ძიება
  • რეგისტრაცია
  • შესვლა

Qwelly

ძიების შედეგები - სიცოცხლის

თემა: ატალა
ებამდე. ამ უზარმაზარ მხარეს ჰყოფდა ოთხი მდინარე, რომელთა სათავეები ერთსა და იმავე მთებში აქვთ: მდინარე სენლორენი, რომელიც აღმოსავლეთით თავისკენ სახელის ყურესაკენ მიიჩქარის, და მდინარე ლუესტი, რომელიც წყალს უცნობი ზღვებისაკენ მიაქანებს; მდინარე ბურბონი, რომელიც სამხრეთიდან ჩრდილოეთისკენ ჰუდოსის ყურეში მიეშურება, და მდინარე მეშასებე, რომელიც ჩრდილოეთიდან სამხრეთისაკენ მიემართება და მექსიკის ყურეს ერთვის.    ეს უკანასკნელი მდინარე ათას ლიეზე მეტ მანძილს გაივლის და რწყავს მომხიბლავ მხარეს. მას შეერთებული შტატების მცხოვრებლები ახალ ედემს უწოდებენ, ფრანგებმა კი სასიამოვნო სახელი ლუიზიანა დაუტოვეს. ათასი სხვა მდინარე, მეშასებეს შენაკადნი, მისური, ილინოისი, აკანზა, ოჰაიო, ვაბეში, ტენესი, ამ ადგილს ლამით ანოყიერებენ და წყლებით ანაყოფიერებენ. როდესაც ყველა ეს მდინარე ზამთრის კოკისპირული წვიმებისაგან ნაპირებზე გადადის და გრიგალები მთელ ტყეებს ძირს აწვენს, ფესვიანად ამოგლეჯილი ხეები სათავეებთან გროვდება. მათ შლამი აკავშირებს, ლიანები ჰკრავს, ხოლო ამ ნამუსრევს საბოლოოდ შეამჭიდროებს მცენარეები, რომლებიც ამ ხეთა მთელ ტანში ფესვებს გაიდგამენ. აქაფებული ტალღების მიერ გატაცებული ნამუსრევი მეშასებეში ეშვება. მდინარე მათ იტაცებს, მექსიკის ყურესაკენ მიაქანებს, სილის მეჩეჩზე რიყავს, და, ამრიგად, თავის შესართავთა ტოტებს ამრავლებს. ალაგ-ალაგ მეშასებე უფრო ძლიერ ხმაურობს, როცა მთებს გვერდით უვლის, და ნაპირზე გადმოსულ წყლებს ტყეთა კოლონადებისა და ინდიელების საფლავთა პირამიდების გარშემო ფანტავს. ეს მდინარე უდაბნოთა ნილოსია. ბუნების მშვენიერება ყოველთვის სიდიადესთან არის დაკავშირებული: იმ დროს, როდესაც მეშასებეს შუა ნაკადი ზღვისაკენ ფიჭვებსა და მუხებს მიაქანებს, ორივე განაპირა ნაკადს პისტიას და დუმფარას მცურავი კუნძულები მიჰყვება. დუმფარას ყვითელი ყვავილები პატარა ბაირაღებივით აღმართულა. მწვანე გველები, ლურჯი ყანჩები, ვარდისფერი ფლამინგოები, ახალგაზრდა ნიანგები მგზავრებივით სხდებიან ყვავილთა ამ გემებზე. ეს ახალშენი ქარზე ოქროს იალქანს შლის და ჩაძინებული მიადგება მდინარის რომელიმე დაშორებულ ყურეს.    ყველაზე უფრო არაჩვეულებრივ სურათს მეშასებეს ნაპირები წარმოადგენს. დასავლეთ ნაპირზე თვალუწვდენი ტრამალები იშლება. მათი მწვანე ტალღები სივრცეში იკარგება, თითქოს ცის ლაჟვარდს აღწევს და იქ უჩინარდება. ამ უსაზღვრო პრერიებში გარეულ კამეჩთა ჯოგები დაეხეტება უგზოუკვლოდ. თითო ჯოგში სამ ან ოთხ ათასამდე კამეჩია. ხანდახან წლებით დამძიმებული ბიზონი ტალღებს ცურვით აპობს და მეშასებეს რომელიმე კუნძულის მაღალ ბალახებში დასაწოლად მიეშურება, ახალ მთვარესავით მოკაუჭებული რქებით შუბლშემკობილს, ლამში ამოვლებული ანტიკური წვერით, მას მდინარის ღმერთად ჩასთვლიდით. იგი კმაყოფილებით მოავლებს თვალს მეშასებეს ბუმბერაზ ტალღებსა და მისი ნაპირების ველურ სიუხვეს. ასეთი სურათია დასავლეთ ნაპირზე, მაგრამ მეორე ნაპირზე იგი სრულიად იცვლება და პირველი სურათის მომხიბლავ კონტრასტს წარმოადგენს. მდინარის ნაპირზე გადაკიდებული, კლდეებსა და მთებზე შეჯგუფებული, ხევებში მიმოფანტული ხეები, სხვადასხვა ფორმისა, სხვადასხვა ფერისა და სურნელებისა, ერთმანეთში არეული იზრდება, თვალის დამღლელ სიმაღლემდე ცად აზიდული. გარეული ყურძენი, ბიგინიები, მწარე კვახები ხეების ძირას ერთმანეთს ეხლართებიან, მათს ტოტებზე ადიან, შტოების ბოლომდე აღწევენ, ნეკერჩხალიდან ტულუპის ხეზე ეშვებიან, ტულუპის ხიდან ბალბაზე და უამრავ გამოქვაბულს, უთვალავ ტალანსა და კამარას ქმნიან; ხშირად ხიდან ხემდე გზადაბნეული ლიანები მდინარეთა ტოტებს გადალახავენ და ზედ ყვავილების ხიდებს გადაჰკიდებენ ხოლმე. ამ ტევრის მკერდიდან მაგნოლია თავის უძრავ კონუსს აღმართავს ხოლმე და თეთრი, ფართო ყვავილები მთელ ტყეს დაჰყურებს. მისი მოქიშპე მხოლოდ პალმაა, რომელიც იქვე მახლობლად მწვანე მარაოს მსუბუქად არხევს. უამრავი ცხოველი, შემოქმედის ნებით ამ განმარტოებულ ადგილებში დაბინავებული, აქაურობას სიცოცხლეს აძლევს და ამშვენებს. გაკაფული ადგილის შორეულ ბოლოში მოჩანან ყურძნით დამთვრალი დათვები, რომლებიც თელას ტოტებზე ქანაობენ, კანადური ჩრდილოეთის ირმები ტბაში ბანაობენ, შავი ციყვები ხშირ ფოთლებში თამაშობენ, „დამცინავი ჩიტები“, ბეღურას ოდენა ვირგინიის მტრედები მარწყვებით აწითლებულ მოლზე ეშვებიან, ყვითელთავა მწვანე თუთიყუშები, წითელთავა მწვანე კოდალები, ცეცხლისფერი კარდინალები კვიპაროზებს გარს უვლიან და კენწეროებზე ადიან; კოლიბრები ფლორიდის ჟასმინზე ბრწყინავენ, გველები-ფრინველმჭერები, ხეების გუმბათებზე ჩამოკიდებულნი, სისინებენ და ლიანებივით ირხევიან.    თუ მდინარის მეორე ნაპირს ტრამალებში სიმშვიდე და სიწყნარეა, აქ პირიქით, ყველაფერი მოძრაობს და ხმიანობს: ისმის მუხების ტანზე ნისკარტების კაკუნი, ხმაურობა ცხოველებისა, რომლებიც დადიან, ფოთლებს წიწკნიან, ან კბილებით ხილის კურკებს ამტვრევენ; ტალღებს ტლაშუნი, სუსტი კვნესა, ყრუ ბღავილი, წყნარი ღუღუნი - ყველაფერი ეს ამ უდაბურ ადგილებს ნაზი და ველური ჰარმონიით ავსებს. მაგრამ როგორც კი ნიავი ამ განმარტოებულ ადგილებს გამოაცოცხლებს, მცურავ სხეულებს არწევს, თეთრ, ლაჟვარდ, მწვანე და ვარდისფერ მასებს ერთმანეთში არევს. ყველა ფერსა და ხმას ერთმანეთში გასთქვეფს, მაშინ ტყის სიღრმიდან ისეთი ხმები, თვალწინ ისეთი რამ ხდება, რომ ამის აღწერას ამაოდ ვეცდებით იმათთვის, ვისაც ბუნების ეს პირველყოფილი მინდვრები არ დაუვლია.    პატრი მარკეტისა და უბედური ლა-სალის მიერ მეშასებეს აღმოჩენის შემდეგ, ბელოქსისა და ახალ ორლეანში პირველად დასახლებულმა ფრანგებმა კავშირი შეჰკრეს ინდიელ ერთიან, ნატჩესებთან, რომელთა ძლიერება იმ მხარეს შიშის ზარსა სცემდა. შემდეგ დავამ და ეჭვიანობამ ეს სტუმართმოყვარე მიწა-წყალი სისხლით შეღება. ამ ველურთა შორის ცხოვრობდა მოხუცი კაცი, სახელად შაქტასი. თავისი ასაკით, სიბრძნითა და ცხოვრების ავკარგის ცოდნით იგი უდაბნოთა უხუცესად და საყვარელ ადამიანად იყო მიჩნეული, ყველა ადამიანივით მან სათნოება უბედურებით შეიძინა, არა მარტო ახალი ქვეყნის ტყეები იყო სავსე მისი უბედურების ამბებით, არამედ მათ საფრანგეთის ნაპირებამდეც კი მიაღწიეს. სასტიკი უსამართლობით მარსელში კატარღაზე მიაჯაჭვეს და მერე აქედან გათავისუფლებული ლუი მეთოთხმეტეს წარუდგინეს. შაქტასს ამ საუკუნის დიდ ადამიანებთან უსაუბრია, ვერსალის დღესასწაულებს, რასინის ტრაგედიებს დასწრებია, ბოსიუეს მიერ საფლავზე წარმოთქმული სიტყვა მოუსმენია. ერთი სიტყვით, ამ ველურმა ჩვენი საზოგადოება მისი ბრწყინვალების უმაღლეს საფეხურზე იხილა.    თავის სამშობლოს წიაღს რომ დაუბრუნდა, შაქტასმა რამდენიმე წლის მანძილზე მოსვენებას მისცა თავი. მაგრამ ზეცის ეს წყალობა მას ძვირად დაუჯდა: მოხუცი დაბრმავდა. ახალგაზრდა ქალიშვილი დაჰყვებოდა მას მეშასებეს გორაკებზე ისე, როგორც ანტიგონე ოიდიპოს კითერონის მთებზე, ან როგორც მალვინა ოსიანს მორვენის კლდეებზე ატარებდა. თუმცა ფრანგებისაგან შაქტასმა ბევრი უსამართლობა განიცადა, მაგრამ ისინი მაინც უყვარდა. მუდამ იგონებდა ფენელონს, რომლის სტუმარიც ყოფილა, და შაქტასს სურდა ამ სათნო ადამიანის თანამემამულეებისათვის რაიმე სამსახური გაეწია. ამის მარჯვე შემთხვევაც მიეცა. 1725 წელს ერთი ფრანგი, სახელად რენე, ვნებათა და უბედურებათა მიერ დევნილი, ლუიზიანში ჩავიდა. აჰყვა მეშასებეს ნატჩესების საცხოვრებელ ადგილამდე და სთხოვა მიეღოთ, როგორც მხედარი ამ ერისა. როდესაც შაქტასი რენესთან საუბრის შემდეგ დარწმუნდა, რომ მისი გადაწყვეტილება მტკიცე იყო, ის იშვილა და ცოლად შეირთო ინდიელი ქალი, სახელად სელუტა. ამ ქორწინების შემდეგ დიდი ხანი არ გასულა, რომ ველურები წავზე სანადიროდ წასასვლელად მზადებას შეუდგნენ.    თუმცა შაქტასი ბრმა იყო, მაგრამ საშემთა საბჭომ მაინც დანიშნა ექსპედიციის მეთაურად იმ პატივსაცემის გამო, რომელიც ინდიელ ტომებში დაიმსახურა. ლოცვა და მარხულობა იწყება. მისნები სიზმრებს ხსნიან. მანიტუებს რჩევას სთხოვენ. თამბაქოს დაწვით მსხვერპლის შეწირვას აწყობენ. ცხენ-ირემის ენას წვავენ, აკვირდებიან, ალში შიშხინებს თუ არა, რათა ამით გენიათა სურვილი გაიგონ, წმინდა ძაღლის შეჭმის შემდეგ მიემგზავრებიან. რენეც მათთანაა. პიროგებით მეშასებეს აჰყვებიან საწინააღმდეგო დინებათა გამოყენებით და ოჰაიოს კალაპოტში შედიან. შემოდგომაა. გაოცებული ახალგაზრდა ფრანგის თვალწინ კენტუკის დიდებული უდაბნოები იშლება. მთვარიან ღამეს, როცა ყველა ნატჩესს პიროგების ფსკერზე სძინავს და ინდიელთა აფრებით მსუბუქი ნიავის ქროლვას სთხოვს თავისი თავგადასავალი უამბოს. მოხუცი თხოვნას უსრულებს და რენესთან ერთად პიროგის კიჩოზე მჯდარი ამბავს ასე იწყებს: მოთხრობა მონადირე    „ჩემო ძვირფასო შვილო, უცნაურია ბედი, რომელმაც ჩვენ ერთმანეთს შეგვახვედრა. შენში მე ვხედავ ცივილიზებულ ადამიანს, რომელიც ველური გახდა, შენ კი ჩემში ველურ ადამიანს, რომლის (არ ვიცი რა მიზნით) ცივილიზება დიდმა სულმა ინება. ცხოვრების გზაზე ორი მოპირდაპირე მხრიდან გამოვედით. შენ ჩემთან მოხვედი დასასვენებლად, მე კი აქედან იმისათვის წავედი, რათა შენს ადგილას ვყოფილიყავი. ამგვარად, ცხოვრებაზე ჩვენ სრულიად სხვადასხვანაირი შეხედულება უნდა გვქონოდა. მდგომარეობის შეცვლით ჩვენ ორში ვინ უფრო მოიგო ან ვინ წააგო? ეს მხოლოდ ღმერთებმა იციან, რომელთა შორის ნაკლებ ბრძენსაც კი უფრო მეტი ჭკუა აქვს, ვიდრე ყველა ადამიანს ერთად.    „ყვავილთა მომავალი თვეში შვიდჯერ ათი თოვლი და კიდევ სამი თოვლი იქნება მას შემდეგ, რაც მეშასებეს ნაპირზე დედაჩემმა ამქვეყნად გამაჩინა. ესპანელები დიდი ხნის დასახლებული არ იყვნენ პენსაკოლის ნავსადგურში, ხოლო ლუიზიანაში ჯერ არც ერთი თეთრკანიანი არ ცხოვრობდა. ფოთლების მეჩვიდმეტე დაცვენა ჯერ კიდევ არ მენახა, როდესაც უკვე ვახლდი ბრძოლაში მამაჩემს, მეომარ უტალისს, ფლორიდის ძლიერი ერის, მუსკოგულჟების, წინააღმდეგ. ჩვენს მოკავშირე ესპანელებს შევუერთდით და ბრძოლა მდინარე მობილის ერთ-ერთ ტოტთან გაიმართა. არესკუი და მანიტუები ჩვენ არ გვწყალობდნენ. მტრებმა გაიმარჯვეს. მანიტუები ჩვენ არ გვწყალობდნენ. მტრებმა გაიმარჯვეს. ოჰ! რატომ მეც არ ჩავედი მაშინ სულთა ქვეყანაში! მრავალ უბედურებას ავიშორებდი, რაც დედამიწაზე მელოდა. ღმერთებმა სხვანაირად ინებეს: ლტოლვილებთან ერთად სენტ-ოგიუსტენში მოვხვდი. „ამ ქალაქში, რომელიც ესპანელებს მიერ ახალგაშენებული იყო, მექსიკოს მაღაროებში გაგზავნის საფრთხე მელოდა, მაგრამ ერთმა მოხუცმა კასტილიელმა, ლოპესმა, ჩემი ახალგაზრდობისა და გამოუცდელობის გამო შემიბრალა, თავშესაფარი მომცა და ჩამაბარა თავის დას, რომელიც მასთან ერთად ცხოვრობდა. ლოპესი უცოლო იყო.    „ჩემს მიმართ უნაზესი გრძნობები გამოიჩინეს, მაგრამ მას შემდეგ, რაც სენტ-ოგიუსტენში ოცდაათი თვე გავატარე, ქალაქური ცხოვრება შემზიზღდა. შესამჩნევად ვიყავი და შორეული ტყეების მწვერვალს გავცქეროდი, ხან მდინარის პირას ვიჯექი და მოწყენილი წყალთა დენას დავყურებდი. წარმოვიდგენდი ხოლმე ტყეებს, სადაც ამ მდინარემ გამოიარა, და ჩემი სული მარტოობას ეძლეოდა.    „უდაბნოში დაბრუნების სურვილს წინ ვეღარ აღვუდექი და ერთ დილას ველურის ტანისამოსში გამოწყობილი ლოპესთან გამოვცხადდი. ერთ ხელში მშვილდ-ისარი მეჭირა, მეორეში - ჩემი ევროპული ტანსაცმელი, რომელიც ჩემს კეთილშობილ მზრუნველს ჩავაბარე და ცრემლითა ფრქვევით მის ფეხთან დავეცი. უმადურობისათვის თავს ვკიცხავდი და ვაძაგებდი. „მაგრამ მამაჩემო, - ვუთხარი, - შენ თვითონ ხედავ, რომ მოვკვდები, თუ ინდიელთა ცხოვრებას არ დავუბრუნდები“.    „ლოპესი გაოცდა, ცდილობდა ჩემს განზრახვაზე ხელი ამეღო. დამიხატა ყველა საფრთხე, რაც მელოდა, თუ მუსკოგულჟებს კვლავ ხელში ჩავუვარდებოდი. მაგრამ როდესაც დაინახა - არაფრის წინაშე არ ვიხევდი, ცრემლად დაიღვარა და მკერდში ჩამიკრა: „წადი, ბუნების შვილო, - წამოიძახა მან, - დაიბრუნე ადამიანის დამოუკიდებლობა, რომლის წართმევა შენთვის ლოპესს არ უნდა. ახალგაზრდა რომ ვიყო, მე თვითონ გაგყვებოდი უდაბნოში (სადაც მეც მაქვს ტკბილი მოგონებები) და დედაშენს ჩაგაბარებდა. როდესაც შენს ტყეებში იქნები, მოიგონე ხანდახან ის მოხუცი ესპანელი, რომელმაც მასპინძლობა გაგიწია და, რათა შენს მსგავსთა მიმართ სიყვარულის სურვილი აღგეძრას, გახსოვდეს, რომ პირველი ცდა, რომელიც ადამიანის გულზე მოახდინე, მის სასარგებლოდ გადაწყდა. ლოპესმა სიტყვა ქრისტიანთა ღვთისადმი მიმართული ლოცვითა დაამთავრა, რომელთა სარწმუნოების მიღებაზე უარი მქონდა ნათქვამი, და ქვითინით დავშორდით. „ჩემი უმადურობისათვის მალე დავისაჯე. ტყეში გზა ამერია და მუსკოგულჟების და სიმინოლების რაზმს ტყვედ ჩაუვარდა, როგორც ლოპესმა მიწინასწარმეტყველა. ჩემი ტანისამოსითა და ფრთებით, რომლებიც თავს მიმკობდა, მიცნეს, რომ ნატჩესი ვიყავი. ბორკილები დამადეს, მაგრამ მსუბუქად, რადგან ახალგაზრდა ვიყავი. რაზმის უფროსმა სიმაგანმა სახელი მკითხა. ვუპასუხე: „საქტასი მქვია, შვილი უტალისისა, შვილი მისკუსია, რომლებმაც მუსკოგულეჟებს ასზე მეტი სკალპი ააცალეს“. სიმაგანმა მითხრა: „შაქტასო მქვია, შვილი უტალისისა, შვილო მისკუსისა, გიხაროდეს: დიდ სოფელში დაგწვავენ“. ვუპასუხე: „ძალიან კარგი“ და სიკვდილის სიმღერა ვთქვი. „თუმცა ტყვე ვიყავი, მაგრამ პირველ დღეებში ჩემი მტრები აღტაცებას მგვრიდნენ, მუსკოგულჟის, უფრო კი მისი მოკავშირე სიმინოლის, ცხოვრება არის მხიარულება, სიყვარული, კმაყოფილება. სიარული აქვთ მსუბუქი, ქცევა გულახდილი და ნათელი. ლაპარაკობენ ბევრს და სხაპასხუპით. მათი საუბარი კეთილხმოვანი და ნარნარია. სიბერესაც კი არ შეუძლია წაართვას საშემებს ეს მხიარული უბრალოება. ჩვენი ტყეების ბებერი ფრინველებივით, ისინიც თავიანთ ძველი სიმღერებით ჯერ კიდევ ეხმიანებიან შთამომავალთა ახალ ჰანგებს.    „ქალები, რომლებიც რაზმს ახლდნენ, როგორც ახალგაზრდას, ნაზი სიბრალულითა და გულთბილი ცნობისმოყვარეობით მეპყრობოდნენ. მეკითხებოდნენ დედაზე, ჩემი ცხოვრების პირველ დღეებზე, სურდათ გაეგოთ, ჰკიდებდნენ თუ არა ჩემს ხავსის აკვანს ნეკერჩხლის აყვავებულ ტოტებზე, მარწევდა თუ არა ნიავი პატარა ჩიტუნების ბუდის მახლობლად. ამას მერე ათასი სხვა კითხვა მოჰყვებოდა ჩემი გულის მდგომარეობაზე: მეკითხებოდნენ სიზმრებში თეთრი ფურ-ირემი ხომ არ გინახავსო, ფარული ველის ხეებს შეყვარების რჩევა ხომ არ მოუციათო. გულუბრყვილოდ ვუპასუხებდი დედებს. ქალიშვილებსა და მამაკაცთა ცოლებს. ვეუბნებოდი: „თქვენ დღის მშვენება ხართ და ღამეს ისე უყვარხართ, როგორც ცვარი. მამაკაცს იმისათვის აჩენთ, რომ თქვენს ძუძუებსა და ტუჩებს ჩამოეკიდოს. თქვენ იცით ჯადოსნური სიტყვები, რომლებიც ყველა მწუხარებას განაქარვებს. აი რა მითხრა იმ ქალმა, რომელმაც ამქვეყნად გამაჩინა და რომელიც ვერასოდეს ვეღარ მიხილავს! დედამ მითხრა კიდევ, რომ ქალწულები იდუმალი ყვავილები არიან, რომლებიც განმარტოებულ ადგილებში იპოვებიანო.    „ეს ქება ქალებს დიდ სიამოვნებას ჰგვრიდა, ისინი ყოველნაირი საჩუქრებით მავსებდნენ; მოჰქონდათ კოკოსის რძე. ნეკერჩხლის შაქარი, საგამიტე, დათვის ლორი, წავის ტყავები, ნიჟარები ჩემს მოსართავად, ხავსი საწოლისათვის. ჩემთან ერთად მღეროდნენ, იცინოდნენ და მერე ცრემლს ღვრიდნენ, როდესაც გაიხსენებდნენ, რომ დაწვა მელოდა.    „ერთ ღამეს, როდესაც მუსკოგულჟები ტყის პირად დაბინავდნენ, მე ომის ცეცხლის მახლობლად ვიჯექი ჩემს სადარაჯოდ მოჩენილ მონადირესთან ერთად. უეცრად ბალახზე ტანისამოსის შრიალი მომესმა და გვერდით ნახევრად პირმობურული ქალი მომიჯდა, ქუთუთოებზე ცრემლი ჩამოჰკიდებოდა; ცეცხლით განათებული ოქროს პატარა ჯვარცმა მკერდზე უბრწყინავდა. ქალი უზადოდ მშვენიერი იყო. მის სახეს რაღაც უმანკო და ვნებიანი ეშხი ჰქონდა, რომლის მიმზიდველობას ვერავინ გაუძლებდა. ამას ზედ ერთვოდა უნაზესი მშვენიერება, მის თვალებში გამოსჭვიოდა ღრმა სევდით გამოწვეული უსაზღვრო მგრძნობიარება; ციური ღიმილი ჰქონდა. „მე ვიფიქრე, რომ ის იყო უკანასკნელი სიყვარულის ქალწული, რომელსაც სამხედრო ტყვეს უგზავნიან მისი სიკვდილის დასატკბობად. ამაში დარწმუნებული ვიყავი და შეშფოთებულმა მივმართე ენის ბორძიკით, რაიცა დაწვის შიშს არ გამოუწვევია: „ქალწულო, თქვენ ხართ ღირსი პირველი სიყვარულისა და უკანასკნელი სიყვარულისათვის არ გაჩენილხართ. იმ გულის მოძრაობა, რომელიც მალე ძგერას შეწყვეტს თქვენი გულის ცემას ვერ უპასუხებს. როგორ შეიძლება სიკვდილისა და სიცოცხლის ერთმანეთში არევა? თქვენ უფრო სანანებლად გამიხდით ცხოვრებას. დაე, სხვა იყოს ჩემზე ბედნიერი და ხანგრძლივმა ჩაკონებამ ერთმანეთს დაუკავშირეს მუხა და ლიანა“. „მაშინ ახალგაზრდა ქალიშვილმა მიპასუხა: „მე სრულიადაც არა ვარ უკანასკნელი სიყვარულის ქალწული. შენ ქრისტიანი ხარ?“ ვუპასუხე, ჩემი ქოხის ღმერთებისათვის არ მიღალატია-მეთქი. ამ სიტყვებზე ინდიელი ქალი უნებურად შეტოკდა და მითხრა: მენანები, რომ შენ მხოლოდ უხამსი კერპთაყვანისმცემელი ხარ. დედაჩემმა ქრისტიანად გამაჩნია. ატალა მქვია. ამ რაზმის მეომართა უფროსის, ოქროს სამაჯურებიანი სიმაგანის ასული ვარ. ჩვენი მივდივართ აპალაშუკაში, სადაც დაგწვავენ“. ამ სიტყვების წარმოთქმისთანავე ატალა ადგა და გამშორდა“. აქ შაქტასი იძულებული გახდა თხრობა შეეწყვიტა. მოზღვავებულმა მოგონებებმა სული დაუმძიმა. ჩამქრალმა თვალებმა დამჭკნარი ლოყები ცრემლებით მოურწყო: ასე იჩენს თავს მიწის სიბნელეში დამალული, კლდეებს შორის გამოჟონილი ორი წყარო. „ოჰ, ჩემო შვილო, - განაგრძო ისევ, - ხედავ: შაქტასი, თუმცა თავისი სიბრძნით სახელგანთქმულია, მაგრამ საკმაოდ ჭკვიანი არ არის. ეჰ! ჩემო ძვირფასო შვილო, ადამიანებს, რომლებსაც უკვე თვალით ხედვა არა აქვთ, ტირილი კიდევ შეუძლიათ. რამდენიმე დღე გავიდა. საშემის ქალიშვილი ყოველ საღამოს მოდიოდა ჩემთან სასაუბროდ. ძილი დამიფრთხა. ატალამ ჩემს გულში დაისადგურა, ვით მამა-პაპათა საფლავთა მოგონებამ. „ლაშქრობის მეჩვიდმეტე დღეს, იმ დროს, როდესაც ეფემერიდი წყლიდან ამოდის, ჩვენ ალაშუას ტრამალზე გავედით. მას გარს არტყია გორაკები, რომლებიც ერთმანეთს მისდევენ და თითქოს ღრუბლებამდე ააქვთ სართულებად განლაგებული ტყეები კოპალის, მუხის, მაგნოლიის და ლიმონის ხეებისა. რაზმის უფროსმა შეკრების ბრძანება გასცა, და რაზმი გორაკების ძირას დაბანაკდა. მე ცოტა დაშორებით, წყაროს ნაპირას მომათავსეს. ფლორიდა ცნობილია ასეთი წყაროებით, ხეზე მიმაკრეს, ერთი მხედარი მდარაჯობდა. არ გასულა რამდენიმე წამი, რომ წყაროსთან ლიკვიდამბრის ხეებში ატალა გამოჩნდა. „მონადირევ, უთხრა მუსკოგულჟ გმირს, თუ გინდა შველზე ინადირეო, წადი, ტყვეს მე ვუდარაჯებო“. უფროსის ასულის ამ სიტყვების გაგონებაზე მხედარი სიხარულისაგან შეხტა. გორაკის მწვერვალიდან ქვემოთ დაეშვა და სწრაფი ნაბიჯით ველისაკენ გაეშურა. „რა უცნაური წინააღმდეგობაა ადამიანის გულში! მე მსურდა ფარული ფიქრები გამენდო იმისათვის, ვინც უკვე მზესავით მიყვარდა, მაგრამ ატალასთან ასე მარტო დარჩენას, მგონი, ვამჯობინებდი, ვინმეს წყალში გადავეგდე ნიანგების ლუკმად. უდაბნოს ასულიც თავის ტყავზე არა ნაკლებ იყო აღელვებული. ღრმა დუმილს ვიცავდით, სიყვარულის ღმერთებმა სიტყვები წაგვართვეს. ბოლოს ატალამ ძალა მოიკრიბა და მითხრა: „მხედარო, თქვენ ძალიან მსუბუქად ხართ მიბმული. ადვილად შეგიძლიათ გაქცევა“. ამ სიტყვებმა სითამამე დამიბრუნეს. მე ვუპასუხე: „მსუბუქად მიბმული, ოჰ ქალო!...“ არ ვიცოდი, სიტყვა როგორ დამემთავრებინა. ატალა რამდენიმე წამს ყოყმანობდა, მერე მითხრა: „თავს უშველე“, ხეს მომხსნა, თოკს ხელი ვტაცე, იგი უცხო ასულს ხელში ჩავუდე, მის მშვენიერ თითებს ძალას ვატანდი, რომ ჩემს ბორკილებს შემოჭდომოდა. „უკან წაიღეთ, უკან წაიღეთ!“ ვყვიროდი „თქვენ გიჟი ხართ, - მითხრა ატალამ აღელვებული ხმით: - უბედურო! შენ არ იცი, რომ დაგწვავენ? რას აპირებ? იცი თუ არა, რომ საშინელი საშემის ასული ვარ“. „იყო დრო, - ვუპასუხე ცრემლთა ფრქვევით, - როდესაც მეც, წავის ტყავში გახვეული, დედას დავყავდი მხრებზე შესმული, მამას მშვენიერი ქოხი ჰქონდა და მისი თხები ათასი ნიაღვრის წყალს სვამდნენ. მე კი ახლა უსამშობლოდ დავეხეტები. როდესაც აღარ ვიქნები, არც ერთი მეგობარი ჩემს ცხედარს ბუზებისაგან დასაცავად ერთ ბღუჯა ბალახს არ დააფარებს. უბედური, უცხოელის ცხედარი არავის ყურადღებას არ მიიპყრობს“. „ამ სიტყვებმა ატალას გული აუჩუყა. მისი ცრემლი წყაროს დაეფრქვა. ოჰ! - განვაგრძე მკვირცხლად, - შენი გული რომ ჩემი გულივით ლაპარაკობდეს! განა უდაბნო თავისუფალი არ არის? განა ტყეში ჩვენს დასამალავად ერთ კუთხეს ვერ ვიპოვიდით? ქოხის შვილებს განა ბევრი რამე სჭირდებათ იმისათვის, რომ ბედნიერი იყვნენ? ოჰ, ქალწულო, ქმრის პირველ ოცნებაზე უმშვენიერესო! ოი, ჩემო ძვირფასო სატრფოვ! გაბედე, გამომყევი“. ასეთი სიტყვებით მივმართე. ატალამ ნაზი ხმით მიპასუხა: „ჩემო ახალგაზრდა მეგობარო, თეთრკანიანთა სიტყვა-პასუხი შეგისწავლია, ინდიელი ქალის შეცდენა ადვილია“. „რაო, - წამოვიძახე, - ახალგაზრდა მეგობარი მიწოდე! ოჰ, საბრალო მონა!.. „ „ჰო, კარგი! - თქვა მან და ჩემკენ დაიხარა: - საბრალო მონა...“ მე ფიცხად განვაგრძე: „დაე, კოცნამ დაარწმუნოს იგი შენს ერთგულებაში“. ატალამ ჩემი ვედრება შეიწყნარა. ახალგაზრდა ირემი ფრიალოზე ლიანების ვარდისფერი ყვავილებს ჩამოჰკიდებია. ჩემი ძვირფასი სატრფოს ტუჩებზე მეც ასე ჩამოვეკიდე. „ეჰ! ჩემო ძვირფასო შვილო, სიამოვნებას მწუხარება მოსდევს. ვინ იფიქრებდა, რომ ის წამი, როცა ატალა სიყვარულის პირველ საწინდარს მაძლევდა, იქნებოდა წამი, როცა ჩემი სატრფო ყველა იმედს დამიმსხვრევდა? მოხუცი შაქტასის გათეთრებულო თავო, როგორ გაოცდი, როდესაც საშენის ასულმა ეს სიტყვები წაარმოთქვა: „მშვენიერო ტყვეო, შენს სურვილს მე გიჟურად დავემორჩილე, მაგრამ ეს ვნება სად მიგვიყვანს? ჩემი რჯული ერთმანეთს სამუდამოდ გვაშორებს.. ოჰ, დედაჩემო! რა ჩაიდინე!..“ ატალა უეცრად დადუმდა და პირზე სათქმელად მომდგარი რაღაც საბედისწერო საიდუმლოება გულში ჩაიხშო. მისმა სიტყვებმა სასოწარკვეთილებაში ჩამაგდო. „კარგი! - წამოვიძახე, - მეც შენსავით ულმობელი ვიქნები, არ გავიქცევი. მიხილავ ცეცხლის ალში გახვეულს, ჩემი ხორცის შიშხინს მოისმენ და სიხარულით აღივსები“. ატალამ ხელებში ხელი მტაცა. „საბრალო ახალგაზრდა კერპთაყვანისმცემელო, - წამოიძახა ასულმა, - თავს მაბრალებ ნამდვილად! მაშ, შენ გინდა, რომ ტირილისაგან გული გამისკდეს? რა სამწუხაროა, რომ შენთან ერთად გაქცევა არ შემიძლია! ოჰ, ატალა, უბედური იყო დედაშენის ორსულობა. რატომ ნიანგებს პირში არ ჩაუვარდები!“ „სწორად ამ დროს, მზის ჩასვლის წინ, ნიანგებმა ღრიალი მორთეს. ატალამ მითხრა: „დავტოვეთ ეს ადგილები“. სიმაგანის ასული წავიყვანე იმ გორაკების ძირას, რომლებიც, მაღალი კონცხებით ტრამალში შეჭრილნი, მწვანე ყურეებს ქმნიდნენ. უდაბნოში ყველაფერი მდუმარე და დიდებული იყო. ყარყატი ბუდეში ყარყარებდა, ტყეებში მწყერების ერთფეროვანი ჭუკჭუკი, თუთიყუშის სტვენა, ბიზონების ბღავილი და სიმინოლების ფასატების ჭიხვინი ისმოდა.    „ჩვენ თითქმის მუნჯად მივსეირნობდით. ატალას გვერდით მიყვებოდი. მას ხელში ჰქონდა თოკის ბოლო, რომელიც ძალით შევაჩეჩე. ხან ცრემლს ვაფრქვევდით, ხან გაღიმებას ვცდილობდით, ხან ცას თვალს ვაპყრობდით, ხან ვუსმენდით, ჩამავალი მზისაკენ ვბრუნდებოდით. მკერდი ხან გვითრთოდა, ხან მშვიდდებოდა. დროგამოშვებით შაქტასის და ატალას სახელები ჩუმად წარმოითქმოდა.. ოჰ, შეყვარებულთა პირველო გასეირნებავ, უბედურებიდან ამდენი წლის გასვლის შემდეგ შენზე მოგონება, მეტად ძლიერი უნდა იყოს, მოხუცი შაქტასის გულს რომ კიდევ აღელვებ. „რა გაუგებარნი არიან ვნებათა ღელვით შეპყრობილი მომაკვდავნი. დიდი ხანი არ იყო გასული მას შემდეგ, რაც დიდსულოვანი ლოპესი დავტოვე, დიდი ხანი არ იყო გასული მას შემდეგ, რაც არავითარ საფრთხეს არ დავერიდე, რომ თავისუფალი გავმხდარიყავი. ერთ წამს ქალის შეხედვამ შემიცვალა ფიქრი, გადაწყვეტილებანი, გემოვნება. დავივიწყე ჩემი ქვეყანა, დედა, ჩემი ქოხი და საშინელი სიკვდილიც კი, რომელიც მელოდა: ატალას გარდა ყველაფრის მიმართ გულგრილი გავხდი. ძალა აღარ მყოფნიდა მოწიფული ვაჟკაცის გონიერებამდე ავმაღლებულიყავი, უეცრად ბავშვობაში ჩავვარდი. ძალა აღარ შემწევდა მოსალოდნელი უბედურებისაგან თავი დამეღწია. ახლა თითქმის ვსაჭიროებდი, რომ ვინმეს ჩემს ძილსა და დაპურებაზე ეზრუნა. „ტრამალზე სეირნობის შემდეგ ატალა ჩემს ფეხებთან დაეცა, კვლავ მთხოვა: დამტოვეო. მისი თხოვნა ამაო იყო. განვუცხადე, ბანაკში მარტო დავბრუნდებოდი, თუ ხეზე ისევ არ მიმაბავ-მეთქი. ატალა იძულებული გახდა დამმორჩილებოდა იმ იმედით, რომ სხვა დროს დამითანხმებდა.    „მეორე დღეს, რომელმაც ჩემი ბედი გადასწყვიტა, ინდიელები შეჩერდნენ ერთ ხეობაში, სიმინოლების დედაქალაქის კუსკოვილის მახლობლად. ეს ინდიელნი, მუსკოგულჟთან შეკავშირებულნი, კრისკების კონფედერაციაში შედიან. პალმების ქვეყნის ასულმა შუაღამეს მინახულა. დიდ ფიჭვნარში წამიყვანა და კვლავ შემეხვეწა, რომ გავქცეულიყავი. უსიტყვოდ ხელზე ხელი მოვკიდე და შეშინებული სატრფო ვაიძულე ჩემთან ერთად ტყეში ეხეტიალა. მომხიბვლელი ღამე იყო. ჰაერის გენია ფიჭვების სუნით გაჟღენთილი თავის ლურჯ თმას აბიბინებდა, ვისუნთქავდით ამბრის სუსტ სურნელებას, რომელსაც მდინარეთა ნაპირზე თაფლინდის ხეებქვეშ გაწოლილი ნიანგები ავრცელებდნენ. მოწმენდილ ცაზე მთვარე კაშკაშებდა და მარგალიტისფერი მისი შუქი ტყეებს ბუნდოვნად მოხაზულ მწვერვალებზე ეშვებოდა. არავითარი ხმაურობა არ ისმოდა, გარდა რაღაც შორეული ჰარმონიისა, რომელიც ტყის სიღრმეს დაუფლებოდა. კაცი იტყოდა, უდაბნოს მთელ სივრცეზე მარტოობის სული ოხრავსო. „ხეებში ჭაბუკი შევნიშნეთ. ხელში ჩირაღდანი ეჭირა, ბუნების გასაღვიძებლად ტყეში მსრბოლ გაზაფხულის გენიას ჰგავდა. ჭაბუკი შეყვარებული იყო. თავისი ბედის გასაგებად სატრფოს ქოხისაკენ მიდიოდა. „თუ ქალწული ჩირაღდანს ჩაუქრობს, ეს ნიშნავს, რომ ჭაბუკის აღთქმას იღებს, თუ ჩირაღდნის ჩაუქრობლად შეიბურება, ეს ნიშნავს, ქალი ქმარს უარჰყოფს.    „მეომარი სიბნელეში გზას მიიკვლევდა და ჩუმი ხმით ასე მღეროდა: „მთების მწვერვალზე ასვლას განთიადს დავასწრებ, რათა ტყის მუხებს შორის განმარტოებული ჩემი მტრედი მოვძებნო. „მას ყელზე ნიჟარის მძივები შევაბი. შიგ არის სამი წითელი მარცვალი ჩემი სიყვარულისათვის, სამი - იისფერი ჩემი შიშისათვის, სამი - ცისფერი ჩემი იმედისათვის. „მილას თვალები ყარაყუმის აქვს, მსუბუქი თმა კი ბრინჯის ყანის ფერისა. მისი ტუჩები მარგალიტებით შემკობილი ვარდისფერი ნიჟარაა, მისი ძუძუები თითქოს ერთი დედის მიერ, ერთსა და იმავე დღეს შობილი ორი პატარა უხალო თიკანია. „ნეტავ მილა ამ ჩირაღდანს ჩამიქრობდეს! ნეტავი მისმა ტუჩებმა ჩირაღდანს ვნებიანი ჩრდილი მოჰფინოს! წიაღს გავუნაყოფიერებდი. სამშობლოს იმედი მის ნოყიერ ძუძუს ჩამოეკიდებოდა და ჩემი შვილის აკვანზე გრძელტარიან ყალიონს მშვიდად გავაბოლებდი. „ეჰ! მომეცი ნება, მთების მწვერვალზე ასვლა განთიადს დავასწრო, რათა ტყის მუხებს შორის განმარტოებული ჩემი მტრედი მოვძებნო!“    „ასე მღეროდა ეს ჭაბუკი, რომლის ხმის კილომ სული მღელვარებით ამივსო და ატალას სახის ფერი შეუცვალა. გადაჭდობილი ხელები გვითეთრდებოდა, მაგრამ იმ სანახაობას ჩვენი ყურადღება მოსტაცა მეორე სანახაობამ, ჩვენთვის არანაკლებ საშიშარმა.    „ჩავუარეთ ბავშვის საფლავს, რომელიც ორი ერის საზღვარზე იყო. საფლავი ჩვეულებისამებრ გზის პირას მოეთავსებინათ იმისათვის, რათა წყაროზე მიმავალ ახალგაზრდა ქალებს შესძლებოდათ უმანკო ქმნილების სული თავის წიაღში მიეზიდათ და სამშობლოსათვის დაებრუნებინათ. მაშინ იქ იყვნენ ახალგათხოვილნი, დედობის სიტკბოების მოსურნენი, რომელნიც პირს აღებდნენ და პატარა ბავშვის სულის დაჭერას ცდილობდნენ. მათ სწამდათ, რომ ეს სული ყვავილებზე დაფრინავდა. მერე მშობელი დედა მოვიდა და საფლავი სიმინდის ხელეულითა და მთის შროშანის თეთრი ყვავილებით შეამკო. თავის რძით მიწა მორწყა, ნამიან მოლზე დაჯდა და გრძნობამორეული ხმით ბავშვთან საუბარი დაიწყო: „ოჰ, ჩემო ახალშობილო, რატომ დაგტირი, რატომ დაგტირი მიწის აკვანში? როცა პატარა ჩიტუნა დიდი ხდება, თავისთვის საკვები თვითონ უნდა ეძებოს, და იგი უდაბნოში ბევრ მწარე მარცვალს პოულობს. იმით მაინც ვნუგეშობ, რომ შენ არ იცოდი, რა იყო ტირილი, შენს გულს არ შეხებია გამანადგურებელი სუნთქვა ადამიანებისა. კვირტს, რომელიც გაუფურჩქვნელად ჭკნება, მთელი თავისი სურნელი თან მიაქვს, როგორც შენ, ჩემო ვაჟო, მთელი შენი უმანკოება თან წაიღე. ბედნიერი არიან ისინი, რომლებიც აკვანში კვდებიან! მათ მხოლოდ დედის კოცნა და ღიმილი იგემეს“.    „უამისოდაც საკუთარ გულს აყოლილნი, საბოლოოდ დაგვიმორჩილა სიყვარულისა და დედური გრძნობის ამ სურათებმა, რომლებიც ამ მოჯადოებულ უდაბნოში თითქოს თან დაგვდევდა. ხელში აყვანილი ატალა შუაგულ ტყეში გავიტაცე და ისეთ რამეს ვეუბნებოდი, რასაც დღეს ამაოდ დავუწყებდი ძებნას ჩემს ბაგეზე. სამხრეთის ქარი, ჩემო შვილო, ყინულოვან მთებს რომ გადაივლის, სიმხურვალეს ჰკარგავს. სიყვარულის მოგონებანი მოხუცის გულში მთვარის მშვიდ დისკოს მიერ ანარეკლი დღის სინათლის მსგავსია, როდესაც მზე ჩასულია და ველურების ქოხებს სიწყნარე მოჰფნია. „ვის შეუძლია ატალას გადარჩენა? ვის შეუძლია მისთვის ხელის შეშლა, რომ იგი ბუნებას არ დამორჩილებოდა? უეჭველად არაფერს, გარდა სასწაულისა. და ეს სასწაული მოხდა. სიმაგანის ასულმა ქრისტიანთა ღმერთს მიაშურა. მიწაზე დაემხო და თავის დედასა და ქალწულთა დედოფალს მხურვალე ლოცვით მიმართა. ოჰ, რენე, ამ წუთიდან შესანიშნავი წარმოდგენა შემექმნა სარწმუნოებაზე, რომელსაც ტყეებში, ცხოვრების მრავალ გასაჭირში, უბედურთა უხვად დასაჩუქრება შეუძლია, სარწმუნოებაზე, რომელსაც ტყეებში, ცხოვრების მრავალ გასაჭირში, უბედურთა უხვად დასაჩუქრება შეუძლია, სარწმუნოებაზე, რომელსაც დასაჩუქრება შეუძლია დაამარცხოს იგი, მაშინაც კი, როდესაც ყველაფერი ხელს უწყობს ვნებათა ღელვას: ტყეთა საიდუმლოება, განმარტება, სიბნელის მდუმარება. ოჰ! როგორ ღვთაებრივად მომეჩვენა უბრალო ველური, უცოდინარი ატალა, რომელიც წაქცეული ბებერი ფიჭვის წინ, ისე როგორც საკურთხევლის წინ დაჩოქილი, თავის ღმერთს ევედრებოდა კერპთაყვანისმცემელი სატრფოსათვის. ღამის ვარსკვლავისაკენ აპყრობილი მისი თვალები, სარწმუნოებაზე, რომელსაც მოზღვავებული ვნებისადმი თავისი ძლიერების დაპირისპირებით მარტოდმარტო შეუძლია დაამარცხოს იგი, მაშინაც კი, როდესაც ყველაფერი ხელს უწყობს ვნებათა ღელვას: ტყეთა საიდუმლოება, განმარტოება, სიბნელის მდუმარება. ოჰ! როგორ ღვთაებრივად მომეჩვენა უბრალო ველური, უცოდინარი ატალა, რომელიც წაქცეული ბებერი ფიჭვის წინ, ისე როგორც საკურთხევლის წინ დაჩოქილი, თავის ღმერთს ევედრებოდა კერპთაყვანისმცემელი სატრფოსათვის. ღამის ვარსკვლავისაკენ აპყრობილი მისი თვალები, სარწმუნოებისა და სიყვარულის ცრემლისაგან ანთებული ლოყები უკვდავი მშვენიერებით ბრწყინავდნენ. რამდენჯერ მეგონა, თითქოს ვხედავდი, როგორ მოჰყვებოდნენ მთვარის სხივებს და როგორ შრიალებდნენ ხეების ტოტებში განდეგილებს მაშინ უგზავნის, როდესაც ინებებს მათ მიწვევას თავის სასუფეველში. ამიტომ ვშიშობდი, რომ ატალას მცირე დრო დარჩენოდა ამქვეყნად. „ამ დროს იგი ცრემლს ღვრიდა და ისეთი უბედური მეჩვენა, რომ შეიძლება დავთანხმებოდი ჩვენს განშორებას, მაგრამ უეცრად ტყეში სიკვდილის ყიჟინა დასცეს. ოთხი შეიარაღებული კაცი მომვარდა: გვიპოვეს. სამხედრო მეთაურს ბრძანება გაეცა ჩვენს დასაჭერად. „ატალამ, რომელიც ზვიადი სიარულით დედოფალს ჰგავდა, ამ მხედრებთან დალაპარაკებაც კი არ იკადრა, ერთხელ ამაყად შეხედა მათ და სიმაგანისაკენ გასწია.    „ატალამ ვერაფერი გააწყო. დარაჯები გამიორკეცეს, მეტი ბორკილები დამადეს, სატრფოს დამაშორეს. ხუთმა ღამემ გაიარა, და ჩვენ ვხედავთ აპალაშუკლას, რომელიც მდინარე შატა-იუშის ნაპირზე მდებარეობს. მაშინვე ყვავილებით შემამკეს, სახე ლაჟვარდივითა და სინაგურით შემიღებეს, ცხვირსა და ყურებზე მარგალიტები ჩამომკიდეს და ხელში შიშიკუე მომცეს. „შესაწირავად ასე მორთული აპალაშუკლაში შევედი. ბრბო დაუსრულებლად ღრიალებდა. განწირული ვიყავი, მაგრამ უეცრად ნიჟარის ხმა გაისმა და მიკომ, ანუ ტომის მეთაურმა, ბრძანება გასცა - შეიკრიბეთო.. „შენ იცი, ჩემო შვილო, როგორ აწამებენ ველურები ომში დატყვევებულთ. ქრისტიანმა მისიონერებმა მოყვასისადმი დაუშრეტელი სიყვარული გამოიჩინეს, არ მოერიდნენ, თავიანთი სიცოცხლე საფრთხეში ჩაეგდოთ და რამდენიმე ტომთა შორის იმას მიაღწიეს, რომ კოცონის საშინელებანი საკმაოდ მსუბუქი ტყვეობით შესცვალეს. მუსკოგულჟებს ეს ჩვეულება უკვე მრავალრიცხოვანი ჯგუფი იყო. სწორედ ამ მნიშვნელოვან საქმეზე მოსალაპარაკებლად მოიწვია მიკომ საშემები. მე ბჭობის ადგილზე მიმიყვანეს. „აპალაშუკლას მახლობლად განმარტოებულ ბორცვზე იყო აღმართული საბჭოს კარავი. სამი წრე ქმნიდა ამ როტონდის მოხდენილ არქიტექტურას. სვეტებს წარმოადგენდნენ გაკრიალებული და ჩუქურთმიანი კვიპაროზები. რამდენადაც ისინი უახლოვდებოდნენ ცენტრს, რომელიც ცალკე მდგომარე ბოძით იყო აღნიშნული, სვეტების სიმაღლე და სისქე დიდდებოდა, რაოდენობა კი მცირდებოდა. სხვა სვეტებამდე გადაჭიმული, შუა ბოძის თავზე დამაგრებული ხრალის ზოლები, გამჭვირვალე, მარაოს მსგავსი, სახურავით ფარავდნენ კარავს.    „საბჭო იკრიბება. წავის მოსასხამიანი ორმოცდაათი მოხუცი ერთმანეთის გვერდით ჯდება საფეხურებზე, რომლებიც კარვის კარის პირდაპირაა. მათ შუა დიდი მეთაური ზის, ხელში უჭირავს მშვიდობის გრძელტარიანი ყალიონი, რომლის ნახევარი შეღებილი იყო ომისათვის. მოხუცთა ორმოცდაათი ქალი. მხედართმთავარნი, ტომაჰავკებით ხელში, ფრთებით თავშემკობილნი, სისხლით შეღებილი მკერდითა და ხელებით, მარცხენა მხარეს იკავებენ. „შუა სვეტის ძირას საბჭოს ცეცხლი ღვივის. ტაძრის რვა მცველთა გარშემორტყმული გრძელი თეთრი ტანისამოსით შემოსილი პირველი ჯამბაზი, რომელსაც თავზე ბუს ფიტული აქვს გაკეთებული, ცეცხლს კოპალის ხის მალამოს ასხამს და მზეს მსხვერპლს სწირავს. მოხუცების, დედაქალაქებისა და მეომრების სამმაგი მწკრივი, ქურუმები, გუნდრუკის კმევით დამდგარი ღრუბელი, მსხვერპლშეწირვა - ყოველი ეს საბჭოს სხდომას დიდებულ იერს აძლევს. „ხელფეხშეკრული, კრებულის შუა ადგილას ვიდექი. მსხვერპლშეწირვის დასრულების შემდეგ მიკო სიტყვას იღებს და საბჭოს უბრალოდ აცნობს საქმეს, რომლისთვისაც შეიკრიბნენ. თავის ნათქვამის დასამოწმებლად მიკო დარბაზში ძირს დააგდებს ლურჯ გულქანდს. „მაშინ არწივის ტომის საშემი დგება და ამბობს: „ჩემო მამავ მიკო, არწივის, წავის, გველისა და კუს ოთხი ტომის საშემნო, დედაქალნო, მეომარნო, ნურაფერს შეცვლით ჩვენი წინაპრების ჩვეულებაში. დავწვათ ტყვე და ჩვენს გულადობას ნუ შევარბილებთ. რასაც გვთავაზობენ, თეთრკანიანთა ჩვეულებაა. ეს კი ჩვენთვის შეიძლება დამღუპველი იყოს. მომეცით წითელი გულქანდი, რომელიც ჩემი სიტყვების შემცვლელი იქნება. მე დავამთავრე. „და იგი კრებულში წითელ გულქანდს დააგდებს. „ერთი დედაქალი დგება და ამბობს: „ჩემო მამავ არწივო, თქვენ გაქვთ მელიის და კუს კეთილგონიერი აუჩქარებლობა. მსურს თქვენთან ერთად მეგობრობის ჯაჭვი ვატარაო და ჩვენ ერთად დავრგოთ მშვიდობის ხე. მაგრამ შვცვალით ჩვენი წინაპრების ის ჩვეულებანი, რაც დამღუპველია. გყავდეს ტყვეები, რომლებიც მინდვრებს დაგვიმუშავებენ და ნუღარ მოვისმენთ დედების წიაღის ამაღელვებელ მათ ყვირილს. მე დავასრულე“.    „როგორც ქარიშხლის დროს ზღვის ტალღები იმსხვრევა, როგორც გრიგალი შემოდგომაზე გამხმარ ფოთლებს აიტაცებს, როგორც მეშასებეს ლერწმები უეცარი წყალდიდობის დროს იღუნება და კვლავ იმართება, როგორც ტყის სიღრმეში ირმის დიდი ჯოგი ყვირის, ისე ღელავდა და გრგვინავდა საბჭო. საშემები, მეომრები, დედაქალაქები ლაპარაკობენ რიგრიგობით, ან ყველა ერთად. ინტერესები ერთმანეთს ეჯახება. შეხედულებები იყოფა. საბჭო საცაა დაიშლება, მაგრამ ბოლოს ძველი ჩვეულება იმარჯვებს, და მე დაწვა მომესაჯა. „ერთმა გარემოებამ დააგვიანა ჩემი დასჯა. მიცვალებულთა დღესასწაული სულთალხინი ახლოვდებოდა. ჩვეულების მიხედვით, ამ ზეიმის დღეებში არც ერთი ტყვის მოკვლა არ შეიძლებოდა. სასტიკი მცველები მომიჩინეს. რასაკვირველია, საშემებმა სიმაგანის ასულს მომაშორეს და შემდეგ ის აღარ მინახავს.    „ამასობაში გარშემო სამას ლიეზე მეტი მანძილიდან გროვა-გროვად მოვიდნენ ტომები მიცვალებულთა დღესასწაულზე. განმარტოებულ ადგილზე გრძელი კარავი ააგეს. დანიშნულ დღეს ყოველმა ოჯახმა წინაპრების ნეშტები ამოიღო განცალკევებული საფლავიდან და ჩონჩხები რიგზე და ოჯახების მიხედვით ჩამოჰკიდეს წინაპართა საერთო დარბაზის კედლებზე. გარეთ (მაშინ გრიგალი ამოვარდა) ტყეები და ჩანჩქერები ღრიალებდნენ. ამ დროს კი სხვადასხვა ტომის მოხუცნი თავიანთ წინაპრებს ძვლებზე ერთმანეთს შორის ზავისა და კავშირის პირობებს სდებდნენ.    „ეწყობა დაკრძალვის თამაშობანი: რბენაში შეჯიბრება, ბურთაობა და კოჭის თამაში. ორი ქალწული ცდილობს ერთმანეთს ტირიფის წნელი წაართვას. მკერდით ერთმანეთს ეხებიან. ხელებს თავზე აწეულ წნელზე დაასრიალებენ, მშვენიერი ტიტველი ფეხებით ერთმანეთს ეჭდობიან, ტუჩები ტუჩს ხვდება. ნაზი სუნთქვა ერთმანეთში ირევა. იხრებიან და თმა ეხლართებათ, დედებს უცქერენ და წითლდებიან. მაყურებელნი ტაშს უკრავენ. ჯამბაზი წყლის სულს, მიშაბუს მიმართავს. იწყებს თხრობას დიდი კურდღლის ბრძოლაზე ბოროტების ღმერთს, მაჩიმანტუს, წინააღმდეგ. ლაპარაკობს პირველ მამაკაცსა და პირველ დედაკაცზე - ატაანსიკუზე, რომლებიც უმანკოების დაკარგვისათვის ციდან ჩამოაგდეს, უღვთოჟუსკეკუზე, რომელიც ალალ-მართალ ტაუისტსაურს ჰკლავს. წარღვნაზე, რომელიც დიდი სულის მოწოდებაზე იწყება. მასუზე, რომელიც ერთადერთი გადარჩა ხის ქერქის ნავში, და მიწის აღმოსაჩენად გაგზავნილ ყორანზე. ის ლაპარაკობს აგრეთვე მშვენიერ ენდაეზე, რომელიც ქმარმა ტკბილი სიმღერებით სულთა ქვეყნიდან გამოიყვანა. „ამ თამაშობითა და გალობათა შემდეგ შეკრებილნი წინაპრებისათვის სამარადისო საფლავის გასაკეთებლად ემზადებიან. „მდინარე შტა-იუშის ნაპირზე იდგა ხალხთა თაყვანისცემით ნაკურთხი ველური ლეღვის ხე. ქალწულები ამ ადგილას ჩვეულებრივად ხრიალის კაბებს რეცხავდნენ და ძველი ხის ტოტებზე ფენდნენ, რათა ისინი უდაბნოს ქარს გაეშრო. აი, აქ დიდი საფლავი ამოთხარეს. მიცვალებულთა დარბაზიდან სიკვდილის ჰიმნის სიმღერით გადიან, ყოველ ოჯახს რამდენიმე წმინდა ნეშტი მიაქვს. საფლავთან მიდიან, ნეშტს შიგ უშვებენ და ფენად ასვენებენ, ხოლო მათ შორის დათვისა და წავის ტყავებს აწყობენ. საფლავის ბორცვებზე ტირილისა და ძილის ხეს რგავენ.    „ჩემო ძვირფასო შვილო, შევიბრალოთ ეს ადამიანები: იგივე ინდიელი მამაკაცები, რომლებსაც ესოდენ გულის ამაღელვებელი ჩვეულებები აქვთ, იგივე ქალები, რომლებიც გულისხმიერად მექცეოდნენ, ახლა ღრიალით ჩემს დასჯას მოითხოვდნენ და მთელი ტომები გამგზავრებას აყოვნებდნენ იმისათვის, რომ ახალგაზრდა ადამიანის საშინელ ტანჯვას ცქერით დამტკბარიყვნენ. „ჩრდილოეთით მდებარე ველზე, დიდი სოფლის დაშორებით, აღმართული იყო სისხლის ტყედ წოდებული კვიპაროზებისა და ნაძვების ტყე. მისკენ მიმავალი გზა იმ ძეგლთა ერთ-ერთ ნანგრევებს გადაივლიდა, რომელთა წარმოშობის შესახებ ცნობა არ შენახულა და რომლებიც ჩვენთვის უცნობ ხალხს გაუკეთებია. ამ ტყის შუაგულში იყო მოედანი, სადაც ტყვეებს მსხვერპლად სწირავდნენ. ინდიელებმა იქ დიდი ზეიმით წამიყვანეს. ჩემი სიკვდილისათვის ყველაფერი მზადდება, მიწაში არესკუის ბოძს ეცემა, კოცონს აღარაფერი აკლია. მაყურებელნი ხის ნამორებითა და ტოტებით ამფითეატრს აკეთბენ. ყოველი კაცი ცდილობს განსაკუთრებული წამება გამოიგონოს: ერთი წინადადებას იძლევა, თავზე ტყავი ამოაძრონ, მეორე - თვალები ამოწვან გავარვარებული შანთით. მე სიკვდილის სიმღერას ვიწყებ: „ტანჯვისა სრულიად არ მეშინია: გულადი ვარ, ჰეი, მუსკოგულაჟებო! ქედს ვერ მომახრევინებთ. ქალებზე უფრო მეზიზღებით. მამაჩემი უტალისი მისკუს ძე თქვენი ყველაზე უფრო ცნობილი მეომრების თავის ქალას სასმისად იყენებდა. ჩემს გულს ერთ ოხვრასაც ვერ მოსტაცებთ“ „ჩემი სიმღერით გაბრაზებულმა ერთმა მეომარმა ხელი ისრით გამიხვრიტა. მე ვუთხარი: „გმადლობ, ძმაო“.    „მიუხედავად ჯალათების გაცხარებული მუშაობისა, მზის ჩასვლამდე ვერ დაამთავრეს წამების სამზადისი. ჯამბაზთან ითათბირეს, მან დაუშალა წყვდიადის სულების შეშფოთება: და ჩემი სიკვდილი მეორე დღისათვის გადაიდო, მაგრამ ინდიელებს სისხლის ტყე არ დაუტოვებიათ, რადგან ამ სანახაობით დატკბობას მოუთმენლად ელოდნენ და სურდათ ამისათვს ალიონზე მზად ყოფილიყვნენ, დიდი კოცონები, გააჩაღეს, ლხინი და ცეკვა გამართეს. „ამასობაში პირაღმა დამაწვინეს, კისერი, ხელ-ფეხი თოკით შემიკრეს და მიწაზე ჩასობილი პალოებზე მიმაბეს. მეომრები თოკებზე დაწვნენ და მე ვერ გავინძრეოდი, რომ მათ არ გაეგოთ. ღამდება: ცეკვა-სიმღერა თანდათან წყდება. ცეცხლები მხოლოდ მოწითალო შუქს ისვრიან, მათ წინ ჯერ კიდევ მოჩანს რამდენიმე ველურის ჩრდილი, ყველაფერი იძინებს. რამდენადაც ადამიანთა ხმაურობა სუსტდება, იმედიანად უდაბნოს ხმაურობა მატულობს და ღრიანცელს სცვლის ქართა საცოდავი ზუზუნი. „ეს ის დრო იყო, როდესაც ახალგაზრდა ინდიელმა ქალმა, რომელიც ის-ის იყო დედა გახდა, შუაღამეს უეცრად გაიღვიძა. მას მოეჩვენა, რომ პირმშო ტიროდა, დედას ძუძუს სთხოვდა. ცას შევცქეროდი, სადაც ნახევარმთვარე ღრუბლებში დაეხეტებოდა, და ჩემს ბედზე ვფიქრობდი. ატალა უმადურობის საშინელ განხორციელებად მეჩვენებოდა. სიკვდილის დასჯის წუთში მიატოვა ის, ვინაც მის დაშორებას ცეცხლში დაწვა ამჯობინა. მაგრამ ვგრძნობდი, რომ კვლავ მიყვარდა და მისთვის სიხარულით ვკვდებოდი.    „უდიდეს სიამოვნებათა განცდის დროს ვგრძნობდი რაღაც ეკლის ჩხვლეტას, რომელიც გვაფხიზლებს, თითქოს გვაფრთხილებს, სწრაფმავალი წუთით ვისარგებლოთ, დიდ მწუხარებაში კი, პირიქით, არ ვიცი რა, რაღაც მძიმედ გვაწვება და გვაძინებს: ცრემლით დაღლილი თვალები, ბუნებრივია, გვეხუჭება, განგების სიკეთე თვით ჩვენს უბედურებაშიც იჩენს თავს. ჩემს უნებურად დავმორჩილდი მძიმე ძილს, რითაც ზოგჯერ უბედურები სტკბებიან. დამესიზმრა, თითქოს ბორკილები ამხსნეს, თითქოს ვიგრძენი ის მსუბუქება, რასაც ადამიანი განიცდის, როდესაც ძლიერი მოჭერის შემდეგ მოსარჩლე ხელი ბორკილებს მოუშვებს. ეს განცდა იმდენად ძლიერი იყო, რომ თვალი გავახილე. ორ ღრუბელს შორის მცურავ მთვარის შუქზე დავინახე დიდი თეთრი ფიგურა, ჩემკენ დახრილი. ჩუმად ბორკილებს მხსნიდა. უნდა მეყვირა, მაგრამ ამ დროს პირი შემიკრა ხელმა, რომელიც იმწამსვე ვიცანი. მხოლოდ ერთი თოკი რჩებოდა. მაგრამ, როგორც ეტყობოდა, შეუძლებელი იყო მისი ისე გადაჭრა, რომ არ შეხებოდა მეომარს, რომელიც თოკს ტანით დასწოლოდა. ატალა თოკს ხელს ჰკიდებს, მეომარი ნახევრად იღვიძებს და წამოჯდება. ატალა არ იძვრის და მას უცქერის. ინდიელს ჰგონია, რომ ნანგრევთა სულს ხედავს, ისევ წვება, თვალს ხუჭავს და თავის მანიტუს უხმობს. თოკი გაწყვეტილია. ვდგები. ჩემს განმათავისუფლებელი მაწვდის მშვილდს, რომლის ერთი ბოლო მას უჭირავს. მაგრამ რამდენიმე საფრთხეა გარშემო. ხან კინაღამ ვეჯახებით მძინარე ველურებს, ხან გუშაგები გვეხმაურებიან და ატალა ხმის შეცვლით აძლევს პასუხს. ბავშვები წამოიყვირებენ, დოგები ჰყეფენ. ბანკის საბედისწერო წრეს თავი დავარწიეთ, რომ ტყე ყვირილმა შესძრა. ბანაკი იღვიძებს. უამრავი ცეცხლი ინთება. ეტყობა, ველურები ყოველ მხარეს დარბიან ანთებული ჩირაღდნებით. ნაბიჯს ავუჩქარეთ.    „აპლაშის მთებზე რომ ირიჟრაჟა, ჩვენ უკვე შორს ვიყავით. ატალასთან კვლავ მარტო აღმოვჩნდი, ჩემს მხსნელ ატალასთან, ატალასთან, რომელიც სამუდამოდ მომენდო. სიტყვის სათქმელად ენა არ მემორჩილებოდა. მუხლები მოვიყარე და სიმაგანის ასულს ვუთხარი: „ადამიანები თავისთავად დიდს არაფერს წარმოადგენენ, მაგრამ, როცა მათ გენიები ეწვევიან, მაშინ ხომ სრულიად არაფერს წარმოადგენენ, მაგრამ, როცა მათ გენიები ეწვევიან, მაშინ ხომ სრულიად აღარაფერს წარმოადგენენ. თქვენ გენია ხართ, თქვენ მეწვიეთ და თქვენ წინაშე ლაპარაკი არ შემიძლია“. ატალამ ღიმილით ხელი გამომიწოდა და მითხრა: „უნდა გამოგყოლოდით, რადგან უჩემოდ გაქცევა არ ისურვეთ, ჯამბაზი მოვისყიდე საჩუქრებით, ჯალათები არყით დავათვრე. თქვენთვის თავი უნდა გამეწირა, რადგან ჩემთვის სიცოცხლე გასწირეთ, დიახ, ახალგაზრდა კერპთაყვანისმცემელო“, დაუმატა ისეთი კილოთი, რომ შემაშინა, „თავგანწირვა იქნება თანაზიარი“. „ატალამ გადმომცა იარაღი, რომლის მოტანისათვის ეზრუნა, მერე ჭრილობა შემიხვია. ჭრილობა ნესვის ხის ფოთლით მომიწმინდა და თან ცრემლი აპკურა. „ეს მალამოა, ჩემს ჭრილობას რომ აფრქვევ“, ვუთხარი. „ვშიშობ, რომ იგი უფრო შხამიანია“, მიპასუხა ატალამ. მკერდზე დოლბანდის ნაჭერი მოიხვია და იმათ ჭრილობა შემიხვია, მერე შეხვეული თავისი თმის კულულით შემიკრა.     „ზარხოშმა, რომელიც ველურებში დიდხანს გრძელდებოდა და მათთვის ერთგვარი ავადმყოფობაა, უეჭველად ხელი შეუშალა მათ, რომ პირველ დღეებშივე დაგვდევნებოდნენ, თუ მერე გვეძებს, ალბათ, დასავლეთის მიმართულებით. ეგონათ, რომ მეშასებსკენ გასვლას ვეცდებით, ჩვენ კი უძრავი ვარსკვლავისაკენ გავწიეთ, გზას მივაკვლევდით ხეების ტანზე მოდებული ხავსით. „მალე შევნიშნეთ, რომ ჩემი განთავისუფლებით ცოტა რამ მოვიგეთ. ახლა უდაბნო ჩვენს წინაშე უსაზღვრო, უკაცურ სივრცეებს შლიდა. სწორ გზას აცდენილი ვიყავით, ალალბედზე მივდიოდით, ტყეებში ცხოვრების გამოცდილება არ გვქონდა, რა მოგველოდა? ხშირად როცა ატალას ვუცქეროდი, მაგონდებოდა აგარის ძველი ამბავი, რომელიც ლოპესმა წამიკითხა. დიდი ხანია მას შემდეგ, რაც ეს ამბავი მოხდა ბერსაბეს უდაბნოში. ეს მოხდა მაშინ, როდესაც ადამიანები მუხაზე სამჯერ მეტ ხანს სძლებდნენ. „ატალამ კოპიტის ხრალისაგან მოსასხამი გამიკეთა, რადგან თითქმის ტიტველი ვიყავი. მთიხვის ტყავისაგან გაკეთებული მოკასინები მომიქარგა მაჩვზღარბის ჯაგრით. მეც ვიზრუნე მისი მორთვისათვის. ხან თავზე ვადგამდი გვირგვინის ლურჯი ბალბებისას, რომლებიც გზაზე გვხვდებოდა ინდიელთა მიტოვებულ სასაფლაოებზე, ხან იელის წითელი მარცვლებით გულქანდებს ვუკეთებდი. ამ საოცარი სილამაზის შემყურე ვიღიმებოდი. „მდინარეებს ტივით ან ცურვით გადავლახავდით ხოლმე. ატალა ხელით მხარზე დამეყრდნობოდა, და როგორც ორი მოგზაური გედი, უდაბურ ადგილთა წყლებს გადავდიოდით. „ხშირად, ცხელ დღეებში, თავს კედრების ხავსებს ვაფარებდით. ფლორიდის ყველა ხე, განსაკუთრებით, კედარი და ქვამუხა დაფარულია თეთრი ხავსით, რომელიც მათი ტოტებიდან მიწამდე ეშვება. როდესაც ღამით, მთვარის შუქზე, გაშლილ ველზე განმარტოებულ მარადმწვანე მუხას ნახავთ, გეგონებათ, აჩრდილს ვხედავ გრძელი გაშლილი ლეჩაქით. ეს სურათი არც დღისით არის ნაკლებ წარმტაცი, რადგან პეპლების, მოლაპლაპე ბუზების, კოლიბრების, მწვანე თუთიყუშების, ლაჟვარდი ჩხიკვების გუნდი ამ ხავსებს რომ მოეფინა, ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, თითქოს თეთრი მატყლის ფარდაგზე ევროპელ ხელოსანს ბრჭყვიალა მწერები და ფრინველები ამოუქარგავს. „დიდი სულის მიერ მომზადებული ამ სასტუმროების ჩრდილქვეშ ვისვენებდით როდესაც ამ დიდი კედრის დასარწევად ციდან ქარი დაეშვებოდა, როცა მის ტოტებზე აგებული ჰაეროვანი კოშკი ფრინველებთან და მას შეფარებულ მძინარე მგზავრებთან ერთად რხევას იწყებდა, როცა ამ მოძრავი შენობის დერეფნიდან და კამარებიდან ათასობით ოხვრა ისმოდა, - მაშინ ადამიანს შეეძლო ეთქვა, ძველი ქვეყნის სასწაულები ვერასოდეს შეედრება ამ უდაბნოს ძეგლებსო. „ყოველ საღამოს დიდ ცეცხლს ვანთებდით და სამგზავრო კარავს ვიკეთებდით ხის ქერქისაგან, რომელსაც ოთხ სარზე გადავჭიმავდით ხოლმე. თუ მე გარეულ ინდაურს, გარეულ მტრედს ან ტყის ხოხობს მოვკლავდი, მას ცეცხლმოკიდებულ მუხის წინ, მიწაში ჩასობილ ლატანიის წვერზე ჩამოვკიდებდით და ქარს ვანდობდით ნანადირევის ცეცხლზე ტრიალს. ვჭამდით ხავსებს, რომლებსაც „კლდეების ნაწლავებს“ ეძახიან, არყის ხის ტკბილ ქერქებსა და მაისის ვაშლებს, რომლებსაც ატმისა და ჟოლოს გემო აქვთ. შავი კაკლის ხე. ნეკერჩხალი, თუთუბო ჩვენი სუფრისათვის ღვინოს გვაწოდებდნენ. ზოგჯერ ლერწმებში ვპოულობდი რაიმე მცენარეს, რომლის რქასავით გაგრძელებულ ყვავილში ერთი ჭიქა უწმინდესი ცვარი იყო. ჩვენ ვლოცავდით განგებას, რომელმაც ყვავილის სუსტ ღეროზე, დამპალ ჭაობებს შორის, ეს გამჭვირვალე წყარო მოათავსა იმის მსგავსად, როგორც მწუხარებით დაფლეთილ გულთა სიღრმეში იმედი ჩაენერგა და ცხოვრების უბედურებათა წიაღიდან სათნოება ამოაჩქეფა. „ვაგლახ! მალე შევნიშნე, რომ ატალას მოჩვენებითს სიმშვიდეს შეცდომაში შევეყვანე, რამდენადაც წინ მივიწევდით. ის იმდენად უფრო მოწყენილი ხდებოდა. ხშირად უმიზეზოდ კანკალებდა და თავს აქნევდა, თვალს შევასწრებდი, ვნებიანად რომ მიცქეროდა, მერე ღრმა სევდით ცისკენ აიხედავდა. განსაკუთრებით მაშინებდა რაღაც საიდუმლოება, მისი სულის სიღრმეში დამალული რაღაც აზრი, რასაც თვალებში ვამჩნევდი. მუდმივად თავისკენ მიზიდავდა, თან მიშორებდა, იმედს აღმიგზნებდა, თან მიცურებდა, და როდესაც ვფიქრობდი, რომ მისი გულისაკენ ოდნავ გზა გავიკვლიე, მაინც იმავე ადგილას ვიყავი. რამდენჯერ უთქვამს ჩემთვის: „ოჰ, ჩემო ახალგაზრდა სატრფოვ! მიყვარხარ, როგორც ტყის ჩრდილი პაპანაქება სიცხეში, მშვენიერი ხარ, როგორც უდაბნო ყველა თავისი მცენარითა და ნიავთა ქროლვით. შენსკენ რომ ვიხრები, ვკანკალებ, ჩვენი ხელები ერთმანეთს რომ ხვდება, მგონია ვკვდები-მეთქი. ამას წინათ ქარმა სახეზე შენი თმა მომაყარა, ჩემს მკერდზე რომ ისვენებდი, და მეგონა უხილავ სულთა შეხება ვიგრძენი-მეთქი. დიახ, მინახავს ოკონის მთის შვილები, ღრმად მოხუცებულ ადამიანთა სიტყვები მომისმენია, მაგრამ შენი სიტყვები უფრო სასიამოვნოა და ძლიერია, ვიდრე შველთა სინაზე და მოხუცთა სიბრძნე. მაგრამ მაინც, საბრალო შაქტასო, შენი ცოლი მე არასოდეს არ ვიქნები“. ატალას სიყვარულსა და სარწმუნოებას შორის დაუსრულებელი წინააღმდეგობა, მისი ნაზი თავდადება და ზნე-ჩვეულებათა სისპეტაკე, ხასიათის ზვიადობა და ღრმა გრძნობა, დიდ საქმეში სულის სიმაღლე, პატარაში კი შეწყნარება, ყველაფერი ეს გაუგებარ არსებად ხდიდა მას. ატალას მამაკაცზე სრული ბატონობა უნდა მოეპოვებინა. ვნებით სავსე, ხელმწიფობითაც სავსე იყო. ატალა ან უნდა გაგეღმერთებინათ, ან უნდა შეგეძულებინათ. „თხუთმეტი დღის სწრაფი სიარულის შემდეგ ალეგანის მთაგრეხილს მივაღწიეთ და ოჰაიოს შენაკად მდინარე ტენესის ერთ-ერთ ტოტს მივადექით. ატალას რჩევით ნავი გავაკეთეთ, ხის ქერქები ნაძვის ფესვებით შევკერე და ქლიავის ხის გუმფისით გამოვწებე. მერე ატალასთან ერთად ნავში ჩავჯექი და მდინარის დენას გავყევით. „ჩვენს მარცხნივ მაღალი კონცხის მოსახვევში მოჩანდა ინდიელთა სოფელი სტიკოე, პირამიდის მსგავსი საფლავებით. მარჯვნივ დავტოვეთ კოევის ველი, რომლის იქით მოჩანდა ჟორეს ქოხები, ამავე სახელწოდების მთის მწვერვალს მიკრული. მდინარე, რომელსაც მივყვებოდით, მაღალ ფრიალო კლდეებს შორის მიდიოდა. ამ კლდეების ბოლოს მზე ჩადიოდა. ამ სრულ განმარტოებას ადამიანის ჟრიამული არ არღვევდა. ჩვენ დავინახეთ მხოლოდ ფრიალო კლდეზე უძრავად მდგარი, მშვილდზე დაყრდნობილი ინდიელი მონადირე, რომელიც უდაბნოთა სულისათვის აღმართულიყო ქანდაკებას ჰგავდა. „მე და ატალამ ჩვენი დუმილი ამ სურათის დუმილს შევუერთეთ. უეცრად ჰაერში გაისმა მღელვარე და სევდით სავსე ხმა ლტოლვილი ასულისა, რომელიც შორეულ სამშობლოს უმღეროდა: „ბედნიერი არიან ისინი, რომლებსაც არ უხილავთ უცხოეთის დღესასწაულთა კვამლი და მხოლოდ თავიანთი მამების ლხინში მსხდარან! „თუ მეშასებეს ლურჯი ჯაფარა ფლორიდის ლტოლვილ ნონაპარეის ჰკითხავდა: რატომ კვნესით ასე მოწყენით? ნუთუ აქ არა გაქვთ მშვენიერი წყაროები, მშვენიერი ჩრდილი და ყოველგვარი საკვები? - მაქვს, უპასუხებდა ლტოლვილი ნონპარეი. მაგრამ ჩემი ბუდე ჟასმინშია. ვინ მომიტანს? და ჩემი ტრამალის მზე თქვენ ხომ არა გაქვთ? „ბედნიერი არიან ისინი, რომლებსაც არ უხილავთ უცხოეთის დღესასწაულთა კვამლი და მხოლოდ თავიანთი მამების ლხინში მსხდარან! „რამდენიმე საათის მძიმე მოგზაურობის შემდეგ მგზავრი მოწყენით ჩამოჯდება. ქოხებს შესცქერის, მგზავრს თავმისადები ადგილი არა აქვს დასასვენებლად. ქოხს უკაკუნებს, თავის მშვილდს კარს უკან სდებს, თავშესაფარს ითხოვს, პატრონი ხელით უარს ანიშნებს, მგზავრი მშვილდს იღებს და უდაბნოს უბრუნდება. „ბედნიერი არიან ისინი, რომლებსაც არ უხილავთ უცხოეთის დღესასწაულთა კვამლი და მხოლოდ თავიანთ მამების ლხინში მსხდარან! „კერასთან მოსმენილო საუცხოო ამბები, ნაზო გულახდილობავ, ცხოვრებისათვის ასე აუცილებელო. ხანგრძლივო ჩვეულებავ სიყვარულისა - თქვენით არის სავსე იმათი წუთისოფელი, ვისაც სამშობლო მხარე არასოდეს დაუტოვებია თავიანთი საფლავები სამშობლოში აქვთ ჩამავალ მზესთან, მეგობრების ტირილსა და სარწმუნოების მომხიბვლელობასთან ერთად. „ბედნიერი არიან ისინი, რომლებსაც არ უხილავთ უცხოეთის დღესასწაულთა კვამლი და მხოლოდ თავიანთი მამების ლხინში მსხდარან!“ „ასე მღეროდა ატალა. მის ჩივილს არაფერი უშლიდა ხელს, გარდა ტალღებზე ნავის შეუმჩნეველი ტლაშუნისა. მხოლოდ ორსა თუ სამ ადგილას ეს ჩივილი დაიჭირა სუსტმა გამოძახილმა და გადასცა უფრო სუსტ გამოძახილს, რომელმაც კიდევ უფრო სუსტს მესამე გამოძახილს გაუმეორა. გეგონებოდათ, რომ ოდესღაც ჩვენსავით უბედური ორი შეყვარებულის სული, ამ ამაღელვებელი მელოდიით მოხიბლული, მის უკანასკნელ ხმებს მთაში სასიამოვნო ოხვრით იმეორებდა. „ამასობაში მარტოობა, საყვარელი არსების მუდმივი სიახლოვე, თვით ჩვენი უბედურებანი სიყვარულს გვიორკეცებდნენ. ატალას ძალა ეცლებოდა. ვნება კი სხეულს უდუნებდა, მის უმანკოებაზე გამარჯვებას ლამობდა. განუწყვეტლივ ევედრებოდა თავის დედას, თითქოს მისი განრისხებული აჩრდილის დამშვიდება სურდა. ზოგჯერ მეკითხებოდა, კვნესა ხომ არ გესმისო, მიწიდან ამოხეთქილი ცეცხლის ალებს ხომ არ ხედავო. მე კი დაღლილობით დაუძლურებული, მაგრამ შეუნელებელი სურვილით ალმოდებული ვფიქრობდი, შეიძლება ამ ტყეებს თავი ვერ დავაღწიეო, აქ სამუდამოდ დავიღუპო-მეთქი, და ასჯერ მზად ვიყავი, რომ ატალა, როგორც ცოლი, მკერდში ჩამეკრა, ასჯერ მივეცი წინადადება ამ ნაპირზე ქოხი აგვეშენებინა და აქ მივმალულიყავით. მაგრამ ყოველთვის უარზე იყო. „დაფიქრდი, ჩემო ახალგაზრდა მეგობარო, მეომარი სამშობლოს ეკუთვნის. რას წარმოადგენს ქალი იმ მოვალეობათა წინაშე, რაც შენ უნდა შეასრულო? გამხნევდი, უტალისს შვილო, ბედს ნუ უჩივი.. ადამიანის გული მდინარის ღრუბელს ჰგავს, რომელიც ხან წმინდა წყალს ისრუტავს კარგ ამინდში, ხან კი ლამიანი წყლით იბერება, როდესაც არ მეგონა, თუ ოდესმე ქარიშხალი ამოვარდებოდა, თუ მზე ოდესმე მცხუნვარე იქნებოდა. „ოჰ, რენე, შენ თუ გულის მღელვარება გაშინებს, მარტოობას ერიდე. დიდი ვნება თავისთავად მეუდაბნოეა და მისი გადატანა უდაბნოში იმას ნიშნავს, რომ სრულიად დამორჩილდე მის ბატონობას. ზრუნვითა და შიშით დაქანცულებს საფრთხე გველოდება: შეიძლებოდა იმ ინდიელებს, რომლებიც ჩვენი მტრებია, ხელში ჩავვარდნოდით, წყალში ვეჭამეთ. ღარიბულ საკვებს გაჭირვებით ვშოულობდით. არ ვიცოდით, საით წავსულიყავით. გვეგონა, არაფერი აკლდა ჩვენს უბედურებას, რომ ერთმა შემთხვევამ უფრო მეტი საშინელება მოგვიტანა. „ტყვეობიდან გამოქცევის შემდეგ ოცდამეშვიდე მზე იყო. ცეცხლის თვე დაიწყო და ყველაფერი ქარიშხლის მოახლოებას მოასწავებდა. ის დრო იყო, როდესაც ინდიელი დედაქალები ღვიას ტოტებზე თოხებს კიდებენ და თუთიყუშები კვიპაროსების ფუტუროში იმალებიან. ცა მოიღრუბლა. მარტოობის ხმა მიწყდა, უდაბნო დადუმდა, და ტყეები სრულმა სიწყნარემ მოიცვა. მალე შორეული ქუხილი სამყაროსავით ძველ ტყეებს მოედო, დიდებული გუგუნი გამოიწვია. შეგვეშინდა, წყალს არ წავეღეთ და მდინარის ნაპირს მივაშურეთ, რათა ტყეს შევფარებოდით. „ეს ადგილი ჭაობიანი იყო. გაჭირვებით მივიწევდით წინ ეკალღიჭის კამარის ქვეშ, ინდიგოს ბუჩქებსა, ლობიოსა, ვაზსა და ხვიარა ლიანებს შორის, რომლებიც ფეხებში ბადესავით გვეხლართებოდნენ. ღრუბლისებური მიწა თრთოდა გარშემო და ყოველ წამს ფლატეში ჩანთქმა გველოდა, უთვალავი მწერი და უზარმაზარი ღამურები გვაბრმავებდნენ, ყოველ მხარეს ჩხრიალა გველები სისინებდნენ, თავის შესაფარებლად მოსული მგლები, დათვები, მაჩვები, პატარა ვეფხვები ტყეს ღრიალით იკლებდნენ. „ამასობაში უფრო ჩამობნელდა. დაშვებული ღრუბლები ტყეების ჩრდილოვან ფოთლებქვეშ იჭრება. ღრუბელი იხვევა და ელვა მყის ცეცხლის რომბს ხაზავს. აღმოსავლეთიდან მოვარდნილი, აღვირახსნილი ქარი ღრუბლებს ღრუბლებზე აგორებს, ტყეები იკეცება, ცა ყოველ წამს იხსნება და ამ ნაპრალებიდან მოჩანან ახალი ცანი და ცეცხლმოდებული მინდვრები. რა საშინელი, რა დიდებული სურათია! მეხი ტყეში ცეცხლს აჩენს, ხანძარი ალთა თმად იშლება, ნაპერწკალთა სვეტები და კვამლი გარს ერტყმის ღრუბლებს, რომლებიც ამ დიდ ხანძარში მეხებს ანთხევენ. მაშინ დიდი სული მთებს წყვდიადით მოსავს. ამ უსაზღვრო ქაოსის შუაგულიდან ისმის გაურკვეველი გუგუნი, რომელშიც ჩაქსოვილია ქართა გრიალი, ხეების კვნესა, მძვინვარე მხეცების ღრიალი, ხანძრის ზუზუნი, მეხის განუწყვეტელი დაცემა, რომელიც წყალში შიშინით ქრება. „ამ დროს მე მხოლოდ ატალას ვხედავდი, მხოლოდ მასზე ვფიქრობდი. არყის ხის დახრილ ტანს შევეფარეთ, რათა ატალა კოკისპირული წვიმისაგან დამეცვა. ხის ქვეშ ვიჯექი, ჩემი სატრფო მუხლებზე მეჯდა, ხელებით ფეხებს ვუთბობდი, იმ პატარძალზე უფრო ბედნიერი ვიყავი, რომელიც პირველად გრძნობს თავის სხეულში ნაყოფის განძრევას. „ქარიშხლის ხმაურს ყურს ვუგდებდით: უეცრად ვიგრძენი, რომ ატალას ცრემლი მკერდზე დამეცა. „გულის ქარიშხალო, - წამოვიძახე, - ეს შენი წვიმის წვეთი ხომ არ არის?“ მერე მკერდში ჩავიკარ ის, ვინც მიყვარდა და ვუთხარი: „ატალა, შენ რაღაცას მიმალავ, გამიხსენ გული, ოჰ, ჩემო მშვენიერებავ! გამიზიარე შენი მწუხარების საიდუმლო, რასაც ასე ჯიუტად მიმალავ. ეჰ! ვხედავ, სამშობლოს მისტირი“. ატალამ იმწამსვე მიპასუხა: „ბავშვო, ჩემს სამშობლოს არ ვტირი. მამაჩემი პალმების ქვეყნიდან არ არის? „როგორ! - წამოვიძახე გაკვირვებულმა: - მამაშენი პალმების ქვეყნიდან არ არის?! მაშ, ამქვეყნიდან ვინ გაგაჩინა? მიპასუხე“. აი რა მითხრა ატალამ: „სანამ დედაჩემი მზითვად მეომარ სიმაგანს ოცდაათ ფაშატს და ოც კამეჩს მიუყვანდა, ას ზომა რკოს ზეთს, ორმოცდაათ წავის ტყავს და ბევრ სხვა სიმდიდრეს მიუტანდა, ის თეთრკანიან ადამიანს იცნობდა. ბებიაჩემმა დედას სახეში წყალი შეასხა და აიძულა მეფის ტოლსა და ხალხის მიერ გენიად აღიარებულ დიდსულოვან სიმაგანს ცოლად გაჰყოლოდა. მაგრამ დედაჩემმა თავის ახალ ქმარს უთხრა: ორსული ვარ, მომკალითო. სიმაგანმა უპასუხა: „დიდმა სულმა დამიფაროს ასეთი ცუდი საქციელისაგან! არ დაგამახინჯებთ, არც ცხვირს მოგჭრით, არც ყურებს, რადგან გულწრფელი იყავით და ჩემი სარეცელის მოტყუება არ ისურვეთ. თქვენი ნაყოფი ჩემი ნაყოფი იქნება, და თქვენთან მხოლოდ მაშინ მოვალ, როდესაც ფრინველი ბრინჯის ყანიდან აფრინდება, როდესაც მეცამეტე მთვარე აკაშკაშდება. დედამ გამაჩინა, ვიზრდებოდი ესპანელივით და ველურივით ამაყი. დედაჩემმა გამაქრისტიანა, რათა მისი და მამაჩემის ღმერთი ჩემი ღმერთიც ყოფილიყო. მერე დედას სიყვარულის სევდამ მოაკითხა და ტყავით შემკობილ პატარა სარდაფში ჩავიდა, საიდანაც აღარ ამოდიან“. „ასეთი იყო ატალას ამბავი. „მაშ, ვინ იყო მამაშენი საწყალო ობოლო? - ვკითხე: - რას ეძახდნენ მას მიწაზე ადამიანები და რა სახელი ჰქონდა სულთა შორის?“ „არასოდეს დამიბანია მამაჩემისათვის ფეხი, - თქვა ატალამ, - ვიცი მხოლოდ, რომ დასთან ერთად სენტ-ოუგუსტენში ცხოვრობდა და მარად ერთგული იყო დედაჩემისა: ანგელოზთა შორის ფილიპე იყო მისი სახელი, ადამიანები კი ლოპესს ეძახდნენ“. „ამ სიტყვების გაგონებაზე წამოვიყვირე და ჩემი ყვირილი მთელ უდაბნოს მოედო. აღტაცების წამოძახილები ქარიშხლის ხმაურობას შეერია. ატალა გულზე მივიკარ და ქვითინით წამოვიძხე: „ოჰ, ჩემო დაო! ოჰ, ლოპესის ასულო!“ შეშინებულმა ატალამ მკითხა, ასე რამ აგაღელვაო, მაგრამ, როდესაც გაიგო, რომ ის კეთილშობილი მასპინძელი, რომელმაც სენტ-ოგიუსტენში მიშვილა და რომელიც მივატოვე იმისათვის, რომ თავისუფალი გავმხდარიყავი, ლოპესი იყო, თვით ატალაც მღელვარებამ და სიხარულმა შეიპყრო. „ჩვენი გულისათვის მეტისმეტი იყო ეს დაძმური მეგობრობა, რომელიც გვეწვია და თავისი სიყვარული ჩვენსას შეუერთა. ამიერიდან ატალას ბრძოლა უნაყოფო ხდებოდა: ვგრძნობდი, მკერდზე ხელს ამაოდ იდებდა. უკვე დავეუფლე, მისი სუნთქვით უკვე დავითვერი, მის ტუჩებს სიყვარულის მთელი მომხიბვლელობა მოვტაცე. ელვათა სინათლეზე მყავდა მარადისმყოფის წინაშე. ჩვენი უბედურებისა და სიყვარულის სიდიადეს შესაფერი საქორწინო ზეიმობა, დიდებულო ტყეო, შენს ლიანებსა და კამარებს ჩვენი სარეცელის ფარდებსა და გალავაკის მსგავსად რომ არხევდი. ცეცხლმოდებულო ფიჭვებო, ჩვენი ქორწინების ჩირაღდნებად ანთებულნო. ნაპირებს გადასულო მდინარევ, მგრგვინავო მთებო, საშინელო და დიდებულო ბუნებავ, ნუთუ ჩვენს მოსატყუებლად იყავით მომზადებული და ნუთუ არ შეგეძლოთ დაგემალათ ერთი წამით თქვენს საიდუმლო საშინელებაში ადამიანის ბედნიერება? „ატალა ოდნავ წინააღმდეგობას მიწევდა, ის-ის იყო ნეტარებას უნდა დავწაფებოდი, რომ უეცრად ელვამ, ჭექა-ქუხილმა წყვდიადი გაკვეთა „ტყე გოგირდითა და სინათლით აავსო და ჩვენს ფეხებთან ხე წააქცია. გავრბივართ. ოჰ, მოულოდნელობავ!... ჩამოვარდნილი სიჩუმეში ზარის რეკვა გვესმის; ორივე, გაოცებული, ტყისათვის უჩვეულო ხმას ყურს ვუგდებდით. იმწამსვე შორიდან ძაღლის ყეფა მოისმის. ძაღლი გვიახლოვდება, ყეფას უმატა, გვიპოვა, ჩვენს ფეხებთან სიხარულით წკმუტუნებს; ძაღლს ტყის სიბნელეში უკან მოჰყვება მოხუცი განდეგილი, ხელში ფარანი უჭირავს. „,იდიდოს განგება! - წამოიძახა მოხუცმა, როგორც კი დაგვინახა. - დიდი ხანია დაგეძებთ. ძაღლმა ქარიშხლის დაწყებამდე მიაგნო თქვენს კვალს და აქ მომიყვანა. მოწყალეო ღმერთო! რა ახალგაზრდებია! საბრალო ბავშვებო! რა წვალება უნდა გამოგევლოთ! აი, მე დათვის ტყავი წამოვიღე, ეს ახალგაზრდა ქალიშვილისათვის იყოს.. ცოტა ღვინოც გვაქვს აყიროში. დიდება უფალსა, კეთილის მომცემელსა! დიდია მისი წყალობა, უსაზღვროა მისი სიკეთე!“ „ატალა ბერის ფერხთ დაეცა და უთხრა: „ლოცვის უხუცესო, მე ქრისტიანი ვარ, თქვენ ცამ გამოგგზავნათ ჩემს გადასარჩენად“. - ჩვენ სამისიონეროს ზარს ჩვეულებრივად ვუხმობთ. ალპელ და ლიბანელ ძმათა მსგავსად, ჩვენს ძაღლს გზადაკარგული მგზავრების კვალის მიგნება ვასწავლეთ“, უნდა გითხრათ, ჩემთვის განდეგილის საქციელი თითქმის გაუგებარი იყო. მოყვასისადმი ეს სიყვარული ადამიანის ძალებს აღემატებოდა, და მეგონა, სიზმარში ვიყავი. იმ პატარა ფანრის შუქზე, რომელიც ბერს ხელში ეჭირა, ძლივს დავინახე წვიმით გაწუწული მისი თმა-წვერი. ხელ-ფეხი და სახე კვრინჩხნარის ეკლებს დაესისხლიანებინა. „მოხუცო, - წამოვიძახე, - რა გული გაქვს, მეხის დაცემისა რომ არ შეგშინებია?“ „შიში! - აგზნებით მიპასუხა მან: - იმ დროს, როდესაც ადამიანებს საფრთხე ელის და შემიძლია მათ გამოვადგე! მაშინ მე იესო ქრისტეს მეტად უღირსი მსახური ვიქნებოდი!“ „მაგრამ იცი თუ არა, - ვუთხარი, - რომ მე ქრისტიანი არა ვარ!“ „ახალგაზრდავ, - მიპასუხა განდეგილმა, - მე განა გკითხეთ, რა სარწმუნოებისა ხართ? ისეო ქრისტეს არ უთქვამს: „ჩემი სისხლი განბანს ამას და არა იმასო. ის მოკვდა ებრაელისა და წარმართისათვის, ყველა ადამიანში მხოლოდ ძმებსა და უბედურებას ხედავდა. რასაც მე აქ თქვენთვის ვაკეთებ, ძალიან მცირე რამ არის, სხვა ადგილას სულ სხვანაირ დახმარებას ჰპოვებდით, მაგრამ დიდება ამისათვის მღვდლებს არ უნდა მიეკუთვნოს. რა ვართ ჩვენ, სუსტი განდეგილნი, თუ არ ციურ საქმეთა ტლანქი იარაღი? როგორი იქნებოდა ის ჯარისკაცი, რომელიც სიმხდალეს გამოიჩენდა და უკან დაიხევდა მაშინ, როდესაც მეთაური ჯვრით ხელში, თავზე ეკლის გვირგვინით წინ მიუძღვის ადამიანთა დასახმარებლად“. „ეს სიტყვები გულს მომხვდა. ჩემს თვალებს აღტაცებისა და სინაზის ცრემლები მოსწყდა. „ჩემო ძვირფასო შვილებო, - თქვა მისიონერმა, - ამ ტყეებში მე ვუძღვები თქვენი ძმების, ველურების, პატარა მრევლს. ჩემი გამოქვაბული მთაშია, აქედან საკმაოდ ახლოს. წამოდით ჩემთან, გათბით. მართალია, კარგად ვერ მოეწყობით, მაგრამ თავშესაფარი გექნებათ. ამასაც ღვთის წყალობას უნდა ვუმადლოდეთ, რადგან ბევრ ადამიანს ასეთი თავშესაფარიც კი არა აქვს“. გაგრძელება →…
დაამატა Kakha to ლიტერატურა at 9:13pm on სექტემბერი 11, 2018
თემა: ერმის - მწყემსი
რომელიც ღმერთმა ამ სხეულში დაამკვიდრა, სიმართლით წარმოჩნდეს ყოველი ადამიანის წინაშე და ამგვარად იდიდებოდეს შენში დამკვდირებული უფალი, რადგან ჭეშმარიტია იგი105 ყოველ სიტყვაში და სიცრუე არაა მასთან. 2. მტყუარნი უფალს განუდგებიან და უფლისას მიიტაცებენ და არ უბრუნებენ მას მინდობილს, რომელიც მიიღეს. რადგან შეიწყნარეს მისგან სული ჭეშმარიტებისა და რაჟამს მას სიცრუით აბრუნებენ, რყვნიან ღვთის მცნებას და ხდებიან მიმხვეჭელნი”. 3. ამის მოსმენისას მე ძლიერ ავტირდი. იხილა რა ჩემი ცრემლები,106 მომიგო: “რატომ ტირი?” ვუპასუხე: “უფალო, არ ვიცი, თუ ძალმიძს გადავრჩე”. “რატომ?” – შემეკითხა. “ჩემს ცხოვრებაში, უფალო, ჯერ არ მითქვამს მართალი სიტყვა, არამედ მარადის ცბიერებით ვცხოვრობდი ყველასთან და ჩემს სიცრუეს სიმართლედ წარმოვაჩენდი ყოველი ადამიანის წინაშე. არც არასოდეს წინააღმდგომია ვინმე, არამედ ჩემს სიტყვას ყველა ენდობოდა. – განვაგრძე, - უფალო, როგორღა ძალმიძს ამგვარი საქმეებით ცხონება?”107 4. მიპასუხა: “შენ კეთილად და ჭეშმარიტად განსჯი, რადგან ვითარცა ღვთის მონას, სიმართლე უნდა აღგესრულებინა და უკეთური სინდისი სიმართლის სულთან ერთად არ დაგემკვიდრებინა, არც დარდი უნდა მიგეახლებინა წმინდა და ჭეშმარიტი სულისთვის”. ვუპასუხე: “უფალო, არასოდეს მსმენია ასეთი ზუსტი სიტყვები”. 5. მომიგო: “ახლა ისმინე! დაიცავი ისინი, რომ უწინდელნიც, რაც შენი საქმიანობისას სიცრუით გითქვამს, ამათ მიერ განმართლდნენ და ისინიც სარწმუნონი შეიქმნან, რადგან მათაც ძალუძთ გახდნენ სანდონი.108 თუკი მათ დაიცავ და ამიერიდან ყოველივე წრფელს იტყვი, ძალგიძს, საკუთარ თავს ცხონება მოუპოვო. ვინც მოისმენს ამ მცნებას და დიდად უკეთურ სიცრუეს განირიდებს, ძალუძს, იცოცხლოს ღმერთში.109 მცნება IV 29.(1). 1. გაუწყებ შენ, - განაგრძო, - დაიცავი უმანკოება, ნურც ზეაღიმართება შენს გულზე [სურვილი] სხვისი ცოლისა, ან სიძვა ვინმესადმი, ანთუ ამ უკეთურებათა რაიმე მსგავსი, რადგან ამის შემოქმედი დიდ ცოდვას იქმს. შენი ცოლის მარადის მხსენებელი არასოდეს შესცოდავ.110 2. ხოლო რაჟამს ეს ზრახვა ან სხვა ამგვარი უკეთურება შენს გულში შევა, შესცოდავ,111 რადგან ღვთის მონისთვის თავად განსჯაც დიდი დანაშაულია. უკეთუ ვინმე ამ უკეთურ საქმეს აღასრულებს, საკუთარ თავს სიკვდილს უმუშაკებს. 3. ეკრძალე, განუდექი ამ ზრახვას, რადგან იქ, სადაც კეთილკრძალულებაა დამკვიდრებული (სამართლიანი ადამიანის გულში), უჯეროა, ურჯულოება აღმოცენდეს”. 4. მივუგე მას: “უფალო, ნება მიბოძე, მცირედი შეგეკითხო”. “თქვი!” – მპასუხობს. “უფალო, თუკი მავანს უფალში მორწმუნე ცოლი ჰყავს112 და იგი ვინმესთან მსიძავი აღმოჩნდა, ნუთუ სცოდავს მასთან თანამცხოვრები ქმარი?” 5. “ვიდრე არ იცის, - მომიგებს, - არ სცოდავს, ხოლო რაჟამს შეიტყობს ქმარი მის ცოდვას და ცოლი არ მოინანიებს, არამედ დაადგრება113 თავის სიძვაში და ქმარი მასთან ერთად იცხოვრებს, თანამდები გახდება მისი ცოდვისა და ზიარი მისი სიძვისა”. 6. ვკითხე: “უფალო, რა გააკეთოს ქმარმა, თუკი ცოლი ამ ცნებაში114 დარჩება?” მიპასუხა: “განირიდოს იგი და განმარტოვდეს,115 ხოლო რაჟამს ცოლის დამტევებელი სხვაზე იქორწინებს, თავადაც იმრუშებს” (მთ. 5.32; 19.9; მრ. 10.11; I კორ. 7.11). 7. შევეკითხე: “უფალო, თუ ცოლი განტევების შემდეგ შეინანებს და მოისურვებს თავის ქმართან დაბრუნებას, აღარ შეიწყნაროს?”116 8. “უკეთუ ქმარი არ მიიღებს მას, შესცოდავს და საკუთარ თავს დიდ ცოდვას განუკუთვნებს. ხამს შემცოდებლისა და მონანიეს მიღება, მაგრამ არა მრავალგზის, რადგან ღვთის მონათათვის სინანული ერთხელაა. ქმარი, სინანულის გამო ვალდებულია, არ დაქორწინდეს,117 ამგვარი ქმედება ქალსაც და მამაკაცსაც განემწესება. 9. მაგრამ სიძვა არა მხოლოდ ისაა, - განაგრძო, - როცა ვინმე საკუთარ სხეულს ბილწავს, არამედ ისიძავს, ვინც მსგავსად წარმართებისა მოქმედებს.118 რაჟამს ვინმე ასეთ საქმეებში დაადგრება და არ ნანობს, განერიდე და ნუ თანაიცხოვრებ მასთან, ხოლო უკეთუ არა, შენც თანამდები იქნები მისი ცოდვისა. 10. იმის გამო განგიკუთვნებთ თქვენ, ქმარსა თუ ცოლს, განმარტოებას, რომ [ამგვარად] ძალუძს სინანულს მათში119 იყოს. 11. მე არ ვიძლევი საბაბს, რომ ეს საქმე ასე აღსრულდეს,120 არამედ შემცოდე მეტად ნუღარ შესცოდავს. არის ძლიერი, რომელსაც ხელეწიფება კურნება მისი121 უწინარესი ცოდვისა, რადგან თავად ფლობს ყოველგვარ ხელმწიფებას”.   30.(2). 1. ვკითხე მას კვლავ და ვუთხარი: “მას შემდეგ, რაც უფალმა ღირსმყო, რომ მარადის ჩემთან ერთად დამკვიდრებულიყავი, კვლავ იტვირთე ჩემი მცირედი სიტყვები, რადგან ვერაფერს ვხვდები და გული ჩემი გაუხეშდა (მრ. 6.52) ჩემს უწინდელ საქმეთაგან. განმსწავლე122 მე, რადგან ყოვლითურთ უგუნური ვარ და ვეღარაფერს ვიაზრებ”. 2. მიპასუხა მე და მითხრა: “მე სინანულისთვის ვარ [დადგენილი] და ყოველ მონანულს გულისხმისყოფას ვანიჭებ.123 არ მიგაჩნია შენ, რომ თავად ეს სინანულია გონიერება? – განაგრძო, - სინანული დიდი გონიერებაა, რადგან შემცოდე, რომელიც მიხვდება, რომ უკეთურება უფლის წინაშე აღასრულა (მსაჯ. 2.11; 3.12; 4.1; 10.6; 13.1), განიძარცვავს თავისი გულიდან საქმეს, რასაც ასრულებდა, შეინანებს და მეტად აღარ მოიმოქმედებს უზნეობას, არამედ დაუზოგავად სიკეთეს იქმს, დაიმდაბლებს და დათრგუნავს საკუთარ სულს, რადგან სცოდავდა. ხომ ხედავ, რომ სინანული დიდი გონიერებაა”. 3. მივუგე: “უფალო, პირველი არის ის, რომ ცოდვილი ვარ, ამიტომაც გამოვეძიებ შენგან ყოველივეს, რომ გავიგო, როგორი საქმის აღმსრულებელი ვცხონდები, რადგან აღურაიცხავნი არიან ცოდვანი ჩემნი და მრავალფეროვანნი”. 4. “ცხონდები, - მპასუხობს, - რაჟამს ჩემს მცნებებს დაიცავ და მათ აღასრულებ. ვინც ამ მცნებებს მოისმენს დ დაიცავს, ღმერთში იცოცხლებს.   31.(3). 1. მივუგე: “უფალო, კითხვას შეგმატებ”. “თქვი”. - მპასუხობს. “უფალო, მსმენია ზოგიერთი მასწავლებლისგან124, რომ არაა სხვა სინანული, თუ არა ის, როდესაც წყალში ჩავედით (κατέβημεν) და ჩვენი უწინდელი ცოდვებისგან დახსნა მივიღეთ”. 2. მეუბნება: “კეთილად გსმენია, ასეც არის, მაგრამ საჭიროა, ცოდვათა გამო შენდობის მიმღებმა მეტად აღარ შესცოდოს, არამედ უბიწოებაში დამკვიდრდეს. 3. რადგან ყოველივეს გამოიკითხავ (ἐξακριβάζῃ), ამასაც განგიცხადებ შენ, მაგრამ არ ვაძლევ საბაბს მათ, ვინც უფალი ახლა იწამა ან მსურველია რწმენისა, რადგან ისინი, რომლებიც ახლა ირწმუნებენ ან მზრახველობენ სწამდეთ, არ ფლობენ ცოდვათა გამო სინანულს, ხოლო თავიანთი უწინდელი ცდომილებებისთვის შენდობას მიიღებენ125. 4. ამ დღეთა უწინარეს ხმობილებს კი სინანული განუწესა გულთამხილავმა და ყოვლისმცოდნე უფალმა126, უწყის რა ადამიანთა უძლურება და ვერაგობა დემონისა, რომელიც ბოროტებას მოქმედებს და უკეთურობს ღვთის მონათა წინააღმდეგ. 5. მრავალმოწყალე ღმერთმა შეიწყალა თავისი ქმნილება და ეს სინანული განუწესა, მეც ამ სინანულის ხელმწიფება მომიბოძა. 6. მაგრამ მე გეუბნები შენ, - ამბობს, - ამ დიდი და წმინდა მოწოდების შემდეგ127, რაჟამს ვინმე, დემონის მიერ განცდილი, შესცოდავს, შეუძლია ერთგზის შეინანოს, ხოლო უკეთუ ხელდახელ სცოდავს128 და ინანიებს, უსარგებლოა ასეთი ადამიანისთვის, რადგან ძნელად თუ ცხონდება”129. 7. ვეუბნები ანგელოზს: “უფალო, განვცხოველდი130 შენგან ეგზომ სიზუსტით ამის მსმენელი, გავიგე რა, რომ თუ მეტად აღარ გავამრავლებ ჩემს ცოდვებს, ვცხონდები”. მპასუხობს: “ყველა ცხონდება, ვინც მცნებებს აღასრულებს”. 32.(4). 1. ვკითხე მას კვლავ და ვუთხარი: “უფალო, მას შემდეგ, რაც ერთგზის მიმიახლე, კვლავ ესეც განმიცხადე”. “თქვი”! - მომიგებს. “უფალო, თუკი ცოლი ან პირიქით, ქმარი გარდაიცვალა და მათგან რომელიმე დაქორწინდა, ნუთუ სცოდავს შეუღლებული?” 2. მპასუხობს: “არ შესცოდავს, ხოლო თუ იგი განმარტოვდება131, უფლისგან საკუთარ თავს აღმატებულ პატივსა და უდიდეს ბრწყინვალებას განუკუთვნებს (I კორ. 7. 38-40), მაგრამ თუკი დაქორწინდება, არ შესცოდავს. 3. უბიწოება და სიწმინდე დაიცავი და ღმერთში იცოცხლებ. ის, რაც შენ გითხარი და მსურს გითხრა, ამიერიდან აღასრულე, რა დღიდანაც ჩემთვის ხარ მობარებული, და შენს სახლში დავმკვიდრდები. 4. უკეთუ ჩემს მცნებებს დაიცავ, აღიხოცება შენი უწინდელი შეცოდებანი; და ყველას მიეტევება, რაჟამს დაიმარხავენ ამ მცნებებს და უმწიკვლოდ აღასრულებენ მათ. მცნება V 33.(1). 1. გახდები რა სულგრძელი და გონიერი, - ამბობს, - ყველა უკეთურ საქმეზე იხელმწიფებ და ყოველგვარ სიმართლეს აღასრულებ. 2. თუკი სულგრძელი გახდები, შენში დამკვიდრებული წმინდა სული სპეტაკი იქნება; განა შეირყვნება სხვა უკეთური სულის მიერ, არამედ სისავსეში132 დამკვიდრებული გახალისდება და გაიხარებს სხეულთან ერთად, რომელშიც მკვიდრობს; ნაყოფი ექნება საკუთარ თავში და ემსახურება ღმერთს მრავალი სიხარულით. 3. ხოლო რაჟამს აღგზნება133 მოგეახლება, ფაქიზი, წმინდა სული მყისვე დაითრგუნება, არ ექნება რა სუფთა ადგილი, და შეეცდება მისგან განლტოლვას, რადგან უკეთური სულისგან შეჭირვებულს აღარ აქვს ალაგი სურვილისამებრ ღვთისმსახურებისთვის შერყვნილს აღგზნების მიერ. სულგრძელებაში უფალი მკვიდრობს, ხოლო აღგზნებულობაში დემონი. 4. შესაბამისად, როდესაც ვინმეში ორივე სული დაივანებს, არაფერია სასარგებლო და ვარგისიანი ამ ადამიანისთვის, ვისთანაც ბინადრობს. 5. რაჟამს აიღებ ძალზე მცირე აბზინდს და თაფლიან ჭურჭელში ჩაასხამ, განა მთლიანად არ გაირყვნება? თაფლის ეგზომი სიმრავლე მცირედი აბზინდის მიერ შეირყვნება და განქარდება მისი სიტკბოება და მეტად აღარც პატრონს გამოადგება იგი, ვინაიდან გამწარდა და თავისი სარგებლიანობაც დაკარგა. მაგრამ თუკი თაფლს აბზინდი არ შეემატა, ტკბილი აღმოჩნდება და სასარგებლო გახდება მისი მფლობელისთვის. 6. ხომ ხედავ, სულგრძელება თაფლზე უტკბესია და სასარგებლო, უფალი ასეთში მკვიდრობს, ხოლო აღგზნება კი მწარეა და გამოუსადეგარი. ამრიგად, თუკი აღგზნება სულგრძელებას შეუზავდა, სულგრძელება წაიბილწება და მეტად აღარ იქნება შედეგიანი მისი ვედრება ღვთისადმი”. 7. ვეუბნები: “უფალო, მსურს გავიგო აღგზნებულობის ძალა, რომ დაცული ვიყო მისგან”. მპასუხობს: “უკეთუ შენ და შენი სახლეული არ განეკრძალებით მას, განქარდება ყოველგვარი შენი სასოება134. ერიდე აღგზნებას, რადგან მე შენთან ერთად ვარ. ყველა, ვინც მთელი გულით შეინანებს, განერიდება მას, ვინაიდან დავიცავ და მათთან ერთად ვიქნები. ყველანი გამართლდებიან უპატიოსნესი ანგელოზის მიერ.   34.(2). 1. ახლა კი ისმინე, - ამბობს, - აღგზნების ძალის შესახებ, თუ როგორი უკეთურებაა, რაგვარად დასცემს ღვთის მონებს საკუთარი მოქმედებით და სიმართლისგან გარემიაქცევს მათ. სრწმუნოებაში სრულყოფილთ ვერ გადააცდენს, არც ზემოქმედება ძალუძს, ვინაიდან ჩემი ძალაა მათთან ერთად, ხოლო მიდრეკს არასრულებსა და ორგულებს, 2. რადგან როგორც კი ასეთ ადამიანებს დამშვიდებულებს იხილავს, თავად ამ ადამიანის გულში შთაეკვეთება და არაფრისთვის, ქვეყნიური საქმეების მიზეზით, ქმარი ან ცოლი დადარდიანდება: საკვების, ან უმნიშვნელო რამ სიტყვის, რომელიმე მეგობრის, ანთუ საჩუქრის, შემოსავლის, ან ასეთი უგუნური საქმეების გამო, ვინაიდან ყოველივე ეს უგუნურება, არარაობა, უაზრობა და უსარგებლოა ღვთის მონათათვის. 3. დიდი და მტკიცეა სულგრძელება, ძლიერ ძალას ფლობს და დიდ სიფართოვეში ნაყოფიერებს. მხიარული, მოზეიმე და უზრუნველად მყოფი135 ყოველ ჟამს უფალს განადიდებს (ტობ. 4.19; ფს. 33.2), არც სიმწარეა მასში და მიუხედავად ყველაფრისა მშვიდია და მყუდრო. ეს სულგრძელება სრული სარწმუნოების მქონესთან მკვიდრობს. 4. აღგზნება კი უპირველესად სიბრიყვე, სიმსუბუქე და უგუნურებაა. შემდეგ უგუნურებისგან დარდი იშვება, დარდისგან - გაღიზიანება, გაღიზიანებისგან - რისხვა, ხოლო რისხვისგან – გულისწყრომა136. მერე ეს გულისწყრომა, ეგზომ ბოროტებათაგან თანაშემოკრებილი, დიდსა და გამოუსწორებელ ცოდვას შობს. 5. რაჟამს ყველა ეს სული ერთ ჭურჭელში137 შთამკვიდრდება, სადაც წმინდა სულიც ბინადრობს, ვეღარ იტევს ჭურჭელი (ἄγγος) მათ, არამედ გარდაემატება. 6. ფაქიზ სულს არ აქვს ჩვევა უკეთურ და ულმობელ სულთან ერთად დამკვიდრებისა; განშორდება ამ ადამიანს და სიმშვიდესა და სიმყუდროვეში ეძებს სავანეს. 7. როცა განუდგება ასეთ ადამიანს, რომელშიც ბინადრობდა, ეს ადამიანი, დატევებული სიმართლის სულის მიერ, უზნეო სულთაგან აღვსილი, მომავალში დაუდგრომელია ყოველ საქმეში. ამრიგად, აღმოჩნდება რა გაძარცული უკეთურ სულთაგან, ყოვლითურთ დაბრმავდება კეთილი განსჯისთვის. ასე ემართება ყველა აღგზნებულს. 8. უარყავი, დაუპირისპირდი აღგზნბებულობასა და დარდს, უუკეთურეს სულს, ხოლო შეიმოსე სულგრძელება და აღმოჩნდები უფლისგან შეყვარებულ წმინდანთა შორის. ეკრძალე, ნურასოდეს უგულებელყოფ ამ მცნებას, ვინაიდან რაჟამს მას ეუფლები, ძალგიძს, დანარჩენი მცნებებიც დაიცვა, რომლებიც მსურს გაუწყო. მათგან გაძლიერდი და გამტკიცდი. ყველა მომძლავრდება, ვინც მოისურვებს, მათში ისრბოლოს. მცნება VI 35.(1). 1. პირველივე მცნებაში გაუწყებდი შენ, - ამბობს, - რომ რწმენა, მოშიშება და თავშეკავება დაგეცვა". მივუგე: "დიახ, უფალო". "ახლა კი მსურს, - მეუბნება, - მათი ძალებიც განგიცხადო, რომ შეიმეცნო, მათგან რომელი როგორ ძალასა და მოქმედებას ფლობს, რადგან ორმაგია მათი მოქმედება და სიმართლესა და უსამართლობაში მდგომარეობს138 2. ამრიგად, სიმართლის გწამდეს, ხოლო უსამართლობას ნუ მიენდობი, ვინაიდან სამართლიანობას სწორი გზა აქვს, ხოლო უსამართლობას მრუდე. შენ მართალი და პირდაპირი გზით იარე, ხოლო გამრუდებული უარყავი. 3. მრუდე გზას ბილიკები არ გააჩნია, გაუვალია და მრავალი დაბრკოლებაა მასზე, უსწორმასწორო და ეკლიანია, დამღუპველია მეგზურთათვის. 4. ხოლო სწორ გზაზე მოარულნი პირდაპირ და დაუბრკოლებლად სრბოლობენ, რადგან არც უსწორმასწოროა იგი, არც ეკლიანი. ხომ ხედავ, ფრიად სასარგებლოა მასზე რონინი”. 5. ვეუბნები: “შემაძლებინე მე ამ გზაზე სიარული”. “ივლი! - მომიგებს, - ვინც მთელი გულით უფლისკენ მიიქცევა (იერ. 24.7; იოელ. 2.12; ფს. 21.9; 50.15),  ამ გზაზე ისრბოლებს”.   36.(2). 1. ახლა კი ისმინე, - ამბობს, - რწმენის შესახებ. ორი ანგელოზია ადამიანთან, ერთი სიმართლის და ერთი უკეთურების”139. 2. “როგორ გავარჩიო, - ვეკითხები, - მათი მოქმედება, უკეთუ ორივენი ჩემთან ერთად მკვიდრობენ?" 3. მომიგებს: “ისმინე და გაიგებ. სიმართლის ანგელოზი ფაქიზი, უბრალო, თვინიერი და მყუდროა. რაჟამს შენს გულში შემოვა იგი, მყისვე სამართლიანობის, უბიწოების, სიწმინდის, ზომიერების, ყოველი კეთილი საქმისა და აღმატებული დიდების შესახებ გემეტყველება. როდესაც ყოველივე ეს შენს გულს მიეახლება, შეიმეცნე, რომ სიმართლის ანგელოზია შენთან. ესენია სიმართლის ანგელოზის საქმენი. მას და მის საქმეებს მიენდე. 4. ახლა კი უკეთურების ანგელოზის მოქმედებაც იხილე: უპირველეს ყოვლისა აღგზნებულია (ὀξύχολός), დაუნდობელი და უგუნურია. უზნეობაა მისი საქმე, რაც დასცემს ღვთის მონებს. როცა შენს გულში შევა იგი, გულისხმაჰყავ მის მოქმედებათაგან”. 5. ვეკითხები: "უფალო, როგორ ვიცნო გამოუცდელმა?" "მისმინე, - მპასუხობს, - რაჟამს აღგზნება ან დარდი (πικρία) შემოგაწვება, გაიაზრე, რომ ისაა შენში. შემდეგ, განზრახვა მრავალი საქმისა, ძვირფასი საკვებისა და სასმელის სიმრავლე, ხშირი მემთვრალეობა, მრავალგვარი და უსარგებლო ფუფუნება, გულისთქმა დედაკაცთა მიმართ, სიხარბე, ფრიადი ქედმაღლობა, მაქებელობა და რაც რამ ამის მსგავსი და თანასწორია. უკეთუ გულში ეს აღწევნილა, მიხვდი, რომ უკეთურების ანგელოზია შენში. 6. შენ, მცოდნე მისი საქმეებისა, განუდექი მას და ნუ მიენდობი, რადგან ბილწია მისი ქმედება და უსარგებლოა ღვთის მონათათვის. გაქვს ორივე ანგელოზის საქმე. შეიმეცნე ისინი და მიენდე სიმართლის ანგელოზს. 7. უკეთურების ანგელოზს განუდექი, ვინაიდან მისი სწავლება უზნეოა ყოველ საქმეში. თუკი მავანი დიდად მორწმუნე მამაკაცია და ამ ანგელოზის ზრახვა მის გულში აღწევნილა, ასეთი მამაკაცი ან დედაკაცი ცოდვითაა შეკრული. 8. ხოლო რაჟამს ვინმე, დიდად ცოდვილი მამაკაცი ან დედაკაცი, საკუთარ გულს კვლავ სიმართლის ანგელოზის საქმეებს მიაახლებს, გარდაუვალად ხამს, სიქველე აღასრულოს. 9. ხომ ხედავ, - ამბობს, - კარგია სიმართლის ანგელოზის მიდევნება, უკეთურების ანგელოზი კი უარყავი. 10. ეს მცნება რწმენის გამო განცხადდა, რომ სიმართლის ანგელოზს მიენდო, და მისი აღმსრულებელი ღმერთთან იცოცხლებ. გჯეროდეს, მძიმეა უკეთურების ანგელოზის საქმენი; მათი უარმყოფელი კი ღვთისთვის იცოცხლებს. მცნება VII 37. 1. უფლის გეშინოდეს, - ამბობს, - და მისი მცნებები დაიმარხე (ეკლეს. 12.13). ღვთის მცნებათა დამცველი გაძლიერდები ყოველივეში და შეუდარებელი იქნება შენი საქმე. უფლისმოშიში ყოველივეს კეთილად აღასრულებს. ესაა შიში, რითიც საჭიროა, შენ გეშინოდეს, და ცხონდები. 2. დემონის ნუ გეშინია. ღვთისმოშიში დემონზე იხელმწიფებ, რადგან უძლურია იგი, ხოლო ვისშიც არაა ძალა, არც შიშია, მაგრამ ვისაც დიადი ხელმწიფება აქვს, მოშიშებაც მისდამია140. ყოველი ძალის მფლობელი შიშის მომგვრელია, ხოლო უძლური ყველასგან უგულებელყოფილია. 3. დემონის საქმეებმა შეგზაროს, ვინაიდან უკეთურებაა. ამიტომაც უფლისმოშიში არათუ აღასრულებ მათ, არამედ განეკრძალები. 4. შიში ორგვარია: რაჟამს ცოდვის აღსრულებას ისურვებ, ღვთის გეშინოდეს და არ იმოქმედებ მას, ხოლო უკეთუ იზრახებ, კვლავ კეთილი აკეთო, უფალს ეკრძალე და იმუშაკებ. როგორი ძლიერია, დიდი და ძალმოსილია ღვთის შიში! უფლის გეშინოდეს და მასთან იცოცხლებ. ყველა მოშიში და მისი მცნებების დამცველი, ღმერთში იცხოვრებს”. 5. “უფალო, - ვეკითხები, - რად ამბობ მისი მცნებების აღმსრულებელთა შესახებ: ღვთისთვის იცოცხლებენო?” მომიგებს: “ყოველ ქმნილებას ეშინია უფლის, მის მცნებებს კი არ იცავს. ამიტომაც ღვთის წინაშეა მისი მოშიშებისა და მცნებების აღმსრულებელთა სიცოცხლე, ხოლო ვინც მის მცნებებს არ იმარხავს, არც სიცოცხლეა ასეთში. მცნება VIII 38. 1. გითხარი, - ამბობს, - რომ ორმაგია ღვთის ქმნილებანი, თავშეკავებაც ორგვარია. ნაწილისგან თავშეზღუდვაა საჭირო, ხოლო ზოგიერთისგან არაა საჭირო”. 2. ვეკითხები: “უფალო, გამაგებინე, რას უნდა ვეკრძალო და რას არა?” “ისმინე! - ამბობს. - ცოდვას ეკრძალე და ნუ აღასრულებ მას, ხოლო სიკეთეს ნუ ერიდები, არამედ აკეთე იგი, რადგან რაჟამს სიკეთეს უარყოფ და არ აღასრულებ, დიდ ცოდვას იმოქმედებ; ხოლო თუ უკეთურებას განეკრძალები და არ შეასრულებ, დიად სიმართლეს მოიპოვებ. ყოველგვარი უზნეობისგან თავშეზღუდვა სიკეთის მომმუშაკებელია”. 3. შევეკითხე: “უფალო, რა არის უკეთურება, რასაც ჩვენ უნდა ვერიდებოდეთ?” “ისმინე, - მომიგებს, - სიძვა და მრუშობა, ურჯულო მემთვრალეობა, უზნეო ფუფუნება, მრავალგვარი საკვები და დიდძალი სიმდიდრე, მაქებელობა, ამპარტავნება და სიძულვილი, ტყუილი, ავმეტყველება, მზაკვრობა, ავმეხსიერება და ყოველგვარი ცილისწამება. 4. ყველა ეს საქმე ფრიად უზნეოა ადამიანის ცხოვრებაში. ღვთის მონა ასეთ ქმედებებს უნდა ერიდებოდეს, ვინაიდან მათგან თავშეუკავებელს არ ძალუძს, ღმერთში იცოცხლოს. ისმინე მათ თანმდევთა შესახებ”. 5. ვეუბნები: “უფალო, ნუთუ კიდევაა უკეთური საქმენი?” "ჭეშმარიტად არის, - მომიგებს, - და მრავლადაც, რასაც საჭიროა, მონა ღვთისა განეკრძალოს: ქურდობა, სიცრუე, ძარცვა, ცრუდდამოწმება, ვერცხლისმოყვარება, ბილწი გულისთქმა, ეშმაკობა, პატივმოყვარება, ტრაბახი და რაც რამ ამის მასგავსია. 6. არ ფიქრობ შენ, რომ ისინი უზნეონი არიან? დიდი ბოროტებაა, - ამბობს, - ღვთის მონათათვის. ვინც ღმერთს ემონება, საჭიროა, ყოველივე ამას განეშოროს; ხამს ამ ყველაფრისგან თავშეზღუდვა, რომ ღმერთში იცოცხლო და ჩაეწერო ეგევითართაგან განკრძალულთა შორის. ესაა, რასაც შენ უნდა ერიდო. 7. ისმინე ის, რასაც არათუ განრიდება, არამედ აღსრულება სჭირდება: სიკეთეს არ განეკრძალო და იქმოდე მას". 8. შევეკითხე: "უფალო, განმიცხადე მე სიკეთეთა ძალაც, რომ დავემონო და მათში ვისრბოლო, აღმსრულებელს კი ცხონება ძალმიძდეს". "ისმინე, - მომიგებს, - კეთილი საქმეები, რაც შენ უნდა შეასრულო და არ განერიდო: 9. უპირველეს ყოვლისა რწმენა, შიში ღვთისა, სიყვარული, ერთსულოვნება, სიმართლის სიტყვა, ჭეშმარიტება, მხნეობა. არაფერია ადამიანის ცხოვრებაში ამაზე უკეთესი. რაჟამს ვინმე მათ დაიცავს და არ განეკრძალება, ნეტარი იქნება თავის ცხოვრებაში. 10. შემდეგ მათ თანმდევთა შესახებ ისმინე: ქვრივების შემწეობა, ობოლთა და უპოვართა პატრონობა, ღვთის მონათა გამოხსნა შეჭირვებისას, სტუმართმოყვარება (რადგან კეთილმოქმედება სტუმართმოყვარებაში გამოვლინდება), არავითარი დაპირისპირება, მყუდროება, კაცთა შორის უნარჩევესობა, მოხუცების პატივისცემა, სიმართლეში წვრთნა, დაცვა ძმობისა, ტვირთვა უპატიობისა, სულგრძელება, ავმეხსიერების შეუწყნარებლობა, სულით მოუძლურებულთა გამხნევება, სარწმუნოებაში ცდომილთა არათუ განგდება, არამედ მოქცევა და კეთილგანწყობის აღდგენა, შემცოდეთა დამოძღვრა, მოვალეთა და უპოვართა შეუვიწროებლობა და რაც რამ ამის მსგავსია. 11. განა არ მიგაჩნია შენ, - ამბობს, - რომ ესაა სიკეთე". მივუგე: "უფალო, არის რა ამაზე უსახიერესი?!" "მათში ისრბოლე, ნუ განეკრძალები და ღმერთში იცოცხლებ. 12. ეს მცნება დაიცავი. რაჟამს სიკეთეს აღასრულებ და არ განერიდები, უკეთურებას არ იმოქმედებ და უკუაგდებ მას, უფალთან დამკვიდრდები; და ყველა, ვინც ამგვარად იმუშაკებს, ღმერთში იცოცხლებს. და კვლავ. ვინც ამ მცნებებს დაიცავს და მათში ისრბოლებს, ღმერთთან დამკვიდრდება". მცნება IX 39. 1. ამბობს: "განირიდე თავიდან ორჭოფობა და საერთოდ ნურაფერზე დაეჭვდები, როდესაც ღვთისგან ითხოვ რამეს, ეუბნები რა საკუთარ თავს, რომ მისდამი ეგზომ მცოდველს, როგორ ძალმიძს უფლისგან თხოვნა და მიღება? 2. ნუ განსჯი ასე, არამედ შენი გული ყოვლითურთ უფლისკენ მიაქციე (იერემ. 24.7; იოელ. 2.12), უეჭველად ითხოვე და შეიმეცნებ მის მრავალმოწყალებას, რადგან არათუ დაგიტევებს, არამედ შენი სულის სურვილს აასრულებს. 3. ღმერთი განა ავმეხსიერი ადამიანივითაა; ძვირუხსენებელია თავად და სწყალობს საკუთარ ქმნილებას. 4. ამრიგად, შენ ამა საუკუნის ყოველგვარი ამაოებისა და შენთვის წინარეგაცხადებული სიტყვებისგან141 გული განიწმინდე, უფლისგან ითხოვე და ყოველივეს მიიღებ, ყველა ვედრება აგისრულდება, რაჟამს უეჭველად შეჰღაღადებ მას; 5. ხოლო თუკი შენს გულში დაეჭვდები, ვერაფერს შეიწყნარებ ნავედრებთაგან. ღმერთში დაეჭვებული მერყევია და საკუთარი თხოვნით არაფერს აღწევს. 6. სარწმუნოებაში ყოვლადსრული კი უფალზე დანდობილი ითხოვს ყოველივეს (ფს. 2.13) და ღებულობს, ვინაიდან უეჭველად ევედრება და არ ორგულობს. ძნელად ცხონდება მერყევი ადამიანი, თუ არ შეინანებს. 7. განიწმინდე შენი გული ორჭოფობისგან, რწმენა შეიმოსე, სადაც ძლიერებაა, და ღმერთს მიენდე, რომ ყველა შენი შენავედრი შეიწყნარო, რასაც კი ითხოვდი. უკეთუ უფლისკენ მღაღადებელმა ზოგჯერ რაიმე თხოვნა ფრიადი დაგვიანებით მიიღე, ნუ შეორგულდები, სწრაფად რომ არ მოგებოძა სურვილი შენი სულისა, რადგან სრულად გამოცდის ან რაღაც გადაცდომის გამო, რაც შენ არ იცი, დიდი დაგვიანებით ღებულობ ნავედრებს142. 8. ვედრებას შენი სულის სურვილისა ნუ შეწყვეტ და შეიწყნარებ მას, ხოლო რაჟამს მთხოვნელი მომედგრდები და შეორგულდები, საკუთარ თავს აბრალე და არა შენთვის მოცემაზე უარისმთქმელს143. 9. ეკრძალე ამ ორგულობას, რადგან უკეთურება და უგუნურებაა და მრავალს, ძლიერსა და ჭეშმარიტად ფრიად მორწმუნეს, რწმენიდან აღმოფხვრის, ვინაიდან ორჭოფობა თავად  დემონის ასულია და დიდად უკეთურობს ღვთის მონათა წინააღმდეგ. 10. მოიძულე ორგულობა და მის ყველა საქმეზე იხელმწიფე144. შეიმოსე ძლიერი და ძალმოსილი რწმენა, რადგან იგი ყოველიცეს განგიცხადებს, ყველაფერს სრულყოფს, ხოლო საკუთარი თავისადმი მიუნდობელი ორჭოფობა მცდარია ყოველ საქმეში, რასაც აღასრულებს. 11. ხომ ხედავ, - ამბობს, - რომ რწმენა უფლისგანაა ზეგარდამო და დიდ ძალას ფლობს, ხოლო ორგულობა დემონისმიერი მიწიერი სულია და ძლიერება არ გააჩნია. 12. შენ კი ძლევამოსილ რწმენას დაემონე და განეკრძალე ორჭოფობას, სადაც უძლურებაა, და ღმერთში იცხოვრებ; ამგვარად განმსჯელნი, ყველანი ღმერთისთვის იცოცხლებენ. მცნება X 40.(1). 1. განირედე თავიდან მწუხარება, - ამბობს, - რდაგან იგი ორჭოფობისა და აღგზნების (τῆς ὀξυχολίας) და არის". 2. "უფალო, როგორაა მათი და? - ვეკითხები. - მე მიმაჩნია, სხვა არის აღგზნება, სხვაა ორჭოფობა და სხვაც მწუხარება". "უგულისხმო ადამიანი ხარ. - მომიგებს, - ვერ ხვდები, რომ მწუხარება ყველა სულზე უუკეთურესია და ფრიად საშიშია ღვთის მონათათვის, რომ ყოველ სულზე მეტად ღუპავს ადამიანს, განდევნის145 წმინდა სულს და კვლავ დაიხსნის” (II კორ. 7.10)? 3. მივუგე: "უფალო, მე უგუნური ვარ და ვერ ვიმეცნებ ამ იგავებს. ვერ ვხვდები, როგორ ძალუძს განდევნა და კვალად ხსნა". 4. 'ისმინე! - მპასუხობს, - ისინი, რომლებსაც არასოდეს უძებნიათ ჭეშმარიტება, არც ღმრთეება146 გამოუძიებიათ, არამედ მხოლოდ იწამეს და [კვლავ] შეერივნენ წარმართთა საქმეებს, სიმდიდრეს, მეგობრობასა თუ ამა საუკუნის სხვა მრავალ საზრუნავს, ვეღარ იმეცნებენ საღმრთო იგავებს (და ისიც, ვინც ასეთებს უკავშირდება), რადგან ამ საქმეთა მიერ დაბნელდებიან, შეირყვნებიან და უნაყოფოები ხდებიან. 5. როგორც ვენახი კეთილი, აღმოჩნდება რა უზრუნველად, ეკლებისა და ბალახთა სიმრავლის გამო გაავრეზდება147, ამგვარადვე მორწმუნე ადამიანები ზემოთხსენებულ მრავალ საქმეში შთაკვეთებულნი თავიანთ ზრახვას გადაცდებიან და საერთოდ ვერაფერს იმეცნებენ სიმართლის შესახებ, არამედ რაჟამს ისმენენ ღმრთეებისა და ჭეშარიტების თაობაზე, მათი გონება მათი საქმეების ირგვლივ მიმოეხეტება და ვერაფერს ხვდებიან; 6. ხოლო ღვთისმოშიშნი, ღვთაებრივისა და ჭეშმარიტების მაძიებელნი და გულით უფალთან მყოფნი ყოველივე გაცხადებულს მყისვე იაზრებენ და გულისხმაჰყოფენ, ვინაიდან ღვთის შიშია მათში (ფს. 110.10; იგავ. 1.7). სადაც უფალი მკვიდრობს, იქ გონიერებაც მრავლადაა. უფალს შეუერთდი და ყოველივეს გაიგებ და შეიმეცნებ.   41.(2). 1. ისმინე, უგულისხმოვ, - ამბობს, - თუ როგორ დევნის მწუხარება148 წმინდა სულს და კვლავ დაიხსნის (II კორ. 7.10). 2. რაჟამს ორგული რაიმე საქმეს ეწაფება და საკუთარი ორჭოფობის გამო მასში ვერ წარემატება, ეს მწუხარება ეკვეთება ადამიანს, ამწუხრებს წმინდა სულს და განდევნის მას. 3. შემდეგ, როცა ადამიანს აღგზნება მიეახლება რაიმე საქმის მიზეზით და დიდად გაამწარებს, განრისხებული ადამიანის გულს კვლავ წუხილი მიემთხვევა და დაამწუხრებს საკუთარი ქმედების გამო, რასაც ასრულებდა, და შეინანებს, რადგან უკეთურება იმოქმედა.149 4. ვფიქრობ, ამ წუხილშია ხსნა, ვინაიდან უზნეო საქმეებს გარდაქმნის; მაგრამ სულს ორივე მოვლენა ამწუხრებს - ორგულობა, რითიც ვერ წარემატება საკუთარ საქმეში, ხოლო აღგზნება, რადგან უკეთურებას იქმს. ამრიგად, ორივენი, ორგულობა და აღგზნებულობა, შეჭირვებაა წმინდა სულისთვის. 5. განირიდე თავიდან წუხილი და ნუ შეავიწროებ შენში დამკვიდრებულ წმინდა სულს (ეფეს. 4.30), რომ არ შეჰღაღადოს შენ შესახებ ღმერთს და არ მიგატოვოს, 6. რადგან ღვთის სული, რომელიც ამ სხეულს ებოძა, ვერ იტევს მწუხარებას, ვერც იწროებას.   42.(3). 1. შეიმოსე სიხარული, რომელსაც მარადჟამ მადლი აქვს (სიბ. ზირაქ. 26.4) ღვთის წინაშე და კეთილსასურველია მისთვის, და დატკბი მისით, ვინაიდან ყოველი მხიარული კაცი სიკეთეს მოქმედებს, კეთილს იზრახავს და წუხილს მოიძაგებს; 2. ხოლო მწუხარე კაცი მარადის უკეთურობს. პირველად უკეთურობს, რადგან შეაჭირვებს იგი ადამიანისთვის ბოძებულ მხიარულ წმინდა სულს; მეორე, წმინდა სულის მაჭირვებელი უშჯულოებას იქმს, არ ევედრება და არც აღმსარებლობს ღვთისადმი. მწუხარე ადამიანის თხოვნას არასოდეს აქვს ძალა, ღვთის საკურთხევლამდე აღიწიოს". 3. შევეკითხე: “რატომ არ ამაღლდება საკურთხევლამდე დამწუხრებულის ვედრება?" “იმიტომ რომ, - მომიგებს, - წუხილია დავანებული მის გულში. მწუხარება ლოცვასთან შეერთებული არ უტევებს ლოცვას, ამაღლდეს წმინდა საკურთხევლამდე, რადგან როგორც ურთიერთში შეზავებულ ძმარსა და ღვინოს არ აქვს თავისი სიტკბოება, ამგვარადვე შეერევა რა მწუხრაება წმინდა სულს, აღარ ძალუძს მავანს ვედრება. 4. განიწმინდე საკუთარი თავი ამ უკეთური წუხილისგან და იცოცხლებ ღმერთში. ყველა, ვინც თავიდან განირიდებს მას, ღმერთში იცოცხლებს და ყველანაირი სიხარულით შეიმოსება. მცნება XI 43. 1. მიჩვენა მე სავარძელში მსხდომი ადამიანები და სხვა, კათედრაზე მჯდომი ადამიანი და მეუბნება: “ხედავ სავარძელში მსხდომთ?” ვუპასუხე: “ვხედავ, უფალო”. “ისინი, - ამბობს, - მორწმუნეები არიან, ხოლო კათედრაზე მჯდომი ცრუ წინასწარმეტყველია და ღვთის მონათა გონების გამხრწნელი. ღუპავს შეორგულებულთ, ხოლო მორწმუნეებს ვერა. 2. შეორგულებულნი როგორც მისანთან მიდიან და ეკითხებიან მას, თუ რა იქნება მათთვის150. ამ ცრუ წინასწარმეტყველს საკუთარ თავში არანაირი ღვთაებრივი ძალა არა აქვს, ხოლო პასუხობს მათ თავიანთი შეკითხვისა და უკეთური წადილისამებრ და აკმაყოფილებს ასეთ სულებს, როგორც თავად ისურვეს. 3. ის, უნაყოფოდ მყოფი, ფუჭად პასუხობს უნაყოფოებს, რადგან რაჟამს ვინმე, ამაო ადამიანი, დაეკითხება, მიუგებს. ჭეშმარიტ რამ სიტყვებსაც გამოთქვამს, ვინაიდან დემონი აღავსებს მას თავისი სულით, რომ ძალუძდეს მართალთაგან თუნდაც ვინმეს დამხობა151. 4. ისინი, რომლებიც ძლიერნი არიან უფლის რწმენაში და ჭეშმარიტება შეუმოსავთ, განა ასეთ სულებს უკავშირდებიან, არამედ განილტვიან მათგან; ხოლო რომელნიც ორჭოფობენ და მძლავრად მიმოიქცევიან, მისნობენ მსგავსად წარმართებისა და კერპთაყვანისმცემლობის შემოქმედნი საკუთარ თავს უდიდეს ცოდვას განუკუთვნებენ, ვინაიდან ვინც რაიმე საქმის შესახებ ცრუ წინასწარმეტყველს დაეკითხება, კერპმსახურია, დაცლილია ჭეშმარიტებისგან (κενὸς ἀπὸ τῆς ἀληθείας) და უგუნურია. 