაპირისპირების არმქონენი, ღვთის მონათა გამო მარადის მოხარულები, ქალწულთა წმინდა სულით მოსილნი, მუდამ ყველა ადამიანის მიმართ მოწყალების მქონენი, რომლებიც თავიანთ ნაშრომთაგან თითოეულ ადამიანს დაუბრკოლებლად და უყოყმანოდ უნაწილებდნენ. 3. ამრიგად, მათი უბრალოებისა და ყოველგვარი უმანკოების მხილველმა უფალმა მათი ხელების ნაღვაწი გაამრავლა და ყველა საქმეში უწყალობა. 4. მე, სინანულის ანგელოზი კი, გეუბნებით თქვენ, რომლებიც ასეთნი ხართ, ასე დარჩით და არ წარიხოცება თქვენი მოდგმა ვიდრე საუკუნოდ, რადგან უფალმა გამოგცადათ და ჩვენს რიცხვში ჩაგწერათ, მთელი თქვენი სახლეულიც ღვთის ძესთან ერთად დამკვიდრდება, ვინაიდან მისი სული მიიღეთ. 102.(25). 1. მერვე მთა, სადაც მრავალი ნაკადული იყო და უფლის ყველანაირი ქმნილება ნაკადულებიდან რწყულდებოდა, ასეთი მორმუნეები არიან: 2. მოციქულები და მთელ სამყაროში მქადაგებელი მოძღვრები, რომლებიც უბიწოდ და უმწიკვლოდ ასწავლიდნენ ღვთის სიტყვას და, საერთოდ, არანაირი უკეთური გულისთქმა არ შეუთვისებიათ, არამედ მარადჟამ სიმართლესა და ჭეშმარიტებაში სრბოლობდნენ, რადგან სულიწმინდა შეიწყნარეს. ამრიგად, ანგელოზებთან ერთადაა მათი გზა. 103.(26). 1. მეცხრე გაუდაბურებული მთა, მასზე მყოფი ადამიანთა მომაკვდინებელი გველებითა და მხეცებით, ასეთი მორწმუნეები არიან: 2. ბიწის (σπίλους) მქონე  დიაკვნები, ბოროტად მომუშაკენი, ქვრივთა და ობოლთა საკუთრების მძარცველნი და მსახურებისგან, რაც აღსასრულებლად მიიღეს, საკუთარი თავის გამამდიდრებელნი. ამრიგად, თუ ამ ზრახვაში შეყოვნდებიან, დაიღუპებიან და აღარაა მათთვის იმედი ცხონებისა; ხოლო უკეთუ შემობრუნდებიან და უმწიკვლოდ განასრულებენ თავიანთ მსახურებას, ძალუძთ ცხონება. 3. დახორკლილი [ქვები] ისინი არიან, რომლებმაც უარყვეს და არ მოიქცნენ თავიანთი უფლისკენ, არამედ გახდნენ ველურნი და გაუდაბურებულნი. არც ღვთის მონებს უკავშირდებიან და მარტომცხოვრებნი224, საკუთარ სულებს წარიწყმედენ (მთ. 10.39; ლკ. 9.24; 17.33; ინ. 12.25). 4. როგორც სადმე შემოღობილში დატოვებული ვენახი, აღმოჩნდება რა უზრუნველი, ნადგურდება, ბალახისგან უდაბურდება, ველური ხდება დროში და აღარც საკუთარი პატრონისთვის არის სასარგებლო, ამგვარადვე ასეთი ადამიანები თავიანთ თავს უარყოფენ და გაველურებულები უსარგებლონი ხდებიან უფლისთვის. 5. ექნებათ მათ სინანული, რაჟამს გულით უარმყოფელნი არ აღმოჩნდებიან, მაგარამ თუკი გულით უარისმთქმელი იპოვება მავანი, არ ვიცი, თუ შეძლებს ცხონებას. 6. და ამას არა იმ დღეებზე ვამბობ, როდესაც ვინმე უარმყოფელი სინანულს მიიღებს, რადგან შეუძლებელია გადარჩენა იმისა, ვინც ახლა იზრახავს, საკუთარ უფალს განუდგეს, არამედ მათთვის, რომლებმაც ადრე უარყვეს, ვფიქრობ, განწესებულია სინანული225. ამრიგად, თუ ვინმეს ჰსურს სინანული, კოშკის დასრულებამდე გახდეს მოსწრაფე, ხოლო უკეთუ არა, დედაკაცების მიერ დაიღუპება სასიკვდილოდ. 7. მოკლე [ქვები] მზაკვარნი და ავმეტყველნი არიან. მხეცებიც, მთაზე რომ იხილე, ისინი არიან. რადგან როგორც გველები თავიანთი შხამით ანადგურებენ და კლავენ ადამიანს, ამგვარადვე ასეთი ადამიანების სიტყვებიც ხრწნის და კლავს ადამიანს. 8. ამრიგად, ისინი მოკლებულნი არიან რწმენას თავიანთი ქმედებების გამო, რასაც საკუთარ თავში ატარებენ. ზოგიერთებმა შეინანეს და გადარჩნენ. დანარჩენებსაც, ამგვარად მყოფებს, ძალუძთ ცხონება, რაჟამს მოინანიებენ, მაგრამ თუკი არ შეინანებენ, იმ ძალის მფლობელი დედაკაცების მიერ დაიღუპებიან.   104.(27). 1. მეათე მთა, რომელზეც ხეები იყო და ცხვართა ნაწილს იფარავდა, ასეთი მორწმუნეები არიან: 2. ეპისკოპოსები და სტუმართმოყვარენი, რომლებიც მუდამ სიხარულით, ფარისევლობის გარეშე იწყნარებდნენ ღვთის მონებს საკუთარ სახლებში. ეპისკოპოსები კი თავიანთი მსახურებით მუდამჟამ დაუღალავად იფარავდნენ შეჭირვებულებსა თუ ქვრივებს და მარადის უმწიკვლოდ მიმოიქცეოდნენ. 3. ამრიგად, სამარადჟამოდ დაიცავს ყველა მათგანს უფალი. ამის მოქმედნი დიდებულნი არიან ღვთისა წინაშე და მათი ადგილი ამჟამადაც ანგელოზებთან ერთადაა, თუკი ბოლომდე დარჩებიან მსახურნი ღვთისა. 105.(28). 1. მეთერთმეტე მთა, რომელზეც სხვადასვა ნაყოფით გამშვენებული და დახუნძლული ხეები იყო, ასეთი მორწმუნეები არიან: 2. ღვთის ძის სახელის გამო ვნებულნი, რომლებიც სიხარულით, მთელი გულით იტანჯნენ და თავიანთი სიცოცხლე დათმეს". 3. "უფალო, - ვეუბნები, - რატომაა, რომ ნაყოფი ყველა ხეს აქვს, მაგრამ ზოგიერთი მათგანის ნაყოფნი უკეთილსახილველესია?"226 "ისმინე! - მომიგებს, - ვინც კი ოდესმე [უფლის] სახელის გამო ვნებულა, უდიდებულესია ღვთის წინაშე, ყველა მათგანის შეცოდებანიც აღიხოცა, რადგან ღვთის ძის სახელის გამო იტანჯნენ. ისმინე, რატომაა მათი ნაყოფები მრავალგვარი, ხოლო – ზოგიერთი - უაღმატებულესი. 4. ბევრი, ხელისუფალთან მიყვანილი გამოიცადა და არ უარუყვია, არამედ სიხარულით ივნო. ისინი მეტად უდიდებულესნი არიან უფლის წინაშე. მათი ნაყოფია აღმატებული. მრავალი მხდალი კი მერყეობდა და საკუთარ გულში განსჯიდა, უარეყო თუ ეღიარებინა, და იტანჯა. მცირეა მათი ნაყოფი, რადგან აღწევნილა მათ გულებში ეს სურვილი, ეს უკეთური სურვილი, რომ მონა საკუთარ უფალს განუდგეს. 5. ამრიგად, ეკრძალეთ თქვენ, ამის მზრახველნი, ნურასოდეს შეყოვნდება ეს სურვილი თქვენს გულებში, რომ ღმერთს არ მოუკვდეთ. ხოლო თქვენ, სახელის გამო ვნებულებს, ღვთის დიდება გევალებათ, რომ ღმერთმა ამ სახელის ტარების ღირსად შეგრაცხოთ და ყველა თქვენი ცოდვა განიკურნება. 6. შესაბამისად, ინეტარებთ. მაგრამ მიგაჩნიათ, დიდი საქმე აღასრულა, თუ რომელიმე თქვენგანი ღვთის გამო იტანჯა? სიცოცხლეს ღმერთი განიჭებთ, და არ კი ფიქრობთ, რადგან ცოდვებმა დაგამძიმეს, და უკეთუ არ ივნებოდით უფლის სახელის გამო, ღმერთს მოუკვდებოდით თქვენი ცოვების მიზეზით. 7. თქვენ გეუბნებით ამას, რომლებიც მერყეობთ უარყოფასა თუ აღიარებას შორის. აღიარეთ, რომ გყავთ უფალი და თვინიერ განდგომილებისა საპყრობილეს მიეცემით. 8. თუკი წარმართნი სჯიან საკუთარ მონებს, რაჟამს პატრონს განუდგება ვინმე, ფიქრობთ, რას მოიმოქმედებს უფალი, ვისაც ყოველივეზე აქვს ხელმწიფება? მოირიდეთ ეს ზრახვანი თქვენი გულებიდან, რომ ყველამ იცოცხლოთ ღმერთთან.   106.(29). 1. მეთორმეტე თეთრი მთა ასეთი მორწმუნეები არიან: ვითარცა უმანკო ყრმანი, რომელთა გულზე არასოდეს აღიწევა ბოროტება, არც იციან, თუ რა არის უკეთურება, არამედ მარადჟამ ყრმობაში რჩებიან227. 2. ამრიგად, ასეთნი უეჭველად ღვთის სასუფეველში დამკვიდრდებიან, რადგან არცერთ საქმეში არ შეუბღალავთ ღვთის მცნება, არამაედ საკუთარი კეთილგონიერებით უმანკოებაში გაატარეს თავიანთი ცხოვრების ყველა დღე. 3. ასე რომ, ვინც ასე დარჩებით, - ამბობს, - იქნებით ვითარცა ყრმანი, არ მქონენი ბოროტებისა და ყველა წინარეგანცხადებულზე უდიდებულესნი გახდებით, რადგან ყოველი ყრმა დიდებულია და უპირატესი ღვთის წინაშე. ამრიგად, ნეტარნი ხართ თქვენ, რომლებიც საკუთარი თავიდან უკეთურებას განირიდებთ და უმანკოებით შეიმოსებით, რადგან ყველაზე პირველები იცოცხლებთ ღმერთთან”. 4. მთების შესახებ იგავების დასრულების შემდეგ ვეუბნები მას: "უფალო, ახლა დაბლობიდან ამოზიდული და კოშკიდან აღებულთა ნაცვალ შენობაში დადებული ქვების, ნაგებობაში განთავსებული მომრგვალებული და ჯერაც [კოშკის] ირგვლივ მდებარე ქვების შესახებ მაუწყე". -------------------------------------------------------------------------- * თარგმნილია "მწყემსის" კრიტიკულად დადგენილი ტექსტიდან: Sources Chretiennes; Hermas le Pasteur, Introduction, Texte Critique, Traduction et Notes par Robert Joly, Paris, 1968. შენიშვნები 1 - ერმი რომში მონად მიყიდეს ვინმე როდის. გადის გარკვეული დრო, იგი ტყვეობიდან თავისუფლდება და ამის შემდეგ ხვდება ყოფილ პატრონს. 2 - კუმა - ადრექრისტიანული პერიოდის რომის იმპერიის ერთ-ერთი ქალაქია. 3 - როდი (ქალი, რომელიც ერმს ეცხადება) ამ ხილვისას უკვე გარდაცვლილია (იხ. Sources Chretiennes; Hermas le Pasteur. Paris, 1968 p. 79, nt. 5). 4 - შდრ. μετανοήσουσιν αἱ ψυχαὶ αὐτῶν, οἵτινες οὐκ ἔχουσιν ἐλπίδα, ἀλλὰ ἑαυτοὺς ἀπεγνώκασιν. მოცემულ კონტექსტში ბერძნული μετανοήσουσιν გადმოგვაქვს სიტყვით “ინანებენ” და არა სიტყვით “შეინანებენ”, რადგან საუბარია არა იმაზე, რომ სამომავლო ცხოვრებაში ხორციელი აღსრულების შემდეგ სულებს ექნებათ მონანიების შესაძლებლობა, არამედ ხაზგასმაა იმაზე, რომ წუთისოფელს შემსჭვალულთა სულებს სამომავლოდ ფრიად სანანებლად გაუხდებათ საქმე ანუ ისინი სახარებისეული მდიდრისებრ, ბევრს ინანებენ, ფრიადი იქნება მათგან თითზე კბენანი ფუჭად განვლილი ცხოვრების გამო, მაგრამ ამაოდ. სრულიად ნათელია, რომ ერმი მოცემულ ადგილას საუბრობს არა “სინანულზე” როგორც გამოსყიდვის საშუალებაზე, არამედ საქმე გვაქვს მარადიული სატანჯველისთვის განმზადებულ უკეთურთა მიმართ, ასე ვთქვათ, დაქადნებასთან (“...ნახონ როგორ ინანებენ მათი სულები, თუმცა სრულიად უნაყოფოდ”). 5 - ერმის “მწყემსში” ხშირად გვხვდება უწყება წმინდანთა შესახებ. აღნიშნულ ტერმინში ნათელღებული ადამიანები იგულისხმებიან, ანუ ისინი, რომელნიც აღსრულებული საიდუმლოს გზით ღირსნი გახდნენ სულიერი სამოსით შემოსილიყვნენ და ახალი, წმინდა ცხოვრება დაეწყოთ. 6 - შდრ. ἀλλὰ πάντως ἐπὶ τὴν καρδίαν σου ἀνέβη περὶ  αὐτῆς. ხაზგასმულ ზმნასთან დაკავშირებით იხ. დასახ. გამოც. გვ. 4, შენიშვნა 1. 7 - ბერძნულ ტექსტში მითითებულ ადგილზე გვხვდება ტერმინი πάν-σεμνος (εἰς πάνσεμνον πνεῦμα). წარმოდგენილი ტერმინი ორი სიტყვისგანაა შედგენილი: (1) πᾶν, რაც “თითოეულს”, “მთლიანს”, “ყველას”, “ყოველს”... ნიშნავს; და (2) σεμνός, რომლის შესატყვისიც ძველ ქართულ საღვთისმეტყველო ტერმინოლოგიაში სხვადასხვა დროს სხვადასხვა იყო. მაგ.: “საყურადღებოა იმის აღნიშვნა, რომ როდესაც პეტრე გელათელმა ბერძნული σέβας - ის შესატყვისად შეცვალა VI ჰომოგენური ჯგუფის ტექსტებისათვის ნიშანდობლივი “თნება” და მის ნაცვლად შემოიტანა “მოსავობა”, საკუთრივ “თნება” მან დაუკავშირა ტერმინ σεμνός –ს. ტერმინი σεμνός ეფრემის მიერ ტერმინოლოგიურად უფრო ითარგმნებოდა, როგორც “პატიოსანი” ... თუმცა σεμνολόγημα-ს შესატყვისად მასთან გვხვდება “ქებისმეტყუელებაჲ”... არსენთან დადასტურებულია “წყნარი”... გელათურ ტექსტებში გვხვდება აღნიშნული შესატყვისები, აგრეთვე ტერმინი “განკრძალული” (ედიშერ ჭელიძე, ძველი ქართული საღვთისმეტყველო ტერმინოლოგია, თბილისი, 1996. გვ. 662). წარმოდგენილი მსჯელობიდან გამომდინარე ჩვენ ეფრემისეული თარგმანი (“პატიოსანი”) გამოვიყენეთ და ტერმინი πάνσεμνος ვთარგმნეთ, როგორც “ყოვლადპატიოსანი”. 8 - "კვერისდამკვრელ მჭედელში" (ὁ χαλκεὺς σφυροκοπῶν) იგულისხმება ადამიანი (დახელოვნებული მჭედელი), რომელიც საქმის ცოდნითა და შეუპოვარი შრომით რკინას სურვილის შესაბამის ნივთად გარდაქმნის. 9 - ტექსტში ხსენებული მოხუცი ქალბატონი ერმს ესქატოლოგიურ სურათს აღუწერს. თხრობის სტილი იმგვარადაა წარმოდგენილი, რომ მომავალში, მაცხოვრის მეორედ მოსვლისას აღსასრულებელი მოვლენები აწმყოში მიმდინარეობს. აღნიშნული ადგილი ეხმიანება წმინდა პეტრე მოციქულის ეპისტოლეს, სადაც ვკითხულობთ: "ხოლო უფლის დღე ქურდივით მოვა და მაშინ ზეცანი გრგვინვით გადაივლიან, გავარვარებული კავშირნი დაიშლებიან, მიწა და მისი საქმენი რაც მასზეა, გადაიბუგება... ალმოდებული ცანი დაირღვევიან, ხოლო კავშირნი დაიწვებიან და დადნებიან. ხოლო ჩვენ მისი აღთქმისამებრ მოველით ახალ ცას და ახალ მიწას, სადაც დამკვიდრებულია სიმართლე" (II პეტ. 3,10-13). აქვე შევნიშნავთ, რომ წმინდა წერილი და ზემოწარმოდგენილი ხილვის შინაარსი ურთიერთთან სრულ თანხმობაშია. კერძოდ, მართალნი მეორედ მოსვლის შემდეგ უფლისგან მიიღებენ არა მარტო მარადიულ დიდებასა და სისახრულს, არამედ "ახალ ცას და ახალ მიწას, სადაც დამკვიდრებულია სიმართლე". 10 - შდრ. οὐχ ηὕρισκον γὰρ τὰς συλλαβάς. როგორც ჩანს, საუბარია იმაზე, რომ ერმი წაკითხულის შინაარსს ვერ აღიქვამდა. 11 - ბერძნულ ტექსტში მითითებულ ადგილზე ვკითხულობთ: Τὸ σπέρμα σου, 'Ερμᾶ... ხაზგასმული ბერძნული ტერმინის ქართული შესატყვისია "თესლი", "ნაყოფი", "შვილი", "ჯიში". რადგან საუბარი კვლავ ერმის ოჯახის წევრებს ეხება, ჩვენ აღნიშნული ბერნული სიტყვის ნაცვლად გამოვიყენეთ ტერმინი "სახლეული". 12 - მითითებულ ადგილზე "მწყემსის" რუსულ თარგმანს ახლავს შენიშვნა, საიდანაც ირკვევა, რომ შესაძლებელია, ერმის შვილებმა უარყვეს ქრისტიანობა და თავიანთი მშობლები ქრისტეს აღმსარებლობის გამო რომის ხელისუფალთა წინაშე დაასმინეს (Возможно, дети Гермы отреклись от принадлежности к христианам (обычно римские власти в качестве подтверждения отречения требовали поклониться статуе императора и хулить Христа) и даже донесли на родителей. 13 - სიტყ. "აღრეული უკეთურებანი" (συμφυρμοὺς πονηρίας). ხაზგასმული ბერძნული ტერმინი მომდინარეობს ზმნისაგან συμφύρω, რაც აღრევას, შერევას, თანაშეზავებას ნიშნავს, და მოცემულ კონტექსტში თანაშერთულ ცოდვათა სიმრავლეს გულისხმობს. 14 - ერმს გამოცხადების შედეგად ეუწყება, რომ მან თავი უნდა შეიკავოს ცოლ-ქმრული ურთიერთობებისაგან. 15 - შდრ. ἀκούσασα τὰ ρήματα ταῦτα ἀφέξεται καὶ ἔξει ἔλεος. იგულისხმება რომ განერიდება მრავლისმეტყველებას. 16 - ერმს გამოცხადებისას ეუწყება, რომ მისი ოჯახის წევრები წმინდანებთან ერთად გარკვეულ დღემდე აღსრულებულ ცოდვათა შენდობას მიიღებენ. უპირველეს ყოვლისა, კვლავ შევნიშნავთ, რომ წმინდანებში ერმი ნათლისღების გზით ეკლესიას შემოერთებულ ადამიანებს გულისხმობს. რაც შეეხება "განსაზღვრულ დღეს", მასში მკვლევრები, ჩვეულებრივ, ნათლისღების საიდუმლოს აღსრულების დღეს გულისხმობენ. ამგვარი გაგების კვალობაზე ის დასკვნა გამოდის, რომ ერმისადმი გაცხადებული ხილვის მიხედვით, იმათთვის, რომლებმაც ნათლისღების შემდეგ სცოდეს, სინანულის კარი დახურულია. განსხვავებული აზრი აქვს ზემორე ადგილთან დაკავშირებით ედიშერ ჭელიძეს თავის გამოუქვეყნებელ ნაშრომში: "ზოგიერთი ადრექრისტიანული გამონათქვამის მართებული გაგების შესახებ". მკვლევარი, კერძოდ, შენიშნავს: " თუ ჩვენ მოტანილ ადგილას ერმისეულ "განსაზღვრულ დღეს" ნათლისღების დღედ გავიგებთ (როგორც ამას გვთავაზობენ ხსენებული ძეგლის გამომცემელნი), რომლის შემდეგ ჩადენილი ცოდვაც თითქოს მიუტევებელია, აშკარა წინააღმდეგობაში ჩავვარდებით, გამომდინარე იქიდან, რომ ერმი, სრულიად გამოკვეთილად და ერთმნიშვნელოვნად,  და სახელდებს უკვე ნათელღებულ და სულიერი ახალშობით შემკობილ მოღვაწეებს, ხოლო ზემორე გაფრთხილება (რომ  შემდეგ შეცოდება მიუტევებელია), არსებითად სწორედ მათდამი არის ნათქვამი. აი, ციტატა: <<მიეტევებათ მათ და ყველა წმინდანს შეცოდებანი ვიდრე იმ დღემდე, ყოველი ცოდვა, რომლითაც უწინ უცოდავთ, თუკი მთელი გულით შეინანებენ და განიძარცვავენ თავიანთი გულიდან ორჭოფობას. ... მართალთა სინანულს დასასრული აქვს. სრულიქმნა ყველა წმინდისთვის სინანულის დღე>>. სრულიად ნათელია, რომ საუბარია ნათელღებულთა (, ) მიერ ნათლობის შემდგომ ჩადენილ შეცოდებებზე, რასაც სინანული აღხოცავს მათგან, ხოლო "ის განსაზღვრული დღე" სხვა არაფერი უნდა იყოს, თუ არა აღსასრულის ჟამი, რომლის დროსაც ჩადენილი შეცოდება და ამ შეცოდებით გარდაცვალება აღუხოცელი რჩება, რადგან საიქიოში არ არსებობს სინანული. საყურადღებოა, რომ ბერძნულში არ გვაქვს მითითება შემდეგ ჩადენილ ცოდვებზე. ორიგინალში სიტყვა-სიტყვით მხოლოდ შემდეგს ვკითხულობთ: "თუკი, განსაზღვრულია რა ეს დღე, კვლავ შეცოდება იქნება, არ ექნებათ მათ ცხონება, რადგან სინანულს მართალთა მიმართ აქვს დასასრული" (შდრ. ἐὰν ὡρισμένης τῆς ἡμέρας ταύτης ἔτι ἁμάρτησις  γένηται, μὴ ἔχειν αὐτοὺς σωτηρίαν' ἡ γὰρ μετάνοια τοῖς δικαίοις' ἔχει τέλος). ამრიგად, ნათელია, რომ საუბარია ნოუნანიებელი ცოდვებით აღსრულებაზე. რა თქმა უნდა, აღსასრულის დღის ჩვენგან უცოდნელობა გვავალდებულებს არ გადავდოთ მონანიება ჩადენილი ცოდვებისა, რისი შესაძლებლობაც გვაქვს ხორციელ აღსასრულამდე ანუ "განსაზღვრულ დღემდე", ამ დღის შემდეგ კი, თუ ჩვენში კვლავ დარჩენილია მოუნანიებელი შეცოდება, ცხონებისგან გამოვაკლდებით ანუ ხორციელი ცხოვრების დასრულებით მთავრდება ჟამი სინანულისა" (ე. ჭელიძე, დასახ. შრომა, გვ. 17). *ნაწილი პირველი* *ნაწილი მეორე* …
დაამატა Kakha to პატროლოგია at 9:19pm on დეკემბერი 10, 2012
თემა: შესაქმის მესამე და მეოთხე დღე
დან ვიდრე საღამომდე მაყურებელთა მზერას მრავალფეროვანი სანახაობებით ასაზრდოებენ; და რამდენადაც არ უნდა ისმინონ მათ საჩოთირო და განმხრწნელი მელოდიები, რომელნიც სულთა შინა უცილობლად მრავალი სახის გარყვნილებას წარმოშობენ, მაინც ვერ ძღებიან. ბევრი ასეთ ადამიანებს შენატრის კიდევაც, რადგან მიატოვეს რა სავაჭრო მოედანი და ხელობა, რომლითაც ცხოვრობდნენ, მათთვის განსაზღვრულ სიცოცხლის ჟამს გართობასა და უქმად ყოფნაში ატარებენ. მათ არ იციან, რომ თეატრი, სავსე ურცხვი სანახაობებით, მათთვის, ვინც ამ სანახაობებს ესწრება, გარყვნილების საერთო-სახალხო სასწავლებელს წარმოადგენს და რომ თვით მწყობრი ხმები ფლეიტისა და ბილწი სიმღერები, რომლებიც მსმენელთა სულებზე აღიბეჭდება, სხვა არაფრისაკენ აქეზებენ მათ, თუ არა ურცხვობისა და იმისაკენ, რომ ფლეიტასა და ქნარზე დამკვრელებს მიბაძონ, ხოლო ცხენთა რბოლის თავდავიწყებით მოყვარულნი ცხენებს ერთმანეთს სიზმარშიც კი აჯიბრებენ, ეტლებში ხელახლა აბამენ და ცვლიან მეეტლეებს, ასე რომ, მთელი დღის უგუნურება მათ არც ძილის ოცნებებში ტოვებს. ჩვენ კი, რომელთაც დიდმა საკვირველთმოქმედმა ხელოვანმა უფალმა მისთა საქმეთა სახილველად მოგვიწოდა, შეიძლება მათმა ჭვრეტამ მოგვქანცოს ან სულიწმიდის სიტყვების მოსმენისათვის ვიზარმაცოთ? თუ პირიქით, ღმრთის მიერ შექმნილ ამ დიდსა და მრავალფეროვან სამყოფელს გარს უნდა შემოვუაროთ, ყოველი აზრით დროზე უნდა ავმაღლდეთ და სამყაროს სამკაულები ვიხილოთ? კერძოდ, როგორ დგას ცა, წინასწარმეტყველის სიტყვისაებრ ვითარცა თაღი (ეს. 40.22) და დედამიწა – მისი უსაზღვრო სიდიდითა და სიმძიმით, თავისთავზევე დაყრდნობილი და ჰაერი განფენილი, ბუნებით ლბილი და ნოტიო, ყველას, ვინც კი სუნთქავს, ბუნებრივსა და უცილობელ საზრდელს რომ აწვდის. თავისი სირბილის გამო მოძრავ სხეულებს რომ ემორჩილება და ადვილად განიპობა მათ მიერ (ისე რომ, მასში მავალთათვის არავითარ დაბრკოლებას არ წარმოადგენს), და ყოველთვის ადვილად გადაადგილდება და განეფინება მათ უკან, რომელნიც კვეთენ. და ბუნება წყლისა, მასაზრდოებელი და ჩვენი სხვა საჭიროებებისათვის გამზადებული, მისი მოწესრიგებული შეკრება შემოსაზღვრულ ადგილთა შინა – ამას ყოველივეს დაინახავ იმისაგან, რაც ახლახან წავიკითხეთ.       2. და თქუა ღმერთმან: შეკერბიდ წყალი ქუეშე კერძო ცისა შესაკრებელსა ერთსა და გამოჩნდინ ჴმელი! და იქმნა ეგრეთ: და შეკრბა წყალი ქუეშე კერძო ცისა შესაკრებელთა მათთა. და გამოჩნდა ჴმელი. და უწოდა ღმერთმან ჴმელსა ქუეყანა და შესაკრებელსა წყალთასა უწოდა ზღუებ (შესაქ. 1.9-10). რა დიდი ჯაფა დამაყენე წინა საუბრებში, ეძიებდი რა მიზეზს იმისა, რატომ იყო დედამიწა უხილავი, მაშინ, როცა ყველა სხეულს ბუნებრივად აქვს ფერი, ხოლო ყველა ფერი მზერით აღიქმება?       შესაძლოა, შენ საკმარისად არ გეჩვენება ნათქვამი იმის თაობაზე, რომ დედამიწა უხილავი იყო არა ბუნებით, არამედ მხოლოდ ჩვენთვის, მიზეზით წყლისა, რომლითაც მაშინ მთელი ხმელეთი იყო დაფარული. აჰა, ახლა თვით წმიდა წერილს მოუსმინე, რომელიც თავისთავს თვითონვე განმარტავს: შეკრბა წყალი და გამოჩნდა ხმელეთი. გადაიხსნა კრეტსაბმელი, რათა ის, რაც მანამდე უხილავი იყო, გამოჩენილიყო.       ეგების ვინმემ ისიც იკითხოს, პირველ რიგში, იმას, რაც წყლის ბუნებაა – დაბლა დაქანება, წმ. წერილი შემოქმედის ბრძანებას რატომ მიაწერსო? წყალი ხომ, რომელიც აქამდე ვაკეზე წევს, უძრავია იმიტომ, რომ სადინარი არსაით აქვს, ხოლო თუ დაქანებული ადგილი შეხვდა, მისი პირველი ნაკადი მსწრაფლ ამოძრავდება, მის ადგილს მომდევნო დაიჭერს, ხოლო მომდევნოს მომდევნო მოჰყვება, ასე რომ წინა ნაწილი მუდმივად გარბის, მომდევნო კი მისდევს და მათი დინება მით უფრო სწრაფია, რაც უფრო დიდია სიმძიმე დაქანებული წყლისა და დაფერდება იმ ადგილისა, საიდანაც ჩამოედინება. და მართლაც, უკეთუ წყალი ბუნებითაა ამგვარი, ბრძანება იგი – შეკერბიდ წყალნი შესაკრებელსა ერთსა, ზედმეტი ყოფეილა, რამდენადაც ბუნებით დაღმა მავალი, ყველა ფერდიდან თავისთავად უნდა ჩაღვრილიყო ჩაღრმავებულ ადგილებში და მანამდე უნდა ედინა, ვიდრე არ მოვაკდებოდა ზურგი მისი, რადგან არაფერია უფრო ბრტყელი, ვიდრე ზედაპირი წყლისა. შემდეგ: იმასაც ამბობენ, წყალს ერთ ადგილას შეკრება როგორ ებრძანა, როცა მრავალ ზღვას ვხედავთ და თანაც ერთმანეთისაგან ფრიად დიდი მანძილით დაშორებულსო.       გამოსაძიებელი პირველი საკითხის შესახებ ვიტყვით შემდეგს: წლის მოძრაობანი, რომ იგი ყოველმხრივ მიედინება, დაუდგრომელია და ბუნებით უფსკრულებისა და ჩაზნექილი ადგილისაკენ მიექანება, შენთვის უფრო მეტად ცნობილი უფლის ბრძანების შემდეგ გახდა, ხოლო როგორი ძალა ჰქონდა მას ადრე და რომ არა ეს ბრძანება, ექნებოდა თუ არა მას ასეთის წრაფვა მოძრაობისაკენ, ეს არც შენ იცი და არც თვითმხილველისაგან მოგისმენია.       მოიაზრე, რომ ხმა ღმრთისა შემოქმედია ბუნებისა და რომ ბრძანებამ, რომელიც მაშინ ქმნილებებს მიეცა, წესრიგი მათ შორის (შესაქმისა) ვიდრე აქამომდე განსაზღვრა. დღე და ღამე ერთგზის შეიქმნა, მაგრამ ისინი იმიერიდან ვიდრე ამჟამამდე ენაცვლებიან ერთმანეთს, ყოფენ რა დროს მარადის თანაბარ ნაწილებად.       3. შეკერბიდ წყალნი – ებრძანა წყლის ბუნებას, რათა მდინარებდეს და ამ ბრძანებისამებრ განუწყვეტელი სწრაფვისათვის არასოდეს დაიღალოს. როცა ამას ვამბობ, წყალთა იმ ნაწილს ვგულისხმობ, რომელნიც მდინარებენ, რადგან ზოგიერთნი თავისით დიან, როგორც მაგალითად წყალნი წყაროთა და მდინარეთანი, ხოლო სხვები, ერთ ადგილას შეკრებილნი, უძრავად დგანან. ამჯერად ჩემი სიტყვა იმ წყლებს შეეხება, რომელნიც მოძრაობენ.       შეკერბიდ წყალნი შესაკრებელსა ერთსა. თუ ოდესმე წყაროსთან მდგარხარ, რომელიც წყალს უხვად იძლევა, გონებაში არ დაგბადებია კითხვები: ვინ არის აღმომაცენებელი დედამიწის სიღრმიდან ამ წყლისა? ვინ აიძულებს წინ ისწრაფვოს? როგორია ის საგანძურნი, საიდანაც ამოედინება? რას წარმოადგენს ადგილი, საითკენაც მიისწრაფვის? ან საგანძურებს რატომ არ აკლდება, ან ის ადგილები, სადაც ჩაედინება, რატომ არ ივსება? ყოველივე ეს იმ პირველ ხმაზეა დამოკიდებული. მან მისცა წყალს ძალა ამოძრავებისა. წყლის შესახებ ყოველგვარი თხრობისას პირველი ხმა გაიხსენე:შეკერბიდ წყალნი და ისიც უნდა ამოძრავებულიყო, რათა თავისი ადგილი დაეკავებინა, ხოლო რაჟამს შემოსაზღვრულ ადგილებს მიაღწევდა, დამდგარიყო და აღარ გადმოსულიყო. ამიტომაც ვითარცა ეკლესიასტე ამბობს: ყოველი ჴევნები შესდის ზღუასა და ზღუა ვერ განძღების (ეკლ. 1.7), რადგანაც დინება წყალთა შედეგია ღმრთის ბრძანებისა, ხოლო ზღვის საზღვრებით შემოზღუდვა – პირველი სჯულდებულებისა.       შეკერბიდ წყალნი შესაკრებელს ერთსა. იმისათვის, რომ მდინარე წყალი თავისი ადგილებიდან არ გადმოღვრილიყო, უფრო და უფრო შორს არ წასულიყო, ერთი-მეორის მიყოლებით არ აღევსო ყოველი და მთელი ხმელეთი არ დაენთქა, ებრძანა წყალთა შეკრება შესაკრებელსა ერთსა. ამიტომაც ხშირად ქარებისაგან გაგიჟებული ზღვა და ფრიად მაღალი, ყალყზე წარმომართული ზვირთები ნაპირს შეეხებიან თუ არა, სწრაფად ქაფად ექცევათ და უკან იხევენ. არა გეშინისა ჩემგან, ამბობს უფალი, რომელმაც შევქმენ ქვიშაჲ საზღვრად ზღვისა? (იერ. 5.22). იმ ქვიშით, რომელიც ყველაზე უსუსურია, გაუსაძლისი ძალაა აღვირამოდებული. რა დააყენებდა მეწამულ ზღვას ეგვიპტეზე გადმოსასვლელად, რომელიც მასზე დაბალია მდებარეობითა და რა შეუშლიდა ხელს ეგვიპტესთან მიმდებარე ზღვებთან შეერთებაში, დაბორკილი რომ არ ყოფილიყო ბრძანებით თავისი შემოქმედისა?       რომ ეგვიპტე მეწამულ ზღვაზე დაბლაა, ამაში საქმით დაგვარწმუნეს იმათ, რომელთაც სურდათ ერთმანეთთან შეეერთებინათ ზღვები ეგვიპტისა და ინდოეთისა, რომელზეც მეწამული ზღვაა.       ამავე მიზეზით თქვეს უარი თავიანთ წამოწყებაზე ეგვიპტელმა სესოტორისმა, რომელმაც საქმე პირველად დაიწყო და შემდეგ მიდიელმა დარიოსმაც, რომელსაც მისი დამთავრება სურდა. ამას ვამბობ, რათა შევიცნოთ ძალა ბრძანებისა:შეკერბიდ წყალნი შესაკრებელსა ერთსა, ანუ ამიერიდან ისინი სხვაგან უკვე ვეღარ გადავიდოდნენ, არამედ შეკრებილნი მათ პირველსავე შესაკრებელსა შინა უნდა დარჩენილიყვნენ.       4. შემდეგ, ვინც თქვა: შეკერბიდ წყალნი შესაკრებელსა ერთსა, გვიჩვენა, რომ წყალი ფრიად ბევრი იყო და მრავალ ადგილას გაბნეული, რადგან მთათა ხეობები და ღრმა უფსკრულები წყალთა შესაკრებელნი იყვნენ. ასევე მრავალი დაბლობი და ვაკე ადგილი, რომელნიც სივრცელით უდიდეს ზღვებსაც კი არ ჩამოუვარდებიან, ურიცხვი სიმრავლე ველებისა და ღარტაფებისა, რომლებიც სხვადასხვა სახის ღრმულებს ქმნიდნენ და მაშინ წყლით სავსენი იყვნენ, ღმრთის ბრძანებით დაცარიელდნენ და ყოველი მხრიდან ერთი შესაკრებელისაკენ ისწრაფეს. ნურავინ იტყვის, რომ რადგანაც წყალი მიწაზე მაღლა იყო, ყველა ღრმული, რომელნიც ახლა ზღვებს იტევენ, ისედაც უკვე სავსე იქნებოდა, და რომ, რამდენადაც უკვე წინასწარ იყვნენ დაკავებულნი, წყალთა შესაკრებელნი ვერ გახდებოდნენ. ამის თაობაზე ვიტყვით, რომ მაშინ, როცა წყალს ერთად შეკრება ებრძანა, ჭურჭლები უკვე გამზადებული იყო, რადგან არც ზღვა გადირის მიღმა და არც ის დიდი და მენავეთაგან შეუკადრებელი ზღვა, რომელიც ბრეტანიის კუნძულსა და დასავლეთის იბერიას ადგას გარს, ჯერ კიდევ არ არსებობდა; ხოლო როცა ღმრთის ბრძანებით ვრცელი სათავსი შეიქმნა, სიმრავლე წყალთა მასში ჩაედინა.       მათ, რომელნიც შეგვეპასუხებიან და გვეტყვიან, რომ სამყაროს შესაქმეზე ჩვენი სწავლება გამოცდილებას ეწინააღმდეგება (რადგან ვხედავთ, რომ მთელი წყალი ერთ შესაკრებელსა შინა არ შეკრებილა), შეიძლება მრავალი რამ ვუთხრათ და თანაც ყველასთვის თავისთავად ცნობილი. მათთან კამათი სასაცილოც კია, ნუთუ ისინი ჩვენ ჭაობებსა და წვიმისაგან შეკრებილ წყლებზე მიგვითითებენ და იფიქრებენ, რომ ჩვენს სწავლებას ამით ამხელენ?       მაგრამ ერთი შესაკრებელი ხომ წყალთა ყველაზე დიდსა და სრულ შესაკრებელს ეწოდა. ასე ხომ ჭებიც ხელითქმნილი შესაკრებლებია წყლისა, რომელიც მიწის სიღრმეში გაფანტული სინოტივისაგან წარმოიშობა. ამიტომ სიტყვაშესაკრებელი ეწოდება არა წყალთა რომელიმე თავმოყრას საერთოდ, არამედ უპირატესსა და უდიდესს, რომელშიც მთელი ეს სტიქია აღმოჩნდა შეკრებილი. ისევე როგორც ცეცხლი აქაურ საჭიროებათათვის უმცირეს ნაწილებადაა დამსხვრეული, მაშინ როცა ეთერში მთლიანობაში განიფინება და ვითარცა ჰაერი, წვრილ-წვრილად დაყოფილი, ერთობლიობაში მიწის ზედა სივრცეს ავსებს, წყლის შესახებაც ამგვარად უნდა მოვიაზროთ: თუმცა იგი პატარ-პატარა შესაკრებლებადაა დაცალცალკევებული, მაგრამ შესაკრებელი, რომელიც მთელ ამ სტიქიას დანარჩენი სტიქიებისაგან გამოყოფს, ერთია.       ტბანი, რომელნიც ჩრდილოეთის მხარეში, საბერძნეთის საზღვრებთან, მაკედონიაში, ბითვინიასა და პალესტინაშია, რაღა თქმა უნდა, შესაკრებელნი არიან; მაგრამ ჩვენ ამ შემთხვევაში იმ შესაკრებელზე ვლაპარაკობთ, რომელიც ყველას აღემატება და სიდიდით დედამიწასაც კი უთანაბრდება. არავინ კამათობს იმის თაობაზე, რომ ამ ტბებში წყალთა სიმრავლეა, მაგრამ მათ ზღვას, ამ სიტყვის ჭეშმარიტი მნიშვნელობით არავინ უწოდებს, მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთი მათგანი, მსგავსად დიდი ზღვისა, მარილსა და მიწის ნაწილებს შეიცავს, როგორც, მაგალითად მკვდარი ტბა იუდეაში და სერბონი, რომელიც ეგვიპტესა და პალესტინას შორის, არაბეთის უდაბნოშია გადაჭიმული. ესენი ტბები არიან, ზღვა კი ერთია, როგორც ამას ისინი მოგვითხრობენ, რომელთაც დედამიწა შემოიარეს.       თუმცა ზოგიერთი ფიქრობს, რომ ჰირკანიისა და კასპიის ზღვები მხოლოდ საკუთარ საზღვრებში არიან მოქცეულნი, მაგრამ თუ დედამიწის აღმწერელთა მონათხრობი ყურადღების ღირსია, კავშირი მათ შორისაც არსებობს და ყველანი ერთად დიდ ზღვაში ჩაედინებიან, ისევე როგორც მეწამული ზღვის შესახებ ამბობენ, რომ იგი უერთდება ზღვას, რომელიც გადირის უკან მდებარეობს.       მაგრამ იტყვიან: რატომ უწოდა ღმერთმა წყალთა შესაკრებლებს ზღვები? იმიტომ, რომ თუმცა წყალნი ერთი შესაკრებლისაკენ მიისწრაფოდნენ, უფალმა იმ შესაკრებლებსაც ანუ უბეებს, რომელთაც გარემომცველი მიწისაგან განსაკუთრებული სახე მიიღეს, ზღვები უწოდა: ზღვა ჩრდილოეთისა, ზღვა სამხრეთისა, ზღვა აღმოსავლეთისა და აგრეთვე დასავლეთისა. ზღვებს საკუთარი სახელებიც მიეცა: ევქსინოს პონტო, პროპონტისი, ჰელესპონტი, ზღვები ეგეოსისა, იონიისა, სარდიისა, სიცილიისა და ტვირონისა. კიდევ მრავალია სახელი ზღვებისა, რომელთა ზუსტი აღრიცხვაც ამჟამად შორს წაგვიყვანდა და შეუფერებელიც იქნებოდა. ამიტომაც უწოდა ღმერთმა წყალთა შესაკრებლებს ზღვები; მაგრამ ეს ყველაფერი სიტყვამ მოიტანა, ჩვენ კი იმას დავუბრუნდეთ, საიდანაც დავიწყეთ.       5. და თქუა ღმერთმან: შეკერბიდ წყალნი შესაკრებელსა ერთსა და გამოჩნდინ ჴმელი. როგორც ვხედავთ, არ უთქვამს მიწა გამოჩნდესო, რათა განუმზადებელი, წყალთან არეული თიხა არ ეჩვენებინა, რომელსაც ჯერ კიდევ არ ჰქონდა მიღებული არც საკუთარი სახე და არც ძალი. და კიდევ: მზე რომ არ გვგონებოდა მიზეზი გახმობისა, შემოქმედმა უწინარესად მზის დაბადებისა შექმნა სიხმელე მიწისა.       გონებით წარმოიდგინე დაწერილი, კერძოდ, არა მხოლოდ ჭარბი წყალი ჩამომდინარდა დედამიწიდან, არამედ ისიც გამოვიდა, რომელიც მის სიღრმეში თიხასთან აღრეული იყო, დაემორჩილა რა უფლის გარდაუვალ ბრძანებას.       და იქმნა ეგრეთ. ეს სიტყვა საკმარისია, რათა გვაჩვენოს, რომ შემოქმედის ხმა საქმედ იქცა. თუმცა, ნუსხათაგან მრავალში მათ დართული აქვს: “შეკრბეს წყალნი იგი, რომელნი იყვნეს ქუეშე ცასა შესაკრებელსა თჳსსა და გამოჩნდა ჴმელი”, მაგრამ ეს სიტყვები არც რომელიმე განმმარტებელს მოუცია და როგორც ჩანს, არც ებრაულში იკითხება, რადგან იმის დამოწმების შემდეგ, რომ ასე მოხდა (და იქმნა ეგრეთ), კვლავ ახსნა-განმარტების მოცემა მართლაც ზედმეტია. გამართულ ნუსხებში ამ სიტყვებზე ოველისკოსია[1], რაც იმაზე მიუთითებს, რომ ისინი უარყოფილია.       და უწოდა ღმერთმან ჴმელსა ქუეყანა და შესაკრებელსა წყალთასა უწოდა ზღუებ. რატომაა ნათქვამი ამის წინ:შეკერბიდ წყალნი ქუეშე კერძო ცისა შესაკრებელსა ერთსა და გამოჩნდა ჴმელი, ისევე როგორც აქაც: და უწოდა ღმერთმან ჴმელსა ქუეყანა? იმიტომ, რომ სიხმელე თვისებაა, რომელიც საგნის ბუნებას განმასხვავებელი ნიშნით გამოარჩევს, მიწა კი რაღაც შიშველი სახელწოდებაა ქმნილებისა. ისევე როგორც მეტყველება დამახასიათებელი თვისებაა ადამიანისა, ადამიანი კი არის სიტყვა, რომელიც მიგვანიშნებს ცოცხალზე, რომელიც მეტყველია, ასევე სიხმელე თვისებაა მიწისა, ამასთან უპირატესი. ვისთვისაც სიხმელე საკუთარი თვისებაა, იმას მიწა ეწოდა, ისევე როგორც მას, ვისი საკუთარი თვისებაც ჭიხვინია – ცხენი.       და ეს მხოლოდ დედამიწასთან მიმართებით როდია ასე, არამედ დამახასიათებელი და განმასხვავებელი თვისება ყველა სხვა სტიქიასაც აქვს, რომელიც სხვებისაგან გამოარჩევს და ყოველივე მათგანის რაგვარობას შეგვაცნობინებს. ასე მაგალითად, წყლის საკუთარი თვისებაა სიცივე, ჰაერისა – სინოტივე, ცეცხლისა – სიმხურვალე. მათი, როგორც შედგენილ საგანთა პირველადი სტიქიების, დასახელებული თვისებები მხოლოდ გონებით განიჭვრიტება, ხოლო სხეულებში შეპირისპირებისას, რაჟამს შეგრძნებებს ემორჩილებიან, შეუღლებული თვისებები აქვთ. ხილული და შეგრძნებადი ნივთიერებებიდან არცერთი არაა განცალკევებულობის თვალსაზრისით მარტო, მარტივი და შეურევნელი. არამედ დედამიწა ხმელია და ცივი, წყალი ნოტიო და ცივი, ჰაერი მხურვალე და ნოტიო, ცეცხლი მხურვალე და ხმელი. ასე რომ, თვისებათა შეუღლებით სტიქიებში წარმოიშობა ძალა თითოეულის თითოეულთან შეერთებისა, რადგანაც ყოველივე რომელიც საერთო თვისებით მოსაზღვრე სტიქიას შეერევა, მონათესავესთან ზიარების შედეგად საპირისპიროსაც შეუერთდება. მაგალითად მიწა, რომელიც ხმელია და ცივი, საზიარო თვისებით – სიცივით შეერევა წყალს, წყლის საშუალებითYკი – ჰაერს, რადგანაც წყალი ორივეს შორისაა განწესებული და თავისი თვისებებით, თითქოს ორი ხელით, მისი მეზობელი სტიქიებიდან ერთსაც და მეორესაც ეხება: სიცივით მიწას, ხოლო სინოტივით – ჰაერს. და კიდევ: ჰაერი თავისი შუამავლობით შემარიგებელია ბუნებით ერთმანეთთან მებრძოლი წყლისა და ცეცხლისა; ცეცხლი კი, რომელიც ბუნებით მხურვალეა და ხმელი, სიმხურვალით ჰაერს შეეყოფა, სიხმელით კი ისევ დედამიწასთან შესაერთებლად მიიქცევა. ასე წარმოიშობა წრე და მწყობრი ქორო შედეგად სტიქიათა შორის თანხმობისა და შესაბამისობისა. ამიტომაც ეწოდათ მათ ფრიად შესაფერისი სახელი – სტიქია.       ყოველივე ეს ვთქვი, რათა წარმომეჩინა მიზეზი, რის გამოც ღმერთმა ხმელს უწოდა მიწა და არა მიწას ხმელი, რადგან სიხმელე დედამიწის შემდეგ კი არ წარმოიშვა, არამედ დასაბამიდანვე იყო აღმავსებელი მისი არსისა ის, რაც არსებულის ერთგვარი მიზეზია, ბუნებით უწინარესი და უპირატესია შემდეგ დაბადებულზე. ამრიგად, ღმერთმა დედამიწის თვისებანი მასზე უწინარეს და უხუცეს საქმეთაგან მართებულად წარმაოჩინა.       6. და იხილა ღმერთმან, რამეთუ კეთილ. ეს სიტყვები იმას კი არ მოასწავებს, რომ ღმერთს ზღვა თითქოსდა სახილველად მოეწონა, რადგან შემოქმედი თვალებით კი არ ხედავს ქმნილების სილამაზეს, არამედ დაბადებულებს გამოუთქმელი სიბრძნით ჭვრეტს. თუმცა დიდად სასურველია ხილვა ქაფით გადათეთრებული ზღვისა, რაჟამს იგი დამტკბარი, მშვიდად და უძრავად დგას და სახილველად ამაოა მაშინაც, რაჟამს ალერსიანი ნიავქარისაგან აქოჩრილი მისი ზურგი იისფერი და მუქი ლურჯია და რაჟამს გამეტებით კი არ შოლტავს მეზობელ ნაპირს, არამედ მშვიდობიანად ეხვევა, მაგრამ ასე როდი უნდა გავიგოთ წმიდა წერილის სიტყვები, როდი უნდა ვიფიქრით, რომ ღმერთს ზღვა ამ გაგებით მოეწონა, არამედ კეთილი აქ შესაქმის გონებით განსჯაზე მიუთითებს.       ჯერ ერთი, წყარო ყოველგვარი სინესტისა დედამიწაზე ზღვის წყალია, რომელიც დაფარული სადინარებიდან გამოდის, როგორც ამას ხმელეთის ფხვიერი და ქვაბოვანი ადგილები გვაჩვენებენ, რომლებშიც ზღვის მდინარე წყალი აღწევს. და რაჟამს იგი მიმოქცეულსა და ხვეულ სადინარებში ჩაიკეტება, მისივე სულით აღძრული გარეთ ისწრაფვის და დედამიწის ზედაპირს ამოხეთქს. ამ დროს მას სადინარები მარილისა და სიმწარისაგან წურავს და სასმელად ვარგისს ხდის. ხოლო როცა მიმოქცევისას მეტალებიდან სითბოს თვისებას იძენს, მაშინ იმავე მიზეზით, რომელიც მოძრავ სულში მდგომარეობს, ხშირად დუღილს იწყებს და ცეცხლივით მწველი ხდება, რაც შეიძლება მრავალ კუნძულსა და ზღვისპირა ქვეყანაში ვიხილოთ. ზოგჯერ ხმელთის შუაგულში მდინარე წყალთა მახლობლად ზოგიერთი ადგილი თითქმის იმავეს განიცდის, რათა ამ მცირე საქმეებით დიდ-დიდნი წარმოვიდგინოთ.       და ყოველივე ეს რისთვის ვთქვი? იმისათვის, რომ მთელი დედამიწა გასასვლელებითაა სავსე, სადაც წყალი ზღვის დასაბამიდან დაფარული სადინარებით ჩაედინება.       7. ამრიგად, ზღვა მშვენიერია წინაშე ღმრთისა, რადგან ტენი დედამიწის სიღრმეში მისგან მოედინება, მშვენიერია იმიტომაც, რომ ჭურჭელია მდინარეთა და ყოველი მხრიდან ღვარებს იღებს, ისე რომ კვლავინდებურად თავისსავე საზღვრებში რჩება და კიდევ: მშვენეირია, რადგან დასაბამი და წყაროა ჰაერის წყლებისა, რაჟამს მზის მცხუნვარებისგან გათბება, წყლის ნაწილაკები ორთქლად ამოდის და ზესკნელისაკენ მიიტაცება, მზის სხივებით აკრეფილი სიმაღლეში ცივდება, ხოლო როცა ღრუბელთა ჩრდილი კიდევ უფრო გააცივებს, წვიმად იქცევა და დედამიწას ასუქებს.       