ძიება
  • რეგისტრაცია
  • შესვლა

Qwelly

ძიების შედეგები - სიცოცხლის

თემა: გაიუს სვეტონიუს ტრანკვილუსი - ტიბერიუსი
იდ ჯგუფთან ერთად, რომის დაარსებიდან მალევე, ტიტუს ტაციუსის გავლენით, რომელიც თანამმართველი იყო რომულუსთან ერთად, რომში გადასახლდა; ანდა, უფრო სწორად, ატიუს კლავდიუსის გავლენით, გვარის მეთაურისა, მეფეთა განდევნიდან ხუთ წელიწადში. ეს გვარი აქ პატრიციების რიცხვში ჩარიცხეს და სახელმწიფოსგან მიიღო კლიენტებისთვის მინდვრები ანიენის გაღმა, თავისთვის კი განსასვენებელი კაპიტოლიუმის გორაკის ქვემოთ.შემდეგ დროის მსვლელობაში კონსულობის ღირსი ოცდარვაჯერ გახდნენ, ცენზორობისა  შვიდჯერ, ასევე ექვსი ტრიუმფისა და ორი ოვაციისა. ამ გვარის წევრები სხვადასხვა სახელს და მეტსახელს ატარებდნენ, მხოლოდ სახელი ლუციუსი უარყვეს საერთო თანხმობით და მას შემდეგ, რაც ორი ნათესავიდან, ამ სახელს რომ ატარებდნენ, ერთის ყაჩაღობა და მეორის კაცისმკვლელობა გამოაშკარავდა. სხვა მეტსახელებს შორის მიიღეს მეტსახელი „ნერონი“, რაც საბინურ ენაზე აღნიშნავს „მამაცს“ და „ძლიერს“.ბევრ კლავდიუსს სახელმწიფოს წინაშე მრავალი დამსახურება მიუძღვის, მაგრამ ასევე მრავალი სხვანაირი საქციელებიც. მოვიხსენიებ მხოლოდ უმთავრესებს. აპიუს ბრუციანმა დაარწმუნა რომაელები არ დაეწყოთ დამღუპველი მოლაპარაკება მეფე პიროსთან. კლავდიუს კავდექსმა პირველმა გაატარა ფლოტი ყურეში და კართაგენელბი განდევნა სიცილიიდან. ტიბერიუს ნერონმა ესპანეთიდან დიდი ძალებით მომავალი ჰასდრუბალი დაამარცხა, საშუალება არ მისცა, რომ თავის ძმას, ჰანიბალს შეერთებოდა. მეორე მხრივ, კლავდიუს რეგილიანუსი, დეცმევირი კანონების შესათხზველად, ვნებით ატანილი, აპირებდა ძალით გადაექცია მონად თავისუფალი ქალიშვილი, და ეს გახდა მიზეზი პლებეების მეორე გამოცალკევებისა პატრიციებიდან. კლავდიუს რუსუსი, აპიუსის ფორუმზე დამაგვირგვინებელი ქანდაკება რომ დაიდგა, ცდილობდა კლიენტების დახმარებით მთელი იტალია დაემორჩილებინა. კლავდიუს პულხერმა, რომელსაც სიცილიასთან მკითხაობისას წიწილები არ უკენკავდნენ საკვებს, ყველა ზღვაში გადაყარა და თითქოსდა მკითხაობის დასაცინად თქვა: „მაშინ წყალი დალიონ, რაკი ჭამა არ უნდათ!“  თავად კი საზღვაო ბრძოლაში ჩაება და დამარცხდა; ხოლო ამის მერე, სენატმა დიქტატორის დანიშვნა რომ უბრძანა, თითქოს მაშინაც მასხარად იგდებდა სახელმწიფოს გასაჭირს, თავისი შიკრიკი გლიკიასი დანიშნა. ამ გვარის ქალებმა ასეთივე განსხვავებული მაგალითები დატოვეს. სინამდვილეში ამ გვარს ეკუთვნოდა ორივე კლავდია: ისიც, რომელმაც თავთხელიდან ტიბრის ფონზე გამოიყვანა იუდეური ღმერთების დედის სიწმინდეებით დატვირთული ხომალდი და ყველას თანდასწრებით დაიფიცა, რომ მხოლოდ მაშინ გაჰყვებოდა, თუ მართლა წმინდა იქნებოდა; და ისიც, ვინც ქალებიდან პირველი, ბრალდებული იყო სიდიადის შეურცხყოფაში იმის გამო, რომ თავისი ეტლით ძლივს გზის გამკვლევმა დიდ ბრბოში, ხმამაღლა ისურვა, რომ მისი ძმა პულხერი აღმდგარიყო და ხელახლა დაეღუპა ფლოტი, რომ რომში ხალხი დაცოტავებულიყო. ამას გარდა, ცნობილია, რომ ყველა კლავდიუსი მტკიცე ოპტიმატი იყო ყოველთვის, პატრიციების ღირსებისა და სიძლიერის მტრები, ოღონდ პუბლიუს კლოდიუსის გამოკლებით, რომელმაც ციცერონის რომიდან გასაგდებად, პლებეისაც კი ეშვილა, თანაც თავისზე ასაკით უფრო პატარას. ხალხთან ურთიერთობაში ისეთი ჯიუტები და გულზვიადები იყვნენ, რომ სისხლის სამართლის ბრალდებითაც კი ისე არავინ დამცირებულა, რომ შავები ჩაეცვა და მოქალაქეებისთვის მხარდაჭერა ეთხოვათ; ზოგიერთი მათგანი აყალმაყალში და შუღლში სახალხო ტრიბუნებსაც კი ურტყამდა. ხოლო ერთი ვესტალი, როცა მისი ძმა ხალხის ნების საპირისპიროდ ტრიუმფს მართავდა, იმასთან ავიდა ეტლზე და კაპიტოლიუმამდე მიაცილებდა, რათა ტრიბუნებიდან ვერავინ ჩარეულიყო და ვეტო არ დაედო.ამ ფუძიდან მოუდის ტიბერიუს კეისარს გვარი და, თანაც მამის და დედის მხრიდან ერთბაშად: მამის მხრიდან  ტიბერიუს ნერონიდან, დედისა  აპიუს პულხერისა, ხოლო ეს ორივე აპიუს ბრუციანის შვილები იყვნენ. ეკუთვნოდა ლივიუსების ოჯახობასაც, რომელმაც იშვილა იმისი პაპა დედის მხრიდან. ეს იყო პლებეური ოჯახი, მაგრამ ისიც არანაკლები პატივით სარგებლობდა და ღირსი შეიქმნა რვა კონსულისა, ორი ცენზორისა, სამი ტრიუმფისა და დიქტატორის პოსტებისაც კი და კავალერიის მეთაურობისაც. სახელგანთქმული იყო ცნობილი მამებით, უფრო მეტად  სალინატორით და დრუზუსით. სალინატორმა ცენზორად ყოფნისას სისულელის გამო შეარცხვინა ყველა რომაული ტრიბი, რაკიღა იმათ, დაადანაშაულეს და განსაჯეს პირველი კონსულობის შემდეგ, მიუხედავად ამისა, მაინც აირჩიეს კონსულადაც და ცენზორადაც. დრუზუსმა ორთაბრძოლაში მოკლა დრაზუსი, მტრის ბელადი და თავისთვის და თავისი შთამომავლობისათვის დაინარჩუნა იმისი სახელი. მანვე, როგორც ამბობენ, პროპრეტორის თანამდებობაზე ყოფნისას გალიის პროვინციიდან ის ოქრო დააბრუნა, რომელიც გადაუხადეს სენონებს კაპიტოლიუმის ალყისას და რომელიც, გადმოცემის საპირისპიროდ, არ წაურთმევია მათთვის კამილუსს. მისმა შვილთაშვილმა მიიღო წოდება „სენატის გამომსარჩლებელი“ შესანიშნავი დამსახურებისათვის გრაკხუსების წინააღმდეგ ომში. მან დატოვა შვილი, რომელსაც ამგვარი შფოთებისას მრავალი გეგმა ჰქონდა ჩაფიქრებული, მაგრამ ვერაგულად მოკლეს მოწინააღმდეგეებმა. ტიბერიუსის მამა, ნერონი ალექსანდრიის ომისას გაიუს კეისრის კვესტორი იყო და, ფლოტის მეთაურობისას ბევრი გააკეთა გამარჯვებისათვის. ამისათვის დაინიშნა პონტიფიკად სციპიონის ადგილზე და გაიგზავნა გალიაში კოლონიის მოსაწყობად, რომელთა შორის იყო ნარბონი და არელატე. თუმცა კეისრის მკვლელობის შემდეგ, როცა ახალი არეულობების წინაშე შიშით ყველა, როგორც ერთი ღებულობდა გადაწყვეტილებას, ეს საქმე დავიწყებისათვის მიეცა, იმან წინადადება წამოაყენა, ჯიდოები მიეცათ ტირანის მკვლელებისთვის. მერე პრეტორი იყო. წლის ბოლოს, როცა ტრიუმვირატებს შორის უთანხმოება წარმოიშვა, ის თანამდებობაზე დარჩა დაშვებულ ვადაზე მეტი ხნით და პერუზიაში გაჰყვა კონსულ ლუციუს ანტონიუსს, ტრიუმვირის ძმას. ხოლო როცა დანარჩენები დანებდნენ, ის მარტო განაგრძობდა ბრძოლას. პრესენტეში გაიქცა, მერე ნეაპოლში და მონებისთვის თავისუფლებისკენ მოწოდების ამაო ცდების მერე, სიცილიაში დაიმალა. მაგრამ, განაწყენებულმა იმით, რომ იქ მაშინვე არ დაუშვეს სექსტუს პომპეუსთან და სამისოდ არ აღიარეს ფასკის უფლება, მარკუს ანტონიუსთან გადაბარგდა, აქაიაში. იმასთან ერთად მალევე დაბრუნდა რომში ზავის დასადებად და აქ, ავგუსტუსის მოთხოვნით, დრუზილუსს დაუთმო თავისი ცოლი ლივია, რომელმაც უკვე გაუჩინა ერთი შვილი და მეორეზე იყო ფეხმძიმედ. ამის შემდეგ მალევე გარდაიცვალა, დარჩა ორი შვილი, ტიბერიუს და დრუზუს ნერონები. ზოგიერთი ვარაუდობდა, რომ ტიბერიუსი დაიბადა ფუნდაში, მაგრამ ეს მხოლოდ არასაიმედო ვარაუდია. დაფუძნებული იმაზე, რომ ფუნდაში დაიბადა იმისი ბებია დედის მხრივ და რომ შემდგომში, სენატის დადგენილებით, იქ აღიმართა კეთილდღეობის ქანდაკება. თუმცაღა უფრო მრავალრიცხოვანი და საიმედო წყაროები გვიჩვენებენ, რომ დაიბადა რომში, პალატინზე, დეკემბრის კალენდებამდე მეთექვსმეტე დღეს, მარკუს ემილიუს ლეპიდუსის მეორე და ლუციუს მუნაციუს პლანკუსის კონსულობისას, ფილიპიის ომის დროს. ასეა ჩაწერილი ქრონიკებში და სახელმწიფოებრივ ცნობებში. სხვათა შორის, სხვები მის დაბადებას მიაკუთვნებენ წინა წელს, გირციუსის და პანსას კონსულობის ხანას და ზოგიერთი კი  მომდევნოს, სერვილიუს ისავრიკუსის და ლუციუს ანტონიუსის ჟამს. ბავშვობა მძიმე და მშფოთვარე ჰქონდა, რადგან გაქცევებისას თან დაჰყვებოდა მშობლებს. ნეაპოლში, როცა დადევნებულ მტერს ხომალდზე ემალებოდნენ, ორჯერ კინაღამ არ გასცა თავისიანები ტირილით,  რაკი გამცილებლებს უნდოდათ, ჯერ თავისი გადიის მკერდიდან აეგლიჯათ, მერე კი დედის მკლავებიდან, რათა სუსტი ქალებისთვის ტვირთი შეემსუბუქებინათ. მშობლებთან ერთად შემოაირა სიცილია და აქაია, სადაც იმყოფებოდა ქალაქ ლაკედემონელების ზედამხედველობაში, კლავდიუსების გვარის კლიენტებისა. იქიდან წამოსულს, ღამით გზაში სასიკვდილო ფათერაკი შეემთხვა, როცა ტყეში ყოველი მხრიდან მოულოდნელად ხანძარმა იფეთქა და ალი ისე ახლოს მივიდა მგზავრებთან, რომ ლივიას თმა და ტანასაცმლის კიდეები შეუტრუსა. საჩუქრები, რომელიც სიცილიაში მიიღო პომპეასგან, სექსტუს პომპეუსის დისგან,  ლაბადა, ბალთა და ოქროს ბულები,  ყველა დაიკარგა, და ახლაც კი გიჩვენებენ ბაიაში. რომში დაბრუნებისას ანდერძით იშვილა სენატორმა მარკუს გალიუსმა; მემკვიდრეობაში ჩადგა, მაგრამ სახელისგან მალე თავი შეიკავა, რაკი გალიუსი ავგუსტუსის მოწინააღმდეგეთა ბანაკს ეკუთვნოდა. ცხრა წლისამ როსტალური ტრიბუნიდან გარდაცვლილ მამაზე სიტყვა წარმოთქვა. მერე, მოზარდი, აქტიუმის ტრიუმფზე ავგუსტუსის ეტლს ამხედრებული მიაცილებდა მარცხენა მხრიდან, მაშინ როცა მარჯვნიდან მარცელუსი მოაჭენებდა, ოქტავიუსის შვილი. ასტიკურ თამაშობებზე გამნაწილებელი იყო, ხოლო ტროას თამაშისას ცირკში უფროსი ბიჭების რაზმს მეთაურობდა. სრულწლოვანებას მიღწეულმა, თავისი ახალგაზრდობა და მომდევნო წლები აი, როგორ გაატარა გლადიატორების ბრძოლები მოაწყო მამის და თავისი პაპის, დრუზუსის სამახსოვროდ სხვადასხვა ადგილებზე და სხვადასხვა დროს: პირველად ფორუმზე, მეორედ  ამფითეატრში. ამისათვის მოიწვია გადამდგარი და დამსახურებული გლადიატორებიც ასი ათასი სესტერცის ჯილდოს დაპირებით. მართავდა თამაშებსაც, მაგრამ თავად არ ესწრებოდა. ეს ყველაფერი ეწყობოდა დიდი ბრწყინვალებით, დედამისის და მამობილის ხარჯზე. ცოლად მოიყვანა აგრიპინა, მარკუს აგრიპას ქალიშვილი და შვილიშვილი ცეცილიუს ატიკუსისა, რომაელი მხედრისა, რომელთან მიწერილი წერილებიც დაგვიტოვა ციცერონმა. თუმცა თანხმობით ცხოვრობდნენ და შვილი დრუზუსიც გაუჩინა და მეორეჯერ იყო ფეხმძიმედ, უბრძანეს, გასცილებოდა და დაუყოვნებლივ ცოლად მოეყვანა იულია, ავგუსტუსის შვილი. ეს მისთვის უსაზღვრო სულიერი ტკივილი იყო, აგრიპინასთან ღრმა გრძნობით იყო დაკავშირებული, იულია არ მოსწონდა თავისი ზნეობით,  ახსოვდა, რომ ჯერ კიდევ პირველი ქმრის დროს როგორ ეძებდა მასთან სიახლოვეს, და ამაზე ლაპარაკობდნენ კიდეც ყველგან. აგრიპინაზე გაშორების შემდეგაც დარდობდა; მხოლოდ ერთხელ მოახერხა შეხვედროდა და ისეთი დაჟინებული და ცრემლიანი მზერით გააცილა ქალი, რომ მაშინვე მიიღეს ზომები, რომ თვალში აღარასოდეს მოხვედროდა. იულიასთან თავიდან გაგებით ცხოვრობდა, მაგრამ მერე სულ უფრო და უფრო შორს ეჭირა მისგან თავი. ხოლო მას შემდეგ, რაც შვილი აღარ ჰყავდათ, ცალკეც კი ეძინა. ეს შვილი დაიბადა აკვილაში და ჯერ კიდევ მცირეწლოვანი გარდაიცვალა. თავის ძმა დრუზუსი გერმანიაში დაკარგა, იმის გვამი მან ჩამოასვენა რომში და მთელი გზა ფეხით მოდიოდა წინ. სამოქლაქო მოღვაწეობა იმით დაიწყო, რომ ავგუსტის თანდასწრებით რამდენიმე პროცესზე იცავდა მეფე არქელაუსს, ტრალის და თესალიის მცხოვრებთ. სენატის წინაშე მხარი დაუჭირა ქალაქების  ლაოდიკეას, თიატირას და ხიოსის თხოვნას, რომლებიც მიწისძვრით დაზარალდნენ და შველას ითხოვდნენ. ფანიუს ცეპიონს სახელმწიფოს ღალატისათვის უჩივლა სასამართლოში, რომელმაც ვარონ მურენასთან ერთად შეთქმულება დაგეგმა ავგუსტუსის წინააღმდეგ და მიაღწია მის დასჯას. იმავდროულად ორ დავალებას ასრულებდა: პურის ჩამოტანაზე, რომელიც უკვე შემოჰკლებოდათ და ეგრასტულების მოკვლევაზე მთელ იტალიაში, რომლის პატრონებმაც საერთო სიძულვილი დაიმსახურეს იმით, რომ მარტო თავისუფალ მოქალაქეებს კი არ იჭერდნენ და მალავდნენ, არამედ იმათაც, ვინც სამხედრო სამსახურს გაურბოდა. სამხედრო სამსახური კანტაბრიის ლაშქრობაში დაიწყო ჯარის ტრიბუნად. მერე უმეთაურა რომის ჯარის ლაშქრობას აღმოსავლეთში, არმენიის სამეფო ტიგრანს დაუბრუნა და თავის ბანაკში, მხედარმთავრის ტრიბუნის წინ დიადემაც დაადგა. მანვე მიიღო დროშები, რომლებიც მარკუს კრასუსს წაართვეს პართელებმა. მერე, დაახლოებით ერთი წელიწადი მართავდა ბანჯგვლიან გალიას, რომელიც მშვიდი არ იყო ბელადების უთანხმოებისა და ბარბაროსების თავდასხმების გამო. ამის მერე აწარმოებდა ომს რეტებთან და ვინდელიკებთან, მერე პანონიელბთან, ბოლოს გერმანელებთან. რეტიის ომში მან დაიმორჩილა ალპური ტომები, პანონიისაში ბრევკები და დალმატიელები, გერმანიისაში ტყვედ ჩაიგდო ორმოცი ათასი კაცი, გადაასახლა გალიაში და რაინის სანაპიროს გასწვრივ მიწები გამოუყო. ამ გამარჯვებებისათვის დედაქალაქში შევიდა ოვაციით და ეტლით, ხოლო მანამდე, ზოგიერთის ცნობით, დაჯილდოვდა ტრიუმფალური სამშვენისებით  ახალი ჯილდოთი, რომელიც მანამდე არავის მიეღო. კვესტორის, პრეტორის და კონსულის თანამდებებს იკავებდა ვადაზე ადრე და თითქმის შეუწყვეტლად. მერე, ცოტა ხნის შემდეგ, მიიღო მეორე კონსულობა და ტრიბუნის ხელისუფლება ხუთი წლით. მაგრამ ამ წარმატებების ნაკადში, წლებისა და ძალების გაფურჩქვნისას მოულოდნელად გადაწყვიტა, საქმეებს ჩამოშორებოდა და სადმე გადაკარგულიყო. შესაძლოა, ამისკენ უბიძგა ცოლისადმი ზიზღმა, რომლის არც დადანაშაულება შეეძლო, არც გაგდება, მაგრამ მეტის მოთმენაც აღარ შეეძლო. შესაძლოა, ეს იყო სურვილი, რომში სიძულვილი არ გამოეწვია თავისი მოუშორებლობით და წასვლით განემტკიცებინა, სულაც გაეზარდა თავისი გავლენა იმ დროისათვის, როცა კეისარს დასჭირდებოდა მისი სამსახური. ზოგიერთის აზრით, რაკი ხედავდა ავგუსტუსის წამოზრდილ შვილიშვილებს, თავისი ნებით დაუთმო სახელმწიფოში მეორე კაცის ადგილი და მდგომარეობა, რომელიც ასე დიდხანს ეკავა,  ამაში მარკუს აგრიპას მაგალითს მიბაძა, რომელიც მარკუს მარცელუსის სახელმწიფო საქმეებთან დაახლოების კვალობაზე მითილენაზე გადასახლდა, რათა თავისი იქ ყოფნით საქმეში ხელი არ შეეშალა და არ დაემცირებინა მისი მნიშვნელობა. შემდეგში ტიბერიუსი თავადაც მიუთითებდა ამ მიზეზზე. მაგრამ მაშინ სახელმწიფო საქმეებისგან დაღლისა და დასვენების მიზეზით ითხოვა გაშვება. არც დედის მუდარამ, არც მამობილის სენატში ჩივილმა, რომ მიტოვებას უპირებენ, არ შეაყოვნა. ხოლო უფრო დიდი წინააღმდეგობას რომ წააწყდა, ოთხი დღე შიმშილობდა. ბოლოს და ბოლოს, წასვლაზე თანხმობას რომ მიაღწია, მაშინათვე ოსტიისკენ გასწია, რომში დატოვა ცოლი და შვილი, სიტყვა არ დასცდენია არც ერთ გამცილებელთან და მხოლოდ რამდენიმე გადაკოცნა გამოთხოვებისას.ოსტიიდან კამპანიის სანაპიროს გაყოლებით გაცურა. აქ შეაყოვნა ავგუსტუსის ავადმყოფობის ცნობამ; მაგრამ რაკი ხმები დაირხა, თითქოს იმიტომ არ ჩქარობს, რომ ეგებ აღსრულდეს ყველაზე თამამი მისი იმედებიო, ქარიშხლით აღელვებულ ზღვას მისცა თავი და, ბოლოს, როდოსში ჩააღწია. ამ კუნძულის სილამაზე და ჯანსაღი ჰაერი ჯერ კიდევ მაშინ მოეწონა, როცა არმენიისკენ მიმავალმა იქ ჩაუშვა ღუზა. აქ უბრალო მოქალაქესავით ცხოვრობდა, პატარა სახლით და ოდნავ მოზრდილი შვილით კმაყოფილდებოდა. ულიკტოროდ და მაცნეს გარეშე გიმნასიაში დასეირნობდა და ადგილობრივ ბერძნებს თანასწორივით მიმართავდა. ერთხელაც, დილით დამდეგი დღის საქმესაკეთებელზე რომ ფიქრობდა, თქვა: ისურვებდა, მოენახულებინა ყველა ავადმყოფი ქალაქში. იქ დამსწრეებმა არასწორად გაუგეს, და გამოიცა ბრძანება, ყველა ავადმყოფი ქალაქის პორტიკში მოეყვანათ და დაეწვინათ იმის მიხედვით, ვის რა ავადობა სჭირდა. ამ მოულოდნელობით განაწყენებულმა ტიბერიუსმა აღარ იცოდა, როგორ მოქცეულიყო, და ბოლოს, ყველას ჩამოუარა, ყველას ბოდიში მოუხადა შეწუხებისთვის, ვინ როგორი საწყალი და უცნობიც არ უნდა ყოფილიყო. მხოლოდ ერთხელ, მეტად არა, ნახეს, როგორ გამოავლინა თავისი ტრიბუნის ძალაუფლება. მუდმივად ესწრებოდა ფილოსოფიურ სკოლებს და წაკითხვებს; და როცა ერთხელ სიტყვაძუნწ ბრძენთა შორის უსასტიკესი კამათი ატყდა, ეს ჩაერია, მაგრამ მოკამათეებიდან ვიღაცამ მაშინვე გამოლანძღა მოწინააღმდეგეთა მხარდაჭერისათვის. მაშინ შეუმჩნევლად დაბრუნდა შინ, მერე კი, ლიკტორების თანხლებით მოულოდნელად დაბრუნებულმა, გამომცხადებლის პირით სასამართლოში მისცა მოკამათე და მისი ციხეში ჩაგდებაც ბრძანა. არ გაუვლია დიდ დროს, როცა შეიტყო, რომ თავისი ცოლი იულია ბრალდებულია გარყვნილობისა და მრუშობისათვის, და რომ ავგუსტუსმა მისი სახელით, გაცილება დაუდგინა. გაახარა ამ ცნობამ, მაგრამ მაინც თავის მოვალეობად ჩათვალა, რამდენადაც შეეძლო, მამის წინაშე იმის შვილს გამოქომაგებოდა არაერთგზის გაგზავნილ წერილებში, ხოლო იულიას დაუტოვა ყველა საჩუქარი, რაც მიუცია, თუმცა ის ამას არ იმსახურებდა. ამ დროისათვის მისი ტრიბუნის ძალაუფლების ვადა ამოიწურა. მაშინ აღიარა, რომ თავისი წასვლით სურდა, რომ გაიუსის და ლუციუსის მეტოქეობაზე საყვედურებს მორიდებოდა, ახლა კი ამ ეჭვმა გაიარა, გაიუსი და ლუციუსი დავაჟკაცდნენ, სახელმწიფოში მათ მეორე ადგილს არაფერი ემუქრება, და ითხოვს, ბოლოს, ნათესავების ნახვის უფლებას, რომლებიც მოენატრა. მაგრამ უარი მიიღო. უფრო მეტიც, გამოუცხადეს, რომ თავი დაანებოს ყოველგვარ ზრუნვას ნათესავებზე, რომლებიც ასეთი ხალისით მიატოვა. ასე უწადინოდ დარჩა როდოსზე, დედის დახმარებით ძლივს მიაღწია იმას, რომ სირცხვილის დასამალად ავგუსტუსის ელჩი მაინც დარქმეოდა. ახალა არა მხოლოდ კერძო პირად, არამედ დევნილ და გულმოფართხალე კაცად ცხოვრობდა. კუნძულის სიღრმეში გადავიდა, რათა ჩამოსულების მხრიდან პატივისცემის ნიშნებს დამალვოდა; მომსვლელი კი ბევრი იყო, რაკი არც ერთი სამოქალაქო თუ სამხედრო ნაცვალი, საითაც არ უნდა გაევლოთ, შემთხვევას არ გაუშვებდა ხელიდან, რომ როდოსს არ სწვეოდა. მაგრამ უფრო მნიშვნელოვანი მიზეზები ჰქონდა ასაღელვებლად. როცა სამოსზე იმგზავრა, რათა აღმოსავლეთის ნაცვლად დანიშნული თავისი გერი, გაიუსი ენახა, იმისი თანამგზავრისა და ხელმძღვანელის, მარკუს ლოლიუსის მიერ შთაგონებული გაუცხოება შეატყო. ისიც იეჭვეს, რომ მისგან დავალებულ ცენტურიონებს, როცა ისინი ბანაკში ბრუნდებოდნენ შვებულებიდან, აძლევდა ორაზროვან წერილებს სხვადასხვა პირებისათვის. როგორც ჩანს, აჯანყებისთვის აქეზებდა. ავგუსტუსისგან ეს რომ გაიგო, დაიწყო მოთხოვნა, რომ ნებისმიერი ფენის კაცი მიემაგრებინათ მისთვის, სიტყვების და საქციელების სამეთვალყუროდ.ცხენითა და იარაღით ჩვეულებრივ ვარჯიშს თავი დაანება, უარი თქვა მშობლიურ ტანსაცმელზე, ბერძნული ლაბადა და სანდლები ჩაიცვა, და ასე იცხოვრა თითქმის ორი წელიწადი, ყოველ დღეს უფრო შეზიზღებულმა და აუტანელმა. ნემავსუსის მცხოვრებლებმა მისი ქანდაკებები და ბიუსტები გაანადგურეს, ხოლო რომში, როცა მეგობრულ სუფრაზე მასზე ჩამოვარდა სიტყვა, ერთი სტუმარი წამოვარდა და დაუფიცა გაიუსს, რომ თუკი უბრძანებს, ახლავე წავა როდოსზე და იქიდან „გადასახლებულის“ თავს ჩამოუტანს. „გადასახლებულს“ ეძახდნენ.