ძიება
  • რეგისტრაცია
  • შესვლა

Qwelly

ძიების შედეგები - ბრწყინვალე+გონება

თემა: კულტურის სოციოლოგიის სათავეებთან
წყდება ტრადიციულ დისციპლინათა საზღვრებში. ახალი ამოცანა ჩნდება იმის გამო, რომ თავს იჩენს ასპექტი, რომელიც მანამდე შემეცნებაში არ შემოდიოდა. ეს უცილობლად ობიექტური ვითარებაა. ვიკოს შედარებას თუ გავიხსენებთ, ქანდაკების ერთ მხარეს თუ ვიცნობდით, იმის გამო, რომ მეორე მხარეს ფარდა ჰქონდა ჩამოფარებული, ამოცანაა, მეორე მხარეც გავიცნოთ. ამ ობიექტურ მომენტს ემატება სუბიექტური: ცნობიერების მზაობა, გააშუქოს ის ასპექტი, რომელიც აქამდე ყურადღების გარეშე რჩებოდა და რომლის გაშუქების აუცილებლობა ცხოვრებამ გვიკარნახა. შეიძლება, სინამდვილის რომელიმე ასპექტი იყო გაშუქების ობიექტი, მაგრამ ეს ხდებოდა ერთ განზომილებაში - ფილოსოფიურში. საჭირო გახდა მეცნიერულ განზომილებაში გაშუქებაც. როგორც ობიექტური, ისე სუბიექტური მომენტები ერთიანდება და ქმნის პრობლემურ სიტუაციას, რომლის გადაწყვეტა აუცილებელი ხდება საზოგადოებრივი ყოფიერების ვითარების გამოც.      მეოცე საუკუნის დასაწყისში, კულტურა საავდრო ღრუბლებმა დაფარა. განვითარდა რამდენიმე ლოკალური კრიზისი. სოციალური რყევები იმდენად ძლიერი იყო, რომ პოლ ვალერის თქმით, საფუძვლიანად დამაგრებული ნათურებიც გადაყირავდა. ამ კრიზისის ცნობიერება ბერდიაევმა გამოხატა სიტყვებით: ჩვენ ვცხოვრობთ კულტურის არისტოკრატული საზრისის წინააღმდეგ პლებეური აჯანყების ეპოქაში.      ასეთ ვითარებაში ალფრედ ვებერმა სცადა კულტურისთვის ახალი კუთხით შეეხედა. კულტურის ფილოსოფიურმა ანალიზმა, რომელმაც კრიზისი დააფიქსირა, ვერ მიუთითა იმ კონკრეტულ გზებზე, რითაც კრიზისის არსი დადგინდებოდა და გამოსავალი მოიძებნებოდა. ამავე დროს, ფილოსოფიისადმი გარკვეული ეჭვები დაიბადა და ეპოქა მეცნიერებისადმი უსაზღვრო რწმენით იყო გამსჭვალული.      ალფრედ ვებერმა პირველი კონკრეტული ნაბიჯი გადადგა კულტურის ფილოსოფიური და მეცნიერული გააზრების გზაზე. მან მიზნად დაისახა კულტურის სპეკულატური თეორიების ნაცვლად მოეცა ემპირიულ - მეცნიერული ანალიზი. ამ გზით მივიდა კულტურის გააზრებაში ახალი დარგის - კულტურის სოციოლოგიის ჩამოყალიბებამდე. მეცნიერებაში ახალი დარგის ჩამოყალიბების უცილობელი პირობაა კვლევის საგნის განსაზღვრა, მეთოდოლოგიური პრინციპების მოხაზვა და ცნებობრივი აპარატის შემუშავება. ალფრედ ვებერმა შესძლო ამ ამოცანების გადაჭრა. ამიტომ, ის კულტურის სოციოლოგიის არა მხოლოდ ნათლიაა, არამედ, მშობელიც. მან არა მარტო კულტურის სოციოლოგიის ტერმინი შემოიტანა დაშესაბამისი ცნება განსაზღვრა, არამედ მოხაზა მისი არეალი და მიდგომის გზებიც. ვებერი პირველ რიგში მიუთითებს სიტუაციაზე, რამაც ახალი დარგის დაფუძნების აუცილებლობა გამოიწვია: “ჩემი განზრახვა იყო განმესაზღვრა პოზიცა დასავლური კულტურის მდგომარეობის მიმართ, რომელიც გასცილდებოდა იმედებისა დასურვილების ფარგლებს და სოციოლოგიური გაგების მომარჯვებით ვესწრაფოდი გამერკვია ჩვენი ადგილი ეპოქის საერთო ისტორიულ მოძრაობაში” . ვებერი აუცილებლად მიიჩნევდა ახალი დარგის ჩამოყალიბებას, რადგან მის გარეშე, კულტურის ფენომენის სიღრმისეული წვდომის იმედი გადაწურული იყო. “უფრო ღრმად შეჭრისას უნდა გამოვლენილიყო, რომ ერთი მხრივ, შეუძლებელია კულტურის სოციოლოგიის ძირითად შეხედულებათა გარეშე ფონს გასვლა, მეორემხრივ, მათმა ისტორიის მიმართ გამოყენებამ უნდა გააფართოოს პერსპექტივა და შესასწავლი მასალა გაზარდოს” . ვებერი ამოცანად ისახავს კულტურის სოციოლოგიური ანალიზის შედეგები თანამედროვე სიტუაციის ასახსნელად გამოიყენოს: „სოციოლოგიური სამუშაო ისაა, რომ გამოიცნოს ეპოქის ერთჯერადი ხასიათი და მეთოდოლოგიურად ზუსტად განსაზღვროს მისი ადგილი“ . ეპოქის ახსნა ნიშნავს ამა თუ იმ სიტუაციის გააზრებას, მის წარმომშობ სოციალურ და ინდივიდუალურ ძალებთან ერთად.      ბისმარკის ეპოქის გერმანიის იმპერიის ადგილის განსაზღვრა, ვებერის აზრით, ევროპის სახიობაში შეუძლებელია სოციალურიდა ინდივიდუალური ფაქტორების ახსნის გარეშე. სწორედ ეს სახიობა „უნდა ახსნან და გააანალიზონ სოციოლოგებმა“, ისე, როგორც ინდივიდის მოღვაწეობის შედეგების ახსნაშიც, მხოლოდ „სოციოლოგებს შეუძლიათ დახმარება“. ეპოქის დიაგნოზის ამოცანა ახალი არ იყო გერმანული აზროვნებისათვის. გავიხსენოთ ფიხტეს ნაშრომი „ეპოქის ძირითადი ნიშნები“, შემდგომშიც, იასპერსის „ეპოქის გონითი სიტუაცია“; მაგრამ ეპოქის ფილოსოფიური დიაგნოზისაგან განსხვავებით, ალფრედ ვებერთან ესდიაგნოზი სოციოლოგიურ განზომილებაში მიმდინარეობს.      რა სიახლეს შეიცავდა კულტურის სოციოლოგიური ანალიზი, გამოვლინდება, პირველ რიგში, ამ დისციპლინის საგნის დადგენით, რაც ვებერმა მოღვაწეობის დასაწყისშივე ჩამოაყალიბა. კულტურის სოციოლოგიამ უნდა გააანალიზოს ისტორიული პროცესების სამი ძირითადი კომპონენტი: საზოგადოებრივი, ანუსოციალური პროცესი, ცივილიზაციის პროცესი და კულტურის მოძრაობა. ავტორი განიხილავს კულტურის განვითარების სისტემატური სურათის შესაძლებლობას ცალკეულ მეცნიერებებში. კულტურით დაკავებულ დისციპლინათა მთელი რიგი ხელოვნების თეორიების, ლიტერატურის, მუსიკის, რელიგიის, ფილოსოფიისა თუ სხვათასახით. ყველა ესენი კულტურის ამა თუ იმ ასპექტს წარმოადგენს. კულტურა მის მთლიანობაში კულტურის სოციოლოგიის საგანია. „სოციოლოგიის წინაშე, თუ მასსურს ნივთები მათ ერთიანობაში დაინახოს და ისტორიული პროცესის იმ ნაწილის გაგებას ისახავს მიზნად, რომელსაც კულტურის პროცესი ჰქვია, თანაც, მისმთლიანობასა და აუცილებლობაში, ისე რომ, კულტურა ისტორიულ მთელთან იყოს მიმართებაში, ის უნდა დააკავშიროს მატერიალურ ფაქტებთან. მის წინაშეამოცანა დგება, მასალათა მოუწესრიგებელი მწკრივი განსხვავებულად მოაწესრიგოს, ვიდრე ამას სპეკულატური მეცნიერებანი აკეთებენ“ .      სოციოლოგის ამოცანა არ ამოიწურება კულტურის პროცესის ანალიზით. მან უნდა უჩვენოს კულტურულ განვითარებაზე რა გავლენას ახდენს საერთოსაზოგადოებრივი პროცესები და, თავის მხრივ, კულტურის პროცესი რამდენად განსაზღვრავს ისტორიის მსვლელობას. სოციოლოგი განიხილავს განსხვავებულსაზოგადოებათათვის განვითარების საფეხურების აღმოცენებისა და გახევების რიტმს. ყველა კულტურულ ერთობლიობას სხვადასხვა ეპოქასა და ქვეყნებში ერთიდაიგივე სტადიები აქვს გასავლელი და ეს არის სოციოლოგის დასაყრდენი. მაგრამ, რადგანეპოქებსა და ქვეყნებში კულტურის განვითარება და დაცემა იზოლირებულად არ ხდება, ის დაკავშირებულია როგორც საზოგადოებრივ, ანუ სოციალურ პროცესებთან, ასევე ცივილიზაციის პროცესთანაც, ამდენად, კულტურის სოციოლოგიამ უნდა უჩვენოს რა გავლენას ახდენს სოციალური და ცივილიზაციის პროცესები კულტურის მოძრაობაზე და როგორია მათზე კულტურის უკუგავლენა.      ეს სამი პროცესი - სოციალური, კულტურული და ცივილიზაციის - არსობრივად განსხვავებულია. თუმცა, ისინი ურთიერთკავშირში არსებობენ. სოციოლოგიის ამოცანაა ჩაწვდეს როგორც მათ არსებას, ასევე მათ კავშირის ფორმებსაც. საზოგადოებრივი პროცესი პოლიტიკურ, ეკონომიკურ და სოციალურ ურთიერთობებს მოიცავს. ისინი ბუნებრივ პირობებსა და ადამიანთა მოქმედებაზეა დამოკიდებული. მათი შემეცნებით „სოციოლოგი განჭვრეტს კაცობრიობის საზოგადოებრივ პროცესს. ისტორიკოსისაგან განსხვავებით, რომელიც ისტორიას ინდივიდუალურად და ერთჯერადად წარმოადგენს, სოციოლოგი ისტორიას ხედავს გენერალიზებისა და გამეორებათა ფორმით. საზოგადოებრივ პროცესს ის განიხილავს როგორც სხვა ფაქტორთა გავლენის შედეგსაც, სახელდობრ, იმ ფაქტორებისა, რომელსაც სულიერ პროცესთა ისტორიკოსები ადგენენ. სოციოლოგი სულიერ სფეროს მატერიალურთან კავშირში აღიქვამს და სხვადასხვა კულტურათა განვითარებაში განმეორებითობას პოულობს“ . აღნიშნულის გარდა, სოციოლოგის არეალში იჭრება ინტელექტუალური კოსმოსიც, რომელიც „საზოგადოებრივ პროცესს ტექნიკური საშუალებებით უზრუნველყოფს და, ამავე დროს, კულტურის ფენომენოლოგიის ერთ - ერთი საფუძველია“ .      ალფრედ ვებერის აზრით, ყოველი ისტორიული სხეული სამსახა პროცესით ხასიათდება: პირველია ცნობიერების განვითარება პრიმიტიულიდან თანამედროვემდე. ეს კავშირშია მეორესთან, რომელიც ბუნებაზე ბატონობაში მდგომარეობს. მესამეა ინტელექტუალური კოსმოსის მატერიალიზაცია და კონკრეტიზაცია, რომელიც გონითი სფეროს რაციონალიზაციას მოიცავს. ამ უკანასკნელს „საკუთარი განვითარების კანონები და სტაგნაციის პირობები აქვს“. ეს უკანასკნელი განსხვავებულია საზოგადოებრივი და კულტურის პროცესებისაგან. აქამდე ის არც ისტორიულად და არც სოციოლოგიურად არ შეიმეცნებოდა. „მე გთავაზობთ, მას ცივილიზაციის პროცესი ვუწოდოთ და პრინციპიალურად გამოვყოთ მისი სფერო როგორც საზოგადოებრივი პროცესისაგან, ასევე კულტურის მოძრაობიდან“ .      კულტურული მოძრაობა ყოველი დიდი საზოგადოებრივი სხეულის შემადგენლობაშია. თუმცა, მისი მიმართება ამ სხეულისადმი განსხვავდება ცივილიზაციის მიმართებისაგან. ამიტომ, თითოეული, ამ სფეროთაგან, ცალკ-ცალკე უნდა დახასიათდეს და შემდეგ ნაწვდომი იყოს მათ შორის კავშირი, ისე, როგორც ამ კავშირის შედეგები. ამ გზით ისტორიული პროცესის ერთიან სოციოლოგიურ წარმოდგენას მოვიპოვებთ და ეს იქნება კულტურის ფენომენის სოციოლოგიური ანალიზი. ცივილიზაციის, ტექნიკისა და აღმოჩენების კოსმოსი თავისი არსებით ინტერნაციონალურია. ისე როგორც ინტელექტუალური შემეცნების პროცესიც უნივერსალურია. ისტორიულ სხეულებს საზოგადოებრივი და კულტურული პროცესები განასხვავებს. ცივილიზაციით კი ისინი ერთიანი არიან. კულტურებიცა დასაზოგადოებრივი პროცესებიც ერთიანი ცივილიზაციის სხვადასხვა გამოვლენაა.      ვებერთან ცივილიზაციათა კოსმოსი საფუძვლიანადაა წარმოდგენილი მისი განვითარების საფეხურებით, სტადიებით და ყოველი ცივილიზაცია ამ საფეხურებსა და სტადიებს თავიდან გადის. „კაცობრიობის ცივილიზაციის საერთო კოსმოსში ახალ ხალხთა შეჭრასთან ერთად სუბიექტურმა ცივილიზაციამ ახალ ხალხთა ცივილიზებულობამ კვლავ უნდა გაიაროს საფეხურთა ყველა რიგი, რომელიც მანამდე აღმოაჩინა და გაიარა, ცივილიზაციის საერთო კოსმოსის შიგნით, წარსულმა ცივილიზაციებმა“ . ყოველი ახალი ცივილიზაცია საკუთარი ანტიკურობის, შუა საუკუნეებისა და ახალი დროის მქონეა. ალფრედ ვებერი ლოკალურ ცივილიზაციათა წრებრუნვის თეორიას ახალ ბიძგს აძლევს. შემდგომ კი, შპენგლერის გავლენით, ბევრ რაიმეს ცივილიზაციათა საკუთარ თეორიაში შპენგლერისებურად გაიაზრებს.      საწყის ეტაპზე, ვებერის ცივილიზაციათა თეორია, შპენგლერისაგან განსხვავებით, ცივილიზაციათა შორის მემკვიდრეობის პრინციპს ემყარება და კრიტიკულად ეკიდება შპენგლერის მიერ მოწოდებულ, თავისთავში ჩაკეტილ კულტურათა თეორიას. ვებერის მტკიცებით, სხვადასხვა ცივილიზაციათა მონაპოვარი ერთიმეორეს გადაეცემა. მაგალითად, ფუნქციის ცნების გარეშე შეუძლებელი იქნებოდა არა მარტო თანამედროვე უმაღლესი მათემატიკა, არამედ მთელი ცოდნაც. ევკლიდეს სამგანზომილებიანი სივრცის თეორიამ განაპირობა მთელი ანტიკურიცოდნა. ვებერი კრიტიკულად ეკიდება სხვადასხვა ისტორიული სხეულებისათვის დამახასიათებელ განსხვავებულ სიმბოლოთა და სულების არსებობას. იმის მტკიცებას, რომ არსებობს ფაუსტური, არაბული, მისტიკური და ანტიკური მათემატიკა. ევკლიდეს გეომეტრია რომ ბერძნული აპოლონისეული სულის გამოვლენაა, ეს არ ნიშნავს, თითქოს მისი ჭეშმარიტება სავალდებულო არ იყოს ყველა ეპოქისა და ხალხებისათვის. უნივერსალური შემეცნების ტაძრიდან შეიძლება რაიმე უკუგდებულ იქნას, მაგრამ ეს არ ეხება უნივერსალურ ცივილიზაციათა ჭეშმარიტებას.      ვებერისთვის ცივილიზაცია თავისი არსებით საყოველთაო და უნივერსალურია. ცივილიზაციის ამ საყოველთაობას უპირისპირდება კულტურის მოძრაობა. კულტურა არ ქმნის საყოველთაო და აუცილებელ ნივთთა კოსმოსს. ყველაფერი, რაც მასშია, კონკრეტული ისტორიული სხეულის კუთვნილებაა. ყოველივე, რაც ამსხეულებში კულტურას ეკუთვნის, გადაუცემადი და განუმეორებელია. თითოეული მათგანის რენესანსიც იმას კი არ იძლევა, რაც იყო, არამედ ახალ კულტურას ქმნის. ფილოსოფია, რელიგია, ხელოვნება თითოეული თავისი ისტორიული სხეულის შიგნით ვითარდება და სხვა ისტორიულ სხეულებს არ გადაეცემა. ისინი ერთჯერადიდა განსაკუთრებულია. „კულტურის, რელიგიის, იდეათა სისტემის, მხატვრული ქმნილებების ყველა ემანაცია, ცივილიზაციის საპირისპიროდ, მათი ჭეშმარიტების შინაარსის მიხედვით, იმისტორიულ სხეულსა და დროშია ჩაკეტილი, რომელშიც ისინი აღმოცენდა. ამდენად, კულტურის მოძრაობის ფენომენოლოგია კულტურის სფეროს განვითარების ტიპი, სრულიად განსხვავებულია ცივილიზაციის განვითარების ტიპისაგან“ .      ამ გზით, ალფრედ ვებერი მოხაზავს კულტურის სოციოლოგიის ერთ - ერთ ძირითად სფეროს. თუ ერთ შემთხვევაში კულტურას მთლიანობაში მოიცავდა, მეორე შემთხვევაში საზოგადოებრივი პროცესისა და კულტურის მიმართებას, მესამეშემთხვევაში ესაა კულტურისა და ცივილიზაციის დამოკიდებულება, რომლის კონკრეტულად ჩვენება კულტურის სოციოლოგიის ამოცანაა. ალფრედ ვებერი არ ჩერდება საზოგადოებრივი პროცესისა და კულტურის, კულტურისა და ცივილიზაციის მიმართებათა ანალიზზე. მისი აზრით, კულტურის სოციოლოგიამ უნდა მოიცვას ამ ტრიადის, ესე იგი, სოციალური პროცესის, კულტურისა და ცივილიზაციის მიმართებათა ანალიზი და არ უნდა დაკმაყოფილდეს დუალური კავშირების ჩვენებით. „ახლა ჩვენ შეგვიძლია უფრო დაწვრილებით განვიხილოთ „კულტურის“ შინაგანი არსება განსხვავებით „ცივილიზაციისაგან“, ურთიერთისადმი მათი დინამიკური მიმართება და მათი დამოკიდებულება სოციალური პროცესებისადმი. მაშასადამე, კულტურის სოციოლოგიის ჭეშმარიტად პრინციპიალური საკითხი“ .      კულტურის სოციოლოგიაში პირველივე შრომებიდან ცხადი გახდა, რომ ვებერი არ კმაყოფილდება სოციალურ, კულტურულ და ცივილიზაციურ პროცესთაანალიზით, ისე როგორც მათ შორის კავშირის ჩვენებითაც. ის მოხაზავს თითოეულის სფეროს, გამოავლენს იმ სპეციფიკას, რაც ყოველ მათგანს ახასიათებს დააჩვენებს, რომ განსხვავებულობის მიუხედავად, ისინი ერთიანი ისტორიული პროცესის ყველა სხეულის კომპონენტებია. ამ სამი ელემენტის მიმართებათაგან ავტორი განსაკუთრებული ყურადღებით განიხილავს კულტურისა და ცივილიზაციის დამოკიდებულებას, რადგან მიაჩნია, რომ მისმა წინაპრებმა სოციოლოგიაში, ეს ცნებები ერთმანეთში აურიეს. ის აანალიზებს ცივილიზაციის არა მარტო საყოველთაობასა და უნივერსალობას, არამედ იმ მნიშვნელობასაც, რაც ბუნებისმეცნიერებასა დატექნიკას აქვს ადამიანისათვის. ცივილიზაცია ესაა ადამიანის ბატონობა ბუნებაზე და მის ზრდასთან ერთად, ეს ბატონობაც იზრდება. ცივილიზაცია ადამიანის მიზანშეწონილი და სასარგებლო საქმიანობაა. ის ადამიანის არსებობისათვის საყოველთაო ბრძოლის გამოვლენაა და თვითონაც საყოველთაო და აუცილებელიმნიშვნელობისაა. „ცივილიზაციის კოსმოსი მიზანშეწონილი და სასარგებლოდ გაშუქებული ფორმირებაა და მთლიანად განსაზღვრულია მიზანშეწონილობით და სარგებლიანობით“ . ამის საპირისპიროა კულტურით გაფორმებული არსებობა, რომელიც მიზანშეწონილობასა და სარგებლიანობას მოწყვეტილია. ცივილიზაციას და კულტურასსუბსტანციაც განსხვავებული აქვთ. კულტურის სუბსტანცია სულიერობა, ცივილიზაციისა - გონითობა. კულტურა სულის ნებელობაა, სულის მიერ ცხოვრების გამოხატვაა. ამ გზით სული თავისუფლების მიღწევას ცდილობს.      საზოგადოებრივი პროცესი არსებითად სასიცოცხლო ძალთა სინთეზია და ყოველ ისტორიულ სხეულს საკუთარი აქვს. თუმცა, ყოველ ისტორიულ სხეულში სასიცოცხლო სინთეზის განვითარების ეტაპები ერთიდაიგივეა. იგი მოძრაობს მარტივიდან რთულისაკენ, აღმოცენდება, მწიფდება და იშლება. ისე როგორც კულტურა და ცივილიზაცია, საზოგადოებრივი პროცესიც გახევებას განიცდის და მაშინ მას ეხმარება ცივილიზაცია ახალი ტექნიკური მეთოდებით, რითაც სასიცოცხლო სინთეზის ახალ ფორმებს იწვევს. ამის თანმხლებია კულტურის, ანუ სულიერი ძალებისგანახლება და ამით მთელი სოციალური ყოფიერება მოძრაობა - ცვალებადობაშია. ეს სამი ელემენტი მუდმივ ურთიერთკავშირსა და ურთიერთ გაპირობებულობას ავლენს.      კულტურის სოციოლოგიის ამოცანაა, თვალი გაადევნოს სოციალურს, კულტურასა და ცივილიზაციას შორის კავშირს და მოძრაობას თითოეულ ისტორიულ სხეულში. კულტურის სოციოლოგიამ უნდა ახსნას სიცოცხლისადმი განსხვავებული დამოკიდებულება სხვადასხვა კულტურებში, დაწყებული სუიციდით და დამთავრებული ჰედონიზმით. „სოციოლოგიური კვლევის ამოცანაა სიცოცხლის გრძნობის ტიპებისა და მისწრაფების გამოვლენა, იმ სურვილის, რომ სიცოცხლეს ხვადასხვა ფორმასა და პირობებში გამოავლინოს, ასევე, დაადგინოს კავშირი მატერიალურად და სულიერად შექმნილ ელემენტთა ახალ სინთეზთან და, აქედან ამოსვლით, ახსნას არა მარტო კულტურის პროდუქტიულობის დიდი პერიოდები, კულტურის არსება და დიდ ადამიანთა მდგომარეობა მასში, არამედ კულტურის გამოხატვათა სხვადასხვა მხარეები და წინა პლანზე წამოწიოს ისინი, აჩვენოს კულტურის ცვალებადობა და ყოველივე ამას მოუნახოს ახსნა და ინტერპრეტაცია“ .      როგორც ნათქვამიდან ჩანს, კულტურის დინამიკას კულტურის სოციოლოგია ისტორიული სხეულის სხვა კომპონენტებთან და მათ ცვლილებებთან კავშირში განიხილავს, უჩვენებს კულტურის უკუგავლენას საზოგადოებასა და ცივილიზაციაზე. ალფრედ ვებერს გაცნობიერებული აქვს, რომ ზემოთაღნიშნულით არამოიწურება ისტორიულ სხეულთა სამი კომპონენტის - სოციალურის, ცივილიზაციისა და კულტურის კავშირები. მისი აზრით, ამ კავშირების დემონსტრირებისათვის მთელი მონოგრაფიაა საჭირო. აქ მხოლოდ კონტურებია მინიშნებული კულტურის შემსწავლელ სხვა დისციპლინათაგან განსხვავებული კულტურის სოციოლოგიის საგნისა და მისი ადგილისა ცოდნის სისტემაში. მთავარია, იმის გაცნობიერება, რომ „ყველაფერი ეს უნდა იყოს კულტურის სოციოლოგიის სფეროში მიზანდასახული კვლევის საგანი აქ კი საუბარი მხოლოდ იმას ეხება, რომ სიცხადე შევიტანოთ კულტურისა და კულტურის მოძრაობის, ცივილიზაციისა დასაზოგადოებრივი პროცესის დინამიკაში, ისე როგორც, მათ ურთიერთქმედებაში, რამდენადაც ეს მოკლე ურთიერთქმედებებშია შესაძლებელი“ .      ალფრედ ვებერს იმედი აქვს, რომ ამ გზით მან კულტურის მოძრაობის ორი განსხვავებული წესით განხილვა გამოაცალკევა. სახელდობრ, ფილოსოფიურით და სოციოლოგიურით, რომელსაც მორფოლოგიურსაც უწოდებენ. ვებერის აზრით, კულტურის კვლევის ახალი ხაზი უპირისპირდება გერმანული იდეალიზმიდან დღევანდლამდე გავრცელებულ შეცდომას, როდესაც კულტურისა და ცივილიზაციის მოძრაობას აიგივებდნენ. ამის საფუძველში იგულისხმებოდა სულისა და გონის იდენტურობა. კულტურის სოციოლოგია პირველად გამოყოფს სულიერ პროცესებს კულტურის სახით, როგორც ისტორიული სხეულის მამოძრავებელ ძალას და მასგანასხვავებს ცივილიზაციისაგან როგორც გონის მატერიალიზაციის სფეროში მიმდინარე პროცესებისაგან.      სტორია უნდა განიხილებოდეს როგორც დიდ ისტორიულ სხეულთა მორფოლოგიური წარმოშობის, ზრდისა და დაბერებისა თუ კვდომის არენა. ყოველ მათ განსსაკუთარი არსება, კანონი და სულის განხორციელების საკუთარი ტიპი აქვს. ყველა ისინი განვითარების ჰომოლოგიურ საფეხურებს გადიან. კულტურისა დაცივილიზაციის აღრევად მიაჩნია ვებერს შპენგლერის მტკიცება, რომ ყოველ კულტურას თავისი მათემატიკა და მეცნიერება გააჩნია. სინამდვილეში, ეს ელემენტებიცივილიზაციას ეკუთვნის. ცივილიზაცია კი საერთო საკაცობრიოა და არა ცალკეულ კულტურათა დამახასიათებელი.      ვებერი არ გამორიცხავს მისი თეორიის სიახლოვეს შპენგლერის მოძღვრებასთან, მაგრამ, ამავე დროს, რადიკალურად ემიჯნება მას: „კულტურის ცნების ჩვენეული გაგება მორფოლოგიურ თვალსაზრისს ენათესავება. ჩვენთვის კულტურის ყველა ემანაცია მხოლოდ სიმბოლოებია. სულიერი სპეციფიურია ყოველ ისტორიულ სხეულში და მისი წვდომა მხოლოდ შთაგრძნობითაა შესაძლებელი... სოციოლოგმა უნდა იკვლიოს ემანაციათა ტიპიური და გამეორებადი მსვლელობა, შექმნისა და დაშლის პერიოდულობა, სტადიათახასიათი და ფორმა, მაშასადამე, კულტურის მოძრაობის რიტმი. თავის ანალიზში ის ყოველთვის უნდა სვამდეს კითხვას: ფიქსირებადი ტიპიკა რა ზომითაა დაკავშირებული მატერიალურ და ინტელექტუალურ, ესე იგი, ცივილიზებულ ფენათა განვითარებასთან, რომელთაც გარს აკრავს სულიერი ბირთვი. სახელდობრ, საზოგადოებრივ და ცივილიზაციის პროცესთან. სოციოლოგმა ინდუქციურად უნდა წარმოადგინოს კულტურის მოძრაობის ზოგადი ფორმალური ტიპიკა. მას შეუძლია კითხვა დასვას ამ მოძრაობაში სულიერი ბირთვის ხვედრზე, თვალი გაადევნოს სხვადასხვა ისტორიულ სხეულთა სულიერ ბირთვს მის განვითარებაშისაზოგადოებრივი და ცივილიზაციის პროცესის შიგნით. სოციოლოგს შეუძლია განსაზღვროს ამ მოძრაობაში როგორ წარმოიშობა დიდი ადამიანები და ეპოქები“ .      ალფრედ ვებერი კულტურის სოციოლოგიაზე პირველ შრომას ამთავრებს დაპირებით, რომ მომავალში ის შეეცდება კულტურათა მოძრაობის სრული დინამიკისწარმოდგენას და იმის ჩვენებას, როგორ ხორციელდება კულტურის სოციოლოგიის ამოცანები. თუმცა, ამ შემთხვევაშიც, მისი შემეცნების შედეგების პრეტენზიასაბსოლუტური მნიშვნელობის მქონედ არ მიიჩნევს. ვებერის აზრით, ზემოთ განხილული შრომა ფაქტობრივად შესავალი იყო მისი მეორე ძირითადი შრომისა - სახელმწიფოსა და კულტურის სოციოლოგიის პრობლემათა შესახებ, რომელშიც ავტორი უფრო ნათლად წარმოაჩენს საკუთარ თვალსაზრისს.      ვებერი თავის ფილოსოფიურ მსოფლმხედველობას საფუძვლად უდებს სიცოცხლის ფილოსოფიას. მისთვის სიცოცხლე მოძრაობა, მდინარება და გარდაქმნააროგორც ინდივიდთან, ისე ისტორიასთან მიმართებაში. ვებერი გამიჯნავს ბუნებისა და ისტორიის სფეროებს და აღნიშნავს, რომ მხოლოდ ისტორიას ახასიათებსსულის მოძრაობა, რომელიც პლატონთან ერთად ვებერისთვისაც სასიცოცხლო სუბსტანციაა. ისტორია როგორც ადამიანთა ერთობლივი ხვედრი, სამი ძირითადიელემენტის შესაბამისად, სამი მიმართულებით მოძრაობს. ესაა სასიცოცხლო, ცივილიზაციისა და კულტურის მიმართულებანი. აქ მას შესწორება შეაქვს სულისა დაგონის ადრე მოცემულ დაპირისპირებაში და მეტიც, თითქოსდა აერთიანებს ამ ორს. მაგრამ მისთვის ამ შემთხვევაში მთავარია, რომ ეს სამი სახის მოძრაობა ონტოლოგიურად ისტორიის არსებაა და ერთიანია.      ალფრედ ვებერი დამატებით განმარტავს კულტურის სოციოლოგიის ადგილს მეცნიერებათა სისტემაში დაგანასხვავებს მას ისტორიის მეცნიერებისაგან. მისი მტკიცებით, კულტურის სოციოლოგიის გვერდით, ისტორიის მეცნიერება ინარჩუნებს თავის ამოცანას. მან უნდა აღწეროს ისტორიული პროცესის ინდივიდუალური მსვლელობა, რომლისგან განსხვავებულია ისტორიის განხილვა სოციალური თვალსაზრისით. სწორედ ეს განზომილება უნდა გახდეს სოციოლოგიის შესწავლის საგანი. „ჩვენი საკუთარი ხვედრის საკითხს ისტორიამდე მივყავართ, მაგრამ ისტორიკოსს, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ ინდივიდუალური სფეროთია დაკავებული, არ შეუძლი ამ კითხვაზე მარტომ გასცეს პასუხი. ამისთვის მას მეორე მკვლევარის, სოციოლოგის დახმარება სჭირდება, თუ თვითონ იმავდროულად სოციოლოგი არაა“ . ვებერი სოციოლოგებს, განსაკუთრებით, გერმანელ სოციოლოგებს, რომლებშიც მის ძმას, მაქსვებერსაც გულისხმობს, საყვედურობს, რომ მათ მხედველობიდან გაუშვეს სიცოცხლე მუდმივი მდინარებითა და მოძრაობით, რომ ისინი სიცოცხლისგან შორს აღმოჩნდნენ. მათ „უარი თქვეს ყოფიერების ნაკადის მის მთლიანობაში ყოველმხრივ ანალიზზე, უძლურნი აღმოჩნდნენ სიცოცხლის მიერ დასმულ კითხვებზე ეპასუხათ“ .      ალფრედ ვებერის აზრით, სოციოლოგია ექსისტენციალური მეცნიერება უნდა იყოს. მან არსებობა უნდა შეიმეცნოს და უსასრულო დავა იმის შესახებ, რა არის სოციოლოგია, არსებობს თუ არა საერთოდ და როგორი უნდა იყოს, რომელსაც მთელი ტომები ეთმობა, მიზანსა და საზრისს მოკლებულია. ვებერი მოითხოვს სოციოლოგიის რაობა გაირკვეს კვლევის სინამდვილეზე მიმართვით. ამ გზით გაირკვევა, რომ ისტორიის სოციოლოგია და კულტურის სოციოლოგია იგივეობრივია და მათ ამოცანებისგანხორციელებას წარსულში ისტორიის ფილოსოფია ცდილობდა. „მე რეკომენდაციას ვიძლევი, ის მეცნიერული მოქმედება, რომლის წყაროები და ამოცანები აქ ზოგადად იყო მოხაზული, ისტორიის, ანუ კულტურის სოციოლოგიად იწოდებოდეს. ამასთან ვაცნობიერებ, რომ ის მოიცავს კითხვებს, რომელსაც წინათ ისტორიის ფილოსოფია აყენებდა, თუმცა, მათ გადაწყვეტას რამდენადმე სხვასაშუალებებით, კერძოდ, პოზიტივისტური მეთოდოლოგიით ცდილობდა“ .      ამრიგად, ფილოსოფიურის ნაცვლად, პოზიტიური ცოდნა, რომელიც ფილოსოფიურად მიჩნეულ ისტორიული მთელის განხილვას აწარმოებს და სიცოცხლის პროცესს იმეცნებს, ესაა ის სიახლე, რაც ისტორიისა თუ კულტურის სოციოლოგიას მოაქვს და რითაც კონკურენციას უწევს ისტორიის ფილოსოფიას. ალფრედ ვებერი სოციოლოგიის ამოცანასაც ცვლის. ის, რასაც ადრე სოციოლოგია ეწოდებოდა და მდგომარეობდა საზოგადოებაში თანაარსებობათა ფორმების ანალიზში, მისი აზრით, უნდა იწოდებოდეს არა სოციოლოგიად, არამედ საზოგადოებათმცოდნეობად და იყოს ერთ - ერთი კერძო მეცნიერებათაგანი პოლიტეკონომიის, პოლიტიკის შემეცნებისა და სოციალური ფსიქოლოგიის გვერდით. სოციოლოგია კი სიცოცხლის მდინარების მთლიანობას უნდა აანალიზებდეს და ამიტომ ეწოდება მას ისტორიისა თუ კულტურის სოციოლოგია. „რასაც ვესწრაფით და გთავაზობთ ვუწოდოთ სოციოლოგია, ეხება სიცოცხლის პროცესის მთლიანობას, ისტორიული ყოფიერების ერთობლიობას. ეს მოძღვრება ამ მთლიანობას აანალიზებს უნივერსალური კატეგორიების მეშვეობით. სამივე: სოციალური პროცესი, ცივილიზაციის პროცესი და კულტურის განვითარება შეიძლება ონტიურად, ესე იგი, ყოფიერების თვალსაზრისით სხვადასხვა სფეროს ნიშნავდეს, მაგრამ ცხოვრებაში განუყოფელი ერთიანობაა და მათ ერთმანეთისაგან მხოლოდ აზრობრივად მიჯნავენ უკეთ გაგების მიზნით“ .      ალფრედ ვებერი აკრიტიკებს ისტორიის ფილოსოფიის ნიადაგზე აღმოცენებულ ესქატოლოგიურ მოძღვრებებს, რადგან მიაჩნია, რომ პოზიტიური ცოდნა ამის საშუალებას არ იძლევა. ამიტომ ემიჯნება ის ანალოგიისა და ჰომოლოგიის შპენგლერისეულ პროგნოზებს და მოითხოვს, მეცნიერება არსებულის პოზიტიურ შემეცნებაზე აიგოს. ისტორიის სოციოლოგიურ გამააზრებელს მხოლოდ ის შეუძლია, რომ უკვე მომხდარ ხდომილებათა მიმოხილვით თანამედროვე სინამდვილეში ორიენტირებისას დაგვეხმაროს. კულტურის სოციოლოგმა დაისტორიკოსმა არ უნდა უღალატოს ფაქტებზე დამყარების პრინციპს. ალფრედ ვებერი ემიჯნება არა მარტო შპენგლერს, არამედ, საკუთარ ძმას, მაქს ვებერსაც. მართალია, აღნიშნავს მისი შრომების დიდ ღირებულებას, მაგრამ მიუღებლად მიაჩნია მისი ისტორიის სოციოლოგია, ისევე, როგორც ცოდნის ობიექტურობის თეორია. მის უარყოფით დამოკიდებულებას იმსახურებს ერნსტ ტრელჩის ისტორიის სოციოლოგიაც. პრინციპულად მიუღებლად მიაჩნია კარლ მარქსის მიერსულიერი პროცესების ზედნაშენად გამოცხადება და, საერთოდ, ბაზისისა და ზედნაშენის თეორია, პოზიტიურად ეკიდება მაქს შელერის ისტორიის ზოგად სოციოლოგიას.      ალფრედ ვებერის თეორიიდან შევეხებით კიდევ ორ საკითხს - კულტურის სოციოლოგიურ გაგებასა და კულტურის სოციოლოგიის ისტორიის ფილოსოფიიდან გამიჯნვას. ეს უკანასკნელი აუცილებელია, რამდენადაც ვებერის მტკიცებით, კულტურის სოციოლოგიის ჩამოყალიბებამდე ისტორიის ფილოსოფია განიხილავდა კულტურას იმ განზომილებაში, რომელშიც მას დღეს კულტურის სოციოლოგია გაიაზრებს. თუმცა, დღეისათვის, კულტურის ისტორიის ფილოსოფიური დაკულტურულ - სოციოლოგიური ანალიზი არსებით გამიჯნვას ექვემდებარება. წარსულის გააზრებანი აგებული იყო ერთი რომელიმე პრინციპის საფუძველზე, მსოფლიო ისტორია განიხილებოდა ან როგორც ღვთიური იდეის განხორციელება (ავგუსტინესთან), ან როგორც თავისუფლების გაცნობიერება, როგორც ესჰეგელთანაა, ან როგორც ადამიანის აზროვნების გამოთავისუფლება რელიგიური და მეტაფიზიკური ფორმებისაგან, როგორც სენ - სიმონთან და პოზიტივისტებთანაა, ან როგორც ინდივიდის ეტაპობრივი გათავისუფლება, როგორც ლამპრეხტთანაა, ან როგორც ადამიანის მწარმოებლური ძალების განვითარება, როგორც ეს ისტორიულ მატერიალიზმშია.      ამ თეორიებს საერთო მნიშვნელი აქვთ ერთი იდეის სახით, რომელზედაც ააგებენ ფაქტებს. ამის გამო, ფაქტები და ხდომილებები კარგავენ თავიანთ მნიშვნელობას, მიუწვდომელი ხდება მათი საზრისი და ღირებულება. კულტურის თეორიას მოეთხოვება დიდი მოვლენის აღქმა მის უნიკალობაში და მისთვის ადგილის მიჩენა სიცოცხლის კავშირთა სისტემაში. მხოლოდ ამ გზით გავიგებთ მიქელანჯელოს დავითის ღირებულებას. ამდენად, ისმის კითხვა: „თუ შეიძლება არსებობდეს განხილვის ასეთი, სოციო - კულტურული თეორიული წესი? როგორია მისი თანმხლები კულტურის ცნება? და რას ნიშნავს მათთან შედარებით ისტორიულ და კულტურულ ხდომილებათა წარსულის სოციოლოგიური განზოგადება? “ ვებერს არ აკმაყოფილებს არა მარტო ცნობიერების როლის ხაზგასმა, როდესაც ცალკეულ ყოფიერებას ღირებულება ეკარგება, არამედ, არც - ყველაფრის ცივილიზაციის ზოგად ცნებაში მოთავსება. ცივილიზაცია ბუნების მეცნიერება და ტექნიკაა. მათი განვითარება კი ადამიანზეა დამოკიდებული. ამიტომ ცივილიზაციაორ განზომილებაში ვლინდება - ობიექტურსა და სუბიექტურში: „ვლაპარაკობთ ცივილიზაციის გარეგან განვითარებაზე, თუ ჩვენ თვალწინ მიმდინარეობს ბუნების თანდათანობით დაუფლების პროცესი, რომელიც ჩვენი სიცოცხლის ინტელექტუალიზაცია და რაციონალიზაციაა მისდამი გარეგანი, და ვლაპარაკობთ შინაგან ცივილიზაციაზე, ბარბაროსობის საწინააღმდეგო ცივილიზებულობაზე, თუ ვფიქრობთ შინაგან ინტელექტუალიზაციაზე, იმაზე, რომ ქცევა, რომელსაც პრიმიტიული ადამიანი არაცნობიერად ჩადის, ჩვენთვის შეუძლებელია. მისთვის დამახასიათებელი სისასტიკე ჩვენ არ გვახასიათებს და მისი წარმმართველი წარმოდგენები ჩვენ ვეღარ დაგვიმორჩილებს“ . ვებერი მიზნად ისახავს აჩვენოს კულტურასა და ცივილიზაციაში ბიოლოგიურის სოციალურზე გადასვლა და სოციალურში გაგრძელება. ისე რომ, ზეემპირიულ ძალებს ადგილს არ უტოვებს. მისი ანალიზი ემპირიულით შემოიზღუდება. „სიცოცხლე, რომელიც ცივილიზაციის პროცესით ვითარდება, თავის წყაროებში სხვა არაფერია, თუ არა კაცობრიობის ბიოლოგიური რიგის განვითარება, რადგან ყველაფერი ეს აზროვნების ბიოლოგიური განვითარების პროგრესს ემყარება“ . როგორადაც არ უნდა გავაფართოოთ ბატონობის შიდა და გარე სფეროები, ამით ვინარჩუნებთ და ვაფართოებთ მხოლოდდამხოლოდ ჩვენს ბუნებრივარსებობას. ყველაფერი, რაც ისტორიაში ხდებოდა, ესაა სიცოცხლის ბიოლოგიური პროცესის გაშლა და გაფართოება.      ახალი ნაბიჯი, რომელიც ამ ვითარებაში გადაიდგა და ვებერს საკუთარ დამსახურებად მიაჩნია, იმის გაცნობიერებაა, რომ კულტურა ბიოლოგიურ პროცესზე მაღლადგას. კულტურის განვითარებაში გვესმის რაღაც სხვა, ვიდრე ბიოლოგიური პროცესია, რაღაც განსხვავებული, სიცოცხლისეულ შესაძლებლობათაგან, მათ აუცილებლობისა და სარგებლიანობისაგან, განსხვავებული ამ პროცესის მიზანშეწონილობის თვალსაზრისით. მოკლედ, კულტურა იწყება იქ, სადაც ბიოლოგიურიმთავრდება, იქ სადაც მიზანდასახულობაა. ვებერი წინამორბედებს საყვედურობს, რომ ვერ ასხვავებდნენ კულტურასა და ბუნებრივ სიცოცხლეს. კულტურის განვითარებად მიაჩნდათ ბიოლოგიური სიცოცხლის სრულყოფა, ორთქლის მანქანის გამოგონება, საჰაერო სივრცეში ფრენა, რენტგენით მხედველობის გაუმჯობესებადა მიკრობებთან წარმატებული ბრძოლა. ყოველივე ეს აუცილებელი და მეტად მნიშვნელოვანია სიცოცხლის პროცესისათვის, მაგრამ ეს არაა კულტურა. ამაღმოჩენებით ჩვენ თავზე ვერ ავმაღლდებით. მხოლოდ მაშინ, როცა „სიცოცხლე თავის აუცილებლობისა და სარგებლიანობისაგან მივა მასზე მაღლა მდგომსახეობამდე, მხოლოდ მაშინ იარსებებს კულტურა“ . თუ გვინდა, გავიგოთ რად გვინდა კულტურა, უნდა ავმაღლდეთ მიზანშეწონილობასა და სარგებლიანობაზე და მიზანდასახულად შეიძლება პიროვნებაც კი შევწიროთ მსხვერპლად ისეთი რამის შექმნას, რაც სარგებლიანობის მომტანი არ იქნება. ასეთია ხელოვნების ნაწარმოები. სულერთია, დამანგრეველია ის თუ ამამაღლებელი, ყველა ვითარებაში კულტურის სფეროა. აქ დაიძლევა სუბიექტ - ობიექტის დაპირისპირება, ვცილდებით ამდაპირისპირების ფარგლებს და შემოდის შოპენჰაუერის ნებელობა, რომლის გარეშე კულტურას ვერ ავხსნით. ამ გზით ვებერი მიდის კულტურის განსაზღვრებამდე, ის მიაჩნია კულტურის სოციოლოგიურ ცნებად, რომელიც აგებულია პიროვნებისა და სამყაროს სინთეზზე, მათ ერთიანობაზე. „იქ, სადაც სამყარო და გონითიპიროვნება, ესე იგი, ყოფიერების მთელი ობიექტური შინაარსი ჩვენი მეტაფიზიკური ექსისტენცის ნებელობით ერთიანდება და ვესწრაფვით საკუთარი ყოფიერების მთლიანობას, რაც პიროვნებისა და სამყაროს სინთეზია, ესაა კულტურა და კულტურული მოღვაწეობა“ .      ვებერი აანალიზებს მხატვრული ნაწარმოების შექმნის პროცესს, როცა სუბიექტი ობიექტივირებას ახდენს და მიიღება იდეა: მხატვრული ნაწარმოებისა და იდეისგარდა, არაა კულტურის სხვა პროდუქტიული მატარებელი, ვიდრე მხატვარი და წინასწარმეტყველია. შემოქმედების ობიექტები ყოველთვის გრძნობის შედეგია. ჩვენმათ განვიცდით როგორც ღირებულს, რის გამოც გვიყვარს სიცოცხლე და ისტორია. სოციოლოგიურ - კულტუროლოგიური კვლევა უნდა ეძიებდეს სიცოცხლიდან ამ კონკრეტულობათა აღმოცენებას: „სოციოლოგიურად ორიენტირებული კულტუროლოგიური კვლევის ამოცანაა სიცოცხლიდან კონკრეტულობათა დინამიური აღმოცენების ახსნა, რომელს აცკულტურით აღვნიშნავთ. ამასთან, ცხადია უნდა იყოს კულტურის არსებითი საფუძველი - სიცოცხლის გრძნობა და დინამიური მნიშვნელობა, სავსებით კონკრეტული ნიადაგი, რომლიდანაც ესენი აღმოცენდებიან. ამით უნდა იყოს დაკავებული ყოველი კულტურულ - სოციოლოგიური თეორიული გამოკვლევა“ . ამით ცხადი ხდება რატომ აიგივებს ვებერი კულტურის სოციოლოგიას კულტურის ისტორიასთან. მისთვის კულტურის სოციოლოგიის ძირითადი ამოცანაა თვალი გაადევნოს კულტურის წარმოშობისა და სიცოცხლესთან მიმართების პროცესს, მის გრძნობად წყაროსა და ხასიათს სულიერთან მიმართებაში. ამდენად, კულტურის თეორიაში მატერიალური მიმართება გამოირიცხება. კულტურული მოძრაობა მიმართული უნდა იყოს აბსოლუტურისა და მარადიულამდე ამაღლებისაკენ. კულტურის ობიექტივაცია და ფორმები ყალიბდება ისეთ ობიექტებად, რომელიც გვიმორჩილებს და საკუთარი კანონებით მოქმედებს. ასეთი ობიექტივაციებია სახელმწიფო, სამართალი, ეკონომიკა და საზოგადოებრივ ინსტიტუტთა სხვა ფორმები. ისინი კულტურას კი არ ეკუთვნიან, არამედ ცივილიზაციას. ცივილიზაცია ინტელექტუალიზმს აღმერთებს, მაშინ, როცა კულტურას ჩვენი გრძნობა ქმნის. ამის დავიწყების შედეგად აგვერია მეტაფიზიკური გრძნობა და გონება, სიცოცხლის ტექნიკური საშუალებანი და გრძნობათა სამყარო.      ვებერი კულტურის განვითარების სამ პერიოდს განასხვავებს. პირველი - კარტეზიანამდელი, როცა კულტურა სულიერ საზრდოს იძლეოდა და სიცოცხლით იყოსავსე, შექსპირისა და მიქელანჯელოს შემოქმედებათა მსგავსად, დაკავშირებული იყო შინაგანობასთან. მეორე პერიოდია დეკარტისეული, რაციონალური, რომელიც ყველაფერს აუფერულებს და ხანგრძლივად ბატონობს და მესამე პერიოდი უნდა დადგეს პოსტკარტეზიანული, პოსტრაციონალური, როცა გარეგანი ფორმებიც გამოცოცხლდება და ჩვენთვის შინაგანი გახდება.      და ბოლოს, ორიოდე სიტყვა ისტორიის ფილოსოფიასთან ვებერის დამოკიდებულების შესახებ. ისტორიის ფილოსოფიის ძირითად ნიშნად, ვებერს ყოფიერების კონკრეტული ფორმების მიღმა მათი საზრისის ძიება მიაჩნია, რაც სამყაროში ლოგოსის არსებობას გულისხმობს და ისტორია განიხილება როგორც პროგრესი. ასეთი განხილვის ნაცვლად, ვებერი გვთავაზობს კულტურის სოციოლოგიურ, ანუ მორფოლოგიურ გაგებას, რომლის მიდგომა ფილოსოფიურისაგან განსხვავდება. ის არ ცდილობს ისტორიის მოძრაობა, ყოფიერების ფენომენოლოგია, საზრისის წვდომიდან გამოიყვანოს, საზრისისა, რომელიც ნივთების მიღმაა. განსხვავებით ისტორიის ფილოსოფიისაგან, რომელიც მომავლის წინასწარმეტყველებას იძლევა, კულტურის სოციოლოგია ამას ვერასოდეს გააკეთებს, რადგან ემპირიული კვლევის წესებს ექვემდებარება, რომელსაც მომავალთან საქმე არა აქვს. მისი ამოცანაა, გვიჩვენოს ის უნიკალური და განუმეორებელი, რომელსაც ყოველი სიტუაცია გვთავაზობს დამოწოდებულია, რათა ისტორიის მთელში ჩვენი ადგილი განსაზღვროს. პროგრესი გამოყენებადია ცივილიზაციის მიმართ, მაგრამ, არა - კულტურისადმი, რადგანსული პროგრესს არ ექვემდებარება. როგორც ვებერის ანალიზიდან ჩანს, ისტორიის ფილოსოფია და კულტურის სოციოლოგია სხვადასხვა მიმართულებით მოძრაობენ. ამოსაბეჭდი ვერსია: • კულტურის სოციოლოგიის სათავეებთან • წიგნიდან: "კულტურის სოციოლოგია" ← წინა ნაწილი გაგრძელება → …
დაამატა ლაშა to სოციოლოგია at 3:01pm on თებერვალი 27, 2015
თემა: ონორე დე ბალზაკი - ფაჩინო კანე
ქუჩა გახლავთ; სენტ-ანტუანის ქუჩიდან იწყება, ბასტილიის მოედანთან რომ შადრევანია, იმის მახლობლად, და სერიზეს ქუჩას უერთდება.      მეცნიერების სიყვარულმა შემაგდო ერთ მანსარდაზე, სადაც ღამეს თეთრად ვათევდი მუშაობაში, ხოლო ყოველ ცისმარე დღეს იქვე, მეზობლად მდებარე სამეფო ბიბლიოთეკაში წიგნებს ჩავჩიჩინებდი.      ღარიბულად ვცხოვრობდი, რაკი თავადვე გადავწყვიტე, მტკიცედ დამეცვა მონასტრული ცხოვრების ყველა პირობა, რაც მშრომელი კაცისათვის ესოდენ საჭიროა. ხანდახან, კარგ ამინდში, ცოტა ხნით თუ გავისეირნებდი ბურდონეს ბულვარზე. გულმოდგინე მუშაობას ერთადერთი გატაცება მომწყვეტდა ხოლმე და მასაც ისევ ცოდნის შეძენის წყურვილი იწვევდა - გარეთ გამოვდიოდი და გარეუბნის მკვიდრთა ცხოვრებას, ზნე-ჩვეულებებსა და ხასიათს ვაკვირდებოდი. მუშაკაცივით ცუდად ჩაცმული, გულგრილად განწყობილი გარეგნული ზიზილ-პიპილებისადმი, ჩემი გამოჩენით იქაურ მცხოვრებლებს არ ვაფრთხობდი. შემეძლო გავრეულიყავი ბრბოში, დამენახა, როგორ ჩარხავდნენ მუშები ერთმანეთთან საქმეებს, როგორ კინკლაობდნენ სამუშაოს დამთავრებისას.      ადამიანზე დაკვირვების უნარი უკვე ქვეცნობიერ გრძნობად გადამექცა; იგი იჭრებოდა სხვის სულში და უყურადღებოდ სხეულსაც არ ტოვებდა. უფრო სწორად, გარეგნულ დეტალებს ისე უეცრად აღვიქვამდი, რომ სულიერ სამყაროში მაშინვე ვაღწევდი. დაკვირვების ამგვარი უნარი საშუალებას მიქმნიდა იმ პიროვნების ცხოვრებით მეცხოვრა, ვისზედაც დაკვირვებას ვაწარმოებდი, გარდავსახულიყავი ისეთ ადამიანად, როგორიცაა დერვიში «ათას ერთი ღამიდან», თავისი თილისმით მოჯადოებული ადამიანებისაგან რომ იღებდა სხეულსა და სულს.      ღამის თერთმეტსა თუ თორმეტ საათზე, როცა შემომხვდებოდა ვინმე მუშა, ვინც ცოლთან ერთად «ამბიგიუ-კომიკიდან» ბრუნდებოდა, თავშესაქცევად უკან მივყვებოდი და პონტ-ო-შუდან ბომარშეს ბულვარამდე ვაცილებდი. საცოდავი ადამიანები თავდაპირველად იმ საღამოს ნანახ წარმოდგენაზე საუბრობდნენ. მასლაათში თანდათან თავიანთ საქმეებს გადაწვდებოდნენ. დედა ხელში ხელჩაკიდებულ ბავშვს მოაჩანჩალებდა და მის წუწუნსა და ჩივილს ყურს არ უგდებდა. ცოლ-ქმარი ითვლიდა, ხვალ რამდენი ფული გვერგებაო, და ამ თანხას ათასნაირი საჭიროებისთვის ინაწილებდა. რა წვრილმანებზე არ ლაპარაკობდნენ. ჩიოდნენ, კარტოფილი გაძვირდა, ზამთარსაც არ ეღირსა გასვლა, ტორფის ფასი კი სულ მატულობს და მატულობსო. ერთმანეთს პირში ახლიდნენ, ხომ იცი, მეფუნთუშისა რამდენი გვმართებსო. ბოლოს ატყდებოდა ერთი აყალმაყალი და ორთავე მეტად ხატოვანი გამოთქმებით თავიანთ ხასიათს ამჟღავნებდა.      ვუსმენდი ამ ადამიანებს და მათი ცხოვრება ჩემი ცხოვრება ხდებოდა. ვგრძნობდი, ზურგზე მათი კონკები მეფარა, ფეხზე მათი ლანჩგახვრეტილი ფეხსაცმელი მეცვა. მათი სურვილები, მოთხოვნილებები, ყოველი მისწრაფება ჩემს სულში გადმოდიოდა, ან ჩემი სული იკალათებდა მათში.      ეს იყო ფხიზელი ადამიანის სიზმარი. ამ ღარიბ-ღატაკ ადამიანებთან ერთად გული მომდიოდა მათ მჩაგვრელ საწარმოს უფროსებზე, ან სინდისგარეცხილ მუშტრებზე, რაკი ისინი ქირას დროზე არ უხდიდნენ და აიძულებდნენ ხელფასის მისაღებად კარები აეტალახებინათ მათთვის.      ვიცილებდი საკუთარ ჩვევებს, ვითრგუნავდი სულიერ მიდრეკილებებს, რათა სხვა ადამიანად გადავქცეულიყავი და ნებისყოფის გამოცდის თამაშში ჩავბმულიყავი. ასეთი გახლდათ ჩემი გართობა.      ნეტავ რას უნდა ვუმადლოდე ამგვარ ნიჭს? შინაგანი ხილვა ხომ არ არის იგი, ან უნარი, რისი ბოროტად გამოყენებაც სიგიჟეს იწვევს?      ამ ძალის გამომწვევი მიზეზი არასოდეს მიძებნია, მას ვფლობ და მით ვსარგებლობ. ეს არის და ეს. მარტოოდენ მსურს მოგახსენოთ, რომ იმ დროს უკვე შემეძლო, დამენაწილებინა მრავალსახოვანი მასა, რასაც სახელად ხალხი ეწოდება, ჩავწვდომოდი მის არსს და შემეფასებინა მისი კეთილი თუ ბოროტი მხარე.      უკვე კარგად ვიცოდი, რაოდენ ძალას ფლობდა ეს გარეუბანი - რევოლუციის კერა, - სადაც იზრდებიან გმირები, გამომგონებლები, თვითმყოფადი მეცნიერები, თაღლითები, არამზადები; სადაც იფურჩქნება სათნოება და მანკიერება. აქ ყველა გათანგულია სიღარიბით, ქანცგაწყვეტილი ხელმოკლეობით, ჩამხრჩვალი ღვინოში, გასავათებული არყის სმით. ვერც წარმოიდგენთ რამდენი ხიფათი მიკარგულა, რამდენი დრამა მისცემია დავიწყებას ამ მწუხარების ქალაქში, რამდენი შემაძრწუნებელი და რამდენი მშვენიერი ამბავი!      გონება ვერასოდეს ჩაწვდება და ვერ შეიცნობს ჭეშმარიტად, რა იმალება აქ; არვის ძალუძს ახსნას ეს ამოცანა. მეტად ქვემოთ, სიღრმეში, უნდა ჩახვიდე, რათა შენს თვალწინ გადაიშალოს ტრაგიკული თუ კომიკური განსაცვიფრებელი სურათები, შემთხვევით აღმოცენებული შედევრები.      თვითონაც არ ვიცი, ესოდენ დიდხანს გულში რატომ ვინახავდი ამბავს, რასაც ახლა მოგიყვებით. იგი წარმოადგენს ნაწილს გასაოცარი თავგადასავლებისა, რაც ინახება იმ გუდაში, საიდანაც მეხსიერებას, როცა მოეპრიანება, მაშინ ამოაქვს ესა თუ ის ამბავი, ვითარცა ლატარიის ნომრები. ამასავით უცნაური ბევრი რამ სხვაცა მაქვს გადამალული. დამიჯერეთ, მათაც დაუდგებათ თავიანთი რიგი.      ერთ დღეს ჩემმა მოახლემ, მუშის ცოლმა, მთხოვა პატივი დამედო და მისი ერთ-ერთი დის ქორწილს დავსწრებოდი. რათა წარმოგიდგინოთ, როგორი შეიძლებოდა ყოფილიყო ქორწილი, საჭიროა მოგახსენოთ, რომ თვეში ორმოც სუს ვაძლევდი საცოდავ დედაკაცს, რომელიც ყოველ დილით ჩემთან მოდიოდა, მისწორებდა ლოგინს, მისუფთავებდა ფეხსაცმელს, მიწმენდდა ტანსაცმელს, მილაგებდა ოთახს, მიმზადებდა სადილს. დანარჩენ დროს რომელიღაც მანქანის ტარს ატრიალებდა და მძიმე ჯაფის საფასურად დღეში ათ სუს უხდიდნენ. მისი ქმარი, წითელ ხეზე მომუშავე დურგალი, დღეში ოთხ ფრანკს იღებდა. ცოლ-ქმარს სამი შვილი ჰყავდა და პატიოსანი შრომით ლუკმა-პურს ძლივს ჭამდნენ.      ამ მამაკაცსავით და დედაკაცსავით ნამუსიანი ადამიანები არასოდეს შემხვედრია. ამ უბნიდან გადასვლის შემდეგ, მთელი ხუთი წლის განმავლობაში, ჩემი სახელწოდების დღეს დეიდა ვაიან ყოველთვის მოდიოდა ჩემთან და თაიგული და ფორთოხლები მოჰქონდა. ასე იქცეოდა ქალი, ვისაც თავის დღეში ათი სუც არ ჰქონია ზედმეტი.      სიღარიბემ დაგვაახლოვა. ერთხელაც ვერ შევძელი მისთვის მეჩუქებინა ათ ფრანკზე მეტი, რასაც ხშირად სწორედ ამ შემთხვევისთვის ვსესხულობდი.      აღნიშნულმა მდგომარეობამ იქნებ გასაგები გახადოს, რატომ შევპირდი, ქორწილზე მოვალ-მეთქი; ღატაკი ხალხის სიხარულის გაზიარება მსურდა.      ნადიმი მოაწყვეს შარანტონის ქუჩაზე მოვაჭრე სირაჯთან, მეორე სართულზე, თეთრი თუნუქის რეფლექტორიანი ნათურებით განათებულ დიდ ოთახში. კედლებზე მაგიდის სიმაღლემდე გაქონილი შპალერი იყო გაკრული, ხოლო კედლების გასწვრივ ხის მერხი იდგა.      თაიგულებითა და ლენტებით მორთული, საზეიმოდ გამოპრანჭული, დროსტარების ჟინით შეპყრობილი, სახეატკეცილი ოთხმოცი ადამიანი დარბაზში ისე ცეკვავდა, თითქოს მეორედ მოსვლა დამდგარიყოს. ყველას გასახარად ნეფე-პატარძალი ერთმანეთს კოცნიდა და იყო ერთი შეძახილები: «ეჰ! ეჰ! აჰ! აჰ!» ეს შეძახილები, თუმცა მეტად ორაზროვანი გახლდათ, მაგრამ სიმართლე რომ ითქვას, მაინც ნაკლებად უხამსი იყო, ვიდრე კარგად აღზრდილი ყმაწვილი ქალის მრავალმნიშვნელოვანი, ქვეშ-ქვეშა გამოხედვა.      სირაჯის დარბაზში თავმოყრილ ადამიანთა უხეშ მხიარულებაში იყო რაღაც ისეთი, რაც არ შეიძლებოდა სხვებსაც არ გადასდებოდა. უნდა მოგახსენოთ, რომ არც ამ საზოგადოების გარეგნობას, არც ქორწილს, არც სხვა რამეს, რაც აქ ხდებოდა, საერთო არაფერი აქვს ჩემს ამბავთან. მარტოოდენ დაიხსომეთ ის უცნაურობა, რითაც აღწერილი სურათის ჩარჩო გამოირჩევა.      ნათლად წარმოიდგინეთ ამაზრზენი და წითლად შეღებილი დუქანი, შეიგრძენით ღვინის სურნელება, ყური დაუგდეთ მხიარულ შეძახილებს, შეესისხლხორცეთ გარეუბანს, მუშების წრეს, ბერიკაცებს, საცოდავ დედაკაცებს, რომელთაც ერთი ღამის სიამოვნების დაკმაყოფილების ჟინი დაუფლებია. ორკესტრი შედგებოდა «კენზ-ვანის» სამი ბრმისაგან, პირველი ვიოლინოზე უკრავდა, მეორე - კლარნეტზე, ხოლო მესამე - ფლაჟოლეტზე.      სამთავეს ერთად შვიდასი ფრანკი ეძლეოდათ ღამეში.      რაღა თქმა უნდა, ამ ფასად არავინ დაგვიკრავდა არც როსინის, არც ბეთჰოვენს. ამიტომ რაც მოეპრიანებოდათ, იმას უკრავდნენ, უფრო კი - რაც შეეძლოთ.      საყვედურს არავინ ეუბნებოდა მათ, - მომხიბლავი თავაზიანობაა!      მათი დაკვრა ისე უხეშად მოხვდა ჩემს ყურს, რომ ჯერ თავმოყრილ საზოგადოებას მოვავლე თვალი და მერე ბრმების ტრიოს გადავხედე. როცა ფორმა ვიცანი, მაშინვე გული მომილბა.      დამკვრელები ფანჯრის ნიშაში ისხდნენ და თუ მოისურვებდი მათი პირისახის გარჩევას, სულ ახლოს უნდა მისულიყავი. მაშინვე არ მივსულვარ დამკვრელებთან და მერე, როცა მივუახლოვდი მათ, არ ვიცი რატომ, მაგრამ ირგვლივ ყოველივე შეიცვალა, ქორწილი და მუსიკა გაქრა, ცნობისმოყვარეობა უკიდურესად გამიღიზიანდა, რადგან ჩემი სული კლარნეტის დამკვრელის სხეულში გადავიდა. მევიოლინესა და ფლაჟოლეტის დამკვრელს ყველასთვის ცნობილი, ჩვეულებრივი, უსინათლოების დაძაბული, ყურადღებიანი, სერიოზული სახეები ჰქონდათ. კლარნეტზე დამკვრელს კი ისეთი განსაკუთრებული სახე ჰქონდა, რომელიც ერთნაირად იპყრობს როგორც ხელოვანის, ისე ფილოსოფოსის ყურადღებას.      წარმოიდგინეთ გრუზა, შევერცხლილი, აქოჩრილი ჭაღარით მოსილი დანტეს თაბაშირის ნიღაბი, ზეთის ლამპის შუქით განათებული.      ამ საოცარი სახის სევდიანსა და მწუხარე გამომეტყველებას უფრო მეტად ნაღვლიანსა ხდიდა უსინათლობა, რამეთუ ჩაშრეტილ თვალებს აზრი უცოცხლებდა. ბრმის თვალებზე თითქოს კიაფობდა კაშკაშა სხივი, ერთადერთი გაუქრობელი ვნებისა, რაც ძველი კედლის ნასკდომების მსგავსი ნაოჭებით დაღარულ, ამობურცულ შუბლზე მძლავრად აღბეჭდილიყო.      ბერიკაცი ალალბედზე უკრავდა, ერთი ბეწოთიც არ აქცევდა ყურადღებას არც რიტმსა და არც მელოდიას. მისი თითები ზემოთ და ქვემოთ ანგარიშმიუცემლად დაცურავდნენ და ძველ კლავიშებს ეხებოდნენ. აინუნშიც არ მოსდიოდა, თუკი მისი ინსტრუმენტი, ორკესტრანტები რომ იტყვიან, «დაიყივლებდა». ხოლო ამას მოცეკვავეები ისევე ვერ ამჩნევდნენ, როგორც ჩემი იტალიელის ორი დამქაში. იტალიელიო, ვამბობ, რაკი მე მინდოდა იტალიელი ყოფილიყო ის და მართლაც იტალიელი იყო.      ამ ხანდაზმულ ჰომეროსს რაღაც დიადსა და დესპოტურს შეამჩნევდით. გულის სიღრმეში იგი უთუოდ ფარავდა «ოდისეას», რასაც დავიწყება ეწერა. თვალში გეცემოდათ მოხუცის დიდებული, მბრძანებლური იერი, რაც მის უკიდურეს სიღარიბეს, დამცირებულ მდგომარეობას უმალ გავიწყებდათ.      არც ერთი მძაფრი ვნებათაღელვა, რასაც ადამიანი სიკეთისკენაც შეუძლია წაიყვანოს და ბოროტებისკენაც, გადააქციოს კატორღელად ან გმირად, არ აკლდა იტალიელის მოლურჯო-მოთეთრო პირისკანიან, კეთილშობილურად გამოკვეთილ სახეს, დაჩრდილულს შეჭაღარავებული წარბებით, რაც ნისლს ფენდა ღრმულებს, საიდანაც გონების შუქი გამოკრთოდა და ისეთსავე შიშს იწვევდა კაცში, როგორც გამოქვაბულის შესასვლელთან ჩირაღდნებითა და ხანჯლებით შეიარაღებულ ყაჩაღთა ბრბოს შეხვედრა. ადამიანის ხორცის გალიაში ლომი იჯდა, რომლის ძალ-ღონე რკინის ხარიხებთან ბრძოლას ფუჭად შეელია.      სასოწარკვეთილების კოცონი ნაცრად ჩაიფერფლა, ლავა გაცივდა, ხოლო კვლები, გაცივებული ნიაღვრის ნაკადულები, მბჟუტავი კვამლი, ვულკანის ამოფრქვევის სიმძლავრეზე მოწმობდა.      ყოველივე ეს, რაც უფრო ბუნდოვნად გამოსჭვიოდა მისი სახის ნაკვთებიდან, ჩემს წარმოდგენაში უფრო ცხოველმყოფლად ისახებოდა.      ყოველი ცეკვის შემდეგ, შესვენების დროს, ჭიქებითა და ბოთლებით ფრიად დაინტერესებული ფლაჟოლეტზე დამკვრელი და მევიოლინე საკრავებს თავიანთ გაცრეცილი ქურთუკების ღილებზე ჩამოიკიდებდნენ, ხელს გაიშვერდნენ ფანჯრის ნიშაში მიდგმულ მაგიდისკენ, სადაც მათთვის სუფრა გაეშალათ და იტალიელს სთავაზობდნენ ღვინით სავსე ჭიქას, რის აღებაც თვითონ არ შეეძლო, რადგან მაგიდა მისი სკამის უკან იდგა. კლარნეტის დამკვრელი მადლობის ნიშნად მათ ყოველთვის მეგობრულად თავს უქნევდა.      დამკვრელთა მოძრაობა გამოირჩეოდა იმ გასაოცარი სიზუსტით, რაც «კენზ-ვანის» ბრმებს ახასიათებს.      სამი უსინათლოსკენ გავემართე, რათა მათი საუბარი მომესმინა, მაგრამ როცა მივუახლოვდი, ისინი გაიტრუნნენ. ეტყობა, მიხვდნენ, მუშა რომ არ ვიყავი და ხმა გაკმინდეს.   - სადაური ხართ, თქვენ, კლარნეტზე რომ უკრავთ?   - ვენეციელი, - ოდნავი იტალიური კილოთი მიპასუხა ბრმამ.   - ბრმა დაიბადეთ თუ თვალის ჩინი დაკარგეთ რაღაც...   - უბედური შემთხვევის შედეგად, - მიპასუხა მკვირცხლად, - დაწყევლილი შავი წყალი...   - ვენეცია ლამაზი ქალაქია. ჩემი დღე და მოსწრება იქ წასვლაზე ვოცნებობ.      ბერიკაცს სახე გაუნათდა, ნაოჭები აუთრთოლდა. მძლავრმა მღელვარებამ შეიპყრო იგი.   - თუ მე წამოგყვებით ვენეციაში, დროს ტყუილად არ დაკარგავთ, - მითხრა მან.   - ვენეციაზე ნურაფერს ეტყვით, თორემ დოჟი თავის რაშს მოაჯდება და... თანაც ორი ბოთლი გადაყლურწა ჩვენმა ბატონიშვილმა!   - აბა, დავიწყოთ, ყიყლიყო ბიძია!      სამთავე დაკვრას შეუდგა, მაგრამ ოთხივე კადრილის შესრულებისას ვენეციელის ყურადღება მხოლოდ ჩემკენ იყო მომართული. გრძნობდა, რომ ცნობისმოყვარეობა უაღრესად გამიღიზიანა. სევდიანი გამომეტყველება გაუქრა. რაღაც ჩემთვის უცნობმა იმედმა სახის ნაკვთები გამოუცოცხლა და მის ნაოჭებს ცისფერი ალივით ჩაუქროლა. გაიღიმა და თამამი, შემზარავი შუბლი მოიწმინდა. დაბოლოს, სიხარულმა შეიპყრო იგი, რაკი იგრძნო, რომ საშუალება ეძლეოდა თავისი აკვიატებული აზრი ვინმესთვის გაეზიარებინა.   - რამდენი წლისა ბრძანდებით? - ვკითხე მე.   - ოთხმოცდაორისა.   - დიდი ხანია, რაც დაბრმავდით?   - მალე ორმოცდაათი წელი იქნება, - მიპასუხა მან ისეთი კილოთი, რაც იუწყებოდა, რომ მისი სინანული თვალის ჩინის დაკარგვას არ ეხებოდა მხოლოდ, არამედ რაღაც დიდ ძალაუფლებას, რომელიც ხელიდან გამოსცლოდა.   - ერთი ეს მითხარით, ესენი დოჟს რატომ გიწოდებენ? - შევეკითხე.   - აჰ, ისე, ხუმრობით მეძახიან, - მომიგო მან. - ვენეციელი პატრიცი გახლავართ და სხვებსავით მეც შემეძლო დოჟი ვყოფილიყავი.   - რა გვარისა ბრძანდებით?   - აქ, - მიპასუხა მან, - ძია კანეს მეძახიან. სამოქალაქო აქტებში ჩემი გვარი სხვანაირად შეიტანეს. იტალიურად კი ეს გახლავთ მარკო ფაჩინო კანე, ვარეზელი ბატონიშვილი.   - როგორ, თქვენ შთამომავალი ბრძანდებით სახელგანთქმული კონდოტიერი ფაჩინო კანესი, რომლის დაპყრობილი სამფლობელოები მილანელ დუკათა ხელში გადავიდა?   - E vero, - მითხრა მან, - იმხანად კანეს ძემ ვენეციას შეაფარა თავი, რათა ვისენტის საგვარეულოს არ მოეკლა. მისი გვარი იქ «ოქროს დავთარში» შეიტანეს. ხოლო დღეს აღარც კანე არსებობს და აღარც საგვარეულო დავთარი. - და მან ისე ჩაიქნია ხელი, რომ ამით გამოხატა ჩაფერფლილი პატრიოტული გრძნობაცა და ზიზღიც ამქვეყნიური ამაოებისადმი.   - თუ ვენეციელი სენატორი ბრძანდებით, მაშინ ხომ მდიდარიც უნდა ყოფილიყავით? როგორ მოხდა, რომ ქონება ასე გამოგცლიათ ხელიდან?      ამ შეკითხვაზე მან პირი ჩემკენ ჭეშმარიტად ტრაგიკული მოძრაობით მოაბრუნა, თითქოს იმისათვის, რათა დამკვირვებოდა და მიპასუხა: - უბედურებათა შედეგად!      ღვინის სმა ვიღას აგონდებოდა. ხელით ანიშნა, რომ აღარ სურდა გამოერთმია ღვინით სავსე ჭიქა, რასაც ამ წუთში ფლაჟოლეტის ბებერი დამკვრელი აწვდიდა და თავი ჩაქინდრა.      ეს დეტალები იმ ხასიათისა არ გახლდათ, რომ ჩემთვის ცნობისმოყვარეობა დაეყუჩებინა. ცეკვის დროს, როცა ეს სამი ავტომატი დაკვრას განაგრძობდა, მოხუც კეთილშობილ ვენეციელს ვათვალიერებდი გამსჭვალული ისეთი გრძნობით, რაც ოცი წლის ჭაბუკის გულში ცეცხლივით აგიზგიზდება ხოლმე. თვალწინ წარმომიდგა ვენეცია და ადრიატიკა. მოხუცის ჟამთა სიავით განადგურებულ სახეზე ვხედავდი ნანგრევებად ქცეულ ვენეციას, დავეხეტებოდი ამ ქალაქში, რომელიც ესოდენ ძვირფასია მის ბინადართათვის. მივეშურებოდი რიალტოდან დიდ არხამდე, ესკლავონის სანაპიროდან - ლიდომდე. ვბრუნდებოდი ვენეციის ტაძარში, რაც ესოდენ თავისებურად დიდებულია. შევცქეროდი casa d’oro-ს ფანჯრებს, თითოეულ მათგანს ხომ განსხვავებული ჩუქურთმა ამკობს. ვათვალიერებდი მარმარილოთი მდიდრულად ნაგებ ძველ სასახლეებს. დაბოლოს, აღტაცება მიპყრობდა მთელ ამ ჯადოსნურ ქმნილებათა ხილვით, რამეთუ ისინი იმდენად ძვირფასნი არიან სწავლულისთვის, რამდენადაც იგი ოცნებაში თავის ნებაზე აფერადებს მათ, ხოლო სინამდვილე მის ოცნებას პოეზიის სამოსს არ აცლის.      გონებით მივყვებოდი უდიდეს კონდოტიერთა შთამომავლის ცხოვრების დინებას. იქ ვეძებდი მის უბედურებათა ნაკვალევს და მიზეზს იმ ღრმა ფიზიკური და სულიერი გადაგვარებისა, რაც ამ წუთას მის სახეზე აკიაფებულ სიდიადისა და კეთილშობილების ნაპერწკლებს უფრო მეტად მშვენიერსა ხდიდა. ჩემი და ვენეციელის ფიქრები, უეჭველია, ერთმანეთს ემთხვეოდა, ვინაიდან, დარწმუნებული ვარ, ბრმა, რაკი ყურადღებას გარე სამყაროს სხვადასხვა საგნებზე ვერ ფანტავს, სხვა ადამიანთან გონებრივ კონტაქტს სწრაფად ახდენს.      მართლაც, ჩვენი ურთიერთკეთილგანწყობის გამომჟღავნება დიდხანს არ დაყოვნებულა. ფაჩინო კანემ დაკვრა შეწყვიტა, წამოდგა, მოვიდა ჩემთან და მითხრა: «გავიდეთ»! ამ სიტყვამ ჩემზე ელექტრონის დენივით იმოქმედა.      მკლავში ხელი გავუყარე და მასთან ერთად გარეთ გამოვედი.      ქუჩაში ასე მომმართა: - თანახმა ხართ, წამიყვანოთ ვენეციაში, ჩამყვეთ იქამდე? იქნებ ირწმუნოთ ჩემი? ისეთ ბედსა გწევთ, რომ თქვენი ქონება ამსტერდამისა და ლონდონის ათი ბანკის ქონებას გადააჭარბებს, როტშილდზე მდიდარი გახდებით. ერთი სიტყვით, იქნებით ისეთი ავლადიდების პატრონი, როგორიც «ათას ერთ ღამეშია» აღწერილი.      გავიფიქრე, ეს კაცი გიჟია-მეთქი, მაგრამ მის ხმაში იმგვარი ძალა გამოკრთოდა, რომ დავნებდი.      მორჩილად გავყევი ბრმას და მან ისე მიმიყვანა ბასტილიის თხრილებთან, თითქოს თვალხილული ყოფილიყოს!      მოხუცი ჩამოჯდა ერთ ქვაზე, უკაცრიელ ადგილას, სადაც შემდგომ ააგეს ხიდი, სენ-მარტენის არხს სენასთან რომ აერთებს. მეც იქვე, ბერიკაცის წინ, მეორე ლოდზე ჩამოვჯექი. მისი ჭაღარა მთვარის შუქზე ვერცხლის ძაფებივით ბზინავდა.      სიჩუმე, რასაც ჩვენამდე მოღწეული ბულვარების ქოთქოთი არღვევდა, კამკამა ღამე, ყოველივე ხელს უწყობდა იმას, რომ სცენა მართლაც ფანტასტიკური ყოფილიყო.   - თქვენ მილიონებზე ელაპარაკებით ყმაწვილკაცს და გგონიათ, იგი ყოყმანს დაიწყებს მათ მისაღებად, თუნდაც ათასი ხიფათი მოელოდეს? ხომ არ დამცინით?   - დაე, მოვკვდე ცოდვების მოუნანიებლად, - მომიგო მან მგზნებარედ, - თუკი ის, რასაც გიამბობთ, მართალი არ არის. ოცი წლისა ვიყავი, როგორც თქვენა ხართ ახლა, მდიდარი გახლდით, ლამაზი, მაღალი წარმოშობისა და ცხოვრებაში ფეხი შევდგი უდიდესი სიგიჟით - სიყვარულით. ისეთმა მიჯნურობამ დამიმონა, რის მსგავსიც ახლა აღარ არსებობს. ოღონდ მარტოოდენ დაპირება მიმეღო, რომ სატრფო კოცნის ნებას დამრთავდა და ჩავჯდებოდი ზანდუკში, სადაც ხანჯლით ამკუწავდნენ. მისთვის სიკვდილი ხანგრძლივ სიცოცხლედ მიმაჩნდა. 1760 წელს ვენდრამინთა საგვარეულოს შთამომავალი, თვრამეტი წლის ქალი შემიყვარდა. მისი ქმარი, გვარად საგრედო, ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი სენატორი გახლდათ. ოცდაათი წლისა იყო და ცოლი გაგიჟებით უყვარდა. მე და ჩემი სატრფო ქერუბინებივით უცოდველნი ვიყავით. ერთხელ sposo თავს დაგვადგა, როცა ჩვენ სიყვარულზე ვსაუბრობდით. უიარაღოდ ვიყავი. მან დარტყმა ამაცდინა, მე კი ვეცი და ორი ხელით დავახრჩე. წიწილასავით მოვუგრიხე კისერი. მინდოდა ბიანკასთან ერთად გავცლოდი ქალაქს, მაგრამ მან არ ინება გამომყოლოდა. ასეთები გახლავთ ქალები! წავედი მარტო. დაუსწრებლად გამასამართლეს. ჩემს ქონებას ჩემს მემკვიდრეთა სასარგებლოდ სექვესტრი დაადეს, მაგრამ მე მოვასწარი და თან წავიღე ალმასები, ტიციანის ხუთი გრაგნილად დახვეული ტილო, მთელი ოქრო, რაც კი გამაჩნდა. წავედი მილანში, სადაც არავის შევუწუხებივარ. ჩემი საქმე ხელისუფლებას სულაც არ აინტერესებდა.   - სანამ ამბის მოყოლას განვაგრძობდე, ერთ პატარა საკითხზე შევაჩერებ თქვენს ყურადღებას, - მითხრა მან ცოტაოდენი დუმილის შემდეგ, - არ ვიცი, გავლენას ახდენს თუ არა ქალის ახირებული სურვილები პირმშოზე ჩასახვის მომენტში, ან მაშინ, როცა მუცლით დაატარებს, ის კი უდავოა, რომ დედა ჩემზე ორსულობის პერიოდში ოქროზე ჭკუას კარგავდა. მეც ასევე ვგიჟდები ოქროსთვის და ამ მანიის დაკმაყოფილება ჩემი არსებობისთვის სრულიად აუცილებელია. რა პირობებშიც უნდა მოვხვდე, ოქრო თან უნდა მქონდეს. ხელში ოქროს ვატრიალებ ნიადაგ. სიჭაბუკეში ყოველთვის ოქროს სამკაულს ვატარებდი და ჯიბეში ორი ან სამი დუკატი მედო.      ამ სიტყვებთან მან ორი დუკატი ამოიღო ჯიბიდან და მიჩვენა.   - თითქოს ყნოსვით ვგრძნობ ოქროს. თუმცა ბრმა ვარ, მაინც ოქრომჭედლების დუქნებთან ვჩერდები. ამ ვნებამ დამღუპა კიდეც. აზარტული მოთამაშე გავხდი, რათა ოქროზე მეთამაშა. ყალთაბანდი არ ვიყავი, სხვები კი ყალთაბანდურად მეთამაშებოდნენ და გავკოტრდი. როცა ქონების ნატამალიც აღარ გადამრჩა, ბიანკას ნახვის სურვილმა გამაგიჟა. საიდუმლოდ დავბრუნდი ვენეციაში. ვიპოვე სატრფო და ექვსი თვის განმავლობაში ბედნიერებით ვტკბებოდი. მის სახლში ვიმალებოდი და საჭმელსაც ის მაჭმევდა. მეგონა, მთელ სიცოცხლეს ასეთი ნეტარებით გავატარებდი.      ბიანკა ერთ პროვედიტორს უყვარდა. იგი მიხვდა, რომ მეტოქე ჰყავდა. იტალიაში მეტოქეს გუმანით გრძნობენ. იმდენი გვითვალთვალა, სანამ სარეცელზე არ შემოგვისწრო. არამზადა! წარმოიდგინეთ, როგორი ბრძოლა გაიმართა ჩვენს შორის. არ მოვკალი, მხოლოდ მძიმედ დავჭერი.      ამ ხიფათმა დაამსხვრია ჩვენი ბედნიერება. ჩემს სიცოცხლეში ბიანკასთანა ქალი აღარ მინახავს.      რა სიამოვნება არ განმიცდია, რა განცხრომას არ მივცემივარ, ლუი XV კარზე მიცხოვრია, ყველაზე სახელგანთქმულ ქალებსაც დავახლოვებივარ, მაგრამ ჩემი ძვირფასი ვენეციელისდარ ღირსებებს, მომხიბვლელობას, ვნებიანობას არსად შევხვედრივარ. პროვედიტორს მხლებლები ახლდა. მოიხმო ისინი. სასახლეს ალყა შემოარტყეს და მერე შიგ შემოცვივდნენ. თავს ვიცავდი, რათა მოვმკვდარიყავი ბიანკას თვალთა წინაშე. ბიანკაც მეხმარებოდა და ჩემთან ერთად ლამობდა პროვედიტორის მოკვლას.      ოდესღაც ეს ქალი ჩემთან ერთად გაქცევაზე არ დამყაბულდა, მაგრამ ექვსი თვის ბედნიერების შემდეგ ისწრაფოდა, ჩემთან ერთად მომკვდარიყო და მრავალი ჭრილობაც მიიღო. უცბად დიდი მოსასხამი გადამაფარეს, მერე შემკრეს, გონდოლაში ჩამსვეს და ციხის ერთ-ერთ ხაროში ჩამაგდეს.      ოცდაორი წლისა ვიყავი. ისე მაგრად მეჭირა ჩემი გადატეხილი ხმლის ნატეხი, რომ თუ ხელს არ მომაჭრიდნენ, ვერ წამართმევდნენ. შემთხვევის წყალობით, ან სიფრთხილით შთაგონებულმა, რკინის ნატეხი ერთ კუთხეში მივმალე, თითქოს რაიმე სამსახურის გაწევა შეეძლო. მიმკურნალეს, არც ერთი ჭრილობა სასიკვდილო არ გამოდგა. ოცდაორი წლის ასაკში რას არ გადაურჩება კაცი.      თავის მოკვეთას მიპირებდნენ. დროის მოსაგებად ავადმყოფობა მოვიგონე. ვვარაუდობდი, ჩემი ჯურღმული არხის გვერდით უნდა ყოფილიყო. გადავწყვიტე, კედელს გამოვთხრი, არხს გადავცურავ და გავიქცევი-მეთქი, თუმცა დახრჩობა იქნებ არც ამცდენოდა.      ახლავე გეტყვით რას ეყრდნობოდა ჩემი ვარაუდი. ყოველთვის, როცა მედილეგეს ჩემთვის საჭმელი მოჰქონდა, მე ვასწრებდი კედლებზე წარწერილი მითითებები წამეკითხა. მაგალითად, ასეთი წარწერა: «სასახლის მხარე», «არხის მხარე», «მიწისქვეშეთის მხარე». ბოლოს გეგმაც გავარჩიე. მის დანიშნულებაზე სულაც არ ვნაღვლობდი, რაკი უთანხმდებოდა განლაგებას დოჟთა სასახლისა, რის აშენებაც ჯერაც არ დასრულებულა.      გონების განსაკუთრებული დაძაბულობის შედეგად, რასაც თავისუფლების მოპოვების მძაფრი სურვილი იწვევს, ერთი ქვის ზედაპირზე თითების ფათურით ძლივსძლივობით გავარჩიე არაბული წარწერა, რითაც ამ საქმის მოთავე აუწყებდა თავის შემცვლელებს, რომ კედლის ქვემო წყობიდან ორი ლოდი გამოეძრო და თორმეტი ფუტის სიგრძეზე მიწისქვეშა გასასვლელი გამოეთხარა. მისი საქმის გამგრძელებელს ხაროს ძირში უნდა დაეყარა ქვების ნამსხვრევები და კირი, რაც მიწის თხრის შედეგად დაგროვდებოდა.      თუნდაც შენობის მტკიცე ნაგებობით გულარხეინად არ ყოფილიყვნენ მეციხოვნეები და ინკვიზიტორები და არ დაკმაყოფილებულიყვნენ გარედან დაყენებული გუშაგების დაცვით, თვით განლაგება ორმოებისა, სადაც მხოლოდ რამდენიმე საფეხურზე ჩამოდიოდნენ, საშუალებას ქმნიდა თანდათანობით ისე ამემაღლებინა იატაკის დონე, რომ მედილეგეებს არ შეემჩნიათ. ეს უზარმაზარი სამუშაო წყალში ჩაეყარა ყოველ შემთხვევაში იმას, ვინც წამოიწყო, რადგან დაუმთავრებელი საქმე უცნობის სიკვდილს იუწყებოდა. რათა მისი თავგანწირვა უკვალოდ არ გამქრალიყო, პატიმარს არაბული ენა უნდა სცოდნოდა. მე კი სომეხთა მონასტერში აღმოსავლური ენები მქონდა ნასწავლი.      ქვის უკან დაწერილი ერთი წინადადება იმ უბედური კაცის ამბავს გადმოსცემდა. იგი მსხვერპლი გამხდარიყო თავისი უთვალავი სიმდიდრისა, რამაც ერთ ვენეციელს სიხარბე გაუღვიძა და უბიძგა, მის ქონებას დაუფლებოდა. მიზნის მისაღწევად ერთი თვე დამჭირდა. მუშაობისას, ან იმ დროს, როცა დაღლილობა ქანცს მაცლიდა, მესმოდა ოქროს ჩხრიალი, ვხედავდი ოქროს, ალმასების ელვარებით თვალთ მიბნელდებოდა.      ოჰ! მომისმინეთ. ერთ ღამეს ჩემი დაჩლუნგებული ფოლადი ხეს მოხვდა. გავლესე ხმლის ნატეხი და ხის გაბურღვას მოვყევი. მუშაობა რომ შემძლებოდა, მუცლით ვხოხავდი და გველივით ვიკლაკნებოდი. სრულიად შიშველი თხუნელასავით ვთხრიდი მიწას. ხელები წინ გავიშვირე და საძირკვლის ქვაც კი საყრდენ წერტილად გადავიქციე.      სასამართლომდე სამი დღეღა დამრჩა. გადავწყვიტე, ღამით უკანასკნელად დამეძაბა ძალა. გავხვრიტე ხე და რკინა სიცარიელეში გავიდა.      წარმოიდგინეთ ჩემი გაკვირვება, როცა ნახვრეტში გავხედე! აღმოვჩნდი ერთი სარდაფის ხის ჩუქურთმის უკან და მკრთალი შუქი საშუალებას მიქმნიდა ოქროს გროვა შემემჩნია.      დოჟი და ათთა საბჭოს ერთ-ერთი წევრი სარდაფში იმყოფებოდნენ. მათი ხმაც მომესმა. ლაპარაკიდან შევიტყვე, რომ აქ ინახებოდა რესპუბლიკის საიდუმლო განძი, დოჟთა ძღვენი და ნადავლის მარაგი, რასაც «ვენეციის შემოსავალი» ეწოდებოდა და რაც საომარი ლაშქრობების დროს შეგროვებულ ნაალაფევს წარმოადგენდა.      გადავრჩი! როცა მედილეგე ჩემთან მოვიდა, ვთხოვე გაქცევაში დამხმარებოდა და თანაც გამომყოლოდა. პირობა დავუდე, რომ იმდენ სიმდიდრეს წავიღებდით თან, რამდენსაც შევძლებდით.      საყოყმანო არაფერი ჰქონდა და ისიც დამთანხმდა.      ლევანტისკენ გასამგზავრებლად გემმა აფრა აუშვა. სიფრთხილის ყველა ზომა მიღებული იყო. ბიანკა ყოველმხრივ დახმარებას უწევდა მზადებას, რასაც მე ჩემი შეთქმულების მონაწილეს ვუკარნახებდი.      ეჭვი რომ არავისთვის აღეძრა, ბიანკა სმირნაში უნდა დაგვწეოდა.      ერთ ღამეს ღრუ გავაფართოვეთ და ვენეციის საიდუმლო ხაზინაში ჩავედით. რა ღამე იყო! ჩემს თვალწინ ოქროთი სავსე ოთხი ვეებერთელა კასრი იდგა.      წინა ოთახში ორად დაეგროვებინათ ვერცხლი და ორ გროვას შორის გზა დაეტოვებინათ, რათა გაევლოთ ოთახში, რომლის კედლებთან ხუთი ფუტის სიმაღლეზე მონეტები ეყარა. მეგონა, ჩემი მედილეგე გაგიჟდებოდა: მღეროდა, ხტოდა, იცინოდა, ოქროში დაკუნტრუშობდა. დავემუქრე, დაგახრჩობ, თუ დროს დამაკარგვინებ, ან ხმაურს ასტეხ-მეთქი.      ისე იყო გახარებული, რომ პირველად ვერ შეამჩნია მაგიდა, რაზეც ალმასები ეყარა. მე მივვარდი მაგიდას და, რაც შემეძლო, მეზღვაურის ქურთუკისა და შარვლის ჯიბე-უბეები გამოვიტენე.      ღმერთო ჩემო! მესამედიც კი ვერ წამოვიღე. მაგიდის ქვეშ ოქროს ზოდები ეყარა. ჩემი ამხანაგი დავიყაბულე, ოქროთი აგვევსო იმდენი ტომარა, რამდენის წაღებასაც შევძლებდით. ეს ერთადერთი საშუალება იყო, როგორც მე ავუხსენი მას, რომ უცხოეთში ჩვენზე ეჭვი არ მოეტანათ.   - მარგალიტები, სამკაულები, ალმასები გაგვცემს, - ვეუბნებოდი.      როგორიც უნდა ყოფილიყო ჩვენი სიხარბე, ორი ათას ლივრ ოქროზე მეტის წამოღება ვერ შევძელით. ისედაც ექვსჯერ გადავიარეთ გზა საპატიმროდან გონდოლამდე. არხზე გასასვლელ კართან მდგომი გუშაგი მოვისყიდეთ ერთი ტომრით, რომელშიაც ათი ლივრი ოქრო იყო.      ორ გონდოლიერს კი ეგონა, რესპუბლიკას ვემსახურებითო.      გათენებისას გავემგზავრეთ. შუა ზღვაში რომ გავედით, ისევ ის ღამე წარმომიდგა თვალწინ. მოვიგონე, რა განცდები გადავიტანე, ხელახლა დავინახე უზარმაზარი საგანძური, სადაც, ჩემი გამოანგარიშებით, ოცდაათი მილიონი დავტოვე ვერცხლითა და ოცი მილიონი ოქროთი. უთვალავი მილიონის ალმასი, მარგალიტები და ლალები. რაღაც სიგიჟის მსგავსმა მომიარა. ოქროს ციებ-ცხელება შემეყარა.      სმირნაში გადმოვბარგდით და მაშინვე საფრანგეთში მიმავალ გემში ჩავსხედით. გემზე ასვლისას ღმერთმა კეთილი თვალით გადმომხედა და ამხანაგი თავიდან მომაშორა.      მაშინ ვერ მივხდი, რა შედეგი შეიძლება მოჰყოლოდა ამ შემთხვევას, რამაც სიხარულით ამივსო გული. ორთავე იმდენად ვიყავით აღელვებული, რომ სრულიად გამოვთაყვანდით და ერთმანეთს ვერც ველაპარაკებოდით. სულ იმას ველოდით, როდის გავცდებოდით საფრთხეს, როდის აღმოვჩნდებოდით მყუდრო ადგილას და ჩვენს ნებაზე დავიწყებდით ცხოვრებას. განა გასაკვირველია, რომ იმ არამზადას თავგზა აებნა.      თქვენ დაინახავთ, როგორ დამსაჯა ღმერთმა. გულს მხოლოდ მაშინ მომეფონა, როცა ლონდონსა და ამსტერდამში ალმასების ორი მესამედი გავყიდე და ოქროს ქვიშა ფასიან ქაღალდებად ვაქციე.      ხუთი წლის განმავლობაში მადრიდში ვიმალებოდი. შემდეგ, 1770 წელს, ესპანელის სახელითა და გვარით პარიზში ჩამოვედი. აქ მეტად მდიდრული ცხოვრება დავიწყე. ბიანკა გარდაიცვალა. ცხოვრების სიამტკბილობაში ჩაფლულმა ექვსი მილიონის პატრონმა თვალის ჩინი დავკარგე. ეჭვი არ მეპარება, რომ ეს ავადმყოფობა საპატიმროს ჯურღმულში ჯდომისა და ქვის მტვრევის შედეგია, უკეთუ ოქროს ხილვის განსაკუთრებული უნარი მხედველობით ენერგიას არ მიძაბავდა და თვალის შუქს არ მიკარგავდა.      იმხანად ერთი ქალი მიყვარდა. ვაპირებდი, ბედ-იღბალი მისთვის დამეკავშირებინა. საიდუმლო გავანდე და ნამდვილი გვარიც გავუმხილე. ის ერთ ყოვლისშემძლე საგვარეულოს ეკუთვნოდა. დიდი იმედი მქონდა უზენაესი მფარველობისა, რასაც ლუი XV მიწევდა. დიახ, გული გადავუშალე ქალს, მადამ დიუ ბარის მეგობარს. მან მირჩია ვჩვენებოდი ლონდონის ცნობილ ოკულისტს. მე და ჩემმა სატრფომ ლონდონში რამდენიმე თვე ერთად დავყავით. ერთ დღეს მან ჰაიდ-პარკში მიმატოვა. მთელი ჩემი ქონება გაიტაცა და საარსებოდ ერთი გროშიც არ დამიტოვა. რა უნდა მექნა, გვარს ვერვის გავუმხელდი, ვენეციის შურისძიების მეშინოდა.      ჩემი ხეიბრობით ხელს ითბობდნენ ჯაშუშები, რომლებიც ქალმა თავს დამახვია. აღარ დაგღლით ჟილ-ბლაზის ღირსი ხიფათებიანი თავგადასავლის მოყოლით. მოხდა თქვენი რევოლუცია.      იძულებული გავხდი, თავი შემეფარებინა «კენზ-ვანში», სადაც ისევ იმ მყრალმა დედაკაცმა მომათავსა მას შემდეგ, რაც გიჟად გამომაცხადა და ბისეტრში მაყურყუტა. ვერასოდეს მის მოკვლას ვერ შევძლებდი. არც თვალის ჩინი გამაჩნდა და არც ქონება, რომ მის მოსაკლავად მკვლელი დამექირავებინა.      სანამ მედილეგე ბენედიტო კარპის დავკარგავდი, მანამდე რომ მისგან შემეტყო, რომელ მხარეს მდებარეობდა ჩემი ჯურღმული, ვენეციაში დავბრუნდებოდი და შევძლებდი, ისევ მიმეღწია ხაზინამდე, მას შემდეგ, რაც ნაპოლეონმა რესპუბლიკა გაანადგურა.      მართალია, ბრმა ვარ, მაგრამ წავიდეთ ვენეციაში! მივაგნებ საპატიმროს კარებს, კედლებს იქითაც დავინახავ ოქროს, ახლაც ვიგრძნობ წყლის ქვეშ, სადაც იგი გადამალულია, ვინაიდან მოვლენები, რომელთა წყალობით ვენეციის ძალაუფლება დაემხო, ისეთი ხასიათისაა, რომ ხაზინის საიდუმლო უნდა დამარხულიყო ბიანკას ძმასთან, დოჟ ვენდრამინოსთან ერთად. მის გარდაცვალებამდე კი იმედი მქონდა, რომ «ათთა საბჭოსთან» მიშუამდგომლებდა იგი და შემარიგებდა.      განცხადებით მივმართე პირველ კონსულს, ხელშეკრულების დადება შევთავაზე ავსტრიის იმპერატორს, ყველა ისე თავაზიანად მეუბნებოდა უარს, როგორც გიჟს! მოდი, წავიდეთ, ვენეციაში. წავალთ მათხოვრები და დავბრუნდებით მილიონერები. გამოვისყიდით მამულებს და თქვენ დაგნიშნავთ მემკვიდრედ, იქნებით ვარეზელი ბატონიშვილი.      თავგზა ამიბნია მოხუცის აღსარებამ, რაც ჩემს წარმოდგენაში მთელ პოემად გადაიქცა. შევყურებდი მის გაჭაღარავებულ თავს, გადავცქეროდი ბასტილიის თხრილებში მომდინარე შავ წყალს, ისევე მდორეს, როგორც ვენეციის არხებშია, და დანა კბილს არ მიხსნიდა.      ფიჩინო კანეს ეგონა, რომ მეც სხვებსავით გიჟად ჩავთვალე, და ზიზღნარევი სიბრალულით ჩაიქნია ხელი, რითაც სასოწარკვეთილების მთელი ფილოსოფია გამოხატა. ნაამბობმა, ალბათ, ვენეციაში გატარებული ბედნიერი დღეები გაახსენა. მან ხელი დაავლო კლარნეტს და სევდიანად ააკვნესა ვენეციური სიმღერა - ბარკაროლა, რისთვისაც ხელახლა იპოვა პირვანდელი ნიჭი, ნიჭი გამიჯნურებული, ქედმაღალი პატრიცისა.      ეს რაღაც ისეთი იყო, რამაც super flumina Babylonis გამახსენა.      თვალი ცრემლით ამევსო.      თუ რომელიმე დაგვიანებული გამვლელი ამ დროს ბურდონეს ბულვარზე ჩაივლიდა, უეჭველია, შეჩერდებოდა, რათა მოესმინა სამშობლოდან განდევნილის უკანასკნელი ლოცვა, მოესმინა უკანასკნელი სინანული დაკარგული სახელის გამო, რასაც ბიანკას მოგონება უკავშირდებოდა.      მაგრამ ოქრომ სწრაფად თავისი გაიტანა და საბედისწერო გატაცებამ სიჭაბუკის სხივი ჩააქრო.   - ამ განძს, - მითხრა მან, - მე ყოველთვის ვხედავ. სიფხიზლეშიაც და ძილშიც. ოქროში დავსეირნობ, ალმასები კიაფობენ. ისე ბრმა არ გახლავართ, როგორც თქვენ გგონიათ: ოქრო და ალმასები მინათებენ წყვდიადს, ღამეს უკანასკნელი ფაჩინო კანესი, რამეთუ ჩემი ტიტული მემმის საგვარეულოზე გადავა. - ღმერთო ჩემო! მკვლელის დასჯა ასე ადრე დაიწყო! Ave Maria...      მან წაიჩურჩულა რამდენიმე ლოცვა, რაც მე ვერ გავარჩიე.   - ჩვენ წავალთ ვენეციაში, - შევყვირე მე, როდესაც იგი ფეხზე წამოდგა.   - მაშ, შევხვდი ნამდვილ მამაკაცს! - შესძახა მოხუცმა და სახე გაებადრა.      მკლავში მკლავი გავუყარე და გავაცილე. «კენზ-ვანის» კართან ხელი ჩამომართვა. ამ დროს ქორწილიდან დაბრუნებულმა რამდენიმე მამაკაცმა ჩაგვიარა. ისინი, რაც ძალი და ღონე ჰქონდათ, გაჰკიოდნენ.   - ხვალ გავემგზავროთ? - მკითხა უსინათლომ.   - მაშინვე, როგორც კი ცოტაოდენ ფულს მოვუყრით თავს.   - რატომ, ხომ შეგვიძლია ფეხით გავუდგეთ გზას. მოწყალებას ჩამოვითხოვ... ამტანი ვარ და, გარდა ამისა, ადამიანი ახალგაზრდავდება, როცა წინ ოქროს ხედავს.      ფაჩინო კანემ ორი თვე იავადმყოფა და იმავე ზამთარს გარდაიცვალა.      საბრალო ბერიკაცს ჭლექი ჰქონდა.      პარიზი. მარტი, 1836 წ. …
დაამატა Kakha to ლიტერატურა at 8:23pm on მარტი 2, 2015
თემა: მიხა ჯიღაურის გუნდი (მეორე ნაწილი)