თუ ვინმე ამას არ ირწმუნებს, შეხედოს ცეცხლზე შედგმულ წყლით სავსე ქვაბებს, რომელნიც ხშირად ცარიელდებიან, რადგან დუღილის შედეგად ის, რაც მათშია, ორთქლად განილევა.       და კიდიევ: იგივე შეიძლება ვიხილოთ სხვაგანაც, კერძოდ, მეზღვაურები, როცა წყალი შემოაკლდებათ, ზღვის წყალს ადუღებენ, რათა გასაჭირი რამდენადმე მაინც შეიმსუბუქონ.       ზღვა სხვა მხრივაც მშვენიერია წინაშე ღმრთისა. იგი გარს ადგას კუნძულებს და არა მხოლოდ სამკაულია მათი, არამედ სიმტკიცეც. და კიდევ: ერთმანეთთან აკავშირებს ყველაზე დაშორებულ ხმელეთებს, დაუბრკოლებელი მგზავრობის საშუალებას აძლევს მენავეებს, რომელთა მეშვეობითაც გვახარებს ცოდნით იმის შესახებ, რაც ჩვენთვის უცნობია, საფასეს მოაგებინებს ვაჭრებს, ადვილად აწესრიგებს ცხოვრებისეულ საჭიროებებს, მისით გამოაქვთ თუ რამ სადმე ჭარბადაა და მიაქვთ იქ, სადაც მისი საჭიროებაა.       და საიდან მექნება მე ძალა ყოველი სიკეთე ზღვისა ისეთი სიზუსტით ვიხილო, როგორც ეს დამბადებლის თვალებს წარმოუდგა? და თუ ზღვა მშვენიერია და საქებარი წინაშე ღმრთისა, რამდენად უფრო მშვენიერი იქნება მის წინაშე კრება იმგვარი ეკლესიისა, რომელშიც მსგავსად ტალღისა ნაპირს რომ ეხლება, შეერთებული ვდრება კაცთა, ქალთა და ყრმათა ღმრთის ჩვენისა მიმართ აღევლინება?       დაე ღრმა სიმშვიდემ დაიცვას იგი ურყევად და სულთა უკეთურთა ვერ შეძლონ ერეტიკული სწავლებებით შფოთის ჩამოგდება მასში. იყავით თქვენ ღირსნი უფლისაგან შეწყნარებისა და მცველნი ამ სიმწყობრისა და მშვენიერებისა ჩვენი უფლის, იესო ქრისტეს წყალობით, რომლისა არს დიდება და მეუფება უკუნითი უკუნისამდე, ამინ. ჰომილია V დედამიწისაგან აღმოცენებულთა შესახებ       1. და თქუა ღმერთმან: ქუეყანამან გამოიღედ მწუანვილი თივისა, მთესველი თესლისა ნათესავობისაებრი და მსგავსებისაებრი და ხე ნაყოფიერი, მყოფელი ნათესაობისა, რომელისა თესლი მისი მის თანა (შესაქ. 1.11). შემდგომად დედამიწის განსვენებისა და წყლის სიმძიმის განგდებისა, ებრძანა მას, რათა პირველად გამოეღო ბალახი, ხოლო მერმე ხე, როგორც ამას აქამდე ვხედავთ. რადგანაც მაშინდელი ხმა და ეს პირველი ბრძანება, როგორც რაღაც ბუნებითი კანონი იქმნა და დედამიწაზე დარჩა, იქიდან მოყოლებული დღემდე აძლევს მას შობისა და ნაყოფის გამოღების ძალას.       ქუეყანამან გამოიღედ. დასაბამი მცენარის წარმოშობისა აღმოცენებაა: რაჟამს მცირედ ამოყოფს თავს, მორჩია, ხოლო რაჟამს გაიზრდება, ბალახად იქცევა, ვიდრე თანდათანობითი გასრულებით თესლის გამოღებამდე მიაღწევდეს, რადგანაც სინორჩე და მომწიფება ყველას ერთნაირი აქვს.       ქუეყანამან გამოიღედ მწუანვილი თივისა. ეს ნიშნავს, რომ დედამიწამ თავისით გამოიღოს ნაყოფი, ისე რომ სხვისი მხრიდან შემწეობა არ დასჭირდეს, თუმცაღა ზოგიერთი ფიქრობს, რომ მიზეზი დედამიწისაგან მცენარეთა აღმოცენებისა მზეა, რადგანაც იგი მხურვალებით ამოზიდავს მის წიაღში დაფარულ ძალას ვიდრე არ წარმოაჩენსო. მაგრამ დედამიწა სამკაულებით მზეზე ადრე იმიტომ დამშვენდა, რომ შეცდომილებს თაყვანისცემა მზისა და აღაირება იმისა, რომ იგია მიზეზი სიცოცხლისა, შეეწყვიტათ.       თუკი ირწმუნებენ, რომ მთელი დედამიწა მზის დაბადებამდე გამშვენდა, მისით უზომო გაკვირვება შეუმცირდებათ და მოიაზრებენ, რომ თავისი წარმოშობით იგი უმრწემესია მორჩსა და ბალახზე. ამიერიდან, როცა პირუტყვთათვის განმზადდა საზრდელი, ჩვენც ხომ ვიქნებოდით ღირსი ზრუნვის გამოჩენისა? ვინც ხარებსა და ცხენებს განუმზადა საკვები, შენთვის კიდევ უფრო მეტი სიმდიდრე და განსაცხრომელი განამზადა, რადგან იმით, რომ საქონელს არჩენს, ამით სასიცოცხლოდ აუცილებელ სახმარსაც გიმრავლებს. და კიდევ: თესლთა აღმოცენება სხვა რა არის, თუ არა მარაგი სურსათ-სანოვაგისა? გარდა ამისა, მრავალი მხალიცა და მწვანილიც ხომ ადამიანთა საზრდელს წარმოადგენს.       2. ნათქვამია: ქუეყანამან გამოიღედ მწუანვილი თივისა, მთესველი თესლისა ნათესავობისაებრი. თუმცაღა ზოგიერთი ჯიშის ბალახი სხვებისთვისაა განკუთვნილი, სარგებელი მაინც ჩვენ გვიბრუნდება და თესლის გამოყენებაც ჩვენთვისაა განსაზღვრული. ამიტომაც ნათქვამის შინაარსი ასეთია: ქუეყანამან გამოიღედ მწუანვილი თივისა, მთესველი თესლისა ნათესავობისაებრი, რადგან ამგვარად შეიძლება აღდგეს თანმიმდევრულობა სიტყვაში, რომელიც ახლა შეუთანხმებლად გვეჩვენება და დაცულ იქნას იგი მათ შორის, რასაც ბუნება წარმოშობს: პირველად აღმოცენებაა, მერმე მორჩი, შემდგომად მისა გაზრდა ბალახისა და ბოლოს ზრდის გასრულება თესლით.       ამბობენ: როგორღა ითქვა, რომ ყოველი, რასაც მიწა აღმოაცენებს, თესლოვანია, მაშინ, როცა ლერწამი და ნამიკრეფია, პიტნა და ზაფრანა, ნიორი და ჭილი და კიდევ სხვა მრავალი ჯიში მცენარეთა, როგორც ვხედავთ, უთესლოა? ამის თაობაზე ვიტყვით, რომ მრავალი რამ აღმოცენდება მიწიდან, რომელსაც ძალა თესლისა ძირსა და ფესვში აქვს; როგორც მაგალითად, ლერწამს; ერთი წლის რომ გახდება, იგი ფესვისაგან გამოიღებს ყლორტს, რაც მომავალი წლისათვის მისი თესლია. ასევეა მრავალი სხვაც, რომელნიც დედამიწაზე ცხოვრობენ და ჯიშის გაგრძელების ძალა ფესვებში აქვთ. და მართლაც, ყოველ მცენარეს ან თესლი აქვს, ან სათესლე ძალა. სწორედ ამას ნიშნავს ნათესავობისაებრი, რადგან ლერწმის ყლორტი ზეთისხილს ვერ გამოიღებს, არამედ ლერწმისაგან ლერწამი გამოვა და დათესილი თესლიდან მსგავსი თესლისა აღმოცენდება. რაც კი დედამიწამ თავდაპირველი შობისას აღმოაცენა, დღემდეა შემონახული, რადგან ჯიშს მემკვიდრეობის გადაცემით ინახავს.       ქუეყანამან გამოიღედ. მოიაზრე, თუ ვითარ მსწრაფლ აღიძრა ცივი და ბერწი დედამიწა მცირე ხმისა და მოკლე ბრძანების შედეგად მშობიარობის ტკივილისა და ნაყოფის გამოღებისათვის, განიძარცვა სამოსელი გლოვისა და მწუხარებისა, ბრწყინვალე სამოსელით შეიმოსა, საკუთარი სამკაულებით გაიხარა და მცენარეთა მრავალი ჯიში გამოიღო.       მსურს უფრო მტკიცედ ჩაგინერგო დაბადებულით გაკვირვება, რათა სადაც არ უნდა იყო და რომელი ჯიშის მცენარეც არ უნდა შეგხვდეს, ცხადად გაიხსენო დამბადებელი მისი. პირველ რიგში, რაჟამს ბალახის მორჩს ან ყვავილს იხილავ, გულისხმაჰყავ ადამიანის ბუნება და გაიხსენე სახისმეტყველება იგი ბრძენი ესაიასი: ყოველი ხორციელი თივა არს და ყოველი დიდება კაცისაჲ ვითარცა ყუავილი თივისაჲ (ეს. 40.6), რადგანაც სიცოცხლის დროისა და კაცობრივი კეთილდღეობის ხანმოკლე სიხარულსა და შვებას წინასწარმეტყველის მიერ ჭეშმარიტად შესაფერისი ხატი მოეძებნა.       დღეს ვინმე სხეულით განცხრომაშია, ფუფუნებისაგან ხორცითაა დამძიმებული, ჭაბუკური ასაკის შესაფერისად კეთილფეროვნებით ჰყვავის, ძლიერია, სიცოცხლით აღსავსე და სურვილებში დაუმარცხებელი, ხვალ კი, ან დროისაგან ჩამომჭკნარი, ან სატკივარით დაუძლურებული მხოლოდ სიბრალულსღა იწვევს.       დღეს ვინმე ცნობილია დიდი სიმდიდრით, მის ირგვლივ სიმრავლეა პირფერთა და მცველთა, რომელნიც მეგობრობის პატივს იჩემებენ და მისი წყალობის მოსაპოვებლად თავს არ ზოგავენ; უამრავი ნათესავი და მრავალრიცხოვანი გუნდი მსახურთა, რომელიც ან მისი საჭმლისათვის ზრუნავს, ან მის რომელიმე სხვა მოთხოვნას აღასრულებს, სახლიდან გასვლისას თუ შინ დაბრუნებისას თან მიჰყვებ-მოჰყვებიან და შემხვედრთა შორის შურს აღძრავენ. ამასთან, სიმდიდერეს რომელიმე სამოქალაქო ძალაუფლებაც დაუმატე, ან პატივი მეფეთაგან, ან მმართველობა ხალხებისა, ან კიდევ წინამძღოლობა ლაშქრისა, მაცნე, რომელიც მის წინაშე ხმამაღლა ღაღადებს, კვერთხოსანნი, რომელნიც ქვეშევრდომთა ზედა ისეთ საშინელ მღელვარებასა და გვემას მოაწევენ, როგორიცაა ქონების ჩამორთმევა, დაპატიმრება და საპყრობილე, რაც აუტანელ შიშს ხელქვეითთა შორის კიდევ უფრო ზრდის. მაგრამ რაღაა შემდგომად ამისა? ერთი ღამე, ერთი ხურვება, ჭვალი გვერდებისა ან ანთება ფილტვებისა მას კაცთაგან წარიტაცებს და სცენიდან გაიყვანს, მყის დაცარიელდება სამოქმედო ადგილი მისი და დიდება მისი, ვითარცა სიზმარი წარხდება. ამიტომაც შეადარა წინასწარმეტყველმა კაცობრივი დიდება უუძლურეს ყვავილს.       3. ქუეყანამან გამოიღედ მწუანვილი თივისა, მთესველი თესლისა ნათესავობისაებრი და მსგავსებისაებრი.მცენარეთა წესი დღემდე თავდაპირველ წესრიგზე მოწმობს, რადგანაც ყოველგვარ მწვანილსა და ბალახს წინ აღმოცენება უძღვის. გამოვა რა ფესვიდან მიწისქვეშა ყლორტი, ვითარცა მაგალითად ზაფრანისა და ნამიკრეფიასი, ღივი ზევით ამოიწვერება; ასევეა თესლის შემთხვევაშიც, პირველად აუცილებელია აღმოცენება, შემდეგ მორჩად ქცევა, შემდეგ მწვანე ბალახად და ბოლოს გამხმარსა და გამსხვილებულ ღეროზე ნაყოფის მომწიფება.       ქუეყანამან გამოიღედ მწუანვილი თივისა. რაჟამს თესლი მიწაზე დავარდება, რომელსაც სითბო და სინოტივე თანაბრად აქვს, გაიბერება, ფორები გაუმრავლდება და შემოწოლილი მიწით გარემოცული მისთვის დამახასიათებელსა და ნათესაურს ფორებში მიიტაცებს; ხოლო როცა მათში მიწის უწვრილესი მტვერი შეიჭრება, მოცულობით გაზრდილი თესლი ქვემოთ ფესვებს გამოიღებს, ხოლო ზემოთ ამოიწვერება. რამდენი ფესვიც ქვემოთ აქვს, ზემოთაც იმდენი ღერო ექნება; მუდმივად გამთბარი მორჩი ფესვებით სინოტივეს შეიწოვს და სითბოს საშუალებით მიწიდან იმდენ საზრდელს ამოიღებს, რამდენიც სჭირდება და მას როგორც ღეროს, ქერქსა და მარცვლის ბუდეს, ასევე თავად მარცვალსაც და ფხებსაც გაუნაწილებს. ამგვარად, ყოველი მცენარე მარცვლეულთა, პარკოსანთა, ბოსტნეულთა თუ ბუჩქნართა ჯიშიდან თანდათანობითი ზრდისას მისთვის ჩვეულ ზომას მიაღწევს.       ერთი ბალახი, მისი ერთი ღეროც საკმარისია, რომ მთელი შენი გონება მოიცვას და განჭვრიტო ხელოვნება შემოქმედისა, რომელმაც იგი შექმნა; მაგალითად, როგორ შეირტყამს სარტყლად ხორბლის ღერო მუხლებს, რათა მათ, ვითარცა საკრველთა, სიმძიმე თავთავისა, რაჟამს მარცვლებით სავსე მიწისაკენ დადრკება, ადვილად იტვირთონ; შვრიის ღერო კი ცარიელია იმიტომ, რომ მის წვერს სიმძიმე არა აქვს. ბუნებამ ხორბლის ღერო ამგვარი მუხლებით დაიცვა, მარცვალი ბუდეში მოათავსა, რათა ფრინველებს არ წარეტაცათ, ხოლო ნემსივით წამახული ფეხები პატარა ცხოველებისაგან მიყენებული ზიანისაგან დავდასაცავად მისცა.       4. რაღა ვთქვა, ან რის შესახებ დავდუმდე? ქმნილებათა მდიდარ საგანძურში სხვაზე აღმატებული პატივის მქონის პოვნა ძნელია, ხოლო რომელიმეს უყურადღებოდ დატოვება – შემაწუხებელი დანაკლისი.       ქუეყანამან გამოიღედ მწუანვილი თივისა და საზრდელთან ერთად მომაკვდინებელიც ამოვიდა: ხორბალთან შხამა, ხოლო სხვა საზრდელთან: ლემი, ხარისძირა, ვაშლაძილა და ხაშხაში. რა ვქნათ? მადლობა აღარ შევწიროთ დამაბდებელს იმისათვის, რომ ბევრი რამ სასარგებლო მოგვცა და ბრალი დავდოთ იმისათვის, რაც ჩვენი სიცოცხლისათვის დამღუპველია? თუ მოვიაზროთ, რომ ყოველი, რაც შეიქმნა, ჩვენი მუცლისათვის არ შექმნილა? მაგრამ ჩვენთვის განმზადებული საზრდელი ხომ ჩვენს ხელთაა და ყველასათვის კარგადაა ცნობილი, ხოლო რაც შეეხება სხვებს, ქმნილებათაგან თითოეული დაბადებულთა შორის თავის საკუთარ დანიშნულებას აღასრულებს. მაგალითად, რადგანაც ხარის სისხლი შენთვის სასიკვდილოა, ამიტომ იგი ან საერთოდ არ უნდა დაბადებულიყო, ან უსისხლო უნდა ყოფილიყო? მისი ძალა ხომ ესოდენ საჭიროა ჩვენი ცხოვრებისათვის? შენთვის საკმარისია გონება, რომელიც შენში ცოცხლობს, რათა იმისგან, რაც სასიკვდილოა, თავი დაიცვა. თუ ცხვრებიც და თხებიც კი გაურბიან იმას, რაც მათი სიცოცხლისათვის საშიშია, მაშინ როცა მავნებელს მხოლოდ ალღოთი არჩევენ, შენთვის, რომელსაც გონება და კურნების ხელოვნება მოგენიჭა, რომელიც სასარგებლოზე მიგითითებს და თანაც მავნებლისაგან მორიდებას წინაპართა გამოცდილებაც გასწავლის, მითხარი, ძნელი უნდა იყოს განშორება იმისაგან, რაც სასიკვდილოა? არცერთი ამათგანი არ შექმნილა ამაოდ და უსარგებლოდ, რადგან ისინი ან საკვებია ზოგიერთი ცხოველისა, ან კიდევ: სამკურნალო ხელოვნების მიერ რომელიმე სატკივარის შესამსუბუქებლად თავად ჩვენთვისაა აღმოჩენილი. შხამას შაშვები ძოვენ. ისინი სხეულის აგებულების წყალობით საწამლავისაგან ვნებას არ განიცდიან, რამდენადაც ფორები გულისა წვრილი აქვთ და შთანთქმულს მანამდე ალხვობენ, სანამ მის მიერ წარმოშობილი სიცივე გულამდე მიაღწევდეს. ხარისძირათი (ელევანი) კი მწყრები საზრდოობენ, რომელნიც ვნებას ასევე თავიანთი აგებულებით ირიდებენ. მაგრამ ზოგჯერ ეს მცენარენი ჩვენთვისაც სასარგებლონი არიან. მკურნალნი ვაშლიძალათი (მანდრაგორა) აძინებენ, ხოლო ოპიუმით სხეულის ძლიერ ტკივილებს აყუჩებენ. ზოგიერთებმა შხამათი გაუმაძღრობის სიცოფე განკურნეს, ვაშლაძილათი კი მრავალი დაძველებული სენი ამოძირკვეს. ამრიგად, რისთვისაც შენ დამბადებლისათვის ბრალის დადებას ფიქრობ, ისინი უმეტესი მადლობის მიზეზად გექცა.       5. ქუეყანამან გამოიღედ მწუანვილი თივისაჲ. თქვა და რამდენი საზრდელი წარმოაჩინა იმათ ძირებსა, თვითონ მცენარეებსა თუ ნაყოფებში, რომელნიც ან თავისით აღმოცენდნენ, ან კიდევ შრომისა და მიწის დამუშავების შედეგად. თესლისა და ნაყოფის გამოღება მაშინვე კი არ ბრძანა, არამედ ჯერ აღმოცენება და გადამწვანება დედამიწისა, ხოლო შემდეგ თესლით გასრულება ზრდისა, რათა ეს პირველი ბრძანება ბუნებისათვის შემდგომშიაც მორჩილების შეგონება ყოფილიყო.       ამბობენ: როგორღა გამოაქვს დედამიწას ჯიშის მიხედვით თესლი, მაშინ, როცა ხშირად ხორბალს ვთესთ და შავ მარცვალს ვიმკითო, მაგრამ ეს შეცვლას კი არ ნიშნავს ჯიშისა, არამედ თესლის რაღაც სენსა და უძლურებას, მან ხორბლის ბუნება კი არ განაგდო, არამედ, როგორც ამაზე მისი სახელწოდებაც მიგვანიშნებს, ხვატისაგან გაშავდა, დაიწვა რა გარდამეტებული ყინვისაგან, სხვა ფერი და გემო შეიძინა. ამბობენ, რომ თუკი იგი კვლავ კეთილ ნიადაგში მოხვდება და ჰაერიც შეზავებული იქნება, ძველ სახეს დაიბრუნებსო. ამგვარად, მცენარეთა შორის ვერაფერს იპოვი ისეთს, ამ ბრძანების საწინააღმდეგოდ რომ ხდებოდეს. ე.წ. ჭიოტა და სხვა ამდაგვარ სარეველთა თესლნი, რომელნიც საკვებად ვარგისებს შეერევიან და რომელთაც წმ. წერილში ჩვეულებრივ ღვარძლი ეწოდება, ხორბლის გარდასახვის შედეგად კი არ არიან წარმოშობილნი, არამედ საკუთარი დასაბამიდან წარმოდგებიან და საკუთარი ჯიში აქვთ. ესენი სახეა იმათი, რომელნიც უფლის მოძღვრებას ამახინჯებენ და სიტყვას ჭეშმარიტად კი არ ემოწაფებიან, არამედ ბოროტი სწავლებისაგან წამხდარნი ეკლესიის ჯანსაღ სხეულს შეერევიან, რათა თავიანთი ვნებანი უდანაშაულოებს ფარულად გადადონ. შეადარა რა მისი მორწმუნეების სრულყოფა თესლის აღორძინებას, უფალმა თქვა: ვითარცა-იგი კაცმან დასთესის თესლი ქუეყანასა და დაიძინის, და თესლი იგი აღმოსცენდის და განორძნდებინ, ვითარ-იგი მან არა უწყინ, რამეთუ თჳსით თავით ქუეყანაჲ ნაყოფს გამოიღებს: პირველად წუელი, მერმე თავი, მაშინღა სავსე იფქლი თავსა მას შინა (მარკ. 4.26-28).       ქუეყანამან გამოიღედ მწუანვილი. – დედამიწამაც, რათა დაეცვა სჯული დამბადებლისა, აღმოცენებიდან მოკიდებული თვალის დახამხამებაში გაიარა ყველა სახე ზრდისა და ამონაყარნი გასრულებამდე მიიყვანა: და იქმნა ვრცელი მდელონი უხვი სიმწვანით და ნაყოფიერი მინდვრები აქოჩრილი პურის ყანებით, ღელვა თავთავთა – ვითარცა ღელვა ზღვის ტალღებისა.       ყველა ამგვარი მცენარე და მწვანილი ყველა ჯიშისა, ზოგიც დატოტვილი და ზოგიც პარკოსანი, დედამიწაზე მაშინ უხვად აღმოცენდა, რადგან აღმოცენება იმ დროს ვერაფერმა ვერ შეაჩერა; ვერც მუშაკთა გამოუცდელობამ, ვერც შეუზავებელმა ჰაერმა და ვერც სხვა რომელიმე მიზეზმა აღმოცენებულებს ვნება ვერ მიაყენეს. დედამიწის ნაყოფიერებას მსჯავრდება ჯერ კიდევ არ აბრკოლებდა, რადგანაც ეს უწინარეს ცოდვისა იყო, რომლის გამოც ჩვენ პურის ჩვენი ოფლით ჭამა მოგვესაჯა.       6. ითქვა: და ხე ნაყოფიერი, მყოფელი ნათესაობისა, რომლისა თესლი მისი მის თანა მსგავსებისაებრ ქუეყანასა ზედა. ამ სიტყვის შედეგად გახშირდა ბუჩქნარი, ამოიტყორცნა ყოველი ხე, რომელთაც ზრდისას დიდ სიმაღლეს მიაღწიეს: ნაძვი და კედარი, კვიპაროსი და ფიჭვი. ყოველი ჩირგვი მსწრაფლ დაიტოტა და უხვად გაიფოთლა; გამოჩნდნენ მცენარენი საგვირგვინონი: ვარდი, მურტი და დაფნა. ყოველივე, რაც მანამდე დედამიწაზე არ ყოფილა, თითოეული საკუთარი თვისებით ყოფიერებაში თვალისდახამხამებაში მოვიდა, სხვა ჯიშის მცენარეთაგან თვალსაჩინო სხვაობებით გამოყოფილი. ყოველი მათგანი მხოლოდ მისთვის დამახასიათებელი თვისებით გამოიცნობა. მაგრამ, ვარდი მაშინ უეკლო იყო, ყვავილის სილამაზეს მხოლოდ შემდეგ შეერთო ეკალი, რათა ტკბობის სიამესთან ახლოს გვქონდეს მწუხარებაც, შემხსენებელი იმ ცოდვისა, რომლის გამოც დედამიწას ჩვენთვის “ეკალისა და კუროჲსთავის” აღმოცენება მიესაჯა (შესაქ. 3.18).       უკეთუ ვინმე იტყვის: დედამიწას ებრძანა გამოეღო ხე ნაყოფიერი, მყოფელი ნათესაობისა, რომლისა თესლი მისი მის თანა, ჩვენ კი მრავალ ხეს ვხედავთ, რომელთაც არც ნაყოფი აქვთ და არც თესლიო, რა უნდა ვუპასუხოთ? ის, რომ უპირატესად ის მცენარეები არიან მოხსენიებულნი, რომელნიც ბუნებით უფრო კეთილშობილურნი არიან და კიდევ: უკეთუ წვრილად შეისწავლი, აღმოჩნდება, რომ ყოველ მცენარეს ან თესლი, ან რაღაც თესლის თანაბარი ძალის მქონე აქვს. შავსა და თეთრ ალვებს, ტირიფებს, ძელქვებსა და სხვა ამდაგვარებს, მართალია, არა აქვთ ნაყოფი თვალსაჩინო, მაგრამ თუ დაწვრილებით გამოვიძიებთ, ვნახავთ, რომ თესლი ყოველ მათგანს აქვს, რადგანაც მარცვალი, რომელიც ფოთლის ქვეშაა და რომელსაც მათ, ვინც ყოველივეს თავის სახელს არქმევს “მისხონ” (μισχον) უწოდეს, თესლის ძალის მქონეა. ის ხეები კი, რომელნიც ტოტებისაგან აღმოცენდებიან, მათგან მრავალ ფესვს გამოიბამენ. შესაძლებელია თესლის მნიშვნელობა ჰქონდეთ ფესვებიდან ამონაყარებსაც, რომელთა გადანერგვითაც მებაღენი ჯიშს ამრავლებენ. მაგრამ, როგორც ითქვა, პირველად მოხსენიების ღირსნი ისინი გახდნენ, რომელნიც ჩვენი სიცოცხლისათვის უფრო საჭირონი არიან, ადამიანებს თავიანთ ნაყოფს აწვდიან და უხვ საზრდელს უმზადებენ. ასეთია ვაზი, რომლისაგანაც იქმნება ღვინო, რომელიც ახარებს გულსა კაცისასა, ასეთია ზეთისხილიც, მას გამოაქვს ნაყოფი, რომელიც საცხებელითა მხიარულ-ყოფს პირს (ფს. 103.15). და ბუნებისაგან დაბადებული რამდენი მოაწყდა ასეთი სისწრაფით? ძირი ვენახისა და მის ირგვლივ მიწაზე განფენილი მწვანე და დიდი რტოები, რქა, ხვიარა ულვაშები, ისრიმი და მტევნები. საკმარისია შეხედო და ვენახის გონივრული ჭვრეტა შთაგაგონებს შენ, რა უნდა მოგაგონოს ბუნებამ, რადგან, რაღა თქმა უნდა, გახსოვს იგავი უფლისა, რომელმაც თავისთავს ვენახი, მამას მოქმედი, ხოლო ყოველ ჩვენგანს, ვინც ეკლესიაში სარწმუნოებითაა დანერგილი, რტო გვიწოდა და კეთილი ნაყოფის გამოღებისაკენ მოგვიწოდა, რათა უსარგებლობისათვის ცეცხლისთვის მიცემა არ მოგვესაჯოს (ინ. 15.16). საერთოდაც ადამიანთა სულები ვენახთან მრავალგზისაა შედარებული: ვენაჴი ექმნა შეყვარებულსა რქისა მიერ ადგილსა შინა პოხილსა და კიდევ: ზღუდე გარემოვსდევ და მოვიკრძალე და დავჰნერგე ვენაჴი (ეს. 5.2).       ცხადია, იგი ვენახში ადამიანთა სულებს გულისხმობს, რომელთათვისაც აღმართა ზღუდე – მცნებათა სიმყარე და დაცვა ანგელოზთაგან, რამეთუ დაიბანაკებს ანგელოზი უფლისაჲ გარემოს მოშიშთა მისთა (ფს. 33.8) და კიდევ: თითქოსდა სანგარით შემოგვზღუდა, როცა ეკლესიაში პირველად მოციქულნი, მეორედ წინაჲსწარმეტყუელნი და მესამედ მოძღუარნი (I კორ. 12.28) დაადგინა. ამაღლებს რა ჩვენს აზრებს ძველი ნეტარი კაცების მაგალითებით, არ მიატოვა ისინი მზაკვრობისთვის დასამორჩილებლად და ფეხქვეშ გასათელად. მოითხოვს, აგრეთვე, ჩვენგან, რომ შევიწყნაროთ, როცა სანგარს გვავლებენ, რადგან სანგარი ამსოფლიურ საზრუნავთა განდევნით გვევლება, რომელნიც ჩვენს გულებს ამძიმებენ. ამრიგად, ვინც ხორციელ სიყვარულს განაგდებს, სიმდიდრის წადილსა და მისწრაფებას ამქვეყნიური უბადრუკი დიდებისაკენ საძაგლად და სასაცილოდ მიიჩნევს, ვითარცა სანგარშემოვლებული, შვებით ამოისუნთქავს, მოიხსნის რა ფუჭ ტვირთს მიწიერი სიბრძნისა. იგავის სიტყვისამებრ: ნურავინ განდიდდება, ანუ, რაც იგივეა, მოსაჩვენებლად არ უნდა მოქალაქობდეს და არც გარეშეთა ქებამ უნდა მოინადიროს, არამედ კეთილი ნაყოფი გამოიღოს და ჭეშმარიტ მუშაკს დაუნჯებული თვისნი საქმენი აჩვენოს.       ხოლო იყავი შენ ვითარცა ზეთისხილი ნაყოფიერი სახლსა ღმრთისასა (ფს. 51.10), სასოებისაგან ნურასოდეს განიძარცვები, არამედ მუდამ ჰყვაოდეს შენში რწმენით მოპოვებული იმედი ხსნისა, რადგანაც ამით მიბაძავ მარადიულ სიმწვანეს ამ მცენარისა, ნაყოფის სიმრავლეში გაეჯიბრები და უხვად გასცემ ყოველ ჟამს მოწყალებას.       7. მაგრამ მივუბრუნდეთ გამოკვლევას განბრძნობილ საქმეთა, კერძოდ, რამდენგვარი მცენარე აღმოცენდა, ზოგი ნაყოფის მომცემი, ზოგიც ვარგისი სახლებისა და ხომალდთა ასაგებად და ზოგიც დასაწველად. და კიდევ: მრავალფეროვანია ნაწილთა მოწყობა თითოეულ ხეშიც, ძნელია პოვნა თითოეულის საკუთარი თვისებისა და განჭვრეტა იმისა, რაც სხვადასხვა ჯიშის ხეებს ერთმანეთისაგან განასხვავებს. როგორ ხდება, რომ ზოგ მათგანს ფესვები ღრმად აქვს გადგმული, ზოგს კი, პირიქით, ზოგი სწორად იზრდება და ერთი ღერო აქვს, ზოგი კი დაბალია და პირდაპირ ძირიდანვე განტოტვილი? როგორ ხდება, რომ ისინი, რმელთაც გრძელი და ჰაერში შორს გაწვდილი რტოები აქვთ, ძირებსაც სიღრმეში იდგამენ, რომელთა ირგვლივაც მრავალი წვრილი ფესვია, ვითარცა ბუნებისაგან შექმნილი შესაბამისი საფუძველი, რომელმაც ზემო ნაწილის სიმძიმე უნდა იტვირთოს?       და ქერქთა რამდენი სხვადასხვა სახეა! ხეებიდან ნაწილს გლუვი ქერქი აქვს, ნაწილს კი ნაოჭებიანი. ამასთან, ზოგის ქერქი ერთფენიანია, ზოგის კი – მრავალფენიანი. და რაც საოცარია, მცენარეებში იპოვნი ნიშნებს, რომლებიც კაცობრივ სიჭაბუკესა და სიბერეს ემსგავსებიან; ნორჩსა და ჯანსაღ ხეებს ქერქი მჭიდროდ ეკვრით, ბებერ ხეებში კი იგი დაღვლარჭნილი და გამაგრებულია. ზოგიერთი მოჭრის შემდეგ ისევ აღმოცენდება, ზოგი კი, თითქოს მოკვეთა მისთვის სიკვდილს ნიშნავდა, უმემკვიდროდ რჩება. ზოგიერთებმა ისიც კი შეამჩნიეს, რომ მოჭრილი ან დამწვარი ნაძვები ძირებისაგან კვლავ აღმოცენდებიან და ტევრად იქცევიან. მიწადმოქმედთა ზრუნვის წყალობით მრავალ ბუნებით ბოროტ ხეს განკურნებულს ვხედავთ, როგორც მაგალითად, მჟავე ბროწეულსა და მწარე ნუშს, კერძოდ, მათ ძირთან ტანს უხვრეტენ და ზუსტად გულში ნაძვის მსხვილ სოლს არჭობენ, რის შედეგადაც კეთილად იცვლებიან და ნაყოფსაც კეთილს გამოიღებენ, რომელსაც უსიამოვნო გემო აღარ აქვს.       მათ მსგავსად, უკეთუ ვინმე ბოროტებასა შინაა, სასოს ნუ წარიკვეთს, რადგან უნდა იცოდეს, რომ ვითარცა მიწადმოქმედი ცვლის მცენარეთა რაგვარობას, ასევე ზრუნვას სულის სიქველეზე შეუძლია ყოველგვარი სენი დაამარცხოს.       ნაყოფის გამომღებელ ხეთა ნაყოფთა შორის სხვაობანი ისე დიდია, რომ არავის შეუძლია სიტყვით გადმოსცეს მათ შესახებ, რადგან სხვაობანი არა მხოლოდ სხვადასხვა ჯიშის მცენარეთა ნაყოფთა შორის არსებობს, არამედ თვით ერთ სახეობაშიც კი ხისა მრავალფეროვნებაა, მაგალითად, სხვაგვარია ნაყოფი მამრი ხისა და სხვაგვარი მდედრისა, როგორც ამას მებაღენი განარჩევენ, რომელნიც ფინიკის ხეებს მამრებად და მდედრებად ყოფენ.       შესაძლებელია შენც ნახო, რომ ზოგჯერ მცენარეს, რომელსაც ისინი მდედრს უწოდებენ, თითქოს გულისთქმით ანთებულს მამრისაგან მოხვევა სურსო, ტოტები დაშვებული აქვს. მცენარეთა მკურნალნი რტოებზე მას რაღაც მამრის თესლის მსგავსს აყრიან, რომელსაც “ფსინს” უწოდებენ, ხეც, თითქოს ტკბობა შეიგრძნოო, ტოტებს აღმართავს და მისი აგებულება ჩვეულებრივ სახეს იბრუნებს. იმავეს ამბობენ ლეღვის შესახებაც. ამიტომაც ზოგიერთები ბაღის ლეღვებთან ველურ ლეღვს რგავენ, ხოლო სხვები კეთილი ნაყოფის მომცემი ბაღის ლეღვის უძლურებას იმით კურნავენ, რომ მასზე ველური ლეღვის მკვახე ნაყოფს ჰკიდებენ და ამით ინარჩუნებენ უმწიფარ ნაყოფს, რომელსაც ჭკნობა და ჩამოცვენა უკვე დაწყებული ჰქონდა.       რას ფიქრობ, რისთვისაა ეს იგავი ბუნებისა? იმისათვის, რომ ჩვენ ხშირად გულმოდგინებას კეთილ საქმეთა ჩვენებაში უცხო სარწმუნოების ადამიანებს უნდა დავესესხოთ.       რაჟამს იხილავ წარმართობაში მყოფს ან მაცდუნებელი ერესის გამო ეკლესიისაგან განდგომილს, რომელიც უბიწოდ ცხოვრობს და ხასიათის კეთილკრძალულებაზე ზრუნავს, მეტი მისწრაფება შეიძინე, რათა ნაყოფიერ ლეღვს დაემსგავსო, რომელიც ძალას ველური ლეღვის სიახლოვით იკრებს და ნაყოფი კი აღარ სცვივა, არამედ უფრო დიდი მზრუნველობით ზრდის.       8. ასეთია სხვაობანი ნაყოფთა წარმოშობის სახეთა შორის, რის შესახებაც მრავალისაგან მცირედი ვთქვით. მაგრამ ვინ მოგვითხრობს მრავალფეროვნებაზე თვითონ ნაყოფთა? მათ ფორმაზე, ფერზე, თითოეულის გემოზე ან სარგებლობაზე? რატომ ხდება, რომ ზოგიერთ მათგანს მზე შიშველს ამწიფებს, ზოლო ზოგიც ბუდეში დაფარული აღივსება? მათ, რომელთაც ნაყოფი ნაზი აქვთ, ფოთოლთა საბურველი რატომღა აქვთ სქელი, როგორც მაგალითად ლეღვს? ხოლო მაგარნაყოფიანებს ფოთოლთა სამოსელი მსუბუქი – ვითარცა კაკალს? იმიტომ, რომ პირველს დიდი შემწეობა სჭირდება თავისი უძლურებისა გამო, ხოლო მეორეს უფრო სქელი საბურველი ავნებდა იმით, რომ ჩრდილში მოაქცევდა. როგორაა ვაზის ფოთოლი დაპობილი ისე, რომ მტევანს ჰაერისაგან ვნებაც ააცილოს და სითხელის გამო მზის სხივებიც უხვად მიაღებინოს?       არაფერია უმიზეზოდ და არაფერია შემთხვევითი. ყველაფერში რაღაც გამოუთქმელი სიბრძნეა, რომელი სიტყვა მისწვდება, ან კაცობრივმა გონებამ ყოველივე ზუსტად როგორ გამოიკვლიოს, რათა თითოეულის თავისებურებანი დაინახოს, მათ შორის არსებული სხვაობებით ერთმანეთისაგან გაყოს და დაფარული მიზეზებიც სრულად წარმოადგინოს?       ერთი და იგივე წყალი, რომელსაც ფესვი შეიწოვს, სხვაგვარად კვებავს თვითონ ძირს, სხვაგვარად ქერქს ტანისა, სხვაგვარად მერქანს და კიდევ სხვაგვარად გულს. ერთი და იგივე ფოთლადაც იქმნება, წვეროებადაც და ტოტებადაც იყოფა და ნაყოფსაც ზრდის, მცენარეთა ცრემლი და წვენიც ამავე მიზეზიდან მომდინარეობს. მაგრამ ყოველივე ამათ შორის როგორი სხვაობანი არსებობს, ამის გამოთქმას ვერანაირი სიტყვა ვერ შესწვდება, რადგან სხვაა ცრემლი ფისის ხისა და სხვა წვენი ბალზამისა, ხოლო ეგვიპტესა და ლიბიაში ქოლგისებური მცენარეები სულ სხვაგვარ წვენს გამოყოფენ. იმასაც ამბობენ, რომ ქარვა ხეების წვენია, გაყინვის შედეგად გაქვავებული. ამას ადასტურებს წვრილი ღეროები და პაწაწინა ცხოველები, რომელნიც ვიდრე წვენი ნედლია, ეკრობიან და მასში რჩებიან. და საერთოდ, ვინც გამოცდილებით არ იცის თვისებათა მიხედვით როგორია სხვაობა წვენთა შორის, მათი მოქმედების წარმოსაჩენად სიტყვებს ვერ იპოვნის. და კვლავ: რატომაა, რომ ერთი და იმავე ტენისაგან ვაზი ღვინოს იძლევა, ზეთისხილი კი ზეთს? საკვირველი მხოლოდ ის როდია, რომ ტენი ერთში სიტკბოდ იქცა, ხოლო მეორეში ცხიმად, არამედ ისიც, რომ თვისებათა სხვაობა თვით ტკბილ ნაყოფთა შორისაც აღურაცხელია, რადგან სხვაა სიტკბო ყურძნისა და სხვა ვაშლისა, სხვა ლეღვისა და სხვა ფინიკისა.       კიდევ მსურს, რომ შენ საქმის ცოდნით გამოიკვლიო, თუ რატომაა, რომ ერთი და იგივე წყალი, რაჟამს ამ მცენარეთა შინა დატკბება, ლბილია შეგრძნებისათვის, ხოლო რაჟამს იგი სხვა მცენარეთა შინაა, მჟავდება და სასას კბენს. როცა აბზინდასა და სკამონეაშია, აუტანლად მწარდება და შეგრძნებას აღიზიანებს, რკოსა და წაბლის ნაყოფში სიცხარეს იძენს, ხოლო სკიპიდრის ხესა და კაკალში რბილდება და ზეთს ემსგავსება?       9. რა საჭიროა შორს წასვლა, როცა თვითონ ლეღვში წყალი ურთიერთსაპირისპირო თვისებებში გადადის? ხის წვენში იგი უმწარესია, ხოლო ნაყოფში – უტკბესი. იგივე ითქმის ვაზზეც, წვეროებში იგი ფრიად მწკლარტეა, მტევნებში კი – დიდად სასიამოვნო.       და რა სიუხვეა ფერებისა! ერთი და იგივე წყალი მდელოთა შინა ერთ ყვავილში რომ წითელია, მეორეში მეწამული, მესამეში ცისფერი, სხვაში კიდევ სპეტაკი, და კვლავ: ფერთა სიჭრელეზე მეტია მრავალფეროვნება სურნელებათა, რომელსაც იგი გვფენს. მაგრამ ვხედავ, რომ ჩემმა სიტყვა ყოველივეს გამოკვლევის გაუმაძღარი სურვილის გამო ზომიერებას გადააჭარბა და თუ არ შევკრავ, არამედ დაბადებულთა თანამიყოლას ვაიძულებ, დღე დაილევა, ვიდრე თქვენ შემოქმედის დიდ სიბრძნეს უმცირესი საქმეებით წარმოგიდგენდეთ.       ქუეყანამან გამოიღედ ხე ნაყოფიერი, მყოფელი ნათესაობისა, ქუეყანასა ზედა. – და მსწრაფლ შეიმოსა ხშირი ტყეებით მთათა მწვერვალები, გამშვენდნენ ბაღები და მდინარეთა ნაპირები ათასგვარი ჯიშის მცენარემ შეამკო. ზოგიერთი მათგანი კაცთა სუფრის გასამშვენებლად გამზადდა, მეორენი ფოთლებითა და ნაყოფებით პირუტყვებს ასაზრდოებენ, ხოლო სხვანი წვენებით, ტენით, რტოებით, ქერქითა თუ ნაყოფით ჩვენი მკურნალობისთვის არიან სასარგებლონი. მოკლედ რომ ვთქვათ, რაც კი ჩვენ ხანგრძლივმა გამოცდილებამ აღმოგვაჩენინა, შევკრიბეთ რა ცალკეული შემთხვევებიდან სასარგებლონი, ეს ყოველი შემოქმედის მსწრაფლმა განგებულებამ თავიდანვე განჭვრიტა და ყოფიერებაში მოიყვანა.       რაჟამს იხილავ ხეებს ბაღისა და ხეებს ველურებს, წყლის მოყვარეთა და უწყლობის გამძლეთ, ყვავილოვნებსა და უყვავილოებს, მცირეთაგან დიდი შეიცანი, მარადის გაოცებული დარჩი და სიყვარული დამბადებელისა ააღორძინე. გამოიძიე, როგორ შექმნა ზოგი მარადმწვანე და ზოგიც განშიშვლებული. მარადმწვანეთაგან ნაწილს ფოთლები სცვივა, ნაწილიც მარადფოთლოვანია. თუმცა ზეთისხილის ხესა და ფიჭვს წიწვები სცვივა, მაგრამ მათი ახლით შეცვლა ისე შეუმჩნევლად ხდება, რომ სამოსისაგან განძარცვულად არასოდეს გვეჩვენებიან. მარადფოთლოვანია ფინიკი, რადგან ფოთლები, რომელთაც პირველად გამოიღებს, ბოლომდე მასთან რჩება.       და კიდევ: დააკვირდი კურდღლისცოცხის ბუჩქს, როგორ ცხოვრობს ორგვარი ცხოვრებით, რადგან წყლის მოყვარულთა შორისაც ირიცხება და უდაბნოშიც მრავლდება. ამიტომაც იერემიამ ცბიერი და ორპირი ბუნების მქონე ამ მცენარეს სამართლიანად შეადარა (იერ. 17.6).       10. ქუეყანამან გამოიღედ. ეს მოკლე ბრძანება მყის დიდ ბუნებად და დახელოვნებულ სიტყვად იქმნა და ჩვენს ფიქრზე უსწრაფესად მცენარეთა ურიცხვი თვისება წარმოშვა. იგივე ბრძანება დედამიწაზე მოაქჟამამდე არსებობს და აგულიანებს მას, თავისი ძალა, რამდენიც აქვს, წელიწადის ყოველი მოქცევისას გამოიღოს ბალახების, თელსებისა და ხეების შობისათვის.       ვითარცა ბზრიალა, მიეცემა რა პირველად ბიძგი, ტრიალს აგრძელებს და წრეების შემოწერისას ცენტრს თავისთავში ურყევად ინარჩუნებს, ასევე თანმიმდევრული წესრიგიც ბუნებისა, რომელმაც დასაბამი პირველი ბრძანებით მიიღო, იქედან მოყოლებული, ყველა დროში იარსებებს, ვიდრე ყოველთათვის საერთო აღსასრული არ მოიწევა. მისკენ მივისწრაფვით ჩვენ ყოველნი, აღსავსენი ნაყოფიერნი და კეთილი საქმეებით, რათა დავინერგოთ სახლსა შინა უფლისასა ეზოთა სახლისა ღმრთისა ჩუენისათა (ფს. 91.14), ჩვენი უფალი იესო ქრისტეს მიერ, რომლისა არს დიდება და ძლიერება უკუნითი უკუნისამდე, ამინ. ჰომილია VI მნათობთა დაბადების შესახებ       1. მას, ვინც მორკინალთ უყურებს, თავად მხნეობა შეეფერება. ამის დანახვა ყველას შეუძლია სანაოხაობათა წესებიდან, რომელნიც მოითხოვდნენ, რომ ასპარეზობაზე მყოფნი თავშიშველნი მსხდარიყვნენ. მე ვფიქრობ, ამით სურდათ, რომ ყოველი მორკინალთა არა მხოლოდ მაყურებელი, არამედ რამდენადმე მათი თანამებრძოლიც ყოფილიყო. მსგავსად ამისა, ვინც დიდსა და აღმატებულ სანახაობებს იძიებს და ჭეშმარიტად მაღალსა და გამოუთქმელ სიბრძნეს ისმენს, შეჰფერის თვითონაც რამდენადმე ისწრაფოდეს წინამდებარე სანახაობათა ჭვრეტისათვის, რათა შეძლებისდაგვარად ჩემი მოღვაწეობის თანამონაწილე გახდეს და არა მსაჯული, არამედ უფრო თანამოღვაწედ მექცეს, რათა ჭეშმარიტების პოვნის შესაძლებლობა არ დავკარგოთ და ჩემმა შეცდომამ საერთოდ მსმენელებს ზიანი არ მოუტანოს.       რატომ ვამბობ ამას? იმიტომ, რომ რამდენადაც წინ გვიძევს გამოკვლევა სამყაროს მოწყობისა და შემეცნება ყოველივესი, რასაც სათავე არა ამქვეყნიური, არამედ იმ სიბრძნისაგან დაედო, რომლითაც ღმერთმა თავისი მსახური განსწავლა, ესაუბრებოდა რა მას პირისპირ და არა იგავითა (რიცხვ. 12.8), ამდენად აუცილებელია, რომ დიდი სანახაობების მოყვარულთა გონება განუწვრთნელი არ იყოს ჩვენთვის შემოთავაზებულის შესამეცნებლად.       ამგვარად, თუკი ოდესმე ნათელ ღამეში ვარსკვლავთა მიუთხრობელი მშვენება გიხილავს, უთუოდ გულისხმაგიყვია ყოველთა შემოქმედი, ვინც ზეცა იმგვარი ყვავილებით მოხატა, რომ ხილულთა შორის მათ მშვენებას სარგებლობა აღემატება და კიდევ: თუკი დღის მანძილზე მღვიძარე გონებით საკვირველებანი დღისა შეგისწავლია და ხილულთა მეშვეობით უხილავი განგიჭვრეტია, მაშინ მოსულხარ განმზადებული მსმენელი და ღირსი იმისა, რომ ეს პატიოსანი და ნეტარი სანახაობა შენითაც შეავსო.       მოდით, და ვითარცა ქალაქს შეჩვეულებს ხელჩაკიდებულებს დაატარებენ, ასევე მეც ამ დიდი ქალაქის დაფარულ საკვირველებათა შორის შეგიყვანთ. ამ ქალაქში, ჩვენს ძველ სამშობლოში, რომელსაც ადამიანის მკვლელმა ეშმაკმა განგვაშორა, დაიმონა რა იგი თავისი ცბიერებით, იხილავ პირველ დაბადებას კაცისას და ცოდვისაგან ნაშობ სიკვდილს, რომელიც მსწრაფლ გვეწია და რომელიც პირმშოა ბოროტების დასაბამის – ეშმაკისა. აქ შეიცნობ შენს თავს, ვითარცა მიწიერი ბუნების მქონეს, მაგრამ ქმნილებას ღმრთეებრივი ხელისა, რომელიც ძალით პირუტყვებს დიდად ჩამოუვარდება, მაგრამ პირუტყვთა და უსულოთა მეუფედაა დადგენილი. მიუხედავად იმისა, რომ ბუნებრივ საჭურველთაგან ნაკლულევანია, გონების აღმატებულობით თვით ზეცამდე ამაღლება შეუძლია. თუ ამას შევიცნობთ, საკუთარ თავსაც შევიცნობთ და ღმერთსაც, თაყვანს ვცემთ დამბადებელს, დავემონებით უფალს, განვადიდებთ მამას, შევიყვარებთ გამომზრდელს ჩვენსას, მოკრძალება გვექნება წინაშე კეთილისმყოფელისა, არ დავსცხრებით თაყვანისცემად ჩვენი აქაური და მომავალი ცხოვრების წინამძღოლისა, ვინც უკვე მონიჭებული სიმდიდრით აღთქმულსაც სარწმუნოყოფს და განგვაცდევინებს რა აწმყოს, მოსალოდნელსაც გვიმტკიცებს.       უკეთუ საწუთრო ამგვარია, მარადიული როგორიღა იქნება? თუკი ხილული ასე მშვენიერია, რამდენად უფრო მშვენიერი იქნება უხილავი? და თუ სიდიდე ზეცისა კაცობრივი განსჯის საზომს აღემატება, რომელ გონებას შეუძლია გამოკვლევა მარადიულად არსებულთა ბუნებისა? უკეთუ ვერ ვძღებით ცქერით ამ მზისა, რომელიც გახრწნას ემორჩილება და რომელიც ასე მშვენიერი, ასე დიდი, სწრაფი მოძრაობით მოქცევათა წესიერად აღმასრულებელია, სამყაროს შესაფერისი სიდიდე აქვს და არ წყვეტს ურთიერთობას მთელთან, ხოლო თავისი ბუნების სილამაზით თითქოსდა ნათელ თვალს წარმოადგენს, რომელიც ქმნილებას ამკობს, როგორიღა იქნება მშვენიერება სიმართლის მზისა? თუკი ბრმისთვის სასჯელია ის, რომ მას ვერ ხედავს, რამდენად დასჯილი იქნება ცოდვილი, რომელსაც ჭეშმარიტი ნათელი მოაკლდება?       2. და თქუა ღმერთმან: იქმნნედ მნათობნი სამყაროსა შინა ცისასა მნათობად ქუეყანისა, განსაყოფელად შორის დღისა და შორის ღამისა (შესაქ. 1.14). ცამ და დედამიწამ დაასწრეს, ნათელი მათ შემდეგ შეიქმნა, გაიყო დღე და ღამე; კვლავ სამყარო და გამოჩენა მყარისა; შემდეგ წყალი შეიკრიბა თავის მუდმივსა და განსაზღვრულ შესაკრებელსა შინა. დედამიწა აღივსო საკუთარი ნაშობით, აღმოაცენა ათასგვარი ბალახი და მრავალი ჯიშის მცენარე ააყვავა. ამ დროს კი, ჯერ არც მზე იყო და არც მთვარე, რათა ღმრთის უმეცართ მზისთვის დასაბამი და მშობელი ნათლისა არ ეწოდებინათ და არც მიწისაგან აღმოცენებულთა დამბადებლად მიეჩნიათ. ამისთვის იქმნა დღე მეოთხე, როცა თქვა ღმერთმა:იქმნნედ მნათობნი სამყაროსა შინა ცისასა. რაჟამს მთქმელს შეიცნობ, მასთან ერთად გონებით მყისვე მსმენელიც წარმოიდგინე. თქუა ღმერთმან: იქმნნედ მნათობნი. და შექმნნა ღმერთმან ორნი მნათობი (შესაქ. 1.16).       