ძიება
  • რეგისტრაცია
  • შესვლა

Qwelly

ძიების შედეგები - სიცოცხლის

თემა: გოლი თარაყი - ანარბანუ და მისი ბიჭები
ჩები და აღარ ვბრუნდები (ამაო ფიქრები). ანდა, პირიქით, აქვე, საყვარელ თეირანშივე – მისი ცუდითა და კარგით – ვრჩები და არსად მივდივარ (კიდევ უფრო ამაო გადაწყვეტილება). მოკლედ, ჯანდაბა ამ წანწალს, ამ დაუსრულებელ წადი-მოდის (დაუსრულებელს ჩემს ცხოვრებაში), ამ ღამეულ ფრენებს, ჩემოდნების თრევას, საბაჟოს „განსაწმენდელში“ სხეულის, ფეხსაცმლის, ჯიბისა და ჩანთის, ცხვირის ნესტოებისა და ყურის ნიჟარების დამამცირებელ ჩხრეკას. დამშვიდობება უსიტყვოდ, უმზერლად, ცივად და ნაუცბადევად, შეფარული ბოღმით და უმიზეზო წყრომით, რომ ვერც შეიმჩნევ; სიმწარე, რომელიც უნდა ჩაყლაპო და გაქრე.    ქალების შესასვლელი. ჩემი გარეგნობა მიუღებელია. თავსაფარი გადამვარდნია, ლაბადის ქვედა ღილი გამხსნია. დიახ, კარგი, მართალი ბრძანდებით. თავს ვიწესრიგებ. მებარგული, ჩემი ტვირთი რომ მოიტანა, ჩქარობს. ფულს მთხოვს. სხვა მგზავრთან აპირებს მიბრუნებას. ვეუბნები: „საბაჟომდე უნდა გამომყვე“. შეთანხმებულები ვიყავით. თავისაზე დგას. წასვლა უნდა. ჩემს ჩემოდანს კონვეიერზე დებს, რომ შემოწმება გაიაროს. სხვა მგზავრზე მითითებს. თავს ვიმშვიდებ: „არ გაბრაზდე, ქალბატონო, გაუშვი. ასეა. მიეცი ფული და წავიდეს“. კედელი ყოფს იქითურებს აქეთურებისგან. ისინი – ვინც რჩება და ესენი – ვინც მიდის. ორივე მხარე სევდიანია და გაცრეცილი. უთქმელი სიტყვები და მრავლისმთქმელი მზერა მინაში ატანს და ნაცრისფერ ნისლად ილექება სახეებზე. ჩემი ჩემოდნის შიგთავსს გულდასმით იკვლევენ. რაღაც საეჭვო და საშიში აღმოაჩინეს, რაც, არ ვიცი, რა უნდა იყოს. მუქარით უთითებენ ჩემს ჩემოდანზე: – მკვლელობის იარაღია. – რა მკვლელობის იარაღი? ჩემს ჩემოდანში? მებაჟე თანამშრომელს ესაუბრება. იხრებიან და ეკრანზე ბუნდოვან გამოსახულებას აკვირდებიან. გამცილებლები მინის კედლიდან გვითვალთვალებენ, აქეთურები ჩურჩულებენ. თვალებში უხმო შეკითხვა უკრთით. ერთ წამში შეიცვალა ჩემი ხატი. მათ თვალში სახიფათო პიროვნება ვარ. დამნაშავე რომ ვარ და დასჯის ღირსი, ეს უეჭველია. ტერორისტი? ვინ იცის. ყველაფერი შესაძლებელია. მკვლელობის იარაღი დერვიშის ოქროსფერი ნაჯახი აღმოჩნდა, რომელიც ჩემი ბიჭისთვის ვიყიდე ისპაანის ერთ მიყრუებულ საწვრილმანოში. მუქთი არ ყოფილა, თუმცა კაცის მოსაკლავად არ გამოდგება. მით უფრო – პილოტის. ჩემს ჩემოდანს გვერდზე დგამენ. დეტალურად უნდა გაჩხრიკონ. მგზავრები ეჭვითა და გაოცებით მიმზერენ, იქნებ – შიშითაც. მე და ჩემს ჩემოდანს მოგვშტერებიან. ვეუბნები: „ბატონო, ეს ხომ ძველისძველი ნაჯახია, დერვიშების ნაქონი. მომეწონა და ვიყიდე. ჩემოდანში მიდევს. ხომ არ შემიძლია, გამოვიყენო? რაში გამოვიყენებ?“ ყური დახშული აქვთ. ნაჯახი – მკვლელობის იარაღი ფრთხილად ამოაქვთ ჩემი ჩემოდნიდან. ხალხი მიშტერებია. საბაჟოს მოხელე ამბობს, რომ ძველებურია, ანტიკური, ძვირფასი, კულტურული მემკვიდრეობაა. რას არ გაიგებ! ქვითარი თან მაქვს. ხუთი ათასი თუმანიც არ ღირს. ზედ არაბული სიტყვებით, როგორც ჩანს, ყურანის აიაა გამოყვანილი. – ბატონმა თუთიმ უნდა შეაფასოს. მიკროფონით ბატონ თუთის იძახებენ. ერთი-ორი კაცი იცინის, ვიღაც ხმადაბლა თუთიყუშივით იმეორებს ერთ სიტყვას. მკლავზე ხელს მავლებენ. – ქალბატონო! მოხუცი ქალია, რაღაცას მეუბნება, რაღაცას მთხოვს. არ მესმის. ვჩქარობ. მკვლელობის იარაღის საქმე უნდა გავარკვიო. ვეუბნები: – არ მინდა ეს ნაჯახი. თქვენი იყოს. მომეშვით. ჩემი ბედი ბატონი თუთის ხელთაა. უნდა დაველოდო. ახია ჩემზე! მოხუცი ქალი მხარზე ხელს მარტყამს და ისევ მეუბნება: – ქალბატონო, შენ შემოგევლე, გვიანდება. მეშინია, არ დავრჩე. სოფლელი მოხუცია, დაბნეულ-დაფეთებული. მევედრება, რომ საბაჟოს ანკეტა შევუვსო. მეუბნება: – ქალბატონო, ვერ ვხედავ, წესიერად წერა-კითხვაც არ ვიცი. ჩემმა ბიჭებმა მითხრეს, დედი, ჩაჯექი და ჩამოდიო. არ ვიცოდი, ასე თუ გავწვალდებოდი, საპასპორტო განყოფილებაში ორჯერ გული შემიღონდა. მოვკვდი. ვეუბნები: – მაცალე, საქმე მაქვს. სხვას სთხოვე. მეუბნება: – ვის? არავის არ სცალია. გამოწკეპილ ყმაწვილზე ვანიშნებ. მეუბნება: – უკვე ვთხოვე. ევროპაში გაზრდილა. არ იცის წერა. მეშინია, ვაითუ, ჩემმა ბიჭებმაც აღარ იციან. ვაითუ, დაავიწყდათ სპარსული. ღმერთმა დამიფაროს! მიკროფონი კვლავ ბატონ თუთის უხმობს. დედაბერი არ მეშვება. ერთ ადგილას წრიალებს. არ იცის, სად წავიდეს და რა ქნას. მეკითხება: – ქალბატონო, შვედეთის თვითმფრინავი სად არის? მის პასპორტს ვფურცლავ. ცარიელია. პირველად მგზავრობს. ანარბანუ ჩენარი ჰქვია. ჩქარ-ჩქარა ვუვსებ ანკეტას. 1296 წელსაა დაბადებული. ოთხმოცდასამი წლისაა. ჩემი თანამგზავრია, იმავე რეისით მოფრინავს პარიზში და იქიდან – შვედეთში. მეუბნება: – ათი წელია, ბიჭები არ მინახავს. გული ამოვარდნაზე მაქვს. ვუთხარი, თქვენ შემოგევლეთ, რისთვის წახვედით ქვეყნის დასალიერში? ვითომ ჩვენს იაზდს რა ნაკლი და ხინჯი ჰქონდა? გაჯიუტდნენ, უნდა წავიდეთო. ღმერთმანი. ჩემი ცხონებული ქმარი ამბობდა, ჭაბუკური სიგიჟეა და წამოუარათო. ბატონი თუთი დამეძებს. დაბალია და გამხდარი, ათი წლის ბავშვისოდენა, მაგრამ ცხვირი აქვს დიდი და ბებერი, სათვალის შუშები კი – ჩაის ჭიქის ფსკერივით სქელი. ნაჯახს სინჯავს. არაფერს ამბობს. სინათლეზე გაჰყურებს. მეუბნება: – ეს ძველებური ნაჯახია. თავს ვუქნევ. ანარბანუც იჭყიტება. ნაჯახის პირს უსვამს ხელს. მეუბნება: – ქალბატონო, საჩუქრები გაწყდა? ეს ხომ დერვიშებისაა. ვეკითხები: – ძველებური, ანუ როდინდელი? ბატონ თუთის ჩემი სიჯიუტე აღიზიანებს. არ სცალია. ამბობს: – პირი აქვს ძველებური, სახელური კი ახალია. ასეა თუ ისე, ეს ნაჯახი საშიშროებას წარმოადგენს, რამდენადაც მისით მფრინავის, მთელი ეკიპაჟის და წესრიგის დამცველების აკუწვა, მგზავრების მძევლად აყვანა და თვითმფრინავის აფრიკაში გატაცებაც შეიძლება. ვეუბნები: – თქვენი იყოს აქემენიანთა ნაჯახი. არ შვრებიან. უკან უნდა დაბრუნდეს. დედაბერი ნაბიჯით არ მცილდება. ბატონი თუთი ჩქარობს. ეძინება. ამთქნარებს. ნაჯახს ვიღებ და აეროპორტის დარბაზში გავდივარ, რომ ჩემს მეგობარს გადავცე, გასაცილებლად რომ გამომყვა. გამცილებელი აღარ ჩანს. მინის იქით მდგარნი იცინიან და ტაშს მიკრავენ. უხერხულობისგან ტანში მცრის.    ორმოც-ორმოცდაათკაციანი ჯგუფი – მოხუცი და ახალგაზრდა, ნაირ-ნაირი ზომისა და ასაკის ბავშვი – მიმჭკნარი კალებით ხელში ინდოეთიდან ჩამოსულ რეისს ხვდება. ერთი ვაი-უშველებელი და ღრიანცელი დგას. რომელიღაც ბავშვი წიხლს მაზელს, გარბის და აღფრთოვანებით აქნევს დამჭკნარ თაიგულს.    ნაჯახს მებარგულს ვჩუქნი, კართან რომ დგას. აქოშინებული და ხასიათწამხდარი ვბრუნდები და ვხედავ, რომ მოხუცი ქალი შეშფოთებული, დაბნეული აცეცებს თვალებს. გზას ვერ აგნებს. მისი მზერის არეში ვექცევი. აღტაცებულია. ხელს მიქნევს. ჩემკენ მოიწევს. მეუბნება: – ქალბატონო, სად იყავი? მე ვიფიქრე, წახვედი და დამტოვე. მომდევს. მძიმე ჩანთა აქვს და ქშენა-ქშენით მოიწევს. ოფლი ღვარად ჩამოსდის თავ-პირიდან. ლაბადის ჯიბიდან კუბოკრულ ცხვირსახოცს იღებს და სახეს იმშრალებს, ნახევარი სუფრისხელა ცხვირსახოცს. მეუბნება: – ქალბატონი სოჰეილა ჩვენი სოფლის მასწავლებელია. ყველა ქალაქის სახელი იცის ამქვეყნად. ასე მითხრა, დეიდა ანარი, შვედეთში ზაფხულშიც ყინავსო. ას ორმოცდაათგრადუსიანი ყინვააო. ძროხები და ცხვრები პირდაპირ ფეხზე მდგარნი იყინებიანო. მეც, რაც შალის ტანსაცმელი მქონდა, ზედ ჩავიცვი. ახლა ისე მცხელა, ლამის დავიხრჩო. თვითმფრინავი ერთი საათით აგვიანებს. შეიძლება, ორითაც. ვინ იცის! გამცილებლები სევდიანი მოთმინებით, მედგრად იცდიან მინის ტიხარს იქით. აქეთურები იქითურებს უცქერენ. მათი ხმა არ ისმის. გაფრენის დრო და საათი განსაზღვრულია, მაგრამ ვერ ენდობი. ათასი ეჭვი, „იქნებ“ და „ვაითუ“ ეხვევა გარს. თავში ათასი შავი ფიქრი მიტრიალებს: ვაითუ, არ გამიშვან? ვაითუ, ვეღარ ვნახო ისინი, ვინც მიყვარს? იქნებ, მავანი და მავანი ჩემს არყოფნაში მოკვდეს? ამ „ვაითუს“ ბოლო „აღარასოდეს“ ერთვის, „აღარასოდეს“ კი მწარე და პირქუში სიტყვაა, რომელიც სულ ახლახან შემომეპარა გონებაში, როგორც სიკვდილის მდუმარე განცდა და, თავის გამოჩენის მოლოდინში, მის კუნჭულებში მიიმალა. ანარბანუ ჩენარი ჩუმად, უხმოდ, ლანდივით მომდევს. უცბად ლაპარაკს იწყებს. ხელები უკანკალებს. აბნეული მზერიდან მღელვარება იფრქვევა. მეუბნება: – ნეტავი იმას, ვისი შვილებიც გზაზე დგანან. ჩემი ბიჭები ბავშვობიდანვე ფორიაქში იყვნენ, მოსვენება არ იცოდნენ. არ მოსწონდათ სოფლელები. სულ ქალაქში მიიწევდნენ, თეირანში უნდოდათ წასვლა. სადმე, სხვა ადგილას. სად? თვითონაც არ იცოდნენ. ჩვენ რომ ვიყავით ახალგაზრდები, ერთი ადგილი ვიცოდით მხოლოდ. იაზდი ჩვენთვის ქვეყნიერების თავი და ბოლო იყო. ქვეყნიერების თავი და ბოლო!    ვეუბნები: – ბედნიერი ხარ, დეიდა, რომ შენი ადგილი გიპოვია. გონებით თავის ბიჭებთანაა. არ ახსოვს, სადაა და რამსიგრძე გზა უდევს წინ. თვალებში ოცნება უდგას: იაზდი, რომელიც უკან დარჩა და უცნობი ქალაქი, წინ რომ ელოდება. მეუბნება: – ჩემს ბიჭებს წერილი მივწერე. მე ხომ არ ვიცი წერა-კითხვა. ვამბობდი და ქალბატონი სოჰეილა წერდა. ვკითხე, მანდ, ქვეყნიერების მეორე ბოლოში, კარგად და ჯანმრთელად ხართ? მიპასუხეს, დედი, ჩვენ აქ ახლობელი და ნათესავი არავინ გვყავს. ყინვა ძვალ-რბილში გაგვიჯდა. ღამღამობით ვტირით კიდეც. ახლა ამერიკაში ვაპირებთ წასვლასო. სოჰეილამ მითხრა, ამერიკა სატანააო. ჩემმა ქმარმა ერთი სიკვდილი გაათავა. ასე თქვა, ჩემი შვილები მაწანწალები გახდნენო. მიწას მოსწყდნენო. სადაც არ უნდა წავიდნენ, ყველგან მაწანწალებად დარჩებიანო. ვეუბნები: – დაუჩქარე, ხელჩანთა უნდა აჩვენო. ქალბატონ ანარის ორი ხელჩანთა აქვს. ერთს ხსნის. ხარახურითაა სავსე: რამდენიმე კოლოფი ტკბილეული, იაზდური თავთის ქსოვილის ორი-სამი ნაჭერი, რამდენიმე პლასტმასის ჭიქა და მამაკაცის ორი წყვილი ფეხსაცმელი – ბიჭების საჩუქარი. მეორე ჩანთა ბროწეულით და ბადრიჯნითა აქვს სავსე. მეუბნება: – ჩემი ბაღის ბროწეულია. …მთავრდება. ამ ეტაპსაც გავდივართ. ვიღებთ ჩემოდნებს და მივდივართ. ქალბატონი ანარი მე მომდევს. მის ბილეთს ჩემსასთან ერთად ვაჩვენებ. ადგილებს ვარკვევთ. მეორე სართულზე ავდივართ. პასპორტი ხელში მიჭირავს. სრულიად უმიზეზოდ, ალბათ, ჩვეულების გამო, ვიწყებ ღელვას. თითქოს უსიამოვნო ამბის მოლოდინში მიშფოთავს გული. მეშინია, ვაითუ, რაღაც მაკლდეს ან მეტი მქონდეს, იქნებ პასპორტში ბეჭედი არ იყოს ჩარტყმული და ამან დამაბრკოლოს. რატომ? არ ვიცი. ყველაფერი შესაძლებელია. ყველასთვის ნაცნობი ფორიაქია. კეთილად მთავრდება.    სხეულის ჩხრეკა შეუმსუბუქებიათ, წინანდელივით აღარაა. ანარბანუს ღიტინის ეშინია. როგორც კი ხელს ახებენ, ისტერიული სიცილი უტყდება და ერთიანად იკლაკნება. ოქროს სამაჯურები უკეთია ორივე მკლავზე და თითზე – აყიყისთვლიანი ბეჭედი. ყველაფერს აჩვენებს. ზედმეტად ცდილობს და აღელვებით ათვალიერებს გარშემო მყოფთ. ერთი წყვილი იაგუნდის საყურე ჯიბეში ჩაუმალავს. იაფფასიანი საყურეა. ეშინია, არ უპოვონ და ძვირფასეულობის კონტრაბანდისთვის არ დაიჭირონ. უპოვეს კიდეც. ერთიანად კანკალებს. ამბობს: – ეს საყურეები რძლისთვის მიმაქვს. სოჰეილამ მაჩუქა. მიწა გამისკდეს, თუ ვტყუოდე. ევროპელი რძალი მყავს. მუსლიმი გამხდარა. ნამაზსაც ასრულებს – და ევედრება მოხელეებს. არავინ ერჩის. შეუძლია წავიდეს. საყურესაც ატანენ. მეუბნება: – ჩემმა უფროსმა ბიჭმა ევროპელი ცოლი მოიყვანა, შვედეთის სოფლიდან. ვეუბნებოდი, ჩამოდი, შვილო, მშობლიურ ქალაქში, იაზდელი გოგოები მზეთუნახავები არიან. როგორ ველაპარაკოთ შენს ცოლს, ჩვენ ხომ შვედური არ ვიცით?    მოსაცდელ დარბაზში შევდივართ. ანარბანუ ჩემ გვერდით სავარძელში ეშვება. თვლემს. რაღაცას ბუტბუტებს თავისთვის. თავი მკერდზე ჩამოვარდნია, ფეხები გაუშლია. ალბათ, თავისი მოუსვენარი ბიჭები ესიზმრება, უკეთესი ცხოვრების საძებნელად ყინულის ქვეყანაში რომ წასულან. წინ იხრება და სკამიდან ცურდება. ადგილიდან ვხტები. განაპირას მჯდარი მგზავრიც საშველად მოიწევს. ვაყენებთ. გაოგნებულია. ვერ ხვდება, სად არის. პატარა ბიჭუნა ხმამაღლა იცინის, ქალი სევდიანად აქნევს თავს. – ქალბატონო, – ხმა მოგუდული აქვს. თავსაფარს ვუსწორებ, თავს იწესრიგებს. სწორდება, ცდილობს, გაიღიმოს მაინც, თუ ვერ გაიცინებს. ცდილობს, თავი დაიჭიროს, მაგრამ თვალებს დაღლილობა და ძილი უბინდავს, მოხუცი სხეული, საცაა, დაეცემა. მგზავრებს უხმობენ. უნდა ჩავსხდეთ. წამსვლელები ერთმანეთში ირევიან და გასვლას აძნელებენ. ანარბანუ ჩქარობს და ხალხში მიძვრება. ტრაპთან შეშინებული და აღელვებული ჩერდება და თვითმფრინავის უზარმაზარ ფრთებს მიშტერებია. მისი ხელბარგი ძალიან მძიმეა. განძრევის თავიც აღარა აქვს. ორ საფეხურს ადის და ჩერდება. გზას კეტავს. აეროპორტის მოხელე ეხმარება, იღლიებში სტაცებს ხელს და კიბე-კიბე, ციმციმ აჰყავს ზევით. მისი ადგილი ჩემ გვერდითაა. აღფრთოვანებულია. ჯდება და ჩანთებს ჯახირ-ჯახირით იდგამს ფეხქვეშ. ამბობს: – ვაი, ბიჭებო, ნეტავ, მოგესვენებინეთ! ნეტავ, ასე არ მყვარებოდით და მაწანწალად არ გექციეთ. ფეხსაცმელს იხდის. კვნესის. სქელი, შავი წინდები აცვია. სცხელა. სახეზე ხვითქი გადასდის.    მეუბნება: – მადლობა ღმერთს, რომ თქვენ გვერდით ვზივარ. სოჰეილამ მითხრა, დეიდა ანარი, იქნებ ბედმა გაგიღიმოს და ისეთი ადამიანის გვერდით მოხვდე, ქალიშვილივით რომ გეყოლებაო. აფსუს, რომ ქალიშვილი არ მყავს, ქალიშვილი მუდამ დედასთანაა. არც გამიშვებდა შვედეთში. თქვენ? გყავთ შვილები? ზურგს ვაქცევ და სახეს ბალიშში ვრგავ. უნდა წავიძინო. ანარბანუს რბილი, ხორციანი მკლავები ოდნავ მაწვება მხრებზე. თბილი, მოქანცული სხეულით სავარძელში იშლება და ჩემი სკამის ნახევარსაც ავსებს. მის სუნთქვას შიმშილის უსიამოვნო ოხშივარი მოჰყვება, სხეულს კი სასიამოვნო სუნი აქვს. საბნის კუთხეს სახეზე ვიფარებ და ქუთუთოებზე ჩამოწოლილ ძილს თვალს ვუშტერებ. მეკითხება: – ქალბატონო, თქვენც შვედეთში მოდიხართ? თავს ვაქნევ. მეუბნება: – მეშინია, არ დავრჩე. პასუხს არ ვცემ. – ქალბატონო, შვედეთში რომ მივალთ, მითხარი. ვეუბნები: – დაიძინე, დეიდა ანარი, დაიძინე. სტიუარდესა უსაფრთხოების ქამრებს ამოწმებს. მე ქამარი შეკრული მაქვს. ანარბანუს თვითმფრინავით მგზავრობისა არაფერი გაეგება. დაბნეულია, წრიალებს. იდაყვს მკრავს გვერდში. – ქალბატონო, მე რომ უცხო ენა არ ვიცი! სტიუარდესა ცდილობს, ქამარი შეუკრას. ქამრის ბალთა ანარბანუს ქვეშ მოჰყოლია, ვერ გამოაქვს. ხელს წვალებით ვყოფ მისი მდუღარე, დაღლილი სხეულის ქვეშ. ეღიტინება. ისტერიულად კივის და ბჟირდება. ვეუბნები: – ერთი წუთით წამოდექი. ბალთას ხელს ვავლებ და ვექაჩები. არ მომყვება. მეტად ვეწევი. ტყუილად ვირჯები. მსუქანია და მძიმე. ხელზე მაზის და არც ინძრევა. სტიუარდესა ცდილობს, დამეხმაროს, მეორე მხრიდან უყოფს ხელს ანარბანუს. ანარბანუს ეღიტინება. ზევით-ქვევით ხტის, წრიალებს, უცბად მე მასკდება და ქამარიც ცურდება სკამიდან. – ვაი, მოვკვდი, ქალბატონო! გავსკდი, იმდენი ვიცინე. ნეტა ჩემს ბიჭებს ენახათ. და ისევ ისტერიულად იცინის. ჩემს ხელს იღებს და თავის თბილ, გაუხეშებულ ხელებში უჭირავს.    ალერსიანი, სასიამოვნო სახე აქვს. მრგვალი შავი თვალები უბრწყინავს. კვლავ მიმეორებს: – ქალბატონო, მითხარი, შვედეთში როცა მივალთ. ვაითუ, დავრჩე. ვუხსნი, რომ თვითმფრინავი ავტობუსს არ ჰგავს, ბევრგან რომ ჩერდება. თეირანის აეროპორტიდან რომ აფრინდება, შარლ დე გოლის აეროპორტში დაჯდება. მაშინ უნდა ჩამოვიდეს და სხვა თვითმფრინავში გადაჯდეს. სულ მთლად იბნევა. არეული თვალებით მიცქერს. ვერ გაუგია, რას ვამბობ. შვედეთი ერთადერთი ადგილია, რომლის შესახებაც სმენია და რომელიც ახსოვს.    მეუბნება: – ქალბატონო, სამი დღეა, გზაში ვარ. იაზდიდან თეირანამდე ავტობუსით ვიარე. გზაში ავტობუსი გაფუჭდა. საბურავი გაუსკდა და გზას ასცდა. ერთ მოხუცს დაეჯახა. იმ უბედურმა სული უფალს მიაბარა. მოკლედ, თავს არ მოგაბეზრებ, ღამე გზაში გავათიეთ. კოღომ და ბაღლინჯომ ერთიანად დამჭამეს. კინაღამ მოვკვდი. ვფიქრობდი, გზას ვერ გავუძლებ-მეთქი. ათასი სატკივარი მაქვს. ასაკითაც ოთხმოცზე მეტის ვარ. მაგრამ ამ ორი ბიჭის ნახვის მოლოდინი ძალას მმატებს. ჩემს ჩანთას რომ უყურებთ, ბადრიჯნითა და ბროწეულითაა სავსე. რამდენიმე ბოთლი ბროწეულის საწებელაც მიმაქვს. რა საწებელაა, იცი? ჩემი სოფლისაა. ამიტომაც მქვია დეიდა ანარი. ხმამაღლა იცინის. ჩანთას ხსნის და ორი მსხვილი, წითელი ბროწეული ამოაქვს. – აი, ისიამოვნეთ. თავს ვაქნევ. ბროწეულს ხელებში სრესს. თვალს არ ვაშორებ ბროწეულის სრიალა კანს, ბუშტივით რომ გათხელებულა და, სადაცაა, გასკდება. ვეუბნები: – არა, არა, არ მინდა, ნუ ჭყლეტ! – და შორს ვიწევი. თეთრი ლაბადა მაცვია. – ნუ გეშინია, ქალბატონო. ეს ჩვეულებრივი ბროწეული კი არ არის, სიყვარულის ბროწეულია, – და ღონიერი თითებით აწვება ამოზნექილ კუთხეებს. – მე ბროწეულის ხეებქვეშ გავიზარდე. დედ-მამა არ მყავდა. დედის რძის ნაცვლად ბროწეულის წვენი მაწოვეს. ტოტებს ვიწევდი და დარბილებული ბროწეულის წვენს ვისრუტავდი. თითქოს დედის ძუძუს ვწოვდი. ხალხი მეუბნებოდა, ანარაქ, ეს ხე დედაა შენიო. სიყვარულის ხეა. იქვე ჭადრის ხე იდგა. მეუბნებოდნენ, შენი მამააო. ასე გამიჩნდა დედაც და მამაც. მოწმობის ასაღებად რომ მივედი, სახელი მკითხეს. ვუთხარი, ანარაქი მქვია-მეთქი. მამის სახელიო? ჩენარაქი-მეთქი. გამიბრაზდნენ, წადი, დაგვეკარგე, შენ რა, ხეებმა გშობესო? დიახ-მეთქი. მშვიდი ხმა აქვს, თვალები უცინის. პატარაა, მრგვალი და პუტკუნა, იატაკამდე ფეხს ვერ აწვდენს. სახეც წითელ, დარბილებულ ბროწეულს მიუგავს, ალისფერი ლოყებითა და სველი ტუჩებით. საყვარელი და მხიარული მოხუცია. ვერ ისვენებს და პატარა ფუნჩულა ფეხებს აქნევს. ძილი გამიკრთა.    ერთი საათია, რაც ავფრინდით. საუზმე მოაქვთ. დეიდა ანარი მშიერია და თავის ჯემიან პურს ერთბაშად სანსლავს. მეკითხება: – არ გშია, ქალბატონო? რატომ არ ჭამ? და, ჩემივე ნებართვით, ჩემი საუზმის ნარჩენს სულ წკლაპუნ-წკლაპუნით მიირთმევს. მეკითხება: – თქვენც გყავთ შვილები? თანხმობის ნიშნად თავს ვუქნევ. – თქვენთან არიან? – დიახ. – რა ბედნიერი ხართ. შვილები ხომ ადამიანის სიცოცხლის წვენია. მე კი თორმეტი წელია, ბავშვები არ მინახავს. როდის მეღირსება იმის გაგონება, რომ ჩემი შვილები, დეიდა ანარის შვილები, ევროპიდან დაბრუნდნენ? უფროსმა ბიჭმა მომწერა, ნამაზს ვასრულებ, სამშობლოსთვის ვიბრძვიო. ვკითხე, ვის ებრძვი-მეთქი? მომწერა, სამშობლოსა და სარწმუნოების მტრებსო. უმცროსი ბიჭი ამეების კაცი არ არის. წელიწადში ერთხელ მწერს და ტკბილად მელაპარაკება. მწერს, ჩამოდი, დედი, ერთად ვიაროთ კაფეში საცეკვაოდო. ტყუის მამაძაღლი, მაგრამ ამ ტყუილითაა, კაცს რომ თაფლავს. ის ერთი სულ ომზე ფიქრობს, ერთთავად თავის მოსაჭრელად იწევს. ვეკითხები: „ყასაბი ხარ? მკვლელი ხარ?“ მეუბნებოდა, ერთხელაც იქნება, პოლკოვნიკ ზამანის მოვკლავო. უბედურმა ჩემმა ქმარმა თავში წამოარტყა: „ვირო, პოლკოვნიკი მუსლიმია, ცოლ-შვილი ჰყავს, ცოდვაა!“ დაიჟინა. თქვა, მავანსაც მოვკლავო. ტყუის, ურცხვად ტყუის. ორჯერ შეირთო ევროპელი ცოლი. პირველი ცოლი კატას ჰგავდა. ერთი მუჭა ძვლები იყო. ჩემმა ქმარმა ერთი გადააფურთხა, რძლის სურათი დახია და საპირფარეშოში ჩაყარა. მალე უმცროსი ბიჭის სურათი მივიღეთ. თმა ქერად შეეღება. ბადრ მთვარეს დამსგავსებოდა, გოგოსავით იყო. მწერდა, დედი, მე აქაურ საზზე ვუკრავ და ქორწილებში ვმღერიო.    ჩემმა ქმარმა თქვა, შეგვარცხვინა, წარბები ამოუპუტავს, ფერუმარილი უსვია, ეს ჩემი შვილი არ არისო. ასე თქვა, შვილები აღარ მყავსო და მგლოვიარედ დაჯდა. იმდენი იტირა, მართლა მოკვდა. ქმარ-შვილის გარეშე ცხოვრება ჯოჯოხეთად მექცა. წავედი და ბროწეულის ძირში წამოვწექი. ეზრაილს ველოდი, რომ მოსულიყო და წავეყვანე. უცბად გავიგონე, ხალხი მეძახდა. ფოსტალიონი მოსულიყო. ახლაც ყურში მიდგას მისი ველოსიპედის ზარის ხმა. რას აჟღარუნებდა?! სოფლის ბავშვები ღობეზე შემომსხდარიყვნენ და ტაშს უკრავდნენ. მამასახლისიც მოსულიყო. მითხრა, რას ჩამომჯდარხარ, დეიდა ანარი, ევროპიდან წერილი მოგივიდაო. ფოსტალიონს წერილი გამოართვა, კონვერტი და მარკა თვითონ წაიღო, ასე თქვა, დოკუმენტია, რეგისტრაცია სჭირდებაო. უმცროსი ბიჭისგან იყო. მწერდა, ადე, დედი, აქ ჩამოდი. შენ გამო გული მისკდება, მეშინია, შენც არ მოკვდეო. ოჰ, ქალბატონო, თითქოს ასი წლით გავახალგაზრდავდი. ადგილიდან წამოვფრინდი. შენ შემოგევლოს დედა, შვილო, რა ვუყო, რომ ქალს დამსგავსებიხარ? როგორიც ხარ, ჩემი სისხლი და ხორცი ხარ. სად არის შვედეთი? გავიკითხ-გამოვიკითხე. ჩემს სოფელში არავინ იცოდა, სად იყო. მამასახლისმა მითხრა, არ წახვიდე, გზაში მოკვდებიო. მე ვუთხარი, ფეხითაც რომ მომიწიოს, მაინც ჩავალ-მეთქი. ხალხმა მითხრა, შვიდი ზღვაა გადასავლელიო. ვუთხარი, გადავივლი-მეთქი. ღმერთი მიშველის. ბავშვებს ლოდინით თვალები დააწყდათ. უფროსი ბიჭი ნერვიულია, დილიდან საღამომდე იმეორებს, რომ შური უნდა იძიოს. ნამდვილი მეამბოხეა. შაჰის დროს ორჯერ იჯდა ციხეში. მაინც არ დაწყნარდა. ისევ იმას ამბობდა, ყველა ჩამოსახრჩობიაო. შური უნდა ვიძიოო. ვუთხარი, დედიკო, ყველანი ღვთის შვილები ვართ-მეთქი. არაო, ნუ მკრეხელობო. მხოლოდ ჩვენ ვართ ღვთის შვილებიო. დანარჩენები სარწმუნოების და სამშობლოს მტრები არიანო. ერთ დღეს ჩვენს სოფელში რამდენიმე პოლიციელი ჩამოვიდა. ჩემს ბიჭს ეძებდნენ. პოლკოვნიკ ზამანის სარდაფში დაიმალა. ორმოცი დღე იმალებოდა. პოლკოვნიკი პურსა და წყალს აწვდიდა. სანამ, ბოლოს და ბოლოს, მთაში არ გაიჭრა. სამი წელი არაფერი ვიცოდით მისი, გვეგონა, მოკვდა. სამი წელი ვგლოვობდით. ვამბობდით, მოწამებრივად დაიღუპა-მეთქი. ხალხი გვილოცავდა და გვისამძიმრებდა. ხალიჩა გავყიდეთ, ფული მეჩეთში მივიტანეთ, რომ ბიჭის მოწამებრივი სიკვდილი აღენიშნათ. ერთ დღეს, მადლობა ღმერთს, შეგვატყობინა, რომ შვედეთშია. ჯერ შვედეთი სადღაც ირანში გვეგონა, ჩრდილოეთისკენ. მერეღა მივხვდით, რომ ქვეყნის დასალიერშია. უმცროსი ბიჭიც ამჩატდა. ფეხებში ჩავუვარდი, შენი ჭირიმე, შვილო, შენ მაინც ნუ წახვალ-მეთქი. რა აზრი ჰქონდა! მითხრა, მეც მინდა სადმე წასვლაო, სხვაგან, სხვა ქალაქში. ახალგაზრდა ხომ ვირია, რომელიც მუდამ თავისაზე დგას. გააჭენა და წავიდა. რამდენიმე წელი თურქეთში დაეხეტებოდა, სანამ უფროსი ძმა ცხოვრებას ააწყობდა. ტვინი წაგჭამეთ, არ დაგაძინეთ. მინდოდა მეთქვა, შვილი რომ უზამს კაცს, მტერი ვერ უზამს იმდენს. ათი წელია, ძილში თუ ცხადში, ამ ბიჭებს ველაპარაკები. სულ მეშინოდა, სკლეროზი არ დამემართოს და შვილები არ დავივიწყო-მეთქი. ქმარი მეუბნებოდა, სკლეროზი ბედნიერებაა, წყალობაა, ნეტავ, ამ ბიჭების სიყვარულს გულიდან ამოგვიგდებდეს, მიწაზე მივდებდით თავს და მოვკვდებოდითო. მე დავიფიცე, სანამ შვილებს არ ვნახავდი, მიწაზე თავი არ მიმედო. ნამაზის დროს ხმამაღლა ვიხსენიებდი ორივეს. იმდენ ხანს ვახსენებდი, სანამ ჩემმა ხმამ მათ ყურამდე არ მიაღწია. ბილეთი გამომიგზავნეს. იაზდიდან თეირანში ჩავედი. სოჰეილას ძმასთან, ბატონ ინჟინერთან წავედი სახლში. ბატონი ინჟინერი დამეხმარა, აეროპორტში წამიყვანა. ასე მითხრეს, შვედეთში ბადრიჯანი არ არისო და რამდენიმე კილო წამოვიღე. ნეტავ, თქვენც მოდიოდეთ შვედეთში. ამაღამვე ვაპირებ ბადრიჯნის კერძის მომზადებას. მერე ფესენჯანსაც გავაკეთებ. ყოველ საღამოს სხვადასხვა ირანულ საჭმელს მოვუმზადებ ამ უსინდისო ბიჭებს, რომ იაზდი გაახსენდეთ. შვედეთი რაღა ჯანდაბაა? სოჰეილამ მითხრა, ნერწყვი პირშივე იყინებაო. ცრემლი მინის ნამსხვრევებად ცვივა თვალიდან, კაცს ადგილზევე აბრმავებსო. ვიფიქრე, ღმერთმა დაიფაროს, ჩემი შვილებიც ხომ არ დაბრმავდნენ? ვინ იცის, ამ ხნის მანძილზე რას ჭამდნენ? ქმარმა მითხრა, ეგენი ღორის ხორცს ჭამენო. ამიტომაცაა, ქალებს რომ დამსგავსებიან. უფროსი ბიჭი ჩასკვნილი ჭაბუკია, არც წარბებს იპუტავს, მაგრამ ძალიან კუშტია, სულ შურისძიებაზე ფიქრობს, იბღვირება. როგორც კი ჩავალ, უმცროს ბიჭს მაგრად ჩავიხუტებ. ღამით ფეხებში მივუწვები, თავს ფეხებზე დავადებ. პატარა რომ იყო, ფეხშიშველა დარბოდა. ფეხებზე ბალახის სუნი ასდიოდა. მუდამ ჭინჭრისგან დასუსხული დადიოდა. ახლა ევროპული საპნით იბანს ხელებს და უცხო სუნი ასდის. უფროს ბიჭს დაბადებიდანვე მოწიფული კაცის სუნი ჰქონდა, მოზრდილი ადამიანის ოფლის სუნი. ჩემმა ქმარმა თქვა, ეს ბიჭი შარი იქნება, სუნზე ეტყობაო. მე ვუთხარი, ღმერთმა ასე ინება, ყველა სურნელოვანი ხომ არ იქნება-მეთქი. ყველას თავისი სუნი აქვს. ძაღლსა და კატას ცუდი სუნი ასდით, მაგრამ გული სუფთა აქვთ. ქათამიც ყარს, მაგრამ უტყვია და უმანკო. ქმარმა მითხრა, ამას ტვინი აქვს მყრალიო. ეს სუნი მის თავს ასდის, ფეხებს კი არაო. რა ვიცი, მე კი ვარდის წყლის სურნელად მეჩვენებოდა. რა ვქნა, ძალიან მიყვარს, ჩემი ბრალი ხომ არაა?! მაჯნუნს უთხრეს: ლეილის სახე ტურას მიუგავსო. უპასუხა, მის ტურის სახეს შემოვევლებიო. შეყვარებული ასეთია. პატარა ბიჭი კარგი ხასიათისაა. ევროპულ საზზე დამიკრავს, მე კი ვუცეკვებ, რომ იცოდე, რას დავიგრიხები! მოდი და მიყურე. მომწერა, დედი, შენ ძალიან კარგ საჭმელს აკეთებ, ირანული რესტორანი გავხსნათ, ფული გვექნებაო. „ანარბანუ და მისი ბიჭები“ დავარქვათო.    …ამინდი გაფუჭდა და თვითმფრინავი ირყევა. დეიდა ანარის ნჯღრევა ძალიან მოსწონს. ტაშს უკრავს და ფეხებს აქნევს. ამ ქალმა არ იცის, რომ ცასა და მიწას შორის ვკიდივართ? არ იცის, თვითმფრინავი რომ ჩამოვარდეს, ათას ნაწილად დავიფანტებით? რომ ჩვენი სიცოცხლე ბეწვზე ჰკიდია? (ეს ჩემი შიშია). მეკითხება: – ქალბატონო, საჭიროება სად შეიძლება დავიკმაყოფილო? არ ვპასუხობ. მოვეშვი, გული ამიჩქარდა. წუთებს ვითვლი. დრო გაწელილ წამად იქცა. ჩემი ფეხები შფოთიანად ეძებენ დასაყრდენს – მყარ, ძლიერ მიწას. დეიდა ანარი ვეღარ ძლებს. ქამარს იხსნის და დგება. ფრანგი სტიუარდესა ანიშნებს, რომ დაჯდეს. დეიდა ანარი მსუქან ფეხებს ერთმანეთს უჭერს. ვეუბნები: – დაჯექი, მოითმინე. დაეცემი. არ მისმენს. უჭირს. მიდის. ფეხსაცმელი სკამქვეშ უწყვია. ბარბაცებს. უკანა მგზავრი ეშველება. ახალგაზრდა კაცია, თავშეკავებული. მკლავში ჰკიდებს ხელს და მიაცილებს.    თვითმფრინავი საჰაერო ორმოში ვარდება. ვიღაც კივის. დეიდა ანარი ცალი ხელით ახალგაზრდას ჰკიდია მკლავზე, მეორე ხელს სხვა მგზავრს ავლებს კისერში და იცინის. ფრანგი სტიუარდესა თავმობეზრებულია ირანელი მგზავრებისგან, თავს უიმედოდ აქნევს და აღარაფერს ამბობს. თვალები მეხუჭება. დეიდა ანარის ბიჭებს ვხედავ. სცივათ, კანკალებენ. ვეკითხები: – ბიჭებო, ეს ის ადგილია, თქვენ რომ ეძებდით? არ მპასუხობენ. თოვლი ეფინებათ შავ თმებზე. სხვა ქალაქში აპირებენ წასვლას, მთებსა და ზღვებს იქით, თბილსა და ნაცნობ ქალაქში. ვეძახი: „დამიცადეთ, მეც წამოვალ!“ მატარებელი სტვენს. მგზავრები ჰკიდია კარზე და ფანჯრებზე. დეიდა ანარიც აქაა. კითხულობს: „საით მიდიხართ?“ არავინ იცის. ძლიერი ბიძგი მაღვიძებს. შორიდან დეიდა ანარის ხმა მესმის. საპირფარეშოს კარზე აბრახუნებს: – ქალბატონო, მიშველე, ქალბატონო! სტიუარდესა დაიღალა და ცუდ ხასიათზეა, ადგილიდან არ იძვრის. ვიღაც დგება და კარს უღებს. ხელ-პირი დაუბანია, თავსაფრიდან წყალი წვეთავს. – ვაი, რა სივიწროვეა, ღმერთო, მიშველე! ბოდიში, უზრდელობაა, მაგრამ ესეც საპირფარეშოა და ჩვენიც?    თვითმფრინავი თანდათან ნაკლებად ირყევა. სულს ვითქვამ, თუმცა სხეული ისევ მოშვებულია და არც ხელებში მაქვს ძალა. საბანს ვიფარებ და თვითმფრინავის დაჯდომამდე თვალს აღარ ვახელ. ბორბლები მაგრად ეჯახება მიწას, დეიდა ანარი ადგილიდან ხტება. ხედავს, მგზავრები ნივთებს აგროვებენ. მაშინვე იხსნის ქამარს. მეკითხება: – ქალბატონო, მოვედით? – კი. – შვედეთში მოვედით? – არა. – აბა, სად? – პარიზში. მგზავრები ჩქარობენ. გასასვლელში გამწკრივდნენ და ერთმანეთს აწვებიან. – შვედეთი შემდეგი გაჩერებაა? მერამდენედ ვუხსნი, რომ უნდა ჩამოვიდეს, სხვა თვითმფრინავში გადაჯდეს და შვილებთან ჩავიდეს. მეუბნება: – ვაიმე, ღმერთო, მე ხომ კითხვა არ ვიცი, არაფერი არ ვიცი, ამათი ენა არ მესმის. ვეუბნები: – ბილეთი აჩვენე და გზას გასწავლიან. – ვის ვაჩვენო? – ეარფრანსის მოხელეს. მეუბნება: – არ ჩამოვალ, ადგილიდან არ ავდგები. მეშინია, არ დავრჩე, არ დავიკარგო. ვეუბნები: – წამოდი, მე გაჩვენებ. მეხვეწება: – შენ გენაცვალე, ქალბატონო, წამომყევი შვედეთამდე. თვალები ცრემლით ევსება. თავჩაქინდრული თავისთვის ბუტბუტებს. ვეუბნები: – ადექი, დეიდა ანარი, ნუ გეშინია, არ დაიკარგები. ჩემზე უკეთეს გამყოლს გიშოვი. ყოყმანობს, მაგრამ სხვა რა გზა აქვს?! მთანხმდება. ამბობს: – ღმერთს რას გაუგებ? იქნებ, ჩემი ბიჭები აქ არიან. ვეუბნები: – იქნებ! ფეხები დასიებია, ფეხსაცმელში ვერ ტენის. ფეხსაცმელს იღლიაში იჩრის და მომყვება. კვნესის, მუხლები გაუშეშდა. ამბობს: – შვილებისთვის, თორემ ადგილიდან რა დამძრავდა. ჩვენი იაზდი სამოთხეა. ცოდვა არ არის?! რევოლუცია ქალაქელებისაა. ჩვენ არ გვეხება. მაშად აქბარის ბიჭი ყარაულში მსახურობს. ცუდი ბავშვი არაა. ისიც ქალაქში წავიდა. ვეუბნებოდი, შვილო, დარჩენილიყავით, სიბერეში ჩემთვის ყავარჯენი იქნებოდით-მეთქი. ყურიც არ მათხოვეს. სტიუარდესები კართან ჩამწკრივებულან. დეიდა ანარი ფრანგ სტიუარდესას ეალერსება, უნდა, რომ აკოცოს. პატარა ტანისაა და ლოყამდე ვერ სწვდება. სტიუარდესა იცინის და ხელზე ხელს უჭერს. გრძელი გასასვლელი გვიდევს წინ. მეკითხება: – შვედეთი აქედან ძალიან შორსაა? ხელჩანთას ვართმევ. წარმოუდგენლად მძიმეა. ისევ ვუბრუნებ. ვეუბნები: – უყურე, შენ აქეთ უნდა წახვიდე, მე – იქით. სხვადასხვა გზა გვაქვს. აი, იმ ორ ქალს აჩვენე შენი ბილეთი. (აეროპორტის მუშაკებზე ვუთითებ) და სთხოვე, დაგეხმარონ. არეულად მიყურებს. ასე უცბად არ ელოდა განშორებას. პიჯაკის კალთაზე მეკვრის. ვეუბნები: – კეთილი მგზავრობა, დეიდა ანარი. ერთი კოვზი ბადრიჯნის კერძი შემინახე. მეკითხება: – როგორ გავაგებინო? მაგათი ენა რომ არ ვიცი? – ბილეთი აჩვენე. – რა ვუთხრა? – უთხარი: შვედეთი. თავისთვის იმეორებს: „შვედეთი“ და ბილეთს მიშტერებია. მეძახის: – ქალბატონო! მივდივარ. უკან არ ვიხედები. გრძელი და მომქანცველი მოგზაურობა იყო. მიხარია, რომ მიწაზე ვადგამ ნაბიჯს და რომ ის წყეული რყევა ცასა და მიწას შორის დასრულდა. ირანელი მგზავრები ერთმანეთს ასწრებენ, გარბიან. ფიქრით ისევ დეიდა ანარისთან ვარ: წავიდა? არ წავიდა? მგზავრების უმეტესობას ჩემთვის გამოუსწრია და პასპორტების შესამოწმებლად სარკმელთან გრძელი რიგიც გაუჭიმავს. ხელმარცხნივ ევროპის მოქალაქეებისთვისაა, მარჯვნივ კი – უცხოელებისთვის. არაბი, ირანელი, შავი, ყვითელი, ავღანელი და ა. შ… ვიღაც მხარზე მეხება. უცნობი კაცია. – მაპატიეთ, თქვენ გვერდით რომ მოხუცი ქალი იჯდა, სულ ვერ მოძრაობს. თქვენ გეძებთ. ვეუბნები: – არავინაა ისეთი, რომ დაეხმაროს? მე მეჩქარება. – თქვენ გეძებთ. უცხოებს გაურბის, არც არაფერი ესმის. ო, ღმერთო! ვბრუნდები და გასასვლელს ვათვალიერებ. დეიდა ანარი მარტოდმარტო ზის იატაკზე, შუა გასავლელში, იმავე ადგილას, სადაც დავტოვე. ხელჩანთა იღლიაში ამოუჩრია. მგზავრები აჩქარებით უვლიან გვერდს. მხედავს და აღფრთოვანებით ყვირის. სახე ეფურჩქნება. ოთხზე მოცოცავს ჩემს შესახვედრად.    მეუბნება: – მაპატიე, ქალბატონო, შენ გენაცვალე. ორივე ფეხი გამიშეშდა. ნაბიჯსაც ვეღარ ვადგამ. ვინც ჩამიარა, ყველას ვუთხარი „შვედეთი“, რამდენჯერმეც ვუთხარი, მაგრამ ძაღლად არავინ ჩამაგდო. ჩვენ გვერდით ინვალიდის ეტლში მჯდომი ქალბატონი მიდის. დეიდა ანარი შურით აყოლებს თვალს. – ქალბატონო, აი, ასეთი სავარძელი მიშოვე! ვპასუხობ: – კარგი, იჯექი აქ, ჩემს მოსვლამდე არ გაინძრე. ეარფრანსის მუშაკებს ვეხვეწები, ვევედრები, ვემუდარები. უშედეგოდ. ეტლი წინასწარ უნდა შეუკვეთო. განცხადება უნდა შეიტანო და რამდენიმე დღე იცადო. ვუხსნი: – ეს ქალი ირანის სოფლიდანაა (უადგილო განმარტება), ფეხები გაუშეშდა და ვერ დადის. ებრალებათ, მაგრამ განაწესს ვერ დაარღვევენ. ყველაფერს თავისი წესი და რიგი აქვს. წინასწარ უნდა შეგვეკვეთა. ქაოსი და განუკითხაობა ხომ არ არის?! რა ვქნა? მივატოვო და წავიდე? არა, არ შემიძლია. გული არ მიშვრება. უცბად ურიკას ვხედავ, საბარგო ურიკას. გარშემო რიკულები არა აქვს, ასე რომ, მასზე დაჯდომა შეიძლება. შესანიშნავია. ვჩქარობ. დეიდა ანარის ფეხსაცმელი ხელში უჭირავს, ფეხები გაუშლია და შუა დერეფანში, იატაკზე ზის. ადამიანები გულგრილად უვლიან გვერდს. მის ჩანთას ურიკაზე ვდებ და ვჩერდები. არ ვიცი, თვითონ მას რა მოვუხერხო. ურიკა წინიდანაც და გვერდებიდანაც ღიაა. ვეუბნები: – ადექი, დეიდა ანარი, ამ ურიკაზე დაჯექი. მეუბნება: – უი, ქალბატონო! – და უაზროდ მიყურებს. ყურს არ უჯერებს. იცინის. – „უი, ქალბატონო“ არ ვიცი! აბა, ცოცხლად! – ღმერთო, შენ მიშველე! – სწრაფად, სწრაფად! იძულებულია, დამყვეს. რცხვენია. ხალხს უყურებს. მეკითხება: – ამ ურიკაზე? – ჰო, ადექი, მაგვიანდება, საქმე მაქვს. დაბნეულია. ერთიანად წითლდება. ტირილს იწყებს. – ქალბატონო, უხერხულია, დამცინებენ. ვეუბნები: – დეიდა ანარი, კაციშვილი არ გიცნობს. ევროპაში სირცხვილად არაფერი არ ითვლება. აბა, გაინძერი. ფეხები სტკივა. ვეხმარები. კრუსუნებს, წვალობს, ეცემა. წამოჩოჩდება, ხელებით მუხლებს ეყრდნობა, წელში მოკაკული ზურგით ურიკისკენ დგება. ვეუბნები: – დაჯექი. და მხრებზე ვაწვები ხელებით. – ვაი, ქალბატონო, რა სირცხვილია, – ბუტბუტებს თავისთვის და ერთბაშად ეხეთქება ურიკას. ურიკა მისი სიმძიმისგან გორდება, ალმაცერად მიდის და კედელს ეჯახება. მგზავრები უყურებენ. იცინიან. ანარბანუ თავსაფრით იფარავს სახეს.    ურიკის თრევა, ასეთი სიმძიმით, საკმაოდ ძნელი საქმეა. ერთ ადგილზე ვბრუნავთ, აქეთ-იქით მივცურავთ. დეიდა ანარი მეხმარება, ქუსლებს იატაკს ურტყამს და წინ მივიწევთ. ვიღაც გამვლელი ჩემს საშველად მოისწრაფის. ორივენი თითო სახელურს ვეჭიდებით და დეიდა ანარის მივაგორებთ. იძახის: – სადა ხართ, ბიჭებო, რატომ ვერ ხედავთ დედათქვენს? ბილეთს ვართმევ. ვუყურებ – გუთენბერგი. ჩემი გეოგრაფიული განათლება საკმაოდ მწირია. ერთი ცხადია, რომ გუთენბერგი შვედეთის ქალაქია, მაგრამ რომელ მხარეში, ეს არ ვიცი. ბიჭები იმ ქალაქში დედას ელიან. აეროპორტის მუშაკს ვეკითხები. „ბ“ ტერმინალთან უნდა მივიდეს. აეროპორტის მეორე ბოლოშია. ათი წუთის გზაა, ისიც – ავტობუსით. ანარბანუ თავს წევს, გაფაციცებით გვიგდებს ყურს, თვალებში შემომციცინებს. ავტობუსის გაჩერებამდე გრძელი გზა გვიდევს წინ. მისი ბილეთი ხელში მიჭირავს. ყურადღებით ვკითხულობ. ერთი საათიღა რჩება გუთენბერგის რეისამდე. დრო ცოტაა. უკანასკნელი ძალების დაძაბვით მივაგორებ გასასვლელში ურიკას, რომელზედაც საწოლის ჩარდახივით გადმოფოფრილა დეიდა ანარი. ესკალატორი გვიღობავს გზას და აღარ ვიცი, რა ვქნა. დეიდა ანარი მოძრავი კიბის დანახვაზე კრთება და თვალები უმრგვალდება. – ვაი, ქალბატონო. ეს კიბე დადის. მე არ წამოვალ. სხვა გზით წავიდეთ. აი, იქითა მხარეს ჩვეულებრივი, ადამიანური კიბეა. ჩვენებურ კიბეებს ჰგავს. არ წამოვალ, დავეცემი, მოვკვდები. ვეუბნები: – ნუ ბუზღუნებ. თუ არ გაჩუმდები, დაგტოვებ და წავალ, – დავიღალე და მოთმინება აღარ მყოფნის. ვეუბნები: – დეიდა ანარი, რა დაგრჩენია შვედეთში? რომ დაგიდია თავი და მიდიხარ, რას ელოდები? გაუბედურდები, დაავადმყოფდები, – ანერვიულებული ვარ და აღარ ვიცი, ვის მოვდო შარი. ვეუბნები: – მე შენს ჩანთას ჩავიტან ქვევით. ადექი ურიკიდან. აბა, ჰე! იღლიებში ვეჭიდები, მინდა წამოვწიო. კვნესის. მუხლებს ვერ შლის. ურიკიდან გადმოდის და კედელს ეყრდნობა. ჩანთას ვიღებ და ესკალატორზე ვდგები. დეიდა ანარი ზევიდან მიყურებს. ხელით კედელს ებღაუჭება და თვალებდაჭყეტილი, შეძრწუნებული მოგვშტერებია მე და ესკალატორს. ერთი-ორჯერ კედელსაც სცილდება და რამდენიმე ნაბიჯს დგამს. ცალ ფეხს წამოსწევს, მაგრამ მერე თავს აქნევს და შიშით იხევს უკან. ვგრძნობ, პირველივე საფეხურიდან დაგორდება.    ვეძახი: – დეიდა ანარი, დაჯექი კიბეზე და ისე ჩამოდი. – ვაი, ქალბატონო! ოჰ, ღმერთო! რა მეშველება? არ შემიძლია. ბიჭებმა მითხრეს, შვედეთი ყურისძირშიაო. აქ უფრო ადვილია ჩამოსვლა, ვიდრე მეშჰედშიო. მითხრეს, ჩაჯდები და აქა ხარო. იმის ფიქრში ვარ, რა ვიღონო, რომ ვხედავ, ორი მაღალი შვედი მამაკაცი აპირებს ქვევით ჩამოსვლას, მაგრამ დეიდა ანარი გზას უკეტავს. რაღაცას ეუბნებიან, მას არ ესმის. მეც რაღაცას მეუბნებიან შვედურად. არც მე მესმის. ფრთხილად სწევენ გვერდზე დეიდა ანარის, მაგრამ გზა მაინც ჩაკეტილია. საუბრობენ, მერე ჩემზე უთითებენ ერთმანეთს. და მანამ, სანამ რაღაცის ახსნას მოვახერხებ, ისინი იღლიებში სდებენ ხელს დეიდა ანარის და ზევით სწევენ. დეიდა ანარის ეღიტინება, წივის, იცინის, ვიშვიშებს, იკლაკნება და რკინისბალთიანი შავი ფეხსაცმელი უვარდება იღლიიდან. მსუქან, მოკლე ფეხებს ჰაერში აფართხალებს და სხეულით ებღაუჭება ევროპელ ბატონებს მკლავებზე. მძიმეა. მისი ტარება ადვილი არ არის. მგონია, საცაა, სამივე ერთად წამოვა ყირამალა. თვალებს ვხუჭავ. მაგრამ უვნებლად ჩამოდიან. გასავათებულ, ახარხარებულ დეიდა ანარის იატაკზე სვამენ. კარგა ხანს ვერ ითქვამს სულს. ხვითქი გადასდის სახეზე. თავსაფარი მოღრეცია და იქიდან ნახევრად ჭაღარა, ნახევრად ინით შეღებილი თმა მოუჩანს. ამბობს: – მამასახლისი მეუბნებოდა, დეიდა, შვიდი მთა და შვიდი ზღვაა გადასავლელიო. ის კი არ ეგონა, ურიკით თუ ვიმგზავრებდი და უცხო კაცებს უკანალზე მოვაჯდებოდი.    ურიკა ზევით დარჩა. კოჭლობით მივდივართ გასასვლელ კარამდე. უსაქმოდ მდგომი მებარგული ჩვენ გვიყურებს. ვეძახი. ვუთანხმდები, რომ ფული აიღოს და დეიდა ანარი ავტობუსამდე მიიყვანოს. ვუხსნი: „ბ“ ტერმინალი. იცის. ვეუბნები: – დეიდა ანარი, ახლა უნდა დავშორდეთ ერთმანეთს. ეს კაცი ავტობუსამდე მიგიყვანს და მძღოლს ეტყვის, სად უნდა ჩამოგსვას. არ შეგეშინდეს. ესენი კარგი ხალხია. მეკითხება: – შენ? – მე ჩემს გზაზე წავალ. – ქალბატონო… – წადი. აბა, კარგად! ცრემლი ღვარად ჩამოსდის. ხელს მკიდებს და რამდენჯერმე მაგრად მკოცნის ლოყებზე. ჩანთას ხსნის, ბროწეულს იღებს და მაწვდის. სიყვარულის ბროწეულს. მეუბნება: – ნეტავ, თქვენც მოდიოდეთ შვედეთში. ერთად ვიქნებოდით. ჩემს ნახელავსაც გასინჯავდით. ჩემი ბიჭები ისეთი საყვარლები არიან, ისეთი კარგები და კეთილები, მარტო ღმერთმა იცის. არაფერს ვაჭარბებ, ყიბლას გეფიცები. – და არც კი იცის, რომელ მხარესაა ყიბლა. ვეუბნები: – კარგი, სხვა დროს იყოს! მეუბნება: – სხვა დრო არ იქნება. ჩემი სხვა დრო დღეს და ხვალაა. მებარგული ელოდება. შავკანიანი, სასიამოვნო ღიმილით. დეიდა ანარი გაოცებული ათვალიერებს. ჩანთას აწვდის, ხელებს ხვევს მკლავზე და ნელი, ფრთხილი ნაბიჯით, ჭიანჭველასავით მიღოღავს წინ. უცბად ბრუნდება და ამქვეყნად ყველაზე ალერსიანი თვალებით მიყურებს. მისი ბროწეული ხელში მიჭირავს. ჩემოდნები უნდა ვიპოვო. ერთი საათი გასულა. ჩემი თანამგზავრებიდან აღარავინ ჩანს, ჩემი ჩემოდნები საკანში შეუნახავთ. საკანი დაკეტილია. უძილობა, დაღლილობა და შიმშილი მტანჯავს. ეარფრანსის მოხელე ვიღაცას ურეკავს. მეუბნება, რომ რამდენიმე წუთი უნდა მოვითმინო. რამდენიმე წუთი ნახევარ საათად იწელება, ერთ საათად იწელება, ერთი საათი… უსასრულობად იქცევა. ველოდები. ანარბანუზე ვფიქრობ. ალბათ, კიდეც ჩავიდა და საჭმლის მომზადებასაც შეუდგა. ბიჭები ახალ ტანსაცმელს უყიდიან, ძველი, დაძენძილი თავსაფრის ნაცვლად აბრეშუმისას დაახურავენ. სასეირნოდ ატარებენ ქალაქის მოედნებზე, ზღვის ნაპირას, კინოში და ზოოპარკში წაიყვანენ. ამაღამ, ათი წლის განშორების შემდეგ, უფროსი ბიჭის მყრალ ფეხებს დაადებს თავს და დაიძინებს. რა საამო ძილი ექნება! უფრო საამო, ვიდრე ოდესმე. *    ოთხშაბათი. ნაშუადღევი. სამი დღეა, რაც დავბრუნდი. ჩემოდნებს ვცლი. ისლამურ ლაბადას გვერდზე ვდებ, უნდა გავაწმენდინო. ჯიბეებს ვუსინჯავ. ორი ასთუმნიანი ბანკნოტი, ერთი შეკვრა საღეჭი რეზინი, ქაღალდის ნაგლეჯი, ქიმწმენდის შარშანდელი ქვითარი, საბანკო ჩეკი და თვითმფრინავის ბილეთი. თვითმფრინავის ბილეთი? ვკითხულობ: თეირანი-პარიზი-გუთენბერგი. კვირა, ოცდაცხრა სექტემბერი. კვირა, ოცდაცხრა სექტემბერი. პარიზი-გუთენბერგი. ანარბანუ ჩენარი. გუთენბერგი. კვირა. ოცდაცხრა სექტემბერი.    მეხი მეცემა. აზრებს თავს ვერ ვუყრი. შეუძლებელია. ანარბანუ წავიდა. თვითმფრინავში ჩაჯდა. ჩემი თვალით ვნახე. ბილეთს მაგიდაზე ვდებ. უკუღმა. არ მინდა დავინახო. არ მინდა ვიფიქრო. პირში მწარე გემოს ვგრძნობ. მშფოთავი ტკივილი ნაწლავებს მისერავს. უაზროდ მივშტერებივარ ამ დაწყევლილ ბილეთს. ვუთხარი: – დეიდა ანარი, დაბნეული ხარ. ნახე, ყველაფერი ადგილზე გაქვს? ნახა. ჩანთა მაგრად მიეხუტებინა გულზე. პასპორტი ხელში ეჭირა. მაგრამ ბილეთი? ბილეთი მე მქონდა. ლაბადის ჯიბეში ჩავიდე და დამავიწყდა. მე სულელს, მე რეგვენს. უნდა ვიპოვო. სად? როგორ? აზრს ვერ ვიკრებ, თავი არ მუშაობს. ნეტავ, არ დავხმარებოდი. ნეტავ, გზად არ გადავყროდი. ნეტავ, ვინმე სხვას შეხვედროდა. ან – რა ვიცი. ჩემი ბრალია. მისი ბიჭების ბრალია. იმ წყეული ფოსტალიონის ბრალია, შვილების წერილი რომ მიუტანა. შვედეთში წავალ. გუთენბერგში წავალ. იაზდში წავალ. ვიპოვი. ასე მითხრა: „ბიჭების ნახვა მინდა. მაგრად ჩავიხუტებ. ასჯერ ვაკოცებ, მერე კი მშვიდად მივდებ თავს მიწაზე და მოვკვდები“. ეარფრანსის სააგენტოში ვრეკავ. დაკავებულია მეორედ ვრეკავ, მესამედ, მეათედ. დაკავებულია. ტუ-ტუ-ტუ-ტუ… ალო, ალო. მაგრამ არავინ მაძლევს პასუხს. მუსიკა უკრავს, ავტომატი მპასუხობს: მოითმინეთ, ახლავე გიპასუხებენ. ახლავე მთელ სიცოცხლეს უდრის, მარადისობას უდრის. გული ამოვარდნაზე მაქვს. ყურმილს ვკიდებ. აეროპორტის ნომერს ვკრეფ. აქ მპასუხობენ. პარიზი-გუთენბერგის რეისის მგზავრთა სიას ვითხოვ. ოცდაცხრა სექტემბრის დღის პირველი საათის რეისის მგზავრთა სიას. სიჩუმე. გაუსაძლისად ხანგრძლივი სიჩუმე. ათი წუთი. ხომ არ გაწყდა? ალო! ვყვირი: ალოო! მპასუხობენ. სია არა აქვთ. რომც ჰქონდეთ, ვერ მომცემენ. რა უაზრობაა! ვთხოვ, ვემუდარები. ვეუბნები, რომ ირანელი მოხუცი ქალი დაიკარგა, ანარბანუ ჩენარი. მისი ბილეთი მე მაქვს. შვედეთში მიდიოდა. გუთენბერგში. თეირანიდან მოდიოდა. ალო? ხმა ხან წყდება, ხან ისევ ისმის. ახლა სხვა მესაუბრება. თავიდან ვიწყებ. ვუხსნი. ამ სახელის პიროვნება სიაში არ არის. ირანის საელჩოში ვრეკავ. დახმარებას მპირდებიან. ამბობენ, რომ მოძებნიან. ეგაა, რომ სამი დღე საელჩო დაკეტილია. ისევ ირანის საელჩოში ვრეკავ, ამჯერად – შვედეთში. მეუბნებიან, რომ ასეთი ქალბატონი მათთან არ მისულა. ჩემს მეგობარს ვურეკავ სტოკჰოლმში. ხვეწნა, მუდარა, რომ გაიკითხოს, იქნებ არიან გუთენბერგში ბიჭები – სახელად ჩენარი, არ ანარი?! იაზდელი ბიჭები, ერთი – გრძელი, შეღებილი თმით და მოცინარი სახით და მეორე – შავი თვალ-წარბით, ცუდი ზნითა და მოშლილი ნერვებით. ვზივარ და ველოდები. იქნებ მიხვდეს ანარბანუ და პარიზის ცნობათა ბიუროში ჩემი ტელეფონის ნომერი იკითხოს. რომელ ენაზე? პარასკევი. შაბათი. კვირა. ორშაბათი. სამშაბათი. ერთი კვირა. ერთი თვე. და კიდევ მეტი. მისი ბროწეული საწოლთან მიდევს, მაგიდაზე. სიყვარულის ბროწეული. სულ ვეკითხები ჩემს თავს, სად არის და რას აკეთებს. ათასნაირი ფიქრი მომდის თავში – კარგიც და ცუდიც. …დღეს კაშკაშა, გამჭვირვალე დღეა. იმ იშვიათ დღეთაგანი, როცა ფანჯრის მიღმა ჩიტები ჟრიამულით იკლებენ ყველაფერს; მუდამ უჟმური, ბრაზიანი მეზობელი სტვენა-სტვენით მიდის სადღაც, სახლის მეპატრონე ქალბატონი კი მარჯვენა ფეხზე ამდგარა და მოხუც ფოსტალიონს თავაზიანად ებაასება. ჩიტების მხიარულ ჟღურტულს და ნათელ დღეს კეთილ ნიშნად მივიჩნევ და თავს ვიმშვიდებ, რომ ანარბანუ ახლა თავისი ბიჭების სიახლოვეს ზის, ფესენჯანის წვნიანი მოუმზადებია და მგზავრობის სიძნელე, რა ხანია, აღარც ახსოვს.    ჩემს თავს ვეუბნები, რომ ერთ დღესაც იქნება, დავბრუნდები – ერთ მშვენიერ, ბედნიერ დღეს და სახლს, ბაღს ან ბაღჩას ვიყიდი – პირით მთებისკენ, მზისკენ. დეიდა ანარის ბროწეულს დავთესავ და მის ნაყოფს მეზობლებს დავურიგებ. ვინც ამ ბროწეულს გასინჯავს, ეცოდინება, რომ და-ძმანი არიან და ერთმანეთის დანახვისას სულში სიამე მოეფინებათ, აღელვებული გული დაუმშვიდდებათ. ყველაფერ ამის საწყისი კი ასი წლის ანარბანუა, ბროწეულის ხის ქვეშ რომ სძინავს. ისე ტკბილად სძინავს, რომ ვერავინ ბედავს მის გაღვიძებას. უმცროს ბიჭს დედისთვის გულისმომწყვლელი სიმღერა შეუთხზავს და მთელი სანათესაო სიყვარულით ღიღინებს შეწყობილად. უფროსი ბიჭი მამა გამხდარა, ორი შავთვალწარბა, ფუნჩულა გოგო ჰყავს, დეიდა ანარის დამსგავსებია და შურისძიებაზე ფიქრი თავიდან ამოუგდია. ევროპელი რძალი ბედნიერია, ღამღამობით, დაძინებამდე, წვნიანის სახელს ჯადოსნურ შელოცვასავით რამდენჯერმე იმეორებს გულში და მშვიდად იძინებს. და მე ვიცი, მჯერა, რომ, სადაც არ უნდა იყოს ანარბანუ, ძილში თუ ცხადში, თავის გრძელ, შორეულ მოგზაურობაზე ფიქრობს, დარჩენილი ჩემოდანი, უსაფრთხოების ქამარი და ღიტინი, ურიკით სეირნობა, უცხო კაცებზე შემოჯდომა და დაკარგული ბილეთი ახსენდება. მე ვახსენდები. ზოგჯერ სიზმარში ვხედავ და ყურშიც მისი ხმა ჩამესმის: – ქალბატონო, ბიჭებისგან წერილი მივიღე. ამერიკაშიც მარტონი არიან, უცხოდ და უთვისტომოდ. ისევ გზას გასცქერიან, სხვაგან აპირებენ წავსლას. ამჯერად სად? ვეუბნები: „ნუ წუხხარ, ანარბანუ, ბევრია ასე – ყველგან და ყოველთვის მიუსაფარი. ვერ პოულობენ სიმშვიდეს და მოსვენებას. აი, ნახავ, ერთ დღეს დაგიბრუნდებიან. სიხარულით გაიშოტებიან ბროწეულის ხეების ჩრდილში და ჩაიძინებენ. შემდეგ კვლავ მოუვლით ჟინი და ველად გაიჭრებიან. რას იზამ, წასვლა და დაბრუნებაც ცხოვრებაა ერთგვარი“. მეუბნება: – ჩვენს იაზდს ვითომ რა აქვს ნაკლი? ვეუბნები: – დაიძინე, ანარბანუ, და მეც დამაძინე. ჩუმდება. თავის თავს ელაპარაკება. თავის ბიჭებს. მისი ხმა არ მესმის. ანარბანუს სახე თანდათან ძველი სურათივით იცრიცება, ინისლება და წყნარად, მშვიდად იკარგება ძილის ჩახლართულ ლაბირინთებში. …
დაამატა Kakha to ლიტერატურა at 4:24pm on მაისი 21, 2015
თემა: ლეპორელა
ამოსამსახურეთა წიგნში მისი სახელის გასწვრივ „განსაკუთრებული ნიშნების: სვეტში უარყოფის ხაზი იყო გასმული, მაგრამ მოხელეებისათვის რომ მისი გარეგნობის დახასიათებაც დაეკისრებინათ, ერთი თვალის შევლებითაც უდავოდ შენიშნავდნენ: ქანცგაწყვეტილ, ფართოძვლებიან, გაძვალტყავებულ ჯაგლაგსა ჰგავსო. მართლაც, იყო რაღაც ცხენისებური ამ ქალის მძიმედ ჩამოშვებული ქვედა ტუჩის, უშნოდ წაგრძელებული და ფართოყვრიმალიანი, ჩამუქებული სახის გამომეტყველებაში, უწამწამო თვალების პირქუშ მზერასა და მეტადრე სქელ, ხენეშ, თექისმაგვარ, შუბლზე მიკრულ გაქონილ თმებში. მის მიხრა-მოხრაშიაც იგრძნობოდა ზნე და ხასიათი ჯიუტი ჯორისა, ალპების მთებსა და ხეობებში გაბმულ ბილიკებს რომ მიჰყვება ზამთარ-ზაფხულ, კუშტად და ბორძიკით, შეშითა თუ საპალნით მძიმედ დატვირთული.    შრომის უღლიდან რომ შესასვენებლად თავს დაიხსნიდა, კრესჩენცი გაძვალტყავებულ ხელებს მუხლებზე დაიწყობდა, იდაყვებს გასწევდა და თვლემდა ასე გამოთაყვანებული, როგორც ახლად გამოხსნილი პირუტყვი თავის სადგომში. ამ ქალში ყველაფერი ტლანქი, მოუხეშავი და მძიმე იყო. დიდხანს ფიქრობდა და ძნელად რასმე გებულობდა: ყოველი ახალი აზრი მის გულისყურს ძნელად აღწევდა, თითქოს წმინდა მერდინში ტარდებაო. მაგრამ სამაგიეროდ, თუ ახალს რასმე საბოლოოდ ჩასწვდებოდა, ხარბად და მტკიცედ ჩაეჭიდებოდა და ხელს აღარ გაუშვებდა. არასოდეს არ კითხულობდა არც გაზეთებს, არც ლოცვებს. წერა ერთი ჯაფით თუ შეეძლო და მის მიერ სამზარეულო წიგნის ფურცლებზე გამოყვანილი მრუდე ასოები საოცრად მოგაგონებდათ მის უფორმო ტანს, რაც ყოველივე ქალურს მოკლებული გახლდათ. ამ ქალის ხმაც ისევე მქისე იყო და ტლანქი, როგორც მისი ძვლები, შუბლი, თეძოები და ხელები: ძარღვიანი ტიროლური ხორხისმიერი ბგერების მიუხედავად ეს ხმა მუდამ ჟანგმოდებულივით ჭრიალებდა - თუმცა ეს გასაკვირიც არ არის, რადგან კრესჩენცი ერთ ზედმეტ სიტყვას არავის ეტყოდა. გაცინებულს ხომ ვერავინ ნახავდა; ამითაც ჰგავდა პირუტყვს: ეს ღვთის უგნური ქმნილებანიც ხომ მოკლებული არიან წყალობას, თავიანთი სიხარული თავისუფლად გამოხატონ ბედნიერების შეუკავებელი სიცილით, ეს კი ალბათ უენობაზე მძიმე დანაკლისია.    უკანონოდ შობილი იყო, თემმა აღზარდა, თორმეტი წლიდან მოსამსახურედ იდგა, მერე ჭურჭლის მრეცხავად აიყვანეს მეეტლეთა ბაკის სასტუმრო ოთახში, სადაც თავისი შეუპოვარი, ჯიუტი გულმოდგინებით ყველას აოცებდა, აქედან კი ბოლოს ტურისტების ერთ კეთილმოწყობილ სასტუმროში მზარეულობას მიაღწია. დილის ხუთ საათზე დგებოდა კრესჩენცი ყოველ ცისმარე დღეს და გვიან ღამემდე საქმიანობდა, - ხვეტავდა, ხეხავდა, ანთებდა, წმენდდა, ალაგებდა, ამზადებდა, ზელდა, ბეჟავდა, რეცხავდა, ქვაბებს აჟღარუნებდა. არასოდეს არ ითხოვდა შვებულებას, არ გადიოდა ეზოდან და ფეხს არ გადაადგამდა ქუჩაში, თუ ეკლესიაში არ მიდიოდა: კერაზე მბჟუტავი ცეცხლის მრგვალი ნაღვერდალი იყო მისთვის მზე, ხოლო ასობით და ათასობით შეშის ღერი, რასაც ის წლიდან წლამდე ჩეხავდა - მისი ტყე.    მამაკაცები არ აწუხებდნენ, იქნება იმიტომ, რომ მეოთხედი საუკუნის მომქანცველმა შრომამ მისი არსებიდან ყოველივე ქალური განდევნა. ან იქნებ იმიტომაც, რომ დაახლოების ყოველგვარ ცდას ქალი კუშტად და მოკლედ მოჭრილი სიტყვით უკუაგდებდა. მისი ერთადერთი სიხარული იყო ნაღდი ფული, რასაც გლეხური, შინაბერული გულმოდგინებით აგროვებდა ეს ძუნწის ინსტინქტით შეპყრობილი ქალი, რათა სიბერის ჟამს ისევ თემის სამოწყალო არ გამხდარიყო და ღარიბი ხალხის დამადლებული ლუკმა არ ეჭამა. მხოლოდ და მხოლოდ ამ ფულისათვის დატოვა პირველად ამ ოცდაჩვიდმეტი წლის ბნელმა ქმნილებამ თავისი მშობლიური ტიროლი. ერთმა მანდილოსანმა, მოწოდებით შუამავალმა, რომელიც იმ ხანებში საზაფხულოდ ისვენებდა, ნახა, როგორ იდგამდა წელებზე ფეხს კრესჩენცი, როგორ არაადამიანურ ჯაფაში იყო ადრე დილიდან გვიან საღამომდე, ორმაგ გასამრჯელოს დაჰპირდა და ვენაში გაიტყუა. მატარებელში კრიჭაშეკრული იჯდა, კაცისთვის ხმა არ გაუცია და პირში ლუკმა არ ჩაუდვია, ედგა მუხლებზე თავისი მძიმე კალათი და თუმცა ბედშავს მუხლები სწყდებოდა, აინუნშიაც არ აგდებდა თანამგზავრების მეგობრულ რჩევას, ბარგისათვის განკუთვნილ ბადეზე შედგიო ტვირთი, რადგანაც თაღლითობა და ქურდობა იყო ერთადერთი ცნება, რაც მის გლეხურ ჩლუნგ გონებას დიდ ქალაქთან დაეკავშირებინა. ვენაში ჩასულს პირველ დღეებში ბაზრამდე გამყოლი სჭირდებოდა, რადგანაც ეტლისა ისე ეშინოდა, როგორც ძროხას ავტომობილისა. მაგრამ მას შემდეგ, რაც ბაზრამდე მიმავალი ოთხივე ქუჩა შეისწავლა, უკვე უგამყოლოდაც იოლად გადიოდა, ეზოდან სავაჭრომდე თავაუღებლად მიაბოტებდა კალათით ხელში, მერე ჰგვიდა, ცეცხლს აჩაღებდა და ალაგებდა ახალ სამყოფელს ისეთივე გულმოდგინებით, როგორც უწინდელს, თითქოს არავითარი ცვლილება არ მომხდარიყოს. ცხრა საათზე, სოფლის ჩვეულებისამებრ, დასაძინებლად მიდიოდა და ეძინა პირდაღებულს, პირუტყვის მსგავსად, ვიდრე დილით მაღვიძარა არ აზრიალდებოდა. არავინ იცოდა, იყო თუ არა კმაყოფილი თავისი ჩვეულებისა. ეს ალბათ არც თვითონ იცოდა, რადგან არავისთან არ დადიოდა, ყოველ ბრძანებაზეც მხოლოდ გაურკვევლად უპასუხებდა: „კარგი, კარგიო“, ან კიდევ, თუ სხვაგვარი აზრისა იყო, ოჩნურად მხრებს აიჩეჩავდა. მეზობლბსა და სხვა მოსამსახურეებს არც კი ამჩნევდა. მისი ქარაფშუტა ამხანაგების დამცინავი მზერა წვიმის წყალივით ცურდებოდა ხოლმე მისი გულგრილობის მოქნილ ტყავზე. მხოლოდ ერთხელ, როცა ერთმა გოგომ მისი ტიროლური კილოს გამოჯავრება აიჩემა და აღარ მოასვენა, სიტყვაძვირი კრესჩენცი ერთი წამოვარდა, ცეცხლიდან ანთებული მუგუზალი აიტაცა და ზარდაცემულ მოახლეს დაედევნა, კივილით რომ გაიქცა. ის დღე იყო და ის, მისი გაჯავრება აღარავის გაუბედავს, ყველა ერიდებოდა შუბლგაუხსნელ ტიროლელს.    ყოველ კვირა დილით კრესჩენცი ჩაიცვამდა თავის ნაკეცებიან, განიერ კაბას, დაიხურავდა თეფშის მოყვანილობის ქუდს, გლეხის დედაკაცები რომ ატარებენ ხოლმე, და ასე გამოწყობილი წავიდოდა ეკლესიაში. მხოლოდ ერთხელ, პირველ თავისუფალ დღეს, ვენაში გასეირნება სცადა. მაგრამ ტრამვაიში ჩაჯდომა არ უნდოდა, ფეხით წავიდა. გამოცოცხლებული ქუჩების ორომტრიალში მხოლოდ ქვის კედლებს ხედავდა, დუნაის არხამდე ძლივს მიაღწია. იქ მდინარე წყალს ისე ჩააშტერდა, როგორც ნაცნობს რასმე, შემდეგ კი უკან გამობრუნდა და იმავე გზას დაადგა, იმავე სახლებს ჩაუარა, ხმაურიან ქუჩებს ახლაც ერიდებოდა და ეტლების შიშით კედლებს ეკვროდა. ამ პირველმა და უკანასკნელმა გასეირნებამ, ეტყობა, გული აუცრუა, რადგანაც ის დღე იყო და სახლიდან აღარ გასულა, კვირადღეებსაც კი შინ ატარებდა, ხელსაქმეზე თავდახრილი ან ფანჯარასთან გულხელდაკრეფილი. ვერავითარი ცვლილება ვერ შეიტანა დიდმა ქალაქმა მაშვრალი ქალის ერთფეროვან ცხოვრებაში, გარდა იმისა, რომ ყოველი თვის მიწურულს მის აწ უკვე დაბერებულ, დამწვარსა და დამსკდარ ხელებში უწინდელი ორის ნაცვლად ოთხი ცისფერი ქაღალდი გადადიოდა. ამ ფულს ყოველთვის დიდხანს და უნდობლად ათვალიერებდა. გულმოდგინედ გაშლიდა, გაასწორებდა, ერთიმეორეზე დააწყობდა და მერე კოხტად ჩაალაგებდა ხის ყვითელ მოხატულ კოლოფში, სოფლიდან რომ ჰქონდა წამოღებული. ამ ულაზათო პატარა ხის ყუთში იყო მოქცეული მთელი მისი საიდუმლოება, მისი სიცოცხლის აზრი. ღამით ყუთის გასაღები თავქვეშ ედო, ბალიშის ქვეშ, მაგრამ სად მალავდა დღისით, ეს კაცის შვილმა არ იცოდა.    ასეთი გახლდათ ეს საოცარი ადამიანური არსება (მაინც ასე ვეძახით, თორემ სწორედ ადამიანური მხარე იყო ამ ქალში სრულიად ჩახშული და მის ქცევაში ათასში ერთხელ თუ გამოკრთებოდა ხოლმე). - მაგრამ ალბათ მხოლოდ ეგზომ გულდახურული და ყოველი გრძნობისაგან გამოთიშული არსება თუ გაძლებდა ბარონ ფონ ფ-ს არანაკლებ უცნაურ სახლში. მოსამსახურეები გაუთავებელი ჩხუბით დამძიმებულ გარემოში ჩვეულებრივ ძლებდნენ მხოლოდ იმდენი ხნით, რამდენიც გათვალისწინებული იყო კანონით. როგორც კი ეს ვადა გათავდებოდა, მსახურები სახლიდან გარბოდნენ. ბრაზისა და სიფიცხის, ისტერიულად გულისწამღები ყვირილის ტონი ოჯახში დიასახლისიდან მოდიოდა. ფრიად მდიდარი ესენელი მეფაბრიკის ამ ჩაბერებულმა ასულმა ერთ-ერთ აგარაკზე გაიცნო საგრძნობლად უფრო ახალგაზრდა ბარონი, ხელმოკლე აზნაური, რომელიც არც გვარით გამოირჩეოდა და არც მით უმეტეს შეძლებით, მოხერხებულად მოსდო ანკესი და ნაჩქარევად მისთხოვდა კოხტად გამოწკეპილ ქარაფშუტას, რომელიც კალმით ნახატს ჰგავდა. მაგრამ ჯერ თაფლის თვეც არ გასულიყო, რომ ახალგათხოვილმა აღიარა, მართალი ყოფილანო მშობლები, როცა ამ ქორწინებას მიშლიდნენ და უფრო დარბაისელ, საქმიან სასიძოს მირჩევდნენო. მართლაც, მრავალრიცხოვან ფარულ ვალზე რომ არაფერი ითქვას, მალე აშკარა გახდა, რომ სულ მოკლე ხანში გულაცრუებული ქმარი თავის ახალგაზრდულ გატაცებებს მეტ მნიშვნელობას აძლევდა, ვიდრე ცოლქმრულ მოვალეობას. ბუნებით საკმაოდ გულკეთილი და ძალიან მხიარული იყო, როგორც ყოველი ცბიერი კაცი, მაგრამ სრულიად მოშვებული და თავის მოქმედებაში ზღვარდაუდებელი. ეს ნახევრად არისტოკრატი, თავის ნათქვამი და კოპწია კავალერი კაპიტალის ყოველგვარ დაგროვებას პლებეური შეზღუდულობისა და მომხვეჭელობის ნიშნად თვლიდა, ამიტომაც ზიზღით უყურებდა. კაცი მსუბუქ ცხოვრებას ეძებდა, ქალი - მტკიცე, წესიერი, ბიურგერულ ოჯახურ მყუდროებას. ბარონს ეს გულს ურევდა. მეტადრე მას შემდეგ, რაც გამოირკვა, რომ ანგარიშიანი ცოლი, თავისი სიმდიდრის მიუხედავად, რამდენადმე მოზრდილ თანხას იოლად არ თმობდა, ხოლო ქმარს სანუკვარ სურვილზე - სადოღე ცხენების თავლაზე - სულაც უარი სტკიცა. ბარონი საქმეს ჩაუფიქრდა: რატომ უნდა იყოსო ჩემი ცოლი ეს თავგასიებული, მოუხეშავი ჩრდილოგერმანელი დედაკაცი, რომლის მაღალი მბრძანებლური ხმა ყურებს მიხვრეტსო? მართლაც, ზურგი აქცია ცოლს და, როგორც იტყვიან, მშრალზე დასვა. თუმცა უხეშობა არ გამოუჩენია, მაგრამ გადაჭრით კი უკუაგდო სასოწარკვეთილი ქალი. საყვედურებს თავაზიანად ისმენდა და მოჩვენებით კიდევაც თანაუგრძნობდა მეუღლეს, მაგრამ როგორც კი ის გაჩუმდებოდა, მთელ მის სამდურავს პაპიროსის კვამლს გაატანდა, თვითინ კი ისევ ისე იქცეოდა, როგორც მოეპრიანებოდა. ეს ნატიფი, თითქმის სამსახურებრივი თავაზიანობა ყოველგვარ წინააღმდეგობაზე მეტად ამწარებდა სასოწარკვეილ ქალს. როცა ქმრის თავშეკავებული, ზრდილი, პირდაპირ მოხდენილი თავაზიანობის წინააღმდეგ უძლური იყო, გულში დაგუბებულ ჯავრს სხვებზე იყრიდა ხოლმე. თავის უადგილო, მაგრამ არსებითად სამართლიან აღშფოთებას მეხივით ატეხდა თავს უდანაშაულო მოსამსახურეებს. შედეგიც ისეთი იყო: ორი წლის განმავლობაში თექვსმეტჯერ მოუხდა მოსამსახურეების გამოცვლა, ერთს კი სცემა კიდევაც და მაშინ საჭირო გახდა საგრძნობი თანხის გაღება, რომ საქმე მშვიდობიანად მოგვარებულიყო.    მხოლოდ კრესჩენცი იდგა ამ ქარიშხლიან შეხლა-შემოხლაში ურყევად, როგორც ეტლში შებმული ცხენი წვიმის დროს. არავის მხარეს არ იჭერდა, არავითარ ცვლილებას არ დარდობდა და ეტყობოდა, სულაც არ ამჩნევდა, როგორ ზედიზედ იცვლებოდა სამოახლოში მასთან ერთად მცხოვრები უცხო გოგოების სახელები, თმის ფერი, სხეულის სუნი და ხასიათი. თვითონ ხომ ხმას არავის სცემდა, არაფრად აგდებდა კარების ბრაზიან გაჯახუნებას, სადილის ჩაშხამებას, გულის წასვლას და ისტერიკებს, დადიოდა წარბშეუხრელად თავის სამზარეულოდან ბაზრამდე, ბაზრიდან ისევ სამზარეულოში და საქმიანობდა. ყველაფერი, რაც ამ შემოფარგლული წრის მიღმა ხდებოდა, მისთვის განურჩეველი იყო. თითქოს საბეგველას ურტყამენო, ისე ტლანქად და უგულოდ მიდიოდნენ მისი დღეები. ასე გაატარა დიდ ქალაქში ორი წელიწადი, არაფერი განსაკუთრებული არ გადახდენია და არავითარი ცვლილება არ მომხდარა მის შინაგან სამყაროში, ოღონდ ეს კია, ცისფერი ასიგნაციების შეკვრამ მის ყუთში მთელი ჯოგით მოიმატა და როცა წლის ბოლოს სველი თითებით ქაღალდები სათითაოდ გადათვალა, მაგიური რიცხვი „ათასი“ არც ისე შორს აღმოჩნდა.    მაგრამ შემთხვევას ხელში ალმასის ბურღი უჭირავს, ხოლო ბედისწერას საშიშსა და ცბიერს, ხშირად შეუძლია სრულიად მოულოდნელ ადგილას შეძვრეს, რათა თვით სალ კლდესავით მტკიცე ხასიათიც კი ძირფესვიანად შეარყიოს. ამ შემთხვევაში გარეგნული საბაბი ისეთივე მდარე და უფერული იყო, როგორიც თვით კრესჩენცის სამოსელი: ათი წლის შესვენების შემდეგ ხელისუფლებას ისევ მოეხასიათა მოსახლეობის აღწერა და ყოველ საცხოვრებელ სახლს გაეგზავნა შესავსებად ერთობ რთული ანკეტები. ბარონი არ ენდო მოსამსახურეთა ბატიფეხურსა და და მხოლოდ ფონეტიკურად სწორ წერით ხელოვნებას, პირადად თვითონ განიზრახა ფურცლების შევსება და იმავე მიზეზით კრესჩენცი თავის ოთახში დაიბარა. როცა სახელს, ასაკსა და დაბადების ადგილს ეკითხებოდა, აღმოჩნდა, რომ როგორც გატაცებულ მონადირესა და იმ მხარის მეპატრონის მეგობარს, სწორედ იმ ალპურ კუთხეში რამდენიმე არჩვი მოუკლავს და ამ ქალის მშობლიური სოფლის ერთ-ერთი მკვიდრიც მთელი კვირა ხლებია მეგზურად. რაკი ეს მეგზურიც რაღაც კურიოზული გარემოებით სწორედ კრესჩენცს ბიძად ერგებოდა და ამასთან ბარონიც კარგ გუნებაზე იყო, ამიტომაც მათ შორის შემთხვევით გაბმული საუბარი დიდხანს გაგრძელდა, ამასთან კიდევ ერთი განცვიფრებული ამბავი გამოირკვა: სწორედ იმ სასტუმროში, სადაც კრესჩენცი იყო მზარეულად, თურმე ბარონს განსაკუთრებით გემრიელი ირმის მოხრაკული ეჭამა. ყოველივე ეს უმნიშვნელო წვრილმანი იყო, მაგრამ კრესჩენცს, რომელმაც დიდ ქალაქში პირველად ნახა თავისი მშობლიური კუთხის მცოდნე ადამიანი, ასეთი შემთხვევითი გარემოება ნამდვილ საოცრებად ეჩვენა. იდგა ბარონის წინ შეწითლებული, ცნობისმოყვარეობით ატანილი სახით, მორცხვად და მოუქნელად იხრებოდა, როცა ბარონი ხუმრობას იწყებდა და ტიროლური კილოკავის გამოჯავრებით ეკითხებოდა, კრიმანჭული თუ გემარჯვება, როგორც ტიროლში იციანო, და ა.შ. დასასრულ, თავისივე საქციელით გამხიარულებულმა გლეხური ჩვეულებისამებრ ხელი დაჰკრა მკვრივ უკანალზე და თან დაატანა: „ახლა კი წადი, ყოჩაღო ჩენცი, და აი ესეც ორი კრონი იმისათვის, რომ ცილერტალელი ყოფილხარ“.    ცხადია, თავისთავად ეს არ იყო არც თავბრუდამხვევი და არც მნიშვნელოვანი მოვლენა. მაგრამ თევზივით მუნჯი და გულჩახვეული არსების სულზე ამ ხუთწუთიანმა საუბარმა ისე იმოქმედა, როგორც ჭაობში ჩავარდნილმა ქვამ: ნელა და ზანტად ამოძრავდნენ წრეები, მძიმედ დაიძრნენ ნაპირისაკენ და გვიან შეეხნენ შეგნების ნაპირს. წლების მანძილზე პირველად გამართა ამ გულდახურულმა და სიტყვაძვირმა ქალმა ადამიანთან პირადი საუბარი. სწორედ ზებუნებრივად უნდა მოსჩვენებოდა ასეთი დამთხვევა, რომ პირველ ადამიანს, რომელიც მას დაელაპარაკა, რაღაც სცოდნია მის მთებზე, მერე მისი ხელით დამზადებული ირმის მოხრაკულიც კი უჭამია. ამას დაემატა ხელის შინაურული დაკვრა უკანალზე, რაც გლეხურ ენაზე ქალის გამოწვევასა და გაარშიყებას ნიშნავდა. და თუმცა კრესჩენცი ფიქრადაც ვერ გაივლებდა, ამ კოხტა, კეთილშობილ ბატონს ჩემზე გული შეუვარდაო, მაგრამ სხეულზე შეხებამ მაინც გამოაღვიძა სადღაც მისი სულის სიღრმეში მიძინებული გრძნობები.    ასე, შემთხვევითი ბიძგის შედეგად დაიწყო კრესჩენცის შინაგან სამყაროში თანდათანობითი დუღილი და მოძრაობა, ვიდრე დაბოლოს, ჯერ ბუნდოვნად, მერე კი სულ უფრო ნათლად არ გამოკრთა რაღაც ახალი და უჩვეულო გრძნობა, მსგავსად იმ უეცარი მიგნებისა, რისი წყალობითაც უპატრონო ძაღლი თავის გარშემო მყოფ ორფეხ არსებათა შორის თავისდა უნებურად ერთს ამოარჩევს და თავის პატრონად აღიარებს ხოლმე: ამ წუთიდან მას ერთს დასდევს ფეხდაფეხ, ესალმება კუდის ქიცინით ან ყეფით, თავისი ნებით ემორჩილება მას, ვინც ბედმა გაუბატონა, უსმენს და მორჩილად მიჰყვება ფეხდაფეხ. სწორედ იგივე მოხდა კრესჩენცის დღემდე ჩახშულ სამყაროში, რაც სავსებით ხუთი ცნებით იყო შემოსაზღვრული: ფული, ბაზარი, კერა, ეკლესია, ლოგინი - მასში შეიჭრა ახალი ძალა, რაც არეს მოითხოვდა და ყოველივე ადრინდელს განზე სტყორცნიდა. გლეხური სიხარბით, ერთხელვე მოხვეჭილს რომ მაგარი ხელიდან აღარ უშვებენ, კრესჩენცმაც ხელი ჩასჭიდა ამ ახალ ძალას, ღრმად შეისრუტა და თავისი მიყრუებული გრძნობის სამყაროს ფსკერამდე ჩასძირა. მართალია, ასეთი გარდაქმნა ერთბაშად არ მომხდარა. პირველი ნიშნებიც ჩვეულებრივი შეუმჩნეველი ხასიათისა იყო. მაგალითად, ბარონის სამოსელსა და ფეხსაცმელებს გამორჩეული და ფანატიკური მზრუნველობით ასუფთავებდა, იმ დროს როცა ბარონის მეუღლისას მოსამსახურე გოგოს ანდობდა. უფრო ხშირად დასჩემდა შემოსასვლელსა და საბატონო ოთახებზე თვალის დაჭერა და როგორც კი გარეთ კარის გასაღების ხმას გაიგონებდა, მყისვე გარბოდა, რათა ბატონისათვის პალტო და ჯოხი გამოერთმია. სამზარეულოს ხომ გამორჩეულ ყურადღებას უთმობდა და კითხვა-კითხვით, ერთი ჯაფით მიაღწია მთავარ ბაზრამდე, სულ კი იმისათვის, როგორმე ირმის ხორცი ეშოვნა და ბარონისათვის მოეხრაკა. მალე ისიც შენიშნეს, რომ ქალი თავის გარეგნობას მეტ ყურადღებას აქცევდა.    ერთი თუ ორი კვირა გახდა საჭირო იმისათვის, რომ ახლად ჩასახული გრძნობის ეს პირველი შედეგები დღის სინათლეზე გამოსულიყო. ვინ იცის, კიდევ რამდენი კვირა გავიდა, ვიდრე ამ პირველ გრძნობას მომდევნო სურვილიც თან დაერთოდა და გაუბედავი განცდა ნათელ ფერსა და სახეს მიიღებდა. ეს მეორე გრძნობაც სხვა არა იყო რა, თუ არა პირველის დამატებითი განცდა: პირველ ხანებში ყრუ, მაგრამ თანდათანობით სულ უფრო მზარდი, შიშველი და დაუფარავი სიძულვილი ბარონის მეუღლისადმი, ქალისადმი, რომელსაც ბარონთან ცხოვრების, ძილის, ლაპარაკის უფლება ჰქონდა და მაინც არ იყო იმის მიმართ ისევე მოკრძალებული და თავგამოდებით ერთგული, როგორც თვითონ რესჩენცი. იქნებ იმიტომ, რომ ახლა უდავოდ უფრო ყურადღებიანი მოსამსახურე ერთხელ უკვე გახდა მოწმე სამარცხვინო ოჯახური უსიამოვნებისა, რომლის დროსაც მის მიერ გაღმერთებულმა ბატონმა თავისი კაპასი ცოლისაგან უსაძაგლესი დამცირება გადაიტანა, ან იქნებ იმიტომაც, რომ ბარონის მხიარული და უბრალო ხასიათის გვერდით ჩრდილოეთ გერმანელი ქალის ქედმაღლური მიუკარებლობა ორმაგად აუტანელი ეჩვენებოდა - ყოველ შემთხვევაში, ეს კია, რომ საქმის ვითარებაში გაურკვეველ ქალბატონს თავისი ნამდვილი ჯიუტობა, ბოროტებისა და ბრაზის ათასობით ეკალი დაუპირისპირდა, ასე, მაგალითად, ბარონის მეუღლეს ორჯერ უნდა დაერეკა, კრესჩენცი კი განზრახ აუჩქარებლად და აშკარად უხალისოდ გამოეცხადებოდა, ამასთან მაღლა აწურული მხრები მოწმობდნენ, რომ ყოველ წუთს მზად იყო გადამწყვეტი წინააღმდეგობისათვის. დავალებებსა და ბრძანებებს მუდამ უსიტყვო უკმაყოფილებით იღებდა. ასე რომ, ქალბატონისათვის მუდამ გაუგებარი რჩებოდა, გაიგო თუ არა ყოველივე, რაც დაავალა. თუ ზოგჯერ ჩაეკითხებოდა ხოლმე, კრესჩენცი გაბრაზებით დაუქნევდა თავს ან აგდებით მიახლიდა: „მესმის, გავიგონე!“ ზოგჯერაც თეატრში ეჩქარებოდათ, გამოწყობილი ქალბატონი ისედაც ვერ ასწრებდა, და აქ უეცრად რომელიმე სრულიად აუცილებელი გასაღები სადღაც გადაიკარგებოდა, ხოლო ნახევარი საათის შემდეგ მას სადმე კუთხეში იპოვნიდნენ უადგილო ადგილას. თუ ქალბატონს ვინმე ტელეფონთან სთხოვდა ან მისთვის რაიმე ცნობა იყო გადასაცემი, კრესჩენცს ეს ჩვეულებრივ ავიწყდებოდა. თუ ჰკითხავდა, ყოველგვარი სინანულის გარეშე მიახლიდა: „სწორედ დამავიწყდა“. თვალს არასოდეს არ გაუსწორებდა, ალბათ ეშინოდა, სიძულვილს ვერ დავფარავო.    ამასობაში მეუღლეთა შორის ოჯახური უსიამოვნების სცენები სულ უფრო მწვავე ხასიათს იღებდა; შესაძლოა, კრესჩენცის გაუგებარი უკმეხობაც თავის მხრით საგრძნობლად მოქმედებდა დღითი დღე გაკაპასებულ ქალბატონის სახიათზე: დიდი ხნის შინაბერობამ ისედაც შეურყია ამ ქალს ნერვები, ახლა კიდევ ქმრის გულგრილობამ და შინამოსამსახურთა თავგასულობამ სულ ერთიანად დაუბნია თავგზა და დაუკარგა წონასწორობა. ამაოდ კვებავდა თავის ფხუკიანობას ბრომითა და ვერონალით. მით უფრო მკვეთრად წყდებოდა მაშინ მისი დაძაბული ნერვების ხელოვნურად შეკავებული თოკი, საქმე თავდებოდა კრუნჩხვითა და ისტერიული შეტევებით, ამასთან ძე-ხორციელი არავინ იყო, რომ ოდნავი თანაგრძნობა მაინც გაეწია ან თავი მაინც დაეჭირა ისე, რომ ქალს ეფიქრა, ამას ჩემთვის გულწრფელი დახმარება სურსო. ბოლოს ერთმა ექიმმა რომელიღაც აგარაკზე ორი თვის გატარება ურჩია. ამ წინადადებას საერთოდ სრულიად გულგრილი ქმარი ისეთი მოწონებით შეხვდა, რომ ხელახლა დაეჭვებულმა ქალბატონმა პირველად წასვლაზე უარი განაცხადა. მაგრამ შემდეგ წასვლა მაინც გადაწყდა, ქალბატონს მხლებლად მსახური გოგო მიუჩინეს, ხოლო კრესჩენცს დიდ სახლში მარტო დარჩენილი ბარონის სამსახური დაეკისრა.    ასეთმა ცნობამ, რომ მოწყალე ბატონის მოვლა მთლად მას მიენდო, კრესჩენცის დუნე გონებაზე ისე იმოქმედა, თითქოს სამოთხის გასაღები ჩააბარესო. თითქოს ყველა მისი სასიცოცხლო წვენი და ძალა ჯადოსნურ ბოთლში იყო დალექილი და ახლა შეანჯღრიესო, ასე ამოტივტივდა ფსკერიდან ვნებათა ღელვის დანალექი და ქალის არსება შეაფერადა. ერთბაშად გალღვა მის გაყინულ სხეულზე შემოგარსული ქვასავით მყარი და მძიმე თოში; გეგონებოდათ, ამ დამმუხტველი ცნობის მიღების შემდეგ მოდუნებულ სახსრებში სიმსუბუქე იგრძნო, ანაზდად გაშალა, უფრო მოქნილი გახდა, მგლის მუხლი გამოებაო. ქარივით დაქროდა ოთახებში, არბოდა და ჩამორბოდა კიბეებზე, განკარგულებას არც კი დაელოდა, თავისით შეკრა ჩემოდნები, თავისი ხელით მიიტანა ეტლამდე. ხოლო როცა შეღამებისას ბარონი სადგურიდან დაბრუნდა, სამსახურისათვის მზად მყოფს ჯოხი და პალტო ხელში გადასცა და გულზე მოშვებულმა თქვა: „ როგორც იქნა, გავისტუმრეო“. აქ მოხდა რაღაც უჩვეულო. კრესჩენცმა, უწინ რომ არასოდეს არ იცინოდა, როგორც არ იცინიან პირუტყვები, ახლა უცნაურად დაღმიჭა და გახლიჩა მოკუმული ბაგეები. პირი მოეღრიცა, გაუფართოვდა და უეცრად ამ დამთხვეულის უძრავ სახეზე ისეთი შეუკავებელი, ცხოველური სიცილი გამოკრთა, რომ ბარონი შეშფოთდა, ეჩოთირა ასეთი სახე, შერცხვა თავისი გულახდილობისა და უსიტყვოდ თავის ოთახში შევიდა.    მაგრამ ამ წამიერმა უხერხულობამ მალე გაიარა, და რამდენიმე დღის შემდეგ ორივენი, ბატონი და მოსამსახურე, ტკბებოდნენ თანხმობით, ნათელი სიმშვიდითა და კეთილისმყოფელი თავისუფლებით. ქალბატონის წასვლასთან ერთად გაიფანტა მძიმედ ჩამოწოლილი გულისგამაწვრილებელი ღრუბელი. განთავისუფლებული ქმარი, გაუთავებელ ანგარიშგებისაგან ბედნიერად თავდახსნილი კაცი, პირველსავე ღამეს შინ გვიან დაბრუნდა და კრესჩენცის მდუმარე გულმოდგინება კეთილისმყოფელ კონტრასტად ეჩვენა თავისი ენაჭარტალა მეუღლის შეხვედრასთან შედარებით. კრესჩენცი ისევ აღფრთოვანებული გავარდა თავის საქმეზე. ალიონზე დგებოდა, ყველაფერს დააკრიალებდა, ბნედიანივით ხეხავდა აბზინდებსა და სახელურებს, იგონებდა გამორჩეულ, გემრიელ კერძებს. განცვიფრებულმა ბარონმა პირველსავე სადილზე შენიშნა, რომ მხოლოდ მისთვის არის შერჩეული საგანგებო სერვიზი, რაც ვერცხლის ჭურჭლეულის შესანახი კარადიდან განსაკუთრებულ შემთხვევებში გამოჰქონდათ ხოლმე. საერთოდ უყურადღებო კაცი იყო ბარონი, მაგრამ ასეთმა ადამიანმაც კი შენიშნა ამ საოცარი ქმნილების სათუთი, პირდაპირ ნაზი ზრუნვა, და რამდენადაც ბუნებით კეთილი გული ჰქონდა, მოწონების სიტყვას არ იშურებდა. აქებდა მის კერძებს, აქა-იქ მეგობრულ სიტყვებსაც გადაჰკრავდა, ხოლო როცა მომდევნო დილით, თავის დღეობაზე ნახა დიდი ხელოვნებით დამზადებული ტორტი, რომელზედაც გამოსახული იყო მისი ინიციალები, შუაში კი ჩაშაქრებული ღერები, მხიარული სიცილით შესძახა: „შენ სრულიად გამანებივრებ, ჩვენც: ერთიც ვნახოთ, ღმერთმა დამიფაროს, და ჩემი მეუღლე დაბრუნდა, მაშინ რაღას ვიზამ?“    მაგრამ ბარონმა სინდისის წინაშე რამდენიმე დღით მაინც შეიკავა თავი და ერთბაშად არ აჰყოლია ქვენა გრძნობებს. შემდეგ კი, როცა დარწმუნდა, კრესჩენცი საიდუმლოს შემინახავსო, ისევ დაიწყო თავის სახლში სრულიად თავისუფალი მოქმედება, როგორც უცოლო კაცს შეეფერება. მეოთხე დღეს ცოლიანმა ქვრივმა ზედმეტი ახსნა-განმარტების გარეშე თავის ოთახში დაიბარა კრესჩენცი და სრულიად გულგრილად უბრძანა, საღამოთი ორი პირისათვის საჭირო ცივი კერძი დადგი, შენ კი დაიძინე, ყველაფერს დანარჩენს თვითონვე გავაკეთებო. უსიტყვოდ მოისმინა კრესჩენცმა განკარგულება. არც ერთი გამოხედვით, არც ერთი თვალის შეხამხამებით არ გამოუხატავს, რომ ამ სიტყვების ნამდვილი აზრი მისი ვიწრო შუბლიდან გონების სალაროში შეიჭრებოდა. მაგრამ თუ რა კარგადაც გაუგია მათი ჭეშმარიტი მნიშვნელობა, ეს მისმა ბატონმა სულ მალე შენიშნა, როცა გვიან ღამით საოპერო სკოლის ახალგაზრდა მოწაფის თანხლებით თეატრიდან შინ დაბრუნდა და მისდა გასაოცრად შენიშნა, რომ სუფრა საგანგებოდ მოწყობილი და ყვავილებით მორთულია, დასაძინებელ ოთახში კი მისი ლოგინის გვერდით გამომწვევად იყო გაშლილი სხვა ლოგინიც, ხოლო მისი მეუღლის აბრეშუმის ხალათი და ქოშები უცხო სტუმარს მოუთმენლად უცდიდნენ. თავის ნებაზე მიშვებულ ქმარს ისღა დარჩენოდა, რომ გასცინებოდა ამ ქმნილების გადამეტებულ ზრუნვაზე. ამით ბოლო მოეღო ყოველგვარ უხერხულობას ერთგული თანამზრახველის წინაშე. დილით უკვე ზარით მოიხმო, რომ ოჯახში შემოჭრილ მიჯნურს ჩაცმაში დახმარებოდა, რითაც საბოლოოდ ჩამოვარდა მათ შორის უსიტყვო თანხმობა.    იმავე დღეებში დაერქვა კრესჩენცს ახალი სახელი. მხიარულმა მომღერალმა ქალმა, რომელიც მაშინ სწორედ დონა ელვირას როლს სწავლობდა და თავის მეგობარს ხუმრობით დონ ჟუანს ეძახდა, ერთხელ სიცილით მიმართა: „ერთი შენს ლეპორელას დამიძახეო“. ამ სახელმა ბარონი გულიანად გააცინა, რადგანაც ის მოუქნელი ტიროლელი შინამოსამსახურისათვის სრულიად უჩვეულოდ და შეუფერებლად ჟღერდა, და იმ დღიდან ქალს ლეპორელას გარდა სხვა სახელს აღარ ეძახდა. კრესჩენცს პირველად ეუცხოვა ასეთი სახელი, გაიოცა კიდევაც, მაგრამ შემდეგ მოხიბლა მისმა კეთილხმოვანმა ჟღერადობამ და თუმცა მისი მნიშვნელობა არ გაეგებოდა, ახლად მონათვლა ისე მიიღო, როგორც აღზევება, ნამდვილი გააზნაურება. ყოველთვის, როცა კი ნებიერი ბარონი ამ სახელს დაუძახებდა, ქალი ვიწრო ბაგეებს გახლეჩდა, მუქ ცხენისებურ კბილებს გამოაჩენდა და მორჩილებით გაბრუნდებოდა. მოწყალე მბრძანებლის სურვილის შესასრულებლად, როგორც ძაღლი, რომელიც პატრონის წინაშე კუდს აქიცინებს.    ეს სახელი ნამდვილი პაროდია იყო, ხუმრობით შერქმეული, მაგრამ ოპერის მომავალმა ვარსკვლავმა თავისდა უნებურად შეამკო ტიროლელი ზედმიწევნით შესაფერისი ზედწოდებით, რადგანაც, დაპონტეს დონ ჟუანის თანამზრახველი მოსამსახურის მსგავსად, ეს გაძვალტყავებული შინაბერაც, რომლისთვისაც უცხო იყო სიყვარული, თავისი ბატონის სასიყვარულო თავგადასავლებში რაღაც თავისებურ სიხარულსა და სიამაყეს პოულობდა. ვინ იცის, უბრალოდ კმაყოფილებას ხედავდა, როცა მთელი თავისი არსებით საძულველი ქალის ლოგინს ყოველ დილით ხან ერთი ხან მეორე ახლგაზრდა ქალის მიერ არეულსა და შებილწულს პოულობდა, თუ მის გულშიაც ღვივდებოდა რაღაც გამოუცდელი სიტკბოების განცდა - ყოველ შემთხვევაში, ეს ღვთისმოსავი, სასტიკი ჩაბერებული ქალიშვილი ნამდვილი მტანჯველი გულმოდგინებით ეხმარებოდა თავის ბატონს ყველა მის სასიყვარულო თავგადასავალში. თვითონ ის, ათეული წლის შრომით მოღლილი და წელში გაწყვეტილი, დიდი ხანია უსქესო არსებად იქცა და ახლა უგრძნობელ სხეულს მაჭანკალობაში ითბობდა, უსიტყვო მზერით მიაცილებდა საწოლი ოთახიდან კარებამდე დღეს ერთს, ორიოდე დღის შემდეგ მეორეს, მერე კი მესამეს. საწამლავსავით მოქმედებდა მის მთვლემარე გრძნობაზე ასეთი თანამზრახველობა და ეროტიკული ატმოსფეროს მწვავე სურნელება. კრესჩენცი მართლაც ნამდვილი ლეპორელა გახდა და მხნე ყმაწვილკაცივით მოძრავი, ცქვიტი და მოუსვენარი. იშვიათი თავისებურებანი გამოჩნდნენ მის ხასიათში, თითქოს ამ მწველი თანამონაწილეობის დაუშრეტელი ცეცხლიდან გამოვიდნენო: ათასგვარი წვრილმანი ეშმაკობა, ცბიერება, მოსაზრებულობა, რაღაც მიყურადება, ცნობისმოყვარეობა, დადარაჯება, დაუცხრომელი ანცობა. კართან დადგებოდა ყურდაცქვეტილი, საკეტის ხვრელში იმზირებოდა, აქოთებდა ოთახებსა და ქექავდა ლოგინებს, კიბეებზე დაფრინავდა აღმა და დაღმა ყოველი შესამჩნევი ამბით გულანთებული და ამ სიფხიზლემ, ამ დაუძინებელმა ცნობისმოყვრეობამ და თანაგრძნობამ უწინდელი მთვლემარე ხის კერპი თანდათან თავისებურ ცოცხალ ადამიანად აქცია. მეზობელთა გასაოცებლად კრესჩენცი რაღაც თავაზიანი გახდა, გოგოებს ეჭიკჭიკებოდა, მოუხეშავად ეხუმრებოდა წერილების დამტარებლებს, ებაასებოდა გამყიდველ ქალებს და აი, ერთხელ, საღამო ხანს, როცა ეზოში უკვე შუქი ჩააქრეს, მისი ოთახის დღემდე მუდამ მდუმარე ფანჯრიდან მოსამსახურე გოგოებს მოესმათ საოცარი ზუზუნის ხმა; მოუქნელი, ძლივს გასაგონი, დანჯღრეული ხმით მღეროდა კრესჩენცი ალპურ სიმღერას, სწორედ ისე, როგორც შებინდებისას ტიროლელი მწყემსი ქალები მღერიან ხოლმე. აძენძილი, ერთფეროვანი, არეულ-დარეული, სრულიად დამსხვრეული ჰანგი წყდებოდა უხიაგი ბორძიკით ქალის გაუჩვეველ ბაგეებს. მაგრამ მასში იგრძნობოდა რაღაც უცხო და ამაღელვებელი. ბავშვობის დღიდან პირველად სცადა კრესჩენცმა სიმღერა, და იყო რაღაც გულისამაჩუყებელი ამ დაუწყობელ ჰანგებში, წლობით დაბეჩავებული მკერდის წიაღიდან რომ გაჭირვებით აღმოიკვლევდნენ გზას.    ამ არაჩვეულებრივი გარდაქმნის უნებური მიზეზი, თვითონ ბარონი, არც კი ამჩნევდა ამ ქალს. ან ვინ ამჩნევს საკუთარ ჩრდილს? ყველამ იცის, უკან რომ მოსდევს ერთგულად, უსიტყვოდ და უჩუმრად, ხან ფეხდაფეხ ადევნებული, ხანაც დაწინაურებული, როგორც ჯერაც შეუცნობელი სურვილი, მაგრამ იშვიათად თუ ვინმე მიაქცევს ყურადღებას თავის სასაცილო ორეულს და საკუთარ მეს შეიცნობს ამ მრუდე გამოსახულებაში! ბარონი ახალს არაფერს ამჩნევდა კრესჩენცში, გარდა იმისა, რომ სამსახურისათვის მუდამ მზად იყო, ხმას არ იღებდა, ყველაფერს ხალისით ასრულებდა და მისთვის თავს გასწირავდა. სწორედ ეს დუმილი, ეს თავისთავად გასაგები დისტანცია ყველა საიდუმლო გარემოებაში, ეს გამტანობა მოსწონდა ბარონს. ზოგჯერ, როგორც ძაღლს გადაუსვამდნენ ხოლმე ხელს, ორიოდე კეთილ სიტყვას შეაწევდა, გაეხუმრებოდა, უჩქმეტდა დიდსულოვნური ღიმილით, აჩუქებდა თეატრის ბილეთს ან ქაღალდის ფულს - მისთვის უმნიშვნელო წვრილმანებს, რასაც ანგარიშმიუცემლად იღებდა ჟილეტის ჯიბიდან; კრესჩენცისათვის კი ასეთი ნივთები შეადგენდნენ რელიკვიას, რასაც მოწიწებით ინახავდა თავის ხის ყუთში. ბარონს თანდათან დასჩემდა მოსამსახურესთან თავისი ფიქრების ხმამაღლა თქმა და რთულ დავალებებსაც კი ანდობდა ხოლმე. მადლიერი კრესჩენცი კიდევ მით უფრო მეტი ხალისით ირჯებოდა, რაც უფრო მეტად ენდობოდა ბარონი. რაღაც საოცარი ალღო გამოაჩნდა, რომ ყველაფერი გამოეძია, გაეგო, ყველაფრისათვის მიეკვლია და მიეგნო. მეძებარივით კვალდაკვალ დასდევდა თავის ბატონს, დროზე ხვდებოდა მის სურვილებს და ხშირად წინდაწინვე გამოიცნობდა ხოლმე. ამ ქალის მთელი ცხოვრება, ფიქრი და სურვილი თითქოს მისი სათაყვანებელი ბატონის სხეულში გადასახლებულიყოს; ყველაფერს იმის თვალითა ხედავდა, მისი ყურით უსმენდა, ტკბებოდა, რაღაც უზნეო აღფრთოვანებით განიცდიდა ყველა მის სიხარულსა და წარმატებას. სახეზე ნათელი ეფინებოდა, როგორც კი რომელიმე ახალი დიაცი ბარონის სახლის ზღურბლზე გადააბიჯებდა, სასოწარკვეთილი და მოლოდინგაცრუებული იდგა, როცა ბატონი საღამოს რომელიმე მომხიბლავი თანამგზავრის გარეშე დაბრუნდებოდა. მისი ოდესღაც მიძინებული გონება ახლა ისევე მარჯვედ და სწრაფად მოქმედებდა, როგორც მისი ხელები, ხოლო მისი თვალებიდან იფრქვეოდა და ელვარებდა ახალი, ფხიზელი სხივი. დაბეჩავებული, მძიმე შრომით წელში გაწყვეტილ ჯაგლაგში გაიღვიძა ადამიანმა, მაგრამ ადამიანმა ბნელმა, ჩაკეტილმა, ცბიერმა და საშიშმა, ვერაგული ზრახვებით აღსავსემ, მოუსვენარმა და შურისძიებად გამზადებულმა.    