რაკა და დამავიწყდა, ლევანასათვის ამეხსნა, მას კი არ ეძებდნენ, გაზეთი "ზარია ვოსტოკა", 1927 წელი ნაცნობმა ნაცნობს აფიშა აჩვენა, რომელზეც დედას ლევანა დიდი ასოებით ეწერა. მან კი კითხვა არ იცოდა, არც ის იცოდა, რომ ქალაქში აფიშები გაეკრათ.       დავბრუნდეთ ისევ უკან.       სუფრიდან რომ ავიშალენით, კონცერტის დღეს მე ჩემი მომ- ღერლებით ჩავედი რუსთაველის თეატრში. შესასვლელი ხალხით იყო გაჭედილი. გვიცვნეს და განის დაგდება უნდოდათ, გზის მიცემა, მა- გრამ ტევა აღარ იყო. როგორც იქნა, შევედით თეატრში.       დედას ლევანაც და მიხა ჯიღაურიც გაკვირვებულები იყვნენ ამდე- ნი ხალხით. მათ ეგონათ, რომ ამ ხალხს მათთვის კი არა, სხვა რამ დიდი საქმისთვის მოეყარა თავი. არ იცოდნენ, რომ ეს თავპირისმტვრევა და ზედატეხა მათთვის იყო, მათი კონცერტის ბილეთებისათვის.       ეს "გასტროლიორები" თავის სიცოცხლეში პირველად იყვნენ არამც თუ სცენაზე, არამედ - თეატრში, თბილისში - მეორედ თუ მესამედ. ამიტომ ძალიან გაკვირვებულები ყველაფერს გაოცებული თვალით უყურებდნენ და ათასნაირ რამეს მკითხავდნენ. სცენაზე დედას ლევა- ნამ ტყის დეკორაცია დაინახა...       - აბა, ე, რაღაა! - ისეთნაირად გაიკვირვა, რომ გამეცინა. საერ- თოდ მეტისმეტად გულუბრყვილო და მიამიტი იყო. მშვენიერ, მოხდე- ნით სასაცილო კითხვებს იძლეოდა და შიგა და შიგ ხუმრობდა კიდეც. ისე ხუმრობდა, რომ სიცილით ვიხოცებოდით:       - ჩემმა ცოლმა რომ გაიგოს, თუ ამ დღეში ჩაგვყარე, ისე დაგწყევლის, ფეხი აგერეოდაო.       - რათა, ლევან?       - მაშ, აბა, ე, სად მოგვიყვანე! ეხლა რო თავი გაგვანებო, სულიან- ხორციანად დავიკარგებით.       ლევანას კითხვებს თავი გავანებე. დავსხი ერთ ადგილას, აქედან ფეხი არ მოიცვალოთ-მეთქი და ბანებს დაველოდე. ნახევარ საათში უნდა მოსულიყვნენ, მაგრამ ნახევარი საათიც გავიდა, მთელიც, ისინი კი არსად ჩანდნენ.       ცოტა შევფიქრიანდი. მაშინვე კარისკენ გავქანდი.       ჩემი მომღერლები ჩოხის კალთებზე მებღაუჭებოდნენ, მალ-მალე თავს ნუ გვანებებ, არ დავიკარგოთო. ისინიცა ღელავდნენ, მეც.       - კაცო, ამოდენა სახლებში რო დავიკარგოთ, გზას ვიღა გვიჩვენებს. შილდის ტყეში არ დავკარგულვარ და ამ ტყეში რომ დავიკარგო, თავი მექნება მოსაკლავიო, - ამბობდა დედას ლევანა.       მე ვამშვიდებდი. თან შემოსავალ კარისაკენ გავრბოდი და გამოვრ- ბოდი, ბანები კი არსადა ჩანდნენ.       ვიდრე გავაგრძელებდე ამბავს, ერთი გარემოება უნდა გავაცნო მკითხველს.       როგორც მოგახსენეთ, ქართული ხალხური სიმღერები სახელგა- ტეხილი იყო ქალაქში და დამახინჯებულიც. ეს რომ ხალხისთვის ნათ- ლად და მკაფიოდ მეჩვენებინა და დამმახინჯებლებზეც ჯავრი კარგად ამომეყარა, პირველი განყოფილებისათვის ნიმუშად მოვიწვიე თბილი- სის ხალხური სიმღერების მომღერალთა გუნდი ალექსანდრე მაისურა- ძის ხელმძღვანელობით.       აი, ეს ალექსანდრე იყო იქა და გული მტკიოდა, რომ იმას უნდა შევხ- ვეწნოდი, მოეცა ჩემთვის რამდენიმე კაცი, რომელთაც, თუ ჩემი ბანები არ მოვიდოდნენ, დახმარება გაეწიათ ჩვენთვის.       ვთხოვე მაისურაძეს. ის სიამოვნებით დამთანხმდა და ზარი მისცეს თეატრში პირველი განყოფილებისათვის.       ფარდა რომ აიხადა, ალექსანდრე მაისურაძის გუნდს ყოველი სიმ- ღერის გათავებისას, ხალხი უყვიროდა: ჩქარა გაათავეთ, დედას ლევა- ნა გვინდაო. ამით ალექსანდრე ძალიან ნაწყენი დარჩა. მან, როგორც იყო, დაასრულა პირველი განყოფილება. ხალხს გაუხარდა, ფარდა რომ ჩამოვიდა, მე კი ვწუხდი, ნეტავ კიდევ გაეგრძელებინა, მანამდე იქნებ ჩემი ბანები გაჩენილიყვნენ სადმე.       ანტრაქტი თხუთმეტ წუთს გავაგრძელე, იქნებ ბანებმა შემომის- წრონ-მეთქი. კიდევ მინდოდა გამეგრძელებინა, მაგრამ ხალხი ადგი- ლიდან არ იძვროდა, ისმოდა შეძახილები:       - დედას ლევანა!..       - დროა!       და კიდევ ვინ იცის, რას არ იძახდა ხალხი. ალექსი მაისურაძის გუნდი, 1910 წელი       ჩემი ბანები კი ისევ არსადა ჩანდნენ. ალბათ გადაკრულში მყოფებს სახლში ტკბილად ჩაეძინათ და აინუნშიაც არ მოსდიოდათ ის გასაჭი- რი, რომელშიაც მე ყელთამდე ვიყავ ჩავარდნილი.       მე ისევ მაისურაძის ამარა დავრჩი. ნათხოვნი ბანები მომცა - ოთხი კაცი. კულისებში წავამღერე, რათა როგორმე მათი ხმები ერთმანეთისათვის შემეწყო, მაგრამ ვატყობდი, არაფერი გამოდიოდა. ხალხი კი ყვიროდა: ჩქარა, დროაო! ბოლოს შევთანხმდით ასე: მე მიგდეთ ყური, ბანს მე ვეტყვი და ხელებს ნუ გამაქნევინებთ, ყური ჩემკე გქონდეთ: დაუშვებ ბანს - დაუშვით, ავუ- წევ - აუწიეთ-მეთქი. მაგრამ თვითონ მეც ისე ვიყავ აღელვებული, რომ წამღერების დროს თავადაც არ ვამბობდი სწორად და იმათაც ვრევდი.       ხან ჩემი იმედი მქონდა, ხან იმათი, რომ, აჰა, ან ეხლა მოვლენ, ან ეხლა-მეთქი. მაგრამ მოსასვლელები მაინც არსადა ჩანდნენ.       დავრჩი ჩემი თავის იმედად. მოთმინების ფიალა აევსო ხალხსაც და მეც. ბოლოს ავაწევინე ფარდა... როცა ხალხი სულ დაწყნარდა და მოლოდინით გაიკმინდა, გავუძეხ წინ მომღერლებს და გავედით სცენაზე. სწორედ აფეთქებასა ჰგავდა პარტერში ავარდნილი ტაშის გრიალი. მთელი ნახევარი საათი ისმოდა "ვაშა"-ს ძახილი და ტაში. - გაუმარჯოს ქართველი ხალხის გენიას! - ყვიროდა ზევიდან ვი- ღაცა. ამ ამბით გაკვირვებული მომღერლები გახეტებული დადგნენ სცე- ნაზე და არ იცოდნენ, რა ექნათ. მე ვუხსნიდი, ვუყვიროდი, ქუდი მოი- ხადეთ და ხალხს სალამი მიეცით-მეთქი. მაგრამ იმ აურზაურში ვერ- აფერი გავაგებინე, მაშინ მოვგლიჯე დედას ლევანას თავზე ქუდი და ჩავძახე ყურში, ხალხს სალამი მიეცი-მეთქი.       მიუხედავად იმისა, რომ მათ ეს სცენაზე გასვლამდე ავუხსენი, მაინც ყველაფერი დაავიწყდათ. ბოლოს, როგორც იყო, ლევანამ ხელი ასწია ზევით, - გაუმარჯოსო, - დაიყვირა.       ხალხი დაწყნარდა. მომღერლები მათთვის გამზადებულ სკამებზე დავსხი, ხოლო მე მოკლე სიტყვით მივმართე ხალხს:       ამხანაგებო!       თქვენ მოგეხსენებათ, რომ წარსულში საზოგადოების ყველა ფენას ჰყავდა თავისი გემოვნების მომღერლები. რუსეთის საიმპერატორო თეა- ტრში ცნობილნი იყვნენ შალიაპინი, სობინოვი და სხვები. მაგრამ ნურავინ იტყვის, რომ იმ ხალხს ჰქონდა გემოვნება და ძონძებში გახვეულ ქართ- ველ გლეხს კი არა - ჩვენ გლეხსაც უყვარდა თავისი მომღერლები.       დღეს ასეთ მომღერლებად ცნობილი არიან დედას ლევანა, მიხა ავ- გაროზიშვილი და სხვები. ქართველ ხალხს ვთხოვ, მოუსმინოს თავის გულისცემას.       ხალხმა ტაში დამიკრა და მივუბრუნდი დედას ლევანას.       - ლევან, მიხა დაიწყებს და შენ მოძახილი უთხარ, ჩვენც მოგყვებით.       - კაცო, მე ჯიღაურთან შეწყობილი არა ვარ, ელოშვილმა მითხრას პირველი, - იუარა ლევანამ.       სისხლი თავში მეცა სიბრაზით. ვიცი, რადაც არ უნდა ლევანას იმ- ღეროს მიხასთან. ლევანა სახელგანთქმული მომღერალია მთელ შიდა კახეთში, მან სიბერის გამო ხმა დაკარგა და არ უნდა, იმაზე კარგი გა- მოჩნდეს ჯიღაური. ამიტომ ამბობს: პირველი ელოშვილმა მითხრას, ეს ჩემი მომღერალია, შეჩვეულები ვართო.       - რა დროს ვაჭრობაა, კაცო! - ვუყვირი ლევანას და ვატყობ, რა- ღაც ლამაზი არ გამოდის, ლამაზი სურათი არ იხატება მაყურებლის თვალში.       ლევანამ ისევ ალექსი ელოშვილი მიისვა გვერდით და საჩქაროდ შემოსძახა "კახური მრავალჟამიერი”. ელოშვილმა ხრინწიანი ხმით აუწ-დაუწია, მისი ხმა ლევანას ზორბა და ყოყოჩა-მედიდურ რუხრუხში აღარა ისმოდა. ეს უნდოდა სწორედ ლევანასაც: იგი სხვას არ გაუშვებს წინ, საცა ის არის, იქ იმის მეტი აღარავინ არ უნდა ჩანდეს.       მიხა ჯიღაური მოიკუმშა, ეს პატარა ტანის კაცი უფრო დაპატარა- ვდა და გაირიყა. გულხელდაკრეფილი იდგა განზე, როგორც ჭიტლაყ- ამოკრული, გაძევებული, დაწიხლული...       მეც ავირიე. სიბრაზისაგან ოფლმა ხან ცივად დამწინწკლა, ხან - თბილად. ბანს ვეუბნებოდი, მაგრამ ვატყობდი, რომ ვერც მე ვამბობდი სწორად და ვეღარც მაისურაძის გუნდის წევრები. ჩემი გონება სულ- მთლად არეული იყო.       ვაივაგლახით, როგორც იყო დავასრულეთ სიმღერა. ხალხმა მაინც ოვაციები გაგვიმართა ტაშითა და, - "გაუმარჯოს", - ძახილით. როცა დარბაზი მიწყნარდა, ვიღაცამ დიდი ხმით დაიძახა, რომელია დედას ლევანაო.       დედას ლევანამ ეს თავისებურად გაიგო: მას ეს ის კაცი ეგონა, რო- მელიც გუშინ აფიშაზე უჩვენებდა თავის თანამგზავრს, აგერ დედას ლევანაო.       ეს უზარმაზარი კაცი საჩქაროდ წამოხტა, აიშვირა ხელი და დაიძახა:- მე ვარ, მე!       მთელი თეატრი ახარხარდა და გაიმართა ბაასი სცენასა და დარ- ბაზს შორის. დედას ლევანამ, ამ ვეებერთელა ტანის კაცმა, ხელების ფარჩხვით დაიწყო დარბაზიდან გადმოსროლილი კითხვების პასუხობა და, რამდენიც უფრო აღარ ემორჩილებოდა იგი ჩემს განკარგულებას, იმდენად უფრო მასხამდა ცივი ოფლი.       ამ დროს მიხა ჯიღაური წამებულის ხატივით იდგა სცენის განა- პირას და მორცხვად გაჰყურებდა ხალხს თეთრი წარბებქვეშიდან. ეს მოკლე ტანის, თმათეთრი მოხუცი შესანიშნავ, უმანკო შთაბეჭდილე- ბას ტოვებდა ხალხზე, რომელიც მას არ იცნობდა.       ლევანამ, დარბაზთან ბაასი რომ გაათავა, სკამზე დაჯდა, მერე წინ, თავის ფეხებთან, დააფურთხა და ფურთხი ფეხით გასრისა, როგორც გლეხებმა იციან.       ამაზე ხალხში სიცილი ატყდა, რა თქმა უნდა, არა ბოროტი სიცილი, არამედ მეგობრული. ხოლო მე ვიწვოდი სირცხვილით, თუმც კარგად ვატყობდი, რომ ხალხი ჩემს მდგომარეობაშიც შედიოდა და ცოდვად არ მითვლიდა მათს გაუწვრთნელობას. ლევანა ისევ ბობოქრობდა.       - მიხავ! - დავუძახე ჯიღაურს, როდესაც ვატყობდი ირყეოდა ყველაფერი, ისიც აშკარა ხდებოდა, რომ დედას ლევანა დაუმსახურებ- ლად ნებივრობდა, მას თავი შილდაში ეგონა მოქეიფე თავადებს შორის, აღარავის, აღარც მე და აღარც სხვებს, ანგარიშს აღარ უწევდა.       მიხამ მომხედა.       - მოდი აქ, მიხავ, - ვუთხარი მას.       ნაპოლეონივით ტანდაბალი და მასავითვე გულხელდაკრეფილი, დაღონებული მიხა მოვიდა ჩემთან. ხელი ავწიე ხალხის გასაჩუმებლად, რომელიც დარბაზიდანა გვთხოვდა, გვემღერა "ხეურო", "ჩონგურო", "ნადური", "შროშანავ, შეშა დაუდე", "ღმერთო-ღმერთო" და სხვა. მიხა ჯიღაური       ხალხი დაშოშმინდა და ვთხოვე, მოესმინათ მიხა ჯიღაურისთვისაც. რადგანაც მას აღარავისთან არ შეეძლო ემღერა, გამოვაცხადე, რომ იგი შეასრულებდა "ურმულს". "ურმულის" ხსენებამ დიდი ტაში გამოიწვია. მე კიდე ავწიე ხელი იმის ნიშნად, რომ მოესმინათ ჩემთვის. ხალხი დაწყნარდა, ბოლოს სულ გაკმინდა სული. აფუნდრუკებული დედას ლე- ვანაც დავსვი თავის ალაგას და ხალხს მოვახსენე:       - მოქალაქენო! მაპა- ტიეთ, რომ ეს ხალხური გუნ- დი ხალხური სიმღერებით ვერ მოვაწყე კარგა და მხოლოდ ოთხიოდე სიმღერის თქმა მოვახერხეთ, ისიც ძლივს. იქნებ თქვენ იფიქროთ, რომ მე მოვსტყუვდი, რადგან დე- დას ლევანასი, ელოშვილისა და ჯიღაურის მეტი არავინ ჩამოვიყვანე და მისაყვედუ- როთ, რატომ მათთან ერთად თანამომღერალი ბანებიც არ ჩამოიყვანაო.       ასეთი საყვედურები მართალი იქნებოდა, ამისი შეძლება რომ მქონოდა. ქართული ხალხური სიმღერა რომ კარგა იმღეროს კაცმა, საჭიროა ათითორმეტი პირი ერთმანეთს შეჩვეული. ათი-თორმეტი პირი-მეთქი ვამბობ, რადგან ორპირი სიმ- ღერებიც არის, თორემ თითო სიმღერას ხუთი კაციც იმღერებს. ათი- თორმეტი კაცის ჩამოყვანა შილდიდან მოითხოვდა იმდენს, რამდენსაც დღევანდელ პირობებში ვერც მე და ვერც სხვა პიროვნება ვერ შეძლებ- და. ამიტომ ვიფიქრე: პირველ-მეორე მოძახილებს ჩამოვიყვან და ბანს ქალაქელებს ვათქმევინებ-მეთქი. მაგრამ, ჩემდა სამწუხაროდ, ქალა- ქმა სოფელს ვერ უთხრა ბანი. ჩემმა სიტყვებმა - „ქალაქმა სოფელს ვერ უთხრა ბანი“ - გამოიწვია დარბაზში გულიანი სიცილი, რადგა- ნაც მაშინ ხელისუფლების მიერ გადმოსროლილი იყო ლოზუნგი: „პირი სოფლისაკენ!" სიცილი რომ გათავდა, მე ისევ განვაგრძე:       - ამიტომ ჩემი თავი დამარცხებულად მიმაჩნია. მაინც მგონია, რომ ამ ოთხიოდე სიმღერით წარმოდგენა გექნებათ ქართულ ხალხურ სიმღერებზე. ახლა, გთხოვთ, მოუსმინოთ თქვენთვის ჯერ უცნობ მომ- ღერალს, მიხა ჯიღაურს, რომელიც, "ურმულს" შეასრულებს.       ხალხმა კიდევ დამიკრა ტაში.       მიხა წინ წამოვაყენე და ხალხი ისე გაიკმინდა, გეგონებოდათ არც ერთი კაცი აღარ არის შიგაო. მიხა თვალს არ მაშორებდა, როგორც და- ჩაგრული, სრულიად მორჩილი იყო. ვანიშნე, დაიწყე-მეთქი. მან ქამარ- ში ჩაიყარა ხელები ცერებით და დინჯად, წყნარად, სწორედ იმგვარად, როგორც მაისში ბულბულმა იცის ხოლმე გათენებისას, ამოიკაკანა "ურმული". ამ დროს პირში რომ შეგეხედნათ, გეგონებოდათ, პირმოკუ- მული არისო და გაკვირდებოდით: მაშ საიდან ამოდის ასეთი ტკბილი, საამური, რაკრაკა, სიამოვნებით გულისამომქოთებელი ხმაო. მიხამ აუწია თანდათან, ზღვის შხეფებივით მირეკ-მორეკა საამური ჰანგები დარბაზის მდუმარების განუზომელ სივრცეში და გულღვიძლი თან ამოაყოლა მას.       აქამდე სირცხვილის ოფლმოდებული, ნერვებაშლილი და ხალხის წინ შერცხვენილი, ამ ჰანგების მოსმენით მეც ვიკურნებოდი, ვმშვიდ- დებოდი და თანდათან ვსწორდებოდი წელში, რომ ჩემმა ცდამ ამაოდ არ ჩაიარა.       ხუთჯერ დააბრუნა მიხამ სიმღერა. იგი მღეროდა ჩემს ხალხურად დაწერილ ლექსს, რომელიც სულ უცბად დაისწავლა შინ:       გასწი, კამეჩო რქიანო,       შენი მეუღლე მქვიანო,       გამიყვა სამშვიდობოში,       ობლები მიმელიანო.       ნეტაი, წუთისოფელი       რად არის მოუწყობელი,       კაცი კაცისა მჭამელი,       ძმა ძმისთვის ავის მდომელი?       ვარსკვლავო, ცაზე გადმოჯექ,       მთვარევ, წამოდექ წინაო,       გზა გამინათე უვალი,       დროზე მივიდე შინაო.       ნეტა, არავინ ჩიოდეს,       სუყველა სწორედ დიოდეს,       საცა ეკალი სთესია,       თავთუხი ამოდიოდეს!.. გაათავა მიხამ, მაგრამ როგორ გაათავა! ისეთი ტაში დაჰკრა ხალხ- მა, რომ სიხარულთან ერთად, შიშმაც ამიტანა. ასე მეგონა სარკინო- ზები შემოესივნენ და ანგრევენ-მეთქი თეატრს. ამტვრევდნენ სკამებს, ისროდნენ ქუდებს, ყვავილებს, რაღაც ნივთებს... ერთი სიტყვით, მე და მიხა ვიყავით ოვაციების ქარიშხალში.       როცა ხალხმა ტაშით გული იჯერა, ავწიე ხელი და გავაჩუმე. ვუთხარ მიხას, გაიმეორე-მეთქი. თანაც ახლა სხვა ლექსი ეთქვა. მიხამ დაი- წყო:       უწინდელ დროში თავადნი       უწრუწუნებდნენ ქორებსა,       ახლა კი მათი ცოლები       ტყეში დასდევენ ღორებსა... და სხვა. მიხა მღეროდა და მე მდუმარედ ვზეიმობდი ჩემს გამარჯვებას. ეს გამარჯვება კი მახარებდა იმით, რომ დავინახე: ქართველ ხალხში არ ჩამქრალიყო სიყვარული, დავინახე, რომ ხალხი სიამოვნებით ისუნთ- ქავდა თავისი წარსულის ამბავს, თავის ისტორიულ საზრდოს ხარბად შეექცეოდა.       ოთხჯერ თუ ხუთჯერ გაამეორებინეს ეს სიმღერა. კიდევ რომ ით- ხოვდნენ, ხალხს მოვახსენე: არის მეორე სიმღერაც არანაკლებ საყვა- რელი, ვიდრე "ურმული", დავასახელე "ოროველა", რომელსაც გუთან- ზე მღერიან. მიხას "ოროველაც" რამდენჯერმე გაამეორებინეს, და, რომ ხალხი სულ არ გამძღარიყო, ფარდა ჩამოვაშვებინე.       ასე დავასრულე პირველი კონცერტი ამ სახალხო „გასტროლიო- რებისა“ რუსთაველის სახელობის თეატრში 1927 წლის მაისის 21-ს.       თეატრიდან რომ გამოვდიოდით, მიხა მეკითხებოდა ელექტროლამ- პების შესახებ:       - კაცო, როგორი ლამპებია, შიგ ნავთს საიდან ასხამენო?!       გამეცინა და ვუთხარ: მაგაში ნავთს არ ასხამენ, ელექტრობაა და, შინ რომ მივალთ, იქ აგიხსნი-მეთქი.       ახლა დედას ლევანამ მკითხა:       - რა მსხლებივითა ჰკიდია მაღლა, ერთი-ორი რო მოვწყვიტო და ჩემ ქოხში ჩამავკიდო, არ გაანათებენო?       იმასაც დავპირდი, სახლში აგიხსნით-მეთქი, მაგრამ მისთვის ელექტრობის ასახსნელად არ მეცალა - გალანძღვა და საყვედურები მეწადა მხოლოდ.       თეატრიდან რომ გამოვედით და ჩემსას წავედით, გზაში ხალხი აგ- ვედევნა. ტაშს გვიკრავდნენ და იძახოდნენ: ვაშა, ჯიღაურო! ვაშა, მომ- ღერლებო! თითქმის ნახევარი თეატრი უკან გამოგვყვა და სახლამდე მიგვაცილა. ღამის თორმეტი საათი იყო, შინ რომ მივედით. ხალხი ჩემი სახლის წინ გაჩერდა. დედას ლევანას ვუთხარ: აქ მაინც იმღერე-მეთქი მიხასთან. ლევანა დამთანხმდა. ჩემი სახლის ზევითა აივანი გადიოდა ფუნიკულიორის წინ გაშენებულ ბაღზე და თავს დაჰყურებდა შიო ჩიტაძის ჩიხს, რომელიც ხალხით იყო სავსე. ჩვენ გავედით აივანზე. მიხამ დაიწყო "ჩაკრულო", ლევანამ მეორე მოძახილი უთხრა. ხალხი- დან ვიღაც უცნობები ამოვიდნენ და მითხრეს, ბანს ვეტყვითო. ღამის თორმეტ საათზე გაიმართა ჩემს ბინაზე მეორე კონცერტი, რომლის მოსასმენადაც აუარებელმა ხალხმა მოიყარა თავი.       ამჟამად შესანიშნავად უთხრა ლევანამ მოძახილი ჯიღაურს და ეს კონცერტი ბევრად დაემჯობინა თეატრში გამართულს. უკეთ რომ ვთქვათ, აქ გაიმართა ნამდვილი კონცერტი, რომელიც ღამის სამ საა- თამდე გაგრძელდა. როცა დავატყვე, ხალხი აღარ აპირებდა წასვლას, მომღერლები სახლში შევიპატიჟე და ხალხს გამოვუცხადე: საშინაო კონცერტი დასრულდა და მოკლე ხანში კიდევ გავმართავთ კონცერტს ოპერის თეატრში-მეთქი. ისინიც დიდი ტაშითა და ვაშას ძახილით დაიშალნენ.       მეორე დღეს დედას ლევანა, ჯიღაური და ელოშვილი, შინაურებითურთ, შემოვისხი სუფრის ირგვლივ და დავიწყე საყვედურები: შევეხე ჩვენს ისტორიას და ისტორიული მაგალითებით დავანახე მათ, თუ შურმა, ჯიბრმა და მტრობამ როგორ გაანადგურა ქართველი ერი ძველ დროში. ეს ახლა მაინც უნდა შევიგნოთ. დედას ლევანამ სადღეგრძელოს ნება ითხოვა. აიღო ჭიქა და ყველაფერი გულახდილად თქვა: მიხავ, მე შენს წინაშე და ქართველი საზოგადოების წინაშეც დამნაშავე ვარ. ჩემმა საძაგელმა ბუნებამ თავი წამართო და ჯიბრი გაგიწიე. ჯიბრი გავწიე იმიტომ, რომ მე დიდი სახელი მქონდა, ტოლი არა მყავდა სიმ- ღერაში, ყველგან ჩემი სახელი ყველაზე მაღალი იყო და აქ კი, ქალაქში, სადაც ჩვენმა საყვარელმა და სათაყვანებელმა იოსებმა ჩამოგვიყვანა, ვნახე, რომ ჩემზე მაღალი კაცი დგას ჩემს გვერდით. ამიტომ ვიჯიუტე. გუშინ, როცა შენ აქ სიმღერა დაიწყე და შენი მოკუჭული პირიდან ის ხმა ამოვიდა, თავში რაღაცამ დამკრა, შევშინდი, ასე მეგონა, საფლავთან მიმიტანეს-მეთქი და აღარ ვიცოდი, როგორ გადამერჩინა ჩემი თავი დამარხვას. მაინც ვერ გადავირჩინე: შენი წკრიალა ხმა ისე ამოდის პირიდან, ასე გგონია, ყბას არ აღებსო. მე კი იმოდენა ყბას ვაღებ სიმღერის დროსა, რომ შიგ ჩამხედო, ღვიძლებს დაინახავ, მაინც ვერაფერი გამოდის. ეს, რა თქმა უნდა, ჩემი სიბერის ბრალია, მაგრამ სი- ბერეშიც ვეღარ მოვითმინე ჩემზე უკეთესი და გაგიწიე ჯიბრი. ამით, ვაზარალე ჩემი თავი, ჩვენი იოსებიც და საზოგადოებაც. მე ეხლა უნდა გამოვტყდე და ვთქვა, რომ შენ ჩემზე კარგი მომღერალი ხარ, ამჟამად ბოდიშიც უნდა მოგიხადო და გთხოვო პატიება. შენ ჩემი უმცროსი ძმა ხარ და უნდა მაპატიო. მე იქვე (თეატრში) ვგრძნობდი, რომ ცუდს ვჩადიოდი, მაგრამ მაინც ვჩადიოდი. რად? არ ვიცოდი. დაბრმავებული ვიყავი შურით, აღარაფერი მესმოდა. მე ეხლა მოვერიე ჩემს საძაგელ ბუნებას, დავძლიე იგი და წმინდა გულით გეუბნები: იცოცხლე ჩვენი ხალხის საკეთილოდ და მაპატიე შეცოდება...       თითქმის სიტყვა-სიტყვით ესა თქვა დედას ლევანამ, უფრო მეტიც, ვიდრე მე დავიმახსოვრე. კარგი მოლაპარაკე იყო, არტისტულად იქნევ- და ხელებს და სახის მოძრაობა ლაპარაკის დროს სიმპათიას იწვევდა მსმენელ-მაყურებელში.       მიხა წამოდგა და მადლობა გადაუხადა ლევანას სადღეგრძელო- სათვის. მან არც იცოდა ლაპარაკი და ვერცა თქვა რამე, მხოლოდ მე მითხრა: მე მაგნაირი ჯიბრიანი არა ვარ, მე ცხვარივით კაცი ვარ, ყურ- ში რო ხელი წამავლო, საითაც გინდა, იქით წამიყვან. თანაც როგორც მაგან მე დამჩაგრა და ჯიბრი გამიწია, ეგეთს ვერც ერთი კაცი ვერ გაა- კეთებს, არც მსმენია და არც გამიგია...       სუფრაზე რომ ვისხედით, კიდევ მომივიდნენ სტუმრები, რომელთ- აც არც ვიცნობდი და არც რაიმე კავშირი ჰქონდათ ჩემთან. ასეთები ბევრი მყავდა. გარეთ ისევ გროვდებოდა ხალხი. მეც ღია მქონდა სახ- ლის კარი, რომ სიმღერა გარეთ გასულიყო და, ვისაც სურდა და ჩემს მეგობრად გრძნობდა თავს, შინ შემოსულიყო. მაგრამ ისიც ვიცოდი, ბევრი ქალაქელი ლოტბარი შეძრწუნდებოდა და, უეჭველია, მტრები გამიჩნდებოდნენ.       სანამ რუსთაველის თეატრი ანგარიშს გაგვისწორებდა, სამი დღე გავიდა. ამ სამი დღის განმავლობაში ჩემთან სულ ქეიფი იყო - დღეც და ღამეც.       ერთ დღეს ჩემს მეუღლეს ირა გერცევას (მაშინ რუსი მყავდა ცოლად, რომელმაც ქართული კარგად შეისწავლა) მივანდე მომღერლების მოვ- ლა-პატრონობა. ირამ ისინი ქალაქში სასეირნოდ წაიყვანა, მოატარა მუზეუმები, მერე ნარიყალაზეც აიყვანა და აუხსნა ამ ციხის ისტორი- ული წარსული. საღამოზე რომ მოვიდნენ, ირა იცინოდა: უნდა საღვთო გადაიხადო, რომ დღეს ყველანი მოვედით სახლშიო, ეს გლეხები კინა- ღამ ავტომანქანამ დამიჭყლიტა და მეც მივყე ზედაო; ხან ტრამვაის ვაგონქვეშა ცვიოდნენ, ხან - მანქანის, და წარმოიდგინე, ხან ეტლის ქვეშ, რომელიც ამჟამად თბილისში ძალიან იშვიათია...       მიუხედავად კარგი შემოსავლისა, წმინდა შემოსავალი მაინც ცოტა დარჩა. ამ ჩემს მომღერლებს თხუთმეტ-თხუთმეტი მანეთი გადავუწ- ყვიტეთ გზისა და ქალაქში საცხოვრებელი ხარჯების გარდა. თხუთ- მეტი მანეთი თითოსთვის 1927 წელს არც ისე ცოტა იყო. თუმანი მაშინ ოქროსთან ჭრიდა და არაფერი უკმაყოფილება არ შეეძლოთ ამის გამო ეთქვათ, ჩვენც სინდისი სრულიად დამშვიდებული გვქონდა.       ანგარიშის მიღების შემდეგ შინ რომ მივედი, ირას ისინი უკვე მოელალნა ქალაქიდან; თვითონ სადილს აკეთებდა, მომღერლები კი ბაღში გასულიყვნენ.       დედას ლევანას გარს ხალხი ეხვია, არტისტულად შლიდა ხელს და ლაპარაკობდა, აცინებდა უცნობებს და დროს ატარებდა.       ირამ მითხრა, სადილი მზად არისო. მე აივნიდან დავუძახე მომღერ- ლებს, მოდით ვისადილოთ-მეთქი.       სადილად დავსხედით.       სხვათა შორის, არც აცია, არც აცხელა, და ლევანამ წამოიძახა:       - წეღან ვიღაცეები დაგილანძღე. - რათა? - ვკითხე მას. - რათა და იმიტომ, რომ რაღაცეებს გვეუბნებოდნენ შენზე. - რას გეუბნებოდნენ? - რად გინდა შენც იცოდე, ჩვენ, სულერთია, მას არ დავუჯერეთ. გავლანძღე კიდეც.       მაშინვე მივხვდი, რომ ამუშავდა მტერი. ეს მტერი ეროვნულად უგნურიც უნდა ყოფილიყო და პირადად შურითა და ღვარძლით სავ- სე, რომელიც არც გაცხონებს და არც თვითონა ცხონდება. ლევანას არ ჩავაცივდი კითხვებით. ვიცოდი, რომ ისინი ყველაფერს თვითონ იტყოდნენ.       - ისეთი რამეები გვითხრეს, იოსებ, რომ გიჟიც არ დაიჯერებდა. ან რა დასაჯერისია, შენ ისეთი კაცი იყო, ქვეყანას ყვლეფამდე, რამდენი- მე კაცი დაგეღუპნოს, მათი ცოლ-შვილი მშიერი გაგეშოს, აგეწიოკები- ნოს და დიდი ქონება შეგეძინოს, - ამბობდა ლევანა. თან იმ უცნობებს ლანძღავდა იმის ნიშნად, ვითომ არა მჯერაო, მაგრამ ვატყობდი, რომ მაინც რაღაცა სჯეროდა.       მე ყურს ვუგდებდი და არც ვიმართლებდი თავს, არც ვთანხმდებო- დი მისგან ჩემზე გაგონილ ცილისწამებას. მხოლოდ ვფიქრობდი გულ- ში: ჩემს სიცოცხლეში არც ვალი მმართებია ვისიმე, არც ვისმეს მარ- თებია. სულ სიღარიბეში ვიყავ და დედამიწის ზურგზე ერთი ადამია- ნიც ვერ იტყვის ჩემზე ცუდს, სამდურავს, ჭიაც კი არ გამიჭყლეტია და საიდან გამოიგონეს ეს ჭორები. პირიქით, სულ სხვისთვის ვზრუნავდი, სხვის საქმეებს უფრო გულითა და მუყაითად ვაკეთებდი, საზოგადო საქმეებისთვის ვიყავ თავგადაკლული, განწირული და მაინც როგორ ახერხებდნენ ეს ბნელი ადამიანები ჩემ შესახებ ამ საზარელი ცილისწა- მების გავრცელებას-მეთქი.       - ახლა კიდევ ისა გვკითხა, განაგრძო ლევანამ, რამდენი მოგცათო. მე ვუთხარ, რაში გეკითხებათ ან რა უნდა მოგვცეს, კაცმა ქალაქი გვაჩვენა, ჩვენი თავი ხალხს გააცნო და დღედაღამ გვაქეიფებს. მაშინ იმან გვითხრა: მაგრე ნუღარ იქცევით, ნუ ხართ გაგრიები, ჭკუაზე მოდით, გლეხებო, გამოფხიზლდით, საბჭოთა ხელისუფლებაა თქვენი ყურისმგდებელი და არავის ნება არა აქვს, მოგატყუოს და ტყავი გაგაძროსო. რა უნდა მოგვატყუოს-მეთქი, - ვუთხარი, - მაგ კაცს ჩვენთვის სიკე- თის მეტი არაფერი გაუკეთებია. ფული მოგცათო? - იკითხა კიდევ. მე ვუთხარ, ფულის მისაღებად წავიდა თეატრში და მოგვცემს, მა რა იქნება. ას-ასი თუმანი მაინც გერგებათო. მე ასე ვუპასუხე: რამ გაგაგიჟა, შე ოხერო, ას-ასი თუმანი რომ ჩვენ მოგვცეს, იმ ხალხს რაღა პასუხს აძლევს-მეთქი...       ასე ლაპარაკობდა ლევანა და მიმტკიცებდა, რომ მან იმ ვიღაცა არამკითხე აპეკუნს არ დაუჯერა, პირიქით, გალანძღა კიდეც. მაგრამ ყველაფერზე ეტყობოდა, რომ გლეხები უკვე მოწამლულები იყვნენ.       მათ მართლა ბევრად და შეუძლებლად მიაჩნდათ ას-ასი თუმანი, მეც გამიხარდა, რომ უგნურმა მტერმა ას-ასი თქვა და არა ათ-ათი, თორემ ათ-ათი რომ ეთქვა, დაიჯერებდნენ... დიახ, მათ შეუძლებლად მიაჩნდათ ას-ასი თუმანი, მაგრამ მაინც რაღაც შხამი ჰქონდათ ყურში ჩაწვეთებული, ისეთი შხამი, რომელიც აწვალებდა, ქენჯნიდა კიდეც, აბრძოლებდა თავის თავთან და აიძულებდა, ჩემთვის ბოდიში მოეხადათ.       ას-ასი თუმანი!       ხუმრობა ხომ არ არის. თეატრს სულ რვაასი მანეთი ჰქონდა შემოსავალი და, ხარჯებს რომ გავედით, ოცდახუთი თუმანიღა დარჩა. აქედან დედას ლევანას, მიხას და ელოშვილს იორდანოვმა და ერისთავმა თხუთმეტ-თხუთმეტი მანეთი მისცეს, ხოლო მე - ოცდახუთი. მათთვის გადასაცემი ფული მე მქონდა ჯიბეში.       როცა სადილი გავათავეთ, გავიყვანე ისინი ცალკე ოთახში და ვუთხარ:       - ლევან, მიხავ და ალექსი! თუ თქვენთვის რამე დამიშავებია, უნდა მაპატიოთ. მე გავაკეთე ქართველებისათვის საყვარელი საქმე: დავანახე თბილისის მცხოვრებთ, თუ რასა ჰქვიან ქართული ხალხური სი- მღერის ხალხურად შესრულება. ეს გავაკეთე თქვენის საშუალებით, ამისთვის ძალიან დიდ მადლობას გიძღვნით. რაც შეეხება ფულს, ამაზე უნდა ბოდიში მოგიხადოთ: ას-ას თუმანს ვერ მოგცემთ. საღამოს გამმართველებმა თქვენთვის თხუთმეტ-თხუთმეტი მანეთი გადასდეს, მე მარგუნეს ოცდახუთი. ამ ოცდახუთ მანეთსაც მოგცემთ, რადგან მე ფულის ინტერესი არა მაქვს. ამასთანავე გზის ფულიც მომცეს თქვენ- თვის. აი, ყველაფერი აქა მაქვს. გაძლევთ ამ ფულს და გინდათ ამაღა- მის მატარებლით წადით კახეთში, თუ გნებავთ - დილაზე. მე კიდევ შემიძლიან თქვენი შენახვა ორ დღეს. ხოლო თუ ეს ფული თქვენთვის ცოტაა, მაშინ მოძებნეთ ის კაცი, რომლის აზრითაც ას-ასი თუმანი გერგებათ, იმან გამართოს თქვენი კონცერტი რუსთაველის თეატრში და ას-ასი თუმანიც მოგცეთ. უეჭველად ასე მოიქეცით. დედა შეგერ- თოთ ცოლად, თუ ასე არ მოიქცეთ, ასე არ მოსთხოვოთ იმ კაცს.       - რას ამბობ, კაცო! რას ამბობ, კაცო! - აყვირდნენ ისინი, - შენ მეტი არავინ გვინდა, შენ იქით ჩვენ კაცები არა ვართ. არც გვინდა შენი ფული. არც ჩვენა ვართ ფულის კერპები. ისიც მეტია ჩვენთვის, რომ აქ ჩამოგვიყვანე და დღედაღამ გვაქეიფებ.       მე მაინც გავუნაწილე ფული და ჩემიც გავუყავი.       ჩემი ფული არ ინდომეს. უკანვე დამიბრუნეს, მითხრეს: თუ კიდევ შემოგვაძლევ შენს ფულს, შენთან ფეხს აღარ დავადგამთო...       - ამაღამ წახვალთ თუ ხვალ? - შევეკითხე.       - რომ აღარ შეგაწუხოთ, ამაღამ წავალთ... მაგრამ, - სთქვა ლევანამ, - კარგი იქნება, თუ ამ ჩვენი ფულით შენთან კიდევ ერთხელ გავა- ტარებთ კარგ დროს. ახლა ჩვენ გვინდა ჩვენი ჯიბით გაქეიფოთ. მერე გამოვემშვიდობოთ ერთმანეთს.       - არა, - ვუთხარი მე, - თქვენით კი არა და ჩემით გაგიწევთ კიდევ ერთ მასპინძლობას.       გადავწყვიტე კარგად გამესტუმრებინა.       იმ ღამისთვისა და მეორე დღისთვის შევამზადე ქეიფი. შევატყო- ბინე ჩემს საუკეთესო მეგობრებსაც.       სანამ სტუმრები მოვიდოდნენ და სუფრაზე დავსხდებოდით, ჩემ- თან მოვიდა გიორგი იორდანიშვილი, ბაღში გამიძახა და დაიწყო ჩემ- თან მოლაპარაკება:       - იოსებ, მოდი და ეს ხალხი დასავლეთ საქართველოში წავიყვა- ნოთ. ამათი სახელით შესაძლოა, მე სრული იმედი მაქვს, დიდ ფულს გავაკეთებთ. ესენიც იხეირებენ და ჩვენცა.       გიორგი იორდანოვს კარგად ესმოდა, რომ დასავლეთ საქართველო- ში ყოველ კულტურულ საქმეს აღფრთოვანებით ეგებებიან. იქ გაგიჟე- ბით უყვართ კახელები და კახური სიმღერა ხომ პირდაპირ გადარევდა იქაურებს, რომლებიც არაფერს დაზოგავდნენ ჩვენთვის...       მე უარი ვუთხარ.       - არა, გიორგი. მართალია, მე უსამსახურო და საწყალი კაცი ვარ, მაგრამ მაინც ფული არ მაინტერესებს, ფულს ვერ დავხარბდები, რადგანაც დასავლეთ საქართველოში ასეთი სერიოზული მოგზაუ- რობისათვის ეს მომღერლები ამ სახით და ამ შემადგენლობით ვერ გამოდგებიან. განა სირცხვილი არ იქნება, კახეთიდან განთქმული მომღერლები ჩავიყვანოთ და ოთხი თუ ხუთი სიმღერა ხეირიანად ვერ ვათქმევინოთ? რას იტყვის ხალხი? არა, თუ მათ ვუჩვენებთ კახურ ხალხურ სიმღერებს, უნდა ვუჩვენოთ ისე, როგორც საქართველოს ამ კუთხეს შეეფერება. ფულის გულისთვის ამ დიდ საქმეს არც გავაფუ- ჭებ და არც თავს შევირცხვენ...       გიორგის ჩემი აზრი ემწკლარტა. მან კიდევ დაჟინებითა მთხოვა, თავი გამენებებინა ამ "ფანტაზიებისათვის," მეზრუნა ჯიბისათვის, მა- გრამ მე გადაჭრით ვუთხარ უარი და გამოვემშვიდობე.       იმ დღესა და მეორე დღეს განუწყვეტელი ქეიფი მქონდა. გლეხების სიმღერაზე ჩემთან სულ უცნობი და ახალ-ახალი სტუმრები შემოდიოდ- ნენ.       მეორე დღეს, საღამოს, მატარებლით გავისტუმრე ეს „გასტრო- ლიორები“ კახეთს.       რამდენიმე დღის შემდეგ გავივე, რომ ვიღაც უცნობი პირები რუსთაველის თეატრის სალაროში, ერთ-ერთი რედაქციის სახელით, კითხულობდნენ, თუ რა შემოსავალი და გასავალი ჰქონდა დედას ლევანას საღამოს. ამასთანავე იმასაც, ვინ რამდენი მიიღო.       ჩემს გულსა და გონებაში დაისვა საშინელი კითხვა: ვინ არის, ვის აინტერესებს ან ვის რა საქმე აქვს, თუ რამდენი ჰქონდა შემოსავალი დედას ლევანას კონცერტს და ვინ რამდენი მიიღო? მაგრამ ამ არამ- კითხე მფარველების მიზნები და აზრები და ჩემ წინ დასმული კითხვი- თი ნიშანიც იშლება, რადგან გლეხი მომღერლები უკვე კახეთის მთებსა და ტყეებს შეეფარნენ. ამის შემდეგ გავიდა რვა თუ ცხრა თვე. ყველას მიავიწყდა ჩემი დაწყებული საქმე. მხოლოდ მე არც მიმავიწყდა და არც მივატოვე იგი. ჭკუა კი ვისწავლე: ახლა უფრო უკეთესად მოვაწყობდი ამ საქმეს, მით უმეტეს, რომ სხვა საქმე არა მქონდა: არსად ვმსახურობდი, სოფლი- დან ჩამომქონდა სურსათ-სანოვაგე, ზოგიერთ ჩემს წიგნებსა ვყიდდი, ათასში ერთხელ "სახელგამის" მიერ მოცემულ საკორექტურო საქმეს ვასრულებდი, ხანდახან იატაკებსაც ვუღებავდი ნაცნობებს (ეს საქმე მე თვითონ ვისწავლე) და ასე ვცხოვრობდი. გაგრძელება → …
დაამატა ლაშა to გალობა at 4:58pm on აგვისტო 16, 2015
თემა: დონ კიხოტეს სამარე
ენ, იძინებენ, შთამომავლობას ტოვებენ და იხოცებიან, - ან სიგიჟემ დარიოს ხელი, ან ბოდვამ, ანდა სიშმაგემ შეიპყროსო, ეგებ იცოდე რაიმე საშუალებაო, მეუბნები, რომ მათაც ფლაგელანტებისა და კონვულსიონერების მსგავსად რაღაც ეპიდემიისმაგვარი რამ მაინც შევყაროთ და მერე ათასწლეულებზე მესაუბრები. შენსავით მეც ხშირად შევუპყრივარ ნოსტალგიას და შუასაუკუნეები მომნატრებია, შენსავით მეც ხშირად მიოცნებია, რა იქნებოდა, იმ დროს მეცხოვრა, როცა ის ათასწლეულები კრუნჩხვებში იბადებოდა-მეთქი. ის მაინც რომ შეგვძლებოდა, ხალხი დაგვერწმუნებინა, ვითომ ერთ დღესაც, ვთქვათ, თუნდაც 1908 წლის 2 მაისს - ესპანეთის დამოუკიდებლობისთვის ბრძოლის პირველი მოწოდებების ასი წლისთავზე, - ესპანეთი დაიღუპება და ჩვენც ყველას ცხვრებივით ოთხში ამოგვიღებენო, მაშინ, დარწმუნებული ვარ, 1908 წლის 3 მაისს ჩვენი ისტორიის უდიდეს დღედ და ჩვენი ახალი ცხოვრების გარიჟრაჟად აღიარებდნენ.ეს უბედურებაა, ნამდვილი უბედურება. არავის არაფერი ადარდებს, მაგრამ საკმარისია გამოჩნდეს ვინმე და რაიმე პრობლემა წამოჭრას, რაიმე საკითხი დასვას, რომ მაშინვე მიესევიან და რას არ დააბრალებენ - ესაო და ანგარება ალაპარაკებსო, თავის გამოჩენა მოუნდომებიაო, განსაკუთრებულობის ჟინს აუტანიაო, და ვინ იცის, კიდევ რას.    ამ ხალხს ისიც კი ვერ გაუგია, რომ კაცი შეიძლება მართლაც შეცდეს ჭკუაზე, ხოლო ჭკუაზეშემცდარ კაცზე ისე ფიქრობენ და ლაპარაკობენ, გეგონებათ, ამ უბედურს გონება განზრახ, რაღაც ანგარიშით, ან სულაც გონების კარნახით ამღვრეოდეს. გონების კარნახით კი გონების ამღვრევა ამ უბირთა და არარაობათა თვალში სადავოც არ არის. ჩვენი ქველი რაინდი დონ კიხოტე რომ მკვდრეთით აღმდგარიყო და ამ ჩვენს დღევანდელ ესპანეთში მობრუნებულიყო, უწინ იმის კვლევა-ძიებას მოჰყვებოდნენ, თუ რა ქვენა ზრახვებით შეიძლებოდა ყოფილიყო შთაგონებული მისი ჭეშმარიტად კეთილშობილური სიგიჟე, ანდა, ვთქვათ, და, გამოჩნდა მავანი და ბოროტების მხილება სცადა, ანდა უსამართლობის წინააღმდეგ აღიმაღლა ხმა, ან კიდევ უმეცრება გაკიცხა, მაშინ ეს მონები იკითხავენ: „ნეტავი რას ეძებს? რას ელოდება?“; ზოგჯერ ფიქრითაც ფიქრობენ და თქმითაც ამბობენ: „ეტყობა, იმედი აქვს, პირს ოქროთი ამომილესავენო“; სხვები კი ამასაც დასძენენ: „მდაბალ ზრახვებსა თუ შურს ან შურისგების ჟინს აუტანიაო“; ანდა კიდევ იტყვიან: „პატივმოყვარეობის ჭია შესჯდომია და ხალხის ასალაპარაკებლად განზრახ ქოთქოთებსო“; ესეც კი უთქვამთ, თითქოსდა, ასეთი კაციცა და სხვა ყველა მისი მსგავსიც, უსაქმურობისგან რომ აღარ იციან, რითი შეიქციონ თავი, უბრალოდ ერთობიან, როგორც რამ სპორტითაო. რაოდენ სამწუხაროა, რომ ასე მცირედნი მოიძებნებიან ამგვარი სპორტით გართობის მსურველნი!    შეხედე და დაუკვირდი, რაოდენი კეთილშობილება, რაოდენი ქველობისა თუ სიგიჟის გამოვლინებასაც უნდა წააწყდნენ ეს ჩვენი გონებაჩლუნგი ბაკალავრები, მღვდლები და დალაქები, სულ ერთია, მათ თავში ერთი კითხვის მეტი მაინც არაფერი დაიბადება: „ნეტავი, ასე რა რჯით?“ - და თუ მაინც მოეჩვენებათ, რომ ამ საქციელს უთუოდ რაღაც გონივრული საფუძველი უდევს, იმის მიუხედავად, ისეა, როგორც ისინი ფიქრობენ, თუ არაა ისე, თავისთვის ხომ იტყვიან: „აჰა! აი, თურმე რატომ და რისთვის გარჯილაო“. ყველაფერი, რასაც კი შეიძლება გონივრული ახსნა მოეძებნოს, რაც უნდა ნათლად განუმარტო, მათ თვალში მაინც ფასს კარგავს. აი, როგორ იყენებენ ისინი ამ საზიზღარ ლოგიკას. ნათქვამია, გაგება მიტევებას ნიშნავსო, მაგრამ ამ ბეჩავებს გაგება მარტო ისა ჰგონიათ, თუ მიუტევებენ ყველას, ვისაც კი მათი დამცირება არ ეზარება; ყველას, ვინც კი სიტყვითა თუ საქმით მოურიდებლად მიახლის პირში მათი უბადრუკობის ამბავს. ისინი იმ ზომამდე გამოთაყვანდნენ, რომ ასეთი კითხვაც კი მოსდით თავში: რაისთვის შექმნა უფალმა ეს სამყაროო და თვითონვე უპასუხებენ - თავისივე თავის სადიდებლადო! - და ეს პასუხი ისეთ ნეტარებასა და თვითკმაყოფილებას ჰგვრით, გეგონებათ, ისეთი სიმაღლეებისთვის მიეღწიოთ, საიდანაც ღმერთის დიდებაზე სჯა-ბაასიც კი შეეძლოთ გაემართათ. ჯერ იყო ნივთი და მერე გავიგეთ მისი დანიშნულება; უწინ რაღაც აზრი უნდა შევიქმნა რომელიმე ახალ ნივთზე და მერე თვითონვე მიმანიშნებს რისთვისაა გამოსადეგი. ზოგჯერ რაიმე გეგმაზე რომ ვსაუბრობ, ანდა რაიმე ისეთზე, რაც ჩემი აზრით, უთუოდ უნდა გახდეს მსჯელობის საგანი, მუდამ გამოჩნდება ხოლმე ვინმე და მკითხავს: „და მერე?“ - ასეთ კითხვას - „და მერე“, - კითხვითვე უნდა მიუგო: „და მანამდე?“ მომავალი არ არსებობს, არც არასდროს არსებულა; ის, რაც მომავალი ჰგონიათ, ერთი დიდი სიცრუის მეტი არაფერია. ჭეშმარიტი მომავალი დღევანდელი დღეა. რა გვეწევა ხვალ? არავითარი „ხვალ“ არ არსებობს და მაინც რა არის ეს ჩვენი დღევანდელი დღე, ახლა? საკითხავიც სწორედ ეს არის.    რაც შეეხება დღევანდელ დღეს, მაშინ ჯერ ისა ვთქვათ, რომ ეს ბეჩავნი მართლაც ძალზე კმაყოფილები ბრძანდებიან, რაკიღა დღეს, ახლა არსებობენ და რაკი არსებობენ, მეტი არც არაფერი უნდათ. არსებობა, ოდენ ეს ცარიელი არსებობა, - მთელი მათი სულიერი მოთხოვნილებაც ეს არის და ეს. არც კი ესმით, რომ არის კიდევ რაღაც უფრო მეტი, ვიდრე არსებობაა! მაგრამ არსებობით კი არსებობენ? არსებობენ კი სინამდვილეში? მე მგონია, არა! ისინი რომ არსებობდნენ, ჭეშმარიტად რომ არსებობდნენ, მაშინ მათ ტანჯვას განაცდევინებდა ეს არსებობა და მარტო ამას აღარც დასჯერდებოდნენ. ისინი რომ სინამდვილეში არსებობდნენ და ჭეშმარიტადაც არსებობდნენ დროსა და სივრცეში, მაშინ მათ ტანჯვას განაცდევინებდა ისიც, რომ მათი ხვედრი არ ყოფილა მარადიული და უსასრულო ყოფიერება და აკი ასეთი ტანჯვა, ესოდენ მგზნებარე ლტოლვა მარადიულისა და უსასრულობისადმი არის კიდეც ღვთისმაძიებლობის გრძნობა ჩვენში; ღვთისა, ჩვენში რომ იტანჯება, რამეთუ სწორედ ჩვენში გრძნობს თავს ტყვედ, ჩვენს სასრულო ბუნებასა და ჩვენს დღემოკლეობაში; ეს ღვთიური ტანჯვა უცხო რომ არ ყოფილიყო მათთვის, მაშინ, ალბათ, გაგლეჯდნენ კიდეც იმ თავიანთი ლოგიკური ჯაჭვის რგოლებს, რითიც ერთმანეთთან აკავშირებენ საკუთარ საწყალობელ მოგონებებსა და ასევე საწყალობელ იმედებს, წარსულის ილუზიებსა და მომავლის ილუზიებსაც. „ამას რატომ სჩადის?“ - განა სანჩოს კი არ დაუსვამს ეს კითხვა, რატომ სჩადის დონ კიხოტე იმას, რასაც სჩადისო? ისევ თავიდან მოვყვეთ და იმ კითხვას დავუბრუნდეთ, შენ რომ ასე გაწვალებს; ნუთუ არ შეიძლება, ამ ბეჩავ ხალხს რაღაც სიგიჟე შევყაროთ, რაიმე ისეთი შევუშხაპუნოთ, ბოდვა რომ დააწყებინოსო? აკი თავადვე მიაგენი ამ კითხვის პასუხს ერთ შენს წერილში, სადაც კითხვების მთელი ბუქი დააყენე; სწორედ იმ წერილში მეუბნებოდი, როგორ გგონია, რა მოხდება, ერთი ახალი ჯვაროსნული ლაშქრობა რომ მოგვეწყოო! კეთილი და პატიოსანი! ასე იყოს; მეც ამასვე ვფიქრობ, დარწმუნებული ვარ, შევძლებთ კიდეც, რატომაც არა, მოვაწყოთ ერთი წმინდა ჯვაროსნული ლაშქრობა და წავიდეთ დონ კიხოტეს საფლავის გამოსახსნელად, თორემ ბაკალავრები, მღვდლები, დალაქები, ჰერცოგები და კანონიკოსები მთლად დაეპატრონენ მას. დიახ, მჯერა, რომ შევძლებთ წმინდა ჯვაროსნული ლაშქრობის მოწყობას და კიდეც გამოვიხსნით სიგიჟეთა რაინდის საფლავს საღი აზრის იდალგოთა მძლავრობისაგან.    ბუნებრივია, ისინიც თავისას ეცდებიან და იოლად არ დათმობენ იმ თავიანთ მონაპოვარს, ყოველ ღონეს იხმარენ, კარგად გაზეპირებულ საღ აზრსაც მოიშველიებენ, რომ დაგიმტკიცონ, სწორედ ჩვენა გვაქვს საფლავის დაცვისა და მოვლის უფლებაო. აკი ესოდენ გულმოდგინედ იმიტომაც დარაჯობენ, რომ ეშინიათ, ვაითუ, რაინდი მკვდრეთით აღდგესო. ამ საღი აზრის მათეულ დასკვნებს მხოლოდ ლანძღვა-გინებით უნდა უპასუხო, ქვებიც დაუშინო, დაუღრიალო, შუბი მოუღერო, მაგრამ არამც და არამც არ სცადო, რაიმე შეაგონო, თორემ საღი აზრის ისეთ ქარბუქში გაგახვევენ, მთლად დაიღუპები. მაგრამ თუ ჩვეულებისამებრ დაგიწყებენ გამოკითხვას, შენ თვითონ რა საფუძველზე აცხადებ საფლავზე უფლებებსო, პასუხის ღირსადაც არ ჩააგდო, მერე თვითონვე დაინახავენ, რის საფუძველზედაც. მერე ეგებ მაშინ, როცა აღარც შენ იქნები და აღარც ისინი, ყოველ შემთხვევაში, ამ მოჩვენებით სამყაროში არ იარსებებო. ჩვენი წმინდა ჯვაროსნული ლაშქრობა სრულიად არ ემგვანება იმ ძველ ჯვაროსნულ ლაშქრობას, როდესაც ახალი ცხოვრების განთიადი ამობრწყინდა ამ ძველთაძველ სამყაროში, ემგვანება კი არა, უპირატესობაც კი ექნება მასთან შედარებით; გარდასულ დროთა წმინდა შთაგონებით ანთებულმა ჯვაროსნებმა გადმოცემებით მაინც იცოდნენ, სად იყო უფლის წმინდა საფლავი, მაშინ, როცა ჩვენი ლაშქრის ჯვაროსნებმა არც კი უწყიან, სად ეძებონ დონ კიხოტეს სამარე და ოდენ ბრძოლით უნდა გაიკვლიონ მისკენ გზა, ბრძოლით უნდა მოიპოვონ იგი.    დონ კოხოტური სიგიჟით შეპყრობილს აკი არაერთხელ გითქვამს ახალი რელიგიის „კიხოტიზმის“ შესახებ. აი, რა შემიძლია ამაზე გიპასუხო; თუ ეგ შენი იდეა ხალხმა მიიღო და ნელ-ნელა კიდეც გავრცელდა, მაშინ მას ორი უიშვიათესი უპირატესობა ექნება: ჯერ ერთი, ის, რომ ჩვენ სულაც არა ვართ დარწმუნებული, არსებობდა თუ არა სინამდვილეში მისი მამამთავარი და მოციქული დონ კიხოტე და არა, რასაკვირველია, სერვანტესი, ანუ იყო თუ არა იგი სისხლისა და ხორცისგან ქმნილი არსება, ის კი არადა, ჩვენ კიდეც ვეჭვობთ, რომ იგი ერთიანად გამოგონილი სახე გახლდათ; მეორე უპირატესობა კი ისაა, რომ ეს ჩვენი მოციქული კომიკური არსებაა, ხალხის თავშესაქცევად და სასეიროდ შექმნილი მასხარა. და ჩვენც ყველაზე მეტად და ყველაზე უწინ ეს თვისება გვაკლია, სულ გვეშინია, კომიკურ, სასაცილო მდგომარეობაში არ აღმოვჩნდეთო. ამიტომაა ადვილი ჩვენი დაშინებაც; საკმარისია ერთი წამოსცდეს ვინმეს, სასაცილო ხარო, და მეტიც არ გვინდა; აი, სწორედ ამას იყენებენ კიდეც თავიანთ იარაღად ის საზიზღარი ბაკალავრებიც, მღვდლებიც, დალაქებიც, კანონიკოსები და ჰერცოგებიც, ასე გულდაგულ რომ გვიმალავენ სიგიჟეთა რაინდის საფლავს; იმ რაინდისას, ვისზედაც მთელი ქვეყანა იცინოდა, თავად მას კი ერთი სახუმარო სიტყვაც არ დასცდენია. იგი მეტისმეტად მაღალი სულის პატრონი გახლდათ, რომ ხუმრობისთვის დაწვრილმანებულიყო. სიცილს იგი თავისი სერიოზულობით იწვევდა. მაშ, შეუდექი საქმეს, ჩემო მეგობარო, იტვირთე პეტრე მეუდაბნოეს ხვედრი, მოუწოდე ხალხს შემოგიერთდნენ, შემოგვიერთდნენ და ყველა ერთად დავადგეთ გზას, რათა მოვიპოვოთ რაინდის საფლავი, თუმცა კი არ ვიცით, სად არის იგი. ჯვაროსნული ლაშქრობა თავისთავად მიგვიყვანს იმ წმინდა ადგილამდე.    და როგორც კი წმინდა ლაშქარი გზას დაადგება, იმავ წუთს დავინახავთ, როგორ აინთება ცაზე ახალი ვარსკვლავი, ოდენ ჯვაროსნებისთვის ხილული, მოკიაფე და მჟღერი, წაგვიძღვება იგი გრძელ ღამეში და ჩვენთვის ახალ სიმღერას შეთხზავს; და ვარსკვლავი იგი ცას გაჰყვება, როგორც კი ჯვაროსანთა ლაშქარი გზას დაადგება და როცა ლაშქრობა დასრულდება გამარჯვებით ან თუ ყველა ჯვაროსანი დაიღუპება (ეგებ სიკვდილი იყოს კიდეც ჭეშმარიტი გამარჯვების გზა), მაშინ კი მოსწყდება იგი ცას და, სადაც დაეცემა, იქ იქნება დონ კიხოტეს საფლავიც. და სადაც არის საფლავი, იქავ არის აკვანი, იქავ არის დასაბამი დასაბამთა და იქიდანვე ამაღლდება ცად იგი ვარსკვლავი, მჟღერი და კაშკაშა. და ნუღარ მკითხავ, ძვირფასო მეგობარო, როცა შენ ასე მიწვევ ხოლმე სასაუბროდ, მით უფრო ასეთ თემებზე, მაშინ იმგვარი გრძნობა მეუფლება, თითქოს ჩემი სულის სიღრმიდან, ამდენი უკეთურობისგან განაწამები ჩემი სულის სიღრმიდან, ყოველი მხრიდან შემოჯარული უკეთურობისა და სიცრუისაგან განაწამები, სიცრუისა, რომელშიც ვჭყუმპალაობთ და სხვასაც ვაშხეფებთ ამ ტალახს, დიახ, განაწამები ათასგვარი სიბილწისაგან, უზომო ტკივილს რომ გვაყენებს, გვტანჯავს და სულს გვიხუთავს, აი, ასეთი გატანჯული სულის ფსკერიდან წამოიშლებიან ხოლმე შენი წყალობით გამოღვიძებული უგუნური სახეები, ალოგიკური იდეები, ენით აუწერელი აზრები და ფიქრები, მე კი არათუ მესმის მათი მნიშვნელობა, არამედ სურვილიც არა მაქვს, გავერკვე მათში. ამით რა გინდა, თქვაო? - რამდენჯერ გიკითხავს ჩემთვის. მე კი გიპასუხებ: განა მე თვითონ ვიცი? არა, ჩემო კარგო მეგობარო, არა! ხშირად არც მე ვიცი, რა მინდა ვთქვა, როცა კი რაიმე აზრი გამიელვებს თავში, - ფანტაზია ხომ თავისას შვრება, - და მაშინვე შენ გიზიარებ ხოლმე, მართლაც არ ვიცი... თითქოს ჩემში ვიღაც სხვა ზის და ის მკარნახობს, რაღაც აზრებს ჩამჩიჩინებს, მეც დავყვები, მაგრამ არც მისი სახის დანახვა მინდა და არც მისი სახელის გაგონება, თუმცა ერთი რამ კი ნამდვილად ვიცი, მე რომ მას სახეში შევხედო, ანდა მისი სახელი გავიგონო, ალბათ, მოვკვდები, ოღონდ მან იცოცხლოს ჩემ მაგივრად. სინდისი მქენჯნის, რომ ამდენ გამოგონილ არსებებს ვქმნიდი, ამდენ ნოველისტურ პერსონაჟებს, მაგრამ ვქმნიდი იმიტომ, რომ ჩემი სათქმელი მათთვის მეთქმევინებინა, ისინი კი თითქოს ხუმრობით ლაპარაკობენ იმას, რასაც მე მეტისმეტად სერიოზულად ვეკიდები და სერიოზულზე მეტადაც.    შენ ხომ მაინც მიცნობ, სხვებმა რაც უნდა ილაპარაკონ, შენ ხომ კარგად იცი, რომ ის ნაცოდვილარი პარადოქსები, ექსტრავაგანტულობა და განსაკუთრებულობის დაჩემება ჩემგან ძალიან შორსაა. შენ და მე, ჩემო კეთილო მეგობარო, ჩემო ერთადერთო და ნამდვილო მეგობარო, ჩვენ ხომ არაერთხელ გვიმსჯელია, ჩვენთვის განმარტოებულებს, იმაზე, თუ რა არის სიგიჟე, არაერთხელ გაგვირჩევია იბსენის „ბრანდი“, კირკეგორის ეს სულიერი შვილი, გვილაპარაკია მისი სიგიჟის, მარტოობის თაობაზე, დაბოლოს, ერთად გამოგვიტანია დასკვნა, რომ ნებისმიერი სიგიჟე აღარ შეიძლება უკვე სიგიჟედ მივიჩნიოთ მას შემდეგ, რაც იგი კოლექტიურ სახეს მიიღებს, რაც მთელ ხალხს მოედება და შესაძლოა, მთელ კაცობრიობასაც; თუ ჰალუცინაცია კოლექტიურად ვრცელდება, ერთიანად მოედება ხალხს, სოციალურ ორგანიზმს, ეს ჰალუცინაცია კი არა, უკვე რეალობაა და ერთი შეხედვითაც გაარჩევ. შენც და მეც ჩვენ ორივე იმ დასკვნამდე მივედით, რომ დადგა ჟამი, როცა აუცილებელიც კია, შთავაგონოთ მასებს, ხალხს, შთავაგონოთ ჩვენს ესპანელ ხალხს რაიმე გიჟური იდეა, ხოლო ეს იდეა უნდა დავესესხოთ მისსავე შვილს, ვინც იყო გიჟი, ვინც იყო ჭეშმარიტად გიჟი და არა ხუმრობით, დიახ, გიჟი კი იყო, მაგრამ სულელი - არამც და არამც. შენც და მეც, ჩემო კარგო მეგობარო, ჩვენ, ორივეს, მუდამ აღგვაშფოთებდა ის, რასაც აქ ფანატიზმს უწოდებენ და რაც ჩვენდა სავალალოდ, სულაც არ არის ფანატიზმი, არა, არ შეიძლება ფანატიზმად მივიჩნიოთ ის, რაც შეიძლება იყოს რეგლამენტირებული, მოზომილი, რაც შეიძლება ჩარჩოშიც მოთავსდეს და მერე როგორც უნდათ, ისე მართონ ბაკალავრებმა, მღვდლებმა, დალაქებმა, კანონიკოსებმა და ჰერცოგებმა, როგორ შეიძლება ფანატიზმი გამოდიოდეს ლოგიკური ფორმულების დევიზით, ჰქონდეს პროგრამა, აწყობდეს გეგმებს ხვალინდელი დღისთვის და მერე რომელიმე ორატორი მთელი მეთოდურობით განმარტავდეს. ერთხელ, თუ გახსოვს, ასე, ათიოდე ყმაწვილი ვნახეთ, გარს რომ შემოხვეოდნენ ერთ თავიანთ ამხანაგს, რომელიც გაჰყვიროდა: „წავიდეთ და შავი დღე დავაყენოთო!“ და ყველანი გაჰყვნენ. ჩვენც ხომ სწორედ ამას ვნატრობდით, რა იქნება, ბლომად ხალხი შეგროვდეს და შეძახილით: „წავიდეთ და ჩვენც შავი დღე დავაყენოთო!“ - გასდგომოდნენ გზას და თუ რომელიმე ბაკალავრი, დალაქი, მღვდელი, კანონიკოსი თუ ჰერცოგი ეცდებოდა მათ შეჩერებას და ეტყოდა: „შვილნო ჩემნო! დიდებულია, ვხედავ, რომ აღვსილნი ხართ გმირული სულით, წმინდა რისხვას აუტანიხართ, მეც თქვენთანა ვარ, მაგრამ სანამ ჩვენ, ყველა ერთად და მეც თქვენთან ერთად „დავაყენებდეთ“, ეგებ დამეთანხმოთ, რომ ჯერ გვერჩივნა, მოგველაპარაკა, მაინც რას ვაპირებთ და რა ასეთი დღე უნდა დავაყენოთ!“ და თუ რომელიმე ამ გაიძვერათაგანი ეცდებოდა ეს ხალხი შეეჩერებინა ასეთი სიტყვებით, მაშინვე მიწაზე უნდა დაგვენარცხებინა, რომ ყველას ზედ გადაევლო და გადაეთელა; სწორედ აქედან დაიწყებოდა კიდეც ჩვენი გმირული შემართებაც - „ერთი შავი დღე დავაყენოთო!“    განა ჩვენ არ გვიფიქრია, ჩემო მეგობარო, რომ ჩვენ შორისაც საკმაოდ ბევრი ისეთი მარტოსული მოიძებნება, რომელსაც გულიც ერჩის და ერთი სული აქვს, „დააყენოს“ ისეთი რამ მოიმოქმედოს, რისთვისაც მართლაც ღირს სიკვდილი? მაშინ მიიხედ-მოიხედე და მოაგროვე ასეთი მარტოსულები, მერე კი ყველა ერთად წავიდეთ ლაშქრად, მეც შენთან ერთად წამოვალ, მათთან ერთად დავადგები გზას დონ კიხოტეს საფლავის გამოსახსნელად, რომელიც ღვთის წყალობით, არ ვიცით, სად არის, მაგრამ მოკიაფე და მჟღერი ვარსკვლავი გაგვინათებს გზას.    ხომ შეიძლება ისე მოხდესო, - მეკითხები ხოლმე იმ დროს, როცა მხნეობა გღალატობს და საკუთარ თავს ვეღარ ენდობი, - ხომ შეიძლება ისე მოხდეს, რომ გგონია წინ მივიწევთ, გაშლილ მინდორში რომ მივაბიჯებთ და სინამდვილეში ერთ ადგილზე ვტრიალებდეთო! მაგრამ მაშინ ხომ ჩვენი გზის მანათობელი ვარსკვლავიც გაჩერდებოდა და დადუმდებოდა ჩვენს თავს ზემოთ და საფლავიც ჩვენშივე აღმოჩნდებოდა; ვარსკვლავი კი ცას მოსწყდებოდა, მიწაზე დაეცემოდა, რათა ჩვენს სულში ჩაგვემარხა; ჩვენი სული ერთიანად განათდებოდა, შეერწყმოდა შუქურა მჟღერ ვარსკვლავს, გადაიქცეოდა მზედ, მარადიულ ჰარმონიად და კიდევ უფრო გაბრწყინდებოდა ჩვენი გადარჩენილი სამშობლოს ცაზე. მაშ, გავწიოთ წინ! ოღონდ თვალი ფხიზლად უნდა გვეჭიროს, რომ ჯვაროსანთა წმინდა ლაშქარს არ მიეტმასნონ ბაკალავრები, დალაქები, მღვდლები, კანონიკოსები და ჰერცოგები, რომლებიც შეიძლება სულაც სანჩოდ გადაცმულები გამოგვეცხადონ. ყურადღება არ მიაქციო, როცა კუნძულების თხოვნას დაგიწყებენ, მაგრამ კინწისკვრით კი გარეკე, თუ შეეცდებიან მარშრუტი გამოგტყუონ, ან შეგიჩნდებიან, რომ შემდგომი მოქმედებების გეგმები წამოგაცდენინონ, ეშმაკურად დაგიწყებენ ჩურჩულს, გამოკითხვას, მაინც საით გეგულებათ დონ კიხოტეს საფლავიო, შენ ვარსკვლავს მიჰყევი და ისა ქმენი, რასაც იქმოდა თავად რაინდი: გაასწორე ყოველი მრუდი, რაც წინ შემოგხვდება; დღეს დღეისა ქმენი და აქ კი აქაურისა. მაშ, ვიაროთ წინ! მაგრამ საით? საითაც ვარსკვლავი წაგვიყვანს: საფლავისკენ! მაგრამ გზაში რაღა ვაკეთოთ? რა? რა და, ვიბრძოლოთ! ვიბრძოლოთ, მაგრამ როგორ? როგორ და, შემოგვეყრება ცრუპენტელა? მიახალე პირში: მატყუარა! - და განაგრძე გზა. შემოგხვდება ქურდი? დაუყვირე: ქურდო! - და განაგრძე გზა. შემოგეყრება ვინმე მოლაყბე, ვისაც ხალხი პირდაღებული უსმენს, შესძახე: ყეყეჩო-თქო! - და განაგრძე გზა! და იარე მუდამ წინ!    მაგრამ განა ამ გზით შევძლებთ კი ამქვეყნად აღვკვეთოთ სიცრუე, ქურდობა, სიბრიყვე, მივაღწევთ რასმე? - მეკითხება ჩვენი საერთო ნაცნობი, რომელსაც ერთი სული აქვს შემოგვიერთდეს ჩვენ, ჯვაროსნებს. მაგრამ ვინა თქვა, არაფერი გამოვაო? ყველაზე უფრო დიდი სისაძაგლე ყოველგვარ სისაძაგლეთა შორის, ყველაზე უფრო უხამსი და საძრახისი ფანდი სილაჩრისა სწორედ ისაა, როცა ამბობენ, ქურდს თუ ამხელ, ამით ვერაფერს გახდები, რადგან სხვები მაინც არ მოიშლიან ქურდობასო, თუ ყეყეჩს პირში მიახლი ყეყეჩოო, ამით არაფერი გამოვა, რადგან ამქვეყანაზე ყეყეჩები მაინც არ დაილევიანო. იქნება ერთხელ და ორჯერ რომ ამხელ, მართლაც ვერაფერს გახდე და ათასჯერაც მოგიწიოს მათი მხილება, მაგრამ თუ პირველივე მხილებისას ერთი კაცი მაინც მოეგო ჭკუას, ნელ-ნელა ეგებ კიდეც მოისპოს სიცრუე. მაშ, გავწიოთ წინ! ოღონდ წმინდა ლაშქარში არ გააჭაჭანო არავინ, ვინც თავისი ნაბიჯის სისწრაფესა და რიტმს ზომავს; დიახ, გააძევე ყველა, ვისაც მარტო ერთი ეს რიტმი აკერია პირზე, თორემ ასეთები შენს ლაშქარს საბალეტო დასად გადააქცევენ, მთელ ლაშქარს ცეკვას დააწყებინებენ. გააძევე ასეთები! მოშორდნენ თავიდან, სადაც უნდათ, იქ წავიდნენ და მარტო იმ თავიანთ ხორციელს უმღერონ. ისინი, ვისაც საბალეტო დასი ურჩევნია ლაშქარს, თავიანთ თავსაც და ერთმანეთსაც პოეტებს უწოდებენ, მართლა პოეტები ხომ არ არიან; იქნება რაღაც სხვა, მაგრამ პოეტები - არა! მათ ხომ საფლავისკენ მარტო ერთი, ცნობისმოყვარეობა მიაქანებს, მოდი ვნახოთ, რა იქნებაო, ანდა რაღაც სხვა, მძაფრ განცდებს ეძებენ, ანდა ჰგონიათ, გზაში კარგად გავერთობითო. შორს ყველა ასეთი!    სწორედ მაგათი ბოჰემური შემწყნარებლობის წყალობითაა, ასე რომ მოიკიდა ფეხი მდაბალმა სილაჩრემ, სიცრუემ თუ სხვა ათასგვარმა უკეთურობამ და ასე წაგვიჭირა ყელში, როდესაც ისინი ამდენს ქადაგებენ თავისუფლებაზე, თავში მხოლოდ ერთადერთი თავისუფლება უტრიალებთ - როგორმე თავისი მოყვასის ცოლი ჩაიგდონ ხელში. მათთვის ხომ თავი და თავი მგრძნობელობაა, იდეებიც კი, მაღალი იდეებიც კი, თუ უყვართ მგრძნობიარე სიყვარულით უყვართ. მაგრამ დიადსა და წმინდა იდეასთან შეუღლება არ ძალუძთ, იდეებთან მხოლოდ შემთხვევითი კავშირი შეუძლიათ დაამყარონ, მარტო საყვარლად თუ დაისვამენ, ან უფრო უარესად, ერთი ღამის მეძავი ქალივით მოიშორებენ. მოიწყვიტე თავიდან ასეთები! თუ გზად ვინმეს თვალი გაექცევა ფერდობიდან მომღიმარე ყვავილისკენ და მისი მოწყვეტა მოუნდება, დაე, მოწყვიტოს, მაგრამ ნუ შეყოვნდება, ლაშქარს ნუ ჩამორჩება, ოღონდ ამ დროს მეწინავე მედროშეს თვალი ფხიზლად უნდა ეჭიროს, რომ მოკიაფე - მომღერალი ვარსკვლავის გეზს არ გადასცდეს. მაგრამ თუ ვინმე მარტო ღილკილოს დასამშვენებლად მოწყვეტს ყვავილს, თავის მოსაწონებლად და არა საკუთარი სიამოვნებისთვის, ისიც გააგდე, დაე, იმ თავისი ღილკილოში გარჭობილი ყვავილიანად მოშორდეს, სადაც უნდა იქ წავიდეს და ცეკვით შეიქციოს თავი. ასე და ამგვარად, ჩემო მეგობარო, თუ გინდა პირნათლად შეასრულო შენი ვალი და ერთგულად ემსახურო შენს სამშობლოს, ნუ დაინდობ იმ მგრძნობიარე ყმაწვილებს, რომლებიც ამ ცხოვრებას ოდენ თავიანთი სატრფოს თვალებით უყურებენ, ანდა ვინმე სხვა უარესისა. დაე, შენმა სიტყვებმა მათ ყური მოსჭრას, სმენა მოჰკვეთოს. შესვენებით მხოლოდ ღამღამობით უნდა შეისვენოს ლაშქარმა, ტყის პირას ან მთის ძირას გაშალონ კარვები; იქ ჯვაროსნები ფეხს დაიბანენ, ცოლის მომზადებულ ვახშამს მიუსხდებიან, მერე კიდეც მიუწვებიან მეორე ნახევარს, დააორსულებენ, აკოცებენ და მერე ღრმა ძილს მიეცემიან, რომ დილაადრიან დაადგნენ შორეულ გზას. თუ ამასობაში ვინმე მოუკვდებათ, იქვე, გზის პირას დაასვენებენ და მისივ აბგარ-აბჯარი იქნება მისი სუდარაცა და საბურავიც, დანარჩენზე კი ყვავ-ყორანი იზრუნებს. „აცადენ მკვდარნი დაფლვად თვისთა მკვდართა“. თუ გზად ვინმე მოინდომებს და კიდეც დაუკრავს სტვირს, ფლეიტას, გიტარას ანდა სხვა რამ საკრავს, წაართვი და დაუმტვრიე, რაკი არც თავად მიაპყრობდა ყურს მჟღერ ვარსკვლავსა და სხვებსაც ხელს შეუშლიდა. ხოლო ვისი ყურთასმენაც დახშულია ციური ხმებისთვის, არცა ჰმართებს რაინდის საფლავის საძებნელად წასვლა.    ეს მოცეკვავეები პოეზიაზეც კი გაგიბამენ საუბარს; ყურიც არ ათხოვო; ვინც სტვირსა თუ რაღაც სასტვენს უკრავს და ზეციური ხმა ვერ სწვდება მის სმენას, არც თვითონაა ღირსი, სხვამ მოუსმინოს. მისთვის გაუგებარია ფანატიზმის პოეზიის სიღრმეები, გამოცარიელებულ ტაძართა დიდებული პოეზია, სადაც ვერ ნახავთ ვერც გაჩახჩახებულ სასანთლეებს, ვერც ოქრო-ვარაყს, ვერც ხატებსა და გერბებს და ვერაფერს, რასაც თუნდაც ხელოვნებას უწოდებენ. ოთხი შიშველი კედელი და ფიცრის ჭერი, რაღაც ფარღალალა რამ. გააძევე ლაშქრის რიგებიდან ყველა ეს მესტვირე და მოცეკვავე; გააძევე, სანამ თვითონ გაიქცეოდნენ ერთი თეფში ლობიოს გულისთვის. ისინი ხომ ცინიზმის ფილოსოფოსები ბრძანდებიან, მიმტევებლები, ვითომ კარგი ბიჭები, ყველაფრის გამგებნი და ყველაფრის მპატიებლები. მაგრამ აკი მას, ვისაც ყველაფერი ესმის, არც არაფერი ესმის და ვითომ ყველაფრის მიმტევებელი რომაა, არც არაფერს მიუტევებს. ისინი უბრალოდ ამით ვაჭრობენ და არც რცხვენიათ. და რაკი ორ სამყაროში ცხოვრობენ, თავს ნებას აძლევენ, ერთში თავისუფლება იქადაგონ, მეორეში კი მონობას შეეგუონ; ერთი და იმავე დროს გუნდრუკი უკმიონ პერესებსაც, ლოპესებსაც და როდრიგოებსაც. წინათ იტყოდნენ ადამიანის ცხოვრებას ორი რამ წარმართავსო, შიმშილი და სიყვარულიო. მდაბალ ადამიანთა და მიწიერ ცხოვრებას კი, როგორ არა, მოცეკვავეები ნამდვილად შიმშილისა და სიყვარულისთვის ცეკვავენ, ხორციელი შიმშილისა და ხორციელი სიყვარულის გულისთვის. გააძევე ისინი შენი ლაშქრიდან და რამდენიც უნდათ, იცეკვონ და დაუკრან ის თავიანთი სალამური თუ რაღაც სასტვენი; რამდენიც უნდათ, უმღერონ ერთ თეფშ ლობიოსა და იმ თავიანთ ერთი ღამის მეძავებს; რამდენიც უნდათ, იმდენი ახალ-ახალი პირუეტები და რიგოდოები შეთხზან. თუ ვინმე გამოგეცხადება და გეტყვის, ხიდების შენება შემიძლია და ეგებ ეს ჩემი ხელობა მდინარეზე ხალხის გადასაყვანად მაინც გამოგადგესო, მოიშორე თავიდან, ყველა ინჟინერი - შორს! მდინარეზე ფონითა და ცურვითაც გადავლენ ჯვაროსნები, თუნდაც ნახევარი დაიხრჩოს. ინჟინრები კი იქ წავიდნენ, სადაც შენება სჭირდებათ. მათთვის კი, ვინც საფლავის საძებნელად მიეშურება, მარტო ერთი ხიდიც კმარა - რწმენა. *    თუ შენ, ჩემო კეთილო მეგობარო, გინდა მიჰყვე შენს მოწოდებას, აღასრულო შენი მიზანი, ნუ ენდობი ხელოვნებას, ნუ ენდობი მეცნიერებას, ყოველ შემთხვევაში, იმასაც, რასაც ხელოვნებასა და მეცნიერებას უწოდებენ და სინამდვილეში კი საცოდავი მინამგვანია ჭეშმარიტი ხელოვნებისა და მეცნიერებისა. შენ შენი რწმენა იკმარე, შენი რწმენა იქნება შენი ხელოვნებაც და შენი მეცნიერებაც. შენს წერილებში ისეთი წინდახედულება და სიფრთხილე იგრძნობოდა, ეჭვიც კი დამებადა, ნეტავ თუ შეძლებს თავისი შთანაფიქრის განხორციელებას-მეთქი. თითქმის ყველა შენი წერილი ერთიანად გადაჭრელებულია ჩანართებით, დაზუსტებებით, მინიშნებებით, შესწორებებით, ამიტომ ნიაღვარივით როდი მოსჩქეფს, ნაპირებს რომ გადმოხეთქავს; შენს წერილებში ხშირად შემინიშნავს სიტყვაღვლარჭნილობა, მდარე ლიტერატურის იერი რომ დაჰკრავს, ხოლო ეს მართლაცდა უნიათო ლიტერატურა ბუნებრივად ემიჯნება ყოველგვარ მონურსა და უხამსს; დამმონებელმა კი მშვენივრად უწყის, რომ სანამ მონა თავისუფლებას უმღერის, თავის მონურ მდგომარეობასაც კარგად ეგუება და აზრადაც არ მოუვა, გაგლიჯოს თავისი ბორკილები. მაგრამ ხანდახან კვლავ დამიბრუნდება ხოლმე შენდამი რწმენა და იმედი, მით უმეტეს, როცა დაუდევარ, მოუფიქრებელ და ლამის კაკოფონიურ სიტყვებს მიღმა აშკარად ვგრძნობ შენი ხმის ციებცხელებიანივით აგზნებულ თრთოლვას. ზოგჯერ მაინც კაცი ვერ მიხვდება, რა ენაზე ლაპარაკობ; დაე, ყველამ თავის ენაზე თარგმნოს... მაშ იცხოვრე ამ დაუდგრომელ და უსასრულო გზნებათა ქარბუქში და დაჰყევი ამ ერთადერთ გზნებას. მხოლოდ ბობოქარ, დაუცხრომელ ადამიანებს შეუძლიათ შექმნან რაღაც ჭეშმარიტად დღეგრძელი და ნაყოფიერი. თუ შენს გასაგონად ვინმემ მავანზე თქვა, „უმწიკვლოაო“, - ამ სულელური სიტყვის ნებისმიერი მნიშვნელობით, - გაერიდე მას, მით უმეტეს, როცა ის ხელოვანია. როგორც უფრო სულელი კაცი არც იტყვის და არც გააკეთებს სისულელეს თავის ცხოვრებაში, ასევე ხელოვანიც, ყველაზე ნაკლებად რომაა პოეტი და ანტიპოეტიც კია - ხელოვანთა შორის კი ბუნებით ანტიპოეტები ჭარბობენ, - სწორედ ის ხელოვანი აღმოჩნდება ხოლმე ასეთი „უმწიკვლო“, სწორედ მას შეამკობენ ხოლმე დაფნის გვირგვინით ეს მესტვირე მოცეკვავეები, მას აჯილდოებენ პრემიებით, დიპლომებით და მას აცხადებენ „უმწიკვლოდაც“.    ჩემო საბრალო მეგობარო, შენ გაძაბუნებს გაუნელებელი ციებ-ცხელება, წყურვილი უძირო და უნაპირო ოკეანეებისა, შიმშილი სამყაროთა და სევდა მარადიულობისა, იტანჯები შენივე გონებისაგან და არ იცი, რა გინდა. ახლა, ახლა აიკვიატე სიგიჟეთა რაინდის საფლავის საძებნელად წასვლა, რომ ცრემლად დაიღვარო, მოიშთო ოკეანეთა წყურვილით, სამყაროთა შიმშილით, მარადიულობის სევდით. გაუდექი გზას მარტო. ყველა მარტოსული გამოგყვება, შენს გვერდით კი ივლიან ისინი, მაგრამ შენ მათ ვერ დაინახავ; ყოველ მათგანს ასევე ეგონება, რომ მარტო მიდის, თუმცა კი ყველა ერთად შეადგენთ ერთ დიდ წმინდა ლაშქარს, წმინდა უსასრულო ჯვაროსნულ ლაშქარს. შენ, ალბათ არ იცი, ჩემო კარგო მეგობარო, რომ ის მარტოსულები, ერთმანეთსაც რომ არ იცნობენ, ერთიმეორის სახესაც რომ ვერ ხედავენ, და არც სახელი იციან ერთიმეორისა, მაინც ხელს უწვდიან ერთმანეთს და სიკეთეს უსურვებენ, სხვები კი ამ დროს მითქმა-მოთქმას უნდებიან, ჩურჩულ-კურკურსა და ლანძღვა-გინებას არ აკლებენ ერთმანეთს, მერე ყველა თავ-თავის გზას გაჰყვება და ყველა, რაც შეიძლება შორს გარბის საფლავიდან. შენ ხომ შარახვეტიათა ბრბოს არ მიჰყვები, შენ თავისუფალ ჯვაროსანთა ლაშქარში ხარ. მაშ, რატომღა უსმენ და უყურებ მაგათ ლაყბობას? არა, მეგობარო, არა! ამ უბირთა ბრბოს რომ ჩაუვლი, ყურებზე ხელები აიფარე, ერთი სიტყვა გადაუგდე და შენი გზა განაგრძე, გზა საფლავისკენ, მაგრამ იმ სიტყვაში უნდა ისმოდეს მთელი შენი წყურვილი, მთელი შენი შიმშილი, მთელი შენი სევდა და სიყვარული. მაგრამ თუ გინდა შენც მათი ცხოვრებით იცხოვრო, მაშინ იცხოვრე მათთვის, ოღონდ იცოდე, ჩემო საბრალო მეგობარო, დასაღუპავად გაგიწირავს თავი და ეგ არის. მახსენდება ის ტკივილით სავსე წერილი, რომელიც მაშინ მომწერე, როცა ლამის უკვე გატყდი, ფარ-ხმალი დაყარე და კინაღამ მიეკედლე კიდეც მათ; და მე მივხვდი, რარიგად გიმძიმდა მარტოობა, მარტოობა, რომელსაც შენთვის ნუგეში და მხნეობა უნდა მოეტანა. მაშინ იყო, რომ ყველაზე უფრო საშინელი სასოწარკვეთილების ზღვარს მიუახლოვდი, ლამის უფსკრულს მიადექი, რომელიც შთანთქმას გიქადდა; იმ ზღვრამდე მიხვედი, რომ შენ საკუთარ მარტოობაშიც კი დაეჭვდი, წარმოიდგინე, ვითომ გარს ხალხიც კი გეხვია. „ეგებ ტყუილად ვიმტვრევ თავსო, - მეუბნებოდი, - მე რომ მგონია, მარტო ვარ-მეთქი, ეგებ ჩემივე გამონაგონია, ჩემი ეჭვების ნაყოფია, პატივმოყვარეობისა და ვინ იცის, სიგიჟისაც კი. მაშ, რატომ არის, რომ მშვიდ მდგომარეობაში თითქოს ჩემს ირგვლივ ადამიანებს ვხედავ, რომლებიც ხელს მართმევენ, მამხნევებენ, მათი გულითადი სიტყვებიც კი მესმის და, საერთოდ, ყველაფერი, რაც ჩემს გარშემო ხდება, იმაზე მეტყველებს, რომ მე მარტო არა ვარ“. და სულ ასე და ამგვარად. მივხვდი, რომ თავს იტყუებდი, ლამის იღუპებოდი, და ვხედავდი, რომ გაურბოდი საფლავს. არა, ნუ მოიტყუებ თავს, ნუ, რანაირი ციებ-ცხელების შეტევაც უნდა გქონდეს, რანაირი წყურვილიც უნდა გახრჩობდეს, რა შიმშილიც უნდა გტანჯავდეს, შენ მარტო ხარ, სრულიად მარტო. კბენა ხომ მუდამ კბენა არ არის, ზოგჯერ კოცნასაც ჰგავს. ისინი, ვინც ტაშს გიკრავენ, სინამდვილეში გისტვენენ, ვინც გიკიჟინებს - „წინო!“ - სინამდვილეში უნდათ შეგაჩერონ, ოღონდ კი საფლავისკენ არ წახვიდე. დაიხშე ყურთასმენა და უწინ უფრთხილდი ყველაზე უფრო საშიშ ცდუნებას, აბეზარი ბუზივით რომ აგედევნება; უფრთხილდი, არ აგიყოლიოს მაცდურმა წუხილმა - ნეტავ, როგორი ვჩანვარ სხვის თვალშიო. შენ მარტო იმაზე იზრუნე, როგორი ჩანხარ უფლის თვალში, იმაზე იფიქრე, როგორი წარსდგები უფლის თვალთა წინაშე. შენ მარტო ხარ, გაცილებით უფრო მარტო, ვიდრე გგონია, მაგრამ ჯერ მხოლოდ დგახარ აბსოლუტური, სრული, ჭეშმარიტი მარტოობის გზაზე. აბსოლუტური, სრული, ჭეშმარიტი მარტოობა მაშინ დგება, როცა კარგავ შენს უკანასკნელ მეგობარს - საკუთარ თავს და ჭეშმარიტად, აბსოლუტურად, სრულიად მარტო მაინც არ იქნები მანამდე, სანამ არ განთავისუფლდები ყოველივე იმისგან, რაც ხარ შენ თვითონ - სამარის პირას. წმინდა მარტოობა!    აი, ეს ყველაფერი მოვახსენე ჩემს მეგობარს და მან პასუხად მომწერა მწარე ნაღვლით აღსავსე ერთი გრძელი წერილი. კეთილი, რაც შენ მითხარი, ყველაფერი ეს ძალიან კარგია, ძალიან კარგია, ურიგო მართლაც არ არის, მაგრამ ნუთუ იმაზე არ გიფიქრია, იქნებ გერჩივნა, სანამ დონ კიხოტეს საფლავის საძებნელად წავიდოდით და გამოვიხსნიდით ბაკალავრების, მღვდლების, დალაქების, კანონიკოსებისა და ჰერცოგებისგან, ჯერ უფლის საფლავი მოგვეძებნა და გაგვეთავისუფლებინა მორწმუნეთაგან და ურწმუნოთაგან, ათეისტებისაგან და დეისტებისგან, ასე რომ დაეპატრონნენ მას და იქ, სადაც გაისმის უნუგეშო სასოწარკვეთილებისა და გულსაკლავი ტირილის ხმები, დიახ, იქ დავლოდებოდით, როცა უფალი ჩვენი აღსდგებოდა მკვდრეთით და გადაგვარჩენდა არარასაგან! …
დაამატა Kakha to ლიტერატურა at 2:40pm on მარტი 29, 2016
თემა: ძალადობაგანცდილი ბავშვის ფსიქოლოგიური შეფასების ძირითადი მეთოდები
კარგად უნდა იცნობდეს ძალადობის პირდაპირ და ირიბ ინდიკატორებს. ბავშვის გარეგნულ იერი, სახე, სხეული, სასურველია, სპეციალური სამედიცინო ექსპერტიზისაგან განსხვავებით, ნაკლებად შესამჩნევად, რამე სხვა საბაბის მოშველიებით დავათვალიეროთ. აუცილებელია, შეძლებისდაგვარად, აღინიშნოს და აღიწეროს გარეგანი დაზიანებების (ჩალურჯებები, ჭრილობები, დამწვრობები და სხვა), კანის დაავადებების, მტკივნეული ზონების (რაც შეიძლება შინაგანი დაზიანებების მანიშნებელი იყოს) არსებობა ან არარსებობა. შემდგომში, როცა ბავშვთან კონტაქტი დამყარდება, მნიშვნელოვანია იმის გარკვევა, აღენიშნება თუ არა ბავშვს მადის, ძილის დარღვევები, ღამის კოშმარები, ტკივილები მუცლის არეში, თავის ტკივილები, მეხსიერებისა და ყურადღების გაუარესება, რაც ტრავმით გამოწვეული გამოვლინებებია ფიზიოლოგიურ დონეზე.       ამას გარდა, ბავშვს შეიძლება აღენიშნებოდეს ენურეზი, კანის შეწითლებები, გულისცემის აჩქარება, ფილტვების ჰიპერვენტილაცია (ღრმა და ხმაურიანი ჩასუნთქვები) და სხვა ფიზიოლოგიური რეაქციები.       მოზარდებსა და უმცროსი სასკოლო ასაკის ბავშვებს შეიძლება ჰქონდეთ აღქმის დარ- ღვევები ილუზიების, ჰალუცინაციების სახით, განსაკუთრებით საღამოს საათებში ან სუსტი განათების პირობებში. ბავშვის ქცევაზე დაკვირვება       დიაგნოსტიკის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მომენტია იმ ცვლილებების გამოვლენა, რომლებშიც აისახება ბავშვზე ძალადობის ემოციური და ქცევითი შედეგები. ამ მხრივ ბავშვზე დაკვირვებისას უნდა გაანალიზდეს: - დამოკიდებულება (როგორ ურთიერთობდა ბავშვი მკვლევართან, როგორ ასრულებდა სატესტო დავალებებს, როგორ აფასებდა თავის შესაძლებლობებს დავალებების შესრულებისას, როგორ რეაგირებდა წარუმატებლობებზე, როგორ იღებდა შექებას; - ინტელექტუალური შესაძლებლობები (მუშაობის ტემპი, გადაწყვეტილების ძიებისა და პასუხების გაცემის ხერხები); - მეტყველების თავისებურებები (რამდენად დალაგებულად მეტყველებს, როგორ პასუხობს და ა.შ.); - ვიზუალური მოტორული მოქმედება (უნარ-ჩვევები, რეაქციები და ა.შ.). ბავშვთან კონტაქტის ან იმ მოზრდილების მეშვეობით, რომლებიც თვალყურს ადევნებენ ბავშვს, ასევე მნიშვნელოვანია ინფორმაციის შეგროვება იმის შესახებ, შეინიშნება თუ არა: - ცვლილებები ბავშვის ყოველდღიურ ქცევებსა და ჩვევებში. სახლში, სახლს გარეთ, თანატოლებთან და უფროსებთან ურთიერთობაში. ბავშვმა შეიძლება ინტერესი დაკარგოს იმის მიმართ, რაც ადრე აინტერესებდა, შეიცვალოს ჩაცმის მანერა. ის შეიძლება უფრო ნერვიული, გაღიზიანებული, მფრთხალი გახდეს, გაურბოდეს ზოგიერთ ადამიანთან კონტაქტს. სექსუალური ტრავმატიზაციის შემთხვევაში შეიძლება შეინიშნებოდეს ქცევის ასაკისთვის შეუფერებელი სექსუალიზაცია (სექსუალური აგრესია, ადამიანებთან უჩვეულო სიახლოვე და სხვა). - რეგრესი ქცევაში. ბავშვი ისე იქცევა, თითქოს უფრო პატარა ასაკის იყოს, უკვე ათვისებულ უნარ-ჩვევებს "ივიწყებს". მაგალითად, უმცროსი სასკოლო ასაკის ბავშვი თითის წოვას ან ენის მოჩლექით ლაპარაკს იწყებს. - ზედმეტი სიფხიზლე ან მომატებული აგზნებადობა. არამოტივირებული ზედმეტი სიფხიზლე იმაში ვლინდება, რომ ბავშვი თითქოს საკუთარ თავს დარაჯობს, მუდმივად დაძაბულია, ერთგვარ "მზადყოფნაშია", რათა ნებისმიერ მომენტში აირიდოს როგორც შინაგანი, ისე გარეგანი საფრთხე. მომატებული აგზნებადობის დროს ბავშვებს არ შეუ- ძლიათ ერთ ადგილზე გაჩერება, ვერ ისვენებენ. - გარიდების მცდელობა ყველაფრისგან, რაც ტრავმას უკავშირდება. ბავშვს არ სურს იფიქროს, მოყვეს მომხდარის შესახებ, ეშინია იმ ადგილებში ყოფნა, რომლებიც გადატანილ ძალადობას უკავშირდება. მაგალითად, გოგონა უარს ამბობს ლიფტით სარგებლობაზე, რადგან იგი გადატანილ სექსუალურ ძალადობას უკავშირდება . - გარემომცველი ადამიანებისადმი ნდობის დაკარგვა. ბავშვებს მუდმივად აქვთ საფრთხის განცდა. მათ ეშინიათ მოზრდილების, ამასთან, არა მარტო მამაკაცების, რომელთაგან უფრო ხშირია ძალადობა, არამედ ქალებისაც, მათ აშინებთ ახალი ყოფითი სიტუაციები. - შიშების არსებობა. შიში შეიძლება იყოს ბევრნაირი და ხშირად - ძალზე მძაფრად გამოხატული. ზოგიერთ ბავშვს ოთახში მარტო დარჩენის ეშინია, ზოგს - სიბნელის, მოზრდილი ადამიანების, მათ შორის, - ნაცნობებისაც, ქუჩაში სიარულის და მრავალი სხვა. - დეპრესიული მდგომარეობები, სუიციდური აზრები და მცდელობები. რაც უფრო მცირე ასაკისაა ბავშვი, მით უფრო დაფარულია მისი დეპრესიული განცდები. ბავშვმა შეი- ძლება არც თქვას, რომ ის ცუდ ხასიათზეა, მაგრამ დეპრესია ჩივილების სახით ვლინდება: "ჭამა არ მინდა", "თამაში არ მაინტერესებს". სანამ ბავშვს არ აქვს ჩამოყავლიბებული წარმოდგენები სიკვდილსა და სიცოცხლეზე, სუიციდის მცდელობა არ ჩნდება. ამიტომ 6-8 წლამდე ასაკის ბავშვებში სუიციდური ტენდენციები უკიდურესად იშვიათია. ხოლო მოზარდებში, რომლებმაც ძალადობა განიცადეს (განსაკუთრებით სექსუალური ძალადობა), ხშირად ჩნდება მდგრადი დეპრესიული განცდები, სიკვდილზე ფიქრი, სუიციდური მცდელობები. - აგრესიულობა. სხვებთან მიმართებაში. ბავშვს შეიძლება აღენიშნებოდეს გაღიზიანების "აფეთქებები", ის ვერ აკონტროლებს თავს, ჩხუბობს, სასტიკად ეპყრობა ცხოველებს, ბრაზობს და მრისხანებს. მაგალითად, თოჯინების დამტვრევისას ბავშვები აგლეჯენ სათამაშოს ხელებს, ფეხებს, თავს, უთხრიან თვალებს. აღსანიშნავია, რომ ბიჭებსა და გოგონებს განსხვავებული რეაქციები შეიძლება ჰქონდეთ: ბიჭები უფრო აგრესიულები არიან სხვების მიმართ, ხოლო მოზარდი გოგონები უმეტესად აგრესიას საკუთარი თავის წინააღმდეგ ავლენენ. - თვითდესტრუქციული ქცევისკენ მიდრეკილება. ბავშვი ზიანს, ფიზიკურ ტკივილს აყენებს საკუთარ თავს. ამით ის ცდილობს, გონება გაათავისუფლოს ფიზიკური და ფსიქიკური ტკივილისაგან, რეალურ ცხოვრებას დაუბრუნდეს. ფიზიკური ტკივილის გადატანა მისთვის უფრო იოლია, ვიდრე სულიერი ტკივილის. ამას გარდა, ბავშვი თვლის, რომ ის ცუდია და საკუთარ თავს ისჯის. - დისოციაციები. ბავშვი თითქოს საკუთარ თავს გამოჰყოფს სხეულისაგან და ფიქრებ- ში ეფლობა, სამყაროსადმი ემოციურ გულგრილობას ავლენს. ამგვარი მდგომარეობა ბავშვს შეიძლება უცებ გაუჩნდეს, თამაშის დროსაც კი, თუკი ვინმემ მას აწყენინა ან რაიმემ ტრავმა გაახსენა. გამოთიშულობის მდგომარეობა ძალზე ხამოკლეა, მაგრამ თუ ბავშვი ვერ იპოვის ადაპტაციის სხვა, უფრო კონსტრუქციულ ხერხებს და ხშირად მოიშველიებს პრაქტიკაში ამგვარ დაცვით მექანიზმს, ამან შეიძლება გამოიწვიოს პიროვნების გაორება, რამდენიმე "მე"-ს განცდა, თუმცა ეს საკმაოდ იშვიათად ხდება. ბავშვის თამაშზე დაკვირვება       ცვლილებები აისახება თამაშის თემატიკაში, შინაარსში, როლების შესრულების ხასიათში და თამაშისას გამომჟღავნებულ განცდებში. თამაშის მეშვეობით ბავშვმა შეიძლება ირიბად განაცხადოს თავისი პრობლემების შესახებ. ამასთან დაკავშირებით, თამაში შეიძლება იყოს როგორც ტრავმის აღმოჩენის, ისე ტრავმის გადამუშავების საშუალება.       გადატანილი ტრავმის გათამაშებისას ბავშვს თამშში ძალადობის ატრიბუტები შეაქვს. ფიზიკური ძალადობის შემთხვევაში ეს შეიძლება იყოს იარაღის გამოყენება, ჭრილობების მიყენება, თამაშის ძალადობრივი დასრულება (სიკვდილი). სექსუალური ტრავმისას ბავშვმა შეიძლება სექსუალური ქმედებები გაითამაშოს. ძალადობაგადატანილი ბავშვების თამაშებში ბევრი განმეორებადი კომპონენტია, ბავშვები კვლავ და კვლავ უბრუნდებიან გათამაშებულ სიტუაციებს, მოვლენებს, სიუჟეტებს. მშობლის/მეურვის ქცევაზე, ბავშვისადმი მის დამოკიდებულებაზე დაკვირვება       ძალადობის დიაგნოსტიკის დროს დიდი მნიშვნელობა აქვს ბავშვის თანმხლებ მოზრდილზე (მშობელი, მეურვე) დაკვირვებას (განსაკუთრებით, თუ ოჯახში ძალადობას ვიკვლევთ).       ოჯახში ფიზიკურ ძალადობაზე შეიძლება მიუთითებდეს მოზრდილის ქცევის შემდეგი თავისებურებები: - მშობელი/მეურვე არ თანამშრომლობს ექიმებთან; - ბავშვის ტრამვის სიმძიმე არ შეესაბამება ტრამვის მიღების შესახებ მონათხრობს; მონათხრობის დეტალები მუდმივად იცვლება; - ექიმთან მიმართვის გადადება (კვალის წაშლის მიზნით); - არაადეკვატური რეაქცია ბავშვის ტრავმაზე - ტრავმა ფასდება უფრო მსუბუქად ვიდრე არის ("ეს არაფერია, ბავშვია, ხან რას მიეჯახება და ხან რას!") ; - ტრავმის მიზეზს არ ხსნიან - "ჯადოსნური ტრავმები" ("უი, არ ვიცი, ეს საიდან აქვს"); - მშობლები აღნიშნავენ, რომ ბავშვმა თვითონ დაიზიანა თავი ან დაზიანება მიაყენა დამ ან ძმამ, მაგრამ მიღებული ტრავმა არ შეესაბამება ბავშვის ასაკობრივ შესაძლებლობებს, მაგ., ბავშვმა ჯერ არ იცის სიარული; - მკურნალი ექიმის და საავადმყოფოს ხშირი გამოცვლა; - მშობლის მონაყოლი ტრავმის მიღების შესახებ ძალიან მოკლეა, დეტალებს არ აკონკრეტებს; - ბავშვისადმი მუდმივად ზედმეტად კრიტიკული დამოკიდებულება - ბავშვის ნეგატიური დახასიათება ("საშინელი ბავშვია, შემარცხვენელი, დაუფიქრებელი"); - ბავშვის გაიგივება არასასურველ ნათესავთან ("კოპიო ჩემი დედამთილია, რომელმაც სიცოცხლე გამიმწარა", "ჩემს ძმას ჰგავს, რომელმაც მთელი ცხოვრება ციხეში გაატარა და რომელიც ჩვენი ოჯახისთვის სამარცხვინო ლაქაა" და ასე შემდეგ). - ბავშვის დადანაშაულება ან საჯარო დამცირება - საკუთარ წარუმატებლობებზე პასუხისმგებლობის ბავშვისთვის გადაბრალება ("ყველაფერს ჯინაზე მიკეთებს", "ეს რომ არ მყოლოდა, ოჯახი არ დამენგრეოდა", "მუშაობა ამის გამო ვერ დავიწყე, თორემ ისეთი მომავალი მქონდა...." და სხვა). საუბარი და გამოკითხვა (ბავშვის, მშობლის/მეურვის) ბავშვის მონათხრობი ძალადობის ფაქტის შესახებ       ძალადობის ფაქტზე ინფორმაციის შესაკრებად ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ბავშვის მონათხრობს საკუთარი თავის, გამოცდილების, გრძნობების, საკუთარი სხეულისადმი დამოკიდებულების შესახებ. სპეციალისტი აგროვებს პირდაპირ ან ირიბ ინფორმაციას ძალადობის შესახებ, ყურადღებას ამახვილებს იმაზე, თუ როგორ აღიქვამს ბავშვი საკუთარ თავს, თავის სხეულს, რას გრძნობს სხვადასხვა სიტუაციაში, შეინიშნება თუ არა არსებითი ცვლილებები მის ჩვევებში, ქცევაში, ცხოვრების სტილში. სკოლამდელი და უმცროსი სასკოლო ასაკის ბავშვებისთვის ამგვარი მოთხრობის შედგენა უფრო ადვილია თამაშის სიუჟეტზე ან ნახატზე დაყრდნობით.       ზოგჯერ ჩნდება კითხვა: შეიძლება თუ არა, რომ ბავშვმა თავისი მონათხრობით სპეციალისტი დააბნიოს, ტყუილი თქვას მის მიმართ მოზრდილის მიერ განხორციელებული ძალადობრივი ქმედებების შესახებ, მაგალითად, მოიტყუოს სექსუალური ძალადობის შესახებ? სინამდვილეში, ბავშვები ძალიან იშვიათად იტყუებიან იმის შესახებ, რომ მათ მიმართ ძალადობა განხორციელდა. ბავშვების უმეტესობა შეძრწუნებული და შეშინებულია, ბევრს არ ესმის, - რა მოხდა. მოძალადის მიმართ შიშის გამო ბავშვმა შეიძლება შეამციროს ძალადობის ხარისხი, აგრეთვე ეჭვი შეიტანოს იმაში, რომ მას ვინმე დაუჯერებს. მშობლის/მეურვის გამოკითხვა       ბავშვის მშობელთან/მეურვესთან საუბრისას სპეციალისტი იღებს ინფორმაციას გადატანილი ძალადობისა და ბავშვზე მისი ზემოქმედების ხარისხის შესახებ. აგრეთვე დიდი მნიშვნელობა აქვს იმის გარკვევას, თუ რამდენად იცნობს მშობელი თავის შვილს, რა დამოკიდებულება აქვს მის მიმართ და ძალადობის ფაქტის მიმართ. ამისათვის სპეციალისტმა მშობელს შეიძლება დაუსვას კითხვები: - როგორია თქვენი ბავშვი ? (თავდაჯერებული, გაუბედავი და ა.შ.) - რამდენად დამოუკიდებელია თქვენი ბავშვი? - როგორ მოქმედებს თქვენს ბავშვზე შენიშვნის მიცემა? - რამდენად კონტაქტურია გარემომცველებთან თქვენი ბავშვი? - არის თუ არა თქვენი ბავშვი "ოჯახის თვალი" ან ოჯახის რომელიმე წევრის რჩეული? - რა გაღიზიანებთ თქვენს ბავშვში? როგორ უმკლავდებით ამას? - როგორ საუბრობთ თქვენს ბავშვთან? პასუხობთ თუ არა მის გაუთავებელ "რატომს"? - როგორ სჯით ბავშვს და როგორ რეაგირებს ბავშვი დასჯაზე? - აძლევთ თუ არა ბავშვს საშუალებას, აზრი გამოთქვას, თუდაც ეს სისულელედ ჩათვალოთ? - რამდენად ხშირად აქებთ ბავშვს? რა შემთხვევებში და როგორ აქებთ? - როგორ რეაგირებს ბავშვი შექებაზე? - როგორ იქცევით, როცა ბავშვს პრობლემები აქვს? (საყვედურობთ, ეხმარებით, თვი- თონ უგვარებთ, სჯით და სხვა); - რა მიგაჩნიათ მთავრად და მნიშვნელოვნად თქვენს ცხოვრებაში? თქვენი შვილის ცხოვრებაში? - რა გაწუხებთ (საკუთარ თავთან, ბავშვთან, სიტუაციასთან მიმართებაში)? რა გიშლით ხელს იმაში, რომ ნორმალურად იცხოვროთ და თავი კარგად იგრძნოთ? - რა ზომები მიიღეთ არსებული პრობლემის გადასაჭრელად? ვის მიმართეთ დახმარებისთვის? რის მიღწევა შეძელით? - როგორ წარმოგიდგენიათ თქვენი მომავალი? თქვენი შვილის მომავალი? - გინდათ შეცვალოთ თქვენი ქცევა, რათა არსებული პრობლემა გადაჭრათ? მზად ხართ ცვლილებებისათვის (რაღაცაზე უარის თქმისათვის)? - ბავშვი ყვება შემთხვევის უსიამოვნო მოგონებების შესახებ? - ბავშვს გაუჩნდა ძილის ან დაძინების პრობლემები? - მეგობრებთან, კლასელებთან, მასწავლებლებთან როგორ ურთიერთობს? - აკეთებს ბავშვი ისეთ რამეებს, რაც მისთვის უმცროს ასაკში იყო დამახასიათებელი: მაგალითად, ცერა თითს წოვს, ითხოვს მშობლებთან დაწოლას, გაჩნდა ენურეზი და ა.შ. - როგორ უმკლავდება ბავშვი ჩვეულ საქმიანობებს (სასკოლო მეცადინეობები, საოჯახო საქმე)? - ბავშვი ცუდ სიზმრებს ხედავს? - აქვს ბავშვს ყურადღების კონცენტრაციის პრობლემები? - გაითამაშებს თუ არა ბავშვი მომხდარ ამბავს? (ხატავს ან იგონებს). შემოქმედებითი პროდუქციის, სიზმრების, სპეციალური ფსიქოდიაგნოსტიკური მასალის ანალიზი       ძალადობაგადატანილ ბავშვს დასახატად შეიძლება მიეწოდოს თემა "ჩემი ოჯახი", რომლის ანალიზი მოიცავს: - დახატული და რეალური ოჯახების შემადგენლობის შედარება; - ოჯახის წევრთა განლაგების ანალიზი; - დახატული ფიგურების თავისებურებათა ანალიზი; - ხატვის პროცესის ანალიზი. დახატული და რეალური ოჯახების შემადგენლობის შედარება       მოსალოდნელია, რომ ბავშვი, რომელიც ოჯახში თავს კარგად გრძნობს, ოჯახის ყველა წევრს დახატავს.       ოჯახის რეალური შემადგენლობის დამახინჯება ყოველთვის განსაკუთრებულ ყურადღებას საჭიროებს, რადგან მის უკან ყოველთვის ემოციური კონფლიქტი და ოჯახური სიტუაციით უკმაყოფილება დგას.       უკიდურეს ვარიანტებს წარმოადგენს ნახატები, რომლებშიც: - საერთოდ არ არიან გამოსახული ადამიანები; - გამოსახული არიან ოჯახთან დაუკავშირებელი ადამიანები.       ამგვარი რეაქციების უკან უმეტესწილად იმალება: - ოჯახთან დაკავშირებული ტრავმული განცდები; - უგულებელყოფის, მიტოვებულობის განცდები; - აუტიზმი (ანუ ფსიქოლოგიური გაუცხოება, რომელიც გამოიხატება გარემომცველ სინამდვილესთან ბავშვის არაკონტაქტურობასა და საკუთარ განცდათა სამყაროში ჩა- ძირვაში); - ხშირი შფოთვა, უსაფრთხოების განცდის დეფიციტი; - ბავშვთან ფსიქოლოგის (ვინც იკვლევს) ცუდი კონტაქტი.       ბავშვებს ოჯახის იმ წევრების დახატვა "ავიწყდებათ", რომლებიც მათთვის ემოციურად ნაკლებ მიმზიდველნი არიან, რომლებთანაც ხშირად აქვთ კონფლიქტური სიტუაციები. მათი არდახატვით ბავშვი თითქოს გაურბის ზოგიერთ ადამიანთან დაკავშირებულ ნეგატიურ ემოციებს.       ყველაზე ხშირად ნახატში აკლია ძმები და დები, რაც ოჯახში არსებულ კონკურენციულ სიტუაციებთან არის დაკავშირებული. ამით ბავშვი მშობლების მხრიდან სიყვარულისა და ყურადღების დანაკლისს სიმბოლურ სიტუაციაში ინაზღაურებს.       ზოგჯერ ოჯახის რეალური წევრების ნაცვლად ბავშვი პატარა ცხოველებს, ფრინველებს ხატავს. ყოველთვის უნდა დავაზუსტოთ, მათში ვის გულისხმობს ბავშვი. ხშირად ასე ხატავენ დებსა და ძმებს, რადგან ამ გზით ბავშვი ცდილობს შეზღუდოს, შეამციროს, გააუფასუროს მათი გავლენა ოჯახში და მათ მიმართ სიმბოლური აგრესია გამოავლინოს. თუ ბავშვი საკუთარ თავს არ ხატავს, ან ოჯახის ნაცვლად მხოლოდ საკუთარ თავს ხატავს, ესეც ემოციური ურთიერთობის დარღვევაზე მეტყველებს.       ორივე შემთხვევაში ბავშვი საკუთარ თავს ოჯახის შემადგენლობაში არ რთავს, რაც ერთიანობის გრძნობის არარსებობას მოწმობს. ნახატში "მე"-ს არარსებობა უფრო იმ ბავშვებისთვის არის დამახასიათებელი, რომლებიც ოჯახის წევრთა მხრიდან უგულებელყოფას, მიუღებლობას, უარყოფას გრძნობენ.       თუ ნახატში მხოლოდ "მე"- არის წარმოდგენილი, მისი ანალიზი ბავშვის სხვა ფსიქოლოგიურ მახასიათებელსაც გვაჩვენებს.       თუ "მე"-ს გამოსახულებაში ბევრი დეტალი, ფერი, დეკორატიული ტანსაცმელია, ფიგურა დიდი ზომისაა, - ეს ეგოცენტრულობაზე, ხასიათის ისტეროიდულ შტრიხებზე მიუთითებს. ხოლო თუკი "მე"-ს გამოსახულება პატარა ზომისაა, სქემატურია, ფერთა გამით ნეგატიური ფონია შექმნილი, შეიძლება ვივარაუდოთ მიტოვებულობის, უარყოფის გრძნობებზე, ზოგჯერ - აუტისტურ ტენდენციებზე.       ინფორმაციული შეიძლება იყოს ოჯახის წევრთა რაოდენობის გაზრდა, ოჯახის ნახატში გარეშე ადამიანების ჩართვა. როგორც წესი, ეს დაკავშირებულია ოჯახში დედისერთების დაუკმაყოფილებელ ფსიქოლოგიურ მოთხოვნილებებთან, ბავშვს უნდა სხვა ბავშვებზე იზრუნოს, უხელმძღვანელოს მათ (იგივე ინფორმაცია შეიძლება მოგვცეს ოჯახის წევრებთან დამატებით ძაღლის, კატის და ა.შ. დახატვამ).       მშობლების გარდა (ან მათ ნაცვლად) ოჯახთან დაუკავშირებელი სხვა მოზრდილების დახატვა მიუთითებს, რომ ბავშვი ოჯახში თავს კარგად არ გრძნობს, ადამიანს ეძებს, რომელიც მას ახლო ემოციური კონტაქტის მოთხოვნილებას დაუკმაყოფილებს; ეს ასევე შეიძლება იყოს უგულებელყოფის, უარყოფის, ზედმეტობის განცდის შედეგი. ოჯახის წევრთა განლაგება       იგი ოჯახში ურთიერთდამოკიდებულებათა ზოგიერთ ფსიქოლოგიურ თავისებურებაზე მიუთითებს. აუცილებელია განვასხვაოთ, რას ასახავს ნახატი - რეალურს, სასურველს, თუ იმას, რისიც ბავშვს ეშინია, რასაც გაურბის.       თუ ბავშვი ოჯახის წევრებს ერთობლივი საქმიანობის პროცესში ან ხელჩაკიდებულებს ხატავს, ეს ფსიქოლოგიური კეთილდღეობის ინდიკატორებია. ოჯახის წევრთა განცალკევებულად გამოსახვა შეიძლება ემოციური კავშირების დაბალ დონეზე მიუთითებდეს.       თუ ბავშვი ცდილობს, რომ ფიგურები ერთმანეთთან ახლოს განალაგოს და ისინი შეზ- ღუდულ სივრცეში (ნავი, პატარა სახლი და ა.შ.) ჩაატიოს, ეს შეიძლება მიუთითებდეს ბავშვის მცდელობაზე, გააერთიანოს, შეკრას ოჯახი.       თუ ნახატებში ოჯახის ნაწილი ერთ ჯგუფადაა გამოსახული, ხოლო ერთი ან რამდენიმე პირი მათგან განცალკევებულია, ეს მიუთითებს გაუცხოების, ჩაურთველობის გრძნობაზე. ოჯახის ერთი წევრის მოშორებით და განცალკევებულად დახატვა შეიძლება ნიშნავდეს მის მიმართ ბავშვის ნეგატიური დამოკიდებულებას, ზოგჯერ კი მისგან მომდინარე საფრთხეს. დახატული ფიგურების თავისებურებათა ანალიზი       ოჯახის თითოეული წევრის გრაფიკული გამოსახვის თავისებურებები დიდი დიაპაზონის ინფორმაციას იძლევა: ოჯახის წევრებისადმი ბავშვის ემოციური დამოკიდებულების, ბავშვის "მე"-ს წარმოდგენის, მისი სქესობრივი იდენტიფიკაციის შესახებ, იმის შესახებ, თუ როგორ აღიქვამს ბავშვი თითოეულ მათგანს და ა.შ.       ოჯახის წევრებისადმი ბავშვის ემოციური დამოკიდებულების შეფასებისას აუცილებლად უნდა მივიღოთ მხედველობაში:       1) სხეულის დეტალების რაოდენობა. დახატულია თუ არა: თავი, თმები, თვალები, თვალის გუგები, წამწამები, წარბები, ცხვირი, პირი, კისერი, მხრები, ხელები, ხელის მტევნები, თითები, ფრჩხილები, ტერფები;       2) დეკორი (ტანსაცმლის დეტალები და გაფორმება): ქუდი, საყელო, ჰალსტუხი, ბაფთები, ჯიბეები, ვარცხნილობის ელემენტები, ტანსაცმელზე ორნამენტები, ღილები;       3) ფიგურის დასახატად გამოყენებული ფერების რაოდენობა.       სხეულის უწვრილესი დეტალები, დეკორი, ბევრი ფერის გამოყენება ადამიანისადმი კარგ ემოციურ დამოკიდებულებაზე მიუთითებს.       გამოხატული სქემატურობა, ნახატის დაუმთავრებლობა, სხეულის მნიშვნელოვანი ნაწილების (თავი, ხელები, ფეხები) გამოტოვება ადამიანისადმი ნეგატიური დამოკიდებულების გარდა შეიძლება მის მიმართ აგრესიაზეც მიუთითებდეს.       როგორც წესი, ბავშვები ყველაზე დიდად ხატავენ მამას და დედას, რაც რეალობას შეესაბამება. ზოგიერთი ბავშვი ყველაზე დიდად ან მშობლების ზომის ტოლად საკუთარ თავს ხატავს.       ეს შეიძლება ნიშნავდეს, რომ:       ა) ბავშვი ეგოცენტრულია;       ბ) მშობელთა სიყვარულის მოსაპოვებლად "კონკურენტს” ეჯიბრება, მით უმეტეს, თუ "კონკურენტს" საერთოდ არ ხატავს ან პატარა ზომისას ხატავს.       ოჯახის სხვა წევრებთან შედარებით საკუთარ თავს გაცილებით პატარად ხატავენ ბავშვები, რომლებიც:       ა) გრძნობენ, რომ უმნიშვნელონი, ზედმეტები არიან;       ბ) მშობლების მხრიდან ზრუნვას საჭიროებენ.       მთელ ფურცელზე, დიდ ფიგურებს იმპულსური, თავდაჯერებული, დომინირებისაკენ მიდრეკილი ბავშვები ხატავენ. ძალიან პატარა ფიგურები დაკავშირებულია შფოთვასთან, საფრთხის გრძნობასთან.       ანალიზისას ყურადღება უნდა მივაქციოთ სხეულის ცალკეული ნაწილების ხატვას:       ხელები სამყაროზე ზემოქმედების, სხვა ადამიანთა ქცევის ფიზიკური კონტროლის ძირი- თადი საშუალებებია.       თუ ბავშვი საკუთარ თავს ხელებაწეულს, გრძელი თითებით ხატავს, ეს ხშირად აგრესიულ სურვილებთანაა დაკავშირებული.       ზოგჯერ ასეთ ნახატებს გარეგნულად წყნარი, მშვიდი ბავშვებიც ხატავენ. შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ბავშვი გარემომცველებისადმი მტრულ დამოკიდებულებას გრძნობს, მაგრამ მისი აგრესია დათრგუნულია. საკუთარი თავის ამგვარად დახატვით ბავშვი ასევე შეი- ძლება მისი სისუსტის კომპენსირებას ცდილობდეს, გამოხატავდეს სურვილს, იყოს ძლიერი, სხვებზე ძალაუფლება ჰქონდეს. ეს ინტერპრეტაცია უფრო უტყუარია მაშინ, როცა ბავშვი "აგრესიული" ხელების გარდა განიერ მხრებს და ძალის სხვა ატრიბუტებსაც ხატავს. ზოგჯერ ბავშვი ხელებს ოჯახის ყველა წევრს უხატავს, მაგრამ საკუთარი თავისთვის ხელების დახატვა "ავიწყდება". თუკი იმავდროულად ბავშვი საკუთარ თავს არაპროპორციულად პატარა ზომისას ხატავს, ეს შეიძლება უმწეობის გრძნობასთან, გარემომცველთა მხრიდან მისი აქტივობის დათრგუნვის, ზედმეტი კონტროლის შეგრძნებასთან იყოს დაკავ- შირებული.       თავი - "მე"-ს, ინტელექტუალური მოღვაწეობის ცენტრი; სახე - ურთიერთობის პროცესში სხეულის მნიშვნელოვანი ნაწილი.       თუ ნახატში გამოტოვებულია სახის ნაწილები (თვალები, პირი), შეიძლება ეს ურთიერ- თობის სფეროში სერიოზულ დარღვევებზე, გარიყულობაზე, აუტიზმზე მიუთითებდეს. თუ ოჯახის სხვა წევრების დახატვისას ბავშვი არ ხატავს თავს, სახის ნაკვთებს ან მთელი სახეს შტრიხავს, ხშირად ეს მოცემულ პირთან კონფლიქტებზე, მის მიმართ მტრულ დამოკიდებულებაზე მიანიშნებს.       დახატულ ადამიანთა სახის გამომეტყველება ასევე შეიძლება ამ ადამიანების მიმართ ბავშვის გრძნობების ინდიკატორი იყოს. საერთოდ, ბავშვები უმეტესად გაღიმებულ ადამიანებს ხატავენ. ეს ნახატებში ერთგვარი "შტამპია", მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ბავშვები ასე აღიქვამენ გარემომცველებს. სახის გამომეტყველება ოჯახის ნახატის ინტერპრეტაციისათვის მხოლოდ იმ შემთხვევაშია მნიშვნელოვანი, როცა ბავშვი სხვადასხვა გამომეტყველებას აძლევს სახეებს.       გოგონები უფრო მეტ ყურადღებას უთმობენ სახის დახატვას, ვიდრე ბიჭები. ეს გოგონების სქესობრივი კუთვნილების კარგ აღქმაზე მიუთითებს.       გოგონების ნახატებში ეს გარემოება შეიძლება უკავშირდებოდეს საკუთარი გარეგნობის წარმოჩენის, ფიზიკური ნაკლის დაფარვის სურვილს, ქალური ქცევის სტერეოტიპის ჩამოყალიბებას.       ბავშვებში, რომლებსაც ორალური აგრესიისკენ აქვთ მიდრეკილება, ხატვისას ხშირია კბილებისა და პირის გამოყოფა. თუ ბავშვი ამნაირად საკუთარ თავს კი არა, ოჯახის სხვა წევრს ხატავს, ხშირად ეს შიშის გრძნობასთან, ბავშვის მიმართ ამ ადამიანის მტრული დამოკიდებულებას უკავშირდება.       როგორც ბავშვების, ისე მოზრდილების ფიგურებში დეტალების გამოტოვება, როგორც წესი, გარკვეული ფუნქციების უარყოფაზე, კონფლიქტზე მიუთითებს.       სქესობრივი მიკუთვნებულობის მიხედვით ბავშვთა ნახატებში ორი სახის სქემა გამოიყოფა. მაგალითად, მამაკაცის ტანი ოვალური ფორმისაა, ქალის - სამკუთხედის ფორმის. თუ ბავშვი საკუთარ თავს ისევე ხატავს, როგორც მისი სქესის სხვა ფიგურებს, შეიძლება ვთქვათ, რომ სქესობრივი იდენტიფიკაცია ადეკვატურია. თუ ორი ფიგურის (მაგალითად, მამისა და ვაჟის) პრეზენტაციაში ანალოგიური დეტალები და ფერებია, ეს შეიძლება განვმარტოთ, როგორც ჯანსაღი ემოციური კონტაქტები, ვაჟიშვილის მისწრაფება, მამას ჰგავდეს. ხატვის პროცესის ანალიზი       ხატვის პროცესის ანალიზისას აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ:       ა) ოჯახის წევრთა დახატვის თანმიმდევრობა; ბ) დეტალების დახატვის თანმიმდევრობა; გ) წაშლა; დ) უკვე დახატულ ობიექტებთან, დეტალებთან, ფიგურებთან დაბრუნება; ე) პაუზები; ვ) სპონტანური კომენტარები.       ბავშვი ნახატში თავდაპირველად მისთვის ყველაზე მნიშვნელოვან, მთავარ ან ემოციურად ყველაზე ახლობელ ადამიანს ხატავს. ხშირად ეს არის დედა ან მამა. ის, რომ ხშირად ბავშვები თავდაპირველად საკუთარ თავს ხატავენ, ალბათ დაკავშირებულია მათ ეგოცენტრულობასთან, როგორც ასაკობრივ მახასიათებელთან. თუ ბავშვი თავდაპირველად არც საკუთარ თავს ხატავს და არც მშობლებს, არამედ ოჯახის სხვა წევრებს, ეს ნიშნავს, რომ ემოციურად ეს მისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი პიროვნებაა.       საყურადღებოა შემთხვევები, როცა ბავშვი ბოლოს ხატავს დედას. ხშირად ეს დედისადმი ნეგატიურ დამოკიდებულებასთანაა დაკავშირებული.       თუ თავდაპირველად დახატული ფიგურა ყველაზე დიდი ზომისაა, მაგრამ სქემატურია და დეკორი აკლია, ეს მიუთითებს, რომ ბავშვი ამ პირის მნიშვნელობას, ძალას, ოჯახში დომინირებას აღიქვამს, მაგრამ გულითადი ურთიერთობა არ აქვს. ხოლო თუ პირველი ფიგურა მონდომებითაა დახატული, დეკორითაა შემკული, შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ეს ოჯახის ყველაზე საყვარელი წევრია, რომელსაც ბავშვი პატივს სცემს და ბავშვს უნდა, რომ მას ჰგავდეს.       ზოგიერთი ბავშვი თავდაპირველად სხვადასხვა ობიექტს, მიწას, მზეს, ავეჯს ხატავს და მხოლოდ ბოლოს იწყებს ადამიანების დახატვას. შეიძლება ჩავთვალოთ, რომ დავალების შესრულების ამგვარი თანმიმდევრობა თავისებურ დაცვას წარმოადგენს, რომლის დახმარებით ბავშვი მისთვის უსიამოვნო დავალების შესრულებას გაურბის, აგვიანებს. ხშირად ეს არახელსაყრელი ოჯახური სიტუაციის მქონე ბავშვებთან აღინიშნება, მაგრამ ეს ასევე ბავშვთან ფსიქოლოგის ცუდი კონტაქტის შედეგი შეიძლება იყოს. უკვე დახატულ რომელიმე ფიგურასთან, ობიექტებთან, დეტალებთან დაბრუნება მიუთითებს, რომ ის მნიშვნელოვანია ბავშვისათვის.       გარკვეული დეტალების, ოჯახის წევრების დახატვის წინ პაუზები ხშირად კონფლიქტურ დამოკიდებულებასთან არის დაკავშირებული და შინაგანი წინააღმდეგობის მანიშნებელია.       არაცნობიერ დონეზე ბავშვი თითქოს წყვეტს, დახატოს თუ არა ნეგატიურ ემოციებთან დაკავშირებული ადამიანი ან დეტალი.       დახატულის წაშლა, ხელახლა დახატვა შეიძლება დადებით ემოციასაც უკავშირდებოდეს და უარყოფითსაც. გადამწყვეტი მნიშვნელობა ხატვის საბოლოო შედეგს აქვს. სპონტანური კომენტარები ხშირად ბავშვის მიერ დახატულის შინაარსს განმარტავენ. ამიტომ მათ ყურადღებით უნდა მოვუსმინოთ. ისინი ნახატის ემოციურად ყველაზე "დამუხტულ" ადგილებს ააშკარავებს. ეს ხატვის შემდეგ შეკითხვების წარმართვაში და თვითონ ინტერპრეტაციის პროცესშიც დაგვეხმარება. სიზმრების ანალიზი       ბავშვების სიზმრები სიმბოლური ხასიათისაა. ძალადობის გამოცდილება ბავშვის ძილში კოშმარული სიზმრებით აისახება, მაგრამ სიზმრების გმირებად ხშირად გამოდიან არა რეალური ადამიანები, რომლებისაც მათ ეშინიათ, არამედ მათი განმასახიერებელი სხვადასხვა ხატები: ვამპირები, რომლებიც ბავშვის სისხლს სვამენ, ეშმაკები, ჩონჩხები, ავი მგლები, ზღაპრული პერსონაჟები - კუდიანი დედაბერი, დევი და ასე შემდეგ. ბავშვებს ესიზმრებათ, რომ მათ ვიღაც სცემს, კლავს, აშინებს. ღამით ისინი ხშირად იღვიძებენ და ტირიან.       მოზარდები სიზმრებში ხშირად ხელახლა განიცდიან ძალადობის სცენებს: ისინი კვლავ და კვლავ აღმოჩნდებიან იმავე სიტუაციაში, იმავე მოძალადესთან, შიშისა და საშინელების იგივე განცდები აქვთ, ცივ ოფლში იღვიძებენ და ყვირილით ითხოვენ დახმარებას. ზოგჯერ მათ ესიზმრებათ რამდენადმე სახეცვლილი სიტუაცია: მაგალთად, მოძალადედ სულ სხვა ადამიანი იქცევა, ან ძალადობა რომელიმე უცხო ადგილზე ხდება, ან მთელი სიზმრის განმავლობაში ბავშვი მდევარისაგან გაქცევას ცდილობს. სპეციალური ფსიქოდიაგნოსტიკური მასალის ანალიზი       ძალადობის ფაქტების გამოვლენა და ბავშვების ემოციურ-პიროვნულ განვითარებაზე ძალადობრივი გამოცდილების შედეგების დიაგნოსტიკა შეიძლება ემყარებოდეს სპეციალურ კითხვარებს, პროექციულ მეთოდებსა და სხვა ტესტურ მასალას. გამოკვლევის ჩატარება, ანალიზი და ფსიქოდიაგნოსტიკური მასალის განხილვა სპეციალისტისაგან მოითხოვს ფსიქოდიაგნოსტიკის პრინციპებისა და პრაქტიკული ხერხების ცოდნას. ამიტომ სპეციალური დიაგნოსტიკური პროცედურები უნდა ტარდებოდეს ფსიქოლოგის ან ფსიქოთერაპევტის მიერ.       სკოლამდელი და უმცროსი სასკოლო ასაკის ბავშვებზე ძალადობის შემთხვევების გამოვლენისას განსაკუთრებით ეფექტურად ითვლება პროექციული მეთოდების გამოყენება. ეს მეთოდები ეფექტურია პატარა ბავშვებთან კონტაქტის დასამყარებლადაც. ბავშვები, ჩვეულებრივ, ინტერესით ასრულებენ ტესტურ დავალებებს და მათში თავიანთი შინაგანი სამყაროს, მოთხოვნილებებს, კონფლიქტებს, შფოთვას, სუბიექტურ განცდებს გამოხატავენ. ამასთან ამგვარი დავალების შესრულებისას სხვა ტესტებთან შედარებით ბავშვი ნაკლებად შეზღუდულია და მას გამოხატვის მეტი თავისუფლება აქვს.       ბავშვს შეიძლება შესასრულებლად შევთავაზოთ ქვემოთ ჩამოთვლილ პროექციული მე- თოდებიდან რამდენიმე მათგანი: - "თავისუფალი ხატვა"; - ლუშერის ტესტი; - "დაუმთავრებელი წინადადებები"; - "ავტოპორტრეტი"; - "არარსებული ცხოველი"; - "სახლი. ხე. ადამიანი"; - "ოჯახის კინეტიკური სურათი"; - "დახატე ადამიანი".       ბავშვების ნახატებისა და მონათხრობის ინტერპრეტაციისას ყურადღება უნდა მიექცეს არა მარტო შფოთვისა და კონფლიქტების საყოველთაოდ აღიარებულ ნიშნებს, არამედ სპეციფიკურ დეტალებსაც. მაგალითად, სექსუალური ძალადობის შემთხვევაში ბავშვების ნახატებში შეიძლება აქცენტები იყოს გაკეთებული ინტიმურ ზონებზე, ბავშვმა შეიძლება დახატოს შიშველი სხეული ან სხეულის ნაწილი, საგნები შეიძლება გამოსახული იყოს სასქესო ორგანოების სახით და სხვა. სიტუაციის უფრო ზუსტი შეფასებისთვის პროექციული მეთოდის მეშვეობით მიღებული მონაცემები უნდა შედარდეს სხვა მეთოდებით მიღებულ მონაცემებთან. ბავშვზე ძალადობის შემთხვევების გამოვლენისას და მათი შედეგების სიმძიმის შეფასებისას პროექციული მეთოდების გარდა შეიძლება გამოყენებულ იქნეს შფოთვის შკალა, დეპრესიის შკალა, აგრესიის შკალა, აგრეთვე სპეციალური ანკეტები და კითხვარები, მაგალითად, "ტრავმული სიმპტომების კითხვარი".       ამგვარად, ბავშვზე ძალადობის შემთხვევათა ამოცნობა და შეფასება რთული და საპასუხისმგებლო ამოცანაა, რომელიც კომპლექსურ მიდგომას და სხვადასხვა მეთოდის გამოყენებას მოითხოვს. რეკომენდაციები ბავშვზე ძალადობის შემთხვევათა გამოვლენისა და შეფასებისას       ძალადობაგანცდილი ბავშვის ფსიქოლოგიური შეფასება ითვალისწინებს გარკვეული მე- თოდებით სარგებლობას, რომელთა კომპლექსური გამოყენება ძალადობის ფაქტის შესახებ სარწმუნო დასკვნის გაკეთების საშუალებას იძლევა. სპეციალისტი, რომელიც ბავშვის პირველად გამოკვლევას ატარებს, ფსიქოდიაგნოსტიკის პრინციპებსა და ხერხებს უნდა ფლობდეს, ტრავმით გამოწვეულ სიმპტომებსა და ნიშნებში კარგად უნდა იყოს ორიენტირებული.       ბავშვზე ძალადობის დიაგნოსტიკისათვის ძირითადად შემდეგი მეთოდები გამოიყენება: - დაკვირვება (ბავშვის სომატურ მდგომარეობაზე, ქცევაზე, თამაშზე, მშობლის/ მეურვის ქცევაზე, ბავშვისადმი დამოკიდებულებაზე); - საუბარი, გამოკითხვა (ბავშვის, მშობლის/მეურვის); - ანალიზი (ბავშვის შემოქმედებითი პროდუქციის - ნახატი, მოთხრობა, ლექსი და სხვა, ბავშვის სიზმრების, სპეციალური ფსიქოდიაგნოსტიკური მასალის).       არსებობს რეკომენდაციები, რომლებიც აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ ბავშვზე ძალადობის შემთხვევათა გამოვლენისა და შეფასებისას: - იმის განსაზღვრისას, იყო თუ არა ძალადობის შემთხვევა სპეციალისტი მხოლოდ რომელიმე ერთ მეთოდს არ უნდა დაეყრდნოს და მან ნაჩქარევი დასკვნები არ უნდა გააკეთოს. - თუ სპეციალისტს ეჭვი უჩნდება ბავშვის სიტყვების სიმართლეში, მას შეუძლია ბავშვს სთხოვოს უფრო დაწვრილებით უამბოს რომელიმე ეპიზოდის შესახებ. - რთული თემის განხილვისას სპეციალისტმა მომხდარი უნდა დააფიქსიროს ჩანაწერების, აუდიო ან ვიდეოტექნიკის მეშვეობით. - რთულ სიტუაციებში სპეციალისტმა კონსულტაცია უნდა გაიაროს სხვა სპეციალისტებთან. - ძალადობის ზემოთ ჩამოთვლილი ქცევითი ნიშნები არ არის სპეციფიკური ძალადობისათვის. მხოლოდ მათ საფუძველზე ძალადობის დიაგნოსტიკა არ შეიძლება. - ძალადობის დაშვება შესაძლებელია, როცა: ეს სიმპტომები ფიზიკურ ნიშნებთან ერთად ჩნდება. ბევრი სიმპტომია და მათ წარმოშობას სხვა ახსნა არ მოეძებნება. მშობელთა ქცევა ეჭვს იწვევს. - დიაგნოსტიკის პროცესში სპეციალისტმა ტაქტი არ უნდა დაივიწყოს და იმ თემებზე ისაუბროს, რისთვისაც ბავშვი მზად არის, ბავშვის უსაფრთხოებაზე იზრუნოს. ძალადობის მსხვერპლი ბავშვის ფსიქოლოგიური პორტრეტი       ძალადობის მსხვერპლი ბავშვისთვის დამახასიათებელია:       დაბალი თვითშეფასება - ბავშვი ვერ აფასებს თავის რეალურ შესაძლებლობებს და თვლის, რომ არაკომპეტენტურია;       საკუთარი თავის დადანაშაულება - ბავშვი შეურაცხმყოფელი საქციელის მიზეზს საკუთარ თავში ეძებს: "რაღაც არასწორად გავაკეთე", "ჩემი ბრალია, ასე არ უნდა მეთქვა" და ა.შ.;       ძალადობის უარყოფა - ბავშვი მალავს ძალადობის ფაქტს ან საერთოდ უარყოფს ძალადობას;       შეგუებულია ძალადობას - ბავშვი თვლის, რომ ძალადობა ჩვეულებრივი რამაა, "ეს ასეც უნდა იყოს". კრიტიკულად ვეღარ აფასებს ურთიერთობას, პრობლემას და თვითონ ცდილობს "გამოსწორებას";       მარტოობის განცდა - ბავშვი თავს მიტოვებულად და მარტოსულად გრძნობს; საკუთარი ზედმეტობისა და უღირსობის განცდა - ბავშვი თავს უმნიშვნელო და უღირს ადამიანად თვლის, რომელიც ყურადღებას არ იმსახურებს;       სიძნელეები სკოლაში - უჭირს ყურადღების კონცენტრაცია, თანატოლებთან ნორმალური ურთიერთობა; თვლის, რომ თანატოლთაგან განსხვავდება და მისი ცხოვრებაც იმიტომ არის განსხვავებული;       სტრესული რეაქციები - ძილის დარღვევა, დეპრესია, თავის ტკივილი, შიში, შფოთვა, უიმედობა, ჩაკეტილობა და სხვა. ავტორი: ე. თავართქილაძე       გამოყენებული ლიტერატურა: Александровская, Э.М., Гильяшева Н.И. (1993). Психодиагностика детей и подростков. Барлас ,Т.В. (2003). Психодиагностика в психологическом консультировании: задачи и подходы. Журнал практической психологии и психоанализа. № 1. Венгер, А.Л. (2004). Симптоматические» рекомендации в психологическом консультировании Коттлер, Дж., Браун, Р. (2001). Психотерапевтическое консультирование. – СПб. Мэй, Р. (2001). Искусство психологического консультирования. –М. Романова, Е.С., Потемкина, О.Ф. (1991). Графические методы в психологической диагностике . М. Соломин, И.Л. (1999). Психологическое консультирование и тестирование . Журнал Черников, А.В. (1997). Интегративная модель системной психотерапевтической диагностики. Greenspan, S. I. (1981). The clinical interview of the child. New York: McGraw-Hill. Sattler, J. M. (1988). Assessment of children (3rd ed.). San Diego, CA: Sattler. …