ვინ თქვა და ვინ შექმნა? ვერ ხვდები, რომ ამაში ორი პირი იგულისხმება? თხრობის წყალობით ღმრთისმეტყველების ეს დოგმატი ყველგან ფარულადაა დათესილი. მითითებულია მოთხოვნილებაც, რომლის გამოც მნათობები შეიქმნენ, რადგან ნათქვამია: რაჲთა ჩნდეს ქუეყანასა ზედა. თუ ნათლის დაბადება წინ უსწრებდა, მაშინ რატომღა ითქვა, რომ ახლა მზე დაიბადა განმანათლებლად ქვეყნისა? ჯერ ერთი, თავისებურება სიტყვისა შენში ღიმილსაც კი ნუ გამოიწვევს, რადგანაც არ მივსდევთ ჩვენ თქვენს მოთხოვნებს და სიტყვის თხზვისას არც სიმწყობრის დაცვაზე ვზრუნავთ; ჩვენთან არ არიან მძერწველნი სიტყვისა და ყოველთვის უფრო დიდ პატივს არა მის კეთილხმოვანებას, არამედ სახელდებათა სიცხადეს მივაგებთ. მაგრამ დაუკვირდი, ის, რაც სურდა, მოსემ საკმარისად გამოხატა, რადგან განათლების წილ ნათობენო თქვა, რაც სრულიადაც არ ეწინააღმდეგება მას, რაც ნათლის შესახებაა თქმული. მაშინ ხომ ნათლის თვით ბუნება შეიქმნა, ახლა კი მზის ეს სხეული გამზადდა, ვითარცა ეტლი, რომელსაც ის პირველქმნილი ნათელი უნდა ეტვირთა.       ისევე როგორც სხვაა ცეცხლი და სხვა ლამპარი, რამდენადაც პირველს განათების ძალა აქვს, ხოლო მეორე იმისათვის შეიქმნა, რომ ვისაც სჭირდება, გაუნათოს, ასევე გამზადდა მნათობები ეტლად და მტვირთველად ამ წმინდა, შეურევნელი და უნივთო ნათელისა; ისევე როგორც სხვაა, როცა მოციქული უწოდებს ვინმეს სოფლისა მნათობს(ფილლიპ. 2.15) და სხვაა ჭეშმარიტი ნათელი სოფლისა, რომელთან ზიარებითაც წმინდანები მათ მიერ დამოძღვრილი და უმეცრების სიბნელისაგან დახსნილი სულებისათვის მნათობებად იქმნენ, ასევე ყოველთა დამბადებელმა ეს მზე ახლა იმ ბრწყინვალე ნათელით აღავსო და აანთო სოფელსა შინა.       3. ნურავის მოეჩვენება არასარწმუნოდ თქმული იმის თაობაზე, რომ სხვაა ბრწყინვალება ნათლისა და სხვა – ნათლის მტვირთველი სხეული. ჯერ ერთი, ყოველში, რაც შედგენილია, ჩვენ შემწყნარებლის არსებასა და შეწყნარებულის თვისებას ვარჩევთ. ისევე როგორც სხვაა ბუნებით სისპეტაკე და სხვა განსპეტაკებული სხეული, ასევე რაზეც ახლა ვსაუბრობდით, ბუნებით სხვადასხვანი არიან, მაგრამ შეერთებულნი დამბადებლის ძალით.       ნუღარ მეტყვი: შეუძლებელიაო მათი ერთმანეთისაგან გამოყოფა და არც მე გეტყვი, რომ მე და შენ შემძლენი ვართ ერთმანეთისაგან გავყოთ ნათელი და სხეული მზისა, მაგრამ იმას კი ვიტყვი, რომ რის გაყოფასაც ჩვენ გონებით წარმოვიდგენთ, მათი ბუნებათა გაყოფა შემოქმედს საქმით შეუძლია.       შენ უძლური ხარ გამოყო შემწველი ძალა ცეცლისა მისი ნათლისაგან, მაგრამ რაჟამს ღმერთმა ინება საკვირველი ხილვით მოექცია მსახური თვისი, მაყვლის ბუჩქში დაანთო ცეცხლი, რომელშიც მხოლოდ ნათელი მოქმედებდა, ხოლო შემწველი ძალა კი უქმად იყო, როგორც ამას ფსალმუნიც გვიმოწმებს: ხმამან უფლისამან განკვეთის ალი ცეცხლისა (ფს. 28.7). აქედან ზოგიერთი მოძღვრება ჩვენი ცხოვრების საქმეთათვის საზღაურის მიგების თაობაზე დაფარულად გვასწავლის, რომ ცეცხლის ბუნება ორად განიყოფება: სინათლედ, რომელიც შვება იქნება მართალთათვის და მტკივნეულ შემწველობად დასჯილთა ტანჯვისათვის.       შემდეგ: ჩვენ შეგვიძლია სარწმუნო მტკიცება იმისა, რასაც ვიძიებთ, მთვარის სახეცვლილებაშიც ვიპოვოთ, რადგან რაჟამს აკლდება, სხეული კი არ ილევა მისი, არამედ ნათელს, რომელიც მასშია, განიშორებს, შემდეგ კვლავ შეიმოსს და ამგვარად ჩვენ მოკლებისა და ავსების საოცრებას წარმოგვიდგენს. იმას, რომ თვითონ მისი სხეული მოკლებისას არ განილევა, ცხადად გვიმოწმებს ის, რასაც ვხედავთ. რაჟამს ჰაერი წმინდაა და ყოველგვარი ნისლისაგან თავისუფალი, მაშინაც კი, როცა ყველაზე წვრილი ნამგლის სახე აქვს, შეგიძლია მისი უნათლო და გაუნათებელი ნაწილის იხილო იმავე რკალით შემოხაზული, რომლითაც სისავსის ჟამს მთელი მთვარეა შემოწერილი. ასე რომ, უკეთუ მზერას მთვარის როგორც განათებულ, ასევე გაუნათებელსა და ბნელ ნაწილებს ერთად მივაპყრობთ, მთელ წრეს ცხადად დავინახავთ. ნუ მეტყვი, რომ რამდენადაც მზესთან მიახლოებისას მცირდება, ხოლო განშორებისას ისევ იმატებს, ამიტომ მთვარის ნათელი ნასესხებია. ჩვენ ახლა ამას კი არ ვეძებთ, არამედ იმას, რომ სხეული მისი სხვაა, განმათებელი კი, სხვა. მსგავსად მოიაზრე მზის შესახებაც, ოღონდ იმ განსხვავებით, რომ განაზავა რა ერთხელ მიღებული ნათელი თავის თავში, აღარ განუშორებია, მთვარე კი მუდმივად ნათელს თითქოს ხან განიძარცვავს, ხანაც შეიმოსავს და ამგვარად გვიდასტურებს იმას, რაც მზის შესახებ ითქვა.       ამათ ებრძანა განყოფა შორის დღისა და შორის ღამისა; ზევით კი, განწვალა ღმერთმან შორის ნათლისა და შორის ბნელისა. მაშინ მან ისინი ბუნებით დააპირისპირა, რათა ერთმანეთს არ ზიარებოდნენ და ნათელს არაფერი ჰქონოდა საერთო ბნელთან. რაც დღისით ჩრდილია, უნდა ვიფიქროთ, რომ იგი ღამით ბნელის ბუნებაა. უკეთუ ყოველგვარი ჩრდილი რომელიმე ნათლით განათებული სხეულებისა, ნათლის საპირისპირო მხარეს ეცემა – დილდილობით დასავლეთისაკენ გრძელდება, საღამოობით აღმოსავლეთისაკენ მიდრკება, ხოლო შუადღისას – ჩრდილოეთისაკენ, ღამეც ნათლის საწინააღმდეგო მხარეს მიდრეკას წარმოადგენს და ბუნებით არაფერია, თუ არა ჩრდილი დედმიწისა. ისევე როგორც დღისით ჩრდილს სინათლისათვის გზის გადაღობვა ქმნის, ასევე ღამეც მაშინ იშვება, როცა ჰაერი დედამიწაზე ბნელდება. ამას ნიშნავს თქმული: განწვალა ღმერთმან შორის ნათლისა და შორის ბნელისა. ბნელი გაურბის ნათლის მოსვლას შედეგად ერთმანეთისაგან იმ ბუნებრივი გაუცხოებისა, რომელიც მათ შესაქმეშივე იყო ჩადებული. ახლა კი, ღმერთმა მზეს დღეთა გაზომვა უბრძანა, ხოლო მთვარე მისი სავსების ჟამს ღამის მეგზურად აქცია, რადგან ამ დროს მნათობები ერთმანეთს თითქმის დიამეტრულად უპირისპირდებიან – სისავსის ჟამს მთვარე მზის ამოსვლისთანავე შეუმჩნევლად ჩადის, ხოლო მზის ჩასვლისას აღმოსავლეთიდან ამოდის. იმას, რომ მთვარის სხვა სახეებისას მისი ნათელი ღამესთან ერთად არ ჩნდება, ჩვენს ნათქვამთან კავშირი არა აქვს, ყოველ შემთხვევაში, რაჟამს იგი სავსეა, იწყებს ღამეს, აღემატება რა თავისი ნათელით ვარსკვლავებს და ანათებს დედამიწას და ასევე, თანასწორად მზისა, დროის საზომებსაც განსაზღვრავს.       4. და იყვნედ სასწაულებად და დღეებად და წელიწადებად (შესაქ. 1.14). ადამიანთა ცხოვრებისათვის აუცილებელია მნათობთა ნიშნები, რადგან თუკი ვინმე მათი გამოძიებისას ზომას არ გადავა, ხანგრძლივი გამოცდილებისა და დაკვირვების შედეგად მრავალ სასარგებლო რამეს აღმოაჩენს. ბევრ რამეს ისწავლის თავსხმა წვიმებზე, ბევრსაც გვალვებზე და როგორც ადგილობრივ, ისე იმ ქართა აღძვრის თაობაზე, რომელნიც ყველგან ქრიან, როგორც ძლიერებზე, ასევე სუსტებზეც. მზისაგან ნაჩვენებ ნიშანთაგან ერთ-ერთი უფალმან გვასწავლა, როცა თქვა:ზამთარი იყოს, რამეთუ კსინავს მწუხარედ ცაჲ (მთ. 16.3). რადგან რაჟამს მზე ნისლში აღმოხდება, მის სხივებს ძალა ეკარგება და ნაკვერჩხლის მსგავსი მეწამეული ფერი ედება. ამგვარ სანახაობას მზერისათვის ჰაერის სისქე ქმნის. უკეთუ სქელი და დამდგარი ჰაერი მზის სხივებმაც არ გაფანტა, ცხადი ხდება, რომ ვერ დაძლია იგი. დედამიწიდან ავარდნილი ორთქლის და ტენის სიჭარბე იმ ადგილებში, სადაც იგი დაგროვდა, ავდარიანობას გამოიწვევს. მსგავსად ამისა, რაჟამს მთვარე თითქოსდა წყლითაა გარემოცული, ხოლო მზეს ირგვლივ ე.წ. შარავანდედი აკრავს, ეს ან ჰაერის წყალთა სიმრავლეს ან კიდევ მძვინვარე ქართა აღძვრას მოასწავებს; ან კიდევ: რაჟამს მზესთან ერთად მის სარბიელზე ე.წ. თანამდევი შარავანდებიც ამოდიან, ისინი ჰავის ცვლილებაზე მიგვანიშნებენ. ასევე ღრუბლებიდან სწორად ჩამოშვებული სვეტები, რომელთაც ცისარტყელას ფერები აქვთ, ან წვიმებს, ან მკაცრ ქარებს, ან კიდევ საერთოდ, ჰაერის დიდ გარდატეხას მოასწავებენ. და კიდევ მრავალი ნიშანი შეუცვნია მათ, რომელთაც მთვარის ავსება და მოკლება უკვლევიათ, როგორც მაგალითად ის, რომ მის სახეცვლილებასთან ერთად დედამიწის გარემმცველი ჰაერიც უცილობლად იცვლება.       თუ სამი დღის მთვარე წვრილი და დაწმენდილია, მშვიდსა და ნათელ ამინდს გვაუწყებს; ხოლო თუ მისი რქები შესქელებული და მეწამული ფერის ჩანს, ღრუბლებიდან დიდძალ წყალს, ან მძვინვარე ქართა აღძვრას გვპირდება.       ვინ არ იცის, რამდენი სარგებელი მოაქვს ამ ნიშნებს ჩვენი ცხოვრებისათვის?       მეხომალდეს შეუძლია წინასწარ განჭვრიტოს ქარის ამოვარდნა და ხომალდი ნავსადგურში დააყენოს, მოგზაურს – რაჟამს მოღუშულ ჰაერს იხილავს, რომელიც ცვლილების მოლოდინშია, თავიდან აიცილოს ზიანი; მიწადმოქმედნი კი, რომელნიც თესვითა და მცენარეთა მოვლით არიან დაკავებულნი, ამათგან პოულობენ მარჯვე დროს ყოველგვარი საქმიანობისათვის. უფალმაც ხომ იწინასწარმეტყველა, რომ მზეში, მთვარესა და ვარსკვლავებში სოფლის წარხდომის ნიშნებიც გამოჩნდება. მზე გადაიქცევა სისხლად და მთოვარემან არა გამოსცეს ნათელი თჳსი (მთ. 24.29). ასეთი იქნება ნიშნები ყოველივეს აღსასრულისა.       5. მაგრამ მათ, რომელთაც ზომიერების საზღვრები გადალახეს, მოსეს სიტყვები შობის დღეთა შესახებ მეცნიერების დასაცავად მოიხმეს და ამბობენ, რომ ჩვენი ცხოვრება ციურ სხეულთა მოძრაობებზეა დამოკიდებული. ამიტომაც ჰგონიათ ქალდეველებს, რომ ვარსკვლავები მიგვანიშნებენ იმაზე, რაც უნდა შეგვემთხვეს.       წმინდა წერილის მარტივ სიტყვაში იყვნედ სასწაულებად მათ არა ჰაერის ცვლილება და ჟამთა მიმოქცევა, არამედ ცხოვრებისეული ხვედრი გულისხმაყვეს, და რას ამბობენ? რომ შობის ამა თუ იმ სახეს ზოდიაქოს ვარსკვლავებთან ამოძრავებული ვარსკვლავების შეერთება განსაზღვრავს, როცა ისინი ერთმანეთთან შეხვედრის შედეგად რაღაც გარკვეულ სახეს ქმნიან, ხოლო სხვაგვარად განლაგებით საპირისპირო ცხოვრებისეულ ხვედრს იწვევენ.       შესაძლოა, უსარგებლო არ იყოს, თუ ამ საკითხზე მსჯელობას მეტი სიცხადისათვის, ცოტა ზემოდან დავიწყებ. მაგრამ ვიტყვი არა რაიმეს ჩემს საკუთარს, არამედ მათი მხილებისათვის მათივე სიტყვებით ვისარგებლებ, რათა ისინი, რომელნიც უკვე ჩავარდნილნი არიან საცდურში, რამდენადმე განვკურნო, ხოლო დანარჩენები დავიცვა რათა მათ მსგავსად არ დაეცნენ.       შობის დღეთა შესახებ ამ მეცნიერების გამომგონებლებმა შეიცნეს რა, რომ ვრცელი დროის მანძილზე მრავალი სახე უსხლტებოდათ, დროის საზომის საზღვრები, რაც შეიძლებოდა, დაავიწროვეს, რადგანაც ყველაზე მცირესა და უმოკლეს დროში ანუ როგორც მოციქული ამბობს: მეყსა შინა წამსა თუალისასა (I კორ. 15.52), სხვაობა შობიდან შობამდე მეტად დიდია. ამ წამში რომ ქალაქთა მფლობელი, ხალხთა მთავარი, ფრიად მდიდარი და ძალაუფლების მქონე იბადება, მეორე წამში დაბადებული ღატაკია და მოწყალების მთხოვნელი, კარიდან კარზე მოხეტიალე დღიური საზრდოს მოსაპოვებლად. ამიტომაც ზოდიაქოდ წოდებული წრე თორმეტ ნაწილად გაყვეს, რამდენადაც მზე ე.წ. უძრავი სფეროს მეთორმეტედ ნაწილს ოცდაათი დღის მანძილზე გადის, თითოეული მეთორმეტედთაგანი ოცდაათ ნაწილად, შემდეგ ყოველი ასეთი ნაწილი სამოც ნაწილად, ხოლო თითოეული მესამოცედი კიდევ სამოცად დაანაწევრეს.       განვიხილოთ ახლა დაბადებულთა შობანი და ვნახოთ, შეუძლია თუ არა ვინმეს ზედმიწევნით ზუსტად მისწვდეს დროის ამ დანაყოფებს. რაჟამს ჩვილი დაიბადება, ბებია ქალი დახედავს, ვაჟია იგი თუ ქალი, ხოლო შემდეგ დაელოდება ტირილს, როგორც ნიშანს ახალშობილის სიცოცხლისა და როგორ ფიქრობ, ამ დროისათვის რამდენი მესამოცედი ჩაიქროლებდა? აი, უკვე უთხრა მან ქალდეველს ახლადშობილის შესაებ. რამდენი უმცირესი ნაწილი დასჭირდებოდა ბებია ქალის თხრობას, კიდევაც რომ გამართლებოდა მას და საქალებოს გარეთ მდგომი ვინმე ჟამის დამდგენელი ეპოვა? რადგან მას, ვისაც ჰოროსკოპის შეცნობა სურს, ზუსტად უნდა ეცნობოს შობის დრო, დღისა იქნება ის თუ ღამისა და კიდევ რამდენი მესამოცედი ნაწილი გაირბენდა ამასობაში? აუცილებლად უნდა იქნეს ნაპოვნი შობის განმსაზღვრელი ვარსკვლავი, კერძოდ, რომელია იგი არა მხოლოდ ერთ მეთორმეტედ ნაწილში, არამედ მეთორმეტედის რომელიღაც ნაწილის რომელიღაცა მესამოცედში, რადაც იგი იყოფა, როგორც ვთქვით, რათა ზუსტად იქნეს ნაპოვნი პირველი მესამოცედიდან მოყოლებული რომელიღაცა მესამოცედი. ამგვარად, მათი თქმით, ყოველი პლანეტისათვის ასეთი უმცირესი და შეუცნობელი დრო უნდა იქნეს გამოთვლილი, რათა ვიპოვნოთ, რა მდგომარეობა ეკავათ მათ უძრავ ვარსკვლავებთან მიმართებაში და ჩვილის შობის ჟამს როგორი სახე შეადგინეს.       რამდენადაც ამ დროის ზუსტად დადგენა შეუძლებელია, ხოლო მისი ერთი მცირე ნაწილის შეცვლა მეორეთი დიდ ცდომილებას ქმნის, სასაცილონი არიან ისინი, რომელნიც ამ სინამდვილეში არარსებული მეცნიერებისათვის იცლიან და კიდევ უფრო ისინი, რომელნიც პირდაღებულნი უსმენენ, თითქოს მათგან იმის გაგება შეეძლოთ, რა ელოდებათ.       6. და როგორია დასკვნები? ისინი ამბობენ: ეს თმახუჭუჭა და თვალმშვენიერი იქნება, რადგან ვერძის დროს დაიბადა, და ამ ცხოველს კი ასეთი შესახედაობა აქვსო; დიდსულოვანიც იქნება, რამდენადაც ვერძი წინამძღოლიაო; და კიდევ: ხელგაშლილიცა და მომგებელიც, რადგანაც ეს ცხოველი უმტკივნეულოდ განიყრის რა მატყლს, ბუნებისაგან კვლავ ადვილად იმოსებაო, ხოლო კუროს დროს ნაშობნიო, - ამბობენ ისინი, - ჯაფის დამთმენნი და მსახურნი არიან, ისევე როგორც კურო, რომელიც უღლის ქვეშაა; მორიელის დროს დაბადებული მსგავსად ამ ცხოველისა, შფოთისთავია, ხოლო სასწორის ჟამს შობილი კი – სამართლიანი, ვითარცა ჩვენი სასწორი.       და რაღა უნდა იყოს ამაზე სასაცილო? ვერძი, რომლისგანაც შენ ადამიანის დაბადების დროს იღებ, ერთი მეთორმეტედი ნაწილია ზეცისა, და მასში ყოფნისას მზე გაზაფხულის ნიშნებს ეხება. ასევე სასწორიცა და კუროც, თითოეული მათგანიც ერთი მეთორმეტედი ნაწილია ზოდიაქოდ წოდებული წრისა. ამბობ რა, რომ ძირითადი მიზეზები კაცობრივი ცხოვრებისა იქედანაა, ჩვენთან შობილ მძოვართაგან ადამიანთა ზნეს როგორ ახასიათებ? უკეთუ ვერძის დროს შობილი გულუხვია არა იმიტომ, რომ ეს თვისება ზეცის ამ ნაწილმა მისცა, არამედ იმიტომ, რომ ცხვარია ბუნებით ასეთი, რატომ გვაშინებ ვარსკვლავთა ნიშნების უეჭველობით და ცდილობ დაგვარწმუნო მძოვართა ბღავილით? თუკი ზეცამ ხასიათის ამგვარი თავისებურებანი ცხოველთაგან ისესხა, მაშინ იგი, რამდენადაც მიზეზებით მძოვარზე ყოფილა დამოკიდებული, თვითონაც უცხო საწყისებს უნდა ემორჩილებოდეს. და თუ ამის თქმა სასაცილოა, კიდევ უფრო სასაცილოა ძალისხმევა, დამაჯერებლობა მიანიჭო სწავლებას საგნებზე, რომელთაც საერთო არაფერი აქვთ.       მათი ამგვარი ბრძნობანი ობობას ქსელს ჰგავს. თუ მას კოღო, ბუზი ან სხვა ამათი მსგავსი უძლურთაგანი მიეახლება, გაებმება და დამარცხდება; მაშინ, როცა, თუ რომელიმე ძლიერი ცხოველი მიუახლოვდა, თავს ადვილად გააღწევს, სუსტ აბლაბუდას გაგლეჯს და გაანადგურებს.       7. მაგრამ ისინი მხოლოდ ამაზე როდი ჩერდებიან, არამედ იმის მიზეზებსაც, რისი არჩევაც ყოველი ჩვენგანის ხელთაა, - მე ვლაპარაკობ იმაზე, რას ავირჩევთ, სიკეთესა თუ ბოროტებას, - ზეციურ სხეულებს მიაწერენ. თუ ერთი მხრივ მათთვის პასუხის გაცემა სასაცილოა, მეორე მხრივ, რამდენადაც ამ ცდომილებით მრავალნი დასნეულდნენ, საჭიროება მოითხოვს, რომ დუმილი დავარღვიოთ.       უპირველესად ეს ვკითხოთ მათ: განა ვარსკვლავები სახეს ყოველდღე ათასჯერ არ იცვლიან? რადგანაც ცდომილებად წოდებულნი მუდმივად მოძრაობენ, თუ ერთნი სწრაფად ხვდებიან ერთმანეთს, მეორენი მოქცევებს უფრო ნელა აღასრულებენ, ერთსა და იმავე დროში ხშირად ორივე იხილვება, ხშირად კი ერთმანეთს ფარავენ, ხოლო, შობის ჟამს კი, როგორც ისინი ამბობენ, დიდი ძალა აქვთ, რომ ან კეთილისმყოფელ, ან კიდევ ბოროტ ვარსკვლავთა გვერდით გამოჩნდნენ. ხშირად, ერთი უმცირესი ნაწილის შეუცნობლობის გამო, ვერ იპოვეს რა დრო, რომელშიც ვარსკვლავი თავის კეთილისმყოფელობას დაამოწმებდა, იგი უკეთურთა შორის აღწერეს. მე იძულებული ვარ, რომ მათივე გამოთქმებით ვისარგებლო.       ამგვარ მსჯელობაში ფრიად დიდია უგუნურება, და კიდევ უფრო დიდი უღმერთოება, რადგან უკეთურ ვარსკვლავებს თავიანთი უკეთურობის მიზეზი შემოქმედზე გადააქვთ. თუ ისინი ბუნებით არიან ბოროტნი, მაშინ დამბადებელი ბოროტების შექმნელი ყოფილა, ხოლო თუ ბოროტება ნებაყოფლობით აირჩიეს, მაშინ ჯერ ერთი, ისინი ნების მქონე ცოცხალი არსებანი ყოფილან, რომელნიც იძულების გარეშე, თავისუფლად მოძრაობენ; მეორეც, მტკიცება ამგვარი სიცრუისა უსულოთა შესახებ, ნამდვილ სიგიჟეს წარმოადგენს.       შემდეგ: რა დიდი უგუნურებაა თქმა იმისა, რომ სიკეთე და ბოროტება თითოეულ ვარსკვლავს წილად ღირსებისამებრ კი არ ხვდა, არამედ ამ ადგილას იგი კეთილისმყოფელი იყო, ხოლო სხვა ადგილას ბოროტი გახდა, რადგან რომელიღაცა ვარსკვლავის ქვეშ იხილვებოდა და კვლავ; გარკვეული მდგომარეობიდან რამდენადმე გადაიხარა თუ არა თავისი ბოროტება მყისვე დაივიწყა.       ამის შესახებ საკმარისად ითქვა. უკეთუ დროის ყოველ წამს ვარსკვლავთა ურთიერთგანლაგება ერთი სახიდან მეორეში გადადის, და ურიცხვი შეცვლისას დღეში ხშირად იქმნება იმგვარი სახე, რომელიც მეფის დაბადებას გვიჩვენებს, რატომ ყოველდღე არ იბადებიან მეფენი? და რატომ ერგებათ მათ სამეფო მამისაგან მემკვდირეობით? რა თქმა უნდა, მეფეთაგან ყოველი ხომ არ იაზრებს თავისი შვილის დაბადებას გამომდინარე ვარსკვლავების სამეფო განლაგებიდან? და კაცთაგან ვინ შეიძლება იყოს უფალი ამისა? როგორ შვა ოსიამ იოათამი, იოათამმა აქაზი და აქაზმა ეზეკია ისე, რომ ამათგან არცერთს არ დაემთხვა ჟამი მონად დაბადებისა? შემდეგ: უკეთუ ბოროტსა და სათნო საქმეებს ჩვენგან კი არ ეძლევა დასაბამი, არამედ დაბადებიდანვე აუცილებლობით დაგვყვება, ზედმეტნი ყოფილან სჯულისმდებელნი, რომელთაც განგვისაზღვრეს, რა უნდა გავაკეთოთ და რას უნდა გავექცეთ, ზედმეტნი ყოფილან მსაჯულნი, რომელნიც სათნოებას პატივს სცემენ, ხოლო უკეთურებას სჯიან; მაშინ ბრალი აღარც ქურდს უნდა დაედოს და აღარც კაცის მკვლელს, რადგანაც კიდევაც რომ სდომებოდა, არ შეეძლო დაეჭირა თავისი ხელი, რომელსაც ამის ჩადენისაკენ აუცილებლობა აქეზებდა. და მაინც, ყველაზე ამაოდ ხელოსნები და მიწადმოქმედნი შვრებიან, რომელთაც თურმე თესვისა და მკის გარეშეც შეეძლოთ მიეღოთ უხვი მოსავალი. ასევე ვაჭარიც, მიუხედავად იმისა, მოისურვებდა იგი ამას თუ არა, გამდიდრდებოდა, რადგანაც ქონებას ბედი შეუკრებდა. ქრისტიანთა დიდი სასოებაც უნდა განქარდეს, რადგან იქედან გამომდინარე, რომ ადამიანები საკუთარი ნებით არაფერს აკეთებენ, აღარც სამართლიანობას მიეგება პატივი და აღარც ცოდვა განისჯება; იქ, სადაც აუცილებლობა და ბედისწერა მძლავრობს, ადგილი არა აქვს ღირსების მიხედვით მიგებას, რაც უპირატესად მართლმსაჯულების თვისებას წარმოადგენს.       მათ შესახებ, რაც ითქვა, საკმარისია. ამასთან, არც თქვენ გჭირდებათ მრავალსიტყვაობა, რადგანაც სულით ჯანსაღნი ხართ და არც დრო გვაძლევს საშუალებას, რომ მათ წინააღმდეგ ზომაზე მეტი ვთქვათ.       8. კვლავ მივუბრუნდეთ სიტყვას, რომელზედაც შევჩერდით: იყვნედ სასწაულებად და დღეებად და წელიწადებად.ნიშნებზე უკვე ვთქვით, ხოლო რაც შეეხება დროებს, მასში, ვფიქრობ, წელიწადის დროთა მონაცველობა იგულისხმება: ზამთარი, გაზაფხული, ზაფხული და შემოდგომა, რომელთა უცვლელი წესრიგით მიმოქცევას მნათობთა დადგენილი მოძრაობა გვანიჭებს. ზამთარი მაშინ დგება, ოდეს მზე სამხრეთისაკენ მიიქცევა და ჩვენს ადგილებში ღამის აჩრდილი გადიდდება, რის შედეგადაც ჰაერი დედამიწის გარშემო გაცივდება, ტენიანი ორთქლი ჩვენს ზემოთ შეიკრიბება და წვიმების, ყინვისა და გადაუღებელი თოვის მიზეზი ხდება. როცა მზე სამხრეთის ადგილებიდან კვლავ დაბრუნდება, შუაში დადგება და ამგვარად დროს ღამესა და დღეს შორის თანაბრად გაყოფს, მაშინ, რამდენადაც მეტ ხანს გაჩერდება დედამიწის რომელიმე ადგილის ზემოთ, იმდენად მეტად წარმოშობს იქ კეთილშეზავებულობას; და დადგება გაზაფხული, დასაბამი ყოველგვარი მცენარის აღმოცენებისა, გამაცოცხლებელი ხეთა უმეტესი ნაწილისა და მემკვიდრეთა შობით შემნარჩუნებელი ხმელეთისა და წყლის ცხოველთა ყველა ჯიშისა. აქედან მზე გადავა რა უკვე უკიდურესი ჩრდილოეთით, ზაფხულის მოქცევისაკენ, ყველაზე გრძელ დღეებს შეგვიმზადებს და იმის გამო, რომ დიდხანს დგას, ჩვენს თავს ზემოთ ჰაერს გააცხელებს, ხოლო მიწას გამოაშრობს, რითაც თესლს ამოსვლაში, ხოლო ხეთა ნაყოფებს დამწიფების დაჩქარებაში შეეწევა. თვითონ მზე ამ დროს უმხურვალესია, შუადღისას ჩრდილებს ამოკლებს, რადგან სიმაღლეზე აწეული, ადგილს ჩვენს ირგვლივ მთლიანად ანათებს. ყველაზე გრძელი ის დღეებია, რომლებშიც ჩრდილები უმოკლესია, ხოლო უმოკლესია დღეები, რომლებშიც ჩრდილები ყველაზე გრძელია. ეს ხდება ჩვენთან,ერთჩრდილიანებად წოდებულებთან, რომელნიც დედამიწის ჩრდილოეთ ნაწილში ვცხოვრობთ. იმათ შორის, რომელნიც სამხრეთში ცხოვრობენ, ისეთებიც არიან, რომელთაც მთელი წლის განმავლობაში ჩრდილი საერთოდ ორი დღეც არა აქვთ. იქ მზე, რომელიც ზენიტში ბრწყინავს, ყოველმხრივ თანაბრად ანათებს, ასე რომ, ვიწრო პირებიდან უსულო სხივებით ჭათა სიღრმეში მდგარი წყალიც კი განათებულია. სწორედ აქედან ეწოდათ მათ უჩრდილოები. მათ, რომლებიც სურნელოვან მცენარეთა მშობელი ქვეყნის მოპირდაპირე მხარეს ცხოვრობენ, ჩრდილი მონაცვლეობით ოროივე, ხან ერთი და ხან მეორე მხრიდან აქვთ და, რადგანაც ჩვენს მიერ დასახლებულ სამყაროში ერთადერთნი არიან, რომელნიც შუადღისას ჩრდილს სამხრეთისაკენ იძლევიან, ამიტომაც ირგვლივჩრდილიანებს უწოდებენ. ეს ყოველივე მაშინ ხდება, როცა მზე უკვე ჩრდილოეთ ნაწილში გადადის. აქედან შეიძლება დავასკვნათ, რა სიმხურვალე აქვს ჰაერს მზის სხივებისგან და ამით რა მოვლენები აღესრულება.       ჟამი შემოდგომისა, რომელიც ჩვენთან ამათ შემდეგ დგება, ზედმეტ სიცხეს ასუსტებს, განზავებულობის მეშვეობით სითბოს თანდათანობით ამცირებს და უვნებლად გადავყავართ ზამთარში, მაშინ, როცა მზე ჩრდილოეთის ქვეყნებიდან ისევ სამხრეთში გადადის. ეს წრიული მოქცევანი წლის დროებისა, რომელიც მზის მოძრაობას მისდევს, ჩვენს ცხოვრებასაც განაგებს.       ნათქვამია იყვნედ დღეებადო, არა იმიტომ, რომ მნათობებმა დღეები შექმნან, არამედ რათა მათზე იმეუფონ. დღეცა და ღამეც ხომ მნათობთა უწინარესად იშვნენ. ამასვე გვიდასტურებს ფსალმუნიც, რომელიც ამბობს: დაადგინა მზე მფლობელად დღისა, მთოვარე და ვარსკვლავები – ხელმწიფებად ღამისა (ფს. 135.8-9). რატომ აქვს მზეს მეუფება დღისა? იმიტომ, რომ მან ნათელი იტვირთა, რაჟამს ჩვენს ჰორიზონტზე ამობრწყინდება, სიბნელეს ფანტავს დად ღეს გვანიჭებს. ამიტომ შემცდარი არ იქნება, თუ ვინმე დღეს, როგორც მზით განათებულ ჰაერს, ისე განსაზღვრავს, ან კიდევ იტყვის, რომ დღე დროის საზომია, რომლის განმავლობაშიც მზე დედამიწის თავზე, ნახევარსფეროში იმყოფება. მაგრამ მზესა და მთვარეს წელიწადებად ყოფნაც ებრძანათ. მთვარე აღასრულებს რა თორმეტჯერ თავის სვლას, სრულ იქმნება წელიწადი, გარდა იმ შემთხვევისა, როცა წელიწადის დროების ზუსტი სვლისათვის ხშირად დამატებითი თვე ხდება საჭირო. ასე ითვლიდნენ წელიწადს ებრაელები ძველ აღთქმაში და ძველი ელინები. მზის წელიწადი კი მისი საკუთარი მოძრაობის შედეგად განსაზღვრული ნიშნიდან კვლავ იმ ნიშანში დაბრუნებაა.       9. და შექმნა ღმერთმან ორნი მნათობნი დიდინი (შესაქ. 1.16). სიტყვა დიდს ზოგჯერ აბსოლუტური შინაარსი აქვს; მაგალითად: დიდი ცა, დიდი დედამიწა, დიდი ზღვა; ბევრ შემთხვევაში კი იგი სხვასთან შესადარებლად იხმარება, როგორც მაგალითად: დიდი ცხენი და დიდი ხარი (რადგანაც ისინი სიდიდეს სხეულის მოცულობით კი არ ამოწმებენ, არამედ შედარებით თავიანთ მსგავსებასთან). ამიტომ, როგორ მოვიაზროთ დიდის შინაარსი ამ შემთხვევაში? ნუთუ ისე, როგორც ჭიანჭველას ან სხვას, ბუნებით პატარას, დიდს ვუწოდებთ მაშინ, რაჟამს მათ სიდიდეს მათივე ჯიშის სხვა წარმომადგენელთან შედარებით ვამოწმებთ? თუ ამჯერად დიდი ისე გავიგოთ, რომ ეს მნათობები დიდებად შეიქმნენ? მე ასე ვფიქრობ: ისინი დიდნი არიან არა სხვა, უფრო პატარა ვარსკვლავებთან შედარებით, არამედ იმიტომ, რომ საკმარისი მოცულობა აქვთ იმისათვის, რათა მათგან გადმოღვრილმა ნათელმა ცა და ჰაერიც გაანათოს და მთელ დედამიწასა და ზღვაზეც მყისვე გავრცელდეს. ცის რომელ ნაწილზედაც არ უნდა იყვნენ ისინი (მზე და მთვარე), თუნდაც ამოდიოდნენ, თუნდაც ჩადიოდნენ და თუნდაც შუაში იდგნენ, კაცთათვის ყოველი მხრიდან ერთი სიდიდის მქონენი ჩანან, რაც მათ უჩვეულო სიდიდეს ამტკიცებს, რომელთან შედარებითაც დედამიწის სივრცელე არაფერს ნიშნავს და მათ ვერც უფრო დიდად და ვერც უფრო მცირედ ვერ წარმოაჩენს. ჩვენგან დაშორებულ საგნებს რამდენადმე დაპატარავებულს ვხედავთ და რაც უფრო მივუახლოვდებით, მათ სიდიდეს უფრო და უფრო აღმოვაჩენთ. მაგრამ მზესთან მიმართებაში უფრო ახლოს და უფრო შორს არავინაა, არამედ პირიქით, დედამიწის ყველა ნაწილის მცხოვრებთ თანაბრად დაშორებული წარმოუდგება. ნიშანდობლივია, რომ მას ინდოელებიცა და ბრიტანელებიც ერთნაირს ხედავენ. არც აღმოსავლეთში მცხოვრებთათვის კლებულობს მისი სიდიდე, რაჟამს დასავლეთში ჩადის და არც დასავლეთში მცხოვრებთ ეჩვენებათ უფრო მცირე, რაჟამს აღმოსავლეთიდან ამოდის. მისი შესახედაობა უცვლელია ორივე მხარის მცხოვრებთათვის მაშინაც, როცა იგი ზეცის შუაში დგას.       ნუ მოგატყუებს ის, რაც ჩანს და ნურც ის, რომ მხილველთათვის მოცულობით ერთი წყრთაა მხოლოდ და ნუ დაასკვნი, რომ მართლაც ესაა სიდიდე მისი. სიდიდე საგნებისა, რომელთაც დიდ მანძილზე დაშორებულებს ვხედავთ, ჩვეულებრივ მცირდება, რადგან მხედველობის ძალა არასაკმარისია, რათა გააღწიოს სივრცეს, რომელიც გვაშორებს. იგი გზადაგზა თითქოს განილევა და სახილველ საგნებამდე მისი მხოლოდ მცირე ნაწილი აღწევს. შემცირებული ძალა ჩვენი მხედველობისა, გადააქვს რა საკუთარი ნაკლი სახილველ საგნებზე, გვაიძულებს ისინიც შემცირებულად აღვიქვათ. თუ მხედველობა ტყუვდება, იგი არასანდო კრიტერიუმი ყოფილა. საკუთარი შეცდომები გაიხსენე და ნათქვამის დამოწმებას შენს თავშივე იპოვი. თუკი ოდესმე მაღალი მთის მწვერვალიდან გიხილავს ველი, ვრცელი და გაშლილი, რამხელა მოგჩვენებია უღელში შებმული ხარები? და რამხელა თვითონ მხვნელები? ხომ ვითარცა ჭიანჭველანი? თუკი სათვალთვალო კოშკიდან მზერა ზღვის სივრცისაკენ წარგიმართავს, რამხელა მოგჩვენებია თვით ყველაზე დიდი კუნძულები და რამხელა ერთი სატვირთო ხომალდთაგანი მუქ ლურჯ ზღვაზე თეთრი იალქნებით რომ მიცურავს? ხომ მტრედებზე უფრო მცირედ წარმოგდგომია, არა? რადგანაც, როგორც ვთქვი, ჰაერის მიერ შთანთქმული მზერა, სუსტდება და სახილველის ზუსტად აღქმისათვის არასაკმარისი ხდება. ასევე მთათა შორის უდიდესს, რომელიც ღრმა ხეობებითაა დასერილი, მზერა ყოველმხრივ ამობურცულად და გლუვად წარმოადგენს, რადგანაც მხოლოდ გამოწეულ ადგილებს სწვდება, და მათ შორის არსებული ღარტაფების წვდომა უძლურებისა გამო არ შეუძლია. ამიტომაც მხედველობა სხეულებს ვერც იმგვარ მოხაზულობას უნარჩუნებს, რომელიც სინამდვილეში აქვთ, არამედ, პირიქით, ოთხკუთხა კოშკებს მრგვალებად წარმოგვიდგენს. ამგვარად, ყველაფრიდან ჩანს, რომ მზერა დიდი მანძილით დაშორებულ სხეულებზე არა ჭეშმარიტ, არამედ შერეულ წარმოდგენას იღებს. ასე რომ, მნათობი იგი დიდია, როგორც ამას წმინდა წერილი გვიმოწმებს და განუსაზღვრელად უფრო დიდი, ვიდრე ჩანს.       10. და კიდევ ესეც იყოს შენთვის ცხადი ნიშანი მისი სიდიდისა: თუმცა ურიცხვია სიმრავლე ზეცაში ვარსკვლავთა, მაგრამ ყველა მათგანის ნათელი რომ შევკრიბოთ, საკმარისი არ იქნება ღამის სიბნელის გასაფანტავად. ეს კი ერთი, გამოჩნდება თუ არა ჰორიზონტზე, მაშინაც კი, როცა მის ამოსვლას მხოლოდ ველოდებით, ჯერ დედამიწაზე მთლიანად არც კი ამაღლებულა, რომ სიბნელე უკვე ქრება, ვარსკვლავთა ნათელი ფერმკრთალდება და დედამიწის ახლოს მანამდე გამკვრივებული და შეკუმშული ჰაერი შეთხელდება და ამდინარდება. აქედან არიან დილის ნიავნი და ცვარნი, რომელნიც მოწმენდილ ამინდში დედამიწას ასველებენ. როგორ შეუძლია მზეს მთელი დედამიწის, რომელიც ასე ვრცელია, თვალის დახამხამებაში განათება, სხივებს რომ დიდი სფეროდან არ აგზავნიდეს? აქედან შემოქმედის სიბრძნეც შეიმეცნე, რომელმაც მას ამგვარი დაშორების შესაბამისი სიმხურვალე მისცა. მხურვალება მზისა ისეთია, რომ არცა გარდამეტებული სიცხით დაწვას ქვეყანა და არც სითბოს დაკლებით დატოვოს დედამიწა ცივი და უნაყოფო.       მთავარის შესახებაც, მსგავსად ნათქვამისა წარმოიდგინე. მისი სხეულიც დიდია და შემდგომად მზისა ყველაზე მანათობელი. ამასთან, მისი სიდიდე ყოველთვის არ იხილვება, არამედ ზოგჯერ სავსე ჩანს სიმრგვალესა შინა, ხოლო ზოგჯერ, შემცირებული და დაკლებული, თავის ამა თუ იმ დარჩენილ ნაწილს წარმოაჩენს. როცა იზრდება, მისი ერთი ნაწილი იჩრდილება, მეორე ნაწილი კი მოკლების ჟამს იფარება. ბრძენ შემოქმედს რაღაც დაფარული მიზეზი აქვს მისი ხატის ასე მრავალფეროვანი ცვლილებისათვის. შესაძლებელია, ამით მას სურდა ნათელი მაგალითი მოეცა ჩვენი ბუნებისა, კერძოდ, რაც კაცობრივია, მათგან მარადიული არაფერია, ერთი რომ არარსებობიდან გასრულებამდე მიდის, მეორე მიაღწევს რა აყვავების ხანას და მისთვის უკიდურეს ზომამდე გაიზრდება, თანდათანობითი მოკლების შედეგად განილევა, ირღვევა და დაპატარევებული ნადგურდება. ასევე მთვარის სანახაობისგანაც ჩვენი თავი უნდა შევიცნოთ და შეგვექმნება რა აზრი კაცობრივ საქმეთა მსწრაფლ ცვალებადობაზე, მაღალი წარმოდგენა არც ცხოვრების კეთილდღეობაზე გვექნება, არც ძლიერებით გავიხარებთ და არც მერყევი სიმდიდრით აღვზევდებით; უგულებელვყოფთ ხორცს, რომელსაც ცვალებადობა ახასიათებს და ვიზრუნებთ სულზე, რომლის სიკეთეც უცვლელია. თუ შენ გამწუხრებს მთვარე, რომელსაც თანდათანობითი მოკლებისას ნათელიც უმცირდება, უფრო მეტად დაგამწუხროს სულმა, რომელმაც სათნოება შეიძინა, მაგრამ სიკეთე დაუდევრობით წარწყმიდა, არასოდეს არ რჩება ერთსა და იმავე მდგომარეობაში, უსაფუძვლო აზრების გამო აქეთ-იქით აწყდება და ხშირად იცვლება, მართლაც ისე, როგორც ნათქვამია: უგუნური იცვლება ვითარცა მთვარე (ზირ. 27.11).       ვფიქრობ, მთვარის ცვლილებას ცოტა გავლენა როდი აქვს ცხოველთა და სხვა მიწისაგან წარმოშობილთა აგებულებაზე, რადგან სხვაგვარია სხეულთა მდგომარეობა, როცა იგი კლებულობს და სხვაგვარი, როცა იზრდება. მთვარის შემცირებასთან ერთად ისინი თხელდებიან და სუსტდებიან, ხოლო როცა იგი იზრდება და სისრულეს უახლოვდება, კვლავ ივსებიან. ეს იმიტომ, რომ მთვარე მათ რაღაც სითბოსთან განზავებულ ტენს აძლევს, რომელიც სიღრმეში აღწევს. ამას გვიმოწმებენ ისინი, რომელთაც მთვარის სინათლეზე სძინავთ და თავის არე გარდამეტებული ტენით ევსებათ; ასევე სწრაფად ფუჭდება ახლადდაკლული ცხოველის ხორცი, რაჟამს მას მთვარის სხივები დაეცემა და კიდევ: ცხოველთა ტვინი, ზღვის ცხოველები და ხეთა გულები. მაგრამ მთვარე ყოველივე ამის შეცვლას თავის ცვალებადობასთან ერთად ვერ შეძლებდა, იგი რომ, როგორც ამას წმიდა წერილიც გვიმოწმებს, ძალით რაღაც განსაკუთრებული და უჩვეულო არ იყოს.       11. ჰაერის სახეცვლილებანი მთვარის ცვალებადობას უკავშირდება, როგორც ამას ხშირად მშვიდი და ნათელი ამინდის შემდეგ ახალი მთვარისას ღრუბლების მოძრაობისა და მათი ურთიერთშეხლის შედეგად მოულოდნელად ამოვარდნილი ქარიშხლები გვიდასტურებენ; ასევე უკუდინებანი ევრიპებისა, მიქცევა ე.წ. ოკეანისა, რომელიც, როგორც ეს სანაპირო მცხოვრებთა აღმოაჩინეს, ზუსტად მთვარის წრიული მოქცევის დროებს მისდევს. მთვარის სხვა სახეებისას ევრიპები ორივე მხარეს მიედინებიან, ხოლო მისი შობის ჟამს ერთი წუთითაც არ მშვიდდებიან, განუწყვეტლივ ღელავენ და ირყევიან, სანამ მთვარე კვლავ არ გამოჩნდება და წინა-უკმო დინებებს გარკვეულ თანმიმდევრულობას არ მიანიჭებს. დასავლეთის ზღვაც მიმოქცევას ემორჩილება, ხან იკლებს და ხანაც იმატებს, მიქცევისას თითქოს მთვარემ შეისუნთქაო, ხოლო მოქცევისას, თითქოს მთვარემ ამოისუნთქაო, მანმადე ივსება, ვიდრე ჩვეულ ზომას არ მიაღწევს.       ყოველივე ეს იმიტომ ვთქვი, რომ მნათობების სიდიდე მეჩვენებინა და დამემტკიცებინა, რომ ღმრთივსულიერ სიტყვებში არაფერია ფუჭი, თვით ერთი ასოც კი, თუმცა ჩვენი სიტყვა არაფერს მთავარს თითქმის არ შეხებია. მზისა და მთვარის სიდიდესა და დაშორებაზე დასკვნების საშუალებით მრავალი რამის პოვნა შეიძლება, თუკი მათ მოქმედებასა და ძალას ზედაპირულად არ განვიხილავთ. ჩვენი უძლურება ჩვენვე გულწრფელად უნდა ვაღიაროთ, რათა ვინმემ უდიდესი ქმნილებანი ჩვენი სიტყვების მიხედვით კი არ გაზომოს, არამედ, პირიქით, იმ მცირედან, რაც მათ შესახებ ითქვა, გამოიტანოს დასკვნა იმის თაობაზე, თუ უთქმელი რამდენი მნიშვნელოვანი რამ დაგვრჩა.       ამგვარად მთვარე არა თვალით, არამედ გონებით გაზომე, რომელიც ჭეშმარიტების აღმოჩენისას თვალზე ბევრად უფრო ზუსტია. ახლა ყველგან გავრცელდა სასაცილო ზღაპრები მთვრალი დედაბრებისა, იმის თაობაზე, რომ რაღაც გრძნეულებით თავისი საფუძვლიდან დაძრული მთვარე დედამიწაზე ჩამოვარდება. მაგრამ როგორ შეუძლია გრძნეულთა შელოცვას ადგილიდან დაძრას ის, რაც უზენაესმა დააფუძნა? და თუ მაინც ჩამოვარდა, რომელი ადგილი დაიტევს მას?       გსურს, მისი სიდიდის შესახებ მტკიცებულება მცირე ნიშნებიდან ისესხო? სამყაროში ერთმანეთისაგან დიდად დაშორებული ქალაქები აღმოსავლეთისაკენ მიქცეულ ქუჩებში მთვარის ნათელს თანაბრად იღებენ. მთვარე რომ ყველას პირისპირ არ იდგეს, იგი უეჭველად მხოლოდ იმ ქუჩებს გაანათებდა, რომლებიც მის პირდაპირ მდებარეობენ, ხოლო ქუჩებს, რომლებიც მისი მოცულობის გარეთ არიან, დახრილ, ირიბად წამოსულ სხივებს ესროდა.       იგივე შეიძლება ვიხილოთ ლამპრებშიც, რომლებსაც სახლებში ანთებენ. როცა მის ახლოს მრავალი დგას, ჩრდილი პირდაპირ მდგომთა პირდაპირვე წაგრძელდება, ხოლო დანარჩენთა ჩრდილები ამა თუ იმ მხარეს მიდრკებიან, აქედან გამომდინარე, მთვარის სხეული რომ უზარმაზარი არ იყო და აღმატებული სიდიდე არ ჰქონდეს, ერთი ყველას პირდაპირ ვერ აღმოჩნდებოდა. იმ ადგილებში, სადაც დღეები თანაბარია, ამოსულ მთვარეს ერთნაირს ხედავენ როგორც მცხოვრებნი ცივ სარტყელში, დათვის თანავარსკვლავედის ქვეშ, ასევე ისინიც, რომლებიც სამხრეთის სიღრმეში ცხოვრობენ, მეზობლები მზიანი ადგილებისა. მისი სივრცელე ყოველი მათგანის მიმართ პირდაპირაა მიქცეული, რითაც იგი თავის სიდიდეს ცხადად ამოწმებს. ვინღა იკამათებს ისევ იმის თაობაზე, რომ სხეული მისი, რომელიც ასე ბევრ საგანს უთანაბრდება და თანაც მისგან ასე დაშორებულს, მართლაც რომ ფრიად დიდია. მზისა და მთვარის სიდიდეზე საკმარისად ითქვა.       ვინც ჩვენ მოგვმადლა გონება, რათა მცირე ქმნილებათაგან შემოქმედის სიბრძნე შევიცნოთ, დაე მოგვანიჭოს ძალა დიდი ქმნილებებისაგან დამბადებლის შესახებ კიდევ უფრო მეტის შეცნობისა, თუმცაღა მზეცა და მთვარეც შემოქმედთან შედარებით კალიასა და ჭიანჭველაზე უფრო მცირენი არიან. ამიტომაც შეუძლებელია მათგან ისეთი დასკვნის გამოტანა, რომელიც ყოველთა ღმერთის სიდიადის შესაფერისი იქნებოდა; მათ მხოლოდ ის შეუძლიათ, რომ რამდენადმე მცირე და ბუნდოვან წარმოდგენებამდე მიგვიყვანონ, ისევე როგორც ყოველს პატარა ცხოველებისა და მცენარეებისგან.       დავკმაყოფილდეთ იმით, რაც ითქვა და მადლობა შევწიროთ მას, ვინც მე სიტყვის ეს მცირე მსახურება მომმადლა, ხოლო თქვენ – მას, ვინც სულიერი საზრდეელით გზრდით. მან ჩემი მწირი სიტყვებით, ვითარცა რაღაც ქერის პურით, ახლაც გვასაზრდოვებს, რწმენის შესაფერისად მოგვცემს რა გამოცხადებას სულისა (I კორ. 12.7) ჩვენი უფალი ქრისტე იესოს მიერ, რომლისა არს დიდება და ძლიერება უკუნითი უკუნისამდე, ამინ. [1] გრაფიკული ნიშანი საეჭვო ადგილების აღსანიშნავად. ◄ წინა ნაწილი გაგრძელება ► …
დაამატა ლაშა to წმინდა წერილი at 11:47pm on დეკემბერი 23, 2012
თემა: გოდერძი ჩოხელი - სულეთის კიდობანი