5. ღვთისგან ბოძებული ყოველი სული არათუ მკითხაობს, არამედ მფლობელია რა საღვთო სიმტკიცისა, თავად განაცხადებს ყოველივეს, რაც ზეგარდამოა (იაკ. 3.15) ღვთარბრივი სულის ძალისგან152. 6. ხოლო სული შემკითხველი და ადამიანთა წადილისამებრ მოპასუხე მიწიერია და მსუბუქი (ἐλαφρόν), არმქონე ძალისა, და საერთოდ ვერაფერს ამბობს, თუკი არ გამოიკითხა”. 7. “უფალო, - ვეუბნები, - როგორ შეიცნობა ადამიანი, თუ ვინაა მათგან წინასწარმეტყველი და ვინ - ცრუ წინასწარმეტყველი?” “ორივეს შესახებ ისმენე, - მომიგებს, - და რისი თქმაც მსურს შენთვის, ამით განასხვავებ მათ. საღვთო სულის მქონე ადამიანი ცხოვრების წესით გამოიკვლიე153. 8. პირველი. ის, ვინც ზეგარდამო სულს ფლობს, თავშეკავებული, მშვიდი, მდაბალი და ყოველგვარი უკეთურებისა და ამა საუკუნის ამაო სურვილის უარმყოფელია; საკუთარ თავს ყველა ადამიანზე მეტად იმდაბლებს და შეკითხვაზე არავის არაფერს პასუხობს, განმარტოებითაც არ ლაპარაკობს, წმინდა სული არც მაშინ ღაღადებს, რაჟამს ადამიანი ისურვებს ამას, არამედ ამეტყველდება, როცა ღმერთი ისათნოვებს მის ლაპარაკს. 9. როდესაც საღვთო სულის მფლობელი ადამიანი ღვთის რწმენის მქონე მართალ კაცთა კრებულს უერთდება და ეს შეკრებილი ადამიანები ღმერთს ვედრებას აღუვლენენ, მაშინ მასთან მყოფი წინასწარმეტყველების სულის ანგელოზი ამ ადამიანს აღავსებს და ეს წმინდა სულით აღვსილი ადამიანი სისავსისგან ისე ამეტყველდება, როგორც უფალი ისურვებს. 10. ასე საჩინოვდება ღვთაებრივი სული. ამგვარია უფლის ღვთაებრივი სულის ეს ძალა. 11. ახლა კი ისმინე, - ამბობს, - მიწიერი, ფუჭი და უძლური სულის შესახებ, რომელიც უგუნურია. 12. პირველი. ის ადამიანი, ვისაც მიაჩნია, რომ თავადაა მფლობელი ზე სულისა, პირველობის მოსურნეა, პირდაპირ თავხედი, უსირცხვილო და მრავლისმეტყველია, მრავალგვარ განცხრომასა და უამრავ განსხვავებულ ტყუილში მიმოიქცევა, საკუთარი წინასწარმეტყველებისთვის სასყიდელს ღებულობს, ხოლო თუკი ვერ ეუფლა, არ წინასწარმეტყველებს. განა ძალუძს საღვთო სულს სასყიდლის მიღება და წინასწარმეტყველება? ღვთის წინასწარმეტყველი არ დაუშვებს ამის აღსრულებას, მაგრამ ასეთში მიწიერი სულია. 13. შემდეგ, საერთოდ არ ეკარება მართალი ადამიანების კრებულს, არამედ გაურბის მათ; ხოლო უკავშირდება ორგულებსა და უნაყოფოებს, დაფარულში154 უწინასწარმეტყველებს და სიცრუეს ეუბნება ყოველი თავიანთი ამაო წადილისამებრ, რადგანაც უნაყოფოებს პასუხობს. რაჟამს ცარიელ ჭურჭელთან ერთად მოთავსდება ცარიელი ჭურჭელი, არათუ ტყდება, არამედ თანაშეეწყობა ურთიერთს. 14. ხოლო როცა [ცრუ წინასწარმეტყველი] საღვთო სულით აღვსილ მართალ ადამიანთა კრებულს მიეახლება და მათგან ლოცვა აღევლინება, დაცარიელდება ეს ადამიანი, რადაგნ მიწიერი სული შიშით განილტვის მისგან155, მოუძლურდება იგი და ყოვლითურთ დაემხობა156 და არაფრის თქმა ძალუძს. 15. უკეთუ საკუჭნაოში ღვინოს ან ზეთს განათავსებ, ხოლო მათ შორის ცარიელ ჭურჭელს განალაგებ და კვლავ მოისურვებ საკუჭნაოს გახსნას, იმ ჭურჭელს, რომელიც ცარიელი იდგა, ცარიელს აღმოაჩენ. ასევე ამაო წინასწარმეტყველნი, რაჟამს მართალ სულებს ეახლებიან, როგორც მიდიან, იმგვარადვე წარმოჩინდებიან. 16. გაქვს ორივე წინასწარმეტყველის ცხოვრების წესი. საქმეებისა და ცხოვრებისამებრ გამოსცადე თავად სულმოსილი მეტყველი ადამიანი. 17. მიენდე ღვთისგან გარდამომავალ და ძლიერების მქონე სულს, ხოლო სულს მიწიერსა და ამაოს ნურაფერში ერწმუნები, რადგან უძლურია იგი. 18. ისმინე იგავი, რომელიც მსურს შენ გაუწყო: აიღე ქვა და ზეცად ატყორცნე. იხილე, თუ ძალგიძს მისი აწვდენა; ან კვლავ, წყლის ტუმბო აიღე და ცისკენ ატუმბე, უმზირე, თუ შეძლებ, ცა გაარღვიო”. 19. ვეუბნები: “უფალო, ეს ვის ხელეწიფება? შეუძლებელია ორივე, რაც ბრძანე”. მომიგებს: “როგორც ესაა შეუძლებელი, მიწიერი სულიც ასეთივე უძლური და უღონოა. 20. ახლა კი შეიწყნარე ძალა ზეგარდამო მომავალი: სეტყვა უმცირესი მარცვალია, მაგრამ რაჟამს ადამიანს თავზე ეცემა, როგორ ტკივილს აყენებს?! ანთუ კვლავ, აიღე წვეთი, რომელიც სახურავიდან მიწაზე ეშვება და ქვას ხვრეტს. 21. ხომ ხედავ, სიმაღლიდან მიწაზე დაცემული უმცირესი უდიდეს ძალას ფლობს. ამგვარადვე ძლიერია ზეგარდამო მომავალი საღვთო სული. ამ სულს მიენდე, ხოლო სხვას განეკრძალე”. მცნება XII 44.(1). 1. მეუბნება მე: "განიძარცვე თავიდან ყოველგვარი უზნეო ზრახვა, ხოლო შეიმოსე კეთილი და წმინდა სურვილი, ვინაიდან ასეთი წადილით მოსილი მოიძულებ უკეთურ გულისთქმას და სურვილისამებრ ალაგმავ მას. 2. უზნეო გულისთქმა მძვინვარეა და ძნელად თვინიერდება; საზარელია და თავისი სისასტიკით ფრიად ავნებს ადამიანებს. განსაკუთრებით რაჟამს მისკენ მიიდრიკება მონა ღვთისა და არ იქნება გულისხმიერი, საშინლად იზარალებს მისგან. აზიანებს მათ, ვისაც არ გააჩნია სამოსელი კეთილი სურვილისა და ამა საუკუნეს შეთვისებია. სიკვდილს მიეცემიან ისინი”. 3. ვეუბნები: “უფალო, რომელი უკეთურად განზრახული საქმეებია, სიკვდილს რომ გადასცემენ ადამიანებს? შემაცნობინე, რომ ვერიდო მათ”. “ისმინე, - ამბობს, - თუ რაგვარი საქმეებით აკვდინებს უზნეო სურვილი ღვთის მონას.   45.(2). 1. უწინარეს ყოვლისა, სხვისი ცოლის ან ქმრის მიმართ გულისთქმა, ძვირადღირებული ქონების, მრავალგვარი ამაო საკვებისა და სასმელის, სხვა მრავალი და უაზრო სიამოვნების სურვილი. ყოველგვარი სიამოვნება უგუნურება და არარაობაა ღვთის მორჩილთათვის. 2. ესენია უკეთური ზრახვები, რაც ღვთის მონებს აკვდინებს; რადგანაც უზნეო გულისთქმა დემონის ასულია, ამიტომაა საჭირო ბილწი სურვილის უარყოფა, რომ თავშეკავებულებმა ღმერთში იცხოვროთ. 3. ვინც მათგან იძლევა და არ შეეწინააღმდეგება, ბოლომდე (εἰς τέλος) დაიღუპება, ვინაიდან მომაკვდინებელია ეს გულისთქმები. 4. შენ სიმართლის სურვილი შეიმოსე და ღვთის შიშით შეჭურვილი წინააღუდექი მათ (ეფეს. 6.13), რადგან ღვთის კრძალვა კეთილ ზრახვებში მკვიდრობს. რაჟამას უკეთური სურვილი ღვთის შიშით შეიარაღებულსა და მასთან დაპირისპირებულს გიხილავს, შორს განგელტვის (იაკობ. 4.7) და შენი საჭურველით შეძრწუნებული მეტად აღარც გაგეცხადება. 5. ამრიგად, შენ, გამარჯვებულმა და მის მიერ გვირგვინოსანმა, მართალი სურვილისკენ ისწრაფე. გამარჯვება, რასაც ეუფლე, უფალს მიანიჭე და დაემონე ისე, როგორც თავად ისურვებს. რაჟამს კეთილ გულისთქმას დაემონები და დაემორჩილები, შეძლებ უკეთური ზრახვების ძლევას და სურვილისამებრ იხელმწიფებ მასზე”.   46.(3). 1. ვეუბნები: “უფალო, მსურს გავიგო, რა არის საჭირო, რომ კეთილ სურვილს დავემორჩილო”. “ისმინე! - ამბობს, - სიმართლისა და სათნოების აღსრულება (ფს. 14.2), ჭეშმარიტება, შიში ღვთისა, რწმენა, სიმშვიდე და რაც რამ მათი მსგავსია სახიერებაა. ამის მოქმედი ღვთის სათნო მსახური იქნები, მასთან იცხოვრებ და ყველა, ვინც კეთილ სურვილს დაემონება, ღმერთში იცოცხლებს”. 2. თორმეტი მცნება განასრულა და მეუბნება მე: “გეპყრას ეს მცნებები, ისრბოლე მათში და მსმენელებს მოუწოდე, რომ უბიწო გახდეს მათი სინანული ცხოვრების დარჩენილი დღეების მანძილზე. 3. შენთვის ბოძებული მსახურება გულმოდგინედ შეასრულე, ყოველივე აღასრულე და მადლს მოიპოვებ სინანულის მსურველთა შორის და შენს სიტყვებს დაენდობიან, რადგან მე შენთან ერთად ვიქნები და შენს მორჩილებაში დავარწმუნებ მათ”. 4. ვეუბნები სინანულის ანგელოზს: “დიადი, მშვენიერი და დიდებულია ეს მცნებები და ძალუძს, იმ ადამიანის გული გაახაროს (ფს. 18.9; 103.15), ვისაც მათი დამარხვა ხელეწიფება; მაგრამ არ ვიცი, უფალო, შეუძლია კი ადამიანს ამ მცნებათა შესრულება, ვინაიდან ფრიად მძიმენი არიან”. 5. მიპასუხა და მომიგო მე: “რაჟამს შენ საკუთარ თავს განუწესებ, რომ შეგიძლია დაიცვა, ადვილად დაიმარხავ და არ იქნებიან მძიმენი; ხოლო თუკი შენს გულში უკვე აღწევნილა [აზრი იმისა], რომ არ ძალუძს ადამიანს ისინი იტვირთოს, ვეღარ დაიცავ. 6. ახლა კი შენ გეუბნები: თუკი მცნებებს უგულებელყოფ და არ აღასრულებ მათ, არც შენს შვილებს, არც შენს სახლეულს არ გექნებათ ხსნა, რადგან უკვე განუსაზღვრე საკუთარ თავს, რომ შეუძლებელია, ადამიანმა ეს მცნებები იმარხოს”. 47.(4). 1. ამას დიდი წყრომით მეუბნებოდა. შევძრწუნდი და ძლიერ შემეშინდა, ვინაიდან შესახედაობა ისე შეეცვალა, რომ არ ძალუძდა ადამიანს მისი რისხვის დათმენა. 2. მხედავდა რა მე ყოვლითურთ დამწუხრებულსა და შეძრწუნებულს, ფრიად დამშვიდებულმა და გახარებულმა დაიწყო ლაპარაკი და მეუბნება: “უგუნურო, უგულისხმოვ და ორგულო, ნუთუ ვერ იმეცნებ ღვთის დიდებას, როგორი დიდი (ფს. 20.6; 56.12; 107.6; 112.4), ძლიერი და გასაოცარია, ვინც ადამიანისთვის შექმნა სამყარო და თითოეული თავისი ქმნილება მას (ადამიანს, ი. ო.) დაუმორჩილა (ფს. 8.7) და ყოველი ხელმწიფება მთელს ცისქვეშეთში საუფლებლად გადასცა? 3. თუკი, - ამბობს, - ადამინი ღვთის ყველა ქმნილების უფალია და ყოველივეზე მეუფებს, განა არ ძალუძს ამ მცნებებსაც ეუფლოს? უკეთუ ადამიანს საკუთარ გულში ჰყავს უფალი, შეუძლია, თითოეულსა და ყველა ამ მცნებას ხელმწიფებდეს, 4. ხოლო ვინც მას [მხოლოდ] ბაგეებით ატარებს, გაქვავებულა ასეთის გული (მრ. 6.52; 8.17) და განშორებია ღმერთს; ძნელი და დაუძლეველია მისთვის ეს მცნებები. 5. ამრიგად, რწმენაში ამაონო და სუსტნო, თქვენს გულში ღმერთი დაიმარხეთ და გაიგებთ, რომ არაფერია ამ მცნებებზე უადვილესი, უტკბესი, არც უფაქიზესი. 6. ხოლო თქვენ, დემონის მცნებებით მსრბოლელნო, სიძნელეების, სიმწარის, მძვინვარებისა თუ გარყვნილებებისგან მოიქეცით და ნუ შეგეშინდებათ დემონის. მას არა აქვს თქვენზე ხელმწიფება; 7. რადგან მე, სინანულის ანგელოზი, თქვენთან ერთად ვარ და ვმეუფებ მასზე. დემონი მხოლოდ შიშის მფლობელია, ხოლო ეს შიში კი უძლურია. ასე რომ, არ შეგეშინდეთ მისი და განილტვის თქვენგან” (იაკობ. 4.7).   48.(5). 1. ვეუბნები მას: "უფალო, ისმინე ჩემი მცირედი სიტყვები". მომიგებს: "თქვი, რაც გწადია". "უფალო, ადამიანი ღვთის მცნებათა დაცვის მოსურნეა და არავინაა ისეთი, ვინც არ ითხოვს უფლისგან, რომ მის მცნებებში გამტკიცდეს და მორჩილებდეს, მაგრამ სასტიკია დემონი და მძლავრობს მათზე". 2. ამბობს: “ღვთის მონებზე, რომლებიც მას მთელი გულით სასოებენ, არ ხელეწიფება მძლავრება. დემონს წინააღმდეგობა შეუძლია, მაგრამ გამარჯვება არ ძალუძს. ამრიგად, რაჟამს დაუპირისპირდებით, სძლევთ მას და შერცხვენილი განგელტვით თქვენ (იაკობ. 4.7). ისინი, რომლებიც უნაყოფონი არიან, დემონის ვითარცა ძალმოსილის ეშინიათ. 3. რაჟამს ადამიანი თიხის ჭურჭლებს კარგი ღვინით ბოლომდე შეავსებს და ამ თიხის სასმისებს შორის მცირედით ნაკლულებიც არიან, მიდის რა მათთან, არათუ სავსეებს მოიკითხავს, რადგან იცის, რომ შევსებულია, არამედ შეშინებული ნაკლულთ მოიხილავს, რომ არ ამჟავდეს, ვინაიდან შეუვსებელ თიხის ჭურჭლებში ღვინო მალე ძმარდება და სიტკბოებაც ეკარგება. 4. დემონიც ასევე მიეახლება ღვთის ყველა მონას, რომ განსცადოს ისინი (I პეტრ. 5.8). რწმენაში სრულყოფილნი მძლავრად უპირისპირდებიან მას და ის განილტვის, რადგან არ აქვს ადგილი, სადაც შეაღწევდა. მაშინ იგი ნაკლულებს მიაკითხვას, ალაგის მქონე მათში შთაეკვეთება და რასაც ისურვებს, იმას მოქმედებს და ემორჩილებიან მას. 49.(6). 1. მე კი, სინანულის ანგელოზი, გეუბნებით თქვენ: ნუ გეშინიათ დემონის, ვინაიდან მოვივლინე, რომ თქვენთან ერთად ვიყო, რომლებიც მთელი გულით ინანიებთ, და განძლიერდებიან ასეთნი რწმენაში. 2. თქვენ, რომლებიც საკუთარი ცოდვების გამო უსასოჰყოფთ თქვენს ცხოვრებას, ცოდვებს ამრავლებთ და საკუთარ სიცოცხლეს იმძიმებთ, ღმერთს მიენდეთ, ვინაიდან რაჟამს მთელი გულით უფლისკენ მიიქცევით (იერემ. 24.7; იოელ. 2.12), ცხოვრების დარჩენილი დღეების მანძილზე სიმართლეს აღასრულებთ (ფს. 14.2) და მას მისი ჭეშმარიტი ნებისამებრ დაემონებით, განკურნავს თქვენს ადრინდელ შეცოდებებს და დემონის საქმეთა მძლეველ ძალას ეუფლებით. დემონის მუქარის საერთოდ ნუ შეგეშინდებათ, რადგან უღონოა, როგორც გარდაცვლილის ძარღვები157. 3. ჩემი ისმინეთ და იმის გეშინოდეთ, ვისაც ყოველივე ძალუძს, ხსნაც და დაღუპვაც (მთ. 10.28; ლკ. 6.9; იაკობ. 4.12). დაიცავით ეს მცნებები და იცხოვრებთ ღმერთში”. 4. ვეუბნები ანგელოზს: “უფალო, ახლა კი ღვთის ყველა მცნებაში განვმტკიცდი, რადაგნ შენ ჩემთან ერთად ხარ და ვიცი, რომ განკვეთ დემონის ძალას და ჩვენ ვიუფლებთ მასზე და ვძლევთ ყველა მის საქმეს. ვსასოებ, რომ უფლისგან გაძლიერებულს შემიძლია დავიცვა მცნებები, რომლებიც დაგვავალე”. 5. მომიგებს: “დაიცავ, თუკი შენი გული წმინდა იქნება უფლის წინაშე. და ყველა, ვინც საკუთარ გულს ამა საუკუნის ამაო ზრახვებისგან განიწმენდს, მცნებებს დაიცავს და ღმერთთან იცხოვრებს.   წიგნი III იგავები იგავები, რომლებიც თქვა ჩემდამი158 50. 1. მეუბნება მე: "თქვენ იცით, რომ ღვთის მონანი უცხოობაში მკვიდრობთ, რადგან  თქვენი ქალაქი შორსაა ამ ქალაქიდან. თუკი იცით, - ამბობს, - თქვენი ქალაქი, სადაც დამკვიდრება მოგელით, აქ რად იმზადებთ ადგილ-მამულებს159, ძვირადღირებულ კეთილმოსაწყობელთ, ნაგებობებსა თუ ამაო საცხოვრისებს? 2. ვინც ამ ქალაქში ეგევითართ იმარაგებს, აღარ განიზრახავს თავის მამულში დაბრუნებას. 3. უგუნურო, ორგულო და საწყალობელო ადამიანო, განა ვერ ხვდები, რომ ეს ყოველივე სხვისია და სხვისი ხელმწიფების ქვეშაა? ამ ქალაქის უფალი ამბობს160: "არ მსურს შენი დამკვიდრება ჩემს მამულში, არამედ განვედ ამ ქალაქიდან, რადგან ჩემს კანონებს არ აღასრულებდი”. 4. ამრიგად, შენ, ადგილ-მამულთა, საცხოვრებლებისა და სხვა მრავალი ქონების მქონე, მისგან გაძევებული, რას მოუმოქმედებ იმას, რაც საკუთარი თავისთვის იმზადე? სამართლიანად გეუბნება ამ ქვეყნის უფალი: "ან ჩემი კანონები მიიღე, ან განერიდე ჩემს სამფლობელოს”. 5. ასე რომ, შენ, რომელსაც შენს მამულში გაქვს რჯული, რის აღსრულებას იზრახავ? ნუთუ შენი მინდვრებისა და დანარჩენ მოსახვეჭელთა გამო შენეულ რჯულს ყოვლითურთ უარყოფ და ამ ქალაქის კანონებს შეუდგები?161 ეკრძალე, რომ საზიანო არ იყოს უარყოფა შენი რჯულისა, რადგან რაჟამს უკან, შენს მამულში, მიბრუნებას ისურვებ, არ მიგიღებენ, ვინაიდან უარყავი შენეული მამულის რჯული. და გაგაძევებენ მისგან. 6. ასე რომ, გაფრთხილდი, ვითარცა უცხოობაში მცხოვრები, საკუთარი თავისთვის ზედმეტს ნურაფერს დაიუნჯებ, არამედ საკმარისით დაკმაყოფილდი, და მზად იყავი, რომ რაჟამს ამ ქალაქის მბრძანებელი იზრახებს, შენ, მისი კანონის ურჩი, გაგაძევოს, დატოვე მისი ქალაქი, საკუთარ მამულში დაბრუნდი და მხიარულმა შენეული რჯული აღასრულე უდრტვინველად. 7. ასე რომ, ეკრძალეთ თქვენ, უფალს დამონებულებმა, და ვისაც გულში გყავთ იგი, ღვთის საქმენი იმუშაკეთ მისი აღთქმებისა და გაცხადებული მცნებების  მომგონებლებმა (ფს. 102.18) და მიენდეთ, ვინაიდან აღასრულებს მათ, უკეთუ მის მცნებებს დაიცავთ. 8. ადგილ-მამულთა ნაცვალ შეჭირვებული სულები შეიძინეთ, ვისაც როგორ ძალგიძთ; ქვრივები და ობლები მოიკითხეთ და ნუ უგულებელჰყოფთ მათ (იაკ. 1.27). თქვენი სიმდიდრე და ყოველგვარი მონაგები, ეს ადგილ-მამულნი და საცხოვრისები, იმისთვის გაიღეთ, რისთვისაც უფლისგან გებოძათ, 9. რადგან იმის გამო გაგამდიდრათ თქვენ მეუფემ, რომ ეს მსახურებანი აუსრულოთ მას. ფრიად სახიერია იმ მამულის, სიმდიდრისა თუ საცხოვრისების შეძენა, რასაც შენს ქალაქში აღმოაჩენ, რაჟამს მასში გადასახლდები162. 10. მშვენიერია და სამხიარულო ასეთი სიმდიდრე, სადაც არათუ დარდი და შიშია, არამედ სიხარული. მაშ ასე, წარმართთაებრ სიმდიდრეს ნუ დაიუნჯებთ, ვინაიდან თქვენ, ღვთის მონებს, არაფერში გამოგადგებათ იგი. 11. საკუთარი სიმდიდრე კი ამუშაკეთ, რითიც ძალგიძთ სიხარული. ნუ იყალბისმქნელებთ163, ნურც სხვისას შეეხებით, არც ინდომოთ მისი, რადგან უკეთურებაა სხვათა [საკუთრების] სურვილი. ხოლო შენ საქმე აკეთე და გადარჩები. სხვა იგავი164 51. 1. ველისკენ მივემგზავრებოდი და თელა და ვაზი შევნიშნე. მათი და მათი ნაყოფების შესახებ განმსჯელს მწყემსი გამომეცხადა და ამბობს: "თელასა და ვაზის შესახებ რას ეძიებ საკუთარ თავში? "მივუგე: "უფალო, მიმაჩნია, რომ ერთიმეორეზე უმშვენიერესნი არიან". 2. "ეს ორი ხე, - ამბობს, - ღვთის მორწმუნეებს ნიშნად განეწესათ". ვეუბნები: "მსურს შევიმეცნო ამ ხეთა სახეობები, რაზეც ლაპარაკობ". 'ხედავ, - მპასუხობს, - თელასა და ვაზს?" მივუგე: "ვხედავ, უფალო".  3. "ეს ვაზი ნაყოფს იძლევა, ხოლო თელა უნაყოფო ხეა, მაგრამ თუკი ვაზი თელაზე არ ამაღლდა, მიწაზე გართხმულს აღარ ძალუძს ფრიადი ნაყოფმსხმოიარობა და რასაც მოისხამს, დამპალი იქნება, რადგან თელას ვერ დაეყრდნო. მაგრამ რაჟამს ვაზი თელას დაენდობა, საკუთარი თავისთვისა და თელასთვისაც იძლევა მტევანს. 4. ასე რომ, ხედავ, თელაც მრავალ მოსავალს იძლევა, ვაზზე არა ნაკლებს, გაცილებით მეტს". ვეკითხები: "თელა, უფალო?" მომიგებს: "როგორც თელაზე დაყრდნობილი ვაზი მრავალ და კეთილ მტევანს მოგვიბოძებს, ამგვარადვე, მიწაზე გართხმული, მცირესა და დამპალს მოისხამს. ამრიგად, ეს იგავი ღვთის მონებს, ღარიბებსა და მდიდრებს, განეკუთვნებათ". 5. 'როგორ, უფალო, - ვეუბნები, - გამაგებინე მე?" "ისმინე! - მომიგებს, - მდიდარი სიმდიდრის მფლობელია, მაგრამ უპოვარია უფლის წინაშე. საკუთარი სიმდიდრით გატაცებულს ძალიან ცოტა ლოცვა და აღმსარებლობა აქვს უფალთან და რაც აქვს, ისიც სუსტია და უმნიშვნელო, არც სხვა რამ ძალას ფლობს. მაგრამ თუკი მდიდარი ღარიბს მწყალობლობს და საჭიროებისამებრ ამარაგებს მას, სწამდეს, რომ რაჟამს ღარიბისთვის იმუშაკებს, ძალუძს სასყიდელი ღმერთის წინაშე იპოვოს, რამეთუ ღარიბი მდიდარია საკუთარი ლოცვითა და აღმსარებლობით და დიდი ძალა აქვს მის ვედრებას ღვთისადმი. მდიდარი კი, შეეწევა რა ღარიბს ყოველივეში უეჭველად, 6. მდიდრის მიერ ნაწყალობები ღარიბი ღმერთს ევედრება და მადლობს იმისთვის, რაც მისგან მიიღო. ის კვლავაც და კვლავც მოშურნეობს ღარიბის გამო, რომ დაუბრკოლებელი იყოს მისი საჭიროება, ვინაიდან იცის, რომ ღარიბის ლოცვა საამოა და ნაყოფიერი უფლის წინაშე. 7. ორივენი ერთდროულად აღასრულებენ საქმეს: ღარიბი ლოცვით მუშაკობს, რაშიც მდიდარია, და იმით მსახურებს, რაც უფლისგან მიიღო165; მდიდარიც ღვთისგან შეწყნარებულ სიმდიდრეს ასევე დაუბრკოლებლად უწყალობებს ღარიბს. დიდი და საამოა ეს საქმე უფლის წინაშე, რადგან შეიმეცნა [მდიდარმა], რომ უფლის ძღვენთაგანაა მისი სიმდიდრე, ღარიბს მოახმარა და მსახურება სწორად აღასრულა. 8. ადამიანებს თელა უნაყოფოდ მიაჩნიათ, არ იციან, ვერც ხვდებიან, რომ რაჟამს გვალვა იქნება, ვაზს წყლის შემცველი თელა კვებავს და დაუბრკოლებლად სინოტივის მქონე ვაზი ორმაგ ნაყოფს იძლევა საკუთარი თავისა და თელასთვის. ასევე ღარიბნიც უფალს შეჰღაღადებენ მდიდართა გამო, რომ გამრავლდეს მათი სიმდიდრე. და კვლავ, ღარიბთა საჭიროებისამებრ მომსახურე მდიდარნი მათ სულებს განამტკიცებენ. 9. ამრიგად, მართალი საქმის ზიარნი ხდებიან ორივენი. ამგვარად მოქმედს არ მიატოვებს უფალი, არამედ ცოცხალთა წიგნებში ეწერებიან. 10. ნეტარ არიან შეძლებულნი და გულისხმისმყოფელნი, რომ ღვთისგან მდიდრდებიან, რადგან ძალუძს ამის მცოდნეს, სათნო რამ იმსახუროს.   იგავი III 52. 1. მიჩვენა მე მრავალი უფოთლო ხე. იფიქრებდი, თითქოს გამხმარნი არიანო, ვინაიდან ყველანი მსგავსნი იყვნენ. მეუბნება: 'ხედავ ამ ხეებს?" "ვხედავ, უფალო, - მივუგე, - ერთნაირებსა და გამხმარებს". მპასუხობს: "ეს ხეები, რასაც ხედავ, ამა საუკუნეში მკვიდრნი არიან". 2. ვეკითხები: "უფალო, რატომაა, რომ თითქოს გამხმარან და [ურთიერთს] დამსგავსებიან?" მომიგებს: "რადგან არც მართალნი და არც ცოდვილნი ამ საუკუნეში არ განირჩევიან, არამედ ერთნაირები არიან. ზამთარია ეს საუკუნე მართალთათვის და ცოდვილებთან ერთად დამკვიდრებულნი არ სხვაობენ მათგან, 3. ვინაიდან როგორც ზამთარში  ემსგავსებიან და არ განირჩევიან ფოთლებდაცვენილი ხეები, რომელია გამხმარი ანთუ ცოცხალი, ასევე არ წარმოჩინდებიან ამა საუკუნეში არც მართალნი, არც ცოდვილნი, არამედ ყველანი მსგავსები არიან166.   სხვა იგავი167 53. 1. კვლავ მიჩვენა მე მრავალი ხე, რომლებიც ყვაოდნენ, [სხვანი] კი გამხმარიყვნენ, და მეუბნება: "ხედავ ამ ხეებს?" "ვხედავ, უფალო,- მივუგე, - გამხმარებსა და აყვავებულებს". 2. "ეს აყვავებული ხეები, - ამბობს, - მართალნი არიან, რომლებიც მომავალ საუკუნეში დამკვიდრებას ელიან, რადგან სამომავლო საუკუნე ზაფხულია მართალთათვის, ხოლო ცოდვილთათვის - ზამთარი. ამრიგად, რაჟამს ღვთის წყალობა გამობრწყინდება168, მაშინ საჩინონი იქნებიან ღმერთს დამონებულნი და ყველაფერი გაცხადდება. 3. ასე რომ, როგორც ზაფხულობით მოიხილება ყოველი ხის ნაყოფი და ცნაურდება, თუ როგორია, ასევე წარმოჩინდება მართალთა ნაყოფი და ყველა შეიცნობა, ვინც იმ საუკუნეში კეთილყვავილოვანი იქნება. 4. ხოლო წარმართები და ცოდვილები, რომლებიც გამხმარ ხეებს ემსგავსებიან, ამგვარადვე ხმელნი და უნაყოფონი აღმოჩნდებიან იმ საუკუნეშიც და, ვითარცა ხმელი შეშა, დაიწვებიან და გაცხადებული იქნება, რომ უკეთური ყოფილა მათი საქმენი მათსავე ცხოვრებაში. ცოდვილნი დაიწვებიან, რამეთუ შესცოდეს და არ შეინანეს, ხოლო წარმართნი დაიწვებიან იმიტომ, რომ არ შეიცნეს თავიანთი შემოქმედი. 5. შენ კი საკუთარ თავში ინაყოფიერე, რომ იმ ზაფხულს გახდეს საცნაური შენი ნაყოფი. განეკრძალე მრავალ საქმეს და არასოდეს შესცოდავ, რადგან ისინი, რომლებიც მრავალს მოქმედებენ, მრავლადაც სცოდავენ და საკუთარ საქმეებზე მზრუნველნი არ მორჩილებენ თავიანთ უფალს. 6. როგორ ძალუძს, - ამბობს, - ასეთს რამე ითხოვოს უფლისგან და მიიღოს, როდესაც არ ემონება მას? ისინი კი, რომელნიც ღმერთს მორჩილებენ, თავიანთ ნავედრებს ღებულობენ, ხოლო დაუმორჩილებელნი ვერაფერს იწყნარებენ. 7. ამრიგად, თუკი ვინმე ერთ საქმეს იმუშაკებს, ძალუძს უფალსაც ემონოს, ვინაიდან არ შეირყვნება უფლისგან მისი ჩანაფიქრი, არამედ მისი წმინდა აზრების მტვირთველი დაემონება მას169. 8. რაჟამს ამას აღასრულებ, მომავალ საუკუნეში ძალგიძს ნაყოფმსხმოიარობა. ვინც ამგვარად მოიქცევა, ინაყოფიერებს. სხვა იგავი V170 54.(1). 1. მარხვისას ერთ-ერთ მთაზე ვიმყოფებოდი და უფალს ვმადლობდი ყველაფრის გამო, რაც ჩემთვის აღესრულებინა. ვხედავ, ჩემ გვერდით მწყემსი ჩამოჯდა და მეუბნება: "დილაადრიან აქ რად მოსულხარ?" ვუპასუხე: "უფალო, მედეგობა მაქვს"171. 2. მეკითხება: "მედეგობა რა არის?". მივუგე: "ვმარხულობ, უფალო". "ეს, რასაც მარხულობ, - ამბობს, - განა მარხვაა?" ვუთხარი: "უფალო, რაცაა ჩვეულება, ისე ვმარხულობ". 3. "არ იცი, - მპასუხობს, - მარხვა ღვთისათვის. ეს მარხვა, რითიც მარხულობ, ფუჭია მისთვის". მივუგე: "ასე რად ამბობ, უფალო?" "შენ გეუბნები, - ამბობს, - განა მარხვაა, რაც მარხვა გგონია; მაგრამ მე გასწავლი, თუ როგორი მარხვაა საამო და სრული ღვთისთვის". "ნეტარმყოფ მე, - ვეუბნები, - უკეთუ უფლისთვის საამო მარხვას მასწავლი". "ისმინე! - მომიგებს, 4. - განა ეს ფუჭი მარხვა ჰსურს ღმერთს, რადგან ამგვარად მმარხველი არ მუშაკობს სიმართლეს. ეს მარხვა იმარხე: 5. შენს ცხოვრებაში არასოდეს იუკეთურო, არამედ განწმენდილი გულით ემონე უფალს, მცნებები დაიცავი (მთ. 19.17) და მის განჩინებებში ისრბოლე, ნურასოდეს აღიწევა შენს გულში საქმე უკეთური, ღმერთის გწამდეს. უკეთუ ამას შეასრულებ და უფლის მოშიში ყოველგვარი უზნეო საქმისგან თავს განიკრძალავ, ღმერთთან იცოცხლებ. რაჟამს ასე იმუშაკებ, დიდსა და ღვთისთვის საამო მარხვას აღასრულებ.                         55.(2). 1. ისმინე იგავი, რომელიც მსურს შენ გაუწყო, მარხვის შესაბამისი. 2. ვინმე [ადამიანს] მამული და მრავალი მონა ჰყავდა. მიწის გარკვეულ ნაწილზე ვენახი დარგო. გამოარჩია ფრიად სარწმუნო და სათნო მსახური. უცხოობაში წასვლის განმზრახმა მოიხმო იგი და ეუბნება მას: "ეს ვენახი, რომელიც გავაშენე, ჩაიბარე; ვიდრე მოვიდოდე, შემოზღუდე იგი, ხოლო სხვა ვენახში ნუ იმუშაკებ. ჩემი ეს მცნება დაიცავი და თავისუფალი იქნები ჩემგან". და უცხოობაში წავიდა მონის მბრძანებელი. 3. ხოლო გაემგზავრა რა იგი, აიღო მონამ და ვენახი გარშემოზღუდა. როცა განასრულა ვაზის მოზღუდვა, იხილა, რომ ვენახი სავსე იყო ბალახით. 4. საკუთარ თავთან მსჯელობდა და ამბობდა: 'ბატონის ეს მცნება შევასრულე. ახლა კი ამ ვენახსაც გადავბარავ და დაბარული უმშვენიერესი გახდება. უკეთუ სარეველა არ იქნება, ნაყოფსაც სრულად მოგვცემს ბალახისგან დაუშთომელი". აიღო და ვაზი დაბარა, მთელი ბალახი ამოძირკვა ვენახში. და გახდა ვაზი უმშვენიერესი და კეთილყვავილოვანი, არ ჰქონდა რა ბალახი დამაშთობელი. 5. რაღაც დროის შემდეგ მამულისა და მონის მბრძანებელი მოვიდა და ვენახისკენ ისწრაფა. იხილა ვაზი კეთილად გარშემოზღუდული და მეტიც - დაბარული, ხოლო ბალახი ამოძირკული და ვენახი აყვავებული. დიდად გაიხარა მონის საქმიანობით. 6. მოიხმო თავისი საყვარელი ძე, რომელიც მემკვიდრედ ჰყავდა, და თანამზრახველი მეგობრები. ეუბნება მათ, თუ რა დაავალა საკუთარ მონას და რა აღმოაჩინა აღსრულებული. მონაზე დამოწმებულით, რასაც ბატონი ადასტურებდა მასზე, ისინიც თანამოხარულობდნენ. 7. და ეუბნება მათ: 'მე ამ მონას თავისუფლებას შევპირდი, თუკი ჩემს მცნებას დაიცავდა, რომელიც მას დავავალე. ჩემი მცნება აღასრულა და ვენახს კეთილი საქმეც თანაშეჰმატა, რაც ჩემთვის ფრიად სათნოა. იმ საქმის წილ, რაც იმუშაკა, მსურს, ჩემი ძის თანამემკვიდრედ დავადგინო, რადგან კეთილად განმსჯელმა არათუ უგულებელჰყო, არამედ აღასრულა იგი"172. 8. ბატონის ძეც დაეთანხმა ამ აზრს, რომ ძის თანამემკვიდრე გახდეს მონა. 9. მცირე დროის შემდეგ სერი ამზადა მისი (მონის, ი. ო.) სახლის მბრძანებელმა173 და ტრაპეზიდან მრავალი სანოვაგე გაუგზავნა მას; მიიღო რა მონამ საკუთარი ბატონის წარგზავნილი საკვები, მისთვის საკმარისი იხმია, ხოლო დანარჩენი თავის თანამონებს უწილადა. 10. საკვების შემწყნარებელმა თანამსახურებმა გაიხარეს და ლოცვა დაიწყეს მისთვის, რომ აღმატებული მადლი ეპოვა მბრძანებლის წინაშე, ვინაიდან ამგვარად მოექცა მათ. 11. ეს ყოველივე მომხდარი ბატონმა შეიტყო და მისი საქმე კვლავ დიდად ეამა. ბატონმა ისევ თანამოიხმო მეგობრები, საკუთარი ძე და მონის საქმე შეატყობინა, რაც მიღებული საკვებით მოიმოქმედა მან. ისინი კი უფრო მეტად დაეთანხმნენ ძის თანამემკვიდრედ მონის დადგენას".   56.(3). 1. ვეუბნები მწყემსს: "უფალო, მე ამ იგავებს ვერ ვიმეცნებ, არც გაგება ძალმიძს მათი, თუკი არ განმარტავ". 2. "ყველაფერს განგიმარტავ შენ, - ამბობს, - რასაც კი გეტყვი და გიჩვენებ. უფლის მცნებები დაიცავი და სათნო იქნები მისთვის და მისი მცნებების დამცველთა რიცხვში ჩაეწერები, 3. ხოლო რაჟამს ღვთის მცნების გარდა რამ სიკეთეს აღასრულებ (ეკლეს. 12.13; მთ. 19.17), საკუთარ თავს უაღმატებულეს დიდებას შესძენ და ღვთის წინაშე იმაზე უდიდებულესი იქნები, ვიდრე ისურვებდი. ამრიგად, როდესაც ღვთის მცნებათა დამცველი ამ მსახურებებსაც გაამრავლებ, გაიხარებ, თუკი ჩემი უწყებისამებრ დაიმარხავ მათ"174. 4. ვეუბნები მას: "უფალო, დავიცავ იმას, რაც კი რამ მამცნე, რადგან ვიცი, რომ შენ ჩემთან ერთად ხარ". ‘შენთან ერთად ვიქნები, - მომიგებს, - ვინაიდან კეთილმოქმედების ასეთი სურვილი გაქვს, და ყველასთან ვიქნები, ვინც ამ ზრახვას იტვირთავს. 5. ეს მარხვა, - ამბობს, - ღვთის მცნებათა დამცველთათვის ფრიად სახიერია. მარხვა, რომელიც გსურს იმარხო, ამგვარად უნდა აღასრულო. 6. უპირველეს ყოვლისა ნებისმიერ უკეთურ სიტყვას და ყველანაირ უზნეო სურვილს ერიდე; გული შენი განიწმინდე ამა საუკუნის ყოველგვარი ამაოებისგან. რაჟამს ამას დაიცავ, სრული იქნება მარხვა. 7. ხოლო იმოქმედე ამგვარად: წინარეგანცხადებულნი აღასრულე, იმ ჟამს, როცა მარხულობ, ნურაფერს იგემებ გარდა პურისა და წყლისა. შენი საზრდელიდან, რითიც გსურს იკვებო, იმ დღის საჭმლის ხარჯი გამოთვალე, რის გაღებასაც აპირებდი, და დამზოგველმა იგი ქვრივს, ობოლს, ან უპოვარს უწილადე და ასე დამდაბლდები, ვინაიდან შენი სიმდაბლისგან მიმღები, დაინაყრებს რა საკუთარ სულს, ილოცებს შენთვის უფლის წინაშე175. 8. თუკი იმ მარხვას აღასრულებ, რასაც გამცნებ, შენს მსხვერპლს უფალი შეიწირავს (სიბრძ. ზირაქ. 35.9; 4.18; ეს. 56.7; მთ 5.24; I პეტრ. 2.5) და ეს მარხვა აღწერილი იქნება; ასე შესრულებული მსახურებაა სათნო, სასიხარულო და შეწირული უფლისგან. 9. ესენი ამგვარად დაიცავი შენს შვილებთან და მთელს შენს სახლეულთან ერთად, ხოლო მათი აღმსრულებელი ნეტარი იქნები; და ყველა, ვინც მოისმენს და მას დაიცავს, ინეტარებს და რასაც კი უფალს შეევედრება, მიიღებს".   57.(4). 1. მრავალს ვევედრებოდი მას, რომ გაეცხადებინა ჩემთვის იგავი მამულის, ბატონის, ვაზის, მონის მიერ გარშემოზღუდული ვენახის, დაბარვის, ვენახიდან ამოძირკული ბალახის, ძისა და თანამზრახველი მეგობრების შესახებ, რადგან მივხვდი, რომ რაღაც იგავია ეს ყოველივე. 2. მიპასუხა და მომიგო: ‘ფრიად თამამი ხარ შეკითხვაში. საერთოდ არ გევალება იკითხო, ვინაიდან თუკი მითითება იქნება შენთვის საჭირო, განგეცხადება". ვეუბნები მწყემსს: "უფალო, უკეთუ იმას, რასაც მიჩვენებ, არ განმიმარტავ, ფუჭი იქნება ამგვარი ხილვა და ვერ მივხვდები, თუ რომელი რა არის. ამგვარადვე, რაჟამს იგავს მეტყვი და არ განმარტავ, ამაოა შენგან სმენილი". 3. კვლავ მპასუხობს და მეუბნება: "ვინც ღმერთს ემონება და საკუთარ გულში ჰყავს უფალი, ითხოვს რა მისგან გულისხმისყოფას (იაკობ. 1.5-6), იგავის განმარტებას ღებულობს და უფალთან ერთობით ხდება მისთვის გასაგები იგავებით გამოთქმული. ხოლო ის, ვინც ვედრებაში უძლურია და ზარმაცი, ღვთისადმი თხოვნისას ორჭოფობს. 4. მრავალმოწყალეა უფალი და მისგან ყველა უეჭველად მთხოვნელს მწყალობლობს. შენ კი, დიდებული ანგელოზის მიერ გამტკიცებული და მისგან ესოდენ მეოხების შემწყნარებელი, ზარმაცი რომ არ იყო, რად არ ითხოვ უფლისგან გონიერებას? განა ისე მიიღებ?" 5. ვეუბნები მას: "უფალო, მე, გამაჩნია რა შენთან ერთობა, მაქვს საჭიროება, რომ შენ გევედრო და შეგეკითხო, რადგან ყოველივეს მიმითითებ და მეუბნები, მაგრამ უკეთუ ამას შენგან ეული ვიხილავდი ან მოვისმენდი, მაშინ უფალს დავეკითხებოდი, რომ გაეცხადებინა ჩემთვის". 58.(5). 1. "ახლახან გეუბნებოდი, რომ ჭკუამახვილი და თამამი ხარ-მეთქი, - ამბობს, - ითხოვდი რა იგავთა განმარტებას, მაგრამ შენი ასეთი სიმტკიცის გამო განგიმარტავ იგავს მამულსა და დანარჩენ ყოველივე თანმდევზე, რომ გასაგები გახადო ისინი ყველასთვის. ახლა კი ისმინე და შეიმეცნე: 2. მამული ეს სამყაროა (მთ. 13.38). მამულის უფალი ყოვლის შემოქმედი (ეფეს. 3.9; აპოკალ. 4.11; ებრ. 3.4; ეკლეს. 18.1), მათი შემაკავშირებელი და განმაძლიერებელია (ფს. 67.29)176. ძე სულიწმინდაა. მონა ძე ღვთისაა. ვენახი ის ხალხია, რომელიც მან დარგო. 3. ზღუდეები უფლის წმინდა ანგელოზები არიან, მის ხალხთან მჭიდრო კავშირში მყოფნი. ვენახიდან ამოძირკული ბალახი ღვთის მონათა უკეთურებანია. საკვები, რომელიც სუფრიდან გაუგზავნა მონას, მცნებებია, რაც თავისი ძის მიერ გადასცა საკუთარ ხალხს. მეგობრები და თანამზრახველები პირველქმნილი წმინდა ანგელოზები არიან. ბატონის მოგზაურობა მის მოსვლამდე დარჩენილი ჟამია"177. 4. ვეუბნები მწყემსს: "უფალო, დიადი, გასაოცარი და დიდებულია ყოველივე. განა ძალმიძდა მე, ეს გამეგო? არც სხვა ადამიანს, თუნდაც რომ ფრიად გონიერი იყოს მავანი, არ შეუძლია ამის შემეცნება. ამრიგად, უფალო, კვლავაც განმიცხადე ის, რაც მსურს, შენ შეგეკითხო". 5. "მკითხე, - მომიგებს, - თუ რამ გწადია". "უფალო, რატომ წარმოგვიდგება იგავში ძე ღვთისა მონის სახით?"                59.(6). 1. "ისმინე, - მპასუხობს, - ღვთის ძე არათუ მონის სახით, არამედ დიადი ხელმწიფებითა და მეუფებით წარმოგვიდგება". "როგორ, - ვეუბნები, - ვერ ვხვდები?". 2. "ღმერთმა რომ ვენახი დარგო, ესაა ხალხი, რომელიც შექმნა და საკუთარ ძეს გადასცა. ძემ კი თითოეულ მათგანზე მცველად ანგელოზები დაადგინა. ფრიად დამაშვრალმა და მრავალი შრომით დაქანცულმა მათი ცოდვები განწმინდა (რადგან არავის ძალუძს, ვენახი ჯაფისა და შრომის გარეშე დაბაროს). 3. თავად ხალხის ცოდვათა განმწმენდელმა მათ სიცოცხლის გზები უჩვენა (ფს. 15.11; იგავ. 16.17), რჯული მიჰმადლა, რომელიც საკუთარი მამისგან მიიღო (ინ. 10.18; 12.49; 14.31; 15.10). ხომ ხედავ, - ამბობს, - რომ ისაა ხალხის უფალი, რომელმაც ყოველი ხელმწიფება საკუთარი მამისგან შეიწყნარა (მთ. 28.18; ეფეს. 1.20-23). 4. ისმინე, თუ რატომ იახლა უფალმა თანამზრახველად საკუთარი ძე და დიდებული ანგელოზები მონის მემკვიდრეობის თაობაზე. 5. დაუსაბამო სულიწმინდა178, ყოველი ქმნილის შემოქმედი, ღმერთმა იმ სხეულში დაამკვიდრა, რომელიც ისათნოვა. ამრიგად, ეს სხეული, სადაც სულიწმინდამ დაივანა, სიწმინდესა და უბიწოებაში მავალი, კეთილად დაემორჩილა სულს179 და საერთოდ არაფრით შეუბღალავს იგი. 6. შესაბამისად, ის180, კეთილად და უბიწოდ მცხოვრები და სულთან თანადამაშვრალი და ყოველ საქმეში თანამოქმედი, ძლიერად და მამაცურად მიმოიქცეოდა, რადგან სულიწმინდასთან ერთობისთვის გამოირჩა, რომელმაც ამ სხეულის მეგზურობა ისათნოვა, რომ არ შებღალულიყო დედამიწაზე მყოფი სულიწმინდა181. 7. თანამზრახველად კი ძე და დიდებული ანგელოზები შეიწყნარა, ვინაიდან სულს უბიწოდ დამონებულ ამ სხეულს თავშესაფარად ჰქონოდა რამ ადგილი და მისი მორჩილების სასყიდელი დაკარგულად არ მიეჩნია, რათა მთელ სხეულს, აღმოჩენილს უმწიკვლოდ და შეუბღალავად, სადაც სულიწმინდა მკვიდრობდა, სასყიდელი მიეღო182. 8. ამ იგავის ახსნაც მიიღე".   60. (7). 1. ვეუბნები: "ვხარობ, უფალო, ამ განმარტების მსმენელი". მომიგებს: "ახლა კი ისმინე. ეს შენი სხეული წმინდად და შეუბღალავად დაიცავი, რომ სულმა, რომელიც მასში დამკვიდრდა, მასზე დაამოწმოს და გამართლდეს შენი სხეული. 2. ეკრძალე, არასოდეს აღიწიოს შენს გულში [აზრი], რომ სხეული შენი არის გახრწნადი და რაიმე ბიწით შებღალავ მას183. რაჟამს შენს სხეულს წაბილწავ, წმინდა სულიც შეირყვნება და უკეთუ სხეულს წაახდენ, ვეღარ ცხონდები". 3. ვეკითხები: "უფალო, უწინარეს ამ სიტყვების მოსმენისა, თუკი მავანი უმეცარი იყო, საკუთარი სხეულის წამბილწავი ადამიანი როგორღა ცხონდება?" "ადრინდელი უმეცრებების გამო, - ამბობს, - ოდენ ღმერთს ძალუძს კურნება მიანიჭოს, რადგან მისია ყოველი ხელმწიფება. 4. მაგრამ ამიერიდან დაიცავი და მარადმოწყალე უფალი უწამლებს მათ, უკეთუ მომავალში არ წაბილწავ შენს სხეულსა და სულს, რადგან ორივენი ზიარნი არიან და არ შეიძლება, ერთი შეირყვნას მეორის გარეშე. ამრიგად, სიწმინდე დაიცავი და ღმერთთან იცოცხლებ". *ნაწილი პირველი* *ნაწილი მესამე*…
დაამატა Kakha to პატროლოგია at 9:09pm on დეკემბერი 10, 2012
თემა: მოციქულთა კანონები
იაში, კანონიკური სამართლიძ ძირითად კოდექსად ითვლება. მოგეხსენებათ ნომოკანონის საბოლოო ვარიანტი დადგინდა 883 წელს. აქვე უნდა ითქვას რომ ქართულად თარგმნილი "დიდი რჯულის კანონის" უპიველეს წიგნს წარმოადგენს.        სამეცნიერო ლიტერატურაში მიჩნეულია, რომ მოციქულთა კანონები ჩაწერილია იმ ჩვეულებით, გადმოცემით არსებული დაუწერელი სჯულიდან, რომელიც შეიქმნა მოციქულთა მიერ ქრისტიანობის დასაწყისშივე და რომლის მიხედვით ამ კანონების კრებული შეადგინა კლიმენტი რომაელმა (+101 წ.). თუმცა არის მეორე აზრიც, რომ თავდაპირველად მათი რიცხვი – 85, როგორც ეს ზემომოხსენებულ კოდექსშია დღეს, არ ყოფილა. კანონების შინაარსისა და მათში გათვალისწინებული ეპოქის ტრადიციათა მიხედვით, მოციქულთა კანონები სხვადასხვა დროს ეკუთვნის. უძველესი უნდა იყოს ის კანონები, რომლებიც ზუსტ შესატყვისობაშია ძველი და ახალი აღთქმის წიგნებთან, ანდა მთლიანად ეყრდნობიან ამ წიგნებს. შედარებით მოგვიანო პერიოდში უნდა შეედგინათ კანონთა ის წყება, რომლებიც გამოხატავენ II საუკუნის და III ს. I ნახევრის საეკლესიო მოღვაწეთა თხზულებებში დადასტურებულ მოვლენებსა და ურთიერთობებს. მოციქულთა კანონების დიდი ნაწილი უნდა ეკუთვნოდეს III ს. II ნახევარს. მთლიანად მოციქულთა კანონები ნიკეის I მსოფლიო კრებამდე (325 წ.) უნდა ჩამოყალიბებულიყო, რაც ძირითადად აღიარებულია კანონიკური სამართლის ისტორიაში. (ე. გაბიძაშვილი, კანონიკური სამართლის წყაროები – მოციქულთა კანონები. შრომები, I, თბილისი, 2010, გვ. 323-327).        მოციქულთა კანონების ჩამოყალიბების გეოგრაფიაც მრავალფეროვანი უნდა იყოს, რაზეც ზოგიერთ კანონში დადასტურებული ფაქტები მიანიშნებენ: მაგალითად, მე-7 კანონი აღდგომის დღესასწაულის აღნიშვნის შესახებ გამოხატავს დასავლეთის, კერძოდ, რომის ეკლესიის ჩვეულებას, რომელიც II ს. Bბოლოს იქნა მიღებულ აღმოსავლეთის ბევრ ეკლესიაში (Евсевий Кесарийский, Церковная история, V, 22); 37-ე კანონი საეკლესიო კრების ყოველწლიურად მოწვევის შესახებ სირიული წარმომავლობის უნდა იყოს, რადგან ამ კანონში შემორჩენილია თვის სირიული სახელწოდება (ბერძნულ დედანში - υπερβερέται); 46-ე კანონი ერეტიკოსთა მონათვლის შესახებ გვიჩვენებს კართაგენის ეკლესიის კრიტიკას.; 70, 71 კანონები რომლებიც კრძალავენ ებრაელებთან ურთიერთობას, პალესტინური წარმოშობისა უნდა იყოს; 51-ე, 53-ე და 64-ე კანონები, რომლებიც კიცხავენ ზოგი ქრისტიანის ზიზღს ქორწინებისა და ხორციანი საჭმელებისადმი, აგრეთვე მიმართულია თვითდასაჭურისების წინააღმდეგ, ალექსანდრიული და, ნაწილობრივ, სირიული წარმოშობისა უნდა იყოს, რადგან მიმართულია გნოსტიკოსთა (ენკრატიტების, მარკიონეტთა და მონტანისტთა) წინააღმდეგ და ებრძვის ისეთ უკიდურეს მიმდინარეობებს, რომლებიც გავრცელებული იყო ალექსანდრიულ და სირიულ მწვალებლობებში და სხვ.        ქრისტიანული საეკლესიო კანონმდებლობა პირველ სამ საუკუნეში რომ ძირითადად მოციქულთა კანონებზე იყო დამყარებული, ჩანს იქიდანაც, რომ ამ პერიოდის საეკლესიო პრაქტიკა სრულ შესატყვისობაშია მოციქულთა კანონებში წერილობით ჩამოყალიბებულ კანონმდებლობასთან. IV ს. საეკლესიო მოღვაწეები, მსოფლიო და ადგილობრივი საეკლესიო კრებები პირდაპირ თუ არაპირდაპირ მიუთითებენ მოციქულთა ზოგიერთ კანონზე, როგორც სახელმძღვანელო ნორმაზე. მართალია, ეს მითითებები უშუალოდ მოციქულთა კანონებს არ ასახელებენ, მაგრამ გამოთქმები, რომელთაც ნიკეის I მსოფლიო კრების კანონებში ვხვდებით, უნდა გულისხმობდეს არა ძველ საეკლესიო პრაქტიკას, როგორც ამას ზოგიერთი მეცნიერი ფიქრობს, არამედ წერილობით ჩამოყალიბებულ მოციქულთა კანონებს, რაც ნათელია იმითაც, რომ ყოველი ასეთი მითითება შესატყვისს პოულობს მოციქულთა კონკრეტულ კანონში: „მღდელობად მოიყვანებს კანონი“ (ნიკეის I კან.); „დაიცვებოდედ მათთჳს წესი კანონისაჲ“ (მე-5 კან.); „ძველნივე წესი იპყრობოდედ“ (მე-6 კან.); „ამას არა შეუთქს კანონი საეკლესიოჲ“ (მე-10 კან.); „ძველნივე და კანონებრივი სჯული დამარხულ იყავნ აწცა“ (მე-13 კან.). დამოწმებული ადგილების „კანონი“ არ შეიძლება გულისხმობდეს ნიკეის კრებაზე ადრინდელი ადილობრივ კრებათა დადგენილებებს, რადგან ასეთი კრებების დადგენილებები ეხებოდა რომელიმე გარკვეულ პროვინციის ან ქრისტიანული ქვეყნის ეკლესიის მხოლოდ კერძო, ადგილობრივ საკითხებს და პრეტენზია არ ჰქონდათ ზოგად ქრისტიანული ისეთი სავალდებულო ნორმისა, რომელსაც თავისთავად გულისხმობს ტერმინი „კანონი“. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ნიკეის მე-15 კანონის ზოგიერთი ბერძნული ტექსტი პირდაპირ ასახელებს მოციქულთა კანონს - Παρά τòν Αποστολικον κανονα - ათენის სინტაგმა, II.        აქვე ვაჩვენებთ ნიკეის I მსოფლიო კრების ზოგიერთი კანონის შესატყვისებს მოციქულთა კანონებში - ნიკეის I -მოციქულთა 21-23; II - 80; 5-32 და ა.შ.        აქვე აღვნიშნავთ, რომ ანტიოქიის 341 წლის ადგილობრივი კრების კანონები ასევე მიუთითებს მოციქულთა კანონებზე და ხშირად სიტყვა-სიტყვით იმეორებენ, ავრცობენ და კომენტარს უკეთებენ შესაბამის მოციქულთა კანონს (Н. Заозерский, Никейский кодекс, Учение в обществе любителей духовного просвещения, 1882, I, с. 597). ასეთი პარალელები უფრო მეტია გვიანდელ საეკლესიო კრებათა კანონმდებლობაში (ლანგრის 340 წ. ადგ. კრება; კონსტანტინოპოლის II მსოფლიო კრება და სხვ.). საკანონმდებლო კრებულებიდან იოანე სქოლასტიკოსის 50 ტიტლოვან (ნაწილიან) VI ს-ის კრებულში პირველადაა შეტანილი მოციქულთა კანონების სრული რაოდენობა - 85 კანონი, რაც კრებულის შემდგენელს ჩვენამდე არმოღწეული 60-ტიტლოვანი კრებულიდან აუღია. ასეთი რაოდენობით მოციქულთა კანონები დაამტკიცა კონსტანტინოპოლის ე.წ. ტრულის (ქართული თარგმანით „გუმბდსა შინა სამეუფოჲსა პალატისასა“) 692 წლის საეკლესიო კრებამ (რომელსაც ხშირად VI მსოფლიო კრებასაც უწოდებენ), რამაც ბოლო მოუღო ყოველგვარ ეჭვს და გაურკვევლობას ამ კანონთა კანონიკურობის აღიარებაში. ეს კანონები შედგენილია 14-ტიტლოვანი ნომოკანონის ყველა რედაქციაში და, რა თქმა უნდა, ნომოკანონის ქართულ თარგმანში.        მოციქულთა კანონების მრავალრიცხოვან ბერძნულ გამოცემათაგან საუკეთესოდ ითვლება კარდინალ Pitra-ს გამოცემა, რომელშიც გათვალისწინებულია ამ ძეგლის შემცველი ბერძნული ხელნაწერების უმრავლესობა (Pitra, luris ecclesiastici graecorum historia et monumenta, I, 1864).        ერთ-ერთ ბერძნულ კანონიკურ კრებულში, სახელდობრ, ძირითად კანონიკურ კოდექსის საფუძველზე შედგენილ ე.წ. „კანონთა სინოპსისში“, რომელიც კანონთა შემოკლებულ ტექსტებს შეიცავს, მოციქულთა კანონების გვერდით შეტანილია 17 კანონი, წარწერილი პავლე მოციქულის სახელით, 17 კანონი - პეტრე და პავლე მოციქულების ერთობლივ შემოქმედებად მიჩნეულ და 2 კანონი - ყველა მოციქულის შემოქმედებად გამოცხადებული. ამ 36 კანონის წყარო „მოციქულთა დადგენილებების“ ის 8 წიგნეულია, რომელიც 691 წლის „ტრულის“ კრებამ შემდეგდროინდელ ერეტიკულ გადაკეთება-ჩამატებათა გამო არაკანონიკურად მიიჩნია და აკრძალა (მე-2 კანონი). მართალია, ეს კანონები 14-ტიტლოვან ნომოკანონის ბერძნული ტექსტის გამოცემებში არ გვხვდება, მაგრამ ამ ფაქტის აღნიშვნა საჭიროდ ვცანით იმიტომ, რომ დასახელებული 36 კანონიდან პირველი 34 ქართული „დიდი სჯულისკანონის“ XIII-XIV სს. ზოგიერთ ნუსხაში (და არა არსენ იყალთოელისეული) თარგმანით არის წარმოდგენილი, ე.ი. გვიანდელ დანამატს წარმოადგენს.   ------------------------------------------------------------- კანონი 1 ეპისკოპოსი დადგინებულ იქნეს ორი ან სამი ეპისკოპოსის მიერ. (I მსოფლ. 4; VII მსოფლ. 3; ანტიოქ. 12,23; ლაოდ. 12; სარდ. 6; კონსტ. 1; კართ. 13,49,50).   კანონი 2 მღვდელი, დიაკონი და სხვა ღმრთისმსახური, დადგინებულ იქნეს ერთი ეპისკოპოსის მიერ. (მოც. კან. 26,70; I მსოფლ. 19; ტრულ. 33; VII მსოფლ. 14; ღანგ. 6; ლაოდ. 24,26,30; ბასილი დიდი 51,89).   კანონი 3 ეპისკოპოსი ან მღვდელი, რომელიც მსხვერპლშეწირვის შესახებ უფლის განწესების მიუხედავად, საკურთხეველთან მიიტანს სხვა შესაწირავს : თაფლს, რძეს, ან ღვინის ნაცვლად სხვა რაიმესაგან დამზადებულ თაფლუჭს *; ფრინველს, რომელიმე ცხოველს, ან დადგენილების   საწინააღმდეგოდ – მარცვლეულს ( ახალი ხორბლის თავთავის ან ყურძნის გარდა, ისიც, სათანადო დროს ), საღვთისმსახურო წოდებიდან განიკვეთოს. არავის მიეცეს უფლება   საკურთხეველში ძღვნად მიიტანოს სხვა რაიმე, გარდა ზეთისა – კანდელისათვის, და საკმევლისა – წმიდა შესაწირავის დროს. (მოც. 4; ტრულ. 28,32,57,99; კართ. 57). *დასათრობი სასმელი (იხ. ლუკ. 1,15).   კანონი 4 ყველა სხვა სახის პირველნაყოფი გაეგზავნოთ ეპისკოპოსსა და მღვდლებს სახლში, და არა საკურთხეველში. თავისთავად ცხადია, რომ ეპისკოპოსები და მღვდლები, დიაკვნებსა და ეკლესიის სხვა მსახურებს გაუნაწილებენ. (მოც. 3,38,41; ღანგ. 7,8; კართტ. 37; თეოფილე ალექს. 8).   კანონი 5 ეპისკოპოსმა, მღვდელმა ან დიაკონმა არ უნდა გააძევოს თავისი ცოლი კეთილკრძალულების საბაბით. თუ გააძევებს, მღვდლობისაგან დაცადებით დაისაჯოს, ხოლო თუ არ დაცხრება, სამღვდელო წოდებიდან განიკვეთოს. (ტრულ. 12,13,48; I მსოფლ. 3; ღანგ. 1,4,9,10; კართ. 4).   კანონი 6 ეპისკოპოსმა, მღვდელმა ან დიაკონმა საკუთარ თავზე არ უნდა აიღოს ამსოფლიური საზრუნავი ; წინააღმდეგ შემთხვევაში სასულიერო წოდებიდან განიკვეთოს. (მოც. 20,81,83; IV მსოფლ. 3,7; VII მსოფლ. 10; კართ. 16; ორგზ. 11).   კანონი 7 თუ ეპისკოპოსი, მღვდელი ან დიაკონი   ბრწყინვალე აღდგომას ბუნიობის წინ იდღესასწაულებს იუდეველებთან ერთად, სასულიერო წოდებიდან განიკვეთოს. (მოც. 64,70,71; ტრულ. 11; ანტიოქ. 1; ლაოდ. 37,38; კართ. 51,73,106).   კანონი 8 თუ ეპისკოპოსი, მღვდელი, დიაკონი ან კრებულის სხვა წევრი, მსხვერპლშეწირვის დროს არ ეზიარება, დაე, მიზეზი წარმოადგინოს, და თუ იგი საპატიოა, შენდობილ იქნეს ; იმ შემთხვევაში კი, თუ მიზეზი ვერ დაასახელა, საეკლესიო ერთობიდან განიკვეთოს, როგორც მორწმუნე ერისათვის ზიანის მომტანი და, თავისი საქციელით მწირველის მიმართ ეჭვის აღმძვრელი, რომ მან თითქოს მსახურება არასწორად აღასრულა. (ანკვ. 1,2; პეტრე ალექს. 10).   კანონი 9 ყველა მორწმუნე, რომელიც ეკლესიაში შედის, წმიდა წერილს ისმენს, მაგრამ ბოლომდე არ ესწრება ლოცვასა და წმიდა ზიარებას, როგორც ეკლესიაში უწესობის ჩამდენი, საეკლესიო ზიარებიდან განყენებულ იქნეს. (ტრულ. 66,80; ანტიოქ. 2; სარდიკ. 11).   კანონი 10 ვინც საეკლესიო თანაზიარებიდან განყენებლთან ერთად ილოცებს, თუნდაც სახლში, თვითონაც განყენებით დაისაჯოს. (მოც. 11,12,32,45,48,65; I მსოფლ. 5; ანტიოქ. 2; კართ. 9).   კანონი 11 სამღვდელო კლირის წევრი, რომელიც კლირიდან განკვეთილ პირთან ერთად ილოცებს, თვითონაც განიკვეთოს. (მოც. 28; ანტიოქ. 4; კართ. 10).   კანონი 12 თუ საეკლესიო თანაზიარებიდან განყენებული კლირიკოსი, ან ერისკაცი, ან სასულიერო დასში მიღებისათვის უღირსი პირი, წავა და მას ხვა ქალაქში მიიღებენ   წარმომადგენლობითი სიგელის გარეშე, განყენებულ იქნეს   შემწყნარებელი და შეწყნარებულიც. (მოც. 13,32,33; IV მსოფლ. 11,13; ტრულ. 17; ანტიოქ. 6,7,8,11; ლაოდ. 41,42; სარდიკ. 9; კართ. 23,106).   კანონი 13 ხოლო თუ განყენებული იყო, სასჯელი გაუგრძელდეს, როგორც ცრუსა და ღვთის ეკლესიის მომატყუებელს. (მოც. 12,33; ტრულ. 17).   კანონი 14 ეპისკოპოსს არა აქვს უფლება თავისი ეპარქია დატოვოს და სხვაგან გადავიდეს, თუნდაც ამაში ბევრი ვინმე არწმუნებდეს. ეს შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, როცა ამას რაიმე საპატიო მიზეზი აიძულებს, როცა შეუძლია დიდი სარგებელი მოუტანოს იქაურ მრევლს ღვთისმსახურების სიტყვით, და ეს უნდა გააკეთოს არა თვითნებურად, არამედ მრავალი ეისკოპოსის გადაწყვეტილებითა და თავისი ღრმა რწმენით. (მოც. 33; I მსოფლ. 15; IV მსოფლ. 5; ტრულ. 20; ანტიოქ. 13,16,18,21; სარდიკ. 1,2,17; კართ. 48).   კანონი 15 თუ მღვდელი, დიაკონი, ან საერთოდ ვინმე კლირის წევრთაგან, დატოვებს თავის მსახურების საზღვრებს, სხვაგან გადავა, დამკვიდრდება იქ და იცხოვრებს თავისი   ეპისკოპოსის ნებართვის გარეშე, ასეთმა, ვბრძანებთ, აღარ იმსახუროს და მით უფრო, თუ მან თავისი ეისკოპოსისა არ შეისმინა, რომელმაც უკან დაბრუნება მოუწოდა. ხოლო თუკი ამ   უწესობაში დარჩება, მაშინ თანაზიარობაში იყოს როგორც ერისკაცი. (I მსოფლ. 15,16; IV მსოფლ. 5,10,20,23; ტრულ. 17,18; ანტიოქ. 3; სარდიკ. 15,16; კართ. 54,90).   კანონი 16 თუ ეპისკოპოსი, რომელთანაც მსგავსი შემთხვევა მოხდება, არად ჩააგდებს მასთან გადმოსული სასულიერო პირის მსახურების ამკრძალავ განწესებას და მას თავისთან დასში მიიღებს, მაშინ თავად ასეთი ეპისკოპოსის განკანონება უნდა მოხდეს მსახურებიდან, როგორც უწესობის დამნერგველისა. (მოც. 15; I მსოფლ. 15; ტრულ. 17; ანტიოქ. 3).   კანონი 17 ის პირი, ვინც წმიდა ნათლისღების შემდეგ ორჯერ იყო ქორწინებაში, ან ხარჭა ესვა, არ შეიძლება ეკურთხოს ეპისკოპოსად, მღვდლად ან დიაკვნად, და მეტიც, საერთოდ ვერ გახდება სასულიერო დასის წევრი. (მოც. 18; ტრულ. 3; ბასილი დიდი 12).   კანონი 18 ვინც დაქორწინებლია ქვრივზე, მეუღლეობიდან განტევებულზე, მეძავზე, მონაზე, ან მსახიობზე, ასეთი პირი ვერ გახდება ეპისკოპოსი, მღვდელი და დიაკონი, ვერც საერთოდ – სასულიერო დასის წევრი. (მოც. 17; ტრულ. 3,26; ბასილი დიდი 27).   კანონი 19 ვინც ორ დაზე იყო დაქორწინებული, ანდა თავის დისწულზე ან ძმისწულზე, ასეთი პირის ადგილი დასში არ არის. (ტრულ. 26,54; ნეოკეს. 2; ბასილი დიდი 23,78,87; თეოფილე ალექს. 5).   კანონი 20 თუ კლირიკოსი ვინმეს თავდებად დაუდგება, განიკვეთოს. (მოც. 6,81; IV მსოფლ. 3,30; სარდიკ. 7; კართ. 75).   კანონი 21 პირი, რომელიც ადამიანთა ძალადობის შედეგად გახდა საჭურისი, ან დევნის პერიოდში მამაკაცური ასო წაერთვა, ან ამ მდგომარეობაში დაიბადა, თუ ღირსია, ეპისკოპოსად დადგინდეს. (მოც. 22,23,24; I მსოფლ. 1; ორგზ. 8).   კანონი 22 თავისი თავის გამოსმაჭურისებელი არ იქნეს სასულიერო დასში მიღებული, რამეთუ იგი თვითმკვლელი და საღმრთო ქნილების მტერია. (მოც. 21,23,24; I მსოფლ. 1; ორგზ. 8).   კანონი 23 კლირიკოსი, რომელიც თავის თავს გამოისაჭურისებს, განიკვეთოს, რამეთუ იგი თავის მკვლელია. (მოც. 21,22,24; I მსოფლ. 1; ორგზ. 8).   კანონი 24 ერისკაცი, რომელიც თავის თავს გამოისაჭრისებს, სამი წლით განკანონებულ იქნეს ზიარების საიდუმლოდან, რამეთუ იგი თავისი სიცოცხლის მტერია. (მოც. 21,22,23; I მსოფლ. 1; ორგზ. 8).   კანონი 25 ეპისკოპოსი, მღვდელი ან დიაკონი, მხილებული სიძვაში, ფიცის გატეხვაში, ან მოპარვაში, სასულიერო წოდებიდან განიკვეთოს, მაგრამ საეკლესიო თანაზიარებიდან არ განკანონდეს, რადგან წმიდა წერილი ამბობს : “... არშურ - იგო ორგზის ერთბამად ჭირსა შინა ” ( ნაუმ. 1,9). იგივეს განვაწესებთ დასის სხვა წევრების მიმართაც. (მოც. 29,30; I მსოფლ. 9; ტრულ. 4,21; ნეოკეს. 1,8; კართ. 27; ბასილი დიდი 3,32,51,70,82).   კანონი 26 ვბრძანებთ, კლირში გაწევრიანებულ იმ უქორწინებელ პირთაგან, რომლებსაც ქორწინება სურთ, ამის უფლება მხოლოდ წიგნისმკითხველებსა და მგალობლებს მიეცეთ. (მოც. 5,51; IV მსოფლ. 14; ტრულ. 3,6,13; ანკვ. 10; ნეოკ. 1; კართ. 16; ბასილი დიდი 69).   კანონი 27 ეპისკოპოსი, მღვდელი ან დიაკონი, რომელიც გალახავს, დაჩაგრავს და ამ გზით მოინდომებს დამნაშავის დაშინებას, ასეთი პირის სასულიერო წოდებიდან   განკვეთას ვბრძანებთ, რამეთუ ეს უფალს ჩვენთვის სრულებითაც არ უსწავლებია, პირიქით L სცემდნენ და იგი არ პასუხობდა დარტყმებით, “... ევნებოდა და იგი არავის აგინებდა, ევნებოდა და არავის უთქუმიდა...” (I პეტ. 2,23). (ორგზ. 9).   კანონი 28 აშკარა დანაშაულისათვის სამართლიანად განკვეთილი ეისკოპოსი, მღვდელი ან დიაკონი, რომელიც გაბედავს და კვლავ შეუდგება ოდესღაც მისთვის დავალებულ მსახურებას, ეკლესიიდან სრულიად მოიკვეთოს. (I მსოფლ. 5; II მსოფლ. 6; IV მსოფლ. 29; სარდ. 14; ანტიოქ. 4,12,15; კართ. 29,65; ბასილი დიდი 88).   კანონი 29 სასულიერო ხარისხიდან უნდა განიკვეთოს ის ეპისკოპოსი, მღვდელი ან დიაკონი, რომელიც ამ პატივს ფულით მიიღებს და მისი ხელდამსხმელიც ეკლესიიდან სრულიად უნდა მოიკვეთოს, როგორც სიმონ მოგვი ჩემგან – პეტრესგან. (IV მსოფლ. 2; ტრულ. 22,23; VII მსოფლ. 4,5,15,19; სარდ. 2; ბასილი დიდი 90; ტარსის ეპისტ.).   კანონი 30 ეპისკოპოსი, რომელიც საერო მთავრებს დაიხმარებს და მათი მეშვეობით მიიღებს ეკლესიაში საეპისკოპოსო ძალაუფლებას, განკვეთილ და განყენებულ იქნეს, ასევე, ყველა მისი თანამოაზრე. (I მსოფლ. 4; VII მსოფლ. 3; ლაოდ. 13).   კანონი 31 მღვდელი, რომელიც უგლებელყოფს თავის ეპისკოპოსს, ცალკე კრებებს მოაწყობს და სხვა საკურთხეველს აღმართავს ისე, რომ სასამართლოს მიერ ეისკოპოსს ვერავითარ ისეთ ქმედებაში ვერ ამხელს, რაც ღვთისმოსაობისა და ჭეშმარიტების საწინააღმდეგო იქნებოდა, განკვეთილ იქნეს, როგორც მთავრობისმოყვარე, რამეთუ იგი ძალაუფლების მიმტაცებელია. ასევე, განიკვეთოს კლირის ყველა სხვა წევრი, ვინც კი მას შეუდგება ; ერისკაცები კი, ასეთ შემთხვევაში, საეკლესიო ზიარებიდან განკანონდნენ. ხოლო ეს ამგვარად აღესრულოს ეპისკოპოსის მხრიდან ერთგზის, ორგზის და სამგზის შეგონების შემდეგ. (II მსოფლ. 6; III მსოფლ. 3; IV მსოფლ. 18; ტრულ. 31,34; ღანგ. 6; სარდ. 14; ანტიოქ. 5; კართ. 10,11; ორგზ. 13,14,15).   კანონი 32 რომელიმე ერთი ეპისკოპოსის მიერ განყენებით დასჯილი მღვდლის ან დიაკვნის შეწყნარების უფლება, სხვა ეპისკოპოსს არა აქვს ; მღვდელმოქმედების უფლება მას კვლავ მისმა განმკანონებელმა ეპისკოპოსმა უნდა დაუბრუნოს, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ეს ეპიკოპოსი გარდაიცვლება. (მოც. 12,13,16; I მსოფლ. 5; II მსოფლ. 6; ანტიოქ. 6; სარდ. 13; კართ. 11,29,133; სოფ. 1).   კანონი 33 არ უნდა მოხდეს უცხო ეპისკოპოსის, მღვდლის ან დიაკვნის შეწყნარება წარმომადგენლობითი სიგელის გარეშე, ხოლო ამ სიგელის წარდგენის შემდეგ გამოიკვლიონ და, თუკი აღმოჩნდება, რომ ის კეთილმსახურების მქადაგებელია, მიღებულ იქნეს ; წინააღმდეგ შემთხვევაში მიეცით მას რაც სჭირდება, საძმოში კი ნუ მიიღებთ, რამეთუ მრავალი სიყალბე ხდება (მოც. 12,13; IV მსოფლ. 11,13; ანტიოქ. 7,8; ლაოდ. 42; კართ. 23,106).   კანონი 34 ყოველი ერის ეპისკოპოსები უნდა ცნობდნენ პირველს მათ შორის, აღიარებდნენ მას, როგორც თავს და თავიანთ ძალაუფლებაზე აღმატებული არაფერი მოიმოქმედონ მისი ნებართვის გარეშე. მათ მხოლოდ ის საქმეები აწარმოონ, რაც თავიანთ ეპარქიებსა და მათთან მიმდებარე ადგილებს ეხება. მაგრამ პირველმაც არაფერი მოიმოქმედოს სხვებთან შეუთანხმებლად, ვინაიდან, ასე აღესრულება ერთაზროვნება და განიდიდება ღმერთი სულიწმიდის მადლით. (I მსოფლ. 4,6,7; II მსოფლ. 2,3; III მსოფლ. 8; IV მსოფლ. 28; ტრულ. 36,39; ანტიოქ. 9).   კანონი 35 ეპისკოპოსი ნუ გაკადნიერდება, თავისი ეპარქიის საზღვრებს გარეთ ხელდასხმა მოახდინოს ქალაქებსა და სოფლებში, რომლებიც მას არ ექვემდებარებიან. ხოლო თუ მხილებულ იქნება, რომ ასეთი ქმედება ჩაიდინა იმ ეპისკოპოსის თანხმობის გარეშე, ვის დაქვემდებარებაშიაც ეს ქალაქები და სოფლები შედიან, განკვეთილ იქნეს ისიც და მის მიერ დადგენილნიც. (I მსოფლ. 15; II მსოფლ. 2; III მსოფლ. 8; IV მსოფლ. 5; ტრულ. 17; ანკვ. 13; ანტიოქ. 13,22; სარდ. 3,15; კართ. 48,54).   კანონი 36 თუ ეპისკოპოსად ხელდასხმული პირი არ შეუდგება მსახურებასა და მასზე რწმუნებულ მრევლზე მზრუნველობას, მაშინ იგი განყენებულ იქნეს, ვიდრე არ შეუდგება თავის მოვალეობას. ზუსტად ასევე – მღვდელი და დიაკონი. ხოლო თუკი დანიშნულების ადგილას წავა და მიღებული არ იქნება არა თავისი ნებით, არამედ მრევლის ღვარძლის მიზეზით, ასეთ შემთხვევაში იგი ეპისკოპოსად დარჩეს, კლირი კი იმ ქალაქისა განყენებულ იქნეს, იმისათვის, რომ ვერ შეძლო გაჯიუტებული მრევლის განსწავლა. (I მსოფ. 16; IV მსოფ. 29; ტრულ. 37; ანკვ. 18; ანტიოქ. 17,18; ორგზ. 17; კირილე ალექს. 1,2,3).   კანონი 37 წელიწადში ორჯერ მოხდეს ეისკოპოსთა კრების მოწვევა და განიხილონ საკითხები საღვთისმოსაო დოგმატების შესახებ ; კრებაზევე გადაწყდეს ეკლესიაში წამოჭრილი სადავო საკითხები. კრება შედგეს პირველად მეერგასის დღიდან მეოთხე კვირაში, მეორედ – ოქტომბრის მეთორმეტე დღეს. (მოც. 34; I მსოფ. 5; II მსოფ. 2; IV მსოფ. 19; ტრულ. 8; VII მსოფ. 6; ანტიოქ. 20; ლაოდ. 40; კართ. 18,73).   კანონი 38 ყველა საეკლესიო ნივთზე ეპისკოპოსი უნდა ზრუნავდეს, როგორც ღვთის ზედამხედველობის ქვეშ მყოფი, მაგრამ ამ ქონების მითვისება, ან ნათესავებისთვის იმის ჩუქება, რაც ღმერთს ეკუთვნის, მას ეკრძალება. ხოლო, თუ ვინმე უპოვარი ჰყავს, გასცეს მასზე, როგორც უპოვარზე, მაგრამ ამ საბაბით ეკლესიის ქონება არ გაანიავოს. (მოც. 41; IV მსოფ. 26; ტრულ. 35; VII მსოფ. 11,12; ანკვ. 15; ღანგ. 7,8; ანტიოქ. 24,25; კართ. 26,33; ორგზ. 7; თეოფილე ალექს. 10; კირილე ალექს. 2).   კანონი 39 მღვდლებმა და დიაკვნებმა, ეპისკოპოსის ნებართვის გარეშე არაფერი მოიმოქმედონ, რადგან მას აბარია ღვთის ერი და იგია მათ სულებზე პასუხისმგებელი. (მოც. 38,40,41; VII მსოფ. 12; ლაოდ. 57; კართ. 6,7,33).   კანონი 40 ცხადი და გასაგები იყოს ეპისკოპოსის საკუთარი ქონება ( თუ მას პირადული გააჩნია ), და ცხადი და გასაგები – უფლისა, რათა ეპისკოპოსს სიკვდილის წინ საკუთრების დატოვება შეეძლოს – ვისთვისაც და როგორც უნდა ; ეს იმისათვის, რომ საეკლესიო ქონების სახელით არ იქნეს განკარგული ეპისკოპოსის საკუთრება, რომელსაც შეიძლება ცოლ - შვილი ჰყავდეს, ან ნათესავები, ან ყმები. რამეთუ სამართლიანია როგორც ღვთის, ასევე ადამიანთა წინაშე, რომ არც ეკლესიამ განიცადოს ზარალი, როცა არ არის ცნობილი ეპისკოპოსის ქონების შესახებ, და არც ეპისკოპოსმა და მისმა ნათესავება ; რათა არ მოხდეს ისე, რომ მათ წაერთვათ საკუთრება ეკლესიის სახელით, ან ეპისკოპოსის ნათესავები ქონებისათვის დავაში ჩაებნენ და მის გარდაცვალებას მისი შეურაცხყოფა მოჰყვეს. (მოც. 38,41; IV მსოფ. 22; ტრულ. 35; ანტიოქ. 24; კართ. 22,26,81).   კანონი 41 ვბრძანებთ საეკლესიო ქონებაზე უფლება ეისკოპოსს ჰქონდეს ; თუკი მას ადამიანთა უკვდავი სულები აბარია, მით უფრო ფულის შესახებ უნდა იქნეს განცხადებული, რომ მან განკარგოს ის თავისი ძალაუფლებით, და უპოვარებს მღვდლებისა და დიაკვნების ხელით მიაწოდოს ღვთის შიშითა და სრული კეთილკრძალულებით ; ასევე, თვითონაც მოიხმაროს აუცილებელი საჭიროებისათვის და მწირ ძმებსაც მოახმაროს, და ამდენად, არ განიცადოს რაიმეში დანაკლისი, რამეთუ საღვთო სჯული ადგენს, რომ საკურთხეველის მსახურმა საკურთხეველიდან იკვებოს ; ასევე, მხედარიც არ მიდის საომრად თავისი სახსრებით. (მოც. 38,39; IV მსოფ. 26; VII მსოფ. 12; ანტიოქ. 24,25; თეოფილე ალექს. 10,11; კირილე ალექს. 21).   კანონი 42 ეპისკოპოსი, მღვდელი ან დიაკონი, რომელიც თამაშსა და მემთვრალეობას მიეცა, - დაცხრეს, თუ არადა განიკვეთოს. (მოც. 43,54; ტრულ. 9,50; VII მსოფ. 22; ლაოდ. 24,55; კართ. 40,60).   კანონი 43 იპოდიაკონი, წიგნისმკითხველი ( მედავითნე ) ან მგალობელი, რომელიც იმავე ცოდვას სჩადის, რაც წინა კანონშია დასახელებული, დაცხრეს, თუ არადა განყენებულ იქნეს ზიარებიდან. იგივე ეხებათ ერისკაცებსაც. (მოც. 42,54; ტრულ. 9,50; VII მსოფ. 22; ლაოდ. 24,55; კართ. 40,60).   კანონი 44 ეპისკოპოსი, მღვდელი ან დიაკონი, რომლიც მოვალისაგან სარგებელს მოითხოვს, - დაცხრეს, თუ არადა, განიკვეთოს. (I მსოფ. 17; ტრულ. 10; ლაოდ. 4; კართ. 5,16; ბასილი დიდი 14; გრიგოლ ნოს. 6).   კანონი 45 ეპისკოპოსი, მღვდელი ან დიაკონი, რომელიც მწვალებლებთან ერთად მხოლოდ და მხოლოდ ილოცებს, განყენებულ იქნეს ; ხოლო თუ მათ ნებას მისცემს იმოქმედონ როგორც ეკლესიის მსახურებმა, განკვეთილ იქნეს. (მოც. 10,11,46,64; III მსოფ. 2,4; ლაოდ. 6,9,32,33,34,37; ტიმოთე ალექს. 9).   კანონი 46 ეპისკოპოსი ან მღვდელი, რომელიც მწვალებელთა ნათლისღებას შეიწყნარებს ან მათგან მსხვერპლს მიიღებს, განკვეთილ იქნეს. რა თანხმობა შეიძლება ჰქონდეს ქრისტეს ბელიართან, ან რა წილი მორწმუნეს ურწმუნოსთან ? ( შდრ. II კორ. 6,15). (მოც. 47,68; I მსოფ. 19; II მსოფ. 7; ლაოდ. 7,8; ბასილი დიდი 1,47).   კანონი 47 თუ ეპისკოპოსი ან მღვდელი ხელახლა მონათლავს ჭეშმარიტად ნათეღებულს, ან უკეთურთაგან შებილწულს არ მონათლავს, განკვეთილ იქნეს, როგორც ჯვრისა და უფლის სიკვდილის შეურაცხმყოფელი, და მღვდლის ცრუმღვდლისაგან არ გამრჩეველი. (მოც. 46,49,50; I მსოფ. 8,19; II მსოფ. 7; ტრულ. 84,95; ლაოდ. 32; კართ. 48,72; ბასილი დიდი 1,47,91).   კანონი 48 ერისკაცი, რომელიც თავის ცოლს განიშორებს და სხვას, ან სხვისაგან განტევებულს შეირთავს, ზიარებიდან განყენებულ იქნეს. (ტრულ. 87,93; ანკვ. 20; კართ. 102; ბასილი დიდი 9,21,35,48,77).   კანონი 49 თუ რომელიმე ეპისკოპოსი ან მღვდელი, ნათლისღების საიდუმლოს აღასრულებს არა უფლის განწესებისამებრ : სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმიდისათა, არამედ სამი დაუსაბამოს, ან სამი ძის, ან სამი ნუგეშინისმცემლის მიმართ, განკვეთილ იქნეს. (მოც. 46,47,50,68; II სოფ. 7; ტრულ. 78,84,95,96; ნეოკეს. 12; ლაოდ. 47,48; კართ. 45,48,72,110; ბასილი დიდი 1,91).   კანონი 50 თუ რომელიმე ეპისკოპოსმა ან მღვდელმა შეასრულოს არა სამგზის შთაფლვა ერთი საიდუმლო ქმედებისა, არამედ ერთგზის და ეს უფლის სიკვდილთან მიმართებაში აღასრულოს, განკვეთილ იქნეს, რამეთუ არ უთქვამს უფალს : “ ჩემი სიკვდილის მიმართ ნათელ - სცემდით ”, არამედ : “ წარვედით და მოიმოწაფენით ყოველნი წარმართნი და ნათელ - სცემდით მათ სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმიდისათა ” ( მათ. 28,19). (მოც. 46,47,49; II მსოფ. 7; ტრულ. 95; ნეოკეს. 12; ლაოდ. 47; კართ. 47; ბასილი დიდი 1,91).   კანონი 51 თუ ეპისკოპოსი, მღვდელი, დიაკონი ან საერთოდ ვინმე სამღვდელოთაგანი განუდგება ქორწინებას, ხორცსა და ღვინოს არა დათმინების ღვაწლის გამო, არამედ იმ მიზეზით, რომ სისაძაგლედ მიიჩნევს, - გამოსწორდეს, თუ არადა, სამღვდელო წოდებიდან განიკვეთოს და ეკლესიიდან გაძევებულ იქნეს, რადგან მას ავიწყდება, რომ ყოველივე კეთილია ფრიად და რომ ღმერთმა შექმნა რა ადამიანი, მამაკაცად და დედაკაცად ჰყო ის, და თავისი ქმედებით შეურაცხყოფს და ცილს სწამებს შემოქმედს ; ასევე - ერისკაციც. (მოც. 53,66; IV მსოფ. 16; ტრულ. 13; ანკვ. 14; ღანგ. 1,2,4,14,21).   კანონი 52 ეპისკოპოსი ან მღვდელი, რომელიც ცოდვისაგან მოქცეულს არ შეიწყნარებს, არამედ განაძევებს, სამღვდელო წოდებიდან განიკვეთოს, რადგან ის თავისი ქმედებით ქრისტეს ეწინააღმდეგება, რომელმაც თქვა : "... ესრეთ იყოს სიხარული ცათა შინა ერთისათვის ცოდვილისა..." ( ლუკ. 15,7). (I მსოფ. 8; ტრულ. 43,102; ბასილი დიდი 74).   კანონი 53 თუ რომელიმე ეპისკოპოსი, მღვდელი ან დიაკონი დღესასწაულის დღეებში არ მიიღებს ხორცსა და ღვინოს იმ მიზეზით, რომ შეიძულა და, არა - დათმინების ღვაწლის გამო, განკვეთილ იქნეს, როგორც თავისი სინდისისაგან დამწვარი და მრავალთა დაბრკოლების მიზეზი. (მოც. 51,66; ანკვ. 14; ღანგ. 2,21).   კანონი 54 თუ რომელიმე კლირიკოსი მხილებულ იქნება, რომ იგი დუქანში ჭამს, განყენებულ იქნეს ; გარდა იმ შემთხვევისა, როცა მგზავრობისას, საჭიროების გამო, სასტუმროში დაისვენებს. (ტრულ. 9; ლაოდ. 24; კართ. 40).   კანონი 55 კლირიკოსი, რომელიც ეპისკოპოსს შეურაცხყოფს, განკვეთილ იქნეს, რამეთუ ნათქვამია : "... მთავარსა ერისა შენისასა არა ჰრქუა ბოროტი " ( საქმე 23,5). (მოც. 31,39; IV მსოფ. 8; ტრულ. 34; ლაოდ. 57; კართ. 7).   კანონი 56 კლირიკოსი, რომელიც მღვდელს ან დიაკონს შეურაცხყოფს, საეკლესიო ზიარებიდან განყენებულ იქნეს. (I მსოფ. 18; ტრულ. 7; ლაოდ. 20; ბასილი დიდი 88).   კანონი 57 კლირიკოსი, რომელიც დასცინებს კოჭლს, ყრუს, ბრმას ან ფეხებდაწყლულებულს, - განყენებულ იქნეს ; ასევე ერისკაციც.   კანონი 58 ეპისკოპოსი ან მღვდელი, რომელიც არ ზრუნავს კლირზე და მრევლზე, და არ ასწავლის მათ ღვთისმოსაობას, განყენებულ იქნეს ; ხოლო თუ ამის შემდეგაც იმცონარებს და არ შეასრულებს თავის მოვალეობას - განიკვეთოს. (ტრულ. 19; სარდ. 11; ლაოდ. 19; კართ. 71,121,123).   კანონი 59 ეპისკოპოსი, მღვდელი ან დიაკონი, რომელიც გაჭირვებულ კლირიკოსს არსებობისათვის საჭირო სახსრებს არ აძლევს, განყენებულ იქნეს ; ხოლო თუ კვლავ ულმობელი დარჩება კლირიკოსთა მიმართ, განიკვეთოს როგორც ძმის მკვლელი. (მოც. 4,38,41; ღანგ. 7,8; კართ. 37; თეოფილე ალექს.8).   კანონი 60 მღვდელმსახური, რომელიც მრევლისა და კლირის საზიანოდ უწმიდურ წიგნებს ეკლესიაში საჯაროდ წაიკითხავს, როგორც წმიდათა წიგნებს, განკვეთილ იქნეს. (მოც. 85; ტრულ. 63; VII მსოფ. 9; ლაოდ. 59,60; კართ. 24; ათანასე დიდი დღესასწაულების შესახებ; გრიგოლ ღვთისმეტყველი წმიდა წერილის წიგნების შესახებ; ამფილოქე წმიდა წერილის წიგნების შესახებ).   კანონი 61 მორწმუნე, რომელსაც ბრალი ექნება წაყენებული და ამხილებენ სიძვაში, მრუშობაში, ან სხვა რაიმე აკრძალულ საქმიანობაში, კლირშიო არ უნდა იქნეს შეყვანილი. (მოც. 25; I მსოფ. 2,9,10; II მსოფ. 6; ტრულ. 33; ანკვ. 12; ნეოკ. 1,9,12; კართ. 128.129.130; ბასილი დიდი 89; გრიგოლ ნოს. 5,6; თეოფილე ალექს. 3,6).   კანონი 62 თუ ვინმე კლირიკოსთაგანმა, იუდეველის, ელინის ან მწვალებლის შიშით ქრისტეს სახელი უარყოს, ეკლესიიდან მოიკვეთოს ; ხოლო თუ ეკლესიის მსახურის სახელი უარყოს, კლირიდან განიკვეთოს. მონანიების შემთხვევაში შეწყნარებულ იქნეს, როგორც ერისკაცი. (I მსოფ. 10; ამკვ. 1,2,3,12; პეტრე ალექს. 10,14; ათანასე დიდის ეპისტოლე რუფინუსისადმი; თეოფილე ალექს. 2).   კანონი 63 ეპისკოპოსი, მღვდელი, დიაკონი ან საერთოდ ვინმე სამღვდელოთაგანი, რომელიც სისხლიან ხორცს შეჭამს, ან მხეცის დაგლეჯილ ან დამხრჩვალ ცხოველს, განიკვეთოს, რადგან ეს სჯულმა აკრძალა. ხოლო თუ ამას ერიკაცი ჩაიდენს, უზიარებლობით დაისაჯოს ( შდრ. საქმე 15,29). (ტრულ. 67; ღანგ. 2).   კანონი 64 კლირიკოსი, რომელიც საუფლო დღეს ან შაბათს მარხვის შენახვაში იქნება მხილებული, გარდა ერთი შაბათისა ( დიდი შაბათი ), განკვეთილ იქნეს ; ერისკაცი კი იგივე ქმედებისათვის უზიარებლობით დაისაჯოს. (მოც. 51,53; IV მსოფ. 16; ტრულ. 13,56; ანკვ. 14; ღანგ. 18,21; ლაოდ. 29,49,51).   კანონი 65 თუ რომელიმე კლირიკოსი ან ერისკაცი, იუდეველების ან მწვალებლების სინაგოგაში სალოცავად შევა, სამღვდელო წოდებიდან განიკვეთოს და უზიარებლობით დაისაჯოს. (მოც. 7,45,70,71; ტრულ. 11; ანტიოქ. 1; ლაოდ. 6,29,33,37,37).   კანონი 66 თუ კლირიკოსი ჩხუბში ვინმეს ერთი დარტყმით მოკლავს, განკვეთილ იქნეს შეუკავებელი თავხედობისათვის ; ხოლო თუ ერისკაცი ჩაიდენს ამას, უზიარებლობით დაისაჯოს. (მოც. 27; ორგზ. 9; ანკვ. 22,23; ბასილი დიდი 8,54,55,56,57; გრიგოლ ნოს. 5).   კანონი 67 ვინც დაუწინდავ ქალწულზე ძალადობას იხმარს, ზიარებიდან განყენებულ იქნეს. მას აღარ აქვს უფლება სხვა შეირთოს, არამედ ჰყავდეს ის, ვინც ირჩია, თუნდაც იგი გლახაკი აღმოჩნდეს. (IV მსოფ. 24; ტრულ. 92,98; ანკვ. 11; ბასილი დიდი 22,25,26,30,69).   კანონი 68 ეპისკოპოსი, მღვდელი ან დიაკონი, რომელიც ვინმესგან ხელმეორედ მიიღებს ხელდასხმას, სასულიერო წოდებიდან განიკვეთოს - ისიც და მისი ხელდამსხმელიც ; გარდა იმ შემხვევისა, როცა ზუსტად იქნება დადგენილი, რომ პირველი ხელდასხმა ერეტიკოსისგან აქვს მიღებული, რამეთუ მათი მონათლული და ხელდასხმული ვერც მართლმორწმუნე იქნება და ვერც ეკლესიის მსახური. (მოც. 46,47; I მსოფ. 8,19; II მსოფ. 4; III მსოფ. 5; ლაოდ. 8,32; კართ. 36,47,57,68; ბასილი დიდი 1,3).   კანონი 69 ეპისკოპოსი, მღვდელი, დიაკონი, იპოდიაკონი, წიგნის მკითხველი ან მგალობელი, რომელმაც აღდგომის წინ წმიდა ორმოცი, ან ოთხშაბათი და პარასკევი არ იმარხულოს, განკვეთილ იქნეს, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ხორციელი უძლურება ამის საშუალებას არ აძლევს. ერისკაცი კი, ასეთივე ქმედებისათვის უზიარებლობით დაისაჯოს. (ტრულ. 29,56,89; ღანგ. 19; ლაოდ. 49,50,51,52; დიონისე ალექს. 1; პეტრე ალექს. 15; ტიმოთე ალექს. 8,10).   კანონი 70 ეპისკოპოსი, მღვდელი, დიაკონი ან საერთოდ ვინმე კლირის წევრთაგანი, რომელიც იუდეველებთან ერთად იმარხულებს, ან მათთან ერთად იდღესასწაულებს, ანდა მათგან მათი დღესასწაულის აღმნიშვნელ რაიმე ძღვენს მიიღებს ( როგორიცაა უცომო, ან სხვა რაიმე მისი მსგავსი ), განკვეთილ იქნეს ; ხოლო თუ ერისკაცი ჩაიდენს ასეთივე ქმედებას, უზიარებლობით დაისაჯოს. (მოც. 7,64,71; ტრულ. 11; ანტიოქ. 1; ლაოდ. 29,37,38; კართ. 51,73,106).   კანონი 71 ქრისტიანი, რომელიც ზეთს მიიტანს წარმართულ ტაძარში ან იუდეველთა სინაგოგაში მათი დღესასწაულის დროს, ან იქ სანთელს აანთებს, ეკლესიიდან მოიკვეთოს. (მოც. 7,64,70; ტრულ. 11,94; ანკვ. 7,24; ანტიოქ. 1; ლაოდ. 29,37,38,39; კართ. 21).   კანონი 72 თუ ვინმემ, იქნება ის კლირიკოსი თუ ერისკაცი, წმიდა ეკლესიიდან ცვილი ან ზეთი მიიტაცოს, ეკლესიიდან მოიკვეთოს და ხუთწილად გადაიხადოს, რაც წაიღო. (მოც. 25,38,73; ანტიოქ. 25; ორგზ. 10; გრიგოლ ნოს. 8).   კანონი 73 ოქროს ან ვერცხლის ნაკურთხ ჭურჭელს, ან კრეტსაბმელს, ნურავინ მიითვისებს საკუთარი საჭიროებისათვის - ეს უსჯულოებაა. მხილებული კი ასეთ ქმედებაში, ეკლესიიდან განყენებულ იქნეს. (მოც. 25,38,72; ორგზ. 10; გრიგოლ ნოს. 8; კირილე ალექს. 2).   კანონი 74 ეპისკოპოსი, რომელსაც რაიმეში ბრალი ედება ისეთი პირების მხრიდან, რომლებიც საზოგადოებაში ნდობას იმსახურებენ, აუცილებლად უნდა გამოიძახონ სხვა ეპისკოპოსებმა, და თუ წარსდგება მათ წინაშე და აღიარებს, ანდა მხილებულ იქნება, ეპიტიმია განეწესოს ; ხოლო თუ გამოიძახებენ და არ გამოცხადდება, მეორედ იქნეს გამოძახებული, მასთან წარგზავნილი ორი ეპისკოპოსის საშუალებით. თუკი მაინც არ შეისმენს, მესამედ მიავლინონ მასთან ორი ეპისკოპოსი, ხოლო თუ კვლავ უპატივცემულობას გამოიჩენს და არ გამოცხადდება, მაშინ კრებამ განაჩინოს, როგორც მას სათნოდ უჩანს ; ნურავის ეგონება, რომ სასამართლოსაგან თავის არიდებით, რაიმე სარგებელს მიიღებს. (მოც. 34,37,75; II მსოფ. 6; IV მსოფ. 9,17,19,21; ტრულ. 8; ანტიოქ. 14,15,20; ლაოდ. 40; სარდ. 4; კართ. 8, 10,11,12,15,18,19,59,104,107,128,129,130,132; ორგზ. 13; თეოფილე ალექს. 9).   კანონი 75 ეპისკოპოსის წინააღმდეგ მწვალებელი მოწმის სახით ნუ მიიღება, ნურც მხოლოდ ერთი მორწმუნე. "... პირითა ორისა და სამისა მოწამისაითა დაემტკიცოს ყოველი სიტყუაი " ( მთ. 18,16). (I მსოფ. 2; II მსოფ. 6; კართ. 59,131,132; თეოფილე ალექს. 9).   კანონი 76 უჯეროა ეპისკოპოსისათვის საკუთარი სურვილისამებრ ვინმეს ეპისკოპოსის ხარისხში აყვანა იმ მიზნით, რათა სათნო ეყოს თავის ძმას, შვილს ან სხვა რომელიმე ნათესავს ; არ არის მართებული ეპისკოპოსობა მემკვიდრეობით გადასაცემ პატივად, ხოლო ღვთის საკუთრება - კაცობრიულ ვნებების დასაკმაყოფილებელ ძღვნად ვაქციოთ ; არ შეიძლება ღვთის ეკლესია მემკვიდრეების ძალაუფლების ქვეშ აღმოჩნდეს. ვინც ამას მოიმოქმედებს, განყენებით დაისაჯოს, მის მიერ აღსრულებული ხელდასხმა კი გაუქმებულად ჩაითვალოს. (მოც. 1,30; I მსოფ. 4; VII მსოფ. 3; ანტიოქ. 19,23; კართ. 22,49).   კანონი 77 ვისაც თვალს აკლია, ანდა ფეხები აქვს დაზიანებული, მაგრამ ეპისკოპოსობის ღირსია, დაე, გახდეს, რამეთუ არა ფიზიკური, არამედ სულიერი ნაკლი შებილწავს მას. (მოც. 22,23,25,29,78,80; I მსოფ. 2,9,10; IV მსოფ. 2; ტრულ. 10,22,23; VII მსოფ. 4,5,15,19; ნეოკეს. 1,9; ლაოდ. 4,15; კართ. 5,15,16,45,63; ორგზ. 8; ბასილი დიდი 61,64,82,90; გრიგოლ ნოს. 5,6).   კანონი 78 თუ ვინმე ან ბრმა იყოს, ეპისკოპოსი ნუ გახდება ; არა იმიტომ, რომ ამით ის თითქოს წაბილწულია, არამედ, იმიტომ, რომ საეკლესიო საქმეების წარმოებას წინააღმდეგობა არ შეექმნას. (მოც. 22,23,25,29,77,80; I მსოფ. 2,9,10; IV მსოფ. 2; ტრულ. 10,22,23; VII მსოფ. 4,5,15,19; ლაოდ. 4,12; კართ. 5,15,16,45,63; ორგზ. 8; ბასილი დიდი 61,64,82,90; გრიგოლ ნოს. 5,6).   კანონი 79 ვისაც სულში დემონი ჰყავს, კლირში ნუ იქნება მიღებული ; ნურც მართლებთან ერთად ილოცებს. თუკი მისგან გათავისუფლდება, მართლებს შეუერთდეს, ხოლო, თუ კლირიკოსობის ღირსი აღმოჩნდეს, კლირშიაც ჩაირიცხოს. (ტრულ. 60; ტიმოთე ალექს. 2,3,4,14).   კანონი 80 წარმართული ცხოვრებიდან მოქცეულისა და ნათელღებულის, ანდა ბიწიერი ცხოვრებიდან გაქრისტიანებულის მაშინვე ეპისკოპოსად დადგინება არ არის სამართლიანი ; რადგან უჯეროა გამოუცდელი პირი სხვისი მოძღვარი იყოს, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ეს საღმრთო მადლით ეწყობა. (I მსოფ. 2; VII მსოფ. 2; ნეოკეს. 12; ლაოდ. 3,12; სარდ. 10; ორგზ. 17; კირილე ალექს. 4).   კანონი 81 ჩვენ განვაცხადეთ, რომ უმართებულოა ეპისკოპოსის ან მღვდლისათვის საერო - საზოგადოებრივ საქმეების მმართველობაში ჩაბმა ( ისინი განუშორებლად საეკლესიო საქმეებზე უნდა ზრუნავდნენ ); ან ირწმუნონ, რომ ეს მათი საქმე არ არის, ან არადა - განიკვეთოს, რამეთუ უფლის მცნების თანახმად " ვერვის ხელ - ეწიფების ორთა უფალთა მონებად..." ( მათ. 6,24). (მოც. 6,20,83; IV მსოფ. 3,7; VII მსოფ. 10; კართ. 16; ორგზ. 11).   კანონი 82 მონების კლირში შეყვანას - მათი ბატონების ნებართვის გარეშე - ვკრძალავთ, რათა არ მოხდეს მათი პატრონების განაწყენება, რადგან ეს სახლებში შფოთის გამოწვევის მიზეზი ხდება. ხოლო თუ ვინმე მონათაგან ხელდასხმის ღირსი აღმოჩნდეს, როგორც ჩვენი ონისმიე აღმოჩნდა, ბატონი კი ინებებს და გაათავისუფლებს და სახლიდან დაითხოვს, ასეთ შემთხვევაში ხელდასხმულ იქნეს. (მოც. 6,81,83; IV მსოფ. 4; ტრულ. 85; ღანგ. 3; კართ. 64,82).   კანონი 83 ეპისკოპოსი, მღვდელი ან დიაკონი, რომელიც სამხედრო საქმეში იწვრთნება და ორივეს პყრობა სურს, ანუ რომის ხელისუფლებისაცა და სასულიერო წოდებისაც, განკვეთილ იქნეს იერარქიული ხარისხიდან, რამეთუ "... კეისრისაი კეისარსა და ღმრთისაი ღმერთსა " ( მათე 22,21). (მოც. 6,81; IV მსოფ. 3,7; VII მსოფ. 10; ორგზ. 11; ბასილი დიდი 55).   კანონი 84 პირი, რომელიც უსამართლოდ შეურაცხყოფს მეფეს ან მთავარს, სასჯელის ღირსია. თუ იგი სასულიერო პირი იქნება, სამღვდელო წოდებიდან განიკვეთოს, ხოლო თუ ერისკაცი - უზიარებლობით დაისაჯოს. (მოც. 55,56).   კანონი 85 თქვენთვის ყველასთვის, სამღვდელოებისთვის და ერისკაცებისთვისაც, პატივმისაგები და წმიდა იყოს ძველი აღთქმის შემდეგი წიგნები : ხუთი მოსესი - დაბადება, გამოსვლათა, ლევიტელთა, რიცხვთა, მეორე სჯულისა ; ისო ნავეს ძისა - ერთი ; მსაჯულთა - ერთი ; რუთისა - ერთი ; მეფეთა - ოთხი ; ნეშტთა - ორი ; ეზრასი - ორი ; ესთერისი - ერთი ; მაკაბელთა - სამი ; იობისა - ერთი ; ფსალმუნთა - ერთი ; სამი სოლომონისა - იგავნი, ეკლესიასტე, ქება ქებათა ; თორმეტი მცირე წინასწარმეტყველი ; ესაიასი - ერთი ; იერემიასი - ერთი ; ეზეკიელის - ერთი ; დანიელის - ერთი. გარდა ამისა, თქვენთვის შენიშვნის სახით დავსძენთ, რომ თქვენმა ყმაწვილებმა შეისწავლონ სიბრძნე მრავალგანსწავლული ზირაქისა. ჩვენი კი, ანუ ახალი აღთქმის წიგნებია : ოთხი სახარება - მათესი, მარკოზისა, ლუკასი და იოანესი ; პავლეს ეპისტოლენი თოთხმეტი, პეტრესი - ორი, იოანეს - სამი, იაკობის - ერთი, იუდასი - ერთი, კლიმენტისა - ორი ; აგრეთვე თქვენთვის, ეპისკოპოსთათვის, დადგენილებანი ჩემ, კლიმენტის მიერ რვა წიგნში აღწერილი ( რომელთა გამოქვეყნება ყველას წინაშე უჯეროა, მათში შესულ საიდუმლოთა გამო ); და საქმენი ჩვენი მოციქულთა. (მოც. 60; ტრულ. 2; ლაოდ. 60; კართ. 24; ათანასე დიდი დღესასწაულების შესახებ; გრიგოლ ღვთისმეტყველი წმიდა წერილის წიგნების შესახებ; ამფილოქე წმიდა წერილის წიგნების შესახებ).   კანონები მოტანილია წიგნიდან :"წმიდა მოციქულთა კანონები განმარტებებით" – ეპისკოპოსი ნიკოდიმოსი (მილაში). რუსულიდან თარგმნა ვლადიმერ ჩხიკვაძემ თბილისი 2006 • ამოსაბეჭდი ვერსია •    …
დაამატა ლაშა to ელ. წიგნები at 8:43pm on დეკემბერი 10, 2013
თემა: მართლმადიდებლური ფსიქოთერაპია (ნაწილი III, აზროვნება)
ალობა გონების, გულისა და აზრების მკურნალობაა. ამ თემას მიეძღვნება ჩვენი შემდგომი მსჯელობა. ცალ-ცალკე განვიხილავთ გონებას, გულს და აზრებს. ვფიქრობ, ქვემორე მსჯელობა ჩვენი შინაგანი სამყაროს "ენდოსკოპია" იქნება.     აზროვნება (λογική) და აზრები ამ პოსტის თემები: • აზროვნება (λογική) • მაცდუნებელი აზრები (გულისთქმანი) • რა არის მაცდუნებელი აზრები (გულისთქმანი) • გულისთქმათა მიზეზი • გულისთქმათა შედეგები • გულისთქმათაგან განკურნება        სულის სნეულებასა და მის კურნებაში უმთავრესი ადგილი უჭირავს აზროვნებას (λογική) და აზრებს. მათში იჩენს თავს ცბიერი. მარტივი აზრები რთულდება და ჩნდება სურვილი, რაც ადამიანს ცოდვისკენ უბიძგებს. ამიტომ მართლმადიდებლური მკურნალობის კურსი უნდა ითვალისწინებდეს აზრების და აზროვნების (λογική) მნიშვნელობას, განვიხილავთ ერთი მხრივ აზროვნებას (λογική) და მეორე მხრივ აზრებს და ვნახავთ, როგორ მიიღწევა ჩვენი სულის განკურნება. • აზროვნება (λογική)        ჩვენ შევნიშნეთ, რომ ღვთისგან შექმნილი სული მოაზროვნეა და გონიერი (λογική καὶ νοερά ). წმინდა თალასე წერს: "მოაზროვნე და გონიერი არსება შექმნა ღმერთმა და მას შეუძლია შეცნობა ყველაფრის და თავად მისი (ღმერთის), ხოლო გრძობები და გრძნობიერი მისცა თავის (ადამიანის) სასარგებლოდ". ანგელოზს თუ აქვს გონება და აზროვნება (λογική), ადამიანი არის მიკროკოსმოსი, რომელიც თავის თავში ატარებს მთელ შექმნილ სამყაროს, აქვს აზროვნება (λογική), გონება და გრძნობები. აქედან გამომდინარე ადამიანი ღმერთს შეიცნობს გონებით და აზროვნებით (λογική. სულის მოაზროვნე ენერგია (λογική ἐνέργεια ) უერთდება გონების ენერგიას (νοερά ἐνέργεια). ისინი ერთი და იგივე არ არის. გონებას (νοῦς) და აზროვნებას (λογική) აქვთ სხვადასხვა საქმე. სულზე მსჯელობისას ვნახეთ, რომ იგი ღვთის ხატად არის შექმნილი. ღმერთი სამჰიპოსტასურია: გონება, აზროვნება (λογική) და სული. იგივე ითქმის სულზეც. მას აქვს გონება, აზროვნება (λογική) და სული. სულთან მიმართებით გარკვეული წინაპირობები არსებობს. პირველი წინაპირობა: გრიგოლ პალამას სწავლების მიხედვით, ადამიანში გაცხადებულ სამების საიდუმლოში იგულისხმება ის, რომ ტრიადოლოგია არ არის "ანთროპომორფული" (ανθρωποµόρφος), არამედ ანთროპოლოგია არს "სამებას შემსგავსებული" (τριαδοµόρφος)". სამება ღმერთს ადამიანით ვერ განვმარტავთ, პირიქით თვით ადამიანი შეიძლება განვმარტოთ სამების საფუძველზე. ამგვარი განმარტება ფსიქოლოგიური ან ადამიანური არ არის. ის გამოცხადებისეულია (აპოკალიფსური), ეს იმას ნიშნავს, რომ მხოლოდ მაშინ, როცა ადამიანს ღვთის გამოცხადების მადლი ეძლევა, (როგორც ამას იღებდნენ წმინდანები) შეუძლია ეს რეალობა შეიცნოს.        მეორე წინაპირობა: მართალია, ადამიანს აქვს გონება, აზროვნება და სული, სამების მსგავსი, მაგრამ მისი გონება, აზროვნება და სული არ არის ჰიპოსტასები, ისე როგორც ეს წმინდა სამებაშია. ადამიანის გონება, აზროვნება და სული (πνεύµα) სულის ენერგიებია. ეს უკანასკნელი სამი განუყოფელია, მაგრამ არ აქვთ ჰიპოსტასური ხასიათი".        გონება სულის თვალია, ზოგიერთი მამა მას გულს უწოდებს. აზროვნება (λόγος) არის "გონების თანდაყოლილი, მისი ცოდნა".        ქრისტე ლოგოსი არის ის, ვინც განაცხადებს გონების ანუ მამის ნებას,, ასევე ადამიანის აზროვნება აცხადებს იმას, რასაც გრძნობს და განიცდის გონება. "ვერ ვიგულისხმებთ ლოგოსს სულის (πνεῦµα) გარეშე, ასევე ადამიანშიც აზროვნება დაკავშირებულია სულთან (πνεῦµα)". სული წმინდა, რომელიც ერთი ჰიპოსტასია და არის "შემოქმედის გამოუთქმელი სიყვარული გამოთქმულად შობილი ლოგოსისადმი", ასევე ადამიანში სული არის გონების მისწრაფება "ჩვენს აზროვნებასთან (λόγος) ერთად დროში გაწელილი და არასრულყოფილებიდან სრულყოფილებისაკენ მოსწრაფე". ეს ყოველივე ითქვა იმიტომ, რომ ადამიანის სულში აზროვნების (λόγος) ადგილი და ღირსება წარმოგვეჩინა. სწორედ აზროვნება (λόγος) გამოხატავს გონების გამოცდილებას და სიცოცხლეს და ეს სულში აღესრულება.        ბევრი წმინდა მამა მაგ., მაქსიმე აღმსარებელი აზროვნებას უწოდებს ლოგოსურ საწყისს. ადამიანური სიტყვა (λόγος) არის შინაგანიც და გამოთქმულიც. ეწოდება შინაგანი, მაგრამ აქვს გარეგნული გამოხატულებაც; გარეგნული მდუმარება არ ნიშნავს შინაგანი ლოგოსის (სიტყვის) არ არსებობას, წმინდა მამათა ნაწერების შესწავლის საფუძველზე სიფრთხილით შეიძლება დავასკვნათ, რომ შინაგანი და წარმოთქმული სიტყვა დაკავშირებულია გონებასთან, მაშინ, როცა აზროვნება (λογική) გადაჯაჭვულია შემეცნებასთან და ის (აზროვნება) არის ორგანო, რომლითაც გამოითქმება სიტყვა. ამგვარად, შეიძლება ითქვას, რომ მცირე განსხვავებაა სიტყვასა და აზროვნებას (λογική) შორის, ისევე როგორც სიტყვასა და შემეცნებას შორის. წმინდა თალასე გვასწავლის, რომ მოაზროვნეობა (λογική) ნიშნავს აზროვნებისადმი მორჩილებას". მოაზროვნე ადამიანი უნდა დაემორჩილოს აზროვნებას.        შემეცნება, გრიგოლ პალამას სიტყვებით, არ არის სულის თვალი. სულის თვალი გონებაა. შემეცნება გრძნობად საგნებს შემეცნებადს ხდის. წმინდა მამა წერს: "სულიერ თვალზე გაგონებისას, რომლითაც ზეციური საგანძურის შეცნობა ხდება, ნუ იფიქრებ, რომ ეს შემეცნებაა. ის (შემეცნება) გრძნობადს შემეცნებადს ხდის". ეს სიტყვები ნიშნავს შემდეგს: "ადამიანის შემეცნება კი არა, გონება შეიცნობს ზეციურ საგანძურს. შემეცნება შემეცნებადს ხდის იმას, რასაც გონება განიცდის. უფალი გონებაში ცხადდება და შემეცნება გამოხატავს ამ გამოცდილებას სიტყვიერად.        ამბობენ, რომ ადამიანი მოაზროვნე (λογικός) არსებაა, აქვს აზროვნება (λογική) და ფიქრობს. წმინდა მამათა ღმრთისმეტყველებაში მოაზროვნედ ითვლება არა მარტო ის ადამიანი, რომელიც აზროვნებს და გამოთქვამს სიტყვას, არამედ, ის, ვინც აზროვნებით (λογική) "და მოაზროვნე ძალით ეძებს უფალს და მას უერთდება". მოაზროვნეა ის, ვინც განიწმენდს გონებას, სადაც უფალი ცხადდება და შემდეგ ამ შინაგან გამოცხადებას სიტყვით და შემეცნებით გამოხატავს. სხვა შემთხვევაში ადამიანი არ არის მოაზროვნე და არ განსხვავდება პირუტყვი ცხოველებისგან. ცხადია, ასეთ ადამიანს აქვს აზროვნების შესაძლებლობა და აზროვნება, მაგრამ ვერ შეუერთდება ღმერთს, ის მკვდარია. მკვდარი სული აზროვნების სიკვდილის მაჩვენებელია.        ცოდვით დაცემამდე ადამიანის გონება შეიგრძნობდა ღმერთს და აზროვნება გამოხატავდა გონების გამოცდილებებს. "განწმენდილი გონება საგნებს სწორად ხედავს. "გაწვრთნილი აზროვნება ნანახს სხვების თვალწინ წარმოადგენს".        წმინდა თალასეს ღმრთისმეტყველებაში, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, მოაზროვნეობის ნიშანია აზროვნებისადმი მორჩილება, ასევე სხეულის დამორჩილება, მაშინ, როცა "მოაზროვნესთვის შეურაცხყოფაა არამოაზროვნისადმი (ἄλογο) მორჩილება, ანუ სხეულისადმი და ფიქრი მხოლოდ სამარცხვინო სურვილების დაკმაყოფილებაზე". მოაზროვნე სულისთვის "დამღუპველია შემოქმედის მიტოვება და სხეულის თაყვანისცემა". ამგვარად, ცოდვით დაცემამდე ადამიანის გონება უფალთან იყო დაკავშირებული და აზროვნება ცხოვრებისეულ გამოცდილებას შემეცნებით გამოხატავდა, დაცემის შემდგომ სული მოკვდა, რის შედეგადაც სულის შინაგანმა სამყარომ დაკარგა ბუნებრივად ქმედების უნარი. ადამიანის გონება დაბნელდა, დაიფარა ვნებებით და უკუნი სიბნელე გაბატონდა მასზე. აზროვნებას აღარ შეეძლო გონების გამოცდილების გამოხატვა და ის (აზროვნება) გაიგივდა შემეცნებასთან. ასე აზროვნება(λογικό) გონებაზე ამაღლდა და დაცემის შემდეგ ის მეუფებს ადამიანში. სინამდვილეში ეს აზროვნების სნეულებაა. აზროვნება იპერტროფული (ზედმეტად დიდი) გახდა და დაიმორჩილა გონება. ასეთი აზროვნება იქცა სულიერ ორგანიზმში ანომალიის წყაროდ. სწორედ მასში გაბატონდა ამპარტავნება და ეგოიზმის ყველანაირი გამოვლინება. ეს არის სწორედ ანომალია. საგულისხმოა არქიმანდრიტ სოფრონის სიტყვები დაცემული ადამიანის აზროვნების შესახებ. მოვიყვანთ სრულად მის ნათქვამს: "სულიერი ბრძოლა მრავალნაირია, მაგრამ ყველაზე მძიმეა ამპარტავნებასთან ბრძოლა. ამპარტავნება ღვთიური კანონის მტერია. ღვთაებრივი წესრიგის დამრღვევს (ამპარტავნებს) ყველგან განხეთქილება და სიკვდილი მოაქვს. ის სხეულში ვლინდება, მაგრამ უფრო მეტად სულიერ საფეხურზე ჩნდება. ამპარტავნება პირველ ადგილზე დგება და იწყებს ბრძოლას ყველაფერზე გასაბატონებლად, ამ ბრძოლაში მისი მთავარი იარაღი აზროვნებაა (λογική, ratio), აზროვნება თავისი არგუმენტებით გამოდის, ქრისტეს მცნებებს, განსაკუთრებით ერთს: "ნუ განიკითხავთ, რაჲთა არა განიკითხნეთ" (მათ. 7.1) უგულებელყოფს. ამპარტავანი აზროვნებით ადამიანს განკითხვა შეუძლია და ამით სურს ბატონობა მთელ სამყაროზე, მისი წყალობით შეუძლია იმეფოს.        იგი საკუთარი აღმატებულების დასამტკიცებლად ასახელებს თავის მიღწევებს, თავის კულტურას, მოჰყავს მრავალი არგუმენტი, თითქოსდა ისტორიული ცხოვრების გამოცდილებაზე დაფუძნებული და აცხადებს, რომ მხოლოდ და მხოლოდ მას ეკუთვნის გადაწყვეტილების მიღებისა და სიმართლის თქმის უფლება. ის თავის თავს ასახელებს აზროვნებით წესრიგის დამამყარებლად. ამპარტავნება სინამდვილეში ადამიანური არსებობის ერთ-ერთი გამოვლინებაა, მისი ერთ-ერთი ენერგიაა. იმ შემთხვევაში თუ მას (ამპარტავნებას) მიეცემა უპირატესობა ადამიანის სულიერ ცხოვრებაში, აზროვნება იწყებს ბრძოლას თავის საწყისთან, ანუ პიროვნულობასთან. წარმოსახვით მაღლდება მწვერვალამდე და ეცემა უფსკრულამდე. ცდილობს, გადალახოს საზღვრები და ყველაფერს თავისი (ლოგიკური) "განსაზღვრება" მისცეს. ამას ვერ აღწევს და ძალაგამოცლილი გადაწყვეტს: "ღმერთი არ არსებობს".        ამის შემდეგ აზროვნება აგრძელებს ბრძოლას დამორჩილებისთვის და გამბედავად და ნოსტალგიით ამბობს: "ღმერთი რომ არსებობდეს, როგორ დავთანხმდები იმას, რომ ეს ღმერთი მე არ ვარ?" (გამოთქმა ეკუთვნის კონკრეტულ ადამიანს, ვინც ამ გზას დაადგა). ამგვარი აზროვნება ვერ მიაღწევს ამქვეყნიური არსებობის საზღვრებს და საკუთარ თავს უსაზღვრობას მიაკუთვნებს. ამაყად ამბობს: "მე ყველაფერი გამოვიკვლიე და ჩემზე აღმატებული ვერ ვიპოვე. ასე რომ მე ვარ ღმერთი". და სინამდვილეში, გონება - აზროვნება, თუ მასზეა ორიენტირებული ადამიანის არსებობა, მეუფებს (ადამიანზე) იმდენად, რომ საკუთარ თავზე აღმატებული არავინ მიაჩნია და აღიარებს თავის თავს ღვთიურ საწყისად.        ეს არის შემეცნებითი ფანტაზიის უკიდურესი საზღვარი და ამავე დროს უღრმესი დაცემა და სიბნელე".        არც ერთ ბრძენ ადამიანს, ვინც ღმერთისგან შორს დგას, არ ექნება განწმენდილი აზროვნება და აზრობრივი საწყისი. მხოლოდ წმინდანები არიან ბუნებით მოაზროვნენი. გრიგოლ სინელი ეხება ამ საკითხს: "ბუნებით მოაზროვნენი ისინი არიან, ვინც სიწმიდით ხედავდა, ანუ წმინდანები. ბრძენთაგან არავის არ ჰქონდა წმინდა აზროვნება (λόγος) სიტყვაში, რადგან ისინი დაბადებიდან ფანტავდნენ მას მაცდუნებელ აზრებში".        დაცემის შემდეგ ადამიანის აზროვნების განსხვავებისა და მისი ქმედების დასანახად განვიხილოთ სამი ეტაპი, რომლებზეც ხვდება დაცემული აზროვნება (λογική).        პირველი არის ჩვენი ურთიერთობა ღმერთთან. თუ უწინ გონებამ ღვთის შემეცნების უნარი მოიპოვა, ახლა ამას აკეთებს აზროვნება (λογική). აზროვნება ცდილობს არგუმენტების მოყვანას ღმერთის არსებობის დასამტკიცებლად და ცხადია, სრულად დამაკმაყოფილებელ არგუმენტებს ვერ წარმოადგენს, რადგან ღვთის არსებობის ერთადერთი დამადასტურებელი არის განწმენდილი გონების გამოცდილება. აი, რატომ მარცხდება აზროვნება, (λογική) როცა ღვთის შემეცნების გზას ადგება. ის ან საერთოდ ვერ პოულობს ღმერთს ან მის ნაცვლად ცდომილ ხატებს აწყდება და ამ ხატებს თავად ქმნის. აქედან გამომდინარე, სხვადასხვა ეპოქაში შეიქმნა ფილოსოფიური სწავლებები ღმერთის შესახებ და სხვადასხვა რელიგია. ქრისტეს ეკლესიაში შფოთის აღმძვრელი მწვალებლები წარმოიშვნენ სწორედ აზროვნების (λογική) ამპარტავნული მისწრაფებისგან. წმინდა მამები აღნიშნავდნენ, რომ წმინდანები ღმრთისმეტყველებენ არა არისტოტელურად, ფილოსოფიის და ლოგიკის შემწეობით, არამედ როგორც მეთევზეები, ანუ მოციქულები საკუთარი გამოცდილების მიხედვით, შინაგანი სამყაროსა და გონების განწმენდით.        ამ საკითხთან დაკავშირებით საყურადღებოა გრიგოლ პალამასა და ფილოსოფოს ვარლაამის კამათი. ვარლაამი ამტკიცებს, რომ მხოლოდ აზროვნება (λογική) არის ერთადერთი ღირსება ადამიანისა, რომელსაც შეუძლია ღმერთის შეცნობა. ის ამტკიცებს, რომ ძველი აღთქმის წინასწარმეტყველებისა და მოციქულების მიერ თაბორზე ღმერთის ხილვა სიმბოლური იყო. მისი აზრით ფილოსოფოსებს ჰქონდათ უფრო მეტად უტყუარი ცოდნა ღმერთზე, ვიდრე წინასწარმეტყველებს და მოციქულებს. ვარლაამი თვლიდა, რომ უქმნელი სინათლის ხილვა "ჩვენს შემეცნებაზე (νοήσεως) უარესია", ამის პასუხად გრიგოლ პალამა წერს, რომ წმინდანების ხილვა გარეგნული არ არის, შინაგანია და სრულდება შინაგანი ფერისცვალებითა და განწმენდით. აქედან გამომდინარე, სინათლე ეს არა მხოლოდ გარეგნული და მატერიალური სიმბოლოა, არამედ ბუნებრივი სიმბოლო, ანუ უქმნელი მადლის ქმედება (ἐνέργεια). უქმნელი ნათელი ისეთი ხილვა და სიმბოლო კი არ არის, რომელიც ჩნდება და ქრება და რა თქმა უნდა, არც ჩვენს შემეცნებაზე უარესი "ქმედებაა". უქმნელი ნათელი არის "გამოუთქმელი, უქმნელი, მარადიული, ზედროული, მიუწვდომელი, განუზომელი, განუსაზღვრელი, უხილავი ანგელოზთათვის და ადამიანთათვის. პირველყოფილი და უცვლელი მშვენიერება, ღვთის დიდება, ქრისტეს დიდება, სულიწმიდის დიდება, ღვთაებრივი სხივი".        ვარლაამის მოსაზრებაზე, რომ უქმნელი სინათლე "ჩვენს შემეცნებაზე უარესია". გრიგოლ პალამა ამბობს "შემეცნებაზე უარესი? - მიწა და ზეცა! ყველანი მასში ღვთის სამეუფოს, დიდებას, მომავალ საუკუნის მშვენიერებას, ღვთიური ბუნების დიდებას ხედავენ?".        ვარლაამის მოსაზრებით ფილოსოფია ღვთის ხილვაზე მაღლა დგას (ამიტომ უწოდებს მას გრიგოლ პალამა ფილოსოფოსს). ეს დამახასიათებელი იყო მწვალებელთათვის, რომლებსაც სურდათ გამოცხადება ფილოსოფიით შეეცვალათ, უფლის ჭვრეტა კი ლოგიკურ აზროვნებაზე დამოკიდებული ცოდნით. სინამდვილეში ადამიანურ ლოგიკას მიჰყავს ადამიანი სხვადასხვა ერეტიკულ თეორიებამდე. ჩემი აზრით, სწორედ ამაში ვლინდება ფილოსოფიასა და ღმრთისმეტყველებას შორის განსხვავება. პირველნი ფილოსოფოსობენ ღმერთზე და მეორენი, რომელთაც განიწმინდეს გონება, ჭვრეტენ უფალს. პირველთ აქვთ დაბინდული გონება და ყველაფერს ცალმხრივად განმარტავენ ლოგიკით, წმინდა მამები კი, ჭეშმარიტი ღმრთისმეტყველები, გონებით მოიპოვებენ ღვთისჭვრეტის გამოცდილებას და აზროვნება მათი გონების მსახურია იმისთვის, რომ გამოთქვას სიტყვით ეს შინაგანი გამოცდილება.        ღვთის შემეცნების გზა წმინდა მამათა ღმრთისმეტყველებაში სხვაა და ფილოსოფოსებისთვის სხვა. ღვთის შემეცნების ღვაწლი დამდაბლებას ემყარება. "ნეტარ იყვნენ გლახაკნი სულითა, რამეთუ მათი არს სასუფეველი ცათაჲ" (მათ. 5.3). აგრეთვე, გულის განწმენდას "ნეტარ იყვნენ წმიდანი გულითა, რამეთუ მათ ღმერთი იხილონ" (მათ. 5.8). უფლის მცნებათა დაცვას: "ყოველივე, რომელი გარდაჰჴდებოდეს და არა ეგოს მოძღურებასა ზედა ქრისტესსა, მის თანა ღმერთი არა არს, ხოლო რომელი ეგოს მოძღურებასა ზედა ქრისტესსა, მის თანა ძეცა და მამაჲცა არს (2. იონ. 9). და სიყვარულს: "ხოლო რომელსა უყუარს ღმერთი, იგი ცნობილ არს მის მიერ" (1 კორ. 8.3). ადამიანური სიბრძნით, ანუ მდიდარი აზროვნებით და შემეცნებით ვერავინ ვერ შეიცნობს ღმერთს. ღვთის სიბრძნეს, რომელი-იგი არავინ მთავართაგან მან ამის სოფლისამან იცნა: რამეთუ უკუეთუმცა ეცნა, არამცა უფალი იგი დიდებისაჲ ჯუარს-ეცუა" (1 კორ. 2.80. მართლაც "მშჳნვიერი კაცი არა შეიწყნარებს სულისა ღმრთისაჲსა" (1 კორ. 2, 14).        მეორე ეტაპი არის ადამიანის ურთიერთობა საკუთარ თავთან ანუ თავის თავის შეცნობა. მრავალნი პითაგორიზმის გავლენით ცდილობენ აზროვნებით შეიცნონ საკუთარი "მე". გრიგოლ პალამას სიტყვებით ეს პითაგორელებისა და ფილოსოფოს სტოიკოსების მწვალებლობაა. ადამიანი, როცა ცდილობს აზროვნებით შეიცნოს თავის თავი, ადვილად შეიძლება შიზოფრენიამდე მივიდეს. შინაგანი პრობლემების მიზეზად სხვებს მიიჩნევს და მელანქოლია დაეუფლება. მართლმადიდებლური კურნების გზა და მართლმადიდებლური თვითშემეცნება ნიშნავს გონების განთავისუფლებას ამპარტავნებისგან და ცბიერებისგან, მაგრამ არა ანალიტიკური, გააზრებული (სილოგისტური), გარჩევითი მეთოდით, არამედ სინანულით და ბეჯითი ღვაწლით (ასკეზით), როგორც ამბობს გრიგოლ პალამა და რაზეც ჩვენ შესაბამის ადგილას აღვნიშნეთ. ამგვარად ჩვენ საკუთარ სულიერ სამყაროს შევიცნობთ არა აზროვნებით, არამედ მღვიძარებით, გონების განწმენდით, მოღვაწეობით და სინანულით. ადამიანი, როცა ცდილობს დაიცვას გონება წმინდად, იგი თავის შინაგან პრობლემებსაც შეიცნობს და ხედავს იქ გაბატონებულ ვნებებს.        მესამე ეტაპი ადამიანის ურთიერთობაა სხვებთან. აზროვნების დარღვევა გამოიხატება იმაში, თუ როგორ ვექცევით სხვა, ჩვენსავე მსგავს ადამიანებს. ჩვეულებრივ ფსიქიატრები თვალყურს ადევნებენ პაციენტების ფიქრებს, რომ გაარკვიონ მათი სნეულება. ამისთვის საჭიროა ლოგიკური მსჯელობა, რითაც შეიძლება მცდარ შედეგამდე მივიდნენ. ამგვარი ქმედება დამღუპველია პიროვნულ ურთიერთობაში. ის აღვივებს განკითხვის კანონებს, რაც უფლისთვის არ არის სათნო. ჩვენი უერთიერთობა სხვა ადამიანებთან ლოგიკას კი არა, სიყვარულს უნდა ეფუძნებოდეს, ასეთ დროს თავს ვარიდებთ სხვების განსჯას, მათ დაყოფას სხვადასხვა კატეგორიებად, ანუ ვცდილობთ გავაკეთოთ ადამიანური ლოგიკის საწინააღმდეგო რამ. ვცდილობთ არ შევნიშნოთ მოყვასის ცოდვა და უგნური საქციელი და მის მიმართ სიყვარულით და დიდსულოვნებით განვიმსჭვალოთ. მაკარი ეგვიპტელის თანახმად "ქრისტიანი უნდა იღვწოდეს, რომ "არავინ არ განიკითხოს, არც მეძავი, არც ცოდვილი, არც უზრდელი, არამედ სუფთა თვალებით უყუროს ყველას". ისე უნდა მოვიქცეთ. თუკი ვინმე სხეულის სნეულებით იტანჯება, არ შევნიშნოთ და არ განვიკითხოთ ის".        ჩვენ, სულიერი მოძღვრებიც, ადამიანში პიროვნებას უნდა ვხედავდეთ, ყოველგვარი წარმოდგენისა და დახასიათების გარეშე და ვეცადოთ, რომ ღმერთმა ადამიანის ნამდვილი პრობლემა დაგვანახოს და გაგვინათოს გონება, რომ სწორი მკურნალობა დავუნიშნოთ. თითოეული ადამიანი გვაინტერესებს, როგორც პიროვნება. ამგვარად, ჩვენ გავურბივართ სულით სნეული ადამიანის განკითხვას, არ მივაკუთვნებთ მას რომელიმე კატეგორიას და ვცდილობთ ვუჩვენოთ მას სწორი, პირადად მისთვის სასარგებლო, კურნების გზა. ეს ნიშნავს იმას, რომ აღსარებაზე მისული ადამიანები პიროვნებები არიან ჩვენს წინაშე.        ყოველივე ზემოთქმულიდან ნათელია, რომ ცოდვით დაცემული ადამიანი ემორჩილება აზროვნების (λογική) ძალას როგორც ღმერთთან, ისე ადამიანებთან ურთიერთობაში და ცდილობს კიდეც საკუთარი თავის შეცნობას. აზროვნების (λογική) მეუფება (ლოგიკოკრატია), რაც დასავლური კულტურის საფუძველია, არის ყველანაირი შინაგანი თუ გარეგანი ანომალიის სათავე. მართლმადიდებლური ეკლესიის წიაღში მყოფნი ვცდილობთ აღვადგინოთ სწორი მდგომარეობა. ჩვენი მიზანი ორმაგია. ერთი მხრივ ვიბრძვით აზროვნების ძალაუფლების შემოსაზღვრაზე და მეორე მხრივ საკუთარი გონების გახსნაზე. დაცემული ადამიანის გონება დაბნელებულია და აზროვნება არსებობის ერთადერთი წყაროა. დაცემამდელ მდგომარეობაში დასაბრუნებლად და ბუნებრივი ცხოვრების წესის აღსადგენად უნდა გადანაცვლდეს ტერმინები, ე.