დაამატა ლაშა to ფსიქოლოგია at 4:15pm on მარტი 17, 2017
თემა: ედგარ ალან პო - მკვლელობა მორგის ქუჩაზე
ედვით აღვიქვამთ. მის შესახებ ვიცით, სხვათა შორის, ისიც, რომ ვინც დაჯილდოებულია ანალიზის განსაკუთრებული უნარით, ეს უნარი ყოველთვის უდიდეს სიამეს ანიჭებს პატრონს. როგორც მძლავრი ვაჟკაცი ხარობს თავისი ფიზიკური ღონით და სიამოვნებით ეტანება ისეთ ვარჯიშს, რაც მის კუნთებს ამოქმედებს, ასევე ანალიტიკოსიც თავმომწონეობს და ამაყობს ახსნა-განმარტების გონებრივი უნარით. მას სულ უბრალო, მცირე საქმეც კი სიამოვნებას ანიჭებს, თუ იგი მისი ნიჭის გამოყენებას მოითხოვს. უყვარს გამოცანები, თავსატეხები, რებუსები, რომელთა ამოხსნაში ისეთ გონებამახვილობას იჩენს, რაც ჩვეულებრივი გაგების კაცს ზებუნებრივად მოეჩვენება. მის დასკვნებს, რომელნიც სინამდვილეში მიღებულია მხოლოდ ჭეშმარიტი, მეთოდური კვლევის შედეგად, მთლიანად ინტუიციის იერი ადევს.    ახსნა-განმარტების ნიჭი, შესაძლოა, ფრიად გაძლიერდეს მათემატიკის შესწავლით; განსაკუთრებით მისი იმ მაღალი საფეხურის შესწავლით, რომელსაც უმართებულოდ და მხოლოდ მისი უკუქცევით, უკუსვლით მოქმედებათა წყალობით, უმეტესად ანალიზურს უწოდებენ. მაგრამ გაანგარიშება, თავისთავად, ანალიზი არ გახლავთ. მაგალითად, მოჭადრაკე ანგარიშობს, ანალიზისთვის კი თავს არ იწუხებს. მაშასადამე, ჭადრაკის თამაში, გონებრივი ვარჯიშის თვალსაზრისით, ძალიან უკუღმართად არის გაგებული. მე ახლა ტრაქტატს არ ვწერ, მხოლოდ უბრალო წინასიტყვაობას ვუმძღვარებ, ცოტა არ იყოს, თავისებურ მოთხრობას და მარტო გაკვრით მოგახსენებთ ჩემს დაკვირვებებს. ვსარგებლობ შემთხვევით და ვამტკიცებ, რომ გონებრივი აზროვნების უმაღლეს უნარს გაცილებით კეთილად და სასარგებლოდ ავარჯიშებს შაშის სადა, მარტივი თამაში, ვიდრე ჭადრაკის მთელი დახვეწილი ზერელობა. ჭადრაკის ფიგურებს ნაირ-ნაირი არატოლფასოვანი, განსხვავებული და უცნაური სვლები ახასიათებს. ეს სვლები რთულია. უმთავრესია ყურადღება, გულისყური. წამითაც რომ მოადუნოთ ყურადღება, მყისვე შეცდომა მოგივათ, რაც ფიგურის დაკარგვას ან დამარცხებას გამოიწვევს. ვინაიდან შესაძლო სვლები არა მარტო მრავალია, არამედ დახლართულიც, ამგვარ შეცდომათა დაშვების შესაძლებლობა კიდევ უფრო მრავლდება. ასე რომ, ათიდან ცხრა შემთხვევაში უფრო გონებამახვილი მოთამაშე როდი იმარჯვებს, არამედ უფრო გულისყურიანი. შაშში კი პირიქით – რაკი სვლები ერთნაირი გახლავთ და მხოლოდ მცირე ვარიანტები ახასიათებს, უგულისყურობა გამორიცხულია, ორივე მხარე წარმატებას მხოლოდ და მხოლოდ აღმატებული გონებამახვილობითა და გამჭრიახობით თუ მიაღწევს. განყენებულ მსჯელობას რომ თავი დავანებოთ, წარმოვიდგინოთ შაშის თამაში, როცა დაფაზე ოთხი ქვაღაა დარჩენილი და როცა, რასაკვირველია, შეცდომა ან უგულისყურობა არ გახლავთ მოსალოდნელი.    აშკარაა, აქ გაიმარჯვებს მხოლოდ ის, ვინც ძლიერი გონებრივი დაძაბულობის შედეგად რაიმე რჩეულ სვლას გამოძებნის. ჩვეულებრივ საშუალებებსა და შესაძლებლობებს მოკლებული ანალიტიკოსი თავისი მოპირდაპირის სულში ჩაწვდომას ცდილობს. თავს მასთან აიგივებს, მისი თვალსაზრისით განსჯის საქმეს და ხშირად ამგვარად თვალის დახამხამებაში განჭვრეტს ერთადერთ სვლას, ხანდახან მარტივსა და ადვილს, რომელიც აცდუნებს მოწინააღმდეგეს, ანდა ხელს შეუწყობს მის დაბნევას. დიდი ხანია შენიშნული გახლავთ, რომ ვისტი ძალიან უწყობს ხელს, ეგრეთ წოდებულ, გამოთვლითი უნარის განვითარებას, თანაც ცნობილია, რომ მრავალი მაღალგონიერი ადამიანი თითქოსდა უცნაურ სიამეს პოვებდა მასში, ხოლო ჭადრაკს კი, ვითარცა ზერელე და ქარაფშუტულ თამაშს, თავს არიდებდა. უეჭველია, ანალიზის ნიჭის გამომჟღავნებისთვის მართლაც არ არსებობს სხვა ამისთანა თამაში. საუკეთესო მოჭადრაკე საუკეთესო მოჭადრაკეა და მეტი არაფერი; ვისტის კარგ მოთამაშეს კი შეუძლია წარმატების იმედი იქონიოს ყველა იმ უფრო მნიშვნელოვან საქმეში, სადაც ერთი გონება მეორეს ემეტოქება და ებრძვის. როცა ვისტის კარგ ცოდნაზე ვლაპარაკობ, თამაშის იმ სრულყოფილებას ვგულისხმობ, როცა მოთამაშე ყველა საშუალებას ითვალისწინებს კანონიერი გზით წარმატების მოპოვებისთვის. ეს საშუალებები არა მარტო მრავალრიცხოვანია, არამედ მრავალნაირიც და ხშირად აზროვნების ისეთ კუნჭულებშია მიმალული, სადაც ჩვეულებრივი გონების კაცი ვერც მისწვდება. ყურადღებით დაკვირვება მკაფიოდ დახსომებას ნიშნავს. ამიტომ გულისყურიანი მოჭადრაკე ჩინებულად ივარგებს ვისტის თამაშში, რამდენადაც ჰოილის წესები, რომლებიც დაფუძნებულია თამაშის უბრალო ტექნიკაზე, საკმაოდ გასაგები გახლავთ. ამრიგად, კარგი მახსოვრობა და „წიგნის“ ბეჯითად მოყოლა ჩვეულებრივ კარგი თამაშის საწინდრად ითვლება. მაგრამ სწორედ ამ უბრალო წესების შემდეგაა, რომ ანალიტიკოსის სიმარჯვე ვლინდება. იგი თავისთვის, ჩუმად, უამრავ ვარაუდსა და აწონ-დაწონას ახდენს. ალბათ ასევე იქცევიან მისი ამხანაგებიც. ოღონდ, განსხვავება მიღებულ შედეგში დამოკიდებულია არა იმდენად სწორ ვარაუდზე, რამდენადაც დაკვირვების ხარისხზე. აუცილებელია ვიცოდეთ, რას უნდა დავუკვირდეთ. ჩვენი მოთამაშე სრულიადაც არ იზღუდავს თავს; და თუმცა მისი მთავარი საგანი თამაში გახლავთ, არც თამაშის გარე სხვა დაკვირვებებსა და დასკვნებს უგულებელყოფს. იგი უკვირდება ამხანაგის გამომეტყველებას და ადარებს მას ცალ-ცალკე ყოველი თავისი მოწინააღმდეგისას. ითვალისწინებს ბანქოს ქაღალდი ვის როგორ უჭირავს ხელში და ხშირად პატრონს, გამომეტყველების მიხედვით, თულფს თულფზე უთვლის ხელში. იგი თამაშის დროს ყოველნაირ ცვლილებას ამჩნევს სახეზე და უამრავი ფიქრი უტრიალებს თავდაჯერებულობის, განცვიფრების, ზეიმის ანდა სევდიანი შესახედაობის კვალად. იმის მიხედვით, ვინ რანაირად იღებს ერთ კარტს, განსჯის, მისი ამღები მოთამაშე კიდევ აიღებს თუ არა. ცრუ სვლას იგი გამოიცნობს იმ გამომეტყველებით, რომლითაც ბანქოს ქაღალდს ჩამოდის მაგიდაზე. უნებურად ანდა დაუდევრად გადმოსროლილი სიტყვა, ბანქოს ქაღალდის შემთხვევით ხელიდან გავარდნა, ანდა გადაბრუნება, რომელთა დამალვას მოთამაშე ფაციფუცით ანდა უზრუნველი იერით ცდილობს, გაჭრილი ქაღალდების დათვლა, მათი განწესრიგების მიზნით; დაბნეულობა, ყოყმანი, სულწასულობა ანდა შიშნეულობა – ყველაფერი ეს მის, თითქოსდა ინტუიციურ აღქმას საქმის ნამდვილი ვითარების მაჩვენებელი ნიშნების ამოცნობის შესაძლებლობას ანიჭებს. პირველი ორი-სამი ჩამორიგების შემდეგ მან უკვე იცის, ვის რა უჭირავს ხელში და ამის მერე სრული გულდაჯერებით ჩამოდის ქაღალდს, თითქოს დანარჩენი მოთამაშეების ქაღალდი თვალწინ ჰქონდეს გადაშლილი.    ანალიტიკური ნიჭი უბრალო საზრიანობაში არ უნდა ავურიოთ – ანალიტიკოსი უთუოდ საზრიანიცაა, საზრიან კაცს კი ხშირად შეიძლება აკლდეს ანალიზის უნარი. გამომგონებლობითი ანუ კომბინაციური უნარი, რომლითაც ჩვეულებრივ საზრიანობა ვლინდება, ხშირად იქნა შემჩნეული სხვა მხრივ თითქმის ტუტუც ადამიანებში. საზრიანობა და ანალიტიკური უნარი მართლაც უფრო მეტად განსხვავდება ერთმანეთისგან, ვიდრე ოცნება და წარმოსახვა, მაგრამ ხასიათით კი წააგავს ერთმანეთს. დანამდვილებით უნდა ითქვას, რომ საზრიანი ხალხი ყოველთვის მეოცნებენიც არიან და ჭეშმარიტი წარმოსახვის მქონე კაცი უთუოდ ანალიტიკოსიც იქნება. ქვემოთ მოთხრობილი ამბავი ახლახან განხილულ მოსაზრებათა ერთგვარ კომენტარად წარმოუდგება მკითხველს.    პარიზში რომ ვცხოვრობდი 18... წლის გაზაფხულზე და ზაფხულის დასაწყისში ვინმე ბატონი შ. ოგიუსტ დიუპენი გავიცანი. ეს ყმაწვილი, წარჩინებული, ჭეშმარიტად ბრწყინვალე გვარიშვილი, ბედუკუღმართობათა მიზეზით, ისეთ სიღატაკეში ჩავარდნილიყო, რომ სრულიად წართმეოდა ხასიათის სიმტკიცე. ამქვეყნად აღარაფერი აინტერესებდა და აღარც თავისი ძველი სიმდიდრის ამოგებას ცდილობდა. მევალეთა ლმობიერების წყალობით, სამკვიდრო მამულის მცირეოდენი ნაწილი კიდევ შემორჩენოდა. ზედმეტს არაფერს ეტანებოდა და ამ შემოსავლითა და უსასტიკესი ყაირათიანობით ახერხებდა თავის გატანას. მხოლოდ ერთადერთ ფუფუნებას ვერ ელეოდა – წიგნებს და ისინი კი პარიზში იოლი საშოვნი გახლავთ. პირველად ერთ მიყრუებულ ბიბლიოთეკაში შევხვდით ერთმანეთს მონმარტრის ქუჩაზე, სადაც ორივენი ერთი და იმავე იშვიათი და ფრიად საინტერესო წიგნის ძიებამ დაგვაახლოვა. რამდენჯერმე შევხვდით ერთმანეთს. ძალიან დამაინტერესა მისი ოჯახის თავგადასავალმა, რომელიც დაწვრილებით მიამბო მთელი იმ გულწრფელობით, როგორიც ფრანგებმა იციან, როცა საკუთარ თავზე საუბრობენ. გამაოცა აგრეთვე მისმა დიდმა ნაკითხობამაც. ყველაზე უფრო კი აღმაფრთოვანა და გამიტაცა მისმა ბობოქარმა ბუნებამ და მისი წარმოსახვის სიმკვირცხლემ. პარიზში მაშინ ისეთი საქმეების საძიებლად ვიყავი, რომ ვიგრძენი, ამისთანა კაცთან დაახლოებას ჩემთვის უძვირფასესი განძის ღირებულება ექნებოდა და ეს გრძნობა გულახდილადაც გავანდე მას. ბოლოს ისე მოხდა, რომ ჩვენ ერთადაც დავსახლდით პარიზში ჩემი ყოფნის განმავლობაში. და რაკი ჩემი ქონებრივი მდგომარეობა ცოტა უკეთესი გახლდათ მისაზე, შესაძლებლობა მომეცა დამექირავებინა და ჩვენი საერთო, ცოტა არ იყოს, უცნაური, პირქუში ბუნების შესაფერისად, ავეჯით გამეწყო ერთი ჟამთა სიავით გამოხრული, სასაცილო შენობა. იგი დიდი ხანია უკაცრიელად იდგა და ლპებოდა სენ-ჟერმენის გარეუბნის მიყრუებულ კუთხეში.    ჩვენი ცხოვრების ყოველდღიური წესრიგი რომ შეეტყო ვინმეს, გიჟებად მიგვიჩნევდნენ, ოღონდ, უვნებელ გიჟებად. სრული განმარტოებით ვცხოვრობდით. არავის არ ვიღებდით სტუმრად. ჩვენი ბინადრობის ადგილი საგანგებოდ დავუმალე ჩემს ძველ ნაცნობებს; ხოლო დიუპენმა ისედაც დიდი ხანია გაწყვიტა კავშირი პარიზის საზოგადოებასთან და აღარც მას იხსენებდა ვინმე. ჩვენ მხოლოდ ჩვენთვის ვცხოვრობდით. ჩემი მეგობრის ერთი ხუშტური ის გახლდათ, რომ ღამეზე იყო თავდავიწყებით შეყვარებული. ეს უცნაურობა, როგორც ყველა სხვა მისი უცნაურობანი, მეც დამჩემდა და გულმოდგინედ ავუბი მხარი მის ახირებულობას. შავი ღვთაება მუდამ თან არ გვახლდა, მაგრამ ჩვენ მაინც ვახერხებდით მისი ორეულის შენარჩუნებას. რიჟრაჟისთანავე ვრაზავდით ჩვენი ძველი სახლის მძიმე დარაბებს და ვანთებდით რამდენიმე სანთელს, რომლებიც მძიმე სურნელს აყენებდნენ და მხოლოდ ბუნდად, ოდნავ ბჟუტავდნენ. ამის წყალობით ჩაძირული ვიყავით ოცნებებში, ვკითხულობდით, ვწერდით ანდა ვმუსაიფობდით, ვიდრე კედლის საათი არ გვამცნობდა ჭეშმარიტი სიბნელის დადგომის ჟამს. მაშინ მკლავი-მკლავს გაყრილნი ქუჩაში გამოვიჭრებოდით და განვაგრძობდით საჭირბოროტო საკითხებზე ბაასს, ანდა გვიანობამდე მივხეტიალობდით შორს; ვეძიებდით ხალხმრავალი ქალაქის უცნაურ სინათლეებსა და ჩრდილებში იმნაირ უსაზღვრო გონებრივ აღგზნებას, რომელიც წყნარი დაკვირვებისა და ჭვრეტის შედეგად მიიღება.    ასეთ ჟამს არ შეიძლებოდა არ შეგენიშნა და აღტაცებაში არ მოსულიყავი დიუპენის განსაკუთრებული ანალიტიკური ნიჭით, ეტყობოდა, თვითონაც ძალიან სიამოვნებდა ასეთი ვარჯიში და არც მალავდა, რომ ეს გარემოება დიდ სიამოვნებას ანიჭებდა. იგი ტრაბახობდა, თან ხმადაბლა ხითხითებდა, რომ ადამიანების უმეტესობის გული მისთვის ღიაა და ჩვეულებად ჰქონდა, ფრიად შეშფოთებულს მყისვე დაემტკიცებინა კიდეც ეს. ასეთ წუთებში იგი ცოტა უკმეხ და განდეგილ იერს იღებდა; თვალები უქრებოდა, ხოლო ხმა, ჩვეულებრივ სრული ტენორი, ისე უწვრილდებოდა, თითქოს ჩაეხრინწებოდა სიანჩხლით, დინჯი და სავსებით გარკვეული გამოთქმა რომ არ ჰქონოდა. ამ გუნებაზე მყოფს როცა ვუკვირდებოდი, ხშირად მომდიოდა თავში სულის გაორების ძველი სიბრძნე და თავს ვიყოლიებდი გაორებულ დიუპენზე – შემოქმედსა და დამშლელ-გამანადგურებელზე ფიქრით. არ გეგონოთ, რაიმე საიდუმლოს გიმჟღავნებდეთ, ანდა რაიმე ზღაპარს გიყვებოდეთ. რაც მოგახსენეთ, ამ ფრანგის აღგზნებული და, შესაძლოა, ავადმყოფი გონების ნაყოფი გახლდათ. მაგრამ მისი დაკვირვების უნარს ერთი მაგალითით უკეთ დაგისურათებთ.    ერთ ღამეს პალე-როიალის მახლობელ გრძელ, ბინძურ ქუჩაში ვსეირნობდით. ორივენი ალბათ ჩვენ-ჩვენს ფიქრებში ვიყავით გართული და არც ერთს კრინტი არ დაგვიძრავს თითქმის თხუთმეტი წუთის განმავლობაში. ანაზდად დიუპენმა სრულიად მოულოდნელად წამოიძახა: – ეგ მართლაც ნამდვილი ჯუჯა კაცია და „ვარიეტეს“ თეატრში უფრო ივარგებდა! – რა თქმა უნდა! – გონებადაუტანებლად დავუკარი კვერი მეც და იმდენად ჩაფლული ვიყავი ფიქრებში, რომ პირველად არც შემიმჩნევია, რა უცნაურად დაემთხვა ამხანაგის ნათქვამი ჩემს ფიქრებს, მაგრამ მალევე მოვეგე გონს და სახტად დავრჩი. – დიუპენ, – ვთქვი მძიმედ, – ვერ მივმხვდარვარ, რა ამბავია. გულახდილად უნდა გითხრათ, განცვიფრებული ვარ და ვერ დამიჯერებია. როგორ შეიძლებოდა მიმხვდარიყავით, რომ მე ვფიქრობდი... – აქ შევჩერდი, რათა მეტის უეჭველობით დამედასტურებინა, მართლა იმას გულისხმობდა, ვისზეც მე ვფიქრობდი თუ არა. – ...შანტილიზე, – დააბოლოვა დიუპენმა. – რატომ ჩერდებით? თქვენ თქვენთვის ლაპარაკობდით გულში, რომ ეს დაგვალული მოყვანილობის კაცი ტრაგედიისთვის არაფრად ვარგა. მართლაც სწორედ ამაზე ვფიქრობდი. შანტილი ოდესღაც მეჯღანედ მუშაობდა სენ-დენის ქუჩაზე. გიჟურად უყვარდა თეატრი; პირველად გამოვიდა ქსერქსეს როლში, კრებოლინის ამავე სახელის მქონე ტრაგედიაში და სასტიკად უსტვინეს. – ღვთის გულისათვის, მითხარით, – შევძახე მე, – როგორ მოახერხეთ ჩემს გულში ჩაწვდომა? მართლა ისე შეშფოთებული ვიყავი, არ მინდოდა მთლიანად გამომემჟღავნებინა ჩემი განცვიფრება. – სწორედ მეხილემ გაფიქრებინათ, – მიპასუხა მეგობარმა, – რომ მეჯღანე ვერ შეეტოლებოდა სიმაღლით ქსერქსეს და ყველას მისი ჯურისას. – მეხილე?.. რას ბრძანებთ?.. მე მეხილე არავინ ვიცი! – აი, იმ კაცმა, რომელიც თქვენ დაგეჯახათ, ამ ქუჩაზე რომ შემოვუხვიეთ, თხუთმეტიოდე წუთის წინ. ახლა მართლაც მომაგონდა ვიღაც მეხილე, რომელსაც ვეება კალათა ედგა თავზე და უნებურად კინაღამ წამაქცია. როცა კ.-ს ქუჩიდან აქეთ შემოვუხვიეთ. მაგრამ რა ესაქმებოდა იმასთან შანტილის, ვერ მივმხვდარიყავი.    დიუპენს ოდნავადაც არ ახასიათებდა თაღლითობა. – მე აგიხსნით, – მითხრა მან, – და ყველაფერი რომ მკაფიოდ წარმოიდგინოთ, უპირველეს ყოვლისა, მივყვეთ თქვენი ფიქრების ჯაჭვს იმ მომენტიდან, როცა მე შეგეხმაურეთ, იმ მომენტამდე, როცა ხსენებულ მეხილეს შევხვდით. ჯაჭვის მთავარი რგოლები გახლავთ: შანტილი, ორიონი, დოქტორი ნიქოლზი, ეპიკუროსი, სტერეოტომია, ქუჩის ქვაფენილი, მეხილე. იშვიათად იპოვით ვინმეს, ოდესმე თავი არ შეეყოლიებინა ნაბიჯ-ნაბიჯ უკანდახევით, რათა გაეთვალისწინებინა გზა, როგორ მიაღწია ამა თუ იმ დასკვნას. ეს საქმე ხშირად ძალიან საინტერესოა და ვინც პირველად სცდის, სახტად დარჩება, თითქოსდა რა უსაზღვროდ დიდი მანძილი და რა შეუსაბამობა არსებობს ამოსავალ წერტილსა და საბოლოო დასკვნას შორის. ჰოდა, როგორი უნდა ყოფილიყო ჩემი განცვიფრება, როცა ფრანგის ახლახან ნათქვამი მოვისმინე და არ შემეძლო არ მეღიარებინა, რომ იგი მართლაც ჭეშმარიტებას ღაღადებდა. ის კვლავ განაგრძობდა: – რამდენადაც მახსოვს, სწორედ კ.-ს ქუჩიდან რომ ვუხვევდით, ცხენებზე ვლაპარაკობდით. ეს იყო ჩვენი საუბრის უკანასკნელი საგანი. როცა ამ ქუჩაზე შემოვუხვიეთ, თავზე დიდ კალათშემოდგმულმა მეხილემ ჩაგვიქროლა და მიგაგდოთ მოსაკირწყლავი ქვის გროვაზე, ქვაფენილის შესაკეთებლად რომ დაეხვავებინათ ერთ ადგილას. თქვენ ფეხი რომ დაადგით ქვის ერთ ნატეხს, დაგისხლტათ, ცოტა იტკინეთ კოჭი. ამან შეგაწუხათ თუ გული მოგივიდათ; ორიოდე სიტყვა წაიბურტყუნეთ, თვალი გადაავლეთ ქვის გროვას და კვლავ მდუმარედ განაგრძეთ გზა. მაინცდამაინც განსაკუთრებული ყურადღებით არ მიდევნებია თვალი, რას სჩადიოდით, მაგრამ ბოლო დროს დაკვირვება ჩვეულებად მექცა.    თქვენ თავი არ აგიწევიათ მაღლა – გაგულისებული დაჰყურებდით ქვაფენილის ორმოებსა და ნაპრალებს, მივხვდი, რომ კვლავ ქვებზე ფიქრობდით, ვიდრე ლამარტინის სახელობის პატარა შუკას არ მივაღწიეთ, რომელიც საცდელად ჭადრაკული წესით მოეკირწყლათ ძელაკებით. აქ სახე გაგიბრწყინდათ და ბაგეების მოძრაობაზე შეგნიშნეთ დაბეჯითებით, რომ წაიბუტბუტეთ სიტყვა „სტერეოტომია“ – ტერმინი, რომელიც რატომღაც თავმოსაწონებლად უწოდეს ამ ჯურის ქვაფენილს. მე ვიცოდი, რომ თქვენ არ ახსენებდით თქვენთვის „სტერეოტომიას“, თუ ამასთან ერთად ატომებსაც არ მოიგონებდით და, მაშასადამე, ეპიკუროსის მოძღვრებასაც. და რაკი ამ საგანზე ჩვენი ამასწინანდელი მუსაიფის დროს მე მოგახსენეთ, რა საოცრად დასტურდება და ამავე დროს რა ნაკლებ დაფასებულია იმ კეთილშობილი ბერძენის ბუნდოვანი მიგნებანი ახლანდელი ნებულარული კოსმოგონიის დარგში, ვიგრძენი, რომ თქვენ ვერაფრით ვერ ასცდებოდით ორიონის დიდი ნისლოვანებისთვის თვალის შევლებას და დაბეჯითებით ველოდი კიდეც თქვენგან ამას. თქვენ მართლაც აიხედეთ მაღლა და ახლა უკვე დავადასტურე, რომ სწორ კვალში გიდგავართ, მაგრამ შანტილის წინააღმდეგ მიმართულ იმ მწარე ტირადაში, რომელიც გუშინ „მუსეე“-ში გამოქვეყნდა, სატირიკოსმა სიტყვა რომ უშნოდ გადაჰკრა, მეჯღანის სახელის ტრაგიკოსი მსახიობის სახელით შეცვლაზე, ჩვენგან ხშირად ხსენებული ერთი ლათინური ტაეპიც გამოურია. მე მოგახსენებთ ამ სტრიქონზე: „დაკარგა პირველმა ექომ ძველი ჟღერადობა“    ნათქვამი მაქვს თქვენთვის, რომ ეს ამბავი ეხება ორიონს, თავდაპირველად რომ ურიონი ეწოდებოდა, და ამ ახსნა-განმარტებასთან დაკავშირებული ზოგიერთი ოხუნჯობის წყალობით ვიცოდი, არ დაგავიწყდებოდათ. ამიტომ აშკარა იყო, თქვენ უთუოდ ერთმანეთს დაუკავშირებდით ორიონისა და შანტილის საქმეს. და რომ მართლაც დაუკავშირეთ, მე დავადასტურე თქვენს ბაგეებზე შემჩნეული თავისებური ღიმილით. თქვენ გაიფიქრეთ საბრალო მეჯღანის მსხვერპლად შეწირვაზე. აქამდე წახრილი მიაბიჯებდით, ახლა კი დავინახე, როგორ გაიჭიმეთ მთელი სიმაღლით. მაშინ დავრწმუნდი, რომ შანტილის ჩაგვერა აღნაგობა მოგაგონდათ. ამ დროს შეგაწყვეტინეთ ფიქრი შენიშვნით, რომ რაკი ეგ შანტილი მართლაც ძალიან ჯუჯა ვინმე ბრძანდებოდა, სჯობდა თეატრ „ვარიეტეში“ შესულიყო-მეთქი. ამის მერე დიდ ხანს არ გაევლო, რომ „Gazette des Tribunauex“-ის საღამოს ნომრის გადათვალიერებისას შემდეგმა წერილმა მიიპყრო ჩვენი ყურადღება.    „უჩვეულო მკვლელობა. – ამ დილით, დაახლოებით სამ საათზე, სენ-როშის უბნის მცხოვრებთ ძილი დაუფრთხო საზარელმა წივილ-კივილმა, რომელიც, ეტყობოდა, მორგის ქუჩაზე მდებარე ერთი სახლის მეოთხე სართულიდან გამოდიოდა. ამ სახლში, როგორც ცნობილი გახლდათ, მარტო ქალბატონი ლესპანეი და მისი გაუთხოვარი ქალიშვილი კამილ ლესპანეი ცხოვრობდნენ. ცოტაოდენი შეყოვნების შემდგომ, რაც ჩვეულებრივი გზით შინ შეღწევის ამაო ცდამ გამოიწვია, კარი რკინის კეტით შეამტვრიეს და რვა თუ ათი მეზობელი ორი ჟანდარმის თანხლებით შეიჭრა შიგ. ამ დროს წივილ-კივილი უკვე შეწყდა, ოღონდ, როცა ხალხი კიბის პირველ ბაქანზე არბოდა, გაიგონეს ორი თუ მეტი კაცის გაჯავრებული ლაპარაკის ხმა, რომელიც თითქოს სახლის ზემო ნაწილიდან მოდიოდა. კიბის მეორე ბაქანს რომ მიაღწიეს, ეს ხმიანობაც შეწყდა და სრული სიჩუმე ჩამოვარდა. ხალხი გაიფანტა და სასწრაფოდ შეუდგა ოთახების დათვალიერებას. დიდ საძინებელ ოთახს რომ მიაღწიეს მეოთხე სართულზე, რომლის შიგნიდან ჩაკეტილი კარიც აგრეთვე შეამტვრიეს, დანახულმა სურათმა ყველა იქ დამსწრე არა მარტო შეაძრწუნა, არამედ განაცვიფრა კიდეც.    მთელი ოთახი სასტიკად გახლდათ არეული – ავეჯი დაემსხვრიათ და აქეთ-იქით მიმოეფანტათ. შიგ ერთი საწოლი იდგა და ამ საწოლის ლოგინიც გადმოეთრიათ და შუა ოთახში იატაკზე ეყარა. სკამზე სისხლით გასვრილი სამართებელი იდო. ბუხარში ადამიანის გაჭაღარავებული თმის ორი თუ სამი გრძელი, სქელი ბღუჯა ეგდო აგრეთვე სისხლით მოსვრილი და, ეტყობოდა, ძირიანად ამოგლეჯილი. იატაკზე იპოვეს ოთხი ნაპოლეონდორი, ერთი ტოპაზიონის საყურე, სამი დიდრონი ვერცხლის კოვზი, ალჟირული ლითონის სამი მომცრო კოვზი და ორი აბგა, რომლებშიც თითქმის ოთხი ათასი ფრანკი ეყარა ოქროთი. ერთ კუთხეში მდგარი კომოდის უჯრები გამოღებული და ალბათ გადმოქოთებულიც გახლდათ, თუმცა ბევრი ნივთი კვლავ შიგ იყო. ლოგინქვეშ პატარა რკინის ზარდახშა აღმოჩნდა, ისიც გახსნილი; ოღონდ კლიტე ისევ ჩაეტოვებინათ. რამდენიმე ძველი ბარათისა და სხვა უმნიშვნელო ქაღალდების გარდა შიგ ვერაფერი იპოვეს. ქალბატონ ლესპანეის კვალს ვერ მიაგნეს, მაგრამ ბუხარში უჩვეულოდ ბევრი ჭვარტლი რომ შენიშნეს, საკვამლე მილი გასინჯეს და რაოდენ საზარელიც უნდა იყოს სათქმელად, იქიდან ქალიშვილის გვამი ჩამოათრიეს – იგი წვრილ ხვრელში საკმაოდ შორ მანძილზე ძალით შეეჩურთათ. გვამი სულ თბილი იყო. სხეულის გასინჯვისას ნახეს, რომ კანი მრავალ ადგილას გადაღლეტოდა. უეჭველია, მილში ძალით შეჩრის და მერე უკან გამოძრობის მიზეზით. სახე სასტიკად ჰქონდა დაკაწრული, ხოლო ყელზე დალილავებული ადგილები და ღრმა ნაფრჩხილარები ემჩნეოდა, თითქოს განსვენებული ხელით დაუხრჩვიათო.    სახლის ყოველი კუნჭულის გულმოდგინე მოჩხრეკის შემდგომ, რაკი ვეღარაფერი აღმოაჩინეს, სახლის უკან მდებარე ფილაქნით მოგებულ პატარა ეზოში ჩავიდნენ, სადაც მოხუცი მანდილოსნის გვამი ეგდო – ყელი ისე ჰქონდა გამოღადრული, რომ აწევის დროს თავი მთლიანად მოვარდა მკვდარს. ტანიც და თავიც ისე საზარლად გახლდათ დამახინჯებული, თითქმის ვეღარც გაარჩევდით, ადამიანის იყო თუ არა. იდუმალებით მოცული ეს შემაძრწუნებელი ბოროტმოქმედება ჯერჯერობით სრულიად გაურკვეველია“.    მეორე დღის გაზეთში დამატებითი დაწვრილებითი ცნობები ეწერა. „მორგის ქუჩის ტრაგედია. ბევრი დაკითხეს ამ ფრიად არაჩვეულებრივი და შემაძრწუნებელი საქმისათვის, მაგრამ ჯერ მაინც ვერ მოეფინა შუქი მას. ქვემოთ მოგვაქვს დაკითხვის მთელი მასალა.    პოლინ დიუბური. მრეცხავი, უჩვენებს, რომ იგი სამი წელია იცნობდა ორივე განსვენებულს, რადგან ამ ხნის განმავლობაში სარეცხს ურეცხავდა. მოხუცი მანდილოსანსა და მის ქალიშვილს კარგი ურთიერთობა ჰქონდათ ერთმანეთთან – ძალიან უყვარდათ ერთმანეთი. ჩინებული გადამხდელები იყვნენ. ვერაფერი თქვა მათი ცხოვრების გარემოებათა ანდა საშუალებათა შესახებ. ჰგონია, რომ ქალბატონი ლ. მკითხაობით ირჩენდა თავს. ამბობდნენ, ფული აქვს შემონახულიო. სარეცხის წასაღებ-წამოსაღებად რომ დადიოდა, სახლში სხვა არავინ უნახავს. დარწმუნებულია, რომ მსახური არ ჰყავდათ. გარდა მეოთხე სართულისა, სახლის სხვა რომელიმე ნაწილში თითქოს ავეჯი არსად მოიპოვებოდა.    პიერ მორო, მეთუთუნე, აჩვენებს, რომ ქალბატონი ლესპანეი თითქმის ოთხი წელიწადია მასთან ყიდულობდა ცოტ-ცოტა თამბაქოსა და ბურნუთს. დაბადებულია ამ უბანში და სულ აქ ცხოვრობს. განსვენებულსა და მის ქალიშვილს ის სახლი, რომელშიც გვამები იპოვეს, ექვს წელიწადზე მეტია უჭირავთ. იგი წინათ ოქრომჭედელს ეჭირა, რომელიც ზემო ოთახებს სხვადასხვა პირებზე აქირავებდა ხოლმე. სახლის პატრონი იყო ქალბატონი ლ. მას ეწყინა, მდგმური რომ შენობას აქირავებდა; თვითონვე დაბინავდა შიგ და არც ერთ ნაწილს აღარ აქირავებდა. მოხუცი მანდილოსანი ბავშვური ხასიათისა გახლდათ. ამ ექვს წელიწადში მოწმეს მხოლოდ ხუთჯერ თუ ექვსჯერ უნახავს ქალიშვილი. ორივენი ძალიან განდეგილად ცხოვრობდნენ – ამბობდნენ, ფული აქვთო. გაუგონია, მეზობლებში ლაპარაკობდნენ, ქალბატონი ლ. მკითხაობსო, მაგრამ მას არ სჯეროდა. მათ სახლში მოხუცი მანდილოსნის და მისი ქალიშვილის გარდა მხოლდ ერთი-ორჯერ მოუკრავს თვალი მეეზოვისთვის და რვა თუ ათჯერ – ექიმისთვის.    ბევრი სხვა მეზობელიც ამას აჩვენებს. არ შეუმჩნევიათ, რომ იქ ვინმეს ევლოს. არავინ იცის, ვინმე ცოცხალი ნათესავი ჰყავდა თუ არა ქალბატონ ლ.-ს და მის ასულს. სახლის ფასადის დარაბებს იშვიათად აღებდნენ; ხოლო უკანა დარაბები კი სულ ჩარაზული იყო, გარდა მეოთხე სართულის დიდი ოთახის ფანჯრისა. სახლი კარგი იყო, არცთუ ძალიან ძველი.    ისიდორ მიუზე, ჟანდარმი, უჩვენებს, რომ იგი გამოიძახეს დაახლოებით დილის სამ საათზე და შესასვლელთან ოცი-ოცდაათი კაცი დახვდა, რომლებიც სახლში შესვლას ცდილობდნენ. ბოლოს კარი გააღო ხიშტით და არა რკინის კეტით. ძალიან არ გასძნელებია მისი გაღება, რადგან ორფა კარი იყო და თანაც არც ზემოთ იყო დამაგრებული და არც ქვემოთ. წივილ-კივილი კარის გახსნამდე გრძელდებოდა, მერმე კი უცებ შეწყდა. ეტყობოდა, სულთა ბრძოლის ყოფაში მყოფი ერთი თუ რამდენიმე პირი კიოდა. წივილ-კივილი იყო ხმამაღალი და გაგრძელებული და არა მოკლე და მკვეთრი, მოწმე პირველი მიდიოდა კიბეზე. პირველ ბაქანს რომ მიაღწიეს, ორი ხმა გაიგონეს – ხმამაღლა, გაჯავრებით ეკამათებოდნენ ერთმანეთს. ერთს ტლანქი, ხრინწიანი ხმა ჰქონდა, მეორეს – გაცილებით მკვეთრი და უცნაური. გაარჩია პირველის ნათქვამი რამდენიმე სიტყვა, რომელიც ფრანგული იყო. დარწმუნებულია, რომ ეს ხმა ქალს არ ეკუთვნოდა. გაარჩია სიტყვები – „დალახვროს“ და „ეშმაკი“. მკვეთრი ხმა უცხოელისა უნდა ყოფილიყო. ვერ გაარჩია დაბეჯითებით, ეს ხმა კაცისა იყო თუ ქალისა. ვერც ნათქვამი გაიგო, ოღონდ ჰგონია, რომ ესპანური იყო. ოთახისა და გვამების ვითარება მოწმემ ისე აღწერა, როგორც გუშინ აღვწერეთ ჩვენს გაზეთში.    ანრი დიუვალი, მეზობელი და ხელობით ოქრომჭედელი, უჩვენებს, რომ იგი ერთი პირველთაგანი შევიდა სახლში. საერთოდ ადასტურებს მიუზეს ჩვენებას. როგორც კი შევიდნენ შიგ, კარი ისევ მიხურეს, რომ ხალხის ბრბო არ შეჭრილიყო, რომელმაც ბლომად მოიყარა თავი ძალიან მალე, მიუხედავად გვიანი ღამისა. ამ მოწმის აზრით, მკვეთრი ხმა იტალიელისა უნდა ყოფილიყო. დარწმუნებულია, ფრანგული არ იყო. ბეჯითად არ შეუძლია თქმა, კაცს ეკუთვნოდა ეს ხმა თუ არა. ქალისაც შეიძლებოდა ყოფილიყო. იტალიური არ იცის. ვერ გაარჩია სიტყვები, მაგრამ კილოზე შეატყო დარწმუნებით, რომ მოლაპარაკე იტალიელი იქნებოდა. იცნობდა ქალბატონ ლ.-ს და მის ქალიშვილს. ორივესთან ხშირად უსაუბრია. დარწმუნებულია, რომ მკვეთრი ხმა მიცვალებულთაგან არც ერთს არ ეკუთვნოდა.    ოდენ ჰაიმერი, რესტორნის პატრონი. – ეს მოწმე თავისი ნებით გამოცხადდა ჩვენების მოსაცემად. რაკი ფრანგულად ვერ ლაპარაკობს, დაკითხულ იქნა თარჯიმნის მეშვეობით. ამსტერდამელია. წივილ-კივილის დროს სახლთან ჩაუვლია. წივილ-კივილი რამდენიმე წუთს, შეიძლება ათ წუთსაც გრძელდებოდა. კივილი გაგრძელებული და ხმამაღალი იყო – ძალიან შემაძრწუნებელი და საზარელი. სახლში შემსვლელთაგანია. დაადასტურა წინა ჩვენება მთლიანად, გარდა ერთი პუნქტისა. დარწმუნებულია, მკვეთრი ხმა მამაკაცს ეკუთვნოდა და ისიც ფრანგს. ვერ შეძლო გაერჩია წარმოთქმული სიტყვები. ხმამაღლა, სწრაფად იყო ნათქვამი და არათანაბარი კილოთი; თითქოს თან შიშით და თანაც გაჯავრებით. ხმა უსიამო და ხრინწიანი უფრო იყო, ვიდრე მკვეთრი – მკვეთრს ვერ დაარქმევს იმნაირ ხმას. ტლანქმა ხმამ რამდენჯერმე გაიმეორა „ეშმაკი“ და ერთხელ – „ღმერთო ჩემო“. ჟიულ მინიო, ბანკირი, ფირმა „მინიო და ძენი“, დელორენის ქუჩა. – უფროსი მინიო, ქალბატონ ლესპანეის ცოტაოდენი ქონება ჰქონდა. მას საბანკო სახლში ანგარიში გაუხსნეს რვა წლის წინ გაზაფხულზე, ხშირად შემოჰქონდა ცოტ-ცოტა თანხა. ფული არ გაჰქონდა ხოლმე. მხოლოდ სიკვდილამდე სამი დღით ადრე პირადად გამოიტანა 4000 ფრანკი. ეს თანხა ოქროთი გადაუხადეს და ბანკის მოსამსახურემ მოუტანა შინ.    ადოლფ ლებონი, ფირმა „მინიო და ძენის“ მოსამსახურე, აჩვენებს, რომ ხსენებულ დღეს, დაახლოებით შუადღისას, მან მიაცილა შინ ქალბატონი ლესპანეი 4000 ფრანკითურთ, რომელიც ორ აბგაში იყო მოთავსებული. კარი რომ გაიღო, მადმუაზელ ლ. გამოვიდა და ერთი აბგა მან ჩამოართვა, მეორე კი მოხუცებულმა მანდილოსანმა. შემდეგ იგი გამოესალმა მათ და წამოვიდა. მაშინ ქუჩაში არავინ არ შეუმჩნევია. ეს გვერდითი ქუჩაა – ძალიან მიყრუებული.    უილიამ ბერდი, თერძი, აჩვენებს, რომ ისიც შევიდა სახლში. ინგლისელია. პარიზში ორი წელიწადია ცხოვრობს. ერთ-ერთი პირველთაგანი ავიდა კიბეზე. ყური მოჰკრა მოჩხუბრების ხმებს. ჩახრინწული ხმის პატრონი ფრანგი იყო. რამდენიმე სიტყვა გაარჩია, მაგრამ ახლა ყველა ვეღარ მოუგონებია. გარკვევით გაიგონა „დალახვროს“ და „ღმერთო ჩემო“. ერთ ხანს ისეთი ხმა ისმოდა, თითქოს რამდენიმე კაცი იბრძვისო – ბღლარძუნისა და ჩხუბის ხმა იყო. მკვეთრი, მწივანა ხმა მაღალი ჩანდა, გაცილებით მაღალი, ვიდრე ხრინწიანი ხმა. დარწმუნებულია, რომ იგი ინგლისელის ხმა არ უნდა ყოფილიყო. უფრო გერმანელისას ჰგავდა. შეიძლება ქალის ხმაც იყო. გერმანული არ იცის.    ზემოხსენებულთაგან ოთხმა მოწმემ მეორედ დაკითხვისას აჩვენა, რომ კარი იმ ოთახისა, რომელშიც მადმუაზელ ლ-ს გვამი იპოვეს, შიგნიდან იყო ჩაკეტილი. როცა ხალხმა მიაღწია მას, სრული სიჩუმე სუფევდა – არც კვნესა ისმოდა, არც ჩამიჩუმი. კარი რომ შეამტვრიეს, შიგ არავინ დახვედრიათ. ორივე, წინა და უკანა ოთახების ფანჯრები ჩამოშვებული გახლდათ და მაგრად იყო ჩაკეტილი შიგნიდან. ამ ორ ოთახს შორის გამავალი კარიც მიხურული იყო, ოღონდ არ ჩაეკეტათ. წინა ოთახიდან ტალანში გამავალი კარიც ჩაკეტილი გახლდათ შიგნიდან და კლიტეც შიგ ჩაეტოვებინათ. ქუჩის გადამყურე პატარა ოთახის კარი მეოთხე სართულზე, ტალანის ბოლოს, გახსნილი და გამოღებული იყო. ეს ოთახი აევსო ძველ საწოლებს, ყუთებსა და სხვა ხარახურას. ესენი ფრთხილად იქნა გამოტანილი და გასინჯული. სახლის ყოველი გოჯი გულმოდგინედ გაისინჯა. საკვამლე მილები ბუხრის მწმენდელებით გაწმინდეს. სახლი ოთხსართულიანი გახლდათ, მანსარდიანი. სახურავზე ასასვლელი კარი ძალიან გულმოდგინედ დაელურსმათ – ჩანდა, წლების განმავლობაში არავის გაეხსნა. დროის ხანგრძლივობა მოჩხუბართა ხმების გაგონებიდან ოთახის კარის შემტვრევამდე მოწმეებმა სხვადასხვანაირად უჩვენეს. ზოგი სამ წუთს ვარაუდობს, ზოგი – ხუთს. კარის გაღება გაუჭირდათ.    ალფონზო გარსია, მეკუბოე, აჩვენებს, რომ იგი მორგის ქუჩაზე ცხოვრობს. ესპანეთის მკვიდრია. ერთ-ერთი შემსვლელთაგანია სახლში. ზემოთ აღარ ასულა. ნერვიულია და ეშინოდა, არ ავღელდეო. მოჩხუბართა ხმები გაიგონა. ხრინწიანი ხმა ფრანგისა იყო. ვერ გაარჩია, რას ამბობდნენ. მწივანა ხმა ინგლისელს ეკუთვნოდა – ამაში დარწმუნებულია. ინგლისური არ იცის, მაგრამ კილოზე დაასკვნის.    ალბერტო მონტანი, მეშაქარლამე, აჩვენებს, რომ იგი ერთ-ერთი პირველთაგანი ავიდა კიბეზე. გაიგონა ხსენებული ხმები. ხრინწიანი ხმა ფრანგს ეკუთვნოდა. რამდენიმე სიტყვა გაარჩია. მოლაპარაკე, ეტყობოდა, ვიღაცას ტუქსავდა. მწივანა ხმით ნათქვამი სიტყვები ვერ გაარჩია. სწრაფად და უთავბოლოდ ლაპარაკობდა. რუსული ჰგონია. ადასტურებს საერთო ჩვენებებს. იტალიელია. რუსეთის რომელიმე მკვიდრთან არასოდეს ჰქონია ურთიერთობა.    ბევრმა მოწმემ, მეორედ დაკითხვისას, დაადასტურა, რომ მეოთხე სართულის ყველა ოთახის საკვამლე მილი იმდენად ვიწრო იყო, შიგ ადამიანი ვერ გაეტეოდა. „ბუხრის მწმენდელებში“ ცილინდრული საწმენდი ჯაგრისები იგულისხმებოდა, რომლითაც ბუხრის მწმენდელები საკვამლე მილებს წმენდენ ხოლმე. ეს ჯაგრისები სახლის ყველა საკვამლე მილში აატარ-ჩაატარეს. სახლს უკანა კიბე არ გააჩნია, რომლითაც ვინმეს შეეძლებოდა ჩასვლა. ვიდრე ხალხი ზევით ადიოდა. მადმუაზელ ლ ესპანეის გვამი ისე მაგრად იყო შეჩურთული საკვამლე მილში, რომ მანამ ვერ მოახერხეს მისი ჩამოთრევა, სანამ ოთხი-ხუთი კაცი ერთად არ მოეჭიდა.    პოლ დიუმა, ექიმი, აჩვენებს, რომ იგი დაახლოებით რიჟრაჟზე გამოიძახეს გვამების გასასინჯად. მაშინ ორივე გვამი დასვენებული იყო საწოლის გადასაფარებელ სქელ ტილოზე იმ ოთახში, სადაც მადმუაზელ ლ. იპოვეს. ახალგაზრდა ქალის სხეული ძალიან დალილავებული და დაჩეჩქვილ-გადატყავებული ჩანდა. ეს ადვილად შეიძლებოდა დამართოდა განსვენებულის გვამს, რაკი საკვამლე მილში ამნაირად შესჩარეს. ყელი ძალიან ჰქონდა დაზიანებული. სწორედ ნიკაპს ქვეშ, რამდენიმე ღრმა ნაკაწრი აჩნდა, აგრეთვე ბევრი დალილავებული ლაქაც ჰქონდა, ალბათ თითების დაჭერით გამოწვეული. სახე საზარლად გალურჯებოდა, ხოლო თვალები გადმოკარკლოდა. ენა კინაღამ სულ მოეკვნიტა. გულის კოვზზეც მოზრდილი დალილავებული ადგილი აღმოჩნდა, ალბათ ზედ მუხლის დაჭერით გამოწვეული. ბატონ დიუმას აზრით, მადმუაზელ ლ ესპანეი ვიღაცამ თუ ვიღაცებმა დაახრჩვეს. დედის გვამი საშინლად იყო დამახინჯებული. მარჯვენა ხელ-ფეხის ძვლები მეტ-ნაკლებად სულ დამტვრეული გახლდათ. მარცხენა წვივის ძვალი და აგრეთვე მარცხენა ნეკნის ყველა ძვალი ძალიან ჩალეწოდა. მთელი სხეული საზარლად იყო დალილავებულ-ჩალურჯებული. არ ჩანდა რით მიეყენებინათ ეს დაზიანებანი. მძიმე ხის კეტს ან რკინის ფართო ნაჭერს, სკამს ანდა დიდ, მძიმე, ბლაგვ რაიმე იარაღს შეეძლო გამოეწვია ასეთი შედეგები, თუ ძალიან ღონიერი კაცის ხელი იხმარდა მათ. ვერც ერთი ქალი ვერანაირი იარაღით ვერ მოახერხებდა ასეთი დარტყმების მიყენებას. განსვენებულის თავი, როცა მოწმემ იგი იხილა, სრულიად მოშორებული გახლდათ ტანს და თან ძალიანაც იყო დაჩეჩქვილი. ყელი, ეტყობოდა, რაღაც ბასრი იარაღით გამოეჭრათ – ალბათ სამართებლით. ალექსანდრე ეტიენი, დასტაქარი, ბატონ დიუმასთან ერთად იქნა მოწვეული გვამების გასასინჯათ. დაადასტურა ბატონი დიუმას ჩვენება და დასკვნები. სხვა, უფრო მნიშვნელოვანი რამ აღარაფერი გამორკვეულა, თუმცა ბევრი სხვა პირიც იქნა დაკითხული. ასე უცნაური და ყოველმხრივ ასე დამაბნეველი, შემაშფოთებელი მკვლელობა არასოდეს ჩაუდენიათ პარიზში – თუკი მართლა მკვლელობაა ჩადენილი. პოლიციამ აღარ იცის, რა გზას დაადგეს – უჩვეულო ამბავი გახლავთ ამნაირი ჯურის საქმეებში. მაინც არავითარი კვალის ნასახიც კი არსად ჩანს“.    გაზეთის საღამოს გამოშვებაში ეწერა, სენ როშის უბანში კვლავ დიდი ალიაქოთიაო. ხსენებული სახლი კიდევ გაეჩხრიკათ გულმოდგინედ, მოწმეებიც ხელახლა დაეკითხათ, მაგრამ სულ ამაოდ. მინაწერში აგრეთვე იუწყებოდნენ, რომ ადოლფ ლებონი დაატუსაღესო, თუმცა ბრალის დასადებად უკვე ხსენებული ფაქტების გარდა სხვა არაფერი აღმოჩენილა. დიუპენი, ჩანდა, ძალიან დააინტერესა ამ საქმის ძიების მიმდინარეობამ. ყოველ შემთხვევაში, მე ასე დავასკვენი მისი ქცევის მიხედვით, რადგან თვითონ არაფერი წამოსცდენია. მხოლოდ მაშინ მკითხა, რა აზრისა ხარ ამ მკვლელობის თაობაზეო, როცა ლებონის დაპატიმრების ამბავი გამოცხადდა. მე მხოლოდ ის შემეძლო მთელ პარიზთან ერთად ეს მკვლელობა ამოუხსნელ საიდუმლოდ მეცნო. ვერ ვხედავდი საშუალებას, რომლითაც შესაძლებელი იქნებოდა მკვლელის მიკვლევა.    საშუალებებზე ამ ზერელე გამოძიების მიხედვით არ უნდა ვიმსჯელოთ, – თქვა დიუპენმა. – გამჭრიახობით ქებულ პარიზის პოლიციას მხოლოდ და მხოლოდ ცბიერებითა და მზაკვრობით თუ გააქვს თავი. მათ მოქმედებაში მეთოდი არ ჩანს, თუ მეთოდად არ ჩავთვლით წუთიერი ხელსაყრელი შემთხვევის გამოყენების უნარს. თავი მოსწონთ თავიანთი ღონისძიებებით, მაგრამ ხშირად ეს ღონისძიებანი ისე ცუდად შეესაბამება განზრახულ საქმეს, რომ გვაგონდება ბატონი ჟურდენის განკარგულება, მომართვით ჩემი „ხალათი, რათა უკეთ მოვისმინო მუსიკა“. მათი გამოძიების შედეგები არა იშვიათად განსაცვიფრებელია, მაგრამ ისინი უპირატესად უბრალო ბეჯითობითა და გულმოდგინებით გახლავთ მოპოვებული. თუ ამ თვისებებმა არ გაჭრა, მათი საქმე წასულია. მაგალითად, ვიდოკი კარგი მაძიებელი და ბეჯითი კაცი იყო, მაგრამ რაკი გონებრივი მსჯელობის უნარი აკლდა, მუდამ ცდებოდა სწორედ თავისი ამ გულმოდგინებით. იგი თავისი მხედველობის უნარს თვალებთან საგნის ძალიან ახლოს მიტანით ასუსტებდა. შესაძლოა, ერთ ან ორ წერტილს არაჩვეულებრივ მკაფიოდ ხედავდა, მაგრამ ამასობაში უეჭველად მხედველობიდან ეკარგებოდა მთელი საგნის ხედი. ასე იცის საქმის ძალიან ჩაკირკიტებამ. ჭეშმარიტება ყოველთვის ჭაში არ იმალება. სინამდვილეში, რაც უფრო მნიშვნელოვანი ცოდნის დარგს ეხება, დარწმუნებული ვარ, იგი მუდამ ზედაპირზე ზერელედ სუფევს. ჩვენ მას ხევხუვებში ვეძიებთ და არა მწვერვალთა თხემებზე, სადაც იგი მოიპოვება. ამ ჯურის შეცდომათა ხასიათი და წყარონი ჩინებულად სურათდება ზეციურ სხეულებზე დაკვირვების დროს. თუ ვარსკვლავს მსწრაფლ შევავლებთ თვალს, ანდა თუ მას ალმაცერად შევხედავთ ბადურის გარე ნაწილის მისკენ მიბრუნებით (რომელიც უფრო მგრძნობიარეა შუქის სუსტი შთაბეჭდილებების მიმართ, ვიდრე შიგნითა ნაწილი), ვარსკვლავს უფრო მკაფიოდ დავინახავთ, უკეთ აღვიქვამთ მის ელვარებასა და შუქს, რომელიც მით უფრო ბუნდოვანი ხდება, რაც უფრო ვუპირდაპირებთ მას თვალს. მართალია, ამ შემთხვევაში სხივების მეტი რაოდენობა ეცემა თვალს, მაგრამ პირველ შემთხვევაში გაცილებით მეტი შესაძლებლობა გახლავთ მკაფიოდ აღქმისა. შეუსაბამო ჩაღრმავებით უფრო ვართულებთ და ვასუსტებთ აზროვნებას და შესაძლოა, თვით ცისკრის ვარსკვლავიც კი გაგვიქრეს ცის კამარაში, თუ მეტისმეტად დაკვირვებით, მეტისმეტად გულმოდგინებით და მეტისმეტი დაშტერებით დავუწყებთ მას ჭვრეტას.    რაც შეეხება ამ მკვლელობებს, მოდით ცოტა ჩვენ თვითონ გავჩხრიკოთ საქმე, ვიდრე რაიმე დასკვნას გამოვიტანდეთ. გამოძიებით თავს შევიყოლიებთ (მე უცნაურად მეჩვენა ასეთი გამოთქმა, მაგრამ არაფერი მითქვამს); თან ლებონმა ოდესღაც ისეთი სამსახური გამიწია, რომ მისდამი უმადურობის გამოჩენა არ მმართებს. წავიდეთ და ჩვენი საკუთარი თვალით დავათვალიეროთ ის სახლ-კარი. პოლიციის პრეფექტი გ. ჩემი ნაცნობია და საჭირო ნებართვის აღება არ გაგვიძნელდება. ნება დაგვრთეს და ჩვენც მყის მივაშურეთ მორგის ქუჩას. ეს გახლავთ ერთი იმ საცოდავ შუკათაგანი, რომელნიც რიშელიესა და სენ-როშის ქუჩებს აერთებენ. მხოლოდ გვიან ნაშუადღევს მივაღწიეთ იქ, რადგან ეს უბანი ძალიან იყო დაშორებული ჩვენს საცხოვრებელ ადგილს. სახლი მალე ვიპოვეთ, ვინაიდან ქუჩის მოპირდაპირე მხრიდან ჯერ კიდევ ბევრი უსაქმური ცნობისმოყვარეობით შესჩერებოდა დახურულ დარაბებს. ჩვეულებრივი პარიზული სახლი ჩანდა. შესასვლელის ერთ მხარეს შემინული ბუდრუგანა იდგა ასაწევ-დასაწევი სარკმლითურთ – ეტყობოდა მეკარის ჯიხური იყო. სანამ შინ შევიდოდით, ის ქუჩა ჩავიარეთ, მერმე მოსახვევში შევუხვიეთ, კიდევ შევუხვიეთ და შენობას ზურგში მოვექეცით. დიუპენი ამასობაში დიდი გულისყურით ათვალიერებდა მთელ შემოგარენს და თვით სახლს, მე კი საყურადღებო არაფერი შემინიშნავს.    უკან გამოვბრუნდით, კვლავ სახლის კარს მივადექით, დავრეკეთ, ვუჩვენეთ ნებართვის საბუთი და პოლიციის მორიგე აგენტებმა შიგ შეგვიშვეს. ავედით მაღლა, იმ ოთახში, სადაც მადმუაზელ ლ ესპანეის გვამი იპოვეს და სადაც ახლა ორივე მიცვალებული ესვენა. ოთახში კვლავ არეულობა იყო. რაც გაზეთში ეწერა, იმის გარდა სხვა არაფერი შემინიშნავს. დიუპენმა ბეჯითად გასინჯა ყველაფერი – მსხვერპლთა გვამებიც კი არ დაუტოვებია ისე. სხვა ოთახებიც მოვათვალიერეთ და ეზოში ჩავედით. ჟანდარმი ყველგან ფეხდაფეხ დაგვდევდა. სინჯვას დაღამებამდე მოვუნდით და მხოლოდ დაბნელებულს გავუდექით გზას შინისკენ. გზაში ჩემმა ამხანაგმა წუთით ერთი ყოველდღიური გაზეთის რედაქციაში შეირბინა. უკვე მოგახსენეთ, ჩემი მეგობარი დიდი ხუშტურიანი ვინმე რომ ბრძანდებოდა და მეც ხელს ვუწყობდი. ამჟამად მოეპრიანა სულაც კრინტი აღარ დაეძრა მკვლელობის საქმეზე და მხოლოდ მეორე დღეს შუადღისას ამოიღო ხმა. მაშინ იგი ანაზდად დამეკითხა, რამე „თავისებური“ ხომ არ შეგინიშნავს ამ მხეცური მკვლელობის სურათშიო. ისეთი კილოთი გაუსვა ხაზი სიტყვას „თავისებური“, რომ, არ ვიცი რატომ, უნებურად შევკრთი. – არა, არაფერი თავისებური არ შემინიშნავს, – მივუგე მე, – ყოველ შემთხვევაში, იმის გარდა არაფერი, რაც ორივემ ერთად ამოვიკითხეთ გაზეთში. – გაზეთში, ვშიშობ, არაფერი იყო ნათქვამი, – მითხრა დიუპენმა, – ამ მკვლელობის განსაკუთრებულ საზარლობაზე. მაგრამ თავი დავანებოთ ამ გაზეთზე ამაო მსჯელობას. მე მგონი, ეს საიდუმლოებით მოცული ამბავი სწორედ იმ მიზეზის გამო მიაჩნიათ გადაუწყვეტლად, რომელიც აადვილებს მის ამოხსნას – მე ვგულისხმობ ჩადენილი დანაშაულის არაჩვეულებრივ გაზვიადებულ ხასიათს. პოლიცია დააბნია თითქოს არა თვითმკვლელობის, არამედ მკვლელობის მხეცური, საზარელი ხასიათის მოჩვენებითმა უსაბაბობამ. ისინი შეშფოთებული არიან იმითაც, რომ შეუძლებლად ეჩვენებათ მოჩხუბართა გაგონილი ხმების შეთანხმება იმ გარემოებასთან, რომ მოკლული მადმუაზელ ლესპანეის გარდა ოთახში არავინ აღმოჩნდა, იქიდან კი თავს ვერავინ დააღწევდა ისე, რომ კიბეზე ამავალ ხალხს არ შეემჩნია. ოთახის საშინელი გადაქოთება, საკვამლე მილში ფეხებით აღმა შეჩურთული გვამი, მოხუცი მანდილოსნის საზარლად დამახინჯებული სხეული – ეს მოსაზრებანი ახლახან ხსენებულ და აგრეთვე სხვა, არსახსენებელ მოსაზრებებთან ერთად, საკმაო გახლდათ, რათა წაერთმია ძალა და სრულიად აებნია თავგზა მთავრობის აგენტების ნაქები გამჭრიახობისთვის. მათ მოუვიდათ უხეში, მაგრამ საერთო შეცდომა, არაჩვეულებრივი რომ გაუგებარსა და ძნელად ასახსნელში აურიეს. მაგრამ სწორედ ჩვეულებრივისგან განსხვავებულის მეშვეობით იკვლევს გზას გონიერება ჭეშმარიტების ძიების საქმეში. ჩვენს ახლანდელ კვლევა-ძიებაში იმდენად ის კი არ უნდა ვიკითხოთ, „რა მოხდა“, არამედ „რა მოხდა ისეთი, რის მსგავსიც წინათ არ მომხდარა“. მართლაც, ის სიადვილე, რომლითაც ამოვხსნი, თუ უკვე ამოვხსენი ეს საიდუმლოება, პირდაპირ დამოკიდებულებაშია მის მოჩვენებით ამოუხსნელობასთან პოლიციის თვალში.    ენაჩავარდნილი, განცვიფრებით მივაშტერდი ამხანაგს. – მე ახლა ველი, – განაგრძო მან და თან კარისკენ გაიხედა, – მე ახლა ველი ერთ კაცს, რომელიც შეიძლება ამ სიმხეცის ჩამდენი არ იყოს, მაგრამ ნაწილობრივ ხელი მაინც შეუწო ბოროტმოქმედებას. იმედი მაქვს, ჩემი ეს ვარაუდი მართალია, ვინაიდან ამაზე ვამყარებ მთელი ამ გამოცანის ამოხსნის იმედს. აქ ველი, ამ ოთახში, ყოველ წუთს. მართალი მოგახსენოთ, შესაძლოა, არც მოვიდეს, მაგრამ ალბათ მოვა. თუ მოვიდა, აუცილებელია მისი დაკავება. აი, დამბაჩები და ჩვენ ორივემ ვიცით, როგორ უნდა მოვიხმაროთ ისინი, თუ საჭიროება მოითხოვს.    მე ავიღე დამბაჩები ისე, რომ თითქმის არც ვიცოდი, რას ჩავდიოდი და არც მჯეროდა განაგონი; დიუპენი კი განაგრძობდა, თითქოს თავის თავს ელაპარაკებაო. უკვე მოგახსენეთ, რა განდგომილივით იქცეოდა ხოლმე ამისთანა დროს. იგი მე მომმართავდა. მაგრამ მის ხმას, საკმაოდ დაბალს, ისეთი კილო ჰქონდა, რომელსაც ჩვეულებრივ ძალიან შორს მდგომთან ლაპარაკის დროს რომ იყენებენ. თვალები უაზროდ მიეშტერებინა კედლისთვის. – კიბეზე ამსვლელთაგან გაგონილი ხმები რომ თვით ქალებისა არ იყო, ერთხმად დაადასტურეს მოწმეებმა, – თქვა დიუპენმა. – ეს სრული უეჭველობით ამტკიცებს, რომ ბებერი ვერ მოკლავდა ქალიშვილს და მერმე თვითონ ვერ მოიკლავდა თავს. ამ საკითხზე მხოლოდ კვლევა-ძიების მეთოდის ნათელყოფისთვის ვლაპარაკობ, თორემ ქალბატონი ლესპანეი თავისი ძალ-ღონით, რასაკვირველია, ვერამც და ვერამც ვერ შეძლებდა ქალიშვილის გვამის საკვამლე მილში ისე შეჩურთვას. ამასთანავე, თვით მისი ჭრილობების ხასიათიც სრულიად გამორიცხავს თვითმკვლელობის ვარაუდს. მაშასადამე, მკვლელობა ვიღაც მესამეთა ჩადენილია და სწორედ ამ მესამე ჯგუფის ხმები გაიგონეს კიბეზე ასვლის დროს. ახლა ნება მიბოძეთ, გავიხსენიოთ არა მთელი ჩვენებანი ამ ხმების თაობაზე, არამედ ის, რაც თავისებური და განსაკუთრებული იყო ამ ჩვენებებში. თქვენ შენიშნეთ აქ რაიმე თავისებურება?    მე ვუპასუხე, რომ, ერთი მხრივ, თუ ყველა მოწმე ერთხმად აღიარებდა, ხრინწიანი ხმა ფრანგს ეკუთვნოდა, მეორე მხრივ, ერთმანეთისგან ძალიან განსხვავებით ლაპარაკობდნენ მკვეთრი თუ, როგორც ერთმა თქვა, მწივანა ხმის შესახებ. – ეგ თვით ჩვენებაა და არა ჩვენების თავისებურება, – თქვა დიუპენმა. – განსაკუთრებული ვერაფერი შეგიმჩნევიათ, შესამჩნევი კი სწორედ რომ გახლდათ. მოწმენი, როგორც თქვენც ბრძანეთ, თანხმობით ლაპარაკობდნენ ხრინწიან ხმაზე. აქ ერთსულოვანი იყვნენ, მაგრამ მკვეთრი ხმის შესახებ კი ის თავისებურება გახლავთ, რომ არა მარტო ვერ თანხმდებოდნენ ერთმანეთში, არამედ როცა იტალიელი, ინგლისელი, ესპანელი, ჰოლანდიელი და ფრანგი ცდილობდნენ მის აღწერას, სათითაოდ ყველანი აღიარებდნენ, ეგ ხმა უცხოელს ეკუთვნოდაო. ყველა დარწმუნებულია, ეს ხმა მისი თანამემამულისა არ იყო. ყველა ამსგავსებს მას არა მისთვის კარგად ნაცნობი რომელიმე ერის შვილის ხმას, არამედ პირიქით. ფრანგს ესპანელის ხმა ჰგონია და „შეეძლო გაერჩია კიდეც ზოგიერთი სიტყვა, ესპანური ენა რომ სცოდნოდა“. ჰოლანდიელი ამტკიცებს, ფრანგის ხმა იყო, მაგრამ მოხსენიებულია, რომ „რაკი ამ მოწმემ ფრანგული არ იცოდა, თარჯიმნის მეშვეობით იქნა დაკითხული“. ინგლისელს გერმანელის ხმად ეჩვენა, ოღონდ „გერმანული არ ესმის“. ესპანელი „დარწმუნებულია“, ეგ ინგლისელის ხმა იყო, მაგრამ დასძენს, რომ „ასკვნის კილოს მიხედვით, ვინაიდან ინგლისური არ იცის“. იტალიელს რუსის ხმად მიაჩნია, ოღონდ „რუსეთის რომელიმე მკვიდრთან საქმე არასოდეს ჰქონია.“ პირველისგან განსხვავებით მეორე ფრანგს სჯერა, ხმა იტალიელს ეკუთვნოდა, მაგრამ ეგ ენა არ იცის და ესპანელის მსგავსად „კილოზე ატყობს“. მაშ, მართლაც რა უცნაური და არაჩვეულებრივი ხმა უნდა ყოფილიყო, რომ ასეთი ჩვენებანი გამოიწვია! მის კილოში ხომ ევროპის ხუთი დიდი სახელმწიფოს შვილებმა ვერანაირი ნაცნობი ბგერა ვერ შეიცნეს! იტყვით, შეიძლება აზიელის ან აფრიკელის ხმა იყოო. არც აზიელები არიან პარიზში და არც აფრიკელები; მაგრამ არ უარვყოფთ ასეთ შესაძლებლობას და მე თქვენს ყურადღებას მხოლოდ სამ საკითხზე მივაპყრობ. ხმას ერთი მოწმე ახასიათებს, როგორც „უფრო ხრინწიანსა და მწივანას, ვიდრე მკვეთრს“. ორი სხვა ამბობს, „სწრაფი და არათანაბარი“ იყოო. არც ერთ მოწმეს არ უხსენებია არც ერთი სიტყვა ან სიტყვების მსგავსი ისეთი ბგერა, რომ მისი გარჩევა შესაძლებელი ყოფილიყო. – არ ვიცი, – განაგრძობდა დიუპენი, – აქამდე რა შთაბეჭდილება მოვახდინე თქვენზე, მაგრამ უყოყმანოდ მოგახსენებთ, რომ ჩვენებათა ამ ნაწილის (რაც ხრინწიან და მკვეთრ ხმებს ეხება) კანონიერი დასკვნები თავისთავად საკმარისი გახლავთ, დაგვებადოს ეჭვი, რომელიც გეზს მისცემს ამ საიდუმლოს ამოხსნის მთელი შემდგომი კვლევა-ძიების საქმეს. კანონიერი დასკვნები ვახსენე, მაგრამ ჩემი აზრი მაინც არ გამომიხატავს ამით სრულად. მინდოდა მეთქვა, რომ ეს დასკვნები წარმოადგენენ ერთადერთ სწორ დასკვნებს და რომ ეჭვი აუცილებლად იბადება მათგან, როგორც მათი ერთადერთი შედეგი. ოღონდ რა ეჭვია, ჯერ არ ვიტყვი. მინდა მარტო ის დაიხსომოთ, რომ ჩემთვის ეს სრულიად საკმარისი იყო, რათა ოთახში ჩატარებული ჩემი კვლევა-ძიებისთვის განსაზღვრული ფორმა და გარკვეული გეზი მიეცა.    ახლა გონების თვალით საწოლ ოთახში გადავიდეთ. უპირველეს ყოვლისა, რას ვეძებთ აქ? ვეძებთ, რა საშუალებით დააღწიეს თავი იქიდან მკვლელებმა. ზედმეტია თქმა, რომ არც თქვენ და არც მე ზებუნებრივი ამბები არ გვჯერა. ქალბატონი და მადმუაზელ ლ ესპანეი ავსულებს არ დაუხოცავს. ამის ჩამდენები ნამდვილად არსებობდნენ და თავსაც ნამდვილად უშველეს. მერედა როგორ? საბედნიეროდ, მხოლოდ ერთი გეზი არსებობს ამ საკითხების გამოსარკვევად და ამ გეზმა კიდეც უნდა მიგვიყვანოს გარკვეულ დასკვნამდე. მოდით გავსინჯოთ სათითაოდ თავის დაღწევის ყველა შესაძლო საშუალება. აშკარაა, მკვლელები ჯერ კიდევ იმ ოთახში იყვნენ, სადაც მადმუაზელ ლ ესპანეი იპოვეს, ანდა მეზობელ ოთახში მაინც, როცა ხალხი ადიოდა კიბეზე. მაშასადამე, ამ ორ ოთახში უნდა ვეძიოთ გასასვლელი. პოლიციამ ყველგან გაჩხრიკა იატაკი, ჭერი, კედლების შელესილობა. საიდუმლო გასასვლელი არამც და არამც არ გამოეპარებოდათ, მაგრამ მაინც არ ვენდე მათ თვალებს და ჩემი საკუთარი თვალითაც გავსინჯე. მაშასადამე, საიდუმლო გასასვლელი არ არსებობდა. ოთახებიდან ტალანში გამავალი ორივე კარი კლიტეებით საიმედოდ იყო ჩაკეტილი შიგნიდან. ახლა გავსინჯოთ საკვამლე მილები. ბუხრებიდან რვა თუ ათი ფუტის სიმაღლეზე ისინი ჩვეულებრივი სიგანისანი არიან, მაგრამ უფრო ზემოთ კი მოზრდილი კატაც ვერ გაეტევა შიგ. რაკი ზემოხსენებული გზებით გარეთ გაღწევის შეუძლებლობა დავადასტურეთ, ფანჯრებიღა დაგვრჩა შესამოწმებელი. წინა ოთახის ფანჯრებიდან ქუჩაში შეგროვილ ბრბოს შეუმჩნევლად ვერავინ გასხლტებოდა. მაშასადამე, მკვლელები უკანა ოთახიდან უნდა გასულიყვნენ. ახლა რაკი ასეთ გარკვეულ დასკვნამდე მივედით, ჩვენ, როგორც მოაზროვნეებმა, არ უნდა უკუვაგდოთ იგი მოჩვენებითი შეუძლებლობის გამო. ისღა დაგვრჩენია დავამტკიცოთ, რომ ეს მოჩვენებითი „შეუძლებლობანი“ ნამდვილად მოჩვენებითი გახლავთ. საწოლ ოთახში ორი ფანჯარაა. ერთს ევეჯი არ ფარავს და მთლიანად ჩანს; მეორის ქვემოთა ნაწილს ვეება საწოლის თავი ფარავს, რომელიც ზედ არის მასზე მიდგმული. პირველი მაგრად იყო ჩაკეტილი შიგნიდან და რამდენიც არ ეცადნენ, მაინც ვერ გახსნეს. მისი ჩარჩო მარცხენა მხარეს გაეხვრიტათ ბურღით და შიგ კარგა დიდი ლურსმანი ჩაერჭოთ თითქმის თავამდე. მეორე ფანჯარაც ასეთივე ლურსმნით ასევე იყო დამაგრებული და რამდენიც არ ეჯაჯგურნენ, ვერც ის გახსნეს. პოლიციამ გული დაიარხეინა, მაშ, ამ გზით არავინ გასულა გარეთ და ამიტომ ზედმეტად მიიჩნიეს, ლურსმნები ამოეღოთ და ფანჯრები გაეხსნათ.    მე უფრო გულმოდგინედ გავსინჯე, რადგან, როგორც მოგახსენეთ, საამისო მიზეზიც მქონდა; ვინაიდან ვიცოდი, მთელი ეს მოჩვენებითი შეუძლებლობა უნდა გამქრალიყო. მე ასე ვმსჯელობდი დაკვირვების საფუძველზე. მკვლელებმა სწორედ ერთ-ერთი ამ ფანჯრიდან დააღწიეს თავი. თუ ასე იყო, მაშინ მათ არ შეეძლოთ ფანჯრების შიგნიდან ჩაკეტვა. ისინი კი ჩაკეტილები დახვდათ. ეს მოსაზრება ისე აშკარა გახლდათ, რომ პოლიციას ხელი ააღებინა ამ მიმართულებით კვლევა-ძიების საქმეზე. ფანჯრები მართლაც ჩაკეტილი იყო. მაშასადამე, ისინი თავისთავად, მექანიკურად უნდა ჩაკეტილიყვნენ. სხვა დასკვნის გამოტანა არ შეიძლებოდა. მივედი თავისუფალ ფანჯარასთან, გაჭირვებით ამოვაძრე ლურსმანი და ვცადე ფანჯარა გამეხსნა. როგორც ვვარაუდობდი, მთელი ძალღონით ვეჯაჯგურე, მაგრამ ვერას გავხდი. ახლა სულ დავიბეჯითე, სადღაც ფარული ზამბარა უნდა არსებობდეს-მეთქი. ჩემი მოსაზრების ამ დადასტურებამ კი დამარწმუნა, რომ, რაც უნდა უცნაურად მოგვჩვენებოდა ლურსმნის საქმე, ჩემი პირვანდელი ვარაუდებიც სწორი უნდა ყოფილიყო. გულმოდგინე მოჩხრეკით მალე ვიპოვე დაფარული ზამბარა. დავაჭირე თითი, მაგრამ აღმოჩენით დავკმაყოფილდი და თავი შევიკავე ფანჯრის გაღებისგან.    ლურსმანი თავის ადგილას ჩავსვი და დაკვირვებით გავსინჯე. აქედან გასულ კაცს შეეძლო ჩამოეშვა ფანჯარა და ზამბარა მას თავისთავად ჩაკეტავდა; მაგრამ ლურსმანი კი თვითონვე ვერ ჩაერჭობოდა თავის ადგილას. დასკვნა აშკარა გახლდათ და ჩემი კვლევა-ძიების ასპარეზიც კიდევ უფრო დავიწროვდა. მკვლელები მხოლოდ მეორე ფანჯრიდან უნდა გაქცეულიყვნენ. მერე ვივარაუდე, რადგან, როგორც მოსალოდნელი იყო, ზამბარები ორივე ფანჯარას ერთნაირი ექნებოდა, განსხვავება ლურსმნებში უნდა ყოფილიყო, ანდა მათი დამაგრება-ჩასმის ხერხში მაინც. ავედი საწოლზე, გადავიხარე მის თავზე და ბეჯითად დავათვალიერე მეორე ფანჯარა. გადავყავი ხელი, მოვუსვი და მალე აღმოვაჩინე და დავაჭირე კიდეც თითი ზამბარას, რომელიც, ჩემი ვარაუდის თანახმად, თავისი თვისებებით მეორე ფანჯრისას ჰგავდა. მერმე ლურსმანს დავხედე. ისიც ისეთივე იყო და, ეტყობოდა, იმნაირადვე ჩაეჭედებინათ თითქმის თავამდე.    იტყვით, დაიბნეოდიო, მაგრამ თუ აგრე ფიქრობთ, ინდუქციის ბუნება ვერ გაგიგიათ. მონადირეთა გამოთქმა რომ ვიხმაროთ, მე ერთხელაც არ „ამრევია კვალი“. ერთი წამითაც არ დამიკარგავს იგი. ჯაჭვის არც ერთი რგოლი არ გამოვარდნილა. საიდუმლოს სულ ბოლომდე ჩავდიე და ეს ბოლო წერტილი ლურსმანი გახლდათ. როგორც მოგახსენეთ, იგი ყველაფრით თავის ამხანაგს ჰგავდა; მაგრამ ეს სრულიად არაფერს ნიშნავდა (თუმცა გადამწყვეტი კი შეიძლებოდა ყოფილიყო), თუ გავითვალისწინებთ, რომ სწორედ აქ იყო ძაღლის თავი დამარხული. „რაღაც უნდა სჭირდეს ამ ლურსმანს“, – გავიფიქრე ჩემთვის. დავაკარე თუ არა ხელი, ლურსმნის თავი გოჯის მეოთხედი სიგრძის ღეროს ნაწილითურთ თითებში შემრჩა. ღეროს დანარჩენი, გადატეხილი ნაწილი შიგ იყო ჩარჩენილი. იგი დიდი ხნის წინათ გადატეხილიყო, რადგან ბოლოები ჩაჟანგებული ჰქონდა, და ეს ალბათ ჩაქუჩის დარტყმამ გამოიწვია, რომლითაც ნაწილობრივ ჩასმული გახლდათ ფანჯრის ჩარჩოში ლურსმნის თავი. მე ახლა ფრთხილად კვლავ თავის ადგილას ჩავსვი ლურსმნის თავი და დაზიანებისა სულაც არაფერი შეეტყო – თითქოს მთელი ლურსმანი ყოფილიყოს. დავაჭირე თითი ზამბარას და რამდენიმე გოჯზე ავწიე ფანჯარა. ლურსმნის თავიც აჰყვა ჩარჩოს – იგი მტკიცედ იჯდა თავის ბუდეში. ფანჯარა დავხურე და ლურსმანი კვლავ მთლიანს ჰგავდა. გამოცანა აქამდე უკვე გამოვიცანით. მკვლელმა თავს უშველა იმ ფანჯრიდან, რომელთანაც საწოლი იდგა. ფანჯარა მისი გასვლის შემდგომ დაეშვა ან სხვამ დაუშვა და ზამბარით ჩაიკეტა, ხოლო ზამბარა რომ იჭერდა ფანჯარას, პოლიციას შეცდომით ეგონა, ლურსმანი იჭერსო და შემდგომი კვლევა-ძიება ამრიგად ზედმეტად მიიჩნიეს.    შემდეგი კითხვა გახლავთ, როგორ ჩამოვიდა ძირს მკვლელი. ეს საკითხი მე მაშინ გამოვიძიე, როცა თქვენთან ერთად შენობას შემოვუარე ირგვლივ. ხსენებული ფანჯრიდან ხუთფუტნახევარზე მეხთამრიდი ეშვება. იქიდან ფანჯრამდე ვერც მიღწევას შეძლებს ვინმე, ვერც შიგ შესვლას, მაგრამ შევნიშნე, რომ მეოთხე სართულის დარაბები თავისებური გახლდათ, პარიზელი ხუროები რომ რკინებიანს ეძახიან, ისეთი. იმნაირებს ახლა იშვიათად აკეთებენ, თუმცა ლიონისა და ბორდოს ძველ შენობებში კი ხშირად დაინახავთ. ისინი ფორმით ჩვეულებრივ კარს ჰგვანან, ოღონდ ქვემო ნაწილი გისოსიანი აქვთ და ამრიგად ჩინებული ხელმოსაჭიდი გახლავთ. ამ შემთხვევაში ეს დარაბები მთელი სამფუტ-ნახევარია სიგანით. ჩვენ რომ თვალი მოვკარით სახლის უკანა მხრიდან, ისინი, ორივე, ნახევრად გამოღებული იყო; ესე იგი, კედლის მიმართ სწორი კუთხით იდგნენ. შესაძლოა პოლიციამ ისევე როგორც მე, შენობის უკანა ნაწილი დაათვალიერა, მაგრამ დარაბები ალბათ მათაც იმ მდგომარეობაში იხილეს, როგორც ჩვენ და თავისთავად ვერ შეამჩნიეს თუ სულაც ვერ გაითვალისწინეს მათი დიდი სიგანე. მართლაც, რაკი ერთხელვე გული დააჯერეს, აქედან ვერავინ გადმოვიდოდაო, ისინი, ბუნებრივია, ძალიან ზერელედ გასინჯავდნენ აქაურობას. ჩემთვის კი აშკარა გახდა, რომ საწოლის ახლოს მყოფი ფანჯრის დარაბა თუ მთლიანად მიიკეცებოდა კედელზე, მეხთამრიდიდან ორ ფუტზე აღმოჩნდებოდა. აგრეთვე ცხადი იყო, რომ ძალ-ღონის ფრიადი დაძაბვითა და არაჩვეულებრივი გამბედაობით, შეიძლებოდა ამნაირად მეხთამრიდიდან ფანჯარაში შესვლა. თუ დარაბა მთლიანად იქნებოდა გაშლილი, ორფუტ-ნახევარი მანძილიდან ბოროტმოქმედს შეეძლო მაგრად მოსჭიდებოდა დარაბის გისოსს. მერმე მოსწყდებოდა მეხთამრიდს, ფეხებს კედელს მიაბჯენდა მტკიცედ, იქიდან გაბედულად ისკუპებდა, შეეძლო ისე გაექანებინა დარაბა, რომ მიეხურა კიდეც და, თუ იმასაც წარმოვიდგენთ, რომ მაშინ ფანჯარა ღია იყო, შეეძლო თვით ოთახშიც შემხტარიყო იგი. მინდა, განსაკუთრებით გაითვალისწინოთ, რომ მე ვლაპარაკობ ასეთ სახიფათო და ძნელ საქმეში წარმატების მისაღწევად საჭირო ფრიად არაჩვეულებრივ სიმარჯვესა და უნარზე. ჩემი მიზანია, ერთი მხრივ, დაგიმტკიცოთ, რომ ეს საქმე შეიძლებოდა განხორციელებულიყო, მეორე მხრივ და უმთავრესად კი მინდა, ჩაგაგონოთ ბეჯითად, რა ფრიად არაჩვეულებრივი, თითქმის ზებუნებრივი ხასიათის სიცქვიტე და სიმარჯვე იყო საჭირო მის განსახორციელებლად.    უეჭველია, იტყვით, რომ, სამართლის ტერმინს თუ გამოვიყენებთ, „ჩემი საქმის სასარგებლოდ“ უფრო უნდა გამეადვილებინა და არა ასე გამეზვიადებინა ამ საქმის აღსრულებისთვის საჭირო უნარის ამბავი. ეგ შეიძლება სამართალში კი იცოდნენ, მაგრამ მაგას გონიერ სჯასთან ხელი არა აქვს. ჩემი საბოლოო მიზანი მხოლოდ ჭეშმარიტების დადგენაა. ჩემი უშუალო განზრახვა კი გახლავთ, მიგიყვანოთ იმ აზრამდე, რომ ერთმანეთს შეუდაროთ ჩემ მიერ ახლახან ნახსენები ფრიად არაჩვეულებრივი სიმარჯვე იმ ფრიად თავისებურ მკვეთრ, ხრინწიან, მწივანა და არათანაბარ ხმას, რომლის ეროვნულ კუთვნილებაში ორი ადამიანიც ვერ შეთანხმებულიყო და რომლის წარმოთქმის დროს ვერც ერთი მარცვალი ვერავინ გაარჩია. ამ სიტყვებზე რაღაც ბუნდოვანი, ნახევრად ჩამოყალიბებული აზრი გამიჩნდა. თითქოს ის-ის იყო ჩავხვდი კიდეც მის ნათქვამს, მაგრამ ბოლომდე მაინც ვერ მივადევნე გულისყური, როგორც ხანდახან ადამიანებს ემართებათ ხოლმე, როცა თითქოს რაღაც აგონდებათ და ბოლოს მაინც ვერ ახერხებენ მკაფიოდ გახსენებას. ჩემი მეგობარი კი განაგრძობდა: – შენიშნავდით, რომ სახლიდან გამოსვლის საკითხიდან უკვე შესვლის საკითხზე გადავინაცვლე. ჩემი განზრახვა იყო, ჩამეგონებინა, რომ ორივე ერთი და იმავე გზით და ერთნაირი ხერხით განხორციელდა. ახლა ისევე ოთახს დავუბრუნდეთ და იქაობა მიმოვიხილოთ. კომოდის უჯრები, ამბობენ, გადაქექილი იყოო, თუმცა ბევრი ტანსაცმელი ისევ შიგ ეწყო. აქედან რაიმეს დასკვნა სისულელე იქნებოდა – უბრალო მკითხაობაა, თან ძალიან ტუტუცური და მეტი არაფერი. აბა, რა ვიცით, რომ უჯრებში ყველა ის ნივთი არ აწყვია, რაც იქ თავიდანვე ეწყო? ქალბატონი ლესპანეი და მისი ქალიშვილი ძალიან განდეგილად ცხოვრობდნენ – სტუმრები არ ჰყავდათ, გარეთ იშვიათად გამოდიოდნენ, დიდად არაფრად ესაჭიროებოდათ ნაირ-ნაირი ტანსაცმელი. ყოველ შემთხვევაში, ის, რაც უჯრებში აღმოჩნდა, არაფრითაც არ იქნებოდა უარესი ამ მანდილოსანთა სხვა სამოსზე. თუ ქურდმა რომელიმე წაიღო, რატომ საუკეთესო არ აირჩია, ანდა რატომ სულ მთლიანად არ წაიღო? ერთი სიტყვით, რატომ მიატოვა ოთხი ათასი ფრანკის ოქრო და რატომ დაიტვირთა თავი კაბაკუბიანი ფუთით? ოქრო დატოვეს – ბანკირ ბატონ მინიოსგან ნახსენები თითქმის მთელი თანხა იატაკზე დაყრილ აბგებში აღმოჩნდა. ამიტომ მინდა თავიდან ამოგაგდებინოთ დანაშაულის ჩადენის აღმძვრელი მოტივის მცდარი აზრი, რომელიც პოლიციას ჩაუჯდა თავში შინ ფულის მიტანის შესახებ მოწმეთა ჩვენების წყალობით. ჩვენს ცხოვრებაში ყოველ საათში ამაზე ათჯერ უფრო შესამჩნევი დამთხვევები ხდება ხოლმე (ვიდრე ფულის გადაცემიდან სამი დღის შემდგომ ხალხის მკვლელობაა) და სულაც არავინ აქცევს ყურადღებას. დამთხვევები, საზოგადოდ, დიდი წასაბორძიკებელი ქვები გახლავთ იმ ჯურის მოაზროვნეთათვის, რომელთაც არაფერი იციან ალბათობის თეორიისა – იმ თეორიისა, რომლის უბრწყინვალესი მიგნებებით დავალებული არიან კაცობრიობის საკვლევაძიებო უბრწყინვალესი დარგები. წინამდებარე შემთხვევაში, ოქრო რომ წაეღოთ, სამი დღის წინ მისი გადმოცემის ფაქტს უბრალო დამთხვევაზე მეტი მნიშვნელობა შეიძლებოდა ჰქონოდა. იგი დაადასტურებდა აღმძვრელი მოტივის მოსაზრებას. მაგრამ საქმის ნამდვილ ვითარებას თუ გავითვალისწინებთ და თან ოქროს ჩავთვლით ბოროტმოქმედების ჩადენის აღმძვრელ მოტივად, მაშინ უნდა ვაღიაროთ, რომ დამნაშავე ისეთი გამოთაყვანებული ტუტუცი ყოფილა, სრულიად გადაავიწყდა ოქროცა და აღმძვრელი მოტივიც.    ახლა მტკიცედ დავიხსომოთ ნიშნები, რომლებსაც თქვენი ყურადღება მივაქციე – თავისებური ხმა, არაჩვეულებრივი სიმარჯვე და, ჩვენდა განსაცვიფრებლად, ასე ამაზრზენი მკვლელობის აღმძვრელი მოტივები რომ არ მოიპოვება – და თვალი გადავავლოთ თვითონ მკვლელობის სურათს. აქ გახლავთ ხელით დამხრჩვალი ქალი, რომელიც თავდაყირა შეუკვეხებიათ საკვამლე მილში. ჩვეულებრივი მკვლელები ასე არ იქცევიან და ასე ხომ სულ არ მალავენ მოკლულთა გვამებს. გვამის საკვამლე მილში ამნაირად შეჩურთვაზე უნდა ვთქვათ, რომ მართლაც რაღაც მეტისმეტად არაჩვეულებრივი ამბავია – სრულიად შეუთავსებელი ჩვენს ჩვეულებრივ ადამიანურ წარმოდგენებთან და აზრებთან, თვით მაშინაც კი, როცა ბოროტმოქმედნი ყველაზე გათახსირებული სალახანები არიან. აბა, ისიც გაითვალისწინეთ, რა დიდი ძალ-ღონე უნდა ჰქონოდა დამნაშავეს, ამისთანა ხვრელში ისე მაგრად რომ შეუჩურთავს გვამი, რამდენიმე კაცმა ერთად ძლივს ჩამოათრია ქვევით.    ამ ფრიად განსაცვიფრებელი ღონის გამოყენების სხვა ნიშნებს დავუკვირდეთ ახლა. ბუხარში ადამიანის ჭაღარა თმის სქელი, ძალიან სქელი ბღუჯები ეყარა. ისინი ძირფესვიანად ამოეგლიჯათ. მოგეხსენებათ, რა ძნელია თავიდან თუნდაც ოცი-ოცდაათი ღერი ბალნის ამოგლეჯა. ამოგლეჯილი თმის ეს ბღუჯები თქვენც ნახეთ და მეც. ძირებზე (რა საზარი სანახავი იყო!) თავის ქალის ხორცი და კანი ჰქონდა შერჩენილი – აშკარა ნიშანი ზღაპრული ძალისა, რომელსაც შეეძლო ერთბაშად ალბათ ნახევარი მილიონი ღერი თმაც კი ამოეთხლიშა. მოხუცებულს უბრალოდ კი არა ჰქონდა გამოჭრილი ყელი, არამედ თავი სულ მოეცილებინათ ტანისთვის და ისიც უბრალო სამართებლით. მინდა აგრეთვე ყურადღება მიაქციოთ ჩადენილი ბოროტმოქმედების მხეცურ სისასტიკეს. ქალბატონ ლესპანეის სხეულის დალილავებულ ადგილებზე არას ვიტყვი. ბატონმა დიუმამ და მისმა ღირსეულმა თანაშემწემ ბატონმა ეტიენმა განაცხადეს, ისინი რაღაც ბლაგვი იარაღით მიუყენებიათო და ამაში ეს დარბაისელნი ჭეშმარიტად მართალი ბრძანდებიან. ბლაგვი იარაღი აშკარად ეზოს ქვაფენილი გახლდათ, რომელზედაც საწოლთან ახლოს მყოფი ფანჯრიდან გადმოტყორცნილი მსხვერპლი დაენარცხა. ეს აზრი, ახლა რომ ასე მარტივი გვეჩვენება, პოლიციას ისევე გამოეპარა, როგორც დარაბების სიგანე, ვინაიდან ჩაჭედილი ლურსმნების დანახვამ სრულიად გამორიცხა მათი აზროვნებიდან ფანჯრების როგორმე გაღების შესაძლებლობა.    თუ ახლა, ყოველივე ამასთან ერთად, თქვენ ჯეროვნად გაითვალისწინებთ საწოლი ოთახის უცნაურ არევდარეულობას, ჩვენ უკვე ერთმანეთს უნდა დავუკავშიროთ განსაცვიფრებელი სიმარჯვე, ზეადამიანური ძალ-ღონე, მხეცური სიშმაგე, უმიზეზო საზარელი მკვლელობა, ადამიანური ქცევისგან სრულიად განსხვავებული შემაძრწუნებელი დამთხვეულობა და უცხო ხმა და კილო, რომელიც ბევრი ერის შვილს გაუგებრად ეჩვენება და მთლიანად მოკლებულიც იყო გარკვეულ ანდა გასაგებ ბგერადობას. მაშ, რა უნდა დავასკვნათ? რა შთაბეჭდილება მოახდინა თქვენზე ჩემმა ლაპარაკმა? დიუპენი რომ ამას დამეკითხა, ტანში ჟრუანტელმა დამიარა. – ვინმე გიჟის ჩადენილია ეგ საქმე, – ვთქვი მე. – ვინმე შმაგი მანიაკი გამოიქცა ალბათ სადმე ახლო მდებარე საგიჟეთიდან! – ნაწილობრივ მართალი ბრძანდებით, – მომიგო დიუპენმა, – მაგრამ გიჟების ლაპარაკი, თუნდაც მათი უკიდურესი სიშმაგის დროს, მაინც არ შეესაბამება და არ ეთანხმება იმ თავისებურ, უცნაურ ხმას, რომელსაც კიბეზე ამსვლელებმა მოჰკრეს ყური. გიჟებიც რომელიმე ერისანი არიან და რაგინდ გაუგებარიც უნდა იყოს სიტყვები, მარცვლები მაინც შეეტყობა. გარდა ამისა, არც გიჟის თმა შეიძლება ჰგავდეს ამას, მე რომ ხელში მიჭირავს. ეს პატარა ბღუჯა, დაკრუნჩხული, გაშეშებული თითებიდან დავაძრე ქალბატონ ლესპანეის. მითხარით, რას ფიქრობთ ამაზე? – დიუპენ! – შევძახე მე, სრულიად დაბნეულმა, – ეს ძალიან უცნაური ბალანია – ეს სულაც არ არის ადამიანისა! – მე არც მითქვამს, ადამიანისააო, – მიპასუხა მან; – მაგრამ ვიდრე ამას გადავწყვეტდეთ, მინდა თვალი შეავლო პატარა ნახატს. ამ ქაღალდზე რომ გამოვსახე. ეს გახლავთ ზუსტი მონახაზი იმისა, რაც ჩვენებათა ერთ ნაწილში აღწერილი იყო, ვითარცა „მძიმედ დალილავებული ადგილები და ღრმად დაჩნეული ნაფრჩხილარები“ მადმუაზელ ლესპანეის ყელზე, ხოლო მეორეში (ბატონების დიუმასა და ეტიენის ჩვენებებში) – ვითარცა „მრავალი ჩალურჯებული ადგილი, ალბათ თითების დაჭერით გამოწვეული“. – შეამჩნევთ, რომ ამ ნახატზე კარგად ჩანს, რა მაგრად და მტკიცედ მოუჭერიათ ხელი, – განაგრძო ჩემმა მეგობარმა და მაგიდაზე გაშალა ქაღალდი. – შეუძლებელია თითები დასხლეტოდა. ყოველი თითი, ალბათ მსხვერპლის სულის ამოსვლამდე იმ ადგილას ჩაჭდეული დარჩა, სადაც თავდაპირველად ჩაეჭიდა შემაძრწუნებელი ძალით. აბა, ახლა სცადეთ და ერთბაშად ისე დაადეთ ნახატს თქვენი თითები, როგორც ზედ არის გამოხატული. ამაოდ ვცადე. – ჩვენ, ეტყობა, როგორც საჭიროა, ისე ვერ ვაკეთებთ, – თქვა დიუპენმა, – ქაღალდი სწორ ზედაპირზეა გაშლილი, ადამიანის ყელი კი ცილინდრული ფორმისაა. აი, ხის ნაჭერი, რომლის შემოწერილობა დაახლოებით ყელისას უდრის. შემოახვიეთ ქაღალდი მაგას და კიდევ სცადეთ. ასეც მოვიქეცით, მაგრამ თითების შემოწვდენის სიძნელე კიდევ უფრო აშკარა გახდა. – ეს ადამიანის ხელის ანაბეჭდი არ უნდა იყოს, – ვთქვი მე. – აბა, ახლა ეს ადგილი წაიკითხეთ კიუვეს წიგნში. ეს გახლდათ დაწვრილებითი ანატომიური და ზოგადი აღწერილობა ოსტ-ინდოეთის კუნძულების ვეება წითელ-მოყვითალო ფერის ორანგუტანგისა. ამ ძუძუმწოვრის ბუმბერაზული აღნაგობა, ზღაპრული ძალ-ღონე, სიმარჯვე, სასტიკი სიშმაგე და მიმბაძველობისკენ მიდრეკილება ყველასთვის საკმაოდ ცნობილია. მაშინვე მივხვდი მკვლელობის მთელი სისაზარლის მიზეზს. – თითების აღწერილობა, – ვთქვი მე, როცა კითხვა გავათავე, – ზუსტად შეესატყვისება ამ ნახატს. აქ მოხსენიებული ჯურის ორანგუტანგის გარდა სხვა რომელიმე ცხოველი ვერ დააჩნევდა ასეთ ნათითურებს. ეს ჟღალი ფერის ბალანიც ემთხვევა კიუვეს მხეცის დახასიათებას. მაგრამ მაინც ვერ გამითვალისწინებია ამ შემაძრწუნებელი საიდუმლოების ყოველი წვრილმანი. ამას გარდა, ორი მოჩხუბარის ხმები გაიგონეს და ერთი მათგანი უეჭველად ფრანგის ხმა იყო. – მართალია და მოწმეთა თითქმის ერთსულოვანი ჩვენებაც გაიხსენეთ ამ ხმის შესახებ – „ღმერთო ჩემო“ რომ შესძახა. ეს შეძახილი, ამ შემთხვევაში, სამართლიანად დაახასიათა ერთმა მოწმემ (მეშაქარლამე მონტანიმ), როგორც წინააღმდეგობის, გაკიცხვის თუ უკმაყოფილების გამოხატულება. ამიტომ უმთავრესად სწორედ ამ ორ სიტყვაზე ვამყარებ გამოცანის მთლიანად გადაწყვეტის ჩემს იმედებს. რომელიღაც ფრანგმა იცის მკვლელობის ამბავი. ალბათ (და ეს სავსებით შესაძლებელიც არის), იგი სულაც უბრალოა ამ სისხლიან საქმეში. შეიძლებოდა, ორანგუტანგი გაქცეოდა მას. შესაძლოა, მან საწოლ ოთახამდეც მისდია; მაგრამ რაკი ასეთი შემაძრწუნებელი ამბავი მოჰყვა, ვეღარ დაიჭირა მაიმუნი და იგი ახლაც გაქცეულია. ამ ვარაუდებს აღარ გამოვეკიდები და არც მაქვს უფლება, რადგან მათ მხოლოდ ისე სუსტი საფუძველი მოეპოვებათ, რომ მეც ვერ დამიჯერებია და სხვა როგორ დავარწმუნო! ჩვენ ვარაუდები ვუწოდოთ მათ და ასეც მივიჩნიოთ ისინი. თუ ხსენებული ფრანგი მართლა, როგორც მგონია, უბრალოა ამ საზარელ ბოროტმოქმედებაში, მაშინ ეს განცხადება, რომელიც გუშინ საღამოს „Le Mond“-ის რედაქციაში დავტოვე, ჩვენთან მოიყვანს მას. მან გადმომცა გაზეთი და ეს ამოვიკითხე შიგ: „დაჭერილია – ბულონის ტყეში, დილაადრიან (მკვლელობის დილას), ბორნეის ჯიშის დიდი ორანგუტანგი. პატრონს, რომელიც მალტური ხომალდის ზღვაოსანი უნდა იყოს, შეუძლია ჩაიბაროს ცხოველი, თუ იგი თავის პირადობას დაადასტურებს და თუ მაიმუნის დაჭერისა და შენახვის მცირე ხარჯებსაც გაისტუმრებს. მისამართი: სენ-ჟერმენის გარეუბანი... ქუჩა №..., მეოთხე სართული“. – როგორ შეძელით გაგეგოთ, რომ ეს კაცი ზღვაოსანია და თანაც მალტური ხომალდისა? – ვკითხე მე. – ეგ არ ვიცი, – მომიგო დიუპენმა. – ეგ დარწმუნებით არ ვიცი, ოღონდ აი, ბაფთის პატარა ნაგლეჯი, რომლითაც, მისი მოყვანილობისა და გაქონილობის მიხედვით თუ დავასკვნით, ალბათ ის ნაწნავები იკვრებოდა, ზღვაოსნებს რომ აქვთ ხოლმე. ამასთანავე, ასე გასკვნა საერთოდ ზღვაოსნებმა და განსაკუთრებით კი მალტელმა ზღვაოსნებმა იციან. ეს ბაფთა მეხთამრიდის ძირში ვიპოვე. არ შეიძლება, იგი რომელიმე მოკლულის საკუთრება ყოფილიყო. ჰოდა, ბოლოს და ბოლოს, თუნდაც ვცდებოდე ბაფთის საქმეში და ფრანგი მეზღვაური მალტური ხომალდისა არ იყოს, მაინც დიდი არაფერი დამიშავებია იმით, რომ განცხადებაში გამოვაქვეყნე. თუ ვცდები, იგი უბრალოდ იფიქრებს, რომ მე რაღაცამ შემაცდინა, რომლის განსჯითაც იგი თავს არ შეიწუხებს. მაგრამ თუ მართალი ვარ, დიდ უპირატესობას მოვიპოვებ. მკვლელობის მოწმე, თუნდაც უდანაშაულო ფრანგი, ბუნებრივია, ყოყმანს დაიწყებს, განცხადებას გამოვეხმაურო და ორანგუტანგი მოვითხოვო თუ არაო. იგი ასე იმსჯელებს: „მე უდანაშაულო და ღარიბი კაცი ვარ. ორანგუტანგი ძვირად ფასობს – ჩემი შეძლების კაცისთვის მთელი ქონებაა. რატომ უნდა დავკარგო ის ფუჭი საფრთხის შიშით? თან აქვეა, ხელის მისაწვდომ მანძილზე. ბულონის ტყეში უნახავთ – მკვლელობის ადგილიდან ძალიან შორს. ვინ იფიქრებს, ეს საქმე მხეცმა ჩაიდინაო? პოლიციას კვალი აქვს არეული – სულ ვერ აუღეს ალღო. კიდევაც რომ მიაკვლიონ მხეცს, შეუძლებელია, დაამტკიცონ, რომ მკვლელობის დამსწრე ვარ, ანდა ბრალი დამდონ ამ დამსწრეობის გამო. გარდა ამისა, მე უკვე მიცნობენ. განმცხადებელი მასახელებს, როორც მხეცის პატრონს. არ ვიცი, მან რა იცის ჩემზე. თავი რომ ავარიდო და არ გამოვაცხადო ჩემი უფლება ასე ძვირფას ქონებაზე, რომელიც ცნობილია უკვე, რომ მე მეკუთვნის, პირუტყვს მაინც ეჭვის ქვეშ დავაყენებ. მე კი სულაც არ მინდა ყურადღება მივაქცევინო ვინმეს ჩემზე ან იმ ნადირზე. გამოვეხმაურები განცხადებას, წამოვიყვან ორანგუტანგს და კარგად დავმალავ, სანამ ეს საქმე სულ არ ჩაივლის“. ამ დროს კიბეზე ფეხის ხმა გაისმა. – დამბაჩები მზად იქონიეთ, – მითხრა დიუპენმა, – ოღონდ არც იხმაროთ, არც გამოაჩინოთ, სანამ არ განიშნებთ. სახლის გარე კარი ღიად იყო დატოვებული, სტუმარი დაურეკავად შემოვიდა შინ და რამდენიმე საფეხური ამოიარა კიბეზე. ოღონდ ახლა თითქოს შეჩერდა და უცბად გავიგონეთ, ისევ უკან როგორ გაბრუნდა. დიუპენმა მსწრაფლ მიაშურა კარს, რომ ყური მოვკარით, კვლავ ზევით წამოვიდა. ამჯერად აღარ უბრუნებია პირი, მტკიცედ მოიწევდა წინ და დააკაკუნა კიდეც ჩვენს კარზე. – შემობრძანდით, – მიაძახა დიუპენმა მხიარული და თავაზიანი კილოთი. შემოვიდა ვიღაც კაცი, ეტყობოდა, ზღვაოსანი – მაღალი, ზორბა, ჯმუხი ვაჟკაცი. ცოტა თამამი გამომეტყველება ჰქონდა, ოღონდ არცთუ სულ უსიამო იერი ედო. მისი პირისახე, მზით ძალიან დამწვარი, თითქმის სანახევროდ დაეფარა ქილვაშ-ულვაშებს. ხელში მუხის ვეება კეტი ეჭირა, მაგრამ სხვა იარაღი რომ ჰქონოდეს, არ ემჩნეოდა. უგერგილოდ დაგვიკრა თავი და „საღამო მშვიდობისაო“ ფრანგულად გვითხრა. მის კილოს ცოტა ნევშატელური დაჰკრავდა, თუმცა პარიზელობაც საკმაოდ ეტყობოდა. – დაბრძანდით, მეგობარო, – მიმართა დიუპენმა. – ალბათ ორანგუტანგისთვის მობრძანდით! გეფიცებით, თითქმის მშურს თქვენი. სწორედ ჩინებული და, უეჭველია, ფრიად ძვირფასი ცხოველია. თქვენი ვარაუდით, რამდენი ხნის იქნება?    მეზღვაურმა ღრმად მოითქვა სული თითქოს რაღაც მძიმე ტვირთი მოიშორაო, და მერმე მტკიცე კილოთი უპასუხა: – არ ვიცი, რა მოგახსენოთ, თუმცა ოთხ-ხუთ წელიწადზე მეტის არ უნდა იყოს. აქა გყავთ? – ოჰ, არა, აქ როგორ შევინახავდით! აქვე დიუბურის ქუჩაზეა, საქირაო ეტლების სადგომში. შეგიძლიათ ხვალ დილით წაიყვანოთ. რასაკვირველია, მზადა ხართ, თქვენი უფლებები დაგვიმტკიცოთ ამ ქონებაზე: – რა თქმა უნდა, ბატონო. – მენანება მისი მოშორება. – თქვა დიუპენმა. – სულაც არ მინდა, ბატონო, რომ ტყუილად გაგსარჯოთ, – მიუგო ზღვაოსანმა. – არცა მქონია ეგ ფიქრად. სიამოვნებით გადაგიხდით ცხოველის საპოვნელს, ოღონდ, ესე იგი, რამდენიც შემიძლია. – ჰოდა, კეთილი და პატიოსანი, – უთხრა ჩემმა მეგობარმა. – აბა, ერთი მოვიფიქროთ, რა მოგთხოვოთ. ოჰ, გეტყვით – ჩემი ჯილდო აი, ეს იქნება: თქვენ ყველაფერს მიამბობთ, რაც კი იცით მორგის ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის შესახებ.    დიუპენმა უკანასკნელი სიტყვები ძალიან ხმადაბლა, ძალიან წყნარად თქვა. სწორედ ასევე წყნარად მივიდა კართან, ჩაკეტა და გასაღები ჯიბეში ჩაიდო. შემდეგ უბიდან დამბაჩა გამოიღო და სრულიად მშვიდად მაგიდაზე დადო. მეზღვაური წამოწითლდა, თითქოს ყელში წაუჭირესო. წამოხტა ზეზე და ხელი სტაცა კეტს; მაგრამ, ძლიერ აცახცახებული, მალევე კვლავ დაეშვა სკამზე და მკვდრის ფერი დაედო. კრინტი არ დაუძრავს. გულწრფელად შემეცოდა. – მეგობარო, – უთხრა დიუპენმა ალერსიანად, – ტყუილად ღელავთ, ტყუილად! ჩვენ სულაც არ გვინდა, რაიმე გავნოთ. ვაჟკაცისა და ფრანგის პატიოსან სიტყვას გაძლევთ, რომ ჩვენ ფიქრად არა გვაქვს თქვენი ვნება. სრული დაბეჯითებით ვიცი, თქვენ ხელი არ გირევიათ მორგის ქუჩაზე მომხდარ საზარელ ბოროტმოქმედებაში. მაგრამ არ ივარგებს, უარობა რომ დაიწყოთ, ამ საქმესთან სულ არაფერი მაკავშირებსო. რაც უკვე ვთქვი, იმის მიხედვით მიხვდებოდით, რომ მე ზოგი რამ ვიცი ისეთი წყაროდან, რომელიც თქვენ არც კი დაგესიზმრებათ. ახლა საქმის ვითარება ასეთი გახლავთ: თქვენ ისეთი არაფერი ჩაგიდენიათ, რომ თავი გქონდეთ ასარიდებელი – მართლაც არაფერი გაქვთ ისეთი, რაც ბრალად გედებოდეთ. გაძარცვაც კი არ გედებათ ბრალად, თუმცა შეგეძლოთ დაუსჯელად გაგეტაცებინათ ქონება. არც დასამალი გაქვთ რაიმე, არც დამალვის მიზეზი მოგეპოვებათ. პირიქით – თქვენ მოვალე ხართ სინდისის წინაშე პატიოსნად აღიაროთ, რაც იცით, ახლა უდანაშაულო კაცია დატუსაღებული და იმ ბოროტმოქმედებას აბრალებენ, რომლის ჩამდენიც თქვენ შეგიძლიათ დაასახელოთ.    ზღვაოსანი შესამჩნევად მოეგო გონს, სანამ დიუპენი ლაპარაკობდა, და გამხნევდა, მაგრამ ნირი სულ წაუხდა. – ღმერთმანი, ყველაფერს გეტყვი, რაც ვიცი ამ საქმისა, – თქვა მან მცირე დუმილის შემდგომ; – ოღონდ არა მგონია, ჩემი ნათქვამის ნახევარიც კი დაიჯეროთ – სულელი ვიქნებოდი, სხვანაირად რომ ვფიქრობდე. მე მაინც უდანაშაულო ვარ და გულს მაინც მოვიოხებ, თუნდაც რომ მოვკვდე ამის გულისთვის.    მისი ნაამბობის შინაარსი ეს გახლავთ. ამას წინათ, ინდოეთის არქიპელაგში მოგზაურობის დროს, ბორნეოს ნაპირზე გადასულიყო სხვებთან ერთად და დროის გასატარებლად ექსკურსია მოეწყოთ ქვეყნის სიღრმეში. მას და მის ამხანაგს ხელთ ეგდოთ ორანგუტანგი. მერმე ეს ამხანაგი გარდაცვლილიყო. დიდი გაჭირვების გადატანის შემდგომ, რაც დატყვევებული მხეცის შეუოკებელი სიშმაგით იყო გამოწვეული, ზღვაოსანმა ბოლოს მოახერხა მშვიდობით დაებინავებინა იგი თავისთან პარიზში; მეზობლების უსიამო ცნობისმოყვარეობა რომ არ მიეპყრო, მას ფრთხილად ინახავდა ჩაკეტილში მანამდე, ვიდრე პირუტყვს გემზე ხიჭვით ნატკენი ფეხი არ მოურჩებოდა. საბოლოოდ კი განზრახული ჰქონდა გაეყიდა იგი.    ზღვაოსნებთან პატარა წაქეიფების შემდგომ, შინ რომ დაბრუნდა მკვლელობის ღამეს, უფრო სწორად, დილას, მხეცი მის საკუთარ საწოლ ოთახში დახვდა. იქ იგი საკუჭნაოდან გამოჭრილიყო, სადაც, მისი აზრით, საიმედოდ ჩაკეტილი ეგულებოდა. ხელში სამართებელი დაეჭირა, სახე მთლიანად გაესაპნა, სარკის წინ წამომჯდარიყო და გაპარსვას ცდილობდა თავისი პატრონივით, რომელსაც, უეჭველია, ადრევე ადევნებდა ხოლმე თვალს საკუჭნაოს საკლიტულიდან. ზღვაოსანს თავზარი დაეცა, ამნაირი მძვინვარე და მარჯვე ნადირის ხელში ასე სახიფათო იარაღი რომ დაინახა და ერთ ხანს არ იცოდა, რა ეღონა. მას ჩვეულებად ჰქონდა, მხეცი მათრახით დაეშოშმინებინა, თუნდაც იგი ძალიან ყოფილიყო გამძვინვარებული, და ახლაც ამ ხერხს მიმართა. მის დანახვაზე ორანგუტანგი მყის გავარდა კარში, დაეშვა კიბეზე და საუბედუროდ ღიად დატოვებული ფანჯრიდან ქუჩაში გაიჭრა.    სასოწარკვეთილი ფრანგიც უკან გამოუდგა. მაიმუნი, რომელსაც სამართებელი კვლავ ხელთ ეჭირა, ხანდახან შედგებოდა, მოხედავდა და ემანჭებოდა მდევარს, სანამ უკანასკნელი თითქმის არ წამოეწეოდა და მერე კვლავ გაქუსლავდა. ამნაირად დიდხანს გაგრძელდა დევნა. სრული სიწყნარე სუფევდა, რადგან დაახლოებით დილის სამი საათი იქნებოდა. მორგის ქუჩის უკან გამავალ შუკაში რომ მიქროდნენ, ლტოლვილის ყურადღება ქალბატონ ლესპანეის საწოლი ოთახის ღია ფანჯრიდან გამომავალმა შუქმა მიიპყრო, სახლის მეოთხე სართულზე, მაიმუნი ეცა შენობას. მეხთამრიდი შენიშნა, არაჩვეულებრივი სიმარჯვით აცოცდა ზედ, მოეჭიდა მთლიანად მოღებულ და კედელზე მიფენილ დარაბას და მისი მეშვეობით პირდაპირ საწოლის თავს მოევლო. მთელ ამ ამბავს ერთი წუთიც არ დასჭირვებია. ოთახში რომ მოხვდა, ორანგუტანგმა წიხლის კვრით ისევ მოაღო დარაბა. ამასობაში მეზღვაურს თან უხაროდა, თან შეშფოთებულიც იყო. დიდი იმედი მიეცა, ახლა კი დავიჭერ მხეცსო, რადგან ვეღარსად წაუვიდოდა ამ ხაფანგიდან, რაკი მხოლოდ მეხთამრიდით შეეძლო დაშვება. აქ კი როგორმე ხელთ იგდებდა. მეორე მხრივ, საფიქრებელი იყო, რას ჩაიდენდა მხეცი სახლში. ამ უკანასკნელმა ფიქრმა დასძლია კაცს და ისევ მისდია ლტოლვილის კვალს. მეხთამრიდზე ასვლა არ არის ძნელი, განსაკუთრებით ზღვაოსნისათვის; მაგრამ როცა ფანჯრის დონეს მიაღწია, რომელიც შორს იყო მარცხნივ, მეზღვაურის წინსვლა შეჩერდა. მხოლოდ და მხოლდ ის შეეძლო, იმდენად გადახრილიყო, რომ თვალი მოეკრა, ოთახის შიგნითა ნაწილისთვის. ამ თვალის მოვლებაზე კი ისეთი თავზარი დაეცა, კინაღამ ხელი დაუცდა და ძირს გადმოვარდა. სწორედ მაშინ ატყდა საზარელი წივილ-კივილი, რომელმაც ძილი დაუფრთხო მორგის ქუჩის მცხოვრებთ. საღამურ სამოსში გამოწყობილი ქალბატონი ლესპანეი და მისი ქალიშვილი, ეტყობოდა, რაღაც ქაღალდებს აწესრიგებდნენ უკვე ხსენებულ რკინის ზარდახშაში, რომელიც შუა ოთახში გამოეთრიათ. ყუთი გაეხსნათ და მასში რაც ყოფილიყო ჩალაგებული, იქვე იატაკზე ეწყო. მსხვერპლები ალბათ ფანჯრისკენ ზურგშექცევით ისხდნენ და, მხეცის შიგ შეხტომასა და წივილ-კივილის ატეხას შორის გასულ დროს თუ გავითვალისწინებთ, შესაძლებლად უნდა მივიჩნიოთ, რომ მხეცი მაშინვე არ შეუნიშნავთ – დარაბის ჯახუნი უბრალოდ ქარს მიაწერეს. როცა მეზღვაურმა შიგ შეიხედა, ბუმბერაზ ცხოველს ხელი ქალბატონ ლესპანეის თმაში ჰქონდა ჩაჭიდებული, რომელიც დასავარცხნად გაეშალა მოხუცებულს, და პირისახის წინ სამართებელს უტუტურაზებდა დალაქის მოძრაობათა მიბაძვით. ქალიშვილი უძრავად გაშხლართულიყო – გული შეჰღონებოდა. ბებერის წივილ-კივილმა და ბრძოლამ, რომლის დროსაც თმა დააგლიჯა მას მხეცმა, თავდაპირველი, თითქოს მშვიდობიანი ზრახვები გაშმაგებად შეუცვალა ორანგუტანგს. თავისი ძარღვიანი ხელის ერთი გაკვრით თითქმის მთლიანად მოაგდებინა თავი მოხუცს, სისხლის დანახვამ კი სულ გააგიჟა. კბილების ღრჭიალითა და თვალების ბრიალით მივარდა ქალიშვილს, წაუჭირა თავისი საზარელი ბრჭყალები ყელში და მანამ არ შეუშვა, სანამ სული არ გააფრთხობინა. მაიმუნის გაოგნებული და გახელებული მზერა ამ დროს საწოლის თავს დაუპირისპირდა, რომლის ზემოდანაც თავზარდაცემისგან გაშეშებული მისი პატრონის სახე მოჩანდა. მხეცს უთუოდ კვლავ მოაგონდა მათრახის სუსხი და გამძვინვარება შიშად შეეცვალა. იგრძნო, სასჯელი არ ამცდებაო და თითქოს მოიწადინა, თავისი სისხლიანი საქმენი მიეჩქმალა – სასოწარკვეთილი და აღელვებული ხან იქით ეცა ოთახს, ხან აქეთ; თან ამ სირბილში ავეჯს აქცევდა და ამტვრევდა და ლოგინიც გადმოათრია საწოლიდან. დაბოლოს, ჯერ ქალიშვილის გვამს სტაცა ხელი და შეჩურთა საკვამლე მილში, მერმე კი მოხუცი გადააგდო ფანჯრიდან ძირს.    მაიმუნი რომ მოადგა ფანჯარას საზარლად დამახინჯებული ტვირთითურთ, თავზარდაცემული მეზღვაური მეხთამრიდს მიაწყდა; უფრო ჩამოსრიალდა, ვიდრე ჩამოცოცდა ძირს და შინისკენ მოკურცხლა – ეშინოდა, ამ ხოცვა-ჟლეტაში ბრალი არ დამდონო და დამფრთხალმა სასწრაფოდ მიანება თავი ორანგუტანგის ბედზე ზრუნვას. კიბეზე ამსვლელებმა რომ სიტყვები გაიგონეს, შეძრწუნებული და თავზარდაცემული ფრანგის შეძახილები გახლდათ, რომლებიც მხეცის გაშმაგებულ ბურტყუნთან იყო შერეული. თითქმის აღარც არაფერი დარჩა სათქმელი. ორანგუტანგმა, ეტყობა, ისევ მეხთამრიდით უშველა თავს სწორედ იმის წინ, ვიდრე კარს შეამტვრევდნენ. ეტყობა, იმანვე დაუშვა სარკმელი, გარეთ რომ გაძვრა. შემდგომში მაიმუნი თვითონ პატრონმავე შეიპყრო, რომელმაც ძალიან დიდ თანხად მიჰყიდა ბოტანიკურ ბაღს. ლებონი მაშინვე გაათავისუფლეს, როგორც კი ვუამბეთ (დიუპენის ზოგიერთი შენიშვნითურთ) მთელი ეს გარემოებანი პოლიციის პრეფექტს. ამ მოხელემ, მიუხედავად ჩემი მეგობრისადმი კეთილგანწყობილებისა, მაინც ვერ დამალა წყენა საქმის ასე დატრიალების გამო და ერთი-ორჯერ დაცინვით გადაგვიკრა სიტყვა, ჯობს, ყველამ თავის საკუთარ საქმეს მიხედოსო. – დაე, იყბედოს, – თქვა დიუპენმა, რომელმაც საჭიროდარ ჩათვალა, გამოპასუხებოდა მას. – დაე ილაქლაქოს, გული მოიოხოს! მე იმითაც კმაყოფილი ვარ, რომ საკუთარ ციხე-სიმაგრეშივე დავამარცხე იგი. თუმცა ამ საიდუმლოების ამოხსნაში ჩაფლავდა, ეს საქმე სულაც არ არის ისე გასაოცარი, როგორც მაგას ჰგონია; რადგან ჩვენი მეგობარი პრეფექტი, მართალი რომ ვთქვათ, იმდენად გაიძვერაა, რომ საქმეში ღრმად ჩაწვდომას ვერც ახერხებს. მის სიბრძნეს საფუძველი, ხერხემალი აკლია. ეგ მარტო თავია და ტანი არ გააჩნია, ვითარცა ქალღმერთ ლავერნას; ანდა, უკეთეს შემთხვევაში, მარტო თავი და ბეჭებია ვირთევზასავით. მაგრამ მაინც კარგი ვინმეა. განსაკუთრებით იმ ოსტატური თაღლითობისთვის მომწონს, რომლითაც მან გამჭრიახი კაცის სახელი დაიგდო. მე აქ ვგულისხმობ მის ხერხს – „უარყოფა იმისა, რაც არის და ყბედობა იმაზე, რაც არ არის“. …
დაამატა Kakha to ლიტერატურა at 11:59am on აპრილი 28, 2015