ცოცხალ არსებას, როგორც მოვიქეცი.ვიდრე ქვეყანა იქნება – არც თესვა და მკა, არც ყინვა და სიცხე, არც ზაფხული და ზამთარი, არც დღე და ღამე არ გაუქმდება. აკურთხა ღმერთმა ნოე და მისი შვილები და უთხრა: ინაყოფიერეთ, იმრავლეთ და აავსეთ ქვეყანა. დაბადება – აეგეთია ეს ცხოვრება! – ამბობს შუღლიანთ სება და ცოტა დუმილის შემდეგ დაამატებს – მააშ! – მერე შემოგხედავს, თავიდან ფეხებამდე ჩაგათვალიერებს და შეგეკითხება: – შენ რას იტყვი, ძმისწულო, ჰა? – რაზე? – ცხოვრებაზე. – რა ვიცი, რა უნდა ვთქვა? – ჰო, ჰო, ვერაფერს ვერ იტყვი, აეგეთია ეს ცხოვრება, მააშ! – ბრძნულად დაასკვნის სება და სევდიანად შეჰყურებს გუდამაყრის ხეობაში წამოყუდებულ უზარმაზარ მთებს, რომლებიც ოთხივე მხარეს კეტავენ სივრცეს და მხოლოდ მათ შორის მოქცეული ზეცა გაფიქრებინებს, რომ მარტო ამ ვიწრო ხეობაში არ მთავრდება ყველაფერი. მთის წვერებს შორის მოქცეული ცა ხან ლურჯად ლივლივებს და ხანაც ნაირ-ნაირ ღრუბლებს იგორებს გულზე. დღისით მზე ბიბინებს და ღამ-ღამობით მთვარე ბრწყინავს. დღე ღამდება და ღამე თენდება. გუდამაყრის ვიწრო ხეობას, ამ პატარა ცის ნაგლეჯით ჩამოჰყურებს შორეული სამყარო. აქ თითქოს არაფერი არ იცვლება. დღე ღამდება და ღამე თენდება. ადამიანი ჩნდება და ბერდება... ბერდება და კვდება. ადამიანები შეგუებულნი არიან ამას. ხანდახან ზეცას ვარსკვლავი მოსწყდება და სადღაც ჩაიკარგება. გუდამაყრელები ამას ვარსკვლავის გათხოვებას ეძახიან. გათხოვება, ამ შემთხვევაში, სხვაგან წასვლას, უფრო კი გარდაცვალებას ნიშნავს. ვინც ვარსკვლავის გათხოვებას თვალს შეასწრებს, დარდობს. რახან ვარსკვლავი გათხოვდა, ეს იმის ნიშანია, რომ ვიღაც გარდაიცვლება გუდამაყარში. იმათი რწმენით, ყველა ადამიანს საკუთარი ვარსკვლავი ჰყავს და როცა ეს ვარსკვლავი თხოვდება, აქ ადამიანი გარდაიცვლება; თუმცა ზეცა სავსეა ვარსკვლავებით, გუდამაყრის ხეობა კი პატარაა და ადამიანებიც ძალიან ცოტანი არიან, ამ ვარსკვლავებთან შედარებით. ჩამოჰყურებს, ჩამოჰყურებს გუდამაყარს ვარსკვლავებით მოჭედილი სამყაროს თვალი. – აეგეთია ეს ცხოვრება! – როგორღაც ნიშნისმოგებით ამბობს შუღლიანთ სება და არავინ კი არ ეკითხება, როგორია. თითქოს ყველა ხვდება რასაც ამბობს. თითქოს ყველას ერთი პასუხი აქვს ნაპოვნი და ეს პასუხი ერთი სიტყვაა: – აეგეთია! – მააშ! – ადასტურებს შუღლიანთ სება და ისეა შეჩვეული ამ სიტყვების თქმას, დღეში ათასჯერ ამბობს. საუბარში დროდადრო დაფიქრდება, შემოგხედავს და გეტყვის: – აეგეთია ეს ცხოვრება, მაშ! – ისე ამბობს ამას, ისეთ სევდას აყოლებს ნათქვამს, გული ჩაგწყდება, ძალაუნებურად გაჩუმდები და შენც დაფიქრდები. ერთხელაც იჯდა თავისი სახლის კედელთან სება და დიდხანს დაჰყურებდა ჭიანჭველას, რომელიც მეორე მკვდარ ჭიანჭველას მიათრევდა. ცოცხალ ჭიანჭველას უჭირდა ბალახებში მკვდარი ჭიანჭველის თრევა, მაგრამ თავს არ ანებებდა, ბალახიდან ბალახზე წვალებით გადადიოდა. სებას უნდოდა მიხმარებოდა, მაგრამ არ იცოდა საით მიდიოდა ჭიანჭველა. – აეგეთია ეს ცხოვრება! – ჩაილაპარაკა სებამ. – როგორი, მამავ? – შეეკითხა უცებ მის გვერდით მჯდარი პატარა ბიჭი. სებამ შვილს შეხედა. – როგორია მამავ? – ისევ ჰკითხა შვილმა. – როგორი და ეგეთი – უფრო თავისთვის თქვა სებამ და ცოტა დუმილის მერე დააყოლა: – ისე იწყება, შენ არავინ არ გეკითხება და ისე მთავრდება, არც მაშინ გეკითხება ვინმე რამეს. პატარა ბიჭი გაკვირვებული შეჰყურებდა მამას და ვერაფერი კი ვერ გაეგო მისი საუბრიდან. – აემ ჭიანჭველას ხომ ხედავ? – ჭიანჭველაზე მიუთითა სებამ ბიჭს. – რომელს? – მკვდარს რომ მიათრევს. – რატო მიათრევს? – ჰკითხა შვილმა. – ეტყობა ეგ მკვდარი მაგისი ან დედაა, ან მამა, ან ძმა, ან შვილი, ან ნათესავი. სადღაც იყვნენ, ის ვიღაცამ მოკლა და ეს სახლში მიასვენებს მკვდარს, – თქვა სებამ და სევდიანად დააყოლა: – აეგეთია, შვილო, ეს ცხოვრება, მააშ! ბიჭიც როგორღაც სევდიანად შეჰყურებდა მამას. სება ყვებოდა: შენ დროთაი რო ვიყავ, მაშინაც ესე დადიოდნენ ამ ადგილას ჭიანჭველები და მამაჩემი სუ ერთთავად იმას მაფრთხილებდა – ბალღო, ფეხს რო ადგამ, ჯერ წინ დაიხედე, ჭიანჭველას ფეხი არ დაადგა, ისიც ხვთის გაჩენილია, ტყუილუბრალოდ რატო უნდა მოკლა. აბა, მოდი და კარგად დააცქერდი როგორ შრომობენ, როგორ ამბავში არიან?! მაგათაც თავის ცხოვრება აქვთ, მაგათაც უნდათ დიდხანს სიცოცხლე. ნაბიჯს რომ გადადგამ ჯერ წინ დაიხედე, შვილო. ერთი ხანობა, ლამის სიარული გადამავიწყდა, საითაც ფეხს გადავადგამდი, ყველგან ჭიანჭველა მიდიოდა. მერე მამაჩემი ომში წაიყვანეს და მეც ნელ-ნელა გადამავიწყდნენ ჭიანჭველები. თანდათან გავიმართე, ამაყად დავიწყე დედამიწაზე სიარული. – მამავ, პაპაი ომში მოკლეს? – ჰკითხა ბიჭმა. – არა, ომიდან უვნებელი ჩამოვიდა და ციმბირში გაასახლეს. – რატო? – ომში გერმანელებს ჩაუვარდა ტყვედ და როცა ომი დამთავრდა, ტყვეობაში ნამყოფი ხალხი გააციმბირეს. მამაჩემი ციმბირიდან გამოიქცა და ღამე მოვიდა სახლში. დღისით გარეთ არ გამოდიოდა, ღამე მიდიოდა სათიბზე და სამკალზე. ვიღაცამ დააბეზღა მთავრობასთან და მეორედ გააციმბირეს. – მერე აღარ გამოუშვეს? – კი, გამოუშვეს, მაგრამ როგორც გავიგე, გზაში გარდაიცვალა და იქვე დაუსაფლავებიათ. სად, ზუსტად არ ვიცი, ეგ ამბავიც ჭორად მოგვივიდა. აი, ჭიანჭველას ხომ ხედავ, ეგაც არ ტოვებს თავის მკვდარს სხვაგან. ბიჭი და სება ჭიანჭველას მიაჩერდნენ. იმას წეღანს აქეთ სამი-ოთხი მტკაველი ჰქონდა გავლილი და ისევ ისე წვალებით გადაჰქონდა მკვდარი ბალახიდან – ბალახზე. – აეგეთია ეს ცხოვრება! – თქვა სებამ და გაჩუმდა. ბიჭიც ჩუმად იჯდა. მწვერვალებს შორის მოქცეულ ცაზე მზე ჩახჩახებდა. . . . მუზეუმის შექმნის სურვილი გაუჩნდა შუღლიანთ სებას – ვერ ხედავთ, ხალხო , თვალსა და ხელსშუა გვეცლება წარსული. ვინც კი გუდამაყრიდან წავიდა, უკან აღარ ბრუნდებიან, ანდა თუ ბრუნდებიან დამცინავად უყურებენ მამა-პაპათა ადათ -წესებს. ესე თუ გაგრძელდა, ბოლოს სულ დაიცლება ეს ხეობა და ისტორიას აღარ დარჩება სამახსოვროდ თუ ვინ ვიყავით, რანი ვიყავით, როგორ ვცხოვრობდით; ისედაც ხომ არავინ არ იცის ვინა ვართ გუდამაყრელები, რა ყაიდის ხალხი ვართ. ესე თუ გაგრძელდა ჩვენი ცხოვრება სულ მალე ისე წაიშლება ჩვენი კუთხე მიწის პირიდან, როგორც გაზაფხულის თოვლი. ხო იცით, აეგეთია ეს ცხოვრება! მოდით, სანამ დროა, ერთი მუზეუმი ავაშენოთ, იმათ მაინც დავრჩებით ქვეყანაზე. – ეე, ჩემო სებავ, კარგი ერთი! – ეუბნება მეზობელი. – საქმე თავზე გადამდის და მე მემუზეუმება?! – ამბობს მეორე. – მა რა ვქნათ, ხალხო, ესე უბრალოდ წაიშალოს ჩვენი წარსული?! უსაქმური და მოცლილი არც მე ვარ, მაგრამ შთამომავლობას ხო უნდა დავუტოვოთ წარსული. ქვეყანამ ხო უნდა გაიგოს რომ ერთ დროს ჩვენც ვიყავით დედამიწაზე, გუდამაყრელები გვერქვა და ვარსებობდით. შთამომავლობამ ხო უნდა იცოდეს, რა იყო წარსულში. აგე, იმ მთაზე გაჭრილ ძველ ნაგზევარს ხო ხედავთ? აი, ეგ გზა საუკუნეების წინანდელია. აი, მაგ გზაზე დადიოდა ვახტანგ გორგასალი, დავით აღმაშენებელი, თამარ მეფე და ბოლოს ერეკლე. მაგ გზით გადადიოდნენ ქვენამთაზე, ჩადიოდნენ ხევში და კეტავდნენ დარიალის კარს. ქვენამთის აქეთ ვანისკარია, ვანისკარის ციხეები; ქვენამთის იქეთ კიდე ნადარბაზევი, გორგასალის ნადარბაზევი; იმის ქვემოთ სოფელი კარკუჩა, რაც შემოსასვლელ ქუჩას ნიშნავს. ამ ხეობაში ყოველ ნაბიჯზე წარსული ფეთქავს, ჩვენ კი, ხო ხედავთ, გადაგვარების გზაზე ვართ, დამიდექით გვერდში, ავაშენოთ ერთი მუზეუმი. – მოგცლია, ერთი, შენც! – მწყრალად შეუტია აპარეკამ. – აეგეთია ეს ცხოვრება! – ამოიოხრა სებამ და მარტოკა შეუდგა მუზეუმის მშენებლობას. . . . სოფელი ჩოხი, სადაც შუღლიანთ სება ცხოვრობს, ერთ-ერთი ბოლო სოფელია გუდამაყარში. აქედან უკვე ალპური ზონა იწყება და შავი არაგვის სათავეებთან, ზეცას წვერმიბჯენილი ჭიუხებით ესაზღვრება ხევსურეთს. მარცხნივ მთიულეთია, ხოლო უფრო ჩრდილოეთით ხევი, საითკენაც ქვენამთის გადასასვლელით ძველი გზა გადადის, რომელსაც შუღლიანთ სება გორგასლის ნაგზევს ეძახის. – აეგეთია ეს ცხოვრება, ვინ იცის ვის არ გაუვლია ამ გზაზე, – ამბობს სება და წარსულის ნაშთებს ეძებს. ხეობა ვიწროა და შავი არაგვი ცოფიანივით ეხეთქება აქეთ-იქით შემოჯარულ მთებს. მხოლოდ ერთ ადგილას არის ვაკე ადგილი, იქ სადაც ახლა სოფელი ჩოხია გაშენებული. ადრე, როგორც სხვა აქაური სოფლები, ციცაბო მთის ფერდობზე იყო დაკიდებული, მერე კი თანდათან ჩამოსახლდნენ ამ მინდორზე ჩოხელები. ადრე აკრძალული ჰქონდა ხალხს აქ დასახლება, რადგან მთელი მინდორი პირიმზე – ფუძის ანგელოზის მოედნად ითვლება და სალოცავად მოსული ხალხი, აქ ათენებს ღამეს. რაკი დარიალიდან მომავალი გზა ამ მინდორზე ჩამოდის, როცა რუსები საქართველოში შემოვიდნენ, პირველად იმათ დაარღვიეს პირიმზის სალოცავის რიდი და უზარმაზარი ბასტიონი ააშენეს სალოცავის მოედნის შუაგულში. ბასტიონში ჩადგა რუსის ჯარი. ბეგარა დაადეს გუდამაყრელებს – ზამთრობით გზაზე თოვლსა და ზვავებს ახვეტინებდნენ, ზაფხულობით კი სხვადასხვა სამუშაოებზე გაჰყავდათ ხალხი. პირიმზის სალოცავის ზემოთ, ფერდობზე, ხატის ტყეა გაშენებული. იქ ხის მოჭრა აკრძალული აქვთ გუდამაყრელებს, რუსები კი არაფრად აგდებდნენ სალოცავის შიშს და უზარმაზარ წიფლის ხეებს ჭრიდნენ. ასე გრძელდებოდა, მანამ მოჭრილმა წიფლის ხემ არ დააფრთხო რუსის ჯარი. უშველებელი წიფლის ხე მოჭრეს რუსებმა და როცა ხე მიწაზე დაეცა, გველეშაპად გადაიქცა. ხის ტოტები ბანჯგვლებად იქცა. საშინელ ხმაზე წიოდა გველეშაპი და კუდს მიწას ურტყამდა, მისდევდა რუს ჯარისკაცებს ხახადაღებული. ჯარისკაცები ბასტიონში შეიკეტნენ და იქედან ესროდნენ თოფებს. გველეშაპი წიოდა და ბასტიონის კედლებს ეხეთქებოდა; მანამდე არ გაჩერდა, მანამ რუსის ჯარი გუდამაყრის ხეობიდან არ გადაიხვეწა. ამის მერე გუდამაყრის ხეობაზე სიარულს თავი ანებეს და მთიულეთის ხეობაზე გადაიყვანეს რუსებმა გზა. უპატრონოდ დარჩა ბასტიონი. დრო და ჟამი ნელ-ნელა შლიდა კედლებს. პირიმზის მოედანზე კი ძველებურად ლოცულობდნენ გუდამაყრელები და არავინ ფიქრობდა აქ დასახლებას, მანამ ისევ რუსები არ მოვიდნენ. რუსები მოვიდნენ სხვა მხრიდან. ქვემოდან მოვიდნენ. კომუნისტებად მოვიდნენ და გუდამაყრელებსაც თავის წესზე ყოფნა მოსთხოვეს: გაკრიჭეს მღვდლები, გაძარცვეს სალოცავები და პირიმზის მოედანზე კოლმეურნეობის კანტორა ააშენეს. ამ კანტორაში დასხდნენ ქართველი კომუნისტები და ხატის მინდორზე, ძველი ბასტიონის გვერდით, საქონლის ფერმა ააშენეს. ხალხს ხატში ლოცვა აუკრძალეს და თუმცა კარგა ხანს ვერავინ ბედავდა მოედანზე სახლის აშენებას, დრომ მაინც თავისი ქნა და ჯერ ერთი კაცი ჩამოსახლდა ჩოხიდან აქ, მერე მეორემ გაბედა, მერე მესამემ და მართალია პირიმზის ხატთან ახლოს არა, მოედნის ბოლოში მაინც გაშენდა პატარა სოფელი ჩოხი. ძველი ბასტიონის კედლებს შიგნით, შუაგულ მინდორში, ჯერ სტალინის ძეგლი იდგა, მერე, სტალინი რო მოკვდა, ძეგლი შუაწელზე გადახერხეს და მზისკენ ხელგაშვერილი ლენინის ტანი დაადგეს. ბასტიონის გვერდით რვაწლიანი სკოლა ააშენეს და ხანდახან მზისკენ გაშვერილ ხელზე ჩამოეკიდებოდნენ ხოლმე ურჩი ბიჭები ლენინს. მაშინ სტალინზე გადაკერებული ლენინის ტანი წონასწორობას ვეღარ იკავებდა და ბავშვებთან ერთად მინდორზე გორაობდა. აი, მაშინ ატყდებოდა ხოლმე დიდი ამბავი, ცალკე კოლმეურნეობის კანტორიდან გამორბოდნენ გაბრაზებული კომუნისტები, ცალკე გულგახეთქილი მასწავლებლები ტუქსავდნენ ლენინის ხელზე დაკიდებულ მოწაფეებს. რამდენჯერმე სხვადასხვა წებოთი სცადეს ლენინის დაწებება სტალინის ტანზე, მაგრამ სკოლის ახალ-ახალი მოწაფეები მაინც ჯიუტად ეკიდებოდნენ გაშვერილ ხელს და მერე იმასთან ერთად მინდორში გორაობდნენ. თანდათან ისე გათავხედდნენ ბალღები, ვიღაცამ ზემოდან ძეგლის თავი ჩაამტვრია და შიგ მზესუმზირა დათესა. ამოიზარდა მზესუმზირა, გაიკეთა ბრდღვიალა თავი. ამოვა დილით გუდამაყრის ცაზე მზე, გაიშლება ძეგლის თავზე მზესუმზირა, გაბრდღვიალდება, წაჰყვება მზეს და საღამოთი მზის ჩასვლასთან ერთად დახუჭავს თვალებს. კარგახანს ვერ ამჩნევდნენ კომუნისტები ამას და როცა გაიგეს, ისეთი ყვირილით მიუცვივდნენ სკოლაში მასწავლებლებს, ისეთი ცოდვის ტირილი დაატრიალეს მოწაფეებში, კარგახანს ძეგლის ახლოს აღარავინ გაჭაჭანებულა. ეს ძეგლიც იდგა სიჩუმის ძახილის ნიშანივით და როგორც ადრე ხატის შენობასთან ახლოს მისვლა ეშინოდა ხალხს, ახლა ამ ძეგლთან მიახლოებაც ეშინოდათ. ბოლოს რო დაეკიდნენ ხელზე ბალღები ძეგლს, იმათი მამები წაიყვანეს ჩეკისტებმა და აღარც ერთი უკან აღარ დაბრუნებულა. სოფელი თანდათან იზრდებოდა და ძეგლის აქით-იქეთ სახლები აშენდა. შუღლიანთ სებამ გაბედა და ლენინის ძეგლთან ახლოს აიშენა სახლი. მაშინ ცოლი ფეხმძიმედ ჰყავდა და კინაღამ შარში გაეხვია. მეათე თვეში გადადგა სებაის ფეხმძიმე ცოლი და ბალღი მაინც არ ჩნდებოდა. გახდა თერთმეტი თვე, თორმეტი, მაინც არ ჩნდება ბალღი. ექიმები მხრებს იჩეჩავენ. მკითხავები ამბობენ, რომ ხატის მიზეზია, ასე ახლოს რომ ააშენა სალოცავთან სებამ სახლი, ხატი გაწყრა და ბალღი იმიტომ აღარ ჩნდებაო. სებამ შესაწირავი შესწირა სალოცავს, მაგრამ მაინც არაფერი არ ეშველა ფეხმძიმე ქალს. ერთ ღამეს კი, სიზმარში იყო თუ ცხადში, კარგად ვეღარ გაიგო ქალმა. მოეჩვენა რომ მუცლიდან ბალღი დაელაპარაკა: – დედი, დედი! სანამ ეგ ძეგლი აქ დგას, მანამდე არ გავჩნდები, ფეხს არ გამოვადგამ აქედან! შეშინებულმა ცოლმა სებას უამბო ეს ამბავი. – გადავაქცევ! – ცულს წამოავლო სებამ ხელი. – გაგიჟდი კაცო?! ხო იმ წუთას გაგაციმბირეს! – აბა, მა რა ვქნათ? – იქნებ გადავსახლდეთ – თქვა ქალმა. საგონებელში ჩავარდა ცოლ-ქმარი. – იქნებ ვთხოვოთ მთავრობას რო სხვაგან გადადგან ძეგლი. – გვეტყვიან, თქვენ გადასახლდითო. დაღონდნენ... დაღონდნენ... ეგრე ადვილია გადასახლება? ღამ-ღამობით ძეგლის საძირკვლის ჩამონგრევა დაიწყო სებამ და ერთ წვიმიან, ჭექა-ქუხილიან ღამეს წამოაქცია ძეგლი. იმ ღამეს დაიბადა ბალღი. დილით მოცვივდნენ კომუნისტები და ძლივს წამოაყენეს ძეგლი, რომელიც დაცემისაგან ახლაც შუაზე იყო გადამტვრეული. გადარჩა შუღლიანთ სება. ერთი კი შეუღრინა თავმჯდომარემ, ეტყობა საქონელს უშვებ ძეგლთან ახლოსო, მაგრამ ეჭვი ვერ აიღეს მასზე, ქარიშხალს დააბრალეს ეს ამბავი. საძირკველი ჩააბეტონეს და შელესეს ჩამონგრეული ადგილები. გალაღებული იყო შუღლიანთ სება. ძეგლის შემკეთებლები სახლში დაპატიჟა და გვიან ღამემდე სიმღერის ხმა გამოდიოდა მისი სახლიდან. . . . მეორედ გაიქცნენ რუსები პირიმზის მოედნიდან. ამჟამად კომუნისტები გაიქცნენ. ადრე თუ ბასტიონი დატოვეს წარსულის ნაშთად, ამჟამად ლენინის ძეგლი მიატოვეს, რომელსაც იმ წუთას ჩამოეკიდნენ ბალღები გაშვერილ ხელზე და ძირს ჩამოაგდეს. ხალხს ჯერ კიდევ ჰქონდა ძეგლის შიში და აპირებდნენ ძეგლის აღდგენას, მაგრამ ვიღაცამ გადამალული სტალინის ზედატანი გამოაჩინა და ის დაადგეს. ლენინის თავი შუღლიანთ სებამ შეინახა; მაშინ უკვე ფიქრობდა მუზეუმის მოწყობაზე და ასეც უთხრა ხალხს: – ეს ძეგლიც ისტორია არის. რაც არ უნდა იყოს, ისტორიას სად გავექცევით, ძალიანაც რო გვინდოდეს, ვერ დავმალავთ, ისტორიის დამალვით რა ხეირს შევეყრებით, ავაშენოთ მუზეუმი და ე ლენინის თავიც იქ შევინახოთ. – ერთი შენც მოგცლია! – ისევ გაბრაზდა აპარეკაი – აღარ გახსოვს მაგის გულისთვის რა ხალხი წაიყვანეს? – რას იზამ, აეგეთია ეს ცხოვრება! – დანანებით ჩაილაპარა შუღლიანთ სებამ და მინდორში დაგდებული ძეგლის თავი საბძელში შეათრია. . . . ადრიან გაზაფხულზე დაიწყო შუღლიანთ სებამ მუზეუმის საძირკვლის გათხრა, მანამდე კი მთელ ზამთარს გუდამაყრის სოფლებში დადიოდა და სამუზეუმო ნივთებს ეძებდა, თან ხალხს ეხვეწებოდა: მომეხმარეთ ხალხო, ამაშენებინეთ შენობა, შთამომავლობას მუზეუმი მაინც დავუტოვოთ. გუდამაყრელები ალმაცერად უყურებდნენ სებას და როცა მან შენობისთვის საძირკველი გათხარა და არაგვის ჭალაზე სამშენებლო ქვების შეგროვება დაიწყო, ვიღაცამ თქვა: – ერიჰაა! მე მგონი სებაი გასაფრენად ემზადება. სებაის უმცროსმა ბიჭმა მეზობლის ნათქვამს ყური მოჰკრა და როცა ქვების შეგროვებით დაღლილი მამა შინ დაბრუნდა, შვილმა ჰკითხა: – სად უნდა გაფრინდე მამავ? – სად უნდა გავფრინდე?! – გაიკვირვა სებამ. – რა ვიცი, გამიხარდამ თქვა, გაფრენას აპირებსო. – ეეჰ, ადრე თუ გვიან ყველანი გავფრინდებით; რას იზამ, აეგეთია ეს ცხოვრება! – ჩაილაპარაკა სებამ. ბიჭმა ვერაფერი ვერ გაიგო. დღე და ღამე მუშაობდა სებაი. დანაზოგი ფულით ცემენტი და სახურავის თუნუქი იყიდა. მეტყევემ ჯარიმის ქვითარი თვითონ მოუტანა სახლში, თან ხმამაღლა ყვიროდა: – ვინ გაპატიებს, ვინ გაპატიებს ამოდენა ხე-ტყის მოჭრას, რომელი მთავრობა გაპატიებს. – კაცო, მარტო ჩემთვის ხო არ მინდა, ისტორიისთვის მინდა, რაღაცა ხო უნდა დარჩეს ჩვენგან ისტორიას. – რი ისტორია, რა ისტორია?! ისტორია არ ვიცი მე! თუ ჯარიმას დროზე არ გადაიხდი, მამის სული ნუ წამიწყდება, მილიციას დაგაყენებ თავზე. მილიციის ხსენებაზე შეკრთა სებაი. ბალღობიდან ამ სიტყვის ხსენებაზე შიშის კანკალი ემართებოდა. ახლაც ის დღე გაახსენდა, მილიცია რომ დაეცა თავს მათ ოჯახს და მამამისი ხელმეორედ გააციმბირეს. – კარგი, ჰო, ნუღარ ქოთობ, გადავიხდი ჯარიმას – თქვა სებამ და ბიჭს გასძახა – წადი ბიჭო, ხარი ჩამაიყვანე! შვიდი წლის ხარი გაყიდა სებამ და იმით გადაიხადა მეტყევის ჯარიმა. – რას შვრები, კაცო, მუზეუმის გულისთვის უნდა დააქციო ოჯახი?! – შეუტია ცოლმა. – რას იზამ, აეგეთია ეს ცხოვრება! – ნაღვლიანად თქვა სებამ და შენობის საძირკველში ბეტონის ჩასხმა დაიწყო. სამი-ოთხი დღე ბეტონს გამაგრება აცადა, არ დაუწყია კედლების მშენებლობა, სტრაფილებს და კოჭებს თლიდა ამ ხნის განმავლობაში. ქვა გასულ კვირას მოზიდა მეზობლის მანქანით და იმანაც ფული გამოართვა ამაში. – შენთვის რო იშენებდე სახლს, ვინ მამაძაღლი გამოგართმევდა ფასს, – ჩაილაპარაკა მანქანის მძღოლმა დამნაშავესავით, – რა ვქნა, მანქანასაც მოვლა უნდა, ბენზინი უნდა, ნაწილები უნდა, შენც რა მუზეუმი აიჩემე, ვის რად უნდა, ხო ხედავ ახალგაზრდები აქ აღარ ჩერდებიან, ე ბებრებს კიდევ საიქიოშიც გვეყოფა მუზეუმში ყოფნა. ჩაჰყრიან ჩვენ ძვლებს ცივ სამარეში და მუზეუმიც ეგ იქნება და საიქიოცა. – აი, იმ გორგასლის ნაგზევს ხო ხედავ, – ხელი გაიშვირა სებამ ძველი ნაგზევისაკენ. – ვხედავ, მერე? – არ გიხარია? – რა უნდა მიხაროდეს?! – იმ გზაზე რომ ვახტანგ გორგასალი დადიოდა თავისი ჯარით. – ეეე, ეგ როდის იყო! – ხო იყო. – რა ვიცი, იყო? მე რომ არ მინახავს? – გზას კი ხედავ? – გზას კი ვხედავ, მაგრამ... – ჰოდა მაგ გზაზე თავისი ჯარით მიმავალი გორგასალიც წარმოიდგინე და ეგ იქნება. მძღოლი დაფიქრდა, თან გზას გაჰყურებდა. – მგონი ვხედავ! – თქვა მან ცოტა ხნის მერე. – აგაშენა ღმერთმა. აეს მუზეუმიც მაგიტო მინდა, რო საუკუნეების მერე შევიდნენ შიგნით ჩვენი მომავლები და დაგვინახონ. – აი, ეს ფული სხვა რამეში გამოგადგება, – ჯიბიდან ფული ამოიღო მძღოლმა და სებას ჩაუდო ხელში, – ქვა თუ დაგაკლდეს კიდევ მოგიტან. მერე ძლივს დაქოქა მანქანა და ღმუილით გაუყენა არაგვის ნაპირზე მიმავალ გზას. . . . ივლისის ბოლოს კედლების მშენებლობა მოამთავრა სებამ. ზემოდან, ისევ, ბეტონის სარტყელი შემოავლო სიმაგრისათვის და ხის კოჭები დააწყო. კოჭებზე სახურავის ჩონჩხი წამოჭიმა. ლურსმნებისთვის კიდევ დასჭირდა ფული და კიდევ გაუყიდა ცოლ-შვილს მარჩენალი ძროხა. – სულ გაგიჟდი, კაცო?! ამ ბალღების ცოდვას მაინც სად წაუხვალ, მე თუ აღარად მაგდებ. სათიბზე შენ არ დადიხარ და სახლის საქმე შენ აღარ გახსოვს. ააშენე, ააშენე, გაყიდე ყველაფერი რაც კი რამ სახლში გვაბადია, შაგვრეკე მერე ჩვენც შიგ და კედლებზე ჩამოგვკიდე, მაინც შიმშილით გავწყდებით შენი გადამკიდე, – ტირილით ამბობს ცოლი. – რას იზამ, აეგეთია ეს ცხოვრება! – რაღა მარტო შენთვისაა ეგეთი და სხვისთვის სხვანაირი. ვერა ხედავ, მთელი ქვეყანა შენ დაგცინის, ცოლ-შვილი მშიერი უწყდება და ეგ კიდევ მუზეუმს აშენებსო. ნეტავი ვინ დამწყევლა, იმ ჩემი ცოდვით სავსემა, რა დროს მუზეუმია, კაცოო! შენ გარდა, სხვა აღარავინა ცხოვრობს ამ გუდამაყარში, რო ყველა თავისთვის ზრუნავს, ვის რაში სჭირდება ეს შენი მუზეუმი, აბა დაფიქრდი. სებაი დაფიქრდა. – რას იზამ, ეგეთია ეს ცხოვრება! დღეს არ სჭირდებათ, ხვალ დასჭირდებათ, – თქვა სებამ ფიქრის მერე. – ფანჯრები რატო არ გაუკეთე, სებავ, ამ მუზეუმსა, ჰა? – ჰკითხა მეზობელმა, რომელიც ცოლ-ქმრის კამათს შემოესწრო და ამდენ ხანს ჩუმად ათვალიერებდა შენობას. – ფანჯრები არ უნდა. აგე, საჰაერო ერდოები ხო აქვს, იქიდან შევა ჰაერი და მზის სხივი. ფანჯრები სიმყუდროვეს დაუკარგავს ნივთებს, – აუხსნა მეზობელს სებამ. – ნივთებს რაღა სიმყუდროვე უნდათ, თვალები იმათ არა აქვთ და ყურები. მკვდარი ისედაც მყუდროდ არა წევს სამარეში? ფანჯრებიდან დღის სინათლე შემოვა და ვისაც მუზეუმის დათვალიერება მოუნდება, ნათელ ოთახში უფრო კარგად არ დაინახავს ნივთებს? – ხო გითხარ, სინათლე და მზის შუქი ერდოებიდან შემოვა-მეთქი. ეს შენობაც ძველებურ წესზე ავაშენე. ძველად სად იყო ფანჯრები. სიმყუდროვე კი საჭიროა, წარსული რომ უფრო კარგად დაინახო. აწმყო ურცხვად არ უნდა შემოგყურებდეს ფანჯრებიდან, სიმყუდროვეა საჭირო. თანაც ფანჯრები დიდ ადგილს დაიჭერენ, რამდენი რამე უნდა დავკიდო კედლებზე. კედლები თუ ფანჯრებს დავუთმე, სახლი გამოვა, მუზეუმი კი არა. – ხოო, შენც მართალი ხარ. – გადახურვაში მაინც გამიმართეთ ხელი, რა პირი შეჰკარით. – სათიბზე თუ არ წავედი, ან რამე სხვა საქმე თუ არ გამომიჩნდა, მოგეხმარები, – შეჰპირდა მეზობელი, მაგრამ ამაოდ, გადახურვითაც მარტომ გადახურა სებამ მუზეუმი, შვილებიც კი აღარ მიხმარებიან, ისინი დილაუთენია მიჰყვებოდნენ დედას სათიბ-სახვეტზე და რო ბინდდებოდა, მაშინ ბრუნდებოდნენ სახლში. ბოლოს ლუკმა-პური ენატრებოდა სებას. მაინც მუშაობდა. მაინც გადახურა მუზეუმი. კარი შეაბა და ურდული დაუყენა შიგნიდან. გარედან კლიტე შეაბა. არაგვში გაღმა გავიდა, გორგასლის ნაგზევზე ჩამოჯდა და იქიდან გამოხედა შენობას. პირიმზის მოედანზე ლამაზად იდგა მუზეუმი. შვებით ამოისუნთქა შუღლიანთ სებამ. გული დაუმშვიდდა. უფრო ახლოს იგრძნო წარსული და ისე გახედა ხეობის სიღრმეში ჩაკარგულ ძველ ნაგზევს, თითქოს მართლა გორგასლის გამოჩენას ელოდა. მზე ჩადიოდა და გუდამაყრის მთებს მწვერვალებისაკენ მოუყვებოდნენ ნაგრილები. . . . არც ისე ადვილი გამოდგა წლების განმავლობაში ნაგროვები ნივთების მუზეუმში განაწილება, იმდენი რამე ჰქონდა სებას საბძელში შენახული, როცა ისინი მუზეუმში გადაიტანა, შეეშინდა, მოეჩვენა რომ ექსპონატების ნახევარიც არ დაეტეოდა მუზეუმში; ამიტომ ყველაფერი ერთმანეთის გვერდით დაალაგა დარბაზში და თვითონ ძველებურ ტახტზე ჩამოჯდა. ყველაფერი ერთმანეთში იყო მის თვალწინ არეული. ფიტულები: დათვის, ჯიხვის, არწივის, სვავის, ფოცხვერის, კურდღლის, არჩვის, კვერნის, მაჩვის, წავის, ორბის, ქედანის და კიდევ იმ ცხოველების და ფრინველების, რომლებიც გუდამაყრის ხეობაში ბინადრობენ. საომარი იარაღები: ხმლები, ხანჯლები, თოფები, მშვილდ-ისრები, ფარები, ჯაჭვები, შუბები. ქალისა და კაცის ტანსაცმელი. ცხენის შეკაზმულობა. სამუშაო იარაღები. შეჭვარტლული ფანდური და ათასი კიდევ სხვა, ჩაჟანგებული და შემურული ნივთები. იმათ შორის: რუსი ჯარისკაცის შინელი, ჩექმები, კომუნისტების ნაქონი გარდამავალი დროშა და კუთხეში დაგდებული ლენინის ძეგლის ზედა ტანი. ეს ყველაფერი ერთმანეთში იყო არეული და დალაგებას ითხოვდა. გუშინ გარედან აბრა გაუკეთა სებამ მუზეუმს და ზედ თეთრი საღებავით დააწერა: გუდამაყრის მუზეუმი! მანამდე კი პირიმზის ეკლესიაში სანთელი აანთო და შეევედრა: – ღმერთო, დალოცვილო! დიდო პირიმზევ, ფუძის ანგელოზო! თქვენ მოუმართეთ ხელი გუდამაყრის მუზეუმს. კეთილი ანგელოზი დაუმკვიდრეთ. ავი თვალი აშორეთ და სიმშვიდე მოჰფინეთ. შემეწიე დიდო პირიმზევ, ხელი მომიმართე რო სატანის ნაქონი ნივთი არ შევიტანო შიგნით. სალოცავიდან დაბრუნებულს აპარეკაი შემოხვდა წინ. – უდღეო დღეს ხატში რაისთვის ასულხარ სებავ?! – გაიკვირვა აპარეკამ. – მუზეუმი შევახვეწე დიდ პირიმზეს, დაილოცოს იმის ძალი, – თქვა სებამ. – მუზეუმი გვიშველის აი, სწორედ. ვერა ხედავ არაგვი რას შვრება, გაზაფხულს აქეთ ანგრევს და ანგრევს მინდორს, სადაცაა სოფელს ჩააგდებს. აღარცვინ ჯებირის გამაგრებაზე ფიქრობს, ხალხს აქეთ-იქით გაქცევაზე უჭირავს თვალი. ესე თუ გაგრძელდა, სოფელსაც წაიღებს და იმ შენ მუზეუმსაც თან მიაყოლებს. – არა მგონია, ვერ წაიღებს! – ვითომ რატო ვერ წაიღებს, ადიდებულ წყალს რა დაუდგება წინ. – ღმერთი, ღმერთი არ გაატანს. – სწორედაც რო ღმერთი გაატანს. სალოცავი მინდორი რო ძეგლებითა და საქონლის ფერმებით გაივსო, იმ ადგილს ღმერთი რაისთვიღა დაიფარავს. სწორედ რო ღმერთის ძალითა და ნებით ანგრევს არაგვი ამ მინდორს, აგე, გადავარდნაზეა უკვე კოლმეურნეობის კანტორა. – მუზეუმმა რაღა დააშავა?! – ღმერთის მინდორზე არც მუზეუმია საჭირო და ის დააშავა, – თქვა აპარეკამ და გასცილდა სებას. – არა მგონია, არა მგონია, რაც არ უნდა იყოს, თავის მინდორს არ გასწირავს ღმერთი, – ხმამაღალი ფიქრით თავი დაიმშვიდა შუღლიანთ სებამ და მდინარეს გადახედა. არაგვი მართლა გულდაგულ ეხეთქებოდა პირიმზის მინდორს და ნელ-ნელა უთხრიდა ძირს. – არა მგონია, არა მგონია! – ახლა უკვე გულში გაივლო ეს ფიქრი სებამ და მუზეუმისაკენ წავიდა. საბძელში შეგროვილი ნივთები მუზეუმში გადაიტანა და ახლა იქ ზის, ფიქრობს სად რა დადოს, რომელი ნივთი, რომელ კედელზე ჩამოჰკიდოს, რომელი რომლის გვერდით იქნება უფრო საინტერესო სანახავი. ძველებურ ტახტზე ზის სებაი. ერდოებიდან მზის სხივი შემოდის და კედლებს ანათებს. აღმოსავლეთის კედელზე დიდი ფარდაგი ჩამოჰკიდა სებამ. ერდოებიდან ირიბად შემოჭრილ მზის სხივებში ნაირ -ნაირ ფერებად აელვარდა ძველებური ფარდაგი, რომელზედაც საქართველოს რუკა იყო ამოქარგული. ამ რუკაზე გამოკვეთილად ამოექარგნა მქსოველს გუდამაყრის ხეობა: მთები, ტყეები, ყანები, აქა-იქ ცხენებზე ამხედრებული გუდამაყრელები, კედლებზე გადმომდგარი ჯიხვები და უზარმაზარ წიფლის ხეებს შორის თეთრად მოელვარე პირიმზის სალოცავი წინ დიდი მინდვრით, რომელზეც ამოქარგულია რუსული ბასტიონი, ბასტიონის შიგნით კი ლენინის თუ სტალინის ძეგლი, ხეობაში შავი ძაფით ამოქარგული შავი არაგვი. თითქოს გაცოცხლდა ფარდაგზე ამოქარგული საქართვლოს რუკა; მზის სხივებმა გააცოცხლეს, იდუმალება და მარადიულობა შესძინეს ყოველ ფერს. ფარდაგის ოთხივე კუთხეში ჯვრები ამოექარგა მქსოველს. სებამ ხმალი, ხანჯალი და ფარი ჩამოჰკიდა ფარდაგის შუაგულში. ეს ხმალი დიდი წვალებით წამოიღო ათნოხიდან სებამ. გადმოცემით ეს ხმალი სამასი არაგველის მედროშეს, ნინია აფციაურს ეკუთვნოდა და მუზეუმში ჩამოსაკიდებლად არ აძლევდნენ სებას. სამი წლის განმავლობაში ეხვეწებოდა ხმლის მეპატრონეს და ძლივს დაიყოლია, ძლივს გამოართვა. ვერ წარმოედგინა სებას მუზეუმი ამ ხმლის გარეშე და მართალიც იყო, თუკი რამე საქვეყნო და საისტორიო გაუკეთებიათ გუდამაყრელებს, ეს მათი ბრძოლა იყო კრწანისის ველზე. თუკი ვინმე მოსახელე ჰყავდათ, ეს არაგველების სახელოვანი მედროშე, გუდამაყრელი ნინია აფციაური იყო, ათნოხელი ნინია აფციაური, რომლის ხმალიც ახლა ჩამოჰკიდა სებამ ფარდაგზე ამოქარგულ საქართველოს რუკაზე. ხმალიც უცნაურად აელვარდა მზის სხივებში. ხმალსაც იდუმალი სიცოცხლის სუნთქვა ჩაუდგა. ამ კედელზე სულ სახელოვანი ხალხის ნაქონი ნივთები ჩამოჰკიდა სებამ. დანარჩენი ნივთები სხვადასხვა კედლებზე გაანაწილა. ცხოველებისა და ფრინველების ფიტულები კედლების გაყოლებით დადგა. დაიღალა. ტახტზე ჩამოჯდა. ერდოებიდან ჩამავალი მზის სხივები შემოდიოდა და ისე ანათებდა ფარდაგზე ამოქარგულ რუკას, რომ სებას მოეჩვენა, მთელი საქართველო ამ ერთ მუზეუმში იყო თავმოყრილი. თითქოს აქ იყო წარსული, უმოქმედო აწმყო და გაურკვეველი მომავალი, რომელიც ერდოებიდან მზის სხივების სახით შემოდიოდა შიგნით. ერთ-ერთი ერდოდან შემოჭრილი მზის სხივი იმ ადგილას ეცემოდა, სადაც მქსოველს სვეტიცხოველი ამოექარგა ფარდაგზე. უცნაური შუქით ბრწყინავდა სვეტიცხოველი. სებაი წამოდგა, სვეტიცხოვლის წინ ძველებური შანდალი დადგა, ზედ სანთელი აანთო და დაილოცა: – ადგილის დედავ, შენ დაიფარე ეს მუზეუმი! მერე ისევ ტახტზე ჩამოჯდა და დიდხანს ათვალიერებდა მუზეუმს. ერდოებიდან შემოჭრილი მზის სხივები ნელ-ნელა ქრებოდა და მუზეუმის უსულო ბინადარნი ბინდ-ბუნდში იძირებოდნენ. სებასაც ძილი მოერია და ტახტზე გადაწვა. გარედან შვილებმა მოაბრახუნეს კარზე, მაგრამ სებამ ვერ გაიგო, ღრმა ძილით ეძინა, კარი კი ურდულით ჰქონდა შიგნიდან ჩაკეტილი. . . . შუაღამისას უცნაურმა ხმაურმა გამოაღვიძა შუღლიანთ სება. ტახტზე წამოჯდა და კარგა ხანს ვერ მიხვდა რა ხდებოდა მუზეუმში. ერდოებიდან მთვარის შუქი შემოდიოდა და ამ მკრთალ შუქზე ჩანდა, თუ როგორ მიიწევდნენ აღმოსავლეთის კედლისაკენ სამუზეუმო ნივთები. აღარც კი ეტყობოდა ფარდაგზე ამოქარგული საქართველოს რუკა, ბარიდან და ნიჩბიდან დაწყებული, ყველაფერი ზედ იყო ახორხლილი. იყო ერთი გაუთავებელი ღრიანცელი და ლანძღვა-გინება. ექსპონატები ადამიანის ხმაზე ლანძღავდნენ ერთი-მეორეს. ამის დანახვაზე, ისე შეეშინდა სებას, ტახტის კუთხეში მიიყუჟა და აღარ იცოდა რა ექნა. – მოიცათ, მოიცათ, რა დაგემართათ?! ყველანი რო ამ ფარდაგზე ჩამოვეკიდოთ, ვერ გაგვიძლებს, ჩამოწყდება, – ხმამაღლა იძახდა ფარი და იერიშზე წამოსულ ნივთებს იგერიებდა. – შენ რო ფარდაგზე და გამოსაჩენ ადგილას ხარ გამოჭიმული, ვაჟბატონო, ჩვენც გვინდა მანდ ყოფნა! – შეუტია არყის ტიკმა. – ხო უნდა იცოდეთ, ვის გეკუთვნით და ვის არა ამ კედელზე ყოფნა! – იძახდა ნინია აფციაურის ნაქონი ხმალი. – შენ თუ გეკუთვნის, ჩვენ რატომ არ გვეკუთვნის?! ჩვენ რა, შენზე ნაკლები მამულიშვილები ვართ? შენზე ნაკლებად გვიყვარს მამული? კი ბატონო, არავინ არ გიკარგავს ამაგს, დიდი სისხლი დაღვარე კრწანისში საქართველოსათვის, მაგრამ რა მერე? მოიგეთ ის ომი თუ რა?! – შეუტია ხმალს დიპლიპიტომ. – დიპლიპიტო, ხმა ჩაიკმიდე, თორემ აგკაფავ, ხვთის მადლმა! – ჰაერში გაიშხუილა ხმალმა. შეშინებული დიპლიპიტო დოლს ამოეფარა, რომელიც ფარდაგზე აგორებას ცდილობდა და ბრაგა-ბრუგი გაუდიოდა: – არავიზე ნაკლები არა ვარ, არავიზე! – იძახდა გაგულისებული დოლი – რაც მე ქართველები მიცეკვებია ქორწილებში და დღეობებში, იმის ღირსი აღარა ვარ, რო ფარდაგზე ვიყო გამოსაჩენ ადგილას ჩამოკიდებული, ჰა?! – არა, ყანწზე ნაკლები რითი ვარ?! გამაგებინეთ, ყანწზე ნაკლები რითი ვარ? ეგ უნდა ფარდაგზე ეკიდოს და მე კუთხეში ჩამჭყუნონ, – ყვირილით მიფოფხავდა ფარდაგზე წისქვილის სარეკელა. – ჩემგან რა გინდა, სარეკელავ, ენა ჩაიგდე მუცელში, – გაბრაზდა ყანწი. – შენზე ნაკლები რითი ვარ, რო მანდა ხარ გამოჭიმული?! – ეე, ბიჭო, როგორ ელაპარაკები ყანწს! – შეუტია ხელადამ სარეკელას. – როგორც გესმის, ისე ველაპარაკები! – ეე, ბიჭოო! – სარეკელასკენ გაიწია ხელადამ. – იქით გაიწი, თორეე! – რო არ გავიწიო, ვის რა ფეხებს მოსჭამ? – გაიწი, თორე თუ ჩაგცხეე! – ხმა ჩაიკმიდე, ბიჭო, ეე! – წამოიძახა ხელადამ, მაგრამ აღარ აცადა სარეკელამ, ისეთი ჩასცხო, ნამსხვრევებად იქცა ხელადა. – რა ქენი, მე შენი! – გაექანა სარეკელასაკენ არყის ტიკი. ატყდა საშინელი ჩხუბი. ვინ ვის ურტყამდა, აღარ გაიგებოდა. – არ გამამწაროთ! არ გამამწაროთ! – იძახდა დათვის ფიტული და ტორებით იგერიებდა დანარჩენ ფიტულებს. – ჩამოწყდება ხალხო ფარდაგი! ჩამოწყდება საქართველო! – შეშფოთებული იძახდა წიგნი, რომელშიც ვეფხისტყაოსანი იყო დაბეჭდილი და ფარდაგზე გამოსაჩენ ადგილას მიამაგრა სებამ ძაფებით. – წადი, შენი! აღარ გეყო ამდენი პირველობა! – ტორი მოუქნია დათვის ფიტულმა და ძირს ჩამოაგდო წიგნი. ამ დროს იჭექა თოფმა, რომელიც ფარდაგზე ეკიდა. თოფის ხმამ იქაურობა გააყრუა და კვამლი რო გაიფანტა თოფმა თქვა: – თუ არ მოისვენებთ, იცოდეთ კიდევ ვიჭექებ! შეშინებული ნივთები კუთხეებში მიიყუჟნენ. – რა ყველას ფარდაგზე კონწიალი მოგინდათ?! – თქვენ თუ აკონწიალიხართ, ჩვენ რა დავაშავეთ? – შეეპასუხა თოფს სადგისი. – სადგისო, შერჭობა-გამორჭობის მეტი რო არაფერი გიკეთებია, დაეტიე შენ ადგილას, არ მასროლინო! – მუქარით უთხრა თოფმა. – შერჭობა-გამორჭობა რატოა არამამულიშვილური საქმე? – არ გატყდა სადგისი. – გეუბნები არ მასროლინო-მეთქი, თორე ისეთ ადგილას შეგარჭობ, სებაიც ვეღარ გამოგაძრობს იქედან! – მუქარას მოუმატა თოფმა. – აბა, მაშ მთელი ცხოვრება კუთხეებში გავატაროთ? - სადგისს წამოეშველა ფიწალი. – დაეტიეთ ყველანი თავ-თავის ადგილზე. – როდემდე უნდა ვიყოთ მიჩქმალულნი და თქვენ გამოჩინებულნი, ჰა? ჩვენც გვინდა ფარდაგზე ყოფნა, აღარ მოვიდა ჩვენი დრო? – წინ წამოიწია მაჩვის ტყავმა, რომელიც არც ფიტულს ჰგავდა და უფრო ტყავი იყო. – შენი ადგილი იცოდე! – შეუტია თოფმა. – რას მაშინებ რა, თოფი რო ხარ იმიტო ხარ დიდ გულზე? – ერთხელ ხო გაგაგორე, მეორედ არ გამაგორებინო თავი, – თქვა თოფმა და ლულა მიუშვირა ტყავს. შეშინებული მაჩვი კუთხეში მიიყუჟა. – დაბრუნდით თქვენ-თქვენ კუთხეებში, – ახლა დანარჩენებს მიუბრუნდა თოფი. შეშინებული ნივთები კედლებს დაუბრუნდნენ, მაგრამ რამდენიმე ფიტული და ნივთი არ დანებდა თოფის ბრძანებას, გუნდ-გუნდად შეიკრიბნენ და აყვირდნენ: – ძირს თოფი! – ძირს ხმალი! – გაუმარჯოს დემოკრატიას! თოფი ხან რომელ გუნდს მიეჭრებოდა და გაშლიდა ქუხილით, ხან რომელს, მაგრამ აქა-იქ ისევ იკრიბებოდნენ და ყვიროდნენ: – ძირს თოფი! – ძირს ხმალი! – ძირს ტირანია! – გაუმარჯოს დემოკრატიას! ისინი მიიწევდნენ აღმოსავლეთის კედლისაკენ და ადგილებს იკავებდნენ ფარდაგზე ამოქარგულ საქართველოს რუკაზე. სებამ თვალი მოჰკრა ერდოდან, რომ პირიმზის მოედანზე შემორჩენილი რუსული ბასტიონიდან რუსი ჯარისკაცების აჩრდილები გამოვიდნენ, ერდოებიდან მუზეუმში შემოძვრნენ და აჯანყებულ ნივთებს მიეხმარნენ თოფის ჩამოგდებაში. მერე ისევ ჩუმად გაიპარნენ აჩრდილები და ბასტიონს შეაფარეს თავი. ხის ორთითამ, რკინის ფიწალმა და ჟანგიანმა სადგისმა დაიკავეს ფარდაგის შუაგული. იმათ აქით-იქეთ დანარჩენმა ნივთებმა იწყეს განლაგება. – ეე, ეეე! ეგრე არ არის, – იყვირა ორთითამ, – ეგრე არ გამოვა, დემოკრატია იმას კი არ ნიშნავს, ყველანი ისევ ამ ფარდაგზე ამობობღდეთ! – ყველამ თავისი ადგილი იცოდეთ, დემოკრატიაშიც და ქეიფშიც! – შუაგულ ფარდაგზე აბობღდა არყის ტიკი. – ხუნტა! ხუნტა! – ყვიროდნენ თოფის მომხრეები. რკინის ფიწალი გამოეკიდა მათ და მიმოფანტა. – მომისმინეთ, ერთი წუთით მომისმინეთ! – დაიწყო ორთითამ სიტყვის თქმა. – რა უნდა მოგისმინოთ, ჩვენ ჩამოგვყარეთ და თქვენ დაიკავეთ საუკეთესო ადგილები! – მუზეუმის კუთხიდან წამოიძახა ფარმა. – ჩვენ არავის თავს არ ვახვევთ ჩვენ აზრებს, მაგრამ ეგრე არ გამოვა, ვისაც გინდათ რო დემოკრატიულად იცხოვროთ ამ მუზეუმში, კეთილი ინებეთ და იცხოვრეთ იმ კანონებით, როგორსაც დემოკრატია მოითხოვს. – როგორც სებამ გაგვანაწილა, ჯერ ისე დავლაგდეთ და მერე გადავწყვიტოთ კანონების შემოღება! – ისევ დაიძახა კუთხეში მიგდებულმა ფარმა. – წარსულს მოეშვი, ტო, ეხლა სხვა დროა. ჩავატაროთ არჩევნები და ავირჩიოთ ღირსეული ხალხი. – ეგ არ გამოვა! – იყვირა კუთხიდან დოლმა. – რატო არ გამოვა? – შეეკითხა სადგისი. – იმიტომ რომ ორთითას კი არ უნდა დავუჯეროთ, თოფი დავაბრუნოთ თავის ადგილზე და იმან გადაწყვიტოს. – თოფი არ იყო რო აგვრივ-დაგვრია! – წამოიძახა დათვის ფიტულმა. – აბა, მა რა ვქნათ, დავჭამოთ ერთმანეთი? – წინ წამოდგა სასწორი. – ისეთი ვინმე ავირჩიოთ ხელმძღვანელად, რომელიც არც ორთითას მხარეს იქნება და არც თოფის. – ვინ არის ეგეთი? – წამოიძახეს ნივთებმა აქეთ-იქიდან. – არწივი! – კანდიდატი დაასახელა ნიჩაბმა. – ქორი! – თქვა გუთანმა. – დათვი! დათვი! – წინ გამობაჯბაჯდა დათვის ფიტული. – ხალხო, მომისმინეთ! – პირი დააღო ქვევრმა. ყველამ მას შეხედა. ქვევრი შუაგულ მუზეუმში გამოგორდა და თქვა: – ნათქვამია, ქვევრს რასაც ჩასძახებ, იმას ამოგძახებსო და რასაც დღეს ყოველი თქვენგანის გულისხმა ჩამომძახის ის მინდა ამოგძახოთ, თუ ყურს დამიგდებთ, თუ არა და არაფერსაც არ ვიტყვი. – თქვი, ქვევრო, თქვი! – გაამხნევა ორთითამ. – დღეს ჩვენს მუზეუმს ჭკვიანი ხელმძღვანელი სჭირდება. ამას თქვენ ყველანი გრძნობთ და კანდიდატურებსაც ღირსეულს ასახელებთ, მაგრამ ერთი რამ გავიწყდებათ: არწივსაც, ქორსაც, დათვსაც სიეშმაკე აკლიათ; ხელმძღვანელს კი ეშმაკობა