ამის შემდეგ მხოლოდ შიშმა კი არა, პირდაპირმა საფრთხემ აიძულა ტიბერიუსი დედის დახმარებითა და დიდი ხვეწნამუდარით უკან დაბრუნების უფლება გამოეთხოვა. წარმატების მიღწევაში ბედნიერი შემთხვევა დაეხმარა. ავგუსტუსმა მტკიცედ გადაწყვიტა, ამ საქმეზე თავისი უფროსი შვილის სურვილის გარეშე გადაწყვეტილება არ მიეღო. ის კიდევ დამდურებული იყო მარკუს ლოლიუსთან და ადვილად დაუთმო მამინაცვლის თხოვნებს. და აი, გაიუსის თანხმობით, ტიბერიუსს დაბრუნების ნება მისცეს, მაგრამ იმ პირობით, რომ მონაწილეობა არ მიეღო სახელმწიფო საქმეებში. წასვლიდან მერვე წელს დაბრუნდა, მომავლის დიდი იმედებით იკვებებოდა. წინასწარმეტყველებები და ნიშნები პატარობიდანვე მხარს უმაგრებდნენ მის იმედებს. ჯერ კიდევ როცა ლივია იმაზე ფეხმძიმედ იყო და სხვადასხვანაირი მკითხაობით ცდილობდა გაეგო, ბიჭი ეყოლებოდა თუ გოგო, კვერცხებზე დამჯდარ კრუხს ერთი ცალი ამოაცალა და მსახურებთან ერთად მორიგეობით ათბობდა ხელებში; და იმ კვერცხიდან გამოიჩეკა მამალი წარმოუდგენელი სიდიდის ბიბილოთი. ხოლო როგორც კი დაიბადა, ასტროლოგმა სკრიბონიუსმა უწინასწარმეტყველა დიდი მომავალი და მეფის ძალაუფლება, მაგრამ მეფის ნიშნების გარეშე; მაშინ ხომ კეისრების ძალაუფლება ცნობილი არ იყო. როცა პირველ ლაშქრობაში წავიდა და მაკედონიის გადავლით თავისი ჯარი მიჰყავდა სირიაში, ფილიპების წინ უცებ თავისით იფეთქა ცეცხლმა სამსხვერპლოებზე, ადრე რომ აეშენებინათ გამარჯვებადაბედებულ ლეგიონებს. მერე, ილირიკუმის გზაზე დამდგარმა, პატავიუმის მახლობლად ორაკული გერიონი მოინახულა, და ამოუვიდა მითითება, რომ თავის შეკითხვებზე პასუხისათვის ოქროს კოჭები აპონუსის წყაროში ჩაეყარა, და როცა ეს გააკეთა კიდეც, კოჭები ყველაზე ბედნიერ ციფრებზე დაჯდა  მათი დანახვა ახლაც შეიძლება იმ წყაროს კამკამა წყალში. როდოსიდან რომში დაბრუნებამდე რამდენიმე დღით ადრე, მისი სახლის სახურავზე არწივი დაჯდა, ადრე რომ არასოდეს ენახათ კუნძულზე. ხოლო იმ დღის წინა დღეს, როცა თავის დაბრუნებაზე შეიტყო, ტანსაცმლის ჩაცმისას მოეჩვენა, რომ ტუნიკას ცეცხლი მოედო. ასტროლოგმა თრასილუსმა, რომელიც თავისთან ჰყავდა ხელოვნებაში გამოცდილების გამო, შორს როგორც კი შეამჩნია ხომლადი, მაშინვე თქვა, რომ კარგი ცნობები მოაქვს. ეს ყველაზე დიდი გამოცდა იყო მისთვის, რადგან ტიბერიუსი რაკი ხედავდა, რომ მისი წინასწარმეტყველებების მიუხედავად, საქმეები ცუდად მიდის, გადაწყვიტა, რომ ეს მატყუარაა, რომელსაც მიამიტად გაანდო თავისი საიდუმლოებები, და სწორედ ამ დროს მისი გადაგდება უნდოდა ზღვაში.რომში დაბრუნებისთანავე ხალხს თავისი შვილი დრუზუსი წარუდგინა, თავად კი მაშინვე გადასახლდა კარინაში მდებარე პომპეუსის სახლიდან ესკვილინზე, მეცენატის ბაღებში. აქ კი სრულ სიმშვიდეს მიეცა და მხოლოდ პირადი საზრუნავით შემოიფარგლა, თავისუფალი იყო საზოგადოებრივი საქმეებისგან. მაგრამ არ გაუვლია სამ წელიწადს, რომ გაიუსი და ლუციუსი დაიღუპნენ. მაშინ ტიბერიუსი ნაშვილები იქნა ავგუსტის მიერ და თან გარდაცვლილების ძმასთან, მარკუს აგრიპასთან ერთად, მაგრამ წინასწარ უნდა ეშვილებინა თავისი ნათესავი გერმანიკუსი. ამის მერე არაფერში აღარ გამოსულა, როგორც ოჯახის მამა და დაკარგული უფლებების დაბრუნება არ მოუნდომებია, არ არიგებდა საჩუქრებს, არ ათავისუფლებდა მონებს, არც მემკვიდრეობებს ღებულობდა, არც საჩუქრებს, გარდა მამის ნებართვით გათვალისწინებულისა. ამ დროიდან ტიბერიუსის ასამაღლებლად არაფერი გამორჩენიათ, განსაკუთრებით, აგრიპას განდგომისა და გადასახლების მერე, როცა ტიბერიუსი ერთადერთ მემკვიდრედ დარჩა. კვლავ მიიღო ტრიბუნის ძალაუფლება ხუთი წლით. დაავალეს გერმანიის დამორჩილება; პართელ ელჩებს, ავგუსტუსთან რომში მოლაპარაკების შემდეგ, დავალებული ჰქონდათ, პროვინციაში ხლებოდნენ. და როცა ილირიკუმის გასვლის ცნობა მოვიდა, ეს ომიც იმას ანდეს,  ყველაზე მძიმე რომაელებისთვის გარეშე მტერთან, ოღონდ პუნიკური ომების შემდეგ. თხუთმეტი ლეგიონითა და ამდენივე დამხმარე ჯარით სამი წელიწადი მოუწია ომი ყველანაირ სირთულეში და სანოვაგის უკიდურესი უკმარისობისას.        არაერთხელ იძახებდნენ უკან, მაგრამ ჯიუტად განაგრძობდა ომს, იმის შიშით, რომ ძლიერი და ახლოში მყოფი მტერი, როგორც კი მოპირდაპირის დათმობას ნახავს, თავდასხმაზე გადმოვა. და ამ სიჯიუტისთვის უხვად დაჯილდოვდა,  მთელი ილირიკუმი, იტალიიდან და ნორიკიდან თრაკიამდე და მაკედონიამდე და მდინარე დანუბიადან ადრიატიკის ზღვამდე გადაჭიმულა, დაიქვემდებარა და მორჩილებაში მოიყვანა.მის დიდებას უფრო მეტად განადიდებდნენ გარემოებები. დაახლოებით, სწორედ ამ დროს გერმანიაში დაიღუპა კვინტილიუს ვარუსი სამი ლეგიონით, და ეჭვი აღარავის ეპარებოდა, რომ გამარჯვებული გერმანელები შეუერთდებოდნენ პანონელებს, ამაზე უწინ ილირიკუმი რომ არ ყოფილიყო დამორჩილებული. ამისათვის დაუნიშნეს ტრიუმფიც და სხვა სასახელო ჯილდოები. ზოგიერთი წინადადებას იძლეოდა, მიეღო ზედწოდება „პანონელი“, სხვები  „დაუმარცხებელს“, დანარჩენები  „კეთილღირსეულს“ სთავაზობდნენ. მაგრამ მეტსახელს ვეტო დაადო ავგუსტუსმა და კიდევ ერთხელ დაპირდა, რომ ტიბერიუსი კმაყოფილი იქნება იმ სახელითაც, რომელსაც მემკვიდრეობით მიიღებს მამის სიკვდილის შემდეგ. ხოლო ტრიუმფი თავად გადადო, რაკი რომი ისევ გლოვობდა ვარუსს. ამის მიუხედავად, დედაქალაქში მაინც კონსულის ტოგით და დაფნის გვირგვინით შევიდა. სეპტაში სენატის თვალწინ ამაღლებულ ადგილზე ავიდა და ორ კონსულს შორის დაიკავა ადგილი, ავგუსტუსის გასწვრივ. იქიდან რომ მიესალმა ხალხს, მერე ტაძრისკენ გასწია და ყველა მიაცილებდა.მომდევნო წელს კიდევ წავიდა გერმანიაში. იცოდა, რომ ვარუსის დამარცხების მიზეზი მხედართმთავრის წინდაუხედავობა და არხეინობა იყო. ამიტომ საბჭოს გადაწყვეტილების გარეშე არაფერს აკეთებდა,  ყოველთვის მხოლოდ საკუთარ თავზე დანდობილი, თავისნათქვამა კაცი ახლა პირიქით, თავის სამხედრო ჩანაფიქრებს უზიარებდა უამრავ დაახლოებულს. ამიტომაც უჩვეულო სიფხიზლეს იჩენდა. რაინზე გადასვლისთვის რომ ემზადებოდა, ზუსტად განსაზღვრა, თან რა უნდა წაეღოთ მარაგიდან, მერე თავად იდგა ნაპირთან და თითოეულ საზიდარს ამოწმებდა, რომელიმეში რამე ზედმეტი ხომ არ იყო, რაც დადგენლი არ ჰქონდა. ხოლო რაინს გაღმა ისეთ ცხოვრებას ეწეოდა, რომ ჭამდა ბალახზე მჯდომარე, ხშირად უკარვოდ ეძინა, ყველა განკარგულებას მეორე დღისთვის და ყველა განსაკუთრებულ დავალებას წერილობით იძლეოდა, შეხსენებითურთ, რომ ნებისმიერი გაუგებრობისას მხოლოდ პირადად მისთვის მიემართათ და დროს მნიშვნელობა არ ჰქონდა, თუნდაც ღამით.ჯარში წესრიგს დიდი სიმკაცრით იცავდა. დასჯაწახალისების ძველი ხერხი აღადგინა. ერთი ლეგიონის მეთაურს იმიტომ აჰყარა წოდება, რომ იმან რამდენიმე ჯარისკაცი გააყოლა მდინარის გაღმა, სანადიროდ წასულ თავის აზატს. ბრძოლაში არასოდეს ენდობოდა ბედსა და შემთხვევას. და მაინც ბრძოლას უფრო მეტი ხალისით იღებდა, თუკი წინა ღამეს, მუშაობისას თავისით გადაიღუნებოდა სანთელი და ისე ჩაქრებოდა. ამბობდა, რომ ეს ნიშანი მისი წინაპრების მიერ არის გამოცდილი ყველა ომში და ამისი სჯერა. სხვათა შორის, თავის ამ წარმატებებში კინაღამ დაიღუპა რომელიღაც ბრუკტერის ხელით,  იმან ტიბერიუსის ამალაში შემოაღწია, მაგრამ მღელვარებამ გასცა და წამებისას აღიარა დანაშაულებრივი ჩანაფიქრი. ორი წლის შემდეგ გერმანიიდან რომში რომ დაბრუნდა, ტიბერიუსმა იზეიმა გადადებული ტრიუმფი ლეგატების თანხლებით, მისი დაჟინებული მოთხოვნით რომ დააჯილდოვეს ტრიუმფალური სამშვენისებით. მაგრამ მანამდე, ვიდრე კაპიტოლიუმისკენ გადაუხვევდა, ეტლიდან ჩამოვიდა, მუხლი მოიყარა მამის წინაშე, ზეიმს რომ მეთაურობდა. პანონის ბელადი ბატონი გულუხვად დააჯილდოვა და რავენაში გაისტუმრა იმაზე მადლობის ნიშნად, რომ იმან ერთხელ საშუალება მისცა თავისი ჯარიანად მშვიდობიანად გამოეღწია ალყაშემოტყმული ვიწრობიდან. მერე ხალხისთვის ათას მაგიდაზე სადილი გამართა და თითოეულს სამასსამასი სესტერცი დაურიგა. სამხედრო ალაფის ხარჯით ღმერთებს თანხმობის ტაძარი უძღვნა, მერე კი კასტორის და პოლუქსის ტაძარიც, თავისი და თავისი ძმის სახელით.ცოტა ხნის შემდეგ კონსულებმა შეიტანეს კანონი, რომ ავგუსტუსთან ერთად ემართა პროვინციები და ეწარმოებინა აღწერები. შესწირა ხუთწლიანი მსხვერპლი და გაემართა ილირიკუმში, მაგრამ გზიდან უკან გამოიძახეს. ავგუსტუსს უკვე ძალაგამოცლილს მიუსწრო, მაგრამ ჯერ კიდევ ცოცხალს და მთელი დღე მარტო იყო მასთან. მე ვიცი, არის ერთი მოარული ამბავი, რომ თითქოს ტიბერიუსთან საიდუმლო ლაპარაკის შემდეგ, როცა ის წავიდა, მესაწოლეებმა გაიგონეს ავგუსტუსის ხმა: „ბედკრულო რომაელო ხალხო, რა ზოზინა ყბებში ხარ ჩავარდნილი!“ არც ის არის უცნობი ჩემთვის, რომ ზოგიერთი განცხადებით, ავგუსტუსი ღიად და და დაუფარავად აძაგებდა ტიბერიუსის დაუნდობელ ხასიათს; რომ მისი მიახლოებისას არაერთხელ გაუწყვეტია მეტად მხიარული ანდა მოსულელო ლაპარაკი; რომ მის შვილად აყვანაზე დათანხმდა ცოლს ჯიუტი ხვეწნის შემდეგ და, შესაძლოა, ამაო იმედით, რომ ამნაირი მემკვიდრის გამო ხალხი მასზე იდარდებდა. და მაინც, არ შემიძლია, დავიჯერო, რომ ასეთი უფრთხილესი და წინდახედული მმართველი ამ საპასუხისმგებლო საქმეში ასე დაუფიქრებლად მოიქცა. არა, მე ვფიქრობ, რომ მან აწონდაწონა ტიბერიუსის ყველა ღირსება და ნაკლი, და მიხვდა, რომ ღირსება მეტია, მით უმეტეს, რომ ხალხის წინაშე დადო ფიცი, რომ სახელმწიფოს კეთილდღეობისათვის ეშვილებინა ტიბერიუსი; და წერილებშიც რამდენჯერმე ახსენებს, როგორც გამოცდილ მხედართმთავარს და რომაელი ხალხის ერთადერთ დასაყრდენს. ერთზეც და მეორეზეც მაგალითებს მოვიყვან ამ წერილებიდან.  „ჯანმრთელად იყავ, ჩემო უსაყვარლესო ტიბერიუს, გისურვებ ბედნიერად გებრძოლოს ჩემთვის და მუზებისთვის. ჯანმრთელად იყავ, ჩემო უსაყვარლესო ტიბერიუს და, ჩემს ბედნიერებას გეფიცები, უმამაცესი ვაჟკაცო და კეთილსინდისიერო მხედართმთვარო“. „მე შემიძლია, მხოლოდ შევაქო შენი მოქმედებები ზაფხულის ლაშქრობაში, ძვირფასო ტიბერიუს. მშვენივრად მესმის, რომ ამდენ სირთულეში და ჯარისკაცების სრულ დაუდევრობაში შეუძლებელია უფრო გონივრული მოქმედება, ვიდრე შენი. ყველა, ვინც კი შენთან იყო, ადასტურებს, რომ შენზე შეიძლება ითქვას ამ ლექსის სიტყვები: ის, ვინაც თავის დაყოვნებით ქვეყანა იხსნა. „მიწევს თუ არა, რომ ვიფიქრო რამე მნიშვნელოვანზე, მიწევს თუ არა, რამეზე გავბრაზდე, ვფიცავარ, მენატრება ჩემი ძვირფასი ტიბერიუსი და ვიხსენებ ჰომეროსის სახელგანთქმულ სტრიქონებს: თუ ეგ ჩემი თანამგზავრია, აგიზგიზებულ ცეცხლიდანაცდავბრუნდებით: ასე მარჯვეა მაგის ჭკუა გამონაგონზე.„როცა ვკითხულობ და მესმის, შენ როგორ გახდი დაუსრულებელი შრომისგან, ღმერთმა დამლახვროს, თუ შენს გამო მთელი სხეულით არ ვკანკალებდე! გემუდარები, თავს გაუფრთხილდი. თუკი მე და დედაშენი გავიგებთ, რომ ცუდად ხარ, ეს დაგვხოცავს, და რომაელი ხალხის მთელი სიძლიერე საფრთხეში აღმოჩნდება. ჯანმრთელად ვარ თუ არა, დიდი მნიშვნელობა აქვს, თუ შენ კარგად არ იქნები? ღმერთებს ვთხოვ, რომ დაგიცვან ჩვენთვის და გამოგიგზავნონ ჯანმრთელობა ახლაც და სამუდამოდაც, თუკი საბოლოოდ არ მოსძულებიათ რომაელი ხალხი“. ავგუსტუსის სიკვდილს საიდუმლოდ ინახავდა, სანამ ახალგაზრდა აგრიპა არ მოაკვდინეს. მოკლა დაცვისთვის მიმაგრებულმა ჯარის ტრიბუნმა, რაკი ამის შესახებ ბრძანება წერილით მიიღო. უცნობი იყო, დატოვა თუ არა ეს წერილი მომაკვდავმა ავგუსტუსმა, რათა მისი სიკვდილის მერე არეულობის მიზეზი არ ყოფილიყო; ანდა, ეს წერილი ავგუსტუსის სახელით უკარნახა ლივიამ, ტიბერიუსისთვის გაგებინებით ან შეუტყობინებლად. თავად ტიბერიუსმა, როცა ტრიბუნმა მოახსენა, რომ ბრძანება შესრულებულია, გამოაცხადა, რომ ასეთი ბრძანება არ გაუცია და მკვლელმა სენატის წინაშე უნდა აგოს პასუხი. რასაკვირველია, ტიბერიუსს უნდოდა, პირველ ხანებში გაქცეოდა საერთო სიძულვილს, მერე ეს საქმე მალევე მიფუჩეჩდა და მიივიწყეს კიდეც.ტრიბუნის ძალაუფლებით მოიწვია სენატი და აპირებდა, სიტყვით მიემართა მისთვის, მაგრამ, თითქოს მწუხარებას ვერ მოერია, ქვითინით წამოიძახა,  აჯობებდა, რომ არა მხოლოდ ხმა, არამედ სიცოცხლეც წართმეოდა, და სიტყვა წასაკითხად შვილს გასაცა, დრუზუსს. მერე ავგუსტუსის ანდერძი შემოიტანეს. მიმაგრებულ მოწმეთაგან კურიაში მხოლოდ სენატორთა ფენის წარმომადგენლები დაუშვა, დანარჩენს თავისი ბეჭდები შემოსასვლელის წინ უნდა დაემოწმებინა. გააზატებულის ხმით წაკითხული ანდერძი ამ სიტყვებით იწყებოდა: „რაკი ულმობელმა ბედისწერამ ჩემი შვილები, გაიუსი და ლუციუსი წამართვა, დაე, ჩემი მემკვიდრე ორი მესამდით იყოს ტიბერიუს კეისარი“. ამით განმტკიცდა იმათი ეჭვი, ვინც ფიქრობდა, რომ ტიბერიუსი თავის მემკვიდრედ აღიარა უფრო აუცილებლობით, ვიდრე კეთილი ნებით, თუკი მალევე ვერ შეიკავა თავი ამისთანა შესავლისგანო“.თუმცა გადაწყვიტა, უმაღლესი ხელისუფლება უყოყმანოდ მიიღო და გამოეყენებინა მაშინათვე; თუმცა ბატონობის საწინდრად და ნიშნად უკვე დაიყენა შეიარაღებული დაცვა; სიტყვებით დიდხანს უარყოფდა ძალაუფლებას, ყველაზე უსირცხვილო კომედიას თამაშობდა. ხან საყვედურით ეტყოდა მეგობრებს, რომ არ იციან, ძალაუფლება როგორი ურჩხულია, ხანაც ორაზროვანი პასუხებით და ეშმაკური ყოყმანით გაუგებრობის დაძაბულობაში ჰყავდა სენატორები, მუხლებზე დაჩოქილები რომ ევედრებოდნენ. ზოგიერთმა მოთმინებაც კი დაკარგა,  ვიღაცამ საერთო ხმაურში წამოიძახა: „ან მართოს და ან წავიდეს!“ სხვამ პირდაპირ გამოუცხადა,  სხვები აყოვნებენ იმის გაკეთებას, რასაც დაპირდებიან ხოლმე, ის კი აყოვნებს იმის დაპირებას, რასაც უკვე აკეთებს.ბოლოს, თითქოსდა უწადინოდ, მწარე ჩივილით უმძიმეს მონობაზე, რომელსაც კისრად სდებდნენ, მიიღო ხელისუფლება. მაგრამ იქვე სცადა, გაეჩინა იმედი, რომ ოდესმე გადადგებოდა,  აი, მისი სიტყვები: „მანამდე, ვიდრე არ მოგეჩვენებათ, რომ მოვიდა დრო, ჩემს სიბერესაც მისცეთ დასვენების უფლება“. მისი ყოყმანის მიზეზი იყო შიში იმ საფრთხეების წინაშე, რომლებიც ყოველი მხრიდან ემუქრებოდა: „მგელი მიჭირავს ყურებით“,  არაერთხელ უთქვამს. მართლაც, აგრიპას მონამ, სახელად კლემენტმა უკვე შეკრიბა არცთუ პატარა რაზმი, რათა შური ეძია თავისი ბატონისთვის; და ლუციუს სკრიბონიუს ლიბონი, კაცი დიდგვაროვანი, საიდუმლოდ ამზადებდა გადატრიალებას; და ჯარებშიც ერთბაშად იფეთქა ორმა ამბოხებამ, ილირიკუმში და გერმანიაში. ორივე არმია მეტისმეტ მოთხოვნებს აყენებდა, პირველ რიგში, ჯამაგირის პრეტორიელებთან გათანაბრებას; ხოლო გერმანიის ჯარი კი არ აღიარებდა მმართველს, რომელიც მათი დაყენებული არ იყო და, მიუხედავად მისი უარისა, მთელი ძალით მოუწოდებდნენ თავიანთ მეთაურ გერმანიკუსს ძალაუფლების ხელში ჩასაგდებად. სწორედ ამ საფრთხისა ეშინოდა ტიბერიუსს, როცა სენატს სთხოვდა, ერთი რომელიმე პროვინცია მიეცათ სამართავად, რადგან მთელი სახელმწიფოს მართვა ერთ კაცს არ შეუძლია უამხანაგოდ.თავიც კი მოიავადმყოფა, რათა გერმანიკუსი მშვიდად დალოდებოდა სწრაფ მემკვიდრეობას, ანდა, ყოველ შემთხვევაში, მმართველობაში მონაწილეობას. აჯანყებები რომ ჩააქრო, ეშმაკობით მოატყუა და ტყვედ ჩაიგდო კლემენტი. ხოლო ლიბონი ერთი წლის მერე მიჰგარა სენატს პასუხსაგებად, რაკი არ უნდოდა, მეტისმეტად მკაცრად დაეწყო თავისი მმართველობა. მანამდე კმაყოფილდებოდა სიფრთხილის ზომებით. მაგალითად, როცა ლიბონს სხვა პონტიფიკოსებივით მოჰქონდა მსხვერპლი, ბრძანებდა, რომ ქურუმის დანის მაგივრად ტყვიისა მიეცათ; ხოლო როცა იმან საიდუმლო ლაპარაკის უფლება სთხოვა, ტიბერიუსი დაეთანხმა მოლაპარაკებოდა გასეირნებისას, ოღონდ თავისი შვილის, დრუზუსის თანდასწრებით და, რომ მიდიოდა, სულ უჭერდა მარჯვენა ხელს, თითქოს ეყრდნობოდა ლიბონს. ბოლოს და ბოლოს, შიშს რომ დააღწია თავი, თავიდან კარგი მოქალაქესავით ეჭირა თავი და ლამის უფრო უბრალოდ, ვიდრე კერძო პირს. მრავალი უმაღლესი პატივიდან ცოტაოდენი და მოკრძალებულები მიიღო მარტო. როცა მისი დაბადების დღე პლებეების თამაშებს დაემთხვა, ძლივს დათანხმდა, ეს აღენიშნათ ზედმეტი ეტლით ცირკის რბოლებზე. კრძალავდა, მისთვის მიეძღვნათ: ტაძრები, ქურუმები, სიწმინდისმსახურნი. ქანდაკებების და პორტრეტების დადგმის უფლებას განსაკუთრებული დაშვებით და იმ პირობით იძლეოდა, რომ ისინი ღმერთების გამოსახულებებთან კი არა, არამედ ტაძრის სამშვენისებში მდგარიყო.აკრძალა, მის საქმეების ერთგულებაზე დაეფიცათ; აკრძალა, სექტემბრისთვის დაეძახათ „ტიბერიუსი“, ხოლო ოქტომბრისთვის  „ლივია“. უარყო: იმპერატორის წოდება, სამშობლოს მამის ზედწოდება, მუხის გვირგვინი კარზე. ავგუსტუსის სახელსაც კი, თუმცა მემკვიდრეობით მიიღო, მეფეებთან და მმართველებთან მიწერილ წერილებში იყენებდა. ამ დროიდან კონსულობა მიიღო მხოლოდ სამჯერ: ერთხელ რამდენიმე დღით, მეორედ სამი თვით და მესამედ  დაუსწრებლად, მაისის იდებამდე.