ი. გონება და აზროვნება (λογική) თავიანთ ბუნებრივ ადგილებზე მოთავსდეს, როგორც ზემოთ აღვწერეთ. უფრო ზუსტად, აზროვნება შემოიფარგლოს და გონება განვითარდეს, რათა აზროვნება დაიბადოს განათლებული გონებისაგან და შემდეგ აზროვნებამ (λογική) აღბეჭდოს სიტყვებსა და წინადადებებში გონების ცოდნა.        აზროვნების შემოსაზღვრაში განსაკუთრებულ როლს ასრულებს ღვთის ნების მორჩილება. ჩვენ ვიღვწით იმისთვის, რომ არ ვენდოთ აზროვნების შედეგად წარმოქმნილ საკუთარ აზრებს. ამბა დოროთე ამბობს: "ჩემს ყველა საქმეში არასოდეს არ მინდოდა ადამიანური სიბრძნით მემოქმედა. ყოველთვის ძალისაებრ ჩემისა ვაკეთებდი და ყველაფერს ღმერთს მივანდობდი". ჩვენ გავურბივართ საკუთარი აზრით ქმედებას. ამბა დოროთემ ამ საკითხს ერთი თავი მიუძღვნა სათაურით: "იმის შესახებ, რომ არ უნდა მივენდოთ საკუთარ აზრს". ეშმაკი როცა ადამიანში გარკვეულ სურვილსა და თვითგამართლებას ხედავს "ამგვარად იპყრობს მას". საჭიროა განსჯის გარეშე დავემორჩილოთ ღვთის ნებას. წმინდა წერილისა და წმინდა მამათა ნააზრევის თანახმად მართლია, აზროვნება წინააღმდეგობას გაგვიწევს, მაგრამ ის ღვთიურ ნებას უნდა დავუმორჩილოთ. ყოველდღიური ცხოვრების დეტალებში შეუძლებელია ღვთის ნება შევიცნოთ, ამიტომ სულიერ მოძღვარს უნდა მივმართოთ. ის წარგვიმართავს სულიერ გზას. ამბა დოროთეს მიხედვით "არ არსებობს იმაზე უფრო საცოდავი და დაღუპული ადამიანი, ვისაც არ ჰყავს ღვთისკენ მიმავალი გზის მაჩვენებელი". აქედან გამომდინარე, დაუმორჩილებლობა სიკვდილია, მორჩილება - სიცოცხლე. საგულისხმოა იოანე სინელის მოსაზრება მორჩილებაზე. "მორჩილება არს უარის-ყოფა სულისა თჳსისა, სრულიად ხორცთა მიერ გამოჩინებული განცხადებულად, გინა თუ ესრეთ; მორჩილება არს მოკვდინება ასოთა გონებითა ცხოველითა. მორჩილება არს გამოუწვლილველი აღძვრა და ნებსით სიკვდილი, განუკითხველი ცხოვრება, უზრუნველი ჭირი... მორჩილება საფლავი არს ნებისა და აღდგომა სიმდაბლისა... განშორება სიმდიდრეთა სიბრძნისა და გულისხმისყოფისა".        მორჩილება საკუთარი ნების მოკვდინებაა, საკუთარი აზროვნების უარყოფაა არა იმისთვის, რომ ვნება მოკვდეს, არამედ ფერისცვალებისთვის. თუ მორჩილება ეკლესიის სწავლებას ეფუძნება, იგი კი არ ანადგურებს აზროვნებას, არამედ კურნავს და აბრუნებს თავის ბუნებრივ ადგილას. ეს არის სიცოცხლე. ეკლესიის მრავალსაუკუნოვანმა გამოცდილებამ წარმოაჩინა, რომ ვისაც მორჩილება შეუძლია, ის იკურნება სულიერი სნეულებისგან და შეუძლია სულიერი ფერისცვალება განიცადოს. მორჩილება ადამიანის განვითარების გზაა.        აზროვნების შემოსაზღვრასთან ერთად სინანულით და ეკლესიური ასკეტური ცხოვრებით ვესწრაფით გონების განწმენდას. ეს მიიღწევა გონებისმიერი, გულისმიერი ლოცვით და მთელი პრაქტიკული და თეორიული ცხოვრებით.        მართლმადიდებლური ტრადიციის ყველა საშუალებით გონება მადლიანი ხდება, ცოცხლდება, თავის ადგილას მაღლდება და შემდეგ მადლს გადასცემს აზროვნებასაც. ამგვარად, აზროვნება "მიმადლებული" გონების მსახური ხდება და ადამიანი უბრუნდება თავის ბუნებრივ მდგომარეობას.        აზროვნება როცა არ ემორჩილება "მიმადლებულ" გონებას, იგი სნეულია და ჩვენს ცხოვრებაში ანომალიებს წარმოშობს. გონების მორჩილი აზროვნება ჯანსაღია და ბუნებრივი. სწორედ ეს არის ეკლესიის ასკეტური, მაკურნებელი მოძღვრების მიზანი.   • მაცდუნებელი აზრები (გულისთქმანი)        სულის მოაზროვნე ნაწილში მოქმედებენ ე.წ. მაცდუნებელი აზრები, რომლებიც აღაგზნებენ სურვილებს და ცდილობენ გონების დატყვევებას, მის მიმართვას ცოდვის ჩადენისკენ. ცოდვის ჩადენა მაცდუნებელი აზრებიდან იწყება. ვისაც სურს შინაგანი სამყაროს განწმენდა, ცოდვისგან განთავისუფლება, გონების დახსნა ტკივილებისგან უნდა დაიცვას სულის მოაზროვნე (λογιστικό) ნაწილი მაცდუნებელი აზრებისგან. სწორედ ამიტომ განვიხილავთ ამ პარაგრაფში თუ რა არის მაცდუნებელი აზრები, რა იწვევს მათ, რა შედეგები მოჰყვება მათ ჩვენი სულიერი ორგანიზმისთვის და ბოლოს, როგორია კურნების მეთოდები. ჩვენს მიერ ჩამოთვლილი საკითხები განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან ადამიანის სულიერი ცხოვრება და სულიერი სიკვდილი ამ მაცდუნებელ აზრებთან ბრძოლაზეა დამოკიდებული. ქვემოთ ვნახავთ აგრეთვე, რომ მრავალი სხეულებრივი ანომალია და სხეულის სნეულება აზროვნების ტყვეობიდან მომდინარეობს.   • რა არის მაცდუნებელი აზრები (გულისთქმანი)         წმინდა მამები, როცა მაცდუნებელ აზრებზე საუბრობენ, ისინი არ გულისხმობენ მხოლოდ ფიქრს, არამედ სურათებსა და სცენებს, რომლებიც თითოეულ ფიქრს შეესაბამება. სურათს ფიქრთან ერთად ეწოდება მაცდუნებელი აზრი. "სურათებს ზოგჯერ ხილვითი ხასიათი აქვს, ზოგჯერ გააზრებითი და ყველაზე ხშირად შერეული". რადგან ხილვითი სურათები იტაცებენ ამა თუ იმ ფიქრს, ამიტომ ასკეტები ყველა სურათს "მაცდუნებელ აზრს" უწოდებენ". სხვადასხვა ეშმაკეული აზრი ზოგჯერ შეგრძნებებით აღწევს გონებაში, ზოგჯერ ადამიანის წარმოსახვაზე და ხსოვნაზე ზემოქმედებს და შემდგომში ატყვევებს კიდეც მას.        ისიხიოს პრესვიტერის სიტყვებით, ადამიანებმა არ იციან, რომ მაცდუნებელი აზრი სხვა არაფერია, თუ არა შეგრძნებადი და ამქვეყნიური ნივთების წარმოსახვა". აქედან ცხადია, რომ წარმოსახვა მთავარ როლს ასრულებს ჩვენს სულში ფანტაზიის შესაბამისი სურათის შესაქმნელად. ამგვარად, შეიძლება ვინმემ თქვას, რომ მაცდუნებელი აზრი მხატვარია, რომელიც აზროვნებაში ხატავს სხვადასხვა სურათს და სცენას, რომელთაგან უმრავლესობა წარსულის ხსოვნაა. ერთი ბერი იტანჯებოდა წარსულის ხსოვნით და ამბობდა: ჩემი მაცდუნებელი ფიქრები ძველი და ახალი მხატვრები არიან. ისინი მაშფოთებენ მოგონებებით და ქალების წარმოსახვით". ყველა საგანს საკუთარი მეტყველება აქვს, რითაც ესაუბრება და მიმართავს ადამიანს. გრიგოლ სინელის სიტყვებით, წმინდა წერილი ამ მეტყველებას მაცდუნებელ აზრს უწოდებს. საგანთა მეტყველებას ეწოდება აზრი და პირიქით აზრების ქმედება "თავისთავად ნივთიერი არ არის, მაგრამ საგანთა საშუალებით სახეს იღებს და შესაბამისი სახელწოდებაც აქვს".        საგანთა მეტყველებით სარგებლობს ეშმაკი, ამიტომ მათ შეიძლება ეშმაკის სიტყვები დავარქვათ". გრიგოლ სინელი მაცდუნებელ აზრებს "მდინარ დინებას" უწოდებს, იგი უერთდება ცოდვას, წყალდიდობად იქცევა და გულს შთანთქავს".        აზრებზე საუბრისას, უნდა შევნიშნოთ მათი კლასიფიკაციის შესახებაც. ამაზე მაქსიმე აღმსარებელი წერს, რომ აზრები არის მარტივი და რთული. მარტივი ვნებებისგან დაცული, "ხოლო რთული ვნებიანი, ანუ ვნებით განპირობებული აზრი".        მოგონება ვნებასთან ერთად ქმნის ვნებიან, რთულ აზრს, ვფიქრობ, აქ უნდა განვასხვავოთ საგანი, გააზრება (διανόημα) და ვნება. მაქსიმე აღმსარებელი წერს: საგანი არის ოქრო, ქალი, მამაკაცი და სხვა. გააზრება (νόημα) არის საგნის მოგონება, ე.წ. ოქროს, ქალის, მამაკაცის გახსენება. ვნება კი "საგნებისადმი უსიტყვო სიყვარული ან სიძულვილი მაგ. ჩამოთვლილი საგნებისა".        ვნებიანი გააზრება (νόημα) "არის რთული აზრი, რომელიც შედგება ვნებისგან და აზრისგან. ამიტომ, უნდა ვიღვაწოთ, რომ ვნება აზრისგან გამოვყოთ და აზრი მარტივი გახდეს. ეს გამოყოფა კი სულიერი სიყვარულით და თავშეკავებით ხდება".        ვნებიანი აზრები აღაგზნებენ სულის სურვილიან ნაწილს, აშფოთებენ მრისხანე და მოაზროვნე ნაწილს".        ევაგრე აღნიშნავს, რომ არსებობს "აზრები, რომლებიც ჭრილობას გვაყენებენ, რომლებიც თავად იჭრებიან. ბოროტი აზრებით იჭრება კეთილი და ისევ კეთილი აზრებით იჭრება ბოროტი". აზრი შეიძლება ბოროტისგან იღებდეს სათავეს, მაგრამ ჩვენი მცდელობით და სული წმინდის მადლით კეთილად გარდაიქმნება,მაგრამ ხდება პირიქითაც, კეთილი აზრი ბოროტად იქცევა. ამ საკითხს შევეხებით აზრებისგან კურნებაზე საუბრისას. მოკლედ, ერთი რამ ნათელია, რომ არსებობს ბოროტი და კეთილი აზრები.   • გულისთქმათა მიზეზი        აზრთა რაობა მათ მიზეზებსაც წარმოაჩენს, გრიგოლ სინელის თანახმად აზრთა საწყისი და მიზეზი არის ადამიანის დანაშაულის გამო ერთიანი და მარტივი ხსოვნის გახლეჩა". დანაშაულის ჩადენამდე ადამიანის ხსოვნა იყო მარტივი, ვნებისგან განთავისუფლებული და სრულად ღმერთს მინდობილი. უფალი იდგა სულიერი ძალების ცენტრში. დანაშაულის შემდეგ ერთიანი ხსოვნა გაიხლიჩა. წმინდა თალასე გვასწავლის, რომ "არსებობს სამი წყარო, საიდანაც გამომდინარეობენ აზრები: გრძნობა, ხსოვნა და სხეულის ტემპერამენტი". ყველაზე ცუდი აზრები ხსოვნიდან იღებენ სათავეს". უფრო ნათლად რომ დავინახოთ აზრების წარმომავლობა და მათი მიზეზები. მოვიხმობთ ისააკ ასურის ნაწერს: "აზრთა ქმედება ადამიანში ოთხი მიზეზით ხდება: პირველი - ხორციელი მოთხოვნილებისგან, მეორე - ამქვეყნიური საგნების (რომლებსაც ხედავს და რაზეც ესმის ადამიანს) წარმოსახვისგან, მესამე - უწინდელი შთაბეჭდილებებისაგან და სულიერი მიდრეკილებებისგან, რაც გონებაში აქვს და მეოთხე _ ეშმაკის ზემოქმედებისგან, რომლებიც ყველა ვნების სახით გვებრძვიან, აქედან გამომდინარე, სანამ ადამიანი ამქვეყნად ცოცხლობს, შეუძლებელია, რომ არ ჰქონდეს მაცდუნებელი აზრები.        მაცდუნებელი აზრების ძირითადი მიზეზი ეშმაკის ბრძოლაა და უმრავლესობა აზრებისა ეშმაკეულია: ეშმაკის მიზანია აზრებით ადამიანი გააზრებულ ან ქმედით ცოდვამდე მიიყვანოს. ასე დაესხა ის თავს იესო ქრისტესაც. მაგრამ ვერაფერს ვერ გახდა. ეშმაკი მუდმივად ეძებს სულს ვნებიანი აზრებით, რომ ცოდვა ჩაგვადენინოს". ადამიანი თუ ბოროტს ჩაიფიქრებს, მაშინ გააზრებით სცოდავს, თუკი ეშმაკის ნებით ახორციელებს და თავის სურვილს იკმაყოფილებს, მაშინ ჩადის ცოდვას. სატანა მუდმივად თესავს მაცდუნებელ აზრებს გონების დასატყვევებლად. წმინდანებმა იციან რა არის "ეშმაკის თესლი" და ადამიანებს მასთან ბრძოლის რჩევებს აძლევენ".        გრიგოლ სინელის სიტყვებით მაცდუნებელი აზრები ეშმაკის სიტყვებია და წინამორბედი ცოდვისა. ილია პრესვიტერი ამბობს, რომ ეშმაკი ჯერ ებრძვის სულს მაცდუნებელი აზრებით და საქმეებით. სატანა ბილწ და სამარცხვინო აზრებს თესავს. ყველა ვნებას ჰყავს შესაბამისი დემონი, ამიტომ მიუთითებს იოანე სინელი "დავიდებ გონებასა ჩემსა განცდად ეშმაკისა ცუდად მზვაობრიობისასა, ვიხილე, რამეთუ მოაგონა მან ძმასა ერთსა გულისსიტყვანი და წარვიდა და გამოუცხადა სხვასა ძმასა, რაჲ იგი მოაგონა მას, და მერმე მიავლინა პირველი იგი ძმა მეორისა მის, რაჲთამცა უთხრნა გულის სიტყვანი იგი და მერმე ვითარცა დაფარულთა მცნობელსა ნეტარითა მათ". სატანა უმრავლეს შემთხვევაში ჩვენს სულში არსებული ვნებებით წარმართავს ბრძოლას. მან იცის მათი არსებობა და სულს ასე აღაგზნებს.        ამგვარად, ეშმაკმა ამაო ამპარტავნებით ორი ბერი აცდუნა. ეშმაკის ბრძოლა აზრებით საქმეებით ბრძოლაზე უარესია". "სულზე დადებული ვნებებით აღძრავს ეშმაკი ჩვენში მაცდუნებელ აზრებს". რადგანაც უმთავრესი ვნება არის თავმოყვარეობა, ამიტომ მისგან იბადება სამი მაცდუნებელი აზრი". თუ ადამიანის გული სიტკბოების ტრფიალია, ის ბოროტი აზრების წყაროდ იქცევა. "სიამოვნების ტრფიალებით აღსავსე გულიდან გადამდები მაცდუნებელი აზრები ამოიზრდებიან". აზრები არის ნებსითი და უნებლიე. უნებლიე აზრები იბადება ცოდვის ჩადენისას, ხოლო ნებსითი - ჩვენი საკუთარი ნებით, ამიტომ შეიძლება ითქვას, რომ ნებსითი აზრები უნებლიეთა მიზეზია". "მაცდუნებელი აზრების მიზეზი ცოდვაა, ცოდვისა კი ყველა ცოდვიანი საქმე". ზოგადად შეიძლება ითქვას, რომ ეშმაკისგან მომავალი აზრები მიმართავენ ადამიანს გააზრებული და ქმედითი ცოდვისაკენ. ეს ცოდვა თუ მეორდება რამდენჯერმე და ჩვეულებად იქცევა, აღიძვრება ვნება. შემდეგ ვნებებისგან, რომლებიც სულის ჭრილობებია, წარმოიქმნება მათი შესაბამისი აზრები. ასევე ემართება სხეულს. მისი ჭრილობა იწვევს გართულებას და ტკივილი და პრობლემა ძლიერდება.        უფალი ბევრგან ამბობს, რომ მაცდუნებელი აზრები გულიდან მოდის "რამეთუ გულისაგან გამოივლენ გულის-სიტყუანი ბოროტნი, კაცის-კლვანი, მრუშებანი, სიძვანი, პარვანი, ცილის-წამებანი, გმობანი (მათ. 15.19). ლუკა მახარებელი ამბობს, რომ ქრისტეს მოწაფეებს მოუვიდათ ასეთი აზრი: "ვინ-ძი უდიდეს იყოს შორის მათსა? ხოლო იესუ იცოდა გულის ზრახვანი მათნი და მოიყვანა ყრმაჲ და დაადგინა წინაშე მათსა" (ლუკ. 9. 46-47). აღდგომილი მაცხოვარი გამოეცხადა მოციქულებს და უთხრა: "რაჲსა შეძრწუნებული ხართ, და რაჲსათჳს გულის-სიტყუანი მრავალნი მოვლენან გულთა თქუენთა?" (ლუკ. 24.38).        მოყვანილი ციტატები მეტყველებენ იმაზე, რომ აზრები გულიდან იღებენ სათავეს. მართალია, თავიდან აზრი გონებაშია, მაგრამ რადგან გულში მოქმედებენ ვნებები და ეშმაკი თავისი აზრის წარმოსაქმნელად ამ ვნებებს იყენებს, ამიტომ ამბობენ, რომ მაცდუნებელი აზრები გულიდან გამოდის. ასეთივეა დიადოხოს ფოტიკელის სწავლება. გული კეთილ და ბოროტ აზრებს შობს, მაგრამ ბოროტს თავისი ბუნების მიხედვით კი არ წარმოშობს, არამედ ბოროტის ხსოვნით, პირველი ცოდვის ხსოვნით. გული ბოროტ აზრებს ეშმაკის ზემოქმედებით წარმოშობს. ჩვენ კი ყველაფერს გულიდან გამომდინარედ შევიგრძნობთ". ადამიანის გონება, რომელსაც ფაქიზი შეგრძნება ახასიათებს, ითავსებს ეშმაკისგან თავსმოხვეულ აზრებსაც. იგივე ემართება სხეულს. მას "უყვარს ხიბლით ტკბობა" და სხეულსა და სულს შორის ერთობა არსებობს, ამიტომ "ეშმაკეული აზრები გულიდან მომდინარედ გვეჩვენება". გონება გულის მასაზრდოებელია და მას (გულს) გადასცემს მეყსეულად ყველაფერს, ავსაც და კარგსაც. რადგან ჩვენ არ გვაქვს საკმარისი სულიერი გამოცდილება, ეს გადაცემა ძალიან სწრაფად ხდება და გვგონია, რომ აზრები პირდაპირ გულიდან იბადება. ეშმაკისა და ვნებების გარდა მაცდუნებელი აზრი მატერიალური საგნისგანაც შეიძლება მომდინარეობდეს. გრიგოლ სინელი გვასწავლის: "საგნები მარტო აზრებს ბადებენ, ხოლო ეშმაკის ზემოქმედებით ეშმაკეული აზრები იბადება". წყლის წისქვილის მსგავსად, რომელიც არ ჩერდება და მუდმივად მოძრაობს და ფქვავს სიმინდის და პურის მარცვალს, ასევე გონებაც არ ჩერდება. ჩვენზეა დამოკიდებული გონებას სულის მიმართულებით ვამოქმედებთ თუ ხორცის. ამიტომაც, როცა მიწიერი ზრუნვით ვართ დაკავებულნი და ამაო საუბრებს ვეძლევით, მაშინ "მათი შესაბამისი ავი აზრები წარმოიქმნება". ასე რომ ცუდი ამქვეყნიურ სამყაროს არსებობა და მასთან ურთიერთობა კი არ არის, ჩვენი პირადი დამოკიდებულება და სურვილია მთავარი.        ბოროტი აზრების გვერდით ღმერთისგან გამომავალი კეთილი აზრებიც არსებობს. როგორ უნდა ამოვიცნოთ ისინი? მივმართოთ სულიერი გამოცდილების მქონე მამებს, მათ, ვისაც სულთა გარჩევის მადლი აქვს. ზოგადი სწავლება კი ის არის, რომ რაიმე აზრის გაჩენით ჩვენში სიხარული იბადება, ე.ი. ეს ღვთისგან არის. ეშმაკეული აზრები კი სავსეა მწუხარებით და შფოთით. წმინდა ბარსანოფი გვასწავლის: "თუ შენს აზრს სიხარული ახლავს და მწუხარებისგან შორს არის, მაშინ იცოდე, რომ ეს აზრი ღმერთისგანაა. ეშმაკეული აზრები აღსავსეა შფოთითა და დარდით. შემოსილნი არიან ცხვრის ტყავით, თითქოს სამართლიანობას ეფარებიან, სინამდვილეში კი მტაცებელი მგლები არიან". აქვე შევნიშნავთ, რომ სიხარული გულის ამაოებიდან და სიამოვნების ტრფიალებიდან შეიძლება მომდინარეობდეს. ამიტომ აზრთა გარჩევა მხოლოდ იმას შეუძლია, ვინც იგემა სული წმინდის მადლი და სულის ვნებებისგან განიწმინდა. ვისაც არა აქვს ამგვარი სულიერი გამოცდილება, უნდა მიმართოს სულიერ მამებს, რადგან უსამართლო ეშმაკი სამართლიანობას შეფარებული ზემოქმედებს მასზე.        ვნახოთ მოკლედ, რამდენნაირი აზრი არსებობს. რამდენი ვნებაც არის, იმდენი აზრია. წმინდა იოანე კასიანე რომაელი გამოყოფს რვა ვნებას და რვა ბოროტ აზრს. ესენია: ნაყროვანება და სიძვა, ვერცხლისმოყვარეობა, მრისხანება, მწუხარება, გულგრილობა, პატივმოყვარეობა და ამპარტავნება". წმინდა თალასე ამბობს, რომ არსებობს სამი ძირითადი მაცდუნებელი აზრი: "ნაყროვანება, პატივმოყვარეობა და ვერცხლისმოყვარეობა, რასაც მოსდევს სხვა ვნებიანი აზრები". ამ სამ აზრს შეესაბამება სამი დიდი ვნება სიამოვნებისმოყვარება, დიდებისმოყვარება და ვერცხლისმოყვარება (ქონების მოყვარება), რითაც უნდოდა ეშმაკს ქრისტეს ცდუნება.        ყურადღებას შევაჩერებთ ერთ ყველაზე სამარცხვინო და საშინელ აზრზე - გმობაზე. წმინდა იოანე სინელმა, იცოდა მგმობელი აზრების სიმძიმე, რაც სულიერ მოღვაწეებს ხვდებათ და წერს, რომ გმობის მიზეზი ამპარტავნებაა. გმობა ადამიანს "მრავალ გზის წმიდისა ჟამის წირვისა მოგვიხდის და ჟამსა მას, წმიდითა საიდუმლოთა ზიარებისა გვბრძავნ გმობად უფლისა და შესაწირავისა მის წმიდის; ლოცვად რა დავდგით, არა წმიდანი იგი და გამოუთქმელნი გულის სიტყვანი ზედა აღგვიდვიან. ნუ ვინ ჰგონებს გულის სიტყვათა მათ გმობისათა თუ მისგან არს მიზეზი მათი რამეთუ გულთ მეცნიერ არს უფალი. მრავალნი ლოცვისგან დააბრკოლნა და მრავალნი ზიარებისგან წმიდათა საიდუმლოთა უკან აქცინა". ეშმაკის ჩვენთან ბრძოლის დასაწყისი აზრებია. ეშმაკისგან დათესილი მაცდუნებელი აზრი ვითარდება იქამდე, სანამ ცოდვას არ ჩავიდენთ და ცოდვა ვნებად არ იქცევა. წმინდა მამათა გამოცდილების მიხედვით განვიხილავთ როგორ ვითარდება ეშმაკეული აზრი.        მაქსიმე აღმსარებელი ამბობს, რომ სულში არსებული ვნებებისგან წარმოქმნილი აზრები ებრძვიან გონებას და ცოდვისკენ მიდიან. გონება რომ დამარცხდება ამ ბრძოლაში, ბოროტი აზრი ცოდვის ჩადენას გაააზრებინებს და შემდეგ უკვე ჩაადენინებს". ამის შემდეგ სული დაცარიელდება ბოროტი აზრებით და ეშმაკი სცილდება მას, მაგრამ მასში ცოდვის კერპი რჩება". ამ კერპს კი თუ არ დაანგრევს მუდმივი წრფელი სინანული, მაშინ ადამიანის სულიერი ორგანიზმი მძიმედ სნეულდება.        ამგვარად ვითარდება აზრი და ცოდვამდე გზას გადის. ურიგო არ იქნება თუ ისევ და ისევ წმინდა მამების ნაწერებით გავყვებით ამ გზას. აზრი სულის მოაზროვნე ნაწილში შეღწევით ცდილობს გონების დატყვევებას. ამისთვის მაცდუნებელი აზრი ცდილობს ვნებით ტკბობის შეგრძნება გააღვივოს სულში. ამ სტადიას ეწოდება განსაცდელი და ჯერ კიდევ არ არის ცოდვა". "ვნებაჲ გამოწვეული სიამოვნება იპყრობს გონებას". თუკი ადამიანი არ მოსწყვეტს გონებას სიამოვნებას, მაშინ მისკენ მიიდრიკება, სასიამოვნო საუბარს გააბამს, დაუკავშირდება და შეუერთდება. მზარდი სიამოვნება მთლიანად იპყრობს გონებას და მის ნებას. ამგვარად ადამიანის წინააღმდეგობა სუსტდება და შედეგად ცოდვის ჩადენა მოჰყვება. თუ დატყვევება მეორდება, მაშინ ადამიანის მთელი არსება ამ ვნების მსახური ხდება". სიამოვნების არსებობა და მასზე წარმოდგენა მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ გონება დატყვევდეს და ვნება ამოქმედდეს. ამიტომ წმინდა მამები გვაფრთხილებენ, რომ სიამოვნების გრძნობა, როგორც შევძლებთ, უნდა ჩავკლათ. ან უკეთესია სიამოვნება შევცვალოთ, რადგან სწორედ სიამოვნებაა ადამიანის გონების დამპყრობი. ამბა დოროთე ამბობს, რომ როცა სულში ვნებიანი აზრები იღვიძებენ, მაშინ იღვიძებენ ვნებებიც თავად". ისიხიოს პრესვიტერი წერს, რომ სულის მაცდუნებელი აზრები ეშმაკის ზემოქმედებას ერევა წარმოსახვების საშუალებით "(სული) ერევა აზრებით ეშმაკეულ ფანტაზიას და მიემართება ქმედებისაკენ". ამ შემთხვევაში წარმოსახვა განსაკუთრებულ როლს თამაშობს, უფრო მეტად მაშინ, როცა პიროვნება ან საგანი, ჩვენგან შორს არის, იმ დროსაც კი, თუკი პერსონა და ნივთი ხილულია ანუ წარმოსახვა შეგრძნებასთან დაკავშირებულია, ის (წარმოსახვა) ზრდის და კაზმავს ნივთებს გონების დასატყვევებლად. ამ თვალსაზრისით შეიძლება ითქვას, რომ ვნებიანი აზრები აშფოთებენ გონებას, ავსებენ მას ბილწი კერპებით და შემდეგ მისი ნების საწინააღმდეგოდ ცოდვისკენ წარმართავენ".        როგორც ვხედავთ, ადამიანი თავისუფალი ნებით მოქმედებს არა მარტო განსაცდელის ჟამს, როცა ეშმაკის ზემოქმედებას განიცდის, არამედ მანამდეც, თავისი ნებით იზიანებს სულიერ თვალს და ყურს. ფილოთეოს სინელის სწავლებით, "ვინც დაცემული უყურებს სამყაროს, მისი სულიერი თვალი დაცემული და დაბნელებულია. ასევე სიბილწის მოსმენის სურვილი ნიშნავს იმას, რომ დემონების ჩურჩულს ყურადღებით ვუსმენთ". ადამიანი იცვლება შინაგანად, ეცემა გულის თვალი და იცვლება სხეულის გარეგნული შეგრძნებებიც. ამიტომ ადამიანის ღვაწლი თავდაპირველად შინაგანი სამყაროსკენ უნდა იყოს მიმართული. აგრეთვე თუ ადამიანი ინახავს მაცდუნებელ აზრებს, მაშინ ძლიერდება სიამოვნების შეგრძნება და გონება უშვებს ცოდვის ჩადენას. "როგორც კვერცხი თბება ფრთების ქვეშ, ასევე სულიერი მოძღვრის წინაშე აღუარებელი აზრები საქმეებად იქცევა". ჩვენი მსჯელობიდან ნათელია რა შედეგი მოსდევს მაცდუნებელ აზრებს და მათ კონკრეტულად ახლა ჩამოვთვლით.   • გულისთქმათა შედეგები        თუკი ადამიანი გულისთქმისკენაა მიდრეკილი, ნიშნავს, რომ მის ტყვეობაშია. "მაცდუნებელი აზრისკენ მიდრეკილება ავლენს ადამიანის მისწრაფებას". მისწრაფება კი გამოხატულია ყოფითი საგნების მოპოვებაში. ზეციურ საზრდოსა და ზეციურ სამყაროს მოკლებული გონება მუდმივად ისწრაფვის გრძნობადი და მატერიალური საგნებისაკენ. ამას ეწოდება მისწრაფება. მისკენ მიმართავს გონება აზრებს. ადამიანი თავშეუკავებელი ხდება. "თავშეუკავებელი ის არის, ვინც მაცდუნებელი აზრებით საზრდოობს".        ადამიანი, როცა უშფოთველად აძლევს მაცდუნებელ აზრს თავისუფლებას, იძულებული ხდება განახორციელოს კიდეც იგი. "ვინც აზრით არ ებრძვის ცოდვას, სხეულითაც ჩადის მას". როცა მაცდუნებელი აზრის არსებობა გარკვეული დროით ჩერდება გონებაში და მას არ შევებრძოლებით, ის ხორციელდება, მაშინ ვნება ძლიერდება და უფრო მეტად დასტანჯავს გონებას. მაცდუნებელი აზრები გვაწვალებს და ზოგჯერ გვირთულებს პირად ურთიერთობებსაც. "ამგვარი აზრებით ერთმანეთს ვეწინააღმდეგებით და საკუთარ თავსაც ვტანჯავთ". გულისთქმები სულს ბილწავენ, წამლავენ `ასეთია ეშმაკის ცბიერება, შხამიანი ისრებით წამლავს ყველა სულს".        მაცდუნებელი აზრებით დატყვევებული ადამიანი კარგავს მხედველობას და ცოდვიანი ქმედებების ხილვისას ვერ იგებს მის მიზეზს. "ამ აზრებით გატაცებული ბრმავდება, ცოდვის მოქმედებას ხედავს, მაგრამ მიზეზის დანახვა არ ძალუძს".        ეშმაკი ძლევამოსილია ამ დროს და შეიძლება ადამიანი თვითმკვლელობამდეც მიიყვანოს. ასეთი ადამიანი ეშმაკს ვერ გაუწევს წინააღმდეგობას. გარყვნილი აზრი უფსკრულში აგდებს სულს. ვნებიანი აზრები "აღაგზნებენ სულის სურვილიან ნაწილს, აშფოთებენ მრისხანე ნაწილს და აბნელებენ მოაზროვნეს ისე, რომ გონება ბრმა არის სულიერი ჭვრეტისათვის და ლოცვის აღსადგენად". ეს მდგომარეობა იმაზე მეტყველებს, რომ სულის თვალი სნეულია და არ შეუძლია სულიერის ხილვა და ლოცვა. ადამიანი ღმერთის გარეშე მკვდარია. ვინც მუდმივად შფოთავს გულისთქმებისგან და სხეულის წვას გრძნობს, ის დაშორებულია სული წმინდის კეთილსურნელებისგან". ამის გამო ადამიანი უფალთან სიახლოვეს და სული წმინდის კეთილსურნელებას კარგავს და ღმერთს შორდება. "ბილწი აზრები აშორებენ ადამიანს ღმერთისგან". მზაკვრული გულისთქმებით დატყვევებულ ადამიანს უფალი არ უხსნის თავის საიდუმლოს.        მართალია ამბა დოროთე, როცა ამბობს: "ერთ აზრსაც შეუძლია დააშოროს ღმერთს ადამიანი, როგორც კი მას (აზრს) მიიღებს და დაემორჩილება". ღმერთისგან დაშორებას ადამიანისთვის ცუდი შედეგები მოჰყვება. შეინიშნება ფსიქოსომატური მოშლილობები. ფსიქოთერაპიული მეთოდით უნდა განიკურნოს ბოროტი აზრებით შეპყრობილი ადამიანი. სწორედ ამ საკითხზე გადავდივართ ახლა.   • გულისთქმათაგან განკურნება        სულიერ და სხეულებრივ სნეულებასთან ერთად აზრებსაც სჭირდება პროფილაქტიკა, ხოლო უკვე არსებულ სნეულებებს კონკრეტული მკურნალობა. განვიხილავთ ორივე შემთხვევას. პროფილაქტიკა ითვალისწინებს მაცდუნებელი აზრის გონებაში შემოსვლის წინააღმდეგობას. ამის მიღწევა შეიძლება სიფხიზლით, ყურადღებით, მდუმარებით და ავი აზრების მოშორებით. პავლე მოციქული მოუწოდებს ტიმოთეს მუდმივი სიფხიზლისკენ: ხოლო შენ ფრთხილი იყავ ყოველსა შინა" (2ტიმ. 4,5). ეს ღვაწლი წმინდა მამათა ნაწერებში დაწვრილებით არის განხილული.        სიფხიზლე აზრების დაცვაც არის. იოანე სინელი გვასწავლის: "სხვა არს დაცვა გულის სიტყვათა და სხვა არს დაცვა გონებისა... უმაღლეს არს მეორე ესე პირველისა მის დაღაცათუ უძნელეს არს".        აქ იგულისხმება ის მდგომარეობა, რომელზეც ზემოთ ვისაუბრეთ. უფრო ზუსტად, გონება არის სულის თვალი, გული და აზრი კი მოქმედებენ ადამიანის შემეცნებაში. ერთია, როცა ადამიანი ცდილობს აზრის სიწმინდის დაცვას, და მეორე - გონების ანუ გულის სიწმინდის შენარჩუნება. აზრების განწმენდა აუცილებელია, რადგან ცბიერი გულისთქმით "ადამიანის შინაგანი სამყარო განწმენდილი ვერ იქნება". მამათა ტრადიცია მოითხოვს, რომ გონება მოვიკრიბოთ (ანუ სულის ენერგია და არსება), ყურადღება მივაქციოთ და შევებრძოლოთ ვნებიან აზრებს". "მოიკრიბე შენი გონება და ყურადღება მიაქციე გულისთქმას, თუ ვნებიანს აღმოაჩენ, შეებრძოლე მას". გონება წმინდა რომ იყოს და მუდმივად ახსოვდეს ღმერთი, კეთილი აზრებისგანაც უნდა დავიცვათ., რადგან მათი მეშვეობით გონება თანდათან ეჩვევა ღვთისგან განშორებას. ბერი სილუანი გვასწავლის, რომ წმინდანებმა ისწავლეს მტერთან ბრძოლა, მათ იცოდნენ, რომ მტრები ცდუნებით აზრების საშუალებით მოქმედებენ, და ამიტომ მთელი ცხოვრების განმავლობაში ებრძოდნენ გულისთქმებს. გულისთქმა თავდაპირველად კეთილი სახით მოდის, შემდეგ ლოცვას განაშორებს გონებას და იწყებს მის არევას. ამიტომ აუცილებელია ყველანაირი გულისთქმის უკუგდება, კეთილიც რომ იყოს, და მხოლოდ უფლისმიერი წმინდა გონების შენარჩუნება".        გულში არანაირი აზრი არ უნდა გვქონდეს. "არც უაზრო და არც კეთილი. სულის თვალი დავიცვათ ნებისმიერი აზრისგან ისე, როგორც ხორციელ თვალს ვიცავთ დაზიანებისგან.        მას შემდეგ, რაც ადამიანი შეეჩვევა წმინდა ღვაწლს - გულისთქმასთან ბრძოლას, მისი გონება ღვთის მადლს იგემებს და განიწმინდება, შეძლებს გულისთქმათა გარჩევას "კეთილისა და ღვთისგან მომდინარეს გონების საგანძურში შეინახავს, ბოროტს და ეშმაკეულს განაგდებს".        ამგვარ სულიერ მღვიძარებას და აზრების მოთოკვას გონებითი სიმშვიდე ეწოდება. ამიტომ მართლმადიდებლურ სწავლებაში სიმშვიდე ნიშნავს არა მარტო გარეგანი გამაღიზიანებელი მოვლენებისგან განშორებას (თუმცა ეს უკანასკნელი მდგომარეობა არის დამწყები მოღვაწისთვის სიმშვიდის საწყისი), არამედ გულის სიმშვიდეს. წმინდა თალასე მოგვიწოდებს: გრძნობები მოთოკე მშვიდი განმარტოებით და დაუქვემდებარე გულში აღძრული აზრები მკაცრ სამსჯავროს". იოანე სინელი კი წერს: "დაყუდება ხორცთა არს, წესთა და საცნობელთა დაწყნარება; ხოლო დაყუდება სულისა არს, გულის სიტყვათა გულის - ხმის ყოფაჲ და გონება წარუპარველი. გულის - სიტყვა მხნე და ახოანი მოყუარე არს დაყუდებისა, რომელი იგი დგან აზრთა ზედა გულისათა დაუცადებელად, და დაუძინებლად, და მომავალთა მათ მტერთა რომელთამე მოაკვდინებენ, და რომელთამე იოტებენ". "თუ ადამიანი შეეჩვევა ღვაწლს და გონებას ღვთის სასუფევლის განცდა აქვს, მაშინ ყველა მაცდუნებელი აზრი ისე იფანტება, როგორც ვარსკვლავები ქრებიან მზის ამოსვლისას".        სიფხიზლისა და გონებითი სიმშვიდის გარდა გონების დაზიანებისგან დაცვა მაცდუნებელ აზრთა გამომწვევი მიზეზებისგან თავის დახსნაა. წმინდა მაქსიმეს მოჰყავს მაგალითი თუ როგორ უნდა დავიცვათ გულის სიწმინდე. ცნობილია, რომ ვნებიანი აზრები სულის სურვილიან ნაწილს აშფოთებს და აბნელებს მოაზროვნე ნაწილს". ამიტომაც ბერმა "ყურადღება უნდა მიაქციოს გულისთქმას და მოიკვეთოს მისი გამომწვევი მიზეზები.        საკვებისა და სასმელისგან თავშეუკავებლობა, ქალებთან ამაო საუბარი ის მიზეზებია, რომლებიც ვნებიანი წარმოსახვებით აღიზიანებენ სულის სურვილებს. შიმშილი, წყურვილი, სიფხიზლე და განმარტოება ეხმარება ადამიანს ამგვარი აზრებისა და მოგონებებისგან განთავისუფლებაში. სიამოვნებისმოყვარეობა, პატივმოყვარეობა და მატერიალური საგნების სიყვარული იწვევს "ვნებიან მოგონებებს იმ ადამიანებზე, ვინც გვაწყენინა". ვნებიანი ადამიანი წუხს თუ რაიმე ვერ მოიპოვა ან დაკარგა. ამიტომაც ამგვარი წუხილის გამომწვევი მიზეზების უგულებელყოფა შეიძლება ღვთის სიყვარულით".        აზრებისგან განთავისუფლების გარდა ვნებებს უნდა ვებრძოლოთ, რადგან ვნებებს იყენებს ეშმაკი მაცდუნებელი აზრის ჩასაგონებლად. წმინდა მაქსიმე სიძვის ცოდვისგან გასათავისუფლებლად გვირჩევს; "იმარხულე, იფხიზლე, იშრომე და განმარტოვდი" მრისხანებისა და მწუხარებისაგან თავდასაცავად უგულებელყავი დიდება, და უპატივცემულობა და სხვა მიწიერი საგნები, გულღრძოობის საწინააღმდეგოდ: "ილოცე მისთვის, ვინც გაწყენინა და განთავისუფლდები".        სხვა ღვაწლი გულის სიამოვნებისგან განთავისუფლებაა. მაცდუნებელი აზრები აღძრავენ სიამოვნებას და მისკენ მიდრეკენ გონებას. გულის სიამოვნებასთან ერთად სხეულის სიამოვნებასაც უნდა ვებრძოლოთ. მოღვაწემ (ასკეტმა) საჭიროა განაგდოს სიამოვნების გამომწვევი ყველა მიზეზი. თუ ადამიანი ხორციელ სიამოვნებას ეძლევა, მაშინ "ის იძულებულია წავიდეს ასურეთში და დაემონოს ნაბუქოდონოსორს". ვინც მკაცრად არ მიუდგება სიამოვნების განცდას, ვერ იქნება თავშეკავებული და ვერ მოიპოვებს შინაგან თავისუფლებას.        ზემოთ შევნიშნეთ, რომ უნდა განვერიდოთ მაცდუნებელი აზრების გამომწვევ ადამიანებს და აზრებს. ერთმა ასკეტმა ქალისა და წარსულის მოგონებებით შეწუხებულ ბერს უპასუხა: "მიცვალებულების ნუ გეშინია, ცოცხლებს გაექეცი, და ლოცვა გააძლიერე". მართალია, ყველას ვერ განვერიდებით. ამის გაკეთება მხოლოდ ცოტას თუ შეუძლია. ეს მხოლოდ ისეთ ადამიანს ძალუძს, ვინც სრულყოფილი განწმენდისაკენ მიისწრაფვის, მთელი არსებით ღმერთს უძღვნის თავს. უნდა განვერიდოთ ცდუნების მომტან ადამიანებს, არა იმიტომ, რომ ისინი ცუდები არიან, არამედ ჩვენი უძლურების და სისუსტის გამო. ჩვენ ხომ სნეულებისკენ ვართ მიდრეკილნი. გონებით ფხიზლად მყოფი ადამიანი მიხვდება რა ვნება აწუხებს მას".        ღვთის შიში გვეხმარება მაცდუნებელ აზრებთან ბრძოლაში. იგი ღვთისგან ბოძებული მადლია და ვისაც ეს მადლი ეძლევა, მთელი დღის განმავლობაში ცდილობს ღვთისათვის არასათნო არაფერი არ გააკეთოს. ღვაწლი მარტივი არ არის, ღვთის შიში ცეცხლით ალღობს ყველა მაცდუნებელ აზრს. თუკი არ გვაქვს ამგვარი შიში, იმისთვის მაინც უნდა ვიღვაწოთ, რომ ღვთის მყოფობა და მომავალი სამსჯავროს შიში შევიგრძნოთ. "როგორც ცვილი დადნება ცეცხლზე" (ფს. 67,3) ისე ბილწი აზრი გაქრება უფლის შიშით". ღვთის შიში მწყემსია, რომელიც მწყემსავს ფარას ანუ აზრებს. მწყემსის შიშის გარეშე ფარა აირევა."       კურნების სხვა მეთოდიც არსებობს; ეს არის შრომა და ასკეტური ცხოვრება. მარხვა, მღვიძარება, ლოცვა ეხმარება გონებას მაცდუნებელი აზრების უკუგდებაში. "დათრგუნე ხორცი მარხვით და მღვიძარებით და განაგდებ მტანჯველ სიამოვნების მოტრფიალე აზრს". მარკოზ მოღვაწე გვასწავლის: "თუ გვსურს, რომ არ შეგვაწუხოს ბოროტმა აზრებმა სულით დამდაბლებული და სხეულით დამწუხრებული იყავი. ეს ზოგჯერ კი არ უნდა მოხდეს, არამედ "ყოველთვის, ყველანაირი საშუალებით და ყველა საქმეში". ადამიანმა პროფილაქტიკისთვის შეიძლება გამოიყენოს ჩამოთვლილი საშუალებები იმისთვის, რომ არ დასნეულდეს მავნე აზრებით. მოდით, დაწვრილებით განვიხილოთ, როგორ განიკურნება აზრებით სნეული გონება. უპირველეს ყოვლისა, არ უნდა არსებობდეს შფოთი. ეშმაკის მიზანია ადამიანის სულში შფოთი აღძრას, შემდეგ შეიჭრას და დაატყვევოს, მარკოზ ასკეტი ამბობს: "მამაცურად აიტანე აზრების ტალღები და განსაკუთრებით ისინი, რომელსაც მწუხარება და გაუგებრობა მოაქვთ".       აზრებთან ვაჟკაცური წინააღმდეგობა მეორე პირობაა განკურნებისთვის. წმინდა მამა გვირჩევს, რომ ნუ შევშფოთდებით ეშმაკურ აზრებთან ბრძოლაში. წმინდა ბარსანოფი მოგვიწოდებს: "თუ დაგეუფლა აზრი, ნუ შეშფოთდები, მაგრამ გაერკვიე რა უნდა მას და საწინააღმდეგო გააკეთე უშფოთველად უფლის სახელის მოხმობით". ცუდი სახლში ქურდის შემოსვლა კი არ არის, ცუდია გაქურდვა.       ზოგი ადამიანი გულისთქმას უშვებს გონებასა და გულში სასაუბროდ და ქრისტეს ძალით მის დასამარცხებლად: ამგვარად ცოტანი იქცევიან, ისინი, ვისაც ქრისტეს მადლი აქვთ მონიჭებული. მათ სურთ ეშმაკთან პირდაპირ ბრძოლა და მისი დამარცხება. ასეთი რთული და სახიფათო ბრძოლა მრავალი ქრისტიანისთვის მიუწვდომელია მათი უძლურების გამო. ბევრმა ჩვენგანმა უნდა უკუვაგდოთ მაცდუნებელი აზრები.       შევნიშნავთ, რომ რაც ნაკლები სულიერი გამოცდილება გვაქვს, მით უფრო გვიან ვამჩნევთ აზრის შემოსვლას გონებაში; ღვაწლში მყოფი ადამიანები გულისთქმას სულის მოაზროვნე ნაწილში შემოსვლამდე ამჩნევენ. ზოგიერთნი გულისთქმის არსებობას ხვდებიან მაშინ, როცა აზროვნებასთან მისი შეერთება ხდება ან იგი ამოქმედდება, ან კიდევ ცოდვის ჩადენის შემდეგ. "სულიერად გამოცდილი ადამიანი ჩვეულებრივ ცოდვიან აზრს მაშინ ხვდება, როცა ეს უკანასკნელი განვითარების საწყის ეტაპებს გაივლის, ანუ მაშინ, როცა აზრი ძალას შეიძენს და უფრო მეტიც, როცა უკვე ახლოსაა ცოდვის ჩადენის საფრთხე". სადაც არ შეხვდება ადამიანი მაცდუნებელ აზრს, დაუყოვნებლივ უნდა შეებრძოლოს მას. ღვაწლის სიმტკიცის შესაბამისად შეუძლია კაცს გულისთქმის შემჩნევა მისი განვითარების ადრეულ ეტაპზე.       მაცდუნებელ აზრებთან საუბრისგან თავის დაღწევის საუკეთესო საშუალებაა მათი უგულებელყოფა და განკვეთა. არქიმანდრიტი სოფრონი წარმოადგენს ბერი სილუანის სწავლებიდან მაცდუნებელ აზრთან ბრძოლის ერთ კარგ მეთოდს: "მამა (სილუანი) მამათა გამოცდილების მიხედვით, ამბობდა, რომ არსებობს ბრძოლის სხვადასხვა გზა, მაგრამ საუკეთესოა თუ სრულებით არ გავესაუბრებით მაცდუნებელ აზრს. თუკი გონება ჩაერთვება მასთან (აზრთან) საუბარში, მის (აზრის) განვითარებასაც მიჰყვება. გაიტაცებს და ღმერთს დაშორდება, რაც არის სწორედ ეშმაკის მიზანი. ღვთისგან განშორებულ გონებას გაფანტავს იგი (ეშმაკი) და მაცდუნებელ აზრთან მოსაუბრე გონება აღარ იქნება სუფთა.       სტეფანე მეუდაბნოე, რომელიც ლეოპარდს ხელიდან აჭმევდა (კლემაქსი. სიტყვა 7), სიკვდილის წინ "გაესაუბრა" გულისთქმებს და ეშმაკს შეებრძოლა პირისპირ.. თრაკიის მთაზე მოღვაწე წმინდა მარკოზ ათენელი, ამქვეყნიდან გასვლის წინ იმშვიდებდა სულს თავისი უამრავი ღვაწლით, ამის გამო ჰაერში გაჩერდა მისი სული ერთი საათის განმავლობაში. ეს "ერთი საათი" ასე დარჩენის საშიშროებას ნიშნავდა...       სხვა მამები სულიერ ღვაწლში უფრო მეტად განბრძნობილნი იყვნენ"სწორედ ამიტომ საფრთხილოა, განსაკუთრებით სულიერი ცხოვრების დასაწყისში, აზრის შემოშვება გულში. აზრის შემჩნევისთანავე საჭიროა მისი მოკვეთა". აზრთა უგულებელყოფა საუკეთესო რჩევაა მათთვის, ვინც სულიერი ღვაწლის საწყის ეტაპზეა. მაცდუნებელი აზრი რომ არ დაგვეუფლოს, უნდა უარვყოთ ის, რასაც იგი (აზრი) გვთავაზობს; ამით ძალა ეცლება ვნებას: "ღვთის შემწეობასაც ვგრძნობთ და ვთრგუნავთ თვით ვნებას". ამას ეწოდება აზრისთვის წინააღმდეგობის გაწევა. ერთმა მორჩილმა უთხრა ამბა პიმენს: "ამბა, ბევრი აზრი მაწუხებს და მათგან საფრთხეში ვარ". ბერმა გარეთ გაიყვანა და უთხრა: "გაშალე შენი სამოსელი და დაიჭირე ქარი", მორჩილმა, რა თქმა უნდა, "ქარი ვერ დაიჭირა" და მიუგო ამბას, რომ ეს შეუძლებელია. წმინდა მამამ კი უპასუხა: "შენ თუ ამის გაკეთება არ შეგიძლია, მით უმეტეს, ვერ შეძლებ აზრების შეკავებას, შენი საქმეა მათთან ბრძოლა". ამრიგად, ქარის დაჭერასავით რთულია აზრს დავუშალოთ ჩვენს სულში შემოსვლა. მაცდუნებელ აზრებთან ბრძოლა აუცილებელია ერთი მხრივ მათი უგულებელყოფით და მეორე მხრივ მათი მოთხოვნების შეუსრულებლობით. "თუ აზრების მოთხოვნებს სხეულით არ შევასრულებთ, თანდათან დასუსტდებიან და გაქრებიან". როგორც ჭურჭელში ჩაკეტილი გველი ან ღრიანკალი დროთა განმავლობაში მოკვდება, ასევე ეშმაკისგან დათესილი ცბიერი აზრები ჩვენი მოთმინების წყალობით მიგვატოვებენ". ამბა აგათონს, როცა დაეუფლა განკითხვის აზრი, თქვა: "აგათონ, არ გააკეთო ეს და აზრიც დაითრგუნა". ამბა თეოდორე და ამბა ლუკიოსი დასცინოდნენ ორმოცდაათი წლის მანძილზე ცბიერ აზრებს. აზრს, რომელიც მათ მოუწოდებდა სამოღვაწეო ადგილის დატოვებისკენ, პასუხობდნენ: ზამთარი რომ გავა, წავალთ აქედან". ზაფხულში კი ამბობდნენ: "ზაფხული გავა და გადავალთ აქედან". ასე იქცეოდნენ ბერები, დასცინოდნენ ეშმაკს600. აზრის დაკმაყოფილებას თუ გადავდებთ, დავეხმარებით ჩვენს თავს მისგან განთავისუფლებაში.       გულისთქმასთან ბრძოლის სხვა მეთოდია ღვაწლისას თუ არ დავუშვებთ აზრის დიდხანს დაყოვნებას. მარტივმა აზრმა არ უნდა გააღვიძოს ვნება და ვნებიანმა აზრმა ცოდვისკენ არ გვიბიძგოს. "ბრძოლის ორივე გზა არ აძლევს აზრს შეყოვნების საშუალებას". დაყოვნებული აზრი სულში სხვა ფიქრებს წარმოშობს, სულიერ სამყაროში სირთულეს შექმნის და ისე დაიპყრობს გონებას, რომ ვერც შევნიშნავთ.       არ ვაცალოთ მარტივ აზრს ვნებიანად და რთულად გარდაქმნა და პირიქით რთული აზრიც გავამარტივოთ. რთული აზრი შედგება ვნებისგან და ფიქრისგან. სულიერი სიყვარულით და თავშეკავებით ვნება ფიქრისგან უნდა გამოვარჩიოთ და დარჩება მარტივი "აზრი". ცბიერი აზრი სიამოვნების გაღვიძებისკენ ისწრაფვის, რაც დაიპყრობს გონებას. ამიტომ გონება უნდა მოვაშორით შემოთავაზებულ სიამოვნებას". წმინდა მაქსიმე მოგვიწოდებს, რომ დავთრგუნოთ სხეულის ვნებები და სულის ვნებიანი აზრებიც". მაცდუნებელი აზრების უგულებელყოფასთან ერთად საჭიროა მათი განდევნა. ეს კი ლოცვის დახმარებით ხდება. გრიგოლ სინელი ამბობს, რომ დამწყები ასკეტი ვერ განაგდებს აზრებს, თუ მას უფალი არ დაეხმარება. ძლიერებს შეუძლიათ აზრთა გაფანტვა, მაგრამ მხოლოდ ღმერთის შემწეობით. შენ მოუხმე იესო ქრისტეს სახელს ხშირად და მოთმინებით, როცა აზრები მოგეახლება. ისინი (მაცდუნებელი აზრები) ლოცვისგან გამომდინარე გულის სითბოს ვერ იტანენ და ცეცხლისგან დამწვართა მსგავსად იფანტებიან. ლოცვაში იესო ქრისტეს სახელი წარმოითქმება, რაც ეშმაკისთვის წამებაა და ღვთიური მადლით გულში სითბო ისადგურებს. ასე იწვება გულისთქმა და განიდევნება გონებიდან. "ვის ლოცვასაც ძალა არ აქვს, მიბაძოს მოსეს; აღაპყროს ხელები და თვალები ზეცისკენ და მაშინ თვით უფალი განდევნის აზრებს". ჰაერში გაფანტული კვამლის მსგავსად გაქრებიან აზრები იესო ქრისტეს სახელის ხსენებით".       ეშმაკეული აზრებისგან ადამიანური აზრების დახმარებით ვერ გავთავისუფლდებით. გონიერმა ადამიანმაც თავისი სასოება მთლიანად უფალს უნდა მიანდოს და თქვას: "უფალო, როგორც შენ გსურს და ხედავ, ისე გადაწყვიტე ეს საქმე". ეს სიტყვები მნიშვნელოვანია, რადგან ხშირად განსაცდელის ჟამს ადამიანი ცდილობს პრობლემას ადამიანური ლოგიკით დაუპირისპირდეს. რაც არ უნდა ძლიერი იყოს ადამიანის აზროვნება (λογική), ეშმაკეულ აზრზე ძლიერი ვერ იქნება. ცბიერ აზრთან ბრძოლისას, ჩვენ სინამდვილეში ეშმაკს აღვუდგებით წინ და არა ერთ უბრალო აზრს.       მღვიძარებით აღვლენილი ლოცვა - გონებას წარმოსახვისგან წმენდს და ადამიანი მოწინააღმდეგეს შეიცნობს და ლოცვისა და მღვიძარების ძალასაც".       ლოცვისას სულიერ ცხოვრებით მოღვაწე შეიცნობს აზრებს, წარმოსახვის გარეშე მოკვეთს მათ, ცოდვის ჩაუდენლად გაიგებს ცბიერი აზრების შედეგებსაც. აი რატომ არის, რომ ასკეტმა, რომელიც ცბიერ აზრს გონებაში არ უშვებს, შესანიშნავად იცის ცოდვიანი ადამიანის ცხოვრება, თუმცა კი საკუთარ თავზე ცოდვის შედეგები არ გამოუცდია. თუკი მტრის მარცვალი ცეცხლია, ღმერთისადმი მინდობილი იმედი წყალია, რომელიც აქრობს ცეცხლს.       ამბა იოვანე კოლოვოსი ამბობს: "ვზივარ კელიაში და ვხედავ ჩემს თავზე მოხვეულ ცბიერ აზრებს; როცა უძლური ვარ მათთან ბრძოლაში, უფალს მივეახლები ლოცვით და მტრისგან თავს ვიხსნი".       ცბიერი აზრებისგან განთავისუფლების ნაყოფიერი მეთოდია მათი აღიარება გამოცდილი სულიერი მოძღვრის წინაშე. წმინდა კასიანე რომაელი ამბობს, რომ "როგორც ბნელი სოროდან გამოგდებული გველი ცდილობს დამალვას, ასევე აღსარებით აღიარებული ცბიერი აზრები, ადამიანს შორდებიან". "ისე არაფერი ვნებს მონაზონს და ახარებს ეშმაკს, როგორც სულიერი მოძღვრის წინაშე უთქმელი მაცდუნებელი აზრები. ასეთ შემთხვევაში სულიერი ცხოვრება ინგრევა და ადამიანი ეშმაკის ხელში იქცევა სათამაშოდ, რომელსაც, როგორც უნდა, ისე მოექცევა. წმ. იოანე კასიანე გვასწავლის, რომ არ არსებობს ცხონების სხვა გზა, გარდა ერთისა. ჩვენი ცბიერი აზრები გარჩევის უნარის მქონე, სულიერად გამოცდილ მოძღვართან ვაღიაროთ და მივიღოთ მისგან რჩევა, ჩვენი ლოგიკით არ ვიმოქმედოთ". ვინც თავის აზრებს არ აღიარებს მოძღვართან, ის ვერ განიკურნება: "ვინც დუმს თავის გულისთქმების შესახებ, განუკურნებელი რჩება". "შეყოვნებული" აზრები უნდა ვაღიაროთ სულიერ მამასთან, ვინც ჩვენს ცხონებაზე პასუხს აგებს. "შენთან მებრძოლი აზრი უთხარი ამბას და ის ღვთის შემწეობით განგკურნავს". "შეყოვნებულ" აზრებში ვგულისხმობთ "აზრს", რომელიც მიუხედავად ჩვენი წინააღმდეგობისა და ლოცვისა, არ გვტოვებს და აგრძელებს შემოტევას. ეს ეხება ვნებიან აზრსაც, რომელიც ვნებითაა გადაჯაჭვული. იოანე სინელს ერთი მონაზვნის მაგალითი მოჰყავს. მას ქამარზე დაკიდებული წიგნაკი დაჰქონდა და ყოველდღე იწერდა თავის გულისთქმებს, რომლებსაც სულიერ მოძღვრის წინაშე აღიარებდა.       გამოცდილი მოძღვარი შეიძლება ამქვეყნიურ საქმეთა უცოდინარი იყოს, არ იცოდეს ამა სოფლის სიბრძნე, მაგრამ ღვთიურ სიბრძნესთან იყოს ზიარებული. ამბა არსენიც თავის აზრებზე ერთ ასეთ მოძღვარს ეკითხებოდა. მოძღვარი წერა-კითხვის უცოდინარი და უწიგნური იყო. სხვა ბერმა ჰკითხა მამა არსენს: მამაო, შენ ხომ ბერძნული და რომაული განათლება გაქვს მიღებული, აზრების შესახებ სხვას ეკითხები? მამა არსენმა უპასუხა: "მე რომაული და ბერძნული განათლება მივიღე, მაგრამ მარტივი ადამიანობის ანაბანაც არ მისწავლია". თუ ადამიანმა სულიერი მოძღვრის საშუალებით უფლის წინაშე გულის გახსნა ისწავლა და გამოავლინა გულისთქმები და მათით მიყენებული ჭრილობები, მაშინ იგი ემორჩილება მოძღვრის რჩევას. ეს ადამიანი განთავისუფლდება ყველაფრისგან და დამშვიდდება სულიერად, შეიცნობს თუ რა არის ქრისტესმიერი მშვიდობა.       აღსარებასთან ერთად სულიერ მოძღვარს ვთხოვთ ლოცვას და კურთხევას. იოანე ოქროპირი იხსენებს სახარების ეპიზოდს, როცა მოციქულები ერთ-ერთ სახლში შედიოდნენ და უფალი ეუბნებოდა, რომ მშვიდობა ესურვებინათ ოჯახისთვის. წმინდა მამა ამბობს, გარეგნული სიმშვიდის მიუხედავად, ხშირად შინაგანი ბრძოლა გვაქვს აზრებთან და ვშფოთავთ. ჩვენს სულში ცბიერი სურვილები იღვიძებს. ასეთ ბრძოლას აქრობს წმინდანების სიტყვა. ანუ მათი კურთხევა და ეს გვამშვიდებს. "საკმარისია მან (წმინდანმა) წარმოთქვას სიტყვა, რომ ყველანაირი ეშმაკეული მოგონება და აზრი სულიდან გაიქცევა".        ცბიერ აზრთაგან განთავისუფლება, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, კიდევ სათნოებათა აღსრულებით შეგვიძლია. თავშეკავება და სიყვარული ვნებიანი აზრებისგან გვიხსნის. გვეხმარება მღვიძარებაც "მონაზონი მღვიძარე მონადირე არს გულისსიტყვათა და ადვილად შეუძლოს მყუდროებასა შინა ღამისასა ხედვად და შეპყრობად მათდა".        საღმრთო სჯულის და წმინდანთა ცხოვრებების კითხვა ბოროტ აზრებს მოკვეთს, რადგან მოციქულთა და წმინდა მამათა სიტყვებს, ისე როგორც მათ ცხოვრებას დიდი ძალა აქვს და სულს ამშვიდებს. კიდევ სხვა საშუალება არის კეთილი აზრების დაბადება. მართალია, ზემოთ შევნიშნეთ, რომ ყველანაირი აზრი უნდა მოვიკვეთოთ, ეს აუცილებელია ლოცვის დროს, მაგრამ სხვა დროს, განსაკუთრებით სულიერი ღვაწლის საწყის ეტაპზე, შეიძლება კეთილი აზრები განვავითაროთ. ყოველთვის საჭიროა სიფრთხილე და ყურადღება, აზრით წარმოსახვა არ დაგვეუფლოს, საიდანაც ეშმაკეული სულიერება წარმოიშობა. ყველა საგანს კეთილი აზრით უნდა ვუყუროთ. ცუდიც რომ იყოს საგანი, მივიღოთ კეთილად, მაშინ უფალი მის სიავეს შეცვლის. "კეთილის და ბოროტის ხლართი მიიღე ერთნაირი აზრით და მაშინ ღმერთი გაანადგურებს საგანთა და მოვლენათა სიავეს". შეიძლება აგრეთვე, ბოროტი აზრები კეთილად გადავაქციოთ. ცბიერი აზრებისგან განთავისუფლების და განკურნების ერთ-ერთი საშუალებაა, გონება გვქონდეს ჯოჯოხეთში და მისი ცეცხლით იწვოდეს. ბერი სილუანი გვასწავლის "მაკარი დიდი ჰაერში მაღლდებოდა, არ წყვეტდა თავის დამდაბლებას, როცა უკვე მისგან გაქცეული ეშმაკი შორიდან ეძახდა, წმინდა მამა პასუხობდა: ჯერ არ განშორებულხარო. ასე პასუხობდა იმიტომ, რომ შეეჩვია გონების ჯოჯოხეთის ცეცხლში წვას, რითაც ჭეშმარიტად გაურბოდა ეშმაკს". ეშმაკთან ბრძოლაში გამოცდილმა პიმენ დიდმა იცოდა, რომ ყველაზე საშიში მტერი ამპარტავნებაა, იგი მთელი სიცოცხლის მანძილზე თვითდამდაბლებისთვის იღვწოდა და ასწავლიდა მოწაფეებს: "სადაც სატანაა, იქ ვარ მეც" სულის სიღრმეში სწამდა უფლის მრავალმოწყალება და მისგან გადარჩენას ელოდა.       ამრიგად, თვითდამდაბლება შესანიშნავი საშუალებაა იმისთვის, რომ გონება ვნებებისგან დავიცვათ. გონების წვა ჯოჯოხეთის ცეცხლში - ეს ის მდგომარეობაა, რომელიც დიდი სინანულის დროს მოდის და ღვთის მადლია. თუკი ამ მადლს ვერ მოიპოვებს ადამიანი, მაშინ მუდამ უნდა იხსენებდეს თავის მოკვდავობას და უფლის წინაშე სამსჯავროს. ესეც საკმარისია ცბიერი აზრების შემოტევების შესაჩერებლად. მას შემდეგ, რაც ადამიანი ასკეტური მეთოდით განთავისუფლდება აზრების თავდასხმებისგან, გული და გონება განიწმინდება, მაშინ სული წმიდის მადლით აივსება და სული განკურნებას იგრძნობს. განთავისუფლდება ყველა ჭრილობისგან და გადაიქცევა სამება ღმერთის ტაძრად. ადამიანი უფლის მადლის ჭეშმარიტი მსახური ხდება და იგემებს ზეციური სასუფევლის წყალობას. ასეთია ნამდვილი, ბუნებრივი ადამიანი, მადლმოსილი ღმერთკაცი.     • ამოსაბეჭდი ვერსია • ← სარჩევი …
დაამატა ლაშა to ფსიქოლოგია at 8:01pm on იანვარი 8, 2014
თემა: პროსპერ მერიმე - სულნი სალხინებლისანი
ა ცოტად თუ ბევრად ცნობილი ქალაქი, რომელსაც თავისი საკუთარი იუპიტერი არ ჰყოლოდესო. ყველამ ამ იუპიტერისაგან შექმნეს ერთი, რომელსაც თითოეული მისი თანამოსახელის თავგადასავალი მიაწერეს. ამით აიხსნება ის უამრავი გამარჯვება, რომელიც წილად ხვდა ამ ღმერთს. იგივე ბედი ეწია დონ ჟუანს, რომლის პიროვნება თითქმის ისევე სახელგანთქმულია, როგორც იუპიტერი. მარტო სევილიას რამდენიმე დონ ჟუანი ჰყავდა; ზოგიერთ სხვა ქალაქსაც შეუძლია თავის დონ ჟუანი წარმოადგინოს. თითოეულ მათგანს წინათ განსაკუთრებული ლეგენდა ჰქონდა. ჟამთა მსვლელობაში ეს ლეგენდები ერთად შედუღდა.მაგრამ თუ კარგად დავაკვირდებით, ადვილად დავინახავთ თითოეული მათგანის წილს, ყოველ შემთხვევაში, ადვილად გავარკვევთ ორ გმირს, ერთია დონ ჟუანი ტენორი, რომელიც, როგორც ცნობილია, ქვის ქანდაკებამ გაისტუმრა საიქიოს, მეორეა დონ ჟუანი დე მარანია, რომელიც სულ სხვანაირად მოკვდა.მათი ცხოვრების ამბავს ერთნაირად გვიამბობენ, მხოლოდ დასასრულია სხვადასხვანაირი. რაც შეეხება ამ ისტორიის, ანუ უკეთ ვთქვათ, ორი ისტორიის სინამდვილეს, იგი უტყუარია და ადამიანი დიდად შეურაცხყოფდა სევილიელების პროვინციულ პატრიოტიზმს, თუ ეჭვს შეიტანდა ამ დარდიმანდი გმირების არსებობაში. უცხოელებს ხშირად უჩვენებდნენ დონ ჟუან ტენორიოს სახლს, და ხელოვნების მოყვარული ადამიანი, სევილიაში ისე ვერ გაივლის, რომ მოწყალების ეკლესია არ დაათვალიეროს. იქ მას შეუძლია ნახოს რაინდ დე მარანიას საფლავი წარწერით, რომელიც მისი თავმდაბლობით ან, თუ გნებავთ, მისი ამპარტავნობით არის ნაკარნახევი: „აქ განისვენებს უსაზიზღრესი ადამიანი, რომელსაც ოდესმე ქვეყნად უცხოვრია“. განა ამის შემდეგ შეიძლება რაიმემ დაგაეჭვოს? მართალია ისიც, რომ ამ ორი ძეგლის დათვალიერების შემდეგ თქვენი ჩიჩერონე გიამბობთ, რა უცნაური წინადადება მისცა დონ ჟუანმა (არავინ იცის რომელმა) ხირალდას, ე.ი. ბრინჯაოს ქანდაკებას, რომელიც საკრებულო ტაძრის მავრულ კოშკზეა ამართული და როგორ მიიღო იგი ხირალდამ; როგორ სეირნობდა ღვინით შეზარხოშებული დონ ჟუანი მდინარე გვადალკვივირის მარცხენა ნაპირზე, ცეცხლი სთხოვა მარჯვენა ნაპირზე მოსეირნე ადამიანს, როგორ გაგრძელდა ამ უკანასკნელის ხელი (რადგან იგი თვით ეშმაკი იყო განპირობებული), გადაწვდა მდინარეს და თავისი სიგარა მიაწოდა დონ ჟუანს, რომელმაც ცეცხლი მიიღო წარბშეუხრელად და გაფრთხილების შეუმჩნევლად, იმდენად დახშული იყო მისი სული...მე შევეცადე თითოეული დახშული დონ ჟუანისთვის მიმეძღვნა ის წილი, რომელიც მას ეკუთვნის ბოროტებისა და დანაშაულის საერთო სამთავროში. უკეთესი მეთოდის უქონლობის გამო შევეცადე ჩემი გმირისათვის, დონ ჟუან მარანისათვის, მხოლოდ ის საქმეები მიმეწერა, რომელიც ხანდაზმულობის უფლებით არ ეკუთვნის დონ ჟუან ტენორიოს, ესოდენ სახელგანთქმულს ჩვენს შორის მოლიერისა და მოცარტის შედევრებით. *        გრაფი დონ კარლოს დე მარანია ერთი უმდიდრესი და უპატივცემულესი დარბაისელი იყო სევილიაში. წარმოდგებოდა სახელოვანი გვარისაგან და აჯანყებულ მორისკებთან ბრძოლაში დაამტკიცა, რომ მას არ აკლდა თავისი წინაპრების ვაჟკაცობა. ალპუხარის დამორჩილების შემდეგ, იგი სევილიაში დაბრუნდა ჭრილობიანი შუბლით და მრავალი ურჯულო ტყვე ბავშვით, რომელთა მონათვლაც თავად იდვა თავს, ვიდრე სარფიანად მიჰყიდდა ქრისტიან ოჯახებს. ჭრილობები სრულიადაც არ ამახინჯებდა და არც ხელს უშლიდა თავი მოეწონებინა ერთი კარგი ოჯახის ქალისთვის, რომელმაც მას უპირატესობა მიანიჭა მრავალ მთხოვნელს შორის. მათ ეყოლათ რამდენიმე ქალი, რომელთაგან ზოგი გათხოვდა, ხოლო ზოგი მონასტერში შევიდა. დონ კარლოს დე მარანია უკვე სასოწარკვეთილებას ეძლეოდა მემკვიდრის უყოლობის გამო, როცა მოულოდნელად ვაჟის დაბადებამ გული სიხარულით აუვსო და იმედი მისცა, რომ მისი ძველი სამკვიდრო უმცროს ხაზზე არ გადავიდოდა.ესოდენ სასურველი ვაჟი, ამ უტყუარი ისტორიის გმირი, როგორც შეეფერებოდა დიდ გვარსა და დიდი შეძლების მემკვიდრეს. ბავშვობიდანვე იგი შეუზღუდველად ასრულებდა თავის სურვილებს და მშობლების სასახლეში ვერავინ გაუბედავდა წინააღმდეგობის გაწევას. მხოლოდ დედას უნდოდა, რომ შვილი მასავით ღვთისნიერი ყოფილიყო, მამას კი ვაჟკაცურად აღზრდა სურდა. დედა ალერსისა და ტკბილეულობის შემწეობით ბავშვს ავალებდა ესწავლა ლიტანია, კრიალოსანის ხელში დაჭერა, ყველა სავალდებულო და არასავალდებულო ლოცვა. იგი მას აძინებდა სვინაქსარის კითხვით. მეორე მხრივ მამა ასწავლიდა ესპანელი რაინდების - სიდისა და ბერნარდერ კარპიოსადმი მიძღვნილ რომანსებს, უამბობდა მორისკების აჯანყებას, მთელი დღე ავარჯიშებდა ბოძალადის და შაშხანის სროლაში: სასროლ მიზნად ჰქონდა მავრივით ჩაცმული ხის კაცი, რომელიც ბაღის კუთხეში გაეკეთებინა.გრაფ დე მარანიას მეუღლის სამლოცველოში იყო ერთი სურათი, მხატვარი მორალესის მკაცრი და მაღალი სტილით შესრულებული, რომელიც განსაწმენდელის ანუ სალხინებელის ტანჯვას წარმოადგენდა. წამების ყველა სახე, რაც მხატვარს თავში მოსვლოდა, აქ ისე ზედმიწევნით იყო წარმოდგენილი, რომ თვით ინკვიზიციის ჯალათი ვერაფერს ვერ შეასწორებდა. სულნი სალხინებლისანი იქ ერთგვარ უზარმაზარ მღვიმეში იყვნენ მოთავსებულნი, მღვიმეს ზემოთ ხვრელი ჰქონდა, ხვრელის პირას ანგელოზი იდგა და ხელს უწვდიდა ამ საგოდებელიდან ამომავალ სულს, ხოლო ანგელოზის გვერდით მდგომ ხნიერ კაცს, გადაჭდობილ ხელებში კრიალოსანი ეჭირა და, როგორც ეტყობოდა, მხურვალედ ლოცულობდა. ეს კაცი იყო ამ სურათის შემწირველი; მან იგი ქალაქ ჰუესკის ეკლესიისათვის დაახატვინა. აჯანყების დროს მორისკებმა ცეცხლი წაუკიდეს ქალაქს; ეკლესიაც განადგურდა, მაგრამ სურათი გადარჩა რაღაც სასწაულით. გრაფ დე მარანიამ იგი წამოიღო და მეუღლის სამლოცველოს შესამკობად გამოიყენა, ჩვეულებრივ, როცა პაწია ჟუანიტო თავისი დედის ოთახში შედიოდა, დიდხანს უმოძრაოდ ჩერდებოდა და უცქეროდა ამ სურათს, რომელიც მას აძრწუნებდა და ხიბლავდა ერთსა და იმავე დროს. განსაკუთრებით თვალს ვერ აშორებდა ერთ ადამიანს, რომელსაც გველი გულ-ღვიძლს უგესლავდა იმ დროს, როცა იგი ფერდებში გაყრილი ჩანგლებით აღგზნებულ კოცონზე იყო ჩამოკიდებული. ვნებულს სევდიანი თვალები მიეპყრო ხვრელისთვის და თითქოს შემწირველს სთხოვდა, ელოცნა მის სახსენებლად. გრაფის მეუღლემ ჩააგონა თავის შვილს, ეს უბედური იმიტომ იტანჯება, რომ კარგად არ იცოდა კატეხიზმო, დასცინოდა მღვდელს და გონებააბნეული იდგა ეკლესიაშიო. სული, რომელიც სამოთხისაკენ მიჰქონდა, დე მარანიას ოჯახის ერთი ნათესავის სული იყო; მას ალბათ სიცოცხლეში რაღაც მცირედი შეცოდება ჩაედინა; მაგრამ გრაფმა დე მარანიამ ბევრი ილოცა მისთვის, ბევრიც მისცა სამღვდელოებას მის გამოსახსნელად ცეცხლისა და წამებისაგან და შეძლო ამ სულის გასტუმრება სამოთხეში, ისე რომ დიდხანს არ მოუხდა სალხინებელში მოწყენით ყოფნაო. - აი, ჩემო ჟუანიტო, ეუბნებოდა დედა, შეიძლება მეც ასეთ სატანჯველში ჩავვარდე, შეიძლება მეც მილიონი წლები სულთა სალხინებელში დავრჩე, თუ შენ არ აწირვინე ჩემი სულის განსატევებლად. რა ბოროტება იქნებოდა შენი მხრივ, რომ უნუგეშოდ დაგეტოვებინა დედა, რომელმაც აღგზარდა! მაშინ ბავშვი ტიროდა; და თუ ჯიბეში ორიოდე რეალი ჰქონდა, ყულაბაში უყრიდა სულთა სალხინებლის მოწესეს. მაგრამ როცა თავის მამის ოთახში შედიოდა, იგი ხედავდა შაშხანის ტყვიით შეზნექილ მუზარადს, რაც გრაფ მარანიას ეხურა ალმერიას აღების დროს და რასაც ეტყობოდა მუსულმანური ნაჯახის ნაჭდევი; ამავე ოთახს ამკობდა შუბები, ხმლები, ურჯულოთათვის წართმეული დროშები. – ეს დაშნა, ამბობდა გრაფი, მე წავართვი ვეხერის ყადს, რომელმაც იგი სამჯერ შემომკრა, სანამ მოვკლავდი. ხოლო ეს დროშა ელვირის მთის მეამბოხეებმა ამართეს. მათ გაენადგურებინათ ქრისტიანების სოფელი; მე მივიჭერი ოცი მხედრითურთ. ოთხჯერ ვცადე მათ რაზმში შევჭრილიყავი და ეს ალამი გამომეტაცა; ოთხჯერვე უკუმაქციეს; მეხუთეჯერ პირჯვარი გამოვისახე, შევძახე - წმინდაო იაკობ! - მეთქი და იმ წარმართების გუნდში შევიჭერი. ხომ ხედავ ოქროს ბარძიმს, რომელიც ჩემს ღერბს ამკობს? იგი მორიკსების ალფაკირმა მოიტაცა ეკლესიიდან, სადაც ათასნაირი სიბილწე ჩაიდინა. მისმა ცხენებმა წმინდანების ძვლები ამოიღეს და გაჰფანტეს. ალფაკირი ამ ბარძიმს გაყინული შარბათის სასმელად ხმარობდა. მე მას კარავში მივუსწარი, როცა ეს წმინდა ჭურჭელი პირთან მიჰქონდა, სანამ ალაჰის სახელის წამოძახებას მოასწრებდა, სანამ სასმელი ყელში ჩაუვიდოდა, ამ ბასრი დაშნით იმ ძაღლს გაპარსული თავი შუა გავუპე. ამ წმინდა შურისძიების მოსაგონრად მეფემ ნება დამრთო პატარა ოქროს ბარძიმი, გამეკეთებინა ჩემს ღერბში. ამას გიამბობ, ჟუანიტო, რათა ყოველივე შენს შვილებსაც უამბო: დაე, მათ იცოდნენ, რატომ არ ჰგავს სავსებით შენი ღერბი შენი პაპის დონ დიეგოს ღერბს, რომელიც აი, აქ არის დახატული მისივე სურათის ქვემოთ.ამრიგად ბავშვი გაორებული იყო ღვთისმოსაობასა და სამხედრო ხელოვნებას შორის და მთელს დღეებს თავს იქცევდა ყავრის ჯვრების გამოჭრით, ან კიდევ ხისაგან გაკეთებული ხმლით ფარიკაობას მართავდა გოგრებთან, რომლებიც მისი აზრით ძლიან ჰგავდნენ დოლბანდიანი მავრის თავებს.თვრამეტი წლის დონ ჟუანი საკმაოდ სუსტი იყო ლათინურში, მაგრამ სამაგიეროდ კარგად იცოდა წირვის წესი და სიდზე უკეთ ხმარობდა დაშნასა და მახვილს. მამა ფიქრობდა, რომ დე მარანიას გვარის აზნაურიშვილს სხვა ტალანტიც უნდა შეეძინა და გადაწყვიტა იგი სალამანკის უნივერსიტეტში გაეგზავნა. სამგზავრო სამზადისი ჩქარა მოთავდა. დედამ იგი აღჭურვა კრიალოსნებით, ავგაროზებითა და ნაკურთხი ხატებით. ამას გარდა ასწავლა მრავალი ლოცვა, რომელიც ესოდენ გამოსადეგია ცხოვრებაში. დონ კარლოსმა დაშნა აჩუქა, რომლის მოოჭვილი ტარი საგვარეულო ღერბით იყო შემკული. - დღემდეო, უთხრა მან, შენ მხოლოდ ბავშვებთან ცხოვრობდი, ამიერიდან მამაკაცებში იცხოვრებ. გახსოვდეს, რომ უძვირფასესი განძი კეთილშობილი მამაკაცისათვის მისი პატიოსნებაა; ხოლო შენი პატიოსნება მარანიათა გვარის პატიოსნებაა. უმჯობესია ჩვენი ოჯახის უკანასკნელი ყლორტი გახმეს, ვიდრე მის სახელს რაიმე ლაქა წაეცხოს! ხელში დაიჭირე ეს დაშნა, იგი დაგიცავს, თუ ვინმე თავს დაგესხა. პირველად ნურასოდეს ნუ ამოიღებ ქარქაშიდან; მაგრამ იცოდე, რომ შენს წინაპრებს იგი არასოდეს ქარქაშში არ ჩაუგდიათ, სანამ არ გაუმარჯვიათ ან შური არ უძიებიათ.სალამანკის უნივერსიტეტი ამ დროს აყვავების ხანას განიცდიდა. არასოდეს მისი სტუდენტები უფრო მრავალრიცხოვანნი არ ყოფილან, ხოლო მისი პროფესორები უფრო სწავლულნი; მაგრამ აგრეთვე მოქალაქეებსაც არასოდეს იმდენი შეწუხება არ უგრძვნიათ ამ ძნელად მოსათვინიერებელი და თავხედი ახალგაზრდებისაგან, რომელიც ქალაქში ცხოვრობდა, ან, უკეთ ვთქვათ, მეფობდა. სერენადები, ღრიანცელი, ყოველგვარი აყალმაყალი, ღამღამობით, - ასეთი იყო მათი ჩვეულებრივი დროსტარება, რომლის ერთფეროვნებას დროგამოშვებით არღვევდა ქალების მოტაცება, ჯოხების ტრიალი და ცემა-ტყეპა. დონ ჟუანმა პირველი დღეები მოანდომა მამის მეგობრებისთვის წერილების გადაცემას, პროფესორებთან სადარბაზოდ სიარულს, ეკლესიების დავლას და წმინდა ნაწილების დათვალიერებას. მამის სურვილის მიხედვით მან ერთ-ერთ პროფესორს საკმაოდ მნიშვნელოვანი თანხა გადასცა ღარიბ სტუდენტებს შორის გასანაწილებლად. ასეთმა ხელგაშლილობამ დიდი წარმატება მიანიჭა და მრავალი მეგობარი მოუპოვა დონ ჟუანს.მას სწავლის წყურვილი ჰქონდა; იგი მზად იყო სახარების სიტყვებით მიეღო ყოველივე, რაც პროფესორების ბაგეთაგან გადმოვიდოდა; და რათა არაფერი გამოჰპარვოდა, გადაწყვიტა რაც შეიძლება ახლო დამჯდარიყო კათედრასთან. როცა იგი ლექციების დარბაზში შევიდა, დაინახა, რომ ერთი ადგილი თავისუფალი იყო პროფესორის მახლობლად და იქ დაჯდა. ჭუჭყიანმა, თმადაუვარცხნელმა, ძონძებში გახვეულმა სტუდენტმა, როგორიც ბევრია უნივერსიტეტებში, ერთი წუთით თავი აიღო წიგნიდან და უაზრო გაოცებით შეხედა დონ ჟუანს. - თქვენ ამ ადგილზე ჯდებით? ჰკითხა მან თითქმის შეძრწუნებული კილოთი: განა არ იცით, რომ ჩვეულებრივ აქ დონ გარსია ნავარო ზის?დონ ჟუანმა უპასუხა, - როგორც გაგონილი მაქვს ადგილის არჩევა პირველ მოსულს ეკუთვნის და, რადგან ეს ადგილი თავისუფალი იყო, ვიფიქრე, რომ შემიძლია მისი დაჭერა, მითუმეტეს თუ ბატონ გარსიას თავისი მეზობლისათვის არ დაუკისრებია მისი შენახვა. – როგორც ვხედავ, თქვენ აქ უცხო ყოფილხართ, - უთხრა სტუდენტმა, - იმიტომ რომ ვერ იცნობთ დონ გარსიას. მაშ იცოდეთ, რომ იგი ისეთი ადამიანია, - აქ სტუდენტმა ხმა დაიდაბლა, ეტყობოდა ეშინოდა სხვა სტუდენტებს არ გაეგოთ. - დონ გარსია საშინელი ადამიანია: ვაი იმას, ვინც მას შეურაცხყოფს! მას მოკლე მოთმინება და გრძელი დაშნა აქვს: და დარწმუნებული ბრძანდებოდეთ, რომ თუ ვინმემ დაიკავა ადგილი, სადაც დონ გარსია ორჯერ მჯდარა, ეს საკმაოა, რომ ჩხუბი დაიწყოს, რადგანაც მეტად ამაყი და ფიცხია. ხოლო თუ ჩხუბი ატეხა, მაშინვე შემოკვრაზე გადადის, თუ შემოგკრა - კიდეც მოგკლავს. ამრიგად, მე თქვენ გაფრთხილებთ; თქვენ კი ისე მოიქეცით, როგორც გენებოთ.დონ ჟუანს მეტად ახირებული ეჩვენა ის გარემოება, რომ ვინმე დონ გარსია საუკეთესო ადგილებს იჩემებდა და თავსაც კი არ იწუხებდა ეს ადგილი დროზე მოსვლით მაინც დაემსახურებინა. იმავე დროს იგი ხედავდა, რომ მრავალი სტუდენტის თვალი მისკენ იყო მიპყრობილი და გრძნობდა რამდენად დამამცირებელი იქნებოდა მისთვის ამ ადგილის დატოვება. მეორე მხრივ, მას სრულიადაც არ უნდოდა მოსვლისთანავე ჩხუბი აეტეხა და ისიც ისეთ საშიშ ადამიანთან, როგორიც დონ გარსია უნდა ყოფილიყო. ამიტომ იგი შეშფოთებული იყო, არ იცოდა რა ექნა და იმავე ადგილას იჯდა ანგარიშმიუცემლად, როცა ერთი სტუდენტი შემოვიდა და პირდაპირ მისკენ გაემართა. - აი დონ გარსია, - წასჩურჩულა დონ ჟუანს მისმა მეზობელმა.გარსია მხარბეჭიანი, ტანადი ყმაწვილი იყო, მას მზით დამწვარი პირისაკენ, ამაყი გამოხედვა და დამცინავი ტუჩების მოყვანილობა ჰქონდა. გახუნებული ტანისამოსი ეცვა, რომელიც ერთ დროს შავი ფერისა უნდა ყოფილიყო, და გაცრეცილი წამოსასხამი ეხურა; მკერდზე გრძელი ოქროს ჯაჭვი ეკიდა. ცნობილია, რომ როგორც სალამანკის, ისე ესპანეთის სხვა უნივერსიტეტების სტუდენტები თითქოს თავმოყვარეობის საკითხავად სთვლიდნენ დაფლეთილი ტანისამოსის ტარებას; ალბათ ამით იმის დამტკიცება უნდოდათ, რომ ჭეშმარიტ ღირსებას არ სჭირია ბედის მიერ ნაწყალობევი სამკაულიო.დონ გარსია მიუახლოვდა სკამს, სადაც დონ ჟუანი იჯდა და ზრდილობიანად მიესალმა: - ბატონო სტუდენტო, - თქვა მან, - თქვენ ახალმოსული ბრძანდებით; მაგრამ მე მაინც კარგად ვიცი თქვენი სახელი. ჩვენი მამები დიდი მეგობრები ყოფილან და, თუ თქვენ ნებას დამრთავთ, არც შვილები იქნებიან ნაკლები.ამ სიტყვებით მან მეგობრულად ხელი გაუწოდა დონ-ჟუანს. დონ ჟუანმა, რომელიც სულ სხვა შეხვედრას ელოდა, მხურვალედ მიიღო დონ გარსიას თავაზიანობა და უპასუხა, რომ მეტად დავალებული ვიქნები ისეთი რაინდის მეგობრობით, როგორიც თქვენ ბრძანდებითო. – თქვენ ჯერ კიდევ ვერ იცნობთ სალამანკას, - განაგრძო დონ გარსიამ: - თუ მოისურვებთ, რომ წინამძღოლობა გაგიწიოთ, სიამოვნებით ყოველ კუნჭულს გაჩვენებთ ამ ქალაქში, სადაც თქვენ ცხოვრებას აპირებთ.შემდეგ იგი დონ ჟუანის მეზობელ სტუდენტს მიუბრუნდა და უთხრა: – შენ ჰეი, პერიკო, აიბარგე აქედან. ხომ არ ფიქრობ შენისთანა გლეხუჭამ ამფსონობა გაუწიოს ისეთ კეთილშობილს, როგორიც დონ ჟუან დე მარანია ბრძანდება? - ამ სიტყვებით მან ტლანქად ხელი ჰკრა სტუდენტს და მის მიერ განთავისუფლებულ ადგილზე დაჯდა.როცა ლექცია დამთავრდა, დონ გარსიამ თავისი მისამართი მისცა ახალ მეგობარს და აღთქმა დაადებინა - გინახულებო. შემდეგ გამოემშვიდობა ხელის ლამაზი და ძალდაუტანებელი მოძრაობით, მოხდენილად გაეხვია თავის დაფაცხავებულს წამოსასხამში და გავიდა.დონ ჟუანი იღლიაში გაჩრილი წიგნებით კოლეგიის გალერეაში შეჩერდა, რათა კედლის ძველი წარწერები დაეთვალიერებინა, უცებ მას მიუახლოვდა პირველად გაცნობილი სტუდენტი, თითქოს მასაც იმავე წარწერების წაკითხვა სდომებოდეს. დონ ჟუანმა თავი დაუქნია იმის ნიშნად, რომ გიცანიო და წასვლა დააპირა, მაგრამ სტუდენტმა ხელი სტაცა წამოსასხამში. – ბატონო დონ ჟუან, - თქვა მან, - თუ არ გეჩქარებათ, კეთილი ინებეთ და ორიოდე წუთი მაჩუქეთ სალაპარაკოდ. – დიდი სიამოვნებით, - უპასუხა დონ ჟუანმა და სვეტს მიეყრდნო, - გისმენთ. პერიკომ გარშემო მიმოიხედა შემკრთალი თვალებით, თითქოს ეშინია, არავინ მითვალთვალებდესო, შემდეგ დონ ჟუანს მიუახლოვდა და ყურში ჩასჩურჩულა, რაიცა ზედმეტი სიფრთხილე იყო, იმიტომ რომ მათ გარდა არავინ იმყოფებოდა ამ ფართო გოთიკურ გალერეაში. – ხომ არ შეგიძლიათ მითხრათ, ბატონო დონ ჟუან, - იკითხა მან ერთის დუმილის შემდეგ, ყრუ და თითქმის მთრთოლვარე ხმით, - მამათქვენი მართლა იცნობდა დონ გარსია ნავაროს მამას თუ არა? დონ ჟუანს სახეზე გაოცება დაეტყო: - განა თქვენ ეს არის დონ გარსიას ნათქვამი არ მოისმინეთ? – ჰო, - უპასუხა სტუდენტმა კიდევ უფრო დაბალი ხმით: - მაგრამ განა თქვენ თვით მამათქვენისაგან ოდესმე გაგიგონიათ, რომ მას ბატონი ნავარო სცნობოდეს? – ჰო, რასაკვირველია, იმათ ერთად უბრძოლიათ მორისკების წინააღმდეგ. _ძალიან კარგი; გსმენიათ თუ არა ოდესმე, რომ იმ აზნაურს... ვაჟი ჰყოლოდეს? – მართალი მოგახსენოთ, არასოდეს დიდი ყურადღება არ მიმიქცევია მამაჩემის ნათქვამისათვის ამ საგანზე... მაგრამ რა საჭიროა ეს კითხვები? განა დონ გარსია ბატონ ნავაროს ვაჟი არ არის? განა იგი უკანონო შვილია? – ვიმოწმებ ზეცას, რომ არაფერი ამის მსგავსი არ მითქვამს, - წამოიძახა შეშინებულმა სტუდენტმა და გაიხედა სვეტის უკან, რომელზეც დონ ჟუანი იყო მიყრდნობილი: - მე მხოლოდ მინდოდა მეკითხა, ხომ არ მოაღწია თქვენს ყურამდე უცნაურმა ამბავმა, რომელსაც ბევრი ლაპარაკობს ამ დონ გარსიას შესახებ? – მე არაფერი გამიგონია. – ამბობენ, რომ.... მაგრამ დაიხსომეთ, რომ მე მხოლოდ ვიმეორებ სხვისგან გაგონილს... ამბობენ, რომ დონ დიეგო ნავაროს ერთი ვაჟი ჰყავდა, რომელიც ისე მძიმედ და უცნაურად გამხდარა ავად ექვსი თუ შვიდი წლის ასაკში, რომ ექიმებს ვერაფერი უწამლიათ. მაშინ მამამ, რომელსაც სხვა შვილი არ ჰყავდა, მრავალი შესაწირავი გაგზავნა სხვადასხვა სალოცავ ადგილებში, წმინდა ნაწილები შეახებინა ავადმყოფს, მაგრამ ყოველივე ამაო აღმოჩნდა, სასოწარკვეთილებაში ჩავარდნილმა ერთ დღეს, როგორც დამარწმუნეს... წმინდა მიქელ მთავარ ანგელოზის ხატს შეხედა და უთხრა: - რადგან შენ არ შეგიძლია ჩემი ვაჟის ხსნა, მე მინდა ვსინჯო, მეტი ძალა ხომ არა აქვს ეშმაკს, რომელიც შენს ფერხთქვეშ ძევსო. – ეს საშინელი მკრეხელობაა! - წამოიძახა აღშფოთებულა დონ ჟუანმა.ცოტა ხნის შემდეგ ბავშვი მორჩა... და ეს ბავშვი დონ გარსია გახლავთ!.. – და ამ დღიდან დონ გარსიას არსებაში ეშმაკი ჩასახლდა,-თქვა სიცილით დონ გარსიამ, რომელიც იმ წუთს გამოჩნდა; როგორც ეტყობოდა, მან მთელი საუბარი მოისმინა მახლობელი სვეტის უკან დამალულმა. - ჭეშმარიტად გეტყვი, პერიკო, - უთხრა მან გაოცებულ სტუდენტს, ცივი და დამამცირებელი კილოთი, - თქვენ რომ ლაჩარი არ იყოთ, შეგანანებდით იმ სითამამეს, რაც ჩემზე ლაპარაკში გამოიჩინეთ. ბატონო დონ ჟუან , - მიმართა მან მარანიას, - როცა უკეთ გამიცნობთ, დროს აღარ დაჰკარგავთ ამ ყბედის მოსმენით. და აი, თუ გნებავთ დაგიმტკიცოთ, რომ მე ეშმაკის კერძი არა ვარ, პატივი დამდეთ და ახლავე გამომყევით წმინდა პეტრეს ეკლესიაში; როცა იქ ღვთისმოსაობის ვალს მოვიხდით, ნება დამრთეთ, უბრალო სადილზე დაგპატიჟოთ რამდენიმე ამხანაგთან ერთად.მაშინვე ხელი გაუყარა დონ ჟუანს, რომელიც დარცხვენილი იყო, რომ მიასწრეს, როცა პერიკოს უცნაურ ამბავს ისმენდა, და უყოყმანოდ მიიღო თავისი ახალი ამხანაგის წინადადება; უნდოდა დაემტკიცებინა, არავითარ მნიშვნელობას არ ვაძლევ ორიოდე წუთის წინათ მოსმენილ ცილისწამებასო.წმინდა პეტრეს ეკლესიაში შესვლისთანავე დონ ჟუანმა და დონ გარსიამ მუხლი მოიდრიკეს საკურთხევლის წინაშე, რომლის გარშემო მრავალ მორწმუნეს მოეყარა თავი. დონ ჟუანი დაბალი ხმით ლოცულობდა; და თუმცა იგი საკმაოდ დიდხანს დარჩა ასეთ მოკრძალებულ მდგომარეობაში, როცა თავი ასწია, დაინახა, რომ მისი ამხანაგი, შეპყრობილი, წყნარად ამოძრავებდა ტუჩებს; ეტყობოდა ჯერ სულიერ ჩაღრმავების საზღვრამდე არ მისულიყო. დონ ჟუანს ცოტა არ იყოს შერცხვა, რომ ასე ჩქარა გაათავა და ჩურჩულით დაიწყო ყველა იმ სავედრებლის გამეორება, რომელიც კი აგონდებოდა. მაგრამ ესეც გათავდა, ხოლო დონ გარსია მაინც არ იძროდა. დონ ჟუანმა უგულოდ კიდევ რამდენიმე პატარა ლოცვა წარმოსთქვა, მაგრამ დაინახა, რომ მისი ამხანაგი ისევ უმოძრაოდ იყო და გაიფიქრა, უფლება მაქვს ცოტათი მივიხედ-მოვიხედო და დრო შევამოკლო იმ დაუსრულებელი ლოცვის ლოდინშიო. მისი ყურადღება უწინარეს ყოვლისა მიიპყრო სამმა ქალმა, რომელნიც მუხლმოდრეკილნი იყვნენ თურქულ ხალიჩაზე. ერთი მათგანი, როგორც წლოვანებასა, სათვალესა და თავსახურავზე ეტყობოდა, აღმზრდელი ქალი უნდა ყოფილიყო. ორი დანარჩენი ახალგაზრდა და ლამაზი ქალი იყო, ისინი იმდენად თავდახრილნი იყვნენ კრიალოსანზე, რომ კაცი ვერც კი დაინახავდა მათ დიდს, ცოცხალ და მეტყველ თვალებს. დონ ჟუანმა ისეთი სიამოვნება იგრძნო ერთი ამ ქალთაგანის დანახვით, რაც ამ წმინდა ადგილს არ შეეფერებოდა. დაავიწყდა, რომ მისი ამხანაგი ლოცულობდა, ხელი შეახო და ხმადაბლა ჰკითხა: – ვინაა ეს ახალგაზრდა ქალი, რომელსაც ხელში ქარვის კრიალოსანი უჭირავს? – ესო, - უპასუხა გარსიამ სრულიად შეუშფოთებლად ხელის შეშლის მიუხედავად, - დონა ტერესა დე ონედა არის; ხოლო მეორე, მისი უფროსი და დონა ფაუსტაა, ორივე კასტილიის საბჭოს აუდიტორის შვილებია. მე უფროსს ვეტრფიალები; შენ ეცადე უმცროსი შეიყვარო. შეხედე, ისინი დგებიან და ეკლესიიდან მიდიან; დავუჩქაროთ და ეტლში ჩაჯდომისას მივუსწროთ; შეიძლება ქარმა მათი ქვედატანი ააფრიალოს და ჩვენ ერთი ან ორი ლამაზი ფეხი დავინახოთ.დონ ჟუანი იმდენად აღელვებული იყო დონა ტერესას მშვენებით, რომ ყურადღება არ მიაქცია ამ სიტყვების უმართებულობას: იგი დონ გარსიას გაჰყვა ეკლესიის ბჭემდე და შეხედა, როგორ ჩასხდნენ ეს კეთილშობილი ქალები თავიანთ ეტლში, გასცილდნენ ეკლესიიდან მოედანს და გაემართნენ გამვლელ-გამოვლელით სავსე ქუჩისაკენ. დონ გარსიამ ქუდი ჩამოიფხატა და მხიარულად წამოიძახა: – აი საუცხოო ქალები! ეშმაკის კერძი ვიყო, თუ უფროსი ჩემი არ გახდეს, სანამ ათი დღე გაივლიდეს! თქვენ რაღა ჰქენით, ცოტათი მაინც ვერ წასწიეთ წინ თქვენი საქმე უმცროსთან? – როგორ უნდა წამეწია? - ჰკითხა დონ ჟუანმა გულუბრყვილოდ, - მე ხომ მას პირველად ვხედავ! – სწორედ რომ დიდი ამბავია! - წამოიძახა დონ გარსიამ, - თქვენ გგონიათ, რომ მე დიდი ხანია ფაუსტას ვიცნობ? მაგრამ დღეს მაინც მოვახერხე და წერილი ჩავუდე ხელში, მან იგი კარგად მიიღო. – წერილი? მე არც დამინახავს, როდის დასწერეთ!.. – მე ყოველთვის თან დამაქვს გამზადებული წერილი და, რადგან შიგ სახელი არ სწერია, ყველა ქალისათვის გამოდგება, მხოლოდ კაცი უნდა ეცადოს არ იხმაროს სახიფათო ეპითეტები თვალების ან თმის ფერზე. რაც შეეხება ოხვრას, ცრემლებს და კაეშანს, ეს ყოველ ქალს ერთნაირად შეეფერება, სულ ერთია, შავგვრემანია იგი თუ ქერა, გათხოვილია თუ გაუთხოვარი.ასეთ საუბარში დონ გარსიამ და დონ ჟუანმა მიაღწიეს იმ სახლის შესასვლელს, სადაც მათ სადილი ელოდათ. ეს იყო სტუდენტური ტრაპეზი, უფრო უხვი, ვიდრე ფაქიზი და მრავალფერადი: პილპილიანი სანელებლები, მლაშე ხორცეული და მწნილი მადას აღიზიანებდა და წყურვილს იწვევდა. ამასთანავე ბლომად იყო ლამანჩისა და ანდალუზიის ღვინოც, რამდენიმე სტუდენტი, დონ გარსიას მეგობარი, მის მოსვლას ელოდა. მაშინვე სუფრას მოუსხდნენ და რამდენიმე ხნის განმავლობაში არავითარი ხმაურობა არ ისმოდა გარდა ყბების მუშაობისა და ჭიქების წკარუნისა. ჩქარა ღვინომ თანამეინახენი გაამხიარულა, და მათ ხმამაღალი ლაპარაკი დაიწყეს. იგი ეხებოდა მხოლოდ ხმალში გაწვევასა, სიყვარულსა და სტუდენტურ ცელქობის ამბებს. ერთმა მათგანმა ამხანაგებს უამბო, როგორ მოატყუა თავისი დიასახლისი და როცა ბინის ქირის გადახდის დრო მოვიდა, სწორედ წინა დღით გაიპარა ოთახიდან. მეორემ რომელიღაც სერიოზული ღვთისმეტყველი პროფესორის სახელით ღვინის ვაჭარს რამდენიმე თუნგი ღვინო შეუკვეთა და თავის ბინაზე გააგზავნინა, ხოლო პროფესორს ანგარიშის გასწორება დაუთმო. მესამემ ღამის დარაჯი გალახა; მეოთხე საყვარელთან შეიპყრეს თოკის კიბით, ეჭვიანი ქმრის სიფრთხილის მიუხედავად. ერთხანს დონ ჟუანი გაოცებული ისმენდა ამ უწესო ამბებს, დალეულმა ღვინომ თუ მოქეიფეთა მხიარულებამ ნელ-ნელა სძლია მის მორცხვობას. ეს ამბები მასში სიცილს იწვევდა; შეშურდა კიდეც ზოგიერთი თავისი ახალი ნაცნობის მოხერხება და ოინბაზობა. მას დაავიწყდა ბრძნული პრინციპები, რომლებიც უნივერსიტეტში მოიტანა, და ახლა სტუდენტების ყოფაქცევა წაბაძვის ღირსად მიიჩნია; ამ ყოფაქცევის მთავარი დებულება კი უბრალოდ იმაში მდგომარეობდა, რომ სტუდენტობა ერთ ბანაკს წარმოადგენს, ხოლო უნივერსიტეტის სიების გარეშე დარჩენილი კაცობრიობა მეორეს: ამიტომ პირველს უფლება აქვს ამ უკანასკნელს ისე მოეპყრას, როგორც ებრაელები ქანანეველებს ეპყრობოდნენო. მაგრამ რადგან ბატონი კორეხიდორი სამწუხაროდ ნაკლები პატივისცემით ეპყრობა უნივერსიტეტის წმინდა კანონებს და მხოლოდ საბაბს ეძებს, რომ სტუდენტები დაარბიოს, ეს უკანასკნელნი უნდა გაერთიანდნენ, როგორც ძმები, ერთმანეთს დაეხმარონ და, უწინარეს ყოვლისა, შეუბღალავად შეინახონ საიდუმლოებაო.ეს ჭკუის სასწავლებელი საუბარი იმდენ ხანს გაგრძელდა, სანამ ბოთლები დაიცლებოდა. როცა წვეთი ღვინო აღარ დარჩა, მსჯელობის ნიჭი ყველას საოცრად დაუჩლუნგდა და ძილი მოერია. ასე რომ მზე კიდევ შუბის ტარზე იყო, როცა ერთმანეთს გამოემშვიდობნენ და დასაძინებლად წავიდნენ. დონ ჟუანი დონ გარსიას გაჰყვა დასასვენებლად. ვერც კი მოასწრო ტყავის ლეიბზე დაწოლა, რომ დაღლილობისა და ღვინის გავლენით ღრმა ძილს მიეცა. დიდი ხნის განმავლობაში მისი სიზმრები იმდენად ბუნდოვანი და უცნაური იყო, რომ იგი მხოლოდ საერთო სისუსტეს გრძნობდა და ვერ გარკვეულიყო, რა უნდა ყოფილიყო ამის მიზეზი, მაგრამ შემდეგ ნელ-ნელა სიზმრის სახეები უფრო ნათლად და თანმიმდევრობით წარმოუდგა. მას ესიზმრებოდა, თითქოს ნავში იჯდა და რომელიღაც დიდს მდინარეზე მიცურავდა, რომელიც უფრო ფართო და მღვრიე იყო, ვიდრე ოდესმე გვადალკვივირი უნახავს ზამთარში. ნავს არც ნიჩაბი ჰქონდა, არც იალქანი, არც საჭე, ხოლო მდინარის ნაპირი უდაბური იყო. ჩქარა მდინარე შევიწროვდა, ისე რომ მას თავისუფლად შეძლო ორივე ნაპირის დანახვა და იქ მყოფთათვის თავისი ხმის მიწვდენაც. უცებ ორივე ნაპირას გამოჩნდა ორი ნათელი ფიგურა, რომელნიც მისკენ გამოემართნენ თითქოს დასახმარებლად. პირი იბრუნა მარჯვნივ და დაინახა მკაცრი და დაფიქრებული მოხუცის ფიგურა, რომელიც ფეხშიშველი იყო, ხოლო ტანზე ეკლიანი ფლასი ეცვა. იგი ხელს უწვდიდა დონ ჟუანს. მარცხენა ნაპირას მან დაინახა მაღალი, კეთილშობილი და მიმზიდველი სახის ქალი, რომელიც ყვავილების გვირგვინს უწვდიდა. იმავე დროს შეამჩნია, რომ ნავი მისი სურვილისამებრ მიდიოდა, მაგრამ არა ნიჩბებისა, არამედ მხოლოდ მისი ნებისყოფის წყალობით. იგი ემზადებოდა ნაპირზე გადამხტარიყო ქალის მხარეს, როცა მარჯვენა ნაპირიდან წამოსულმა ყვირილმა თავი მიაბრუნებინა. მოხუცს ახლა კიდევ უფრო მკაცრი შეხედულება ჰქონდა. მთელი მისი დალურჯებული და თითქოს სისხლდაცლილი სხეული შემხმარი სისხლით იყო დაფარული. ერთს ხელში მას ეკლის გვირგვინი ეჭირა, ხოლო მეორეში რკინისკბილებიანი ჯოხი. ამ სურათის დანახვაზე დონ ჟუანი შეძრწუნდა: იგი საჩქაროდ მიადგა მარცხენა ნაპირს. მოჩვენება, რომელმაც ასე მოხიბლა, კიდევ იქ იმყოფებოდა; ქალის თმა ქარს გაეშალა, მისი თვალები ზებუნებრივ ცეცხლს გაენათებინა, ხოლო გვირგვინის მაგივრად ხელში უკვე მახვილი ეპყრა. დონ ჟუანი შეჩერდა ერთ წუთს, სანამ მიწაზე გადახტებოდა, დააშტერდა მახვილს და დაინახა, რომ მახვილის პირი და ქალის ხელი გაწითლებული იყო სისხლით. იგი ძრწოლამ მოიცვა და უცებ გამოეღვიძა. თვალის გახელისთანავე ძალაუნებურად შეჰყვირა მახვილის დანახვაზე, რომელიც პრიალებდა ორიოდე ფეხის გადადგმაზე საწოლიდან, მაგრამ იგი ხელში მშვენიერ ასულს როდი ეჭირა. დონ გარსია მეგობრის გამოსაღვიძებლად მოსულიყო და, რადგან ლოგინის მახლობლად უცხოდ შემკული დაშნა დაენახა, ხელში აეღო და უცქეროდა მცოდნის თვალით. პირზე ეს წარწერა ჰქონდა: „იყავი ერთგული“, ხოლო ტარს, როგორც უკვე მოვიხსენიეთ, მარანიანთა გვარის ღერბი და დევიზი ამკობდა. – თქვენ მშვენიერი დაშნა გქონიათ, ამხანაგო, - თქვა დონ გარსიამ... - ალბათ საკმაოდ დაისვენეთ. უკვე დაღამდა, ცოტათი გავისეირნოთ, ხოლო როცა პატიოსანი მოქალაქეები თავიანთ სახლებში დაბრუნდებიან, თუ გნებავთ, წავიდეთ და სერენადა ვუმღეროთ გულის ღმერთებს.დონ ჟუანმა და დონ გარსიამ ერთხანს ისეირნეს სუფთა ტორმესის ნაპირას, სადაც ქალები ჰაერის ჩასაყლაპავად ან თავიანთი მიჯნურების სანახავად გამოსულიყვნენ. თანდათან მოსეირნეების რიცხვი შემცირდა და შემდეგ უცებ გაჰქრა. – დადგა დრო, როცა მთელი ქალაქი სტუდენტებს ეკუთვნის, - თქვა გარსიამ, - ფილისტერები ვერ გაბედავენ ხელი შეგვიშალონ უმანკო თავის გართობაში. რაც შეეხება ღამის დარაჯებს, თუ შემთხვევით მათთან რამეში შეტაკება მოგვიხდა, მე ზედმეტად მიმაჩნია იმაზე ლაპარაკი, რომ ეს არამზადები არ უნდა დავინდოთ. მაგრამ თუ ეს ყმაწვილები ბევრი აღმოჩნდნენ და საქმე ფეხის სიმარდეზე მიდგა, ნუ შეშფოთდებით: მე კარგად ვიცნობ ყოველ მოსახვევს და ყოველ შუკას; თქვენ მხოლოდ ფეხდაფეხ მომყევით და ყოველივე მშვენივრად მოეწყობა.ამ ლაპარაკის დროს მან მარცხენა მხარზე გადაიგდო თავისი წამოსასხამი იმნაირად, რომ თითქმის მთელი ტანი დაიფარა, მხოლოდ მარჯვენა ხელი დატოვა თავისუფლად. დონ ჟუანმაც იგივე ჰქნა და შემდეგ ორივენი იმ ქუჩისაკენ გაემართნენ, სადაც დონა ფაუსტი და მისი და ცხოვრობდნენ. როცა ერთ-ერთი ეკლესიის კარიბჭეს ჩაუარეს, დონ გარსიამ დაუსტვინა. უცებ გაჩნდა მისი პაჟი, რომელსაც ხელში გიტარა ეჭირა. დონ გარსიამ საკრავი ჩამოართვა, ხოლო პაჟი გაისტუმრა. – როგორც ვხედავ, - თქვა დონ ჟუანმა, - როცა მეგობრებმა ვალიადოლიდის ქუჩას მიაღწიეს, - თქვენ გინდათ თქვენი სერენადის მცველად გამომიყვანოთ; დარწმუნებული იყავით, რომ მე შევძლებ თქვენი ნდობის დამსახურებას. ჩემს სამშობლო სევილიაში სამუდამოდ შევრცხვებოდი, რომ ქუჩის დაცვა არ შემძლებოდა თავდამსხმელებისაგან. – მე სრულიადაც თქვენი დარაჯად დაყენება არ მინდა, - უპასუხა დონ გარსიამ. - მე აქ სიყვარულმა მომიყვანა, აგრეთვე თქვენც. ყოველ ჩვენგანს თავისი გარეული ფრინველი ჰყავს მოსანადირებელი. სსს! აი სახლიც, თქვენ იმ ფანჯარასთან დადექით, მე აქ დავდგები, და მზად ვიყოთ!დონ გარსიამ გიტარა ააწყო და საკმაოდ სასიამოვნო ხმით დაიწყო რომანსის დამღერება, სადაც, როგორც მიღებულია, ლაპარაკი იყო ცრემლებზე, ოხვრასა და ამგვარ რამეებზე, არ ვიცი, თვით მისი შეთხზული იყო თუ არა.მესამე თუ მეოთხე სეგიდილიას შემდეგ ორივე ფანჯრის დარაბა წყნარად გაიღო და ნელი ჩახველება მოისმა. ეს იმას ნიშნავდა, რომ გისმენთო. დონ გარსიამ ქვაზე დადო თავისი გიტარა და დაბალი ხმით საუბარი გააბა ერთ-ერთ ფანჯარაში მდგომ ქალთან.დონ ჟუანმაც ზევით აიხედა და დაინახა, რომ ფანჯრიდან მას ქალი უცქეროდა ყურადღებით. ცხადი იყო, ეს დონ ფაუსტას და უნდა ყოფილიყო, რომელიც საკუთარმა გემოვნებამ და მეგობრის არჩევანმა მისი ოცნების ქალბატონად გახადა. მაგრამ დონ ჟუანი ჯერ კიდევ მორცხვი და გამოუცდელი იყო და არ იცოდა, როგორ დაეწყო. უცებ ფანჯრიდან ცხვირსახოცი გადმოვარდა და თან ნაზი ხმა გაისმა: „ოჰ, ღმერთო ჩემო! ცხვირსახოცი გადამივარდა“. დონ ჟუანმა ცხვირსახოცი აიღო, მახვილის წვერს მიაბა და ფანჯარაში მიაწოდა. ეს საუკეთესო საშუალება იყო საქმის გასაჩარხავად. იმავე ხმამ დაიწყო მადლობის გადახდა; შემდეგ იკითხა, ბატონი რაინდი, რომელმაც ესოდენ თავაზიანობა გამოიჩინა დილით წმინდა პეტრეს ეკლესიაში ხომ არ ბრძანებულაო, - დონ ჟუანმა უპასუხა, დიახ, გახლდით და სულიერი მშვიდობა იქ დავკარგეო. - როგორ? - თქვენი დანახვის წყალობითო.ყინული უკვე გატეხილი იყო. დონ ჟუანი სევილიელი იყო და ზეპირად იცოდა ყველა მავრული რომანსი, რომლის ენა ესოდენ მდიდარია სიყვარულის სიტყვებით, ამიტომ მისთვის ძნელი არ იყო მჭერმეტყველების გამოჩენა. საუბარი დაახლოებით ერთს საათს გაგრძელდა. ბოლოს ტერესამ წამოიძახა, მამაჩემის ფეხის ხმა მესმის და უნდა ერთმანეთს განვშორდეთო. მაგრამ მიჯნურები ქუჩაში იდგნენ, სანამ ერთხელ კიდევ ფანჯარაში ორი პატარა ხელი არ გამოჩნდა და თითოეულ მათგანს იასამნის შტო არ გადმოუგდო. დონ ჟუანი დასაძინებლად წავიდა, მისი თავი მომაჯადოვებელი სახეებით იყო სავსე. რაც შეეხება დონ გარსიას, იგი ღვინის სარდაფში შევიდა და თითქმის მთელი ღამე იქ გაატარა.მეორე საღამოს ხელახლა დაიწყო ოხვრა და სერენადები. იგივე განმეორდა რამდენიმე დღეს. სათანადო წინააღმდეგობის გაწევის შემდეგ ქალები დათანხმდნენ თმის კულულები გაეცვალათ თავიანთი მიჯნურებისათვის და ძაფის შემწეობით მოახდინეს ამ სიყვარულის საწინდრის გაცვლა-გამოცვლა. დონ გარსია ისეთი ადამიანი არ იყო, რომ ამ წვრილმანით დაკმაყოფილებულიყო და ლაპარაკი ჩამოაგდო თოკის კიბესა და გასაღებზე; მაგრამ ქალებმა ეს გადაჭარბებულ სითამამედ მიიჩნიეს, და მისი წინადადება თუ უარყოფილი არა, ყოველ შემთხვევაში, გადადებულ იქნა.თითქმის მთელი თვის განმავლობაში დონ ჟუანი და დონ გარსია უნაყოფოდ ღუღუნებდნენ თავიანთი სატრფოების ფანჯრებთან. ერთ ბნელ ღამეს ისინი თავიანთ ჩვეულებრივ სადარაჯოზე იდგნენ, და საუბარი მიმდინარეობდა ორივე მსმენელის სასიამოვნოდ, რომ ქუჩის თავში შვიდი თუ რვა მამაკაცი გამოჩნდა, წამოსასხამებში გამოწყობილი; სამ თუ ოთხ მათგანს ხელში მუსიკალური საკრავი ეჭირა. – ღმერთო ჩემო, - წამოიძახა ტერესამ, - აი დონ ქრისტობალეც მოდის, რათა სერენადა გვიმღეროს, თუ ღმერთი გწამთ, ახლავე წადით, თორემ რაიმე უბედურება მოხდება!ჩვენ არავის დავუთმობთ ასეთ მშვენიერ ადგილს, - შესძახა დონ გარსიამ, შემდეგ მაღალი ხმით მიმართა რაინდს, რომელიც წინ მოდიოდა; - რაინდო, ეს ადგილი დაკავებულია და ამ ქალბატონებს სრულიადაც არ ეპრიანებათ თქვენი მუსიკა; კეთილინებეთ, და სხვაგან სცადეთ თქვენი ბედი. – აქ ვიღაც არამზადა სტუდენტი გზაზე გვეღობება! - იმწუთშივე ორი მისი თანხმლების მახვილმაც გაიელვა. დონ გარსიამ მკვირცხლად ხელზე შემოიხვია თავისი წამოსასხამი. დაშნა შეათამაშა ჰაერში და დაიძახა: - ჩემკენ სტუდენტებო! მაგრამ არავინ იყო ახლო-მახლო. მემუსიკეებს შეეშინდათ, რომ შეტაკებაში საკრავები დაემტვრეოდათ და გაიქცნენ დარაჯების დასაძახებლად, ხოლო ფანჯარაში გადმომდგარი ქალები შველას სთხოვდნენ სამოთხის ყველა წმინდანს.პირველად დონ ჟუანი შეეჯახა დონ ქრისტობალეს და იძულებული გახდა თავი დაეცვა. მისი მოწინააღმდეგე მარდი იყო, ამას გარდა მარცხენა ხელზე პატარა რკინის ფარი ჰქონდა, რომლითაც იგი შემოკვრას იგერიებდა. დონ ჟუანს კი არაფერი გააჩნდა გარდა თავის დაშნისა და წამოსასხამისა, დიდად შეჭირვებულს მდგომარეობაში მას გაახსენდა თავისი სამხედრო ოსტატის, ბატონ უბერტის მიერ ნასწავლი წესი. იგი მარცხენა ხელზე დაეცა, ხოლო მარჯვენათი დონ ქრისტობალეს ფერდში, საფარს ქვემოთ დაშნა ატაკა ისეთი სიძლიერით, რომ ფოლადი ერთი მტკაველის სიგრძეზე შევიდა სხეულში და გადატყდა კიდეც. დონ ქრისტობალემ დაიღრიალა და ძირს დაეცა თავისივე სისხლის მორევში. ამ შეტაკების დროს, რომელიც ერთი თვალის დახამხამებაში გათავდა, დონ გარსია ვაჟკაცურად თავს იცავდა ორი მოწინააღმდეგისაგან, რომელთაც მაშინვე მოკურცხლეს, როგორც კი ბელადი წაქცეული დაინახეს. – ახლა კი თავს ვუშველოთ, - წამოიძახა დონს გარსიამ, - ხუმრობის დრო აღარ არის, მშვიდობით, ჩემო ლამაზებო! და მან თან გაიტაცა დონ ჟუანი, რომელიც შეშფოთებული იყო თავისი გამარჯვებით. როცა სახლს მიუახლოვდნენ, დონ გარსია შეჩერდა და თავის მეგობარს ჰკითხა, რა უყავი დაშნაო. – ჩემი დაშნა! - წამოიძახა დონ გარსიამ, - ტარზე ხომ თქვენი სახელი და გვარია ამოჭრილი.ამ დროს მახლობელი სახლებიდან ხალხი გამოვარდა ლამპრებით და თავი მოიყარა მომაკვდავის გარშემო. ქუჩაში მეორე მხრიდან შეიარაღებული კაცები მოისწრაფოდნენ, უეჭველი, ეს ღამის დარაჯები იყვნენ, რომელნიც მემუსიკეების ყვირილსა და ბრძოლის ხმას მოეზიდა.დონ გარსიამ ჩამოიფხატა ქუდი, წამოსასხამით დაიფარა პირისახის ქვედა ნაწილი, რათა არავის ეცნო, და საფრთხის მიუხედავად ბრბოში შეიჭრა: ფიქრობდა, თუ დაშნა ვერ ვიპოვე, დამნაშავეს უეჭველად აღმოაჩენენო. დონ ჟუანი უცქეროდა, როგორ ურტყამდა იგი მარჯვნივ და მარცხნივ, აქრობდა ლამპრებს და ძირს ამხობდა ყველაფერს, რაც კი გზაზე ეღობებოდა. ჩქარა უკანვე მოვარდა, თითო ხელში თითო დაშნა ეჭირა: დარაჯების მთელი რაზმი უკან მოსდევდა. – ეჰ, დონ გარსია, - წამოიძახა დონ ჟუანმა და გამოწვდილი დაშნა გამოართვა, - როგორი მადლობელი ვარ! – გავიქცეთ, გავიქცეთ! - შესძახა დონ გარსიამ, - უკან მომდიეთ და თუ რომელიმე არამზადა დაგეწიათ, მასაც ისევე მოხერხებულად აძგერეთ, როგორც იმ რაინდს.ორივემ მოკურცხლეს, რაც ძალი და ღონე ჰქონდა, მათი ძალ-ღონე ამ შემთხვევაში გაათკეცებული იყო ქალაქის მოურავის შიშით. ეს ხელისუფლება საფრთხობელას წარმოადგენდა სტუდენტებისა და ავაზაკებისათვის.დონ გარსია თავისი ხუთი თითივით იცნობდა სალამანკას და მაქოსავით მიძვრებოდა ვიწრო ქუჩებში, მისი ამხანაგი კი გამოუცდელი იყო და დიდის გაჭირვებით მიჰყვებოდა უკან. ისინი უკვე არაქათგამოლეულნი იყვნენ, როცა ერთი ქუჩის კუთხეში სტუდენტების ჯგუფს შეეჩეხნენ, რომელნიც სიმღერითა და გიტარაზე დაკვრით დასეირნობდნენ. როგორც კი სტუდენტებმა დაინახეს, რომ მათ ამხანაგებს მოსდევდნენ, ხელი სტაცეს ქვებს, ჯოხებსა და ყოველგვარ შესაძლებელ იარაღს, ქანცგაწყვეტილმა მოისრეებმა შეუძლებლად სცნეს სტუდენტებთან ჩხუბის ატეხა. მათ გაცლა ამჯობინეს და ორივე დამნაშავე ცოტა ხნით მახლობელ ეკლესიას შეეფარა დასასვენებლად.კარიბჭეში დონ ჟუანს უნდოდა ქარქაშში ჩაეგდო თავისი დაშნა, იმიტომ, რომ როგორც ქრისტიანს, შეუფერებლად მიაჩნდა ღვთის სახლში შიშველი იარაღით შესვლა, მაგრამ ქარქაში წინააღმდეგობას უწევდა, და ფოლადი გაჭირვებით შედიოდა; ერთი სიტყვით, მან დაინახა, რომ დაშნა, რომელიც ხელთ ეჭირა, მისი არ იყო; ცხადი იყო, დონ გარსიას, სიჩქარის გამო, პირველი ხელში მოხვედრილი დაშნა წამოეღო, იგი ალბათ ან მიცვალებულისა იყო, ან რომელიმე მისი თანამგზავრისა. საქმე რთულდებოდა, დონ ჟუანმა მაშინვე გააფრთხილა თავისი მეგობარი, რომელიც უკვე საიმედო მრჩევლად მიაჩნდა.დონ გარსიამ შუბლი შეჭმუხნა, ტუჩები მოიკვნიტა, ქუდი ჩამოიფხატა და მოუსვენრად ბოლთის ცემა დაიწყო, ხოლო დონ ჟუანი ერთ ადგილას იდგა გაოგნებული და უსიამოვნო აღმოჩენის გამო და სინდისის ქენჯნას განიცდიდა. ნახევარი საათის ფიქრის შემდეგ, რის განმავლობაში დონ გარსიამ იმდენი მგრძნობიარობა გამოიჩინა, რომ ერთხელაც საყვედური არ უთქვამს, როგორ გაგივარდათ დაშნაო, ხელი მოჰკიდა დონ ჟუანს და უთხრა: - გამომყევით, მე მოვაგვარებ თქვენს საქმეს.ამ დროს მღვდელი გამოვიდა ეკლესიის საკურთხევლიდან და ქუჩაში გასვლას აპირებდა; დონ გარსიამ შეაჩერა. – თუ არ ვცდები პატივი მაქვს ველაპარაკო მეცნიერ ლიცენციატ გომეცს? - თქვა მან და თავი მდაბლად დახარა. – მე ჯერ არ ვარ ლიცენციატი, - უპასუხა მღვდელმა, რომელიც ეტყობოდა დიდად ნასიამოვნები იყო ამ პირფერობით, - მე მანუელ ტორდოიას მიწოდებენ და მზად ვარ გემსახუროთ. – მამაო, - უთხრა დონ გარსიამ, - თქვენ სწორად ის პირი ბრძანდებით, რომელთანაც მე მსურდა მომელაპარაკნა, საქმე შეეხება სინდისის კაზუსს და, თუ არ ვცდები, თქვენ ბრძანდებით ავტორი ცნობილი ტრაქტატის „ბუნებისათვის სინიდისისა“, რომელმაც ესოდენ მითქმა-მოთქმა გამოიწვია მადრიდში.მღვდელმა, რომელიც ქედმაღლობის ცოდვით იყო შეპყრობილი, წაილუღლუღა, რომ იგი არ იყო ავტორი ამ წიგნისა (რომელიც, ჩვენს შორის რომ ვთქვათ, არასოდეს არ არსებულა), მაგრამ ბევრს მუშაობდა მსგავსი საგნების გამოსარკვევად. დონ გარსიას გრძელი ლაპარაკისათვის არ ეცალა და უთხრა: - აი, მამაო, მოკლედ იმ საქმის შინაარსი, რისთვისაც თქვენი რჩევა მჭირდება. ერთს ჩემს მეგობარს დღეს, ერთი საათიც არ არის მას შემდეგ, ქუჩაში ვიღაცამ მიმართა შემდეგი სიტყვებით: რაინდო, მე აქ მახლობლად ბრძოლაში გამიწვიეს, ჩემს მოწინააღმდეგეს უფრო გრძელი დაშნა აქვს, ვიდრე მე; პატივი დამდეთ და თქვენი დაშნა მათხოვეთ, რათა თანასწორ პირობებში ვიბრძოლოთო. ჩემმა მეგობარმა მახვილი გაუცვალა იმ კაცს, ერთხანს ქუჩის კუთხეში უცდიდა საქმის გათავებას. როცა მახვილების წკრიალი შეწყდა, მან რამდენიმე ნაბიჯი წინ წადგა, და რას ხედავს? მიწაზე გდია მოკლული კაცი, რომელიც მის მიერ ნათხოვარი დაშნით არის განგმირული. ამის შემდეგ იგი სასოწარკვეთილებაში იმყოფება, თავის თავს ჰკიცხავს თავაზიანობისათვის და შიშობს, რომ მომაკვდინებელი ცოდვა ჩაიდინა. მე ვცდილობ მის დამშვიდებას; მგონია, მან მისატევებელი ცოდვა ჩაიდინა იმიტომ, რომ დაშნა რომ არ ეთხოვებინა, ის ორი კაცი ერთმანეთს უსწორო იარაღით შეებრძოლებოდნენ. რას ფიქრობთ, მამაო? თქვენც ჩემი აზრის ბრძანდებით?მღვდელი დიდი ოსტატი არ იყო კაუზისტიკაში, მან ყურები ცქვიტა და შუბლის სრესა დაიწყო, როგორც ადამიანმა, რომელიც ციტატას დაეძებს, დონ ჟუანს კარგად ესმოდა საით უმიზნებდა დონ გარსია, მაგრამ არაფერი დაუმატა მის ნათქვამს, რადგან ეშინოდა საქმე არ გაეფუჭებინა. – მამაო, - განაგრძო გარსიამ, - როგორც ჩანს, საკითხი მეტად რთულია, რაკი ისეთი დიდი მეცნიერი, როგორიც თქვენ ბრძანდებით, ყოყმანობს მის გადაჭრაში. თუ ნებას დაგვრთავთ, ხვალ გეახლებით თქვენი აზრის გასაგებად, მანამდე კი გთხოვთ ილოცოთ ან სხვა ალოცვინოთ მიცვალებულის სულის მოსახსენიებლად. ამ სიტყვებისთანავე მღვდელს ხელში ორი თუ სამი დუკატი ჩაუდო, რამაც მისი გული საბოლოოდ დაუმორჩილა ამ ღვთისნიერ, სინდისიერ და ხელგაშლილ ყმაწვილებს. მან ისინი დაარწმუნა, ხვალ ამავე ადგილას ჩემს აზრს გადმოგცემთ წერილობითი. დონ გარსიამ მადლობა გადაუხადა გულმხურვალედ, შემდეგ დაუმატა გულგრილი ტონით, თითქოს ლაპარაკი უმნიშვნელო წვრილმანს ეხებოდა, ვშიშობთ, რომ მართლმსაჯულებამ პასუხისმგებელნი არ გაგვხადოს ამ მკვლელობისათვის, ხოლო ღმერთთან, იმედია, თქვენ შეგვარიგებთო. – მართლმსაჯულების მხრივ თქვენ არაფერი საფრთხე არ მოგელით, - თქვა მღვდელმა, - რაკი თქვენმა მეგობარმა მხოლოდ დაშნა ათხოვა, იგი კანონით ბოროტმოქმედებს თანამოზიარედ არ ჩაითვლება. – ჰო, მამაო, მაგრამ თვით მკვლელი გაიქცა. იქ ჭრილობას გასინჯავენ, შეიძლება სისხლიანი დაშნაც იპოვონ... რა ვიცი? ამბობენ, რომ კანონის დამცველები საშინელი ადამიანები არიან. – ჰო, მაგრამ თქვენ მოწმე ხართ, რომ მახვილი განათხოვრებული იყო? – რასაკვირველია, - უპასუხა დონ გარსიამ, - მე ამას დავადასტურებ მთელი სამეფოს სამსჯავროს წინაშე, გარდა ამისა, - განაგრძო მან შემპარავი ხმით, თქვენც შეგიძლიათ დაშნის გაცვლის ამბავი დაამოწმოთ... აი საბუთი. მან დონ ჟუანს დაშნა გამოართვა. – შეხედეთ ამ დაშნას, - თქვა მან, - იგი არ ეტევა ქარქაშში. მღვდელმა თავი დაუქნია იმის ნიშნად, რომ მჯერა თქვენი მოყოლილი ამბავიო. იგი უსიტყვოდ ხელით სწონიდა მიღებულ დუკატებს და შიგ უცილობელ საბუთს პოულობდა ამ ორი ყმაწვილის სასარგებლოდ. – ესეც არ იყოს, მამაო, - თქვა დონ გარსიამ მეტად ღვთისნიერი ხმით, - რას ნიშნავს მართლმსაჯულება? ჩვენ უმთავრესად ზეცასთან გვსურს შერიგება. – ხვალამდის შვილებო, - თქვა მღვდელმა და წასვლა დააპირა. – ხვალამდის , - უპასუხა დონ გარსიამ, - ხელზე გკოცნით და თქვენი იმედით ვრჩებით. მღვდლის წასვლისთანავე დონ გარსია მხიარულად შეხტა. – გაუმარჯოს სიმონიას, - წამოიძახა მან: - იმედია, ჩვენი მდგომარება გამოსწორდება. თუ მართლმსაჯულება კარზე მოგვადგა, ეს კეთილი მღვდელი იმ დუკატების გულისთვის, რაც უკვე მიიღო და რასაც მომავალში მოელის, მზად არის დაამოწმოს, რომ ჩვენ ისე უდანაშაულონი ვართ იმ რაინდის სიკვდილში, როგორც ახლად დაბადებული ბავშვი. ახლა კი შინ შედით, მაგრამ ფრთხილად იყავით და კარს ნურავის გაუღებთ; მე კი ქალაქში გავივლ-გამოვივლი და გავიგებ რა ხდება.დონ ჟუანი თავის ოთახში შევიდა და საწოლზე დაეცა გაუხდელი. მთელი ღამე თვალი არ დაუხუჭავს, თავის მიერ ჩადენილი მკვლელობისა და განსაკუთრებით, მოსალოდნელ შედეგებზე ფიქრობდა. ყოველთვის, როცა ქუჩაში მიმავალი კაცის ფეხის ხმა მოესმოდა, ეგონა, ჩემს დასაჭერად მოდიანო. მაგრამ რადგან დაქანცული იყო და თავი სტუდენტური სადილის წყალობითაც დამძიმებული ჰქონდა, განთიადისას ჩაეძინა. *        უკვე საკმაოდ გამოძინებული იყო, როცა მსახურმა გააღვიძა და უთხრა, ვიღაც რიდეჩამოფარებულ ქალს სურს თქვენი ნახვაო. იმავე წუთში ქალი ოთახში შემოვიდა. იგი შავ წამოსასხამში იყო გახვეული, მხოლოდ ცალი თვალი უჩანდა. ეს თვალი მან ჯერ მსახურს მიაპყრო, შემდეგ დონ ჟუანს, თითქოს იმის სანიშნებლად, რომ მოწმის დასწრება არ მსურს ლაპარაკის დროსო. მსახური მაშინვე გავიდა. ქალი დაჯდა და დონ ჟუანს დააცქერდა დიდის ყურადღებით. საკმაოდ ხანგრძლივი დუმილის შემდეგ მან დაიწყო: – ბატონო რაინდო, ჩემი ქცევა ცოტა არ იყოს უცნაურია, და თქვენ უეჭველად ცუდი წარმოდგენა გექნებათ ჩემს შესახებ; მაგრამ როცა იმ ზრახვებს გაიცნობთ, რამაც აქ მომიყვანა, აღარ გამკიცხავთ. გუშინ თქვენ ბრძოლა გქონდათ ერთ აქაურ რაინდთან... – მე, ქალბატონო! - წამოიძახა გაფითრებულმა დონ ჟუანმა. - გუშინ არც კი გამოვსულვარ ამ ოთახიდან... – აზრი არა აქვს თავის მოკატუნებას ჩემს წინაშე, მე თქვენ გულახდილობის მაგალითი უნდა მოგცეთ, - ამ სიტყვების წარმოთქმისთანავე ქალმა წამოსასხამი გაიხსნა და დონ ჟუანმა დონა ტერესა იცნო, - ბატონო დონ ჟუან, - განაგრძო სახეშეწითლებულმა ქალმა, - უნდა გამოგიტყდეთ, რომ თქვენმა ვაჟკაცობამ დიდად გააღვივა ჩემი გრძნობა თქვენდამი. ჩემი აღელვების მიუხედავად, მე შევამჩნიე, რომ თქვენი მახვილი გატყდა და თქვენ იგი ძირს დააგდეთ ჩვენი სახლის შემოსასვლელთან. იმ დროს, როცა ხალხი დაჭრილის გარშემო ფუსფუსებდა, მე ძირს ჩავედი და მახვილის ტარი ავიღე. დათვალიერების დროს თქვენი გვარი ამოვიკითხე და მაშინვე მივხვდი, რა ხიფათი მოგელოდათ, თუ იგი თქვენს მტრებს ჩაუვარდებოდა ხელში. აჰა, მიიღეთ, დიდად ბედნიერი ვარ, რომ მისი გადმოცემა შევძელი.როგორც მოსალოდნელი იყო, დონ ჟუანი მუხლებზე დაეცა, მადლობა გადაუხადა სიცოცხლის ჩუქებისათვის, მაგრა ისიც უთხრა, რომ ეს საჩუქარი არაფრად მიღირს, იმიტომ რომ სულ ერთია სიყვარულით მკლავთო. დონა ტერესას ეჩქარებოდა და დაუყონებლივ უნდოდა წასვლა; მაგრამ დონ ჟუანის სიტყვები იმდენად სიამოვნებდა, რომ ვერ გადაწყვიტა განშორება. თითქმის ერთმა საათმა განვლო ამრიგად აღსავსე საუკუნო სიყვარულის შეფიცვით, ხელების კოცნით, მუდარით ერთის მხრივ, სუსტი უარის თქმით მეორე მხრივ. უცებ დონ გარსია შემოვიდა და შეწყვიტა პაემანი. იგი ოდნავაც არ შეშფოთებულა. უწინარეს ყოვლისა დონა ტერესას დამშვიდებას შეეცადა. დიდად შეაქო მისი გამბედაობა, სულიერი მხნეობა და გაათავა იმით, რომ სთხოვა, მიშუამდგომლეთ თქვენს დასთან, ერთხელ მაინც ადამიანურად მიმიღოსო. დონა ტერესამ აღუთქვა თხოვნის შესრულება, წამოსასხამში გაეხვია; აღთქმა დასდო, საღამოს ჩემს დასთან ერთად დანიშნულ ადგილას მოვალ სასეირნოდ და წავიდა. – ჩვენი საქმეები კარგად ეწყობა, თქვა დონ გარსიამ, როცა ახალგაზრდები მარტო დარჩნენ. - არავის ეჭვი არა აქვს თქვენზე. ქალაქის მმართველმა, რომელიც ალმაცერად მიყურებს, პატივი მცა და უწინარეს ყოვლისა მე გამიხსენა. იგი დარწმუნებული იყო რომ დონ ქრისტობალე მე მოვკალი და იცით რამ შეაცვლევინა ეს შეხედულება? უთხრეს, მთელი საღამო დონ ჟუანთან გაატარაო; თქვენ კი, ჩემო კარგო, ისეთი სიწმინდის სახელი გაქვთ გავარდნილი, რომ შეგიძლიათ ნაწილი სხვასაც მიჰყიდოთ. ასეა თუ ისე, ჩვენზე არავინ ფიქრობს. ამ ჩვენ პატარა ტერესას ოინი უზრუნველყოფს მომავლისათვის: ამიტომ ნუღარ დავღონდებით და მხოლოდ დროსტარებისათვის ვიზრუნოთ. – ეჰ, გარსია, - წამოიძახა დონ ჟუანმა სევდიანად, - მოყვასის მოკვლა დიდად სამწუხარო ამბავია! – მე ვიცი უფრო სამწუხარო ამბები, - უპასუხა დონ გარსიამ, - ეს ისაა, როცა ერთი მოყვასთაგანი ჩვენ გვკლავს, ხოლო კიდევ უფრო სამწუხაროა, როცა ადამიანი მთელი დღე უსადილოდ უნდა გაატარო. ამიტომ გეპატიჟები, დღეს მეგობრებთან ერთად ვისადილოთ, ისინი აღტაცებულნი იქნებიან თქვენი შეხვედრით. - ამ სიტყვების წარმოთქმისთანავე გავიდა.