ისევე ესაჭიროება, როგორც სიბრძნე. ჩვენი ხელმძღვანელი მოქნილი და მოხერხებული უნდა იყოს, როგორც შინაურ საქმეებში, ასევე საგარეოში. ისეთი პიროვნება უნდა ავირჩიოთ, რომელმაც იცის თვითოეული ჩვენთაგანის გულში რა დევს, თვითეული მტრის გულში რა დევს, უნდა იცოდეს რომელი ბუჩქის ძირას ზის კურდღელი, თორემ კარგახანს ვერ გავერთიანდებით და სულ იმის ცდაში ვიქნებით, რომელი დავიკავებთ ფარდაგზე ადგილს. ჩვენ ხელმძღვანელს ქვეყნის მართვის გამოცდილება უნდა ჰქონდეს ყველაფერთან ერთად. – ვინ არის ეგეთი, ჰა?! – ჩაიბუტბუტა დათვმა. – გეტყვით, რაც თქვენმა გულისხმამ ჩამომძახა, იმას ამოგძახებთ, – თქვა ქვევრმა. – ამოგვძახე, ამოგვძახე! – წამოიძახეს აქეთ-იქიდან. – მელია! – ამოსძახა ქვევრმა. ატყდა ჩოჩქოლი. – სად არის მელია? სად არის მელია? – იძახდნენ ნივთები და ფიტულებში დაეძებდნენ მელიას. – მელია აქ არ არის, არა! – უკმაყოფილოდ ბურტყუნებდა დათვი. – მელია არ იყო, რო ამოგვაგდო? – დაიძახა ფარმა. – ეგ ადრე იყო, ეხლა სხვა დროა! – წინ წამოდგა ორთითა. – ვთხოვოთ სებას და ის მოიყვანს მელიას, – აზრი გამოთქვა სადგისმა. – ვთხოვოთ, ვთხოვოთ! – დაეთანხმნენ ზოგიერთები სადგისს. – არა, არა, მელია მოღალატეა, ამოაგდებს ჩვენს მუზეუმს! – ყვიროდნენ ნივთები აქეთ-იქით. ორთითა და ფიწალი თავზე დაადგნენ სებას და სთხოვეს: – თუ გინდა მუზეუმი მუზეუმს დაემსგავსოს, რუსების ბასტიონის ჩრდილო კედელზე რო მელიის ფიტული ჰკიდია, ის ფიტული უნდა მოიტანო, თუ არა და სუ არეულობა იქნება შენ მოწყობილ მუზეუმში. შეშინებულმა სებამ მუზეუმის კარი გააღო და ფიტულის საძებნელად წავიდა. მთვარის შუქზე დიდხანს იბორიალა დანგრეულ ბასტიონში და როგორც იქნა იპოვა რუსების მიერ დატოვებული მელიის ფიტული. წამოიღო და მუზეუმში შეიტანა. რკინის ფიწალი, ხის ორთითა, სადგისი და მათი მომხრე ექსპონატები კართან შეეგებნენ მელიის ფიტულს, წინ გაუძღვნენ და ფარდაგზე დაუთმეს ადგილი, იქ, სადაც ადრე თოფი ეკიდა. – სატანაა! სატანაა! – ყვიროდნენ თოფის მომხრეები კუთხეებიდან. მელიის ფიტული აუღელვებლად ისმენდა მათ ყვირილს და გულდაგულ ათვალიერებდა მუზეუმს. . . . სიტყვა თქმული მელიის ფიტულის მიერ მუზეუმში მისი ექსპონატთა პრეზიდენტად არჩევის გამო: – მეგობრებო! მე მოხარული ვარ , რომ დიდი ხნის განშორების შემდეგ ისევ თქვენს შორის მიწევს თანაცხოვრება. ჩემს ადამიანობას, ჩემს სინდისს ვფიცავ, რომ ცოდნასა და ძალ-ღონეს არ დავიშურებ, რათა თქვენი ნდობა გავამართლო. პირობას გაძლევთ, რომ ერთი ექსპონატი არ დააკლდება ამ მუზეუმს და ერთ გოჯს ვერ მოაჭამენ ამ ფარდაგს ჩრჩილები. – ძირს მოღალატე! – ძირს სატანა! – დაიძახეს ზოგიერთმა ნივთებმა აქეთ-იქიდან. მელიის ფიტულმა ვითომც ვერ გაიგონა, მშვიდად განაგრძო: – ის რაც ადრე იყო, ის აღარ გამეორდება, მეგობრებო. წარსული ისტორიას ჩაბარდა. მე მიკვირს ამდენ ხანს რატომ გიდევთ აქ ლენინის ძეგლი. ვთხოვოთ სებას, გაათრიოს აქედან. – შენ არ იყავი რომ ყოველღამე მაგ ძეგლის უკან იმალებოდი, როცა ჩემს პატრონს ქათმებს ჰპარავდი! – წამოიძახა მარხილმა. – ზოგიერთები წარსულს ვერ ივიწყებენ, მეგობრებო. წარსულს თავისი ანგარიშები ჰქონდა. მე პირადად, გავასწორე ჩემი ანგარიშები წარსულთან და თქვენ შორის თუ ვინმეა მარხილის გარდა კიდევ ისეთი, რომელსაც ჩემი წარსული ადარდებს, მე ვთხოვ საკუთარ გულში ჩაიხედოს ყველამ. მაშინ დრო იყო ასეთი. ყველაფერს თავის დრო აქვს მეგობრებო. მაშინ ასე იყო საჭირო და ასე ვმოქმედებდი; ახლა სხვა დროა. ახლა დემოკრატიის დროა. ძველი წყენა უნდა ვაპატიოთ ერთმანეთს, თუ გვინდა რომ მუზეუმი გვერქვას. მე პირველი გაძლევთ მაგალითს და რომ უფრო მეტად დამიჯეროთ თუ გინდათ სახელს გამოვიცვლი, მელიას მაგივრად, შელიას დავირქმევ. მგელიას დავირქმევდი, მაგრამ ეს ამბავი შეიძლება მგელს ეწყინოს მეგობრებო, მე ვფიქრობ, ისევ შელია სჯობია, დემოკრატიას ასეთი სახელები უხდება. დემოკრატია, სხვათაშორის, სალანძღავი სიტყვა არ არის. იგი თქვენი მონაპოვარია, ყველასი ერთად; თქვენ რომ ხმა არ აგემაღლებინათ, ახლაც თოფების ბათქა-ბუთქი იქნებოდა ამ მუზეუმში. დამემოწმებიან ჩემი მეგობრები: ფიწალი, სადგისი და სხვანი კიდევ, ჩემთვის თვითმიზანი არ არის ამ მუზეუმის პრეზიდენტობა. აქ ბევრი ისეთი ნივთია, მეგობრებო, თავმოყრილი, რომლებიც ჩვენ ისტორიას შეადგენენ. მორიდება და სიფრთხილეა მათთან საჭირო. რა თქმა უნდა, ყველას კუთვნილი ადგილი ეკუთვნის ამ მუზეუმში, მაგრამ თუ დემოკრატიას ვაშენებთ, მხოლოდ წარსული რეგალიები არ კმარა. მე პატივს ვცემ ნინია აფციაურის ნაქონ ხმალს, მაგრამ სადგისსაც ხომ მიუძღვის თავისი დამსახურება. მართალია ჩვენს მუზეუმს ფანჯრები არა აქვს და გარეთ რა ხდება არ ჩანს, მაგრამ ერდოებიდან სინათლეს ვხედავ მეგობრებო, მზეს ვხედავ და მინდა დაგარწმუნოთ, რომ იმ მზის შუქი ყველას ერთნაირად გეკუთვნით. ცოტა ხანში უფრო გაკაშკაშდება ეს შუქი. ერდოდან ძველ გზასაც ვხედავ, რომელსაც გორგასლის გზა ჰქვია და პატივსაც ვცემ, ჩემი მელიად ყოფნის დროს ბევრჯერ გამივლ-გამომივლია ზედ, მაგრამ ჩვენ სხვა გზებიც უნდა ვეძებოთ, ახალი გზები უნდა ვეძებოთ, ის გზები უნდა ვეძებოთ, რომელი გზებიც სხვა საერთაშორისო დემოკრატიულ მუზეუმებთან დაგვაკავშირებს. მე მინდა ძალაუფლება ვითხოვო, რომ მუზეუმში წესრიგი დავამყარო. ყველაფრის ნება უნდა მომცეთ. ჩემ თავზე ვიღებ ყველაფერს. – ერთი კაცი შენ თავზე როგორღა იღებ მუზეუმის ბედს! – იყვირა ფარმა. – ისე ვიღებ, რომ ვთხოვ სებას და შენნაირ მოწინააღმდეგეებს დროებით აიმ კიდობანში გამოვამწყვდევინებ – სებავ, თუ შეიძლება ფარი კიდობანში ჩადეთ დროებით ,– მიუბრუნდა სებას მელიის ფიტული. სებამ ფარი კიდობანში ჩადო. – აი, ასე მეგობრებო! – თქვა მელიამ და იმ დღის მერე მისი ბრძანებით ხან რომელ ნივთს ჩადებდა სებაი კიდობანში, ხან რომელს. ხმალი, ხანჯლები, ფარი, ფანდური და ვეფხისტყაოსანიც კი კიდობანში გამოამწყვდია. სხვადასხვა კედლებზე ჩამოკიდებულ ნივთებში თავისი მომხრეები გაიმრავლა მელიამ და ისე მოაწყო საქმე, რომ ჯერ რკინის ფიწალი ჩაადებინა სებას კიდობანში, მერე ხის ორთითა და ამის შემხედვარე სადგისს ისე შეეშინდა, იმის შიშით მეც კიდობანში არ ჩამდონო, მელიის წინაშე თავი გამოიჩინა და დათვის ფიტულს შეერჭო უკნიდან. – ვაი! – დაიღრიალა დათვმა. – რა გაყვირებს ასე ხმამაღლა! – ჰკითხა მელიამ. – როგორ თუ რა მაყვირებს, ვერა ხედავთ უადგილო ადგილას რო შემერჭო სადგისი. – ვხედავ, მაგრამ საკითხავია, რატომ შეგერჭო? – იმიტომ შევერჭე, რომ პრეზიდენტობაზე დებდა თავს, – ნიშნისმოგებით თქვა სადგისმა. – რა მოხდა მერე, ჩვენ დემოკრატიული მუზეუმი გვაქვს და ყველას უფლება აქვს კენჭი იყაროს, – საქციელი დაუწუნა მელიამ სადგისს. სადგისი დათვს მოშორდა, არწივთან აიტუზა. – მეც არ შემერჭო, თორეე! – ნისკარტი მოიღერა არწივმა. სადგისი მელიის ფიტულთან მიგორდა: – ვიზეც თქვენი ბრწყინვალება მიბრძანებს, იმ წუთას უადგილო ადგილას შევერჭობი. – მომწონს შენი ერთგულება, მაგრამ შერჭობით საქმეს გავაფუჭებთ. მე აქ თითქმის ყველას ვიცნობ, მაგრამ ზოგიერთზე მაინც მჭირდება დამატებითი ინფორმაციები. ჩემი აქ არყოფნის დროს ბევრი რამ თვალთახედვიდან გამომრჩა. ამიტომ დროებით შერჭობა-გამორჭობას თავი გაანებე და ინფორმაციები მომაწოდე საეჭვო ექსპონატებზე. პირველ რიგში იმათზე, ვისაც პრეზიდენტად ყოფნის სურვილი არ ასვენებს. განსაკუთრებით დათვზე, არწივზე და კიდევ იმათზე ვისაც ეს სურვილი ხმამაღლა არ გამოუმჟღავნებია. პრეზიდენტის ნდობით გაამაყებული სადგისი ისე დატრიალდა მუზეუმში, მნახველს რომ არ სცოდნოდა რომ სადგისია, ციბრუტი ეგონებოდა. საქმე №1. დათვი (დოსიე დათვის ფიტულზე „გუდამაყრის მუზეუმის" ექსპონატებიდან) სიყვარულმა კბილის ტკივილიც კი გადაავიწყა დათვს. დღე და ღამე სოფლის გარშემო დაეხეტებოდა და ირემიანთ სამძივარს უთვალთვალებდა. სიყვარულმა და უჭმელობამ ჩამოახმო საღარა. ეს სახელი დათვებმა იმიტომ შეარქვეს, რომ შუბლიდან ცხვირის გასწვრივ დრუნჩამდე თეთრი ქათქათა ზოლი ჩამოსდევდა მის რუხ- მწვანე ბალანს. ახალგაზრდა დედალი დათვები ამაოდ ეტრფოდნენ საღარას. იგი მათ ყურადღებას არ აქცევდა, არ ესმოდა მათი გულის ბაგა-ბუგი, როცა ისინი გვერდზე აეტუზებოდნენ და ვნებიანად ადებდნენ გავაზე გავას. საღარას ადამიანის სიყვარული ჰქონდა გულში დანთებული. ღამ-ღამობით, როცა თავის ბუნაგში შეყუჟულს ჩასთვლემდა, მაშინაც კი მთვარესავით პირბადრი სამძივარი ელანდებოდა. გამოვარდებოდა ბუნაგიდან, დაეშვებოდა ქვემოთ, სოფლისაკენ, მიამტვრევდა თხილიან ტყეს და კბილის ტკივილსაც კი არაფრად აგდებდა. ისე ახლოს მიდიოდა სოფელთან, იმის გადამკიდე ძაღლებს, მთელი ღამე ყეფით ხმები ჰქონდათ ჩაწყვეტილი. რამდენჯერმე თოფებითაც გამოუცვივდნენ სოფლიდან, დასჭრეს კიდეც ორჯერ თუ სამჯერ. ერთხელ წინა ფეხი გადაუმტვრიეს ტყვიით და რამდენიმე ხანს ბუნაგში ეგდო, ვეღარ დადიოდა, ლოკვით ძლივს მოირჩინა ჭრილობა. მაინც სამძივარზე ფიქრობდა, მაინც მისი სახე და აშოლტილი ტანი ედგა თვალწინ. სიარული რომ შესძლო, წყაროსაკენ ჩაუყვა ტყეს და წიფლის უკან ჩამალული უთვალთვალებდა სოფლიდან წყაროზე მოსიარულე ხალხს. აგე, სამძივარიც გამოჩნდა და იმის დანახვაზე ლამის გული წაუვიდა საღარას. სამძივარმა კოკა წყაროს წყლით აავსო, მხარზე შეიდგა და ისევ ბილიკს გაუყვა სოფლისაკენ. ხედავდა საღარა, რომ ადამიანები მისგან განსხვავებით ორ ფეხზე დადიოდნენ და იმდენი ეცადა, სანამ თვითონაც მათსავით ორ ფეხზე არ ისწავლა სიარული. მისი შემხედვარე დათვები გაკვირვებას ვეღარ მალავდნენ და როცა საღარას ორ ფეხზე სიარული ჩვევად გადაექცა, შემოსწყრნენ: – ჩამოუშვი ფეხები, რა კაცივით დაიზლაზნები! – გაუწყრა ერთხელ მამამისი, რომელიც ამ ტყეში მყოფი დათვების ბელადად ითვლებოდა. საღარა მამის ბრძანებას დაემორჩილა და ჰაერში აწეული წინა თათები მიწაზე ჩამოუშვა. – დროა ოჯახი შექმნა და შვილები გაიჩინო! – ჩაიბურტყუნა საღარას მამამ და კანკეშიან ხევს აუყვა აღმა. საღარა ხანდახან თავის დედასაც ხვდებოდა ტყეში და ისიც ყოველთვის ერთსადაიმავეს უმეორებდა: – ოჯახი, შვილო, ოჯახი გაიჩინე, გაახილე თვალი, ვერა ხედავ რა ლამაზი დათვები შემოგტრფიალებენ. შენმა ძმამ უკვე ორი წყება ცოლ-შვილი გაიჩინა. ნუ დაეხეტები წარამარა. საღარა ნაღვლიანად შეხედავდა ხოლმე დედას და თხილიან ტყეში ლაწა-ლუწით დაეშვებოდა დაბლა, სოფლისაკენ. ტყის პირას ჩაჯდებოდა ბუჩქებში და სამძივარის გამოჩენას ნატრობდა. თავის ბუნაგში მარტოკა ცხოვრობდა საღარა. კლდის ძირას, ხავსიან ლოდებს შორის ჰქონდა სორო, რომელსაც გამოქვაბული უფრო ეთქმოდა, სადაც მარტო საღარა კი არა, დათვების დიდი ოჯახი დაეტეოდა. შესასვლელი კლდის ჩამონაშალი ლოდებითა და წიფლის ხეებით იყო ამოშენებული. შიგნით თივა და ცხვრის ტყავები ეყარა. ისეთი თბილი და მყუდრო, მზისგული ადგილი იყო, მთელი ზამთარი სიცივეს ვერ გრძნობდა საღარა. გაეხვეოდა ცხვრის ტყავებში და ეძინა. ეძინა და თან თათებს ილოკავდა დამშეული. ეძინა და ძილ-ბურანში სამძივარის სახე ელანდებოდა. დროდადრო ნაღვლიანად წამოიკვნესებდა. იქაურ დათვებს შორის ყველაზე ადრე საღარა გრძნობდა გაზაფხულის დადგომას. ოდნავ გათბებოდა თუ არა მიწა, მარტის მდინარესავით აუჩქეფდებოდა ძარღვებში სისხლი საღარას, გამოვარდებოდა ბუნაგიდან და ჯერ კიდევ თოვლიან ტყეში ლაწა-ლუწით დაეშვებოდა ქვემოთ, სოფლისაკენ. ამის გამო, მამის წყრომაც დაიმსახურა: – რა დაგრჩა ი სოფელში, რა წარა-მარა იქეთ გარბიხარ, განა ყოველთვის გადაურჩები ადამიანებს. თოვლს მაინც დააცადე აშრობა, თორემ შენ კვალს გამოჰყვებიან და ბუნაგშიც მოგაგნებენ, – დატუქსა მამამ და ისევ ბურტყუნით აუყვა ხევს. საღარა ვერ გრძნობდა ადამიანების მხრიდან იმ შიშს, რასაც სხვა დათვები გრძნობდნენ. მართალია რამდენიმეჯერ თოფებითაც დაედევნენ, მაგრამ მას მაინც უყვარდა ადამიანები და სიყვარულის მეტი, არაფერი არ ეწეოდა მათკენ. სიყვარულით ჩქეფდა მის ძარღვებში სისხლი. სიყვარულის ძალა ამაგრებდა მის მუხლებს. უყურებდა სოფელს და სიყვარული იღვრებოდა მისი მზერიდან. და ერთხელაც ისე დაუბნია სიყვარულმა თავგზა, ვეღარ მოითმინა, წყაროზე გადმოსულ სამძივარს მიეჭრა დღისით, მზისით და გაიტაცა. ქალმა შეკივლებაც კი ვერ მოასწრო, დათვი რომ დაინახა, გული წაუვიდა, გრძნობაზე მხოლოდ დათვის ბუნაგში მოვიდა. მიმოიხედა, გვერდზე დათვი ეწვა და ეალერსებოდა. ისევ წაუვიდა სამძივარს გული. მერე რამდენჯერაც გრძნობა დაუბრუნდა, იმდენჯერ დათვი გვერდით ეწვა, თათებით გულში იხუტებდა და ეალერსებოდა. ხანდახან დათვი გამოქვაბულიდან მიდიოდა და შემოსასვლელს ქვებით ჩახერგავდა, რომ ქალი არ გაქცეულიყო. უკან მობრუნებულს სამძივარის საჭმელად მოჰქონდა: კანკეშა, დუცი, დიყი, შუპყა და ტყის ხილი მთლიანი ტოტებით. დამშეულ სამძივარს მეტი გზა არ ჰქონდა, დათვის მორთმეული ძღვენით ირჩენდა თავს. ხანდახან დათვს ნანადირევი ცხვარიც მოჰქონდა და უმი ხორცის ჭამასაც მიეჩვია ქალი. საღარა მეტისმეტად ალერსიანი იყო მის მიმართ. გამოქვაბულში ჩამოდიოდა კლდის ნაჟური და იმით იკლავდა წყურვილს სამძივარი. შემოსასვლელს ყოველთვის დიდი ლოდებით კეტავდა დათვი. მუცელიც გამოებერა სამძივარს და ზამთარიც დადგა. საღარამ იმდენი ცხვრები მოზიდა, გამოქვაბული სულ ცხვრის ტყავებით იყო მოფენილი. აღარ დაუძინია ამ ზამთარს საღარას. დღედაღამ სამძივარზე ზრუნავდა, ტყიდან მოჰქონდა მწოროს ნაყოფი, ძახველი, გამხმარი ასკილი და იმას აჭმევდა ქალს. მარტის დასაწყისში ორი პატარა დათვის ბელი მოევლინა მათ გამოქვაბულს. დღე გადიდდა. დათბა. ზვავის პირებში ჩადუნა და კანკეშა ამოვიდა. ახლა მეკვერებსაც აჭმევდა დათვი კანკეშას. გამოქვაბულიდან რომ მიდიოდა, არასოდეს არ ავიწყდებოდა შემოსასვლელის ქვებით ამოქოლვა. და ერთხელაც, სამძივარმა შეამჩნია რომ ქვებს შორის მოზრდილი გასავლელია დარჩენილი. მეკვერები გამოქვაბულში თამაშობენ. საღარა საზრდოსთვის არის წასული. ქალი ქვებსშორის გაძვრა. მეკვერებმაც დააპირეს უკან გაყოლა, მაგრამ ქალმა უკან შეაბრუნა და გასასვლელი ქვებით ამოქოლა, რომ ვეღარ გამომძვრალიყვნენ. გამოიქცა სამძივარი და მოპირდაპირე კლდეში დაიმალა. ფიქრობს: არ იცის რა ქნას. სოფელში წავიდეს? სოფელში ვინღა მიიღებს დათვის ნაცოლარს? არა და რა ქნას? როგორ მოიქცეს? სად წავიდეს? თავი მოიკლას?! – არა! არა!!! – თვითონვე შეეხმიანა თავის ფიქრს. უცებ ხმაური მოესმა. გაიხედა და დაინახა, რომ საღარა გამოქვაბულის შესასვლელთან ქვებს ყრიდა. ქალი ლოდებში ჩაიმალა და იქიდან დაუწყო თვალთვალი. შევიდა დათვი შიგნით და მალევე გამობრუნდა უკან. ხან იქით ეცა და ხან აქეთ. სამძივარს ეძებდა. ლაწა-ლუწით დაეშვა ქვემოთ, როგორც ჩანს სოფლისაკენ. ჩქარადვე ამობრუნდა უკან. ღმუოდა. წინა თათებს თავში ირტყამდა. ლოდებში ჩამალული სამძივარი ხედავდა: დათვმა მეკვერებს ტორები მოხვია და აღმართს აუყვა კლდის პირზე. კაცივით მიდიოდა უკანა ფეხებზე შემდგარი. მეკვერები იღლიებში ჰქონდა აქეთ-იქით ამოჩრილი. ავიდა მაღალი კლდის თავზე. გაჩერდა. ჯერ მეკვერები გადაყარა კლდიდან, მერე წინა თათები კაცივით აიფარა თვალებზე და თვითონაც უფსკრულში ჩაიჩეხა. ქალი კარგა ხანს ფეხის გადადგმას ვერ ბედავდა და მხოლოდ ღამე გამოვიდა სამალავიდან. მთვარის შუქზე ჩანდა, როგორ გარბოდა მთის თხემზე სამძივარი... ეს ფიტული კი სწორედ საღარას ტყავისაგან გააკეთა მონადირემ, რომელიც კურდღელს მისდევდა და მის მაგიერ ლოდებსშორის ჩაჩეხილ დათვს გადააწყდა. აი, ეს გახლავთ, ბატონო, ჩემო ამ ფიტულის დოსიე და თქვენ უკეთ მოგეხსენებათ, რა ბრალდება შეიძლება წაუყენოთ მას: ადამიანის მოტაცება- გაუპატიურების მიზნით და განზრახულის სისრულეში მოყვანა, შვილების დახოცვა თუ თვითმკვლელობა. სამივე ისეთი მძიმე ცოდვაა, მათი ჩამდენის ფიტული, მე მგონი აღარ უნდა ფიქრობდეს მუზეუმის პრეზიდენტობაზე. მარად თქვენი მონა-მორჩილი – სადგისი! საქმე №2. არწივი (საიდუმლო ინფორმაცია არწივის ფიტულზე, მოპოვებული სადგისის მიერ) დედალი არწივი ჭიუხის თავზე იშენებდა ბუდეს. ნისკარტით გლეჯდა ქვიშა-ბალახს და ქვებს შორის აფენდა ძველ საბუდარზე. რამდენიმეჯერ არაგვის ჭალებშიც ჩაფრინდა და იქედან ხის ტოტები წაიღო ბუდის გასამაგრებლად. ჭიუხის თავზე გამუდმებით ქროდა ქარი და ბუდეზე დაწყობილ ხმელ ბალახს ადვილად იტაცებდა. ამიტომ არწივი ხერხს ხმარობდა, ხის ტოტებს აწყობდა ბუდის გარშემო და ამ ტოტებში აქსოვდა ბალახს. ამჯერადაც, არაგვის ჭალაზე დაგდებულ ხის ტოტს დაეტანა ასაღებად, მაგრამ ხის ნაცვლად გველი შერჩა და არწივმაც აღარ დაიხია, ხერხემალში ჩაუნისკარტა. ტკივილისაგან გამწარებულმა გველმა საშინლად დაიწივლა და დაიკლაკნა. არწივმა მეორედ ჩაარტყა ნისკარტი და წელში გადატეხა. გველმა გაქცევა სცადა, მაგრამ ნახევარი ტანი ვეღარ წაითრია. არწივმა წელში ბრჭყალები ჩაასო და ჰაერში აიტაცა, აიტანა ჭიუხის თავზე, კლდეზე დაახეთქა და თვითონაც ზედ დააცხრა. რამდენიმეჯერ ისე მძლავრად ჩაარტყა თავში ნისკარტი, სული გააფრთხობინა. მერე კისერი წინ წაიგრძელა, მწვერვალიდან ქვეყნიერებას გადახედა და დაიყეფა. მის დაძახილზე საიდანღაც გამოჩნდა მამალი არწივი და ფრთებდაკეცილი შხუილით დაეშვა იმ ადგილას სადაც დედალი არწივი იჯდა. რამდენიმე წუთში გადასანსლეს არწივებმა გველი. ნისკარტები ქვებზე შეიწმინდეს და წყლის დასალევად ჩაფრინდნენ ქვემოთ. უკანმობრუნებულმა დედალმა არწივმა ნისკარტით ისევ მოიტანა ქვიშა-ბალახი, ბუდეში ჩააფინა და თვითონაც შიგ ჩაჯდა კვერცხების დასადებად. მამალი არწივი მის ზემოთ უვლიდა ირაოს. დროდადრო გაჭიმულ ფრთებს შეარხევდა და დაიყეფებდა. დედალმა ორი კვერცხი დადო. წამოიწია, ფრთები შეიკეცა და კვერცხებს დახედა. მერე ისევ ბუდეში ჩაჯდა. კარგა ხანს იჯდა ბუდეზე არწივი. ქარი უქოჩრავდა ბუმბულს. ხანდახან ღრუბლები მოჯარდებოდნენ კლდის თავზე და ატყდებოდა გრგვინვა, ჭექა-ქუხილი. ღრუბლებიდან გამოსხლტებოდა მეხი, დაეცემოდა ჭიუხს და ბოლს აადენდა. წამოვიდოდა წვიმა, ხან სეტყვა. არწივი ამ დროს მთელ სიგანეზე გაშლიდა ფრთებს და ბუდეს გადააფარებდა, რომ შიგნით სეტყვა და წყალი არ ჩასულიყო. თავშიც ეცემოდა ხოშკაკალა, მაგრამ არწივი ტკივილს არ იმჩნევდა, ერთგულად იჯდა ბუდეზე. არც მეხის გაუთავებელი ბათქა-ბუთქი უკრთობდა გულს. მწვერვალებზე ჩქარა იცის გამოდარება. ჭიუხები ისევე მალე გადაიყრიან ხოლმე ღრუბლებს, როგორაც მალე მოიღრუბლებიან. გადაიღებდა თუ არა წვიმას, არწივი ბუდიდან წამოიწეოდა, გვერდზე გადადგებოდა და ბუდის მოშორებით დაიბერტყავდა სველ ფრთებს, მერე კი ისევ მალედვე უბრუნდებოდა ბუდეს, რომ კვერცხები არ გაცივებულიყო. ხანდახან ტაფობ ქვებში ჩაგუბებული წვიმის წყლით იკლავდა წყურვილს, მაგრამ როცა მზიანი ამინდები დადგებოდა, ეს გუბეები მალე ამოშრებოდნენ ხოლმე და არწივს ბუდის მიტოვება უხდებოდა. წყურვილის მოსაკლავად არაგვისაკენ მიფრინავდა ქვემოთ. გაგისაც სწორედ ასეთ დროს მოუხდა ჭიუხზე ასვლა. დაჭრილ ჯიხვს გაეკიდა და კლდეებში სისხლის კვალი დაკარგა. გაგი მწვერვალზე ავიდა, რომ იქიდან მოეთვალიერებინა მიდამო, იქნებ იქედან დაენახა, სად დაემალა დაჭრილი ჯიხვი. არწივის ბუდეს წააწყდა გაგი. დედალი არწივი ამ დროს წყლის დასალევად იყო წასული. მონადირეს ყეფა მოესმა. ზემოთ აიხედა. მამალი არწივი დასტრიალებდა თავზე და როგორც ჩანს კამარის შესაკვრელად ემზადებოდა. გაგიმ სასწრაფოდ მოიხსნა გუდა, არწივის კვერცხები შიგ ჩააწყო და ისევ ზურგზე მოიკიდა. სწორედ ამ დროს შხუილი მოესმა და მიხვდა რაც ელოდა: მამალი არწივი მოექანებოდა მისკენ. დაიგრიალა გაგის თოფმა და მის ფეხებთან დაეხეთქა არწივი, რომელსაც მკერდიდან ჩქეთად გადმოსდიოდა სისხლი. მარტო ერთხელ წამოსწია არწივმა თავი, პირი გააღო და იქიდან ყეფის მაგივრად, ოდნავგასაგონი ხრიალი აღმოხდა. ბრჭყალები მოკუმშა და მარცხენა ფეხი მძლავრად გაიქნია ჰაერში. გაგიმ მკვდარი არწივი წელზე შეიბა და ქვემოთ დაეშვა. რამდენიმე ხანში დედალი არწივი წამოეწია ყეფით და კინაღამ კლდიდან გადმოაგდო. თოფის დატენვას ვეღარ ახერხებდა, ისე გულდაგულ ეტანებოდა არწივი. ძლივს ჩააღწია გამოქვაბულამდე და იქ შეაფარა თავი. დიდხანს ტრიალებდა გამოქვაბულის წინ არწივი. გაგიმ თოფი დატენა და ესროლა. ტყვიამ ბუმბული გააყრევინა არწივს, რომელიც გამწარებული ყეფით მოსცილდა იქაურობას. შუაღამისას დაბრუნდა გაგი სახლში. ცოლი ფეხმძიმედ ჰყავდა და არ ეძინა. – ნახე, რა მოგიტანე! – კვერცხები ამოაწყო გულიდან გაგიმ. – რის კვერცხებია? – არწივის, – უთხრა გაგიმ და მკვდარი არწივი შემოიტანა სახლში. – უი, გაგი, რატომ მოკალი, ცოდოა, ბუდეზე მჯდარი არწივის მოკვლა ვის გაუგია? – ეს მამალი არწივია, მე რომ არ მომეკლა, ის მომკლავდა, ტყვიასავით მოქანავდა ჩემსკენ. – ეს კვერცხები რატომღა წამოიღე? – იღბალი არ გავუშვი ხელიდან. – რა იღბალი?! – გამიგია, მონადირე თუ არწივის კვერცხებს იპოვის დიდი იღბალია. იმ კვერცხებს თუ ფეხმძიმე ქალი შესჭამს, არწივივით მაგარ ვაჟს დაბადებს. – მაგას რა შემაჭმევს. – თუ არ გინდა არ გაძალებ, – გაიცინა გაგიმ და არწივის კვერცხები საგულდაგულოდ შეინახა. მეორე დღეს მამალი არწივის ფიტულის კეთება დაიწყო გაგიმ. მთელი სოფელი ეხმარებოდა ამ საქმეში. გავიდა რამდენიმე დღე და გაგიმ თვალი მოჰკრა, რომ ცოლი ერბოკვერცხს იმზადებდა. ჩუმად ჩაამტვრია ჯამში არწივის კვერცხები. ცოლმა ვერ შეამჩნია. მადიანად მიირთმევდა ქალი ერბო-კვერცხს. მის შემხედვარე გაგის სიამაყით ევსებოდა გული. მას სჯეროდა წინაპრების ნათქვამი, სჯეროდა რომ ამის მერე არწივივით მაგარ ვაჟს გააჩენდა მისი ცოლი. მათი სოფელი წმინდა ადგილად ითვლებოდა და ამიტომ ან მამის სახლში მიდიოდნენ ქალები მოსალოგინებლად, რაკი აქ მშობიარობა არ შეიძლებოდა, ან სოფლის მოშორებით მდგარ ქოხში მშობიარობდნენ. როცა მშობიარობის დრომ მოუწია მამისახლში წავიდა გაგის ცოლი. გზა მთებში მიდიოდა აღმა. ასეთ დროს კაცი ვერ გაჰყვებოდა ცოლს, სირცხვილად ითვლებოდა მელოგინე ქალის გვერდით ქმრის სიარული და გაგისთვის არც უთქვია, ისე წავიდა ქალი მშობლებთან. წვერწამოშვერილ კლდეებთან მოუწია მშობიარობამ. კლდის ძირას გააჩინა ვაჟი. და –?!!! ვაჟთან ერთად გველის წიწილი, რომელიც პატარა ბიჭს ჰქონდა შემოხვეული. როდესაც ქალმა ატირებულ ბიჭს ძუძუ ჩაუდო პირში, მეორე ძუძუზე იმ გველმა დაუწყო წოვა. ქალი ზიზღს და შიშს ვერ გრძნობდა. ისეთივე სიყვარულით დაჰყურებდა გველს, როგორც ბიჭს. ძუძუ რომ მოწოვეს, ბიჭსაც ჩაეძინა და გველსაც. ქალმა ჩიქილაში შეახვია ისინი და მამის სახლისაკენ გაუყვა გზას. ორმოცი დღის მანძილზე მშობიარეთათვის განკუთვნილ ქოხში ცხოვრობდა. აქ მოუტანა დედამ ბავშვისათვის აკვანი. ქალი არც დედას უმხელდა, რომ ბიჭთან ერთად გველი გააჩინა. დედის თანდასწრებით არასოდეს აწოვებდა ბიჭს, რათა არ დაენახათ რომ მეორე ძუძუზე გველი სწოვდა. მშობიარობის მეშვიდე დღეს ბიჭს უცნაური შუქით გაუნათდა მარცხენა მხარი. მერე ნათება თანდათან ჩაქრა და არწივი გამოესახა ბიჭს მხარზე. ახლაღა გაახსენდა ქალს, რომ როცა მშობიარობდა კლდის თავზე არწივი დაფრინავდა და ყეფდა. ბიჭი აკვანში ჩააწვინა. გველი აკვნის მკლავს შემოეხვია და ქალმა შეამჩნია, რომ თუ ბიჭი ტირილს წამოიწყებდა, გველი პირში კუდს ჩაუდებდა და აჩუმებდა. კარგა ხანს მალავდა ქალი ამ ამბავს, მაგრამ, როცა შინ დაბრუნდა, გაგიმ იმ დროს შეუსწრო, როცა გველი აკვნის მკლავზე იყო შემოხვეული. გადაირია გაგი. ეგონა გველი ბიჭის დაკბენას აპირებდა და აღარ იცოდა როგორ მოეკლა, რომ ბიჭს არაფერი დაშავებოდა. ჯერ შვილი აიტაცა აკვნიდან და საწოლზე დააწვინა. მერე აკვანს წამოავლო ხელი და მასთან ერთად მოისროლა გველი გარეთ. ქალს ხმა არ ამოუღია. გამტკნარებული იდგა. გაგიმ თოფს წამოავლო ხელი და გარეთ გავარდა. რამდენიმეჯერ ესროლა აკვანს. გველი ბალახებში მიიმალა. . . . სამკალზე იყვნენ გაგი და მისი ცოლი. ბიჭი ყანაში თამაშობდა. ჰაერში არწივის ყეფა გაისმა. იმ დროს გაიხედა გაგიმ, როცა არწივი დაბლა დაეშვა. გაგი ბიჭისაკენ გაიქცა, მაგრამ არწივმა დაასწრო, ბიჭს ხალათში ჩაავლო კლანჭები და ჰაერში აიტაცა. თოფის სროლას აზრი არ ჰქონდა. მაღლა და მაღლა მიფრინავდა არწივი და ბიჭს მიიყოლებდა თან. დიდხანს ეძებდა ჭიუხებში გაგი არწივს. ავიდა იმ კლდეზეც, საიდანაც კვერცხები მოიტაცა, მაგრამ იქ ქარისა და ჭექა-ქუხილისაგან აწეწილი საბუდარის მეტი ვერაფერი ნახა. კარგა ხანს ამაოდ ეძებდა და ვერსად ვეღარ გადააწყდა ბიჭის კვალს გაგი. არწივებს კი ხედავდა, მაგრამ არც ერთ მათგანს ბიჭი არ ახლდა თან. გამწარებული გაგი ამათზე იყრიდა ჯავრს. სადაც არწივს დაინახავდა, თოფს ესროდა. ისინიც სცნობდნენ გაგის და ერიდებოდნენ. კარგა ხნის მერე არწივის ყეფამ მაღლა აახედა შავადჩაცმული გაგის მგლოვიარე ცოლი. არწივი მის თავზე ტრიალებდა და უკან პატარა მართვე მისდევდა ფრენით. არწივის მართვე უცნაური შუქით ანათებდა. ასეთი შუქი ქალს სადღაც ენახა და ახლა გაახსენდა: მის ბიჭსაც სწორედ ასეთი შუქით უნათდებოდა ხოლმე მარცხენა მხარზე გამოსახული არწივი. – შვილო ! შვილო ! – იკივლა ქალმა და ხელები გაიშვირა მაღლა. მისი ხმა არწივის ყეფამ დაფარა. არწივმა კლანჭები გაშალა და შვილის ჩონჩხი ჩამოუგდო დედას. ქალმა ვერ დაინახა ჰაერში მოფარფატე ძვლები, რომლებიც სუსტი სტვენით ეშვებოდნენ მიწისაკენ. ქალი ამ დროს უცნაური შუქით განათებულ არწივის მართვეს უყურებდა და მთელი ხმით ყვიროდა: – შვილო! შვილოო! . . . ბატონო შელია! არის ეჭვი, რომ ის გველეშაპი, რომელიც რუსის ჯარს ეჩვენებოდა ამ ბასტიონში და რის გამოც გაიქცნენ რუსები აქედან, სწორედ ის გველი იყო, ბიჭთან ერთად რომ დაიბადა. ეტყობა გაიზარდა და გველეშაპად იქცა. არწივები კი დღესაც უცნაური შუქით ანათებენ საქართველოს ცაზე. ამ არწივის ფიტულშიც, უნდა ვივარაუდოთ რომ დიდი საიდუმლოა ჩაბუდებული. „ გუდამაყრის მუზეუმს" თუ არწივი ჩაუდგა სათავეში, სხვანაირი შუქით გაბრწყინდება მუზეუმი. ძვირფასო მელია! ბატონო შელია! უნდა ვეცადოთ, რომ არწივმა კენჭი არ იყაროს საპრეზიდენტო არჩევნებში. და თუ მაინც მოახერხებს და კენჭს იყრის, უნდა გავაყალბოთ მისი ხმები. მოწიწებით და პატივისცემით – სადგისი. საქმე №3. დამბაჩა ანუ სახელის ქმნა (საიდუმლო ინფორმაცია გუდამაყრის მუზეუმში ჩამოკიდებულ დამბაჩაზე) სიცოცხლე უხაროდა ათნოხელ გამიხარდას. ტყუილუბრალოდ ჭიანჭველასაც კი არ დაადგამდა ფეხს. სიმღერა უყვარდა და მღეროდა. ცეკვა უყვარდა და ცეკვავდა. როცა მთის იქეთიდან სათარეშოდ გადმოსულ მტერს დაედევნებოდნენ მისი სოფლელები, ისიც მათთან ერთად იყო, მაგრამ არასოდეს არ ესროდა მომხდურებს. რაღაცა იდუმალი ძალა არ აძლევდა კაცის კვლის უფლებას. ვისაც რამდენიმე მტერი ჰყავდა მოკლული, ის სახელიანი იყო და სოფელი მოწიწებით ეპყრობოდა. ვინც მტერს ვერ კლავდა, ცდილობდა ჩხუბში მაინც ეშოვა სახელი და მთელ ამ მხარეში თითქმის ვერ ნახავდით კაცს, რომ ხანჯლით, ან ხმლით ჩაკეჭნილი თავპირი არ ჰქონოდა. კეჭნიდნენ ერთ-ურთს ხატობებში. კეჭნიდნენ ქორწილებში. კეჭნიდნენ და მერე დამჭრელი დაჭრილს საზღაურს უხდიდა. ნაჭრილობევს პურის მარცვლებით ზომავდნენ თემის უფროსები. რამდენი მარცვალიც ჩაეტეოდა ჭრილობაში, იმდენი ძროხა უნდა გადაეხადა დამჭრელს დაჭრილისათვის. საქორელმა ბათარეკამ ეს საქმე შემოსავლის წყაროდ გაიხადა. დადიოდა ბათარეკაი სოფლიდან-სოფელში, სადაც მთვრალ ხალხს დაიგულებდა ხელად იქ გაჩნდებოდა, ძალად შარს ასტეხავდა და როცა ხანჯალს მოუქნევდნენ, ისე ოსტატურად მიუშვერდა თავს რომ არ ყოფილა შემთხვევა ჩხუბიდან დაუჭრელი გამოსულიყვეს. რაღა თქმა უნდა შეიყრებოდნენ ამის მერე თემის კაცები, გაარჩევდნენ მოჩხუბართა საქმეს, პურის მარცვლებით ბათარეკაის ჭრილობას გაზომავდნენ და დამჭრელიც მოჰგვრიდა ძროხებს, ცხვრებს, სპილენძის ქვაბებს. გამდიდრდა ბათარეკაი. უფრო მეტი სიმდიდრე მოუნდა და საცა მოქნეულ ხანჯალს დაინახავდა იქ უშვერდა თავს. როგორც იყო გაუგეს ეშმაკობა. ერიდებოდნენ ბათარეკასთან ჩხუბს. იმის დანახვაზე მოჩხუბრები უცებ ჩააგებდნენ ხოლმე ქარქაშებში ხანჯლებს, რომ ვითომ გასაშველებლად მათ შუა ჩამდგარ ბათარეკას, ხანჯლის პირისთვის არ მიეშვირა თავი. – ეეხ, წახდა ხალხი, წახდა! – ოხრავდა ბათარეკაი და შარს ეძებდა. გუდამაყრის მუზეუმის მარცხენა კედელზე რომ სპილოსძვლიანი ხანჯალი ჰკიდია, სწორედ მაგ ხანჯალს ახსოვს ყველაზე კარგად ბათარეკაის შარისმძებნელი თავი. როგორ? ისე გაამწარა ბათარეკამ მაგ ხანჯლის პატრონი, ვეღარ მოითმინა და მთელი ძალით გადაუშხუილა მიშვერილ თავზე. აღარ დასჭირდათ ჭრილობის გასაზომად პურის მარცვლები. ტვინი და სისხლი ერთნაირად მოსჩქეფდა ბათარეკაის თავიდან. დასაფლავების წინა დღეს ვიღაცამ სამოცდათექვსმეტი ნაჭრილობევი დაითვალა ბათარეკაის თავზე. აი, ეგეთი თავრიელაით წარსდგა ღვთის წინაშე შარის მძებნელი, აქ კი გულადი კაცის სახელი დატოვა. ვინც ჩხუბის დროს მოწინააღმდეგეს დიდ ჭრილობას დაამჩნევდა, იმას სახელი უფუჭდებოდა, მშიშარას ეძახდნენ. – შინებია და იმად უქნევია გამეტებით ხანჯალი – იძახდნენ საქმის გამრჩევნი. იმ დროს ყველა იარაღით დადიოდა ათნოხელი გამიხარდაის მეტი. უიარაღო კაცი ქალებსაც არ მოსწონდათ და გამიხარდას ალმაცერად უყურებდნენ. გიორგობა იყო იმ დღეს ბეგარდის ხატში. უამრავი მლოცავი იყო თავმოყრილი სალოცავის მოედანზე. ახალგაზრდებს საცეკვაო წრე ჰქონდათ შეკრული და ცეკვავდნენ. უხდებოდა ცეკვა ათნოხელ გამიხარდას. წელზე არც ხანჯალი ერტყა, არც სხვებივით დამბაჩა ჰქონდა ქამარში გაყრილი. ერთ ლამაზ გოგოს მიუთამაშდა და საცეკვაოდ გამოიწვია. გოგომ ზურგი შეაქცია. გამიხარდამ ცეკვა-ცეკვით შემოუარა გარშემო. – გაჰყევ, ფიქრიავ! – მუჯლუგუნი წაჰკრეს გოგოს მეგობრებმა. – მე ქალთან ვერ ვიცეკვებ! – თავმომწონედ თქვა ფიქრიამ. ახალგაზრდებმა სიცილი დააყარეს გამიხარდას, რომელიც ერთ წუთს გაწბილებული შედგა გოგოს წინ და თვალებში მუდარით შეხედა. – რას მომშტერებიხარ, ვერ გაიგე რომ ქალთან ვერ ვითამაშებ! – ისევ დამცინავად თქვა ფიქრიამ. ისევ ატყდა სიცილ-ხარხარი. გამიხარდაი ფიქრიას ძმას მიუთამაშდა, ცეკვა-ცეკვით ქამარში გარჭობილი დამბაჩა ამოაძრო და დაიძახა: – ესეც სახელი! დაიძრა და გულისპირთან დაუცალა ფიქრიას ძმას თავისივე დამბაჩა. დამბაჩის ხმასთან ერთად იგრიალა სალოცავად თავშეყრილმა ხალხმა. ატყდა ჩხუბი. მზის სხივებზე აელვარდა ხმალ-ხანჯლები. ერთ-ურთზე მიიწიეს გამიხარდაისა და ფიქრიას ნათესავებმა. ადამიანთა სისხლით იღებებოდა წმინდა გიორგის მოედანი. ხევისბერი ზარებს რეკავდა და დაწყნარებისაკენ მოუწოდებდა ხალხს, მაგრამ ისინი ეგრე ადვილად აღარ წყნარდებოდნენ. ჩვიდმეტი კაცის სიცოცხლე შეეწირა იმ დღეს „სახელის ქმნას". უამრავი დაიჭრა. გამიხარდაიც მოკლეს ფიქრიას ნათესავებმა. ბატონო მელია! (შელია!) სამართლიანია, რომ ასეთი დამბაჩა მუზეუმში ჰკიდია და რამდენადაც ვიცი კენჭისყრას აპირებს არჩევნებში. მარად თქვენი მონა-მორჩილი – სადგისი. საქმე №4. ყანწი, ანუ თავისუფალი საქართველოს სადღეგრძელო (საიდუმლო ინფორმაცია გუდამაყრის მუზეუმში დაცულ ყანწზე) გორდაგორ შემოდიოდა წელში მოღუნული მონადირე. მოეფარებოდა კლდის ქიმს, გახედავდა გაღმა მთის კალთაზე შეფენილ ჯიხვების არვეს და ისევ პარვა-პარვით აუყვებოდა აღმართს. ჯიხვების არვე საშიშროებას ვერ გრძნობდა. იმათ თავზე ამაყად გადმომდგარიყო ხარლაღი და ჰყარაულობდა არვეს, რომ მონადირე არსაიდან წამოჰპარვოდათ. ჯიხვებიც მის იმედად იყვნენ, მადიანად შეექცეოდნენ ახლადამოღინღლებულ ბალახს. ყური კი ჰქონდათ მიყურადებული; თუ რაიმე სახიფათოს მოჰკრავდა ყარაული თვალს, სტვენით ამცნობდა არვეს. მთის ნიავი გულ-მკერდს უგრილებდა ხარლაღს, რომელიც ერთ ადგილას ვერ ისვენებდა და ადგილზე წრიალებდა. ერთი სული ჰქონდა კლდიდან-კლდეზე გადამხტარიყო და არვეს შერეოდა. იმათ შორის ეგულებოდა გულისსწორი და იმის ცქერაში გართულს სულ გადაავიწყდა ქვემოდან ზემოთ ამოსასვლელი ბილიკების თვალთვალი. ზემოთიდან წამოეპარა ჯიხვებს მონადირე და ისეთ ადგილას ჩაუსაფრდა, საიდანაც, როგორც ხელისგულზე, ისე მოჩანდა არვე. სატრფოს თვალთვალით გართულმა ყარაულმა ვერ შეამჩნია მონადირე, რომელმაც სროლა აუტეხა ჯიხვებს. დამფრთხალი არვე კლდეებს აწყდებოდა და თავშესაფარს ეძებდნენ. რამდენიმე მათგანი სიცოცხლეს გამოასალმა მონადირის ნასროლმა ტყვიამ. კლდეზე გადმომდგარმა ხარლაღმა თვალი შეასწრო როგორ დაგორდა მისი გულისსწორი ფერდობზე. მაღალი კლდის ქიმიდან გადმოხტა ხარლაღი. გადმოხტა ანგარიშმიუცემლად. გადმოხტა სატრფოს საშველად, მაგრამ ისე ჩაეხეთქა ბასრ კლდეებს, ძირსდაცემულს სული აღარ შერჩა. გაოგნებული იყო ამ ამბის მხილველი მონადირე. დიდხანს დაჰყურებდა მკვდარ ხარლაღს და გულში მძიმე დარდი აწვებოდა. საკუთარ თავზე ბრაზობდა, რომ დახოცა ეს მთის თავისუფალი შვილები – „ რას ვერჩოდი, რაზე მოვუხტი და ამოვხოცე" – ფიქრობდა იგი. მონადირეს ჯარჯი ერქვა. რამდენჯერ უნადირნია ჯარჯის და რამდენჯერ მოუკლავს ნადი- რი, მაგრამ ამ ხარლაღის უცნაურმა სიკვდილმა სევდა აუშალა გულში. იმნაირი სევდა აუშალა, როგორც მთის ნისლი, ჯერ რომ ბამბის ფთილასავით გამოიკვეთება, მერე თანდათან გაიშლება, გაიშლება და მძიმედ ჩაწვება ხეობაში. სევდით და დარდით გაჯერდა ჯარჯის გული. იმან დახოცილ ჯიხვებს ხელი აღარ ახლო, მარტო ხარლაღს ააჭრა რქები და ხევისპირს ჩამოჰყვა ქვემოთ. იმ დღის მერე აღარავის უნახავს ჯარჯი სანადიროდ წასული. გულჩათხრობილი გახდა, ლხინის სუფრებს ერიდებოდა. თავისუფლებაზე ფიქრმა გაიტაცა ჯარჯი. იმხანად საქართველო ოცი წლის დაპყრობილი ჰყავდათ რუსებს და საშინლად ავიწროვებდნენ ქართველებს. მიუხტებოდნენ ხოლმე სტრაჟნიკები ზამთარში ხევის სოფლებს, თოფებით წინ გამოიყრიდნენ დიდსა თუ პატარას და ნიჩბებით გზაზე ჩამოწოლილ ზვავებს ახვეტინებდნენ. თავისუფლებასმიჩვეული მთის ხალხი საშინლად განიცდიდა რუსების ძალადობას. „მეც ხომ ამათსავით ვექცეოდი ჯიხვებს" – ფიქრობდა ჯარჯი და სხვებთან ერთად ისიც თოვლს ხვეტავდა „სარუსე" გზაზე (რატომღაც ასე შეარქვეს აქაურებმა ძველთაძველ გზას, რომელსაც შუღლიათ სება „გორგასლის ნაგზევს" ეძახის და რომლის ნარჩენებიც მკრთალად ჩანს გუდამაყრის მუზეუმში დატანებული ერდოებიდანაც). იმ ხარლაღის რქებიდან ყანწები გამოთალა ჯარჯიმ და სახლის გულთაბოძზე ჩამოჰკიდა. „სანამ საქართველო რუსების უღელს თავს არ დააღწევს და თავისუფალი არ გახდება, მანამდე წვეთ სასმელს არ დავლევ. როცა საქართველოს გათავისუფლების ამბავს გავიგებ, ამ ყანწებით შევსვამ თავისუფალი საქართველოს სადღეგრძელოს და ამ-ბის მომტანს ვაჩუქებ ყანწებს" – ჩაიფიქრა ჯარჯიმ და თავისი ფიქრი მთელ ხევს გაუმჟღავნა. დრო მიდიოდა. ჯარჯის სიბერე ეძალებოდა. იმისი სახლის გულთაბოძზე უქმად ეკიდა ჯიხვის ყანწები. ძალადობდნენ დამპყრობლები. მახარობელი კი არ ჩანდა. არა და არ იფანტებოდა ჯარჯის გულში ჩაგუბებული სევდის ღრუბელი. უფრო და უფრო იქუფრებოდა, შავდებოდა, თანდათან მძიმდებოდა. ერთხელაც გათენდა ის დღე, რომლის გათენებასაც ამდენი ხანია ელოდა ჯარჯი. მახარობელი მოადგა იმის სახლს და დაიძახა: – ჯარჯი, ჰაი ჯარჯი! – რომელი ხარ? – სახლის ბანზე გადმოდგა ჯარჯი. – მახარობლები ვართ, მახარობლები! – შემოსძახეს ქვემოდან ახალგაზრდებმა. – მერე და მანდ რას უდგეხართ, ამოდით, ჩქარა! – სახლში მიიპატიჟა ჯარჯიმ, რომლის გულსაც ბაგა-ბუგი გაჰქონდა სიხარულისაგან. – საით შაიტყვეთ, რა მოხდა? – იკითხა ჯარჯიმ. – ქალაქით მოვიტანე ამბავი, გარბის სახლში რუსის ჯარი, - თქვა ერთ-ერთმა ახალგაზრდამ. – თქვენ გენაცვალეთ ჯეელებო, თქვენა, რო საქართველოს თავისუფლება მახარეთ. თქვენ დაგლოცათ დიდმა სამებამ, ლომისის მადლმა, ღალანგურის წმინდა გივარგიმ! სალხინო სუფრა გაიშალა ჯარჯის ოჯახში. ძველისძველი, ამ ამბისათვის გადანახული ღვინო აელვარდა ჯიხვის ყანწებში. ჯარჯიმ ერთი ყანწი მახარობელს გადასცა, მეორეთი თვითონ დაილოცა: – დიდება ღმერთსა, მადლი ღმერთსა! გაუმარჯოს გამარჯვებულსა, ცისა და ქვეყნის დამბადებელსა, კაცთათვის სიცოცხლის მომნიჭებელსა. ზეცის თავანზე ვარსკვლავთა გადამშლელსა, ხმელეთზე ბალახის აღმომცენებელსა, ბალახზე ცვარ-ნამის გამჩენსა. დღისა და ღამის დამწესებელსა, უხილავის ხილულად გარდამქმნელსა, მაღალსა ტახტზე მჯდომარესა, ხილულთა შორის უხილავსა, გონიერთა მიერ ყოველთვის ხილულსა. დიდება სამართალს ხვთისასა. დიდება შენდა ღმერთო, რომ გადმოხედე ჩვენს ქვეყანას და დაიხსენი ავი ხელისაგან. აი, ამ სასმისით გაუმარჯოს თავისუფალ საქართველოს, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ! –დაამთავრა ჯარჯიმ ლოცვა და მოიყუდა ჯიხვის ყანწი. სიხარულისაგან ხელები უკანკალებდა მოხუცს და გულისპირზე ეღვრებოდა ალისფერი ღვინო. – ამინ! ამინ! – დასტურს იძახდნენ ახალგაზრდები და ხელიდან ხელში გადადიოდა ჯიხვის ყანწები. მალე მოეკიდა ჯარჯის ღვინო. – თქვენ გენაცვალეთ, შვილებო, თქვენა, რო ესეთი სასიხარულო ამბავი მომიტანეთ! – წარა-მარა გაიძახოდა მოხუცი. უცებ კარებზე ბრახუნი გაისმა და რამდენიმე რუსი ჯარისკაცი სახლში შემოიჭრა. – მოდით, მოდით, თქვენც დალიეთ თავისუფალი საქართველოს სადღეგრძელო, – სუფრასთან მიიპატიჟა ჯარჯიმ, თუმცა იმათ მიპატიჟება არ სჭირდებოდათ, ხელდახელ გამოცალეს რამდენიმე ყანწი და იქ მყოფებს შეუძახეს: – ნუ ხვატიტ, იდიტე, აჩიშჩიმ დაროგუ! – რაო?! – იკითხა ჯარჯიმ. – ნუ, პაშლი, პაშლი! – გაუმეორეს იმათ და თოფის კონდახი წაჰკრეს. – აკი, გაიქცნენ და თავისუფლები ვართო?! – ახალგაზრდებს გადახედა მოხუცმა. – გვაპატიე ძია ჯარჯი, დალევა გვინდოდა და მოგატყუეთ, – დარცხვენით თქვა მახარობელმა. – ვაი, ჩემს მოსწრებასა! – ამოიგმინა ჯარჯიმ. – პაშლი, პაშლი! – წაუთაქეს თოფის კონდახები რუსებმა ქართველებს და წინ გაიყარეს. ფეხი უსხლტებოდა შემთვრალ მოხუცს, წარა-მარა თოვლში ეცემოდა და გმინავდა: – ვაი, ჩემს მოსწრებასა! – იდი კაცო, იდი, იდი პირიოდ! – უბიძგებდა თოფის კონდახს შინელიანი ჯარისკაცი. ერთხელაც წაიფორხილა ჯარჯიმ და რო წაიქცა, როგორღაც განწირულად დაიგმინა: – ვაი, ჩემს მოსწრებასა! ამოიგმინა და გული გაუსკდა. ამაოდ ურტყამდა რუსი კონდახს. ჯარჯი მეტად აღარ წამომდგარა ფეხზე. თოვდა... ბატონო, მელია! ჩვენ მუზეუმში რომ ყანწები ჰკიდია, სწორედ ის რქებია, რომლითაც იმ დღეს თავისუფალი საქართველოს სადღეგრძელო დალია ჯარჯიმ. მოწიწებით და პატივისცემით, თქვენი მონა-მორჩილი – სადგისი. საქმე №5. მყვირალობა, ანუ საიდუმლო ინფორმაცია სიყვარულზე მურყნარის ტყეში აყვირდა ირემი. ერთხელ, მეორედ და მესამედ, ისეთ ზარის ხმაზე დაიყვირა, ყველამ საქმეს თავი მიანება და ირმის ყვირილს მიუგდეს ყური. – იუმეეეე! – ხმამაღლა ყვიროდა ირემი. – იუმეეე! – სადღაც შორიდან გამოეძახა მეორე ირემი. პირველი ხმის გაგონებაზე პირველს უფრო ხმა მოემატა და გეზი იქეთ აიღო, საიდანაც ფურირემის ყვირილი მოისმოდა. აგერ, სულ ახლოს მივიდა ხარირემი ფურთან, კისერი წაიგრძელა, დრუნჩით ჰაერში გაზავებული მდედრის სუნი დაყნოსა და ის იყო უნდა შეერთებოდა მდედრს, რომ უშველებელი წიფლის მხრიდან ავისმაუწყებელი ფრუტუნი გაისმა. ხარირემი შეაკრთო ამ ხმამ, ფურირემის გავაზე ჩამოწყობილი ფეხები ძირს ჩამოუშვა და შვილდივით მოზიდული საომრად მოემზადა. ასევე ნელა ემზადებოდა საომრად ზამთრისაგან ხმელ ტოტებში ჩამპალ ისეთი განწირული ხმით ყვიროდა, ემზადებოდა. მისი მოწინააღმდეგე ხარჯიხვი, წინა ფეხებით წიფლისა თუ ნეკერჩხლის ფოთლებსა თხრიდა, თითქოს მთელი სამყარო მასთან საომრად ფურ-ირემი ცდილობდა ხარების გაშველებას, ხან ერთს აულოკავდა მხარის ბეჭსა და დრუნჩს ხაოიანი ენით, ხან მეორეს, მაგრამ ეს უფრო აგიჟებდათ მორკინალებს. იმათ კარგა ხანს უარეს ერთმანეთის გარშემო წრეზე, ჩლიქებით მიწა აყარეს ერთიმეორეს და თავდახრილები ეძგერნენ ერთ-ურთს. ფურ-ირემი განზე გამდგარიყო და ერთი უშველებელი კაკლის ძირში ატუზული ადევნებდა თვალს სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლას. ირმები ხანდახან რქებით გაუსხლტებოდნენ ერთ-ურთს და ხანჯლებივით გალესილ რქებს ფერდებში ატაკებდნენ ერთიმეორეს. წითლად ირთვებოდა ყვავილებით მოქარგული მინდორ-ველი. თითქოს საბოლოო ძალ-ღონე მოიკრიბეს და ეს-ეს არის ან ერთი მოუსპობს მეორეს სიცოცხლეს, ან მეორე, ისეთი მანძილიდან გაექანენ ირმები ერთმანეთისაკენ. იმათმა რქების შეჯახებამ თოფის გასროლასავით დაუარა მთელ ხეობას და კარგა ხანს არ წყდებოდა; ერთი დაბურული ხის ტოტებიდან, მეორე დაბურულ ხის ტოტებს ეხიზნებოდა და ამით ტყის ბინადართ ამცნობდა ირმის მყვირალობას. როგორც დაეჯახნენ ირმები, ისევე დარჩნენ ერთი-მეორის პირისპირ მუხლჩაჩოქილნი. ცდილობდნენ წამოდგომას, მაგრამ რქები არ უშვებდათ, ისე მძლავრად ჩაჰხლართოდათ ორივეს რქები, ერთ-ურთის თავებს გასაქანს არ აძლევდნენ. – იუმეეე! – დაიყვირა ერთმა და თავი მისწი-მოსწია, მაგრამ ამაოდ. – იუმეე! – ხმა მისცა მეორე ირემმაც. როგორც იქნა წამოდგნენ, შეეცადნენ განცალკევებას, მაგრამ ამაოდ. ფურირემს ჯერ ეგონა ისევ ჩხუბობდნენ ხარ-ირმები, მაგრამ ცხოველის ინსტიქტით მალედვე მიხვდა მათ გასაჭირს და თვითონაც ცდილობდა მათ განცალკევებას... . . . იმ დღის მერე ასე სძოვდა ორი მოქიშპე ირემი ბალახს: როცა ირმის მყვირალობის ჟამი ჩამოდგებოდა, გადადგებოდნენ სერზე და მტრის გულის გასახარად მაინც გაჰყვიროდნენ სიყვარულის საგალობელს. . . . სიკვდილი? პირველი ნაწილის დასასრული. *გაგრძელება* …