პირმოთნეობა ისე ეჯავრებოდა, რომ თავის ტახტრევანთან სენატორებს არ უშვებდა არც მისასალმებლად, არც საქმეებზე. როცა ერთი კონსულარი მიტევებას სთხოვდა და ფეხებში ჩაუვარდა, ისე გადახტა უკან, რომ გულაღმა დაეცა. როცა ლაპარაკში და ვრცელ სიტყვებში ლიქნას გაიგებდა, დაუყოვნებლივ აწყვეტინებდა მოლაპარაკეს, გალანძღავდა და იქვე შეუსწორებდა. როცა ვიღაცამ მიმართა: „ხელმწიფევ“, მაშინვე გამოაცხადა, რომ აღარ ეწყენინებინათ ასე. სხვა ვიღაცა მის საქმეებს „წმინდას“ ეძახდა და ირწმუნებოდა, რომ სენატს მიმართავს ტიბერიუსის ნებით. მაშინვე შეუსწორა და აიძულა „ტიბერიუსის ნების“ მაგივრად, „ტიბერიუსის რჩევით“ და „წმინდას“ ნაცვლად „მნიშვნელოვანი“ ეთქვა. მაგრამ უპატივცემლობას, ბოროტსიტყაობას, შეურაცხმყოფელ ლექსებს მოთმინებით და მშვიდად იტანდა, და ამაყად აცხადებდა, რომ თავისუფალ ქვეყანაში თავისუფალი უნდა იყოს აზრიც და სიტყვაც. ერთხელ სენატმა მისგან მოითხოვა გამოძიება ამგვარ დანაშაულობებზე და დამნაშავეებზე. უპასუხა: „ჩვენ ძალიან ცოტა თავისუფალი დრო გვაქვს, რომ ამ უსასრულო საქმეებში ჩავერთოთ. ამას თუ დაიწყებთ, სხვა აღარაფრის დრო აღარ დაგრჩებათ. ყველა თავის უსიამოვნო წვრილმანებში ჩაგითრევთ“. შემონახულია მისი ერთი სიტყვა სენატში, ღირსეული მოქალაქის საკადრისი: „თუკი ვინმე გაუგებრად გამომეხმაურება, მე ვეცდები ყველა ჩემი სიტყვა და საქმე გავაგებინო; თუკი გაჯიუტდა, მეც ზიზღითვე ვუპასუხებ“. ეს მით უფრო შესამჩნევი იყო, რომ თავად, სენატორებს როცა მიმართავდა, ცალცალკე თუ ერთად, თავისი პატივისცემით და თავაზიანობით ყოველგვარ მიღებულ საზღვრებს გადადიოდა. ერთხელ სენატში, კვინტუს ჰატერიუსთან კამათის შემდეგ, ასე მიმართა: „გთხოვ, მაპატიო, თუკი მე, როგორც სენატორი, შენს წინააღმდეგ მეტისმეტად მკვეთრად გამოვალ“. და მერე, მთელ კრებას გადახედა და დასძინა: „მე არაერთხელ მითქვამს და ვიმეორებ, მამა სენატორებო, რომ კეთილი და გონიერი მმართველი, რომლიც თქვენი მოვალეა ფართო და სრული ძალაუფლების გამო, ყოველთვის სენატის მსახური უნდა იყოს, ზოგჯერ მთელი ხალხისა და ხანდახან ცალკეული მოქალაქეებისაც. მე არ მრცხვენია ამის თქმა, რადგან თქვენი სახით მყავდა და მყავს ბატონები: კეთილებიც, სამართლიანებიცა და მოწყალეებიც“. რაღაც თავისუფლების მსგავსებაც კი დააწესა, სენატსა და თანამდებობის პირებს მათი ძველი დიდებულება და ძალაუფლება შეუნარჩუნა. არ იყო ისეთი საქმე, პატარა თუ დიდი, სახელმწიფო თუ კერძო, სენატისთვის რომ არ მოეხსენებინა: გადასახადებზე თუ მონოპოლიებზე, მშენებლობაზე თუ შენობის შეკეთებაზე, მეომრების შერჩევაზე და შესყიდვაზეც კი, ანდა ლეგიონების და დამხმარე ჯარის განლაგებაზე, იმაზეც კი, ვისთვის გაეგრძელებინათ მხედართმთავრობა თუ დაევალებინათ სასწრაფო ლაშქრობა. იმაზეც კი, თუ როგორ ეპასუხათ მეფეებისთვის იმათ გზავნილობებზე. ცხენოსნების ერთ მეთაურს, ბრალდებულს ძარცვაში და ძალადობაში, სენატის წინაშე აგებინა პასუხი. კურიაში მარტო შედიოდა, ხოლო როცა ერთხელ ტახტრევანით მიიყვანეს ავადმყოფი, მაშინვე გაუშვა მსახურები. როცა ზოგიერთ გადაწყვეტილებას მისი სურვილის წინააღმდეგ ღებულობდნენ, ამაზე არც კი ჩიოდა. თვლიდა, რომ დანიშნული მაგისტრები არ უნდა წასულიყვნენ რომიდან, რათა სულ მზად ყოფილიყვნენ თანამდებობის დასაკავებლად. ამის მიუხედავად, ერთ დანიშნულ პრეტორს სენატმა მისცა უფლება კერძო მოგზაურობაში წასულიყო ელჩის უფლებით. სხვა დროს შესთავაზა, რომ ის ფული, რომელიც ქალაქ ტრებიას ჰქონდა ნაანდერძევი გზების აღსადგენად გამოეყენებინათ. ამის მიუხედავად, მაინც ვერ შეძლო ანდერძის დამტოვებლის ნების შეცვლა. ერთხელ სენატს გადაწყვეტილება გამოჰქონდა და ორად იყო გაყოფილი, ტიბერიუსი შეუერთდა უმცირესობას, თუმცა მისთვის არავის მიუბაძავს. დანარჩენ საქმეებსაც ყოველთვის ჩვეულებრივი წესით აკეთებდა, თანამდებობის პირების საშუალებით. კონსულები ისეთი პატივისცემით სარგებლობდნენ, რომ ერთხელ აფრიკიდან გამოგზავნილები იმათთან ჩიოდნენ თავად ტიბერიუსზე, რომ იმ საქმის გადაწყვეტას აგვიანებდა, რაზეც გამოგზავნილები იყვნენ. და ეს საკვირველი სულაც არ არის, ყველა ხედავდა, როგო წამოუდგებოდა ხოლმე ფეხზე კონსულებს და როგორ უთმობდა გზას. კონსულარმხედარმთავრებს საყვედური უთხრა, რადგან ისინი არ გამოირჩეოდნენ თავიანთი საქმეებით სენატის წინაშე და იმისთვისაც, რომ სთხოვეს, მათი ჯარისკაცებისთვის ჯილდოები ტიბერიუსს გაენაწილებინა, თითქოს თავად არ ჰქონოდათ ამის უფლება. თუმცა ერთი პრეტორი შეაქო, რაკი იმან თანამდებობაზე მისვლისთანავე, ძველებური წესით, პატივი მიაგო თავის წინამორბედებს ხალხის წინაშე. ზოგიერთი დიდგვაროვანი პირის დამკრძალავ პროცესიას კოცონამდე მიაცილებდა. ასეთივე სიმშვიდე გამოიჩინა პატარა პირთა და საქმეთა გამოც. როდოსის ქალაქის მმართვლელებმა ერთხელ ოფიციალური წერილი გაუგზავნეს, ჩვეულებრივი დასკვნითი მინაწერის გარეშე, ისინი თავისთან გამოიძახა, მაგრამ სიტყვით კი არ უსაყვედურია, არამედ წერილი დაუბრუნა მინაწერისთვის და უკან გაისტუმრა. გრამატიკოსი დიოგენე მეცნიერულ კამათებს აწყობდა ხოლმე შაბათობით. ერთხელ ტიბერიუსი შეუფერბელ დროს მივიდა მის მოსასმენად, თუმცა იმან არ მიიღო და მონის პირით შემოუთვალა, შვიდ დღეში მისულიყო. შემდეგ, უკვე რომში დიოგენე თავად გამოჩნდა ტიბერიუსის კართან მისასალმებლად. მაგრამ ტიბერიუსი იმით დაკმაყოფილდა, რომ უბრძანა, შვიდი წლის მერე მოსულიყო. ნაცვლებს, რომლებიც ურჩევდნენ, პროვინციებისთვის გადასახადი მოემატებინა, წერილში უპასუხა, რომ კარგი მეცხვარე ცხვარს პარსავს, ტყავს კი არ აძრობს. თანდათან ყველას აგრძნობინებდა, რომ მმართველი იყო. დიდი ხნის განმავლობაში მისი საქციელი, თუმცა ცვალებადი იყო, მაგრამ ხშირად გამოხატავდა კეთილგანწყობას და ზრუნვას სახელმწიფოს კეთილდღეობაზე. თავიდან ჩაერეოდა ხოლმე, რათა აღეკვეთა თანამდებობების ბოროტად გამოყენება. მაგალითად, შეცვალა სენატის რამდენიმე გადაწყვეტილება. მაგისტრატებს ხშირად აძლევდა რჩევებს სასამართლოში გამოძიების დროს, ამისათვის მათ გვერდით ან საპირისპიროდ ჯდებოდა. და თუკი ხმა დაირხეოდა, რომ ვინმე მოპასუხე ქვებუდანობითა და ხრიკებით შეძლებდა სასჯელს გაქცეოდა, მოულოდნელად გამოდიოდა ან თავისი ადგილიდან, ანდა თავმჯდომარის ამაღლებულიდან და მოსამართლეებს კანონებს, ფიცსა და გასარჩევი დანაშაულის სიმძიმეს შეახსენებდა. ცდილობდა, შეეცვალა საზოგადოების ზნეობა, რომელიც სიზარმაცისგან ან მავნე ჩვეულებებისგან მერყეობდა. თეატრალურ წარმოდგენებზე და გლადიატორების ბრძოლებზე ხარჯები დააპატარავა, მსახიობებს ჯამაგირი დაუკლო და გლადიატორების რიცხვი შეამცირა. მწარედ ჩიოდა, რომ კორინთული ვაზები გაუგონარ ფასად იყიდებოდა და სამ ბარაბულში ერთხელ ოცდაათი ათასი გადაიხადეს; წინადადება წამოაყენა, ჭურჭლეულავეჯეულზე გასავალი შეემცირებინათ და სენატს დაავალა, ყოველ წელს მოეწესრიგებინა ბაზრის ფასები. დუქნებისთვის და სამიკიტნოებისთვის მკაცრად უნდა ემეთვალყურათ ედილებს, უფლება არ უნდა მიეცათ, ნამცხვარიც კი გამოედგათ გასაყიდად. და პირადი მაგალითით რომ დაენახვებინა მომჭირნეობა, თვითონ სადილებზე წინა დღის და ნაკლულ საჭმელებს მიატანინებდა ხოლმე, მაგალითად, ნახევარ ტახს, და ირწმუნებოდა, რომ გემოთი ნახევარი ტახი არაფრით განსხვავდება მთელისაგან. აკრძალა მისასალმებელი გადაკოცნები, ხოლო საჩუქრების გაცვლის ნება დართო მხოლოდ ახალ წელს. თავად მიღებულ საჩუქრებს ოთხმაგად აბრუნებდა, მაგრამ მთელი თვე რომ მოსვენებას აღარ მისცემდნენ ხოლმე, ვინც საჩუქრის მოტანა ვერ მოასწრო ზეიმზე, ამას ვერ იტანდა. გარყვნილ მატრონებზე, თუკი იმათზე საზოგადოებრივი ბრალმდებელი არ გამოინახებოდა, წინაპართა ძველი ჩვეულების მიხედვით ბრძანებდა, რომ ახლო ნათესავებს გაესამართლებინათ. რომაელი მხედარი, რომელსაც ოდესღაც ფიცი დაედო, რომ ცოლს არასოდეს გაშორდებოდა და მერე კი ცოლისთვის თავის სიძესთან წაესწრო, გაათავისუფლა ფიცისგან. იყვნენ უსირცხვილო ქალები, რომლებიც მატრონების უფლებებს და ღირსებებს უარყოფდნენ, საკუთარ თავს თვითონვე აცხადებდნენ მეძავებად, რათა კანონის შურისძიებას გაქცეოდნენ. იყვნენ უმაღლესი ფენების გარყვნილი ყმაწვილები, რომლებიც თავისი ნებით უარს ამბობდნენ საკუთარ წოდებაზე, რათა სცენაზე და არენაზე გამოსულიყვნენ სენატის დადგენილების საპირისპიროდ. ასეთ უსირცხვილო კაცებს და ქალებს გაძევება მიუსაჯა, რათა არავის ეძებნა გადარჩენა ამგვარ ეშმაკობებში. ერთ სენატორს ტოგაზე არშია დააკარგვინა, როცა გაიგო, რომ ივლისის კალენდების წინ თავის ბაღებში წავიდა, რათა კალენდების შემდეგ იაფად ექირავებინა რომში სახლი. მეორე სენატორს კვესტურა ჩამოართვა, რაკი იმან ცნობების კენჭისყრის წინადღეს ცოლი მოიყვანა და მეორე დღეს გაშორდა. უცხო კულტების მსახურება და, განსაკუთრებით, ეგვპიტური და იუდეური წესები აკრძალა. ისინი, ვინც ამ ცრურწმენებს ერთგულებდა, აიძულა, რომ დაეწვათ თავიანთი მსახურების ტანისამოსი მთელი თავისი ჯამჭურჭლიანად. ახალგაზრდა იუდევლები, სამხედრო სამსახურის მომიზეზებით, მძიმე კლიმატიან პროვინციებში გააგზავნა. დანარჩენი მათი თანატომელები თუ ერთმორწმუნეები რომიდან გაასახლა სამუდამო მონობის მუქარით. გააძევა ასტროლოგებიც, მაგრამ იმათ, ვინც შეწყალება სთხოვა და დაპირდა, თავის ხელობას მოეშვებოდა, პატიება უბოძა. ყველზე მეტად ზრუნავდა ყაჩაღობის, ძარცვების და უკანონო მღელვარებების გასაუვნებლად. ადრინდელზე უფრო მეტი სამხედრო პოსტები განალაგა იტალიაში. რომში პრეტორიანელი კოჰორტებისთვის ბანაკი მოაწყო, რომლებიც მანამდე ოთხ ჯგუფად იყოფოდნენ და სხვადასხვა ადგილებზე იყვნენ განთავსებულნი. სახალხო მღელვარებების ჩაქრობას შეტაკებამდე ცდილობდა, ხოლო თუ მაინც წარმოიქმნებოდა, სასტიკად ჩაახშობდა ხოლმე. ერთხელ, როცა თეატრში შეხლაშემოხლა სისხლისღვრამდე მივიდა, მაშინ გადასახლებაში გაუშვა დამწყებებიც, აქტიორებიც, ვის გამოც დაიწყო ჩხუბი და ხალხმა ვერანაირი მუდარით ვეღარ შეძლო მათი უკან დაბრუნება. პოლენციაში ბრბო ფორუმიდან არ უშვებდა მთავარი ცენტურიონის დამკრძალავ პროცესიას, სანამ მემკვიდრეებს ძალით არ წაართვეს დიდი ფული გლადიატორთა სანახაობის მოსაწყობად. მაშინ ტიბერიუსმა, არავის გააგებინა, რას აპირებდა, ერთი კოჰორტა რომიდან წაიყვანა, მეორე  კოტიუსის სამეფოდან და ეს ორივე მოულოდნელად, გაშიშვლებული იარაღით, საყვირების ხმაურით, ორი მხრიდან შევიდნენ ქალაქში და მცხოვრებთა დიდი ნაწილი და დეკურიონები ციხეში ჩაყარეს. თავშესაფრის უფლება და ჩვეულება ყველგან გააუქმა, სადაც კიდევ იყო შემორჩენილი. კიზიკის მცხოვრებლებმა რომ რომის მოქალაქეები შეურაცხყვეს ძალადობით, მთელ ქალაქს თავისუფლება ჩამოართვა, რომელიც ჯერ კიდევ მითრიდატეს ომისას დაემსახურებინათ. მტრების მოქმედებების წინააღმდეგ არც ერთხელ აღარ გამოსულა ლაშქრობით და ლეგატების მეშვეობით იქვემდებარებდა, ისიც განსაკუთრებულ შემთხვევებში და სიფრთხილით. დამტერებულ და ეჭვმიტანილ მეფეებს უფრო მუქარებითა და დამუნათებით იმორჩილებდა, ვიდრე ძალით. ზოგიერთი მათგანი მოფერებითა და დაპირებებით მიიტყუა თავისთან და აღარ უშვებდა, მაგალითად, გერმანელ მარობოდუსს, თრაკიელ რასკუპორისს თუ კაპადოკიელ არქელაოსს, რომლის სამეფოც პროვინციად გადააქცია. ხელისუფლების მიღებიდან პირველი ორი წელი ერთი ნაბიჯითაც არ გასცილებია რომს. და მერეც, დედაქალაქიდან იშვიათად გადიოდა, რამდენიმე დღით, მხოლოდ შემოგარენის ქალაქებში, ანციუმზე შორს არა. ამის მიუხედავად, ხშირად აცხადებდა თავის განზრახვას, რომ შემოევლო პროვინციები და ჯარები. ლამის ყოველ წელს ემზადებოდა ლაშქრობისთვის, საზიდრებს გააწყობდა, მუნიციპალიებში და კოლონიებში სურსათს დაიმარაგებდა და იმის უფლებასაც იძლეოდა, აღთქმები დაედოთ მისი ბედნიერი წასლისა და უკან დაბრუნებისათვის. ამისათვის ხუმრობით „კალიპიდესი“ შეარქვეს, რომელიც ბერძნული ანდაზის მიხედვით, გარბის, გარბის და ისევ იქა დგას. მაგრამ როცა ორივე შვილი დაკარგა,  გერმანიკუსი სირიაში დაიღუპა, ხოლო დრუზუსი კი რომში,  კამპანიაში განმარტოვდა. მაშინ ლამის ყველა ფიქრობდა და ლაპარაკობდა სრული რწმენით, რომ რომში უკვე ვეღარ დაბრუნდება და მალე მოკვდება. ერთიცა და მეორეც თითქმის აღსრულდა. რომში აღარ დაბრუნებულა. ტარაცინას მახლობლად, „გროტად“ სახელდებულ ვილაში რომ სადილობდა, უცებ ჭერიდან უზარმაზარი ლოდები ჩამოცვივდა ბევრი თანამესუფრე და მსახური გაიჭყლიტა, მაგრამ თავად, ყველა მოლოდინის საპირისპიროდ, გადარჩა.კამპანია რომ შემოიარა, სადაც კაპუაში კაპიტლოიუმი აკურთხა, ხოლო ნოლაში ავგუსტუსის ტაძარი, რაც მისი წასლის მიზეზი იყო, კაპრისკენ გასწია კუნძულზე, რომელიც მისთვის იმით იყო მომხიბვლელი, რომ იქ გადასვლა მხოლოდ ერთი პატარა ადგილიდან შეიძლებოდა, დანარჩენი მხარიდან ფრიალო კლდეების უსწორმასწორობითა და ზღვის სიღრმით გახლდათ შემოსაზღვრული. მართალია, ხალხმა გამუდმებული ხვეწნამუდარით მაინც შეძლო მისი დაბრუნება, რაკი ფიდენაში უბედურება მოხდა,  გლადიატორების თამაშებზე ამფითეატრი ჩაინგრა და ოცი ათას კაცზე მეტი დაიღუპა. გადავიდა მატერიკზე და ყველას უფლება მისცა, მიახლოებოდნენ, მიუხედავად იმისა, რომ რომიდან წასვლისას ედიქტით აკრძალა კეისრის შეწუხება და მთელ გზაზე არავის უშვებდა თავისთან. მაგრამ კუნძულზე დაბრუნებულმა, საბოლოოდ დაანება თავი სახელმწიფოებრივ საქმეებს. აღარ შეავსებდა ხოლმე მხედრების დეკურიას, არ ნიშნავდა არც პრეფექტებს, არც ჯარის ტრიბუნებს, არ ცვლიდა ნაცვლებს პროვინციებში. ესპანეთი და სირია რამდენიმე წელი კუნსულების ლეგატების გარეშე იყვნენ. არმენია პართელებმა დაიპყრეს, მეზია  დაკიელებმა და სარმატებმა. ფალია გერმანელებმა დააცარიელეს  ამას ყურადღებას არ აქცევდა, დიდად სამარცხვინოდ და სახელმწიფოსთვის დიდი ზარალით. უფრო მეტიც, აქ, თავის ნებისად განმარტოებულმა, თითქოს საზოგადოებისგან შეუმჩნევლად, მთელ თავის დაფარულ მანკიერებებს თავისუფლება მისცა. თუმცა ამაზე დაწვრილებით და სულ თავიდან უნდა მოვყვე. ჯერ კიდევ ახალგაზრდას სამხედრო ბანაკებში, ღვინისკენ თავდაუზოგავი სწრაფვის გამო ტიბერიუსს კი არა, „ბიბერიუსს“; კლავდიუსს კი არა, „კალდიუსს“; ნერონს კი არა, „მერონს“ ეძახდნენ. მერე, უკვე ხელისუფლებაში ყოფნისას, საზოგადოებრივი ზნეობის შესწორებით დაკავებულმა, ერთხელ ორი დღე და ღამე ქეიფობდა პომპონიუს ფლაკუსთან და ლუციუს პიზონთან ერთად; ამათგან ერთი მაშინვე დანიშნა რომის პრეფექტად, მეორე  ნაცვლად სირიაში და დანიშვნის ბრძანებებში მათ აქებდა, როგორც თავის დასაყრდენ და საუკეთესო მეგობრებს. ცესტიუს გალუსი, გარყვნილი ბებერი და მფლანგველი ბედოვლათი, რომელსაც ჯერ კიდევ ავგუსტუსმა გამოუტანა უპატიურობის განაჩენი, სენატში ყველას თვალწინ გათათხა, ხოლო რამდენიმე დღის შემდეგ თავად გამოეცხადა სადილზე, თან უბრძანა, რომ არაფერი შეეცვალა ჩვეულებრივი დროსტარების ფუფუნებიდან და სუფრასთან შიშველი ქალები მომსახურებოდნენ. პრეტორების დანიშვნისას მდაბიო მაძიებელს ამჯობინებდა დიდგვაროვანს, რაკი იმას ქეიფში მთელი ამფორა ღვინო ჰქონდა დალეული შეკვეთით. აზელიუს საბინუსს ორასი ათასი სესტერცი მისცა დიალოგში, სადაც კამათობდნენ თეთრი სოკო, ბუზიჭერია, ხამანწკა და შაშვი. ბოლოს, დააწესა ახალი თანამდებობა, გართობის ზედამხედველი და აქ დანიშნა რომაელი რაინდი ტიტუს ცეზონიუს პრისკუსი. მაგრამ კაპრიზე, მარტოობაში დარჩენილი, იქამდე მივიდა, რომ გაიჩინა საგანგებო საძინებელი ოთახები, საიდუმლო გარყვნილობის ბუდეები. ყოველ მხრიდან ჯგუფებად შეკრებილი გოგონები და ბიჭები,  მათ შორის იყვნენ საოცარი ნეტარყუჩობის გამომგონებელები, რომლებსაც „სპრინრტიებს“ ეძახდა,  პირდაპირ მის წინაშე შეუჩერებლად თანაეყოფოდნენ ერთმანეთს და მიმქრალ ვნებებს უღვიძებდნენ. აქაიქ განლაგებული საძინებლები აღჭურვა მეტად უხამსი შინაარსის სურათებითა და ქანდაკებებით, და ასევე ელეფანტიდას წიგნებით, რათა ყველას ჰქონოდა თვალნათელი ილუსტრაცია, თუ რას მოითხოვდა იმათგან. ტყეებში და ჭალებში ყველგან მოაწყო ვენერას ადგილები, სადაც მღვიმეებში და კლდეებს შორის ორივე სქესის ახალგაზრდა ადამიანები ყველას თვალწინ ასახიერებდნენ ფავნებს და ნიმფებს. ამისათვის ყველგან და ღიად ეძახდნენ „ბებერი თხას“, როგორც კუნძულის დასახელების კალამბურს. მაგრამ უფრო უარესი და სამარცხვინო მანკით იყო ანთებული. ამაზე ლაპარაკიც და მოსმენაც კი ცოდვაა, მაგრამ კიდევ უფრო ძნელი დასაჯერებელია. მაგალითად, პატარა ბიჭებს, რომლებსაც თავის „ჩხვლეტიებს“ ეძახდა, ასწავლიდა თავის თეძოებს შორის ძრომიალს, როცა მიცურავდა და თან ლოკვით და კბენით აღიზიანებდნენ; და ძუძუთა ჩვილებს თავის ასოსთან ათავსებდა, როგორც დედის ძუძუსთან. ამგვარი ავხორცობისკენ ბუნებითაც მიდრეკილი იყო და სიბერისგანაც. ამიტომ ანდერძით არმიცემული პარასიას სურათი, რომელიც გამოსახავდა მელეაგრესა და ატლანტას თანაყოფას, არა თუ მიიღო, თავის საძინებელში დადგა, თუმცა შესთავაზეს, სამაგიეროდ ფულით მილიონი მიეღო, თუკი ნახატი მისთვის შემაცბუნებელი იქნებოდა. ამბობენ, ერთხელ, მსხვერპლშეწირვაზე ისე მოიხიბლა მეცეცხლური ბიჭის მშვენიერებით, რომ რიტუალის დამთავრებას ძლივს დაუცადა, მოფარებულში გაიყვანა და მერე იმის ფლეიტისტ ძმასაც იგივე დამართა, ხოლო როცა ამის მერე ძმები ძალადობაზე ჩიოდნენ, ბრძანა, ფეხები გადაემტვრიათ ორივესთვის. ქალებსაც ამწარებდა, ყველაზე დიდგვაროვნებსაც კი,  ამას ყველაზე უკეთესად ერთი ვინმე მალონიას სიკვდილი გვიჩვენებს. ეს ქალი აიძულა, დამორჩილებოდა, მაგრამ კიდევ მეტის მიღწევა ვეღარ შეძლო. მაშინ დამსმენებს გადასცა, მაგრამ არც სასამართლოზე ანებებდა თავს და წარამარა ეკითხებოდა,  ხომ არ ნანობო. ბოლოს და ბოლოს, მალონიამ ყველას გასაგონად დაუძახა ბანჯგვლიანი და მყრალი ბებერი მურტალი ხახით, გამოიქცა სასამართლოდან, მივარდა შინ და ხანჯლით მოიკლა თავი. ამის მერე ბაგიდან ბაგეზე დაიწყო სიარული სტრიქონმა ატელანიდან, დიდი ტაშისცემით რომ შეხვდა ხალხი უახლოეს წარმოდგენაზე: „თხაკიკინამ ბებერმა ლოკვა იცის ჩქარჩქარა“. ფულის ხარჯვაში მომჭირნე და ძუნწი იყო. თავის მგზავრებს ლაშქრობებში და მოგზაურობებში კვებისას აძლევდა, მაგრამ ჯამაგირს არ უხდიდა. ერთხელ გამოიჩინა იმათ მიმართ გულუხვობა, ისიც მამინაცვლის ხარჯზე: სამ რაზმად გაყო თანრიგის მიხედვით, პირველს ექვსასი ათასი, მეორეს ოთხასი ათასი და მესამეს ორასი ათასი დაურიგა. მაგრამ ამ უკანასკნელთ „ჩემო მეგობრებო“ კი არა, „ჩემო ბერძნებო“ დაუძახა. თავისი მმართველობის განმავლობაში არ აუგია არც ერთი დიდებული ნაგებობა  ავგუსტუსის ტაძრის აშენება და პომპეუსის თეატრის აღდგენა დაიწყო, მაგრამ ვერ მიიყვანა ბოლომდე. ერთხელაც არ მოუწყვია თამაშები, არც სხვების მოწყობილ თამაშებზე უვლია, რამე რომ არ მოეთხოვათ მისგან, როგორც ერთხელ აიძულეს, კომედიურ მსახიობი აქციუსისთვის თავისუფლება ეყიდა. დაეხმარა რამდენიმე გაჭირვებულ სენატორს, მაგრამ დანარჩენებს რომ აღარ დახმარებოდა, გამოაცხადა, რომ მხოლოდ იმათ დაუჭერს მხარს, ვინც სენატს თავისი სიღარიბის საპატიო მიზეზებს წარუდგენს. ამის მერე ბევრმა სირცხვილისა და მოკრძალების გამო გადაიფიქრა. მათ შორის იყო შვილიშვილი ორატორ კვინტუს ჰორტენზიუსისა, სახელად ჰორტალუსი, რომელსაც ავგუსტუსის მხარდაჭერით ოთხი შვილი ჰყავდა, მიუხედავად თავისი მოკრძალებული საშუალებებისა. ხალხისთვის ორჯერ ჩაიდინა ქველმოქმედება. ერთხელ, როცა სესხები გასცა სამი წლით და უპროცენტოდ, ასი მილიონი სესტერცისა; და მეორედ, როცა ცელიანის გორაკზე ხანძრისას დამწვარი სახლების მფლობელებს ზარალი აუნაზღაურა. ამ ღონისძიებებიდან პირველის მიღება მოუწია, როცა უკიდურესი უფულობის დროს ხალხმა მოითხოვა დახმარება, და როცა სენატის დადგენილებები, რომ დამქირავებლებს შემოსავლის ორი მესამედი მიწაში ჩაედოთ, ხოლო მევალეებს ვალის ორი მესამედი გადაეხადათ დაუყოვნებლივ, უკვე ვეღარ შველოდა. მეორე იმიტომ მიიღო, რომ შეემსუბუქებინა უკიდურესი სიღარიბე. მაგრამ ეს კეთილი საქმე ისეთ დამსახურებად მიიწერა, რომ ბრძანა, ცელიანის გორაკისთვის ავგუსტუსის გორაკი დაერქმიათ. ჯარს ავგუსტუსის ანდერძით დატოვილი საჩუქრები გაუორმაგა, მაგრამ სხვა არაფერი დაურიგებია. მხოლოდ პრეტორიელებს მიცა ათასი დინარი, რაკი მხარი არ დაუჭირეს სეიანუსს; და სირიის ლეგიონებს მისცა რაღაცრაღაც საჩუქრები, რაკი მხოლოდ იმათ არ გაუკეთებიათ სეიანუსის გამოსახულება თავის ნიშნებზე. ვეტერანებსაც კი იშვიათად აძლევდა გადაგომას, რაკი იმათი სიბერე საშუალებას იძლეოდა, დალოდებოდა მათ სიკვდილს,  მათი სიკვდილი კი ფულის დაზოგვა იყო. პროვინციებსაც არასდროს ეხმარებოდა, აზიის გარდა, სადაც რამდენიმე ქალაქი დაანგრია მიწისძვრამ. დროის გასვლის კვალობაზე ღია გამოძალვაზე გადავიდა. ყველასთვის ცნობილია, რომ გნეიუს ლენტულუს ავგური, ძალიან მდიდარი კაცი, მუქარითა და დაშინებით თვითმკვლელობამდე მიიყვანა, იმის იმედით, რომ მისი ერთადერთი მემკვიდრე გამხდარიყო. ლეპიდა, დიდგვაროვანი ქალი სიკვდილით დასაჯა კვირინუსის დასაკმაყოფილებლად, მდიდარი და უშვილო კონსულარისა, რომელიც ქალს გაშორდა ქორწინებიდან ოცი წლის შემდეგ და ბრალი დასდო, რომ ოდესღაც ჩემი მოწამვლა უნდოდაო. გალიაში, ესპანეთში, სირიასა და საბერძნეთში ბევრ ადგილობრივ მმართველს წაართვა ქონება სულ უბრალო და უსირცხვილო მიზეზებით, ზოგიერთი მხოლოდ იმაში დაადანაშაულა, რომ თავისი საშუალებების ნაწილს ფულად ინახავდნენ. ბევრი ქალაქი და კერძო პირი დარჩა ძველი უპირატესობის, საბადოების შემოსავლების გარეშე. ვონონესიც კი, პართიის მეფე, გამოძევებული თანამემამულეების მიერ და დიდი ფულით თავშესაფრის მძებნელი ანტიოქიაში, რომაელი ხალხის დაცვის მთხოვნელი, მუხანათურად გაძარცვა და მოაკვდინა.       