სიყვარულმა უკვე ძლიერ შეასუსტა ჩენი გმირის სინდისის ქენჯნა; ხოლო თავმოყვარეობამ იგი სრულიად ჩაახშო. სტუდენტებმა, რომლებთანაც მან გარსიას ბინაზე ისადილა, მასპინძლისაგან გაიგეს ვინ იყო დონ ქრისტობალეს ნამდვილი მკვლელი. ეს ქრისტობალე ცნობილი რაინდი იყო თავისი ვაჟკაცობითა და სიმარჯვით და შიშის ზარს სცემდა სტუდენტებს. ამიტომ მისმა სიკვდილმა მხოლოდ მხიარულება გამოიწვია, და მისი ბედნიერი მოწინააღმდეგე დიდად შეაქეს, მათი თქმით, დონ ჟუანი უნივერსიტეტის დიდება, საუკეთესო ყვავილი, დედაბოძი იყო, მისი სადღეგრძელო დიდი აღფრთოვანებით დალიეს, და ერთმა მურციელმა სტუდენტმა მის შესაქებად იქვე სონეტი შეთხზა, რომელშიც იგი ესპანელ ეროვნულ გმირებს სიდს და ბერნალდო დელ კარპიოს შეადარა. სუფრიდან აშლის შემდეგაც დონ ჟუანის გული დამძიმებული ჰქონდა; მაგრამ მას რომ დონ ქრისტობალეს მკვდრეთით აღდგენის ძალა მისცემოდა, საეჭვოა, მართლა გაეცოცხლებინა, რადგან ეშინოდა ის პატივისცემა და სახელი არ დაეკარგა, რაც ამ მკვლელობამ მთელ სალამანკას უნივერსიტეტში მოუპოვა.დაღამებისთანავე ორივე მხარე კეთილსინდისიერად გამოცხადდა პაემანზე, რომლიც ტორმესის ნაპირას იყო დანიშნული. დონა ტერესამ ხელში ჩასჭიდა დონ ჟუანს (ხელის გაყრა ჯერ კიდევ არ იყო მიღებული), ხოლო დონა ფაუსტამ დონ გარსიას. ცოტა ხნის შემდეგ წყვილები ერთმანეთს განშორდნენ დიდად ნასიამოვნები და აღთქმა დადეს, რომ ყოველი შემთხვევა გამოეყენებინათ ერთმანეთის სანახავად.დებთან განშორების შემდეგ მათ რამდენიმე ბოშა ქალი შემოხვდათ, რომელნიც ეჟვნიან დაირაზე ცეკვავდნენ სტუდენტების წრეში. დონ გარსია და დონ ჟუანიც იმათში გაერივნენ. მოცეკვავე ქალები მოეწონა დონ გარსიას, და გადაწყვიტა მათი ვახშმად წაყვანა. წინადადება მაშინვე მიღებულ იქნა. დონ ჟუანიც თან გაჰყვა როგორც ერთგული აქატი.იგი გააღიზიანა ერთო ბოშა ქალის შენიშვნამ, მორჩილის შეხედულება გაქვსო, და შეეცადა დაემტკიცებინა, რომ ეს სახელი არ შეეფერებოდა. იმდენი ილანძღა, იცეკვა, ითამაშა და სხვა, რასაც მეორე კურსის ორი სტუდენტიც ვერ იზამდა ერთად.დიდად გაჭირდა მისი შინ მიყვანა ნაშუაღამევს; ზომაზე მეტად მთვრალი და ისე გაბრაზებული იყო, რომ სალამანკის დაწვა უნდოდა და შემდეგ მთელი ტორმესის შესმა, რათა ხელი შეეშალა ცეცხლის ჩაქრობისათვის.ამრიგად დონ ჟუანი თანდათან ჰკარგავდა იმ ბედნიერ თვისებებს, რომელიც ბუნებამ და აღზრდამ მიანიჭა. მესამე თვის ბოლოს სალამანკაში მოსვლის დღიდან მან დონ გარსიას ხელმძღვანელობით საბოლოოდ შეაცდინა საბრალო დონა ტერესა; მისმა ამხანაგმა თავის მხრივ ერთი კვირით თუ ათი დღით ადრე მიაღწია თავის მხრივ მიზანს. თავდაპირველად დონ ჟუანს უყვარდა თავისი სატრფო მთელი იმ სიყვარულით, რასაც მისი ხნის ჭაბუკი იჩენს პირველი ქალისადმი, რომელიც მას დანებდება; მაგრამ დონ გარსიამ ადვილად დაუმტკიცა, რომ ერთგულება მოჩვენებითი სათნოებააო, და თუ სტუდენტურ ორგიებში სხვანაირად მოიქცა, ვიდრე შენი ამხანაგები იქცევიან, ტერესას სახელს ჩრდილი მიადგებაო; იმიტომ, რომ მხოლოდ მეტად მძაფრი და თანაგრძნობით დაკმაყოფილებული სიყვარული სჯერდება ერთადერთ ქალსაო. ამას გარდა, ცუდი ამფსონები, რომელნიც დონ ჟუანს გარს ერტყნენ, ერთი წუთით მოსვენებას არ აძლევდნენ. იგი იშვიათად შედიოდა აუდიტორიაში და, უძილობით და დროსტარებით დასუსტებული იძინებდა სახელოვანი პროფესორების ლექციებზე. სამაგიეროდ სასეირნოდ პირველი მიდიოდა და ყველაზე გვიანობამდე რჩებოდა; ხოლო იმ ღამეებს, რომელიც სონა ტერესას მისთვის არ შეეძლო შეეწირა, ღვინის სარდაფში ან კიდევ უფრო უარეს ადგილას ატარებდა.ერთხელ დილით ტერესასაგან წერილი მიიღო, რითაც იგი ატყობინებდა, რომ სამწუხაროდ არ შემიძლია პირობისამებრ მიგიღო ამ ღამესო, ვიღაც ხნიერი ნათესავი ქალი მოსვლოდა, მისთვის დონა ტერესას ოთახი დაეთმო, ხოლო თვითონ ქალი დედის ოთახში უნდა დაწოლილიყო. ამ მარცხმა ნაკლებ შეაშფოთა დონ ჟუანი, მან იპოვა საშუალება მხიარული საღამოს გასატარებლად, მაგრამ, როცა ქუჩაში გადიოდა და თავის გეგმებზე ფიქრობდა, ვიღაც პირბადიანმა ქალმა ბარათი გადასცა. დონა ტერესას წერილი იყო: მას მეორე თავისუფალი ოთახი ეშოვნა და თავის დასთან ერთად ყველაფერი მოეწყო პაემანისათვის. დონ ჟუანმა წერილი დონ გარსიას აჩვენა. მეგობრები ერთხანს ყოყმანობდნენ; ბოლოს ანგარიშმიუცემლად, თითქოს ჩვეულების გავლენით, თავიანთ სატრფოების აივანზე ავიდნენ.დონა ტერესას მკერდზე საკმაოდ მოზრდილი ხალი ჰქონდა. დონ ჟუანისთვის დიდი წყალობა იყო, როცა პირველად ნება დართეს ამ ხალისთვის შეეხედა. ერთ ხანს იგი მას ყველაზე მომხიბლავ საგნად სთვლიდა დედამიწის ზურგზე. ხან იას ადარებდა, ხან სოსანს, ხან ღიღილოს ყვავილს; მაგრამ ჩქარა ეს ხალი, რომელიც მართლაც მშვენიერი იყო, მოსწყინდა. - ერთი დიდი შავი ლაქაა და მეტი არაფერი, ფიქრობდა იგი: სამწუხაროც არის რომ ამ ადგილასაა. ქონის ბურთულას ჰგავს. ეშმაკმა დალახვროს ეს ხალი! - ერთხელ ტერესას ჰკითხა კიდეც, ექიმს ხომ არ შეჰკითხვიხარო, შეიძლება თუ არა მისი მოსპობაო. საბრალო ქალმა, რომელიც ალმურმა დასწვა, უპასუხა, არც ერთ მამაკაცს შენს გარდა არ უნახავს ეს ხალიო; გარდა ამისა ჩემი ძიძა ხშირად მეუბნებოდა, ასეთ ნიშანს ბედნიერება მოაქვსო.ამ საღამოს დონ ჟუანი ცუდ გუნებაზე იყო და, როცა ზემოხსენებულ ხალს თვალი მოჰკრა, იგი ჩვეულებრივზე უფრო დიდი ეჩვენა - ეს რაღაც სიმახინჯეა!.. კაენის დამღის მაგვარი დაღი უნდა იყოს. ადამიანს ეშმაკი უნდა ჰყავდეს ტანში, რომ ასეთი ქალი გაიხადოს საყვარლად, - იგი საშინელი პირქუში გახდა, უმიზეზოდ ჩხუბი აუტეხა საბრალო ტერესას, აატირა და გათენებისას განშორდა ისე, რომ არ მოისურვა ეკოცნა. დონ გარსიაც მასთან ერთად გამოვიდა და ერთხანს მის გვერდით უსიტყვოდ მიაბიჯებდა; შემდეგ უცებ შეჩერდა და თქვა: – გამოტყდი, დონ ჟუან, რომ ჩვენ საკმაოდ მოსაწყენი ღამე გავატარეთ, მე მოთმინება დამეკარგა და ჩემს ქალბატონს სულით და გულით გავისტუმრებდი ეშმაკებისკენ! – თქვენ უსამართლო ხართ, - თქვა დიონ ჟუანმა, - ფაუსტა მომხიბლავი პიროვნებაა, თეთრია როგორც გედი და ყოველთვის კარგ გუნებაზეა. გარდა ამისა თქვენ ძლიერ უყვარხართ, თქვენ მართაც რომ ბედნიერი ხართ. – ჰო, მართლაც თეთრია, გეთანხმები, რომ ფაუსტას თეთრი კანი აქვს; მაგრამ იგი უნდილია და თავის დის გვერდით ჩანს, თითქოს ოფოფი იყოს მტრედის გვერდით. ბედნიერი მე კი არა, თქვენ ხართ. – სრულიადაც არა, - უპასუხა დონ ჟუანმა: - ჩემი გოგონა საკმაოდ მოხდენილია, მაგრამ ჯერ ბავშვია. შეუძლებელია გონივრულად ლაპარაკი მასთან. თავი გატენილი აქვს რაინდული რომანებითა და სიყვარულზე მეტად ახირებული აზრები აქვს. ვერ წარმოიდგენთ, რა დიდი მოთხოვნილებები აქვს. – თქვენ მეტისმეტად ახალგაზრდა ხართ, დონ ჟუან, და არ იცით თქვენი საყვარლების მოთვინიერება. ქალი, ჩემო კარგო, ცხენსა ჰგავს, - თუ ნებაზე მიუშვით, თუ არ აგრძნობინეთ, რომ არავითარ ჟინიანობას არ აპატიებთ, ვერაფერს ვერ მიაღწევთ. – მითხარით, დონ გარსია, თქვენს საყვარლებს ცხენივით ეპყრობით? ხშირად ხმარობთ მათრახს მათ მოსათვინიერებლად? – იშვიათად; მაგრამ მე მეტად გულკეთილი ვარ. იცით, დონ ჟუან, რა გითხრათ: ხომ არ გინდათ თქვენი ტერესა დამითმოთ? აღთქმას გაძლევთ, რომ ორ კვირაში მოქნილი გახდება, როგორც ხელთათმანი. სამაგიეროდ ფაუსტას გითმობ, სართი ხომ არ გერგება? – ეს გარიგება მომწონს, თუ ქალებიც დათანხმდებიან, - თქვა დონ ჟუანმა ღიმილით: - მაგრამ დონა ფაუსტა თქვენ არასოდეს არ დაგთმობთ. ეს გაცვლა მისთვის მეტად საზარელი იქნებოდა. – თქვენ მეტად თავმდაბალი ხართ; მაგრამ დამშვიდდით. წუხელის ისე გავაცოფე, რომ პირველი მამაკაცი ჩემს შემდეგ ნათელმოსილ ანგელოზად მოეჩვენება, იცით, დონ ჟუან, მე სრულიად სერიოზულად გელაპარაკებით, - და დონ ჟუანი გააცინა იმ მართლაც სერიოზულმა ტონმა, რომლითაც მისი მეგობარი ამ ახირებულ წინადადებას იძლეოდა.ეს სათნო საუბარი შეწყვიტა რამდენიმე სტუდენტის მოსვლამ და მეგობრების იდეებმა სხვა მიმართულება მიიღო. მაგრამ საღამოს, როცა ისინი სუფრას მიუსხდნენ, სადაც მონტილიის ღვინო და ვალენსიის წაბლით სავსე პატარა კალათი ეწყო, დონ გარსიამ ხელახლა დაიწყო ჩივილი თავისი საყვარლის წინააღმდეგ. ეს იყო დონა ფაუსტას წერილი მიეღო, რომელიც სავსე იყო ნაზი გამოთქმებით და ტკბილი საყვედურებით, ხოლო სტრიქონებს შუა მისი ცქრიალა და დამცინავი სული ჩანდა. – დაიჭირეთ, - თქვა დონ გარსიამ და უზომო მთქნარებით წერილი გაუწოდა დონ ჟუანს: - წაიკითხეთ ეს საუცხოო ნაწარმოები. კიდევ პაემანს მინიშნავს ამ საღამოსთვის. მაგრამ ეშმაკის კერძი ვიყო, თუ წავიდე. დონ ჟუანმა წაიკითხა წერილი, იგი მომხიბლავად ეჩვენა. – მართლაც, - თქვა მან, - მე რომ ისეთი საყვარელი მყოლოდა, როგორიც თქვენ გყავთ, მთელი ძალღონით შევეცდებოდი მის გაბედნიერებას. – ინებეთ, ჩემო კარგო, - წამოძახა დონ გარსიამ, - ინებეთ, და მოიხმარეთ როგორც გსურდეთ. გითმობთ ჩემს უფლებებს. კიდევ უკეთესს გეტყვით, - დაუმატა მან და ფეხზე წამოდგა, თითქოს მოულოდნელი შთაგონებით განათებულიყო,- გავითამაშოთ ჩვენი სატრფოები. აი სათამაშო ქაღალდი. ვითამაშოთ ერთი ხელი ლომბერი. დონა ფაუსტა ჩემი საწინდარი იყოს, ხოლო თქვენ დონა ტერესას წარმოადგინეთ.დონ ჟუანმა სიცილით ხელში აიღო სათამაშო ქაღალდი და აურია. თუმცა თითქმის სრულიად უყურადღებოდ თამაშობდა, მაგრამ მაინც მოიგო. დონ გარსია სრულიად არ შეწუხებულა წაგების გამო, საწერ-კალამი და ქაღალდი მოითხოვა და ერთგვარი ორდენი დაწერა დონა ფაუსტაზე, რომელშიც იგი ქალს სწერდა მომტანის განკარგულებაში გადასულიყო, თითქოს თავის მოურავს უბრძანებდა ასი დუკატი გადაუხადე ჩემს მოვალესო.დონ ჟუანმა სიცილით დონ გარსიას შესთავაზა რევანში აეღო, მაგრამ მან უარი თქვა, - თუ ცოტაოდენი გამბედაობა გაქვთ, - თქვა მან, - მოისხით ჩემი წამოსასხამი და მიადექით პატარა კარს, რომელსაც თქვენ კარგად იცნობთ, თქვენ იქ მხოლოდ დონა ფაუსტა დაგხვდებათ, იმიტომ რომ ტერესა არ გელით, უსიტყვოდ უკან გაჰყევით. როცა მის ოთახში შეხვალთ, შეიძლება ერთი წუთით გაოცდეს, შეიძლება ორიოდე ცრემლიც გადმოუვარდეს; მაგრამ ამან არ შეგაჩეროთ. დარწმუნებული იყავით, ვერ გაბედავს დაყვირებას. მაშინ ჩემი წერილი აჩვენეთ; უთხარით რომ საშინელი არამზადა, უკანასკნელი ვიგინდარა ვარ, ერთი სიტყვით, რაც პირზე მოგადგებათ; აგრძნობინეთ, რომ ადვილად და დაუყოვნებლივ შეუძლია შურისძიება და დარწმუნებული ბრძანდებოდეთ ამ შურისძიებაში იგი სიტკბოებას ნახავს.თითოეული ამ სიტყვის გაგონებაზე ეშმაკი უფრო ღრმად შედიოდა დონ ჟუანის გულში და ჩასჩურჩულებდა მას, რომ რაც აქამდე უმიზნო ცელქობად მიაჩნდა, შეიძლებოდა მეტად სასიამოვნოდ დამთავრებულიყო. მან შეწყვიტა სიცილი და მთელი მისი სხეული სიამოვნების ჟრუანტელმა მოიცვა. – დარწმუნებული რომ ვიყო, - თქვა მან, - რომ ფაუსტა დათანხმდებოდა ასეთ გაცვლას... – როგორ თუ არ დათანხმდებოდა! - წამოიძახა დონ გარსიამ, - რა ბალღი ყოფილხართ, ჩემო მეგობარო, თუ გგონიათ, რომ დედაკაცს შეუძლია ყოყმანი ექვსი თვის სიყვარულსა და ერთი დღის მიჯნურს შორის! დარწმუნებული ვარ, თქვენ ორივენი მადლობას მეტყვით ხვალ დილით. მე მხოლოდ ზარალის ასანაზღაურებლად მოვითხოვ, ტერესიტას გააშიკების ნება მომცე. - შემდეგ, რადგან შეატყო, რომ დონ ჟუანი მხოლოდ სანახევროდ იყო დაჯერებული, მან თქვა; - გადაწყვიტეთ, იმიტომ რომ მე არ მსურს ამ საღამოთი ფაუსტას ნახვა, თუ თქვენც არ გსურთ, ამ ბილეთს მსხვილ ფადრიკეს მივცემ და მთელი მოგება მას დარჩება. – რაც იყოს, იყოს!- წამოიძახა დონ ჟუანმა და წერილი გამოართვა, გულის გასამაგრებლად ერთი დიდი ჭიქა მონტილიური ღვინო გადაჰკრა.პაემანის ჟამი ახლოვდებოდა. დონ ჟუანმა, რომელსაც სინდისის ნატამალი კიდევ შერჩენოდა, დავიწყებას ეძებდა ღვინის სმაში. ბოლოს კოშკის საათმა ჩამოჰკრა. დონ გარსიამ თავისი წამოსასხამი მხრებზე მოასხა დონ ჟუანს და თავისი სატრფოს კარებამდე მიიყვანა; შემდეგ ნიშანდობლივად დააკაკუნა, დონ ჟუანს ღამე მშვიდობისა უსურვა და წავიდა ისე, რომ მცირეოდენი სინდისის ქენჯნაც არ უგრძვნია თავისი ბოროტი საქციელის გამო.მაშინვე კარი გაიღო. დონა ფაუსტა უკვე კარგა ხანია ელოდა. – ეს თქვან ხართ, დონ გარსია? - იკითხა მან დაბალი ხმით. – დიახ, - უპასუხა კიდევ უფრო დაბალი ხმით დონ ჟუანმა, რომელსაც სახე ფართო წამოსასხამის ნაოჭებში ჰქონდა ჩაფლული. ქალმა კარი დაკეტა და დონ ჟუანი თავის წინამძღოლს აჰყვა ბნელ კიბეზე. – ხელი მოჰკიდეთ ჩემს მანტილიის ბოლოს და ფეხაკრეფით გამომყევით, - ჩასჩურჩულა ქალმა.ორიოდე წუთის შემდეგ იგი ფაუსტას ოთახში იყო. ერთადერთი სანათი მკრთალად ანათებდა. ერთ ხანს დონ ჟუანს წამოსასხამი და ქუდი არ მოუხდია, კარებზე იყო მიყრდნობილი და ვერ ბედავდა თავის თავის გამომჟღავნებას. დონა ფაუსტაც ცოტა ხანს მას უსიტყვოდ უცქეროდა; შემდეგ უცებ მიუახლოვდა და ხელები გაუწოდა: მაშინ დონ ჟუანმა წამოსასხამი გადააგდო და თვითონაც ხელები გაუწოდა. – როგორ, ეს თქვენა ხართ, დონ ჟუან? - წამოიძახა ქალმა: - განა დონ გარსია ავად არის? – ავად? არა, - თქვა დონ ჟუანმა... - მაგრამ არ შეეძლო მოსვლა. მე გამომგზავნა თქვენთან... – ეჰ როგორ მწყინს! მითხარით მხოლოდ, სხვა ქალს ხომ არ შეუშლია ხელი? – ჩანს, თქვენ მას თავქარიან ადამიანად სთვლით. – რა კმაყოფილი იქნება ჩემი და, როცა თქვენ გნახავთ! საბრალო გოგონას ეგონა, თქვენ აღარ მოხვიდოდით. დაიცათ, შევატყობინებ. – საჭირო არ არის. – თქვენ დღეს უცნაური სახე გაქვთ, დონ ჟუან... რაღაც ცუდი ამბავი გაქვთ სათქმელი.. მითხარით, რაიმე უბედურება ხომ არ შემთხვევია დონ გარსიას?შემაჭირვებელი პასუხის თავიდან ასაცილებლად დონ ჟუანმა საბრალო ქალს ურცხვი წერილი გადასცა. მან საჩქაროდ გადაავლო თვალი, მაგრამ პირველად ვერაფერი გაიგო, ხელახლა გადაიკითხა და თავის თვალებს არ დაუჯერა. დონ ჟუანი ყურადღებით უცქეროდა, ხედავდა როგორ იწმენდდა ქალი ოფლს შუბლზე, როგორ იფშვნეტდა თვალებს; ტუჩები უთრთოდა, სახე გაფითრებული ჰქონდა მიცვალებულივით, იძულებული იყო ქაღალდი ორივე ხელით დაეჭირა, რათა ძირს არ დავარდნოდა. ბოლოს ფეხზე წამოდგა დიდის გაჭირვებით და წამოიძახა: - ეს ყოველივე ტყუილია! ეს შემაძრწუნებელი სიყალბეა! დონ გარსია ამას არასოდეს დაწერდა!დონ ჟუანმა უპასუხა: - თქვენ იცნობთ მის ხელს. მას არ ესმოდა იმ განძის ფასი, რომელსაც ფლობდა.. ხოლო მე დავთანხმდი. იმიტომ, რომ გაღმერთებდით.ქალმა მას შეხედა უღრმესი ზიზღის გამომხატველი თვალებით და ხელახლა წერილის კითხვა დაიწყო, თითქოს ადვოკატი ყოფილიყოს, რომელსაც ეჭვი აქვს, რომ საბუთი ყალბია. თვალები უზომოდ გაუფართოვდნენ და ქაღალდს ჩააშტერდნენ. ცრემლები ღაპაღუპით სცვიოდა ლოყაზე. უცებ ქალმა გაიცინა შეშლილის სიცილით და წამოიძახა: - ეს ხუმრობა უნდა იყოს, არა? ეს ხომ ხუმრობაა? დონ გარსია ალბათ აქვეა და ახლავე შემოვა! – არა, ეს ხუმრობა არ არის, დონა ფაუსტა, და არაფერია უფრო ჭეშმარიტი, ვიდრე ჩემი სიყვარული თქვენდამი, დიდად უბედური ვიქნები, თუ არ დამიჯერებთ. – უბედურიო! - წამოიძახა დონა ფაუსტამ: - თუ შენ მართალს ამბობ, კიდევ უფრო დიდი ბოროტმოქმედი ყოფილხარ, ვიდრე დონ გარსია. – სიყვარული ყველაფერს ამართლებს, მშვენიერო ფაუსტიტა. დონ გარსიამ თქვენ მიგატოვათ; მიმიღეთ მე თავის სანუგეშებლად. აი, ამ სურათზე ბახუსი და არიადნაა გამოხატული; ნება მომეცით თქვენი ბახუსი ვიყო.სიტყვის უთქმელად ქალმა მაგიდაზე ხელი სტაცა დანას, მაღლა ასწია და დონ ჟუანს მივარდა. მაგრამ ვაჟმა დროზე შეამჩნია ეს მოძრაობა, ხელში ეცა, ადვილად განაიარაღა და რადგან წარმოიდგინა, რომ უფლება მაქვს ქალი დავსაჯოო მტრული მოქმედების დაწყებისთვისო, აკოცა სამჯერ თუ ოთხჯერ და შეეცადა პატარა სავარძელზე მიესვენებინა. დონა ფაუსტა სუსტი და ნაზი აგებულების ქალი იყო; მაგრამ გულისწყრომამ ძალა შემატა, იგი წინააღმდეგობას უწევდა დონ ჟუანს, ხან ავეჯეულობას ებღაუჭებოდა, ხან კიდევ თავს ხელებით, ფეხებით და კბილებით იცავდა. თავდაპირველად დონ ჟუანმა სიცილით მიიღო რამდენიმე დარტყმა, მაგრამ ჩქარა სიბრაზე გაუთანასწორდა ვნებათა ღელვას. მან ძლიერად მოხვია ხელები დონა ფაუსტას, ისე რომ ანგარიში აღარ გაუწევია მისი ნაზი სხეულის მგრძნობიარობისათვის. დონ ჟუანი იბრძოდა, როგორც გაღიზიანებული მებრძოლი, რომელიც მთელი ძალღონით ცდილობს მოდრიკოს თავისი მოწინააღმდეგე, კიდეც დაახრჩოს იგი, თუ ეს საჭირო იქნება მის დასამარცხებლად. მაშინ ფაუსტამ უკანასკნელ ღონეს მიმართა. აქამდე ქალური კდემამოსილება მას ხელს უშლიდა მშველელისათვის დაეძახა; მაგრამ რაკი დარწმუნდა, რომ არაქათი ეცლებოდა, ყვირილი ატეხა მთელი სახლის გასაგონად.დონ ჟუანმა იგრძნო, რომ ახლა უკვე ზედმეტი იყო ქალის დამორჩილებაზე ფიქრი, მას თავის თავის გადარჩენაზე უნდა ეზრუნა. უნდოდა ხელი ეკრა ფაუსტასთვის და კარში გავარდნილიყო, მაგრამ ქალი ისე მაგრად ჩაბღაუჭებოდა მის ტანისამოსს, რომ მან ვერ შეძლო თავის დაღწევა. ამავე დროს აქა-იქ გაისმა კარების ხმაურობა; ხმები და ნაბიჯები თანდათან ახლოვდებოდნენ; სახიფათო იყო თუნდ ერთი წუთის დაყოვნება. იგი შეეცადა ძირს დაენარცხებინა დონა ფაუსტა; მაგრამ ქალმა ისე მაგრად ჩასჭიდა ხელი მის ტანისამოსის კალთას, რომ ვაჟი ჯარასავით დატრიალდა. უცებ კარი გაიღო, გამოჩნდა მამაკაცი, რომელსაც ხელში შაშხანა ეჭირა, მისი გაოცებული შეყვირება და თოფის გავარდნა ერთი იყო. სანათი ჩაქრა და დონ ჟუანმა იგრძნო, რომ დონა ფაუსტას სითხე დაედინა. ქალი დაეცა, ან უკეთ ვთქვათ, მოსხლტა: ტყვიას მისთვის ხერხემალი დაეჩეჩქვა; მამამ ქალი მოჰკლა მოძალადის მაგივრად. დონ ჟუანი კიბისაკენ გავარდა შაშხანის კვამლში. ჯერ მას მამას თოფის კონდახი მოხვდა, შემდეგ მსახურის მახვილი, მაგრამ არც ერთს არ მიუყენებია დიდი ზიანი. იგი შეეცადა მახვილით გზა გაეკაფა და ჩაექრო ლამპარი, რომელიც მსახურს ეჭირა ხელში. ამ უკანასკნელს შეეშინდა მისი გაბედული გამომეტყველებისა და უკან დაიხია, მაგრამ დონ ალონზო დე ოხედა ფიცხი და უშიშარი კაცი იყო და მარჯვედ შეუტია დონ ჟუანს; ამანაც მოიგერია რამდენიმე მოქნევა; უეჭველია, მხოლოდ თავდაცვაზე ფიქრობდა. მაგრამ ხმლის ბრძოლაში გამოწრთობილი კაცი ძალაუნებურად შეტევაზე გადადის თავდაცვის დროსაც. ორიოდე წუთის შემდეგ დონა ფაუსტას მამამ ღრმად ამოიოხრა და მიწაზე დაეცა სასიკვდილოდ დაჭრილი. რაკი გასაქცევი გზა გათავისუფლებული იყო, დონ ჟუანი ისარივით კარში გავარდა, ისე რომ არავინ გასდევნებია, რადგან მსახურნი მომაკვდავი პატრონის გარშემო ფუსფუსებდნენ. დონა ტერესამ თოფის ხმაზე მოირბინა, დაინახა საშინელი სცენა და მამის ცხედრის გვერდით დაეცა გულწასული. მან მხოლოდ თავისი უბედურების ნახევარი იცოდა. *გაგრძელება* იხილეთ: პროსპერ მერიმეს ლიტერატურა …
დაამატა Kakha to ლიტერატურა at 1:08pm on ივლისი 29, 2014
თემა: გი დე მოპასანი - ნოველები
ემოსევის დროს იქ ვიყავი. ჩემს მეზობლად ცხოვრობდა შეშლილი ქალი, რომელიც თავს დატეხილმა უბედურებამ გააგიჟა ოცდახუთი წლისა იქნებოდა, როცა მამა, ქმარი და ახალდაბადებული ბავშვი ერთ თვეში დაჰკარგა. რაკი სიკვდილი ერთხელ შემოიჭრება სახლში, აღარ მოგეშვება. მწუხარებით მეხდაცემული ქალი, ლოგინად ჩავარდა. საწყალი ექვსი კვირის განმავლობაში შფოთავდა. ამ მშფოთვარე კრიზისები შემდეგ მოდუნდა, მოძრაობის უნარი დაჰკარგა, ჭამა უჭირდა, მხოლოდ თვალებს ამოძრავებდა. ყოველთვის, როდესაც მის აყენებას შეეცდებოდნენ, ისეთ ყვირილს მორთავდა, თითქოს კლავენო. და ასე დარჩა ლოგინად ჩავარდნილი. მხოლოდ მაშინ წამოაყენებდნენ, როცა ლეიბის გადაბრუნება, ან თეთრეულის გამოცვლა იყო საჭირო. მოხუცი შინამოსამსახურე უვლიდა. ძალით დაალევინებდა რაიმეს, ან ერთი ლუკმა მოხარშულ ხორცს შეაჭმევდა. რა ხდებოდა ამ სასოწარკვეთილი შეშლილის სულში? ეს გაუგებარი დარჩა, რადგან ლაპარაკი აღარ შეეძლო, იქნებ გარდაცვლილ მამაზე და ქმარ-შვილზე ფიქრობდა, დარდობდა, ან ჩამქრალი აზრი შეუჩერდა, როგორც დაგუბებული წყალი. ასე გაატარა თხუთმეტი წელი ხალხს მოწყვეტილმა გულჩათხრობილმა. ომი დაიწყო და დეკემბრის პირველ დღეებში გერმანელები კორმეიში შემოიჭრნენ. ეს ამბავი გუშინდელი დღესავით მახსოვს. ყინვისგან ქვები სკდებოდა. სავარძელში ვიწექი, ნიკრისის ქარისაგან დახუთული, გერმანელთა მძიმე და რიტმული ფეხის ხმა რომ გავიგონე. ფანჯრის წინ ჩაიარეს. გაუთავებლად მიდიოდნენ, ერთმანეთისგან ვერ გაარჩევდი. უცნაურად დადიოდნენ, თითქოს მუყაოს ჯამბაზები არიანო. მერე მეთაურმა ჯარისკაცები ბინებში გაანაწილეს. მე ჩვიდმეტი კაცი ჩამიყენეს, მეზობელ ქალს, შეშლილს, თორმეტი. მათი მეთაური ნამდვილი ბრიყვი ჩანდა, გულქვა.       პირველ დღეებში ყველაფერი მშვიდობიანად მიდიოდა. გერმანელ ოფიცერს მოახსენეს, თქვენი დიასახლისი ავადმყოფიაო, და ამის შემდეგ მას ყურადღებას არ აქცევდა. მაგრამ მალე ამ ქალმა, რომელსაც არასოდეს არ ხედავდა გააბრაზა იგი. რა ავადმყოფობა ჭირსო, იკითხა. უპასუხეს, თქვენი მასპინძელი თხუთმეტი წელია, რაც საშინელმა მწუხარებამ ლოგინად ჩააგდოო. ოფიცერმა, უეჭველია, არ დაიჯერა; მან წარმოიდგინა, რომ საწყალი შეშლილი ლოგინს ზვიადობის გამო არ სტოვებდა, რათა გერმანელები არ დაენახა, მათთან არ ესაუბრა და არავითარი ურთიერთობა არ ჰქონოდა. ოფიცერმა ქალთან შესვლა მოითხოვა. მის ოთახში შეიყვანეს, გერმანელმა შეშლილს მიმართა დამტვრეული ფრანგულით: - მე გთხოვთ, ქალბატონო, ადგეთ და ძირს ჩამობრძანდეთ, რათა ყველას დაენახოთ. ქალმა ამღვრეული, გაშტერებული თვალებით შეხედა და არაფერი უპასუხა. - მე თავხედობას ვერ ავიტან, - განაგრძო ოფიცერმა, - თუ თქვენის ნებით არ ადგებით, მაშინ გამოვნახავ საშუალებას, რომ სხვის დაუხმარებლად გაისეირნოთ. ქალი არ განძრეულა, გაშეშებული იყო, თითქოს გერმანელები არც დაუნახავს. ოფიცერი ბრაზით ცოფებს ყრიდა. ეს მშვიდი დუმილი უმაღლესი ზიზღის გამოხატვად ეჩვენებოდა. - თუ ხვალ დაბლა არ ჩამოსულხართ... - თქვა მან და გარეთ გავიდა. მეორე დღეს შეშინებულ მოხუც შინამოსამსახურეს შეშლილისთვის ტანზე ჩაცმა უნდოდა, მაგრამ ავადმყოფმა არ ინდომა, ყვირილი მორთო, ოფიცერი ამოვიდა, მსახური მუხლებზე დაეცა. - არ უნდა ბატონო, არ უნდა. აპატიეთ. იგი ისე უბედურია, - ევედრებოდა შინამოსამსახურე. ოფიცერი დაიბნა. განრისხდა, მაგრამ მაინც ვერ გაბედა ებრძანებინა, ქალი ლოგინიდან გადმოეთრიათ. უეცრად სიცილი აუტყდა და გერმანელმა ბრძანება გასცა. მალე რამდენიმე ჯარისკაცმა ლოგინიანად სახლიდან გამოიყვანეს. შეშლილი ქალი, თითქოს დაჭრილი მიყავდათ საკაცით. ავადმყოფი, როგორც ყოველთვის, მშვიდად და უძრავად იწვა, ყველაფრისადმი გულგრილი, რაც მის გარშემო ხდებოდა. ერთ ჯარისკაცს მის უკან ფუთა მიჰქონდა ქალის ტანისამოსით.       ოფიცერმა ხელების სრესით წარმოთქვა: - ახლა ვნახავთ, მარტო შეძლებთ თუ არა თქვენ ტანისამოსის ჩაცმას და პატარა გასეირნებას. ჯარისკაცებმა ავადმყოფი იმოვილის ტყისკენ წაიყვანეს. ორი საათის შემდეგ ისინი მარტო დაბრუნდნენ. იმ დღიდან შეშლილი ქალი არავის უნახავს. რა უყვეს? სად წაიყვანეს? გაუგებარი დარჩა. დღე და ღამე თოვდა, ველსა და ტყეებს გაყინული სუდარა ფარავდა. მგლები ჩვენს კარებთან ღმუოდნენ. არ მეშვებოდა ფიქრი იმ დაკარგულ ქალზე. ბევრჯერ შევეცადე მისი ამბავი გამეგო გერმანელთა ხელისუფლებისგან. კინაღამ დამხვრიტეს. გაზაფხული დადგა. საოკუპაციო არმია წავიდა. ჩემი მეზობელი ქალის ბინა დაკეტილი დარჩა, ხეივნებს ხშირი ბალახი მოედო. მოხუცი მსახური ქალი ჯერ კიდევ ზამთარში გარდაიცვალა. შეშლილის ამბავი არავის აწუხებდა, მხოლოდ მე არ მშორდებოდა გონებიდან. რა უყვეს საწყალ ქალს? იქნებ გაიქცა ტყიდან? იქნებ სადმე იპოვეს და რაკი მისგან ვერაფერი გაიგეს, ვინ იყო, საავადმყოფოში მოათავსეს. ყველა ეს მტანჯველი კითხვა ამოუხსნელი დარჩა, მაგრამ ნელ-ნელა დრომ გულის წუხილი დამიწყნარა. იმ წლის შემოდგომაზე აუარებელი ჩიბუხა მოფრინდა. ტყემდე მივჩანჩალდი, რადგან იმ ხანებში ნიკრისის ქარმა ცოტა შემასვენა. უკვე ოთხი თუ ხუთი გრძელნისკარტა ჩიბუხა მოკლული მყავდა, რომ ერთი კიდევ ჩამოვაგდე. იგი ტოტებით ამოვსებულ ხევში ჩავარდა. იძულებული გავხდი შიგ ჩავსულიყავი, რომ ნანადირევი ამომეტანა. ფრინველი ვიღაცის თავის ქალასთან დავარდნილიყო. უროსავით დამეცა მოგონება შეშლილ ქალზე. იმ საშინელ წელიწადს ტყეში, ალბათ, კიდევ ბევრი დაიღუპა, მაგრამ არ ვიცი რატომ, დარწმუნებული ვიყავი, დარწმუნებული, გეუბნებით, რომ ეს ის საბრალო ქალის თავი იყო. და უეცრად ჩემთვის ყველაფერი ნათელი გახდა: გერმანელებმა შეშლილი ქალი, ალბათ, იმ ლეიბზე დასტოვეს ცივსა და უდაბურ ტყეში. აკვიატებული აზრით შეპყრობილი ისე გარდაიცვალა თოვლის სქელი და მსუბუქი ბუმბულის ქვეშ, რომ არც ხელი გაუნძრევია დ არც ფეხი. მერე მისი ნეშტი მგლებმა დაგლიჯეს. საბრალო ქალის დაფლეთილი ლეიბის მატყლით ფრინველებმა ბუდე გაიკეთეს. უბედურების ძვლები თან წამოვიღე და შევინახე და მე ვისურვებდი: ჩვენს შვილებს ომი არასოდეს ენახოს. ტყვეები       ტყეში სიჩუმე იყო, მხოლოდ ხეებზე თოვლის ფანტელების დაცემის ხმა ისმოდა. შუადღის აქეთ ბარდნიდა. ხის ტოტები თითქოს თვითონ გაყინული თეთრი ხავსით იფარებოდა. გზებს უზარმაზარი რბილი და თეთრი ნოხი ეფინებოდა. ტყის მცველის სახლის კარის წინ დაკაპიწებული ახალგაზრდა ქალი ნაჯახით შეშას აპობდა. იგი მაღალი, წერწეტა და ღონიერი იყო. ამ ტყის ქალს მამაცა და ქმარიც ტყის მცველი ჰყავდა. ოთახიდან ხმა მომესმა: - ამაღამ მარტონი ვართ, ბერტინა, შემოვიდა, ვერ ხედავ. დაღამდა! ვინ იცის, ტყეში პრუსიელები და მგლები დაძრწიან. ბერტინა ცულს ღონივრად იქნევდა და შეშას აპობდა. - აი, მოვრჩი, დედა, ნუ გეშინია, ჯერ კიდევ არ დაღამებულა. ბერტინამ დაპობილი შეშა და გუდურა სახლში შეიტანა, ბუხრის წინ დაყარა, მერე დარაბების მისახურად გავიდა. ბოლოს ოთახში შევიდა და კარს მძიმე ურდული გაუყარა. დედამისი, სახედაღარული მოხუცი, ცეცხლის პირას რთავდა, სიბერემ იგი მშიშარა გახადა. - არ მიყვარს, მამა რომ შინ არ არის, ორ ქალს ძალა არა აქვს, - თქვა დედამ. - ეჰ, ერთ მგელს ან პრუსიელს მეც მოვკლავ, - მიუგო ბერტინამ. და თავლით ანიშნა კერის ზემოთ ჩამოკიდებული დიდი რევოლვერი. პრუსიელების შემოჭრისთანავე მისი ქმარი ჯარში წაიყვანეს. ორი ქალი მარტო დარჩა ახალგაზრდა ქალის მამასთან, ძველ გვარდიელ ნიკოლა პაშონთან. ნიკოლას მეტსახელად აყლაყუდას ეძახდნენ. ბერიკაცმა სახლის დატოვება და ქალაქში გადასვლა არ ისურვა. უახლოესი ქალაქი რეტელი იყო, ძველი ციხე-სიმაგრე, კლდეზე გაშენებული, აქ პატრიოტები ცხოვრობდნენ. გადაწყვიტეს, დამპყრობლებისათვის წინააღმდეგობა გაეწიათ. ტრადიციისათვის არ ეღალატათ. ქალაქში ჩაკეტილიყვნენ და ალყის შემორტყმას ისე გამკლავებოდნენ, როგორც ამ სიმაგრეს ჩვეოდა. უკვე ორჯერ ჰანრი IV და ლუი XIV დროს რეტელის მცხოვრებლებმა თავი ისახელეს თავისი ქალაქის გმირული დაცვით. გადაწყვიტეს ახლაც ასე მოქცეულიყვნენ, თუნდაც ამისათვის ციხის კედლები ამოეწვათ. ქალაქელებმა ზარბაზნები და თოფები შეიძინეს. შეადგინეს ლაშქარი და დაყვეს ბატალიონებად და ასეულებად. არმიის მოედანზე ყოველდღე ვარჯიშობდნენ მეფუნთუშეები, ბაყლები, ყასბები, ნოტარიუსები, ვექილები, დურგლები, მეაფთიაქეებიც კი. ვარჯიშობდნენ რიგრიგობით, დანიშნულ საათებში, დრაგუნთა ძველი უნტეროფიცრის, ახლა გალანტერიის ვაჭრის, ბატონი ლავინის მეთაურობით. მან ციხე-სიმაგრის კომენდატი-მაიორის ხარისხი მიიღო. ახალგაზრდობა ჯარში იყო წასული და ბატონმა ლავინიმ თავის რაზმში ყველა შინ დარჩენილი ჩარიცხა. ისინი საბრძოლველად იწვრთობოდნენ. მსხვილები გასახდომად და სუნთქვის გასაუმჯობესებლად ქუჩებში სხვანაირად არ დადიოდნენ თუ არა ტანსავარჯიშო ნაბიჯით, სუსტები კუნთების სახლამდე გასაძლიერებლად ტვირთს ეზიდებოდნენ.       პრუსიელებს მოელოდნენ, მაგრამ ისინი არა ჩანდნენ, თუმცა არც ისე შორს იყვნენ. მტრის მზვერავებმა ორჯერ ტყე გამოიარეს და აყლაყუდა ნიკოლა პიშონის სახლამდე მიაღწიეს. ძველი მეტყევე, მელიასავით მკვირცხლი, ქალაქში მივიდა გასაფრთხილებლად. ზარბაზნები გერმანელებისკენ მიმართეს, მაგრამ მტერი არ გამოჩენილა. აყლაყუდის ბინა აველინის ტყეში ავანპოსტის მაგივრობას სწევდა. პიშონი კვირაში ორჯერ მიდიოდა ქალაქში სანოვაგის მოსატანად და ციხის მცხოვრებლებისათვის სოფლის ამბავი მიჰქონდა. იმ დღეს პიშონი ამბის გადასაცემად წავიდა. სამი დღის წინ გერმანელთა ქვეითი ჯარის ის ნაწილი, დაახლოებით ნაშუადღევის ორ საათზე, ჩემთან გაჩერდა და თითქმის მაშინვე წავიდაო, მეთაური ფრანგულად ლაპარაკობდაო. გერმანელების წასვლისთანავე მოხუცმა გაცოფებული მგლების შიშით ორი ძაღლი გაიყოლია. შინ ქალები დატოვა და დაუბარა: როგორც კი შეღამდება, სახლში მაგრად ჩაიკეტეთო. ახალგაზრდა ქალს არაფრის შიში არ ჰქონდა. დედა კი სულ კანკალებდა და იმეორებდა: - ყველაფერი ეს ცუდად გათავდება, ნახავთ, ეს ცუდად გათავდება. ამ საღამოს უფრო შეწუხებული იყო, ვიდრე სხვა დროს: - რომელ საათზე დაბრუნდება მამა? - ეკითხებოდა ბერტინას? - ოჰ! უეჭველად, არა უგვიანეს თერთმეტი საათისა. როდესაც კომენდანტთან სადილობს, ყოველთვის გვიან ბრუნდება. ის-ის იყო ბერტინამ ცეცხლზე წვენის გასაკეთებლად კარდალა შედგა, რომ უცებ გაშეშდა, ყური დაუგდო ხმაურობას, რომელიც ბუხრის მილს მოჰყვებოდა. - ვიღაც დადის ტყეში. შვიდი თუ რვა კაცი მაინც იქნება, - თქვა ჩურჩულით ბერტინამ. შეშინებულმა დედამ სართავი შეაჩერა: - ოჰ! ღმერთო ჩემო! მამა კი შინ არ არის!.. სიტყვა არც კი დაუმთავრებია, რომ საშინელმა ბრახუნმა კარი შეარყია. რადგან ქალებმა პასუხი არ გასცეს, ძლიერი და ხორხისმიერი ხმა გაისმა: - კარი გააღეთ! სიჩუმე ჩამოვარდა. მერე იმავე ხმამ გაიმეორა: - გააღეთ, თორემ კარს შემოვამტვრევ. მაშინ ბერტინამ ბუხრის ზემოთ ჩამოკიდებული დიდი რევოლვერი კაბის ჯიბეში ჩაიგდო, კარს ყური მიადო და დაიძახა: - ვინა ხართ? - ჩვენ იმდღევანდელი ჯარის ნაწილი ვართ, -უპასუხეს გარედან, - გზა დაგვებნა. ახალგაზრდა ქალმა ჰკითხა: - რა გინდათ? - დილას აქვთ ტყეში ვართ. გააღეთ, თორემ კარს შემოვამტვრევ. ტყის მცველის ქალს სხვა არჩევანი არა ჰქონდა. ურდული გამოაძრო, მძიმე კარი გამოაღო და თოვლის მკრთალ ჩრდილში დაინახა ექვსი პრუსიელი ჯარისკაცი, სწორედ ისინი, რომლებიც წინაღამეს აქ იყვნენ. ქალმა მტკიცე ხმით ჰკითხა: - რა გნებავთ, ასე გვიან? უნტეროფიცერმა გაიმეორა: - გზა დაგვებნა, სრულიად დაგვებნა. სახლი ვიცანი, დილას აქეთ არაფერი მიჭამია, ჩვენი ჯარისკაცებიც მშივრებია. ბერტინამ გამოუცხადა: - მე და დედაჩემი მარტო ვართ. ჯარისკაცმა უპასუხა: - არა უშავს რა, არა უშავს. არაფერს დაგიშავებთ. ოღონდ გვაჭამეთ. შიმშილისა და დაღლილობისაგან ფეხზე ძლივს ვდგავართ. ტყის მცველის ქალმა უკან დაიხია და უთხრა: - შემოდით. გერმანელები შემოვიდნენ, დათოვლილნი, დაღლილნი. განაწამები სახე ჰქონდათ. ახალგაზრდა ქალმა დიდი მაგიდის ორივე გვერდით მიდგმული ხის სკამები უჩვენა. - დაბრძანდით, წვენს მოგიმზადებთ, თქვენ, მართლაც, დაღლილები ხართ, - უთხრა და კარს ურდული გაუყარა. კარდალაში წყალი ჩაუმატა, ერბო და კარტოფილი ჩაყარა. ბუხარზე ჩამოკიდებული ღორის ქონი ჩამოიღო, ნახევარი მოსჭრა და მოსახარშად ჩააგდო. გერმანელები დამშეულ თვალებს აყოლებდნენ ქალის ყოველ მოძრაობას ჩაჩქანები და თოფები ერთ კუთხეში დააწყვეს და ჭკვიანად იცდიდნენ, როგორც სკოლაში მერხებზე დამჯდარი ბავშვები. დედამ რთვა დაიწყო, მაგრამ ყოველ წუთში ჯარისკაცებს უცქეროდა შეშინებული თვალებით. ოთახში მხოლოდ სართავის მსუბუქი ჭრიალი, ცეცხლის ტკაცანი და ცხელი წყლის შიშინი ისმოდა. უეცრად ყველანი შეკრთნენ. კარის უკან რაღაც ხვრინვის მსგავსი ხმა გაისმა, ნადირის ძლიერი სუნთქვა. გერმანელი უნტეროფიცერი თოფებისაკენ გადახტა. ტყის მცველის ცოლმა გაიღიმა და ხელის დაქნევით შეაჩერა იგი. - მგლებია, - უთხრა მან, - თქვენსავით მოშიებულნი დაძრწიან. გერმანელმა არ დაიჯერა, უნდოდა თვითონ დაენახა. კარი გაიღო და თვალი მოჰკრა ორ დიდ რუხ ნადირს, რომლებიც სწრაფი და გრძელი ნაბიჯით გაიქცნენ. გერმანელი ბურდღუნით შემობრუნდა. - ვერ დავიჯერებდი, - თქვა მან და დაჯდა. ამასობაში ბერტინამ საჭმელიც მოამზადა. პრუსიელები ხარბად დაეწაფნენ სალაფავს. პირს ყურებამდე აღებდნენ, რათა რაც შეიძლება მეტი გადაეყლაპათ. მრგვალ თვალებსა და ყბებს ერთსა და იმავე დროს აღებდნენ. ყელი და წყალსადინარი მილივით ურაკრაკებდათ. მოსწყურდათ, და ტყის მცველის ცოლი სარდაფში ჩავიდა სიდრის ამოსატანად. იქ ცოტა შეაგვიანდა. ეს პატარა თაღიანი სარდაფი იყო, რომელსაც, როგორც ამბობდნენ, რევოლუციის დროს საპატიმროდ და სამალავ ადგილად იყენებდნენ თურმე. შიგ ჩასვლა შეიძლებოდა ხვეული ვიწრო კიბით, რომელიც სამზარეულოს სიღრმეში სარქველით იხურებოდა. როდესაც ბერტინა დაბრუნდა, იცინოდა, თავისთვის იცინოდა თვალთმაქცურად. გერმანელებს სიდრიანი სურა გადასცა. მერე სამზარეულოს მეორე კუთხეში დედასთან ერთად თვითონაც ივახშმა. ჯარისკაცები რომ დანაყრდნენ, ძილი მოეკიდათ, ექვსივენი ისევ სუფრას უსხდნენ და ყვინთავდნენ. დროგამოშვებით რომელიმეს შუბლი ყრუ ხმაურით მაგიდას დაეცემოდა. ჯარისკაცი მაშინვე იღვიძებდა და სწორდებოდა.       ბერტინამ უნტეროფიცერს უთხრა: - დაწექით ცეცხლის პირას, ექვსისთვის საკმაო ადგილია. მე და დედაჩემი ჩვენს ოთახში ავალთ. ქალები ზედა სართულში ავიდნენ. კარი ჩაკეტეს. ცოტა ხანს მათი სიარული ისმოდა. მერე ყოველგვარი ხმაურობა მიწყდა. გერმანელები იატაკზე გაწვნენ, ცეცხლისაკენ ფეხშიშველნი, თავქვეშ დახვეული მაზარა დაიდეს და მალე ექვსივემ ხვრინვა ამოუშვა, ექვს სხვადასხვა ხმაზე, მკვეთრსა და მჟღერზე, მაგრამ გაგრძელებულსა და საშინელზე. გერმანელები დიდი ხნის ჩაძინებულები იყვნენ, რომ უეცრად სროლა გაისმა, ისეთი ძლიერი, თითქოს სახლის კედლებს ესვრიანო. ჯარისკაცები ფეხზე წამოიჭრნენ. კვლავ ორჯერ გაისმა სროლა, შემდეგ კიდევ სამჯერ. უეცრად ზედა სართულის კარი გაიღო და ტყის მცველის ქალი გამოჩნდა, ფეხშიშველა, პერანგის ამარა, ქვედატანი ეცვა, ხელში შანდალი ეჭირა, შეშინებული იყო. - ფრანგებია, ორასი მაინც იქნება, - უთხრა გერმანელებს, - აქ რომ გნახონ, სახლს დაგვიწვავენ. სარდაფში ჩადით, არ იხმაუროთ, თორემ, დავიღუპებით. შეშინებულმა უნტეროფიცერმა ჩაიბურდღუნა: - სიამოვნებით, მაგრამ საიდან უნდა ჩავიდეთ? ახალგაზრდა ქალმა ვიწრო და კვადრატული სარქველი ასწია და ექვსი ჯარისკაცი ერთიმეორის მიყოლებით ჩაჰყვა ვიწრო, ხვეულ კიბეს, საფეხურებზე ფეხს ფრთხილად დგამდნენ, რომ არ ჩავარდნილიყვნენ. როდესაც სარდაფში უკანასკნელი ჩაჩქანის წვეტი ჩაიმალა, ბერტინამ დაუშვა მუხის მძიმე ფიცარი, კედელივით სქელი, ფოლადივით მაგარი, რომელიც ანჯამებითა და კლიტით იყო დამაგრებული. ბერტინამ გასაღები ორჯერ გადააბრუნა, მერე სიცილს მოჰყვა, ჩუმსა და აღტაცებულ სიცილს. თავს ძლივს იკავებდა, რომ ტყვეების თავზე არ ეცეკვა. გერმანელებმა ხმა გატვრინეს. სარდაფში, როგორც მაგარი ქვის ყუთში, ისე იყვნენ ჩაკეტილი. ჰაერი შიგ რკინის ბადიან სარკმლიდან შედიოდა. ბერტინამ მაშინვე ცეცხლი აანთო, ზედ კარდალა დაადგა, კვლავ წვენის კეთებას შეუდგა, თან ბუტბუტებდა: - მამა ამაღამ დაღლილი მოვა. ახალგაზრდა ქალი დაჯდა და მამას დაუწყო ლოდინი. სიჩუმეში მხოლოდ კედლის საათის ტაკატუკი ისმოდა. დროგამოშვებით ბერტინა ციფერბლატს უყურებდა, მისი მოუთმენელი მზერა ამბობდა: „რა ნელა მიღოღავს“. მაგრამ მალე მოეჩვენა, რომ ვიღაც მის ფეხქვეშ ბურდღუნებდა. ბერტინას ყურამდე აგურით აშენებული თაღიდან უწმაწური, გაურკვეველი სიტყვები აღწევდა. გერმანელები ქალს ეშმაკობას მიუხვდნენ და მალე უნტეროფიცერი ვიწრო კიბეს ამოჰყვა, მუშტით სარქველს ბრახუნი დაუწყო და დაიყვირა: - გააღეთ! ქალი ადგა, მიუახლოვდა და ლაპარაკში გამოაჯავრა დამტვრეული ფრანგულით: - რა გნებავთ? - გააღეთ! - არ გავაღებ. უნტეროფიცერი გაბრაზდა: - გააღეთ, თორემ კარს დავამტვრევ. ქალს სიცილი აუტყდა. - დაამტვრიე, ჩემო კეთილო, დაამტვრიე, ჩემო კეთილო! უნტეროფიცერმა მის თავზე დაკეტილ მუხის სარქველს თოფის კონდახის ცემა დაუწყო, მაგრამ მუხას რას დააკლებდა. ტყის მცველის ცოლმა გაიგონა, როგორ ჩავიდა უნტეროფიცერი კიბეზე. მერე ძალის საცდელად კარისკაცები მოვიდნენ და საკეტის გატეხას შეეცადნენ. მაგრამ დარწმუნდნენ, რომ მათი ცდა ამაო იყო. ყველა ისევ სარდაფში ჩაბრუნდა. ერთმანეთს შორის ლაპარაკი განაახლეს. ახალგაზრდა ქალი უსმენდა, მერე გარეთა კარი გააღო და ღამეს მიაპყრო ყური. შორეული ყეფა მოესმა. ქალმა მონადირესავით სტვენა დაიწყო. თითქმის მაშინვე სიბნელეში ორი უზარმაზარი ძაღლი გამოჩნდა და ქალს ხტუნვით მივარდა. ქალმა ძაღლებს ყელზე ხელი შემოხვია და გააჩერა. მერე მთელი ძალით დაიყვირა: - ეეი, მამა! ხმამ უპასუხა: - ეეი, ბერტინა! ტყის მცველის ქალმა კვლავ დაუძახა: - სარკმელთან არ გაიარო. სარდაფში პრუსიელებია. უეცრად მარცხნივ ორ ხეს შუა ადამიანის დიდი სილუეტი აღიმართა. აღტაცებულმა მამამ იკითხა: - სარდაფში პრუსიელებია? რას აკეთებენ აქ? ახალგაზრდა ქალმა სიცილი დაიწყო. - აქ რომ იყვნენ, ისინია. ტყეში დაბნეულან, სარდაფში ჩავიყვანე გასაგრილებლად. ქალმა მამას უამბო, როგორ შეაშინა ისინი რევოლვერის გასროლით და სარდაფში როგორ ჩაჰკეტა. - რა უნდა ვუყოთ მათ ამ ღამეში? - ჰკითხა მოხუცმა შვილს. ქალმა უპასუხა: - წადი, ბატონი ლავინისა და მისი ასულის მოსაყვანად. გერმანელებს ტყვედ ჩაიგდებს. იგი კმაყოფილი დარჩება. მოხუცმა პიანშონმა გაიღიმა: - მართალია, ის კმაყოფილი დარჩება. ქალიშვილმა უთხრა: - წვენი მაქვს შენთვის, ჭამე და მერე წადი. მოხუცმა ჯერ ძაღლებს დაუდგა ორი სავსე მათლაფა, მერე თვითონ მიუჯდა სუფრას. პრუსიელებმა ლაპარაკს რომ ყური მოჰკრეს, დადუმდნენ. აყლაყუდა თხუთმეტი წუთის შემდეგ წავიდა. ბერტინა კი მამის მოლოდინში თავის ხელებს დაეყრდნო.       ტყვეები ღელავდნენ. ახლა ისინი ყვიროდნენ, იძახოდნენ განუწყვეტლივ, გიჟურად, სარკმელს კონდახს ურტყამდნენ. სარკმლიდან თოფის სროლა დაიწყეს, ალბათ, იმ იმედით, იქნებ გერმანელთა ჯარის რომელიმე მახლობლად ჩავლილ ნაწილს გავაგონოთო. ტყის მცველის ქალი აღარ იძვროდა, მაგრამ ეს ხმაურობა ანერვიულებდა, აბრაზებდა. მასში ბოროტი რისხვა იღვიძებდა. უნდოდა ამოეჟლიტა ეს არამზადები, რათა დადუმებულიყვნენ. მისი მოუსვენრობა თანდათან ძლიერდებოდა, კედლის საათს უცქეროდა, წუთებს ითვლიდა. მამის წასვლის შემდეგ საათ-ნახევარი გავიდა. ახლა, ალბათ, მამა ქალაქში შედიოდა. თითქოს ქალი ხედავდა მას. ამბავს უყვებოდა ბატონ ლავინის, რომელიც აღელვებისგან ფითრდებოდა და მოსამსახურე ქალს ზარს ურეკავდა, ფორმის ტანისამოსი და იარაღი მომიტანეო. ბერტინას თითქოს ესმოდა, როგორ დარბოდა ქუჩაში მედოლე. შეშინებული თავები ფანჯარაში ჩნდებოდნენ. კარისკაცნი-მოქალაქენი სახლიდან გამოდიოდნენ თითქმის ტანჩაუცმელნი, აქლოშინებულნი, ქამარს ირტყამდნენ და კომენდატის სახლისკენ მიეშურებოდნენ. მერე რაზმი თოვლიან ღამეში გზას გაუდგა ტყისკენ, აყლაყუდა წინ მიუძღვოდა. ბერტინა კედლის საათს უცქეროდა. „ისინი აქ ერთ საათში მოვლენ“. ნერვიულმა მოუთმენლობამ შეიპყრო. წუთი დაუსრულებლად ეჩვენებოდა. რა ხანგრძლივი იყო! ბოლოს ისარმა ბერტინას მიერ დანიშნული დრო აღნიშნა. ახალგაზრდა ქალმა ისევ გააღო, კარი რათა გაეგო მოდიოდნენ თუ არა. თოვლზე ფრთხილად მოძრავი ჩრდილი დაინახა. შეეშინდა და იკივლა. ეს მამა იყო. აყლაყუდამ შვილს უთხრა: - გამომგზავნეს ისევ გასაგებად, ხომ არაფერი შეცვლილაო. - არა, არაფერი. მაშინ მამამ სიბნელეში გაბმით და ხმამაღლა დაუსტვინა. მალე რაღაც ყავისფერი გამოჩნდა, რომელიც ხეების ქვეშ ნელა მოდიოდა. ეს ათი კაცისგან შემდგარი ავანგარდი იყო. აყლაყუდა ყოველ წამს იმეორებდა: - სარკმელთან არ გაიაროთ. პირველად მისულნი ახალმოსულებს საშიშარ სარკმელს უჩვენებდნენ. ბოლოს რაზმის უმთავრესი ნაწილიც გამოჩნდა, სულ ორასი კაცი იყო, თითოეულ მათგანს ორასი ვაზნა ჰქონდა. აღელვებულმა, აკანკალებულმა ლავინიმ ისე განალაგა ჯარისკაცები, რომ სახლისთვის ალყა შემოერტყა. დაუკავებელი დასტოვა მხოლოდ ფართო ადგილი პატარა შავი ხვრელის წინ, მიწის პირას, საიდანაც სარდაფში ჰაერი ჩადიოდა. მერე სახლში შევიდა მტრის ძალისა და განლაგების გამოსარკვევად. გერმანელები დუმდნენ, თითქოს გამქრალან, დაკარგულან, სარკმლიდან ამოფრენილანო. ბატონმა ლავინიმ სარქველს ფეხი დაჰკრა და დაიძახა: - ბატონო პრუსიელო ოფიცერო! გერმანელმა არაფერი უპასუხა. - ბატონო პრუსიელო ოფიცერო! კვლავ არ გასცეს პასუხი. ოცი წუთის განმავლობაში ის ოფიცერს მიმართავდა, იარაღით და აღალით ჩამბარდიო, მას და ჯარისკაცებს სიცოცხლის შენარჩუნებას და სამხედრო ღირსების დაცვას აღუთქვამდა. მაგრამ არც მტრობასა და არც თანხმობის არავითარი ნიშანი არ იყო. მდგომარეობა რთულდებოდა. ჯარისკაცნი-მოქალაქენი თოვლში ფეხებს აბაკუნებდნენ, ბეჭებზე ერთმანეთს ხელს უბათქუნებდნენ, როგორც გასათბობად მეეტლეებმა იციან ხოლმე. სარკმელს უცქეროდნენ და ბავშვური სურვილი იპყრობდათ - გაევლოთ სარკმლის წინ. ბოლოს ერთმა მათგანმა, პოტდევენმა, რომელიც ძალიან მარდი იყო, გაბედა, გამოექანა და ქურციკივით გაირბინა სარკმლის წინ. ცდამ მშვიდობით ჩაიარა. ტყვეები თითქოს მოკვდნენო, ხმას არ იღებდნენ. ვიღაცამ დაიძახა: - იქ არავინაა! და მეორე ჯარისკაცმაც გაირბინა თავისუფალი ადგილი სახიფათო ხვრელის წინ. ამას რაღაც თამაშობის მსგავსი მოჰყვა. ყოველ წუთში ერთი ჯგუფიდან მეორე ჯგუფისაკენ რომელიმე ჯარისკაცი გაიჭრებოდა, თითქოს ბავშვები ერთმანეთს სირბილში ეჯიბრებიანო. ერთმა ჯარისკაცმა წამოიძახა: - შენი ჯერია, მალუაზონ. მალუაზონი მეფუნთუშე იყო, გაბეყილი. ამხანაგები სულ ერთთავად დასცინოდნენ მის დიდ ღიპს. მალუაზონი ყოყმანობდა. გაისმა დამცინავი ფრუტუნი. მაშინ მეფუნთუშემ გადაწყვიტა და გაძუნძულდა პატარა, მოკლე ნაბიჯით, თან ქლოშინებდა. დიდი ღიპი ერწეოდა. მთელი რაზმი სიცილისგან იცრემლებოდა. მეფუნთუშეს გასამხნევებლად შესძახოდნენ: - ყოჩაღ, ყოჩაღ, მალუაზონ! დაახლოებით გზის ორი მესამედი თუ იქნებოდა გარბენილი, რომ სარკმლიდან გრძელი და წითელი ალი ამოვარდა. გაისმა სროლა და მსუქანი მეფუნთუშე თოვლში ცხვირით დაეცა და საზარლად დაიყვირა. დასახმარებლად მასთან ვერავინ მიირბინა, მაშინ თოვლში ფორთხვით წამოვიდა, თან კვნესოდა. საშიშ ადგილს თავი რომ დააღწია, გული წაუვიდა. ტყვია დუნდულაში მოხვედროდა. პირველი გაოცებისა და შიშის შემდეგ ხელახლა სიცილი აუტყდათ. ამ დროს ზღურბლზე კომენდატი გამოჩნდა. ის-ის იყო იერიშის გეგმა შეედგინა. - მეთუთიე პლანშიუ და მისი მუშები! - დაიძახა ხმამაღლა. სამი კაცი მიუახლოვდა. - მოაძრეთ სახლს წყალსადენის მილები. თხუთმეტ წუთში კომენდატს ოცმეტრიანი წყალსადენის მილი მოუტანეს. დიდი სიფრთხილით სარქველის კიდეში ერთი პატარა მრგვალი ნახვრეტი გააკეთებინა. ტუმბოთი იგი ჭას შეუერთა და გახარებულმა თქვა: - ბატონ გერმანელებს წყალს მივართმევთ სასმელად. ფრანგები სიხარულით ღმუოდნენ, თავდავიწყებით ხარხარებდნენ. კომენდატმა მოაწყო მუშათა ოცეულები, რომლებიც ყოველ ხუთ წუთში ეცვლებოდნენ. - დატუმბეთ! - ბრძანა კომენდატმა. ოწინარი აამოძრავეს თუ არა, მილების სიგრძეზე ხმაურობა გაისმა და მალე სარდაფში საფეხურიდან საფეხურზე ჩხრიალით ჩაეშვა წყალი. უცდიდნენ, რა მოხდებოდა. ერთი საათი გავიდა. მეორე, მერე მესამე, კომენდატი სამზარეულოში ბოთლს სცემდა, დროგამოშვებით იატაკს ყურს უგდებდა, მტერი რას შვრებოდა, მალე დაყრიდა იარაღს თუ არა.ამოძრავდნენ გერმანელები. სარდაფიდან კასრების გორება, ლაპარაკი, წყლის ტყლაშუნი ისმოდა. დაახლოებით დილის რვა საათზე სარკმლიდან დაიძახეს: - მინდა ბატონ ფრანგ ოფიცერს ველაპარაკო. ლავინიმ უპასუხა სარკმლიდან, ისე რომ თავი ახლოს არ მიუტანია: - გვნებდებით? - გნებდებით. - მაშინ ჯერ თოფები ამოყარეთ. მაშინვე სარკმლიდან ჯერ ერთი თოფი გამოაგდეს თოვლზე, მერე მეორე, მესამე და ყველა... შემდეგ იმავე ხმამ დაიძახა: - მეტი აღარ გვაქვს. იჩქარეთ... დავიხრჩვი... კომენდანტმა ბრძანება გასცა: - შეწყვიტეთ! ტუმბოს ოწინარი უძრავად დაეცა. სამზარეულო გაივსო ჯარისკაცებით. თოფი ფეხთან ჰქონდათ დაშვებული და ასე ელოდნენ, მაშინ კომენდატმა ნელა ასწია მუხის სარქველი. ჯერ ოთხი თავი გამოჩნდა, დასველებული, ოთხი ქერა თავი, ფერდაკარგული, გრძელთმიანი. მერე ექვსივე გერმანელით ზემოთ ამოვიდა, გაწუწული, სიცივისაგან აკანკალებული, შეშინებული. რეტელში ტრიუმფალურად შევიდნენ. პრუსიელთა ავანგარდის ტყვედ ჩაგდებისათვის ბატონი ლავინი ორდენით იქნა დაჯილდოვებული, ხოლო სქელი მეფუნთუშე სამხედრო მედლით ბრძოლაში მიღებული ჭრილობისათვის. ორი მეგობარი       პარიზი ალყაშემორტყმული, დამშეული და სულთმობრძავი იყო. ბეღურებს სახურავზე იშვიათად თუ დაინახავდით. თაგვების ხმაურობაც აღარ ისმოდა. მცხოვრებლები ყველაფერს ჭამდნენ, რასაც მოახელებდნენ. ერთხელ, იანვრის მზიან დილას. განაპირა ბულვარში ბატონი მორისო მოწყენილად დასეირნობდა. მშიერს ფორმის ტანისამოსის შარვლის ჯიბეში ხელები ჩაეწყო. ის ხელობით მესაათე იყო, მაგრამ ომის გამო სამუშაო არ ჰქონდა. უეცრად თანამებრძოლს გადაეყარა, რომელიც მისი მეგობარი აღმოჩნდა, ბატონი სოვაჟი. მათ ერთმანეთი მდინარის ნაპირას გაიცნეს. ომამდე ბატონი მორისო ყოველ კვირას რიჟრაჟზე გზას გაუდგებოდა ხოლმე, ხელში ბამბუკის ჯოხი ეჭირა, ზურგზე თუნუქის კოლოფი ჰქონდა მოკიდებული. არჟანტეილიდან კოლომბში მატარებლით ჩავიდოდა. მერე ფეხით მარანტის კუნძულზე გავიდოდა, როგორც კი ამ თვის საოცნებო ადგილს მიაღწევდა, თევზაობას შეუდგებოდა და შუაღამემდე თევზაობდა. ყოველ კვირას იქ ხვდებოდა ერთი პატარა კაცი. სქელი და მხიარული, ბატონი სოვაჟი, საგალანტერიო მაღაზიის პატრონი, ნორტ-დამ-დელორეტის ქუჩაზე მცხოვრები, მასავით ფანატიკური მეთევზე. ისინი ხშირად ნახევარ დღეს ერთად ატარებდნენ, ხელში ანკესი ეჭირათ და ფეხები მდინარეზე გადაეშვათ. ასე დამეგობრდნენ. ზოგჯერ მთელ დღეს ერთმანეთს სიტყვას არ ეტყოდნენ, ზოგჯერ კი ტკბილად საუბრობდნენ. მაგრამ სიტყვის უთქმელად ერთმანეთს ძალიან ეწყობოდნენ. ერთნაირი გემოვნება და განცდები ჰქონდათ. გაზაფხულზე, დილას, დაახლოებით ათ საათზე, როდესაც ბრწყინვალე მზე მდინარის წყნარ დენას გამოყოლილ პატარა ანაორთქლს არხევდა და ამ გატაცებული მეთევზეების ზურგს თბილ სხივებს აფრქვევდა. მორისო ხანდახან თავის მეზობელს ეტყოდა: - ეჰ! რა ნეტარებაა! და ბატონი სოვაჟი უპასუხებდა: - ამაზე უკეთესი არაფერი ვიცი. ეს საკმარისი იყო ერთმანეთის პატივსაცემად და გასაგებად. შემოდგომაზე, დღის ბოლოს, როდესაც ჩამავალი მზე ცას სისხლისფრად შეღებავდა, ალისფერი ღრუბლების ჩრდილებს წყალზე გაშლიდა, მდინარეს გააწითლებდა, ჰორიზონტს ცეცხლს მოუკიდებდა, მეგობრებს თავის სხივებში გახვევდა და უკვე შეყვითლებულ, ზამთრის სიცივისაგან ათრთოლებული ხეებს მოავარაყებდა, ბატონი სოვაჟი მორისოს ღიმილით შეხედავდა და ეტყოდა: - რა სანახაობაა! - აქ ხომ ბულვარზე უკეთესია? - უპასუხებდა აღტაცებული მორისო და თან ტივტივას თვალს არ აშორებდა. ძველმა ნაცნობებმა ერთმანეთს ხელი ენერგიულად ჩამოართვეს. ამჯერად სულ სხვანაირ მდგომარეობაში შეხვდნენ ერთიმეორეს მეგობრები და ამიტომ აღელდნენ ასე. ბატონმა სოვაჟმა ამოიოხრა და ჩაილუღლუღა: - აი, რა ამბები ხდება! მეტად დაღონებულმა მორისომ ამოიკვნესა: - რა მშვენიერი ამინდია, წელს პირველადაა ასეთი უღრუბლო დღე. მართლაც, მზის სხივებით განათებული ცა ლურჯი იყო. ოცნებაში გართული მოწყენილი მეგობრები გზას გაუდგნენ. მორისომ განაგრძო: - გახსოვს თევზაობა? რა მშვენიერი მოსაგონარია. ბატონმა სოვაჟმა ჰკითხა: - კვლავ როდის ვითევზავებთ? ისინი პატარა ყავახანაში შევიდნენ და აბსენტი გადაჰკრეს. მერე ისევ ქუჩაში გავიდნენ. მორისო უეცრად შედგა. - მეორე ჭიქა ხომ არ გადავკრათ? ბატონი სოვაჟი დაეთანხმა: - თქვენი ნება იყოს. და მეორე მიკიტანთან შეუხვიეს. გამოსვლისას ძალიან გაბრუებული, გონებადაბინდულნი იყვნენ, რაკი მაგარი სასმელი ცარიელ კუჭზე გადაჰკრეს. თბილოდა. მოალერსე ნიავი სახეში უღიტინებდათ: თბილი ჰაერისაგან საბოლოოდ დამთვრალი. ბატონი სოვაჟი, შედგა და თქვა: - იქ რომ წავსულიყავით? - სად? - სად და სათევზაოდ. - სად უნდა წავსულიყავით? - ჩვენს კუნძულზე. ფრანგთა ავანპოსტები კოლომბთანაა? პოლკოვნიკიც დიუმელენს კარგად ვიცნობ. ჩვენს ადვილად გაგვიშვებენ. მორისო სურვილისაგან აცახცახდა. - თანახმა ვარ, წავიდეთ. - და ისინი ერთმანეთს დაშორდნენ, რათა სათევზაო მოწყობილობა მოეტანათ. ერთი საათის შემდეგ მეგობრები დიდ შარაგზას მიჰყვებოდნენ. იმ აგარაკს მიაღწიეს, სადაც პოლკოვნიკი ცხოვრობდა. მათ თხოვნამ პოლკოვნიკს ღიმილი მოჰგვარა, ამ ორი მეგობრის ახირებას წინ არ აღუდგა, საშვი მისცა და მეთევზეებმაც გზა განაგრძეს. მალე ავანპოსტები გაიარეს, მიტოვებული კოლომბი გადაჭრეს, პატარა ვენახებს მიადგნენ, რომელნიც სენაკისაკენ ეშვებოდნენ. დაახლოებით თერთმეტი საათი იქნებოდა. მათ პირდაპირ სოფელი არჟანტეილი მოჩანდა. იგი თითქოს ჩამკვდარიყო. ორჟემონისა და სანუას სიმაღლენი მთელ არემარეს დასცქეროდნენ. დიდი ველი, რომელიც ნანტერამდე აღწევს, ცარიელი იყო, სულ ცარიელი, გარშემო მხოლოდ ალუბლის გატიტვლებული ხეები და რუხი მიწა მოჩანდა. ბატონმა სოვაჟმა მწვერვალებისაკენ ხელი გაიშვირა და ჩაილუღლუღა: - პრუსიელები იქ არიან. ამ უდაბური მხარის დანახვამ ეს ორი მეგობარი გააშეშა. „პრუსიელები!“ მართალია, ისინი არასოდეს დაუნახავთ, მაგრამ ყოველნაირად იგრძნობოდა, რომ პარიზის გარშემო იყვნენ: საფრანგეთის ანადგურებდნენ, ძარცვავდნენ, ჟლეტდნენ, ფრანგებს თავს მოახვიეს შიმშილი. პრუსიელები ყოვლისშემძლე და უხილავი იყვნენ. სიძულვილს, რომელიც მეგობრებს ამ უცნობი გამარჯვებული ხალხის მიმართ ჰქონდათ, რაღაც ცრუმორწმუნეობრივი შიში ერთვოდა. - ჰა, ჩვენ რომ მათ შევეჩეხოთ? - ჩაილუღლუღა მორისომ. ბატონმა სოვაჟმა იმ პარიზელი დამცინავი კილოთი, რომელიც ყოველ მდგომარეობაში იჩენს თავს, უპასუხა: - ჩვენ მათ შემწვარ თევზს მივართმევთ. გარშემო ისეთი შიშისმგვრელი მდუმარება გამეფებულიყო, რომ მეგობრები ყოყმანობდნენ, შესულიყვნენ სოფელში თუ არა, ბოლოს ბატონმა სოვაჟმა გადაწყვიტა: - გზას გავუდგეთ, მაგრამ ფრთხილად. - და ვენახში შევიდნენ, წელში მოხრილი. ბუჩქებს აფარებდნენ თავს თვალებდაჭყეტილნი, სმენად ქცეულნი. მდინარის ნაპირამდე მოტიტვლებული მიწის ნაკვეთი დარჩათ გადასარბენი. გაიქცნენ და, როგორც კი მაღალ ციცაბო ნაპირს მიაღწიეს, გამხმარ ლერწმებში ჩაიმალნენ. მორისომ მიწას ყური დაადო, რათა გაეგო გარშემო ვინმე ხომ არ დადისო. არაფერი ისმოდა. მარტო იყვნენ, სრულიად მარტო. ბოლოს დამშვიდნენ და თევზაობა დაიწყეს. მეთევზეების პირდაპირ მარანტის უდაბური კუნძული იყო, რომელიც მათ ფარავდა, მეორე ციცაბო ნაპირიდან ვერავინ დაინახავდა. რესტორანი დაკეტილი იყო, მრავალი წლის მიტოვებულს ჰგავდა. თევზი პირველად ბატონმა სოვაჟმა დაიჭირა, მეორე მორისომ. მეგობრები დროგამოშვებით ამოაგდებდნენ პატარა ვერცხლისფერ თევზს, რომელიც ძაფის ბოლოში თრთოდა: ჭეშმარიტად საუცხოო თევზაობა იყო. ისინი თევზებს ფრთხილად ჩაუშვებდნენ ხოლმე ვიწროთვლებიან ბადეში, რომელიც მდინარეში იყო ჩაშვებული. იშვიათ სიხარულს გრძნობდნენ, იმ სიხარულს, რომელსაც ადამიანი ეძლევა, როდესაც დიდხანს მოკლებულ, საყვარელ სიამოვნებას ხელახლა განიცდის. ცხრათვალა მზე მათ ბეჭებზე სითბოს აფრქვევდა. არაფერს უსმენდნენ, არაფერზე ფიქრობდნენ. სხვა ქვეყანა მათთვის აღარ არსებობდა. ისინი თევზაობდნენ. მაგრამ უეცრად ყრუ ხმაურობამ, რომელიც თითქოს მიწისქვეშ ისმოდა, ნიადაგი შეარყია. ზარბაზნის სროლა დაიწყო. მორისომ თავი მიიბრუნა და მაღალ ციცაბო ნაპირზე, მარცხნივ, მთა ვალერიენის დიდი სილუეტი შენიშნა: თეთრი ქოჩორი ჰქონდა, ახლახან ამოვარდნილი დენთის ბოლი. და სიმაგრის მწვერვალიდან მაშინვე ბოლის მეორე ნაკადი წამოვიდა. რამდენიმე წამის შემდეგ სროლის ახალი გრგვინვა გაისმა. სროლას სროლა მოსდევდა, ყოველ წუთში მთა ისროდა სიკვდილის სუნთქვას და რძისფერ ბოლს ანთხევდა, რომელიც მშვიდ ცაში ნელა იწვევდა და მთის თავზე ღრუბლად ადგებოდა. ბატონმა სოვაჟმა მხრები აიჩეჩა და თქვა: - აი ხელახლა იწყებენ. მორისომ, რომელიც აღელვებით უცქეროდა, როგორ ეშვებოდა ზედიზედ წყალში მისი ტივტივას ფრთა, უეცრად ამ გაცოფებულ მებრძოლთა წინააღმდეგ მშვიდობიანი ადამიანის სიბრაზით აივსო და ჩაიბურდღუნა: - კაცი სულელი უნდა იყოს, თავი რომ ასე მოაკვლევინოს. ბატონმა სოვაჟმა განაგრძო: - ადამიანი მხეცზე უარესია. მორისომ, რომელმაც ის-ის იყო თევზი დაიჭირა, განაცხადა: - უნდა ითქვას, რომ სულ ასე იქნება, სანამ მთავრობები იარსებებენ. ბატონმა სოვაჟმა შეაჩერა: - რესპუბლიკა ომს არ გამოაცხადებდა. მორისომ სიტყვა ჩამოართვა: - მეფეების დროს სხვებს ეომებიან, რესპუბლიკის დროს კი თავისიანებს ებრძვიან. კამათი დაიწყეს, დიდ პოლიტიკურ პრობლემებს წყვეტდნენ მშვიდი და გონებაშეზღუდული ადამიანების საღი მოსაზრებით. ერთ რამეში შეთანხმდნენ: ადამიანი თავისუფალი არასოდეს იქნებაო. მთა ვალერიენი კი მოუსვენრად გრუხუნებდა, ყუმბარები ფრანგების სახლებს ანადგურებდა, სიცოცხლეს სპობდა, სულდგმულს სრესდა, მიღწეულ სიხარულს, მოსალოდნელ ბედნიერებას ბოლოს უღებდა. ეს ყუმბარები იქ, დაბლა, სხვა ქვეყნებშიც, დაუსრულებელ ტანჯვას ნერგავდა ცოლების, ქალიშვილებისა და დედების გულში. - ეს არის სიცოცხლე, - განაცხადა ბატონმა სოვაჟმა. - უფრო სწორი იქნება რომ თქვა, ეს არის სიკვდილი-თქო, - უპასუხა სიცილით მორისომ. მაგრამ უცებ ისინი შიშმა აიტანა: იგრძნეს, რომ მათ ზურგს უკან ვიღაცამ ჩაიარა. მიიხედეს და შენიშნეს, მათ გვერდით ოთხი ჯარისკაცი იდგა, ოთხივე შეიარაღებული და წვერმოშვებული, შინამოსამსახურესავით ლივრეში გამოწყობილი; თავზე ბრტყელი ჩიხაქუდი ეხურათ. მეთევზეებს თოფს უმიზნებდნენ. მეგობრებს ანკესები ხელიდან გაუვარდა და ის მდინარის დენამ გაიტაცა. მეთევზეები იმ წუთშივე დაიჭირეს, გაბაწრეს, წაათრიეს, ნავში ჩააგდეს და კუნძულზე გადმოიყვანეს. და იმ სახლს უკან, რომელიც მიტოვებული ეგონათ, ოცამდე გერმანელი ჯარისკაცი დაინახეს. ვიღაც ბალნიანმა გოლიათმა, რომელიც სკამზე ცხენოსანივით გადამჯდარიყო და ჩიბუხს აბოლებდა, ჰკითხა მათ მშვენიერ ფრანგულ ენაზე: - მაშ, ბატონებო, კარგად ითევზავეთ? მაშინ ერთმა ჯარისკაცმა ოფიცერს ფეხთან დაუდო თევზებით სავსე ბადე, რომლის წამოღებაც არ დავიწყებოდათ. პრუსიელმა გაიღიმა. - ეჰ, ეჰ! კარგი თევზაობა გცოდნიათ, მაგრამ აქ სხვა საქმეა. ყური დამიგდეთ და არ შეშინდეთ. თქვენ ჩემთვის ორი ჯაშუში ხართ, ჩემს სათვალთვალოდ გამოგზავნილი. მე კი გიჭერთ და გხვრეტთ. ვითომდა თევზაობდით, რათა თქვენი განზრახვები უკეთ დაგეფარათ. ხელში ჩამივარდით, მით უარესი თქვენთვის. ეს ომია, მაგრამ თქვენ ხომ ავანპოსტები გამოიარეთ? აუცილებლად პაროლიც გაქვთ უკან დასაბრუნებლად. მითხარით და გაპატიებთ. გვერდი-გვერდ მდგომი, ნერვიულად ათრთოლებული, ხელებაკანკალებული ორი მეგობარი სდუმდა. ოფიცერმა განაგრძო: - ამას ვერავინ გაიგებს. მშვიდობიანად უკან დაბრუნდებით. საიდუმლო თქვენთან ერთად გაქრება. თუ უარს იტყვით, დაუყოვნებლივ სიკვდილი მოგელით. ამოირჩიეთ! მეგობრები უძრავად იდგნენ, ენაჩაგდებულნი. პრუსიელმა ხელი მდინარისაკენ გაიშვირა და ისე მშვიდად განაგრძო: - დაფიქრდით, ხუთ წუთში ამ წყლის ფსკერზე იქნებით. ხუთ წუთში! თქვენ ნათესავები გეყოლებათ. მთა ვალერიენს გრგვინვა არ შეუწყვეტია. მეთევზეები ისევ ფეხზე იდგნენ მდუმარედ. გერმანელმა თავის ენაზე ბრძანება გასცა. მერე სკამი გადადგა, რათა ტყვეებთან უფრო ახლოს არ ყოფილიყო. თორმეტი ჯარისკაცი მოვიდა. ისინი ოც ნაბიჯზე დაირაზმნენ, თოფი ფეხთან ჰქონდათ დაშვებული. ოფიცერმა ტყვეებს კვლავ მიმართა: - ერთ წუთს გაძლევთ, მეტს არა, ერთ წამსაც კი არა. მერე უეცრად წამოიჭრა, ფრანგებს მიუახლოვდა, მორისოს მკლავში ხელი გამოსდო, განზე გაიყვანა, ჩუმად უთხრა: - მალე, პაროლი! თქვენი ამხანაგი ვერ გაიგებს. ისეთ გამომეტყველებას მივიღებ, თითქოს გული მომილბა. მორისომ არაფერი უპასუხა. მაშინ პრუსიელმა ბატონი სოვაჟი გაიხმო განზე და იგივე გაუმეორა. ბატონმა სოვაჟმა არაფერი უპასუხა. მეთევზეები ისევ ერთად იდგნენ. ოფიცერმა ბრძანების გაცემა დაიწყო. ჯარისკაცებმა თოფები ასწიეს. მაშინ შემთხვევით მორისომ იქვე, ბალახზე დაგდებულ თევზებით სავსე ბადეს დახედა. ჯერ კიდევ მთრთოლვარე თევზების გროვა მზის სხივებზე ბრწყინავდა. მორისო სისუსტემ შეიპყრო, თუმცა თავს იკავებდა, თვალები მაინც ცრემლით აევსო. მან ჩაილუღლუღა: - მშვიდობით, ბატონი სოვაჟ. ბატონმა სოვაჟმა უპასუხა: - მშვიდობით, ბატონი მორისო. ერთმანეთს ხელი ჩამოართვეს. მთელი ტანით ცახცახებდნენ. ოფიცერმა დაიძახა: ცეცხლი! ბატონი სოვაჟი მოცელილივით წაიქცა და ცხვირით დაემხო. მორისო გადაიზნიქა, ციბრუტივით შეტრიალდა და ამხანაგს გარდიგარდმო დაეცა, პირაღმა, მკერდზე გახეული ტანსაცმლიდან კი სისხლის ბუშტებმა გაჟონა. გერმანელმა ახალი ბრძანება გასცა. ჯარისკაცები გაიფანტნენ. მერე დაბრუნდნენ თოკებით და ქვებით, ქვები მკვდრებს ფეხზე მიაბეს და გვამები მდინარეში ნაპირისკენ წაიღეს. ბოლით დაბურულ ვალერიენის მთას გუგუნი არ შეუწყვეტია. ორმა ჯარისკაცმა მორისო ასწია. ერთმა თავში წაავლო ხელი, მეორემ ფეხებში, სხვებმა ბატონი სოვაჟიც ასეთნაირად აიღეს. ერთ წამს გვამები ძლიერად გააქან-გამოაქანეს და შორს გადაისროლეს. გვამებმა რკალი მოხაზეს, მერე მდინარეში ჩაეშვნენ, ფეხზე დამდგარნი; ქვებმა ჯერ ფეხები ჩაითრიეს. წყალი აქაფდა. აჩუხჩუხდა, ათრთოლდა, მერე დამშვიდდა, აშლილმა პატარა ტალღებმა ნაპირს მიაღწია. წყლის ზედაპირს სისხლი მოედო. - ახლა თევზები გაიხარებენ, - თქვა მშვიდად ოფიცერმა. შემდეგ სახლისკენ გაეშურა. უეცრად ბალახზე თევზებიანი ბადე შენიშნა, აიღო, გასინჯა, გაიღიმა. შემდეგ დაიძახა: - ვილჰელმ! ერთმა თეთრწინსაფრიანმა ჯარისკაცმა მიირბინა. პრუსიელმა ორი დახვრეტილის დანაჭერი თევზები გადაუგდო და უბრძანა: - ახლავე შემიწვით ეს თევზები, სანამ ცოცხლებია. მშვენიერი რამ იქნება. და ისევ ჩიბუხი გააბოლა. პოლკოვნიკის აზრები        უნდა გამოვტყდე, - თქვა პოლკოვნიკმა ლაპორტმა, - თუმცა მოხუცი ვარ, ნიკრისის ქარი მაწუხებს და ფეხები ბარიერის სვეტივით მაქვს გაშეშებული, მაგრამ თუ ქალი, ცხადია, ლამაზი ქალი, მიბრძანებს, ნემსის ყუნწში გაძვერიო, ვფიქრობ, შიგ ისე გავხტები, როგორც ჯამბაზი რგოლში. ასე მოვკვდები, ეს ძვალ-რბილში მაქვს გამჯდარი. მე ქალების მუდმივი მიჯნური ვარ, ძველი სკოლისა. ქალის დანახვა, ლამაზი ქალისა, ფეხის თითებამდე ამათრთოლებს ხოლმე, ასეა. ბატონებო, ჩვენ ფრანგები, ყველანი, ცოტად თუ ბევრად, ერთმანეთს ვგავართ. რაც უნდა მოხდეს, ჩვენ მაინც რაინდები ვართ, სიყვარულის და აზარტის რაინდები, თუმცა ღმერთი, რომლის ქეშიკები ჩვენ ჭეშმარიტად ვიყავით, გააუქმეს. თქვენ იცით, ქალს ჩვენი გულიდან ვერავინ ამოაგდებს. ის იქაა და იქვე რჩება, გვიყვარს და გვეყვარება. ქალისათვის ყოველგვარ სიგიჟეს ჩავიდენთ, სანამ საფრანგეთი ევროპის რუკაზე იქნება. ხოლო თუ საფრანგეთს გააქრობენ, ჩვენ მაშინაც კი ფრანგებად დავრჩებით. ქალის წინაშე, ლამაზი ქალის წინაშე, თავს ყოვლისშემძლედ ვგრძნობ. დალახვროს ღმერთმა! როდესაც ჩემს არსებაში ქალის შემოხედვა იჭრება, წყეული შემოხედვა და ძარღვებს ცეცხლად ედება, სურვილი მიპყრობს, არ ვიცი რა სურვილი, ვიბრძოლო, ვიომო, ავეჯი დავლეწო, დავანახვო, რომ ყველაზე ძლიერი, პატიოსანი, გულადი და ერთგული ვარ. მაგრამ მარტო მე არა ვარ ასეთი. მთელი ფრანგების ჯარი მე მგავს. ჩვენ, უბრალო ქვეითი ჯარისკაცი თუ გენერალი, ყველას წინ ვუსწრებთ, არასოდეს ჩამოვრჩებით, თუ საქმე ქალს, ცხადია, ლამაზ ქალს ეხება. გაიხსენეთ, ოდესღაც ჟანა დარკმა გმირობა ჩაგვადენინა. მერწმუნეთ, სანაძლეოს ვდებ, სედანის წინადღეს, როდესაც მარშალი მაკ-მაჰონი დაიჭრა, ჯარის მთავარსარდლობა რომ ქალს, ლამაზ ქალს ეკისრა. ჩვენ პრუსიელთა ხაზებს გადავთელავდით და არაყს მათ ზარბაზნებთან გადავკრავდით. პარიზისათვის ტროშიუ კი არ იყო საჭირო, არამედ წმინდა ჟენევიევა. მაგონდება ომის ერთი ეპიზოდი, სწორედ იმის დამამტკიცებელი, რომ, როცა ქალი გვიცქერს, ყოვლისშემძლე ვართ. მაშინ კაპიტანი ვიყავი, უბრალო კაპიტანი და ვმეთაურობდი მზვერავთა ნაწილს, რომელიც პრუსიელების მიერ დაკავებულ მიდამოებში მოქცეული, ბრძოლით იხევდა უკან. მტერი არ გვასვენებდა, ჩვენ ალყაშემორტყმული, დაქანცული, გაოგნებულები ვიყავით, სისუსტისა და შიმშილისაგან სული გვხვდებოდა. გათენებამდე ბარ-სიურ-ტენამდე უნდა მიგვეღწია, თორემ ცეცხლს წაგვიკიდებდნენ, ამოგვხოცავდნენ, ამოგვჟლეტდნენ. აქამდე როგორ გადავრჩით? არაფერი ვიცი. ღამის განმავლობაში მშივრებს თორმეტი ლიე უნდა გაგვევლო, თორმეტი ლიე თოვლში და თოვლის ქვეშ. „გათავდა, ვერასოდეს ჩემი საბრალო ბიჭები სამშვიდობოს ვერ გავლენ“, - ვფიქრობდი მე. ერთი დღეა პირში ლუკმა არ ჩაუდვიათ. კარიპანში ვიყავით დამალული, რომ არ გავყინულიყავით, ერთმანეთს ვეკვროდით. არც ლაპარაკი, არც მოძრაობა აღარ შეგვეძლო, ჩაძინებისთანავე გვეღვიძებოდა, როგორც ეს მოქანცულ ადამიანებს მოსდით ხოლმე. ხუთ საათზე უკვე დაღამდა. თოვლის გამო მკრთალი ღამე იყო. ჩემს ჯარისკაცებს ვანჯღრევდი. ბევრს წასვლა აღარ უნდოდა. არც მოძრაობა, არც ფეხზე დგომა შეეძლო დაღლისაგან, სიცივისაგან გახევებული იყვნენ. ჩვენს წინ ველი, სულ მოტიტვლებული ველი გაშლილიყო, განუწყვეტლივ თოვდა, ბარდნიდა, ფარდასავით ეშვებოდა, გაშეშებულ, მძიმე ნაბდად ეხურებოდა მიწას. იტყოდით, ქვეყნის აღსასრული დადგაო. - გზას გავუდგეთ, ყმაწვილებო! ჯარისკაცები შესცქეროდნენ თეთრ მტვერს, მაღლიდან რომ ცვიოდა, და თითქოს ფიქრობდნენ: ჩვენს დასახოცად თოვლი აქაც კმარაო. მაშინ რევოლვერი გავისროლე. - ვინც სიმხდალეს გამოიჩენს, აქვე დავაწვენ. ძალაგამოცლილები სულ ნელა, ლასლასით წავიდნენ. წინ, სამასი მეტრის მანძილზე, ოთხი ჯარისკაცი გავგზავნე დასაზვერავად. სხვები უკან მივყევით, არეულ-დარეულად, გროვად, დაღლილობის გამო ფეხს ძლივს მივათრევდით. ბრძანება გავეცი, ჩამორჩენილი ჯარისკაცები ზურგში ხიშტის ჩხვლეტით აეჩქარებინათ... თოვლს თითქოს ჩვენი ცოცხლად დამარხვა განუზრახავსო. ქუდებს, ფარაჯებს ათოვდა, ზედ ეყინებოდა და აჩრდილებად, თითქოს დახოცილ ჯარისკაცთა მოჩვენებებად გვაქცევდა. „აქ სასწაული თუ გადაგვარჩენს“. - ვამბობდი გულში. ზოგჯერ რამდენიმე წუთით შევჩერდებოდით, რადგან ბევრი ჯარისკაცი უკან რჩებოდა. მაშინ მხოლოდ თოვლის ყრუ ხრაშიხრუში და ფანტელების შეუმჩნეველი ხმა ისმოდა. რამდენიმე ჯარისკაცი მილასლასებდა, სხვები გაშეშებულიყვნენ. კვლავ ბრძანებას ვაძლევდი ადგილიდან დაძრულიყვნენ. ჯარისკაცები თოფებს მხარზე გადაიგდებდნენ და უღონო ნაბიჯით გზას განაგრძობდნენ. უცბად მზვერავებმა დაიხიეს. შეშფოთდნენ. წინ ლაპარაკი მოესმათ. ამის გასაგებად ექვსი ჯარისკაცი და სერჟანტი გავგზავნე. დავუცადე. ანაზდად წვრილმა ხმამ, ქალის ხმამ, თოვლით დამძიმებული სიჩუმე დასერა. რამდენიმე წუთში ორი ტყვე მოიყვანეს: ბერიკაცი და ახალგაზრდა ქალიშვილი. ისინი ხმადაბლა დავკითხე. მთვრალ პრუსიელებს გამოქცეოდნენ, რომლებიც ამ საღამოს მათი სახლი დაეკავებინათ. მამას შეშინებოდა, ქალიშვილს არაფერი ავნონო, და ღამით ისე გამოპარულიყვნენ, მოსამსახურეებიც კი არ გაუფრთხილებიათ. მაშინვე ვიცანი, რომ ისინი ბურჟუები იყვნენ, ბურჟუებზე უკეთესიც. - ჩვენ გამოგვყევით, - ვუთხარი მათ. ისევ გზას გავუდექით. მოხუცი ამ მიდამოს იცნობდა და გზას გვიკვალავდა. აღარ თოვდა. ვარსკვლავები გამოჩნდა. სიცივე აუტანელი გახდა. მამის მკლავზე ჩამოკიდებული ახალგაზრდა ქალი ლასლასით მოდიოდა, გატანჯული ნაბიჯი ჰქონდა. მან მრავალჯერ ჩაიბუტბუტა: - ფეხებს ვეღარ ვგრძნობ. ვიტანჯებოდი, როცა ვხედავდი, როგორ მიათრევდა თოვლში ფეხებს. უცბად შედგა. - მამა, ისე დავიქანცე, ფეხის გადადგმა აღარ შემიძლია. მოხუცმა შვილის ხელში აყვანა მოინდომა, მაგრამ ადგილიდანაც ვერ დაძრა. ქალი თოვლში ჩაიკეცა და მწარე ოხვრა აღმოხდა. ჯარისკაცები გარშემო შემოეხვივნენ, მე კი ერთ ადგილას ვტოკავდი, არ ვიცოდი რა მექნა, ვერც ამ მოხუცის და ქალის მიტოვება გადამეწყვიტა. მოულოდნელად ერთმა ჯარისკაცმა, პარიზელმა, რომელსაც მეტსახელად „პრაქტიკული“ შეარქვეს, თქვა: - აბა, ბიჭებო, ეს ქალიშვილი უნდა წავიყვანოთ, ან ჩვენ ფრანგები არა ვყოფილვართ, ჯანდაბას ჩვენი თავი! მახსოვს, სიამოვნებისგან შევიგინე კიდეც. - დალახვროს ღმერთმა! ეს ძალიან კარგია, კარგია, ბიჭებო, მეც მივიღებ მონაწილეობას. სიბნელეში მარცხნივ გაურკვევლად პატარა ტყე მოჩანდა. რამდენიმე ჯარისკაცი გამოგვეყო და მალე ტოტებისაგან გაკეთებული საკაცე მოიტანეს. - ფარაჯას ვინ გვათხოვებს? - დაიძახა პრაქტიკულმა, - მშვენიერი ქალიშვილისთვის გვჭირდება, ძმებო. უცებ ათი ფარაჯა დავარდა ჯარისკაცის გარშემო. ერთ წამში ახალგაზრდა ქალი ამ თბილ ტანისამოსებში ჩააწვინეს და ექვსმა კაცმა საკაცე მხრებზე დავიდგით. მე თვითონ დავდექი მარჯვნივ და ვფიცავ, ჩემი ტვირთით კმაყოფილი ვიყავი. ჩვენ უფრო ცოცხლად და მხიარულად გავწიეთ, თითქოს ღვინო გადაგვეკრას. ხუმრობაც კი გავიგონე. ხედავთ, ერთი ქალი იყო საკმარისი, რომ ფრანგები აღეგზნო. ჯარისკაცთა მწკრივები თითქოს გასწორდა, აღფრთოვანდა, გათბა. ერთი ხნიერი თავისუფალი მსროლელი საკაცეს მოჰყვებოდა, თავის ჯერს უცდიდა, რათა პირველივე დაღლილი ამხანაგი შეეცვალა. მან მეზობელს ჩაულაპარაკა საკმაოდ ხმამაღლა, რომ მე გამეგონა: - მე ახალგაზრდა არა ვარ, ეჰ, მაგრამ, ამ ოხერ-მუდრეგ სქესში მაინც არის რაღაც რაც გულ-ღვიძლში გაგკრავს ხოლმე. დილის სამ საათზე თითქმის დაუსვენებლად მივდიოდით. მერე უეცრად მზვერავებმა კვლავ დაიხიეს. მთელი ნაწილი თოვლში ჩაწვა, ჩრდილივით მიწას გაეკრა. იქ, ველის შუა ადგილას, რაღაც უცნაური მოძრაობდა, დიდი მხეცი გეგონებოდა. მორბოდა, გველივით გრძელდებოდა, ან გუნდად იკვროდა, მერე უეცრად გამოიქროლებდა, ხან მარჯვნივ, ხან მარცხნივ შედგებოდა, კვლავ დაიძვრებოდა. უეცრად ეს მოხეტიალე რაღაც მოგვიახლოვდა. დავინახეთ, ჩორთით ერთიმეორის უკან მოქროდა თორმეტი გზადაბნეული ცხენოსანი, ისინი გზის გაკვლევას ცდილობდნენ. ახლა ისე ახლოს მოვიდნენ, რომ კარგად მესმოდა, ცხენების ხრინწიანი სუნთქვა, იარაღის ჩხარუნი და უნაგირების ჭრაჭუნი. - ცეცხლი! - გავეცი ბრძანება. და ორმოცდაათი თოფის გასროლამ ღამის დუმილი დაფლითა. ოთხი თუ ხუთი გასროლა კიდევ გაისმა, მერე უკანასკნელი სულ მარტო. როდესაც დენთისაგან დაყენებული კვამლი გაიფანტა, დავინახეთ თორმეტი ჯარისკაცი და ცხრა ცხენი დაცემულიყო, ხოლო სამი ცხენი გიჟურად გარბოდა. ერთი უზანგზე ფეხით ჩამოკიდებულ, ცოფიანივით მოხტუნავე ცხენოსნის გვამს მიათრევდა. ჩემს უკან ერთი ჯარისკაცი გულიანად იცინოდა. მეორემ თქვა: - რამდენი ქალი დაქვრივდა. ის იქნებ ცოლიანი იყო. მესამემ დაუმატა: - ამას დიდი დრო არ სჭირდება. ქალიშვილმა საკაციდან თავი წამოსწია და იკითხა: - რა ამბავია? ბრძოლაა? მე ვუპასუხე: - არაფერია, ქალბატონო, ჩვენ თორმეტი გერმანელი საიქიოს გავამგზავრეთ. - საწყლები, - თქვა ქალმა და ისევ ფარაჯის ქვეშ შეიმალა. გზას გავუდექით. დიდხანს მივდიოდით. ბოლოს ცა გაფითრდა. თოვლი გახდა ნათელი, სხივმფენი, მბრწყინავი. აღმოსავლეთი ვარდისფრად შეიღება. შორეული ხმა მოისმა: - ვინ მოდის? მთელი ნაწილი შეჩერდა. დავწინაურდი ჩვენი ვინაობის გასაცნობად. ფრანგების ხაზებს მივაღწიეთ. ჩემი ჯარისკაცები პოსტის წინ მიდიოდნენ. ცხენზე მჯდომმა მეთაურმა, რომელსაც ის-ის იყო მდგომარეობა გავაცანი, მის წინ საკაცე რომ ჩაატარეს, ხმამაღლა იკითხა: - რა გაქვთ შიგ? მაშინვე პატარა ქერა სახე გამოჩნდა, თმაგაწეწილი, მოღიმარი და უპასუხა: - ეს მე ვარ, ბატონო. ჯარისკაცებს სიცილი აუტყდათ, და მათ გულში სიხარულმა გაირბინა. მაშინ პრაქტიკულმა, რომელიც საკაცის გვერდით მიდიოდა, კეპი ააქნია და დაიყვირა: - გაუმარჯოს საფრანგეთს! არ ვიცი რატომ, ვიგრძენი, რომ ძლიერ ავღელდი, ეს იმდენად სასიამოვნო და დარდიმანდული რამ იყო. მეგონა, რომ ჩვენ ის-ის იყო ქვეყანა გადავარჩინეთ, ისეთი რამ გავაკეთეთ, რის გაკეთებასაც სხვა ვერავინ შესძლებდა, რაღაც უბრალო და ჭეშმარიტად პატრიოტული. ამ პატარა ქალს, დამიჯერეთ, ვერასოდეს დავივიწყებ. მე რომ მკითხონ, დოლი და საყვირი რით უნდა შეიცვალოსო, წინადადებას შევიტანდი, ყველა რაზმში ეს საკრავები ლამაზი ქალიშვილით შეეცვალათ. ეს მარსელოზის დაკვრასაც აჯობებდა. დალახვროს ღმერთმა, რა ხალისს შესძენდა ჯარისკაცს, პოლკოვნიკის გვერდით რომ ცოცხალი მადონა ჰყოლოდა! ბატონი ლაპორტი წუთით დადუმდა, მერე თავის ქნევით დაჯერებულად დაუმატა: - ასეა თუ ისე, ჩვენ, ფრანგებს, ქალები ძალიან გვიყვარს. დუელი       ომი დამთავრებული იყო. გერმანელებმა მთელი საფრანგეთი დაიპყრეს. ქვეყანა ცახცახებდა როგორც გამარჯვებულის წინ დაჩოქილი დამარცხებული მებრძოლი. გონებადაკარგული, დამშეული, სასოწარკვეთილი პარიზიდან პირველი მატარებლები გადიოდნენ ახალი საზღვრებისაკენ. ზანტად მიიზლაზნებოდნენ მინდვრებსა და სოფლებზე. პირველი მგზავრები ფანჯრებიდან გასცქეროდნენ გადარუჯულ ველებსა და გადამწვარ დაბებს. გადარჩენილი, სახლების წინ ცხენოსნებივით სკამზე გადამჯდარი პრუსიელი ჯარისკაცები ჩიბუხს აბოლებდნენ. თავზე წვეტიანი შავი ჩაჩქანი ეხურათ. ზოგიერთები ისე მუშაობდნენ ან საუბრობდნენ, თითქოს შინ ყოფილიყვნენ. როდესაც მგზავრები ქალაქებს გაივლიდნენ, გერმანელების მთელ პოლკებს ხედავდნენ. ისინი გადაჰყავ-გადმოჰყავდათ. მიუხედავად ბორბლების ხმაურობისა მატარებლებში დროგამოშვებით შემოიჭრებოდა ხრინწიანი ხმით წარმოთქმული განკარგულებები.       ბატონი დრიუბიუი, რომელიც ალყის შემორტყმის განმავლობაში პარიზის ნაციონალურ გვარდიაში ირიცხებოდა, ახლა შვეიცარიაში მიემგზავრებოდა ცოლისა და ქალიშვილის სანახავად. მტრის შემოჭრის წინ ცოლ-შვილი სიფრთხილის გამო უცხოეთში გაეხიზნა. მდიდარი და მშვიდობის მოყვარე ვაჭრის დიდი ღიპისათვის შიმშილსა და დაღლილობას ვერაფერი დაეკლო. დიუბიუიმ საშინელი ამბები გადაიტანა ბედის მორჩილებითა და სასოწარკვეთილებით, ბევრი მწარე აზრი გამოთქვა ადამიანის მხეცობაზე. ახლა ის საზღვარს უახლოვდებოდა. ომი დამთავრებული იყო. პირველად ხედავდა პრუსიელებს, მიუხედავად იმისა, რომ თავისი მოვალეობა ქალაქის მისადგომებთან პირნათლად შეასრულა და მრავალი ცივი ღამე გაატარა ყარაულობაში. შეშინებული და გაღიზიანებული უცქეროდა ამ შეიარაღებულსა და წვერმოშვებულ გერმანელებს, რომლებიც საფრანგეთის მიწაზე თავს ისე გრძნობდნენ, როგორც საკუთარ სახლში, და მის სულში უღონო პატრიოტულ სიცხარესთან ერთად მკვიდრდებოდა ახალი, ძლიერი ინსტინქტი- სიფრთხილის გრძნობა, რომელსაც ახლა ფრანგები იჩენდნენ.იმავე კუპეში საფრანგეთის დასათვალიერებლად ჩამოსული ორი ინგლისელი ტურისტი იჯდა. ისინი ცნობისმოყვარე და მშვიდი თვალებით იცქირებოდნენ. ორივე ჩასუქებული იყო. ინგლისურად ლაპარაკობდნენ, ხმამაღლა კითხულობდნენ, რათა უნახავი არ დარჩენოდათ არც ერთი ღირსშესანიშნავი ადგილი. მოულოდნელად მატარებელი პატარა ქალაქის სადგურზე გაჩერდა, და ერთი პრუსიელი ოფიცერი ვაგონში ამოვიდა. მისმა ხმალმა კიბის საფეხურებზე გაირაჩხუნა. ოფიცერი უზარმაზარი იყო. შემოსხლეტილი ფორმის ტანისამოსი ეცვა. ჟღალი ფერის წვერს, რომელსაც თითქოს ცეცხლი ედებოდა, სახე თითქმის სულ დაეფარა. ფერმკრთალი, გრძელი, აწკეპილი ულვაში სახეს ორ ნაწილად უყოფდა. ინგლისელებმა ღიმილით შეხედეს, ცნობისმოყვარეობით დააკვირდნენ. ბატონ დიუბიუის კი თავი ისე ეჭირა, თითქოს გაზეთს კითხულობსო, ჟანდარმის დანახვით შეშინებული ქურდივით კუთხეში მიიკრუნჩხა. მატარებელი დაიძრა. ინგლისელები საუბარს განაგრძობდნენ: ბრძოლების ადგილებს დაეძებდნენ. ერთმა ინგლისელმა სოფლისაკენ გაიშვირა ხელი. უეცრად პრუსიელმა ოფიცერმა თავისი გრძელი ფეხები გაჭიმა, ზურგზე გადაწვა და დამახინჯებული გამოთქმით ფრანგულად თქვა: - მე თორმეტი ფრანგი მოვკალი ამ სოფელში, ასზე მეტი ტყვე წამოვიყვანე. - ჰო! რა ჰქვია ამ სოფელს? - ჰკითხეს ინგლისელებმა. - ფარსბურგი, - უპასუხა პრუსიელმა და განაგრძო:- ეს გარყვნილი ფრანგები ყურით წამოვათრიეთ. - მერე ბატონ დიუბიუის შეხედა და ულვაშში ამაყად ჩაიცინა. მატარებელი მტრის მიერ ოკუპირებულ დაბებზე მიდიოდა, ხედავდნენ გერმანელ ჯარისკაცებს, რომელნიც გზებზე, მინდვრების პირას, სადარაჯოებთან ჩამწკრივებულიყვნენ, ყავახანების წინ საუბრობდნენ. მიწა აფრიკის კალიებივით დაეფარათ. ოფიცერმა ხელი ასწია და თქვა: - მე რომ სარდალი ვყოფილიყავი, პარიზს ავიღებდი და სულ გადავბუგავდი, ყველას ამოვჟლეტდი. აღარ იქნებოდა საფრანგეთი.       ინგლისელებმა ზრდილობისათვის უბრალოდ უპასუხეს: - ჰო, დიახ. ოფიცერმა განაგრძო: - ოცი წლის შემდეგ მთელი ევროპა, დიახ, მთელი ევროპა, ჩვენი იქნება, პრუსია ყველაზე ძლიერია. შეშფოთებულმა ინგლისელებმა არაფერი უპასუხეს. გაქვავებული სახეები ცვილისფრად მოუჩანდათ გრძელ ქილვაშებში. მაშინ პრუსიელ ოფიცერს სიცილი აუტყდა. კვლავ ზურგზე გადაწოლილმა დაცინვა დაიწყო. ის მასხრად იგდებდა განადგურებულ საფრანგეთს, შეურაცხყოფას აყენებდა მიწაზე გართხმულ მტერს, დასცინოდა ამ დღეებში დამარცხებულ ავსტრიას, დასცინოდა დეპარტამენტების გააფთრებულსა და უძლურ თავდაცვას, მასხრად იგდებდა მოძრავ გვარდიელებს, პარალიზირებულ არტილერიას. ოფიცერმა თქვა, ბისმარკს გადაწყვეტილი აქვს ნადავლი ზარბაზნებით რკინის ქალაქი ააშენოსო და უეცრად თავისი ჩექმები ბატონ დიუბიუის თეძოს მიადო. ყურებამდე გაწითლებულმა ფრანგმა განზე გაიხედა. ინგლისელები ყველაფრის მიმართ თითქოს გულგრილნი გახდნენ, თითქოს უეცრად თავიანთ კუნძულზე ჩაკეტილი აღმოჩნდნენ, მსოფლიოს ხმაურს დაშორებულნი. ოფიცერმა ჩიბუხი ამოიღო და ფრანგს მიაჩეჩა: - თამბაქო ხომ არა გაქვთ? ბატონმა დიუბიუიმ უპასუხა: - არა, ბატონო. - გთხოვთ სადგურში ჩახვიდეთ და თამბაქო იყიდოთ, როცა მატარებელი გაჩერდება, - უთხრა ოფიცერმა და ისევ სიცილს მოჰყვა. - მე თქვენ ფეხის ქირას მოგცემთ. ორთქმავალმა დაუსტვინა და სვლა შეანელა. სადგურის დამწვარ შენობებს ჩაუარა. მატარებელი გაჩერდა. გერმანელმა ფანჯარა გააღო და დიუბიუის მკლავზე ხელი მოჰკიდა: - წადით, ჩემი დავალება შეასრულეთ. სწრაფად, სწრაფად. სადგური გერმანელთა რაზმს ეკავა. რამდენიმე ჯარისკაცი ხის გისოსს მისდგომოდა. ორთქმავალმა იკივლა. მაშინ უეცრად ბატონი დიუბიუი ბაქანზე ჩამოხტა და მიუხედავად იმისა, რომ სადგურის უფროსი ნებას არ აძლევდა, გვერდით კუპეში შევარდა. ის მარტო იყო. ისე ჩქარა უცემდა გული, რომ ჟილეტი გაიხსნა, ოფლი მოიწმინდა და ძლივს მოითქვა სული. მატარებელი მეორე სადგურზე გაჩერდა. უეცრად ოფიცერი გამოჩნდა ფანჯარასთან და კუპეში შევიდა. მალე ცნობისმოყვარეობით შეპყრობილი ინგლისელებიც გამოჩნდნენ. გერმანელი ფრანგს პირდაპირ დაუჯდა და სიცილით დაუწყო ლაპარაკი: - თქვენ არ ინებეთ ჩემი დავალების შესრულება. ბატონმა დიუბიუიმ უპასუხა: - არა, ბატონო. მატარებელი ის-ის იყო დაიძრა. - მე თქვენ ულვაშს მოგჭრით ჩემი ჩიბუხის დასატენად, - უთხრა გერმანელმა ოფიცერმა და ხელი ფრანგის სახისაკენ წაიღო. ინგლისელები ამ ამბავს მშვიდად ადევნებდნენ თვალს. გერმანელმა ფრანგის ულვაშს წაავლო ხელი. მაშინ დიუბიუიმ გერმანელის მკლავს ხელი აჰკრა, საყელოში სტაცა ხელი და სკამზე მიაგდო. სიბრაზისაგან გაცოფებული, საფეთქლებდაბერილი, თვალებდასისხლიანებული ერთ ხელს ყელში უჭერდა, მეორეთი სახეში მუშტებს უშენდა. გერმანელი თავს იცავდა. ცდილობდა, ხმალი ამოეღო, მასზე დაწოლილი ფრანგისთვის ტანზე ხელები შემოეჭდო. მაგრამ ბატონი დიუბიუი თავისი უზარმაზარი მუცლით აწვებოდა და შეუსვენებლად, სულმოუთქმელად ურტყამდა და ურტყამდა, ვერ ამჩნევდა, მუშტები სად ხვდებოდა. გერმანელს სისხლი სდიოდა, გაგუდული ხიხინებდა, ჩამტვრეული კბილები პირიდან სცვიოდა. ამაოდ ცდილობდა გაშმაგებული ლოხი კაცი მოეშორებინა. ინგლისელები ამდგარიყვნენ, ახლოს მისულიყვნენ, რათა უკეთ დაენახათ. სიხარულითა და ცნობისმოყვარეობით შეპყრობილნი მზად იყვნენ სანაძლეო დაედოთ, თუ რომელი გაიმარჯვებდა. და უცბად ბატონმა დიუბიუი ასეთი დაძაბვისაგან ძალაგამოლეული წამოდგა და უსიტყვოდ დაჯდა. პრუსიელი მოწინააღმდეგეს აღარ ეცა, იმდენად იყო დაბნეული, გაოგნებული გაკვირვებისა და ტკივილისაგან. როდესაც სული მოითქვა, უთხრა: - თუ არ გსურთ დამბაჩით გავსწორდეთ, მოგკლავთ. - როცა გნებავთ, მე მზად ვარ, - უპასუხა დიუბიუიმ. გერმანელმა განაგრძო: - აი, ქალაქი სტრასბურგი. სეკუნდანტად ორ ოფიცერს წამოვიყვან. დრო მაქვს, სანამ მატარებელი წავა. ორთქმავალით მქშინავმა ბატონმა დიუბიუიმ ინგლისელებს მიმართა: - გთხოვთ ჩემი სეკუნდანტები იყვეთ. ორივემ ერთად უპასუხა: - ჰო, კარგი! მატარებელი გაჩერდა. ერთ წუთში გერმანელმა ორი ამხანაგი მონახა, სეკუნდანტებმა ორი დამბაჩა მოიტანეს. ყველამ ქალაქის გალავანს მიაშურა. ინგლისელები სულ საათს დასცქეროდნენ, ფეხს უჩქარებდნენ, გამალებული ემზადებოდნენ დუელისათვის, შეწუხებულნი, მატარებელმა არ გაგვასწროსო. ბატონ დიუბიუის არასოდეს დამბაჩა არ სჭერია ხელში. იგი მტრისგან ოც ნაბიჯზე დააყენეს. ჰკითხეს: - მზადა ხართ? - დიახ! - უპასუხა მან. ამავე დროს დაინახა, როგორ გაშალა ერთმა ინგლისელმა ქოლგა, რათა მზისგან თავი დაეფარა. ვიღაცამ განკარგულება გასცა: - ცეცხლი! ბატონმა დიუბიუიმ ალალბედზე გაისროლა. უცებ გაოცებულმა ფრანგმა დაინახა, მის წინ მდგომი პრუსიელი შებარბაცდა, ხელი აიქნია და მოცელილივით პირქვე დაემხო. ბატონმა დიუბიუიმ იგი მოჰკლა. ერთმა ინგლისელმა წამოიძახა „ოჰ“, და ამ წამოძახილში გაისმა სიხარული, დაკმაყოფილებული ცნობისმოყვარეობა და ბედნიერი მოუთმენლობა. მეორემ, რომელსაც ხელიდან საათი არ მოუშორებია ბატონ დიუბიუის მკლავში ხელი სტაცა და სადგურისაკენ გააქროლა. პირველი ინგლისელი მტკიცედ ადგამდა ნაბიჯს, ხელები დამუშტული ჰქონდა და ნიდაყვები გვერდებზე მიკრული. - ერთი, ორი! ერთი, ორი! და სამივე ჩამწკრივებული გარბოდა, მიუხედავად თავიანთი დიდი ღიპებისა, როგორც სახუმარო ჟურნალში დახატული სამი სასაცილო ადამიანი. მატარებელი დაიძრა. ისინი ვაგონში შეხტნენ, ინგლისელებმა სამგზავრო ქუდები მოიხადეს, მაღლა აიქნიეს და სამჯერ დაიძახეს: - ჰიპ, ჰიპ, ჰიპ! ვაშა! შემდეგ ინგლისელებმა - ჯერ ერთმა, მერე მეორემ ბატონ დიუბიუის ხელი ჩამოართვეს და თავიანთ ადგილზე ერთმანეთის გვერდით დასხდნენ. …
დაამატა Kakha to ლიტერატურა at 11:58am on დეკემბერი 11, 2014
თემა: ფუშეს იდეა
დეპეშები გადასცა. კითხვისას იულოს დიდი უკმაყოფილება გამოეხატა სახეზე. - აბა, წინ! - შესძახა გაბრაზებულმა და დეპეშები ქუდში ჩაიჩურთა, - ორი ასეული ჩემთან ერთად წამოვა მორტანისკენ. იქ შუანები არიან. თქვენც ჩემთან ერთად წამოხვალთ, - უთხრა მერლს და ჟერარს, დიდგვაროვანი გამხადონ, თუ ერთი სიტყვა მაინც მესმოდეს ამ დეპეშისა. იქნებ ჭკუა გამომელია, თუმცა, რა სხვაობაა, წინ! დასაკარგი დრო არა გვაქვს. - მეთაურო, რა ჩიტი იყო მაგ მონადირის ჩანთაში? - ჰკითხა მერლმა და ჩექმის ცხვირით სამინისტროს კონვერტს წაჰკრა. - ეშმაკმა დალახვროს! დიდი არაფერი, ისევ გულს აწყალებენ. თუ სარდალს ის ჯარისკაცული გამოთქმა წამოსცდებოდა ხოლმე, რომელსაც ასე შერბილებულად გადმოგცემთ, ყველამ იცოდა, ქარიშხალი ახლოვდებოდა. ამ ფრაზის სხვადასხვა ინტონაცია კი ნახევარბრიგადისთვის გრადუსებივით იყო მეთაურის მოთმინების თერმომეტრზე და ძველი ჯარისკაცური გულწრფელობა ამ შკალაში ისე ადვილად გარკვევის საშუალებას იძლეოდა, რომ უკანასკნელმა მედოლემაც კი ზეპირად იცოდა, მისი გრიმასის ყველა ვარიაციით, როცა ლოყას აჭიმავდა და თვალებს მოჭუტავდა ხოლმე. ამჯერად, იმ ტონში, რომლითაც ეს სიტყვები ითქვა, ფარული რისხვა იგრძნობოდა და ორივე მეგობარი ჩაჩუმდა და გაფაციცდა. ნაყვავილარიც კი თითქოს უფრო ჩაღრმავდა სარდლის შავგრემან, ვაჟკაცურ სახეზე, უფრო გაუმუქდა. როცა სამკუთხა ქუდი დაიხურა, ნაწნავებჩატანებულიკუდივით შეკრული ხშირი თმა ერთ-ერთ ეპოლეტზე გამოედო და ისეთი ბრაზით გადაიგდო ზურგისკენ, რომ ნაწნავები გაეშალა და ულვაშები აებურძგნა, გულხელდაკრეფილი, შეკრული მუშტებით დიდხანს იდგა გაუნძრევლად. ჟერარმა ბოლოს გაბედა და ჰკითხა: - ახლა გავდივართ? - დიახ, თუ სავაზნეები სავსეა, - კბილებში გამოსცრა მეთაურმა. - სავსეა. - სწორდით! ნაბიჯით იარ! - უბრძანა ჟერარმა მეთაურის ნიშანზე. მედოლეები წინ გამოვიდნენ. ჩაუდგნენ ასეულებს თავში. ბარაბნის ხმაზე ფიქრებში წასული სარდალი თითქოს გამოერკვა და ორი მეგობრის თანხლებით ისე გავიდა ქალაქიდან, რომ ერთი სიტყვაც არ უთქვამს მათთვის. მერლმა და ჟერარმა უბრად გადახედეს ერთმანეთს, თითქოს ეკითხებოდნენ, დიდხანს იქნება ასე გაბრაზებულიო? გზადაც უთვალთვალებდნენ იულოს, რაღაცას რომ ბუტბუტებდა, რამდენჯერმე ჯარისკაცების ყურამდე მიღწეული სიტყვები წყევლა-კრულვად მოეჩვენათ, მაგრამ ხმის ამოღებას ვერც ერთი ვერ ბედავდა, რადგან, როცა საჭირო იყო, ყველა იცავდა მკაცრ დისციპლინას, რასაც მიჩვეულნი იყვნენ იტალიაში, ბონაპარტის მეთაურობით ნაბრძოლი ჯარისკაცები. მათი უმრავლესობა იულოსავით იმ სახელგანთქმული ბატალიონების დარჩენილ ნაწილს წარმოადგენდნენ, რომლებიც კაპიტულაციის მერე მაიენიდან იმ პირობით გამოუშვეს, რომ საზღვრებზე არ იბრძოლებდნენ და არმიაშიც მაიენელები შეარქვეს. ძნელი იყო ჯარისკაცებისა და მეთაურის პოვნა, ასე რომ გაუგებდნენ ერთმანეთს.    სალაშქროდ წასვლის მეორე დღეს იულო და მისი ორივე მეგობარი დილაადრიან უკვე ალანსონის გზას ადგნენ, ერთი ლიეს მანძილზე, მორტანის მახლობელ უკანასკნელ ქალაქამდე, გზის იმ ნაწილში, სარტის წყლით მორწყულ საძოვრებს რომ მიუყვება. მარცხენა მხარეს გადაჭიმულია მშვენიერი მდელოები, მარჯვნივ კი ხშირი ტყის ზოლია. მენილ-ბრუს ტყის მასივამდე და თუ მხატვრებს დავესესხები ტერმინს - კონტრასტულ ფონს ქმნის შესანიშნავი სამდინარო პეიზაჟებისთვის. გზას ნაპირებზე ღრმა თხრილები გასდევს და მიწა, რომელსაც გამუდმებით იღებენ ამ თხრილებიდან, მინდორზე მაღალ ფერდობს ქმნის, ჯოჯოთი რომ დაფარულა - ასე უწოდებენ დასავლეთ საფრანგეთში ეკლიან კურდღლისცოცხას. ეს ხშირი ბუჩქნარი ზამთარში ცხენისა და სხვა ცხოველების მშვენიერი საკვებია, ჯერჯერობით კი, სანამ ხშირი, დიდებული, მუქი მწვანე ღერები ჯერ არ მოუჭრიათ, მის უკან შუანები იმალებიან. ამიტომ ფერდობები და ჯოჯოს ბარდები, ბრეტანის სიახლოვეს რომ მოასწავებდნენ, იმხანად გზის ამ ნაწილში ძალიან სახიფათო იყო და თან ძალიან ლამაზიც. სწორედ ამ საფრთხის გამო, რაც მგზავრებს მორტანიდან ალანსონამდე და ალანსონიდან მაიენამდე ელოდათ, გამოიძახეს იულოს ექსპედიცია; აქ გაცხადდა ბოლოს და ბოლოს მისი მრისხანების მიზეზი: მოუხდა თანხლება ეტლისა, რომლის ფოსტის ცხენებიც ნელა მისდევდნენ დაღლილ ჯარისკაცებს. მორტანის გარნიზონის ორმა ასეულმა, ახლა რომ ორი შავი წერტილივით მოჩანდა შორს, ეს უსახური ეტლი თავისი ეტაპის ბოლომდე მიაცილა და უკან დაბრუნდა. ისინი იულომ შეცვალა, იმავე დავალებით, რასაც ჯარისკაცებმა სამართლიანად შეარქვეს გულისგამაწვრილებელი პატრიოტული მოვალეობა. ძველი რესპუბლიკელის ერთი ასეული რამდენიმე ნაბიჯით უკან მიჰყვებოდა ეტლს, მეორე კი წინ მიუძღოდა. იულო მერლსა და ჟერარს შორის, ავანგარდიდან ეკიპაჟამდე ნახევარ გზაზე მიაბიჯებდა. უცებ იფეთქა: - ეშმაკმა დალახვროს! წარმოგიდგენიათ! გენერალმა მაიენიდან მხოლოდ იმისთვის გამოგვაგზავნა, რომ ვახლდეთ ორ ქარაფშუტა ქალს, ამ დანჯღრეული ეტლით რომ მიემგზავრებიან! - თუმცა, ჩემო სარდალო, მოქალაქე ქალბატონის მცველთა პოზიცია რომ დავიკავეთ ამ ცოტა ხნის წინ, თქვენ მიესალმეთ და ძალიან მოხდენილადაც! - ეჰ, თავლაფის დასხმა სწორედ ეგ არის! პარიზელი ფრანგების მითითებით, გვევალება, უდიდესი პატივისცემა გამოვიჩინოთ მათი წყეული დედაკაცების მიმართ, განა შეიძლება ასე დაამცირო ჩვენნაირი პატიოსანი და მამაცი პატრიოტები, აქციო ვიღაც ქალების ამალად. მე გზაზე პირდაპირ მივდივარ და სხვებისაც არ მიყვარს მიხვეულ-მოხვეული. როცა დავინახე, რამდენი საყვარელი ჰყავდა დანტონს და რამდენი - ბარასს, ვუთხარი: „მოქალაქენო, რესპუბლიკამ მისი მართვა იმიტომ კი არ ჩაგაბარათ, რომ ძველი რეჟიმის დროსტარება გეგრძელებინათ-მეთქი.“ ამაზე მეტყვით, რომ ქალები... ქალები ყველას ჰყავს, ყველანი ცოდვილები ვართ... მართალია. სახელოვან ვაჟკაცებს სჭირდებათ ქალები და თან კარგი ქალები. მაგრამ როცა საფრთხე ახლოვდება, რა დროს ქალებია. რისთვის მოვსპეთ ძველი სისაძაგლეები, თუკი იგივე განმეორდება? შეხედეთ პირველ კონსულს, - აი, კაცი! არავითარი ქალები, მხოლოდ საქმე. მზად ვარ, მარცხენა ულვაშზე დაგენაძლევოთ, რომ მან არ იცის, რა სულელურ საქმეს გვაკეთებინებენ აქ. - ღმერთმანი, მეთაურო, - სიცილით უპასუხა მერლმა, - იმ ახალგაზრდა ქალის ცხვირის წვერს მოვკარი თვალი, ეტლში რომ იმალება და ვაღიარებ, ნებისმიერს მოუნდებოდა, საკუთარი ღირსების შელახვის გარეშე, ჩემსავით ეტრიალა ამ ეტლის გარშემო, რომ ნაცნობობა გაება და ცოტა ხნით მაინც დალაპარაკებოდა მოგზაურებს. - ფრთხილად იყავი, მერლ, - უთხრა ჟერარმა, - ამ შლიაპიან გაიძვერებს ვიღაც მოქალაქე ახლავს და ეტყობა, საკმაოდ ეშმაკია, მახეში არ გაგაბას. - ვინ? ის კოხტაპრუწა, თვალები გზის აქეთ-იქით რომ დაურბის, თითქოს შუანები დაინახა სადმეო? ეს ფრანტი, როცა ფეხები არ უჩანს და არც ეტლის ძარის იქით ცხენი მოჩანს, გეგონება ნამცხვრიდან თავამოყოფილი იხვიაო, მაგრამ თუ ეგ ბენტერა ოდესმე ხელს შემიშლის, მოვეფერო მის ლამაზ გულწითელას... - იხვი, გულწითელა! ეჰ, შე საწყალო მერლ, მეტისმეტად ხარ გატაცებული ფრინველებით! მაგრამ იხვს ნუ ენდობი! მისი მწვანე თვალები გველგესლასავით ვერაგული მეჩვენება და იმ ქალივით ეშმაკი, ქმარს რომ ყველაფერს აპატიებს. შუანების ნაკლებად მეშინია, ვიდრე ასეთი დამცველებისა, სიფათი ლიმონათის გრაფინს რომ მიუგავს. - ეჰე! - მხიარულად შესძახა მერლმა, - მეთაურის ნებართვით გაბედავ! ამ ქალს თვალები ვარსკვლავებივით აქვს! რისკზე წახვალ, ოღონდ დაინახო! - ჩვენი ამხანაგი გაება, - უთხრა ჟერარმა მეთაურს, - სისულელეებს როშავს. იულო დაიმანჭა, მხრები აიჩეჩა და უპასუხა: - სანამ წვნიანის ჭამას დაიწყებდე, გირჩევ დაყნოსო. - კაი ბიჭია ჩვენი მერლი, ოხუნჯი! - განაგრძო ჟერარმა, როცა შენიშნა, რომ მერლმა ფეხი შეანელა, რათა ეტლი წამოსწეოდა, - ერთადერთი კაცია, რომელსაც შეუძლია, ამხანაგის სიკვდილზეც იხუმროს და თან უგულობას ვერავინ დასწამებს. - ნამდვილი ფრანგი ჯარისკაცი! - სერიოზულად უპასუხა იულომ. - ოჰო, უყურეთ, ეპოლეტები გაისწორა მხრებზე, კარგად უნდა გამოაჩინოს, რომ კაპიტანია! - წამოიძახა სიცილით ჟერარმა, - ვითომ ამ საქმეში ჩინს რამე მნიშვნელობა აქვს! ეკიპაჟით, რომელთან მიახლოებასაც მერლი ცდილობდა, მართლაც ორი ქალი მიემგზავრებოდა: ეტყობოდა, ერთი მოახლე იყო, მეორე - ქალბატონი. - ასეთი ქალები ყოველთვის ორ-ორი დადიან, - თქვა იულომ. პატარა, ხმელ-ხმელი, გამხდარი კაცი ხან მინავარდობდა ცხენით, ხან უკანიდან მოუვლიდა ეტლს, მართალია, ამ საპატიო მგზავრებს ახლდა, მაგრამ მათთან დალაპარაკებული არავის დაუნახავს. ეს ქედმაღლობისა და მოწიწების დამადასტურებელი მდუმარება, უამრავი ბარგი, მისი ქუდის კოლოფები, იულო პრინცესად რომ მოიხსენიებდა, ყველაფერი, მისი კავალერი-მსახურის კოსტიუმიც კი აღიზიანებდა იულოს. უცნობის კოსტიუმი ზუსტი ნიმუში იყო იმდროინდელი მოდისა, რომელზეც „წარმოუდგენლების“ უამრავი კარიკატურა შეიქმნა. იფიქრებდით, ეს უცნაური, ახირებული კოსტიუმი განგებ იყო მოგონილი, რათა ბუნებრივი გრაციისთვის მოეწყოთ გამოცდა და დაემტკიცებინათ, რომ რაც უნდა სასაცილო იყოს რაიმე, მოდას შეუძლია მისი დაკანონება. მხედარი ოცდაათი წლისა გეგონებოდათ, თუმცა სულ ახლახან გახდა ოცდაორის. მის გარეგნობას შეიძლება დროსტარებამ დაასვა დაღი, შეიძლება იმ ეპოქის ხიფათებმა. მიუხედავად მასხარის სამოსელისა, გარკვეული ელეგანტურობა მაინც ეტყობოდა მის მიმოხრას, ზრდილ ადამიანს, რომ ახასიათებს. როცა კაპიტანი კარეტასთან აღმოჩნდა, ელეგანტურმა ყმაწვილმა, ეტყობა, გამოიცნო მისი განზრახვა, ვითომ მისი დახმარება უნდოდა, შეაყოვნა ცხენი, მერლი წააწყდა გაქვავებულ, უმეტყველო სახეს ადამიანისას, რომელიც მიჩვეული იყო, რევოლუციის არასტაბილურობის გამო, დაემალა ყველა გრძნობა, სულ მცირეც კი. ქალებმა ძველი სამკუთხა ქუდის გადმოკეცილი კუთხე და კაპიტნის ეპოლეტები შენიშნეს თუ არა, ანგელოზის ნაზი, წკრიალა ხმა გაისმა: - ბატონო ოფიცერო, გამოიჩინეთ სიკეთე და გვითხარით, სად ვართ?    რაღაც ამოუცნობი ხიბლი აქვს უცნობი მოგზაური ქალის მიერ დასმულ კითხვას, როცა სულ უმნიშვნელო სიტყვაც კი თითქოს მთელ თავგადასავალს მოიცავს; მაგრამ თუ ქალი, ქალური სისუსტიდან გამომდინარე, ან რამის არცოდნის გამო, რაიმენაირ მფარ-ველობას გთხოვთ, განა ნებისმიერი მამაკაცი არ შეთხზავს მაშინვე აუხდენელ ზღაპარს, რომელშიც მას ბედნიერის როლი ხვდება წილად? ამიტომაც უბრალო სიტყვებმა „ბატონო ოფიცერო“ და შეკითხვის თავაზიანმა ფორმამ გული აუჩქროლა კაპიტანს. სცადა, ქალის სახე დაენახა, მაგრამ ძალიან გაუცრუვდა იმედი, რადგან ვუალი უფარავდა ნაკვთებს. გამჭვირვალე პირბადის უკან ოდნავ გაარჩია მოელვარე თვალები, მზეზე გაბრწყინებული ორი ონიქსივით. - ალანსონამდე ერთი ლიეა, ქალბატონო. - ალანსონი? უკვე? - და უცნობი ქალბატონი უსიტყვოდ უკან გადაქანდა ან, უფრო ზუსტად, ეტლის ზურგისკენ გადაიწია. - ალანსონი, - გაიმეორა მეორე ქალმა, ეტყობა, გამოღვიძებულმა, - ისევ ნახავთ მშობლიურ მხარეს... - შეხედა კაპიტანს და გაჩუმდა. იმედგაცრუებულმა მერლმა მშვენიერი უცნობი ქალის თანამგზავრი შეათვალიერა. ასე, ოცდაექვსი წლის იქნებოდა, ქერა, ლამაზი აღნაგობის, ქორფა, მშვენიერი სახის ფერით, ასე რომ გამოარჩევს ვალონის, ბეიესა და ალანსონის მიდამოების ქალებს. მის ცისფერ თვალებში დიდი ჭკუა არა, მაგრამ მტკიცე ხასიათი და სულის სინაზე კი ჩანდა. მუქი ქსოვილის კაბა ეცვა. როგორც ნორმანდიაშია მიღებული, თმა პატარა ჩაჩის ქვეშ, ყოველგვარი პრეტენზიის გარეშე ჰქონდა აწეული, რაც მის სახეს მშვენიერ სისადავეს ანიჭებდა. მისი გარეგნობა არ გამოირჩეოდა პირობითი სალონური არისტოკრატულობით, მაგრამ არც ბუნებრივი ღირსება აკლდა თავდაჭერილი ახალგაზრდა ქალისა, რომელსაც წარსულზე თვალის გადავლება ისე შეეძლება, რომ მოსანანიებელი სრულებით არაფერი ჰქონდეს. კაპიტანმა მერლმა თვალის ერთი შევლებით გამოიცნო, რომ ეს იყო მინდვრის ყვავილი, პარიზის სათბურში გადატანილი, სადაც უამრავი დამჭკნობი სხივია თავმოყრილი, მაგრამ მაინც არ დაუკარგავს არც ფერების სიხასხასე და არც სოფლური გულწრფელობა. მისი გულუბრყვილო და მორიდებული გამოხედვა ღაღადებდა, რომ მოსაუბრეს არ ეძებს. მართლაც, როგორც კი ოფიცერი ეტლს გაერიდა, უცნობმა ქალებმა საუბარი გააბეს და მათი ჩურჩული ძლივს აღწევდა მის ყურამდე. - ისე საჩქაროდ გამოემგზავრეთ, - თქვა ახალგაზრდა ქალმა, - წესიერად ჩაცმაც ვერ მოასწარით. კარგი სანახავი ხართ! თუ ალანსონის იქით მივდივართ, აუცილებლად დაგჭირდებათ გამოცვლა... - ოჰ, ოჰ, ფრანსინ, - წამოიძახა უცნობმა. - რას მიბრძანებთ? - აი, უკვე მესამედ ცდილობ, გაიგო, სად და რატომ მივდივართ. - განა რამე გითხარით, ეს საყვედური რომ დავიმსახურე? - მშვენივრად მივხვდი შენს ხრიკებს! ახლა ისეთი გულუბრყვილო და მიამიტი აღარ ხარ, ჩემი სკოლა გაიარე და ცოტა გაეშმაკდი. პირდაპირი შეკითხვები უაზროდ მიგაჩნია და მართალიც ხარ, შვილო ჩემო. ვინმეს გამოტეხვის არსებული ხერხებიდან ეს ყველაზე სულელურია, ჩემი აზრით. - რა გაეწყობა, - განაგრძო ფრანსინმა, - რაკი ვერაფერს გამოგაპარებთ, მაგრამ აღიარეთ, მარი, რომ თქვენი ქცევა წმინდანსაც კი დააინტერესებდა. გუშინ დილას უფულოდ იყავით, დღეს ხელები ოქროთი გაქვთ სავსე. მორტინში გაძლევენ გაძარცვულ საფოსტო კარეტას, მოკლული მეეტლის ნაცვლად - სხვას, მთავრობის ჯარი გიცავთ, გაცილებთ ადამიანი, რომელსაც თქვენს ბოროტ სულად ვთვლი. - ვინ? კორანტენი? - იკითხა ახალგაზრდა უცნობმა ქალმა და ხელით მხედარზე მიუთითა. ეს ორი სიტყვა ისეთი ზიზღით თქვა, რომ ჟესტზეც დაეტყო, მხედარზე რომ უთითებდა. მისმინე, ფრანსინ, - განაგრძო ისევ, - გახსოვს პატრიოტი, ჩემი მაიმუნი, დანტონის გამოჯავრება რომ ვასწავლე, ასე რომ გვართობდა. - დიახ, მადმუაზელ. - მერე მისი გეშინოდა? - დაბმული იყო. - კორანტენს კი ალიკაპი აქვს. - ვიცი, საათობით ვერთობოდით პატრიოტით, მაგრამ ბოლოს მაინც ახერხებდა, ოინი ექნა.    ამ სიტყვებზე ფრანსინი სწრაფად გადაიწია ეტლის ზურგისკენ, თავისი ქალბატონისკენ, ხელები ხელებში ჩასჭიდა, ნაზად მოეფერა და ლაქუცა ღიმილით უთხრა: - თქვენ მიმიხვდით, მარი, მაგრამ პასუხი არ გაგიციათ!.. რა მოხდა? ისეთი ნაღვლიანი იყავით, ისე შემტკიოდა გული, ო, ისე ვდარდობდი, ოცდაოთხი საათის მერე კი ასეთი გიჟური მხიარულება, როგორც მაშინ, თავის მოკვლაზე რომ ლაპარაკობდით... საიდან ასეთი ცვლილება? ცოტა მაინც ხომ მაქვს უფლება, თქვენი სულიერი მდგომარეობა ვიცოდე. ის ჯერ მე მეკუთვნის და მერე სხვას, ვინმეს, რადგან ჩემზე მეტად არავის ეყვარებით. მითხარით, მარი... - კარგი, ფრანსინ, ნუთუ გარშემო ვერ ხედავ ჩემი მხიარულების მიზეზს? შეხედე, იქ შორს ხეების შეყვითლებულ ჯიღებს, ხედავ, ორი ერთნაირი არ არის. დიდი მანძილიდან რომ უყურებ, გეგონება, რომელიმე სასახლის გობელენია. შეხედე ამ ცოცხალ ღობეებს, მათ უკან ყველგან შეიძლება შუანები იყვნენ ჩასაფრებული, როცა ამ ხშირ ბუჩქნარს ვუყურებ, თოფის ლულები მელანდება. რა კარგია, ჩვენ ირგვლივ ამდენი ხიფათი რომ არის, სულ უფრო და უფრო მეტი. გზის ყველა დაბურულ მონაკვეთში ველოდები, რომ სროლა ატყდება და გული სწრაფად მიწყებს ფეთქვას, მანამდე განუცდელი გრძნობა მაღელვებს და ეს არც შიშისგან თრთოლაა, არც სიამოვნების განცდა. არა, ეს სხვაა, ეს უფრო მეტია, ეს ყველა ის ემოციაა ერთად, რაც მამოძრავებს - ეს ჩემი სიცოცხლეა! როგორ არ უნდა მიხაროდეს, ცოტა რომ გამოვაცოცხლე ჩემი არსებობა. - ოჰ, რა სასტიკი ხართ, არაფერს მეუბნებით. წმინდაო ღვთისმშობელო, - დაუმატა ფრანსინმა და ცისკენ აღაპყრო ნაღვლიანი თვალები, - გულს ვის გადაუშლის, თუ მე არაფერს მეუბნება? - ფრანსინ, - სერიოზულად უთხრა უცნობმა ქალმა, - არ შემიძლია გაგანდო ჩემი ზრახვები. ამჯერად საშინელია. - ბოროტება განგებ რატომ უნდა ჩაიდინო? - რას იზამ? ხშირად ვიჭერ ჩემს თავს იმაში, რომ ისე ვფიქრობ, თითქოს ორმოცდაათი წლის ვიყო და თხუთმეტი წლის გოგოსავით კი ვიქცევი. შენ ყოველთვის ჩემი გონება იყავი, საბრალო ფრანსინ, მაგრამ ამ საქმეში სინდისი უნდა ჩავაჩუმო, - და მცირე პაუზის შემდეგ ოხვრით დაუმატა, - არ გამომდის. მაშ, როგორ გინდა, შენისთანა მკაცრ აღმსარებელს გავენდო? - და მოფერებით დაუტყაპუნა ხელზე ხელი. - განა ოდესმე მისაყვედურია თქვენი საქციელის გამო? თქვენი ბოროტებაც კი საყვარელია. წმინდა ანა ორეელი, ამდენს რომ ვევედრები თქვენზე, ალბათ ყველაფერს შეგინდობდათ. ამ გზაზეც ხომ თქვენ გვერდით ვარ, თუმცა არ ვიცი, სად მიდიხართ? - და მხურვალედ დაუკოცნა ხელები. - შეგიძლია დამტოვო, თუ შენი სინდისი... - კარგი, გაჩერდით, მადამ, - და ნაწყენი სახე მიიღო, - მაგრამ, ნუთუ არ მეტყვით? - არაფერს გეტყვი, - მტკიცედ უპასუხა ქალიშვილმა, - მაგრამ იცოდე, ეს განზრახვა უფრო მეტად მძულს, ვიდრე ის ადამიანი, დათაფლული ენით რომ ამიხსნა ეგ საქმე. გულახდილად გეტყვი, მათ სურვილს არ დავთანხმდებოდი, ამ საზიზღარ ფარსში საშინელება და სიყვარული ერთად რომ არ დამენახა, სწორედ ამან მაცდუნა. და მერე, ამ ქვეყნიდან ისე არ მინდა წასვლა, ყვავილების მოკრეფას არ ვეცადო. ახლა იმედი მაქვს, ეს მოხდება, თუნდაც ჩემი სიცოცხლის ფასად. მაგრამ არ დაგავიწყდეს, ჩემი ხსოვნის პატივსაცემად, ბედნიერი რომ ვყოფილიყავი, გილიოტინის ჩემს თავზე ჩამოსავარდნად გამზადებული მძიმე დანაც კი ვერ მაიძულებდა, ამ ტრაგედიაში როლი მქონოდა, რადგან ეს ტრაგედიაა... ახლა კი, - განაგრძო მან და უნებურად ზიზღით აიქნია ხელი, - რომ გაეუქმებინათ, იმ წამში სარტში გადავვარდებოდი და ეს თვითმკვლელობაც არ იქნებოდა, რადგან ჯერ არ მიცხოვრია. - ოო, ორეის წმინდა ღვთისმშობელო, შეუნდე! - რისი შეგეშინდა? ხომ იცი, უმნიშვნელო ოჯახური უბედურებები ჩემში დიდი ვნებებს არ აღძრავს. ეს ქალისთვის ცუდია, მაგრამ ჩემი სული მომწიფდა უფრო მაღალი გრძნობებისთვის და უფრო მძიმე განცდებისთვის. იქნებ მეც შენსავით თვინიერი არსება გავმხდარიყავი, უწყინარი. რატომ ავმაღლდი, თუ დავეშვი იმ დონეზე დაბლა, რაც ჩემი სქესისთვის არის განკუთვნილი? რა ბედნიერია გენერალ ბონაპარტის ცოლი! მე, ეტყობა, ახალგაზრდა მოვკვდები, რაკი არ მაშინებს ეს მხიარული გასეირნება, სადაც სისხლის სმაა მოსალოდნელი, როგორც ამბობდა საბრალო დანტონი. თუმცა დაივიწყე ყველაფერი, რაც გითხარი, ამას ორმოცდაათი წლის ბებერი ლაპარაკობდა. მადლობა ღმერთს, მალე ისევ გამოჩნდება თხუთმეტი წლის გოგო.    