დაამატა Kakha to ლიტერატურა at 12:31pm on მარტი 1, 2014
თემა: ნოდარ დუმბაძე - კუკარაჩა
ვით ვიყავით შესეული და იყო დეიდა მართას ეზოში გაუთავებელი წყევლა-კრულვა, გნიასი, ხვეწნა, მუდარა და მუქარა: – ჩამოდი, შე არგასაზრდელო! – ისე ვერ ჩახეთქავ, ტოტი რომ არ მოგლიჯო, შე ოხერო?! – დაბრმავდი, აჰანდე, ვერა ხედავ, რომ ჯერ მკვახეა?! – ჟორა, გამოიტა ის მარილიანი თოფი! – ჯიბგირებო, ყაჩაღებო, ქურდებო, არამზადებო და დამტაცებლებო!!! – ჩამოდით ახლავე, ვიდრე კუკარაჩასთვის არ დამიძახნია!.. – არა გყავთ პატრონები? მაშ, თუ გყავთ, რად არ გამოდიან და არა მშველიან, ღმერთო, შენ გაუჩინე ამ ურდოს მუცლის გვრემა და ფაღარათი! დეიდა მართა ერთი ხის ძირიდან მეორესკენ გადარბოდა შინდის წკნელის ქნევით, მერე არაქათგამოცლილი შუა ეზოში ჯდებოდა და ახლა ხვეწნაზე გადადიოდა: – გოგო, ნათელა, მასწავლებლის შვილი მაინც არ იყო, დედაშენი მთელ ვაკეს ღრამატიკას და „ვეფხისტყაოსანს“ რომ ასწავლის, შენ საკუთარისა და სხვისი გარჩევა არ გასწავლა?! – აი და-და-და-და, დუდუ, შე თავგასიებულო, მეხი კი ინჟინერ მამაშენს დავაყარე, ნახევარი თბილისი ააშენა და რაღა ჩემი ოჯახის დამანგრევლადა გზრდის! – შენ რა გაცინებს, უდღეურო გურიელო, რაიკომის მდივნის შვილი კი არა და, მეხაშის შვილი უნდა იყო და ღორის ჯიგარსა რეცხამდე ვერეზე. ჩამოდი ძირს და მაწონს გაჭმევ – ემანდ რამე არ მოგივიდეს და დასაჭერად არ გამიხადო საქმე... – უი, ბროძელო, შენც აქა ხარ? ირაკლი კი არა, ვირაკლი უნდა გერქვას შენა, რადგან კაცის არ გეყურება, რამდენჯერ გითხარი, მაგ გიზიკას აყოლა ხელს არ მოგცემს-მეთქი, დღეს ალუბალს მოიპარავ, ხვალ სახლს გასტეხავ, ზეგ მატარებელს გააჩერებ, მაზეგ პარახოდსა და... უი, თვალი დამიდგეს, კუჭიკო, შენც აქა ხარ? კუჭიც და თავიც ერთად გაგიხმეს, ჩამო, შე საციმბირე, შენა... – ბერძენო კოსტია, აქ იმიტომ ჩამოეთერით, რომა ჩემი ოჯახი დაანგრიოთ, საბერძნეთში ცოტა ალუბალი და თუთა იყო?! – კუკარაჩა, ეგ არი, უბნის რწმუნებული ვარო, ქურდების ხორიალა ვარო, შავი ჭირი ვარო, ახალგაზრდობის აღმზრდელი ვარო, შენ ვისი გამზრდელი ხარ, შენ თვითონ პრიუტში გაზრდილო, შენა?!. *         კუკარაჩა ჩვენი მილიციის უბნის რწმუნებული იყო, კაცი მეტად უცნაური, სამართლის გამგები, გაჭირვებულის ქომაგი და საყვარელი. უბანში ვინმესთვის რწყილს რომ ეკბინა, კუკარაჩას შესჩივლებდა, სხვა უფრო დიდი საქმე ხომ უკუკარაჩოდ ვერა და ვერ გადაწყდებოდა. ფინეთის ომიდან დაბრუნებულს წითელი ვარსკვლავის ორდენი უმშვენებდა მკერდს. დაბრუნდა თუ არა ფრონტიდან, იმ დღესვე რაიკომში მისულა, – სამუშაო მომეცითო. – რა იციო? – უკითხავს რაიკომის მდივანს. – კაცის კვლაო, – უპასუხნია. რაიკომის მდივანს გასცინებია და მილიციაში გაუმწესებია უბნის რწმუნებულად. ეს იყო და ეს. ისე, ამბობდნენ, ფრონტზე დიდი გმირობა ჰქონდა ჩადენილი, ის კი არა, იმასაც ამბობდნენ, თურმე ის ორდენი ვოროშილოვმა საკუთარი მკერდიდან მოიხსნა და თვითონ დააბნია კუკარაჩას მკერდზეო, მერე მხარზე ხელი დაჰკრა და ასე უთხრაო: – მალადეც, კუკარაჩა, დზალიან კარგი ბიჩი ხარო!.. – ქართული საიდან იცით, ამხანაგო კლიმენტ ეფრემის ძევო! – გადარეულა თურმე კუკარაჩა. ვოროშილოვს გასცინებია თურმე კუკარაჩას გულუბრყვილობაზე და ასე უპასუხნია: – იოსიფ ვისარიონოვიჩმა მასცავლაო. მართალია თუ არა ეგ ამბავიო, რომ ჰკითხავდნენ ხოლმე კუკარაჩას, პასუხს თავს არიდებდა, არც უარს ამბობდა, არც ჰოს. – ეგ რა მოსაყოლია, სჯობია, იმას მოგიყვებით, ორდენი რაში მივიღეო. და მეასედ ჰყვებოდა... ტანკსაწინააღმდეგო თხრილში ჩავარდნილა თურმე კუკარაჩა თავის ტანკიანად. დიდხანს უბუქსავია შიგ, ვერც ამოსულა და ვერც ჩვენებისთვის მიუწვდენია ხმა. მერე მთელი დღის ნაჯაჯგურებსა და არაქათგამოცლილს ჩასძინებია. შუაღამისას ესმის, ვიღაც მის ტანკს ექაჩება. გახარებია, ჩვენებმა მომაგნესო, გაუხედავს სამზერში და რას ხედავს – მისი ტანკისთვის ორი მსუბუქი ტანკი ჩაუბამთ ტროსებით ფინელებს და თხრილიდან მიათრევენ. გატრუნულა კუკარაჩა, თავი მოუმკვდარუნებია. რის ვაი-ვაგლახით ამოუთრევიათ ფინელებს კუკარაჩას ტანკი თხრილიდან და ჩოჩიალ-ჩოჩიალით წაუთრევიათ თავიანთი პოზიციისაკენ. ერიჰა, – გაუფიქრია კუკარაჩას, – მე თუ მაგათ ვუყურე, ტყვეობა არ ამცდებაო. – დაუქოქია თავისი ტანკი, ჩაუგდია მესამე სიჩქარეში, მიუცია მაგარი გაზი, შემოუბრუნებია ჩვენი პოზიციისაკენ და ვიდრე ფინელები აზრზე მოვიდოდნენ, სულ ხრიგინ-ხრიგინით მიუთრევია ის ორი ტანკი ჩვენს სატანკო დივიზიაში... მართალია, ფინელებს მოუსწრიათ თავიანთი ტანკებიდან ამოძრომა და გაქცევა, მაგრამ, რაც მთავარია, ის ორი ტანკი ცხვრებივით მიურეკია კუკარაჩას სახლში. აქ წყვეტდა კუკარაჩა ამბავს. ვოროშილოვთან ქართულად საუბარი კი კვლავ საიდუმლოდ რჩებოდა. *        დეიდა მართას ეზოს ბიჭები „ვირების გარაჟს“ ვეძახდით, იმიტომ, რომ წყნეთიდან სისხამ დილით ჩამოსული მემაწვნეები თავიანთ ვირებს დეიდა მართას ეზოში ტოვებდნენ, ხურჯინებს მხარზე გადაიკიდებდნენ და სიმღერაჩადგმული „მალაკო-მაწონის“ ძახილით მოედებოდნენ თბილისის ქუჩებსა და ეზოებს. ნაშუადღევს ხელგაცლილები კვლავ ბრუნდებოდნენ ვირების გარაჟში, დეიდა მართას ხეხილის ბაღში ჩადგმულ გრძელ მაგიდას მიუსხდებოდნენ, თითო ლიტრა კახურ ღვინოს დაამშრალებდნენ და სადღეგრძელოდან სადღეგრძელომდე დღის განმავლობაში გაგონილ ქვეყნის ჭორებსა და საკუთარი თვალით ნახულ ამბებს უყვებოდნენ ერთმანეთს. ხანდახან წყნეთელი მემაწვნეები ვირების დოღსაც მართავდნენ დეიდა მართას ეზოში. დოღი ეზოს ჭიშკრიდან იწყებოდა, ხოლო ფინიში ეზოს უკანა ღობე იყო, რომელზეც ვირები ება დღის განმავლობაში. მანძილი ჭიშკრიდან ფინიშამდე დაახლოებით 25-30 მეტრი გახლდათ. ვირების პატრონები ჟოკეებად ჩვენ გვქირაობდნენ, ბავშვებს. თუ მოვიგებდით, ერთი ქილა მაწონი ჩვენი იყო, თუ არადა, ყურის აწევა, დაცინვა და პანღური არ აგვცდებოდა. ყველა ვირს, რა თქმა უნდა, საკუთარი სახელი ჰქონდა, მაგრამ ჩვენ ჩვენზე მინდობილ ვირებს პატრონების სახელებს ვეძახდით. იმ დღეს შეზარხოშებულ წყნეთელ მემაწვნეებს ვირების დოღი ჰქონდათ. სანაძლეო 5 მანეთი იყო. მე ქიტესაზე ვიჯექი, ნათელა – არშაკაზე, დუდუ – შაქროზე, ირაჩა – იმედოზე, კოსტია ბერძენი – ხალვათაზე. კიდევ იყვნენ ვირები: ნიკალა, ნუგეშა, ვარდო, ბეგლარა და ქსენია, მაგრამ ეგენი პირველ ტურში მონაწილეობას არ იღებდნენ, რადგან სტარტის ხაზზე ხუთი ვირის მეტი ვერ ეტეოდა. მსაჯები დეიდა მართა და იმ ვირების პატრონები იყვნენ, რომლებიც დოღში არ მონაწილეობდნენ. დეიდა მართამ სამამდე დაითვალა და დოღი დაიწყო... ვირები პატარა ჩლიქების პაკაპუკითა და ყურების პარტყუნით დაიძრნენ ფინიშისაკენ. აზარტში შესული ფეხზე წამოცვენილი პატრონები ველური ყიჟინით, შეძახილებითა და ლანძღვა-გინებით გვამხნევებდნენ ჩვენც და ვირებსაც. – მიდი, შე დაკოდილო, ვაი, რა უქმად გაჭმევ ორაბაზიან ქერსა! – ბიჭო, გავაზე დააჯექი, გავაზე, უფრო გარეკავს! – ნახე, როგორ დადგა ეგ მართლა ვირი, დეზი, ბიჭო, დეზი ამოჰკარ! – ნელა, შე უდღეურო, ხომ იცი, ვირიდან გადმოვარდნას ცხენიდან გადმოვარდნა სჯობს! – ცოტაც, ქალაბიჭავ, და პირველი ხარ, შენ კი გენაცვალე, ჩემო მაია წყნეთელო! – ჩამოდით, თქვენი დოყლაპია დედა კი ვატირე, ამ უნიფხო გოგომ ყველას როგორ უნდა გაჯობოთ! ნათელამ ერთი ქილა მაწონი მოიგო, არშაკამ – ხუთი მანეთი, მე – პანღური... ის იყო, მეორე ტური უნდა დაგვეწყო, რომ მიტკალივით გაფითრებული ჩვენი ძმაკაცი ზევერა მოვარდა, შუა ეზოში დადგა, ხელები გაშალა და გადარეულივით იკივლა: – კუკარაჩა მოკლეს! ისეთი სიჩუმე ჩამოვარდა ეზოში, რომ ბეღურებიც კი შეკრთნენ ხეებზე. – ხალხო, კუკარაჩა მოკლეს! – ახლა წყნარად თქვა ზევერამ და გამშრალი ტუჩები აილოკა. – ვინ? – იკითხა დიდი ხნის შემდეგ ხმაწართმეულმა დეიდა მართამ. – არ ვიცი, – მხრები აიჩეჩა ზევერამ. – სად? – იკითხა ისევ დეიდა მართამ. – ქობულეთის აღმართზე! – თქვა ზევერამ და ხელი იქითკენ გაიშვირა, საითაც ქობულეთის აღმართი ეგულებოდა. – ინგას სახლში? ზევერამ თანხმობის ნიშნად თავი დაუქნია. დეიდა მართამ თავშალი მოიძრო და ეზოდან გავიდა... ათ წუთში მთელი უბანი ინგას ეზოში იყო. ორმა სანიტარმა და ორმა მილიციელმა კუკარაჩა საკაცით გამოასვენეს ინგას ოთახიდან. გვერდით სახეშეშლილი და ღაწვებდახოკილი ინგა მოსდევდა გონდაკარგულ კუკარაჩას. – არ მოკვდე, კუკარაჩა, არ დამღუპო, თორემ ვინ დამიჯერებს, რომ უბრალო ვარ... არ მოკვდე, ბიჭო, შენი ჭირიმე, დედას გაფიცებ, კუკარაჩა, არ მოკვდე... – ამას ყურში ჩასჩურჩულებდა ინგა კუკარაჩას და შიშისაგან გადარეული თვალებით დასცქეროდა, მკერდზე ორ ადგილას ტყვიით გაგლეჯილი ძუძუსთავიდან ზანტად რომ მოჟონავდა უკვე ნახევრად შედედებული სისხლი და მჭიდროდ გადაკრულ დოლბანდზე ორ ყაყაჩოსავით რომ უღვივოდა... ... და ვიდრე სასწრაფო დახმარების მანქანაში შეასვენებდნენ, კუკარაჩა გონს მოვიდა. – არ მოკვდე, კუკარაჩა, შენი სიცოცხლის ჭირიმე... – ისევ სთხოვა ინგამ და მის წინ მუხლებზე დაეშვა. კუკარაჩამ დანისლული თვალები მოავლო მის გარშემო შეკრებილ ხალხს. – კუკარაჩა, არ მოკვდე, ბიჭო, თორემ ვინ დამიჯერებს, რომ უბრალო ვარ... – ჩუმად... ადექი და წადი, ვითომ აქ სულაც არ ყოფილხარ, წადი, ქალო... – არ დამღუპო, კუკარაჩა... – ინგა ხელებს უკოცნიდა კუკარაჩას, ის კი ვიღაცას დაეძებდა ხალხში თვალით, იპოვა ბოლოს. – დავით! – თქვა მან. ხალხს გაფითრებული მილიციის უფროსი გამოეყო და კუკარაჩასთან მივიდა. – დავით, შენ ხომ იცი, ეს ქალი ცოლია ჩემი... ცოლია და იმ ცრემლივით წმინდაა, ლოყაზე რომ ჩამოსდის... შენ ხომ იცი, დავით?! – დავითმა თავი დაუქნია. კუკარაჩამ მშვიდად გაიღიმა. – ინგა, ნისლი მოვიდა, ვარდისფერი ნისლი და ვეღარ გხედავ...        მურტალო, შენი ოხერი დედა ვატირე, რა დედლურად გამაფუჭე... – თქვა თავისთვის ჩურჩულით კუკარაჩამ და თავი სინანულით გადაიქნია. მერე ინგას ახედა, ხელი ასწია, უნდოდა ლოყაზე მოალერსებოდა, მაგრამ გზაშივე მოსწყდა მკლავი და მარჯვნივ გადაუვარდა, ღიმილი ცოცხალივით შერჩა პირზე. არც ერთი დაკვნესება, არც ერთი „მიშველეთ!“ და არც ერთი „ვაი დედა!“ ლამაზად მოკვდა კუკარაჩა. *        ანასტასიევის ქუჩიდან ნიკო მარის ქუჩაზე რომ გადმოვედით საცხოვრებლად, პირველი, ვინც გვესტუმრა, მაღალი, შავტუხა, ლამაზი მილიციის ლეიტენანტი იყო. ზარი რომ დარეკა და დედამ რომ კარი გაუღო, იგი მოუპატიჟებლად შემოვიდა სახლში, სამზარეულოში გავიდა და ტაბურეტზე ჩამოჯდა. – ვინ ბრძანდებით თქვენ, ბატონო, და რა გნებავთ?! – ჰკითხა მილიციელის თავხედობით გაკვირვებულმა დედამ. – მე, ქალბატონო... – მილიციელი შეყოვნდა და დედას კითხვით სავსე თვალები მიაპყრო. – ანიკო! – მკვახედ უკარნახა დედამ. – მე, ქალბატონო ანიკო, საქართველოს შინაგან საქმეთა სახალხო კომისარიატის ორჯონიკიძის რაიონის მილიციის უბნის რწმუნებული გოგი თუშურაშვილი გახლავართ, ზედმეტ სახელად კუკარაჩას მეძახიან, – სულმოუთქმელად თქვა დაუპატიჟებელმა სტუმარმა. – კარგად შეურქმევიათ, – გაეცინა დედას, გოგიას მუგუზალივით შავ სიფათს რომ შეხედა. გოგიასაც გაეცინა. – სიშავის გამო შემარქვეს. – კი ხართ, სულო ცოდვილო, ცოტა შავგრემანი. – შეგიძლიათ დღეიდან კუკარაჩა დამიძახოთ! – დართო ნება დედას. – დიდი მადლობა, მაგრამ არა მგონია, მაგის შესატყობინებლად იყოთ მოსული, – უპასუხა დედამ და მეორე ტაბურეტზე ჩამოჯდა. – დიახ, მე უბანში ახლად დამკვიდრებული მოზარდების აღრიცხვას ვაწარმოებ, რადგან მათი სახლგარეთ აღზრდა და მეთვალყურეობა მევალება, – კუკარაჩამ პლანშეტიდან საერთო რვეული და ფანქარი ამოიღო. – ბატონო კუკარაჩა, თქვენ მისამართი ხომ არ შეგშლიათ? – ჰკითხა დედამ. კუკარაჩა ვერ მიუხვდა დაცინვას და სერიოზულად უპასუხა: – რას ბრძანებთ, ქალბატონო ანიკო, ნიკო მარის ქუჩა, #2, სადარბაზო 1, სართული 4, ბინა #8, ვლადიმერ ივანეს ძე გურიელი... ხომ არ მეშლება? – ძალიანაც გეშლებათ, ამხანაგო კუკარაჩა, ჩემი მეუღლე ვლადიმერი ბაღდადის რაიკომის პირველი მდივანი გახლავთ. ჩვენს ოჯახს მილიციასთან არაფერი საერთო არა აქვს, მე ჯერჯერობით ცოცხალი ვარ და შვილის აღზრდაში თქვენი დახმარება არ მჭირდება, – დედას სახე აეფაკლა, – და წესიერ ოჯახებში სიარულს გირჩევნიათ ქუჩაში ჯიბგირებსა და ხულიგნებს მიხედოთ! – მაგას ნუ იტყვით, ქალბატონო ანიკო! – მშვიდად თქვა კუკარაჩამ და რვეული დაკეცა. – მე ვიცი, რასაც ვამბობ, ჩემი შვილი ჯერ თორმეტი წლისაც არ არის და მილიციაში აღრიცხვაზე ასაყვანი არაფერი სჭირს... – მაგას ნუ იტყვით, ქალბატონო ანიკო! – გაიმეორა კუკარაჩამ. – რას დაგიჩემებიათ, მაგას ნუ იტყვით და მაგას ნუ იტყვით, ქალბატონო ანიკოო, მეორეჯერ არ დაგინახოთ ამ საქმეზე ჩვენთან მოსული, – გაწიწმატდა დედა და ფეხზე წამოდგა. წამოდგა კუკარაჩაც. – ღმერთმა ქნას, ჩემი თავი არასდროს არ დაგაჭირვოთ, ქალბატონო ანიკო. ისე, იცოდეთ, თქვენი შვილის ტოლი რომ ვიყავი, ჩუმ-ჩუმად პაპიროსსაც ვეწეოდი, ყომარის თამაშსაც მასწავლიდნენ უბნის ბიჭები და სვირინგიც გამიკეთეს... – კუკარაჩამ სახელო აიწია და მკლავზე ამოსვირინგებული დახვეული ლურჯი გველი აჩვენა. – ნუ წუხდებით, უმაგისოდაც გეტყობათ! – მოკლედ მოუჭრა დედამ. – მე საჩხუბრად არ მოვსულვარ, ქალბატონო ანიკო, და ნუ მკადრებთ მაგას. – მშვიდობით! – უთხრა დედამ. – ნახვამდის! – უპასუხა კუკარაჩამ და კარისაკენ წამოვიდა. მე გასასვლელში ვიდექი და გაკვირვებული ვისმენდი მათ საუბარს. ასე გაცეცხლებული და უხეში დედაჩემი ადრე არასოდეს მენახა. კუკარაჩამ რომ ჩამომიარა, შეჩერდა და ლოყაზე მომითათუნა ხელი. – რა გქვია? – მკითხა ღიმილით. – თამაზი! – დავუღრინე მეც დედაჩემივით და ლოყა მოვარიდე. – ხელს თუ არ მომჭამ, მადლობელი ვიქნები! – მითხრა კუკარაჩამ და კარი გაიხურა. – Хам! – თქვა დედამ და კარი გადაკეტა. *       ეს ამბავი კუკარაჩას გამოცხადებიდან ერთი თვის თავზე მოხდა. ვარაზის ხევით მდინარე ვერეზე დავეშვით, ზოოპარკის ღობეზე გადავძვერით და კაკლის ძირში გავჩნდით. კუჭიკო წელში მოიხარა. – აბა მიდი! – ჩურჩულით მითხრა კუჭიკომ, – თითო უბე გვეყოფა! მე ზურგზე შევაჯექი და ხეს შევაფორთხდი. კუჭიკო წელში გაიმართა და ხელი შემაშველა. ჯერ ქვედა ტოტზე ჩამოვეკიდე მაიმუნივით, მერე მკლავზე ავიწიე, ტოტს გადავაჯექი და ფრთხილად ავცოცდი კენწეროსკენ. მე დუდუ მომყვა, დუდუს – კოსტია ბერძენი, კოსტიას – ირიჩა, კუჭიკო ბოლო ამოძვრა ხეზე. ვმუშაობდით უხმოდ და გამალებით. თხუთმეტ წუთში უბეები გატენილი გვქონდა რძეჩამდგარი ნიგვზით. – წავედით! – დაისისინა კუჭიკომ და კაკლის ძირისკენ დავიძარით. ნიგვზით უბეებგამოტენილები რის ვაი-ვაგლახით გადმოვძვერით ღობეზე და ვერეს მაღლა ავყევით. – აი, აქ! – თქვა კუჭიკომ და პატარა ტბორთან შეჩერდა. შარვლიდან პერანგის უბე ამოიქაჩა და თოთო ნიგოზი სილაზე დაახვავა. ყველამ იგივე გავიმეორეთ. – აბა, დავიწყოთ! – გასცა განკარგულება კუჭიკომ. ორ-ორი რიყის ქვა მოვძებნეთ და საქმეს შევუდექით. გამალებით ვთეთქვავდით ნიგოზს, თან აქეთ-იქით ვიცქირებოდით გაფაციცებით. ხელისგულები და სახე ისე გვქონდა ნიგვზის ნაჭის შხეფებისაგან ჩაშავებული და დაჭორფლილი, ერთმანეთს ვეღარ ვცნობდით. – აბა, ჩავყარეთ! – ბრძანა კუჭიკომ და მთელი ეს დაჩეჩქვილი ნიგოზი ტბორში გადავუშვით. დაიწყო მოლოდინის გაუთავებელი წუთები; ერთი წუთი, ორი, სამი, ოთხი, ხუთი და... პირველი მოწამლული თევზი გულაღმა ამობრუნდა და წყლის ზედაპირზე ამოტივტივდა. ხუთ წუთში პატარა მორევის ზედაპირი თევზებით გადათეთრდა. მოულოდნელი ეფექტისაგან სიფრთხილედაკარგულები წყალში შევცვივდით და თევზს შევესიეთ: ვწიოდით, ვყვიროდით, ვბღაოდით, ვიცინოდით, ვხარხარებდით, ერთმანეთს ხელიდან ვგლეჯდით ჯერ კიდევ ცოცხალ თევზებს... – არ გაუშვა! – ჩემია! – პირველმა მე დავიჭირე! – დაყვინთე, ნუ გეშინია! – უბეში ჩაიყარე, უბეში! – საღოლ, კუჭიკო, ვინ გასწავლა?! – ჩემით მოვიგონე! – მხეცი ხარ, მხეცი!      ნახევარი საათი მაინც გრძელდებოდა ეს ველური ყიჟინა და როდესაც ტბორი თევზისაგან დაიცალა, გალუმპულები და ილაჯგაწყვეტილები ჩვენც ჭერეხზე ამოყრილი თევზის გვერდით დავეყარენით. სული რომ მოვითქვით, კუჭიკომ თევზი თანაბრად გაჰყო, თან გაგვაფრთხილა, თუ ვინმემ გკითხოთ, უთხარით – ანკესით დავიჭირეთ-თქო და ნანადირევით დატვირთულები, სასტიკად ამაყები დავბრუნდით შინ. თავით ფეხებამდე ჩაშავებული და გალუმპული რომ დამინახა, დედაჩემს გული კინაღამ შეუღონდა. თევზს რომ თვალი მოჰკრა, გაუკვირდა. როდესაც გაიგო, რომ საკუთრად ჩემი ნანადირევი იყო, ცოტათი დამშვიდდა. ერთი პირობა თევზის გადაყრა დააპირა, მაგრამ ნახევარსაათიანი მუდარის შემდეგ გამოკუჭა, მზესუმზირის ზეთსა და ფქვილში შეწვა, ცნობისმოყვარეობისა გამო ერთი თავი გასინჯა – უყურე შენ, რა გემრიელიაო, – თქვა და დანარჩენი წინ დამიდგა. თევზის ძვლებით აჩონჩხილი თეფში ჯერ კიდევ ალაგებული არ ჰქონდა დედას, მე კი – გაფშეკილი თითების ლოკვა დამთავრებული, რომ კართან ზარის ხმა გაისმა. დედამ კარი გააღო. კარში კუკარაჩა იდგა და იღიმებოდა. მისი მოსვლა იმდენად მოულოდნელი არ იყო, რამდენადაც გაუგებარი. – გამარჯობათ, შეიძლება, ქალბატონო ანიკო? – იკითხა მან დიდი მოკრძალებით. – მობრძანდით! – შემოიპატიჟა დედამ, ამჯერად ლმობიერად და მრგვალ მაგიდას მიუჯდა. კუკარაჩამ ბამბუკის ჯოხზე გაწყობილი ანკესი ოთახის კუთხეში მიაყუდა, პლანშეტიდან წითელყდიანი წიგნი ამოიღო და დედას პირდაპირ დაჯდა. – რაზე შეწუხებულხართ, ბატონო კუკარაჩა, ან ეს ბამბუკი რა არის? – ჰკითხა დედამ. – ახლავე მოგახსენებთ, ქალბატონო ანიკო: ეს წიგნი საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსი გახლავთ, ეს კი ჩვეულებრივი ანკესია. – კი, მაგრამ რა კავშირი აქვს ჩემს ოჯახთან ან ერთს, ან მეორეს? – გაუკვირდა დედას. – ანკესით, ქალბატონი ანიკო, მოგეხსენებათ, თევზს იჭერენ, სისხლის სამართლის კოდექსით კი – ადამიანებს... – თქვა კუკარაჩამ და წითელყდიანი წიგნი გადაშალა. – ბატონო კუკარაჩა, ძალიან გთხოვთ, ქარაგმებით ნუ მელაპარაკებით, პირდაპირ თქვით, რა გნებავთ. – დედას ხმაში გაღიზიანება დაეტყო. კუკარაჩამ ამას ყურადღება არ მიაქცია, თავისი საქმე განაგრძო. იგი წიგნს ფურცლავდა, ბოლოს მიაგნო სასურველ ადგილს და დედას ახედა. დედა მოუთმენლად ელოდა, რას იტყოდა კუკარაჩა. კუკარაჩამ დაიწყო: – ვნახოთ, რა წერია ამ დალოცვილ წიგნში, – თქვა და ახლა მე ამომხედა. – დაბრძანდით, პატივცემულო! – მომმართა და სკამზე მიმითითა. უსიამო ჟრუანტელმა დამიარა ტანში, მაგრამ მაინც დავჯექი. – სახელმწიფო საკუთრების დატაცებაზე, რაც ნიგვზის მკვახე ნაყოფის დაკრეფასა და ბარბაროსულ განადგურებაში გამოიხატა, აღარაფერს ვამბობ. სხვა უფრო წვრილმანი დანაშაულიდან დავიწყებ. მაშ, ასე... მუხლი 175, – განაგრძო კუკარაჩამ, – თევზისა და სხვა მოპოვებითი სარეწების უკანონო წარმოება... ეს ჩვენ არ გვეხება, არც ეს... აგერ, ბატონო, ეს გვეხება ჩვენ... – თქვა უცებ ხმამაღლა და გამოთქმით წაიკითხა: – ქმედობა, ჩადენილი ფეთქებადი ან მომწამვლელი, ვიმეორებ, – მომ-წამ-ვლე-ლი ნივთიერების გამოყენებით, ან საყოველთაოდ საშიში, ვიმეორებ, – სა-ში-ში საშუალებებით, ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ, ვიმეორებ, – სამ-წლამ-დე, მთელი მოპოვებულისა და საჭერი იარაღის კონფისკაციით. კუკარაჩამ წიგნი დახურა და შემომხედა. მე ცივმა ოფლმა გამომჟონა შუბლზე. ახლა კი მივხვდი, რატომ გვაფრთხილებდა კუჭიკო, არსად გვეთქვა თევზის ნიგვზის ნაჭით დაჭერის ამბავი. მე ნიგვზის ქურდობას ერიდებოდა მეგონა, თორემ რას ვიფიქრებდი, თუ ამ ლიფსიტების დაჭერისათვის საციმბიროდ გვამზადებდა ყველას. დედას გავხედე. იგი გაფითრებული იჯდა და თვალს არ მაცილებდა. მის ცქერას ვერ გავუძელი და თავი დავხარე. – რა ვქნა ახლა მე? – იკითხა კუკარაჩამ, – თევზის კონფისკაციას ვეღარ მოვასწრებ, რადგან ზეთიან ტუჩებზე გეტყობა, შეჭმული გაქვს, ნიგვზის შხეფები კი სახეზე ჭორფლივით გაყრია, – მომიბრუნდა მე. დედა ადგა, სამზარეულოში გავიდა და სასწაულით გადარჩენილი თევზნახევარი გამოიტანა თეფშით. – იმედია, ამ თევზის კონფისკაციის შემდეგ პიანინოსა და ავეჯს არ აგვიწერთ, ბატონო კუკარაჩა, ხოლო რაც შეეხება ნიგოზს, დარჩეულს მოგართმევთ, – უთხრა მან კუკარაჩას და თევზიანი თეფში წინ დაუდო. – ისე, მართალი გითხრათ, არ მეგონა, თუ საბჭოთა კავშირში ლიფსიტების ჭერა აკრძალული იყო. – როგორ გეკადრებათ, ქალბატონო ანიკო, თევზის ჭერა აკრძალულია მხოლოდ ფეთქებადი და მომწამვლელი ნივთიერებით, ანკესით კი, რამდენიც გნებავთ, – უპასუხა კუკარაჩამ. – აბა, თქვენ რითი დაიჭირეთ? – მკითხა დედამ. მე თავი არ ამიღია ზევით. – დანაყული ნიგვზის ნაჭით, ქალბატონო ანიკო! – აუხსნა კუკარაჩამ. დედა ჩემთან მოვიდა და ნიკაპი ხელით ამიწია. – მართალია, რასაც ბატონი კუკარაჩა ამბობს? მე თავი დავუქნიე თანხმობის ნიშნად. დედამ ისე ამიწია ყური, ერთი დაკივლება ქვეყანას მერჩია, მაგრამ კუკარაჩასი შემრცხვა და გავიტრუნე. – იქ არ ვიყავი? – დაადასტურა კუკარაჩამ. – იქ თუ იყავი, დალოცვილო, და ყველაფერი საკუთარი თვალით ნახე, რაღა აქ მოდიხარ და მიკითხავ ამ სახარებას?! – უთხრა დედამ კუკარაჩას ნაწყენი ხმით. – მაპატიეთ, ქალბატონო ანიკო... – გაწითლდა კუკარაჩა და დედას ხელზე აკოცა. დედამ უხერხულად გაუღიმა და ისევ სამზარეულოში გავიდა. დაბნეული კუკარაჩა ცოტა ხანს იდგა შუა ოთახში, მერე ქუდი დაიხურა და სწრაფად წავიდა. *       მილიციის უფროსმა თუშურაშვილი იხმო. ხუთი წუთის შემდეგ კუკარაჩა დავითის საწერ მაგიდაზე მიდგმულ გრძელ მაგიდას უჯდა. – რაო, დავით, რაზე მეძახდი? – ბიჭო, რით ვერ ისწავლე, – რაზე მეძახდი კი არა, – ამხანაგო მაიორო, თქვენი ბრძანების თანახმად ლეიტენანტი თუშურაშვილი გამოცხადდა-თქო! გაიგე? – თქვა წყენით მილიციის უფროსმა და საქაღალდე გვერდზე გადადო. თუშურაშვილი ფეხზე წამოდგა, გაიჭიმა, ხელი საფეთქელთან მიიდო, და დაიწყო: – ამხანაგო მაიორო... – დაჯე, დაჯე, ახლა ეგ პატაკი ბებიაშენ აღათის მოახსენე, – გააწყვეტინა მილიციის უფროსმა. თუშურაშვილი ცივად დაჯდა. – რა გინდა, კაცო, სხვებთან სულ ბატონოს და გენერალოს გეძახი და ერთი-ერთზე, ძმაკაცთან კაცურად აღარ დამალაპარაკებ?! – ეწყინა კუკარაჩას. – სამსახურმა ძმაკაცობა არ იცის, ძმაკაცობა სახლში, ქუჩაში და... რესტორანში... ისედაც აავსეს კომისარიატი საჩივრებით, საბაშვილმა მილიცია ძმაკაცებით აავსოო, – უკმაყოფილოდ ახედა დავითმა კუკარაჩას და პაპიროსს მოუკიდა. კუკარაჩასაც მიაწოდა. – აღარ ვეწევი! – თქვა კუკარაჩამ. – როდის აქეთ? – გუშინს აქეთ! – ჯანმრთელი გინდა მოკვდე? – გაიღიმა ცალყბად და ახლად მოკიდებული პაპიროსი საფერფლეს დააჭყლიტა. – მაინც ვინ გიჩივის? – ჰკითხა კუკარაჩამ. – ყველა ოხერი და მამაძაღლი, ვისაც წერა შეუძლია და არ ეზარება. – იმ შენ მომჩივრებს უთხარი, თქვე ვირიშვილებო, მა მილიციაში უცხოსა და მტერს ხომ არ მოვიყვან, თანაც იარაღს ხომ არ მივცემთქო! – ასწავლა კუკარაჩამ. – ნეტაი შენ, ჭკუა არ გაწუხებს და დარდი, – ამოიოხრა მილიციის უფროსმა და თუშურაშვილს ქაღალდი გადასცა. – ქობულეთის აღმართის მცხოვრებლების კოლექტიური განცხადებაა. ნახე ერთი და შეამოწმე, ან იმ გოგოს დაუძახე და მოელაპარაკე. – თუშურაშვილმა განცხადება ჩამოართვა. ქალაქ თბილისის ორჯონიკიძის შინაგან საქმეთა რაიგანყოფილების მილიციის უფროსს ამხ. დ. საბაშვილს ქობულეთის აღმ. № 137 მცხ. კოლექტიური გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა        მოგახსენებთ, რომ ჩვენს ეზოში ცხოვრობს და აღვირახსნილ ცხოვრებას ეწევა (პაპიროსსაც) ინგა ლალიაშვილი. ღამის ორ და ხანდახან ოთხ საათზე მისი ოთახიდან ისმის ჭიქების ჭახაჭუხი, უწმაწური სიტყვები და სიმღერები. მას ინტიმური კავშირი აქვს მრავალგზის ნასამართლებ ვინმე მურტალოსთან (ნამდვილი სახელი და გვარი უცნობია). გვრცხვენია, მაგრამ საქმის საჭიროების გამო ვასახელებთ იმ უწმაწურ სიტყვებსა და სიმღერებს, რომლებიც გვესმის ამ გარყვნილების ბუდიდან. სიტყვები: ბოზი, ჩათლახი, ნაბიჭვარი, ვირიშვილი, ყომარი, დურა, ატანდა, პლეტი, ხოში, ბითური და სხვ. სიმღერები: პარახოდმა ბათუმისკენ გასწია, ვოი ბიჭმა ჩემოდანი ასწია... შე ვირიშვილო სუდია, რა დაგიშავე ცუდია. ჰოპ, სტოპ, ზოია... გთხოვთ ჩვენ თუ არა, ჩვენი მომავალი (ბავშვები) მაინც იხსენით გახრწნისა და გათახსირებისაგან“. განცხადებას რვა კაცი აწერდა ხელს, იმათგან ერთი წითელი ფანქრით. „ამის დაწერილია“, გაიფიქრა კუკარაჩამ და გაეღიმა. – რას იღიმები? – ჰკითხა დავითმა. – ისე! – სასაცილო არაფერია, ეგ გოგო ადრეც გვყავს შემჩნეული, იმ მურტალოსთან დადის თუ პირიქით, მოკლედ, როგორც არის... ის მურტალო კი, შენც იცი, ვინ არის, მაგრამ რომ ვერ დავიჭირე საქმეზე? მაგის დედა ვატირე, ვერსაიდან ვერ მივუდექი... – თავისთვის ჩაილაპარაკა მილიციის უფროსმა. – ნება მომეცით, ამხანაგო მაიორო, წავიდე! – ფეხზე წამოდგა კუკარაჩა და მხედრულად გაიჭიმა. – წადი, წადი, შენც კარგი მაიმუნი ხარ, – ხელი აიქნია დავითმა და საქაღალდეში ჩარგო თავი. *        მორიგე იყო ინგა, ღამის 12 საათი იქნებოდა, აფთიაქში ახალგაზრდა ვაჟი შევიდა. მიუხედავად ულვაშისა, ზედა ტუჩზე ღრმა ნაჭრილობევი ემჩნეოდა, საშუალო ტანისა იყო, ჩასკვნილი, მაგრამ ფერი ჰქონდა რაღაც უცნაური, ერთად შეზავებული მიწისა და ბაიისფერი. უშიშარი, თავხედი და დამცინავი გამოხედვა ჰქონდა, რაც ანტიპატიურობის გარდა, რაღაც ვაჟკაცურ იერსაც კი აძლევდა. გული შეეკუმშა ინგას ამ კაცის დანახვაზე, მაგრამ თავი ისე დაიჭირა, თითქოს არაფერი მომხდარიყოს და წამლების დალაგებას შეუდგა მოგონილი სიმშვიდით. – გამარჯობათ, ქალიშვილო! – თქვა უცნობმა და გასაცემი წამლების სარკმლის რაფას ცალი იდაყვით დაეყრდნო. – გაგიმარჯოთ! – თავაუღებლად უპასუხა ინგამ და საქმე განაგრძო. – აქეთ მომხედეთ, ქალიშვილო! – გაუღიმა უცნობმა. – რა გნებავთ? – ჰკითხა ინგამ და სარკმელს მიადგა. – მარტო ხართ? – არა, გამგეც აქ არის და მთავარი პროვიზორიც, – იცრუა ინგამ. – ორივეს დაუძახე! – თქვა უცნობმა, ეს თქმა ბრძანებას უფრო ჰგავდა. – თუ რამე მზა წამალი გნებავთ, მე მითხარით და მოგცემთ, თუ არადა, რეცეპტი დამიტოვეთ, – უპასუხა ინგამ. – რასაც გეუბნები, ის გააკეთე! – უთხრა უცნობმა და ნაჭრილობევის ქვეშ ოქროს ორი კბილი გამოაჩინა. ინგას ისევ შეეკუმშა გული. „ღმერთო, რამ გაწყვიტა ეს ავადმყოფები, ვინმე მაინც შემოიხედავდეს“, – გაიფიქრა და კარისაკენ გაიხედა. უცნობმაც გაიხედა კარისაკენ. მერე კართან მივიდა და ზედ ჩამოკიდებული თეთრი მუყაოს ტაბლო გადმოატრიალა, რომელზეც შავი ასოებით ეწერა – აფთიაქი დაკეტილია, – შაბაშ! – თქვა სიცილით უცნობმა, – ახლა წადი და დაუძახე გამგესაც და პროვიზორსაც... ინგა გამგის კაბინეტისაკენ წავიდა, უცნობი თან გაჰყვა. – სად მოდიხართ? – ჰკითხა ინგამ. – გაგაცილებ! – ისევ გაუღიმა უცნობმა. ინგა გამგის კაბინეტში შევიდა. უცნობი შეჰყვა. კაბინეტი, რა თქმა უნდა, ცარიელი იყო. – სად არიან? – ჰკითხა უცნობმა და თვალებში შეხედა. – წასულან! – თქვა დაკარგული ხმით ინგამ და მოწყვეტილი ჩაეშვა გამგის სავარძელში... – მაგას რა სჯობია, ახლა გამგეც შენა ხარ და მთავარი პროვიზორიც, – თქვა სიცილით უცნობმა. – რა გნებავთ, მითხარით! – თქვა ინგამ და შუბლზე ცივმა ოფლმა გამოჟონა. – მორფი! – თქვა მოკლედ უცნობმა. ინგა გაფითრდა. – მე მორფი ვინ მომცა, სეიფშია ჩაკეტილი, – ძლივს მოაბრუნა გამშრალი ენა პირში ინგამ, – ხვალამდე მოითმინეთ, გამგე მოვა და... – მორფმა ხვალ და ზეგ არ იცის, ქალიშვილო, ან ახლა, ან არასოდეს! – თქვა უცნობმა. ინგამ უცნობის ამღვრეულ თვალებს შეხედა და მიხვდა, რომ მკვლელთან ჰქონდა საქმე. – დავრეკავ და ვკითხავ! – თქვა ინგამ და აკანკალებული ხელით ტელეფონის ყურმილი აიღო. უცნობი ადგა, ჯიბიდან დანა ამოიღო, დანამ გაიჩხაკუნა და შავი ტარიდან გველის ენასავით ამოსრიალდა დანის პირი. ინგამ პირი დააღო, მაგრამ დაკივლების მაგივრად ყელიდან ყრუ ხრიალი აღმოხდა. უცნობმა პირზე ხელის დაფარება მოასწრო. – ჩუმად, ნუ გეშინია, – გააფრთხილა მან. ინგას შიშისაგან კრიჭა შეეკრა. უცნობმა ყურმილის ზონარს დანა დაუსვა და ინგას მარტო ყურმილიღა შერჩა ხელში. – მორფს ტელეფონი და მოწმე არ უყვარს, – თქვა უცნობმა. ამის შემდეგ ინგა მონუსხულივით მოქმედებდა. იგი ადგა, საგანგებო უჯრასთან მივიდა, გამოაღო, მორფის ორი ამპულა ამოიღო და უცნობს გადასცა. უცნობმა ხელის კანკალით ჩამოართვა მორფი და სავარძელში ჩაჯდა. საოცარი სისწრაფით მოქმედებდა. ჯიბიდან ორგრამიანი შპრიცი ამოიღო, გააწყო, ამპულებს თავი წაამტვრია, შპრიცი აავსო, მარცხენა მკლავი იღლიამდე დაიკოტავა, მერე ჯიბიდან ცხვირსახოცი ამოაძრო, აქეთიქით ყურებში ორთავე ხელი წაავლო, დაატრიალა, მკლავზე დაიხვია, ცხვირსახოცის ცალი ყური კბილებით დაიჭირა, მეორე ხელით მაგრად გაისკვნა და გამობერილ ვენაში საოცარი ოსტატობით შეიყვანა ნემსი... მერე ყველაფერი შესაშური წესრიგით ჩაალაგა თავის ადგილას, თავი სავარძლის სკამზე გადაჰკიდა, თვალები დახუჭა და რაღაცას დაელოდა თვალმინაბული. ინგა შიშისაგან გაფართოებული თვალებით უმზერდა მთელ ამ პროცესს. უცნობი დაახლოებით ორ-სამ წუთს გარინდული იჯდა სავარძელში. – მოვიდა! – თქვა უცებ უცნობმა და თვალები გაახილა, ინგამ უნებურად კარისაკენ გაიხედა, კარში არავინ იდგა. – მოვიდა! – გაიმეორა უცნობმა და ინგამ მის ამღვრეულ თვალებში უზომო სიმშვიდე და ნეტარება დაინახა. – ხომ არ გასინჯავდით, ქალბატონო, – ჰკითხა ღიმილით უცნობმა. ინგა მუნჯივით იჯდა და განცვიფრებული უმზერდა ადამიანის საოცარ მეტამორფოზას. – თქვენ არ იცით, ეს რა არის. ხომ არ გნებავთ გუმილიოვი წაგიკითხოთ, გნებავთ, ესენინს წაგიკითხავთ, იქნებ გალაკტიონი გირჩევნიათ? ჯვარს ეცვი, თუ გინდა, საშველი არ არის, არ არის, არ არის... თქვენ კი შეგეშინდათ, ღირდა ამისთვის ნერვიულობა? – იგი ზანტად წამოდგა სავარძლიდან, გულის ჯიბიდან სამთუმნიანების შეკვრა ამოიღო, ინგას წინ მაგიდაზე დადო და კარისაკენ წავიდა. – ოპერაცია „მორფი“ დამთავრებულია. შეგიძლიათ მშვიდად იძინოთ, ვკოცნი თქვენს ნაფეხურებს, მორფინისტი არ გეგონოთ, ვიყავი ერთ დროს, ახლა ათასში ერთხელ მომივლის, როდის და სად, მე თვითონ არ ვიცი და ასეთ სისულელეებს ჩავდივარ ხოლმე... სხვათა შორის, მე თქვენ გიცნობთ, ინგა გქვიათ, ქობულეთის აღმართზე ცხოვრობთ, 137 ნომერში... დღეიდან თქვენი შემწუხებელი ჩემი შემწუხებელია, ჩემი შემწუხებელი კი ყველა ვერის სასაფლაოზე წევს... – ამას გზადაგზა ამბობდა. კართან მობრუნდა და ინგას დააშტერდა. – არ გაინძრე, ეგრე იჯექი... ხელში პატარა ბავშვიც რომ გეჭიროს, ღვთიშობელი ხარ ნამდვილი... – თქვა და გავიდა. თითქოს თხოვნა შეუსრულაო, ინგა არ განძრეულა. დილის შვიდ საათზე მოსულმა დამლაგებელმა იგი აფთიაქის გამგის სავარძელში ნახა, ზონარგადაჭრილი ყურმილით ხელში. *        ინგასთვის მურტალოს სიყვარული არ აუხსნია. ერთი წელი ზამთარ-ზაფხულ ქურთი მარატიკას ხელით თითო კალათა წითელ ვარდებს უგზავნიდა ქობულეთის აღმართზე. ყველა თვის ბოლოს ვიღაც ქოსა, უცნობი მამაკაცი მოდიოდა და ათას მანეთს უტოვებდა. – ქალბატონო, მურტალომ ვალი მოგართვათ და დაგვიანებისათვის ბოდიშს გიხდითო. – ვიდრე ინგა რამეს მოიფიქრებდა, ის კაცი მოლანდებასავით ჰქრებოდა ხოლმე. ორი თვის თავზე ინგამ შეამჩნია, რომ ყველა მისი თაყვანისმცემელი უბნის ბიჭი შეხვედრისას უხერხული ღიმილით არიდებდა თავს და უზომო მოწიწებით ეპყრობოდა. ყველგან და ყველაფერში გრძნობდა ინგა მურტალოს უჩინარ და ძლიერ ხელს, თვითონ მურტალო კი არსად ჩანდა. ინგა ხელშეუხებელი დედოფალი გახდა უბანში. მურტალო კი არ ჩანდა.        