ერთხელ, როცა ბარონი შინ დროზე ადრე დაბრუნდა, შემოსასვლელში გაოცებული შეჩერდა. ყური თუ ატყუებს? სამზარეულოს მხრიდან, სადაც უწინ სრული დუმილი სუფევდა, ახლა ყრუ ხითხითი და და სიცილი ისმოდა. აი, ნახევრად ღია კარში უკვე გამოჩნდა ლეპორელა, მორცხვად და თან უტიფრად ჭმუჭნის წინსაფარს. „მომიტევეთ, მოწყალეო ბატონო“, - ამბობს და ძირს იყურება. - მეფუნთუშის ქალიშვილი არის იქ... თვალადი გოგოა... გულითა სწადია მოწყალე ბატონის გაცნობა“. ბარონი გაოცებით შესცქეროდა და ვერ გადაეწყვიტა, გაეკიცხა ასეთი უსირცხვილო მაჭანკლობისათვის თუ ხუმრობაში ჩაეტარებინა ამგვარი გულმოდგინება. ბოლოს ისევ მამაკაცის ცნობისმოყვარეობამ გაიმარჯვა: ბარემ მიჩვენე, ვინ არისო.    ეს გოგო, თექვსმეტი წლის ქორფა, ქერათმიანი ქარაფშუტა, რომელსაც ლეპორელა დიდი ხანია მოთაფლული სიტყვებით იტყუებდა, მართლა გამოჩნდა კარებში. კრესჩენცი მას ხელსა ჰკრავდა. შემოსასვლელში გამოსულს სახე გაღაჟღაჟებული ჰქონდა, მორცხვად კისკისებდა და უხერხულად ტრიალებდა მომხიბლავი კაცის წინ, რომელსაც მართლაც ხშირად ბავშვური ცნობისმოყვარეობით აკვირდებოდა ხოლმე. ბარონს მოეწონა და ჭიქა ჩაიზე შეიპატიჟა. ქალიშვილმა აღარ იცოდა, რა ეპასუხა და კრესჩენცს მოუბრუნდა, მაგრამ ის თითქოს მიწამ ჩაყლაპა, სამზარეულოში შევარდნილიყო და მახეში შემოტყუებულს სხვა გზა არ დარჩენოდა, წამოწითლებულმა და ცნობისმოყვარეობით ატანილმა უნებურად მიიღო სახიფათო მიწვევა.    მაგრამ ბუნება ნახტომებს არ აკეთებს: თუმცა მრუდე და უკუღმართი ვნებათაღელვის ზეგავლენით ამ გაშეშებულ, დაჩლუნგებულ არსებაში უეჭველად ერთგვარმა სულიერმა მისწრაფებამ გამოიღვიძა, მაგრამ შეუჩვეველი და შეზღუდული მისი აზრი შორეულს ვერ სწვდებოდა და პირუტყვთა მსგავსად მხოლოდ უახლოეს, ხანმოკლე ამბებს ეხმაურებოდა. თავისი აკვიატებული ვნებით შეპყრობილმა და სრულიად შემოფარგლულმა ერთი სურვილით, რომ რამენაირად ეამებინა საყვარელი ბატონისათვის, კრესჩენცმა სულ გადაივიწყა სახლიდან წასული ქალი. მით უფრო სახიფათო და საზარელი იყო გამოფხიზლება. მოწმენდილ ცაზე მეხის გავარდნასავით დაატყდა თავს ახალი ამბავი, როცა ერთხელ დილით წერილით ხელში შემოვიდა არეული და გაბრაზებული ბატონი და უთხრა, ყველაფერი წესიერად დაალაგე, ხვალ დილით ჩემი მეუღლე ჩამოდისო სანატორიუმიდან. კრესჩენცს მკვდრის ფერი დაედო, პირდაღებული და გაშტერებული იდგა ბარონის წინ: ისე მოხვდა ახალი ამბავი თითქოს გულში დანა ჩასცესო. იდგა ასე გაშტერებული და გაოგნებული, თითქოს ვერა გაუგია რაო. ისე უზომოდ, ისე საზარლად მოუქცია სახე დატეხილმა მეხმა, რომ ბარონმა საჭიროდ ჩათვალა ორიოდე კეთილი სიტყვით მისი დამშვიდება: „მე მგონია, არც შენ გიხარია, ჩენცი. მაგრამ უკვე ვერაფერს გააწყობ“.    კრესჩენცის გაქვავებული სახე ისევ გამოცოცხლდა. რაღაც ქალურმა კრუნჩხვამ ამოხეთქა გულ-ღვიძლიდან და მიცვალებულივით ფერმკრთალი ლოყები აუღაჟღაჟა. რაღაც უჩვეულო ამოდიოდა დინჯად და მძიმედ შეკუმშული გულის სიღრმიდან. მეტი დაძაბულობისაგან გული უცახცახებდა. ბოლოს ამოვიდა კიდევაც ზემოთ და კბილთა კრაჭუნით გამოხეთქა: „კი... კი... შეიძლება... ხომ შეიძლება ადამიანმა რაიმე იღონოს!..“    სასიკვდილოდ ნასროლ ტყვიასავით იწივლეს ამ სიტყვებმა. და ისეთი ბოროტი, პირქუში გადაწყვეტილება აღებეჭდა სახეზე კრესჩენცს გულისნადების ამ ნაძალადევი გადმოშლის შემდეგ, რომ ბარონი უნებურად შეკრთა და უკან დაიხია. მაგრამ ქალი ისევ მიბრუნდა და ისე გაშმაგებით დაიწყო სპილენძის როდინის წმენდა, თითქოს ყველა თითი უნდა გადაიმტვრიოსო.    დიასახლისის დაბრუნებასთან ერთად სახლში ისევ ქარიშხალი შემოიჭრა. კარებს აჯახუნებდა. ოთახებში უსიამოდ დატრიალდა და საცხოვრებლიდან სიამტკბილობის სიო განდევნა. ძნელი სათქმელია, მეზობელი ენატანიებისა და ანონიმური წერილების საშუალებით შეიტყო მოტყუებულმა ქალმა, რა ურცხვად გათელა მისმა ქმარმა ოჯახური ღირსება თუ უბრალოდ გააღიზიანა იმისმა ბრაზნარევმა, აშკარად უცხვირპირო მიღებამ - ყოველ შემთხვევაში, ორი თვის სანატორიუმში ყოფნამ, როგორც ჩანს, ვერაფერი შვება ვერ მოუტანეს მის დაძაბულ ნერვებს, რადგანაც ისტერიულ ქვითინს ცვლიდა მუქარა და უხამსი სურათები. ურთიერთობა დღითიდღე უფრო სავალალო ხდებოდა. რამდენიმე კვირას ბარონი კიდევ ვაჟკაცურად უმკლავდებოდა ცოლის საყვედურებსა და იერიშებს თავისი ნაცადი იარაღით - თავაზიანობით. როცა ქალი გაყრით ან მშობლებთან წერილის მიწერით იმუქრებოდა, ისიც ამშვიდებდა და აიმედებდა ხოლმე. მაგრამ სწორედ ეს უსიყვარულო, გულგრილი განურჩევლობა სულ უფრო აგიჟებდა ჯალაბობის სიძულვილით გარემოცულსა და ნერვებაშლილ ქალს.    კრესჩენცი თავისი ჩვეული დუმილით შეიჯავშნა. მაგრამ ეს დუმილი საიერიშო და სახიფათო გახდა. ქალბატონის ჩამოსვლის დღეს ის სამზარეულოდან არ გამოდიოდა და როცა გამოუძახეს, შინ დაბრუნებულს აღარც კი მიესალმა. უჯათოდ ასწია მხრები, დადგა კერპივით და კითხვებზე ისე უკმეხად უპასუხებდა, რომ ქალბატონმა ვეღარ მოითმინა, უკან დაიხია. ზურგი აქცია. აბა რა იცოდა, რომ კრესჩენცი მის ზურგში ნატყორცნი ერთადერთი მზერით გამოხატავდა მთელ თავის დაფარულ სიძულვილს! მოსამსახურე ქალის ხარბი გრძნობა ამ ქალის დაბრუნებით თავის თავს უსამართლოდ გაძარცულად თვლიდა. მას წაართვეს სიხარული, რასაც ანიჭებდა ნებიერი, დაუზარებელი სამსახური. ხელახლა სამზარეულოში შეაგდეს, კერასთან დასვეს, სანუკვარი სახელი ლეპორელა წაართვეს. ასე იყო, რადგანაც ბარონი წინდახედულად ფარავდა მეუღლესთან იმ თანაგრძნობას, რასაც კრესჩენცს უწევდა. მხოლოდ ხანდახან, საძაგელი ოჯახური სცენების შემდეგ, როცა გულის მოოხება ესაჭიროებოდა, ჩუმად შეიპარებოდა სამზარეულოში, დაჯდებოდა ხის მაგარ სავარძელში და მხოლოდ ერთს ამოიკვნესებდა: მეტი აღარ შემიძლიაო.    ეს წამები, როცა მის მიერ გაღმერთებული ბარონი უსაშველო უბედურებას გაურბოდა და თავშესაფარს მასთან ეძებდა, ლეპორელას უმაღლეს ნეტარებას ჰგვრიდა. ვერასოდეს ვერ უბედავდა რაიმე პასუხის გაცემას ან ნუგეშისცემას. იჯდა მდუმარე ქალი, ფიქრებს გულშივე იკლავდა, მხოლოდ ზოგჯერ გაწამებული და შესაბრალისი სახით გადახედავდა თავის დამონებულ ღვთაებას და ასეთი უსიტყვო თანაგრძნობა ბატონსაც კაეშანს უმსუბუქებდა, მაგრამ გავიდოდა თუ არა ბატონი სამზარეულოდან, ქალის შუბლზე ისევ გამოჩნდებოდა რისხვის ნაოჭი და მისი მძიმე ხელები გაშმაგებით ბეგვავდნენ უმწეო ხორცს ან ხმაურით ხეხავდნენ ქვაბებს თუ სხვა ჭურჭლეულს.    სულშემხუთავი საავდრო ღრუბელი სულ უფრო და უფრო მძიმედ წვებოდა და ბოლოს მეხმა იჭექა: ბარონი, აქამდე რომ ასე დიდხანს და მოთმინებით ისმენდა ცოლის მწარე საყვედურებს და დამნაშავე მოწაფესავით მორჩილად იტანდა ყოველივეს, უეცრად აფეთქდა და მთელი ძალით მიაჯახუნა კარი. - კმარა, მეყოფა! - შესძახა ისე ხმამაღლა, რომ ფანჯრის მინებმა ზრიალი მორთეს. ბრაზით გაცეცხლებული, გონებადაკარგული შევარდა სამზარეულოში და მოზიდული ლარივით დაძაბულ კრესჩენცს უბრძანა: - ახლავე ჩამილაგე ჩემოდანი და მომიტანე თოფი! სანადიროდ მივდივარ ერთი კვირით. ამ ჯოჯოხეთში თვითონ ქაჯი ვეღარ გაძლებს! დროა ამას ბოლო მოეღოს.    კრესჩენცი აღტაცებით შესცქეროდა: ახლა ის ისევ ბატონი იყო! რაღაც ტლანქი სიცილი ამოსკდა მისი ხახიდან; „მართალსა ბრძანებთ, ბატონო, დროა ბოლო მოეღოს“. - და გიჟური გულმოდგინებით დატრიალდა. ისე დარბოდა ოთახიდან ოთახში, თითქოს ცეცხლმოკიდებულიაო. კარადიდან და მაგიდებიდან საჭირო ნივთებს იღებდა, თან ციებიანივით ცახცახებდა, ისე ღელავდა. შემდეგ თვითონვე ჩაიტანა დაბლა ჩემოდანი და თოფი. ბარონს უნდოდა გამომშვიდობებისას მადლობა ეთქვა გულმოდგინებისათვის, მაგრამ სახეში რომ შეხედა, შეშინებულმა თოფი მოარიდა: კრესჩენცის ვიწრო ტუჩებზე ისევ თამაშობდა ის ცბიერი ღიმილი, რამაც მეუღლის გამგზავრების წინ მას თავზარი დასცა. უნებურად თვალწინ დაუდგა მტაცებელი ნადირი, რომელიც მსხვერპლთან მიპარულა და შესახტომად ემზადება. მაგრამ ქალს უკვე გულგრილი სახე მიეღო, მხოლოდ უჩვეულო, თითქმის შეურაცხმყოფელი შინაურულობით ჩასჩურჩულა: - გაემგზავრეთ, ბატონო, ღმერთი იყოს თქვენი შემწე. აქ მე ყველაფერს მოვაგვარებ. *    სამი დღის შემდეგ ბარონი სასწრაფო დეპეშით შინ დაიბარეს. სადგურზე ბიძაშვილი შეხვდა. ისედაც შეშფოთებული პირველი შეხედვისთანავე მიხვდა, რომ მის თავს სიკეთე არ იყო, რადგანაც ბიძაშვილმა ნერვული და არეული მზერა მიაპყრო. მართლაც, რამდენიმე დამამშვიდებელი სიტყვის შემდეგ ასეთი რამე შეატყობინა: შენი ცოლი დილით თავის ლოგინში მკვდარი იპოვნეს, მთელი ოთახი კი სავსე იყო სანათი გაზითო. უცაბედი შემთხვევა, სამწუხაროდ, გამორიცხულიაო, აუწყებდა ბარონს ბიძაშვილი, რადგანაც გაზის ღუმელი ახლა, მაისში, დიდი ხანია აღარ იხმარება, და თვითმკვლელობის ვარაუდი იმითაც დასტურდება, რომ უბედურმა საღამოს ვერონალი მიიღოო. ამას ემატება თურმე მზარეულ კრესჩენცის ჩვენება: ის საღამოს შინ მარტო დარჩენილა და შეუნიშნავს, როგორ გამოვიდა ბედშავი წინა ოთახში, ალბათ იმ მიზნით, რომ გაზის დახურული ონკანი გაეხსნა. ამ ჩვენების საფუძველზე პოლიციის ექიმმაც გამორიცხა გაუთვალისწინებელი შემთხვევა და მომხდარი ამბავი ოქმში შეიტანა, როგორც თვითმკვლელობა.    ბარონი ელდის ცახცახმა აიტანა, როცა ბიძაშვილმა კრესჩენცის ჩვენება უამბო, თითქოს ხელის ძარღვებში სისხლი გაეყინა. უსიამო, საძაგელი გულისამრევი გრძნობა მოებჯინა ყელში. მაგრამ ეს მდუღარე, მტანჯველი გრძნობა ნებისყოფის ძალით უკუაგდო და ბიძაშვილთან ერთად სახლში შევიდა. გვამი უკვე გასვენებული იყო. მისაღებ ოთახში ელოდნენ ნათესავები, მათი გამოხედვა პირქუში და მტრული იყო, მათი თანაგრძნობა კი ცივი, როგორც დანის პირი. აშკარა საყვედურის ტონით მიუთითეს, რომ სკანდალის მიფუჩეჩება სამწუხაროდ აღარ მოხერხდა, რადგანაც მოახლე გოგო დილით კიბეზე ამოვარდა და ბნედიანივით დაიყვირა: „მოწყალე ქალბატონმა თავი მოიკლა!“ საჭიროა დაკრძალვა უხმაუროდ მოხდეს, რადგანაც - აქ სამართებელივით მჭრელი მაკრატელი ისევ ცივად შეეხო ბარონს - რადგანაც ეს ამბავი ხალხმა ადრევე ყბად აიღო და ყოველნაირი ხმა დაირხა ცნობისმოყვარე საზოგადოებაშიო.    წარბშეკრული ბარონი დაბნეული სახით უსმენდა, მხოლოდ ერთხელ აიღო თავი და მიაჩერდა დახურულ კარს, მაგრამ მაშინვე შეშინებულმა მოარიდა თვალი. უნდა რაიმე ეღონა, ბოლომდე მიეყვანა რომელიმე მტანჯველი აზრი, მაგრამ ახლობელთა ეს ცარიელი და ბრაზნარევი სიტყვები თავგზას უბნევდნენ. კიდევ ნახევარი საათი იდგნენ მის გარშემო მოლაყბე ნათესავები, შემდეგ კი სათითაოდ წავიდნენ. ის მარტო დარჩა ცარიელ, ნახევრად ბნელ ოთახში. თითქოს თავში ქვა დაჰკრეს, შუბლი გაბრუებული ჰქონდა და დაქანცულობისაგან სახსრები ეკვეთებოდა.    ვიღაცამ დააკაკუნა. „მობრძანდით, - შესძახა შეშინებულმა. და აი, მის ზურგს უკან გაისმა მაგარი, შემპარავი, ფეხის ფრატუნით მომავალის ნაბიჯის ხმა. ბარონი კარგად იცნობდა ამ ნაბიჯს. ანაზდად თავზარი დაეცა: თითქოს კისრის მალები მხრებში რკინასავით ჩაეხრახნა, თანაც საფეთქლიდან მუხლებამდე ცივმა ჟრუანტელმა დაურა. თავის მობრუნება უნდოდა, მაგრამ კუნთებმა უმტყუნეს. ასე დარჩა შუა ოთახში გაშეშებული, ცახცახებდა და ხმას ვერ იღებდა, გაქვავებული ხელი დაბლა დაეშვა და ამასთან ნათლად გრძნობდა, რარიგ ამხელდა მის დანაშაულს ასეთი უძრაობა.    მაგრამ სულ ამაოდ ლამობდა ძალ-ღონის მოკრებას: ძარღვები ღალატობდა. უეცრად მის ზურგს უკან გაისმა სრულიად გულგრილი, მშრალი და საქმიანი ხმა: „მე მინდოდა მხოლოდ მეკითხა, მოწყალე ბატონი შინ მიირთმევს სადილს თუ გარეთ“. ბარონი უფრო მეტად აიტანა ცახცახმა, ყინულოვანი სუსხი ახლა მისი მკერდის სიღრმეში შეიჭრა. სამჯერ სცადა ამაოდ ხმის ამოღება და ბოლოს ძლივს წარმოთქვა: „არა, ახლა მე არაფერს არა ვჭამ“. მაშინ ისევ გაისმა ფეხის ფრატუნი. ბარონს დიახაც სურდა შემობრუნება, მაგრამ ძალა არ ეყო. ქალი გავიდა. მაშინ კი უეცრად ამოძრავდა მისი გაშეშებული სხეული. რაღაც ზიზღმა თუ კრუნჩხვამ დაუარა ტანში. ერთი ნახტომით მივარდა კარს, გასაღები გადაატრიალა, რათა ეს ნაბიჯი, ეს საძულველი ნაბიჯი, მოჩვენებასავით რომ კვალდაკვალ დასდევდა, მეტად აღარ გაეგონა. შემდეგ სავარძელში ჩაეშვა, რათა თავისი არსებიდან განედევნა საზარელი აზრი, რაზედაც არ უნდა ეფიქრა. რაც ასე ცივ და წებოვან ლოკოკინასავით შეჭრილიყო მის სულში, დაცოცავდა მის არსებაში. და ეს მოძალადე ფიქრი, რომლის სიახლოვეც ზიზღსა ჰგვრიდა, მთელ გრძნობას ავსებდა, ეს უსაშველო, ლორწოვანი და საზიზღარი აზრი მასთან დარჩა მთელი გატეხილი ღამის განმავლობაში და შემდგომაც, მაშინაც კი, როცა ის შავად ჩაცმული მდუმარე ჭირისუფალი გასვენების დროს კუბოს თავთან იდგა.    გასვენების მეორე დღესვე ბარონმა სასწრაფოდ დატოვა ქალაქი: მეტად აუტანელი გახდა აქ მისთვის ყველა სახე. თანაგრძნობასთან ერთად მათ ჰქონდათ (თუ მხოლოდ მას ეჩვენებოდა?) რაღაც გამომცდელი, რაღაც მტანჯველი ინკვიზიტორული მზერა. და თვითონ უსულო საგნები მეტყველებდნენ რაღაც ბოროტსა და საბრალდებოს: ყოველი ნივთი, მეტადრე დასაძინებელი ოთახისა, სადაც ყველაფერი ჯერ კიდევ გაზის მოტკბილო სუნს აფრქვევდა, მას შორს ერეკებოდა, როგორც კი კარს უნებურად შეაღებდა. მაგრამ ყველაზე უფრო აუტანელ მაჯლაჯუნად ძილსა და სიფხიზლეში ექცა მისი ადრინდელი მესაიდუმლის უშფოთველი, ცივი გულგრილობა, რითაც ის ცარიელ ოთახებში მიმოდიოდა, თითქოს არაფერიც არ მომხდარაო. როცა ბიძაშვილმა სადგურზე იმ ქალის სახელი ახსენა, ბარონი შიშით აცახცახდა: ვაი თუ შევხვდეო! როგორც კი იმის ფეხის ხმას გაიგონებდა, მყისვე შიში, მოუსვენრობა და გაქცევის სურვილი ეუფლებოდა. აღარ შეეძლო დაენახა, აღარ შეეძლო იმ ქალის ნაბიჯი, იმისი სიარული, ცივი, მდუმარე სიმშვიდე. გულს ურევდა მისი გაბზარული ხმა, გაქონილი თმის დანახვა, ჩლუნგი პირუტყვული უგულობა და უგრძნობლობა. ბარონს ბრაზი მოსდიოდა საკუთარ თავზე: რად ვერ მყოფნისო ძალა, გავწყვიტო ძაფი, სახრჩობელას ყულფივით რომ მიჭერს ყელზეო! მხოლოდ ერთი გზა ნახა ხსნისა: გაქცევა. ჩუმად ჩაალაგა აუცილებელი ნივთები, ერთი სიტყვაც არავისთან დაუძრავს და წავიდა ისე, რომ მხოლოდ პატარა ბარათი დატოვა: კარინტიაში მივდივარ მეგობრებთან.    ბარონმა მთელი ზაფხული სხვაგან გაატარა. ერთხელ მემკვიდრეობის საკითხის მოსაგვარებლად სასწრაფოდ ვენაში გამოიძახეს, მაგრამ ღამის გათევა სასტუმროში ამჯობინა და არც კი შეატყობინა თავისი ჩამოსვლა სიკვდილის ფრინველს, სახლში რომ ელოდა. კრესჩენცს არც გაუგია მისი ჩამოსვლა, რადგან არავისთან არ ლაპარაკობდა. უსაქმო, ბაიყუშივით პირქუში ლეპორელა მთელი დღე გამოშტერებული იჯდა სამზარეულოში და უწინდებურად ერთხელ კი არა, ახლა ორჯერ დადიოდა ეკლესიაში, ბარონის რწმუნებულის ხელით იღებდა ფულსა და განკარგულებებს, ხოლო თვით ბარონისა არც გზა იცოდა, არც კვალი. ის არაფერს წერდა, არაფერს ეკითხებოდა. ქალიც იჯდა და ელოდა. მისი სახე დღითი დღე მკვრივდებოდა და ხდებოდა; მისი მოძრაობა ისევ დუნე და მოუხეშავი გახდა, ასე იცდიდა და იცდიდა შესაბრალისად მრავალი კვირა, მთელი ეს დრო საიდუმლოებით მოცულ მდუმარებასა და რაღაც გაოგნებაში გაატარა.    შემოდგომაზე კი გადაუდებელმა საქმეებმა ბარონს აღარ მისცეს საშუალება გაეგრძელებინა თავისი შვებულება, და ის იძულებული გახდა შინ დაბრუნებულიყო. კარის ზღურბლზე შეჩერდა და ყოყმანი დაიწყო. ერთგულ მეგობართა წრეში გატარებულმა ორმა თვემ ბევრი რამ დაავიწყა, მაგრამ ახლა, როცა ისევ მიუახლოვდა თავის მაჯლაჯუნას, - იქნებ თავის თანამოაზრესაც დანაშაულში, - ხელახლა შეიცნო იგივე გულისამრევი, სულისშემხუთავი კრუნჩხვა. კიბეზე რომ ნელა ადიოდა, ყოველ საფეხურზე უჩინარი სუსხიანი ხელი სულ უფრო და უფრო მწვავედ უჭერდა ყელში. ბოლოს მთელი თავისი ნებისყოფის დაძაბვა დასჭირდა, რათა გაშეშებული თითებით ბოქლომში გასაღები გადაეტრიალებინა.    როგორც კი გასაღების ხმა მოესმა, აღფრთოვანებული კრესჩენცი მაშინვე მაღლა აიჭრა სამზარეულოდან. ბარონს რომ შეხედა, სულ ერთი წამით ფერი დაჰკარგა, გაფითრდა, შემდეგ კი, თითქოს სახის დამალვას ცდილობსო, დაიხარა, დასწვდა ჩემოდანს, ბარონს რომ იატაკზე დაედგა. მაგრამ მისალმების სიტყვა კი დაავიწყდა. არც ბარონს უთქვამს რაიმე. უსიტყვოდ შევიდა ქალი ოთახში, უსიტყვოდ მიჰყვა ბარონი უკან. ყრუ დუმილით გადასცქეროდა ფანჯრიდან სივრცეს, ვიდრე კრესჩენცი ოთახს დატოვებდა, მაშინ გასაღები სწრაფად გადაატრიალა. ასე შეხვდნენ ერთმანეთს თვეობით დაშორებული ბატონი და მოახლე.    კრესჩენცი იცდიდა. იცდიდა ბარონიც, იქნებ გაქრესო ჩვენი სახეებიდან ზარდამცემი კრუნჩხვის საძაგელი კვალი. მაგრამ არაფერი გამოდიოდა. ჯერ ქალი არც კი ჩანდა, ჯერ მხოლოდ მისი ნაბიჯის ხმა ისმოდა გარედან, რომ ბატონს უკვე თავისი ემართებოდა. საუზმეს ხელს არ ახლებდა, ადრე დილით ფეხაკრეფით მიატოვებდა სახლს და გვიან ღამემდე გარეთ რჩებოდა მხოლოდ იმ მიზნით, რომ თავის მოსამსახურეს არ შეხვედროდა. სხვა გზა რომ არა ჰქონდა, ორ-სამ დავალებას მისცემდა, მაგრამ იმასაც ზურგშექცეული - სახეში როდი შეხედავდა. ყელში რაღაც ახრჩობდა, სული ეხუთებოდა, ამ მოჩვენებასთან ერთ ჭერქვეშ რომ სუნთქავდა.    კრესჩენცი იჯდა მთელი დღე თავის ხის სკამზე. თავისთვის საჭმელს აღარ ამზადებდა. ყოველნაირი საჭმელი შესძულდა, ყოველ ადამიანს გაურბოდა. იჯდა მხოლოდ, შეშინებულ თვალებს აცეცებდა და ელოდა თავისი ბატონის პირველ დასტვენას, როგორც ნაცემი ძაღლი, რომელმაც იცის, რომ ცუდი საქმე გააკეთა. მისი ჩლუნგი გონება ვერც კი მიმხვდარიყო ნათლად, თუ რა მოხდა. მხოლოდ მისმა ღმერთმა და პატრონმა რომ აითვალწუნა, ზურგი აქცია და აღარაფერში სჭირდებოდა, ეს ერთი აზრი კი მძლავრად ჩაჯდა ქალის არსებაში.    ბარონის დაბრუნებიდან სამი დღის შემდეგ ზარის ხმა გაისმა. ვიღაც ჭაღარათმიანი, დინჯი, კოხტად გაპარსული მამაკაცი იდგა კართან, ხელთ ჩემოდანი ეჭირა. კრესჩენცს ჯერ გაგდება უნდოდა, მაგრამ დაუპატიჟებელმა სტუმარმა განაცხადა, ახალი მოსამსახურე ვარ, ბატონმა ათი საათისათვის დამიბარა და კარგს იზამ, თუ შეატყობინებო. კრესჩენცი გაფითრდა, ერთი წამით ასე გაშეშებული იდგა, შემართული ხელი ჰაერში გაეყინა. შემდეგ მარჯვენა ხელი მოწყვეტით დაუვარდა, როგორც ნატყვიარი ჩიტი. „თვითონ შედი“, - მიახალა განცვიფრებულ კაცს, მერე გაბრუნდა, სამზარეულოში შევარდა და კარი ხმაურით ჩაკეტა. ახალი მოსამსახურე დარჩა სახლში. იმ დღიდან ბატონს აღარც ერთი სიტყვით არ მიუმართავს კრესჩენცისათვის. არცა სჭირდებოდა; ყველა განკარგულება გადაეცემოდა ხოლმე დინჯი, მოხუცი მსახურის პირით. რა ხდებოდა სახლში, მან აღარ იცოდა, ყველაფერი მის თავს ზემოთ ისე მიედინებოდა, როგორც ცივი ზვირთები გადაევლებიან ქვას.    ეს დაძაბული მდგომარეობა ორ კვირას გრძელდებოდა. ამ ორ კვირაში კრესჩენცი ისე ჩამოხმა, თითქოს მძიმე სნეულება გადაეტანოს. სახე დაუწვრილდა, ნიკაპი დაუგრძელდა, ლოყები ჩაუცვივდა, თმა საფეთქელზე ერთბაშად შეუჭაღარავდა. მიხრა-მოხრაც სრულიად მოუდუნდა. იჯდა ერთთავად ხის ჯირკივით თავის ხისავე სკამზე, დუმდა და უსაგნოდ გასცქეროდა ცარიელ სივრცეს, ხოლო თუ საქმეს რასმე მოჰკიდებდა ხელს, ყველაფერში ბრაზი, რისხვა და ძალდატანება ეტყობოდა.    ამ ორი კვირის თავზე მოსამსახურე მამაკაცი თავისი ბატონის ოთახში შევიდა. ბატონმა მოკრძალებულ დუმილზე შეატყო, რომ რაღაც მნიშვნელოვანი უნდა აუწყოს. ჭარმაგმა მოსამსახურემ ერთხელ უკვე უჩივლა ამ „ტიროლელ გომბიოს“, როგორც აგდებით ეძახდა ხოლმე, და ურჩია, უნდა დავითხოვოთო. ბატონს არ ესიამოვნა საჩივარი და თავი ისე დაიჭირა, ვითომ არც გაუგონია. მაგრამ თუ მაშინ მოსამსახურემ კრძალვით თავი დაუკრა და უხმოდ გავიდა, ახლა ჯიუტად დადგა თავის ნათქვამზე, სახე უცნაურად მოექცა, თითქოს ნირი წაუხდაო და ბოლოს ენის ბორძიკით წარმოთქვა კიდეც: მოწყალე ბატონს სასაცილოდ ნუ ეჩვენება, მაგრამ... მას არ შეუძლია... დიახ, აღარ ძალუძს სხვაგვარად თქვას... მას ე შ ი ნ ი ა ამ ქალის. ეს გულდახურული, ბოროტეული არსება აუტანელია. და ბატონმა ბარონმა სულაც არ იცის, რა საშიშ პიროვნებას ინახავს თავის ჭერქვეშ.    გული გადაუტრიალდა ბატონს ამის გაგონებაზე. რას გულისხმობს და რისი თქმა უნდა ამით, ჩაეკითხა. მოსამსახურემ თავი აარიდა რაიმე გარკვეულის მტკიცებას, მხოლოდ ასეთი პასუხი გასცა: გადაჭრით არაფრის თქმა არ შემიძლია, მაგრამ ისეთი გრძნობა მაქვს, თითქოს ეს ქალი მძვინვარე მხეცია და უბედურებას რასმე გადაგვკიდებსო. აი, თუნდაც გუშინ, ის იყო შემოვბრუნდი რაღაც დავალების მისაცემად და ისეთი მზერა დავიჭირე - ერთ შემოხედვაზე კაცი ბევრს ვერაფერს იტყვის, მაგრამ ისე მომეჩვენა, თითქოს ყელში უნდა მეტაკოს-მეთქი. მას შემდეგ შიშმა შემიპყრო: დიახაც მეშინია შევეხო იმ საჭმელს, რომელსაც ეს ქალი ამზადებს. „ბატონმა ბარონმა არც კი უწყის, - დაასრულა მსახურმა თავისი საჩივარი, - რარიგ საშიში პიროვნებაა ეს ქალი. ის არაფერს ამბობს, კრინტს არ ძრავს, მაგრამ მე იმ აზრისა გახლავართ, რომ მას შეუძლია კაცის მოკვლა“. შეშფოთებულმა ბარონმა წამიერად გადახედა მომჩივანს, რაიმეს გარკვეულს ხომ არ მოჰკრაო ამ კაცმა ყური? რამ ჩაუნერგა ასეთი ეჭვი? ბარონმა იგრძნო, როგორ დაიწყეს ცახცახი მისმა თითებმა და სწრაფად დადო სიგარა, რომ არ გაეცა თავისი მღელვარება. მაგრამ მოხუცი კაცის სახეზე ვერაფერი სიავე ვერ დაინახა - არა, ისეთი არაფერი იცოდა. ბარონი ყოყმანობდა. მერე უეცრად დაეუფლა თავის საკუთარ სურვილს და გადასწყვიტა: ცოტა კიდევ მოვიცადოთ. მაგრამ თუ უჟმურობა არ მოიშალოს, მაშინ უბრალოდ ჩემი სახელით დაითხოვეო.    მსახურმა თავი მდაბლად დაუკრა და გავიდა, ბარონმა კი შვებით ამოისუნთქა და სავარძელს გადაეყრდნო. ამ საიდუმლოებით მოცული ქმნილების გახსენებაც კი დღეს უმწარებდა. ყველაზე კარგი იქნებაო, ფიქრობდა, თუ ამ მაჯლაჯუნას თავს დავაღწევ იმ დროს, როცა შინ არ ვიქნები, იმაგრებდა ბარონი გულს.    მაგრამ მეორე დღესვე, ის იყო ისაუზმა და თავის ოთახში შევიდა, როცა კარზე ვიღაცამ დააკაკუნა. „მობრძანდითო“, თქვა და გაზეთს ანგარიშმიუცემლად თვალი მოაცილა. მაშინ ისევ გაისმა იმ საძულველი ფეხის ხმა, რაც ძილსა თუ ცხადში მოსვენებას უკარგავდა. ბარონს ელდა ეცა: გაძვალტყავებულ, შავად აწოწილ სხეულზე მიცვალებულის თავის ქალასავით ირყეოდა ფერმკრთალი, დამდნარი და ჩაყვითლებული სახე, რაღაც თანაგრძნობისმაგვარი განცდა შეერია ბარონის ელდას, როცა ამ სრულიად გათელილმა არსებამ გაუბედავი ნაბიჯი შეანელა და მოკრძალებით შედგა ნოხის კიდესთან. შუბლშეკრულობა რომ დაეფარა, ბარონმა თავს ძალა დაატანა და უდარდელი სახე მიიღო. „აბა, მითხარი, კრესჩენც, რა მოხდა?“ - ჰკითხა მან. მაგრამ კითხვა არც ისე მხიარული და მეგობრული გამოუვიდა, როგორც ნავარაუდევი იყო. მისივე სურვილის წინააღმდეგ მისი ხმა აგდებით და ბოროტად ჟღერდა.    კრესჩენცი არც შერხეულა. უსიტყვოდ ჩასცქეროდა ხალიჩას. ბოლოს, თითქოს ვიღაცამ საგანს ფეხი წამოჰკრაო, ისე წამოისროლა: „მოსამსახურემ დამითხოვა. ასე მითხრა, რომაო, მოწყალე ბატონი გიშვებსო“.    თითქოს გული გაუპესო, ისე წამოდგა ბარონი ფეხზე. ასე უეცრად თუ მოხდებოდა, არ ეგონა. დაიწყო მიდებ-მოდება, ასე ცუდი აზრით არ იქნებოდაო ნათქვამი, უნდა ეცადო ადამიანები არ გადაიკიდოო და სხვა ამნაირი ამბები, რაც კი ენაზე მოადგა.    მაგრამ კრესჩენცი ისევ ისე იდგა, უძრავი მზერით ხალიჩას ბურღავდა, მხრები აეწია. გაშმაგებული და შეუპოვარი ხარივით იდგა, თავდახრილი ისმენდა მოკალულ სიტყვებს - ცალი ყურით უსმენდა და ელოდა ერთადერთ სიტყვას, რაც ვერა და ვერ გაიგონა. როდესაც ბარონს ბოლოს მოსწყინდა ყბედის საძაგელი როლი, რასაც აქ მოსამსახურის წინაშე ასრულებდა, დაიღალა და გაჩუმდა, ქალი ადგილიდან მაინც არ დაიძრა. იდგა ვაცივით და დუმდა. მერე, როგორც იყო, მოუხეშავი უჯიათობით წარმოთქვა: „მხოლოდ ეს მინდოდა მცოდნოდა, ბატონმა ბარონმა თუ ინება ანტონისათვის დავალება მიეცა, რომ დამითხოვოს“.    ძალიან გაუჭირდა ამის წარმოთქმა. თქვა უკმაყოფილოდ, უხალისოდ, ძალდატანებით. თითქოს მკერდში დაჰკრესო, ისე მიიღო ისედაც გუნებაწამხდარმა ბარონმა მოსამსახურის მწვავე კითხვა. ეს რა მუქარაა? გამოწვევა ხომ არ არის? და ერთბაშად გაიფანტა მთელი გაუბედაობა, მთელი თანაგრძნობა. მთელი რისხვა, კვირაობით დაგუბებული ზიზღი და სიძულვილი შეუერთდა სურვილს, რომ ბოლოს და ბოლოს ყველაფერი დასრულდეს. და უეცრად, სრულიად იმ ცივ ტონზე გადასულმა, რასაც სამინისტროში სამსახურმა შეაჩვია, გულგრილად შესძახა: დიახ, დიახ, მართლაც დროა ყველა ოჯახური საქმე მოსამსახურეს მიანდოს. პირადად მისთვის კი სიკეთე სურს და კიდევ შეეცდება მოსამსახურეს გადაწყვეტილება შეაცვლევინოს. მაგრამ თუ მაინც უჯიათობის ცხენზე შეჯდება და ახალ მოსამსახურეს ისევ უდიერად მოექცევა, მაშინ იძულებული გახდება მის სამსახურზე ნამდვილად უარი თქვას.    ამ სიტყვებზე ბარონმა მთელი თავისი ნებისყოფა დაძაბა, მტკიცედ გადასწყვიტა უკან არ დაეხია რაიმე შინაურული სიტყვის ან გულითადი გრძნობის წინაშე და სასტიკი მზერა მიაპყრო აცახცახებულ კრესჩენცს.    მაგრამ კრესჩენცის მზერა, რაც მან იატაკს მოსწყვიტა, ეს იყო შემოხედვა სასიკვდილოდ დაჭრილი ნადირისა, რომელმაც ეს არის შენიშნა მისკენ ღრენით მიმავალი ძაღლების ხროვა. „მადლობელი ვარ, - თქვა მისუსტებულმა, - ახლა კი წავალ, აღარ მინდა მოწყალე ბატონს თავი შევაწყინო...“    თქვა ესა და უკანმოუხედავად, წელში მოხრილი, თითქოს ხის ფეხებზე შემდგარი, მძიმე ნაბიჯით გაემართა კარისაკენ.    საღამოს, როცა ბარონი ოპერიდან დაბრუნდა და მაგიდაზე წერილების სინჯვა დაიწყო, რაღაც უცხო, ოთხკუთხოვანი საგანი შენიშნა. მაგიდაზე რომ შუქი აანთო, მან ნახა ხისაგან გამოთლილი ყუთი, გლეხკაცური ნახელავი. დაკეტილი არ აღმოჩნდა. სუფთად და კოხტად იყო ჩალაგებული ყველა წვრილმანი, რაც ოდესმე კრესჩენცს მისგან მიეღო: ნადირობიდან გამოგზავნილი რამდენიმე ღია ბარათი, ორი თეატრის ბილეთი, ერთი ვერცხლის ბეჭედი, მთელი შეკვრა ქაღალდის ფული და ოცი წლის წინ ტიროლში გადაღებული ფოტოსურათი, რომელზედაც მისი ალბათ მაგნიუმის შუქის გაელვებაზე შეშინებული თვალები ისევე გამოხატავდნენ ნაღველსა და სიმწარეს, როგორც დღეს, ამ რამდენიმე საათის წინ, ბარონთან გამომშვიდობების დროს.    რაღაც ანგარიშმიუცემლად გადასწია ბარონმა ყუთი და გარეთ გამოვიდა, რათა მსახურისათვის ეკითხა, საიდან მოხვდნენ კრესჩენცის ეს ნივთები მის მაგიდაზე. მსახური მაშინვე წავიდა, რათა თავისი მოქიშპე პასუხის გასაცემად დაებარებინა. მაგრამ კრესჩენცი არ აღმოჩნდა არც სამზარეულოში, არც სადმე სხვა ოთახში და მხოლოდ მეორე დილით, როცა წაიკითხეს პოლიციის ცნობა რომელიღაც ორმოციოდე წლის ქალის შესახებ, რომელიც ხიდიდან დუნაის არხში გადამხტარიყო და თავი დაეხრჩო, უკვე ზედმეტად ჩათვალეს იმისი კითხვა, თუ სად გადაიკარგა ლეპორელა. …
დაამატა Kakha to ლიტერატურა at 2:42pm on ნოემბერი 10, 2016
თემა: ნიკალა
ლი კარტუზით, მოარული ნელა და დაბნეულად - ასეთი იყო ნიკო ფიროსმანი თავისი ცხოვრების ბოლო ათ წელიწადს. ნიკო ფიროსმანი, ანუ ქალაქელებისთვის მხატვარი ნიკალა ან ნიკალაი მხატვარი. იმისთვის, რომ ვიცოდეთ, რას ნიშნავს ძველი ქალაქისთვის მხატვარი, უნდა ვიცოდეთ სად გადის თბილისში საზღვარი ძველ და ახალ ქალაქს შორის. ეს საზღვარი გადის შუა ბაზარზე, დაახლოებით იქ, სადაც ახლა ლესელიძის ქუჩაა. იმიტომ რომ მხატვარი ამ ქუჩის დაბლა და ამ ქუჩის მაღლა, სულ სხვადასხვა რამეს ნიშნავდა ძველ თბილისში. ქუჩის მაღლა, ანუ ახალ ქალაქში, რომელიც რუსების დროს შენდებოდა და აშენდა, მხატვარი იყო ნასწავლი კაცი, აკადემიური განათლებით, შემოქმედი, ინტელექტუალი და ასე დაუსრულებლად. ქუჩის დაბლა, ძველ ქალაქში, მხატვარი იყო უსწავლელი კაცი, რომელსაც ხშირად წერა-კითხვა იმისთვის თუ ჰქონდა ნასწავლი, რომ აბრებზე კოხტად დაეწერა შეკვეთილი სიტყვები, ეს იყო კაცი, რომელიც თავისი ბუნებრივი ნიჭის წყალობით ახერხებდა დაედო თუნუქზე ან მუყაოზე ფერები და შეესრულებინა ნაირგვარი შეკვეთა. ეს შეკვეთები იყო სულ ნაირ-ნაირი, არა მარტო დუქნების აბრების დახატვა, არამედ სამიცვალებულო განცხადებების ხატოვნად წერა და გამოკვრაც და სხვა ათასი. რა თქმა უნდა, ამაში შედიოდა ჩვეულებრივი ხატვაც და თუ ძალიან ხმამაღლა არ გამოგვივა, ფერთა წერაც. მხატვარი იმავდროულად იყო მღებავიც და ეს ყველაფერი ერთიანდებოდა ამ სიტყვის ქვეშ. მხატვარი არის სიტყვა სწორედ დაბლა ქალაქიდან და ის სწორედ შუა ბაზრის გავლით ავიდა მაღლა და დაერქვა აკადემიურ მხატვრებს. მხატვრები თბილისში იმ გაგებით, როგორც მას ძველი ქალაქი ხმარობდა, ყოველთვის ბევრი იყო და კონკურენციაც საკმაოდ მაღალი შეიმჩნეოდა. რახან 100 წლის განმავლობაში თბილისი იყო ძალიან მზარდი და ყოველდღიურად მშენებარე ქალაქი, მას ყოველთვის ჰქონდა გარეგნული სიკოხტავის მოთხოვნილება. იმ დროს იშვიათად გაივლიდა თვე, რომ ქალაქში რაღაც ახალი დუქანი ან რამე გასართობი სახლი არ გახსნილიყო. ამას ყველაფერს აუცილებლად სჭირდებოდა მხატვარი. თბილელი მხატვარი იყო თვითნასწავლი კაცი. გიგო ზაზიაშვილი, ერთი ყველაზე ცნობილთაგანი ასეთთა შორის, იგონებს, როგორ სწავლობდნენ თბილისში ხატვას. მამამისი შუაბაზრელი მკერავი ყოფილა, ქალებს უკერავდა ტანისამოსს. ამ დროს გაზაფხულზე თბილისში მოდაში იყო სისხლის გამოშვება. ადამიანებს წნევა უწევდათ და დალაქებს საქმე ემატებოდათ. ანუ მიუშვერდი შენს მკლავს და დალაქიც სისხლს გამოგიშვებდა. ჰოდა, ამ მკერავ ზაზიაშვილსაც ერთ მაისის თვეში სისხლი გამოუშვებინებია და მერე ხელზე ჭრილობა გამიზეზებია, იმიტომ რომ მორჩენას და შეხორცებას არ დალოდებია, რახან გაღმა კრივი ყოფილა დანიშნული და საკრივოდ წასულა. ამ კრივში მკერავს ხელი უარესად დაუზიანდა და, როგორც ჩანს, განგრენაც დაეწყო. ერთმა კარგმა ექიმმა მკლავი მოჰკვეთა და დარჩა უხელოდ. ცალი ხელით რაღა უნდა შეეკერა. იჯდა ასე საწყლად და დარაჯად მსახურობდა. ერთ დღესაც აიღო კალმისტარი, რახან იმ სადარაჯოში ხშირად უყურებდა, როგორ ხატავდა რუსის მოხელე რაღაცეებს და გადაწყვიტა, გველი დაეხატა. აბა, გველს როგორ დავხატავო და დახატა გველი. მერე რაღაც სურათი იშოვა და იქიდან გადახატა. გაეჩვია, გააჩვია ხელი და ასე გახდა უფროსი ზაზიაშვილი მხატვარი. მერე კი თავისი პროფესია შვილსაც გადასცა. აი, ასეთი ხელობის ხალხი იყო. ვარანცოვზე იყო ერთი მხატვარი ჯორაშვილი, რომელსაც ძალიან ბევრი შეკვეთა ჰქონდა. შეკვეთა მაინცდამაინც ტილოს და შინაარსიან ნახატს არ გულისხმობდა, უფრო აბრების ხატვას და გაფორმებას, ან სახლის კედლების, ამიტომ ეს ხელობა ახლოს იყო რუსულიდან შემოსულ სიტყვა „მალიართან“, ანუ მღებავთან. მხატვარი ბევრი იყო, ვთქვათ, გრიგორიანი, ვანო ხოჯაბეგოვი. ანდა ათონის ქუჩაზე იყო მხატვარი არსენა, რომელსაც ძალიან კარგი სახელოსნო ჰქონდა. თბილელ მხატვრებს ამქრები არ ჰქონდათ, მაგრამ გარკვეული ერთობა და სოლიდარობა კი სჭირდებოდათ, ხშირად ერთად იღებდნენ შეკვეთებს, ერთად ყიდულობდნენ საღებავებს, ზიარად აგროვებდნენ მასალას. ფიროსმანი განსხვავდებოდა ყველა ამ მხატვრისგან. ის ცხოვრების სულ სხვანაირ გზებს მისდევდა. ფიროსმანს არასდროს არ ჰქონდა ისეთი სახელოსნო, როგორიც გიგო ზაზიაშვილს, იგივე იმ არსენას. ის უმეტესად სამადლოდ ათევდა ღამეს, თუმცა მუშტარი ყოველთვის ბევრი ჰყავდა. ყველაზე უცნაური საიდუმლო ფიროსმანის დანატოვარის სიუხვისა და მისი ხელის სისწრაფისა არის სწორედ ის, რომ თბილელ მხატვართა შორის არსებული მაღალი კონკურენციიის მიუხედავად, ფიროსმანს სამუშაო ყოველთვის ჰქონდა. ის ნამუშევარში ფულს იშვიათად იღებდა. სხვები იღებდნენ, ის - არა. ფიროსმანი ძირითადად მუშაობდა ორ უბანში - თბილისის სადგურის მიდამოებში და იარმუკასა და რიყეზე. ამ ორ უბანზე იყო ძირითადად. შემკვეთ მედუქნეებს აწყობდათ ასეთი კაცი. ის საჭმლისა და სასმლის სანაცვლოდ ხატავდა და აფორმებდა ყველაფერს, თან ხატავდა ძალიან სწრაფად და ხატავდა ყველანაირი შეკვეთით: აი, აქ ისე დამიხატე, იქ ისე დამიხატე…... იარმუკაში იყო ერთი კაი კაცი ვანო აბაევი, ფიროსმანის მეგობარი. ეს ვანო ოთახებს აქირავებდა. ასეც ერქვა: „მებელიროვანიე კომნატი ვლადიკავკაზა“. ოსი იყო ეს ვანო აბაევი და იყო არა მარტო ფიროსმანის, არამედ ვაჟა-ფშაველას მეგობარიც. სწორედ ამ „ვლადიკავკაზის ოთახებში“ მოხდა ფიროსმანისა და ვაჟა-ფშაველას ერთადერთი შეხვედრა. ეს შემთხვევითობა იყო: ფიროსმანი რაღაცას ღებავდა და ვანომ დაუძახა. სადილად ვაჟა ჰყავდა, რომელიც იმხანად ვანოს ოთახებში ჩერდებოდა ხოლმე ქალაქში ჩამოსული. ჰოდა იქ ლაპარაკის დროს გამოირკვა, რომ ფიროსმანს წაკითხული ჰქონია „შვლის ნუკრის ნაამბობი“. ამ დაბლა ქალაქის მხატვრებში კითხვა ძალიან იშვიათი რამ იყო. განსაკუთრებით ისეთი რამეებისა, როგორიც არის ვაჟას „შვლის ნუკრის ნაამბობი“. იქ სხვა ლიტერატურა არსებობდა, რომელიც უკიდეგანო იყო და იმასაც ვერ ამოწურავდი, რომ მიჰყოლოდი... ფიროსმანმა ვაჟას მოუთხრო, რომ ერთ დუქანში დაეხატა ეს მისი შვლის ნუკრის ამბავი, რადგან მოთხრობას ძალიან ემოქმედა მასზე და დაეხატა ყელგამოჭრილი შველიც. მედუქნეს სწყენოდა, ამ დუქანში ხალხი გასართობად შემოდის და ამ სისხლის ყურებაში რა უნდა ჭამონ და რაღა უნდა დალიონო. ამიტომ იქვე გადაეღებათ კედელი და ფიროსმანს ზედვე დაეხატა თავადების ქეიფი. შეკვეთები იყო ძალიან კონკრეტული. რომელიმე მედუქნე ეტყოდა ფიროსმანს, დამხატე, ოღონდ ხელში ჯაჭვი მეჭიროს, ამ ჯაჭვზე კიდევ ყოჩი იყოს გამობმულიო. მოგეხსენებათ, თბილისში ყოჩების ჩხუბი ძალიან პოპულარული იყო და ბევრ მედუქნეს ესახელებოდა, რომ სურათზე მაინც ჰყოლოდა კარგი ყოჩი. ნიკოს ძველი მეგობარი, მედუქნე ბეგო იაქსიევი იგონებს, რომ ერთხელაო იმდენი ხატაო, იმდენი მოვუყევი და ხატაო, რომ ბოლოს ვეღარ მოვიფიქრეთ, რაღა დაეხატაო. ჰოდა გამოვედით დუქნის გარეთ და დავინახეთ, ჩარდახიანი ურემი მოდისო და შემობრუნდაო და: აგე, ეხლა ეგ დავხატოთო. ოღონდ, მხოლოდ შეკვეთები არ იყო: ფიროსმანი თავისითაც ხატავდა. როცა ვინმე პატივს სცემდა, ორი დღის მერე ის აუცილებლად მიაკითხავდა და მიუტანდა რაიმე ნახატს საჩუქრად, რომელსაც თვითონ ხატავდა ხოლმე სახლში. თუ ჰქონდა სადმე ჭერი, იქ აუცილებლად იჯდა და ხატავდა. სხვათა შორის, ხშირად ხატავდა ლამპის შუქზე. ჰქონდა თავისი ხერხები. მაგალითად, ჭვარტლსა და კირს ურევდა ერთმანეთში და მუშამბაზე უსმევდა შავ ფონად. ამბობენ, რომ ის მუშამბაზე კი არ ხატავდა იმდენად, რამდენადაც ეტლების სკამების გადასაკრავ დერმატინზე, რომელიც ძალიან ძვირი იყო და ძალიან ძნელი საშოვნელიც. საერთოდ, საინტერესო ის არის, რომ ძალიან მაღალი ხარისხის საღებავებს ყიდულობდა ყოველთვის და ძალიან სწრაფად აზავებდა მათ პირდაპირ დუქნის თეფშზე. ის ერთი დასვრილი თეფში მისთვის არ ენანებოდათ ხოლმე. მაშინ თბილისში იყო ორი-სამი მაღაზია, სადაც ძალიან კარგი და ძვირი ინგლისური საღებავები იყიდებოდა. ერთი ასეთი იყო მუხრანის ხიდის შორიახლოს. მისი პატრონი იყო პეპოვიანცი და ფიროსმანი სულ იქ ყიდულობდა საღებავებს, სანამ პირველი მსოფლიო ომი არ დაიწყო. ამ ამბავს ამ პეპოვიანცის სიკვდილიც მოჰყვა და მაღაზიაც დაიკეტა. მერე უკვე დაბლა ცდილობდა ეშოვა ეს საღებავები. ხშირად ხატავდა თუნუქზე, თუკი შეუკვეთავდნენ, ხატავდა ხოლმე შუშაზეც, როცა საჭირო იყო და, რაც მთავარია, მიდიოდა დუქნებში, როგორც წესი, თვითონ. გამოჩნდებოდა და გეტყოდა: რამე არ გინდათ დაგიხატოთ. მისი ფასი იცოდნენ - მაქსიმუმ მედუქნეს მისთვის ჯიბეში ჩაედო ერთი ან ორი მანეთი. ეს არ იყო, ასე ვთქვათ, მაინცდამაინც უბრალო ფული, მაგრამ სასაცილო ფულია იმასთან, რასაც თბილისში სხვა მხატვრები იღებდნენ. ეს იყო ძალიან უცნაური. ფიროსმანის გარეგნობაც კი იმ დროის დაბლა ქალაქში, ამ ძველ ქალაქში იყო ძალიან უცნაური. ბეგო იხსენებს, მე ვყიდულობდი ხოლმე მაგისთვის ტანსაცმელსო, 4-5 წელიწადს სულ ერთად ვიყავით და ერთი სუფრა გვქონდაო. ყოველთვის იცოდა არჩევა ძალიან დახვეწილი ტანისამოსის და უნდოდა, რომ გამორჩეული ყოფილიყო. ერთხელ ვიღაცამ ბაღდადი გადაჰკიდა მხარზე ხუმრობით და მოიშორა, არა ვარ ყარაჩოღელი და თქვენნაირი არა ვარ, ეგ არ მჭირდებაო. ჰოდა, ბეგომ, ბაზარში ავედით ტანსაცმლის საყიდლადო და ძალიან კარგი ჩოხა და ყარაჩოღლის მთელი სამოსი მომაჩეჩეს იაფად, ზუსტად მისი სარგოო და მოვკიდე ხელი და შემოვხედე და არა, არა ეგ ჩემი არ არიო, ნიკალამ მითხრაო. უცნაურობა მის ტანსაცმელში არის ისიც, რომ ხშირად ეცვა ძველი, ნაკემსი და ჩამოძენძილი, მაგრამ იმავდროულად უხდებოდა, კარგად ჰქონდა მომდგარი. თავისი მეგობარი მედუქნეების და ყარაჩოღლების წრეში ის ხშირად ამბობდა, რომ ტანსაცმელს მნიშვნელობა არა აქვს. ხშირად ფეხსაცმელიც არ ჰქონდა ისეთი, რომ თავისუფლად ევლო ქუჩაში. მაგრამ როგორც კი ის ერთი-ორჯერ მოხვდა მაღლა ქალაქის მხატვრებში, იქ თქვა, მიჭირს თქვენთან სიარული, იმიტომ, რომ ტანსაცმელიც კი არა მაქვსო. აუცილებლად იცოდა ვალის დაბრუნება. პირველად როცა მოხვდა მხატვართა ასოციაციაში, თუმანი აჩუქეს და უზარმაზარი ტილო მოიტანა საპასუხო საჩუქრად. ძველი მედუქნეები ყვებიან, რომ ხშირად ამბობდა, არავის კაპიკი არ მინდაო. საერთოდ, ვალი არ იცოდა. იყო იმ დროის თბილისში ცნობილი სირაჯი მესხიშვილი, რომელიც ფიროსმანს დახატულიც ჰყავდა და ამ მესხიშვილის სიტყვებია, ვალი ეჯავრებოდაო, მაგის კასტუმს ჯიბე არა ჰქონდაო, ანუ რასაც ჩააგდებდი, იმწუთში ვარდებოდა და ჩაგდებას კიდევ არც განებებდაო. ამიტომ მაგის ხელფასი საჭმელი იყო და მაგის ჰონორარი სასმელიო. იმ დროის თბილისში ღარიბი კაცისთვის ცხოვრება ძალიან ძნელი და აუტანელი არ იყო. არა ღატაკი კაცისთვის და მათხოვარისთვის, არამედ ღარიბი კაცისთვის. ცხოვრება ასატანი იყო, თუ ღარიბ მარტოხელა კაცს მეგობრები ჰყავდა. ფიროსმანს არ ჰქონდა სახლი, არ ჰქონდა ფული, არ ჰქონდა ვალი და ტანსაცმელს მისთვის მეგობრები და გულშემატკივრები ყიდულობდნენ ხოლმე და ხანდახან ვიღაცა რაღაცას აჩუქებდა. ამის მიუხედავად, მედუქნეებმა „გრაფი“ დაარქვეს. ეს არ იყო მარტო დამცინავი მეტსახელი, თუმცა დამცინავიც იყო, იმიტომ, რომ ადამიანი, რომელსაც ქვეყანაზე არაფერი ებადა და ვიღაც 10 მანეთს ჩაუდებდა ჯიბეში, მერე კი ეს ადამიანი მათხოვრებს ურიგებდა ამ ფულს, ცხადია, გარკვეული დაცინვის საგანიც შეიქნებოდა ხოლმე ისეთი ხალხისგან, როგორებიც იყვნენ თბილელი მედუქნეები. ისინი ცუდი ხალხი არ იყო, თბილისელი მედუქნეები. ძალიან საინტერესო ფენა იყო და საერთოდ, ფიროსმანმა რომ ამდენი იცოცხლა, ფიროსმანის რომ ამდენი ნახატი დაგვრჩა, სწორედ თბილისელი მედუქნეების დამსახურებაა. მაგრამ ზურგს უკან ისინი მაინც დასცინოდნენ ხოლმე ნიკალას ახირებულობას და თან ნიკალას ხარჯზე იოლად გამოდიოდნენ, რადგან ვერ იპოვიდი სხვა ისეთ მხატვარს, ერთ მათლაფა ხარჩოში და ერთ ბოთლ არაყში დაეხატა რაღაც. ამის მიუხედავად, ის მაინც ინარჩუნებდა ღირსებას და „გრაფი“ ამასაც მოიცავდა. როცა ფიროსმანი დუქნის დარბაზის კუთხეში მჯდომი ხატავდა ხოლმე, იქ ბევრი მოქეიფე იყო და ხშირად სინათლეც არ იყო კარგი. ზაფხულობით საერთოდაც ადრე დგებოდა და 6 საათიდან დაიწყებდა და მთელი დღე იჯდა და რამდენიმე ნახატს ერთბაშად უკეთებდა ხოლმე ამ მედუქნეებს, მაგრამ მოგეხსენებათ, თბილისის დუქანი სულ გაჭედილი იყო, სულ არღნის ხმა მოისმოდა, რომელიც, სხვათა შორის, ფიროსმანს უყვარდა და სიამოვნებდა. ყველა სუფრასთან იწვევდნენ, მაგრამ ის არც ერთ სუფრასთან არ ჩამოჯდებოდა, თუმცა თითოს დალევა ყველგან უწევდა და ფაქტობირვად მთვრალი ამთავრებდა ხოლმე სამუშაო დღეს. სირაჯმა მესხიშვილმა თქვა საოცარი ფრაზა ფიროსმანის შესახებ: ხატავდა იმიტომ, რომ დაელია და სვამდა იმიტომ, რომ დაეხატაო. გულახდილად რომ ვთქვათ, ფიროსმანი ლოთი იყო, მაგრამ ის არ თვრებოდა. ლოთები არ თვრებიან. მისი ცნობილი გამონათქვამია: ბეგო, ბიჭო, არაყი მომაშველეო. ეს ჩვეულებრივი, საწყალი ლოთი კაცის მოწოდებაა. მას უნდა, რომ მუშაობა გააგრძელოს და თუ არ დალია, ვერაფრით ვერ გააგრძელებს. ქეიფის მოტივი მის სმაში არ იყო, ეს იყო მარტოხელა კაცის ლოთური პორციები, რომლებსაც ის იღებდა დღის მანძილზე და ეს წლობით გრძელდებოდა. ერთი სადგურისპირა მედუქნე იხსენებს, დილით მოვიდოდა ხოლმე ჩემთან აცახცახებული და მთხოვდა რამე დამალევინე და სანაცვლოდ, რასაც გინდა დაგიხატავ, რამდენსაც გინდა დაგიხატავო. არანაირი სიამოვნება ამ სმაში ფიროსმანს არ ჰქონდა, ის ჩვენ მოქეიფედ და დროის მტარებელ კაცად არ უნდა წარმოვიდგინოთ. ის იყო მშრომელი, ალკოჰოლიზმით დაავადებული კაცი. ის იყო ერთადერთი მხატვარი თბილისში მაშინ, ვისაც სახელოსნო არ ჰქონდა და არ ებადა ქვეყანაზე არაფერი, ცხოვრობდა დუქნების უკანა ეზოებში, სადაც სოფლებიდან ჩამოსულ ხალხს ჩამოჰქონდა საქონელი, სადაც იყო ბაკები. ბოლო მისი ბინა საერთოდაც კიბის ქვეშ იყო. ბინაც არ იყო ესა და ჩიოდა, ბავშვები ფანჯარას მიმტვრევენო, ერთი ფანჯარა ჰქონდა, უბედური. ის, რასაც ჰყვებიან მედუქნეები, ყარაჩოღლები და კინტოები, რომ სასმელი მომაშველეთო, მისი უბედურება იყო და არა მისი ბედნიერება და სილაღე. თუ არ დალევდა, ვერ დახატავდაო. როცა ადამიანი წლების განმავლობაში ლოთია, ის თუ არ დალევს, არათუ ვერ დახატავს, ვერ გაინძრევა საერთოდ. მთელი მისი უბედურება ეს იყო, მაგრამ ნიკალა ყოველთვის ასეთი არ იყო. უბრალოდ, მან თვითონ აირჩია ასეთი ცხოვრება და საოცარი ცხოვრება გამოვიდა, ალბათ ყველაზე საოცარი თბილისში, თორემ მანამდე ნიკო ფიროსმანაშვილი კომერსანტიც იყო, სამჯერ დუქანიც ჰქონდა და ეს საქმეები რომ ჩაეშალა, ერთხანს „ტარმაზნოი კონდუქტორიც“ იყო გამოუვალობისგან, მაგრამ ეს კონდუქტორობა ცალკე ჯანმრთელობის და ცალკე ალბათ იმის გამო, რომ მოკლებული იყო ხატვის შესაძლებლობას დიდად არ მოსწონდა და მედუქნეობა კი მოსწონდა. მისი ერთ-ერთი კომპანიონი ამბობს: რა ენაღვლებოდა, მე დახლში ვიდექიო და თვითონ ავიდოდა ზედა ოთახში, აიტანდა ახალ მოთიბულ ბალახს, გააგებდა იატაკზეო და მეუბნებოდა, სოფელში ვერ დავდივარ და მსიამოვნებს, ამაზე რომ ვაბიჯებო. მედუქნეობისას, იჯდა მთელი დღეები და ხატავდა ძმაკაცებისთვის, სხვებისთვის. მაშინ ცოტა ფული ჰქონდა და შეეძლო, რომ თავის ნებაზე ეხატა და ემუშავა. ალბათ სწორედ იმ დროის არის დაუდგენელი ისტორია მომღერალ მარგარიტას შესახებ, იმიტომ, რომ უფულო კაცი დიდად ვერ წავიდოდა ორთაჭალის ბაღებში. სიცოცხლის ბოლო 10-15 წელიწადს ის ორთაჭალაში არ დადიოდა. ძნელი წარმოსადგენია, რომ სადმე ბაღებისკენ გაეხედა და საქეიფოდ გაჰყოლოდა ვინმეს. დადიოდა სულ მარტო, ეგება ამიტომაც დაარქვეს „გრაფი“. ასე რომ, ამ მეტსახელში ძალიან ბევრი რამაა გაბნეული. მაგალითად, მისი ცნობილი ფრაზაც, როცა უკვე ფიროსმანი შეამჩნიეს მაღლა, ევროპულ თბილისში და როცა მიშელ ლედანტიუმ საფრანგეთში რამდენიმე წერილი დაბეჭდა გაზეთებში მის შესახებ: „მე უკვე საფრანგეთში მიცნობენ“. ეს სიამაყის გამომხატველი ფრაზა იყო და შეიძლებოდა ასეთი კაცისთვის ამიტომაც დაგეცინა. შეხედავდი ფიროსმანს და ის იყო სრულიად ბოგანო იერის კაცი და სავსე რაღაც მოულოდნელი ღირსებით. ძალიან უცნაური შეთანხმებაა. ტანსაცმელი არ უვარგოდა, მაგრამ მას უხდებოდა, საშინელი იყო, მაგრამ ამავე დროს იყო ღირსეული. უცნაურობა კიდევ ის იყო, რომ მას მიესვლებოდა ყველგან. ყველგან უხაროდათ მისი ნახვა, იმიტომ, რომ ჩვეულებრივ ძალიან სიტყვაძუნწი და ურთიერთობებში დისტანციის შემნახველი, კარგ ადგილას მოხვედრილი, მშვიდად იწყებდა ლაპარაკს და ლაპარაკი და თხრობა უყვარდა ძალიან. იმავდროულად ცნობილი იყო, როგორც მდუმარე და უხიაგი კაცი. იმ ორ უბანში, სადაც საქმიანობდა, ფიროსმანს ჰქონდა თავისი ბირჟები, ანუ რახან სახელოსნო არ ჰქონდა, როცა თვითონ აღარ დადიოდა მედუქნეებთან და ვიღაცას კი უნდოდა მისთვის რაღაც შეეკვეთა, ნიკალა მიდიოდა თავისი მეგობრების სახელოსნოებში და იქ იჯდა. ეს არ იყო მაინცდამაინც მხატვართა სახელოსნოები. ვთქვათ, ერთი მისი მეგობარი იყო შაშო მექუდე, ვისთანაც ნიკალა ბევრ დროს ატარებდა. სხვა ასეთი ადგილი ფიროსმანს ჰქონდა გაღმა, ავლაბარში. ეს იყო ავლაბრის ბაკების შენობა, სადაც ერთ პატარა ოთახში სანთლებსა და პატარა ქალაქურ წიგნებს ყიდდა ძველი თბილისის ძალიან ცნობილი პოეტი დავით გივიშვილი. ეს გივიშვილი იყო ძალიან კოლორიტული კაცი. გივიშვილთან იჯდა და ფურცლავდა ამ წიგნებს და ასევე იქაც მოდიოდნენ შემკვეთები. ხშირად იყო ხოლმე ნიკალა აბრაგუნეს განთქმულ დუქანშიც. ეს აბრაგუნე მეგობრობდა მას დიდად. რახან მედუქნეებზე ვლაპარაკობთ, უნდა ვიცოდეთ, რომ მედუქნე არ არის აუცილებლად ჩარჩი და ვაჭარი. იმ დროის თბილისში რამდენიმე ტიპის მედუქნეა. მათში ხშირია დასავლეთ საქართველოდან ჩამოსული მშრომელი ხალხი, რომელთაც ქალაქი ძალიან იოლად იგუებს და კარგად იწოვს - მაგალითად, გოლა ჭიჭინაძე, რომელსაც სადგურთან ჰქონდა ცნობილი სასტუმრო და რესტორანი „არარატი“, სადაც ფიროსმანის ბევრი ნახატი იყო და სადაც ცხოვრობდა ხოლმე ნიკალა. აბრაგუნე კი იყო ძველი ყარაჩოღელი, ცოტა სხვა ტიპის მედუქნე. ნაყარაჩოღლარი მედუქნეები ძალიან ხშირად თავზე ხელაღებული, დამრტყმელი კაცები იყვნენ. იმათ შორის კი იყო ეგეთი „შავი ვანო“, რომელსაც მტკვარს გადმოღმა, ხევში ჰქონდა დუქანი, აი, საბურთალოს და დიღმის გზის შორიახლოს. იმ დუქანში შეიძლებოდა ყაჩაღსაც შეენახა თავი, იმიტომ, რომ თვითონაც ნახევრად ყაჩაღი იყო შავი ვანო და სულ მუშტებზე იყურებოდა. შავ ვანოსთან იყო ფიროსმანის ნახატები, მალაკნების სერია. ესეც პირდაპირი შეკვეთა იყო. რახან შავი ვანო თვითონ ოხრის მქნელიც ხშირად იყო და ეს კარგად იცოდა, ასეთ ხალხს ხშირად წესიერი და პატიოსანი ადამიანები მოსწონს და ვანოსთან ხშირად მოდიოდნენ მალაკნები, გადმოსახლებული რუსი სექტანტების შთამომავლები და მოჰქონდათ მისთვის რძის ნაწარმი და სხვადასხვა პროდუქტი. მალაკნები ცნობილი იყვნენ თავიანთი პატიოსნებით და ვანოსაც გული მიუვიდა მათზე. ჰოდა, სთხოვა ნიკალას, მალაკნები დამიხატეო. სატინის ხალათები ცისფერი ან ვარდისფერი, შავი ჟილეტები, გრძელი წვერი, კარგად გაპრიალებული ჩექმები, მალაკნები მოსწონდა - წესიერი ხალხია ჩვენგან განსხვავებითო. ბეგო და აბრაგუნე კი მართლა ინახავდნენ ნიკალას. გოლა ჭიჭინაძეც მართლა ინახავდა, მაგრამ მედუქნე ბევრნაირი იყო და ხშირად იყო, ნახატი მიფრინავდა სადღაც, იმიტომ რომ მედუქნეს არ მოსწონდა. ხშირად იყო გულსატკენი ეპიზოდები, მაგრამ რახან ნიკალა მუქთად ხატავდა, დიდად არ იმჩნევდა დაწუნებულს. ვერავინ დათვლიდა, რამდენი ნახატი იყო ფიროსმანის, რამდენი კედელზე, რამდენი მის მუშამბასა და დერმატინზე, რამდენი თუნუქზე და რამდენი მუყაოზე. ვერავინ ვერ დათვლიდა და ვერ გაიგებდა ამას, იმიტომ, რომ ეს კაცი რაღაც გასაოცრად მოძრაობდა ქალაქში, მისი პოვნა იყო შეუძლებელი, ვინმეს რომ დასჭირდებოდა, ვერაფრით ვერ იპოვიდა, თუ მის ბირჟებზე არ გადააწყდებოდა. ჰკითხავდნენ: სადა ხარ, ჩვენთან რატომ არა ჩნდებიო და, აი, დიდუბეში ვიშოვე რაღაცა პატარა ოთახი და იქა ვარ და წყნარათა ვარო, უპასუხებდა. რევოლუცია დამარცხდა, ადრეც მოგახსენებდით. სისხლი. მე კიდევ თბილისელი სირაჯები მახსენდება. ეგრეა, რომ ფიროსმანის ბევრ ტილოზე, „ფართრეთზე“, როგორც მაშინ თბილისში იტყოდნენ, ბევრი მისი მეგობარია აღბეჭდილი და ბევრიც კიდევ მისი ქალაქის ცნობილი კაცი. ამათი ჩამოთვლა, ამათი აღწერა კიდე ცალკე საქმეა და ესეც სახალისო საქმე. იგივე ბეგო იაქსიევი არის მის ტილოებზე, არი ცნობილი მეზურნე დიდი ბაგრატა, სარქისა მეღვინე. ტილო „მეეზოვეს“ შეიძლება სულ სხვა სახელი ერქვას, „მეეზოვე“ ალბათ უკვე ხელოვნებათმცოდნეებმა დაარქვეს, იმიტომ რომ ამ მეეზოვის ვინაობა ცნობილია - ეს არის მირზოევის ქარვასლის იეზიდი დარაჯი რაშიდ ალმოევი. რაშიდა ძალიან შავი იყო და ფიროსმანს ამიტომაც დააინტერესა, მინდოდა შავი კაცის დახატვაო. ფიროსმანი ღატაკი კაცი იყო, მაგრამ ცხოვრება მაინც სავსე იყო ხალისიანი ეპიზოდებით, იმედის მომცემი ამბებით. ეს ხშირად ხდებოდა ხოლმე თვითონ ფიროსმანის ხასიათიდან და განწყობიდან გამომდინარე. სწორედ ამ ჩვენი რუსეთის რევოლუციის დროს მან იშვიათმა, ძველი ქალაქის შვილთაგან, უცბად რევოლუციონერობა დაიჩემა და აქა-იქ პლაკატებიც კი გააკრა დუქნებზე. მედუქნეები პოლიტიკაში ნაკლებად ერკვეოდნენ და ერეოდნენ, მაგრამ პლაკატებზე გარადავოები ურჩევდნენ, მოხსენითო. ნიკალა კი წერდა და წერდა ამ პლაკატებს - „ძირს მეფეო“ და ასე შემდეგ. ერთხელაც, რომ ჩამოუხსნეს, თქვა, დაიცადე, მაგას მაინც ბოლო მოეღება, ჩემს სეხნიასო. ერთხელ კიდევ გააკეთა მაგარი ეშმაკური რაღაც. საერთოდ, ძველ თბილისში ასე იყო და კარგა ხანსაც მოყვა, რომ თბილისის ამქრები, ხელოსნების პროფესიული გაერთიანებები, წელიწადში ერთ დღეს იღებდნენ რომელიმე დუქანს მთლიანად, ან კიდევ ბაღებში მიდიოდნენ და ის ბაღებიც ვიღაცის იყო და ბაღებსაც იღებდნენ საქეიფოდ მთელი დღით. ჩვეულებრივ, ეს იყო ხოლმე ამქრის მფარველი წმინდანის დღეს და ძალიან შემოსავლიანი რამ გახლდათ მედუქნეებისა და ბაღების პატრონებისთვის, იმიტომ, რო ვთქვათ, მთელი ამქარი რომ მოიკრიბებოდა, ვთქვათ - მექუდეებისა, 150-200 კაცი გამოვიდოდა ხოლმე და შემოსავალი კარგი შემოდიოდა. ჰოდა, მედუქნეს ყოველთვის ახსოვდა იმ ამქრის დღე, რომელმაც წინა წელიწადს მასთან გაატარა დრო და კარგი ფულიც გადაიხადა. ეს მთელი რიტუალი იყო ამქრებისა: ჯერ ქარგლებს დალოცავდნენ, სილას შემოარტყამდნენ, მერე კი იწყებოდა ქეიფი. მოჰყავდათ ბაგრატა თავისი დასტით, ჭიანურა თავის დასტით, მთელი ამბავი იყო მოკლედ და გამოფენდნენ თავიანთ ცისფერ ბაირაღებს და ერთმა მედუქნემ იფიქრა, რომ რახანც წელს ესენი კარგად ვაქეიფე და ამხელა შემოსავალი მომცესო, მოდი ისე გავაკეთებო, რომ ამათ ამქრის გულს მოვიგებ, რომ გაისადაც ჩემთან მოვიდნენო და გადაწყვიტა, თავისი დუქნის კედელზე დიდი ნახატი შეეკვეთა ფიროსმანისთვის, ძალიან კონკრეტული პერსონაჟებით, აი იმ ამქრის უსტაბაშით, იგივე ბაგრატათი და მოკლედ, ესენი რომ ჩვეულებრივ დღეს შემოვიდოდნენ დუქანში, თავისი თავი ამოეცნოთ და მერე ეთქვათ: იქ წავიდეთ, საცა ჩვენა ვხატივართო. ეს სასახელო იყო მაშინ უბრალო ხალხში, ჰოდა ნიკალამაც აიღო შეკვეთა და მედუქნემ ჩამოუთვალა, სად ვინ უნდა იდგეს, სად ვინ უნდა ეხატოს, როგორ უნდა იყოს, რა უნდა იყოს. ნიკალამ წაიღო ეს შეკვეთა და გააკეთა სწრაფად, როგორც იცოდა, პირდაპირ დუქნის მთელ კედელზე. უზარმაზარი ნახატი გამოუვიდა. ოღონდაც, ფიროსმანმა ერთი ეშმაკობა ჩაიდინა ამ სურათის ხატვის დროს - ჩვეულებრივ, ამქრებს თავისი ბაირაღები ჰქონდათ და ეს ბაირაღიც ამ ნახატზე შეკვეთილი იყო. ბაირაღები ძირითადად იყო ცისფერი, ზედ წარწერით და სხვადასხვა სიმბოლოებით. ჰოდა, ფიროსმანი ადგა და ცისფრის ნაცვლად წითელი დახატა. ესეც რევოლუციის ხათრით. დახატა შემპარავად, ვერავინ ვერ შეამჩნია, იმიტომ, რომ ბაირაღები უკან იყო. დახატა და ძალიან ხარობდა თვითონ ამის გამო, ოღონდ უთქმელად, იმიტომ რომ მედუქნე დიდად ვერ მიხვდა მთელ ამ ამბავს, მაგრამ ეს უკვე რომელი დროა, იცით? როცა რევოლუცია დამარცხებულია და დასდევენ რევოლუციონერებს, ხოლო წითელი არის დამნაშავეობის ფერი. მაგრამ აი, ერთხელაც ვიღაცამ შეამჩნია და მედუქნე გალანძღა და შეაშინა, რო შენაო, არ იცი რა მოგივა აი ამის გულისთვისო, მიხვდა რაც იყო. მედუქნეს ისე შეეშინდა, რომ ეცა დანით, გაჯიანადვე ამოფხიკა ეს ბაირაღი და მერე დარბოდა იარმუკაში და ნიკალას ეძებდა, გამიახლოს ის ნახატი, დამიმახინჯდაო. დიდი არაფერი, გაჯით ამოავსეს ისევ და ნიკალამ ცისფერი ბაირაღი დახატა. ფიროსმანის ცხოვრებაშიც მოხდებოდა ხოლმე სასიამოვნო ქეიფები, ანუ ისეთი სუფრები, სადაც ყოფნა მას უყვარდა. რახან ჩვეულებრივ არ ჩერდებოდა სუფრაზე, რაღაც განსაკუთრებული უნდა მომხდარიყო, რომ ქეიფში მისულიყო. მუხრანის ხიდი რომ გაიხსნა, ამან იარმუკა ძალიან გამოაცოცხლა. დაიწყო შენება და გაგრძელდა, გაგრძელდა და მივიდა ისევ მეტეხის ხიდამდე. ორ ხიდს შუა ძალიან გამოცოცხლდა ცხოვრება და იქ მრავალთაგან ერთი სახლი აშენდა ძალიან უცნაური იერისა. ვიწრო იყო, დერეფანს ჰგავდაო, თვითმხილველები ამბობენ, მაგრამ მეორე სართულზე გაუკეთეს დიდი აივანი და პირდაპირ მტკვარზე იყო გადმოკიდებული, რაღაც ჰაეროვანი აივანი გამოვიდა ბიჯგების გარეშე. ეს აივანი ამ შენობას მიაშენა ერთმა თელაველმა ასათიანმა, მედუქნემ და ამ ზედა სართულზე გახსნა დუქანი, ძალიან ვიწრო, საჩაიე, ასე ვთქვათ. აივანი გადადიოდა მტკვარზე და ამიტომ ძალიან ბევრი ხალხი ეტანებოდა. ეს ის დრო იყო, როცა იარმუკაში ძალიან პოპულარული გახდა ერთი განთქმული კაცი, თუმცკი ისტორიაში არც თუ ხშირად ხსენებული. ეს იყო პირველი ქართველი მფრინავი, ბესარიონ ქებურია, რომელიც სწორედ მაშინ საფრენი აპარატებით ატარებდა საოცრებებს დიდუბესა და ვაკეში. ეს იყო მთელი აღმოჩენა თბილისისთვის - ცაში აეროპლანი. ჰოდა, ლექსიც იყო ქებურიაზე უბრალო ხალხში გავარდნილი: ბესარიონ ქებურია ვაჟკაცობით ქებულია, მტკვარზე გადის უხიდოდ, ცაში ადის უკიბოდ. ჰოდა, რახან ამ დუქნის აივანს ძალიან ჰაეროვანი იერი ჰქონდა და იარმუკის სულ განთქმულმა კინტოებმა, ჰაჯიამ, ანგლიამ და პარიკამ თქვეს, რომ ესაო, დუქანი კი არა, აეროპლანიაო და შეერქვა ამ დუქანს „აეროპლანი“ და უკვე ასათიანიც მზად იყო, რომ დუქნისთვის დაერქმია „აეროპლანი“. ამისთვის სჭირდებოდა ახალი აბრა, ახალი „ვივესკა“ და ამიტომაც დაუძახა ფიროსმანს. ფიროსმანმა გააკეთა ძალიან კარგი „ვივესკა“ და დუქნის სამი კედელიც მოხატა. უფრო სწორად, ორი კედელი მოხატა და მესამეზე ნახატი არ ეტეოდა და დაწერა სწორედ ეს ლექსი. ერთ კედელზე ეხატა ცაში მფრინავი აეროპლანი და შიგნით კიდევ ბესარიონ ქებურია. მეორე მხარეს, რა თქმა უნდა, ქეიფი. მერე იმდენი გაბედეს უბრალო იარმუკელებმა, რო ბესარიონ ქებურია დაპატიჟეს სწორედ ამ დუქანში და აჩვენეს კედელზე მისი აეროპლანი და თავისი თავი და იქ იყო ფიროსმანიც და ეს დარჩა ძალიან ლამაზ წუთებად მის ცხოვრებაში. თბილისი მაშინ იმგვარი ქალაქი იყო, რო მიუხედავად მისი სიპატარავისა, რაღაც გასაოცარი საზღვარი გადიოდა შუაბაზარზე და ქვედა ქალაქის ხალხს ზედა ქალაქში არ იცნობდნენ. აი, ქებურიამაც არ იცოდა ეს ლექსი, ქებურიამ არ იცოდა ფიროსმანი. ფიროსმანმა და ვაჟა-ფშაველამ არ იცოდნენ ერთმანეთი. ეს ყველაფერი ერთად გროვდება. ფიროსმანი კიდე აუცილებლად გრძნობდა, რომ მას უნდა გაერღვია ეს საზღვარი და ევროპულ თბილისში მოხვედრილიყო. ფიროსმანი უნდა აღმოეჩინათ და ის აღმოაჩინეს. აღმოაჩინეს ევროპული თბილისის შვილებმა, მაგრამ მერე დაიწყო პირველი მსოფლიო ომი. პირველი მსოფლიო ომი იყო ფიროსმანის დასასრულის დასაწყისი, მაგრამ მან ეს არ იცოდა. მოდი, ისევ ფიროსმანზე ვილაპარაკოთ. საერთოდ, კაცი თუ ყურადღებას მიაქცევდა, თბილისის ყველა შემოსასვლელში ფიროსმანი იდგა. ყველა შემოსასვლელს ნამდვილად ვერ ჩამოვთვლი, მაგრამ ჩამოხვიდოდი ველიამინოვზე, ანუ მოხვიდოდი კოჯრის კართან, სადაც იწყებოდა შუაბაზარი, იქ პირდაპირ ვიტრინაში იდო ფიროსმანის სურათები. წამოხვიდოდი დიღმიდან საბურთალოს გამოვლით და სანამ ბორანთან გამოხვიდოდი, ნახავდი „შავი ვანოს დუქანს“ და იქაც ფიროსმანის ნახატები იყო. ასეთი შემოსასვლელი თბილისში ბევრი იყო, ყველგან დუქანი იდგა და ყველგან შეგეძლო გენახა ფიროსმანის ნახატები, ოღონდ საქმე ისაა, რომ ამ დუქნებში ნასწავლი ხალხი, როგორც მაშინ იტყოდნენ არ დაიარებოდა. ეს იყო უბრალო ხალხის და ჩამოსული გლეხობის დროის სატარებელი ადგილები, მაგრამ იყო ერთი შემოსასვლელი თბილისში, საიდანაც ნასწავლი ხალხი ხშირად შემოდიოდა. ეს იყო თბილისის სადგური და ამ სადგურიდანაც რომ გამოხვიდოდი, ყველგან იყო ფიროსმანი. უამრავი დუქანი, საჩაიე, აშპაშხანა, მეიხანა, ჩაიხანა, ყავახანა, დუქანი, რესტორანი, ტრაქტირი და ათასი სხვა. და ძალიან ბევრგან ნახავდი ფიროსმანს. ამიტომ დაკვირვებული თვალისთვის და ჭკვიანი კაცისთვის ფიროსმანის პოვნა ძნელი არ იყო და ზუსტად ასე იპოვეს ფიროსმანი სწორედ თბილისის სადგურისპირა დუქნებში ძმებმა ზდანევიჩებმა და ფრანგმა მიშელ ლედანტიუმ. ასე აღმოაჩინა ფიროსმანი, ასე მოიწონა პირველად ფიროსმანი მაღლა ქალაქის, ანუ ევროპული თბილისის ხალხმა და აქედან დაიწყო ბევრი რამ, რასაც თითქოს უნდა შეეცვალა ფიროსმანის ცხოვრება, მაგრამ ვერაფერი ვერ შეცვალა. როდესაც კირილ და ილია ზდანევიჩებმა და ლედანტიუმ ფიროსმანის ნახატები იპოვეს, ამოიცნეს ისინი და მათი შეგროვება დაიწყეს საქართველოსთვის, რუსეთისთვის და ევროპისთვის, მშვიდობიანი დრო იყო, თუმცა, თურმე მზადდებოდა პირველი მსოფლიო ომი, რომელშიც, სხვათა შორის, დაიღუპა ლედანტიუ და დაიჭრა ილია ზდანევიჩი, მაგრამ ეს ცოტა სხვა ისტორიაა, მანამდე კი მშვიდობიან თბილისში, ზაფხულის არდადეგებზე ჩამოსული ზდანევიჩები და ლედანტიუ, რომლებიც უფრო ხალხური ხელოვნების ნიმუშებს ეძებდნენ და კერამიკით იყვნენ დაინტერესებული, შეიქნენ ნამდვილი მოგზაურები ამ ძველი თბილისის დუქნებში და ამ ნახატების ამომცნობნი და შემმოწმებელნი. ფიროსმანი, ცხადია, არავისში არ ერეოდათ, იმიტომ, რომ მხატვარი იქ მართლაც ძალიან ბევრი იყო და ერთხელ ისე მოახერხეს, რომ ნიკალას გადააწყდნენ კიდეც კითხვა-კითხვით. ფიროსმანი იდგა და კედელზე აწერდა სიტყვას „სარძევე“. მათ ილაპარაკეს მშვიდად. ფიროსმანი იყო კვლავ ძველმანებში ჩაცმული და ძალიან ღირსეული, მერე ისე მოხდა, რომ ისინი დამეგობრდნენ, ფიროსმანი უხატავდა მათ, ჩუქნიდა ნახატებს. ილია ზდანევიჩი დახატა კიდეც. პორტრეტზე იბარებდა და ესეც საოცარი სცენები იყო. ისინი მიდიოდნენ სასწავლებლად რუსეთში, ფიროსმანის ნახატებს აგროვებდნენ, ცდილობდნენ როგორმე გაზეთებამდე მიეტანათ ყველაფერი, გაეტანათ ფართო წრეებში, თბილისელი აკადემიური მხატვრებისთვის ეჩვენებინათ, რომელთა უმრავლესობაც, რა თქმა უნდა, მტრულად შეხვდა ფიროსმანს. მათ შორის ყველაზე ცნობილი იყო გიგო გაბაშვილი. ის სასტიკად არ ცნობდა ფიროსმანს, მაგრამ შეუძლებელი იყო, ვერ მიმხვდარიყო, რა იყო ფიროსმანი. შეიძლება ამიტომაც არ ცნობდა. სამაგიეროდ ცნობდა სხვას - იგივე გიგო ზაზიაშვილს, რომელთანაც მეგობრობდა. ლედანტიუსა და ზდანევიჩების მოგზაურობა თბილისის დუქნებში კი სულაც არ იყო უხიფათო. ლედანტიუ მარტო მიბოდიალდა შავი ვანოს დუქანში. ათვალიერებდა სურათებს და იწერდა მათ სახელებს. ჰოდა, შავი ვანო ნაყარაჩოღლარი კაცი იყო და ეს ჩაწერები არ მოეწონა. ჩაწერით მაშინ შპიკები იწერდნენ, ძირითადად. ჰოდა ჩხუბი ატყდა და ლედანტიუ მომზადებული სპორტსმენი გამოდგა. მეორე დღეს, ზდანევიჩები შესარიგებლად რომ მივიდნენ შავ ვანოსთან, ის თვალახვეული დაუხვდათ და ცოტა დაბნეულიც. უცნაურობა ის იყო, რომ ზოგი მედუქნე ძნელად ელეოდა ნახატებს. ზდანევიჩები ყიდულობდნენ. მერე უკვე, 1918 წელს, მათ თბილისში ერთდღიანი გამოფენაც მოაწყვეს. მოსკოვშიც მოაწყვეს გამოფენა. ეს ყველაფერი კი გააკეთეს, მაგრამ ფიროსმანისთვის ბევრი არაფერი იცვლებოდა. ის მათგან კი ფულს იღებდა, როგორც პატივისცემას. ხოლო მედუქნეები, ან არ ელეოდნენ, ან ხალისით ყიდდნენ. თუ იმწუთში ვთქვათ თუმანი ჭირდებოდა მედუქნეს, შეეძლო მიეყიდა, სხვანაირად კი არაფრით. გულს იმით ინუგეშებდნენ, ნიკალა მაინც დაგვიხატავსო. აი, ასე თანდათან გროვდებოდა ფიროსმანის ნახატები ევროპულ თბილისში და ამ დროს დაიწყო პირველი მსოფლიო ომი. პირველმა მსოფლიო ომმა ძალიან ბევრი რამ შეცვალა პატარა ადამიანების ცხოვრებაში. ფიროსმანისთვის თვალში საცემი შეიქნა, რო თბილისში დუქნების დაკეტვა დაიწყეს. ეს იყო სრული კრიზისი, ქვეყანაში იყო გაჭირვება.ფიროსმანის ერთადერთი შემოსავალი იყო სწორედ ის, რომ დუქანში საჭმლის ფასად დაეხატა, ან ერთი-ორი მანეთი აეღო. თბილისში კი დუქნები იმიტომ დაიკეტა, რომ ომის დაწყებისთანავე ძალიან ბევრი ჯარისკაცი იპარებოდა სამხედრო ნაწილებიდან. თბილისში კიდევ იყო 300, 400, 500, 600 დუქანი. ეს იყო ღვინის და ქეიფის ქალაქი და ისეთ დუქნებში, როგორებშიც მოღვაწეობდა ფიროსმანი, ღვინო და საჭმელ-სასმელი იაფი იყო. თურქეთის ფრონტის ჯარისკაცები კი იპარებოდნენ, მერე კი ყიდდნენ თავიანთ ჩექმებს და სამოსს ამ ღვინისთვის და ეს იმხელა ამბავი იყო, რომ ძალიან მალე ღვინის გაყიდვაც კი აკრძალეს დუქნებში. ეს იყო ცოტა ხანს, მაგრამ ამან სასტიკად დაარტყა დუქნებს. ისინი იკეტებოდა. ბეგო იაღსიევმაც დაკეტა თავისი დუქანი, რა ნახატებზე იყო ლაპარაკი, რაღა შეკვეთა იქნებოდა, რაღას წააწერდნენ. მთელ წელიწადშიო, ვიღაც იგონებს, ნიკალამ ერთ ლუდხანას დააწერა და მეორე კიდევ ქუჩის წინ გამოდგმულ ფარანზე დააწერა, აქ რაღაცა შეიძინეთო და ეგ იყოო. მაგრამ სწორედ ამ დროს მოხდა ის ამბავი, რომ გერმანიიდან ჩამოვიდა მაგარი მხატვარი და მაგარი კაცი დიმიტრი შევარდნაძე. დათიკოში კი ნუ აგერევათ. დიმიტრიმაც სადგურზევე იპოვა ფიროსმანი, შეიძლება ითქვას, პირველსავე დუქანში, და დაიწყო მისი პირდაპირი მნიშვნელობით ძებნა. და იპოვა კიდეც. იპოვა და მიიყვანა ქართველი მხატვრების შეკრებაზე, სადაც ფიროსმანმა მხოლოდ რამდენიმე სიტყვა თქვა. შევარდნაძე ძალიან ცდილობდა, მოევლო ფიროსმანისთვის, მაგრამ ფიროსმანი იკარგებოდა და მას ვერ პოულობდნენ ვერანაირად. როგორ მოძებნა შევარდნაძემ ფიროსმანი, ვინ იყო მათი დამაკავშირებელი, ეს თავისთავად საინტერესო ამბავია, იმიტომ რომ იმ კაცმა, ვინც მიუყვანა შევარდნაძეს და ქართველ მხატვრებს ნიკალა, მოახერხა ის, რაც ვერ მოახერხა ნიკალამ, ანუ პირდაპირი მნიშვნელობით შუა ბაზრიდან ამოვიდა და ჩადგა აკადემიურად და ევროპულად განათლებულ ქართველ მხატვართა შორის. ეს კაცი იყო გიგო ზაზიაშვილი და ჩვენ აუცილებლად უნდა ვიცოდეთ მის შესახებ. გიგო ზაზიაშვილი დაიბადა ძალიან სიმბოლურ ადგილას თბილისში - ძველი და ახალი თბილისის საზღვარზე, ანუ აზიური და ევროპული თბილისის გასაყარზე. ხატვა თავისი მამისგან, ცალხელა მკერავისაგან ისწავლა. თავისი შრომით, წვალებით, დაგვით, მონდომებით და ნიჭით მიაღწია იმას, რომ გახდა ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული და უხვშეკვეთიანი მხატვარი დაბლა ქალაქში და მერე თანდათან ავიდა მაღლა. ზაზიაშვილი ძალიან გატაცებული იყო ხატწერით და უამრავ ეკლესიაში ჰქონდა სამუშაო, ამიტომ, მას ბევრად მეტი შეძლება ჰქონდა ყოველთვის, ვიდრე ფიროსმანს. ის მთელ საქართველოში დადიოდა და იღებდა შეკვეთებს ეკლესიების მოხატვაზე, ხატების წერაზე, უბრალოდ ხალხისთვის, გლეხებისთვის თუ თავადებისთვის. ყოველთვის ჰქონდა კარგი სახელოსნო და რაც მთავარია, ადრევე გაიცნო გიგო გაბაშვილი, თავისი სათაყვანებელი მხატვარი და დაუმეგობრდა მას. გაბაშვილმაც, ასე ვთქვათ, შეიტკბო ზაზიაშვილი, თვითნასწავლი კაცი და მასში დაინახა რაღაც საოცარი ნიჭი და აქედან ზაზიაშვილი გაეცნო თბილისურ, აკადემიურ მხატვრებს. გიგო თავადაც ევროპულად იცვამდა, თუმცა უკვე მერე მის გარეგნობაში ძალიან ჩანს ძველი თბილისელის იერი, თბილისისთვის დამახასიათებელი ერთ-ერთი შტრიხით - დაბლა დაშვებული ულვაშით. ზაზიაშვილი ერთადერთი იყო გადმოღმა ქალაქის მხატვრებს შორის, რომელიც ფიროსმანს არათუ იცნობდა, მეგობრობდა მასთან და ძალიან ხშირად შეეძლო, მოეძებნა კიდეც. ისინი მეგობრობდნენ, ფიროსმანი და ზაზიაშვილი. ზაზიაშვილს არაერთხელ ხელი გაუმართავს მისთვის. ცოლისთვისაც კი დაბარებული ჰქონდა, თუ ნიკალამ შემოიაროს, უსადილოდ არ გაუშვაო, ხომ იცი, როგორი კაცია და უჭირსო. მეტიც, ერთხანს, ველიამინოვზე ზაზიაშვილს და ნიკალას ერთად ჰქონდათ სახელოსნო. უფრო სწორად, ეს ზაზიაშვილის სახელოსნო იყო, მან მიიკედლა ფიროსმანი და ერთად მუშაობდნენ რაღაც შეკვეთებზე, მაგრამ ფიროსმანმა ვერც ამ საქმეში ივარგა. ასეთ მოწესრიგებულ საქმეში ვერ ივარგა. ზაზიაშვილი იხსენებს ერთ შემთხვევას, როცა გამზადებული, შეკვეთილი ნახატი თუ აბრა გაატანა ფიროსმანს მუშებთან ერთად დათქმულ მისამართზე და უთხრა, მეც მალე წამოგეწევითო. საღამომდე ვერ მივიდა იქ, ფული უნდა აეღო შეკვეთაზე და ხედავს, დაკეტილ კართან მუშები დგანან და ეს შენაკვეთი აბრა უჭირავთ. ნიკალა სად არიო, გიგომ და ნიკალა ცოტა ხანს იდგა და გვითხრა: წავედი მეო. არა ჰქონდა ამის ნერვები - პირდაპირ და ახლებურად რომ ვთქვათ. ზაზიაშვილი ასევე იგონებს, როგორ უპოვია მთვრალი ნიკალა ქუჩაში არაერთხელ, წამოუყენებია, წაუყვანია, დაუწყნარებია. რაც შეეძლო, ეფერებოდა, მაგრამ მათი ურთიერთობა მაინც რთული იყო. რაც დრო გადიოდა, ფიროსმანი აუცილებლად გრძნობდა, რომ ის, რაც ჰქონდა ზაზიაშვილს, მასაც ეკუთვნოდა და შეიძლება გრძნობდა იმასაც, რომ ერთი ასად ეკუთვნოდა, მაგრამ, სამწუხაროდ, მას არ შეეძლო ასე მუშაობა. ხდებოდა, რომ ისინი ერთმანეთის შესახებ რაღაც უხერხულს ამბობდნენ, თუმცა ამას მეგობრობისთვის და კარგი განწყობისთვის ხელი არ შეუშლია. მაგალითად, ქართველ მხატვრებთან შეხვედრისას ფიროსმანმა თქვა, არ მესმის ისეთი მხატვრობა, როგორსაც, აი, მაგალითად, ხატმწერები მისდევენო, მაგათ ხატვა არ იციანო, მაგათ ხატვა არ უნდათო, რაღაცა სხვას აკეთებენო. თვითონ ფიროსმანმა ერთადერთხელ დახატა წმინდა გიორგი, რომელსაც ხშირად ახსენებდა, და ეს ხატი არ იყო, ეს იყო უბრალოდ ნახატი, მაშინ, როცა ზაზიაშვილი სულ ამ შეკვეთებზე მუშაობდა და არაფერი ამაში საძრახისი არ იყო. ერთხელ ნასვამი ნიკალა ქუჩაში მოდიოდა და გაუგონია ლაპარაკი რომელიღაც დუქნის კართან, რომ ნახე რა ლამაზად დახატა ზაზიაშვილმა აბრაო და მოუხედავს და დაუყვირა: ზაზიაშვილი, ზაზიაშვილი, მე უკეთესად დავხატავო! იყო კიდე ერთი ასეთი ამბავიც, რომ სირაჯმა მესხიშვილმა ნიკალას დაახატვინა თავისი „ფართრეთი“. მესხიშვილის მოგონებაა დარჩენილი, მოვიდა ზაზიაშვილიო, ნიკალა უკვე წასული იყო და ხელახლა დამხატაო. ისა სჯობდა, ზაზიაშვილს სხვანაირი ხელი ჰქონდა და ისა მგავდაო. აქ, მოგეხსენებათ, ცოტა ფოტოგრაფიულ აღქმაზეა ლაპარაკი და მეღვინეს უნდა ვაპატიოთ, მაგრამ ზაზიაშვილის საქციელიც საინტერესოა, რომ ის მივიდა და ნახა ნიკალას ნახატი და მაინც მიიღო შეკვეთა. ზაზიაშვილი ეხმარებოდა ფიროსმანს. ფიროსმანი ამ დახმარებას იღებდა, მაგრამ როგორღაც მაინც მათი ერთად მუშაობა არ გამოდიოდა. იმ ერთ საქმეში რომ იყვნენ, ისიც მალე დაიშალა. მერე იყო, რომ ზაზიაშვილმა ფიროსმანი მიიყვანა ქართველ მხატვრებთან. მხატვრები ორჯერ დაეხმარნენ ფიროსმანს ფულით. ორჯერვე ეს ფული წაუღო მას ლადო გუდიაშვილმა. პირველად გადასცა, მეორედ კი ვეღარ იპოვა. ეს იყო უკვე 1918 წელს. უცნაური და მძიმე წელია ფიროსმანისთვის სწორედ 1916 წელი, როცა ის პირველად შეხვდა ქართველ მხატვრებს და რაღაცის იმედი მიეცა. მან წარმოიდგინა, რომ გახდებოდა ისეთი, როგორებიც სხვები იყვნენ. ეს მან აუცილებლად წარმოიდგინა, მაგრამ იმავე წელს მისი ყველა იმედი დასამარდა ერთი უცნაური ამბით - ფიროსმანი ორჯერ მოხვდა გაზეთში: პირველად „სახალხო ფურცლის“ სურათებიან დამატებაში, როცა მისი პორტრეტი დაბეჭდეს, როგორც ახლად აღმოჩენილი ნიჭისა და ეს იყო ძალიან საამაყო.მაგრამ ამას სულ მალე მოჰყვა მეორე, რამაც გაანადგურა ფიროსმანი.ამ ბუნების, ამ აღზრდის და ამ ქალაქში მცხოვრები კაცისთვის გაზეთი, ნაწერი, ქაღალდი, წიგნი ნიშნავდა სინამდვილეს. ასე იყო საქართველოში ტრადიციულად და მერეღა ნელ-ნელა დაინგრა ეს მითი და ამბობდნენ, რომ ამას კომუნისტებმა შეუწყვეს ხელი გაზეთებში ტყუილების წერითო, თორემ ქაღალდზე ნაწერი იგივე კანონი იყო. ზაზიაშვილის ცოლი იგონებს, როგორ მოვიდა ერთხელ მათთან აღელვებული ფიროსმანი და მოიტანა „სახალხო ფურცლის“ სურათებიანი დამატება. იმ ნომერში იყო ფიროსმანის კარიკატურა - ფეხშიშველი, ბანჯგვლიანი, ჩამოგლეჯილი ფიროსმანი დგას და ხატავს თავის საოცარ ჟირაფს. თუმცა, ჟირაფი იმ კარიკატურაზე საოცარი არ არის, ფიროსმანს კი ზურგს უკან უდგას გრიგოლ რობაქიძე თავისი პარიკით, გამოწყობილი ძალიან კარგ კოსტიუმში და ეუბნება, ისწავლე მეგობარო, ისწავლე, 20-30 წელი უნდა ისწავლო, მერე კი ალბათ ნამდვილი მხატვარი გამოხვალ და გამოფენასაც მოგიწყობო. ფიროსმანმა მოიტანა ეს გაზეთი ზაზიაშვილთან, დაუტოვა მის ცოლს და უთხრა: შენი ჭირიმე, გიგოს უთხარიო, რომ როგორც გადამკიდა, აი, ამ ხალხს, ვისთანაც მიმიყვანა, ისე ჩამომაშოროსო. ამ კარიკატურიდან ტრაგედიის შექმნა არ ღირდა, მაგრამ აშკარა იყო, რას ნიშნავდა მისთვის ყოველი სიტყვა ევროპული ნაწილიდან - ეს მისთვის იმედი იყო. როგორც ჩანს, ფიროსმანი დადიოდა ამ გაზეთით ხელში ქალაქში, ძალიან განიცდიდა ამ ამბავს, იმიტომ ,რომ არსებობს მეორე შემთხვევა: ის მივიდა შაშო მექუდესთან იარმუკაში და იქაც ხელში ეჭირა ეს გაზეთი და აჩვენა იქ მყოფთ, აი, ნახეთ როგორ გამამასხრესო და რას მიპირებენ და მიშვრებიანო, ხედავთ რა სწერიაო: 20-30 წლის მერე მოგიწყობთ გამოფენასო. მას აქ არ ესმის ხუმრობა და ირონია. 20 წლის მერე მკვდარი ვიქნები, ეხლა ომია და ამ ომში თავი რით გავიტანო, 20-30 წელი როგორღა ვიცოცხლებო. აი, ასე პირდაპირ და გულწრფელად თქვა. სჯეროდა, რომ მის ცხოვრებაში რაღაც შეიცვლებოდა.ასე გაქრა ქართველი მხატვრებისთვის ფიროსმანი. ამ კარიკატურის შემდეგ ის აღარ უნახავთ. მიეცა ისევ ამ თბილისს და მის სამყაროს, რომელიც ძალიან გადასხვაფერებული იყო ამ ომის დროს. ეს იყო სიღატაკის დრო, მათხოვრობა, დაჭრილები, ეპიდემიები. ქალაქი იყო განადგურებული. თბილისი იყო ახლო ზურგი თურქეთის ფრონტისა და აქ მოქმედებდა სამხედრო კანონები და არანაირი სახსარი ცხოვრებისა ფიროსმანისნაირი კაცისთვის აღარ არსებობდა. აღარ არსებობდა დუქანი, სადაც ის თავს შეინახავდა და სადაც იშრომებდა. ამის გამო ის იშვიათად აკითხავდა ხალხს. ერთხელ ზაზიაშვილმა გადაწყვიტა, მოეძებნა ფიროსმანი და იცოდა სადაც იქნებოდა - მალაკნების მოედანზე, სადგურის უკან. ფიროსმანს იქ უყვარდა ხოლმე მისვლა, იქ იკრიბებოდნენ თბილისელი მედროგეები. მედროგეებმა დროგზევე იცოდნენ სუფრის გაშლა და სულ დარჩეული ლოთები იყვნენ, დარჩეული ლოთები მარილიანი სიტყვა-პასუხით და მათი ბირჟა იყო მალაკნების მოედანზე, იქ სასტუმროებიც ბევრი იყო და ამ სასტუმროებში კი უფრო ჩერდებოდა პროვინციიდან ჩამოსული მოვაჭრე ხალხი. ჰოდა, ზაზიაშვილმა იცოდა, სად მოეძებნა ფიროსმანი, მივიდა იქა და ნახა დროგზე გაშლილ სუფრასთან, ძალიან მთვრალი და არცთუ კარგ გუნებაზე მყოფი. ჩავებღაუჭეო - იგონებს ზაზიაშვილი - და ვუთხარიო, ნიკო, წამო კაცოო, იმ საზოგადოებაში მიგიყვანოო, მხატვრებზე ეუბნებოდა და იმან გაიცინა და ბრაზიანად უთხრა: აი, ჩემი საზოგადოებაო და დაანახა მთვრალი მედროგეები და დროგზე გაშლილი სუფრა.ეს ყველაფერი მართლა იყო და მართლა ხდებოდა. ეს კაცი ინგრეოდა, რადგან ყველაფერი ერთმანეთს დაედო და გამოსავალი კი არ იყო. ომის ბოლოსკენ, როგორც ჩანს, იყო კანტიკუნტი შეკვეთები. ფიროსმანი იქავე, სადგურთან ცხოვრობდა, კიბის ქვეშ, საწყობში, სადაც ინახავდნენ ღვინოს, შეშას და ასეთ რამეებს და მას რაღაც გროშებად მიაქირავეს და პატრონი შერჩენოდა ერთი - ცალფეხა მეჯღანე არჩილა მაისურაძე. ეს კაცი უვლიდა, ეხმარებოდა, ამხნევებდა და ფიროსმანს მისცა ბოლო შეკვეთა.ეს იყო აბაშიძის სასტუმრო, სადაც ის პირველ სართულზე მუშაობდა და სვამდა კიდეც ჩვეული წესით. მაგრამ ეს იყო ცუდი დრო, ეპიდემიების დრო. თბილისში მაშინ მძვინვარებდა „ისპანკა“, საშინელი გრიპი, უკურნებელი, წამალი არ იშოვებოდა არათუ ღარიბისთვის, მდიდრისთვისაც კი. თან გაზაფხული იყო, როცა ყველანაირი ავადმყოფობა და სისუსტე ადამიანისა თავს წამოყოფს ხოლმე. ფიროსმანი მუშაობდა აბაშიძესთან და ერთ დღესაც არ მივიდა. მეორე დღესაც არ მივიდა და მერე იმ საცოდავმა მაისურაძემ, თვითონაც ცალფეხამ და გაჭირვებულმა, მოიკითხა და იპოვა დაგდებული იმ თავის სარდაფში. გონზე იყო. მაისურაძე ასე იგონებს, სმისგან დამართნოდაო, ცუდად გამხდარიყოო. უფრო აზრიანი იქნება, ვიფიქროთ, რომ მას ეს „ისპანკა“ შეეყარა. მოუვლელობა და სმა უბრალოდ ზედ დაერთო. ფიროსმანმა უთხრა, არჩილაო, სამი დღეა აქა ვგდივარ, ბიჭოო, და ვკვდებიო, კაცი არ შემოსულაო. რაც შეეძლო საწყალ მაისურაძეს, დატრიალდა, ექიმებიც კი მოუყვანეს. მოიყვანეს დროგი. დროგები, მოგეხსენებათ, იქვე იყო და ფიროსმანი წაიყვანეს არამიანცის საავადმყოფოში, სადაცო, მაისურაძე ამბობს, მე ვეღარ მივყევი, საქმე მქონდაო. ასეთი ცხოვრება იყო თბილისში.მეორე დღეს მომკვდარიყო. აქ უნდა გავიხსენოთ კიდევ ერთი ძველი ამბავი. უკეთეს დროში, პეპოიანცის მაღაზიაში, სადაც ნიკალა ომამდე ყიდულობდა ამ თავის დარჩეულ საღებავებს, ერთ-ერთი ნოქარი ყოფილა ვინმე „პაჭუა მიშა“, რომელსაც პეპოიანცის სიკვდილის და მაღაზიის დახურვის შემდეგ დაუკარგავს ეს სამსახური და მოწყობილა უპატრონო მიცვალებულთა ზიდვის ეტლზე. ომის დროს იყო ასეთი ხელობა. ჯარისკაცები, მაწანწალები ბევრნი იხოცებოდნენ, ეს ეპიდემიაც თავისას შვრებოდა და უპატრონო და ღატაკ მიცვალებულს ვერ მარხავდნენ ისე, როგორც საჭირო იყო. ამისთვის რამდენიმე ადგილას სასაფლაოებს ადგილები მოემატა და უბრალოდ ჭრიდნენ სამარეს და კაცს პირდაპირ მარხავდნენ სახელმწიფო წესით და სახელმწიფოს ხარჯით. მოხდა ასეთი უცნაური ამბავი, რომ შაშო მექუდის ვაჟი, ვასო, წამოჰყოლოდა თავისი უპატრონო მეზობლის ბალდახინს. მოუსვენებიათ უბნის ახალგაზრდებს ეს უპატრონო ქალი და მღვდელიც მოუყვანიათ და კრძალავდნენ პეტრე-პავლეს ეკლესიის უკან, ძველი ავლაბრის საჭიდაოზე. რახან ომი იყო, ეს საჭიდაო გაეუქმებინათ და უპატრონო და უსახელო ჯარისკაცებსა და მიცვალებულებს იქავე კრძალავდნენ. ჰოდა, ამ ვასომ უცებ დაინახა, რო დახურული საკუბოვე ეტლით სასაფლაოზე შემოვიდა პაჭუა მიშა და რახან ერთმანეთი იცნეს, მიშამ უთხრა, იცი ვინ მისვენიაო აქაო? მამაშენის ძმაკაცი, ჩვენი ნიკალაო, თუ გახსოვსო. ხსომებაზე აქ არ იყო, ვასომ ნახა მიცვალებული და, სხვათა შორის, მოახერხა, რომ მღვდელი, რომელიც სხვა საქმეზე იყო იქა, მოიყვანა და წესი ააგებინა ფიროსმანისთვის და იქავე დავმარხეთ მე და პაჭუა მიშამო, ასე გაიხსენა მრავალი წლის შემდეგ. მერე ვასო წამოსულა და ეს ყველაფერი უამბნია შაშოსთვის და კიდევ ფიროსმანის ერთი ძველი მეგობრისთვის, ილია აბაევისთვის. ეს აღდგომის დღეებია. ფიროსმანი აღდგომის წინა ღამეს მოკვდა. ილო და შაშო მოსულან პეტრე-პავლეზე და ყარაჩოღლურად, ზედ საფლავზე გაუშლიათ სუფრა და იქ მთელი დღე ნიკალასთან ჭირის პური უჭამიათ, ღვინოც დაუსხამთ, როგორც ეს ხშირად ხდებოდა თბილისში და მერე შაშოს ქვაც დაუდია. საფლავი დაკარგულია. მალევე ატყდა ფიროსმანის ბუმი, ქართველმა მწერლებმა დაიწყეს ძებნა, მოგონებების ჩაწერა, მაშინ ნახეს ბეგო, მაშინ ნახეს გორელი ლიმონა, მაშინ ნახეს ყველა, მაშინ ნახეს კიდევ ერთხელ ზაზიაშვილი, რომელმაც ცოტა ცივად უამბო მათ ფიროსმანის ამბავი. მობეზრებული ჰქონდა ეტყობა ნიკალას ხუშტურები, ათასში ერთხელ გამახსენდებოდა, მივიდოდი და მივეხმარებოდიო და ერთხელ მოსე თოიძემ, ფიროსმანის დიდმა გულშემატკივარმა, მითხრა, წამო მომაძებნინეო, მივიკითხ-მოვიკითხეთ მალაკნებზეო და მომკვდარიყოო. მაგრამ როდესაც თვითონ კვდებოდა გიგო ზაზიაშვილი, 1952 წელს, სიკვდილის წინ სწორედ ფიროსმანი გაიხსენა და თქვა, მე რომ მაშინ თბილისში ვყოფილიყავი, ის არ მოკვდებოდაო. ზაზიაშვილი მთელ საქართველოში დადიოდა შეკვეთებზე და სწორედ იმ აღდგომას არ იყო თბილისში. არ ვიცი, რას იზამდა, მაგრამ ეს მისი ბოლო გახსენება ფიროსმანისა ძალიან მტკივნეულია. …
დაამატა Kakha to ლიტერატურა at 4:55pm on დეკემბერი 16, 2016
თემა: განვითარების დარღვევის მოდელები და კლასიფიკაცია