ახალგაზრდა სოფლელი გოგო ათრთოლდა, მხოლოდ ის იცნობდა თავისი ქალბატონის მგზნებარე და ფიცხ ხასიათს, მხოლოდ ის იცნობდა მისი მდიდარი, ეგზალტირებული სულის საიდუმლოებს, ფარულ გრძნობებს ამ არსებისას, რომელიც აქამდე მხოლოდ ხედავდა, როგორ მოუხელთებელი ჩრდილივით მილივლივებდა სიცოცხლე იქვე, ახლოს და ყოველთვის უნდოდა, დაეჭირა. ბარაქიანი ხელით უხვად თესავდა, მაგრამ ვერაფერს იმკიდა, გული უბიწო, სუფთა რჩებოდა, მაგრამ გაღიზიანებული. მრავალჯერ ხელის მოცარვის გამო, უმეტოქეო ბრძოლაში დაღლილი, სასოწარკვეთილი იქამდე მივიდა, რომ სიკეთეს ამჯობინებდა ბოროტებას, როცა სიკეთე სიამოვნება იყო და ბოროტებას - სიკეთეს, როცა ბოროტება პოეტურ სახეს იძენდა, სიღატაკეს - საშუალო, უფერულ ცხოვრებას, როგორც უფრო ამაღლებულ რამეს და სიკვდილის ბნელით მოცულ და იდუმალ მომავალს - იმედშემოძარცვულ ან ტანჯულ სიცოცხლეს. ნაპერწკლის მომლოდინე ამდენი თოფისწამალი არასოდეს მოუგროვებიათ, სიყვარულის ალს არასდროს შთაუნთქავს ამდენი განძი, მოკლედ, ევას არც ერთი ქალიშვილი არ ყოფილა გამოძერწილი თიხისგან, სადაც ამდენი ოქრო იმალებოდა. ფრანსინი მიწიერი ანგელოზივით იცავდა ამ არსებას, ქედს იხრიდა მის წინაშე, სრულყოფილებად მიაჩნდა, ეგონა, რომ ციურ ნებას შეასრულებდა, თუ დაიცავდა ამ სულს სერაფიმთა გუნდისთვის, საიდანაც თითქოს განდევნილი იყო სიამაყის ცოდვის მოსანანიებლად. - აი, ალანსონის სამრეკლო, - აცნობა მხედარმა და ეტლს მიუახლოვდა. - ვხედავ, - მშრალად უპასუხა ქალბატონმა. - კეთილი, - თქვა მხედარმა, მიუხედავად გულგატეხილობისა, მონური მორჩილებით და მოერიდა. - მიდით, უფრო ჩქარა გააჭენეთ, - უთხრა ქალბატონმა მეეტლეს, - ახლა საშიში აღარაფერია. მიდით ჩორთით, ან თუ შეგიძლიათ, ჭენებით, უკვე ალანსონის ქვაფენილზე ვართ. მეთაურთან ჩავლისას, ნაზი ხმით გასძახა: - ნახვამდის, მეთაურო! ფუნდუკში შევხვდებით. მოდით, მინახულეთ. - ეგღა მაკლია! - აღშფოთდა იულო, - „ფუნდუკში! მოდით, მინახულეთ!“ როგორ ელაპარაკება ნახევარბრიგადის მეთაურს!.. და მუშტი მოუღერა ეტლს, რომელიც სწრაფად მიგრიალებდა გზაზე. - არ გეწყინოთ, მეთაურო. თქვენი გენერლობა მაგის ხელშია, - სიცილით უთხრა კორანტენმა და თან ცხენის გაჭენებას ცდილობდა, ეტლს რომ დასწეოდა. - ოხ, ყველა ვიგინდარას თავს არ გავაბრიყვებინებ, - წაიბუზღუნა იულომ, - მირჩევნია, თხრილში გადავაგდო გენერლის მუნდირი, ვიდრე ლოგინში მოვიპოვო იგი. ეგ რა ჩიტები არიან და რა უნდათ? რამეს ხვდებით? - როგორ არა! - თქვა მერლმა, - ის ვიცი, რომ არასოდეს მინახავს ასეთი ლამაზი ქალი. და ისიც მგონია, რომ ქარაგმა არ გესმით. იქნებ ეს პირველი კონსულის ცოლია? - კარგი ერთი! პირველი კონსულის ცოლი ბებერია, ეს კი ახალგაზრდაა, - განაგრძო იულომ, - თანაც ბრძანებაში, მე რომ მივიღე მინისტრისგან, მწერენ, რომ მას ჰქვია მადმუაზელ დე ვერნეი. ეტყობა, ერთ-ერთი ყოფილია... განა მაგნაირებს არ ვიცნობ! რევოლუციამდე ყველანი მაგ ხელობას მისდევდნენ. მაშინ ნახევარბრიგადის ხელმძღვანელობა შეიძლება მიგეღო, ერთი-ორი და მორჩა, ხელის ერთი მოსმით, ექვსი მოძრაობით და ორ-სამჯერ ტკბილად თქმით: ჩემო კარგო, საყვარელო!    სანამ ჯარისკაცები მიალაჯებდნენ, დანჯღრეული კარეტა, იგივე საფოსტო ეტლი სწრაფად მივიდა სასტუმრო „სამ მავრამდე“, ალანსონის მთავარი ქუჩის შუაში. ამ უფორმო ეტლის გრიალ-ღრჭიალის გაგონებაზე, ზღურბლზე სასტუმროს მეპატრონე გამოჩნდა. ალანსონელებისთვის მოულოდნელი იყო საფოსტო ეტლის სასტუმრო „სამ მავრთან“ გაჩერება. მაგრამ საშინელმა შემთხვევამ მორტანთან ეტლი ყურადღების ცენტრში მოაქცია, იმდენი ყბაღია მოსდევდა, რომ მოგზაური ქალები, ცნობისმოყვარეებისთვის რომ აერიდებინათ თავი, უცებ შევიდნენ სამზარეულოში, რომელიც დასავლეთ საფრანგეთში ყველა ფუნდუკის წინკარს წარმოადგენს. ეტლის დათვალიერების შემდეგ მეფუნდუკე აპირებდა, მათ გაჰყოლოდა, მაგრამ მეეტლემ შეაჩერა, მკლავზე სტაცა ხელი. - მისმინე, მოქალაქე ბრუტუს, ჩვენ მოგვდევდა ლურჯების ესკორტი. რაკი არც მეეტლეა და არც დეპეშები, ეს მოქალაქეები მე მოგიყვანე. ნამდვილად გადაგიხდიან ყოფილი პრინცესებივით, ასე რომ... - ასე რომ ჩვენ თითო ჭიქას დავლევთ, ჩემო ბიჭო, - უპასუხა მეპატრონემ. გამჭვარტლულ სამზარეულოში სისხლით დასვრილი მაგიდის დანახვაზე მადმუაზელ ვერნეი ჩიტივით გაფრთხიალდა მეზობელ ოთახში, რადგან შეეშინდა სამზარეულოში ნანახისა და სუნისა და არანაკლებ ტურტლიანი მეფუნდუკისა და მისი სქელი ცოლისა, რომლებიც თვალს არ აშორებდნენ. - როგორ მოვიქცეთ, ჩემო ცოლო? ვინ ეშმაკი იფიქრებდა, ასეთ დროს ამდენი ხალხი რომ გვეყოლებოდა? სანამ შესაფერის საუზმეს მოვამზადებთ, ამ ქალს მოთმინება დაეკარგება. გეფიცები, კარგი იდეა მომივიდა! რაკი კეთილშობილი ხალხია, შევთავაზებ, იმ ქალთან ერთად ისაუზმონ, ჩვენთან ზემოთ რომ არის, ჰა?    მეპატრონე წავიდა ახალმოსულებთან დასალაპარაკებლად, მაგრამ მხოლოდ ფრანსინი დაინახა. სამზარეულოს სიღრმეში შეიყვანა, ეზოს მხარეს, ყური რომ არავის დაეგდო და ჩუმად უთხრა: - თუ ქალბატონებს სურთ, ცალკე მივართვა საჭმელი, რაშიც ეჭვი არ მეპარება, ძალიან დახვეწილი კერძები მაქვს მომზადებული ერთი ქალბატონისა და მისი ვაჟისთვის. ისინი, დარწმუნებული ვარ, წინააღმდეგნი არ იქნებიან თქვენთან ერთად საუზმობისა, - დაუმატა იდუმალი გამომეტყველებით, - მაღალი წარმოშობის ხალხია.    ბოლო წინადადება დასრულებული არ ჰქონდა, მეპატრონემ ზურგზე მათრახის ტარის შეხება იგრძნო. მკვირცხლად შემობრუნდა! უკან მეზობელი პატარა ოთახიდან უხმოდ გამოსული პატარა ჯმუხი კაცი ედგა. მისმა დანახვამ სქელ ქალს, მზარეულსა და მის შეგირდს თავზარი დასცა. გაფითრებულმა მეპატრონემ თავი მიაბრუნა. პატარა კაცმა თავი გადაიქნია, თმა გადაიყარა, შუბლს და თვალებს მთლიანად რომ უფარავდა, ფეხის წვერებზე აიწია, მეფუნდუკის ყურს რომ მისწვდომოდა და უთხრა: იცით, რა ღირს გაუფრთხილებლობა, დასმენა და რა ფერია ფული, ჩვენ რომ მაგაში ვიხდით? გულუხვები ვართ.    სიტყვებს ჟესტიც დაუმატა, ამ სიტყვების მრისხანე კომენტარი. მართალია, ფრანსინს მეპატრონის ბურთივით სხეული ეფარებოდა და ვერ ხედავდა ამ პიროვნებას, მაგრამ ბრეტონულ კილოზე ნათქვამი რამდენიმე სიტყვა დაიჭირა და მეხდაცემულივით იდგა. ამ საერთო გაოგნებულობაში გამოენთო პატარა კაცისკენ, რომელიც გარეული ცხოველის სიცქვიტით უკვე ეზოში გამავალ კარში გადიოდა. ფრანსინს ეგონა, შეეშალა, საშუალო ზომის დათვისოდენა მოწითალო შავბეწვიანი ვიღაც დაინახა მხოლოდ. გაკვირვებული ფანჯარას მივარდა და ბოლისგან გაყვითლებულ მინებს იქით საჯინიბოსკენ მიმავალი ფეხარეული უცნობი დაინახა. შესვლამდე შავი თვალები მიაპყრო სასტუმროს მეორე სართულს, მერე ეტლს ისე დააკვირდა, თითქოს რაღაც მნიშვნელოვანი უნდა აღმოეჩინა და მეგობრისთვის ამბავი წაეღო. თხის ტყავებითა და თავის აქნევის მანერით, სახის დანახვის საშუალება რომ მისცა, ფრანსინმა იცნო მისი უზარმაზარი მათრახი და მიპარვით, ფეხაკრეფით, მაგრამ სწრაფად მოსიარულე შუანი, იარე-მიწაზეს მეტსახელით რომ იყო ცნობილი. დააკვირდა, მაგრამ თავლის სიბნელეში, სადაც ჩალაზე ისე დაწვა, რომ არაფერი გამოჰპარვოდა, რაც სასტუმროში მოხდებოდა, ბუნდოვნად ჩანდა. იარე-მიწაზე ის იყო მოკუნტული, რომ ყველაზე დაკვირვებული ჯაშუშიც კი ახლოდან თუ შორიდან მეფორნის მძინარე ძაღლად ჩათვლიდა, გორგალივით დახვეულს, თათებზე რომ უდევს თავი. იარე-მიწაზეს ქცევით, ფრანსინი მიხვდა, რომ ვერ იცნო. იმ დელიკატური მდგომარეობის გამო, რომელშიც მისი ქალბატონი იყო ჩავარდნილი, გოგონამ არ იცოდა, ეს უნდა გაჰხარებოდა თუ სწყენოდა. მისი ცნობისწადილი იმანაც გაამძაფრა, რომ რაღაც იდუმალი კავშირი იგრძნო შუანის მუქარასა და მეფუნდუკის ჩვეულებრივ შეთავაზებაში, რაც ასე ხშირია მედუქნეებში, ერთი ტომრიდან ორჯერ აეღო მინდი.    მოშორდა ტურტლიან ფანჯარას, საიდანაც შავ, უფორმო მასას ხედავდა, იარე-მიწაზეს ყოფნის ადგილს, მიუბრუნდა მეფუნდუკეს და მისი შემხედვარე მიხვდა, რომ იაღლიში მოუვიდა და აღარ იცოდა, როგორ გამომძვრალიყო. საბრალო, შუანის ჟესტისგან გაქვავებული იყო. დასავლეთ საფრანგეთში ყველამ მშვენივრად იცოდა, რა დახვეწილი სისასტიკით სჯიდნენ მეფის ეგერები იმ ხალხსაც კი, ზედმეტს რომ წამოაყრანტალებდნენ და მეფუნდუკე ყელზე მიბჯენილ დანას გრძნობდა უკვე. შეძრწუნებული შეჰყურებდა მოგიზგიზე კერიას, სადაც, როგორც ამბობდნენ, ფეხებს უთბობდნენ ხოლმე დამსმენებს. სქელი პატარა ქალი, ცალ ხელში დანა რომ ეჭირა და მეორეში შუაზე გაჭრილი კარტოფილი, გამოთაყვანებული შეჰყურებდა თავის ქმარს. და ბოლოს, შეგირდს ვერაფრით აეხსნა ამ უმძრახი გაშეშების მიზეზი.    ბუნებრივია, ფრანსინის ცნობისმოყვარეობა გააცხოველა ამ მუნჯმა სცენამ, რომლის მთავარი მოქმედი პირი, მართალია, ყველამ დაინახა, მაგრამ არ ჩანდა! ახალგაზრდა ქალს მოსწონდა შუანის საშინელი გავლენა და, თუმცა ჯერ არ ჰქონდა შესისხლხორცებული მოახლე ქალების ეშმაკობები, ისე ძალიან მოუნდა, ამოეცნო ეს საიდუმლო, რომ გადაწყვიტა, ესარგებლა თავისი ხელსაყრელი უპირატესობით. - კეთილი, ჩემი ქალბატონი თანახმაა თქვენს წინადადებაზე, - მედიდურად უთხრა მეფუნდუკეს, რომელიც ამ სიტყვებზე ახალგამოღვიძებულივით შეხტა. - რომელზე? - ჰკითხა გულწრფელად გაკვირვებულმა. - რომელზე? - იკითხა მოულოდნელად შემოსულმა კორანტენმა. - რომელზე? - იკითხა მადმუაზელ დე ვერნეიმ. - რომელზე? - იკითხა მეოთხე პერსონაჟმა, კიბის უკანასკნელი საფეხურიდან მსუბუქად რომ ჩამოხტა სამზარეულოში. - რომელზე და თქვენს დიდებულ სტუმრებთან ერთად საუზმობაზე, - მოუთმენლად უპასუხა ფრანსინმა. - დიდებულებთან? - გამქირდავად, გესლიანი დაცინვით იკითხა კიბეზე ჩამოსულმა ადამიანმა, - ეს, ჩემო კეთილო, მედუქნის უშნო ხუმრობაა. მაგრამ თუ ეს ახალგაზრდა მოქალაქე გინდა, რომ საუზმეზე დაგვეწვიოს, გიჟი უნდა იყო, უარი რომ თქვა, - განაც-ხადა და მადმუაზელ დე ვერნეის გადახედა, - რაკი დედაჩემი აქ არ არის, მე თანახმა ვარ, - და მხარზე ხელი დაჰკრა საგონებელში ჩავარდნილ მეფუნდუკეს.    სიყმაწვილის თავქარიანი გრაციოზულობით შენიღბულმა უტიფა-რი მედიდურობით ნათქვამმა ამ სიტყვებმა, ბუნებრივია, ამ სცენის ყველა მონაწილის ყურადღება მიაპყრო ამ ახალ პერსონაჟს. მეფუნდუკემ თავი პილატესავით დაიჭირა, ხელები რომ დაიბანა, ქრისტეს სიკვდილში არაფერ შუაში ვარო, ორი ნაბიჯით უკან დაიხია და თავის ცოლს ჩასჩურჩულა: - მოწმე ხარ, რამე უბედურება რომ მოხდეს, ჩემი ბრალი არ იქნება. და, რაც მთავარია, დაამატა კიდევ უფრო ჩუმად, ახლავე წადი და იარე-მიწაზე გააფრთხილე, ყველაფერი უთხარი.    მოგზაურს, საშუალო სიმაღლის ახალგაზრდა კაცს დიდი, შავი გეტრები მუხლზემოთამდე სწვდებოდა, ლურჯი სერთუკი ეცვა, მაუდის მოკლე, მუხლამდე შარვალი, ისიც ლურჯი. ასეთი სადა, ეპოლეტების გარეშე უნიფორმა პოლიტექნიკური სკოლის სტუდენტებს ეცვათ. მადმუაზელ დე ვერნეიმ ამ მუქი კოსტიუმის ქვეშ თვალის ერთი შევლებით შეამჩნია მოხდენილი აღნაგობა და კიდევ, არ ვიცი რა, რაღაც, რაც მის კეთილშობილ წარმოშობას ამჟღავნებდა. ერთი შეხედვით ჩვეულებრივი სახე მერე და მერე გხიბლავდათ, მისი ნაკვთები გაფიქრებინებდათ, მისი სული დიად საქმეებს შეეჭიდებაო. მზემოკიდებული სახე ჰქონდა, ქერა, ხვეული თმა, სხივიანი ცისფერი თვალები, თხელი ცხვირი, დახვეწილი მიმოხრა. მასში ყველაფერი გამოსჭვიოდა, ისიც, რომ მის ცხოვრებას მაღალი გრძნობები მართავდნენ და ისიც, რომ მბრძანებლობას იყო მიჩვეული, მაგრამ გარეგნობაში ყველაზე დამახასიათებელი იყო ნიკაპი, ბონაპარტისას რომ ჰგავდა და ქვედა ტუჩი, რომელიც ზედას გრაციოზულად მოხრილი, კორინთული კაპიტელის აკანთოს ფოთოლივით, ხაზით უერთდებოდა. ბუნებამ ამ ნაკვთებს მომხიბვლელი მიმზიდველობა მიანიჭა. - რესპუბლიკელისთვის მეტისმეტად ნატიფია, - გაიფიქრა მადმუაზელ დე ვერნეიმ. ამ ყველაფრის შემჩნევას, სურვილის გაჩენას, რომ თავი მოეწონებინა მისთვის, თავის ნაზად გვერდზე გადახრას, კეკლუც გაღიმებას, ხავერდოვან მზერას, რომელიც სიყვარულისთვის კარდახშულ გულსაც გააცოცხლებს, შავი ნუშისებური თვალების მძიმე ქუთუთოებით დაბინდვას, გრძელი ხშირი წამწამებით ლოყებზე მუქი ჩრდილის მოფენას, საკუთარ ხმაში ყველაზე მელოდიური ბგერების პოვნას, რომ ბანალური ფრაზისთვის „დიდად დამავალებთ, ბატონო“ გულშიჩამწვდომი ხიბლი შეემატებინა, ყველა ამ ფანდს ნაკლები დრო დასჭირდა, ვიდრე ჩვენ - მის აღსაწერად. მერე მადმუაზელ დე ვერნეიმ მეპატრონეს მიმართა, თავისი ოთახი იკითხა, კიბე დაინახა და ფრანსინთან ერთად გაუჩინარდა, უცნობს კი თავსატეხი დაუტოვა, ეს პასუხი თანხმობა იყო თუ უარი. კარი II - ვინ არის ეს ქალი? - მკვირცხლად ჰკითხა პოლიტექნიკური სკოლის სტუდენტმა გახევებულ, გაოგნებულ მეფუნდუკეს. - მოქალაქე დე ვერნეია, ერთ-ერთი ყოფილთაგანი, - გეს-ლიანად უპასუხა კორანტენმა და ეჭვიანი თვალით აათვალიერ-ჩაათვალიერა, - რაში გაინტერესებს? უცნობმა რესპუბლიკელთა სიმღერა წაიღიღინა, ამაყად ასწია თავი და კორანტენს შეხედა. ერთხანს ახალგაზრდები მოჩხუბარი ყვინჩილებივით უყურებდნენ ერთმანეთს. ამ მზერამ სამუდამო სიძულვილი წარმოშვა მათ შორის, რამდენადაც უცნობის ცისფერი თვალები პირდაპირობას გამოხატავდნენ, იმდენადაც კორანტენის მწვანე თვალებში გაიძვერობა და ფლიდობა ჩანდა. ერთს თანდაყოლილი კეთილშობილური მანერები ჰქონდა, მეორეს - შემპარავი. ერთი ზემოთ მიილტვოდა, მეორე იდრიკებოდა. ერთი პატივისცემას აღგიძრავდათ, მეორე ცდილობდა, მოეპოვებინა. ერთი თითქოს ამბობდა: „დავიპყროთ!“ მეორე - „გავიყოთ!“ - მოქალაქე დიუ გა-სენ-სირი აქ არის? - იკითხა შემოსულმა გლეხმა. - რაში გაინტერესებს? - ჰკითხა ახალგაზრდა კაცმა და წინ გამოვიდა. - გლეხმა მდაბლად დაუკრა თავი და წერილი გადასცა, რომელიც სტუდენტმა წაკითხვისთანავე ცეცხლში შეაგდო. პასუხის ნაცვლად თავი დახარა და გლეხი წავიდა. - ალბათ პარიზიდან ხარ, არა, მოქალაქევ? - ჰკითხა მაშინ კორანტენმა და უცნობისკენ გაემართა მოურიდებლად, თავისუფალი, პირმოთნე თავაზიანობით, რაც მოქალაქე დიუ გას აუტანლად ეჩვენა. - დიახ, - უპასუხა მშრალად. - და, უეჭველია, რამე ჩინი გექნება არტილერიაში? - არა, მოქალაქევ, ფლოტში. - აა, ბრესტში მიდიხარ? - უზრუნველი ტონით ჩაეკითხა კორანტენი, მაგრამ ახალგაზრდა მეზღვაურმა პასუხი არ მოინდომა, მსუბუქად შეტრიალდა ქუსლებზე და გააბათილა ის საამო იმედები, მისი სახის მიხედვით რომ ააგო მადმუაზელ დე ვერნეიმ. ბავშვური უზრუნველობით გადასანსლა საუზმე, მზარეულსა და დიასახლისს გამოჰკითხა, როგორ მოამზადეთო, გაიკვირვა პროვინციული ჩვევები, როგორც საკუთარი ჯადოსნური ნიჟარიდან ამოგდებულმა ნამდვილმა პარიზელმა და გულზიზღი გამოხატა განებივრებული გოგოსავით, დაბოლოს, სრულიად არ აღმოაჩნდა ის თვისებები, როგორიც უნდა ჰქონოდა მისი მანერებისა და სახის პატრონს. კორანტენს სიბრალულით გაეღიმა, როცა დაინახა, როგორ დაიმანჭა ნორმანდიის საუკეთესო სიდრის გასინჯვისას. - აუფ! - წამოიძახა, - ამის დალევა როგორ შეიძლება? სასმელია თუ საჭმელი? რესპუბლიკელები მართალნი არიან, რომ არ ენდობიან იმ პროვინციებს, სადაც ყურძენს კეტით აყრევინებენ და სადაც მოგზაურებს ჩუმ-ჩუმად ხოცავენ გზებზე. ეგ წამალი სუფრაზე არ დაგვიდგათ, მოგვიტანეთ კარგი ბორდო, თეთრი და წითელი, ჰო, მართლა, წადით, ნახეთ, ზემოთ ცეცხლი კარგად თუ ანთია ბუხარში. მეჩვენება, რომ ეს ხალხი ცივილიზაციას მაგრად ჩამორჩა, ეჰ, - ამოიოხრა და განაგრძო, - ერთი პარიზია ქვეყანაზე და რა დასანანია, რომ ზღვაში თან ვერ წავიღებ! აუ, შე ფინაჩო! - უთხრა მზარეულს, - ამ ქათმის ფრიკასეში ძმარი როგორ ჩაასხი, როცა ლიმონი გაქვს მანდ!.. - თქვენ კი, ქალბატონო დიასახლისო, ისეთი უხეში ზეწრები მომეცით, რომ წუხელ მთელი ღამე თვალი არ მომიხუჭავს. მერე სქელი ხელჯოხით დაიწყო თამაში, ბავშვური გულმოდგინებით აკეთებდა სხვადასხვა მოძრაობას, აქეთ-იქით ატრიალებდა და მეტი თუ ნაკლები გაწაფულობა, მოხერხებულობა, შესრულების ხარისხი მაჩვენებელი იყო იმისა, თუ რამდენად საპატიო წევრი იყო ახალგაზრდა კაცი „წარმოუდგენლების“ კლასში. - ასეთი თავქარიანებით აპირებენ რესპუბლიკის ფლოტის აღორძინებას? - ეჩურჩულებოდა კორანტენი მეფუნდუკეს და თვალს არ აშორებდა. - ეს კაცი, - ეუბნებოდა ახალგაზრდა მეზღვაური სასტუმროს დიასახლისს, - ფუშეს ჯაშუშია, სიფათზე აწერია, პოლიციიდან უნდა იყოს. დავიფიცავ, ნიკაპზე რომ ლაქა აქვს, პარიზის ტალახია. მაგრამ დამაცადე, მოვიდა სეტყვა, დახვდა... ამ დროს სასტუმროს სამზარეულოში შემოვიდა ერთი ქალბატონი, რომლისკენაც დიდი მოჩვენებითი პატივისცემით გაექანა მეზღვაური. - ძვირფასო დედა, მობრძანდით. თქვენი არყოფნისას სტუმრები მოვაგროვე. - სტუმრები, რა სიგიჟეა! - მადმუაზელ დე ვერნეია, - ჩუმად განაგრძო ვაჟმა. - ის ეშაფოტზე დაიღუპა სავენეის საქმის შემდეგ. იგი მანში ჩამოვიდა ძმის, პრინც ლუდონის გადასარჩენად, - მკვახედ უპასუხა დედამისმა. - ცდებით, მადამ, - რბილად შეესიტყვა კორანტენი, - ორი მადმუაზელ ვერნეი არსებობს, ძველ გვარში ყოველთვის მრავალი საგვარეულო შტოა.    ასეთი ფამილარობით გაოცებულმა უცნობმა ქალმა რამდენიმე ნაბიჯით უკან დაიხია, თითქოს მოულოდნელი თანამოსაუბრის კარგად დასანახად: ქალებისთვის დამახასიათებელი გამჭრიახობით აღსავსე შავი თვალები მიაპყრო, ეტყობა, ფიქრობდა, რა ინტერესი აქვს, მადმუაზელ ვერნეის არსებობას ამტკიცებდესო. ამ დროს კორანტენიც მალულად აკვირდებოდა ქალბატონს, დედობის სიხარულის ვერანაირი კვალი ვერ იპოვა, მხოლოდ სიყვარულისა. ოცი წლის ვაჟის ყოლის ბედნიერებაც კი საეჭვოდ მიიჩნია ამ ქალისთვის, დამაბრმავებელი კანი რომ ჰქონდა, მორკალული, ჯერ ისევ ხშირი წარბები, ხშირი წამწამები, ასე რომ აღაფრთოვანა იგი და ხშირი, შუაზე გაყოფილი, გადატკეცილი შავი თმა, რაც ხაზს უსვამდა აზრიანი სახის ახალგაზრდობას. ოდნავ შესამჩნევი ნაოჭები შუბლზე განვლილი ხანგრძლივი წლების კვალი კი არ იყო, არამედ ახალგაზრდული ვნებებისა. დაბოლოს, გამგმირავი, ოდნავ დაბინდული თვალები, ძნელი სათქმელი იყო, მგზავრობით იყო დაღლილი თუ სიამოვნების მეტისმეტად ხშირი განცდით. დასასრულ, კორანტენმა შენიშნა, რომ უცნობი ქალის უსახელო, გრძელი მოსასხამი ინგლისური ქსოვილისა იყო და მისი ქუდის ფორმაც უცხო ჩანდა და არ იყო ე.წ ბერძნული ფასონისა, იმ ხანად ჯერ კიდევ დიდი მოწონებით რომ სარგებლობდა პარიზულ ტუალეტებში.    კორანტენი ხასიათით იმ ტიპის ხალხს ეკუთვნოდა, ყოველთვის ცუდს უფრო რომ ეჭვობენ, ვიდრე კარგს და მაშინვე დაეჭვდა ორივე მოგზაურის კეთილსაიმედოობაში. ქალბატონმაც, თავის მხრივ, ასეთივე სისწრაფით შეაფასა კორანტენის პერსონა, მრავალმნიშვნელოვნად შეხედა თავის ვაჟს, რაც ზუსტად გამოიხატებოდა სიტყვებით: „ეს ახირებული ტიპი ვინ არის? ჩვენიანია?“ ამ მდუმარე შეკითხვას ახალგაზრდა მეზღვაურმა ისეთი პოზით, მზერითა და ჟესტით უპასუხა, რაც ნიშნავდა: ღმერთმანი, არაფერი ვიცი და მე თქვენზე მეტად ვარ დაეჭვებულიო. მერე ეს გამოცანა დედას შეატოვა, სასტუმროს დიასახლისს მიუბრუნდა და ყურში ჩასჩურჩულა: ერთი გამიგეთ, ეს გაიძვერა ვინ ბრძანდება. მართლა ახლავს იმ ქალს და რატომ? - მაშ, - თქვა მადამ დიუ გამ და დაჟინებით ჩააცქერდა კორანტენს, - დარწმუნებული ხარ, რომ მადმუაზელ დე ვერნეი არსებობს? - ისევე არსებობს, მადამ, როგორც მოქალაქე დიუ გა-სენ-სირი. ამ პასუხში ჩამალული ირონია მშვენივრად იგრძნო უცნობმა ქალმა და მის ადგილზე ნებისმიერი ქალი უხერხულად იგრძნობდა თავს. მისმა ვაჟმა გამომცდელად შეხედა კორანტენს, მაგრამ მან გულგრილად ამოიღო საათი, თითქოს მისი პასუხით გამოწვეული შეცბუნება არც შეუმჩნევია. ქალბატონს, შეშფოთებულსა და ცნობისმოყვარეობით შეპყრობილს, ახლავე უნდოდა, გაეგო, ეს ფრაზა ვერაგობით ითქვა თუ შემთხვევით გამოუვიდა კორანტენს, და რაც შეიძლება ბუნებრივად თქვა: - ღმერთო ჩემო, რა სახიფათოა ახლა გზები! მორტანთან ახლოს შუანები დაგვესხნენ, ჩემი დაცვისას ჩემს ვაჟს ორი ტყვია მოხვდა ქუდში, კინაღამ მოკლეს. - როგორ, მადამ, თქვენ იმ სახიფათო ეტლში ისხედით, ყაჩაღებმა რომ გაძარცვეს, მიუხედავად იმისა, რომ დაცვა ახლდა? წარმოიდგინეთ, ჩვენც იმ ეტლით ჩამოვედით! მაშ, იმ ეტლს ალბათ იცნობთ! მორტანზე გავლისას გავიგე, შუანები ორიათასამდე ყოფილან და რომ ყველა დაიღუპა, მგზავრებიც კი. ხედავთ, როგორ წერენ ისტორიას! - თავქარიანი ტონით და მოსულელო გამომეტყველებით ამ წუთში პატარა პროვანსის მაცხოვრებელს ჰგავდა, გულისტკივილით რომ იგებს, რომ ახალი, მნიშვნელოვანი პოლიტიკური ამბავი მცდარი იყო. - რას ბრძანებთ, მადამ, - განაგრძო მან, - თუ პარიზთან ახლოს ასე ხოცავენ მგზავრებს, წარმოიდგინეთ, ბრეტანის გზები რამდენად სახიფათო უნდა იყოს. ღმერთმანი, უკან, პარიზში დაბრუნება მირჩევნია, ვიდრე გზის გაგრძელება. - მადმუაზელ დე ვერნეი ახალგაზრდა და ლამაზია? - ჰკითხა ქალბატონმა სასტუმროს დიასახლისს, - ეტყობა, უცებ რაღაც იდეა დაებადა.    პასუხის გაგონება ვერ მოასწრო, რადგან საუზმე მზად არისო, მეფუნდუკემ შეაწყვეტინა საუბარი, რომელიც სამივე მგზავრისთვის შემაწუხებელი გახდა. ახალგაზრდა მეზღვაურმა დედას ყასიდი ფამილარობით შესთავაზა ხელი, რამაც ეჭვი განუმტკიცა კორანტენს, რომელსაც კიბისკენ მიმავალმა ხმამაღლა უთხრა: - მოქალაქევ, თუ შენ მოქალაქე ვერნეის თანმხლები ხარ და თუ ის თანახმაა მეფუნდუკის წინადადებაზე, ნუ მოგერიდება...    ეს სიტყვები ცოტა აგდებულად და სწრაფად ითქვა. კორანტენი კიბისკენ გაეშურა. ახალგაზრდა მეზღვაურმა მაგრად მოუჭირა ხელი ქალბატონს და როცა პარიზელისგან შვიდი-რვა საფეხური აშორებდათ, ჩუმად უთხრა: - აი, რა უსახელო საფრთხეში გვაგდებს თქვენი გაუაზრებელი საქციელი. თუ გაიგეს, ვინ ვართ, როგორ დავიხსნათ თავი? და რა როლის თამაშს მაიძულებთ!    სამივე საკმაოდ დიდ ოთახში შევიდა. ვისაც ბევრი არ უმოგზაურია დასავლეთ საფრანგეთში, ისიც კი შეამჩნევდა, რომ მეფუნდუკეს ცდა არ დაუკლია, დიდებულად რომ მიეღო სტუმრები. მაგიდა საგანგებოდ იყო გაშლილი. ბუხარში მოგიზგიზე ცეცხლს ოთახიდან ნესტი გაეძევებინა, სუფრა, ხელსაწმენდები, ჭურჭელი, სკამები ძალიან ჭუჭყიანი არ იყო. კორანტენი მიხვდა, რომ მეპატრონე, სტუმრებისთვის რომ ესიამოვნებინა, ტყავში ძვრებოდა (ვიხმაროთ ეს ხალხური გამოთქმა). „ესე იგი, ეს ის ხალხი არ არის, ვინც უნდათ, რომ გვეგონოს, - გაიფიქრა მან, - ახალგაზრდა კაცი ეშმაკია. ბრიყვი მეგონა, მაგრამ ახლა ვხედავ, რომ მოხერხებულობით არ ჩამომრჩება.“    ახალგაზრდა მეზღვაური, დედამისი და კორანტენი მადმუაზელ ვერნეის ელოდნენ, მეფუნდუკე დასაძახებლად რომ წავიდა. მშვენიერი მოგზაური ქალი არ ჩანდა. პოლიტექნიკური სკოლის სტუდენტმა იფიქრა, იპრანჭებაო, წამოდგა და პატრიოტული სიმღერის „გადავარჩინოთ ჩვენი სახელმწიფო“ ღიღინით გაეშურა მადმუაზელ დე ვერნეის ოთახისაკენ, დიდი სურვილით, გაემხნევებინა და წამოეყვანა. შეიძლება თავისი ეჭვების გაფანტვაც უნდოდა, ან იქნებ თავისი ძალაუფლების გამოცდა სურდა, ყველა მამაკაცს რომ უნდოდა, ლამაზ ქალთან შეხვედრისას წარმოაჩინოს. „- ეგ თუ რესპუბლიკელია, თანახმა ვარ, ჩამომახრჩონ! მხრებს ისე მიათამაშებს, როგორც დიდებულებს სჩვევიათ. ეგ თუ დედამისია, - გაიფიქრა და მადამ დიუ გას შეხედა, - მაშ, მე პაპი ვარ! შუანები ჩავიგდე ხელში. უნდა დადგინდეს, რომელი რანგისანი არიან?“    მალე კარი გაიღო და ოთახში მეზღვაური შემოვიდა, თვითკმაყოფილი გალანტურობით, ხელმკლავით მიიყვანა მადმუაზელ დე ვერნეი მაგიდასთან. განვლილი საათი ეშმაკს არ გაუცდენია. ფრანსინის დახმარებით, მადმუაზელ დე ვერნეი კარგად შეიარაღდა: მისი სამგზავრო კოსტიუმი ალბათ სამეჯლისო მორთულობაზე საშიში იყო. მის სისადავეს განსაკუთრებული ხიბლი ჰქონდა, ეს ხიბლი კი შედეგი იყო დიდი ხელოვნებისა, რომლითაც ქალს, საკმაოდ ლამაზს, შეუძლია უარი თქვას მოსართავებზე და სამოსი მეორეხარისხოვნად აქციოს.    მწვანე კაბა ეცვა, უნაკლოდ შეკერილი, რომლის კოფთა, სირმით ნაქარგი, ხაზს უსვამდა მის ფორმებს, რაც ცოტა უხერხული იყო ახალგაზრდა გოგოსთვის. კარგად გამოკვეთდა მის წერწეტ წელს, ელეგანტურ კორსაჟს და გრაციოზულ მოძრაობებს.    ოთახში ღიმილით შემოვიდა, თავაზიანობით, იმ ქალებისთვის რომ არის ბუნებრივი, რომელთაც შეუძლიათ, თავი მოიწონონ პირში ფაიფურივით გამჭვირვალე ჩაწიკწიკებული კბილებით და ქორფა ლოყებზე ბავშვის ფოსოებივით ლამაზი ღრმულებით. უკვე მოეხადა ქუდი, რომელიც თითქმის მთლიანად უფარავდა სახეს ახალგაზრდა მეზღვაურის მზერისგან და ახლა არაფერი უშლიდა ხელს, გამოეყენებინა წვრილ-წვრილი და თითქმის გულუბრყვილო ეშმაკობები, რითაც ქალს თავისი სახის სილამაზისა და თავისი სინატიფის ჩვენება შეუძლია. რაღაცნაირი ჰარმონია მისი მანერებისა და ტუალეტისა, მას ისე აახალგაზრდავებდა, რომ მადამ დიუ გას ეგონა, ოცი წლისაც არ არისო. ამ სამოსის ელეგანტურობა იმისთვის იყო, ქალს რომ თავი მოეწონებინა, ახალგაზრდა კაცისთვის კი იმედი ჩაესახა; მაგრამ მადმუაზელ დე ვერნეიმ მსუბუქი თავის დაკვრით გადაუხადა მადლობა ისე, რომ არც კი შეუხედავს და განზე გადგა ანცი უზრუნველობით, რამაც ახალგაზრდა მეზღვაურს თავგზა აუბნია. ასეთ თავდაჭერილობას გარეშე ადამიანები ვერც სიფრთხილედ ჩათვლიან და ვერც კეკლუცობად, უფრო გულგრილობას ჰგავდა, ბუნებრივს ან მოჩვენებითს. ახალგაზრდა მოგზაურმა ქალმა გულწრფელი, ალალ-მართალი გამომეტყველების მიღება შესძლო, რამაც მისი სახე უმეტყველო გახადა. არავითარი მცდელობა არ გაუმჟღავნებია, ვისიმე გული მოეგო, მაგრამ, ეტყობა, ბუნებამ დაამადლა სიყვარული, მომაჯადოებელი მანერები, რამაც მოატყუა ახალგაზრდა მეზღვაურის თავმოყვარეობა. იგი ცოტა გულდაწყვეტილი დაბრუნდა თავის ადგილზე.    მადმუაზელ დე ვერნეიმ ხელი ჩაჰკიდა ფრანსინს და ქალბატონ დიუ გას მიმართა ნაზი, ალერსიანი ხმით: - მადამ, გამოიჩინეთ სიკეთე და ნება მიეცით ამ გოგონას, უფრო ჩემს მეგობარს, ვიდრე მოახლეს, ისაუზმოს ჩვენთან ერთად. ამ ფათერაკიან, მშფოთვარე დროში ერთგულებას მხოლოდ გულით შეიძლება სამაგიერო გადაეხადოს... მხოლოდ ესღა დაგვრჩენია!    მადამ დიუ გამ ამ ჩუმად ნათქვამ ფრაზას ცერემონიული მსუბუქი რევერანსით უპასუხა, რაც ასეთ ლამაზ ქალთან შეხვედრით მის უკმაყოფილებას გამოხატავდა. მერე შვილს მიუბრუნდა და წასჩურჩულა: - ოჰო, „მშფოთვარე დრო“, მადამ, ერთგულება და მოახლე! ეს მადმუაზელ ვერნეი კი არა, ფუშეს გამოგზავნილი გოგო უნდა იყოს. სტუმრები დასხდომას პირებდნენ, როცა მადმუაზელ დე ვერნეიმ შეამჩნია კორანტენი, ისევ დიდი გულისყურით რომ ათვალიერებდა ორივე უცნობს, რომელთაც უკვე აშფოთებდა მისი დაჟინებული მზერა. - მოქალაქევ, - უთხრა მან კორანტენს, - შენ ალბათ იმდენად კარგად ხარ აღზრდილი, რომ კუდში დევნას არ დამიწყებ. რესპუბლიკამ ჩემი მშობლები ეშაფოტზე აიყვანა, მაგრამ სულგრძელობა არ გამოუჩენია, ჩემთვის მეურვე დაენიშნა. თუ გაუგონარი რაინდული გალანტურობით ჩემი ნებართვის გარეშე გამომყევი (აქ ცოტა ამოიოხრა), მაინც არ შემიძლია დავუშვა, რომ მფარველობამ და მზრუნველობამ, ასე გულუხვად რომ იჩენ ჩემ მიმართ, შეგაწუხოს. აქ უსაფრთხოდ ვარ, შეგიძლია მშვიდად დამტოვო. დაჟინებით, აგდებულად, დამცინავად შეხედა. კორანტენი მიხვდა, ჩაიხშო ღიმილი, ეშმაკურად რომ უთამაშებდა ტუჩების კუთხეებში, მოწიწებით დაუკრა თავი. - მოქალაქევ, ჩემთვის ყოველთვის დიდი პატივი იქნება შენი მორჩილება, მშვენიერება ერთადერთი დედოფალია, რომელსაც ნამდვილი რესპუბლიკელი ნებაყოფლობით ემსახურება. როცა მადმუაზელ დე ვერნეიმ დაინახა, კორანტენი მიდისო, თვალები ისეთი გულწრფელი სიხარულით აუციმციმდა, ფრანსინს ისე მრავლისმეტყველად და ბედნიერი ღიმილით შეხედა, რომ მადამ დიუ გა, რომელიც ეჭვიანობისგან მეტისმეტად ფრთხილი გახდა, მზად იყო, გაებათილებინა ეჭვები, მადმუაზელ დე ვერნეის სრულყოფილმა სილამაზემ რომ გამოიწვია. - იქნებ ეს მართლა მადმუაზელ დე ვერნეია? - წასჩურჩულა ვაჟს. - მერე, დაცვა? - უპასუხა ახალგაზრდა კაცმა, თავმოყვარეობის შელახვამ რომ დააჭკვიანა, - ტყვეა თუ იცავენ? მთავრობის მტერია თუ მოყვარე?    მადამ დიუ გამ თვალები მოჭუტა, თითქოს იმის თქმა უნდოდა, მაგ საიდუმლოს ამოვხსნიო. თუმცა, კორანტენის წასვლით, ახალგაზრდა მეზღვაურის ეჭვები თითქოს გაიფანტა, სახეს კი მკაცრი გამომეტყველება ჩამოშორდა და მადმუაზელ დე ვერნეის ისეთი მზერა ესროლა, რომელიც ქალების უზომო სიყვარულს გამოხატავდა, და არა ახლადგაჩენილი გატაცების მორიდებულ სიმძაფრეს. ახალგაზრდა ქალი, უფრო წინდახედულად, მხოლოდ მადამ დიუ გას მიმართავდა ალერსიანად. მეზღვაური ჩუმ-ჩუმად ბრაზობდა და მწარე იმედგაცრუებას მალავდა, ისიც ეცადა, გულგრილობა გაეთამაშებინა. მადმუაზელ დე ვერნეი თითქოს ვერ ამჩნევდა ოინს და თავი სადად ეჭირა, თავშეკავებულად, ოღონდ არა დარცხვენილად, შეშინებულსაც არ ჰგავდა. ამ შეხვედრას, რომელიც როგორც ჩანს, ბედისწერას არ უნდოდა, მჭიდრო ნაცნობობად გადაზრდილიყო, ვერ აღეძრა ძლიერი სიმპათია ვერავის გულში. თავიდან ჩვეულებრივი უხერხულობა სუფევდა, სიმორცხვე, ყველა სიამოვნება რომ ჩაშალა, რომელსაც ერთი წუთის წინ მადმუაზელ დე ვერნეიც და ახალგაზრდა მეზღვაურიც ერთობლივი ტრაპეზისგან მოელოდნენ. მაგრამ ქალები საზოგადოებაში ისეთ გასაოცარ ტაქტს და თავდაჭერის წესების ცოდნას ამჟღავნებენ, მათ ისე აახლოებს ურთიერთგაგება ან მღელვარების მძაფრი სურვილი, რომ მსგავს შემთხვევებში ყოველთვის შეუძლიათ ყინულის დამსხვრევა. უცებ ორივე მშვენიერ მოსაუბრეს ერთი და იგივე აზრი დაებადა, დაიწყეს უწყინარი ხუმრობა ერთადერთი კავალერის მისამართით, ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ პატარ-პატარა საყვარელი დაცინვების გამოგონებაში, ყურადღებისა და მზრუნველობის გამოვლინებაში. ასეთმა ერთსულოვნებამ დაძაბულობა მოხსნა. შეხედვა ან სიტყვა, რომელიც ღრმა აზრს იძენდა, შემთხვევით რომ აღმოხდებოდათ უხერხულობისგან, ახლა მნიშვნელობას კარგავდა. მოკლედ, ნახევარი საათის შემდეგ ეს ორი ქალი, საიდუმლოდ მტრები რომ იყვნენ, თითქოს ამქვეყნად საუკეთესო მეგობრებად იქცნენ. ახალგაზრდა მეზღვაურმა თავისი თავი დაიჭირა იმაში, რომ მადმუაზელ დე ვერნეის უზრუნველი არასერიოზულობა ისევე სწყვეტდა გულს, როგორც ადრინდელი თავშეკავებულობა. ძლივს იკავებდა ყრუ მრისხანებას და ნანობდა, ერთად რომ საუზმობდნენ. - მადამ, - უთხრა მადმუაზელ დე ვერნეიმ მადამ დიუ გას, - ბატონი თქვენი ვაჟი ყოველთვის ასეთი მოწყენილია? - მადმუაზელ, - უპასუხა სტუდენტმა, - ახლა ვფიქრობდი, რატომ გვიგზავნის ბედისწერა ბედნიერებას, თუ ერთ წამში უნდა გაქრეს. ჩემი ნაღველის საიდუმლო უდიდეს სიამოვნებაშია. - აი, მესმის მადრიგალები, - განაგრძო ახალგაზრდა ქალმა სიცილით, - მაგრამ სამეფო კარის სუნი უფრო უდის, ვიდრე პოლიტექნიკური სკოლისა. - მადმუაზელ, ჩემმა ვაჟმა სრულიად ბუნებრივი აზრი გამოთქვა, - თქვა მადამ დიუ გამ, რომელსაც უცნობი ქალის მოთვინიერება გადაეწყვიტა. - აბა, გაიღიმეთ, - განაგრძო მადმუაზელ დე ვერნეიმ და გაუღიმა ყმაწვილ კაცს, - საინტერესოა, როგორი ხართ, როცა სატირლად გაქვთ საქმე, თუ ის, რისი „ბედნიერებად“ მოხსენიებაც ინებეთ, ასე გადარდიანებთ. ამ ღიმილმა და გამომწვევმა გამოხედვამ, რამაც დაანგრია მოჩვენებით-გულუბრყვილო ჰარმონია მისი ნიღბისა, ახალგაზრდა მეზღვაურის თამამი იმედი გამოაცოცხლა. მაგრამ მორჩილს თავისი ქალური ბუნებისას, რომელიც ყოველთვის და ყველაფერში ქალს მეტისმეტად ბევრს ან მეტისმეტად ცოტას შეაძლებინებს, მადმუაზელ დე ვერნეის ხან თითქოს უნდოდა, ხელში ჩაეგდო ეს ყმაწვილი და სიყვარულის გულუხვი დაპირებებით მოელვარე მზერას სტყორცნიდა, ხან მის თავაზიან ფრაზებზე პასუხად მკაცრი მოკრძალებულობის სიცივეს შეაგებებდა, ჩვეულებრივი ფანდია, რითაც ქალები ჭეშმარიტ გრძნობებს ნიღბავენ. და მხოლოდ ერთადერთხელ, ერთი წამით, როცა ორივეს ეგონა, მეორეს თვალები დახრილი აქვსო, მზერით გადასცეს ერთმანეთს თავიანთი აზრები, მაგრამ იმ წამსვე ჩააქრეს ამ მზერის ელვარება, რომელმაც ორივეს გული გაუნათა და გადაუქანა. მეტი ვეღარ გაბედეს ერთმანეთისთვის შეეხედათ, დარცხვენილებმა, რომ ერთი შეხედვით ამდენი თქვეს. მადმუაზელ ვერნეიმ გადაწყვიტა, უცნობის იმედები მოეტყუებინა და გულგრილი თავაზიანობით მოუთმენლად ელოდა საუზმის დამთავრებას. - მადმუაზელ, ალბათ ძალიან იტანჯებოდით ციხეში? - შეეკითხა მადამ დიუ გა. - ვაგლახ, ქალბატონო, მეჩვენება, რომ ისევ იქ ვარ. - თქვენს ესკორტს თქვენი დაცვა ევალებოდა, მადმუაზელ, თუ თქვენი თვალთვალი? რესპუბლიკისთვის ძვირფასი ხართ თუ საეჭვო? მადმუაზელ დე ვერნეი ინსტიქტურად მიხვდა, რომ მადამ დიუ გა ცუდად იყო მის მიმართ განწყობილი და მისმა ამ კითხვებმა გააბრაზა. - მადამ, - დანამდვილებით არ ვიცი, როგორია ჩემი დამოკიდებულება რევოლუციასთან. - იქნებ თრთოლას იწვევს? - ირონიულად ჰკითხა ახალგაზრდა კაცმა. - მოურიდებლად რატომ ეხებით მადმუაზელ დე ვერნეის საიდუმლოებებს? - ო, მადამ, რა უნდა იყოს საინტერესო ახალგაზრდა გოგონას საიდუმლოებებში, ცხოვრებაში აქამდე მხოლოდ უბედურება რომ გამოუვლია. -კი მაგრამ, - უპასუხა მადამ დიუ გამ, საუბრის გასაგრძელებლად, საიდანაც შეიძლებოდა გაეგო ის, რისი გაგებაც უნდოდა, - პირველ კონსულს, როგორც ჩანს, შესანიშნავი ზრახვები აქვს. ამბობენ, ემიგრანტების წინააღმდეგ კანონის მოქმედების შეჩერება უნდაო. - ეგ მართალია, მადამ, - უპასუხა მადმუაზელ დე ვერნეიმ, იქნებ ცოტა ზედმეტი გულმხურვალებით, - მაგრამ მაშინ რისთვის გვინდა ამბოხება ვანდეასა და ბრეტანში? რისთვის ვაღვივებთ ხანძარს საფრანგეთში?.. ამ დიდსულოვანი სიტყვებისგან, რომლითაც თითქოს თავისთავს უფრო უსაყვედურებდა, მეზღვაური შეკრთა. ძალიან ყურადღებით შეხედა მადმუაზელ დე ვერნეის, მაგრამ მის სახეზე ვერც ზიზღი ამოიკითხა და ვერც სიყვარული. მშვენიერი ფერის უნაზესი სახე უმეტყველო იყო. დაუძლეველმა ცნობისმოყვარეობამ მიაჯაჭვა უცებ ამ უცნაურ არსებას, რომლისკენაც უკვე ეწეოდა მგზნებარე ჟინი. - მაშ, - განაგრძო ახალგაზრდა ქალმა მცირე პაუზის შემდეგ, - მადამ, მაიენში მიდიხართ? - დიახ, მადმუაზელ, - უპასუხა ახალგაზრდა კაცმა და თვალებში კითხვა ჩაუდგა. - იცით, მადამ, - განაგრძო მადმუაზელ ვერნეიმ, - რაკი ბატონი თქვენი ვაჟი რესპუბლიკას ემსახურება... - თითქოს ინდიფერენტულად თქვა ეს სიტყვები, მაგრამ ისე მალულად გადახედა ორივე უცნობს, მხოლოდ ქალებმა და დიპლომატებმა რომ იციან, - შუანების უნდა გეშინოდეთ და დაცვის თანხლება ზედმეტად არ უნდა ჩათვალოთ. თითქმის თანამგზავრები ვართ, მაიენამდე ერთად წავიდეთ. დედა-შვილი ორჭოფობდა, თითქოს თვალებით ლაპარაკობდნენ, თანხმდებოდნენ. - მადმუაზელ, - უპასუხა ახალგაზრდა კაცმა, - შეიძლება ჩემი მხრივ წინდაუხედაობაა ამის თქმა, მაგრამ გულწრფელად უნდა გითხრათ, რომ ძალიან მნიშვნელოვანი საქმეების გამო აუცილებელია ჩვენი ყოფნა ფუჟერის მიდამოებში და ჯერ ტრანსპორტი არ მოგვიგვარებია. მაგრამ ქალები ბუნებით ისეთი დიდსულოვანნი ხართ, რომ შემრცხვებოდა, თქვენ რომ არ გენდობოდეთ. მიუხედავად ამისა, სანამ თქვენ ხელში ჩაგიგდებთ თავს, ის მაინც უნდა ვიცოდეთ, აქედან თუ შევძლებთ საღსალამათად გასვლას, თქვენი რესპუბლიკური ესკორტის დედოფალი ხართ თუ მონა? ახალგაზრდა მეზღვაურს გულახდილობა უნდა აპატიოთ, თქვენი მდგომარეობა რატომღაც არაბუნებრივად მეჩვენება... - ჩვენ იმ პერიოდში ვცხოვრობთ, ბატონო, როცა ჩვენს თავს და ჩვენ ირგვლივ ყველაფერი არაბუნებრივია. ასე რომ, ჩემი შემოთავაზების მშვიდად მიღება შეგიძლიათ და, რაც მთავარია, - დაუმატა მან ხაზგასმით, - ღალატის ნუ შეგეშინდებათ. წინადადება გულწრფელია და თანაც ადამიანისგან, ვინც შორს არის პოლიტიკისგან. - ასეთი მგზავრობა უსაფრთხო არ იქნება, - განაგრძო ყმაწვილმა და ისეთი ეშმაკური სინატიფით შეხედა, რომ ამ ბანალურ პასუხს აზრი მიეცა. - კიდევ რისი გეშინიათ? - ჰკითხა ქალმა დამცინავი ღიმილით, - ვერავისთვის ვხედავ საფრთხეს. - ნუთუ ეს იმ ქალის სიტყვებია, რომლის მზერაც იმავე სურვილს გამოხატავდა, მე რომ მწვავდა? - გაიფიქრა ახალგაზრდა კაცმა, - როგორი ხმა აქვს! უეჭველად მახეს მიგებს! ამ დროს ბუს მკაფიო და გამკივანი, ავისმომასწავებელივით კივილი გაისმა, თითქოს აქვე, ბუხრის საკვამურზე იჯდა. - ეს რა არის? ცუდის ნიშანია, - თქვა მადმუაზელ დე ვერნეიმ, გზა დაგვეთარსება, - სად გაგონილა დღისით-მზისით ბუს კივილი? - შეკითხვას გაკვირვებული ჟესტიც დაურთო. - ხანდახან ხდება ხოლმე, - ცივად უპასუხა ახალგაზრდა კაცმა, - მადმუაზელ, ვაითუ უბედურება მოგიტანოთ? თქვენც ეს გაიფიქრეთ, არა? მაშინ ნუ წავალთ ერთად. ეს სიტყვები ძალიან მშვიდად და თავშეკავებულად ითქვა, რამაც მადმუაზელ დე ვერნეი გააკვირვა. - ბატონო, - სუფთა არისტოკრატული მედიდურობით განაგრძო ქალმა, - სრულებითაც არ მინდა, ძალა დაგატანოთ. შევინარჩუნოთ თავისუფლების ნამცეცები, რესპუბლიკამ რომ დაგვიტოვა. ქალბატონი მარტო რომ იყოს, დაჟინებით მოვითხოვდი... დერეფანში ჯარისკაცის მძიმე ნაბიჯების ხმა გაისმა და მალე მეთაური იულოს კოპებშეკრული სახე გამოჩნდა. - აქ მობრძანდით, პოლკოვნიკო, - მიიწვია ღიმილით მადმუაზელ დე ვერნეიმ და ხელით თავის გვერდით, სკამზე მიუთითა. მივხედოთ სახელმწიფო საქმეებს, რაკი საჭიროა. გაიღიმეთ! რა დაგემართათ, აქაც შუანები ხომ არ არიან! მეთაურს პირი ღია დარჩა ახალგაზრდა უცნობის დანახვაზე და დიდი ყურადღებით დააკვირდა. - დედა, კიდევ ხომ არ გნებავთ ცოტა კურდღლის ხორცი? მადმუაზელ, თქვენ არაფერს ჭამთ, - მიმართა მეზღვაურმა ფრანსინს, თავაზიანად მასპინძლობდა. იულოს გაოცებასა და მადმუაზელ დე ვერნეის დაძაბულ გაფაციცებულობაში მკაცრი სერიოზულობა გამოსჭვიოდა, რის უყურადღებოდ დატოვებაც არ შეიძლებოდა, სახიფათო იყო. - რა მოგივიდა, მეთაურო, მიცნობ? - ცოტა მკვახედ ჰკითხა ახალგაზრდა კაცმა. - შესაძლოა, - უპასუხა რესპუბლიკელმა. - მართლაც, მე მგონი სკოლაში მინახიხარ. - სკოლაში არასოდეს ვყოფილვარ, - ცივად მიუგო მეთაურმა, - რომელი სკოლიდან ხარ? - პოლიტექნიკურიდან. - აი, თურმე საიდან! ყაზარმა, სადაც ჯარისკაცებს დორტუარებში წვრთნიან, - აღმოხდა იულოს, რომელსაც დაუძლეველი სიძულვილი ჰქონდა ამ სამეცნიერო სანერგიდან გამოსული ოფიცრების მიმართ, - მერე, სად მსახურობ? - ფლოტში. - რას მეუბნები! - გესლიანად გაიცინა იულომ, - ბევრი შეგხვედრია ფლოტში თქვენი სკოლელი? პოლიტექნიკური ინსტიტუტიდან, - მკაცრად გააგრძელა, - მხოლოდ არტილერიის ოფიცრები და საინჟინრო სამხედრო ნაწილების ოფიცრები გამოდიან. ახალგაზრდა კაცს წარბი არ შესტოკებია. - ჩემთვის გამონაკლისი დაუშვეს ჩემი გვარის გამო. ჩვენს გვარში ყველანი მეზღვაურები იყვნენ. - ოჰო, - გაიკვირვა იულომ, - განა რა გვარი ხარ, მოქალაქევ? - დიუ გა სენ-სირი. - შენ მორტანში არ მოგკლეს? - ოჰ, კინაღამ მოკლეს, - მკვირცხლად ჩაერია მადამ დიუ გა, - ჩემს ვაჟს ორი ტყვია მოხვდა. - საბუთები თუ გაქვს? - განაგრძო იულომ, დედას არ აცალა. - წაკითხვა ხომ არ გნებავთ? - უტიფრად ჰკითხა ახალგაზრდა მეზღვაურმა და თავისი ცისფერი თვალებით რიგრიგობით დამცინავად შეათვალიერა მეთაურის დაღვრემილი სახე და მადმუაზელ დე ვერნეი. - შე ცხვირმოუხოცავო, წინააღმდეგობის გაწევას ხომ არ აპირებ? ან საბუთები მაჩვენე, ან წავედით!.. - ოჰ, ოჰ, ჩემო მამაცო, არც მე ვარ გულუბრყვილო ყეყეჩი. რატომ უნდა გიპასუხო? ვინა ხარ? - დეპარტამენტის ჯარების უფროსი, - უპასუხა იულომ. - ოჰო, ჩემი საქმე შეიძლება ცუდად წავიდეს, იარაღით ხელში დამიჭერთ, - და ოფიცერს ჭიქით ბორდო მიაწოდა. - არ მწყურია, - უპასუხა იულომ, - აბა, მაჩვენე შენი საბუთები. ამ დროს ქუჩაში იარაღის ჟღარუნი და რამდენიმე ჯარისკაცის ფეხის ხმა გაისმა, იულო ფანჯარას მიუახლოვდა და სახეზე კმაყოფილება დაეწერა, რამაც შეაკრთო მადმუაზელ დე ვერნეი. თანაგრძნობის ასეთმა გამოხატულებამ გული გაუკეთა ახალგაზრდა კაცს, სახეზე კი გულგრილობა და სიამაყე გამოეხატა. კოსტიუმის ჯიბე მოიქექა, ელეგანტური საფულე ამოიღო და პოლკოვნიკს საბუთები მიაწოდა. იულომ ნელა დაიწყო კითხვა, პასპორტის მონაცემები საეჭვო მგზავრის სახეს შეადარა. ამ დროს ისევ გაისმა ბუს კივილი, მაგრამ ამჯერად ადამიანის ხმის ინტონაცია და რაკრაკი აშკარად ისმოდა. მეთაურმა დამცინავი სახით დაუბრუნა საბუთები ახალგაზრდა კაცს. - ეს ყველაფერი კეთილი და პატიოსანი, მაგრამ განყოფილებაში მაინც უნდა გამომყვეთ. სიტყვას ბანზე ნუ მიგდებ! - ოლქში რატომ მიგყავთ? - ჰკითხა მადმუაზელ დე ვერნეიმ ათრთოლებული ხმით. - ჩემო პატარა გოგო, ეს უკვე თქვენი საქმე არ არის, - უპასუხა მეთაურმა თავისი ჩვეული გრიმასით. ტონით, მოხუცი სამხედროს სიტყვებით და უფრო იმით, რომ შეურაცხყოფა მიაყენეს იმ კაცის წინაშე, რომელსაც მოსწონს, აღშფოთებული მადმუაზელ დე ვერნეი ადგა, მკვეთრად მოიშორა გულუბრყვილო, გულწრფელი მოკრძალებულობის ნიღაბი, აქამდე რომ ამშვენებდა, ლოყები აუწითლდა, თვალები აუელვარდა. - ერთი ეს მითხარით, ამ ახალგაზრდის საბუთები კანონის მოთხოვნებს აკმაყოფილებს? - ჰკითხა ჩუმად, მაგრამ ხმის კანკალით. - ერთი შეხედვით, კი. - მაშ ასე, ველოდები, რომ ერთი შეხედვით გაანებოთ თავი, - განაგრძო ახალგაზრდა ქალმა, - გეშინიათ, რომ გაგექცევათ? ჩემთან ერთად ესკორტით წამოიყვანეთ მაიენში. ქალბატონ დედამისთან ერთად საფოსტო ეტლით წამოვა. არ შემედავოთ, ასე მსურს. აბა?.. რას ფიქრობთ, - განაგრძო მადმუაზელ დე ვერნეიმ, იულოს უგემური გრიმასა რომ შენიშნა, - ისევ საეჭვოდ მიგაჩნიათ? - მე მგონი კი, ცოტა. - მერე, რა გინდათ, რომ უქნათ? - დიდი არაფერი. შუბლს გავუგრილებთ პატარა ტყვიით მაგ ქარაფშუტას, - ირონიულად უპასუხა მეთაურმა. - ხუმრობთ, პოლკოვნიკო? - წამოიძახა მადმუაზელ დე ვერნეიმ. - აბა, ამხანაგო, - უთხრა მეთაურმა და თავით ანიშნა მეზღვაურს, - აბა, დაუჩქარეთ! იულოს ამ თავხედობაზე მადმუაზელ დე ვერნეის სიმშვიდე დაუბრუნდა, გაეღიმა. - ფეხი არ მოიცვალოთ, - უთხრა ახალგაზრდა კაცს და ღირსეული ჟესტით თითქოს მფარველობა გამოხატა. - ოჰ, რა მშვენიერია! - წასჩურჩულა მეზღვაურმა ყურში დედამისს, რომელმაც წარბები შეჭმუხნა. თავმოყვარეობის შელახვამ, ათასნაირმა დაუოკებელმა გაბრაზებამ პარიზელი ქალის მშვენიერ სახეს ახლებური ხიბლი შესძინა. ფრანსინი, მადამ დიუ გა და მისი ვაჟი, ყველანი წამოდგნენ. მადმუაზელ დე ვერნეი ცოცხლად ჩადგა მათსა და მომღიმარე მეთაურს შორის და მარჯვედ გაიხსნა კოფთის სირმით მოქარგული ორი ღილკილო, დაუფიქრებლად, როგორც თავმოყვარეობაშელახულ ქალებს სჩვევიათ, როცა იციან, რომ შეუძლიათ, დაუყოვნებლივ გამოხატონ საკუთარი ძალაუფლება, როგორც ბავშვს არ ჰყოფნის ხოლმე მოთმინება და ეჩქარება ახლადნაჩუქარი სათამაშოს ნახვა, კორსაჟიდან სწრაფად ამოიძრო და მეთაურს გახსნილი წერილი გადასცა. - წაიკითხეთ, - გესლიანი ღიმილით უთხრა. მიუბრუნდა ახალგაზრდა კაცს და ტრიუმფით მთვრალმა ეშმაკურად, სიყვარულით შეხედა. ორივეს სახე გაუნათდა, სიხარულმა აუვარდისფრა აღელვებული სახეები და ათასი ურთიერთსაწინააღმდეგო გრძნობა წამოიშალა მათ სულებში. მადამ დიუ გამ ერთი შეხედვით გამოიცნო, რომ მადმუაზელ დე ვერნეის დიდსულოვნება სიყვარულით უფრო იყო ნასაზრდოები, ვიდრე გულმოწყალებით და, ცხადია, მართალი იყო. ახალგაზრდა მოგზაური ქალი ჯერ გაწითლდა და მორცხვად დახარა თვალები, რაკი მიხვდა ქალის ფიქრებს. მერე, ამ უჩუმარი მუქარანარევი ბრალდების პასუხად, ამაყად ასწია თავი და ყველას თვალი მოავლო. გაოგნებულმა მეთაურმა დაუბრუნა მინისტრების მიერ ხელმოწერილი წერილი, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ ყველა ხელისუფალი უნდა დამორჩილებოდა ამ იდუმალი პიროვნების ბრძანებებს. მერე ქარქაშიდან ამოიღო ხმალი, მუხლზე გადაიმტვრია და ნატეხები მიუყარა. - მადმუაზელ, თქვენ ალბათ კარგად იცით, რაც გასაკეთებელი გაქვთ, მაგრამ რესპუბლიკელს თავისი მოსაზრებები და სიამაყე გააჩნია. მე ვერ ვიმსახურებ იქ, სადაც ლამაზი გოგოები მბრძა-ნებლობენ. პირველ კონსულს დღესვე ექნება ჩემი თადარიგში გასვლის რაპორტი და ვისაც უნდა, დაგემორჩილოთ, ოღონდ არა იულო. როცა ჩემთვის გაუგებარია რაიმე, ვჩერდები, თუ, მითუმეტეს ისეთი რამაა, რაც უნდა მესმოდეს. ერთხანს სიჩუმე ჩამოვარდა, მაგრამ მალე ახალგაზრდა პარიზელმა ქალმა დაარღვია, მიუახლოვდა იულოს და ხელი გაუწოდა: - პოლკოვნიკო, მართალია, წვერი გაქვთ მოშვებული, მაგრამ მაინც შეგიძლიათ მაკოცოთ. კაცი ყოფილხართ. - და მე მაგით ვამაყობ, მადმუაზელ, - და საკმაოდ მოუქნელად ეამბორა ხელზე ამ უცნაურ გოგოს, - შენ კი, ამხანაგო, მუქარით დაუქნია თითი ახალგაზრდა კაცს, დიდ შარს გადარჩი. - მეთაურო, - სიცილით უპასუხა მეზღვაურმა, - გვეყოფა ხუმრობა. თუ გინდა, შენთან ერთად წამოვალ ოლქში. *გაგრძელება*…
დაამატა Kakha to ლიტერატურა at 10:03pm on ივნისი 9, 2016
თემა: ოსკარ უაილდი - ქანთერვილის მოჩვენება
ო. მართლაც, ლორდი ქანთერვილი, რომელიც პატიოსნებითა და პუნქტუალობით იყო ცნობილი, თვითონვე გრძნობდა აუცილებლობას ეს ფაქტი ეხსენებინა, როდესაც პირობების შესათანხმებლად შეხვდა მინისტრს. – ამ ადგილას ცხოვრება აღარ გვინდა, – მიმართა ლორდმა ქანთერვილმა, – რაც პაპიდაჩემი, ბოლთონის დოვაგერის ჰერცოგინია ისე შეშინდა, რომ გონს ვეღარ მოვიდა ცხონებული. სასადილოდ რომ ემზადებოდა, ჩაცმისას მან მხრებზე ჩონჩხის ხელები დაინახა; თავს მოვალედ ვრაცხ მოგახსენოთ, ბატონო ოტის, რომ მოჩვენება აქ რამდენჯერმე შეამჩნიეს ოჯახის ჯანმრთელმა წევრებმა, მათ შორის სამრევლო მღვდელმა, ღირსმა ავგუსტუს დამპიერმა, რომელიც კემბრიჯში, სამეფო კოლეჯის სამეცნიერო საზოგადოების მაგისტრია. ჰერცოგინიას თავს დამტყდარი ამ უბედური შემთხვევის შემდეგ ჩვენთან ახალგაზრდა მსახურთაგან აღარავინ ისურვა დარჩენა, ლედი ქანთერვილიც სულ უძილობას უჩიოდა ღამღამობით დერეფნიდან და ბიბლიოთეკიდან მომავალი იდუმალი ხმების გამო. – ბატონო ჩემო, – უთხრა მინისტრმა, – ავეჯსა და მოჩვენებას ღირებულებაში ვიანგარიშებ. მე თანამედროვე ქვეყნიდან ვარ, სადაც ყველაფერი გაგვაჩნია, რასაც კი ფულით იყიდის კაცი. თანაც, ჩვენ საკმაოდ მარჯვე ახალგაზრდობა გვყავს, რომელსაც თქვენი ძველი სამყაროს გადატრიალება შეუძლია. ჩვენს ახალგაზრდებს თქვენგან საუკეთესო მსახიობები და საოპერო პრიმადონები მიჰყავთ, ამდენად, ეს მოჩვენება მართლაც რომ არსებულიყო, უკვე დიდი ხნის წინ იქნებოდა ჩვენს რომელიმე მუზეუმში გამოფენილი ან ქუჩაში საჩვენებლად გამოდგმული. – ვშიშობ, მოჩვენება მაინც არსებობს, – ღიმილით მიუგო ლორდმა ქანთერვილმა, – თუმცა, იქნებ ის არც კი მოხიბლულიყო თქვენი გამჭრიახი იმპრესარიოების შემოთავაზებებით. უკვე სამი საუკუნეა კარგად არის ცნობილი, ფაქტობრივად, 1584 წლიდან, და ყოველთვის ჩნდება ხოლმე ჩვენი ოჯახის რომელიმე წევრის გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრე. – ვბედავ მოგახსენოთ, რომ ასეთ შემთხვევებში, როგორც წესი, ოჯახის ექიმი ჩნდება ხოლმე სახლში. ლორდო ქანთერვილ, მგონი მოჩვენებისმაგვარიც არაფერი არსებობს და, ვფიქრობ, ბუნების კანონები ბრიტანულ არისტოკრატიას ვერ მოერგება. – ამერიკაში მართლაც რომ ბუნებას ხართ მორგებულნი, – უპასუხა ლორდმა ქანთერვილმა, რომელიც მისტერ ოტისს ბოლო შენიშვნას ვერ მიუხვდა. – თუკი სახლში მოჩვენების არსებობა არ გაღელვებთ, ყველაფერი კარგად ყოფილა. ოღონდ, გახსოვდეთ, მე გაგაფრთხილეთ. რამდენიმე კვირის თავზე სახლის შესყიდვა დასრულდა და სეზონისთვის მინისტრი ოჯახთან ერთად ჩამოვიდა ქანთერვილ ჩეიზში. მისის ოტისი, იგივე მისს ლუკრეცია რ. თაფანი, 53-ე უესთ-სთრითიდან, ნიუიორკელი ლამაზმანი, ახლა შუახნის, სასიამოვნო გარეგნობის ქალბატონი იყო დახვეწილი თვალის ჭრილითა და საუცხოო პროფილით. ბევრი ამერიკელი ქალბატონი სამშობლოს დატოვების შემდეგ ქრონიკული ავადმყოფის იერს იძენს, თანაც, ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, თითქოს ეს ევროპული დახვეწილობა იყოს, მაგრამ მისის ოტისს ეს შეცდომა არასდროს მოსვლია. მას საოცარი აღნაგობა ჰქონდა და ჭარბი რაოდენობით მისცემოდა სიცოცხლის ხალისიც. მართლაც, მრავალ ღირსებათა შორის, ის ჭეშმარიტი ინგლისელი იყო, და, ამავე დროს, ნათელი მაგალითიც იმისა, რაც დღესდღეობით ჩვენ ამერიკასთან გვაქვს საერთო, ცხადია, ენის გამოკლებით. მის უფროს ვაჟს ნათლობისას, პატრიოტული გრძნობების გამო, ვაშინგთონი დაარქვეს, რასაც თავად ვაჟი მუდამ განიცდიდა. იგი იყო ქერათმიანი, საკმაოდ ლამაზი ახალგაზრდა კაცი და ჩინებული მოცეკვავის სახელით ცნობილი. ვაშინგთონი იმედის მომცემი მომავალი ამერიკელი დიპლომატი იყო, რომელმაც სამი სეზონი უწყვეტად ნიუპორტის კაზინოში გერმანული კადრილიის დირიჟორად იმსახურა. გარდენიები და ჰერალდიკა კი მის სისუსტედ ითვლებოდა. სხვაფრივ, ის ერთობ გონიერი იყო. მის ვირჯინია ე. ოტისი, თხუთმეტიოდე წლის გოგონა, მოქნილი და ნუკრივით საყვარელი გახლდათ, ფართო ლურჯ თვალებში ჩამდგარი თავისუფლებით. ის მშვენიერი ამორძალი იყო, რომელმაც ერთხელ მოხუცი ლორდი ბილთონი დაიყოლია, თავისი პონით გაეჭენებინა ჰაიდ-პარკის ირგვლივ და ზუსტად აქილევსის ქანდაკების წინ სიგრძე-ნახევრითაც მოუგო გასწრობანა. ამით მან ჩეშირის ყმაწვილი ჰერცოგის გული ისე მოინადირა, რომ ამ უკანასკნელმა ვირჯინიას ხელიც კი სთხოვა, თუმცა ცრემლმორეული ჰერცოგი იმავე საღამოს მეურვეებმა ითონში დააბრუნეს. ვირჯინიას მოჰყვებოდა ტყუპი ძმა, რომელთაც „ვარსკვლავებსა და ზოლებს“ უწოდებდნენ იმის გამო, რომ მათ სულ წკეპლავდნენ. ძმები, ღირსეული მინისტრის გამოკლებით, ერთადერთი რესპუბლიკელები იყვნენ ოჯახში. რამდენადაც ქანთერვილ ჩეიზი უახლოესი რკინიგზის სადგურ სქოტლენდს შვიდი მილით იყო დაშორებული, მისტერ ოტისს ვაგონეტისთვის ჰქონდა ტელეგრაფი გაგზავნილი მათ დასახვედრად და ისინიც მგზავრობას კარგ გუნებაზე შეუდგნენ. ივლისის სასიამოვნო საღამო იდგა და ჰაერს რბილად ერეოდა ფიჭვნარის სურნელი. დროდადრო ესმოდათ გარეული მტრედი როგორ უკვირდებოდა თავის ტკბილ ღუღუნს, გვიმრების შრიალში კი ხოხბის პრიალა მკერდსაც მოჰკრეს თვალი. პატარა ციყვები წიფლებიდან აკვირდებოდნენ ჩავლილთ, თეთრკუდა კურდღლები ჩირგვებიდან ხავსიან ბორცვებზე გადარბოდნენ. ქანთერვილ ჩეიზის გზას რომ დაადგნენ, მართალია, ზეცა უეცრად მოიღრუბლა, მაგრამ საოცარი სიჩუმე მოსავდა ატმოსფეროს; ცაში ჭილყვავთა დიდმა გუნდმა წყნარად გადაიფრინა და სანამ ოტისები სახლს მიაღწევდნენ, წვიმის მსხვილი წვეთები წამოვიდა. მათ შესაგებებლად შავ აბრეშუმის კაბაში ფაქიზად ჩაცმული მოხუცებული ქალი გამოსულიყო, თეთრი ქუდითა და წინსაფრით. ეს იყო მისის ამნი, სახლის მნე, რომელიც მისის ოტისს, ლედი ქანთერვილის თხოვნით, ძველ თანამდებობაზე დაეტოვებინა. იგი ეტლიდან გადმოსულთაგან ყოველს მდაბალი რევერანსით მიესალმა და მოძველებული, უცხო მანერით მიმართა: – მშვიდობით მოსულიყავით ქანთერვილ ჩეიზში, – მოხუცი მნე მათ თიუდორების დროინდელი, დახვეწილი ჰოლის გავლით შეუძღვა შავი მუხით მოპირკეთებულ დაბალჭერიან ბიბლიოთეკაში, რომლის ბოლოშიც ფერადმინიანი სარკმელი იყო დატანებული. მოსულთათვის ჩაი უკვე დაედგათ, მოსასხამების მოხსნის შემდეგ ახალი მფლობელები დასხდნენ და ოთახის თვალიერებას მოჰყვნენ. მისის ამნი მათი ბრძანების მოლოდინში გაინაბა. მოულოდნელად მისის ოტისმა ბუხრის წინ მკრთალი წითელი ლაქა შენიშნა და რაკი ვერაფრით მიხვდა რა უნდა ყოფილიყო, მისის ამნის მიმართა: – ვშიშობ, იქ რაღაც ასხია. – დიახ, მემ, – უპასუხა მოხუცმა მნემ დაბალი ხმით, – სისხლი ასხია. – რა საშინელებაა! – შეჰკივლა მისის ოტისმა, – სულ არ მეპიტნავება სასტუმრო ოთახში სისხლის ლაქები. სასწრაფოდ გაწმინდეთ!. მოხუც ქალს გაეცინა და დაბალი, იდუმალი ხმით უპასუხა: – ეს ლედი ელეონორ ქანთერვილის სისხლია, რომელიც 1575 წელს მისმა მეუღლემ, სერ საიმონ დე ქანთერვილმა მაგ ადგილას სიცოცხლეს გამოასალმა. სერ საიმონმა კიდევ ცხრა წელი დაყო და, მოულოდნელად, იდუმალებით მოცულ ვითარებაში გაქრა. მისი ცხედარი არასდროს უპოვიათ, მაგრამ მისი დამნაშავე სული ჯერ კიდევ დევნის ჩეიზს. სისხლის კვალს არაერთხელ აღუფრთოვანებია ტურისტებიც და სხვებიც, ასე რომ, ვერ მოშორდება. – ეს რა სისულელეა, – იყვირა ვაშინგთონ ოტისმა. – ლაქების ამომყვანი ფინქერთონის ჩემპიონი და პარაგონის ფხვნილი წამში ამოიყვანს ლაქას – და სანამ თავზარდაცემული მნე ქალი ხელის შეშლას მოახერხებდა, მისტერ ოტისი მუხლებზე დაეცა და კოსმეტიკის ყუთის მაგვარი შავი საგნით ლაქის ხეხვა დაიწყო. სულ მოკლე ხანში სისხლის კვალიც კი აღარ ჩანდა. – ვიცოდი, „ფინქერთონი“ ამოიყვანდა, – შესძახა მან გამარჯვებული იერით და აღფრთოვანებულ ოჯახს მოავლო თვალი; მაგრამ, სიტყვაც არ ჰქონდა დამთავრებული, რომ საზარელმა გაელვებამ გაანათა მრგვალი ოთახი, შიშის მომგვრელმა ჭექა-ქუხილმა ფეხზე წამოაყენა ყველანი, მისის ამნის კი გული წაუვიდა. – რა საშინელი კლიმატია! – წყნარად თქვა ამერიკელმა მინისტრმა და გრძელ სიგარას მოუკიდა. – მე მგონი, ეს ძველი ქვეყანა ისე ჭარბადაა დასახლებული, რომ წესიერი ამინდი ყველასთვის საკმარისად აღარ რჩება. ყოველთვის იმ აზრზე ვიყავი, რომ ემიგრაცია ინგლისისთვის ერთადერთი გზა იყო. – ძვირფასო ჰაირამ, – იკივლა მისის ოტისმა. – რა ვუყოთ გულწასულ ქალს? – ჭურჭლის დამტვრევისთვის რომ ვუქვითავთ ხოლმე, ისე დავუქვითოთ ამასაც, – უპასუხა მინისტრმა, – და მეორედ გული აღარ წაუვა. მოკლე ხანში მისის ამნი გონს მოვიდა. ეჭვგარეშეა, იგი მეტისმეტად ნაწყენი ჩანდა, მან მისტერ ოტისი სასტიკად გააფრთხილა კიდეც, სახლის მოსალოდნელ ხიფათს უფრთხილდითო. – რაღაც-რაღაცები ჩემი თვალითაც მაქვს ნანახი, სერ, – უთხრა მან, – რაც ნებისმიერ ქრისტიანს თმას ყალყზე დაუყენებს, არაერთი ღამე გამიტარებია თვალმოუხუჭავს, აქ დატრიალებული ამბების გამო. – ამის მიუხედავად, მისტერ ოტისმა და მისმა მეუღლემ პატიოსანი სული დაარწმუნეს, მოჩვენებების სულაც არ გვეშინია და, განგების კურთხევით, შენი ახალი პატრონი და დიასახლისი ზომებსაც მიიღებენ, რათა ხელფასი მოგიმატონო; მოხუცებული მნე ქალი თავისი ოთახისკენ წაბანცალდა.   II        მთელი ღამე შტორმი გაშმაგებით მძვინვარებდა, მაგრამ რაიმე განსაკუთრებული არ მომხდარა. მეორე დილას, როდესაც ისინი სასაუზმოდ ჩავიდნენ ქვედა სართულზე, სისხლის საშინელი ლაქა ისევ შეამჩნიეს იატაკზე, – არა მგონია, პარაგონის ფხვნილის ბრალი იყოს, – განაცხადა მისტერ ვაშინგთონმა – ფხვნილი ყველაფერში ნაცადი მაქვს. ეს მოჩვენებაა. მან ლაქა მეორედაც ამოწმინდა, მაგრამ მომდევნო დილით ისევ ადგილზე დაუხვდა. მესამე დილითაც იგივე გამეორდა, თუმცა კი მისტერ ოტისმა ბიბლიოთეკა თავისი ხელით ჩაკეტა და გასაღებიც თვითონვე აიტანა მეორე სართულზე. ახლა უკვე მთელი ოჯახი დაინტერესდა. მისტერ ოტისს ეჭვი შეეპარა, დოგმატური ვიყავი, მოჩვენების არსებობას რომ უარვყოფდიო. მისის ოტისმა სპირიტულ საზოგადოებაში გაწევრების განზრახვა გამოხატა, ხოლო მისტერ ოტისმა გრძელი წერილი მისწერა ბატონებს მაიერსსა და პოდმორს; რაკი საქმე მუდმივ სისხლსავსე ლაქებს ეხებოდა, ამბავი კრიმინალს დაუკავშირეს. იმ ღამით მოჩვენებების ობიექტური არსებობის შესახებ გავრცელებული ყველა ეჭვი სამუდამოდ გაქარწყლდა. თბილი და მზიანი დღე დაიჭირა; საღამოსკენ აგრილდა და ოჯახიც სასეირნოდ გამოვიდა. ისინი შინ ცხრა საათამდე არ დაბრუნებულან, ცხრისთვის მათ მსუბუქი ვახშამი ელოდათ. საუბარი მოჩვენებებს არაფრით არ შეხებია, ოტისები არც ამყოლ მოლოდინს მოუცავს, რასაც სულთა მატერიალიზება შეუძლია ხოლმე. როგორც მისტერ ოტისისგან ვიცი, განიხილავდნენ ისეთ თემებს, რომლებიც კულტურული ამერიკელების მაღალი კლასის წარმომადგენლებს ახასიათებთ, მაგალითად, მსახიობ ფანი დავენპორტის უზარმაზარ უპირატესობას სარა ბერნართან შედარებით, ნედლი ხორბლის მიღებასა და წიწიბურას ნამცხვრის, ასევე დოღის სირთულეებთან და საუკეთესო ინგლისურ სახლებთან დაკავშირებულ საკითხებსაც; ბოსტონის, როგორც მსოფლიო სულის განვითარების მნიშვნელობას, რკინიგზით მგზავრობისას ბარგის შემოწმების უპირატესობასა და ნიუიორკული აქცენტის სიტკბოებას ლონდონურ ძლუყუნთან შედარებით. გზაში არაფერი უთქვამთ ზებუნებრივზე, არც სერ საიმონ დე ქანთერვილი უხსენებიათ. თერთმეტი საათისთვის ოჯახი უკვე შინ იყო, ნახევარ საათში კი სახლში ყველა სინათლე ჩააქრეს. მოკლე ხანში მისტერ ოტისი თავისი ოთახის მეზობელი დერეფნიდან შემომავალმა საკვირველმა ხმაურმა გამოაღვიძა. ხმა ფოლადის ჟღარუნს ჰგავდა და უფრო და უფრო ახლოვდებოდა. მისტერ ოტისი ადგა, ასანთს გაჰკრა და მიმოიხედა. ზუსტად პირველი საათი იყო. უცნაური ხმაური ისევ გრძელდებოდა და ამასთან საკმაოდ მკაფიოდ გაისმა ფეხის ხმა. მან ფლოსტებში წაყო ფეხები, ნესესერიდან მოგრძო შუშა ამოიღო და კარი გამოაღო. ფერმკრთალი მთვარის შუქზე მოხუცი კაცის საზარელი სახე დაინახა. მას თვალები ცეცხლმოკიდებულ ნახშირს მიუგავდა, ძალიან გრძელი ჭაღარა თმა მხრებზე გადაეყარა აწეწილ კულულებად; ჩამოძონძილ და ჭუჭყიან სამოსზე სიძველის კვალი აჩნდა, მაჯებსა და კოჭებზე მძიმე ბორკილები და ჟანგიანი ხუნდები ედო. – ჩემო კეთილო, – მიმართა მისტერ ოტისმა, – დაჟინებით უნდა მოგთხოვოთ თქვენი ჯაჭვების დაზეთვა, სწორედ ამ მიზნით მოგიტანეთ „რაიზინგის“ საპოხი. ერთ პუბლიკაციას თუ ვერწმუნებით, საკმაოდ ეფექტური უნდა იყოს, და ამ ეფექტს ჩვენი გამოჩენილი სასულიერო პირებიც ამოწმებენ, რაც ეტიკეტზე წერია. ამას აქ დაგიტოვებთ, საძინებლის სასანთლეებთან ახლოს და ბედნიერი ვიქნები მეტითაც მოგამარაგოთ, თუკი ინებებთ. ამ სიტყვებით ამერიკის სახელმწიფო მინისტრმა ბოთლი მარმარილოს მაგიდაზე დადო, კარი მიიხურა და საწოლისკენ წავიდა. ქანთერვილის მოჩვენება ერთხანს ბუნებრივად აღშფოთებული გაუნძრევლად იდგა, შემდეგ ბოთლი ძალუმად დაახეთქა მოპრიალებულ იატაკზე, დერეფნიდან ძირს დაეშვა, ყრუ კვნესა აღმოხდა და საზარლად გამოაშუქა. როგორც კი მუხის კიბემდე მივიდა, კარი გაიღო, ორი პატარა თეთრად შემოსილი ფიგურა გამოჩნდა და დიდმა ბალიშმა მის თავს უკან გაიწუილა. აშკარა გახდა, დასაკარგი დრო არ იყო, თავის დასაღწევად სივრცის მეოთხე განზომილება ნაჩქარევად გამოიყენა და ხის პანელში გაუჩინარდა, სახლი კი მთლიანად დამშვიდდა. მარცხენა ფლიგელში, საიდუმლო პატარა ოთახს რომ მიაღწია, მთვარის შუქის საპირისპიროდ დაიხარა, რათა სული მოეთქვა და გაეანალიზებინა საკუთარი პოზიცია. იგი თავისი სამსაუკუნოვანი ბრწყინვალე და უწყვეტი მოღვაწეობის განმავლობაში ასეთი შეურაცხყოფილი არ ყოფილა. იხსენებდა დოვაგერის ჰერცოგინიას, მაქმანებსა და ალმასებში გამოწყობილს რომ დასცა შიშის ზარი; ოთხ შინამოსამსახურეს, ისტერიკაში რომ ჩააგდო, თვითონ კი სამარქაფო საძინებელი ოთახის ფარდებს უკნიდან ხითხითებდა. ფიქრობდა სამრევლო მღვდელზე, რომელსაც ღამით ბიბლიოთეკიდან გამოსულს სანთელი ჩაუქრო და რომელსაც მას მერე სერ უილიამ გალის კმაყოფაზე მოუწია გადასვლა, როგორც ნერვული აშლილობით თვალსაჩინო მოწამეს. ასევე მოხუცებულ ქალბატონ ტრემულაკზე, რომელიც სისხამ დილით გააღვიძა, ამ უკანასკნელმა კი ბუხართან, სავარძელში, ჩონჩხი დალანდა მისი დღიურით ხელში; ამის გამო ქალბატონი ექვსი კვირით საწოლს მიეჯაჭვა ტვინის ციებ-ცხელების დიაგნოზით, გამოჯანმრთელებულს კი ეკლესიასთან შერიგება და გამოჩენილ სკეპტიკოს მესიე დე ვოლტერთან კავშირის გაწყვეტაც კი მოუხდა. გაიხსენა ის საშინელი ღამეც, როდესაც ღვარძლიანი ლორდი ქანთერვილი ლამის გაგუდული იპოვეს გასახდელში ყელში ნახევრამდე ჩატენილი აგურის ვალეტით, იგი სიკვდილის წინ გამოტყდა, რომ ჩარლზ ჯეიმს ფოქსს სწორედ ამ კარტის საშუალებით თაღლითურად მოუგო ქროქსფორდში 50 ათასი, იფიცებოდა, მოჩვენებამ, სწორედ ის ბანქო გადამაყლაპაო. თავისი ყველა დიადი მიღწევა უკან დაუბრუნდა, თავისი მსახურთუხუცესით დაწყებული, რომელმაც თავი საკუჭნაოში ჩაიცხრილა, რადგან დაინახა მშვენიერი ლედი სთათფილდის სარკმლის მინაზე მწვანე ხელი როგორ აკაკუნებდა, ხოლო ლედი სთათფილდმა, რომელიც მუდამ შავ ხავერდს იკეთებდა, რათა თეთრ-ყირმიზ ყელზე კვალად დარჩენილი ხუთი თითი დაეფარა, საბოლოოდ, ქინგს უოქის ბოლოში ჭანარის ტბაში თავი დაიხრჩო. ნამდვილი ხელოვანის ენთუზიასტური მოგონების თვალით გადასწვდა თავის ყველაზე სახელგანთქმულ გამოსვლებს, საკუთარ თავს მწარედ შესცინა, როდესაც გაიხსენა წითელი რუბენის ან გაგუდული ბავშვის სახით რომ წარდგა, ასევე ბექსლი-მორის სისხლისმსმელი გუანტ გიბეონის როლი, აგრეთვე მოაგონდა ივლისის ერთ სასიამოვნო საღამოს ჩოგბურთის მოედანზე საკუთარივე ძვლებით კეგლის რომ თამაშობდა; და ამ ყველაფრის შემდეგ, ვიღაც საცოდავი თანამედროვე ამერიკელები მოდიან და „რაიზინგის“ ლუბრიკანტს სთავაზობენ და ზურგს უკნიდან თავში ბალიშებს ესვრიან! ეს ხომ სრულიად აუტანელი რამ არის. გარდა ამისა, ისტორიაში მოჩვენებას ხომ ასე არავინ მოჰქცევია. შესაბამისად, შურისძიება გადაწყვიტა და ასე ღრმა ფიქრებში ჩაეფლო გამთენიამდე.   III        მეორე დილით, როდესაც ოტისების ოჯახი საუზმობდა, მოჩვენებაზეც გადაწყვიტეს გარკვეულწილად სიტყვის ჩამოგდება. ამერიკელი მინისტრი ცოტა ნაწყენი ჩანდა, მისი საჩუქარი გამოუყენებელი რომ დარჩა. – არანაირი სურვილი არ მაქვს, მოჩვენებას პირადული წყენა მივაყენო, – თქვა მისტერ ოტისმა, – და აქვე უნდა მოგახსენოთ, რომ მისთვის ბალიშის სროლა ერთობ არათავაზიანი საქციელია, თუკი მისი აქ ცხოვრების ხანგრძლივობას გავითვალისწინებთ – საკმაოდ თვალში საცემია, უკაცრავად და, ტყუპის ახარხარება. – აი, მეორე მხრივ კი, – განაგრძო მან, – თუკი იგი მართლაც არ ინდომებს „რაიზინგის“ ლუბრიკანტის გამოყენებას, ჩვენ მისთვის ბორკილების ახსნა მოგვიწევს. თორემ, ხომ წარმოგიდგენიათ, როგორი შეუძლებელი იქნება დაძინება, როცა გარედან ასეთი ხმაური შემოვა. მთელი კვირა უშფოთველად ცხოვრობდნენ, თუმცაღა ერთადერთი, რაც მათ ყურადღებას იპყრობდა, ეს იყო ბიბლიოთეკის იატაკზე სისხლის კვალის მუდმივი განახლება. მართლაც უცნაურად ეჩვენებოდათ, რადგან კარს ღამღამობით ყოველთვის მისტერ ოტისი კეტავდა საკუთარი ხელით, ფანჯრებიც საგულდაგულოდ იყო დაგმანული. ლაპარაკის საღერღელს უშლიდათ ლაქის ქამელეონისმაგვარი ფერი. ზოგჯერ, დილაობით ლაქა ბაცი (ინდურივით) წითელი იყო, შემდეგ სინგურისფერი ხდებოდა, მერე მეწამული ედებოდა. ერთ დილით კი, როდესაც ოჯახი ქვემოთ, ამერიკული საეპისკოპოსო ეკლესიის რეფორმირებული ჩვეულების თანახმად, სალოცავად ჩამოვიდა, ლაქას ზურმუხტისფერ-მწვანე ედო. ეს კალეიდოსკოპური ცვლილებები ყველას ართობდა და ყოველ საღამოს ერთმანეთთან ნაძლევის დადების საბაბიც ხდებოდა. ერთადერთი ადამიანი, რომელიც ამ ხუმრობებში მონაწილეობას არ იღებდა, პატარა ვირჯინია იყო, რომელიც აუხსნელი მიზეზით აღელდებოდა და ლამის ტირილამდე მიდიოდა ხოლმე, როდესაც დილაობით ზურმუხტისფერ-მომწვანოდ შეფერილ ლაქას დაინახავდა. მოჩვენება მეორედ კვირაღამეს გამოჩნდა. როგორც კი ოჯახი დასაძინებლად დაწვა, ჰოლიდან შეჯახების შიშისმომგვრელი ხმაური გაისმა. კიბე რომ ჩაირბინეს, ნახეს, რომ მამაკაცის დიდი ჯავშან-პერანგი სადგარიდან ახსნილიყო და ქვის იატაკს დახეთქებოდა, ამ დროს კი ქანთერვილის მოჩვენება მაღალსაზურგიან სავარძელში მჯდარი მუხლს ისრესდა და სახეზე საშინელი აგონია ჰქონდა გამოხატული. ტყუპმა, რომელთაც თავიანთი ბარდამფრქვევი წამოეღოთ, ორი საფანტი ზედ ისე მიაცალეს, თითქოს სროლას დაუფლებულებმა სამიზნეს დაუშინესო. ამასობაში კი ამერიკელ მინისტრს თავისი რევოლვერი მოემარჯვებინა და სროლისას კალიფორნიული ეტიკეტისამებრ გაიძახოდა ხელები ააწევინეთო. მოჩვენებას მრისხანების ველური გმინვა აღმოხდა, გავლისას ვაშინგთონ ოტისს სანთელი ჩაუქრო, მათ შორის ნისლივით გაინამქრა და სრულ სიბნელეში დატოვა ისინი. კიბისთავს რომ მიაღწია, გონს მოვიდა და გადაწყვიტა თავისი სატანისებური სიცილი აღმოხდომოდა. ამას იშვიათად, მხოლოდ უკიდურესი აუცილებლობისას მიმართავდა ხოლმე. როგორც ამბობენ, ამან ერთ ღამეს ლორდ რეიქერს პარიკი გაუნაცრისფრა, ხოლო ლედი ქანთერვილის სამ ფრანგ გუვერნანტ ქალს თვის გასვლამდე გაფრთხილება მიაცემინა. მოჩვენებამ საზარელი სიცილი გააბა, სანამ ძველმა კამაროვანმა ჭერმა ბანი არ მისცა და კარი არ გაიღო, საიდანაც გამოსულმა ცისფერ ხალათში ჩაცმულმა მისის ოტისმა ნაყენი მიაწოდა. – ვშიშობ, ძალიან ავად უნდა იყოთ, – უთხრა მან, – აი, დოქტორ დობელის ნაყენი მოგიტანეთ, თუკი ეს აშლილობაა, ამას საუკეთესო საშუალებად ჩათვლით. მოჩვენებამ ქალს გამძვინვარებულმა შეხედა, ჯერ შავ ძაღლად გადაქცევა დაიწყო, რის წყალობითაც იგი კარგად იყო ცნობილი და რასაც ოჯახის ექიმი ლორდ ქანთერვილის ბიძის, ჰონის, მუდმივ იდიოტობას მიაწერდა ხოლმე. მოახლოებულმა ნაბიჯებმა მოჩვენება მიზანმიმართულებაში დააეჭვა, თუმცა სუსტ ფოსფორისფრად გარდაქმნამ მას კმაყოფილება მოჰგვარა და სასაფლაოს კვნესასავით გაუჩინარდა, როგორც კი ტყუპი მიუახლოვდა. თავის ოთახს რომ მიაღწია, ერთიანად მოწყდა და უსასტიკესმა მღელვარებამ მოიცვა. ტყუპის ვულგარულობამ და მისის ოტისის დაბალი დონის მატერიალიზმმა მართლაც რომ წყენა მოჰგვარა, მაგრამ ყველაზე მეტად ბოლოს მაინც ის უღებდა, რომ საფოსტო ჯავშნის გადაცმა ვერ მოახერხა. მას იმედი ჰქონდა, რომ თანამედროვე ამერიკელებსაც კი შიშს მოჰგვრიდა ჯავშნიანი ლანდის ხილვა, სხვა რომ არაფერი, მათი ეროვნული პოეტის ლონგფელოუს პატივსაცემად მაინც, რომლის დახვეწილი და მიმზიდველი პოეზიითაც მას არაერთი მოსაწყენი საათი შეუქცევია თავი ქანთერვილელების ქალაქში ყოფნის დროს. გარდა ამისა, ეს ხომ მისი საკუთარი სამოსი იყო, რომელიც ქენილუორსის ტურნირზე ეცვა და რომლის გამოც ქება, არც მეტი, არ ნაკლები, პირდაპირ ვირჯინია დედოფლისგან დაიმსახურა. ახლა კი, როცა ჯავშანი ჩაიცვა, უზარმაზარმა სამკერდულმა და ფოლადის ჩაფხუტმა გადასძალა, შედეგად ქვის იატაკზე მოწყვეტით დაენარცხა და მუხლებიც მწარედ გადაიტყავა, ამას გარდა, მარჯვენა ხელის სახსრებიც დაილურჯა. რამდენიმე დღე მოჩვენება მძიმედ იყო ავად და ოთახიდან მხოლოდ იმისთვის თუ გამოვიდოდა, რომ სისხლის კვალი ჩვეული სახით შეენარჩუნებინა. მიუხედავად ამისა, თავის კარგად მოვლამ საგრძნობლად მოაკეთა და გადაწყვიტა, მესამე მცდელობით მაინც შეეშინებინა აშშ-ის სახელმწიფო მინისტრი და მისი ოჯახი. მან პარასკევი, 17 აგვისტო აირჩია გამოსაჩენად და მთელი დღე გარდერობში გაატარა. საბოლოო ჯამში, გადაწყვეტილება ძველი, დიდი, დაშვებულფარფლიანი ქუდის სასარგებლოდ გამოიტანა, რომელსაც წითელი ფრთა ჰქონდა, გარდა ამისა, ფრიალა მოსასხამი ირჩია მაჯებსა და კისერთან შესაკრავით და პირბასრი სატევარიც აიღო. მოსაღამოებულზე თქეში წამოვიდა, ისეთი ძლიერი ქარი ამოვარდა, რომ ძველ სახლში ყველა კარი და სარკმელი ერთიანად აჭრიალდა და აბრახუნდა. ფაქტობრივად, მას რომ უყვარდა, ისეთი ამინდი დადგა. მოქმედების მისეული გეგმაც ასეთი იყო: ჩუმად უნდა შეპარულიყო ვაშინგთონ ოტისის ოთახში, საწოლის ფეხიდან გაურკვეველი ბლუყუნი უნდა დაეწყო და ნელი ჰანგების ხმაზე სამჯერ უნდა ჩაეცა ყელში. ვაშინგთონისადმი ხომ განსაკუთრებულ ზიზღს განიცდიდა, რადგან კარგად იცოდა, რომ სწორედ ამ უკანასკნელს ჰქონდა ჩვევად ქანთერვილის ცნობილი სისხლის ლაქა მოეცილებინა ფინქერთონის პარაგონის ფხვნილით. განუსჯელი და თავზეხელაღებული პირობის სიშმაგე რომ დაიცხრო, გადაწყვიტა ამერიკელი მინისტრისა და მისი მეუღლის ოთახამდე მისულიყო და ქალბატონისთვის შუბლზე წებოვანი ხელი დაედო, თან მისი აკანკალებული ქმრისთვის ყურში მორგის საშინელებანი ჩაესტვინა. პატარა ვირჯინიას პატივისცემის გამო, მან სრულად არ მოიმოქმედა თავისი ჩანაფიქრი. გოგონას ხომ მოჩვენება არასდროს და არანაირად არ ჰყავდა გალანძღული, თანაც ისეთი პატარა და ნაზი იყო. გარდერობიდან რამდენიმე ყრუ კვნესა სავსებით საკმარისად მიიჩნია და თუკი არც ეს გაჭრიდა, მაშინ საწოლთან მიცოცდებოდა და დაკრუნჩხული თითებით გადასაფარებელს დაეჭიდებოდა დასაგლეჯად. რაც შეეხება ტყუპს, მყარად ჰქონდა გადაწყვეტილი, სეირი ეჩვენებინა მათთვის. პირველი, რაც უნდა გაეკეთებინა, ის იყო, რომ მკერდზე დასჯდომოდა მხუთავი მაჯლაჯუნასავით. შემდეგ კი, ვინაიდან მათი საწოლები საკმაოდ ახლო-ახლოს იდგა ერთმანეთთან, მწვანე, გაყინული გვამის სახით შუაში ჩამდგარიყო, სანამ ტყუპი შიშით იქნებოდა დამბლადაცემული, და საბოლოოდ, თვითმკვლელის ჩონჩხის, მუნჯი დანიელის მსგავსად, ფრიალა მოსასხამი მოესროლა, ხოხვა დაეწყო ოთახში თეთრი, უფერული ძვლებითა და ერთი ცალი მბრუნავი თვლის კაკლით; მსგავსი როლი ხომ მან რამდენჯერმე განასახიერა და დიდი ეფექტიც მოახდინა. ეს როლი მას თავისი ცნობილი პარტიის დარად მიაჩნდა მანიაკ მარტინიდან, ანუ შენიღბული იდუმალებიდან. თერთმეტის ნახევრისთვის გაიგონა, ოჯახი როგორ ადიოდა დასაძინებლად. ცოტა ხანს კიდევ აღონებდა ტყუპის ველური სიცილი, რომლებიც, სკოლის ბიჭუნებივით, წრფელი გულით ართობდნენ ერთმანეთს დაწოლამდე, მაგრამ თორმეტის თხუთმეტ წუთამდე ყველაფერი მიწყნარდა; შუაღამისკენ კი მოჩვენება შორს გაემგზავრა. ბუ ფანჯრების პანელებს სცემდა, ყორანი ურთხმელიდან ჩხაოდა, ქარი კი, დაკარგული სულივით, სახლის გარშემო კვნესით დაეხეტებოდა. ოტისის ოჯახს კი, სვე-ბედის გაუცნობიერებლად, მშვიდად ეძინა. მას ესმოდა აშშ-ის სახელმწიფო მინისტრის თანაბარი ხვრინვა. იგი ფეხაკრეფით გამოვიდა ხის პანელიდან ნაოჭიან და სასტიკ ბაგეზე ავი ღიმილით, მთვარემ ქალის სახე დამალა ღრუბლებში, როდესაც მან დიდ შიდასარკმელს ჩაუარა, სადაც მისი და მისი მოკლული ცოლის მკლავები ლაჟვარდითა და ოქროთი იყო მორთული. ნელა გასრიალდა, როგორც ავი ლანდი. უკუნეთ სიბნელეს თითქოს ჩავლილი მოჩვენების ზიზღი ემჩნეოდა. უცებ ეგონა ვიღაცის ძახილი მომესმაო და გაჩერდა. მაგრამ ეს მხოლოდ ძაღლის ყეფა იყო რედ ფერმიდან; გზა განაგრძო, თან მეთექვსმეტე საუკუნის რაღაც უცნაურ წყევლას იმეორებდა ბუტბუტით და შუაღამის ჰაერში ბასრ სატევარს იქნევდა. ბოლოს და ბოლოს ავბედითი ვაშინგთონის ოთახისკენ მიმავალ გასასვლელამდეც მიაღწია. ერთ წამს შეყოვნდა, ქარი მის ნაცრისფერ კულულებს აფრიალებდა და გარდაცვლილი კაცის სუდარის ნაკეცებს უსახელო შიშით გროტესკულად და ფანტასტიკურად გრეხდა. საათმა მეოთხედი ჩამოჰკრა და მან იგრძნო, რომ დრო დამდგარიყო. უკუდგა და კუთხისკენ შებრუნდა, მაგრამ, სანამ ამას იზამდა, შიშის შესაბრალისი გოდებით გაფითრებულ სახეზე გრძელი, გაძვალტყავებული ხელები აიფარა. ზუსტად მის წინაშე შიშისმომგვრელი ლანდი ასვეტილიყო, უძრავი, როგორც კვეთილი სურათი, შლეგიანის ზმანებასავით საზარელი! მას თავი მელოტი და პრიალა ჰქონდა; სახე მრგვალი, სქელი და თეთრი, საზარელ სიცილს მისი სახე მარადიულ ღიმილში დაეტოვებინა. თვალთაგან მოწითალო სხივებს ტყორცნიდა, პირიდან ცეცხლი ფართოდ გადმოსდიოდა, საზარლად იყო შემოსილი, თითქმის მასავით, ტიტანური ფორმები ბინტით დათოვლოდა. მკერდზე უცნაური დაფა ჰქონდა ძველებური წარწერით, ჩანდა, რაღაც სამარცხვინო უნდა ყოფილიყო ჩამოწერილი, ველური ცოდვებისა თუ საზარელი დანაშაულებების ჩამონათვალი, მარჯვენა ხელზე მოელვარე ფოლადის შევარდენი ესვა. მართლაც, მწარედ შეშინდა, რადგან, მოჩვენება მანამდე ნანახი არ ჰყავდა, როგორც კი მეორედ მოჰკრა თვალი საზარელ ფანტომს, თავისი ოთახისკენ წავიდა. ფრიალა მოსასხამიც გაიყოლა, ქვედა დერეფანში სწრაფად ჩავიდა, სატევარიც იქვე დააგდო მინისტრის ყელიან ბოტებთან, სადაც იმავე დილას მსახურთუხუცესმა იპოვა. მარტოდ რომ იგრძნო თავი, ქვეშაგებზე დაემხო და სახე ტანსაცმელში ჩამალა. ცოტა ხანში, ქანთერვილის ძველმა მამაცმა სულმა საკუთარი თავი დაიყოლია, როგორც კი ინათებდა, ასულიყო და მეორე მოჩვენებას გამოლაპარაკებოდა. როგორც კი ირიჟრაჟა და ბორცვებს ვერცხლისფერი დაედო, იგი ლაქასთან, სწორედ იმ ადგილას დაბრუნდა, სადაც პირველად იხილა საზარელი ლანდი. გრძნობდა, რაც უნდა იყოს, ორი მოჩვენება ერთსა სჯობია და ახალი მეგობრის დახმარებით, ტყუპს უფრო იოლად გავუმკლავდებიო. როცა ლაქასთან მივიდა, საზარელმა სანახაობამ მიიპყრო მისი მზერა. აშკარა იყო, რაღაც შემთხვეოდა ლანდს. ეტყობოდა, სინათლე გადასვლოდა მის ცარიელ თვალებს, მოელვარე ხმალიც გავარდნოდა ხელიდან და რაღაც მოუხერხებლად და არაბუნებრივად ებჯინებოდა კედელს. უცებ გაექანა და ხელებით სწვდა, მაგრამ – ჰოი, საშინელებავ! – ლანდს თავი მოსძვრა და იატაკზე გაგორდა, ტანი კი შუაზე გადატყდა... უცებ მიხვდა, რომ ბამბის ქსოვილი ეჭირა ხელში, ფეხებთან კი ცოცხი, სამზარეულოს დანა და ფუტურო თალგამი ეყარა. ამ უცნაური ტრანსფორმაციის მიზეზი რომ ვერ გაიგო, აკანკალებული ეცა უცნაურწარწერიან დაფას და დილის რუხ სინათლეში შემდეგი შიშისმომგვრელი სიტყვები წაიკითხა: ფირმა ოტისის სული ერთადერთი და ნამდვილი მოჩვენებაა. ერიდეთ იმიტაციებს. სხვა ყველა თვალთმაქცობაა.        მისთვის ყველაფერი ნათელი გახდა. ის მოატყუეს, გააცურეს და კვალი აურიეს. ძველმა ქანთერვილურმა ალმა გაუელვა თვალებში; უკბილო ღრძილები ერთმანეთს მიაგლასუნა; თავისი გამხმარი ხელები მაღლა ასწია და დაიფიცა ძველი სტილის ხატოვანი ფრაზეოლოგიის თანახმად, რომ როდესაც შანტეკლერი ორჯერ ჩაჰყვირებდა თავის ბუკს, სისხლის ღვრა მოხდებოდა და ამ სახლში სიკვდილიც შემოაბიჯებდა. ის იყო, გაჭირვებით დაასრულა ეს საზარელი ფიცი, რომ მოშორებული ფერმის წვეტიანი სახურავიდან წითელკუდა მამლის ყივილი შემოესმა. დიდხანს იცინა ხმადაბლა და მწარედ, მერე კი ცოტა შეიცადა. ერთ საათს კიდევ ელოდა, მაგრამ, გაურკვეველი მიზეზით, მამალმა აღარ იყივლა. საბოლოოდ, რვის ნახევარზე მისი შიშისმომგვრელი ფხიზლობა შინამოსამსახურეების ფეხის ხმამ შეწყვიტა, ამიტომ თავის ოთახში გაიძურწა, თან თავის ამაო და თავგზის ამბნევ განზრახვაზე ფიქრობდა. იქ ძველ რაინდულ რომანებში ეძებდა რჩევას, რაც ასე თავგამეტებით უყვარდა, და აღმოაჩინა, რომ ყოველ ჯერზე, როდესაც კი ეს ფიცი გამოუყენებია, შანტეკლერს მეორედაც უყივლია. – რა სიკვდილმა უყო პირი ამ ურჩ მამალს, – ჩაიბუტბუტა, – ერთ მშვენიერ დღეს მსხვილ შუბს ყელში რომ ჩავცემ, სიკვდილის წინ ჩემთვის დაიყივლებს კიდეც! ამის შემდეგ ის თავის ტყვიის კომფორტულ კუბოში დაბრუნდა და საღამომდე დარჩა.   IV        მომდევნო დღეს დაღლილი მოჩვენება სუსტად გრძნობდა თავს. უკანასკნელი ოთხი კვირის მღელვარებამ უკვე თავი იჩინა. ნერვები საბოლოოდ დაწყვეტილი ჰქონდა. ხუთი დღე ოთახში იყო გამოკეტილი, ბოლოს კი გადაწყვიტა ბიბლიოთეკაში სისხლის კვალისთვის თავი მიენებებინა. თუკი ოტისების ოჯახს არ უნდოდა ის, მაშინ ისინი არც იმსახურებდნენ ამას. მასპინძელი ოჯახი აშკარად მხოლოდ დაბალი მატერიალური ღირებულებების ხალხი ჩანდა, რომლებსაც ესთეტიკური მოვლენების სიმბოლური ღირებულებების დაფასება არ შეეძლო. ასტრალური სხეულებისა და ფანტასტიკური მოჩვენებების საკითხი, ცხადია, სრულიად სხვა საქმე იყო და მის კონტროლს საერთოდ არ ექვემდებარებოდა. მის საზეიმო მოვალეობას კვირაში ერთხელ დერეფანში გამოჩენა და ვიტრაჟიანი ფართო სარკმლიდან თვის პირველ და მესამე ოთხშაბათს ენის ტარტარი წარმოადგენდა და სულ ვერ ამჩნევდა, საკუთარ მოვალეობებს თავს როგორ აღწევდა. მართალია, მისი ცხოვრება ძალიან ავზნიანი იყო, მაგრამ, მეორე მხრივ, ის თავად ძალიან სინდისიერად ეკიდებოდა ყველაფერს, რაც კი ზებუნებრივს უკავშირდებოდა. მომდევნო სამივე შაბათ ღამეს, სამ საათზე დერეფანი გადაკვეთა და ყველანაირად გაფრთხილდა, რომ ვერც დაენახათ და ვერც გაეგონათ. მოიცილა ჩექმა, რამდენადაც შეეძლო, ჭიებისგან დაჭმულ ძველ იატაკზე მსუბუქად გადადგა ნაბიჯი, შავი ველვეტის მოსასხამიც მხრებზე ჰქონდა მოგდებული, ფრთხილად მოეკიდა „რაიზინგის“ ლუბრიკანტს თავისი ჯაჭვების დასაზეთად. მოვალე ვარ ვაღიარო, რომ საკუთარი თავისთვის დიდ ძალდატანებად დაუჯდა ამ ზომისთვის მიემართა. თუმცა ერთ ღამეს, როდესაც ოჯახი სადილობდა, მას ბატონ ოტისის ოთახში ჩაეძინა და ბოთლიც ხელში შერჩა. თავდაპირველად თავს ცოტა დამცირებულად გრძნობდა, მაგრამ, მოგვიანებით, გონება დაძაბა, რომ დაენახა ამ მიგნების მნიშვნელობა, რაც, გარკვეულწილად, მის წისქვილზეც ასხამდა წყალს. მაინც, ყველაფრის მიუხედავად, თავს ალყაშემორტყმულად გრძნობდა. დერეფანში, სადაც ბნელ ღამეში დადიოდა, სიმები იჭიმებოდა; ერთხელ შავ ისააკად, ჰოგლის ტყის მონადირედ გადაცმულმა დიდი ვარდნა განიცადა, როდესაც გაპოხილ საფეხურზე დააბიჯა, რომელიც ტყუპს გაეკეთებინა მუხის კიბის თავზე, გობელენიანი კაბინეტის შესასვლელთან. ამ უკანასკნელმა იმდენად განარისხა იგი, რომ გადაწყვიტა საკუთარი ღირსებისა და სოციალური მდგომარეობის აღსადგენად საბოლოოდ კიდევ ერთი ღონისძიებისთვის მიემართა და განიზრახა მომდევნო ღამით თავხედი ეტონიელები მოენახულებინა და თავისი ნაქები უდარდელი რუპერტის ანუ უთავო თავადის სახით სჩვენებოდა მათ. ასეთი გარდასახვით ხომ ბოლო სამოცდაათი წლის განმავლობაში ის აღარავის დანახვებია. ფაქტობრივად, მას მერე, რაც მშვენიერ ლედი ბარბარას დასცა შიშის ზარი ასე გამოწყობილმა, ამ უკანასკნელმა კი ქანთერვილის ახლანდელი ლორდის ბაბუასთან ნიშნობა გაწყვიტა და გრეტა გრინთან გაიქცა სანდომიან ჯექ კასტელოსთან ერთად, თან განაცხადა: ვერაფერი დამარწმუნებს დედამიწის ზურგზე ისეთ ოჯახში ჩავსახლდე, სადაც ბინდ-ბუნდში ასეთ საზარელ მოჩვენებებს წინ და უკან სიარულს არავინ უშლისო. ამის შემდგომ საწყალი ჯექი უანდსუორსი ქომონში გამართულ დუელში ლორდ ქანთერვილის ტყვიას შეეწირა, ლედი ბარბარა კი წლისთავზე თანბრიჯ უელსში დარდს გადაჰყვა, რაც, ნებისმიერ შემთხვევაში, წარმატება იყო მისთვის. ეს გახლდათ უკიდურესად რთული მაკიაჟი, თუკი შემიძლია ეს თეატრალური ტერმინი გამოვიყენო ზებუნებრივის ასეთ დიდ სასწაულთან დაკავშირებით, ანდაც, სიტყვა მაღალბუნებრივი სამყარო ვიხმარო, რამაც მოჩვენებას სრული სამი საათი დააკარგვინა მოსამზადებლად. საბოლოოდ ყველაფერი მზად იყო და ისიც თავისი გარეგნობით ძალიან კმაყოფილი ჩანდა. ტყავის დიდი, საჯირითო ჩექმა, რომელიც სამოსს ასე შვენოდა, ცოტათი დიდი აღმოჩნდა მისთვის, მაგრამ, საერთო ჯამში, საკმაოდ კმაყოფილი ჩანდა და ორის თხუთმეტი წუთისთვის ხის პანელზე გასრიალდა და დერეფანში ჩაცოცდა. ტყუპის ოთახამდე მიღწევისას, რომელსაც, ლურჯი ფარდების გამო ლურჯ საძინებლად მოიხსენიებდნენ, მას კარი ნახევრად შეღებული დახვდა. შესვლისას, ეფექტი რომ მოეხდინა, კარი ფართოდ გააღო, ამ დროს კი წყლით სავსე მძიმე დოქი დაუპირქვავდა თავზე და ძირის-ძირამდე გალუმპა, თან ისე, რომ მის მარცხენა მხარს სანტიმეტრებით ჩასცდა. იმავდროულად ოთხსვეტიანი საწოლიდან მომავალი ჩუმი სიცილი მოესმა. მის ნერვულ სისტემას დამტყდარი შოკი იმდენად ძლიერი იყო, რომ საკუთარ ოთახში გაბრუნებულმა მეორე დღე ძლიერ გაცივებულმა ლოგინში გაატარა. ერთადერთი, რაც მთელ ამ დავიდარაბაში აწყნარებდა, ის გახლდათ, რომ უთავოდ იყო გამოსული, რადგან შესაძლებელი იყო საკუთარი თავიც არ შერჩენოდა, ამგვარად, შედეგებიც უფრო სერიოზული აღმოჩნდებოდა. მან ამ უხეში ამერიკული ოჯახის შეშინების ყველა ნაცადი ხერხის იმედი უკან მოიტოვა, თავი გაიმხნევა, როგორც წესი, და ფლოსტებში ფეხწადგმულმა და შეტევისგან დასაცავად ყელზე წითელ კაშნემოგდებულმა ფეხაკრეფით გასწია, თან არკებუზიც მოიმარჯვა, ვინიცობაა, ტყუპი დასხმოდა თავს. ბოლო დარტყმა მას 19 სექტემბერს მიაყენეს. ქვედა სართულზე ვესტიბიულში ჩავიდა. თან დარწმუნებული იყო, რომ იქ თავს არავინ მოაბეზრებდა და შეერთებული შტატების სახელმწიფო მინისტრისა და მისი მეუღლის სარონის ფოტოებზე, რომელთაც ქანთერვილის საოჯახო სურათები შეეცვალათ, სატირიკულ შენიშვნებს გააკეთებდა. ის უბრალოდ, მაგრამ აკურატულად იყო გახვეული გრძელ სუდარაში, მიცვალებულის ყაიდაზე ყვითელი ნაჭრით აიხვია ყბა, აიღო პატარა ჩირაღდანი და მნათეს ნიჩაბი. ფაქტობრივად, მას იონა უსაფლაოსავით ან ჩესთრის ქოხის გვამების მძარცველივით ეცვა. ეს იყო მისი ერთი ყველაზე შესანიშნავი გარდასახვათაგანი და ერთ-ერთი მიზეზი ქანთერვილში, რის გამოც იგი ყოველთვის ახსოვდათ და რის გამოც მეზობელ ლორდ რუფორთან არაერთი შეხლა-შემოხლა ჰქონიათ ქანთერვილებს. ნაშუაღამევს, სამის მეოთხედი იქნებოდა და ჩამიჩუმი არსაიდან ისმოდა. როგორც კი ბიბლიოთეკისკენ გასწია, რათა ენახა დარჩა კიდევ თუ არა სისხლის კვალი, უცებ სიბნელიდან ორი ფიგურა გამოჩნდა. ისინი ხელების ქნევით მისცვივდნენ და ყურში ბუუ-ბუუ ჩაჰკივლეს. ბუნებრივი გარემოების შედეგად, პანიკით შეპყრობილი, კიბისკენ გაექანა, თუმცა იქ ჩასაფრებულ მისტერ ოტისს შეეჩეხა, რომელსაც ხელში ბაღის დიდი სასხური ეჭირა. ასე ყოველმხრივ მტრებით გარშემორტყმულმა და კუთხეში მომწყვდეულმა დიდ რკინის ღუმელში გაუჩინარება გადაწყვიტა, რომელიც, ბედად, ჩამქრალი დაუხვდა, ამდენად, მას საკუთარ ოთახამდე მიღწევა შიშით გამურულს, არეულსა და თავგზააბნეულს, საკვამურებისა და ბუხრების გავლით, მოუხდა. ჩვენი ლანდი ამის მერე აღარც ერთი ღამეული ექსპედიციისას აღარ გამოჩენილა. ტყუპი ყველგან უსაფრთდებოდა და მის სავარაუდო ტრაექტორიაზე კაკლის ნაჭუჭს ყრიდნენ, რაც მათი მშობლებისა და მოსამსახურეების რისხვას იწვევდა, მაგრამ ფრიად უშედეგოდ. სავსებით აშკარა იყო, რომ მისი გრძნობები შეურაცხყოფილი იყო, რადგან თვითონ ვეღარსად ჩნდებოდა. ბატონმა ოტისმა თანდათანობით განაახლა თავისი მრავალწლიანი მუშაობა „დემოკრატიული პარტიის ისტორიაზე“.  მისის ოტისმა ზღვის ნაპირზე მოლუსკების მშვენიერი კერძების პიკნიკი გამართა, რამაც მთელი საგრაფო აღაფრთოვანა. ბიჭებმა იუკერლი, ლაკროსი, პოკერი და სხვა ამერიკული ეროვნული თამაშობები მოაწყვეს. ვირჯინიამ კი ჩეშირის ახალგაზრდა ჰერცოგთან ერთად ხეივნები თავისი პონით შემოიარა. ჰერცოგი არდადეგების ბოლო კვირის გასატარებლად ქანთერვილში იყო ჩასული. ყველამ მიიჩნია, რომ მოჩვენება სადღაც გაქრა და მისის ოტისმა ამ ამბის შესატყობინებლად ლორდ ქანთერვილს წერილიც კი მისწერა, რომელმაც პასუხად დიდი სიამოვნება გამოხატა და მოლოცვაც გამოუგზავნა მინისტრის ღირსეულ ცოლს. ოტისები კი მაინც მოტყუვდნენ, რამეთუ, ცოტათი დაინვალიდებული მოჩვენება ისევ შინ იყო და არც არაფრის შეცვლას არ აპირებდა, მით უმეტეს, რომ სტუმართა შორის ყური მოჰკრა სტუმრად ჩეშირის ახალგაზრდა ჰერცოგიაო, რომლის პაპის ძმა, ლორდი ფრანსის სთილთონი ერთხელ დაენიძლავა ქოლონელ ქერბურის ათას გინეაზე, რომ ქანთერვილის მოჩვენებასთან კამათლის გაგორებას შეძლებდა; მეორე დილას კი სათამაშო ოთახში იატაკზე ისეთ დამბლადაცემულ მდგომარეობაში იპოვეს, რომ, მიუხედავად მისი მართლაც ასაკოვნებისა, იგი ვეღარაფრის თქმას ვერ ახერხებდა, გარდა დუშაშისა. ეს ამბავი იმხანად გახმაურებული იყო, თუმცა, ორი კეთილშობილი ოჯახის პატივისცემის გამო, მომხდარის მისაჩუმათებლად ყველანაირი ზომა მიიღეს. ამ ყოველივეს სრული ანგარიშის პოვნა კი ლორდ თათლის, პრინცის რეგენტისა და მისი მეგობრების მოგონებების მესამე ტომში შეიძლებოდა. მაშინ მოჩვენება ფრიად მოწადინებული იყო, რომ ეჩვენებინა სთილთონებზე სრული კონტროლი არ დამიკარგავსო, მათთან კი მოჩვენებას მართლაც შორეული ნათესაობა აკავშირებდა, მისი ბიძაშვილი სერ დე ბელკელისთან იმყოფებოდა მეორე ქორწინებაში, და ყველას კარგად მოეხსენება, რომ ჩეშირის ჰერცოგები მისი პირდაპირი შთამომავლები იყვნენ. შესაბამისად, მან ყველა ზომა მიიღო, ვირჯინიას ან პატარა, საყვარელ ბერ ვამპირად სჩვენებოდა, ანდაც უსისხლო ბენედიქტელად – მისი ყველაზე ცნობილი გარდასახვით. ეს ისეთი საზარელი წარმოდგენა იყო, ლედი სთართაფმა რომ იხილა 1764-ში, ახალი წლის წინა ღამეს და ეს მისთვის საბედისწეროც აღმოჩნდა, რადგან ქალი სასტიკად აკივლდა, რამაც აპოპლექსიამდე მიიყვანა და სამ დღეში დალია სული. ამით კეთილშობილმა ქალბატონმა მისი უახლოესი ნათესავები – ქანთერვილები დიდ უხერხულობაში ჩააყენა, რადგან მთელი ქონება ლონდონელ აფთიაქარს დაუტოვა. უკანასკნელ მომენტში, მოჩვენებას ტყუპის შიშმა გადააფიქრებინა თავისი ოთახის დატოვება, ამიტომ ახალგაზრდა ჰერცოგს მშვიდად ეძინა ფრთიან ჩარდახქვეშ სამეფო საძინებელში და ვირჯინია ეზმანებოდა.   V        ამ ამბიდან რამდენიმე დღის შემდეგ ვირჯინია თავის ხუჭუჭა კავალერთან ერთად ბროქერის მდელოზე წავიდა საჯირითოდ და თავისი საცხენოსნო კაბაც ისე ცუდად გახია დაბრკოლების გადალახვისას, რომ შინ დაბრუნებულს თავის ოთახში ასვლა უკანა კიბით მოუხდა, რათა არავის დაენახა. გობელენიან ოთახთან რომ ჩაირბინა, მოულოდნელად ოთახში ვიღაცას მოჰკრა თვალი, თავიდან ეგონა დედაჩემის მოსამსახურე იქნებაო, რომელიც ხელსაქმისთვის ხშირად შედიოდა ამ ოთახში, და შეირბინა, რათა დახეული კაბის დაკერება ეთხოვა. შესულმა თვალებს ვერ დაუჯერა: იქ თვითონ ქანთერვილის მოჩვენება იყო! ის სარკმელთან იჯდა და ხეების შეყვითლებას ადევნებდა თვალს, ოქროსფერ-მოწითალო ფოთლები კი გიჟურ როკვას ასრულებდნენ გრძელ გამზირზე. თავი ხელზე დაეყრდნო, მთელი მისი პოზა უკიდურეს დეპრესიას გამოხატავდა. მართლაც, მარტოსული ჩანდა, ამიტომაც პატარა ვირჯინია, რომლის პირველივე აზრი ის იყო, რომ თავის ოთახში გაქცეულიყო და ჩაკეტილიყო, სიბრალულით აივსო და გადაწყვიტა მოჩვენებას ვაამებო. იმდენად მსუბუქი იყო ვირჯინიას ნაბიჯები და იმდენად ღრმა იყო მოჩვენების მელანქოლია, რომ ამ უკანასკნელმა ვერც კი გაიგო გოგონას მიახლოება, ვიდრე ვირჯინია თვითონვე არ გამოელაპარაკა მას. – ვწუხვარ თქვენ გამო, – უთხრა მან, – მაგრამ ჩემი ძმები ითონში ბრუნდებიან ხვალ და თქვენც თუ კარგად მოიქცევით, ამიერიდან, აღარავინ შეგაწუხებთ. – სისულელეა, თავის დაჭერა მომთხოვოს ვინმემ, – უპასუხა მან და გაშეშებულმა შეხედა ლამაზ გოგონას, რომელიც მასთან ურთიერთობით საკმაოდ რისკავდა, – სრული სისულელე! ჩემი ბორკილები უნდა ვაბრახუნო, საკლიტურებში ვიკვნესო და ღამღამობით ვიწანწალო, თუკი ამას გულისხმობდი – ესაა ჩემი არსებობის ერთადერთი მიზანი. – ეს სულაც არ არის არსებობის მიზანი და საკმაოდ ავადაც ჩანხართ. ქალბატონმა ამნიმ გვითხრა ჩამოსვლის პირველივე დღეს, რომ თქვენ ცოლი გყოლიათ მოკლული. – რას ვიზამ, ნება დამირთავს მისთვის, – მოჩვენებამ გაღიზიანებულმა უპასუხა, – მაგრამ ეს სუფთა ოჯახური საქმე იყო და არავის ეხებოდა. – დიდი შეცდომაა ვინმეს მოკვლა, – უთხრა ვირჯინიამ და ტკბილი პურიტანული გრძნობები აღეძრა, როგორც ძველი ინგლისის მემკვიდრეს. – ოჰ, მძულს აბსტრაქტული ეთიკის იაფფასიანი სიმკაცრე! ჩემი ცოლი მეტად უხეირო ქალი იყო, ჩემს სამოსს არასდროს ახამებდა და არც ცხობისა გაეგებოდა რამე. არადა, ერთი წლის საუცხოო ირემი მოვინადირე ჰოგლის ტყეში და იცი როგორ მოიტანა სუფრასთან? თუმცა ახლა რაღა მნიშვნელობა აქვს, უკვე ყველაფერი დასრულდა და მგონი, არ უნდა ყოფილიყო ჩემი ცოლიძმების მხრიდან კარგი საქციელი, შიმშილით სიკვდილის პირას რომ მიმიყვანეს, თუმც კი და მოვუკალი მათ. – შიმშილით სიკვდილის პირზე ხართ მისული? ოჰ, ბატონო მოჩვენებავ, ვიგულისხმე სერ საიმონ-მეთქი, ძალიან გშიათ? სენდვიჩი მიდევს ჩანთაში. ინებებთ? – არა, გმადლობთ, ახლა აღარაფერს ვჭამ; თუმც შენი მხრიდან ეს კარგი საქციელია. ისე კი, სულ ერთია, შენ გაცილებით სასიამოვნო ხარ, ვიდრე შენი უხეში, საზარი, ვულგარული და უსინდისო ოჯახი. – გეყოთ! – იყვირა ვირჯინიამ და ფეხები ააბაკუნა, – ეს თქვენ ხართ უხეში, საზარი და ვულგარული, ვინც ჩემი უჯრიდან საღებავები მოიპარა, როგორც უსინდისომ და ბიბლიოთეკაში ეს სასაცილო სისხლის ლაქა განაახლა. ჯერ წითელი ფერები წაიღეთ სულ, სინგურისფერის ჩათვლით, ამის გამო ჩემს საყვარელ დაისებს ვეღარ ვხატავდი, შემდეგ, ზურმუხტისფერი მწვანე და ქრომ-ყვითელი გააყოლეთ ხელს და ბოლოს ჩინური თეთრისა და ინდიგოს მეტი არაფერი დამიტოვეთ, რითაც მხოლოდ მთვარის სცენებს ვხატავდი, ეს კი ისეთი დეპრესიული საყურებელია და რთული დასახატი. მე არასდროს გამიკიცხავხართ, თუმცაღა ძალიან განაწყენებული ვიყავი, ყველაზე სასაცილო კი ერთი რამეა: ვის გაუგონია ზურმუხტისფერ-მწვანე სისხლი? – ჰო, მართლა, – უფრო მშვიდად თქვა მოჩვენებამ, – რა უნდა მექნა? მართლაც ძნელია დღევანდელობაში ნამდვილი სისხლის ნახვა და რამდენადაც შენმა ძმამ ყველაფერი ამ თავისი პარაგონის ფხვნილით გამიქრო, მე მართლაც ვერ ვხედავდი მიზეზს, რატომ არ უნდა ამეღო თქვენი საღებავები... რაც შეეხება ფერებს, ეს ყოველთვის გემოვნების საკითხია: ქანთერვილებს, მაგალითად, ცისფერი სისხლი აქვთ, უცისფრესი მთელ ინგლისში; მაგრამ, ვიცი, რომ თქვენ ამერიკელებს ამისთანა რაღაცები არ გაღელვებთ. – ნეტავ რა იცით ამერიკაზე, საუკეთესო, რისი გაკეთებაც შეგიძლიათ, ისაა, რომ გადასახლდეთ და გააუმჯობესოთ თქვენი გონება. მამაჩემი მხოლოდ მოხარული იქნება მოგცეთ უფასო ბილეთი, თუმცა, საბაჟოზე ყოველნაირი სპირტისა და ალბათ სპირიტულის გატარებაზე ათასნაირი ბაჟია დაწესებული, მაგრამ რთული მაინც არ იქნება, რადგან იქ ყველა ოფიცერი დემოკრატია. ოდესმე დარწმუნდებით, რომ ნიუ-იორკში დიდი წარმატება გექნებათ. მე იქ არაერთ ადამიანს ვიცნობ, ვინც ათასობით დოლარს გადაიხდიდა იმაში, რომ ბაბუა ჰყოლოდა, გაცილებით მეტს გადაიხდიდნენ, თუკი საოჯახო მოჩვენება ეყოლებოდათ. – არ ვფიქრობ, რომ ამერიკა უნდა მომწონდეს. – ასე იმიტომ ვფიქრობთ, რომ ჩვენ არც ადამისჟამინდელი გვაქვს რამე და არც უცნაური, – უთხრა ვირჯინიამ სატირულად. – ადამისჟამინდელი ფლოტი გაქვთ! უცნაური კი ზნე-ჩვეულებანი! – უპასუხა მოჩვენებამ. – მშვიდობიან საღამოს გისურვებთ; წავალ, მამას ვთხოვ, ტყუპს დამატებითი არდადეგები მისცეს. – გთხოვთ, ნუ წახვალთ, მის ვირჯინია, – იყვირა მან. – ისეთი მარტოხელა და უბედური ვარ, და მართლა არ ვიცი რა ვქნა. მინდა დასაძინებლად წავიდე, მაგრამ არ შემიძლია. – რა აბსურდია! უბრალოდ ლოგინში უნდა ჩაწვეთ და სანთელს სული შეუბეროთ. ხანდახან რთულია ფხიზლობა, განსაკუთრებით ეკლესიაში, მაგრამ, დაძინებისას არავითარი სირთულე არ არსებობს. მით უმეტეს, როცა ეს ბავშვებმაც კი იციან, ისე, რომ დიდი ჭკუა არ სჭირდებათ. – სამასი წელია არ მძინებია, უთხრა სევდიანად, – ამის გაგონებაზე ვირჯინიამ დიდი ლურჯი თვალები გაოცებულმა დააჭყიტა. – სამასი წელია რული არ მომკარებია და ძალიან დაღლილი ვარ. ვირჯინია დასერიოზულდა და ტუჩები ვარდის ფურცლებივით აუთრთოლდა. მოჩვენებას წინ დაუდგა, ჩაიმუხლა და მის ჩამომჭკნარ სახეს ახედა. – საცოდავო, საცოდავო მოჩვენებავ, – ჩაიბუტბუტა მან; – სასთუმალი არ გაქვთ, რომ დაიძინოთ? – ფიჭვნარიდან ძალზე შორს, – უპასუხა მოჩვენებამ ჩუმი, მეოცნებე ხმით, – იქ პატარა ბაღია. იქ მაღალი და ღრმა ბალახი იზრდება, იქ კონიოს დიდი და თეთრი ყვავილედია, სადაც მთელი ღამის განმავლობაში ბულბული გალობს. გალობს მთელი ღამე და ცივი, კრისტალური მთვარე დასქცერის, ურთხმელი კი თავის გიგანტურ მკლავებს აფარებს მძინარეთ. ვირჯინიას თვალები აეცრემლა და სახეზე ხელები აიფარა. – სიკვდილის ბაღს გულისხმობთ? – ჩურჩულით ჰკითხა. – დიახ, სიკვდილისას. სიკვდილი ძალიან ლამაზი უნდა იყოს. ყავისფერ, რბილ მიწაში ჩაწოლა, სადაც თავს ზემოთ მწვანე ბუსნო ბიბინებს და მხოლოდ სიჩუმის ხმა ისმის. როცა არც გუშინდელი დღეა და არც ხვალინდელი. როცა დაივიწყებ დროს და მიუტევებ ცხოვრებას, რათა სიმშვიდეში იმყოფებოდე. შენ შეგიძლია დამეხმარო. შენ შეგიძლია სიკვდილის სახლის ბჭენი განმიხვნა, რათა სიყვარული არასოდეს გტოვებდეს და სიყვარული სიკვდილზე ძლიერი იყოს. ვირჯინია ათრთოლდა, თითქოს გაიყინაო და რამდენიმე წამს ხმა ვერ ამოიღო. თავს ისე გრძნობდა, თითქოს საშინელ სიზმარს ხედავსო. პირველად ისევ მოჩვენება ალაპარაკდა, მისი ხმა ქარის ხელწერას ჰგავდა. – ბიბლიოთეკის სარკმელზე თუ გაქვს ძველი წინასწარმეტყველება ამოკითხული? – ოჰ, ხშირად, – იკივლა პატარა გოგომ და ახედა; – და კარგადაც მახსოვს. უცნაური შავი ასოებით არის გამოყვანილი და ამოსაკითხად რთულია, მხოლოდ ექვსი ხაზია: ოდეს მართლა ატირდების გოგო თმამოოქრული; სევდა ლოცვით განქარვდების, ბაღში ნუში აყვავდების, მაშინ სახლი განიხარებს სულიც პოვებს ნეტარებას. – მაგრამ, ვერ მივმხვდარვარ, ეს რას უნდა ნიშნავდეს. – ეს იმას ნიშნავს, – სევდიანად უპასუხა, – რომ შენ უნდა გამოიგლოვო ჩემი ცოდვები, რამეთუ მე ცრემლები არ გამაჩნია, და ილოცო ჩემი სულისთვის, რამეთუ მე არც რწმენა გამაჩნია და შემდეგ თუკი მუდამ სათნო, კარგი და კეთილიც იქნებოდი, სიკვდილის ანგელოზი მოწყალებას მოიღებდა ჩემზე. შენ სიბნელეში საზარელ აჩრდილებს იხილავ და ავი ხმები ჩაგჩურჩულებენ ყურში, მაგრამ ვერაფერს გავნებენ, რამეთუ პატარა ბავშვის სიწმინდეს ჯოჯოხეთის ძალები ვერას დააკლებენ! ვირჯინიას პასუხი არ გაუცია, მოჩვენებამ კი ველურად დაგრიხა ხელები, როდესაც მის ქერა თავს დააცქერდა. უცებ გოგონა წამოდგა, ძალიან გაფითრებულიყო და თვალებში უცნაური სინათლე ჩასდგომოდა. არ მეშინია, – უთხრა მან მკაცრად. – და მე ანგელოზს ვთხოვ თქვენზე წყალობა მოიღოს. მოჩვენება თავისი ადგილიდან სიხარულის სუსტი ამოგმინვით წამოიწია, ხელზე ხელი მოჰკიდა და ძველი, დახვეწილი მანერით ეამბორა. მისი თითები ყინულივით ცივი იყო, მისი ტუჩები კი ცეცხლივით მწველი, მაგრამ, ვირჯინია არც კი წაბარბაცებულა, როდესაც მოჩვენება დაბინდულ ოთახში შეუძღვა. დაჩრდილულ მწვანე გობელენზე პატარა მონადირეები ჩხუბობდნენ, ისინი ფუნჯიან რქებს იქნევდნენ და მას ეძახდნენ უკან წადი პატარა ვირჯინიავ, უკან წადი! მაგრამ მოჩვენება უფრო ძლიერ უჭერდა ხელს და გოგონამაც თვალები დახუჭა. საზარელი ცხოველები ხვლიკის კუდით, დაჭყეტილ თვალებს უხამხამებდნენ ამოკვეთილი ქვის თაროდან და ეუბნებოდნენ: იფრთხილე! პატარა ვირჯინია, იფრთხილე! შეიძლება აწი ვეღარც კი გნახოთ, მაგრამ მოჩვენება ნაზად ჩაცურდა და ვირჯინიასაც აღარაფერი გაუგონია. როდესაც ოთახის ბოლოს მიაღწიეს, მოჩვენება შეჩერდა და რაღაც წაიბუტბუტა, რასაც გოგონა ვერ მიუხვდა. მან თვალები აახილა და დაინახა როგორ ქრებოდა კედელი ნისლივით და დიდი გამოქვაბულისმაგვარი რაღაც დაინახა. მათ გარშემო სუსხიანმა ქარმა დაუბერა, ვირჯინიამ იგრძნო რომ ვიღაც კაბაზე ეჭიდებოდა. – სწრაფად, სწრაფად, – დაუყვირა მოჩვენებამ, – თორემ ძალიან გვიან იქნება, – და იმავ წამს მათ უკან ხის პანელი დაიხურა და გობელენიანი ოთახიც დაცარიელდა.   