ინგას შიშთან ერთად რაღაც იდუმალი ძალის, აუხსნელი სიამაყისა და შემზარავი მოლოდინის გრძნობა გაუჩნდა. ეს გრძნობა დღითი დღე მატულობდა, იზრდებოდა, ღვივდებოდა და ამ მაჯლაჯუნა ფიქრისაგან თავი რომ დაეღწია და ამ იდუმალი საქმისათვის ბოლო რომ მოეღო, ინგამ თავად დაუწყო ძებნა მურტალოს. პირველად უბნის განთქმულ ბარიგასთან, ანჟელიკასთან მივიდა. წვრილად მოუყვა ყველაფერს. ანჟელა ყურს უგდებდა, თან „ყაზბეგს“ ერთიმეორეზე მიყოლებით აბოლებდა. ინგამ ამბავი დაასრულა და კითხვით სავსე თვალები მიაპყრო ორმოცდაათი წლის მკერდდამჭკნარ და ყელზე ძარღვებდაბერილ ქალს. ერთი საათი ახველა ანჟელიკამ, ბოლოს სული რომ მოითქვა, ცრემლით სავსე წამწამებგაცვენილი თვალებით ახედა ინგას. – იმ ფულს რას უშვრები? – ჰკითხა. – კაპიკი არ მომიკლია. – თორმეტი ათასი მანეთი ძალიან დიდი ფულია, – თქვა თავისთვის ანჟელიკამ. – რა უნდა ვქნა? – შეეკითხა ინგა. – უნდა დახარჯო! – ხელები გაშალა გაკვირვებულმა ანჟელიკამ. – მაგას არ გეკითხები. – მა რას მეკითხები? – საერთოდ რა ვქნა?! – ჰოო, – გააგრძელა ანჟელიკამ, – საერთოდ მძიმე საქმე მოგსვლია, სატანას შეყვარებოდი სჯობდა, ეგ მე მკითხე. – ჰოდა, გეკითხები. – მე რას მეკითხები, ვარდივით გოგო ხარ, ვიდრე ცოცხალია, ისე დაგაჭკნობს, სხვა კაცი შენს სურნელებას ვერ გაიგებს... – მაშ, ქვეყნად სამართალი არ არსებობს, არც მილიცია, არც მთავრობა, არც ხალხი, არც ციხე?! – ციხე მაგათი სახლია, დანარჩენი კი მაგათთვის არ არსებობს, – გადაუწურა წყალი ანჟელიკამ. – ეგ არის შენი ბოლო სიტყვა? – ეგ არის! – მაშ, საშველი არ არის? – არა, ვიდრე თავად არ დაგანებებს თავს. – ეგ როდის მოხდება? – ჩემსავით რომ დაჩამიჩდები. – სხვა საშველი არ არის? – არის! – რა? – იმედი მიეცა ინგას. – უნდა მოკვდეს. – ვინ? – ერთ-ერთი თქვენგანი, ეს ყველაზე ნაღდი გამოსავალია, – გაიღიმა ანჟელიკამ. – რომ დავაჭერინო? – ჰკითხა ფრთხილად ინგამ. – რამეს გიშავებს?! – ჯერ არაფერს! – შეყოყმანდა ინგა. – მაშ, თუ არაფერს გიშავებს, დალოცვილო, სიყვარულისთვის რომ ხალხს იჭერდნენ, მთელი დუნია ციხეში იქნებოდა, – ხრინწიანად გაეცინა ანჟელიკას. – შემახვედრე მაინც, – სთხოვა ინგამ. – თვითონ მოვა! – დაამშვიდა ანჟელიკამ. – ვიდრე მოვა, მე თვითონ უნდა ვნახო. – მაშინ ნახალოვკელ კოლასთან მიდი, ის გასწავლის, როგორ მოიქცე, – ანჟელა ფეხზე წამოდგა, ამით ინგას აგრძნობინა აუდიენცია დამთავრებულიაო. ნახალოვკელ კოლასთან საუბარი ძალიან ხანმოკლე და ლაკონური იყო: – მურტალო? რას ბრძანებთ, ქალბატონო, მურტალო ძალიან პროგრესული და კეთილშობილი ახალგაზრდაა. – მაგას არ გეკითხებით, ბატონო კოლა, სად ვნახო-მეთქი, – უთხრა ინგამ. – მე რა ვიცი, ქალბატონო, მაგის მისამართი საბჭოთა კავშირია, – ხელები გაშალა კოლამ. – მშვიდობით! – უთხრა ინგამ და ადგა. – ღმერთმა ხელი მოგიმართოს, – დალოცა კოლამ. *        ახალი წლის ღამე ინგამ თანამშრომლებთან ერთად გაატარა. რამდენიმე ჭიქა შამპანური დალია, ბევრი იმღერა, ბევრი იცეკვა, ბევრი იცინა და სახლში ღამის სამ საათზე დაბრუნდა. თავი სასიამოვნოდ უბრუოდა, ძალიან კარგ გუნებაზე იყო. კიბის ხუთი საფეხური ასკინკილათი აირბინა, კარი გააღო, პალტო ძუნძულ-ძუნძულით ჩამოიცურა მხრებიდან, ოთახში სინათლე აანთო და ინგას ზუსტად ისეთი ხრიალი აღმოხდა ყელიდან, როგორც ერთი წლის წინათ აფთიაქში. შუა ოთახში პირამდე სანოვაგითა და შამპანურის ბოთლებით გაძეძგილ მაგიდას მურტალო უჯდა. იგი ფეხზე არ წამომდგარა, არც სალამი უთქვამს. პაპიროსს აბოლებდა, თვალს არ აცილებდა ინგას და იღიმებოდა. ინგა თანდათან დამშვიდდა. მოულოდნელმა შიშმა გაუარა და, მისდა გასაკვირად, რაღაც სიხარულის მაგვარიც კი იგრძნო. კაცი, რომელსაც მთელი წლის განმავლობაში დღე და ღამე დაეძებდა, ახლა მის წინ იჯდა და მორჩილი თვალებით უცქერდა. – გამოჩნდი? – ჰკითხა ინგამ და ტახტის კუთხეში დაეშვა. ხელები მუხლებზე დაიწყო და პასუხს დაელოდა. როდესაც ხელები მუხლებზე დაიწყო, შეამჩნია, რომ ხელებიცა და მუხლებიც ორივე ოდნავ მაინც უთრთოდა. ამიტომ კალთაზე ყურთბალიში დაიდო და ათრთოლებული ხელები იმის ქვეშ დამალა. – მოხვედი? – შეუბრუნა კითხვა ინგამ. მის ხმაში არც ზიზღი იყო ამ კაცის მიმართ, არც შიში, არც პატივისცემა, იყო მხოლოდ ცნობისმოყვარეობა. მურტალომ თავი დაუქნია თანხმობის ნიშნად, შამპანური გახსნა რაღაცნაირად, უხმაუროდ, ჭიქებში დაასხა, ქაფს დაჯდომა აცალა, მერე ერთი ჭიქა აიღო და დაილოცა. – გილოცავ ახალ წელს, საქართველოს დიასახლისო, ყოვლადწმინდა ღვთიშობელი მარიამი იყოს შენი მფარველი. – როგორ შემოხვედი დაკეტილ სახლში?! – ჰკითხა ინგამ. მურტალომ არაფერი უპასუხა, ადგა, ჭიქა აიღო, მაგიდას შემოუარა და ინგას გაუწოდა. ინგამ ჭიქა არ ჩამოართვა, რადგან ხელები ისევ უთრთოდა და არ უნდოდა, რომ მურტალოს შეემჩნია. მაშინ მურტალომ ჭიქა სკამზე დაუდგა და ადგილზე დაბრუნდა. – როგორ შემოხვედი დაკეტილ სახლში? – გაუმეორა ინგამ კითხვა. – კარი ღია დაგრჩენია! – გაუღიმა მურტალომ. – მაშ, დაკეტილი რატომ დამხვდა? – არ ვიცი, ღმერთმანი, მე მოვედი, ვთქვი „სიმ-სიმ, გაიღე!“ და კარი გაიღო. – თქვა მურტალომ ისე გულწრფელად, თითქოს მართლაც ასე მომხდარიყოს. – მაშ, ახლაც იგივე თქვი და წადი! – უთხრა ინგამ. მურტალოს ხმა არ ამოუღია, ისევ შეავსო ჭიქა. – რა გინდა ჩემგან? – ჰკითხა ინგამ. – არაფერი, – უპასუხა მურტალომ ძალიან მშვიდად. – არაფერი, – გაიმეორა ინგამ. – კაცს, რომლის სახელი და გვარი არ ვიცი, არ ვიცი მისი პროფესია, ასავალ-დასავალი, კაცს, რომელიც ყოველდღე ერთ კალათა წითელ ვარდებს მიგზავნის, ყოველთვე ვიღაცის ხელით ათას მანეთს მიტოვებს, კაცს, რომელმაც ჩამომაცილა უბნის ყველა ვაჟი და საეჭვო გახადა უბანში ჩემი ქალობა და პატიოსნება, არაფერი არ უნდა ჩემგან... თქვი, ვინა ხარ შენ და რა გინდა ჩემგან... მურტალოს სახეზე სევდა გამოეხატა. – მე შენთვის არაფერი არ მითხოვია. – მე – მით უმეტეს! – თქვა ინგამ. ადგა, კარადასთან მივიდა, უჯრა გამოაღო, თორმეტი ათასი მანეთი გამოიღო და წინ დაუყარა. მურტალოს ფულისთვის არ შეუხედავს. – ვარდები დამიბრუნე, თუ შეგიძლია! – უთხრა დიდი ხნის დუმილის შემდეგ. – როგორ? – გაუკვირდა ინგას. – როგორც გინდა! – უპასუხა მურტალომ. – ხვალვე დაგიბრუნებ, – უთხრა დაუფიქრებლად. – იცოდე, სამას სამოცდახუთი კალათი უნდა იყოს, ყველა წითელი, დარჩეული, არც ერთი თეთრი. – თქვა მურტალომ და ჭიქა გამოსცალა. – მე შენთვის ვარდები არ მითხოვია. ვარდები მოკვდა, დაჭკნა, ფული კი აქ არის, ხელი არ მიხლია და წაიღე. – ეს ფული მკვდარია, ქაღალდისაა, ვარდები კი ცოცხალი იყო! – თქვა მურტალომ. – მე შენი ქარაგმები არ მესმის. აიღე ფული და წადი! – თქვა ინგამ და ფული მიუჩოჩა. – ერთი ჭიქა ღვინო დალიე, დამლოცე და წავალ! – დაჰპირდა მურტალო. – შენზე ამბობენ, რომ მკვლელი, ქურდი, მორფინისტი და არამზადა ხარ!.. – ამბობენ, – სინანულით დაეთანხმა მურტალო. – ხარ თუ არა? – მე თავისუფალი კაცი ვარ! ვაკეთებ, რაც მინდა, როდესაც მინდა და როგორც მინდა. – რამდენი წლისა ხარ? – ოცდაათის. – რატომ ეშინია შენი ყველას? – ალბათ იმიტომ, რომ მე არ მეშინია არავისი. – იმ ღამით მორფი რომ არ მომეცა შენთვის, რას მიზამდი? მურტალო დაფიქრდა. – მოგკლავდი! – თქვა თავაუღებლად. – ახლა? – ახლა რომ გამაგდო, თავს მოვიკლავ. – მე? – შენ ვეღარა. – სტყუი! მურტალომ ნაგანი ამოიღო და მაგიდაზე დადო. ინგას ჟრუანტელმა დაუარა. – მაშინებ? – არა, შენს მზეს ვფიცავარ. – სტყუი! – გაიმეორა ინგამ და მურტალოსთან სულ ახლოს მივიდა. – თუ გინდა, შენ მომკალი, – უთხრა და ნაგანი მიუჩოჩა. – იცი, რომ მკვლელი არა ვარ და იმიტომ ხარ დიდ გულზე. – ნუ გეშინია, არაფერს გეტყვიან, ჩემი მოკვლისთვის შეიძლება ორდენიც მოგცენ, – გაუღიმა მურტალომ. – დიდი წარმოდგენა გაქვს შენს თავზე. – პირიქით. რასაც გეუბნები, სულ პირიქითაა. – ადექი და წადი ჩემი სახლიდან, გეყოფა მასხარაობა, – უთხრა ინგამ. – სიცოცხლეს უფრო ადვილად დავტოვებ, ვიდრე შენ, – თქვა მშვიდად გაფითრებულმა მურტალომ და ისევ დაისხა ღვინო. ინგა მიხვდა, რომ ეს კაცი სიტყვებს როყიოდ არ ისროდა. – ვიკივლებ! – თქვა მან და წუთში მიხვდა, რომ არ იკივლებდა, – ვიკივლებ და მეზობლები შემოცვივდებიან. – რამდენი მეზობელი გყავს? – ჰკითხა მურტალომ. – ოცი! – ათი მიუმატა ინგამ. – ოც მკვდარს გაიტანენ ამ ოთახიდან, – თქვა მურტალომ და ღვინო მოსვა. ინგას ისევ გააჟრჟოლა ტანში. – რამდენი კაცი გყავს მოკლული? – ყველა კაცი თვითონ იკლავს თავს და, ვინც მოკვდა, ყველა სიკვდილის ღირსი იყო. – მე ეგ შენი ქურდული ფილოსოფია არ მესმის, ახლავე ადექი და გაეთრიე ჩემი სახლიდან! – ტყუილად ცდილობ, ინგა, ჩემ გაგდებას, მე შენი თავი ყომარში კი არ მომიგია, ღმერთმა მაჩუქა... – ხვალვე განვაცხადებ მილიციაში! – დაემუქრა ინგა. – როგორ შემეშინდააა, – გააგრძელა მურტალომ და გაიცინა. – ნუთუ მართლა არაფრის გეშინია ქვეყანაზე? – ჰკითხა გაკვირვებულმა ინგამ. – ერთი რამის მეშინოდა, მეშინოდა იმის, რომ უსიყვარულოდ წავიდოდი ამ ქვეყნიდან, ახლა ამისიც აღარ მეშინია, ჩემზე ბედნიერი კაცი არ დადის ქვეყანაზე და რაღა მნიშვნელობა აქვს, როდის მოვკვდები... ინგამ ვერ იგრძნო, როგორ გაექცა ხელი და როგორ გააწნა სილა მურტალოს. მურტალო არ განძრეულა, გაფითრდა მხოლოდ. – თავხედი ხარ შენ და სალახანა, წაეთრიე აქედან, სახელს ნუ მიტეხ. ამ ეზოში ჩემს გარდა, ხალხი ცხოვრობს... – ხალხი ბრბოა, ხვალ მოვა, შენს ფეხის ნაბან წყალს დალევს და მაგდალინელივით წმინდანად გამოგაცხადებს, – თქვა მურტალომ. ინგას სახეზე ცეცხლი წაეკიდა და ახლა მეორე ლოყაზე გააწნა სილა ისე მაგრად, რომ მურტალოს სისხლი წასკდა ცხვირიდან. მან თავი დახარა და მაგიდის თეთრი საფარი სისხლით შეიღება. ინგა შეკრთა სისხლის დანახვაზე, უკან დაიხია, მერე ანგარიშმიუცემლად სამზარეულოში შევარდა, ტილო ცივ წყალში დაასველა, გაწურა და ოთახში დაბრუნდა. მურტალო თავის ადგილას იჯდა და სისხლი ღვარად ჩამოსდიოდა ცხვირიდან. ინგამ იგი წამოაყენა, ტახტზე წამოაწვინა და ცივი ტილო დასიებულ სახეზე დაადო. ტილოს რომ ადებდა, ხელზე მურტალოს ტუჩების შეხება იგრძნო და, მისდა გასაოცრად, ინგას მისთვის ხელი არ წაურთმევია. დილამდე ენთო ინგას ოთახში სინათლე. დილით, როდესაც ტახტის კუთხეში გაუხდელად ჩაძინებულ ინგას გამოეღვიძა, ოთახში არავინ იყო. და თუ არა სისხლით შეღებილი მაგიდის საფარი, ყველაფერი სიზმარი ეგონებოდა. *        მოსე შაფთოშვილს დეიდა მართას სახლის სარდაფში ორი ბნელი ოთახი ჰქონდა დაქირავებული, შიგ სამღებრო საამქრო იყო გამართული. თვითონაც იქვე ცხოვრობდა თავისი ჯალაბით: ცოლით – რებეკათი და ასე თოთხმეტ-თხუთმეტი წლის ჭორფლიანი და ბობრი ვაჟით – ისხააკით. მომხმარებელთაგან დაკვეთებს, რაღა თქმა უნდა, მოსე იღებდა, სამღებრო საქმეებს კი ძირითადად რებეკა და ისხააკი ასრულებდნენ. ასე რომ, დეიდა მართას ეზო მარტო ვირების გარაჟი კი არა, რაც არ უნდა მსუბუქი გეძახათ, მაინც ჩვენი უბნის ერთ-ერთი სამრეწველო ცენტრი გახლდათ. საამქრო მუშაობდა. საქმე მშვენივრად მიდიოდა და ყველანი უზომოდ ბედნიერნი იყვნენ. რებეკა რომ მთელი ღამის ნამუშევარს დილით მზეზე გამოფენდა ხოლმე, დეიდა მართას ეზოს ყურებას არაფერი სჯობდა. ბაწარზე გასაშრობად ჩამოკიდებული ფერად-ფერადი პერანგები, საცვლები, შარვლები, თავსაფრები, წინსაფრები, ცხვირსახოცები, პირსახოცები, ხელსახოცები, ბავშვების ტანსაცმელი ქარში იალქნებივით რომ დაიბერებოდნენ და ატკარცალდებოდნენ, მაშინ დეიდა მართას ეზო სააღლუმოდ გაწყობილ პატარა ხომალდს ჰგავდა ხოლმე და მიჰქროდა სადღაც შორს, ბობოქარი ცხოვრების ზღვაში და ამ ხომალდის მესაჭეცა და კაპიტანიც მოსე შაფთოშვილი გახლდათ, ჩვენ კი – მას მინდობილი, თითო მუჭა კანფეტად დაქირავებული მეზღვაურები, რათა ამ მოფრიალე ფერად-ფერად აფრებზე ტალახში ამოსვრილი ჯოხით რამე უწმაწური და უნაირო არ დაგვეწერა და დაგვეხატა. საათივით ჰქონდა მოსე შაფთოშვილს ცხოვრება აწყობილი, მაგრამ სწორედ იმ ზაფხულს, მეოთხე კლასში სამჯერ ჩარჩენილი ისხააკი რომ მეხუთე კლასში გადავიდა, მოსეს ოჯახის ცხოვრების ჟამთააღმრიცხველმა საათმა პირველი გლოვის ზარი შემოჰკრა... ვიღაც ოხერმა და ცოდვილმა ამბავი მოუტანა რებეკას: შენი ქმარი სვანეთისუბნელ ანგელინას ყვარობსო, მთელი შემოსავლის ნახევარი იმასთან მიაქვსო, შენ რომ გადაბრუნებული დრაფის პალტო გაცვია, ანგელინა კრაველის ქურქით დადისო... და ერთ მშვენიერ დღეს რებეკამ დეიდა მართას ეზოში სულ შავი აფრები გამოფინა. ყველაფერი: ხელსახოცი, პირსახოცი, წინდა, პერანგი, შარვალი შავად იყო შეღებილი, ისე, თითქოს ჩვენი პატარა ხომალდის კაპიტნის დაღუპვას გლოვობდა. ქალაქიდან შინ დაბრუნებულმა მოსემ ეს რომ დაინახა, თვალები მოისრისა, მერე შავად შეღებილ აფრებს მიუახლოვდა, ხელი შეახო და გაშავებულ ხელისგულზე დაიხედა. მაინც არ დაუჯერა თვალებს და იქ მყოფ ბიჭებს დაგვიძახა. – თამაზის დავენაცვლე, რა ფერისაა ეს? – მიმითითა ვიღაცის პერანგზე. – შავია, ძია მოსე. – გიზიკ, ბიჭო, თქვი, რომ მატყუილებს და მაროჟნს გიყიდი, – შეეხვეწა გიზიკას. – შავია, ძია მოსე, და რა გიყო? – დუდუ, მაბითურებენ ხომ? – ხავსს მოეჭიდა მოსე. – მთვრალი ხომ არა ხარ, ძია მოსე? – ჰკითხა დუდუმ. – ბროძელო, შენ მაინც მითხარი, რა ფერისაა ეს ჩემი მანუფაქტურა?! – შავს და თეთრს ვეღარ არჩევ, ძია მოსე? – გაუკვირდა ირაჩას. – რებეკა!!! – იკივლა უცებ მოსემ და თავში წაიშინა ხელები, – რებეკა, ოჯახის დამაქცეველო, ღორის გაგდებულო და ჯიგარში დანაგასაყრელო... ისხააკ, მამის გამყიდველო, იუდა ისკარიოტელო! – ახლა შვილს უხმო მოსემ. სარდაფში სამარისებური სიჩუმე სუფევდა. მაშინ იგი გიჟივით ეცა შიგნიდან გამოკეტილ კარს და მტვრევა დაუწყო. – გამოდით, ქმრის და მამის მკვლელებო, გამოდით, თორემ ნავთს გადავასხამ სახლს და ვირთხებივით გამოგწვავთ შიგ, თქვენი დედის ჯიგარი... გამოდით!! – მოსეს მუშტები და ფეხები რომ დაუბუჟდა კარზე რტყმევისაგან, გაქანდა და მუხის კარი თავით ჩამოიღო. სარდაფში ჯოჯოხეთი დატრიალდა, ეზო ხალხით გაივსო, მაგრამ ჯოჯოხეთში შესვლას, რომლის წიაღიდან გმინვა, კვნესა და ოხვრა ისმოდა, ვერავინ ბედავდა. – კუკარაჩას, კუკარაჩას დაუძახეთ! – მოიფიქრა ვიღაცამ. ხუთ წუთში კუკარაჩა მოვარდა და სარდაფში შეიჭრა. რამდენიმე წუთს მაინც არ შეწყვეტილა გმინვა სარდაფში, უცებ ჯოჯოხეთიდან მოსეს განწირული ღაღადისი გაისმა. – არ მომკლა, დაგენაცვლე, და გნებდები! – მერე სამარისებური სიჩუმე ჩამოვარდა. კიბეზე იღლიაში მოსეამოჩრილი კუკარაჩა გამოჩნდა. მოსეს ერთ მუჭში ისხააკის ცეცხლივით წითელი თმა ჰქონდა ჩაბღუჯული, მეორეში – რებეკას ყორნისფერი თმა. კუკარაჩამ ასე იღლიაში ამოჩრილი წაიყვანა მოსე. ცოტა ხნის შემდეგ სარდაფიდან დაბეჟილი რებეკა და ისხააკი ამოფორთხდნენ, უხმოდ ჩამოხსნეს შავი აფრები და ისევ სარდაფში შეიყუჟნენ. საღამოს მოსე აბრეშუმის ჭიასავით თვინიერი და ჩუმი დაბრუნდა კუკარაჩას თანხლებით და სარდაფიდან დილამდე ისმოდა ოთხ ხმაში ხან კახური მრავალჟამიერი, ხან თბილისური ბაიათი, ხან მეგრული არირა, ხან გურული კრიმანჭული, ხანაც „სამტრედიაში, ვადაი, ბურდღა გავყიდე...“ – რა თილისმა წაუსვა ამ კაცმა ამ ცოფიან ხვადაგს, ასე ანგელოსივით რომ გალობს? – თქვა გაკვირვებულმა დედამ და აივნის ფანჯარა მიხურა. *        მოსეს საქმე ასე მშვიდობიანად არ დამთავრებულა. იმ დღიდან ვირების დოღი ვიღას ახსოვდა, მოსემ დეიდა მართას ეზო ცირკის არენად აქცია და ყოველკვირა ახალ-ახალ სანახაობებს წარმოგვიდგენდა ხოლმე. იგი გაგლეჯილი მთვრალი მოდიოდა და სანახაობაც ხუთ წუთში იწყებოდა. – მაშ, ანგელინა თმებით ათრიე, არა?.. მაშ, კარაკულის შუბაზე გოგირდის მჟავა შეასხი, არა?... მაშ, ავადმყოფებს ლოგინში უწვება, არა? მაშ, ექთანი კი არა, ბოზი და კახპაა, არა?... მაშ, შენ ვინა ხარ? – არ გინდა, მოსე, არ გინდა, აჰა, დანა და ბარემ ყელი გამომღადრე! – მუხლებზე დაჩოქილი ემუდარებოდა რებეკა მოსეს. – პაპიკ, დედას ხელი არ ახლო, თორემ!.. – ემუქრებოდა ისხააკი და დედამისის ზურგს უკან იმალებოდა. ამასობაში კუკარაჩაც გამოჩნდებოდა დაბარებულივით და მოსე იმ წუთში ხავერდად იქცეოდა. ერთ კვირა დღეს მოსემ ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა. რებეკა სარდაფიდან ეზოში გამოიყვანა, წელზევით კაბა შემოახია და ქამრით დაუწყო ცემა. – მაშ, ანგელინას ქუჩაში კაბა შემოახიე, არა?.. ლიფი მოგლიჯე, არა?.. მთელი სვანეთის უბნის ბიჭები ახარხარე, არა?.. ეგეც შენ, ეგეც შენ, ეგეც შენ... – რებეკა იდგა და უხმოდ იტანდა გვემას. ისხააკი მამამისის გარშემო დარბოდა ქვით ხელში და წვრილი ხმით ემუქრებოდა: – პაპიკ, დედას ხელი არ ახლო, თორემ ხომ იცი!.. მოსემ ისეთი ჭიტლაყი ამოჰკრა ისხააკს, რომ საბრალომ ორი მეტრი იფრინა და ვირების სადგომთან თავით დაერჭო, მაშინ კი იკივლა რებეკამ: – გოლგოთაზე სასეიროდ მოსულო პირუტყვებო, ღმერთის ხმა არ გესმით? გვიშველეთ რამე, კუკარაჩას დაუძახეთ! თითქოს ღმერთმა უსმინაო, ეზოში კუკარაჩა შემოვარდა. ... და მოხდა სასწაული. მოსე არ დანებდა კუკარაჩას. – გაიწი, თორემ მოგკლავ! – უთხრა მოსემ კუკარაჩას და ქამარი ისე შეაბრუნა ხელში, რომ რკინის ბალთა ბოლოში მოექცა. – დააგდე ქამარი, უბედურო, – უთხრა კუკარაჩამ და ერთი ნაბიჯი წინ გადადგა. – უკან, თორემ მოგკლავ, კუკარაჩა! – თქვა მოსემ. ქამრის აბზინდმა კუკარაჩას საფეთქელთან გაიშხუილა, კუკარაჩამ უკან დაიხია და მკლავები დაიკოტავა. – ცოდვა არ ჩამადენინო, კუკარაჩა! – გააფრთხილა მოსემ კუკარაჩა.        კუკარაჩა არ შეეპუა და ისევ წინ წაიწია, ოღონდ ახლა უფრო ფრთხილად, მაგრამ არ უშველა სიფრთხილემ კუკარაჩას, მოქნეული აბზინდა ყვრიმალზე მოხვდა და ლოყა შუაზე გადაეხსნა, სისხლმა იფეთქა კუკარაჩას სახიდან. ქალებმა კივილი ატეხეს. ყველამ გავიგონეთ, როგორ ააღრჭიალა კუკარაჩამ ტკივილისა და სიბრაზისაგან კბილები. სისხლი რომ დაინახა, მოსე სულ გადაირია, ქამრის ბალთა მეორედ მოხვდა კუკარაჩას სახეში. შემდეგ რაც მოხდა, ბევრს გარკვევით არც კი გვახსოვს, რადგან ყველაფერი რამდენიმე წამში შესრულდა. სახედასისხლიანებული კუკარაჩა წელში შეუვარდა მოსეს, ერთ წამს მოსე უმოწყალოდ აფართხალებდა ხელ-ფეხს ჰაერში, მერე კუკარაჩამ, თითქოს რაღაცას ფერთხავსო, ისე ჩამოიხია თავზე მოსე და გულშეღონებული და ყბამონგრეული რებეკას ფეხებთან დაუგდო... მოსე რომ არ გაინძრა, კუკარაჩამ მის წინ დაიჩოქა, ყბა გაუსწორა და გულზე ყური დაადო, მერე საყელო გაუხსნა და წყალი მოითხოვა. წყლის მომლოდინე დაჩოქილმა კუკარაჩამ უცებ იგრძნო, როგორ დაეშვა თავზე რაღაც უსაშველოდ მძიმე და თვალთ დაუბნელდა. ოდნავ გონს რომ მოეგო და მაღლა აიხედა, მის წინ სახეშეშლილი რებეკა იდგა შუაში გადამტვრეული სარეცხის საბიჯგი როკის სარით ხელში. – მოჰკალი, შე ურჯულო?.. მოჰკალი ოჯახის მარჩენალი და მასაზრდოებელი?.. შენ არჩენ აწი ჩემს ობოლ ისხააკს? შენ უშველი აწი ჩემს დაბნელებულ ქვრივ ცხოვრებას?.. მოკვდი, შე კაცის მკვლელო!.. – რებეკამ ისევ მოუქნია კუკარაჩას ხელში შერჩენილი სარის ნახევარი, მაგრამ კუკარაჩამ დროზე გამოსტაცა სარი ხელიდან და გვერდზე მოისროლა. – ახია ჩემზე! – თქვა და დასისხლიანებულ სახეზე ხელი მოისვა. – როგორც მომიკალი, ისე გამიცოცხლე! – ახლა ქვით მივარდა შეშლილი რებეკა კუკარაჩას. კუკარაჩამ ქვა წაართვა რებეკას, მერე ვიღაცას ერთი ვედრო წყალი ჩამოართვა და თავზე დაამხო გულშეღონებულ მოსეს. მოსემ ჯერ ამოიკვნესა, მერე ქუთუთოებიც შეარხია პრანჭია პატარძალივით, ბოლოს თვალიც გაახილა და თავი აქეთ-იქით გადაიქნია. – აჰა, შენია, მიჩუქნია, არავინ წაგართვას და ღმერთმა მშვიდობაში მოგახმაროს, – უთხრა კუკარაჩამ რებეკას. ცარიელი ვედრო ხმაურით დააგდო მოსეს გვერდით, ცალყბად გაიღიმა და ეზოდან გავიდა. რებეკა და ისხააკი მუხლებზე დაეცნენ მოსეს წინ და საიქიოდან დაბრუნებულივით გამოიცხადეს. – მობრუნდი, შენი სიცოცხლის ჭირიმე, ჩვენო მარჩენალო, იმედო, მზეო და სიხარულო!.. ხელი და ენა გაუხმეს შენს მტერს და დამაწყევარს... ათასი საყვარელი გაიჩინე, ოღონდ შენს ანგელოსის ხმას ნუ მოგვაკლებ, ჩვენო ღმერთო და უზენაესო!.. ხმა გაგვეცი, ჩვენო მოსევ, ჩვენო მოციქულო და ჩვენო წინასწარმეტყველო, ხმა გაგვეცი! მოსეს ძალიანაც უნდოდა ხმა გაეცა თავისი ჯამაათისათვის, მაგრამ ყბა ჰქონდა გაბზარული და ენას პირში ვერ აბრუნებდა. სახედასახიჩრებული კუკარაჩა მილიციის უფროსის კაბინეტში იჯდა და სველი ცხვირსახოცით იშუშებდა იარებს. – გოგია თუშურაშვილო, რამდენჯერ გითხარი, საკუთარ ინიციატივას მორჩი-მეთქი?! – ეკითხებოდა მილიციის უფროსი. – კაცო, რომელ საკუთარ ინიციატივაზე მელაპარაკები, როდესაც თვითონ მეძახდნენ, გვიშველეო, დღეს სულ გადაირია, ცოლ-შვილს კლავდა... – მერე, ეგ არის ცოლ-შვილს კლავდაო?! – ნიშნის მოგებით უთხრა მილიციის უფროსმა და კუკარაჩას შეშუპებულ ცხვირ-პირზე მიუთითა. – მე რა ვიცოდი, აქეთ მომდგებოდნენ! – დააპირა სკამიდან წამოდგომა და თავის მართლება კუკარაჩამ, მაგრამ, ნურას უკაცრავად, წელი ვერ აითრია და ადგილზე დარჩა. მილიციის უფროსმა ღილაკს ხელი დააჭირა. ოთახში მდივანი გოგონა შემოვიდა. – რა გნებავთ, ბატონო დავით? – ერთი, შენ რომ პატარა სარკე გაქვს, ის შემოიტანე და ამ ვაჟბატონს ათხოვე. მდივანმა გოგონამ პირზე ხელი აიფარა, რომ არ გასცინებოდა და ისე გავიდა კაბინეტიდან. – მასხრად მიგდებ? – ჰკითხა კუკარაჩამ. – მასხრად კი არა, ერთ საკითხზე მინდა მოგეთათბირო და შენი დასტური მჭირდება, – უპასუხა უფროსმა და ვიდრე სარკეს შემოიტანდნენ, რაღაცის წერა დაიწყო. ერთ წუთში მდივანმა გოგონამ პატარა ოთხკუთხედი სარკე შემოიტანა, კუკარაჩას გადასცა და ისევ პირზე ხელაფარებული გავიდა. კუკარაჩამ უხალისოდ ჩამოართვა სარკე, შიგ ირიბად ჩაიხედა და მილიციის უფროსის მაგიდაზე უკუღმა დადო. – როგორი ნამუშევარია? – ჰკითხა უფროსმა. – მაგარი, მაგრამ ხურდაც კარგი მიიღო, – მიაყოლა გულის მოსაფხანად. – როგორ ფიქრობ, რამდენ დღეში მოგიშუშდება? – არ მიაქცია უფროსმა ყურადღება კუკარაჩას ტრაბახს. კუკარაჩამ მხრები აიჩეჩა. – აბა, რა ვიცი?! – მაინც? – მე მგონი, ორი კვირა მაინც დასჭირდება, რაც უნდა იყოს, ბალთით არის დაჩეჩქვილი, – თქვა კუკარაჩამ გამოცდილი ქირურგივით. – დავიჯერო, ათი დღე არ ეყოფა? – ჩაჰკითხა უფროსმა. – არა მგონია, თხუთმეტი დღე, მინიმუმი! – კატეგორიულად თქვა კუკარაჩამ. – კარგად დაფიქრდი, ნუ აჩქარდები, – გააფრთხილა უფროსმა. – კაცო, ჩემი კანის ამბავს შენ მასწავლი? – ეწყინა კუკარაჩას. – კარგი, ჩემო კუკარაჩა, რადგან არ იშლი, თხუთმეტი სუტკა გაუპტვახტიც შენ, ეგ რუსულად, ქართულად კი თხუთმეტი დღე-ღამე ნაობახი, საუბედუროდ, ებრაულად როგორაა, არ ვიცი, – თქვა დავითმა და წერა შეწყვიტა. – რათა, კაცო?! – ახლა კი იკადრა წამოხტომა კუკარაჩამ. – ათი დღე ჭრილობების მოშუშებისათვის, ხუთი დღე ხულიგნობისა და საკუთარი ინიციატივისათვის. – მაშ, სამართალი არ არის? – სამართალი რომ იყოს, ამხანაგო თუშურაშვილო, ახლა სახლში იქნებოდი, თბილ ლოგინში ჩაღუღუნებული, – განუმარტა მილიციის უფროსმა და ქაღალდი გადასცა კუკარაჩას, – ბარემ შენ თვითონ გაუტანე თინიკოს, თან უთხარი, ეს შენი დაპატიმრების ბრძანება ახლავე დაბეჭდოს. კუკარაჩა კარისკენ წავიდა. – მოიცა! ეგ იარაღი აქ დამიტოვე, სეიფში ჩავკეტავ. – ოჰ, მოსე, შენი ოხერი დედა ვატირე! – ამოიკვნესა კუკარაჩამ კბილების კრაჭუნით და იარაღი მაგიდაზე დაუგდო დავითს. – ნუ იღრინები, თხუთმეტი დღე ხელად გაირბენს, წამალს და საჭმელს არ მოგაკლებ... – დააიმედა დავითმა. კუკარაჩა გალახული ძაღლივით გაძვრა მილიციის უფროსის კაბინეტის კარში და თხუთმეტი დღე უბანში არ გამოჩენილა. *        ერთი თვე იწვა ქრომონიკელის მავთულით ყბააკრული მოსე მიხეილის საავადმყოფოში და ერთი თვის განმავლობაში დღეში სამჯერ მიირთმევდა ვერცხლის კოვზით რებეკას მზრუნველი ხელიდან ბრინჯის ფაფას. საავადმყოფოდან იგი ჩვენს უბანში აღარ დაბრუნებულა. სამღებრო საამქრო, რა თქმა უნდა, გაუქმდა და რადგან ცირკი მოგვესპო, ჩვენ ისევ ვირების დოღზე გადავედით. *         ჩელუსკინელების ხიდის მარჯვენა ბურჯის მხრიდან ჩავყევით ბილიკს და ხუთ წუთში მტკვრის ნაპირზე ვიყავით. ისეთი პაპანაქება იყო, ჰაერი თახთახებდა და რიყეს ბუღი ასდიოდა. სწრაფად გავიხადეთ და მტკვარში შევცვივდით. კუჭიკო ჩვენ შორის ყველაზე უფროსი იყო და ყველაზე კარგადაც ცურავდა. არც მე, დუდუ და ირაჩა ჩამოვუვარდებოდით ცურვაში. მარტო კოსტია ბერძენს ჰქონდა ცურვა ახალნასწავლი და ისე აპარტყუნებდა ხელ-ფეხს, ისე ჭყუმპალაობდა, რომ მის გვერდით არ დაიდგომებოდა. მაინც გვეკითხებოდა ხშირ-ხშირად და თავმომწონედ: – როგორ ვცურავო. – როგორ ცურავ და, დილდილობით პირს რომ იბან, „სპასატელნი კრუგის“ ჩამოცმა არ დაგავიწყდეს, თორემ დაიხრჩვები, – ასწავლა დუდუმ. – აბა, წავედი გაღმა, ვისაც შეგიძლიათ, მომყევით! – დაიძახა კუჭიკომ და მტკვრის მეორე ნაპირს მიაშურა მხარულით. გვალვის გამო მტკვარი საგრძნობლად დაკლებული იყო და ყველანი თამამად მივყევით. მდინარის შუაწელს რომ მივაღწიე, უკან მოვიხედე და გული კინაღამ გამიჩერდა, ეს სულელი ბერძენი კოსტია კუდში არ მომდევს? თავი წყალში ჩაუყვია და ხელ-ფეხს ისე იქნევს, გეგონებათ, ათ კაცს ერთად ეჩხუბებაო. ჰაერის მარაგის დასაგროვებლად ხანდახან თავს ჰყოფს წყლიდან და გადმოცვენილი თვალები ისე აქვს ჩასისხლული, როგორც დეიდა მართას ალუბლები. ახლა ამას რომ ყვირილი დავუწყო, სულ გაფუჭდება-მეთქი, – გავიფიქრე და ამიტომ იმედიანად შევუძახე: – მიდი, კოსტია, შე ძველო, ნუ გეშინია, აქა ვარ! ისე იყო დაღლილი, მგონი, არც კი გაუგონია ჩემი შეძახილი. ერთი კი მოიქნია ხელ-ფეხი უღონოდ და მივხვდი, რომ ვიღუპებოდით. – მიშველეთ, ბიჭებო, კოსტია ბერძენი იხრჩობა! – ვიკივლე მე. – სად არის?! – იყვირა კუჭიკომ და უკან მოტრიალდა, მაგრამ კოსტია აღარ ჩანდა. – დაყვინთეთ! – იყვირა უცებ კუჭიკომ და თვითონაც დაყვინთა. გაქრა კოსტია ბერძენი, წყლის დინებამ კარგა მანძილზე გვათრია, შუაწელს გავცდით, ახლა უკვე ფეხზე დგომა შეიძლებოდა, თუმცა წყალი ნიკაპთან მწვდებოდა... – გვიშველეთ! – ისევ ვიყვირე განწირული ხმით. ვხედავ, ჩემს ქვემოთ დაახლოებით ხუთ მეტრზე კოსტიამ თავი ამოჰყო, ერთი კი ჩაისუნთქა ჰაერი და ისევ გაქრა. – გვიშველეთ, გვიშველეთ!!! – ავყვირდით ახლა ყველანი ერთად და იმ ადგილისაკენ გავქანდით ცურვით, სადაც კოსტია ბერძენმა თავი ამოჰყო. უცებ დავინახეთ, როგორ მოარღვევდა მტკვრის ჩქერს გადარეული და სახეშეშლილი კაცი. – ნუ გეშინიათ, ბიჭებო, აქა ვარ, ოღონდ ცოტა მომეხმარეთ, ცურვა არ ვიცი!.. – გვემუდარებოდა იგი. ფეხდაფეხ დაეწია გულშეღონებულ კოსტიას, ხელი სტაცა და გულში ჩაიკრა. ჩაიკრა და წაიქცა. ახლა ორთავე გაქრა წყალქვეშ, თუმცა იმწამსვე ჯერ ხელში ატაცებული კოსტია გამოჩნდა, მერე იმ ძლიერი ხელების პატრონის თავი... – კუკარაჩა, გვიშველე! – შეღაღადა ტირილით კუჭიკომ და კუკარაჩასთან მიცურა. – შენ თვითონ მიშველე, შე მამაძაღლო, ხომ ხედავ, ცურვა არ ვიცი, ქვევით წამოდით, ფონია აქეთ... ყველანი კუკარაჩას შემოვეხვიეთ და ქვევით დავყევით მტკვარს. როდესაც წყალი კუკარაჩას მკერდზე მისწვდა, შვებით ამოვისუნთქეთ. ვიდრე დედის ხსენი არ წამოუვიდა პირიდან, მანამდე ჰყავდა კუკარაჩას კოსტია ბერძენი ფეხით დაკიდული. ბოლოს თვალებგადმოკარკლული და ენაგადმოგდებული რიყეზე დაასვენა და გვერდით მიუჯდა. ჩვენც გარშემო შემოვუცუცქდით. – როგორ ხარ? – ჰკითხა კუკარაჩამ კოსტია ბერძენს, თვალები რომ გაახილა და ენა რომ დამალა. გაკვირვებულმა კოსტიამ ჯერ ჩვენ შეგვხედა, მერე კუკარაჩას, რომ იცნო, შიშისაგან ისევ დახუჭა თვალები და დაიკვნესა. – მე ვარ, მე! – ცალყბად გაუღიმა კუკარაჩამ და თითით თვალის ქვედა ქუთუთო ჩამოქაჩა, – კარგად დამაკვირდი... – ნიშნის მოგებით უთხრა და ტანსაცმლის გახდა დაიწყო. კუკარაჩა რომ გახდას შეუდგა, ჩვენ სასწრაფოდ ჩაცმა დავიწყეთ. – ტანსაცმელს ხელი გაუშვით! – ბრძანა კუკარაჩამ. ჩვენ ცივად გავუშვით ხელი ტანსაცმელს. კუკარაჩამ ხელის ერთი მოსმით მოხიკა ჩვენი ტანსაცმელი და ფეხებთან დაიყარა. – ახლა სიმაღლის მიხედვით დადექით! – ისევ ბრძანა კუკარაჩამ. – კუკარაჩა, ტრუსები მაინც მოგვეცი! – შეეხვეწა კუჭიკო და სასირცხვო ადგილზე ხელი აიფარა. – მე რა გითხარი? – მკაცრად იკითხა კუკარაჩამ. სხვა რა გზა გვქონდა, დავდექით სიმაღლის მიხედვით – ჯერ კუჭიკო, მერე ირაჩა, მესამედ დუდუ და მეოთხედ მე. ბერძენი კოსტია ისევ რიყეზე იწვა გულაღმა, მზისგან ტვინი რომ არ გამოლაყებოდა, კუკარაჩამ რომელიღაც ჩვენგანის პერანგი თავზე გადააფარა, მერე მოზრდილ ქვაზე დაჯდა და მწყობრს გამოგვხედა. – ახლა თქვენ შორის ყველაზე დიდი ვირი გამოვიდეს, – თქვა კუკარაჩამ. კუჭიკომ მშვენივრად იცოდა, ჩვენ შორის ყველაზე დიდი ვირი რომ იყო, მაგრამ ყოველი შემთხვევისათვის მაინც გადმოგვავლო თვალი, იქნებ ამ ერთ საათში რომელიმე წამომეწიაო, და საიმედო რომ ვერაფერი დაინახა, ფეხათრევით მიუახლოვდა კუკარაჩას. – ხელები ჩამოუშვი! – კუჭიკომ ხელები ჩამოუშვა და პატარძალივით გაწითლდა. კუკარაჩას სადღაც ტუჩის კუნჭულში გაურბინა ღიმილმა და ისე სწრაფად გაუქრა, თითქოს იმ ადგილას ბუზი დააჯდა და მოიგერიაო. ჩექმა გაუშვირა კუჭიკოს. – მომეხმარე! – კუჭიკო რაღაც საშინელებას ელოდა და ასეთი უბრალო საქმე რომ დაავალეს, ისე გაუხარდა და ისეთი გულმოდგინებითა და სისწრაფით გახადა კუკარაჩას ჩექმა, რომ თავი ვერ შეიკავა და უკან ყირაზე გადავიდა, მაგრამ უცებ წამოხტა და ახლა მეორე ჩექმაზე დააცხრა. – ნელა, ბიჭო, თეძო არ ამომგლიჯო, – აღარ მალავდა სიცილს კუკარაჩა. ჩვენც ძალიან გავმხიარულდით. კუკარაჩამ ქამარი მოიძრო, რიყეზე დააგდო, ახლა ხალათი და გალიფე გაიხადა, ჯერ ხალათის ჯიბიდან რაღაც მოწმობა და სამი სისველისაგან ერთმანეთზე მიწებებული სამმანეთიანი ამოიღო, სასოებით დააცილა ერთმანეთს, მზეზე გაშალა, ზემოდან პატარა კენჭები დააწყო, ნიავს რომ არ აეფრიალებინა და წაეღო, ახლა ის მოწმობა გაშალა, ალბათ, წყლისაგან გადღაბნილ თავის გვარსა და სახელს დახედა, სინანულით თავი გადაიქნია, ის საბუთიც მზეზე გასაშრობად დადო და თავისთვის ჩაიბურდღუნა. – გაიგე ახლა, თუშურაშვილი ვარ თუ ჩიბურდანიძე... გაწურეთ მაინც, თქვე ოხრებო! – გვითხრა და შარვალ-ხალათი გადმოგვიყარა. მაისურის წურვა თვითონ დაიწყო. დაცოფილებივით ვეცით კუკარაჩას ტანსაცმელს, რომ როგორმე მისი გული მოგვეგო. – ჰა, არ დამიხიოთ, ხომ არ გგონიათ, წელს კიდევ ახალს მომცემენ, – კუკარაჩამ ნაგანი ამოიღო ბუდიდან, ტყვიები ამოალაგა ბარაბნიდან და ბრტყელ ქვაზე დააწყო სათითაოდ გასაშრობად. სუნთქვა შეგვეკრა ბიჭებს. როგორც გამრავლების ტაბულა, ისე ზეპირად მახსოვს დღესაც – შვიდი ცალი იყო, მოგრძო, თავწაჭრილი და თითოეული მათგანიდან სიკვდილი იხედებოდა. ნაგანი იქვე გვერდით დადო კუკარაჩამ და კოსტია ბერძენს მიუბრუნდა: – ახლა როგორა ხარ? – ახლა კარგად! – თქვა კოსტიამ და წამოდგომა დააპირა. – იწექი! – უბრძანა კუკარაჩამ, – თქვენ კი ისევ სიმაღლის მიხედვით დადექით, – გვითხრა ჩვენ. რა ხანია შიში დაგვავიწყდა და ამიტომ დიდი ხალისით დავდექით. კუკარაჩამ თათარივით მოირთხა ფეხი, ორთავე ხელები მუხლებზე დაიბჯინა, ირიბად ამოგვხედა ქვევიდან ზევით. – რომელმა თქვით პირველად მტკვარზე წავიდეთო?! – იკითხა უცებ. მართალია, ხმა არც ერთს არ ამოგვიღია, ან მეგობრის დაბეზღებას როგორ ვიკადრებდით, მაგრამ ძალაუნებურად ყველამ კუჭიკოს შევხედეთ. თხასავით გაყიდულმა კუჭიკომ თავი დახარა. – ვერე აღარ გყოფნით საბანაოდ, არა? დღეს მტკვარი მოგინდათ, ხვალ შავი ზღვა, ზეგ დარდანელი, მაზეგ ბოსფორი, მერე ხმელთაშუა ზღვა, მერე რა ჰქვია იმ სრუტეს?.. – გიბრალტარის, – ამოვილუღლუღე მე. – გიბრალტარიო, მერე ატლანტის ოკეანეო... – გააგრძელა უკარაჩამ. – სუეცის არხითაც შეიძლება ინდოეთის ოკეანეში გასვლა, მეწამული ზღვის გავლით, – შეუცვალა მარშრუტი ირაჩამ. – ხმა გაიკმინდე, შე მეხუთე კლასში ჩარჩენილო თავგასიებულო მაგელანო! – დატუქსა კუკარაჩამ არამკითხე ირაჩა და ფეხზე წამოდგა. – გამოდი! – უთხრა კუჭიკოს. კუჭიკო მორჩილად გავიდა, – ლაწ! – ისე მოულოდნელად გაულაწუნა კუკარაჩამ კუჭიკოს მარცხენა ყბაში, რომ კუჭიკომ ხელის აფარება კი არა, თავის გაწევაც ვერ მოასწრო. – რას მირტყამ, რას, შენი გაზრდილი ვარ? – იბღავლა კუჭიკომ. – ჯერ არა, მაგრამ მალე გახდები! – შეპირდა კუკარაჩა. – კაცი არა ხარ, ტყავი გადამძვრა მუხლებზე ვერეში ფორთხვით... – შესტირა კუჭიკომ. კუკარაჩამ ყურადღება არ მიაქცია მის ჩივილს. – შემდეგი! – შემდეგი ირაჩა იყო. მან შესანიშნავად გამოიყენა მისი წინამორბედის გაკვეთილი და გასვლისთანავე საოცარი სისწრაფით აიფარა ხელი მარცხენა ყბაზე, და უცებ ისეთი ალიყური მიიღო მარჯვენა ყბაში, რომ ბროძელი ორჯერ დატრიალდა ადგილზე, მაგრამ ჭკუა ეყო და უხმოდ დაბრუნდა. – ყველა უნდა გვცემო? – ჰკითხა მორჩილად დუდუმ, რადგან მისი ჯერი მოვიდა. – რა ვქნა? – გაეცინა კუკარაჩას, – რომ არ გცემო, სამართალი დაირღვევა, თან ამათაც ეწყინებათ... დუდუ გამოუძახებლად გავიდა. – რადგან ეგეთი თვინიერი და დამჯერი ხარ, ყურის აწევით დავკმაყოფილდები, – უთხრა კუკარაჩამ და ისე გადაუგრიხა ყური, პირადად მე გასილაქებას ვარჩევდი. ჩემი ჯერიც დადგა. კუკარაჩა თვითონ მომიახლოვდა, არ გამოვუძახებივარ. – დედაშენმა იცის, აქ რომ ხარ? – არა! – პასუხი დამთავრებული არ მქონდა, ალიყური რომ მივიღე, ცოტა შევქანდი, მაგრამ თავი შევიკავე. – გეტკინა? – მკითხა. – კი! – არ მოვატყუე მე, – ოღონდ დედას ნუ ეტყვი და კიდევ გამარტყი, – ვთხოვე. კუკარაჩა დაფიქრდა, მერე შეტრიალდა და ბერძენ კოსტიას დაადგა თავზე. იმანაც სულ მოიმკვდარუნა თავი, მაგრამ კუკარაჩას მომტყუებელი ვინ იყო? – ბიჭო, გაჭყლეტილი ბაყაყივით რომ გადმოგცვენია ეგ თვალები, ცურვა თუ არ იცოდი, რას მისდევდი ამ ბიჭებს, კარგი, მე დავიხრჩობოდი შენს გამო, დავიხრჩობოდი და ჯანდაბას, მაგრამ შენ რომ დამხრჩვალიყავი, შენი საცოდავი მშობლებისათვის რა გვეთქვა ან მე, ან ამ ბიჭებს?.. კუკარაჩა გაფითრდა, მერე ხმა აუკანკალდა, დაიხარა, ტანსაცმელი გადმოგვიყარა და თვითონ ისევ ქვაზე ჩამოჯდა. ჩვენ ტანსაცმელს შევესიეთ და გაქცევა დავაპირეთ. – ამ წყალქვეშა ნავს მე მიტოვებთ? – გვკითხა კუკარაჩამ. – ახლავე წაიყვანეთ და მის მშობლებს ჩააბარეთ, ვიდრე ჩემით დამიხრჩვია. კოსტია ბერძენმა ჩვენ შორის ყველაზე მკვირცხლად ჩაიცვა. – თქვენ არ წამობრძანდებით? – ზრდილობისათვის ჰკითხა კუჭიკომ. კუკარაჩამ რიყეზე გაფენილ თავის სველ ტანსაცმელს და ავლადიდებას გახედა ღიმილით. კუჭიკო მიხვდა, რა სისულელეც ჰკითხა, ამიტომ სწრაფად შეტრიალდა და წავიდა. ჩვენ ჭუკებივით უკან მივყევით. ფერდობს რომ მივუახლოვდით, კუკარაჩას ხმამ გაგვაჩერა. – ბიჭებო, არაფერი გეწყინოთ, ხომ იცით, სამსახური სამსახურია... თან ერთი თხოვნა მაქვს თქვენთან... – გაკვირვებულებმა შევხედეთ ერთმანეთს, კუკარაჩას თხოვნა ჰქონდა ჩვენთან... – ერთი პატარა სათხოვარი, – გაიმეორა მან, – უბანში არ მოყვეთ, კუკარაჩამ ცურვა არ იცისო... – არც „ჰოს“ დაელოდა, არც „არას“, ზურგი შეგვაქცია და გათავდა. ჩვენ იმავე ბილიკით ავიარეთ ჩელუსკინელების ხიდის მარჯვენა ბურჯის ფერდობი, რომლითაც ჩამოვედით და ვარაზის ხევით უნივერსიტეტის აღმართს შევუდექით. *გაგრძელება* …
დაამატა Kakha to ლიტერატურა at 12:28pm on დეკემბერი 8, 2014
  • 1
  • ...
  • 61
  • 62
  • 63
  • 64
  • 65
  • 66
  • 67
  • ...
  • 72