ური სფერო მუდმივი ცვლილებებისა და ჩამოყალიბების პროცესშია, ეს პროცესი ასაკობრივი თავისებურებებით ხასიათდება. ამავე დროს, ბავშვის განვითარებაში მეტად მნიშვნელოვანია ის სენზიტიური ასაკობრივი პერიოდები, როდესაც მიმდინარეობს თვისობრივად ახალი გამოცდილების ათვისება და ახალი უნარების განვითარება. ამიტომ, ბავშვის ფსიქიკური განვითარების დარღვევის დიაგნოსტირებისას აუცილებელია ნორმალური განვითარებისა და ასაკობრივი ფაქტორების გათვალისწინება, რადგან აღნიშნულის გარეშე, შეუძლებელია, როგორც განვითარების ანომალიის კანონზომიერების ზუსტი შეფასება, კლასიფიცირება და დიაგნოსტიკა, ისე რეაბილიტაციისა და სწავლების სტრატეგიის სწორად შერჩევა.       ნორმალური განვითარებიდან გადახრა ხშირად განიმარტება როგორც ანომალური განვითარება, ანუ დიზონტოგენეზი (ნორმალური ონტოგენეზური განვითარების დარღვევა). პრობლემურ განვითარებაზე მოქმედი ფაქტორები       ცნობილია, რომ ბავშვის ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე როგორც ბიოლოგიური, ისე ფსიქო-სოციალური ფაქტორების ხანგრძლივი პათოლოგიური ზემოქმედება იწვევს ნორმალური განვითარებიდან გადახრას. განვითარების დარღვევები განსხვავდება გამომწვევი ფაქტორების ანუ ეტიოლოგიის, პათოგენეზური მექანიზმების, ფაქტორების ზემოქმედების პერიოდისა და ხანგრძლივობის მიხედვით. ამიტომ, განვითარების დარღვევების კლასიფიცირება და დიაგნოსტიკა შეუძლებელია განვითარებაზე მოქმედი ფაქტორების ანალიზის გარეშე.       განვითარების დარღვევების ცნობილ კლასიფიკაციებში ზოგადადაა გამოყოფილი ბავშვის განვითარებაზე მოქმედი ენდოგენური და ეგზოგენური ფაქტორები. ეს კლასიფიკაციები უფრო სამედიცინო ხასიათისაა და მათში, ძირითადად, განხილულია პრენატალური, პოსტნატალური და პერინატალური მიზეზები (Handbook of Psychiatry, 1969; ვ. ლებედინსკი, 1985; Developmental Disorders ed. S. Hooper, 1992). ა. კარის მიერ მოწოდებულ ორიგინალურ კლასიფიკაციაში (1999) ბავშვის განვითარებაზე მოქმედ ბიოლოგიურ მიზეზებთან ერთად აქცენტი გამახვილებულია მრავალ ფსიქოლოგიურ ფაქტორზე.       ბავშვისა და მოზარდის ფსიქოლოგიური პრობლემების განვითარებაში ა. კარი გამოყოფს შემდეგ ფაქტორებს: ფსიქოლოგიური პრობლემების წარმომშობი პრედისპოზიციური ანუ რისკ-ფაქტორები; დამაჩქარებელი ანუ ბიძგის მიმცემი (ტრიგერები), ან ფსიქოლოგიური სირთულეების გამაძლიერებელი ფაქტორები; ხელშემწყობი (შემანარჩუნებელი) მიზეზები ანუ ფაქტორები, რომლებიც ხელს უწყობს უკვე აღმოცენებული ფსიქოლოგიური პრობლემების გახანგრძლივებასა და განმტკიცებას; დამცავი ფაქტორები, რომლებიც ამუხრუჭებს აღმოცენებული პრობლემების შემდგომ გაღრმავებას და გავლენას ახდენს პროგნოზსა თუ მკურნალობაზე.       ეს ფაქტორები ორ ზოგად სფეროდ ნაწილდება: პერსონალურად და კონტექსტუალურად. პერსონალური ფაქტორების ქვეშ იგულისხმება ბავშვის ბიოლოგიური და ფსიქოლოგიური, ხოლო კონტექსტუალურში - ბავშვის ფსიქო-სოციალური გარემოს მახასიათებლები (ოჯახური, სკოლის, თანატოლების, დამხმარე ორგანიზაციების).       ბავშვთა და მოზარდთა ფსიქოლოგიური პრობლემების განმაპირობებელი ფაქტორების სტრუქტურა, შეიძლება, შემდეგნაირად წარმოვიდგინოთ: ბავშვთა ფსიქოლოგიური პრობლემების პრედისპოზიციური, დამაჩქარებელი, შემანარჩუნებელი და დამცავი ფაქტორები ა. კარის მიხედვით (1998) პრედისპოზიციური ფაქტორები პერსონალური პრედისპოზიციური ფაქტორები ბიოლოგიური: გენეტიკური მოწყვლადობა; პრედა პოსტნატალური გართულებები; ადრეული ასაკის ინსულტები, ტრავმები და ავადმყოფობა. ფსიქოლოგიური: დაბალი ინტელექტი; რთული ტემპერამენტი; დაბალი თვითშეფასება; კონტროლის გარეგანი ლოკუსი. კონტექსტუალური პრედისპოზიციური ფაქტორები ადრეულ ბავშვობაში ბავშვი-მშობლის ურთიერთობის ფაქტორები: მიჯაჭვულობის პრობლემები; ინტელექტუალური განვითარების სტიმულირების ნაკლებობა; ავტორიტარული მშობლები; გულგრილი მშობლები; ყველაფრის ნებადამრთველი მშობლები; არათანმიმდევრული დისციპლინა; ბავშვის ადრეულ ასაკში ოჯახური პრობლემების არსებობა: მშობლების ფსიქოლოგიური პრობლემები; მშობლების ალკოჰოლოზმი და ნარკომანია; მშობლების კრიმინალურობა; ცოლ-ქმრული უთანხმოებანი და ძალადობა; ოჯახური დეზორგანიზაცია; დელიქვანტური და-ძმა. ადრეული ბავშვობის სტრესი: განშორება; ახლობლის დაკარგვა; ძალადობა; ინსტიტუციონალური აღზრდა; არახელსაყრელი სოციალური პირობები. დამაჩქარებელი ფაქტორები მწვავე ცხოვრებისეული სტრესი; ტრავმა, ავადმყოფობა; ძალადობა; ცემა; ახლობლის დაბადება ან დაკარგვა; ცხოვრებისეული ციკლის გარდამავალი პერიოდები; სკოლის გამოცვლა; თანატოლების ან მეგობრების დაკარგვა; ახლობლებთან განშორება ან მშობლების გაყრა; მშობლების უმუშევრობა; საცხოვრებელი ადგილის გამოცვლა; ეკონომიკური სირთულეები. შემანარჩუნებელი ფაქტორები პერსონალური შემანარჩუნებელი ფაქტორები ბიოლოგიური ფაქტორები ფსიქოფიზიოლოგიური სისტემების დეზინტეგრაცია ფსიქოლოგიური ფაქტორები დაბალი თვით-ეფექტურობა; დისფუნქციური ატრიბუციული სტილი; დაცვის მოუმწიფებელი მექანიზმები; დისფუნქციური დაძლევის სტრატეგიები. კონტექსტუალური შემანარჩუნებელი ფაქტორები მკურნალობის სისტემის ფაქტორები: ოჯახის მიერ პრობლემის იგნორირება; პრობლემის გადაწყვეტისადმი ამბივალენტურობა; პრობლემასთან გამკლავებაში ოჯახის გამოუცდელობა; ოჯახის მიერ დიაგნოზისა და მკურნალობის დაგეგმვის უარყოფა; მკურნალობაში ჩართულ პროფესიონალებს შორის კოორდინაციის არარსებობა. ოჯახის სისტემის ფაქტორები: პრობლემური ქცევის უნებლიე განმტკიცება; არამდგრადი მიჯაჭვულობა; ძალადობრივი ურთიერთობა და ავტორიტარული აღზრდა; ოჯახის გათიშულობა და პრობლემისადმი გულგრილი დამოკიდებულება; ჭარბი მზრუნველობა და ყველაფრის ნებადამრთველი აღზრდა; არათანმიმდევრული დისციპლინა; ბუნდოვანი კომუნიკაცია ოჯახის წევრებს შორის; ტრიანგულაცია; ქაოტური ოჯახი; ცოლ-ქმრული უთანხმოებანი; არასრული ოჯახი, მშობლების განქორწინება. მშობლების ფაქტორები: მშობლებს მსგავსი პრობლემა აქვთ; მშობლების ფსიქოლოგიური პრობლემები ან კრიმინალურობა; ბავშვის განვითარებისადმი არაადეკვატური მოლოდინები; მშობლების დაბალი თვითშეფასება; მშობლების კონტროლის გარეგანი ლოკუსი; მშობლების დაბალი თვით-ეფექტურობა; დეპრესიული ან ნეგატიური ატრიბუციული სტილი; მოუმწიფებელი დაცვის მექანიზმები; დისფუნქციური დაძლევის სტრატეგიები; სოციალური კავშირების ფაქტორები: მწირი სოციალური მხარდაჭერა; ძლიერი ოჯახური სტრესი; სოციალური წარუმატებლობა; ბავშვისათვის არაადეკვატური საგანმანათლებლო სივრცე; დასაქმების მცირე შესაძლებლობა; ძალადობა საინფორმაციო საშუალებებში. დამცავი ფაქტორები პერსონალური დამცავი ფაქტორები ბიოლოგიური ფაქტორები: კარგი ფიზიკური ჯანმრთელობა; ფსიქოლოგიური ფაქტორები: ინტელექტის მაღალი კოეფიციენტი; ახალ გარემოსთან იოლი ადაპტაცია; მაღალი თვითშეფასება; კონტროლის შინაგანი ლოკუსი; მაღალი თვით-ეფექტურობა; ოპტიმისტური ატრიბუციული სტილი; დაცვის მომწიფებული მექანიზმები; დაძლევის ფუნქციური სტრატეგიები. კონტექსტუალური დამცავი ფაქტორები მკურნალობის სისტემის ფაქტორები: ოჯახის მიერ პრობლემის მიმღებლობა; ოჯახის მიერ პრობლემის გადაწყვეტაზე ვალდებულების აღება; ოჯახის მსგავს პრობლემასთან გამკლავების გამოცდილება; ოჯახის მიერ დიაგნოზისა და მკურნალობის გეგმის მიმღებლობა; ოჯახსა და პროფესიონალებს შორის კარგი კოორდინაცია. ოჯახის სისტემის ფაქტორები: უსაფრთხო მიჯაჭვულობა; ავტორიტარული აღზრდა; მკაფიო, ცხადი ოჯახური კომუნიკაცია; მოქნილი ოჯახური ორგანიზაცია; მამის ჩართულობა; ცოლ-ქმრული თანხმობისა და კმაყოფილების მაღალი ხარისხი. მშობლების ფაქტორები: ბავშვის განვითარებისადმი ადეკვატური მოლოდინები; მშობლების ადეკვატური თვითშეფასება; მშობლების კონტროლის შინაგანი ლოკუსი; მშობლების მაღალი თვით-ეფექტურობა; ოპტიმისტური ატრიბუციული სტილი; მომწიფებელი დაცვის მექანიზმები; ფუნქციური დაძლევის სტრატეგიები. სოციალური კავშირების ფაქტორები: ძლიერი სოციალური მხარდაჭერა; ბავშვისათვის ადეკვატური საგანმანათლებლო სივრცე; მაღალი სოციო-ეკონომიკური სტატუსი. ასაკობრივი განვითარების მახასიათებლებისა და განვითარების დარღვევის სიმპტომების მიმართება       განვითარების დარღვევის დიაგნოსტირებისას დიდი მნიშვნელობა აქვს დიზონტოგენეზის სიმპტომებისა და ნორმალური განვითარების ასაკობრივი ნიშნების დიფერენცირებას. ნორმალური განვითარების სხვადასხვა პერიოდში ბავშვი განსხვავებულად რეაგირებს გარემოს მავნე ზემოქმედებაზე. ბუნებრივია, განვითარების დარღვევის შემთხვევაშიც, დიზონტოგენეზის სიმპტომებთან ერთად, სახეზეა ბავშვის ასაკობრივი განვითარებისათვის დამახასიათებელი ნიშნებიც.       განასხვავებენ ნერვულ-ფსიქიკური რეაგირების ოთხ ტიპს (ვ. კოვალიოვი, (1979): რეაგირების სომატო-ვეგეტატური დონე (0-3 წელი) - ხასიათდება ვეგეტატური სიმპტომებით, როგორიცაა ძილის, მადის, კუჭ-ნაწლავის ფუნქციონირების დარღვევები, სხეულის ტემპერატურის მატება; რეაგირების ფსიქომოტორული დონე (4-10 წელი) - ხასიათდება სხვადასხვა წარმოშობის ჰიპერდინამიკური ტიპის დარღვევებით, როგორიცაა ფსიქომოტორული აგზნება, ტიკები, ენაბორძიკობა, ენურეზი; რეაგირების აფექტური დონე (7-11 წელი) - ხასიათდება სხვადასხვა სახის შიშებით, იოლი აფექტური აგზნებადობით, ნეგატივიზმისა და აგრესიის გამოვლინებებით; რეაგირების ემოციურ-იდეატორული დონე (11-16 წელი) - ხასიათდება პუბერტატის ასაკისათვის ჩვეული თავისებურებებით.       რეაგირების აღნიშნული დონეები, როგორც წესი, კონკრეტულ ასაკობრივ პერიოდებს შეესაბამება, თუმცა, ყოველ ასაკობრივ ჯგუფში, შესაძლებელია, მეტ-ნაკლები ხარისხით გამოვლინდეს რეაგირების ოთხივე დონე. ამიტომ გარემოს მავნე ზემოქმედებაზე რეაგირების ზემოაღნიშნული ტიპით დაყოფა პირობითია, რადგან ასეთ შემთხვევებში ასაკის შესაბამისი რეაგირების ტიპის უპირატესობაზეა საუბარი. განვითარების დარღვევების შეფასებისას, ასევე, მნიშვნელოვანია კრიტიკული ასაკობრივი პერიოდებისათვის დამახასიათებელი თავისებურებების გათვალისწინებაც; კრიტიკული, კრიზისული ანუ სენზიტიური პერიოდი წარმოადგენს განვითარების ერთი საფეხურიდან მეორეზე გადასვლის შუალედურ სტადიას. ამ დროს ჩნდება ბავშვის უკვე შეძენილ, დაუფლებულ უნარებსა და გარემოს გაზრდილ მოთხოვნებს შორის კონფლიქტი. გარემოსთან ბავშვი უკვე ვეღარ ურთიერთობს ძველი საშუალებებით, ახალი უნარები კი ჯერ ისევ ჩამოყალიბების პროცესშია. ასეთ შემთხვევებში, შეიძლება, რეგრესი, ანუ წინა ასაკობრივ საფეხურზე დროებითი ჩამოცურების ფენომენი განვითარდეს. ნორმალური განვითარების ეს კანონზომიერება აუცილებლად უნდა იქნას გათვალისწინებული ანომალური განვითარების შეფასების დროს. ბავშვის ფსიქიკური ფუნქციების და უნარების ნორმალური განვითარების კანონზომიერება და დარღვევა       ფუნქციის და განვითარების შეფასებისას დიდი მნიშვნელობა აქვს ფსიქიკური უნარის ჩამოყალიბების პროცესის რომელ ეტაპზე მოხდა მავნე ზემოქმედება. ამის მიხედვით შესაძლებელია იმის დადგენა, თუ განვითარების რა სახის ანომალიასთან შეიძლება გვქონდეს საქმე. ფსიქიკური ფუნქციის და უნარის მომწიფების სამი ძირითადი ეტაპი გამოიყოფა: აღმოცენება, ჩამოყალიბება და განმტკიცება (Dennis, Burnes, 1994). უნარის მომწიფებაში შესაძლებელია გამოდიფერენცირდეს შემდეგი ასპექტები: აღმოცენება:       აღმოცენების დრო – განვითარების ის ეტაპი, როდესაც პირველად ვლინდება კონკრეტული უნარი. ის შეიძლება იყოს დროული ან დაგვიანებული.       თანმიმდევრობა – უნარის აღმოცენების დრო სხვა უნარებთან მიმართებაში: რა თანმიმდევრობით ხდება კონკრეტული უნარის პირველი გამოვლინება. ის შეიძლება იყოს ნორმალური ან დარღვეული, რაც გულისხმობს უნარის აღმოცენების თანმიმდევრობის არევას სხვა უნარებთან მიმართებაში. განვითარება:       ჩამოყალიბების ტემპი – უნარის განვითარების სისწრაფეა. ის შეიძლება იყოს ნორმალური, ან დროში გახანგრძლივებული.       სტრატეგია – უნარის გამოყენების გზა და საშუალებები. ის შეიძლება იყოს ჩვეული, ნორმალური ან შემოვლითი, რაც გულისხმობს უნარის გამოყენების ატიპურ, არაეფექტურ გზას.       გავარჯიშება – გულისხმობს საბოლოო კომპეტენციის მიღწევას, როდესაც უნარის ფუნქციონირება შედეგიანია და დიდ ძალისხმევას აღარ მოითხოვს. ის შეიძლება იყოს ნორმალური ან დეფიციტური – ამ დროს არ ხდება უნარის სრული ჩამოყალიბება და მის განხორციელებას დიდი ძალისხმევა ესაჭიროება. განმტკიცება:       კონტროლი – უნარის კონტროლი გულისხმობს მის სრულად გამოყენების შესაძლებლობას მოკლე დროში შეფერხების გარეშე. კონტროლი შეიძლება იყოს ნორმალური ან სიმპტომური, რაც მიუთითებს უნარის დროებით დაქვეითებასა და დარღვევაზე.       შენარჩუნება – გულისხმობს უნარის ხანგრძლივად შენახვასა და გამოყენებას. ის შეიძლება იყოს ნორმალური ან დარღვეული, რაც მიუთითებს იმაზე, რომ ვერ ხერხდება განვითარებული უნარის ხანგრძლივად შენახვა.       განვითარების დარღვევის დიაგნოსტიკისათვის ძალიან მნიშვნელოვანია იმის გარკვევა, თუ რა პერიოდში აღინიშნა ამა თუ იმ უნარის ასაკისათვის შეუსაბამო განვითარება და რა იყო მისი ქცევითი გამოვლინებები. ეს გვაძლევს ინფორმაციას ბავშვის არა მხოლოდ დეფიციტის, არამედ მისი შესაძლებლობების შესახებ და მეორეს მხრივ გვეხმარება დიაგნოსტიკური კრიტერიუმების ადეკვატურად გამოყენებაში. განვითარების ფსიქოპათოლოგიის მოდელები       განვითარების ფსიქოპათოლოგიის მრავალფეროვანი თეორიებიდან სამი ძირითადი პროტოტიპული მოდელია გამოყოფილი: ნიშნების მოდელი, გარემოს მოდელი და ინტერაქციული მოდელი.       განვითარების დარღვევების ეტიოლოგიისა და პათოგენეზის მიხედვით ეს მოდელები მრავალი ვარიაციის სახით გვხვდება.       ნიშნების ანუ სტატუსის მოდელს სამედიცინო მოდელსაც უწოდებენ. მისი ძირითადი დებულება შემდგომში მდგომარეობს: დროის კონკრეტული პერიოდისათვის არსებული ნიშნებითა და სტატუსით შესაძლებელია ბავშვის შემდგომი პერიოდის სტატუსის წინასწარმეტყველება. ეს მოდელი არ არის ინტერაქციული ტიპის და, აქედან გამომდინარე, გარემოს გავლენის ეფექტს არ განიხილავს. ამ მოდელში განიხილება ისეთი შემთხვევები, როდესაც გარკვეული ნიშანი შეიძლება კიდეც ურთიერთქმედებდეს გარემოსთან, მაგრამ იგი გარემოს გავლენით არ იცვლებოდეს. ნიშნების ტრანსფორმაცია რთული ფენომენია. ნიშნები, შეიძლება, მოიცავდეს პროცესებს, დაძლევის უნარებს, რეაგირების ტენდენციებს, ტემპერამენტს, გენეტიკურ კოდებს და ა.შ. ამასთან, ნიშნები, შეიძლება, სწავლის პროცესში იქნას შეძენილი ინტერაქციის შედეგად. შეძენის შემდეგ იგი შედარებით უცვლელად რჩება და შემდეგი ინტერაქციის მერე არ ხდება მისი ტრანსფორმაცია.       გენეტიკური და ბიოლოგიური მიზეზების შედეგად აღმოცენებული ფსიქოპათოლოგიური პრობლემების გასარკვევად ეფექტურია ნიშნების მოდელი და მას ხშირად იყენებენ ფსიქიკური დაავადებების გენეტიკური მიზეზების კვლევისას. კონკრეტული ნიშანი პათოლოგიის კონკრეტული ტიპის გამომწვევია. ბავშვს, რომელიც ერთი ან რამდენიმე გენის ცვლილებითაა დაბადებული, ფსიქოპათოლოგიის ნიშნები მოგვიანებით უვლინდება. ამ შემთხვევაში პოტენციურ შედეგებზე გარემოს ზეგავლენის როლი უმნიშვნელოა. ამ მოდელს ნაკლიც გააჩნია: ფსიქოპათოლოგია შეიძლება არ გამოვლინდეს იმ პირებში, რომლებიც კონკრეტული სტატუსის, ან ნიშნის მატარებელნი არიან. მაგ.: შიზოფრენიით დაავადებული მშობლების შვილს შიზოფრენია, შეიძლება, არ განუვითარდეს; მყიფე X სინდრომის მქონე ქალებს, შეიძლება, არ გამოუვლინდეთ დარღვევები, ისევე, როგორც ფენილკეტონურიის გენური მუტაციის მქონე ყველა პირს, შეიძლება, არ აღენიშნოს ფსიქოპათოლოგია ან განვითარების პრობლემები. გარემოს მოდელი. ქცევაზე გავლენას ახდენს წარსული გამოცდილებაც. დროის კონკრეტულ მომენტში ზოგიერთი გარემო ფაქტორი მნიშვნელოვნად მოქმედებს ქცევაზე. მაგალითად, ადრეული ასაკის პერიოდში გარემოს ნეგატიური გავლენა ბევრად მნიშვნელოვანია, ვიდრე მოგვიანებით ასაკში. ასევე, ბავშვის განვითარებაზე მასტიმულირებელი და ყურადღებიანი გარემო დაბადებიდან პირველ წელს უფრო დადებითად მოქმედებს, ვიდრე მეორე წელს. ბავშვის კონკრეტული გამოცდილება შემდგომში ახდენს გავლენას მის ქცევასა და გარემოსადმი რეაგირებაზე. ინტერაქციული მოდელი. ამ მოდელის მიხედვით (Lewis, 1972; Sameroff, Chandler, 1975) ბავშვის განვითარებაზე გავლენას ახდენს როგორც გარემო, ასევე ბავშვისთვის დამახასიათებელი ნიშნები. ბავშვის განვითარებაში ცვლილება ამ ორი ფაქტორის ფუნქციაა. განვითარების აღნიშნული მოდელის ცენტრალური საკითხია ტრანსფორმაცია. განარჩევენ ინტერაქციული მოდელის ორ ვარიანტს. პირველ შემთხვევაში ახალ ქცევებს ნიშნისა და გარემოს ურთიერთქმედება იწვევს და ამ ურთიერთქმედების შედეგად არ იცვლება არც ნიშანი, არც გარემო. ამ მოდელის მიხედვით ახა ლი ქცევები აღმოცენდება ძველი ქცევებისა და გარემოსთან მათი ინტერაქციის საფუძველზე; მაგრამ, ეს მხოლოდ ახალი ქცევების ძველ რეპერტუარზე დამატებაა. მეორე შემთხვევაში ახალი ქცევები აღმოცენდება გარემოსა და ნიშნის ურთიერთქმედებით, რის შედეგადაც იცვლება როგორც გარემო, ისე ნიშანი. ამ უკანასკნელ მიდგომას ლ. ვიგოტსკის მოდელი (1982) ეკუთვნის. მორგების მოდელი (Thomas, Chess, 1977; Lerner, 1984). ამ მოდელის ძირითადი დებულების საფუძველია ბავშვის პრობლემების მახასიათებლებსა და გარემოს მოთხოვნებს შორის შეუთავსებლობა. შეგუების პრობლემები არა ბავშვის ბუნებაში, ან გარემოს მოთხოვნებშია, არამედ მათ შეუთავსებლობაში. მორგების მოდელის მიხედვით ფსიქოპათოლოგია ბავშვის ნიშნებისა და გარემოს შეუსაბამობის შედეგს წარმოადგენს. ლ. ვიგოტსკის მოდელი. ანომალური ონტოგენეზური განვითარების შესასწავლად გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს განვითარების ორი ფაქტორის - ბიოლოგიურისა და სოციალურ-ფსიქოლოგიურის ურთიერთმოქმედების გათვალისწინებას. განვითარების პროცესში იცვლება ფსიქიკური აქტივობის უზრუნველყოფის ნერვული მექანიზმები, ხოლო ბიოლოგიური და სოციალურფსიქოლოგიური ფაქტორების ურთიერთქმედება ცვლის ბავშვის ქცევას; ბავშვის გამოცდილება იცვლება გარემოსთან აქტიური ურთიერთმოქმედების პროცესში.       ვ. ლებედინსკიმ ლ. ვიგოტსკის დებულებებზე დაყრდნობით გამოყო ფსიქიკური განვითარების დარღვევის განმსაზღვრელი შემდეგი პარამეტრები: • დარღვევის ფუნქციური ლოკალიზაცია. ლოკალიზაციის მი- ხედვით გამოიყოფა კერძო და ზოგადი დეფიციტი. კერძო დეფიციტი ფსიქიკური ფუნქციების (გნოზისის, პრაქსისის, მეტყველების), ხოლო ზოგადი დეფიციტი რეგულატორული სისტემების დარღვევას გულისხმობს, რაც ფსიქიკური აქტივაციის დონის, ყურადღების კონცენტრაციის, ემოციური სფეროს რეგულაციის, მოქმედების დაგეგმვისა და კონტროლის დარღვევებში ვლინდება. • დაზიანების დრო. განვითარების დარღვევის ტიპი დამოკიდე- ბულია ნერვული სისტემის დაზიანების პერიოდზე. დროითი ფაქტორის ქვეშ არა მხოლოდ დაზიანების მომენტი, არამედ ონტოგენეზში მოცემული ფუნქციის განვითარების პერიოდის ხანგრძლივობაც იგულისხმება. ბავშვის განვითარების პროცესში ფსიქიკური ფუნქციების ჩამოყალიბებისათვის განსხვავებული დროა საჭირო. ზოგიერთ ფუნქციას განვითარების ხანმოკლე ციკლი აქვს, ზოგს კი - ხანგრძლივი. ასე რომ, ონტოგენეზში ფსიქიკური ფუნქციები ჰეტეროქრონულად ვითარდება ანუ ფუნქციათა ჩამოყალიბება ერთდროულად კი არ ხდება, არამედ, თითოეულ მათგანს განვითარების მისთვის დამახასიათბელი დროითი ციკლი აქვს. მაგალითად, მოტორული ფუნქციის ჩამოყალიბებას ხანგრძლივი პერიოდი სჭირდება - დაბადებიდან 7 წლამდე, მაშინ, როცა მხედველობითი და ტაქტილური აღქმის ჩამოყალიბების ციკლი უფრო ხანმოკლეა - 3 წლამდე. ამავე დროს, განვითარების ყოველ ეტაპზე რომელიმე ფსიქიკური ფუნქციის ჩამოყალიბება დროში წინ უსწრებს სხვა ფუნქციების განვითარებას. მაგ.: ონტოგენეზის ადრეული პერიოდის წამყვანი ფუნქციაა აღქმისა და მეტყველების განვითარება და ამ ფუნქციების ჩამოყალიბება წინ უსწრებს პრაქსისის განვითარებას. განვითარების ადრეულ საფეხურზე აღქმის წამყვანი როლი პიაჟეს ცნობილ ფენომენებში ვლინდება. შემდგომში მიმდინარეობს საგნობრივი მოქმედებების უნარისა და პრაქსისის განვითარება. მოტორულ აქტივობაში სიტყვის მარეგულირებელი როლის გაზრდა იწვევს აღქმის, მეტყველების, ნებით მოტორულ ქმედებათა შორის ფუნქციური ურთიერთობის მნიშნვნელოვან ცვლილებას.       დროის პარამეტრში, ასევე, იგულისხმება განვითარების სენზიტიური პერიოდებიც. გარემოს მავნე ზემოქმედების მიმართ ზღურბლი განსაკუთრებით დაბალია 0-3 წლამდე და 11-15 წლის ასაკში. ამ პერიოდებში განსაკუთრებით ხშირია რეგრესის მოვლენა. რეგრესი შეიძლება განიცადოს არა მხოლოდ ჩამოყალიბების პროცესში მყოფმა, არამედ უკვე ჩამოყალიბებულმა ფუნქციებმაც. აუცილებელია რეგრესის მოვლენისა და განვითარების დარღვევის განსხვავება, რადგანაც პირველ შემთხვევაში ფუნქციის განვითარების წინა დონეზე გადასვლა ხდება, ხოლო მეორე შემთხვევაში - ფუნქციის უხეში, ან ნაწილობრივი დარღვევა.       განვითარებაში ჩამორჩენა არასდროს არაა ერთნაირი. ნერვული სისტემის დაზიანება, პირველ რიგში, იმ ფსიქიკური ფუნქციების განვითარების დარღვევას იწვევს, რომლებიც ამ კონკრეტულ მომენტში იმყოფება ჩამოყალიბების სენზიტიურ პერიოდში და განსაკუთრებულად მოწყვლადია. • ურთიერთმიმართება პირველად და მეორად დეფექტებს შორის. ლ. ვიგოტსკის მიხედვით დეფექტს სისტემური აგებულება აქვს. პირველადი დეფექტი უშუალოდ უკავშირდება ანომალური განვითარების ბიოლოგიურ ფაქტორებს (მაგ. სმენის და მხედველობის დაზიანება, ბავშვთა ცერებრული დამბლა, გენეტიკური დარღვევები, თავის ტვინის დაზიანება და ა.შ.); მეორადი დეფექტი კი პირველადი დეფექტით განპირობებული ანომალური განვითარების პროცესის შედეგია. მაგ.: სმენის დაქვეითება შეიძლება იყოს პირველადი დეფექტი, ხოლო მეორადი დეფექტის სახით წარმოჩინდება მეტყველების განვითარების პრობლემები და კომუნიკაციური ფუნქციის დარღვევა. მეორადად შეიძლება დაირღვეს ის ფსიქიკური ფუნქციებიც, რომლებიც დაზიანების მომენტში განვითარების სენზიტიურ პერიოდში იმყოფება. მაგ.: სკოლამდელ ასაკში განსაკუთრებით მოწყვლადია ნებითი მოტორიკა და მეტყველება, ამიტომ სხვადასხვა დაზიანებისა და განსხვავებული პირველადი დეფექტების შემთხვევაში ხშირია მათი განვითარების დარღვევა. • ფუნქციათაშორისი კავშირების დარღვევა. ონტოგენეზში ფუნ- ქციები არა იზოლირებულად, არამედ ერთმანეთთან ურთიერთკავშირში ვითარდება. ნორმალური განვითარების პროცესში ფუნქციას, შეიძლება, რამდენიმე სახის კავშირი ჰქონდეს სხვა ფუნქციებთან: ფუნქციის დროებითი დამოუკიდებლობით ხასიათდება ონტოგენეზის ადრეული ეტაპი. მაგალითად, ლ. ვიგოტსკის მიხედვით, 2 წლამდე ასაკის ბავშვებში მეტყველებისა და აზროვნების განვითარება ერთმანეთისაგან დამოუკიდებლად მიმდინარეობს, ასევე ერთმანეთისაგან დამოუკიდებელია მეტყველების ფონეტიკური და აზრობრივი მხარეების განვითარების პროცესებიც. ფუნქციის ასოციაციური კავშირებიც განვითარების ადრეულ ეტაპებს ახასიათებს. დროსა და სივრცეში სიახლოვის მიხედვით, სხვადასხვა მოდალობის შთაბეჭდილებები ერთ მთლიან ასოციაციურ კომპლექსებად ერთიანდება. შეიძლება, ეს ასოციაციური კომპლექსები სხვადახვა სირთულის იყოს, თუმცა, ასეთი სახის კავშირები ფსიქიკური ფუნქციების სუსტ დიფერენციაციაზე მიუთითებს. ფუნქციათა შორის იერარქიული კავშირები ყალიბდება საგნობრივი მოქმედებების დაუფლებისა და სოციალური ურთიერთობის პროცესში. ფუნქციათა შორის იერარქიული და მრავალდონიანი კავშირები გულისხმობს ფუნქციის წამყვანი, მარეგულირებელი და ფონური, ტექნიკური დონეების გამოდიფერენცირებას; ფუნქციის განხორციელებაში ყოველ მათგანს შესატყვისი დანიშნულება გააჩნია.       ნორმალური სისტემოგენეზის პირობებში სახეზეა ყველა ტიპის კავშირი, რომლებიც ასახავენ ფსიქიკური ფუნქციების ფუნქციური ორგანიზაციის სხვადასხვა დონეებს. ფსიქიკური ფუნქციების გართულება თუ ფუნქციური სტრუქტურის შეცვლა გარკვეული ქრონოლოგიური თანმიმდევრობით მიმდინარეობს და ჰეტეროქრონიის კანონს ემორჩილება.       განვითარების დაღვევისას ადგილი აქვს ფუნქციათა შორის კავშირების დარღვევას. მაგ.: როდესაც ფუნქცია მოწყვეტილია სხვა ფსიქიკურ ფუნქციებს და დამოუკიდებლად ვითარდება, ფუნქციის დროებით დამოუკიდებლობას მისი იზოლირებული განვითარება ცვლის. განვითარების დარღვევის დროს ასოციაციური კავშირები მაღალი ინერტულობით ხასიათდება, რის შედეგადაც ხდება მათი პათოლოგიური ფიქსაცია, ვეღარ ხერხდება ფუნქციის გართულება და მისი იერარქიულ კავშირებში ჩართვა. ირღვევა ფუნქციათა განვითარების ჰეტეროქრონულობის კანონი და ადგილი აქვს ასინქრონიას, ანუ განვითარების დისპროპორციას; ერთი ფუნქციის განვითარების ციკლის დარღვევა იწვევს სხვა ფსიქიკური ფუნქციების განვითარების დეფიციტს. შეიძლება, ადგილი ჰქონდეს განვითარების ცალკეული პერიოდის ჩამორჩენას ანუ რეტარდაციას; ან ცალკეული ფუნქციების ნაადრევ, იზოლირებულ განვითარებას - აქსელერაციას.       აღნიშნული მექანიზმები მნიშვნელოვან როლს ასრულებენ სხვადასხვა სახის განვითარების დარღვევის ჩამოყალიბებაში. განვითარების ფსიქოპათოლოგიის შეფასება       განვითარების დარღვევების დიაგნოსტიკაში ცენტრალურ საკითხს წარმოადგენს ბავშვთა პრობლემებისა და შესაძლებლობების შეფასება. შეფასების პროცედურის დროს ხდება დარღვევის ტიპის განსაზღვრა, ბავშვის ინდივიდური პრობლემის იდენტიფიკაცია, ინტერვენციის (ჩარევის) შერჩევა და შედეგების განჭვრეტა.       იმის მიხედვით, თუ ვისთან ურთიერთობს, ბავშვის ქცევა იცვლება სიტუაციურად. ამიტომ, შეფასებისათვის მხოლოდ ერთი პროცედურის გამოყენება არ იქნება მართებული; ბავშვის შეფასებისას ასევე მიზანშეუწონელია ინფორმაციის მხოლოდ ერთი წყაროს გამოყენება. ინფორმაციის მიღება მეტად მნიშვნელოვანია იმ პირებისგან, ვინც სხვადასხვა სიტუაციაში და პირობებში ურთიერთობს ბავშვთან. ამავე დროს, აუცილებელია, შეფასების, როგორც მრავალგანზომილებიანი სისტემის განსაზღვრა, რომლის მიზანია სხვადასხვა სფეროში და პირობებში ბავშვის სუსტი და ძლიერი მხარეების იდენტიფიკაცია. ასეთი მრავალმხრივი შეფასება საშუალებას იძლევა დავინახოთ თუ ინტერვენციის როგორი სახეა საჭირო მოცემულ კონტექსტში. ერთსა და იმავე ბავშვთან ინტერვენციის ტიპის შერჩევა კონტექსტის გათვალისწინებით უნდა მოხდეს. ბ. აშენბახი ბავშვის დამაკმაყოფილებელი შეფასების მიზნით გამოყოფს 5 განზომილებას. თითოეული განზომილების ფარგლებში გამოიყენება შესაბამისი ინსტრუმენტები. აღსანიშნავია, რომ განვითარების სხვადასხვა პერიოდისათვის ყველა განზომილება თანაბრად მნიშვნელოვანი არ არის. მრავალგანზომილებიანი შეფასების მოდელი გულისხმობს: მშობლის ანგარიშს, მასწავლებლის ანგარიშს, კოგნიტურ შეფასებას, ფიზიკურ შეფასებასა და უშუალოდ ბავშვზე დაკვირვებას.       ბავშვის შეფასების მიზანია მისი სირთულეებისა თუ პოტენციური შესაძლებლობების იდენტიფიკაცია და დახმარების სტრატეგიის განსაზღვრა. რაიმე სისტემის მიხედვით იდენტიფიკაციის ნებისმიერი ფორმა სხვადასხვა მდგომარეობის ერთმანეთისაგან განსხვავების მიზნით კატეგორიზაციასა და კლასიფიკაციას ეფუძნება. ამიტომ, ბავშვის მდგომარეობის იდენტიფიკაცია და მისი სხვა ბავშვის მდგომარეობისაგან განსხვავება შეუძლებელია კლასიფიკაციის გარეშე. კლასიფიკაცია კი მხოლოდ კონკრეტული კრიტერიუმების საფუძველზეა შესაძლებელი და ტაქსონომიას გულისხმობს.       ტაქსონომია კლასიფიკაციის მეცნიერებაა, რომელიც გარკვეული წესით ჯგუფის ელემენტების (ტაქსონების) ქვეჯგუფებად (ტაქსებად) გამოყოფას გულისხმობს ისე, რომ ამ ქვეჯგუფებს მკაფიო საზღვრები ჰქონდეს და სხვადასხვა ქვეჯგუფში შემავალი ელემენტები არ ფარავდნენ ერთმანეთს. პრაქტიკაში ტაქსონომია უნდა იყოს მარტივი და ადვილად გამოსაყენებელი. კლასიფიკაციის ფუნქცია       ადამიანის განვითარების დარღვევების კლასიფიკაციას შემდეგი დანიშნულება აქვს: უზრუნველყოფს თეორიის, გაგებისა და ახსნის საფუძვლებს; აღწერს მდგომარეობას და ხელს უწყობს მის შესახებ ინფორმაციის შეკრებას; უზრუნველყოფს სტანდარტულ ლექსიკონს, სახელდების საერთო სისტემას მოვლენების, ნიშნებისა და სიმპტომების აღსანიშნავად; განსაზღვრავს ცხოვრებისეულ მოვლენებსა და დარღვეულ მდგომარეობებს შორის კავშირს; ახდენს მდგომარეობის წინმსწრები და შემდგომი მოვლენების იდენტიფიკაციასა და ხელს უწყობს მკურნალობის ტიპის განსაზღვრას; იძლევა პროგნოზისა და მდგომარეობის კონტროლის საშუალებას. მიდგომები შეფასებისადმი       განასხვავებენ კლასიფიკაციის აღწერით, დიაგნოსტიკურ და მულტივარიაციულ მიდგომებს. მათ შესაფასებლად ყველა შემთხვევაშია აუცილებელი იმ კრიტერიუმების გათვალისწინება, რომელთა საფუძველზეც ფასდება აღნიშნული მიდგომა.       დიაგნოსტიკა ხორციელდება სიმპტომების, ნიშნების აღწერით და ამ სიმპტომების კონკრეტულ სინდრომში გაერთიანებით. ეს პროცესი საკმაოდ რთულია, რადგან მსგავსი სიმპტომები ახასიათებს განსხვავებულ სინდრომებს. დიაგნოსტირებისათვის საჭიროა იმ საერთო ფაქტორის მოძიება, რომელიც სიმპტომებს სინდრომში გააერთიანებს და კონკრეტული დიაგნოზის ფარგლებში მოაქცევს. დიაგნოზი წარმოადგენს მდგომარეობის შესახებ დასკვნას სისწორის გარკვეული ალბათობის ხარისხით, რაც დამოკიდებულია აღნიშნული მდგომარეობის შესახებ ცოდნასა და ემპირიულ ფაქტებზე. სიტყვა „დიაგნოზი“ ბერძნული სიტყვაა და ნიშნავს „განსხვავებას“ ან „ორს შორის გარჩევას“.       დიაგნოსტიკური დასკვნები ვალიდური, ანუ ვარგისიანი უნდა იყოს, შესაბამისად უნდა არსებობდეს მათი ვალიდობის დადგენის გზები. როდესაც დიაგნოზის დადგენა საფეხურებრივად ხდება და მკურნალობა ინიშნება, აუცილებელია, რომ იგი მოიცავდეს მისი წინმსწრები მოვლენებისა და გამოწვეული შედეგების აღწერას; შესაბამისად, დიაგნოსტიკური პროცესი შემდეგ ნაბიჯებს გულისხმობს: მდგომარეობის „პათოგენეზის“ ან ეტიოლოგიის აღწერა - იდენტიფიკაცია, თუ როგორ და რა მიზეზით აღმოცენდა მდგომარეობა; მდგომარეობის განვითარების შესაძლებელი მიმართულების განსაზღვრა; დიაგნოზი - დასკვნა მოცემული მდგომარეობის შესახებ, იმის განსაზღვრა, თუ რა დაავადება აქვს პაციენტს; მკურნალობის განსაზღვრა კონკრეტული მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით; პროგნოზი - როგორ განვითარდება მდგომარეობა მკურნალობის ფონზე და მისი შეწყვეტის შემდეგ; ადეკვატური მკურნალობის გაგრძელება; დიაგნოზის შემოწმება შედეგების შეფასებით. აღწერითი მიდგომა       ამჟამად გავრცელებულია ორი საერთაშორისო სადიაგნოსტიკო სისტემა - DSM-IV, ამერიკული და ICD-10, საერთაშორისო, შემუშავებული ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ. DSM-IV მრავალგანზომილებიანი კატეგორიალური სისტემაა. სხვადასხვა მდგომარეობის განმასხვავებელი სიმპტომები და ნიშნები 5 განზომილებაზეა აღწერილი.  I განზომილება - კლინიკური სინდრომები. ამ განზომილებაზე აღწერილია სხვადასხვა ფსიქიური აშლილობები და მათი დიაგნოსტიკური კრიტერიუმები გარდა პიროვნული აშლილობებისა და გონებრივი ჩამორჩენილობისა.  II განზომილება - პიროვნული აშლილობები; გონებრივი ჩამორჩენილობა. ამ განზომილებაზე აღწერილია პიროვნული აშლილობები და გონებრივი ჩამორჩენილობის დიაგნოსტიკური კრიტერიუმები ხარისხების მიხედვით.  III განზომილება - ზოგადი სამედიცინო მდგომარეობა. ამ განზომილებაზე მოცემულია სხვადასხვა დაავადებები, რომლებიც არ კლასიფიცირდება როგორც ფსიქიური აშლილობა. ამავე დროს, მრავალი სომატური თუ ნერვული დაავადება შეიძლება მნიშვნელოვან კავშირში იყოს სხვადასხვა სახის ფსიქიურ აშლილობასთან.  IV განზომილება - გარემოს და ფსიქოსოციალური პრობლემები. ამ განზომილებაზე აღწერილია ის ფსიქოსოციალური პრობლემები, რაც შეიძლება კავშირში იყოს ფსიქიურ აშლილობასთან ან გავლენა მოახდინოს მის მკურნალობასა და პროგნოზზე.  V განზომილება - ფუნქციონირების გლობალური შეფასება (ადაპტაციის ხარისხი). ამ განზომილებაზე ფასდება ინდივიდის ზოგადი ფუნქციონირების დონე, რაც მოიცავს ფსიქოლოგიურ, სოციალურ და დასაქმების ასპექტებს. ბავშვთა და მოზარდთა დარღვევები, ისევე როგორც სხვა ძირითადი დიაგნოზები გარდა გონებრივი ჩამორჩენილობისა აღწერილია I განზომილებაზე. ჩვილობის, ბავშვობისა და მოზარდობის ასაკის ძირითადი დარღვევები DSM-IV-ის მიხედვით: გონებრივი ჩამორჩენილობა: (მოთავსებულია II განზომილებაზე) 317. მსუბუქი - საშუალოზე მნიშვნელოვნად დაბალი ინტელექტი IQ-50-70, თუმცა შეუძლია გარემოს სოციალურ მოთხოვნებთან გამკლავება. 318.0 საშუალო - საშუალოზე მნიშვნელოვნად დაბალი ინტელექტი IQ-35-55, ესაჭიროება პერიოდული დახმარება. 318.1 ძლიერი - საშუალოზე მნიშვნელოვნად დაბალი ინტელექტი IQ-20-35, ესაჭიროება მუდმივი დახმარება, შეუძლია ელემენტარული ჩვევების დასწავლა; 318.2 მძიმე - 20-ზე დაბალი IQ; ესაჭიროება მოვლა და მუდმივი ზედამხედველობა. 319. გონებრივი ჩამორჩენილობა, სიმძიმის დადგენა შეუძლებელია განვითარების პერვესიული დარღვევები 299.00 აუტიზმი - კომუნიკაციური ჩვევების დარღვევა, სოციალური ურთიერთობებისა და ქცევის დარღვევა, აფექტური სფეროს დარღვევა და გარემოს მიმართ გულგრილობა, რაც ვლინდება დაბადებიდან 30 თვემდე; 299.80 რეტის სინდრომი; 299.10 ბავშვობის დეზინტეგრაციული აშლილობა; 299.80 ასპერგერის სინდრომი; 299.80 განვითარების პერვესიული დარღვევა (დაუზუსტებელი), რომელიც არ თავსდება აუტიზმის კრიტერიუმებში. დასწავლის უნარის დარღვევები 315.0 კითხვის უნარის განვითარების დარღვევები - კითხვის მწირი ჩვევები, რაც არ არის გამოწვეული გონებრივი ჩამორჩენილობით; კითხვის ჩვევების ათვისების გაძნელება, ენობრივი და მეტყველების დარღვევები; 315.1 მათემატიკური უნარის განვითარების დარღვევა - მწირი არითმეტიკული ჩვევები, რაც არ არის გამოწვეული გონებრივი ჩამორჩენილობით ან სხვა ფაქტორებით; არითმეტიკის ათვისების გაძნელება; 315.2 წერის უნარის განვითარების დარღვევები - მწირი წერითი ჩვევები, რაც არ არის გამოწვეული გონებრივი ჩამორჩენილობით; წერის ათვისების გაძნელება; 315.9 დასწავლის უნარის დაქვეითება - ყველა სხვა, დაუზუსტებელი. კომუნიკაციის დარღვევები 315.31 ექსპრესიული მეტყველების დარღვევა - აზრის გამოთქმის გაძნელება და სიტყვების სიმწირე; 315.32 შერეული იმპრესიული (რეცეპტული)-ექსპრესიული მეტყველების დარღვევა - მეტყველების გაგების და აზრის სიტყვებში ჩამოყალიბების სიმწირე; 315.39 ფონოლოგიური დარღვევა (არტიკულაციის განვითარების დარღვევა) - არტიკულაციის გაძნელება, ბგერების მწირი არტიკულაცია, რაც არ არის დაკავშირებული სხვა კლინიკურ მდგომარეობებთან; 307 ენაბორძიკობა 307.9 კომუნიკაციის სხვა, დაუზუსტებელი დარღვევები. მოტორული ჩვევების დარღვევა 315.4 კოორდინაციის განვითარების დარღვევა - მოძრაობათა კოორდინაციის სიმწირე; ყურადღების დეფიციტისა და ქცევითი აშლილობა 314.XX ყურადღების დეფიციტისა და ჰიპერაქტივობის სინდრომი - ასაკთან შეუსაბამო უყურადღებობა, იმპულსურობა, ჰიპერაქტივობა; 314.01 კომბინირებული ტიპი; 314.0 უპირატესად უყურადღებო ტიპი; 314.1 უპირატესად იმპულსური ტიპი; 314.9 ყურადღების დეფიციტისა და ჰიპერაქტივობის დარღვევა - ყველა სხვა, დაუზუსტებელი. 312. XX ქცევითი აშლილობა - ქცევის დარღვევის მუდმივი გამოვლინება, როდესაც სხვების უფლებები და სოციალური ნორმები სისტემატურად ირღვევა; ვლინდება აგრესიის სახით ჯგუფებში და ინდივიდურად; 312.81 დასაწყისი ბავშვობაში 312.82 დასაწყისი ყმაწვილობაში 312.89 დასაწყისის განსაზღვრა შეუძლებლია 313.81 ოპოზიციური დევიანტური აშლილობა - ნეგატიური და მავნე ქცევის გამოვლინება სოციალური ნორმების დარღვევის გარეშე. 312.9 ქცევის სხვა, დაუზუსტებელი აშლილობა კვებითი აშლილობა 52.52 პიკა - არასაკვები ნივთიერებების მუდმივად საკვებად გამოყენება; 307.53 ჩვილობის ღეჭვის დარღვევა; 307.59 ჩვილობის და ბავშვობის კვების სხვა, დაუზუსტებელი აშლილობები. სქესობრივი იდენტიფიკაციის აშლილობა 302.6 ბავშვობის სქესობრივი იდენტიფიკაციის აშლილობა - სქესთან დაკავშირებული ინტენსიური დისტრესი და მისი შეცვლის სურვილი; 302.6 სქესობრივი იდენტიფიკაციის სხვა დარღვევები ტიკური აშლილობა 307.23 ჟილ დე ლა ტურეტის დაავადება - მრავლობითი მოტორული და ვოკალური ტიკები; 307.22 ქრონიკული მოტორული და ვოკალური ტიკური აშლილობა - ან მოტორული, ან ვოკალური ტიკები; 307.21 გარდამავალი ტიკური აშლილობა - ზემოაღნიშნული ტიკები, მაგრამ არა უმეტეს 12 თვის ხანგრძლივობით; 307.20 სხვა ტიკური აშლილობა. გამოყოფის აშლილობა 787.6 ენკოპრეზი - უნებლიე დეფეკაცია შეკრულობით; 307.7 შეკრულობის გარეშე 307.6 ენურეზი - უნებლიე შარდვა. ჩვილობის, ბავშვობისა და ყმაწვილობის სხვა აშლილობა 309.21 დაშორებით გამოწვეული შფოთვითი აშლილობა; 313.23 ელექტიური მუტიზმი - ერთ ან რამდენიმე სოციალურ სიტუაციაში ურთიერთობისათვის ენის გამოყენების აკრძალვა; 313.89 მიჯაჭვულობის რეაქტიული დარღვევა ჩვილობის და ადრეული ბავშვობის ასაკში - სხვებთან ურთიერთობის მნიშვნელოვანი გაძნელება 5 წლამდე, რაც არ არის დაკავშირებული სხვა კლინიკურ მდგომარეობებთან; 307.3 სტერეოტიპული მოძრაობების აშლილობა; 313.9 ჩვილობის, ბავშვობისა და ყმაწვილობის სხვა, დაუზუსტებელი აშლილობა       ICD-10 დაავადებათა საერთაშორისო საკლასიფიკაციო სისტემაა, რომელიც ასევე კატეგორიალურია და მრავალგანზომილებიანი. სხვადასხვა დაავადებებისა და მდგომარეობების სიმპტომები და განმასხვავებელი კრიტერიუმები 6 განზომილებაზეა აღწერილი.  I განზომილება – კლინიკური ფსიქოპათოლოგიური სინდრომები. ამ განზომილებაზე მოთავსებულია ფსიქიური და ქცევითი აშლილობები გარდა ფსიქიკური განვითარების სპეციფიკური დარღვევებისა, რომლებიც II განზომილებაზეა წარმოდგენილი და გონებრივი ჩამორჩენილობისა, რომელიც III განზომილებაზეა მოთავსებული. ბავშვობისა და მოზარდობის განვითარების, ქცევითი და ემოციური აშლილობების კლინიკური სინდრომებიც ამ განზომილებაზეა წარმოდგენილი.  II განზომილება - ფსიქიკური განვითარების სპეციფიკური დარღვევები. ამ განზომილებაზე წარმოდგენილი მდგომარეობების კოდირება აღწერითი ხასიათისაა. ფსიქიკურ განვითარებაში სპეციფიკური შეფერხებების დიაგნოსტირება და კოდირება მათი ეტიოლოგიისგან დამოუკიდებლად ხდება ამ განზომილებაზე. გამონაკლისს წარმოადგენს პედაგოგიური მიშვებულობა და არასრულფასოვანი სწავლება.  III განზომილება - ინტელექტის დონე. ამ განზომილებაზე აღიწერება ინდივიდის აქტუალური ინტელექტუალური ფუნქციონირების დონე. ამ შემთხვევაშიც, კოდირება აღნიშნულ განზომილებაზე ხდება მიუხედავად ეტიოლოგიური ფაქტორისა და პროგნოზისა. კერძოდ, მიუხედავად სოციალურ-კულტურული დეპრივაციისა, სოციალურ-ეკონომიკური სიდუხჭირისა, დაავადებისა (მაგ. დაუნის სინდრომი), გონებრივი ჩამორჩენილობის დიაგნოსტირება III განზომილებაზე ხდება და აღწერითი ხასიათისაა. განმსაზღვრელი ფაქტორებისა და პროგნოზის კოდირება კი დამატებით IV, V, და VI განზომილებაზე ხდება.  IV განზომილება - სომატური მდგომარეობა. ამ განზომილებაზე კლასიფიცირდება სომატური და ნერვული სნეულებები და მოცემულია მათი სინდრომების სადიაგნოსტიკო კრიტერიუმები.  V განზომილება - თანმხლები ანომალური ფსიქოსოციალური სიტუაციები. ამ განზომილებაზე აღწერილია ანომალური ფსიქოსოციალური სიტუაციები, რომელთაც შესაძლოა გავლენა მოახდინონ ფსიქიური აშლილობის აღმოცენებაზე ან შეიძლება დიდი მნიშვნელობა ჰქონდეს მკურნალობისა და დახმარების დაგეგმვისას.  VI განზომილება - ფსიქოსოციალური პროდუქტულობის დარღვევის ზოგადი შეფასება. ამ განზომილებაზე აღიწერება ინდივიდის ფსიქიკური, სოციალური და შრომითი ფუნქციონირების ხარისხი, რომელიც შეიძლება გამოწვეული იყოს ფსიქიური აშლილობით, ფსიქიკური განვითარების სპეციფიკური დარღვევით და გონებრივი ჩამორჩენილობით. ჩვილობის, ბავშვობისა და მოზარდობის ასაკის ძირითადი დარღვევები ICD-10-ის მიხედვით: I განზომილება: კლინიკური ფსიქოპათოლოგიური სინდრომები F84 განვითარების ზოგადი დარღვევები F84.0 ბავშვთა აუტიზმი F84.1 ატიპური აუტიზმი F84.2 რეტის სინდრომი F84.3 ბავშვთა ასაკის სხვა დეზინტეგრაციული აშლილობები F84.4 ჰიპერაქტიური დარღვევა გონებრივ ჩამორჩენილობასა და სტრეოტიპულ მოძრაობებთან ერთად F84.5 ასპერგერის სინდრომი F84.8 განვითარების სხვა ზოგადი დარღვევები F84.9 განვითარების ზოგადი დარღვევები,დაუზუსტებელი F90-F98 ქცევითი და ემოციური აშლილობები, რომლებიც ბავშვობისა და მოზარდობის ასაკში იწყება: F90 ჰიპერკინეტიკური აშლილობა F90.0 აქტივობისა და ყურადღების დარღვევა F90.1 ქცევის ჰიპერკინეტიკური აშლილობა F90.8 სხვა ჰიპერკინეტიკური აშლილობა F90.9 დაუზუსტებელი ჰიპერკინეტიკური აშლილობა F91 ქცევითი აშლილობა F91.0 ქცევითი აშლილობა მხოლოდ ოჯახურ გარემოში F91.1 არასოციალიზებული ქცევითი აშლილობა F91.2 სოციალიზებული ქცევითი აშლილობა F91.3 ოპოზიციური-გამომწვევი ქცევითი აშლილობა F91.8 სხვა ქცევითი აშლილობა F91.9 დაუზუსტებელი ქცევითი აშლილობა F92 შერეული ქცევითი და ემოციური აშლილობა F92.0 დეპრესიული ქცევითი აშლილობა F92.8 სხვა შერეული ქცევითი და ემოციური აშლილობა F92.9 დაუზუსტებელი შერეული ქცევითი და ემოციური აშლილობა F93 ბავშვობის ასაკის ემოციური აშლილობა F93.0 ბავშვთა ასაკის შფოთვითი აშლილობა, დაკავშირებული განშორების შიშთან F93.1 ბავშვთა ასაკის შფოთვით-ფობიური აშლილობა F93.2 ბავშვთა ასაკის სოციალური შფოთვითი აშლილობა F93.3 და-ძმასთან კონკურენციის აშლილობა F93.8 ბავშვთა ასაკის სხვა ემოციური აშლილობა F93.9 ბავშვთა ასაკის დაუზუსტებელი ემოციური აშლილობა F94 სოციალური ფუნქციონირების დარღვევა, რომელიც ბავშვობის ასაკში იწყება F94.0 ელექტიური მუტიზმი F94.1 ბავშვთა ასაკის მიჯაჭვულობის რეაქტიული აშლილობა 94.8 ბავშვთა ასაკის სხვა სოციალური ფუნქციონირების დარღვევა 94.9 დაუზუსტებელი ბავშვთა ასაკის სოციალური ფუნქციონირების დარღვევა F95 ტიკური აშლილობა F95.0 ტრანზიტორული ტიკური აშლილობა F95.1 ქრონიკული მოტორული და ვოკალური ტიკური აშლილობა F95.2 დე ლა ტურეტის სინდრომი F95.8 ტიკური სხვა აშლილობები F95.9 დაუზუსტებელი ტიკური აშლილობა F98 ქცევითი და ემოციური სხვა აშლილობები ბავშვობისა და მოზარდობის ასაკში დასაწყისით F98.0 არაორგანული წარმოშობის ენურეზი F98.00 პირველადი ენურეზი, დაუზუსტებელი F98.01 პირველადი ღამის ენურეზი F98.02 პირველადი დღის (და ღამის) ენურეზი F98.03 მეორადი ენურეზი, დაუზუსტებელი F98.04 მეორადი ღამის ენურეზი F98.05 მეორადი დღის (და ღამის) ენურეზი F98.1 არაორგანული წარმოშობის ენკოპრეზი F98.2 ბავშვობისა და მოზარდობის კვების აშლილობა F98.3 ბავშვობისა და მოზარდობის არასაკვები ნივთიერებების მიღების აშლილობა (პიკა) F98.4 სტერეოტიპული მოძრაობის აშლილობა F98.5 ენაბორძიკობა F98.6 უწესრიგო მეტყველება F98.8 ბავშვობისა და მოზარდობის სხვა დაზუტებული ქცევითი და ემოციური აშლილობები (მასტურბაცია, ფრჩხილების კვნეტა, ცხვირში თითით ჩიჩქნა; თითის წოვა). F98.9 ბავშვობისა და მოზარდობის დაუზუსტებელი ქცევითი და ემოციური აშლილობები II განზომილება: ფსიქიკური განვითარების სპეციფიკური დარღვევები XX ფსიქიკური აშლილობის გარეშე F80 მეტყველების განვითარების სპეციფიკური დარღვევები DSM-ის და ICD-ის დადებითი მხარეები: კომპლექსურობა - აღწერილია მდგომარეობათა ფართო სპექტრი, რომლებიც დეტალურადაა დიფერენცირებული და გაერთიანებულია კატეგორიებში; საერთო ლექსიკონი - კლასიფიკაცია უზრუნველყოფს სტანდარტულ ლექსიკონს, რომლის საშუალებითაც ხდება ბავშვთა მდგომარეობის იდენტიფიკაცია; სანდოობა - სხვადასხვა მდგომარეობის ერთმანეთისაგან გარჩევა მაღალი სანდოობის დონითაა შესაძლებელი; კროს-კულტურული გამოყენების შესაძლებლობა - შესაძლებელია სხვადასხვა ქვეყნის კლინიცისტების მონაცემებისა და დაკვირვებების ერთმანეთთან შედარება. DSM-IV-ის ICD-10-ის უარყოფითი მხარეები: ორივე სისტემა კატეგორიალურია. კატეგორიალური ტიპის კლასიფიკაცია ზუსტი და სანდოა მაშინ, როდესაც სადიაგნოსტიკო კლასი ჰომოგენურია, კლასებს შორის მკაფიო საზღვრებია და სხვადასხვა კლასი გამორიცხავს ერთმანეთს. DSM-IVსა და ICD-10 –ში ფსიქიკური აშლილობების კატეგორიები არ არის დისკრეტული, არა აქვს მკაფიო საზღვრები და სხვადასხვა კატეგორიის წევრები მკვეთრად შეიძლება არ გამორიცხავდნენ ერთმანეთს. ასევე, ერთი დიაგნოსტიკური კატეგორიის წევრები ჰეტეროგენული ჯგუფია; მიუხედავად მსგავსი დიაგნოსტიკური ნიშნებისა, მასში შემავალი ინდივიდები განსხვავდებიან და მათი დიაგნოსტირება გარკვეული ხარისხის ალბათობით ხდება; როდესაც მდგომარეობა აშკარა და გარკვეულია (მაგ. ყურადღების დეფიციტისა და ჰიპერაქტივობის სინდრომის დროს), სანდოობა მაღალია, მაგრამ, თუ მდგომარეობა ნაკლებად აშკარაა ( მაგ. ყურადღების დეფიციტი ჰიპერაქტივობის გარეშე), სანდოობის ხარისხი ბევრად მცირდება. იგივე შეიძლება ითქვას სხვა მდგომარეობების, მაგ. დასწავლის უნარის დარღვევების შესახებაც; ბავშვობისა და ყმაწვილობის ასაკის დიაგნოზებში დროში სტაბილურობის შესახებ ინფორმაცია თითქმის არ არის; დიაგნოსტიკურ სისტემებს მდგომარეობის დიაგნოსტიკურ კატეგორიაში, მდგომარეობის პათოლოგიზაციაში მოქცე ვის უხეში ტენდენცია აქვს. ბავშვების უმეტესობას შერეული მდგომარეობები აქვს და სახელმძღვანელოში აღწერილი კლასტერები სუფთა სახით მათ მცირე ნაწილს უვლინდება; შერეული მდგომარეობების გამო დიაგნოზი სხვადასხვა დიაგნოსტიკურ კატეგორიებს შორის თავსდება. კლინიცისტებისთვის კარგადაა ცნობილი, რომ კატეგორიალური შეფასებები ზუსტი არ არის; დიაგნოზები, ნაწილობრივ, სქემატურ ხასიათს ატარებს. აქცენტი ძირითად „კლინიკურ სინდრომზე“ კეთდება და, მიუხედავად სხვა განზომილებების არსებობისა, არ ხდება ბავშვის ყოველმხრივი შეფასება; დიაგნოზი ნაკლებად ითვალისწინებს განვითარების პერსპექტივას, კულტურულ და სოციალურ განსხვავებებს. (A.Carr, 1997; Harris, 1995). ამ პრობლემის დასაძლევად DSM-IV-თღში ნაცადია კულტურული და ეთნიკური განსხვავებების გათვალისწინება დიაგნოსტირებისას. სპეციალურ დამატებაში მოცემულია სპეციფიკური სინდრომები, დამახასიათებელი განსხვავებული კულტურებისთვის, ასევე გავრცელებული სინდრომების შესაძლო კულტურული ვარიაციები. მულტივარიაციული მიდგომა       ეს მიდგომა, მდგომარეობების ძირითადი კლასტერებისა და მათთვის დამახასიათებელი ძირითადი ნიშნების იდენტიფიკაციის მიზნით იყენებს სტატისტიკურ ანალიზს. იგი მთლიანად ეფუძნება სტატისტიკურ პროცედურას და ნაკლებად ეყრდნობა პროფესიულ ექსპერტულ მოსაზრებას. აღნიშნულმა მიდგომამ ბავშვთა დარღვევების ორი ფართო განზომილება მოგვცა (კლასტერების ჯგუფები). პირველი მოიცავს „ქცევით“ პრობლემებს და განისაზღვრება როგორც „ექსტერნალიზებული“, დაკავშირებულია აგრესიასთან და მის გამოვლინებებთან: მაგ. ჩხუბი, ურჩობა, ბანდიტურ დაჯგუფებაში გაერთიანება. მეორე განზომილებით პიროვნების პრობლემები განისაზღვრება როგორც “ინტერნალიზებული”, რომელიც დაკავშირებულია შფოთვასთან, ჩაკეტილობასთან და ვლინდება მაგ. ტირილში, წუხილში, სევდასა და დეპრესიაში. ეს მიდგომა ჩამოყალიბდა Achenbach, Hewith-ის, Jenkins-ის, Quay-სა და Werry-ის კვლევების საფუძველზე (Cullinan, 1983). მათ გამოყვეს მდგომარეობათა კლასტერები. მდგომარეობა აღწერილია ყოველი კლასტერის ფარგლებში და ეთანხმება ემპირიულ მონაცემებსა და დაკვირვებებს: არასოციალიზებული აგრესიული ქცევითი აშლილობა: ჩხუბობს, ურტყამს, სცემს, ძალადობს, აშინებს, დასცინის, ურჩევნია უმცროსებთან ურთიერთობა, გამომწვევია, ურჩი, თავხედი, გაუფრთხილებელი, აქვს სიბრაზისა და სიჯიუტის შეტევები, გულგრილია, ხმაურიანი, ნეგატიური, მოუსვენარი, იტყუება, არაკეთილსინდისიერია, ჭირვეული, ზედმეტად აქტიური. სოციალიზებული აგრესიული ქცევითი აშლილობა: აცდენს სკოლას, სახლიდან გარბის, იპარავს სხვებთან ერთად, იპარავს სახლიდან, თაღლითობს, იტყუება, ერთიანდება ბანდიტურ დაჯგუფებაში, შენიშნულია სამართალდამცავი ორგანოების მიერ. ყურადღების დეფიციტი: ყურადღების მწირი კონცენტრაცია, ყურადღების მცირე მოცულობა, ცუდი კოორდინაცია, მეოცნებე, მოუხერხებელი, პასიური, უინიციატივო, მოუსვენარი, ცქმუტავს, სწრაფად გადაერთვება, არ ამთავრებს საქმეს, იმპულსურია, ადვილად წყინდება, ჰიპერაქტიურია, ინერტულია. შფოთვა, განმარტოება (ჩაკეტვა): დაძაბულია, მორცხვი, დეპრესიული, გამოირჩევა ძლიერი შფოთვით, მშიშარაა, სევდიანი, გაუბედავი, მგრძნობიარე, წუხს, ხშირად ტირის, ნაკლებად თვითდარწმუნებულია, ადვილად უცრუვდება იმედი, აქვს უმაქნისობისა და უვარგისობის განცდა. „შიზოიდი“ (გულცივი): ჩაკეტილია, ცივი, არაგულისხმიერი, გაუბედავი, სევდიანი, მორცხვი, გულჩათხრობილი, არეული, დახურული, არ საუბრობს, აქვს ინტერესის ნაკლებობა. სოციალური შეუსაბამობა: მწირი ურთიერთობა აქვს თანატოლებთან, განმარტოებულია, მორცხვი, გაუბედავი, იგნორირებულია ტოლების მიერ, ურთიერთობს უფროსებთან. ფსიქოტური აშლილობა: აბნეულია, უცნაური, აქვს განმეორებადი მეტყველება, მხედველობითი ან სმენითი ჰალუცინაციები, უცნაური იდეები და ქცევები. მოტორული ზეაქტიურობა: მოუსვენარია, იმპულსური, ჰიპერაქტიური, აგზნებული, არ შეუძლია დაცდა, ბევრს ლაპარაკობს, უცნაურ ხმებს უშვებს. მულტივარიაციული მიდგომის დადებითი მხარეები: ეს მიდგომა აღწერს იმ მდგომარეობებს, რომლებიც იდენტიფიცირებულია კლინიცისტების მიერ, ე.ი. ეყრდნობა რეალურ გამოვლინებებს და არა ჰიპოთეტურ კონსტრუქტებს; ის რანჟირების ინსტრუმენტია, რომლის საშუალებითაც იზომება ბავშვის ნორმიდან გადახრა; ის იძლევა დარღვევის სხვადასხვა კონტექსტში განხილვის საშუალებას. მულტივარიაციული მიდგომის უარყოფითი მხარეები: ვინაიდან ეს მიდგომა აღწერით კვლევებს ეყრდნობა, დგება მათი სანდოობისა და ვალიდობის პრობლემა; აღნიშნული სკალებით ინდივიდის მთლიანი მდგომარეობის განსაზღვრა ძნელია, მაგ. ც.ნ.ს.-ის დაზიანების მქონე, დასწავლის უნარის დაქვეითების თუ დისლექსიის მქონე ბავშვის იდენტიფიცირება შეუძლებელია; დარღვეული ქცევა დამოკიდებულია იმ სპეციფიკურ პირობებზე, რომელშიც ხდება მისი განსაზღვრა. მიუხედავად მსგავსებისა, ერთ სიტუაციაში მიღებული მონაცემი, შეიძლება, არათავსებადი იყოს სხვა სიტუაციაში მიღებულ მონაცემთან.       თუ ერთმანეთს შევადარებთ მულტივარიაციულ და კატეგორიალურ მიდგომებს, დავინახავთ, რომ ექსტერნალიზებუ ლი და ინტერნალიზებული განზომილებები Achenbach-ის Child Behavioral Cheklist-ში ეთანხმება ICD-ისა და DSM-ის დიაგნოზებს. ამავე დროს, ის ბავშვები, რომლებიც ამ განზომილებათა კიდეებში ხვდებიან, DSM და ICD კატეგორიალური სისტემებით ვერ კლასიფიცირდებიან. ექსტერნალური და ინტერნალური მახასიათებლები პოპულაციაში ნორმალურად ნაწილდება, ამიტომ ბავშვთა უმრავლესობას პრობლემები ორივე განზომილებაში აქვს. მულტივარიაციული მიდგომებით იოლია ხშირი, გავრცელებული სინდრომების იდენტიფიკაცია, მაგრამ ძნელად ხერხდება შედარებით იშვიათი სინდრომების განსაზღვრა; ეს უკანასკნელნი უკეთესად განისაზღვრება კატეგორიალური სისტემით (მაგ. როგორიცაა აუტიზმი, ან ენკოპრეზი). კატეგორიალური სისტემები, რომელთა რიცხვსაც მიეკუთვნება DSM და ICD, სასარგებლოა ისეთი სინდრომების დიაგნოსტირებისათვის, როგორიცაა განვითარების პერვესიული აშლილობები, ტიკები და ერთეული სიმპტომების გამოვლინება - პიკა, ღამის პანიკური შიშები.       კლინიკურ პრაქტიკაში, ბავშვის სტატუსის დასადგენად, ქცევისა და სწავლის პრობლემების მრავალგანზომილებიანი შეფასება აუცილებელია. სანდო და ვალიდური მონაცემების მიღების მიზნით წარმატებით იყენებენ ქცევის შესაფასებელ კითხვარებს, უნარების თუ განვითარების შესაფასებელ ტესტებს, ნეიროფსიქოლოგიურ ტესტირებას. ემპირიული მიდგომა       ეს მიდგომა მულტივარიაციული მიდგომის ვარიანტია და Edelbrock-ის, Achenbach-ისა და McConaughy-ის სახელებს უკავშირდება. იგი ეყრდნობა შემდეგ ფსიქომეტრულ პრინციპებს: შეფასება უნდა ეყრდნობოდეს სტანდარტულ პროცედურას; ბავშვის ყოველი ასპექტის შესაფასებლად გამოყენებული უნდა იყოს ინფორმაციის მრავალი წყარო; ტესტირების შედეგები რაოდენობრივ მონაცემებს უნდა იძლეოდეს; ქულები უნდა გვიჩვენებდეს მოცემული ინდივიდის ადგილს მის შესაბამის ასაკობრივ ჯგუფში; გათვალისწინებულ უნდა იქნეს განვითარების ფაქტორები; შეფასება უნდა იყოს ვალიდური და სანდო.       აღნიშნული კრიტერიუმები, ზოგადად, შეფასების ყველა სისტემისთვისაა მოწოდებული. ეს მრავალგანზომილებიანი მიდგომა 5 განზომილებას მოიცავს: 1 - მშობლები, 2 - მასწავლებლები, 3 - კოგნიტური შეფასება, 4 - ფიზიკური შეფასება, 5 - ბავშვის პირდაპირი შეფასება.       სამივე საკლასიფიკაციო სისტემას გააჩნია სუსტი და ძლიერი მხარეები. ბავშვებს ხშირად აქვთ კომპლექსური პრობლემები, რის გამოც ვერ ხერხდება ვერც მულტივარიაციული და ვერც კატეგორიალური შეფასების გამოყენება. DSM და ICD კლასიფიკაცია შეიძლება, მოსახერხებელი იყოს კვლევისა და კლინიკური პრაქტიკისათვის, მაგრამ მათ არ გააჩნიათ ისეთი სანდოობა და ვალიდობა, რომელიც მათი საყოველთაოდ გამოყენების გარანტი იქნებოდა. აღნიშნული სისტემები პიროვნების სტიგმატიზაციას უწყობს ხელს; ისინი, შეიძლება, გამოყენებულ იქნას მხოლოდ შესაბამისად მომზადებული ფსიქიატრებისა და კლინიკური ფსიქოლოგების მიერ.       აქედან გამომდინარე: ორივე მიდგომა - კატეგორიალური და მულტივარიაციული - გამოიყენება ბავშვის ქცევისა და განვითარების შეფასებისას; კატეგორიალური მიდგომები უფრო სანდო და ეფექტურია კვლევითი მიზნებისათვის; მულტივარიაციული მიდგომები უფრო ეფექტურია ბავშვის სირთულეების თავის ასკობრივ ჯგუფთან მიმართებაში განსასაზღვრად.       ეთიკური თვალსაზრისით გასათვალისწინებელია, რომ დიაგნოზი იწვევს ბავშვების პათოლოგიზაციას. დიაგნოზში ყურადღება მახვილდება უარყოფით მხარეებზე, დარღვევებზე და არ მოიცავს ბავშვის დადებით, ძლიერ მხარეებს. ტრადიციული დიაგნოსტიკის პროცესი ბავშვში იწვევს დეფექტურობის აღქმას და სტიგმატიზაციას, რადგანაც ძირითადი აქცენტი მის პათოლოგიასა და დეფიციტზე კეთდება. დიაგნოზი უნდა მოერგოს მხოლოდ მდგომარეობის აღწერას, შესაბამის მკურნალობას, ან სტრატეგიის დაგეგმვას. იგი არ უნდა წარმოადგენდეს ბავშვისა და მისი ოჯახისათვის „იარლიყის მიწებების“ საბაბს. მდგომარეობა მაქსიმალურად ფრთხილად უნდა განისაზღვროს და მოიცავდეს არა მხოლოდ ბავშვის დეფიციტის აღწერას, არამედ მის ძლიერ მხარეებსა და შესაძლებლობებსაც.       ფსიქიკური აშლილობების დიაგნოსტიკური სახელმძღვანელოების გამოყენება დიაგნოსტირებისათვის შესაძლებელია მხოლოდ გავარჯიშებული და კლინიკურად გამოცდილი სპეციალისტებისათვის. DSM-IV-სა და ICD-10-ს გამოყენება დაუშვებელია მექანიკურად არაპროფესიონალების მიერ. ეს სისტემები შეიძლება განვიხილოთ როგორც სახელმძღვანელო (გაიდლაინი) კლინიკური დასკვნების გასაკეთებლად და კონკრეტული ფსიქიკური მდგომარეობის ინტერპრეტაციისათვის. განვითარების დარღვევების კლასიფიკაცია       განვითარების დარღვევების, კერძოდ კი აუტიზმისა და გონებრივი ჩამორჩენილობისადმი აქტიურ ინტერესს დიდი ხნის ისტორია აქვს. მიუხედავად იმისა, რომ ტერმინი „დასწავლის უნარის დაქვეითება“ მხოლოდ 1960-იან წლებში იქნა შემოღებული, ლიტერატურაში სწავლის სპეციფიკური პროფილის მქონე ბავშვები უკვე 1800-იანი წლებიდანაა აღწერილი; უკვე 1700-იანი წლებიდან გვხვდება გონებრივი ჩამორჩენილობის სულით ავადმყოფებისაგან განსხვავების მცდელობა; ასევე, მრავალი მცდელობა არსებობდა განვითარების დარღვევების სხვადასხვა ფსიქიატრიულ ნომენკლატურაში ჩართვისა და პირველადი ფსიქიკური აშლილობებისგან მათ გამოსაცალკევებლად. დღეისათვის, DSM-ში, განვითარების დარღვევები I განზომილებაზეა მოთავსებული.       Achenbach-ი (1985) აღნიშნავდა, რომ კლასიფიკაცია გულისხმობს დაკვირვებადი მდგომარეობების ჯგუფებად და ტიპებად სისტემურ მოწესრიგებას. იგი განასხვავებს ზოგად კლასიფიკაციას და ტაქსონომიას. ეს უკანასკნელი სხვადასხვა კლასებს შორის შინაგანი განსხვავებების ასახვას ნიშნავს. ცხადია, რომ ეს შინაგანი განსხვავებები განისაზღვრება სხვადასხვა რაოდენობის პარამეტრებითა და მათი კომბინაციით. ასეთ პარამეტრებს მიეკუთვნება ეტიოლოგია, სპეციფიკური ქცევები, ფიზიკური მახასიათებლები.       მიუხედავად მრავალი ხარვეზისა, კლასიფიკაციის სისტემას ბევრი დადებითი მხარე აქვს. Blashfield-ი (1984) თვლიდა, რომ კლასიფიკაციის ადეკვატური სისტემა უზრუნველყოფს რელევანტურ ინფორმაციას, რომელიც მოიცავს სიმპტომების სახესა და რაოდენობას, პროგნოზს, მკურნალობას, მკურნალობის შედეგებს, კომორბიდულ მდგომარეობებს, ეტიოლოგიურ ვარაუდებს. სხვადასხვა მკვლევრები კლასიფიკაციის სისტემისთვის შემდეგი მახასიათებლების აუცილებლობას აღნიშნავენ: უნდა იყოს მარტივი; უნდა ეყრდნობოდეს ფართო გამოყენების განსაზღვრებებს და ფართო სპექტრის ცვლადებს; ასახავდეს მოცემულ სფეროში უპირატესად გავრცელებულ კლინიკურ და თეორიულ შეხედულებებს; მისი გამოყენება უნდა იყოს ადვილი.       ამავე დროს, ზოგიერთი მკვლევარი ეჭვს გამოთქვამდა კლასიფიკაციის სისტემის გამოყენების სარგებლიანობასთან დაკავშირებით. Huschka (1941) იცავდა იდეოგრაფიულ მიდგომას და თვლიდა, რომ კლასიფიკაციის სისტემაში ინდივიდური განსხვავებების იგნორირება ხდება, რის გამოც ბრკოლდება განვითარების დარღვევების გაგება. Szasz-ი (1978) თვლიდა რომ დიაგნოზი პიროვნების მნიშვნელოვან სოციალურ სტიგმატიზაციას იწვევს.       ამრიგად, კლასიფიკაციის დადებითი და უარყოფითი მხარეების გათვალისწინება მეტად მნიშვნელოვანი და აუცილებელია. კლასიფიკაციის სისტემა უნდა აკმაყოფილებდეს სანდოობის, ვალიდობისა და კლინიკური ვარგისიანობის კრიტერიუმებს. Cantwell-მა (1988) აღნიშნა, რომ სანდოობისა და ვალიდობის საკითხები უპირველესი მნიშვნელობისაა ნებისმიერი კლასიფიკაციის სისტემისათვის. კლასიფიკაციისას გასათვალისწინებელია: გამოყენებული განსაზღვრებების სიზუსტე; შესასწავლი შერჩევითი ერთობლიობის ბუნება; რამდენადაა გათვალისწინებული შერჩევითი ერთობლიობის ცვლადები - სქესი, ასაკი, სოციალურ-ეკონომიკური სტატუსი და ა.შ.; განვითარების კანონზომიერება. საკლასიფიკაციო მოდელები       განვითარების დარღვევების მქონე ბავშვების კლასიფიკაცია ორ ძირითად მიდგომას ეყრდნობა:       1. კლინიკური დასკვნის მიდგომის საფუძველს წარმოადგენს სფეროს სპეციალისტების კლინიკური დაკვირვებები და დასკვნები; ბავშვთა ფსიქოპათოლოგიის კლასიფიკაციაში სწორედ აღნიშნული მიდგომა დომინირებს და მასვე ეფუძნება DSM და ICD. აღნიშნული მიდგომა ნაკლებად სისტემატიზებულია; კლასიფიკაციური სქემა ჰიპოთეზების წამოყენებას გულისხმობს, მათი შემოწმება კი პირდაპირი გზით ვერ ხერხდება. კლინიკური დასკვნის მიდგომის ნაკლი მისი მეთოდოლოგიური სისუსტე, დაბალი ვალიდობა და სანდოობაა. მიდგომის საკლასიფიკაციო სქემების კლინიკური ვარგისიანობა საკმაოდ შეზღუდულია, რადგან განვითარების ფსიქოპათოლოგია არა რომელიმე, არამედ მრავალ ურთიერთმოქმედ ცვლადთანაა დაკავშირებული.       2. ემპირიული კლასიფიკაციის ტექნიკა. ეს მიდგომა ეფუძნება ქცევის რაოდენობრივ მახასიათებლებს და, „სულ ან არაფრის“ კატეგორიების საწინააღმდეგოდ, ფსიქოპათოლოგიის „პროტოტიპული“ პროფილების შექმნას ცდილობს. აღნიშნული საკლასიფიკაციო სისტემის გამოყენებამ გამოავლინა განვითარების სპეციფიკური დარღვევების ჰეტეროგენულობა. კლინიკური დასკვნის მიდგომასთან შედარებით მისი უპირატრესობის მიუხედავად, ემპირიულ მიდგომასაც გააჩნია ნაკლი. მულტივარიაციული კლასიფიკაციის ტექნიკის სიმარტივე ძალზე მიმზიდველია, რის გამოც მკვლევრებს „გულუბრყვილო ემპირიზმისაკენ“ უბიძგებს. ემპირიული კლასიფიკაციის მეთოდზე დაფუძნებული მოდელის ადეკვატურობა და სიძლიერე დამოკიდებულია თეორიულ ორიენტაციაზე, პოპულაციისა და ცვლადების შერჩევაზე. მაგ. თუ პოპულაციის შერჩევითი ერთობლიობა კარგად არ არის განსაზღვრული, ნაკლებად კონტროლდება დამოუკიდებელი ცვლადები, ხოლო დამოკიდებული ცვლადები თეორიული საფუძვლის მიხედვით არაა შერჩეული, მაშინ ემპირიული ანალიზის საფუძველზე მიღებული განზომილებები და ჯგუფები სხვა პოპულაციაში, ან სხვა სიტუაციაში გამოსაყენებლად არ გამოდგება. ვ. ლებედინსკის კლასიფიკაცია       ეს კლასიფიკაცია ეფუძნება ფსიქიკური განვითარების კანონზომიერების დარღვევის მახასიათებლებს. კერძოდ, აღნიშნული კლასიფიკაციის საშუალებით ხდება განვითარების ანომალიის ტიპის დიფერენცირება არა ნოზოლოგიური პრინციპით, არამედ დარღვევის ეტიო-პათოგენეზისა და ფსიქოლოგიური სტრუქტურის საფუძველზე. ვ. ლებედინსკი გამოყოფს ფსიქიკური დიზონტოგენეზის შემდეგ ვარიანტებს: განუვითარებლობა, შეფერხებული განვითარება, დაზიანებული განვითარება, დეფიციტური განვითარება, დამახინჯებული განვითარება, დისჰარმონიული განვითარება. • განუვითარებლობის ტიპის დიზონტოგენეზისათვის დამახასიათებელია დაზიანების ადრეული - პრეან პოსტნატალური პერიოდი, რაც განაპირობებს თავის ტვინის სისტემების ტოტალურ ჩამოუყალიბებლობას. განვითარების ამ ტიპის დარღვევას ახასიათებს, ერთის მხრივ, ელემენტარული ფსიქიკური ფუნქციების გარკვეული ხარისხით ჩამოყალიბება, მეორეს მხრივ, უმაღლესი, სიმბოლური ფუნქციების განვითარების დარღვევის გამო სათანადოდ ვეღარ ვითარდება ელემენტარული ფსიქიკური ფუნქციებიც (მეტყველების და აზროვნების განვითარების დარღვევა იწვევს ასაკის შესაბამისი განვითარების დეფიციტს აღქმასა და მოტორიკიაში). განუვითარებლობა ორი ძირითადი ნიშნით ხასიათდება: ნერვულ-ფსიქიკური განუვითარებლობის ტოტალურობით და ფსიქიკური დეფექტის იერარქიულობით. ტოტალურობა გულისხმობს მოუმწიფებელ სომატურ ფუნქციებსა და ჩამოუყალიბებელ მეტყველებას, მეხსიერებას, აზროვნებას, სენსომოტორულ და პიროვნულ-ემოციურ სფეროებს. იერარქიულობის ქვეშ იგულისხმება შედარებით ჩამოყალიბებული ელემენტარული ფსიქიკური ფუნქციების ფონზე მეტყველებისა და აზროვნების განვითარების დარღვევა და ინტელექტუალური ფუნქციების განსაკუთრებული მოშლა. ამასთან, ეს ორივე ნიშანი შეუქცევადია.       განუვითარებლობის ტიპურ მოდელს გონებრივი ჩამორჩენილობა წარმოადგენს. • შეფერხების ტიპის დიზონტოგენეზისათვის დამახასიათებელია შემეცნებითი და ემოციური სფეროს განვითარების შენელება, ფუნქციათა განვითარების ციკლის დროში გაწელვა. განვითარების შეფერხება შეიძლება გამოწვეული იყოს გენეტიკური, ფსიქოგენური, რეზიდუალური ხასიათის ცერებრულორგანული ფაქტორებით.       განვითარების შეფერხებისათვის დამახასიათებელია ორი ნიშანი: დაზიანების მოზაიკურობა - ზოგიერთი ფსიქიკური ფუნქციის განვითარება დეფიციტურია, ხოლო ზოგიერთი ფუნქცია კი შენახულია. ძირითადად, შენელებულია ელემენტარული, ბაზისური უნარების მომზადება (მაგ. ნატიფი მოტორიკა, ფონოლოგიური ანალიზი, ვიზუალურ-სივრცითი გარჩევა).       შეფერხების ტიპს შეიძლება განსაზღვრავდეს შემდეგი სახის დარღვევები: 1. ფსიქიკური ფუნქციების დინამიკური პარამეტრების დეფიციტი (აქტივაციის დონე, ნერვული პროცესების აგზნება-შეკავების მოქნილობა, მდგრადობა); 2. ფსიქიკური ფუნქციების პარციალური დეფიციტი (მეტყველების, გნოზისის, პრაქსისის); 3. აღმასრულებელი ფუნქციების დეფიციტი, რომლებიც უზრუნველყოფს მოქმედების დაწყებას, დაგეგმვას, კონტროლს, გადართვას.       შეფერხების ტიპურ მოდელს მიეკუთვნება და სწავლის უნარის დარღვევა, დისლექსია. • დეფიციტური განვითარება დაკავშირებულია ანალიზატორული სისტემების - სმენის, მხედველობის, მამოძრავებელი სისტემის პირველად დარღვევებთან. ანალიზატორის პირველადი დეფექტი იწვევს იმ ფუნქციების განვითარების დარღვევას, რომლებიც მასთან უშუალოდაა დაკავშირებული და ამავე დროს, აფერხებს იმ ფუნქციების განვითარებასაც, რომლებიც ამ დარღვეულ ფუნქციასთან არის დაკავშირებული. დეფიციტური განვითარების ტიპური მოდელია ცერებრული დამბლა, სიბრმავე, სმენის დაქვეითება. • დაზიანებული განვითარების პათოგენეზის დროს ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე მავნე ზემოქმედება ხდება სიცოცხლის უფრო გვიანდელ პერიოდში (2-3 წელი), როდესაც თავის ტვინის სისტემების უმეტესობა უკვე ჩამოყალიბებულია. დიზონტოგენეზის ამ ტიპის მოდელია დემენცია, როდესაც ხდება ფუნქციათა შორის რთული იერარქიული კავშირების რღვევა, ინტელექტისა და ქცევის შეუქცევადი რეგრესი. • დამახინჯებულ განვითარებას ერთდროულად ახასიათებს განუვითარებლობის, ცალკეული ფუნქციების შეფერხებული და აქსელერირებული განვითარების ნიშნები. ასეთი ტიპის დიზონტოგენეზის მოდელია პერვესიული აშლილობა, კერძოდ, აუტიზმი. • დისჰარმონიული განვითარებისათვის დამახასიათებელია ზოგიერთი ფუნქციური სისტემის განვითარების შეფერხება და ზოგის პარციალური აქსელერაცია. დარღვევის საფუძველია კონსტიტუციური, მემკვიდრეობით მიღებული, ან ადრე შეძენილი ემოციურ-ნებელობითი სფეროს განვითარების დისპროპორციული განვითარება. აღნიშნული ტიპის დიზონტოგენეზის მოდელია პიროვნების აშლილობები და ფსიქოპათია. თამარ გაგოშიძე წიგნიდან: ბავშვის ფსიქიკური განვითარების დარღვევები თბილისი, 2007 …
დაამატა ლაშა to ფსიქოლოგია at 7:35pm on იანვარი 4, 2019
თემა: დიდაქე ნაწილი პირველი
ელად შეიყვარე ღმერთი, შემოქმედი შენი (11 სჯ. 6,5; ზირ. 7,30; მათე 22,37). მეორედ - მოყვასი შენი, როგორც საკუთარი თავი (ლევ. 19,18; მათე 22,39). ყველაფერი ის, რაც არ გსურს, რომ შეგემთხვეს შენ, არც შენ შეამთხვიო სხვას (ტობ. 4,15; მათე 7,12; ლუკა 6,31). 3. ამ სიტყვათა მოძღვრება ასეთია: აკურთხეთ თქვენი დამაწყევრები და ილოცეთ თქვენი მტრებისათვის, იმარხულეთ მათთვის, ვინც გდევნით თქვენ (მათე 5,44; ლკ. 6,28)1. რა მადლი იქნება, თუკი შეიყვარებთ თქვენს მოყვარულებს? ნუთუ ამასვე არ შვრებიან წარმართებიც (მათე 5,46 - 47; ლკ. 6,32 - 33)? ხოლო თქვენ შეიყვარეთ მოძულენი თქვენი და არ გეყოლებათ მტერი (მათე 5,44; ლკ. 6,27). 4. განეშორე ხორციელ და სხეულებრივ სურვილებს (შერ. 1 პეტრე 2,11)2. თუკი ვინმე მარჯვენა ყბაში გაგარტყამს, მიუშვირე მას მეორე (მათე 5,41) და იქნები სრული. თუ ვინმე ერთ მილიონს3 გაგარბენინებს, მასთან ერთად განვლე ორი (მათე 5,41). თუკი ვინმე მოსასხამს აგართმევს, უბოძე მას პერანგიც (მათე 5,40; ლკ. 6,29). თუ ვინმე შენგან რამეს წაიღებს, აღარ მოთხოვო, რადგან ვერ ძალგიძს (შდრ. ლკ. 6,30)4 . 5. ყველას ვინც კი გთხოვს, მიუბოძე და აღარ მოთხოვო (მათე 5,42). მამას სურს, ყველას მიანიჭოს თავისი მადლი. ნეტარია ის, ვინც გასცემს თანახმად მცნებისა, რადგანაც არ განისჯება იგი. ვაი მას, ვინც თვით მიიღებს; თუ მოვალეა, რომ მიიღოს, არ განისჯება; თუკი არ არის მოვალე, განისჯება იმის გამო, რატომ მიიღო და რა მიზნით. საპყრობილეში მიყვანილს გამოჰკითხავენ მის საქმეებს და მანამდე არ გაუშვებენ, ვიდრე უკანასკნელ კოდრატსაც5 არ აზღვევინებენ (მათე 5,26; ლკ. 12,53). 6. ამის შესახებაც თქმულა: „გაიოფლოს მოწყალება შენი შენსავე ხელებში, ვიდრე შეიცნობ, თუ ვისთვის გასცემ“. (ზირ. 12,1). II. 1. მოძღვრების მეორე მცნება: 2. არა კლა, (გამოსვლ. 20,15; 11 სჯ. 5,18), არა იმრუშო (გამოსვლ. 20,3; 11 სჯ. 5,17). გრძნეულებას, სიძვას, პარვას (გამსლ. 20,14; 11 სჯ. 5,19). გრძნეულებას, მეწამლეობას (11 სჯ. 18,10). არ მოკლა ჩვილი ნაადრევი შობით, არცთუ ნაშობი მოაკვდინო; ნურაფერი გწადია შენი მოყვასისა (გამოსლ. 20,17; სჯ. 5,21). 3. ნუ მისცემ ამაო ფიცს (მათე 5,33), ცრუდ ნურავის დაემოწმები (გამოსლ. 20,16; 11 სჯ. 5,20), ნუ ბოროტმეტყველებ (მათე 15,4), ნუღარ გახსოვს ცუდი (იგავ. 12,28). 4. ნუ იქნები ორგული და ორენოვანი (ზირ. 5,9; 5,14; 6,1), რადგანაც ორენოვნება მახეა სიკვდილისა (ტობ. 14,10; ფს. 17,6; იგავ 14,27; 21,6). 5. ნუ იქნება შენი სიტყვა ცრუ და ლიტონი, არამედ - საქმით აღსავსე. 6. ნუ იქნები ნაყროვანი, ხარბი, პირმოთნე, მზაკვარი, ანდა გოროზი. ნუ განიზრახავ ბოროტს შენი მოყვასისათვის. 7. არ შეიძულო არცერთი კაცი; ერთნი ამხილე, მეორეთათვის ილოცე. სხვანი კი შეიყვარე შენს სულზე მეტად. III. 1. შვილო ჩემო, განეშორე ყოველგვარ სიავეს და ყოველივეს, რაც მისი მსგავსია. 2. ნუ განრისხდები, რადგან რისხვა დაღუპვისაკენ წაგიძღვება; ნუ იქნები შურიანი, ნურც მოკამათე, ნურც გულმწყრალი. ყველა მათგანი სიკვდილს შობს. 3. შვილო ჩემო, ნუ აღივსები გულისთქმით, რადგანაც გულისთქმა სიძვისაკენ წაგიძღვება; ნუ იქნები ურცხვადმეტყველი, ნურც ურცხცვადმჭვრეტი, რადგანაც მათგან ჩნდება მრუშობა. 4. შვილო ჩემო, ნუ იქნები ფრინველთგრძნეული6, რადგანაც იგი კერპმსახურებისაკენ გიწინამძღვრებს; ნუ შელოცავ, ნუ ვარსკვლავთმეტყველებ, ნუ განწმედ7, ნურც ისურვებ, იხილო ეს ყოველივე ანდა ისმინო მათთვის. კერპმსახურებას შობენ ისინი. 5. შვილო ჩემო, ნუ იცრუებ, რადგანაც სიცრუე ქურდობისაკენ მიგიძღვება; ნუ იქნები ვერცხლისმოყვარე, ნურც ცუდმედიდი, რადგანაც მათგან ქურდობა ჩნდება. 6. შვილო ჩემო, ნუ დრტვინავ, რადგანაც დრტვინვა ავსიტყვაობისაკენ გიწინამძღვრებს. ნუ იქნები თავმომწონე, ბოროტმზრახველი, რადგანაც მათგან ავსიტყვაობა იბადება. 7. იყავი მშვიდი, რადგანაც „მშვიდთა დაიმკვიდრონ ქვეყანა“ (ფს. 36,11; მათე 5,5). 8. იქმენ სულგრძელი, გულმოწყალე, უბოროტო, წყნარი, კეთილი; მარადის ძრწოდე იმ სიტყვათაგან, რომლებიც გესმა (ეს. 66,2). 9. ნუ აიმაღლებ თავს; ნურც კადნიერებას მისცემ შენს სულს. თავმოთნეებს ნუ შეერთვება შენი სული; მართალია და მდაბალთა შორის იმყოფებოდე. 10. ყველაფერი, რაც შეგემთხვა, მიითვალე, როგორც კეთილი და იცოდე, რომ ღვთის გარეშე არარა ხდება. IV. 1. შვილო ჩემო, ვინც ღვთის სიტყვას გიქადაგებს, მოიხსენე იგი დღეცა და ღამეც; პატივი მიაგე მას როგორც უფალს: სადაც მეუფება იქადაგება, იქვეა უფალიც. 2. დღითიდღე ეძიე პირნი წმიდათანი8, რომ შვება მოგცეს მათმა სიტყვებმა. 3. ნუ ქმნი განხეთქილებას; დაამშვიდე მოდავეები; სიმართლით საჯე და ნუ მიიღებ ისეთ სახეს, თითქოს ამხილებ ცთომათა გამო9. 4. ნუ იეჭვებ, ასე იქნება, თუ არა10.    5. ნუ გაშლი ხელებს, რათა მიიღო, და ნუ შეკრავ რათა არ გასცე (ზირ. 4,31).  6. თუკი მას გასცემ, რაც შენი ხელით მოიპოვე, გამოისყიდი შენსავე ცოდვებს. 7. გაცემის ჟამს ნუ შეეჭვდები და ნუღარ დრტვინავ, როდესაც გასცემ; შეიცნობ მას, ვინც კეთილად მოგიზღავს კუთვნილს (იგავ. 19,17). 8. ნუ გააბრუნებ გაჭირვებულს (ზირ. 4,5). შენსავე მოძმეს უწილადე ყოველივე; არკი უთხრა: ჩემია ეს ყველაფერი. თუ ზიარნი ხართ უკვდავებაში, რამდენად უფრო მოკვდავთა შორის? 9. ხელს ნუ ააღებ შენს ძეს თუ ასულს; სიყრმიდანვე შეასწავლე მათ შიში ღვთისა. 10. მონას თუ მხევალს, რომლებიც იმავ ღმერთს სასოობენ, გამკაცრებით ნუ უმბრძანებლებ, რომ არ დაკარგონ ზენა ღვთის შიში, რადგან ღმერთი მათთან მოდის ვისი სულიც თვით შეამზადა, პირისპირ კი არავის უხმობს11   11. თქვენ კი, მონებო, კრძალვით და შიშით მორჩილებდეთ თქვენსავე უფალთ, ვით სახეს ღვთისას12.  12. გძულდეს ყოველი პირმოთნეობა, ყოველივე, რაც ართნავს უფალს. 13. არ დაივიწყო უფლის მცნებები და რაც მიიღე, დაიმარხე; არცრა შემატო, არცრა დააკლო (11 სჯ. 4,2; 13,1). 14. ეკლესიაში აღიარე ცთომანი შენი; ბოროტი გულით ნუ შეხვალ ლოცვად. აი, ეს არის გზა სიცოცხლისა. V. 1. სიკვდილის გზა კი ამგვარი არის: უპირველესად, ბოროტია ეს გზა და წყევლით აღსავსე: მკვლელობა, მრუშობა, გულისთქმა, სიძვა, ქურდობა, კერპმსახურება, გრძნეულება, მეწამლეობა, ტაცება, ცრუმოწმეობა, პირმოთნეობა, ორგულობა, მზაკვრობა, ამპარტავნება, სიავე, თავმოთნეობა, ნაყროვანება, ურცხვადმეტყველება, მოშურნეობა, კადნიერება, გოროზობა, მედიდურობა, უკრძალველობა. 2. კეთილთა მდევნელნი, ჭეშმარიტების მოძულენი, სიცრუის მოყვარულები, რომლებსაც საზღაური სიმართლისა ვერ შეუცნიათ; განელტვიან სიკეთეს და მართლმსაჯულებას; კეთილის წილ სიბოროტეს ეშურებიან. შორს არის მათგან სიმდაბლე და მოთმინება; ამაოების მოყვარულნი მისაგებელს განიშორებენ; არ იწყალებენ დაცემულებს, არ ზრუნავენ დამაშვრალთათვის, ვერ შეუცნიათ შემოქმედი; ჩვილთა მკვლელები, რომლებიც უკუმიაქცევენ მათდამი მთხოვნელს; ცოდვით სავსენი ჭირვეულებს შეაურვებენ, მდიდრებს იცავენ, არასაქმოსნებს ურჯულოდ სჯიან. განშორდით, შვილნო, ყველაფერს ამგვარს. VI. 1. გაფრთხილდი, ვინმემ არ აგაცდინოს გზას მოძღვრებისას. ღვთის გარეშე გასწავლის იგი. 2. თუკი ძალგიძს, რომ სრულად იტვირთო უფლის უღელი, სრული იქმნები (მათე 11,29). თუ ეს არ ძალგიძს, რაც ძალგიძს ის ქმენ. 3. ხოლო ჭამადი, როგორც ძალგიძს, ისე იტვირთე. კერპშეწირულს ფრიად ეკრძალე, რადგანაც - მსახურებაა მკვდარი ღმერთების (საქმე 15,29). VII. 1. ნათლისღებისათვის ასე მონათლეთ: როცა წარმოთქვამთ ყველაფერს ამას, სახელითა მამისა, ძისა და სულიწმინდისა მდინარი წყლით14 ნათელი ეცით. (შდრ. მათე 28,19). 2. თუ არა გაქვს მდინარი წყალი14, მონათლე სხვა წყლით. თუკი ვერ ძალგიძს, რომ ცივში იყოს, თბილში მონათლე. 3. თუ არც ერთი გაქვს, არც მეორე, სამგზის დაასხი წყალი სახელითა მამისა, ძისა და სულიწმინდისა (შდრ. მათე 28,19) 4. ნათლისღებამდე უნდა იმარხულონ ნათლისმცემელმაც და ნათლულმაც, ასევე სხვებმაც, თუკი ძალუძთ. ნათლულს უბრძანე, იმარხულოს ერთი-ორი დღე. *ნაწილი მეორე* …
დაამატა Kakha to პატროლოგია at 1:14pm on დეკემბერი 1, 2012
თემა: საფარი