VI        ათიოდ წუთში ზარი დაირეკა, რომელიც ჩაის სმის დროს იუწყებოდა, ვირჯინია კი ქვემოთ არ ჩასულა, ამიტომ, ქალბატონმა ოტისმა ხელის ბიჭი ააგზავნა მის დასაძახებლად. მოკლე ხანში ბიჭი დაბრუნდა და ქალბატონს უთხრა – ვირჯინია ვერსად ვნახეო. რადგანაც ვირჯინიას ჩვევად ჰქონდა საღამოობით ბაღში ჩასვლა და სავახშმო მაგიდაზე დასადგმელად ყვავილების მოკრეფა, მისის ოტისი არ შეშფოთებულა, მაგრამ, როდესაც ექვსმა საათმა დაჰკრა და ვირჯინია მაინც არ გამოჩნდა, ქალბატონი ძალიან აღელდა. მან ტყუპი ვირჯინიას მოსაძებნად გაგზავნა, ამასობაში კი თვითონ და მისტერ ოტისი ქალიშვილს ყოველ ოთახში დაეძებდნენ. შვიდის ნახევარზე ბიჭები უკან დაბრუნდნენ და თქვეს – მის კვალსაც კი ვერ მივაგენითო. ოჯახი სასოწარკვეთილებაში ჩავარდა, არავინ იცოდა რა ექნათ, ამ დროს მისტერ ოტისს გაახსენდა, რომ რამდენიმე დღის წინ მან ბოშებს უფლება მისცა, პარკში ბანაკი დაეცათ. ოტისი სწრაფად გაეშურა ბლექუელ ჰოლოუსკენ, თან უფროსი ვაჟი და ფერმის ორი მუშაც იახლა. ჩეშირის ახალგაზრდა ჰერცოგმა, რომელიც მღელვარებისგან გაგიჟებას იყო მისული, გულმხურვალე თხოვნა დაუწყო, მეც წამიყვანეთო, მაგრამ მისტერ ოტისს არ უნდოდა მისი ხლება, რადგან ბანაკში შეიძლებოდა აყალმაყალი ამტყდარიყო. ადგილზე მისულებმა აღმოაჩინეს, რომ ბოშები უკვე გამგზავრებულიყვნენ, აშკარა იყო, ისინი დროზე ადრე წასულიყვნენ, რადგან ცეცხლი ჯერ ისევ ენთო და თეფშებიც იქვე დაეტოვებინათ ბალახზე. ვაშინგთონმა მაშინვე დაგზავნა ხალხი ოლქის დასაზვერად, შინ დაბრუნებულმა კი დეპეშები აფრინა ქვეყნის პოლიციის ყველა განყოფილებაში, სადაც წერდა: ჩემი ქალიშვილი ბოშებმა მოიტაცეს და სასწრაფოდ მომიძებნეთო. ბრძანა ცხენი მომგვარეთო და სავახშმოდ დამჯდარი ცოლისა და სამი ვაჟის დაჟინების შემდეგ ასქოთის გზას დაადგა მეჯინიბესთან ერთად. მათ კარგა ორი მილი ექნებოდათ გავლილი, რომ უცებ უკნიდან ჩორთით მომავალი ცხენის ხმა გაიგონა, მოიხედა და სახეალეწილი და უქუდო, პონიზე გადამჯდარი ჭაბუკი ჰერცოგი დაინახა. – უაღრესად ვწუხვარ, ბატონო ოტის, – ამოიხვნეშა ბიჭმა, – მაგრამ ვახშმობას ვერ გავაგრძელებდი, როდესაც ვირჯინიას ასავალ-დასავალი არ ვიცით. გთხოვთ, ნუ გამიბრაზდებით; შარშან რომ ჩვენთვის დანიშვნის ნება მოგეცათ, ასეთ ხათაბალაში არ გავეხვეოდით. უკან ხომ ვეღარ გამგზავნით? ვერ წავალ! არ წავალ! მინისტრმა ლამაზ ცუღლუტს ღიმილი ვერ დაუკავა, აშკარა იყო, ვირჯინიასთვის ბიჭი თავსაც დადებდა, გადმოიხარა თავისი ცხენიდან და ჰერცოგს მხარზე ნაზად მოეფერა. – მაშ, სესილ, თუ უკან გაბრუნება არ გწადიათ, ესე იგი, ჩემთან ერთად წამოხვალთ, მაგრამ, ასქოთში ქუდი უნდა გიშოვოთ. – ჯანდაბას ჩემი ქუდი! – შესძახა ჭაბუკმა ჰერცოგმა სიცილით და სადგურისკენ ჭენებით გაემართნენ. იქ მისტერ ოტისმა სადგურის უფროსი მოიკითხა, რათა ვირჯინიას აღწერილობა მიეცა, იქნებ ვინმეს ჰყავდა გოგონა ბაქანზე ნანახი, მაგრამ ვერაფერი შეიტყო. სადგურის უფროსმა მაინც უდეპეშა დიდსა და პატარას და მისტერ ოტისი დაარწმუნა, რომ ყველაფერს მკაცრად გააკონტროლებდნენ. ტილოთი მოვაჭრისგან, რომელიც უკვე დარაბებს კეტავდა, ჭაბუკი ჰერცოგისთვის ქუდის მოტანის შემდეგ მისტერ ოტისმა ბექსლისკენ გააჭენა. ეს სოფელი ხუთიოდე მილზე მდებარეობდა და როგორც მას უთხრეს, ბოშათა დიდ თავშესაფარს წარმოადგენდა, რადგან იქვე დიდი თემი სახლობდა. მათ აქ სოფლის პოლიციელი გააღვიძეს, მაგრამ ვერაფერი გაიგეს მისგან, ამიტომ მთელი თემი შემოიარეს, შემდეგ ქანცგაწყვეტილებმა და გულგატეხილებმა ცხენებს პირი შინისკენ აქნევინეს და უკვე თერთმეტი საათისთვის ჩეიზში იყვნენ. ტყუპი ჭიშკართან ჩირაღდნებით ელოდა, რადგანაც, ხეივანი საკმაოდ ჩაბნელებული იყო, ვირჯინიას კვალიც კი ვერსად ეპოვათ. ბოშები მდელოებზე დაეჭირათ, მაგრამ გოგონა მათთან არ აღმოჩნდა. ბოშებმა თავიანთი უეცარი გამგზავრება იმით ახსნეს, რომ ჩარლთონის ბაზრობის თარიღი არეოდათ, ამიტომაც სასწრაფოდ წასულიყვნენ, რომ არ დაეგვიანათ. ისინი მართლაც შეწუხდნენ ვირჯინიას გაუჩინარებით, რადგან მისტერ ოტისის კმაყოფილები იყვნენ, პარკში დაბანაკების საშუალება რომ მისცა მათ; ოთხი მათგანი დარჩა კიდეც, რომ ძებნაში დახმარებოდნენ ოტისებს. ადგილობრივი წყალსატევიც კი გადაჩხრიკეს, თუმცა უშედეგოდ. აშკარა იყო, რომ იმ ღამით მაინც, ვირჯინია უკვალოდ იყო გამქრალი, დეპრესიაში ჩავარდნილი მისტერ ოტისი და ბიჭები სახლისკენ წავიდნენ, მეჯინიბეც ცხენითა და პონით უკან გაჰყვათ. ჰოლში შეშინებული მოსამსახურეები დაუხვდნენ, თითქმის ჭკუასგადაცდენილი მისის ოტისი ბიბლიოთეკაში დივანზე მიწოლილიყო, სახეზე შიში და სასოწარკვეთილება აღბეჭვდოდა. შუბლს ოდეკოლონით ინამავდა მოხუცი სახლთუხუცესის რჩევით. ქმარმა დაიჟინა რამე მაინც შეჭამეო და ვახშამი შეუკვეთა მთელი ოჯახისთვის. ვახშამი მელანქოლიურად წარიმართა, დანა პირს არავის უხსნიდა, ტყუპიც კი ვერ იღებდა ხმას, ისინი ხომ დას ძალიან ემორჩილებოდნენ და დამოკიდებულნიც იყვნენ მასზე. როდესაც სადილობას მორჩნენ, ჭაბუკი ჰერცოგის ვედრების მიუხედავად, მისტერ ოტისმა განაცხადა, დღეს ვეღარაფერს გავაწყობთო და ყველას დასაძინებლად წასვლა უბრძანა, თან დასძინა, ხვალ დილით უკვე ტელეგრამებს დავგზავნი სკოტლენდ იარდში დეტექტივების გამოსაგზავნადო. სასადილო ოთახიდან გასვლისას, ზუსტად მაშინ, საათის კოშკურიდან შუაღამემ რომ დაიგუგუნა, უცებ დაჯახუნებისა და გულგამგმირავი ყვირილის ხმა ესმათ. ჭექის გამაყრუებელმა ხმამ მოიცვა სახლი და არამიწიერი ჰანგების ძაბვა გაიფანტა ჰაერში, ამის გამო კიბეზე ასულთა ჯგუფი უცებ უკან გამოქანდა, სახეგაფითრებული და მიტკალივით გათეთრებული ვირჯინია ზარდახშით ხელში მომავალი დაინახეს ზედა სართულზე. მყისიერად ყველა მასთან ავარდა კიბით, მისის ოტისმა ქალიშვილს ხელები მოჰხვია, ჰერცოგმა მაგრად დაუწყო კოცნა, ტყუპმა ხალხის წინ ველური სამხედრო ცეკვა შეასრულა. – ო, ღმერთო! შვილო, სად იყავი? – უთხრა მისტერ ოტისმა, გაბრაზებული ჩანდა, რადგან ფიქრობდა, სულელური ოინი გვიყოო. – მე და სესილმა ქვეყანა შევაჯერეთ შენს ძებნაში, დედაშენი კი ელდით სიკვდილამდე იყო მისული. ასეთი ხუმრობა აღარასოდეს გაბედო! – გავასულელოთ სული! გავასულელოთ სული! – გაჰკიოდან ტყუპი და აქეთ-იქით დაჭენაობდა. – გენაცვალე, მადლობა უფალს, გიპოვეთ; აღარასოდეს დამეკარგო, – ჩურჩულით უთხრა მისის ოტისმა და ხელი გადაუსვა აჩეჩილ ოქროს თმაზე. – მამა, – უთხრა ვირჯინიამ წყნარად, – მე მოჩვენებასთან ერთად ვიყავი. ის მკვდარია, უნდა წამოხვიდე და ნახო. მაგრამ ძალიან წუხდა იმაზე, რაც ჩაიდინა. აი, ეს ლამაზი სამკაულების კოლოფი მომცა, სანამ მოკვდებოდა. მთელი ოჯახი მიაშტერდა მას უტყვი გაოცებით, მაგრამ ვირჯინია ამაყი და სერიოზული ჩანდა. გოგონა შემოტრიალდა და ისინი ხის პანელის გახსნით, ქვემო, საიდუმლო, ვიწრო დერეფანში ჩაიყვანა, ვაშინგთონიც მაგიდიდან აღებული ანთებული სანთლით გაჰყვათ უკან და თან გზას ანათებდა. ბოლოს ისინი ჟანგიანი ლურსმნებით აჭედილ მუხის დიდ კარს მიადგნენ. როდესაც ვირჯინიამ ხელი შეახო, კარი მძიმე ანჯამებზე უკან გაიწია და ისინი დაბალ, პატარა სენაკში აღმოჩნდნენ, რომელსაც მოკამარებული ჭერი და პაწაწინა გისოსებიანი სარკმელი ჰქონდა. კედელში უზარმაზარი რკინის რკალი ჩაედგათ და მასზე გაძვალტყავებული ჩონჩხი ჯაჭვით იყო მიბმული, რომელიც ქვის იატაკზე მთელ სიგრძეზე გაჭიმულიყო, რათა თავისი უხორცო თითებით მოშორებით დადგმულ ჭურჭელს მისწვდენოდა. დოქი კი, ეტყობა, ოდესღაც წყლით უნდა ყოფილიყო სავსე, რადგანაც მას შიგნიდან მწვანე ობი ჰქონდა მოკიდებული. ჭურჭელზე მტვერი დახვავებულიყო. ვირჯინიამ ჩონჩხთან ჩაიმუხლა, ხელები მოკეცა და ლოცვა დაიწყო წყნარად, ამ დროს კი დანარჩენები გაკვირვებულები უცქერდნენ საზარელ ტრაგედიას, რომლის საიდუმლოც უკვე ამოხსნილიყო. – შეხეთ! უცებ შესძახა ტყუპისცალმა, რომელიც ფანჯრიდან იცქირებოდა, რომ დაენახა, სენაკი ციხესიმაგრის რომელ ფლიგელში იყო განთავსებული. ნახეთ! ძველი გამხმარი ნუში აყვავდა. მთვარის შუქზე ყვავილებსაც ნათლად ვხედავ. – ღმერთმა მიუტევა მას, – თქვა ვირჯინიამ თამამად, თითის წვერებზე აიწია და ლამაზმა სინათლემ მას სახე გაუნათა. – რა ანგელოზი ხარ! – იყვირა ახალგაზრდა ჰერცოგმა, ხელი შემოხვია კისერზე და აკოცა ვირჯინიას.   VII        ამ უცნაური შემთხვევიდან ოთხი დღის შემდეგ, ღამის თერთმეტ საათზე ქანთერვილ ჩეიზიდან გასვენება დაიწყო. გასასვენებელ ეტლში რვა შავი ტაიჭი იყო შებმული, თითოეულ მათგანს თავზე სირაქლემის მოქანავე ბუმბულების ქოჩორი ჰქონდა, ტყვიის კუბო კი სქელი მეწამული საფარით იყო დაფარული. კუბოზე ოქროთი ამოქარგული იყო ქანთერვილის გერბი. ეტლებს გვერდით მსახურები მიჰყვებოდნენ ანთებული ჩირაღდნებით და მთელი ეს პროცესია საოცრად შთამბეჭდავი იყო. ლორდი ქანთერვილი მთავარი ჭირისუფალი იყო. იგი უელსიდან სპეციალურად დაკრძალვისთვის ჩამოვიდა და პირველივე ეტლში იჯდა ვირჯინიას გვერდით. შემდეგ აშშ-ის სახელმწიფო მინისტრი და მისი ცოლი მოდიოდნენ, რომელთაც ვაშინგთონი და სამი ბიჭი მიჰყვებოდა, უკანასკნელ ეტლში კი ქალბატონი ამნი იჯდა. ეტყობოდა, რაკი მას ორმოცდაათზე მეტი წლის განმავლობაში ეშინოდა მოჩვენებისა, მასვე ჰქონდა უფლება უკანასკნელს ეხილა იგი. ღრმა საფლავი ამოეთხარათ ეკლესიის ეზოში, ურთხმელის ხის ძირში, მსახურება ღირსმა ავგუსტუს დამპიერმა ამაღელვებლად შეასრულა. როდესაც ცერემონია დასრულდა, მსახურებმა ძველი ადათის თანახმად, ჩირაღდნები ჩააქრეს, ხოლო როდესაც კუბოს მიწაში ჩასვენება დაიწყეს, ვირჯინიამ ნაბიჯი წადგა წინ და ნუშის თეთრ-ვარდისფერი ყვავილებისგან დაწნული ჯვარი დადო მასზე. ვირჯინიამ ჯვარი რომ დაასვენა, მთვარე ღრუბლიდან გამოძვრა, იქაურობა ვერცხლისფრად დაფარა, ბულბულმა კი შორიდან გალობა დაიწყო. ვირჯინიას მოჩვენების მიერ აღწერილი სიკვდილის ბაღი გაახსენდა და თვალები ცრემლებმა დაუსველა, სახლამდე ხმაც არ ამოუღია. მეორე დილას, სანამ ლორდი ქანთერვილი ქალაქში წავიდოდა, მისტერ ოტისმა მასთან მოჩვენების მიერ ვირჯინიასთვის ნაჩუქარ სამკაულებზე ჩამოაგდო სიტყვა. სამკაულები მართლაც საოცარი იყო, განსაკუთრებით, ლალისფერი ვენეციური ყელსაბამი, რომელიც XVI საუკუნის შედევრი უნდა ყოფილიყო. ყელსაბამი ალბათ ფასდაუდებელიც იქნებოდა, მისტერ ოტისს გაუჭირდა კიდეც თავისი ქალიშვილისთვის მისი მიღების ნება მიეცა. – ჩემო ბატონო, – უთხრა მან, – მე ვიცი, რომ ამ ქვეყანაში სამკვიდრო კანონი (ქონების ფლობა გადაცემის უფლების გარეშე) ისევე ვრცელდება მიწის საკუთრებაზე, როგორც საოჯახო ნივთებზე, ამდენად, ჩემთვის აშკარაა, რომ ეს სამკაულები არის ან უნდა იყოს თქვენი ოჯახის საგვარეულო ნივთები. შესაბამისად, უნდა გთხოვოთ, რომ ლონდონში წაიყოლოთ და ისე მოეპყრათ, როგორც თქვენი ქონების ნაწილს, რომელიც უცნაური ვითარების შედეგად უკანვე დაგიბრუნდათ. რაც შეეხება ჩემს ქალიშვილს, ის ჯერ კიდევ ბავშვია და ამგვარი სათაყვანო ფუფუნებისადმი, მოხარული ვარ გაუწყოთ, მცირედი ინტერესი თუ ამოძრავებს. მისის ოტისისგან ვიცი, – ის კი, მე ვიტყოდი, ამგვარი საკითხების დიდი მცოდნეა, რადგან ქალიშვილობისას რამდენიმე ზამთარი ბოსტონში გაატარა და ხელოვნებაში კარგად ერკვევა – რომ ეს ძვირფასი ქვები დიდი მონეტარული ღირებულების უნდა იყოს და გაყიდვის შემთხვევაში, მაღალი ფასიც ექნება. ამ ვითარებაში, ლორდო ქანთერვილ, დარწმუნებული ვარ, აცნობიერებთ, თუ რამდენად შეუძლებელია ჩემთვის, ამ სამკაულების ჩემი ოჯახის რომელიმე წევრის კუთვნილებაში დარჩენის მომხრე ვიყო. შეიძლება გითხრათ, ვირჯინია ერთობ აღელვებულია, რომ თქვენ შეიძლება ეს კოლოფი სუვენირად დაუტოვოთ, როგორც თქვენი უიღბლო და შემცდარი წინაპრის სახსოვარი. რადგან ეს ნივთი მეტისმეტად ძველია და ალბათ აღდგენასაც აღარ ექვემდებარება, შესაძლოა, თქვენ მიზანშეწონილად მიიჩნიოთ ვირჯინიას თხოვნის შესრულება. ჩემი მხრივ კი, ვაღიარებ, რომ ეგზომ გაოცებული ვარ ჩემებისგან შუასაუკუნეების ნებისმიერი ფორმისადმი ასეთი სიმპათიის გამო და ამას მხოლოდ იმ ფაქტით ავხსნიდი, რომ ვირჯინია ლონდონის ერთ-ერთ გარეუბანში სწორედ მაშინ გაჩნდა, როდესაც მისის ოტისი ათენში მოგზაურობიდან დაბრუნდა. ლორდი ქანთერვილი ღირსეული მინისტრის საუბარს უსმენდა და ჭაღარა ულვაშში უნებლიე ღიმილს მალავდა. როცა მისტერ ოტისმა დაასრულა, სახლის ყოფილ პატრონს ხელი გულითადად ჩამოართვა. ლორდმა მიმართა: – ძვირფასო ბატონო, თქვენმა მომხიბვლელმა ქალიშვილმა ჩემს უბედურ წინაპარს, სერ საიმონს, დიდი სამსახური გაუწია, მე და ჩემი ოჯახი დიდად დავალებული ვართ მისგან მისი საოცარი გამბედაობისა და ვაჟკაცობის გამო. ეს სამკაულები მისია და, ღმერთმანი, მე რომ უგუნურება გამომეჩინა და ეს ნივთები თან წამეღო, ძველი ნათესავი ალბათ საფლავიდან წამოდგებოდა და ცხოვრებისეულ წყევლად მექცეოდა. თუკი ამათ საოჯახო საკუთრებად ჩავთვლით, მაშინ რომელიმე ანდერძში ან იურიდიულ დოკუმენტში იქნებოდა ნახსენები, ამათი არსებობა კი უცნობია. გარწმუნებთ, მე ამ სამკაულებზე თქვენს მსახურთუხუცესზე მეტი პრეტენზია არ გამაჩნია და ვბედავ ვთქვა, როდესაც ვირჯინია გაიზრდება, მოხარული იქნება ლამაზი სამკაული ატაროს. გარდა ამისა, თქვენ გავიწყდებათ, მისტერ ოტის, რომ ავეჯი და მოჩვენება ღირებულებაში აღნიშნეთ, ამდენად, რაც კი რამ მოჩვენებას ეკუთვნოდა, თქვენს კუთვნილებაში გადმოინაცვლა, ამდენად, რასაც კი სერ საიმონი ფლობდა, კანონით კი მკვდარი იყო, მისი სრული ქონება თქვენ უკვე შეძენილი გაქვთ. მართლაც, შეწუხებულმა მისტერ ოტისმა კიდევ სცადა ლორდის გადარწმუნება, მაგრამ კეთილშობილმა ბატონმა სიმტკიცე გამოიჩინა და საბოლოოდ მინისტრიც დაარწმუნა ქალიშვილისთვის საჩუქრის დატოვების უფლება მიეცა, რომელიც გოგონასთვის მოჩვენებას ჰქონდა ბოძებული. 1890 წლის გაზაფხულზე ჩეშირის ჰერცოგინია დედოფლის პირველ დარბაზში წარადგინეს მის ქორწინებასთან დაკავშირებით, სამკაულებით კი ვირჯინიამ საყოველთაო აღფრთოვანება გამოიწვია. ვირჯინიამ გვირგვინი მიიღო, რომელსაც ყველა ამერიკელ კარგ პატარა გოგონას ჯილდოდ აძლევენ და თავის შეყვარებულს გაჰყვა ცოლად, როდესაც ეს უკანასკნელი წლოვანი გახდა. ორივენი ისეთი მომხიბვლელები იყვნენ და იმდენად უყვარდათ ერთმანეთი, რომ ყველა სიამოვნებას განიცდიდა მათი შემყურე, გარდა ბებრუხანა მარკიზა დამბლთონელისა. იგი ჰერცოგის გამოჭერას ცდილობდა, გასაკვირია და, მისტერ ოტისსაც ესროდა ანკესს თავისი შვიდი გაუთხოვარი ქალიდან რომელიმესთვის და სამი მდიდრული წვეულებაც მოაწყო ამ მიზნით. მისტერ ოტისს ძალიან უყვარდა ჰერცოგი, მაგრამ, თეორიულად, ის ეწინააღმდეგებოდა წოდებას, მისივე სიტყვებით რომ ვთქვათ, ცუდი წინათგრძნობა ჰქონდა, რადგან სიამოვნების მოყვარული არისტოკრატიის გავლენით რესპუბლიკური სისადავის პრინციპები შეიძლებოდა დავიწყებას მისცემოდა. მისი პროტესტი სრულად გაბათილდა და მე მგონი, როდესაც თავისი ქალიშვილი ჰანოვერის სკვერში, წმინდა გიორგის ეკლესიის საკურთხეველთან მიჰყავდა, მასზე ამაყი ადამიანი არ იყო ინგლისის არც ერთ გრძედსა თუ განედში. ჰერცოგი და ჰერცოგინია თაფლობის თვის დასრულების შემდეგ ქანთერვილში დაბრუნდნენ; ჩამოსვლის მეორე დღეს, ნაშუადღევს, ფიჭვნარში ეულად მდგარი საყდრის ეზოში გადაწყვიტეს გასეირნება. თავდაპირველად, სირთულე შეიქმნა სერ საიმონის საფლავის ქვაზე წასაწერი ტექსტის გამო, თუმცა ბოლოს გადაწყდა, რომ ამოეტვიფრათ მოხუცი ჯენტლმენის სახელის ინიციალები და ბიბლიოთეკის სარკმელზე მიწერილი ლექსი. ჰერცოგინიას მშვენიერი ვარდები წამოეღო, რომლებიც საფლავზე მიმოფანტა. შემდეგ კი მათ ძველი სააბატოს დანგრეული კანცელარიისკენ გაისეირნეს. იქ ჰერცოგინია გადაქცეულ სვეტზე ჩამოჯდა. ამასობაში მისი მეუღლე მას ფერხთით წამოუწვა და სიგარეტი გააბოლა, თან ლამაზ თვალებში შესცქეროდა. უცებ, სიგარეტი მოისროლა, მის ხელს მიაჩერდა და უთხრა: – ვირჯინია, ცოლს ქმრისგან საიდუმლოებები არ უნდა ჰქონდეს. – ძვირფასო სესილ! შენგან არავითარი საიდუმლო არ მაქვს. – დიხაც, გაქვს, მან ღიმილით უპასუხა, – ჩემთვის არასდროს გითქვამს რა მოხდა, როდესაც მოჩვენებასთან ერთად იყავი ჩაკეტილი. – არასდროს არავისთვის მითქვამს, სესილ, თქვა ვირჯინიამ ამაყად. – ვიცი, მაგრამ იქნებ მე მითხრა. – გთხოვ, ნუ მკითხავ სესილ, ვერაფერს გეტყვი. საწყალი სერ საიმონი! მასთან ისედაც ვალში ვარ. დიახაც, ნუ იცინი, სესილ, მართლაც ვალში ვარ. მან დამანახვა რა არის ცხოვრება და რას ნიშნავს სიკვდილი და რატომ არის სიყვარული ორივეზე ძლიერი. ჰერცოგი წამოდგა და ცოლს სიყვარულით ეამბორა. – შეგიძლია ეს საიდუმლო შენადვე დაიტოვო, ოღონდ კი შენი გული იყოს ჩემი, – წასჩურჩულა ცოლს. – ისედაც სულ შენი იყო, სესილ. – ჩვენს ბავშვებს ხომ მაინც ეტყვი ოდესმე, ხომ იზამ ამას? ვირჯინია გაწითლდა. …
დაამატა Kakha to ლიტერატურა at 6:51pm on ნოემბერი 20, 2014
თემა: ეშმაკეულნი
ბაზაში (ასანთის მასალათა მთავარ ცენტრალურ ბაზაში) უცვლელად მსახურობდა საქმისმწარმოებლის საშტატო თანამდებობაზე და მთელი 11 თვე იმსახურა.       ასანთმასალაში მოკალათებულმა, წყნარმა, ქერათმიანმა კოროტკოვმა გულიდან სამუდამოდ ამოიგდო აზრი, რომ ამქვეყნად არსებობდა ეგრეთ წოდებული ბედის უკუღმართობანი და ამის ნაცვლად რწმენა ჩაინერგა, რომ ამ ბაზაში იმსახურებდა დედამიწაზე სიცოცხლის დასრულებამდე, მაგრამ ყოველივე სხვაგვარად წარიმართა.       1921 წლის 20 სექტემბერს ასანთმასალის მოლარემ საძაგელი ყურებიანი ქუდი დაიხურა. პორტფელში ზოლებიანი ასიგნობა(ასიგნობა – დოკუმენტი, რომლის მიხედვითაც ბანკი თანხას აძლევს.) ჩაიდო და წავიდა. ეს იყო ღამის 11 საათზე.       იგი ნაშუადღევს, ხუთის ნახევარზე, მთლად გალუმპული დაბრუნდა, ქუდი დაფერთხა, მაგიდაზე დადო, ზედ პორტფელი ჩამოდო და თქვა:       – ბატონებო, ზედახორას ნუ გამართავთ.       მერე რატომღაც მაგიდის უჯრა ამოქექა, ოთახიდან გავიდა, თხუთმეტი წუთის შემდეგ დიდი, კისერმოგრეხილი მკვდარი ქათამი მოიტანა, პორტფელზე დადო, მარჯვენა ხელი დააყრდნო და წარმოთქვა:       – ფული არ იქნება.       – ხვალ? – ერთხმად შეჰყვირეს ქალებმა.       – არა, – თავი გააქნია მოლარემ, – არც ხვალ იქნება და არც ზეგ. ბატონებო, ზედახორას ნუ გამართავთ, თორემ მაგიდას გადამიბრუნებთ.       – რაო? – შესძახა ყველამ, მათ შორის მიამიტმა კოროტკოვმაც.       – ამხანაგებო! – ტირილნარევი ხმით ამღერდა მოლარე და კოროტკოვი იდაყვით მოიცილა, – გთხოვთ!       – ეს როგორ შეიძლება? – ყვიროდნენ ყველანი და ყველაზე ხმამაღლა – კომიკოსი კოროტკოვი.       – აი, ნახეთ, – ჩახრინწული ხმით თქვა მოლარემ, პორტფელიდან ასიგნობა ამოიღო და კოროტკოვს აჩვენა.       იმ ადგილას, სადაც მოლარე ჭუჭყიან ფრჩხილს უსვამდა, წითელი მელნით ირიბად იყო წარწერილი:       „გაეცით. სუბოტნიკოვის ნაცვლად – სენატი“.       უფრო ქვემოთ იისფერი მელნით ეწერა:       „ფული არ არის. ივანოვის ნაცვლად – სმირნოვი“.       – რაო? – მარტო კოროტკოვმა შეჰყვირა, ხოლო დანარჩენები მოლარეს ხვნეშით მიესივნენ.       – ოჰ, ღმერთო ჩემო! – აწუწუნდა დაბნეული მოლარე, – მე რა შუაში ვარ? ღმერთო ჩემო!       მერე ასიგნობა პორტფელში ფაცაფუცით ჩატენა, ქუდი დაიხურა, პორტფელი იღლიაში ამოიჩარა, თავი გაიქნ-გამოიქნია და შეჰყვირა: გეთაყვა, გამატარეთო! ცოცხალი კედელი გაარღვია და კარში გაუჩინარდა.       მოლარეს წრიპინით გაედევნა გაფითრებული რეგისტრატორი ქალი. მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი ეცვა. მარცხენა წვეტიანი ქუსლი ზედ კართან ღრაჭუნით მოსძვრა. ქალი შეტორტმანდა, ფეხი ასწია და ფეხსაცმელი გაიძრო.       ცალ ფეხზე ფეხსაცმელგაძრობილი ქალიც და დანარჩენებიც, მათ შორის კოროტკოვი, ოთახში დარჩნენ. II - წარმოების პროდუქტები       ზემოაღწერილი ამბიდან სამი დღის შემდეგ იმ ოთახის კარი, სადაც კოროტკოვი საქმიანობდა, ქალმა შემოაღო, ნამტირალევი სახე გამოაჩინა და ბრაზიანად თქვა:       – ამხანაგო კოროტკოვო, წადით, ხელფასი მიიღეთ.       – რა? – შესძახა გახარებულმა კოროტკოვმა და „კარმენის“ უვერტიურის სტვენით გაიქცა იმ ოთახისკენ, რომლის კარზე ეწერა: „სალარო“. მოლარის მაგიდასთან შეჩერდა და პირი ფართოდ გააღო. ყვითელი შეკვრების ორი მსხვილი სვეტი ჭერამდე აზიდულიყო. პასუხი რომ არ გაეცა შეკითხვებზე, გაოფლილსა და აღელვებულ მოლარეს ასიგნობა კედელზე ქინძისთავით მიემაგრებინა. ასიგნობაზე ახლა მესამე, მწვანე მელნით წარწერილი სიტყვები მოჩანდა:       „გაიცეს წარმოების პროდუქტებით.       ამხ. ბოგოიავლენნის ნაცვლად – პრეობრაჟენსკი.       მეც ასე მიმაჩნია – კშესინსკი“.       მოლარის ოთახიდან გამოსული კოროტკოვი სულელურად იღიმებოდა. ხელებში ოთხი დიდი, ყვითელი, ხუთი პატარა, მწვანე შეკვრა ეჭირა, ხოლო ჯიბეში ასანთის ცამეტი ლურჯი კოლოფი ედო. თავის ოთახში დაბრუნებული გაოცების გამომხატველ ხმათა გუგუნს უსმენდა, კანცელარიიდან რომ მოისმოდა, თანაც ასანთის კოლოფებს დღევანდელი გაზეთის ორ უზარმაზარ ფურცელში ფუთავდა. მერე სამსახურიდან შინ ისე წავიდა, არავისთვის არაფერი უთქვამს. ასანთმასალის სადარბაზო შესასვლელის წინ კინაღამ ავტომობილს ჩაუვარდა, რომლითაც ვიღაც მოვიდა, მაგრამ სახელდობრ ვინ, კოროტკოვმა თვალი ვერ მოჰკრა.       შინ როცა მივიდა, ასანთები მაგიდაზე დაალაგა, განზე გადგა და აათვალიერ-ჩაათვალიერა. სახიდან სულელური ღიმილი არ სცილდებოდა. მერე ქერა თმა აიჩეჩა და საკუთარ თავს უთხრა:       – გული არ უნდა გავიტეხოთ. ახლა გაყიდვას უნდა შევეცადოთ.       მერე მეზობელს, გუბღვინსაწყობის მოსამსახურეს, ალექსანდრა ფიოდოროვნას მიუკაკუნა.       – შემოდით, – ყრუდ მოისმა ხმა ოთახიდან.       კოროტკოვი შევიდა და განცვიფრდა. სამსახურიდან ადრე დაბრუნებული ალექსანდრა ფიოდოროვნა იატაკზე ჩაცუცქულიყო. პალტო არ გაეხადა და ქუდიც ისევ ეხურა. წინ მწკრივად ეწყო გაზეთის ქაღალდით პირდაცობილი, მუქწითელი სითხით სავსე ბოთლები. სახე ნამტირალევი ჰქონდა.       – 46, – თქვა მან და კოროტკოვისკენ მოტრიალდა.       – მელანია?.. გამარჯობა, ალექსანდრა ფიოდოროვნა, – მიესალმა განცვიფრებული კოროტკოვი.       – საეკლესიო ღვინოა, – სლუკუნით უპასუხა მეზობელმა.       – რაო, თქვენც ასე გადაგიხადეს? – ამოიოხრა კოროტკოვმა.       – თქვენც საეკლესიო ღვინო მოგცეს? – გაუკვირდა ალექსანდრა ფიოდოროვნას.       – ჩვენ – ასანთი, – მილეული ხმით უპასუხა კოროტკოვმა და პიჯაკის ღილის ტრიალი დაიწყო.       – ეგ ასანთი ხომ არ ინთება! – შესძახა ალექსანდრა ფიოდოროვნამ, წამოდგა და კაბა ჩამოიფერთხა.       – როგორ თუ არ ინთება? – შეშინდა კოროტკოვი და თავისი ოთახისკენ გაექანა. იქ ერთი წუთიც არ დაუკარგავს, კოლოფს ხელი დასტაცა, გახსნა და ასანთი გაჰკრა. ასანთმა გაიშიშინა, მომწვანო ალი დააკვესა, გადატყდა და ჩაქრა. გოგირდის მწვანე სუნით სულშეხუთულმა კოროტკოვმა ავადმყოფურად დაახველა და მეორე ასანთს გაჰკრა. ასანთმა გაიტკაცუნა და ორი ნაპერწკალი გატყორცნა. ერთი ნაპერწკალი ფანჯრის მინას დაეჯახა, მეორე კი ამხანაგ კოროტკოვს თვალში ეცა.       – ა-აჰ! – შეჰყვირა კოროტკოვმა და კოლოფი ხელიდან გაუვარდა.       იგი რამდენიმე წამს ფეხებს ფიცხი ცხენივით აბაკუნებდა და თვალზე ხელისგულს იჭერდა. მერე წვერის საპარს სარკეში შიშით ჩაიხედა, დარწმუნებული იყო, რომ თვალი აღარ ჰქონდა, მაგრამ თვალი თავის ალაგას აღმოჩნდა. თუმცა ჩასწითლებოდა და ცრემლები სდიოდა.       – ოჰ, ღმერთო ჩემო! – თქვა გამწარებულმა კოროტკოვმა, კამოდიდან დაუყოვნებლივ ამოიღო ამერიკული ინდივიდუალური პაკეტი(1920 წლის დასაწყისში მოქმედებდა „დამშეულთა დახმარების ამერიკული ადმინისტრაცია“, რომელიც საბჭოთა რუსეთს სურსათსა და მედიკამენტებს აწვდიდა.), გახსნა, თავის მარცხენა მხარე შეიხვია და ბრძოლაში დაჭრილს დაემგვანა.       კოროტკოვს მთელი ღამე შუქი არ ჩაუქრია, იწვა და ასანთს ატკაცუნებდა. ამგვარად სამი კოლოფი დააცარიელა, თანაც, 63 ასანთის ანთება შეძლო.       – მიჰქარავს ის სულელი, – ბუზღუნებდა კოროტკოვი, – მშვენიერი ასანთია.       დილა როცა მოახლოვდა, ოთახი სულის შემხუთავი გოგირდის სუნით გაივსო. გამთენიისას კოროტკოვმა დაიძინა და სულელური, საშინელი სიზმარი ნახა: თითქოს მწვანე მდელოზე მის წინაშე უზარმაზარი, ცოცხალი, ფეხებიანი ბილიარდის ბურთი გაჩნდა. ეს ისეთი საძაგელი რამ იყო, რომ კოროტკოვმა შეჰყვირა და გაიღვიძა. მღვრიე წყვდიადში ხუთიოდე წამს კიდევ ეჩვენებოდა, რომ ბურთი იქვე, საწოლის გვერდით იყო და გოგირდის ძალიან ძლიერი სუნი იდგა. მაგრამ მერე ყველაფერმა გაიარა; კოროტკოვმა გვერდი იცვალა, დაიძინა და დილამდე აღარ გაღვიძებია. III - მელოტი გამოჩნდა       მეორე დილას კოროტკოვმა სახვევი გადაიწია და დარწმუნდა, რომ თვალი თითქმის მორჩენოდა, მაგრამ ზედმეტად ფრთხილი გახლდათ და გადაწყვიტა, სახვევი ჯერჯერობით არ მოეხსნა.       სამსახურში ძალზე დაგვიანებით მისული ეშმაკი კოროტკოვი პირდაპირ თავის ოთახში შევიდა, რათა დაბალი ჩინის მოსამსახურეებში მითქმა-მოთქმა არ გამოეწვია. მაგიდაზე ქაღალდი დახვდა, სადაც დაკომპლექტების ქვეგანყოფილების გამგე ბაზის გამგეს ეკითხებოდა, მანქანაზე მბეჭდავ ქალებს ფორმის ტანსაცმელი დაურიგდებათ თუ არაო. კოროტკოვმა ქაღალდი მარჯვენა თვალით წაიკითხა, ხელში აიღო და ბაზის გამგის, ამხ. ჩეკუშინის კაბინეტისკენ დერეფანს გაუყვა.       კაბინეტის კართან უცხო კაცს შეეფეთა, ვისმა გარეგნობამაც განაცვიფრა. ისეთი ტანდაბალი იყო, მაღალ კოროტკოვს წელამდე ძლივს სწვდებოდა. სამაგიეროდ, უჩვეულოდ მხარბეჭიანი გახლდათ. კვადრატული სხეული მოკვანტილ ფეხებს ეყრდნობოდა, თანაც მარცხენა ფეხით კოჭლობდა. ყველაზე თვალში საცემი კი თავი ჰქონდა, კვერცხის ზუსტ, კისერზე ჰორიზონტალურად დადგმულ, გიგანტურ მოდელს რომ წარმოადგენდა. წვეტიანი მხარე წინ მიექცია, კვერცხივით იყო მოტვლეპილი და ისე ლაპლაპებდა, კეფაზე ელექტრული ნათურები ჩაუქრობლად ენთო. ერთი ბეწო სახე ისე სუფთად გაეპარსა, სილურჯე გადაჰკრავდა. პაწაწკინა, ქინძისთავის მსგავსი, მწვანე თვალები ბუდეებში ღრმად ეჯდა. ნაცრისფერი სასაბნე ქსოვილისგან შეკერილი, ღილებჩახსნილი ფრენჩი ეცვა, რომლის შიგნითაც უკრაინული ნაქარგი პერანგი მოუჩანდა. იმავე ქსოვილის შარვალი ალექსანდრე II-ის დროინდელ დაბალყელიან ჰუსარულ ჩექმებში ჰქონდა ჩატანებული.       „რა ტიპია“, – გაიფიქრა კოროტკოვმა და ჩეკუშინის კარისკენ გაექანა, თან შეეცადა, თავმოტვლეპილი კაცისთვის გვერდი აექცია, მაგრამ ეს კაცი მოულოდნელად წინ გადაეღობა.       – რა გინდათ? – ისეთი ხმით ჰკითხა კოროტკოვს თავმოტვლეპილმა, რომ ნერვიული საქმისმწარმოებელი შეკრთა. ეს ხმა სპილენძის ტაშტის ხმას ზედმიწევნით წააგავდა და ისეთი ტემბრი ჰქონდა, მსმენელს ყოველი სიტყვის გაგონებაზე ეჩვენებოდა, ხერხემლის გასწვრივ ხორკლიანი მავთული ჩამისრიალესო. ამას გარდა, კოროტკოვს ისიც მოეჩვენა, უცნობის სიტყვებს ასანთის სუნი უდისო.       წინდაუხედავმა კოროტკოვმა ყოველივე ამას ყურადღება არ მიაქცია და ის ქნა, რაც არაფრის დიდებით არ უნდა ექნა, – განაწყენდა.       – ჰმ... საკმაოდ უცნაურია. ქაღალდი მიმაქვს... იქნებ მითხრათ, თქვენ ვინ ბრძან...       – ვერ ხედავთ, კარზე რა წერია?       კოროტკოვმა კარს შეხედა და დიდი ხნის ნაცნობი წარწერა დაინახა: „მოუხსენებლად ნუ შემოხვალთ“.       – სწორედაც მოხსენებით შევდივარ, – სულელურად უპასუხა კოროტკოვმა და თავის ქაღალდზე მიუთითა.       თავმოტვლეპილი, კვადრატული კაცი მოულოდნელად განრისხდა, თვალებიდან მოყვითალო ნაპერწკლები დააკვესა.       – ამხანაგო, – ქვაბისებური ხმით გააყრუა კოროტკოვი, – თქვენ ისეთი განუვითარებელი ხართ, რომ ყველაზე უბრალო სამსახურებრივი წარწერის მნიშვნელობა ვერ გაგიგიათ. მიკვირს, აქამდე როგორ მსახურობდით. საერთოდაც, თქვენთან ბევრი რამ არის საინტერესო. მაგალითად, ყოველ ნაბიჯზე თვალახვეულები მხვდებიან, მაგრამ არა უშავს. ყველაფერს მოვაწესრიგებთ („ჰო-ო!“ – გულში შესძახა კოროტკოვმა), მომეცით!       თქვა ეს უცნობმა, კოროტკოვს ქაღალდი ხელიდან გამოსტაცა, სწრაფად წაიკითხა, შარვლის ჯიბიდან ქიმიური ფანქარი ამოიღო, ქაღალდი კედელზე მიატყეპა და რამდენიმე სიტყვა ირიბად წააწერა.       – წადით! – დაიგრგვინა მან და კოროტკოვს ქაღალდი ისე შეაჩეჩა, კინაღამ საღი თვალიც გამოსთხარა. კაბინეტის კარმა დაიწივლა და უცნობი შთანთქა, ხოლო კოროტკოვი ერთ ადგილას გაშეშდა, – ჩეკუშინი კაბინეტში არ იყო.       დაფეთებული კოროტკოვი გონს ნახევარი წუთის შემდეგ მოეგო, როცა ამხ. ჩეკუშინის პირად მდივანს ლიდოჩკა დე რუნის გადააწყდა.       – ო-ოხ! – ამოიხვნეშა ამხ. კოროტკოვმა. ლიდოჩკას თვალი ზუსტად ისეთივე ინდივიდუალური მასალით ჰქონდა შეხვეული, იმ განსხვავებით, რომ ბინტს ბოლოები კოპწიად ჰქონდა გამონასკვული.       – რა დაგემართათ?       – წყეული ასანთის ბრალია! – უპასუხა გაღიზიანებულმა ლიდოჩკამ.       – კაბინეტში ვინ არის? – ჩურჩულით ჰკითხა გულმოსულმა კოროტკოვმა.       – ნუთუ არ იცით? – აჩურჩულდა ლიდოჩკა, – ახალია.       – რაო? – დაიწრიპინა კოროტკოვმა, – ჩეკუშინი რა იქნა?       – გუშინ გააგდეს, – ბრაზიანად უპასუხა ლიდოჩკამ, თითი კაბინეტისკენ გაიშვირა და დაუმატა, – ეს კი კარგი ვინმეა. ასეთი საძაგელი ვიღაცა ჩემს სიცოცხლეში არ მინახავს. ღრიალებს! გაგრეკავთო! ეს ნიფხავგამოხეული! – დაუმატა მოულოდნელად.       – რა გვარ...       შეკითხვა ვერ დაამთავრა თვალებდაჭყეტილმა კოროტკოვმა, რადგან კაბინეტიდან შემზარავი ხმა მოისმა: „კურიერო!“ საქმისმწარმოებელი და მდივანი ქალი აქეთ-იქით გაცვივდნენ. თავის ოთახში შევარდნილი კოროტკოვი მაგიდას მიუჯდა და თავისთვის ალაპარაკდა:       – ვაი, ვაი... კოროტკოვო, თავი რა დღეში ჩაიგდე. ეს საქმე უნდა გამოვასწოროთ... „განუვითარებელი“.. ჰმ... თავხედი... კარგი! განახვებ, კოროტკოვი როგორი განუვითარებელია.       საქმისმწარმოებელმა მელოტის ნაწერი ცალი თვალით წაიკითხა. ქაღალდზე ირიბად ჩამწკრივებულიყო სიტყვები: „ყველა მემანქანეს და საერთოდ ყველა ქალს დროულად დაურიგდება ჯარისკაცური კალსონები“.       – კარგი რამეა! – შესძახა აღფრთოვანებულმა კოროტკოვმა და ნეტარებით შეთრთოლდა. როცა ჯარისკაცის ნიფხვიანი ლიდოჩკა თვალწინ დაუდგა. სუფთა ფურცელი ამოიღო და სამ წუთში შეთხზა:       „ტელეფონოგრამა.       დაკომპლექტების ქვეგანყოფილების გამგეს წერტილი თქვენი 19 რიცხვში გამოგზავნილი №0,15015/ბ მიწერილობის პასუხად მთავასანთმასალა გაცნობებთ მძიმე რომ ყველა მემანქანეს და საერთოდ ქალებს ჯარისკაცის კალსონები დროულად დაურიგდებათ წერტილი გამგე ტირე ხელმოწერა. საქმისმწარმოებელი ტირე ვარფოლომეი კოროტკოვი წერტილი“.       დარეკა და შემოსულ კურიერს, პანტელეიმონს უთხრა:       – გამგეს შეუტანე ხელმოსაწერად.       პანტელეიმონმა ტუჩები გაღეჭა, ქაღალდი გამოართვა და გავიდა.       კოროტკოვი ამის შემდეგ ოთხ საათს თავის ოთახში ყურგაფაციცებული იჯდა იმ ვარაუდით, თუ ახალი გამგე შენობას ჩამოივლის, უსათუოდ საქმეში ჩაფლული დავხვდეო. მაგრამ შემზარავი კაბინეტიდან ჩქამიც არ მოისმოდა. მხოლოდ ერთხელ გაისმა ბუნდოვანი თუჯისებური ხმა, ვიღაცას თითქოს სამსახურიდან დათხოვნით რომ ემუქრებოდა; ოღონდ ვის, კოროტკოვმა ვერ გაიგონა, თუმცა ყური გასაღების ჭუჭრუტანაზე ჰქონდა მიდებული. ნაშუადღევის ოთხის ნახევარზე კანცელარიის კედლის იქით პანტელეიმონის ხმა დაირხა:       – მანქანით წავიდა...       კანცელარია უმალ აჩოჩქოლდა. ყველანი გაიქც-გამოიქცნენ. ამხ. კოროტკოვი შინისაკენ ყველაზე ბოლოს მარტოდმარტო წავიდა. IV - პირველი პარაგრაფი – კოროტკოვი გაისტუმრეს       მეორე დილას გახარებული კოროტკოვი დარწმუნდა, რომ მის თვალს სახვევით მკურნალობა აღარ სჭირდებოდა, ამიტომ დამშვიდებულმა ბინტი მოიხსნა და უმალ შეიცვალა, უკეთესი შესახედავი შეიქნა. ჩაი ხელდახელ დალია, პრიმუსი ჩააქრო და სამსახურისკენ გაეშურა; ცდილობდა, არ დაეგვიანა, მაგრამ 50 წუთით დაიგვიანა იმის გამო, რომ ტრამვაი მეექვსე მარშრუტის ნაცვლად წრეზე წავიდა მეშვიდე მარშრუტით, შორეულ ქუჩებში გავიდა, სადაც პატარა სახლები იდგა და იქ გაფუჭდა. კოროტკოვმა სამი ვერსი ფეხით გაიარა და კანცელარიაში ქოშინით სწორედ მაშინ შეირბინა, როცა „ალპური ვარდის“ სამზარეულოს საათმა თერთმეტჯერ დარეკა. კანცელარიაში დილის თერთმეტი საათისთვის შეუფერებელი სანახაობა ელოდა. ლიდოჩკა დე რუნი, მილოჩკა ლიტოვცევა, ანა ევგრაფოვნა, უფროსი ბუღალტერი დროზდი, ინსტრუქტორი გიმტისი, ნომერაცკი, ივანოვი, მუშკა, რეგისტრატორი, მოლარე – მოკლედ, მთელი კანცელარია – ყოფილი რესტორნის, „ალპური ვარდის“ სამზარეულოს მაგიდებთან თავ-თავიანთ ადგილებზე კი არ ისხდნენ, არამედ მჭიდროდ შეჯგუფებულნი იდგნენ კედელთან, სადაც ლურსმნით იყო მიმაგრებული ფურცლის მეოთხედი. კოროტკოვის შესვლისთანავე უეცრად სიჩუმე ჩამოვარდა და ყველამ თავი დახარა.       – გამარჯობათ, ბატონებო, ეგ რა არის? – იკითხა განცვიფრებულმა კოროტკოვმა.       ჯგუფი შუაზე გაიპო და კოროტკოვი ფურცელთან მივიდა.       პირველი სტრიქონები კოროტკოვს გარკვევით, გამართულად შეაცქერდა, ბოლო სტრიქონები კი ცრემლნარევ, გამაოგნებელ ბურუსში გამოჩნდა.       ბრძანება №1       1. თავისი მოვალეობისადმი უკიდურესად დაუდევარი დამოკიდებულების გამო, რამაც მნიშვნელოვან სამსახურებრივ ქაღალდებში აღმაშფოთებელი არევ-დარევა გამოიწვია, აგრეთვე იმის გამო, რომ სახე, ალბათ, ჩხუბში დაისახიჩრა, ამხანაგი კოროტკოვი ამ თვის 26 რიცხვიდან გათავისუფლებულია. ტრამვაის ფული გადაეხადოს 25 რიცხვის ჩათვლით.       პირველი პარაგრაფი ამასთანავე უკანასკნელიც გახლდათ, ხოლო პარაგრაფის ქვემოთ მოჩანდა მსხვილი ასოები ხელმოწერისა:       „გამგე კალსონიერი...“       „ალპური ვარდის“ ბროლის მტვრიან დარბაზში ოც წამს იდეალური სიჩუმე გამეფდა. ყველაზე უკეთ, ღრმად, მკვდარივით დუმდა სახეგამწვანებული კოროტკოვი. ოცდამეერთე წამზე მდუმარება დაირღვა.       – რა? რა? – ორჯერ დაიწივლა კოროტკოვმა, როგორც ქუსლგატეხილმა „ალპური ვარდის“ ბოკალმა, – მისი გვარი კალსონიერია?       საზარელი სიტყვის გაგონებაზე კანცელარიის თანამშრომლები აქეთ-იქით გაცვივდნენ და თვალის დახამხამებაში მაგიდებთან ჩამწკრივდნენ, როგორც ყვავები ტელეგრაფის მავთულებზე. კოროტკოვის სახეზე მწვანე ობისფერს მეწამული ლაქები შეენაცვლა.       – ვაი, ვაი, ვაი, – დავთრიდან თავი აიღო და დაიგუგუნა მოშორებით მჯდარმა სკვორეცმა, – ჩემო კარგო, ეგ როგორ შეგეშალათ? ჰა?       – რ-რა ვ-ვი-ცი! – ჩაიბლუკუნა კოროტკოვმა, – „კალსონიერის“ ნაცვლად „კალსონები“ წავიკითხე. გვარს პატარა ასოთი წერს!       – მე ნიფხავს არ ჩავიცვამ, მშვიდად იყოს! – ბროლივით ჩააწკრიალა ლიდოჩკამ.       – სს! – გველივით ჩაისისინა სკვორეცმა, – რას ამბობთ? – იგი მთავარი ბუღალტრის ოთახში შეიმალა და ფურცელი აიფარა.       – სახის თაობაზე კი ნება არა აქვს! – წამოიყვირა კოროტკოვმა და მეწამულის ნაცვლად მიტკლისფერი დაედო, – მე ხომ თვალი ჩვენი საძაგელი ასანთით გამოვიწვი, როგორც ამხანაგმა დე რუნიმ.       – ჩუმად! – დაიწრიპინა გაფითრებულმა გიტისმა, – რას ამბობთ? გამგემ ასანთი გუშინ შეამოწმა და საუცხოოდ მიიჩნია.       დ-რ-რ-რ-რ-რ-რრრ, – უეცრად აჟღრიალდა ელექტროზარი კარს ზემოთ... იმავე წამს პანტელეიმონის მძიმე სხეული ტაბურეტიდან გადმოემხო და დერეფანში გაშლიგინდა.       – არა! განმარტებას მოვთხოვ! განმარტებას მოვთხოვ! – წვრილი ხმით წამოიყვირა კოროტკოვმა, ჯერ მარცხნივ გაქანდა, მერე მარჯვნივ, ადგილზე ფეხები ააბაკუნა, „ალპური ვარდის“ მტვრიან სარკეში მრუდედ აირეკლა, დერეფანში გასხლტა და მქრქალი ნათურების შუქისკენ გაიქცა, რომელიც ანათებდა წარწერას – „განცალკევებული კაბინეტები“, შემზარავი კარის წინ ქოშინით შეჩერდა და გონს მაშინ მოეგო, როცა პანტელეიმონის მკლავებში მოექცა.       – ამხანაგო პანტელეიმონ, – წამოიწყო აფორიაქებულმა კოროტკოვმა, – შემიშვი, გეთაყვა, გამგეს დაუყოვნებლივ უნდა ველაპარაკო...       – არ შეიძლება, არ შეიძლება, ნაბრძანები მაქვს, არავინ შევუშვა, – ახრიალდა პანტელეიმონი და კოროტკოვის მოწადინება ხახვის საშინელი სუნით ჩაახშო, – არ შეიძლება. ბატონო კოროტკოვო, წადით, თორემ თქვენ გამო მეც დავისჯები...       – პანტელეიმონ, შესვლა მჭირდება, – სთხოვა ჩანავლებულმა კოროტკოვმა, – ძვირფასო პანტელეიმონ, ჩემზე ბრძანებაა, შემიშვი, საყვარელო პანტელეიმონ.       – რას ამბობ, ბატონო... – დაფეთებული პანტელეიმონი კარისკენ შეტრიალდა და ისევ აჩურჩულდა, – ხომ გითხარით, რომ არ შეიძლება. არ შეიძლება, ამხანაგო!       კარს იქით, კაბინეტში, ტელეფონი აჟღრიალდა და მკაცრი, სპილენძისებური ბუბუნი გაისმა.       – მოვდივარ! ახლავე!       პანტელეიმონი და კოროტკოვი აქეთ-იქით გადგნენ; კარი გაიღო და ქუდიანი, იღლიაში პორტფელამოჩრილი კალსონიერი დერეფანს სწრაფი ნაბიჯით გაუყვა. პანტელეიმონი ძუნძულით გაედევნა, კოროტკოვი ცოტა ხანს შეყოყმანდა და პანტელეიმონს სირბილით მიჰყვა. დერეფნის მოსახვევში გადაფითრებული და აღელვებული კოროტკოვი პანტელეიმონს ხელებქვეშ გაუძვრა, კალსონიერს წამოეწია, მერე გაასწრო, პირი შემოაბრუნა და სირბილით წინ გაუძღვა.       – ამხანაგო კალსონიერო, – აბურტყუნდა იგი ნაწყვეტ-ნაწყვეტი ხმით, – ნება მიბოძეთ, ერთ წუთს დაგელაპარაკოთ... ბრძანების გამო მინდა გითხრათ...       – ამხანაგო! – დაიგრგვინა სწრაფად მიმავალმა, შეშფოთებულმა კალსონიერმა და კოროტკოვი გზიდან ჩამოიცილა, – ხომ ხედავთ, რომ არ მცალია? მივდივარ! მივდივარ!...       – ბრძანების გამო გეუბნებით...       – ვერ ხედავთ, რომ არ მცალია? ამხანაგო! საქმისმწარმოებელს მიმართეთ.       კალსონიერი ვესტიბიულში გავარდა, სადაც „ალპური ვარდის“ უპატრონოდ მიტოვებული უზარმაზარი ორგანი იყო მოთავსებული.       – საქმისმწარმოებელი ხომ მე ვარ! – დაიწრიპინა შეძრწუნებულმა, ოფლში გაღვრილმა კოროტკოვმა, – მისმინეთ, ამხანაგო კალსონიერო!       – ამხანაგო! – საყვირივით დაიგრგვინა კალსონიერმა, კოროტკოვს ყური არ უგდო, პანტელეიმონს შეუჩერებლად მიუტრიალდა და დაუყვირა, – ზომები მიიღეთ, რომ არ დამაყოვნონ!       – ამხანაგო! – დაიხრიალა შეშინებულმა პანტელეიმონმა, – რატომ აყოვნებთ?       არ იცოდა, რა ზომები მიეღო და ამგვარად მოიქცა: კოროტკოვს წელზე ხელები შემოხვია და საყვარელი ქალივით მსუბუქად მიიკრა. ამ ქმედებამ გაჭრა, – კალსონიერი გასხლტა, კიბეზე თითქოს გორგოლაჭებით გაექანა და სადარბაზო შესასვლელიდან გავარდა.       – დრ! დრ! – მინებს იქით დაიტრახტრახა მოტოციკლეტმა, ხუთჯერ გამოაბოლქვა, ფანჯარა კვამლში გაახვია და გაუჩინარდა. პანტელეიმონმა კოროტკოვს ხელი ახლაღა გაუშვა, ოფლი მოიწმინდა და ამოიგმინა:       – რა უბედურებაა!       – პანტელეიმონ, სად წავიდა? – ხმის კანკალით ჰკითხა კოროტკოვმა, – მალე მითხარი, უკვე სხვა...       – მგონი, ცენტრმომარაგებაში.       კოროტკოვმა კიბეზე ისარივით ჩაიქროლა, გასახდელში შევარდა, პალტოსა და ქუდს ხელი წამოავლო და ქუჩაში გაიჭრა. V - სატანური ფოკუსი       კოროტკოვს გაუმართლა. ტრამვაი „ალპურ ვარდებს“ იმავე წუთს გაუსწორდა. კოროტკოვი ტრამვაის მარჯვედ შეახტა და წინ გასწია; ხან სამუხრუჭე ბორბალს ეხლებოდა, ხან ვიღაცათა ზურგზე წამოკიდებულ ტომრებს. გულში იმედი უღვიოდა. მოტოციკლეტი რატომღაც დაბრკოლდა და ახლა ტრამვაის წინ მიტრახტრახებდა. ლურჯ კვამლში გახვეული ზურგი კოროტკოვს ხან ეკარგებოდა თვალთაგან, ხან ისევ გამოჩნდებოდა. კოროტკოვი ტრამვაის ბაქანზე ხუთიოდე წუთს აქეთ-იქით ეხეთქებოდა და იჭყლიტებოდა. ბოლოს მოტოციკლეტი ცენტრმომარაგების რუხი შენობის წინ გაჩერდა. კვადრატული სხეული გამვლელებს მიეფარა და გაქრა. კოროტკოვი მიმავალი ტრამვაიდან გადახტა, დაბზრიალდა, წაიქცა, მუხლი იტკინა, დავარდნილ ქუდს მისწვდა, ავტომობილის ცხვირწინ გასხლტა და ვესტიბიულისკენ გაეშურა.       კოროტკოვს ათეულობით ადამიანი ხვდებოდა, ბევრნი წამოეწეოდნენ და გაასწრებდნენ ხოლმე. ყველანი იატაკზე სველ ლაქებს ტოვებდნენ. კვადრატული ზურგი კიბის მეორე მარშზე გაკრთა. სულშეხუთული კოროტკოვი უმალ გამოედევნა. კალსონიერი კიბეზე საშინელი, არაბუნებრივი სიჩქარით არბოდა და კოროტკოვს გული უკრთოდა, თვალთაგან არ დამეკარგოსო. მართლაც ასე მოხდა. მეხუთე ბაქანზე, როცა საქმისმწარმოებელს ძალა მთლად გამოელია, ზურგი სახეთა, ქუდთა და პორტფელთა ზღვაში გაუჩინარდა. კოროტკოვი ბაქანზე ისარივით აიჭრა და ერთ წამს შეყოყმანდა იმ კარის წინ, რომელზეც მოჩანდა წარწერა: „მომარაგების საქმეთა სამმართველოს კანცელარიის უფროსი.“ კოროტკოვმა ალალბედზე ეს კარი შეაღო და მინის უზარმაზარი გალიები დაინახა, რომელთა შორის უამრავი ქერათმიანი ქალი გარბი-გამორბოდა. მინის პირველი ტიხარი როცა გამოაღო, შიგნით ვიღაც ნაცრისფერკოსტიუმიანი კაცი დაინახა, მაგიდაზე რომ გადაწოლილიყო და ტელეფონში მხიარულად იცინოდა. მეორე განყოფილებაში მაგიდაზე შელერ-მიხაილოვის თხზულებათა სრული კრებული მოჩანდა, რომლის გვერდით თავშალმოხვეული უცნობი ხნიერი ქალი სასწორზე ხმელ, აყროლებულ თევზს წონიდა. მესამე განყოფილებაში განუწყვეტელი კაკუნ-წკარუნი გაისმოდა – იქ ექვს მანქანაზე ექვსი ქერა წვრილკბილა ქალი ბეჭდავდა და იცინოდა. ბოლო ტიხარს მიღმა მსხვილსვეტებიანი დიდი სივრცე გადაშლილიყო. ჰაერში მანქანების აუტანელი ჭახანი იდგა, ქალებისა და კაცების უამრავი თავი მოჩანდა, მაგრამ მათ შორის კალსონიერის თავი არ ერია. აფორიაქებულმა და დაბნეულმა კოროტკოვმა პირველივე ქალი გააჩერა, რომელმაც გვერდით ჩაურბინა და ხელში პატარა სარკე ეჭირა.       – კალსონიერი ხომ არ გინახავთ?       კოროტკოვს გული სიხარულისგან გაუჩერდა, როცა ქალმა თვალები დაჭყიტა და უპასუხა:       – ვნახე, მაგრამ უკვე მიდის. დაეწიეთ.       კოროტკოვი სვეტებიან დარბაზში იქით გაიქცა, საითაც წითელფრჩხილებიანი თეთრი ხელი უთითებდა. დარბაზი როცა გადაირბინა, ვიწრო, ჩაბნელებულ ბაქანზე აღმოჩნდა, სადაც განათებული ლიფტის დაღებული ხახა დაინახა. კოროტკოვს გული ფეხებისკენ დაუქანდა, – დაეწია... ლიფტის ხახა სასაბნე ქსოვილით შემოსილ კვადრატულ ზურგსა და შავად მოელვარე პორტფელს ნთქავდა.       – ამხანაგო კალსონიერო, – შეჰყვირა კოროტკოვმა და გაშეშდა. ბაქანზე უამრავი მწვანე წრე ათამაშდა. მინის კარი ბადემ დაფარა, ლიფტი დაიძრა, კვადრატული ზურგი შეტრიალდა და გოლიათურ მკერდად იქცა. კოროტკოვმა ყველაფერი იცნო: ნაცრისფერი ფრენჩიც, კეპიც, პორტფელიც, წვრილი თვალებიც. ეს კალსონიერი გახლდათ, მაგრამ გრძელი, ასირიული, მკერდამდე ჩამოშვებული გოფრირებული წვერით დამშვენებული კალსონიერი. კოროტკოვის ტვინში დაუყოვნებლივ დაიბადა აზრი: „სანამ მოტოციკლეტით გარბოდა და კიბეზე ადიოდა, წვერი წამოეზარდა, – ეს რა ამბავია?“ შემდეგ მეორე აზრიც: „წვერი ყალბია – ეს რა ამბავია?“       კალსონიერი ამასობაში ბადით დაფარულ უფსკრულში ჩაეშვა. ჯერ ფეხები გაუჩინარდა, მერე მუცელი, წვერი, ბოლოს თვალები და პირი. მერე კოროტკოვმა გაიგონა, ამ პირმა ნაზი ტენორით როგორ წამოიყვირა:       – გვიანაა, ამხანაგო, პარასკევს.       „ხმაც შეიცვალა“, – გაუწკარუნდა კოროტკოვის გონებაში. სამ წამს თავი მტანჯველად უხურდა, მაგრამ მერე გაახსენდა, ვერანაირმა ჯადოქრობამ ვერ უნდა შემაჩეროს, დაყოვნება დამღუპავსო, და ლიფტისკენ გაქანდა. ბადეში ბაგირზე ჩამოკიდებული სახურავი გამოჩნდა, მილს იქიდან მიბნედილი ლამაზი ქალი გამოვიდა, თმაში მოელვარე თვლები რომ უბრწყინავდა. კოროტკოვს ხელზე ნაზად შეეხო და შეეკითხა:       – ამხანაგო, გულის მანკი გჭირთ?       – არა, ოჰ, არა, ამხანაგო, – წამოიძახა გაოგნებულმა კოროტკოვმა და ბადისკენ ნაბიჯი გადადგა, – ნუ მაყოვნებთ.       – მაშინ, ამხანაგო, ივან ფინოგენოვიჩთან წადით, – სევდიანად უთხრა კოროტკოვს ლამაზმა ქალმა და ლიფტისკენ გზა გადაუღობა.       – არ მინდა! – წამოიტირა კოროტკოვმა, – ამხანაგო! მეჩქარება, თავი გამანებეთ!       მაგრამ სევდიანი ქალი არ შედრკა.       – არაფერი შემიძლია, თავადაც იცით, – უთხრა კოროტკოვს და ხელზე ხელი მაგრად ჩასჭიდა. ლიფტი შეჩერდა, პორტფელიანი კაცი გამოტყორცნა, ბადე ჩამოიფარა და კვლავ ქვემოთ გაემართა.       – გამიშვით! – წამოიკივლა კოროტკოვმა, ქალს ხელი გამოსტაცა და კიბეზე წყევლა-კრულვით დაექანა. მარმარილოს ექვსი მარში ჩაათავა, მაღალი, თავსაბურავიანი დედაბერი კინაღამ საიქიოს გაამგზავრა, ქვემოთ უზარმაზარ, მინის ახალ კედელთან აღმოჩნდა, სადაც მაღლა, ლურჯ ფონზე მოჩანდა ვერცხლისფერი წარწერა: „მაღალი კლასის მორიგე ქალბატონები“, ხოლო ქვემოთ ქაღალდზე კალმით წაწერილი: „საცნობარო“. კოროტკოვს მრუმე შიში დაეუფლა. კედლის იქით აშკარად გაკრთა კალსონიერი. სილურჯემდე სუფთად წვერგაპარსული, ადრინდელი და საშინელი კალსონიერი. მან კოროტკოვს სულ ახლოს ჩაუარა, მისგან მხოლოდ მინის თხელი ფენა ჰყოფდა. კოროტკოვი შეეცადა, არაფერზე ეფიქრა, სპილენძის ელვარე სახელურისკენ გაექანა და შეანჯღრია, მაგრამ სახელური არ დაემორჩილა.       კოროტკოვმა მოელვარე სპილენძი ერთხელ შეანჯღრია და სასოწარკვეთილმა ახლაღა შეამჩნია ნამცეცა წარწერა: „მე-6 სადარბაზოდან შემოუარეთ“.       კალსონიერმა გაიელვა და მინის იქით შავ ნიშაში გაუჩინარდა.       – მეექვსე სად არის? მეექვსე სად არის? – სუსტი ხმით გასძახა კოროტკოვმა ვიღაცას. გამვლელები გაფრთხნენ. გვერდითა პატარა კარი გაიღო და იქიდან ლუსტრინისპიჯაკიანი, ლურჯსათვალიანი ბერიკაცი შემოვიდა, ხელში უზარმაზარი სია ეჭირა, კოროტკოვს სათვალის ზემოდან გადმოხედა, გაიღიმა და ტუჩები გაღეჭა.       – რაო? სულ აქ დაიარებით? – აჩიფჩიფდა იგი, – ღმერთმანი, ამაოდ. გამიგონეთ ბერიკაცს, მოეშვით აქ სიარულს. სულერთია, უკვე ამოგშალეთ. ხი-ხი.       – საიდან ამომშალეთ? – გაშეშდა კოროტკოვი.       – ჰი. საიდან და სიიდან. ფანქრით – ჩხიკ და მორჩა – ჰი, ჰი, – ბერიკაცმა გულიანად გაიცინა.       – უკაც... რავად... მაგრამ საიდან მიცნობთ?       – ჰი. რა ხუმარა ხართ, ვასილ პავლოვიჩ.       – მე ვარფოლომეი ვარ, – უთხრა კოროტკოვმა და ცივ, გალიპულ შუბლზე ხელი მოისვა, – პეტროვიჩი.       შემზარავ ბერიკაცს სახეზე ღიმილი წუთით გაუქრა.       იგი ფურცელს ჩააჩერდა და გრძელფრჩხილიანი ხმელი თითი სტრიქონებს ჩააყოლა.       – რატომ მაბნევთ? აგერ – კოლობკოვი, ვ. პ.       – მე კოროტკოვი ვარ, – მოუთმენლად შეჰყვირა კოროტკოვმა.       – მეც ხომ ეგა ვთქვი: კოლობკოვი, – განაწყენდა ბერიკაცი, – აი კალსონიერიც. ორივე ერთად ხართ გადაყვანილი. კალსონიერის ნაცვლად ჩეკუშინია.       – რაო? – შეჰყვირა სიხარულისგან გადარეულმა კოროტკოვმა, – კალსონიერი გააგდეს?       – დიახ. ერთ დღეს იუფროსა და გააძუნძულეს.       – ღმერთო ჩემო! – შესძახა აღფრთოვანებულმა კოროტკოვმა, – გადავრჩი! გადავრჩი! – მან ბერიკაცს ხეშეშა ხელზე ხელი თავდავიწყებით მოუჭირა. ბერიკაცმა გაიღიმა. კოროტკოვის სიხარული წამით გაფერმკრთალდა. ბერიკაცის თვალთა ლურჯ ხვრელებში უცნაური, ავისმომასწავებელი რაღაც გაკრთა. უცნაური გახლდათ მისი ღიმილიც, რამაც მოლურჯო ღრძილები გააშიშვლა, მაგრამ კოროტკოვმა უსიამოვნო გრძნობა უმალ მოიცილა და დაფაცურდა.       – მაშ ახლა ასანთმასალებში უნდა გავიქცე?       – აუცილებლად, – დაუდასტურა ბერიკაცმა, – აქ ნათქვამია, ასანთმასალებშიო. ოღონდ თქვენი წიგნაკი მიბოძეთ, შიგ ფანქრით აღნიშვნას გავაკეთებ.       კოროტკოვმა ხელი უმალ ჯიბეში ჩაიყო, გაფითრდა, მეორე ჯიბეც მოიქექა, უარესად გაფითრდა, შარვლის ჯიბეები მოისინჯა, ყრუ ხმით წამოიკივლა და კიბეს სირბილით აუყვა, თან ფეხებქვეშ იყურებოდა, გზად ვიღაცებს ეჯახებოდა. სასოწარკვეთილმა კიბე თავამდე აირბინა, უნდოდა, თვლებით თმაშემკობილი, ლამაზი ქალი დაენახა და მისთვის რაღაც ეკითხა, მაგრამ ნახა, რომ ლამაზი ქალი, მახინჯ, ცინგლიან ბიჭად გადაქცეულიყო.       – ჩემო კარგო, – მისკენ გაექანა კოროტკოვი, – ჩემი საფულე, ყვითელი...       – ტყუილია, – ბრაზიანად უპასუხა ბიჭმა, – მე არ ამიღია, ტყუილი უთქვამთ.       – არა, ჩემო კარგო, ამას არ ვამბობ... შენ არა... საბუთები.       ბიჭმა ალმაცერად შემოხედა და უცებ ბოხი ხმით აბღავლდა.       – ოჰ, ღმერთო ჩემო! – შეჰყვირა სასოწარკვეთილმა კოროტკოვმა და ქვემოთ, ბერიკაცისკენ გაექანა, მაგრამ ქვემოთ როცა ჩაირბინა, ბერიკაცი იქ აღარ დახვდა. გაუჩინარებულიყო. კოროტკოვი პატარა კარს ეცა, სახელურს დაეჯაჯგურა. კარი დაკეტილი აღმოჩნდა. ბინდბუნდში გოგირდის ოდნავი სუნი იდგა.       კოროტკოვს თავში ფიქრები ქარიშხალივით დაუტრიალდა და ახალი აზრი ამოუხტა: „ტრამვაი!“ უცებ ცხადად გაახსენდა, ბაქანზე ორმა ახალგაზრდა კაცმა შუაში როგორ მოიქცია და მოჭეჭყა. ერთი მათგანი გამხდარი იყო, შავი, თითქოს მიწებებული ულვაში ჰქონდა.       – აი, ეს არის უბედურება, – ბუტბუტებდა კოროტკოვი, – ყველაზე დიდი უბედურება.       იგი ქუჩაში გავარდა, ბოლომდე ჩაირბინა, შესახვევში გაუხვია და უშნოდ ნაგები პატარა შენობის სადარბაზო შესასვლელთან აღმოჩნდა.       – სად მიძვრები? – ჰკითხა კოროტკოვს ელამმა და პირქუშმა, ულაზათო კაცმა, მისკენ კი არა, სადღაც გვერდზე რომ იცქირებოდა:       – მე, ამხანაგო, ვ. პ. კოროტკოვი ვარ. ეს-ესაა, საბუთები მომპარეს... მთლიანად... შეუძლიათ, დამიჭირონ...       – სულ იოლად, – დაუდასტურა პარმაღზე მდგარმა კაცმა.       – ჰოდა, ნება მიბოძეთ...       – პირადად კოროტკოვი მოვიდეს.       – კოროტკოვი თავად მე გახლავართ.       – მოწმობა მომეცი.       – მოწმობა ახლახან მომპარეს, – ამოიგმინა კოროტკოვმა, – მომპარეს, ამხანაგო... ულვაშიანმა ახალგაზრდა კაცმა მომპარა.       – ულვაშიანმა? მაშ კოლობკოვი იქნებოდა. უეჭველად. ჩვენს რაიონში ის არის ამისი სპეციალისტი. იმას ახლა სადმე საჩაიეში თუ იპოვი.       – ამხანაგო, არ შემიძლია, – ატირდა კოროტკოვი, – ასანთმასალებში უნდა მივიდე, კალსონიერთან. შემიშვით.       – მოწმობა მომეცი, რომ მოგპარეს.       – მოწმობა ვინ უნდა მომცეს?       – სახლმმართველმა.       კოროტკოვი პარმაღს მოსწყდა და ქუჩაში გავარდა.       „ასანთმასალებში წავიდე თუ სახლმმართველთან? – გაიფიქრა მან, – სახლმმართველს მიღება დილიდან აქვს; მაშ ასანთმასალებში უნდა წავიდე“.       ამ დროს მოშორებით, მოწითალო კოშკზე საათმა ოთხჯერ დარეკა და იმავე წუთს ყველა კარიდან პორტფელიანი ხალხი გამოიშალა. დაბინდდა და ციდან თხლად იწყო ცვივნა თოვლის სველმა ფანტელებმა.       „გვიანაა, – გაიფიქრა კოროტკოვმა, – შინ წასვლა სჯობია“. VI - პირველი ღამე       ბოქლომის ყურში თეთრი ბარათი იყო გაჩრილი. კოროტკოვმა ბინდბუნდში წაიკითხა.       „ძვირფასო მეგობარო!       მე ზვენიგოროდში დედასთან მივემგზავრები. საჩუქრად ღვინოს გიტოვებთ. სვით, რამდენიც გენებოთ, – არავინ ყიდულობს. კუთხეში აწყვია.       თქვენი ა. პაიკოვა“.       კოროტკოვმა ალმაცერად გაიღიმა, ბოქლომი ააჩხაკუნა, დერეფნის კუთხეში ჩამწკრივებული ბოთლები თავის ოთახში ოც გზობაზე გადაზიდა, ლამპა აანთო და საწოლზე ქუდიანი და პალტოიანი მიეგდო. კრომველის სურათს ნახევარი საათი მონუსხულივით უცქეროდა, სანამ იგი შედედებულ ბინდბუნდში არ ჩაიკარგა, მერე წამოხტა და გამძვინვარდა. კეპი მოიძრო და კუთხეში მიაგდო, ასანთის კოლოფები ხელის ერთი მოსმით იატაკზე ჩამოყარა, ფეხით შესდგა და გათელვა დაუწყო.       – ეგეც შენ! ეგეც შენ! ეგეც შენ! – ღმუოდა კოროტკოვი და წყეულ კოლოფებს ლეწავდა, თან ელანდებოდა, კალსონიერის თავს ვთქერავო.       კვერცხისნაირი თავის გახსენებამ უეცრად ხან გაპარსული, ხანაც წვერიანი სახე გაახსენა და უმალ შეჩერდა.       – უკაცრავად... მაგრამ ეს რა ამბავია? – ჩაიჩურჩულა და თვალებზე ხელი მოისვა, – ეს რანაირი რამეა? რას ვდგავარ და რას ვსულელობ, როცა ყოველივე ასე შემზარავია? მართლა გაორმაგებული ხომ არ იქნება?       ჩაშავებული ფანჯრებიდან შიში ოთახში შემობობღდა. კოროტკოვი ცდილობდა, ფანჯრებისთვის თვალი მოერიდებინა, თან ფარდებს აფარებდა, მაგრამ არც ამან უშველა. ხან წვერმოშვებული, ხან გაპარსული, გაორმაგებული სახე დროდადრო კუთხეებიდან ამოტივტივდებოდა და მომწვანო თვალებს აელვარებდა. კოროტკოვმა ბოლოს ვეღარ გაუძლო; გრძნობდა, რომ ტვინი დაძაბულობისგან უსკდებოდა და ხმადაბლა ატირდა.       როცა ტირილით გული იჯერა და შვება იგრძნო, გუშინდელი ცივი კარტოფილი შეჭამა, მერე წყეულ გამოცანას მიუბრუნდა და ცოტა ხანს კიდევ წაუტირა.       – უკაცრავად... – ჩაიჩურჩულა უცებ, – რა მატირებს, როცა ღვინო მაქვს?       ნახევარი ჩაის ჭიქა ერთბაშად გადაჰკრა. ტკბილმა სითხემ ხუთი წუთის შემდეგ იმოქმედა, – მარცხენა საფეთქელი საშინლად ასტკივდა და ცხარედ, აუტანლად მოსწყურდა.       სამი ჭიქა წყალი დალია, საფეთქლის ტკივილმა კალსონიერი მთლად გადაავიწყა, ტანსაცმელი კვნესით გაიძრო და საწოლზე თვალებგადმოკარკლული გაიშოტა. „პირამიდონი მაინც მქონდეს...“ – ჩურჩულებდა დიდხანს, სანამ ძილ-ბურანი თავს წაართმევდა. VII - ორგანი და კატა       მეორე დღეს, დილის ათ საათზე, კოროტკოვმა ჩაი სახელდახელოდ აადუღა, მეოთხედი ჭიქა უხალისოდ დალია, გრძნობდა, რომ ძნელი, ფორიაქი დღე ელოდა. ოთახიდან გავიდა და ნისლში სველი, მოასფალტებული ეზო გადაირბინა. ფლიგელის კარზე ეწერა: „სახლმმართველი“. კოროტკოვმა ხელი უკვე ღილაკისკენ წაიღო, მაგრამ თვალი მოჰკრა წარწერას: „სიკვდილის გამო მოწმობები არ გაიცემა“.       – ოჰ, ღმერთო ჩემო, – სინანულით შესძახა კოროტკოვმა, – ყოველ ფეხის ნაბიჯზე მარცხი გაგონილა? – მერე დაუმატა, – რახან ასეა, საბუთების საქმე მერე მოვაგვაროთ, ახლა კი ასანთმასალებისკენ გავწიოთ. უნდა შევიტყოთ, იქ რა ხდება. იქნებ ჩეკუშინი უკვე დაბრუნდა.       რადგან ფული სულ მოჰპარეს, კოროტკოვი ასანთმასალებამდე ფეხით მივიდა, ვესტიბიული გაიარა და პირდაპირ კანცელარიისკენ გაემართა. კანცელარიის ზღურბლზე შეჩერდა და პირი დააღო. ბროლის დარბაზში ვერც ერთი ნაცნობი სახე ვერ დაინახა. არც დროზდი, არც ანა ევგრაფოვნა, მოკლედ, არავინ ჩანდა. მაგიდებთან სამი მთლად ერთნაირი, წვერგაპარსული კაცი იჯდა. მავთულზე ჩამწკრივებულ ყვავებს კი არა, ალექსეი მიხაილოვიჩის სამ შევარდენს ჰგავდნენ. ღია ნაცრისფერი კუბოკრული კოსტიუმები ეცვათ. იქვე იყო ერთი ახალგაზრდა ქალი, მეოცნებე თვალები რომ ჰქონდა და ბრილიანტის საყურე ეკეთა. ახალგაზრდა კაცებს კოროტკოვისთვის ოდნავი ყურადღებაც არ მიუქცევიათ, დავთრებში კალმების წრიპინი არ შეუწყვეტიათ, ხოლო ქალმა თვალები მოჭუტა და ისე შეხედა. როცა დაბნეულმა კოროტკოვმა პასუხად გაუღიმა, ქალმა მედიდურად გაიღიმა და პირი მიიბრუნა. „უცნაურია“, – გაიფიქრა კოროტკოვმა, ზღურბლზე წაიბორძიკა და კანცელარიიდან გავიდა.       თავისი ოთახის კართან შეყოყმანდა, ოხვრით შეხედა იმ ადგილს, სადაც მოჩანდა ძველი, საამური წარწერა: „საქმისმწარმოებელი“, კარი შეაღო და შევიდა. უმალ თვალთ დაუბნელდა და ფეხქვეშ იატაკი ოდნავ შეერყა. კოროტკოვის მაგიდას თვით კალსონიერი უჯდა, იდაყვები გაეფარჩხა და კალამს გააფთრებით აწრიპინებდა, მკერდს გოფრირებული, მბზინვარე წვერი უფარავდა. კოროტკოვი მწვანე მაუდისკენ დახრილ პრიალა მელოტ თავს სულშეგუბებული დააცქერდა. მდუმარება კალსონიერმა დაარღვია.       – ამხანაგო, რა გნებავთ? – ფალცეტით თავაზიანად ჩაიღუღუნა მან.       კოროტკოვმა ტუჩები ცახცახით გაილოკა, ვიწრო მკერდში ჰაერი ბლომად ჩაიგუბა და ძლივსგასაგონი ხმით თქვა:       – ჰმ... მე, ამხანაგო, აქაური საქმისმწარმოებელი ვარ... ესე იგი... ბრძანება თუ გახსოვთ...       კალსონიერს სახის ზედა ნაწილი განცვიფრებამ შეუცვალა. ქერა წარბები აეზიდა და შუბლი გარმონივით ჩაეკეცა.       – უკაცრავად, – ზრდილობიანად უპასუხა მან, – აქაური საქმისმწარმოებელი მე გახლავართ.       კოროტკოვი დროებით დამუნჯდა. სიმუნჯემ როცა გაუარა, მერე წარმოთქვა:       – რანაირად? გუშინ ხომ... ოჰ, დიახ. ბოდიში, გეთაყვა, მგონი, შემეშალა. ბოდიში.       იგი ოთახიდან უკუსვლით გავიდა და დერეფანში საკუთარ თავს ჩახლეჩილი ხმით უთხრა, – კოროტკოვო, გაიხსენე, დღეს რა რიცხვია?       მერე თავადვე უპასუხა:       – სამშაბათი, ანუ პარასკევი, ათას ცხრაასი...       კოროტკოვი შეტრიალდა. იმავე წამს ადამიანის სპილოსძვლისებურ სფეროზე დერეფნის ორმა ნათურამ გაიბრწყინა და მთელი ქვეყნიერება კალსონიერის გაპარსულმა სახემ დაფარა.       – კარგი! – დაიგრგვინა ტაშტმა და კოროტკოვს კრუნჩხვა დაეუფლა, – მე გელით. დიდებულია. მოხარული ვარ, რომ გაგიცანით.       ეს თქვა, კოროტკოვს მიუახლოვდა, ხელი ჩამოართვა და ისე მოუჭირა, რომ იგი ცალ ფეხზე წამოიჭიმა სახურავზე მდგარ ყანჩასავით.       – შტატი გავანაწილე, – სწრაფად, მჭახედ, მედიდურად წამოიწყო კალსონიერმა, – სამნი იქ არიან, – მიუთითა კანცელარიის კარისკენ, – რა თქმა უნდა, მანეჩკაც. თქვენ ჩემი თანაშემწე ხართ. კალსონიერი საქმისმწარმოებელია. ძველები ყველანი გავრეკე. იდიოტი პანტელეიმონიც. შევიტყვე, რომ „ალპურ ვარდში“ ლაქიად ნამყოფია. მე ახლა განყოფილებაში გავიქცევი, ამასობაში კი თქვენ და კალსონიერმა მიმართვები დაწერეთ ყველას თაობაზე; განსაკუთრებით იმაზე, რა ჰქვია... კოროტკოვზე. ჰო, მართლა, ცოტათი იმ არამზადას ჰგავხართ, ოღონდ იმას თვალი აქვს ჩალურჯებული.       – მე, არა, – თქვა დაბარბაცებულმა, ყბაჩამოვარდნილმა კოროტკოვმა, – არამზადა არ ვარ. ყველა საბუთი მომპარეს. უკლებლივ.       – ყველა? – წამოიყვირა კალსონიერმა, – ეგ არაფერი. უმჯობესიცაა.       იგი სულშეხუთულ კოროტკოვს მკლავში ჩააფრინდა, დერეფანი ჩაარბენინა, სანუკვარ კაბინეტში შეათრია, ტყავის ფუმფულა სკამზე მიაგდო და თავად მაგიდას მიუჯდა. კოროტკოვი ფეხქვეშ იატაკის უცნაურ რყევას კიდევ გრძნობდა, მოიბღუნძა, თვალები დახუჭა და აბუტბუტდა: „ოცში ორშაბათი იყო, მაშასადამე, სამშაბათს ოცდაერთია. არა. რას ვამბობთ? ოცდაერთი წელია. გასული ნომერი 0.15, ხელის მოწერის ადგილი ტირე ვარფოლომეი კოროტკოვი. მაშასადამე – მე. სამშაბათი, ოთხშაბათი, ხუთშაბათი, პარასკევი, შაბათი, კვირა, ორშაბათი. ორშაბათი ოთხშაბათივით „ო“-თი იწყება. პარასკევი... პარას... სამშაბათივით „ს“ ურევია.       კალსონიერმა ქაღალდზე კალამი სწრაფად ჩააფხაჭუნა, ბეჭედი დაჰკრა და ქაღალდი კოროტკოვს შეაჩეჩა. იმავე წამს ტელეფონი გაშმაგებით აღრიალდა. კალსონიერმა ყურმილს ხელი დასტაცა და შიგ ჩაჰყვირა:       – დიახ! ასე. ასე. ამწუთას მოვდივარ.       იგი საკიდისკენ გაექანა, ქუდი ჩამოგლიჯა, მელოტ თავზე ჩამოიფხატა, კარს მიღმა გაუჩინარდა და კოროტკოვს გამოსძახა:       – კალსონიერთან მომიცადეთ.       კოროტკოვმა როცა შტამპიან ქაღალდზე ნაწერი წაიკითხა, თვალებზე ბინდი გადაეფარა.       „ამის წარმომდგენი ნამდვილად გახლავთ ჩემი თანაშემწე ამხ. ვასილი პავლოვიჩ კოლობკოვი, რაც ნამდვილად სწორია. კალსონიერი“.       – ო-ო! – ამოიგმინა კოროტკოვმა, ქაღალდი და ქუდი იატაკზე დაუცვივდა, – ეს რა ამბავია?       იმავე წუთს კარი აჭრიალდა და კალსონიერი წვეროსანი დაბრუნდა.       – კალსონიერი უკვე გავარდა? – წვრილი ხმით ალერსიანად ჰკითხა მან კოროტკოვს.       ირგვლივ შუქი ჩაინისლა.       – ა-ა-ა-ა-ა... – ტანჯვას ვეღარ გაუძლო და ამოიბღავლა კოროტკოვმა, კალსონიერს გადარეული მიეჭრა და კბილები გააელვა. კალსონიერს სახეზე ძრწოლა აღებეჭდა, ერთბაშად გაყვითლდა. კარს ზურგით მიაწვა, ბრაგუნით გააღო, დერეფანში გავარდა, თავი ვეღარ შეიკავა და ჩაცუცქდა, მაგრამ უმალ წამოხტა და ყვირილით გაიქცა:       – შიკრიკო! შიკრიკო! მიშველეთ!       – გაჩერდით. გაჩერდით. გთხოვთ, ამხანაგო... – აყვირდა გონს მოსული კოროტკოვი და გაქცეულს გაეკიდა.       კანცელარიაში რაღაც აგრიალდა. შევარდნები გამალებულნი წამოიშალნენ. მანქანასთან მჯდარ ქალს მეოცნებე თვალები აუბრიალდა.       – ტყვიას დაგახლი! ტყვიას დაგახლი! – გაისმა მისი ისტერიკული კივილი.       კალსონიერი პირველი გაიჭრა ვესტიბიულში, სადაც ორგანი იდგა, წამით შეჩერდა, ფიქრობდა, საით გაქცეულიყო, მერე ადგილს მოსწყდა, კუთხე მოჭრა და ორგანის მიღმა გაუჩინარდა. კოროტკოვი გამოედევნა, ფეხი დაუსხლტა და მოაჯირზე თავს გაიტეხდა, ორგანის ყვითელი ფერდიდან გამოჩრილი უზარმაზარი, მოხრილი, შავი სახელური რომ არ დახვედროდა. სახელურმა კოროტკოვის პალტოს კალთა ჩაიხვია, გაწყალებული შევიოტი ხმადაბალი წრიპინით ჩაიფხრიწა და კოროტკოვი ცივ იატაკზე რბილად დაჯდა. ორგანს იქით გვერდითა გასასვლელის კარი ზრიალით გაჯახუნდა და კალსონიერი შთანთქა.       – ღმერთო ჩემო... – წამოიწყო კოროტკოვმა, მაგრამ აღარ დაუმთავრებია.       სპილენძისმილებიან, უზარმაზარ, ჩამტვრეულ ყუთში უცნაური ხმა გაისმა, თითქოს ჭიქა გატყდაო, რასაც თითქოს მუცლიდან ამომავალი ბუყბუყი, უცნაური წრიპინი და ზარების რეკვა მოჰყვა. მერე მაჟორული აკორდი აჟღერდა, მძლავრი ჭავლი დაიძრა, ორგანის შიგანში ჩაგუბებულ ბგერათა საბადო შეირხა და ყვითელი, სამიარუსიანი ყუთი ერთიანად ამღერდა.       მოსკოვს ძალუმი ხანძარი ნთქავდა...       კარის შავ კვადრატში უეცრად პანტელეიმონის ფერმკრთალი სახე გამოჩნდა. წამიც და მას მეტამორფოზა დაემართა. თვალები გამარჯვების ელვარებით გაუბრწყინდა, გაიჯგიმა, მარჯვენა ხელი მარცხენისკენ ისე გადაიქნია, თითქოს უხილავი ხელსახოცი გადაიკიდაო, ადგილს მოსწყდა და კიბეზე გვერდულად, ეტლის განაპირა ცხენივით ირიბად დაექანა, თან ხელები ისე მოამრგვალა, თითქოს ფინჯნებიანი ლანგარი მიაქვსო.       მდინარის პირას წვებოდა კვამლი...       – ეს რა ჩავიდინე? – შეძრწუნდა კოროტკოვი.       მანქანამ პირველი შეგუბებული ტალღები დაატრიალა, თანაბრად დაიძრა და ასანთმასალების უკაცრიელი დარბაზები ათასობით ლომის ღრიალითა და ზრიალით გაავსო.       და იგი კრემლის შემურულ კართან...       ღრიალ-გრიალი და ზარების რეკვა ავტომობილის სიგნალმა გაკვეთა და უმალ მთავარი შემოსასვლელიდან კალსონიერი დაბრუნდა, – წვერგაპარსული, შურისმგებელი და მრისხანე კალსონიერი. იგი კიბეზე თანაბარი ნაბიჯით მოემართებოდა ავისმომასწავებელ მოლურჯო ნათებაში. თმააყალყული კოროტკოვი გაფრთხიალდა, ორგანის იქით, გვერდითა კარიდან გასხლტა, მრუდე კიბეს ჩაუყვა, მოხრეშილ ეზოში გავარდა, შემდეგ კი ქუჩაში გაიჭრა. ისარივით მიქროდა და ყურში ჩაესმოდა, მის უკან „ალპური ვარდის“ შენობა ყრუდ როგორ გუგუნებდა.       მოჩანდა რუხი სერთუკით მდგარი...(ლექსი ნაპოლეონისადმია მიძღვნილი.)       კუთხეში მეეტლე მათრახს იქნევდა და გააფთრებით ცდილობდა, ჯაგლაგი ცხენი ადგილიდან დაეძრა!       – ღმერთო ჩემო! ღმერთო ჩემო! – გულამოსკვნით აქვითინდა კოროტკოვი, – ისევ ის არის. რა ამბავია?       ეტლის გვერდით ქვაფენილზე წვეროსანი კალსონიერი გაჩნდა, ეტლში შეხტა, მეეტლეს ზურგში მუშტები დაუშინა და თან წვრილი ხმით შეუძახა:       – გარეკე! გარეკე, შე არამზადა!       ჯაგლაგი დაიძრა, წიხლები აიქნია, მერე მათრახით ფერდებამწვარი გაიქცა და ქუჩა ბორბლების ხრიგინით გააყრუა. თვალცრემლიანმა კოროტკოვმა დაინახა, მეეტლეს გალაქული შლაპა როგორ მოსძვრა და დაგრეხილი ფულები აქეთ-იქით გაეფანტა. ბიჭები ფულებს სტვენით გაედევნენ. მეეტლე შემოტრიალდა, სადავეები გამწარებით მოზიდა, მაგრამ კალსონიერმა ზურგში მუშტები გააფთრებით დასცხო და ყვირილიც დააყოლა:       – გასწი! გასწი! მე გადაგიხდი!       მეეტლემ სასოწარკვეთით შეჰყვირა:       – ეჰ, ბატონო, თავი უნდა დავიღუპო? – ჯაგლაგი გააჭენა და ეტლი კუთხეს მიეფარა.       კოროტკოვმა თავს ზემოთ სწრაფად მქროლ ნაცრისფერ ცას ქვითინით ახედა, დაბარბაცდა და გამწარებით შეჰყვირა:       – კმარა! ამ ამბავს არ მოვეშვები! ამ კაცის ასავალ-დასავალს გამოვარკვევ, – იგი ახტა და ტრამვაის რკალს ჩამოეკიდა. რკალმა ხუთ წუთს აჯანჯღარა და ცხრასართულიან მწვანე სახლთან ჩამოაგდო. კოროტკოვმა ვესტიბიულში შეირბინა, ფიცრის ზღუდის ოთხკუთხა ხვრელში თავი შერგო და უზარმაზარ ლურჯ ჩაიდანს ჰკითხა:       – ამხანაგო, პრეტენზიების ბიურო სად არის?       – მე-8 სართული, მე-9 დერეფანი, 41-ე ბინა, ოთახი 302, – ქალის ხმით უპასუხა ჩაიდანმა.       – მე-8, მე-9, 41-ე, სამას... სამას... რამდენი... 302, – ფართო კიბეზე არბოდა და ბუტბუტებდა კოროტკოვი, – მე-8, მე-9, მე-8, სტოპ, 40... არა 42... არა, 302, – ღმუოდა იგი, – ოჰ, ღმერთო ჩემო, დამავიწყდა... ჰო მე-40, მე-40...       მე-8 სართულზე სამ კარს ჩაუარა, მეოთხეზე შავი ციფრი „40“ დაინახა და უშველებელ, ორფეროვან, სვეტებიან დარბაზში შევიდა. დარბაზის კუთხეებში ქაღალდის რულონის კოჭები ეწყო და მთელი იატაკი ნაწერი ქაღალდის ნაგლეჯებით იყო მოფენილი. შორს მოჩანდა მაგიდა, რომელზეც საბეჭდი მანქანა იდგა. მაგიდასთან მჯდარი, მუშტზე ლოყადაყრდნობილი ქალი ხმადაბლა ღიღინებდა. კოროტკოვმა დაბნეულად მიმოიხედა და დაინახა, რომ სვეტების მიღმა აღმართული ესტრადიდან მძიმე ნაბიჯებით ჩამოვიდა თეთრკუნტუშიანი კაცი. მარმარილოსებურ სახეზე ჩამოგრძელებული ჭაღარა ულვაში მოუჩანდა. არაჩვეულებრივად თავაზიანი, ოღონდ უსიცოცხლო, ცივი ღიმილი ეფინა. კოროტკოვს მიუახლოვდა, ხელი ნაზად ჩამოართვა, ქუსლი ქუსლს მიარტყა და უთხრა:       – იან სობესკი( აქ გათამაშებულია დამთხვევა პოლონელი მხედართმთავრის, იან სომესკის (1629-1696) გვარისა და რუსული აბრევიატურისა „Собес“ (Социальное Обеспечение) – სოცუზრუნველყოფა.).       – შეუძლებელია... – უპასუხა განცვიფრებულმა კოროტკოვმა.       კაცმა სასიამოვნოდ გაიღიმა.       – რომ იცოდეთ, ბევრს უკვირს, – თქვა მან ენის ბორძიკით, – მაგრამ არ იფიქროთ, ამხანაგო, რომ იმ ბანდიტთან რაიმე საერთო მაქვს. ოჰ, არა. სამწუხარო დამთხვევაა და მეტი არაფერი. უკვე შევიტანე განცხადება, რომ ახალი გვარი – სოცვოსსკი(გვარი ნაწარმოებია აბრევიატურიდან „соцвос“ (Социалистическое Воспитание) – სოციალისტური აღზრდა.) დამიმტკიცონ. ეს ბევრად ლამაზია და არც ისე სახიფათოა. თუმცა, თუ არ მოგწონთ, – კაცმა ტუჩები განაწყენებით დაბრიცა, – ძალას არ გატანთ. ხალხს ყოველთვის მოვნახავთ. ჩვენ სანთლით დაგვეძებენ.       – რას ბრძანებთ, – მწუხარედ შესძახა კოროტკოვმა, იგრძნო, რომ აქაც უცნაური რაღაც იწყებოდა. დაფეთებულმა მიმოიხედა, ეშინოდა, საიდანმე გაპარსული სახე და კვერცხივით მოტვლეპილი თავი არ გამოჩნდესო. მერე ენის ბორძიკით დაუმატა, – მოხარული ვარ, დიახ, დიდად მოხარული...       კაცს მარმარილოსებური სახე ოდნავ წამოუწითლდა. კოროტკოვს მკლავზე ხელი ნაზად მოჰკიდა, მაგიდისკენ წაიყვანა, თანაც საუბარი გაუბა:       – მეც დიდად მიხარია, მაგრამ ისეთ დღეში ვართ, არ ვიცი, სად დაგსვათ. ჩვენი მნიშვნელობის მიუხედავად ბაკში გვამყოფებენ (კაცმა ხელი ქაღალდის კოჭებისკენ გაიქნია). ინტრიგები... მაგრამ ჩვენ მუშაობას გავაჩაღებთ, დარდი ნუ გექნებათ... ჰმ... ახალს რას შემოგვთავაზებთ? – ალერსიანად ჰკითხა მან ფერმიხდილ კოროტკოვს, – ოჰ, უკაცრავად, ათასგზის ბოდიშს გიხდით, ნება მიბოძეთ, გაგაცნოთ, – თეთრი ხელი საბეჭდი მანქანისკენ მოხდენილად გაიწოდა, – გენრიეტა პატაპოვნა პერსიმფანსი(გვარისთვის გამოყენებულია აბრევიატურა „Персимфанс“ (Первый Симфонический Ансамбль)).       ქალმა კოროტკოვს ხელი უმალ ჩამოართვა ცივი ხელით და მიბნედილად შეხედა.       – მაშ ასე, – ტკბილად განაგრძობდა მასპინძელი, – რით გაგვახარებთ? ფელეტონით? ნარკვევით? – თეთრი თვალები გადაკარკლა და განაგრძო, – ვერ წარმოიდგენთ, როგორ გვჭირდება.       „ღმერთო ჩემო... რა ამბავია?“ – გაიფიქრა გონებადაბინდულმა კოროტკოვმა და მერე გამალებით ალაპარაკდა, სულს ძლივს ითქვამდა:       – მე... ე... საშინელება დამემართა. იგი... ვერ გამიგია. თუ ღმერთი გწამთ, არ გეგონოთ, რომ ეს ჰალუცინაციაა... ჰმ... ხა-ხა... (კოროტკოვი შეეცადა, ხელოვნურად გაეცინა, მაგრამ ვერ მოახერხა). იგი ცოცხალია. გარწმუნებთ... მაგრამ ვერაფერს მივმხვდარვარ. ხან წვერიანია, ერთი წუთის მერე კი უწვეროა. ვერაფერი გამიგია... ხმასაც იცვლის... ამას გარდა, ყველა საბუთი უკლებლივ მომპარეს. სახლმმართველი კი, თითქოს ჯიბრზე, მოკვდა. ეს კალსონიერი...       – ხომ ვიცოდი, – შეჰყვირა მასპინძელმა, – მაშ ვინ იქნებოდნენ?       – ოჰ, ღმერთო ჩემო, რა თქმა უნდა, – გამოეპასუხა ქალი, – ოჰ, ეს საშინელი კალსონიერები...       – იცით, რა, – შეაწყვეტინა აღელვებულმა მასპინძელმა, – იატაკზე მის გამო ვზივარ. აი, ნახეთ. ჟურნალისტიკისა რა გაეგება?.. – მასპინძელი კოროტკოვს ღილზე ჩაეჭიდა, – კეთილინებეთ და მითხარით, რა გაეგება? აქ ორ დღეს დაყო და მთლად გამაწამა. მაგრამ, წარმოიდგინეთ, ბედნიერება მეწვია. ფიოდორ ვასილიევიჩთან მივედი და როგორც იქნა, მოგვაშორა. საკითხი მწვავედ დავუსვი: ან მე, ან ის-მეთქი. სადღაც ასანთმასალებში თუ ჯანდაბაში გადაიყვანეს. ქექოს ახლა ის მყრალი ასანთები! მაგრამ ავეჯის, ავეჯის გადატანა მოასწრო იმ წყეულ ბიუროში. მთლიანად. როგორი ამბავია? მითხარით ერთი, რაღაზე ვწერო? თქვენ რაზე უნდა წეროთ? რადგან ეჭვიც არ მეპარება, ჩვენი იქნებით, ძვირფასო (მასპინძელი კოროტკოვს მოეხვია). ატლასის მშვენიერ ავეჯს იმ არამზადამ სულელურ ბიუროში უკრა თავი, თუმცაღა, იმ ბიუროს, სულერთია, ხვალ დახურავენ, ჭირსაც წაუღია.       – რომელ ბიუროზე ამბობთ? – ყრუ ხმით ჰკითხა კოროტკოვმა.       – ოჰ, პრეტენზიებისაა თუ რაღაცისა, – გულჯავრიანად თქვა მასპინძელმა.       – რაო? – შესძახა კოროტკოვმა, – რაო? სად არის ის ბიურო?       – იქ, – უპასუხა გაოცებულმა მასპინძელმა და იატაკისკენ მიუთითა.       კოროტკოვმა შეშლილი თვალები თეთრ კუნტუშს(მამაკაცის უკრაინული ტანსაცმელი) უკანასკნელად შეავლო და ერთი წუთის შემდეგ დერეფანში გაჩნდა. ცოტა ხანს დაფიქრდა და ქვემოთ ჩასასვლელი კიბის საძებნელად მარცხნივ გაიქცა. მიხვეულ-მოხვეულ დერეფანში ხუთ წუთს გარბოდა, ხუთი წუთის მერე კი იმავე ადგილას აღმოჩნდა, საიდანაც გაიქცა. კარი №40.       – ფუ, ეშმაკს! – შეჰყვირა კოროტკოვმა, ფეხები ააბაკუნა, მარჯვნივ გაიქცა და 5 წუთის შემდეგ იქვე მივიდა. №40. კარი სწრაფად შეაღო, დარბაზში შევიდა და ნახა, რომ იქაურობა დაცარიელებულიყო. მხოლოდ მაგიდაზე მდგარი საბეჭდი მანქანა თეთრი კბილებით მდუმარედ უღიმოდა. კოლონადასთან მიირბინა და მასპინძელი დაინახა. იგი კვარცხლბეკზე იდგა, აღარ იღიმებოდა, სახე განაწყენებული ჰქონდა.       – ბოდიში, რომ ვერ დაგემშვიდობეთ... – წამოიწყო კოროტკოვმა და გაჩუმდა..       მასპინძელს ყური და ცხვირი აღარ ჰქონდა, მარცხენა ხელიც მოსტეხოდა. სისხლგაყინულმა კოროტკოვმა უკან დაიხია და კვლავ დერეფანში გავარდა. უეცრად მოპირდაპირე მხარეს უჩინარი კარი გაიხსნა და იქიდან სახედანაოჭებული, ყავისფერი დედაკაცი გამოვიდა. მხრეულზე ცარიელი ვედროები ეკიდა.       – დედაკაცო! დედაკაცო! – შეშფოთებით შეჰყვირა კოროტკოვმა, – ბიურო სად არის?       – არ ვიცი, ბატონო, არ ვიცი, მწყალობელო, – უპასუხა დედაკაცმა, – ტყუილად ნუ დარბიხარ, ჩემო კარგო, მაინც ვერ იპოვი. ვერაფერს გახდები – ათი სართულია.       – უ-უჰ, შე სულელო, – კბილებშუა ჩაიღმუვლა კოროტკოვმა და კარს იქით შევარდა. კარი მის უკან მიჯახუნდა და კოროტკოვი ნახევრად ჩაბნელებულ სივრცეში აღმოჩნდა, რომელსაც გასასვლელი არსაით ჰქონდა. იგი შახტში მომწყვდეულივით გაქანდ-გამოქანდა, კედლებს კაწრავდა, ბოლოს თეთრ ლაქას წააწყდა, იქიდან რომელიღაც კიბეზე გავარდა და ქვემოთ ბრაგაბრუგით დაეშვა. ამ დროს ფეხის ხმა გაიგონა. ვიღაცა ქვემოდან ამოდიოდა. კოროტკოვმა მოუსვენრობა იგრძნო, გული სევდიანად შეეკუმშა და შეჩერდა. წამიც და პრიალა ქუდი, ნაცრისფერი სასაბნე ქსოვილი და გრძელი წვერი გამოჩნდა. კოროტკოვი დაბარბაცდა და მოაჯირს ჩაებღაუჭა. ქვემოდან მომავალმა და კოროტკოვმა ერთმანეთს ერთდროულად შეხედეს, ორივენი შეშინდნენ და წვრილი ხმით აყვირდნენ. კოროტკოვი უკუსვლით ზემოთკენ გაემართა, უსაშველო შიშით გათანგული კალსონიერი ქვემოთ დაეშვა.       – მოიცადეთ, – დაიხრიალა კოროტკოვმა, – ერთი წუთით... მხოლოდ განმიმარტეთ...       – მიშველეთ! – დაიღრიალა კალსონიერმა, წვრილი ხმის ნაცვლად პირვანდელი სპილენძისებური ბანი დაუბრუნდა. ფეხი დაუცდა, უკან გადავარდა და კეფით ბრაგვანი მოადინა. დაცემას ამაოდ არ ჩაუვლია. კალსონიერი ფოსფორისთვალებიან შავ კატად გადაიქცა, კიბე უკანვე აირბინა, ბაქანი ელვისებურად გადაჭრა, გორგალივით შეიკუმშა, ფანჯრის რაფაზე შეხტა და აბლაბუდით დაფარულ, ჩატეხილ მინაში გაუჩინარდა. კოროტკოვს ტვინზე თეთრი საბურველი წამით გადაეფარა, მაგრამ უმალ გადაეწმინდა და გონება არაჩვეულებრივად გაუნათდა.       – ახლა ყველაფერი გასაგებია, – ჩაიჩურჩულა კოროტკოვმა და წყნარად გაიცინა, – დიახ, მივხვდი. კატები! ყველაფერი გასაგებია. კატები.       იგი სულ უფრო და უფრო ხმამაღლა იცინოდა, სანამ კიბე მთლიანად გუგუნით არ გააყრუა. VIII - მეორე ღამე       ბაიკის საწოლზე ბინდბუნდში მჯდარმა ამხანაგმა კოროტკოვმა სამი ბოთლი ღვინო დალია, რათა ყველაფერი დაევიწყებინა და დამშვიდებულიყო. თავი ახლა ერთიანად სტკიოდა; მარჯვენა და მარცხენა საფეთქელი, კეფა და ქუთუთოებიც კი. კუჭის ფუძიდან მღვრიე ლექი დაეძრა, შიგანში ტალღებად დაუტრიალდა და ორჯერ ტაშტში აღებინა.       – ახლა ასე მოვიქცევი, – ხმადაბლა ჩურჩულებდა თავჩაკიდებული კოროტკოვი, – ხვალ შევეცდები, რომ მას არ შევხვდე, მაგრამ რადგანაც ყველგან ტრიალებს, ამიტომ მოვიცდი. ან შესახვევში, ან ჩიხში მოვიცდი. ის გვერდზე ჩაივლის. თუ გამომეკიდება, მაშინ გავექცევი. ჰოდა, ჩამომეხსნება, შენი გზით იარეო. აღარც ასანთმასალებში მუშაობა მინდა. ღმერთმა ხელი მოგიმართოს. თუნდ გამგე იყავი და თუნდ საქმისმწარმოებელი. აღარც ტრამვაის ფული მინდა. ისედაც გავძლებ როგორმე, ოღონდაც თავი დამანებონ. კატა ხარ თუ არა ხარ, წვერიანი ხარ თუ უწვერო, შენთვის იყავი, ხოლო მე ჩემთვის ვიქნები. სხვა ადგილს მოვძებნი და წყნარად, მშვიდად ვიმსახურებ. არავის არაფერს დავუშავებ და ნურც მე დამიშავებენ. არც ჩივილს დავიწყებ სადმე. ხვალ საბუთებს მოვიწესრიგებ და ამით დავასრულებ...       შორს საათის რეკვა ყრუდ გაისმა. ბამ... ბამ... „პესტუხინებთანაა“, – გაიფიქრა კოროტკოვმა და თვლას შეუდგა, – ათი... თერთმეტი... შუაღამე, 13, 14, 15... 40...       – საათმა ორმოცჯერ დარეკა, – მწარედ ჩაიცინა კოროტკოვმა და კვლავ ატირდა. მერე საეკლესიო ღვინო კრუნჩხვით ამოარწყია.       – ოჰ, რა მაგარი ღვინოა, – ამოიგმინა კოროტკოვმა და ბალიშს კვნესით მიესვენა. ორი საათი გავიდა. ჩაუქრობელი ნათურა ფერმიხდილ სახესა და ბალიშზე მიმოშლილ თმას ანათებდა. IX - შემზარავი მანქანები       შემოდგომის მქრქალი დღე კოროტკოვს უცნაურად შეხვდა. იგი კიბეზე აქეთ-იქით მფრთხალად იყურებოდა. მე-8 სართულზე ავიდა, ალალბედზე მარჯვნივ შეუხვია და გული სიხარულით აუჩქროლდა. კედელზე გამოსახული ხელი მიუთითებდა წარწერაზე – „302-349 ოთახები“. მხსნელი ხელის საჩვენებელი თითის მიმართულებას მიჰყვა და იმ კარამდე მიაღწია, რომელზეც ეწერა: „302 – პრეტენზიების ბიურო“. შიგნით ფრთხილად შეიხედა, რომ არასასურველ ვინმეს არ გადაჰყროდა, ოთახში შევიდა და საბეჭდ მანქანებთან მსხდარი ქალების წინაშე აღმოჩნდა. ცოტა ხანს შეყოყმანდა, მერე შვიდთაგან განაპირას მყოფ შავგვრემან, ფერმკრთალ ქალთან მივიდა და რაღაცის თქმა დააპირა, მაგრამ შავგვრემანმა ქალმა უეცრად შეაწყვეტინა. ყველა ქალმა მზერა კოროტკოვს მიაპყრო.       – დერეფანში გავიდეთ, – მკვეთრად უთხრა კოროტკოვს ფერმკრთალმა ქალმა და ათრთოლებული ხელით თმა შეისწორა.       „ღმერთო ჩემო, კვლავ რაღაც დაიწყო...“ – სევდიანად გაუკრთა გონებაში კოროტკოვს, მძიმედ ამოიოხრა და ქალს დაემორჩილა. ოთახში დარჩენილი ექვსი ქალი მღელვარედ აჩურჩულდა.       შავგვრემანმა ქალმა კოროტკოვი გარეთ გაიყვანა და ნახევრად ჩაბნელებულ დერეფანში უთხრა:       – საშინელი ვინმე ხართ... თქვენ გამო მთელი ღამე არ მიძინია და გადავწყვიტე. იყოს ნება თქვენი. დაგნებდებით.       კოროტკოვმა უზარმაზარ თვალებსა და შროშანის სუნის მფრქვეველ შავგვრემან სახეს შეხედა, ყელიდან რაღაცნაირი ხმა აღმოხდა, მაგრამ არაფერი უთქვამს. ქალმა თავი უკან გადაიქნია, კბილები გაწამებით დაკრიჭა, კოროტკოვს მკლავებში ხელები ჩასჭიდა, თავისკენ მიიზიდა და აჩურჩულდა:       – მაცდუნებელო, რას დუმხარ? სიმამაცით დამიმორჩილე, გრძნეულო. მაკოცე, ჩქარა მაკოცე, სანამ საკონტროლო კომისიიდან არავინ გამოჩენილა.       კოროტკოვს კვლავ უცნაური ბგერა აღმოხდა, დაბარბაცდა, ტუჩებზე რაღაც ტკბილი და რბილი იგრძნო, თვალთა უზარმაზარი გუგები თვალებთან აუელვარდა.       – დაგნებდები... – გაისმა ჩურჩული კოროტკოვის პირთან ახლოს.       – არ მინდა, – ჩახრინწული ხმით უპასუხა კოროტკოვმა, – მე საბუთები მომპარეს.       – ჰო-ო, – უეცრად გაისმა უკან.       კოროტკოვმა მიიხედა და ლუსტრინისპიჯაკიანი ბერიკაცი დაინახა.       – ო-ოჰ! – შესძახა შავგვრემანმა ქალმა, სახეზე ხელები აიფარა და ოთახში შეირბინა.       – ჰი, – თქვა ბერიკაცმა, – ბარაქალა. ყველგან თქვენ უნდა დამხვდეთ, ბატონო კოლობკოვო. ძალიან მარჯვე ხართ. რამდენი კოცნაც უნდა დახარჯოთ, მივლინება მაინც არ გერგებათ. მე მომცეს, ბერიკაცს, და მე წავალ, დიახ.       ეს თქვა და კოროტკოვს ხმელი ხელით ბრაწი აჩვენა.       – თქვენ თაობაზე განცხადებას კი უსათუოდ შევიტან, – ბრაზიანად განაგრძო ლუსტრინისპიჯაკიანმა, – დი-ახ. მთავარ განყოფილებაში სამი ხომ გააბახეთ. ახლა ქვეგანყოფილებასაც უწიეთ? იმათი ანგელოზები ახლა რომ ტირიან, თქვენთვის სულერთია? საბრალო გოგოები ახლა წუხან, მაგრამ გვიანღაა. ქალწულობას ვეღარ დაიბრუნებენ. ვეღარ, – ბერიკაცმა ნარინჯისფერი თაიგულებით მოჩითული დიდი ცხვირსახოცი ამოიღო, წაუტირა და ცხვირი მოიხოცა, – ბერიკაცს ნამცეცები გინდათ წაგლიჯოთ, ბატონო კოლობკოვო? კარგი... – ბერიკაცი აცახცახდა და აქვითინდა, პორტფელი ხელიდან გაუვარდა, – წაიღეთ, ჭამეთ, უპარტიო, თანამგრძნობი ბერიკაცი თუნდაც შიმშილით მოკვდეს... მერე რა. ჯანდაბამდე გზა ჰქონია ბებერ ქოფაკს, მაგრამ უწყოდეთ, ბატონო კოლობკოვო, – ბერიკაცს ხმა წინასწარმეტყველივით მრისხანე გაუხდა და ზარივით აუგუგუნდა, – ეშმაკეული ფულები არ შეგერგებათ, ყელში გაგეჩხირებათ, – თქვა ეს და მწარედ აქვითინდა.       კოროტკოვს ისტერიკა დაეუფლა. უეცრად, თავისთვისაც მოულოდნელად, ფეხები ააბრაგუნა.       – ეშმაკსაც წაუღიხართ! – გამწივანად დაიყვირა და მისი ავადმყოფური ხმა თაღებში დაირხა, – მე კოლობკოვი არა ვარ. მომწყდი თავიდან! კოლობკოვი არა ვარ – არ მივდივარ! არ მივდივარ!       კოროტკოვმა საყელო ჩამოიგლიჯა.       ბერიკაცს ცრემლი უმალ შეაშრა, შიშისგან აცახცახდა.       – შემდეგი! – მოისმა კარს იქიდან. კოროტკოვი გაჩუმდა, შიგნით შევარდა, მარცხნივ გაუხვია, საბეჭდი მანქანები უკან მოიტოვა და ბრგე, მოხდენილი, ლურჯკოსტიუმიანი ქერა კაცის წინაშე აღმოჩნდა. მან კოროტკოვს თავი დაუქნია და უთხრა:       – მოკლედ, ამხანაგო. ერთბაშად. უცბად. პოლტავა თუ ირკუტსკი?       – საბუთები მომპარეს, – უპასუხა გატანჯულმა კოროტკოვმა და ველურად მიმოიხედა, – კატაც დამემატა. უფლება არ აქვს. ჩემს დღეში არ მიჩხუბია, ასანთმა მიქნა. დევნის უფლება არა აქვს. მერე რა, რომ კალსონიერია. საბუთები მომპარა...       – ეგ სისულელეა, – უპასუხა ლურჯკოსტიუმიანმა, – ტანსაცმელს მოგცემთ, პერანგებსაც და ზეწრებსაც. თუ ირკუტსკში წახვალთ, ნახმარ ქურქსაც მიიღებთ. მოკლედ...       – სერგეი ნიკოლაევიჩ, გთხოვთ.       იფნის უჯრიდან უმალ გამოჩნდა დავარცხნილი, სელისფერთმიანი თავი და ლურჯი, მკვირცხლი თვალები, თავს მოჰყვა გველისებური, გაკლაკნილი კისერი, გატკაცუნდა გახამებული საყელო, გამოჩნდა პიჯაკი, ხელები, შარვალი და ერთი წამის შემდეგ მდივანი მთლიანად გამოსხლტა ლურჯ მაუდზე, თანაც, – დილა მშვიდობისაო, – დაიწრიპინა. ტანი წყლიდან ამოსული ძაღლივით დაიფერთხა, ძირს ჩახტა, მანჟეტები პიჯაკის მაჯებზე ღრმად ჩაიწია, ჯიბიდან პატენტიანი კალამი ამოიღო და უმალ წერას შეუდგა.       კოროტკოვმა უკან დაიხია, ხელი წინ გაიშვირა და ლურჯკოსტიუმიანს საწყალობლად უთხრა:       – ნახეთ, ნახეთ, მაგიდიდან ამოძვრა. ეს რა ამბავია?       – რა თქმა უნდა, ამოძვრა, – უპასუხა ლურჯკოსტიუმიანმა, – მაშ მთელ დღეს შიგ ხომ არ იქნებოდა. დროა. დრო. ქრონომეტრაჟი.       – როგორ? რანაირად? – დაიწივლა კოროტკოვმა.       – ოჰ? ღმერთო ჩემო, – აღელდა ლურჯკოსტიუმიანი, – ნუ მაყოვნებთ, ამხანაგო.       შავგვრემანმა ქალმა კარში თავი შემოყო და გახარებულმა აღელვებით შეჰყვირა:       – მაგისი საბუთები უკვე პოლტავაში გავგზავნე. მეც მაგასთან ერთად მივდივარ. პოლტავაში დეიდა მყავს განედის 43-ე გრადუსსა და გრძედის მე-5 გრადუსზე.       – არ მინდა! – შეჰყვირა კოროტკოვმა და თვალები დააცეცა, – ეგ დანებებას მოინდომებს, რასაც ვერ ვიტან. არ მინდა. საბუთები დამიბრუნეთ. პატიოსანი გვარი აღმიდგინეთ!       – ამხანაგო, ქორწინების განყოფილებას მიაკითხეთ, – აწრიპინდა მდივანი, – ჩვენ არაფერი შეგვიძლია.       – ოჰ, შე სულელო! – შესძახა შავგვრემანმა ქალმა და კვლავ შემოიხედა, – დათანხმდი! დათანხმდი! – ჩურჩულებდა იგი სუფლიორივით, ხან მიიმალებოდა, ხან კვლავ გამოჩნდებოდა.       – ამხანაგო! – აქვითინდა კოროტკოვი და სახე ცრემლებით მოერწყა, – ამხანაგო! გემუდარები, საბუთები მომეცი. ქენი სიკეთე. მთელი სულითა და გულით გთხოვ. ჰოდა, მონასტერში წავალ.       – ამხანაგო! ისტერიკას მოეშვით. კონკრეტულად და აბსტრაქტულად ჩამოაყალიბეთ წერილობით და ზეპირად, დროულად და საიდუმლოდ – პოლტავა თუ ირკუტსკი? მოუცლელ კაცს დროს ნუ მაკარგვინებთ! დერეფნებში არ იაროთ! არ დააფურთხოთ! არ მოსწიოთ! ფულის დახურდავება არ დააბრკოლოთ! – დაიგრგვინა მოთმინებადაკარგულმა ქერა კაცმა.       – ხელის ჩამორთმევა გაუქმებულია! – წამოიყივლა მდივანმა.       – ხვევნას გაუმარჯოს! – ვნებიანად ჩაიჩურჩულა შავგვრემანმა ქალმა, ოთახში ნიავივით ჩაიქროლა და კოროტკოვს კისერზე შროშანის სურნელება დააფრქვია.       – მეცამეტე მცნებაში ნათქვამია: მოყვასთან დაუკითხავად ნუ შეხვალ, – ჩაიჩიფჩიფა ლუსტრინისპიჯაკიანმა, ჰაერში გადაიფრინა და მოსასხამის კალთები გადააფრიალა... – მე არც შემოვდივარ, არც შემოვდივარ, ქაღალდებს კი მაინც ჩამოგიყრით. აი, ასე, ფრი!.. თუნდაც ერთს მოაწერ ხელს და განსასჯელის სკამზე დაჯდები, – მან განიერი შავი სახელოდან თეთრი ფურცლების დასტა გამოაგდო და ფურცლები მაგიდებს ისე მოეფინნენ, როგორც თოლიები სანაპიროს კლდეებს.       ოთახში ბინდი შემოიჭრა და ფანჯრები შეზანზარდა.       – ამხანაგო ქერათმიანო! – ტიროდა განაწამები კოროტკოვი, – აქვე დამხვრიტე, ოღონდაც რაიმე საბუთი მომეცი. ხელებს დაგიკოცნი.       ბინდბუნდში ქერათმიანი თანდათან იბერებოდა და იზრდებოდა, თანაც ფურცლებს ხელს განუწყვეტლივ აწერდა და მდივანს უყრიდა, ხოლო ის სიხარულის გამომხატველი დუდღუნით იჭერდა.       – ჭირსაც წაუღია! – დაიგრგვინა ქერათმიანმა, – ჭირსაც წაუღია. ჰეი, მემანქანეებო!       მან უზარმაზარი ხელი დაიქნია, კოროტკოვის თვალწინ კედელი გააპო და მაგიდებზე ჩამწკრივებულმა საბეჭდმა მანქანებმა ზარების წკარუნით ფოქსტროტი ააჟღერეს. ოცდაათი ქალი მაგიდების ირგვლივ ზარ-ზეიმით დატრიალდა; თეძოებს არხევდნენ, მხრებს ავხორცულად იქნევდნენ, კრემისფერი ფეხებით თეთრ ქაფს აქეთიქით ისროდნენ.       მანქანების ხახებში თეთრი ფურცლები გველებივით შესრიალდნენ და დახვევა, დაპობა, გადაკერება იწყეს. ამოსხლტნენ იისფერლამპასებიანი თეთრი შარვლები: „ამის წარმომდგენი არის ნამდვილად წარმომდგენი და არა ვიღაც ვიგინდარა“.       – ჩაიცვი! – ბურუსში დაიგრგვინა ქერათმიანმა.       – უ-უ-უ-უ, – წვრილი ხმით აყმუვლდა კოროტკოვი და ქერათმიანის მაგიდას თავის რახუნი დაუწყო. თავი ერთი წამით დაუამდა და ვიღაცის ცრემლიანი სახე თვალწინ გაუკრთა.       – ვალერიანი! – იყვირა ვიღაცამ ჭერზე.       მოსასხამი შუქს შავი ფრინველივით ჩამოეფარა და ბერიკაცი მღელვარედ აჩურჩულდა:       – ახლა საშველი ესღაა, – დირკინისკენ, მეხუთე განყოფილებაში. მალე! მალე!       ეთერის სუნი დადგა, მერე ვიღაცამ კოროტკოვს ხელი ნაზად მოჰკიდა და ნახევრად ჩაბნელებულ დერეფანში გაიყვანა. მოსასხამი გარს ეხვეოდა, წინ მიაქანებდა და თან ხითხითით ეჩურჩულებოდა:       – ამათ კარგი ოინი ვუყავი: მაგიდებზე ისეთი რამ დავუყარე, თითოეულს სულ ცოტა ხუთი წელი და ბრძოლის ველზე დამარცხება ერგება. მალე! მალე!       მოსასხამი განზე გაფრიალდა, უფსკრულში ჩამავალი ბადიდან ნესტიანმა ქარმა წამოუბერა. X - შემზარავი დირკინი       სარკეებიანი კაბინა ქვემოთ დაექანა და ორი კოროტკოვი ძირს ჩასრიალდა. პირველმა და მთავარმა კოროტკოვმა მეორე კოროტკოვი კაბინის სარკეში ჩატოვა და გრილ ვესტიბიულში მარტო გავიდა. ძალზე სქელი, ვარდისფერი, ცილინდრიანი კაცი მას ამ სიტყვებით შეხვდა:       – დიდებულია. ახლა დაგაპატიმრებთ.       – ჩემი დაპატიმრება არ შეიძლება, – უპასუხა კოროტკოვმა და სატანური ხმით გაიცინა, – იმიტომ რომ ცნობილი არ არის, ვინა ვარ. რა თქმა უნდა, ჩემი არც დაპატიმრება შეიძლება და არც დაქორწინება. არც პოლტავაში წავალ.       სქელი კაცი შიშისგან აცახცახდა. კოროტკოვს თვალის გუგებში ჩახედა და უკან დაიხია.       – აბა, დამაპატიმრე, – დაიწრიპინა კოროტკოვმა და ღიპიანს აცახცახებული, ფერდაკარგული, ვალერიანის სუნით გაჟღენთილი ენა გამოუყო, – როგორ დამაპატიმრებ, თუ საბუთების ნაცვლად ბრაწი მაქვს? იქნებ ჰოჰენცოლერნი(გერმანელ იმპერატორთა – ჰოჰენცოლერნთა საგვარეულოს ზოგიერთი წარმომადგენელი სამფლობელოების დათმობის შემდეგ განცალკევებით ცხოვრობდა.) ვარ?       – ღმერთო დიდებულო, – თქვა ღიპიანმა, აკანკალებული ხელით პირჯვარი გადაიწერა და ვარდისფერის მაგივრად ყვითელი ფერი დაედო.       – კალსონიერი არ შეგხვედრია? – მჭახედ ჰკითხა კოროტკოვმა და მიმოიხედა, – მიპასუხე, ღიპიანო.       – არ შემხვედრია, – უპასუხა ღიპიანმა და სახე გაუნაცრისფრდა.       – ახლა რა ვქნათ? ჰა?       – დირკინთან წასვლაა საჭირო, – ატიტინდა ღიპიანი, – ყველაფერს ეს სჯობია, მაგრამ მრისხანეა. უჰ, რა მრისხანეა! ახლოს ვერ მიეკარები. ორნი, იმასთან ნამყოფნი, ზემოდან გადმოფრინდნენ. ახლახან ტელეფონი დალეწა.       – კარგი, – უპასუხა კოროტკოვმა და ყოჩაღად გადააფურთხა, – ახლა ჩვენთვის სულერთია. ზემოთ წამიყვანე!       – ფეხი არ იტკინოთ, ამხანაგო რწმუნებულო, – ნაზად უთხრა კოროტკოვს ღიპიანმა და ლიფტში ჩასვა.       ზედა ბაქანზე ასულებს თექვსმეტიოდე წლის ტანმორჩილმა ყმაწვილმა შემზარავად დაუყვირა:       – სად მიდიხართ? გაჩერდით!       – არა მცემო, ბიძიკო, – უთხრა მას ღიპიანმა, მოიკუნტა და თავზე ხელები დაიფარა, – თვით დირკინთან მივდივართ.       – გასწით, – შეჰყვირა ტანმორჩილმა.       ღიპიანი აჩურჩულდა:       – თქვენ წადით, თქვენო ბრწყინვალებავ, მე კი აქ სკამზე მოვიცდი. ძალიან მეშინია...       კოროტკოვი ჯერ ბნელ წინკარში, შემდეგ კი უკაცრიელ დარბაზში შევიდა, სადაც ცისფერი, გაცვეთილი ხალიჩა ეფინა.       იმ კართან, რომელზეც წარწერა „დირკინი“ მოჩანდა, კოროტკოვი ოდნავ შეყოყმანდა, მაგრამ მერე შევიდა და მყუდროდ მოწყობილ კაბინეტში აღმოჩნდა, სადაც ჟოლოსფერი მაგიდა იდგა და კედელზე საათი ეკიდა. მაგიდის იქით მჯდარი ტანმორჩილი, ფუმფულა დირკინი სწრაფად წამოხტა, ულვაშები აიყალყა და დაიღ-რიალა:       – ჩუმად! – თუმცა კოროტკოვს ჯერ არაფერი ეთქვა.       იმავე წუთს კაბინეტში ფერმკრთალი, პორტფელიანი ჭაბუკი შემოვიდა. დირკინს უმალ სახეზე ღიმილი გადაეფინა.       – ოჰ! – შესძახა მან ტკბილი ხმით, – არტურ არტურიჩ. მოგესალმებით.       – მისმინე, დირკინო, – წამოიწყო ჭაბუკმა ფოლადისებური ხმით, – პუზირევს შენ მისწერე, თითქოს ემერიტურულ სალაროში(ემირატურა – (ლათ. სიტყვიდან emeritus – დამსახურებული) – რევოლუციამდელ რუსეთში ფულადი დახმარება, რასაც სამსახურიდან გადამდგარ სახელმწიფო მოხელეებს აძლევდნენ.) ერთპიროვნული დიქტატურა დავამყარე და მაისის ემერიტურული ფული მივითვისე? შენ მისწერე? მიპასუხე, შე არამზადა.       – მე? – აბუტბუტდა დირკინი, მრისხანე დირკინიდან ჯადოქრულად კეთილ დირკინად გადაიქცა, – მე, არტურ დიქტატურიჩ... მე, რა თქმა უნდა... თქვენ ტყუილ-უბრალოდ...       – ოჰ, შე არამზადა, შე არამზადა, – მჭახე ხმით უთხრა დირკინს ჭაბუკმა, თავი გააქნია და პორტფელი ყურში ლავაშივით ჩასცხო.       კოროტკოვმა უნებურად წამოიყვირა და გაშეშდა.       – შენც და ყველა არამზადასაც, ვინც ჩემს საქმეში ცხვირს ჩაყოფს, ეს დღე მოელის, – შთამბეჭდავად უთხრა ჭაბუკმა კოროტკოვს, წითელი მუშტი მუქარით მოუღერა და კაბინეტიდან გავიდა.       კაბინეტში ორიოდე წუთს სიჩუმემ დაისადგურა, მხოლოდ სადღაც ჩავლილი სატვირთო მანქანისგან აზანზარებული კანდელაბრის საკიდები წკარუნობდა.       – ხომ ნახეთ, ყმაწვილო კაცო, – უთხრა კოროტკოვს კეთილმა, დამცირებულმა დირკინმა და მწარედ ჩაიცინა, – აი, გულმოდგინების საფასური. ღამეებს მშიერ-მწყურვალი ათევ, სანაცვლოდ კი ცხვირ-პირში გირტყამენ. იქნებ თქვენც ამ განზრახვით მოხვედით? მაშ ურტყით დირკინს, ურტყით. დირკინის ცხვირ-პირი რა დასანანია. იქნებ არ გინდათ, რომ ხელი იტკინოთ? მაშ კანდელაბრი აიღეთ.       დირკინმა საწერი მაგიდიდან ფუმფულა ლოყები მაცდუნებლად წამოსწია. კოროტკოვი არც დაფიქრებულა, მორცხვად გაიღიმა, კანდელაბრს ფეხზე მისწვდა, სანთლებიანად მოიქნია და დირკინს თავში ჩაულაწუნა. თავდაჩეჩქვილ დირკინს ცხვირიდან სისხლი წასკდა და მაუდი გადააწითლა, მიშველეთო, – დაიყვირა, შიგნითა კარი გამოაღო და ოთახიდან გაიქცა.       – გუ-გუ! – დაიძახა ტყის გუგულმა და კედელზე ჩამოკიდებული ნიურნბერგული მოხატული სახლიდან გამოხტა.       – კუ-კლუქს-კლანი! – დაიყვირა მან და მელოტ თავად გადაიქცა, – ჩავწეროთ, თანამშრომლებს როგორ სცემთ.       კოროტკოვს მრისხანება დაეუფლა. კანდელაბრი მოიქნია და საათს დაჰკრა. საათმა დაიგრგვინა და ოქროსფერი ისრები მიმოფანტა. საათიდან კალსონიერი გამოხტა, თეთრ მამლად გადაიქცა და კარიდან გავარდა. ფრთებზე „გასული“ ეწერა. იმავე წამს შიგნითა კარს მიღმა დირკინის ბღავილი გაისმა: „დაიჭირეთ ეგ ყაჩაღი!“ ირგვლივ ფეხების ბრაგაბრუგი გაისმა. ხალხი ყოველი მხრიდან გამორბოდა. კოროტკოვი შეტრიალდა და გაიქცა. XI - პარფორსული* კინო და უფსკრული       * Parforse (ფრანგ.) – სანადირო ძაღლების საყელური. პარფორსული ნადირობა – ნადირზე მწევრებით ნადირობა; აქ, კოროტკოვის დევნა, რომელიც მისი დაღუპვით დასრულდა.       ბაქანზე ღიპიანი კაბინაში შეხტა, ბადე ჩამოიფარა და ქვემოთ დაეშვა, ხოლო უზარმაზარ, დაღრღნილ კიბეზე შემდგომი რიგით დაექანნენ: პირველი – ღიპიანის შავი ცილინდრი, შემდეგ – თეთრი „გასული“ მამალი, მამლის შემდეგ – კანდელაბრი, წვეტიანი თეთრი თავის ზემოთ ერთ გოჯზე რომ მიფრინავდა, მერე კოროტკოვი, რევოლვერმომარჯვებული თექვსმეტი წლის ყმაწვილი და კიდევ ვიღაცები, ნალებიან ჩექმებს რომ მოაბრაგუნებდნენ. კიბე ბრინჯაოს ხმით აკვნესდა, ბაქნებზე კართა მშფოთვარე ჯახუნი გაისმა.       ვიღაც ზედა სართულიდან გადმოეკიდა და რუპორში ჩასძახა:       – რომელი სექცია გადადის? ცეცხლგამძლე სალარო დარჩათ!       – ბანდიტები! – ქვემოდან პასუხად გაისმა ქალის ხმა.       ქუჩაში გამავალ უზარმაზარ კართან კოროტკოვმა ცილინდრსა და კანდელაბრს გაასწრო, გარეთ გავარდა, გახურებული ჰაერის უშველებელი ულუფა შეისუნთქა და ქუჩას სირბილით გაუყვა. თეთრმა მამალმა გოგირდის სუნი დააფრქვია და მიწაში ჩაინთქა, ჰაერში შავი მოსასხამი გამოიძერწა და კოროტკოვს აედევნა, თან წვრილი ხმით გაჰკიოდა:       – მეარტელეებს სცემენ, ამხანაგებო!       ქუჩაში მიმავალნი კოროტკოვის დანახვაზე აქეთ-იქით გარბოდნენ და სახლებქვეშა თაღებში იმალებოდნენ, წამდაუწუმ სტვენა გაისმოდა, ჩაიგრიალებდა და მიწყდებოდა. ატყდა საშინელი ყიჟინი, ვიღაც ჩახლეჩილი ხმით აყვირდა: „დაიჭირეთ!“ რკინის გისოსები გრიალით ჩამოეშვა.       – დაიწყო! – კიოდა ტრამვაის ხაზზე მჯდარი კოჭლი კაცი.       კოროტკოვის უკან ნაძვის ხის ტკაცუნასავით მხიარული სროლა გახშირდა. ტყვია ხან გვერდით, ხან მაღლა გაიწივლებდა. მჭედლის საბერველივით აქშუტუნებული კოროტკოვი ისარივით მიისწრაფოდა უზარმაზარი თეთრმეტსართულიანი შენობისკენ, გვერდი ქუჩისკენ რომ ჰქონდა მოქცეული, ფასადი კი ვიწრო შესახვევისკენ. კუთხეში მიმაგრებული მინის აბრა, რომელზეც ეწერა „Restoran i pivo“ ვარსკვლავისებურად დაიბზარა, ხნიერი მეეტლე კოფოდან ქვაფენილზე გადაჯდა და სახემოთენთილი ალაპარაკდა:       – ყოჩაღ! რას სჩადით, ძმებო, ყველას განურჩევლად ესვრით?..       შესახვევიდან ვიღაც კაცი გამოვარდა, კოროტკოვის შეჩერებას შეეცადა, პიჯაკის კალთაში სწვდა, მაგრამ კალთა ხელში შერჩა. კოროტკოვმა კუთხეში შეუხვია, რამდენიმე საჟენი გაირბინა და სარკეებიან ვესტიბიულში შევარდა. ლიფტთან მდგარი სირმებიანი და ოქროსფერღილებიანი ბიჭი განზე გახტა და ატირდა.       – ჩაჯექი, ძია, ჩაჯექი! – აღრიალდა იგი, – ოღონდ ობოლს ნუ მცემ!       კოროტკოვი ლიფტის კოლოფში შეხტა, მეორე კოროტკოვის პირისპირ მწვანე დივანზე ჩამოჯდა და ქვიშაზე დაგდებული თევზივით აქოშინდა. ბიჭი სლუკუნით შეჰყვა, კარი მიხურა და თოკი ჩამოქაჩა. ლიფტი ზემოთ გაემართა. იმავე წამს ქვემოთ, ვესტიბიულში, სროლა ატყდა და მინის მრავალი კარი აქანავდა.       ლიფტი ზემოთ რბილად, მომაბეზრებლად მიემართებოდა. დამშვიდებული ბიჭი ერთი ხელით ცხვირს იხოცავდა, მეორე ხელით კი თოკს ექაჩებოდა.       – ძია, ფული მოიპარე? – ცნობისმოყვარედ შეეკითხა პიჯაკშემოხეულ კოროტკოვს.       – კალსონიერს... შევუტიე... – უპასუხა სულშეხუთულმა კოროტკოვმა, – მაგრამ იგი შეტევაზე თვითონ გადმოვიდა...       – ძია, გირჩევნია, სულ მაღლა, საბილიარდოში ახვიდე, – ურჩია კოროტკოვს ბიჭმა, – თუ მაუზერი გაქვს, სახურავზე ჩასაფრდი.       – ავიდეთ... – დაეთანხმა კოროტკოვი.       ერთი წუთის შემდეგ ლიფტი შეჩერდა, ბიჭმა კარი გააღო და კოროტკოვს ცხვირის სრუტუნით უთხრა:       – ძია, გადი, სახურავისკენ გასწი.       კოროტკოვმა ლიფტიდან ისკუპა, მიმოიხედა და ყური მიუგდო. ქვემოდან გუგუნი მოისმოდა, თანდათან რომ მატულობდა და ზემოთ მოიწევდა. გვერდიდან, მინის ტიხარს იქიდან, სადაც შეშფოთებული სახეები მოჩანდა, ძვლის ბურთების ჭახაჭუხი გამოდიოდა. ბიჭი ლიფტში შეხტა, კარი მიიკეტა და ქვემოთ დაექანა.       კოროტკოვმა პოზიციას არწივისებური მზერა მოავლო, ცოტა ხანს შეყოყმანდა, მერე ომახიანად შესძახა: წინ! – და საბილიარდოში შევარდა. მწვანე მოედანზე აგორებული კრიალა ბურთები და ფერმკრთალი სახეები აირ-დაირია. ქვემოთ, სულ ახლოს სროლის ხმა გაისმა, რასაც გამაყრუებელი ექო აჰყვა და სადღაც მინები წკრიალით ჩამოიმსხვრა. მოთამაშეებმა კიები ერთდროულად დაყარეს, დამწკრივდნენ და გვერდითა კარისკენ ბრაგაბრუგით გაცვივდნენ. კოროტკოვი გაქანდა, გასულთა უკან კარი გადარაზა, მერე კიბიდან საბილიარდოში შემოსასვლელი მინის კარიც გადაკეტა და ბურთებით უმალ შეიარაღდა. რამდენიმე წამი გავიდა და ლიფტის გვერდით, მინის მიღმა პირველი თავი ამოიზარდა. კოროტკოვის ნასროლმა ბურთმა მინა სტვენით გაანგრია და თავი უმალ გაქრა. მის ადგილას მკრთალმა ცეცხლმა იელვა და მეორე თავი გამოჩნდა, მერე – მესამე. ბურთები ერთმანეთს მიჰყვა და ტიხრის მინები ჩაიმსხვრა. კიბეზე ჩაგორებულ ბურთებს რაკარუკი გაჰქონდა. ამ ხმის პასუხად ზინგერის საკერავი მანქანასავით გამაყრუებლად აგრიალდა ტყვიამფრქვევი და მთელი შენობა შეზანზარდა. საბილიარდოს ზემოთა ნაწილში მინები და ჩარჩოები, თითქოს დანით შემოაჭრესო, ისე ჩამოიშალა და მთელ საბილიარდოს ჩამოცვივნული ბათქაშიდან ავარდნილი მტვრის ღრუბლები მოეფინა.       კოროტკოვი მიხვდა, რომ პოზიციის შენარჩუნებას ვერ შეძლებდა. თავზე ხელები დაიფარა, გაქანდა და ფეხები დასცხო მინის მესამე კედელს, რომლის იქით შენობის ბრტყელი, მოასფალტებული სახურავი იწყებოდა. კედელი გაიბზარა და ჩამოილეწა. კოროტკოვმა ბობოქარ ცეცხლში მაინც მოასწრო, სახურავზე ხუთი პირამიდა გადაეყარა და ბურთები ასფალტზე მოკვეთილი თავებივით გაგორდა. ბურთებს კოროტკოვიც მიჰყვა. დროზე მოასწრო, იმიტომ რომ ტყვიამფრქვევმა ჩარჩოს ქვედა ნაწილი ჩაჭრა.       – დაგვნებდი! – ყრუდ ჩაესმა ხმა.       კოროტკოვის ზემოთ ძალაგამოლეული მზე და ფერმიხდილი ცა გამოჩნდა. მოყინულ ასფალტზე ქარი დაქროდა. ქვემოდან და გარედან ქალაქის მღელვარე გუგუნი მოისმა. კოროტკოვი ასფალტზე ახტა-დახტა, მიმოიხედა, სამ ბურთს ხელი წამოავლო, პარაპეტთან მიირბინა, ზედ ახოხდა და ქვემოთ გადაიხედა. გული გადაუტრიალდა. ქვემოთ გამოჩნდა გაბრტყელებულ-დაპატარავებულ სახლთა სახურავები, მოედანი, სადაც ტრამვაი მიღოღავდა და ადამიანები ხოჭოებივით მიმორბოდნენ. იმავე წამს კოროტკოვმა შესახვევიდან სადარბაზო შემოსასვლელისკენ წამოსული რუხი ფიგურები შეამჩნია. მათ უკან ოქროსფრად მოელვარე თავებით დახუნძლული მძიმე სათამაშო დაიძრა...       – ალყაში მომაქციეს! – ამოიხვნეშა კოროტკოვმა, – მეხანძრეები არიან.       პარაპეტზე გადახრილმა კოროტკოვმა დაუმიზნა და სამი ბურთი ზედიზედ ისროლა. ბურთები მაღლა აიჭრნენ, წრე მოხაზეს და ქვემოთ დაექანნენ. კოროტკოვმა სამი ბურთი კიდევ აიტაცა, კიდევ ახოხდა პარაპეტზე და სამივე ბურთი გაისროლა. ბურთებმა ვერცხლისფრად გაიელვეს, ქვემოთ დაეშვნენ და გაშავდნენ, მერე ისევ იელვეს და გაქრნენ. კოროტკოვს მოეჩვენა, რომ მზის სხივებივით გაბრწყინებულ მოედანზე ხოჭოებმა შეშფოთებით იწყეს სირბილი. იგი კვლავ დაიხარა ბურთების ასაკრეფად, მაგრამ აკრეფა ვეღარ მოასწრო. საბილიარდოში მინის ნამსხვრევების განუწყვეტელი ჭახაჭუხი გაისმა და ხალხის ნაკადი გამოჩნდა. მომხვდურნი სახურავზე მუხუდოს მარცვლებივით ცვიოდნენ. მოფრიალებდა რუხი ქუდები და რუხი მაზარები, ხოლო ლუსტრინისპიჯაკიანი ბერიკაცი ზედა სარკმლიდან იატაკზე ფეხის დაუკარებლად შემოფრინდა. მერე კედელი მთლიანად ჩამოიშალა და გორგოლაჭებით მრისხანედ შემოგორდა შემზარავი, წვერგაპარსული კალსონიერი. ხელში ძველებური მუშკეტონი ეჭირა.       – დაგვნებდი! – გაისმა ღრიალი წინიდან, უკნიდან და ზემოდან, მერე კი ყველა ხმა დაფარა აუტანელმა, დამაყრუებელმა, ქვაბივით მოგუგუნე ბანმა.       – რა თქმა უნდა! – სუსტი ხმით შესძახა კოროტკოვმა, – რა თქმა უნდა. ბრძოლა წაგებულია. ტა-ტა-ტა! – ტუჩებით დაუკრა გასაყარი ნაღარა.       კოროტკოვს გული სასიკვდილო განწირულობის სიმამაცით აევსო. იგი პარაპეტის ბოძზე გადაბობღდა, შექანდა, მერე წამოიმართა და შეჰყვირა:       – სირცხვილს სიკვდილი მირჩევნია!       მდევრები ორ ნაბიჯზე იყვნენ. კოროტკოვი უკვე გამოწვდილ ხელებსა და კალსონიერის პირიდან გამოვარდნილ ალს ხედავდა. მზით გაბრწყინებულმა უფსკრულმა ისე მიიზიდა, რომ სული შეუგუბდა. გამარჯვების გამაყრუებელი შეძახილით შეხტა და მაღლა აიჭრა. უმალ სუნთქვა შეეკრა. ბუნდოვნად დაინახა, თითქოს აფეთქებისგან წარმოქმნილმა რაღაც ნაცრისფერმა და შავნახვრეტებიანმა გვერდზე როგორ ჩაუქროლა და ზემოთ გაემართა. შემდეგ თვალნათლივ დაინახა, რომ ის ნაცრისფერი რაღაც ქვევით დაექანა, თავად კი მაღლა გაქანდა ვიწრო შესახვევისკენ, ახლა თავს ზემოთ რომ მოჰქცეოდა. მერე სისხლისფერი მზე თავში გრიალით დაემსხვრა და მეტი აღარაფერი დაუნახავს. მიხაილ ბულგაკოვი …