თემა: მიხაილ ბულგაკოვი - საბედისწერო კვერცხები
ერსიკოვი თავის კაბინეტში შევიდა, გერცენის ქუჩაზე მდებარე ზოოლოგიის ინსტიტუტში რომ იყო მოთავსებული. პროფესორმა ზედა მქრქალი სფერო აანთო და მიმოიხედა.       საზარელი კატასტროფის დასაწყისად სწორედ ეს ავბედითი საღამო ჩაითვალა, ისევე როგორც ამ კატასტროფის პირველმიზეზად უთუოდ პროფესორი ვლადიმირ იპატიევიჩ პერსიკოვი უნდა მივიჩნიოთ.       იგი ზუსტად 58 წლისა გახლდათ, დიდებულ, ქვასანაყისნაირ, გამელოტებულ თავს გვერდებზე მოყვითალო თმის ბღუჯები გამოსჩროდა. წვერს მუდამ სუფთად იპარსავდა, წინ წამოზიდული ქვედა ტუჩის გამო სახეზე ნიადაგ ოდნავი ჭირვეულობის დაღი აჩნდა. წითელ ცხვირზე ვერცხლისჩარჩოიანი, პატარა, ძველმოდური სათვალე დაეკოსებინა, თვალები უბრწყინავდა, ტანმაღალი და წელში ოდნავ მოხრილი იყო. წრიპინა ხმის პატრონს სხვა უცნაურობათა შორის ამგვარი ჩვევაც ჰქონდა: როცა რამეს საფუძვლიანად და დამაჯერებლად ამბობდა, მარჯვენა სალოკ თითს მოკაკვავდა და თვალებს მოჭუტავდა. და რადგანაც მუდამ დამაჯერებლად ლაპარაკობდა, ვინაიდან თავის დარგში სავსებით ფენომენალური ერუდიცია გააჩნდა, ამის გამო პროფესორ პერსიკოვთან მოსაუბრეების ცხვირწინ მისი მოკაკული თითი ძალზე ხშირად ტრიალებდა. თავისი დარგის, ანუ ზოოლოგიის, ემბრიოლოგიის, ანატომიის, ბოტანიკისა და გეოგრაფიის გარდა პროფესორი პერსიკოვი თითქმის არაფერზე ლაპარაკობდა.       პროფესორი პერსიკოვი გაზეთებს არ კითხულობდა, არც თეატრში დადიოდა, ცოლი 1913 წელს გაექცა, ოპერის ტენორს, ზიმინს გაჰყვა და ამგვარი შინაარსის წერილი დაუტოვა: „შენი ბაყაყები ისე მეზიზღება, მათი გახსენებაც კი აუტანელ ჟრჟოლას მგვრის. მათ გამო სულ სიცოცხლეგამწარებული ვიქნები“.       პროფესორი მერე აღარ დაოჯახებულა. შვილები არ ჰყავდა. ძალზე ფიცხი გახლდათ, ოღონდ ბრაზი მალე გაუვლიდა ხოლმე, მიწამაყვალას მურაბიანი ჩაი უყვარდა, პრეჩისტენკაზე ცხოვრობდა ხუთოთახიან ბინაში, რომლის ერთი ოთახი ხმელ-ხმელ დედაბერს, ეკონომ ქალს, მარია სტეპანოვნას ეკავა, პროფესორს გადიასავით რომ უვლიდა.       1919 წელს პროფესორს ხუთი ოთახიდან სამი ჩამოართვეს. მაშინ პერსიკოვმა მარია სპეტანოვნას განუცხადა: - მარია სტეპანოვნა, თუ ისინი ამ უმსგავსობას არ მოიშლიან, საზღვარგარეთ წავალ. პროფესორი ამ გეგმას თუ განახორციელებდა, ეჭვგარეშეა, მსოფლიოს რომელიც გინდა უნივერსიტეტში ზოოლოგიის კათედრაზე მოწყობას სულ იოლად შეძლებდა, რადგანაც მართლაცდა პირველხარისხოვანი მეცნიერი გახლდათ, ხოლო იმ დარგში, რომელიც წყალხმელეთა ცხოველებს ანდა შიშველ ქვეწარმავლებს შეისწავლიდა, კემბრიჯის პროფესორ უილიამ ვეკლისა და რომაელ პროფესორ ჯაკომო ბართოლომეო ბეკარის გარდა, ბადალი არ ჰყავდა. პროფესორი რუსულის გარდა ოთხ ენაზე კითხულობდა, ხოლო ფრანგულად და გერმანულად რუსულივით ლაპარაკობდა. საზღვარგარეთ წასვლის თაობაზე თავისი განზრახვა პერსიკოვს არ შეუსრულებია. ოცი წელი ცხრამეტზე კიდევ უფრო უარესი გამოდგა. ამბავი ამბავს მიჰყვა. დიდ ნიკიტსკაიას გერცენის ქუჩა დაარქვეს, შემდეგ გერცენისა და მოხოვაიას კუთხეში მდგარი სახლის კედელში ჩატანებული საათი თერთმეტ საათსა და თხუთმეტ წუთზე გაჩერდა, დაბოლოს ზოოლოგიური ინსტიტუტის ტერარიუმებში მოთავსებულმა ქვეწარმავლებმა სახელოვანი წლის ყველა არეულობას ვერ გაუძლეს და ამოწყდნენ: თავდაპირველად ვასაკების რვა დიდებული ეგზემპლარი მოკვდა, მათ თხუთმეტი ჩვეულებრივი გომბეშო მიჰყვა და ბოლოს სული ამოხდა სურინამული გომბეშოს იშვიათ ეგზემპლარსაც.       გომბეშოების ამოწყვეტის კვალდაკვალ, რამაც ბოლო მოუღო შიშველ ქვეწარმავალთა პირველ რაზმს, სამართლიანად უკუდო ქვეწარმავალთა რაზმი რომ ეწოდება, იმქვეყნად გადასახლდა ინსტიტუტის უცვლელი დარაჯი ვლასი. თუმცაღა შიშველ ქვეწარმავალთა კლასს არ გენეკუთვნებოდა, მისი სიკვდილის მიზეზი იგივე გახლდათ, რამაც საბრალო ქვეწარმავალთა ამოწყვეტა გამოიწვია და ეს მიზეზი პერსიკოვმა უმალვე განსაზღვრა: - დამშევა! მეცნიერი უდავოდ მართალი გახლდათ: ვლასს ფქვილით უნდა ესაზრდოვა, ხოლო გომბეშოებს ფქვილის მატლებით, მაგრამ რაკიღა პირველი გაქრა, მეორენიც მის კვალს მიჰყვნენ. პერსიკოვი შეეცადა დარჩენილი ვასაკების ოცი ეგზემპლარი ტარაკანებით კვებაზე გადაეყვანა, მაგრამ ტარაკანებიც სადღაც გაუჩინარდნენ, რითაც სამხედრო კომუნიზმის მიმართ თავიანთი ბოროტგანმზრახველობა გაამჟღავნეს, ასე რომ, უკანასკნელი ეგზემპლარებიც ინსტიტუტის ეზოში ამოთხრილ სანაგვე ორმოში ჩასაყრელი შეიქნა. ქვეწარმავალთა, განსაკუთრებით კი სურინამული გომბეშოს დაღუპვამ პერსიკოვი ისე დაამწუხრა, ენით არ გამოითქმის. მათ სიკვდილს იგი რატომღაც მაშინდელ განათლების სახალხო კომისარს აბრალებდა.       პერსიკოვი ინსტიტუტის გათოშილ დერეფანში ქუდიანი და კალოშებიანი იდგა და თავის ასისტენტ ივანოვს, ქერა, წამახული წვერით დამშვენებულ, უაღრესად დახვეწილ ჯენტლმენს ეუბნებოდა: - პიოტრ სტეპანოვიჩ, ამის გამო ხომ იმას სიკვდილი არ უნდა აკმარო! რას სჩადიან? ისინი ხომ ინსტიტუტს ღუპავენ! ჰა? უბადლო მამალი პიპა ამერიკანა, საუცხოო ეგზემპლარი, ცამეტი სანტიმეტრის სიგრძისაა...       მერე და მერე საქმე გაუარესდა. ვლასის სიკვდილის შემდეგ ინსტიტუტის ფანჯრები ერთიანად გაიყინა, მინები შიგნითა მხრიდან ყინულმა ააჭრელა. დაიხოცნენ ბოცვრები, მელიები, მგლები, თევზები, ამოწყდა უკლებლივ ყველა ანკარა. პერსიკოვი მთელი დღეები ხმას არ იღებდა, მერე ფილტვების ანთება დაემართა, მაგრამ არ მომკვდარა. როცა გამოკეთდა, ინსტიტუტში დაიწყო სიარული და კვირაში ორჯერ ლექციების ციკლს თემაზე „ცხელი სარტყლის ქვეწარმავლები“ რვა მსმენელს უკითხავდა მრგვალ დარბაზში, სადაც მუდამ, რატომღაც უცვლელად 5 გრადუსი ყინვა იდგა იმისაგან დამოუკიდებლად, რამდენი გრადუსი იყო ქუჩაში; კალოშები ეცვა, ყურებიანი ქუდი ეხურა, კაშნე ეკეთა და პირიდან თეთრი ორთქლი ამოსდიოდა. დანარჩენ დროს პერსიკოვი პრეჩისტენკაზე, თავის ბინაში, წიგნებით ჭერამდე გამოტენილ ოთახში დივანზე იწვა, პლედი ეხურა, ახველებდა, ღუმლის ცეცხლოვან ხახას აშტერდებოდა, მარია სტეპანოვნას მოოქრული სკამებით რომ გაეხურებინა, და სურინამულ გომბეშოს იხსენებდა.       მაგრამ ამქვეყნად ყველაფერს აქვს დასასრული. გასრულდა ოცი და ოცდაერთი წლები, ხოლო ოცდაორში საქმეები თითქოს წაღმა დაიძრა. განსვენებული ვლასის ადგილას გამოჩნდა პანკრატი, ჯერ ახალგაზრდა, მაგრამ დიდი იმედების მომცემი ზოოლოგიური დარაჯი, ნელ-ნელა ინსტიტუტის გათბობაც დაიწყეს, ხოლო ზაფხულში პერსიკოვმა პანკრატის დახმარებით კლიაზმაზე თოთხმეტი ცალი ვულგარული გომბეშო დაიჭირა. ტერარიუმში სიცოცხლე კვლავ აჩქეფდა... ოცდასამ წელში პერსიკოვი უკვე კვირაში რვაჯერ კითხულობდა ლექციებს - სამჯერ ინსტიტუტში და ხუთჯერ უნივერსიტეტში, ოცდაოთხ წელში კვირაში ცამეტჯერ, ამას გარდა მუშფაკებზეც, ხოლო ოცდახუთში, გაზაფხულზე, სახელი გაითქვა იმით, რომ გამოცდებზე სამოცდათექვსმეტი სტუდენტი ჩაჭრა, თანაც ყველა შიშველ ქვეწარმავლებზე. - მაშ არ იცით შიშველი ქვეწარმავლები რითი განსხვავდებიან სხვა ქვეწარმავლებისაგან? - ეკითხებოდა მათ პერსიკოვი, - ეს ხომ სასაცილოა, ყმაწვილო კაცო, შიშველ ქვეწარმავლებს მენჯის თირკმლები არა აქვთ. არ გააჩნიათ. მააშ. გრცხვენოდეთ. თქვენ უთუოდ მარქსისტი იქნებით? - მარქსისტი ვარ, - უპასუხებდა ნირწამხდარი მარქსისტი. - ჰოდა, გეთაყვა, შემოდგომაზე მობრძანდით, - თავაზიანად ეტყოდა პერსიკოვი და პანკრატს მხნედ გასძახებდა - შემდეგი შემოუშვი.       მსგავსად იმისა, როგორც ხანგრძლივი გვალვის შემდეგ პირველივე უხვი წვიმებისას ამფიბიები გამოცოცხლდებიან ხოლმე, პროფესორი პერსიკოვი გამოცოცხლდა 1926 წელს, როცა ამერიკულ-რუსული გაერთიანებული კომპანია მშენებლობას შეუდგა, გაზეთის შესახვევისა და ტვერსკაიას გადაკვეთის გაყოლებაზე მოსკოვის ცენტრში 15 თხუთმეტსართულიანი სახლი წამოჭიმა, ხოლო გარეუბანში მუშათა 300 რვა-რვა ბინიანი კოტეჯი ააშენა, რითაც ერთხელ და სამუდამოდ ბოლო მოუღო საშინელსა და სასაცილო საბინაო კრიზისს, ასერიგად რომ ტანჯავდა მოსკოველებს 1919-1925 წლებში. საერთოდ, ეს ზაფხული პერსიკოვის ცხოვრებაში საუცხოო გახლდათ. ზოგჯერ ხმადაბლა კმაყოფილებით ჩაიხითხითებდა ხოლმე და ხელების ფშვნეტით იხსენებდა იმ დროს, როცა ის და მარია სტეპანოვნა ორ ოთახში იყვნენ გამომწყვდეულნი. ახლა პროფესორმა ხუთივე ოთახი დაიბრუნა, ორი ათას ხუთასი წიგნი, ფიტულები, დიაგრამები, პრეპარატები ხალვათად განალაგა, კაბინეტში, მაგიდაზე მწვანე ლამპა აანთო.       ინსტიტუტიც ძნელად საცნობი შეიქნა: შენობა კრემისფრად შეღებეს, ქვეწარმავალთა ოთახში საგანგებო წყალსადენით წყალი გაიყვანეს, ყველა მინა სარკისებური მინით შეცვალეს, ხუთი ახალი მიკროსკოპი, მინის საპრეპარაციო მაგიდები, ორიათასლამპიანი შუქამრეკლავი სფეროები, რეფლექტორები გამოგზავნეს, მუზეუმისათვის კარადები მოიტანეს.       პერსიკოვი გამოცოცხლდა, რაც მთელ ქვეყნიერებას ამცნო 1926 წლის დეკემბერში მისმა გამოქვეყნებულმა ბროშურამ: „კვლავ ბალთოსნების ანუ ქიტონების გამრავლების საკითხისათვის“ გამოსცა, 126 გვ. „IV უნივერსიტეტის მაცნე“.       ხოლო 1927 წლის შემოდგომაზე 350 გვერდიანი კაპიტალური ნაშრომი, გადათარგმნილი 6 ენაზე, მათ შორის იაპონურადაც: „გომბეშოების, ქიტონებისა და ბაყაყების ემბრიოლოგია“. ფასი 3 მანეთი სახგამომცემლობა.       1928 წლის ზაფხულში კი ის წარმოუდგენელი, საშინელი ამბავი მოხდა... თავი II. ფერადი ხვეული       მაშ ასე, პროფესორმა სფერო აანთო და მიმოიხედა, გრძელ საექსპერიმენტო მაგიდაზე რეფლექტორი ჩართო, თეთრი ხალათი ჩაიცვა, მაგიდაზე რაღაც ხელსაწყოები ააწკარუნა...       ოცდარვა წელს მოსკოვში მსრბოლი ოცდაათი ათასი მექანიკური ეკიპაჟიდან მრავალი გარბი-გამორბოდა გერცენის ქუჩაზე და გლუვ ტორსფენილზე მიშარიშურიბდა, ყოველ წუთში კი გერცენიდან მოხოვაიასკენ გრიალ-ხრჭიალით მიექანებოდა 16, 22, 48 ან 53 მარშრუტის ტრამვაი. კაბინეტის სარკისებურ მინებში ნაირფრად ირეკლებოდა შუქთა ათინათები, ხოლო შორს, მაღლა, ქრისტეს ტაძრის ჩამუქებული და მძიმე გუმბათის გვერდით მოჩანდა დაბინდული, მკრთალი ნამგალა მთვარე.       მაგრამ პროფესორ პერსიკოვს არც ნამგალა მთვარე აინტერესებდა და არც მოსკოვის საგაზაფხულო გუგუნი. იგი ხრახნიან სამფეხა სკამზე იჯდა და თამბაქოსგან ჩაყვითლებული თითებით ცეისის დიდებული მიკროსკოპის კრემალიერს ატრიალებდა, მიკროსკოპში კი ამების ახალი, ჩვეულებრივი, შეუღებავი პრეპარატი მოეთავსებინა. იმ დროს, როცა პერსიკოვი პრეპარატის ზომას ხუთიდან ათი ათასამდე ზრდიდა, კარი გაიღო, წამახული წვერი და ტყავის წინსაფარი გამოჩნდა და ასისტენტის ხმა გაისმა: - ვლადიმერ იპატიჩ, ჯორჯალი დავაყენე, ხომ არ ჩახედავდით?       პერსიკოვი ტაბურეტიდან მკვირცხლად წამოხტა, კრემალიერი შუა გზაზე მიატოვა და ასისტენტის კაბინეტში შევიდა, თან ხელში პაპიროსს ნელა ატრიალებდა. იქ, მინის მაგიდაზე, ცოცხალმკვდარი, შიშისა და ტკივილისაგან გაშეშებული ბაყაყი კორპის შტატივზე იყო გაკრული, ხოლო მისი გასისხლიანებული მუცლიდან ამოყრილი ქარსივით გამჭვირვალე შიგნეული ასისტენტს მიკროსკოპში ჩაემაგრებინა. - ძალიან კარგი! - თქვა პერსიკოვმა და მიკროსკოპის ოკულიარს ჩააცქერდა.       ეტყობა რაღაც ძალზე საინტერესო მოჩანდა ბაყაყის ჯორჯალში, სადაც ძარღვთა მდინარეები, როგორც ხელისგულზე, ისე გადაშლილიყო და შიგ მკვირცხლად დარბოდა სისხლის ცოცხალი ბურთულები. პერსიკოვს თავისი ამებები გადაავიწყდა და ივანოვთან ერთად ამ ბურთულებს დაუწყო თვალიერება. საათნახევრის განმავლობაში მიკროსკოპის მინას ხან ერთი ჩასცქეროდა, ხან მეორე. ამასთანავე მეცნიერები ერთმანეთს გახალისებულნი გადაულაპარაკებდნენ ხოლმე უბრალო მოკვდავთათვის გაუგებარ სიტყვებს.       ბოლოს პერსიკოვმა მიკროსკოპს თავი ანება და თქვა: - სისხლი დედდება, ვეღარაფერს გააწყობ.       ბაყაყმა თავი მძიმედ გადააქნია, მისი სხივმიმქრალი თვალები კი აშკარად მეტყველებდა: „არამზადები ხართ, რომ იცოდეთ...“       პერსიკოვი წამოდგა, დაბუჟებული ფეხები გამართა, თავის კაბინეტში დაბრუნდა, დაამთქნარა, ანთებისაგან ერთთავად ჩაწითლებული ქუთუთოები თითებით მოისრისა, ტაბურეტზე ჩამოჯდა, მიკროსკოპში ჩაიხედა, თითები კრემალიერს მოჰკიდა და უკვე ხრახნის გადატრიალებას აპირებდა, მაგრამ აღარ გადაატრიალა. პერსიკოვი მარჯვენა თვალით შემღვრეულ თეთრ ლაქას და შიგ ფერმკრთალ, დაბინდულ ამებებს ხედავდა, ხოლო დისკოს შუაგულში ქალის კულულის მსგავსი ფერადი ხვეული მოჩანდა. ეს ხვეული თავად პერსიკოვს და ასეულობით მის მოწაფესაც ძალზე ბევრჯერ ჰქონდათ ნანახი და ამით არავინ დაინტერესებულა, რადგან დასაინტერესებელი არც ყოფილა რამე. შუქის ფერადი ბღუჯა მხოლოდ აფერხებდა დაკვირვებას და იმას იუწყებოდა, რომ პრეპარატი ფოკუსში არ იყო მოქცეული. ამიტომაც ამ ბღუჯას ხრახნის ერთი გადატრიალებით დაუნდობლად გააქრობდნენ ხოლმე და ველს თანაბარი თეთრი შუქით გაანათებდნენ. ზოოლოგმა გრძელი თითები ხრახნის ნაჭდევს უკვე მჭიდროდ შემოაჭდო, მაგრამ შემკრთალმა უეცრად მოაცილა. ამის მიზეზი პერსიკოვის მარჯვენა თვალი გახლდათ. უცბად რომ გაფაციცდა, განცვიფრდა და შეშფოთდა კიდევაც. მიკროსკოპთან რესპუბლიკის ჭირად მომრავლებულ საშუალო დონის ერთი უნიჭოთაგანი კი არ მჯდარა, არა, იქ იჯდა პროფესორი პერსიკოვი! მთელი მისი ცხოვრება, მთელი გულისთქმანი ამ მარჯვენა თვალში გახლდათ თავმოყრილი. უმაღლესი არსება უმდაბლესს სამარისებურ სიჩუმეში ხუთი წუთის განმავლობაში აკვირდებოდა. თვალს ძაბავდა და განაწამებ მზერას ფოკუსის მიღმა დარჩენილი პრეპარატისკენ მიმართავდა. ირგვლივ მდუმარებას დაესადგურებინა. პანკრატს უკვე ეძინა ვესტიბულის გვერდით თავის ოთახში. შორს კარადების მინებმა მუსიკალურად და ნაზად მხოლოდ ერთხელ გაიწკარუნა - მაშ ივანოვმა წასვლისას თავისი კაბინეტის კარი გაიკეტა. მერე ქუჩაში გასასვლელმა კარმა ამოიკვნესა. შემდეგ კი პროფესორის ხმაც გაისმა. თუმცა არავინ უწყის, ვის შეეკითხა: - ეს რა არის? ვერაფერი გამიგია... გერცენის ქუჩაზე დაგვიანებულმა სატვირთო მანქანამ ჩაიარა და ინსტიტუტის ძველი კედლები შეაზანზარა. მაგიდაზე პინცეტებიანმა პირგანიერმა მინის ჯამმა გაიწკარუნა. პროფესორი გაფითრდა და ხელები მიკროსკოპს ისე გადააფარა, როგორც დედა შვილს გადააფარებს ხოლმე, როცა ბავშვს ხიფათი მოელის. ახლა პერსიკოვი ხრახნს არაფრის დიდებით არ გადაატრიალებდა. ის კი არა, უკვე ეშინოდა, რაიმე ძალამ მხედველობის არიდან არ გამიქროს, რაც დავინახეო.       უკვე მთლად გათენებულიყო. ინსტიტუტის კრემისფერი პარმაღი ოქროსფერ ზოლს გადაეხაზა, როცა პროფესორმა მიკროსკოპი მიატოვა, გაშეშებული ფეხები ფანჯარასთან ვაი-ვაგლახით მიათრია და აკანკალებული თითებით ღილაკს დააჭირა. შავი ფარდები ფანჯრებს ჩამოეფარა, დილა გააუჩინარა და კაბინეტში ბრძნული, მეცნიერული ღამე დაასადგურა. სახეჩაყვითლებულმა, შთაგონებამოძალებულმა პერსიკოვმა ფეხები გაჩაჩხა, აცრემლებული თვალები პარკეტს ჩააშტერა და ხმამაღლა თქვა: - ეს რა არის? ეს რა საოცრებაა!.. დიახ, საოცრებაა, ბატონებო, - მიმართა ტერარიუმში მყოფ გომბეშოებს, მაგრამ გომბეშოებს ეძინათ და პასუხი არ გაუციათ.       იგი ერთხანს დუმდა, მერე ამომრთველთან მივიდა, ფარდები ასწია, ყველა შუქი ჩააქრო და მიკროსკოპში ჩაიხედა. სახე დაეძაბა, დაბუჩქული ყვითელი წარბები შეყარა. - ჰო, ჰო, - ჩაიბურტყუნა მან, - გაქრა. გასაგებია. გა-სა-გებია, - წარმოთქვა გაბმით და ჩამქრალ სფეროს შეშლილივით შთაგონებულად ააცქერდა, - ცხადზე ცხადია.       მერე მოსისინე ფარდები კვლავ ჩამოუშვა და სფერო ისევ აანთო, მიკროსკოპში ჩაიხედა და გახარებულმა გულიანად ჩაიცინა. - დავიჭერ, - ზეიმით, მედიდურად თქვა მან და თითი მაღლა აღმართა, - უსათუოდ დავიჭერ. იქნებ მზის სხივი წარმოქმნის.       ფარდები კვლავ მაღლა ასრიალდა. მზე უკვე ამოსულიყო. ინსტიტუტის კედლები სხივებში გაეხვია და გერცენის ტორსფენილზე ირიბად გაწოლილიყო. პროფესორი ფანჯრიდან იყურებოდა და ცდილობდა განესაზღვრა, მზე დღისით სად იქნებოდა. ფანჯარას ხან მოსცილდებოდა, ხან მიუახლოვდებოდა და ბოლოს ფანჯრის რაფაზე გადაწვა.       მერე ფრიად მნიშვნელოვან საიდუმლო საქმიანობას შეუდგა. მიკროსკოპს მინის თალფაქი ჩამოაფარა. სანთურის მოლურჯო ალზე ლუქის ნაჭერი გაადნო და თალფაქის კიდეები მაგიდას მიამაგრა, ხოლო ლუქის ნაღვენთებზე ცერი თითი მიაბეჭდა. გაზი ჩააქრო, კაბინეტიდან გავიდა და კარი ინგლისური გასაღებით გადაკეტა.       ინსტიტუტის დერეფანში მკრთალი შუქი იდგა. პროფესორი პანკრატის ოთახს მიადგა. კარზე დიდხანს უშედეგოდ აკაკუნა. ბოლოს კარს იქით ისეთი ხმა გაისმა, თითქოს ჯაჭვით დაბმული ძაღლი იღრინებაო, რასაც ხველება და ბურტყუნი მოჰყვა. განათებულ ღრიჭოში კოჭებთან გამონასკვულ ზოლიანი ნიფხვის ამარა პანკრატი გამოჩნდა. იგი მეცნიერს ფეთიანივით მიაშტერდა, ნამძინარევი ჯერ კიდევ ოდნავ ზმუოდა. - მაპატიე, პანკრატ, - უთხრა მას პროფესორმა და სათვალის ზემოდან დახედა... - ბოდიში, რომ გაგაღვიძე. იცი რა, მეგობარო. ჩემს კაბინეტში დილით არ შეხვიდე. იქ სამუშაო დავტოვე, რომლის ადგილიდან დაძვრა არ შეიძლება. მიხვდი? - ჰო-ო, მი-მი-ივხვდი, - უპასუხა პანკრატმა, თუმცა ვერაფერსაც ვერ მიხვდა. იგი ბარბაცებდა და ზმუოდა. - არა, პანკრატ, გონს მოდი, გაიღვიძე, - უთხრა ზოოლოგმა პაკნრატს და ნეკნებში ხელი ოდნავ წაჰკრა, რის შედეგადაც მას სახეზე შიში გამოესახა და თვალებში აზრის რაღაც ნატამალი გაუკრთა. - მე კაბინეტი დავკეტე, ისე რომ ჩემს მოსვლამდე კაბინეტის დალაგება საჭირო არ არის. გაიგე? - გავიგე, - ჩაიხიხინა პანკრატმა. - ჰოდა, ძალიან კარგი. წადი, დაიძინე.       პანკრატი შეტრიალდა, კარს მიეფარა და უმალ საწოლზე დაემხო, ხოლო პროფესორი ვესტიბულში ჩაცმას შეუდგა. ნაცრისფერი საზაფხულო პალტო ჩაიცვა, თხელი ქუდი დაიხურა, მერე მიკროსკოპში ნანახი სურათი გაახსენდა, თავის კალოშებს დააშტერდა და რამდენიმე წამს ისე უყურებდა, თითქოს პირველად ხედავსო. შემდეგ მარცხენა ფეხზე კალოში ჩაიცვა და ამ კალოშზე მარჯვენა კალოშის ჩაცმას შეუდგა, მაგრამ კალოში კალოშში ვერ ჩატია. - რა საოცარია, პიოტრ სტეპანოვიჩმა უცებ რომ დამიძახა, - თქვა მეცნიერმა, - თორემ მიკროსკოპში ამას ხომ ვერ შევამჩნევდი. მაგრამ ეს რას მოასწავებს? ეშმაკმა უწყის, რას მოასწავებს!..       პროფესორმა ჩაიცინა, თვალები მოჭუტა და კალოშებს დახედა, მარცხენა კალოში გაიხადა და მარჯვენა ჩაიცვა. - ღმერთო ჩემო, ხომ შეუძლებელია წარმოიდგინო ყველა შედეგი, რაც ამას შეიძლება მოყვეს... - პროფესორმა ზიზღით მიაგდო მარცხენა კალოში, რომელსაც არ სურდა მარჯვენა კალოშს მორგებოდა, მერე გასასვლელისაკენ ცალი კალოშით გაემართა. იქვე ცხვირსახოცი დაკარგა, გარეთ გავიდა და მძიმე კარი გაიჯახუნა. პარმაღზე დიდხანს იდგა და ასანთის მოსაძებნად ჯიბეებს იჩხრეკდა, ბოლოს იპოვა და ქუჩას გაუყვა, პირში მოკიდებული პაპიროსი ჰქონდა გაჩრილი.       ტაძრამდე პროფესორს კაციშვილი არ შეხვედრია. იქ როცა მივიდა, თავი მაღლა ასწია და ტაძრის ოქროს მუზარადს დააშტერდა, რომელსაც მზე ცალი მხრიდან ხარბად ლოკავდა. - ადრე რატომ არ შემიმჩნევია? აი, შემთხვევა ამას ჰქვია!.. ფუი, რა სულელი ვარ, - პროფესორი დაიხარა, სხვადასხვანაირად შემოსილ ფეხებს დააცქერდა და ჩაფიქრდა, - ჰმ... ახლა რა ვქნა? უკან დავბრუნდე? არა, პანკრატს ვერ გავაღვიძებ. ეს უპატრონო, გადასაგდებადაც არ მემეტება. სხვა გზა არა მაქვს, ხელით უნდა ვატარო. - კალოში გაიხადა, ხელში ზიზღით დაიჭირა და გზა ისე განაგრძო.       პრეჩისტენკის მხრიდან ძველი ავტომობილი გამოჩაკჩაკდა. შიგ სამნი ისხდნენ. ორ გამობრუჟულ კაცს მუხლებზე სახეშეთხიპნილი, ოცდარვა წლის მოდაზე შეკერილი აბრეშუმის შარვლიანი ქალი ეჯდა. - ჰეი, ბიძიკო! - ჩახრინწული ხმით გამოსძახა ქალმა პერსიკოვს, მეორე კალოში შემოგეხარჯა? - ბერიკაცი ალბათ „ალკაზარში“ გამოთვრა, - წამოიყმუვლა მარცხნივ მჯდარმა მთვრალმა კაცმა, ხოლო მარჯვნივ მჯდარმა ავტომობილიდან თავი გამოყო და დაიყვირა: - მამილო, ვოლხონკაზე ღამის ბარი ღიაა? იქ მივდივართ!       პროფესორმა მთვრალებს სათვალის ზემოდან მკაცრად გახედა, პირიდან პაპიროსი გაუვარდა და ავტომობილში მსხდომთა არსებობა უმალვე დაავიწყდა. პრეჩისტენკის ბულვარს მზის სხივები ზოლ-ზოლად ეფინა, ხოლო ქრისტეს მუზარადს უკვე ცეცხლი შემოგზნებოდა. მზე ამოვიდა. თავი III. პერსიკოვმა მიაკვლია       საქმის ვითარება ასეთი გახლდათ: როცა პროფესორმა გენიალური თვალი ოკულარს მიუახლოვა, თავის სიცოცხლეში პირველად მიაქცია ყურადღება იმას, რომ მრავალფერ ხვეულში ერთი სხივი განსაკუთრებით მკაფიოდ და მძლავრად იკვეთებოდა. ეს სხივი ხასხასა წითელი ფერისა გახლდათ და ხვეულიდან მცირე ზომის წვეტივით, ასე ვთქვათ, ნემსივით სხლტებოდა.       საუბედუროდ ამ სხივმა ვირტუოზის გაწაფული თვალი რამდენიმე წამით მიიზიდა.       ამ სხივში პერსიკოვმა ისეთი რამ შეამჩნია, რაც თვით სხივზე, მიკროსკოპის სარკისა და ობიექტივის მოძრაობისას შემთხვევით შობილ უბადრუკ ნაშიერზე ათასჯერ უფრო მნიშვნელოვანი და საყურადღებო იყო. იმის წყალობით, ასისტენტმა პროფესორი რომ გაიხმო, ამბები საათნახევრის განმავლობაში ამ სხივის ზემოქმედებას განიცდიდნენ და ამას, აი, რა შედეგი მოჰყვა: იმ დროს, როცა სხივგარეთ დარჩენილი მარცვლოვანი ამებები დისკოში დუნედ, უმწეოდ იწვნენ, იმ ადგილას, სადაც წითელი, პირბასრი მახვილი გაჭიმულიყო, უცნაური მოვლენები ხდებოდა. წითელ ძაფში სიცოცხლე დუღდა. ნაცრისფერ ამებებს ცრუფეხები გაეწვდინათ, რაც ძალა და ღონე ჰქონდათ, წითელი ზოლისკენ მიიწევდნენ და იქ (თითქოს ჯადოსნური ძალის წყალობით) ცხოველმყოფელობას იძენდნენ. რაღაც ძალა მათ სულს შთაბერავდა. ისინი ქარავნებად მიემართებოდნენ და სხივში ადგილისთვის ერთმანეთს ებრძოდნენ. იქ გაშმაგებული (სხვა სიტყვა არ მოიძებნება) გამრავლება მიმდინარეობდა. ისინი პერსიკოვისთვის საკუთარი ხუთი თითივით ცნობილ ყველა კანონს ამსხვრევდნენ და ამხობდნენ, მის თვალწინ ელვისებური სისწრაფით იკვირტებოდნენ, სხივს შიგნით ნაწილებად იშლებოდნენ და ყოველი ნაწილი ორ წამში ახალ, ცხოველმყოფელ ორგანიზმად გარდაიქმნებოდა. ეს ორგანიზმები რამდენიმე წამში სრულდებოდნენ და სიმწიფეს აღწევდნენ მხოლოდ იმისთვის, რომ თავის მხრივ მყისვე ახალი თაობა წარმოექმნათ, წითელ ზოლში, ხოლო შემდეგ მთელ დისკოში სივიწროვე შეიქნა და გარდაუვალი ბრძოლა დაიწყო. ახლად შობილნი ერთმანეთს მძვინვარედ ესხმოდნენ თავს, ნაწილ-ნაწილ გლეჯდნენ და ნთქავდნენ. ახალშობილთა შორის არსებობისთვის ბრძოლაში დაღუპულთა გვამები ეყარა. უკეთესნი და ძლიერნი იმარჯვებდნენ. ეს უკეთესნი შემზარავნი იყვნენ. ზომით ხომ დაახლოებით ორჯერ სჭარბობდნენ ჩვეულებრივ ამებებს, ამასთანავე რაღაც განსაკუთრებული სიანჩხლითა და სიმკვირცხლით გამოირჩეოდნენ. მათი მოძრაობა ელვისებური გახლდათ, ცრუფეხები ნორმალურზე გაცილებით გრძელი ჰქონდათ და ამ ცრუფეხებს, გადაუჭარბებლად შეიძლება ითქვას, ისე ამუშავებდნენ, როგორც რვაფეხები საცეცებს.       მეორე საღამოს უჭმელობისაგან ლოყებჩაცვივნული და ფერმიხდილი პროფესორი მხოლოდ მსხვილად გახვეული პაპიროსით იკრებდა ძალას და ამებათა ახალ თაობას აკვირდებოდა, მესამე დღეს კი კვლავ პირველწყაროს ანუ წითელ სხივს დაუბრუნდა.       გაზი სანთურში ხმადაბლა შიშინებდა, ქუჩიდან კვლავ ფეხის ხმა მოისმოდა. მესამე პაპიროსით მოწამლული, თვალებმილულული პროფესორი ხრახნიანი სავარძლის საზურგეს მიეყრდნო. - დიახ, ახლა ყველაფერი ცხადია. ამებები სხივმა გამოაცოცხლა. ეს ახალი, ჯერ გამოურკვეველი, ჯერ აღმოუჩენელი სხივია. პირველი, რაც უნდა გამოვარკვიო, ესაა - იგი მხოლოდ ელექტროობისგან წარმოიქმნება თუ მზეც წარმოქმნის, - თავისთვის ბუტბუტებდა პერსიკოვი.       კიდევ ერთი ღამეც და ეს გამოირკვა. პერსიკოვმა სამ მიკროსკოპში სამი სხივი დაიჭირა, მზისგან ვერაფერი მიიღო და თქვა: - უნდა ვიგულისხმოთ, მზის სპექტრი იგი არ არის... ჰმ... ერთი სიტყვით, უნდა ვიგულისხმოთ, რომ მისი მიღება მხოლოდ ელექტროშუქის მეშვეობით შეიძლება. - მან მქრალ სფეროს სიყვარულით ახედა, შთაგონებით გაიფიქრა რაღაცა, კაბინეტში ივანოვს მოუხმო, ყველაფერო მოუყვა და ამებები აჩვენა.       პრივატ-დოცენტი ივანოვი გაოგნდა, მთლად დაითრგუნა: ეშმაკმა დალახვროს, ასეთი უბრალო რამ, ეს წყვილი ისარი რომაა, ადრე როგორ ვერ შევამჩნიეთ, თუნდაც მე როგორ ვერ შევნიშნე, მართლა რა საოცარია! - ვლადიმერ იპატიჩ, ერთი შეხედეთ! - ამბობდა შეძრწუნებული, ოკულარს აკრული ივანოვი, - ეს რა ხდება?! თვალდათვალ იზრდებიან... ნახეთ, ნახეთ... - მე ამას მესამე დღეა, რაც ვაკვირდები, - შთაგონებით უპასუხა პერსიკოვმა.       ამის შემდეგ მეცნიერებმა ისაუბრეს, რის შედეგადაც გადაწყვიტეს: პრივატ-დოცენტ ივანოვს ლინზებითა და სარკეებით უნდა აეგო კამერა, რითაც მიკროსკოპის გარეშე შესაძლებელი იქნებოდა ამ სხივის გადიდებული სახით მიღება. ივანოვი იმედოვნებდა, დარწმუნებულიც კი იყო. ეს ძალზე უბრალო რამ არის, სხივს მოვიპოვებ, ვლადიმერ იპატიჩ, ეჭვი ნუ შეგეპარებათო. აქ კი ოდნავი უხერხულობა წარმოიშვა. - პიოტრ სტეპანოვიჩ, როცა ნაშრომს გამოვაქვეყნებ, აღვნიშნავ, რომ კამერები თქვენი აგებულია, - ჩაურთო პერსიკოვმა, რადგან იგრძნო, უხერხულობა უნდა დაეძლია. - ოჰ, ამას რა მნიშვნელობა აქვს... თუმცა, რა თქმა უნდა...       უხერხულობა უმალ გაქრა. ამ წუთიდან სხივმა ივანოვიც ჩანთქა. იმ დროს, როცა გამხდარ-დაუძლურებული პერსიკოვი შუაღამემდე მიკროსკოპს უჯდა, ივანოვი ლამპებით გაჩახჩახებულ ფიზიკის კაბინეტში ფუსფუსებდა, ლინზებისა და სარკეების კომბინაციებს ცვლიდა. ივანოვს მექანიკოსი ეხმარებოდა.       განათლების კომისარიატის საშუალებით გაგზავნილი მოთხოვნის შედეგად გერმანიიდან სამი ამანათი მიიღო, რაშიაც ეწყო ორმხრივამოზნექილი, ორმხრივჩაზნექილი და ამოზნექილ-ჩაზნექილი, გახეხილი მინები. ყოველივე იმით დამთავრდა, რომ ივანოვმა კამერა ააგო და ამ კამერაში წითელი სხივი მართლა დაიჭირა, თანაც უნდა ვაღიაროთ, რომ ოსტატურად დაიჭირა: სხივი მსხვილი, ოთხი სანტიმეტრი განაკვეთის მქონე, ბასრი და მძლავრი გამოვიდა.       პირველ ივლისს კამერა პერსიკოვის კაბინეტში დააყენეს და პროფესორი გამალებით შეუდგა სხივით გაშუქებულ ბაყაყის ქვირითზე ცდების ჩატარებას. ამ ცდებს გასაოცარი შედეგები მოჰყვა. ორ დღე-ღამეში ქვირითიდან ათასობით თავკომბალა გამოიჩეკა. მაგრამ ეს კიდევ არაფერია; ერთ დღე-ღამეში თავკომბალები დასრულებულ ბაყაყებად იქცნენ, თანაც ისეთი ანჩხლები და ღორმუცელები იყვნენ, რომ მათი ნახევარი მეორე ნახევარმა უმალ შესანსლა. სამაგიეროდ, ცოცხლად დარჩენილებმა ყოველგვარი ვადის გარეშე იწყეს ქვირითის დაყრა და ორ დღეში ამჯერად სხივის გარეშე წარმოშვეს ახალი თაობა, თანაც ურიცხვი რაოდენობისა. მეცნიერის კაბინეტში ეშმაკმა უწყის, რა ამბავი ატყდა: თავკომბალები კაბინეტიდან მთელ ინსტიტუტს მოედვნენ, ტერასები და იატაკი გაავსეს, ყოველ კუთხე-კუნჭულში, როგორც ჭაობში, ომახიანი ქოროები ახმიანდა. პანკრატს პერსიკოვისა ისედაც ხომ როგორც ცეცხლისა ეშინოდა და ახლა შიშისაგან ლამის სული ამოხდომოდა. ერთი კვირის შემდეგ თვით მეცნიერმა იგრძნო, რომ ჭკუაზე ირყეოდა. ინსტიტუტი ეთერისა და კალიუმციანიდის სუნით ისე გაიჟღინთა, პანკრატი კინაღამ მოიწამლა, რადგან ნიღაბი უდროოდ მოიხსნა. ბოლოს შეძლეს ჭაობის გამრავლებული ბინადარნი შხამებით ამოეწყვიტათ და კაბინეტები გაენიავებინათ, - პიოტრ სტეპანოვიჩ, დეიტეროპლაზმაზე და საერთოდ კვერცხუჯრედზე სხივის მოქმედება განსაცვიფრებელია. - უთხრა პერსიკოვმა ივანოვს.       დინჯმა, თავშეკავებულმა ჯენტლმენმა ივანოვმა პროფესორს უჩვეულო ტონით გააწყვეტინა: - ვლადიმერ იპატიჩ, წვრილმანი დეტალები, დეიტეროპლაზმა რა სალაპარაკოა. პირდაპირ ვთქვათ: თქვენ არგაგონილი რამ აღმოაჩინეთ, - ასისტენტმა თავს ძალა დაატანა და წარმოთქვა: - პროფესორო პერსიკოვო, თქვენ სიცოცხლის სხივი აღმოაჩინეთ!       პერსიკოვს ფერმკრთალი, გაუპარსავი ღაწვები ოდნავ წამოუწითლდა. - კარგი ერთი, - ჩაიბუტბუტა მან. - თქვენ ისეთ სახელს მოიხვეჭთ... - განაგრძობდა ივანოვი, - ლამისაა გადავირიო. იცით რა, ვლადიმერ იპატიჩ, უელსის გმირი თქვენთან შედარებით არაფერია... მე კი ეს ზღაპარი მეგონა... „ღმერთების საზრდო“ გახსოვთ? - ჰო, ის რომანი? - თქვა პერსიკოვმა. - ღმერთო ჩემო, ის ხომ ცნობილი რომანია!.. - დამავიწყდა, - უპასუხა პერსიკოვმა, - მახსოვს, რომ წავიკითხე, მაგრამ დამავიწყდა. - როგორ თუ დაგავიწყდათ, აბა ერთი შეხედეთ, - ივანოვმა მინის მაგიდიდან ფეხით ასწია უზარმაზარი, მუცელაბუშტული ბაყაყი, სულგამფრთხალსაც კი დრუნჩზე ანჩხლი გამომეტყველება რომ შერჩენოდა, - ეს ხომ განსაცვიფრებელია! თავი IV. მღვდლის ქვრივი დროზდოვა       ღმერთმა უწყის, ივანოვი იყო დამნაშავე, თუ სენსაციური ამბები ჰაერში თავისით ვრცელდება. ეს კია, უზარმაზარ, მოთუხთუხე მოსკოვში სხივზე და პროფესორ პერსიკოვზე უეცრად ალაპარაკდნენ, თუმცაღა გაკვრით და ძალზე ბუნდოვნად. სასწაულებრივი აღმოჩენის ამბავი აელვარებულ დედაქალაქში დაჭრილი ფრინველივით ხტოდა, ხან გაუჩინარდებოდა, ხანაც კვლავ ანავარდდებოდა. ასე გასტანა შუა ივნისამდე, ვიდრე გაზეთ „იზვესტიის“ მეოცე გვერდზე, სათაურით „მეცნიერებისა და ტექნიკის სიახლენი“, არ გამოქვეყნდა მოკლე ცნობა სხივის თაობაზე, სადაც გაკვრით იყო ნათქვამი, რომ IV უნივერსიტეტის სახელგანთქმულმა პროფესორმა სხივი გამოიგონა, რომელიც დაბალი ორგანიზმების ცხოველმოქმედებას წარმოუდგენლად ზრდიდა. საჭიროა ამ სხივის შემოწმებაო, - ასკვნიდა გაზეთი. გვარი, რაღა თქმა უნდა, დამახინჯებულად გახლდათ დაბეჭდილი: „პევსიკოვი“.       ივანოვმა პერსიკოვს ცნობა აჩვენა. - „პევსიკოვი“, - ჩაიბუზღუნა კაბინეტში კამერასთან მოფუსფუსე პერსიკოვმა, - ის ჩიტირეკიები ყველაფერს რანაირად შეიტყობენ ხოლმე?       ვაი, რომ დამახინჯებულმა გვარმა პერსიკოვი ვერ იხსნა იმ ამბებისგან, მეორე დღესვე რომ დაიწყო და მისი ცხოვრების მდინარება ერთბაშად შეცვალა.       პანკრატმა დააკაკუნა, კაბინეტში შევიდა და პერსიკოვს დიდებული ატლასივით მბზინავი სავიზიტო ბარათი გადასცა. - თვითონ იქ არის, - მოკრძალებით დაუმატა პანკრატმა.       ბარათზე ლამაზი შრიფტით იყო დაბეჭდილი: „ალფრედ არკადიევიჩ ბრონსკი“       თანამშრომელი მოსკოვის ჟურნალებისა - „წითელი ცეცხლი“, „წითელი წიწაკა“, „წითელი ჟურნალი“, „წითელი პროჟექტორი“ და გაზეთისა „წითელი საღამოს მოსკოვი“. - გააგდე აქედან, ჯანდაბას მაგისი თავი, - ჩაიბუტბუტა პერსიკოვმა და ბარათი მაგიდის ქვეშ შეაგდო.       პანკრატი შეტრიალდა, გავიდა და ხუთი წუთის შემდეგ უკან დაბრუნდა. დამწუხრებულს ხელში იმავე ბარათის მეორე ეგზემპლარი ეჭირა. - შენ ხომ არ დამცინი? - დაიწრიპინა პერსიკოვმა და სახეზე რისხვა გამოეხატა.       -გეპეუდან ვარო, - უპასუხა გაფითრებულმა პანკრატმა.       პერსიკოვმა ცალი ხელი ბარათს ისე სტაცა, კინაღამ შუაზე გადახია, მეორე ხელით კი პინცეტი მაგიდაზე დააგდო. ბარათზე ჩახუჭუჭებული ხელით იყო მიწერილი: „დიდად პატივცემული პროფესორო, ბოდიშს გიხდით და გთხოვთ, სამი წუთით მიმიღოთ ბეჭდვითი სიტყვის საზოგადოებრივ საქმეზე, გეპეუს გამომცემლობის სატირული ჟურნალის „წითელი ყორანის“ თანამშრომელი.“ - შემოიყვანე, - თქვა სულშეხუთულმა პერსიკოვმა.       პანკრატის ზურგს უკანიდან უმალვე გამოსხლტა სუფთად წვერგაპარსული, ლოყებპრიალა ახალგაზრდა კაცი, ჩინელივით შუბლზე აზიდული წარბები რომ ჰქონდა და წარბებქვეშ ჩამსხდარ აქატისფერ თვალებს ერთთავად არიდებდა მოსაუბრეს. ახალგაზრდა კაცი მართლაც რომ უზადოდ, მოდაზე გახლდათ ჩაცმული. ემოსა ვიწრო და გრძელი, მუხლებამდე ჩაშვებული პიჯაკი, ძალზე განიერი, ფარფარა შარვალი და უჩვეულოდ ფართო ყელიანი, გალაქული ფეხსაცმელები, ცხვირები ფლოქვებს რომ მიუგავდა. ხელში ჯოხი, წაწვეტებული შლაპა და ბლოკნოტი ეჭირა. - რა გნებავთ? - ჰკითხა მას პერსიკოვმა ისეთი ხმით, რომ პანკრატი უმალვე კარს იქით გასხლტა, - ხომ გითხრეს, რომ არ მცალია?       პასუხის ნაცვლად ახალგაზრდა კაცი პროფესორს ჯერ მხარმარცხნივ, მერე მხარმარჯვნივ თავდახრილი მიესალმა, მერე თვალები მთელ კაბინეტს ბორბლებივით მოავლო და ბლოკნოტში უმალვე რაღაც ჩაინიშნა. - მე არ მცალია, - უთხრა სტუმარს პროფესორმა და თვალებში ზიზღით შეხედა, მაგრამ ვერავითარ ეფექტს ვერ მიაღწია, რადგან მისი მზერა ვერაფრით მოიხელთა. - ათასგზის ბოდიშს გიხდით, დიდად პატივცემულო პროფესორო, - წვრილი ხმით წამოიწყო ახალგაზრდა კაცმა, - შინ რომ შემოგეჭერით და ძვირფას დროს გაკარგვინებთ, მაგრამ თქვენი მსოფლიო მნიშვნელობის აღმოჩენის ამბავი, რაც მთელ ქვეყნიერებას მოედო, ჩვენს ჟურნალს აიძულებს გთხოვოთ, რაიმე განმარტება მოგვცეთ. - რა განმარტებას მოითხოვთ მთელი ქვეყნიერებისათვის? - შესძახა პერსიკოვმა გამყინავი ხმით და ზაფრანის ფერი დაედო, - მოვალე არა ვარ განმარტება მოგცეთ... არ მცალია... სრულებით არ მცალია. - რაზე მუშაობთ? - ხმა დაიტკბო ახალგაზრდა კაცმა და ბლოკნოტში რაღაც კიდევ ჩაინიშნა. - მე ხომ... რაო? რაიმეს დაბეჭდვას აპირებთ? - დიახ, - უპასუხა ახალგაზრდა კაცმა და უეცრად ბლოკნოტში სწრაფად იწყო წერა. - ჯერ ერთი, არაფრის გამოქვეყნებას არ ვაპირებ, სანამ სამუშაოს არ დავასრულებ... მით უმეტეს თქვენს გაზეთებში... მეორეც, ეს ყოველივე საიდან იცით? - პერსიკოვმა უცებ იგრძნო, რომ თავგზა ებნეოდა. - მართალია თუ არა, რომ ახალი სიცოცხლის სხივი გამოიგონეთ? - რა ახალი სიცოცხლის სხივი? - გაშმაგდა პროფესორი, - რა სისულელეებს ჩმახავთ? ის სხივი, რაზედაც ვმუშაობ, ჯერ გამოკვლეული არ არის, და საერთოდ არაფერი არაა ცნობილი! შესაძლოა პროტოპლაზმის ცხოველმოქმედებას ზრდის... - რამდენჯერ? - სწრაფად ჰკითხა ახალგაზრდა კაცმა.       პერსიკოვი მთლად დაიბნა... „ეს რა კაცია. ეშმაკმა უწყის, რა ხდება!“ - რა ობივატელური შეკითხვებია?.. ვთქვათ, ვარაუდი გამოვთქვი, რომ ათასჯერ ზრდის!       ახალგაზრდა კაცს სიხარბისგან თვალები გაუბრწყინდა. - მაშ გიგანტური ორგანიზმები წარმოიქმნება? - არაფერი ამის მსგავსი! თუმცაღა, ჩემს მიერ მიღებული ორგანიზმები ჩვეულებრივს ჭარბობენ... ზოგიერთი ახალი თვისება გააჩნიათ... მაგრამ აქ ხომ მთავარი სიდიდე კი არა, არამედ გამრავლების წარმოუდგენელი სისწრაფეა, - თავისდა საუბედუროდ თქვა პერსიკოვმა და მყისვე შეძრწუნდა. ახალგაზრდა კაცმა ნაწერით მთელი გვერდი გაავსო, გადაფურცლა და წერა განაგრძო. - ნუ წერთ! - ჩახრინწული ხმით თქვა სასოწარკვეთილმა, უკვე ფარხმალდაყრილმა პერსიკოვმა, იგრძნო, რომ ახალგაზრდა კაცს ვერა და ვერ დაუსხლტებოდა, - აბა, რას წერთ? - მართალია, რომ ორი დღე-ღამის განმავლობაში ქვირითიდან ორი მილიონი თავკომბალის გამოჩეკა შეიძლება? - რა რაოდენობის ქვირითიდან? - დაიყვირა კვლავ განრისხებულმა პერსიკოვმა, - როდისმე თუ გინახავთ ქვირითი... ვთქვათ, ვასაკასი? - ნახევარი გირვანქიდან? - ისე ჰკითხა ახალგაზრდა კაცმა, არც შეცბუნებულა.       პერსიკოვი წამოჭარხლდა. - ასე ვინ ზომავს? ჰუი! რას მიედ-მოედებით? ჰო, რა თქმა უნდა, თუ ავიღებთ ბაყაყის ნახევარ გირვანქა ქვირითს... მაშინ შესაძლო იქნება დაახლოებით ამ რაოდენობის ანდა უფრო მეტის მიღებაც!       ახალგაზრდა კაცს თვალები ბრილიანტებივით აუკიაფდა და ნაწერით კიდევ ერთი გვერდი შეუჩერებლივ გაავსო. - მართალის, რომ ეს მესაქონლეობაში მსოფლიო გადატრიალებას გამოიწვევს? - ეს რა საგაზეთო შეკითხვაა, - აკივლდა პერსიკოვი, - მე საერთოდ არ გაძლევთ უფლებას უაზრო რაღაც წეროთ. სახეზე გატყობთ, რომ სისაძაგლეს წერთ! - პროფესორო, თქვენი ფოტოგრაფიული სურათი მიბოძეთ, დაბეჯითებით გთხოვთ, - თქვა ახალგაზრდა კაცმა და ბლოკნოტი დახურა. - რაო? ჩემი სურათი? თქვენი ჟურნალისთვის? იმ აბდაუბდასთან ერთად, რასაც წერთ? არა, არა, არა... მე არა მცალია... მშვიდობით! - ძველი სურათი მაინც მიბოძეთ, უმალვე დაგიბრუნებთ. - პანკრატ! - შეჰყვირა გაცოფებულმა პროფესორმა. - კარგად ბრძანდებოდეთ, - თქვა ახალგაზრდა კაცმა და გაუჩინარდა.       პანკრატის ნაცვლად კარს მიღმა მანქანის უცნაური, თანაბარი ღრაჭუნი და იატაკზე რაღაც ნაჭედის კაკუნი გაისმა, კარი გაიღო და კაბინეტში დრაფისგან შეკერილი ხალათ-შარვლით შემოსილი, არაჩვეულებრივად ჩასუქებული კაცი შემოვიდა, მარცხენა მექანიკურ ფეხს ჩხაკუნით მოაბრაგუნებდა, ხელში კი პორტფელი ეჭირა. გაპარსული, მოყვითალო მრგვალი პირისახე ალერსიანად უღიმოდა. პროფესორს მხედრულად გაჭიმული მიესალმა, რის გამოც მისმა ფეხმა ზამბარასავით გაიტკაცუნა. პერსიკოვს ენა ჩაუვარდა. - ბატონო პროფესორო, - წამოიწყო უცნობმა ოდნავ ჩახლეჩილი სასიამოვნო ხმით, - მიუტევეთ უბრალო მოკვდავს, განმარტოება რომ დაგირღვიათ. - რეპორტიორი ხართ? - ჰკითხა პერსიკოვმა, - პანკრატ!! - არა, ბატონო პროფესორო, - უპასუხა ჩასუქებულმა კაცმა, - ნება მიბოძეთ, გაგეცნოთ: შორეული ნაოსნობის კაპიტანი და სახალხო კომისართა საბჭოსთან არსებული გაზეთ „მრეწველობის მაცნის“ თანამშრომელი. - პანკრატ!! - ისტერიულად შეჰყვირა პერსიკოვმა. კუთხეში ტელეფონმა უმალ წითელი სიგნალი გააელვა და მსუბუქად გაიწკრიალა - პანკრატ! - გაიმეორა პროფესორმა, - გისმენთ. - ფარცაინ ზი ბიტტე, ჰერ პროფესორ, - ახიხინდა ტელეფონი გერმანულად, - დას იჰ შტიორე. იჰ ბინ მიტარბეიტერ დეს „ბერლინერ ტაგესბლატს“... - პანკრატ! - ჩაჰყვირა ყურმილში პროფესორმა, - bin momental zer beSeftiet und kan zi desxalb etct niht empfangen!.. პანკრატ!!       ინსტიტუტის სადარბაზო შემოსასვლელთან კი ამ დროს ზარის რეკა ატყდა. * * * - კოშმარული მკვლელობა ბრონაიას ქუჩაზე! - ბორბლებს შუა მოქცეულ შუქითა და ჩახჩახა ფარნებით გაჩირაღდნებულ ქუჩაზე უჩვეულოდ ჩახრინწული ხმით გაჰკიოდნენ ივნისის ხვატისგან გახურებულ ქვაფენილზე მოფუსფუსე ბიჭები, - ქათმების კოშმარული სენი მღვდლის ქვრივ დროზდოვას ეზოში! ქვრივის პორტრეტი!.. პროფესორ პერსიკოვის მიერ სიცოცხლის სხივის კოშმარული აღმოჩენა!!       პერსიკოვი ისე მოსწყდა ადგილს, რომ მოხოვაიაზე კინაღამ ავტომობილს ჩაუვარდა და გაზეთს ხელი გაშმაგებით სტაცა. - სამი კაპიკი, მოქალაქევ! - შეჰყვირა ბიჭმა, ტროტუარზე მიმავალ ხალხს შეერია და კვლავ აკივლდა - „წითელი საღამოს გაზეთი“! ექს-სხივის აღმოჩენა!!       გაოგნებულმა პერსიკოვმა გაზეთი გაშალა და ფარნის ბოძს მიეყრდნო. მეორე გვერდის მარცხენა კუთხეში გადღაბნილი ჩარჩოდან პროფესორს შეაცქერდა მელოტი, ჩინდაკარგული შეშლილი თვალებით მომზირალი, ქვედაყბაჩამოგდებული კაცი, ალფრედ ბრონსკის მხატვრული შემოქმედების ნაყოფი. „იდუმალებით მოცული წითელის სხივის აღმომჩენი ვ. ი. პერსიკოვი“. - იუწყებოდა ნახატის ქვეშ მოთავსებული წარწერა. ქვემოთ მოჩანდა სტატიის სათაური - „მსოფლიო გამოცანა“. სტატია შემდგომი სიტყვებით იწყებოდა: „დაბრძანდით, - ალერსიანად გვითხრა მხცოვანმა მეცნიერმა პერსიკოვმა...“       სტატიის დასასრულს ამშვენებდა ხელმოწერა: „ალფრედ ბრონსკი (ალონზო)“.       „დაბრძანდით!!! - უცებ აწივლდა სახურავზე დამაგრებული რუპორი უსიამოვნო წვრილი ხმით. ალფრედ ბრონსკის ათასჯერ გაძლიერებულ ხმას ძალზე რომ წააგავდა, - ალერსიანად გვითხრა მხცოვანმა მეცნიერმა პერსიკოვმა! მე დიდი ხანია მსურდა, ჩემი აღმოჩენის შედეგები მოსკოველი პროლეტარიატისთვის გამეცნო...“       პერსიკოვის ზურგს უკან ხმადაბალი მექანიკური ღრაჭუნი გაისმა და პროფესორს სახელოზე ვიღაცამ მოქაჩა. მან უკან მიიხედა და მექანიკური ფეხის მფლობელის მოყვითალო სახე დაინახა. მრგვალსახიანს თვალები ცრემლებით დანამოდა და ტუჩები უთრთოდა. - ბატონო პროფესორო, თქვენ არ ისურვეთ გასაოცარი აღმოჩენის შედეგები ჩემთვის გაგეცნოთ, - თქვა მან სევდიანად და ღრმად ამოიოხრა, - ჰოდა: დავკარგე თუმანნახევარი!       იგი ნაღვლიანად ასცქეროდა უნივერსიტეტის სახურავს, სადაც შავ ხახაში ჩაბუდებული უხილავი ალფრედი მძვინვარებდა. პერსიკოვს ღიპიანი კაცი რატომღაც შეებრალა. - მე მისთვის დაბრძანდით-მეთქი არ მითქვამს! - ჩაიბუტბუტა მან, თან ციდან მომდინარე სიტყვებს მძულვარებით უსმენდა, - იგი საოცრად თავხედია! მომიტევეთ, გეთაყვა, მაგრამ დამეთანხმებით, როცა მუშაობისას შემოგივარდებიან... რა თქმა უნდა, ამას თქვენზე არ ვამბობ... - ბატონო პროფესორო, ეგებ თქვენი კამერის აღწერილობა მაინც მაუწყოთ? - პირფერულად, მჭმუნვარედ თქვა მექანიკურმა კაცმა, - თქვენთვის ახლა ხომ ხულ ერთია... - ნახევარი გირვანქა ქვირითიდან სამ დღეში იმდენი თავკომბალა გამოიჩეკება, დათვლა შეუძლებელია, - გაჰკიოდა რუპორიდან უჩინარი. - პი-პი, - ყრუდ გაჰკიოდნენ ავტომობილები მოხოვაიაზე. - ოჰო-ჰო... დახე, დახე, ოჰო-ჰო, - ბუბუნებდა თავაწეული ხალხი. - როგორი არამზადაა, ჰა? - ჩაუსისინა რკინისფეხიან კაცს ბრაზისგან აკანკალებულმა პერსიკოვმა, - ეს ამბავი როგორ მოგწონთ? უეჭველად ვუჩივლებ! - აღმაშფოთებელია! - დაეთანხმა ღიპიანი კაცი.       პროფესორს თვალი მოსჭრა დამაბრმავებელმა იისფერმა შუქმა. ირგვლივ ყველაფერი გაბრწყინდა - ფარნის ბოძი, ქვაფენილის კუთხე, ყვითელი კედელი, ცნობისმოყვარე სახეები. - თქვენ გიღებენ, ბატონო პროფესორო, - აღფრთოვანებით ჩასჩურჩულა ღიპიანმა კაცმა პროფესორს და სახელოზე ჩამოეკიდა. ჰაერში რაღაც აღრჭიალდა. - ჯანდაბას ამათი თავი! - ნაღვლიანად წამოიყვირა პერსიკოვმა, ბრბო გაარღვია და სახელოზე ჩამოკიდებული ღიპიანი კაციც თან გაიყოლა, - ჰეი, ტაქსომატორო! პრეჩისტენკაზე!       ოცდაოთხი წლის კონსტრუქციის ძველი, გაქერცლილი მანქანა ტროტუართან ათუხთუხდა და პროფესორი ლანდოში შებობღდა, თან ცდილობდა ღიპიანი კაცი თავიდან მოეშორებინა. - თქვენ ხელს მიშლით, - სისინით ამბობდა იგი და იისფერ შუქისგან სახეს მუშტებით იფარავდა. - წაიკითხეთ?! რას გაჰყვებიან?.. მალაია ბრონაიაზე პროფესორ პერსიკოვისთვის ყელი გამოუჭრიათ შვილებთან ერთად!.. - გაჰკიოდნენ ირგვლივ. - მე შვილები არა მყავს, თქვე მამაძაღლებო, - დაიღრიალა უცებ პერსიკოვმა და მისი პროფილი, დაფჩენილი პირი და რისხვით ანთებული თვალები უცებ შავი აპარატის ფოკუსში მოექცა. - კრხ...ტუ...კრხ...ტუ, - აღმუვლდა ტაქსომოტორი და ხალხის ტალღა გაარღვია.       ღიპიანი კაცი უკვე ლანდოში იჯდა და პროფესორს გვერდს უთბობდა. თავი V. ქათმების ამბავი       კოსტრომის გუბერნიის სტეკლოვსკის მაზრის პატარა შტატგარეშე სამაზრო ქალაქში, ყოფილ ტროიცკში, ამჟამად სტეკლოვსკში, ყოფილ სობორნაიას, ამჟამად კი პერსონალნაიას ქუჩაზე მდებარე სახლის პარმაღზე ხილაბანდით თავწაკრული, თაიგულებით მორთული ნაცრისფერი კაბით შემოსილი ქალი გამოვიდა და აქვითინდა. ეს ქალი, ყოფილი ტაძრის ყოფილი დეკანოზის ქვრივი დროზდოვა ისე ხმამაღლა ქვითინებდა, რომ სულ მალე ქუჩის გადაღმა მდებარე სახლის ფანჯრიდან თავი გამოყო თივთიკის თავშალიანმა ქალმა და შესძახა: - რა მოხდა, სტეპანოვნა, კიდევ ერთი მოკვდა? - მეჩვიდმეტე! - ქვითინით უპასუხა ყოფილმა დროზდოვამ. - ვაი-ვაი-ვაი, - კრუსუნით თავი გააქნია თავშალიანმა ქალმა, - რა ხდება ჩვენს თავს? ჭეშმარიტად უფალი გაგვირისხდა! მართლა მოკვდა? - ნახე, ნახე ერთი, მატრიონა, - ხმამაღლა, მწარედ ასლუკუნდა მღვდლის ქვრივი, - ნახე ერთი, რა დღეშია!       გადაღრეცილი რუხი კუტიკარი გაჯახუნდა, ფეხშიშველი ქალი მტვრიან ქუჩაზე გაფლატუნდა და ცრემლებით სახედაჟივებული ქვრივი მატრიონას საქათმის ეზოში შეუძღვა.       უნდა ითქვას, რომ ანტირელიგიურ შემოტევათა შედეგად 26 წელში გარდაცვლილ დეკანოზ საბა დროზდოვის ქვრივს ყურები არ ჩამოუყრია და მექათმეობას მიჰყო ხელი. მაგრამ საქმე როგორც კი სასიკეთოდ დაიძრა, ისეთი გადასახადი შეაწერეს, კეთილი ადამიანები მხარში რომ არ ამოსდგომოდნენ, მექათმეობისთვის თავი უნდა მიენებებინა. მათ ქვრივი შეაგულიანეს, ადგილობრივ ხელისუფლებას განცხადება მიუტანეს იმის თაობაზე, რომ ქვრივს მექათმეობის შრომითი არტელის დაარსება სურსო. არტელის შემადგენლობაში შევიდნენ: თვითონ დროზდოვა, მისი ერთგული მოახლე მატრიოშკა და ქვრივის ყრუ დისშვილი. ქვრივს გადასახადი მოუხსნეს და მისი მექათმეობა ისე გაიფურჩქნა, რომ 28 წლის დამდეგს საქათმეებით გარშემორტყმულ მტვრიან ეზოში ორას ორმოცდაათამდე ქათამი დადიოდა, რომელთა შორის კოხინხინებიც კი ერია. ქვრივის კვერცხები ყოველ კვირა დღეს იყიდებოდა სტეკლოვსკის ბაზარზე, კვერცხები გაჰქონდათ ტამბოვში, ზოგჯერ კი მოსკოვამდეც აღწევდა და ყველ-კარაქის მაღაზიის შემინულ ვიტრინებში მოჩანდა, უწინ ჩიჩკინს რომ ეკუთვნოდა.       ჰოდა, მეჩვიდმეტე დედალი, ქვრივის საყვარელი ქოჩორა ბრამაპუტრა დილას აქეთ ეზოში დალასლასებდა და პირს აღებინებდა. „ერ... რრრ... ურლ... ურლ კო-კო-კო“, - ჩაიკაკანებდა ქოჩორა და მზეს ისე ნაღვლიანად ახედავდა ხოლმე, თითქოს უკანასკნელად ხედავდა. დედლის წინ ჩაცუცქულ არტელის წევრ მატრიოშკას ხელში წყლით სავსე ჯამი ეჭირა და აქეთ-იქით დახტოდა. - ქოჩორა, საყვარელო... ჯუ-ჯუ-ჯუ... წყალი დალიე, - ემუდარებოდა დედალს მატრიოშკა და ნისკარტის წინ ჯამს უტრიალებდა, მაგრამ ქოჩორას წყლის დალევა არ უნდოდა, პირს ფართოდ აღებდა და თავს მაღლა სწევდა, მერე კი ღებინებისას სისხლიც ამოანთხია. - ღმერთო დიდებულო! - შესძახა სტუმარმა და თეძოებზე ხელები შემოირტყა, - ეს რა ხდება? მარტო სისხლს ანთხევს. არასოდეს მინახავს ქათამს ადამიანივით მუცლისგვრემა სჭირდეს.       ეს საბრალო ქოჩორასათვის უკანასკნელი გზის დასალოცი სიტყვები გამოდგა. იგი უეცრად გვერდზე გადაგორდა, ნისკარტი მტვრიან მიწას უმწეოდ გაუსვა და თვალები გადაატრიალა, მერე ზურგზე გადაბრუნდა, ორივე ფეხი მაღლა აფარჩხა და ასე გაშეშდა. მატრიოშკა ბოხი ხმით აქვითინდა და ჯამიდან წყალი დაეღვარა. ატირდა თვითონ ქვრივიც - არტელის თავმჯდომარე. სტუმარი მისკენ დაიხარა და ყურში ჩსაჩურჩულა: - სტეპანოვნა, მიწამ მიყოს პირი, თუ შენი ქათმები არ გათვალეს. ასეთი რამ სად გაგონილა! ასეთნაირი ქათმის ავადმყოფობა არ არსებობს! შენს ქათმებს ვიღაცამ ჯადო შეუკრა. - მტრებმა მიყვეს!! - ცას შეღაღადა მღვდლის ქვრივმა, - რას მერჩიან, წუთისოფელს უნდათ რომ გამომასალმონ?       მის ხმას აჰყვა მამლის ხმამაღალი ყივილი, რის შედეგად ბუმბულგაჩეჩილი გამხდარი მამალი საქათმიდან გვერდულად ისე გამოვარდა, გეგონებოდათ, ლუდხანიდან შფოთიანი ლოთი გამობანცალდაო. მამალმა ეზოში მყოფებს თვალები დაუბრიალა, ერთ ადგილას დაბზრიალდა, ფრთები არწივივით გაშალა, მაგრამ არსად გაფრენილა და ეზოში წრეზე იწყო სირბილი თოკზე გამობმული ცხენივით. მესამე წრეზე გაჩერდა, ღებინება აუტყდა და ხრიალ-ხროტინს მოჰყვა, იქაურობა სისხლით მორწყა, პირაღმა გადატრიალდა და ფეხები მზისკენ ანძებივით აფარჩხა. ქალების კივილმა მთელი ეზო შეძრა. კივილს საქათმეებიდან მოუსვენარი კუტკუტი, ფრთების ფართხუნი და ქოთქოთი აჰყვა. - მაშ გათვალულები არ არიან? - თავდაჯერებულად იკითხა სტუმარმა, - მამა სერგი მოიყვანე და პარაკლისი გადაახდევინე.       საღამოს ექვს საათზე, როცა დასალიერისკენ დაქანებული მზის ცეცხლოვანი ბურთი აყვავებულ მზესუმზირებს შორის აბრიალდა, ტაძრის წინამძღვარმა მამა სერგიმ მექათმეობის ეზოში პარაკლისი დაასრულა და ეპიტარქილი გაიხადა. ძველი მესრის ზემოდან და ღრიჭოებიდან ცნობისმოყვარეთა თავები მოჩანდა. დამწუხრებული ქვრივი ჯვარს ემთხვია და მამა სერგის ცრემლებით დასველებული, დაძენძილი, გაყვითლებული მანეთიანი მისცა. მამა სერგიმ ფული გამოართვა და დააყოლა, ღმერთი გვირისხდებაო, თან ისეთი გამომეტყველება ჰქონდა, კარგად ვიცი, ღმერთი რატომაც გვირისხდება, მაგრამ არ ვამბობო.       ამის მერე ქუჩაში მყოფნი წავიდ-წამოვიდნენ და, რადგან ქათმები ადრე იძინებენ, არავის შეუტყვია, რომ მღვდლის ქვრივის მეზობლის საქათმეში ერთბაშად სამი დედალი და ერთი მამალი მოკვდა. მათ ისევე აღებინებდათ, როგორც დროზდოვას ქათმებს, მაგრამ კარგამოკეტილ საქათმეში უხმაუროდ დაიხოცნენ. მამალი ქანდარიდან თავდაყირა ჩამოვარდა და ასევე თავდაყირა მოკვდა. ქვრივის ქათმები კი პარაკლისის დამთავრებისთანავე დაიხოცნენ. საღამოთი საქათმეში მდუმარებამ დაისადგურა, ყველგან გროვებად ეყარა გაშეშებული ფრინველები.       დილით ქალაქმა მეხდაცემულივით გაიღვიძა, ამბები უცნაურად და შემზარავად განვითარდა. პერსონალნაიას ქუჩაზე შუადღისთვის სამი ქათამიღა იყო ცოცხალი, ისიც განაპირა სახლში, სადაც მაზრის ფინინსპექტორს ჰქონდა ბინა დაქირავებული, მაგრამ დღის პირველ საათამდე ისინიც დაიხოცნენ. საღამოთი ქალაქი სტეკლოვსკი სკასავით ზუზუნებდა და ბობოქრობდა, ყველგან გაისმოდა შემზარავი სიტყვა „ჭირი“. დროზდოვას გვარი ადგილობრივ გაზეთ „წითელ მებრძოლში“ მოხვდა, სადაც დაიბეჭდა სტატია: „ნუთუ ქათმის ჭირი გაჩნდა?“ იქიდან კი ქვრივის სახელი მოსკოვსაც მისწვდა.       პროფესორ პერსიკოვის ცხოვრება უცნაური, მშფოთვარე და მღელვარე შეიქნა. ერთი სიტყვით, ამგვარ ვითარებაში მუშაობა შეუძლებელი გახდა. მეორე დღეს, ანუ მას შემდეგ, რაც ალფრედ ბრონსკის თავი დააღწია, ინსტიტუტში თავის კაბინეტში ყურმილი გადადო და ტელეფონი გამოთიშა, ხოლო საღამოთი, როცა ოხოტნიჩი რიადზე ტრამვაით მიდიოდა, საკუთარი თავი დაინახა უზარმაზარი სახლის სახურავზე, სადაც მოჩანდა წარწერა: „მუშათა გაზეთი“, იგი, პროფესორი, ხან ნაწილ-ნაწილ იშლებოდა, ხან მწვანდებოდა, ხან ციმციმებდა, ტაქსის ლანდოში მიძვრებოდა, სასაბნე დრაფით შემოსილი მექანიკური ბურთი სახელოზე ეჯაჯგურებოდა და ისიც ლანდოში ეტენებოდა. სახურავზე გაჭიმულ თეთრ ეკრანზე პროფესორი იისფერი შუქისგან სახეს მუშტებით იფარავდა. შემდეგ გამოხტა ცეცხლოვანი წარწერა: „ავტომობილით მიმავალი პროფესორი პერსიკოვი განმარტებას აძლევს ჩვენს სახელგანთქმულ რეპორტიორს კაპიტან სტეპანოვს“. მართლაც: ქრისტეს ტაძრის მახლობლად, ვოლხონკაზე ჩაირიხინა დანჯღრეულმა ავტომობილმა, შიგ პროფესორი ლაყლაყებდა, სახე მახეში მომწყვდეულ მგელს მიუგავდა. - ესენი ადამიანები კი არა, ნამდვილი ეშმაკეულები არიან, - კბილებში გამოსცრა პროფესორმა, როცა იქაურობას მანქანით ჩაუარა.       იმავე საღამოს შინ დაბრუნებულ პროფესორს მარია სტეპანოვნამ 17 ჩანაწერი დაახვედრა იმათი ტელეფონის ნომრებითურთ, ვინც პროფესორს ურეკავდა, როცა იგი შინიდან წასული იყო, თანაც განუცხადა, ამდენი რეკვით გამაწამესო. პროფესორს უნდოდა ჩანაწერი დაეხია, მაგრამ შეჩერდა, რადგან ერთი ნომრის გასწვრივ მინაწერი დაინახა: „ჯანმრთელობის დაცვის სახალხო კომისარი“. - რა ამბავია? - თქვა მართლაცდა საგონებელში ჩავარდნილმა პროფესორმა, - რა ჯანდაბა დაემართათ?       იმავე საღამოს, 10 საათსა და 15 წუთზე ზარის ხმა გაისმა და პროფესორი იძულებული შეიქნა თვალისმომჭრელად გამოწკეპილ ვიღაც მოქალაქესთან ესაუბრა, ვინც მიიღო სავიზიტო ბარათის გამო, რაზედაც (გვარისა და სახელის გარეშე) ეწერა: „საბჭოების რესპუბლიკაში უცხოეთის წარმომადგენლობათა სავაჭრო განყოფილებების სრულუფლებიანი შეფი“. - ჯანდაბას მაგისი თავი, - ჩაიღრინა პერსიკოვმა, მაუდზე ლუპა და რაღაც დიაგრამები დაყარა და მერე მარია სტეპანოვნას უთხრა: - ბატონი რწმუნებული აქ, კაბინეტში მოიწვიეთ. - რით შემიძლია გემსახუროთ? - ისეთი ტონით ჰკითხა შეფს პერსიკოვმა, რომ მას ოდნავ შეაჟრჟოლა. პერსიკოვმა სათვალე შუბლზე აიწია, მერე ისევ ჩამოიწია და ვიზიტიორი შეათვალიერა. იგი ერთიანად ლაქისა და პატიოსანი თვლების ელვარებას აფრქვევდა, ხოლო მარჯვენა თვალში მონოკლი ჰქონდა ჩამაგრებული. „რა საძაგელი სიფათი აქვს“, - რატომღაც გაიფიქრა პერსიკოვმა.       სტუმარმა შორიდან დაიწყო, სახელდობრ, ნებართვა ითხოვა, სიგარას მოვწევო, როს გამოც პერსიკოვმა დაჯდომა შესთავაზა, თუმცა ძალზე უხალისოდ. ამის შემდგომ სტუმარმა მოიბოდიშა იმის გამო, რომ ასე გვიან ეწვია. „თუმცა... შეუძლებელია ბატონი პროფესორის დღისით დაჭერ... ხი-ხი... პარდონ... მიგნება“ (სტუმარი სიცილისას აფთარივით ქშუტუნებდა). - დიახ, მოუცლელი ვარ! - ისე მოკლედ უპასუხა პერსიკოვმა, რომ სტუმარს ჟრჟოლამ ხელმეორედ დაუარა.       მიუხედავად ამისა, მან თავს ნება მისცა სახელგანთქმული მეცნიერი შეეწუხებინა - როგორც იტყვიან, დრო ფულია... პროფესორს სიგარა ხომ არ აწუხებსო? - მურ-მურ-მურ, - უპასუხა პერსიკოვმა, ნება ხომ დაგრთეთო. - პროფესორმა ხომ სიცოცხლის სხივი აღმოაჩინა? - მომიტევეთ, რა სიცოცხლის სხივი?! ეს მეგაზეთეების შეთხზულია! - გამოცოცხლდა პერსიკოვი. - ოჰ, არა, ხი-ხი-ხი... - რწმუნებული მშვენივრად ამჩნევს თავმდაბლობას, რაც ყველა ნამდვილ მეცნიერს ჭეშმარიტად ამშვენებს... ამას თქმა აღარ უნდა... დღეს დეპეშები მოვიდა... მსოფლიოდ დიდ ქალაქებში - ვარშავაში, რიგაში - სხივის თაობაზე უკვე ყველაფერო ცნობილია. პროფესორ პერსიკოვის სახელი მთელ მსოფლიოს პირზე აკერია... მთელი მსოფლიო სულგანაბული ადევნებს თვალს პროფესორ პერსიკოვის მუშაობას... მაგრამ ყველამ კარგად უწყის, საბჭოთა რუსეთში მეცნიერთა მდგომარეობა რა მძიმეა. antr nu sua di... აქ უცხო ხომ არავინ არის?.. ვაი, რომ აქ სამეცნიერო შრომების დაფასება არ იციან. ისე რომ, იგი პროფესორთან მოლაპარაკებას ისურვებდა... ერთი უცხოური სახელმწიფო პროფესორ პერსიკოვს ლაბორატორიული მუშაობის ჩატარებაში სრულიად უანგარო დახმარებას სთავაზობს. როგორც წმინდა წერილი გვეუბნება, ღორებს მარგალიტები არ უნდა დაუყარო. სახელმწიფომ იცის, რა გადაიტანა პროფესორმა 18 და 20 წლებში, ხი-ხი... რევოლუციის დროს. რა თქმა უნდა, საიდუმლოება მკაცრად იქნება დაცული... პროფესორი ამ სახელმწიფოს გააცნობს თავისი მუშაობის შედეგებს, ხოლო სახელმწიფო ამის საფასურად პროფესორს დააფინანსებს. პროფესორმა ხომ კამერა ააგო, ჰოდა საინტერესო იქნებოდა ამ კამერის ნახაზებს გავცნობოდით...       სტუმარმა ეს თქვა და პიჯაკის ჯიბიდან ქაღალდების ქათქათა დასტა ამოიღო.       ეს უმნიშვნელო რაღაც: 5 000 მანეთი, მაგალითად, ბეს სახით, პროფესორს შეუძლია ამ წუთასვე მიიღოს... არც ხელწერილი იქნება საჭირო... პროფესორი ხელწერილზე სიტყვას თუ დაძრავს, სავაჭრო წარმომადგენლობათა შეფს დიდად გაანაწყენებს. - მომწყდით თავიდან! - უცებ ისე შემზარავად შეჰყვირა პროფესორმა, რომ სასტუმრო ოთახში პიანინოს კლავიშებმა ხმა გამოსცა.       სტუმარი ისე გაუჩინარდა, რომ მრისხანებისაგან აკანკალებული პერსიკოვი თავადვე შეეჭვდა, ეს ჰალუცინაცია ხომ არ იყოო. - ეს მისი კალოშებია?! - ერთი წუთის შემდეგ წინკარში აყვირდა პერსიკოვი. - დავიწყებია, - უპასუხა აკანკალებულმა მარია სტეპანოვნამ. - ახლავე გადაყარეთ! - სად უნდა გადავყარო. თვითონ მოვა და წაიღებს. - სახლის კომიტეტს ჩააბარეთ. ხელწერილი გამოართვით. ეს კალოშები თვალით აღარ დამანახოთ! კომიტეტს მიუტანეთ! ჩაიბარონ ჯაშუშის კალოშები!       მარია სტეპანოვნამ პირჯვარი გადაიწერა, საუცხოო ტყავის კალოშები უკანა გასასვლელიდან გაიტანა, კარს იქით ცოტა ხანს იდგა და მერე საკუჭნაოში შეინახა. - ჩააბარეთ? - ბობოქრობდა პერსიკოვი. - ჩავაბარე. - ხელწერილი მომეცით. - ვლადიმერ იპატიჩ, თავმჯდომარემ ხომ წერა-კითხვა არ იცის!.. - ახლავე. ამ წუთას. მომიტანე ხელწერილი. ხელი ვინმე წერა-კითხვის მცოდნე მამაძაღლმა მოაწეროს!       მარია სტეპანოვნამ თავი გადააქნია და თხუთმეტ წუთში ხელწერილით დაბრუნდა, სადაც ეწერა: „პროფ. პერსიკოვისგან ფონდში მიღებულია 1 (ერთი) წყვ. კალოში. კოლესოვი“. - ეს რაღაა? - ჟეტონი.       პერსიკოვმა ჟეტონი ფეხით გათელა, ხელწერილი კი მინის ქვეშ ამოდო. მერე რაღაც აზრმა შუბლი მოუქუფრა, ტელეფონს ეცა, ინსტიტუტში იმდენ ხანს რეკა, პანკრატი გამოაფხიზლა და ჰკითხა: „ყველაფერი რიგზეა?“ პანკრატმა ყურმილში რაღაც ჩაიბურდღუნა, რითაც მიხვდებოდით, რომ, მისი აზრით, ყველაფერი რიგზე იყო. მაგრამ პერსიკოვი მხოლოდ ერთი წუთით დამშვიდდა. წუთის შემდეგ ტელეფონს კვლავ შუბლშეჭმუხნული ეძგერა და ყურმილში ჩასძახა: - მომეცით ისა, რა ჰქვია, ლუბიანკა. მერსი... მანდ თქვენთან ვის უნდა ვუთხრა... ჩემთან ვიღაც კალოშებიანი საეჭვო სუბიექტები მოდიან, დიახ... IV უნივერსიტეტის პროფესორი პერსიკოვი...       ყურმილში ლაპარაკი უცებ შეწყდა. პერსიკოვი ტელეფონს ლანძღვა-გინებით მოშორდა. - ვლადიმერ იპატიჩ, ჩაის მიირთმევთ? - კაბინეტში მოკრძალებით შემოიხედა მარია სტეპანოვნამ. - ჩაის არ დავლევ... მურ-მურ-მურ, ჯანდაბას იმათი თავი... ყველა ასე რამ გადარია.       ზუსტად ათი წუთის შემდეგ პროფესორმა კაბინეტში უკვე ახალი სტუმრები მიიღო. ერთ მათგანს, სასიამოვნო, ჩამრგვალებულ, ძალზე ზრდილ კაცს, ხაკისფერი სადა სამხედრო ფრენჩი და რეიტუზი ეცვა. ცხვირზე ბროლის პეპელასავით აჯდა პენსნე და გალაქული ჩექმებით შემოსილ ანგელოზს ჰგავდა. მეორეს, პირქუშ კაცს, სამოქალაქო ტანსაცმელი ემოსა, მაგრამ ეტყობოდა, რომ ამ ტანსაცმელში თავს უხერხულად გრძნობდა. მესამე სტუმარი უცნაურად მოიქცა, პროფესორის კაბინეტში კი არ შევიდა, სანახევროდ ჩაბნელებულ წინკარში დარჩა, თანაც ისეთ ადგილას დაჯდა, რომ განათებული და თამბაქოს კვამლის სვეტებით გავსებული კაბინეტი თავით ბოლომდე დაენახა. ამ მესამეს, აგრეთვე სამოქალაქო ტანსაცმლით შემოსილ კაცს, კვამლისფერი პენსნე ეკეთა.       კაბინეტში მყოფებმა პერსიკოვი ძალზე გააწამეს, სავიზიტო ბარათი ათვალიერეს, ხუთასი ათასი მანეთის ამბავი გამოჰკითხეს, სტუმრის გარეგნობა ააწერინეს. - ეშმაკმა უწყის იმისი თავი, - ბურტყუნებდა პერსიკოვი, - როგორია და საზიზღარი ფიზიონომია აქვს, დეგენერატისა. - შუშის თვალი ხომ არ ჰქონდა? - ჩახლეჩილი ხმით ჰკითხა ტანდაბალმა კაცმა. - ეშმაკმა უწყის. თუმცა არ ჰქონდა, თვალები აქეთ-იქით გაურბოდა. - რუბინშტეინი? - ხმადაბლა ჰკითხა ანგელოზმა სამოქალაქოტანსაცმლიან ტანდაბალ კაცს. მაგრამ მან პირქუშად შეხედა და თავი უარის ნიშნად გააქნია. - რუბინშტეინი ხელწერილის გარეშე ფულს არავის მისცემს, - ჩაიბურტყუნა მან, - ეს რუბინშტეინის ნახელავს არ ჰგავს. ვიღაც, უფრო მაღალი დონისა უნდა იყოს.       კალოშების ამბავმა სტუმრები ძალზე დააინტერესა. ანგელოზმა სახლის კომიტეტის ტელეფონის ნომერი აკრიფა და ყურმილში სულ რამდენიმე სიტყვა ჩასძახა: -„სახელმწიფო პოლოტიკური სამმართველო ითხოვს, სახლის კომიტეტის მდივანი კოლესოვი ამ წუთას მოვიდეს პროფესორ პერსიკოვის ბინაში და კალოშები მოიტანოს“, - ჰოდა, გაფითრებული კოლესოვი უმალ კაბინეტში გაჩნდა, ხელში კალოშები ეჭირა. - ვასენკა! - ხმადაბლა გასძახა ანგელოზმა წინკარში მჯდარ კაცს. იგი აიზლაზნა და კაბინეტში შებანცალდა. კვამლისფერ მინებს მისი თვალები მთლად შთაენთქა. - რა? - დუნე ხმით მოკლედ იკითხა მან. - კალოშები.       შემოსულმა კალოშებს დაბინდული თვალები შეავლო. ამასთანავე პერსიკოვს მოეჩვენა, რომ მინებს ქვემოდან, გვერდულად, ერთი წამით იელვა დუნემ კი არა, პირიქით, განსაცვიფრებლად მზიანმა მზერამ. მაგრამ თვალთა ელვარება მეყსეულად ჩაცხრა. - დაფიქრდი, ვასენკა!       იმან ვისაც ვასენკას უწოდებდნენ, უხალისოდ უპასუხა: - ამას დაფიქრება რად უნდა. პელეჟნკოვსკის კალოშებია.       ფონდი პროფესორ პერსიკოვის საჩუქარს უმალვე გამოეთხოვა. კალოშები გაზეთში გაახვიეს. უსაზღვროდ გახარებული ფრენჩიანი ანგელოზი წამოდგა და პროფესორს ხელი მაგრად ჩამოართვა, თან მოკლე სიტყვაც კი წარმოთქვა ამგვარი შინაარსისა: პროფესორი ღირსეულად მოიქცა... პროფესორს შეუძლია მშვიდად იყოს... მეტად აღარავინ შეაწუხებს არც ინსტიტუტში, არც სახლში... ზომები მიღებული იქნება, მის კამერებს არავითარი საფრთხე არ ელის... - არ შეიძლება, რეპორტიორები რომ დახვრიტოთ? - იკითხა პერსიკოვმა და სტუმრებს სათვალის ზემოდან გადახედა.       ამ შეკითხვამ სტუმრები ძალზე გაამხიარულა. არა მარტო პირქუშმა ტანდაბალმა კაცმა, არამედ წინკარში მყოფმა კვამლისფერპენსნეიანმაც კი გაიღიმა. სახეგაბადრულმა ანგელოზმა პერსიკოვს განუმარტა, ჯერჯერობით ეს შეუძლებელიაო... რა თქმა უნდა, კარგი იქნებოდა, მაგრამ მაინც პრესაა... თუმცა შრომისა და თავდაცვის საბჭოში ამგვარი პროექტი უკვე მზადდებაო. - ვინ იყო ის გაიძვერა, მე რომ მესტუმრა?       ახლა სახეზე ღიმილი ყველას გაუქრა. ანგელოზმა მიკიბულ-მოკიბულად უპასუხა, ვიღაც წვრილფეხა აფერისტი იყო, ყურადღების მიქცევადაც არა ღირსო... მიუხედავად ამისა, მოქალაქე პროფესორს დაბეჯითებით ვთხოვთ, ამ საღამოს მომხდარი ამბავი საიდუმლოდ შეინახოსო.       პერსიკოვი კაბინეტში თავის დიაგრამებს დაუბრუნდა, მაგრამ მუშაობის დაწყება მაინც არ დასცალდა. ტელეფონმა ცეცხლოვანი რგოლი ააკიაფა და ქალის ხმამ პროფესორს შესთავაზა, შვიდოთახიანი ბინის მქონე საინტერესო და ვნებიანი ქვრივი ქალის შერთვას ხომ არ ინებებთო. პერსიკოვმა ყურმილში ჩაჰკივლა: - გირჩევთ პროფესორ როსოლიმოსთან იმკურნალოთ...       მაგრამ ტელეფონი კვლავ აწკრიალდა.       ახლა კი პერსიკოვი ცოტათი მოლბა, რადგან კრემლიდან საკმაოდ ცნობილი პიროვნება ურეკავდა; დიდხანს თანაგრძნობით ელაპარაკა, სამუშაოს თაობაზე ბევრი რამ გამოჰკითხა და სურვილი გამოთქვა, ლაბორატორიას მოვინახულებო. ტელეფონს როცა ჩამოსცილდა, პერსიკოვმა შუბლიდან ოფლი მოიწმინდა, მერე ყურმილი განზე გადადო. ახლა ზედა სართულის ბინაში საყვირი აგრიალდა და ვალკირიას კივილმა იქაურობა გააყრუა, - მაუდის ტრესტის დირექტორის რადიომიმღებმა დიდი თეატრიდან ვაგნერის კონცერტის გადმოცემა დაიჭირა. პერსიკოვმა ჭერიდან მომდინარე კივილ-გრიალში მარია სტეპანოვნას განუცხადა, დირექტორს სასამართლოში ვუჩივლებ, რადიომიმღებს დავუმტვრევ, მოსკოვიდან გადავიკარგები, რადგან, ცხადია, ჩემი გაძევება აქვთ განზრახულიო. მერე ლუპა გატეხა, დასაძინებლად კაბინეტში დივანზე დაწვა და მალე ჩაეძინა კლავიშების ნაზ ხმაზე, სახელგანთქმული პიანისტის თითები დიდ თეატრში რომ გამოსცემდა.       სიურპრიზები არც მეორე დღეს შეწყვეტილა. ინსტიტუტში ტრამვაით მისულ პერსიკოვს პარმაღზე უცნობი მოქალაქე დახვდა, თავზე მოდური კოთხოქუდი რომ ეხურა. ამ მოქალაქემ პერსიკოვი დაკვირვებით შეათვალიერა, თუმცა არაფერი უკითხავს და ამიტომ პერსიკოვს მასზე გული არ მოსვლია. მაგრამ ინსტიტუტის წინკარში დაბნეული პანკტარის გარდა პერსიკოვის შესახვედრად მეორე კოთხოქუდიანი კაცი წამოდგა და ზრდილობიანად მიესალმა: - გამარჯობათ, მოქალაქე პროფესორო. - რა გნებავთ? - მრისხანედ ჰკითხა პერსიკოვმა და პანკრატის დახმარებით პალტო გაიხადა. მაგრამ კოთხიოქუდიანმა პერსიკოვი უმალ დაამშვიდა, უნაზესი ხმით ჩასჩურჩულა, ამაოდ ღელავთო. აქ სწორედ იმიტომ გახლავართ, რომ მომაბეზრებელი სტუმრები თავიდან მოგაშოროთო, პროფესორს შეუძლია არა მარტო კაბინეტის კარს იქით, ფანჯრის იქითაც მშვიდად იყოსო. ამის შემდეგ უცნობმა პიჯაკის ბორტი წამით გადაწია და პროფესორს რაღაც ნიშანი აჩვენა. - ჰმ... თქვენ საქმე მართლა გამართული გქონიათ, - ჩაიბუხუნა პერსიკოვმა და მერე მიამიტად დაუმატა: - აქ რა უნდა ჭამოთ?       ამაზე კოთხოქუდიანმა ჩაიცინა და პროფესორს განუმარტა, შემცვლიანო.       შემდგომმა სამმა დღემ დიდებულად ჩაიარა. პროფესორს კრემლიდან ორჯერ ეწვივნენ; ერთხელაც სტუდენტები მოვიდნენ, რომელთაც პერსიკოვმა გამოცდა ჩაუტარა და ყველა ჩაჭრა. ჩაჭრილებს სახეზე ეტყობოდათ, რომ პერსიკოვი მათ უსაზღვრო შიშა აღუძრავდა. - კონდუქტორებად იმუშავეთ! ზოოლოგიის შესწავლის თავი თქვენ არა გაქვთ, - მოისმოდა კაბინეტიდან. - მკაცრია? - ჰკითხა პანკრატს კოთხოქუდიანმა. - უჰ, ღმერთმა ყველა დაიფაროს, - უპასუხა პანკრატმა, - თუკი ვინმემ გამოცდის ჩაბარება შეძლო, ჩემო კარგო, კაბინეტიდან ბარბაცით გამოდის, ცხრაპირი ტყავი აქვს გამძვრალი. აქედან გავა და მაშინვე ლუდხანაში გარბის.       ამ საქმეებით გართულმა პროფესორმა ვერც კი შეამჩნია, სამმა დღემ ისე გაირბინა, მაგრამ მეოთხე დღეს ქვეყნიერებას კვლავ დაუბრუნდა და ამის მიზეზი გამკინავი ხმა გახლდათ, ქუჩიდან რომ შემოესმა. - ვლადიმერ იპატიჩ! - გერცენის ქუჩიდან შემოიჭრა ხმა კაბინეტის გამოღებულ ფანჯარაში. ხმის პატრონს ბედმა გაუღიმა: პერსიკოვი ბოლო დღეებში ძალზე გადაიღალა, დასასვენებლად სავარძელში იჯდა, პაპიროსს ეწეოდა არაქათგამოცლილი და ფანჯრისკენ დუნედ იყურებოდა, თავი არაფრისა ჰქონდა. ამიტომ ფანჯრიდან, ცოტა არ იყოს, ცნობისმოყვარედაც კი გადაიხედა და ტროტუარზე ალფრედ ბრონსკი დაინახა. პროფესორმა წაწვეტებულ შლაპას და ბლოკნოტს თვალი მოჰკრა თუ არა, ტიტულოვანი სავიზიტო ბარათის მფლობელი მაშინვე იცნო. ბრონსკიმ თავი მისასალმებლად მოკრძალებით, ნაზად დახარა. - ოჰ, ეს თქვენა ხართ? - ჰკითხა პროფესორმა. გაბრაზების თავი აღარ ჰქონდა. ცნობისმოყვარეობაც კი მოეძალა, მერე რა მოხდებაო, ფანჯრის შიგნით ალფრედისგან თავს უხიფათოდ გრძნობდა. ქუჩაში მუდმივად მყოფმა კოთხოქუდიანმა ბრონსკის ხმაზე ყური უმალ ცქვიტა. ბრონსკის სახეზე მაამებლური ღიმილი გადაეფინა. - ორიოდენი წუთით, ძვირფასო პროფესორო, - ხმას აუმაღლა ტროტუარზე მდგარმა ბრონსკიმ, - მხოლოდ ერთ შეკითხვას მოგცემთ, თანაც წმინდა ზოოლოგიურს. ნებას მომცემთ, რომ გკითხოთ? - მკითხეთ, - ლაკონურად და ირონიულად უპასუხა პერსიკოვმა და გაიფიქრა: „ამ არამზადას თითქოს რაღაც ამერიკული აქვს“. - ქათმებისას რას მეტყვით, ძვირფასო პროფესორო? - პირზე ხელი მოიფარა და ისე ამოსძახა ბრონსკიმ.       პერსიკოვი განცვიფრდა. ჯერ ფანჯრის რაფაზე ჩამოჯდა, მერე ისევ ჩამოხტა, თითი ღილაკს დააჭირა, მერე ხელი ფანჯრისკენ გაიშვირა და დაიყვირა: - პანკრატ, ტროტუარზე კაცი რომ დგას, ჩემთან შემოუშვი.       როცა ბრონსკი კაბინეტში შევიდა, პერსიკოვი უკვე ისე მოლბა, რომ სტუმარს ალერსიანად შესთავაზა: - დაბრძანდით!       აღფრთოვანებულმა ბრონსკიმ გაიღიმა და ხრახნიან ტაბურეტზე ჩამოჯდა. - მითხარით, გეთაყვა, - წამოიწყო პერსიკოვმა, - თქვენა წერთ იმ თქვენს გაზეთებში? - ნამდვილად, - მოკრძალებით უპასუხა ალფრედმა. - კი მაგრამ, როგორ წერთ, როცა რიგიანად ლაპარაკიც არ შეგიძლიათ. აბა რა არის, „ორიოდენი წუთით“, ანდა „ქათმებისას?“ ალბათ უნდა გეკითხათ: ქათმებზეო, არა?       ბრონსკიმ უმწეოდ და მოკრძალებით გაიცინა: - ვალენტინ პეტროვიჩი ასწორებს. - ვალენტინ პეტროვიჩი ვინ არის? - ლიტერატურული ნაწილის გამგე. - ჰო, კარგი, თუმცაღა ფილოლოგი არც მე გახლავართ. ამას თქვენი პეტროვიჩის მისამართით ვამბობ. სახელდობრ რის შეტყობა გსურთ ქათმებზე? - პროფესორო, საერთოდ ყველაფრისა, რასაც მეტყვით.       ბრონსკიმ ფანქარი მოიმარჯვა. პერსიკოვს თვალებში გამარჯვების ნაპერწკალი აუციმციმდა. - თქვენ მე ტყუილად მომმართეთ, რადგან ფრთოსნების სპეციალისტი არ გახლავართ. გერჩივნათ I უნივერსიტეტში ემილიან ივანოვიჩ პორტუგალოვისთვის მიგემართათ. პირადად მე ძალზე ცოტა რამ ვიცი.       ბრონსკიმ აღფრთოვანებით გაიღიმა, რითაც პროფესორს ამცნო, ხუმრობას მიგიხვდითო. მერე ბლოკნოტში ჩაჩხაპნა: „ხუმრობს, ცოტა რამ ვიციო!“ - მაგრამ, რაკი გაინტერესებთ, მოგახსენებთ. ქათმები, ანუ ბიბილოიანები ქათმისებრთა რაზმის ფრინველები არიან. ხოხბისებრთა ოჯახიდან... - წამოიწყო პერსიკოვმა ხმამაღლა, თანაც ბრონსკის კი არ უყურებდა, სადღაც შორეთისკენ იცქირებოდა, სადაც ათასობით მსმენელს გულისხმობდა... - ხოხბისებრთა ოჯახიდან... ფაზიანიდე. ეს გახლავთ სქელკანიანი ბიბილოსი და ქვედა ყბის ქვეშ ორი ლაპოტის მქონე ფრინველი... ჰმ... თუმცა ნიკაპის ქვეშ ერთი ლაპოტიც გვხვდება... ჰო, კიდევ ფრთები მოკლე და მომრგვალებული... ბოლო საშუალო სიგრძისა, რამდენიმე საფეხურიანი და, შეიძლება ითქვას, სახურავისებური, შუა ბუმბულები ნამგლისებურად მოხრილი... პანკრატ... მოდელების კაბინეტიდან №705 მოდელი, გაჭრილი მამალი მოიტანე... თუმცა თქვენ ხომ ეს არ გესაჭიროებათ?.. პანკრატ, მოდელს ნუ მოიტან... გიმეორებთ, მე სპეციალისტი არა ვარ, პორტუტგალოვთან მიბრძანდით. ჰო, პირადად ჩემთვის გარეული ქათმების 6 სახეობაა ცნობილი... ჰმ... პორტუგალოვმა მეტი იცის... ინდოეთსა და მალაის არქიპელაგზე. მაგალითად ბანკივური მამალი ანუ კაზინტუ გვხვდება ჰიმალაის მთისწინეთში, მთელ ინდოეთში, ასამში, ბირმაზე... ჩანგლისებურბოლოიანი მამალი ანუ გალუს ვარიუსი ლამბოკზე, სუმბავაზე და ფლორესზე. ხოლო კუნძულ იავაზე ბინადრობს შესანიშნავი მამალი გალუს ენეუსი, სამხრეთ-აღმოსავლეთ ინდოეთში შემიძლია დაგისახელოთ ძალიან ლამაზი ზონერატის მამალი... მერე სურათსაც გაჩვენებთ, რაც შეეხება ცეილონს, იქ ბინადრობს სტენლის მამალი, რომელიც სხვაგან არსად გვხვდება.       ბრონსკი თვალებდაჭყეტილი იჯდა და იწერდა. - კიდევ გსურთ, რაიმე გაუწყოთ? - მე მინდა რაიმე მითხრათ ქათმების ავადმყოფობათა თაობაზე, - ხმადაბლა თქვა ალფრედმა. - ჰმ, მე სპეციალისტი არა ვარ... პორტუგალოვს გამოჰკითხეთ... თუმცა... ვთქვათ, ლენტისებური მუცლის ჭიები, მწუწნავები, მუნის ტკიპა, დემოდეკოზი, ფრინველის ტკიპა, ქათმის ტილი ანუ ღინღლიჭამია, რწყილები, ქათმის ქოლერა, ლორწოვანი გარსის კრუპოზულ-დიფთერიული ანთება, პნევმონომიკოზი, ტუპერკულოზი, ქათმის ქეცი... რამდენიმე რამ შეიძლება შეეყაროს... (პერსიკოვს თვალებში ნაპერწკლები უხტოდა)... მოწამვლა, მაგალითად, ციკუტათი, სიმსივნეები, ინგლისური სენი, სიყვითლე, რევმატიზმი, ახორიონ შენლაინის სოკო... ძალიან საინტერესო ავადმყოფობაა. დასნეულებისას ქათამს ბიბილოზე ობისნაირი პატარა ლაქები უჩნდება...       ბრონსკიმ ჭრელი ცხვირსახოცით შუბლიდან ოფლი მოიწმინდა. - პროფესორო, ამჟამინდელი კატასტროფის მიზეზი თქვენი აზრით რა უნდა იყოს! - რა კატასტროფისა? - რაო, პროფესორო, განა არ წაგიკითხავთ? - გაოცდა ბრონსკი და პორტფელიდან დაჭმუჭნული გაზეთი „იზვესტია“ ამოიღო. - მე გაზეთებს არ ვკითხულობ, - უპასუხა პერსიკოვმა და წარბები შეიჭმუხნა. - პროფესორო, რატომ არ კითხულობთ? - ნაზად ჰკითხა ალფრედმა. - იმიტომ, რომ გაზეთებში რაღაც მონაჩმახს წერენ, - დაუფიქრებლად უპასუხა პერსიკოვმა. - რას ბრძანებთ, პროფესორო, - ჩაიჩურჩულა ბრონსკიმ და გაზეთი გაშალა. - ეგ რა არის? - ჰკითხა პერსიკოვმა და ფეხზე წამოდგა. ახლა ნაპერწკლები თვალებში ბრონსკის აუკიაფდა. მან ლაქწასმული ფრჩხილების წვეტი გაუსვა უზარმაზარ სათაურს, გაზეთის მთელ გვერდს რომ გასდევდა: „ქათმის ჭირი რესპუბლიკაში“. - რაო? - ჰკითხა ბრონსკის პერსიკოვმა და სათვალე შუბლზე აიწია. თავი VI. მოსკოვი 1928 წლის ივნისში       მოსკოვი ელვარებდა, შუქი ცეკვავდა, ჩაქრებოდა და აენთებოდა. თეატრის მოედანზე ავტობუსების თეთრი ფარები და ტრამვაების მწვანე შუქი ბრიალებდა. ყოფილი მიურის და მერილიზის თავზე დაშენებული მეათე სართულის ზემოთ ჭრელაჭრულა ელექტრული ქალი ხტოდა და ასო-ასო ისროდა ფერად-ფერად სიტყვებს: „მუშათა კრედიტი“. დიდი თეატრის მოპირდაპირე სკვერში, სადაც ღამით მრავალფერი შადრევანი იფრქვეოდა, ხალხი იერეოდა და გუგუნებდა, ხოლო დიდი თეატრის სახურავზე უზარმაზარი რუპორი გაჰკიოდა: „ლეფორტის ვეტერინალურ ინსტიტუტში ჩატარებული ქათმის ჭირის საწინააღმდეგო აცრა ბრწყინვალე შედეგს იძლევა. ქათმების სიკვდილიანობა დღეისათვის ორჯერ შემცირდა...“       მერე რუპორი ტემბრს იცვლიდა, შიგ რაღაც აღმუვლდებოდა, თეატრის თავზე მწვანე ჭავლი იფეთქებდა და ჩაცხრებოდა, შემდეგ კი რუპორი ბოხი ხმით წამოიწყებდა: „ჩამოყალიბდა ქათმის ჭირთან მებრძოლი საგანგებო კომისია, რომლის შემადგენლობაში შევიდნენ ჯანმრთელობის სახალხო კომისარი, მიწის სახალხო კომისარი, მეცხოველეობის გამგე ამხანაგი პტახა-პოროსიუკი, პროფესორი პერსიკოვი და პორტუგალოვი... და ამხანაგი რაბინოვიჩი! ქათმების ჭირთან დაკავშირებით ინტერვენციის ახალი მცდელობანი!.. - ტურასავით გაჰკიოდა და ქვითქვითებდა რუპორი.       თეატრალურ შესახვევში, ნეგლიანაიაზე და ლუბიანკაზე სინათლის თეთრი და იისფერი ზოლები გიზგიზებდა, სხივები იფრქვეოდა, საყვირები გაჰკიოდნენ, მტვრის კორიანტელი ადიოდა. კედლებზე გამოკრულ ჭახჭახა წითელი რეფლექტორებით განათებულ განცხადებათა დიდრონი ფურცლების წინ ხალხი ჯგუფ-ჯგუფად იდგა.       „მოსახლეობას სასტიკად ეკრძალება ქათმის ხორცისა და კვერცხის საჭმელად გამოყენება. კერძო მოვაჭრენი ბაზრებზე ქათმის ხორცისა და კვერცხის გაყიდვის მცდელობისათვის სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიეცემიან და მთელი ქონება ჩამოერთმევათ. კვერცხის მქონე ყველა მოქალაქემ კვერცხი სასწრაფოდ უნდა ჩააბაროს მილიციის რაიონულ განყოფილებას“.       „მუშათა გაზეთის“ სახურავზე გაჭიმულ ეკრანზე ქათმები იყო დაზვინული და მწვანეტანსაცმლიანი, ნაპერწკლებში გახვეული მეხანძრეები ზედ ნავთს შლანგებით ასხამდნენ. ეკრანზე ახლა წითელი ტალღები იქოჩრებოდა, კვამლი იბერებოდა, მერე ფთილა-ფთილა იფანტებოდა და ცისკენ სვეტ-სვეტად მიიწევდა, ბოლოს კი ცეცხლოვანი წარწერა გამოხტებოდა: „ქათმის ლეშის დაწვა ხოდინკაზე“.       ქალაქის მაღაზიები ღამის სამ საათამდე ვაჭრობდნენ, შესვენება მხოლოდ ორჯერ - სადილობისას და ვახშმობისას ჰქონდათ. ამ მაღაზიათა გაჩახჩახებულ ვიტრინებს შორის მოჩანდა ფიცრებაჭედილი, ჩაბრმავებული ფანჯრები იმ ფირნიშებს ქვემოთ, სადაც ეწერა: „კვერცხით ვაჭრობა. ხარისხისათვის გარანტია“. მილიციელების თვალწინ ხშირ-ხშირად მძიმე ავტობუსებს საგანგაშო წივილით ასწრებდნენ და შიშინით მიჰქროდნენ მანქანები, რომლებზეც მოჩანდა წარწერა: „მოსჯანგანყოფილება. სასწრაფო დახმარება“. - ვიღაც კიდევ გამომძღარა აყროლებული კვერცხით, - გაისმოდა ხალხში.       პეტროვკაზე მწვანე და ნარინჯისფერ ფარნებს აელვარებდა საქვეყნოდ განთქმული რესტორანი „ამპირი“, სადაც გადასატანი ტელეფონების გვერდით ეწყო ლიქიორის ლაქებით დაფარული მუყაოს ფირნიშები: „მოსსაბჭოს განკარგულებით ომლეტი არ გვექნება. მიღებულია ქორფა ხამანწკები“.       „ერმიტაჟში“, სადაც უსიცოცხლო სიმწვანეში შესაბრალისად ბჟუტავდა მძივებივით ჩარიგებული ჩინურა ფარნები, თვალისმომჭრელად გაჩახჩახებულ ესტრადაზე კუპლეტისტები შრამსი და კარმანიკოვი ჩეჩოტკის ბაგაბუგით მღეროდნენ პოეტების არდის და არგუევის კუპლეტებს.       ვაი, დედა! ვაი, დედა!       უკვერცხოდ რა გვეშველება?       1927 წელს პუშკინის „ბორის გოდუნოვის“ დადგმისას შიშველი ბოიარებით მოხატული ტრაპეციების ჩამონგრევისას დაღუპული ვსევოლოდ მეიერხოლდის სახელობის თეატრმა ელექტრო ფირნიში გამოჰკიდა, რომელზედაც მრავალფერი მოძრავი წარწერა იუწყებოდა, რომ მწერალ ერენდორგის პიესა „ქათმის ჭირის“ დადგმა განახორციელა მეიერხოლდის მოწაფემ, რესპუბლიკის დამსახურებულმა რეჟისორმა კუხტერმანმა. გვერდით, „აკვარიუმში“, მწვანე ესტრადაზე სარეკლამო შუქების ლივლივსა, ნახევრად შიშველი ქალის სხეულის ელვარებასა და ტაშის გრიალში მიმდინარეობდა მწერალ ლენივცევის მიმოხილვა „ქათმის შვილები“. ხოლო ტვერსკაიაზე მწკრივად მიდიოდნენ დრუნჩის ორივე მხარეს ფარანჩჩამოკიდებული ცირკის ვირები, ზურგზე მოელვარე პლაკატები რომ ჰქონდათ დამაგრებული: „კორშის თეატრში როსტანის „შანტეკლერი“ განახლდება“.       გაზეთების გამყიდველი ბიჭები მოტორთა გრიალში გაჰკიოდნენ: - შემზარავი აღმოჩენა მიწისქვეშეთში! პოლონეთი საშინელი ომისთვის ემზადება!! პროფესორ პერსიკოვის საზარელი ცდები!!       ყოფილ ნიკიტინის ცირკში, ნაკელის საამო სუნით გაჟღენთილ ყავისფერ არენაზე სახეშეთეთრებული კლოუნი ბომე წყალმანკიანივით გაფიჟვინებულ კუბოკრულტანსაცმლიან ბიმს ელაზღანდარებოდა. - ვიცი, რატომაცა ხარ ასე დაღონებული! - ლატომ? - წრიპინა ხმით ეკითხებოდა ბიმი. - კვერცხები მიწაში ჩამარხე, მეთხუთმეტე უბნის პოლიციამ კი აღმოაჩინა. - ხა-ხა-ხა-ხა, - ისე იცინოდა ცირკი, რომ ნაღველნარევი მხიარულებისგან ძარღვებში სისხლი გაგეყინებოდა. ხარხარის ხმა ძველი გუმბათის ქვეშ ტრაპეციებს არხევდა და აბლაბუდას აფრიალებდა. - ჰო-ოპ! - ყურისწამღებად შეჰყვირებდნენ კლოუნები და ჩათქვირებულ თეთრ ცხენებზე ამხედრებული, ჟოლოსფერი ტრიკოთი შემოსილი, ფეხებჩამოქნილი, საოცრად ლამაზი ქალი არენაზე გამოიჭრებოდა.       უეცარი დიდებით მოსილი შთაგონებული პერსიკოვი მოხოვაიაზე მანეჟთან მოციმციმე ცეცხლოვანი საათისკენ მარტოდმარტო მიდიოდა, ზედ არავის უყურებდა, ვერავის ამჩნევდა, გამვლელთა მუჯლუგუნებს არაფრად აგდებდა და ნაზი ხმით მოპატიჟე კახპებს ყურადღებას არ აქცევდა. ფიქრებში წასული ირგვლივ ვერაფერს ხედავდა, უცნაურ, ძველმოდურად ჩაცმულ კაცს შეეჯახა და თითები იტკინა, ხელი ისე ატაკა ხისბუდიან რევოლვერს, იმ კაცს ქამარზე რომ ეკიდა. - ფუ ეშმაკს! - ამოიწრიპინა პერსიკოვმა - უკაცრავად. - ბოდიში, - უსიამო ხმით უპასუხა რევოლვერიანმა, მერე ერთმანეთს მოსცილდნენ და ხალხის ზღვას შეერივნენ. პროფესორმა პრეჩისტენკისკენ გასწია და ეს შეჯახება უმალვე მიავიწყდა. თავი VII. როკი       არავინ უწყის, მართლა კარგი იყო თუ არა ლეფორტის ვეტერინარული აცრები, მარჯვედ მოქმედებდნენ თუ არა სამარელი გადამღობი რაზმები, შედეგიანი აღმოჩნდა თუ არა მკაცრი ზომები, რაც კალუგასა და ვორონეჟში კვერცხების შემსყიდველთა მიმართ ჩაატარეს, შედეგიანად მოქმედებდა თუ არა მოსკოვის საგანგებო კომისია, მაგრამ ის ცნობილია, რომ პერსიკოვისა და ალფრედის ბოლო შეხვედრიდან ორი კვირის შემდეგ რესპუბლიკების კავშირში ქათმების მხრივ ყველაფერი მოწესრიგდა. პატარა სამაზრო ქალაქების ეზოებში ალაგ-ალაგ ობლად ეყარა ქათმის ბუმბულები, მნახველს ცრემლს რომ მოჰგვრიდა, საავადმყოფოებში მოთავსებულ უკანასკნელ ღორმუცელებს სისხლიანი ფაღარათი და გულისრევა მალე გაუვლიდათ და გამოჯანმრთელდებოდნენ. ადამიანთა სიკვდილიანობა რესპუბლიკაში, საბედნიეროდ, ათას კაცს არ გადასცილებია. ამ ამბავს არც დიდი არეულობა მოჰყოლია. თუმცაღა ვოლოკოლამსკში წინასწარმეტყველი გამოჩნდა, ხალხს რომ აუწყებდა, ქათმის ჭირი კომისრებმა გამოიწვიესო, მაგრამ თავისი ქადაგებით დიდ წარმატებას ვერ მიაღწია. ვოლოკოლამსკის ბაზარში დედაკაცებისთვის ქათმების ჩამოსართმევად მისულ რამდენიმე მილიციელს სცემეს და ადგილობრივ ფოსტა-ტელეგრაფის განყოფილებაში ფანჯრები ჩაამტვრიეს. მაგრამ ვოლოკოლამსკის მარჯვე ხელისუფლებამ, საბედნიეროდ, ზომები მიიღო, რის შედეგადაც წინასწარმეტყველის მოღვაწეობა შეწყდა, ხოლო ტელეგრაფში მინები ჩასვეს.       ჩრდილოეთისკენ გავრცელებულმა ქათმის ჭირმა არხანგელსკსა და სიუმკინვასელოკს მიაღწია თუ არა, თავისით შეჩერდა იმის გამო, რომ იქით ვეღარ გავრცელდებოდა, - თეთრ ზღვაში, მოგეხსენებათ, ქათმები არ არიან. ქათმის ჭირი შეჩერდა ვლადივოსტოკშიც, რადგან იმას იქით ოკეანე გახლავთ. შორეულ სამხრეთში გაქრა და ჩაცხრა სადღაც ორდუბატის, ჯულფისა და ყარაბულაკის გადახრუკულ სივრცეებში, ხოლო დასავლეთში, თუმცა საოცარია, სწორედ პოლონეთსა და რუმინეთის საზღვრებზე შეჩერდა. იქ კლიმატი იყო სხვანაირი თუ მეზობელ მთავრობათა მიერ მოწყობილმა გადამღობმა კორდონებმა გამოიღო შედეგი, არ ვიცით, მაგრამ ჭირი იქით აღარ გავრცელებულა. უცხოეთის პრესა ისტორიაში უმაგალითო ჭირის ამბავს ცხარედ, ერთი აურზაურით განიხილავდა, ხოლო საბჭოთა რესპუბლიკების მთავრობა ყოველგვარი აურზაურის გარეშე, თავაუღებლად მუშაობდა. ქათმის ჭირთან მებრძოლ საგანგებო კომისიას სახელი შეუცვალეს და რესპუბლიკაში მექათმეობის განახლება-აღორძინების საგანგებო კომისია უწოდეს. ეს კომისია ახალი საგანგებო სამეულით შეავსეს, რომლის შემადგენლობაში თექვსმეტი ამხანაგი შეიყვანეს. დაარსდა მექათმეობის ნებაყოფლობითი საზოგადოება, რომელშიაც თამჯდომარის საპატიო ამხანაგებად შევიდნენ პერსიკოვი და პორტუგალოვი. გაზეთებში მათი პორტრეტების ქვემოთ გამოჩნდა სათაურები: „უცხოეთში კვერცხების მასობრივი შესყიდვა“ და ბატონ იუზს კვერცხების კომპანიის ჩაშლა სურს“. მთელ მოსკოვში გადაიქუხა ჟურნალისტ კოლეჩკინის გესლიანმა ფელეტონმა, რომელიც შემდგომი სიტყვებით მთავრდებოდა: „ბატონო იუზო, ჩვენს კვერცხებში ხელებს ნუ აფათურებთ, თქვენ საკუთარიცა გაქვთ“.       პროფესორი პერსიკოვი ბოლო სამ კვირაში ძალზე გაიტანჯა და გადაიქანცა. ქათმების ამბავმა იგი კალაპოტიდან ამოაგდო და ტვირთი გაუორმაგა. საღამოობით ქათმის ჭირთან მებრძოლ საგანგებო კომისიაში უნდა ემუშავა, ხოლო დროდადრო ხან ალფრედ ბრონსკისთან, ხანაც მექანიკურ ღიპიან კაცთან ხანგრძლივი საუბრებისთვის გაეძლო. საჭირო შეიქნა პროფესორ პორტუგალოვთან და პრივატ-დოცენტ ივანოვთან ერთად ქათმები გაეკვეთა და მიკროსკოპით ჭირის ბაცილა ეძებნა, ამას გარდა, სამი საღამო თავჩარგული იჯდა და ხელახლად დაწერა ბროშურა „ცვლილებანი ჭირიანი ქათმების ღვიძლში“.       პერსიკოვი ქათმების დარგში დიდი გატაცებით არ მუშაობდა და ეს ამბავი გასაგებიცაა, - ერთთავად სხვა რამეზე, ძირითადზე და მნიშვნელოვანზე, ესე იგი წითელ სხივზე ფიქრობდა, რასაც ქათმების კატასტროფის გამო მოსწყდა. პერსიკოვი ისედაც გატეხილ ჯანმრთელობას მთლად ბოლოს უღებდა, ძილისა და ჭამისთვის ვეღარ იცლიდა, ზოგჯერ პრეჩისტენკაზე აღარც ბრუნდებოდა, ინსტიტუტის კაბინეტში მუშამბაგადაკრულ დივანზე წათვლემდა და გათენებამდე კამერებსა და მიკროსკოპებს უტრიალებდა.       ივლისის დამდეგისთვის ალიაქოთი ოდნავ ჩაცხრა, სახეშეცვლილ კომისიაში მუშაობა ნორმალურ კალაპოტში ჩადგა და პერსიკოვი შეფერხებულ სამუშაოს დაუბრუნდა. მიკროსკოპებში ახალი პრეპარატები მოათავსეს, ხოლო კამერებში სხივებქვეშ თევზისა და ბაყაყის ქვირითი ზღაპრული სისწრაფით მწიფდებოდა. კენინგსბერგიდან აეროპლანით საგანგებოდ შეკვეთილი მინები ჩამოიტანეს და ივლისის ბოლო რიცხვებში მექანიკოსებმა ივანოვის მეთვალყურეობით ორი ახალი დიდი კამერა ააგეს, რომლებშიაც სხივი ფუძესთან პაპიროსის კოლოფის სიგანისა გახლდათ, ხოლო მილძაბრაში თითქმის ერთ მეტრს აღწევდა. პერსიკოვმა ხელები მხიარულად მოიფშვნიტა და იდუმალებით მოცული რთული ცდებისთვის მზადებას შეუდგა. უპირველეს ყოვლისა, განათლების სახალხო კომისარს ტელეფონით რაღაცაზე შეუთანხმდა და ყურმილის ყიყინა ხმა ყოველგვარ მხარდაჭერას თავაზიანად შეჰპირდა, რის შემდეგ პერსიკოვმა ტელეფონითვე გამოიძახა უმაღლეს კომისიასთან არსებული მეცხოველეობის განყოფილების გამგე, ამხანაგი პტახა-პოროსიუკი. პტახა პერსიკოვს დიდი გულისყურით მოეპყრო. საუბარი ჰქონდათ პროფესორ პერსიკოვისთვის უცხოეთში დიდი დაკვეთის თაობაზე. პტახამ თქვა, ბერლინში და ნიუ-იორკში დეპეშებს ახლავე გავგზავნიო. ამის შემდეგ პერსიკოვს კრემლიდანაც დაურეკეს და ჰკითხეს, თქვენი საქმეები როგორ მიდისო, და ალერსიანი, თუმცა მედიდური ხმით უთხრეს, ავტომობილი ხომ არ გჭირდებათო? - არა, გმადლობთ, ტრამვაით სიარული მირჩევნია, - უპასუხა პერსიკოვმა. - რატომ? - იკითხა იდუმალმა ხმამ და შემწყნარედ ჩაიცინა.       პერსიკოვს ყველანი საერთოდ რიდითა და შიშით ელაპარაკებოდნენ, ანდა ალერსიანად ჩაიცინებდნენ ხოლმე, თითქოს იგი პატარა, თუმცა ტანადი ბავშვი ყოფილიყო. - ტრამვაი უფრო სწრაფად დადის, - მიუგო პერსიკოვმა. - როგორც გენებოთ, - ჩაიბუბუნა ხმამ ტელეფონში.       კიდევ ერთმა კვირამ გაიარა და ქათმებთან დაკავშირებულ საკითხებზე მუშაობა მინელდა. პერსიკოვი ამ საქმიანობას თანდათან ჩამოშორდა და სხივის შესწავლას ჩაუღრმავდა. უძილო ღამეებმა და გადაღლამ გონება გაუნათა, თითქოს სიმჭვირვალე და სიმჩატე შესძინა. თვალთა ირგვლივ წითელი რკალები აღარ სცილდებოდა. თითქმის ყოველ ღამეს ინსტიტუტში ათევდა. ზოოლოგიური სავანე მხოლოდ ერთხელ მიატოვა, რათა პრეჩისტენკაზე, ბიოლოგთა ცენტრალური კლუბის უზარმაზარ დარბაზში მოხსენება წაეკითხა თავის სხივზე და იმის თაობაზე, თუ ეს სხივი კვერცხუჯრედზე როგორ მოქმედებდა. ეს ახირებული ზოოლოგის გიგანტური ტრიუმფი გახლდათ. სვეტებიანი დარბაზის ჭერი ტაშისცემამ ლამის ჩამოანგრია. რკალური მილაკები შუქსა ჰფენდა კლუბის წევრთა შავ სმოკინგებსა და ქალების თეთრ კაბებს. ესტრადაზე, კათედრის გვერდით, მინის მაგიდაზე შემოდგმულ ლანგარზე კატისხელა რუხი, სველი ბაყაყი იჯდა და მძიმედ სუნთქავდა. ესტრადისკენ წერილებს ისროდნენ. მათ შორის შვიდი სასიყვარულო წერილი აღმოჩნდა და პერსიკოვმა შვიდივე დახია. კლუბის თავმჯდომარემ იგი ხალხისათვის თავის დასაკრავად ესტრადაზე ძალით გაიყვანა. პერსიკოვი თავს უხალისოდ უკრავდა, ხელები ოფლისგან დასველებოდა, შავი ჰალსტუხი ნიკაპს ქვემოთ კი არა, მარცხენა ყურს უკან მოქცეოდა. მსმენელთა ამონასუნთქის ბურუსში ასობით მოყვითალო სახესა და მამაკაცთა თეთრ მკერდებს ხედავდა. უეცრად რევოლვერის ყვითელმა ბუდემ გაიელვა და სადღაც თეთრი სვეტის მიღმა გაუჩინარდა. მაგრამ მოხსენების შემდეგ დარბაზს როცა ტოვებდა და კიბეზე დაფენილ ნოხზე ჩადიოდა, უეცრად თავი ცუდად იგრძნო. ვესტიბულში გაჩახჩახებული ჭაღი წამით შავად შებურული წარმოესახა, თვალები დაებინდა, გულისრევა იგრძნო... მოეჩვენა, რომ ირგვლივ კვამლი იდგა და ყელიდან მწებვარე ცხელი სისხლი სდიოდა... პროფესორმა მოაჯირს აკანკალებული ხელი ჩასჭიდა. - ვლადიმერ იპატიჩ, ცუდად ხართ? - გაისმა ირგვლივ შეშფოთებული ხმები. - არა, არა, - უპესუხა პერსიკოვმა და თავი შეიმაგრა, - უბრალოდ, გადავიღალე... ჰო... ერთი ჭიქა წყალი დამალევინეთ, გეთაყვა. * * *       აგვისტოს თაკარა დღე იდგა. პროფესორს მზე ხელს უშლიდა და ამიტომ ფანჯრებისთვის ფარდები ჩამოეფარებინა. ინსტრუმენტებითა და მინებით გავსებულ მინის მაგიდას დრეკადი რეფლექტორი მჭახე შუქს ფენდა. დაქანცულ პერსიკოვს ხრახნიანი სავარძლის საზურგე უკან გადაეწია, პაპიროსს ეწეოდა დადაღლილობისაგან ჩამქრალი, მაგრამ კმაყოფილი მზერა კვამლის სვეტების მიღმა მიეპყრო კარგამოღებული კამერისკენ, სადაც წყნარად გაწოლილიყო წითელ სხივთა კონა და კაბინეტის ისედაც ჩახუთულ, უსუფთაო ჰაერს კიდევ უფრო ახურებდა.       კარზე მოაკაკუნეს. - შემოდი! - გასძახა პერსიკოვმა.       კარმა ოდნავ გაიჭრიალა, პანკრატი შემოვიდა, ხელები ჩამოუშვა და ღვთაების წინაშე შიშისგან ფერწასულმა თქვა: - ბატონო პროფესორო, როკი გეწვიათ.       მეცნიერს სახეზე ღიმილის მსგავსი რაღაც გამოესახა. მან თვალები მოწკურა და თქვა: - ეს საინტერესოა, მაგრამ მე არ მცალია. - ამბობს, კრემლიდან წერილით ვარ მოსულიო. - როკი წერილით? საკვირველია, - თქვა პერსიკოვმა და მერე დაუმატა: - აბა, შემოიყვანე! *გაგარძელება* …