გამოვიდა, მაიენისკენ გაეშურა და ფუჟერიდან ერნემდე, შუა გზაზე, სადაც, ჩვეულებრივ, მგზავრები ისვენებდნენ ხოლმე, პელერინის მთის ფერდობს აუყვა.       სხვადასხვა რაოდენობის ჯგუფებად დაყოფილი ეს რაზმი იმდენნაირი საოცარი სამოსის, სხვადასხვა კუთხის წარმომადგენლის, სხვადასხვა ხელობის ადამიანის ისეთ ჯგროს წარმოადგენდა, რომ ზედმეტი არ იქნება, აღვნიშნოთ სხვადასხვა ნიშანი, რათა ჩვენს თხრობას შევძინოთ ის სიკაშკაშე ფერებისა, ახლა ასე რომ ფასობს, თუმცა, ამა თუ იმ კრიტიკოსის აზრით, გრძნობათა აღწერას ვნებს კიდევაც. ზოგიერთი გლეხი, და უმრავლესობა ასეთი იყო, ფეხშიშველი მიაბოტებდა. მათი ერთადერთი სამოსი თხის ტყავი იყო, კისრიდან მუხლამდე რომ უფარავდათ სხეულს და შარვალი, ცუდად დაძახული თეთრი ხამი ტილოსი, იმ მხარეში რეწვის ჩამორჩენილობაზე რომ ღაღადებდა. გრძელი, გაფშეკილი ბუწუწები ისე ჰქონდათ გახლართული თხის ტყავის მატყლში და ისე უფარავდათ მიწისკენ წახრილ სახეებს, იფიქრებდით, ტყავი თხისა კი არა, მათიაო და, ერთი შეხედვით, ეს საცოდავები ის ცხოველები გეგონებოდათ, ვისი ტყავიც მათ სხეულს ფარავდა. მაგრამ თუ დააკვირდებოდით, თმის ბღუჯებს შორის, სქელ სიმწვანეში მობრჭყვიალე ცვარივით თვალებს დაინახავდით, რომელთა გამოხედვა, მართალია, ადამიანის გონიერებას ამჟღავნებდა, მაგრამ უფრო გაფრთხობდათ, ვიდრე გიზიდავდათ. თავზე ყველას წითელი შალის ჭუჭყიანი ქუდები ეფხატა, რაღაცით რესპუბლიკის მიერ იმხანად თავისუფლების ემბლემად შერჩეულ ფრიგიულ ჩაჩს რომ წააგავდა, მხარზე ყველას ნუჟრიანი კომბალი გაედო, რომელზეც ტილოს გძელი, თითქმის ცარიელი აბგა კონწიალობდა. ზოგიერთს ჩაჩზე ნაბდის ფართოფარფლებიანი, შალის ფერადი ძაფის ყაითანმოვლებული ქუდი ეხურა. ყველაფერი ხამისა ეცვათ, მათი თანამგზავრების შარვლებისა და აბგების მსგავსი და ახალ ცივილიზაციასთან შეხების მხოლოდ შეუმჩნეველ კვალს თუ დაინახავდით. მომრგვალებულკალთებიან, გვერდებზე კვადრატულ ჯიბეებიან ძლივს თეძოებამდე რომ სწვდებოდათ, ქურთუკების საყელოს გრძელი თმა ეფინა. ასეთი სამოსი დასავლეთის გლეხებისთვის იყო დამახასიათებელი. გულზე გადაღეღილი ქურთუკების ქვეშ იმავე ტილოს, დიდღილებიანი ჟილეტები მოუჩანდათ. ზოგიერთ მათგანს ფეხზე საბოები ეცვა, ზოგს კი, რომ არ გაჰფუჭებოდა, ხელში ეჭირა ტყავის ფეხსაცმელი. დიდი ხნის ხმარებისგან გაჭუჭყიანებული, ოფლისა და მტვრისაგან გაშავებული ეს კოსტიუმი ზემოთ აღწერილზე ნაკლებორიგინალური იყო, მაგრამ საკუთარი ისტორიული ღირებულება ჰქონდა, გარდამავალი საფეხურივით იყო ბრბოში აქა-იქ გაფანტული და ყვავილებივით მოელვარე რამდენიმე კაცის თითქმის მდიდრული სამოსისკენ. მართლაც, მა-თი ლურჯი შარვლები, წითელი ან ყვითელი ჟილეტები, სპილენძის ორ რიგად ჩამწკრივებული ღილებით კვადრატულ ფარს რომ მოგაგონებდათ, პურის ყანაში გაფანტული ღიღილოებისა და ყაყაჩოების მსგავსად ხვდებოდა თვალს, თეთრ და ბეწვის ტანსაცმელს შორის. ზოგიერთს ფეხზე თვითნაკეთი საბოები ეცვა, ბრეტანელი გლეხები თვითონ რომ ჩორკნიან, მაგრამ უმრავლესობა უხეშ, ნალებდაკრულ ფეხსაცმელს და ძველ ყაიდაზე შეკერილ, ასეთი სასოებით რომ შემოინახეს ჩვენმა გლეხებმა, უხეში მაუდის ხიფთანივით სამოსს ატარებდა. პერანგის საყელო გულის ან ღუზის ფორმის ვერცხლის საკინძით იკვრებოდა. აბგებშიც მეტი რამ ელაგათ, ვიდრე მათ თანამგზავრებს. ამას გარდა, ბევრის სამგზავრო აღჭურვილობაში კისერზე კანაფით ჩამოკიდებული, ალბათ არყით სავსე მათარაც შედიოდა. რამდენიმე ქალაქელი ამ ნახევრად ველურებში უკანასკნელი მოდის ამა თუ იმ ნიშნით გამოირჩეოდა. ეხურათ ქვაბქუდა, დასაკეცი ქუდი-ცილინდრი ან კეპი. ეცვათ გადაკეცილი ჩექმა ან ფეხსაცმელი და გეტრები, მათაც, გლეხებისა არ იყოს, დიდად განსხვავებულად ეცვათ. მათ შორის ასე ათ კაცს ეცვა კარმანიოლის სახელით ცნობილი რესპუბლიკელთა ქურთუკი. სხვებს, უეჭველად მდიდარ ხელოსნებს, თავიდან ფეხებამდე ერთი ფერის მაუდის ტანსაცმელი ემოსათ. ყველაზე დახვეწილები გამოირჩეოდნენ მეტ-ნაკლებად გაქუცული, ლურჯი ან მწვანე მაუდის ფრაკებითა და რედინგოტებით. ეს უკანასკნელნი, სხვადასხვა ფორმის ჩექმებიანი, გამორჩეული პიროვნებები, სქელი ხელჯოხების ქნევით, ბედს შეგუებულებივით მიაბიჯებდნენ. ზოგნი, საგულდაგულოდ დაპუდრული თავებითა და გულმოდგინედ დაწნული ნაწნავით, ერთგვარ დახვეწილობასაც კი ამჟღავნებდნენ, რასაც ახალგამდიდრებულები ან განათლების გზას დამდგარნი იძენენ ხოლმე.       ყველანი, თითქოს გაკვირვებულები იმით, რომ შემთხვევით ასე ერთად აღმოჩნდნენ, შეიძლებოდა საკუთარი კერებიდან ხანძარს გამორიდებულებად ჩაგეთვალათ. მაგრამ დრო და ასეთი თავყრილობის ადგილი სულ სხვა მნიშვნელობას ანიჭებდა ამ დუნდგოს. რაზმი თითქმის მთლიანად იმ ხალხისაგან შედგებოდა, ოთხი წლის წინ რესპუბლიკას რომ ებრძოდა და იმხანად საფრანგეთს რომ აღელვებდა, იმ სამოქალაქო დავებში გარკვეული დამკვირვებელი მაშინვე ამოიცნობდა მოქალაქეთა პატარა ჯგუფს, რომლის ერთგულების იმედიც შეიძლებოდა ქვეყანას ჰქონოდა. საკმაოდ შესამჩნევი უკანასკნელი ნიშანი ააშკარავებდა იმას, რომ ამ ერთად შეყრილ ხალხს განსხვავებული მრწამსი ჰქონდა. მხოლოდ რესპუბლიკელები მიაბიჯებდნენ ხალისიანად. დანარჩენები, თუმცა სამოსით დიდად განსხვავდებოდნენ ერთმანეთისგან, გამომეტყველებასა და მოძრაობაში საერთო რაღაცას ინარჩუნებდნენ, რაც, უთუოდ, უბედურების კვალი იყო. ქალაქელებიცა და გლეხებიც, ყველა ერთნაირად მოეცვა ჭმუნვას. მათ მდუმარებაში შეურიგებლობა სჭვიოდა და თითქოს ერთი საფიქრალის სიმძიმეს გაეწყვიტა ყველა წელში, უეჭველად საშინელს, მაგრამ საგულდაგულოდ დამალულს, რადგან გულჩათხრობილი ადამიანების სახეზე ვერაფერს ამოიკითხავდით. მხოლოდ უჩვეულოდ ნელი სვლა გასცემდა მათ დაფარულ ზრახვებს. დროდადრო რამდენიმე მათგანი, გამორჩეული იმით, რომ ყელზე კრიალოსანი ეკიდათ, მიუხედავად იმისა, რომ მათთვის დიდ საფრთხეს წარმოადგენდა უფრო გაუქმებული და ჩახშობილი, ვიდრე განადგურებული სარწმუნოების ამ სიმბოლოს ტარება, გაიქნევდა თავს, თმას გადაიყრიდა, ფრთხილად გაიხედავდა, მალულად ათვალიერებდა ტყეს, ბილიკებს, გზის მომიჯნავე კლდეებს, მონადირე ძაღლივით, რომელმაც მსხვერპლი იყნოსა. მერე, რაკი თავიანთი მდუმარე თანამგზავრების მონოტონური ფეხის ხმის მეტი არაფერი ისმოდა, ისევ ჩაქინდრავდნენ თავს და სახეზე ისეთი უსაშველო გარინდება ეფინებოდათ, იტყოდით, სწორედ ის დამნაშავეები არიან, კატორღაში რომ მიერეკებიან, სადაც სიკვდილამდე უნდა იცხოვრონო.       მაიენისკენ ამ კოლონის სვლა, მისი ჭრელი შემადგენლობა, ამ ხალხის განსხვავებული განწყობა სრულიად გასაგები და ბუნებრივი ხდებოდა სხვა რაზმის არსებობით, რომელიც კოლონას სათავეში ედგა. რაზმს წინ მიუძღოდა, დაახლოებით, ას ორმოცდაათი ჯარისკაცი, იარაღითა და აღჭურვილობით, პოლკის უფროსის, ნახევარბრიგადის მეთაურის ხელმძღვანელობით. მათთვის, ვინც რევოლუციის დრამატულ მოვლენებს არ შესწრებია, ზედმეტი და ინტერესმოკლებული არ იქნება იმის თქმა, რომ ამ სახელით შეიცვალა პოლკოვნიკის ჩინი, რომელიც პატრიოტებმა გააუქმეს, როგორც მეტისმეტად არისტოკრატული. ჯარისკაცები მიეკუთვნებოდნენ მაიენში დაბანაკებულ ქვეით ნახევარბრიგადას. ამბოხებებისა და განხეთქილებების პერიოდში, დასავლეთ საფრანგეთის მოსახლეობამ რესპუბლიკის ჯარისკაცებს ლურჯები შეარქვეს. ეს მეტსახელი შემორჩა იმ პირველი ლურჯი და წითელი უნიფორმების გამო, რომლებიც ჯერ კიდევ კარგად ახსოვთ და მათი აღწერა უსარგებლოა. მაშასადამე, ლურჯების ქვედანაყოფი ესკორტად ახლდა ხალხის ამ თავყრილობას, სადაც თითქმის ყველა უკმაყოფილო იყო იმით, რომ მიემართებოდნენ მაიენში, სადაც სამხედრო დისციპლინას ერთი სულისკვეთება, ერთნაირი მხედრული გამართულობა უნდა ჩამოეყალიბებინათ მათთვის, რაც სრუ-ლებით არ გააჩნდათ და ერთნაირად უნდა გამოეწყოთ.       ამ კოლონისთვის ფუჟერის ოლქში ძლივს მოაგროვეს რიცხვობრივი შემადგენლობა, საფრანგეთის რესპუბლიკის აღმასრულებელი დირექტორის მიერ 10 მერიდორს მიღებული საყოველთაო გაწვევის შესახებ კანონის საფუძველზე.       მთავრობამ მოითხოვა ასი მილიონი ფულად და ასი ათასი ჯარისკაცი საფრანგეთის არმიის მისაშველებლად, რომელიც იმხანად ავსტრიელებმა იტალიაში დაამარცხეს, პრუსიელებმა - გერმანიაში. ამ არმიას შვეიცარიაში რუსები ემუქრებოდნენ, სუვოროვი ირწმუნებოდა, საფრანგეთს დავამარცხებთო. ვანდეის სახელით ცნობილმა დასავლეთის დეპარტამენტებმა, ბრეტანმა და ქვემო ნორმანდიის ნაწილმა, რომლებშიც ოთხწლიანი ომის შემდეგ, გენერალ ოშის დიდი მონდომებით, წესრიგი დამყარდა, ეტყობა, დრო იხელთეს და ბრძოლა განაახლეს. ამდენი მტრის პირისპირ რესპუბლიკამ თავდაპირველი ენერგია აღიდგინა. პირველ რიგში, ზომები მიიღო იმ დეპარტამენტების დასაცავად, რომლებსაც უფრო ესხმოდნენ თავს და, მერიდორის კანონის ერთ-ერთი მუხლით, ადგილობრივ მცხოვრებლებს გადააბარა ამაზე ზრუნვა. მართლაც, მთავრობამ, რომელსაც შინაურ მტრებთან საბრძოლველად არც ფული გააჩნდა და არც ჯარი, გაჭირვებიდან თავი გასკონური ეშმაკობით დაიძვრინა, ამბოხებულ დეპარტამენტებს ვეღარაფერი მიაშველა, სამაგიეროდ, ნდობა გამოუცხადა, იქნებ იმის იმედიც ჰქონდა, რომ ამ ღონისძიებით მოქალაქეთა ერთ ნაწილს მეორეს წაჰკიდებდა და ამით ამბოხებას ჩანასახშივე ჩაახშობდა. კანონის ეს მუხლი, სისხლიანი დაპირისპირების სათავე, შემდეგნაირად იყო შედგენილი: დასავლეთის დეპარტამენტებში შეიქმნას თავისუფალ მებრძოლთა რაზმები, რომლებიც რეგულარულ არმიაში არ ირიცხებიან. ეს არადიპლომატიური ღონისძიება საფრანგეთის დასავლეთში ისე მტრულად მიიღეს, რომ დირექტორიას მაშინვე გაუქრა გამარჯვების იმედი და რამდენიმე დღის შემდეგ საკა-ნონმდებლო ორგანოებს სთხოვა, განსაკუთრებული ზომები მიეღოთ იმ პატარა კონტიგენტების მიმართ, რომლებიც "თავისუფალ მებრძოლთა რაზმების" ნებადამრთველი კანონის თანახმად უნდა მოეგროვებინათ. ზემოთ აღწერილი ამბების დაწყებამდე რამდენიმე დღით ადრე გამოქვეყნდა ახალი კანონი, მიღებული VII წლის მესამე დამატებით დღეს, რომლის თანახმადაც, ეს პატარ-პატარა რაზმები ლეგიონებად უნდა გაეერთიანებინათ. ლეგიონებს უნდა რქმეოდათ სარტის, ორნის, მაიენის, ილ-ე-ვილენის, მორბიანის, ქვემო ლუარის და მენ-ე-ლუარის დეპარტამენტების სახელები. ეს ლეგიონები, ნათქვამი იყო კანონში, განკუთვნილია მხოლოდ შუანების წინააღმდეგ საბრძოლველად, არავითარ შემთხვევაში არ უნდა გასცდნენ საფრანგეთის საზღვრებს. ამ მოსაბეზრებელი, ბევრისთვის უცნობი დეტალებით აიხსნება დირექტორიის სისუსტე და, ლურჯების თანხლებით, ამ ბრბოს ლაშქრობის მიზეზი. ალბათ ზედმეტი არ იქნება იმის დამატებაც, რომ დირექტორიის მშვენიერი და პატრიოტული დადგენილებები არასოდეს განხორციელებულა, თუ არ ჩავთვლით, რომ ქვეყნდებოდა "კანონთა ბიულეტენში." რესპუბლიკის დეკრეტები უკვე აღარ ეყრდნობოდა დიდი მორალური ძალის მქონე იდეებს, პატრიოტიზმს ან ტეროინს, რომლებიც ოდესღაც მათ შესრულებას სავალდებულოს ხდიდნენ; ქაღალდზე იწერებოდა მილიონობით ფრანკი და ჯარისკაცი, მაგრამ არც ფული აღწევდა ხაზინამდე და არც ჯარისკაცები ხვდებოდნენ არმიაში. უმაქნის ხელში რევოლუციის ზამბარა მოდუნდა. კანონები კი, ნაცვლად იმისა, რომ გარემოებანი დაექვემდებარებინათ, პირიქით, თვითონ ეგუებოდნენ პირობებს.       მაიენისა და ილ-ე-ვილენის დეპარტამენტებს მართავდა ძველი ოფიცერი, რომელმაც ადგილზე გადაწყვიტა, რა ღონისძიებები უნდა განეხორციელებინა. გადაწყვიტა, გამოეგლიჯა რეკრუტები ბრეტანისთვის და, განსაკუთრებით, ფუჟერისთვის, რომელიც შუანების ამბოხების ყველაზე საშიში კერა იყო. იმედი ჰქონდა, რომ ასე დაასუსტებდა ოლქებს, რომლებიც რესპუბლიკისთვის საფრთხეს წარმოადგენდნენ. ერთგულმა მეომარმა ისარგებლა კანონის ილუზორული წინდახედულობით და გამოაცხადა, რომ დაუყოვნებლივ უზრუნველყოფდა მათ აღჭურვილობას, მოახერხებდა მობილიზებულ ჯარისკაცთა ეკიპირებას და ამ განსაკუთრებულ სამხედრო დანაყოფებს მთავრობის დანაპირებ ერთი თვის ხელფასსაც მისცემდა. მიუხედავად იმისა, რომ ბრეტანი უარს ამბობდა ყოველგვარ სამხედრო სამსახურზე, ამ დაპირებების წყალობით, გაწვევა ძალიან წარმატებულად და ისე სწრაფად განხორციელდა, რომ ოფიცერი შეშფოთდა. მაგრამ ნაცად მეომარს ვერ გააცურებ. როგორც კი დაინახა, რომ გაწვეული ჯარისკაცების ნაწილი ოლქს მოაწყდა, რაღაც საიდუმლო მიზეზი იგუმანა და სწორადაც გამო-იცნო, ალბათ იარაღის ხელში ჩაგდება უნდათო. დაგვიანებულებისთვის აღარ დაუცდია და გადაწყვიტა, ალანსონისკენ დაეხია, მორჩილი ოლქებისკენ, რომელიც აჯანყების გამო სულ უფრო ფართოვდებოდა იმ მხარეში. ამ გეგმის წარმატება ძალიან სათუო გახდა. ეს ოფიცერი, ინსტრუქციის თანახმად, საიდუმლოდ ინახავდა საფრანგეთის არმიის წარუმატებლობასა და არცთუ დამამშვიდებელ ამბებს ვანდეიდან და იმ დილას, ჩვენი ამბავი რომ იწყება, ფორსირებული მარშით სცადა მაიენამდე მისვლა, სადაც კანონის თავისებურად გამოყენებას აპირებდა: ბრეტანელი ახალწვეულებით შეევსო ნახევარბრიგადის შემადგენლობა. სიტყვა "ახალწვეულმა" კანონების ტექსტში პირველად შეცვალა "რეკრუტი", რესპუბლიკის ჯარისკაცების ადრინდელი სახელი. ფუჟერიდან გასვლამდე, ნახევარბრიგადის წინამძღოლმა ბრძანა, ჩუმად აეღოთ მთელი რაზმისთვის სამყოფი ვაზნები და პური. ამით ახალწვეულებს დაუმალავდა, რომ წინ დიდი გზა ედოთ. ისიც გადაწყვიტა, არ შეჩერებულიყვნენ ერნეს საეტაპო პუნქტზე, სადაც გონს მოსული გაწვეულები შეიძლებოდა დაჰკავშირებოდნენ შუანებს, რომლებიც ქალაქის მიდამოებში ნამდვილად იქნებოდნენ გაფანტულნი. ძველი რესპუბლიკელის ოინი და მთაში ასეთი ნელი გადაადგილება პირქუშად მდუმარი ჯარისკაცების დიდ ეჭვსა და უნდობლობას იწვევდა ნახევარბრიგადის მეთაურის, გვარად იულოს მიმართ. ყველაზე თვალშისაცემი დეტალი ჩვენი ზემოთ მოყვანილი აღწერისა, მის ცხოველ ინტერესს იწვევდა და ამიტომაც უბრად მიდიოდა ხუთი ახალგაზრდა ოფიცრით გარშემორტყმული, რომელიც დიდ მოწიწებას გამოხატავდა შეფიქრიანებული შეფის მიმართ. როგორც კი პელერინის მწვერვალს დაადგა ფეხი, იულომ თითქოს ინსტინქტურად მიაბრუნა თავი მობილიზებულთა შეშფოთებული სახეების დასანახად და თვითონ დაარღვია სიჩუმე. ბრეტანელები ფეხს ითრევდნენ და ისე ჩამორჩნენ, რომ მცველთა რაზმს, დაახლოებით, ორასი ნაბიჯით დასცილდნენ. იულო დაიჯღანა, როგორც იცოდა ხოლმე და დასჭყივლა: - რა ჯანდაბა სჭირთ მაგ კოხტაპრუწებს! ფეხის გადადგმა უჭირთ?       ამის გაგონებაზე თანხმლები ოფიცრები დიდი ხმაურით უცებ გაღვიძებულებივით შეტრიალდნენ. სერჟანტებმა და კაპრალებმაც მათ მიბაძეს და ასეული სასურველი სიტყვის -"სდექ!"- გაგონებამდე შედგა. ოფიცრებმა ჯერ გადახედეს რაზმს, გრძელი კუს მსგავსად ნელა რომ მობობღავდა პელერინის მთაზე, მერე კი, ეს ახალგაზრდები, რომლებიც სამშობლოს დაცვის მოვალეობამ, სხვა მრავალი ადამიანის მსგავსად, მოსწყვიტა ამაღლებულ საქმიანობას და რომლებშიც ომს ჯერ კიდევ არ ჩაეხშო მშვენიერების გრძნობა, გააოცა მათ თვალწინ გადაშლილმა სანახაობამ და ყური წაუყრუეს იულოს შენიშვნას, არ ესმოდათ, რამდენად საგულისხმო იყო. მიუხედავად იმისა, რომ ფუჟერელები იყვნენ, საიდანაც იგივე სურათი იშლება, რაც აქ, ოღონდ იმ სხვაობით, რომ პერსპექტივაა სხვა, მაინც ვერ თქვეს უარი, უკანასკნელად დამტკბარიყვნენ, დილეტანტთა მსგავსად, რომლებიც, რაც უფრო დეტალურად იცნობენ, მით მეტ სიამოვნებას იღებენ მუსიკისგან. პელერინის მთის წვეროდან მგზავრებს თვალწინ გადაეშალათ კუენონის ველი, ყველაზე მაღალი წერტილი ჰორიზონტზე კი ქალაქი ფუჟერი იყო. მისი კლდის წვერზე აგებული ციხესიმაგრე სამ თუ ოთხ მნიშვნელოვან გზას დასცქერის, ამ პოზიციის გამო ბრეტანის ფორპოსტადაც თვლიდნენ. აქედან ოფიცრებმა მთელი სიგრძე-სიგანით დაინახეს ეს აუზი, შესანიშნავი, როგორც თავისი ნაყოფიერი მიწებით, ისე ნაირფერობით. ყველა მხრიდან ამფითეატრივით შემოსჯარვოდა ფიქლით ნაგები მთები. მათი მოწითალო ფერდობები მუხნარით, აქა-იქ ჩამალული, სიგრილეჩაბუდებული პატარა ხეობებით დაბურულა, კლდეები მომრგვალებული გალავანივით აღმართულან და შუაში მოუქცევიათ, იტყვი, ინგლისური ბაღიაო, მოლივლივე, უზარმაზარი მდელო. ცოცხალღობეშემოვლებული დიდ-პატარა, მამაპაპისეული ხეებიანი მამულები ამ მწვანე ხალიჩას საფრანგეთის პეიზაჟისთვის უჩვეულო ელფერს ანიჭებენ და მისი ხიბლის საიდუმლო იმ უამრავ კონტრასტშია, რომელიც ყველაზე გულგრილ ადამიანებსაც კი აჯადოებს. ამ მომენტში მხარის მთელი პანორამა სულჩადგმული იყო იმ მოუხელთებელი ელვარებით, ბუნება ხანდახან რომ ამახვილებს ხოლმე ყურადღებას თავის სამარადისო ქმნილებებზე. სანამ რაზმი ველზე მიაბიჯებდა, ამომავალმა მზემ ნელ-ნელა გაფანტა თეთრი, მსუბუქი ნისლი, რომელიც სექტემბრის დილით დალივლივებს ხოლმე მდელოს თავზე. იმ დროს, როცა ოფიცრები შემობრუნდნენ, თითქოს ვიღაცის უხილავმა ხელმა ჩამოაცალა ბუნებას გამჭვირვალე დოლბანდი, როგორც ძვირფას სამკაულზე დაგდებული რიდე, რომელიც უფრო ამძაფრებს ცნობისმოყვარეობას. სადამდეც ოფიცრებს თვალი მიუწვდებოდათ, ჰორიზონტამდე ერთი ღრუბელიც კი არ იყო, რომელიც კაცს აფიქრებინებდა, რომ ეს უზარმაზარი ცისფერი გუმბათი მართლაც ცის თაღი იყო. უფრო სხვადასხვა სიმაღლის მთებზე დაყრდნობილი აბრეშუმის ჩარდახი გეგონებოდათ, დიდებული მინდვრების, მდელოების, ნაკადულებისა და ჭალების დასაცავად. ოფიცრები თვალს ვერ აცილებდნენ ამ სივრცეს, უცებ ამდენი სილამაზე რომ გადაშალა. ზოგი ყოყმანობდა, არ იცოდა, რომელ ჭალაკზე შეეჩერებინა მზერა, რადგან ყოველი მათგანი აოცებდა შეფერილობის მრავალფეროვნებით, უფრო მდიდრული რომ ჩანდა ხმელი ფოთლების ბრინჯაოსფერით, უთანაბროდ მოთიბული ზურმუხტისფერი მდელოების ფონზე, ზოგს მოწითალო მინდვრები უფრო იზიდავდა, სადაც მომკილი წიწიბურის ძნები კონუსებად იდგა, ჯარისკაცები იარაღს რომ დაახვავებენ ხოლმე დასასვენებლად დაცემულ ბანაკში, პირამიდისებურად, ისე, და თვალს სტაცებდა კონტრასტულად, ანეულად დატოვებული მიწის ოქროსფერი ნაკვეთები ჭვავის მომკის მერე.       აქა-იქ შიფრის მუქი სახურავი მოჩანდა, საიდანაც თეთრი ბოლი ამოდიოდა. მაგრამ ყველაზე მეტად მაცდუნებელი ოპტიკური თამაშით თვალს იტაცებდნენ და რატომღაც სულში ბუნდოვან ოცნებებს აღძრავდნენ კუენონის დაკლაკნილი, ვერცხლისფერი, ცოცხალი შენაკადები. შემოდგომის ნიავის სურნელოვანი სიგრილე, ტყის მძაფრი სურნელი, საკმევლით გაჟღენთილი ღრუბელივით ნარნარად რომ მიმოჰქროდა და ათრობდა ამ მშვენიერი მიდამოთი დამტკბარ მაყურებლებს, აღფრთოვანებულები რომ შეჰყურებდნენ უცნობ ყვავილებს, თამამ მცენარეულს და ხასხასა სიმწვანეს, რითაც ბრეტანი ექიშპება ბრიტანეთს, თავის სეხნია ქვეყანას. პატარ-პატარა ნახირი აცოცხლებდა სცენას, ასეთ შთამბეჭდავს. გალობდნენ ჩიტები და ველზე ჰაერში თრთოდა ნაზი მუსიკა. თუ მკითხველი მოისურვებს, დამხმარედ მოიხმოს წარმოსახვის უნარი, რომელიც მას წარმოუდგენს შუქისა და ჩრდილის საუცხოო თამაშს, მთათა ნისლიან ჰორიზონტებს, ფანტასტიურ პერსპექტივებს, იქიდან რომ იშლებოდა, სადაც ხეები არ ეფარებოდა და სადაც წყლის ნატბორი მოჩანდა, ან ჩუხჩუხა ნაკადულები მიხტოდნენ მკვირცხლად, თუ მოგონებები შეაფერადებენ, ასე ვთქვათ, ამ სურათს, ისეთსავე მსწრაფლწარმავალს, როგორიც ის წამი იყო, როცა დაინახეს, ხალხი, ვისთვისაც ასეთი სანახაობა სიმშვენიერეს მოკლებული არ არის, ვერ მიიღებს სრულ წარმოდგენას ჯადოსნურ სანახაობაზე, ოფიცრები რომ მონუსხა და ბოლომდე შეძრა მათი მგრძნობიარე, ახალგაზრდა სულები, როცა გაიფიქრეს, რომ საბრალო ახალწვეულებს უჭირთ მშობლიური მხარისა და შესისხლხორცებული ადათ-წესების მიტოვება. იქნებ იმის გამო, რომ უცხო მიწა-წყალზე დაიხოცნენ, აპატიეს უნებური სიზანტე, მაგრამ ჯარისკაცის ჩვეული დიდსულოვნებით არ გაამჟღავნეს შემწყნარებლური თანაგრძნობა და თავი ისე მოაჩვენეს, თითქოს ამ მშვენიერი კუთხის სამხედრო პოზიციების შესწავლა უნდოდათ. მაგრამ იულო, უკეთესია, "სარდალი" ვუწოდოთ, ვიდრე ნაკლებჰარმონიული ნახევარბრიგადის უფროსი, იმ ჯარისკაცთაგანი იყო, რომლებიც საფრთხის წინაშე პეიზაჟს თავს არ მოახიბლვინებენ, თუნდაც მიწიერი სამოთხე იყოს. მან უკმაყოფილოდ გაიქნია თავი და შეჭმუხნა შავი წარბები, მის ფიზიონომიას მკაცრ გამომეტყველებას რომ ანიჭებდნენ.       - სად ეშმაკებში არიან? რატომ არ მოდიან? - ომებში ჩახლეჩილი ხმით მეორედ იკითხა, - თუ სოფელში შეხვდათ ვინმე კეთილი ღვთისმშობელი და ხელის ჩამოსართმევად შეჩერდნენ?       - შენ კითხულობ? რატომ? - გაისმა ხმა.       ამ ხმის გაგონებაზე, იმ ბუკის ხმას რომ ჰგავდა, რომლითაც ბრეტანის ველებზე გლეხები საქონელს აგროვებენ ხოლმე, სარდალი ელდანაკრავივით შებრუნდა, თითქოს ხმლის წვერით შეეხო ვინმე და ორ ნაბიჯში კიდევ უფრო უცნაური პიროვნება დაინახა, ვიდრე წვევამდელები, რომლებიც მაიენში მიჰყავდათ რესპუბლიკის სამსახურში მწყობრში ჩასაყენებლად. ამ ჯმუხ, ბეჭებგანიერ უცნობს თავი ხარისას მიუგავდა, და არამხოლოდ ზომით; სქელი, ხორციანი ნესტოების გამო ცხვირი უფრო მოკლე უჩანდა, ვიდრე სინამდვილეში ჰქონდა; სქელი ტუჩები ვერ უფარავდა თოვლივით თეთრ კბილებს, მუქარის გამომხატველ წარბებქვეშ მრგვალი, დიდი შავი თვალები, პარტყუნა ყურები და ჟღალი თმა ამკობდა. ამ ყველაფრით უფრო ნაკლებად შეესაბამებოდა ჩვენს მშვენიერ კავკასიურ რასას, ვიდრე ბალახისმჭამელთა სახეობას. დაბოლოს, ნატამალი არ გააჩნდა იმ ნიშნებისა, რომელიც ადამიანს, როგორც საზოგადოებრივ არსებას გამოარჩევს, რაც ამ თავს უფრო გამორჩეულს ხდიდა. მზისგან ბრინჯაოსფრად გარუჯული სახე, რომლის უხეში ნაკვთებიც მოგაგონებდათ გრანიტს, ბრეტანის ნიადაგს რომ შეადგენდა, ამ უცნაური არსების სხეულის ერთადერთი ხილული ნაწილი იყო. ყელამდე იყო გახვეული რაღაც ბალახონში, კიდევ უფრო უხეში, გამოუთეთრებელი ხამი ტილოსგან რომ იყო შეკერილი, ვიდრე ყველაზე ღარიბი წვევამდელის შარვალი. ბალახონი, რომელშიც ანტიკვარი ძველი გალების სეის(საგა) ან "სეიონს" შეიცნობდა, წელამდე სწვდებოდა და თხის ტყავის ქვედატანივით სამოსზე ხისგან უხეშად გამოჩორკნილი ნაჭრებით იყო მიბმული, ზოგიერთზე ხის ქერქიც რომ შერჩენოდა. თხისავე ტყავი ჰქონდა შემოხვეული თეძოებზე და წვივებზე ისე, რომ ადამიანის სხეულის ფორმას ვერ მიხვდებოდით. უზარმაზარი საბოები უფარავდა ტერფებს. გრძელი, მბზინვარე თმა, ასე რომ ჰგავდა მის თხის ტყავის ბეწვს, სახის ორივე მხარეს ჰქონდა ჩამოშვებული, შუაზე გაყოფილი, რითაც შუასაუკუნეებისდროინდელ იმ ქანდაკებათა თმას ემსგავსებოდა, ახლაც რომ შეხვდებით ზოგიერთ ტაძარში. დაკოჟრილი კომბლის ნაცვლად, წვევამდელებს რომ ჰქონდათ მხარზე გადებული, მას თოფივით მკერდზე მიკრული, ტყავის თასმებისგან ოსტატურად დაწნული მათრახი ეჭირა, რომელიც ჩვეულებრივზე ალბათ ორჯერ გრძელი იყო. ამ უცნაური არსების გამოჩენა ადვილი ასახსნელი ჩანდა. მის დანახვაზე ზოგიერთმა ოფიცერმა იფიქრა, რომ უცნობი მობილიზებული ან ახალწვეული იყო (მაშინ ჯერ კიდევ ხმარობდნენ ამ სიტყვებს ერთმანეთის ნაცვლად) და შეფერხებულ კოლონას ელოდებოდა. სხვათაშორის, მისმა გამოჩენამ მეტად გააოცა სარდალი, შეშინებულს არ ჰგავდა, მაგრამ სახეზე შეშფოთებამ გადაურბინა, უცნობს ახედ-დახედა და მექანიკურად, უნებლიეთ, თითქოს მძიმე ფიქრებს თავს ვერ აღწევსო, გაიმეორა: - ჰო, რატომ არ მოდიან? შენ რა, იცი?       - იმიტომ რომ, - უპასუხა მოქურუხებულმა თანამოსაუბრემ აქცენტით, რომელიც მოწმობდა, რომ ძალიან უჭირდა ფრანგულად ლაპარაკი, - იმიტომ რომ იქ, - და გაიშვირა ძლიერი, განიერი ხელი ერნესკენ, - მაიენი იწყება და ბრეტანი მთავრდება, - და სარდლის ფეხებთან ძლიერად დასცხო მიწას თავისი უზარმაზარი მათრახი. ამ სცენის შემსწრე მაყურებლებზე უცნობის ლაკონურმა და საზეიმო სიტყვამ ისეთი შთაბეჭდილება მოახდინა, როგორიც, დავუშვათ, ტამტამის უადგილო გრუხუნს ექნებოდა მელოდიურ მუსიკაში. ეს მკვახე ნათქვამი ვერ გადმოსცემს იმ სიძულვილს, შურისძიების წყურვილს, რაც მისმა მედიდურმა ჟესტმა, მოკლე სიტყვამ და თავის დაჭერის მანერამ გამოხატა, რომელშიც შეურიგებელი, მძვინვარე და ცივი ენერგია სჭვიოდა. თითქოსდა, ცულით გამოთლილი ამ კაცის სიტლანქე, დაძარღვული იერი, მის სახეზე აღბეჭდილი უვიცობა უცნობს ბარბაროსთა რომელიღაც ნახევარღმერთს ამსგავსებდა. წინასწარმეტყველის პოზას ინარჩუნებდა და სამწლიანი ძილის შემდეგ გამოღვიძებული ბრეტანის სულივით გამოცხადდა ომის გასაახლებლად, სადაც ყოველ გამარჯვებას ორმხრივი ძაძა მოსდევდა.       - რა მაიმახია! - ჩაილაპარაკა იულომ, - იმ ხალხის გამოგზავნილს ჰგავს, ჩვენთან მოლაპარაკებას თოფით რომ აპირებენ. ეს სიტყვები სარდალმა კბილებში გამოსცრა და ამ კაციდან მზერა პეიზაჟზე გადაიტანა, პეიზაჟიდან რაზმზე, რაზმიდან ზემოთ, ბრეტანის კურდღლისცოცხათი დაფარულ გზისპირა ციცაბო ფერდობებზე. უცებ უცნობს შეხედა, მერე თითქოს უჩუმარი დაკითხვა მოუწყო, მკვეთრად ჰკითხა: - საიდან მოდიხარ? - და ცნობისმოყვარე, გამჭოლი მზერა მიაპყრო. ცდილობდა, გამოეცნო საიდუმლო ამ გაქვავებული სახისა, რომელსაც მოესწრო და აეკრა ბრიყვი, უტყვი გამომეტყველება, გლეხი რომ იღებს ხოლმე დასვენებისას.       - ვაჟკაცების ქვეყნიდან, - უპასუხა კაცმა ძალიან მშვიდად.       - შენი სახელი?       - იარე-მიწაზე.       - რატომ გაქვს შუანების მეტსახელი? კანონი ამას კრძალავს.       იარე-მიწაზემ, რაკი ასე გაეცნო, სარდალს ისეთი უსაზღვრო სიბრიყვით შეხედა, რომ სამხედრომ იფიქრა, ვერ გაიგოო.       - ფუჟერელი მობილიზებული ხარ?       ამ კითხვაზე იარე-მიწაზემ ისეთი უიმედო "არ ვიცი" უთხრა, რომლის მერეც ყოველგვარი საუბრის გაგრძელება შეუძლებელი გახდა. მშვიდად ჩამოჯდა გზის პირას, უბიდან წიწიბურას კვერის რამდენიმე თხელი, შავი ნატეხი ამოიღო,- ნაციონალური საჭმელი, რომლის უბადრუკი სიამოვნება ბრეტონელების გარდა არავინ იცის და გამოთაყვანებული გულგრილობით დაიწყო ღრღნა. იმდენად დამაჯერებელი იყო მისი სრული უტვინობა, რომ ზოგ ოფიცერს საქონელი გაახსენა, ხეობის მსუყე იალაღებზე რომ სძოვდა, ზოგს - ამერიკელი ველური და ზოგს კი კეთილი იმედის კონცხის მკვიდრნი. მისი გარეგნობით გაბრიყვებულმა სარდალმა შემაშინებელი თითქოს ვერაფერი დაინახა და დამშვიდდა, მაგრამ მაინც ფრთხილად იყო. ერთხელაც შეხედა ამ ადამიანს, იეჭვა, ხოცვა-ჟლეტის მაუწყებელი არ იყოსო და თმაში, ბალახონზე, თხის ტყავებზე ეკლები, ფოთლების ნაგლეჯები, ჩინჩხვარი შეამჩნია, თითქოს ჯაგნარში დიდხანს ევლო. მაშინ იულომ მრავლისმთქმელად შეხედა თავის ადიუტანტს, ჟერარს, გვერდით რომ ედგა, ხელზე ხელი მოუჭირა და გადაულაპარაკა: - მატყლისთვის მივდიოდით და გაკრეჭილები დავბრუნდებით.       გაკვირვებულმა ოფიცრებმა ერთმანეთს ჩუმად გადახედეს.       აქ ცოტა უნდა გადავუხვიოთ, იულოს შფოთვა გასაგები რომ გახდეს ზოგიერთი შინაყუდასთვის, ყველაფერში რომ ეჭვი ეპარებათ, რადგან ვერაფერს ხედავენ და შეუძლიათ, იარე-მიწაზეს და დასავლეთ საფრანგეთის გლეხების არსებობაც კი, რომელთა ქცევა მაშინ საოცრად ამაღლებული იყო, საკამათო გახადონ. სიტყვა gars, ĝა (გა)კელტური ენის ნარჩენია. ქვემობრეტონულიდან გადავიდა ფრანგულში და ჩვენს ახლანდელ ენაში ის სიტყვაა, ყველაზე მეტი უძველესი მოგონება რომ შემოინახა. gais გაელების, ანუ გალების ძირითადი იარაღი იყო; gaiside შეიარაღებულს ნიშნავდა, gais - სიმამაცეს, gas - ძალას. ეს შეპირისპირება ამტკიცებს gars სიტყვის ნათესაობას ჩვენი წინაპრების ენაში არსებულ გამოთქმებთან. ამ სიტყვას ანალოგიაც აქვს ლათინურ სიტყვა vir-თან - "ქმარი" "კაცი", virtus-ის ფუძესთან - "ძალა, სიმამაცე". ამსიგრძე მსჯელობის გამართლება ნაციონალური გრძნობაა და იქნებ მოვახერხოთ კიდევაც ზოგიერთის თავში მოვახდინოთ შემდეგი სიტყვების რეაბილიტაცია: gars, garçon, garçonette, grace, gracette, რატომღაც ამოგდებული რომ არის ჩვენი მეტყველებიდან, როგორც ხეპრული, დაუხვეწელი, თუმცა წარმომავლობა მეომრულია, მებრძოლი და აქა-იქ ჩნდება ჩვენს ისტორიაშიც. - "С'est une fameuse grace!” - "ყოჩაღი დედაკაცი!" ზოგიერთისთვის გაუგებარი საქებარი სიტყვა, მადამ დე სტალმა რომ მიიღო ვანდომელებისაგან პატარა კანტონში, სადაც გაძევებულმა რამდენიმე დღე გაატარა. ბრეტანი მთელ საფრანგეთში ის მხარეა, სადაც გალების ზნე-ჩვეულებებმა ყველაზე ძლიერი კვალი დატოვეს. ამ პროვინციის იმ ნაწილს, სადაც დღემდე აშკარადაა შემონახული ჩვენი გაუთლელი წინაპრების ცხოვრება და ცრუმორწმუნეობა, "le pays des gars" ჰქვია - "ვაჟკაცების მხარე". თუ რომელიმე კანტონში მრავლად ცხოვრობს იმის მსგავსი ველური, ჩვენს სცენაში რომ აღვწერეთ, ადგილობრივები ამბობენ: "ამა და ამ მრევლის ვაჟკაცი". და ეს ფესვგადგმული სახელი ჯილდოდ ითვლება ენის ტრადიციებისა და გალური ადათ-წესების ერთგულებისთვის. მათმა ცხოვრებამ ძველი დროიდან შეინარჩუნა რწმენისა და ცრურწმენების ღრმა კვალი. იქ ფეოდალურ ჩვეულებებს ისევ იცავენ. სიძველის მოყვარულები ისევ შეხვდებიან დრუიდების საღსალამათ ძეგლებს. იქ თანამედროვე ცივილიზაციის გენიას ეშინია პირველყოფილ, უღრან ტყეებში შეღწევის. წარმოუდგენელი სისასტიკე, ბრიყვული სიჯიუტე, ფიცის ერთგულება, ჩვენი კანონების, წესების, ტანსაცმლის, ფულის, ენის სრული უგულებელყოფა და, ამასთან, პატრიარქალური სისადავე და გმირობა - ეს ყველაფერი იმას უწყობს ხელს, რომ აქაური მაცხოვრებლები ნაკლებად ინტელექტუალურები არიან, ვიდრე მოჰიკანები ან ჩრდილო-ამერიკის წითელკანიანები, მაგრამ მათსავით სულით გაუტეხლები, ცბიერები, მოხერხებულები და ამტანები. ბრეტანის მდებარეობა ევროპის ცენტრში, დამკვირვებლებისთვის მას უფრო საინტერესოს ხდის, ვიდრე კანადაა, თუმცა ცივილიზაციის შარავანდედი აკრავს, მაგრამ მისი კეთილისმყოფელი სითბო იქამდე არ აღწევს, ამიტომ ეს მხარე გაყინულ ნახშირს დაემგვანა, მოგიზგიზე კერაში ჩამქრალი და შავი რომ რჩება. ყველა მცდელობა ზოგიერთი დიდი მოაზროვნისა, საზოგადოებრივ ცხოვრებასა და კეთილდღეობას საფრანგეთის ამ გამოუკვლეველ-ამოუცნობ, საგანძურით მდიდარ მშვენიერ კუთხეში შეეღწია, მთავრობის ძალისხმევაც კი შუბლით ეჯახება მოსახლეობის ჩამორჩენილობას, რომელიც პროგრესის ხელის შემშლელი, დამამუხრუჭებელი, მომაკვდინებელი, უძველესი დროის ტრადიციების ერთგული რჩება. ამ უბედურებას ადვილად ხსნის ადგილობრივი მიწა-წყლის ბუნება, ხრამებით, ნიაღვრებით, ტბებითა და ჭაობებით დაღარული, ცოცხალი ღობეებით შემოჯარული ერთგვარი მიწის ბასტიონები, ყოველ მინდორს სიმაგრედ რომ აქცევს, არც გზებია და არც არხები, თანაც არ უნდა დავივიწყოთ უმეცარი ხალხის სული, მისი ფესვგამდგარი და სახიფათო ცრურწმენები, ჩვენს ისტორიაშიც რომ დავინახავთ და ამ ყველაფერს ემატება მიწის დამუშავების თანამედროვე საშუალებების მიუღებლობა.       თვალწარმტაცი მდებარეობა ამ მხარისა, მოსახლეობის ცრუმორწმუნეობა გამორიცხავს ხალხმრავალ დასახლებებს და, აქედან გამომდინარე, ურთიერთობისა და იდეათა გაცვლა-გამოცვლის კეთილისმყოფელ ზემოქმედებას. იქ არც სოფლებია. არამკვიდრი ნაგებობები, ბინას რომ უწოდებენ, თითო-თითოდ მიმოფანტულა. ყოველი ოჯახი, უდაბნოსავით, მხოლოდ თავის ეზოში ცხოვრობს. ერთადერთი, აქ ცნობილი ხანმოკლე თავყრილობა კვირაობით ან რელიგიურ დღესასწაულებზე მრევლის შეკრებებია. ეს უხმაურო კრებები, რექტორი, ბნელი ხალხის ერთადერთი მბრძანებელი რომ მართავს, ხანდახან რამდენიმე საათს გრძელდება. ამ მღვდლის მრისხანე ხმის მოსმენის შემდეგ გლეხი ერთი კვირით ისევ შეიკეტება ხოლმე ჯანმრთელობისთვის მავნე თავის სახლში, საიდანაც სამუშაოდ გამოდიან და დასაძინებლად შედიან. ვინმე თუ სტუმრობს, - ისევ მხოლოდ რექტორი[1] - იმ მხარის სული და გული. არც გასაკვირია, რომ მღვდლის მოწოდებით, ათასობით ადამიანი მოაწყდა რესპუბლიკის წინააღმდეგ საბრძოლველად და ხუთი წლით ადრე იმ დრომდე, ჩვენი ამბავი რომ ხდება, ბრეტანის ამ ნაწილმა უამრავი ჯარისკაცი გამოიყვანა შუანების პირველი ამბოხებისას. ძმები კოტროები, მამაცი კონტრაბანდისტები, ამ ომს საკუთარი სახელი რომ მისცეს, სახიფათო ხელობას ეწეოდნენ ლავალიდან ფუჟერამდე. მაგრამ ამ სოფლების აჯანყებებში კეთილშობილური არაფერი ყოფილა და შეიძლება დანამდვილებით ითქვას, რომ თუ ვანდეამ ყაჩაღობა ომად აქცია, ბრეტანმა, პირიქით, ომი აქცია ავაზაკობად. სამეფო ოჯახის განდევნა და რელიგიის განადგურება შუანებისთვის ძარცვა-გლეჯის საბაბად იქცა. ამ შიდა ომის მოვლენები საშინელი სისასტიკით გამოირჩეოდა, რაც იმ მხარის ზნე-ჩვეულებებმა წარმოშვა. როცა მონარქიის ნამდვილი დამცველები ბრეტანში უბირი, მეომარი ჯარისკაცების მობილიზაციისთვის გამოცხადდნენ, ამაოდ ცდილობდნენ, თეთრი ბაირაღის გამოყენებით, სიდიადე, კეთილშობილება მიენიჭებინათ მეამბოხეთა ქმედებისთვის, რომლებმაც შუანობა სისაძაგლედ აქციეს და შუანები დარჩნენ ჭკუისსასწავლებელ მაგალითად იმისა, რამდენად სახიფათოა ქვეყნის ნაკლებად ცივილიზებული მასების აზავთება. მგზავრის თვალწინ გადაშლილი ბრეტანის ველი, ახალწვეულთა რიგებში შემავალი ხალხის აღწერა, პელერინის წვერზე გამოცხადებული ჯეელის პორტრეტი მოკლედ იძლევა პროვინციისა და მისი მცხოვრებლების ზუსტ სურათს. ამ დეტალების მიხედვით, გავარჯიშებულ წარმოსახვას არ გაუჭირდება, აღადგინოს თეატრი და საომარი ინსტრუმენტები - ყველა ელემენტი იყო წარმოდგენილი. ულამაზეს ხეობებსა და ყვავილებით დაფარულ ცოცხალ ღობეებს შეჰფარვოდნენ უხილავი, თავდასასხმელად გამზადებული მტრები. ყოველი ველი ციხე-სიმაგრე იყო, ყოველი ხე დაგაფიქრებდათ მზაკვრობასა და ხრიკზე, ყოველი ბებერი ძეწნის ფუღურო ეშმაკობას მალავდა. ყველგან ბრძოლის ველი იყო. გზის მოსახვევში შუანები უსაფრთებოდნენ ლურჯებს, მომღიმარი გოგონები რომ იტყუებდნენ და სულაც არ თვლიდნენ თავიანთ ქცევას ვერაგობად. მამებთან და ძმებთან ერთად წმინდა ადგილებში დადიოდნენ ხის ჭიანაჭამი ღვთისმშობლისთვის ახალი ეშმაკობების ნიჭის სათხოვნელად და ცოდვების მოსანანიებ-ლად. რელიგია, ან, უფრო სწორად, ფეტიშიზმი ამ უვიცი არსებისა, მკვლელს სინდისის ქენჯნის გრძნობას უკარგავდა. ამიტომაც, ასეთი ომის დაწყებისთანავე, ამ მხარეში ყველაფერი სახიფათო გახდა: ხმაური და სიჩუმე, წყალობა და ტერორი, ოჯახური კერა და შარაგზა, დამაჯერებლობითა და მრწამსით მართლდებოდა აქ ღალატი. ეს ველურები ღმერთსა და მეფეს ისევე ემსახურებოდნენ, როგორც მოჰიკანები ომობენ, მაგრამ ამ ბრძოლის სურათი ყოველმხრივ ზუსტი და ნამდვილი რომ იყოს, ისტორიკოსმა უნდა დაუმატოს, რომ როგორც კი ოშის სამშვიდობო ხელშეკრულებას მოეწერა ხელი, მთელ მხარეში მხიარულებამ და მეგობრობამ დაისადგურა. ოჯახები, გუშინ რომ მზად იყვნენ, გაეგლიჯათ ერთმანეთი, დღეს ერთ ჭერქვეშ მშვიდობიანად ვახშმობდნენ.       როგორც კი იულომ გამოიცნო იარე-მიწაზეს თხის ტყავებში დამალული ვერაგობა, დარწმუნდა, რომ ოშის წყალობით მიღწეული კეთილისმყოფელი მშვიდობა დაირღვა და მისი შენარჩუნება შეუძლებელი იყო. ასე რომ, მთავრობის სამი წლის უმოქმედობის შედეგად, ომი, უფრო მძვინვარე, ვიდრე ადრე, განახლდა. 9 თერმიდორის მერე ჩაყუჩებული რევოლუცია ალბათ ტერორისტულ ხასიათს შეიძენდა, რაც საძულველს ხდიდა მას კეთილგანმზრახველი ხალხისთვის. როგორც ყოველთვის, საფრანგეთის განხეთქილებებს ინგლისის ოქრო უდგამდა სულს. რაც რესპუბლიკა მიატოვა მისმა მფარველმა ანგელოზმა, ახალგაზრდა ბონაპარტმა, ეტყობა, ვეღარ უმკლავდებოდა ამდენ მტერს, რომელთაგან ყველაზე სასტიკი უკანასკნელი ჩანდა. უამრავი წვრილ-წვრილი ამბოხებით ნასაზრდოები სამოქალაქო ომი ახალ, უჩვეულოდ სერიოზულ ხასიათს იღებდა, რაკი შუანებმა გადაწყვიტეს, ასეთ ძლიერ დაცვას დასხმოდნენ თავს. აი, ასეთი აზრები, ოღონდ ნაწყვეტ-ნაწყვეტად მოსდიოდა თავში იულოს, როცა მოეჩვენა, რომ იარე-მიწაზეს გამოჩენა მარჯვედ მომზადებული ჩასაფრების ნიშანი იყო. ჯერჯერობით, მარტო მან იგრძნო საშიშროების საიდუმლო.       სარდლის მიერ ჟერარისთვის ნათქვამმა წინასწარმეტყველურმა ფრაზამ, რომლითაც წინა სცენა დასრულდა, იულოს სიმშვიდე დაუბრუნა. ბებერი ჯარისკაცი კინაღამ დაიბნა. ვერ იშორებდა თავსმოხვეულ ფიქრებს იმაზე, რომ უკვე მის წინაშე იყო საშინელებები ომისა, რომლის სისასტიკე ალბათ კანიბალებსაც კი შეაცბუნებდა. კაპიტან მერლსა[2] და მაიორ ჟერარს, მის ორ მეგობარს, ვერ აეხსნა შიში, მათთვის უჩვეულო შეშფოთება შეფის სახეზე და თვალს არ აცილებდნენ იარე-მიწაზეს, გზის პირას თავის ხმიადს რომ ღრღნიდა, რადგან კავშირს ვერ პოულობდნენ ამ მხეცსა და მათი მამაცი სარდლის ძრწოლას შორის. მაგრამ მალე იულოს სახეზე ნათელი მოეფინა. რესპუბლიკის გასაჭირით ელდანაცემს, უხაროდა მისთვის ბრძოლა და თავის თავს ომახიანად მისცა პირობა, შუანებისთვის თავი არ გაებრიყვებინა, ამოეცნო განზრახვა პირქუში ეშმაკი კაცისა, პატივი რომ დასდეს და მიუგზავნეს. სანამ რამეს გადაწყვეტდა, დაიწყო ფიქრი იმ პოზიციაზე, სად შეიძლებოდა მტერი მოულოდნელად დასხმოდა თავს. როცა დაინახა, რომ გზას ხეობის გასწვრივ მიუყვებოდნენ, რომელიც თუმცა ღრმა არ იყო, მაგრამ ტყე ეკრა და რამდენიმე ბილიკი მიიკლაკნებოდა ღრანტესკენ, შავი, ხშირი წარბები მაგრად შეჭმუხნა, ყრუ და ძალიან აღელვებული ხმით ჩუმად უთხრა მეგობრებს: - კრაზანის ბუდეში აღმოვჩნდით.       - მერე და, რისი გეშინიათ? - ჰკითხა ჟერარმა.       - მეშინია?... ჰო, მეშინია. ყოველთვის მეშინოდა მოსახვევში ტყიდან არავის მოვეკალი ძაღლივით ისე, რომ თქვენთვის დაყვირება ვერ მომესწრო: "ფრთხილად!"       მერლს გაეცინა.       - ფრთხილად? ეს უკვე მეტისმეტია.       - მართლა საფრთხეში ვართ? - ჰკითხა ჟერარმა, რომელიც ისევე გააკვირვა იულოს გულგრილობამ, როგორც ცოტახნის წინ მისმა შეკრთომამ.       - ჩუ! - თქვა სარდალმა, - მგლის ხახაში ვართ. ისე ბნელა, როგორც ღუმელში, სანთელი უნდა ავანთოთ. კიდევ კარგი, მთის წვერზე ამოვედით, - მთას მაგარი ეპითეტი მიაყოლა და დასძინა, აუცილებლად გავარკვევ რაშია საქმეო. მეთაურმა მოიხმო ორივე მეგობარი და სამი კაცი თავს დაადგა იარე-მიწაზეს. შუანი წა-მოხტა, თითქოს ეშინოდა, ხელი არ შეეშალა მათთვის.       - მანდ დაეტიე, უსაქმურო, - მიაძახა იულომ, უბიძგა და ისევ იმ ქანობზე დააგდო, საიდანაც წამოდგა. ამ წამიდან, ნახევარბრიგადის მეთაურს თვალი არ მოუშორებია უზრუნველი ბრეტანელისთვის.       - მეგობრებო, - ჩუმად მიმართა მან ორ ოფიცერს, - დრო დადგა, გითხრათ, რომ პარიზული დუქანი დაარბიეს. ნაციონალურ ასამბლეებში შეხლა-შემოხლის შემდეგ, დირექტორიამ ისევ გაცხრილა ჩვენი რიგები. ამ დოყლაპიებმა, თუ მარიონეტებმა - უფრო ფრანგულია, ეს-ეს არის, დაკარგეს კარგი ჯარისკაცი: ბერნადოტს მაგათთან საქმის დაჭერა აღარ უნდა.       - ვინ შეცვალა? - ცოცხლად იკითხა ჟერარმა.       - მილე-მიურომ, ძველი ყაიდის კაცია. ახლა ასეთი ყეყეჩების დრო არ არის. ჩვენს სანაპიროზე უკვე ინგლისურ რაკეტებს უშვებენ. ყველა ქარაფშუტა ვანდეელმა და შუანებმა თავი წამოყო და ვინც ამ მარიონეტებს მართავს, კარგად შეარჩია დრო, ჩვენმა გემმა ჩაძირვა დაიწყო.       - როგორ! - წამოიძახა მერლმა.       - ჩვენი ჯარები ყველგან გაანადგურეს, - განაგრძო იულომ და კიდევ უფრო დაუწია ხმას. შუანებმა უკვე ორჯერ დაიჭირეს კურიერი. ბოლო დეპეშები და დეკრეტები ბერნადოტმა სამინისტროდან წასვლამდე საგანგებო შიკრიკის ხელით გამომიგზავნა. საბედნიეროდ, მეგობრებმა საიდუმლოდ მაცნობეს ამ დარბევის შესახებ. ფუშემ აღმოაჩინა, ტირანი, ლუი XVIII გაუფრთხილებიათ პარიზელ მოღალატეებს, რომ მოთავე უნდა გაეგზავნა საფრანგეთში თავისი დამქაშებისთვის. ვარაუდობენ, რომ ბარასი ღალატობს რესპუბლიკას. მოკლედ, პიტმა და უფლისწულებმა აქ გამოაგზავნეს ერთი "ყოფილი", თავის გამტანი, ნიჭიერი კაცი, რომელსაც უნდა ვანდეელებისა და შუანების გაერთიანება, რომ რესპუბლიკის ფრიგიული ჩაჩი ჩამოაგდონ. ის გაიძვერა უკვე გადმოსვეს მორბიანში. მე პირველმა გავიგე და შევატყობინე პარიზელ ჭკუის კოლოფებს. Garsk დაირქვა სახელად, "ვაჟკაცი, კარგი ბიჭი", ყველა ეს საქონელი, - თქვა იულომ და იარე-მიწაზეზე მიუთითა, - ისეთ მეტსახელებს ირქმევს, რომლისგანაც წესიერ პატრიოტს ჭვალი დაადგებოდა, ასეთი სახელი რომ ამოერჩია. მაშ ასე, "ვაჟკაცი" ჩვენს ოლქშია. ამ მოგზავნილი შუანის გამოჩენა, - და ისევ იარე-მიწაზეზე მიუთითა, - აშკარად მოწმობს, რომ მას დასდევენ, მაგრამ ბებერ მაიმუნს მანჭვას არ ასწავლიან, თქვენ კი მომეხმარებით ჩემი ჭვინტების გალიაში ჩასმაში. თავი სადღა გამოვყო, დოყლა-პიასავით ეშმაკობაში მაჯობოს ამ ვიღაც ყოფილმა, რომელიც ლონდონიდან ჩამოდის, ქუდიდან მტვერი უნდა ჩამოგიბერტყოთო, ამ საბაბით!       როცა გაიგეს ეს საიდუმლო ამბები კრიტიკული მდგომარეობის შესახებ და რაკი იცოდნენ, რომ მათი მეთაური უმიზეზოდ არასოდეს შფოთავდა, ორივე ოფიცერი დასერიოზულდა, როგორც ჯარისკაცებს საფრთხის დროს ეგების, თუკი კარგი წრთობა აქვთ გამოვლილი და ადამიანთა საქმეებშიც კარგად ერკვევიან. ჟერარს, რომელიც თავისი ჩინით, მოგვიანებით რომ გააუქმეს, ყველაზე ახლოს იყო მეთაურთან, უნდოდა, ეკითხა იმ პოლიტიკურ ამბებზე, რომლებზეც იულომ განგებ არაფერი თქვა, მაგრამ სარდალმა ანიშნა, გაჩუმებულიყო და სამივემ იარე-მიწაზეს შეხედა. ამ შუანს მღელვარება არაფრით გამოუხატავს, თუმცა ხედავდა, რომ ეს კაცები, როგორც ჭკუით, ისე ფიზიკური ძალით მისთვის საშიშნი იყვნენ. ორივე ოფიცრისთვის ასეთი ომი უჩვეულო იყო, ძალიან ააფორიაქა ასეთ საქმეში ჩაბმამ, რომელიც თითქმის რომანტიკულ ინტერესს აღუძრავდა. ხუმრობის ხასიათზეც კი დადგნენ, მაგრამ პირველივე ხუმრობაზე, რომელიც წამოსცდათ, იულომ მკაცრად შეხედა მეგობრებს და უთხრა: - დამლახვროს ეშმაკმა! დენთიან კასრზე არ ეწევიან, მოქალა-ქეებო. უდროო დროს გულადობა ცხრილით წყლის ზიდვას ჰგავს.       - ჟერარ, - თავისი ზემდეგისკენ გადაიხარა და ყურში ჩასჩურჩულა, - მაიორო, შეუმჩნევლად მიუახლოვდით ამ ყაჩაღს და მზად იყავით, ოდნავ საეჭვო მოძრაობაც რომ შენიშნოთ, ხმალზე წამოაგეთ. მე კი ზომებს მივიღებ, თუ ჩვენი უცნობები დალაპარაკებას მოინდომებენ, საუბარს გავუბამ.       ჟერარმა მორჩილების ნიშნად ოდნავ დახარა თავი და დაიწყო შესწავლა გარემოსი, რომლისთვისაც უკვე თვალი ჰქონდა მიჩვეული, ეტყობა, კარგად უნდოდა, შეეთვალიერებინა და მიმოდიოდა, ყოველგვარი აფექტაციის გარეშე, თუმცა, ცხადია, ყველაზე ნაკლებად პეიზაჟი აინტერესებდა. თავის მხრივ, იარე-მიწაზე არაფრით ამჟღავნებდა, რომ ოფიცრის მანევრი მისთვის სახიფათო იყო. თავისი მათრახით თამაშობდა, თითქოს გზისპირა რუში თევზს იჭერდა.       სანამ ჟერარი ცდილობდა, შუანის მახლობლად დაეკავებინა პოზიცია, მეთაურმა ჩუმად გადაულაპარაკა მერლს: - რომელიმე სერჟანტს ათიოდე რჩეული ჯარისკაცი მიეცით და პირადად თქვენ დააყენეთ პოსტზე ჩვენ ზემოთ, ფერდობის ბოლოში, იქ, სადაც გზა ფართოვდება და პატარა პლატოს ქმნის, საიდანაც კარგად დაინახავთ ერნეს გზის დიდ მონაკვეთს. იპოვეთ ისეთი ადგილი, სადაც გზასთან ტყე არ იქნება, სერჟანტი მიდამოს რომ ხედავდეს. დაუძახეთ გულთამხილველს, ჭკვიანია, სახუმარო საქმე არ არის. ჩვენს ტყავში ათ სანტიმსაც არ მივცემ, თუ ფხიზლად არ ვიქნებით.       სანამ მერლი დიდი მონდომებით ასრულებდა ბრძანებას, რადგან მშვენივრად ესმოდა, რა დიდი საქმე იყო, მეთაურმა გაიქნია მარჯვენა ხელი, სრული სიჩუმე მოითხოვა მის ირგვლივ მდგომი ჯარისკაცებისა, მხიარულად რომ ლაყბობდნენ და მეორე ჟესტით ბრძანა, იარაღი აეღოთ. როცა სიჩუმე ჩამოვარდა, იულომ გახედა გზას აქეთ-იქით, შეშფოთებულ-შეფიქრიანებულმა, თითქოს უნდოდა, დაეჭირა ყრუ ხმაური, იარაღის ჟღარუნი ან ფეხის ხმა, მოსალოდნელი ბრძოლის მაუწყებელი. მისი შავი და ფხიზელი თვალი თითქოს უღრან ტყეშიც აღწევდა, მაგრამ, როცა საეჭვო ვერაფერი შენიშნა, პირველყოფილების მსგავსად, გზაზე ქვიშის დაკვირვება დაიწყო, ცდილობდა უხილავი მტრის ნაფეხურები შეემჩნია, მტრისა, რომლის შეუპოვრობაშიც ეჭვი არ ეპარებოდა. იმედი რომ გადაეწურა და თავისი შიშის დამადასტურებელი ვერაფერი აღმოაჩინა, გზის პირას გავიდა და აბობღდა ბორცვის მწვერვალზე, ნელა გაიარ-გამოიარა და უცებ იგრძნო, რომ მისი გამოცდილება აუცილებელი იყო რაზმის გადასარჩენად და ჩავიდა. სახე კიდევ უფრო მოეღუშა, რადგან იმ ხანებში მეთაურები სინანულს გრძნობდნენ ხოლმე, რომ არ შეეძლოთ, ყველაზე სახიფათო ამოცანა თვითონ შეესრულებინათ. ოფიცრებმა და ჯარისკაცებმა რომ შენიშნეს ჭმუნვა მეთაურისა, ასე რომ უყვარდათ ხასიათის გამო და გულადობასაც უფასებდნენ, მიხვდნენ, რომ მისი ურვა საშიშროების მაუწყებელი იყო. მაგრამ რაკი ვერ ხვდებოდნენ, რამდენად სერი-ოზული იყო საფრთხე, სუნთქვაშეკრულნი იყვნენ, გარინდებულები, მეძებარი ძაღლებივით, რომლებიც ცდილობენ, მარჯვე მონადირის სურვილი გამოიცნონ, თუმცა ბრძანება გაუგებარია და ზუსტად ემორჩილებიან. ეს ჯარისკაცებიც ხან კუენონის ველს გაჰყურებდნენ, ხან გზისპირა ტყეებს, ხან კი მეთაურის მკაცრ სახეს, ცდილობდნენ, თავიანთი ბედი ამოეკითხათ. თვალებით ელაპარაკებოდნენ ერთმანეთს, ხანდახან ღიმილი გადაურბენდათ ხოლმე სახეზე.       როცა იულოს ჩვეულებრივი გრიმასა შენიშნეს, ახალგაზრდა სერჟანტმა იფრინდამ, ასეულის ენაფხიანმა ხუმარამ ჩაილაპარაკა: - ეტყობა, ცუდ რამეში გავიხლართეთ, ამ ბებერ ჯარისკაცს ასე რომ ჩამოსტირის ცხვირ-პირი! გეგონება, სამხედრო საბჭოზე ვიყოთ!       იულომ მკაცრად შეხედა მაცნეს და მაშინვე სიჩუმე ჩამოვარ-და. ამ საზეიმო სიჩუმეში დაგვიანებული წვევამდელების ფეხის ხმა, მათ ფეხქვეშ ქვიშის ყრუ ხრაშუნი, რაღაცნაირ შეუცნობად მღელვარებას ჰმატებდა საერთო მოუსვენრობას. აუხსნელ მდგომარეობას მხოლოდ ის გაიგებს, ვისაც მაწამებელი, უბედურების მომლოდინე ღამის სიჩუმეში უგრძვნია, როგორ აჩქარებულ გულისცემას იწვევს რაიმე ბგერის მონოტონური გამეორება და როგორ იტანს ნელ-ნელა შიში. ისევ გზის შუაგულზე გასულმა მეთაურმა გაიფიქრა, "ხომ არ ვცდები?" თვალებიდან ლამის ცეცხლებს ყრიდა განრისხებული, როცა დაინახა მშვიდი და გამოშტერებული იარე-მიწაზე, მაგრამ შუანის ჩამქრალ მზერაში გაელვებულმა მრისხანე ირონიამ აფიქრებინა, თავის გადარჩენაზე ზრუნვა ჯერ არ არის ზედმეტიო. ამ დროს კაპიტანი მერლიც დაბრუნდა, იულოს ბრძანებები შეესრულებინა. ამ სცენის უტყვი მონაწილენი, მსგავსად მრავალი სხვა სცენისა, ეს ომი ყველაზე დრამატულად რომ აქციეს, ცნობისმოყვარეობით შეპყრობილნი, მოთმინებით ელოდნენ ახალ შთაბეჭდილებებს და იმედი ჰქონდათ, რომ მეთაურის სხვა მანევრები ნათელს მოჰფენდნენ გაუგებარ სამხედრო ვითარებას.       - სწორად მოვიქეცით, კაპიტანო, - უთხრა იულომ, - რომ რაზმის ბოლოს ის პატრიოტები ჩავაყენეთ, ახალწვეულებში რომ ერივნენ. აიყვანეთ ათიოდე მკვირცხლი, ყოჩაღი ბიჭი ლეიტენანტ ლებრენის მეთაურობით და საჩქაროდ გადაიყვანეთ რაზმის ბოლოში, პატრიოტებს გაამაგრებენ და აიძულებენ, ცოცხლად გადაადგილდეს ეგ ბატების გუნდი, რომ რაც შეიძლება ჩქარა მოვაგროვოთ აი, იქ, სადაც ჩვენი ამხანაგები დგანან. გელოდებით.       კაპიტანი რაზმს შეერია. მეთაურმა რიგრიგობით გამოარჩია ოთხი შეუპოვარი ჯარისკაცი, რომელთა სიმარჯვე და სიმკვირცხლე შემჩნეული ჰქონდა და უჩუმრად, მეგობრული ჟესტით, თი-თით მოიხმო. ჯარისკაცები მიუახლოვდნენ.       - თქვენ ჩემთან ერთად მსახურობდით ოშთან, როცა ის გაიძვერები მოვიყვანეთ ჭკუაზე, თავს მეფის ეგერებს რომ ეძახდნენ. მშვენივრად გახსოვთ, როგორ იმალებოდნენ და სამალავიდან ესროდნენ ლურჯებს.       მათი სიჩაუქის შექებით კმაყოფილებმა ოთხივემ მრავლისმეტყველი გრიმასით დაუკრა თავი: მათი გმირული საბრძოლო სულისკვეთების გამომხატველი სახეები თითქოს უზრუნველი მორჩილებით ამბობდნენ, რომ რაც ომი გაჩაღდა საფრანგეთსა და ევროპას შორის, მათი ფიქრები არ გასცილებია უკან პატრონტაშს და წინ ხიშტს. ტუჩები ისე ჰქონდათ მოპრუწული, იტყოდი, კანაფით შეკრული ქისააო. ყურადღებით და ცნობისწადილით შეჰყურებდნენ თავიანთ მეთაურს.       - მაშ ასე, თქვა იულომ, - ასე კარგად რომ იცოდა ჯარისკაცის ხატოვანი ენა,- თქვენნაირი არწივები შუანებს სისაძაგლის საშუალებას არ მისცემენ. შუანები კი, იულო არ ვიყო, თუ ვიტყუებოდე, აქ არიან. თქვენ, ოთხივე, გზის ორივე მხარეს დაზვერავთ. რაზმი მალე დაიძვრება, აბა, ფხიზლად იყავით. ეცადეთ, მიზანში არ ამოგიღონ და გამაგებინეთ, რა ხდება. ცოცხლად!       მერე ჯარისკაცებს გზისპირა სახიფათო სიმაღლეები აჩვენა.       ოთხივე, ნდობისთვის მადლობის ნიშნად, ხელით შეეხო თავის ძველ, სამკუთხა ქუდს. ერთ-ერთმა, ლაროზი რომ ერქვა, იულოს ნაცნობმა კაპრალმა, თოფი დააჩხაკუნა და შესძახა, ამ სალამურზე დაკრულს მოვასმენინებთ, მეთაუროო! და ორი მარჯვნივ წავიდა, ორი მარცხნივ. ასეულმა ფარული მღელვარებით გააყოლა თვალი გზის აქეთ-იქით გაუჩინარებულებს. მოუსვენრობა იულოსაც ეტყობოდა, დარწმუნებული იყო, მზვერავები ნაღდად სასიკვდილოდ გაუშვა. მათი ქუდის წვერებიც რომ გაუჩინარდა, უნებურად გააჟრჟოლა. ღრმად ჩაბუდებული და ამიტომ უფრო მტანჯველი დარდით გათანგული ოფიცრები და ჯარისკაცები ყურს უგდებდნენ, როგორ სუსტდებოდა ფეხის ხმა ხმელ ფოთლებში. ომში ასეც ხდება ხოლმე, ოთხი კაცის თავგანწირვა უფრო შემაძრწუნებელია, ვიდრე ათასობით დაცემულისა. მაშინ სახის გამომეტყველება ჯარისკაცებისა იმდენად სხვადასხვანაირია და მსწრაფლცვალებადი, რომ მხატვარს უხდება შეტაკებათა მონაწილეების მოგონებების გამოხმობა, მშვიდობიან მოაზროვნეებს კი - თვითონ წარმოიდგინონ ეს დრამატული სახეები, რადგან ომის ქარიშხლები, სადაც ამდენი დეტალია, შეიძლება დაუსრულებლად იყოს შესწავლის საგანი.       იმ მომენტში, როცა ოთხი ჯარისკაცის ხიშტები გაუჩინარდა, კაპიტანი მერლი დაბრუნდა, ელვის უსწრაფესად რომ შეესრულებინა მეთაურის ბრძანება. მაშინ იულომ ორი-სამი განკარგულებით გზაზე მწყობრში ჩააყენა ასეულის ნარჩენი, მერე უბრძანა, ასულიყვნენ პელერინის წვერზე, სადაც მათი მცირე ავანგარდი იდგა. თვითონ კი უკანასკნელი მიაბიჯებდა, რაზმისკენ ზურგით, რომ თვალი ედევნებინა უმცირესი წვრილმანისთვისაც კი, სცენაზე, რომელიც ბუნებას ასეთი მშვენიერი შეექმნა, ადამიანს კი ასეთი საშინელი გაეხადა. რაზმი იქამდე მივიდა, სადაც ჟერარი იარე-მიწაზეს ყარაულობდა. უცებ შუანმა, რომელიც თითქოს გულგრილად უთვალთვალებდა მეთაურის მანევრებს, სინამდვილეში კი არაჩვეულებრივად აზრიანი თვალებით უყურებდა ორ ჯარისკაცს, გზის მარჯვნივ რომ შევიდნენ ტყეში, ორჯერ თუ სამჯერ დაუსტვინა, იკივლა ჭოტის მჟღერი, წკრიალა, გამკივანი ხმის მსგავსად. სამი ცნობილი კონტრაბანდისტი, რომელთა სახელები უკვე მოვიხსენიეთ, ღამე სხვადასხვა ინტონაციით ატყობინებდნენ ერთმანეთს ჩასაფრების, საფრთხის, ყველაფრის შესახებ, რაც აინტერესებდათ. აქედან იყო მათი მეტსახელიც Chiun, რაც ადგილობრივ კილოზე ბუკიოტს, ბუს ნიშნავს. დამახინჯებული გამოთქმით შეცვლილმა ამ სიტყვამ დასაბამი მისცა პირველი ამბოხების მონაწილეების სახელს, რომლებიც მიმოხვრითა და სიგნალებით სამ ძმას ბაძავდნენ. როგორც კი საეჭვო სტვენა მოესმა, მეთაური მაშინვე შეჩერდა და დაჟინებით შეხედა იარე-მიწაზეს. თავი მოისულელა, ვითომ შუანის სიბრიყვე სჯეროდა და ბარომეტრივით დაიტოვა მტრის მოძრაობის მიმართულების გამოსაცნობად. ამიტომ ხელი სტაცა ჟერარს, რომელმაც კინაღამ სიცოცხლეს გამოასალმა შუანი. მერე ჯაშუშს ორი ჯარისკაცი მიუჩინა, რამდენიმე ნაბიჯის მოშორებით დააყენა და ხმამაღლა, მკაფიოდ უბრძანა, მის მიერ მიცემულ პირველივე საეჭვო ნიშანზე მაშინვე დაეხვრიტათ. მიუხედავად აშკარა საფრთხისა, იარე-მიწაზეს არავითარი ემოცია არ გაუმჟღავნებია, რაც მეთაურმა, რომელიც თვალს არ აშორებდა, კარგად შენიშნა.       - ყეყეჩმა გადაამლაშა, - გადაულაპარაკა ჟერარს, - ჰო, ჰო, შუანის სახეზე რამის ამოკითხვა არ არის ადვილი, მაგრამ ამან თავი იმით გასცა, რომ თავისი უშიშრობის ჩვენება მოისურვა. ხედავ, ჟერარ, შიში რომ გაეთამაშებინა, ბრიყვად ჩავთვლიდი და "ფერი ფერსა" ვიქნებოდით, მაგრამ არც კი ვიცოდი, რა მეფიქრა. ახლა თავს დაგვესხმებიან, მაგრამ ერთი გაბედონ! ახლა უკვე მზად ვარ.       ძველმა ჯარისკაცმა ეს სიტყვები ძალიან ჩუმად თქვა და გამარჯვებულივით მოიფშვნიტა ხელები, დამცინავად გადახედა იარე-მიწაზეს, მერე გულხელი დაიკრიფა, შუა გზაზე გაჩერდა თავის საყვარელ ოფიცრებს შორის და მიღებული ზომების შედეგებს დაელოდა. დარწმუნებული იყო, ბრძოლა ატყდებოდა და მშვიდად ათვალიერებდა თავის ჯარისკაცებს.       - ოო! შავი დღე დაგვადგება, მეთაური ხელებს იფშვნეტს,- ჩაილაპარაკა იფრინდამ.       იულო და მისი ასეული კრიტიკულ მდგომარეობაში აღმოჩნდნენ, როცა სიცოცხლე მართლა საფრთხეშია და როცა ადამიანები ღირსების საქმედ მიიჩნევენ თავდაჭერილობისა და სიმშვიდის შენარჩუნებას. ასეთ წუთებში ადამიანებს მათი საქმეებით აფასებენ და საბოლოო განაჩენიც გამოაქვთ. ამიტომ იულოსთვის, რომელმაც თავის ოფიცრებზე უკეთ იცოდა, რა საფრთხე ელოდათ, თავმოყვარეობის საკითხიც კი იყო, ყველაზე მშვიდად ყოფილიყო. რიგრიგობით უყურებდა ხან იარე-მიწაზეს, ხან გზას, ტყეს და შეშფოთებული ელოდა, როდის გაისმებოდა შუშხუნების ზალპი, რომლებიც, როგორც ეგონა, ტყის სულებივით ირგვლივ იყვნენ ჩასაფრებულები. სახე ვნებადამცხრალი, აუღელვებელი ჰქონდა, რაკი იცოდა, რომ ჯარისკაცები თვალს არ აშორებდნენ. შეჭმუხნა შავგრემანი, ჩოფურა სახე, ტუჩის მარჯვენა კუთხე აჭიმა და თვალები მოჭუტა. მისი ეს გრიმასა ჯარისკაცებს ყოველთვის ღიმილი ეგონათ. მერე ჟერარს მხარზე ხელი დაჰკრა და თქვა: - ახალ უკვე მშვიდად ვართ. რა გინდოდათ გეკითხათ?       - რა ახალ ხიფათში გავეხვიეთ, მეთაურო?       - ახალი არაფერია, - უპასუხა ჩუმად, მთელი ევროპა ჩვენი წინააღმდეგია, ამჯერად არ გაუჭირდება. სანამ დირექტორიის წევრები ისე ებრძვიან ერთმანეთს, როგორც ცხენები თავლაში, სადაც შვრია გათავდა, მათი მთავრობა იშლება, არმიას არავინ ეხმარება. იტალიაში გაგვანადგურეს. დიახ, მეგობრებო, მანტუიდან წამოვედით ტრებიაში დამარცხების შემდეგ, ჟუბერმა კი ახლახან წააგო ბრძოლა ნოვიში. იმედი მაქვს, მასენა დაიბრუნებს შვეიცარიაში სუვოროვის მიერ ხელში ჩაგდებულ ვიწრო გასასვლელებს. რეინზე გვაჯობეს. დირექტორიამ იქ მორო გააგზავნა. მოახერხებს კი ეს გაბედული კაცი დაიცვას საზღვრები?.. დავუშვათ!       მაგრამ ბოლოს და ბოლოს კოალიცია გაგვსრესს და, საუბედუროდ, ერთადერთი გენერალი, ვისაც ჩვენი შველა შეუძლია, გადაკარგულშია, ჯანდაბაში, ეგვიპტეში! და მერე როგორ დაბრუნდება? ზღვაზე ინგლისი ბატონობს.       - ბონაპარტის არყოფნა არ მაწუხებს, სარდალო, - უპასუხა ახალგაზრდა მაიორმა ჟერარმა, განათლებულმა და ძალიან ჭკვიანმა, - ჩვენს რევოლუციას ეგ ვერ შეაჩერებს. არა. ჩვენ მხოლოდ საფრანგეთის მიწა კი არ უნდა დავიცვათ, ჩვენ ორმაგი მისია გვაკისრია. ვალდებული ვართ, შევინარჩუნოთ ქვეყნის სული. თავისუფლების კეთილშობილური პრინციპები, დამოუკიდებლობა და ადამიანის გონება, ჩვენმა ნაციონალურმა ასამბლეებმა რომ გამოაღვიძა, იმედი მაქვს, სულ უფრო განივრცობა. საფრანგეთი მოგზაურივით არის, რომელსაც ლამპარი ჩააბარეს: ერთი ხელით უჭირავს, მეორეთი - იცავს; თუ თქვენი ცნობები უტყუარია, მაშინ ბოლო ათი წლის მანძილზე ამდენი მტერი არ დაგვხვევია, რომელსაც ამ ლამპრის ჩაქრობა უნდა. დოქტრინები და ქვეყანა - ყველაფერი დაღუპვის პირასაა.       - ვაგლახ, რომ ასეა! - ამოიოხრა იულომ, - ამ დირექტორიის მასხარებმა მოახერხეს ყველასთან წაკიდება, ვისაც კი ჭკვიანურად მართვა შეეძლო. ბერნადოტი, კარინო, მოქალაქე ტალეირანმაც კი მიგვატოვა. მოკლედ, ერთადერთი წესიერი პატრიოტი დაგვრჩა - ფუშე, რომელმაც თავისი პოლიციის დახმარებით, ყველაფერი ხელში აიღო. აი, მესმის თავი! სწორედ მან გამაფრთხილა დროულად ამ აჯანყების შესახებ. და მაინც, დარწმუნებული ვარ, ხაფანგში მოვექეცით.       - ჰო, არმია თუ არ ჩაერევა მთავრობის საქმეებში, - განაგრძო ჟერარმა, - ადვოკატები იმდენს იზამენ, რომ ყველაფერი უარესად იქნება, ვიდრე რევოლუციამდე იყო. ამ ცბიერმა ადამიანებმა მართვისა რა იციან!       - სულ იმის მეშინია, - განაგრძო იულომ, - ბურბონებს არ შეეკრან, ეშმაკმა დალახვროს! ისინი თუ შეთანხმდებიან, რა დღეში აღმოვჩნდებით?       - არა, არა, მეთაურო, იქამდე არ მივა, - შეეხმიანა ჟერარი, - არმია, როგორც ამბობთ, ხმას აიმაღლებს, ოღონდ პიშეგრიუს ლექსიკონით არ ისარგებლოს და აი, მაშინ, იმედი მაქვს, დავინახავთ, რომ ათი წელი იმისთვის არ გვჩეხეს, რომ ჩვენი დათესილი ბოლოს და ბოლოს სხვამ მოიმკას.       - ჰო, ასეა, - შესძახა მეთაურმა, - ძვირად დაგვიჯდა.       - მაშ, ასე, - თქვა კაპიტანმა მერლმა, - ძველებურად ვიმოქმედოთ, ნამდვილი პატრიოტებივით და ვეცადოთ, შუანებს საშუალება არ მივცეთ, დაუკავშირდნენ ვანდეას, რადგან, თუ შეიკრნენ და თან ინგლისიც ჩაეჩხირა, პასუხს ვეღარ ვაგებ მთლიანი და განუყოფელი საფრანგეთის ფრიგიულ ჩაჩზე.       აქ საუბარი ბუს კივილმა შეაწყვეტინა, საკმაოდ შორიდან რომ გაისმა. მეთაური დაფრთხა, მაშინვე იარე-მიწაზეს შეხედა, მაგრამ მის უშფოთველ სახეს სიცოცხლის ნიშანწყალი არ ეტყობოდა. რეკრუტები, ოფიცერმა რომ მოაგროვა, საბრძოლველად მწყობრში მდგომი ასეულისგან ას ნაბიჯზე საქონლის ფარასავით შეჯგუფებულიყვნენ შუა გზაზე. მათ უკან, ათი ნაბიჯის დაშორებით იდგნენ ლეიტენანტ ლებრენის ჯარისკაცები და პატრიოტები. მეთაურმა თვალი მოავლო საბრძოლო შემადგენლობას და უკანასკნელად გადახედა გზაზე განლაგებულ პიკეტს. დისპოზიციით კმაყოფილი შემოტრიალდა და ის იყო, ადგილიდან დაძვრა უნდა ებრძანებინა, ტყის დაზვერვიდან მობრუნებული ორი ჯარისკაცის სამფეროვანი კოკარდა დაინახა გზის მარცხენა მხარეს. მეთაურს, რაკი მარჯვენა მხრის მზვერავები ჯერ არ ჩანდნენ, უნდოდა, მათთვის დაეცადა.       - იქნებ სწორედ იქიდან გამოვარდეს ყუმბარა, - უთხრა თავის ორ ოფიცერს და იქით მიახედა, სადაც ტყემ ორი შვილი ჩაუყლაპა.       სანამ მობრუნებული ქვეითი მსროლელები პატაკს აბარებდნენ, იულოს მხედველობის არედან გამორჩა იარე-მიწაზე. მაშინ შუანმა მაგრად დაუსტვინა, ისე ხმამაღლა, თითქოს ძალიან შორს უნდა გააგონოსო და სანამ მიჩენილი ყარაულები დამიზნებას მოასწრებდნენ, მათრახის დაკვრით ორივე მიყარ-მოყარა ვიწრო ბილიკზე, მიწაყრილსა და ორმოს შორის. იმ წამსვე რესპუბლიკელები გააყრუა ყვირილმა, უფრო სწორად, ველურმა ღრიანცელმა. სადაც შუანი იჯდა, იმ მიწაყრილს ზემოთ, ტყიდან ზალპი გაისმა და შვიდი-რვა ჯარისკაცი გააგორა. ხუთმა-ექვსმა ჯარისკაცმა ესროლა, მაგრამ ყველა ააცდინა იარე-მიწაზეს, რომელიც ველური კატის სისწრაფით აცოცდა ფერდობზე და ტყეს შეეფარა. საბოები გასძვრა ფეხიდან, თხრილში ჩაცვივდა და გამოუჩნდა ნალებდაკრული უხეში ფეხსაცმელი, როგორსაც მეფის ეგერები ატარებენ. შუანების პირველსავე ჭყივილზე ახალწვეულები მარჯვნივ, ტყეში შეცვივდნენ, იტყოდით, გამვლელმა ჩიტების გუნდი დააფრთხოო.       - ცეცხლი! ესროლეთ მაგ არამზადებს! - იყვირა მეთაურმა.       რაზმმა ისროლა, მაგრამ ახალწვეულები ტყვიებს დაემალნენ, ხეებს ამოეფარნენ და სანამ ჯარისკაცებმა ხელახლა დატენეს თოფები, თვალს მოეფარნენ.       - აბა! როგორ გინდა დეპარტამენტების ლეგიონების ჩამოყალიბების დეკრეტი შეასრულო, ჰა? - შესჩივლა იულომ ჟერარს, - ისეთი ყეყეჩი უნდა იყო, როგორც დირექტორიაა, რომ ამ მხარეში მობილიზაციის იმედი გქონდეს. უკეთესი იქნებოდა, ასამბლეები რომ კენჭს არ უყრიდნენ, რამდენი ტანისამოსი, რამდენი ფული თუ საომარი აღჭურვილობა უნდა გაიცეს... ჯობდა, მართლა მოეცათ.       - ეტყობა, მაგ გომბეშოებს კვერები ურჩევნიათ ჯარისკაცის ულუფის ხმიადებს, - ჩაერია იფრინდა, ასეულის ლაზღანდარა.       დეზერტირებს რესპუბლიკელების ყიჟინა და ხარხარი მიჰყვა, მაგრამ უცებ ისევ სიჩუმე ჩამოვარდა. ჯარისკაცებმა დაინახეს ფერდობზე გაჭირვებით მომავალი ორი მსროლელი, მეთაურმა გზის მარჯვენა მხარეს რომ გააგზავნა დასაზვერად. ერთ-ერთს, მსუბუქად დაჭრილს, ამხანაგი მოჰყავდა, მიწას სისხლით რომ რწყავდა. საწყლებს ნახევარი გზა ჰქონდათ გავლილი, უცებ იარე-მიწაზეს საზიზღარი სახე რომ გამოჩნდა. ისე კარგად დაუმიზნა მზვერავებს, რომ ერთი გასროლით ორივეს მოუღო ბოლო და მძიმედ ჩააგორა თხრილში. მისი დიდი თავის გამოჩენისთანავე, ოცდაათმა ლულამ ამოიღო მიზანში, მაგრამ, ფანტასმაგორიული მოჩვენებასავით გაქრა კურდღლისცოცხას მუხანათურ ბუჩქებში. ეს ყველაფერი, აღწერას ამდენი სიტყვა რომ დასჭირდა, თვალის დახამხამებაში მოხდა და ერთ წამში პატრიოტები და არიერგარდის ჯარისკაცები მცველთა რაზმის დანარჩენ ნაწილს შეუერთდნენ.       - წინ! - დასჭყივლა იულომ.       ასეული გაიჭრა წინ, მაღლობზე ღია ადგილისკენ, სადაც პიკეტი იყო განლაგებული. იულომ საომარ პოზიციაში ჩააყენა ჯარისკაცები, მაგრამ, რაკი შუანების მხრიდან მტრული ვერაფერი შენიშნა, გადაწყვიტა, რომ ჩასაფრების ერთადერთი მიზანი ახალწვეულთა გათავისუფლება იყო.       - მათი ყვირილით თუ ვიმსჯელებთ, - უთხრა თავის ორ მეგობარს, - ბევრნი არ უნდა იყვნენ. სწრაფად ვიაროთ, იქნებ ერნემდე ჩავაღწიოთ, სანამ წამოგვეწევიან.       ეს სიტყვები გაიგონა ერთმა პატრიოტმა ახალწვეულმა, მწკრივიდან გამოვიდა და იულოს დაუდგა წინ.       - ჩემო გენერალო, მე მიმიღია მონაწილეობა შუანების წინააღმდეგ ომში. შეიძლება, ორი სიტყვა გითხრათ?       - ეტყობა, ვექილია, - წასჩურჩულა იულომ მერლს, - მაგისნაირებს თავი ყოველთვის სასამართლო დარბაზში ჰგონიათ, აბა, სიტყვა შენია, დაიცავი საქმე, - უპასუხა ახალგაზრდა ფუჟერელს.       - მეთაურო, შუანებმა ნამდვილად გადაიბირეს ეს ხალხი და მათთვის იარაღი მოიტანეს. ფეხს თუ გავადგამთ, ერნეში ჩასვლამდე ყოველი ხის უკნიდან გვესვრიან და ყველას დაგვხოცავენ, საქმე უნდა დავიცვათ, როგორც თქვი, ოღონდ სიტყვით კი არა, ტყვიით. შეტაკებისას, რომელიც უფრო დიდხანს გაგრძელდება, ვიდრე გგონია, ერთ-ერთი ჩემი ამხანაგი წავა ფუჟერში და ნაციონალურ გვარდიას და თავისუფალ მებრძოლებს ჩამოიყვანს. მართალია, წვევამდელები ვართ, მაგრამ ნახავ, რომ ყვავების ჯიშისანი არა ვართ.       - მაშ, ფიქრობ, რომ შუანები ძალიან ბევრნი არიან?       - აბა, შენ თვითონ განსაჯე, მოქალაქე მეთაურო!       მან წაიყვანა იულო პლატოზე, იმ ადგილას, სადაც ფეხით იყო გადათხრილი. უჩვენა და ბილიკით კარგა მანძილი გაიარეს, სადაც მრავალი ადამიანის ნაფეხურები ჩანდა. ფოთლები ფეხით მიწაში იყო ჩატკეპნილი.       - აქ ვიტრეს ბიჭებმა გაიარეს, - თქვა ფუჟერელმა, - ქვემო-ნორმანდიელ შუანებთან შესაერთებლად წავიდნენ.       - რა გვარი ხარ, მოქალაქევ? - ჰკითხა იულომ.       - გიუდენი, მეთაურო.       - მაშ ასე, გიუდენ, შენი თანამოქალაქეების კაპრალად გნიშნავ. საიმედო კაცად მეჩვენები. გავალებ, აირჩიე შენს ამხანაგებს შორის ის, ვისაც ფუჟერში გავგზავნით. შენ ჩემთან დარჩები. მაგრამ ჯერ წაიყვანე შენი მოლაშქრეები და წამოიღეთ თოფები, სავაზნეები და ტანსაცმელი საბრალო ჩვენი ამხანაგებისა, ყაჩაღმა შუანებმა გზაზე რომ მიაწვინეს. მაშინ არ მოგიხდებათ მტრის ტყვიების უპასუხოდ დატოვება.       გულადი ფუჟერელები გაემართნენ დახოცილების აღჭურვილობისთვის. მთელი რაზმი ცეცხლით იცავდა მათ და ისე მოახერხეს, წამოეღოთ მიცვალებულების ტანსაცმელი და იარაღი, რომ ერთი კაციც არ დაუკარგავთ.       - ეს ბრეტონელები, - უთხრა იულომ ადიუტანტს, - კარგი ქვეითები დადგებიან, თუ ჯარისკაცის კარდალას შეეჩვევიან.       გიუდენის შიკრიკი გზის მარცხენა მხარეს ტყის უმოკლეს ბილიკს სირბილით დაადგა. ჯარისკაცებმა შეიმოწმეს იარაღი და საბრძოლველად მოემზადნენ. მეთაურმა ჩამოუარა, გაუღიმა, მათ წინ გაჩერდა და თავის საყვარელ ოფიცრებს შორის ჩამდგარი მტკიცედ ელოდა შუანების შეტევას. ისევ სიჩუმე ჩამოვარდა, მაგრამ ხანმოკლე: სამასი შუანი, წვევამდელებივით რომ ეცვათ, გამოვარდა საშინელი ღრიანცელით, უწესრიგოდ, გზის მარჯვენა მხრიდან და წინ გადაუდგა ლურჯების მცირერიცხოვან რაზმს. მეთაურმა ორ ტოლ კოლონად გაყო ჯარისკაცები, მწკრივში ათ-ათ კაცად. ამ რაზმებს შორის ჩააყენა თორმეტი სახელდახელოდ შეიარაღებული წვევამდელი და თვითონ ჩაუდგა მათ სათავეში. გზის ორივე მხარეს მის პატარა არმიას იცავდა ორი ფრთა, ოცდახუთ-ოცდახუთი კაცი თითოში, ჟერარისა და მერლის მეთაურობით. ორივე ოფიცერს ევალებოდა, შეერჩია მომენტი, შეეტია ფლანგებიდან და არ მიეცა შუანებისთვის გაფანტვის საშუალება. ეს სიტყვა ადგილობრივ კილოზე ნიშნავს მთელ ბრძოლის ველზე გადანაწილებას ისე, რომ თითოეული შესძლებდა თავისი პოზიციიდან, თვითონ რომ უსაფრთხოდ ყოფილიყო, ესროლა ლურჯებისთვის. ასეთი მანევრის დროს რესპუბლიკელებმა აღარ იცოდნენ, სად ეძებნათ მტერი. ონორე დე ბალზაკი ფრანგულიდან თარგმნა ლიანა დარაშვილმა გაგრძელება ► …
დაამატა ლაშა to ლიტერატურა at 8:15pm on თებერვალი 11, 2016
თემა: ვაშლის ყვავილი (გაგრძელება)
გამოირჩეოდა იქაურ მოაგარაკეთა შორის და ქამრიან ტლანქ ქურთუკში, მტვრიან წაღებსა და მოთელილ ქუდში გამოწყობილი ვერ ამჩნევდა, რომ ხალხი, ცოტა არ იყოს, ამრეზით უყურებდა გზაში. ლონდონის ბანკის განყოფილებას ეძებდა; ოღონდ რომ იპოვა, პირველ დაბრკოლებასაც აქ წააწყდა და გუნება წაუხდა. ხომ არავის იცნობს იგი ტორკიში? არა? მაშინ, თუ დეპეშას გაუგზავნის ბანკს ლონდონში, იქიდან პასუხის მიღებისთანავე სიამოვნებით მიართმევენ ფულს. რეალური, საქმიანი სამყაროს ამ იჭვნეულმა სუნთქვამ ცოტა შეაკვეცა ფრთები მის ოცნებას. დეპეშა მაინც გაგზავნა. თითქმის ფოსტის პირდაპირ მანდილოსანთა ტანსაცმლით სავსე მაღაზია შენიშნა და უცნაური გრძნობით დაუწყო თვალიერება ვიტრინას. თავისი სოფლელი სატრფოსთვის სამოსის შეძენის საქმე არანაკლებ აღონებდა. შევიდა. ახალგაზრდა ქალი შემოეგება, ლურჯთვალა და ცოტა შუბლშეჭმუხნილი. ეშერსტი ხმაამოუღებლად მიაშტერდა. – რას მიბრძანებთ, ბატონო? – კაბა მინდა ახალგაზრდა ქალისთვის. ქალს გაეღიმა. ეშერსტი მოიღუშა – თავისი თხოვნის თავისებურება უცბად ძალიან ეცნაურა და თავში დასცეცხლა. ახალგაზრდა ქალმა სასწრაფოდ დასძინა: – როგორი გნებავთ – რაიმე მოდური? – არა, უბრალო. – რა მოყვანილობისაა ახალგაზრდა მანდილოსანი? – რა მოგახსენოთ. მგონი, თქვენზე ოდნავ დაბალი იქნება. – ხომ არ შეგიძლიათ მის წელის ზომა მითხრათ? მეგენის წელის! – ოჰ, ალბათ საშუალო! – კეთილი! სანამ გამყიდველი ქალი კაბებს არჩევდა, ეშერსტი ნირწამხდარი ათვალიერებდა ვიტრინაში გამოკიდებულ ნიმუშებს და უცბად დაუჯერებლად ეჩვენა, რომ მეგენი, მისი მეგენი, უხეში ჭრელი შალის კაბის, ტლანქი ხალათისა და ცისფერი ბერეტის გარდა, რომელთაც მან თვალი შეაჩვია, ოდესმე სხვა რამეს ჩაიცვამდა ან დაიხურავდა. ყმაწვილი ქალი მობრუნდა, მკლავზე გადაკიდებული რამდენიმე კაბა მოიტანა და ეშერსტი უცქერდა, როგორ იზომებდა იგი მათ თავის მოდურ ფიგურაზე. ერთი კაბა მოეწონა, ფერით მომტრედისფრო-მონაცრისფრო, ოღონდ ვერა და ვერ წარმოიდგინა იმაში გამოწყობილი მეგენი. ახალგაზრდა ქალი კვლავ გაბრუნდა და კიდევ მოიტანა სხვები. მაგრამ ეშერსტი ახლა როგორღაც თითქოს გამოშტერდა და დამბლა დაეცა. როგორ აარჩიოს? მეგენს ხომ ქუდიც უნდა, ფეხსაცმელიც, ხელთათმანიც: და ვთქვათ, კიდეც რომ შეეძინა ყველაფერი, ისინი ხომ გააუბრალოებდნენ და გააერთფეროვანებდნენ მის სატრფოს, როგორც საკვირაო სამოსი აერთფეროვნებს სოფლელებს! რატომ არ შეიძლებოდა, როგორც იყო ჩაცმულ-დახურული, ისე ემგზავრა მეგენს? ოჰ! მაგრამ უფრო თვალში საცემი იქნება და ეს ხომ მართლაც ქალის მოტაცება იყო! მერმე მიაჩერდა ახალგაზრდა ქალს და გაიფიქრა: „ნეტავი თუ ხვდება და არამზადა თუ ვგონივარ?“ – ხომ ვერ გადამიდებდით იმ ნაცრისფერს? – წარმოთქვა ბოლოს სასოწარკვეთილმა. – ახლა ვერ გადამიწყვეტია. ნაშუადღევს შემოვივლი კიდევ. ახალგაზრდა ქალმა ამოიოხრა. – ოჰ, ბატონი ბრძანდებით! ძალიან მოხდენილი კოსტიუმია. არა მგონია, ამაზე უკეთესი იშოვოთ რაიმე. – არც მე მგონია, – წაიბუტბუტა ეშერსტმა და გარეთ გამოვიდა. ამქვეყნიურ, რეალურ სამყაროს იჭვნეულობას რომ ისევ დააღწია თავი, ღრმად მოითქვა სული და კვლავ თავის სანუკვარ ოცნებებს დაუბრუნდა. თვალწინ წარმოუდგა წრფელი, ტურფა არსება, რომელსაც მთელი თავისი სიცოცხლე უნდა დაეკავშირებინა მისთვის; წარმოიდგინა, როგორ გამოიპარებოდნენ ღამით და მთვარიანში გადალახავდნენ ეწერს. მას ცალი ხელი სატრფოსთვის ექნებოდა წელზე მოხვეული, ცალში მისი ახალი ტანსაცმელი ეჭირებოდა, ვიდრე შორს სადმე ტყეში რიჟრაჟზე მეგენი არ გაიძრობდა თავის ძველმანებს, არ გამოეწყობოდა ამ ახლებში და შორეული სადგურიდან ადრიანი მატარებლით არ წაიყვანდა მათ თავიანთი თაფლის თვის მოგზაურობაში; ვიდრე ლონდონი არ ჩაყლაპავდა მათ და სიყვარულის ოცნებანი მართლაც არ ახდებოდა. – ფრენკ ეშერსტ! რაგბის შემდეგ თვალი აღარ მომიკრავს შენთვის, ძმობილო! ეშერსტს შუბლი გაეხსნა – მას შემოსცქეროდა ცისფერთვალებიანი, მზით გარუჯული სახე; ერთი ისეთი სახეთაგანი, რომელსაც შინაგანი და გარეგანი მზე თანაბრად, შეწყობით ასხივოსნებს, და თვითონაც მიაძახა: – ოჰ, ფილ ჰოლიდეი ხარ? – რას აკეთებ აქ? – ეჰ, არაფერს! ვათვალიერებ აქაურობას და ფულს ვუცდი. ისე ეწერში ვბინადრობ გლეხთან. – სად საუზმობ? წამო და ჩვენთან ისაუზმე. მე ჩემი პატარა დებით ვარ აქ. მათ წითელა მოიხადეს. მეგობარმა ალერსიანად მოხვია ხელი და ეშერსტიც გაჰყვა. აიარეს სერი, ჩაიარეს ფერდობი, გასცდნენ ქალაქს, ხოლო ჰოლიდეის ხმა, გაჟღენთილი ისეთივე ხალისით, როგორც მისი სახე – მზით, უხსნიდა, რომ „ამ დამყაყებულ ადგილას მხოლოდ ბანაობა და ნიჩბოსნობა თუ ღირს რამედ“. ასე განაგრძობდნენ გზას, ვიდრე არ მიაღწიეს ზღვისგან ცოტა მოშორებით, შემაღლებულ ადგილას რკალივით განლაგებულ სახლებს და მათ შუაგულში კი – სასტუმროს. – შემოდი ჩემს ოთახში და დაიბანე. საუზმე თვალის დახამხამებაში იქნება.    ეშერსტმა საკუთარი სახე შეათვალიერა სარკეში. ფერმის საწოლი ოთახის ერთი სავარცხლისა და უკანასკნელ ორ კვირას ორიოდე პერანგით იოლად გასვლის შემდგომ, ტანსაცმლითა და ნაირ-ნაირი ჯაგრისით ამოხორილი ეს ოთახი დიდ ფუფუნებად ეჩვენა და თავში გაუელვა: „უცნაურია. კაცი ვერ წარმოიდგენს...“, მაგრამ რას ვერ წარმოიდგენდა კაცი, თვითონაც არ იცოდა კარგად. სასტუმრო ოთახში რომ გაჰყვა ჰოლიდეის სასაუზმოდ, სამი ქერა, ცისფერთვალება, თეთრი სახე შემოეფეთა უცბად, როცა მისმა ამხანაგმა შესძახა: – ეს გახლავთ ფრენკ ეშერსტი – ესენი კი ჩემი პატარა დაიკოები არიან! ორნი მართლაც პატარები იყვნენ, დაახლოებით თერთმეტისა და ათისა. მესამე კი ჩვიდმეტიოდე წლისა იქნებოდა – მაღალი, ტანადი, ისიც ქერათმიანი; მის ვარდისფერ ღაწვებს ოდნავ შეჰპარვოდა მზე. წარბები, თმაზე უფრო შემუქებული, ცოტა აპრეხოდა. ხმა სამთავეს, ჰოლიდეის მსგავსად, წკრიალა, მაღალი და ხალისიანი ჰქონდა. ყველანი წამოდგნენ, მკვირცხლად ჩამოართვეს ხელი ეშერსტს, კრიტიკულად შეავლეს თვალი ყმაწვილს, მერმე კვლავ მსწრაფლ დასხდნენ და განაგრძეს ლაპარაკი, ნაშუადღევს რა ვქნათო. ნამდვილი დიანა გახლდათ თანმხლები ნიმფებითურთ! ფერმაში ყოფნის შემდეგ ეს მკაფიო, კილოიანი, გაცხარებული ლაპარაკი; ეს თავდაჭერილი, ფაქიზი, ძალდაუტანებელი სინატიფე პირველად ეხამუშა, მერე კი ისე ბუნებრივად ეჩვენა, რომ ის გარემო, საიდანაც ახლახან ჩამოვიდა, უცბად ძალიან შორეულ მოგონებად დარჩა. უმცროსებს, ეტყობოდა, საბინა და ფრიდა ერქვათ, უფროსს – სტელა. ანაზდად სწორედ საბინა მოუტრიალდა ეშერსტს და უთხრა: – იცით რას გეტყვით! მოდით თქვენც ჩვენთან წამოდით კრევეტების საჭერად!.. ძალიან სასეირო რამეა! ამ მოულოდნელი მეგობრული გამოსაუბრებით სახტად დარჩენილმა ეშერსტმა დაბნევით წაიბურტყუნა: – ვშიშობ, უკან დაბრუნება მომიწევს ნაშუადღევს. – ოჰ! – განა გადადება არ შეგიძლიათ? ეშერსტმა პირი იბრუნა ახალი მოსაუბრისკენ, სტელასკენ, თავი გააქნია და გაიღიმა. იგი ძალიან ლამაზი იყო! საბინამ დანანებით ჩაილაპარაკა: – როგორმე რომ შეძლებდეთ! – საუბარი სწრაფად გადავიდა ქვაბულებსა და ცურვაზე. – შორს შეგიძლიათ ცურვა? – დაახლოებით ორ მილზე. – ოჰო! – რას ამბობთ! – რა კარგია! მასზე დაკვირვებით მიჩერებულმა სამმა წყვილმა ცისფერმა თვალმა საკუთარი ღირსების გრძნობა შემატა; საამოდ მოუღიტინა გულში. ჰოლიდეიმ უთხრა: – რას გეტყვი! შენ, მოკლედ, უნდა დარჩე და იბანაო. გირჩევნია, ღამე აქ გაათიო. – დიახ, კარგი იქნება! მაგრამ ეშერსტმა კვლავ გაიღიმა და გააქნია თავი. მერე უცბად დაუწყეს სპორტული წარმატების ამბების გამოკითხვა. აღმოჩნდა, რომ იგი იყო უნივერსიტეტის ნიჩბოსანთა გუნდის წევრი, თამაშობდა უნივერსიტეტის ფეხბურთელთა ნაკრებში, გაიმარჯვა ერთ მილზე სირბილში და სუფრიდან უკვე ერთგვარი გმირის სახით წამოდგა. პატარა გოგონებმა დაუჟინეს, „ჩვენი“ გამოქვაბული უნდა გაჩვენოთო, და გაუდგნენ კიდეც გზას – პატარებმა შუაში მოიქციეს ეშერსტი და აქედან და იქიდან კაჭკაჭებივით არ ასვენებდნენ ტიკტიკით; სტელა და მისი ძმა კი ცოტა უკან მოსდევდნენ. გამოქვაბულს, ყველა სხვა გამოქვაბულივით ნესტიანსა და ჩაბნელებულს, ერთი დიდი უპირატესობა მოეპოვებოდა – შიგ გუბე იდგა და იქ ისეთი სულიერების დაჭერა შეიძლებოდა, რომელთაც ბოთლებში ჩასვამდნენ. საბინამ და ფრიდამ, რომელთაც წინდები არ ეცვათ მზით გარუჯულ კოხტა კანჭებზე, ღიჭინი დაუწყეს ეშერსტს, შემოდით ჩვენთან ერთად შუაგულში და გვიშველეთ წყლის მოჩხრეკაო და მალე მართლა იმანაც გაიძრო წაღები და წინდები. ვისაც სილამაზის შეგრძნება გააჩნია, მისთვის მსწრაფლ გადის დრო, როცა გუბეში ლამაზი ბავშვები დგანან, ნაპირზე კი ახალგაზრდა დიანაა, რომელიც აღტაცებითა და გაოცებით იღებს ყველაფერს, რასაც შენ დაიჭერ და მიართმევ. ეშერსტს არც არასოდეს გააჩნდა დროის გრძნობა! ჰოდა თავზარი დაეცა, როცა საათი ამოიღო და ნახა, რომ სამს კარგა ბლომად გადასცდენოდა. დღეს უკვე ვეღარ გაანაღდებდა ჩეკს – მის მისვლამდე ბანკის განყოფილება დაიკეტებოდა. პაწიები ყურადღებით აკვირდებოდნენ მისი სახის გამომეტყველებას და ერთხმად შესძახეს: – ვაშა!.. ახლა კი უნდა დარჩეთ! ეშერსტს კრინტი არ დაუძრავს. მეგენის სახე თვალწინ წარმოუდგა, როცა საუზმეზე წაუჩურჩულა: „ახლა ტორკის მივდივარ, ძვირფასო, რომ ყველაფერი გიყიდო. ამ საღამოს დავბრუნდები.    თუ კარგი ამინდი იქნა, ამაღამვე შეგვიძლია წასვლა. მზად იყავი“. კვლავ გაახსენდა, როგორი თრთოლვით ისმენდა იგი მის სიტყვებს. ახლა რას იფიქრებს მეგენი? უცებ გამოერკვა, რადგან ანაზდად იგრძნო გუბის პირას მდგარი ამ სხვა ქალწულის, ასე მაღალი, ტანადი, ქერა, დიანასებური ქალწულის მშვიდი, დაკვირვებული მზერა; ოდნავ აპრეხილ, გადაკალმულ წარბებს ქვეშიდან მეოცნებე ცისფერ თვალებს რომ არ აშორებდა მას. რომ იცოდნენ, რა უტრიალებდა ახლა თავში; რომ იცოდნენ, სწორედ ამ საღამოს რა განზრახვა ჰქონდა!.. ჰოდა, ალბათ ერთი ზიზღით შესძახებდნენ და მარტოდმარტო დააგდებდნენ მას ამ გამოქვაბულში. და წყენის, ბოღმის, სევდის, სირცხვილის რაღაც უცნაური შერეული გრძნობით ჩაიდო ჯიბეში საათი და მკვეთრად თქვა: – ჰო, მოვტყუვდი დღეს! – ვაშა!.. ახლა კი შეგიძლიათ ჩვენთან ბანაობა. შეუძლებელი იყო, ცოტათი მაინც არ დაეთმო კაცს ამ მშვენიერი ბავშვების კმაყოფილი სახეებისთვის, სტელას ბაგეზე აბღეჭდილი ღიმილისთვის, ჰოლიდეის შეძახილისთვის „ჩინებულია, ჩემო ძმაო! მე გათხოვებ საღამისო რამეებს!“ მაგრამ ეშერსტს კვლავ მოაწვა ყელში ბოღმა, სინდისის ქენჯნამ შეაწუხა და პირქუშად წარმოთქვა: – დეპეშა უნდა გავგზავნო! გუბეში ჭყუმპალაობით გულგაჯერებულნი სასტუმროსკენ გაუდგნენ გზას. ეშერსტმა თავისი დეპეშა ქალბატონ ნარაკუმის სახელზე გაგზავნა: „სამწუხაროდ, ღამე დარჩენა მიხდება, დავბრუნდები ხვალ“. უეჭველია, მეგენი მიხვდება, რომ ბევრი საქმე გამოუჩნდა აქ და ცოტა გულს მოეშვა. ჩინებული ამინდი იდგა. თბილოდა, ზღვა წყნარად, ლურჯად ლივლივებდა – ეშერსტს ხომ ცურვა გატაცებით უყვარდა! სიამოვნებდა, ლამაზი ბავშვები რომ შესციცინებდნენ; კმაყოფილებით უცქერდა მათ, სტელას, ჰოლიდეის შუქიან სახეს. კმაყოფილებით ეს ოდნავ არარეალურად, თან უკიდურესად ბუნებრივად ეჩვენებოდა, თითქოს ნორმალურ ყოფაში უკანასკნელად იხედებოდა ცალი თვალით, რათა მეგენთან ერთად სულ სხვა ცხოვრებაში ჩაყურყუმალავებულიყო. ეშერსტმა წამოიღო ნათხოვარი საბანაო სამოსი და ყველანი ზღვისკენ გაემართნენ. ჰოლიდეიმ და მან ერთი კლდის უკან გაიხადეს, სამმა გოგონამ – მეორის უკან. ეშერსტი პირველი შევარდა ზღვაში და სწრაფად გაცურა დიდი რიხით, რომ კარგი მცურავის სახელი გაემართლებინა. როცა მობრუნდა, თვალი მოჰკრა, რომ ჰოლიდეი ნაპირის გასწვრივ მიცურავდა, ხოლო გოგონები დაბალ ტალღებში ჭყუმპალაობდნენ, ყვინთაობდნენ და ყელყელაობდნენ იმნაირად, რასაც ჩვეულებრივ იგი ამრეზით უყურებდა წინათ, მაგრამ ახლა ლამაზად და მომხიბვლელად ეჩვენა, ვინაიდან მათ შორის ღრმა წყლის დიდრონი თევზივით გამოირჩეოდა. ახლოს რომ მიცურდა, იფიქრა, ეგებ არც ესიამოვნოთ თავიანთ მოჭყუმპალავე გუნდში უცხოს გარევაო; ერიდებოდა იმ ნაზ ნიმფასთან მიახლოება. მერე საბინამ სთხოვა, ცურვა მასწავლეო და პატარა გოგონებმა იმდენი საქმე გაუჩინეს, რომ დროც აღარ დარჩენია შეენიშნა, სტელა შეეგუა თუ არა მის იქ ყოფნას. უცებ სწორედ მისი შეშინებული ხმა მოესმა. იგი წელამდე შესულიყო წყალში; ცოტა გადახრილს ნატიფი, თეთრი ხელები წინ გაეშვირა. სველი სახე მზისა და შიშისაგან დამანჭოდა. – შეხედეთ ფილს! რა დაემართა? ხომ არ უჭირს? ოჰ, შეხედეთ! ეშერსტმა მაშინვე დაინახა, რომ ფილის საქმე ვერ იყო კარგად. იგი ნაპირიდან ასიოდე იარდზე ფართხალებდა და იბრძოდა ღრმა წყლიდან გამოსასვლელად. უცბად შეჰყვირა, მაღლა აისროლა მკლავები და ჩაიძირა. ეშერსტმა შენიშნა, ქალიშვილმა როგორ გაიწია ძმის მისაშველებლად და მიაძახა: – სტელა, დაბრუნდით! დაბრუნდით! თვითონ კი წინ გადაეშვა. ასე სწრაფად ჯერ არასოდეს ეცურა და ჰოლიდეის მაშინ მისწვდა, როცა იგი მეორედ ამოაგდო ტალღამ. კრუნჩხვა მოსვლოდა, მაგრამ მისი სამშვიდობოს გამოყვანა არ გაძნელებია, რადგან ყმაწვილი არ გასძალიანებია. ეშერსტის შეძახილით ერთ ადგილას გაშეშებული სტელა მაშინვე მიეშველა, როგორც კი იქამდე მიაღწიეს და რაკი ნაპირს გაიყვანეს, ორივე მხრიდან ამოუდგნენ და დაუწყეს ფილს ტანის ზელა, ხოლო დამფრთხალი პატარები თავს ადგნენ. ჰოლიდეიმ მალე გაიღიმა. სწორედ საძაგელი, საძაგელი საქმე ჩავიდინეო, თქვა მან. თუ ფრენკი ხელს შეაშველებდა, შეეძლო ახლა ჩინებულად მიეღწია თავის ტანსაცმლამდე. ეშერსტმაც შეაშველა მკლავი და ამ დროს ჰკიდა თვალი სტელას სახეს – სველს, ალეწილს და ცრემლიანს, სრულიად რომ დაჰკარგოდა ძველი მშვიდი, თავშეკავებული იერი და გაიფიქრა: „მე სტელა დავუძახე! ნეტავი ხომ არ ეწყინა?“ რომ იცვამდნენ, ჰოლიდეიმ წყნარად ჩაულაპარაკა: – სიკვდილს გადამარჩინე, ძმაო! – სისულელეა! ჩაცმულნი, მაგრამ ჯერ კიდევ აფორიაქებულნი, ყველანი სასტუმროსკენ გაემართნენ და ჩაის სუფრას მიუსხდნენ ჰოლიდეის გარდა, რომელიც თავის ოთახში წამოწვა. მურაბიანი პურის რამდენიმე ლუკმის შემდგომ საბინამ ბრძანა: – იცით, რა გითხრათ, თქვენ ნამდვილი ვაჟკაცი ხართ! ფრიდამაც კვერი დაუკრა. – სწორედ! ეშერსტმა შენიშნა – სტელას თვალები დაეხარა. დარცხვენილი ჭაბუკი ადგა და ფანჯარას მიადგა. იქ ჩაესმა ყურში საბინას ჩურჩული. – რას გეტყვით! მოდით სისხლით გავეფიცოთ! სად არის შენი დანა, ფრიდა? და ცალი თვალით შეამჩნია, სამთავემ როგორ დაიჩხვლიტა საზეიმოდ თითები, გამოიწურეს სისხლი და დააწვეთეს ქაღალდზე. ეშერსტმა პირი იბრუნა და გარეთ გასვლა დააპირა. – ნუ ჯიუტობთ! არ წახვიდეთ! მკლავები დაუჭირეს და პატარა გოგონებმა მაგიდასთან დააბრუნეს დატყვევებული. ზედ ქაღალდის ნაჭერი იყო, რომელზედაც სისხლით გამოხეატათ რაღაც გამოსახულება და აგრეთვე სისხლით დაწერილი სამი სახელი და გვარი – სტელა ჰოლიდეი, საბინა ჰოლიდეი და ფრიდა ჰოლიდეი – ვარსკვლავის ქიმებისებურად უკავშირდებოდნენ იმ გამოსახულებას. საბინამ მოახსენა: – ეს თქვენ ხართ. ხომ იცით, ახლა უნდა გაკოცოთ! ფრიდამაც ბანი მისცა: – ოჰ, აბა, რასაკვირველია! და სანამ ეშერსტი თავის დაძვრენას მოასწრებდა, სველი თმა მოელამუნა სახეზე და რაღაც კბენის მსგავსი იგრძნო ცხვირზე; მარცხენა მკლავში უჩქმიტეს და ლოყაზეც კბილები აძგერეს მსუბუქად. შემდეგ ხელი უშვეს და ფრიდამ გამოაცხადა: – აბა, ახლა სტელას ჯერია! გაწითლებულმა და დაბნეულმა ეშერსტმა მაგიდის მეორე მხარეს მჯდარ ასევე გაწითლებულ და დაბნეულ სტელას გახედა. საბინამ ჩაიკისკისა, ფრიდამ კი შესძახა: – აბა, ჩქარა!.. თორემ სულ წახდება საქმე! უცნაურად დაირცხვინა უცბად ეშერსტმა, მაგრამ წყნარად კი თქვა: – ჩუმად, თქვე ჭინკებო! საბინამ კიდევ ჩაიკისკისა. – მაშინ სტელას შეუძლია თავის ხელს აკოცოს, თქვენ კი ამ ხელს ცხვირზე მიიდებთ. ეგ ცოტა მობრეცილი კი გქონიათ! ეშერსტის განსაცვიფრებლად, ქალიშვილმა მართლაც აკოცა თავის ხელს და გამოიწოდა მისკენ. იმანაც დარბაისლურად მიიდო ლოყაზე ეს გრილი, ნატიფი ხელი. პატარებმა ტაში დაუკრეს და ფრიდამ დასძინა: – ახლა, მაშ, ჩვენ უნდა გადაგარჩინოთ სიკვდილს ოდესმე – ეგ გადაწყვეტილი საქმეა! სტელა, ერთი ფინჯანი კიდევ დამისხი! ჩაის სმა განაგრძეს. ეშერსტმა დაკეცა ქაღალდი და ჯიბეში ჩაიდო. საუბარი ჩამოვარდა წითელის ჭირვების, მანდარინის და კოვზით თაფლის ჭამის, გაკვეთილებისგან თავისუფლად ყოფნისა და სხვათა უპირატესობასა და სარგებლობაზე. ეშერსტი ჩუმად უგდებდა ყურს მუსაიფს; თან მეგობრულად გადახედავდნენ ხოლმე ერთმანეთს ის და სტელა, რომლის სახემაც კვლავ მიიღო თავისი ჩვეული, ოდნავ მზედაკრული თეთრვარდისფერი იერი. სიამოვნებდა, ასე გულიანად რომ შეითვისა იგი ამ ჩინებულმა, ხალისიანმა ოჯახმა; მოხიბლული უჭვრეტდა მათ მხიარულ სახეებს. ნაჩაიევს პატარა გოგონები რომ წყალმცენარეებს აწყობდნენ გასახმობად ჰერბარიუმისთვის, ეშერსტმა სარკმელთან მიმჯდარ სტელასთან გააბა ბაასი და თან მის აკვარელებს ათვალიერებდა. ყველაფერი საამურ სიზმრად ეჩვენებოდა, მაგრამ დრო-ჟამი და ვითარება მოაგონდა; მდგომარეობის სირთულემ შეაჩქვიფა. ხვალ დაუბრუნდება მეგენს და მთელი ამ ამბებიდან, ბავშვების უმანკო სისხლით დაჯღაბნილი ჯიბეში ჩადებული ქაღალდის ნაგლეჯის გარდა სხვა აღარაფერი შემორჩება. ბავშვების? სტელა უკვე აღარ გახლდათ ბავშვი – მეგენის ტოლი იქნებოდა! მისი ლაპარაკი – აჩქარებული, ცოტა მკაცრი, პირდაპირი და მორცხვი, თან მეგობრული და ალერსიანი – თითქოს უფრო ენაწყლიანი ხდებოდა ყმაწვილის დუმილში და მის ირგვლივ რაღაც უბიწო კდემამოსილებისა და თავშეკავების განწყობილება სუფევდა. ნამდვილი მზეთუნახავი გახლდათ! სადილზე, რომელზედაც ჰოლიდეი კვლავ არ გამოსულა, რადგან ბევრი წყალი ჰქონდა ნაყლაპი, საბინამ განაცხადა: – მე ფრენკი უნდა დაგიძახოთ! ფრიდამ ბანი მისცა. – ფრენკ, ფრენკ, ფრენკი! ეშერსტს გაეღიმა და თავი დაუკრა. – რამდენჯერაც კი სტელა თქვენ ბატონ ეშერსტს გიწოდებთ, იმდენჯერ ჯარიმა უნდა გადაიხადოს. სასაცილოა „ბატონოს“ ძახილი! ეშერსტმა სტელას გადახედა, რომელსაც ნელ-ნელა აელეწა სახე. საბინამ გადაიკისკისა, ფრიდამ შესძახა. – სტელას ცეცხლი ეკიდება, ცეცხლი! ჰა-ჰა-ჰა! ეშერსტი გადაწვდა მარჯვნივ და მარცხნივ და ორივეს ქერა თმა ჩაბღუჯა მუჭებში. – ყური მიგდეთ ორივემ! – თქვა მან. – სტელას თავი დაანებეთ, თორემ ორივეს ერთმანეთზე გადაგაბამ! ფრიდამ წაიბურტყუნა: – უჰ, რა მხეცი ხართ! საბინამ უფრო მორიდებით თქვა: – თქვენ თვითონ ხომ სტელას ეძახით! – ვითომ რატომ არ უნდა დავუძახო? ჩინებული სახელია! – კეთილი, ჩვენ ნებას გაძლევთ! ეშერსტმა ხელი უშვა მათ თმას. სტელა! ნეტავი რას დაუძახებს სტელა ამის შემდეგ? მაგრამ ქალს არაფერი უწოდებია, ვიდრე დაძინების წინ განგებ არ უთხრა თვითონ. – ღამე მშვიდობისა, სტელა! – ღამე მშვიდობისა, ბატონო... ღამე მშვიდობისა, ფრენკ! ხომ იცით, ძალიან ვაჟკაცურად მოიქეცით დღეს! – ოჰ, რა სათქმელია! ქალმა სწრაფად ჩამოართვა ხელი, უცბად ოდნავ მოუჭირა და ასევე უცბად მოადუნა ხელის მოჭერა. ეშერსტი გაუნძრევლად იდგა ცარიელ სასტუმრო ოთახში. ჯერ კიდევ წუხელის, ქორფა, ახლად გაფურჩქნილი ყვავილების ქვეშ გულში ჰყავდა ჩაკონებული მეგენი და უკოცნიდა თვალებსა და ბაგეებს! და ყმაწვილმა გულამოსკვნით ამოიოხრა ამ ანაზდეულ მოგონებაზე. ამაღამ უნდა დაწყებულიყო ახალი ცხოვრება მასთან ერთად, ვისი ერთადერთი ნატვრა და ოცნებაც მხოლოდ მასთან ყოფნა იყო! ახლა კი ოცდაოთხმა საათმა და მეტმა უნდა განვლოს კიდევ, ვინაიდან საათზე დახედვა დაავიწყდა! რაღა ახლა დაუმეგობრდა ამ უმანკოთა ოჯახს, როცა უმანკოებასა და ყოველივე ამისთანა ამბებთან გამოსალმებას ეპირებოდა? „მაგრამ ხომ უნდა შევირთო იგი! – გაიფიქრა მან, – განა ასე არ ვუთხარი?