დაამატა ლაშა to ლიტერატურა at 7:49pm on თებერვალი 24, 2021
თემა: თანამედროვეობაში ადამიანის გზა - ნიკოლაი ბერდიაევი (ნაწილი მეორე)
   მსოფლიო ისტორიაში ახალი ძალები შემოვიდნენ. საზოგადოების დემოკრატიზაციის პროცესი დიდი ხნის წინათ დაიწყო. მაგრამ ომის შემდეგ საბოლოოდ გამომჟღავნდა ისტორიის არენაზე მობილიზებული მასების შემოჭრა. ესაა თანამედროვე ისტორიის ძირითადი ფაქტორი. მასებს უწინ ისტორიის არენაზე არ უშვებდნენ თვალსაჩინოდ აქტიური როლის შესასრულებლად. მაგრამ შინაგანად ისტორია ყოველთვის მასების ან იმის გათვალისწინებით იქმნებოდა, რასაც მე სოციალურ ყოველდღიურობას ვუწოდებ. ისტორია ყოველთვის მრავალრიცხოვნებას, კოლექტივებს ემყარებოდა. სახელმწიფო და სოციალური ინსტიტუტები ყოველთვის მასებისთვის, საშუალო ადამიანებისთვის იქმნებოდნენ და არა სულიერი არისტოკრატიისათვის. ადამიანი ყოველთვის დათრგუნვილი იყო რიცხვმრავლობით, გამოჩენილ ადამიანს ყოველთვის თრგუნავდა საშუალო ადამიანი, თვისებას – რაოდენობა. მაგრამ მრავალრიცხოვნების, კოლექტივის როლი არასოდეს ისე დიდი არ ყოფილა, როგორც ჩვენს საუკუნეში. ზემოთ უკვე მოგახსენეთ, რომ უწინ მასები ორგანული წესით და რიგით ცხოვრობდნენ და იზრდებოდნენ, როგორც ცხოვრობენ და იზრდებიან მცენარეები, და მათი ცხოვრება პოზიტიურ, რეალურ სარწმუნოებაზე იყო დაფუძნებული. მაგრამ ორგანული წესი და რიგი მოიშალა. რელიგიური რწმენა შესუსტდა. მასები აქტიურად იჭრებიან ისტორიაში ძალიან მძიმე მომენტში, როცა ცხოვრებას ანარქია ემუქრება. მაგრამ მასები ამორფულად კი არ შემოდიან, როგორც მექანიკური ნაზავი, არამედ – ორგანიზებულ კოლექტივებად. და მასების ამ შემოჭრას თან ახლავს მათი ორგანიზების თითქმის შეშლილობამდე მისული ჟინი. აქედან – მიდრეკილება დიქტატურისაკენ, ბელადების ძიება, რომლებმაც უნდა შეცვალონ დამხობილი ავტორიტეტები. ორგანიზებული კოლექტივები, ერთ კოლექტივად ქცევას რომ მიელტვიან, – აი, ეპოქის ახლად ჩამოყალიბებული ძალა. ამ ორგანიზებული კოლექტივების ბაზისად, უწინარეს ყოვლისა, ახალგაზრდობის კავშირები, კომკავშირლები, ფაშისტები, ნაცისტები გვევლინებიან. ადამიანურ საზოგადოებებს უკვე აღარ შეუძლიათ ინდივიდუალისტურად ცხოვრება; მათ შეუძლიათ მხოლოდ გაერთიანებებად, თანამეგობრობებად, კორპორაციებად, კოლექტივებად იცხოვრონ. განცალკევებული, ინდივიდუალისტური, იზოლირებული ცხოვრება კაპიტალისტური საზოგადოებების ბურჟუაზიული, მდაბიური ცხოვრებაა, საზოგადოებებისა, სადაც ადამიანი ადამიანისთვის მგელია და ყველა მხოლოდ საკუთარ თავზე ფიქრობს. აღარ შეიძლება ასე გაგრძელდეს. არაბურჟუაზიული, არამდაბიური, არა ინდივიდუალისტურად ანგარებიანი ცხოვრება მხოლოდ მცირერიცხოვან რჩეულებს თუ შეუძლიათ, და არა საშუალო ადამიანს, არა მასებს. კოლექტივებად ორგანიზებული მასების შემოჭრას და კულტურასთან მათ ზიარებას შედეგად მოსდევს კულტურის დონის დაცემა და ცივილიზაციის იარაღით აღჭურვილი ბარბარიზაცია. იცვლება ცხოვრების სტილი, ინტერესების ხასიათი, ცნობიერების მიმართულება. მაღალი კულტურა დაკავშირებული იყო არისტოკრატიულ საწყისთან (რა თქმა უნდა, არა ამ სიტყვის წოდებრივი გაგებით). ამ არისტოკრატიულ  საწყისს განადგურება ემუქრება. კულტურულ ელიტას არბევენ და სპობენ, რასაც ჩვენ ვხედავთ საბჭოთა რუსეთშიც და ჰიტლერულ გერმანიაშიც. გერმანია, სადაც უწინ სწავლულების, ფილოსოფოსების, პროფესორებისა და უნივერსიტეტების ნამდვილი კულტი იყო, ხშირად – გაზვიადებული და სასაცილო, დღეს არავითარ პატივს აღარა სცემს სწავლულებს, ფილოსოფოსებს, პროფესორებს, უნივერსიტეტებს და მზადაა გაანადგუროს ისინი. მასები მოაზროვნეთა და კულტურის შემოქმედთაგან „სოციალური დაკვეთის“ შესრულებას მოითხოვენ. მოაზროვნენი და კულტურის შემოქმედნი თავიანთ თავზე იწვნევენ გაბატონებული ორთოდოქსიისა და დოგმატიკის სასტიკ შედეგებს; მათ აიძულებენ მიიღონ და აღიარონ გაბატონებული სიმბოლიკა. იტალიაში, სადაც მსოფლმხედველობრივი დიქტატურა შედარებით უფრო რბილია, ფაშისტურმა ახალგაზრდობამ გაანადგურა ყველაზე დიდი იტალიელი ფილოსოფოსის ბენედეტო კროჩეს ბიბლიოთეკა, მხოლოდ იმიტომ, რომ მას სურდა შეენარჩუნებინა აზრის თავისუფლება და არ მიიღო გაბატონებული სიმბოლიკა. მოაზროვნეთა და კულტურის შემოქმედთაგან გაცილებით უფრო მკაცრად მოითხოვენ ორთოდოქსიას, ვიდრე შუა საუკუნეებში. საკმაოდ კარგადაა ცნობილი, რა ფორმებიც მიიღო ორთოდოქსიის ამ მოთხოვნამ რუსულ კომუნიზმში: საბჭოთა რუსეთი კულტურის მოღვაწეთათვის „სოციალური დაკვეთის“ კლასიკურ ქვეყნად იქცა. ეს, რა თქმა უნდა, ინდივიდუალიზმის დასასრულია, ამ სიტყვის ცუდი გაგებით. ბურჟუაზიული კულტურის ეგოისტური ინდივიდუალიზმი დაძლეულ უნდა იქნეს. კულტურის შემოქმედთა სულში უნდა გაიღვიძოს ზეპიროვნული სოციალური მსახურების ჩამქრალმა შეგნებამ. მაგრამ დღევანდელ მსოფლიოში მიმდინარე პროცესი არა მარტო ინდივიდუალიზმის დასასრულია, არამედ საშში, ნელი საფრთხეც პერსონალიზმის მარადიული პრინციპის – თვით ადამიანის პიროვნების არსებობისთვისაც. კოლექტივებში ქრება პიროვნული ცნობიერება და მას კოლექტიური ცნობიერება ცვლის. აზროვნება ჯგუფური ხდება. პარალიზებული პიროვნული სინიდისი კოლექტიური სინიდისით იცვლება. ცნობიერების გადაგვარება იმდენად დიდია, რომ მთლიანად იცვლება დამოკიდებულება სიმართლისა და სიცრუისადმი. ის, რაც პიროვნული ცნობიერებისა და პიროვნული სინიდისის მიხედვით სიცრუეა, კოლექტიური ცნობიერებისა და კოლექტიური სინიდისის მიხედვით სავალდებულო ნორმად იქცევა. აზროვნებისგანაც და სინიდისისმიერი შეფასებისა თუ მსჯელობისგანაც მოითხოვენ ფეხდაფეხ მიჰყვნენ მასებს.    კოლექტივიზმი და კოლექტიური სინიდისი ახალი მოვლენა როდია ისტორიაში. ამით იწყება ისტორია და ის განუყრელია ისტორიისგან; ის ყოველთვის იყო საშუალო ადამიანის, მასისა და სოციალური ყოველდღიურობისათვის. ადამიანს ყოველთვის ახასიათებდა მიდრეკილება ჯოგურობისკენ, ჯოგურობა იყო დაცემულ სამყაროში ადამიანის მიგდებულობის გამოხატულება. აზრის, სინიდისის, შემოქმედების პიროვნული ორიგინალობა ყოველთვის მცირერიცხოვანთა იშვიათი ღირსება იყო. პირველყოფილი საზოგადოებები, პირველყოფილი კლასები თავიანთი ტოტემისტური კულტებითურთ კოლექტიურობის ნიშნით იყვნენ აღბეჭდილნი, მათში ჯერ კიდევ არ გაეღვიძა პიროვნებას, ჯერ კიდევ არ გაეშალა მხრები და არ შეეცნო სოციალური ჯგუფისაგან მისი გამყოფი საზღვრები. მრავალი ტაბუ, რითაც სავსეა ისტორიის ცივილიზებული ეპოქა, სხვა არა არის რა, თუ არა პირველყოფილი ჯოგურობისა და პირველყოფილი კოლექტივიზმის ნაშთი. მთელი თავისი ისტორიის მანძილზე ადამიანი სხვადასხვა კოლექტივში – გვაროვნულ, ოჯახურ, ტომობრივ, ეროვნულ, სახელმწიფოებრივ, სამხედრო, წოდებრივ, კლასობრივ, პროფესიონალურსა თუ რელიგიურ კოლექტივში ცხოვრობდა. ის აზროვნებდა და მსჯელობდა თავისი კოლექტივის მიხედვით. აზროვნება იშვიათად ყოფილა პიროვნული. ის გვაროვნული იყო. ეს არასწორად განაზოგადა დიურკჰეიმის სოციოლოგიურმა სკოლამ. აზროვნება იყო მეომრული, წოდებრივი, პროფესიონალური, ტომობრივი. საშუალო სამხედრო სხვანაირად აზროვნებს, ვიდრე საშუალო სამოქალაქო პირი, საშუალო ფრანგი სხვანაირად, ვიდრე საშუალო გერმანელი, საშუალო მემამულე ან ბურჟუა სხვანაირად, ვიდრე საშუალო მუშა ან გლეხი, საშუალო ექიმი სხვანაირად, ვიდრე საშუალო ვექილი და ა. შ. გვაროვნულ ორიგინალობაზე ამაღლებული პიროვნული ორიგინალობა ყოველთვის იშვიათობა იყო. შეცდომა იქნებოდა ინდივიდუალისტურ ეპოქაში, ბურჟუაზიულ საზოგადოებებში აზროვნებისა თუ შემეცნებისათვის პიროვნული ხასიათი მიგვეწერა, ის უპიროვნო, საშუალო ადამიანის გაბატონებულ ტიპს ესადაგება. ფულის უპიროვნო და არაადამიანური ძალაუფლება განაპირობებს ხალხის შეხედულებებს. ბურჟუაზიული საზოგადოებრივი აზრი მეტისმეტად ტირანულია. ადამიანისაგან მოითხოვდნენ უპიროვნო შეფასებებს. ყოველი ატომი მეორე ატომსა ჰგავდა. ინდივიდუალიზმი სრულიადაც არ ნიშნავდა პიროვნულ ორიგინალობას, პიროვნულ აზროვნებას, პიროვნულ შემოქმედებას, არამედ, ჩვეულებრივ, ნიშნავდა ეგოიზმს, ანგარებას, გათიშულობას, განმხოლოებას, მოყვასისადმი მგლურ დამოკიდებულებას და იმის სრულ შეუგნებლობას, რომ ადამიანმა უნდა მოიხადოს ზეპიროვნული მსახურების ვალი. ინდივიდუალიზმი სრულიადაც არ ყოფილა პერსონალიზმი. ინდივიდუალიზმი ან ცხოვრების მიმართ მდაბიური დამოკიდებულებაა, ან რე ესთეტთა განმხოლოება. პერსონალიზმი კი ადამიანში ღვთის ხატებისა და მსგავსების ხორცშესხმაა. ბურჟუაზიულ საზოგადოებათა ინდივიდუალიზმში ადამიანი სოციალიზირებულ და ობიექტივირებულ იქნა, ფულისა და ინდუსტრიული განვითარების ძალას მოუხარა ქედი და მისი მსჯელობა ბურჟუაზიულ ზნე-ჩვეულებებს დაემორჩილა, მაგრამ მას ჩააგონეს, რომ საზოგადოებას, ერსა და სახელმწიფოს ემსახურება, თუკი სამეურნეო ცხოვრებაში „ეკონომიურ ადამიანად“ რჩება და სოციალური კი არა, ინდივიდუალური ინტერესებით ხელმძღვანელობს. თუმცა ჩვენი ეპოქის კოლექტივიზმი, თავის თავს წინა-ინდივიდუალისტურ ეპოქას რომ უპირისპირებს, სიახლის შემცველიცაა. უწინ კოლექტივიზმი სხვადასხვა დიფერენცირებულ ჯგუფებში – ეროვნულ, წოდებრივ, პროფესიონალურსა თუ ოჯახურ ჯგუფებში არსებობდა. დღეს კოლექტივიზმი უნიფიცირდება და უნივერსალიზირდება. მსოფლიო უნიფიცირებული კოლექტივიზმისაკენ მიდის, რომელშიაც ქრება ყოველგვარი დიფერენციაცია. კომუნიზმში, ფაშიზმსა თუ ნაციონალ-სოციალიზმში ჩვენ ვხედავთ პიროვნების წაშლის უნივერსალურ პროცესს – ყველა ერთნაირად უნდა აზროვნებდეს და ერთნაირად მსჯელობდეს, კოლექტივში ყოველგვარი პიროვნული ორიგინალობა ქრება. უნიფიკაციისა და უნივერსალიზაციის ეს პროცესი უმძიმეს დარტყმას აყენებს რჩეულ ინდივიდუალობებს, რომლებიც არცერთ ჯგუფსა და კოლექტივს არ ეკუთვნიან. იწყება მიბრუნება ჯოგურობისაკენ ახალი, ცივილიზებული ფორმით. ხელისუფლების სათავეში მისულ მასებს სურთ იცხოვრონ ამ ახლად ორგანიზებულსა და არაორგანულ კოლექტივებში. მასობრივი ადამიანი უპიროვნოა, მაგრამ მას მსხვერპლის გაღებისა და თავგანწირვის უფრო მეტი უნარი აქვს, ვიდრე ინდივიდუალისტ ბურჟუას. ამასთანავე, თავს იჩენს იმ ფაქტორის ძალა, რომელიც უკვე არსებით როლს ასრულებდა XIX საუკუნის კაპიტალისტურ საზოგადოებაში და საფუძვლად დაედო მარქსის თეორიას; ეს ფაქტორია ეკონომიზმი. მაგრამ უწინ ეკონომიზმის ძალა ისე უნივერსალური არ ყოფილა, როგორც ჩვენს ეპოქაში, და ბევრი რამ არ ექვემდებარებოდა მის ძალმოსილებას. დღეს კი მის ძალას ვერავინ და ვერაფერი ვერ დაუსხლტება. ზრუნვა – აი, ასეთია დღეს ყველას ხვედრი, და თვით ისიც კი, ვისაც არ ეშინია დღევანდელი დღისა, ხვალინდელ დღეს მაინც უფრთხის. მსოფლიოს ცხოვრება საბოლოოდ აღიბეჭდა ეკონომიზმის ნიშნით, და ეს საბედისწეროდ მოქმედებს მთელ კულტურაზე, რომელიც ფუჭ ფუფუნებად იქცევა. მსოფლიო ომმა ყველა ხალხი გააჩანაგა და საშინლად გაამძაფრა ეკონომიზმის ძალა. არცერთ მთავრობას ფინანსებისა და უმუშევრობის პრობლემის გარდა თითქმის აღარაფერი ახსოვს; ყველა ადამიანი მხოლოდ სამუშაოსა და ლუკმა პურს ეძებს, მდიდრებს კი აღარ სჯერათ, რომ მათი მდგომარეობა მყარია და შიშით მოელიან გაკოტრებას და კრახს. უჩვეულო სიმძაფრით ვლინდება დაცემული სამყაროს საფუძველი; მხოლოდ ზრუნვა და გაჭირვება, როგორც ძველი ბიბლიური წყევლა – ოფლითა პირისა შენისაითა მოიპოვე პური შენიო. ეკონომიზმის ძალა უშუალოდაა დაკავშირებული მოსახლეობის სიჭარბესთან. ასე მაგალითად, გერმანიაში მოსახლეობის სიჭარბე ფატალური, ევროპული სამყაროსათვის უკიდურესად საშიში ფაქტია.    კაპიტალიზმი არა მარტო ეკონომიზმის როგორც მსოფლშეგრძნებისა და მსოფლმხედველობის მშობელია, არამედ მისი ნაშიერიც. ეკონომიზმი არა მარტო იმის აღიარებაა, თუ რა დიდი მნიშვნელობა აქვს სამეურნეო შრომასა და სამეურნეო განვითარებას როგორც ადამიანის ცხოვრებისა და ადამიანური კულტურის პირობას, – არამედ ფასეულობათა ჰიერარქიის დამახინჯებაც. სწორედ კაპიტალისტური სამყაროს ეკონომიზმმა აღიარა ადამიანის სული ეკონომიკის ეპიფენომენად. ეს სულაც არ მომდინარეობს მარქსისგან და ამაში მარქსს როდი მიუძღვის ბრალი. მან ეს XIX საუკუნის კაპიტალისტურ, ბურჟუაზიულ საზოგადოებაში აღმოაჩინა და იმდენად შეძრწუნდა ამ ფაქტით, რომ მას უნივერსალური მნიშვნელობა მიანიჭა. მაგრამ ჩვენ კაპიტალიზმის ჭკნობის პერიოდში ვცხოვრობთ, მან უკვე ამოწურა თავისი გაფურჩქვნის პერიოდი. ჩვენი დროის კაპიტალიზმი დეკადენტური კაპიტალიზმია, და ის მეურნეობის რაღაც ახალ, გარდამავალ ფორმად გადაგვარებას განიცდის. კაპიტალიზმი, რომლის სათავეშიც ფინანსიური კაპიტალი დგას, უკვე აღარ უკავშირდება ლიბერალიზმსა და ინდივიდუალიზმს. ლიბერალური პერიოდიდან კაპიტალიზმი სახელმწიფოებრივსა და რეგულირებულ კაპიტალიზმში გადადის. არარეგულირებული, ლიბერალური კაპიტალიზმი ყველა კლასისათვის, თვით ბურჟუაზიული კლასისთვისაც სახიფათო გახდა. მარქსის სქემის საპირისპიროდ, კაპიტალიზმით თვით კაპიტალისტებიც უკმაყოფილონი არიან. ამას განსაკუთრებით თვალსაჩინოდ გვიჩვენებს ინდუსტრიული კაპიტალიზმის ისეთი კლასიკური ქვეყნის მაგალითი, როგორიც ამერიკაა, სადაც აუცილებელი გახდა კაპიტალიზმის რეგულირება, და ეს ყველასათვის აშკარაა, რადგანაც არარეგულირებულმა კაპიტალიზმმა უფსკრულის პირას მიიყვანა ქვეყანა. ძველი კაპიტალიზმი უკვე ვეღარავის ცხოვრებას ვერ უზრუნველყოფს. მას უკვე აღარ შეუძლია გამოკვებოს კაცობრიობა. თუ ადრე კაპიტალისტური წყობილება ექსპლოატაციას უწევდა მშრომელთა მასებს, დღეს ის მათ ქუჩაში ყრის. მას არ შეუძლია თავიდან აიცილოს უმუშევრობა. როგორც არაერთხელ აღუნიშნავთ, კაპიტალისტურ მეურნეობაში არ არსებობს შესაბამისობა წარმოებასა და მოხმარებას შორის. და ეს არა მარტო ეკონომიური, მორალური და მეტაფიზიკური დეფექტიც არის. რადგანაც ეს ნიშნავს, რომ წარმოება კი არ არსებობს ადამიანისათვის, არამედ ადამიანი – წარმოებისათვის. ამიტომ, ეკონომიური ინტერესებიდან გამომდინარე, ზღვაში ყრიან და ანადგურებენ უზარმაზარი რაოდენობის ხორბალს, მაშინ როდესაც უამრავი ადამიანი შიმშილობს. ადამიანი აღარა დგას მეურნეობის ცენტრში. კაპიტალისტური მეურნეობა უკიდურესად ანტიპერსონალისტურია. ის ეკონომიური ცხოვრების დეჰუმანიზაცია და ადამიანის გასაგნებაა. კაპიტალიზმის დაცემის პერიოდში ეს იმაში პოულობს გამოხატულებას, რომ კაპიტალიზმი სულ უფრო და უფრო ანონიმური ხდება. ის თვითონვე სულ უფრო და უფრო ანგრევს კერძო საკუთრების პრინციპებს. არავინ იცის, ვინ არის მესაკუთრე, ანდა რისი მესაკუთრეა. ბანკების ძალაუფლება უპიროვნო, ანონიმური ძალაუფლებაა. ტრესტები უპიროვნო, ანონიმური დაწესებულებები არიან. ისიც უცნობია, თუ ვინ დაატეხა თავზე თანამედროვე კაცობრიობას ამდენი უბედურება; დამნაშავე არა ჩანს, ის უსახელოა. უმუშევრებმა არ იციან, ვის უნდა „უმადლოდნენ“ თავიანთ მწარე ხვედრს. ადამიანი არაადამიანური, უსახო ძალით გასრესილად გრძნობს თავს. ფული არაადამიანური, უსახო ძალაა.    მაგრამ მთავარი კოსმიური ძალა, რომელიც დღეს მოქმედებს და დეჰუმანიზაციისა და გაუპიროვნების გზით სახეს უცვლის დედამიწას და ადამიანს, კაპიტალიზმი როგორც ეკონომიური სისტემა კი არა, ტექნიკა და ტექნიკის სასწაულია. ადამიანი თავისი განსაცვიფრებელი გამოგონების – მანქანის ტყვედ და მონად იქცა. ჩვენი ეპოქა, უწინარეს ყოვლისა, ტექნიკის ნიშნითაა აღბეჭდილი, ასე რომ, შეიძლება ტექნიკის ეპოქად იწოდებოდეს. ტექნიკა ადამიანის უკანასკნელი და ყველაზე დიდი სიყვარულია. ადამიანს სწამს ტექნიკის სასწაული, როცა არცერთი სხვა სასწაული აღარა სწამს. დეჰუმანიზაცია – აი, რა არის, უწინარეს ყოვლისა, ადამიანური ცხოვრების მექანიზაცია და ტექნიზაცია, ადამიანის დაქვემდებარება მანქანისადმი და მისი ქცევა მანქანად. მანქანური ძალაუფლება შლის ადამიანის მთლიან სახეს. ეკონომიური ცხოვრება საბოლოოდ წყდება და ეთიშება სულიერ ცხოვრებას, რომელიც სულ უფრო და უფრო ბნელ კუნჭულში ემწყვდევა და არსებობის მართვასა თუ წარმართვაში მონაწილეობა ეკრძალება. მანქანის მოწოდება ის იყო, რომ ბუნების მონობისაგან დაეხსნა ადამიანი და მისი შრომა შეემსუბუქებინა. მაგრამ, ნაცვლად ამისა, ის ხელახლა იმონებს ადამიანს, აბეჩავებს, აუბედურებს და უმუშევრად აქცევს მას. ეს იმას ნიშნავს, რომ მთელ სოციალურ ორგანიზმს საშინელი სულიერი და ზნეობრივი სნეულება ღრღნის – ადამიანის მიმართ ადამიანის მგლური დამოკიდებულება. ტექნიზირებულ კაპიტალიზმს მარტოოდენ ეკონომიურ კატეგორიად ვერ განვიხილავთ, ის, ამავე დროს, ადამიანთა ურთიერთდამოკიდებულებასთან დაკავშირებული მორალური კატეგორიაცაა. ტექნიკას მარტო სოციალური მნიშვნელობა კი არა აქვს, არამედ კოსმიურიც. ის ქმნის სრულიად ახალ სინამდვილეს, რომელიც არსებითად განსხვავდება ბუნებრივი, არაორგანული სინამდვილისგან. არაორგანულ და ორგანულ სხეულთა გარდა იქმნებიან ორგანიზებული სხეულებიც, რომლებიც ბუნებრივი სამყაროდან კი არა, ისტორიისა და ცივილიზაციის სამყაროდან იღებენ დასაბამს. თანამედროვე ტექნიკა ადამიანის ცხოვრებაში ტელურიული პერიოდის დასასრულს მოასწავებს, ადამიანი უკვე აღარ არის მიჯაჭვული მიწებს, ისე, ცხოველებითა და მცენარეებით გარშემორტყმული; ის ახალ, მეტალურ სინამდვილეში ცხოვრობს და სულ სხვა, მოწამლული ჰაერით სუნთქავს. მანქანა მომაკვდინებლად მოქმედებს სულზე; ის, უწინარეს ყოვლისა, ემოციურ ცხოვრებას კლავს და ხრწნის ადამიანის გრძნობებს. თუ მკაცრ და მედგარ გონს შეუძლია წინააღმდეგობა გაუწიოს მანქანას და დაიურვოს იგი, სუსტსა და უმწეო სულს აგონია ეწყება. თანამედროვე კოლექტივები ორგანული კი არა, მექანიკური კოლექტივები არიან. თანამედროვე მასების ორგანიზება მხოლოდ ტექნიკურად თუ შეიძლება; ტექნიკა დემოკრატიული საუკუნის შესატყვისია. ის ადამიანის ცხოვრების რაციონალიზაციას ახდენს, მაგრამ ამ რაციონალიზაციის შედეგები ირრაციონალურია. ერთი ამნაირი შედეგია უმუშევრობა, რომელიც სულ უფრო და უფრო მკაფიოდ წარმოგვიჩნდება კაცობრიობის მომავლად. სოციალური პრობლემა, უწინარეს ყოვლისა, ადამიანის, პიროვნების, ნებისმიერი პიროვნების სახელით, სულიერსა და მორალურ რევოლუციას მოითხოვს. ამ რევოლუციამ უნდა აღადგინოს ფასეულობათა სრულიად დარღვეული ჰიერარქია და ადამიანის პიროვნების ფასეულობა წარმოების, ტექნიკის, სახელმწიფოს, ნაციონალობისა თუ კოლექტივის კერპებზე მაღლა დააყენოს. ამიტომ აქ თანამედროვე კერპთთაყვანისმცემლობის კიდევ ერთი ფორმაც უნდა განვიხილოთ. 2    ჩვენს სამყაროში უჩვეულო ძალით იფეთქა რასობრივმა ინსტინქტებმა. ნაციონალური ვნებები ღრღნიან მსოფლიოს და დაღუპვას უქადიან ევროპულ კულტურას. ეს მხოლოდ იმას მოწმობს, რაოდენ ძლიერია ატავიზმი ადამიანურ საზოგადოებებში, რამდენად უფრო ღრმაა ქვეცნობიერი, ვიდრე ცნობიერი და რაოდენ ზედაპირული იყო ჰუმანიზაციის პროცესი. თუ უწინ ნაციონალურ ინდივიდუალობათა დამკვიდრება და განვითარება ჰუმანიზაცია იყო, თანამედროვე ნაციონალიზმი ადამიანურ საზოგადოებათა დეჰუმანიზაციად და ბესტიალიზაციად გვევლინება. ეს კულტურულ-ისტორიული კატეგორიებიდან ზოოლოგიური კატეგორიებისაკენ მიბრუნებაა. თითქოს თავიდან იწყება ტომებისა და რასების ოდინდელი ბრძოლა, წინ რომ უსწრებდა ეროვნებების როგორც კულტურულ-ისტორიული ფორმების ჩამოყალიბებას; ზუსტად ისევე, როგორც შუასაუკუნეობრივი სამყაროს ფორმირებისას. უქმდება კაცობრიობის გაერთიანების ქრისტიანულ-ჰუმანისტური პროცესის შედეგები. მიმდინარეობს ქრისტიანული გაერთიანებების პაგანიზაცია[8]. ნაციონალიზმი პოლითეიზმია, ის შეუთავსებელია მონოთეიზმთან. ეს პაგანიზაცია შემაძრწუნებელი ფორმებით მიმდინარეობს გერმანიაში, რომელსაც უკვე აღარა სურს ქრისტიანული ქვეყანა ერქვას, სვასტიკით ცვლის ჯვარს და ქრისტიანებისაგან ქრისტიანული გამოცხადების, ქრისტიანული სარწმუნოების პირველსაწყისებისა და ევანგელური მორალისაგან განდგომას მოითხოვს. საფრანგეთი უკვე დიდი ხანია დექრისტიანიზირებულია, მაგრამ ღრმად ფესვგადგმული ჰუმანიზმი და განათლება ხელს უშლიან იმაში, რომ წარმართულ ქვეყნად იქცეს. გერმანიაში, სადაც ჰუმანისტური განათლება ყოველთვის უფრო სუსტი იყო, წარმართული პარტიკულარიზმის რელიგია ცდილობს ძირი გამოუთხაროს ქრისტიანულ უნივერსალიზმს. ადამიანის სულიერსა და პერსონალისტურ გაგებას ნატურალისტურ-ზოოლოგიური გაგება ცვლის და ადამიანური ცხოვრების მოწყობა-მოწესრიგების მიმართ ისეთივე დამოკიდებულება მყარდება, როგორც მესაქონლეობისადმი. წმინდა გერმანული რასის ჩამოყალიბებასა და შენარჩუნებას ისეთივე საშუალებებით ცდილობენ, რომლებსაც იყენებენ წმინდა ჯიშის ცხენებისა თუ ძაღლების გამოსაყვანად. გერმანული რასიზმი რომანტიული ნატურალიზმია და მასში არის „ბუნების“, სისხლის, მიწისა და ხალხური სულის რეაქციის, ესე იგი, ტექნიკის ძალაუფლების წინააღმდეგ მიმართული ტელურიული ძალების ელემენტები. მაგრამ ის ფატალურად ითვისებს თანამედროვე ტექნიკის საშუალებებს და ამ მხრივ საბჭოეთს ბაძავს. სტერილიზაცია, ევგენიკა, შერეული ქორწინებების აკრძალვა, პირად ცხოვრებაში სახელმწიფოს ჩარევა და ა. შ., – ყოველივე ეს ზებუნებრივი ცხოვრების გამოვლენა კი არაა, არამედ თვით გეგმიური, თვით დეჰუმანიზირებული ტექნიკური ცივილიზაციაა. რომანტიულად იდეალიზირებული და ნაციონალისტურ მისტიკად ქცეული ზოოლოგიური ინსტინქტები თანამედროვე ცივილიზებული ტექნიკის იარაღს ისხამენ. თანამედროვე ნაციონალიზმისა და რასიზმის ეს აფეთქება მით უფრო გამაოგნებელია, რომ ჩვენ უნივერსალისტურ ეპოქაში ვცხოვრობთ, ელინისტურ ეპოქას რომ მოგვაგონებს. ყველაფერი გლობალური და პლანეტარული გახდა. თანამედროვე რასობრივი და ნაციონალისტური პარტიკულარიზმი განსაკუთრებულ სიმძაფრეს იძენს ეპოქის ძირითადი უნივერსალიზმის ფონზე. დღეს უკვე აღარ არიან აბსოლუტურად კარჩაკეტილი, იზოლირებული და თვითმკმარი სამყაროები, ყველაფერი მთელი მსოფლიოს თვალწინ ხდება. თანამედროვე ტექნიკა სრულიად მაუნიფიცირებელი და მაუნივერსალიზირებელი ბუნებისაა, ის საერთოა ყველა ნაციონალიზმისათვის, ორგანული თავისუფლება აღარ არსებობს. ასე, აღმოსავლეთის ხალხთა ნაციონალიზმი სხვა არა არის რა, თუ არა ევროპის მიბაძვა და ევროპული ტექნიკით აღჭურვა. ნაციონალისტურად განწყობილი თანამედროვე ახალგაზრდობის გატაცებას ტექნიკითა და სპორტით აბსოლუტურად გლობალური, ინტენაციონალისტური ხასიათი აქვს. ისტორიაში ჩვენ ვხედავთ ორ ტენდენციას – ინდივიდუალიზაციისა და უნივერსალიზაციის ტენდენციას. კოსმიურ ცხოვრებაში ორივე გარდაუვალია და მართლზომიერი. მაგრამ მათი ჰარმონიული შერწყმა არასდიდებით არ მოხერხდა, ერთი ტენდენცია ყოველთვის ჩრდილავდა მეორეს – ამ ორი ტენდენციის ჰარმონიული შერწყმა ისევე შეუძლებელი აღმოჩნდა, როგორც, საერთოდ, ყველაფერი ჩვენი დაცემული სამყაროს ისტორიაში; ცოდვილი ჟინით და კერპთა აღმართვით ყველაფერი გაუკუღმართდა. ნაციონალიზმი და ინტერნაციონალიზმი ერთნაირად ანგრევდნენ ადამიანის მთლიანობას. თანამედროვე ნაციონალიზმი კერპთთაყვანისმცემლობის ერთი სახეა, ისევე, როგორც თანამედროვე ეტატიზმი. ქრისტიანული ჭეშმარიტება იმის შესახებ, რომ არც ელინია და არც იუდეველი, რაც, ცხადია, თვით ნაციონალური თვითმყოფობისა და ინდივიდუალობის ფაქტის უარყოფა არ ყოფილა, მოძალადური გაბოროტებით უარიყოფა, და ხალხები ნაციონალობისადმი ძველ წარმართულ დამოკიდებულებას უბრუნდებიან. კაცობრიობის ერთიანობა, რასთანაც იდეურად და პრინციპულად მაინც გვაახლოებდა ქრისტიანიზაციისა და ჰუმანიზაციის მთელი პროცესი, ასევე იდეურად და პრინციპულად უარიყოფა, კაცობრიობის ერთიანობა ირღვევა, რაც იმას მოწმობს, რომ ნატურალურად კაცობრიობის ერთიანობის მიღწევა შეუძლებელია, ამის მიღწევა მხოლოდ სულიერადაა შესაძლებელი. კაცობრიობის ერთობა განღმრთობილი კაცობრიობაა.    ნაციონალიზმი კერპთთაყვანისმცემლურად გარდაქმნის ნაციონალობას უზენაეს და აბსოლუტურ ფასეულობად, რომელსაც ექვემდებარება მთელი ცხოვრება. ღმერთს ხალხი ცვლის. ნაციონალიზმი შეუძლებელია არ შეეჯახოს ქრისტიანობას, ქრისტიანულ უნივერსალიზმს და ქრისტიანულ გამოცხადებას, რომლის თანახმადაც არ არის ელინი თუ იუდეველი და ყველა ადამიანი უპირობოდ ფასეულია. ნაციონალიზმი ყველაფერს თავის იარაღად, ნაციონალური ძლიერების, ნაციონალური თავისებურებისა და კეთილდღეობის იარაღად აქცევს. რელიგია, ეკლესია ნაციონალიზმისათვის მხოლოდ ნაციონალური ისტორიული კატეგორიაა. რუსი იმიტომ კი არ უნდა იყოს მართლმადიდებელი, რომ მართლმადიდებლობა ჭეშმარიტებაა, არამედ იმიტომ, რომ მართლმადიდებლობა იყო ნაციონალურ-ისტორიული ძალა, რომელმაც ჩამოაყალიბა რუსული სახელმწიფო და რუსული ნაციონალური კულტურა. ასე, პოლონელი კათოლიკე უნდა იყოს, გერმანელი – ლუთერიანელი, ინგლისელი – ანგლიკანელი და ა. შ. და ა. შ., ზუსტად ისევე, როგორც თურქი უნდა იყოს მაჰმადიანი. ნაციონალიზმს თანმიმდევრულად მივყავართ პოლითეიზმისაკენ, წარმართული პარტიკულარიზმისაკენ. ომის დროს ჩვენ ვხედავდით, რომ რუსული ღმერთი, გერმანული ღმერთი, ფრანგული თუ ინგლისური ღმერთი ერთმანეთს ეომებოდნენ. ნაციონალიზმისათვის მიუღებელია უნივერსალური რელიგიური ჭეშმარიტება, თავისი შეგნებით ის წინარე-ქრისტიანულ სტადიაზე რჩება, იუდაიზმის როგორც ებრაელთა ტომობრივი ღმერთის რელიგიის სტადიაზე, ღმერთისა, რომელიც ჯერ კიდევ არ ქცეულა მრავალი ხალხის ღმერთად; ესაა წარმართული სტადია, როცა ჯერ კიდევ არ ჩამოყალიბებულა მონოთეიზმის ფილოსოფიური იდეა. ნაციონალიზმი უცხო იყო შუა საუკუნეების ქრისტიანული უნივერსალიზმისათვის; ის ახალი ისტორიის ნაშიერია, ისტორიისა, რომელსაც აღარა აქვს ერთიანობის გრძნობა და პარტიკულარიზმისაკენ მიემართება. კერძოდ, ფრანგული ნაციონალიზმი საფრანგეთის რევოლუციის წიაღში შობილი ერის უზენაესობის იდეისგან იღებს დასაბამს. ძველი, მონარქიულკი და არისტოკრატიული საფრანგეთისთვის უცხო იყო ნაციონალიზმი იმ გაგებით, რა გაგებითაც ის ჩამოყალიბდა XIX-XX საუკუნეებში. ნაციონალობა ყოფიერების ინდივიდუალიზაციის ერთ-ერთი საფეხურია, და ის უთუოდ დადებით ფასეულობად უნდა მიგვაჩნდეს. კულტურა ყოველთვის ნაციონალურია და ნაციონალურ ფესვებზეა ამოზრდილი. ინტერნაციონალური კულტურა შეუძლებელია. ეს იქნებოდა კომივოიაჟერების კულტურა. მხოლოდ ტექნიკაა ინტერნაციონალური, და მისი ძალაც მაინტერნაციონალიზირებელია. ნაციონალობა კულტურულ-ისტორიული ფაქტია, ნაციონალიზმი კი – დამოკიდებულება ამ ფაქტის მიმართ, ბუნებრივი ფაქტის ქცევა კერპად. ნაციონალიზმს არავითარი ქრისტიანული ფესვი არ მოეძებნება, ის სულ სხვა წყაროდან იღებს დასაბამს და ყოველთვის უპირისპირდება ქრისტიანობას. რა თქმა უნდა, არც ინტერნაციონალიზმია ქრისტიანობა, ის არის არსებობის გაღარიბება, ყოფიერების ინდივიდუალური საფეხურების უარყოფა და კონკრეტულის ნაცვლად აბსტრაქტული ერთობის დამკვიდრება. ინტერნაციონალიზმი ზოგადია და არა უნივერსალური. უნივერსალიზმი კონკრეტულად ერთიანია, ის არ ექვემდებარება რიცხვს. ქრისტიანობა სამყაროულობა და კონკრეტული ერთობაა, რომელიც ისრუტავს ყოფიერების ყველა სახეცვლილებასა და ნათელმოსილ ინდივიდუალიზაციას. ნაციონალიზმი, უწინარეს ყოვლისა, ემოციური მოვლენაა და მასთან დავისას არავითარი ინტელექტუალური არგუმენტი არა ჭრის. ცნობილია ერთი ანეკდოტი, რომელიც, ეტყობა, ნამდვილი ამბავი უნდა იყოს და მას გარკვეული ფილოსოფიური აზრი აქვს. ფრანგების ერთი თავყრილობისას, რომელშიაც ცნობილი პოლიტიკური მოღვაწენი მონაწილეობდნენ, ერთ-ერთი ფრანგი აღშფოთებით ლაპარაკობდა ინგლისელებზე, რომლებიც მსოფლიოში პირველ ხალხად მიიჩნევენ თავს და არცერთ სხვა ხალხს თავიანთ ტოლად და სწორად არ სცნობენ. მეორე ფრანგმა მახვილგონივრულად შენიშნა: „რა გაშფოთებთ, ფრანგებიც ხომ ასევე ფიქრობენ თავიანთ თავზე?“ რაზედაც პირველმა მიუგო: „Oui, mais ça est vrai“. ყველა ნაციონალური დავა თუ კამათი ამნაირი ანეკდოტით მთავრდება, რასაც ის განაპირობებს, რომ ნაციონალობის მიმართ, უწინარეს ყოვლისა, ეროტიული დამოკიდებულება, ეროტიული არჩევანი არსებობს. მშობელი ხალხი, მშობელი მიწა ჩვენთვის ისევე ძვირფასია, როგორც საყვარელი ქალის სახე. მაგრამ ნაციონალიზმი ეროსს ეთოსს უპირისპირებს და ბუნებრივ ეროტიკას საკუთარი ნაციონალობის მიმართ უზენაეს პრინციპად და დოქტრინად აქცევს. ნაციონალიზმი პრინციპულად ამკვიდრებს მხოლოდ ეროტიულ დამოკიდებულებას ნაციონალობის მიმართ და უარყოფს ეთიკურ დამოკიდებულებას. ამიტომ ის გარდუვალად უპირისპირდება არა მარტო ქრისტიანობას, არამედ ზოგადსაკაცობრიო ჰუმანისტურ მორალსაც. როგორც ნაციონალობის, ისე ადამიანისა და რისიც გნებავთ, იმის მიმართაც არა მარტო ეროტიული, არამედ პიროვნების ღირსებასთან უშუალოდ დაკავშირებული ეთიკური დამოკიდებულებაც უნდა გვქონდეს. ნაციონალიზმისათვის ნიშნეულია არა მარტო სიყვარული თავისი ხალხისადმი, არამედ სიძულვილიც სხვა ხალხების მიმართ, სიძულვილი კი, ჩვეულებრივ, უფრო მძლავრი მამოძრავებელია, ვიდრე სიყვარული. ნაციონალიზმი ქადაგებს ან განკერძოებას, იზოლაციას, კარჩაკეტილობას სხვა ხალხებისა თუ კულტურების მიმართ, თვითმკმარობას და პარტიკულარიზმს, ან ექსპანსიას სხვა ხალხების ხარჯზე, მათ დაპყრობას, მათი მიწა-წყლის მიტაცებას, იმპერიალისტურ ნებას. ორსავე შემთხვევაში ის უპირისპირდება ქრისტიანულ სინიდისს, პრინციპულად და სამუდამოდ უარყოფს ხალხთა ძმობას, ადამიანთა ძმობას. ნაციონალიზმი მკვეთრად უპირისპირდება პერსონალისტურ ეთიკას, უარყოფს ადამიანის პიროვნების უზენაეს ფასეულობას. თანამედროვე ნაციონალიზმი ეთიკის დეჰუმანიზაციას ახდენს, ადამიანს აიძულებს ადამიანობას განუდგეს. ყოველივე ეს ერთი და იგივე პროცესია, ნაციონალიზმშიც და კომუნიზმშიაც. ადამიანის შინაგანი სამყარო მთლიანად დათრგუნვილია ნაციონალური თუ სოციალური კოლექტივებით.    ნაციონალიზმი და სოციალიზმი (ფართო გაგებით) თანამედროვე სამყაროში სხვადასხვა საწყისებად გვევლინებიან; ისინი ერთმანეთს უპირისპირდებიან და ებრძვიან, მაგრამ შეუძლიათ უცნაურად შეერწყან და შეეთვისონ ერთიმეორეს. სოციალიზმი, თავისი კლასიკური, მარქსისტული ფორმით, მტრულადაა განწყობილი როგორც ნაციონალიზმის, ისე ნაციონალობის მიმართაც, ის ინტერნაციონალიზმთანაა დაკავშირებული. ინტერნაციონალიზმი ნაციონალურისა და სოციალურის ყველაზე მძაფრი შეჯახების წერტილია. მარქსის მიხედვით, მუშებს სამშობლო არა აქვთ. პროლეტარებო ყველა ქვეყნისა, შეერთდით! ის კლასები, რომლებსაც ყველაზე სასტიკ ექსპლოატაციას უწევენ, დაუნდობლად ყვლეფენ და ჩაგრავენ მათივე თანამემამულენი, შეუძლებელია ნაციონალურ სოლიდარობასა და ძმობას გრძნობდნენ თავიანთ მჩაგვრელთა მიმართ. მათთვის უფრო ახლობელნი არიან სხვა ქვეყნების ჩაგრულნი და ექსპლოატირებულნი. სოციალური, კლასობრივი სოლიდარობა უპირისპირდება ნაციონალურ სოლიდარობას. ადამიანები ჰორიზონტალურ კი არა, ვერტიკალურ ჭრილში ერთდებიან და ერთმანეთს ეთიშებიან. მარქსს ადანაშაულებდნენ იმაში, რომ ის ბღალავდა და აუქმებდა სამშობლოს რეალობას, უარყოფდა ყოველგვარ პატრიოტულ და ნაციონალურ გრძნობას. მაგრამ სამართლიანობა მოითხოვს გვეთქვა, რომ მარქსი მხოლოდ ასახავდა სინამდვილეს, პატრიოტულსა და ნაციონალურ გრძნობას კაპიტალიზმი წარმოუდგენელი უსამართლობით ახშობდა მუშათა კლასის გულში. პატრიოტიზმითა და ნაციონალიზმით, ისევე, როგორც რელიგიით და ეკლესიით, ძალიან ხშირად ინიღბებოდა გაბატონებული კლასების ინტერესები. არსებითად, ეს სრულიადაც არ წყვეტს არც ნაციონალურ და არც რელიგიურ პრობლემას. მარქსს არც ერთი პრობლემის სიღრმე ესმოდა და არც მეორისა, და ის, რა თქმა უნდა, საშინლად აკნინებდა ნაციონალური ინსტინქტების მნიშვნელობას, რომლებმაც ომის დაწყებისას სოციალისტი მუშების გულშიც იჩინეს თავი. მაგრამ ინტერნაციონალიზმი კაპიტალისტური სამყაროსა და ტექნიკური ცივილიზაციის კანონიერი ნაშიერია, რომლებიც ადამიანს მისი არსებობის ბუნებრივ, ტელურიულ საწყისებს წყვეტენ. მრეწველები, ომისათვის მხუთავ გაზებს რომ ამზადებენ, ჩვეულებრივ, ნაციონალიზმითა და პატრიოტიზმით ინიღბებიან და მოითხოვენ საბოლოო გამარჯვებამდე მიიყვანონ ომი, მაგრამ ისინი, არსებითად, ინტერნაციონალისტები არიან. სოციალისტური ინტერნაციონალიზმი მართალია მათი ნაციონალიზმისა და მათი ინტერნაციონალის მიმართაც. სოციალურისა და ნაციონალურის შეჯახებისას სამართლიანობა ხშირად სოციალურის მხარესაა. ეს, ჩვეულებრივ, ეთოსისა და ეროსის შეჯახებაა, თუმცა შესაძლებელია ეროტიული დამოკიდებულება სოციალური სამართლიანობის მიმართ. შეიძლება გიყვარდეს შენი ხალხი და შენი მიწა-წყალი, მაგრამ მათთვის ღირსეულ ადამიანურ არსებობას და ცხოვრებისეული სამართლიანობის განხორციელებას მოითხოვდე. ჩვენი ეპოქისათვის ნიშნეულია ნაციონალურის სოციალური ფერისცვალება. ის უკვე აღარ არის გაბატონებული ბურჟუაზიული კლასების კუთვნილება და ხალხის მასების კუთვნილებად იქცევა. თანამედროვე ნაციონალიზმი ხალხური, დემოკრატიული ბუნებისაა. სოციალური თვალსაზრისით, დღეს ნაციონალისტებად, უპირატესად, წვრილბურჟუაზიული, მდაბიური, დეკლასირებული და პროლეტარიზირებული ელემენტები, ისევე, როგორც მიწათმოქმედ გლეხთა მასები გვევლინებიან. თანამედროვე ნაციონალიზმს ისეთი ფიზიონომია აქვს, თითქოს მის უკან მთელი „ხალხი“ იდგეს. ასე რომ, უეჭველია ნაციონალიზმის სოციალური დემოკრატიზაციის პროცესი. ეს შესაძლებელს ხდის იმნაირ წარმონაქმნებს, როგორიცაა გერმანული ნაციონალ-სოციალიზმი, რომელშიაც ერთმანეთს ერწყმიან ნაციონალური და სოციალური ელემენტები. სინამდვილეში, სოციალური ელემენტი დაჩრდილულია და დათრგუნვილი ნაციონალურ-რასობრივი ელემენტის მიერ. თუმცა შესაძლებელია უარვყოთ ნაციონალ-სოციალისტური, ისევე, როგორც ფაშისტური მოძრაობის ხალხური ხასიათი. გერმანელი ხალხის მნიშვნელოვანი სოციალური ფენების პროლეტარიზაციასთან დაკავშირებული სოციალური ელემენტისა და აგრესიული ნაციონალური ელემენტის ურთიერთშერწყმა განპირობებული იყო გერმანიის საერთაშორისო მდგომარეობით. გერმანელმა ხალხმა დამცირებულად და ამ დამცირებაში სოლიდარულადაც იგრძნო თავი. ომის შემდეგ ის პროლეტარულ მდგომარეობაზე იქნა გადაყვანილი სხვა ხალხებს შორის და ამიტომაც ნაციონალ-სოციალისტური გახდა. ნაციონალიზმი, ამასთანავე, სოციალურ დაცვასაც ნიშნავს. მაგრამ ჰიტლერული ძალაუფლების სოციალიზმი, უპირატესად, მაინც დემაგოგიური ხასიათისაა. სახალხოდ გამოცხადებული ნაციონალური რევოლუცია ვერასდიდებით ვერ მიდის საზოგადოების სოციალურ რეფორმამდე. თვით რუზველტის ცდებიც კი გაცილებით უფრო რადიკალურ სოციალურ რეფორმად აღიქმება. ნაციონალური და სოციალური ემოციები ჩვენს ეპოქაში დემაგოგიის მთავარი იარაღია. თანამედროვე სოციალიზმმა, არსებითად, დემაგოგიური ხასიათი მიიღო, მას უკვე აღარა აქვს ის იდეალისტური ელფერი, რაც XIX საუკუნეში ჰქონდა. კიდევ უფრო დემაგოგიურია თანამედროვე ნაციონალიზმი, რომელიც სულიერი პლებეიზმის ნიშნითაა აღბეჭდილი, ისევე, როგორც მთელი ჩვენი ეპოქა საერთოდ. ნაციონალიზმი რასობრივ სიმბოლიკას იღებს, ასე რომ, შესაძლებელია სახალხო-რევოლუციური მოძრაობა კლასობრივი კი არა, რასობრივი ნიშნით წარმოგვიჩნდეს. მაინც რა არის რასიზმი?    გერმანული რასიზმი კოლექტიური რელიგიური შეშლილობის სახეს იღებს. გერმანიაში გადატრიალება ნაციონალურ-რასობრივი სიმბოლიკის ნიშნით მოხდა, ისევე, როგორც რუსეთში სოციალურ-კლასობრივი სიმბოლიკის ნიშნით. მაგრამ ნუ მივიღებთ მეტისმეტად სერიოზულად რევოლუციურსა და მასობრივ კოლექტიურ მოძრაობათა სიმბოლიკას. ეს სიმბოლიკა პირობითია, ასე რომ, ძალზე არამსგავსი პროცესები შეიძლება სხვადასხვაგვარი სიმბოლიკით ინიღბებოდნენ. მაგრამ მასების მოძრაობა ყოველთვის გამაერთიანებელსა და შემაკავშირებელ სიმბოლიკას მოითხოვს. ამ სიმბოლოსთან ყოველთვის დაკავშირებული იყო ორთოდოქსია. ხოლო ორთოდოქსიიდან ყოველგვარი გადახრა ერესად ითვლება და განიკვეთება. ჩვენს ეპოქაში ორთოდოქსიისა და ერესის კატეგორიები ძალზე მნიშვნელოვან სოციალურ ფაქტორებად იქცნენ. თუმცა ისიც უნდა ითქვას, რომ ორთოდოქსია ყოველთვის სოციალური ფენომენი იყო, ის ყოველთვის სოციალური კოლექტივით განისაზღვრებოდა. ერესი სოციალური კოლექტივის ცნობიერებიდან გადახრაა. ჩვენს დროში ორთოდოქსიებისა და ერესების გათავისთავადება, რაც დაკავშირებულია პიროვნულ სინიდისზე კოლექტივის მბრძანებლობასთან, ხელახლა იქცევა პოლიტიკის განმსაზღვრელ ფაქტორად. ეს, რა თქმა უნდა, შუა საუკუნეებისაკენ მიბრუნებაა. რუსეთში უკვე კარგა ხანია მძვინვარებს მარქსიზმის ტირანული ორთოდოქსია, თუმცა ეს მარქსიზმი ბოლომდე როდი ერთგულობს მარქსს. ამ ორთოდოქსიის სახელით ასახიჩრებენ ადამიანის ცხოვრებას. გერმანიაში რასიზმის ორთოდოქსია ჩამოყალიბდა. ამ ორთოდოქსიის მდგომარეობა უფრო მძიმეა, რადგანაც მის ზურგსუკან არა დგას ისეთი დამუშავებული თეორია, როგორიცაა მარქსიზმი. მაგრამ ისიც ასახიჩრებს ადამიანთა ცხოვრებას, ამ მხრივ, თვით კომუნიზმსაც აღემატება და, ასე განსაჯეთ, წმინდა და ძლიერი რასის ჩამოსაყალიბებლად ცოცხალ ორგანიზმსაც კი ასახიჩრებს მოძალადური სტერილიზაციის გზით. აქვს თუ არა რასიზმს ერთგვარი მეცნიერული ან ფილოსოფიური საფუძველი? რასიზმი მეცნიერული კი არა, მითოლოგიური ბუნებისაა. მაგრამ თანამედროვე მასობრივ მოძრაობათა შთაგონების წყარო ყოველთვის მითოლოგიაა და არა მეცნიერება. ჩვენი ეპოქა, მეცნიერებითა და ტექნიკით რომ მოაქვს თავი, გაჟღენთილია მითებით, დღეს თვით მეცნიერება და ტექნიკაც მითებად იქცნენ. გერმანული ნაციონალიზმი ყოველთვის უფრო მჭიდროდ იყო დაკავშირებული რასიზმთან, ვიდრე სხვა ხალხების ნაციონალიზმი. ასე მაგალითად, ფრანგული ნაციონალიზმი სულაც არ უკავშირდება რასიზმს. არც რასიზმი და არც ანტისემიტიზმი არ არის რაღაც მოულოდნელი გერმანიაში, ეს გერმანული სულის ძველი სნეულებაა, რაც იმას მოწმობს, რომ ქრისტიანობამ ვერ შესძლო საკმარისად გადაემუშავებინა და გარდაექმნა გერმანული წარმართობის სიღრმისეული შრეები. XIX საუკუნის მთელ გერმანულ აზრს უწყვეტ ხაზად გასდევს გერმანული იმპერიალიზმის ძლევამოსილების იდეა, გერმანიის დიადი მისიის რწმენა და ეროვნული სიამაყის გრძნობა. თითქმის მთელი გერმანული ფილოსოფია და მეცნიერება ამ განცდითაა გამსჭვალული. ფიხტე უკვე გერმანული მისიის მილიტარისტული იდეის ქადაგი იყო. და რაკი ის, ამასთანავე, ჰუმანისტი და საფრანგეთის რევოლუციის ტრფიალიც გახლდათ, ამიტომ გერმანელი – ადამიანის იდეალად, გერმანული კულტურა კი ადამიანურობის უპირველეს და ერთადერთ დამამკვიდრებლად მიაჩნდა. ფიხტე ანტისემიტიც იყო და აცხადებდა, ებრაელებს ადამიანის უფლებები უნდა ჩამოვართვათო. თავისი ანტისემიტიზმი მან გამოხატა საფრანგეთის რევოლუციისადმი მიძღვნილ სტატიაში, როცა მისი მსოფლმხედველობა ჯერ კიდევ რევოლუციური იყო. ჰეგელის ფილოსოფიაც ასევე აფასებდა გერმანელი ხალხის განსაკუთრებული მისიის იდეას. პრუსიის სახელმწიფო მას მსოფლიო სულის ხორცშესხმად და განსახიერებად ეჩვენებოდა. ვაგნერის მთელი შემოქმედება გერმანული სულის აგრესიული და მილიტარისტული მესიანიზმის გამოხატულებაა. დიდი კომპოზიტორი ნამდვილი რასისტი და ანტისემიტი, რასისტულ-ანტისემიტური იდეოლოგიის ერთ-ერთი შემქმნელი იყო. ნიცშე განკერძოებით დგას. მაგრამ მისი ზოგიერთი მოტივი გერმანული იმპერიალისტური ნების – მბრძანებლობისაკენ მსწრაფი ნებისა და ძალის გერმანული კულტის შთაგონების წყაროდ იქცევა. თვით მარქსის ნააზრევშიც ბევრი რამ ენათესავება გერმანულ იმპერიალიზმს, მაგალითად, მისი დამოკიდებულება რუსებისა და სლავებისადმი და ნამდვილი ანტისემიტიზმი. უკიდურესი ანტისემიტი იყო დიურინგი, ნამდვილი ანარქისტი. შემდეგ მოდიან ლანგენი, ავტორი წიგნისა რემბრანტის შესახებ, ჩემბერლენი, ვოლტმანი. ცდილობდნენ დაეფუძნებინათ ქუასი მეცნიერული რასობრივი თეორიები, მეცნიერულად აეხსნათ მითი რჩეული არიული რასის, ანუ გერმანელების შესახებ. მაგრამ რასობრივი თეორიის ნამდვილი ფუძემდებელი იყო ფრანგი გობინო, დახვეწილი მოაზროვნე და არისტოკრატიული ტიპის მწერალი, ვისთვისაც უცხო იყო ტლანქი ანტისემიტიზმი და, საერთოდ, ყოველგვარი სიტლანქე. ის იყო ნამდვილი შემოქმედი მითისა რჩეული არიული რასისა და გერმანელთა დიადი მისიის შესახებ, თუმცა, მისი აზრით, გერმანელები უკვე აღარ წარმოადგენდნენ წმინდა რასას. რასების უთანასწორობის იდეა მისთვის, უწინარეს ყოვლისა, არისტოკრატიზმის იდეის დაფუძნება და არისტოკრატიული კულტურის გამართლება იყო. გობინო, თანამედროვე გერმანელი რასისტებისაგან განსხვავებით, პესიმისტი იყო და ამტკიცებდა, რომ რასებისა და კულტურების დეკადანსი გარდუვალია. საფრანგეთში გობინოს დიდი წარმატება არ ჰქონია და რასობრივმა თეორიამ ფეხი ვერ მოიკიდა ფრანგულ ნიადაგზე. მაგრამ ამ თეორიამ გერმანიაში გამოიღო ნაყოფი და კიდეც გატლანქდა. თუმცა ჩემბერლენი ჯერ კიდევ ძალზე კულტურული მოაზროვნე იყო და მას დახვეწილი აზრები ჰქონდა. მაგრამ არაფერია უფრო უბადრუკი და სასაცილო, ვიდრე მისი მცდელობა – დაემტკიცებინა, რომ ქრისტე ებრაელი არ ყოფილა. გატლანქებისა და ვულგარიზაციის პროცესი კიდევ უფრო შორს წავიდა და თეორია, რომლის წყაროც და სათავეც არისტოკრატიული იყო, მასების შთამაგონებელ პლებეურ თეორიად იქცა.    თანამედროვე მეცნიერებას რასობრივი თეორია მითოლოგიად მიაჩნია და, მისი აზრით, არიულ რასაზე სერიოზულად ლაპარაკიც კი ზედმეტია. რა თქმა უნდა, არ არსებობს არც წმინდა გერმანული რასა, რომელიც უკვე რთული ნარევის შედეგია. ერთადერთი შედარებით წმინდა რასა, შესაძლოა, ებრაელი ერი იყოს. თვით რასის ცნება ძალზე მყიფეა და ორი სხვადასხვა ფენომენის აღრევაზეა დამოკიდებული: იმისა, რაც ზოოლოგიას ეკუთვნის და იმისა, რაც კაცობრიობის ისტორიის კუთვნილებაა. რასა ზოოლოგიური კატეგორიაა და ამით განსხვავდება ეროვნებისაგან, რომელმაც მისტიური ხასიათი მიიღო, და ეს ყველაზე საშინელია. რასიზმი სულს თავის ქალის ფორმასა და თმის ფერზე დამოკიდებულს ხდის. ესაა სულისა და სულიერების მიმართ მტრულად განწყობილი აბსოლუტურად ნატურალისტური დეტერმინიზმი, რადგანაც სული, უწინარეს ყოვლისა, თავისუფლებაა. რასიზმი მატერიალიზმის კიდევ უფრო ტლანქი ფორმაა, ვიდრე ეკონომიური მატერიალიზმი. ვინაიდან სოციალურობა ფსიქიკურ სამყაროს განეკუთვნება და ნაკლებ მატერიალისტურია, ვიდრე ის, რაც ბიოლოგიურია და ზოოლოგიური. რასობრივი თეორიის თანახმად, ადამიანი ბიოლოგიურად, სისხლითა და ანატომიური აგებულებით დეტერმინირებული ცხოველია. ეს თეორია ამტკიცებს მემკვიდრეობის საბედისწერო ხასიათს. მაგრამ რასებს, ზოოლოგიურ-ნატურალისტური გაგებით, ისტორიაში უკვე ვეღარ იპოვით, ისინი პრეისტორიას მიეკუთვნებიან. ისტორიაში არსებობენ ეროვნებანი, ისტორიულ-კულტურული პროცესის პროდუქტად რომ გვევლინებიან. ფრანგებს იმიტომ როდი მიიჩნევენ ლათინებად, რომ ძარღვებში ლათინური სისხლი უდგათ: მათში ლათინური სისხლის წვეთიც არ არის; ისინი რასების რთული შერევისგან იღებენ დასაბამს, და ამ ნარევში ძალზე ძლიერია კელტური ელემენტი; ფრანგები ლათინები არიან მხოლოდ იმიტომ, რომ ლათინური კულტურა შეითვისეს და მათი ფორმირებაც სწორედ ამ კულტურითაა განპირობებული. ლათინურ რასაზე ლაპარაკიც კი ზედმეტია. საეჭვოზე მეტია რუსების მიჩნევა სლავურ რასად, მათში ძალიან ბევრია ფინური, თათრული და – საზოგადოების მაღალ ფენებში (პეტრეს დროიდან მოყოლებული) – გერმანული სისხლი. რუსები სკვითები არიან. ისინი უფრო ნაკლებად არიან სლავები, ვიდრე პოლონელები და ჩეხები. პრუსია ძველი სლავური ქვეყანაა და პრუსიელებში ბლომადაა სლავური სისხლი. მაგრამ რა არის რელიგიური თვალსაზრისით თვითონ რასიზმი, ქრისტიანობისათვის ესოდენ საშიშ ფორმებს რომ იღებს გერმანიაში? რასიზმი წმინდა ებრაული იდეოლოგიაა. ისტორიაში რასობრივი იდეის ერთადერთი კლასიკური ფორმა ებრაელობითაა წარმოდგენილი. სწორედ ებრაელები ზრუნავდნენ თავიანთი რასის სიწმინდის შენარჩუნებაზე და დაუშვებლად მიაჩნდათ შერეული ქორწინებანი, სასტიკად ეწინააღმდეგებოდნენ, საერთოდ, შერევას და უნდოდათ დახშულ, კარჩაკეტილ სამყაროდ დარჩენილიყვნენ. ებრაელობა რელიგიურ მნიშვნელობას ანიჭებდა სისხლს და ერთმანეთს მჭიდროდ უკავშირებდა ორ მომენტს – რელიგიურსა და სოციალურს. ხალხის მესიანისტური ცნობიერება ყოველთვის ებრაული სულის გამოვლენაა. ებრაელობისათვის ყოველთვის ნიშნეული იყო განსაკუთრებულობა, განსაკუთრებული თავდადება თუ თავგამოდება ყოველივე იმის გამო, რაც თავისად და თავისიანად მიაჩნდა. ანტისემიტებისათვის შეიძლებოდა „მოსემიტენი“ გვეწოდებინა. თუ პირობითად და სიმბოლურად მაინც შეიძლება „არიელებზე“ ლაპარაკი, სწორედ ჩვენ – „არიელებს“ არამცდაარამც არ უნდა გვახასიათებდეს არავითარი რასიზმი, არავითარი განსაკუთრებული ნაციონალიზმი, არავითარი განსაკუთრებული მესიანიზმი. ინდოელებისა და ბერძნებისნაირი „არიელებისათვის“, უმალ, ნიშნეულია ინდივიდუალიზმი, ამ სიტყვის თანამედროვე კი არა, ძველი გაგებით; ისინი გაცილებით უფრო მეტად უფრთხილდებიან სულს, ანუ სხეულის ფორმას, ვიდრე ხალხური კოოლექტივის ბედს: მათთვის სრულიად უცხოა ფანატიზმი, შეუწყნარებლობა, განსაკუთრებულობა თუ გამორჩეულობა. თუ რასიზმს ებრაულ ნიადაგზე მაინც მოეძებნება გარკვეული გამართლება, ის სრულიად გაუმართლებელია ქრისტიანობის ნიადაგზე. ქრისტიანული თვალსაზრისით, „არიული პარაგრაფის“ განხილვაც კი მიუტევებელია, თუმცა მას სწორედ ქრისტიანებს სთავაზობენ. რასობრივი ანტისემიტიზმი გარდუვალად გადადის ანტიქრისტიანობაში, რასაც ჩვენ ვხედავთ გერმანიის მაგალითზე. გერმანულ-არიული ქრისტიანობა სახარებისა და ქრისტესაგან განდგომაა. ქრისტიანობისა და იუდაიზმის ძველი კონფლიქტი, რაც სინამდვილეში არსებობს, ჩვენს ქაოტურ დროში იმნაირ ფორმას იძენს, რომ მილიტარისტული ანტიიუდაიზმი ანტიქრისტიანობად იქცევა. ქრისტიანული ანტიიუდაიზმი ბიბლიისა და ძველი აღთქმის წინააღმდეგ კი არაა მიმართული, არამედ ქრისტეს უარყოფის შემდეგ წარმოქმნილი თალმუდურ-რაბინული იუდაიზმის წინააღმდეგ. როდესაც რელიგიური ანტიიუდაიზმი რასობრივ ანტისემიტიზმში გადადის, ის ფატალურად იქცევა ანტიქრისტიანობად, რადგანაც ქრისტიანობის სათავე ადამიანურად ებრაულია. ორთოდოქსი ებრაელებისათვის დასაშვებია „რასისტობა“, მათ შეუძლიათ მტრულად იყვნენ განწყობილნი „არიელი“ ქრისტიანების მიმართ; მაგრამ ქრისტიანებისათვის სრულიად დაუშვებელია, აკრძალულია „რასისტობა“ და მტრული დამოკიდებულება ებრაელებისადმი. ასეთია ქრისტიანების უპირატესობა. რასობრივი თეორია ქრისტიანული და ადამიანური თვალსაზრისითაც გაცილებით უარესია, ვიდრე კლასობრივი თეორია, მისი დეჰუმანიზაცია გაცილებით უფრო ღრმაა. მარქსიზმის კლასობრივ თეორიაში დასაღუპად განწირული ბურჟუაზიული კლასების წარმომადგენელი შეიძლება მაინც გამორჩეს ცნობიერების შეცვლის წყალობით. მან შეიძლება შეითვისოს მარქსისტული იდეოლოგია და კომუნისტი ან თვით სახალხო კომისარიც კი გახდეს. რასობრივი თეორია ხსნის შანსს არავის უტოვებს. თუ შენ ებრაელი ან ზანგი ხარ, ცნობიერების ვერავითარი შეცვლა, ვერავითარი სარწმუნოება, ვერავითარი რწმენა ვერ გიხსნის, შენი საქმე წასულია. ებრაელს ვერც ქრისტიანად მონათვლა უშველის და ვერც ის, რომ ნაციონალ-სოციალისტი გახდეს. ჭეშმარიტ გერმანელ „არიელად“ ისევე ვერ იქცევი, როგორც ვერ იქცევი ებრაელად; „არიელად“ შეიძლება მხოლოდ დაიბადო. ადამიანი ვერსად წაუვა სისხლის ფატუმს. ესაა აბსოლუტური დეტერმინიზმი და ფატალიზმი. მაგრამ ქრისტიანობა სულის თავისუფლების რელიგიაა, ის ვერ იტანს ფატალიზმს და დეტერმინიზმს. კლასობრივი დეტერმინიზმი ფარდობითია რასობრივ დეტერმინიზმთან შედარებით, ამიტომ ეს უკანასკნელი უფრო ღრმა დეჰუმანიზაციაა. ეგეც არ იყოს, ქრისტიანული თვალსაზრისით ჰიტლერიზმი უფრო საშიშია, ვიდრე კომუნიზმი, ვინაიდან კომუნიზმი აშკარად და გადაჭრით იბრძვის ქრისტიანობის წინააღმდეგ, როგორც ყოველგვარი რელიგიის მტერი. ჰიტლერიზმი კი მოძალადურად მოითხოვს ქრისტიანობის შინაგან დეფორმაციას და რასობრივი თეორიისა და მესამე რაიხის დიქტატურის გულისთვის თვით ქრისტიანული სარწმუნოების შეცვლას.    ნაციონალიზმი და რასიზმი განუყრელად დაკავშირებულია ეტატიზმთან. ნაციისა თუ რასის დიადი მისიის, მისი იმპერიალისტური ნების რეალიზაცია ძალასა და ძალაუფლებას მოითხოვს. ნაციონალიზმს მხოლოდ სახელმწიფოს მეშვეობით თუ შეუძლია თავისი თავის რეალიზება, ის სახელმწიფოს ხელში ჩაგდებას ესწრაფვის. სახელმწიფოებრივი ძლიერების გარეშე ნაციონალიზმი ემოციურ მდგომარეობად დარჩება. თანამედროვე ნაციონალიზმი გაცილებით უფრო მჭიდროდაა დაკავშირებული სახელმწიფოსთან, ვიდრე კულტურასთან; ის ნაკლებად აფასებს კულტურას და სულ უფრო და უფრო ხშირად ზურგს აქცევს ეროვნული კულტურის ტრადიციებს. ჰიტლერიზმი შორსა დგას გერმანული კულტურის ტრადიციებისაგან, მას სრულიადაც არ სურს, რომ გერმანელი ხალხი ფილოსოფოსებისა და პოეტების ხალხი იყოს. მეცნიერების თავისუფლება, ცოდნის თვითღირებულების პატივისცემა – აი, გერმანული კულტურის ტრადიციები, რომლებსაც მიწასთან ასწორებს თანამედროვე სტილის ნაციონალიზმი. ის ჭეშმარიტებისაკენ კი არა, ძლევამოსილებისაკენ მსწრაფი ნებითაა შთაგონებული. ძირს ჭეშმარიტება, ძირს სიმართლე, მთავარია ძლევამოსილნი ვიყოთ. აი, ლოზუნგი. ეს კი თავის იარაღად ძლიერ სახელმწიფო ძალაუფლებას მოითხოვს. ძველი რუსული ნაციონალიზმიც რუსულ კულტურას კი არ აფასებდა, არამედ სახელმწიფო ძლიერებას, მისი გმირები იყვნენ გენერლები, მინისტრები, გუბერნატორები და არა პოეტები, მხატვრები, ფილოსოფოსები, სწავლულები, რეფორმატორები და პროფეტები. ზუსტად ასევე, ახალი რუსული ნაციონალიზმიც, ომისა და რევოლუციის შემდეგ, ყველაზე მეტად ძალაუფლების ხელში ჩაგდებას ცდილობს და სახელმწიფოს უფრო აფასებს, ვიდრე კულტურას. ნაციონალიზმს ეტატიზმის, სახელმწიფო ძლიერების, როგორც თავისი იარაღის ფლობისა და სახელმწიფოს აბსოლუტიზაციის გარეშე არსებობა არ შეუძლია. სახელმწიფო ძლიერება ნაციონალიზმის ობიექტივაციაა. შემოქმედებითი ეროვნული კულტურა დაუშვებლად მიიჩნევს ხელოვნურობას. შეუძლებელია ამ გზით ეროვნული კულტურისა და ეროვნული ფილოსოფიის შექმნა, უნდა გიყვარდეს ჭეშმარიტება, უნდა გიყვარდეს სიმართლე და მშვენიერება. ფილოსოფია შეიძლება ეროვნული იყოს პრობლემების ხასიათისა და სტილის მიხედვით, მაგრამ ის საერთოდ არ იარსებებს, თუ ფილოსოფოსები, უწინარეს ყოვლისა, არ მიელტვიან ჭეშმარიტებას. კულტურის ხალხურობა არაცნობიერი ორგანული პროცესია და არა ყალბი ხელოვნურობა. სახელმწიფოს პოლიტიკა შეიძლება ხელოვნურად ნაციონალური, ან, უფრო ზუსტად, ნაციონალისტური იყოს. ჩვენ ვერ ვხედავთ, რომ ნაციონალიზმი, რომელმაც დიქტატურის ფორმა მიიღო, რაიმეს ქმნიდეს კულტურაში. მაგრამ სახელმწიფოებრივ სფეროში ის დიახაც ქმედითია, სწორედ ესაა ქმედითი ნაციონალური ნების ერთადერთი არენა. ნაციონალიზმი უცილობლად არა მარტო ნაციონალობის წარმართული გაღმერთებაა, არამედ სახელმწიფოსიც, ე.ი. ეტატიზმია, თუნდაც სახელმწიფო თვითმიზნად კი არ იყოს მიჩნეული, არამედ რასის იარაღად. თანამედროვე ნაციონალიზმი ტოტალური სახელმწიფოს იდეას უკავშირდება. ნაციონალიზმიც და ეტატიზმიც თანაბრად ეფუძნება ანტიპერსონალისტურ ეთიკას. ორგანიზებულ მასებს აბსოლუტურ სახელმწიფოში ნებავთ ცხოვრება და არ უფრთხილდებიან თავიანთ სიცოცხლეს, რომელიც დამოუკიდებელი უნდა იყოს სახელმწიფოსგან, არ უფრთხილდებიან სულის თავისუფლების პროდუქტს – კულტურულ შემოქმედებას. ყოველგვარი დესპოტიზმი ტრანსფორმირებული პირველყოფილი კომუნიზმია. 3    მსოფლიო ცეზარიზმის ეპოქაში შედის. თუმცა ყველა სხვა ცეზარიზმის მსგავსად ამ ცეზარიზმსაც მკვეთრად გამოხატული პლებეური ხასიათი ექნება. ესაა პლებეური ამბოხი კულტურაში არისტოკრატიული საწყისის წინააღმდეგ. თანამედროვე „ბელადი“, შესაძლოა, ახალი ცეზარის წინამორბედი, ხალხთა მასების ბელადია, ის ფსიქოლოგიურად აღზევებულია თანამედროვე კოლექტივების მიერ. „ბელადი“ დემაგოგიის მეშვეობით მართავს მასებს. დემაგოგიის – ამ თავისი იარაღის გარეშე ის სრულიად უმწეოა და მალე დამხობა ელის, თუმცა უდემაგოგიოდ ვერსაოდეს ჩაიგდებდა ხელში ძალაუფლებას. „ბელადი“ მთლიანად მასებზეა დამოკიდებული, რომლებსაც ის დესპოტურად მართავს; ასევე დამოკიდებულია კოლექტივების ფსიქოლოგიაზე, მათ ემოციებსა და ინსტინქტებზე. ბელადის ძალაუფლება მთლიანად ქვეცნობიერზეა დაფუძნებული, ქვეცნობიერი ყოველთვის უზარმაზარ როლს ასრულებს მბრძანებლის მიმართებებში. მაგრამ, აი, რა არის გამაოგნებელი: თანამედროვე სამყაროში ქვეცნობიერსა და ირრაციონალურზე დაფუძნებული ძალაუფლება ადამიანთა ცხოვრების უკიდურესი რაციონალიზაციისა თუ ტექნიზაციის მიღწევებითა და არა მარტო მეურნეობის, არამედ ადამიანის აზრის, მისი სინიდისისა და თვით სექსუალური თუ ინტიმური ცხოვრების რაციონალური სახელმწიფო დაგეგმვის მეთოდებითაც სარგებლობს. თანამედროვე რაციონალიზაცია და ტექნიზაცია ქვეცნობიერი და ირრაციონალური ინსტინქტების, ძალადობისა და მბრძანებლობის ინსტინქტების ძალაუფლებას ექვემდებარება. ასეა გერმანიაშიც და საბჭოთა რუსეთშიც. მაგრამ თანამედროვე ეტატიზმი და კეისრის სამეფოს აბსოლუტური მნიშვნელობის დღევანდელი პრეტენზია მკვეთრად უპირისპირდება ქრისტიანობას, და, შესაძლოა, სწორედ ესაა მოვლენათა მთავარი სულიერი აზრი. აბსოლუტური, იდეოკრატიული, ტოტალური სახელმწიფო გარდუვალად მიდის რელიგიური სინიდისის, ქრისტიანის სულიერი ცხოვრების თავისუფლების უარყოფამდე. სახელმწიფოს სურს ეკლესია იყოს. ამ ჩვენს დაცემულ სამყაროში გამუდმებით იხსნება და იშლება განსხვავება კეისრის სამეფოსა და ღვთის სამეფოს შორის, მათი ურთიერთგამიჯვნა, რაც ყოველთვის იმავეს მაუწყებელია, რომ კეისრის სამეფოს სურს ჩაყლაპოს ღვთის სამეფო. თანამედროვე გერმანიაში ამან უჩვეულო ძალით იჩინა თავი. ჩვენს დაცემულ სამყაროში ღვთის სამეფოსა და კეისრის სამეფოს, სულისა და ბუნების, თავისუფლებისა და აუცილებლობის, პიროვნებისა და საზოგადოების დუალიზმის გარდუვალი უარყოფა დესპოტიზმისა და ტირანიის წყაროდ იქცევა. ამ დუალიზმის ჭეშმარიტი ძლევა სამყაროს ფერისცვალებას, ახალ ცასა და ახალ მიწას ნიშნავს. მაგრამ კეისრის სამეფოს, რომელიც ნაირ-ნაირ მეტამორფოზებს განიცდის, ამ დემონიურ-ტირანული მიმართულებით სურს გადალახოს ეს დუალიზმი. ნაციონალიზმი იმ ტირანიისაკენ მიმავალი ერთ-ერთი გზაა, რომლითაც კეისრის სამეფო თრგუნავს სულს. მხოლოდ ნაციონალურ სახელმწიფოთა სუვერენობის დაძლევას და ხალხთა მსოფლიო ფედერაციის მიმართულებით მოძრაობას თუ შეუძლია დაგვიხსნას ამ ტირანიისგან. ნაციონალური უნდა დარჩეს მხოლოდ კულტურა და არა სახელმწიფო, ეს კი დიამეტრალურად უპირისპირდება იმას, რასაც ამკვიდრებს თანამედროვე ნაციონალიზმი. მაგრამ მსოფლიო, როგორც ჩანს, მას შემდეგ თუ მიაღწევს ამას, რაც მუსრს გაავლებენ კაცობრიობის მნიშვნელოვან ნაწილს. დღესდღეობით კი მსოფლიო ტირანულ სახელმწიფოებში სისხლისღვრისა და ხოცვა-ჟლეტისაკენ მსწრაფი ნების ნიშნითაა აღბეჭდილი. თანამედროვე ეკონომიზმსა და ტექნიციზმს, თანამედროვე კომუნიზმსა და ნაციონალიზმს, თანამედროვე რასიზმს, ეტატიზმსა და ცეზარიზმს სისხლი სწყურიათ და სიძულვილით საზრდოობენ.    და ბოლოს, ისტორიაში შემოვიდა კიდევ ერთი ახალი ძალა, რომელიც საფრთხეს უქმნის ევროპული კულტურის სიმყარეს. აღმოსავლეთის ხალხები, ფერადი რასები ცდილობენ ისტორიის ქმედით ძალად იქცნენ; მათ სურთ სუბიექტები იყვნენ და არა ობიექტები. ახლოვდება ევროპის როგორც კულტურის ერთადერთი მონოპოლისტის დასასრული. იწყება აღმოსავლეთისა და დასავლეთის ურთიერთობა, რაც, რენესანსის ეპოქიდან მოყოლებული, თითქოს შეწყდა. მილიტარისტული ნაციონალიზმის აფეთქების პარალელურად მიმდინარეობს კაცობრიობის უნივერსალიზაცია. აზიის ხალხების, მთელი სამყაროების გამოღვიძებამ, რომლებიც უწინ მხოლოდ კოლონიებად მიაჩნდათ, მძიმე დარტყმა მიაყენა ევროპას, უწინარეს ყოვლისა, ეკონომიურად. კაპიტალიზმი კოლონიურ პოლიტიკას ემყარებოდა, მაგრამ კოლონიებს უკვე აღარ სურთ კაპიტალისტური ექსპლოატაციის საგნად დარჩენა. დასავლეთის ქრისტიანი ხალხები ყოვლად არაქრისტიანულად ეპყრობოდნენ აღმოსავლეთის ხალხებს. მათ მსოფლიოში სახელი გაუტეხეს ქრისტიანობის საქმეს და ძალიან მძიმე ასოციაციები გამოიწვიეს. ცალკეული მისიონერები მართლაც ნამდვილ ჰეროიზმს და სიწმინდეს ავლენდნენ, მაგრამ საერთოდ დასავლური კულტურის ხალხები არაქრისტიანულად ექცეოდნენ აღმოსავლეთის ხალხებს, ფერად რასებს და ქრისტიანობას როდი ამკვიდრებდნენ მათში. ახლა კი დგება ნაცვლისგების ჟამი და რაკი დასავლეთი ევროპა კვლავაც ქრისტიანულია, იძულებული იქნება ქრისტიანულად მოექცეს არაქრისტიანულ აღმოსავლეთს და არა ისე, როგორც იქცევა ექსპლოატატორი. თეთრ რასას უკვე აღარა აქვს იმის უფლება, რომ ქედმაღალი ცივილიზატორის როლი ითამაშოს ფერად რასასთან დამოკიდებულებაში. აღმოსავლეთის ხალხები, იაპონელები, ჩინელები, ინდოელები დასავლური ცივილიზაციის ათვისებას იწყებენ, ისინი მატერიალისტები ხდებიან, დასავლეთისაგან მათ მიიღეს ნაციონალიზმი. ქრისტიანული ჭეშმარიტების ნათელი კი გაცილებით ნაკლებად შეითვისეს, ვერც კი ხედავენ მას. იიშლება მხოლოდ მათი ძველი რელიგიური რწმენა. ინდოელებიც კი, რომლებიც დასავლეთის გაბურჟუაზიებულ და გამატერიალისტებულ ხალხებზე გაცილებით უფრო სულიერნი იყვნენ, თავიანთ სულიერებას კარგავენ და ცივილიზებულ ერად იქცევიან. ამრიგად, მსოფლიო ისტორიაში შემოვიდნენ ადამიანთა უზარმაზარი მასები, მრავალრიცხოვნებით გაცილებით რომ სჭარბობენ ევროპულ მასებს, და შემოვიდნენ სწორედ იმ მომენტში, როცა შეითვისეს ევროპული ცივილიზაციის მთელი მანკიერება. ყოველივე ეს საშინლად ამძაფრებს და მრისხანე პერსპექტივების წინაშე აყენებს მსოფლიო კრიზისს. მსოფლიო ანარქიისა და დაშლის პერიოდში შევიდა. თანაც, არასოდეს არ ყოფილა ორგანიზაციის, გეგმიურობის, ძალდატანებითი ერთობისა და სახელმწიფოს აბსოლუტიზაციისაკენ უფრო შლეგური სწრაფვა. ყოველივე იმას, რაც ხდება, ფესვი ღრმადა აქვს გადგმული სულიერების სფეროში, ქრისტიანობისა და, საერთოდ, რელიგიური ცნობიერების კრიზისსა და სულიერების დეკადანსში. ნამდვილი განკურნება შეიძლება მოგვიტანოს მხოლოდ ახალმა სულიერებამ, რომელიც ჯერ კიდევ არ ქცეულა განსაზღვრულ და განმსაზღვრელ ძალად.   თავი IV. კულტურის არისტოკრატიული საწყისი და ინტელექტუალური ფენის ბედი. ქრისტიანობა მსჯავრის წინაშე და ახალი სულიერების ძიება 1    დღეს ყველა კულტურის კრიზისზე ლაპარაკობს და შიშით შეჰყურებს მომავალს. ეს მოარულ თემად იქცა. კულტურის კრიზისი იმასთანაა დაკავშირებული, რომ ნებისმიერი მაღალი კულტურისათვის ნიშნეულია არისტოკრატიული თვისობრივი საწყისი, რომელსაც უდიდესი საფრთხე ემუქრება დემოკრატიზაციისა და გათანაბრების პროცესის, მასების მბრძანებლობის მხრივ. ჩვენ ვცხოვრობთ კულტურის არისტოკრატიული საწყისის წინააღმდეგ პლებეური ჯანყის ეპოქაში. ახალი ავტორიტარული სახელმწიფოები კულტურის მიმართ აშკარად პლებეურ დამოკიდებულებას იჩენენ, რაც რაოდენობის თვისებაზე მბრძანებლობას ნიშნავს. ანტიკური ბერძნულ-რომაული კულტურა თავისი პრინციპით თვისობრიობის დამცველი და ხელშემწყობი კულტურა იყო. არისტოკრატიული იყო რენესანსის კულტურაც. კულტურა მოცლილობისა და იმის წყალობით ვითარდებოდა, რომ შესაძლებელი იყო შემოქმედებით ძალთა სიჭარბის გამოვლენა; ის გულისხმობდა არათანასწორობას. კულტურა არასოდეს არ არსებობდა კაცობრიობის მთელი მასისთვის, არასოდეს არ აკმაყოფილებდა მის მოთხოვნებს თუ მოთხოვნილებებს. კულტურის ხალხურობა არასოდეს არ ნიშნავდა იმას, რომ ხალხის მასების დონე შეესაბამებოდა მათი დაკვეთის შესრულების დონეს. ხალხურობა ხალხის სულის გამოხატულება იყო, გენიოსს შეეძლო უკეთ გამოეხატა იგი, ვიდრე მასას. მაგრამ დღეს კულტურისაგან სულ უფრო და უფრო მეტად მოითხოვენ ხალხურობას ხალხის მასების მოთხოვნებსა თუ მოთხოვნილებებთან შესაბამისობის თვალსაზრისით. ეს იწვევს კულტურის გადაგვარებას და მას სხვა რიგის ფენომენად აქცევს, რომელსაც სხვა სახელი უნდა ვუწოდოთ. ზოგჯერ ამ ფენომენს ცივილიზაციის სახელს არქმევენ, მაგრამ ეს ტერმინოლოგია, რა თქმა უნდა, პირობითია. მასებისა და უპიროვნო სიმრავლეთა მბრძანებლობა, რომელიც ხან ბურჟუაზიული დემოკრატიისა და ფულის დიქტატურის – ყოველთვის ფარული და შენიღბული დიქტატურის, ხან კი ავტორიტარული სახელმწიფოებისა და ბელადების აშკარა დიქტატურის სახეს იღებს, ძალიან მძიმე მდგომარეობაში აყენებს კულტურის შემოქმედთა ფენას, კულტურულ ელიტას. ეს კულტურული ელიტა სასიკვდილო აგონიას განიცდის, მისი მორალური და მატერიალური მდგომარეობა სულ უფრო და უფრო აუტანელი ხდება. ლიბერალურ დემოკრატიაში ის კაპიტალისა და ბრბოის ვულგარულ გემოვნებაზეა დამოკიდებული, ავტორიტარულ, ანუ კომუნისტურ დემოკრატიაში კი – სულის დამთრგუნველ მსოფლმხედველობრივ დიქტატურაზე, სულის ორგანიზების პრეტენზიას რომ აცხადებს. ჩვენ „სოციალური დაკვეთის“ ეპოქაში ვცხოვრობთ. მასების სოციალური დაკვეთა განსაზღვრავს, რა უნდა იყოს კულტურა, ხელოვნება, ლიტერატურა, ფილოსოფია, მეცნიერება და თვით რელიგია. მაგრამ არ არსებობს დაკვეთა, უმაღლესი ხარისხის კულტურას, სულიერ კულტურას, ნამდვილ ფილოსოფიასა და ნამდვილ ხელოვნებას რომ მოითხოვდეს. სოციალური დაკვეთა, უპირატესად, ტექნიკას, გამოყენებით ბუნებისმცოდნეობას, ეკონომიკას ეხება და არა იმას, რაც სულსა და სულიერებას უკავშირდება. სულიერი ენერგია გადაირთვება და იმისკენ მიიმართება, რაც სრულიადაც არ ეკუთვნის სულიერების სფეროს. ინტელექტუალურ-კულტურული ფენა სოციალურად სრულიად დაუცველია, მისი არსებობა მოკლებულია ყოველგვარ მატერიალურ ბაზას, ჰაერშია გამოკიდული და ძალიან ხშირად გრძნობს, რომ არავის არ სჭირდება; ის იძულებულია ვითარებას მიესადაგოს, რათა საბოლოოდ არ დაინთქას უფსკრულში. სულიერი კულტურის ინიციატორთა და შემოქმედთა მდგომარეობა არასოდეს არ ყოფილა მსუბუქი, ის მსუბუქი და ნორმალური არ იყო რენესანსის ეპოქაშიც. კულტურის მოღვაწენი გამუდმებით იღვწოდნენ ღმერთმა იცის, ვისთვის, მაგრამ მათი შემოქმედება შედარებით თავისუფალი იყო. მწერლები, მხატვრები, მუსიკოსები, სწავლულები მატერიალურად დამოკიდებულნი იყვნენ მეცენატებზე. მაგრამ ისინი რთულ, დიფერენცირებულ, არაუნიფიცირებულ საზოგადოებაში ცხოვრობდნენ, სულის დამთრგუნველ დიქტატურას არ ექვემდებარებოდნენ და ლავირება შეეძლოთ. XIX საუკუნის კაპიტალიზმმა თავისი ეკონომიზმითა და ფულის ფარული დიქტატურით შერყვნა და შებღალა კულტურის სიწმინდე და ბურჟუაზიული კლასების ინტერესებს მიუსადაგა იგი. კულტურის მოღვაწეებს ფორმალურად სრული თავისუფლება მიენიჭათ, მაგრამ მატერიალურად მონობის უღელი ადგათ და ამ მარტოსულთა ხვედრი აღიარება კი არ იყო, არამედ გაჭირვება. ბევრი მათგანი ლიბერალურ-ბურჟუაზიული ეპოქის პირობებში გამუდმებით ჭმუნავდა საერთო-სახალხო, „ორგანული“ კულტურის გამო. კულტურის შემოქმედთა სოციალური სიმარტოვე ბურჟუაზიული ეპოქის დამახასიათებელი მოვლენაა. ამ სიმარტოვით ხშირად ამაყობდნენ და ცდილობდნენ კიდეც მარტოსულებად დარჩენილიყვნენ. ეს სიმარტოვე ზოგჯერ ჯგუფური, ელიტის სიმარტოვე გახლდათ. შუა საუკუნეებსა თუ ძველ საბერძნეთში კულტურა რელიგიური, ხალხური, „ორგანული“ იყო. ეს ხალხურობა სრულიად სხვაგვარი იყო, ვიდრე ჩვენს დემოკრატიულ საუკუნეში, რადგანაც მასები რელიგიურად საკრალიზებულ ჰიერარქიულ ორგანიზმში ცხოვრობდნენ. მაშინ ჯერ კიდევ არ ეჩინა თავი ნაპრალს კულტურის შემოქმედ ინტელექტუალურ ფენასა და ხალხის ცხოვრებას შორის. ეს იყო სოციალური დაკვეთის ეპოქა, ამ სიტყვის კეთილშობილური გაგებით, დაკვეთისა, რომელიც ჰგუობდა და კიდევაც გულისხმობდა კულტურის თვისობრივ, არისტოკრატიულ საწყისს. მაგრამ ამ კულტურისთვის უცხო იყო რენესანსული და ბურჟუაზიული ეპოქის ინდივიდუალიზმი, ეს კოლექტიური კულტურა იყო. ბერძნული კულტურა გაცილებით უფრო მეტად იყო სოციალური დაკვეთის კულტურა, ვიდრე ჰგონიათ; ხელოვნება სულაც არ ყოფილა „წმინდა“, ის სოციალურად დამხმარე როლს ასრულებდა. ბერძნული კულტურა საერთო-სახალხო და, იმავდროულად, არისტოკრატიული იყო. ძველი, „ორგანული“ ეპოქებისთვის ნიშნეულია კულტურის წიაღში ხალხურობისა და ორგანულობის შერწყმა. ჩვენს ეპოქაში, რომელიც კოლექტივიზმისკენ ისწრაფვის, ყველაფერი იცვლება. მასა კულტურას ეზიარება. ეს აუცილებელია და სამართლიანი. მასებს არ შეუძლიათ სიბნელეში დარჩენა. ძველად მასები რელიგიის მეშვეობით ეზიარებოდნენ კულტურას. ხალხური ფენის კულტურა თითქმის მთლიანად რელიგიური კულტურა იყო. მასში ხალხური ფენა არისტოკრატიულ ფენას ერწყმოდა. მხოლოდ რელიგიას შეუძლია ამნაირი ნაერთის შექმნა. ამის უნარი არც ფილოსოფიასა და მეცნიერებას შესწევს, არც განათლებას, ხელოვნებასა და ლიტერატურას. რელიგიურ საფუძველს მოკლებული მაღალი კულტურა აუცილებლად შორდება ხალხის ცხოვრებას და წარმოიქმნება განკერძოებული კულტურული ელიტა, რომელიც გრძნობს, რომ ის ხალხს არ სჭირდება. ჰუმანიტარული კულტურა არასოდეს არ ყოფილა ხალხური, ის სოციალურ ბაზისს მოკლებული მაღალი ინტელექტუალური ფენის კულტურა იყო. დემოკრატიზაციის სამართლიანობა, კულტურას რომ აზიარებს ხალხის უზარმაზარ მასებს, იმავდროულად, კულტურის თვისობრივი დონის დაწევასა და დადაბლებას იწვევს. ეს პროცესი მარტო იმას კი არ ნიშნავს, რომ მასების კულტურული დონე მაღლდება და მათში კულტურული მოთხოვნილებები იღვიძებს, არამედ იმასაც, რომ მასები უკვე კულტურის მბრძანებლებად გვევლინებიან და მას თავიანთ დონეს უსადაგებენ. კულტურა, ფართო გაგებით, მასების ყოველდღიური ცხოვრების ფერხულში ებმება. ელიტის კულტურა კიდევ უფრო შორდება ხალხს, რაფინირდება, სიკვდილის ნიშნით აღიბეჭდება და მისი წარმომადგენლები კიდევაც მიელტვიან სიკვდილის გემოს. ეს კულტურის დეკადანსია, სიცოცხლის წყაროს დაწრეტა. კულტურის მოღვაწეთა მეორე ნაწილს თავის გადარჩენა სურს, მასებს, მათ გემოვნებასა და მოთხოვნებს ესადაგება და სოციალური დაკვეთის შესრულებას ცდილობს. მაგრამ ხალხის ცხოვრებას მოწყვეტილი კულტურული ელიტის არსებობა სულ უფრო და უფრო უსარგებლო და არანორმალური ხდება. მას მომავალი არა აქვს. მაღალი კულტურის ეს კრიზისი და ინტელექტუალური ელიტის სავალალო ხვედრი, როგორც ჩანს, გარდაუვალია მსოფლიოში სულიერი რევოლუციისა და რელიგიური აღორძინების გარეშე. პირწმინდად კულტურული აღორძინება უკვე შეუძლებელია მსოფლიოს ხანდაზმულობის გამო. შესაძლებელია მხოლოდ რელიგიური აღორძინება, რადგანაც მხოლოდ მას შეუძლია გადაწყვიტოს კულტურაში არისტოკრატიულ და დემოკრატიულ, პიროვნულ და საზოგადო საწყისთა ურთიერთშესაბამისობის საკითხი.    რუსული კომუნიზმი და გერმანული ნაციონალ-სოციალიზმი სულის დამთრგუნველ მსოფლმხედველობრივ დიქტატურებად გვევლინებიან. ამიტომ როგორც კომუნისტური, ისე ნაციონალ-სოციალისტური კულტურა სოციალური დაკვეთის კულტურაა, რაც მახინჯ ფორმებს იღებს რუსეთშიც და გერმანიაშიც. კულტურის მოღვაწეებს სული ეხუთებათ. ასე ისხამს ხორცს კოლექტიური, საერთო-სახალხო კულტურის იდეა, რაზედაც ოცნებობდნენ XIX საუკუნეში და XX საუკუნის დამდეგს კულტურის ზოგიერთი შემოქმედნი: რ. ვაგნერი, ჩვენში – ვ. ივანოვი და სიმბოლისტები. ასე გადაილახება ინდივიდუალიზმი კულტურაში. ახლოვდება რენესანსის დასასრული, რის შესახებაც ბევრს ვწერდი. არის თუ არა ამაში სიმართლის ნაწილი და შეიძლება თუ არა დავუპირისპიროთ ამას ძველი ინდივიდუალიზმი და ლიბერალიზმი? მე მგონია, სიმართლის დიდი ნაწილი არის და ამას ვერ დავუპირისპირებთ ინდივიდუალიზმსა და ლიბერალიზმს, რომლებიც მთლიანად მოიშალნენ და გამოიფიტნენ. კულტურული შემოქმედება ზეპიროვნული მიზნის მსახურებაა. ინტელექტუალური ფენის ეგოიზმს გამართლება არ მოეძებნება. მსახურების იდეა თითქმის მთლიანად გაქრა რენესანსულსა და ლიბერალურ ეპოქაში. მაგრამ ზეპიროვნული მსახურების იდეა არამცთუ არ უპირისპირდება სულსა და შემოქმედებით თავისუფლებას, არამედ მისი რეალიზაცია მხოლოდ ამ თავისუფლების მეშვეობითაა შესაძლებელი. შემოქმედებითი მსახურება თავისუფალი მსახურებაა, მას ვერ მივუსადაგებთ შრომითსა თუ სამხედრო ვალდებულებებს. სულის დამთრგუნველი დიქტატურა არა მარტო თავისუფლებას ართმევს შემოქმედს, არამედ ცდილობს მოისყიდოს კულტურის მოღვაწეებიც და მათგან გამცემლობას მოითხოვს, მონურ მორჩილებას აჩვევს და აიძულებს რეპრესირების შიშით სახელმწიფო დაკვეთა შეასრულონ. მსოფლმხედველობრივი დიქტატურა ადამბლავებს სინიდისს და მხოლოდ თავისუფალი სინიდისის გმირულ შემართებას თუ შეუძლია მას წინააღმდეგობა გაუწიოს. კულტურის მოღვაწეთა მოსყიდვა მით უფრო ადვილდება, რომ მათი მდგომარეობა სულიერადაც და მატერიალურადაც ძალიან მძიმე გახდა; ისინი სოციალურად დაუცველნი იყვნენ და უმუშევრებად იქცნენ. ინტელექტუალურ ფენას ან დაღუპვა ემუქრება, ან გაქრობა იმის შედეგად, რომ ის აღარავის სჭირდება, ანდა იდეოკრატიული სახელმწიფოს მორჩილ მოხელეებად ქცევა, სახელმწიფოსი, რომელიც სულის დამთრგუნველ დიქტატურას ამკვიდრებს. ყოველგვარ მყარ სოციალურ ბაზისს მოკლებული და ხალხის ცხოვრებისაგან განაპირებული მაღალკულტურული ინტელექტუალური ფენა დიდი ხანია კარჩაკეტილი, იზოლირებული ცხოვრებით ცხოვრობს. თავი იჩინა არა მარტო გათიშვამ, არამედ განხეთქილებამაც თეომრიულ და პრაქტიკულ გონებას, ინტელექტსა და მოქმედებას, „სულსა“ და „მატერიას“ შორის. ამან უმწეობასა და დეკადანსამდე მიგვიყვანა. ჰუმანიზმმა, როგორც ევროპული კულტურის საფუძველმა, ვერ შეძლო აღედგინა ერთობა, ვერ შეძლო ხელი შეეწყო კულტურული ფენისათვის, როცა ამოვარდა კოსმიური ქარი. ჰუმანიზმს არ შესწევს იმისი ძალა, რომ ცხოვრების ტექნიზაციას, მასების შემოჭრას, დემოკრატიზაციასა და სხვა მისთანათ გაუძლოს. როგორც უკვე ითქვა, მას არ შეუძლია გადაარჩინოს კულტურისა და პიროვნული ორიგინალობის არისტოკრატიული საწყისი. ერთობის დამკვიდრებას დეჰუმანიზაციაზე დაფუძნებული დიქტატურები ცდილობენ; XIX-XX საუკუნეებში ორგანული კულტურისა და ორგანული საზოგადოებრივი წყობილების იდეა რომანტიული იდეაა და ტექნიკის მზარდი ძალა გამანადგურებელ დარტყმებს აყენებს მას. მსოფლიო ორგანული, მცენარეული ერთობისკენ კი არა, ორგანიზებული, ტექნიკური ერთობისაკენ მიდის. მაგრამ როცა მიმდინარე კოსმიურსა და სოციალურ პროცესებში ისმის საკითხი თვით ადამიანის ბედისა, ადამიანის ხსნისა და მთელი ცხოვრების დეჰუმანიზაციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ, ჩვენ გარდუვალად მივადგებით რელიგიურ პრობლემას, სულიერ კრიზისსა და მსოფლიოში ახალი სულიერების აღმოცენებას. 2    მსჯავრის წინაშე დგას არა მარტო ქრისტიანობა, არამედ ქრისტიანობაც ისტორიაში, მთელი ქრისტიანული კაცობრიობა. ქრისტიანობა ისტორიაში მარტო ღმერთის გამოცხადება კი არ იყო, არამედ ადამიანის შექმნაც. ხოლო ადამიანის შექმნა კარგიც იყო და ცუდიც. გამოცხადების სიწმინდე არაერთხელ ამღვრეულა ადამიანობის სტიქიით, ადამიანური ცნობიერებით, რომელშიაც ხდებოდა გამოცხადების გარდატეხა. ქრისტიანების ცოდვები ისტორიაში მძიმე იყო და დიდი. გამოგონილ იქნა ცრუ თეოფანიათა ურიცხვი სიმრავლე. ადამიანური, მეტისმეტად ადამიანური, ღვთაებრივად საღდებოდა. ქრისტიანობის ისტორია, ეკლესიის ისტორია ღმერთკაცური პროცესია, და როგორც ყველა სხვა პროცესში, ამ სასიცოცხლო პროცესშიაც ჩვენ ვხედავთ პათოლოგიურ პროცესებს, დაშლის პროცესებს. ადამიანის თავისუფლება გულისხმობს ქრისტიანობის წარუმატებლობის შესაძლებლობას ისტორიაში. ქრისტიანობა, ეკლესია, თვით ღმერთი, თვით ქრისტე როდია, თუმცაღა მათში მოქმედებს ღმერთი, მოქმედებს ქრისტე. ქრისტიანობა ადამიანური ისტორიაა და მასში ირეკლება ადამიანთა არსებობის ყველა წინააღმდეგობა. ქრისტიანობამ, ქრისტიანულმა კაცობრიობამ გამოიარა ამ ქვეყნად სიწმინდის საბურვლით შენიღბული ყველა საცთური. ქრისტიანულ ისტორიაში მოქმედებდა დაცემული თავისუფლება და ღვთის ნებად ასაღებდა თავს. ქრისტიანობის მსჯავრი ცრუ თეოფანიების, დაცემულობის ნიშნით აღბეჭდილი ბუნებრივისა და ისტორიულის ყალბ საკრალიზაციათა მსჯავრია. ძალზე ბევრი რამ, უღირსი და ფარდობითი, წმიდად და ტაბუდ იქნა შერაცხილი. სოციალური წარმომავლობის ბუნებრივ-ისტორიულ ფენომენთა საკრალიზაციის პროცესებმა საბოლოოდ დაჩრდილეს რელიგიურ ცხოვრებაში პროფეტული საწყისი და სინამდვილის გარდაქმნის მისია. ისტორიული ქრისტიანობის მსჯავრი ყოველთვის პროფეტული მსჯავრია, რომელიც გულისხმობს არა მარტო განმწმენდი, არამედ გარდამქმნელი სულის ანთებას. ქრისტიანობის მსჯავრი განწმენდაა და ის გვიხსნის გზას, რომელსაც ცხოვრების გარდაქმნისაკენ მივყავართ. მსჯავრი იმას ნიშნავს, რომ ადამიანი შეუფარავი, შიშველი რეალობების წინაშეა დაყენებული. და ეს კარგია. ბევრი ისტორიული სიწმინდის დამხობა შეიძლება იმის ნიშანი იყოს, რომ ადამიანი ნამდვილ სიწმინდეს, წმიდათაწმიდას უახლოვდება, უახლოვდება ღმერთს. ღმერთს ადამიანური საკრალიზაცია არა სჭირდება. ის დასაბამიდან წმიდაა. ღვთის სიწმიდე კი მსჯავრია სამყაროსათვის. ისტორიის მსჯავრი, იმავროულად, ქრისტიანობის მსჯავრიცაა, რადგანაც ქრისტიანობა ისტორიის ნაწილია და ისტორიის ყველა წინააღმდეგობითა და საცთურით სნეული. ქრისტიანობის როგორც ადამიანური მოვლენის წიაღში გადატანილ იქნა ადამიანის ფსიქო-სომატური ცთუნების კომპლექსები, რომლებსაც ავლენს და ხსნის ფსიქოპათოლოგია, – სადიზმი და მაზოხიზმი: როგორც სხვისი, ისე თავისი თავის წამება. ამ სადიზმმა და მაზოხიზმმა მოწამლა თვით ქრისტიანული მოძღვრება, მისი ბეჭდითაა აღბეჭდილი მოძღვრება ჯოჯოხეთში საუკუნო ტანჯვის შესახებ. აქ საჭიროა სულიერი გაწმენდის პროცესი. ქრისტიანობა მსჯავრის წინაშე დგას ადამიანური არსებობის, ადამიანური კულტურის ყველა სფეროში. ესაა ყალბი მონიზმისა და ყალბი დუალიზმის, უკიდურესი იმმანენტიზმისა და უკიდურესი ტრანსცენდენტიზმის, ადამიანის სისუსტეთა გაღმერთებისა და ადამიანური ღირსების დაკნინების მსჯავრი. მსოფლიო კრიზისი ორმხრივი მსჯავრია, მსჯავრი ზემოდან და მსჯავრი ქვემოდან. ქრისტიანობისა და ისტორიის ტრაგიკულ შეჯახებაში, რაც არ ახალია, არამედ მარადიული, ქრისტიანობა მსჯავრს სდებს ისტორიას, მაგრამ ისტორიაც, თავის მხრივ, მსჯავრს სდებს ქრისტიანობას. ისტორიის მიერ ქრისტიანობის მსჯავრდება ისტორიაში ქრისტიანობის წარუმატებლობის გაცხადებაა. ქრისტიანობის წარუმატებლობა ისტორიაში იმასა ნიშნავს, რომ ქრისტიანობამ კი ვერ სძლია ისტორიას, არამედ ისტორიამ სძლია ქრისტიანობას. ისტორია სწორედ იმიტომ სძლდებს მსჯავრს ქრისტიანობას, რომ ქრისტიანობამ კი არა, არამედ მან – ისტორიამ გაიმარჯვა. მაგრამ ქრისტიანობის ეს მარცხი, იმავდროულად, ისტორიის მსჯავრდებადაც იქცევა. ქრისტიანობის მარცხი ისტორიის მარცხია. და ეს დღეს უფრო აშკარაა, ვიდრე ოდესმე.    ქრისტიანობისა და ქრისტიანების მსჯავრდება, უწინარეს ყოვლისა, სოციალურ სფეროში მიმდინარეობს, რომელიც ჩვენი ეპოქის ცენტრალურ მომენტად გვევლინება. რა თქმა უნდა, მონობისა და ბატონყმობის გაუქმება, ყოველი ადამიანის ღირსების, სინიდისისა და სულიერი ცხოვრების თავისუფლების აღიარება, – ყოველივე ეს ადამიანის სულზე ქრისტიანობის ფარული და იდუმალი ძალების ზემოქმედებას უკავშირდება. მაგრამ ქრისტიანებმა უშუალოდ ვერ განახორციელეს სიმართლე სოციალურ სინამდვილეში, ეს მისია მათ არაქრისტიანებს მიანდეს; ისინი ძალზე ხშირად ახორციელებდნენ სიცრუეს და უსამართლობას და უზენაესი სულიერი ფასეულობანი გაბატონებული კლასების ინტერესებსა და არსებულ წეს-წყობილებას შეუთანხმეს. ქრისტიანებმა მშრომელი მასებისათვის ქრისტიანობასთან დაკავშირებული ძალზე მძიმე ასოციაციები შექმნეს და ყველაფერი იღონეს იმისთვის, რომ ანტირელიგიური, ათეისტური პროპაგანდა ადვილი ყოფილიყო მუშათა შორის. უფრო სამართლიანი, უფრო ადამიანური წყობილების შექმნის ამოცანა ქრისტიანების კი არა, ანტიქრისტიანების ხელში აღმოჩნდა. გაწყდა კავშირი ადამიანურსა და ღვთაებრივს შორის. ამას უკავშირდება ქრისტიანობის მსჯავრდება მორალის სფეროშიც. ქრისტიანობა ძალიან დიდხანს ანტიადამიანური, ანტიჰუმანური იყო და მორწმუნეებს მოუწოდებდა ორი აღთქმიდან – „გიყვარდეს ღმერთი შენი“ და „გიყვარდეს მოყვასი შენი“ – პირველი აღესრულებინათ მეორის საპირაისპიროდ. ქრისტიანებმა მცდარი მორალური დასკვნები გამოიტანეს მოძღვრებიდან დასაბამიერი ცოდვის შესახებ; ისინი უარყოფდნენ ადამიანურ შემოქმედებას, ცოდვილი ადამიანისათვის სასარგებლოდ მიიჩნევდნენ გაჭირვებასა და ტანჯვა-წამებას და იმნაირ საზოგადოებრივ წყობილებას იცავდნენ, რომელიც დასაბამს აძლევდა სწორედ ამ გაჭირვებასა და ტანჯვა-წამებას. ყველაზე მეტად შეირყვნა მოძღვრება თვინიერებისა და ქედმოდრეკილი მორჩილების შესახებ, რომელიც ბოროტების წინაშე ქედმოდრეკილობისა და მორჩილების მოთხოვნად, საკუთარი სინიდისის უარყოფის მოთხოვნად იქცა. სიყვარულისა და გულმოწყალების რელიგია ადამიანისადმი სასტიკი და ულმობელი დამოკიდებულების ქადაგებაში გადაიზარდა. ღმერთმა თავის ხატად და მსგავსად დასახა ადამიანი; ჩადენილ იქნა გამცემლობა ღმერთის ამ იდეის, ისევე, როგორც განღმრთობილი ადამიანისა და საღვთისმოსაო ცხოვრების მიმართ. ქრისტიანობას მსჯავრი ედება კულტურის სფეროშიც. ასკეტიზმის მცდარი ინტერპრეტაციის შედეგად ქრისტიანობა ძალიან ხშირად გმობდა კულტურულ შემოქმედებას, ფილოსოფიას, მეცნიერებას, ხელოვნებას, ტექნიკას. კულტურული შემოქმედება, ისევე, როგორც სოციალური რეფორმები, ნაგვიანევად იქნა სანქციონირებული ქრისტიანობის მიერ. და ადამიანური შემოქმედება დაშორდა ქრისტიანობას, შემოქმედებითი ინიციატივა ხელიდან გამოეცალა ქრისტიანებს. მსჯავრის წინაშე დგას ქრისტიანული სულიერებაც, ასკეზის ძველებური გაგებაც. ასკეზა გაგებულ იქნა როგორც მიზანი და არა როგორც საშუალება, ამიტომაც ის მტრულად განეწყო ცხოვრების, შემოქმედებისა და ადამიანის მიმართ. მონაზვნური ასკეზა ხშირად მიუძღოდა ადამიანის გულს ცთუნებისაკენ, კონკრეტული კი არა, აბსტრაქტული სიყვარულისკენ. ამიტომაცაა, რომ მონაზვნობა, მართლმადიდებლურიც და კათოლიკურიც, უკიდურეს კრიზისს განიცდის. მსოფლიოს სჭირდება მონაზვნობის სრულიად ახალი ფორმა, ახალი სულიერებიდან წარმოშობილი. ქრისტიანული სულიერება ძალიან ხშირად ესმოდათ როგორც ამ ქვეყნისა და ხალხისაგან გაქცევა, როგორც ტრანსცენდენტური ეგოიზმი, როგორც უარის თქმა იმაზე, რომ გაეზიარებინათ ქვეყნისა და ადამიანის ტრაგიკული ხვედრი; ის საკმარისად გამსჭვალული არ იყო ქრისტიანული სიყვარულითა და გულმოწყალებით, ნაკლებად გასცემდა ადამიანურ სითბოს. და ეს ქვეყანა სულიერების როგორც ეგოიზმის დახვეწილი ფორმისა და მსოფლიოს ბედის მიმართ გულგრილობის წინააღმდეგ აღიძრა. მხოლოდ ახალ, აღორძინებულ სულიერებას თუ შეუძლია წინ აღუდგეს ამას. სხვა ადამიანის, მოყვასის ბედზე ზრუნვა, თვით მატერიალური და ფიზიკური ზრუნვაც კი უკვე სულიერია. პური ჩემთვის – მატერიალური საკითხია, პური სხვისთვის – სულიერი. ქრისტიანობის მსჯავრდება გრძელდება სექსის, სიყვარულისა და ქორწინებისადმი მიმართებაში. გაბატონებული ქრისტიანული მოძღვრება უარყოფდა და სწყევლიდა სიყვარულის აზრს, და სიყვარულის დამკვიდრება, ამ სიტყვის მდაბალი კი არა, მაღალი გაგებით, დაიწყო ქრისტიანობის გარეშე და ქრისტიანობის საპირისპიროდ. საკრალიზებულ იქნა ბურჟუაზიულ-მეშჩანური ოჯახი მისი ეკონომიური ეგოიზმითა და კარჩაკეტილობით. მაგრამ სიყვარულის ინტიმური სიცოცხლე ქრისტიანობას დაშორდა. სიყვარულის უზენაესი აზრი გახსნილ იქნა ტრუბადურების მიერ, მას იცავდა პოეზია და ლიტერატურა. ამ მხრივ, ქრისტიანებს შორის გათიშულობა და დუალიზმი სუფევდა. სექსს, სიყვარულს, ქორწინებას პიროვნებას კი არა, გვარსა და გვაროვნულ ცხოვრებას უკავშირებდნენ. საოცარია ქრისტიანობის დაუნდობელი სიმკაცრე სიყვარულის მიმართ და უჩვეულო შემწყნარებლობა საკუთრებისადმი, რაც მის ყველაზე მახინჯ გამოვლინებებში იქნა სანქციონირებული. მსჯავრი ედება ქრისტიანულ ღვთისმეტყველებასაც, ქრისტიანული ჭეშმარიტებისა და საიდუმლოს სულისშემხუთველ რაციონალიზაციას, სოციალური შეგონებებით საღვთისმეტყველო აზრის დამახინჯებას, ადამიანთა ცოდვილი და უკეთური სოციალური ურთიერთობის გადატანას თვით საღმრთო ცხოვრებაზე, ღვთისა და ადამიანის, ღვთისა და სამყაროს ურთიერთმიმართებაზე. მხოლოდ რელიგიურსა და ფილოსოფიურ შემოქმედებით აზრს შეუძლია განმწმენდი სამუშაოს ჩატარება და ქრისტიანობის მარადიული ჭეშმარიტების დაცვა. ქრისტიანობის ამღვრევა და დამახინჯება იმან განსაზღვრა, რომ ადამიანმა ვერ შეძლო დაეტია მთელი სისრულე ჭეშმარიტებისა განღმრთობილი კაცობრიობის შესახებ. ადამიანი ხან ღმერთისკენ მიდრკებოდა და ზურგს აქცევდა ადამიანს, ხან ადამიანისაკენ მიდრკებოდა და ზურგს აქცევდა ღმერთს. ქრისტიანული ანთროპოლოგიის პრობლემა, რელიგიური პრობლემა ადამიანის შესახებ, ჩვენი ეპოქის ძირითადი პრობლემაა. მხოლოდ ქრისტიანული ჭეშმარიტების სავსებას, მთელი თავისი სიწმინდით, შეუძლია დაუპირისპირდეს დეჰუმანიზაციას და თავიდან აგვაცილოს ადამიანის დაღუპვა. ქვეყნიერება ცდილობდა დაემკვიდრებინა ადამიანი ქრისტიანობის საპირისპიროდ და ადამიანის უარყოფამდე მივიდა. ქრისტიანობის, ან, უფრო სწორად, ქრისტეს გარეშე წარმოუდგენელია დაღუპვის პირას მისული ადამიანის ხსნა. ამჟამად ქრისტიანობის, აღორძინებული და განახლებული ქრისტიანობის ხელში გადადის ადამიანის, მისი ღირსების, თავისუფლების, შემოქმედებისა და კაცთა შორის ადამიანური ურთიერთობის დაცვა. მხოლოდ ქრისტიანობას შეუძლია შინაგანი საზოგადოების შექმნა, ყველა სოციალური მოძრაობა მხოლოდ გარეგნულ საზოგადოებას ქმნის. 3    შემზარავი და აუტანელია მსოფლიოს ეკონომიური და პოლიტიკური მდგომარეობა, მაგრამ, უწინარეს ყოვლისა, მისი სულიერი მდგომარეობაა აუტანელი. უდიდესი საფრთხე ემუქრება თვით სულიერი ცხოვრების არსებობას, თვით მისი არსებობის შესაძლებლობას. ჩვენ შეშლილ სამყაროში ვცხოვრობთ. ვერც კი შევნიშნეთ, რომ ადამიანი შეიშალა. ცხოვრებისადმი სიხარბის, ამ ქვეყნისადმი სიყვარულის გამო მან დაკარგა წონასწორობა და გადაყირავდა. სამყაროს კვლავ დაემუქრა პოლიდემონიზმი, რისგანაც ქრისტიანობამ გაათავისუფლა კაცობრიობა. დექრისტიანიზაციამ დეჰუმანიზაცია გამოიწვია, დეჰუმანიზაციამ კი შეშლილობამდე მიგვიყვანა, რადგანაც დააზიანა თვით ადამიანის სახე. ადამიანი გაიხსნა ყოველგვარი სიშლეგისათვის, ყოველგვარი დემონიურობისათვის, მას დემონიური კოსმიური და სოციალური ძალები დაეუფლნენ. და ადამიანმა თავისი თავისუფლება დაინახა იმაში, რომ საბოლოოდ დამორჩილებოდა ამ დემონიურ კოსმიურსა თუ სოციალურ ძალებს და შერწყმოდა მათ. თანამედროვე დეჰუმანიზაცია სიშლეგისა და შეშლილობის ნიშნის ქვეშ აყენებს ადამიანს. ჩვენი დროისათვის დამახასიათებელია სწორედ სიშლეგე და შეშლილობა. როცა გონი უკვე აღარ ფლობს ადამიანის სულიერსა და სხეულებრივ ბუნებას, მაშინ ადამიანი შინაგან მთლიანობასა და წონასწორობას კარგავს. კოსმიური და სოციალური სტიქიური ძალები ადამიანის შინაგან სამყაროში იჭრებიან და შეგონებით ახდენენ მის ორგანიზებას. ამ შეგონებათა წყალობით ადამიანს სიშლეგე იპყრობს ან დედამიწის, რასის, ერის, სქესის ელემენტარული ტელურიული ძალების, ან ეკონომიური ინტერესების, ფულის, კლასის, სოციალური ჯგუფებისა თუ პარტიების ელემენტარული სოციალური ძალების ზემოქმედების შედეგად. მაგრამ სულიერად ადამიანი სრულიად დეზორგანიზებულია. მან დაკარგა იმის უნარი, რომ სულიერი წინააღმდეგობა გაუწიოს შეგონებას და სიშლეგეს. ესაა დაკარგვა თვით პიროვნების პრინციპისა, რადგანაც პიროვნება სულია, სულიერი წინააღმდეგობა ყოველგვარი დემონიური სიშლეგის მიმართ, რასაც კოსმიური თუ სოციალური ძალები იწვევენ, გონის მუშაობა ადამიანის სულიერი და ფიზიკური განათლებისთვის. თანამედროვე კოლექტიურ პოლიდემონიზმსა და კერპთთაყვანისმცემლობას შეიძლება დავუპირისპიროთ მხოლოდ სულიერ ძალთა მობილიზაცია. სოციალურ ორგანიზაციას თავისთავად არ შეუძლია წინ აღუდგეს მსოფლიოსა და ადამიანის ქაოტურ დაშლას. მსოფლიო შეიძლება ორგანიზებულ და ტექნიზირებულ ქაოსად იქცეს, რისი შესატყვისიც იქნება იდოლატრიისა და დემონოლატრიის უსაზარლესი ფორმები. ადამიანს მოუწევს კვლავ მონოთეიზმს დაუბრუნდეს, ან საბოლოოდ დაიშალოს, კოსმიურ ელემენტებად თუ ძალდატანებით ორგანიზებულ სოციალურ კოლექტივებად დაქუცმაცდეს. ადამიანი ორი მიმართულებით დაიშლება – ცხოველურობის ან მანქანურობის მიმართულებით.    სამყაროში უნდა გაიშალოს ახალი ქრისტიანული სულიერება, რაზედაც დამოკიდებული იქნება მსოფლიოსა და ადამიანის ბედი. ეს სულიერება შეუძლებელია განყენებული, ქვეყნიერებისა თუ ადამიანისაგან გაქცევა იყოს. ეს იქნება სულის მუშაობა სამყაროში და ადამიანში, სამყაროზე და ადამიანზე. ახალი სულიერება არ დაუშვებს იმას, რომ ადამიანი სოციალურსა თუ ტექნიკურ ძალებს დაემონოს. ის სამყაროს სამეუფო მდგომარეობაა და შემოქმედებითი შრომისათვის მოუხმობს ადამიანს. ახალი სულიერების ადამიანი არ შეაჩვენებს სამყაროს, არ განიკითხავს და არც ანათემას დაატეხს თავზე შლეგთა და კერპთთაყვანისმცემელთ; ის გაიზიარებს სამყაროს ტანჯვას და თვითონვე იტვირთავს ადამიანის ტრაგიკულ ხვედრს. ის ეცდება სულიერად განმათავისუფლებელი საწყისი შეიტანოს მთელ ადამიანურ ცხოვრებაში. სულიერად განმტკიცებული და დაცული პიროვნება თავს არ დააგლეჯინებს ამქვეყნიურ ძალებს და არც დემონიურ ძალებს მისცემს მისი შებოჭვის ნებას. მაგრამ ის იზოლირებული და თავის თავში ჩაკეტილი როდია; ის გახსნილია უნივერსალური შინაარსის, ყველა ზეპიროვნული ფასეულობისათვის. ესაა პიროვნულისა და ზეპიროვნულის თანაფარდობის ძალიან რთული სულიერი პრობლემა: როგორ გამოდის პიროვნება თავისი თავიდან და ურთიერთობაში გადადის, მაგრამ ეს არასოდეს არაა უპიროვნოში გადასვლა. ახალი სულიერება არის არა მარტო გზა ქვეყნიდან და ადამიანიდან ღმერთისაკენ, არამედ გზაც ღმერთიდან ქვეყნისა და ადამიანისაკენ, არა მარტო აღმასვლა, არამედ დაღმასვლაც, ე.ი. მთელი სავსებით დატევა ჭეშმარიტებისა განღმრთობილი ადამიანის, ღმერთკაცური ცხოვრების შესახებ. ძველებურ სულიერებაში ღვთისადმი სიყვარული ხშირად ადამიანებისადმი არასიყვარულს, ადამიანისათვის ზურგის შექცევას და ქვეყნის შეჩვენებას ნიშნავდა. შეიძლება გვიხსნას მხოლოდ ახალმა სულიერებამ, რომელშიაც ღვთის სიყვარული ადამიანის სიყვარულიც იქნება, ამქვეყნიური ძალაუფლებისაგან განთავისუფლება – სიყვარული უფლის ყოველი ქმნილების მიმართ, ხოლო ადამიანის სულიერი ცხოვრება არა მარტო გამოხსნად თუ გამოსყიდვად, არამედ ამ ქვეყნად შემოქმედებით შრომადაც წარმოგვიჩნდება. ეს ასკ�ოქეზის უარყოფას კი არა, მის ახლებურ გაგებას გულისხმობს, როცა ის განთავისუფლდება სიცოცხლისადმი მტრული ელემენტებისა და იმისგანაც, რასაც შეიძლება რელიგიური ნიჰილიზმი ეწოდოს. ქრისტიანობა, უწინარეს ყოვლისა, სიყვარულისა და თავისუფლების რელიგიაა. მაგრამ სწორედ იმიტომ, რომ თავისუფლების რელიგიაა, ის ფატალურად დეტერმინირებული როდია სიკეთის ან ბოროტების მიმართულებით. ასე რომ, წინ გვიძევს ტრაგიკული ბრძოლა. ახალმა სულიერებამ კვლავ უნდა შეძლოს ადამიანის, საზოგადოების, კულტურის, ქვეყნის ჰუმანიზაცია. მაგრამ ქრისტიანობისათვის ეს პროცესი არა მარტო ადამიანური, არამედ ღმერთკაცური პროცესიცაა. მხოლოდ განღმრთობილ კაცობრიობაში, მხოლოდ ქრისტეში და ქრისტეს სხეულში შეიძლება ადამიანის ხსნა. არადა, მას დაგლეჯენ დემონიური ძალები, ის საბოლოოდ დაიშლება სიძულვილისა და ბოროტების, სიშლეგისა და შეშლილობის დემონთა მიერ. ადამიანის პრობლემას უპირატესობა ენიჭება საზოგადოებისა და კულტურის პრობლემის წინაშე. ადამიანი აქ აღებულია არა როგორც განყენებული სულიერი არსება, არა მხოლოდ მის პირად შინაგან ცხოვრებაში, არამედ როგორც მთლიანი სოციალური და კოსმიური არსება. ქრისტიანობისათვის ამ ქვეყნად ახალი დღე დგება. ქრისტიანობას სოციალურად შეიძლება შეესაბამებოდეს მხოლოდ პერსონალისტური სოციალიზმი, ერთმანეთთან რომ აერთებს პიროვნებას და საზოგადო პრინციპს. დაჰკრა ჟამმა, როცა, სასტიკი ბრძოლის, მსოფლიოს არნახული დეჰუმანიზაციისა და ამ პროცესის ყველა შედეგის ამოძირკვის შემდეგ, ქრისტიანობა თავისი წმინდა სახით წარმოგვიჩნდება. მაშინ ცხადი გახდება, რისთვისაა ქრისტიანობა და რის წინააღმდეგაა იგი. ქრისტიანობა კვლავ იქცევა ადამიანის ერთადერთ და უკანასკნელ თავშესაფრად. განწმენდის შემდეგ გაცხადდება, რომ ქრისტიანობა ადამიანისა და ადამიანურობის, პიროვნების ღირსებისა და ფასეულობის, თავისუფლების, სოციალური სამართლიანობის, განათლებისა და ახალი ცხოვრების შექმნისთვისაა; მხოლოდ და მხოლოდ ამისთვის. ქრისტიანობის მსჯავრი ქრისტიანობისადმი ჩადენილი გამცემლობის, მისი შერყვნისა და შებღალვის მსჯავრია და ამ მსჯავრის სიმართლე დაცემული სამყაროსა და მისი ცოდვილი ისტორიის მსჯავრის სიმართლეა. მაგრამ ნამდვილი სულიერი აღორძინება ამ ქვეყნად, ალბათ, დაიწყება მხოლოდ მას შემდეგ, რაც გადაჭრილ იქნება ადამიანური არსებობის ყველა ელემენტარული არსებითი საკითხი ყველა ადამიანისა და ხალხისათვის, მას შემდეგ, რაც დაიძლევა ადამიანის საშინელი გაჭირვება და ეკონომიური მონობა. მხოლოდ მაშინ იჩენს თავს სული წმიდის ახალი და უფრო მძლავრი მანიფესტაცია სამყაროში.   *ნიკოლაი ბერდიაევი 1874-1948* *ბერდიაევი:ეგზისტენციალიზმი და ნიჰილიზმი*  …
დაამატა Kakha to ფილოსოფია at 12:58pm on იანვარი 12, 2014
  • 1
  • ...
  • 63
  • 64
  • 65
  • 66
  • 67
  • 68
  • 69
  • 70
  • 71
  • 72