თავისი სიძულვილი ნათესავების მიმართ ყველაზე ადრე თავისი ძმა, დრუზუსისკენ მიმართა, რაკი წარმოაგინა წერილი, რომელშიც ის სთავაზობდა, ავგუსტუსისგან რესპუბლიკის აღდგენისთვის მიეღწია. მერე ეს სიძულვილი სხვებმაც იგრძნეს. იულიას, თავის ცოლს არც მხარდაჭერა და არც თანაგრძნობა არ აღმოუჩინა გადასახლებაში, ყველაზე პატარა გაჭირვებაშიც კი. უფრო მეტიც, თუკი მამამ მხოლოდ ქალაქში გამოკეტა, ამან დამატებით შინიდან გამოსვლა და ხალხის ნახვა აუკრძალა. მამისგან გამოყოფილი ქონება და ყოველწლიური შემოსავალი წაართვა, საერთო კანონის მომიზეზებით  ამაზე ავგუსტუსს არაფერი უთქვამს თავის ანდრეძში. ლივია, დედამისი, ტვირთად ექცა,  ეჩვენებოდა, რომ მისი თანაბარი ძალაუფლება უნდოდა. პირად შეხვედრებს და პირისპირ გრძელ საუბრებს გაურბოდა მასთან, რომ არ ეფიქრათ, დედის რჩევებით ხელმძღვანელობსო. არადა, სჭირდებოდა და ხშირად სარგებლობდა ამ რჩევებით. როცა სენატმა შესთავაზა, რქმეოდა არა მხოლოდ, „ავგუსტუსის შვილი“, არამედ „ლივიას შვილიც“, ეს ძალიან იწყინა. ამიტომ არ დაუშვა, რომ დედამისისთვის „მამულის დედა“ დაეძახათ და სახელმწიფოსგან დიდი პატივისცემა გამოეჩინათ. პირიქით, არაერთხელ უცნობებია, არ ჩარეულიყო მნიშვნელოვან საქმეებში, რაც ქალის საქმე არ არის, განსაკუთრებით მაშინ, როცა გაიგო, რომ ვესტას ტაძართან მომხდარი ხანძრისას, როგორც ქმრის სიცოცხელში იცოდა, ლივია თავად მივიდა შემთხვევის ადგილზე და ხალხს და ჯარისკაცებს მოუწოდა, მარჯვედ ემოქმედათ. მალე მათი მტრობა ღია გახდა, ამის მიზეზი, როგორც ამბობენ, ასეთი იყო: დედა სულ ავალებდა, სასამართლოს დეკურიაში ერთი კაცის ჩარიცხვას, ახლახანს რომ მიეღო მოქალაქეობა, ის კი მხოლოდ იმ პირობით დაეთანხმა, რომ სიაში აღნიშნული ყოფილიყო: „დედის მოთხოვნით“. მაშინ ლივიამ საკრალური ადგილიდან გამოიღო და გაახმაურა ავგუსტუსის ზოგიერთი ადრინდელი წერილი, სადაც ის ჩიოდა ტიბერიუსის ულმობლობაზე და სიჯიუტეზე. ძალიან გაამწარა იმან, რომ ეს წერილები ამდენ ხანს ინახებოდა და მის წინააღმდეგ ასე ვერაგულად გამოიყენა დედამისმა. ზოგიერთი იმასაც ვარაუდობს, რომ ეს ხომ არ იყო მისი რომიდან წასვლის მთავარი მიზეზი. ასე იყო თუ ისე, წასვლიდან მთელი სამი წლის განმავლობაში, მის სიკვდილამდე, ტიბერიუსმა დედა მხოლოდ ერთხელ ნახა, მხოლოდ ერთი დღე და ისიც რამდენიმე საათი. მერეც არ მოინახულა დედა, როცა ავად გაუხდა და ტყუილად ალოდინებდა, როცა მოკვდა. ასე რომ, ლივია რამდენიმე დღის შემდეგ დაკრძალეს, უკვე რომ იშლებოდა და ლპებოდა. დედამისის გაღმერთება აკრძალა, ირწმუნებოდა, ასეთი იყო მისი ნებაო. მისი ანდერძი კი გააუქმა. ყველა მის მეგობარს და ახლობელს,  იმათი ჩათვლით, ვისც სასიკვდილო სარეცელზე მყოფმა დაუბარა, დამმარხეთო,  ძალიან მალე გაუსწორდა, ხოლო მათგან ერთერთი, რომაელი მხედარი, წყლის ამოსაქაჩად გადაასახლა. ორივე თავის შვილის,  თავისის, დრუზუსის და აყვანილის  გერმანიკუსის მიმართაც არასოდეს უგრძვნია მამობრივი სიყვარული. დრუზუსს ვერ იტანდა თავისი მანკიერებების გამო, რაკი სულელურ და გარყვნილ ცხოვრებას ეწეოდა. იმისმა სიკვდილმაც კი ვერ გამოიწვია მამის მწუხარება, დაკრძალვიდან ლამის მაშინათვე დაუბრუნდა ჩვეულებრივ საქმეებს, დიდხნიანი მწუხარება აკრძალა. ილიუმიდან მოსულმა ელჩებმა სხვებზე გვიან გამოუცხადეს თანაგრძნობა, იმან კი, თითქოს დარდი უკვე დავიწყებული იყო, დამცინავად მიუგო, რომ თავის მხრივ ისიც თანაუგრძნობს, იმათ ხომ თავისი საუკეთესო თანამოქალაქე ჰექტორი დაკარგეს. გერმანიკუსის დამცირებას მანამდე ცდილობდა, იმის სახელოვან ნამოქმედარს უსარგებლოდ აცხადებდა, ხოლო ყველაზე ბრწყინვალე გამარჯვებებს სახელმწიფოსთვის დამღუპველად შერაცხავდა ხოლმე. ხოლო როცა მოულოდნელი და საშინელი მოუსავლიანობისას ალექსანდრიაში გამოჩნდა, ისე, რომ ნებართვა არ უთხოვნია,  სენატში უჩივლა. იმასაც ვარაუდობენ, რომ ბრალი მიუძღოდა გერმანიკუსის სიკვდილში სირიის ნაცვლის, გნეიუს პიზონის ხელით. ზოგიერთი ფიქრობს, რომ მალე სასამართლოში მიყვანილ პიზონს შეეძლო მიეთითებინა მიღებულ მიწერილობებზე, მოწმეების გარეშე რომ არ ყოფილიყო მიცემული, ამიტომაც იყო მინაწერები ბევრ ადგილზე და შეძახილები ღამღამობით: „მოგვეცი გერმანიკუსი!“ და ეს ეჭვი ტიბერიუსმა მხოლოდ გაამყარა, როცა გერმანიკუსის ცოლსა და შვილებს სასტიკად გაუსწორდა. აგრიპინამ, მისმა რძალმა, ქმრის სიკვდილის მერე, რაღაცაზე დაიწყო ჩივილი ძალიან თამამად,  იმან ხელზე ხელის მოკიდებით შეაჩერა და წარმოთქვა ბერძნული ლექსი: შენ, შვილო, საწყენად სთვლი, რომ არა მეფობ? ამის მერე აღარ ელაპარაკებოდა. ერთხელ, სადილზე ვაშლი გაუწოდა და რძალმა ვერ გაბედა იმისი შეჭმა. ამის მერე სუფრაზეც არ იწვევდა, წყენას იტყობდა, თითქოს მოწამვლაში ადანაშაულებდნენ. ამ დროს, ერთიც და მეორეც წინდაწინ იყო მოწყობილი: ტიბერიუსს ვაშლი უნდა შეეთავაზებინა, იმას კი უარი ეთქვა, როგორც უეჭველ სიკვდილზე. ბოლოს, ტყული ბრალდებით, თითქოს შველა უნდოდა ავგუსტუსის ქანდაკებიდან თუ ჯარიდან, კუნძულ პანდატარიაზე გადაასახლა, ხოლო როცა რძალი აბუზღუნდა, ცენტურიონს იქამდე აცემინა, სანამ თვალი არ ამოუგდო. აგრიპინამ შიმშილით სიკვდილი გადაწყვიტა, მაგრამ ბრძანა, გაეხსნათ მისთვის პირი და საჭმელი ძალით ეჭმიათ. და როცა წინააღმდეგობის გაწევით მოკვდა, აგრძელებდა მის ბოროტად დევნას. სენატს არწმუნებდა, მისი დაბადების დღე უბედურ დღეებში შეეტანათ. იმასაც კი დამსახურებად უთვლიდა საკუთარ თავს, რომ არ დაახრჩო რძალი და არ ჩააგდო ჰემონიაში,  ამისთანა გულკეთილობის გამო სენატისგან დეკრეტიც კი მიიღო, მადლიერების გამოხატვით და ოქროს საჩუქარი, რომელიც კაპიტოლიუმის იუპიტერის ტაძარში მოათავსა. გერმანიკუსიდან სამი შვილიშვილი ჰყავდა: ნერონი, დრუზუსი და გაიუსი: დრუზუსიდან ერთი  ტიბერიუსი. სიკვდილმა რომ იმისი შვილები წაიყვანა, სენატს ნერონი და დრუზუსი წარუდგინა, გერმანიკუსის უფროსი შვილები და მათი სრულწლოვანების დღეები საერთო სახალხო საჩუქრების დარიგებით იზეიმა. მაგრამ როცა შეიტყო, რომ საახალწლოდ ღიად იდებოდა აღთქმები მათ ჯანმრთელობაზე, სენატს შენიშვნა მისცა, რომ ამისთანა პატივი მხოლოდ გამოცდილი და მოზრდილი ადამიანების ჯილდო შეიძლება იყოს. და ამით რაკი თავისი დაფარული გრძნობა გამოთქვა მათ მიმართ, ყოველი მხრიდან წამოსულ სიცრუეს გადასცა ისინი მსხვერპლად  ყოველგვარი ტყუილით იწვევდნენ უკმაყოფილების გამოსათქმელად და მერე იმათვე აბეზღებდნენ. ბოლოს ტიბერიუსმა თავად დაწერა იმათზე დასკვნა, სავსე ყველაზე შხამიანი ბრალდებებით და, როცა ისინი გამოცხადდნენ სამშობლოს მტრებად, შიმშილით დახოცა, ნერონი  კუნძულ პონტიაზე, დრუზუსი პალანტინის სასახლის მიწისქვეშეთში. ვარაუდობენ, რომ ნერონი იძულებული იყო თავი მოეკლა, როცა თითქოს სენატის ნებით ჯალათი მივიდა მასთან ბორკილებითა და გასაღებებით. ხოლო დრუზუსი შიმშილმა დატანჯა იმ ზომამდე, რომ ცდილობდა ლეიბიდან ჩალა ეჭამა. ორივეს ნარჩენები ისე იყო მიმოფანტული, დიდი შრომით ძლივს მოახერხეს შემდეგში იმათი შეგროვება. ძველი მეგობრების და დაახლოვებულთა გარდა, სახელმწიფო საქმეებში მრჩევლად აიყვანა ოცი კაცი რომის პირველი მოქალაქეებიდან. იმათგან, შესაძლოა, ორი თუ სამი გადარჩა, დანარჩენი სხვადასხვა მიზეზით დაღუპა. ყველაზე მეტი სიკვდილი გამოიწვია ელიუს სეიანუსის სიკვდილმა, რომელიც თავად აიყვანა უმაღლეს ხელისუფლებამდე  იმდენად კეთილმოსურნეობით არა, რამდენადაც იმიტომ, რომ მისი მცდელობით მუხანათურად გასწორებოდა გერმანიკუსის შთამომავლებს და ძალაუფლების მემკვიდრედ დაემტკიცებინა თავისი შვილიშვილი, საკუთარი შვილიდან, დრუზუსი. არაფრით რბილი არა ყოფილა მის გარშემო მყოფი ბერძნების მიმართ, რომელთა საზოგადოება განსაკუთრებით უყვარდა. ერთი მათგანს, ქსენონს, რომელიც მეტისმეტად იჩხიბად მეტყველებდა, დაეკითხა, ეს რა ველური ლაპარაკიაო და იმან მიუგო: „დორიული“. ტიბერიუსმა ეს თავის ადრინდელ გადასახლებაზე მინიშნებად მიიღო, რაკი როდოსზეც დორიულად ლაპარაკობენ და კუნძულ კინარიაზე გადაასახლა. სადილისას უყვარდა შეკითხვა, თუ რას კითხულობდა იმ დღეს. მარგამ რომ გაიგო, რომ გრამატიკოსი სელევკუსი მის მსახურებს გამოსძალავს ხოლმე, რომელ მწერლებს კითხულობს და სუფრასთან მომზადებული მოდის, მაშინვე მოიშორა თავიდან, მერე კი თვითმკვლელობამდე მიიყვანა. მისი ბუნებრივი სისასტიკე და უგულობა ბავშვობიდანვე შესამჩნევი იყო. თეოდორ გადარელმა, რომელიც მჭევრმეტყველბას ასწავლიდა, ადრევე და ზუსტად შეამჩნია ეს და ლამის ყველაზე უკეთ განსაზღვრა, როცა, გალანძღვისას, ყოველთვის ეძახდა: „ტალახს, არეულს სისხლში“. მაგრამ ეს უფრო ცხადად გამოჩნდა მმართველად გახდომისას პირველი ხანებიდანაც კი, როცა ის ცდილობდა მიეზიდა მოჩვენებითი ზომიერების ადამიანები. ერთმა მასხარამ დამკრძალავი პროცესიის წინ ხმამაღლა სთხოვა მიცვალებულს, გადაეცა ავგუსტისთვის, რომ იმისი დაპირებული საჩუქრები ხალხმა მაინც ვერ მიიღო. ტიბერიუსმა ბრძანა, მოეთრიათ ის მასხარა, ეანგარიშათ, რაც ერგებოდა და სიკვდილით დაესაჯათ, რათა თავად მოეხსენებინა ავგუსტუსისთვის, რომ თავისი სრულად მიიღო. ცოტა ხნის შემდეგ, როცა ვიღაც პომპეუსს, რომაელი მხედარს, რაღაცას ჯიუტად რომ უპირისპირდებოდა სენატში, ციხე მიუსაჯა და გამოაცხადა, რომ პომპეუსი მალე პომპეუსელივით აჭიკჭიკდება მის ხელში. ასე ულმობლად დასცინა კაცის სახელსაც და მთელი პარტიის მწარე ხვედრსაც. მაშინ იყო, რომ პრეტორის შეკითხვაზე, სასამართლოში მიეცათ თუ არა ხალხი უდიდებულესობის შეურაცხყოფისათვის, მიუგო  „კანონები უნდა სრულდებოდეს“  და ასრულებდა კიდევ უკიდურესი დაუნდობლობით. ვიღაცამ ავგუსტუსის ქანდაკებას თავი მოხსნა, რათა სხვა დაედგა. საქმე სენატამდე მივიდა და რაკი ეჭვები გაჩნდა, გამოძიება წამებით მიდიოდა. ხოლო როცა მოპასუხე გაასამართლეს, მაშინ ამგვარი ბრალდებები იქამდე მივიდა, რომ სასიკვდილო დანაშაულად ითვლებოდა, თუკი ვინმე ავგუსტუსის ძეგლის წინ მონას სცემდა ანდა ტანისამოსს იცვლიდა, თუკი მიჰქონდა მონეტა ან ბეჭედი მისი გამოსახულებით საპირფარეშოში ან საროსკიპოში, ანდა გაეკრიტიკებინა მისი ნებისმიერი სიტყვა ან ქმედება. ბოლოს, ის კაციც კი დაიღუპა, რომელმაც თავის ქალაქში გაბედა, იმ დღეს მიეგო პატივი მისთვის, რომელ დღესაც ოდესღაც ავგუსტუსს მიაგებდნენ. მრავალი სხვა სასტიკი და მხეცური საქციელი ჩაიდინა სიმკაცრისა და ზნეობის გამოსწორების მიზეზით, სინამდვილეში  თავისი ბუნებრივი მიდრეკილებების დასაკმაყოფილებლად. ზოგიერთი ლექსებში კიცხავდა მის მაშინდელ ბოროტმოქმედებას და მომავალისასაც საყვედურობდა: სასტიკო, დაუნდობელო, კიდევ რა გითხრა მეტი? დედას შენებრი უყვარდეს, მეტი არაა მტერი. ვეღარც რაინდი ვერა ხარ, უშქრად გაკლია ხალხი, როდოსზე იყავ ლტოვლვილად, თავს გენგრეოდა სახლი. ოქროვან საუკუნეთა აღარ ბრკიალებს ალი, დგას საუკუნე რკინისა, სამშობლოს ხურავს ჩალით. შენ ხომ ღვინოსაც აღარ სვამ, სისხლი გწყურია ჩვენი, დათვრები, გაილეშები და სიკვდილისას მღერი. სულას შეხედე, რომულუს,  ეგებ ეს არის ბოლო, შენ უბედური რომ გვყავხარ, ბედნიერია როგორ. უკან დაბრუნდი მარია, დავრჩით გარეშე მერცხლის, ანტონიუსმა დააგზნო ძმათამკვლელ ომის ცეცხლი. შენ იტყვი: რომი სადღაა, უკვე მკვდარია რომი, რომი ომის ტყვე შექმნილა, დრო აღარა აქვს შრომის. თუმც კეისარი ღაღადებს, რომ ამ ომიდან გვიხსნის, მეფედ რა აქცევს ლტოლვილს თუ არ ღვარა ჩვენი სისხლი. თავიდან ცდილობდა, ამაში ნამდვილი გრძნობები კი არა, მხოლოდ რისხვა და სიძულვილი დაენახა იმათი, ვისაც არ მოსწონდა მისი მკაცრი ზომები. ამბობდა კიდევაც: „დაე, ვძულდე, ოღონდ დამეთანხმონ“. მაგრამ მერე თავად აჩვენა, რომ ეს საყვედურები სამართლიანი და საფუძვლიანი იყო. კაპრიზე ჩასვლიდან რამდენიმე დღის შემდეგ ერთმა მეთევზემ მარტოდ მყოფი დაინახა და მოულოდნელად დიდი ბარაბული მიართვა. იმის შიშით, რომ უკვე მივიდნენ ყოველი მხრიდან მიუდგომელი კლდეებით, ტიბერიუსმა ბრძანა, ეს თევზი ერტყათ მისთვის სახეში. ხოლო როცა ის მეთევზე თავის ბედის ვარსკვლავს ემადლიერებოდა, რომ კიდევ კარგი კიბორჩხალაც არ მოუტანა, რომელიც უფრო დიდი დაიჭირა, ტიბერიუსმა ბრძანა, რომ კიბროჩხალითაც ეცემათ. პრეტორიანელი მეომარი, რომელმაც მისი ბაღიდან ბუ მოიპარა, სიკვდილით დასაჯა. ერთხელ გზაში იმისი ტახტრევანი გაიხლართა კვრინჩხის ბუჩქებში  მაშინ ის სწვდა მოწინავე კოჰორტის ცენტურიონს, გზას რომ ზვერავდა, დააგდო მიწაზე და ლამის სიკვდილამდე მიიყვანა, ისე სცემა.ბოლოს, სრული თავისუფლება მისცა ყველა შესაძლო სისასტიკეს. მიზეზები არ აკლდა, უთვალთვალებდა მეგობრებს და ნაცნობებსაც ჯერ დედისა, მერე შვილიშვილებისა და რძლისა, მერე სეიანუსისა. სეიანუსის სიკვდილის მერე განსაკუთრებით გამძვინვარდა. აქედან ნათლად ჩანს, რომ სეიანუსი არ აქეზებდა, არამედ მხოლოდ მის სურვილებს ასრულებდა. ამის მიუხედავად, ტიბერიუსი არ შეყომანებულა, რომ მოკლე და ნაჩქარევ თავის ცხოვრებაზე ჩანაწერში დაეწერა, რომ სეიანუსი დასაჯა, როცა გაიგო, თუ როგორ მძვინვარებდა ის მისი გერმანიკუსის შვილების წინააღმდეგ და ამასობაში ერთი მათგანი თავადვე დაღუპა, როცა სეიანუსი უკვე ეჭვქვეშ იყო, მეორე  როცა სეიანუსი უკვე მკვდარი იყო.მისი ბოროტმოქმედებების ცალცალკე ჩამოთვლა დიდხანს მოგვიწევს, საკმარისი იქნება მისი მძვინვარების მაგალითები საერთო შემთხვევებით ვაჩვენოთ. დღე არ ჩაივლიდა ვინმეს დაუსჯელად, გინდა ზეიმი ყოფილიყო ანდა აკრძალული დღე. ახალ წელსაც კი დასაჯეს სიკვდილით ერთი კაცი. ბევრთან ერთად ისჯებოდა მათი შვილები და მათი შვილიშვილები. დასჯილთა ნათესავებს აკრძალული ჰქონდათ მათი დატირება. ბრალმდებლებს, ხშირად მოწმეებსაც დანიშნული ჰქონდათ ნებისმიერი საჩუქარი.არც ერთ დასმენაში არ დაეჭვდებოდნენ. ყველანაირი დანაშაული სისხლის სამართლისად ითვლებოდა, რამდენიმე უწყინარი სიტყვაც კი. პოეტი იმიტომ გაასამართლეს, რომ გაბედა და ტრაგედიაში შეეკამათა აგამემნონს. ისტორიკოსს ასამართლებდნენ იმიტომ, რომ ბრუტუსი და კასიუსი რომაელებიდან უკანასკნელებად დაასახელა. ისტორიკოსიც და მწერალი მაშინვე დაისაჯნენ სიკვდილით, მათი ნაწარმოებები განადგურდა, თუმცა მანამდე რამდენიმე წლით ადრე ორივე ნაწარმოები ღიად და წარმატებით წაიკითხეს ავგუსტუსის წინაშე.        ზოგიერთ პატიმარს ეკრძალებოდა არა მარტო რამის გაკეთება დასაწყნარებლად, არამედ ლაპარკიც. იმათგან, ვისაც სასამართლოზე ეძახდნენ, მრავალი თავს იკლავდა სახლში, დარწმუნებულნი გასამართლებაში, გაურბოდა ბრალდებებს და სირცხვილს, ბევრი თავად კურიაშივე იღებდა შხამს. მაგრამ იმათაც, გადახვეული ჭრილობებით, მომაკვდავებს, ისევ მოკანკალეებს, საპატიმროში მიარბენინებდნენ. დასჯილებიდან ვერავინ ასცდა კავსა და ჰემონიას: ერთ დღეს ოცი კაცი გადააგდეს ასე ტიბრში, მათ შორის ქალები და ბავშვები.ძველი ჩვეულებებით, აკრძალული იყო ქალწულების დახრჩობით სიკვდილი, ამიტომ, არასრულწლოვან გოგონებს სიკვდილის წინ ჯალათი აუპატიურებდა. ვისაც სიკვდილი უნდოდა, ძალით აიძულებდნენ, ეცოცხლა. ტიბერიუსს ძალიან მსუბუქ სასჯელად ეჩვენებოდა სიკვდილი. როცა გაიგო, რომ ბრალდებულებიდან ერთერთმა, სახელად კარნულუსმა ვერ იცოცხლა დასჯამდე, შეჰყვირა: „კარნულუსი გამისხლტა ხელიდან!“ საპატიმროების შემოვლისას, ვიღაცამ მუდარა დაუწყო, დასჯა დაეჩქარებინა, მან უპასუხა: „მე შენთვის ჯერ არ მიპატიებია“. ერთი კონსულის წოდების მოღვაწე იხსენებს თავის მატიანეში, თუ ერთერთ მრავალრიცხოვან ქეიფში ვიღაც ჯუჯამ, მაგიდასთან რომ იდგა სხვა მასხარებთან ერთად, როგორ ჰკითხა უცებ ტიბერიუსს, რატომ არის ისევ ცოცხალი პაკონიუსი, ბრალდებული დიდებულების შეურაცხყოფაში? ტიბერიუსმა იქავ შერისხა ჯუჯა თავხედური შეკითხვისათვის, მაგრამ რამდენიმე დღის შემდეგ მისწერა სენატს, რომ პაკონიუსის მსჯავრი რაც შეიძლება მალე ყოფილიყო გამოტანილი. უფრო ძალიან და თავაშვებულად დაიწყო მძვინვარება, თავისი შვილის, დრუზუსის სიკვდილის ცნობა რომ მიუვიდა. ჯერ ეგონა, დრუზუსი ავადმყოფობით და თავშეუკავებლობით მოკვდა. მაგრამ როცა გაიგო, რომ შხამით მოკლა თავისი ცოლის ლივილას და სეიანუსის ფლიდობამ, უკვე ვეღარავინ გადაურჩებოდა წამებასა და სიკვდილით დასჯას. მთელი დღეეები ამ საქმეზე ფიქრში ატარებდა. როცა აცნობეს, რომ მოვიდა მისი ერთი როდოსელი ნაცნობი, მისგანვე გამოძახებული რომში თავაზიანი წერილით, ბრძანა, მაშინვე ეწამებინათ, იფიქრა, ეს ვინმე საქმეში გარეულიაო. ხოლო შეცდომა რომ აღმოაჩინა, მისი მოკვლა ბრძანა, რათა უკანონობა არ გახმაურებულიყო. კაპრიზე ახლაც გაჩვენებნ სასაკლაოს ადგილს. იქიდან ბრალდებულებს, დიდი ხნის წამების შემდეგ, ზღვაში აგდებდნენ მის თვალწინ, ხოლო დაბლა მატროსები იჭერდნენ და ბარჯებით და ნიჩბებით ჩეჩქვავდნენ გვამებს, რომ არავინ გადარჩენილიყო. წამების ახალი მეთოდებიც კი გამოიგონა: სუფთა ღვინით დაათრობდნენ პატიმარს, მერე მოულოდნელად ასოზე თოკს გაუჭერდნენ და შარდის შეკავებით კლავდნენ.ნამდვილად, უფრო მეტ ხალხს გაწყვეტავდა, სიკვდილს რომ არ შეეჩერებინა და ასევე, როგორც ამბობენ, თრასილუსის რჩევით, ზოგიერთი ღონისძიება დიდ ხანს სიცოცხლის იმედით არ გადაედო. არც თავის დარჩენილ შვილიშვილებს დაინდობდა: გაიუსზე უკვე ეჭვი ჰქონდა მიტანილი, ხოლო ტიბერიუსი სძულდა, როგორც ცოლქმრული ღალატით გაჩენილი. და ეს სიმართლეს ჰგავს: ტყუილად კი არ უთქვამს არაერთხელ, რომ ბედნიერი იყო პრიამე, ყველა თავის ახლობელზე მეტხანს რომ იცოცხლა.მაგრამ მთელ ამ ბოროტმოქმედებაში, სიძულვილით და ზიზღით გარშემორტყმული, არა მხოლოდ დაჰკანკალებდა თავის სიცოცხლეს, არამედ იტანჯებოდა წყენებით. ამაზე ბევრი რამე მიუთითებს. მკითხავებს აუკრძალა დალაპარაკებოდნენ ჩუმად და მოწმეების გარეშე. რომის შემოგარენში სამკითხაოს გაუქმებაც უნდოდა, მაგრამ პრენესტინის ბედისწერის შიშმა შეაჩერა; ის დაბეჭდეს და რომში წამოიღეს, მაგრამ სკივრი ცარიელი აღმოჩნდა და ისინი გამოჩნდა მაშინ, როცა სკივრი ისევ ტაძარში დააბრუნეს.