დაამატა Kakha to ლიტერატურა at 8:43pm on მაისი 11, 2015
თემა: მარადი ქმარი
ულის გამო დავა - ამ ბოლო ხანს უკუღმა შეტრიალდა. მართალია, ჯერ კიდევ სამიოდე თვის წინათ არცთუ ძნელი მოსაგვარებელი ჩანდა, თითქოს გადაწყვეტილიც იყო, მაგრამ ყოველივე როგორღაც ერთბაშად შეიცვალა. „ისედაც, ყველაფერი საუარესოდ იცვლებაო!“ - ამ სიტყვებს ველჩანინოვი ახლა ხშირად და გესლიანად იმეორებდა გულში. მარჯვე, ძვირიანი, ცნობილი ვექილი ჰყავდა აყვანილი, ფულს არ იშურებდა; მაგრამ მოუთმენლობისა და იჭვნეულობის გამო მაინც ვერ ახერხებდა, გულხელდაკრეფილი მჯდარიყო: კითხულობდა და წერდა ქაღალდებს, თუმცა მათ ერთთავად იწუნებდა ვექილი; დარბოდა საკრებულოდან საკრებულოში, კრებდა ცნობებს. ოღონდ, ხელის შეშლის მეტი, ეტყობა, არა გამოსდიოდა რა. ყოველ შემთხვევაში, ვექილი ჩიოდა ამის გამო და ლამობდა, როგორმე აგარაკზე გაესტუმრებინა იგი. მაგრამ ველჩანინოვს აგარაკზე წასვლაც არ ეპიტნავებოდა. ნერვების გამაღიზიანებელი მტვრით, სიცხით, თეთრი პეტერბურგული ღამეებით - აი, რით იამებდა გულს სატახტო ქალაქში დარჩენილი. ბინა სადღაც დიდ თეატრთან დაიდო, ამ ცოტა ხნის წინათ დაექირავებინა, მაგრამ აქაც არ გაუღიმა ბედმა; „არაფერი არ მიმართლებსო!“ იპოქონდრიაც დღითი დღე ეძალებოდა; მაგრამ იპოქონდრიისადმი რა ხანია უკვე მიდრეკილი გახლდათ. ეს იყო ლაღად და ხელგაშლილად ნაცხოვრები კაცი, ახალგაზრდულ ასაკს უკვე კარგა ხნის გადაცილებული, ასე, ოცდათვრამეტი თუ ოცდაცხრამეტი წლისა. სიბერემ - როგორც თვითონ იტყოდა ხოლმე - „თითქმის სრულიად მოულოდნელად“ მოუკაკუნა კარზე; თუმცაღა, თვითონვე ესმოდა, რომ წელთა სიმრავლეს კი არა, უწინარეს ყოვლისა, განვლილი წლების, ასე ვთქვათ, შინაარსს მოეტეხა. და თუ სიძაბუნე უკვე დაღს ასვამდა, უმალ შინაგანად, ვიდრე გარეგნულად, შესახედავად ჯერაც ყოჩაღად გამოიყურებოდა. მაღალ-მაღალი, ჩასკვნილი, ქერა კაცი იყო. ხშირ თმაში ჯერ თეთრი არ გამორეოდა. გრძელი ქერა წვერი ლამის შუაგულ მკერდზე სცემდა; ერთი შეხედვით, ეგების, რამდენადმე მოუხეშავი და მოშვებული მოგჩვენებოდათ; მაგრამ, თუ ყურადღებით დააკვირდებოდით, უმალვე შეიცნობდით ჩინებულად თავშემონახულ და ოდესღაც ყველაზე მაღალი საზოგადოების კვალობაზე აღზრდილ ვაჟბატონს. ქცევა და მიხრა-მოხრა ახლაც ლაღი, თამამი, მოხდენილიც კი ჰქონდა, თუმცა ბუზღუნი და დაუდევრობა, ეს ორი კეთილშენაძენი თვისება დასჩემებოდა. ასე გასინჯეთ, ჯერაც მოსდგამდა ყოვლად ურყევი, მაღალი წრის ადამიანისათვის ნიშნეული, უაღრესად კადნიერი თავდაჯერება; ოღონდ, რა ზომამდე აღწევდა ეს მისი თავდაჯერება, თვითონ იქნებ გუმანითაც ვერ ხვდებოდა, თუმცა არამცთუ საზრიანი, ზოგჯერ გონიერი ადამიანიც კი ეთქმოდა, საკმაოდ განათლებულიც იყო და უდავოდ მრავალმხრივ ნიჭიერიც. მისი გულღია, ღაჟღაჟა სახის ფერი ერთ დროს ქალური სინაზით გამოირჩეოდა და მშვენიერი სქესის ყურადღებას იპყრობდა; ახლაც რომ შეეხედა კაცს, იტყოდა: „რა ჯანიანი ვინმეა, ლოყებიც როგორ წითლად უღვივისო!“ და მაინც ეს „ჯანიანი ვინმე“ სასტიკი იპოქონდრიით გახლდათ შეპყრობილი. მისი დიდრონი, ცისფერი თვალები ამ ათიოდე წლის წინათ ძალმოსილებას მეტყველებდა; ისეთი ნათელი, ისეთი ხალისიანი და უზრუნველობით აღსავსე თვალები ჰქონდა, მათი პატრონი ძალაუნებურად იზიდავდა ყველას. ახლა, როცა აგერ ორმოც წელს მიატანა, სინათლისა და სიკეთის სხივი თითქმის ჩაუქრა ამ თვალებში, უპეები შეუნაოჭდა კიდეც; ახლა მზერაში გამოუკრთოდა არცთუ მთლად ზნეობრივი, მოღლილი კაცის ცინიზმი, ცბიერება, უფრო ხშირად დაცინვა და კიდევ ახალი, წინათ უცნობი რამ.. ანარეკლი სევდისა და გულისტკივილის, - რაღაცნაირი გაურკვეველი თითქოსდა უსაგნო, მაგრამ მძაფრი სევდის. მეტადრე მაშინ მოეძალებოდა ხოლმე ეს სევდა, როცა მარტო რჩებოდა. ჰოდა, გასაოცარია, ჯერ კიდევ ორიოდე წლის წინათ, ეგზომ ხალისიან, უზრუნველ კაცს, ვისაც ესოდენ ემარჯვებოდა სასაცილო ამბების თხრობა - ახლა სრულიად მარტო დარჩენას აღარაფერი ერჩივნა. მან განზრახ მრავალ ოჯახთან გაწყვიტა კავშირი, თუმცა შეეძლო მათთან კვლავაც ჰქონოდა ნაცნობობა, მიუხედავად იმისა, რომ ფულის საქმე აშკარად აეწეწა. ისიც მართალია, აგრე პატივმოყვარეობის გავლენითაც მოიქცა: იმნაირი იჭვნეული და თავმოყვარე ვინმე გახლდათ, ადრინდელ ნაცნობებთან შეხვედრას სწორედ რომ ვერ აიტანდა. მაგრამ რაც ასე განმარტოვდა, ეს მისი პატივმოყვარეობაც თანდათან იცვლიდა სახეს. პატივმოყვარეობა არ განელებია, ის კი არადა - პირიქით, კიდევ უფრო გაუმძაფრდა, ოღონდ ახლა რაღაცნაირი განსაკუთრებული ყაიდის პატივმოყვარეობად გადაუგვარდა, იმგვარ პატივმოყვარეობად, რაც უწინ სრულიად უცხო იყო მისთვის. ამ გრძნობას ზოგჯერ იმგვარი მიზეზები უბღალავდა, წინათ აინუნშიაც რომ არ ჩააგდებდა. ეს იყო ადრინდელთან შედარებით „უმაღლესი“ რიგის მიზეზები, „თუკი შეიძლება ასე ეწოდოს მათ, თუკი მართლაც არსებობს უმაღლესი და უმდაბლესი რიგის მიზეზებიო“, დასძენდა ხოლმე თვითონ.    დიახ, ამ ზომამდეც მივიდა; თავს იმტვრევდა უმაღლესი მიზეზებისათვის, ისეთი რამეების გამო, წინათ რომ არც კი ჩაუფიქრდებოდა. გონებაში, სინდისის კარნახით, იგი უმაღლესს უწოდებდა ყველა იმ „მიზეზს“, რომელთა გამოც (თავისდა გასაკვირად) არამც და არამც არ შეეძლო გულში ეცინა, - რისთვისაც აქამდე არასდროს მიუქცევია ყურადღება, - ოღონდ გულში, რაღა თქმა უნდა; ო, საზოგადოებაში როცა ხარ, სულ სხვა საქმეა! აკი მშვენივრად უწყოდა: შესაფერისი გარემოება შექმნილიყო, ხვალვე სრულიად გულარხეინად, ხმამაღლა უარყოფდა ყველა იმ „უმაღლეს მიზეზს“, მიუხედავად სინდისის იდუმალი და მხურვალე ღაღადისისა. უარყოფდა და პირელი თვითონ აიგდებდა მათ სასაცილოდ, თანაც, რასაკვირველია, არც არაფერში გამოტყდებოდა. და ეს ნამდვილად ასე იქნებოდა, თუმცა აქამდე „უმდაბლესი მიზეზების“ ტყვეობაში მოქცეულს ამ ბოლო დროს მათი საპირისპირო, გარკვეული და ფრიად დამოუკიდებელი აზრი შეუმუშავდა. ან რამდენჯერ მომხდარა, როცა დილით ლოგინიდან წამომდგარა, უძილო ღამის ფიქრებისა თუ განცდების გამო სირცხვილი უგრძვნია! (ამ ბოლო დროს კი სულ ერთთავად უძილობა ტანჯავდა). კარგა ხანი იქნებოდა შენიშნა, რომ მეტისმეტად იჭვნეული გახდა, სულერთია, რამე მნიშვნელოვანს ეხებოდა საქმე თუ წვრილმანს, ამიტომ კიდევაც გადაწყვიტა, რაც შეიძლება ნაკლებად ვენდობი საკუთარ თავსო. მაგრამ, მართლა ისეთი რამ დასჩემდა, რასაც თვალს ვეღარასდიდებით მოუხუჭავდა. ეს ერთი ხანი იყო, ზოგჯერ ღამღამობით, ფიქრები თუ გრძნობები ჩვეულებრივთან შედარებით თითქმის მთლიანად ეცვლებოდა და მეტწილად სრულებით აღარ უგავდა იმას, რასაც დღის პირველ ნახევარში გრძნობდა და ფიქრობდა ხოლმე. ამ ამბავმა განაცვიფრა და, ერთ ცნობილ ექიმს რჩევისთვისაც მიმართა; იმ ექიმს იცნობდა კიდეც. რასაკვირველია, ხუმრობით ჩამოუგდო სიტყვა. პასუხად შეიტყო, რომ აზრთა თუ გრძნობათა ცვლილების, გინდათ გაორების ფაქტი ღამეული უძილობის დროს, საერთოდ ღამღამობით, საყოველთაოდ გავრცელებული ფაქტი ყოფილა „ძალუმი აზროვნებისა და ძალუმი გრძნობების“ ადამიანებს შორის. ისეთი შემთხვევებიც ყოფილა - ადამიანს მთელი ცხოვრების მრწამსი ანაზდეულად შესცვლია თურმე ღამისა და უძილობის მელანქოლიური გავლენით. მოულოდნელად, უმიზეზოდ, საბედისწერო გადასწყვეტილებას დასდგომია. მაგრამ, ყველაფერ ამას, რასაკვირველია, გარკვეული მიჯნაც აქვსო; და თუ პიროვნება, ბოლოს და ბოლოს, ამ გაორების მეტისმეტად მძაფრ ზეგავლენას განიცდის, ისე რომ კიდევაც იტანჯება - უდავოდ იმის მომასწავებელია, ავადმყოფობას უჩენია თავიო. მაშასადამე, საჭიროა დაუყოვნებლივ რაიმე ზომების მიღებაო. ყველაზე უმჯობესია ცხოვრების წესის შეცვლა, დიეტა, ანდა სულაც სამოგზაუროდ წასვლა; ცხადია, სასაქმებელიც რგებსო. ველჩანინოვმა მეტად აღარ მოუსმინა. ავადმყოფობა აშკარად დაუდასტურეს. „მაშ ასე, ეს ყველაფერი ავადმყოფობა ყოფილა; ეს „უმაღლესის“ გამო წუხილი სნეულების ნაყოფია და მეტი არაფერი!“ - გესლიანად აღმოხდებოდა ხოლმე ხანდახან. მართლაც ძალიან ეძნელებოდა ამ ამბავთან შერიგება. მალე დილდილობითაც იგივე გაუმეორდა, რაც მხოლოდ და მხოლოდ ღამეულ ჟამს ემართებოდა ხოლმე. ოღონდ, გაუმეორდა ღამეულ საათებთან შედარებით ნაღველის მომატებული მოძალებით. სინანულის წილ ახლა ბოღმა მოერეოდა ხოლმე, გულის აჩვილების მაგიერ დაცინვის ჟინი აიტანდა. კაცმა რომ თქვას, მხოლოდ ის ემართებოდა, რომ სულ უფრო და უფრო ხშირად აგონდებოდა თავისი წარსული ცხოვრების ზოგიერთი მივიწყებული შემთხვევა. აგონდებოდა „მოულოდნელად და ღმერთმა უწყის რატომ“, ოღონდ მუდამ რაღაცნაირი განსაკუთრებული ელფერით შეფერილი. ველჩანინოვი, მაგალითად, დიდი ხანია უკვე მეხსიერების ღალატს უჩიოდა: ავიწყდებოდა ნაცნობ ადამიანთა სახეები, და ეს ნაცნობები შეხვედრისას საყვედურობდნენ ამის გამო; ნახევარი წლის წინათ წაკითხული წიგნი ზოგჯერ სრულიად ამოუვარდებოდა გონებიდან. მერედა რა გგონიათ? ამ გულმავიწყობის მიუხედავად (რაც ერთობ აწუხებდა) - ყველაფერი, რაც დიდი ხნის წარსულ ამბებს შეეხებოდა, ყველაფერი, ამ ათი-თხუთმეტი წლის მანძილზე თითქმის სავსებით დავიწყებულიც რომ ჰქონდა - ახლა ყოველივე დროდადრო უეცრად ამოტივტივდებოდა ხოლმე, მაგრამ შთაბეჭდილებათა და წვრილმანთა ისეთი განსაცვიფრებელი სიზუსტით, თითქოსდა იმ გარდასულს ახლად განიცდისო. ზოგი შემთხვევა იმდენად დავიწყებული ჰქონდა, რომ მარტო ისიც კი ეჩვენებოდა სასწაულად, როგორ აღდგაო მეხსიერებაში. მაგრამ, ეს ჯერ კიდევ ყველაფერი როდი იყო. ან რომელი ადამიანი გინახავთ, ხელგაშლილი ცხოვრება გაეტარებინოს და უჩვეულო რამ მოგონებები არ გამოჰყოლოდეს? საქმე ის იყო, მეხსიერებაში გაცოცხლებული ცხოვრება სულ სხვა კუთხით უბრუნდებოდა; ამ შემთხვევას სრულიად ახლებური, მოულოდნელი, წინათ ყოვლად წარმოუდგენელი თვალსაზრისით ჭვრეტდა. რატომ მიაჩნდა ახლა ზოგ-ზოგი მოგონება ნამდვილ დანაშაულად? არცთუ მხოლოდ მისი გონების მსჯავრი იყო უმთავრესი. თავის ამ პირქუშ, მარტოხელა კაცის სნეულ გონებას ხომ არც კი ერწმუნებოდა; თავი და თავი ის იყო, საქმე წყევლა-კრულვამდე, ლამის ცრემლებამდეც მიდიოდა, თანაც გარეგნულ კი არა, შინაგან მოთქმამდე. აკი ჯერ კიდევ ორიოდე წლის წინ არც კი დაიჯერებდა, თუ ოდესმე ცრემლი მოერეოდა! თავდაპირველად, მაინც, უფრო მეტად გულისმომწყვლელი შემთხვევები აგონდებოდა და არა გულის ამაჩვილებელი: მოაგონდებოდა მაღალ საზოგადოებაში ნაწვნევი მარცხი, დამცირება; გაახსენდებოდა, მაგალითად, როგორ „დასწამა ცილი ერთმა ინტრიგანმა“, რის გამოც ერთ-ერთი სახლის კარი გამოუკეტეს; ან საქვეყნოდ როგორ შეურაცხყვეს არცთუ ისე დიდი ხნის წინათ, შეურაცხმყოფელი კი დუელში არ გამოიწვია. როგორ ჩააჩუმეს ერთხელ ლამაზ ქალთა მარაქაში გარეული მეტად მახვილგონივრული ეპიგრამით, პასუხის გაცემა კი ვერ მოახერხა. ორი-სამი გაუსტუმრებელი ვალიც გაახსენდა. მართალია, წვრილმანი ვალები იყო, მაგრამ ღირსების საკითხი გახლდათ, თანაც ისეთი ხალხისა ემართა, ვისთან ურთიერთობაც უკვე გაწყვეტილი ჰქონდა და მათ უდიერად იხსენიებდა კიდეც. აწამებდა აგრეთვე (მხოლოდ მომეტებული გაბოროტების წუთებში) ორჯერ მთლად უგუნურად გაფლანგული ქონების გახსენება, მით უფრო, რომ ორჯერვე კარგა დიდი ქონება გაანიავა. მაგრამ მალე „უმაღლესი“ რიგის შემთხვევებმაც შეახსენეს თავი.    უცებ, მაგალითად, „სრულიად უმიზეზოდ“თვალწინ დაუდგებოდა სავსებით გადავიწყებული მოხუცებული ჭაღარა მოხელის, ერთი გულკეთილი და სასაცილო ბერიკაცის, სახე. და, აი, ეს ბერიკაცი ოდესღაც, დიდზე დიდი ხნის წინ, მან საჯაროდ გულარხეინად შეურაცხყო, მხოლოდ და მხოლოდ თავმომწონეობის გამო: რა არის ტყუილუბრალოდ არ დაკარგულიყო ერთი საოხუნჯო მახვილი კალამბური, რამაც სახელი გაუთქვა და მერმე სხვებიც იმეორებდნენ. ეს შემთხვევა იმდენად დავიწყებული ჰქონდა, ბერიკაცის გვარიც კი ვერ გაეხსენებინა, თუმცა ამბის სრული სურათი მყისვე გასაოცარი სიცხადით წარმოუდგა. ნათლად მოაგონდა, რომ ის ბერიკაცი მაშინ თავის შინაბერა ქალიშვილს ესარჩლებოდა, რის გამოც ქალაქად რაღაც ჭორები დარხეულიყო. ბერიკაცმა პასუხის გაცემა სცადა, გაცხარდა კიდეც; მაგრამ უცებ ტირილი წასკდა მთელი საზოგადოების თვალწინ, რამაც ერთგვარი შთაბეჭდილებაც მოახდინა. ეს ამბავი იმით დასრულდა, რომ ბერიკაცი სეირის გულისათვის მაშინ შამპანურით დაათვრეს და სიცილით გული იჯერეს. და როცა აგერ ველჩანინოვს „სრულიად უმიზეზოდ“ მოაგონდა, როგორ ქვითინებდა ბებრუხანა, როგორ იფარებდა სახეზე ხელებს პატარა ბავშვივით, უნებურად ეგონა, თითქოს ეს ამბავი არც არასოდეს დავიწყებოდეს. ჰოდა, უცნაურია: ეს ყველაფერი მაშინ ძალზე სასაცილოდ ეჩვენებოდა; ახლა კი - პირიქით; და სწორედ წვრილმანები, სწორედ პირზე ხელის აფარება უკლავდა გულს. მერმე მოაგონდა, მხოლოდ და მხოლოდ სეირისთვის ცილი როგორ დასწამა ერთი სკოლის მასწავლებლის ფრიად სანდომიან ცოლს, და ეს ცილისწამება ქმრის ყურს ჩასწვდა. ველჩანინოვი მალე გაემგზავრა იმ ქალაქიდან და არ იცოდა, რა შედეგი მოჰყვა მაშინ ამ ცილისწამებას, მაგრამ ახლა უცებ წარმოიდგინა, რა შეიძლებოდა დატრიალებულიყო, - ჰოდა, ღმერთმა უწყის, რა საშინელებას დაუხატავდა საკუთარი წარმოსახვა, თუ მოულოდნელად არა სწვეოდა სხვა, გაცილებით უახლესი მოგონება. ერთი ქალიშვილი მოაგონდა, მდაბიოთაგანი, რომელიც არცთუ მოსწონდა და, სიმართლე ითქვას, ერცხვინებოდა კიდეც მასთან კავშირი; მაგრამ, თვითონაც არ იცოდა რატომ, ბავშვი კი გაუჩინა; მერმე ადგა და ბავშვიანად მიატოვა, არც კი გამომშვიდობებია (მართალია, დრო აღარ იყო საამისოდ), როცა პეტერბურგიდან აიბარგა. ამ ქალიშვილს შემდეგ მთელი წელიწადი დაეძებდა, მაგრამ ვეღარსად მიაკვლია. თუმცაღა, ამგვარი მოგონებანი ლამის ასობით აღმოაჩნდებოდა ხოლმე - მერმე ისეც ხდებოდა, ყოველი მოგონება ათობით სხვასაც მოიყოლებდა. თანდათან პატივმოყვარეობაც ელახებოდა.    ჩვენ უკვე მოვიხსენიეთ, რომ პატივმოყვარეობა რაღაც განსაკუთრებული ყაიდისად გადაუგვარდა. ეს მართლაც ასე გახლდათ. ხანდახან (თუმცა, იშვიათად) იმგვარ თავდავიწყებას მიეცემოდა, ისიც კი აღარ ეთაკილებოდა, საკუთარი ეკიპაჟი რომ არ გააჩნდა, საკრებულოში ფეხით რომ დაჩანჩალებდა და ჩაცმა-დახურვის მხრივაც, ცოტა არ იყოს, დაუდევრობას იჩენდა. თუ მოხდებოდა, რომელიმე მისი ძველი ნაცნობი ქუჩაში გამქირდავად აათვალიერ-ჩაათვალიერებდა, ან სულაც თვალს აარიდებდა, საიმისო ქედმაღლობა, ღმერთმანი, ჰყოფნიდა, ეს ამბავი აინუნშიაც არ ჩაეგდო. დასტურ არად ჩაეგდო, განა მოსაჩვენებლად. რაღა თქმა უნდა, ამგვარი რამ იშვიათად ემართებოდა, მხოლოდ თავდავიწყებისა და გაღიზიანების ჟამს, მაგრამ ეს მისი პატივმოყვარეობა თანდათან მაინც სულ უფრო ნაკლებად დამოკიდებული ხდებოდა ადრინდელ მიზეზებზე და სულ უფრო მეტად უკავშირდებოდა ერთ კითხვას, რომელიც განუწყვეტლივ თავში უტრიალებდა.   „- აიო, - დაიწყებდა ხოლმე ხანდახან ფიქრს დამცინავად (ხოლო როცა თავის თავზე ფიქრობდა, მუდამაც დაცინვით იწყებდა ხოლმე), - აი, ხომ ზრუნავს ვიღაცა ჩემი ზნეობისათვის, ამ წყეულ მოგონებებს თუ „სინანულის ცრემლებს“ რომ მიგზავნისო. დაე, აგრე იყოს, ოღონდ ამაო გარჯა გახლავთ! ეს ყველაფერი ხომ წყლის ნაყვაა! განა დაბეჯითებით არ ვიცი, რომ, ამ ჩემი სინანულის ცრემლებისა და თავის განკიცხვის მიუხედავად, იოტის ოდენი დამოუკიდებლობა არ გამაჩნია, თუმცა აგერ ოთხი ათეული წელი კი გავლიე! აი, ხვალ რომ რაიმე საცდურს გადავეყარო, ვთქვათ, კვლავ ამგვარი გარემოება შეიქმნას, ხელს მაძლევდეს ჭორი გავავრცელო, მასწავლებლის ცოლი ჩემგან საჩუქარს იღებდა-მეთქი - ხომ მართლაც გავავრცელებ, არც შევყოყმანდები, ისე გავავრცელებ. და ხომ პირვანდელზე უარესი, კიდევ უფრო უხამსი რამ გამოვა ამჯერად, რაკი იგივე ამბავი უნდა გავიმეორო. ანდა, აბა ერთი სცადოს და კვლავაც შეურაცხმყოს იმ დედისერთა თავადიშვილმა, ამ თვრამეტი წლის წინათ ტყვიით რომ მივუმსხვრიე ფეხი, სცადოს და ნახავს, თუ მაშინვე არ გამოვიწვევ და ისევ ომბოხზე არ შევასკუპებ. ჰოდა, მაშ წყლის ნაყვა არ ეთქმის ყველაფერ ამას! მაშ, რის მაქნისია ეს ყველაფერი! რისთვისღა უნდა განმიახლონ მოგონებები, როცა საიმისო ძალაც არ შემწევს, რამდენადმე მაინც ხეირიანად გავემიჯნო საკუთარ თავსა და წარსულს!“ და თუმცა მეტად აღარ მეორდებოდა მსგავსი შემთხვევა, არცთუ სახიჩარს ხდიდა ვინმეს, მაგრამ მარტოოდენ იმის ფიქრი, რომ ეს უეჭველად განმეორდებოდა, თუ ხელსაყრელი ვითარება შეიქმნებოდა, ლამის გულს უკლავდა... ზოგჯერ. აბა, სულ მუდამ მოგონებებს ხომ არ უნდა ეტანჯა მართლა და მართლა. შიგადაშიგ არც დასვენება აწყენდა, არც გასეირნება. ველჩანინოვიც აგრე იქცეოდა: შიგადაშიგ, გასეირნებაზე უარს არ ამბობდა; მაგრამ, მაინც, რაც დრო გადიოდა, მით უფრო უსიამოვნო ხდებოდა ეს მისი პეტერბურგული ცხოვრება. თან უკვე ივლისიც ახლოვდებოდა. ხანდახან ლამის იყო გადაეწყვიტა, ყველაფერი მიეტოვებინა, მამულის გამო დავასაც მოშვებოდა და უცებ, ალალბედად გამგზავრებულიყო საითმე. თუნდაც იმავე ყირიმისაკენ. მაგრამ ერთი საათის შემდეგ, ჩვეულებრივ, უკვე სძაგდა ეს თავისი აზრი და სასაცილოდაც არ ჰყოფნიდა... „ამ აბეზარ ფიქრებს, რაკი ერთხელ წამომეშალა, ვერავითარი სამხრეთი ვეღარ გამიფანტავს; თუ ოდნავ წესიერი კაცი მეთქმის, ვეღარსად გავექცევი მათ და, მერე, არც საჭიროა“. „ან რატომ უნდა გავიქცე, - კვლავ ტვინს იჭყლეტდა დარდისაგან, - აქ ისეთი მტვერი, ისეთი შეხუთული ჰაერია; ამ სახლში კიდევ ყველაფერი ისეა მითხვრილ-მოთხვრილი; იმ საკრებულოებშიც, საცა ხეტიალი მიხდება, ეს უამრავი საქმიანი ხალხი ისეთ ყოვლად წვრილმან საზრუნავსაა გადაგებული, იმნაირი უთავბოლო ფუსფუსითაა გართული; საითაც უნდა გაიხედო, ყველას ისე გულუბრყვილოდ და გულახდილად აწერია სახეზე მთელი მათი თავმომწონეობა, მიამიტური თავხედობა, მთელი მათი სულმოკლეობა და გულნამცეცობა, რომ აქ სამოთხეა იპოქონდრიით შეპყრობილისთვის. ხუმრობით როდი ვამბობ ამას! ყველაფერი აშკარაა, ყველაფერი ნათელია, არავინ საჭიროდაც კი არა თვლის, თავი შეინიღბოს, როგორც ეს ჩვენ ქალბატონებს სჩვევიათ, როცა სადმე აგარაკად ან კიდევ წყლებზე იმყოფებიან საზღვარგარეთ. ჰოდა, რახან აგრეა, ყველაფერი გაცილებით უფრო დიდი პატივისცემის ღირსიცაა, მარტოოდენ მაგ გულახდილობისა და მიამიტობისათვის... არსად არ წავალ! თუნდაც ჭიჭინაზე გავსკდე, ფეხს არ მოვიცვლი აქედან!..“ II. კრეპიანი შლაპის მქონე ვაჟბატონი    ივლისის სამი იყო. აუტანელი პაპანაქება იდგა. ამ დღეს ველჩანინოვს ნამდვილი გაწამაწია დაადგა: ჯერ იყო და დილიდანვე აქეთ-იქით სირბილი მოუხდა, საღამოს კი ერთი მეტად საჭირო ვაჟბატონი, საქმოსანი და სახელმწიფო მრჩეველი უნდა ენახა აუცილებლად. იმ კაცისათვის საკუთარ აგარაკზე, სადღაც ჩორნაია რეჩკაზე უნდა მიეკითხა და როგორმე შინ მოეხელებინა. მეექვსე საათი იქნებოდა, როცა ველჩანინოვმა ბოლოს და ბოლოს ნევის პროსპექტზე პოლიციის ხიდთან მდებარე ერთი რესტორნის კარი შეაღო (ერთობ საეჭვო, მაგრამ ფრანგული რესტორანი გახლდათ), ამოჩემებულ კუთხეში თავის მაგიდას მიუჯდა და ყოველდღიური კერძი მოითხოვა.    დღენიადაგ მანეთის სადილს მიირთმევდა, ღვინისას კი ცალკე იხდიდა და კიდეც ამას თვლიდა თავისი აწეწილი საქმეებისათვის კეთილგონივრულად გაღებულ მსხვერპლად. მუდამ უკვირდა, როგორ შეიძლება ამგვარი საძაგელი რამ ჭამოსო კაცმა და მაინც უკანასკნელ ფინჩხამდე მუსრს ავლებდა ყველაფერს; მერე და ყოველთვის ისე მადიანად ილუკმებოდა, კაცს ეგონებოდა, სამი დღის უსმელ-უჭმელიაო. „ესეც რაღაც ავადმყოფური მჭირსო“, - ჩაიბურტყუნებდა ხოლმე, როცა თავის მგლურ მადას გულისყურს მიაპყრობდა. მაგრამ ამჯერად მეტად საძაგელ გუნებაზე მიუჯდა თავის მაგიდას, გაჯავრებულმა შლაპა სადღაც მოისროლა, სუფრას ჩამოეყრდნო და ფიქრს მიეცა. ვინიცობაა ახლა რომელიმე მეინახეთაგანი აფუსფუსებულიყო, ანდა მომსახურე ბიჭი პირველ სიტყვაზევე ვერ მიხვდებოდა სათქმელს, ალბათ იუნკერივით იღრიალებდა და ერთ ამბავს დააწევდა, თუმცა, საერთოდ, დიახაც ეხერხებოდა თავის დაჭერა, ხოლო როცა სჭირდებოდა, ქედმაღლური უშფოთველობის განსახიერება გახლდათ. სუპი მოართვეს. კოვზს დასწვდა, მაგრამ უცებ, არც კი ამოურევია, ხელიდან გააგდო და კინაღამ სკამიდან წამოვარდა. მეყსეულად ერთი მოულოდნელი აზრი მოუვიდა: ამ წამს მან, - ღმერთმა უწყის როგორ, რა ალღოთი - უცებ სავსებით შეიცნო თავისი ნაღველის მიზეზი, განსაკუთრებული, აბეზარი ნაღველისა. ამ ბოლო ხანს, უკვე რამდენიმე დღე ზედიზედ, სულ ერთთავად ეს ნაღველი აწვალებდა. ღმერთმა იცის, საიდან შემოეხიზნა, ანდა რატომ არასდიდებით არ ეხსნებოდა. ახლა კი ერთბაშად ყველაფერს მიხვდა, ყველაფერი ხუთი თითივით ნათელი გაუხდა. - სულ იმ შლაპის ბრალია! - წაიდუდუნა თითქოსდა შთაგონებულმაო, - სულ ყველაფრის მიზეზი მხოლოდ და მხოლოდ ის წყეული მრგვალი შლაპაა, სამგლოვიარო, საზიზღარკრეპიანი შლაპა!“ ჩაუფიქრდა და რაც უფრო გულისყურით უკვირდებოდა, მით უფრო მეტად ეღუშებოდა სახე, მით უფრო ეუცნაურებოდა „მთლიანად ის შემთხვევა“. „კი, მაგრამ... მაინც სადაური შემთხვევა ეთქმის ნეტავ?“ - ლამობდა გაჯიუტებულიყო, რადგან არ უნდოდა საკუთარ თავს რწმუნებოდა, - განა თუნდაც რაიმეთი ჰგავს კი შემთხვევას?“ აი, რა გაახსენდა: თითქმის ორი კვირა გამოხდა მას აქეთ (დანამდვილებით არ ახსოვდა, მაგრამ აგრე ვარაუდობდა), რაც პირველად შეხვდა ერთ ვაჟბატონს, რომელსაც შავარშიიანი შლაპა ეხურა. ქუჩაში გადააწყდა, სადღაც პოდიაჩესკისა და მეშჩანსკის შესაყრელთან. ჩვეულებრივი ვაჟბატონი გახლდათ, განსაკუთრებული რაიმეთი არ გამოირჩეოდა. სწრაფად ჩაიარა, მაგრამ ველჩანინოვს რაღაცნაირად მეტისმეტი თვალჩაციებით გამოჰხედა და რატომღაც უმალვე უაღრესად მიიქცია მისი ყურადღება. ყოველ შემთხვევაში, ველჩანინოვს, თითქოს ეცნაურაო ეს კაცი. ეტყობა, ოდესღაც, სადღაც შეხვედროდა. „თუმცაღა რამდენი ვინ შემხვედრია ცხოვრებაში ყველას სახეს რას დაიმახსოვრებო!“ ერთი ოციოდე ნაბიჯი რომ გაიარა, თითქოს გადაავიწყდა კიდეც ეს შეხვედრა, მიუხედავად იმ პირველი შთაბეჭდილების უცნაური სიმძაფრისა. მაგრამ კვალი, თანაც საკმაოდ თავისებური, მაინც დაუტოვა გულში: მთელ დღეს რაღაცნაირი უმიზეზო, საკვირველი ბრაზი იპყრობდა. ამჟამად, ორი კვირის შემდეგ, ეს ყველაფერი ცხადად აგონდებოდა; ისიც გაახსენდა, რომ მაშინ სრულებით ვერ მიმხვდარიყო, რანაირად ჩაეღვარა ეს ბრაზი; თან ისე შორს იყო ამის მიხვედრისაგან, თავისი საძაგელი გუნება-განწყობილება მთელი იმ საღამოს განმავლობაში ერთხელაც არ დაუკავშირა და შეუწონა იმდილანდელ შეხვედრას. მაგრამ იმ ვაჟბატონმა ძალიან მალე თვითონვე შეახსენა თავი. მეორე დღეს ისევ შეეჩეხა ველჩანინოვს ნევის პროსპექტზე, შეეჩეხა და ამჯერადაც რაღაცნაირად უცნაურად გამოჰხედა. ველჩანინოვმა, ადგა და, გადააფურთხა, მაგრამ, აგრე მოიქცა თუ არა, მყისვე გააკვირვა ამ თავისმა საქციელმა. თუმცა ესეც კია, ზოგს იმნაირი სიფათი აქვს, იმწამსვე უმიზეზო ზიზღი უნდა აღგიძრას. „კი, სადღაც მართლაც შევხვედრილვარ, - ჩაიბურტყუნა ჩაფიქრებულმა შეხვედრიდან უკვე ნახევარი საათის შემდეგ. მერე მთელი საღამო კვლავ მეტისმეტად საძაგელ გუნებაზე იდგა; ღამით რაღაც ცუდი სიზმარიც ნახა, და მაინც ვერ იაზრა, ამ ჩემი ახალი, განსაკუთრებული ნაღველის ერთადერთი მიზეზი მხოლოდ და მხოლოდ ის მგლოვიარე ვაჟბატონიაო; ვერ იაზრა, თუმცა იმ საღამოს არა ერთხელ და ორჯერ მოჰგონებია იგი. ცოტა არ იყოს გაგულისდა კიდეც, როგორ თუ ამდენ ხანს არ მშორდება მაგ ვიღაც „არაკაცის“ გახსენებაო; ხოლო აზრად რომ მოსვლოდა, მთელი თავისი მღელვარების მიზეზი ამ არაკაცისთვის მიეწერა, ამას, ალბათ, თავის დამცირებადაც ჩათვლიდა. ორი დღის შემდეგ კვლავ გადააწყდნენ ერთმანეთს. ეს მოხდა ჯგრო ხალხში, ნევაზე მიმომავალი ერთ-ერთი გემიდან გადმოსვლის დროს. ამ მესამე შეხვედრისას ველჩანინოვი მზად იყო დაეფიცა, რომ მგლოვიარე ვაჟბატონმა იცნო იგი, გამოქანდა კიდეც მისკენ, მაგრამ ხალხის ტალღამ უკანვე მიაწყვიტა და თან გაიტაცა; როგორც მოეჩვენა, ხელის გამოწოდებაც კი „გაუბედა“; იქნებ, წამოიყვირა კიდეც და სახელი მოაძახა. თუმცაღა სახელის დაძახება გარკვევით არ გაუგონია, მაგრამ... „მაინც ვინ უნდა იყოს ის ოჯახქორი; თუ მართლა მცნობს და ასერიგად სურს ჩემთან მოსვლა, ხელს რაღა უშლის?“ - გაიფიქრა ბრაზმორეულმა, ეტლში ჩაჯდა და სმოლნის მონასტრისაკენ გასწია. ნახევარი საათის შემდეგ უკვე თავის ვექილთან გაგანებდა, კამათობდა, მაგრამ საღამოთი და ღამითაც კვლავ იმ უსაძაგლესი, ყოვლად ფანტასტიკური ნაღველით იყო ატანილი. „მართლადა, ნაღველა ხომ არ მექცევაო“, - იჭვნეულად ეკითხებოდა თავის თავს და სარკეში იხედებოდა.    ამგვარი გახლდათ ეს მესამე შეხვედრა. შემდეგ ხუთი დღე ზედიზედ „არავინ შეხვედრია“, იმ „ოჯახქორისა“ კი თითქოს სახსენებელიც გაქრაო. ამავე დროს იშვიათად, მაგრამ მაინც გაახსენდებოდა ხოლმე კრეპიანი შლაპის მქონე ვაჟბატონი. ველჩანინოვს, ცოტა არ იყოს უკვირდა კიდეც ამის გამო: „რა აბეზარივით ამეკვიატა რა არის - ჰმ!.. ეტყობა კი, მასაც ბევრი საქმე უნდა ჰქონდეს პეტერბურგში. ნეტა ვის გამო ატარებს იმ კრეპს? ან რად იკეთებს ეს ხალხი კრეპს? არ უხდებათ როგორღაც... მგონი უფრო ახლოდან თუ დავაკვირდები, ვიცნობ...“    და თითქოს რაღაც იშმუშნებოდა მისი ხსოვნის ფსკერზე, ისე, ვით რომელიმე ცნობილი სიტყვა, უცებ რატომღაც რომ დაგვიწყებია და მთელის მონდომებით ლამობ გაიხსენო; ძალიან კარგად იცი ის სიტყვა, ისიც იცი, ვიციო. იცი, სახელდობრ რას აღნიშნავს, ზედ ენის წვერზე გადგას; და, აი, იმტვრიე რამდენიც გენებოს თავი, არადა არ გახსენდება! „ეს იყო... ეს იყო დიდი ხნის წინათ... სადღაც კი იყო... აქ იყო... აქ იყო... - ერთი, ჯანდაბას ყველაფერი, რაც აქ იყო და არ იყო... - გაგულისებით წამოიძახა უცებ, - განა ღირს იმ ოჯახქორის გულისათვის აგრე ვეწამო და თავი დავიმცირო!“    საშინლად გაბრაზდა; მაგრამ საღამოს, უეცრივ რომ გაახსენდა, როგორ გაცეცხლდა, ძალზე არ ეამა: თითქოს ვიღაცამ რაღაცა საჩოთირო საქმეზე წაისწროო. შეცბა და გაკვირდა: „მაშ, ყოფილა თურმე ისეთი მიზეზები, რომელთა გამოც ასე ვბრაზდები... ვბრაზდები სრულიად მოულოდნელად... მარტოოდენ მოგონების გამო“... ამ ფიქრს აღარ გაჰყოლია. ხოლო მეორე დღეს უარესად გაცოფდა, ოღონდ, ამჯერად ფიქრობდა, საამისო საფუძველი მაქვსო და არც არაფრით გაემტყუნებოდა; „არნახული კადნიერება“ იხილა; საქმე ის იყო, რომ მეოთხე შეხვედრა მოხდა. ისევ გამოეცხადა კრეპიანი ვაჟბატონი, თითქოს ქვესკნელიდან ამოძვრაო და თითქოს ჯიბრზე, სწორედ იმ დროს გამოტყვრა, როცა ველჩანინოვმა ის იყო ქუჩაში დაიმარტოხელა სწორედ ის სახელმწიფო მრჩეველი, აგრერიგად რომ სჭირდებოდა და რომლის მოხელთებას კვლავაც ლამობდა, იქნებ ალალბედად აგარაკზე მაინც შევისწროო. მაგრამ ეს მოხელე, ერთობ შორეული ნაცნობი, ვერასდიდებით ვერ მოეხელებინა. ჩანს, ემალებოდა, ყოველნაირად გაურბოდა მასთან შეხვედრას; გახარებული ველჩანინოვი, როგორც იქნა ამ ვაჟბატონს რომ გადაეყარა, აჩქარებით გაჰყვა გვერდით, თანაც თვალებში შესციცინებდა და უკიდურესად დაძაბული ლამობდა, ეს ცბიერი მოხუცი ერთ თავის საჭირბოროტო საგანზე საუბარში შეეყოლებინა. ამ საუბრისას, იმედი ჰქონდა, ეგებ, როგორმე კიდევაც დაეცდენინებინა ერთი ისეთი სიტყვა, რომლის შეტყობას დიდი ხანია ესწრაფოდა და მოელოდა. მაგრამ ეშმაკი ბერიკაცი არ გახლდათ ისეთი ვინმე, ანგარიშში შემცდარიყო. მხოლოდღა იცინოდა და პირში წყალს იგუბებდა. და, აი, ამ უაღრესად საძნელო ჟამს ველჩანინოვის მზერამ გაღმა ფილაქანზე მოულოდნელად კრეპიანი შლაპის მქონე ვაჟბატონი გამოარჩია. იგი იდგა და დაჟინებით გამოჰყურებდა ამათ; ორივე მათგანს უთვალთვალებდა ¬- ეს ცხადი იყო - თანაც, ეტყობოდა, ჩუმჩუმად კიდევაც ეცინებოდა.    „ეშმაკმა დალახვროს! - გაცოფდა ველჩანინოვი; იმ მოხელეს უკვე დასცილებოდა და მასთან წარუმატებელ საუბარს მთლიანად ამ „თავხედის“ ანაზდეულ გამოცხადებას აბრალებდა, - ეშმაკმა დალახვროს, ჯაშუშია თუ რა ღმერთი უწყრება! ეტყობა, მითვალთვალებს! მომიჩინა ნეტა ვინმემ თუ რა უნდა იყოს... მერედა... მერედა, ღმერთმანი, ჩუმჩუმად კიდეც ეცინებოდა, განა! ჩემმა მზემ, მივტყეპავ... აფსუს, უარგნოდ რომ დავდივარ! მეც ავდგები და ვიყიდი! ამას არ შევარჩენ! არა, მაინც ვინ უნდა იყოს? უსათუოდ უნდა შევიტყვო, ვინ არის?“    ბოლოს, - ამ (მეოთხე) შეხვედრიდან სწორედ სამი დღის შემდეგ, - ველჩანინოვს კვლავ ვხედავთ იმ თავის რესტორანში, მაგრამ ახლა უკვე სერიოზულად აღელვებულს და, ცოტა არ იყოს, დაბნეულსაც. თვითონ აღარ შეეძლო, თავის თავს არ გამოტყდომოდა ამაში, თუმცა მეტისმეტად ამაყი კი ბრძანდებოდა. ბოლოს და ბოლოს ხომ იძულებული უნდა შექმნილიყო, ყველა გარემოება ერთიმეორისთვის შეეპირისპირებინა და მიმხვდარიყო, რომ მისი დანაღვლიანების მიზეზი, მიზეზი ამ მისი განსაკუთრებული ჭმუნვის და ბოლო ორი კვირის მანძილზე განცდილი მღელვარებისა - თურმე სწორედ ეს მგლოვიარე ვაჟბატონი გახლდათ, სწორედ ის - სხვა არავინ, და ეს მიუხედავად იმისა, რომ იგი „არარაობას წარმოადგენდა“. „დაე, ვიყო იპოქონდრიკი, - ფიქრობდა ველჩანინოვი, - მაშ, დაე ბუზანკალი სპილოდ მეჩვენებოდეს. მაგრამ მაინც სადაური შეღავათია ჩემთვის, რომ ეს ყოველივე, იქნებ მარტოოდენ ფანტაზიის ნაყოფია? თუ ყველა მისებრი არამზადა იმის შემძლე იქნება, კაცი სულ მთლად აგაფორიაქოს, მაშინ ხომ... მაშინ ხომ...“    მართლაც, ამ დღევანდელი (მეხუთე) შეხვედრის დროს, რამაც ასერიგად ააღელვა ველჩანინოვი, ბუზანკალი ლამის სპილოდ მოეჩვენა. იმ ვაჟბატონმა უწინდებურად გვერდით ჩაუარა და სწრაფად მიიმალა ხალხში, მაგრამ ამჯერად აღარ შეუთვალიერებია ველჩანინოვი; არც ის შეუმჩნევინებია, გცნობო, როგორც წინათ იცოდა ხოლმე. პირიქით - თვალები დაეხარა და, ეტყობოდა, გულით ეწადა თვითონვე არ შეენიშნა. ველჩანინოვი მიტრიალდა და მთელის ხმით მიაძახა: - ჰეი, თქვენ! ახლა მიმალვა გინდათ, არა! შეჩერდით: ვინა ხართ-მეთქი?    კითხვა (და დაძახება) მეტად უთავბოლოდ გამოუვიდა. მაგრამ ველჩანინოვი ამას გვიანღა მიხვდა. ძახილზე იმ ვაჟბატონმა მოიხედა, წუთით შედგა, დაიბნა, გაიღიმა, ის-ის იყო რაღაც უნდა ეთქვა, რაღაც უნდა მოემოქმედებინა, ერთ წამს, ეტყობა, საშინლად ყოყმანობდა, მერე უცებ გატრიალდა და უკან მოუხედავად მოუსვა. სახტად დარჩენილი ველჩანინოვი იდგა და თვალს აყოლებდა.    „ვაითუ, მართლაც ის კი არა, პირიქით მე გადავკიდებივარ და მთელი საიდუმლოებაც ეგ იყოს?“ - გაჰკრა გუნებაში ველჩანინოვს. ისადილა თუ არა, აგარაკისკენ გასწია, მოხელის სანახავად. მოხელე არ დაუხვდა; უთხრეს, „დილას აქეთ არ მობრუნებულაო, ქალაქში დარჩნენ, დღეობაზე, და ნაშუადღევის სამ-ოთხ საათამდე არც დაბრუნდებიანო“, ეგ უკვე იმდენად „საწყენი“ ეჩვენა, თავდაპირველად, ცხელ გულზე, ერთი პირობა იმ დღეობაზე წასვლა გადაწვიტა, გაემგზავრა კიდეც; მაგრამ გზად მიხვდა, რომ ღრმად შევტოპეო, გადაიფიქრა, მეეტლე შუაგზიდან დაითხოვა და თვითონ ფეხით წაჩანჩალდა შინ, დიდი თეატრისაკენ. ფეხით გავლა სურდა. აწეწილი ნერვების დასამშვიდებლად ამაღამ აუცილებლად უნდა გამოეძინა, უძილობას უნდა მორეოდა. დაღლა კი საამისოდ მისწრება იყო. ამრიგად, თერთმეტის ნახევარზეღა მიაღწია თავის ბინამდე. გზა საკმაოდ გრძელი გამოდგა. ჰოდა, მართლაც ქანცი გასწყდა.    მარტის თვეში ნაქირავები ეს ბინა, რასაც ეგრე ღვარძლიანად სწუნობდა და აძაგებდა, თანაც თავს იმითღა ინუგეშებდა, „აქ დროებითი ბანაკია“ და ჩემსუნებურად „ჩავრჩიო“ პეტერბურგში, ამ „დაწყევლილი მამულის გამო დავის“ გადამკიდე, სინამდვილეში არცთუ ისეთი ცუდი და შეუფერებელი იყო, როგორც თვითონ სახავდა. შესასვლელი ამ სახლს მართლაც ცოტა ბნელი და „უწმინდური“ ჰქონდა; მაგრამ თვით ბინა მეორე სართულზე მოთავსებული ორი დიდი, ნათელი და ჭერმაღალი ოთახისაგან შედგებოდა. ერთიმეორისაგან ეს ოთახები ჩაბნელებული წინკარით იყო გამიჯნული; ამრიგად, ერთი მათგანი ქუჩის პირს გადაჰყურებდა, მეორე კი ეზოს მხარეს იყო მიქცეული. ამ უკანასკნელს გვერდით მომცრო კაბინეტი ეკრა. მას საძინებელ ოთახად იყენებდნენ. მაგრამ შინ ახლა უწესრიგოდ ეყარა ველჩანინოვის წიგნები თუ ქაღალდები. თვითონ ველჩანინოვი ერთ-ერთ დიდ ოთახში იძინებდა ხოლმე, სწორედ იმაში, რომლის ფანჯრებიც ქუჩაში გადიოდა. ლოგინს დივანზე უშლიდნენ. ავეჯი რიგიანი ედგა, ოღონდ ნახმარი. მოეძევებოდა ზოგიერთი ძვირფასი ნივთიც - ადრინდელი კეთილდღეობის ნამუსრევი: ფაიფურისა თუ ბრინჯაოს სამშვენისები, ნამდვილი ბუხარული დიდრონი ხალიჩები; ორი გვარიანი სურათიც შემორჩენოდა; მაგრამ მას შემდეგ, რაც მოახლე გოგო პელაგეა მოსაშინავებლად წავიდა ნოვგოროდში, თავის მშობლებთან, და პატრონი მარტო დატოვა, აქაურობას აშკარა უწესრგობა დაეტყო. ძნელად თუ რასმე ნახავდით თავის ადგილას, ყველაფერს მტვერი დასდებოდა. ეს უცნაური ამბავი, რომ საზოგადოებაში გამოსულ უცოლო კაცს, რომელიც ჯერ ისევ ჯენტლმენობაზე დებდა თავს, მოსამსახურედ ყმაწვილი ქალი ჰყავდა, სირცხვილისაგან ლამის სიწითლეს ჰგვრიდა ველჩანინოვს, თუმცა თავის პელაგეას იგი ძალიანაც ემადლიერებოდა. ეს გოგო იმჟამად გამომწესდა მასთან, როცა ველჩანინოვი გაზაფხულზე აქ დადგა ბინად; ერთმა ნაცნობმა ოჯახმა გამოუგზავნა, თვითონ ის ოჯახი კი საზღვარგარეთ გაემგზავრა; ჰოდა მოუვიდა თუ არა, იმ დღიდან წესრიგი დაუმყარა სახლში. როცა დროებით წავიდა, სხვა მოსამსახურე ქალის აყვანა ველჩანინოვს ვეღარ გადაეწყვიტა. მოკლე ხნით ლაქიას დაქირავება კი არ ღირდა, მერედა არც ეპიტნავებოდნენ ეს ლაქიები. ამიტომ ისე მოხდა, რომ ოთახების მისალაგებლად ყოველ დილით მეეზოვის ცოლის და, მავრა დაუდიოდა; გასაღებსაც მას უტოვებდა ხოლმე, როცა კარგაღმა გადიოდა. ოღონდ ეს დედაკაცი არაფრის გამკეთებელი გამოდგა, ფულს კი იჯიბავდა და, ეტყობა, ხელგამკრავიც იყო. მაგრამ ველჩანინოვს ყველაფერზე ხელი ჩაექნია და იმითაც კმაყოფილი გახლდათ რომ შინ ახლა სავსებით მარტო რჩებოდა ხოლმე. თუმცა, ყველაფერსაც ხომ გარკვეული ზღვარი აქვს, ჰოდა, ზოგჯერ, ბოღმამორევის ჟამს, მისი ნერვები აშკარად ვეღარ უძლებდა მთელი ამ „სისაძაგლის“ ატანას. შინდაბრუნებულს თითქმის მუდამ ზიზღი იპყრობდა თავისი ოთახების დანახვაზე.    ასე, სამიოდე საათს ეძინა შფოთიანი ძილით; რაღაც უცნაური სიზმრები ესიზმრა, ციებ-ცხელების დროს რომ იცის ხოლმე, იმნაირი. ვითომც რაღაც დანაშაული ჩაედინა, დაფარვას ცდილიყო და ახლა ამ დანაშაულისათვის ჰკიცხავდნენ. საიდანღაც განუწყვეტლივ შემოდიოდა ხალხი, და ყველა ერთხმად ბრალსა სდებდა. ტევა აღარ იყო, ხალხი კი მაინც ემატებოდა, ასე რომ შემოსასვლელი კარი აღარ იხურებოდა, ყურთამდე ღია იყო. ბოლოს ყველა ცნობის წადილით ატანილი მიაჩერდა ერთ უცნაურ კაცს. იმ კაცს ველჩანინოვი წინათ იცნობდა, ოდესღაც მეტად დაახლოებულიც იყო მასთან. მაგრამ ის დიდი ხანია ცოცხლებში აღარ ერია, მოულოდნელად კი აგერ აქ გაჩენილიყო. ველჩანინოვს ყველაზე მეტად ის აწვალებდა, რომ ამ კაცის ვინაობა აღარ ახსოვდა, მისი სახელი გადავიწყებოდა და ვერც ვერასგზით გაეხსენებინა. ისღა დახსომებოდა, რომ ოდესღაც ძალიან უყვარდა. აქ დამსწრენი ვითომც ამ კაცისაგან მოელოდნენ გადამწყვეტ სიტყვას: ან ბრალი უნდა დაედო ველჩაჩინოვისათვის, ანდა გაემართლებინა. ამის მოლოდინში ყველა მოუთმენლობას აეტანა. მაგრამ თვითონ ის კაცი გაუნძრევლად უჯდა მაგიდას, დუმდა და არც არაფრის თქმას აპირებდა. ხალხის გუგუნი არ ცხრებოდა, გაგულისება მატულობდა, და აი, უცებ ველჩაჩინოვმა გაცეცხლებით შემოჰკრა ამ კაცს, ვითომ, რას გაჩუმებულხარო. შემოჰკრა და საკვირველი სიამით იგრძნო. საშინელებისა და მტანჯველი განცდისაგან, ეს რა ჩავიდინეო, გული გადაუქანდა. მაგრამ სიამის შემცვლელიც სწორედ ეს გულის გადაქანება გახლდათ. მთლად გაშმაგებულმა მეორედ, მესამედაც გასცხო. და ამ ლამის გიჟური გააფთრებითა და შიშით რაღაცნაირად გაბრუებული, თან უძირო ნეტარებანაგემები, მერმე უკვე შეუჩერებლივ სცემდა, ასე რომ სათვალავიც დაკარგა. მას უნდოდა ყველაფერი ეს გაენადგურებინა. ანაზდად რაღაც მოხდა: ყველამ შემზარავად შეჰყვირა და, რაღაცის მომლოდინე, კარისკენ იბრუნა პირი. ამ დროს ზარის ჩამოკვრის ხმა გაისმა სამჯერ, ოღონდ ისე ღონივრად ჩამოჰკრეს ზარს, გეგონებოდათ, ჩამოგლეჯას უპირებენო. ველჩანინოვს გამოეღვიძა, ერთ წამში გამოფხიზლდა, ლოგინიდან ფიცხლად წამოხტა და კარს ეცა. სავსებით დარწმუნებული იყო, ზარის წკრიალი ძილში კი არ მოჰყურებია, ვიღაცამ მართლა დარეკა ამ წუთს. „არა, ყოვლად დაუჯერებელია, ასეთი მკაფიო, ცხადზე უცხადესი წკრიალი მართლა სიზმარში გამეგონოს!“ მისდა გასაკვირად ზარის წკრიალიც სიზმარი გამოდგა. კარი გააღო, ტალანში გავიდა, ქვევით კიბესაც ჩაჰხედა - კაციშვილი არ ჩანდა. არც ზარის ზონარი ირხეოდა. გაოცებული, მაგრამ ამასთანავე გახარებულიც ოთახში შემობრუნდა. სანთლის ანთებისას გახსენდა, რომ კარი მხოლოდ მოხურული იყო, დაწოლის წინ არც გასაღებით ჩაუკეტავს, არც გადაურაზავს. შინ დაბრუნებულს წინათაც ხშირად დავიწყებია კარის ჩაკეტვა, მაგრამ განსაკუთრებული ყურადღება ამისთვის არასდროს მიუქცევია. პელაგეამ რამდენჯერმე უსაყვედურა კიდეც ამის გამო. კვლავ წინკარში გაბრუნდა კარის ჩასაკეტად, ერთხელ კიდევ გააღო იგი, პალანში გაიხედ-გამოიხედა და მხოლოდ ბრაზით გადაკეტა შიგნიდან, გასაღების გადატრიალება კი მაინც დაეზარა. საათმა სამის ნახევარი ჩამოჰკრა. მაშ, მხოლოდ სამი საათი სძინებია.    სიზმარმა ისერიგად ააფორიაქა, იმ წუთსავე ხელახლა დაწოლა აღარ ინდომა. ცოტახნით ოთახში გავლა-გამოვლა დააპირა - „დროა სიგარა მოვწიოო“. ტანთ სახელდახელოდ გადაიცვა, ფანჯარას მიადგა, ჯერ სქელი შტოფის ფარდები ასწია, შემდეგ თეთრი შტორი. გარეთ თითქმის გათენებულიყო. ზაფხულის ეს ნათელი პეტერბურგული ღამეები მუდამ აღიზიანებდა ხოლმე, ამ ბოლო დროს ძილსაც უკრთობდა; ამიტომ ორიოდე კვირის წინ საგანგებოდ ჩამოაფარებინა ფანჯარაზე ეს სქელი შტოფის ფარდები. ამის შემდეგ შუქი ვეღარ ატანდა. სინათლე რომ შემოუშვა ოთახში, მაგიდაზე მდგარი სანთლის ჩაქრობა აღარც გახსენებია, ბოლთის ცემას მოჰყვა. ჯერ ისევ რაღაცნაირი მძიმე, ავადმყოფური გრძნობით იყო შეპყრობილი. სიზმრისგან გამოყოლილი შთაბეჭდილება ჯერაც არ გამონელებოდა. იმის ფიქრი, იმ კაცზე ხელი აღვმართე და ვგვემეო, კვლავაც გვარიანად ტანჯავდა.    - კი, მაგრამ ის კაცი ხომ არ არსებობს, არც ოდესმე არსებულა, ყველაფერი სიზმარი იყო, მაშ რაღას ვდარდობ? გაცხარებულმა ახლა იმაზე დაიწყო ფიქრი, აშკარად ვბერდები, „სნეული ადამიანი“ ვხდებიო, თანაც ისეთნაირად ფიქრობდა ამაზე, თითქოს ყველა მისი საზრუნავის თავი და ბოლოც ეს ყოფილიყოს. მუდამ უმძიმდა თავის თავს გამოტყდომოდა, ვბერდები და ვჩაჩანაკდებიო. ჰოდა, ბოღმისაგან, ხანდახან, უჟმურ გუნებაზე, კიდევაც აზვიადებდა ამ ამბავს; განზრახ სჩადიოდა აგრე, რა არი საკუთარი თავი გაეხელებინა. - ჰაი გიდი, სიბერევ! ლამის მთლად დავბეხრეკდე და ეგაა, - ბურტყუნებდა და ბოლთასა სცემდა, - გულმავიწყობა დამჩემდა, სიზმრებსა და მოჩვენებებს ვხედავ, ზანზალაკების წკრიალი ჩამესმის... ეშმაკმა დასწყევლოს, დაცდილი მაქვს, ამნაირი სიზმრები მაშინ ვიცი ხოლმე, როცა ციებ-ცხელება მიპყრობს... დარწმუნებული ვარ, ის კრეპის ამბავიც, ალბათ, სიზმარია. გუშინ უთუოდ სწორად გავიფიქრე: ის კი არა, მე, მე არ ვაძლევ საშველს! პოემა შევთხზე მისგან და შიშით მაგიდის ქვეშ შევიმალე. ან რას ვერჩი, ოჯახქორს რომ ვეძახი? იქნებ მეტად წესიერი კაცია. მართალია, უსიამოვნო სახე აქვს, მაგრამ არცთუ ისერიგად უშნოა; აცვია როგორც ყველას. ოღონდ, აი, გამოხედვა აქვს რაღაცნაირი... მაინც ჩემსას არ ვიშლი! კვლავ იმაზე ვლაპარაკობ! არა, რა ეშმაკად ჩავციებივარ მის გამოხედვას? რა, ცხოვრება არ შემიძლია... მაგ წყეულის გარეშე თუ რა? აკვიატებულ ფიქრებს შორის კიდევ ერთმა აზრმა მოუწყლა გული: თითქოს ერთბაშად ირწმუნება, ის კრეპიანი ვაჟბატონი ოდესმე ალბათ ახლოს მიცნობდა, ჰოდა, ამჟამად, ყოველი შეხვედრის დროს, იმიტომ თუ დამცინის, რომ ჩემი რომელიმე ადრინდელი დიდი საიდუმლო იცის, მერე კიდევ ამგვარ დამამცირებელ ყოფაში ჩავარდნილსაც მხედავსო. თავისდაუნებურად ფანჯარას მიადგა, უნდოდა გამოეღო, ღამის გრილი ჰაერი ჩაესუნთქა, და უცებ ერთიანად შეტოკდა. აგრე მოეჩვენა, ჩემს თვალწინ უცებ რაღაც გაუგონარი და უჩვეულო რამ მოხდაო.    ფანჯრის გამოღება ვერც კი მოასწრო, მსწრფლ განზე გახტა. გადაღმა, უკაცრიელ ფილაქანზე, სწორედ სახლის პირდაპირ, ის მგლოვიარე ვაჟბატონი შენიშნა მოულოდნელად. აქეთ, ფანჯრებისკენ პირმოქცეული იდგა, მაგრამ ველჩანინოვი ეტყობა ვერ შეამჩნია. თითქოს რაიმე განზრახვა უტრიალებდა თავში, თითქოს რაღაც გადაწყვეტილებას უნდა დასდგომოდა; ცალი ხელი ასწია და თითი ეტყობა შუბლზე მიიდო. ბოლოს გაბედა; სწრაფად მიმოიხედა და ფეხაკრეფით ქურდულად გადმოჭრა ქუჩა. ველჩანინოვის გუმანი გამართლდა: გამოვიდა და მათი ეზოს ჭიშკარი შემოაღო (ჭიშკარს ზაფხულობით ზოგჯერ ღამის სამ საათამდე არ უყრიდნენ ურდულს). „ჩემთან მოდის“, - მყისვე გაუელვა ველჩანინოვს. თვალის დახამხამებაში, ანაზდად თვითონაც ასევე ფეხაკრეფით შეირბინა წინკარში, კარის წინ შედგა და მიყუჩდა, მოლოდინში გაინაბა. ათრთოლებული მარჯვენა ხელი ოდნავ ჩაევლო რაზისათვის, რითაც წეღან კარი გადაკეტა. სმენა რაც შეეძლო გაიმახვილა, რომ კიბეზე ამომავალი ფეხის ჩქამი არ გამოპარვოდა. გული ისერიგად უცემდა, შეშინდა კიდეც, კიბის ბაქანზე იმ უცნობის ფეხაკრეფით ამოსვლა ვაითუ ვერ გავიგოო. რა უნდა მომხდარიყო არ იცოდა, ოღონდ ყველაფერს რაღაცნაირი გაათკეცებული სიმძაფრით შეიგრძნობდა. წუხანდელი სიზმარი თითქოს სინამდვილეს შეერწყაო. ველჩანინოვი ბუნებით გულადი კაცი გახლდათ, ასე გასინჯეთ, საფრთხის მომლოდინეს ზოგჯერ ამ თავისი გულოვნობის რაღაცნაირი დარდიმანდული გამოხატვაც უყვარდა, თითქოს თავს იწონებსო, და ეს მაშინაც კი, როცა უცხოთაგანი არავინ უთვალთვალებდა. მაგრამ ახლა ამას სხვა ამბავიც დაერთო. წეღანდელი იპოქონდრიკი და იჭვნეული მჩივანა სავსებით გარდაიქმნა; სულ სხვა კაცს დაემსგავსა. ნერვული უხმო სიცილი ეძალებოდა. „აჰა! აი ამოდის, ამოვიდა უკვე, აქეთ-იქით იყურება; ძირს კიბეს აყურადებს; სუნთქვას იკრავს, მოიპარება... ჰაა! სახელურს მოავლო ხელი, ეწევა, სინჯავს! ვარაუდი ჰქონია, ჩაუკეტავი დამხვდებაო! მაშ სცოდნია, ხანდახან ჩაკეტვა რომ მავიწყდება! კვლავ ექაჩება სახელურს; რაო, არ მოგწონს? ხახამშრალი გაბრუნდე არ გნებავს?“    ალბათ, ყველაფერი მართლაც ისე უნდა მომხდარიყო, როგორც წარმოედგინა. ვიღაც მართლა იდგა კარს უკან, უხმოდ ეტანებოდა სახელურს, უხმოდვე ეწვალებოდა და „რაღა თქმა უნდა, რაღაც განზრახვა ედო გულში“. მაგრამ ველჩანინოვმაც მოისაზრა უკვე, როგორ უნდა მოქცეულიყო. და ის აღფრთოვანებით ელოდა შესაფერ წამს, გულდაგულ ზომავდა: საშინლად ეწადა ანაზდად აეხსნა რაზა, მოულოდნელად ფართოდ გაეღო კარი და პირდაპირ შეჰყროდა იმ „საფრთხობელას“. „ერთი მითხარით აქ რას აკეთებთ, მოწყალეო ხელმწიფევ?“ კიდევაც ასე მოხდა, დრო იხელთა, რაზა უეცრად ახსნა, კარს ხელი ჰკრა და - ლამის ზედ შეეჩეხა იმ კრეპიანი შლაპის მქონე ვაჟბატონს. III. პაველ პავლოვიჩ ტრუსოცკი    ის ვაჟბატონი თითქოს გახევდაო ერთ ადგილზე. ორივენი გაუნძრევლად იდგნენ პირისპირ კარის ზღურბლზე და თვალებში მიშტერებოდნენ ერთმანეთს. რამდენიმე წამს ასე იდგნენ და უცებ - ველჩანინოვმა იცნო თავისი სტუმარი! იმავე დროს, ეტყობა, სტუმარიც მიხვდა, მიცნესო: ეს მის გამოხედვაში გამოკრთა. უმალვე თითქოს სულ ერთიანად დადნაო დათაფლული ღიმილისაგან. - ვგონებ, სიამოვნება მერგო ალექსეი ივანოვიჩს ველაპარაკებოდე? - ლამის წამღერებით წარმოთქვა მან, წარმოთქვა უნაზესი და ამ ვითარებისთვის სასაცილოდ შეუფერებელი ხმით. - ნუთუ თქვენ პაველ პავლოვიჩ ტრუსოცკი ხართ? - როგორც იქნა ამოთქვა საგონებელში ჩავარდნილმა ველჩანინოვმა. - ჩვენ ამ ცხრა წლის წინათ ნაცნობობა გვქონდა ტ-ში, და - თუ ნებას დამრთავთ მოგაგონოთ - მეგობრული ნაცნობობაც გვქონდა. - კი, ჩემო ბატონო... ვთქვათ, ასეა... ოღონდ ახლა სამი საათი გახლავთ, მერმე თქვენ ერთ ათ წუთს მაინც უტრიალებდით ამ ჩემს კარს, ჩაკეტილია თუ არაო... - სამი საათიო! - წამოიძახა სტუმარმა, საათი ამოიღო და შეწუხებულმა გაიკვირვა, - მართლაც: სამი ყოფილა! მაპატიეთ, ალექსი ივანოვიჩ, დროზე უნდა მომესაზრებინა; მრცხვენია სწორედ. ამ დღეებში შემოგივლით და აგიხსნით, ახლა კი... - ოჰო, არა! რაკი რაღაც ასახსნელი გქონდათ, ბარემ ახლავე სჯობს! - გონს მოეგო ველჩანინოვი, - აქეთ ოთახში შემობრძანდით, გეთაყვა. აკი თქვენ თვითონვე აპირებდით შემოსვლას, აბა, მართლა კლიტის მოსასინჯად ხომ არ მოხვიდოდით ამ ღამით...    ველჩანინოვი აღელვებული და გაშტერებული იყო ერთსა და იმავე დროს; გრძნობდა, აზრი ვერ მოეკრიბა. შერცხვა კიდეც: მთელი ეს ფანტასმაგორია არაფერი გამოდგა - არც რაიმე საიდუმლო, არც რაიმე ხიფათი; ერთი ვიღაც პაველ პავლოვიჩის სულელური სიფათი იხილა, ეგ იყო და ეგ. თუმცაღა არც ის სჯეროდა, თითქოს ისე, ტყუილუბრალოდ სწვეოდნენ, რაღაც ბუნდოვანი და შიშნეული წინათგრძნობა ჰქონდა. სტუმარი სავარძელში ჩასვა, მოუთმენლობით ატანილი ჩამოჯდა თავის ლოგინზე, ზედ სავარძლის წინ, ხელისგულები მუხლისთავებზე დაიბჯინა, გადაიხარა და გაბრაზებული ელოდა, როდის ალაპარაკდებოდა სტუმარი. თან ხარბად აკვირდებოდა მას, გარდასულის გახსენებას ლამობდა. მაგრამ საკვირველი ამბავია: ახალმოსული დუმდა, თითქოს სულაც ვერ ხვდება, რომ „ვალდებულია“ ხმა ამოიღოსო; პირიქით, თვითონვე შემოსცქეროდა მასპინძელს რაღაცის მომლოდინე მზერით. ეგებ უბრალოდ კრთოდა, ჯერაც თავი ვერ დაეღწია ერთგვარი უხერხულობისათვის, ხაფანგში მომწყვდეულივით თუ გრძნობდა თავს. ველჩანინოვი გაგულისდა. - თქვენ, - შეჰყვირა მან, - მოჩვენება ან სიზმარი არ უნდა იყოთ, ვგონებ! მუნჯობანას სათამაშოდ ხომ არ მობრძანებულხართ? ამიხსენით, ჩემო ბატონო!    სტუმარი შეირხა, ჩაიღიმა და ფრთხილად ალაპარაკდა: „თქვენ, როგორც ვხედავ, უწინარეს ყოვლისა, განცვიფრებული ხართ, უდროო დროს რომ გეახელით, თანაც ამგვარ განსაკუთრებულ ვითარებაში... ასე რომ, როცა იმ ჩვენს ძველ ამბებს ვიხსენებ და იმასაც, როგორ დავშორდით, - მეუცნაურება კიდეც... თუმცაღა, არც ვაპირებდი აქ შემოვლას და თუ მაინც ასე მოხდა, - ეგ უნებურად...“. - როგორ თუ უნებურად! მე ხომ ფანჯრიდან დაგინახეთ, როგორ გადმორბოდით ქუჩაზე ფეხაკრეფით! - აჰ, დამინახეთ კიდეც! მაშ, დამერწმუნეთ, ჩემზე უკეთ გცოდნიათ ყველაფერი! თუმცა ასე ლაპარაკით, ვხედავ, უფრო გაგულისებთ... აი, რაშია საქმე: უკვე სამი კვირაა, რაც აქ ჩამოვედი, პირადმა საზრუნავმა ჩამომიყვანა... მე ხომ პაველ პავლოვიჩ ტრუსოცკი ვარ, აკი თავადაც შემიცანით. ჩემი საზრუნავი კი ის გახლავთ, რომ ახალ გუბერნიაში მინდა გადამიყვანონ, სხვა სამსახურში გამწესებასა და გვარიან ადგილზე დაწინაურებასაც გამოველი... თუმცა არც ესაა მთავარი!.. თავი და თავი, მართალი გითხრათ ის არის, რომ აგერ უკვე მესამე კვირაა, რაც აქ დავეხეტები და, ვგონებ, თვითონ განზრახ ვაჭიანურებ მაგ ჩემი საქმის მოგვარებას. ამას გადაყვანაზე მოგახსენებთ. ჰოდა, მერწმუნეთ, თუნდაც ეშველოს რამე ჩემს საზრუნავს, ალბათ მეორე წუთსვე დამავიწყდება, რომ ეშველა; ალბათ, მაინც არ გავეცლები აქაურობას, ამ ჯავრიან გულზე. დავყიალობ ასე მიზანდაკარგულივით, თითქოს მახარებსო კიდეც მიზნის დაკარგვა, - დავიარები ასე ამ ჯავრიან გულზე... - განა რა გაქვთ საჯავრო? - იჭმუხნებოდა ველჩანინოვი. სტუმარმა თვალი გაუსწორა, შლაპა ასწია და აქ კი მტკიცე ღირსებით მიუთითა შავ არშიაზე. „აი რა მაქვს საჯავრო!“ ველჩანინოვი ხან იმ შავ არშიას შეავლებდა თვალს, ხან - სტუმარს. ერთბაშად სიწითლემ გადაჰკრა სახეზე. მეტად აღელვდა. - ნუთუ ნატალია ვასილიევნა? - დიახ, ნატალია ვასილიევნა! წლევანდელ მარტს... ჭლექით; ერთბაშად, რაღაც ორ-სამ თვეში გაათავა! მე კი დავრჩი, როგორც ხედავთ! ეს რომ წარმოთქვა, აღელვებულმა სტუმარმა ორივე ხელი გაშალა; განზე გაწვდილ ცალ ხელში ის თავისი კრეპიანი შლაპა ეჭირა, მელოტი თავი ღრმად ჩაჰკიდა და მცირე ხანს ასე დაჰყო.    სტუმრის შესახედაობამ და ამ მისმა ქცევამ თითქოს გამოაცოცხლესო ველჩანინოვი; დამცინავი და, ასე გასინჯეთ მედიდური ღიმილი აეგრიხა ტუჩებზე, ოღონდ აეგრიხა ჯერჯერობით სულ ერთი წამით: ამ ქალის გარდაცვალების ცნობამ (ქალისა, რომელსაც ასოდენ დიდი ხნის წინათ იცნობდა და რა ხანია უკვე აღარ ახსოვდა), ისეთი ზარდამცემი შთაბეჭდილება მოახდინა მასზე, კაცი ძნელად თუ წარმოიდგენდა. - რას მეუბნებით! - ბუტბუტებდა იგი ენაზე მომდგარ პირველსავე სიტყვებს, - მერედა რატომ მაშინვე არ მოხვედით, არ შემატყობინეთ? - გმადლობთ თანაგრძნობისათვის, ვხედავ და ვაფასებ ამას, თუმცა... - თუმცა რა? - თუმცა აგერ რამდენი წელია შორი-შორს ვიყავით, მაინც ისეთი დიდი თანაგრძნობით გაიზიარეთ ჩემი მწუხარება, ისერიგად თანამიგრძნეთ პირადად მეც, რომ რასაკვირველია მადლობასა გწირავთ. აი, ეს მინდოდა მხოლოდ განმეცხადებინა. არც იმას ვიტყოდი, თითქოს ეჭვი მეპარებოდეს ჩემს მეგობრებში, აქ ახლაც მეგულებიან გულითადზე გულითადი მეგობრები (გინდათ მარტო სტეპან მიხაილოვიჩ ბაგაუტოვი ვთქვა); მაგრამ მას აქეთ, ალექსი ივანოვიჩ, რაც ჩვენ ნაცნობობა გვქონდა (ვგონებ, მეგობრობა - რამეთუ მადლიერებით ვიგონებ), აკი ცხრა წელიწადმა განვლო, თქვენ ჩვენსა აღარ დაბრუნებულხართ, არც თუ მიწერ-მოწერა გვქონია... სტუმარი ისევ ისე წამღერებით ლაპარაკობდა, თითქოს გაზეპირებულ რასმე ჰყვებაო. ოღონდ ეს იყო, ერთთავად იატაკს ჩასჩერებოდა, თუმცაღა პირისპირ მჯდომ მასპინძელსაც, რასაკვირველია, მშვენივრად ხედავდა. ამასობაში მასპინძელმაც გონება მოიკრიბა. ყურს უგდებდა ველჩანინოვი პაველ პავლოვიჩს, აცქერდებოდა მას, და რაღაც ერთობ უცნაური შთაბეჭდილება ექმნებოდა, ექმნებოდა და თანდათან უძლიერდებოდა. ერთბაშად, როცა მისი თანამოსაუბრე შეჩერდა, ყოვლად მოულოდნელი, ნაირგვარი ფიქრები შემოესია. - კი, მაგრამ რომ ვერა და ვერ ვერ გიცანით აქამდე? - შესძახა გამოცოცხლებულმა ველჩანინოვმა, - აკი ბარე ხუთჯერ მაინც შევეჩეხეთ ქუჩაში ერთმანეთს! - დიახ; ეგ მეც მახსოვს; თქვენ სულ თვალში მხვდებოდით, - ორჯერ თუ სამჯერ გადამეყარეთ, ვგონებ... - არა, ეგ სულ თქვენ მხვდებოდით თვალში, მე კი არა! ველჩანინოვი წამოდგა და სრულიად მოულოდნელად ხმამაღლა გაიცინა. პაველ პავლოვიჩი ერთი პირობა შეჩერდა, ყურადღებით შეავლო თვალი მასპინძელს, მაგრამ უმალვე განაგრძო: - თქვენ ხომ ვერ მიცანით, ჯერ ერთი, შეიძლება, დაგავიწყდით და იმისი ბრალი იყოს, მერე კიდევ თქვენს შემდეგ ყვავილი შემეყარა და სახეზე ცოტა ნაკვალევი დამიტოვა. - ყვავილიო? ჰო, მართლა ჩოფურა გამხდარხართ! კი, მაგრამ ეს რაღა... - რაღა ოხრობამ შემყარა, არა? რას იზამ ალექსი ივანოვიჩ, რა არ ხდება; არ მოელი კაცი და უცაბედად ასეთი ოხრობა კი შეგეყრება! - არა, ღმერთმანი, მაინც ძალიან სასაცილოა. ჰო, განაგრძეთ, განაგრძეთ, ჩემო ძვირფასო მეგობარო! - მეც თუმცა გხვდებოდით თქვენ... - მოიცათ! რატომ თქვით: „ოხრობამ შემყარაო?“ მე გაცილებით უფრო ზრდილობიანად მსურდა გამომეთქვა. ჰო, კარგი განაგრძეთ, განაგრძეთ! რატომღაც თანდათან სიხალისე ემატებოდა ველჩანინოვს. წეღანდელი ზარდამცემი შთაბეჭდილება სულ სხვა განწყობით შეეცვალა. იგი ოთახში წრიალს მოჰყვა. - მეც, თუმცა გხვდებოდით თქვენ და, როცა აქეთ პეტერბურგისაკენ მოვემგზავრებოდი, ვაპირებდი კიდეც უეჭველად მომეძებნეთ, მაგრამ ვიმეორებ, ამჟამად ისეთ სულიერ განწყობაზე ვარ... ისერიგად განადგურებული ვარ ამ მარტის თვიდან მოყოლებული... - ჰო, მაშ! განადგურებული იქნებით მარტის თვის შემდეგ. მოიცათ, არ ეწევით? - მე ხომ ნატალია ვასილიევნას დროს, თქვენც გეცოდინებათ... - კი, კი, როგორ არა, მაგრამ მარტის თვიდან? - პაპიროსს თუ გავაბოლებ ხოლმე. - აი, პაპიროსი; მოუკიდეთ და განაგრძეთ! განაგრძეთ, თქვენ მე ძალიან... ველჩანინოვმა სიგარა გააბოლა და ფიცხლად ისევ ლოგინზე ჩამოჯდა. პაველ პავლოვიჩი შეჩერდა. - კი, მაგრამ თქვენ თვითონ მაინც რა აღელვებული გამოიყურებით, უქეიფოდ ხომ არა ხართ? - ოჰ, ერთი, ჯანდაბას ჩემი ქეიფობა-უქეიფობის ამბავი! - გაგულისდა ანაზდად ველჩანინოვი, - განაგრძეთ! სტუმარი კი, მასპინძლის ამ მღელვარების შემყურე უფრო კმაყოფილი და თავდაჯერებული ხდებოდა. - აბა, რა უნდა გავაგრძელო? - ალაპარაკდა სტუმარი ისევ, - ერთი წარმოიდგინეთ, ალექსეი ივანოვიჩ, გულმოკლული, საშინლად გულმოკლული კაცი, რომელიც ოცი წლის ცოლქმრობის შემდეგ ცხოვრებას თავიდან იწყებს, უმიზნოდ დაეხეტება მტვრიან ქუჩებში, თითქოს სადღაც ტრამალზე გარჩენილაო; ლამის თავდავიწყებას მისცემია, და ამ თავდავიწყებაში, ისე გასინჯეთ, ერთგვარ ნეტარებასაც პოულობს. რაღა გასაკვირი უნდა იყოს ამის შემდეგ, ზოგჯერ ვინმე ნაცნობს, ან თუნდაც ჭეშმარიტ მეგობარს გვერდით შეხვდე და განზრახ გვერდი აუარო, ამგვარი თავდავიწყების ჟამს პირისპირ შეყრას მოერიდო. სამაგიეროდ, ხანდახან ყოველივე გაგახსენდება ხოლმე, რაც ახლო, მაგრამ სამუდამოდ გამქრალ წარსულში ყოფილა, გაგახსენდება და ისე მოგინდება თუნდაც რომელიმე იმათგანის ნახვა, ვინც იმ წარსულის მოწმედ თუ მონაწილედ გეგულება, ისერიგად აგიძგერდება ხოლმე მაგ დროს გული, რომ დღე კი არა, ღამეც რომ იყოს, მაინც გაბედავ, იმ მეგობარს მოძებნი და გადაეხვევი, თუ გინდ ამისთვის ნაშუაღამევის ოთხ საათზეც მოგიხდეს მისი გაღვიძება. მეც სწორედ საათმა მომატყუა, განა მეგობრობამ; განა მეგობრობამ-მეთქი, ვამბობ, რადგან ამ წუთას დიდად დაჯილდოებული ვარ. დროს რაც შეეხება, მერწმუნეთ, გუნებაგახალისებულს მხოლოდ თორმეტი იყო, მეგონა. ეწაფები საკუთარ ნაღველს და თითქოს მით სტკბებიო. თუმცა ნაღველი კი არა, სწორედ ეს ჩემი ახალნაირი მდგომარეობაა, რომ მსპობს... - მაინც რა უცნაურად ლაპარაკობთ! - რაღაცნაირად პირქუშად შენიშნა ველჩანინოვმა, რომელიც უაცრივ ისევ უაღრესად დადინჯდა. - ჭეშმარიტად, ჩემო ბატონო, უცნაურად ვლაპარაკობ... - თქვენ, ვხედავ... არ ხუმრობთ! - ვხუმრობო! - შესძახა პაველ პავლოვიჩმა, დანაღვლიანებულ-გაკვირვებულმა. - და ეს იმ დროს, როცა გაუწყებთ... - აჰ, კმარა მაგის თაობაზე, გთხოვთ! - ველჩანინოვი წამოდგა და ისევ წრიალს მოჰყვა ოთახში. ისე გავიდა ხუთიოდე წუთი. სტუმარმაც ის-ის იყო დააპირა წამოდგომა, მაგრამ ველჩანინოვმა მიაძახა: „იჯექით-იჯექითო!“ და ისიც მაშინვე მორჩილად წაესვენა სავარძელში. - არა, მაინც როგორ გამოცვლილხართ! - ისევ ალაპარაკდა ველჩანინოვი და უცებ სტუმრის წინ შედგა, - თითქოს ამ აზრმა მოულოდნელად განაცვიფრაო, - დიდად გამოცვლილხართ! დიდზე დიდად! სულ სხვა ადამიანი გამხდარხართ! - არც გასაკვირია: ცხრა წელიწადმა განვლო. - არა... არა... არა... წლები არაფერ შუაშია! გარეგნულად არც მაგდენად ხართ შეცვლილი, თქვენ სხვა მხრივ შეიცვალეთ! - ალბათ, ესეც ამ ცხრა წელიწადში მოხდა. - თუ ნამარტევს! - ხე, ხე, - ცბიერად ჩაიხითხითა პაველ პავლოვიჩმა, - თქვენ რაღაც ეშმაკური აზრი გიტრიალებთ... მაპატიეთ კადნიერება და, - მაინც რა ცვლილებას მატყობთ? - აბა, რა საკითხავია, წინათ ეგეთი ზრდილი და დარბაისელი პაველ პავლოვიჩი იყავით, გონიერი პაველ პავლოვიჩი, ახლა კი მთლად Vaurien[1] პაველ პავლოვიჩი გამხდარხართ! ველჩანინოვის გაგულისებას იმ ზომამდე მიეღწია, როცა თვით ყველაზე თავდაჭერილი ადამიანიც ზედმეტს წამოროშავს ხოლმე. - Vaurien-ო! აგრე გგონიათ? მაშ უკვე აღარ ვარ გონიერი? აღარა? - ნეტარებით ხითხითებდა პაველ პავლოვიჩი. - „გონიერი“ კი არა და! ახლა, მგონი, მთლად ჭკუით სავსე ხართ. „მე ხომ თავხედი ვარ, ეგ მამაძაღლი კი ჩემზე უარესი თავხედი ჩანს! მაინც რა უნდა... ნეტა რა განზრახვა უდევს გულში?“ - ერთთავად ამას ფიქრობდა ველჩანინოვი. - ეჰ, ჩემო ძვირფასო, ჩემო საყვარელო ალექსეი ივანოვიჩ! - უცებ მეტისმეტად აღელდა სტუმარი და სავარძელში შეწრიალდა, - ჩვენ რა? საზოგადოებაში ხომ არა ვართ ახლა, ბრწყინვალე მაღალ საზოგადოებაში! ჩვენ აგერ ორი ძველისძველი, გულწრფელი მეგობარი კაცი ვსხედვართ, ასე ვთქვათ, სრულიად ხალასი გრძნობით შეყრილნი; ჰოდა, ორივენი ვიგონებდით იმ ძვირფას კავშირს, იმ ჩვენს მეგობრობას, რაშიაც განსვენებული ისეთ უძვირფასეს რგოლს შეადგენდა!    და თავის გრძნობებს აყოლილი თითქოს ისე ძალუმად მიენდოო აღტაცებას, რომ წეღანდელივით ისევ დახარა თავი. სახეზე კი შლაპა აიფარა. ველჩანინოვი ზიზღმორეული და მოუსვენრობაატანილი აკვირდებოდა. „რაო, თუ ეგ ერთი ვიღაც მასხარაა? - გაჰკრა გუნებაში. - მაგრამ ა-არა, ა-რა! მთვრალი არ უნდა იყოს, მგონი; თუმცა, იქნებ, არც უმაგისობა, სახე კი შესწითლებია და; გინდაც არ იყოს მთვრალი, სულ ერთია. ნეტა რას შემომიჩნდა? რა უნდა მაგ გაიძვერას? - გახსოვთ, გახსოვთ, - იძახდა პაველ პავლოვიჩი, თანაც ნელ-ნელა იშორებდა შლაპას სახიდან, და თითქოს სულ უფრო მეტი გატაცებით ეძლეოდა მოგონებებს, - გახსოვთ ის ჩვენი ქალაქგარეთ გასეირნებანი, ჩვენი საღამოს წვეულებანი, მის აღმატებულება უსტუმართმოყვარეს სემიონ სემიონოვიჩისას რომ ვმართავდით, იმ წვეულებებზე ცეკვა და უწყინარი გართობა? ან ჩვენი, სამთა, ერთობლივი კითხვა საღამოობით? ან ჩვენი პირველი შეხვედრა, როცა ჩემთან მოხვედით დილას, თქვენი საქმის თაობაზე, ყვირილიც კი დამიწყეთ, მაგრამ გამოვიდა მოულოდნელად ნატალია ვასილიევნა, და თქვენ ათიოდე წუთში უკვე ჩვენი ოჯახის უგულითადესი მეგობარი შეიქენით სრული ერთი წლით, მთლად ისე მოხდა, როგორც „პროვინციელ ქალშია“, ბატონ ტურგენევის პიესაში... ველჩანინოვი დინჯად დააბიჯებდა ოთახში, იატაკს ჩასჩერებოდა, უსმენდა ზიზღითა და მოუთმენლობით შეპყრობილი, მაგრამ გულისყურით კი უსმენდა. - აზრადაც არ მომსვლია „პროვინციელი ქალი“, - სიტყვა ჩაუგდო ცოტა არ იყოს დაბნეულმა, - არც არასდროს გილაპარაკიათ ასეთი წრიპინა ხმით, ასეთი უცნაური ენით. რაში გჭირდებათ ეს? - უწინ მეტწილად მართლაც ვდუმდი ხოლმე, უფრო უენო გახლდით, - მყის დაუკრა კვერი პაველ პავლოვიჩმა, - იცით, უწინ განსვენებულის ლაპარაკის ყურის გდება უფრო მიყვარდა. ხომ გახსოვთ, როგორი მოსაუბრე იყო, რა გონებამახვილი... რაც შეეხება „პროვინციელ ქალს“ და საკუთრივ „სტუპენდიევსაც“, არაფერი გამიგონიაო, აქაც მართალი ბრძანდებით; რადგან ჩვენს პირველ შეხვედრას ხომ ამ თეატრალურ პიესას ვადარებდით, ეს უკვე მერე იყო, თქვენი წამოსვლის შემდეგ, ვადარებდით, ჩვენ თვითონ, როცა განსვენებულთან ერთად გიგონებდით ხოლმე ხანდახან, მყუდრო ჟამს... იმიტომ ვადარებდით, რომ აკი მართლაც ძალიან ჰგავდა. საკუთრივ „სტუპენდიევის“ თაობაზე კი... - ეგ ვინღა „სტუპენდიევია“, დასწყევლოს ეშმაკმა! - შესძახა ველჩანინოვმა და ფეხიც კი დაჰკრა იატაკს. სტუპენდიევის ხსენებამ მთლად შეაცბუნა, რადგან ამ სიტყვის გამგონეს რაღაც შემაშფოთებელმა მოგონებამ გაუელვა. - „სტუპენდიევი“ როლი გახლავთ, „ქმრის“ როლი, „პროვინციელ ქალში“. - მთლად დათაფლული ხმით დაიწრიპინა პაველ პავლოვიჩმა, - მაგრამ ეს უკვე ჩვენს ძვირფას და მშვენიერ მოგონებათა სხვა რიგს განეკუთვნება, ეს უკვე თქვენ შემდეგ იყო, როცა სტეპან მიხაილოვიჩ ბაგაუტოვმა დაგვაჯილდოვა მეგობრობით, სწორედ თქვენსავით, ოღონდ ამჯერად მთელი ხუთი წლით. - რაო? ბაგაუტოვიო? რომელი ბაგაუტოვი? - უცებ გაშეშებული შედგა ველჩანინოვი. - ბაგაუტოვი, სტეპან მიხაილოვიჩი, რომელმაც მეგობრობით დაგვაჯილდოვა სრული ერთი წლით შემდეგ თქვენს მერე და... თქვენსავით. - ოჰ, ღმერთო ჩემო, აკი ვიცი! - შეჰყვირა ველჩანინოვმა, რაკი ბოლოს და ბოლოს მიხვდა, ვისზეც ელაპარაკებოდნენ, - ბაგაუტოვი! ის ხომ თქვენთან მსახურობდა... - მსახურობდა, მსახურობდა! გუბერნატორთან მსახურობდა! მეტად მოხდენილი პეტერბურგელი ყმაწვილი კაცი იყო, ყველაზე მაღალი წრის კაცი! - აშკარად აღტაცებული კილოთი წამოიძახა პაველ პავლოვიჩმა. - კი, კი, კი! როგორ არ მახსოვს! აკი ისიც... - ისიც, ბატონო, ისიც! - კვლავინდებური აღტაცებით იმეორებდა პაველ პავლოვიჩი, მასპინძელს წინდაუხედავად წამოცდენილ სიტყვაზე კვერს უკრავდა, - ისიც, ჩემო ბატონო! აი, სწორედ მაშინ იყო „პროვინციელ ქალს“ რომ ვთამაშობდით, შინაურ წარმოდგენებს ვმართავდით ხოლმე მის აღმატებულება უსტუმართმოყვარეს სემიონ სემიონოვიჩისას; სტეპან მიხაილოვიჩი „გრაფს“ თამაშობდა, მე - „ქმარს“, განსვენებული კი - „პროვინციელ ქალს“; ოღონდ, განსვენებულმა დაიჟინა და ქმრის როლი ჩამომართვეს, ვითომც უნიჭობისთვისო, მას მერე აღარც მითამაშია... - რა ეშმაკად დაგიჩემებიათ ეგ სტუპენდიევი! თქვენ, უწინარეს ყოვლისა, პაველ პავლოვიჩ ტრუსოცკი ხართ, სტუპენდიევი კი არა! - მკვახედ, მოურიდებლად გააწყვეტინა ბრაზისაგან ლამის აცახცახებულმა ველჩანინოვმა, - კი, მაგრამ მოითმინეთ: ის ბაგაუტოვი აქ გახლავთ, პეტერბურგში, მე თვითონ ვნახე ამ გაზაფხულზე! რატომ მასთან არ მიხვალთ? - ყოველ ცისმარე დღე დავდივარ, აგერ უკვე სამი კვირაა, ვაკითხავ. მაგრამ არ მიღებენ! ლოგინად არის, არ შეუძლიან მიღებაო! თანაც წარმოიდგინეთ, ყოვლად სარწმუნო წყაროდან შევიტყვე, რომ მართლაც მეტად მძიმე დღეში ყოფილა! მერე რა ექვსი წლის მეგობარი! ეჰ, ალექსეი ივანოვიჩ, ერთხელ გითხარით და კვლავაც გეტყვით, ხანდახან ჯავრიან გუნებაზე მინდა მიწა გამისკდეს, მართლა მინდა; მაგრამ ზოგჯერ ასე მგონია, ავდგები და გადავეხვევი-მეთქი ვინმე იმათგანს, ვინც ასე ვთქვათ, იმ ჩემი წარსულის მოწმე თუ მოზიარე ყოფილა, და ეგ მხოლოდ იმიტომ, რომ ტირილით გული მოვიოხო, მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ გული მოვიოხო... - აბა, სადღეისოდ მაინც გეყოფათ, ვგონებ, არა? - მკვახედ შეაწყვეტინა ველჩანინოვმა. - რა თქმა უნდა, მეყოფა! - მაშინათვე ზეზე წამოდგა პაველ პავლოვიჩი, ოთხი საათია და, რაც მთავარია, ასე უტიფრად შეგაწუხეთ... - გამიგონეთ: მე თვითონ შემოგივლით, აუცილებლივ; და მაშინ კი, იმედი მაქვს... ერთი გულახდილად მითხარით: ნასვამი ხომ არა ხართ? - ნასვამი? წვეთიც არ ჩამცდენია... - აქ მოსვლის წინ არ გადაგიკრავთ? - იცით რა, ალექსეი ივანოვიჩ, თქვენ უთუოდ ციებ-ცხელება გჭირთ. - ხვალვე შემოგივლით, დილას, პირველ საათამდე... - თანაც კაი ხანია უკვე გატყობთ, რომ ლამის ბოდავთ, - დიდი სიამით აცლიდა პირში სიტყვას პაველ პავლოვიჩი და ამ საგანზე საუბარს ეტანებოდა. - მერწმუნეთ, ისე მერიდება, რომ შეგაწუხეთ... მაგრამ მივდივარ, მივდივარ! თქვენ კი დაწექით, მოისვენეთ! - კი, მაგრამ რატომ არ მითხარით, სად ცხოვრობთ? - მიაძახა გონსმოსულმა ველჩანინოვმა. - განა არ მითქვამს? პოკროვის სასტუმროში... - ეგ პოკროვის სასტუმრო სადღაა? - აი, თვით პოკროვის ახლოს, იქვე მოსახვევში, - ეჰ, დამავიწყდა, რომელ შესახვევშია, ნომერიც ხომ აღარ მახსოვს, ოღონდ პოკროვთან ახლოს კია... - მივაგნებ! - მობრძანდით, ძვირფასო სტუმარო. ტრუსოცკი კიბის თავს მიადგა ამასობაში. - მოიცათ! - კვლავ მიაძახა ველჩანინოვმა, - ხომ არ გამეპარებით? - როგორ თუ „გაგეპარებით?“ - თვალები დაჭყიტა პაველ პავლოვიჩმა, საფეხურზე ფეხჩადგმული მოუტრიალდა ველჩანინოვს და გაიღიმა. პასუხის მაგიერ ველჩანინოვმა კარი მოუჯახუნა, საგულდაგულოდ ჩაკეტა რაზითაც და გასაღებითაც, ხოლო როცა ოთახში შემობრუნდა, ერთი გადააფურთხა, თითქოს წამურტლაო რაღაცამ. ხუთიოდე წუთი უძრავად იდგა ოთახში, მერე ტანთგაუხდელადვე გაიშოტა ლოგინზე და მყისვე ჩაეძინა. მაგიდაზე დარჩენილი სანთელი ბოლომდე დაიწვა და ჩაქრა. IV. ცოლი, ქმარი და საყვარლი    ველჩანინოვს ძილქუშით ეძინა და სრულ ათის ნახევარზე გამოეღვიძა; მსწრაფლ წამოიწია, ლოგინზე წამოჯდა და მაშინვე „იმ ქალის“ სიკვდილის გამო დაიწყო ფიქრი. ამ სიკვდილის უეცარი შეტყობით გამოწვეულმა გუშინდელმა ზარდამცემმა შთაბეჭდილებამ რაღაცნაირი ღელვა და გულისტკივილიც კი გამოაყოლა. ეს ღელვა და გულისტკივილი მხოლოდ დროებით გაუყუჩდა გუშინ, პაველ პავლოვიჩის ყოფნის დროს, უცნაური აზრისაგან. მაგრამ ახლა, გამოფხიზლდა თუ არა, ყველაფერი, რაც ცხრა წლის წინათ მომხდარიყო, გასაოცარი სიცხადით წარმოუდგა თვალწინ. ამ ქალს, განსვენებულ ნატალია ვასილიევნას, „მაგ ტრუსოცკის“ ცოლს ჰყვარობდა იგი, მისი საყვარელი იყო, როცა საკუთარი საქმის მოსაგვარებლად (მაშინაც ერთ-ერთი მემკვიდრეობის გამო ჰქონდა დავა) მთელი წელიწადი ტ-ში გაატარა, თუმცაღა საკუთრივ საქმე არ მოითხოვდა ეგზომ ხანგრძლივად მის იქ დარჩენას; ჭეშმარიტი მიზეზი კი სწორედ ეს კავშირი გახლდათ. ამ კავშირმა და სიყვარულმა ისე ძლიერ ჩაითრია, ლამის მონურად მორჩილებდა ნატალია ვასილიევნას; ოღონდ ამ ქალის მცირედი ხუშტური შეესრულებინა და, ალბათ, უყოყმანოდ ჩაიდენდა თვით ყველაზე უგუნურ და საზარელ რასმე. არც მანამდე, არც მერმე მსგავსი არაფერი დამართნია. წლის ბოლოს, როცა მათი განშორება გარდაუვალი შეიქმნა, ამ საბედისწერო ვადის მოახლოებით ველჩანინოვი ისეთმა მძაფრმა სასოწარკვეთამ მოიცვა, თუმცა მეტად მოკლე ხნით განშორებას ვარაუდობდნენ, რომ ქალს შესთავაზა, მოგიტაცებო; ურჩევდა, თავი გაენებებინა ქმრისათვის, ყველაფერი მიეტოვებინა და საზღვარგარეთ გადახვეწილიყვნენ. და მხოლოდ დაცინვამ და შეუვალობამ ქალისა (რომელიც თავდაპირველად კიდევაც უწუნებდა ამ გეგმას, მაგრამ ეტყობა ასე მხოლოდ მოწყენილობის გამო, ან არადა სასეიროდ იქცეოდა), ააღებინეს ხელი განზრახვაზე და აიძულეს მარტო გამგზავრებულიყო. მერედა, რა გგონიათ? ორიოდე თვესაც არ გაუვლია ამ განშორების შემდეგ და პეტერბურგს მყოფი ველჩანინოვი უკვე ეკითხებოდა თავის თავს, რაც მისთვის სამარადისოდ გამოუცნობი დარჩა: მართლა უყვარდა ის ქალი, თუ ყველაფერი „ცდუნება“ იყო“? არც თუ თავქარიანობისა ან გულში ახალი ვნების გაღვივების ბრალი იყო, ეს კითხვა რომ აღეძრა: იმ პირველ ორ თვეს პეტერბურგში სწორედ რომ შმაგსა ჰგავდა და საეჭვოა, თუნდაც ერთი რომელიმე ქალისთვის მიექცია ყურადღება, თუმცა მაშინათვე გაერია ადრინდელ საზოგადოებაში და ასობით ბანოვანის გაცნობაც მოასწრო. ოღონდ მშვენივრად უწყოდა, ერთბაშად ისევ ტ-ში რომ მოხვედრილიყო, უმალვე კვლავ ამ ქალის მომხიბვლელობის სამძიმო ტყვეობაში მოექცეოდა. აღძრული კითხვების მიუხედავად, ხუთი წლის შემდეგაც კი ისევ ამავე რწმენისა გახლდათ. ოღონდ ამაში გულისწყრომით უტყდებოდა უკვე თავის თავს, ასე გასინჯეთ, თვით „იმ ქალს“ სიძულვილითაც იგონებდა. ტ-ში გატარებული იმ წელიწადის გამო რცხვენოდა; ისიც კი ვერ გაეგო, რანაირად შეიძლებოდა მომხდარიყო, რომ მას, ველჩანინოვს, ასეთი სულელური ნება დაეუფლა! ამ ვნებასთან დაკავშირებული ყველა მოგონება ახლა მომაყივნებელი შეექნა; სირცხვილის გრძნობა სწვავდა და ქენჯნისაგან ეწამებოდა. თუმცაღა, განვლო კიდევ რამდენიმე წელმა და ცოტაოდენ დამშვიდებაც მოასწრო; სცადა ყველაფერი დაევიწყებინა და - თითქმის მოახერხა კიდეც ეს. მაგრამ აი ანაზდად, ცხრა წლის თავზე, ეს ყოველივე უცნაურად და მოულოდნელად კვლავ აღდგა მის წინაშე, ხელახლა გაცოცხლდა მას შემდეგ, რაც გუშინ ნატალია ვასილიევნას სიკვდილის ამბავი ამცნეს.    და აი, ახლა, თავის ლოგინზე წამომჯდარი და ბუნდოვანი, არეული ფიქრებით მოცული, მხოლოდ ერთს გრძნობდა და ხვდებოდა ნათლად და გარკვევით: გუშინდელი ამბის შემტყობი, „ზარდამცემი შთაბეჭდილების მიუხედავად“, სულაც არ შეძრულა ამ ქალის სიკვდილით. „ნუთუ არც მენანება?“ - ეკითხებოდა თავის თავს. სიძულვილი აღარ ჰქონდა უკვე ამ ქალისა, და შეეძლო უფრო მიუკერძოებლად განესაჯა იგი. ველჩანინოვის შეხედულებით, ეს შეხედულება კი დიდი ხანია უკვე ჩამოუყალიბდა ამ ცხრა წლის მანძილზე, ნატალია ვასილიევნა უნდა ყოფილიყო „კარგი“ პროვინციული საზოგადოების ერთი სრულიად ჩვეულებრივი მანდილოსანთაგანი; „ვინ იცის, იქნებ მართლაც ასე იყო, და მხოლოდ მე ერთმა შევქმენი მისგან ჭირვეული ოცნების ნაყოფიო?“ თუმცა ესეც კია, მუდამაც ეეჭვებოდა ამ თავისი შეხედულების შეუმცდარობა; ახლაც შეეჭვდა. მერმე ფაქტებიც სხვას მეტყველებდნენ; აკი იმ ბაგაუტოვსაც რამდენიმე წელი კავშირი ჰქონდა ამ ქალთან და, როგორც ჩანს, მისი „მიმზიდველობის სრული გავლენის“ ქვეშაც იყო მოქცეული. ეს ბაგაუტოვი, ახალგაზრდა კაცი იყო, მართლაც უკეთეს, პეტერბურგელ წრეს ეკუთვნოდა და, რაკი „ყოვლად უმაქნისი ვინმე“ ბრძანდებოდა (როგორც ველჩანინოვი უწოდებდა), მაშ, მხოლოდ და მხოლოდ პეტერბურგში შეეძლო კარიერა გაეკეთებინა. ეს ხომ ასე იყო, და აკი მაინც არად ჩაეგდო პეტერბურგის მიტოვება, ამ ერთი უმთავრესი თავისი უპირატესობის დაკარგვა, აკი ხუთი წელი ტ-ში ჩაკარგა ამ ქალის გადამკიდემ! პეტერბურგშიაც, შესაძლოა, ბოლოს და ბოლოს, მხოლოდ იმიტომ დაბრუნდა, რომ ისიც სხვასავით გამოაგდეს, ისე როგორც „გაცვეთილ წაღას“ მოისვრიან ხოლმე. ჰოდა, მაშ აკი მართლაც ყოფილა ეს ქალი არაჩვეულებრივი რამ თვისების მქონე, მართლაც დაჰყოლია მოხიბვლის, დამონების, მბრძანებლობის ნიჭი.    ამავე დროს, თითქოს საიმისო საშუალებებსაც მოკლებული იყო, ვინმე მოეხიბლა და დაემონებინა: „შესახედავად არცთუ მაინცდამაინც ეშხიანი ეთქმოდა, ის კი არა და, ულამაზოდაც მოგეჩვენებოდათ“; ველჩანინოვს უკვე ოცდარვა წლისა დაუხვდა. არცთუ მთლად შნოიანი სახე ხანდახან მაინც თუ სასიამოვნოდ გამოუცოცხლდებოდა, სამაგიეროდ თვალები მართლა უსიამო ჰქონდა: რაღაცნაირად მეტისმეტად უტეხად იმზირებოდნენ. ტანად ძალზე გამხდარი იყო. გონებრივი განვითარებით ვერ დაიკვეხნიდა, ჭკუა და გამჭრიახობა არ აკლდა, მაგრამ თითქმის მუდამ ცალმხრივი აზროვნება სჩვეოდა. ქცევა, თავდაჭერა პროვინციული მაღალი წრის ქალისა ჰქონდა, მაგრამ ტაქტის გრძნობა - მეტად გამახვილებული; დახვეწილი გემოვნებით გამოირჩეოდა, ოღონდ ეს გემოვნება უმთავრესად ჩაცმა-დახურვაში მჟღავნდებოდა. გაბედული, ბრძანებისმოყვარე ბუნებისა გახლდათ; სანახევროდ შერიგება არ იცოდა, რა იყო: „ან ყველაფერი, ან არაფერიო“. გასაჭირში საოცარ სიმტკიცესა და გამბედაობას იჩენდა. დიდსულოვნების მადლი ეცხო, მაგრამ იმავე დროს უზომო უსამართლობაც თითქოს მეორე რჯულად მოსდგამდა. კამათი ამ ქალბატონთან ამაო გარჯად ჩაივლიდა: ორჯერ-ორი არასდროს არაფერს ნიშნავდა მისთვის. არცთუ ოდესმე უსამართლო ადამიანად ანდა მტყუანად შეურაცხავს თავისი თავი. ქმარს გამუდმებით და განუკითხავად ღალატობდა, მაგრამ სინდისის ქენჯნა ერთხელაც არ უგრძვნია. თავად ველჩანინოვისეული შედარებისა არ იყოს, იგი მოჰგავდა „თვითმგვემელთა ღვთისმშობელს“, რომელსაც უაღრესად სჯერა, ვითომდა, მართლა ღვთისმშობელი ვარო; ამ უკანასკნელის დარად ნატალია ვასილიევნასაც უსაშველოდ სწამდა, ყოველთვის მართებულად ვიქცევიო. საყვარლისადმი ერთგულების გამოჩენა იცოდა, თუმცაღა ესეც დრო-ჟამამდე, ვიდრე თავს შეაწყენდნენ. საყვარლის წვალებაც იცოდა, მაგრამ ჯილდოს მიზღვაც ემარჯვებოდა. ჟინიანი, სასტიკი, ავხორცი ბუნების ქალად დაბადებულიყო. გარყვნილება სძულდა, უზომო გააფთრებითაც გმობდა და - თვითონვე მიელტვოდა მას. ვერავითარი ფაქტებით ვერასოდეს შეაგნებინებდით საკუთარ გარყვნილებას. „ალბათ, მართლაც ვერ ხვდება ამასო“, - ფიქრობდა ველჩანინოვი მის შესახებ ჯერ კიდევ ტ-ში (გაკვრით უნდა შევნიშნოთ: თავად წილი ედო ამ გარყვნილებაში). „იგი ერთი იმ ქალთაგანია, - ფიქრობდა ველჩანინოვი, - რომელთა მოწოდება თითქოს ის არის მოღალატე ცოლები იყვნენ. ამნაირი ქალი არასდროს შეცდება ქალიშვილობისას. საამისოდ უეჭველად გათხოვილი უნდა იყოს, ასეთია მისი ბუნების კანონი. ქმარი პირველი საყვარელი ხდება, მაგრამ მხოლოდღა ჯვრისწერის შემდეგ. არავის ეხერხება გათხოვება მათზე უფრო იღბლიანად და იოლად. პირველი საყვარელის გაჩენაში მუდამ ქმარს მიუძღვის ბრალი. მერმე ყველაფერი ზედმიწევნით ალალად ხდება, მათ ბოლომდე უაღრესად სამართლიანი და, რაღა თქმა უნდა, ყოვლად უმანკო ჰგონიათ თავი“. ველჩანინოვი დარწმუნებული იყო, ამგვარი ყაიდის ქალები მართლაც არსებობენო; სამაგიეროდ ისიც სწამდა, რომ მათ მოეძევებოდათ შესატყვისი ყაიდის ქმრებიც, რომელთა ერთადერთ დანიშნულებას სწორედ ის წარმოადგენდა, ხსენებულ ქალთა ტიპს მისადაგებოდნენ. ველჩანინოვის აზრითვე, ამგვარი ქმრის არსი ის გახლდათ, რომ ასე ვთქვათ, „მარადი ქმარი“ ყოფილიყო, უკეთ, მხოლოდ ქმარი ყოფილიყო ცხოვრებაში და მეტი არაფერი. „ასეთი კაცი თითქოს მარტოოდენ იმისთვის იბადება, რათა დაქორწინდეს, ხოლო რაკი დაქორწინდება, უმალ ცოლის დამატებად უნდა იქცეს, და ეს მაშინაც კი, თუ საკუთარი უეჭველი ხასიათი დაჰყოლია. ამგვარი ქმარი გარკვეულ სამკაულს წარმოადგენს, და ეს მისი მთავარი ნიშანდობლივი თვისებაა. რქადადგმული რომ უნდა იყოს, ესეც თითქოს იმთავითვე დაჰბედებია, სხვანაირად წარმოუდგენელიცაა, ისევე წარმოუდგენელი, როგორც მზე უსინათლოდ. მაგრამ ამის თაობაზე არამცთუ არასდროს არაფერი იცის, არც შეუძლია ოდესმე რაიმეს მიხვდეს, ისეთია თვით მისი შინაბუნების თავისებურება“. ველჩანინოვს ღრმად სწამდა ამ ორნაირი ტიპის არსებობა და ისიც, რომ პაველ პავლოვიჩ ტრუსოცკი ტ-ში ერთი ამ ტიპთაგანის სანიმუშო წარმომადგენელი იყო. გუშინდელი პაველ პავლოვიჩი, ცხადია, ის პაველ პავლოვიჩი როდი გახლდათ, რომელსაც ტ-ში იცნობდა; ველჩანინოვს წარმოუდგენლად გამოცდილი ეჩვენა ტრუსოცკი, მაგრამ იცოდა, რომ შეუძლებელი იყო, ეს კაცი არ გამოცვლილიყო, რომ ეს ამბავი სავსებით ბუნებრივი გახლდათ; ბატონი ტრუსოცკი მხოლოდ ცოლის სიცოცხლეში შეიძლებოდა ყოფილიყო სწორედ იმგვარი, როგორსაც უწინ იცნობდა; ახლა კი ეს იყო მთელის ნაწილი მხოლოდ, ანაზდად გააზატებული, ანუ გასაკვირვებელი და ყოვლად უგვანო რამ. რაც შეეხება ტ-ში გაცნობილ პაველ პავლოვიჩს, აი რა დახსომებოდა მისი და რა გაიხსენა ამჟამად ველჩანინოვმა: „რასაკვირველია, პაველ პავლოვიჩი ტ-ში მარტო „ქმარი“ იყო და სხვა არაფერი. თუ მაგალითად, ამას გარდა, მოხელეც იყო, ეს მხოლოდ იმიტომ, რომ სამსახურიც, ასე ვთქვათ, ერთ-ერთ ცოლქმრულ მოვალეობად გადაქცეოდა. იგი ცოლისათვის მსახურობდა, მისი მდგომარეობისათვის ტ-ელ საზოგადოებაში, თუმცა თავისთავად ფრიად ბეჯითი მოხელე გახლდათ. ოცდათხუთმეტი წლისა იყო მაშინ, და გარკვეულ, არცთუ ისე მცირე, ქონებასაც ფლობდა. სამსახურში რაიმე განსაკუთრებული ნიჭი არ გამოუჩენია, მაგრამ ვერც უნიჭობას შესწამებდით. ვინც კი გუბერნიის მაღალ საზოგადოებაში ერია, ყველა მათგანთან ნაცნობობა ჰქონდა, ყველა კარგი თვალით უყურებდა. ნატალია ვასილიევნა ტ-ში სრული პატივისცემით სარგებლობდა. თუმცა ამას არცთუ მაინცდამაინც დიდად აფასებდა, როგორც ჯეროვან რასმე, ისე იფერებდა. სტუმრების დახვედრა ყოველთვის ჩინებული იცოდა, თანაც ქმარი ისე ჰყავდა გამოწვრთნილი, გინდაც გუბერნიის უმაღლესი ხელისუფალნი სწვეოდნენ, პაველ პავლოვიჩი მაინც მოახერხებდა კულტურულად თავის დაჭერას. პაველ პავლოვიჩს შეიძლება (ფიქრობდა ველჩანინოვი) ჭკუაც მოეკითხებოდა, მაგრამ რახან ნატალია ვასილიევნას ნაკლებად მოსწონდა, როცა მის ქმარს ლაპარაკის საღერღელი აეშლებოდა, - ჭკუას მაინცდამაინც ვერ შეატყობდით. ეგების ამ კაცს ბუნებით ბევრი თვისება დაჰყვა კარგიცა და ავიც, მაგრამ, კეთილი თვისებები თითქოს მიჩქმალული ჰქონდა, ხოლო ცუდი მიდრეკილებანი - თითქმის სავსებით დათრგუნული. ველჩანინოვს, მაგალითად, ახსოვდა, რომ ბატონ ტრუსოცკის ხანდახან სურვილი წამოუვლიდა ხოლმე, მოყვასისათვის დაეცინა; მაგრამ ასეთი რამ სასტიკად ეკრძალებოდა. ხანდახან რაიმე ამბის მოყოლაც უყვარდა; მაგრამ არც აქ აძლევდნენ გასაქანს. მხოლოდ უმნიშვნელო რამ უნდა მოეთხრო და ისიც მოკლედ. არიფანას ტრიალი მოსდგამდა, ეხალისებოდა მეგობარ კაცთან პურის გატეხა და ყელის ჩასველება; მაგრამ ეს უკანასკნელი მისი თვისება ძირშივე მოსპეს. თან ესეც ინიშნეთ: გარეშე მაყურებელს არამც და არამც არ ეგონებოდა, ეს კაცი ცოლის მონა-მორჩილიაო. ნატალია ვასილიევნა ყოვლად დამჯერე ცოლი მოგეჩვენებოდათ, შესაძლოა ქალი თვითონაც დარწმუნებული იყო ამაში. ეგების პაველ პავლოვიჩს თავდავიწყებითაც უყვარდა ნატალია ვასილიევნა, ოღონდ ვერც ამას შენიშნავდა ვინმე. ჩანს აქაც თვით ნატალია ვასილიევნას შინაგანაწესი მოქმედებდა. ტ-ში ცხოვრების მანძილზე ველჩანინოვი რამდენჯერმე შეჰკითხავდა თავის თავს, რაიმე ეჭვს ხომ არ უღვიძებდა ქმარს ცოლთან კავშირის გამო. ქალისთვისაც არაერთგზის მიუმართავს ამ კითხვით. ნატალია ვასილიევნა, ცოტა არ იყოს, გაჯავრებული მოუგებდა ხოლმე, ქმარმა არაფერი იცის, არც არაფრის გაგება შეუძლია და „რაც ჩვენ შორის არის, მას სულაც არ ეკითხებაო“. ერთი ასეთი თვისებაც ჰქონდა ამ ქალს: პაველ პავლოვიჩს არასდროს დასცინებდა, არასდროს აუგად არ მოიხსენიებდა, არცთუ უხეირო კაცად მიაჩნდა იგი; ასე გასინჯეთ, ძალიანაც გამოესარჩლებოდა, თუ ვინმე გაბედავდა და რაიმე უპატივცემულობას გამოიჩენდა მისდამი. რახან შვილები არ ჰყავდა, ბუნებრივია, საზოგადოებაში უნდა გამოსულიყო; მაგრამ საკუთარი „შინაც“ ესაჭიროებოდა. მაღალი წრის ცხოვრების სიამეს თავდავიწყებით არასდროს მისცემია, ძალიანაც უყვარდა მეოჯახეობა და ხელსაქმე. გუშინ აგერ პაველ პავლოვიჩმა მათი ერთობლივი შინაური კითხვა გაიხსენა, ტ-ში რომ მართავდნენ საღამოობით; ხდებოდა ხოლმე: ხან თვითონ ველჩანინოვი კითხულობდა, ხან კიდევ პაველ პავლოვიჩი. ველჩანინოვისდა გასაკვირად, პაველ პავლოვიჩმა ჩინებული ხმამაღალი კითხვა იცოდა. ნატალია ვასილიევნას ამ დროს საქარგავი ეჭირა ხოლმე ხელში და წყნარად, დინჯად ისმენდა. კითხულობდნენ დიკენსის რომანებს, რომელიმე რუსულ ჟურნალს, ხანდახან რაიმე „სერიოზულსაც“. ნატალია ვასილიევნა დიდად აფასებდა ველჩანინოვის განათლებულობას, ოღონდ აფასებდა თავის გულში, თქმით არას იტყოდა ხოლმე; ერთხელ და სამუდამოდ გარკვეულ რამედ მიაჩნდა ეს ამბავი და შემდგომ ლაპარაკსაც ამის თაობაზე ზედმეტად თვლიდა. საერთოდ კი ყოველგვარ მწიგნობრულობასა და სწავლულობას გულგრილად ეკიდებოდა, როგორც სრულიად გარეშე რამეს, თუმცა მათს სიკეთეში შეიძლება ეჭვი არ ეპარებოდა. სამაგიეროდ პაველ პავლოვიჩი ამ მხრივ გარკვეულ მგზნებარებას ამჟღავნებდა ხოლმე. ტ-ში განასკვული კავშირი ერთბაშად გაწყდა მას შემდეგ, რაც ველჩანინოვი მისდათავად გულის საწადელს ეწია და ლამის გაგიჟებულს დაემსგავსა. იგი ანაზდად და უბოდიშოდ გამოაგდეს. ოღონდ ყველაფერი ისე მოხდა, რომ, როცა მოდიოდა, აზრადაც არ მოსვლია, თუ „ძველ, ნახმარ წაღასავით“ მოისროლეს. ამ ტ-ში, გამოსვლამდე ასე თვენახევრით ადრე, გამოჩნდა არტილერიის ერთი ქორფა, ახალგამომცხვარი ოფიცერი, რომელმაც ტრუსოცკებთან სიარულს უხშირა. ამგვარად, სამის წილ ოთხნი შეიქნენ. ნატალია ვასილიევნა მწყალობელი თვალებით უყურებდა ყმაწვილებს, მაგრამ ისე ეპყრობოდა, როგორც ბიჭუნას ეპყრობიან ხოლმე. ველჩანინოვი ვერც მიმხვდარიყო, თუ აგერ რაყიფი გამოსჩენოდა; არც თუ საამისო დაკვირვებისათვის ეცალა ამჟამად, რადგან მოულოდნელად გამოუცხადეს, აუცილებლად უნდა დავშორდეთო. ველჩანინოვის დასაყაბულებლად სხვა მრავალ მიზეზთან ერთად ქალმა ისიც მოიმიზეზა, მგონი ფეხმძიმედ უნდა ვიყოო. ამიტომ თითქოს ბუნებრივი ჩანდა, ველჩანინოვი დაუყოვნებლივ განრიდებოდა იქაურობას ერთი სამი-ოთხი თვით მაინც, რათა ცხრა თვის თავზე ქმარს გაძნელებოდა რაიმეში ეჭვის შეტანა, თუ ვინიცობაა რაიმე ჭორი დარხეულიყო; ეს საბუთი ყურით მოთრეულს ჰგავდა, მაგრამ იმის შემდეგ, რაც ველჩანინოვმა გულმხურვალედ შესთავაზა ქალს, პარიზში ან ამერიკაში გავიქცეთო, ისღა დარჩენოდა, მარტოდმარტო გამგზავრებულიყო პეტერბურგს; ოღონდ „უეჭველია, სულ ცოტა ხნით“ მიემგზავრებოდა, ანუ არა უმეტეს სამი თვის ვადით; თორემ არაფრისდიდებით ფეხს არ მოიცვლიდა, რაგინდ მიზეზი ან საბუთი წამოეყენებინათ. სრული ორი თვის თავზე პეტერბურგში მან წერილი მიიღო ნატალია ვასილიევნასგან. ქალი სთხოვდა, ნურასდროს ნუღარ დაბრუნდები, რადგან უკვე სხვა მიყვარსო. ხოლო ორსულობის თაობაზე ატყობინებდა, თურმე მოვტყუვდიო. ამის შეტყობინებით ზედმეტად გაისარჯა; ველჩანინოვისთვის უამისოდაც ყველაფერი უკვე ნათელი შეიქნა: მას გაახსენდა ახალგაზრდა ოფიცერი. აი, ასე დამთავრდა ეს ამბავი, დამთავრდა სამუდამოდ. მერმე, უკვე რამდენიმე წლის შემდეგ, ველჩანინოვმა როგორღაც ყური მოჰკრა, ტ-ში ბაგაუტოვი მოხვედრილიყო და იქ კაი ხუთი წელიწადი დაეყო. ამგვარ უსაშველოდ ხანგრძლივ კავშირს ველჩანინოვი, სხვათა შორის, იმითაც ხსნიდა, რომ ნატალია ვასილიევნა ალბათ, ფრიად დაბერდა და ამიტომ უფრო შემთვისეც გახდაო.    თითქმის ერთი საათი ისევ ისე ლოგინზე წამომჯდარმა გაატარა ველჩანინოვმა. ბოლოს გონს მოეგო, მავრას დაურეკა, ყავა მოატანინა, სახელდახელოდ დალია, ტანთ ჩაიცვა და სრულ თერთმეტ საათზე პოკროვისეული სასტუმროს საძებრად გაემართა. ამ სასტუმროს გამო მას განსაკუთრებული, უკვე ამდილანდელი შთაბეჭდილება შეექმნა. სხვათა შორის, ცოტა არ იყოს რცხვენოდა კიდეც, გუშინ რომ ისეთნაირად მოექცა პაველ პავლოვიჩს, ახლა ეს დანაშაულიც უნდა გამოესყიდა. კარის საკეტისეულ იმ წუხანდელ ფანტამაგორიას იგი აბრალებდა შემთხვევითობას, პაველ პავლოვიჩის სიმთვრალეს და კიდევ ზოგ რამესაც, ალბათ. მაგრამ მაინც მთლად გარკვევით არ ესმოდა, რად მიდიოდა ადრინდელი საყვარლის ქმართან რაღაც ახლებური ურთიერთობის დასამყარებლად, როცა მათ შორის ყველაფერი ისე ბუნებრივად და თავისთავად დასრულებულიყო. თითქოს რაღაც მიერეკებოდა მას; რაღაცნაირი განსაკუთრებული შთაბეჭდილების ქვეშ იყო მოქცეული და ამ შთაბეჭდილებას უჩინარი ძალა მიეზიდებოდა. *გაგრძელება*…
დაამატა Kakha to ლიტერატურა at 5:23pm on თებერვალი 1, 2017
თემა: შიში აუცილებლობის წინაშე