“ ეშერსტმა აიღო სანთელი, აანთო და გაემართა თავისი საწოლი ოთახისკენ, რომელიც ჰოლიდეის ოთახს იქით მდებარეობდა. მეგობრის კარს რომ ჩაუარა, ჰოლიდეიმ გამოსძახა: – შენა ხარ, ფრენკ? შემოდი, თუ ძმა ხარ! საწოლში წამომჯდარიყო, ჩიბუხს ეწეოდა და კითხულობდა. – ერთ წუთს ჩამოჯექი. ეშერსტი ღია ფანჯარასთან დაჯდა. – ხომ იცი, დღევანდელ ამბავზე ვფიქრობდი, – თქვა ანაზდად ჰოლიდეიმ. – ამბობენ, მაშინ მთელი შენი წარსული თვალწინ გაგიელვებსო. მე კი არაფერიც არ მჩვენებია. მგონი, ჯერ კიდევ მთლიანად არ ვიხრჩობოდი და იმიტომ. – მაინც რაზე ფიქრობდი? ჰოლიდეიმ ცოტა ხანს იყუჩა და მერმე წყნარად თქვა: – ჰო, ერთი ამბავი მომაგონდა... ცოტა უცნაური... ერთი კემბრიჯელი გოგოსი; მე შემეძლო იმასთან, ხომ იცი... და გამეხარდა, რომ მისი ცოდვა არ დავიდე. ასეა თუ ისე ძმაო, შენ უნდა გიმადლოდე, აქ რომ ვწევარ. ახლა ალბათ ზღვის ფსკერზე ვიქნებოდი. არც ლოგინი მექნებოდა, არც თუთუნი, არც აღარაფერი. გამიგონე, როგორ გგონია, რა გვემართება ჩვენ სიკვდილის შემდგომ? ეშერსტმა წაიბუტბუტა: – სანთელივით ვქრებით, მე მგონი. – ფუჰ! – ჩვენ ვფარფატებთ და ეგებ ვცოდვილობთ ერთხანს მაინც. – ჰმ!.. მე მგონი, გვარიანი ბნელი საქმეა ეგ. რა გითხრა! ჩემი პატარა დები ხომ კარგად მოგექცნენ? – ძალიან კარგად! ჰოლიდეიმ დადო ჩიბუხი, კისერზე შემოიჭდო ერთმანეთს გადასკვნილი ხელები და სახე ფანჯრისკენ იბრუნა. – ურიგო ბალღები არ არიან! – თქვა მან. მწოლიარე მეგობარს რომ უყურებდა, მის ღიმილსა და სანთლის შუქის ციმციმს სახეზე, ეშერსტს გააჟრჟოლა. სრული ჭეშმარიტებაა! მართლაც შეიძლებოდა წოლილიყო იგი იქ ღიმილგამქრალი და სამარადისოდ წაშლოდა ეს შუქიანი იერი! შეიძლებოდა სულაც არ წოლილიყო იქ, არამედ ქვიშას დაეფარა იგი ზღვის ფსკერზე, როგორც იტყვიან, მეცხრე დღეს აღდგომისათვის ლოდინში! და ჰოლიდეის ეგ ღიმილი ანაზდად რაღაც სასწაულებრივად ეჩვენა, თითქოს მასში ყოფილიყო გამოხატული მთელი სხვაობა სიკვდილსა და სიცოცხლეს შორის – მცირე ალის გაელვება და ეს არის ყველაფერი! ეშერსტი წამოდგა და ალერსიანად გადაულაპარაკა: – აბა, მე მგონი, ახლა შენ ძილი გჭირდება. ჩავაქრო? ჰოლიდეიმ ხელი ხელში ჩასჭიდა. – ხომ იცი, ვერ გამომითქვამს და დიდი საძაგელი რამ უნდა იყოს სიკვდილი. ღამე ნებისა. ძმაო! აღელვებულმა და გულაჩუყებულმა ეშერსტმა ხელი მოუჭირა და ქვემოთ დაეშვა. მთავარი კარი ჯერ კიდევ ღია იყო და სახლების წინ მოლზე გავიდა. ჩაბნელებულ ცის ლაჟვარდში ვარსკვლავები კაშკაშებდა და მათ შუქზე იასამანს ყვავილების ის უცნაური ფერი ედო ღამეში, რის აღწერაც არავის ძალუძს. ეშერსტმა სახე მიადო ყლორტს, თვალი დახუჭა და მეგენი წარმოუდგა, გულში ჩახუტებული პაწია წაბლისფერი ლეკვითურთ. „მომაგონდა ერთი გოგო, შემეძლო მე ის... ხომ იცი! და გამეხარდა, რომ მისი ცოდვა არ დავიდე!“ ეშერსტმა თავის აქნევით პირი მოარიდა იასამანს და ბოლთის ცემას მოჰყვა ბალახზე – იგი ნაცრისფერი აჩრდილივით დადიოდა და მხოლოდ თავსა და ბოლოში მდგარი ფარნების შუქზე თუ ისხამდა ხორცს. იგი კვლავ მეგენთან იყო ქორფა, ახლად გაფურჩქნილი, თეთრად მოქათქათე ყვავილების ქვეშ. იქვე მირაკრაკებდა ნაკადული, მთვარე ფოლადისფრად კიაფობდა საბანაო გუბეში. კვლავ განიცდიდა მის უმანკო, კდემამოსილი ვნებით აღგზნებულ ზეაწეულ სახეზე დაფრქვეულ კოცნათა ხიბლს, განიცდიდა იმ ღვთაებრივი ღამის მოუსვენარ ვნებათა ღელვასა და სილამაზეს. ეშერსტი ერთხელ კიდევ შედგა იასამნის ბუჩქის ჩრდილში. აქაური ღამე ნაკადულის ენით კი არ რაკრაკებდა, არამედ ზღვის ენით – მისი მძიმე ხვნეშითა და შხუილით. არც ჩიტების ხმა ისმოდა, არც ბუსი, არც თხაწოვიასი. მხოლოდ როიალი ჟღარუნებდა, თეთრი სახლები აჭრილიყვნენ ცაში ვეება რკალად და იასამნის სურნელი ავსებდა ჰაერს. სასტუმროს მაღლა სართულის ერთ განათებულ სარკმელში ეშერსტმა თვალი მოჰკრა ფარდის უკან მოძრავ ჩრდილს. ფრიად უცნაური გრძნობები უფორიაქებდა გულს, თავისებური დომხალი, ორომტრიალი იდგა მის გულში, რაც თავისთავად ერთ განცდად შეირწყა; თითქოს გაზაფხული და სიყვარული, გაოგნებულნი და თავზარდაცემულნი, გამოსავლის ძებნაში სულ გაბათილდნენ და გატრიზავდნენ. ეს ქალიშვილი, რომელმაც მას ფრენკი უწოდა და რომლის ხელმაც უცბად ოდნავ მოუჭირა მის ხელს ჩამორთმევის დროს, ეს გოგონა, ასე კდემამოსილი და უმანკო, რას იფიქრებს ასე დამთხვეული, უკანონო სიყვარულის ამბავზე? ეშერსტი ჩაეშვა ბალახში; სახლისკენ ზურგშექცეული, ფეხმორთხმით დაჯდა, გარინდებული, ვითარცა ბუდას ქანდაკება. ნუთუ მართლა აპირებდა უმანკოების შებღალვასა და მოპარვას? უყნოსო ველის ყვავილს და შემდგომ ალბათ მოისროლო შორს? „მომაგონდა კემბრიჯელი გოგო, მე რომ შემეძლო... ხომ იცი!“ ჭაბუკმა ორივე ხელისგული აქეთ და იქით დააჭირა ბალახს. იგი ჯერ კიდევ თბილი იყო, ოდნავ ნესტიანი, ნაზი, ქორფა და ალერსიანი. „რა უნდა ვქნა?“ გაიფიქრა მან. ეგებ ახლა მეგენი იჯდა კიდეც სარკმელთან, გაჰყურებდა ყვავილებით გადაპენტილ ბაღს და ოცნებობდა მასზე! საბრალო პატარა მეგენი! „საინტერესოა, რატომ? – გაიფიქრა მან. – მე მიყვარს იგი! მაგრამ განა მართლა ნამდვილად მიყვარს? თუ მხოლოდ მიზიდავს, რადგან ასე ტურფაა და მე რომ ვუყვარვარ? რა უნდა ვქნა?“ როიალი კვლავ ჟღარუნებდა, ვარსკვლავები კიაფობდნენ და ეშერსტი თითქოს მოჯადოებული გაჰყურებდა მის წინ გადაშლილ ჩაშავებულ ზღვას. ბოლოს წამოდგა – ფეხები დაბუჟებოდა, ცოტა შესცივნოდა კიდეც. სარკმელებში უკვე აღარსად ჩანდა შუქი. თვითონაც დასაწოლად შევიდა შინ. VIII ღრმა, უსიზმრო ძილიდან ეშერსტი კარზე დაკაკუნებამ გამოაფხიზლა. თან წკრიალა ხმამ შემოსძახა: – ჰეი! საუზმე მზად არის! წამოხტა. სად იყო?.. ჰო!.. ისინი უკვე მურაბას შეექცეოდნენ და ცარიელ სკამზე დაჯდა სტელასა და საბინას შორის, რომელმაც ერთხანს უყურა და მერე გადაულაპარაკა: – რას გეტყვით! ცოტა აჩქარდით! ათის ნახევარზე უნდა გავიდეთ! – ბერი-ჰედს მივემგზავრებით, ძმობილო, და შენც უნდა წამოხვიდე! ეშერსტს თავში გაუელვა: „წამოვიდე? შეუძლებელია! მე ხომ უნდა ნივთები ვიყიდო და უკან დავბრუნდე!“ სტელას შეხედა. იმანაც დასძინა: – წამოდით, რა! საბინამაც კვერი დაუკრა: – აბა, უთქვენოდ რა სეირი იქნება! ფრიდა წამოდგა და ზურგს უკან დაუდგა: – წამოდით, თორემ თმას მოგწიწკნით! ეშერსტმა გაიფიქრა: „ჰოდა, კიდევ ერთი დღე მაინც იქნება მოსაფიქრებლად!.. კიდევ ერთი დღე!“ და თქვა: – კარგი! ნუღა მომწიწკნი ფაფარს! – ვაშა!.. სადგურში მეორე დეპეშა დაწერა გასაგზავნად და მერე დახია, თვითონაც არ იცოდა, რატომ. ბრიქსემიდან ძალიან ვიწრო კარეტით იმგზავრეს. საბინასა და ფრიდას შორის ჩაკვეხებული ეშერსტის მუხლები სტელას მუხლებს ეხებოდა და თამაშითა და ლაღობით განაგრძობდნენ გზას. ეშერსტსაც გაუარა ზაფრიანობამ. მომხიარულდა. ამ კიდევ ერთ დამატებით მოსაფიქრებელ დღეს სულაც არაფრის ფიქრი აღარ ნებავდა! ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ სირბილში, ჭიდაობდნენ, სეირნობდნენ ნავით, რადგან ბანაობის გული დღეს არავის ჰქონდა; მღეროდნენ ინგლისურ სიმღერებს, თამაშობდნენ, და რაც წამოიღეს, ყველაფერი შესანსლეს. აქეთობას პატარა გოგონებს მის მხრებზე აქეთ-იქიდან მოყრდნობილებს ჩაეძინათ, ხოლო მუხლებით კვლავ ეხებოდა სტელას მუხლებს. დაუჯერებლად ეჩვენებოდა, რომ ოცდაათიოდე საათის წინ თვალიც არ მოეკრა რომელიმე ამ ქერათმიანი გოგონასთვის. მატარებელში სტელას ებაასებოდა პოეზიაზე. გამოკითხა მისი საყვარელი პოეტების სახელები და ერთგვარი სასიამოვნო უპირატესობის გრძნობით გამსჭვალულმა თავისებიც მოახსენა. მაგრამ უცბად ქალმა ცოტა ხმადაბლა უთხრა: – ფილი ამბობს, ფრენკს საიქიოსი არ სწამსო. მე მგონი, ეს საზარელია! დაბნეულმა ეშერსტმა დარცხვენით წაიბუტბუტა: – არც მწამს და არც არა მწამს – უბრალოდ არ ვიცი მისი ამბავი! ქალმა აჩქარებით დასძინა: – მე მაგას ვერ ავიტანდი. მაშინ რაღა აზრი ექნებოდა სიცოცხლეს? ეშერსტი შეჰყურებდა, როგორ იჭმუხნიდა სტელა კოხტა აპრეხილ წარბებს და მიუგო: – მხოლოდ იმის გამო არ ვიწამებ, თითქოსდა ასე მირჩევნია. – მაგრამ არა, რატომ აქვთ კვლავ ცხოვრების წადილი, თუ ის ცხოვრება მართლა არ არსებობს? – და ჯიქურ შეხედა სახეში ჭაბუკს. ეშერსტს არ უნდოდა გული ეტკინა მისთვის, მაგრამ თავისი უპირატესობის გამოჩენის სურვილმა მაინც შეუხიცინა და ბრძანა: – სანამ კაცი ცოცხალია, მას ბუნებრივად სწადია მუდამ იცოცხლოს. ეს გახლავთ სიცოცხლის დამახასიათებელი ნიშანი. მაგრამ ეგ არის და ეგ, სხვა, ალბათ, მეტი აღარაფერია. – მაშ საღვთო წერილი სულ არ გწამთ? ეშერსტს თავში გაუელვა „ახლა კი მართლა ვატკენ ალბათ გულს!“ – მე მწამს მათზე ნათქვამი ქადაგება, ვინაიდან იგი ყოველ დრო-ჟამს მშვენიერი და დიდებულია. – მაგრამ ქრისტეს ღვთაებრივი ბუნება თუ გწამთ? ეშერსტმა თავი გააქნია. სტელამ მსწრაფლ იბრუნა პირი სარკმლისკენ და ყმაწვილს უცბად გაუელვა გონებაში მეგენის ლოცვამ, პატარა ნიკმა რომ გაიმეორა: „უფალო, შეგვიწყალე ჩვენ ყველანი და ბატონი ეშესი!“ განა ვინ ილოცებს მისთვის ისე გულმხურვალედ, როგორც ის, ვინც ამ წუთს ალბათ ზის და ელის – ელის, როდის გამოჩნდება იგი შუკაში! და მყის გაიფიქრა, რა არამზადა ვარო. მთელ იმ საღამოს ეს აზრი უტრიალებდა თავში, ოღონდ, როგორც ჩვეულებრივ ხდება ხოლმე, უფრო და უფრო ნაკლები სიმწვავით, ვიდრე თითქმის სრულიად ბუნებრივად არ ეჩვენა ეს თავისი არამზადობა. და უცნაურია! – ვეღარ გაარჩია, რატომ იყო იგი არამზადა: იმიტომ, რომ მეგენთან უნდოდა დაბრუნება, თუ იმიტომ, რომ აღარ უნდოდა დაბრუნებოდა მას. ვიდრე ბავშვები დაწვებოდნენ, ბანქო ითამაშეს. მერე სტელა როიალთან მივიდა. სარკმელთან თითქმის სულ ბნელში მიმჯდარი ეშერსტი თვალს ადევნებდა ორ სანთელს შორის მოთავსებულ ქალის ფიგურას – თეთრი, მაღალკისრიანი ქერა თავი როგორ იხრებოდა ხელების მოძრაობის შესაბამისად. სტელა მარჯვედ უკრავდა, ოღონდ შთაგონება აკლდა, მაგრამ რა სურათი იყო – მქრქალი ოქროსფერი შარავანდედი ადგა თავს ანგელოზივით! ვის მოუვლიდა დამთხვეული ფიქრები და ავხორცული ვნებანი ამ თეთრით მოსილ, ნაზად მოტორტმანე სერაფიმის მსგავსი უმანკო ქალწულის წინაშე? იგი უკრავდა შუმანის პიესას – „Warum?“[16] მერმე ჰოლიდეიმ გამოიტანა თავისი ფლეიტა და ხიბლიც დაირღვა. ამის შემდეგ ეშერსტი ამღერეს, ხოლო სტელა აკომპანემენტს უკრავდა შუმანის სიმღერათა ალბომიდან. ოღონდ როცა იგი მღეროდა, Ich grole nicht[17] ცისფერ საღამურ პერანგში გამოწყობილი ორი პაწია ფიგურაც შემოიპარა და სცადეს როიალის ქვეშ შემალვა. საღამო დიდი ორომტრიალით და, როგორც საბინამ თქვა, „დიდებული სეირით“ დასრულდა. იმ ღამეს ეშერსტს თითქმის სულ არ ეძინა. იგი საგონებელში იყო ჩავარდნილი, ბორგავდა, შფოთავდა და შამფურივით ტრიალებდა ლოგინში. ამ ორი დღის ძალიან ახლო, შინაურულმა ურთიერთობამ, ამ ჰოლიდეების მძლავრმა გარემომ თითქოს სულ ჩაითრია იგი და ფერმა და მეგენი, თვით მეგენიც კი, არარეალურად მოაჩვენა. განა მართლა ეტრფოდა მეგენს? განა მართლა დაჰპირდა, წაგიყვან და ჩემთან გაცხოვრებო? ალბათ გაზაფხულმა, ღვთაებრივმა ღამემ, ვაშლის გაპენტილმა ყვავილებმა თუ მოაჯადოვა იგი! ეს მაისის დამთხვეულობა და სიგიჟმაჟე ხომ დაღუპავდა ორთავეს! იმის ფიქრი, რომ თვითონ აპირებდა, ეს წრფელი, ალალი, სათუთი, ბავშვი, ჯერ კიდევ თვრამეტი წლის ასაკსაც კი მიუღწეველი, ხასად დაესვა, ახლა ერთგვარი ძრწოლით უვსებდა გულს, თუმცა სისხლი მაინც კვლავ ვნებით უდუღდა და უჩქროლავდა მის მოგონებაზე. „საზარელი საქმე ჩავიდინე, საზარელი!“ – ბუტბუტებდა თავისთვის. თან შუმანის მუსიკის ბგერები თრთოდა, ღუღუნებდა და ერეოდა მის გახურებულ ფიქრებს. კვლავ თვალწინ უდგებოდა სტელას კდემამოსილი, ქერათმიანი, თეთრი ფიგურა; მისი დახრილი თავი, უცნაური ანგელოზური შარავანდედი მის ირგვლივ: „ალბათ გავგიჟდი!.. ალბათ გიჟი ვარ! – გაიფიქრა მან. – რა დამემართა? საბრალო პატარა მეგენი!“ „უფალო, შეგვიწყალე ჩვენ ყველანი და ბატონი ეშესი!“ „მე მინდა, თქვენთან ვიყო... – ეგ არის და ეგ, მარტო თქვენთან ვიყო!“ და ბალიშში თავჩარგულმა ძლივს შეიკავა ქვითინი. წაუსვლელობა საშინელება იქნებოდა! წასვლა – კიდევ უფრო უარესი. როცა ახალგაზრდა ხარ და ვნებათა ღელვას გზას მისცემ, იგი კარგავს თავის მტანჯველობით ძალას და ეშერსტსაც ამ ფიქრში გართულს ჩაეძინა: რა მოხდა! – ორიოდე ვაკოცე... ერთ თვეში ყველაფერი გადაავიწყდებაო! მეორე დილით ჩეკი გაანაღდა, ოღონდ მომტრედისფრო-მონაცრისფროკაბიან მაღაზიას ჭირიანივით აუარა გვერდი და მის ნაცვლად თავისთვის ცოტაოდენი აუცილებელი რამ შეიძინა. მთელი დღე რაღაც უცნაურ გუნებაზე იყო, თითქოს საკუთარ თავზე ჯავრობდა. ორი უკანასკნელი დღის ვნებიანი წადილის ნაცვლად, ერთგვარ სიცარიელეს გრძნობდა – მთელი ვნებათა ღელვა დაუცხრა, თითქოს იმ ცრემლთაღვრამ მოუშთოო. ნაჩაიევს სტელამ ერთი წიგნი დაუდო გვერდით და მორიდებით ჰკითხა: – ეს წიგნი წაგიკითხავთ, ფრენკ? ეს გახლდათ ფარარის „ქრისტეს ცხოვრება“. ეშერსტს გაეღიმა. სტელას ღელვა მისი რწმენის თაობაზე სასაცილოდ, მაგრამ გულის ამაჩუყებლად ეჩვენებოდა. თან გადამდებიც იყო, თითქოს, რადგან თვითონაც გულში უხიცინებდა, საკუთარი თავი მაინც გაემართლებინა, თუ თავის რჯულზე მის მოქცევას ვერ შეძლებდა. და საღამოს, როცა ბავშვები და ჰოლიდეი კრევეტის საჭერ ბადეებს უკირკიტებდნენ, თქვა: – ორთოდოქსულ სარწმუნოებას ყოველთვის საფუძვლად უდევს, იმდენად, რამდენადაც მე მესმის, დაჯილდოების იდეა – თუ კარგად მოიქცევი, ესა და ეს გერგებაო, ერთგვარ მოწყალების თხოვნასა ჰგავს. მე მგონი, ყველაფერი შიშისგან მოდის. სტელა რბილ ტახტზე იჯდა და კანაფის ნაგლეჯზე ზღვაოსნურ ნასკვებს აკეთებდა. მსწრაფლ ამოიხედა და სიტყვა ჩამოართვა. – მე კი მგონია, მაგაზე უფრო ღრმა საფუძველი უნდა მოეპოვებოდეს. ეშერსტმა კვლავ იგრძნო თავისი უპირატესობის გამოჩენის სურვილი. – თქვენ ასე ფიქრობთ, – მიუგო მან, – მაგრამ ყველას guid pro guo[18]! გვინდა და ყველაზე უფრო ღრმად ეს არის გამჯდარი ჩვენში! ისე კი ძალიან ძნელია ამის ჭეშმარიტი საფუძვლის ჩაწვდომა! დაბნეულმა ქალმა შუბლი შეიჭმუხნა: – რაღაც ვერ გავიგე თქვენი ნათქვამი. ეშერსტმა ჯიუტად განაგრძო: – ჰოდა, ჩაუკვირდით და დაინახავთ, მორწმუნეთა უმეტესობა თუ ისეთი ხალხი არ იყოს, რომელთაც ჰგონიათ, რომ ეს ცხოვრება არ ანიჭებთ ყველაფერს, რასაც ისინი ესწრაფვიან. მე მწამს კეთილის ქმნა, ვინაიდან კეთილის ქმნა თავისთავად კარგია. – მაშ მაინც გწამთ კეთილის ქმნა? რა ლამაზი ჩანდა იგი ახლა – მასთან კეთილის ქმნა სწორედ რომ ადვილი საქმე გახლდათ! და მან თავის ქნევით უთხრა: – რას გეტყვით! მასწავლეთ მაგნაირი ნასკვის გამოსკვნა! კანაფის გასკვნა-გამოსკვნის დროს სტელას თითები რომ ეხებოდა მისას, რაღაც გულს ესალბუნებოდა და ბედნიერად გრძნობდა თავს. როცა დაწვა, ყმაწვილი განგებ განაგრძობდა ფიქრს მასზე და თითქოს თავდასაცავი რამ სამოსიაო, ეხვეოდა მის ტურფა, კდემამოსილი, დაძმური შარავანდედის სხივებში. მეორე დღეს აღმოჩნდა, რომ გადაწყვეტილი იყო, მატარებლით წასულიყვნენ ტოტნესს და პიკნიკი ბერი-პომროის ციხე-დარბაზში გაემართათ. წარსულის კვლავ ბეჯითად დავიწყების ზრახვით, მან, ცხენებისკენ ზურგშებრუნებულმა, თავისი ადგილი დაიჭირა ლანდოში ჰოლიდეის გვერდით. ოღონდ მერე, სანაპიროზე, თითქმის რკინიგზის სადგურის შესახვევთან, კინაღამ გული ამოუვარდა საგულედან. მეგენი, თვითონ მეგენი მიდიოდა ტროტუარზე თავის ძველ კაბა-ხალათსა და ცისფერ ბერეტში გამოწყობილი და გამვლელებს სახეში აკვირდებოდა! ეშერსტმა უნებურად ხელი წაიღო მოსაფარებლად და მერე ცრუ მოძრაობით თავი ისე აჩვენა, თითქოს თვალებიდან მტვერს იწმენდსო. მაგრამ თითებს შორის მაინც ხედავდა მას. იგი მიდიოდა არა თავისი ჩვეული ლაღი ნაბიჯით, არამედ ლასლასით; სახეზე დაბნეული, შესაბრალისი გამომეტყველება აღბეჭდოდა, როგორც საცოდავ ფინიას, რომელსაც პატრონი დაუკარგავს და აღარ იცის – წინ გაიქცეს, უკან გაბრუნდეს თუ საით წავიდეს. როგორ მოხვდა აქ?... როგორ მოახერხა სახლიდან გამოპარვა?... რისი იმედი ჰქონდა?... მაგრამ ბორბლების ყოველი გადატრიალება რომ აშორებდა მეგენს, გული უბორგავდა, უკვნესოდა და უკარნახებდა, შეეჩერებინა ეტლი, ჩამომხტარიყო და დასწეოდა მას! როცა ლანდომ სადგურისაკენ შეუხვია, ეშერსტმა მეტს ვეღარ გაუძლო, გააღო ეტლის კარი და წაიბურტყუნა: – რაღაც დამავიწყდა!.. თქვენ განაგრძეთ გზა... ნუ დამიცდით! მეორე მატარებლით ჩამოვალ და შემოგიერთდებით ციხე-დარბაზში!.. ამ სიტყვებით გადმოხტა ეტლიდან, წაიბორძიკა, კინაღამ წაიქცა, წონასწორობის შენარჩუნება მაინც მოახერხა და გამობრუნდა უკან; ეტლმა კი განაგრძო გზა სახტად დარჩენილი ჰოლიდეებითურთ. კუთხეში რომ მოუხვია, მხოლოდ შორსღა მოჰკრა თვალი მეგენს. ეშერსტმა რამდენიმე ნაბიჯი გაირბინა, მერე თავი შეიკავა და ჩვეულებრივ სიარულზე გადავიდა. რაც უფრო უახლოვდებოდა მეგენს და შორდებოდა ჰოლიდეებს, მით უფრო და უფრო უნელებდა ნაბიჯს. რას შეცვლიდა მისი ნახვა? როგორ უნდა მოეხერხებინა, რომ რაც შეიძლებოდა ნაკლებ საძაგლად გამოსულიყო მასთან შეხვედრა და ახსნა-განმარტება? ვინაიდან – ახლა რაღა დასამალი გახლდათ – ჰოლიდეებთან შეხვედრის შემდეგ თანდათან დარწმუნდა, რომ მეგენს ვეღარ შეირთავდა. ეს იქნებოდა მხოლოდ სატრფიალო დროსტარება. მტანჯველი, სინდისის მქენჯნავი, მძიმე ხანა და მერე კი მას მოჰბეზრდებოდა, სწორედ იმიტომაც, რომ მეგენი მას ყველაფერს სწირავდა, ასე ალალი, ასე წრფელი, ასე ერთგული, ასე ქორფა და სიქორფავეც ხომ წარმავალია! მეგენის გაცრეცილი, ცისფერი ბერეტი წინ, შორს კიაფობდა პატარა ლაქასავით. იგი ყველას სახეში შეჰყურებდა და ყველა სახლის სარკმელში იხედებოდა. ნუთუ ვინმეს კიდევ განუცდია ასე მძიმე წუთები? ეშერსტი როგორც უნდა მოქცეულიყო, მაინც პირუტყვულად გამოუვიდოდა და ისე გულამოსკვნით ამოიკვნესა, რომ ვიღაც პირისფარეშმა ქალმა მოხედა და გაოცებული დააკვირდა. ყმაწვილმა დაინახა, მეგენი რომ შედგა, სანაპიროს მოაჯირს დაეყრდნო და ზღვას დაუწყო ცქერა. თვითონაც შეჩერდა. ფრიად შესაძლოა, გოგონას არ ეხილა ზღვა მანამდე და თვით ასეთ შემაჭირვებელ ყოფაშიც ვერ მოსწყვიტა მას თვალი. „ჰო, მას ხომ არაფერი უნახავს, – გაიფიქრა მან. – ყველაფერი ჯერ კიდევ წინა აქვს. და ორიოდე ვნებიანი კვირისათვის ნაფლეთებად უნდა ვუქციო მთელი ცხოვრება. ამის ჩადენას თავის ჩამოხრჩობა მირჩევნია!“ თან უცბად თითქოს სტელას მშვიდმა თვალებმა ჩახედეს თვალებში და ნიავისაგან შუბლზე ჩამოშლილი მისი ფაფუკი ქერა თმა წარმოუდგა. ოჰ, ხომ სიგიჟე იქნება, ეს ხომ ყოველივე იმაზე ხელის აღებას ნიშნავს, რასაც იგი აქამდე პატივს სცემდა და საკუთარი თავის პატივისცემასაც ხომ ჰკარგავდა! ჭაბუკი მოტრიალდა და სასწრაფოდ მიაშურა სადგურს. მაგრამ კვლავ დასძალა იმ საცოდავი, გაოგნებული პატარა ფიგურის მოგონებამ, იმ დაფეთებულმა თვალებმა, გამვლელთ რომ დაკვირვებით შესცქეროდა სახეში და ეშერსტმა ერთხელ კიდევ იბრუნა პირი ზღვისაკენ. გოგონას ქუდი აღარსად ჩანდა – პაწია ცისფერი ლაქა გაუჩინარდა შუადღის მოსეირნეთა ნაკადში და მას ანაზდად უბიძგა იმ თავდაუჭერელმა სურვილმა, რომელიც კაცს უჩნდება ხოლმე, როცა ეჩვენება, რომ ცხოვრება რაღაცას სტაცებს ხელიდან და იგი წინ გაქანდა. მეგენი აღარსად ჩანდა. ნახევარ საათს მაინც ეძებდა იგი აქეთ-იქით და მერმე სანაპიროზე თავდაღმა ჩაემხო ქვიშაში. მან ჩინებულად იცოდა, რომ მის საპოვნელად მხოლოდ სადგურზე გასვლა და დაცდა იყო საჭირო, ვიდრე ქალი დაბრუნდებოდა თავისი უნაყოფო ძიებისაგან, რათა შინ გამგზავრებულიყო მატარებლით; ანდა თვითონვე უნდა ჩამჯდარიყო მატარებელში, ჩასულიყო ფერმაში და როცა მეგენი დაბრუნდებოდა, იქ დახვედროდა. მაგრამ ყმაწვილი უძრავად იწვა ქვიშაში პაწია ნიჩაბ-ვედრებიანი, უდარდელი ბავშვების გუნდებს შორის. მეგენის სახებისადმი სიბრალული თითქმის შთანთქა და გააბათილა მისი სისხლის გაზაფხულურმა დუღილმა, ვინაიდან იგი ახლა უკვე მთლიანად გახელებულმა ვნებათა ღელვამ შეიპყრო – წინანდელი რაინდული მხარე აღარ გააჩნდა. ეშერსტს კვლავ სწყუროდა იგი, სწყუროდა მისი კოცნა, მისი ნაზი, სათუთი, პატარა სხეული; მისი თავდავიწყება, მთელი მისი გახელებული, მხურვალე, პირველყოფილი გრძნობიერება; სწყუროდა იმ საოცარი, მომაჯადოებელი ღამის განცდა, მთვარის ვერცხლისფერი შუქით აციაგებული გაპენტილი ვაშლის რტოების ქვეშ; სწყუროდა ყველაფერი ეს საშინელი ძალით, ვითარცა ფავნუსს სწყურია ნიმფა. პატარა, კამკამა კალმახიანი მდინარის სწრაფი რაკრაკი, ბაიების თვალის მომჭრელი ბზინვა, – „ავი სულების“ კლდეები, გუგულების „გუ-გუ“, კოდალების კაკუნი, ბუების კივილი; ხავერდოვანი წყვდიადიდან წითელი მთვარე რომ იჭყიტებოდა თეთრად გადაპენტილ ქორფა ყვავილებში; მისი თავდავიწყებული სიყვარულით გაშუქებული სახე, სარკმლიდან ძირს გადმოხრილი; ქალწულის მკერდი მის მკერდს ჩაკონებული, ხოლო ბაგე ბაგეს შეწებებული, ბებერი ვაშლის ხის რტოებს ქვეშ – ყოველივე ეს შემოეჭიდა გულზე. მაგრამ ეშერსტი მაინც გაუნძრევლად იწვა. რა ებრძოდა მასში ამ სიბრალულსა და გახელებულ წყურვილს და რა აჯაჭვავდა უძრავად ამ გახურებულ ქვიშას? სამი ქერათმიანი თავი; ალერსიანი, ცისფერ-მონაცრისფრო თვალებიანი სანდომიანი სახე; ნატიფი ხელი, მისას რომ უჭერდა, აჩქარებით ნათქვამი მისი სახელი და – „მაშ სიკეთე ხომ გწამთ?“ დიახ, ეს და ის თავისებური გარემო გალავანშემოვლებულ, მიხაკებიან, ღიღილოებიან, ვარდნარიან, ლავანდისა და იასამნის სურნელებით გაჟღენთილ ძველებურ ინგლისურ ბაღში რომ სუფევს – გრილი, ზომიერი, თავშეკავებული, ლამაზი, უბიწო, თითქმის წმინდა გარემო – ყოველივე ის, რასაც პატარაობიდანვე შეეზარდა, ვითარცა, მისი გრძნობით, სუფთასა და კარგს. და უცბად თავში დასცეცხლა: „ხომ შეიძლება კიდევ გამოიაროს სანაპიროზე და დამინახოს!“ ამიტომ მსწრაფლ წამოხტა და შორს სანაპიროს ბოლოს მდებარე კლდეს მიაშურა. აქ, ზღვის ზვირთების შხეფების ქვეშ უფრო გულდინჯად შეეძლო ფიქრი. დაბრუნებულიყო ფერმაში და ჰყვარებოდა მეგენი იმ ტყეებსა, კლდეებსა და მთელ იმ ველურ, პირველყოფილ გარემოში! ეს, ჩინებულად იცოდა, სრულიად შეუძლებელი იყო. წამოეყვანა იგი, ეს ბუნების ნამდვილი შვილი, დიდ ქალაქში და ერთ პატარა ბინაში ან ნაქირავებ ოთახებში გამოეკეტა! – ესეც, ვითარცა პოეტს, თავზარსა სცემდა – მისი სიყვარული უბრალო, ვნებიანი, მსწრაფლწარმავალი გატაცება იქნებოდა. ლონდონში სწორედ ეს უბრალოება, გულწრფელობა, მოკლებული ყოველგვარ ინტელექტუალურ წვრთნას, მხოლოდ ფარულ სათამაშოდ, თოჯინად აქცევდა მეგენს და მეტი არაფერი. რაც უფრო დიდხანს იჯდა კლდეზე, ზღვის მომწვანო ტალღებისაკენ ფეხებგადაშვერილი, მით უფრო მკაფიოდ ჭვრეტდა ყოველივე ამას. მაგრამ ისე ეჩვენებოდა, თითქოს მეგენის ხელები და მთელი მისი არსება უსხლტებოდა ნელ-ნელა ხელიდან და მორევში იკარგებოდა, რათა მერე შორს ზღვაში შთანთქმულიყო და მისი ზეაწეული, მისკენ მოქცეული სახე, მისი დაბნეული სახე და ვედრებით მოპყრობილი თვალები, შავი, სველი თმა ეუფლებოდნენ, იპყრობდნენ, დევნიდნენ, ტანჯავდნენ ჭაბუკს! ბოლოს წამოდგა, გადალახა დაბალი კლდე და ძირს ჩავიდა მოფარებულ ყურეში. ეგებ ზღვაში მაინც დაებრუნებინა სულის მშვიდობა – მოეშორებინა ეს შემაღონებელი ციებ-ცხელება! გაიხადა და შეცურდა წყალში. უნდოდა, ისე დაღლილიყო, რომ აღარაფრის გასაგისი აღარ ჰქონოდა და თვადავიწყებით მიცურავდა, სწრაფად და შორს. მერმე უცბად, უმიზეზოდ შიში იგრძნო – ვთქვათ, ვეღარ მოაღწიოს ნაპირს; ვთქვათ, მდინარებამ გაიტაცოს ანდა კრუნჩხვა დაემართოს ჰოლიდეისავით! იბრუნა პირი და ნაპირს მოაშურა. წითელი კლდეები შორს, შორს ეჩვენებოდა. თუ დაიხრჩობოდა, მის ტანსაცმელს იპოვიდნენ. ჰოლიდეები შეიტყობდნენ, მეგენი კი ალბათ ვერასოდეს ვერას გაიგებდა – ფერმაში ხომ არ იღებდნენ გაზეთებს! და ფილ ჰოლიდეის სიტყვები მოაგონდა კვლავ: „ერთი კემბრიჯელი გოგო, შეიძლებოდა, რომ... ხომ იცი... გამეხარდა, რომ მისი ცოდვა არ დავიდე“ და ამ ანგარიშმიუცემელი, უმიზეზო შიშის ჟამს, ეშერსტმა დაიფიცა, მეგენის ცოდვას არამც და არამც არ დავიდებო. მერე ამ შიშმა გაუარა, საკმაოდ იოლად გაცურა ნაპირზე, გაშრა მზეზე და ჩაიცვა. გული უკვნესოდა, მაგრამ ტკივილით კი აღარ სტკიოდა; სხეულიც გაუგრილდა და მეტი მხნეობა იგრძნო. როცა კაცი ეშერსტივით ახალგაზრდაა, სიბრალულის გრძნობა მძლავრად ვერ იკიდებს ფეხს მის გულში. და ჰოლიდეების სასტუმრო ოთახში დაბრუნებული, მგელივით დააცხრა ჩაის. იგი ძალიან ჰგავდა დიდი ციებ-ცხელებისგან გამომჯობინებულ ადამიანს. ყველაფერი ახლად და ნათლად ეჩვენებოდა. ჩაის, კარაქწასმულ გაფიცხებულ პურს, მურაბას საოცრად კარგი გემო ჰქონდა; არც მის დღეში მოუწევია ასე სურნელოვანი თამბაქო. მოჰყვა ცარიელ ოთახში სეირნობას – ხან აქ შეჩერდა, ხან იქ; სინჯავდა ნივთებს, ათვალიერებდა. ხელში აიღო სტელას სახელსაქმო კალათი; თითები შეახო ძაფის კოჭებსა და მკვეთრფერებიან საქარგავ აბრეშუმის შულოს; დაყნოსა ჩიტისთვალათი ავსებული პატარა პარკი, სტელას რომ თავის ნივთებს შორის ჩაედო. მიუჯდა როიალს და მოჰყვა ცალი თითით დაკვრას, თან ფიქრობდა: „ამაღამ სტელა დაუკრავს, მე კიდევ ვუყურებ, როცა ის დაუკრავს; მიყვარს, როცა ვუყურებ ხოლმე!“ ხელში აიღო ის წიგნი, რომელიც კვლავ იქ იდო, სადაც სტელამ დაუდო, და სცადა წაეკითხა. მაგრამ მყის მეგენის პაწია, სევდიანი ფიგურა დაუდგა ისევ თვალწინ. ეშერსტი წამოდგა, გადაეყუდა ფანჯარაში, ყური მიუგდო სახლების წინ გაშენებულ ბაღში მოჭახჭახე შაშვებს და დაუწყო ცქერა ხეებს იქით გადაშლილ მთვლემარე ლურჯ ზღვას. ფარეში შემოვიდა, ჩაის სუფრა აალაგა. ყმაწვილი კვლავ იქვე იდგა, ისუნთქავდა საღამოს ჰაერს და ცდილობდა არაფერზე ეფიქრა. მერე ჭიშკარში შემოსულ ჰოლიდეებს მოჰკრა თვალი. სტელა ცოტა წინ მოდიოდა, უკან ფილი და ბავშვები მოსდევდნენ თავიანთი კალათებითურთ. ეშერსტი ინსტინქტურად მოაწყდა უკან. ისე სტკიოდა და ისე წამხდარი ჰქონდა გული, რომ უფრთხოდა მათთან შეხვედრას, თანაც ენატრებოდა მათი მეგობრული ნუგეში. ბოღმა უტრიალებდა გულში ამ ალერსიანი გავლენის წინააღმდეგ და თანაც ელტვოდა მის კდემამოსილ უმანკოებასა და სტელას მომხიბლავი სახის ჭვრეტის სიამოვნებას. როიალის უკან კედელთან აყუდებულმა დაინახა, როგორ შემოვიდა სტელა ოთახში და თითქოს იმედგაცრუებულს ცოტა წყენაც დაეტყო. მერე ეშერსტს რომ მოჰკრა თვალი, მსწრაფლ შუქიანი ღიმილი შემოაგება, რომელმაც კიდეც მოუსალბუნა გულს და კიდეც გააღიზიანა ყმაწვილი. – რატომ აღარ დაგვეწიეთ, ფრენკ? – არა, ვეღარ შევძელი! – შეხედეთ, რა კარგი იები დავკრიფეთ! – და ქალმა პატარა თაიგული გაუწოდა. ეშერსტმა უყნოსა და ბუნდოვანმა სურვილმა მოუარა, რაც მყის გაუნელა მეგენის გაოგნებულმა სახემ, გამვლელ-გამომვლელთ რომ დაკვირვებით შეჰყურებდა თვალებში. ეშერსტმა მიუგდო, – რა კარგიაო! და პირი იბრუნა მისგან, გაემართა თავისი ოთახისკენ, თავი აარიდა ზემოთ ამომავალ ბავშვებს, თავდაღმა ჩაემხო ლოგინში და დიდხანს იწვა სახეზე ხელებაფარებული. ახლა რაკი გრძნობდა, რომ წილი უკვე ნაყარი იყო და მეგენი განწირული, მას შესძულდა თავისი თავი, თითქმის შესძულდა ჰოლიდეებიც და მათი ჯანსაღი, ბედნიერი, ინგლისური ოჯახის ატმოსფეროც. რაღა ისინი გადაეყარნენ მას აქ, რათა პირველი სიყვარული წაერთმიათ მისთვის, რათა დაემტკიცებინათ მისთვის, რომ იგი უბრალო მაცდუნებლის გარდა სხვა არა იყო რა. რა უფლება ჰქონდა სტელას თავისი სანდომიანი, კდემამოსილი სიმშვენიერით შთაეგონებინა, რომ ის მეგენის შემრთველი არ იყო; დაეჩრდილა ყველაფერი და წილად ერგუნებინა ასე მწარე სინანულის გრძნობა და ასეთი სიბრალული? მეგენი ახლა შინ იქნებოდა უკვე, სავალალო ძიებით ქანცმიხდილი. საბრალო და პატარა გოგონა! – ვინ იცის, ელოდა, რომ დავბრუნდები, შინ დამხვდებაო. ეშერსტმა სახელოს მოსჭიდა კბილები, რომ სინდისის ქენჯნისა და ბოღმისაგან გამოწვეული კვნესა ჩაეხშო. სადილად პირმოღუშული და მდუმარე ჩავიდა და მისმა დაღვრემილობამ თვით ბავშვების გუნებაზეც იქონია გავლენა. მოწყენილი, შემაღონებელი საღამო გაატარეს, რადგან ყველანი დაღლილები იყვნენ. ეშერსტმა რამდენჯერმე შენიშნა, სტელამ რომ გულნატკენად, შეშფოთებით გადმოხედა და გაბოროტებულ გულზე ეს ეამა. საძაგლად ეძინა. ძალიან ადრე ადგა და სახეტიალოდ გამოვიდა გარეთ. სანაპიროსკენ დაუყვა. წყნარმა, ლურჯმა, მზის სხივებით გაშუქებულმა ზღვამ ცოტა მოუფონა გულს. თავმომწონე, მედიდური ტუტუცი! – რატომ ჰგონია, რომ მეგენი ასე სასტიკად განიცდის ამ ამბავს? ერთ ან ორ კვირაში თითქმის სულაც გადაავიწყდება! თვითონ კი, თვითონ ჯილდოს მიიღებს სიქველისათვის! კეთილშობილი ყმაწვილი! სტელამ რომ იცოდეს, დალოცავდა, წინ რომ აღუდგა იმ ეშმაკს, რომელიც მას სწამდა და მწარედ გაეცინა. მაგრამ ნელ-ნელა ზღვისა და ლაჟვარდის სიმშვიდემ და სიმშვენიერემ, ეული თოლიების ნავარდმა სინდისის ქენჯნა აგრძნობინა. იბანავა და შინისაკენ გამობრუნდა. ბაღში, დასაკეც სკამზე სტელა იჯდა და ხატავდა. ეშერსტი უკნიდან მიეპარა. რა ტურფა და ლამაზი ჩანდა, ბეჯითად დახრილი, შუბლშეჭმუხნილი, ფუნჯით რომ ზომავდა და ვარაუდს იჭერდა. ეშერსტმა წყნარად ჩაულაპარაკა: – ბოდიშს ვიხდი, ისე მხეცურად რომ ვიქცეოდი წუხელ, სტელა. სტელამ მოიხედა, შეკრთა, სახე აელანძა და თავისებურად აჩქარებით მიუგო: – რა სათქმელია! მივხვდი, რაღაც გაწუხებდათ. მეგობრებს შორის ამას რა მნიშვნელობა აქვს!.. ეშერსტმა სიტყვა ჩამოართვა: – მეგობრებს შორის... და ჩვენ ხომ დიახაც მეგობრები ვართ? ქალმა შემოხედა, ენერგიულად დაუქნია თავი და მისმა ზემო კბილებმა კვლავ მსწრაფლ გაიელვეს შუქიან ღიმილში. სამი დღის შემდგომ ეშერსტი ჰოლიდეებთან ერთად დაბრუნდა ლონდონს. ფერმაში აღარაფერი მიუწერია, ანდა რა უნდა მიეწერა? მომდევნო წლის აპრილის ბოლოს მან და სტელამ იქორწინეს... აი, ეს მოაგონდა ღობესთან კურდღლისცოცხებში მიმჯდარ ეშერსტს თავისი ვერცხლის ქორწინების დღეს. სწორედ ამ ადგილას, სადაც ახლა საუზმე გაშალა, უნდა მდგარიყო ლაჟვარდის ფონზე გამონაკვთული მეგენი, როდესაც პირველად მოჰკრა მას თვალი. რა საკვირველი დამთხვევა ხდება ხოლმე! და უცბად ძალიან მოუნდა, ჩასულიყო და კვლავ მოენახულებინა ფერმა, ბაღი და ბოშას აჩრდილიანი მინდორი. არც დიდი ხანი მოუნდება ამას; სტელას კი ალბათ ერთ საათს მაინც შეაგვიანდება კიდევ! რა კარგად ახსოვდა ყველაფერი: ფიჭვების აქოჩრილი პატარა კორომი და უკან ბალახიანი ბორცვი! ფერმის ჭიშკართან შედგა. ქვითკირის დაბალი სახლი, ურთხმლების ხეივანი, აყვავებული მოცხარი! – იოტისოდენად არაფერი შეცვლილიყო. ძველი მწვანე სკამიც კი ძველებურად იდგა ბალახში ფანჯრის ქვეშ, საიდანაც იმ ღამეს ხელი მიაწვდინა მეგენს გასაღების ჩამოსართმევად. მერე დაუყვა შუკას და ბაღის კარს მიეყრდნო – მაშინდელივით რუხ კარს. ხეებშიც შავი ღორი დაბორიალებდა. ნუთუ მართლა ოცდაექვსი წელიწადი გავიდა, თუ სიზმარში იყო და ახლა გამოფხიზლდა, რათა დიდი ვაშლის ხის ქვეშ მომლოდინე მეგენს შეხვდეს? უნებურად ხელი ასწია, შეჭაღარავებულ წვერზე მოისვა და კვლავ ახლანდელ სინამდვილეს დაუბრუნდა. შეაღო კარი, ღოლოსა და ჭინჭარში გაიკვლია გზა მდინარის ნაპირისკენ და თვით იმ ბებერ ვაშლის ხეს მიადგა. არც ის შეცვლილიყო! ცოტა უფრო მეტი მონაცრისფრო-მომწვანო ქარაგოზა მოსდებოდა, ერთი-ორი გამხმარი ტოტი გამორეოდა, სხვა მხრით კი თითქოს წუხელ იყო, მეგენის გაქცევის შემდეგ რომ ეხვეოდა მის ხავსიან ღეროს და იყნოსავდა მის ტყიურ სურნელს, ხოლო მის თავზე თითქოს სუნთქავდნენ და ფექთავდნენ მთვარის შუქდაფრქვეული ვაშლის ყვავილები. ამ ადრიან გაზაფხულზეც უკვე გაფურჩქნილიყო რამდენიმე კუკური, შაშვები ჭახჭახებდნენ, გუგულები „გუ-გუს“ გაიძახოდნენ, მზე კაშკაშებდა და აცხუნებდა. დაუჯერებლად იგივე გახლდათ ყველაფერი – მოჩუხჩუხე, კალმახიანი პატარა მდინარე; ვიწრო გუბე, სადაც ყოველ დილით წვებოდა და გვერდებსა და მკერდზე ისხამდა წყალს; მდინარის გაღმა გაშლილ მინდორში წიფლნარის კორომი და ლოდიც იქვე იყო, სადაც, ამბობდნენ, ბოშას აჩრდილი იჯდა ხოლმე, და გარდასული სიყმაწვილის ვნებათა ღელვის, გამქრალი სიყვარულისა და სილამაზის მტკივნეული სევდა მოაწვა ყელში ეშერსტს. ამ პირველყოფილი, ველური სილამაზის საუფლოში სწორედ უნდა შეენარჩუნებინა კაცს ის ხიბლი, როგორც ამ მიწამ და ზეცამ შეინარჩუნა იგი!.. მან კი ვერ მოახერხა! ჩავიდა მდინარის პირას, დახედა პატარა გუბეს და გაიფიქრა: „სიჭაბუკე და გაზაფხული!.. ნეტავი რა დაემართა ყველა მათ?“ და უცბად შეეშინდა, ეს წმინდა მოგონებანი ადამიანების შეხვედრით არ წამებილწოსო, კვლავ შეუყვა შუკას და ფიქრებში გართული დაუბრუნდა გზაჯვარედინს. ავტომანქანის გვერდით ვიღაც მოხუცი, ჭაღარაწვერიანი გლეხი დაყრდნობოდა ჯოხს და მძღოლს ელაპარაკებოდა. ეშერსტის მიახლოებაზე ბერიკაცმა მყის შეწყვიტა ლაპარაკი, თითქოს მობოდიშებით ქუდზე ხელი მიიდო და დააპირა კოჭლობით განეგრძო გზა. ეშერსტმა პატარა, მოგრძო მწვანე ბორცვზე ანიშნა: – ხომ არ შეგიძლიათ, მითხრათ, რა არის ეს? მოხუცი შეჩერდა. სახეზე ისეთი გამომეტყველება დაეტყო, თითქოს ფიქრობდა: „ბატონო, სწორედ რომ შესაფერ კაცსაც ჰკითხეთო!“ – სამარე გახლავთ! – მოახსენა მან. – მერე აქ რატომ არის? ბერიკაცს გაეღიმა. – ეგ, ასე ვთქვათ, მთელი ამბავია და არც პირველად ვყვები – ბევრი კითხულობს მაგ ბალახიანი ბორცვის ამბავს! აქაობაში „გოგოს სამარეს“ ვეძახით მაგას. ეშერსტმა სათუთუნე ქისა გაუწოდა. – დაიტენეთ ჩიბუხი! მოხუცმა კვლავ ქუდზე მიიდო ხელი და დინჯად აივსო თიხის ძველი ყალიონი. მრავალ ნაოჭსა და ბანჯგვლებში გამომზირალ მის თვალებს ჯერ კიდევ არ მოჰკლებოდა გამჭრიახობა და სიმკვირცხლე. – თუ არ გეწყინებათ, ბატონო, ჩამოვჯდები – დღეს ცოტა მიკვნესის ფეხი! – და ბალახიან სამარესთან დაჯდა. – ამ სამარეზე ყოველთვის არის ყვავილები და არცთუ სულ მარტოკაა მიტოვებული. ბევრი ხალხი მიდი-მოდის ახლა თავიანთი ახალი მანქანებით... ძველად რომ იყო, ისე კი აღარაა! აღარც ეს გოგონაა აქ მარტოდ. საცოდავმა თვითონ კი მოიკლა თავი! – რას ბრძანებთ! – შესძახა ეშერსტმა. – გზაჯვარედინზე დასაფლავება! არც კი ვიცოდი, თუ ეს წეს-ჩვეულება აქამდე იყო შემორჩენილი. – ოჰ, ეს ხომ საკმაოდ დიდი ხნის წინ მოხდა! მაშინ ძალიან ღვთისმოშიში მღვდელი გვყავდა. მომითმინეთ! მთავარანგელოზობას მეექვსე წელი შემისრულდა, რაც პენსიას ვიღებ და მე მაშინ სწორედ ორმოცდაათის ვიყავი, ეს ამბავი რომ მოხდა. აღარავინ არ არის ისეთი, რომ ჩემოდენი იცოდეს ამ ამბისა. ის გოგონა აქვე ახლოს ცხოვრობდა, ერთ ფერმაში, სადაც მეც ვმუშაობდი ხოლმე ქალბატონ ნარაკუმთან – ახლა ნიკ ნარაკუმს ეკუთვნის იგი. ცოტ-ცოტას ახლაც წავაშველებ ხოლმე ხელს იმასაც. ჭიშკარს მიყრდნობილ ეშერსტს, ჩიბუხს რომ უკიდებდა, მოხრილი ხელები დიდხანს ისევე სახეზე მიფარებულ შერჩა ასანთის ჩაქრობის შემდგომაც. – მერე? – ჩაეკითხა იგი და თვითონაც ეუცნაურა თავისი ხრინწიანი ხმა. – ის საცოდავი ისეთი გახლდათ, ასში ერთი თუ გამოერევა მისთანა! ყოველ გავლაზე ყვავილს ვდებ ხოლმე მის საფლავზე. ლამაზი და კარგი გოგონა იყო, თუმცა ეკლესიის სასაფლაოზე მაინც არ დაკრძალეს და არც კიდევ იქ, სადაც თვითონვე სურდა დაკრძალულიყო. ბერიკაცი შედგა და ბანჯგვლიანი, დაჯირჯვლებული ხელი გადაუსვა ბალახიან ბორცვს მაჩიტას ყვავილების გვერდით. – მერე? – წარმოთქვა ეშერსტმა. – სიმართლე რომ ვთქვათ, – განაგრძო მოხუცმა, – მე მგონი, სიყვარულის ბრალი იყო; თუმცა დაბეჯითებით ვერავინ ვერას იტყვის. ვერ გამოიცნობთ, თავში რა უტრიალებს ქალიშვილს, მაგრამ მე კი მგონია, რომ ასე გახლდათ საქმე. – მან კიდევ გადაუსვა ხელი სამარეს. – ძალიან მიყვარდა ის გოგონა და არც არავინ ვიცი ისეთი, რომ ის არ ჰყვარებოდა. მაგრამ თვითონაც ძალიან მოყვარული გული ჰქონდა – აი, რისი ბრალი იყო, მე მგონი. ბერიკაცმა თავი ასწია და ეშერსტმა, რომელსაც წვერ-ულვაშით დაფარული ბაგეები უთრთოდა, კვლავ წაიბუტბუტა: – მერე? – ეს ამბავი გაზაფხულზე მოხდა, დაახლოებით ამ დროს ან ცოტა უფრო გვიან... ყვავილობის ჟამს... მაშინ ერთი ახალგაზრდა სტუდენტი იდგა ჩვენთან... ჩინებული ყმაწვილი იყო, კარგი თვალტანადი. ძალიან მომწონდა და არც არაფერი ურიგო შემიმჩნევია მათ შორის, მაგრამ, ჩემი ჭკუით, იმან დაასხა თავბრუ გოგონას. ბერიკაცმა ჩიბუხი გამოიღო პირიდან, გადააფურთხა და ისევ განაგრძო: – ხომ იცით, ის ყმაწვილი უცბად გაემგზავრა და აღარც დაბრუნებულა. მისი ზურგჩანთა და რაღაც-რაღაცები ახლაც აქ აქვთ. აი, ეს მეცა თვალში – თავისი ნივთები აღარც არასოდეს მოუკითხავს! გვარად ეშესი თუ რაღაც ამისი მსგავსი გახლდათ. – მერე? – ერთხელ კიდევ შეეხმაურა ეშერსტი. მოხუცმა გამშრალი ტუჩები მოილოკა. – თვითონ გოგონას კრინტი არასოდეს დაუძრავს, მაგრამ იმ დღიდან დარეტიანებულივით დადიოდა; თითქოს სულ აღარ იყო თავის ჭკუაზე. ჩემს სიცოცხლეში... ჩემს სიცოცხლეში არ მინახავს ასე ადამიანის შეცვლა! ფერმაში კიდევ ერთი სხვა ყმაწვილი გახლდათ – ჯო ბიდეფორდი ერქვა; იმასაც ძალიან უყვარდა საწყალი და, მე მგონი, გულს უწყალებდა თავისი არშიყობით. გოგონა სულ გადაირია. ხანდახან საღამოობით, როცა ხბოებს მოვრეკდი ხოლმე შინ, ვხედავდი, – იდგა ბაღში დიდი ვაშლის ქვეშ და გამოშტერებული იყურებოდა წინ. ჰოდა, ვამბობდი ჩემთვის გულში: „არ ვიცი რა დაგემართა, მაგრამ სწორედ საცოდავად კი გამოიყურები-მეთქი!“ მოხუცმა კიდევ მოუკიდა ჩიბუხს და ფიქრებში წასულმა გააბოლა. – მერე? – ჩაეკითხა კვლავ ეშერსტი. – მახსოვს, ერთ დღეს ვკითხე კიდეც: რა დაგემართა-მეთქი, მეგენ? – მისი სახელი და გვარი მეგენ დევიდი გახლდათ; იგი დეიდამისივით, მოხუცი ქალბატონ ნარაკუმივით, უელსელი იყო. რაღაც გაწუხებს-მეთქი, ვუთხარი. არაო, ჯიმ, – მითხრა, – არაფერიც არ მაწუხებსო. არა, გაწუხებს-მეთქი! – ვუთხარი. არაო! – ამბობს და ცრემლები კი ღაპაღუპით ჩამოსდის სახეზე. აი, ტირი! მაშ რაღად ტირი-მეთქი? – ვეუბნები, ის კიდევ გულზე იდებს ხელს და მეუბნება: აი, აქა მტკივა, მაგრამ მალე უკეთ ვიქნები, ოღონდ თუ რამე დამემართა, ჯიმ, მინდა სწორედ ამ ვაშლის ძირში დამმარხონო. მე გამეცინა: რა უნდა დაგემართოს, ნუ სულელობ-მეთქი! არა, მე სულელი არა ვარო, – მითხრა. ჰოდა, ვიცი მე გოგონების ამბავი და აღარც მიმიქცევია ამისთვის ყურადღება. მაგრამ ორი დღის შემდეგ, დაახლოებით საღამოს ექვს საათზე ხბოებს რომ მოვერეკებოდი შინისკენ, იმ დიდი ვაშლის ახლოს წყალში რაღაც შავი შევნიშნე. გულში გავიფიქრე: თუ ღორია, აქ რა ჯანდაბამ შეიყვანა-მეთქი. ახლოს მივედი და ვნახე, რაც იყო. ბერიკაცი შეჩერდა, თავი აიღო. გატანჯული, სევდიანი თვალები უპრიალებდა. – ის გოგონა გახლდათ. ვიწრო, პატარა გუბეში იწვა კლდესთან, სადაც, მინახავს, ის ყმაწვილი ერთი-ორჯერ რომ ბანაობდა. თავდაღმა იწვა წყალში. სწორედ მის თავთან კლდიდან ბაიები იყვნენ გადმოკიდებულნი და როცა მივედი და დავხედე, სახე ისე სანდომიანი, ლამაზი ჰქონდა, ისე უმანკო, როგორც ბალღს... საოცარად ლამაზი რამ იყო! ექიმმა რომ გასინჯა, თქვა: ამ პატარა წყალში არამც და არამც არაფერი დაემართებოდა, აღგზნებული რომ არ ყოფილიყოო. ჰოდა, მისი სახის გამომეტყველების მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, აგრეც უნდა მომხდარიყო. პირდაპირ ტირილი წამსკდა, ისე ლამაზი რამ იწვა! მაშინ ივნისი იდგა, მაგრამ მაინც სადღაც ეპოვა ვაშლის ყვავილის პაწია რტო და თმაში გაეკეთებინა. ამიტომ მგონია, მართლაც აღგზნებული თუ იყო, ასე მორთული რომ შეეგება სიკვდილს – იქ ხომ ფუტ-ნახევარიც არ იქნება წყლის სიღრმე, მაგრამ ერთს კი მოგახსენებთ – ის ადგილი ნაძრახი გახლავთ! ეგ მეც ვიცოდი და იმანაც იცოდა და ვერც ვერავინ დამაჯერებს, არ არისო! მე ვთქვი, საცოდავმა რომ დამიბარა, იმ ვაშლის ძირში დამმარხეთო. მაგრამ, მე მგონი, სწორედ ამან წაახდინა საქმე – ძალიან ჰგავდა, რომ მან მართლაც წინასწარ განზრახვით მოიკლა თავი; ამიტომ დაასაფლავეს იგი აქ. მღვდელი მაშინ ძალიან, ძალიან მკაცრი გვყავდა. ბერიკაცმა კიდევ გადაუსვა ხელი სამარეს. – სწორედ საოცარია, – დასძინა მან ტკეპნით, – რას არ ჩაიდენენ გოგონები სიყვარულისთვის. ძალიან მოსიყვარულე გული ჰქონდა და, მე მგონი, ის გული გაუტყდა. მაგრამ აბა ჩვენ საიდან უნდა გაგვეგო დანამდვილებით? თხრობა რომ დაასრულა, თითქოს მოწონებას ელისო, მოხუცმა თავი ასწია, მაგრამ ეშერსტმა ისე ჩაუარა გვერდით და გასცდა, გეგონებოდათ, ბერიკაცი იქ არც მჯდარიყოს. ეშერსტი ფერდობს შეუყვა, საუზმე რომ გაშალა იმ ადგილს იქით, ზემოთ; სხვების თვალს მიეფარა და თავდაღმა დაემხო. აი, ასე დაჯილდოვდა მისი სიქველე და პატიოსნება; ასე იძია შური „კიპროსელმა“ სიყვარულის ქალღმერთმა! და ცრემლით დაბინდულ თვალთა წინაშე შავ, სველ თმაში ვაშლის ყვავილის რტოგარჭობილი მეგენის სახე წარმოუდგა. „განა რა დავაშავე, რა დავაშავე?“ – უტრიალებდა თავში ეშერსტს, მაგრამ პასუხი ვერ გაეცა ამ კითხვისთვის. გაზაფხული იდგა თავისი თავდავიწყებული ვნებათა ღელვით, თავისი ყვავილებითა და სიმღერით, გაზაფხული ჩაბუდებულიყო მის გულშიაც და მეგენის გულშიაც! ეგებ სწორედ სიყვარულის ღმერთიც ეძებდა მსხვერპლს? მაშ მართალი ყოფილა ძველი ბერძენი და „ჰიპოლიტოსის“ სიტყვები დღესაც იმავე ჭეშმარიტებას ღაღადებს! გიჟმაჟია ტრფობის გული, ოქროსფრად უელავს ფრთანი. როს უდგება გაზაფხული, მას უხრიან ქედს ყველანი; ყველა – უცხო, ახალგაზრდა, მთაში, ზღვაში, მდინარეში, რაც რამ მიწამ გამოზარდა, ნათელ მზის ქვეშ უდგას ფეხი; და ხომ კაციც ემონება!.. ყველგან შენი სუფევს ნება, ტახტზეც მორჭმით დაბრძანება, კიპროსელო, შენ გიხდება! ძველი ბერძენი პოეტი მართალი ბრძანდებოდა! მეგენი, საბრალო პაწია მეგენი, ფერდობზე რომ მოცქრიალებდა! მეგენი, ბებერი ვაშლის ქვეშ რომ იდგა და გულის ფანცქალით ელოდა მას! მეგენი გარდაცვლილი, კვლავ სათუთი და ლამაზი!.. – ოჰ, თურმე სად ყოფილხარ! შეხედე! – მოესმა ხმა. ეშერსტი წამოდგა, გამოართვა ცოლს სურათი და ხმაამოუღებლად დააშტერა თვალი. – წინა მხარე კარგად არის, ფრენკ? – კარგია. – მაგრამ თითქოს რაღაც აკლიაო, არა? ეშერსტმა თავი დაუქნია. აკლია? ოღონდაც რომ აკლია – ვაშლის ყვავილი, სიმღერა, ოქრო! 1916 წ.…
დაამატა გიორგი to ლიტერატურა at 8:06pm on ივნისი 28, 2016
თემა: ესაიას წინასწარმეტყველება (განმარტება 21-40)
ესაიას უწყებაში მოიაზრებენ სენნახირიმის მიერ ბაბილონელი მეფის მეროდან-ბალადანის წინააღმდეგ ქრისტეშობამდე 702 წელს მიმართულ გამანადგურებელ საომარ მოქმედებებსა და იმავე ასურელი მეფის მიერ 689 წელს ქალაქ ბაბილონის დაქცევას. მეორენი თვლიან, რომ ესაია მოცემულ შემთხვევაში სპარსულ-მიდიური სამხედრო კოალიციის მიერ ძვ. წ. აღ-ის 539 წელს ბაბილონის დაპყრობას გულისხმობდა. მხ. 1. ‘ზღვის უდაბნოს განაჩენი. სამხრეთში ამტყდარი გრიგალები, ის მოდის უდაბნოდან, საშინელი ქვეყნიდან”. ზღვის უდაბნოს ზოგჯერ ბაბილონს უწოდებდნენ. განმმარტებლები სახელის წარმომავლობასთან დაკავშირებით ორ ვერსიას გვთავაზობენ: 1. მდინარე ევფრატი ქალაქ ბაბილონის სამხრეთით იმგვარად ფართოვდებოდა, რომ ერთი შეხედვით ზმღვას ჰგავდა. 2. ბაბილონი სპერსითის ყურესთან ახლოს მდებარეობდა, რისთვისაც რიგ შემთხვევაში მას ზღვისპირეთად მოიხსენიებდნენ. ტერმინი უდაბნო კიდევ ერთხელ ცხადყოფს ბაბილინის მომავალ ბედს. თავი 22 მხ. 1. ‘წარმონათქვამი ხილვათა ხეობაზე. რა დაგემართათ, ყველანი რომ ბანზე გამოშლილხართ?” ესაია ხილვათა ხეობას იერუსალიმს უწოდებს, რადგა უზენაესისგან მიღებული გამოცხადებების უდიდესი ნაწილი სწორედ იუდეის დედაქალაქს უკავშირდება. წინამდებარე თავში გადმოცემული წინასწარმეტყველება სენნახირიმის იუდეაზე თავდასხმის შესახებაა[1]. იერუსალიმი მთებს შორის, შუაში იყი მოქცეული და მოახლოებული მტრი დედაქალაქის სახლის აივნებიდანაც კარგად ჩანდა. წინასწარმეტყველი თანატომელებს ამხნევებს და მომავალი განსაცდელების მშვიდობიან დასასრულს ატყობინებს. თავი 23 მხ. 1-14. ‘ტვიროსის განაჩენი. ივალალეთ, თარშიშის ხომალდებო, რადგან დაქცეულია ტვიროსი, აღარც სახლებია, აღარც მისასვლელი! ქითიმის ქვეყნიდან გამოეცხადა მას…” წინასწარმეტყველი ფინიკიელთა ორი ქალაქის - ტვიროსისა და სიდონის შესახებ საუბრობს. ისრაელის სამეფოს ჩრდილოეთით, ხმელთაშუა ზღვის აღმოსავლეთ სანაპიროზე მცხოვრებ ფინიკიელებს ამავე ზღვის დასავლეთ სანაპიროებზე თავიანთი კოლონიები ჰქონდათ. პირველ მუხლში ნახსენები ქალაქი თარში ტვიროსელთა კოლონია იყო. ტვიროსში მსოფლიოს ყველა კუთხიდან ჩამოდიოდნენ სავაჭრო ნივთებით დატვირთული ხომალდები, ხოლო შემდეგ სახმელეთო გზებით ტვირთს სხვადასხვა მიმართულებით აგზავნიდნენ. ქალაქში მუდამ უამრავი სტუმარი იმყოფებოდა. დღისით თუ ღამით ტვიროსის ქუჩები სავსე იყო ჩამოსული ვაჭრებით. გამალებული ვაჭრობის შედეგად ფინიკიელებმა დიდი სიმდიდრე მოიპოვეს, მათი მთავარი ქალაქი ტვიროსი კი ერთ-ერთი საუკეთესო პოლისი გახდა. ესაიას წინასწარმეტყველება ძვ. წ. აღ. 729 წელს აღესრულა, როდესაც ქალაქი ჯერ ასურელებმა დაიპყრეს, ხოლო მოგვიანებით თანმიმდევრობით - ქალდეველებმა, საპარსელებმა, ბერძნებმა. ტვიროსის დამხობის მიზეზი, ესაიას თქმით, მისი ამპარტავნებაა. წინასწარმეტყველი იუწყება, რომ შორეული თარშიდან ხომალდებით გამომგზავრებული ფინიკიელი ვაჭრები ზღვის კუნძულის მკვიდრთაგან გებულობენ[2], რომ მშობლიური ქალაქი ტვიროსი მტრებმა გაანადგურეს. ესაია მიმართავს მათ და კვლავ უკან მიბრუნებას ურჩევს. თავი 24 წიგნის 24-27 თავებს განმმარტებლები ესაიას აპოკალიფსს უწოდებენ. წინამდებარე თავში წინასწარმეტყველი მსოფლიო ხალხების გასამართელების შესახებ საუბრობს. თავი 25 მხ. 8. ‘შთანთქავს სიკვდილს საუკუნოდ და მოსწმედს ცრემლს უფალი ღმერთი ყოველ პირისახეს, წარხოცავს თავისი ერის სირცხვილს მთელი ქვეყნიდან, რადგან უფალმა ბრძანა”. ესაია სიკვდილის დამარცხების თაობაზე საუბრობს. იმავეს იუწყებოდა წინასწარმეტყველი ოსიაც: ‘სად არის შენი ნესტარი, სიკვდილო? სად არის შენი ძლევა, ჯოჯოხეთო?”[3] წინასწარმეტყველებმა საღვთო მადლით წინდაწინ განჭვრიტეს, რომ დადგებოდა ჟამი, როდესაც ყოვლისშემმუსვრელი სიკვდილი თავად განიგმირებოდა. თავი 26 მხ. 14. ‘მკვდრები არიან, არ გაცოცხლდებიან; აჩრდილები აღარ აღდგებიან, რადგან შენ დასაჯე და მოსპე ისინი. მათი სახსენებელი წარხოცე.” მხ. 19. ‘გაცოცხლდებიან შენი მკვდრები, აღდგებიან გვამები; გაიღვიძეთ და იყიჟინგთ, მტვერში დავანებულნო! რადგან ნათლის ცვარია შენი ცვარი და აჩრდილთა ქვეყანაზე მოაფენ მას”. წარმოდგენილ ორ მუხლში, ერთი შეხედვით, საპირისპირო აზრებია გადმოცემული, მაგრამ საქმე ისაა, რომ გაცოცხლებულ მიცვალებულებში ესაია უფალში განსვენებულ და მარადიული ნეტარებისთვის მკვდრეთით აღდგომილ ადამიანებს მოიაზრებს, ხოლო გაუცოცხლებელი მკვდრებში ისინი იგულისხმებიან, რომელნიც ჭეშმარიტი სიცოცხლის თანაზიარი არასოდეს გახდებიან, რასაც ეკლესიის მამები მარადიულ სიკვდილს უწოდებენ. თავი 27 მხ. 1. ‘იმ დღეს დასჯის უფალი სასტიკი, დიდი და ძლიერი მახვილით ლევიათანს, გველს მოსრიალეს, და ლევიათანს, გველს დაკლაკნილს, და მოკლავს გველეშაპს, ზღვაში მყოფელს”. ესაიას წიგნის 24-27 თავებში გადმოცემული აპოკალიპტური სწავლება წინამდებარე მუხლში კულმინაციას აღწევს. მასში მისტიკური ცხოველის სახით ლევიათანი, გველეშაპი, არის წარმოდგენილი, რომლის მიწიერ პირველსახესაც ნიანგი წარმოადგენდა. ლევიათანი წმინდა წერილის თანახმად, სამყაროში მოქმედი ბოროტების სიმბოლოა, რომელსაც საკუთარი უკეთური ძალა ღვთის რჩეული ერის წინააღმდეგ აქვს მიმართული. უგარიტულ ლიტერატურაში ლევიათანი წესრიგის მქონე სამყაროს მტერია[4]. ესაია მოცემულ შემთხვევაში სწორედ ამ სახეს იყენებს, რითიც მსმენელს აჩვენებს, რომ ღმერთს ძალუძს, ქაოსი შეაჩეროს და წესრიგი, ჰარმონია დაამყაროს როგორც დედამიწაზე, ასევე ადამიანის გულში. ეს მოხდება იმ დღეს, როდესაც დროის დასასრულს დედამიწაზე არსებული ბოროტება სამუდამოდ განიგმირება. წინასწარმეტყველი სამ არსებას ჩამოთვლის (გველს მოსრიალეს, გველს დაკლაკნილს, ზღვაში მობინადრე გველეშაპს). სამივე მათგანი ძველ აღმოსავლეთში ბოროტების სიმბოლოდ მიიჩნეოდა. განმმარტებელთა ნაწილი მიიჩნევს, რომ მოსრიალე გველში მდინარე ტიგროსი მოიაზრება, რადგან იგი როგორც ისარი, პირდაპირ მიემართება და მისი ასურული სახელწოდებაც ჰადიგლატჰ სწორედ ისარს ნიშნავს. ტიგროსის ხსენებით ესაია ასურეთის შესახებ წინასწარმეტყველებს და მოსრიალე გველის მახვილით დასჯა ასურეთის აღსასრულს გულისხმობს, რაც სიმბოლურად უკეთური ძალის საბოლოო მარცხს უიგივდება. დაკლაკნილ გველში განმმარტებლები მდინარე ევფრატს მოიაზრებენ, რომელიც ძლიერ დაკლაკნილი გზებით მიიკვლევდა კალაპოტს. მასში ბაბილონის სამეფო მოიაზრება, რადგან ქალაქი ბაბილონი სწორედ ევფრატის ნაპირზე იყო განლაგებული (უკეთურების კიდევ ერთი სიმბოლო). რაც შეეხება ზღვის გველეშაპს, ამ სახით წმინდა წერილი ეგვიპტის სამეფოს თაობაზე გვამცნობს (ბოროტების მესამე სიმბოლო). თავი 28 მხ. 1. 'ვაი, ეფრემის მემთვრალეთა სიამაყის გვირგვინს და მისი დიდებული მშვენების დამჭკნარ ყვავილს, ღვინით დაძლეულთა პოხიერი მინდვრების თავზე!" წინასწარმეტყველება ძვ. წ. აღ-ის 722 წლამდეა გამოთქმული, რადგან სწორედ ხსენებულ წელს დაიპყრეს ასურელიბამა ისრაელის სამეფო. ეფრემის საამაყო გვირგვინში ისრაელის დედაქალაქი სამარია მოიაზრება. იგი ულამაზეს ადგილზე, მთებს შორის იყო გაშენებული. მხ. 5. 'იმ დღეს ცაბაოთ უფალი იქნება მშვენიერების გვირგვინად და დიდების ჯიღად თავისი ერის ნატამალისთვის ". ისრაელის სამეფოს მკვიდრთათვის სმარიაა სიამაყის გვირგვინი, იუდასთვის კი ამგვარი გვირგვინი უზენაესია, რომელიც დაიფარავს და დაიცავს მათ განსაცდელთაგან. მორიგ მუხლებში ესაია მკაცრი მამხილებელი სიტყვებით მიმართავს სასულიერო პირებს, ცრუ წინასწარმეტყველებს და მოსამართლეებს. მხ. 9-10. 'ვინ უნდა დამოძღვროს ცოდნით და ვის უნდა ჩააგონოს ამბავი? - რძეს მოწყვეტილთ, ძუძუანასხლეტთ? რადგან რჩევა რჩევაზე, რჩევა რჩევაზე, წესი წესზე, წესი წესზე, ცოტა აქ, ცოტა იქ". ესაიას გამოთქმულ მხილებაზე სასულიერო პირები, მოსამართლეები და ცრუ მოძღვარნი უკმაყოფილებას ვერ მალავენ: 'ვინ უნდა დამოძღვროს ცოდნით და ვის უნდა ჩააგონოს ამბავი?". ისინი ცდილობდნენ, დაეცინათ წინასწარმეტყველისთვეს. მათი თქმით, არა მარტო ესაიაა ღვთივსათნო საქმის მცოდნე, არამედ თავადაც იციან, როგორ იმოქმედონ სწორად, და არაა საჭირო, მშობელთაგან დატუქსული მცირეწლოვანი ბავშვების დარად, ჭკუის დარიგება. მათი აზრით, ზედმეტია ყველაფერში ჩარევა და დამმოძღვრელობა, რადგან წარჩინებულ იუდეველებს ესაიას სიტყვა არ აინტერესებდათ, ვინაიდან საკუთარ თავს იყვნენ მინდობილნი და მიაჩნდათ, რომ დიპლომატია და მოხერხებულობა, რასაც ფლობდნენ, ყველგან და ყველაფერში გამოდგებოდა. მხ. 16-18. 'ამიტომ ასე ამბობს უფალი ღმერთი: აჰა, ქვა დავდგი სიონზე საძირკვლად, ქვა გამონაცადი, ძვირფასი ქვაკუთხედი, მყარი საძირკველი; მასზე დანდობილი, არ აჩქარდება. დავდებ სამართალს ლარად და სიმართლეს - შვეულდ, და სეტყვა წარხოცავს სიცრუის თავშესაფარს და წყალი წაიღებს ტყუილის საფარველს. გაცუდდება თქვენი აღთქმა სიკვდილთან და თქვენი კავშირი შავეთთან ვერ გაძლებს; როცა წარმხოცელი შოლტი ჩამოივლის, მისი გასათელი შეიქნებით". ესაია თვითდაჯერებულ თანამემამულეებს პასუხობს: საიმედო იქნება ლოდი, რომელიც სიონში დაიდება. სწორედ მას უნდა ჰსასოებდნენ და ესავდნენ ადამიანები. ხსენებულ ლოდში რომ ესაია ქრისტეს გულისხმობდა, ამას ახალი აღთქმის წიგნები ადასტურებენ[5]. ესაიას თქმით, სწორედ ეს ლოდია შენობის საფუძველი. ვინც თავსაკიდურ ლოდს დეყრდნობა, არასოდეს გამოეცლება სიმტკიცე, ხოლო საკუთარ თავს მინდობილი ადმიანი, მსგავსად წინასწარმეტყველის თანამედროვე იუდეველებისა, ამასოფლის განსაცდელთაგან მოვლენილი უდიდესი ტალღებით წაილეკებიან. თავი 29 მხ. 1. 'ვაი არიელ, არიელ, ქალაქს, დავითის სადგომო ქალაქო! მიუმატეთ წელს წელი, იბრუნონ დღესასწაულებმა. და მე შევაჭირვებ არიელს, და იქნება ურვა და ტირილი და მეყოლება არიელივით". არიელად იერუსალიმი იწოდება - ქალაქი, სადაც მეფე დავითი ცხოვრობდა. ფილოლოგიური ანალიზის შედეგად განმმარტებლები ვარაუდობენ, რომ, ტერმინ არიელს ორი მნიშვნელობა გააჩნია: ლომი ღვთისა და ღვთის სამსხვერპლო. პირველი მნიშვნელობაში იუდეველთა დედაქალაქის ძლევამოსილება იგულისხმება, ხოლო იერუსალიმის ვითარცა ღვთის საკურთხევლის მოხსენიებით ესაია სენნახირიმის მომავალ თავდასხმასა და უდიდეს მსხვერპლზე მიუთითებს. ‘მიუმატეთ წელს წელი” ანუ ასურთიდან მომდინარე საფრთხე დაახლოებით ორი წლის შემდეგ შეისხამს ხორც. თუმცა იერუსალიმი ღვთის არიელად კვლავ დარჩება. მხ. 3. ‘ბანაკად შემოგადგები ირგვლივ და კოშკებს შემოგავლებ, გოდოლებს აღვმართავ შენს წინააღმდეგ”. ესაია მსმენელს აუწყებს, რომ ასურელთა ხელით თავად უფალი იმოქმედებს და დაამდაბლებს იუდეველებს. მხ. 5. 'მტვრის კორიანტელივით იქნება შენი ურიცხვი მტერი და განიავებულ ბზესავით - ურიცხვი მტარვალი. მოხდება უცბად ანაზდეულად". იერუსალიმის მტრებს სიხარული მცირე დროით ელით, რადგან დედაქალაქის კედლებს ქარისგან გაფანტული მტვერის მსგავსად გაშორდებიან. მძიმე სიზმრის მსგავსად, ასურელთა შემოსევა მალევა დასრულდება და თავად მომხვდურთა ჯარიც იხილავს, რომ სურვილი, იერუსალიმის სიმდიდრით დამტკბარიყვნენ, განუხორციელებელი დარჩება. მხ. 13-14. 'თქვა უფალმა: რაკი პირით მომიახლოვდა ეს ხალხი და ბაგით მადიდებს მხოლოდ, გულით კი შორს არის ჩემგან და გაზეპირებულ ანდერძად ექცათ ჩემდამი მოწიწება, ამიტომ, აჰა, საკვირველს რასმე მოვახდენ ამ ხალხზე, გასაოცარს და საკვირველს; დაიკარგება მათ ბრძენთა სიბრძნე და მათ გონიერთა გონიერება უჩინო იქნება". იუდეველები, ერთი მხრივ, ტაძრის მსახურებაში აქტიურ მონაწილეობას ღებულობდნენ, ხოლო მეორე მხრივ, თავიანთი ზრახვები არაფრით ეთმობოდათ. სწორედ ასეთ მზაკვრულ დამოკიდებულებას ამხელს წინასწარმეტყველი, როდესაც ადამიანი სხვას ფიქრობს, სხვას ამბობს, სხვასაც მოქმედებს და უფლის ტაძარშიც მხოლოდ პირადი საჭიროებისთვის დადის. ასეთებს ესაია შეაგონებს: მხ 15. 'ვაი მათ, ვინც ღრმად მალავენ უფლისაგან თავიანთ ზრახვებს და ბნელში აქვთ თავიანთი საქმეები, და ამბობენ: ვინ არის ჩვენი დამნახველი, ვინ არის ჩვენი მცნობელი?" თავი 30 ესაიას წიგნის წინამდებარე და შემდეგი თავი ასურეთის იმპერიის ვასალი სახელმწიფოების პოლიტუგური უგუნურების მხილებას ეძღვნება. ისინი იუდეის სამეფოსთან ერთად (ესაა ეზეკიასს მმართველობის პერიოდი) ასურული უღლის გადაგდებას ჯიუტად ცდილობდნენ და, ამასთანავე, დასუსტებული ეგვიპის ეიმედებოდათ. იუდაში ანტიასურული პოლიტიკის აქტიურ მხარდამჭერ იერარქთა ჯგუფს სამეფო კარის მოხელე შებნა[6] ხელმძღვანელობდა. ესაიამ სწორედ ამ ადამიანის ძალისხმევით დაკარგა გავლენა ეზეკიაზე და დამეფემ წინასწარმეტყველის რჩევების ყურისგდება შეწყვიტა. გულისტკივილითა და მწუხარებითა შეჭირვებული ესაია საზოგადოებაში მეტად აღარ ჩნდებოდა, თუმცა საკუთარი მოწაფეების საშუალებით საშინელი ხვედრის შესახებ მთელს იერუსალიმს ატყობინებდა. ახლო აღმოსავლეთის სახელმწიფოთა კოალიციის წინააღმდეგ წარმოთქმულ ქადაგებებში, რომლებმაც ხარკის გადახდა ერთი მეორეს მიყოლებით შეუწყვიტეს ასურეთს და კავშირს ეგვიპტესთან ეძებდნენ, ესაია იუდეის სიბეცეს ამხელს, რადგან ისინი ღვთის ნებას წინაღდგომიან. თავი 31 მხ. 1. 'ვაი ეგვიპტეში ჩამავალთ შემწეობისთვის, ცხენებისა და ეტლების მოიმედეთ, რადგან ბევრია, და მხედრებზე დანდობილთ, რადგან ძალზე ძლიერები არიან. არ უყურებენ ისრაელის წმიდას და უფალს არ ეკითხებიან". ვაი მას, ვინც ეგვიპტეს და, ზოგადად, ამაქვეყნიურ ძალას ჰსასოებს, რაც მოცემულ შემთხვევაში ცხენებისა და ეტლების სიმრავლითაა წარმოდგენილი. ჯერ კიდევ მრავალი საუკუნით ადრე უფალი მოსე წინასწარმეტყველის ბაგეებით აფრთხილებდა იუდეველებს, რომ აქტიური კავშირი არ ჰქონოდათ ეგვიპტელებთან და ცხენები თუ ეტლები მათგან არასოდეს შეეძინათ[7]. ესაიას თანამედროვე ებრაელები კი საპირისპიროს მოქმედებენ. ჭინასწარმეტყველი ცდილობს, იუდეველებს განუმარტოს, რომ ერთადერთი შემწე, განსაცდელისგან გამომხსნელი უზენაესი ღმერთია და მასზე მთელი ძალით დანდობილი არასოდეს დამარცხდება. თავი 32 ---------- თავი 33 მხ. 1-4. 'ვაი შენ, დამარბეველო, თავად დაურბეველო, გამცემო და თავად გაუცემელო! როცა მოათავებ რხევას, შენც დაირბევი; როცა შეწყვეტ გამცემლობას, შენ გაგცემენ...აიკრიფება თქვენი ნადავლი, როგორც კრეფს ბოცომკალი; დაესხმის, როგორც კალიის ურდო ესხმის". წინამდებარე თავში გადმოცემული მოვლენები იუდეის სამეფოზე ასურელთა თავდასხმის პერიოდს უკავშირდე. ასურელები თავდაპირველად ეგვიპტისკენ გაეშურნენ, მოგვიანებით კი გეზი იერუსალიმისკენ მიმართეს. მიუხედავად ეზეკიას მცდელობისა, დიდი სიმდიდრის ფასად დაეხსნა იუდეა, სენნახირიმი შეჩერებას მაინც არ აპირებდა. ესაია ამ მოვლენათა შესახებ წინდაწინ იუწყება და იუდეველებს მომავალი განსაცდელისას ღვთის შემწეობაში არწმუნებს. თავი 34 ---------- თავი 35 ---------- თავი 36 ესიას წიგნის 36-37 თავებში წარმოდგენილი მოვლენები ნაწილობრივ ნეშტთა წიგნებში, ხოლო სრულად მეფეთა წიგნბშია გადმოცემული[8]. წინასწარმეტყველის მიზანი მოცემულ შემთხვევაში ღმერთს მინდობილი და სასწაულებრივი გზით ღვთისგან დაცული იუდეველი მეფის წარმოჩენა იყო. ეს ყოველივე რჩეული ერისთვის მაგალითი უნდა გამხდარიყო იმისა, რომ უზენაესი არა მარტო დაპირებებს იძლევა, არამედ მათი აღსრულებაც ძალუძს. ისმის კითხვა: რომელი ტექსტი დაიწერა პირველად, ის, რაც ბიბლიის ისტორიულ წიგნებშია გადმოცემული, თუ ესაია მიერ აღწერილი ცნობები? განმმარტებელთა შორის ამ საკითხთან მიმართებაში განსხვავებული მოსაზრება არსებობს. ისინი, ვინც მეფეთა წიგნების შესაბამისი უწყების უწინარესობას ემხრობიან, ამბობენ, რომ ესიამ მოგვიანებით საკუთარ წიგნში იგივე გაიმეორე და ასურეთის შესახებ მრავალგზის ნათქვამი წინასწარმეტყველების ჭეშმარიტება დაამოწმა. ამავდროულად, იმავე განმმარტებელთა თქმით, მეფეთა წიგნებში წარმოდგენილი მოვლენები გაცილებით მწყობრად და სრულად გადმოსცემს იერუსალიმის ალყასთან დაკავშირებულ მოვლენებს. მეორე მხარეს მიაჩნია, რომ პირიქით, მეოთხე მეფეთა წიგნის ავტორი ესაიას წინასწამრეტყველების უტყუარობას ადასტურებს. სანამ წინამდებარე თავში გადმოცემულ უწყებას მუხლობრივად განვიხილავდეთ, ისტორიულ ფონსა და განვითარებული მოვლენების წინაპირობებზე ვისაუბრებთ. დეკან. ალექსანდრე მენი: მეოცე თავში მოთხრობილი მოვლენების შემდეგ, როდესაც იუდა ასურეთის წინააღმდეგ სხვა წინააზიურ სახელმწიფოებთან ერთად იზრახავდა ამბოხს, ხუთ წელზე ოდნავ მეტი გასულიყო. მთელი ამ დროის მანძილზე იერუსალიმი მშვიდად განაგრძობდა ცხოვრებას. 705 წელს პალესტინაში მოვიდა ამბავი სარგონის გარდაცვალების შესახებ. მყისიერად წამოიშვალა ძველი ვნებები ამბოხის სურვილისა. ესაია კვლავაც ხედავდა და გრძნობდა, ეზეკიას ერთი ნაბიჯი აკლდა, საომარ მოქმედებებში რომ ჩაბმულიყო. ამჯერად დაშვებული შეცდომა შესაძლოა საბედისწერო აღმოჩენილიყო, რადგან ასურეთის სამეფო ტახტზე ახალი მონარქი – სენნახირიმი აღზევდა, რომელიც საკუთარ მამაზე, სარგონზე, გაცილებით საშიში მოწინააღმდეგე იყო. მან ჯერ კიდევ მამის თანამმართველობისას გამოიჩინა თავი, როდესაც სადაზვერვო სამსახურხს ხელმძღვანელობდა. ფაქტობრივად, ახალ იერარქს ერთი წამის დაკარგვა არ უწევდა, მსოფლიოში არსებულ ვითარებას რომ გასცნობოდა, რადგან ეს საქმიანობა - ნებისმიერ სახელმწიფოში არსებული განწყობა, მონაცემები სამხედრო ძალების შესახებ, იერარქთა მიზნები, სურვილები, მისწრაფებები და მსგავს მოვლენებში გარკვეულობა ჯერ კიდევ გამეფებამდე იყო მისი პროფესიული ვალდებულება. ერთი რამ აშკარად ჩანდა, სენნახირიმი თეგლათ-ფალასარის სულით მოქმედებდა და ძველ ჩვეულებებს უბრუნდებოდა და მალე საკუთარი სისასტიკითა და დაუნდობლობით ყველა წინარე მმართველს გადააჭარბა. სენნახირიმის სიყვარულმა დისციპლინისა და წესრიგისადმი არ იცოდა საზღვარი. მეფემ ახალი ბრძანება გამოსცა: ვინც დედაქალაქში, ნინევში, სახლის მშენებლობისას გზის სწორ ხაზს თუნდაც რამდენიმე სანტიმეტრით დაარღვევდა, სარზე უნდა დაესვათ. იერარაქმა გარშემო სამხედრო ხალხი შემოიკრიბა და მათთან ერთად საომარ მოქმედებებს გეგმავდა. კვლავ გააქტიურდა შებნა მწერალი. იგი მეფე ეზეკიას შეაგონებდა, რომ აუცილებელი იყო იუდაც ჩაბმულიყო ანტიასურულ კავშირში. ამავდროულად, აქტიურობდა ეგვიპტე და გამამხნევებელ წერილებს აგზავნიდა ყველასთან. წინააზიურმა სახელმწიფოებმა ერთიმეორეს მიყოლებით უარი განაცხადა ასურეთისთვის ხარკის გადახდაზე. იუდეველმა მეფემაც ვერ გაუძლო ცდუნებას. მხოლოდ ეკრონის მეფე პადი უარობდა კოალიციაში გაერთიანებას, რადგან აზოტის სახით მშვენიერი მაგალითი ჰქონდა, თუ რა შედეგი მოაქვს ნინეველებთან დაპირიპირებას (აღნიშნულის შესახებ მეოცე თავშია მოთხრობილი). მაგრამ განსხვავებული განწყობა სუფევდა თავად ეკრონში: მისმა მკვიდრებმა საკუთარი მეფე პადი დაატყვევეს და იერუსალიმში ეზეკიასთან ჩაიყვანეს. ამგვარი ქმედება სენნახირიმის წინააღმდეგ მიმართული აშკარა გამოწვევა იყო, რადგან წინააზიურ რეგიონში ერთადერთი ერთგული ვასალი ასურელებისა დატყვევებულია და იუდეველთა დედაქალაქის საპყრობილეში იმყოფება. ეს არის დრო, როდესაც ესაიას არავინ არაფერს ეკითხება. და აი, დადგა დღე, როდესაც იერუსალიმის გარშემო მდებარე მთები ასურელებით დაიფარა. ყველა მხრიდან მოიჩქაროდნენ მეომრები. სენნახირიმმა კარგად იცის, რომ დედაქალაქის აღება არცთუ იოლი საქმეა, ხოლო ხანგრძლივი ალყის შემთხვევაში შესაძლოა საქმეში ეგვიპტელი ფარაონი ჩაებას, რაც ერთიორად გაართულებს გეგმას. ამიტომაც ასურელი მეფის ბრძანებით შეირჩა დელეგაცია, რომელმაც მოლაპარაკება უნდა აწარმოოს და ეზეკიას უომრად დანებება მოსთხოვოს. ეზეკია თავად უარს ამბობს დიალოგში მონაწილეობის მიღებაზე და სამ იერარქს აგზავნის. შეხვედრა ჩრდილო-აღმოსავლეთის გალავანთან ხდება. იერუსალიმის მოსახლეობა და მეომრები კედლებზე განლაგებულან და თვალყურს ადევნებენ შეხვედრას. სამხედრო მინისტრი რაბშაკე შეგნებულად იწყებს ებრაულ ენით მაღალ ხმაზე საუბარს. რაბშაკეს სიტყვა დახვეწილი სახითაა წარმოდგენილი და მსმენელებზე ერთგვარ ფსიქოლოგიური ხასიათის თავდასხმას წარმოადგენს. ასურელი იერარქის სიტყვებს იუდეველთა მხრიდან სამარისებური სიჩუმე მოჰყვა. წარგზავნილები ეზეკიასთან შემოხეული სამოსით ბრუნდებიან. სენნახირიმმა ეგვიპტელ ფარაონთან დაპირისპირების მიზეზით იერუსალიმის კედლებთან განლაგებული ჯარი მოხსნა, თუმცა ეზეკიას წერილით მიმართა და კვლავ დაემუქრა მთელი იუდეის განადგურებით. იუდეველი მეფე, მიიღო რა წერილი, ჯვალოშემოსილი ტაძარში გაემართა, ხოლო ელჩები ესაიასთან მიავლინა, რომ საიმედო სიტყვები გაეგო. დაბრუნებულმა ელჩებმა მეფეს აუწყეს: დაისჯება სენნახირიმი, რადგან ცისა და ქვეყნის შემოქმედი დაგმო. იერუსალიმის კედლებთან მომხდარი შემდგომი მოვლენები დიდწილად საიდუმლოებითაა მოცული. გარკვეულმა ვითარებამ ასურელთა ჩანაფიქრის შემდგომი განვითარება დააბრკოლა. ლაქიშის გათხრებისას უზარმაზარი ძმური სასაფლაო აღმოაჩინეს, სადაც უწესრიგოდ განეთავსებინათ 1 500 ადამიანზე მეტი ცხედარი. ეგვიპტური ლეგენდის თანახმად, როდესაც ასურელებმა ეგვიპტის წანააღმდეგ განიზრახეს ლაშქრობა, ვირთხების უზარმაზარი გუნდი დაესხათ თავს. მათ ასურელ მეომართა სამოსისა თუ იარაღის ზონრები ერთიანად გადაღრღნეს და უიარაღოდ დარჩენილი ჯარი უკუიქცა. ბიბლიის მიხედვით, ასურელთა მოკვდინება უფლის ანგელოზს – მალაქიას უკავშირდება). მხ. 1-2. ‘მეფე ხიზკიაჰუს მეთოთხმეტე წელს მოადგა სანხერიბი, აშურის მეფე, იუდას ყველა ციხე-ქალაქს და აიღო ისინი. გაგზავნა აშურის მეფემ რაბშაკე ლაქიშიდან იერუსალიმისკენ მეფე ხიზკიაჰუსთან დიდძალი ჯარით; და დადგა იგი ზემო ტბორის წყალსადინართან, მრეცხავთა მინდვრის გზაზე". განმმარტებლები ვარაუდობენ, რომ სენნახირიმმა[9] იერუსალიმი არა ერთგზის, არამედ რამდენიმეჯერ მოაქცია ალყაში, თუმცა ბიბლიური თუ ისტორიული წყაროებით აღნიშნული უწყების დამოწმება არ ხერხდება. ასურულ ლურსმნისებრ წარწერებში აღმოსავლეთის მმართველთათვის დამახასიათებელი ქედმაღლობით ნათქვამია, რომ სენნახირიმმა იუდეის 46 ქალაქი დაიპყრო, რაც ეზეკიას მიერ ხარკის გადახდაზე უარის თქმამ განაპირობა. სავარაუდოდ, გარდა იუდეისა სენნახირიმის წყრომის ობიექტს სხვა წინააზიური სახელმწიფოებიც წარმოადგენდა, რადგან ისინი შესაძლოა, კოალიციური არმიის შექმნას აპირებდნენ და ეგვიპტის დახმარების წყალობით ასურელთა უღლის გადაგდებას ლამობდნენ. ასურული ისტორიული წყაროების თანახმად, სენნახირიმის თავდასხმისას პირველად სიდონი განადგურდა (სიდონი ისრაელის სამეფოს ჩრდილოეთით მდებარეობდა და ფინიკიელებს ეკუთვნოდა). ასურულმა ჯარმა ხმელთაშუაზღვის სანაპიროს გავლით ჩრდილოეთიდან სამხრეთისკენ გაიკვალა გზა და ფილისტიმელთა ქალაქები - ეკრონი და აკკარონი დაიმორჩილა. შემდეგ სენნახირიმი იუდეისკენ დაიძრა და ქალაქი ლაქიში დაიკავა. ურიცხვ მტერთან ბრძოლის პირობებში ყველა იუდაური ქალაქის გადარჩენა შეუძლებელი ამოცანა იყო, ამიტომაც ეზეკია ეგვიპტიდან დახმარების მოლოდინში დედაქალაქს, იერუსალიმს, ამაგრებს. ასურის მეფე იუდეველ მეფეს ელჩებს ქ. ლაქიშიდან უგზავნის. მითითებული ქალაქი იერუსალიმის სამხრეთ-დასავლეთით მდებარეობდა. ესაის წიგნის ცნობების შევსება მეფეთა წიგნებითაა შესაძლებელი. წინასწარმეტყველთან მე-2 მუხლში ვკითხულობთ, რომ ასურის მეფე იერუსალიმში რაბშაკეს აგზავნის, თუმცა მეფეთა წიგნების თანახმად, აღნიშნულ მოვლენას წინ უსწრებს უწყება თავად ეზეკიას მიერ წარგზავნილი ელჩების შესახებ, რაც ესაიასთან გამოტოვებულია. ამ ცნობის მიხედვით, ეზეკია სენნახირიმის წინაშე თავს დამნაშავედ სცნობს და ხარკის გადახდის განახლებაზე თანხმობას შეუთვლეს. სენნახირიმი იუდას 300 ქანქარ ვერცხლსა და 30 ქანქარ ოქროს მოსთხოვს. მითითებული თანხის მოძიება იერუსალიმში ვერ ხერხდება. გადასახადის მოკრების მიზნით ეზეკია სამეფო სასახლესა და სოლომონის ტაძარს ოქროსა და ვერცხლს მთლიანად შემოაცლის და ასურის მეფეს უგზავნის[10]. იოსებ ფლავიუსის ცნობით, სენნახირიმმა, მიუხედავად იმისა, რომ იუდას მთელი განძი მიითვალა, პირობის შესრულებაზე უარი განაცხადა და იერუსალიმის დასაპყრობად მხედართმთავარი რაბშაკე მიავლინა. დეკან. ალექსანდრე მენი: იერუსალიმში მთელი ძალით დაიწყო მზადება საომარი მოქმედებებისთვის. იუდაური ჯარი არაბი დაქირავებული მეომრებით შეივსო. რათქმაუნდა, იუდაში მიმდინარე მოვლენები ნინევში დაუბრკოლებლად ჩადიოდა, თუმცა დუმდა სენნახირიმი, მაგრამ ეს იყო დუმილი ჭექა-ქუხილის წინ. 702 წელს პალესტინაში აღმოსავლეთიდან არასასიამოვნო ამბავი ჩამოვიდა: ასურელ მეფეს ერთი ხელის დარტყმით დაემარცხებინა ბაბილონელი მეფე მეროდან-ბალადანი და უშუალოდ ქალაქ ბაბილონშიც შეჭრილიყო. სენნახირიმმა მეგაპოლისიდან 200 000 ადამიანი გადაასახლა. ამჯერად, როდესაც აღმოსავლური საფრთხე დაძლეული იყო, შუამდინარელი მონარქი ურჩი სახელმწიფოების დასასჯელად დასავლეთისკენ გამოემართა. 701 წელს უზარმაზარი ასურული ჯარი ფინიკიაში შეიჭრა, აქედან ეკრონისკენ გაემართა და დაიპყრო იგი. საკუთარი მეფის, პადის, წინააღმდეგ ამბოხში მონაწილე ყველა პირი უსასტიკესად დასაჯეს, ცხედრები კარიბჭეში სახალხოდ გამოფინეს, ხოლო მოსახლეობის დიდი ნაწილი იმპერიაში გადაასახლეს. ამის შემდეგ ასურული ჯარი იუდაურ სახელმწიფოში შეიჭრა. გამაგრებული ქალაქები ერთიმეორეს მოყოლებით გადადიოდა მომხდურთა ხელში. სენნახირიმმა პალესტინის ერთ-ერთი უმთავრესი ქალაქი – ლაქიში დაიკავა და იერუსალიმის დასაპყრობად დაიწყო მზადება. ასურულმა ჯარმა მალე ალყაში მოაქცია იუდეველთა დედაქალაქი. ვითარება უკიდურესად დაიძაბა. დაქირავებულმა არაბებმა და ჯარის ნაწილმა ეზეკიას ასურელებთან მშვიდობიანი მოლაპარაკებების წარმოება მოსთხოვა, იუდეველ მეფეს სავხა არაფერი დარჩენოდა: მან ლაქიშში მყოფ სენნახირიმს თხოვნით მიმართა და გამოსასყიდის გადახდას შეჰპირდა, თუ ისინი უკან დაიხევდნენ. შუამდინარელმა იერარქმა იუდას უზარმაზარი კონტრიბუცია დააკისრა: 150 კილოგრამზე მეტი ოქრო და ცხრა ტონა ვერცხლი. ეზეკიას მთელი იერუსალიმის განძისა და ტაძრის ძვირფასეულობის შეგროვებაც დასჭირდა. ძვირფას ლითონთან ერთად ლაქიშში ეკრონის დატყვევებული მეფე პადიც გააგზავნეს. ძვირფასეულობით დატვირთულმა ქარავანმა ასურელ მეფეს ლაქიშში ვერ ჩაუსწრო და ნინევიისკენ მიმავალ გზაზე წამოეწია. სენნახირიმის მოულოდნელი უკუსვლა იმპერიაში განვითარებულმა ახალმა ამბოხმა გამოიწვია, თუმცა სენნახირიმი დარწმუნებული იყო, რომ იუდამ ბრწყინვალე გაკვეთილი მიიღო, რასაც დიდი დროის მანძილზე არ დაივიწყებდა. ომის ამგვარი ტრაგიკული დასასრულის ფონზე შებნას პარტია უმძიმეს ვითარებაში აღმოჩნდა. სახელმწიფო მთლიანად დაცლილი იყო ქონებისგან, ხალხის ნაწილი ასურეთში გადაასახლეს. მეამბოხეებს მოუწიათ აღიარება, რომ მართალი იყო ესაია. ყველას მისკენ მიემართა მზერა, თუ რას იტყოდა ამჯერად ჭეშმარიტების მქადაგებელი. წინასწარმეტყელის ასპარეზზე გამოსვლიდან ორმოცი წელი გასულიყო, მისდამი კრძალვა კი სულ უფრო მეტად იზრდებოდა ხალხში. 701 წელს დედაქალაქში დაბრუნებულ სენნახირიმს იმპერიის შიგნით უამრავი პრობლემა ჰქონდა, რის მოგვარებასაც საკმაო დრო დასჭირდა. წინააზიური სახელმწიფოები კვლავ ურჩობის სურვილით განიმსჭვალნენ, მათ შორის იუდეის სამეფოც. 689 წელს, მას შემდეგ, რაც ასურელმა მონარქმა ყველა საშინაო საკითხი გადაწყვიტა, ურჩი ეზეკიასა და მისი სამეფოს დასასჯელად ხელმეორედ შეიჭრა იუდაში და სამხედრო ბანაკი კვლავ ლაქიშში განათავსა (მსგავსად პირველისა). სწორედ ამის შესახებ მოგვითხრობს ესაიას წიგნის წინამდებარე თავი. ამჯერად ეზეკია დარწმუნებული იყო, რომ ასურელებს უკან ვერაფერი გააბრუნებდა. უმძიმესი ვითარება სუფევდა იუდეველთა დედაქალაქში, მოსახელობა სასოწარკვეთილი მოელოდა მოვლენების განვითარებას. ხალხი თვლიდა, რომ ერთადერთი გამოსავალი უპირობო კაპიტულაციაა. სწორედ ამ დროს გამოდის სიტყვით ესაია და იერუსალიმელებს ჩაუბარებლობისკენ მოუწოდებს). მხ. 3. ‘გავიდნენ მასთან სასახლის მოურავი ელიაკიმ ხილკიაჰუს ძე, შებნა მწერალი და იოახ ასაფის ძე, მემატიანე”. ასურელებს იერუსალიმი ალყაში ჰყავთ მოქცეული. რაბშაკესთან მოსალაპარაკებლად გამოდიან ელიაკიმი, შებნა მწერალი და იოახი, ასაფის ძე. განმმარტებელთა ნაწილი მიიჩნევს, რომ ეზეკიამ არ ჩათვალა საჭიროდ, თავად გასულიყო მოლაპარაკებაზე იერარქიულად დაბლამდგომ მხედართმთავართან. იოსებ ფლავიუსის ცნობით, უზომოდ შეშინებულ იუდას მეფეს ასურელებთან საუბრის უნარი აღარ შესწევდა. მხ. 4-7. რაბშაკე მსმენელს დამცინავი სიტყვებით მიმართავს, ეგვიპტეს გადატეხილ ლერწამს ადარებს, რომელიც ადამიანს ხელში შეერჭობა და სულს გაუმწარებს. აფრთხილებს იუდეველებს, რომ ნურც თავიანთი ღმერთის იმედი ექნებათ, რადგან ეზეკიამ მას ძლიერ აწყენინა. ასურელები, სავარაუდოდ, ფლობდნენ ინფორმაციას იუდეველი მეფის მიერ გატარებული რელიგიური რეფორმის შესახებ და ფიქრობდნენ, რომ კერპების პატივმისაგებად გამოყენებული სიმაღლეების განადგურება და ღმერთის თაყვანისცემის ადგილად ოდენ იერუსალიმის გამოცხადება იუდეველთა ღმერთის შეურაცხყოფას ნიშნავდა. მხ. 8-10. ერთადერთი გონიერი ნაბიჯი, რაც იუდეველებს დარჩენიათ, აგრძელებს რაბშაკე, ესაა ასურელთა ძლევამოსილების აღიარება და უბრძოლველად ჩაბარება, რადგან ომს სტრატეგია და ძალა სჭირდება, ხოლო იერუსალიმელთა მფლობელობაში მხოლოდ ფუჭი სიტყვებია. ეგვიპტიდან იმედოვნებენ იუდეველები ცხენებისა და ეტლების მიღებას? თავად რაბშაკე მისცემს მათ ორი ათას ცხენს, მაგრამ მოეპოვებათ კი შეშინებულ ებრაელებს ამდენი მხედარი? თუნდაც შეკრიბონ საჭირო რაოდენობა, ხომ არ ფიქრობენ ისინი, რომ ასურელი მეფის ყველაზე სუსტ მხედართმთავარს სძლევენ?[11] ასურელი მეთაურის მთავარი არგუმენტი ისაა, რომ იუდეველთა მიწის განადგურება ღვთის განგებით ხდება. ამგვარი ცნობა იუდეველებს ძლიერ შეაშინებდა, რადგან მუდმივი განდგომილებისა და ურჯულოების მიზეზით წინამდებარე განსაცდელი შესაძლოა, იაჰვესგან ყოფილიყო მოვლენილი. მხ. 11-12. მოსალაპარაკებლად მისულ იუდეველ მაღალჩინოსნებს არ სურდათ, ქალაქის კედლებზე მდგომ ებრაელებსაც გაეგოთ რაბშაკეს ებრაულ ენაზე წარმოთქმული სიტყვები. ამიტომაც არამეულად სთხოვეს მას საუბარი, რადგან სახელმწიფოთა იერარქებს შორის მოლაპარაკებებისას სწორედ არამეული გამოიყებეოდა და მას დიპლომატიური ურთიერთობის ენა ეწოდებოდა. რაბშაკე თხოვნაზე უარს აცხადებს, რადგან, მისი თქმით, ხალხმა უნდა იცოდეს, როგორი ხვედრი განუსაზღვრა მათ უზენაესმა. რაბინები და ნეტარი თეოდორიტე კვირელი ებრაულ ენაზე დაუბრკოლებლად მოსაუბრე ასურელ მხედართმთავარს იუდეველად მიიჩნევენ. მათი აზრით, ასურეთში აღმოჩენილი რაბშაკე საკუთარი ნიჭის, სიმამაცის წყალობით სამხედრო საქმეში წარემატა და მაღალჩინოსანთა შორის დაიმკვიდრა ადგილი. მხ. 13-20. კედლებზე გადმომდგარ იუდეველებს რაბშაკე მაღალი ხმით შეგნებულად ებრაულ ენაზე მიმართავს. მისი თქმით, იუდას მოსახლეობა, ნაცვლად საკუთარი უძლური მეფისა, ძლევამოსილ ასურელ ხელმწიფეს უნდა მიენდოს, რადგან იგი არავის ავნებს, ხოლო ასურეთში გადასახლებულ იუდეველებს საკუთარი სამშობლოს მსგავს პირობებს შეუქმნის. წინააღმდეგობას აზრი არ აქვს, რადგან აქამდე მრავალი სახელმწიფო დაემხო ასურელთა წინაშე და ვერც ერთმა ‘ღმერთმა” ვერ შეაჩერა ისინი. იგივე ელის იერუსალიმსაც. ხამათი და არფადი სირიული ქალაქებია. სეფარვაიმი, სავარაუდოდ, ხსენებულ ქალაქებთან ახლოს მდებარეობდა. სეფარვაიმისა და ხამათის მკვიდრები ასურელებმა ქრისტეშობამდე 722 წელს, ისრაელის სამეფოს მოსახლეობასთან ერთად გადაასახლეს[12]. რაბშაკე მსმენელს სწორედ ამ მარცხის თაობაზე შეახსენებს, რადგან ვერც ისრაელის ‘ღმერთებმა” შეაჩერეს უბედურება, თანაც სამარიისა და იერუსალიმის ღმერთი ხომ ერთი და იგივეა. საფიქრებელია, რომ ასურელი მაღალჩინოსნის უკანასკნელმა განცხადებამ მთელი იერუსალიმი შეაძრწუნა. განმმარტებლები რაბშაკეს მიერ წარმოთქმულ სიტყვას, სადაც ყველა დეტალი ზედმიწევნით ზუსტად იყო გათვლილი: მოსახლეობის ფსიქოლოგიური ტერორი, პოლიტიკური გზავნილები, დანაპირები სოციალური კეთილდღეობის შესახებ, ორატორული ხელოვნების უმაღლეს გამოვლინებად მიიჩნევენ. მხ. 21-22. ალყაში მოქცეული იუდეველები დუმილს ინარჩუნებენ, რადგან ასეთია მეფის ბრძანება. მგლოვიარე მაღალჩინოსნები სამოსელშემოხეულები ბრუნდებიან ეზეკიასთან. თავი 37 მხ. 1-4. მეფე ეზეკიამ გლოვისა და მწუხარების ნიშნად სამოსი თავადაც შემოიხია, ჯვალო შეიმოსა და ღვთის ტაძარს მიაშურა, იუდეველი იერარქები კი ესაიასთან გაგზავნა, რითიც აღიარა, რომ უფალი სწორედ ამ პიროვნების ბაგეებით გამოთქვამდა სათქმელს. წარგზავნილები უდიდესი გულისტკივილით მივიდნენ წინასწარმეტყველთან და ეს დღე უბედურების, დასჯისა და მწუხარების დღედ მოიხსენიეს, ასურელთა მხრიდან ცოცხალი ღმერთის წინააღმდეგ მიმართული გმობის გამო გულდამდუღრულნი მწუხარებდნენ და ესაიას ღვთისადმი ვედრებას ემუდარებოდნენ. მხ. 5-7. მოკლე, მაგრამ ნუგეშით აღსავსე იყო წინასწარმეტყველის პასუხი: ნურც ასურელ მხედართმთავრს, ნურც მეფეს შეუშინდებიან იუდეველები, რადგან ღვთის განგებით ისეთი რამ მოხდება, რომ მრისხანე ხელისუფალი საკუთარ სამშობლოს დაუბრუნდება, სადაც აღსასრული მოეწევა. მხ. 7-13. მიმდინარე მოვლენებისას სენნახირიმი ლაქიშიდან ჩრდილოეთით, დაახლოებით, 7 კილომეტრის მანძილზე მდებარე ლიბნაში გაემართა. მეფისთვის მოლაპარაკების შედეგების გასაცნობად ხსნებულ ქალაქს რაბშაკეც ეწვია. სავრაუდოდ, სენნახირიმმა ლიბნაში გაიგო, რომ მის წინააღმდეგ ეზეკიას მოკავშირე ეთიოპიის მეფე ტირგაკი მოეშურებოდა. სენნახირიმმა მეორედ გააგზავნა ელჩები იუდეველთა მეფესთან და შეუთვალა, რომ არ ჰქონოდა მას საკუთარი ღმერთის იმედი. გოზანი, მდინარე გაბორის ნაპირზე მდებარე ქალაქი, ასურელებმა ასი წლით ადრე დაიმორჩილეს. ხარანი, მესოპოტამიის ჩრდილო-დასავლეთით განლაგებული ქალაქი, სადაც ოდესღაც მამამთავარი აბრაამი ცხოვრობდა, იმჟამად ასურული ციხე სიმაგრე იყო. რეცებფი ასევე ასი წლით ადრე დაპყრობილი სირიის ერთ-ერთი ქალაქია. მხ. 14-20. ეზეკიამ მაცნეთა ხელით მოტანილი წერილი წაიკითხა, კვლავ ტაძარს მიაშურა და იქ უფლის წინაშე გრაგნილი გაშალა. მეფემ გულწფრფელი ლოცვა აღავლინა უფლის წინაშე (მხ. 15-20). ეზეკია აცნობიერებს, რომ სხვა სახელმწიფოებს არ ჰყავდათ შემწე იაჰვეს სახით და მხოლოდ ხელით ქმნულ ‘ღმერთებს” სასოებდნენ. ამიტომაც დამარცხდნენ ასურელთაგან, მაგრამ ებრაელთა ერთადერთ და ჭეშმარიტ ღმერთს ნებისმიერი საფრთხის დაძლევა ძალუძს. მხ. 21-35. ესიასგან მეფე გებულობს, რომ ლოცვა შესმენილია: ასურელ მეფეს სირცხვილი და მარცხი ელის. შენნახირიმი მოპოვებულ გამარჯვებებს მისი ძლევამოსილი ჯარის დამსახურებად თვლიდა, წინასწარმეტყველის ცნობით კი, სინამდვილეში ყოველივე საღვთო განგებით წინდაწინ განისაზღვრა და დგება ჟამი, როდესაც ღვთისმგმობი იმპერია უნდა დაისაჯოს. მხ. 36-38. იერუსალიმის მახლობლად დაბანეკებული ასურული ჯარი 185 000 მეომარს კარგავს ერთ ღამეში. უნდა აღინიშნოს, რომ ებრაულ ტექსტში გადმოცემულ რაოდენობით რიცხვით სახელს განმმარტებელთა ნაწილი კითხულობს როგორც 5 180. ყველა შემთხვევაში ასურელთათვის მარცხი აშკარად სასწაულებრივი იყო. ადამიანთა გარდაცვალების მიზეზად ბიბლია უფლის წარგზავნილ ანგელოზს ასახელებს. იოსებ ფლავიუსის ცნობით, ჯარისკაცებს ეპიდემია შეეყარა, რამაც დიდი მსხვერპლი გამოიწვია. ჰეროდოტეს თანახმად, ასურულებს ეგვიპტეზე ლაშქრობისას თაგვების დიდი რაოდენობა შეესია, რომლებმაც იარაღის სამაგრები გადაღრღნეს. შედეგად, სენნახირიმმა მსვლელობა ვეღარ განაგრძო და სამშობლოში დაბრუნდა. ნინევში მიბრუნებული იერარქი რამდენიმე წლის შემდეგ, ქრისტეშობამდე 681 წელს, საკუთარმა შვილებმა მოკლეს. ძლევამოსილი მეფის მიზნები განუხორციელებელი დარჩა. ნეტარი თეოდორიტე: სენნახირიმი იერუსალიმის კედლებთან სიკვდილს იმიტო გადაურჩა, რომ ღვთის საკვირველებანი თავად მოეთხრო ყველასთვეს). თავი 38 მხ. 1. ‘იმ ხანებში სასიკვდილოდ დასნეულდა ხიზკიაჰუ. მივიდა მასთან ესაია ამოცის ძე, წინასწარმეტყველი, და უთხრა: ასე ამბობს უფალი: ანდერძი დაუტოვე შენს სახლს, რადგან მოკვდები, ვერ გადარჩებიო”. ესაიას წიგნის კომენტირებისას განმმარტებელთა დიდი ნაწილი შენიშნავს, რომ 36-39 თავებში გადმოცემული ისტორიული მოვლენების ქრონოლოგია არათამიმდევრულია. მათი თქმით, წინამდებარე და შემდეგ, 39-ე თავში გადმოცემული ამბები წინ უსწრებდა 36-37 თავებში ნაუწყებ საკითხებს, რაც მე-6 მუხლიდან ჩანს, რომ ეზეკიას ავადმყოფობა სენნახირიმის ჯარის სასწაულებრივი მარცხის უწინარესი მოვლენაა (შდრ. ‘გიხსნით შენ და ამ ქალაქს აშურის მეფის ხელიდან”), ანუ ასურელთა თავდასხმა სწორედ ეზეკიას დასნეულებისა და გამოჯამრთელების შემდგომი მოვლენაა. ამავე მოსაზრებას ადასტურებს მორიგ, 39-ე თავში, ნახსენები ბაბილონელი მეფის შესახებ არსებული ისტორიული ცნობები: მეროდან-ბალადანი 721–710 წლებში მართავდა ბაბილონს, შემდეგ იგი ტახტიდან გადააყენეს, თუმცა მოგვიანებით კვლავ დაიბრუნა ხელისუფლება და 703–702 წლებში ცხრა თვის მანძილზე, სენნახირიმის იუდეაში შეჭრამდე (701 წ.), ბაბილონში მეფობდა. თავების ამგვარი განლაგების მიზეზი ესაიას ბაბილონური ტყვეობის შესახებ წარმოთქმული შემაჯამებელი წინასწარმეტყველებაა, რომლის შემდეგაც წიგნის დარჩენილი ნაწილი სწორედ ტყვეობიდან დაბრუნების საკითხს ეხება. მხ. 2-3. ‘კედლისკენ მიაბრუნა პირი ხიზკიაჰუმ და შეევედრა უფალს: უფალო! გაიხსენე, მტკიცედ და წრფელად რომ დავდიოდი შენს წინაშე, კეთილად რომ ვიქცეოდი შენს თვალში. და მწარედ ატირდა ხიზკიაჰუ”. იოსებ ფლავიუსის თქმით, ეზეკიას, გარდა სიკვდილის მოახლოებისა, სხვა სატკივარიც გააჩნდა: იგი იმ დროისთვის უშვილო იყო. შესაბამისად, გარდაცვალება დავითის ხაზით მეფობის გაუქმებას ნიშნავდა, რასაც მეფე დიდი გულისტკივილით განიცდიდა. მართალია, კონკრეტული თხოვნა წინამდებარე მუხლებში არ გადმოცემულა, მაგრამ იგი სტრიქონებს შორის იკითხება. ეზეკია ლოცვისას კედლისკენ ტრიალდება, რადგან, სავრაუდოდ, სწორე იმ მიმართულებით მდებრეობდა იერუსალიმის ტაძარი. მხ. 4-5. ‘იყო უფლის სიტყვა ესაიას მიმართ, მეტყველი: წადი და უთხარი ხიზკიაჰუს: ასე ამბობს-თქო უფალი, დავითის, მამაშენის ღმერთი: გავიგონე შენი ვედრება, დავინახე შენი ცრემლი და, აჰა, კიდევ თხუთმეტ წელიწადს შევმატებ შენს დღეებს”. პასუხმა არ დააყოვნა. ესაია ჯერ სამეფო სასახლიდან არ გასულიყო, რომ უფლისგან ახალი უწყება მიიღო: მეფეს თხუთმეტი წლის სიცოცხლე მიემადლა. ეზეკიას ლოცვაზე დაყრდნობით შედგენილი ანამნეზის თანახმად მედიკოსები ასკვნიან[13], რომ მეფის სასიკვდილო დაავადებაში კარბუნკული და ნუშუსებრი ჯირკვლის ანთება იგულისხმება. 