ერთი თუ ორი პროკონსული, უკვე რომ მიეღოთ პროვინციები, არაფრით უშვებდა და თავისთან ჰყავდა მანამდე, ვიდრე რამდენიმე წლის შემდეგ შემცვლელები არ დაუნიშნა. მთელი ეს დრო მათ ჰქონდათ თავიანთი წოდებები, ტიბერიუსისგან ბევრ დავალებას იღებდნენ, რომელსაც გულმოდგინედ ასრულებდნენ ელჩებითა და თანაშემწეებით. რძალი და შვილიშვილები, დასჯის შემდეგ, იქ გადააგზავნა, სადაც საჭირო იყო, მხოლოდ შეფარულები, დამცავ ტახტრევანებით, და რომ დაცვას უფლება არ მიეცა შემხვედრებისთვის გაჩერებისა და ცქერისა. როცა სეიანუსი გადატრიალებას გეგმავდა, და მისი დაბადების დღეს მთელი ხალხი ზეიმობდა, და მისი ოქროს გამოსახულებებს ყველგან სცემდნენ თაყვანს, მოთმინებით უყურებდა ამას, და მაშინვე არა, უფრო ეშმაკობით და მოტყუებით, ვიდრე უმაღლესი ხელისუფლების ძალით, ბოლოს და ბოლოს ის დაამხო. პირველად, თავიდან რომ მოეშორებინა პატივის საფარქვეშ, თავის ამხანაგად აირჩია მეხუთე კონსულობაში, რაც ამის გულისათვის დაუსწრებლად მიიღო დიდი შუალედის შემდეგ. მერე კი, გაათამამა ნათესაობაზე იმედით და ტრიბუნის ძალაუფლებით, და უცებ მის წინააღმდეგ საბრალდებო სიტყვით გამოვიდა, სამარცხვინოდ და საწყლად: იმ სიტყვაში, სხვაზე რომ აღარაფერი ვთქვათ, ევედრებოდა მამა სენატორებს, რომ მისთვის, მარტოხელა ბერიკაცისთვის, გაეგზავნათ კონსულებიდან რომელიმე, რათა იმას სენატში მოეყვანა ხოლმე შეიარაღებული დაცვით. მაგრამ არც ამან დაამშვიდა, აჯანყების შიშით ბრძანა, აუცილებლობის შემთხვევაში მხედართმთავრად თავისი შვილიშვილი დრუზუსი დაენიშნათ, ჯერ კიდევ ციხეში რომ ჰყავდა რომში. ხომალდები უკვე მზად ჰქონდა, რომ ნებისმიერ ჯართან გაქცეულიყო, და დაუღალავად უდარაჯებდა ფრიალო კლდის სიმაღლიდან შორეულ ნიშნებს, რომლებითაც ებრძანებინა ყველაფერი ეცნობებინათ, რაც მოხდებოდა, დრო რომ არ დაეკარგადთ შიკრიკებზე. იმის შემდეგაც კი, რაც სეიანუსის ამბოხი ჩააქრეს, კიდევ რვა თვე არ გამოდიოდა ვილიდან, რომელსაც „იო“ ერქვა, ისევ ეჭვნეული და აფორიაქებული. იმის მჭმუნვარე სულს ყოველი მხრიდან სწვავდა უამრავი ძაგება. არ იყო ლანძღვა, რომელიც ბრალდებულებს არ მიეხალათ სახეში და ხელმოუწერელი წერილებით არ დაებნიათ თეატრში. სხვადასხვანაირად იღებდა, ხან სირცხვილით დატანჯული ცდილობდა გაესაიდუმლოებინა და დაემალა, ხანაც არად ჩააგდებდა და თავად ახმაურებდა ყველას გასაგონად. არტაბანუსიც კი, პართელების მეფე, არცხვენდა თავის გზავნილში, სადაც ახლობლების და შორეულების მკვლელობებს უხსენებდა, ზეიმებს და გარყვნილობებს წამოაძახებდა და სთავაზობდა, მალევე ჩაექრო თანამემამულეების დიდი და სამართლიანი წყურვილი და საკუთარი ნებით მოეკლა თავი.ბოლოს თავადვე მოსძულდა საკუთარი თავი. თავისი ტანჯვის მთელი სიმძიმე გამოხატა ერთი წერილის დასაწყისში ასეთი სიტყვებით: „როგორ მოგწეროთ, მამა სენატორებო, რა მოგწეროთ და რა არ მოგწეროთ? ეს თუ ვიცოდე, დაე, მაშინ ღმერთების და ღმერთქალების ნებით, იმაზე უარესი სიკვდილით მოვკვდე, რომლითაც ყოველდღე ვკვდები“.ზოგიერთი ვარაუდობს, რომ წინასწარ იცოდა თავისი ასეთი მომავლი და დიდი ხნით ადრე ხედავდა, როგორი სიძულვილი და უსახელობა ელოდა. სწორედ ამიტომ, ხელისუფლებას რომ იბარებდა, მტკიცედ უარყო „სამშობლოს მამის“ წოდება და მისი საქმეების ერთგულებაზე ფიცი. ეშინოდა, უფრო ძალიან არ შეერცხვინა თავი, ამ პატივთა ღირსი რომ არ აღმოჩნდებოდა.ეს შეიძლება დავასკვნათ ორივე წინადადებაზე მისი გამოსვლიდან. ამბობს, რომ ვიდრე თავის ჭკუაზე იქნება, ისეთად დარჩება, როგორიც არის და თავის ზნეობას არ შეიცვლის. მაგრამ მაინც, ცუდი მაგალითი რომ არ მისცეს, სჯობს სენატმა თავი არ დაუკავშიროს ისეთი ადამიანის საქციელების მართებულობას, რომელიც შემთხვევის გავლენით შეიძლება შეიცვალოს.და შემდეგ: „თუკი ოდესმე თქვენ დაეჭვდებით ჩემს საქციელში და ჩემს ერთგულებაში,  ვლოცულობ, რომ უმალ სიკვდილმა წამიყვანოს, ვიდრე ეს ცვლილება მოხდეს თქვენს აზრებში,  მაშინ ჩემთვის დიდი არაფერი იქნება პატივი და წოდება სამშობლოს მამისა, თქვენთვის კი დამუნათება ან წინდაუხედაობისთვის, რომლითაც თქვენ ის მომეცით, ანდა მცდარი შეფასებისათვის, რომლითაც ჩემზე შეიცვალეთ აზრი“.აგებულებით დიდი და ძლიერი იყო, საშუალოზე მაღალი, მხრებში და მკერდში ფართო, დანარჩენ სხეულში სიმეტრიული თავიდან ფეხებამდე. მარცხენა ხელი მარჯვენაზე მარჯვე და ძლიერი ჰქონდა, ხოლო კუნთები ისე ძლიერი, რომ თითით ვაშლს ხვრეტდა, ხოლო ბიჭის ან ყმაწვილის თავის დაშავება უბრალო წკიპურტით შეეძლო.კანის ფერი თეთრი ჰქონდა, თმა კეფაზე გრძელი, კისერსაც კი უფარავდა,  ეტყობა, ოჯახური ნიშანი იყო. სახე ლამაზი, თუმცა ხანდახან ფერისმჭამელებს გამოაყრიდა ხოლმე. თვალები დიდი და საკვირველი შესაძლებლობით, დაენახა ღამითაც და წინაღობებშიც, ოღონდ ცოტა ხნით და გაღვიძებისას, მერე მხედველობა ჩვეულებრივი უხდებოდა.თავდახრილი დადიოდა, მაგრად ეჭირა კისერი, მკაცრი სახით, მდუმარედ. თანმიმყოლებშიც იშვიათად ლაპარაკობდა, ნელა, ოდნავ ათამაშებდა თითებს. ყველა ამ უსიამოვნო და ქედმაღლურ ნიშნებს ჯერ კიდევ ავგუსტუსი ამჩნევდა და ცდილობდა მათ გამართლებას სენატისა და ხალხის წინაშე, ირწმუნებოდა, მათში ბუნებაა დამნაშავე და არა ზნეობა. დიდებული ჯანმრთელობით გამოირჩეოდა და მთელი თავისი მმართველობისას ერთხელაც არ გამხდარა ცუდად, თუმცა ოცდაათი წლიდან საკუთარ თავზე თავად ზრუნავდა, ექიმების დახმარებისა და რჩევების გარეშე. ღმერთებზე და მათ თაყვანისცემაზე ნაკლებად ირჯებოდა, რაკი ასტროლოგიისკენ იყო მიდრეკილი და მტკიცედ სწამდა, რომ ყველაფერს ბედისწერა გადაწყვეტს. თუმცა მეხისა უსაზღვროდ ეშინოდა და როცა ღრუბელი შეიკრიბებოდა, თავზე ყოველთვის იხურავდა დაფნის გვირგვინს, რაკი ითვლებოდა, რომ ამ ფოთლებს მეხი არ დაეცემოდა. კეთილშობილ ხელოვნებებში დიდი გულმოდგინებით მეცადინეობდა ორივე ენაზე. ლათინურ მჭევრმეტყველბაში მესალა კორვინუსს ჰბაძავდა, რომელსაც ძალიან თაყვანს სცემდა ახალგაზრდობაში, როცა ის უკვე მოხუცი იყო. თუმცა თავის სიტყვას მეტისმეტად აბნელებდა განზრახულობით და ღვლარჭნილობით, ასე რომ, მოუმზადებლად უკეთ ლაპარაკობდა, ვიდრე დაწერილის მიხედვით.შეთხზა ლირიკული ლექსიც სახელწოდებით „ჩივილი ლუციუს კეისრის სიკვდილზე“, ლექსებს წერდა ბერძნულადაც და ჰბაძავდა ევფორიონს, რიანს და პართენუსს. ეს პოეტები ძალიან უყვარდა, მათ ნაწარმოებებს და გამოსახულებებს განათავსებდა ხოლმე საზოგადოებრივ ბიბლიოთეკებში, ამიტომაც მრავალი სწავლული შეუჩერებლად უძღვნიდა მათ შესახებ თავის თხზულებებს.მაგრამ ყველაზე მეტად ზღაპრული წარსულის შესწავლა აინტერესებდა. აქ სასაცილო წვრილმანებამდე მიდიოდა, მაგალითად, გრამატიკოსებს, რომელთა საზოგადოება, როგორც ითქვა, ძალიან უყვარდა, მიმართავდა ასეთი შეკითხვებით: „ვინ იყო ჰეკუბას დედა? აქილევსს რას ეძახდნენ გოგონებში? რა სიმღერებს მღეროდნენ სირენები?“ ხოლო როცა პირველად შევიდა სენატში ავგუსტუსის სიკვდილის მერე, კეთილშობილების და შვილური სიყვარულის ნიშნად სამსხვერპლოდ საკმეველი და ღვინო მიიტანა, მაგრამ ფლეიტისტის გარეშე, როგორც ოდესღაც მეფე მინოსმა შვილის სიკვდილის შემდეგ. ბერძნულად ყოველთვის ადვილად და ხალისით ლაპარაკობდა, მაგრამ ყველგან არა. ამას განსაკუთრებით სენატში გაურბოდა. მაშინაც კი, როცა სიტყვა „მონოპოლიის“ თქმა უნდოდა, თავიდან მოიბოდიშა, რომ იძულებულია უცხო სიტყვა თქვას. ხოლო როცა სენატის ერთ დადგენილებაში გამოიყენეს სიტყვა „ემბლემა“, შესთავაზა, შეეცვალათ, უცხოურის ნაცვლად  ჩვენი მოეძებნათ და თუ ვერ შეძლებდნენ, მაშინ ცნება გამოეხატათ აღწერით, რამდენიმე სიტყვით. და ერთ ჯარიკაცს, რომელსაც სასამართლოზე სთხოვეს, ბერძნულად მიეცა ჩვენება, უბრძანა, მხოლოდ ლათინურად ეპასუხა. თავისი წასვლის მთელი დროის მანძილზე მხოლოდ ორჯერ სცადა რომში დაბრუნება. პირველად ტრირემით გაცურა ტიბრზე ბაღებამდე, რომლებიც ხელოვნურ ტბასთანაა, ნაპირზე დაცვა დააყენა, რათა ისინი გაეგდოთ, ვინც შესახვედრად გამოვიდოდა. მეორედ აპიანეს გზით მეშვიდე მილამდე მიაღწია. მაგრამ შორიდან რომ დაინახა ქალაქის კედლები, მიუახლოვდა და დაბრუნდა: პირველად  უცნობი მიზეზით, მეორედ  ცუდი ნიშნის შიშით. სხვა გასართობებს შორის ერთი დიდი გველიც ჰყავდა. ერთხელ, ჩვეულებრივ, მივიდა, რომ თავისი ხელიდან ეჭმია და მკვდარი ნახა, ჭიანჭველებისგან შეჭმული და ამაში დაინახა ნიშანი, გაფრთხილებოდა ბრბოს ძალადობას. და აი, საჩქაროდ დაბრუნდა კამპანიაში, ასტურაში შეუძლოდ შეიქმნა. ცოტა გამოკეთებული, ცირცეამდე მივიდა. აქ, თავისი ავადობა რომ დაემალა, არათუ ესწრებოდა ბანაკის თამაშებს, არამედ არენაზე გამოშვებულ ტახს ზემოდან ხელშუბებიც სტყორცნა. მაშინვე დაეწყო ტკივილი ფერდში, მერე გახურებულს ქარმა დაუბერა და ავადმყოფობა გაუძლიერდა.ერთხანს კიდევ იკავებდა თავს, თუმცა, აგრძელებდა თავის გზას მიზენუმამდე, არაფერს ცვლიდა ცხოვრების ჩვეულებრივ წესში და უარს არ ამბობდა არც ქეიფებზე, არც სხვა სიამოვნებებზე  ნაწილობრივ აულაგმაობით და ნაწილობრივ თავის მოკატუნებით. და როცა ექიმი ქარიკლე ერთხელ აპირებდა სუფრიდან წასვლას და მისი ხელი აიღო სამთხვევად, იეჭვა, რომ იმას უნდოდა მისი სისხლის დარტყმების შეტყობა, შეაჩერა, მაგიდასთან დააბრუნა და გვიანობამდე გააგრძელა ლხინი. ხოლო მერე, როგორც ყოველთვის, სასტუმროს შუაგულში დადგა, ზურგსუკან ლიკტორით და სახელებით ემშვიდობებოდა ყველა წამსვლელს.ამასობაში, მოუწია წაეკითხა სენატის ანგარიშებში, რომ რამდენიმე დამნაშავე, რომლებიც თავის დროზე მოკლედ მოიხსენია, რომ მათი სახელები არის დასმენებში, ახლა გამოშვებულები იყვნენ და დაკითხვის გარეშე. ეს უპატივცემლობად ჩათვალა და გადაწყვიტა, რადაც უნდა დაჯდომოდა, კაპრიზე დაბრუნებულიყო, მხოლოდ ამ სამალავიდან ბედავდა რამე ეღონა. მაგრამ უამინდობამ და გაძლიერებულმა ავადობამ შეაჩერა. და მალე აღესრულა ლუკულუსის ვილაში, თავისი ცხოვრების სამოცდამეთვრამეტე წელს და ხელისუფლების ოცდამესამე წელს, ჩვიდმეტი დღით ადრე აპრილის კალენდებამდე, გნეიუს აცერონიუს პროკულუსისა და გაიუს პონტიუს ნიგრინუსის კონსულობისას.ზოგიერთი ვარაუდობს, გაიუსმა შეაპარა ნელი და მომაკვდინებელი შხამი; სხვები  უბრალო ციებცხელების შემდეგ საჭმელი მოითხოვა, მაგრამ არ მისცეს; დანარჩენი  რომ დაახრჩეს ბალიშით, როცა უცებ გამოფხიზლდა და დაინახა, რომ გულწასვლის დროს ბეჭედი მოხსნეს და უკან დაბრუნება მოითხოვა. სენეკა წერს, რომ გრძნობდა თავისი აღსასრულის მოახლოებას, თავად მოიხსნა ბეჭედი, თითქოს უნდოდა, ვისთვისმე გადაეცა, ცოტა ხანი ეჭირა, მერე ისევ თითზე გაიკეთა, ხელი დამალა და დიდხანს იწვა უმოძრაოდ. მერე უცებ მსახურებს დაუყვირა, მაგრამ პასუხი არ მიუღია. მაშინ ადგა, მაგრამ საწოლთან ახლოვე უმტყუნა ძალამ და ძირს დავარდა.თავის ბოლო დაბადების დღეზე სიზმარში აპოლონ ტემენიტელის ქანდაკება ნახა, დიდი და საკვირველი ნამუშევარი, რომელიც სირაკუზიდან ჩამოიტანა, რათა ახალი ტაძრის მიდებარე ბიბლიოთეკაში დაედგათ. და იმ სტატუეტმა უთხრა, რომ ის უკვე ვეღარ აკურთხებდა. სიკვდილამდე რამდენიმე დღით ადრე შუქნიშნის კოშკი კაპრიზე დაინგრა მიწისძვრის გამო. ხოლო მიზენაში, როცა სასტუმროში შემოიტანეს ნაცარი და ნახშირი, უკვე დიდი ხნის ჩამქრალი და გაციებული, უცებ იფეთქეს და აალდნენ, და აღარ ქრებოდნენ საღამოდან გვიან ღამემდე.მისმა სიკვდილმა დიდი სიხარული გამოიწვია ხალხში. როგორც კი ეს ამბავი გაიგეს, ერთნი ყვირილით დარბოდნენ: „ტიბერიუსი ტიბრში!“, სხვები ლოცავდნენ დედადედამიწას და ღმერთებს მანებს, არ მიეცათ გარდაცვლილისთვის ალაგი, გარდა უღირსთა შორის ადგილისა; დანარჩენები მკვდარს ემუქრებოდნენ კავით და ჰემონიებით. ძველ უკეთურობების ხსოვნას კი საბოლოო სისასტიკის ხსოვნაც დაემატა.საქმე ის იყო, რომ სენატის გადაწყვეტილებით, ბრალდებულთა დასჯა მხოლოდ მეათე დღეს ხდებოდა. და აი, ზოგიერთისთვის ანგარიშის გასწორების დღე დაემთხვა ტიბერიუსის სიკვდილზე ცნობას. ისინი ყველას ევედრებოდნენ შველას, მაგრამ გაიუსი ჯერ არ გამოჩნდა, რომ მიშველებოდა და ვერავინ ჩაერია, და დაცვამ, კანონის წინააღმდეგ არწასვლის მიზეზით, დაახრჩო ისინი და ჩააგდო ჰემონიაში. ამის გამო სიძულვილმა უფრო მეტი ძალით იფეთქა. ეჩვენებოდათ, რომ ტირანის სიკვდილის შემდეგ მხეცობა მაინც არ შეწყდებოდა. როცა მისი გვამი გამოასვენეს მიზენადან, ბევრი ყვიროდა, რომ ატელაში უნდა წაეყვანათ და დაეწვათ ამფითეატრში. მაგრამ მეომრებმა ის რომში გადაასვენეს, და იქ დაწვეს და დაასაფლავეს სახალხოდ.ანდერძი სიკვდილამდე ორი წლით ადრე შეადგინა ორ ჩანაწერად. ერთი თავისი ხელით იყო დაწერილი, მეორე  გააზატებულისთვის ნაკარნახევი, მაგრამ შინაარსით არ განირჩეოდნენ. ისინი მიმაგრებული იყო ყველაზე დაბალი მდგომარეობის პირებზე. ამ ანდერძით უარს ეუბნეოდა თავის შვილიშვილებს  გაიუსს, გერმანიკუსის შვილს და ტიბერიუსს, დრუზუსის შვილს თანაბარ წილზე მემკვიდრეობიდან, ერთმანეთის მემკვიდრეებად ნიშნავდა. დატოვა მრავალრიცხოვანი საჩუქრები, მათ შორის ქალწულ ვესტალებსაც, ასევე ყველა მეომარს, ყველა პლებეის და ცალკე კვარტალების მამასახლისებს.  …
დაამატა Kakha to მსოფლიო ისტორია at 8:10am on აპრილი 10, 2014
თემა: დამატებითი მოსაზრებები შიშების შესახებ
ვეულწილად, დარღვეულია. პირველ რიგში, ემოციების სფეროდან მისი ვიტალური იმპულსების იზოლაცია და მათი გახლეჩა ხდება. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, შიზოიდური ადამიანი ვერ ახერხებს განსხვავებული განცდებისა და პიროვნული შრეების ინტეგრაციას ერთ მთლიან ემოციად. უპირველეს ყოვლისა, უნდა აღინიშნოს მოწიფულობის ის განსხვავებული ხარისხი, რომელიც არსებობს შიზოიდის გონებასა და გრძნობას, რაციონალურობასა და ემოციურობას შორის; ემოციური პროცესები და გონებრივი გამოცდილება თითქოს მოწყვეტილია ერთმანეთისაგან და მათი შერწყმა ერთიან განცდად არ ხდება. შიზოიდური პიროვნება სამყაროში ორიენტაციას ადრეული ასაკიდან გონებისა და გრძნობის ორგანოებით აღქმის საშუალებით ახდენდა, მაგრამ მან ვერ შეძლო, ვერ ისწავლა საკუთარი ემოციების მართვა; ამიტომ მისთვის უცნობია გრძნობებისა და განცდების ყოველგვარი სხვა გამოვლინება, რადგან იგი მხოლოდ მათი გამოხატვის წანამძღვრებს – აფექტებს იცნობს. შთაბეჭდილება რჩება, რომ შიზოიდური პიროვნების ემოციურ პალიტრაზე, შავ-თეთრის გარდა, სხვა ფერები არ არსებობს.       ადამიანებთან სიახლოვის შიში რომ აიცილოს თავიდან, შიზოიდური პიროვნება ცდილობს, რაც შეიძლება, მეტ დამოუკიდებლობას მიაღწიოს. ავტარკიისადმი სწრაფვისა და ადამიანთაგან თავის დაღწევის ამგვარი მცდელობები ნიშნავს საკუთარი თავის გარშემო დამცავი წრის შემოვლებას და უპირობოდ უკავშირდება მის მზარდ ეგოცენტრულობას, რომლის გამოც იგი სულ უფრო მეტად ექცევა იზოლაციაში. სავსებით გასაგებია, რომ ასეთი ადამიანები შიშს განიცდიან, რადგან ამას მარტოობა და იზოლაცია უწყობს ხელს. შიზოიდურ პიროვნებას აუტანელი შიში, უპირველეს ყოვლისა, იმის გაფიქრებაზე იპყრობს, რომ შეიძლება ჭკუიდან შეიშალოს. ამ შიშში აირეკლება ასევე განცდა იმისა, რომ ის «სხვებისაგან განსხვავებული» და დაუცველია ამქვეყნად. ერთ-ერთმა ასეთმა პაციენტმა ერთხელ თქვა: «ჩემთვის ერთადერთ რეალობას შიში წარმოადგენს». დამახასიათებელია, რომ იგი თავის ამ განცდას აღწერდა არა როგორც შიშს რაიმე განსაზღვრულისა და კონკრეტულის წინაშე; ამით მას იმის თქმა უნდოდა, რომ მთლიანად შიშის ტყვეობაში იმყოფებოდა. მეორე პაციენტმა განაცხადა: «მე არ ვიცი, რა არის შიში; ჩემში, ალბათ, არის რაღაც შიშისმაგვარი, მაგრამ ეს შიში არაა ჩემს «მე»-ში. «ეს პაციენტი» სრულ დისტანცირებას ახდენდა საკუთარი შიშისაგან და ასეთი გრძნობა ჰქონდა, რომ ეს შიში მის ცნობიერებაში, საერთოდ, აღარ არსებობდა. მაგრამ ადვილი წარმოსადგენია, რა არამყარი და ცვალებადია შიზოიდის ამგვარი მდგომარეობა და რა ადვილად შეიძლება წალეკოს დაუძლეველმა შიშმა ადამიანის «მე».       შიშის ვინმესთვის გაზიარება შიზოიდს უმსუბუქებს მდგომარეობას, მაგრამ არასოდეს ჰყოფნის საამისო გამბედაობა, რადგან ეშინია, რომ ამით საკუთარ თავს ვინმეს ჩაუგდებს ხელში; შესაძლოა, იგი გიჟადაც შერაცხონ, თუ თავის უმწეობასა და სისუსტეს მთლიანად გამოავლენს. ამ დროს შიში, შეიძლება, ისე გაძლიერდეს, რომ მისი ატანა შეუძლებელი გახდეს. იგი მთელი ძალით ამოხეთქავს, გამოიწვევს ფსიქოზს და ეს შიშისაგან თავდახსნის უკანასკნელი, სასოწარკვეთილი მცდელობა იქნება. შიზოიდი ადამიანი «კარგავს ჭკუას» და, თავის გადარჩენის მიზნით, ირეალურ სამყაროში ეძებს ხსნას, სადაც თავს ნორმალურად გრძნობს; გარესამყარო მას ამ დროს სნეული ეჩვენება, რაც, ზოგ შემთხვევაში, შესაძლოა, მართალიც იყოს.       ამრიგად, შიზოიდურ პიროვნებას საკუთარი შიში გარესამყაროს ობიექტებზე გადააქვს, როდესაც მათი დაძლევა და თავიდან მოშორება ადვილად შეუძლია; მაგრამ შინაგან შიშს ადამიანი მაინც ვერსად გაექცევა.       მზარდ აუტიზმთან ერთად, შიზოიდური ადამიანი თანდათან კარგავს ინტერესს გარესამყაროსა და ადამიანების მიმართ. ამას «ობიექტის დაკარგვის» პროცესს უწოდებენ, თავად შიზოიდური პიროვნება კი მას «სამყაროს დაღუპვის» განცდას ადარებს. როდესაც ადამიანს გარესამყაროში ემოციური თანამონაწილეობა აღარ აინტერესებს და საკუთარ თავში იკეტება, მისთვის ეს სამყარო «იღუპება», პარტახდება, არარაობად იქცევა და ნადგურდება. მსგავს ცხოვრებისეულ განცდებს ხშირად შიზოიდურ პიროვნებათა სიზმრებიც გამოხატავს, მაგალითად:       «ვზივარ უზარმაზარ დისკზე, რომელიც ეშმაკის ბორბალს ჰგავს; ის უფრო და უფრო სწრაფად ტრიალებს; თავს ძლივს ვიკავებ, რომ მისი კიდისაკენ არ გადავქანდე, თუმცა ნელ-ნელა ვუახლოვდები მას და შეიძლება ყოველ წამს სიცარიელეში გადავეშვა».       ან კიდევ ერთი მაგალითი:       «თვალუწვდენელ ქვიშის უდაბნოში დგას ციხე-სიმაგრე, რომელსაც ბეტონის კედლებში რამდენიმე სათვალთვალო ჭუჭრუტანა აქვს ჩატანებული; ციხე-სიმაგრეში დიდძალი იარაღი და რამდენიმე წლის სურსათის მარაგი ინახება. მე აქ მარტოდმარტო ვცხოვრობ».       ალბათ, ძნელია, ამაზე უფრო ზუსტად აღწერო იმ ადამიანის განცდა, რომელიც სიმარტოვის, ადამიანებისაგან განდგომის, შიშისაგან თავდაცვის და ავტარკიის სურვილითაა შეპყრობილი.       «თოვლით დაფარული უკაცრიელი ლანდშაფტი; უკან რამდენიმე მოღრეცილი ხე მოჩანს. თოვლზე თბილი წყლით სავსე პატარა აბაზანა დგას; საშინელ სიმარტოვეს ვგრძნობ».       ეს სიზმარი ნახა ერთმა ახალგაზრდამ, რომელმაც შემდეგ თავისი ცხოვრებაც გაიხსენა:       ის ნაბოლარა შვილი იყო, რომელიც პირველი მსოფლიო ომიდან მამის დაბრუნების შემდეგ დაიბადა. იმის გამო, რომ მამას თავში ჰქონდა მიღებული ჭრილობა, ადვილად ღიზიანდებოდა და ხშირად ბობოქრობდა. რა თქმა უნდა, მას აღარ შეეძლო კარ-მიდამოს მოვლა-პატრონობა. დედა მას მზრუნველობას არ აკლებდა, მერე მან კარ-მიდამოს მოვლაც საკუთარ თავზე აიღო და შვილის აღზრდას ძალიან ცოტა დროს უთმობდა. ყმაწვილის სიზმარი იმაზე მიგვანიშნებს, რომ მას სწორედ ის სითბო აკლდა, თბილი წყლით სავსე აბაზანა რომ განასახიერებდა. ბიჭი მარტოსული იყო; ამიტომ დაახლოებით 12 წლის ასაკში შეეცადა, რამენაირად შეეგრძნო დედის სიახლოვე და ასეთი რამ მოიფიქრა: საღამოობით, როდესაც იგი უკვე ლოგინში იწვა, დედა, ჩვეულებისამებრ, ფორტეპიანოს მიუჯდებოდა ხოლმე და უკრავდა. ბიჭმა მოიფიქრა და ერთ-ერთ კლავიშს მავთულით ნათურიანი ბატარეა მიაბა, რომელიც შემდეგ თავის საწოლზე მიამაგრა. ყოველ ჯერზე, როგორც კი დედა ამ კლავიშს შეეხებოდა, ნათურა ინთებოდა.       