ვია ადამიანისათვის, როგორც «ხანგრძლივობისა» და «უსაფრთხოების» განცდა; თავგადასავლები გვიზიდავს და უცხო ქვეყნებით მოხიბლულნი ვრჩებით; ჩვენთვის ნაცნობია მშობლიური სახლის მონატრება, ისევე როგორც შორეულ ქვეყნებზე ოცნება; ჩვენთვის ასევე ახლობელია დაცულობის განცდა და ის შთაბეჭდილებები, რომლებიც სცდება ძველ საზღვრებს, გვამდიდრებს და ჩვენი ცხოვრების ახალ ფურცლებს წერს. მათი წყალობით ვიცვლებით ჩვენც, ვეძებთ ახალ ადამიანებს, რათა კვლავ ახალი ძალით შევიცნოთ რაღაც და ამოვხაპოთ ჩვენი შესაძლებლობები, გავიფართოოთ ურთიერთობები ადამიანებთან, მოვმწიფდეთ და სრულვყოთ საკუთარი თავი.    ამრიგად, მივედით შიშის მეოთხე, მთავარ ფორმასთან, რომელიც წარმოადგენს შიშს «სასრულობის», აუცილებლობისა და თავისუფლების წინაშე. ეს შიში საპირისპიროა ჩვენ მიერ აღწერილი ობსესიური ადამიანის შიშისა. თუ ობსესიურ პიროვნებას თავისუფლების, ცვლილებებისა და რისკის ეშინია, ისტერიული პიროვნების დროს სრულიად სხვა ტიპის შიშთან გვაქვს საქმე. ეს ადამიანები აშკარად ელტვიან ცვლილებებსა და თავისუფლებას, მიესალმებიან ყოველგვარ სიახლეს და სიამოვნებით მიდიან რისკზე. მათ წინაშე შესაძლებლობებით აღსავსე მომავალია გადაშლილი; შესაბამისად მათ აშინებთ შეზღუდვები, ტრადიციები და დადგენილი წესები, რაც ობსესიური ადამიანისთვის ღირებულებებს წარმოადგენდა. ისტერიული ადამიანები ცხოვრობენ პრინციპით: «ის, რაც ერთხელ მოხდა, სათვალავში ჩასაგდები არ არის». ეს ნიშნავს, რომ ისინი არაფრის წინაშე არ იღებენ საბოლოო ვალდებულებას, რადგან არაფერს არ შეიძლება ჰქონდეს მარადიული ღირებულების პრეტენზია. მათთვის მნიშვნელოვანია «თვალის ერთი დახამხამება», ყოველივე ცხოველმყოფელი და მრავალფეროვანი, არსებობს მხოლოდ წამიერი აწმყო, ამიტომ «Carpe diem» – «გამოიყენე შესაძლებლობა!», რადგან სავარაუდოა, რომ ის აღარასოდეს მოვა. წარსულმა ჩაიარა და ამიტომ საინტერესო აღარ არის, მომავალი კი შესაძლებლობების ფართო ასპარეზს ქმნის, თუმცა მისი დაგეგმვა შეუძლებელია, რადგან ეს უკვე უამრავი რამის წინასწარ გათვალისწინებას მოითხოვს. მთავარია ის, რომ ადამიანი ყოველთვის მზადაა მის შესახვედრად, და შეუძლია, ყოველგვარი წინაპირობისაგან გათავისუფლდეს.    რა იქნებოდა ადამიანი, თუკი იგი, ზემოთ მოყვანილი შედარების ენით რომ ვთქვათ, ყველაფრის გამაერთიანებელ სიმძიმის ძალას უგულებელყოფდა და შეეცდებოდა, ცენტრიდან წამოსული მიზიდულობის ძალით ეცხოვრა? ეს იმის ნიშანი იქნებოდა, რომ ადამიანი ყოველწამიერი არსებობით დაკმაყოფილდებოდა, ვერ დაისახავდა გარკვეულ მიზნებს, ვერ დააწყობდა გეგმებს და მუდმივად ახალი შთაბეჭდილებებისა და თავგადასავლების მოლოდინში იქნებოდა; მის მოლოდინს კი, შესაბამისად, წინასწარ დადგენილი იმპულსები ან სურვილები წარმართავდნენ, რომლებიც მასზე გარედან ან შინაგანად იმოქმედებდნენ. ადამიანს, უპირველეს ყოვლისა, თავისუფლების განცდა სჭირდება, რადგან წესრიგი და კანონები იწვევს შიშს, რომ რაღაც დადგენილის «თავიდან აცილება» არ შეიძლება. ზოგადად მოქმედი, აუცილებელი წესრიგი უმთავრესად იმ დროს გვამცნობს ხოლმე თავს, როდესაც თავისუფლების შეზღუდვა ხდება, – შესაძლებლობის ფარგლებში, უარყოფენ ან თავს არიდებენ მას. ამ გზით მიღწეული თავისუფლება «რაღაცასთან დაკავშირებულ» ან «რაღაცისთვის არსებულ თავისუფლებას» ნიშნავს.    მაგრამ, რა ხდება მაშინ, როდესაც ქმედითი პიროვნება უგულებელყოფს ადამიანთა თანაცხოვრების თამაშის წესებს, და არ აღიარებს ბუნებისა და ადამიანური არსებობის კანონზომიერებებს? ამ დროს ადამიანი, თითქოს, ელასტიურ სამყაროში ცხოვრობს, რომელიც მოქნილია, და შეუძლია გაფართოვდეს. მასში ადამიანს არსებული წესრიგის გათვალისწინება არ სჭირდება, რადგან ეს წესრიგი მუდმივად იცვლება. ამ სამყაროში მუდმივად ღიაა ის უკანა კარი, საიდანაც ადამიანი საკუთარი ქმედებების შესაძლებელ შედეგებს თავს დააღწევს. მაგალითად, მე მზად ვარ ვაღიარო კაუზალობის კანონი, რომელიც მოვლენათა მიზეზ-შედეგობრივ კავშირს გამოხატავს, და, ალბათ, უფრო ბუნებისა და ფიზიკის სფეროს ეხება, მაგრამ მე არ შემიძლია იგი ვაღიარო, რადგან ეს კანონი სწორედ აქ, ახლოს, შესაძლოა, არც მოქმედებდეს.    ბუნებრივია, ადამიანს ყველაზე მეტად იმის ეშინია, რაც მას აუცილებლობის სახით წარმოუდგება და ზღუდავს: ეს არის მამრობით და მდედრობით სქესთან დაკავშირებული პრობლემები, სიბერე და სიკვდილი. ამას გარდა, არსებობს უამრავი კონვენცია და თამაშის წესი, კანონი და წესდება, რომლებსაც საზოგადოება ადამიანთა ურთიერთობის მიზნით ქმნის. საერთოდ კი, შეიძლება დავასკვნათ, რომ ადამიანს, მეტწილად, ცხოვრებასა და გარესამყაროში დაწესებული აუცილებელი შეზღუდვებისა ეშინია. ესაა ფაქტების სამყარო, რომელსაც «სინამდვილეს» ანუ რეალობას ვუწოდებთ. მასთან შეჩვევა და შეგუება იმის მიხედვით გვიწევს ხოლმე, თუ რა დამოკიდებულება გვაქვს ცხოვრებასთან და რა ცოდნა გაგვაჩნია მის შესახებ. ამ რეალობას ადამიანი საკმაოდ ფართო თვალსაწიერიდან უყურებს: ეჭვი შეაქვს მასში, მის მოვლენებს ერთმანეთთან აკავშირებს, აკნინებს მის მნიშვნელობას ან თვალს ხუჭავს მასზე, ცდილობს მასში მღელვარების შეტანას და მისგან თავის დაღწევას. ამ გზით ადამიანი მოიპოვებს მოჩვენებით თავისუფლებას, რომელიც მისთვის სულ უფრო სახიფათო ხდება; იგი ამ დროს არარეალურ, ილუზორულ სამყაროში ცხოვრობს, რომელშიც მხოლოდ წარმოსახვა, შესაძლებლობები და სურვილები არსებობს, და არ გააჩნია ზღვარდადებული რეალობა.    ამრიგად, ადამიანი სულ უფრო მეტად იძირება ფსევდორეალობაში, «არანამდვილ სინამდვილეში» და, რაც უფრო მეტად შორდება რეალობას, მით უფრო ძვირად უჯდება მოჩვენებითი თავისუფლება, რადგან ამ «არანამდვილ სინამდვილეში» გზას ვეღარ იგნებს და მასთან ურთიერთობას ვეღარ ამყარებს. საქმე იქამდე მიდის, რომ, ამ «სინამდვილეში» ყოფნის შედეგად, ადამიანი ძალიან იშვიათად აღწევს მიზანს; ამის შემდეგ იგი კიდევ უფრო იმედგაცრუებული უბრუნდება საკუთარ ვირტუალურ სამყაროს; მერე კი ამ სამყაროსა და ადამიანის სურვილებს შორის ღრმა უფსკრული ჩნდება, რომელიც ისტერიულ ადამიანს «ეშმაკის წრედ» შემოუბრუნდება. ახლა კი გვინდა ფსევდოსინამდვილის საკითხი უფრო დაწვრილებით განვიხილოთ. კაუზალობის კანონი ერთერთ რეალობაში ადამიანის მიზეზ-შედეგობრივ არსებობას ადასტურებს. მიზეზისა და ზეგავლენის, მოქმედებისა და შედეგის შესახებ ეს კანონი გვაიძულებს, კანონიერება დავიცვათ, რადგან მისი უგულებელყოფის შემთხვევაში სასჯელს ვერ გადავურჩებით. ეს კანონი ისტერიულ პიროვნებას მხოლოდ ზღუდავს, აიძულებს, სათანადო დასკვნები გამოიტანოს და რაღაცაზე უარი თქვას; იგი ცდილობს, ამ მდგომარეობას «სირაქლემის პოლიტიკის» მეშვეობით დააღწიოს თავი, და, ისე იქცევა, თითქოს კაუზალობის კანონი საერთოდ არ არსებობდეს; შესაბამისად, ისტერიული ადამიანი შეპყრობილია სურვილით, რომლის შესაძლო შედეგები მას სულაც არ აინტერესებს და თითქოს მოქმედებს პრინციპით: «ჩემს შემდეგ წარღვნას წაუღია ყველაფერი». ისტერიული ადამიანი იმედოვნებს, რომ ხდომილებების კაუზალობა და თანმიმდევრობა მასზე არ გავრცელდება, ყოველ შემთხვევაში, ამ კონკრეტულ, საეჭვო სიტუაციაში მაინც. იგი იმდენად შეპყრობილია მიზნის მიღწევის სურვილით, რომ საკუთარ თავს შესაძლო შედეგებზე მაღლა აყენებს, მხოლოდ ფინალურად ანუ შედეგობრივად აზროვნებს, ხოლო კაუზალობას ანუ მიზეზობრიობას უგულებელყოფს, რაც მასზე დიდ სუგესციურ ზემოქმედებას ახდენს. ამის დასტურად შემდეგ მაგალითს მოვიყვანთ:    სკოლაში ერთ-ერთი კლასის მოსწავლეებს, საქველმოქმედო მიზნით, სამკერდე ნიშნების გაყიდვა დაავალეს. თითოეულ მოსწავლეს სიაში უნდა შეეტანა შემოწირული თანხისა და გაყიდული სამკერდე ნიშნების რაოდენობა. ცამეტი წლის მომხიბლავი ინგე სთავაზობდა მყიდველებს სამკერდე ნიშნებს; ისინიც ვერ უძლებდნენ გოგონას მიმზიდველ ღიმილს და შეთავაზებას სიამოვნებით იღებდნენ. მალე ინგემ ყველა სამკერდე ნიშანი გაყიდა და, წარმატებით გახარებულმა, გადაწყვიტა, საკუთარი თავი დაესაჩუქრებინა, რადგან ფიქრობდა, რომ ეს დაიმსახურა; მან ხომ ასე ყოჩაღად გაართვა საქმეს თავი! ამიტომ ახლა შეეძლო სურვილი აესრულებინა და ნამცხვარი ეყიდა. გოგონას ცდუნება ახლა მხოლოდ ფულს შეეძლო, რომლის წარმომავლობასა და დანიშნულებაზე იგი აღარ დაფიქრებულა; მთავარია, რომ «ეს ფული ახლა მას ეკუთვნოდა!» რაკი გოგონა საკუთარ სურვილზე უარისთქმას არ აპირებდა, სამკერდე ნიშნებში აღებული ფულით თავისი საყვარელი ნამცხვარი იყიდა. ასეთ ადამიანებს, ჩვეულებრივ, გაურკვეველი წარმოდგენა აქვთ შედეგებზე და ფიქრობენ, რომ «როგორმე» მოაწესრიგებენ ყველაფერს, რადგან იმ წუთას აღვსილნი არიან სურვილით, რომელიც დაუყოვნებლივ უნდა დაიკმაყოფილონ.    ამ დროს თავს იჩენს ისტერიული პიროვნებისათვის დამახასიათებელი უპირველესი ნიშან-თვისება: იგი ქმნის ხანმოკლე დაძაბულობის ველს, რომელიც საშუალებას აძლევს, საჭირო მიდრეკილებისა და უნარის უქონლობის გამო, მოთხოვნილებასთან დაკავშირებული დაძაბულობა აიტანოს. ისტერიულმა პიროვნებამ ნებისმიერი იმპულსი თუ სურვილი სწრაფად უნდა დაიკმაყოფილოს, რადგან ლოდინი მისთვის აუტანელია: ამ თვისების გამო ძალიან ადვილია ისტერიული ადამიანის ცდუნება. ინგეს სია და ფული სკოლაში იმავე დღეს უნდა ჩაებარებინა, მაგრამ ახლა როგორღა მოქცეულიყო? გოგონა მასწავლებელთან მივიდა და სთხოვა, კიდევ მიეცა მისთვის გასაყიდად სამკერდე ნიშნები იმ იმედით, რომ ამათაც გაყიდდა და ფულს ერთიანად ჩააბარებდა. აღებული ფული გოგონას ამასობაში სახლში დაეტოვებინა (გოგონამ ამ დროს კიდევ რაღაც-რაღაცები მოისაბაბა, რაც ასევე დამახასიათებელია ისტერიული პიროვნებისთვის, რადგან საბაბი და ტყუილი მეტ «მტკიცებულებებს» მოითხოვს, რომ უფრო სარწმუნო გახდეს, მაგრამ მას მაინც უფრო სუსტი საფუძველი გააჩნია, ვიდრე რეალურად არსებულ ფაქტს). მასწავლებელმა ინგეს დამატებით მისცა სამკერდე ნიშნები. ამით გოგონამ დრო მოიგო: ამასობაში კი, ვინ იცის, ხომ შეიძლებოდა, «სასწაული» მომხდარიყო, რაც მას ამ მდგომარეობიდან იხსნიდა? (დროის მოგება და დაპირებები ასევე დამახასიათებელია ისტერიული პიროვნებისათვის). ამასობაში მოსაღამოვდა და ფულის ჩაბარების დრო მოვიდა. გოგონას კი ამასობაში, მისი აზრით, ბრწყინვალე აზრი მოუვიდა: ფული კარის მეზობელს სთხოვა და აუხსნა, სასწრაფოდ რვეულები მაქვს საყიდელი, დედაჩემი კი სახლში არ არისო. მეზობელმა გოგონას ფული ასესხა, რის შემდეგაც მან ისევ მოიგო დრო და «სასწაულისთვის» ისევ დაიტოვა სივრცე. ასეა თუ ისე, ახლა იგი მზად იყო, მასწავლებლისთვის ფული მთლიანად ჩაებარებინა; მეზობლისგან ნასესხები ფული გოგონამ მაშინვე დაივიწყა, რადგან საკუთარ თავს ერთთავად ეუბნებოდა: «ამაზე არ უნდა იფიქრო». ამ შემთხვევაშიც შეეძლო აღარ ეფიქრა მეზობელზე, რომელმაც «რაღაც გროშები» ასესხა.    ისტერიულ ადამიანებს ხშირად უჩნდებათ გაურკვეველი მოლოდინები და იმედი იმისა, რომ სასწაულების წყალობით შეძლებენ, ნებისმიერ გაჭირვებას დააღწიონ თავი; ამის წარმოდგენის უნარი მათ ვირტუოზულად აქვთ გამომუშავებული. ასეთ შემთხვევებში ეს ადამიანები საოცარ გულუბრყვილობას იჩენენ, რადგან საკუთარი წარმოსახვისა სჯერათ და ფიქრობენ, რომ რეალობას გაექცევიან ამ ანდაზის თანახმად: «არ ცოდნა არ ცოდვაა». ბოლოს და ბოლოს ნებისმიერ ადამიანს ერთხელ მაინც შეიძლება დაავიწყდეს რაღაც! ამ დროს ე.წ. «გადატანის» ტენდენციის მოწმენი ვხდებით: კონკრეტული რამ, ამ შემთხვევაში ვალად აღებული ფული, დავიწყებას ეძლევა; გოგონას მეხსიერებას ისღა შემორჩა, რომ ფული მეზობლისგან ოფიციალურად ისესხა და, ბუნებრივია, მას უკან დააბრუნებს (როდის და როგორ მოხდება ეს, იმ წუთას არასაინტერესოა). თუ მეზობელი მას ფულის დაგვიანებისთვის უსაყვედურებს, გოგონას შეუძლია უთხრას, რომ მას ვალის მიცემა ნამდვილად აღარ გახსენებია, და ახლა პატიებას ითხოვს; მაგრამ გოგონა იმედოვნებს, რომ ფულის ამბავი მეზობელსაც დაავიწყდება; ბოლოს და ბოლოს მისთვის თავადაც ხომ უცია რაღაც პატივი?! ხან კი იმასაც ფიქრობს, რომ ფულს «საიდანღაც» საჩუქრად მიიღებს ან სადმე იშოვის, და საკუთარ თავს არწმუნებს: «დრო ყველაფერს გვიჩვენებსო». რამდენიმე დღის შემდეგ მეზობელმა ინგას დედას ვალის დაბრუნება სთხოვა. ეს ამბავი გამოაშკარავდა და დიდი უსიამოვნება გამოიწვია, რასაც გოგონა ასცდებოდა, ფული დროზე რომ დაებრუნებინა. იმის გამო, რომ მან უარი ვერ თქვა თავისი სურვილის დაუყოვნებლივ შესრულებაზე, შეიქმნა მთელი ჯაჭვი იმ უსიამოვნო შედეგებისა, რომელთა გამოც გოგონას ხანმოკლე სიამოვნება ძვირად დაუჯდა.    ეს მაგალითი ბევრი თვალსაზრისით არის საგულისხმო და ყურადსაღები. იგი წარმოაჩენს ისტერიული ადამიანის ტიპური ქცევის შემთხვევებს; მას სურს დაუყოვნებლივ შეისრულოს სურვილი და სხვაზე ვეღარაფერზე ფიქრობს; ეუფლება არარეალური განწყობა, რის შედეგადაც უგულებელყოფს თავისი საქციელის შედეგს, შეპყრობილია დროის მოგების სურვილით და «სასწაულის მოლოდინით», ეხერხება მისთვის ხელსაყრელი სიტუაციების უეცრად მოფიქრება მოსალოდნელი შედეგების გათვალისწინების გარეშე, რომლის დროსაც, ერთი ხვრელის ამოქოლვის შემდეგ, მეორე აღებს პირს; შეუძლია «ამბების» საკუთარი სურვილისამებრ გადასხვაფერება ან გაყალბება; უმტკივნეულოდ ივიწყებს უსიამოვნო ამბებს, არ აწუხებს საკუთარი დანაშაულის გრძნობა; და ბოლოს, თავს არიდებს ისეთ უხერხულ აუცილებლობას, როგორიცაა რაიმეზე უარისთქმა, ლოდინი, საკუთარი საქციელის გამართლება. ასეთ ადამიანებზე ზედგამოჭრილია ნიცშეს სიტყვები: «ეს მე ჩავიდინე» – მეუბნება ჩემი მახსოვრობა; «არ შეიძლებოდა, ეს მე ჩამედინა» – მეუბნება ჩემი სიამაყე და ურყევად დგას თავის აზრზე. ბოლოს დათმობაზე ისევ მახსოვრობა მიდის». ასევე თავისუფლად უყურებს ისტერიული ადამიანი სხვა რეალობებსა და დროს. პუნქტუალობა, დროის დაგეგმვა და განაწილება მას პედანტურ და წვრილმან საქმედ მიაჩნია, რასაც, არცთუ იშვიათად, რა თქმა უნდა, თავის სასარგებლოდ იყენებს.    ახლა კი შევეხოთ თუნდაც ბიოლოგიურ რეალობას, ჩვენს დამოკიდებულ მდგომარეობას სექსუალურ მონაცემებზე, მომწიფების პროცესებსა და სიბერეზე. ისტერიული ადამიანი ამას ვერ აცნობიერებს. ის, რაც შეიძლება, დიდხანს დარჩებოდა უდარდელ ბავშვად ან, თუნდაც, უზრუნველ ყმაწვილად, რადგან საზოგადოება მათ ბევრ რამეს პატიობს და დიდ პასუხისმგებლობასაც არ აკისრებს. ისტერიული ადამიანისთვის პასუხისმგებლობაც უსიამოვნო ცნებაა, რადგან იგი კაუზალობის კანონს უკავშირდება და მას არასასურველ შედეგებს შეახსენებს. რაც შეეხება სიბერეს, ისტერიული ადამიანის აზრით, გარკვეული საშუალებებით მისი შეჩერება შესაძლებელია. «ადამიანი იმდენი ხნისაა, რამდენადაც ამას თავად შეიგრძნობს». ისტერიული პიროვნება არასოდეს ამხელს ასაკს; ცდილობს, ყველა საშუალებას მიმართოს, ოღონდაც მოხუცის შთაბეჭდილებას არ ახდენდეს. ასეთ ადამიანს შეუძლია მუდმივად შეინარჩუნოს ახალგაზრდულად ყოფნის ილუზია. ამისათვის იგი ახალგაზრდულად იცვამს, იყენებს კოსმეტიკურ საშუალებებს და კოსმეტიკური ქირურგიის დიდ შესაძლებლობებს, რაც მას ილუზიებს უნარჩუნებს; იგი, შეძლებისდაგვარად, გაურბის დარდს, მღელვარებას და აცხადებს, რომ ასეთ განცდებს ვერ გაუძლებს; მაგრამ, თუ მაინც აღმოჩნდება ასეთი რეალობის წინაშე, ყოველთვის შეუძლია მოიმიზეზოს ავადმყოფობა და უსიამოვნო განცდებს ასე დააღწიოს თავი.    ისტერიულ პიროვნებას იგივე დამოკიდებულება აქვს ეთიკასთან და მორალთან. რა დაემართებოდა ადამიანს, ყველა წესსა და კანონს რომ იცავდეს? ნეტავ, ვინმე მართლა თუ იქცევა ასე? ან კი შეუძლია ვინმეს თქვას, რა არის «სიკეთე» და «ბოროტება»? ბოლოს და ბოლოს, ეს ყველაფერი ხომ პირობითია და იმაზეა დამოკიდებული, რა თვალსაზრისით აფასებს მას ადამიანი? აქედან გამომდინარე, ისტერიული ადამიანისათვის სამყარო სასიამოვნო და მოქნილია, დაშვებული შეცდომების გამართლება ყოველთვის შესაძლებელია; მთავარი მაინც ის არის, რომ არავინ იცის, რა ხდება ან რა ხდებოდა ადამიანში. საბედნიეროდ, აზრების გამოხატვის თავისუფლება უსაზღვროა, – თუ ვინმე საკმაოდ დამაჯერებლად ასაბუთებს, რომ ყველაფერი ნამდვილად ისეა, როგორც თავად წარმოუდგენია, ვის შეუძლია მას საპირისპირო უმტკიცოს?    ისტერიულ პიროვნებაზე ლოგიკაც დამთრგუნველად მოქმედებს, მაგრამ შეუძლია მასაც თავი აარიდოს. მისი ლოგიკა სხვებისაგან განსხვავებულია, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ იგი ნაკლებად ლოგიკურია. როდესაც ისტერიული პიროვნება ნახტომისებურად და არალოგიკურად აზროვნებს, და მეორე ადამიანს მისი არ ესმის, ეს ამ ადამიანის პრობლემაა. მერედა, რა უსაზღვრო შესაძლებლობებს გვთავაზობს ენა, როდესაც ისტერიული პიროვნება მისი მეშვეობით ათასგვარ საქმეს მოიმოქმედებს და უამრავ ადამიანს დაამარცხებს! ასე ავითარებენ ისტერიული ადამიანები ფსევდოლოგიკას, რომელსაც ხანდახან შეგნებულად თუ შეუგნებლად მივყავართ აბსურდამდე, როცა ადამიანის გაგება საერთოდ შეუძლებელი ხდება.    ისტერიული ადამიანები ვერ შეიგრძნობენ საკუთრივ შიშს, კერძოდ კი, შიშს აუცილებლობისა და სასრულობის წინაშე. მაგრამ ამ დროს მათ ეშინიათ მოედნებზე და ქუჩაში გადაადგილებისა (აგორაფობია), დახურული სივრცისა (ლიფტი, მატარებლის კუპე და ა.შ. – კლაუსტროფობია), ასევე ცხოველებისა. ამ შემთხვევაში ხდება კონკრეტული შიშის უფრო მეორეხარისხოვან და უწყინარ შიშზე გადატანა, უპირველეს ყოვლისა კი, იმაზე, რისი თავიდან აცილებაც შესაძლებელია. თუ ადამიანს ლიფტში ჩაჯდომა ან ხიდზე გავლა ეშინია, შეუძლია, ლიფტი არ გამოიყენოს, ხიდზე არ გაიაროს და ამით შიში თავიდან აიცილოს. ეს კი კონკრეტული შიშია, რომელიც ადამიანმა შეიძლება თავისუფლების შეზღუდვისას ან ორჭოფულ სიტუაციაში იმის გამო იგრძნოს, რომ მას რაიმეზე უარისთქმა არ სურს ან ამას ვერ ბედავს. შინაგანი კონფლიქტის გადატანა ამ დროს შიშის გამომწვევ გარეგნულ ობიექტებზე ხდება, რომლებიც კონფლიქტს იმით «გადაჭრიან», რომ ადამიანი ამ შიშის გამო ცდუნებას აღარ მიეცემა. იგი ფიქრობს: თუ ქუჩაში შიშის გამო ვეღარ გავდივარ, ვერც ვერაფერი მაცდუნებს; რა თქმა უნდა, შიშისთვის თავის ამგვარად არიდება პრობლემის გადაჭრას არ ნიშნავს და არც შიშისგან ადამიანის დაცვის საშუალებას წარმოადგენს, რადგან ადამიანს მაინც უხდება შიშთან დაპირისპირება და მასთან იძულებითი ურთიერთობა. მაგრამ, როდესაც ისტერიული ადამიანი თავს კუთხეში მიმწყვდეულივით გრძნობს და მდგომარეობიდან გამოსავალს ვეღარ ხედავს, პანიკაში ვარდება და «გაქცევას» ცდილობს, რითაც სიტუაციის საღად შეფასებას შეუძლებელს ხდის. ახლა გვინდა წარმოვიდგინოთ, ნელ-ნელა როგორ იყრის ერთად თავს ისტერიული ადამიანის გადაცდომები და როგორ მიდის იგი სულ უფრო გამოუვალ მდგომარეობამდე.    რა უნდა მოიმოქმედოს ადამიანმა, რომ ვალდებულებებსა და რაღაცის უცილობლობას წარმატებით დააღწიოს თავი? ამ შემთხვევაში, ალბათ, ყველაზე მართებული იქნებოდა, თუ იგი ყოველთვის მხოლოდ წუთიერი ცხოვრებით იცხოვრებდა, თითქოს ადრე არც არსებობდა და მის წარსულს არავითარი შედეგები მოჰყოლია. თუ გუშინ რაღაც შეცდომა დავუშვი ან სისულელე ჩავიდინე და ამაში «გამომიჭირეს», ჩემთვის არავითარი «გუშინ» არ არსებობს და ცხოვრება მხოლოდ დღეიდან იწყება. როდესაც ისტერიული ადამიანები დროსთან და კაუზალობასთან კავშირს წყვეტენ, საოცრად მოქნილები ხდებიან, თითქოს წარსულის გარეშე ცხოვრობენ და უზარმაზარ ტვირთს იხსნიან ზურგიდან; მაგრამ, მეორე მხრივ, მათ ცხოვრებაში აქა-იქ წერტილივით ფრაგმენტულად გაიკიაფებენ უწყვეტი მოვლენები. ისტერიული ადამიანები, ქამელეონის მსგავსად, მიესადაგებიან ნებისმიერ ახალ სიტუაციას, მაგრამ ვერ ახერხებენ იმ უწყვეტი «მეს»-ს განვითარებას, რომელსაც, ჩვეულებრივ, «ხასიათს» ვუწოდებთ; ამის გამო ძნელია ამ ადამიანების ამოცნობა და გაგება. ისინი გამუდმებით რაღაც როლს თამაშობენ, რომელიც გარკვეულ სიტუაციებზე და საჭიროებებზეა გათვლილი; ასეთივე დამოკიდებულება აქვთ ისტერიულ ადამიანებს გარკვეულ პირებთან ისე, რომ ამ როლების თამაშის დროს თავადაც აღარ იციან, ვინ არიან სინამდვილეში. ასე გამოხატავენ ისინი საკუთარ ფსევდოპიროვნულობას, რომელსაც მკაფიო კონტურები და გამორჩეული თვისებები არ გააჩნია.    როდესაც კუთხეში მიმწყვდეულ ისტერიულ ადამიანს შიში იპყრობს, მას შეუძლია, ამ დროს საკუთარი დანაშაული სხვას გადააბრალოს; იგი თავისი თავისთვის სათქმელ საყვედურს რეფლექტორულად სხვა ადამიანს მოარგებს, როგორც ეს ბავშვებს სჩვევიათ ხოლმე, როდესაც ერთი მათგანი ამბობს: «სულელი ხარ!» მეორე კი უპასუხებს:    «სულელის ხმა მესმის!» თუ ისტერიულ პიროვნებას აკრიტიკებენ ან საყვედურს ეუბნებიან, იგი საპასუხო კრიტიკისა და საყვედურისთვის ჯიბეში ხელს არ ჩაიყოფს, თუმცა იმ სიტუაციაში ყველაფერი გარკვეულია და არაფერია საკამათო. თავად ეს ადამიანი ამ დროს განიტვირთება, მაგრამ მის აზრს უკვე მნიშვნელობა ეკარგება. როდესაც ისტერიული პიროვნება დანაშაულის პროეცირებას ვინმეზე საყვედურით ახდენს, ბოლოს თვითონვე იჯერებს, რომ დამნაშავე ის მეორე ადამიანია. რა თქმა უნდა, ამ დროს იგი არაგულწრფელია საკუთარი თავის მიმართ, რამაც შემდგომში, შესაძლოა, მთელ მის ცხოვრებას სიცრუის კვალი დაამჩნიოს. ისტერიულ პიროვნებას მოგვიანებით დაუცველობის ფარული შეგრძნება და გაურკვეველი შიშები უჩნდება; უკიდურესი შეჭირვების შემთხვევაში ის ყოველთვის მოირგებს ხოლმე ისეთ როლს, რომელიც რეალობის უსიამოვნო შედეგებისგან დაიცავს: ეს როლი «ავადმყოფობაში» გამოიხატება, რაც მას, სულ მცირე, დროს მაინც მოაგებინებს. ისტერიული ადამიანი და სიყვარული    ისტერიულ ადამიანს თავად სიყვარული «უყვარს»; ასევე უყვარს ყველაფერი, რაც მას თვითშეფასების შეგრძნებას გაუძლიერებს; მაგალითად, ძლიერი შეგრძნებები, ექსტაზი, ვნებათაღელვა, რასაც იგი ბედნიერების მწვერვალზე აჰყავს. თუკი ობსესიური ადამიანი აპოლონისეული ხასიათით გამოირჩევა, ისტერიული პიროვნება უფრო დიონისესეულ თვისებებს ავლენს. მას იზიდავს ზღვარგადასული გრძნობები და განცდები; მაგრამ ეს მისთვის, დეპრესიული ადამიანის მსგავსად, საკუთარი «მე»-სათვის დაკისრებულ ამოცანას როდი შეადგენს; ისტერიული პიროვნება ამას შეიგრძნობს, როგორც ამ «მე»-ს აღზევებას და აპოთეოზს. თუ დეპრესიული ადამიანი საკუთარი თავის ტრანსცენდენტურში გადაყვანას «მე»-ს საზღვრებს მიღმა არსებული ერთგულების სიმბიოზით ცდილობდა, ისტერიული პიროვნება ისეთი ძლიერი განცდებისაკენ მიისწრაფვის, მას საკუთარ თავზე რომ აამაღლებს. აქედან გამომდინარე, ისტერიული ადამიანი ქმედითი, ვნებიანი და მომთხოვნია და, უპირველეს ყოვლისა, საკუთარი თავის დამკვიდრებაზე ზრუნავს. მას სურს, პარტნიორთან ერთად დატკბეს სიყვარულით და ბედნიერების ნეტარება შეიგრძნოს; ამ თვალსაზრისით, იგი ეროტიკული ატმოსფეროს შექმნის დიდოსტატია. ისტერიული პიროვნება ამ დროს ისეთ საშუალებებს იყენებს, როგორიცაა ფლირტი, თავის მოწონებისა და ცდუნების უამრავი ხერხი, რომლებსაც უზადოდ ფლობს. მას შეუძლია პარტნიორის პატივისცემა დაიმსახუროს, რაც კიდევ უფრო უსვამს ხაზს მის სექსუალობას. ისტერიულ პიროვნებას შთაგონების უზარმაზარი ძალა გააჩნია, რომელიც დიდად მოქმედებს ადამიანზე; ამ დროს განსაკუთრებით დამაჯერებლად იჩენს თავს მისი ხიბლი თუ სხვა ღირსებები, რაც პარტნიორმა აუცილებლად უნდა ირწმუნოს.    უკვე ხსენებული ძლიერი ლტოლვით შეპყრობილი ისტერიული პიროვნება «veni-vidi-vici»-ს პრინციპით მოქმედებს და ციხე-სიმაგრეს სწრაფი იერიშით იღებს, რადგან მისთვის უცხოა «ალყის შემორტყმისა» და დაყოვნებული მოქმედებების ტაქტიკა. მან მშვენივრად იცის საპირისპირო სქესთან მოქცევის წესები და ამიტომ მასთან ურთიერთობა არასდროსაა მოსაწყენი. ისტერიულ პიროვნებას, როგორც ითქვა, პარტნიორზე მეტად თავად სიყვარული «უყვარს» და ცდილობს, რაც შეიძლება, მრავალფეროვანი გახადოს იგი; ცნობისმოყვარეობისა და წრეგადასული სიხალისის გამო, ხშირად აწყობს ზეიმებს, ტრიალებს მოვლენების ეპიცენტრში, გამოირჩევა ტემპერამენტით და უშუალობით. ისტერიულ პიროვნებას შურისძიების სურვილი იპყრობს, თუ ვინმე მის სიყვარულს უარყოფს, მაგრამ იმავდროულად ერთგულებაც შეუძლია; რაკი ასეთი მჩქეფარე ცხოვრება იზიდავს, იგი ვერ იტანს მოწყენილობას და მარტოობას, ერთობ ხალისიანი და სპონტანური პარტნიორია, ეხერხება საკუთარი გრძნობების გამოხატვა და ყოველ წუთს შეიგრძნობს ცხოვრების მშვენიერებას; ერთგულებას, ყოველ შემთხვევაში – საკუთარს მაინც, მნიშვნელობას არ ანიჭებს; უყვარს იდუმალი შეხვედრები, რადგან ამ დროს შეუძლია გამოავლინოს რომანტიკული ფანტაზია. ისტერიულ პიროვნებებს სექსის საკითხებში უფრო რთულად აქვთ საქმე; მათთვის წინასასიყვარულო თამაშები ხშირად სექსუალური სურვილის დაკმაყოფილებაზე უფრო მნიშვნელოვანია. თავიანთი გუნება-განწყობიდან გამომდინარე, მათ ამ დროს შეუძლიათ თქვან: «შეჩერდი, წამო, შენ ისეთი მშვენიერი ხარ!» ეს ადამიანები ამ წამით ტკბობას და მის გახანგრძლივებას ცდილობენ. მათ ასევე უყვართ, როდესაც «თაფლობის თვე» დიდხანს გასტანს ხოლმე, და მძიმედ განიცდიან, თუ ყოველდღიურ ცხოვრებაში სიყვარულის ინტენსიობა იკლებს; როდესაც ისტერიული პიროვნება პარტნიორთან ჯანსაღ სექსუალურ ურთიერთობას ვერ ამყარებს, მას ეს უნარი უქვეითდება და, შესაძლოა, ფრიგიდულობა ან იმპოტენცია განუვითარდეს. ორივე სქესის ისტერიული ადამიანისთვის სექსი ის საშუალებაა, რომლის მეშვეობითაც შეუძლიათ გაიძლიერონ თვითშეფასების გრძნობა და გამოსცადონ პარტნიორისადმი ლტოლვის უნარი. ამ დროს ისინი, ობსესიური ადამიანებივით, არ მიმართავენ იძულებას; მათი მიზანია, ვნებამ პარტნიორს სიამოვნება განაცდევინოს; ქალები «დანებების» ან «უარისთქმის» დროს განსაკუთრებით ბოროტად იყენებენ სექსუალობას შანტაჟის მიზნით. ისტერიულ პიროვნებაში თავს იჩენს ხოლმე პარტნიორისადმი მეტისმეტი მომთხოვნელობა და თვითდამკვიდრების საგრძნობლად დიდი სურვილი. ამ დროს სასიყვარულო ურთიერთობა ისე უნდა წარიმართოს, რომ ისტერიულმა ადამიანმა მისთვის ესოდენ საჭირო თვითდამკვიდრების აუცილებლობა შეიგრძნოს. მას ეს გრძნობა უმთავრესად მაშინ უჩნდება, როდესაც პარტნიორი მისით აღფრთოვანებას გამოხატავს და არ მალავს, რომ იგი მისთვის სექსუალურად სასურველი ადამიანია. ასაკის მომატებასთან ერთად, ბუნებრივია, მდგომარეობა რთულდება; ისტერიულ პიროვნებათა ახალგაზრდული ხიბლი, რომელიც უმთავრესად მის გარეგნობაში წარმოჩინდება, თავის ძალას კარგავს, რის გამოც სიბერისთვის დამახასიათებელი კრიზისი ეწყება.    ისტერიულ პიროვნებას პარტნიორი აუცილებლად სჭირდება, მაგრამ არა იმიტომ, რომ, დეპრესიული ადამიანის მსგავსად, მის გარეშე სიცოცხლე არ შეუძლია, არამედ იმის გამო, რომ პარტნიორი მისთვის სარკეა, რომელშიც საკუთარ თავს სიყვარულის ობიექტად სახავს. ისტერიული პიროვნება მუდმივად საჭიროებს საკუთარი ნარცისიზმისა და ეგოიზმის დადასტურებას; მას გვერდით ისეთი პირმოთნე პარტნიორი ესაჭიროება, რომელიც აღფრთოვანდება მისი მომხიბვლელობითა და სილამაზით და მისი ქებით არ დაიღლება. ამიტომ ისტერიული პიროვნება ცდილობს, პარტნიორად ნარცისისტული ბუნების ადამიანი აირჩიოს, მაგრამ არა იმის გამო, რომ, შიზოიდის მსგავსად, მისი «განსხვავებული» თვისებები აშინებს, არამედ იმ მიზეზით, რომ იგი პარტნიორში საკუთარი თავის მსგავსებას ეძებს, რათა მასში თავისი თავი შეიყვაროს. ამასთან, ორივე სქესის ისტერიული ადამიანი, არცთუ იშვიათად, საკმაოდ უღიმღამო პარტნიორსაც ირჩევს, რათა მის ფონზე საკუთარი ბრწყინვალება მთელი სისავსით წარმოაჩინოს და თან იგრძნოს, რომ პარტნიორი მისით აღფრთოვანებას ვერ მალავს. ეს იმ ფარშევანგის იგავს გვაგონებს, ცოლად დედლის შერთვა რომ გადაწყვიტა. მათ დანახვაზე მმაჩის ბიუროს თანამშრომელი გაკვირვებას გამოხატავს და ფარშევანგს ეკითხება – ასეთ მშვენიერ არსებას რატომ მოგყავთ ცოლად ეს უსახური დედალიო. ფარშევანგი ამაზე ამაყად მიუგებს:    «იმიტომ, რომ მე და ჩემს ცოლს სიგიჟემდე გვიყვარს ჩემი თავი». ურთიერთობები, რომლებიც მუდმივად ერთი ადამიანის მიერ მეორის უპირატესობათა აღიარებას ეფუძნება, ბუნებრივია, კრიზისს არ გამორიცხავს. თუ პარტნიორი აღნიშნული მოთხოვნების დაკმაყოფილებას ვერ ახერხებს, ისტერიული ადამიანი ახლის ძიებას იწყებს და, შესაძლოა, მასთანაც მსგავსი ურთიერთობა განმეორდეს. ამ ტიპს მიეკუთვნებიან მექალთანეები და მეძავები, რომლებიც, თვითდამკვიდრების მიზნით, ადამიანს სასიკვდილოდაც კი გაწირავენ.    ისტერიული პიროვნებისათვის პარტნიორის სიყვარულის მოპოვება თამაშია, რომელიც მან ნებისმიერ ფასად უნდა მოიგოს. რაკი ეს ადამიანები სიყვარულის საკითხში ძალიან მომთხოვნები არიან, ცხოვრებაში ხშირად იმედგაცრუება ელით. როგორც კი ასეთი ადამიანი პარტნიორის სიყვარულს მოიპოვებს, უკვე ჰგონია, რომ მიჯნურის ფინანსები მასაც ეკუთვნის და საზოგადოებაში პარტნიორის წარმატება მის წარმატებასაც ნიშნავს. ეს მისთვის ძალზე მნიშვნელოვანია, რადგან მიაჩნია, რომ პარტნიორი ამით თავის სიყვარულს უდასტურებს, და, რადგან ისტერიულმა პიროვნებამ ამ საკითხში ზომიერება არ იცის, ყველა საშუალებას მიმართავს, რათა თვითდამკვიდრების გრძნობა დაიკმაყოფილოს; საამისოდ კი პარტნიორის იძულებას სხვადასხვა გზით ცდილობს: შესადარებლად მოჰყავს სხვა პარტნიორი, რომელსაც იგი «ნამდვილად» უყვარს და როგორ მოიქცეოდა იგი ამ შემთხვევაში თავისი სიყვარულის დასამტკიცებლად. თუ პარტნიორი ისტერიულ პიროვნებას რაიმეში არ ეთანხმება, ამას საშინელი რეაქცია მოჰყვება ხოლმე; იგი აწყობს სცენებს და საყვედურობს პარტნიორს იმის გამო, რომ მას ასეთ «მათხოვრულ წინადადებას» სთავაზობს. ისტერიულ ადამიანში ამ დროს ხშირად თავს იჩენს სიყვარულისა და ანგარიშიანობის ნარევი გრძნობა, ასე რომ პარტნიორმა არასოდეს იცის, როგორ უნდა მოიქცეს მასთან. როდესაც ისტერიული ადამიანი სიყვარულთან ან ქორწინებასთან დაკავშირებით ილუზიებს იქმნის, ყოველთვის ისევ და ისევ იმედგაცრუებული რჩება; იგი ვერ გრძნობს რეალურ ვითარებას და კვლავ «დიდი სიყვარულის» ძებნას განაგრძობს; ამიტომ ისტერიული ადამიანები ხშირად შორდებიან პარტნიორებს და ახალ ურთიერთობებს იწყებენ. მაგრამ იმის გამო, რომ ახალმა პარტნიორმა ისტერიულ პიროვნებას ძველი იმედგაცრუება უნდა დაავიწყოს, ეს უკანასკნელი მას დიდ მოთხოვნებს უყენებს, რაც ამ ურთიერთობას ჩანასახშივე საეჭვოს ხდის. მოპირდაპირე სქესთან დაკავშირებულ პირველ შთაბეჭდილებებს ყოველთვის ჩვენს მშობლებთან და და-ძმებთან ვაკავშირებთ. მშობლების ურთიერთობა ერთმანეთთან თუ გარესამყაროსთან, ჩვენი და-ძმების ქცევებისგან მიღებული გამოცდილება გვიქმნის პარტნიორთან, სიყვარულთან და სექსუალობასთან დაკავშირებულ მოლოდინებს.    ბედნიერება იქნებოდა, თუ ჩვენი მშობლები ისე გვეყვარებოდა, რომ მათ არ გავაიდეალებდით, ან თუნდაც შევიბრალებდით და შევიძულებდით კიდეც; რომ შეგვძლებოდა მათი აზრების, დარდის, ზრუნვისა და სიხარულის გაზიარება, მათი თანადგომა და გაგება, უფრო მეტი შესაძლებლობა გვექნებოდა, შესაფერისი პარტნიორი გვეპოვა და, იმავდროულად, ჩვენი საკუთარი პარტნიორობის რეალური სახე წარმოგვედგინა. მშობლები ხშირად ფიქრობენ, რომ შვილს საკუთარი უპირატესობა და შეუმცდარობა უნდა დაუმტკიცონ და მის წინაშე იდეალური წყვილის როლი გაითამაშონ, მაშინ როდესაც ამის მიღმა სულ სხვა ურთიერთობები იმალება. ასეთი იდეალური ცოლქმრობის შემხედვარე ბავშვი ფიქრობს, რომ თავადაც შეძლებს მომავალში ასე ცხოვრებას. მშობლები, რომლებიც ბავშვს სექსუალური საკითხებისადმი ნორმალურად ვერ განაწყობენ, ამით იმედგაცრუებასა და შიშს იწვევენ მასში და ნეგატიურად მოქმედებენ მომავალ პარტნიორულ ურთიერთობებზე. ისტერიული პიროვნებების სასიყვარულო ცხოვრებას ისიც ართულებს, რომ მოპირდაპირე სქესთან ურთიერთობის დროს ისინი კვლავ განაგრძობენ საკუთარი თავის იდენტიფიკაციას სხვა ადამიანებთან და ძნელად გამოდიან ამ მდგომარეობიდან. ისტერიის ნიშნები ბავშვობის პერიოდის ბოლო ფაზაში, დაახლოებით 4-დან 6 წლამდე გამოვლინდება, როდესაც ბავშვი, როგორც ამას მოგვიანებით დავინახავთ, მის თვალწინ არსებულ სურათ-ხატებთან ახდენს საკუთარ იდენტიფიკაციას. ეს თავდაპირველი შთაბეჭდილებები მოგვიანებით ქმნიან წინასწარ განწყობას როგორც საკუთარი, ასევე მოპირდაპირე სქესის მიმართ. შემდგომ ამისა, ორი პრინციპული შესაძლებლობა არსებობს: ერთ შემთხვევაში, ის განწყობა, რომელსაც ადამიანი ბავშვობაში დედ-მამის ან და-ძმის განდიდებითა და გაიდეალებით გამოხატავდა, მას ახლა პარტნიორზე გადააქვს და იგი «საოცნებო მამაკაცის» ან «საოცნებო ქალის» სახით წარმოუდგება. მეორე შემთხვევაში კი, ის ძველი იმედგაცრუება, შიში თუ სიძულვილი, რომელიც ადამიანმა ბავშვობისდროინდელ ურთიერთობაში განიცადა და ვერ გადაამუშავა, მას ახლა, ნეგატიური გამოცდილების სახით, პარტნიორზე გადააქვს; ამის გამო, ადამიანის შემდგომ ურთიერთობებს პარტნიორთან წინასწარ განსაზღვრავს ცრურწმენა და მოლოდინი იმისა, რომ კაცები და ქალები ისეთივენი არიან, როგორებიც მისთვის თავდაპირველად იყვნენ. შემდგომში ისტერიული პიროვნება მამის ან დედის სურათ-ხატის პროეცირებას ახდენს პარტნიორზე, მაგრამ, თუ მასზე ეს პროექცია ისევე მოახდინა, როგორც ამას ძველ სურათ-ხატებზე ახდენდა, ეს ვერ დააკმაყოფილებს ვერც პარტნიორს და ვერც თვით მას, რადგან იგი ძალიან ღრმად არის შეჭრილი იმ ძველი დროის «ვაჟიშვილის» ან «ქალიშვილის» როლში.    ვაჟიშვილი, რომელსაც დედამ იმედები გაუცრუა, შესაძლოა, ქალების მიმართ სიძულვილმა შეიპყროს და, ამ იმედგაცრუების გამო, შური პარტნიორებზე იძიოს; იგი მათ დონ-ჟუანივით აცდუნებს, მერე კი მიატოვებს და ამით დედის ჯავრს მათზე იყრის. მამით იმედგაცრუებული ქალიშვილი ქმარზე შურისძიებას თავისებურად ცდილობს: შესაძლოა, კაცების სიძულვილით ისეთ არაჯეროვან ემანსიპირებულ ქალად ჩამოყალიბდეს, რომელიც სქესთა თანასწორუფლებიანობისთვის იმის გამო კი არ იბრძვის, რომ ამას სამართლიანობისა და საკუთარი ღირსების გრძნობა კარნახობს, არამედ სურს საქმე ისე შეატრიალოს, რომ თანასწორუფლებიანობის მოთხოვნის საფარქვეშ ქალების ბატონობას გაუსვას ხაზი. ხდება ხოლმე, რომ ქალი, მამის ჯიბრზე, თავს იმცირებს მამაკაცებთან («შენ თუ არ გიყვარვარ, ესე იგი არაფრად ვღირვარ და შემიძლია, ღირსებაშელახულმა ვიარო», – ასეთია ზოგიერთი მეძავის ფსიქოდინამიკური ფონი). ზოგჯერ კი ქალი იმ კირკედ გადაიქცევა, რომელსაც კაცები მხოლოდ სექსისთვის სჭირდებოდა, მერე კი მათ ღორებად გადააქცევდა ხოლმე, როგორც ეს «ოდისეაშია» მოთხრობილი. იგი მათ ატყვევებს, ამცირებს და სექსუალურად იმორჩილებს. ამ ტიპის ქალთან ახლოს დგანან ის პარტნიორები, რომლებიც მამაკაცებს მეტისმეტად დიდ ფიზიკურ, სულიერ და მატერიალურ მოთხოვნებს უყენებენ, აუძლურებენ, «ასაჭურისებენ» და ღირსებას უკარგავენ. ასეთ დემონურ ქალებს ვხვდებით სტრინდბერგის რომანებსა და პიესებში. მოპირდაპირე სქესით გამოწვეულმა იმედგაცრუებამ ან შიშმა, შესაძლოა, ორივე სქესის ადამიანები, ბოლოს და ბოლოს, თანასწორუფლებიანობამდე მიიყვანოს. ასევე ყოველთვის შეიძლება, რომ მამის ან დედის როლი ძმამ ან დამ შეასრულოს.    მოპირდაპირე სქესის პიროვნებებთან ადამიანების პირველი ურთიერთობა ის საყოველთაო ფენომენია, რომელზეც ფრანგები ამბობენ, რომ ისინი «On revient toujours a ses premiers amours».    შემდეგი მაგალითი დაგვანახებს, როგორ არიან დამოკიდებული ისტერიული ადამიანები ადრინდელ პიროვნულ ურთიერთობებზე, თავიანთ «ოჯახურ რომანებზე», როდესაც ხშირად «სამკუთხედის ურთიერთობას» ქმნიან. ამ დროს ისინი ქვეცნობიერად კვლავ იმ ადგილას ამოყოფენ ხოლმე თავს, რა ადგილიც მშობლებთან ურთიერთობისას ეკავათ, და რასაც ამ წრის დედისერთა შვილებთან ვხვდებით.    ისტერიული პიროვნებები, თითქოს თავისდაუნებურად, განგების ნებით, აღმოჩნდებიან ხოლმე «სამკუთხედის ურთიერთობაში». ისინი ამას ხშირად ბედისწერის ძალას მიაწერენ და ამით ხსნიან იმ ფაქტს, რომ ქალი ან მამაკაცი, რომელიც მათ მოეწონებათ, ყოველთვის უკვე დაკავებულია; სინამდვილეში ისინი უკვე დაკავებულ პარტნიორებს ეძებენ და წინასწარ იციან, რომ ისინი თავისუფლები არ არიან. ამით ისტერიული ადამიანები იმეორებენ იმ ძველ ურთიერთობას, როდესაც ისინი დედის ან მამის მიმართ მეტოქის როლს თამაშობდნენ. მათში ღრმად არის გამჯდარი აზრი, რომ აუცილებლად უნდა ჩაერიონ პარტნიორთა ურთიერთობაში, ერთ-ერთი მათგანი თავისთვის უნდა დაისაკუთრონ, თავისივე სქესის პარტნიორს მეტოქეობა გაუწიონ და დაამარცხონ კიდეც. თუმცა ისტერიული პიროვნება თავისუფალ პარტნიორსაც გაურბის, რადგან იცის, რომ ამ დროს საქმე უფრო სერიოზულ ურთიერთობას ეხება. ამ ადამიანების საქციელი რომ ავხსნათ, მათი ცხოვრების ისტორიას უნდა ვიცნობდეთ; ისინი სხვებზე შემდგომ მხოლოდ იმ ცოდვებს გადაიტანენ, რომლებიც მათ მიმართ იქნა ჩადენილი. ისტერიულ ადამიანებს საკუთარ ოჯახში არ ჰქონდათ შესაძლებლობა, თავიანთი ქალური ან მამაკაცური ბუნება ჯანსაღი საშუალებებით განევითარებინათ; ისინი ამ საკითხში ან მთლიანად ოჯახურ გარემოზე იყვნენ დამოკიდებული, ან ვერ ახერხებდნენ გარკვეული სურათხატების შექმნას, რომლებიც საჭირო იყო მათი შემდგომი სქესობრივი როლის შესასრულებლად. ისიც შესაძლებელია, რომ მათთან ამ როლის შესრულებაზე საერთოდ არ ყოფილა ლაპარაკი; სქესობრივმა ინსტინქტმა მათში არასწორი მიმართულება მიიღო, ანდა მამრისა და მდედრის ბუნება მათ მანამდე გაითავისეს, ვიდრე საკუთარი თავის იდენტიფიკაციას მოახდენდნენ. ამრიგად, ამ ადამიანებმა ვერ მოახერხეს საკუთარი თავის შეფასება და სექსუალური როლისთვის შინაგანად მომწიფება, რათა მათში «მამაკაცი» ან «ქალი» განვითარებულიყო. ისტერიული ადამიანის მთავარ პრობლემად უნდა განვიხილოთ მისი ილუზორული წარმოდგენები ცხოვრებაზე, სიყვარულზე, ქორწინებასა და მოპირდაპირე სქესზე. მას ვერ უყალიბდება ჯანსაღი დამოკიდებულება იმ მზაობის მიმართ, რომელიც პარტნიორის მიმართ უნდა გამოიჩინოს. მერე კი სწორედ ეს ხდება მისი ახალ-ახალი იმედგაცრუებების მიზეზი. ისტერიულმა ადამიანმა უნდა გააცნობიეროს, რომ, პირველ რიგში, იგი ილუზორული განწყობისგან უნდა გათავისუფლდეს და მუდმივად ჰქონდეს ჯანსაღი ურთიერთობა ადამიანებთან ისე, რომ ამ დროს საკუთარ გამორჩენაზე არ ფიქრობდეს, რადგან სწორედ ეს წარმოადგენს მის პრობლემას. ისტერიული ადამიანის ეს თვისება პარტნიორის შერჩევისას იმაში ვლინდება, რომ მისთვის ისეთი მატერიალური ფასეულობები და პრესტიჟთან დაკავშირებული საკითხები, როგორიცაა პარტნიორის თანამდებობა, წოდება, ქონება, ასევე გარეგნობა უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე მისი ხასიათი, თვისებები. ისტერიული პიროვნებები ამ საკითხშიც ბავშვებად რჩებიან; მათ ადვილად აღაფრთოვანებთ პარტნიორის გარეგნული მხარეები და ფიქრობენ, რომ ეს საკმარისია ბედნიერი და საამური ცხოვრების მოსაწყობად; მერე კი საკუთარ იმედგაცრუებებში პარტნიორს ადანაშაულებენ. ისტერიულ ადამიანს არასრულფასოვნების შიში, შესაძლოა, თვითდამკვიდრების მანიად გადაექცეს, რომელიც, ნებისმიერი მანიის მსგავსად, ვერასოდეს დაკმაყოფილდება, რადგან იგი «გარეთ» ეძებს იმას, რისი რეალიზაციაც საკუთარ თავში უნდა მოეხდინა: ეს არის ჭეშმარიტი სიყვარულის უნარი, რომელიც თვითშეფასების ჭეშმარიტ გრძნობას ბადებს.    ბუნებრივია, პარტნიორობის დროს განსაკუთრებით პრობლემურია ვითარება, როდესაც ადამიანი საკუთარ ნაკლოვანებათა პროეცირებას სხვაზე ახდენს. ამ საკითხმა, შესაძლოა, დიდი კამათი, დავა გამოიწვიოს იმის თაობაზე, თუ ვინ არის «დამნაშავე»; ამას, როგორც წესი, თან ახლავს ბრალდებები და ტენდენციური, დამახინჯებული ფაქტების «ლოგიკა», რომელსაც მოჰყვება ცილისწამება და ინტრიგა. განსაკუთრებით რთულია ამ დროს ურთიერთობა ისტერიულ და ობსესიურ ადამიანებს შორის, რადგან ისინი სრულიად საპირისპირო ტიპებს წარმოადგენენ. ობსესიური პარტნიორი ცდილობს, რაც შეიძლება, თავშეკავებულად და თანმიმდევრულად დაიცვას საკუთარი პოზიცია, რომელზეც შეუძლია დამაჯერებლად იკამათოს და თავისი სიმართლე დაამტკიცოს. ისტერიული ადამიანი კი მისთვის ჩვეული, გაუგებარი «ლოგიკით» და «ნახტომისებრი» აზროვნებით, რომელსაც შულც-ჰენკე ჭადრაკის დაფაზე მხედრის გადაადგილებას ადარებს, ცდილობს ამ სიტუაციას გაექცეს. იგი აშკარად გრძნობს მეორე ადამიანის განწყობას, რომელიც უშედეგოდ ცდილობს, მიუთითოს იმ გამოუსწორებელ შეცდომაზე, რასაც ისტერიული ადამიანი მთელი თავისი ძალებით ეწინააღმდეგება. თუ პარტნიორი უფრო მოქნილია, იგი ისტერიულ პიროვნებას უკან დასახევ გზას უტოვებს, რის გამოც საქმე ბევრად უკეთ წარიმართება; კუთხეში მიმწყვდევის ნაცვლად, ობსესიური ადამიანი ამ დროს უნდა შეეცადოს, სიტუაციას პარტნიორის თვალით შეხედოს და იგი მისი განცდებიდან გამომდინარე შეაფასოს.    ისტერიული პიროვნება ინსტინქტურად არიდებს თავს შიზოიდურ პარტნიორებს, რადგან ისინი იოლად ამოიცნობენ მის ბუნებას და არავითარი სურვილი არა აქვთ, მისი პიროვნებით «აღფრთოვანდნენ» და «გუნდრუკი უკმიონ» მას. სამაგიეროდ, ისტერიული ადამიანები სიამოვნებით ირჩევენ პარტნიორებად დეპრესიულ პიროვნებებს, რომლებიც მზად არიან, მათ თავიანთი «აღფრთოვანება» დაუდასტურონ, და სხვა, უფრო მეტი მოთხოვნებიც დაუკმაყოფილონ; მაგრამ ასეთი ურთიერთობა, ჩვეულებრივ, დიდხანს მხოლოდ დეპრესიული პარტნიორის მოთმინების ხარჯზე თუ გასტანს ხოლმე. ისტერიულ პარტნიორებს შორის ურთიერთობები მხოლოდ მაშინ შეიძლება იყოს ნორმალური, თუ მათში ისტერიული თვისებები ძალიან მკვეთრად არ იჩენს თავს. წინააღმდეგ შემთხვევაში, მეტოქეობისა და ურთიერთშეჯიბრების სურვილი მათ შორის აუცილებლად საჯილდაო ქვად გადაიქცევა.    მხატვრული ლიტერატურა მდიდარია შესანიშნავად აღწერილი ისტერიული ქალებით. ასეთია, მაგალითად, მოემის «ლუიზე», სკარლეტი მარგარეტ მიჩელის რომანში «ქარწაღებულნი»; პუშკინის თუ ფონტანეს წერილებშიც უმთავრესად ისტერიული პარტნიორი ქალების რთული ხასიათია აღწერილი. აქვე შეიძლება გავიხსენოთ ზღაპარი «ოქროს თევზი და მებადური». ისტერიული ადამიანი და აგრესია    აგრესიის სპეციფიკური ფორმა, რომელსაც ბავშვი 4-დან 6-წლამდე დამატებით შეიძენს, არის «მეტოქეობა» და «კონკურენცია». ამასთან, როგორც ეს ნებისმიერი სიახლის დანერგვის დროს ხდება, აქაც შენარჩუნებულია ადრე არსებული აგრესიის ფორმები. ამ შემთხვევაში, «ბრძოლისა» და «მოპოვების» მთავარ აგრესიულ ფორმებთან ერთად, სქესობრივად სპეციფიკურ ვითარებასთან გვაქვს საქმე. აგრესიის ამ ფორმით ადამიანი ცდილობს, დაამტკიცოს საკუთარი ღირებულება და ებრძვის ყველაფერს, რაც ამ უკანასკნელს საფრთხეს შეუქმნის. ამ დროს აგრესია უპირატესად ვლინდება მეტოქესთან ბრძოლის სურვილში და საკუთარი პატივმოყვარეობის დაკმაყოფილებას ემსახურება. ზემოაღწერილი ობსესიური პიროვნებისგან განსხვავებით, ისტერიული ადამიანი აგრესიას ხშირად მოხერხებულად, სპონტანურად, ანგარიშმიუცემლად, დაუფიქრებლად გამოავლენს; სამაგიეროდ, ასეთი აგრესია ხანმოკლეა და შურისძიების ხასიათს ატარებს. იგი იმპულსური გამოვლინების სხვადასხვა ხარისხით, თვითნებური და ნაკლებად ობიექტურია.    რაც უფრო ძლიერია ადამიანში ისტერიული თვისებები, მით მეტად მიმართავს იგი აგრესიას პატივმოყვარეობის დასაკმაყოფილებლად; ამ დროს ვხვდებით აგრესიის შერეულ ფორმებს, თვითგანდიდებით დაწყებული და თაღლითობის უკიდურესი ფორმებით დამთავრებული. აღნიშნული აგრესია განსაკუთრებით ძლიერად ვლინდება, თუ საქმე ადამიანის ნარცისისტული ბუნების შეურაცხყოფას ეხება. ამ დროს ადამიანი შეპყრობილია პატივმოყვარეობის დაუცხრომელი სურვილით; იგი ცდილობს, საკუთარი თავი წინა პლანზე წამოსწიოს და «პირველი მევიოლინის» როლში მოგვევლინოს. მისთვის ორივე სქესის ნებისმიერი ადამიანი პოტენციური მეტოქეა, რომელსაც იგი სიამოვნებით გაუსწორდებოდა საკუთარი დიდების მოსაპოვებლად. ისტერიულ ადამიანებთან ხშირად ვხვდებით ე.წ. «იმპონირების» ფორმას, როდესაც მათ სხვებზე შთაბეჭდილების მოხდენა სურთ. ეს სურვილი, შესაძლოა, მით უფრო ძლიერი იყოს, რაც უფრო ნაკლებად თავდაჯერებულია ადამიანი, და რაც უფრო დიდია განსხვავება წარმოსახვასა და რეალობას შორის. თვითკრიტიკისა და თვითკონტროლის ნაკლებობის გამო, აგრესიას ამ შემთხვევაში მეტისმეტად იმპულსური ხასიათი აქვს და მას ადამიანი საკმაოდ გაზვიადებულად გამოხატავს, რაც საერთოდ სჩვევიათ ხოლმე აგრესიულ პიროვნებებს. პარტნიორის წინააღმდეგ აგრესიის დროს ასევე თავს იჩენს განზოგადების ტენდენცია; მაგალითად, «ყველა კაცი ჩვარია», «ყველა ქალი სულელია» და ა.შ.    ისტერიული აგრესია ხშირად ბობოქარ ქარიშხალს მოგვაგონებს; მაგრამ, თუ შიზოიდური პიროვნება ამგვარ აგრესიას იმ დროს გამოხატავს, როდესაც მას ეგზისტენციალური საფრთხე ემუქრება, ისტერიული ადამიანი მას სიტუაციის დრამატიზებისა და სხვებზე შთაბეჭდილების მოსახდენად იყენებს. იგი ძალიან კმაყოფილია, როდესაც თავისი აგრესიით ადამიანებს შიშის ზარს სცემს, რადგან ფიქრობს, რომ ამით უფრო მეტ წარმატებას მიაღწევს, ვიდრე წინასწარ დაგეგმილი სტრატეგიით. ისტერიული ადამიანისთვის თავდასხმა თავდაცვის საუკეთესო საშუალებაა; შემდგომ კი ისტერიულ აგრესიას შეიძლება «არალოგიკურიც» ვუწოდოთ. ამის მაგალითია შემდეგი შემთხვევა:    ცოლი საშინელი აფექტის მდგომარეობაში ჩავარდა, როდესაც ქმარმა მას ოჯახის მიმართ არხეინი დამოკიდებულების გამო მშვიდად და სამართლიანად უსაყვედურა. ქალი საერთოდ არ დაინტერესებულა ქმრის კონკრეტული შენიშვნით და იგი, თავის მხრივ, საყვედურებით აავსო, რასაც საქმის ვითარებასთან არაფერი ჰქონდა საერთო; ქალმა ამით საქმე თავის სასარგებლოდ «შემოატრიალა» და რეალობიდან გაქცევით უშველა თავს. საბოლოო ჯამში, შესაძლოა, ისტერიული ადამიანის ამგვარი ქცევა მისი თვითშეფასების მყიფე და ლაბილური გრძნობით იყოს გამოწვეული, რის გამოც იგი, სრულიად უვნებელი კრიტიკისა და მცირე შემოტევების დროსაც კი, თავს შეურაცხყოფილად გრძნობს. რაკი საკუთარ თავთან მის იდენტურობას ძალიან სუსტი საფუძველი გააჩნია, ამიტომ მისი შერყევა ადვილად შეიძლება. ისტერიულ ადამიანში, შესაძლოა, თავმოყვარეობის სულ მცირე შელახვამაც კი ძლიერი სიძულვილი გამოიწვიოს, რომელშიც აშკარად შეიგრძნობა შიში იმის წინაშე, რომ იგი «სიყვარულის ღირსი არ არის». ისტერიული აგრესიის განსაკუთრებული ფორმაა «ინტრიგა». ოჯახური წარმოშობის «გადმონაშთი» აქაც შეიძლება დავინახოთ; ადამიანი ამ დროს ქვეცნობიერად კვლავ იმეორებს იმ სიტუაციას, როდესაც იგი მშობლებსა და სავარაუდო და-ძმას შორის იდგა, მათ შორის ურთიერთობებს აგვარებდა და აქეთ-იქით აწყდებოდა, რადგან მას ერთი მშობელი მეორის წინააღმდეგ განაწყობდა ან და-ძმას ერთმანეთს უპირისპირებდა. ამ დროს იგი ოჯახური პრობლემების მოგვარების ობიექტი ხდებოდა და მის ზურგზე გადადიოდა ცოლქმრული კონფლიქტების მთელი სიმძიმე. ასე იქმნება ინტრიგების, ერთმანეთის ლანძღვაგინების, ცილისწამებისა და აშკარა შურისძიების მთელი ქსელი; და თუ ამ ყველაფერს სქესობრივი ნიშნით აღბეჭდილი სიძულვილიც ემატება, მაშინ, შესაძლოა, შურისძიებამ უკიდურესი ფორმები მიიღოს. ისტერიული აგრესიის დროს ადამიანი სულ უფრო მეტად იჩენს მიდრეკილებას «სცენებისადმი», რომლებშიც იგი ძირითადად «მაყურებელზე» გათვლილ, სამსახიობო ნიჭს ავლენს; ისტერიული აგრესიის გამოსახატავად ხშირად გამოიყენება დაუფარავი აღშფოთება, პათეტიკური ჟესტები და დაუცხრომელი ბრალდებები, თუმცა ისტერიული პიროვნება, როგორც კი დაინახავს, რომ მაყურებელი აღარ ჰყავს, აგრესიის გამოხატვის ამ საშუალებებს აღარ მიმართავს.    მოვიყვანთ იმის მაგალითს, თუ როგორ შეიძლება სძულდეს მამაკაცები ქალს, რომელიც აშკარად გამოხატული ისტერიული ნიშნებით გამოირჩევა და შურისძიების გრძნობითაც არის შეპყრობილი.    ქმარი იძულებული იყო, ცოლის მოთხოვნა შეესრულებინა და სიგარა ზამთარშიც აივანზე მოეწია, რადგან ქალს სუსტი ჯანმრთელობა ჰქონდა, ნერვებს ვერ თოკავდა და სიგარის კვამლს ვერ იტანდა. იგი ქმარს შვილების თანდასწრებით დასცინოდა და მას «პრიმიტივს» ეძახდა, როდესაც კაცი ტელევიზორში ფეხბურთის თამაშს უყურებდა; მოკლედ, ქალი აგდებულ დამოკიდებულებას გამოხატავდა ქმრის ნებისმიერი საქციელის მიმართ, რადგან თავად მის ინტერესებს არ იზიარებდა და მას აშკარად ყველაფერში ჩამორჩებოდა. ქმარი ცოლზე განათლებული იყო და ის წიგნები, რომლებსაც იგი ქალს წასაკითხად ურჩევდა, ამ უკანასკნელს მოსაწყენად ეჩვენებოდა, რადგან მათი შინაარსი არ ესმოდა და არც ცდილობდა გაგებას. ქმრის სექსუალურ სურვილებს ქალი უსამართლო მოთხოვნებად მიიჩნევდა და, რაღაც მიზეზებით, მათ შესრულებას თავს არიდებდა. ამრიგად, ქმარი მის თვალში მხოლოდ უარყოფით შეფასებას იმსახურებდა; ამით იგი ქვეცნობიერად იძიებდა შურს მამაზე, რომელსაც მასზე უფრო განათლებული და ჭკვიანი მისივე და გამორჩეულად უყვარდა. მოვიყვანთ ინტრიგის მოწყობის ერთ მაგალითს:    ჩემთან დიდი ხნის მკურნალობის შემდეგ, ერთმა პაციენტმა მითხრა, რომ იგი ფსიქოთერაპიულ მკურნალობას ადრე ერთ ჩემს კოლეგასთანაც გადიოდა. მას გადაწყვეტილი ჰქონდა, ასე მოეხდინა ჩვენი შედარება, რათა ჩვენ შორის უკეთესი გამოევლინა. პაციენტი ჩემს კოლეგას და მისი მკურნალობის მეთოდს უარყოფითად ახასიათებდა. როგორც მოგვიანებით გაირკვა, კოლეგას თურმე ჩემზეც იმავეს ეუბნებოდა. ასე რომ არც ერთმა ჩვენგანმა არ იცოდა, რომ პაციენტი ერთსა და იმავე დროს ორ ადგილას მკურნალობდა. აღმოჩნდა, რომ ახლა იგი ჩვენც ისევე გვაგულიანებდა ერთმანეთის წინააღმდეგ, როგორც ერთ დროს თავის მშობლებთან იქცეოდა. პაციენტი ამით შურს იძიებდა იმის გამო, რომ მშობლები მას ცუდად ექცეოდნენ, შვილს ერთმანეთის წინააღმდეგ ამხედრებდნენ და ამით ცდილობდნენ ბიჭის თავის მხარეზე გადაბირებას. ამრიგად, პაციენტი ამ შემთხვევაშიც ანალოგიურად მოიქცა, რათა ამჯერად სარგებელი ჩვენგან მიეღო, როგორც ერთ დროს, მშობლებისაგან მიღებული სიკეთით სარგებლობდა. ამასთან იგი მაშინდელივით არც ერთ ჩვენთაგანთან გულწრფელი არ იყო და თერაპიულ მკურნალობას ბოიკოტს ასეთი გზით უცხადებდა. ცხოვრებისეული სივრცე    რატომ ხდება, რომ ისტერიული ადამიანი ასე ძლიერად განიცდის შიშს აუცილებლობისა და გარდუვალობის წინაშე? რა შეიძლება იყოს იმის მიზეზი, რომ, საკუთარი იმპულსებიდან გამომდინარე, ასე ცალმხრივად გამოავლენს ცენტრიდანულ ანუ მიზიდულობის ძალას, რომელიც ცვლილებების იმპულსს წარმოადგენს? თუკი კვლავ შევავლებთ თვალს ამ მდგომარეობის შესაბამის თუ საპირისპირო ფაქტორებს, შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ისტერიულ ადამიანს გააჩნია თანდაყოლილი, ემოციური ცხოველმყოფელობა, ქმედითობა და ადამიანებთან ურთიერთობისკენ სპონტანური ლტოლვა, რათა საკუთარი თავი წარმოაჩინოს და შინაგანი განცდები გამოხატოს; ეს არის ადამიანური კონტაქტების აუცილებლობა, ამით გამოწვეული სიხარული, ასევე პატივმოყვარეობის დაკმაყოფილების აშკარა სურვილი. ასეთი განწყობის გამო, ისტერიული ადამიანისთვის მნიშვნელოვანია მეორე ადამიანის თანადგომა და ის სიმპათია, რომელსაც ეს უკანასკნელი მის მიმართ გრძნობს; ეს დადებითად მოქმედებს მის სიცოცხლისუნარიანობასა და ხასიათის თვისებებზე: ისტერიული ადამიანი, თავისი ინტენსიური ქმედებებით, უფრო გულღია და შემწყნარებლური ხდება ცვლილებების მიმართ და თან გარკვეული მომხიბვლელობითაც გამოირჩევა. ასეთ ადამიანებს არ სჩვევიათ მოწყენილობა; მუდმივად მღელვარე სიტუაციების ძიებაში არიან და მათი თანამონაწილენი ხდებიან; თანდაყოლილი მომხიბვლელობის და ხშირად სილამაზის წყალობითაც ისტერიული ადამიანები ადვილად იმსახურებენ სიმპათიას და სიყვარულს, ამიტომ შეჩვეულნი არიან იმ აზრს, რომ, უბრალოდ, ისეთები მოსწონთ, როგორებიც არიან. თუმცა ეს უპირატესობები, შესაძლოა, მათ «დანაელების ხარკად» შემოუბრუნდეთ, რადგან ისტერიული ადამიანები იმ რწმენით ცხოვრობენ, რომ ისინი უნდა უყვარდეთ და ყველას აღაფრთოვანებდნენ, რომ მათ ამისათვის ხელის განძრევაც კი არ სჭირდებათ. ამის გამო ისტერიულ ადამიანებს, მხოლოდ თავიანთი გარეგნობის იმედით, მუდმივად ექმნებათ იმის მოლოდინი, რომ ყველგან და ყოველთვის უპირობოდ უყვართ. რაკი ამგვარი გუნება-განწყობა ისტერიულ პიროვნებას პრობლემებს უქმნის, საჭიროა, იგი გარესამყაროს მხრივ გარკვეულ გავლენებს განიცდიდეს, რაზეც ახლა გვექნება მსჯელობა. ფსიქოანალიზური გამოკვლევების თანახმად, ისტერიის ნიშნები ადამიანში 4-დან 6-წლამდე ვლინდება. განვითარების ამ ფაზაში ბავშვი პატარაობის ასაკიდან გამოდის და ზრდის პროცესში ერთვება, რათა ამ გზაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგას. ამ დროისთვის მას უკვე გააჩნია უნარ-ჩვევებისა და ქცევების მდიდარი მარაგი, თუმცა ახლა იგი უკვე ახალი ამოცანების წინაშე დგას: ისტერიული პიროვნება ნელ-ნელა უნდა ეზიაროს მოზრდილთა სამყაროს და გაეცნოს მათი თამაშის წესებს. ადამიანმა განვითარების საწყის ეტაპზე უნდა განსაზღვროს თავისი მომავალი სქესობრივი როლი, რომელიც მისთვის შესაძლებლობების გამოვლინებისა და სხვებთან თანამშრომლობის საწინდარი გახდება. ამასთან, მან უარი უნდა თქვას მისთვის ესოდენ ჩვეულ, ილუზორული სურვილების სამყაროზე, რომლის წყალობითაც მას ექმნება წარმოდგენა საკუთარ უსაზღვრო შესაძლებლობებზე, იმის საპირისპიროდ, რასაც, ჩვეულებრივ, «რეალობას» ვუწოდებთ. ისტერიულმა პიროვნებამ სწორედ ამ რეალობის გათვალისწინებით უნდა გააცნობიეროს საკუთარი ნებისა და უნარ-ჩვევების შეზღუდული შესაძლებლობები.    ამრიგად, ამ დროისთვის ისტერიული პიროვნების შინაგანი თუ გარეგნული განცდების სამყარო ნელ-ნელა ფართოვდება, მდიდრდება და ფაქტობრივად უკვე მოიცავს იმ ემოციურ სფეროს, რომელსაც მოზრდილი ადამიანის ცხოვრება გულისხმობს. ბავშვისაგან ახლა უკვე გააზრებულ საქციელს, პასუხისმგებლობას და გონიერებას მოელიან: მოკლედ, ბავშვმა ამ დროისთვის მრავალი თვალსაზრისით უნდა გამოავლინოს რეალობასთან თანაარსებობისა და მისი აღქმის უნარი, რაც ასევე მისი ზრდის პროცესს განეკუთვნება. საკუთარი განვითარების გზაზე საჭირო ნაბიჯების გადასადგმელად ბავშვს შთამბეჭდავი მაგალითები სჭირდება, რომლებსაც იგი მისაბაძად გაიხდის; მან წინასწარ უნდა განიცადოს ის, რაც შემდგომ შეიძლება მისი მისწრაფებების საფუძველი გახდეს; ამიტომ მისთვის მიბაძვის ღირსი მხოლოდ მომხიბვლელი და რიგიანი გარესამყარო შეიძლება იყოს. ამ დროისთვის მშობლები უკვე ახალი მოთხოვნების წინაშე დგანან. მათი შვილი ის პატარა ბავშვი აღარ არის, რომელსაც მშობლები, ლამის არის, ღმერთებად წარმოედგინა. ეს ბავშვი ახლა კრიტიკული თვალით უყურებს ყველაფერს, დაუცხრომლად ესწრაფვის ცოდნას, სვამს შეკითხვებს და მოელის, რომ უფროსები მას დასაბუთებულ პასუხებს გასცემენ. ბავშვს სურვილი აქვს, რომ იგი პიროვნებად აღიქვან და სიყვარულის ღირსად ცნონ; ამასთან მას, უპირველესად, სურს იცოდეს, რომ თავად მისი სიყვარულიც რაღაცას ნიშნავს და მასაც შეუძლია მშობლებისთვის რაღაც გაიღოს: ბავშვს ამ ასაკში უყალიბდება სქესობრივი განვითარებისთვის დამახასიათებელი ქცევის წესები; იგი ამ წესების გათავისებას ცდილობს და სურს, რომ ამის გამო სერიოზულად აღიქვან. ამ დროს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ მშობლები შეგნებულად მიუდგნენ ბავშვის ნებისმიერ საქციელს, რადგან მას სწორედ ახლა სჭირდება ის სანიმუშო სურათ-ხატები, რომლებიც დაეხმარება, ხელისცეცებით შეეცადოს თვითშეფასების ჯანსაღი განცდის, საბოლოო ჯამში კი, საკუთარი იდენტურობის მოპოვებას.    ისტერიულ პიროვნებებს სწორედ ამ დროს აკლიათ ის თანადგომა და ხელმძღვანელობა, რაც ესოდენ საჭირო წინარე სურათ-ხატების შექმნაში დაეხმარებათ. იმისათვის, რომ ადამიანი ბავშვობის ასაკს გასცდეს, ცხოვრება რეალურად აღიქვას, ბავშვური ქცევები მოიშალოს, პასუხისმგებლობის აუცილებლობა შეიგრძნოს და ცხოვრებისეულ სიძნელეებს შეეჭიდოს, გარესამყარომ ისეთი წესრიგი უნდა შეუქმნას, რომელშიც მის არსებობას აზრი ექნება. თუ მშობლები მოინდომებენ, რომ ბავშვი ისეთი გახადონ, როგორებიც თავად არიან, ამ შემთხვევაში ბავშვსაც უნდა გაუჩნდეს მათთან იდენტურობის სურვილი. ამ დროს იგი გამოავლენს მზაობას, დათმოს ადრინდელი თავისუფლება და ხელი აიღოს ბავშვურ ჩვევებზე. მას უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა, წარმოაჩინოს თავისი ასაკისათვის შესაფერისი უნარ-ჩვევები და სპეციფიკური სქესობრივი ნიშნები, რათა ახალი ამოცანების შესრულებისას სიხარულის, სიამაყისა და თვითშეფასების ჯანსაღი განცდა დაეუფლოს. ახლა წარმოვიდგინოთ ის ბრწყინვალე თუ ქაოტური გარესამყარო, სადაც დღეისათვის განიკითხავენ იმას, რაზეც ხვალ არათუ თვალს დახუჭავენ, არამედ აღიარებენ კიდეც: გარემო, რომელშიც ბავშვს გამუდმებით პატარა, სულელ და უმნიშვნელო არსებად აღიქვამენ, მის შეკითხვებს სერიოზულად და გულწრფელად არ პასუხობენ. ის მშობლებიც გავიხსენოთ, ბავშვის თანდასწრებით საშინელ სცენებს რომ აწყობენ, ერთმანეთთან ურთიერთობებს არკვევენ, რადგან ფიქრობენ, რომ მათ შვილს ჯერ არაფერი ესმის და ამიტომ საჭირო არ არის მასთან თავის შეკავება. თუმცა იგივე მშობლები ბავშვისგან მოითხოვენ, რომ იგი გონივრულად მოიქცეს და თუ მოზარდი მშობლების საქციელს მიბაძავს, მას ამისთვის კიცხავენ და ვერც კი ხვდებიან, რატომ იქცევა იგი ასე. გამოდის, რომ ის, რაც მშობლებისთვის ჩვეულებრივი საქციელია, ბავშვს თავხედობად ეთვლება და ამისათვის უნდა დაისაჯოს, თანახმად გამოთქმისა: «quod licet jovi, non licet bovi». ამრიგად, ბავშვისთვის მცდარ ორიენტირს ის ქაოტური, წინააღმდეგობრივი და უაზრო გარესამყარო წარმოადგენს, რომელშიც არ არსებობს წესრიგი, ჯანსაღი, წარმმართველი ხელი და სანიმუშო სურათ-ხატები ბავშვის ქცევების ჩამოყალიბებისათვის; ამიტომაც იგი ამ დროს უპასუხისმგებლო ბავშვად დარჩენას ამჯობინებს.    აი, მაგალითი ერთი გოგონას დღიურიდან: «უცნაური თუ იქნები, ყველა ყურადღებას მოგაქცევს. ავად თუ გახდები, დედა მზრუნველობას არ მოგაკლებს; მაგრამ, თუ ჯანმრთელი და «ნორმალური» ხარ, ეს ჩვეულებრივი ამბავია; ამიტომ ეშმაკობა უნდა იხმარო, თავი მოიკატუნო და ადამიანებს ის დაანახო, რის დანახვაც უნდათ. ამრიგად, იყავი მუდამ სახეგაცისკროვნებული, მხიარული და სანიმუშო ბავშვი, რომელიც ყველას სიყვარულით შეჰყურებს. მაშინ შენც ყველასთვის «საყვარელი» იქნები, სამაგიეროდ, მიიღებ იმას, რაც გჭირდება. თუ ადამიანებს ისე ძალიან არ უყვარხარ, რომ შენი სანიმუშო ქცევით მიზანს მიაღწიო, მაშინ მოიქეცი ისე, რომ აიძულო ისინი, შენზე იზრუნონ და ამ გზით გაიტანო შენი. ამიტომ, რაც უფრო ხშირად იავადმყოფებ, მით უფრო მეტად შეგიყვარებენ. კონფლიქტები უფროსებთან გარდამავალ ასაკში დამეწყო. 12 თუ 13 წლისა ვიქნებოდი, სტუმრად დეიდა რომ გვეწვია. მე, როგორც მჩვეოდა, კიბეზე ჩავირბინე და დეიდას გულში ჩავეკარი. «ნუ ხარ ასე ეგზალტირებული!» – დამტუქსა დედამ. «რას ნიშნავს ეგზალტირებული?» – ვკითხე მე. «აღგზნებულს და დაძაბულს ნიშნავს» – მომიგო მან. ახლა კი ნამდვილად აღარაფერი მესმოდა. თუ აქამდე ყოველთვის «საყვარელი ბავშვი» ვიყავი და «სანიმუშოდ» ვიქცეოდი, ახლა ჩემს საქციელს რატომღაც «აღგზნებული» და «დაძაბული» უწოდეს. მერე ნელ-ნელა მივხვდი, რომ თურმე ყველა ასაკს ქცევის თავისი კანონები აქვს. ახლა უკვე ვიცოდი, რომ ბავშვს ყველაფერი ეპატიება, მოზარდს უკვე ნაკლებად პატიობენ რამეს, ზრდასრული ადამიანისთვის კი არაფრის პატიება აღარ შეიძლება.    ამჯერად ახალ ხრიკს მივმართე, რადგან ვიცოდი, რომ იგი ყველაზე მეტად ძლიერ სქესთან ურთიერთობაში გამომადგებოდა; ახლა უკვე გულუბრყვილო, უცოდველი და გამოუცდელი გოგონას როლი უნდა მეთამაშა, უზარმაზარი, გულისამაჩუყებლად უმწეო თვალებით რომ შეჰყურებს სამყაროს და მხოლოდ სიკეთეს მოელის მისგან. ღმერთო, რა გულუბრყვილო ვიყავი მანამ, სანამ ერთხელ ჩემმა ნაცნობმა ხანდაზმულმა ქალმა არ მირჩია, ჩემი ეს არაამქვეყნიური გულუბრყვილობა უფრო გამიზნულად გამომეყენებინა. მართლაც, ამის შემდეგ თვით ყველაზე ცნობილი დონ-ჟუანებიც კი ქედს იხრიდნენ ჩემი გულუბრყვილობის წინაშე და ვეღარ ბედავდნენ ჩემთვის უხამსი წინადადებების შემოთავაზებას. გუშინწინ ჩემი ბავშვობა რომ გავიხსენე, დედამ მითხრა: «ინტერნატში რომ იყავი, ხანდახან საერთოდ მავიწყდებოდა შენი არსებობა; ყოველთვის ვფიქრობდი, რომ იქ თავს ბედნიერად გრძნობდი, რადგან ძალიან ხალისიან წერილებს იწერებოდი». მაგრამ დედაჩემი ხომ ის ქალი იყო, რომელმაც, «მიწის ქვეშ რა ხდებოდა», ისიც იცოდა! მაშ რატომ დაიბრმავა თავი იმ ჩემი ცენზურაგამოვლილი წერილებით?! დიახ, მას სურდა, ჩემი მავედრებელი წერილების მიუხედავად, ინტერნატში დავეტოვებინე. აი, ასეთ დროს ერთადერთი იარაღი არსებობს: ავადმყოფობა. მეორე გოგონამ კი ასეთი რამ თქვა: «ასეთი სულელი ადამიანების გარემოცვაში ვიზრდებოდე (ის თავის ოჯახს გულისხმობდა) და გონიერება გამოვიჩინო? არა, ეს ჩემთვის მეტისმეტად მტანჯველი იქნება».    გარემოსადმი ისტერიული ადამიანის დამოკიდებულების მაგალითი: ოცდაათიოდე წლის მამაკაცმა კლინიკაში მკურნალობა შიშების სიმპტომებით დაიწყო; იგი კინოში გასასვლელთან ახლოს ჯდებოდა, ვერ მგზავრობდა ვერც ჩქარი მატარებლით («იმის გამო, რომ სადგურებს შორის ძალიან დიდი მანძილებია... მემანქანე რომ ვყოფილიყავი, შიში ამიტანდა თუ არა, მატარებელს გავაჩერებდი და გადმოვიდოდი!»), ვერც თვითმფრინავით; მანქანითაც კი, თუ მას ხიდზე უნდა გაევლო (ამ დროს პაციენტი მანქანიდან უნდა გადმოსულიყო და ხიდის მოაჯირის გასწვრივ, ფეხით გაევლო გზა). მას საშინლად ეშინოდა ოთახში მარტო დარჩენისა, რადგან ეგონა, რომ ამ დროს ჭერი თავზე ჩამოექცეოდა. ახალგაზრდა კაცი გრძნობდა, რომ მისი შიშები უსაფუძვლო იყო და ახლა იმის ეშინოდა, არ გაგიჟებულიყო (რადგან მისი ფსიქიურად დაავადებული ძმა კლინიკაში გარდაცვლილიყო). მოვიყვანთ რამდენიმე ფაქტს ამ ახალგაზრდა კაცის ცხოვრებიდან, რათა გასაგები გახდეს მისი შიშების გამომწვევი მიზეზები: პაციენტი ოჯახში პირველი შვილი იყო, რვა წლის შემდეგ მას ძმა გაუჩნდა, ამიტომ დედა მას მეტისმეტად ანებივრებდა. ბიჭის მამა ობსესიური თვისებების, წესიერი კაცი იყო; ბიუროში მოხელედ მუშაობდა, სამუშაო სახლში მოჰქონდა და მთელი დღეობით თავის ოთახში იკეტებოდა. ამიტომ, ოჯახის წევრები მას მხოლოდ სადილობისას, სუფრასთან თუ ხვდებოდნენ. დედა ბიჭს მამისგან ფარულად ანებივრებდა, ფულს აძლევდა, მისთვის უამრავ ტანსაცმელს ყიდულობდა, სკოლაში უსიამოვნების დროს კი მტკიცე კედელივით იყო აღმართული შვილსა და გარესამყაროს შორის. მამა ვერ ამჩნევდა და არც აინტერესებდა, რა ხდებოდა ოჯახში. ის კი არა, კმაყოფილიც კი იყო, რომ სიმშვიდეს არავინ ურღვევდა. ბავშვობაში ბიჭი ხშირად ავადმყოფობდა, რაც დედას საბაბს აძლევდა, შვილი უფრო მეტად გაეთამამებინა. ქმარი ცოლზე ბევრად უფროსი და თან ერთობ ჭკუადამჯდარი კაცი იყო, ქალი კი ფიქრობდა, რომ ქორწინებაში არ გაუმართლა; ამის გამო იგი ცხოვრების აზრს მხოლოდ შვილში ხედავდა და მის განებივრებას ყოველნაირად ცდილობდა, რათა მისი სიყვარული მოეპოვებინა. როდესაც ბიჭი წამოიზარდა, მეგობართან ერთად რომელიღაც შავ ბიზნესში ჩაერთო, ბლომად ფულს შოულობდა, ქალებში დროს ატარებდა და უზრუნველად ცხოვრობდა; მისი შავ-ბნელი საქმეების შესახებ კი მხოლოდ დედამ იცოდა. მამას შვილის საქმიანობაზე არაფერი უნდა გაეგო, რადგან, მისი ხასიათიდან და შეხედულებებიდან გამომდინარე, შვილის საქციელს ნამდვილად არ მოიწონებდა (ეს მეტად წესიერი და პატიოსანი კაცი, თუ ხალხით გაჭედილ ავტობუსში ბილეთის შეძენას ვერ მოახერხებდა, მეორე დღეს ორ ბილეთს ყიდულობდა!). ყმაწვილი ახლა სკოლას ხშირად აცდენდა, ბნელ საქმეებში იყო ჩათრეული და შეიძლებოდა ეს ყველაფერი ყოველ წუთს გამოაშკარავებულიყო. ბიჭი, ამ ორმაგი ცხოვრების გამო, შიშმა შეიპყრო; მამის თვალში ის წესიერი შვილი იყო, მის ზურგს უკან კი თაღლითი ადამიანის ცხოვრებით ცხოვრობდა და დედის მფარველობით სარგებლობდა. ყმაწვილი გულის არეში ტკივილებს უჩიოდა, თავბრუ ეხვეოდა და საშინლად აფორიაქებული იყო, რაც იმას ნიშნავდა, რომ მისი თაღლითური ცხოვრება სომატურად ამ სიმპტომებით გამოვლინდა. საკუთარი თავის იდენტიფიკაცია მამასთან მას არანაირად ხიბლავდა, არა მხოლოდ იმიტომ, რომ მამა ვალდებულება-მოვალეობის კაცი იყო, არამედ იმიტომაც, რომ მასთან არავითარი ურთიერთობა არ ჰქონდა. ყმაწვილი კვირადღეს მამასთან სამუშაო ოთახში შედიოდა, სადაც შესვლის უფლება მხოლოდ მას ჰქონდა. მამა-შვილი ერთმანეთის მოშორებით ჯდებოდა; მამა გაზეთის კითხვას იწყებდა, შვილი კი ილუსტრირებულ ჟურნალს ათვალიერებდა. ისინი ისხდნენ და დუმდნენ, რადგან სათქმელი არაფერი ჰქონდათ და ერთმანეთთან არაფერი აკავშირებდათ. ყმაწვილს საკუთარი მამაც და მისი ცხოვრების წესიც უცნაურად ეჩვენებოდა; დედასთან ერთად იგი ზურგსუკან დასცინოდა კიდეც «მოხუცის» მარტოსულობას და წესიერებას. დედა, რომელიც ძალიან ახალგაზრდა ასაკში ბევრად უფროს კაცს გაჰყოლოდა ცოლად, მთელი ამ წლების განმავლობაში ბავშვობის ასაკს ვერ გასცდენოდა და ქმარს ყველაფერში ეწინააღმდეგებოდა. შვილის წყალობით, ქალი ახლა იმ «დიდებული ცხოვრებით» ცხოვრობდა, რომელზეც ადრე ოცნებობდა; ამიტომაც ვერ შეძლო, შვილი სწორ გზაზე დაეყენებინა და ბნელი საქმიანობისათვის აერიდებინა.    ამრიგად, ყმაწვილმა ცხოვრებაში ვერ იპოვა თავისი გზა და ადგილი: მას ფეხქვეშ მიწა თანდათან ეცლებოდა და საშინელ შიშს შეეპყრო, რადგან გრძნობდა, რომ მალე ყველაფერი თავზე დაემხობოდა (ოთახში ჭერის ჩამონგრევა) ან ფეხქვეშ საყრდენი გამოეცლებოდა (ხიდზე გავლის შიში). ყმაწვილის სხვა შიშები დაკავშირებული იყო იმ სიტუაციებთან, საიდანაც, «თავს ვეღარ დაიძვრენდა» და მისი «თაღლითური» ცხოვრება გამოაშკარავდებოდა (ტკივილები გულის არეში და თავბრუსხვევა). ამასთან, ყმაწვილს იმის შიშიც სტანჯავდა, რომ შეიძლება გაგიჟებულიყო, რაც, ნაწილობრივ, ფსიქიურად დაავადებულ ძმას უკავშირდებოდა, ნაწილობრივ კი მისი ცნობიერების ყრუ გამოძახილი იყო, რომ ეს ყველაფერი ასე დიდხანს ვეღარ გაგრძელდებოდა.    ისტერიული თვისებების განვითარებას ხელს უწყობს ასევე ე.წ. «ოქროს გალიად» წოდებული საზოგადოება, რომლის წევრებსაც სახელი და პრესტიჟი უფრო აღელვებთ, ვიდრე საკუთარი შვილების ბედი, რომლებსაც გაურკვეველ «პერსონალს» გადაულოცავენ ხოლმე აღსაზრდელად და გამუდმებით შეახსენებენ თავიანთ წარმომავლობას და მშობლების როლს საზოგადოებაში. ამასთან, შვილებს ჩააგონებენ, რომ ამხანაგები კლასში შურის თვალით უყურებენ, რადგან მათ «ყველაფერი აქვთ», ამიტომ, მათი მხრივ უმადურობა იქნება, თუ ისინი «ბედნიერი ბავშვების» როლს არ ითამაშებენ. საბოლოო ჯამში, ეს ადამიანები საკუთარ უბადრუკობას გაუგებარ ზესთამჩენობად წარმოაჩენენ და თავადვე სჯერათ, რომ ნამდვილად შესაშური ცხოვრება აქვთ. თუ მშობლები მისაბაძ სურათ-ხატად ვერ გამოდგებიან, ამ შემთხვევაში შვილს ორი გზა რჩება: იგი მშობლებთან და მათ ვითარს ფასეულობებთან მაინც ახდენს საკუთარი თავის იდენტიფიკაციას, ან მშობლებს სერიოზულად აღარ აღიქვამს და ამის გამო თავს სრულიად მიტოვებულად გრძნობს. უკვე ზრდასრულ ასაკში ეს ადამიანი კვლავ ძველებურად იქცევა, ამ ოპოზიციაში რჩება და არ სურს გახდეს «მშობლებისნაირი», რაც, ბუნებრივია, არ შეიძლება გონივრული აღზრდის შედეგად ჩაითვალოს. ბავშვი ძნელად ეგუება, როდესაც მშობლები მათი სქესისთვის განკუთვნილ როლებს აღარ ასრულებენ; ამ დროს დედა შარვალში გამოწყობილი დადის, მამა კი «ფლოსტებიან გმირს» თამაშობს. ამ შემთხვევაში «მამაკაცურობისა» და «ქალურობის» დამახინჯებული ფორმები იგულისხმება და არა საზოგადოების მიერ ზუსტად დადგენილი, კონვენციური როლები. «ფლოსტებიანი გმირი» ცოლის მიერ დაშინებული და პატივაყრილი მამაკაცია, ხოლო «ვაჟკაცი» ქალი საკუთარი სქესის მიმართ მეტოქეობის გრძნობითაა შეპყრობილი და სძულს არა მხოლოდ მამაკაცურ, არამედ საკუთარ სქესთან დაკავშირებული ნებისმიერი რამ. ბავშვს ამ დროს არ ჰყავს თვალწინ შესაფერისი ნიმუში, რათა შეიცნოს საკუთარი სქესის მნიშვნელობა, რაც, სულ მცირე, აფერხებს მისი განვითარების პროცესს, მოგვიანებით კი პრობლემებს უქმნის მოპირდაპირე სქესთან ურთიერთობაში. მშობლების მხრივ სქესობრივი საკითხისადმი გონივრული მიდგომა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხია ბავშვისათვის, რათა მან შეძლოს და მოახდინოს მისთვის მომხიბლავი «მამობრივ-ვაჟკაცურისა» თუ «დედობრივქალურის» იდენტიფიკაცია საკუთარ თავთან.    საზოგადოებამ უნდა შესთავაზოს მამაკაცსა და ქალს მრავალნაირი შესაძლებლობა, რათა მათ საკუთარ თავზე აიღონ სქესობრივი როლების შესრულება და ამით დაადასტურონ მამაკაცისა და ქალის არსებობის მრავალფეროვნება. ცალმხრივად წარმოდგენა იმისა, თუ როგორი უნდა იყოს «მამაკაცი» ან «ქალი», როგორ უნდა იქცეოდეს თითოეული მათგანი, სათავეს იმ იერარქიული ან იდეოლოგიური ძალების პრეტენზიებში იღებს, რომლებსაც დღესდღეობით ვუპირისპირდებით ამ «როლების» ემანსიპაციისათვის. ეს დაპირისპირება ორივე სქესისთვის განკუთვნილ როლებს ეხება და ბორკილებისაგან მათ გამოხსნას ცდილობს. სხვადასხვა კულტურაში მამრობითი და მდედრობითი სქესის როლების განსხვავებულად განაწილების ფაქტი დაგვანახებს, რომ ამ როლებს დროის ფაქტორი განსაზღვრავს და არა ბიოლოგიური მოცემულობა, როგორც ამას უმთავრესად წარმოვიდგენთ ხოლმე. ყოველი საზოგადოება მამაკაცისა და ქალის ისეთ როლებს ქმნის, როგორიც მას სჭირდება, ამას კი უკვე ბავშვის აღზრდის ადრეული პერიოდიდან იწყებს. მარგარეტ მიდს თავის წიგნში «მამაკაცი და ქალი» ამის შთამბეჭდავი მაგალითები მოყავს.    ადამიანში ისტერიული თვისებების განვითარებას ხელს უწყობს ასევე მშობლების წარუმატებელი ქორწინება; ეს, უპირველეს ყოვლისა, ეხებათ დედისერთა შვილებს და იმ ბავშვებს, რომელთაც ერთ-ერთი მშობელი თავისი პარტნიორის შემცვლელად ირჩევს. ამ დროს მშობელი ბავშვს მისი ასაკისთვის შეუფერებელ, მეტისმეტად დიდ მოთხოვნებს უყენებს და იმ როლის შესრულებას აიძულებს, რომლისთვისაც ჯერ მომწიფებული არ არის; გარდა ამისა, იგი ბავშვს ადრევე უსპობს ცხოვრების ლაღ პერიოდს და ხელს უწყობს მის ნაადრევ მომწიფებას, რაც არ მოხდებოდა მისი ასაკის შესაფერისი, ნორმალური განვითარების დროს; მაგალითად, როდესაც ვაჟიშვილი ისეთი დედის მანუგეშებელი და მოკავშირე ხდება, რომელსაც მამამ იმედები გაუცრუა. ამ დროს ბავშვი მისი ასაკისთვის შეუფერებელ ამბებს ისმენს, რაც მას მძიმე ტვირთად აწვება. ის ამით ხარკს უხდის ნდობისათვის დედას, როგორც ძალიან ახლობელ და სანდო ადამიანს. დედას კი იგი მამასთან სამტროდ სჭირდება, ცდილობს გაუფუჭოს მასთან ურთიერთობა, რის შედეგადაც შვილი მამას მხოლოდ «დედის თვალით» უყურებს. ბავშვს არ ეძლევა იმის შესაძლებლობა, რომ ორივე მშობელი ერთნაირად უყვარდეს, ორივეს მიმართ ისე გამოხატოს თავისი კეთილგანწყობა, რომ ამ დროს დანაშაულის გრძნობას არ განიცდიდეს. ბავშვის ინფანტილური თვისებების გვერდით მისი ასაკისთვის შეუფერებელი გონიერება იკავებს ადგილს. ამ დროს იგი თითქოს «გადაახტება» მამისაგან საჭირო ახსნა-განმარტებების მიღების მომენტს, რაც შემდგომში ესოდენ მნიშვნელოვანია მამაკაცების წრეში დამკვიდრებისათვის. Mutatis mutandis იგივე ეხებათ გოგონებსაც. ამით ბიჭებსაც და გოგონებსაც ართმევენ შესაძლებლობას, ჯანსაღი ურთიერთობა დაამყარონ მოპირდაპირე სქესის მშობელთან.    ამის შედეგად, ის თავსმოხვეული როლი, რომელიც ბავშვის არსს არ შეესაბამება, მას მხოლოდ იძულებით შესასრულებელ ფუნქციას კი არ აკისრებს, არამედ ჭეშმარიტი უსაფრთხოების გრძნობასაც უქრობს. ამასთან, ბავშვს, სხვა თვალსაზრისით, არსებითად ისევ ბავშვივით ეპყრობიან. ამიტომ ამგვარი ორმაგი დამოკიდებულება («ბავშვი უკვე დიდია», მაგრამ მას მაინც «ბავშვივით ეპყრობიან»), მასში დიდ დაბნეულობას იწვევს: უჩნდება არასრულფასოვნების შეგრძნება, რომ იგი მოლოდინებს ვერ ამართლებს, და ამ დროს ვერ აცნობიერებს, რომ მას მეტისმეტად დიდ მოთხოვნებს უყენებენ. მშობლები, რომლებიც უკმაყოფილონი არიან, რომ ცხოვრებაში მათ ოცნებებს აღსრულება არ ეწერათ, ხშირად ხელს უწყობენ ბავშვში ისტერიული თვისებების ჩამოყალიბებას. ამ დროს ისინი ბავშვს იმ ობიექტად აღიქვამენ, რომლითაც უნდათ მიაღწიონ იმას, რაშიც თავად ხელი მოეცარათ. ასეთი მშობლები ვერ გახდებიან ბავშვისთვის მისაბაძი მაგალითები და სწორი გზით ვერ წარმართავენ მის აღზრდას; ისინი ბავშვს აიძულებენ იმ როლის შესრულებას, რომელიც ხშირად არ შეესაბამება მის მიდრეკილებებს. ასეთი ბავშვისგან უმთავრესად ყალიბდება ისტერიულ-დეპრესიული შერეული, სტრუქტურული ტიპის ადამიანი.    მსგავს შედეგებს ვიღებთ მაშინაც, როდესაც ბავშვს «დედიკოს და მამიკოს ამომავალი მზის» როლს მიაკუთვნებენ ხოლმე. ასეთი ბავშვი ყოველთვის სახეგაბრწყინებული, მხიარული, ხალისიანი და «მშობლების გულის გამხარებელია». მართალია, ამ თვისებების გამო იგი ყველას აღაფრთოვანებს და საყოველთაო სიყვარულსაც იმსახურებს, მაგრამ ამ დროს მოჩვენებითი ცხოვრებით ცხოვრობს, რის გამოც ასეთი ბავშვი ძალიან გვიან და ძნელად ახერხებს საკუთარ თავთან იდენტიფიკაციას; შესაძლოა, მან ეს როლი თავის მეორე ბუნებად გაიხადოს და ისე შეისისხლხორცოს, რომ სრულიად სხვა ცხოვრებით იცხოვროს. ასეთი ადამიანი, შესაძლოა, მძიმე დეპრესიაში ჩავარდეს და სულიერად დაეცეს, თუ მას ამ როლის შესრულება მოგვიანებით აღარ მოუხდება და ამის საჭიროება აღარ ექნება.    ასევე რთულია ადამიანის ყოფნა ისეთ გარემოში, სადაც საზოგადოების წევრებს, გარკვეული მოსაზრებით, საყოველთაო მოვლენებისაგან შორს უჭირავთ თავი. ასეთ გარემოში გარკვეულწილად რომელიმე სოციალური ფენის ან კოლექტივში არსებული უმცირესობის წარმომადგენელთა ცნობიერება გამოვლინდება ხოლმე. ამ დროს ბავშვი ოჯახში ისეთ განწყობილებებსა და ქცევის წესებს ეზიარება, რომლებიც აქ, მართალია, ტრადიციულად დანერგილია და პატივისცემით სარგებლობს, მაგრამ «გარეთ» მათი აღიარება არ ხდება. ასეთ შემთხვევაში ბავშვი, სკოლაში სწავლის დაწყებისას, ხშირად კრიტიკულ სიტუაციაში აღმოჩნდება ხოლმე: იგი ამისათვის სრულიად მოუმზადებელია და წარმოდგენა არა აქვს, როგორ უნდა მოიქცეს; იმედგაცრუებას გრძნობს გარესამყაროს მიმართ, იპყრობს დაუცველობისა და სირცხვილის გრძნობა და ეუფლება მწარე განცდა იმისა, რომ შინ ნასწავლი გარეთ არ გამოადგება. ამ ფონზე ხშირად ვითარდება ისტერიულ-შიზოიდური ადამიანის შერეული სტრუქტურული ტიპი. ისტერიული პიროვნებების მთავარ პრობლემას ის წარმოადგენს, რომ ისინი ვერ ახერხებენ საკუთარ თავთან იდენტიფიკაციას, ამბოხს უწყობენ მას, საკუთარ თავზე სხვა შემოთავაზებულ ან მიწერილ როლებს იღებენ. გარდა აქ აღწერილი გარემოებებისა, რომლებიც ხელს უწყობს ისტერიული თვისებების განვითარებას, ასეთი ადამიანის სტრუქტურული ტიპი, შესაძლოა, მკვეთრად გამოხატულ ობსესიურ გარემოშიც ჩამოყალიბდეს, მაგრამ ამას ემატება პროტესტი იმ გაქვავებული, ყველა ცოცხალი იმპულსის გამანადგურებელი აღზრდის წესების მიმართ, რომლებიც ხელს უშლის ამ ასაკში ბავშვის ჯანსაღ სწრაფვას თავისუფლებისაკენ. ოპოზიციაში მყოფი ადამიანი ამ დროს უმძიმეს მდგომარეობაში ვარდება და ნაბან წყალს ბავშვსაც გადააყოლებს ხოლმე. იგი ახლა მხოლოდ მეტისმეტ შეზღუდვებს კი არ უარყოფს, არამედ ამ გამოწვევაში, ნებსით თუ უნებლიეთ, ყველაფერში იმის საწინააღმდეგოს ხედავს, რისი მოლოდინიც მას ადამიანებისაგან ჰქონდა. ამის მაგალითი შეიძლება იყოს ზოგიერთი «ცუდად აღზრდილი» ბავშვი, რომელიც განსაკუთრებით მკაცრ, წესრიგის მოყვარულ ან ავტორიტარულ, შეზღუდულ გარემოში ცხოვრობს. მაგრამ ამ შემთხვევაში ეს არა «ნამდვილი», არამედ რეაქტიული ისტერიაა.    ახლა მოკლედ შევეხებით ერთ ისტორიულ ფაქტს: წინათ ისტერიას მხოლოდ ქალებს მიაწერდნენ; ამის მიზეზი თავად ბერძნული სიტყვა «hystera» გახდა, რომელიც «საშვილოსნოს» ნიშნავს. ამან შეიძლება დაგვაფიქროს და ისტერიისა და მისი გამომწვევი მიზეზების გაგებაში დაგვეხმაროს, თუ დავსვამთ კითხვას – უფრო ხშირად მაინცდამაინც ქალები რატომ ავადდებიან ისტერიით. მაგრამ ამგვარი მიდგომა იმავდროულად სიფრთხილისკენაც მოგვიწოდებს, რათა, მეცნიერების წინაშე ყალბი პატივისცემის გამო, მეცნიერულ აზრებს ბრმად არ ვენდოთ – სწორედ ადამიანთან დაკავშირებით გამოთქმული ეს აზრები ხომ, თავისდაუნებურად, ან, შესაძლოა განზრახ, ტენდენციური აზროვნების შედეგია! დასავლეთის კულტურაში ქალის ცხოვრება ადრე თითქმის მხოლოდ დიასახლისისა და მეუღლის როლით შემოიფარგლებოდა. საზოგადოება მისი ცხოვრების არსსა და დანიშნულებას მარტო ოჯახურ გარემოში ხედავდა («და იქ მბრძანებლობს კეთილგონიერი დიასახლისი...» – ნათქვამია შილერის «ზარში» ), – მამაკაცისგან განსხვავებით, რომელსაც თვითგანვითარების უამრავი შესაძლებლობა გააჩნდა. ამის გამო ქალის ურთიერთობა მამაკაცთან სხვა საზომით იზომებოდა და მამაკაცი, თავისი სოციალური როლის წყალობით, მრავალი თვალსაზრისით, უპირატესობით სარგებლობდა. «კაცური საქმე» ყოველთვის ბევრად მეტად ფასობდა, ქალის შრომა კი ნაკლებად ანაზღაურებადი იყო, ამასთან, იგი სამართლებრივად თუ ქონებრივად დაბეჩავებულ მდგომარეობაში იმყოფებოდა. ამგვარად, ყოველთვის და ყოველმხრივ დაზარალებულ ქალს განვითარების შესაძლებლობები შეზღუდული ჰქონდა, რადგან მისი სამყარო სახლითა და ოჯახით შემოიფარგლებოდა. იგი მუდმივად მამაკაცისა და საზოგადოების ნება-სურვილზე დადიოდა, საკუთარ სურვილებს უგულებელყოფდა და ცრურწმენების წნეხის ქვეშ იმყოფებოდა. ქალს ძალიან დიდხანს აკნინებდნენ სულიერად, მას საკუთარი სექსუალური ბუნების გამოვლინებაც ეკრძალებოდა.    ამრიგად, ქალის მდგომარეობა პატრიარქატის დროს ერთობ სავალალო იყო. უნდა ითქვას, რომ ასეთ პირობებში «ისტერია» ერთადერთი იარაღი იყო ქალის ხელში, რათა მამაკაცის წინააღმდეგ საკუთარი სურვილები და პრეტენზიები ამ გზით გამოეთქვა, და თან მასზე შურიც ეძია. ასე ვთქვათ, ქალმა ისტერია «გამოიგონა», როგორც ქცევა, რომელსაც წინ ვერაფერი აღუდგებოდა; ამ დროს მამაკაცი მის წინაშე თავს უმწეოდ გრძნობდა და ფარხმალს ყრიდა. ისტერიული ქცევა იმდენად ირაციონალური, ალოგიკური, გაუთვალისწინებელი და მოუხელთებელი იყო, რომ მამაკაცი, თავისი რაციოთი და ლოგიკით, მის წინაშე თავს უმწეოდ გრძნობდა. მან არ იცოდა, რატომ ჰქონდა ქალს ასეთი რეაქციები, რა დაავადება სჭირდა, ან რას ნიშნავდა იმ დროს მისი «არ მინდა» და «არ შემიძლია».    დრამატული სცენები, სომატური სიმპტომები, სასოწარკვეთილების ნიაღვარი, თვითმკვლელობის მუქარა მამაკაცს საგონებელში აგდებდა, ვერ ხვდებოდა ქალის ზრახვებს და თავს ხშირად დამარცხებულად გრძნობდა. მას ერთადერთი გამოსავალი რჩებოდა – ქალი ნიცშეს მათრახით «მოეთვინიერებინა», რითაც მასთან პარტნიორობასაც ბოლოს მოუღებდა. ქალის «ცოლქმრულ მოვალეობაზე» დაყვანილი სექსუალობა ხშირად ხდებოდა მისი «ფრიგიდულობის» მიზეზი, რის გამოც მთელი პასუხისმგებლობა ისევ და ისევ ქალს ეკისრებოდა. მაგრამ მამაკაცის ამ მკრეხელური თავისუფლების, ძალადობისა და მესაკუთრეობის პრეტენზიის მიღმა, ქალის წინაშე ფრთხილი, ფარული და ღრმა შიში იმალებოდა. ეს მამაკაცის ცხოვრების ის «მეორე მხარეა», რომლის განცდაც მისთვის მით უფრო სახიფათო და შემაშფოთებელია, რაც უფრო ცალმხრივად და გაზვიადებულად ხდება «მამაკაცობის» ფენომენის განსაზღვრა და შეფასება. ამრიგად, ქვეცნობიერის გენიალურობით, ქალმა «მამაკაცის უპირატესობის» საპირწონედ «ისტერია» აღმოაჩინა, რომელიც მისთვის ერთდროულად თავდაცვისა და შურისძიების საშუალება იყო. შემთხვევითი არ არის, რომ ყავლგასული პატრიარქატის პირობებში ე.წ. «კლასიკური ისტერია» სულ უფრო იშვიათად გვხვდება, რადგან თანასწორუფლებიან და საკუთარ უფლებებში თავდაჯერებულ ქალს აღარ სჭირდება იგი. ისტერიული ქცევების საპირისპიროა რეაქცია პარტნიორისა თუ საზოგადოების ისეთ ქმედებებზე, როგორიცაა: ჩაგვრა, ღირსების შელახვა, შეზღუდვები, ძალადობა, უგუნურება და აკვიატებული აზრები. მაგრამ ისტერიის გამოვლინება არ არის დამოკიდებული ადამიანის სქესზე. ამას ადასტურებს ზემოაღწერილი გარემოებები, რომლებიც ისტერიის წარმოშობას და განვითარებას უწყობს ხელს, მაგრამ მას სქესობრივი ნიშნით არ გამოავლენს.    ჩვენ ზოგადად აღვწერეთ ისტერიული პიროვნების განვითარების გენეტიკური ფონი, როდესაც საქმე ეხება შიშს რაიმეს დამკვიდრების, გარდუვლობის და აუცილებლობის წინაშე. ისტერიული ადამიანები უკმაყოფილონი არიან იმით, რომ თავისი შესწავლილი ქცევის წესებით მოსალოდნელ წარმატებას ვერ აღწევენ, თუმცა მას მით უფრო მოუთმენლად და დროზე ადრე მოელიან, რაც უფრო ხშირად განიცდიან მარცხს. რაკი საკუთარი შესაძლებლობების რეალიზაციას ვერ ახერხებენ, ისტერიულ ადამიანებს სულ უფრო მეტად იპყრობს პატივმოყვარეობა, რომლის დაკმაყოფილებასაც ისინი კვლავ არასაკმარისი საშუალებებით ცდილობენ. ასე მიდიან ეს ადამიანები ისტერიულ «ეშმაკის წრესთან», რომლის გარღვევაც მხოლოდ თანმიმდევრულად მოპოვებული ცოდნით და უნარ-ჩვევებით თუა შესაძლებელი. ამასთან, გასაგები ხდება, თუ რატომ შეიძლება ასე ადვილად მათი ცდუნება.    ისტერიული ადამიანები მუდმივად უკმაყოფილებას გამოხატავენ, აღგზნებულები არიან და ამაღელვებელ სიტუაციებს მიელტვიან, რადგან მათგან რაღაც გამორჩენას ელიან. ისინი ფიქრობენ, რომ ცვლილებები სადღაც, მათ მიღმა უნდა მოხდეს და არა თავად მათში. თუ ისტერიული პიროვნება ამას გააცნობიერებს და აღიარებს, ეს მისი გამოჯანმრთელებისკენ გადადგმული პირველი ნაბიჯი იქნება.    ისტერიული პიროვნება მხოლოდ იმ შემთხვევაში გამოჯანმრთელდება, თუ აღარ გაექცევა რეალობას, თანმიმდევრულად აღიარებს და მიიღებს ამ რეალობაში მოქმედ თამაშის წესებს, წესრიგსა და კანონებს, ამასთანავე, გამოავლენს მზაობას თვითშეფასებისა და შემდგომი პიროვნული სიმწიფისადმი. საამისოდ მას სჭირდება გამბედაობა ჭეშმარიტების შესამეცნებლად და უარისსათქმელად საჭირო მზაობა, რისი აღსრულებაც ასევე ყოველი ჩვენთაგანის ხვედრია. მხოლოდ ამ შემთხვევაში წარდგება რეალობა მის წინაშე პოზიციური მხარეებით და აგრძნობინებს კმაყოფილებას, რომელსაც იგი იმსახურებს.    საოცარია ის ფაქტი, რომ «ისტერიის» ცნებას ასე ხშირად ხმარობენ უარყოფითი მნიშვნელობით. ობსესიურ, დეპრესიულ თუ შიზოიდურ ადამიანს უფრო ადვილად თანავუგრძნობთ, რადგან მიგვაჩნია, რომ იგი ამ ავადმყოფობით იტანჯება; მაგრამ, როგორც კი სიტყვა ისტერიულ ადამიანზე ჩამოვარდება, ბევრი მასში თითქოს რაღაც მორალურ უპირატესობას ხედავს. შესაძლოა, ეს იმ გავრცელებული აზრის ბრალი იყოს, რომლის თანახმადაც, ისტერიული ადამიანი ცდილობს «მოიავადმყოფოს» თავი, თუმცა, «თუკი მოინდომებს», შეუძლია სრულიად ჯანმრთელად და გონიერად გამოიყურებოდეს. ეს, ალბათ, ჩვენი ძველი ცრურწმენებითაც უნდა აიხსნას, რომლებსაც ადვილად ვერ ველევით.    მაგრამ, როგორც ჩვენ მიერ აღწერილი ავადმყოფობის ისტორიებიდან უკვე გაცხადდა, ისტერია ნამდვილად დაავადებაა, მთელი თავისი განვითარებითა გამოვლინებებით, რომ ისტერიული ადამიანიც სხვა ავადმყოფების მსგავსად იტანჯება. ჩვენს ცრურწმენას, შესაძლოა, ისიც აძლიერებს, რომ გვგონია, თითქოს ისტერიით უფრო ხშირად ცხოვრებით განებივრებული ადამიანები «ავადდებიან», რათა ამით პირადი სარგებელი ნახონ. თუ მათი ცხოვრების ისტორიას გავეცნობით, ჩვენი ამ შეხედულების გადახედვა მოგვიხდება, რადგან, ბოლოს და ბოლოს, ყოველ ჩვენგანს აწუხებს არასაკმარისად გაცნობიერებული წარსული.    ვინც თავისი ცხოვრება წარმატებით იმის გამო ააწყო, რომ მას წარსულში ბედი სწყალობდა, მან, მადლიერების ნიშნად, მეტი გაგება და შემწყნარებლობა უნდა გამოიჩინოს ნაკლებად ბედნიერი ადამიანების მიმართ. …
დაამატა Kakha to ფსიქოლოგია at 9:22pm on ნოემბერი 9, 2018
თემა: სამეფოების ჩამოყალიბება