Welcome to
Qwelly

რეგისტრაცია
ან შესვლა

ღონისძიებები

  • დაამატე ღონისძიება

ბლოგ პოსტები

ოსკარის 2026 წლის დაჯილდოება - გამარჯვებულები და ნომინირებულები

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: მარტი 16, 2026.
საათი: 11:30pm 0 კომენტარი 1 Like

ოსკარი 2026 სრული სია

      ისევ დამიგვიანდა! ეტყობა, მართლა დავბერდი და უკვე აღარც კი…

გაგრძელება

2026 Guide to the Best AI Voice Generation for Creators and Businesses

გამოაქვეყნა supprity_მ.
თარიღი: მარტი 13, 2026.
საათი: 6:30pm 0 კომენტარი 0 მოწონება

As we step further into 2026, the landscape of content creation is being transformed by AI-powered technologies. Among these innovations, voice generation stands out as one of the most impactful tools for creators, businesses, and educators.…

გაგრძელება

Gallium Market to Reach $860 million by 2033

გამოაქვეყნა Heden Brock_მ.
თარიღი: მარტი 9, 2026.
საათი: 10:00am 0 კომენტარი 0 მოწონება

According to our latest research, the Global Gallium market size was valued at $430 million in 2024 and is projected to reach $860 million by 2033, expanding at…

გაგრძელება

How Minidumperfactory Electric Garden Loader Manufacturer Adapts to Energy Trends

გამოაქვეყნა Minidumperfactory00_მ.
თარიღი: მარტი 2, 2026.
საათი: 6:30am 0 კომენტარი 0 მოწონება

Electric Garden Loader Manufacturerstrategies are increasingly centered on advanced battery systems as demand grows for efficient and low-emission landscaping equipment. Energy storage technology now plays a defining role in how electric compact…

გაგრძელება

How Can A Ball Valve Factory Enhance Long Term System Comfort And Stability

გამოაქვეყნა Naishi Valve_მ.
თარიღი: თებერვალი 9, 2026.
საათი: 9:30am 0 კომენტარი 0 მოწონება

Choosing a reliable partner often begins with understanding how a  shapes ideas into practical solutions. Behind every smooth operation, there is a place where attention, patience, and process quietly work together. Valves may seem ordinary at…

გაგრძელება

The Final Barrier Between the World and Ruin

გამოაქვეყნა Karmasaylor_მ.
თარიღი: იანვარი 22, 2026.
საათი: 10:30am 0 კომენტარი 1 Like

ARC Raiders Items takes place in a retro-futuristic science-fiction world where humanity has been pushed to the brink by an unrelenting mechanical force known as the ARC. These machines descend from orbit, tear apart settlements, and hunt…

გაგრძელება
  • დამატება დღიურში
  • ყველა

Qwelly World

free counters

© 2026   George.   • Ning - platform for social network creation and community website building

პანაღია  |  პრობლემის აღმოჩენისას!  |  Terms of Service

საუბრის დაწყება!