მსგავსი ფსიქოდინამიური მოვლენები ხშირად ხდება ხოლმე ტექნიკური გამოგონების მიზეზი, რომელთა მეშვეობითაც ადამიანები ქვეცნობიერად ცდილობენ, შეივსონ ბავშვობისდროინდელი განცდების ხარვეზი. აღწერილი შემთხვევა ნორმალური ადამიანური ურთიერთობის დაუცხრომელ სურვილს გამოხატავს.       შეუძლებელია «შიზოიდურ სამყაროში ყოფნის» იმაზე უფრო ზუსტად აღწერა, ვიდრე ამას მსგავსი სიზმრები წარმოგვიდგენს. როგორც ჩანს, ამგვარი განწყობა უცხო არ იყო მაქსიმ გორკისათვის, რომელსაც ძალიან მძიმე ბავშვობა ჰქონდა და ლუკმა-პურის საშოვნელად ადრე დაიწყო მოხეტიალე ცხოვრება. ერთხელ, ტოლსტოისთან სტუმრობისას, გორკიმ მას თავისი სიზმარი უამბო: რუსული ზამთრის თვალუწვდენელ ტრამალზე მან დაინახა, როგორ მოემართებოდნენ თოვლზე მისკენ ცარიელი ჩექმები, მხოლოდ ჩექმები. ალბათ, ძნელია სიმარტოვის ამაზე უფრო მოკლედ და სხარტად აღწერა.       როდესაც ადამიანი სამყაროს განუდგება და საკუთარ თავში იკეტება, მას ეს სამყარო ფეხქვეშ ეცლება და იპყრობს საშინელი შიში, რომელიც აბსოლუტურ «სიცარიელეში ვარდნის» ან «ეშმაკის ბორბალზე ტრიალის» დროს განცდილ შიშს წააგავს. შიშზე წარმოდგენები და სიზმრები შიზოიდურ ადამიანებს ხშირად აპოკალიფსური, სამყაროსეული კატასტროფების სახით ევლინებათ. ვინც ცდილობს, საკუთარ თავს, რაც შეიძლება, მაგრად ჩაეჭიდოს, მას ემუქრება საფრთხე – სამყარო ფეხქვეშ გამოეცალოს და საბოლოოდ წილად მარტოსული ცხოვრება ერგოს.       კიდევ რამდენიმე მაგალითით აღვწერთ იმ შედეგებს, რაც ადამიანებთან სიახლოვის შიშს და «საკუთარი ღერძის გარშემო» ზღვარგადასულ ბრუნვას მოჰყვება ხოლმე. ამ შიშის შედეგად გაჩენილი იჭვნეული სიფრთხილე შიზოიდურ პიროვნებას იმით ემუქრება, რომ ის საკუთარ თავთან მიმართებაში სულ უფრო ავადმყოფურ სახეს მიიღებს. ასეთი ადამიანები გრძნობენ, როგორც ხალხში ამბობენ, «მიწის ქვეშ რა ხდება» ან «ბალახი რას ჩურჩულებს». ეს იმას ნიშნავს, რომ ისინი ყველგან და ყველაფერში რაღაც საფრთხეს ხედავენ და მათში თვით ყველაზე უწყინარი შენიშვნაც კი შემაშფოთებელ ეჭვებს იწვევს.       ერთხელ ჩემს პრაქტიკაში ასეთი შემთხვევა მქონდა: მისაღებ ოთახში ერთ-ერთ სურათს კედელზე ადგილი შევუცვალე. შიზოიდმა პაციენტმა ეს მაშინვე საკუთარ თავთან დააკავშირა და იფიქრა, თითქოს ამით მასზე ტესტის ჩატარება დავაპირე, რათა გამეგო, ამ ცვლილებაზე რა რეაქცია ექნებოდა.       ეს მაგალითი გვიჩვენებს, რომ შიზოიდურ ადამიანებს თითქმის პარანოიდული განცდები აქვთ საკუთარ თავთან მიმართებაში; ამასთან, გამახვილებული ემოციური სიფრთხილით გამოირჩევიან და გარესამყაროში მომხდარ ისეთ ცვლილებებსაც კი ამჩნევენ, რასაც ნორმალური ადამიანი, საერთოდ, ყურადღებას არ აქცევს. სამყაროსთან მიმართებაში შიზოიდური პიროვნებები თითქმის ყოველთვის საკუთარი, გამახვილებული ემოციებით ხელმძღვანელობენ.       იყო სხვა შემთხვევაც, როდესაც ფსიქოთერაპიული სეანსის დროს ტელეფონმა რამდენჯერმე დარეკა. იმავე პაციენტმა იფიქრა, რომ მე სპეციალურად ვარეკინებდი ვიღაცას, რათა გამეგო, რა რეაქცია ექნებოდა მას ასეთ დისკომფორტზე.       ამრიგად, შიზოიდი ადამიანი გარესამყაროში მომხდარ თითქმის ყველა მოვლენას საკუთარ თავს უკავშირებს, რაც აზრადაც არ მოუვა ადამიანს, რომელსაც ადამიანებთან მეტი კონტაქტი და ურთიერთობა აქვს. ამ დროს შიზოიდურ პიროვნებას ნელ-ნელა შეიპყრობს ადამიანებთან ურთიერთობის ავადმყოფური შიში და ისეთი მანიაკალური წარმოსახვა, რომელიც, შესაძლოა, «შეშლილობის» მთელ სისტემად ჩამოყალიბდეს, შემდგომ კი მისი კორექცია ვეღარ მოხერხდეს. შიზოიდი პიროვნებისთვის გარესამყაროში აღარ არსებობს აღარავინ და აღარაფერი, რაც იდუმალად თავად მასთან არ არის დაკავშირებული და რასაც განსაკუთრებული მნიშვნელობა არ ეძლევა; მერე კი ეს თავის დასაბუთებას მოითხოვს.       ამ მდგომარეობას შიზოიდი ძალიან მტანჯველად და შემაშფოთებლად განიცდის, რადგან ამ დროს კარგავს არა მხოლოდ ყოველგვარ უშუალობას, არამედ თითქმის ყოველთვის მზად არის, მოულოდნელობებისა და ვითარსი საფრთხეებისაგან თავის დასაცავად. შიზოიდი ადამიანი ძალიან ხშირად გამოყოფს ხოლმე თავის საცეცებს გარესამყაროსკენ და, თუ ვინმე მიუახლოვდება, მაშინვე სასწრაფოდ შემალავს.       ახალგაზრდა კაცმა, რომელსაც თავის პროფესიაში ხელი მოეცარა და საქმეში მერეც არ სწყალობდა ბედი, გიჟურად აიკვიატა, რომ უიღბლო იყო. მას სურდა, სოციალურად წარმატებული ყოფილიყო, მაგრამ საკუთარი თავისადმი რწმენა დაკარგული ჰქონდა და ამ საკითხში ოჯახის წევრებისგანაც ვერ გრძნობდა მხარდაჭერას. ოჯახში ფიქრობდნენ, რომ მას მხოლოდ აკვიატებული სურვილი ამოძრავებდა, სხვებზე «უკეთესი» გამოჩენილიყო და «დიდ სიმაღლეებს» შესწვდომოდა. მათი აზრით, უმჯობესი იქნებოდა, თუ ყმაწვილი მამის კვალს გაჰყვებოდა და საკუთარ ადგილ-მამულს უპატრონებდა იმ პრინციპით, რომ პური ხაბაზმა უნდა გამოაცხოს, ანუ ყველამ თავისი საქმე აკეთოს! ახალგაზრდა კაცი კი დიდად პატივმოყვარე იყო და ყოველნაირად ცდილობდა, ახლობლებისთვის დაემტკიცებინა, რომ მიზანს აუცილებლად მიაღწევდა. ამის გამო ის ნებისმიერ მარცხს განსაკუთრებით მტკივნეულად განიცდიდა, რადგან მისი წარუმატებლობა ადასტურებდა, რომ ოჯახის წევრები მის წინაშე მართლები იყვნენ.       ჩვენ მანამდეც ბევრჯერ შევეცადეთ, ეს გარემოებები შეგვესწავლა და მისი აკვიატებული წარმოსახვის მიზეზი ზუსტად აგვეხსნა რეალობასთან მიმართებაში. მაგრამ, როცა ახალგაზრდა კაცმა ზემოაღნიშნული მარცხი განიცადა, იგი კვლავ მანიაკალურმა აზრებმა შეიპყრო.       ერთხელ ის კლინიკაში დათრგუნული მოვიდა და აღშფოთებულმა გამომწვევად გვითხრა: «ამჯერად ვეღარ დამარწმუნებთ, რომ ეს ყველაფერი შემთხვევით მოხდა. დღეს სადგურზე ვიღაც კაცი შემხვდა; მას ჩამოძენძილი კოსტუმი ეცვა, რომელიც ზუსტად ჰგავდა ჩემს საუკეთესო კოსტუმს. განა მას ამით ჩემთვის იმის თქმა არ უნდოდა, რომ მე ერთი ხელმოცარული და უიღბლო კაცი ვარ?»       ამ შემთხვევაში საქმე გვაქვს პაციენტის მიერ საკუთარი არასრულფასოვნების მანიაკალურ განცდასთან; აქვე იმასაც ვხედავთ, რა მყიფე საზღვარი არსებობს ცრურწმენებსა და აკვიატებულ წარმოსახვას შორის. ამასთან, გარკვეულწილად უნდა გამოვთქვათ ვარაუდი, რომ ცრურწმენა, შესაძლოა, გახდეს აკვიატებული აზრების გამომწვევი პირველმიზეზი. ჩვენც ასევე ემოციურად, ჯიუტად ჩავჭიდებივართ ხოლმე ცრურწმენებს, მაგრამ ამავე დროს არ გაგვაჩნია იმის მზაობა, რომ საფუძვლიანად გადავამოწმოთ მათი კავშირი რეალობასთან, თორემ, ალბათ, შევძლებდით იმის გაგებას, ასე რატომ ეჭიდებოდა ეს პაციენტი თავის მანიაკალურ წარმოსახვას. მსგავსი აკვიატებული აზრები საკუთარ თავზე ჩვენც აშკარად გამოგვიცდია, როდესაც, სულიერად დათრგუნულებს, გაუცნობიერებელი შიში ან თვითბრალდების გრძნობა დაგვუფლებია. მაგალითად, მესამე რაიხის დროს იმ ადამიანებს, რომლებიც ნაციონალურ-სოციალისტური პარტიის და ხელისუფლების წინააღმდეგ ხშირად გამოთქვამდნენ საკუთარ აზრს, მოიერიშე რაზმელებისა და «ესესელების» დანახვაზე აკვიატებული დევნის შიში იპყრობდათ, რადგან მათში საშინელ მტერს ხედავდნენ. ამ ადამიანებმა იცოდნენ, რომ საკმარისი იყო, ისინი ვინმეს დაესმინა ან ყურმოკვრით გაეგოთ მათი განწყობის შესახებ, და მაშინვე საკონცენტრაციო ბანაკში უკრავდნენ თავს.       სიმარტოვე და იზოლაცია, ისევე როგორც რეალური საფრთხის წინაშე უმწეობის შეგრძნება, ხელს უწყობს ავადმყოფურად აკვიატებული რეაქციების გამოვლინებას. უცხო გარემოში მყოფი ადამიანი, ღამით უჩვეულო ხმაურის გაგონებაზე, ადვილად განეწყობა საიმისოდ, რომ ეს ხმაური არამართებული, აკვიატებული მიზეზით ახსნას, მით უფრო, თუ იგი ამ დროს სულიერად დათრგუნულია ანდა შიშის და თვითბრალდების გრძნობით არის შეპყრობილი. რა თქმა უნდა, ნაცნობი ადამიანების გარემოცვაში, სადაც იგი თავს თავისუფლად და დაცულად გრძნობს, მას ამგვარი შეგრძნებები არა აქვს. ამრიგად, შიზოიდური პიროვნებების აკვიატებული რეაქციები ჩვენ წინაშე ისევ და ისევ მათთან დაკავშირებულ უმთავრეს პრობლემას წამოჭრის: ეს არის საზოგადოებისაგან იზოლაცია და ადამიანების მხრივ თანადგომის არარსებობა. თუმცა მაგალითები იმასაც მოწმობს, რომ ძალიან მყიფეა ზღვარი ჯანმრთელ და ავადმყოფ ადამიანს შორის, რადგან იმ რეაქციებს, რომლებსაც, ჩვეულებრივ, ავადმყოფებში ვხედავთ, საგანგებო სიტუაციებში თავადაც გამოვავლენთ ხოლმე. დაავადებულ ადამიანებში კი ამის მიზეზი სწორედ ისაა, რომ ისინი დიდხანს იმყოფებიან საგანგებო სიტუაციებში და თავდაცვის მიზნით გამოიმუშავებენ ამგვარ «ავადმყოფურ» რეაქციებს.       აქ მოვიყვანთ კიდევ ერთი პაციენტის მაგალითს, რომელსაც ადამიანებთან ურთიერთობის დამთრგუნველი სურვილი ავადმყოფურ აკვიატებად გადაექცა:       ოცდაათიოდე წლის მარტოსული ადამიანი, რომელსაც გარესამყაროსთან თითქმის არ ჰქონდა ურთიერთობა, ერთ-ერთ კონცერტზე ვიღაც ახალგაზრდა კაცის გვერდით აღმოჩნდა; რაკი მის მიმართ განსაკუთრებული ლტოლვა იგრძნო, გვერდიდან მალულად უთვალთვალებდა და გრძნობდა, როგორ უძლიერდებოდა მასთან კონტაქტისა და გამოლაპარაკების სურვილი. იმის გამო, რომ ამ კაცს გარესამყაროსთან ურთიერთობის გამოცდილება არ ჰქონდა, იგი თავდაპირველად შეიპყრო შიშმა, რომელმაც მხოლოდ ააფორიაქა, მაგრამ მალე პანიკაში ჩააგდო, რადგან მოეჩვენა, რომ ახალგაზრდა კაცი ფერად-ფერად წრეებს ასხივებდა და ამ წრეებით მის ალყაში მოქცევას და ხელში ჩაგდებას ლამობდა; მერე იგრძნო, რომ ცივმა ოფლმა დაასხა და თავს საკონცერტო დარბაზიდან გაქცევით უშველა.       გარდა იმისა, რომ ამ კაცს ადამიანებთან ურთიერთობისა და მათთან სიახლოვის დამთრგუნველი სურვილები სტანჯავდა, იგი აშკარად განიცდიდა ახალგაზრდა ყმაწვილისადმი სექსუალურ ლტოლვას, მაგრამ რაკი ამის გამჟღავნება თავად ვერ გაბედა, ამ ლტოლვის პროეცირება ისე მოახდინა, თითქოს იგი ამ ახალგაზრდისაგან მოდიოდა. აქაც რეალური სიტუაციის «გადატანა» მოხდა, რადგან შინაგანმა შიშმა საფრთხის სახე მიიღო და გარეთ გადაინაცვლა, რასაც ამ კაცმა თავი მხოლოდ გაქცევით დააღწია.       როდესაც შიზოიდურ ადამიანს შინაგანი სამყაროსა და გარემოს მიმართ ეჭვისა და დაუცველობის გრძნობა უჩნდება, იგი ცდილობს, გარკვეული «ცხოვრებისეული ტექნიკა» შეიმუშაოს. ეს მას საშუალებას აძლევს, თავი ყველაფრისაგან შორს დაიჭიროს, ხელშეუხებელი და შეუვალი გახდეს, ყოველთვის ობიექტური იყოს, ადამიანებთან ახლო ურთიერთობას ერიდოს, მათთან შედარებით უპირატესობა იგრძნოს და მისი წონასწორობიდან გამოყვანა ვერაფერმა შეძლოს; მაგრამ შიზოიდი პიროვნება ამით სინამდვილეში ვერაფერს აღწევს. ამ დროს იგი, შესაძლოა, ყველას განუდგეს, ამპარტავანი, უკარება, საშინლად გულცივი და ხისტი გახდეს. იმ შემთხვევაში, თუ ამგვარი თავდაცვითი საშუალებებითაც გარესამყაროზე ზემოქმედებას ვერ მოახდენს, იგი თავის გრძნობებს მოულოდნელი, გააფთრებული აგრესიით გამოხატავს, რაც ზემოთ უკვე აღვწერეთ. ამ დროს შესაფერისმა გარემომ შეიძლება დიდი სამსახური გაუწიოს შიზოიდურ პიროვნებას, თუ გარშემომყოფნი მისი საქციელის გამომწვევ მიზეზებს გაიაზრებენ და მიხვდებიან, რით არის გამოწვეული მისი ეს მძიმე მდგომარეობა.       შიზოიდურ პიროვნებათა მკურნალობის დროს ისეთ ზღვრულ სიტუაციებსაც ვხვდებით, რომლებიც თვალნათლივ დაგვანახვებს საფრთხეებს, ადამიანის არსებობას რომ ემუქრება. სწორედ ამ შემთხვევებიდან უნდა ვისწავლოთ, რა არის ადამიანისათვის ეგზისტენციალურად მნიშვნელოვანი, რამდენად ემუქრება მის განვითარებას ოჯახური და სოციალური ფაქტორები, და, საერთოდ, დავადგინოთ ყველა გამომწვევი მიზეზი, რომელთა აღმოფხვრაც დიდ ძალისხმევას მოითხოვს. გენიალური ადამიანების არსებობას ხშირად ასეთი ცხოვრებისეული სივრცე განსაზღვრავს. მათი გრძნობები იმდენად ამოუცნობი და დაფარულია, რომ ხშირად ძნელია იმ მყიფე საზღვრის დადგენა, რომელიც გადის გენიალობასა და ფსიქოზს შორის. უნდა აღინიშნოს, რომ შიზოიდური სიმპტომების გამოვლინება სხვადასხვა ინტენსივობით ხდება. თუ შევეცდებით, შიზოიდური პიროვნებების თვისებები თანმიმდევრობით დავადგინოთ (ჯერ კიდევ სრულიად ჯანმრთელებიდან და მსუბუქად დაავადებულებიდან, მძიმე ფსიქიკურ აშლილობამდე მისულ პაციენტებამდე), მივიღებთ შემდეგ სურათს: ნაკლებად კონტაქტურები, ზემგრძნობიარენი, მარტოსულები, ორიგინალურები, ცხოვრებისგან გარიყულები, ბერბიჭები, ახირებულები, აუტსაიდერები, ასოციალურები, კრიმინალები, ფსიქოპათები. მათ შორის არცთუ იშვიათად გამოჩნდებიან ხოლმე გენიალური ნიჭით დაჯილდოებული ადამიანები.       გენიალურ ადამიანზე გარესამყაროსაგან განდგომა და მარტოსული ცხოვრება სასიკეთოდ მოქმედებს, რადგან მას თავისუფლად შეუძლია უარი თქვას ტრადიციებზე, ანგარიში არ გაუწიოს ისეთ გარემოებებს, რომლებსაც უზრუნველყოფილი, ტრადიციების ერთგული ადამიანები, ჩვეულებრივ, ან ვერ ხედავენ, ან მათ წინააღმდეგ წასვლას ვერ ბედავენ. სახიფათო სიტუაციას გენიალური ადამიანი იმ შეგნებამდე მიჰყავს, რომ მას უნარი შესწევს, გადააბიჯოს იმ საზღვრებს, რომლებსაც სხვები მორიდებით გვერდს უვლიან. თუ შიზოიდური პიროვნება მთლად არ არის დაცლილი ემოციებისაგან და მხოლოდ კრძალვით ცდილობს მათ დამალვას, მაშინ ის გამორჩეულად მგრძნობიარე ადამიანის თვისებებს ავლენს და ვერ იტანს ერთფეროვნებას, ზედაპირულობას. მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ შიზოიდურ პიროვნებას მწირი ემოციური სამყარო აქვს, იგი ნაკლებად გამოავლენს საკუთრივ ადამიანურ თვისებებს.       რელიგიასთან მიმართებაში შიზოიდური პიროვნებები უმთავრესად სკეპტიკოსები ან ცინიკოსები არიან, მახვილგონივრულად მსჯელობენ რწმენის «უაზრობაზე», კრიტიკული დამოკიდებულება აქვთ რიტუალების, ტრადიციებისა და ყოველგვარი ფორმალობის მიმართ; ისინი ცდილობენ, საერთოდ, ფხიზელი თვალით შეხედონ ყველაფერს, რასაც «იდუმალების» იერი დაჰკრავს, ახსნან ის «აუხსნელი» მოვლენები, რის შესაძლებლობასაც მათ უმთავრესად საბუნებისმეტყველო მეცნიერებები საკმაოდ ხშირად სთავაზობენ. ამრიგად, შიზოიდური პიროვნებები უმეტესად რაციონალისტები არიან, რომლებსაც განცდების გამოსახატავად აუცილებელი ორგანო არ გააჩნიათ, ამიტომ მათთან კამათი ამასთან დაკავშირებითაც შეუძლებელია.       მაგრამ შიზოიდების ამგვარი განწყობა რელიგიისა და რწმენის მიმართ ისე ჩანს, თითქოს იგი მათი იმედგაცრუებისათვის საჭირო, გაუცნობიერებელ პროფილაქტიკას წარმოადგენს. ისინი გაბედულად აცხადებენ უარს რწმენაზე, რათა იმედგაცრუებულები არ დარჩნენ; მალულად კი მაინც იმ «მტკიცებულების» მოლოდინში არიან, რომელიც მათ რწმენას აზიარებდა. შიზოიდური პიროვნებები ხშირად ნიჰილისტურად და დესტრუქციულად არიან განწყობილი და ეშმაკისეულ ნეტარებას გრძნობენ, როდესაც ახერხებენ, სხვებს რწმენაზე ხელი ააღებინონ. მაგრამ სხვა ადამიანების თავიანთ რწმენაზე მოქცევის სურვილი ისევ და ისევ ეჭვებს იწვევს: ხომ არ ეშინიათ მათ საკუთარ ურწმუნოებასთან მარტო დარჩენისა?! მძიმედ დაავადებული შიზოიდები მორწმუნეები ვერ გახდებიან, რადგან მათ არასოდეს უგრძვნიათ თავი უსაფრთხოდ და არ განუცდიათ სიყვარული. ამიტომ ისინი ათეიზმისკენ იხრებიან ან ხშირად საკუთარ თავს ყველაფრის საზომად მიიჩნევენ: ამან კი მათში, შესაძლოა, მანიაკალური ზესთამჩენობის გრძნობა აღძრას და საკუთარი თავის გაღმერთებამდე მიიყვანოს. ამ დროს ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, თითქოს გარესამყაროს მიმართ საკუთარი ინტერესის უგულებელყოფა და ამ ინტერესის მუდმივად საკუთარ თავზე მორგება შიზოიდურ პიროვნებას ისეთ ძალას და მნიშვნელობას სძენს, რომელიც მთლიანად მოიცავს მის ცნობიერებას; თუმცა ზოგიერთი მათგანი რელიგიურობის განცდაში იმ უსაფრთხოებას ეძებს და პოულობს კიდეც, რომელიც მას არასოდეს განუცდია. მაგრამ ეს არ არის ღმერთისადმი პიროვნულად მიმართული, მოსიყვარულე და უმანკო რწმენა; ეს უფრო ის ზეპიროვნული, შეუცნობელი გრძნობაა, რომელსაც შიზოიდური პიროვნება პირობითად თავისუფალი ინდივიდის ღირსებას უპირისპირებს, ხოლო როგორც ადამიანი, ცნობიერებას იმ ჰუმანური ვალდებულებით აღუდგება წინ, რომელიც თავად აკისრია. ეთიკას და მორალს შიზოიდური პიროვნება ერთგვარად ეჭვის თვალით უყურებს. ის არაფრად დაგიდევთ ადამიანებისადმი წაყენებულ მოთხოვნებს, რადგან მიაჩნია, რომ ისინი გადაჭარბებულია და მათ გამო ადამიანი თვითბრალდების გრძნობას განიცდის, მაშინ როცა თავად შიზოიდურ პიროვნებას, საერთოდ, ნაკლებად გააჩნია ეს გრძნობა. რაკი იგი ადამიანებთან კონტაქტს გაურბის, სოციალურ გარემოს ვერ ესადაგება და თვითგადარჩენის ეგოცენტრისტული ინტერესებით ცხოვრობს, შესაბამისად, შიზოიდური პიროვნება მხოლოდ იმას მიიჩნევს მართებულად, რაც მისთვის ხელსაყრელია; ამიტომ მას შეუძლია განივითაროს «მბრძანებლის მორალი», რომელიც მხოლოდ მის ინტერესებს ემსახურება...       შიზოიდური პიროვნება სიძულვილს განიცდის «სუსტი» ადამიანების მიმართ, რომელთაც მორალური მოსაზრებები ამოძრავებთ. შიზოიდს მიაჩნია, რომ ეს ადამიანები საკუთარ დამოუკიდებლობას ლაჩრობისა და სიმხდალის გამო კარგავენ. მისი აზრით, ძლიერი პიროვნება, რომელიც დამოუკიდებელი ცხოვრებით ცხოვრობს, ერთადერთ პრინციპს აღიარებს, რომლის თანახმადაც, «ძლიერი ადამიანი სიმარტოვეშიც ყველაზე ძლიერია». ამ პრინციპში ვლინდება მისი შესაძლებლობებიც და საფრთხეებიც.       მხოლოდ ძლიერ ადამიანს გააჩნია ძალა, ღირებულებად აქციოს საკუთარი გამორჩეულობა; სწორედ ესა აქვს წიგნის ამ თავს ეპიგრაფად წამძღვარებული. შედარებით სუსტი და უმწეო ადამიანი განუდგება გარესამყაროს, ცდილობს, პირადი ცხოვრება მოიწყოს და წონასწორობა ისე შეინარჩუნოს, რომ სხვა ადამიანები არ დასჭირდეს; ამ მიზანს იგი ხანდახან მხოლოდ ცხოველების ან საგნებისადმი განსაკუთრებული სიყვარულით აღწევს. ფსიქიკურად მძიმედ დაავადებული, შიზოიდური პიროვნებები ხშირად დესტრუქციული, დამანგრეველი ქმედებებით გამოირჩევიან, ასოციალურები ხდებიან და ყოველგვარი სინდისის ქენჯნის გარეშე, თავიანთი მიზნებისათვის შეუძლიათ სხვა ადამიანების გამოყენება.       შიზოიდური მშობლები და აღმზრდელები ბავშვის მიმართ ნაკლებ სითბოსა და მზრუნველობას ავლენენ, მასთან არავითარი სიახლოვე არ აკავშირებთ და ადეკვატურად ვერ აღიქვამენ მის გრძნობებსა და განცდებს, ამასთან ეწინააღმდეგებიან ან ირონიულად ეკიდებიან მის ყოველ სურვილს და ემოციას. ასეთი მშობლები ბავშვს საკუთარი თავისადმი რწმენას უკარგავენ და, რაკი მას აკვირდებიან კიდეც და მისი ქცევის ფსიქოლოგიურ მოტივებსაც იცნობენ, აიძულებენ, ადრეულ ასაკშივე მიეცეს თვითრეფლექსიას. ამ დროს ბავშვი ახლობლების გარემოცვაში საშინელ გულგრილობას გრძნობს და ითრგუნება მათი მოულოდნელი და მისთვის გაუგებარი რეაქციების გამო; ამრიგად, იგი თითქოს გამუდმებით განგაშის მოლოდინში იმყოფება. ამ ადამიანებისგან ბავშვი ვერ შეიგრძნობს სიყვარულს, ამიტომ მათდამი სიახლოვესაც ვერ გრძნობს.       