'ცარბუნცულუს - კარბუნკული არის რამდენიმე თმის ბოლქვისა და ცხიმოვანი ჯირკვლის მწვავე ჩირქოვან-ნეკროზული ანთება, რომელსაც ახასიათებს ინფილტრატის გაჩენა და კანისა და კანქვეშა უჯრედების გავრცობილი ნეკროზი. კარბუნკული ყველაზე ხშირად ჩნდება უსუფთაობის პირობებში, კანის ტანსაცმელთან ხახუნის ადგილას ჩირქმბადი მიკრობების, სტაფილოკოკებისა და სტრეპტოკოკების, შეჭრის შედეგად. კარბუნკულის გაჩენას ხელს უწყობს ორგანიზმის გამოფიტვა, შაქრიანი დიაბეტი, სიმსუქნე, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის, ღვიძლისა და თირკმელების ფუნქციის მოშლა, ავიტამინოზი. კარბუნკული იწყება ისე, როგორც ფურუნკული, მაგრამ სტაფილოკოკი თმის ბოლქვიდან სწრაფად იჭრება ლიმფურ ძარღვებში და აღწევს კანის ღრმა შრეებსა და კანქვეშა უჯრედებში. შედეგად ჩირქოვან-ნეკროზული პროცესი განივრცობა და ინფილტრატი მკვეთრად იზრდება. კლინიკურად კარბუნკული წარმოადგენს რამდენიმე შერწყმულ ფურუნკულს, რომლებსაც აქვთ საერთო, მკვეთრად შეშუპებული საფუძველი. კარბუნკული ხშირად ჩნდება კისრის უკანა ნაწილზე, ბეჭებზე და ბეჭებს შუა არსებულ არეში, წელზე, დუნდულებზე, იშვიათად - კიდურებზე. თავდაპირველად წარმოიქმნება პატარა ანთებადი ინფილტრატი თავზე პუსტულით, რომელიც სწრაფად იზრდება. შეხებისას მტკივნეულია, თუმცა ტკივილი შეხების გარეშეც შეიგრძნობა. ინფილტრატის არეში კანი იღებს მოვარდისფრო ელფერს, დაჭიმული და შეშუპებულია. ნეკროზული კერის ზემოთ ეპიდერმისი რამდენიმე ადგილას იგლიჯება და ჩნდება რამდენიმე ხვრელი, საიდანაც გამოდის მომწვანო-მორუხო ფერის სქელი ჩირქი. ხვრელებში ჩანს ნეკროზული ქსოვილი. ზოგი ხვრელი ერთდება და წარმოიქმნება კანის დიდი დეფექტი, საიდანაც მოედინება ჩირქი, და ძვრება ნეკროზული ქსოვილი. ტემპერატურა 40 გრადუსამდე იმატებს. აღინიშნება ძლიერი ინტოქსიკაცია (გულისრევა, ღებინება, უმადობა, თავის ტკივილი, უძილობა, იშვიათად - ბოდვა და უგონო მდგომარეობა). სახეზე ლოკალიზებული და დიდი ზომის კარბუნკულების დროს ზოგადი სიმპტომები კიდევ უფრო მკვეთრია, მაგრამ როგორც კი დაიწყება ჩირქის დენა და ნეკროზული ქსოვილების მოძრაობა, ავადმყოფის მდგომარეობა უმჯობესდება. ჩირქის ამოსვლის შემდეგ ჭრილობა ივსება გრანულებით და ხორცდება. გართულებათაგან მოსალოდნელია ლიმფანგიტი, ლიმფადენიტი, პროგრესირებადი თრომბოფლებიტი, სეფსისი, ჩირქოვანი მენინგიტი. სეფსისი, მენინგიტი და თრომბოფლებიტი შედარებით ხშირია სახის კარბუნკულის დროს. გართულების თავიდან ასაცილებლად აუცილებელია ავადმყოფის ჰოსპიტალიზაცია ჩირქოვან განყოფილებაში. კარბუნკულის განვითარების საწყის (ანთებადი ინფილტრატის) ეტაპზე მიმართავენ ანტიბიოტიკოთერაპიას - პათოლოგიურ კერაში შეჰყავთ ანტიბიოტიკი, კეთდება კუნთშიგა ინექცია, ინიშნება სულფანილამიდები. რეკომენდებულია სისხლის გადასხმა და ადგილობრივი დასხივება ულტრამაღალი სიხშირის სხივებით. კარბუნკულს ადებენ მშრალ ასეპტიკურ ნახვევს ან სინტომიცინის ან სტრეპტომიცინის ემულსიის ნახვევს. თუ ავადმყოფს აქვს შაქრიანი დიაბეტი, აუცილებელია ინსულინოთერაპიის ჩატარება, რათა ინფილტრატისა და ნეკროზის განვითარების პროცესი შეფერხდეს. ავადმყოფს სჭირდება დასვენება (წოლითი რეჟიმი, იმობილიზაცია). სახის კარბუნკულის დროს იკრძალება ლაპარაკი და ინიშნება თხიერი საკვები. საჭიროებისამებრ, დასაშვებია ტკივილგამაყუჩებელი და საგულე საშუალებების მიღება, აუცილებელია კარგი კვება, რძის ნაწარმისა და მცენარეული პროდუქტების დიეტა. თუ ერთ-ორდღიანი კონსერვატიული მკურნალობა უეფექტო აღმოჩნდა და ინტოქსიკაციის ნიშნები პროგრესირებს, ნაჩვენებია ოპერაციული ჩარევა. დიდი მნიშვნელობა აქვს ავადმყოფის მოვლას. დროული და სწორი მკურნალობის შემთხვევაში პროგნოზი კეთილსაიმედოა"[14]. მხ. 7-8. ‘ეს იყოს შენთვის სასწაულად უფლისაგან, რომ აღასრულებს უფალი იმ სიტყვას, რომელიც თქვა: აჰა, ათი საფეხურით დავაბრუნებ უკან მზის ჩრდილს, რომელიც უკვე ჩამოსულია აქაზის საფეხურებზე. და უკან დაბრუნდა მზე ათი საფეხურით საფეხურებზე, რომლებიც უკვე ჩავლილი ჰქონდა”. საკუთარ პირობას უფალი ეზეკიას სასწულით უდასტურებს. სავარაუდოდ, იერუსალიმში ერთგვარი სპეციფიური კიბე იყო აგებული, რომელსაც ეზკიას მამის – აქაზის სახელი ეწოდა (შდრ. აქაზის საფეხურები). მას მზის საათის მსგავსი ფუნქცია ჰქონდა. მზის დასავლეთით გადახრისას ჩრდილი საფეხურებზე მაღლდებოდა, რითიც ადამიანები დროს განსაზღვრავდნენ. მაგრამ მოხდა სრულიად საპირისპირო რამ: ჩრდილი ათი საფეხურით დაბლა დაეშვა. განმმარტებელთა ნაწილი ვარაუდობს, რომ მოცემულ შემთხვევაში დედამიწამ საღვთო განგებით პირუკუ დაიწყო ბრუნვა. მას შემდეგ, რაც იუდას სამეფოს წინააღმდეგ წამოწყებული სირიისა და ისრაელის სამეფოების იერიში ასურელთა ჩარევის შედეგად განეიტრალდა (ასურეთის მეფე სირიის დედაქალაქ დამასკოში შეიჭრა და მოკლა ადგილობრივი მეფე რეცინი, რამაც იუდას წინააღმდეგ მიმართული ორი სახელწიფოს შეთქმულება საბოლოოდ ჩაშალა), აქაზმა მადლიერების ნიშნად გადაწყვიტა, რომ ძლევამოსილ ასურელ მბრძანებელს თავად ხლებოდა და მადლობა გადაეხადა. იუდეველი მეფე ქ. დამასკოში ჩადის. მკვლევარნი ვარაუდობენ, რომ სწორედ იქ იხილა იუდეველთა ხელმწიფემ მზის საათი, რომელიც შემდეგ საკუთარ სამშობლოშიც გააკეთებინა და აქაზის საფეხურების სახელითაა ცნობილი. გარდა ამისა მეფეს დამასკოს ერთ-ერთ წარმართულ ბომონში ნანახმა საკურთხეველმა მოსჭრა თვალი და გადაწყვიტა, მსგავსი ნაგებობა საკუთარ სამშობლოშიც აეგო. ურია მღვდელი ნახაზებით იერუსალიმში ბრუნდება და ნაცვლად საღვთო უწყებით აგებული სოლომონისეული სამსხვერპლოსი, დამასკოში აქაზის მიერ მოხილული სამსხვერპლოს ანალოგს აკეთებს. სამშობლოში დაბრუნების შემდეგ აქაზი საკუთარი ხელით აღასრულებს მსხვერპლშეწირვას. მეფეს ძველი აღთქმის რჯულად დადგენილი მსახურება არ გაუუქმებია. ის მსახურების ძველ ფორმას ტოვებს, მაგრამ სამსხვერპლოს მთლიანად განაახლებს. სოლომონისეული სამსხვერპლო ტაძრის ჩრდილოეთით განთავსდა, ხოლო მისი ადგილი ზომებში გაცილებით დიდმა ნაგებობამ დაიკავა. გატარებული რეფორმებით, რასაც შედეგად რელიგიური სინკრეტიზმი და ღვთივგაცხადებული სარწმუნოების წარმართულ კულტმსახურებასთან აღრევა მოჰყვა, აქაზი იუდეის სამეფოს სულიერი ცხოვრების სრულიად ახალი რეალობის წინაშე აყენებს. ეს არის დრო, როდესაც იუდაში ჭეშმარიტი ღვთისმსახურება ასირიულ-ბაბილონურ-იუდაური რელიგიებიდან მიღებული სინკრეტიზმით იცვლება, ამავდროულად იუდეა ასურეთის ვასალი სახელმწიფო ხდება, რაც სულიერ დაცემასთან ერთად ამავე სახელმწიფოს პოლიტიკური უსუსურობის დასტურია. მხ. 9-15. მითითებულ მუხლებში ეზეკიას სამადლობელი ლოცვაა წარმოდგენილი. მეფე ფიქრობდა, რომ ყველაფერი დასრულდა, მოვიდა დრო, როდესაც ადამიანი ახლობლებს, მეგობრებს საუკუნოდ განშორდება, სული სხეულს ეყრება. მეფე დღედაღამ შემაწუხებელი საშინელი ტკივილების შესახებ ყვება. მხ. 16-20. მეფე აღიარებს, რომ განცდილი უდიდესი მწუხარება სასრგებლო აღმოჩნდა მისი სულისთვის. ეზეკია სიკვდილისაგან გამოხსნას ცოდვათა მიტევების ნიშნად აღიქვამს და უფალს ტაძარში განდიდებას აღუთქვამს. მხ. 21-22. მეფეს განკურნების მიზნით სხეულზე ლეღვის ტყლაპს ადებენ. სავარაუდოდ, ტყლაპი ანთების საწინააღმდეგო საშუალებად გამოიყენებოდა. თავი 39 მხ. 1. ‘ამ დროს გამოუგზავნა მეროდახ-ბალადან ბალადანის ძემ, ბაბილონის მეფემ, ხიზკიაჰუს წერილები და ძღვენი, რადგან გაგებული ჰქონდა, რომ ავად იყო და მომაგრდა”. ბაბილონის მეფემ მეროდან-ბალადანმა ელჩების ხელით წერილი და ძღვენი გაუგზავნა ეზეკიას, ერთი შეხედვით, თითქოს იუდეველი მეფის გამოჯამრთელების მისალოცად, მაგრამ ჩამოსული სტუმრების მთავარი მიზანი, როგორც იოსებ ფლავიუსი აღნიშნავს, ასურთა იმპერიის წინააღმდეგ საიდუმლო კავშირის დამყარება იყო. მეროდან-ბალადანი ორგზის შეეცადა, ასურეთს გამოჰყოფოდა. 703-702 წლებში იგი ქალაქ ბაბილონს დაეუფლა და 9 თვე მართავდა, თუმცა სენნახირიმის მიერ საბოლოოდ გამანადგურებელი მარცხი იწვნია და ელამში გაიქცა. წინამდებარე თავში აღწერილი ბაბილონელი ელჩების ვიზიტი ასურელთა იუდეაზე თავდასხმის წინ, იერუსალიმის ალყაში მოქცევამდე ხდება. მიუხედავად კონსპირაციისა, შეხვედრა აშკარად ანტიასურული კამპანიის ელფერს ატარებს. ესაის მრავალგზის ჰყავდა გაფრთხილებული ეზეკია, რომ ასურეთი ახლო აღმოსავლეთის სახელმწიფოების დამსჯელი მათრახია ღვთის ხელში. ამიტომაც შეუსაბამოა წინასწარმეტყველის სიტყვასთან იუდეველი მეფის საქციელი. ფრიდრიხ რუჟემონტი: ბაბილონელი მეფეების შესახებ ცობები ბიბლიურ ისტორიაში პირველად სწორედ წინამდებარე მუხლში გვხვდება. უწინარეს ეპოქაში ისინი ასურეთის მორჩილებაში იმყოფებოდნენ და ამიტომაც ბევრი არაფერი ვუწყით მათი წარსულის შესახებ. როგორც ჩანს, სწორედ მეროდან-ბალადანის დროს ასურეთიდან სამხრეთით, ტიგროსსა და ევფრატს შორის მდებარე ბაბილონმა დამოუკიდებლობა მოიპოვა. ამიერიდან მისი ძლიერება ასურეთის დაცემის პარალელურად იზრდებოდა). მხ. 2. ‘გაიხარა ხიზკიაჰუმ და დაათვალიერებინა მათ თავისი საუნჯე - ოქრო-ვერცხლი, ნელსურნელებანი, ძვირფასი ზეთი, საჭურველის სახლი და ყველაფერი, რაც კი მის საგანძურებში იპოვებოდა. ერთი ნივთიც არ დარჩენილა არც მის სახლში და არც მთელს მის სამფლობელოში, რომ არ ეჩვენებინოს მათთვის ხიზკიაჰუს”. ბაბილონელი სტუმრების წინაშე იუდეველთა საუნჯის წარმომჩენი მეფე, სავარაუდოდ, ელჩებზე შთაბეჭდილების მოხდენას ცდილობდა, თუმცა ჩამოსულებიც უპირველეს ყოვლისა იმას განიზრახავდნენ, როგორ გამოეყენებინათ ებრაელთა განძი სენნახირმის წინააღმდეგ ბრძოლაში. ნეტარი თეოდორიტე: მეფეს სტუმრები ოქრო-ვერცხლით კი არ უნდა მოეხიბლა, არამედ მისი მაკურნებელი ღმერთი ექადაგა). მხ. 3-7. ესაიას პასუხმა, რომელსაც მეფემ ქალდეველთა ვიზიტთან დაკავშირებული ყველა მოვლენა უამბო, შეაძრწუნა ეზეკია, რადგან ბაბილონის მხრიდან საფრთხის შესახებ მას არასოდეს ეფიქრა, ერთადერთი, ვინც იმ დღეებში რჩეულ ერს საფრთხეს უქმნიდა, ასურეთი იყო. წინასწამრტყველის სიტყვების აღსრულება, რომ მეფეთა შვილებს ბაბილონში წაასხამენ, ძვ. წ. აღ-ის 605 წლიდან იწყება. ნეტარი იერონიმე: წინამდებარე თავში ბაბილონელი მეფის – მეროდან ბალადანის მიერ იუდაში ელჩების გამოგზავნის თაობაზეა ნაუწყები. რამდენადაც ბაბილონელთა შორის ციური სხეულებისთვის თვალყურის დევნება ჩვეული მოვლენა იყო, რაც მაცხოვრის შობის დროს მოგვების ჩამოსვლამაც დაადასტურა, ამჯერად ნანახი სასწაული, მზის უკუქცევა, იმ ღმერთს ემსახურება, რომელიც ყოველთა მეუფეა. და როდესაც მათ მომხდარის გამოკვლევა დაიწყეს, გაიგეს, რომ იუდეველი მეფის გამოჯამრთელებას მანათობელთა შორის ყველაზე აღმატებული ქმნილების მოძრაობის ცვლილება მოჰყოლოდა… ელჩების წასვლის შემდეგ ეზეკიასთან წინასწარმეტყველი ესაია მივიდა და ორი კითხვა დაუსვა: რას ამბობდა ეს ხალხი? საიდან იყვნენ ისინი მოსულნი? მეფე მხოლოდ ერთ კითხვას სცემს პასუხს და ამ პასუხში დიდი ამპარტავნება ჩანს: ‘შორეული ქვეყნიდან მოვიდნენ ისინი ჩემთან, ბაბილონიდან”, რადგან რაც უფრო შორიდან მოდიან ადამიანები ვინმეს სანახავად, მით მეტად ამაღლებულია ის, ვისაც ნახულობენ. და მეფე ამბობს, რომ მოვიდნენ ჩემს სანახავად, მაშინ როდესაც უნდა ეთქვა: გვეახლნენ, რათა ღმერთი განედიდებინათ მომხდარი სასწაულის მიზეზით. ესაია კვლავ კითხულობსს: რა იხილეს მათ შენს სახლში? მეფე პასუხობს, რომ ყველაფერი, რაც მას გააჩნდა, სტუმრებმა საკუთარი თვალებით მოიხილეს. თუმცა ეზეკიამ თავი შეიკავა და ტაძრის სიმდიდრეების ჩვენების შესახებ ესაიას არაფერი უთხრა. წინასწარმეტყველი ამის საპასუხოდ ასე მიმართავს იერარქს: მოვა დრო, როდესაც მთელს სიმდიდრეს, სტუმართაგან განჭვრეტილს, ბაბილონში წაიღებენ). წმ. კირილე ალექსანდრიელი: მეროდან ბალადანი ელჩებს აგზავნის იუდაში, რომ მომხდარი მოვლენები გამოიკვლიოს, თუმცა არა მხოლოდ ეზეკიას ავადმყოფობამ და უეცარმა გამოჯამრთელებამ გააოცა ბაბილონელი იერარქი, არამედ კიდევ უფრო მეტად განცვიფრდა იგი, როდესაც მზემ საღვთო განგებით უკან დაიწყო სრბოლა და დაუბრუნდა ადგილს, რომელიც უკვე გავლილი ჰქონდა. შედეგად კი აქაზის საფეხურებზე ჩრდილი ათი საფეხურით ამაღლდა. ბაბილონელთა და ქალდეველთა შორის ბრძენებად წოდებული ადამიანებს, რომლებიც მზის მოძრაობას, ვარსკვლავთა ადგილსამყოფელს იმეცნებდნენ, შეუძლებელია მზის უკუქცევა და იმ კონკრეტული დღის არნახული სიდიდე შეუმჩნევლად დარჩენოდათ. სავსებით ლოგიკურია, რომ მომხდარი უცნაური მოვლენის შესახებ მთელს ქვეყნიერებაზე ბჭობა მიმდინარეობდა. მეროდანს იუდეველთა თავსგადამხდარი უწინდელი მოვლენებიც სმენოდა, როდესაც ღმერთს მრავალგზის დაუხსნია რჩეული ერი ზეგარდამო შემწეობით. შესაბამისად, ბაბილონელ მეფეს, მომხდარის გათვალისწინებით, კრძალვა და პატივისცემა გაუჩნდა ეზეკიასადმი. იუდეველ მეფეს ჩამოსული სტუმრებისთვის საღვთო შემწეობის შესახებ უნდა მოეთხრო, რომ ეს ადამიანები ბაბილონში ჭეშმარიტი ღმერთის ცოდნით განმსჭვალულნი დაბრუნებულიყვნენ და სხვებისთვისაც სარგებელი შეეძინათ. მაგრამ საპირისპირო რამ მოხდა: ეზეკია ადამიანურ ვნებას დაემორჩილა და ქება-დიდების მიღება ისურვა. ესაია მეფესთან შესახვედრად უფლის მიერ იგზავნება, თუმცა თავდაპირველად ისეთ სახეს ღებულობს, თითქოს საკუთარი სახელით ელაპარაკება მას და კითხულობს: რას ამბობდნენ ეს ადამიანები? მეფე პასუხად მხოლოდ იმას მიუთითებს, რომ ეს ხალხი შორეული ქვეყნიდან, ბაბილონიდან, ჩამოვიდა. შესაძლოა, მეფეს ამით იმის თქმა სურდა, რომ აი, მასთან შორეული მიწიდან თავად დიდებული ბაბილონის მკვიდრნი ჩამოვიდნენ, რათა მეგობრობა ეთხოვათ). წმ. იოანე ოქროპირი: ზოგიერთები ამბობენ, რომ ელჩები მეფის განკურნების დღეს მომხდარი სასწაულის მიზეზით ჩამოვიდნენ ბაბილონიდან, რადგან ის დღე ჩვეულებრივზე გაცილებით ხანგრძლივი აღმოჩნდა, მეათე საათი იყო და მზე კვლავ ათი საათით უკუიქცა. შესაბამისად დღის ჟამი საგრძნობლად გაიზარდა. სწორედ მომხდარის გამოსარკვევად ესტუმრნენ ბაბილონელები იერუსალიმს, ვინაიდან ერთ დღეში მზემ ოცდათორმეტ საათიანი სრბოლა აღასრულა)[15]. წმ. ეფრემ ასური: ბაბილონელმა იერარქმა ელჩები გააგზავნა ეზეკიასთან, რადგან მისი სასწაულებრივი კურნება გაიგო. მეროდანს მანათობელი დისკოს უკუქცევის მიზეზი აინტერესებდა. თავად მეფე დღეში ოთხგზის ეთაყვანებოდა მზეს. როდესაც დილის პატივმიგება აღასრულა, შემდეგ მეექვსე და მეცხრე ჟამზეც იგივე მოიმოქმედა. ამჯერად საღამოს ელოდებოდა, რომ მეოთხე, ბოლო თაყვანისცემაც მიეძღვნა და იხილა, რომ მზე კვლავაც ცაშია. ნანახით გაკვირვებული ბალადანი მომხდარის მიზეზის გამოძიებისას ბაბილონში მყოფი იუდეველებისგან გებულობს, რომ მომხდარი სასწაული მეფე ეზეკიას უკავშირდება და ელჩებს აგზავნის იერუსალიმში). მხ. 8. ‘უთხრა ხიზკიაჰუმ ესაიას: კარგია უფლის სიტყვა, შენ რომ წარმოთქვი. დასძინა: რადგან ჩემს დროში მაინც იქნება მშვიდობა და სიმტკიცე”. განმმარტებელთა ნაწილი მიიჩნევს, რომ მეფის სიტყვები პირად კეთილდღეობაზე მზრუნველი ადამიანის პოზიციაა, ხოლო სხვათა აზრით, თანატომელთა სიყვარულით განმსჭვალულმა ეზეკიამ, რომელმაც იცის საღვთო დაშვების გარდაუვალობა, მადლობა მიუძღვნა უფალს, რადგან საკუთარი თვალით არ იხილვს სამშობლოს უდიდეს უბედურებას. ფრიდრიხ რუჟემონტი: მტრული ძალა, რომელიც იუდეველებს მოგვიანებით მიუახლოვდება და კარგს არაფერს უქადის, ქალდეველთა სახით არის წარმოდგენილი. მან განსაკუთრებული ძალმოსილების მოპოვება ნაბოპალასარის მმართველობისას დაიწყო და უმაღლეს მწვერვალს ნაბუქოდონოსორის მეფობისას მიაღწია, ხოლო შემდგომ დაღმასვლის გზას დაადგა. დედაქალაქის მიხედვით ბაბილონად წოდებული სახელმწიფო, ასევე ხალხის ეთნიკურ სახელწოდებას – ქალდეასაც ატარებდა (ტერმინიდან ქალდეველი). მეცნიერთა ნაწილი მიიჩნევს, რომ ქალდეველები ბაბილონელთაგან სრულიად განსხვავებული ხალხია. მათი თქმით, ისინი ძვ. წ. აღ.-ის დაახლოებით 647 წელს ან დაქირავებული ჯარის, ანთუ დამპყრობელი ძალის სახით ჩრდილოეთიდან ბაბილონურ მიწებზე შეიჭრნენ და სწორედ ამ დროს იწყება ნაბოპალასარის ახალი ერა. ქალდეველებმა 625 წელს საბოლოოდ მოახერხეს, საკუთარი ხელისუფლება განემტკიცებინათ ბაბილონში და დამპყრობელ დინასტიას დაუდეს დასაბამი, რომელიც ნაბუქოდონოსორის მმართველობისას შიშის ზარს სცემდა მსოფლიოს. მეცნიერთა მეორე ნაწილი ქალდეველებში ბაბილონის უძველეს მოსახლეობას ხედავს და არა უცხოტომელებს, რომლებიც თითქოსდა სხვის სახელმწიფოში შეიჭრნენ). თავი 40 საუკუნეზე მეტი დრო გაივლის, სანამ ესაიას წიგნის მეორე ნაწილში (40-66 თავები) იუდას სახელმწიფოს აღდგენის შესახებ გადმოცემული წინსწარმეტყველება აღსრულდება. 70-წლიანი ბაბილონური ტყვეობის სულიერი თვალით განმჭვრეტი ესაია განსაცდელში აღმოჩენილ იუდეველებს ამხნევებს, მოთმინებას, მხნეობას შთააგონებს და მიუხედავად გარდაუვალი შეჭირვებებისა, მართალი ცხოვრების წესისკენ აწვევს შემდეგ თაობებს. წინამდებარე თავში წინასწამრტყველი თითქოს იმჟამად უკვე ბაბილონში მცხოვრებ იუდეველებს მიმართავს, ხოლო იერუსალიმი მისი მზერის წინაშე ნანგრევების გროვად ქცეული ქალაქია. მხ. 1-2. ‘ანუგეშეთ, ანუგეშეთ, ჩემი ხალხი, ამბობს თქვენი ღმერთი. მოუოხეთ გული იერუსალიმს და ახარეთ, რომ დასრულდა მისი ლაშქრობა, რომ მიტევებულია მისი დანაშაული, რომ ორმაგად მიეზღო უფლის ხელით ყველა მისი ცოდვების წილ”. მომავლის თაობაზე აწმყო ან წარსულ დროში საუბარი საწინასწარმეტყველო სიტყვის წარმოთქმისას ჩვეული ხერხია, რითიც მითითებული მოვლენა მეტ დამაჯერებლობას იძენს. იერუსალიმის გულსა და ცოდვების წილ გამოსყიდვაში განმმარტებელთა ნაწილი ებრაელი ერი ბაბილონის ტყვეობიდან მობრუნების შესახებ უწყებას ხედავს, ხოლო მეორენი თვლიან, რომ წინასწარმეტყველი ძველი აღთქმის დასრულების, სიკვდილის მეუფებისგან გათავისუფლებისა და ახალი სულიერი ცხოვრების დაწყების შესახებ იუწყება. ცოდვათა წილ ზღვევაში უაღმატებულესი გოლგოთის მსხვერპლი იგულისხმება, რაზეც პავლე მოციქული კორინთელთა მიმართ მიწერილ ეპისტოლეში ამბობს: „ვინც ცოდვა არ იცოდა, ის გახდა ცოდვად ჩვენს გამო, რათა გავხდეთ ღვთის სამართლიანობა მასში“[16]. მხ. 3-4. ‘ხმაა მღაღადებლისა: უდაბნოში გაამზადეთ უფლის გზა, მოასწორეთ ტრამალზე სავალი ჩვენი ღვთისათვის! ყველა ხევი ამაღლდება და ყველა მთა და ბორცვი დადაბლდება, და ციცაბო ვაკედ იქცევა და მთაგრეხილი \ დაბლობად”. მითითებული ადგილი რომ ნათლისმცემლის შესახებ გვაუწყებს, ამას თავად წმ. იოანე ამოწმებს, როდესაც მასთან მისულ ფარისევლებს პასუხობს: ‘მე ვარ ხმა უდაბნოში მღაღადებლისა: გაამზადეთ გზა უფლისა, როგორც ბრძანა ესაია წინასწარმეტყველმა”[17]. ტექსტში ნახსენები უდაბნო ეკლესიის მამათა მიერ განსხვავებულად განიმარტება: 1). უდაბნოში მდინარე იორდანის აღმოსავლეთ სანაპირო, მკვდარი ზღვის მიმდებარე ტერიტორია, მოიაზრება, სადაც ცხოვრობდა და ქადაგებდა ნათლისმცემელი. 2) უდაბნოში იუდეველი ერი იგულისხმება, რომელიც სულიერ უნაყოფობაში იმყოფებოდა. ზოგადი მნიშვნელობით, უდაბნო მთელი ძველაღთქმისეული კაცობრიობის სახეა. მღაღადებელი უფალია, ხოლო მისი ხმა, მის მიერ წარგზავნილი ნათლისმცემელი. ‘ყველა ხევი ამაღლდება და ყველა მთა და ბორცვი დადაბლდება, და ციცაბო ვაკედ იქცევა და მთაგრეხილი \ დაბლობად”. ძველ აღმოსავლეთში არსებობდა ტრადიცია, მეფის გამგზავრების წინ ამორჩეულ მარშრუტზე მონების დიდი ჯგუფი იგზავნებოდა, რომლებიც გზების მოსწორებაზე ზრუნავდნენ. ნეტარი იერონიმეს განმარტებით, ხსენებულ გზებში ადამიანის გულისკენ მიმავალი გზა მოიაზრება და ყოველმა ადამიანმა თავად უნდა იზრუნოს მის განმართვაზე. მხ. 5. „გამოჩნდება უფლის დიდება და იხილავს მას ყველა ხორციელი ერთიანად, რადგან უფლის პირი ლაპარაკობს“. წინამდებარე მუხლში შესაძლოა, სამი მოვლენა იგულისხმებოდეს: უახლოესი, როდესაც უფალი ბაბილონური ტყვეობიდან გამოიხსნის ებრაელებს და ამის შესახებ აღმოსავლეთის ყველა ხალხი შეიტყობს. მეორე: განკაცებული ღმერთი მოევლინება სამყაროს. მესამე: მესია მეორედ მოვა წუთისოფელში. წმ. იოანე ოქროპირი: უფლის დიდება მარადის ცხადდებოდა, რისი ნათელი დასტურია ძველი აღთქმის მართალთა ცხოვრებაში მომხდარი ბევრი მოვლენა, თუმცა უაღმატებულესი გამოცხადება ღვთის სიტყვის განკაცება და წუთისოფლად მოსვლა იყო). ← წინა ნაწილი                                         გაგრძელება → [1] შდრ. ეს. 36-37 თავები. [2] კუძულებში კვიპროსი და კრეტა იგულისხმება. [3] ოს. 13.14. [4] უგარიტი სირიის ჩრდილოეთ ნაწილში განლაგებული უძველესი ქალაქი-სახელმწიფო იყო. ძვ. წ. აღ-ის XII საუკუნეში ზღვისპირა ხალხების შემოსევისა და მიწისძვრების შედეგად ქალაქი საბოლოოდ განადგურდა. [5] შდრ. საქ. მოც. 4.11; 1 პეტრ. 2. 6-7; ეფეს. 2.20. [6] შდრ. ეს. 22.15. [7] შდრ. II რჯულ. 17.16. [8] შდრ. 2 ნეშტ. 32.1-23; 4 მეფ. 18.13-20.19. [9] სენნახირიმის მეფობის წლები ძვ. წ. აღ-ის 705 – 681 წლები. [10] შდრ. 4 მეფ. 18. 14-16. [11] აღმოსავლელი იერარქები მსგავს ცბიერებას ხშირად მიმართავდნენ და საკუთარ თავს სხვებზე დაბლა აყენებდნენ (შდრ. ‘აბა, როგორ უკუაქცევ ერთ მოხელეს ჩემი ბატონის უმდაბლეს მსახურთაგან, როცა თავად ეგვიპტის ეტლების და ცხენების იმედზე ხარ?” ეს. 36.9). [12] შდრ. 4 მეფ. 17.24. [13] შდრ. ეს. 38. 9-20. [14] იხ. ინტერ. საიტი ლეხიცონ.პსპ.გე/?ლანგ=გეო&წორდ=4920&ნამე=კარბუნკული. [15] წმინდა იოანე ოქროპირი იყენებს ტერმინს ‘ჟამი”, რასაც ჩვენ ტექსტში გადმოცემული შინაარსის გასაგებად ‘საათად” ვთარგმნით და ამით წარმოდგენილ მოძღვრებას ზედმიწევნით თანვხვდებით. წმინდანის მსჯელობის თანახმად, დღე-ღამე ოცდაოთხ ჟამად იყოფა. აქედან თორმეტი დღეს ეკუთვნის, დარჩენილი თორმეტი – ღამეს. მზის ოცდათორმეტ ჟამიან მიმოქცევაში იგულისხმება, რომ აღმოსავლეთიდან დასავლეთამდე მანათობელმა დისკომ ათი საათი ისრბოლა. შესაბამისად, ორ საათში დღის მონაკვეთი უნდა დასრულებულიყო და ოცდაოთხ საათიანი დროის მეორე ნახევარი, ღამე, უნდა დაწყებულიყო, მაგრამ მოხდა საპირისპირო რამ: მზე ათი საათით უკუიქცა და აღმოსავლეთის იმ წერტილს დაუბრუნდა, საიდანაც დილით დაიწყო მოძრაობა დასავლეთისკენ, ანუ დღის მოცულობამ აღნიშნული მონაცემებით ოცი საათი შეადგინა. შემდეგ კვლავ გაიარა ათ საათიანი მანძილი და იმ ადგილს დაუბრუნდა, საიდანაც ათი საათით ადრე მისი უკუქცევა მოხდა. დროის შეჯამება ამჯერად ოცდაათ საათს გვაძლევს. ამის შემდეგ ორი საათიც ისრბოლა და ამით დღედ წოდებულმა ჟამმა ადგილი ღამის თორმეტ საათიან მონაკვეთს დაუთმო. ჯამში ოცდათორმეტი საათი გამოვიდა. [16] 2 კორ. 5.21. [17] ინ. 1.23. …
დაამატა ლაშა to წმინდა წერილი at 1:20pm on იანვარი 28, 2014
თემა: ოდეტ ტულმონდი
რდებს ფასადების დერეფანში, გადაუვლის სახურავებს და ზეცაში მტრედების გუნდს შეუერთდებაო. ვისაც „ხელოვნების მთიდან“ ძირს ჩამავალი ეს ჰაეროვანი სილუეტი უნახავს, უდაოდ გაიფიქრებდა, რომ ბუმბულით დალალებდამშვენებულ ამ ქალბატონს რაღაც ჩიტისებური ჰქონდა...    ცოტაც და ნახავდა მას! მართლა ნახავდა... მიუახლოვდებოდა... შესაძლოა შეჰხებოდა კიდეც... თუკი ის ხელს ჩამოსართმევად გაუწვდიდა... - დამშვიდდი, ოდეტ, დამშვიდდი! ორმოცს უკვე კარგა ხნის გადაცილებული იყო, მაგრამ გული მოზარდივით უცემდა, სულ ბაგა-ბუგი გაუდიოდა. ყოველ გადასასვლელზე, როცა შუქნიშანი მოცდას აიძულებდა, თეძოებში ჩხვლეტა დაუვლიდა ხოლმე; ფეხის ტერფებს მიწაზე ვეღარ ამაგრებდა, თითქოსდა თავისით იჭრებოდნენ ზევით. რომ შესძლებოდა, თავადაც სიამოვნებით გადააფრინდებოდა მანქანების ნაკადს. წიგნების მაღაზიას მიუახლოვდა. უზარმაზარი რიგი გაჭიმულიყო. მსგავსი რამ განსაკუთრებული შემთხვევების დროს თუ ხდება. სანამ მის წინაშე წარდგებოდა, სავარაუდოდ 45 წუთი ლოდინი მაინც მოუწევდა. მაღაზიის შუაგულში წიგნებისგან უზარმაზარი პირამიდა წამოეჭიმათ. საშობაოდ მორთულ-მოკაზმული ნაძვის ხესავით ლამაზი იყო. კონსტრუქციას ერთი ცალი გამოაძრო და იქვე მომლოდინე ქალბატონებთან საუბარი გააბა. ყველა ბალთაზარ ბალზანის მკითხველი გახლდათ, მაგრამ არც ერთი არ ჩანდა ისეთი გულმოდგინე, ისეთი შეუვალი და აღფრთოვანებული, როგორც ოდეტი. - იცით, მე ყველა მისი ნაწარმოები მაქვს წაკითხული, არაფერი გამომრჩენია. ვერ ვიტყვი, რომ რომელიმე არ მომეწონა, - მორიდებული ხმით თქვა, გეგონება თავისი ნაკითხობის გამო ბოდიშს იხდისო. როცა დარწმუნდა, რომ ავტორსა და მის ნაწარმოებებს ბევრზე უკეთესად იცნობდა, სიამაყით აღივსო. ეს იმიტომ, რომ ზოგადად მოკრძალებული გახლდათ; იმიტომ, რომ დღისით გამყიდველად მუშაობდა, ღამით კი ბუმბულებისგან სამშვენისების დამზადებით იქცევდა თავს; იმიტომ, რომ მშვენივრად იცოდა, საკვეხარი აღზრდა-განათლება რომ ჰქონდა; იმიტომ, რომ შარლერუადან, ყველასგან მივიწყებული საშახტო ქალაქიდან ავტობუსით ჩამოეხეტა. ოდეტისთვის ძალიან სასიამოვნო იყო, ამ გადაპრანჭულ ბრიუსელელ ბურჟუებს შორის თავი რომანტიკულ თაყვანისმცემლად რომ იგრძნო.    მაღაზიის ცენტრალურ ნაწილში ესტრადაზე შემომდგარი, ყოველი მხრიდან პროჟექტორების მკვეთრი შუქით გაჩახჩახებული (ზუსტად ისე, როგორც მისთვის ჩვეულებად ქცეულ სატელევიზიო გადაცემებში) მშვენიერ გუნებაზე მყოფი ბალთაზარ ბალზანი ავტოგრაფების ჩამორიგებით იყო გართული. თორმეტი რომანის - ცხადია, თორმეტი ტრიუმფის - გამოქვეყნების შემდეგ უკვე აღარ იცოდა, მოსწონდა ეს ცერემონია თუ არა. ერთი მხრივ, მოსწყინდა ერთი და იმავეს მონოტონური განმეორება, მეორე მხრივ კი საკუთარ მკითხველებთან შეხვედრაც ძლიერ ხიბლავდა და აფასებდა. მიუხედავად ყველაფრისა, დაღლილობამ თავისი გაიტანა და თაყვანისმცემლებთან ურთიერთობისა და დისკუსიების სურვილი, ცოტა არ იყოს, გაუნელდა. შეიძლება ითქვას, ხელმოწერა უფრო ჩვევად ექცა. ყველაფერთან ერთად, მისმა ლიტერატურულმა კარიერამ ისეთ ზღვარს მიაღწია, როცა ნამდვილად არ სჭირდებოდა წიგნების გაყიდვა-გასაღებისთვის შეეწყო ხელი; თუმცა დროდადრო კომერციული წარმატების კლების შიშიც იპყრობდა. ამ შიშში ნაწარმოებთა ხარისხის ვარდნაც მოიაზრებოდა... იქნებ ეს ბოლო ნამოღვაწარი სხვა არაფერი იყო, თუ არა „ერთით მეტი წიგნი“, ჩვეულებრივი, სხვებისგან არაფრით გამორჩეული? იქნებ მისი დაწერა სულაც არ იყო აუცილებელი. ბალთაზარი ეცადა, ყველანაირად გასძალიანებოდა ეჭვს, რომელიც ყოველი ახალი წიგნის გამოცემისას ღრღნიდა.    უეცრად უცნობ სახეთა შორის ერთ მშვენიერ მეტისს მოჰკრა თვალი, რომელსაც მოწითალო-მოყავისფრო, უფრო ოქროსფერში გარდამავალი აბრეშუმის პიჯაკი ემოსა. თვალწარმტაც არსებას სხვებისგან განცალკევებულად ეჭირა თავი და ბოლთას სცემდა. მობილურ ტელეფონზე ყურმიკრული, ნაპერწკლებისმყრელი მზერით გამოიხედავდა ხოლმე. - ხომ ვერ მეტყვით, ის ქალბატონი ვინ შეიძლება იყოს? - ჰკითხა ბალთაზარმა კომერციულ მენეჯერს. - თქვენი პრეს-ატაშეა ბელგიაში, თუ გნებავთ გაგაცნობთ. - ძალიან დამავალებთ. ავტოგრაფთა ჯაჭვის დროებითი გაწყვეტის პერსპექტივით აღფრთოვანებულმა მწერალმა ფლორანსის მიერ გამოწვდილი მარჯვენა ხელი კარგა ხანს შეაყოვნა. - რამდენიმე დღის განმავლობაში მე მოგხედავთ, -ჩაიჩურჩულა ცოტა არ იყოს შეცბუნებულმა პრეს-ატაშემ. - დიდი იმედი მაქვს, - უპასუხა მწერალმა ხაზგასმული მგზნებარებით. ფლორანსმა მამაკაცის ძლიერი ხელის მტევნის ტყვეობას თითების შეტოკებით უპასუხა, თანხმობის ნაპერწკალმა მზერაშიც გაუელვა. ბალთაზარი მიხვდა, რომ გაიმარჯვა - სასტუმროში ღამისთევა მარტოს არ მოუწევდა. შესაძლო სექსუალური თამაშებით გამხიარულებული მორიგ მკითხველს კაციჭამიას ღიმილით მიუბრუნდა და მთრთოლარე, ლამის აკანკალებული ხმით ჰკითხა: - აბა, ქალბატონო, რით შემიძლია გემსახუროთ? ოდეტი მამაკაცურმა, ძლიერი ენერგიით გაჟღენთილმა მიმართვამ ძალიან გააკვირვა. მოულოდნელობისაგან ენა მუცელში ჩაუვარდა. - მმმ... ზმუილს სიტყვა ვერა და ვერ მოაყოლა. ბალთაზარ ბალზანმა ოდეტს სრულიად უყურადღებო, არაფრის მთქმელი მზერა შეავლო: - წიგნი თან გაქვთ? - ჰკითხა პროფესიული თავაზიანობით. ოდეტი არც შერხეულა. „დაბლობის მდუმარების“ ერთი ეგზემპლარი გულში ძლიერ ჩაეკრა. - არ გსურთ, ჩემი წიგნი ხელმოწერით დაგიმშვენოთ? ოდეტს თანხმობის გამოსახატად კოლოსალური ძალისხმევა დასჭირდა. მწერალი წიგნის ჩამოსართმევად წინ გადაიხარა. ოდეტმა მისი მოძრაობა, როგორც ჩანს, მართებულად ვერ გაიგო, მყისიერად დაიხია, უკან მდგომ ქალს შეეჯახა და კინაღამ წააქცია. მაგრამ უცებვე მიხვდა ჩადენილ შეცდომას, სწრაფი მოძრაობით ხელი წინ გაიშვირა და წიგნი ბალთაზარს კინაღამ თავში ჩასცხო. - ვის მივუძღვნა ავტოგრაფი? სახელი ბრძანეთ! - ... - თქვენთვის გნებავთ? ოდეტმა თავის კანტურით დაუდასტურა. - რა გქვიათ? - ... - თქვენი სახელი, გეთაყვა. ოდეტმა, როგორც იქნა, გარისკა და პირი დააღო; ნერწყვი გადაყლაპა და წაილუღლუღა: - ...დეტი - უკაცრავად, ვერ გავიგე. - ...დეტი - დეტი? ოდეტი თავს სულ უფრო ცუდად გრძნობდა, იხრჩობოდა, ცოტაც და გულიც წაუვიდოდა. საკუთარი სახელის წარმოთქმა ბოლოჯერ მაინც სცადა: - დეტი!    რამდენიმე საათის მიწურულს ოდეტი უკვე ქალაქში ერთ-ერთ გრძელ სკამზე მოკალათებულიყო. დღის სინათლეს ნაცრისფერი შეჰპარვოდა. მიწას მოწყვეტილი სიბნელე ცოტაც და, ზედა სივრცეებს დაეპატრონებოდა. ოდეტს შარლერუაში დაბრუნება ვერ გადაეწყვიტა. გაოგნებული უკვე მერამდენეჯერ კითხულობდა წიგნის თავფურცელს, სადაც მის საყვარელ ავტორს დაეწერა: „დეტს“. ესეც ასე: ოდეტმა თავისი ოცნების მწერალთან ერთადერთი შეხვედრა ჩააფლავა. რა გაუძლებდა ახლა ბავშვების დაცინვას, არც ისე უმიზეზოს, სხვათა შორის. ნეტა თუ არსებობს დედამიწის ზურგზე ქალი, რომელსაც საკუთარი სახელისა და გვარის წარმოთქმა არ ძალუძს?! როგორც კი ავტობუსში ავიდა, ინციდენტიც უმალ დაავიწყდა და მთელი გზა ღრუბლებში დაფრინავდა. ბალთაზარ ბალზანის ახალი რომანის პირველივე ფრაზის წაკითხვისთანავე ოდეტი უცნაური სინათლით აივსო, სხვა სამყაროში აღმოჩნდა, სადაც ყველაფერი წაიშალა - გადატანილი დარდი და წუხილი, განცდილი სირცხვილის გრძნობა, ბანალური საუბრები მეზობლებთან, მანქანა-დანადგარების ხმაური, ინდუსტრიული შარლერუას სევდისმომგვრელი პეიზაჟები. ახალმა წიგნმა მას ფრთები შეასხა და ზეცაში ნავარდის საშუალება მისცა. შინ დაბრუნებული პირდაპირ საკუთარ საძინებელში შეიპარა ფეხაკრეფით. მოერიდა, ვინმე გაეღვიძებინა. განსაკუთრებით არ სურდა, საკუთარ მარცხზე შეკითხვები ესმინა. ლოგინზე წამოჯდა, ზურგს უკან ბალიშები ამოიდო და კედელს მიაშტერდა: ჩინური ლანდებით გამოსახული შეყვარებულები ზღვის სანაპიროზე ჩამავალ მზეს შესცქეროდნენ. ვერაფრით ვერ მოსწყდა წიგნს. სასთუმალთან მდგარი ლამპა მანამ ვერ ჩააქრო, სანამ ბოლომდე არ ჩაიკითხა. *    ბალთაზარ ბალზანმა კი ბევრად უფრო მიწიერი ღამე გაატარა. მშვენიერი ფლორანსი ყოველგვარი წინააღმდეგობის გარეშე დანებდა. თავადაც არ დაუკლია ძალისხმევა, რომ შავკანიან მშვენებასთან თავი არ შეერცხვინა. მაგრამ ძლიერი და დაუღალავი საყვარლის როლის შესრულებამ დიდი ენერგია მოითხოვა. ვერც მისმა „იარაღმა“ იყოჩაღა მაინც და მაინც, აშკარად დაეტყო დაქანცულობა. მწერალმა ერთი პირობა ისიც კი გაიფიქრა, ასაკმა ხომ არ მიწიაო.    შუაღამისას ფლორანსმა ტელევიზორის ჩართვა და ლიტერატურული გადაცემისთვის თვალყურის დევნება ისურვა - აქ წესით ბალთაზარის ბოლო ნამოღვაწარისთვის ქება-დიდება უნდა შეესხათ. დახარჯული ენერგიის რეაბილიტაციის შესაძლებლობა რომ არა, მწერალი მსგავს ახირებაზე არაფრის დიდებით არ დათანხმდებოდა. წითელშუშებიანი სათვალის მიღმა ბალთაზარმა მოწყენილი მამაკაცის იერი მოირგო. აშკარად ეტყობოდა, სატელევიზიო დისკუსიები გულს ურევდა. სათვალე კი იმ მატადორს ამსგავსებდა, ხართან შეთამაშება რომ გადაუწყვეტია, სანამ არენაზე ორთაბრძოლისას უმოწყალოდ განგმირავს. - მაყურებელი მთხოვს, ბალთაზარ ბალზანის ბოლო ნამუშევარზე საკუთარი მოსაზრებები გავუზიარო. კეთილი. რაოდენ სასიამოვნო იქნებოდა იმის თქმა, რომ ეს ნამდვილად მისი ბოლო ნამუშევარი იყოს. ამაში ოდნავ მაინც რომ ვიყო დარწმუნებული, ვიტყოდი, ბედნიერება მერგო წილად, მაყურებელს სასიამოვნო ახალი ამბავი ვახარო-მეთქი. არ გადავაჭარბებდი, თუ ვიტყოდი, რომ პირადად მე თავზარდაცემული გახლავართ - ლიტერატურული ღირებულების თვალსაზრისით ეს ნამდვილი კატასტროფაა. გავიმეორებ ამ სიტყვას - ყველაფერი თავზარდამცემია ნაწარმოებში - მოთხრობილი ამბავიც, მოქმედი გმირებიც, სტილიც... იყო აგრერიგად მდარე და უინტერესო... უინტერესო დაჟინებულად, უინტერესო უცვლელად თავიდან ბოლომდე. არა, ეს რომ მოახერხო, ნამდვილად დაოსტატებული მწერალი უნდა იყო, მეტიც - შენში გენიოსობის ნაპერწკალი მაინც უნდა კიაფობდეს. ადამიანი მოწყენისგან რომ კვდებოდეს, დღეს წესით თქვენ წინაშე წარდგომის შანსი არ უნდა მომცემოდა ანუ გუშინვე წავიღებდი წერილს. სასტუმროს ნომერში წელზე პირსახოცშემოხვეული, ლოგინზე გაშხლართული ბალთაზარ ბალზანი პირდაპირ ეთერში საკუთარ გაცამტვერებას ადევნებდა თვალყურს. მის გვერდით უხერხულ მდგომარეობაში ჩავარდნილი ფლორანსი ფეხებს უაზროდ იქნევდა, თითქოს ზედ აცოცებულ მწერს იგერიებსო.    ოლაფ პიმსი ოლიმპიური სიმშვიდით განაგრძობდა ნგრევას: - ძალიან კი მეუხერხულება მსგავსი განცხადებების საჯაროდ გაკეთება, მით უმეტეს, რომ მქონია ბედნიერება, ბალთაზარ ბალზანს პირადად შევხვედროდი. თავაზიანი და ზრდილობიანი ადამიანია, კოხტად და სუფთად ჩაცმულ-დახურული. მერე რა, თუ ამგვარი სტილით სკოლის ფიზკულტურის მასწავლებელს ჰგავს? ერთი სიტყვით, იმის თქმა მსურს, რომ მასთან ურთიერთობა სავსებით შესაძლებელია. თუმცა, მე მას მაინც იმ მამაკაცთა კატეგორიაში გავამწესებდი, რომლებთან განქორწინებასაც ქალები ერთი წამითაც არ ნანობენ.    ოლაფ პიმსი კამერას გაღიმებული სახით მიუბრუნდა და ისე მიმართა, გეგონება წინ ბალთაზარი უზისო: - როგორც ჩანს, თქვენ, ბატონო ბალთაზარ, კლიშეების დიდი ნიჭით ხართ დაჯილდოებული. რატომღა არქმევთ თქვენს ნამოღვაწარს რომანს? თქვენ ადგილას მე მას ლექსიკონად მოვნათლავდი. დიახ, არც მეტი არც ნაკლები - მზამზარეულ გამოთქმათა, უაზრო ნააზრევთა ლექსიკონს დავარქმევდი. სანამ გადარქმევის პროცედურას შეუდგებოდეთ, გნებავთ, გითხრათ რას იმსახურებს თქვენი წიგნი? ნაგვის ყუთში მოსროლას! ოლაფ პიმსმა კამერის წინ ერთი ეგზემპლარი შუაზე გადახია და ზიზღით მოისროლა. ეს ჟესტი ბალთაზარმა ისე აღიქვა, როგორც სახეში გაწნული სილა.    პირდაპირ ეთერში მსგავსი აგრესიით თავზარდაცემულმა წამყვანმა ოლაფს მაინც შეჰბედა: - როგორ აგვიხსნით მწერლის მსგავს წარმატებას? - მდარე გემოვნების ადამიანებს სრული უფლება აქვთ, საკუთარი გმირი ჰყავდეთ. ეჭვიც არ მეპარება, რომ კონსიერჟები, მოლარეები და პარიკმახერები, ბაზრობებზე კოლექციის გამდიდრების მიზნით უბადრუკ თოჯინებსა და მწუხრის რომანტიკულ ფოტოებს რომ დაეძებენ, მწერალს მაღალ შეფასებას აძლევენ.    ფლორანსმა ტელევიზორი გამორთო და ბალთაზარისკენ შეტრიალდა. უფრო გამოცდილი პრეს-ატაშე რომ ყოფილიყო, დიდი ტვინის ჭყლეტა არ უნდა დასჭირვებოდა, უმალ უნდა მიერთმია ლანგრით ის, რითაც მსგავს შემთხვევებში მასპინძლობენ: „ერთი გაავებული შურიანი ტიპია და მეტი არაფერი, ვერ მოუნელებია შენს წიგნებს ასე ბუზებივით რომ ესევიან. ცხადია, გამოსვლისთანავე ეცნობა მათ და ეჩვენება, რომ ყველაფერს აკეთებ, რათა მკთხველები მოთაფლო და მიიზიდო. ბუნებრივ ამბებში დემაგოგიას ხედავს; ვირტუოზული წერის მანერის უკან კომერციული ხრიკები ელანდება. შენი სურვილი, საინტერესო იყო ადამიანებისათვის, მის თვალში მხოლოდ და მხოლოდ გარკვეული სვლაა. ისე, რომ იცოდე, შენ ვერაფერს გიშავებს, თვითონვე ითხრის სამარეს, როცა საზოგადოებას უღირს, უგონო და ჭკუათხელ არსებათა ბრბოდ აღიქვამს. მისი ასოციალური ზიზღი პირდაპირ აღმაშფოთებელია“ . ისე კი ახალგაზრდა ფლორანსზე ზეგავლენის მოხდენას დიდი ძალისხმევა არ სჭირდებოდა. ერთმანეთში ურევდა ღვარძლსა და კრიტიკულ ალღოს. იმ საღამოს ბალთაზარმა ღრმა დეპრესიულ ფაზაში გადაინაცვლა და ეს შემთხვევითი სულაც არ ყოფილა: შეწუხდა ახალგაზრდა მეტისის იმედგაცრუებული და სიძულვილნარევი მზერის გამო. მისი მისამართით წარმოთქმული ღვარძლიანი და გესლიანი კომენტარები არაერთხელ მოუსმენია, მაგრამ ასე აშკარად პირველად შეიცოდეს. თავი დაბერებულად და საიშინლად სასაცილოდ იგრძნო.    იმ საღამოს შემდეგ ოდეტმა „დაბლობის მდუმარება“ კიდევ სამჯერ გადაიკითხა და დაასკვნა, რომ ის ავტორის ერთ-ერთი საუკეთესო რომანი იყო. თავის ვაჟიშვილს, პარიკმახერ რუდის, ბალთაზართან თითქმის შეუმდგარი შეხვედრის შესახებ გამოუტყდა. შვილს დაცინვა და გაქილიკება არც უფიქრია, რადგან მიხვდა, რომ დედა საშინლად იტანჯებოდა. - და რას ელოდებოდი? რა გინდოდა, მისთვის გეთქვა? - აი, რას ვეტყოდი: მისი წიგნები ხომ შესანიშნავია, მაგრამ თან ამ წიგნებმა სიკეთითა და სითბოთი ამავსეს. მისი შემოქმედება ამქვეყნად ერთ-ერთი საუკეთესო ანტიდეპრესანტია. წესით და რიგით, სოციალურ დაზღვევას მთლიანად უნდა აენაზღაურებინა მისი რომანების შეძენისას გაღებული თანხა. - თუ ამის თქმას შეხვედრისას თავი ვერ მოაბი, მისწერე მაინც. - უცნაური არ იქნება, ავდგე და მწერალს მივსწერო? - რა არის ამაში უცნაური? - ქალი, რომელიც ასე ცუდად წერს, სწერს მწერალს, რომელიც ასე კარგად წერს. - ჰო, მაგრამ ხომ არსებობენ მელოტი პარიკმახერებიც? რუდის არგუმენტით შეგულიანებული ოდეტი მისაღები ოთახისკენ გაემართა, რომელიც იმავდროულად სასადილო ოთახის ფუნქციასაც ასრულებდა, ხელსაქმე (ანუ ბუმბულები) გვერდით გადადო და წერილის წერას შეუდგა. „ძვირფასო ბატონო ბალთაზარ! მსურს გამოგიტყდეთ, რომ ცხოვრებაში კალამი არასოდეს ამიღია ხელში, ორთოგრაფიულ წესებს საკმაოდ კარგად ვიცნობ, სამაგიეროდ პოეზიასთან ვარ მწყრალად. არადა პოეტურობა უდაოდ მჭირდება, რათა გადმოვცე ის მნიშვნელობა, რომელიც თქვენ გაქვთ, ჩემი ღრმა რწმენით. სიმართლე გითხრათ, სიცოცხლეს სწორედ თქვენ უნდა გიმადლოდეთ. თქვენ რომ არ არსებობდეთ, აქამდე ასჯერ მაინც მოვიკლავდი თავს. ხედავთ, რა საშინლად ვწერ? სიცოცხლის დასასრულებლად მხოლოდ ეს მიზეზიც კი, ვფიქრობ, სრულიად საკმარისი იქნებოდა. ცხოვრებაში მხოლოდ ერთი მამაკაცი მიყვარდა - ჩემი მეუღლე ანტუანი. ის ისეთი სიმპათიური, ისეთი ახოვანი და ახალგაზრდაა. დაუჯერებელია, მაგრამ იოტის ოდენადაც არ შეცვლილა. აქვე აღვნიშნავ, რომ აგერ უკვე ათი წელი სრულდება, რაც გარდაიცვალა. მიზეზი სწორედ ეს გახლავთ... თავში აზრადაც არ მომსვლია ანტუანი სხვა მამაკაცით ჩამენაცვლებინა. ასე გამოვხატავ ჩემს სიყვარულს.    ორი ბავშვი მარტომ გავზარდე: სიუ ელენი და რუდი. მგონი, რუდიმ ცხოვრება აიწყო. პარიკმახერია და თვითონვე ირჩენს თავს. მხიარული და თავაზიანი ბიჭია. მართალია, ხშირად იცვლის მეგობარ ბიჭებს, მაგრამ ეპატიება, ის ხომ ძალიან ახალგაზრდაა, სულ რაღაც 19 წლის, და თავისებურად ერთობა.    რაც შეეხება სიუ ელენს, სრულიად განსხვავებული ვინმეა. პირქუშია ძალიან. მგონი, როცა დაიბადა, უკვე გაბრაზებული იყო მთელ სამყაროზე. სიზმარშიც კი ბუზღუნებს და წუწუნებს. ერთი კრეტინი გადაიკიდა, ნამდვილი მაიმუნი, დღედაღამ მოტოროლერებს რომ ჩაჰკირკიტებს, მაგრამ რად გინდა! ოჯახში ერთი სანტიმიც კი არ შემოაქვს. ორი წელია, რაც საცხოვრებლად ჩვენთან გადმობარგდა. ყველა სიკეთესთან ერთად ერთი უბედურებაც სჭირს - ფეხები უყარს ძალიან. გულწრფელად რომ ვაღიარო, სანამ თქვენს არსებობას შევიტყობდი, ჩემი ცხოვრება მახინჯი და უღიმღამო მეჩვენებოდა; ისეთივე უღიმღამო, როგორიც შარლერუაა განსაკუთრებით უამინდობის დროს, როცა ღრუბლები ძირს ჩამოწვება; მახინჯი, როგორც სარეცხი მანქანა, სწორედ მაშინ რომ გაჯიქდება, როცა ყველაზე მეტად გჭირდება; მახინჯი, როგორც ცარიელი ცივი ლოგინი... თითქმის ყოველ ღამით მიპყრობდა სურვილი, დამელია ბევრი საძილე აბი და წერტილი დამესვა ამ უნიათობისათვის. მერე კი, ერთ მშვენიერ დღეს, სრულიად შემთხვევით თქვენი წიგნი წავიკითხე. ჩემთვის თითქოს მძიმე ფარდები გაიხსნა, თითქოს სინათლით გაივსო ჩემი არსებობა. თქვენს წიგნებში თქვენ აჩვენებთ, რომ ნებისმიერი ადამიანის ცხოვრებაში, ყველაზე უღიმღამო და უბადრუკშიც კი, ყოველთვის მოიძებნება სიხარულის, სიცილისა და სიყვარულის საბაბი. თქვენ აცხადებთ, რომ ჩემისთანა პატარა და უმნიშვნელო ადამიანებიც კი იმსახურებენ ყურადღებასა და პატივისცემას. ისინი ხომ მცირე წარმატებასაც კი კოლოსალური ძალისხმევის საზღაურად აღწევენ. თქვენი რომანების წყალობით მე საკუთარი თავის დაფასება და პატივისცემა ვისწავლე, მეტიც, საკუთარი თავი ოდნავ შევიყვარე კიდეც. შევძელი გავმხდარიყავი ოდეტ ტულმონდი - რომელსაც დღეს იცნობენ: ქალი, რომელიც ყოველ დილით სიამოვნებით აღებს დარაბებს და არანაკლები სიამოვნების განცდით ხურავს მათ საღამოს. როგორც კი ანტუანი გარდაიცვალა, თქვენი წიგნები ჩემთვის პირდაპირ ძარღვებში უნდა შეეყვანათ. წარმოიდგინეთ წვეთოვანი, ავადმყოფებს რომ უდგამენ. ეს უბრალოდ დროს მომაგებინებდა. როდესაც ერთ დღეს, - დაე, ეს რაც შეიძლება გვიან მოხდეს, - თქვენ სამოთხის გზას დაადგებით, მაღალი ღმერთი გამოგეცხადებათ და გეტყვით: „უამრავი ადამიანი ისურვებდა, მადლიერება გამოეხატა იმ სიკეთისთვის, თქვენ რომ დედამიწის ზურგზე დათესეთ, ბატონო ბალთაზარ.“ და ამ მილიონთა შორის ოდეტ ტულმონდიც მოიაზრეთ. ოდეტ ტულმონდი, რომელმაც იჩქარა, და - მიუტევეთ კადნიერება, - აღარ დაელოდა ამ საათს.“    ის-ის იყო, ოდეტი წერას მორჩა, რუდი შურდულივით გამოვარდა თავისი ოთახიდან, სადაც მორიგ ახლად გაცნობილ ბიჭუნას ეკურკურებოდა. ამ ორს პერანგისა და საცვლების გადაცმა თუ მოესწროთ, იმდენად ეჩქარებოდათ ვებგვერდზე ამოკითხული ინფორმაციის გახმოვანება. თურმე ბალთაზარ ბალზანი შარლერუადან სულ ახლოს მდებარე ნამიურში ისევ დაარიგებდა ავტოგრაფებს. - ასე რომ, თავად შეძლებ წერილის გადაცემას! ...ბალთაზარ ბალზანი ნამიურის წიგნების მაღაზიაში მარტო არ გამოცხადებულა. გამომცემელი ახლდა თან, რომელსაც საგანგებოდ დაეტოვებინა პარიზი, რათა მწერლის განწყობის გამოკეთებაზე ეზრუნა. ამ მგზავრობის შემდეგ მწერალი კიდევ უფრო დათრგუნული ჩანდა. „თუ გამომცემელი რამდენიმე დღის ჩემს გვერდით გატარებას აპირებს, უნდა ვივარაუდო, რომ საქმე მაინც და მაინც კარგად ვერ მიდის,“ - ფიქრობდა თავისთვის.    მართლაც, კრიტიკოსები, მგლებივით ჯგუფურად ნადირობდნენ... ოლაფ პიმსის იერიშმა ყველას გაუღვიძა მადა. ისინი, ვინც ადრე ბრჭყალების გამოყოფას ან ინდიფერენტულობის გამოხატვას ერიდებოდნენ, ახლა საშინლად უღრენდნენ მწერალს. ბევრს არც კი წაეკითხა მისი რომანები. აი, სწორედ ისინი გამოირჩეოდნენ განსაკუთრებული სისასტიკითა და შეუწყნარებლობით. იმათაც კი, საკუთარი აზრი რომ არ გააჩნდათ, ენა ამოიდგეს და პოლემიკაში მონაწილეობის მიღება საკუთარ მოვალეობად მიიჩნიეს. ბალთაზარ ბალზანმა სრული უხრხემლობა გამოავლინა და საკადრისი პასუხი ვერავის გასცა. ბრძოლის ამ ველზე ის სრულიად განიარაღებული, სრულიად უუნარო აღმოჩნდა.    მწერალს სძულდა თავდასხმითი მოქმედებები და მოკლებული იყო ყოველგვარ აგრესიულობას. ის ხომ მწერალი მხოლოდ იმისთვის გახდა, რომ ცხოვრების სილამაზისა და სირთულისათვის ემღერა. აღშფოთებაც შეეძლო გამოეხატა, მაგრამ მხოლოდ საზოგადოებისათვის საჭირბოროტო საკითხების გამო. პირად საკითხებზე კი არამც და არამც. მისი ერთადერთი რეაქცია წამება და თვითგვემა აღმოჩნდა. სანამ ღვარძლის ტალღა გადაივლიდა, სიმშვიდის შენარჩუნება ამჯობინა. იმავეს ნამდვილად ვერ იტყოდი გამომცემელზე. მედიის საშუალებების გაცხარებასა და დუღილს ის სიამოვნებით გამოიყენებდა სათავისოდ. ნამიურში მკითხველთა რაოდენობა ნაკლებად შთამბეჭდავი აღმოჩნდა, ვიდრე ბრიუსელში. ამისთვის შეიძლებოდა შესაბამისი ახსნა-განმარტება გამოგვენახა: სულ რაღაც რამდენიმე დღეში ბალთაზარის რომანებით გატაცება, მით უმეტეს - აღფრთოვანების გამოხატვა, „დეჟა ვიუდ“ იქცა. სწორედ ამიტომაც მწერალი განსაკუთრებულ ყურადღებასა და თავაზიანობას იჩენდა მათ მიმართ, ვისაც ეს აღფრთოვანება ჯერ კიდევ არ განელებოდა.    ატეხილ აურზაურზე ოდეტმა არაფერი იცოდა. ის ხომ არც ჟურნალ-გაზეთებს კითხულობდა და არც ტელეგადაცემებს უყურებდა კულტურაზე. ვერც კი წარმოიდგენდა, რომ მის საყვარელ მწერალს ერთ მშვენიერ დღეს მძიმე საათები შეიძლებოდა დასდგომოდა. მორთულ-მოკაზმული, თუმცა ნაკლებად ელეგანტური, ვიდრე პირველ ჯერზე, ჭიქა ღვინით გამხნევებული ოდეტი (რუდიმ დააძალა მოპირდაპირე კაფეში დალევა) გულის ფანცქალით ბალთაზარ ბალზანის წინაშე წარდგა: - გამარჯობა, მიცანით? - ოო, დიახ... ჩვენ შევხვედრივართ ერთმანეთს... მგონი შარშან არა?... არა? შემახსენეთ, გეთაყვა... ოდეტი სულაც არ გაუნაწყენდა მწერალს. პირიქით, ერჩივნა, მას სამშაბათის უნიათო შეხვედრა გონებაში არ აღედგინა. ამიტომაც ტვინის ჭყლეტისგან სასწრაფოდ გაათავისუფლა: - არა, უბრალოდ გავიხუმრე. არასდროს შევხვედრივართ ერთმანეთს. - მეც ასე ვფიქრობ, თორემ უსათუოდ გაგიხსენებდით. ვისთან მაქვს საუბრის პატივი? - ოდეტი გახლავართ. ოდეტ ტულმონდი. - მაპატიეთ? - ტულმონდი ჩემი გვარია. ბალთაზარმა ამ კომიკური გვარის გაგონებაზე გაიფიქრა, ხომ არ დამცინისო. - ხუმრობთ? - უკაცრავად? ბალთაზარი მიხვდა, რომ უტაქტოდ გამოუვიდა და ნათქვამის გამოსწორება სცადა: - არა, იმის თქმა მსურდა, რომ ორიგინალური გვარია. - ჩემს ოჯახში ასე არ ფიქრობენ. ოდეტმა ახალი ეგზემპლარი დააძრო და მწერალს ხელმოსაწერად გაუწოდა: შეგიძლიათ უბრალოდ წამიწეროთ „სახსოვრად ოდეტს“. დაბნეულმა ბალთაზარმა კიდევ ერთხელ ისურვა, თავი დაერწმუნებინა, გვარი სწორად გაიგო თუ არა. - ოდეტი? - დიახ, ამ სახელით ჩემმა მშობლებმა ნამდვილად დამცინეს. - რას ბრძანებთ, დიდებული სახელია ოდეტი... - საშინელია. - არა. - კი. - ეს ხომ პრუსტისეულია. - პრუ...? - პრუსტისეული... „დაკარგული დროის ძიებაში“... გაიხსენეთ ოდეტ დე კრესი, რომელიც სვანს უზომოდ უყვარს. - მე ერთი ის ვიცი, რომ პუდელებს არქმევენ ოდეტს. დიახ, პუდელებს. როგორც კი ჩემზე მიდგება საქმე, რატომღაც ყველას ავიწყდება ეს პრუსტის პერსონაჟის სახელი. უკეთესად რომ გამიხსენონ, იქნებ, ჯობდეს ძაღლის საყელური გამეკეთებინა და თმა დამეხვია. მწერალმა ოდეტი შეათვალიერა. არ იყო დარწმუნებული, რომ ყველაფერი კარგად გაიგო, შემდეგ კი გულიანად გაიცინა. ოდეტი მისკენ დაიხარა და კონვერტი მიაწოდა. - ინებეთ, ეს თქვენ გეკუთვნით. როცა გესაუბრებით, პირიდან მხოლოდ სისულელეები ამომდის, ამიტომ გადავწყვიტე, დამეწერა. ოდეტი ბუმბულების ფრთხიალით გაიქცა. პარიზში გასამგზავრებლად თავისი გამომცემლის გვერდით მანქანის უკანა სავარძელზე მოხერხებულად რომ მოკალათდა, ბალთაზარ ბალზანს რაღაც მომენტში წერილის წაკითხვა მოუნდა, მაგრამ როგორც კი თვალი შეავლო ქაღალდზე აღბეჭდილ იასამნებისა და ვარდების ერთმანეთში გადაწნულ გირლიანდებს, ფუმფულადუნდულებიან ანგელოზებს რომ ეჭირათ, გადაიფიქრა. რას ერჩი, ოლაფ პიმსი ნამდვილად სიმართლეს ღაღადებდა -ის მოლარეებისა და პარიკმახერების მწერალი იყო. სხვა თაყვანისმცემლების ღირსი არც არასდროს ყოფილა! დიახ, დიახ, სხვა კატეგორიის თაყვანისმცემლები არ დაუმსახურებია. მწერალმა ღრმად ამოიხვნეშა. წერილი კი ყოველი შემთხვევისათვის აქლემის ტყავისგან შეკერილი მანტოს გულის ჯიბეში შეინახა.    პარიზში ნამდვილი ჯოჯოხეთი ელოდა. მეუღლეს, რომლესაც სულ სადღაც მიეჩქარებოდა და თავიდან ფეხებამდე თავის საადვოკატო კარიერაში იყო ჩაფლული, იოტისოდენა თანაგრძნობაც არ გამოუხატავს ქმრის თავს დატეხილი უსიამოვნო აჟიოტაჟის გამო. მოგვიანებით კი გაიგო, რომ მის 10 წლის ვაჟს ლიცეუმში პატარა ავაზაკებთან ჩხუბში ჩაბმაც კი მოუწია, მამის ღირსება და სახელი რომ დაეცვა. წარმოგიდგენიათ? იმ პატარა ქვეშაფსიებმა მამამისს დასცინეს! საერთოდ ბალთაზარი სიმპათიების გამომხატველი წერილებით განებივრებული არც არასდროს ყოფილა. ლიტერატურული წრეებიდან ხომ არასდროს არავინ გამოხმაურებია. შესაძლოა, ეს სულაც მისი ბრალი ყოფილიყო; ის ხომ თავად გაურბოდა სხვა მწერლებთან ურთიერთობას. კუნძულ სენ-ლუიზე გამოკეტილი ამაოდ ელოდა ტელეფონის ზარს, ამაშიც, ცხადია, ვერავის დასდებდა ბრალს: ის ხომ ცოცხალი თავით არავის აძლევდა თავის კოორდინატებს. ბალთაზარმა ობიექტურად შეაფასა მთელი თავისი ცხოვრება და ეჭვი შეეპარა, რომ ის საინტერესო და აზრიანი გამოუვიდა. მართალია, მისი მეუღლე იზაბელი ლამაზი ქალი იყო, მაგრამ სამაგიეროდ ცივი, მკვახე, ამპარტავანი და უზომოდ ამბიციური, უზარმაზარი მემკვიდრეობის პატრონი ამ მტაცებელთა და სისხლისმწოველთა გარემოს ორგანული ნაწილი უფრო იყო, ვიდრე თვითონ. განა თავიდანვე არ შეთანხმდნენ, ქორწინების გარდა სხვა ურთიერთობებზე უარი არ ეთქვათ? დასტური იმისა, რომ მათი წყვილი უფრო სოციალურ სტატუსს ეფუძნებოდა, ვიდრე სიყვარულს. მართალია, ბალთაზარი დედაქალაქის შუაგულში ცხოვრობდა და მისმა ძვირადღირებულმა ბინამ მოშურნეები გაუმრავლა, მაგრამ ნამდვილად სიამოვნებდა ფუფუნება. არც კედლების, არც ფანჯრების, თაროებისა და დივნების სამშვენისად მისი სურვილისა და გემოვნების მიხედვით არაფერი არჩეულა. ეს საქმე დიზაინერმა იტვირთა. სალონში წამოჭიმულ როიალზე არავინ უკრავდა; მაღალი საზოგადოებრივი სტატუსის უბადრუკი მაჩვენებელი გახლდათ და მეტი არაფერი. მისი კაბინეტი მხოლოდ პრესაზე, ეპატაჟზე იყო გათვლილი. თვითონ ხომ წერა მხოლოდ კაფეებში სიამოვნებდა. ბალთაზარმა გააცნობიერა, რომ მუზეუმში, უსულო ექსპონატების გარემოცვაში ცხოვრობდა. კიდევ უარესი - ეს ყველაფერი უცხო და განყენებული იყო მისი ბუნებისთვის.    და რა საქმეს წაადგა მისი ფული? იმის ხაზგასმას, რომ ხალხში გაერია და საზოგადოების იმ კატეგორიაში დაიმკვიდრა ადგილი, წარმოშობით არასდროს რომ არ მიესვლებოდა. რასაც ფლობდა სინამდვილეში, მას სრულიად არ ამდიდრებდა. ახალ სოციალურ სტატუსთან შეუთავსებლობა გააზრებული კი ჰქონდა, მაგრამ ამისგან ავად არც არასდროს გამხდარა, რადგან თავისი შემოქმედებისადმი რწმენით იცავდა თავს. აი, სწორედ მის რწმენას შეუტიეს დღეს ასე უმოწყალოდ... თავადაც შეუჩნდა ეჭვის ჭია... მოახერხა კი თუნდაც ერთი ღირებული რომანის დაწერა? ნუთუ მის წინააღმდეგ მიმართულ თავდასხმებს მხოლოდ შური და ღვარძლი კვებავდა? იქნებ მას სამართლიანი განაჩენი გამოუტანეს? სუსტი და დაუცველი რეალური ცხოვრებისკენ მიმავალ გზას ვერა და ვერ პოულობდა. შინაგანი წინააღმდეგობა, რომელიც მასში არასდროს განელებულა, უკვე გაუსაძლისად იქცა. საზოგადოების განსჯის საგანი გახდა: „ხარ თუ არა საკმარისად ნიჭიერი, რომ თავი გაართვა იმას, რისი გაკეთებაც მოგიწევს?“ ყველაფერი იმით დამთავრდა, რომ ერთხელაც, როცა ერთმა კეთილისმსურველმა აუწყა, შენი ცოლი ვნებებს ოლაფ პიმსის ლოგინში იცხრობსო, ბალთაზარმა თვითმკვლელობის გარდა სხვა გამოსავალი ვერ იპოვა.    ფილიპინელმა მსახურმა უგონოდ მყოფს დროზე მიუსწრო. სასწრაფო დახმარების ექიმებმა მოასულიერეს, რამდენიმედღიანი დაკვირვების შემდეგ კი ფსიქიატრიული საავადმყოფოს გზას გაუყენეს. ამ დაწესებულებაში კი ბალთაზარი ერთგვარ მარგებელ სამკურნალო სიჩუმეში ჩაიკეტა. ცხადია, რამდენიმე დღეში ყოჩაღი და ყურადღებიანი ფსიქიატრების ყველა შეკითხვაზე გასცემდა კიდეც ამომწურავ პასუხს, მის გათავისუფლებას ასე გულმოდგინედ რომ ცდილობდნენ. სამწუხაროდ, მეუღლის მოულოდნელმა ვიზიტმა მთელი მკურნალობის პროცესი სრულიად შეცვალა.    როგორც კი მანქანის ძრავის ხმა ჩაესმა, მწერალს დიდი ფიქრი არ დასჭირვებია, ამდგარიყო და ფანჯრიდან გადაემოწმებინა, რომ ეს ნამდვილად იზაბელი შემოგრიალდა პარკში თავისი უზარმაზარი ტანკით. კუთვნილ ნივთებს წამში ერთად მოუყარა თავი, დასტაცა მანტოს ხელი და კარი გაამტვრია, რომელიც შიდა კიბეზე გადიოდა. საფეხურებზე ჩარბენისას გადაამოწმა, რომ გასაღების ასლი ნამდვილად თან ჰქონდა და როგორც კი გარეთ აღმოჩნდა, მანქანისკენ დაადო თავი. შემდეგ მანქანა სასწრაფოდ დაქოქა და ეზოდან გავარდა. ამ დროს იზაბელი შენობის შიგნით ლიფტის ჩამოსვლას ელოდა.    შეშინებულმა და დაბნეულმა რამდენიმე კილომეტრი გაურკვეველი მიმართულებით იარა. რომელ გზას უნდა დასდგომოდა? საით წასულიყო? თუმცა, იმ მომენტისთვის ამას არსებითი მნიშვნელობა არ ჰქონდა. ვინმესთვის თავშესაფრის თხოვნა ახსნა-განმარტებების მიცემას გულისხმობდა, ამიტომ ეს გზა თავიდანვე უარყო. მანქანა ბენზინგასამართი სადგურის მიმდებარე მოედანზე შეაჩერა. კაფეში შევიდა და ყავაც შეუკვეთა, რომელიც მისთვის ზედმეტად ტკბილი აღმოჩნდა, თან სითხეს შერეულმა ქაღალდის ჭიქის გემომ კიდევ უფრო გაუფუჭა განწყობა. ამ დროს მისი ყურადღება აქლემის ტყავისგან შეკერილი პალტოს ამობურცულმა ჯიბემ მიიპყრო. უსაქმურობისაგან თავის დასაღწევად წერილის წაკითხვა გადაწყვიტა. გახსნა თუ არა, ღრმად ამოიოხრა. ცუდი გემოვნებით შერჩეულმა ქაღალდმა ლამის ცუდად გახადა. გზავნილის ავტორი ამას არ დასჯერდა - თაყვანისმცემელს უსტარისთვის წითელი ფლომასტერით დახატული, ბუმბულებით დამშვენებული გული დაერთო. ბალთაზარი კითხვას ცალი თვალით შეუდგა. როცა წერილის დასასრულს მიუახლოვდა, თვალებიდან ცრემლები გადმოუგორდა.    ჯიპის უკან გადაწეულ სავარძელზე მისვენებულმა ბალთაზარმა გზავნილი ოცჯერ მაინც გადაიკითხა. ლამის ზეპირად ისწავლა. ოდეტის მიამიტმა და მხურვალე სულმა გულის სიღრმემდე შეძრა. ბოლო სიტყვებმა კი მასზე ჯადოსნური ნაყენის ეფექტი იქონია: „როდესაც ერთ დღეს, - დაე, ეს რაც შეიძლება გვიან მოხდეს, - თქვენ სამოთხის გზას დაადგებით, მაღალი ღმერთი გამოგეცხადებათ და გეტყვით: „უამრავი ადამიანი ისურვებდა, მადლიერება გამოეხატა იმ სიკეთისთვის, თქვენ რომ დედამიწის ზურგზე დათესეთ, ბატონო ბალთაზარ.“ და ამ მილიონთა შორის ოდეტ ტულმონდიც მოიაზრეთ. ოდეტ ტულმონდი, რომელმაც იჩქარა, და - მიუტევეთ კადნიერება, - აღარ დაელოდა ამ საათს.“ როცა ჩათვალა, რომ უსტარის გამამხნევებელი და მანუგეშებელი ეფექტით საკმაოდ დაიმუხტა, მანქანა დაძრა და ამ სტრიქონების ავტორის მონახულება გადაწყვიტა. *     ამ საღამოს ოდეტ ტულმონდი ქალიშვილის - ულმობელი და სასტიკი სიუ ელენის საყვარელ კერძს - „მოცურავე კუნძულს“ ამზადებდა. კბილების გასასწორებელი რკინებით დამახინჯებული სიუ-ელენი, რომელსაც გარდატეხის ასაკი ეს-ეს არის უკან ჩამოეტოვებინა, ერთი დამსაქმებლის გასაუბრებიდან მეორისკენ გარბოდა და ამაოდ ცდილობდა, რამე სამსახური ეშოვა. ოდეტი კვერცხის ცილას გულმოდგინედ თქვეფდა და თან ღიღინებდა, კარზე ზარი რომ გაისმა. ამ საპასუხისმგებლო საქმის გაწყვეტით საგონებელში ჩავარდნილმა ხელები მაინც სწრაფად შეიმშრალა. გადაწყვიტა, რომ მეზობლის გულისთვის თავის შეწუხება არ ღირდა და ნეილონის უბრალო კომბინაციაზე ზემოდან არაფერი მოიცვა. ოდეტმა კარი გააღო. ბალთაზარ ბალზანის დანახვისას ენა მუცელში ჩაუვარდა. დაღლილი, მისუსტებული, გაუპარსავი და ზურგზე სამგზავრო ჩანთამოგდებული მწერალი მის კართან იდგა, ცხვირწინ წერილს უფრიალებდა და თან ანთებული თვალებით ათვალიერებდა: - თქვენ გამომიგზავნეთ ეს წერილი? დაბნეულმა ოდეტმა გაიფიქრა, რომ სტუმარს მისი დატუქსვა ჰქონდა გადაწყვეტილი. - დიახ... მაგრამ... - უჰ, როგორც იქნა, გიპოვეთ. ოდეტი გაშეშებული იდგა, სანამ მწერალი შვებისგან ხვნეშოდა. - ერთადერთი კითხვა მსურს დაგისვათ, - წამოიწყო ბალთაზარმა: - ვისურვებდი, რომ მიპასუხოთ. - დიახ, გისმენთ. - გიყვარვართ? - დიახ. ოდეტმა დასმულ კითხვას ყოველგვარი ყოყმანის გარეშე უპასუხა. ბალთაზარისთვის ეს გახლდათ ძვირფასი გაელვება, რომელმაც უზომო სიამოვნება განაცდევინა. აზრადაც არ მოსვლია, რომ მსგავს გარემოებას ოდეტი შესაძლოა უხერხულობაში ჩაეგდო. თავგზააბნეული მასპინძელი ხელებს იფშვნეტდა და ვერ გაებედა, საუბარი ჩამოეგდო იმაზე, რამაც ასე დიდი ხანია მოსვენება დააკარგვინა და დატანჯა. ბოლოს მაინც ვერ მოითმინა და ამოშაქრა: - ჩემი ცილა... - რა ბრძანეთ? - საქმე ისაა, რომ სანამ მობრძანდებოდით, კვერცხის ცილას ვთქვეფდი. იცით, დიდხანს თუ გააჩერე, შესაძლოა... შეწუხებულმა ოდეტმა ჟესტიკულაციით სცადა ჩაფუშვის გამოხატვა. აღელვებულმა ბალთაზარმა ახსნა-განმარტებას თავი და ბოლო მაინც ვერ გაუგო. - სინამდვილეში თქვენთვის მეორე კითხვაც მქონდა მომზადებული. - დიახ, ბრძანეთ. - ესე იგი, შემიძლია გკითხოთ? - დიახ, დიახ. - დარწმუნებული ხართ, რომ ნამდვილად შემიძლია? - დიახ. ბალთაზარმა თვალები დახარა,- არა მის მზერას ნამდვილად ვერ გაუძლებდა და დამნაშავე ბავშვივით ამოილუღლუღა: - შემიძლია თუ არა თქვენთან რამდენიმე დღე დავრჩე? - უკაცრავად, ვშიშობ, ნათქვამს ვერ მიგიხვდით. - კონკრეტული პასუხი გამეცით, ძალიან გთხოვთ: კი თუ არა? ოდეტს ფიქრი მხოლოდ ორი წამი გაუგრძელდა, შემდეგ შთაბეჭდილების ქვეშ მოქცეულმა მისთვის ჩვეული უშუალობით ხმამაღლა წამოიძახა: - დიახ, და ჩქარა შემობრძანდით, თორემ ცილა გადასაღვრელი გამიხდება. ოდეტი სამგზავრო ჩანთას ჩააფრინდა და ბალთაზარი ოთახში შეათრია. ასე და ამგვარად შეეხიზნა ბალთაზარ ბალზანი შარლერუელ ოდეტ ტულმონდს, დღისით მოლარეს, საღამოს კი დეკორატორს. მწერლის სხვა ქალაქში გადაბარგების შესახებ პარიზში არავის არაფერი გაუგია. - რას ნიშნავს მებუმბულე? - დაინტერესდა ერთ მშვენიერ საღამოს მწერალი. - ბუმბულებს ვაკერებ მოცეკვავეთა კოსტიუმებზე. გინახავთ ალბათ „ფოლი ბერჟერისა“ და „კაზინო დე პარის“ წარმოდგენები... ამაში ერთ-ორ სანტიმს მიხდიან და მოლარის უბადრუკ ხელფასს ვავსებ... ბალთაზარ ბალზანმა საკუთარი ცხოვრებისაგან სრულიად განსხვავებულ სამყაროში ამოყო თავი: სამყარო, სადაც არც ფულზე დარდობდნენ და არც სახელზე, მაგრამ ადამიანები თავს მაინც ბედნიერად გრძნობდნენ... ოდეტს ბუნებამ ერთი მეტად შესაშური -მხიარულების ნიჭი მოამადლა. მისი არსების სიღრმეში, შეიძლება ითქვას, უზარმაზარი ჯაზ-ბენდი დაუღალავად უკრავდა ჩამთრევ და გულისშემძვრელ მელოდიებს. ვერანაირი ყოფითი სიძნელე მას წყობიდან ვერ გამოიყვანდა, რაც უნდა მომხდარიყო, ნერვიც კი არ აუტოკდებოდა. თუ ვინიცობაა, პრობლემა წამოიჭრებოდა, დინჯად და აუჩქარებლად, ფორიაქის გარეშე შეუდგებოდა გამოსავლის ძებნას. მოკრძალება და მორჩილება - აი, მისი ხასიათის ძირითადი თვისებები. არც არასდროს მოსვლია თავში, რომ უკეთეს ბედს იმსახურებდა და არასდროს დაუფლებია იმედგაცრუების განცდა. ბალთაზარსაც მისთვის ჩვეული გულუბრყვილობითა და უშუალობით გააცნო თავისი სახლი: აგურით ნაგები, მერიის სოციალურ კმაყოფაზე აყვანილი იაფფასიანი შენობა, პასტელის ფერებში შეღებილი ლოჯიებით (მსგავსი ფერის ნაყინს ბავშვები ეტანებიან ხოლმე ზაფხულში) და პლასტმასის ყვავილებით დამშვენებული აივნებით, კედლებზე ჩამოკონწიალებული დაწნული ზონრებითა და ჰერანიუმის ქოთნებით, რეპროდუქციით, რომელზე გამოსახული მეზღვაურიც ოლიმპიური სიმშვიდით აბოლებდა ჩიბუხს. - როცა აქ ცხოვრების შანსი გეძლევა, სხვაგან გადაბარგებაზე ნაკლებად იფიქრებ. ალბათ მხოლოდ მაშინ, როცა მუხის კუბოში ჩაკვეხებულს გაგასვენებენ... არა, ეს შენობა ნამდვილი სამოთხეა! საერთოდ, კაცობრიობის მიმართ კეთილგანწყობილ ოდეტს ყოველთვის ჰყოფნიდა გონიერება, ნებისმიერი ჯურისა და ხასიათის ადამიანთან გამოენახა საერთო ენა, იმათთანაც კი, საკუთარ თავს რომ მისგან სრულიად განსხვავებულად მიიჩნევდნენ. არ ცდილობდა, ვინმე განეკითხა. იოლად დაუახლოვდა თავის სართულზე მცხოვრებ წითელკანიან ფლამანდრიელთა წყვილს. ცოლ-ქმარი რეგულარულად იძენდა სოლარიუმის აბონემენტებს და ხშირად სტუმრობდნენ კლუბებსაც, სადაც პარტნიორთა გაცვლა სრულიად მიღებული იყო. ასევე დაუდაქალდა მერიის უკმეხ და კატეგორიულ თანამშრომელს, ყველაფერზე რომ ჰქონდა მზამზარეული პასუხი. უცვლიდა რეცეპტებს ახალგაზრდა ამერიკელ ხუთი შვილის დედას, ხშირად რომ ცოფდებოდა და გადარეული კედლებს ფხაჭნიდა. პურსა და ხორცს იმპოტენტ და რასისტ პენსიონერთან, მესიე ვილპუტთან ყიდულობდა. ეს უკანასკნელი ისეთ სისულელეებს როშავდა, ყურით რომ არ გაიგონებოდა, მაგრამ მაინც ადამიანური არსებააო, იტყოდა ხოლმე მოხუცის შეფასებისას. ოდეტი შინაც ყველასთვის ერთნაირად გულღია იყო: მისი ვაჟის, რუდის მამათმავლური თავგადასავლები ნაკლებ სადარდებელს უჩენდა, ვიდრე სიუ-ელენის უჟმურობა, რომელსაც ამჟამად მძიმე ფსიქოლოგიური პერიოდის გადატანა უწევდა. ოდეტმა ქალიშვილთან დაყვავების გზა აირჩია, თუმცა სასტიკ წინააღმდეგობას გადააწყდა. დილიდან საღამომდე ცდილობდა, სიუ-ელენს გაღიმებაში, მოთმინების მოკრებაში, საკუთარი თავისადმი ნდობის შენარჩუნებაში დახმარებოდა. ასევე სურდა, შეეგონებინა, რომ მისთვის ბევრად უკეთესი იქნებოდა, თავის ამოჩემებულ მეგობარს, პარაზიტს, ღორმუცელასა და აყროლებულ პოლოს გაშორებოდა.    ბალთაზარი ამ ვიწრო სადგომში ისე მიიღეს, ერთი ზედმეტი კითხვაც არ დაუსვამთ, თითქოს სოფლიდან ქალაქში გავლით ჩამოსულ შორეულ ნათესავს სავალდებულო სტუმარმასპინძლობა გაუწიესო. თავის მხრივ, მწერალს არ შეეძლო ეს მიღება საკუთარი ან მეუღლის რეაქციისთვის არ შეედარებინა, როცა პარიზში მეგობრები რამდენიმე დღით შეკედლებას თხოვდნენ. „აბა, სასტუმროები რისთვის არსებობს?!“- შეჰყვირებდა ხოლმე ყოველ ჯერზე წყობიდან გამოსული იზაბელი, სანამ აბეზარ სტუმრებს შეაგნებინებდა, ბინაში ისე ვიწროდ ვცხოვრობთ, ყველანი უხერხულად ვიგრძნობთ თავსო.    რადგან ახალ გარემოში ყოველგვარ გამოკითხვას ასცდა, არც ბალთაზარს შეუწუხებია თავი, ერთხელ მაინც ეკითხა საკუთარი თავისთვის, თუ რას საქმიანობდა ან რამ განაპირობა მისი აქ დარჩენა. ახსნა-განმარტებებისა და დაზუსტებისაგან გათავისუფლებულ ბალთაზარს სრული შესაძლებლობა მიეცა, დაკარგული ძალ-ღონე მოეკრიბა. ისე, ჯეროვნად არც ჰქონდა გაცნობიერებული, რომ სოციალური და კულტურული გარემოს მსგავსმა ცვლამ საკუთარ საწყისებს, საკუთარ ფესვებს დაუბრუნა. ბალთაზარმა არც კი იცოდა, ვინ იყო მამამისი, დედამისმა კი მის გაზრდაზე დაბადებისთანავე თქვა უარი. მას შემდეგ არაერთი მოკრძალებული ფინანსური შესაძლებლობების მქონე ოჯახი გამოიცვალა - კეთილი და გულისხმიერი ადამიანები საკუთარ ბავშვებთან ერთად ობოლსაც ზრდიდნენ. ძალიან ახალგაზრდამ დაიფიცა, რომ კარგი სწავლით საზოგადოების მაღალ ფენებში გაიკაფავდა გზას. მისი ამოსაცნობი და განმასხვავებელი ნიშანი განათლება და ინტელექტი უნდა გამხდარიყო. სტიპენდიებით ზურგგამაგრებული დაეუფლა ბერძნულს, ლათინურს, ინგლისურს, გერმანულსა და ესპანურს. სულ ბიბლიოთეკაში იჯდა, მისთვის საინტერესო არც ერთი წიგნი არ დატოვა წაუკითხავი. მოემზადა და ჩაირიცხა საფრანგეთის ერთ-ერთ პრესტიჟულ სასწავლებელში - „კოლ ნორმალ სუპერიორში“. მოგვიანებით საკუთარი არსენალი კიდევ რამდენიმე საუნივერსიტეტო დიპლომით გაამდიდრა. ბალთაზარის აკადემიურ გმირობას შესაბამისი ნაყოფიც უნდა გამოეღო. თავისუფლად შეეძლო უნივერსიტეტში ლექტორის თანამდებობისთვის გამოეკრა ხელი, გზა ხსნილი ჰქონდა რომელიმე სამინისტროში მაღალი რანგის სახელმწიფო მოხელის კაბინეტისკენაც, რომ არა ერთი გარემოება. ეს მისი მხრიდან შეიძლებოდა აღქმულიყო, როგორც კომფრომისტული დათმობა: ბალთაზარმა საკუთარ თავში წერის ნიჭი აღმოაჩინა და გადაწყვიტა, სამწერლო ასპარეზზე დაემკვიდრებინა თავი. საინტერესოა, რომ თავის წიგნებში იმ წრეს კი არ აღწერდა, სადაც სოციალური აღმავლობის წყალობით აღმოჩნდა, არამედ იმ გარემოს, სადაც ბავშვობისა და ყრმობის წლები გაატარა. შესაძლოა სწორედ ამით აიხსნებოდა მისი შემოქმედებისათვის დამახასიათებელი ჰარმონიულობა, პოპულარობაც, სხვათა შორის, და ზიზღიც, ინტელიგენცია მის მიმართ რომ ავლენდა. ტულმონდების ოჯახში გაწევრიანებამ ის მარტივ, უბრალო ცხოვრებისეულ სიამოვნებებს დაუბრუნა; შეახსენა, თუ რას ნიშნავს ამბიციურობისა და ფარისევლობისაგან დაცლილი ურთიერთპატივისცემა, სტუმართმოყვარე და თბილ ადამიანთა შორის ცხოვრებით მონიჭებული ბედნიერება. და მიუხედავად ყველაფრისა, მეზობლებთან საუბრისას მწერალმა დაადგინა, რომ კორპუსის თითქმის ყველა ბინადარს ის ოდეტის საყვარლად მოენათლა. მეზობელთან პარტნიორთა გაცვლაზე ბჭობისას (აი, იმ მეზობელთან, საკუთარი გარაჟი სპორტულ დარბაზად რომ გადაეკეთებინა) მოკერებული იარლიყის მოხსნას შეეცადა, ამ უკანასკნელმა კი თავი შეურაცხყოფილად იგრძნო და მიახალა, სულელი და მიუხვედრელი ხომ არ გგონივარო. - წლები გავიდა მას შემდეგ, რაც ოდეტს საკუთარ სახლში მამაკაცი არ მიუღია. თანაც მე ძალიან კარგად მესმის შენი: დასაძრახს ვერაფერს ვხედავ, როცა ცდილობ, საკუთარ თავს სიამოვნება მიანიჭო! ოდეტი ნამდვილად ლამაზი ქალია. თანახმა თუ იქნებოდა, არც მე ვიტყოდი უარს. ბალთაზარი დაიბნა. მიხვდა, რომ საწინააღმდეგოს მტკიცება ოდეტის რეპუტაციისათვის საზიანო იქნებოდა. ბინაში ახალი კითხვებით დაბრუნდა. „იქნებ, მასთან ურთიერთობა მსურს და ვერც გამიცნობიერებია? ამაზე არასდროს მიფიქრია. ოდეტი ნამდვილად არ არის ჩემი გემოვნების შესაფერისი ქალი... მეტისმეტად... არ ვიცი... არა, არა, სრულიადაც არა... ამას გარდა, თანატოლები ვართ... თუ მსგავსი სურვილი შემიპყრობდა, ალბათ ახალგაზრდასთან უფრო მომინდებოდა... მერე ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, აქ ყველაფერი არანორმალური ჩანს. ისე, სხვათა შორის, რა ჯანდაბამ მომიყვანა აქ?“ საღამოს ბავშვები პოპ-მუსიკის კონცერტზე წავიდნენ და ბალთაზარი ოდეტთან სრულიად მარტო დარჩა. მწერალმა ქალს განსხვავებული მზერა შეავლო.    ოთახს ტორშერის რბილი შუქი ანათებდა. ოდეტს ანგორის პულოვერი ძალიან უხდებოდა. ხელოვნური ძვირფასი ქვებით აბრჭყვიალებულ კოსტიუმზე ბუმბულების მიკერებით იყო გართული. ბალთაზარს მასპინძელი ძალიან ერთობ სიმპათიური და მიმზიდველი ეჩვენა. ადრე მსგავსი რამ არც შეუმჩნევია. „იქნებ ფილიპი სიმართლეს ამბობდა?“ ოდეტმა იგრძნო, რომ ბალთაზარი აკვირდებოდა. თავი ასწია და გაუღიმა. უხერხულობა გაიფანტა. რომ მიახლოვებოდა, მწერალმა წიგნი გვერდზე გადადო და ფინჯნებში ყავა ჩამოასხა. - თუ ოცნებობთ რამეზე, ოდეტ? - დიდი სურვილი მაქვს, ზღვაზე წავიდე. - ხმელთაშუა ზღვაზე? - რატომ მაინც და მაინც ხმელთაშუა ზღვაზე? აქაც გვაქვს ზღვა. მართალია, ნაკლებად ლამაზი, სამაგიეროდ უფრო მოკრძალებული და თავშეკავებული... მხედველობაში მაქვს ჩრდილოეთის ზღვა... ბალთაზარი ოდეტს მიუჩოჩდა. ფინჯანი რომ აეღო, თავი მის მხარზე ჩამოდო. ქალს გააჟრჟოლა. გათამამებულმა მამაკაცმა თითები გაუსვა მკლავზე, მხარზე, ბოლოს კისერს მიუახლოვდა. ქალი აკანკალდა. ბალთაზარი ტუჩებით შეეხო. - არა, გთხოვთ. - არ მოგწონვართ? - რა სისულელეა... რა თქმა უნდა, მომწონხართ, მაგრამ მაინც, არა. - ანტუანის გამო? ისევ ანტუანს იგონებთ? ოდეტმა თავი დახარა, ცრემლები შეიმშრალა და დამწუხრებული ხმით, - გეგონება გარდაცვლილ მეუღლეს ღალატობსო, - განაცხადა: - არა, ანტუანის გამო ნამდვილად არა. ბალთაზარმა გადაწყვიტა, რომ მწვანე შუქი აინთო და ოდეტის ტუჩებს ვნებით დაეკონა. ხმაურიანმა სილამ ბალთაზარს ლოყა აუწვა. ოდეტმა ტაქტიკა წამში შეცვალა. ბრაზს ლმობიერება შეუნაცვლა და ბალთაზარს ლოყებზე თითებით მიეფერა, თითქოს ალიყურის ნაკვალევის წაშლას ეცადა... - ო, მაპატიე, მაპატიე. - ვერაფერი გამიგია, თქვენ არ გსურთ... - გატკინეთ? არა, არა, გთხოვთ, მაპატიოთ. - თქვენ ჩემთან დაწოლა არ გსურთ? პასუხად ოდეტმა მეორეჯერაც მთელი ძალით შემოულაწუნა. თავზარდაცემული დივანიდან წამოხტა, მისაღები ოთახიდან გავარდა და თავის ოთახში ჩაიკეტა. მეორე დღეს, ფილიპის გარაჟში გატარებული ღამის შემდეგ, ბალთაზარმა ისედაც აბსურდული სიტუაციის კიდევ უფრო გამწვავების თავიდან აცილების მიზნით გამგზავრება გადაწყვიტა. უკვე მთავარ გზატკეცილზე მიქროდა, როცა რუდი გაახსენდა. მასთან შევლა და ხელში ბანკნოტების დასტის ჩაჩურთვა არ დაიზარა. - სასწრაფოდ პარიზში მიწევს დაბრუნება. დედაშენი ძალიან გადაიღალა და ზღვის სანაპიროზე დასვენებაზე ოცნებობს. აიღე ეს ფული, მაგრამ არავითარ შემთხვევაში არ უთხრა, მე რომ მოგეცი. უთხარი, მაგალითად, რომ შენ დაგაჯილდოვეს კარგი მუშაობისთვის პრემიით. შევთანხმდით? ბალთაზარი პასუხს არც დაელოდა, ისე გავარდა მანქანისკენ. პარიზში მისი არყოფნისას სიტუაცია ჩაწყნარებულიყო. ადამიანებს საჭორაო თემა კარგა ხანია, შეეცვალათ. მისი გამომცემელი ღრმად იყო დარწმუნებული, რომ კიდევ ცოტაც და ბალთაზარი კვლავ მოიპოვებდა მკითხველთა და მასმედიის საშუალებათა სიყვარულსა და სრულ ნდობას. მეუღლეს შემთხვევით რომ არ გადაჰყროდა, ბალთაზარმა სახლში ცოტა ხნით იმ დროს შეირბინა, როცა იზაბელი ჩვეულებისამებრ სამსახურში იმყოფებოდა. ფურცელზე ერთი-ორი ფრაზა დაჩხაპნა, მეუღლე თავისი ამჟამინდელი მდგომარეობის შეტყობინებით დაამშვიდა. ისე, საინტერესოა, ახსოვდა კი საერთოდ იზაბელს ქმრის არსებობა? შემდეგ ჩემოდანი ჩაალაგა და სავუაში გაემგზავრა, სადაც მისი ვაჟიშვილი თანაკლასელებთან ერთად თხილამურებზე სრიალებდა. „სადმე ახლომახლო ვიქირავებ ბინას ,“ - გადაწყვიტა თავისთვის. შვილმა მამა რომ დაინახა, მასთან განშორება საერთოდ არ ინდომა. თოვლზე რამდენიმედღიანი ერთობლივი სრიალის შემდეგ ბალთაზარმა, - გამუდმებით საქმიან მოგზაურობაში მყოფმა მამამ, - გააცნობიერა, რომ ფრანსუასთან სიყვარულისა და ურთიერთობის უზარმაზარი დანაკლისის შევსება უწევდა. ისიც შენიშნა, რომ საკუთრივ მისთვის დამახასიათებელი უსუსურობის, მუდმივი შიშისა და მღელვარების განცდა მისი ვაჟისთვისაც არ ყოფილიყო უცხო. პატარა ფრანსუა ყველა ღონეს ხმარობდა, რომ თანატოლებს დამსგავსებოდა და ამით მათი სიმპათია დაემსახურებინა. თუმცა, იტანჯებოდა იმის გამოც, რომ ეს მცდელობა საკუთარ მეობას აკარგვინებდა. - მალე არდადეგებიც დაიწყება. ზღვაზე ხომ არ წავსულიყავით ერთად? მხოლოდ მე და შენ და სხვა არავინ? ჰა, რას იტყვი? პასუხად მამამ შვილისგან აღფრთოვანებისა და ბედნიერების ყიჟინა მიიღო. *    აღდგომის დღეს ოდეტი ცხოვრებაში პირველად ჩრდილოეთის ზღვის პირისპირ აღმოჩნდა. რიდითა და შიშით შეპყრობილს ქვიშაზე უცნაური ფიგურები გამოჰყავდა. ზღვის უკიდეგანო სივრცე, მცხუნვარე მზე და პლაჟი ის ფუფუნება იყო, მისი ფინანსები ვერანაირად რომ ვერ შესწვდებოდა. ოდეტს დაუმსახურებელი მადლით სარგებლობის განცდა დაეუფლა. უეცრად კეფა აეწვა, თითქოს ვიღაც დაჟინებით მიშტერებოდა და რატომღაც ბალთაზარი გაახსენდა. როცა მობრუნდა, დაინახა, რომ მისი სათაყვანო მწერალი იქვე იდგა ვაჟიშვილთან ერთად. განშორების შემდეგ ხელახალი შეხვედრა ემოციურად მეტად ძლიერი, მგზნებარე და ნაზი აღმოჩნდა. ორივე ეცადა, მეორის განცდებისათვის პატივი ეცა და სულიერი ჭრილობა არ მიეყენებინა. - ისევ დაგიბრუნდით, ოდეტ. მინდა, რომ ჩემს ვაჟს გაკვეთილები ჩაუტაროთ. ხომ არ დაიზარებთ? - რა ბრძანეთ? - ხომ არ დაიზარებთ ბედნიერების გაკვეთილების ჩატარებას? ბალზანები და ტულმონდები დაქირავებულ კოტეჯში ერთად მოეწყვნენ, თითქოს ასეც უნდა ყოფილიყო, და არდადეგებიც დაიწყო. როგორც კი ცხოვრებამ ჩვეული დინება დაიბრუნა, ოდეტმა გადაწყვიტა, ბალთაზარისთვის ცეცხლოვანი სილების გაწნის მიზეზი აეხსნა: - მე არ მსურს თქვენთან სექსი. ვიცი, რომ ჩემთან არ დარჩებით. თქვენ ჩემს ცხოვრებაში ერთი გაელვება ხართ და მეტი არაფერი. თქვენ ის ადამიანი ხართ, გამოჩენისთანავე უკვე გამგზავრებაზე რომ ფიქრობს. - მე დავბრუნდი. - თქვენ ისევ გაქრებით... მე ხომ სულელი არ ვარ... ბალთაზარ ბალზანს, სახელგანთქმულ პარიზელ მწერალსა და ოდეტ ტულმონდს, შარლერუელ გამყიდველს ერთობლივი მომავალი არ უწერიათ. მეტისმეტად გვიანაა ამისთვის. ოცი წლით უფრო ახალგაზრდები რომ ვიყოთ, შესაძლოა... - ასაკი არაფერ შუაშია... - არის, არის. ეს იმას ნიშნავს, რომ უკვე დაღმართში დავეშვით. თქვენ თქვენებურად მოიწყვეთ ცხოვრება, მე - ჩემებურად. პარიზი-შარლერუა, ფული-უფულობა, ორივე ჩამოვედით უკვე ფსონს. ჩვენ შესაძლოა შემთხვევით გადავეყაროთ ერთმანეთს, მაგრამ შეხვედრით ვერასდროს შეგხვდებით. ბალთაზარს რიგიანად არც ჰქონდა გაცნობიერებული, რას მოელოდა ოდეტისგან. ერთი რამ კი დანამდვილებით გაიგო - ოდეტს ის სჭირდებოდა. სხვა კუთხით მათი ამბავი არც არაფერს ჰგავდა, - არც თავი ჰქონდა და არც ბოლო. იქნებ ოდეტი არ ცდებოდა, ბანალური სასიყვარულო ურთიერთობისაკენ გზას რომ უღობავდა? მაგრამ ხომ შეიძლებოდა, შემცდარიყო? იქნებ სულაც გადაწყვეტილი ჰქონდა, სხეულის ძახილს არასდროს გამოხმაურებოდა? იქნებ ანტუანის სიკვდილის შემდეგ საკუთარ თავს უაზრო სამუდამო ქვრივობა მიუსაჯა? ბალთაზარი ყველაფერს ღრმად ჩაწვდა, როცა მეთევზის სახლში იმპროვიზებული ცეკვების ერთგვარი საღამო მოაწყო. სამბას რიტმებში ჩართული და მუსიკით გალაღებული ოდეტის მოძრაობები ვნებით, გრაციოზულობით, ცბიერებით, მეტიც, დაუოკებელი ქალური ავხორცობით იყო გაჟღენთილი. ბალთაზარი მას ვერ ცნობდა. ოდეტას გარშემო რამდენიმე პა სცადა. მის მხართან ოდნავი შეხებისას და თეძოებთან შემთხვევითი გახახუნებისას დარწმუნდა, რომ ოდეტის ლოგინში თავისუფლად შეიძლებოდა აღმოჩენილიყო. მთვარის შუქზე ოდეტი ბალთაზარს სრულიად გულწრფელად გამოუტყდა: - იცით, ბალთაზარ, მე თქვენ არ მომწონხართ. - ა??? - მე არ მომწონხართ. მიყვარხართ... ბალთაზარმა ეს განცხადება ყველაზე ლამაზ სიტყვებად მიიჩნია ყველა იმ განცხადებას შორის, რომელიც კი ოდესმე მოესმინა. მეტიც, უფრო ლამაზი ეჩვენა, ვიდრე მის მიერ მოგონილი პერსონაჟები წარმოთქვამდნენ. პასუხად ქალს ტყავის საქაღალდეში ჩადებული ახალი რომანი გაუწოდა, რომლის წერაც ზღვის სანაპიროზე მათი შეხვედრის შემდეგ დაიწყო. - „სხვათა ბედნიერება“, ასე დავარქმევ ჩემს მომავალ წიგნს. მოვყვები რამდენიმე ადამიანის ბედ-იღბალზე, ბედნიერებას რომ ეძებენ, მაგრამ, დიდი მცდელობის მიუხედავად, ვერ პოულობენ. მარცხდებიან მხოლოდ იმიტომ, რომ მემკვიდრეობით გადმოეცათ ან გაიზიარეს მათთვის შეუსაბამო კონცეფციები ბედნიერების შესახებ. ვგულისხმობ ფულს, ძალაუფლებას, ანგარებიან ქორწინებას, გრძელფეხება საყვარლებს, სადოღე ცხენებს, დუპლექსს პარიზის ცენტრში, შალე მეჟევში, ვილას კი სენ-ტროპეში... ერთი სიტყვით სტერეოტიპების გარდა სხვას არაფერს. წარმატების მიუხედავად, ისინი თავს უბედურად გრძნობენ იმიტომ, რომ საკუთარი კი არა, სხვისი ბედნიერებით ცხოვრობენ, ანუ ბედნიერების სხვის მიერ გამოწერილი რეცეპტით. ჩემი ვალია, ეს წიგნი თქვენ მოგიძღვნათ. შეხედეთ შესავალს. პროჟექტორის შუქზე ოდეტმა სატიტულო გვერდზე ამოიკითხა: „ვუძღვნი დეტის.“ ოდეტმა ენით აღუწერელი სიმჩატე იგრძნო, თითქოს ცაში აიჭრაო, ლამის თავით მთვარეს შეეხო. გული საგულეში ვერ უჩერდებოდა. სული რომ მოითქვა, მკერდზე ხელი დაიდო და წაილუღლუღა: „დაწყნარდი, ოდეტ, დაწყნარდი.“ შუაღამისას ლამაზი სიზმრები უსურვეს ერთმანეთს და ლოყაზე კოცნით დაემშვიდობნენ. ბალთაზარის გათვლით, დარჩენილი ორი დღის განმავლობაში ისინი აუცილებლად საყვარლები უნდა გამხდარიყვნენ. მეორე დღეს მწერალს ფრიად უსიამოვნო სიურპრიზი ელოდა. ველოსიპედით სეირნობიდან დაბრუნებულ ბალთაზარს, ფრანსუას, რუდისა და სიუ-ელენს სალონში მომლოდინე გამომცემელი და მეუღლე იზაბელი დახვდათ. როგორც კი იზაბელს მოჰკრა თვალი, ბალთაზარმა იყნოსა, რომ შესაძლოა უსიამოვნო სცენა გამართულიყო. გვერდით ოდეტი რომ არა, არაფერი დაუშლიდა, პირველი გადასულიყო შეტევაზე. - ნურაფერს ნუ ეტყვით მას, ნუ დატუქსავთ, გთხოვთ. მე და მხოლოდ და მხოლოდ მე ვარ ამ თავყრილობის მიზეზი. დაბრძანდით და ნამცხვარი მიირთვით. სახლშია გამომცხვარი. ახლავე მოვიტან დასალევსაც, - იხსნა სიტუაცია ოდეტმა. შემდეგი სცენა ბალთაზარის გაგებით სიურრეალიზმის პრინციპებს ექვემდებარებოდა. თავით ფეხებამდე კოშმარში ჩაფლულს ისეთი შთაბეჭდილება შეექმნა, რომ ოდეტი თავს მის მარპლად ასაღებდა, როდესაც ეს უკანასკნელი ძიების დასასრულს დეტექტივის ყველა პერსონაჟს ჩაისა და ორცხობილების გარშემო უყრის თავს, რათა მათ საქმის არსი აუხსნას და თან სათანადო დასკვნები გამოიტანოს. - ბალთაზარ ბალზანმა თავისი წიგნებით ფასდაუდებელი სამსახური გამიწია, უამრავი რამ შემძინა რამდენიმე კვირის წინ ჩემთან შეკედლებით. საზღაურის მიღებაზე არც კი მიფიქრია. მალე ის პარიზში დაბრუნდება. მისი ასაკისა და რეპუტაციის მქონე ადამიანი ცხოვრებას შარლერუაში თავიდან ვერ დაიწყებს. ჯერჯერობით ეს ნაბიჯი ვერ გადუდგამს, რცხვენია, მეტიც, უკან დაბრუნების ეშინია. ოდეტი იზაბელისკენ შეტრიალდა, რომელიც სიტყვა „შიშისადმი“ ფრიად სკეპტიკურად განწყობილი ჩანდა. - თქვენი ეშინია, ქალბატონო. რატომ? იმიტომ, რომ მისით უწინდებურად აღარ ხართ მოხიბლული. თქვენ უნდა იამაყოთ თქვენი მეუღლით: მან ათასობით ადამიანს ბედნიერება განაცდევინა. შეიძლება ამ იღბლიანთა შორის მოკრძალებული მდივნები, ჩემსავით უბადრუკი მოსამსახურეებიც მოიაზროთ. მან შეძლო გატაცება და აღელვება ადამიანებისა, ასე ცოტას რომ ვკითხულობთ და არ ვართ თქვენსავით განათლებულები. ეს იმის დასტურია, რომ თქვენი მეუღლე სხვებზე ნიჭიერია, ბევრად უფრო ნიჭიერი. იცით, ქალბატონო, შესაძლოა ოლაფ პიმსიც არაჩვეულებრივ წიგნებს წერს, მაგრამ მათი წაკითხვა რომ შევძლო, პირადად მე ლექსიკონი და რამდენიმე შეკვრა ასპირინი დამჭირდება. მხოლოდ ამის შემდეგ თუ ჩავწვდები, რაზეა მის წიგნში საუბარი. ოლაფი სნობია, რომელიც მხოლოდ იმ ადამიანებს მიმართავს, რომლებსაც იმდენივე წიგნი აქვთ წაკითხული, რამდენიც თვითონ. ოდეტმა გამომცემელს ჩაით სავსე ფინჯანი გადააწოდა, თანაც განრისხებული მზერა შეავლო: - ახლა კი თქვენ უნდა მოგმართოთ ერთი-ორი სიტყვით, ბატონო. თქვენ უფრო მეტად უნდა დაიცვათ თქვენი ავტორი იმ პარიზელთა თავდასხმებისაგან, ასე რომ გაუწყალეს გული. თქვენ დაეპატრონეთ უძვირფასეს საგანძურს, კეთილი ინებეთ და დაიცავით ის. თუ ეს არ შეგიძლიათ, მაშინ ღირს, ალბათ, პროფესიის გამოცვლაზე ფიქრი... გასინჯეთ ჩემი კექსი გეთაყვა, საგანგებოდ გამოვაცხვე! დატუქსული გამომცემელი ხმის ამოუღებლად დაემორჩილა. ოდეტი ისევ იზაბელსა და ბალთაზარს მიუბრუნდა. - თქვენ ფიქრობთ, რომ მას არ უყვარხართ? შეიძლება თვითონაც ასე ფიქრობს... მე კიდევ ერთი რამ შევამჩნიე: ის თქვენს ფოტოს მუდამ თან დაატარებს. იზაბელზე ოდეტის უბრალოებამ ძლიერ იმოქმედა. თავი დახარა და გულწრფელად თქვა: - იმდენჯერ მიღალატა... - ო, ქალბატონო, თქვენ თუ გგონიათ, რომ ცოლიანმა კაცმა ფლირტი უნდა დაივიწყოს, გვერდით არ უნდა გაიხედოს და საერთოდ აღარ ისუნთქოს. მაშინ ჯობდა, რომ საერთოდ არ გათხოვილიყავით და ძაღლისთვის მოგევლოთ. აი, ძაღლის ჯაჭვით დაბმას ნამდვილად მოახერხებთ. ვეჭვობ, რომ ჩემი ანტუანიც, ასე ნაზად რომ მიყვარდა და მიყვარს ოცი წლის შემდეგაც, ბოლომდე ჩემი ერთგული იყო და სხვა ქალისკენ არ გაუხედავს. დარწმუნებული ვარ, რომ სხვასაც წაეკურკურა და მოუთათუნა, შესაძლოა უფრო ლამაზს ან უბრალოდ განსხვავებული სურნელის მქონეს. და რა მნიშვნელობა აქვს ამას? ის ხომ ჩემს მკლავებში გარდაიცვალა. დიახ, ჩემს და არა სხვის მკლავებში, თან თვალებში შემომყურებდა. ეს მზერა მის მიერ დატოვებული მარადიული საჩუქარია... რაღაც მომენტში ოდეტი ვერ გაუმკლავდა მოზღვავებულ ემოციებს, - ეს სულაც არ ჰქონდა გათვალისწინებული, - მაგრამ დიდი ძალისხმევის ფასად მაინც მოახერხა თავის ხელში აყვანა და სათქმელის დასრულება: - ბალთაზარ ბალზანი დაგიბრუნდებათ. ყველა ღონეს ვხმარობ, რომ მოვაკეთო და სრულ ფორმაში დაგიბრუნოთ, რომ ღიმილი დაიბრუნოს და სიცილის სურვილი ჰქონდეს. სიმართლე რომ გითხრათ, ბალთაზარის მსგავს მამაკაცებს -კეთილებს, მოუხერხებლებსა და ხელგაშლილებს, დახრჩობისა და ჩაძირვის საშუალება არ უნდა მივცეთ. მე ორ დღეში აქაურობას დავტოვებ და შარლერუაში ჩემს მაღაზიას დავუბრუნდები. დიდი სურვილი მაქვს, ჩემი ძალისხმევა ფუჭი არ გამოდგეს. ბალთაზარი გულისტკივილით შესცქეროდა ოდეტს, რომელმაც მათი სიყვარულის ამბავი ყველას თვალწინ ასე ნაკუწებად აქცია. გულის სიღრმეში გაუნაწყენდა კიდევაც. მეტიც - შეიზიზღა, მსგავსი წამებისთვის რომ გაიმეტა. ოდეტის დაბნეული და შეშლილი გამომეტყველების შემხედვარემ გადაწყვიტა, რომ შეწინააღმდეგებას აზრი არ ჰქონდა. „თუ ასე ფიქრობს, გამორიცხულია, აზრი გამოაცვლევინო,“ - დაასკვნა თავისთვის. პარიზში გამგზავრებამდე ბალთაზარმა და იზაბელმა დიუნებს შორის გაისეირნეს, არც ერთი და არც მეორე არ იყო დარწმუნებული, თანაცხოვრების გაგრძელებას რომ შეძლებდნენ. ფრანსუას გულისთვის კი გადაწყვიტეს, ეცადათ. როცა მეთევზის სახლს მიუახლოვდნენ, იქიდან სასწრაფო დახმარების მანქანა გამოქანდა. სირენის მკივანა ხმა იქაურობას აყრუებდა. ოდეტს გულის შეტევა მოსვლოდა. *    სანამ მისი სიცოცხლე ძაფზე ეკიდა, ყველანი ბლეკენბლეკში დარჩნენ. მხოლოდ მას შემდეგ, რაც სარეანიმაციო სამსახურმა დაასკვნა, რომ ოდეტის ჯანმრთელობას არაფერი ემუქრებოდა, გამომცემელი და იზაბელი ვაჟიშვილითურთ პარიზში დაბრუნდნენ. ბალთაზარი კოტეჯის მეპატრონეს დაელაპარაკა და ქირის გახანგრძლივებაზე დაიყოლია. რუდისა და სიუ-ელენზე ზრუნვაც თვითონვე იტვირთა, სამაგიეროდ ახალგაზრდებს პირობა ჩამოართვა, რომ ოდეტთან მისი აქ დარჩენის შესახებ კრინტსაც არ დაძრავდნენ. „შეგიძლიათ მოგვიანებით გაუმხილოთ, როცა თავს უკეთესად იგრძნობს...“ ბალთაზარს ბავშვები კლინიკაში ყოველდღე დაჰყავდა. თვითონ ჰოლში სავარძელში მოკალათდებოდა ხოლმე და თავს მცენარეების, ოთახის ხალათებში მოსილი ბებიებისა და წვეთოვანს მიჯაჭვული პაციენტების თვალიერებით იქცევდა. საბოლოოდ ოდეტიც მოკეთდა, ჯან-ღონე დაუბრუნდა, სახეზე ადამიანის ფერი დაედო, ხასიათზეც მოვიდა. საწოლთან მიდგმულ პატარა მაგიდაზე ანტუანის სურათს რომ მოჰკრა თვალი, ფრიად გაუკვირდა. - კი მაგრამ, ვის მოაფიქრდა ამის მოტანა? ბავშვები გამოუტყდნენ, რომ ინიციატივის ავტორი ბალთაზარი იყო; რომ ეს უკანასკნელი ბლეკენბლეკში დარჩა და მათ მამობრივ მზრუნველობას არ აკლებდა. დედის მღელვარებაზე, კარდიომონიტორების აფორიაქებაზე, გულცემის მაჩვენებელი მწვანე დიაგრამების კრუნჩხვებზე ბავშვები მიხვდნენ, რომ ბალთაზარი სწორად მოიქცა, ოდეტის გამოჯანმრთელებას რომ დაელოდა. ისინი აღარც ეჭვობდნენ, რომ გულის პირველი შეტევა დედის ნაჩქარევ გადაწყვეტილებას უკავშირდებოდა: ბალთაზარისთვის ზურგის შებრუნებას, მის უკუგდებას გულმა ვეღარ გაუძლო. მეორე დღეს თხუთმეტი წლის ბიჭივით აღელვებული ბალთაზარი ოდეტის პალატაში შეიძურწა. ხელში ორი თაიგული ეჭირა. - რა საჭირო იყო ორი თაიგული? - ერთი ჩემგან, მეორე კი ანტუანის სახელზე. - ანტუანის? ბალთაზარი საწოლთან ჩამოჯდა და ოდეტს თბილი გამომეტყველებით მეუღლის ფოტოზე მიუთითა: - მე და ანტუანი ძალიან დავმეგობრდით. მან მიმიღო. ის მიიჩნევს, რომ საკმარისად მიყვარხართ, მისი პატივისცემა რომ დავიმსახურო. თქვენი მკურნალობის დროს გამომიტყდა, რომ ცოტა არ იყოს ნაჩქარევად გაიხარა. ეგონა, რომ მასთან შესახვედრად ემზადებოდით. შემდეგ კი საკუთარ თავს ტუქსავდა, მსგავსი ეგოისტური აზრი რომ მოუვიდა თავში. ამჟამად თქვენი და თქვენი შვილების გამო კმაყოფილებას გამოთქვამს, უკეთესად რომ გრძნობთ თავს. - კიდევ რა გითხრათ? - ის, რაც მითხრა, თქვენ არ მოუწონებთ. ბალთაზარი მოწიწებითა და პატივისცემით ოდეტისკენ გადაიხარა და ჩასჩურჩულა: - თქვენი თავი მე მომანდო... მთელი არსებით შეძრული ოდეტი ასლუკუნდა, თუმცა მალევე მოთოკა გრძნობები და ხუმრობაც სცადა: - ჩემი აზრით არ დაინტერესებულა? - ანტუანი? არა, არ დაინტერესებულა. მიიჩნევს, რომ თქვენს თავში აზრები ძნელად იბადება. ბალთაზარი კიდევ უფრო გადაიხარა ოდეტასკენ და ენით აღუწერელი სინაზით დასძინა: - მე მივუგე, რომ სავსებით ვიზიარებ მის შეხედულებას.    ბოლოს და ბოლოს ისინი ერთმანეთს გადაეხვივნენ. უმალ კარდიოგრაფებიც აღელდნენ. გეგონება იმის გამო, რომ პაციენტს სიხარულისა და ბედნიერებისაგან გული შეეკუმშა, მთელი მოსამსახურე პერსონალის ფეხზე დაყენება გადაწყვიტესო. ბალთაზარი ტუჩებს მოსწყდა, თვალი თვალში გაუყარა და წაიჩურჩულა: - დაწყნარდი, ოდეტ, დაწყნარდი. …