ალური ანალიზის ეს რთული პროდუქტი, მუდმივ შევიწროებას განიცდიდა. ხანის დინასტიის მეფობის ეპოქიდან მოყოლებული, კონფუცის თვითმარქვია მიმდევრები ხან აშკარად, ხან შეფარვით უყურადღებოდ ტოვებდნენ დიდი მოძღვრის დოქტრინას, ცალსახად ამბობდნენ უარს იარაღის გამოყენებაზე და სამხედრო საქმესთან დაკავშირებით დასმულ ნებისმიერ საკითხს გაურბოდნენ. ჩინელები უკვე ხმამაღლა გმობდნენ ასეთ მიდგომას. თუმცა ამ ხალხის ცივილიზებული და კულტურული თვითაღქმის მიუხედავად, ერი ვერ ახერხებდა არმიის ან სარდლების გარეშე ცხოვრებას, განსაკუთრებით „ბარბაროსთა“ თავდასხმების მუდმივი საფრთხისა და მომთაბარე ტომებთან მიმდინარე კონფლიქტების ფონზე. შესაბამისად, კვლავ გრძელდებოდა ადრეული ხანის სამხედრო ტრაქტატების შესწავლა-გადაფასება. ამის გამო მოხერხდა კიდეც მათი გარკვეული რაოდენობის გადარჩენა, ხოლო სამხედრო კრიზისების გახშირებამ, როგორც მოსალოდნელი იყო, ხელი შეუწყო პროფესიონალი სამხედრო მოღვაწეების აღზრდასა და დამატებით სტრატეგიულ სწავლებათა მეთოდების ჩამოყალიბებას. და მაინც, კონფუცის კლასიკურ მოძღვრებასა და სხვადასხვა ტრადიციულ მონოგრაფიებთან შედარებით, სამხედრო თემატიკის შინაარსის კრებულების რაოდენობა მეტისმეტად მწირი იყო და მხოლოდ რამდენიმე შრომას ითვლიდა.       სამხედრო საკითხებს დაეთმო მეომარ სამეფოებში მოღვაწე (ძვ.წ. 403-221 წწ.) გავლენიანი ფილოსოფოსების, მაგალითად, მმართველი შანის, რამდენიმე ნაშრომის ცალკეული თავები. ხშირად მათი შინაარსი რადიკალურ ხასიათს ატარებდა. ბევრი სახელოვანი მოაზროვნე, მათ შორის, სუნ-ძი და ჰან ფეი-ძი, განიხილავდა სახელისუფლებო და სამხედრო მოწყობის, მოტივაციისა და წვრთნის, გამბედაობის ბუნებისა და სახელმწიფოს კეთილდღეობის ხელშემწყობი სტრატეგიის ჩამოყალიბება-შექმნის ძირითად საკითხებს. ჯო ჯუანისა და სხვათა ისტორიულ შრომებში აგრეთვე აისახა იმდროინდელი გავლენიანი მთავრების ბევრი შეხედულება. ამ შრომებმა შემოინახა ცნობები გამოჩენილი სტრატეგების შესახებ. აქვე საკმაოდაა წარმოდგენილი ველზე მოქმედების ტაქტიკის აღწერაც.       განსაკუთრებით ცნობილი იყო რამდენიმე უძველესი მონოგრაფია სტრატეგიის საკითხებზე. სუნის პერიოდის (დაახლ. 1078 წ.) მეცნიერებმა შეაგროვეს, შეასწორეს და კრებულის სახე მისცეს ექვს უმნიშვნელოვანეს გადარჩენილ შრომას. ამავე კრებულში შეიტანეს ტანის დინასტიის წიგნი და მიიღეს ამჟამად „შვიდი სამხედრო კლასიკური შრომის“ სახელით ცნობილი კრებული. ამგვარი კოდიფიკაციის მეშვეობით, აღნიშნულმა შვიდმა შრომამ სამეცნიერო საფუძველი მოუმზადა მთავრობას სამხედრო საქმიანობის წარმართვისთვისა და ტაქტიკური და სტრატეგიული კონცეფციების ჩამოსაყალიბებლად.       ბარბაროსთა უწყვეტი შემოსევებისა და სამხედრო საფრთხის მიუხედავად, რომლებიც თან სდევდა ქვეყანას მთელი ისტორიის მანძილზე, იმპერიული ჩინეთი სულაც არ იყო განწყობილი აგრესიაზე სამხედრო აგრესიით პასუხის გასაცემად. აქ გამონაკლისად ჩაითვლება მხოლოდ ხანის ყოფილი დინასტიის ლიდერების ან ახალგაზრდა, დინამიკური მმართველების (მაგ., თან და თაი-ცინის) - როგორც წესი, რომელიმე დინასტიის ჩამოყალიბების ადრეულ წლებში - იმთავითვე დასაღუპად განწირული ექსპანსიონისტური პოლიტიკა. ჩვეულებრივ, ქვეყნის მმართველები და მინისტრები ისეთ პოლიტიკას ირჩევდნენ, რომელიც ერის კულტურული მიმზიდველობის მითს ეფუძნებოდა. ამის მიხედვით, მეზობლებზე აშკარად აღმატებულ ჩინურ ცივილიზაციას, ღირსების ძალით აღზევებულსა და ბრწყინვალე მატერიალური მიღწევებით წელგამაგრებულს, უბრალოდ ვერ გაუძლებდა განუვითარებელ ხალხთა მტრული მისწრაფებები. ჩინეთში თვლიდნენ, რომ ცხოვრების ცივილიზებული წესის თანმხლები კომფორტი, შეთავსებული მუსიკასა და ქალებთან, ყურადღებას გაუფანტავდა და ნებისყოფას მოუდუნებდა საომრად ყველაზე მეტად განწყობილ ხალხსაც კი. გარდა ამისა, თუ არ მოხერხდებოდა მათი ნებაყოფლობით ან ქრთამების საშუალებით დათრგუნვა და მუდმივად დამორჩილება, ურჩთა წინააღმდეგ შეიძლებოდა სხვა, უფრო მორჩილი და ჩინეთის ცხოვრების წესს მორგებული მომთაბარე ტომების გამოყენება. ეს კარგად შეესაბამებოდა - „ბარბაროსის წინააღმდეგ ბარბაროსის გამოყენების“ საუკუნეებით გამოცდილ ტრადიციას.       კონფუცის სწავლების თანახმად, რომელიც ყოფილი ხანის ეპოქაში ჩინეთის ტრადიციულ ფილოსოფიად იქცა და უკვე სახელმწიფოებრივ იდეოლოგიას ასახავდა, მმართველმა მხოლოდ საკუთარი ღირსების გრძნობა უნდა გაიღვივოს, თავისი ქმედება გარემოებებთან ჰარმონიულად წარმართოს და კეთილშობილური პოლიტიკის წყალობით მოიპოვოს საერთო-საქვეყნო მხარდაჭერა, რითაც მიაღწევს სამეფოს სტაბილურობას. ბუნებრივია, არსებობდა განსხვავებული აზრიც. კონფუცის მოძღვარების მიმდევარი მენციუსიც (ძვ.წ. 371-289 წწ.) კი იცავდა იმ შეხედულებას, რომ დროდადრო, ბოროტი მმართველების ასალაგმავად და ხალხისათვის ტანჯვის შესამსუბუქებლად, აუცილებელია სადამსჯელო სამხედრო ექსპედიციების მოწყობა. მიუხედავად ამისა, სუი იან-დის (მეფობდა 605-617 წწ.) მსგავსი მმართველების გარდა, რომელმაც ჩინეთის იურისდიქციის გაფართოების მცდელობით ერი გაღატაკებამდე მიიყვანა, სხვა მმართველები სამხედრო გზას დიდი ყოყმანით მიმართავდნენ, ხოლო სახელმწიფო მოხელეთა უმეტესობას უღირსად მიაჩნდა ყველაფერი, რაც სამხედრო სამსახურთან იყო გაიგივებული. 1.2. სამხედრო კონფლიქტებისა და იარაღის ევოლუცია ჩინეთში 1.2.1. შანის პერიოდი       საუკუნეების განმავლობაში ჩინეთის სამხედრო აზროვნება იარაღის, ეკონომიკისა და პოლიტიკური ძალაუფლების ევოლუციის გზას მიჰყვებოდა. თანდათან ყალიბდებოდა სტრატეგიული კონცეპტუალიზაციის ჩარჩოები, რაც ხელს უწყობდა საბრძოლო მეთოდების განვითარებას. შანის პერიოდის აღმავლობის ხანისათვის დამახასიათებელი ტაქტიკა იცვლებოდა იმის მიხედვით, თუ როგორ იზრდებოდა ადამიანური რესურსების მოცულობა, მათი თავმოყრის სიჩქარე და მობილურობა. ტაქტიკის თანდათანობით განვითარებას განაპირობებდა უფრო ძლიერი დასარტყამი და სასროლი იარაღების შექმნაც. აზროვნების ის სასიცოცხლო მნიშვნელობის ბირთვი, რომელიც კონცენტრირებული იყო ძირითად საკითხებზე, მათ შორის ორგანიზებულებაზე, დისციპლინაზე, შეფასებაზე, საბრძოლო მიზნებსა და ფუნდამენტურ პრინციპებზე, კვლავაც განაგრძობდა არსებობას და მანამ ხდებოდა მათი გამოყენება, სანამ ცინმა საბოლოოდ არ დაიპყრო და გააერთიანა იმპერია, რაც ისტორიაში მეომარი სამეფოების პერიოდის დასასრულად ითვლება.       შანის დინასტიამ შექმნა თეოკრატიული სახელმწიფო, რომელიც თავდაპირველად აღმოცენდა დიდებულთა გარკვეული წრის სამხედრო ნიჭზე დაყრდნობით და შემდგომშიც წარმატებით იყენებდა მას ამ წრისათვის დამახასიათებელ რელიგიურ მსოფლმხედველობასა და ინსტიტუტებთან ერთად. მოსახლეობა დაიყო ოთხ კლასად: 1. მმართველი ოჯახები; 2. სამეფო კლანის წევრები (ბევრ მათგანს მემკვიდრეობით ჰქონდა მიღებული თანამდებობა, ზოგმა კი ეს პატივი ერთგული სამსახურით დაიმსახურა) და სხვა დიდებულები; 3. მასები - ძირითადად, ყმა-გლეხები; 4. მონები. მეფის ძალაუფლება შეუზღუდავად ვრცელდებოდა ქვეყნის ცენტრალურ ნაწილში, ხოლო საზღვრისპირა ფეოდალები მმართველი ოჯახის ერთგულები იყვნენ. დიდებულთა წრე, რომელიც მოსახლეობის განათლებულ და კულტურულ ფენას შეადგენდა, ცხოვრობდა კარგად ორგანიზებულ ქალაქებში, სადაც მრავლად იყო მასიური კომპლექსური შენობები - ტაძრები და სასახლეები. დაბალი კლასის ადამიანები კი ნახევრად მიწურ ქოხებში ცხოვრობდნენ და წლის განმავლობაში მისდევდნენ მიწათმოქმედებასა და სხვადასხვა ხელობას. თუმცა სწორედ მათ ევალებოდათ სავალდებულო სამხედრო სამსახურის მოხდა და სამხედრო კამპანიის მიმდინარეობისას გამოცხადებულ მობილიზაციაში მონაწილეობაც.       ბრინჯაოს ტექნოლოგია სწრაფად ვითარდებოდა შანის პერიოდის პირველივე წლებიდან (ტრადიციულად, თარიღდება ძვ.წ. 1766 წლით, როდესაც თან I-მა სიას წინააღმდეგ ტრიუმფალური კამპანია წამოიწყო), სანამ მმართველი ოჯახი ჯოუმ არ შეცვალა ძვ.წ. 1045 წელს. მეფის ხელისუფლების ფუნდამენტის, ანუ წინაპართა თაყვანისცემისას გამოყენებული რიტუალური ჭურჭლის რთული მოხატულობა აშკარად მოწმობს როგორც ტექნოლოგიურ მიღწევებს, ასევე ხელისუფლების მხრიდან მეტად ეფექტურ მმართველობასა და საწარმოო რესურსების მონოპოლიზებას. დიდებულთა იარაღი, ძირითადად, - ბრინჯაოსგან, სასოფლო-სამეურნეო ხელსაწყოები და დაბალი კლასების შეიარაღება კი ქვისგან, ხისგან და ცხოველთა ძვლებისგან მზადდებოდა. ძირითადი სასოფლო-სამეურნეო კულტურა იყო ფეტვი, რომელსაც, მოგვიანებით, ხორბალიც დაემატა. მოსავალი ცენტრალიზებულად მოწყობილ ბეღლებში ინახებოდა. იცოდნენ ბრინჯის მოყვანაც, მაგრამ ის თავად მმართველებისთვისაც კი იშვიათი ძვირფასი კულტურა იყო, რადგან, ძირითადად, სამხრეთ რაიონებში მოდიოდა. მატერიალური კულტურა იმდენად განვითარდა, რომ გაადვილდა მჭიდროდ დასახლებული, მრავალმოსახლიანი ქალაქების გამოკვება, რისთვისაც მეტწილად სოფლის მეურნეობა და სისტემატური ნადირობა იყო საჭირო. ზოგი ცხოველი, მაგალითად, ცხვარი, კამეჩი, ღორი და ძაღლი, უკვე მოშინაურებული ჰყავდათ. ხდებოდა აბრეშუმისა და კანაფის წარმოება. ყოველდღიური მოხმარების ჭურჭელი თიხისგან მზადდებოდა და მახვილგონივრულად იხატებოდა.       შანის დინასტიის გამეფებამდე, შეიარაღებული კონფლიქტები ახალი ქვის ხანის სოფლებს შორის, ძირითადად, დაპირისპირებებითა და შეიარაღებული თავდასხმებით ხასიათდებოდა, თუმცა, გარკვეული კლანების მმართველები თანდათან იმყარებდნენ პოზიციებს და აშკარა ლიდერებიც იკვეთებოდა. მაგალითად, ასეთები იყვნენ სიას დინასტიის დამაარსებლები. მიუხედავად ამისა, შანის დინასტიის აღზევებასა და გარკვეული ცენტრალური (თუმცა, არა ადმინისტრაციული) ხელისუფლების დამყარებასთან ერთად გაჩნდა მუდმივი სამეფო ჯარიც, რომელიც, დაახლოებით, ათასი მებრძოლისგან შედგებოდა. მისი რიცხოვნობის გაზრდაც შესაძლებელი იყო: მმართველ ოჯახზე დაქვემდებარებულ კლანებსა და სამთავროებს დამხმარე ლაშქრის გამოყვანა ევალებოდათ. მიუხედავად იმისა, რომ მეფე, როგორც წესი, პირადად ხელმძღვანელობდა საომარ მოქმედებებს, უკვე არსებობდა სამხედრო ფენის ჩანასახები. მოსაზღვრე მტერთან წამოწყებულ კამპანიებს სამიდან ხუთი ათასამდე მებრძოლი ესაჭიროებოდა, ხოლო ამბოხებულ მთავართა დასამორჩილებლად ცამეტ ათასამდე მეომარი გამოჰყავდათ. საომარი კამპანიები რამდენიმე დღიდან სამ თვემდე გრძელდებოდა, თავად საომარი მოქმედებები კი ცალკეული შეტაკებების სახით მიმდინარეობდა. გვაქვს რამდენიმედღიანი ბრძოლების არსებობის მტკიცებულებებიც. არმია სამ ნაწილად იყო გაყოფილი (მარცხენა და მარჯვენა ფლანგები და შუა რიგები) და ორი ტიპის მეომრებისაგან შედგებოდა: თავისუფლად განლაგებული პრივილეგირებული ფენებიდან მოწვეული ქვეითი, დამხმარე ჯარი და ორთვალა ეტლებით მებრძოლი დიდებულები, რომლებიც სახელმწიფოს წინაშე დაკისრებულ ვალს ბრძოლითა და ცენტრალიზებული ხელისუფლების მხარდაჭერით იხდიდნენ.       შანის ხანაში მიმდინარე ბრძოლებში მთავარი ამოცანა იყო სამეფო სახლის სიუზერენული ხელისუფლების გამყარება, სამხედროთა მასობრივი დატყვევება და ალაფის მოპოვება. ცენტრალური რეგიონებიდან მოშორებით მიწებზე კონტროლი კვლავ ვასალურის ანალოგიური დამოკიდებულებით ხორციელდებოდა, შედარებით მცირე იყო დაპყრობილი მიწის პირდაპირი ინტეგრირება ცენტრალურ-ადმინისტრაციულ სახელმწიფო მოწყობაში. ნაალაფარი სამეფო სახლის ხაზინაში შედიოდა და ერთგული სამსახურის ანაზღაურების საშუალებასაც იძლეოდა. ზოგი ტყვე მონად იყიდებოდა და სასოფლო-სამეურნეო და საშინაო სამუშაოს ასრულებდა. ამ მონების დიდი რაოდენობა იმდროინდელ რელიგიურ ცერემონიებში მსხვერპლად იწირებოდა.       შანის დინასტიის მმართველობის რამდენიმე ასეული წლის განმავლობაში ყოველი მებრძოლის არსენალი ბრინჯაოს იარაღისგან შედგებოდა. უპირატესობა ენიჭებოდა კოს (მოკლე ალებარდის ან ხანჯლის ნაირსახეობა), მასთან ერთად დაჰქონდათ შუბი და შერეული მასალისგან დამზადებული მშვილდი. ბრინჯაოსწვერიანი ისრები, რომელთა გასროლაც 160 გირვანქა მოზიდულობის ძალით გაღუნული მშვილდების მეშვეობით ხდებოდა, ეფექტურად მოქმედებდა დიდ მანძილზე. ხელჩართულ ბრძოლაში ცულებსა და ხანჯლებსაც იყენებდნენ; ტყავისგან დამზადებული ჯავშანი და უზარმაზარი ფარები მნიშვნელოვნად იცავდა მებრძოლს დასარტყამი და სასროლი იარაღისგან. ჭურვებისა და სასროლი იარაღის ზემოქმედების შესამცირებლად მებრძოლებს ბრინჯაოს მუზარადები ეხურათ, ხოლო ფარსა და ჯავშანზე დამატებით ბრინჯაოს ფირფიტებს აკრავდნენ. მეომარი სამეფოების პერიოდის საბრძოლო თეორიის მიხედვით, იარაღი, ჩვეულებრივ, შერეული ტიპისა იყო, რაც უზრუნველყოფდა ბრძოლისუნარიანობას როგორც შორ, ასევე ახლო მანძილებზე. რაც შეეხება ხმალს, როგორც ხანჯლის სახეცვლილებას, მეომარი სამეფოების პერიოდის შუა წლებამდე ჯერ კიდევ ძალიან იშვიათი იყო.       გვიანდელი შანის, დასავლეთის ჯოუსა და „გაზაფხულისა და შემოდგომის პერიოდების“ დროს (ძვ.წ. 722-481 წწ.) ეტლი ძირითადი საბრძოლო ერთეული იყო. ეს ტენდენცია მეომარი სამეფოების ეპოქის (ძვ.წ. 403-221 წწ.) შუა წლებამდე გაგრძელდა, შემდეგ ეტლის ფუნქციები ჯერ ნაწილობრივ ქვეითი ჯარების დიდმა მასებმა შეცვალა, შემდეგ კი, ძვ.წ. III საუკუნეში, მნიშვნელოვანწილად ჩაანაცვლა ცხენოსანმა ჯარმა. ჩინური გადმოცემებით, შანმა მისდამი მტრულად განწყობილი სიას ოჯახის გასაძევებლად წამოწყებულ კამპანიაში სამოცდაათი საომარი ეტლი გამოიყენა. მიუხედავად ამისა, XX საუკუნის არქეოლოგიური აღმოჩენები და პარალელურად მიმდინარე ტექსტობრივი კვლევები მოწმობს, რომ ეტლი სულაც არ ყოფილა ადგილობრივი გამოგონება და ჩინეთში ცენტრალური აზიიდან შანის დინასტიის შუა ხანებში (დაახლოებით, ძვ.წ-ის 1300-1200 წწ.) შემოვიდა. თავდაპირველად ეტლს, სავარაუდოდ, ცერემონიალური და სატრანსპორტო დანიშნულება ჰქონდა და მხოლოდ მოგვიანებით დაიწყო მათი გამოყენება ნადირობისა და საომარი მოქმედებების დროს. ეპიგრაფიკული მასალით მტკიცდება, რომ ამის შემდეგაც კი შანი მტერთან დაპირისპირებისას მეტწილად დიდებულთა ქვეითი ჯარის საბრძოლო ერთეულებს ეყრდნობოდა. რეალურია, რომ შანის ეპოქის დროს ეტლი პრესტიჟულ სიმბოლოდ დარჩენილიყო; მისი ფუნქცია საომარი მოქმედებების დროს სატრანსპორტოთი შემოიფარგლებოდა და ბრძოლის ველზე დანაყოფის მეთაურის პლატფორმას უფრო წარმოადგენდა, ვიდრე მნიშვნელოვან საბრძოლო ერთეულს.       გვიანდელი შანისა და მისი მომდევნო ჯოუს პერიოდების ეტლები, ჩვეულებრივ, სამ ადამიანს იტევდა: შუაში მეეტლე იდგა, მარცხნივ - მეისრე და მარჯვნივ - ხანჯლით შეიარაღებული მებრძოლი. ძირითადი ფუნქციური ერთეული - განყოფილება შედგებოდა ხუთი საომარი ეტლისგან, ხოლო ხუთი განყოფილება ბრიგადას ქმნიდა. ყოველი ეტლის პირად შემადგენლობაში შედიოდა 10-დან 25-მდე დამხმარე ქვეითი ერთეული. მოგვიანებით ამას დაემატა ავანგარდში მყოფი, დაახლოებით, 125 მებრძოლიც. შანის ეპოქის ეტლში ორი ცხენი იყო შებმული, ხოლო თავად ოთხკუთხედი საზიდარი ორ მყარ, მრავალმანიან თვალზე იდგა. საბრძოლო წვრთნები, არსებითად, ფართომასშტაბიანი სამეფო ნადირობისას მიმდინარეობდა, რომლის დროსაც ეტლებს მასიურად იყენებდნენ. მეეტლეს უხდებოდა ეტლის რთულ პირობებში მართვის, მებრძოლებს კი - მოძრავი ეტლიდან საბრძოლო ტექნიკის გამოყენების ჩვევების გამომუშავება. მიუხედავად ამისა, საეჭვოა, რომ ამგვარი წვრთნები საკმარისი ყოფილიყო შესაბამისი უნარ-ჩვევების შესაძენად. ეტლი მეტად ძვირად ღირებულ საჭურველს წარმოადგენდა, მის ასაგებად და სათანადო მდგომარეობაში შესანახად საჭირო იყო ხელოსნები, შესაბამისად, ის უფრო დიდებულთა ხელმისაწვდომი ფუფუნების საგანი გახლდათ. ამის გამო ბრძოლა ხშირად ორთაბრძოლებით, ინდივიდუალური შეტაკების სახით მიმდინარეობდა, რასაც, სავარაუდოდ, თან ახლდა შესაბამისი წეს-ჩვეულებებით განსაზღვრული შეზღუდვები (რისი რომანტიზებაც, ალბათ, გვიანდელ პერიოდში მოხდა). მხოლოდ რამდენიმე ისტორიკოსი და ისიც იშვიათად მიანიშნებს, რომ მონადირეები ცხენებზე იყვნენ ამხედრებულნი, თუმცა, ასეთი მინიშნებები, ჩვეულებრივ, მხედველობაში არ მიიღება: ცხენს მხოლოდ ეტლში შესაბმელად იყენებდნენ. არ არსებობდა უზანგები, უნაგირი, ხოლო ცხენოსნის გრძელი სამოსი პრაქტიკულად გამორიცხავდა, რომ ცხენი ძვ.წ. III საუკუნემდე ეფექტური საბრძოლო ელემენტი გამხდარიყო. 1.2.2. ჯოუს ეპოქა       ჯოუმ ძალაუფლება მუ-იესთან მომხდარი გადამწყვეტი ომის შემდეგ ჩაიგდო ხელში, როცა შანის სამთავრო დაამარცხა. ამას წინ უძღოდა ფარული მზადების მრავალი წელი - პოლიტიკური საყრდენის ნაბიჯ-ნაბიჯ შექმნა მოკავშირეთა წინდახედული შერჩევით, მცირე საფეოდალოების დამორჩილებითა და სხვა კლანებისა თუ ტომების დაპყრობით. ჯოუს ხალხი, რომელიც, სავარაუდოდ, სიას შთამომავალი უნდა იყოს, თავდაპირველად ჩრდილოეთში სახლობდა, მაგრამ უფრო აგრესიული ტომების თავდასხმების გამო იძულებული გახდა სამხრეთით - მდინარე ვეის ხეობაში, შანის კულტურის მეზობლად გადაენაცვლა. ამ მიგრაციამ ჯოუს ხალხს საშუალება მისცა, მასზე უფრო ძლიერი ცივილიზაციის ბევრი მატერიალურ-კულტურული მიღწევა აეთვისებინა შედარებითი თავისუფლების პირობებში, იმავდროულად განევითარებინა ძლიერი სოფლის მეურნეობა და შეექმნა საკუთარი ტექნოლოგიები და გარკვეული კულტურული სახე. ბარბაროსთა გავლენამ ხელი შეუწყო სამხედრო უნარ-ჩვევების, ორგანიზაციული შესაძლებლობებისა და ტაქტიკური აზროვნების ჩამოყალიბებას. შანი ჯოუს ხშირად ანდობდა დასავლეთის ამბოხებულ ხალხთა სადამსჯელო ოპერაციების ჩატარებას, რითაც ჯოუ კიდევ უფრო ხვეწდა და იღრმავებდა სამხედრო საქმის ცოდნას. როდესაც მან ბოლო კამპანია წამოიწყო შინაგანად გახრწნილი და დასუსტებული შანის წინააღმდეგ, ამ უკანასკნელის იარაღი და საბრძოლო ტექნიკა ტექნოლოგიურად უკვე აღარ აღემატებოდა მოწინააღმდეგისას. ჯოუს ერთადერთ ორიგინალურ ინოვაციად შეიძლება ჩაითვალოს ეტლის მასობრივად გამოყენება, რაც მნიშვნელოვნად ზრდიდა მობილურობას და იარაღითა და დამატებითი ძალებით მომარაგების ხარისხს. ჯოუს გამარჯვება, სავარაუდოდ, იმით კი არ იყო გამოწვეული, რომ შანის არმია დეზორგანიზებული იყო, არამედ იმით, რომ ეს უკანასკნელი საგრძნობლად გამოფიტა ჩრდილოეთიდან და აღმოსავლეთიდან მოწოლილ მომთაბარე, მტრულად განწყობილ ხალხებთან ბრძოლამ და გადამწყვეტი ბრძოლების დროს სამხრეთში მიმდინარე სამხედრო ექსპედიციის ჩასატარებლად დიდი ძალების გადასროლამ.       საერთო სტრატეგიისა და ტაქტიკის განსაზღვრისას (განსაკუთრებით, თუ სანდოდ მივიჩნევთ „წყაროთა წიგნსა“ და „ექვს საიდუმლო მოძღვრებას“) ჯოუმ სრულიად ახალი მიდგომა გამოიყენა: უარი თქვა რიტუალურ, ფორმალურ ორთაბრძოლებზე ეფექტური, რევოლუციური ქმედების სასარგებლოდ. დინასტიათა შესაცვლელად საჭირო იყო, პრეტენდენტს სრულყოფილად ჰქონოდა ათვისებული თანამედროვე ტექნოლოგიები. მუდმივად უნდა მომხდარიყო საბრძოლო სტრატეგიის, ტაქტიკის დახვეწა და უნდა მიეღოთ ისეთი ახალი მეთოდები, რაც ჩინეთის ისტორიას არ ახსოვდა. ჯოუს მეფეები იძულებული იყვნენ, განუწყვეტლივ ეფიქრათ შეზღუდული რესურსებისა და ძალების ისე გამოყენებაზე, რაც საშუალებას მისცემდა მათ, დაპირისპირებოდნენ გაცილებით უფრო ძლევამოსილ, კარგად გამაგრებულ მოწინააღმდეგეს. ამ უკანასკნელის არმია კი რიცხოვნობით, ალბათ, ჯოუს მთელ მოსახლეობასაც კი აღემატებოდა. ერთი სიტყვით, იმისათვის, რომ შანს დაპირისპირებოდნენ, მათ უნდა მოეხერხებინათ საკმარისი სამხედრო-პოლიტიკური ბაზისის შექმნა და სხვა ტომებისა და საფეოდალოების თავის მხარეზე გადაბირება.       ჯოუსა და შანის დინასტიებს შორის მომხდარმა ეპოქალური მნიშვნელობის შეტაკებამ, რომელიც იდეალისტურად იქნა აღწერილი გვიანდელი დროის ისტორიულ ძეგლებში, განსაზღვრა ეპოქის გარკვეული მორალური ღირებულებები და დინასტიური ციკლის კონცეფციის პარამეტრები. სწორედ ამ კონფლიქტში ჩაისახა კეთილსა და ბოროტს შორის ბრძოლის არქეტიპი. კეთილს განასახიერებდნენ კეთილშობილური ძალები, რომლებიც ხალხის სახელით ებრძოდნენ ტირანს და მისი პარაზიტი მხარდამჭერების ამალას. თუმცა, თავდაპირველად შანის უწინდელი გამარჯვება სიაზე ანალოგიურად იქნა წარმოდგენილი. ამ ფაქტს დამწერლობის შექმნამდე ჰქონდა ადგილი და უძველესი დროიდან გადმოცემის სახით შემორჩა ისტორიას. ამ ფონზე ჯოუს შეუპოვარი ბრძოლა სამეფოს ტანჯვის უღლიდან გასათავისუფლებლად და ღირსებისა და კეთილშობილების აღსაზევებლად ჩინეთის მორალური თვითაღქმის აღმაფრენას განასახიერებდა. დინასტიები იცვლებოდა, შინაგანად იშლებოდა, მმართველები მორალურად იხრწნებოდნენ და სუსტდებოდნენ; ამ დროს ასპარეზზე ჩნდებოდნენ ღირსების კეთილშობილი დამცველები, რომლებიც უპირისპირდებოდნენ მჩაგვრელ ძალებს, ხალხს შეუქცევად კატასტროფას არიდებდნენ და სამეფოს სიკეთისა და სიქველის გზაზე აბრუნებდნენ. მეორე მხრივ, ზოგი ისტორიკოსის აზრით, შან-ჯოუს კონფლიქტი რეალურად ორ ხალხს შორის გამართული საბოლოო შერკინება იყო, რადგანაც ჯოუს დინასტიის აღზევებიდან მოყოლებული, ჩინეთის სამხედრო მოქმედებები, ძირითადად, შიდა პოლიტიკური შეტაკებებით ხასიათდებოდა. მიუხედავად ამისა, დაპირისპირება ცენტრალური აგრარული სამთავროების მოსახლეობასა და სტეპების მომთაბარე ტომებს შორის ჩინეთის მთელი ისტორიის მანძილზე გრძელდებოდა და ნაწილობრივ ასახავდა ცენტრალურ რაიონებში მოსახლე ხალხის თვითშეგნებისა და მათი „ბარბაროსი“ მეზობლების უკულტურო ყოფის „კონფლიქტს“.       როგორც ეს „ში ძის“ ისტორიულ ტრაქტატებში უძველესი მორალისტური ტრადიცებისა და ხალხის იმდროინდელი ყოფის შესაბამისადაა აღწერილი, შანის კლანმა აღზევება წინა დინასტიის - სიას ბოლო ბოროტი მმართველის გადაგდებით მოახერხა. გადმოცემების მიხედვით, რამდენიმე თაობის შემდეგ შანის იმპერატორებმა დაკარგეს მათთვის ადრეულ დროში დამახასიათებელი კეთილშობილება და მმართველობის ძალა, რაც განპირობებული უნდა ყოფილიყო მათი ე.წ. „ბრწყინვალე იზოლაციითა“ და სიამოვნებათა მორევში ჩაფლობით. მათი მორალური ვარდნა სტაბილურად გრძელდებოდა ბოლო მმართველის (ჯოუს) აღზევებამდე, რომელსაც ისტორია ბოროტების საწყისის განსხეულებად გვიხატავს. ისტორიული გადმოცემები მეფე ჯოუს მიაწერს ძალადობის უამრავ ფაქტს: მან შემოიღო აუტანელი, მძიმე საგადასახადო ბეგარა - ძირითადად, მდიდრული სასახლეებისა და გასართობი ადგილების მოსაწყობად; განუწყვეტლივ ერეოდა სასოფლო-სამეურნეო სამუშაოებში, რითაც მასობრივ შიმშილობასა და მოსახლეობის გაღატაკებას იწვევდა; ჩაფლული იყო გარყვნილებაში - ლოთობა, ორგიები და ძალადობა მისი ცხოვრების ორგანულ ნაწილს შეადგენდა; მან სასტიკად და დაუდობლად ამოხოცა აურაცხელი ადამიანი, მათ შორის კარის მრავალი კეთილშობილი და ღირსეული მსახური; არაადამიანურად აწამებდა დასჯილებს. მიუხედავად ამისა, როგორც ამას ქვემოთ ვნახავთ, შიი ჩიში, შანის ეპოქის ჟამთააღმწერელი მეფეს ახასიათებს, როგორც ნიჭიერსა და ძლევამოსილ მმართველსაც: იმპერატორი ჯოუ თანდაყოლილი გამჭრიახი გონებით გამოირჩეოდა; ჰქონდა მეტად მახვილი სმენა და ბასრი მხედველობა; ხოლო ფიზიკური ძალითა და უნარით ვერავინ შეედრებოდა: შიშველი ხელით შეეძლო გაავებული მხეცის მოკვლა; მისი განათლება სხვათა კრიტიკას სარკესავით ირეკლავდა, ხოლო მჭევრმეტყველებით ადვილად ფარავდა საკუთარ შეცდომებს. ის თავის მინისტრებთან საკუთარი ნიჭიერებით ტრაბახობდა; მთელ სამეფოში ცნობილი იყო ქედმაღლობით; ყველას ზემოდან უყურებდა. უყვარდა ღვინო, უზომოდ იყო გატაცებული მუსიკით და თავის ცოლებთან სასიყვარულო განცხრომას ეძლეოდა. განსაკუთრებით თა ჯი უყვარდა და უსიტყვოდ ემორჩილებოდა მას. ჩიი ჩიუნმა მისი მითითებით შექმნა გარყვნილებით აღსავსე ახალი ჰანგები, პეი-ლის [გარყვნილ ქალთა] ცეკვა და ავხორცული მუსიკა. გადასახადებს კიდევ უფრო ამძიმებდა, რათა ირმის კოშკი მონეტებით შეევსო; ჩიუ ჩიაოს ბეღლებს ხორბლით ავსებდა. გაზარდა და გაამდიდრა ძაღლების, ცხენებისა და უცნაური ნივთების კოლექციები, რომელთაგან სასახლეებში ტევა აღარ იყო. შა-ჩიუს ბაღის კოშკი აამაღლა და იქ ურიცხვი გარეული ცხოველი და ფრინველი ჩაასახლა. პატივს არ სცემდა წინაპართა სულებს. შა-ჩიუს ბაღში მუსიკოსებს უყრიდა თავს, იქ ღვინის ტბა და დაკიდებული ხორცის ტყე იყო მოწყობილი; მთელი ღამის ლოთობის შემდეგ შიშველი ქალებისა და კაცების მონაწილეობით ორგიებს მართავდა. მეფე ასეულობით ოჯახმა შეიძულა, ზოგი მთავარი კი განუდგა კიდეც მას.       ტრადიციული წყაროების მიხედვით, ჯოუს სამთავრო მას შემდეგ შეიქმნა, რაც მისმა ერთ-ერთმა ლიდერმა, თან ფუმ მთები გადალახა და სამხრეთით მდებარე მდინარე ვეის ხეობას შეეფარა, რათა თავისი ხალხისათვის საფრთხე აეცილებინა. ამ მიგრაციის შედეგად თან ფუმ თანდათანობით დათმო ე.წ. ბარბაროსული წეს-ჩვეულებები და წინაპრების ტრადიციულ საქმიანობას - სოფლის მეურნეობას მიჰყო ხელი. ამ ქმედების გამო მას მყისვე ღირსების მანტია მოასხეს, ხოლო ჯოუ - შემდგომ კი მთლიანად ჩინეთი - მიწაზე მიმაგრებული, მიწათმოქმედი ხალხის ქვეყანად აღიარეს. ამას „ში ძი“ ასე აღწერს: უძველესმა მთავარმა, თან ფუმ, ჰოუ ჯისა და მთავარ ლიუს მსგავსად, კვლავ მიჰყო ხელი მიწათმოქმედებას, განავრცო თავისი ღირსებები და სათნოებით მართავდა ქვეყანას, შესაბამისად, ხალხი მხარს უჭერდა მას. ჯუნის ტომის წინამძღოლი სუნ-იუ და თი (ბარბაროსები) თავს დაესხნენ თან ფუს და უნდოდათ სიმდიდრისა და ქონების წართმევა. თან ფუმ მისცა, რასაც ითხოვდნენ. ამის შემდეგ ისინი კვლავ დაესხნენ ჯოუს თავს და ახლა მიწისა და ხალხის მიტაცება მოინდომეს. ხალხი გაბრაზდა და საბრძოლველად აღდგა. უძველესმა მთავარმა თქვა: „როცა ხალხი მმართველს ხელისუფლებას აძლევს, ამას საკუთარი სარგებლობისათვის აკეთებს. ახლა ბარბაროსები თავს გვესხმიან, რადგან ჩვენი მიწისა და ხალხის ხელში ჩაგდება მოუნდათ. რა მნიშვნელობა აქვს, ვის მხარეზეა ხალხი? მათ ჩემ გამო უნდათ ბრძოლა, მაგრამ მე ვერ მოვიქცევი ისე, რომ ძალაუფლების შესანარჩუნებლად მათი მამები და შვილები დავახოცინო“. მაშინ თან ფუმ აიყოლია ნათესავები და პინში წავიდა, გავიდა ფონს ჩი და ჩიუ მდინარეებზე, გადალახა ლიანის მთა და ჩის მთასთან შეჩერდა. პინის ხალხი აიყარა, მოხუცებულები და დავრდომილები ხელით მიჰყავდათ, მივიდნენ და კვლავ უძველეს მთავარს შემოერტყნენ გარს ჩის მთასთან. როცა ახლომახლო მდებარე სამთავროებში შეიტყვეს უძველესი მთავრის, თან ფუს, სათნოების შესახებ, მათაც მხარი დაუჭირეს. ამის შემდეგ მთავარმა მიატოვა ბარბაროსული წესები, ააშენა გალავნები და შენობები და ხალხს საცხოვრებლად ქალაქები მისცა, რათა განცალკევებით ეცხოვრათ. სამთავროს მართვა ხუთ თანამდებობაზე გაანაწილა. მთელი ხალხი მღეროდა და შენატროდა მას, ხოტბას ასხამდა თან ფუს ღირსებას.       XX საუკუნის ჩინეთის სამხედრო ისტორიკოსი, გენერალი სი პეი-კენი დარწმუნებულია, რომ ჯოუმ ასე ადვილად იმიტომ შეძლო სხვადასხვა ხალხის, მათ შორის შანის მიერ დაპყრობილი სიას ტომისგან დარჩენილი ჯგუფების შემოერთება, რომ წარმატებით აითვისა მათი სოფლის მეურნეობის წარმოების ტრადიციები და შრომის განაწილების წესი. სიას სამიწათმოქმედო მემკვიდრეობის უკვდავსაყოფად ჯოუ მრავალი წლის განმავლობაში აგზავნიდა მრჩევლებს სხვადასხვა ტომსა და სამთავროში, მათი მოსახლეობისათვის მიწათმოქმედების წესისა და სეზონური საქმიანობის ცოდნის გადასაცემად. ამან ჯოუს არა მარტო მეზობლების პატივისცემა და კეთილგანწყობა მოუტანა, არამედ კარგად გააცნო მდინარე ვეის ხეობის გარეთ მოსახლე ხალხებიც, მათი წეს-ჩვეულებები და ბუნებრივი ლანდშაფტი.       მამის საპირისპიროდ, ჯი ლი - თან ფუს მესამე შვილი და მემკვიდრე თავისი ორი უფროსი ძმის ღირსეული მმართველობის შემდეგ - თავდასხმით ომებს აწარმოებდა მეზობელი ხალხების წინააღმდეგ და სწრაფად მოახერხა ჯოუს გავლენის სფეროს გაფართოება. თავდაპირველად შანის მეფეები აღიარებდნენ მის მიღწევებს. მათ ჯოუს მმართველს დიდგვაროვანის წოდება უბოძეს და თავის ნათესავზე დააქორწინეს, მაგრამ საბოლოოდ შეიპყრეს ის და სიკვდილითაც დასაჯეს. თუმცა, შანისა და ჯოუს ურთიერთობის ისტორია ბოლომდე გარკვეული არ არის და მისთვის ნათელის მოსაფენად მეტი არქეოლოგიური მტკიცებულებაა საჭირო. ცნობილია, რომ ჯოუს სამეფო სახლის სხვა წევრები (მაგალითად, მეფე ვენი) შანის მეფის ასულებზე ქორწინდებოდნენ. ჯოუს მიერ მდინარე ვეის ხეობის დაკავებამდე მრავალი თაობით ადრე, მეფე ვუ თინიდან მოყოლებული, შანის სამთავრო რეგულარულად აწყობდა სამხედრო ექსპედიციებს ჯოუს ხალხის დასამორჩილებლად. შანის მეფეები ხშირად ნადირობდნენ ჯოუს სამფლობელოში, მაგრამ ამ უკანასკნელის ძლევამოსილების ზრდასთან ერთად შიში გაუჩნდათ და ამ საქმიანობას თავი ანებეს.       დაუმორჩილებლობისათვის შანის ტირანი მმართველის მიერ მოხუცი მეფე უ-ვენიც იყო დაპატიმრებული. თავისუფლება ოჯახისა და სხვა ღირსეულ მხარდამჭერთა მიერ შეგროვებული უხვი ქრთამის მეშვეობით მოიპოვა. ძღვენი იმდენად შთამბეჭდავი იყო, რომ მეფე უ-ვენს, რომელმაც ბოლოს ხმამაღლა აღიარა შანის სიუზერენობა, დასავლეთის მთავრის წოდებაც კი უბოძეს. ტიტულის მინიჭებისას მას გადასცეს მშვილდი, ისრები და ცულები, რომლებიც მასზე დაკისრებული სამხედრო მოვალეობის სიმბოლო იყო. მეფე ვენს აქტიურად უნდა დაეცვა იმპერია გარე ძალებისაგან. ის დაუყოვნებლივ დაბრუნდა შანის იმპერიის უკიდურეს დასავლეთში მდებარე თავის პატარა სამთავროში, რომლის დაშორება ცენტრიდან გამოსადეგი იყო მისი მმართველობისათვის. ბარბაროსთა მიწაზე ცხოვრებით მის ხალხს თავისუფლად შეეძლო გაემართა ბრძოლები, ესარგებლა ნაყოფიერი მიწებით და სხვათაგან ფარულად ეცხოვრა ნებაყოფლობით იზოლაციაში. სწორედ იმიტომ, რომ მეფე ვენს საშუალება ჰქონდა, სხვების ყურადღების მიპყრობის გარეშე განეხორციელებინა სამთავროს მოღონიერებისა და მატერიალურ-სოციალური დოვლათის დაგროვებისაკენ მიმართული ეფექტური პოლიტიკა, ჯოუს მთელი ჩვიდმეტი მშვიდი წელიწადი მიეცა იმისათვის, რათა კარგად მომზადებულიყო საბოლოო შეტაკებისათვის. 1.2.3. ექვსი საიდუმლო მოძღვრება და ჯოუს გამარჯვება       ჯოუს აღზევებასა და შანის დაპყრობასთან ტრადიციულად ასოცირებულია სამი ცნობილი პიროვნება: მეფე უ-ვენი, მეფე ვუ და თაი კუნი. აქედან პირველმა ათწლეულები იმეფა, აქტიურად ზრუნავდა სამეფოს ძლიერების განმტკიცებაზე, განუხრელად ატარებდა მიზანმიმართულ ეკონომიკურ პოლიტიკას, რათა ხალხს კეთილდღეობაში ეცხოვრა და, პრაქტიკულად, ე.წ. „კეთილი მმართველი“ გახდა. მეფე ვუმ, რომელიც ტახტზე დინასტიურ რევოლუციამდე რამდენიმე წლით ადრე ავიდა, სამთავროში მიმდინარე მზადება მოკავშირეთა ქსელის გაფართოებით, პოტენციურ მოწინააღმდეგეთა დამორჩილებითა და შეიარაღებული ძალების განვითარების ხელშეწყობით დაასრულა, რის შემდეგაც საბოლოო სამხედრო კამპანია წამოიწყო. რაც შეეხება თაი კუნს, რომლის პიროვნება, სუნ-ძის მსგავსად, ბოლომდე გარკვეული არ არის, ის ჩინეთის ისტორიაში ცნობილია, როგორც პირველი სარდალი და სტრატეგიული აზროვნების ნამდვილი პიონერი. მას შემდეგ, რაც თაი კუნი მეფე ვენს შეხვდა საბოლოო გამარჯვებამდე ოცი წლით ადრე (ეს შეხვედრა, გადმოცემის თანახმად, „თვით ბედისწერით იყო განსაზღვრული“), ის შემდეგდროინდელ წყაროებში განუწყვეტლივ მოიხსენიება, როგორც მრჩეველი, მასწავლებელი, ნდობით აღჭურვილი პირი, ბრძენკაცი, სტრატეგი და სარდალი.       ითვლება, რომ „შვიდი სამხედრო კლასიკური ნაშრომის“ შემადგენელი „ექვსი საიდუმლო მოძღვრება“ თაი კუნის მიერ მეფე ვენისა და ვუსთვის მიცემულ პოლიტიკურ რჩევა-დარიგებებს შეიცავს და ვრცლად აღწერს მის მოსაზრებებს სახელმწიფოს ეფექტური მმართველობის, ეროვნული კეთილდღეობის მიღწევის გზებისა და ფსიქოლოგიური ომის წარმართვის თაობაზე. თუმცა ტრაქტატის დიდი ნაწილი ტაქტიკური სიტუაციების ანალიზსა და კონკრეტულ რეკომენდაცებს ეთმობა. ზემოაღნიშნული საკითხი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ჩინეთის სამხედრო სტრატეგიის შესწავლის თვალსაზრისით, რადგან ეს ნაშრომი მნიშვნელოვანწილად ლანდშაფტის კონფიგურაციის ვრცელ განხილვას წარმოადგენს, რასაც პირველად ყურადღება სუნ-ძიმ დაუთმო „ომის ხელოვნებაში“ და, სავარაუდოდ, უ ძიმ ნაშრომში „ვუ-ძი“. მართალია, არსებული ტექსტი აშკარად მეომარი სამეფოების ხანას მიეკუთვნება, ზოგი მეცნიერის აზრით, ის კარგად ასახავს ჩის სამხედრო მოძღვრების ტრადიციებს და წარმოგვიდგენს ჩინეთის სამხედრო სტრატეგიის არსს თუ არა, გარკვეულ ელემენტებს მაინც. შანის დამარცხების შემდეგ თაი კუნს ჩის მმართველობა უბოძეს - ერთი მხრივ, აღმოსავლეთ რაიონების დასამშვიდებლად, მეორე მხრივ კი - ასე აღნიშნეს მისი დამსახურება ჯოუს სამეფო სახლის წინაშე (ყველაფერთან ერთად გაანეიტრალეს მისგან პოტენციურად მომდინარე სამხედრო საფრთხე). სწორედ ამის შემდეგ დაიწყო საომარი ტრადიციებისა და სამხედრო მოძღვრებათა აყვავების ხანა. ეს ყველაფერი კი ჩისთან ასოცირდებოდა. სუნ-ძის კლანი ერთ-ერთი იყო იმ ოთხთაგან, რომელთაც მოგვიანებით ქვეყანაში პირველობისათვის დაიწყეს ბრძოლა.       ჩინეთის საბრძოლო ტრადიციებში თაი კუნის ლეგენდარული ფიგურიდან და იმ მნიშვნელობიდან გამომდინარე, რომელიც იმდროინდელი პერიოდის ისტორიულ მასალას ეკისრება სუნ-ძის ეპოქისა და სამეფოში შექმნილი მდგომარეობის შესწავლის თვალსაზრისით, ალბათ, ღირს, გაგაცნოთ „ში ძიში“ („ისტორიული ნაწერები“) აღწერილი მისი ბიოგრაფია. ამ მოხუცებულმა, ნახევრად მისტიკურმა ადამიანმა, რომლის ადრეული ცხოვრებაც იდუმალებით იყო მოცული ჯოუს პროვინციაში პირველად გამოჩენისთანავე, აუტანლად ჩათვალა შანის კარზე ცხოვრება და იქიდან გასაქცევად სიგიჟე გაითამაშა. ის გაქრა ჯოუს კარიდან, მაგრამ ხელახლა გამოჩნდა, სავარაუდოდ, სამოცდათორმეტი წლის ასაკში. „ში ძიში“ მისი ხანდაზმულობის შესახებ მოყვანილი ცნობების გარდა, საყურადღებოა მისი პირველი საუბარი მეფე უ-ვუსთან, რასაც დიდ ისტორიულ მოღვაწეთა საბედისწერო შეხვედრების დამახასიათებელი მითიური იერი დაჰკრავს: თაი კუნ ვანი, ლიუ შანი წარმოშობით აღმოსავლეთის ზღვის მხრიდან იყო. მის ერთ წინაპარს მონათა ზედამხედველად უმსახურია და დიდი ღვაწლიც გაუწევია, როცა იუს წყლების დამშვიდებაში ეხმარებოდა. იმპერატორ შუნის დროიდან სიას დინასტიის ზეობამდე მას ლიუში, ან, შესაძლოა, შენში მიწა უბოძეს და გვარი ჩიანად შეუცვალეს. სიასა და შანის დინასტიების დროს [მისი] გვერდითი ხაზის (შტოს) რამდენიმე შთამომავალი ლიუსა და შენში სახლობდა; ზოგი მათგანი მდაბიო იყო; ისინი იყვნენ შანის წინაპრები. მისი ნამდვილი გვარი ჩიანი იყო, მაგრამ შემდეგ გვარი თავისი მამულის სახელიდან აიღო და ლიუ შანი დაირქვა.       ლიუ შანი უკვე მოხუცი იყო, როდესაც თევზაობის დროს დასავლეთის მთავარს [მეფე უ-ვენს] შეხვდა. დასავლეთის მთავარი ნადირობას აპირებდა და მკითხავთან მივიდა, რათა [წარმატებული ნადირობის შესახებ] ეკითხა. [მკითხავმა] ასე უთხრა: „შენ რასაც მოინადირებ, არც დრაკონია და არც ქვეწარმავალი, არც ვეფხვია და არც დათვი. შენ ჰეგემონის ან მეფის მარჯვენა ხელს მოიპოვებ“. ამის შემდეგ დასავლეთის მთავარი სანადიროდ წავიდა და მდინარე ვეის მზიან ნაპირზე მართლაც შეხვდა თაი კუნს. დაელაპარაკა მას და ძალზე ნასიამოვნები დარჩა. ასე უთხრა: „ჩემმა ყოფილმა ბატონმა, ო, თაი კუნ, მითხრა: „არსებობს ბრძენკაცი, რომელიც ჯოუში ჩამოვა და მისი წყალობით ჯოუ გაბრწყინდება“. შენ ის კაცი ხომ არ ხარ? ჩემი თაი კუნი დიდხანს გელოდა [ჩინ. ვანი]“. ასე რომ, თაი კუნ ვანი დაარქვა და მასთან ერთად ეტლით უკან დაბრუნდა, შემდეგ კი ლიუ შანი სტრატეგად დანიშნა.       ვიღაცას უთქვამს: „თაი კუნი დიდხანს სწავლობდა სხვადასხვა მეცნიერებას და ერთ დროს [შანის] მეფე ჯოუს ემსახურებოდა. მაგრამ მეფე კარგად ვერ ფლობდა გზას [დაოს], ასე რომ, თაი კუნმა მიატოვა ის. ერთხანს მოგზაურობდა და სხვადასხვა მთავარზე თავის მოსაზრებათა ძალას სცდიდა, მაგრამ არც ერთი არ გამოდგა [შესაფერისი] და ისიც, ბოლოს და ბოლოს, დასავლეთში დაბრუნდა ამ მხარის მთავართან ერთად“.       სხვას ასე უთქვამს: „ლიუ შანი მოხუცი მეცნიერი იყო, რომელმაც საქმეებს თავი დაანება და ზღვის ნაპირას ცხოვრობდა ყველასგან ფარულად. როდესაც დასავლეთის მთავარი იუ-ლიში იყო დატყვევებული, სან-ი შენმა და ჰუნ იაომ დახმარებისათვის ლიუ შანს მიმართეს, რადგან დიდი ხნის განმავლობაში იცნობდნენ მას. ლიუ შანმა თქვა: „გამიგია, რომ დასავლეთის მთავარი ერთ-ერთი რჩეული ადამიანია და, განსაკუთრებით, მოხუცებულთა პატრონობით არის ცნობილი, ალბათ, ჯობს, მას მივმართო“. ამ სამმა, დასავლეთის მთავრის სახელით, ულამაზესი ქალები და უცნაური ნივთები შეარჩია და გამოსასყიდად მეფე ჯოუს გაუგზავნა. ასე იქნა გათავისუფლებული დასავლეთის მთავარი, რომელიც შემდეგ თავის სამთავროში დაბრუნდა“.       თუმცა სხვადასხვა წყარო სხვადასხვანაირად გადმოგვცემს ლიუ შანის დასავლეთის მთავართან სამსახურის დაწყების ამბავს, ამ ვერსიებში მთავარი და საერთო ის გახლავთ, რომ ის მეფეების - უ-ვენისა და ვუს სტრატეგი ყოფილა.       დასავლეთის მთავრის გათავისუფლებისა და [შენში] დაბრუნების შემდეგ, მან ლიუ შანთან დაიწყო თათბირი, განავრცო თავისი ღირსებები და შანის ხელისუფლების დამხობა გადაწყვიტა. თაი კუნის ზედამხედველობის სფეროს, ძირითადად, სამხედრო საქმეები და ახალი, სრულიად განსხვავებული სტრატეგიების შექმნა შეადგენდა. ასე რომ, როდესაც მომდევნო თაობები სამხედრო სტრატეგიებსა და ჯოუს ამ ნიჭზე - სამთავროთა შორის ბალანსის დამყარების [ჩიუანი] უნარზე საუბრობენ, ყველა ხოტბას ასხამს თაი კუნს ფუნდამენტური მოძღვრების ჩამოყალიბებისათვის.       დასავლეთის მთავრის ხელისუფლება სამართლიანი იყო [მაშინაც კი], როდესაც იუსა და ძიუის შორის არსებულ დაპირისპირებას აგვარებდა. [ოდების წიგნში] პოეტი დასავლეთის მთავარს მეფე უ-ვენად იხსენიებს - მეფობის უფლება მას ზეციდან ჰქონდა ნაბოძები. ის თავს დაესხა ჩუნს, მი-სიუსა და ჩიუან-ის და ფენთან დიდებული ქალაქი ააგო. ამ ქვეყანაზე ყველაფერი სამად რომ ყოვილიყო გაყოფილი, ორი მესამედი მას [უკვე] უჭერდა მხარს. ამაში უდიდესი წვლილი თაი კუნის გეგმებსა და სქემებს მიუძღოდა.       მეფე უ-ვენის გარდაცვალების შემდეგ ტახტზე ვუ ავიდა. მეფობის მეცხრე წელს, ვენის დაწყებული საქმის გაგრძელების მიზნით, მან აღმოსავლეთისკენ გაილაშქრა, რათა ენახა, დაუდგებოდნენ თუ არა გვერდზე იქაური მთავრები. როდესაც ჯარი გზას გაუდგა, თაი კუნმა მარცხენა ხელში ყვითელი საბრძოლო ცული მოიმარჯვა, ხოლო მარჯვენაში, ფიცის ნიშნად, თეთრი ალამი ეჭირა.       ცან-სუ! ცან-სუ!       გააერთიანე უბრალო ხალხი       და წამოდი ნავებითა და ნიჩბებით.       დაგვიანებით მოსულთ თავები დასცვივდებათ.       ამის შემდეგ ის მენ-ჩინში წავიდა. საკუთარი ნებით შეკავშირებული ადგილობრივი მთავრები სულ რვაასნი იყვნენ. ყველამ თქვა: „მეფე ჯოუზე თავდასხმა შესაძლებელია“. მეფე ვუმ კი თქვა: „მათ ეს ჯერ არ ძალუძთ“, ლაშქარი მოაბრუნა და თაი კუნთან საშინელი ფიცი დადო.       ორი წლის შემდეგ მეფე ჯოუმ მოკლა პრინცი პი-კანი და დაატყვევა ჩი-ძი. ვუმ გადაწყვიტა, თავს დასხმოდა მეფე იოუს და მომავლის დასადგენად კუს ნიჟარაზე ამკითხავებინა. ნიშანი ცუდის მომასწავებელი იყო - ძლიერი ქარი ამოვარდა და წვიმა წამოვიდა. ყველა მთავარი შეშინდა, მაგრამ თაი კუნმა გაამხნევა ისინი და მეფე ვუს მხარდასაჭერად მოუწოდა. მეფე ლაშქარს წინ გაუძღვა.       მეთერთმეტე წლის პირველ თვეს, ჩია-ძის დღეს მან ფიცი დადო მუ-იესთან და თავს დაესხა შანის მეფე ჯოუს. შანის არმია სასტიკად დამარცხდა, თავად მეფე კი გაიქცა და ირმების კოშკს შეაფარა თავი. მაშინ მოკავშირეებმა მისდიეს მას და თავი მოჰკვეთეს. მომდევნო დღეს მეფე ვუ საკურთხეველთან დაბრძანდა. მთავრებმა სუფთა წყალი მიუტანეს; ვეის მმართველმა კან შუ-ფენმა ფერადი ჭილოფი გააფინა; ში შან-ფუმ ზვარაკი მოიყვანა, ხოლო პირველი მწიგნობარი ლოცვებს ღიღინებდა. ეს ყველაფერი იმისთვის კეთდებოდა, რომ წინაპართა სულებისთვის მეფე ჯოუს დასჯის ამბავი მოეხსენებინათ. მათ ირმების კოშკში შენახული ფული დაარიგეს და ჩიუ-ჩიაოს ბეღლებიდან პური გასცეს, რომ გაღატაკებული ხალხისთვის ცოტაოდენი შვება მოეგვარათ. პი-კანის საფლავი გააპატიოსნეს და ჩი-ძი ტყვეობიდან გაათავისუფლეს. შემდეგ ცხრა კასრი მოაგორეს, ჯოუს მთავრობა სწორ გზაზე დააყენეს და ზეცის ქვეშ ყველაფერი თავიდან დაიწყო. ხოლო დიდი წილი ამ საქმეებში კვლავ ში შან-ფუს [თაი კუნს] მიუძღოდა.       ვუმ მთელ შანს სიმშვიდე მოუტანა და ზეცის ქვეშ მდებარე ყველა მიწის მეფე გახდა. შემდეგ მან თაი კუნი მმართველად ჩიში, იინ-ჩიუში გააგზავნა. ისიც აღმოსავლეთისკენ გაემართა, თავის სამთავროში. აუჩქარებლად მგზავრობდა და ღამღამობით დუქნებში ჩერდებოდა. მედუქნემ თქვა: „გამიგია, რომ დროის მოგება ძნელია და დაკარგვა კი ადვილი. ჩვენს სტუმარს ძალიან მშვიდად სძინავს. ალბათ, თავის სამთავროში ჩასვლას არ ისწრაფვის“. თაი კუნმა ეს მოისმინა, იმ ღამესვე ადგა, ჩაიცვა და გზას გაუდგა. სამთავროს საზღვარს გათენებამდე მიადგა. ლაის მარკიზმა იინ-ჩიუს მიტაცება მოინდომა და შეებრძოლა. იინ-ჩიუ ლაის ესაზღვრებოდა. ლაის მოსახლეობა იის ტომის ხალხი იყო, რომელთაც მეფე ჯოუს მმართველობისას შექმნილი ქაოსითა და ჯოუს დინასტიის აღზევებით ისარგებლეს და გადაწყვიტეს, რომ ახალი სამეფო ოჯახი ვერ შეძლებდა გამდგარი პროვინციების შემომტკიცებას და ამიტომ თაი კუნს ბოძებულ სამთავროს ედავებოდნენ.       როდესაც თაი კუნი იინ-ჩიუში ჩავიდა, მან სათანადო რეფორმები გაატარა (მთავრობაში) ადგილობრივ წეს-ჩვეულებათა გათვალისწინებით; გაამარტივა ჯოუში მიღებული საკუთრების უფლებები [ლი]; ხელი შეუწყო ვაჭრებისა და ხელოსნების საქმიანობას და დაიწყო მეთევზეობისა და მარილის მოპოვებიდან მოგების მიღება. უამრავმა ადამიანმა დაუჭირა ჩის ამგვარ მმართველობას მხარი და ისიც დიდებული სამთავრო გახდა.       როდესაც ჯოუს მეფე ჩენი ჯერ კიდევ ახალგაზრდა იყო, კუან შუ და ცაი შუ აჯანყდნენ. ჯოუს წინააღმდეგ გაილაშქრა მდინარე ჰუას ხეობაში მოსახლე იის ტომმაც. ასე რომ, [მეფე ჩენის თხოვნით] ჰერცოგმა ჩაო კანმა დაავალა თაი კუნს: „აღმოსავლეთით - ზღვამდე, დასავლეთით - ყვითელ მდინარემდე, სამხრეთით - მუ-ლინამდე და ჩრდილოეთით - ვუ-ტიმდე დაამშვიდე ქვეყანა და ჭკუა ასწავლე ხუთ მარკიზსა და ცხრა გრაფს“. ამის გამო ჩიმ დავალებული სადამსჯელო ექსპედიცია წამოიწყო, თავს დაესხა [აჯანყებულებს] და კიდევ უფრო გაძლიერდა. მისი დედაქალაქი იყო იინ-ჩიუ.       როდესაც თაი კუნი გარდაიცვალა, ის, ალბათ, ას წელზე მეტი ხნისა იყო...       * * *       დიდი ისტორიკოსი ამბობს: „მე წავედი ჩიში - ტაის მთასთან მდებარე ლან-იეს ჩრდილოეთით. იმ ადგილას, რომელიც ზღვას ესაზღვრება, ორი ათასი ლი ნაყოფიერი მიწაა გადაჭიმული. ადგილობრივი ხალხი მეტად ენერგიულია, ბევრი მათგანი არ ამჟღავნებს თავის ცოდნას. სამთავროს ჩამოყალიბებაში თაი კუნის გაწეულ შრომას თუ გავიხსენებთ, გასაგები გახდება, ასე რატომ უწყობდა ხელს ჰერცოგი ჰუანი კარგი მთავრობის შექმნას. ამის გამოც მოახერხა თავის გარშემო სხვა ფეოდალების შემოკრება. დიდებულია, ჭეშმარიტად დიდებული დიადი სამეფოს ცხოვრების წესი“.       მიუხედავად იმისა, რომ სი-მა ციანის ტრადიციულად სანდო წყაროდ მიჩნეულ „ში ძიში“თაი კუნის ბიოგრაფია საკმაოდ დეტალურადაა აღწერილი, ათასწლეულების განმავლობაში სკეპტიკოსი კონფუციანელები იქამდე მიდიოდნენ, რომ საერთოდ უარყოფდნენ მისი არსებობის ფაქტს. ამ ადამიანის წარმოშობის შესახებ ურთიერთსაწინააღმდეგო გადმოცემებით შეცბუნებული სხვა სწავლულები კი მის როლს ძალზე აკნინებდნენ. ორივე ჯგუფი თავის მოსაზრებებს იმით ასაბუთებდა, რომ ტრადიციულად აღიარებულ უძველეს ტექსტებში - შან შუსა და ჩუნ ციუში [„გაზაფხულ-შემოდგომის ჟამთაღწერა“], რომლებიც აღნიშნულ ეპოქალურ მოვლენებს საკმაოდ ზუსტად აღწერს, თაი კუნი მოხსენიებული არ არის. ასე რომ, სკეპტიკოსები, ჩვეულებრივ, ეთანხმებიან მეორე დიდ კოფუციანელს, სიზუსტის მოყვარულ მენციუსს და არ აღიარებენ სამხედრო კამპანიების სასტიკ ხასიათსა და სისხლის ღვრის მასშტაბურ ფაქტებს. დაკნინებულია მეფე ვუს ის გიგანტური ძალისხმევაც, რაც მან წლების განმავლობაში გასწია უშუალოდ შანის დაპყრობამდე, აგრეთვე, არაფრადაა ჩაგდებული მისი მიღწევები ამ რეგიონზე კონტროლის დამყარების საქმეში. შესაბამისად, ფრთხილ და წინასწარგამიზნულ პოლიტიკასთან, ღირსებასთან და სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ხელშეწყობასთან ისტორიულად ასოცირებული ორი მოღვაწე - მეფე უ-ვენი და ჯოუს ჰერცოგი განდიდებულია, ხოლო მთავარი სტრატეგისა და სარდლის, სამხედრო მოღვაწეთა ღვაწლი - იგნორირებული და მივიწყებული. მიუხედავად ამისა, სხვადასხვა ტექსტში ლეგენდარულ და მითიურ საბურველს მიღმა არსებული მრავალრიცხოვანი გადმოცემებისა და მითითებების საფუძველზე, სხვა მეცნიერები და ისტორიკოსები ასკვნიან, რომ თაი კუნი არა მხოლოდ ნამდვილად არსებობდა, არამედ მას რეალურად უდიდესი როლი ეკისრება მთლიანად ჯოუს ისტორიაში, როგორც ეს აღწერილია „ში ძიში“ გადმოცემულ მის ბიოგრაფიაში. მიუხედავად იმისა, რომ მეფე უ-ვენთან მისი პირველი შეხვედრის დეტალები, ალბათ, ყოველთვის ბურუსით იქნება მოცული, ვარაუდობენ, რომ თაი კუნი წარმოადგენდა ჩიანის კლანს. ამ კლანის წევრები ჯოუს სამხედრო მოკავშირეები იყვნენ და მათ შორის შერეული ქორწინების მრავალი ფაქტი არსებობდა. უეჭველია, რომ სიას დინასტიის მსგავსად, რომლის მითიურმა არსებობამ ბოლო დროს აღმოჩენილი უძველესი არტეფაქტებით რეალური საფუძველი შეიძინა, თაი კუნის ცხოვრებისა და მოღვაწეობის ფაქტები თანდათან ისტორიული მტკიცებულებებით გამყარდება. 1.3. ქვეყნის გაერთიანება და დასავლეთი ჯოუ       ჯოუს მეფეები მყისიერად დადგნენ უსწრაფესად გადასაჭრელი პრობლემის წინაშე. მათ ერთმანეთთან ორგანულად დაუკავშირებელი ტომებისგან შემდგარი, უშველებელ ტერიტორიაზე გადაჭიმული იმპერია უნდა ემართათ ჯოუს მცირერიცხოვანი ხალხის საშუალებით. მიუხედავად იმისა, რომ შანის წინააღმდეგ წამოწყებულ სამხედრო კამპანიაში ჯოუ, სავარაუდოდ, რვაასამდე დამოუკიდებელი სამთავროს მხარდაჭერით სარგებლობდა, მას ბევრი მოწინააღმდეგეც ჰყავდა. მას უნდა დაემორჩილებინა და ემართა ეს მტრულად განწყობილი ტომები, ათიათასობით შანელი დიდებული და, აგრეთვე, თავად ჯოუს მოკავშირე სამთავროთა მოსახლეობა. უნდა ჩაეხშო მთელს იმპერიაში მოგიზგიზე აჯანყებების ცეცხლი. მუ-იესთან გამართული ცნობილი გადამწყვეტი ბრძოლის შემდეგ მეფე ვუმ დაუყოვნებლივ დაავალა თაი კუნს მიმდებარე პროვინციების შემოერთება. დედაქალაქში მიმავალ ჯოუს მეფეს გზადაგზა უხდებოდა ურჩ ფეოდალთა წინააღმდეგობის დაძლევა. საბოლოოდ, დასავლეთ ჯოუმ მმართველობა განიმტკიცა რამდენიმე პოლიტიკური და სამხედრო აქციით, რომელთა შორის ყველაზე მნიშვნელოვანი იყო მისი ძლევამოსილი კლანის წევრების განწესება რამდენიმე მოკავშირე და მტრულად განწყობილ სამთავროში. ყოველი გაგზავნილი წევრი აარსებდა სამეფო ოჯახის გვერდით ხაზს და ბოძებულ მიწაზე სახლდებოდა თავის ოჯახთან, სახლეულსა და სამხედრო ამალასთან ერთად. ისინი რეალურად წარმოადგენდნენ ჯოუს ანკლავს ადგილობრივ მოსახლეობაში და დაუყოვნებლივ იწყებდნენ გალავნიანი ქალაქის შენებას. ეს ქალაქი ხდებოდა ჯოუს ოჯახის სამხედრო, პოლიტიკური, ეკონომიკური, ადმინისტრაციული და კულტურული ცენტრი რეგიონში.       მეფე ვუმ ათასობით შანელი დიდგვაროვანი ოჯახი გადაასახლა აღმოსავლეთ დედაქალაქის რეგიონში, რადგან იქ ადვილად შეძლებდა მათ კონტროლს, თუმცა დიდებულებს იმის უფლებაც მიეცათ, თავისთან დაეტოვებინათ ამალა, მომსახურე პირები, ჰქონოდათ საკუთარი წეს-ჩვეულებები და ტრადიციულად მიღებული კანონებით ეცხოვრათ. ჯოუს ადრინდელმა მეფეებმა ეფექტურად განიმტკიცეს ხელისუფლება ამგვარად ჩამოყალიბებულ ვასალურ პროვინციებს შორის მჭიდრო კავშირის დამყარების საშუალებით. ფეოდალთა მორჩილებას უზრუნველყოფდა მათი აქტიური მონაწილეობა კლანის ცხოვრებასა და მმართველობაში, კიდევ უფრო აძლიერებდა მათი სამხედრო-პოლიტიკური არასრულფასოვნება და ამძაფრებდა ამ ოჯახების შედარებითი იზოლაცია. ეს ყველაფერი ხელს უწყობდა ორმხრივ თანამშრომლობას მეფის ხელმძღვანელობით. შანის მმართველობის თეოკრატიული ხასიათი შეცვალა უფრო პრაქტიკულმა მიდგომამ, თუმცა, ჯოუს მეფემ თავს იმის უფლება მისცა, რომ მხოლოდ მას აღესრულებინა წინაპართა სულებისა და ზეცისათვის მსხვერპლშეწირვის წესი. თაყვანისცემის ამ ობიექტებიდან ქვეყნის საქმეებში პირველის აქტიური ჩარევა კვლავ აუცილებელი იყო, ხოლო მეორის ნებით მოხდა ჯოუს რევოლუციური საქმიანობის რატიფიცირება.       გარდა ექვსი მუდმივი ლაშქრის შექმნისა და სამეფოს სხვადასხვა პროვინციაში დისლოცირებული სამხედრო ნაწილებისა, ჯოუმ მოახერხა შანის დაშლილი ლაშქრიდან დარჩენილი რვა არმიის შემოერთებაც. საჭიროების შემთხვევაში, მას შეეძლო ვასალთა ლაშქრის მოხმობაც. ყველა ეს არმია, ძირითადად, კვლავ დიდგვაროვნებისგან შედგებოდა, რომელთაც დამხმარე ძალად მიჰყვებოდნენ მდაბიოები, პირადი ამალა და მსახურები. ცხადია, რომ ბევრ მებრძოლს თან ახლდნენ და დამხმარე ქვეითი ძალის როლს ასრულებდნენ ე.წ. შიიები - მმართველი ოჯახის გვერდითი ხაზის (შტოების) წარმომადგენლები, გრაფებისა და ჰერცოგების უმცროსი შვილები და მცირე აზნაურთა ოჯახების სხვა წევრები. დასავლეთ ჯოუს პერიოდში ბრძოლა მიმდინარეობდა რიგითი ჯარის უშუალო მონაწილეობით. გამოიყენებოდა ეტლებიც, როგორც ერთეული, რომელიც ძალების სწრაფ გადასროლასა და მობილურობას უზრუნველყოფდა. განსაკუთრებული ყურადღება ეთმობოდა უფროს-უმცროსობის წესების დაცვასა და მოწინააღმდეგის მიმართ პატივისცემის გამოვლინებას.       პერიფერიების რაიონების საბოლოო დაპყრობისა და ფეოდალური სისტემის საშუალებით მათი ცენტრალური ხელისუფლების ქვეშ გაერთიანების შემდეგ, დასავლეთ ჯოუს პერიოდის პირველი რამდენიმე საუკუნის განმავლობაში, სამხედრო ხელოვნებასა თუ სტრატეგიაში რაიმე სერიოზული გარდატეხა არ მომხდარა. ტყავის თრიმვლისა და გამოყვანის შესაძლებლობების დახვეწის შესაბამისად, ნელ-ნელა ჩნდებოდა და ვითარდებოდა ჯავშნის ისეთი სახეობები, რომლებიც უკეთ მიესადაგებოდა ქვეითი ჯარის მზარდ აქტიურ როლს. მეტალურგიული ხელოვნების სტაბილური განვითარების პარალელურად იცვლებოდა იარაღის ფორმა - დასარტყამი იარაღი დაგრძელდა, გამყარდა და გართულდა. დასავლეთი ჯოუს პერიოდის ბოლოსათვის, ძვ.წ. 771 წელს მცირე რაოდენობით გამოჩნდა ხმლები. მიუხედავად ამისა, კვლავ სტაბილურად გამოიყენებოდა გრძელი იარაღები - ეტლებიდან ან ქვეითად საბრძოლველად, რომელთა შორის დომინირებდა ბარჯი.       სულ ოთხი თაობის შემდეგ დასავლეთი ჯოუს ცენტრალურმა ხელისუფლებამ დასუსტება დაიწყო. ამ ტენდენციას აძლიერებდა სამხრეთში ექსპანსიისაკენ მიმართული მეტად მცდარი კამპანიები. საკმაოდ მალე დასავლეთი ჯოუ დადგა ჩრდილოეთიდან და დასავლეთიდან მოწოლილ ბარბაროსთა თავდასხმის საფრთხის წინაშე. სამეფო სახლი სწრაფად კარგავდა სიმდიდრეს - მეფეები ლენებისა და ჯილდოების საშუალებით ცდილობდნენ სამეფოს მხარდამჭერი ვასალების ერთგულების შენარჩუნებას. ყოველივე ამის შედეგად, ფეოდალები თანდათან წელში გაიმართნენ და, მართალია, ჯერ კიდევ საკუთარი სურვილის წინააღმდეგ, მაგრამ მაინც ემორჩილებოდნენ მეფის მოთხოვნებს, მათ გაუჩნდათ ინდივიდუალურ-რეგიონული თვითაღქმა, განსაკუთრებით, ადგილობრივ ხალხებსა და კულტურებთან ურთიერთქმედების შედეგად. კლანის დასუსტებას ხელი შეუწყო უნებისყოფო და არაკომპეტენტური მმართველების მთელმა პლეადამ. მათმა ნაწილმა აშკარად დაივიწყა, რომ თავის დროზე მეფე ვუმ მეფობა სწორედ მეფე ჯოუს თავაშვებულობის გამო მოიპოვა. საბოლოო ჯამში, ძვ.წ. 771 წელს ჯოუს ერთ-ერთ მეფეს, რომელიც ტახტზე ვასალური სამთავროების ძალისხმევის შედეგად დაბრუნდა, სამარცხვინოდ მოუწია დედაქალაქის გადატანა აღმოსავლეთში, რათა თავი აერიდებინა ბარბაროსთა ზეწოლისათვის და როგორმე გაეგრძელებინა დინასტიის მართვა. მის მიერ გატარებული ერთ-ერთი თავდაცვითი ზომა იყო ცინის პროვინციაში ისტორიულად მოსახლე ოჯახისათვის ამ მიწის მემკვიდრეობით მინიჭება ცხენების მოშენების საქმეში მათ მიერ გაწეული ღვაწლის გამო. ამით მეფე იმედოვნებდა, რომ ეს ხალხი (თავადაც ნახევრად ბარბაროსული ტომი) როგორმე შეაჩერებდა მათი მიწის დასაპყრობად მოწოლილ მომთაბარეთა ტალღას. 1.3.1. „გაზაფხულისა და შემოდგომის“ პერიოდი       „გაზაფხულისა და შემოდგომის“ პერიოდს (ძვ.წ. 722-481 წწ.) ეს სახელი ეწოდა ეპოქის ამსახველი ცნობილი კონფუციანური კლასიკური ტრაქტატის მიხედვით. სწორედ ამ ხანაში ვხედავთ სამთავროთა გაძლიერებას, შინაომებსა და პოლიტიკურ ერთეულთა წარმოქმნა-გაქრობას. მის ადრეულ წლებში ჯოუს ფეოდალთა ცალკეული შთამომავლები კვლავ მართავდნენ სამთავროთა უმეტესობას, ჩვეულებრივ, ოჯახის სხვა წევრებთან და ადგილობრივ დიდგვაროვნებთან ერთად. თუმცა, ერთი შეხედვით, ეს ოჯახები უმაღლესი ხელისუფლების წარმომადგენლები იყვნენ, მაგრამ მათი მდგომარეობა მთავარ კლანთან ნათესაური კავშირიდან გამომდინარეობდა. ჯოუს შესუსტებასთან ერთად სამთავროები თანდათანობით გამოვიდნენ დაქვემდებარებული მდგომარეობიდან და თავისუფლად მოქმედება შეძლეს. მათი თავდაჯერებულობა ასახავდა არა მხოლოდ ძალის კონცენტრაციის ცენტრალური ხელისუფლებიდან პერიფერიებზე რეალურ გადანაცვლებას, არამედ იმ ნათესაური კავშირების შესუსტებასაც, რომლებსაც თავდაპირველად დაეფუძნა ლენების სისტემა. თაობათა ცვლას თან დაერთო დედაქალაქში მდებარე კარის ცხოვრებაში აქტიური მონაწილეობისათვის საჭირო გადაადგილების სიძნელე, ყოველივე ამან კი შედეგად მოიტანა გაუცხოება სიუზერენსა და ვასალებს შორის. თუმცა ფეოდალებს ჯერ კიდევ ესაჭიროებოდათ ჯოუს კლანის მიერ „კურთხევა“ საკუთარი სამფლობელოების სამართავად და პერიოდულად ჩნდებოდნენ მოღვაწენი, რომლებიც ჰეგემონიას კვლავაც მმართველი დინასტიის სახელით აღწევდნენ. მათი ლოიალობა სამხედრო-პოლიტიკურ საქმეში მეფის მიღწეული იყო და არა მისგან ბოძებული. ძველი შეზღუდვებიდან გათავისუფლებული ფეოდალები უფრო მეტ ყურადღებას სამთავროთა შორის კონფლიქტებს უთმობდნენ, ვიდრე ვასალური მოვალეობების შესრულებას.       ადგილი ჰქონდა აგრეთვე ხელისუფლების ცენტრის გადანაცვლებას გამეფებული ოჯახიდან მასთან დაპირისპირებულ მხარეებზე. ეპოქის დასაწყისიდან მის შუა წლებამდე გაძლიერდნენ მმართველი თანამდებობის პირთა ოჯახები - ძირითადად, პირველი ფეოდალის გვერდითი შთამომავლები. ბევრ პროვინციაში მათ მოახერხეს კიდეც და ლეგიტიმურ ხაზს მთავრობაზე კონტროლი გამოჰგლიჯეს, მომდევნო საუკუნეებში კი გააჩაღეს ბრძოლა ერთმანეთის გასანადგურებლად. პერიოდის ბოლოსათვის ყველა გადარჩენილ საფეოდალოს სათავეში ედგა საკმაოდ გაძლიერებული მმართველი, რომლებმაც შეძლეს და ხელახლა ჩაიგდეს ხელში ხელისუფლება ან ტახტის უზურპატორი - რომელიმე დიდი ოჯახიდან გადარჩენილი პირი. „გაზაფხულისა და შემოდგომის“ ეპოქაში ასზე მეტი სამთავრო ან გაერთიანდა, ანდა საერთოდ განადგურდა, მათი მმართველი კლანი და გავლენიანი ოჯახები მდაბიოებად იქცნენ, ბევრი მათგანი დაატყვევეს ან მოკლეს და შედეგად, უძველეს დიდგვაროვან ოჯახთა უმეტესობამ საერთოდ შეწყვიტა არსებობა.       შედარებით ძლიერ სამთავროთა მხრიდან წარმოებული მძარცველობითი კამპანების შედეგად, „გაზაფხულისა და შემოდგომის“ პერიოდის საბრძოლო მოქმედებათა მასშტაბები საგრძნობლად გაიზარდა. იმ დროს უკვე აუცილებელი გახდა უშუალოდ ბრძოლაში დიდი რაოდენობით გლეხების გამოყვანა, რადგან მხოლოდ დიდგვაროვანთა ჯგუფები საკმარისი აღარ იყო. ხანგრძლივი ბრძოლებისას, გაშლილ ველზე მაინც, როგორც ჩანს, წამყვანი როლი კვლავ საბრძოლო ეტლს ენიჭებოდა, რომელსაც გვერდს უმაგრებდა ქვეითი ჯარი. ამ უკანასკნელის რიცხოვნობა კი სულ უფრო იზრდებოდა. თავდაპირველად მძლავრობდა რაინდული პრინციპები და ბრძოლის ეთიკა მოითხოვდა „ლის“ (რაინდული ბრძოლის ნორმების) დაცვას, თუმცა, ეს სრულად არ ვრცელდებოდა მდაბიოთა ფენიდან გაწვეულ ქვეით ჯარზე. სულ რაღაც ერთ საუკუნეში კი აღმოჩნდა, რომ ეთიკის ძველ კოდექსს მხოლოდ სულელი და დასამარცხებლად განწირული მოწინააღმდეგეღა თუ იცავდა და იმის მიუხედავად, რომ პირადი დაპირისპირება კვლავ ბრძოლის დაწყების სტიმული იყო, ინდივიდუალური შერკინებების ფორმა მალე სრულიად აღმოიფხვრა.       ადრეულ წლებში საომრად გაყვანილი არმია რამდენიმე ასეულიდან ათასამდე საბრძოლო ეტლისგან შედგებოდა, რომელსაც თან ახლდა, დაახლოებით, ათი ათასამდე ადამიანი. თუმცა, „გაზაფხულისა და შემოდგომის“ პერიოდის დასასრულისათვის, ძვ.წ. 481 წ. ცინისა და ჩუს მომძლავრებულ სამთავროებს შორის წარმოებული ომისას, ბრძოლის ველზე თითოეულმა, დაახლოებით, ოთხი ათასი ეტლი გაიყვანა, რომელსაც თან ახლდა ორმოცი ათასი ქვეითი. კავალერია კვლავ უცნობი ცნება იყო - ძვ.წ. 541 წ. ჩინის ერთ-ერთმა სარდალმა აიძულა ეტლზე მსხდომი მებრძოლები, ჩამოქვეითებულიყვნენ და ისე შებრძოლებოდნენ ბარბაროსთა არმიას.       საბრძოლო იარაღი მთელი ამ პერიოდის განმავლობაში იგივე იყო, რაც დასავლეთ ჯოუს ეპოქაში - ქვეითი ჯარი იყენებდა შუბებსა და მოკლე ხმლებს, ბარჯებით კი ეტლზე ამხედრებული მებრძოლები იყვნენ შეიარაღებულნი. განუწყვეტლივ ვითარდებოდა ლითონის დამუშავების ხელოვნება, რის შედეგადაც საბრძოლო იარაღი დაგრძელდა და უფრო ბასრი გახდა. კვლავ ფართოდ იყენებდნენ ბრინჯაოს ტექნოლოგიებს, ხოლო ახლად აღმოჩენილი რკინისა და ფოლადის დამუშავების ტექნიკას („გაზაფხულისა და შემოდგომის“ პერიოდის გვიანდელ ხანაში) უფრო მეტად სასოფლო-სამეურნეო ხელსაწყოების დამზადებისას მიმართავდნენ.       ომები ხშირი იყო და ყველაზე ძლევამოსილ სამთავროსაც კი ემუქრებოდა განადგურების საფრთხე, ამიტომ სამთავრო სათანადოდ უნდა ყოფილიყო გამაგრებული და გაწვრთნილი ლაშქარი ჰყოლოდა. შესაბამისად, აუცილებელი გახდა, მუდმივ სამსახურში მიეღოთ პროფესიონალი სამხედროები, რომელთაც გამბედაობის, ძალისა და სამხედრო მიღწევებისათვის თანამდებობის, პატივის, ტიტულის სახით გარკვეულ ანაზღაურებას უნიშნავდნენ. არსებობდა მუდმივ ლაშქარში მომსახურეთა თუ ელიტარული დანაყოფების წევრთათვის აუცილებელი საბრძოლო ფიზიკური საკვალიფიკაციო კრიტერიუმები.       ბუნებრივი ნიჭით დაჯილდოებული განათლებული და გამოცდილი პირების მნიშვნელობის ზრდასთან ერთად იმატა კომპეტენტური სახელმწიფო მოხელეების რიცხვმა, რის შედეგადაც მთავრობა თანდათან დაიცალა მმართველი კლანის წევრებისა და მანამდე მყარად ფესვგადგმული დიდგვაროვნებისგან. აშკარაა, რომ შემოღებულ იქნა ადმინისტრირების პირდაპირი ფორმები, რომლებიც უკვე ეფუძნებოდა სახელმწიფოს ოლქებად (და არა მამულებად) დაყოფის სისტემას. ამან ცენტრალურ მთავრობას მეტი საშუალება მისცა, ეფექტურად ემართა მთელი სამეფო. გლეხები თანდათანობით მიწის არენდატორებად გადაიქცნენ და ეკონომიკურად მოღონიერდნენ, ხოლო მიწა უკვე მეფის საკუთრებას კი აღარ წარმოადგენდა, არამედ ისეთი პროდუქტი იყო, რომელიც შეიძლებოდა სხვა მფლობელს გადასცემოდა ან გაყიდულიყო. 1.3.2. მეომარ სამეფოთა პერიოდი       მეომარ სამეფოთა პერიოდის დასაწყისში, ძვ.წ. 403 წ. მოვლენები დაჩქარდა. „გაზაფხულისა და შემოდგომის“ ეპოქის კონფლიქტების შედეგად ჩინეთი დაყოფილი იყო შვიდ ძლიერ სამთავროდ, ყოველი მათგანი ქვეყანაში პირველობისათვის იბრძოდა და თავს თხუთმეტი მომცრო სამთავროს ძარცვა-გლეჯით ირჩენდა. ამ დროისათვის ფეოდალი გადაქცეული იყო დესპოტ მონარქად, რომელიც იძულებული იყო, თავის გადასარჩენად ხელი შეეწყო პოლიტიკურ-ეკონომიკური პროფილის სახელმწიფო მოხელეთა სისტემის ექსტენსიური განვითარებისათვის. გარე საფრთხეების ეფექტურად გასანეიტრალებლად თითქმის ყველა მმართველი ზრუნავდა საკუთარი სამთავროს სასოფლო-სამეურნეო ბაზის გაფართოებაზე და, ამასთანავე, ხელს უწყობდა სხვა პროვინციებიდან უკმაყოფილო მოსახლეობის მიგრაციას. იმიგრანტებს ეძლეოდათ მიწა, რის შედეგადაც, სწრაფად ვითარდებოდა მიწის ჯერ არენდით აღების, შემდეგ კი მფლობელობის კულტურა. ძვ.წ. 500 წლიდან ფართო მოხმარებაში შევიდა რკინისგან დამზადებული მიწის დასამუშავებელი იარაღები, ხოლო სადრენაჟო სისტემებისა და ირიგაციის დანერგვის შედეგად, სწრაფად გაიზარდა სურსათის რეზერვები, რამაც საგრძნობლად მოაღონიერა ზოგი ღარიბი პროვინცია. შესაბამისად, აყვავდა ვაჭრობა-კომერცია, გაჩნდა ვაჭართა საკმაოდ გავლენიანი კლასი, თუმცა საზოგადოებაში მათ აბუჩად იგდებდნენ და უგულებელყოფდნენ.       მეომარ სამეფოთა პერიოდში ფენომენალურად გაიზარდა საბრძოლო შეტაკებათა მასშტაბები, რასაც ხელს უწყობდა სასოფლო-სამეურნეო პროდუქტიულობისა და მატერიალური კეთილდღეობის მატება. თუ შანის ხანაში არმია რამდენიმე ათასი მოლაშქრისგან შედგებოდა, ახლა შედარებით სუსტ სამთავროსაც ბრძოლის ველზე იოლად გამოჰყავდა 100000 მებრძოლი, ხოლო ძლიერი სამთავროები ძვ.წ. III საუკუნეში მილიონამდე ჯარისკაცისგან შემდგარ მუდმივ არმიას ინახავდნენ. ზოგი წყაროს ცნობით, ერთი საბრძოლო კამპანიისათვის 600000 მებრძოლი იქნა გაწვეული. ცინსა და ჩუს შორის მომხდარ ბრძოლაში მოწინააღმდეგეთა მთლიანი რაოდენობა მილიონს აჭარბებდა, რაც გასაკვირი რიცხვია, წყაროს უზუსტობა და გადაჭარბება რომც მივიღოთ მხედველობაში. გადამწყვეტი გახდა რაოდენობრივი უპირატესობა - აღნიშნულ ბრძოლამდე მომხდარ შეტაკებაში ცინი, თავისი 200000 მებრძოლით, სასტიკად დამარცხდა. ბუნებრივია, რომ იზრდებოდა მსხვერპლის რიცხვიც: ძვ.წ. 341 წ. მა-ლინთან ჩატარებულ ბრძოლაში დაეცა ვეის 100000 მებრძოლი; ძვ.წ. 295 წ. ი-ჩიუესთან განადგურდა ვეისა და ჰანის გაერთიანებული 240000-იანი არმია, ხოლო ძვ.წ. 260 წ.-ს ჩან-პინში გაიჟლიტა 450000 ჩუელი მეომარი. ამგვარი მასშტაბის კამპანიების სათანადო ლოგისტიკური მომზადებისა, მობილიზაციისა და წვრთნისათვის, ბუნებრივია, მრავალი წელი იყოს საჭირო. შანის პერიოდისგან განსხვავებით, როდესაც ლაშქრის გადაადგილებას რამდენიმე დღე ან კვირა სჭირდებოდა, ახლა ეს პროცესი თვეები და წლები გრძელდებოდა, ხოლო, თუ ადრე ბრძოლა ერთ-ორ დღეს თუ გასტანდა, მეომარ სამეფოთა პერიოდში შეტაკებებს ათეულობით დღეს ანდომებდნენ, ხოლო კონფლიქტური სიტუაციები ერთ და მეტ წელს გრძელდებოდა.       ასეთი მასშტაბური რესურსებისა და ლაშქრების მართვა უდიდეს კომპეტენციას მოითხოვდა, რის გამოც სამხედრო სამსახური ცალკე პროფესიად ჩამოყალიბდა. ვინაიდან ხდებოდა გათავისუფლებულ მდაბიოთა რეგისტრირება, მათ სეზონურ წვრთნებს უტარებდნენ და კონკრეტული ბრძოლისათვის იწვევდნენ, ამიტომ არმიის ძირითადი შემადგენლობა უკვე გაწვრთნილი, დისციპლინებული ოფიცრებისა და ჯარისკაცებისგან შედგებოდა. ამგვარ პირობებში გაჩნდა სამწყობრო მომზადებისა და განლაგების მეთოდიკის, ტაქტიკის სახელმძღვანელოების შექმნის აუცილებლობა. გაჩნდა არა მხოლოდ საბრძოლო და მომზადების მოთხოვნებიდან გამომდინარე, არამედ ახალი პოლიტიკური თეორიებითა და არსებული ფილოსოფიური მოსაზრებებით განპირობებული სამხედრო თეორიებიც. ადრეულ პერიოდში დაიწერა აურაცხელი სამხედრო ტრაქტატი, რომელთა ნაწილი დღემდე შემორჩა. აღნიშნული თეორიები მოგვიანებით კარგად გამოიყენეს პრაქტიკაში.       მხედართმთავართა კვალიფიკაცია და მოვალეობები იცვლებოდა. სტრატეგია იმდენად გართულდა, რომ სარდლის შეცვლას შეიძლება არმიის დამარცხება მოჰყოლოდა და საფრთხის ქვეშ დამდგარიყო მთელი ერი, რაც ხშირად ხდებოდა კიდეც. მიუხედავად იმისა, რომ მმართველები კვლავ ერეოდნენ არმიის საქმეებში (როგორც წესი, შურიანი მინისტრების ან გარე ძალების მიერ მოსყიდული მოხელეების წაქეზებით), მაინც გაჩნდა პროფესიონალი სამხედროების ფენა. მეომარ სამეფოთა ეპოქის დასაწყისში იდეალურ მხედართმთავარს წარმოადგენდა ენერგიული, სამაგალითო სამოქალაქო ადმინისტრატორი, როგორიც იყო, მაგალითად, ვუ ჩი, ხოლო პერიოდის ბოლოსათვის სამოქალაქო სამეფო საგრძნობლად გაემიჯნა სამხედრო სამყაროს.       შანისა და ჯოუს ადრეულ პერიოდში ბრძოლები იმართებოდა სასოფლო-სამეურნეო ან სხვა გამოყენების ღია, დაუცველ ლანდშაფტზე, სადაც მობილიზებული არმია წინ წაწევისას მხოლოდ აქა-იქ მიმოფანტულ ქალაქებს აწყდებოდა. როგორც ჩანს, ყველა დროში არსებობდა ფორტიფიკაციის სხვადასხვა სახეობა, მაგალითად, ცნობილი ნეოლითური და შანისეული სქელი დატკეპნილი მიწისგან ნაგები გალავნები, რომლებსაც ჯერ კიდევ პოულობენ არქეოლოგები, მაგრამ სამხედრო ძალები, ძირითადად, შეუფერხებლად მოძრაობდნენ ნებისმიერი პროვინციის მიწაზე. მეომარ სამეფოთა პერიოდის ფეოდალებმა გააძლიერეს საზღვრების დაცვა. ისინი თავდასხმისგან თავდასაცავად მთელი სამთავროს ტერიტორიაზე აგებდნენ „დიდ კედლებს“, მიწაყრილებს, ფორტებს, სათვალთვალო კოშკებს. ისინი მიწას უფრო იცავდნენ, ვიდრე ხალხს. შეიცვალა საბრძოლო მოქმედებათა ტაქტიკური მიზნებიც. ყოველი ფეოდალი იმას კი არ ცდილობდა, რომ ტყვეები აეყვანა ან ალაფი აეღო, არამედ ისწრაფოდა მტრის სრული განადგურებისაკენ მისი მიწების დაუფლებით, არმიის გაჟლეტით, მოსახლეობაზე პოლიტიკური კონტროლის დამყარებითა და ტერიტორიის ადმინისტრაციული ანექსირებით.       გამაგრებული ქალაქი, რომელიც ადრე პროვინციის სამხედრო და ადმინისტრაციული ცენტრი იყო, კიდევ უფრო გაიზარდა და ინდუსტრიული და სავაჭრო მნიშვნელობა შეიძინა. ქალაქი გახდა ერთგვარი ფოკალური პუნქტი ქვეყანაში არსებულ გზების ინფრასტრუქტურაში. შესაბამისად, თუ დასავლეთი ჯოუსა და „გაზაფხულისა და შემოდგომის“ პერიოდებში რეკომენდებული იყო ასეთი იზოლირებული ქალაქების ალყით აღება და სარდლები თავს არიდებდნენ მათზე თავდასხმისას ადამიანური და სხვა რესურსების ხარჯვას, ახლა ძალიან დიდი მნიშვნელობა შეიძინა ამ ქალაქების დაუყოვნებლივ აღებამ და განადგურებამ. პარალელურად განვითარდა თავდასხმისა და თავდაცვის ტექნიკა. ბრძოლისას ხშირად გამოიყენებოდა თავდაცვის საშუალებები, გამანგრეველი მექანიზმები, მოძრავი დამცავი ფარები, ტარანები, კატაპულტები, მოძრავი კოშკები და მსგავსი მანქანები. საჭირო გახდა თავდასხმისა და თავდაცვის ტექნოლოგიების მცოდნეთა არსებობაც. ცნობილი იყო მოჰისტების თავდადება, როცა ისინი თავდასხმის ობიექტებს ქალაქის გამაგრებაში ეხმარებოდნენ. ისინი კარგად ფლობდნენ თავდაცვითი ტექნიკის შექმნისა და გამოყენების ხელოვნებას. შესაბამისად, თუ ადრე სუნ-ძი გმობდა ქალაქების აღებასა და მათზე თავდასხმას, ახლა ეს მიდგომა მოძველდა და ადგილი დაუთმო სუნ პინის „სამხედრო მეთოდიკას“, სადაც ავტორი დეტალურად აანალიზებს თავდასხმის ობიექტების დაუცველ და შეუვალ მხარეებს.       ძვ.წ. IV საუკუნეში ქვეითი ჯარის რიცხოვნობის ზრდასთან ერთად, ბრძოლაში არბალეტების გამოყენებაც დაიწყეს. განვითარდა ძალების გაშლის, განლაგებისა და მანევრირების მეთოდები. დიდი ყოყმანის შემდეგ აითვისეს ცხენოსანი ჯარით ბრძოლის ბარბაროსული წესი. სტეპის მხედართა განუწყვეტელი ზეწოლის პირობებში, რამდენიმე გამჭრიახმა მხედართმთავარმა და მმართველმა გააცნობიერა საკუთარი კავალერიის შექმნის აუცილებლობა. მიუხედავად იმისა, რომ ჩინეთში ცხენის გამოყენების ისტორია ჯერაც დასაზუსტებელია, ჩანს, რომ ძვ.წ. 307 წ. ჩრდილოეთ ჯაოს მეფე ვუ-ლინმა, ხელქვეითთა გააფთრებული წინააღმდეგობის მიუხედავად, აიძულა თავისი მებრძოლები, ჩინეთის ტრადიციული გრძელი კაბები „ბარბაროსული სამოსით“ (მოკლე ქურთუკითა და შარვლით) შეეცვალა. ფაქტია, რომ V საუკუნიდან მოყოლებული, ჩინურ სამთავროებს თავს ესხმოდნენ ბარბაროს ტომთა მხედრები. სავარაუდოა, რომ მხედრული ხელოვნება ჩინეთში ირანიდან და სტეპური რეგიონებიდან შევიდა. სწრაფი და გამძლე უცხოური ცხენები დიდად ფასობდა. ვუ-ლინმა შექმნა პირველი კავალერია, რომელმაც საგრძნობლად გაზარდა იმის შესაძლებლობა, რომ სამთავროს თავდასხმა თავად წამოეწყო და მხოლოდ თავდაცვისთვის არ ყოფილიყო მზად.       პირველი უნაგირი მეტად პრიმიტიული იყო - უნაგირად დახვეულ საბანს ხმარობდნენ. უზანგების გამოყენება დაიწყო მხოლოდ ხანის ეპოქის ბოლოს დაიწყეს. შესაბამისად, ცხენზე ჯდომისას მხედარს ერთდროულად უხდებოდა როგორც ცხენის კონტროლი, ისე იარაღის გამოყენება. ასეთი არამდგრადი პლატფორმიდან მხედრის მოქმედება, რა თქმა უნდა, არც ისე ეფექტური იყო, უბრალოდ, მაღალი სისწრაფითა და მობილურობით ფასობდა. ყველაფრის მიუხედავად, კავალერიის შექმნამ (რომელიც მხოლოდ მოკლედ არის მოხსენიებული თან თაი-ცინამდე არსებულ სამხედრო ტრაქტატებში) არმიას რეალურად მისცა საშუალება, გასცდენოდა ღია, ეტლით მისაღწევ გარემოს და გაბნეულიყო ხევებში, ხეობებში, ტყეებში, მთიან ველებზე, გორებზე... ერთი სიტყვით, მთლიანად გამოეყენებინა ბუნებრივი ლანდშაფტი. ამასთანავე, შუბებით, არბალეტებითა და ხმლებით (ძირითადად, რკინის) შეიარაღებულ ქვეითთა უზარმაზარი ურდოებისა და ცხენოსანი ჯარის კომბინაციით საბრძოლო მოქმედებებმა უპრეცედენტო მასშტაბები შეიძინა. ომიანობის ხანის ბოლო, ძვ.წ. III საუკუნეში, როდესაც საგრძნობლად გაძლიერდა და საბოლოოდ, გაიმარჯვა ცინის სამთავრომ, ასიათასობით მებრძოლის მონაწილეობითა და ხან „ფეთქებადი“, ხან კი „შემაკავებელი“ სტრატეგიების გამოყენებით წარმართულმა ბრძოლებმა გაანადგურა მოსახლეობის დიდი ნაწილი და ააოხრა სამეფოს მიწები. ამ კონფლიქტებმა კარგი გამოცდა მოუწყო სახელოვანი ტაქტიკოსების მიერ დამუშავებულ სამხედრო თეორიებსა და მეთოდებს, რომლებმაც შესანიშნავად გაუძლო დროს და დღემდე აქტუალური დარჩა. 1.4. ვეის სამთავრო       ჩვენ მიერ აღწერილი პერიოდის აქტიური პოლიტიკური მონაწილის, ვეის პროვინციის ისტორია კარგად გვიჩვენებს სამხედრო საქმის ევოლუციის ტენდენციებს მეომარი სამეფოების ეპოქაში. თუმცა, ადრეულ კონფუციანელთა ფლაგმანმა - მენციუსმაც და სამხედრო ტრაქტატების გამოჩენილმა ავტორმა - ლაო-ძიმაც მეფე გუნის ხოტბა-დიდებაზე დახარჯეს მთელი თავისი მჭევრმეტყველება, ვუ ჩი კი - სახელოვანი მხედართმთავარი და ძლევამოსილი სამხედრო მმართველი, მის ჩრდილში იყო მოქცეული. მეომარი სამეფოების პერიოდის შვიდ პოლიტიკურ ცენტრთაგან ერთ-ერთი - ვეი დამოუკიდებელ პოლიტიკურ ერთეულად ძვ.წ. 434 წ. ჩამოყალიბდა, როდესაც სამმა ძლიერმა კლანმა ჩინის დიდი და წარსულში უძლეველი პროვინცია სამ სამთავროდ (ვეი, ჯაო და ხანი) დაყო და გაინაწილა. ძვ.წ. 403 წ. ჯოუს მეფეს მოუხდა დე ფაქტო მმართველების კანონიერ ფეოდალებად ცნობა, ხოლო ძვ.წ. 376 წ. ამ უკანასკნელებმა საბოლოოდ გაანადგურეს ცინის მმართველი გვარის დარჩენილი წარმომადგენლები. ვეი, რომელიც ჩინეთის ცენტრალურ ნაწილში, დასავლეთით ჩ’ინსა და აღმოსავლეთით ჩ’ის შორის მდებარეობდა, ამ სამთაგან უძლიერესი სამთავრო იყო. თავდაპირველად პროვინციის დედაქალაქი ან’ი იყო, მაგრამ ამ მხარის ნაყოფიერ მიწებს ერთი დიდი ნაკლი ჰქონდა - აქ საერთოდ არ იყო მთები და ხევები - ბუნებრივი დამცავი საშუალებები. ამის გამო ცენტრალური ხელისუფლება მუდმივად განიცდიდა ყველა მხრიდან მტრულად განწყობილი მეზობლების დარტყმებს. კეთილდღეობის ხანაში მას ჯერ კიდევ შეეძლო დასავლეთ ჰოს რეგიონის კონტროლი და, ამგვარად, ჩ’ინის დაპირისპირებულ სამთავროსთან გამკლავება; მაგრამ, როცა ხელისუფლება მმართველის უმაქნისობით ან რაიმე კატასტროფის შედეგად სუსტდებოდა, მარცხს მარცხზე განიცდიდა უწყვეტად მიმდინარე საომარ კამპანიებში. იმის მიუხედავად, რომ ცინის მძლავრი პროვინცია მცირე სამთავროებად დაშლის შემდეგაც საკმაოდ რთულ მდგომარეობაში აყენებდა ჩ’ინს, წვრილ-წვრილი საფეოდალოები კარგად ვერ აცნობიერებდნენ ზავისა და ერთობლივი მოქმედების აუცილებლობას და ვერ ხვდებოდნენ, რომ გადარჩენისათვის მხოლოდ საკუთარი ძალებით ბრძოლა არ ძალუძდათ.       მეფე უ-ვენი, რომელმაც ვეის სამთავრო ძვ.წ. 387 წ. ჩაიბარა, კარგად ხვდებოდა ნიჭიერი ხელქვეითებისა და მრჩევლების ყოლის აუცილებლობას და თავის კარზე იწვევდა ღირსეულებს, მიუხედავად მათი წარმოშობისა. ლი კ’ო, რომელიც ადგილობრივი ვეიელი სულაც არ იყო, მაღალ თანამდებობაზე დაინიშნა და დიდი გავლენითაც სარგებლობდა. მან შეასწორა კანონმდებლობა, მიიღო ზომები სოფლის მეურნეობის წარმოების უნარიანობის გასაზრდელად, ხელი შეუწყო მიწაზე კერძო მფლობელობის სისტემის განვითარებას და ატარებდა სტაბილურ პოლიტიკას სამომხმარებლო ფასებთან დაკავშირებით. ჰის-მენ პაო ირიგაციის სფეროში მოღვაწეობდა და ხელს უწყობდა ქვეყნის მატერიალური დოვლათის შექმნასა და დაგროვებას. ვუ ჩ’იმ, რომელიც სამხედრო მინისტრად დაინიშნა, ბევრჯერ წარმატებით გაილაშქრა ჩ’ის წინააღმდეგ და სათანადოდ გაამაგრა დასავლეთ ჰოს რეგიონის თავდაცვა. მეფე უ-ვენის შვილმა, მეფე ვუმ გააგრძელა ვუ ჩ’ის პოლიტიკა და აიძულა ყოფილი ცინის დანარჩენი პროვინციები - ხანი და ჯაო, ანგარიში გაეწიათ უ-ვენის ძლიერებისათვის. ყველაფრის მიუხედავად, კარის ინტრიგების შედეგად, ვუ ჩ’ი სამარცხვინოდ გაიქცა დედაქალაქიდან, რათა სიცოცხლე შეენარჩუნებინა.       სამწუხაროდ, მეფე გუნი, რომელიც ტახტზე ძვ.წ. 370 წ. ავიდა, ნიჭიერი ხალხის თავის გარშემო შემოკრების ნაცვლად მათთან ბრძოლით იყო დაკავებული. მან უარი თქვა მრავალი ღირსეული პირის სამსახურზე; ასეთი იყო, მაგალითად, მთავარი შან იანი (მოგვიანებით კარგად გამოადგა ჩ’ინს ხელისუფლების გამტკიცებისა და სამთავროს გაძლიერების პროცესში). მეზობლებთან ჰარმონიული ურთიერთობის დამყარების ნაცვლად, მეფე, როგორც ჩანს, განუწყვეტლივ ავიწროებდა მათ და ყველა მიმართულებით ამწვავებდა სიტუაციას. საბოლოო ჯამში, მან დაკარგა დასავლეთ ჰოს რეგიონი, რითაც სამთავროსკენ მიმავალი გზა გაუხსნა ჩ’ინის ლაშქარს და, იძულებული გახდა, დედაქალაქი ტა-ლიანში გადაეტანა. ამის შემდეგ ამ სამთავროს ლიანს უწოდებდნენ.       აღნიშნული პერიოდის სამხედრო მოქმედებათა ხასიათის საილუსტრაციოდ კარგი მაგალითია ორი ცნობილი ბრძოლა. პირველის ბრძოლა იყო ე.წ. კუი-ლინის ომი, რომლის დაწყების მიზეზი გახდა მეფე ჰუის მცდელობა, დასავლეთში, ჩ’ინთან განცდილი მარცხით გამოწვეული ზარალის კომპენსირება მოეხდინა. ვეის არმია, რომელსაც პან ჩიუანი სარდლობდა, თავს დაესხა ჩრდილოეთით მდებარე ჯაოს. ეს უკანასკნელი მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდა და დახმარებისათვის აღმოსავლეთით მდებარე ჩ’ის მიმართა. რადგან ჯაო ვეისგან დამცავ ბუნებრივ ბარიერს წარმოადგენდა, ჩი’სთვის სტრატეგიულად მომგებიანი უნდა ყოფილიყო ჯაოს მეკავშირეობა. ჩ’ის მმართველმა დახმარებაზე თანხმობა განაცხადა, მაგრამ სუნ პინმა (ცნობილი სტრატეგი. მისი წიგნი ბოლო დროს აღმოაჩინეს მეცნიერებმა) მეფეს ურჩია, მანამ არ ჩართულიყო ბრძოლაში, სანამ ორივე მოწინააღმდეგე მთელ ძალებს არ დაახარჯავდა ერთმანეთს. შედეგად ჩ’ის სამეფო დაპირისპირებისას მინიმალური რისკითა და ძალისხმევით მაქსიმალურ მოგებას მიიღებდა. ძვ.წ. 352 წ. ჩ’იმ, ტიენ ჩის ხელმძღვანელობით, ვეის სტრატეგიული მნიშვნელობის ქალაქ ტა-ლიანზე თავდასასხმელად ლაშქარი შეკრიბა. სამხედრო გეგმა აგებული იყო სამ პრინციპზე: „პირველ რიგში, დაარტყი მოწინააღმდეგის ყველაზე მნიშვნელოვან წერტილს“, „დაიკავე თავისუფალი ადგილი“ და „მიზანში ამოიღე დაუცველი წერტილები“. ჯაოში რამდენიმე გამარჯვებით გათამამებული პან ჩიუანის რეაქციის განჭვრეტა ადვილი გამოდგა - მან უკან დაიხია და კონტრიერიშისათვის მოემზადა. მაშინ ჩ’იმ მტერს თავი მოაჩვენა, თითქოს შეშინებული იყო და წინასწარ შეგულებულ ადგილზე გადაინაცვლა, სადაც ვეის არმიის მოსვლას უნდა დალოდებოდა. გადაადგილებისას ჩ’ის სარდლები იყენებდნენ სუნ-ძისა და სუნ პინის რამდენიმე ძირითად ტაქტიკურ პრინციპს, მათ შორის: „დასვენებული დაელოდე დაღლილს“. გამაგრებული პოზიციებიდან და შემაღლებული ადგილებიდან ჩ’იმ ადვილად შეძლო ვეის დაქანცული ლაშქრის დამარცხება და საკუთარი ძალების მინიმალური დანახარჯებით მტრის ჯარისკაცების მნიშვნელოვანი ნაწილის განადგურება.       რამდენიმე წლის შემდეგ ვეის უკვე ოთხივე მხრიდან ავიწროებდნენ. სამხრეთიდან მას თავს ესხმოდა ხანის მოუსვენარი პროვინცია, დასავლეთიდან - ჩ’ინი, აღმოსავლეთიდან - ჩ’ი და ჩრდილოეთიდან - ჯაო. მეფე ჰუიმ ომი წამოიწყო ხანის წინააღმდეგ, რომელიც საკმაოდ გაძლიერებულიყო ცნობილი თეორეტიკოსის, შენ პუ-ჰაის ადმინისტრაციული ღონისძიებებით, ადრე დაკარგული ქალაქების შემომტკიცებითა და ჯაოსათვის დაბრუნებით. არმიის სარდლობა კვლავ პან ძიუანს ჩააბარეს. ის ომის დაწყებისთანავე ხანის დედაქალაქს დაესხა თავს. ხანმა, როგორც ადრე ჯაომ, დახმარებისათვის ჩ’ის მიმართა და ერთობლივი თავდაცვის უპირატესობებზე მიუთითა. სუნ პინმა კვლავ ურჩია თავის მმართველს, დაეცადა და ვეის დასუსტებას დალოდებოდა. ხანმა ტოტალური თავდაცვითი გეგმა აამუშავა, მაგრამ ზედიზედ წააგო ხუთი დიდი ბრძოლა და იძულებული გახდა, გადარჩენისათვის ჩ’ინის მფარველობისათვის მიემართა. ჩ’იმ ზემოხსენებული სტრატეგია გამოიყენა - არმია მოულოდნელად წასწია წინ და საბრძოლველად მოემზადა. ამ დროს მთავარი სტრატეგი სუნ პინი იყო, ხოლო ტიენ ჩიინი უშუალოდ სარდლობდა ლაშქარს. პან ძიუანმა დაუყოვნებლივ მიატოვა ბრძოლის ველი ჰანში და საკუთარ პროვინციაში გადაწყვიტა დაბრუნება. ამასობაში, მეფე ჰუიმ მთელ თავის რესურსებს მოუყარა თავი, შვილს ადგილობრივი გარნიზონი ჩააბარა და ჩ’ისთან გადამწყვეტი ბრძოლისთვის მოემზადა.       სუნ პინის მითითებით, ვეიში გაგზავნილი ჩ’ის არმია ეყრდნობოდა პრინციპს: „მტერი შეცდომაში შეიყვანე „. თავდაჯერებული პან ძიუანი დარწმუნებული იყო, რომ ჩ’ის ლაშქარი ლაჩრებისგან შედგებოდა, რომელთაც მხოლოდ გაქცევა შეეძლოთ და ვეის არმიასთან შებრძოლებას ვერ გაბედავდნენ. სუნ პინი ყოველდღიურად ამცირებდა სამხედრო ბანაკში დანთებულ კოცონთა რაოდენობას, რითაც მოწინააღმდეგეს აიძულებდა, ეფიქრა, თითქოს მათ რიგებში დეზერტირობა მძვინვარებდა. მან ტაქტიკური მიზნებით გადააადგილა საბრძოლო ნაწილები უკან, რათა პან ძიუანი მა-ლინში მათთვის ხელსაყრელ ადგილას შეეტყუებინა. ჩ’ის სარდალს მთებში ათი ათასი არბალეტის მსროლელი ჰყავდა გადამალული. როგორც ჩანს, პან ძიუანი შეშინდა, რომ ვერ შეძლებდა ჩ’ის უკანდახეული ლაშქრისათვის გადამწყვეტი დარტყმის მიყენებას, ამიტომ მიატოვა მთავარი ძალები და მომარაგება და წინ მსუბუქად შეიარაღებული ნაწილის თანხლებით გაიჭრა. ის ჩ’ის ლაშქარს ღამით მიუახლოვდა და ჩასაფრებულ მტერს გადააწყდა. გარდა იმისა, რომ პან ძიუანის ლაშქარი სასტიკად დამარცხდა ჩ’ის არბალეტით შეიარაღებული მეომრების წინააღმდეგ ბრძოლაში, მეთაურის მიერ დაშვებული შეცდომებისა და არასწორი დასკვნების გამო ბრძოლის ველზე დარჩა 100000 ვეიელი ჯარისკაცი.       ამის შემდეგ ვეიმ არათუ ვერ შეძლო წარსული სიძლიერის აღდგენა, მის მიწაზე არაერთხელ გაილაშქრა თავაშვებულმა და ძლიერმა ჩ’ინმა, რომელმაც მომავალში მთელი ჩინეთი დაიმორჩილა. ძვ.წ. 340 წ. ვეი იძულებული გახდა, მრავალი დამარცხების შემდეგ, 700 ლი მიწა ჩ’ინისთვის დაეთმო და საფრთხის თავიდან ასარიდებლად დედაქალაქი ტა-ლიანში გადაეტანა. მიუხედავად იმისა, რომ მომდევნო წლებში ვეის ტახტზე პერიოდულად ადიოდნენ ნიჭიერი მმართველები და პროვინციას დროებით აძლიერებდნენ, მისი ტერიტორია განუწყვეტლივ მცირდებოდა, სანამ ძვ.წ. 225 წ. სამთავრო არ გაუქმდა, ხოლო სამეფო ოჯახი ამოწყდა. 1.5. სამხედრო ტრაქტატები       ჩინეთის სამხედრო ტრაქტატების სიდიადისა და მნიშვნელობის სრულად გააზრების მიზნით, აუცილებელია, ყურადღება მივაქციოთ რამდენიმე ისტორიულ-პოლიტიკურ ასპექტს. პირველ რიგში, აკრძალული იყო ამ ტექსტების ფლობა და მოხმარება კერძო პირის მიერ - ეს შეთქმულების მოწყობის მტკიცებულებად ითვლებოდა (განსაკუთრებით მძიმდებოდა დანაშაული თაი კუნის „ექვსი საიდუმლო მოძღვრების“ შენახვისას. ეს წიგნი რევოლუციის მოწყობის მეთოდებსა და ინსტრუქციებს შეიცავდა). მეორეც, თითქმის ყველა მოძღვრება თავდაპირველად თაობიდან თაობას გადაეცემოდა, ხშირად ეს ხდებოდა სიტყვიერად და ყოველთვის - საიდუმლოდ. თანდათანობით დაიწყეს მათი ჩაწერა ბამბუკის ნაჭრებზე, რის შედეგადაც ზოგ შემთხვევაში ტრაქტატები საზოგადოებისთვისაც ხდებოდა ხელმისაწვდომი. სამეფო მწერლები და სხვა თანამდებობის პირები ბამბუკის ნაჭრებზე შესრულებულ მანუსკრიპტებს ერთად აგროვებდნენ და იმპერიის ბიბლიოთეკებში ინახავდნენ. ჩანაწერებმა ისეთი მნიშვნელობა შეიძინა, რომ ჩ’ინის დინასტიის მმართველობის დროს წიგნების მასიურ დაწვასაც კი გადაურჩა. ცალკე გადანახული ნაწერების წაკითხვა შეეძლო მხოლოდ კლასიკური ნაშრომების რამდენიმე სპეციალისტ-მასწავლებელს, მაღალ თანამდებობის პირთა მცირე ჯგუფსა და თავად იმპერატორს. თუმცა, ჩამოთვლილ პრივილეგირებულ პირებსაც კი ყოველთვის არ შეეძლოთ უდიდესი მნიშვნელობის მქონე ტრაქტატებით სარგებლობა, მით უმეტეს მაშინ, თუ ნაშრომი იმპერატორის ოჯახს ეხებოდა.       ტრაქტატების ბამბუკზე, აბრეშუმზე, შემდგომში კი ქაღალდზე (ხანის დინასტიის მეფობის შემდეგ) მანუსკრიპტების სახით გადატანის შემდეგაც კი, სახელმწიფო მოღვაწეთა ნაწილი აუცილებლად თვლიდა ცოდნის საიდუმლოდ შენახვას. მაგალითად, ითვლება, რომ გენერალი შან ლიანი, რომელმაც გადამწყვეტი როლი შეასრულა ჩ’ინის ტირანული დინასტიის გადაგდებასა და ხანის მმართველობის დამყარებაში, ფლობდა გუან შიი-კუნის „სამი სტრატეგიის“ ერთადერთ ასლს, რომლითაც პირადად სარგებლობდა და, საბოლოოდ, საფლავში ჩაატანეს. ერთ-ერთი გადმოცემის მიხედვით, აღნიშნული ტრაქტატი ხელახლა გამოჩნდა ჩვ.წ. IV საუკუნეში გენერლის აკლდამის ვანდალურად გაძარცვის შემდეგ. კარგად ცნობილია (თუმცა, შესაძლოა, გამოგონილი) კიდევ ერთი შემთხვევა, როდესაც ცნობილმა სტრატეგმა და წარმატებულმა სარდალმა, ლი ვეი-კუნმა უარი უთხრა ტანის იმპერატორს თავდასხმის სფეროში ცოდნის გაზიარებაზე. მისი აზრით, აგრესიული ქმედების სტრატეგია ადვილად ხელმისაწვდომი არ უნდა გამხდარიყო, რადგან იმჟამად იმპერიაში მშვიდობა მეფობდა და ასეთი მოძღვრების გამოყენება შეეძლოთ მხოლოდ იმ პირებს, რომელთაც ომის დაწყება და რევოლუციის მოწყობა სურდათ.       სუნის დინასტიის „შვიდ სამხედრო კლასიკურ ნაშრომად“ წოდებულ კრებულში შედის ტრაქტატები: სუნ-ძის „ომის ხელოვნება“ „უ-ძი“ „სიმა-ფას მეთოდიკა“ „დიალოგები“ „ვეი ლაო-ძი“ გუან შიი-კუნის „სამი სტრატეგია“ თაი კუნის „ექვსი საიდუმლო მოძღვრება“.       გარკვეულწილად ბუნდოვანია რამდენიმე მათგანის ავტორისა და შექმნის დროის საკითხი, აგრეთვე ისიც, კრებული ერთი მთლიანი წიგნია თუ არა. მიუხედავად ამისა, გარკვეულია, რომ ტრადიციულად მიღებული თანმიმდევრობა არ არის ქრონოლოგიურად დალაგებული. სუნ-ძის „ომის ხელოვნება“ ითვლება უძველეს და უდიდეს ჩინურ სამხედრო ტრაქტატად, მიუხედავად იმისა, რომ „ექვსი საიდუმლო მოძღვრების“ სავარაუდო ავტორი, თაი კუნი სუნ-ძის (ასევე სავარაუდოდ) ისტორიულ პიროვნებაზე ასწლეულებით ადრე ცხოვრობდა და მოღვაწეობდა. „სიმა-ფას მეთოდიკაში“ შემონახული მასალა ადრეულ ჯოუს ეპოქას ეკუთვნის; „უ-ძი“, შესაძლოა, ჩაწერილიყო ვუ ჩ’ის მოსწავლეების მიერ და გავრცობილიყო მოგვიანებით; ხოლო „სამი სტრატეგია“ ქრონოლოგიურად უნდა მოსდევდეს „ვეი ლაო-ძის“, თუმცა ტრადიციულად ის მაინც თაი კუნთან ასოცირდება. შესაბამისად, ქრონოლოგიური თანმიმდევრობის ერთი შესაძლო ვარიანტი ასე გამოიყურება: კრებულის გარკვეული ნაწილების შექმნის თარიღის სხვადასხვა პერიოდზე მიკუთვნებისას გამოყენებული არგუმენტები სუსტია. ჯერ არ ჩატარებულა სტრატეგიული აზროვნებისა და სამხედრო კონცეფციების აღმოცენებისა და განვითარების სისტემატური კვლევა. მიუხედავად ამისა, ზემოთ მოყვანილი თანმიმდევრობა, თუნდაც ის არ მოსწონდეთ სუნ-ძისადმი სიმპათიით განმსჭვალულებს, არგუმენტირებულია როგორც ტექსტის ტრადიციული მეცნიერული შესწავლის შედეგად მიღებული ინფორმაციის, ისე აკლდამების არქეოლოგიური გათხრების შედეგად ბოლოხანს გაკეთებული აღმოჩენების წყალობით. მესამე პერიოდის (დაახლოებით, ემთხვევა ძვ.წ. III საუკუნის მეორე ნახევარს) წიგნების თანმიმდევრობა ჯერ კიდევ დასაზუსტებელია. „ომის ხელოვნების“ თაობაზე სხვადასხვა მოსაზრების შესახებ მოკლე ინფორმაციას, აგრეთვე სუნ-ძის პიროვნების ისტორიული სინამდვილისა და მისი როლის განხილვას იხილავთ ამ წიგნის მეორე და მესამე ნაწილებში. გაგრძელება → …
დაამატა Kakha to ლიტერატურა at 9:08pm on ივლისი 17, 2018
  • 1
  • ...
  • 67
  • 68
  • 69
  • 70
  • 71
  • 72
  • 73
  • ...
  • 79