Welcome to
Qwelly

რეგისტრაცია
ან შესვლა

ღონისძიებები

  • დაამატე ღონისძიება

ბლოგ პოსტები

ოსკარის 2026 წლის დაჯილდოება - გამარჯვებულები და ნომინირებულები

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: მარტი 16, 2026.
საათი: 11:30pm 0 კომენტარი 1 Like

ოსკარი 2026 სრული სია

      ისევ დამიგვიანდა! ეტყობა, მართლა დავბერდი და უკვე აღარც კი…

გაგრძელება

2026 Guide to the Best AI Voice Generation for Creators and Businesses

გამოაქვეყნა supprity_მ.
თარიღი: მარტი 13, 2026.
საათი: 6:30pm 0 კომენტარი 0 მოწონება

As we step further into 2026, the landscape of content creation is being transformed by AI-powered technologies. Among these innovations, voice generation stands out as one of the most impactful tools for creators, businesses, and educators.…

გაგრძელება

Gallium Market to Reach $860 million by 2033

გამოაქვეყნა Heden Brock_მ.
თარიღი: მარტი 9, 2026.
საათი: 10:00am 0 კომენტარი 0 მოწონება

According to our latest research, the Global Gallium market size was valued at $430 million in 2024 and is projected to reach $860 million by 2033, expanding at…

გაგრძელება

How Minidumperfactory Electric Garden Loader Manufacturer Adapts to Energy Trends

გამოაქვეყნა Minidumperfactory00_მ.
თარიღი: მარტი 2, 2026.
საათი: 6:30am 0 კომენტარი 0 მოწონება

Electric Garden Loader Manufacturerstrategies are increasingly centered on advanced battery systems as demand grows for efficient and low-emission landscaping equipment. Energy storage technology now plays a defining role in how electric compact…

გაგრძელება

How Can A Ball Valve Factory Enhance Long Term System Comfort And Stability

გამოაქვეყნა Naishi Valve_მ.
თარიღი: თებერვალი 9, 2026.
საათი: 9:30am 0 კომენტარი 0 მოწონება

Choosing a reliable partner often begins with understanding how a  shapes ideas into practical solutions. Behind every smooth operation, there is a place where attention, patience, and process quietly work together. Valves may seem ordinary at…

გაგრძელება

The Final Barrier Between the World and Ruin

გამოაქვეყნა Karmasaylor_მ.
თარიღი: იანვარი 22, 2026.
საათი: 10:30am 0 კომენტარი 1 Like

ARC Raiders Items takes place in a retro-futuristic science-fiction world where humanity has been pushed to the brink by an unrelenting mechanical force known as the ARC. These machines descend from orbit, tear apart settlements, and hunt…

გაგრძელება
  • დამატება დღიურში
  • ყველა

Qwelly World

free counters

© 2026   George.   • Ning - platform for social network creation and community website building

პანაღია  |  პრობლემის აღმოჩენისას!  |  Terms of Service

საუბრის დაწყება!