დაამატა Kakha to ლიტერატურა at 4:27pm on სექტემბერი 8, 2016
თემა: ისტორიული ქრონოლოგია
მოძრაობაზე დაკვირვებით ადგენს ზუსტ ასტრონომიულ დროს. ისტორიული ქრონოლოგია ისტორიული მეცნიერების ერთ-ერთი უძველესი დარგია. ის იყენებს მათემატიკური ქრონოლოგიის მონაცემებს და ადგენს წარსული მოვლენების თანმიმდევრობას.       კონკრეტულ დროს, როდესაც მოხდა ესა თუ ის მოვლენა, თარიღი ეწოდება. ისტორიული ქრონოლოგიისათვის უმნიშვნელოვანესი სწორედ ზუსტი თარიღების დადგენაა, რაც ხშირად ფრიად რთულია. რატომ არის ეს ასე რთული? იმიტომ, რომ ძველად სხვადასხვა ხალხებს დროის აღრიცხვის სხვადასხვა სისტემა ჰქონდათ და, თუ არ გავითვალისწინეთ რა მიმართებაშია ერთმანეთთან ეს სისტემები, თარიღის დადგენა შეუძლებელი გახდება. ისტორიული ქრონოლოგია სწავლობს, თუ როგორ ჩამოყალიბდა და ვითარდებოდა დროის აღრიცხვის სხვადასხვა სისტემები, როგორ აღნიშნავდნენ ისინი თარიღებს, როგორ ჩამოყალიბდა დროის ათვლის თანამედროვე სისტემა და როგორ ხდება ძველი სისტემებით მოცემული თარიღის დროის აღრიცხვის თანამედროვე სისტემაზე გადაყვანა. დრო და დროის საზომი ერთეულები.       ადამიანს სამყაროს შემეცნებისათვის ისეთი განზომილებების შემოტანა სჭირდება, როგორიცაა: სიგრძე, სიგანე, სიმაღლე და დრო. მართლაც, სიგრძით, სიგანით და სიმაღლით ჩვენ სივრცეს ვზომავთ, რაც აუცილებელი და საწყისი პირობაა მის შესასწავლად. დრო კი ისეთი განზომილებაა, რომლითაც ჩვენ სივრცის არსებობის ხანგრძლივობას და სივრცეში მოვლენათა თანმიმდევრობას აღვნუსხავთ. დროს ადამიანის ცხოვრებაში უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა და აქვს. ამ საზომით ვზომავთ ჩვენ არათუ ადამიანის სიცოცხლის, არამედ მთელი სამყაროს ხანგრძლივობას. ადამიანის ცხოვრების მთელი ციკლი დროზეა აგებული. ქართული ხატოვანი გამოთქმა რომ ვიხმაროთ: "დრონი მეფობენ და არა მეფენი".       განსაკუთრებული მნიშვნელობა დრომ თანამედროვე ცხოვრებაში შეიძინა. ამას კარგად გამოხატავს მთელს მსოფლიოში გავრცელებული გამოთქმა "დრო — ფულია".       ადამიანის ცხოვრებაში დროის ასეთი მნიშვნელობის გამო უძველესმა ადამიანებმა დროის გაღმერთება დაიწყეს. ამის საუკეთესო მაგალითია ძველი ბერძნული წარმართული სარწმუნოება, სადაც ქრონოსი დროისა და ჟამის აღმნიშვნელი სიტყვა, იმავდროულად, ბერძნულ წარმართულ რელიგიაში დრო და ჟამის ღვთაების სახელი იყო.       ვინაიდან დრო განზომილებაა, ბუნებრივია, მას თავისი საზომი ერთეულებიც ესაჭიროება. ასეთი ერთეულებია: წამი, წუთი, საათი, დღე-ღამე, კვირა, თვე, წელიწადი, საუკუნე, ათასწლეული.       ადამიანს დროის საზომი ერთეულები აქ ჩამოთვლილი თანმიმდევრობით სულაც არ აღმოუჩენია. თავდაპირველად უძველესმა ადამიანმა დროის მხოლოდ ერთადერთი საზომი ერთეული — დღე-ღამე იცოდა. ეს დროის ის მონაკვეთია, რომელსაც დედამიწა თავისი ღერძის გარშემო ერთხელ შემობრუნებას უნდება.       შემდეგ შუმერებმა დაახლ. 6 ათასი წლის წინ დღეღამე, ანუ დრო მზის ამოსვლიდან ჩასვლამდე და მზის ჩასვლიდან ამოსვლამდე, ორ თანაბარ, თორმეტ-თორმეტ ნაწილიან მონაკვეთად დაყვეს. დაყოფის საფუძვლად თორმეტი იმიტომ აიღეს, რომ შუმერების რიცხვითი სისტემა სამოცეულებზე იყო აგებული, რომლის ერთ მეხუთედს თორმეტი წარმოადგენს.       ძველმა ასტრონომებმა შეამჩნიეს, რომ დღისა და ღამის ხანგრძლივობა ყოველდღიურად იცვლებოდა, იმ დროს, როდესაც დღე-ღამის საერთო ხანგრძლივობა, ანუ დრო მზის ამოსვლიდან მზის მეორე ამოსვლამდე, უცვლელი რჩებოდა. ამიტომ შუმერებმა მთელი დღე-ღამე, 12+12, ანუ ოცდაოთხ თანაბარ ნაწილად დაყვეს. ამგვარად მათ დროის შედარებით მცირე საზომი ერთეული საათი შექმნეს, რომელიც დღე-ღამის ერთი ოცდამეოთხედია. მათვე საათი, როგორც დროის საზომი ერთეული, სამოც უფრო მცირე ერთეულად წუთად, ხოლო წუთი კი ასევე 60 კიდევ უფრო მცირე ერთეულად წამად და ა. შ. დაყვეს.       დროის უფრო მცირე ერთეულებად — წუთებად, წამებად და ა.შ. დაყოფა საუკუნეთა განმავლობაში ძირითადად, უფრო თეორიული გამოთვლებისთვის სჭირდებოდათ, ვინაიდან ადამიანს დროის ათვლის ზუსტი ხელსაწყო ანუ საათი, რომელიც დროის ამ მცირე ერთეულების ზუსტად ათვლას შეძლებდა, არ გააჩნდა.       უძველესი საათი მზის საათი იყო, რომელიც დროს მზის ჩრდილის მოძრაობის მიხედვით აითვლიდა. მისი ყველაზე დიდი ნაკლი ის იყო, რომ ასეთი საათით დროის ათვლა მხოლოდ მზიან ამინდში შეიძლებოდა. დაახლოებით 3500 წლის წინ ადამიანმა წყლის საათი გამოიგონა, სადაც დროის ათვლა ერთი ჭურჭლიდან მის ქვემოთ მდებარე ჭურჭელში გადასული წყლის რაოდენობის მიხედვით ხდებოდა. იმავდროულად ამავე პრინციპზე მომუშავე ქვიშის საათიც შექმნეს. ასეთ საათში წყალს ქვიშა ცვლიდა. პირველი მექანიკური, ქანქარიანი საათი მხოლოდ X ს-ის მიწურულს გაჩნდა.       ადამიანმა ძალზე ადრე შეამჩნია, რომ ყოველი ახალი მთვარიდან შემდგომ ახალ მთვარემდე ყოველთვის ერთი და იგივე დრო გადიოდა. ასე აღმოაჩინა მან დროის ახალი ერთეული თვე. თავდაპირველად თვე მთვარის იყო. სწორედ ამან განაპირობა, რომ თვის სახელწოდება მრავალ ენაში მთვარის სახელთანაა დაკავშირებული, მაგალითად, ბერძნულში მენე მთვარეს ნიშნავს, მენ — თვეს; ინგლისურში moon — მთვარეა, month — თვე; გერმანულში mond მთვარეა, monat — თვე; რუსულში месяц — მთვარესაც ნიშნავს და თვესაც; ქართულ სიტყვებს თვე/თუე-ს და მ-თუ-არ-ე-საც ერთი ძირი აქვთ. მთვარის თვის ხანგრძლივობა დროის იმ მონაკვეთის ტოლია, რომლის განმავლობაში მთვარე დედამიწის ირგვლივ ერთ შემობრუნებას უნდება. ეს დრო ადამიანის თავდაპირველი უხეში გამოანგარიშებით 30 დღეს უდრიდა.       მოგვიანებით, ჯერ კიდევ შუმერმა ასტრონომებმა მთვარის ასტრონომიული, ანუ სინოდალური თვე ზუსტად დაადგინეს (29 დღე, 12 სთ., 44 წთ., 2,6 წამი) და ის 29.5 დღით განისაზღვრა.       მიუხედავად ამისა, შუმერების აღმოჩენა იმჟამინდელ მსოფლიოში მყისიერად როდი გავრცელდა. ახალი ცოდნის ათვისებამდე ძველი მსოფლიოს სხვადასხვა ხალხებში მთვარის თვე ერთ ხანს კვლავაც ოცდაათდღიანი რჩებოდა. ადამიანი დედამიწის ირგვლივ მბრუნავ მთვარეს სხვადასხვა სისრულით ხედავს: ვიწრო ნამგლისებური, ნახევარი, არასრული და სრული მთვარე. ამას მთვარის ფაზები ეწოდება. მთვარის ეს ფაზები, როგორც ქვემოთ ვნახავთ, საფუძვლად დაედო ძველი ადამიანის მიერ თვის უფრო მომცრო ნაწილებად — კვირებად დაყოფას.       სეზონური ცვლილებებისადმი თვალისდევნება უძველესი ადამიანისათვის სასიცოცხლო მნიშვნელობის იყო, ვინაიდან ის სოფლის მეურნეობის ციკლს უკავშირდებოდა: ხვნა-თესვა, მკა, თიბვა, რთველი და სხვ. ბუნებრივია, ადამიანებმა ადრევე შეამჩნიეს, რომ გარკვეული თვეების განმავლობაში თბილი სეზონი ცხელი სეზონით იცვლება, ცხელი — გრილით, გრილი — ცივით და, რომ სეზონთა ასეთი ცვლა დაახლოებით თორმეტი მთვარის თვის გასვლის შემდეგ კვლავ მეორდებოდა. ასე აღმოაჩინა ადამიანმა დროის კიდევ ერთი საზომი ერთეული — მთვარის წელიწადი.       მთვარის წელიწადი, შუმერებმა ჯერ კიდევ 6 ათასი წლის წინ თორმეტ თვედ დაყვეს და მთვარის ასტრონომიული თვის მიხედვით წელიწადის ხანგრძლივობა 354/55 დღით განსაზღვრეს.       სხვა ხალხებში კი მაგალითად, ძველ ეგვიპტელებში წელიწადის ხანგრძლივობა ოცდაათდღიან მთვარის თვეზე დაყრდნობით კარგა დიდხანს კვლავ 360-დღიანი დარჩა.       თანდათანობით ადამიანები მიხვდნენ, რომ მთვარის წელიწადი არ იყო დროის იდეალური საზომი სასოფლო სამუშაოების წარმოებისათვის, ვინაიდან ყოველწლიურად ამ სამუშაოების დაწყების დრო წინა წელთან შედარებით დაახლოებით ათი დღით ინაცვლებდა. ამის მიზეზი ის არის, რომ სეზონების რეალურ ცვალებადობას, რომელიც მზის ციკლს და მზის, ანუ ასტრონომიულ წელიწადს შეესაბამება, მთვარის წელიწადი 10/11 დღით ჩამორჩება.       მზის ანუ ასტრონომიული წელიწადი ჯერ კიდევ ძველმა ეგვიპტელმა და ბაბილონელმა ასტრონომებმა — 365 დღით განსაზღვრეს, მაგრამ მათ მიერ გამოთვლილი მზის წელიწადი რეალურ ასტრონომიულ წელიწადს 5 სთ-ით, 48 წთ-ითა და 46 წამით ჩამორჩებოდა. ეს ცდომილება, როგორც ქვემოთ ვნახავთ, ძველეგვიპტელ სწავლულთა გამოთვლების საფუძველზე შედგენილ რომაულ-იულიუსის კალენდარმა მნიშვნელოვნად შეამცირა, მაგრამ ბოლომდე მაინც ვერ აღმოფხვრა. კვირა და კვირის დღეები.       უძველესი დროიდან ადამიანმა თვეების უფრო მცირე მონაკვეთებად, ანუ კვირებად დაყოფა დაიწყო. თავდაპირველად სხვადასხვა ხალხებში კვირა დღეების განსხვავებულ ოდენობას მოიცავდა. შვიდდღიანი კვირა პირველად შუმერებმა დაამკვიდრეს და მათგან ბაბილონელებმა გადაიღეს. ამას საფუძვლად მთვარის ოთხი ფაზის მონაცვლეობა დაედო. შვიდდღიანი კვირის ცალკეულ დღეებს ბაბილონელებმა და მათი გავლენით, საერთოდ, მსოფლიოს მრავალმა ხალხმა შვიდი მნათობი ღვთაების სახელი შეარქვა. ამ შვიდ მნათობღვთაებაში მხოლოდ იმჟამად ცნობილი ხუთი პლანეტა, მზე და მთვარეც მოიაზრებოდა, რომლებსაც ძველი ასტრონომები შეცდომით, პლანეტებად მიიჩნევდნენ.       სიტყვა პლანეტა — მოხეტიალეს ნიშნავს. ადამიანმა ჯერ კიდევ დიდი ხნის წინ შეამჩნია, რომ პლანეტების ცაზე მოძრაობა ვარსკვლავების მოძრაობისგან განსხვავდებოდა, ამიტომ მათ "მოხეტიალე" უწოდა. პლანეტების აღმნიშვნელი ძველქართული სიტყვა "ცთომილია", რაც აგრეთვე, მათ "მცდარ მოძრაობას" უკავშირდება.       ანტიკურ ხანაში ადამიანი მისთვის პლანეტებად მიჩნეულ შვიდ ციურ სხეულს (მზე, მთვარე და პლანეტები: მერკური, მარსი, ვენერა, იუპიტერი, სატურნი) აღმერთებდა. სხვა პლანეტებს ადამიანი XVI ს-მდე არ იცნობდა, რადგან მათი დანახვა შეუიარაღებელი თვალით შეუძლებელია.       ძველი ებრაელებიც, მეზობელი უძველესი შუამდინარეთის ხალხების შუმერებისა და ბაბილონელების გავლენით, იმთავითვე, თვეს შვიდდღიან მონაკვეთებად ყოფდნენ. ამას, უპირველეს ყოვლისა, "ძველი აღთქმა" მოწმობს, რომლის მიხედვით ღმერთმა სამყარო ექვსი დღის განმავლობაში შექმნა, მეშვიდე დღეს კი დაისვენა. ვინაიდან ებრაელებს მხოლოდ ერთი ღმერთი სწამდათ, ბუნებრივია, კვირის დღეებს ღვთაება-მნათობების სახელებს ვერ დაარქმევდნენ. ამიტომაც, სახელები დღეებს თავიანთი რელიგიური წესების შესაბამისად შეარქვეს: ძველ ებრაულად დასვენებას "შაბბათ" ეწოდება; ამიტომ იმ დღეს, როდესაც სამყაროს შექმნის (რომელიც 6 დღე გრძელდებოდა) შემდეგ, ღმერთმა დაისვენა, ებრაელებმა "შაბათი", ანუ დასვენების დღე უწოდეს და კვირის დანარჩენი ექვსი დღე შაბათიდან აითვალეს: შაბათის შემდეგ პირველი დღე, მეორე დღე, მესამე დღე და ა.შ.       კვირის დღეების ასეთი დასახელება ებრაელებიდან ძველმა სპარსელებმა გადაიღეს. სავარაუდოდ, ეს მაშინ უნდა მომხდარიყო, როდესაც აქემენიანთა სპარსეთის პირველმა მბრძანებელმა კიროსმა (ძვ. წ. VI ს.) ბაბილონი აიღო და ბაბილონის მეფის ნაბუქოდონოსორ II-ის მიერ დატყვევებული ებრაელები გაათავისუფლა.       ებრაელებისაგან განსხვავებით სპარსელებმა შაბათის, მათი გამოთქმით "შამბეჰის" შემდგომ დღეებს იექ(ერთი)შამბეჰი, დუ(ორი)-შამბეჰი, სე(სამი)-შამბეჰი და ა. შ. უწოდეს.       კვირის დღეების სახელების ეს სპარსული ვერსია შეითვისეს ჩვენმა წინაპრებმაც. ამიტომაც კვირის დღეების ერთ ნაწილს ქართულად დღესაც: ორშაბათი, სამშაბათი, ოთხშაბათი და ხუთშაბათი ეწოდება.       შვიდდღიანი კვირა ხმელთაშუაზღვისპირა ქვეყნებში ძვ. წ. I საუკუნისათვის უკვე საყოველთაოდ გავრცელდა. ებრაული წარმოშობის რომაელი ისტორიკოსი იოსებ ფლავიუსი ამის თაობაზე აღნიშნავს, რომ ხმელთაშუაზღვისპირეთში არცერთი ქალაქი და არცერთი ხალხი არ დარჩა, რომელიც მისი მშობლიური ხალხის (ანუ ებრაელების) მსგავსად, ყოველ მეშვიდე დღეს არ ისვენებდეს.       ქრისტიანობის გავრცელების შემდეგ რომაულ კალენდარში კვირის მეშვიდე, დასვენების დღეს, წარმართული პლანეტა-ღვთაება სატურნის სახელის ნაცვლად "საბბატუსი" ეწოდა, ვინაიდან რომაელები შაბათს "საბბატუს"-ად გამოთქვამდნენ. დანარჩენ დღეებს კი კვლავ ძველი მნათობი-ღვთაებების სახელები დარჩათ. რომის იმპერიის ბერძნულენოვან მოსახლეობაში კი, რომაელებისაგან განსხვავებით, კვირის დღეების წარმართული, ბერძნულ-რომაული მნათობ-ღვთაებების სახელები მთლიანად ებრაულის მსგავსად შეიცვალა, მხოლოდ ერთი განსხვავებით: ბერძნებმა შაბათის, ანუ ებრაული მეშვიდე დასვენების, იმავე "უფლის დღის" წინა, მეექვსე დღეს, პარასკევი შეარქვეს, რაც ბერძნული ზმნიდან "პარასეკო" მოდის და სიტყვასიტყვით "მომზადებას", ანუ "საუფლო დღისათვის" — შაბათისათვის მომზადებას ნიშნავს.       პარასკევის ეს სახელწოდება კიდევ ერთხელ ადასტურებს იმ ცნობილ ფაქტს, რომ თავდაპირველად ქრისტიანები, ებრაელების მსგავსად, "უფლის", ანუ დასვენების დღედ სწორედ შაბათს მიიჩნევდნენ.       325 წ-ის ნიკეის I მსოფლიო საეკლესიო კრებაზე დაისვა საკითხი, კვირის რომელი დღე ექციათ ქრისტიანებს დასვენების, ანუ უფლის დღედ. გადაწყდა, რომ ასეთად მზის დღე მიეჩნიათ, რომელიც, ბერძნულრომაულ წარმართულ კალენდარში, როგორც ვიცით, შაბათის შემდეგ პირველი დღე იყო. შესაბამისად, მზის დღეს ლათინურად "დომინიკუს", ბერძნულად კი კვირიაკე ეწოდა, რაც ამ ენებზე "ღვთის, უფლის დღეს" ნიშნავს. ამგვარად, ქრისტიანობის გავლენით რომაულ კალენდარში სახელები გადაერქვათ მხოლოდ კვირის მეშვიდე დღეს, რომელსაც შაბათი ეწოდა და პირველ, მზის დღეს, რომელსაც "დომინიკუს", ანუ უფლის დღე ეწოდა. ამიტომ რომაულის ანუ ლათინურისგან მომდინარე ფრანგულ, ესპანურ, პორტუგალიურ და ა.შ. ენებში საბატუსის და დომინიკუსის გარდა კვირის სხვა დღეებს კვლავაც ძველი წარმართული სახელები დარჩათ.       გერმანულენოვან ხალხებში, ანუ იმ ენებში, რომლებიც ძველი გერმანული ენიდან განვითარდნენ (საკუთრივ გერმანული, ინგლისური, ჰოლანდიური და ა.შ.) ებრაული "შაბათი" არ შესულა, ამიტომ ამ ენებში კვირის დღეებს ახლაც ნაწილობრივ ძველგერმანულ, ნაწილობრივ კი რომაულ წარმართ მნათობ-ღვთაებათა სახელები ეწოდებათ. საუკუნე და ათასწლეული.       დროთა განმავლობაში ადამიანმა დროის კიდევ ერთი დიდი საზომი ერთეული — საუკუნე შემოიღო. თავდაპირველად ამ ტერმინით იმ დროს აღნიშნავდნენ, რომელიც ერთი თაობის მეორე თაობით შეცვლას სჭირდება. ამიტომ, საუკუნე ძველ ებრაელებთან ორმოც წელს, ხოლო ძველ რომაელებთან ოცდათხუთმეტ წელს უდრიდა. შემდეგ რომაელები საუკუნედ უკვე 110 წელს ანგარიშობდნენ. ჯერ კიდევ დაახლოებით სამასი წლის წინათ ჩვენი წინაპრები სიტყვა საუკუნეს ათასწლეულის აღსანიშნავად ხმარობდნენ. საუკუნე ასი წლის მნიშვნელობით შედარებით გვიან დამკვიდრდა. რაც შეეხება დროის კიდევ ერთ საზომ ერთეულს ათასწლეულს, ის 10 საუკუნეს, ანუ 1000 წელს ნიშნავს. კალენდარი.       დროის დღე-ღამეებად, კვირებად, თვეებად, წელიწადებად აღრიცხვის სისტემას კალენდარი ეწოდება.       უძველესი დროიდან რელიგიური დღესასწაულები მთვარის ფაზების მიხედვით იყო აგებული. ამიტომ, პირველი კალენდარი, რომელიც ადამიანმა შექმნა, მთვარის კალენდარი იყო.       მთვარის კალენდარი რელიგიური დღესასწაულების გამოთვლებისათვის მოუხერხებელი აღმოჩნდა, ვინაიდან, როგორც გვახსოვს, მთვარის წელიწადი მზის ასტრონომიულ წელიწადზე 10/11 დღით ნაკლებია, ეს კი ახალ წელს, რელიგიურ დღესასწაულებსა და სეზონური სასოფლო-სამეურნეო სამუშაოების დაწყებას დროში ანაცვლებდა.       ამის თავიდან ასაცილებლად ძველმა ასტრონომებმა მთვარის კალენდრის მზის წელიწადთან მისადაგება დაიწყეს და მთვარე-მზის კალენდარზე გადავიდნენ.       იმისთვის, რომ მთვარე-მზის კალენდარი მზის ასტრონომიულ წელიწადს დიდად არ დაშორებოდა, დროდადრო კალენდარს მე-13 თვეს უმატებდნენ, რომელსაც ძველი ბერძნები "ემბოლისმურ", ანუ "ჩამატებულ თვეს" უწოდებდნენ.       ბაბილონური, იგივე ხამურაბის კალენდარი. შუმერები პირველები იყვნენ, რომლებმაც მთვარის კალენდარი მთვარე-მზის კალენდრით შეცვალეს. შუმერებისაგან მთვარე-მზის კალენდარი ბაბილონის ძველმა სამეფომ გადაიღო, რომლის პირველმა მეფემ — ხამურაბმა ის თავის სამეფოში სავალდებულოდ გამოაცხადა.       ებრაული კალენდარი. წარსულში მთვარე-მზის კალენდარს მრავალი ხალხი იყენებდა. დღეს ასეთ კალენდარს ოფიციალურად მხოლოდ ებრაელთა სახელმწიფოში, ისრაელში, ხმარობენ. ამ კალენდარს გარკვეული პერიოდულობით, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, დამატებითი მეცამეტე — "ემბოლისმური თვე" ემატება.       რომაული და ეგვიპტური კალენდრიდან თანამედროვე კალენდრამდე. ძველი რომაული კალენდარი. თავდაპირველად ძვ. წ. VIII ს-ში. რომაელებს ათთვიანი კალენდარი ჰქონდათ, რომელიც წელიწადს მხოლოდ გაზაფხულიდან ზამთრის დაწყებამდე მოიცავდა. ასეთი წელიწადი 304 დღისაგან შედგებოდა. წელიწადის დარჩენილ ზამთრის დღეებს რომაელები თვეებად არ ყოფდნენ და არც კალენდარში შეჰქონდათ. ისინი უბრალოდ ახალი გაზაფხულის დაწყებას ელოდებოდნენ, რომ წელიწადის თვეების ახალი ათვლა დაეწყოთ. დღეისათვის საყოველთაოდ გავრცელებული ზოგიერთი თვის სახელწოდება იმ შორეული წარსულიდან მოდის. რომაელთა უძველესი კალენდრით წელიწადი გაზაფხულზე იწყებოდა. მის პირველ თვეს, რომაელთა ომის ღმერთის მარსის პატივსაცემად, მარტიუსი (მარტი) ეწოდებოდა. შემდგომი თვე იყო აპრილისი (აპრილი), რომელიც ლათინურად, ანუ რომაულად კვირტის გამოსვლას, გაფურჩქვნას ნიშნავს. ეს თვე სილამაზისა და სიყვარულის ქალღმერთის — ვენერას თვედ მოიაზრებოდა.       აპრილის შემდგომ თვეს ნაყოფიერი მიწის ქალღმერთის მაიუსის (მაისი), ხოლო მის მომდევნოს, რომაელთა უმაღლესი ღვთაების იუპიტერის მეუღლის, გამარჯვების ქალღმერთ — იუნონას პატივსაცემად იუნიუსი (ივნისი) ეწოდებოდა. კალენდრის შემდგომ თვეებს სახელად რიცხვითი სახელები ჰქონდათ: კვინტილისი — მეხუთე, სექტილისი — მეექვსე, სეპტემბერი — მეშვიდე, ოქტობერი — მერვე, ნოვემბერი — მეცხრე, დეცემბერი — მეათე.       ძვ. წ. VII ს-ში რომაელებმა კალენდარს ორი თვე — იანუარიუსი (იანვარი) და ფებრუარიუსი (თებერვალი) დაუმატეს. პირველი სახელწოდება ორსახოვანი ღმერთის — იანუსის სახელიდან მოდის. შემდეგ თვეს კი ფებრიუსი რომაელებმა ქვესკნელის ღმერთის პატივსაცემად დაარქვეს. რომაელებს ლუწი რიცხვები არ უყვარდათ, რადგან ამ რიცხვებს, მათი აზრით, უბედურება მოჰქონდა. ამიტომ, ახალ კალენდარში ოთხი თვე 31 და შვიდი თვე 29 დღისაგან შედგებოდა. ერთადერთი თებერვალი იყო, რომელიც ლუწ, 28 დღეს ითვლიდა.       ამგვარად რომაელებმა სრული მთვარის, ანუ 355დღიანი კალენდარი მიიღეს, რომელსაც იმისათვის, რომ მზის ასტრონომიულ წელიწადს დიდად არ დაშორებოდა, დროდადრო მე-13, ემბოლისმურ თვეს უმატებდნენ.       მთვარის წელიწადი მზის ასტრონომიულ წელიწადზე, როგორც ვიცით, ნაკლებია. ამიტომ, პონტიფიკებმა, იგივე უმაღლესმა ქურუმებმა, რომლებიც რომში კალენდარს განაგებდნენ, ყოველ ორ წელიწადში ერთხელ ზამთრის ბოლოს მასში ემბოლისმური თვის შეტანა დაიწყეს. ამ დამატებითი თვის დღეების ოდენობასაც პონტიფიკები თვითონ ადგენდნენ. შესაბამისად, მათ ნებაზე იყო დამოკიდებული მომავალი ახალი წლის პირველი დღის გამოცხადებაც. ვინაიდან რომში უმაღლესი ხელისუფლება ყოველწლიურად იცვლებოდა, იმთავითვე რომის კალენდარი პოლიტიკური ინტრიგებისა და კორუფციის წყაროდ იქცა. ქურუმები, როდესაც რომის არჩევითი უმაღლესი სახელმწიფო თანამდებობები მათ ახლობლებს ეკავათ, წელიწადის ხანგრძლივობას დამატებითი დღეების შეტანით აგრძელებდნენ და პირიქით. წლის გახანგრძლივებას და ახალი წლის დაწყების დაგვიანებას სხვა, წმინდა ფინანსური ინტერესებიც განაპირობებდა. საქმე ის არის, რომ გადასახადებისა და ვალების გადახდა რომში ახალი წლის დასაწყისში ხდებოდა. ამიტომ, რომის მოქალაქეთა არცთუ მცირე ნაწილს ახალი წლის მოსვლა სულაც არ ეჩქარებოდა. ესეც კალენდრით მანიპულაციის დამატებითი მიზეზი ხდებოდა.       ამიტომაც, რომაული წელიწადი ასტრონომიულ წელიწადზე ხან ნაკლული იყო და ხანაც მას აჭარბებდა. შესაბამისად, პონტიფიკებიც კალენდარს ხან დაგროვილ ნამატ დღეებს აკლებდნენ, ხან კი ნაკლულს უმატებდნენ.       ყოველივე ამის წყალობით ძვ. წ. I ათასწლეულის I ნახევარში რომაული კალენდარი რეალური დროისაგან ისე განსხვავდებოდა, რომ მოსავლის აღების ზეიმი ზამთარზე მოდიოდა.       იმ პერიოდის რომაული კალენდრის პარადოქსებზე XVIII ს-ის ფრანგი განმანათლებელი და საზოგადო მოღვაწე ვოლტერი იუმორით აღნიშნავდა: "ძველი რომაელი მხედართმთავრები ყოველთვის იმარჯვებდნენ, თუმცა არ იცოდნენ, კალენდრის რომელ დღეზე მოდიოდა მათი გამარჯვება".       ძველეგვიპტური კალენდარი.       თავდაპირველად ძველი ეგვიპტელები ისევე, როგორც ყველა სხვა ხალხი, 360-დღიან, ანუ დამრგვალებულ მთვარის კალენდარს იყენებდნენ. ძველი ეგვიპტელები თვეების უმეტესობას თავიანთი ღმერთების სახელებს უწოდებდნენ. ისინი წელიწადს სამ: დატბორვის, ანუ ხვნა-თესვის, გამოჩენის, ანუ მოსავლის აღების და გვალვის ოთხ-ოთხ თვიან სეზონებად ყოფდნენ.       მთვარის კალენდარი ყოველდღიურ ცხოვრებაში ისეთი მიწათმოქმედი ხალხისათვის, როგორიც ძველი ეგვიპტელები იყვნენ, ძალზე მოუხერხებელი იყო იმიტომ, რომ ის სეზონურ ცვალებადობას, რომელზედაც ნილოსის წყალდიდობა იყო დამოკიდებული, ვერ ასახავდა.       ეგვიპტელმა ქურუმებმა თანდათან შეამჩნიეს, რომ ცაზე ყველაზე კაშკაშა ვარსკვლავის — სირიუსის გამოჩენა, რომელსაც ისინი "სოტის" ეძახდნენ, ყოველთვის ზაფხულის მზებუდობას — 19 ივლისს და ეგვიპტეში ნილოსის ადიდების დაწყებას ემთხვეოდა. ნილოსის ყოველწლიური ადიდების დასაწყისი ეგვიპტეში უდიდესი მნიშვნელობის მოვლენა იყო, რადგან ამ დღიდან სასოფლო-სამეურნეო სამუშაოები იწყებოდა. ამიტომ, ქურუმები სირიუსის ცაზე გამოჩენას ხალხს საზეიმოდ ამცნობდნენ.       თანდათანობით, ცაზე დაკვირვების შედეგად, ეგვიპტელებმა სირიუსის პირველად გამოჩენის და ზაფხულის მზებუდობის დღის გამოთვლა შეძლეს. ამან ეგვიპტელებს მზის კალენდრის შემუშავების საშუალება მისცა.       ამგვარად, შუმერების კვალდაკვალ ძველი ეგვიპტელი ასტრონომებიც მივიდნენ იმის ცოდნამდე, რომ მთვარის ასტრონომიული წელიწადი 354/355, მზის ასტრონომიული წელი კი 365 დღისაგან შედგებოდა. როგორც ვიცით, მზის ასტრონომიული წელი იმხანად აბსოლუტური სიზუსტით ვერ იყო გამოთვლილი. მიუხედავად ამისა, მზის კალენდარი ბევრად მოხერხებული იყო. ამან ეგვიპტელ ქურუმებს კალენდრის რეფორმა და მზის კალენდარზე გადასვლა აფიქრებინა.       მიუხედავად ამისა, ძველი ეგვიპტელების შეგნებაში 360-დღიანი მთვარის კალენდარი იმდენად მყარად იყო გამჯდარი, რომ ქურუმებს ღმერთების ავტორიტეტის მოშველიება და ლამაზი მითის შექმნა დასჭირდათ, რათა კალენდარში ხუთი დღის დამატება გაემართლებინათ.       ეგვიპტური მითის თანახმად, დედამიწის ღმერთის გების მეუღლე, ცის ქალღმერთი — ნუტი ღამღამობით შვილებს — ცის ვარსკვლავებს — აჩენდა, რომელთაც ყოველ დილას თავადვე ყლაპავდა. მაშინ გაბრაზებულმა მზის ღმერთმა რამ ქალღმერთს წელიწადის ყველა დღეს ახალი შვილების გაჩენა აუკრძალა. მაშინ ნუტიმ დახმარებისათვის სიბრძნისა და მეცნიერების ღმერთს თოთის მიმართა. თოთიმ ქალღმერთი ნუტისათვის რომ ეშველა, კოჭის თამაშში მთვარის ქალღმერთს წელიწადის 1/75, ანუ ხუთი დღე მოუგო. ამან ქალღმერთ ნუტის ხუთი შვილის შობის საშუალება მისცა. მათი დაბადების დღეები მთვარის ქალღმერთიდან მზის ღმერთ რას გადაეცა. ამით მზის წელიწადი ხუთი დღით დაგრძელდა, ხოლო მთვარის წელიწადი ხუთი დღით შემცირდა. მზის კალენდრისათვის დამატებულ დღეებს ძველი ეგვიპტელები ქალღმერთ ნუტის ამ ხუთი შვილის სახელს ეძახდნენ, რომლებიც, ეგვიპტური მითოლოგიის თანახმად, სიკვდილის შემდეგ ღმერთებად იქცნენ.       ეგვიპტელებს არც მთვარის კალენდარი დავიწყებიათ. ხუთი დღით, ანუ 355 დღემდე შემცირებულ მთვარის კალენდარს ისინი რელიგიური რიტუალებისათვის ქრისტიანობის მიღებამდე იყენებდნენ.       როგორც ვიცით, მზის წელიწადი 365 დღეს აღემატება. ასე რომ, ძველი ეგვიპტური კალენდარი ასტრონომიულ დროს წელიწადში სულ ცოტა 1/4 დღით ჩამორჩებოდა, რაც თანდათანობით დიდი გაუგებრობის მიზეზი ხდებოდა, ვინაიდან ზაფხულისა და ზამთრის დღესასწაულები მნიშვნელოვნად ინაცვლებდნენ.       ძვ. წ. III ს-ში, ფარაონ ევერგეტის ხანაში, ეგვიპტელთა კალენდარი კიდევ ერთხელ გასწორდა და მას ერთი დღე დაემატა. ეს დღე ყოველ ოთხ წელიწადში ერთხელ კალენდარს ბოლო თვის გასვლის შემდეგ ემატებოდა და მიცვალებულთა ხსოვნასა და ცოდვათა მონანიებას ეთმობოდა.       ფარაონის ბრძანებულების მიუხედავად ეგვიპტელებმა ახალი კალენდარი არ მიიღეს და თითქმის ორ საუკუნეზე მეტ ხანს ცხოვრებას კვლავ ძველი კალენდრით განაგრძობდნენ.       მხოლოდ ახალი და ძველი წელთაღრიცხვების მიჯნაზე, რომის კეისრის ოქტავიანე ავგუსტუსის ბრძანებით, რომელმაც მანამდე ეგვიპტე საბოლოოდ დაიქვემდებარა, ეგვიპტელები ახალ კალენდარზე გადავიდნენ, რომელსაც საფუძვლად რომაული, იგივე იულიუსის კალენდარი დაედო.       იულიუსის კალენდრის ამ ეგვიპტურ ვარიანტს ალექსანდრიული კალენდარი ეწოდა. მას ქრისტიანი ეთიოპელები და კოპტები დღესაც იყენებენ.       იულიუსის კალენდარი. პარადოქსი ისაა, რომ ეს ახალი რომაული, ანუ იულიუსის კალენდარი, რომელიც ოქტავიანე ავგუსტუსმა ეგვიპტეში დანერგა, ძველეგვიპტელების მიერ ორი საუკუნის წინ დაწუნებულ ევერგეტის კალენდარს ეფუძნებოდა.       ამ კალენდარს რომის სახელგანთქმული უმაღლესი ხელისუფალი იულიუს კეისარი ეგვიპტეში ყოფნის დროს გაეცნო. მან, როგორც ირკვევა, კალენდართან დაკავშირებით საკუთარი მოსაზრებაც რამდენიმე ნაშრომად გამოაქვეყნა. ამიტომ შემთხვევითი არაა, რომ იულიუს კეისარმა რომის ახალი კალენდრის შედგენა ალექსანდრიელ ეგვიპტელ სწავლულს, სოზიგენეს დაავალა.       სოზიგენეს მიერ ძვ. წ. 46 წელს შემუშავებული კალენდარი საფუძვლად უდევს თანამედროვე კალენდარს. მას იულიუს კეისრის სახელის მიხედვით, იულიუსის კალენდარი ეწოდება.       იულიუსის კალენდრით წელიწადის ხანგძლივობა 365, 25 დღით განისაზღვრა. ამიტომ 365-დღიან კალენდარს ყოველ მეოთხე წელს ერთი დღე ემატებოდა. კალენდარი 12 თვისაგან შედგებოდა, სადაც კენტი თვეები 31, ლუწი თვეები კი — 30 დღეს მოითვლიდა. მხოლოდ თებერვალი, მათგან განსხვავებით, ჩვეულებრივ 29, ხოლო ნაკიან წელს 30 დღეს მოიცავდა. წელიწადის თვეებს კვლავ ძველი რომაული სახელები დარჩათ.       ახალი კალენდარი ძალაში ძვ. წ. 45 წელს შევიდა. იმ წელს ახლად არჩეულმა რომის უმაღლესმა სახელმწიფო მოხელეებმა — კონსულებმა თავიანთი თანამდებობის აღსრულება 1 იანვარს დაიწყეს, ამიტომ ეს დღე, იულიუსის კალენდრით, ახალი წლის დასაწყისად გამოცხადდა. ასე ჩაეყარა საფუძველი ახალი წლის 1 იანვრიდან დაწყების ტრადიციას.       რომის სენატმა ახალი კალენდრის დამკვიდრების საქმეში და, საერთოდ, რომაელი ხალხის წინაშე დიდი დამსახურებისათვის, კალენდრის მე-7 თვედ ქცეულ ძველ მეხუთე, კვინტილიუსის თვეს იულიუს კეისრის სახელი იულიუსი (ივლისი) უწოდა.       იულიუს კეისრის შეთქმულთა ხელით სიკვდილის შემდეგ, პონტიფიკებმა, რომელთაც რომში, კალენდარზე თვალყურის დევნება ევალებოდათ, ახლად მიღებულ კალენდარში ნაკიან წელიწადად ყოველი მეოთხე წლის ნაცვლად, ყოველი მესამე წელიწადი გამოაცხადეს, რაც კალენდრის ასტრონომიულ საფუძველს ეწინააღმდეგებოდა.       ქურუმების ეს შეცდომა იულიუს კეისრის მემკვიდრემ, რომის იმპერატორმა, ოქტავიანე ავგუსტუსმა, ანუ ღვთაებრივმა გამოასწორა. მისი ბრძანებით, 16 წლის განმავლობაში ძვ. წ. 9 წლიდან ახ. წ. 7 წლის ჩათვლით, ნაკიანი წლები აღარ აღინიშნებოდა. იულიუსის კალენდარი სრული სახით მხოლოდ ახ. წ. 8 წელს აღდგა.       რომის სენატმა ოქტავიანე ავგუსტუსის კალენდრის წინაშე ეს ამაგი და, ზოგადად, რომაელი ხალხის წინაშე დამსახურება იმით უკვდავყო, რომ ივლისის მომდევნო, კალენდრის მე-8 თვეს მისი ტიტული — ავგუსტუსი (აგვისტო) უწოდა. თანაც ამ 30-დღიან თვეს 31-ე დღე დაუმატა, რომელიც წელიწადის მეორე თვეს, ფებრიარუსს (თებერვალი) ჩამოაკლო. კალენდრის ცვლილება ამაზე არ შეჩერებულა. სამი თვე: ივლისი, აგვისტო და სექტემბერი ზედიზედ 31-დღიანი რომ არ ყოფილიყო, სექტემბერს 31-ე დღე ჩამოართვეს და ოქტომბერს დაუმატეს. ამის შემდეგ ცვლილება იულიუსის კალენდარში აღარ შესულა.       325 წელს ნიკეის I მსოფლიო საეკლესიო კრებამ იულიუსის კალენდარი ქრისტიანებისათვის სავალდებულოდ გამოაცხადა. ამ დროისათვის გაზაფხულის ბუნიობა 21 მარტზე მოდიოდა. ეს ქრისტიანულ ეკლესიას აღდგომის დღის გამოანგარიშებას უადვილებდა. ნიკეის კრების დადგენილების მიუხედავად, იულიუსის კალენდარი სხვადასხვა ქრისტიანულ ქვეყნებში სულ სხვადასხვა დროს დამკვიდრდა.       ერთ-ერთი პირველები ქრისტიან ხალხებს შორის, რომლებმაც იულიუსის კალენდარი მიიღო, ქართველები იყვნენ, მათ ახალი კალენდრით, მანამდე საქართველოში გავრცელებული, ძველი სპარსული კალენდარი ჩაანაცვლეს.       გრიგორიანული კალენდარი.       იულიუსის კალენდრის წელიწადი ასტრონომიულზე 11 წუთითა და 14 წამით ნაკლები აღმოჩნდა, რაც ყოველ 128 წელიწადში ერთი დღეღამის განსხვავებას იძლეოდა. ამის გამო, გაზაფხულის ბუნიობა კალენდრის მიხედვით სულ უფრო და უფრო უკან ინაცვლებდა. ეს დღე XVI ს-ში 21 მარტის ნაცვლად 11 მარტზე მოდიოდა. იულიუსის კალენდრის უზუსტობა განსაკუთრებით თვალში საცემი XIV ს-დან გახდა.       კალენდარში არსებული უზუსტობის შესახებ პირველად აზრი XIV ს-ის დასაწყისში ბიზანტიელმა სწავლულებმა გამოთქვეს, რომლებმაც ბიზანტიის კეისარს კალენდრის რეფორმა შესთავაზეს.       მათ კეისარს ყურადღება იმ ფაქტზე მიაქცევინეს, რომ გაზაფხულის ბუნიობა 21 მარტზე უკვე აღარ მოდიოდა და, შესაბამისად, აღდგომის დღეც იგვიანებდა, მაგრამ ამას კეისრის მხრიდან გამოხმაურება არ მოჰყოლია.       კალენდრის რეფორმის აუცილებლობას კათოლიკური ეკლესიაც ხედავდა. XV ს-ის 70-იან წლებში ამ მიმართულებით რომის პაპის მცდელობა მარცხით დამთავრდა, ვინაიდან რეფორმის გატარების მიზნით რომში სპეციალურად მიწვეული გამოჩენილი ასტრონომი და მათემატიკოსი მოულოდნელად გარდაიცვალა, რამაც კალენდრის რეფორმა ას წელზე მეტი ხნით გადადო.       1582 წელს რომის პაპმა გრიგოლ XIII-მ კალენდრის რეფორმის გასატარებლად პროექტების განხილვა სპეციალურ კომისიას დაავალა. კალენდრის რეფორმის პროექტების განმხილველ კომისიაში იმ ხანის გამოჩენილი მეცნიერები შედიოდნენ. კომისიამ შეთავაზებული პროექტები განიხილა და გამარჯვებულად ცნობილი იტალიელი ექიმი და მათემატიკოსი ლუიჯი ლილიო აღიარა. თვით ალიოზი იმ ხანად გარდაცვლილი იყო და პროექტი კომისიას მისმა ძმამ წარუდგინა.       ლუიჯის პროექტზე დაყრდნობით, იმავე 1582 წლის 24 თებერვალს გრიგოლ XIII-მ სპეციალური დადგენილებით კალენდარში ცვლილებები შეიტანა. იმ ხანად იულიუსის კალენდრის ცდომილება ათ დღეს შეადგენდა. ამიტომ რომის პაპის ბრძანებით, 1582 წლის 5 ოქტომბერი 15 ოქტომბრად გამოცხადდა. ამით საგაზაფხულო ბუნიობა კვლავ 21 მარტზე მოვიდა.       მიუხედავად იმისა, რომ ლუიჯი ლილიო იყო ახალი კალენდრის შემქმნელი, მას რეფორმის ორგანიზატორის და სულის ჩამდგმელის რომის პაპის გრიგოლ XIII-ის სახელის მიხედვით გრიგორიანული კალენდარი ეწოდა.       გრიგორიანული კალენდრის შემოღების შემდეგ იულიუსის კალენდრით დროის აღნიშვნას ძველი სტილი, ხოლო გრიგორიანული კალენდრით აღნიშვნას ახალი სტილი ეწოდა.       ახალი კალენდარი, თავდაპირველად, მხოლოდ კათოლიკურ ქვეყნებში გავრცელდა. სხვაგან კი ამ კალენდრის შემოღებას ათეულობით, ზოგან კი ასეულობით წელი დასჭირდა.       ევროპის იმ ქვეყნებში, სადაც ამ დროისათვის კათოლიკური ეკლესიის წინააღმდეგ მიმართულმა ახალმა ქრისტიანულმა მიმდინარეობამ — პროტესტანტიზმმა მოსახლეობის უმრავლესობა მოიცვა, ერთ ხანს ასეთი ლოზუნგიც კი გაისმოდა: "უმჯობესია მზეს დავშორდეთ, ვიდრე რომის პაპს შევუერთდეთ". უფრო მეტიც, ზოგ პროტესტანტულ ქვეყანაში ახალი კალენდრის შემოღებას სახალხო მღელვარებები და აჯანყებებიც კი მოჰყვა. ერთ-ერთი ასეთი ქვეყანა ლატვია იყო, სადაც რეჩპოსპოლიტას მეფის ბრძანებულებას, ახალი კალენდრის შემოღების შესახებ, დიდი მღელვარება მოჰყვა. მღელვარება მალე აჯანყებაში გადაიზარდა, რაც აჯანყების მეთაურების სიკვდილით დასჯით დასრულდა.       პროტესტანტულ ინგლისში ახალი კალენდარი ძალაში მხოლოდ 1752 წლის 1 იანვრიდან შევიდა. მანამდე ამ ქვეყანაში ახალი წელი 25 მარტიდან იწყებოდა. ახალი კალენდრის შემოღების მიზნით ახალი წლის დასაწყისი ინგლისში 25 მარტიდან 1 იანვარს გადაიტანეს. ასე რომ, 1751 წელი მხოლოდ 282-დღიანი აღმოჩნდა.       ახალი კალენდრის შემოღებით უკმაყოფილო ინგლისელები ამ რეფორმის გამტარებელ დიდმოხელეს ერთ ხანს ყვირილით: "დაგვიბრუნე ჩვენი სამი თვე" — ხვდებოდნენ.       ახალ სტილზე საქართველო 1918 წლის 18 აპრილიდან გადავიდა. ამ დროს განსხვავება ძველ და ახალ სტილს შორის უკვე 13 დღეს შეადგენდა. ამიტომ 18 აპრილი 1 მაისად გამოცხადდა.       თანდათანობით გრიგორიანული კალენდარი მართლმადიდებლური საბერძნეთის, რუმინეთის, ბულგარეთისა და კონსტანტინოპოლის (ახლანდელი სტამბული) საპატრიარქოებმაც მიიღეს და ახალ სტილზე გადავიდნენ.       ძველ სტილზე მხოლოდ ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებს: საქართველოს, რუსეთის, ბელორუსიის, უკრაინის და აგრეთვე, სერბეთის მართლმადიდებელი ეკლესიები დარჩა, რის გამოც ეს ქვეყნები შობას ძველი სტილით — 7 იანვარს, ახალ წელს კი—14 იანვარს აღნიშნავენ.       ძველი სპარსული კალენდარი.       სპარსეთის კალენდარი აქემენიანების ხანაში ძირითადად ბაბილონის კალენდარს ეყრდნობოდა. ის 360 დღისა და 12 თვისაგან შედგებოდა, რომელშიც დროდადრო დამატებითი XIII თვე შეჰქონდათ. ეგვიპტური ტრადიციის გავლენით თვეებს ღმერთების სახელები ეწოდებოდათ. სასანიანთა მმართველობის დასაწყისშივე შაჰმა არდაშირმა 365-დღიანი კალენდარი შემოიღო, რომელიც ძველი ეგვიპტური კალენდრის უფრო დიდ გავლენას განიცდიდა. ეს კალენდარი ძველი ეგვიპტურის მსგავსად, 30-დღიანი 12 თვისაგან შედგებოდა, რომელსაც კიდევ 5 დღე ემატებოდა. ახალი კალენდარი დიდ წინააღმდეგობას შეხვდა, რადგან მთელი რიგი ზოროასტრული დღესასწაულების აღნიშვნაში უხერხულობას იწვევდა. მაგალითად, ზოგიერთი დღესასწაული წელიწადში ორჯერაც კი მოდიოდა. ამიტომ შაჰი არდაშირის შვილიშვილმა ჰორმიზდ I-მა კალენდრის ახალი რეფორმა გაატარა. ამ კალენდრითაც წელიწადი 365 დღისაგან შედგებოდა; ამიტომ, ყოველი 120 წლის შემდეგ მასში დამატებითი ერთი თვე უნდა შეეტანათ.       მუსლიმური კალენდარი.       მუსლიმური კალენდარი არაბების გამუსლიმებასთან ერთად შეიქმნა, შემდეგ კი, მუსლიმური რელიგიის მსოფლიოში გავრცელების კვალდაკვალ, მთელი მუსლიმური სამყარო მოიცვა.       არაბებს მუჰამედის ეპოქამდე მთვარე-მზის კალენდარი ჰქონდათ, რომელიც, სავარაუდოდ, ებრაელებისაგან გადაიღეს. მზე-მთვარის კალენდარი დროდადრო, როგორც გვახსოვს, თვეების დამატებას ითხოვდა. მუსლიმური რელიგიის ფუძემდებელი მუჰამედი კალენდარში თვეების დამატების წინააღმდეგ გამოვიდა, რაც ყურანის მეცხრე სურის 36-37 "აიიებში" — მუხლებში აისახა. ასე რომ, თვეების დამატების აკრძალვის შემდეგ, არაბთა მთვარე-მზის კალენდარი მხოლოდ მთვარის კალენდრად იქცა.       ოფიციალურად მუსლიმური მთვარის კალენდარი არაბთა სახალიფოში 638 წელს რიგით მეორე ხალიფამ — ომარმა შეიტანა. ჯერ კიდევ VII საუკუნეში, მუჰამედის ერთერთი მიმდევარი მთვარის 354 დღიანი კალენდრის ჭეშმარიტებას შემდეგნაირად ასაბუთებდა: "ალაჰმა 360-დღიანი წელი შექმნა, შემდეგ კი ამ წელიწადიდან ის ექვსი დღე გამორიცხა, რომელიც მან ცისა და დედამიწის შექმნას მოანდომა. ამიტომ, ეს დღეები წელიწადში აღარ შედიან".       მთვარის კალენდარი მზის კალენდარზე, როგორც ვიცით, 10/11 დღით ნაკლებია; ამიტომ მუსლიმებთან ახალი წელი წელიწადის ნებისმიერ დროს შეიძლება დაიწყოს. ამავე მიზეზით, რელიგიური დღესასწაულები, რომლებიც ადრე ზამთარზე მოდიოდა, შემდეგ ზაფხულში ინაცვლებს და — პირიქით. მსოფლიოში ყველაზე ზუსტი კალენდარი.       XI საუკუნის 80-იან წლებში სპარსეთის სელჩუკი სულთნის — მალიქ შაჰის ბრძანებით ცნობილი მათემატიკოსის, ასტრონომისა და პოეტის ომარ ხაიამის მეთაურობით საგანგებო კომისია შედგა, რომელმაც სპარსეთისა და, ზოგადად, სელჩუკთა იმპერიისათვის ახალი კალენდარი შექმნა.       ეს კალენდარი 1079 წლის 15 მარტს ძალაში შევიდა. ვინაიდან კალენდარი მალიქ შაჰის დავალებით შეიქმნა, მალიქ შაჰის საპატიო სახელის ჯალალ-ად-დინის მიხედვით ჯალალ-ად-დინის კალენდარი ეწოდა. ამ კალენდარში წელიწადი 365 დღისაგან შედგებოდა, რომელსაც ყოველ 33 წლიან მონაკვეთში რვა ნაკიანი წელი (366 დღე) ჰქონდა.       ჯალალ-ად-დინის კალენდარი ჩვენს თანამედროვე, გრიგორიანულ კალენდარზე უფრო ზუსტია, ვინაიდან, თუ თანამედროვე კალენდარი ერთი დღე-ღამის ცდომილებას ყოველ 3500 წელში იძლევა, ომარ ხაიამის კალენდარი ასეთ ცდომილებას მხოლოდ 5500 წლის გასვლის შემდეგ გვაძლევს.       მიუხედავად ასეთი სიზუსტისა, ომარ ხაიამის კალენდარი თავის დროზე სპარსეთის გარეთ ფართოდ ვერ გავრცელდა. მაინც საინტერესოა აღინიშნოს, რომ ამ კალენდრის მეცნიერულ-ასტრონომიული მონაპოვარი კაცობრიობისათვის სრულიად გამოუყენებელი როდი დარჩა. ძნელი დასაჯერებელია, მაგრამ ფაქტია, რომ სპარსეთში XI საუკუნეში შექმნილ და შემდგომში მივიწყებულ კალენდარს, ექვს საუკუნეზე მეტი ხნის შემდეგ მიმდევრები საფრანგეთში გამოუჩდნენ!       საფრანგეთის დიდი რევოლუციის ხანაში, როდესაც რევოლუციურმა ხელისუფლებამ წარსულთან სრული გამიჯვნა და ახალი, რევოლუციური კალენდრის შექმნა გადაწყვიტა, მას საფუძვლად სწორედ ომარ ხაიამის კალენდარი დაუდო. ერა ანუ წელთაღრიცხვა.       ისტორიული დროის აღრიცხვას — წელთა აღრიცხვას საწყისი დრო, ათვლის წერტილი, ანუ ერა ესაჭიროება. ერა არის მოვლენა, საიდანაც იწყება წელთაღრიცხვა. ასეთი ათვლის წერტილის გარეშე, ჩვენ ვერ გავიგებდით თუ როდის მოხდა ესა თუ ის ისტორიული მოვლენა და რამდენი წელი აშორებს მას ჩვენს დრომდე.       თავდაპირველად სხვადასხვა ხალხები დროის ათვლის საწყის წერტილად, თავიანთი წელთაღრიცხვის დასაწყისად, ანუ ერად სულ სხვადასხვა ისტორიულ მოვლენას იღებდნენ.       1. ერად მეფეების ან დინასტიების მმართველობის საწყისი წლის გამოყენება.       ძველი აღმოსავლეთის ქვეყნებში, შუმერებთან, ძველი ბაბილონის სამეფოში, ხეთების სამეფოში, ეგვიპტეში, ჩინეთში ფართოდ იყო გავრცელებული მოვლენების დათარიღება მეფეთა მართვა-გამგებლობის ანუ ზეობის წლების მიხედვით. ახალი მეფის ტახტზე ასვლა წელთაღრიცხვის დასაწყისად მიიჩნეოდა, რომელიც მისი გარდაცვალებისთანავე წყდებოდა. ასეთი ერა, ბუნებრივია, შედარებით ხანმოკლე პერიოდისათვის გამოიყენებოდა.       ძველი ეგვიპტელები თავიანთი წელთაღრიცხვის დასაწყისად გაერთიანებული ეგვიპტის სამეფოს პირველი ფარაონის — მენესის აღზევების წელს მიიჩნევდნენ, რომელიც დაახლოებით ძვ. წ. 5000 წლის წინათ ცხოვრობდა. მენესიდან მოყოლებული ისტორიულ დროს დინასტიებისა და ფარაონების ზეობის წლებით ანგარიშობდნენ.       ჩინეთშიც უძველესი დროიდან არცთუ შორეულ წარსულამდე ფართოდ იყო გავრცელებული ისტორიული მოვლენების სამეფო დინასტიებითა და იმპერატორების ზეობის წლებით დათარიღება. ტრადიციული ჩინური ერა ლეგენდარული იმპერატორის იაოს ტახტზე ასვლის წლიდან იღებს სათავეს.       ძველი ბერძნები მრავალრიცხოვან ქალაქ-სახელმწიფოებში, პოლისებში, ცხოვრობდნენ. ამიტომ დროის ათვლას სხვადასხვა ქალაქ-სახელმწიფო სხვადასხვანაირად აწარმოებდა. მაგალითად, ათენში წლების ათვლა, აღმასრულებელი ხელისუფლების მეთაურის — არქონტების სახელების მიხედვით ხდებოდა. არქონტები კალენდარზეც იყვნენ პასუხისმგებელნი.       რომაელები რესპუბლიკის ხანაში წლებს რომის უმაღლესი მოხელეების — კონსულების მიხედვით ითვლიდნენ, რომლებიც ყოველწლიურად ირჩეოდნენ. დროის ათვლის ამ წესს თავისი მნიშვნელობა არც რომის იმპერიის ხანაში დაუკარგავს.       ასურელები, რომაელებისა და ძველი ბერძნებისაგან განსხვავებით, ყოველ წელს საკუთარ სახელს უწოდებდნენ. წლისათვის სახელების შერქმევა იმ საგანგებო მოხელის — "ლიმუ"-ს მიხედვით ხდებოდა, რომელიც ყოველწლიურად იცვლებოდა.       2. ერად საზოგადოების ცხოვრების უმნიშვნელოვანესი მოვლენის მიჩნევა.       ძველ ხალხებში გავრცელებული იყო ერად ქალაქის, ან სახელმწიფოს დაარსების, მნიშვნელოვანი გამარჯვების, სპორტული შეჯიბრებების გამართვის თარიღის ან საზოგადოებისათვის სხვა უმნიშვნელოვანესი მოვლენის გამოყენება.       ბაბილონის ტყვეობით დათარიღება. მეცნიერები ვარაუდობენ, რომ ერთ-ერთი ერა ძველ ებრაელებს ძვ. წ. VI საუკუნის დასასრულიდან ჰქონდათ და ის ებრაელთა ისტორიის ისეთ მნიშვნელოვან ფაქტს უკავშირდებოდა, როგორიც ბაბილონის მეფის, ნაბუქოდონოსორ II-ის მიერ ებრაელთა დატყვევება და მათი თავის დედაქალაქ ბაბილონში გადასახლება იყო. ებრაელთა ძველი ისტორიის ეს უმნიშვნელოვანესი მოვლენა, რომელიც "ბაბილონის ტყვეობის" სახელითაა ცნობილი, ზოგიერთ ძველ ებრაელ და ბერძენ მწერალთან და ისტორიკოსთან ტყვეობის შემდეგ მომხდარი მოვლენების დასათარიღებლად გამოიყენება.       ოლიმპიადებით დათარიღება. ძვ. წ. IV ს-ში მთელ ბერძნულ სამყაროში გავრცელდა ერთიანი წელთაღრიცხვა, რომლის ერა ოლიმპიური თამაშები იყო. ეს თამაშები ოთხ წელიწადში ერთხელ იმართებოდა და მთელ ბერძნულ სამყაროში უდიდესი პოპულარობით სარგებლობდა. ძველი ბერძნები ყოველ ოლიმპიადას თანამიმდევრობით ზუსტად აღნუსხავდნენ. ოლიმპიური ერა დროის ათვლას I ოლიმპიადის გამართვის დღითა და თარიღით იწყებს, რომელიც თანამედროვე ქრონოლოგიით ძვ. წ. 776 წლის 1 ივლისს შეესაბამება.       ქრისტიანობის მიღების შემდეგ რომის იმპერატორებმა ოლიმპიური თამაშების გამართვა აკრძალეს. მიუხედავად ამისა, ის ბერძნულ-ბიზანტიურ სამყაროში წელთაღრიცხვისათვის კიდევ რამდენიმე საუკუნე გამოიყენებოდა.       ქალაქ რომის დაარსების წელი, როგორც ერა. კონსულების რიგის მიხედვით წლების დათარიღების პარალელურად, ძვ. წ. I საუკუნეში რომში ერად ქალაქ რომის დაარსების წელი განისაზღვრა. ეს ერა ძველ ბერძნულ ოლიმპიურ ერას დაეფუძნა. რომაელ სწავლულებს შორის აზრთა სხვაობა იყო იმასთან დაკავშირებით, თუ IV ოლიმპიადის რომელი წელი ჩაეთვალათ რომის დაარსების თარიღად, ანუ რომის დაარსებიდან ერის დასაწყისად. მარკუს კატონი მიიჩნევდა, რომ რომი თანამედროვე წელთაღრიცხვაზე გადაყვანით ძვ. წ. 753 წლის 21 აპრილს დაარსდა, ხოლო ვარონის მიხედვით ამ ქალაქის დაარსების და შესაბამისი ერის დაწყების თარიღად ძვ. წ. 754 წლის 21 აპრილი უნდა მიეჩნიათ. თავდაპირველად, რომაელები მხარს კატონის მოსაზრებას უჭერდნენ. ამიტომაც რომის 800 წელი ახ. წ. 47 წელს დიდი ზეიმით გადაიხადეს. შემდგომში უპირატესობა ვარონის თვალსაზრისს მიენიჭა და რომის 1000 წლის იუბილე უკვე ახ. წ. 248 წელს იზეიმეს.       3. ერები, რომლებიც მსოფლიო რელიგიებს უკავშირდება.       ყველაზე უფრო მყარი აღმოჩნდა ისეთი ერები, რომლებიც მსოფლიო რელიგიებს უკავშირდება.       ნირვანას ერა. მსოფლიო რელიგიებთან დაკავშირებული ერთ-ერთი ყველაზე ძველი ერა ინდოეთში ბუდიზმის წიაღში წარმოიშვა. მას ნირვანას ერა ეწოდება. ერად ბუდის გარდაცვალება — ძვ. წ. 543 წ. მიიჩნევა.       დასაბამითგან წელთაღრიცხვა. ალექსანდრე მაკედონელის ლაშქრობების შემდეგ, ევრაზიის დიდი ნაწილი ერთ გეოპოლიტიკურ სივრცეში გაერთიანდა, რამაც იმჟამინდელი სწავლულების წინაშე სხვადასხვა ქვეყნებში, სხვადასხვა დროს მომხდარი და, შესაბამისად, სხვადასხვა ქრონოლოგიით დათარიღებული მოვლენების სინქრონიზაციის, ანუ ურთიერთშესაბამისობაში მოყვანისა და ერთიან ქრონოლოგიურ ჩარჩოში მოქცევის ამოცანა დააყენა. ანტიკურ სწავლულთა სანაქებოდ უნდა ითქვას, რომ მათ ამ ურთულეს ამოცანას თავი საკმაოდ წარმატებულად გაართვეს.       ალექსანდრე მაკედონელის მიერ ეგვიპტეში დაარსებულ ქალაქ ალექსანდრიაში, რომელიც იმხანად მსოფლიო ცივილიზაციის ცენტრად იქცა, ამ მიმართულებით დიდი მუშაობა გაჩაღდა. მეცნიერებს თავიანთ ტიტანურ შრომაში ხელს ახლადშექმნილი ალექსანდრიის ბიბლიოთეკა უწყობდა, რომელიც მილიონობით ხელნაწერ წიგნსა და გრაგნილს ითვლიდა; აგრეთვე, ალექსანდრიის მუზეუმი, სადაც აგრეთვე მრავალი ხელნაწერი წიგნი ინახებოდა. სწავლულთა შორის განსაკუთრებით ერატოსთენე გამოირჩევა, რომელიც ქრონოლოგიის, როგორც მეცნიერების დარგის, წარმოქმნა განვითარებაში შეტანილი წვლილის გამო, ამ დარგის ფუძემდებლადაა აღიარებული. ალექსანდრე მაკედონელის ლაშქრობების შემდგომი ხანის ანტიკურ სწავლულთა მუშაობის შედეგად, ისტორიული ქრონოლოგია ისტორიული მეცნიერების მნიშვნელოვან დარგად იქცა.       მაინც რა მეთოდი შეიმუშავეს ძველმა სწავლულებმა?       ბუნებრივია, სხვადასხვა ხალხების სხვადასხვა წელთაღრიცხვები მსოფლიო ისტორიის ერთიან ქრონოლოგიურ სისტემაში მოქცევის საშუალებას ვერ იძლეოდა. აუცილებელი იყო დროის ათვლის უნივერსალურ დასაწყისად, უფრო ზუსტად, უნივერსალურ ერად ისეთი მოვლენის აღება, რომელთან მიმართებაშიც იმდროინდელი მსოფლიოს ყველა ისტორიული ფაქტი დათარიღდებოდა.       თავდაპირველად, როგორც გვახსოვს, დროის ათვლის ასეთ უნივერსალურ ერად ბერძნული ოლიმპიური თამაშები იქნა მიჩნეული. პირველი ქრონოლოგიური შრომები, სწორედ მანამდე არსებული უძველესი ქრონიკების, მეფეთა სიების და სხვ. ამ ოლიმპიურ თამაშებთან ქრონოლოგიური მიმართების წარმოჩენას, ანუ სინქრონიზაციას მიეძღვნა. ასეთი სინქრონიზაციის შედეგად, თვით ქალაქ რომის დაარსების თარიღიც, როგორც უკვე ვიცით, VI-VII ოლიმპიადებს შორის შუალედში განისაზღვრა.       ქრისტიანობის გავრცელებამ და ებრაელთა და ქრისტიანთა წმინდა წიგნის, ბიბლიის, გაცნობამ, ამ ქრონოლოგიურ კვლევებს ახალი საფუძველი მისცა. ბიბლიას დაეყრდნო ქრონოლოგიური სისტემა, რომელიც სამყაროს გაჩენიდან, ანუ "დასაბამითგან" აითვლებოდა. მოკლე ხანში ეს სისტემა მთელ ქრისტიანულ სამყაროში გავრცელდა.       ქრისტიანებს მიაჩნიათ, რომ ბიბლიაში ღმერთის მიერ სამყაროს შექმნის თითოეული დღე სინამდვილეში ათას წელს შეესაბამება. მათი აზრით, ამას მოწმობს როგორც ძველი, ისე ახალი აღთქმის შემდეგი ადგილები: ძველ აღთქმაში, ფსალმუნებში ვკითხულობთ: "...ათასი წელი შენს თვალში, ვითარცა გუშინდელი დღე".       ეს აზრი ახალ აღთქმაში უფრო გამოკვეთილად არის გადმოცემული: "არც ეს უნდა იყოს დაფარული თქვენთვის, საყვარელნო, რომ ერთი დღე უფლისათვის, როგორც ათასი წელი, და ათასი წელი, როგორც ერთი დღე".       როგორც გვახსოვს, ბიბლიის მიხედვით, ღმერთმა სამყაროს შექმნას ხუთნახევარი დღე მოანდომა და ებრაელთა კვირის მეშვიდე დღეს, ანუ შაბათს დაისვენა. ძნელი მისახვედრი არაა, რომ, თუ ხუთნახევარ დღეს, ამ პრინციპით, წლებზე გადავიყვანთ დაახლოებით 5500 წელს მივიღებთ.       იმავდროულად, სახარების მიხედვით, ქრისტემ თავისი ცხოვრება დედამიწაზე, ჯვარზე გაკრულმა, კვირის მეექვსე დღეს, რომელიც დღევანდელ პარასკევს შეესაბამება, ნაშუადღევს დაასრულა. ქრისტიანებმა ღმერთის მიერ ადამიანის შექმნასა და ქრისტეს მოწამეობრივ სიკვდილს შორის სიმბოლური კავშირი დაინახეს — ორივე შემთხვევაში საქმე მეექვსე დღის ნაშუადღევთან გვქონდა. ამგვარად, ქრისტიანმა სწავლულებმა ღმერთის მიერ პირველი ადამიანის — ადამის შექმნიდან ქრისტეს ჯვარცვამდე დაახლოებით 5500 წელი გამოთვალეს. ეს გამოთვლა ადამიდან ქრისტემდე ბიბლიაში არსებულ ქრონოლოგიას ეფუძნებოდა (ადამის ცხოვრების წლებს მიმატებული კაენის ცხოვრების წლები... ნოეს ცხოვრების წლები, ნოეს შვილების ცხოვრების წლები და აშშ.). მიუხედავად ამისა, ქრისტიან სწავლულთა სრული შეთანხმება ამ საკითხში მაინც ვერ მოხერხდა და სამყაროს გაჩენიდან ქრისტეს ჯვარცმამდე მათ მიერ გამოანგარიშებული წლების რაოდენობა ერთმანეთისაგან რამდენიმე ათეული და, ხანდახან, რამდენიმე ასეული წლითაც განსხვავდება. ასეთი განსხვავების გამო, თუ ზუსტად არ გვეცოდინება, რომელ "დასაბამითგანს" იყენებს ძველი ავტორი, ფრიად მნიშვნელოვან შეცდომას დავუშვებთ.       ბიზანტიური, იგივე ბერძნული "დასაბამითგან".       "დასაბამითგან" წელთაღრიცხვების განსხვავებულობის გამო იმთავითვე რომის იმპერიაში მათი უნიფიცირების საჭიროება გაჩნდა. მიუხედავად ამისა, ერთიანი "დასაბამითგანის" შემოღება გართულდა. ეს უკვე აღმოსავლეთ რომის იმპერიაში, ბიზანტიაში X ს-ის მიწურულს, ბასილი II-ს ტახტზე ასვლიდან (976 წ.) განხორციელდა, რომელმაც მთელი იმპერიისთვის სავალდებულო წელთაღრიცხვად 5508 წლიანი "დასაბამითგან" აღიარა. ეს "დასაბამითგან" ბიზანტიის იმპერიის ერთადერთ წელთაღრიცხვად 1453 წლამდე — ბიზანტიის, როგორც სახელმწიფოს მიერ არსებობის შეწყვეტამდე, დარჩა. ამიტომ მას "ბიზანტიური", ქართულ წყაროებში კი — "ბერძნული" ეწოდება.       ქართული "დასაბამითგან”.       ქართველები უძველეს ქრისტიან ხალხთა იმ ფრიად მცირერიცხოვან ნაწილს მიეკუთვნებიან, რომლებმაც "დასაბამითგან” წელთაღრიცხვის თავის სრულიად ორიგინალური ვერსია შექმნეს. ამ ვერსიის თანახმად, სამყაროს შექმნიდან ქრისტეს ჯვარცმამდე 5604 წელი გავიდა. მიუხედავად საკუთარი წელთაღრიცხვისა, X-XI სს-ის მიჯნაზე, ბიზანტიის გავლენის შედეგად, საქართველოში ბიზანტიური "დასაბამითგანიც" გავრცელდა.       როგორ უნდა გამოვიანგარიშოთ წლები "დასაბამითგან" წელთაღრიცხვით?       1. თუ ძველ საისტორიო წყაროებში დასაბამითგან დათარიღება შეგხვდებათ და: 1. თუ თარიღი "დასაბამითგანის" თარიღზე, ანუ, მაგალითად, 5508 ან ქართულ 5604 წელზე ნაკლებია, ეს ნიშნავს, რომ ის ქრისტეს შობამდე მომხდარ ამბებს ეხება. წელთაღრიცხვის თანამედროვე სისტემაზე გადმოსაყვანად 5508, ან ქართულ 5604 წელს, ეს თარიღი უნდა გამოვაკლოთ. მაგალითად, ძველ ბერძნულ ისტორიულ თხზულებაში გვხვდება: "ალექსანდრე მაკედონელი გარდაიცვალა დასაბამითგან 5185 წ.", ან ქართული წყარო იგივე ალექსანდრეს გარდაცვალების თარიღად დასაბამითგან 5281 წ. ასახელებს. წელთაღრიცხვის თანამედროვე სისტემით ალექსანდრე გარდაცვლილა: ბერძნული წყაროს შემთხვევაში 5508-5185 = ძვ. წ. 323 წ.; ქართული წყაროს შემთხვევაში — 5604-5281 = ძვ. წ. 323 წ.       2. თუ თარიღი "დასაბამითგანის" თარიღზე მეტია, ეს ნიშნავს, რომ მოვლენა ახ. წ-ით, ანუ ქრისტეს შობის შემდეგ მოხდა. მაგალითად, ავიღოთ 632 წ. ამ თარიღს წელთაღრიცხვის თანამედროვე სისტემაზე გადმოსაყვანად, მას "დასაბამითგან" თარიღი, მაგალითად, 5508 ან ქართული 5604 უნდა გამოვაკლოთ. მაგალითად, ქართული წყარო გვეუბნება, რომ: "მუჰამედი დასაბამითგან 6236 წ. გარდაიცვალა". შესაბამისად, 6236-5604=632 წ.       ისმის კითხვა: რა მასალის, თუ ისტორიული წყაროს საფუძველზე მოხდა ადამის გაჩენიდან ქრისტეს შობამდე ისტორიული მოვლენების ქრონოლოგიური დალაგება?       ძველ აღთქმაში ქრონოლოგია, თანამედროვე გაგებით, არ გვხვდება. სამაგიეროდ, აქ ეთნარქების თუ მეფეების ცხოვრების წლებია მოცემული — ადამიდან ნოემდე და წარღვნამდე, ხოლო შემდეგ წარღვნიდან და ნოედან აბრაამამდე და აბრაამიდან ებრაელთა პირველ მეფემდე და ა. შ.       5500 წლიანი დროის მონაკვეთის შიგნით, რომელიც ადამიდან ქრისტეს ჯვარცმამდე გავიდა, ბიბლიაში გადმოცემული ამბების თარიღების დადგენა იმის მიხედვით ხდება, თუ ბიბლიის რომელ პერსონაჟზე: ეთნარქები, მსაჯულები, მეფეები და ა.შ., მოდის ესა თუ ის მოვლენა. თვით ამ პერსონაჟების ცხოვრების ხანა მათი წინაპრების ცხოვრების წლების დაჯამებით იქნა გამოთვლილი. ბიბლიის პერსონაჟების მიხედვით მოხდა, აგრეთვე, რომის იმპერიასა და მის მეზობლად მცხოვრები ხალხების ქრონიკებში მოცემული ამბების დათარიღებაც.       რა მეთოდს იყენებდნენ რომაელი სწავლულები თავისი ქრონოლოგიური ძიებების დროს?       მათ აიღეს მანამდე არსებული შუამდინარული, ეგვიპტური, ბერძნული, სპარსული და ა.შ. ქრონიკები, მეფეთა თუ სხვა მოხელეთა სიები, რომლებშიც ამ მოხელეებისა და მეფეების თანმიმდევრობა და მათი მმართველობის წლების რაოდენობა იყო მოცემული და ისინი ბიბლიის ქრონოლოგიას დაუკავშირეს. მაგალითად, თუ ბიბლიაში მოხსენიებული იყო ბაბილონის რომელიმე მეფე, მისი დათარიღება ბიბლიის პერსონაჟების მიხედვით ხდებოდა. შემდეგ თვით ეს დათარიღებული მეფე ათარიღებდა მის უკან და მის წინ ბაბილონურ მეფეთა ნუსხაში ჩამოთვლილ მეფეებს. ამის შემდეგ, თუ რომელიმე ძველ ბერძნულ თხზულებაში გვხვდებოდა ერთერთი ბაბილონის უკვე დათარიღებული მეფე, ის, თავის მხრივ, ათარიღებდა იმ თხზულებაში გადმოცემულ ამბებს და პერსონაჟებს და ა.შ. ამას დათარიღების სინქრონული მეთოდი ეწოდება. ეს მეთოდი დღესაც წარმატებით გამოიყენება ისტორიკოსების მიერ.       ისტორიული მოვლენების დათარიღება.       ვინაიდან, როგორც დავრწმუნდით, "დასაბამითგან" წლების გამოთვლა არც ისე იოლი იყო და არითმეტიკის გარკვეულ ცოდნას მოითხოვდა. ამიტომაც ძველი ისტორიკოსები ამას თავს არიდებდნენ. მართლაც, ძველი ბერძენი თუ რომაელი ისტორიკოსების თხზულებებში ვერცერთ თარიღს ვერ შეხვდებით. ბიზანტიელი ისტორიკოსებიც კი XII-XIII სს-მდე თავიანთ საისტორიო თხზულებებში წლების მითითებას დიდ მნიშვნელობას არ ანიჭებდნენ და ამას აუცილებლად არ მიიჩნევდნენ.       ისტორიკოსებისაგან ცალკე არსებობდნენ ქრონოგრაფები, ქართულად წელთმრიცხველები ანუ ჟამთააღმწერლები, რომელთა ნაშრომები მხოლოდ მოვლენათა დათარიღებას და მსოფლიო ისტორიის ქრონოლოგიურ გამართვას ეძღვნებოდა.       მსოფლიო ისტორიის ქრონოლოგიის ფუძემდებლებად გვევლინებიან რომაელი ისტორიკოსები იულიუს აფრიკანელი და ევსევი კესარიელი.       იულიუს სექსტ აფრიკანელი ახ. წ. II-III სს-ში მოღვაწეობდა. იულიუსმა ტიტანური მეცნიერული შრომა გასწია. უპირველეს ყოვლისა, მას ეკუთვნის საკუთრივ "დასაბამითგან" წელთაღრიცხვის შემოღება — 5500 წელი.       იულიუსმა აიღო ბიბლიის გენეალოგიური ნუსხა, ბაბილონის, ძველი ბერძნული ქალაქების (ათენის, სპარტას და სხვ.), ეგვიპტის, სპარსეთის მეფეთა და დინასტიათა თანმიმდევრული ნუსხები, ბერძნული ოლიმპიადების, ათენის არქონტების, რომის კონსულების ნუსხები და "დასაბამითგან" წელთაღრიცხვის გამოყენებით შექმნა მსოფლიო ისტორიის პირველი სინქრონული ქრონოლოგიური ბადე.       მსოფლიო ისტორიის ქრონოლოგიის დადგენის მიზნით დიდი შრომა გასწია III-IV სს-ის ბერძნული წარმოშობის რომაელმა ქრონოგრაფმა, ისტორიკოსმა და საეკლესიო მოღვაწემ ევსევი კესარიელმაც, რომელმაც "დასაბამითგანის" თავისი, იულიუს აფრიკანელისგან განსხვავებული, ვერსია შემოგვთავაზა. ამ ორი დიდი მეცნიერის ნაშრომების წყალობით შეიქმნა მსოფლიო ისტორიის ერთიანი ქრონოლოგიური საძირკველი, რომელსაც, როგორც მათი შემდგომი ანტიკური ხანის, ისე შუა საუკუნეების ქრონოგრაფოსთა თუ ისტორიკოსთა ნაშრომები დაეფუძნა.       ადრეშუასაუკუნეების დიდ ქრონოგრაფად, VIII-IX სს-ის ბიზანტიელი ისტორიკოსი და ქრონოგრაფი, ქართულად ჟამთააღმწერელი, თეოფანე მიიჩნევა, რომელმაც მსოფლიო ისტორიის სინქრონული ქრონოლოგიური ბადე უკვე IX ს-მდე მიიყვანა.       ქორონიკონით წელთაღრიცხვა. ძველ სწავლულებს ქრონოლოგიის დასადგენად "დასაბამითგან" წელთაღრიცხვის სისტემის გამოყენების შემთხვევაში, ფრიად დიდი რიცხვების შეკრება-გამოკლება უწევდათ, რაც თავისთავად ხდებოდა შეცდომების წყარო. ამ მხრივ, "ქორონიკონით" წელთაღრიცხვა ბევრად უფრო მოსახერხებელი აღმოჩნდა, რომელიც, აგრეთვე, ბიზანტიაში შემუშავდა.       რა არის "ქორონიკონი" და როგორ წარმოიშვა წელთაღრიცხვის ეს სისტემა?       "ქორონიკონით" წელთაღრიცხვა შემდეგში მდგომარეობდა. "დასაბამითგან" მოყოლებული ისტორიული დრო დაიყო 532-წლიან ციკლებად — "ქორონიკონებად", ანუ "მოქცევებად".       ქორონიკონი — კლასიკური ციკლური წელთაღრიცხვაა, როდესაც ანგარიში ხუთას ოცდათორმეტწლიანი ციკლების შიგნით ხდება. ამიტომ ამ წელთაღრიცხვას XVIII საუკუნის ქართველი ისტორიკოსები ხუთასიანს უწოდებდნენ.       ქორონიკონით წელთაღრიცხვა დასაბამითგან წელთაღრიცხვას ეფუძნება. შესაბამისად, რომელ დასაბამითგანსაც იყენებს ავტორი, ქორონიკონსაც იმავე სისტემით აითვლის.       საქართველოში ქორონიკონით, ანუ 532-წლიანი ციკლებით ანგარიშისას, ათვლის წერტილად, ბიზანტიურ დასაბამითგანზე გადასვლის შემდგომაც, კვლავაც ქართულ დასაბამითგანს (5604 წ.) იყენებდნენ. საქართველოში ქორონიკონით წელთაღრიცხვა XIX ს-ის I ნახევრის ჩათვლით ფრიად ფართოდ გამოიყენებოდა და დასაბამითგან წელთაღრიცხვაზე ბევრად მეტი პოპულარულობით სარგებლობდა, ამიტომ ქორონიკონით დროის ათვლას ვახუშტი ბაგრატიონი ქართულსაც კი უწოდებს.       ბუნებრივია, ისმის კითხვა, თუ საიდან გაჩნდა ეს 532-წლიანი ციკლი? ქრისტიანული კალენდარი. თავდაპირველად ქრისტიანების უმთავრესი საეკლესიო დღესასწაული აღდგომა ებრაულ პასექს ემთხვეოდა. მხოლოდ 325 წელს ნიკეის I მსოფლიო საეკლესიო კრებაზე გადაწყდა, რომ ქრისტიანებს საკუთარი საეკლესიო კალენდარი შეექმნათ. ქრისტიანული კალენდარი, ე. წ. მოძრავი და უძრავი დღეებისაგან შედგება. მოძრავი ის საეკლესიო დღეებია, რომელიც ქრისტიანების მთავარი დღესასწაულის აღდგომის მიხედვით აითვლება. საეკლესიო კალენდრით აღდგომის დღის მოძრაობა 4 აპრილიდან — 8 მაისამდე შუალედში ხდება. ამ გადანაცვლების მიზეზი იმაში მდგომარეობს, რომ, ჯერ კიდევ ნიკეის I საეკლესიო კრების დადგენილებით, აღდგომა გაზაფხულის ბუნიობის მომდევნო პირველი სავსე მთვარის შემდეგ, პირველ კვირა დღეს აღინიშნება. მთვარის წელიწადი კი ასტრონომიული მზის წელიწადთან შედარებით ნაკლულია და მთვარის ფაზებიც მზის კალენდართან შედარებით გადაადგილდება. შესაბამისად, აღდგომის მთვარის სავსე ფაზასთან მიბმა მის გადანაცვლებას განაპირობებს.       ვინაიდან იმავე ნიკეის საეკლესიო კრებამ, როგორც გვახსოვს, რომის იმპერიაში მზის იულიუსის კალენდარი სავალდებულო გახადა. ასეთ ვითარებაში აღდგომის გამოანგარიშება იულიუსის კალენდართან მიმართებაში მთვარის სავსე ფაზების მოძრაობის გათვალისწინებას მოითხოვდა. ამან ქრისტიან ხალხებს იმთავითვე აღდგომის დღესასწაულის წინასწარი გამოანგარიშებისკენ, ანუ მომავალი აღდგომების, ანუ პასკალური ცხრილების შედგენისაკენ უბიძგა. ამ ცხრილებს საფუძვლად, ჯერ კიდევ ძველი ბერძნების მიერ გამოანგარიშებული, ცხრამეტწლიანი მთვარის ციკლი დაედო. ეს გამოანგარიშება იმის აღმოჩენას ეფუძნებოდა, რომ მზის კალენდრით ცხრამეტ წელიწადში დღეების ერთობლივი ოდენობა მთვარის კალენდრით 235 თვის დღეთა ოდენობას შეესაბამება, ანუ ცხრამეტი მზის წელიწადის ხანგრძლივობა 235 მთვარის თვის ხანგრძლივობას უდრის. ამის მიგნებას აღდგომის დღის გამოანგარიშება თითქოსდა უნდა გაეიოლებინა, მაგრამ გამოთვლების ერთიანი საფუძვლისდა მიუხედავად, ახლად შედგენილი პასკალური ცხრილები ერთმანეთისაგან განსხვავებული აღმოჩნდა, რაც ქრისტიანულ ხალხებში ქრისტიანული დღესასწაულების არასინქრონულობას იწვევდა. სომხური წელთაღრიცხვა. ამ მხრივ განსაკუთრებით რთულ მდგომარეობაში სომხური ეკლესია აღმოჩნდა, რომელიც სხვა ქრისტიანი ხალხებისაგან განსხვავებით იულიუსის კალენდარზე არ გადასულა და კვლავინდებურად, ჩვენთვის უკვე ცნობილ, 360-დღიან ძველ სპარსულ კალენდარს იყენებდა, რომელსაც, ეგვიპტური კალენდრის მსგავსად, ხუთი დღე წლის ბოლოს ემატებოდა. ეს კალენდარი, როგორც გვახსოვს, ყოველ ოთხ წელიწადში ერთხელ იულიუსის კალენდართან შედარებით ერთი დღით უკან ინაცვლებდა და სომხურ ეკლესიას აღდგომის დღის გამოანგარიშებას ურთულებდა. ასეთ ვითარებაში სომხებმა ბიზანტიელ ეგვიპტელ სწავლულს ანდრია ალექსანდრიელს მიმართეს, რომელმაც მათ ეგვიპტური კალენდრის საფუძველზე 200-წლიანი (353—552) პასკალური ცხრილი შეუდგინა.       200 წლის გასვლის შემდეგ (552 წ.) პრობლემამ თავი ისევ იჩინა, რამაც სომხური ეკლესია საგონებელში ჩააგდო. 552 წელს სომეხთა კათალიკოსმა ქალაქ დვინში ქრისტიანული სამყაროდან, ძირითადად ეგვიპტიდან, პასკალური ცხრილების სპეციალისტებს მოუხმო. სპეციალისტთა თავყრილობა სომხური წელთაღრიცხვის, ანუ ერის შემოღებისათვის ფრიად ნაყოფიერი აღმოჩნდა და იულიუსის კალენდრით 552 წლის 10 ივლისი, იგივე სომხურ-სპარსული კალენდრის 1 ნავასარდი (სპარსულად ნავ — ახალი, სარდ — წელი) სომხური წელთაღრიცხვის საწყის წერტილად, ანუ ერად გამოაცხადა.       სწავლულთა კრებამ სომხებს პასკალური ცხრილების შემუშავებაში დიდი დახმარება ვერ გაუწია და აღდგომის დღესასწაულის გამოთვლის პრობლემა მხოლოდ ფრიად მცირე ხნით — 9 წლით გადაუჭრა. ამ დროის გასვლის შემდეგ — 562 წლიდან სომხური ეკლესია კვლავაც ეგვიპტურს დაუკავშირდა და აღდგომასა და სხვა მოძრავ საეკლესიო დღეებს ალექსანდრიის ეკლესიის პასკალური ცხრილებით ადგენდა.       სომხური ეკლესია შუა საუკუნეების განმავლობაში იულიუსის კალენდარზე გადასვლას არაერთხელ შეეცადა, მაგრამ ტრადიციონალისტთა დიდ წინააღმდეგობას წააწყდა. იულიუსის კალენდარი სომხურ ეკლესიაში საბოლოოდ მხოლოდ XVII-XVIII სს-ში დამკვიდრდა. 532-წლიანი ციკლი, ანუ ქორონიკონი.       სომხებისაგან განსხვავებით, რომლებმაც, როგორც ვნახეთ, აღდგომის გამოთვლები ეგვიპტის ალექსანდრიის ეკლესიას დაუკავშირეს, დანარჩენმა ქრისტიანმა ხალხებმა, მათ შორის ქართველებმა, აღდგომის გამოთვლის გაადვილების სხვა გზა მონახეს. VI ს-ის შუა წლებში ბიზანტიელმა სწავლულებმა ყურადღება იმას მიაქციეს, რომ მზის კალენდრის მიხედვით, ყოველ 28 წელიწადში ერთი და იმავე თვის ერთი და იგივე რიცხვი კვირის ერთსა და იმავე დღეს შეესაბამება, თანაც მზე თავისი მოძრაობის ერთ ციკლს ასრულებს. იგივე მოვლენასთან გვაქვს საქმე მთვარის კალენდრის მიხედვით ყოველ 19 წელიწადში. ამიტომ მათ 19 და 28 გადაამრავლეს და 532 წელი მიიღეს. ეს ის უნივერსალური დროის შუალედია, როდესაც, როგორც მზის, ისე მთვარის ციკლები მეორდება და თანაც კალენდრით არსებული თვეების რიცხვები და დღეების სახელები 532 წლის წინ ან შემდეგ არსებულს შეესაბამება. ამ 532-წლიანი ციკლების მიხედვით აღდგომის დღესასწაულის ციკლური თანმიმდევრობა ერთხელ და სამუდამოდ დადგინდა.       ბიზანტიის იმპერიის სხვადასხვა ქართულ მონასტრებში მოღვაწე ქართველმა ბერებმა ეს სიახლე მალევე გაითავისეს და 532-წლიანი ციკლები უკვე ქართულ "დასაბამითგანიდან", ანუ 5604 წლიდან აითვალეს.       თანდათანობით ქორონიკონით წელთაღრიცხვის "სიკეთეც" აშკარა გახდა. მართლაც, ციკლების შიგნით არა მარტო აღდგომების გამოთვლა, არამედ ისტორიული "წელთ-მრიცხველობაც, ანუ ქრონოლოგიური გამოთვლების გამოანგარიშებაც ფრიად მოსახერხებელი იყო. ამიტომ ქორონიკონით წელთაღრიცხვა მთელ ბიზანტიაში ფართოდ გავრცელდა.       ძველ ქართულ ისტორიოგრაფიაში ჩვენამდე მოღწეული ქორონიკონით წელთაღრიცხვის გამოყენების პირველი ნიმუში მხოლოდ ქართული დასაბამითგანის მე-12 მოქცევის დასასრულს და იმავდროულად 13-ე მოქცევის დასაწყისს — 780 წ-ს უკავშირდება (532×12=6384; 6384-780=5604). მაგალითად, ქართველი ისტორიკოსი სუმბატ დავითის ძე შემდეგნაირად გადმოგვცემს ქართლის ერისმთავრის აშოტ კურაპალატის გარდაცვალებას: "მოიკლა ესე აშოტ კურაპალატი დასაბამითგან წელსა ხვლ (6430; 6430-5604=826), ქრონიკონსა მეათცამეტედ მოქცეულსა შინა მვ [(46) 780+46=826], თუესა იანვარსა ოცდაცხრასა".       შემდგომი მე-14 მოქცევა ქართული დასაბამითგანით 1312 წ-დან დაიწყო (532×13=6916-5604=1312) და 1312+532=1844 წ-ს დამთავრდა.       1844 წლის შემდეგ წელთაღრიცხვის ეს სისტემა საქართველოში აღარ გამოიყენებოდა. მიუხედავად ამისა, ალბათ, საინტერესოა ვიცოდეთ, რომ 2010 წ. ქორონიკონით მე-15 მოქცევის, რომელიც 1844 წელს დაიწყო და 2376 წელს დასრულდება, — 166 წელია.       როგორ გამოიანგარიშება თარიღი ქორონიკონით წელთაღრიცხვის შემთხვევაში?       მაგალითად, ატენის ტაძრის კედლის წარწერა თურქული წარმოშობის არაბი სარდლის — ბუღა თურ-ქის საქართველოში შემოჭრასა და თბილისის აღებასთან დაკავშირებით აღნიშნავს: ქორონიკონი იყო 73. ეს თარიღი თანამედროვე წელთაღრიცხვაზე რომ გადმოვიყვანოთ, ჯერ უნდა გავარკვიოთ, რომელ მოქცევას გულისხმობს ავტორი. არაბთა შემოსევებს საქართველოში მხოლოდ 13-ე მოქცევაში (780 წ.-დან 1312 წ-მდე), ანუ 780+532 წელი=1312 წ. შუალედში შეიძლებოდა ჰქონოდა ადგილი და არა 1312 წლის შემდეგ, ანუ 14-ე მოქცევიდან, ამიტომ 780 წ-ს უნდა მივუმატოთ აღნიშნული 73 წელი და 853 წელს მივიღებთ, რაც არის კიდეც ბუღა თურქის მიერ თბილისის აღების თარიღი.       ქრისტიანული ერა. დღეისათვის მსოფლიოს უმეტეს ქვეყნებში, მათ შორის საქართველოში, წელთაღრიცხვის, ანუ ერის დასაწყისად ქრისტეს დაბადების წელი მიიჩნევა. მას ქრისტიანული ერა, ჩვენი ერა, ახალი წელთაღრიცხვა ან მარტივად — ქრისტესით ეწოდება. ქრისტეს შობიდან დროის ათვლა VI ს-ში სკვითური წარმოშობის რომაელმა ბერმა დიონისე მცირემ შემოიტანა, თუმცა მის საყოველთაოდ აღიარებას საუკუნეები დასჭირდა.       ევროპაში ქრისტესით პირველი დათარიღება მხოლოდ VIII ს-ის შუა წლებიდან გვხვდება. რომის პაპების კანცელარიაში ასეთი დათარიღება X ს-დან ჩვეულებრივი, თუმცა არასავალდებულო, გახდა. მხოლოდ XV ს-ის მეორე ნახევრიდან პაპების სახელით გაცემულ ყველა დოკუმენტს დათარიღება ქრისტეს შობიდან აქვს. თანდათანობით "ქრისტიანული ერა" ჯერ ქრისტიანულ ქვეყნებში, შემდგომ კი მთელ მსოფლიოში გავრცელდა.       საქართველოში ახალი ერა, ანუ ქრისტესით ძალზე ადრე, VII—VIII სს-ის მიჯნაზე შემოვიდა.       ამ წელთაღრიცხვას უძველეს ქართულ თხზულებებში ქრისტეს ამაღლებიდან, ჯვარცმიდან ან კიდევ ვნებიდან ეწოდება.       ერთ-ერთი ქრისტიანული ქვეყანა, სადაც ქრისტესით საკმაოდ გვიან (1700 წ.) დამკვიდრდა რუსეთი იყო. ის რუსეთის გამოჩენილმა მეფე-რეფორმატორმა პეტრე I-მა დააკანონა.       ქრისტესით ერის ყველაზე დიდი ნაკლი მისი შედარებით გვიანდელი წარმოშობა იყო. ამიტომ, თუ ქრისტეს დაბადების შემდგომი მოვლენების დასათარიღებლად მისი გამოყენება არანაირ სირთულეს არ ქმნიდა, ქრისტეს დაბადებამდე მოვლენების დასათარიღებლად ის არ გამოიყენებოდა, რის გამოც ძველი პერიოდის დასათარიღებლად კვლავაც "დასაბამითგან" წელთაღრიცხვას იყენებდნენ.       ქრისტეს შობამდე მომხდარი მოვლენების დასათარიღებლად გამოიყენება აბრივიატურა B.C. (Before Christ), ხოლო ქრისტეს შობიდან მომხდარი მოვლენების — A.D, რაც ლათინურად ჟღერდა, როგორც Anno Domini, (In the Year of Our Lord).       ასეთ დათარიღებას ქართულად: ჩვენ ერამდე, ქრისტეს შობამდე, (ქრ. შ-მდე), ან კიდევ ძველი წელთაღრიცხვით (ძვ. წ.) ეწოდება.       დროის ათვლის ეს მეთოდი დამკვიდრდა ისტორიულ მეცნიერებაში და მას ისტორიული ან კიდევ ქრონოლოგიური ათვლა ჰქვია.       ძველი წელთაღრიცხვით, ანუ ჩვენს ერამდე დროის ათვლა დიდი რიცხვიდან მცირე რიცხვისაკენ ხდება. რაც უფრო ახლოა ესა თუ ის მოვლენა ქრისტეს შობასთან, მისი თარიღი ნაკლებია და პირიქით. ამ შემთხვევაში ანალოგად შეიძლება რიცხვითი ღერძი გამოდგეს, სადაც ქრისტეს დაბადება ნულოვან წერტილს შეესაბამება, ახალი ერა დადებით რიცხვებს და ძველი ერა კი უარყოფით რიცხვებს.       წლების ისტორიული, იგივე ქრონოლოგიური ათვლა, წლების ასტრონომიულ ათვლასთან შედარებით, ერთწლიან ცთომილებას იძლევა, რაც მრავალი გაუგებრობის მიზეზი ხდებოდა. ფრანგმა ასტრონომმა ჟაკ კასინიმ თავის ნაშრომებში მეცნიერებს შესთავაზა ახ. წ. პირველ (1) წელსა და ძვ. წ. პირველ (-1) წელს შორის ჩაესვათ ნულოვანი წელი. დროის ასეთმა ათვლამ, ისტორიულისაგან განსხვავებით, ასტრონომიულის სახელწოდება მიიღო.       არაბული, ანუ მუსლიმური წელთაღრიცხვა. არაბული წელთაღრიცხვით, ანუ "ჰიჯრით" ათვლა 622 წლის 16 ივლისიდან იწყება. ამ დღეს მუსლიმთა განმანათლებელი და წინასწარმეტყველი მუჰამედი იძულებული გახდა, თავის მშობლიურ ქალაქ მექადან, რომლის მცხოვრებლებმაც თავდაპირველად მისი მოძღვრება არ მიიღეს, მეორე არაბულ ქალაქ მედინაში გაქცეულიყო. თვით წელთაღრიცხვის სახელიც ჰიჯრა არაბული ზმნა "გაქცევიდან" წარმოსდგება. მუსლიმური წელთაღრიცხვა, 638 წელს, მუსლიმურ კალენდართან ერთად, არაბთა ხალიფა ომარმა შემოიღო. წელთაღრიცხვის ეს სისტემა მუსლიმურ ქვეყნებში ერთადერთი იყო შუა საუკუნეებისა და ახალი ისტორიის ხანაში. ის დღესაც გამოიყენება ზოგიერთ მუსლიმურ ქვეყანაში. წიგნიდან: შესავალი მსოფლიო ისტორიაში წიგნი I თბილისი 2013…
დაამატა ლაშა to მსოფლიო ისტორია at 6:46pm on სექტემბერი 27, 2016
  • 1
  • ...
  • 63
  • 64
  • 65
  • 66
  • 67
  • 68
  • 69
  • 70
  • 71
  • 72