მაგრამ არის შემთხვევები, როდესაც მშობლები და აღმზრდელები ბავშვს თავდაპირველად ალერსიანად და სიყვარულით ექცევიან, მაგრამ მოგვიანებით კეთილგანწყობას დამცინავი ირონიის სახეს აძლევენ. ეს ბავშვს საშუალებას არ აძლევს, შეიგრძნოს, რომ მისი სიყვარული ახლობლებისადმი რაღაცას ნიშნავს, რადგან იცის, რომ მის გრძნობას სერიოზულად არავინ აღიქვამს («წარმოგიდგენიათ, ჩემს პატარა ვაჟბატონს უეცრად სიყვარულმა წამოუარა!» «ჩემს პატარა ქალბატონს, ეტყობა, უნდა რაღაც დამცინცლოს, რადგან დღეს მეტისმეტად ალერსიანია»).       საკუთარი პიროვნული სტრუქტურიდან გამომდინარე, შიზოიდები ხშირად ისეთ პროფესიებს ირჩევენ, რომლებიც ადამიანებთან მჭიდრო კონტრაქტს არ მოითხოვს, ამიტომ მათი ინტერესების სფეროს ზოგადთეორიული და ზუსტი მეცნიერებები შეადგენს. შიზოიდებს შორის ხშირად გვხვდებიან ასტრონომები, მათემატიკოსები, ინჟინრები. მეცნიერული კვლევისას მათ ადამიანებთან ურთიერთობა უშუალოდ არ უხდებათ, მათთან ფსიქოლოგიური ტესტირების მეთოდით, მიკროსკოპით ან რენტგენის აპარატის მეშვეობით ურთიერთობენ; პათანატომებს კი, საერთოდ, მიცვალებულებთან აქვთ საქმე. მათი სულიერი სფერო ადვილად გადაიქცევა ხოლმე ფიზიოლოგიური რეფლექსების თავმოყრის ადგილად, რის საფუძველზეც, შოპენჰაუერის მსგავსად, შეუძლიათ თქვან: «უფალო ღმერთო, თუ სადმე არსებობ, იხსენი ჩემი სული, თუკი ასეთი გამაჩნია». შიზოიდების ფსიქოლოგიაში ხშირად შეინიშნება რაღაცის აღმოჩენისა და ამოცნობის სურვილი, ამიტომ, როგორც ექიმები, ისინი უფრო მკვლევრები არიან, ვიდრე პრაქტიკოსი მკურნალები, და ხშირად განსაკუთრებულ ინტერესს იჩენენ ფსიქიატრიისა თუ მისი მომიჯნავე დისციპლინების მიმართ. როგორც თეოლოგები, შიზოიდური პიროვნებები უფრო რელიგიური მეცნიერებებით ინტერესდებიან, ვიდრე ეკლესიის მსახურის პრაქტიკული საქმიანობით. შიზოიდები ხშირად ზურგს შეაქცევენ ხოლმე ადამიანებს და ცხოვრებას ცხოველების, მცენარეებისა და მინერალების სამყაროში იწყებენ, მერე ამ სამყაროს მგრძნობიარე მიკროსკოპის ან ტელესკოპის საშუალებით მიკრო და მაკროსკოპულად იკვლევენ.       ადვილი წარმოსადგენია, რა დიდ საფრთხესთან შეიძლება გვქონდეს საქმე, თუ მეცნიერული კვლევის შედეგად მოპოვებული ცოდნა ისეთი შიზოიდი მეცნიერის ხელში აღმოჩნდება, რომელიც გაურბის ადამიანებთან ურთიერთობას, ცხოვრებას აუტიზმით დაავადებული ადამიანის თვალით უყურებს და თან საკუთარი იდეების რეალურად განხორციელებას ცდილობს; როგორც ითქვა, შიზოიდები გარკვეული სფეროების მიმართ იჩენენ ნიჭსა და მიდრეკილებებს; ისინი პროფესიას იმ მოტივით ირჩევენ, რომ მათ, სახელდობრ, ამ სფეროში შეუძლიათ დაეუფლონ სუბიექტური გრძნობებისაგან თავისუფალ, საიმედო ცოდნას. ფილოსოფოსების რანგში შიზოიდები ხშირად ცხოვრებას მოწყვეტილი, აბსტრაქტულად მოაზროვნე ადამიანები არიან, რომლებიც უპირატესობას ზოგადთეორიულ აზროვნებას ანიჭებენ და არა პრაქტიკულ საქმიანობას.       პოლიტიკის სფეროში შიზოიდური პიროვნებები ზოგ შემთხვევაში რევოლუციური და ანარქისტული იდეების მგზნებარე მომხრეები არიან, ზოგჯერ კი უკიდურესად რეაქციული და რადიკალური თვალსაზრისების დამცველებად გვევლინებიან. შიზოიდებს შორის არიან ისეთებიც, რომლებიც პოლიტიკის მიმართ ინტერესს არ იჩენენ – «პოლიტიკა მათ არ ეხებათ». მათივე სოლიფსისტური თვალსაზრისიდან გამომდინარე, არ აინტერესებთ საზოგადოება, როგორი სახისაც უნდა იყოს იგი.       შიზოიდურ პიროვნებებს უმთავრესად აბსტრაქტული, უსაგნო ხელოვნება იტაცებთ. ისინი ცდილობენ, ამ სფეროში მთელი იდუმალებით, სიმბოლურად გამოხატონ საკუთარი რთული შინაგანი გრძნობები და განცდები. მათ შორის ხშირად გვხვდებიან მკაცრი კრიტიკოსები, სატირიკოსები და კარიკატურისტები. მათი უჩვეულო სტილი ხშირად თავნებობით გამოირჩევა და ეწინააღმდეგება საყოველთაოდ მიღებულ თვალსაზრისებს, მაგრამ ამასთან ორიგინალურიც არის და, ზოგ შემთხვევაში, მომავლის წინასწარმეტყველების ნიშნებსაც შეიცავს. რაკი ეს ადამიანები საზოგადოებას განუდგებიან, მის აზრს ანგარიშს არ უწევენ და მხოლოდ ზოგადსაკაცობრიო პრინციპებს გამოხატავენ, ამიტომ შეუძლიათ ხელოვნებაში ახალი მიმდინარეობების შექმნას შეუწყონ ხელი. შიზოიდური პიროვნებები ხშირად შეიგრძნობენ არსებულ გარემოებათა ფსიქოლოგიურ ატმოსფეროს, ყურადღებას ამახვილებენ სხვებისთვის შეუმჩნეველ მოვლენებზე და ისეთ სიტუაციებში გამოიჩენენ ხოლმე თავს, რომლებსაც სხვები ან ვერ აღიქვამენ, ან, საერთოდ, გაურბიან. ამიტომ შიზოიდურ პიროვნებათა მიერ შექმნილი ნაწარმოებები საშუალებას გვაძლევენ, უფრო ღრმად ჩავწვდეთ ადამიანის ბუნებას. ასეთი შიზოიდების საყოველთაო აღიარება მათივე სიცოცხლეში იშვიათად ხდება.       პროფესიულ საქმიანობას შიზოიდი პიროვნებები არცთუ დიდი გულისყურით ეკიდებიან, რადგან მათთვის, ბოლოს და ბოლოს, სულ ერთია, რა იქნება მათი საარსებო წყარო. ისინი საკუთარი პროფესიის მიღმა ცხოვრობენ და მათი ინტერესების სფერო უმთავრესად გართობითა და სასიამოვნო გატაცებებით შემოიფარგლება. შიზოიდი პიროვნებები ხშირად სიამოვნებით ჰკიდებენ ხელს ისეთ სამუშაოს, რომელიც მარტოობას მოითხოვს და არ საჭიროებს ადამიანებთან კონტაქტს. ისინი, არცთუ იშვიათად, გატაცებულნი არიან ცხოველებით, მცენარეებით, მინერალებით. მათ ასევე მოსწონთ ელექტრიკოსის, ტრანსპორტის მუშაკისა და სხვა ისეთი პროფესიები, რომლებიც საშუალებას აძლევს, ქვეცნობიერად და სიმბოლურად, ასე ვთქვათ – ზოგადად, დაიკმაყოფილონ ადამიანებთან კონტაქტისა თუ ურთიერთობის მოთხოვნილება. უფრო დიდი მასშტაბის შიზოიდურ პიროვნებებს შეუძლიათ გახდნენ დიდი გარდაქმნების მოთავეები და ინიციატორები, რადგან ისინი სკეპტიკურად აღიქვამენ ადამიანის ყოფას და მოვლენებს ინფერნალურად განიცდიან; მარტოობისთვის განწირულ შიზოიდურ პიროვნებებს საკუთარი თავი იმ ზღვრულ მდგომარეობამდე მიჰყავთ, რომლის გაცნობიერებასაც ვეღარ ახერხებენ.       ასაკთან ერთად, შიზოიდური პიროვნება სულ უფრო მარტოსული ხდება და მეტ უცნაურობებს ავლენს, თუმცა, ზოგ შემთხვევაში, მეტი გონიერებითაც გამოირჩევა. საერთოდ კი, შეიძლება ითქვას, შიზოიდური პიროვნებები სხვებზე ადვილად ეგუებიან დაბერების პროცესს და სიმარტოვეს უკეთ იტანენ, რადგან დამოუკიდებლობას და იზოლაციას შეჩვეულნი არიან. ისინი ადრევე ქმნიან საკუთარ სამყაროს, რომელშიც შეუძლიათ ისე იცხოვრონ, რომ არ ჰქონდეთ კავშირი ადამიანებთან; ამასთან, მათ არც სიკვდილი აშინებთ და ყოველგვარი სენტიმენტალობის გარეშე, მხნედ აღიქვამენ მას, როგორც ფაქტს. რაკი შიზოიდური პიროვნებები გარესამყაროსა და ადამიანებთან ურთიერთობით დიდად არ იწუხებენ თავს, ამიტომ დასათმობი და დასაკარგიც ბევრი არაფერი აქვთ; ისინი განსაკუთრებულ სიახლოვეს არავის, თვით საკუთარი თავის წინაშეც არ გრძნობენ, ამიტომ უფრო იოლად შეელევიან ხოლმე ყველას და ყველაფერს.       შიზოიდური პიროვნების პოზიტიურ თვისებებს, უპირველეს ყოვლისა, უნდა მივაკუთვნოთ მისი სწრაფვა დამოუკიდებლობისა და თავისუფლებისაკენ, გაბედული ქმედებები საკუთარი თავის მიმართ, მისი, როგორც ინდივიდუუმის, ავტონომია. შიზოიდურ პიროვნებას უნარი შესწევს, გულგრილად, ობიექტურად დააკვირდეს ფაქტებს და კრიტიკულად, მიუკერძოებლად შეაფასოს ისინი. ამასთან, ჰყოფნის გამბედაობა, მოვლენები ყოველგვარი შელამაზების გარეშე აღიქვას; ეს ყველაფერი კი მისი ხასიათის სიძლიერეზე მეტყველებს.       შიზოიდი ადამიანები ტრადიციებითა და დოგმებით არ იზღუდავენ დამოუკიდებლობას, თავის თავზე პასუხისმგებლობას არ იღებენ მანამ, სანამ ყველაფერს კარგად არ გადაამოწმებენ და არ გაიაზრებენ; ვერ იტანენ ვერავითარ სენტიმენტალობას, გაურკვევლობას და გრძნობებით კეკლუცობას; ნათლად, უკომპრომისოდ იცავენ თავის პრინციპებს და ყველაფერზე საკუთარი მოსაზრება გააჩნიათ; მათ ირონიულ და სატირულ, მახვილ მზერას არ გამოეპარება სხვა ადამიანების სისუსტეები, ამიტომ ძალიან ძნელია შიზოიდების მოტყუება. ისინი ადამიანებთან ურთიერთობისას ხშირად «უგერგილოდ» გამოიყურებიან, რადგან ვერ იტანენ არაგულწრფელობას და სიყალბეს. შიზოიდები დარწმუნებულნი არიან საკუთარ შესაძლებლობებში, ყოველგვარი ილუზიების გარეშე შეუძლიათ ცხოვრება; მათ სურთ საკუთარი ბედ-იღბალი თავადვე განკარგონ და ფიქრობენ, რომ შეუძლიათ შეებრძოლონ ბედისწერას, რადგან ადამიანი მათთვის საკუთარი ბედის მჭედელია.       აქვე უნდა მოვიხსენიოთ ის შიზოიდური ადამიანები, რომლებსაც აშკარად გამოხატული შიზოიდური სტრუქტურა აქვთ, მაგრამ ამის გამო სულაც არ წუხან, შესაბამისად – თავს ჯანმრთელად გრძნობენ. მათ ადამიანებისაგან განდგომა და დამოუკიდებლობა საკუთარ მონაპოვრად მიაჩნიათ, მაგრამ ამავე დროს სხვა ადამიანების ხარჯზე ცხოვრობენ, რომლებისთვისაც მათი შეუპოვრობა ძნელი ასატანია. ასეთ ადამიანებს მრავლად ვხვდებით; მათ შორის არიან ასევე ძლიერნი ამა ქვეყნისანი, რომლებიც სხვებზე მბრძანებლობენ და ადამიანებს ანგარიშგაუწევლად იყენებენ საკუთარი მიზნებისათვის.       აქაც და შემდგომაც, ცალკეული სტრუქტურული ტიპის «პოზიტიურ» წარმომადგენლებს ძალიან მოკლედ რომ აღვწერთ, ამის მიზეზი შემდეგია: ოთხი პიროვნული სტრუქტურის პრინციპული ხასიათის თვისებები ყველაზე თვალნათლივ მათი უკიდურესი ფორმების აღწერისას გამოვლინდება, რადგან ასეთ შემთხვევებში ყოველი სტრუქტურა, სავარაუდოდ, განვითარების უმაღლეს დონეს აღწევს. იმედია, ამის გამო არავინ განგვსჯის.       შიზოიდური ადამიანისათვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მან, თვითგადარჩენისა და ავტარკიისაკენ სწრაფვის დროს, მოპირდაპირე სქესისადმი ერთგულების საკითხი კი არ უგულებელყოს, არამედ თავისი განვითარების პროცესში მისი ინტეგრირება მოახდინოს; ეს მას თავიდან ააცილებს «საკუთარი ღერძის გარშემო» ცალმხრივად ზღვარგადასულ ტრიალსა და ავადმყოფურ იზოლაციაში მოქცევას, რაც პიროვნებას ადამიანური ურთიერთობების სფეროდან, საერთოდ, გამორიცხავდა.       «ცუდია, როდესაც ადამიანი მარტოა», რადგან ურთიერთობების გარეშე იგი ძალიან ადვილად ხდება კაცთმოძულე. წიგნის უკანასკნელ თავში დავინახავთ, რომ ოთხივე პიროვნული სტრუქტურის წარმომადგენლებს აქვთ მიდრეკილება, შეიცნონ ნებისმიერი საპირისპირო ტიპის მიმზიდველობა. ამაში მინდა დავინახოთ ადამიანის ქვეცნობიერი სწრაფვა იმისაკენ, რომ მოახერხოს საკუთარი თავის შევსება და გათავისუფლდეს ავადმყოფური ცალმხრიობისაგან. ამიტომ უმართებულო იქნება, თუ ამ ოთხი მთავარი იმპულსიდან რომელიმე მათგანს გამოვრიცხავთ და უგულებელვყოფთ მასთან დაკავშირებულ შიშის ფაქტორს.       «მე»-საკენ გაბედული შემობრუნება და საკუთარი პიროვნების დავიწყების მამაცური მცდელობა იმის წინაპირობაა, რომ ადამიანმა თავი დააღწიოს მისთვის აგრერიგად სახიფათო სიმარტოვეს; მას ამ დროს ეძლევა შესაძლებლობა, ადამიანების კეთილგანწყობა და ურთიერთობა მიიჩნიოს არა ტვირთად, ბორკილად და საფრთხედ, არამედ შეიგრძნოს იგი, როგორც შინაგანი ღირებულება, გრძნობებისა და განცდების ერთობლივი განვითარება და საკუთარი, შეზღუდული «მე»-ს განვრცობა პარტნიორის მეშვეობით. დამატებითი მოსაზრებები პიროვნებად ჩამოყალიბების შიშის შესახებ       მაგალითებმა დაგვანახა, როგორ გამოიყურება შიში და როგორ ხდება მისი დაძლევა დეპრესიული პიროვნებების მიერ. შიშის მეორე მთავარ ფორმას «საკუთარი ღერძის გარშემო ბრუნვის» ანუ საკუთარი არსებობის წინაშე შიში წარმოადგენს, რაც უშუალოდ «დაკარგვის» და «მარტო დარჩენის» შიშთან არის დაკავშირებული. ამრიგად, დეპრესიული პიროვნების შიში განსხვავდება შიზოიდის შიშისაგან, რომელსაც ადამიანებთან სიახლოვე და მათდამი ერთგულება იწვევს. როდესაც ადამიანი არ ცდილობს პიროვნებად ჩამოყალიბებას ანუ ინდივიდუაციას, იგი საკუთარ თავს რაღაც ძალიან არსებითზე ეუბნება უარს და მას ცხოვრების ობიექტად აქცევს. როგორც ჩანს, დეპრესიული ადამიანები დანაშაულის გრძნობის მიმართ იმის გამო იჩენენ მზაობას, რომ არ სურთ დაუპირისპირდნენ ცხოვრებისეულ გამოწვევებს და სრულყოფილ პიროვნებებად იქცნენ. შევეცადოთ, განვაზოგადოთ დეპრესიული პიროვნების სურათი. როდესაც ადამიანი უარს ამბობს ინდივიდუაციის პროცესზე და ამაში საკუთარი თავისადმი მეტისმეტ ერთგულებას ხედავს, ამის ზოგადი შედეგი ის არის, რომ ამ დროს ნებისმიერი სხვა ადამიანის გადაჭარბებული შეფასება ხდება, ხოლო თავად დეპრესიული პიროვნება, შესაბამისად, ღირებულებას კარგავს. საკუთარი «მე»-ს ამგვარი უარყოფის დადებით მხარეს, უპირველეს ყოვლისა, დეპრესიული პიროვნების ისეთი თვისებები წარმოადგენს, როგორიცაა თანაგრძნობა და თანაგანცდა. იგი ყოველთვის სხვა ადამიანზე, მის მდგომარეობასა და ინტერესებზე ფიქრობს და მასთან იდენტიფიკაციას ახდენს. ეს მას შესაძლებლობას აძლევს, უფრო ღრმად ჩასწვდეს მეორე ადამიანის ბუნებას და «საკუთარი თავი გადაიტანოს სხვაში», რაც, ერთი შეხედვით, ერთობ პოზიტიურ თვისებას წარმოადგენს. მაგრამ დეპრესიული პიროვნება მერე თითქოს ვეღარ ახერხებს იდენტიფიკაციის ამ პროცესიდან გამოსვლას და საკუთარ თავს ვეღარ უბრუნდება. ამით იგი მთლიანად კარგავს საკუთარ თვითობას და, შესაძლოა, მეორე ადამიანის ექოდ გადაიქცეს. აქვე უნდა ითქვას, რომ ქრისტიანული მცნება: «გიყვარდეს მოყვასი შენი, ვითარცა თავი შენი», მას არასწორად ესმის და ასე მოიაზრებს:       «გიყვარდეს მოყვასი შენი საკუთარ თავზე მეტად». დეპრესიული პიროვნებების ამგვარ განწყობას სხვა ადამიანები ხშირად თავიანთ სასარგებლოდ იყენებენ. ამიტომ დეპრესიული ადამიანის მოლოდინი, რომ სხვებიც მასავით გულისხმიერებას, მგრძნობიარობას და თანადგომას გამოიჩენენ, ცხოვრებაში იშვიათად მართლდება. მას გამოცდილება, პირიქით, უჩვენებს, რომ სხვები უფრო თამამები და ეგოისტურები არიან, და ამით მეტ წარმატებას აღწევენ. სწორედ ამ დროს იქმნება კრიტიკული მდგომარეობა; ჩვენ უკვე აღვწერეთ, ადამიანმა როგორ აქციოს საკუთარი გაჭირვება სათნოებად, როგორ აამაღლოს თავისი საქციელი იდეოლოგიამდე, რათა შურს მოერიოს და ამის წყალობით მორალური უპირატესობა აღიქვას, როგორც ნუგეში; რადგან დიდი ღირსებაა, სხვაში უშურველად აღიარო ის, რასაც საკუთარ თავს უკრძალავ ან რისი მიღწევაც თავად არ შეგიძლია; მით უფრო, რომ ასეთი საქციელი შეესაბამება კოლექტიურ და რელიგიურ იდეალებს, რომლებსაც ქრისტიანულ მოძღვრებაში ვხვდებით.       დეპრესიული ადამიანის იდეოლოგია, ნებისმიერი იდეოლოგიის მსგავსად, ძნელად ექვემდებარება გადამოწმებას. იგი უკვე იმის გამო ვერ ამბობს უარს ამ იდეოლოგიაზე, რომ ძალიან ძვირად დაუჯდა თვითაღკვეთა და შურის დაძლევა, თან მორალურ კმაყოფილებასაც განიცდის ამის გამო; და, ბოლოს და ბოლოს, ადამიანი თავად ხომ ვეღარ ჩაიდენს იმას, რასაც სხვებში ასე უარყოფს და განსჯის! ამას ემატება ისიც, რომ დეპრესიულმა პიროვნებამ არ იცის, როგორ ჩაერთოს გარესამყაროსთან და ადამიანებთან უამრავ ახალ ურთიერთობაში, რადგან საამისოდ ცხოვრებისეული ალღო აკლია, ეს კი მას კვლავ ძველი გზით მიაქანებს. ამრიგად, დეპრესიული ადამიანი სულ უფრო და უფრო იხლართება საკუთარი იდეოლოგიის ქსელში, რომელიც მისთვის არანაირად წარმოადგენს ხსნას, რადგან მან ამ დროს ისეთი სისუსტე უნდა გადალახოს, რომელსაც შიში ჰქვია. როგორც გოეთეს ზემოთ მოყვანილი ცოტატა გვამცნობს, ჭეშმარიტი სუბლიმაციის უნარი იშვიათად თუ არსებობს. ამ იდეოლოგიის მქონე თავმდაბალი და მორჩილი ადამიანი ვერ გათავისუფლდება შურისაგან, რადგან იგი მუდმივად შეიგრძნობს ამ ცხოვრების «უსამართლობის» სიმწარეს.       ყოველდღიურ ცხოვრებაში გვხვდება მთელი რიგი ისეთი ჩვეულებრივი, უმნიშვნელო შემთხვევები, როცა დეპრესიული პიროვნების ქცევა ნევროზის სახით გამოვლინდება და მასზე ღრმა კვალს ტოვებს. მაგრამ დროული ყურადღების შემთხვევაში, ამას შეიძლება ეშველოს. მაგალითად, თუ დეპრესიულ პიროვნებას სტუმრები ჰყავს, ან თავად იმყოფება სტუმრად, მას ყოველთვის აქვს შეგრძნება, რომ მხოლოდ ის აგებს პასუხს სტუმრების გართობაზე, და, თუ სტუმრობა სათანადოდ არ ჩაივლის, არასრულფასოვნების ან დანაშაულის გრძნობა ეუფლება. ამ დროს თავად მის საქციელს სილაღე და უშუალობა აკლია და აზრად არ მოსდის, რომ სტუმრების გართობაში სხვებმაც უნდა შეიტანონ წვლილი; მან არ იცის, რომ ამ დროს ადამიანი შეიძლება თავს «ბედნიერად» გრძნობდეს, და, ამრიგად, მთელ პასუხისმგებლობას ამ სიტუაციაში საკუთარ თავზე იღებს. ასეთ მტანჯველ მდგომარეობაში აღმოჩნდებოდა ხოლმე ერთი პაციენტი იმ დროს, როდესაც მეგობრებს უცხო ადამიანს აცნობდა. ის მეტისმეტად დაძაბული იყო და ეშინოდა, ვაითუ მის მეგობრებს ახლად გაცნობილი ადამიანი არ მოსწონებოდათ, ან მისი მეგობრებით ეს უკანასკნელი დარჩენილიყო უკმაყოფილო. ეს პიროვნება ვერც კონცერტზე ყოფნისას განიცდიდა სიამოვნებას, რადგან საკუთარი თავის იდენტიფიკაციას, ერთი მხრივ, შემსრულებელთან, მეორე მხრივ კი – მაყურებელთან ახდენდა. მას ორმაგი შიში ეუფლებოდა იმის გამო, რომ ან შემსრულებელი ვერ გაამართლებდა მაყურებლის მოლოდინს და მას იმედს გაუცრუებდა, ან თავად შემსრულებელი დარჩებოდა უკმაყოფილო იმით, რომ მაყურებელმა იგი მქუხარე ტაშით არ დააჯილდოვა.       ამრიგად, პაციენტი არასოდეს განასახიერებდა საკუთარ თავს და მუდმივად შუალედურ პოზიციაში იდგა სხვა ადამიანებს შორის. იგი ამ დროს, გაუცნობიერებლად, ისევ და ისევ ადრინდელ სიტუაციებს იმეორებდა, როდესაც მხოლოდ გარშემომყოფთა განწყობას იზიარებდა და მათ წინაშე კმაყოფილებას გამოხატავდა. პაციენტი ამ დროს ჩრდილში დგომას ამჯობინებდა, რათა თავი ოდნავ მაინც დაცულად ეგრძნო და საფრთხის ქვეშ არ დაეყენებინა ის სიყვარული, რომელსაც ამ ადამიანებისაგან გრძნობდა. უნდა ვივარაუდოთ, რომ დეპრესიული პიროვნების დამოკიდებულება საკუთარი თავის მიმართ ამ შემთხვევაში მოჩვენებითია და დიდად განსხვავდება შიზოიდური ადამიანისაგან. რაკი ეს უკანასკნელი ადამიანებთან არ კონტაქტობს, მათთან ნებისმიერი ურთიერთობა მის აღელვებას და აგრესიას იწვევს; დეპრესიული პიროვნების ურთიერთობა კი მეორე ადამიანთან მუდამ მოჩვენებითია; იგი ყოველგვარ პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე იღებს, მაგრამ ამ დროს განდიდების მანიით კი არ არის შეპყრობილი, არამედ მას საკუთარი სუსტი «მე» აიძულებს, თავისი ცხოვრების ნაცვლად, უმთავრესად სხვისი ცხოვრებით იცხოვროს.       