Welcome to
Qwelly

რეგისტრაცია
ან შესვლა

ღონისძიებები

  • დაამატე ღონისძიება

ბლოგ პოსტები

ოსკარის 2026 წლის დაჯილდოება - გამარჯვებულები და ნომინირებულები

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: მარტი 16, 2026.
საათი: 11:30pm 0 კომენტარი 1 Like

ოსკარი 2026 სრული სია

      ისევ დამიგვიანდა! ეტყობა, მართლა დავბერდი და უკვე აღარც კი…

გაგრძელება

2026 Guide to the Best AI Voice Generation for Creators and Businesses

გამოაქვეყნა supprity_მ.
თარიღი: მარტი 13, 2026.
საათი: 6:30pm 0 კომენტარი 0 მოწონება

As we step further into 2026, the landscape of content creation is being transformed by AI-powered technologies. Among these innovations, voice generation stands out as one of the most impactful tools for creators, businesses, and educators.…

გაგრძელება

Gallium Market to Reach $860 million by 2033

გამოაქვეყნა Heden Brock_მ.
თარიღი: მარტი 9, 2026.
საათი: 10:00am 0 კომენტარი 0 მოწონება

According to our latest research, the Global Gallium market size was valued at $430 million in 2024 and is projected to reach $860 million by 2033, expanding at…

გაგრძელება

How Minidumperfactory Electric Garden Loader Manufacturer Adapts to Energy Trends

გამოაქვეყნა Minidumperfactory00_მ.
თარიღი: მარტი 2, 2026.
საათი: 6:30am 0 კომენტარი 0 მოწონება

Electric Garden Loader Manufacturerstrategies are increasingly centered on advanced battery systems as demand grows for efficient and low-emission landscaping equipment. Energy storage technology now plays a defining role in how electric compact…

გაგრძელება

How Can A Ball Valve Factory Enhance Long Term System Comfort And Stability

გამოაქვეყნა Naishi Valve_მ.
თარიღი: თებერვალი 9, 2026.
საათი: 9:30am 0 კომენტარი 0 მოწონება

Choosing a reliable partner often begins with understanding how a  shapes ideas into practical solutions. Behind every smooth operation, there is a place where attention, patience, and process quietly work together. Valves may seem ordinary at…

გაგრძელება

The Final Barrier Between the World and Ruin

გამოაქვეყნა Karmasaylor_მ.
თარიღი: იანვარი 22, 2026.
საათი: 10:30am 0 კომენტარი 1 Like

ARC Raiders Items takes place in a retro-futuristic science-fiction world where humanity has been pushed to the brink by an unrelenting mechanical force known as the ARC. These machines descend from orbit, tear apart settlements, and hunt…

გაგრძელება
  • დამატება დღიურში
  • ყველა

Qwelly World

free counters

© 2026   George.   • Ning - platform for social network creation and community website building

პანაღია  |  პრობლემის აღმოჩენისას!  |  Terms of Service

საუბრის დაწყება!