Welcome to
Qwelly

რეგისტრაცია
ან შესვლა

ღონისძიებები

  • დაამატე ღონისძიება

ბლოგ პოსტები

ოსკარის 2026 წლის დაჯილდოება - გამარჯვებულები და ნომინირებულები

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: მარტი 16, 2026.
საათი: 11:30pm 0 კომენტარი 1 Like

ოსკარი 2026 სრული სია

      ისევ დამიგვიანდა! ეტყობა, მართლა დავბერდი და უკვე აღარც კი…

გაგრძელება

2026 Guide to the Best AI Voice Generation for Creators and Businesses

გამოაქვეყნა supprity_მ.
თარიღი: მარტი 13, 2026.
საათი: 6:30pm 0 კომენტარი 0 მოწონება

As we step further into 2026, the landscape of content creation is being transformed by AI-powered technologies. Among these innovations, voice generation stands out as one of the most impactful tools for creators, businesses, and educators.…

გაგრძელება

Gallium Market to Reach $860 million by 2033

გამოაქვეყნა Heden Brock_მ.
თარიღი: მარტი 9, 2026.
საათი: 10:00am 0 კომენტარი 0 მოწონება

According to our latest research, the Global Gallium market size was valued at $430 million in 2024 and is projected to reach $860 million by 2033, expanding at…

გაგრძელება

How Minidumperfactory Electric Garden Loader Manufacturer Adapts to Energy Trends

გამოაქვეყნა Minidumperfactory00_მ.
თარიღი: მარტი 2, 2026.
საათი: 6:30am 0 კომენტარი 0 მოწონება

Electric Garden Loader Manufacturerstrategies are increasingly centered on advanced battery systems as demand grows for efficient and low-emission landscaping equipment. Energy storage technology now plays a defining role in how electric compact…

გაგრძელება

How Can A Ball Valve Factory Enhance Long Term System Comfort And Stability

გამოაქვეყნა Naishi Valve_მ.
თარიღი: თებერვალი 9, 2026.
საათი: 9:30am 0 კომენტარი 0 მოწონება

Choosing a reliable partner often begins with understanding how a  shapes ideas into practical solutions. Behind every smooth operation, there is a place where attention, patience, and process quietly work together. Valves may seem ordinary at…

გაგრძელება

The Final Barrier Between the World and Ruin

გამოაქვეყნა Karmasaylor_მ.
თარიღი: იანვარი 22, 2026.
საათი: 10:30am 0 კომენტარი 1 Like

ARC Raiders Items takes place in a retro-futuristic science-fiction world where humanity has been pushed to the brink by an unrelenting mechanical force known as the ARC. These machines descend from orbit, tear apart settlements, and hunt…

გაგრძელება
  • დამატება დღიურში
  • ყველა

Qwelly World

free counters

© 2026   George.   • Ning - platform for social network creation and community website building

პანაღია  |  პრობლემის აღმოჩენისას!  |  Terms of Service

საუბრის დაწყება!