ალბათ, ისიც გასაგებია, რომ დეპრესიულმა პიროვნებამ ბოლოს და ბოლოს თავი უნდა დაიცვას საკუთარი «მე»-ს მიმართ წაყენებული გადაჭარბებული მოთხოვნებისაგან, რასაც იგი ქვეცნობიერად განიცდის და, აქედან გამომდინარე, დანაშაულის გრძნობა არ გააჩნია; სხვაგვარად, იგი ამ მდგომარეობას თავს ვერ დააღწევს და, შესაძლოა, ყველაფერმა ამან სომატურ სიმპტომებში იჩინოს თავი. ასეთ ადამიანებს ძალიან სიამოვნებთ, თუ მათ რაიმე ავადმყოფობას აღმოუჩენენ და საავადმყოფოში მოხვდებიან; ამ დროს, ბოლოს და ბოლოს ერთხელ მაინც მიეცემათ უფლება, რომ სხვებისგან იგრძნონ მზრუნველობა და არავისზე აღარ იდარდონ. ახლა მათ უკვე აღარ აწუხებთ დანაშაულის გრძნობა და აღარ განიცდიან, რომ ავად გახდნენ და «საკუთარი თავი უარყვეს».       იმის გამო, რომ დეპრესიული პიროვნება არ არსებობს როგორც «დამოუკიდებელი სუბიექტი», მასში შური და უმწეობა წარმოშობს სიძულვილს, რომელიც გამოწვეულია იმით, რომ სხვებს საკუთარი თავის გამოყენების საშუალებას აძლევს. დანაშაულის მტანჯველი გრძნობისგან განთავისუფლება კი იმ შემთხვევაში ხდება, თუ დეპრესიული ადამიანი საკუთარი თავმდაბალი, მორჩილი, მშვიდობიანი და უპრეტენზიო საქციელისათვის შესაბამის იდეოლოგიას გამოიმუშავებს. ამ შემთხვევაში მას შეუძლია ჰქონდეს იმედი, რომ სიმშვიდეს მოიპოვებს; მაგრამ ეს ისევ ის სახიფათო სიმშვიდეა, რომლის მიღმაც კვლავ ფარული აფექტების დაგროვება ხდება.       სახიფათოა ნებისმიერი იდეოლოგია, რომელიც გამარტივებულად ახდენს ადამიანის რომელიმე მთავარი იმპულსის აბსოლუტიზაციას და არ ცდილობს სხვა იმპულსების გათვალისწინებას; ამით იგი უფრო დამაჯერებლად ახდენს ადამიანების იზოლაციას. ადამიანის სულს, მის ქვეცნობიერს, გააჩნია თვისება, ყურადღება ცალმხრივობებზე გადაიტანოს; ეს კი ანტინომიურ ძალებს შორის არსებულ, იმ აგრერიგად ნაყოფიერ დაძაბულობას უქმნის საფრთხეს, რასაც ცხოვრება ჰქვია; ოღონდ ამის გაცნობიერება ჩვენი სიზმრების, არასწორი ქმედებების, პარტნიორებთან ურთიერთობების და, უპირველეს ყოვლისა, შიშის წყალობით ხდება. ასე, მაგალითად, მეტისმეტად თავმდაბალ და მშვიდობიან ადამიანს სხვაზე გადააქვს ის სიზმრები, რომლებშიც დათრგუნული განწყობა უკიდურესი სახით გამოვლინდება. მაგრამ ეს არის მინიშნება იმაზე, რისი ინტეგრაციაც მას საკუთარ თავში უნდა მოეხდინა. მსგავსი დამატებითი მოთხოვნები საკუთარი თავის მიმართ, შესაძლოა, პარტნიორის შერჩევის დროსაც არსებობდეს, რადგან ადამიანს ხშირად იზიდავს და ხიბლავს თავისი საპირისპირო ტიპი; იგი ვარაუდობს, რომ მასთან ურთიერთობის დროს ისწავლის იმას, რისი უნარიც ცხოვრებაში თავად არ გააჩნია, ახლა კი ასეთი შანსი მას, ასე თუ ისე, ეძლევა.       მთავარი ადამიანური იმპულსების განხილვის დროს, ჩვენ კვლავ ვხვდებით მოწმე იმისა, რომ ადამიანის ვერგანცდილი თუ დათრგუნული იმპულსი შინაგანად ან გარეგნულად მაინც გამოვლინდება. ზოგიერთ სიტუაციაში ან პარტნიორთან შეხვედრის დროს, შესაძლოა, დეპრესიულ ადამიანს არ ეყოს გამბედაობა, რომ საკუთარი თავი სუბიექტად წარმოაჩინოს; ეს კი გადაუჭრელ კონფლიქტს გამოიწვევს. არსებობს ისეთი სიტუაციებიც, როდესაც დეპრესიული პიროვნების შემწყნარებლობა თავის ზღვარს აღწევს, რის შედეგადაც მას ათასგვარი საქციელის ჩადენა შეუძლია. გამორიცხული არ არის, რომ დეპრესიულ ადამიანში დაგუბებულმა აფექტებმა ჯებირი გაარღვიოს და გამანადგურებელი შედეგები გამოიწვიოს. ამ დროს ჩვენი პიროვნების არაინტეგრირებული ნაწილი თითქოს გამოცალკევდება და არქაული ფორმით გამოვლინდება; ეს იმ ახალგაზრდა ქალის მაგალითზე დავინახეთ, რომელიც ჭამის და ქურდობის მანიით იყო შეპყრობილი.       დეპრესიული სტრუქტურის მქონე პიროვნებებს შორის არსებობენ სავსებით ჯანმრთელი ადამიანები, რომლებიც სუსტი დეპრესიის ნიშნებს გამოავლენენ, მაგრამ მძიმე და უმძიმესი დეპრესიის შემთხვევებიც არცთუ იშვიათად გვხვდება. ამის შედეგად მივიღებთ დეპრესიული თვისებების შემდეგ კლასიფიკაციას: კონტემპლაცია (დაკვირვება), გონებით ჭვრეტა, მშვიდი ინტროვერტულობა, თავმდაბლობა, მორიდებულობა, მოთხოვნებისა და საკუთარი თავის დამკვიდრების დამუხრუჭება, სიმყუდროვის განცდის სურვილი, რეცეფციული პასიურობა, პასიური მოლოდინი (ბედნიერი და საამური ცხოვრების მოლოდინი), უიმედობა, დეპრესია, მელანქოლია. ამ ჩამონათვლის ბოლოს, არცთუ იშვიათად, დგას ხოლმე თვითმკვლელობა, სრული აპათია, გულგრილობა. ნარკოტიკული დამოკიდებულების დროს ადამიანი მხოლოდ დროებით გრძნობს შვებას და ეხსნება დეპრესია. მანიაკალურ-დეპრესიული ფსიქოზი მძიმე სულიერი დაავადებაა და არ ჰგავს შიზოიდებისთვის დამახასიათებელ სულიერ მდგომარეობას, რაც მოწმობს, რომ ორივე დაავადების გენეზისი ადამიანის ფსიქიკის სხვადასხვა დონეზე იწყება; დეპრესიული, დამუხრუჭებული და მანიაკალური, ზეაღტაცებული ფაზების ურთიერთმონაცვლე პროცესები (მწუხარებიდან – აღფრთოვანებამდე) მთლიანად წარმოაჩენს ადამიანის ცხოვრებისეულ სივრცეს. მანიაკალურ ფაზაში გარკვეულ დროით აღარ არსებობს არავითარი დამუხრუჭება და აკრძალვა; დეპრესიული პიროვნება ამ დროს უჩვეულოდ აღტკინებული და მხიარულია, ყიდულობს უამრავ ნივთს, იღებს ვალებს და აღსავსეა ოპტიმიზმით, რის შემდეგაც იწყება დეპრესიის ფაზა; მხიარული განწყობა ქრება და პაციენტი კვლავ აპათიაში ვარდება. როდესაც ხდება გარკვეული რიტმული მონაცვლეობა პაციენტის ზეაწეულ განწყობასა და დათრგუნულ მდგომარეობას შორის, მის ცხოვრებაში იმედიანი გამონათების წუთებს განსაკუთრებით მკვეთრად ცვლის უიმედო სასოწარკვეთა, მაშინ როცა მელანქოლიის დროს მხოლოდ უიმედობა არსებობს.       დეპრესიული პიროვნებები ხშირად რელიგიურები არიან. რელიგიაში მათ ყველაზე მეტად ტანჯვისგან თავდახსნისა და მიმტევებლობის იდეა იზიდავთ. ტანჯვას და სევდას ისინი ხშირად მიჰყავს საყოველთაო ერთობის მისტიკურ განცდამდე, რასაც ისინი მედიტაციის გზით აღწევენ. გარდა ქრისტიანული რელიგიისა, რომელსაც, როგორც რწმენას, ისინი მორჩილებით ეზიარებიან, დეპრესიული პიროვნებები ხშირად მიმართავენ ბუდიზმს და სიამოვნებით იზიარებენ ამქვეყნიური ცხოვრებისგან განდგომის მისეულ იდეას. ამ ადამიანებს იზიდავთ რწმენის ნებისმიერი გამოვლინება, რომელიც პიროვნებას თავდავიწყებისა და თვითაღკვეთისკენ მოუწოდებს. მათ სწამთ, რომ, მართალია, ამქვეყნიური ცხოვრება ვერ მოიწყეს, მაგრამ, სამაგიეროდ, იმქვეყნად იპოვიან ბედნიერებას და, რაც უფრო მეტად დაიმცირებენ ან დაამცირებინებენ სხვას თავს, იმქვეყნად მით უფრო ამაღლდებიან. იმქვეყნად სამართლიანობისა და ბედნიერების ზიარება თავდადებას და თვითაღკვეთას მოითხოვს, მაგალითად, ახალგაზრდების მძიმე მუშაობა მომვლელებად და ადამიანის ზრუნვასთან დაკავშირებული სხვა სამუშაოები. დეპრესიული ადამიანები, ალბათ, ყველაზე მეტად განიცდიან საკუთარ რწმენაში მომხდარ ცვლილებებს, რაც გამოწვეულია თანამედროვე საბუნებისმეტყველო მეცნიერებების მიღწევებით. დეპრესიულ პიროვნებას რწმენა აძლევს ცხოვრების აზრს, მაგრამ თანამედროვე მეცნიერებების ცალმხრივად, რაციონალურად დადასტურებული ფაქტები არყევენ ამ რწმენას, რადგან ისინი ცდილობენ რელიგიური გრძნობები ხან ფსიქოლოგიურ და მეტაფიზიკურ მოვლენებს «დაუკავშირონ», ხანაც წმინდა წარმოსახვითი აზროვნებით ახსნან. ამ დროს დეპრესიული პიროვნება ხშირად ვერ აცნობიერებს, რომ ეს მეცნიერებები, თავიანთი გამოთვლითი და კაუზალური მეთოდებით, ჩვენი ცხოვრების და სამყაროს მხოლოდ ერთ გარკვეულ ასპექტს შეიმეცნებენ; დეპრესიულ ადამიანს ასევე არ ესმის, რომ მეცნიერება, რომლის უმთავრეს მიზანსაც ბუნებასთან ბრძოლა შეადგენს, ადრე თუ გვიან, საკუთარ ხლართებში გაებმება. ამის ნიშნები კი უკვე შეიმჩნევა.       ჯანმრთელმა ადამიანმა, რომელსაც აქვს მიდრეკილება დეპრესიისადმი, შესაძლოა, თავისი რელიგიურობით ღრმა შინაგანი სულიერება მოიპოვოს, რასაც იგი, არცთუ იშვიათად, მისტიკურ სამყაროში გადაჰყავს. სიკვდილს იგი უყურებს, როგორც ტანჯვისგან ხსნას და ამ დროს სიკვდილისადმი მორჩილებას ყველაზე ხშირად გამოხატავს.       «დაე, აღსრულდეს ნება შენი», – ეს სიტყვები მისთვის ბედისადმი მორჩილებას ნიშნავს და მასზე დიდი ძალა აქვს. დეპრესიული ადამიანი ბედისადმი სრულ შემგუებლურ განწყობას ყველაზე ხშირად amor fati-ს მნიშვნელობით გამოავლენს. იგი თავის ბედ-იღბალს მხოლოდ საკუთარ დანაშაულს უკავშირებს, მზადაა, გამოისყიდოს ყოველგვარი დანაშაული და ადვილად გახდეს იმ ადამიანის მსხვერპლი, ვინც მის ამ თვისებას ბოროტად გამოიყენებს.       ზნეობის სფეროში მიღებული წესებისა და აკრძალვების მნიშვნელობა მას სიტყვა-სიტყვით ესმის; ამის გამო დეპრესიული ადამიანი საკუთარ თავს მეტისმეტად დიდ მოთხოვნებს უყენებს, რაც აძლიერებს მასში თვითბრალდების გრძნობას. თვითაღკვეთით, ცხოვრებისგან განდგომით და თავის მსხვერპლად მოტანით იგი ცდილობს, გაექცეს გარესამყაროს და მასთან შეხლა-შემოხლას. როგორც ყოველთვის, ჩვენი სიცოცხლე ამ შემთხვევაშიც ბეწვის ხიდია, რომელზეც ადამიანმა გულწრფელობიდან სიყალბემდე მხოლოდ ერთი ნაბიჯი უნდა გადადგას. შედარებით ნაკლებად დეპრესიული პიროვნებები სანიმუშო მშობლები და აღმზრდელები არიან და ადამიანებთან ურთიერთობას კარგად ახერხებენ. ისინი გრძნობენ ბავშვის განწყობას და ცდილობენ გაუგონ მას. საფრთხე იმაში მდგომარეობს, რომ ცხოვრებისეული სიძნელეებისა და «დაკარგვის შიშის» გამო, მათ შეუძლიათ, ბავშვი ძალიან მიიჩვიონ, მეტისმეტ მზრუნველობას იჩენენ მის მიმართ, რამაც შეიძლება შეაფერხოს ბავშვის განვითარება. ამასთან, ისინი ბავშვთან ხშირად ვერ იცავენ საჭირო დისტანციას, არათანმიმდევრულები არიან და, საჭიროების შემთხვევაში, მის მიმართ სიმკაცრესაც ვერ იჩენენ; მათი ლმობიერება კი ბავშვს მხოლოდ ვნებს. თანაც ეს ადამიანები მას არავითარ მითითებებს არ აძლევენ, რადგან მისი სიყვარულის დაკარგვისა ეშინიათ. დეპრესიული ადამიანის მერყევი ხასიათი ნებისმიერი ურთიერთობისას ვლინდება. დედებს, რომლებსაც უიღბლო ბავშვობა ჰქონდათ, ხშირად აქვთ ასეთი განწყობა და ამბობენ: «მინდა, ჩემი შვილი უკეთეს პირობებში გაიზარდოს». ამის გამო ისინი თავიანთ შვილებს დათვურ სამსახურს უწევენ.       დეპრესიულ პიროვნებებს ისეთი საქმიანობა მოსწონთ, როდესაც ვინმეზე ზრუნავენ, ვინმეს ეხმარებიან ან რაიმე სამსახურს უწევენ. ისინი მზად არიან, მსხვერპლად გაიღონ თავი, ადამიანების მიმართ მოთმინება და გულისხმიერება გამოიჩინონ და, ამრიგად, თავიანთი საუკეთესო თვისებები გამოავლინონ. მათ შორის ხშირად გვხვდებიან ექიმები და ფსიქოთერაპევტები, რადგან ეს პროფესიები აძლევს მათ შესაძლებლობას, თანაგრძნობა და მზრუნველობა გამოიჩინონ ადამიანების მიმართ. დეპრესიული პიროვნებები მოთმინებით გამოირჩევიან და, კარგი მებაღის მსგავსად, ლოდინის უნარი გააჩნიათ. ექიმის, ღვთისმსახურის ან პედაგოგის პროფესიის არჩევის დროს ისინი თავიანთი მოწოდებით ხელმძღვანელობენ და არა სახელის, ფინანსური კეთილდღეობის ან რაიმე გამორჩენის გამო. მათთვის ახლობელია აგრეთვე მეტყევის და მომსახურების სფეროს თანამშრომლის საქმიანობა, რომელიც ასევე ადამიანებზე ზრუნვას უკავშირდება.       დეპრესიული ადამიანების სტრუქტურული სპეციფიკა სიზმრებში გამოვლინდება; სიზმრებში ადამიანის იმედგაცრუება და გარესამყაროსგან განდგომა განსაკუთრებით ხშირად ჭამის პრობლემებს უკავშირდება. დეპრესიული პიროვნებები ვერ ბედავენ საჭმელზე უარისთქმას. ისინი სიზმარში მიდიან გაშლილ სუფრასთან, მაგრამ იქ მათთვის ან ადგილი აღარ არის, ან ყველაფერი უკვე შეჭმულია. ასეთ სიტუაციებში დეპრესიული ადამიანის განცდები შეიძლება «ტანტალოსის ტანჯვას» შევადაროთ. ჭამის პრობლემა იმაშიც გამოიხატება, რომ სიზმარი იწყება სურვილით და იმპულსით, რომელსაც გზად აუცილებლად წინააღმდეგობა გადაეღობება. სიზმარში მყოფი ადამიანი ვერასოდეს აღწევს მიზანს. ვისაც შეთავაზებულის აღების უფლება არა აქვს, მას ისღა დარჩენია, საკუთარი სურვილების შესრულებას დაელოდოს. ეს ქმნის ფონს სამოთხისეული სიზმრების სივრცისათვის, რომელშიც ადამიანს მისთვის სასურველი ყველაფერი მიერთმევა. ასე ხდება დეპრესიულ პიროვნებაში სურვილისა და პასიური მოთხოვნების ურთიერთდაპირისპირება. დეპრესიულ პიროვნებას ასევე შეიძლება დაესიზმროს მეკობრეები და ავაზაკები, რომლებიც მას თავს ესხმიან. ეს არის გზა, რომლის საშუალებითაც დეპრესიული პიროვნება ათვალსაჩინოებს საკუთარ გამოდევნილ განცდებსა და აზრებს ყაჩაღობისა და ქურდობის მიმართ, რაც მისთვის არაჯანსაღი და მიუღებელია. დეპრესიის დაწყებისათვის ასევე მნიშვნელოვანია საკითხი, რომელიც საკუთარი თავის ან სხვის მიმართ მოთხოვნების წაყენებას ეხება. ამ საკითხმა დეპრესიული ადამიანის სიზმარში შეიძლება, მაგალითად, შემდეგი სახე მიიღოს:       «მამასთან ერთად ვმოგზაურობ მთებში. ციცაბო ბილიკით მივდივართ. ზურგზე ჩანთა მაქვს აკიდებული; მის ბარგს და ქურთუკსაც მე მივათრევ».       დეპრესიულად განწყობილი, მაგრამ ჯანმრთელი ადამიანისათვის ამ დროს დამახასიათებელია გულისხმიერება და მზაობა, რათა მოყვასს დახმარების ხელი გაუწოდოს და მისი მდგომარეობა გაიზიაროს. ასეთ პიროვნებას შენდობის უნარი გააჩნია, მას შეუძლია დაელოდოს სიტუაციის მომწიფებას და თან ოდნავი ეგოიზმით გამოირჩევა. მისი ურთიერთობები ადამიანებთან ემოციებს ემყარება, თავმდაბალი და უპრეტენზიოა მათ მიმართ, მისთვის ხელსაყრელ პირობებზე ადვილად შეუძლია უარისთქმა. ცხოვრება დეპრესიულ პიროვნებას, პირიქით, მძიმე ეჩვენება, მაგრამ შეუძლია მდგომარეობა იუმორის მეშვეობით გააწონასწოროს და თქვას: «იუმორის დროს ადამიანი, მიუხედავად ყველაფრისა, მაინც იცინის». დეპრესიული ადამიანი ხშირად ღრმად ღვთისმოსავია, თუმცა ამ დროს ყოველთვის ეკლესიური არ არის; ეს უფრო ცხოვრებისეული ღვთისმოსაობაა. მას სწამს, რომ ადამიანის ბედი ღმერთის ხელშია, და, ამასთან, მოსალოდნელ საფრთხეებსაც ხედავს. მაგრამ ცხოვრებაზე ხელის აღება არ სჩვევია, რადგან უყვარს იგი. მისი ყველაზე მთავარი სათნოება თმენისა და გაძლების უნარია. დეპრესიული პიროვნება, ალბათ, მოიწონებდა შპიტელერის აზრს, რომელსაც იგი თავის ნაწარმოებში, «პრომეთე და ეპიმეთევსი» გამოთქვამს: «მოკრძალებით შეაფასე საკუთარი თავი». ამით დეპრესიული პიროვნება ცდილობს, ჩრდილში იდგეს, ამიტომ მისი «აღმოჩენაა» საჭირო; ის ხშირად ღრმა და დამდგარ წყალს მოგვაგონებს. დეპრესიული პიროვნების ყველაზე მშვენიერ თვისებებს გულისხმიერება და ადამიანებისადმი თბილი დამოკიდებულება წარმოადგენს; მიღწეულ წარმატებას იგი ნაკლებად მიაწერს საკუთარ ნიჭსა და უნარს, მას ღვთის წყალობად მიიჩნევს და «მორჩილებით» ცხოვრობს, ამ სიტყვის ჭეშმარიტი გაგებით. დამატებითი მოსაზრებები ცვლილებების წინაშე შიშის შესახებ       შეიძლება ითქვას, რომ ჩვევები ჩვენი აკვიატებული აზრებისა და ქცევების დასაწყისზე მიგვანიშნებენ; დილით ადგომა, ჩაცმა თუ სხვა «სასურველი ჩვევები» ადამიანს თავის დასამკვიდრებლად სჭირდება, მათი შესრულების დროს გარკვეულ თვითკმაყოფილებას გრძნობს და ადვილად ღიზიანდება, თუ ამაში რაიმე უშლის ხელს. მაგრამ ეს ჩვევები ჩვენში არავითარ დაძაბულობას და უსიამოვნო შეგრძნებებს არ იწვევს, ამიტომ მათ აკვიატებასაც ვერ დავარქმევთ. ჩვევები ადამიანს დროისა და ენერგიის დაზოგვის მიზნით უყალიბდება და მათი შეცვლა ან უგულებელყოფა შეუძლია, თუ ამას მოინდომებს ან მიზანშეწონილად მიიჩნევს. ჩვევებს ფართოდ აქვს გადგმული ფესვები ჩვენს სოციალურ, საზოგადოებრივ და რელიგიურ ცხოვრებაში; ისინი იმ წესრიგსა და ქცევის წესებს გვთავაზობენ, ყველანი ერთნაირად რომ ვიცავთ. აკვიატებულ აზრებსა და ქცევებზე კი მხოლოდ მაშინ შეიძლება ლაპარაკი, როდესაც ადამიანს სხვაგვარად მოქცევა არ შეუძლია და გარკვეულ სიტუაციებში თავისდაუნებურად ისეთ საქციელს ჩადის, რაც მას უაზრობად მიაჩნია.       ჩვენ ხისტ აღმზრდელობით მეთოდებსაც გავეცანით და დავინახეთ, რომ მეტისმეტად ავტორიტარულმა და პრინციპულმა აღზრდამ, შესაძლოა, ბავშვის განვითარების პროცესში ობსესიური თვისებების გამოვლინებას შეუწყოს ხელი, მით უფრო, თუ ამ მეთოდების გამოყენებას ძალიან ადრეულ ასაკში იწყებენ. როდესაც მშობლები ბავშვის არასასურველი ქცევის დათრგუნვას ცდილობენ, ამან შეიძლება ის შედეგი გამოიღოს, რომ ბავშვს პერფექციონიზმისადმი მიდრეკილება გაუჩნდეს და როგორც საკუთარი თავის, ისე სხვების მიმართ შეუწყნარებლობა და დიქტატორულ-დოგმატური ჩვევები გამოავლინოს. ობსესიური ადამიანი პერფექციონიზმს სადღაც მაინც გამოავლენს და მისმა ქმედებამ ამ დროს, შესაძლოა, უმართებულო და არასასურველი სახე მიიღოს. ობსესიურ პიროვნებას სამყარო ყოველთვის ისეთად წარმოუდგენია, როგორსაც იგი თავის წარმოსახვაში ხედავს. რა ძალითაც იგი საკუთარ თავში თავდაპირველი ცხოვრებისეული საწყისის ჩახშობას შეეცდება, იმავე სიძლიერით გამოვლინდება ეს მცდელობა აკვიატებად; რადგან მხოლოდ «ქაოსზე» და მის მართვაზე მიმართული წესები და კანონები გვაძლევს იმის გარანტიას, რომ არაფერი ისეთი არ მოხდება, რაც არ შეიძლება, რომ მოხდეს. აი, მაგალითად, კედელზე გვერდულად დაკიდებულმა სურათმა შეიძლება უკვე გააღიზიანოს კაცი არა მხოლოდ ესთეტიკური თვალსაზრისით, არამედ იმითაც, რომ ამ დროს დარღვეულია ის წესი და კანონი, რომლის თანახმადაც სურათები უნდა დაიკიდოს.       «ნორმიდან» ნებისმიერი ამგვარი უმნიშვნელო გადახვევა შემდეგ საფრთხეებს გულისხმობს: თუ სურათებს ყოველთვის გვერდულად დაკიდებენ, არავინ იცის, რა მოხდება შემდეგ. ხომ შეიძლება უწესრიგობამ მოიცვას ყველაფერი და კონტროლის სადავეები დაიკარგოს?! ობსესიური ადამიანების ზოგიერთი ქცევის წესი უფრო გასაგები გახდება, თუ გავითვალისწინებთ, რომ, დათრგუნული განწყობისა და მგრძნობიარე ბუნების გამო, ისინი წვრილმანებზე ძალიან რეაგირებენ და ზოგჯერ სწორედ ეს წვრილმანი ხდება მათი «დასასრულის დასაწყისი». სისტემურობის სულ მცირე დარღვევის და ყურადღების მოდუნების შემთხვევაში, შესაძლოა, დათრგუნულმა გრძნობებმა მთელი ძალით ამოხეთქონ და იმ თოვლის გუნდასავით აგორდნენ, გამოდევნილი იმპულსების ზვავს რომ იწვევს.       გეოლოგებს ეკუთვნით ერთი პარადოქსული მოსაზრება, რომელიც ნათელს გახდის ჩვენ მიერ გამოთქმულ აზრს: ადამიანი ძალიან სასარგებლო საქმეს ეწევა, როდესაც მთის ქანებს თხრის; მაგრამ გათხრის დროს, შესაძლოა, «ქანის ძარღვი» დააზიანოს; ამიტომ გეოლოგების რჩევაა, სიფრთხილე გამოვიჩინოთ და «ძლიერად არ დავკრათ» წერაქვი მთის ქანს. ობსესიურ ადამიანს სწორედ ამ სიფრთხილის დაცვა უჭირს. პერფექციონიზმი აიძულებს, ისევ და ისევ დიდი სიზუსტით აღიქვას მოვლენები. ასეთი სიზუსტე აუცილებელია ისეთი საქმიანობებისთვის, როგორიცაა, მაგალითად, მანქანის ფუნქციონირება ან მშენებლობის სტაბილურობა და სანდოობა. მაგრამ, რამდენადაც ეს სიზუსტე საჭიროა ასეთ სფეროებში, იმდენად ზღუდავს იგი შემოქმედებით აზროვნებას. მხოლოდ ობსესიურ ადამიანს შეუძლია სერიოზულად იკამათოს იმაზე, რამდენი ანგელოზი მოთავსდება ნემსის წვერზე. ობსესიური აზროვნება ადვილად შეიჭრება ტვინის სტერილურ ნეირონებში, ადგილს აღარ უტოვებს თავისუფალ შემოქმედებით ძალებს და მათი დამუხრუჭების მიზეზი ხდება. ობსესიურ პიროვნებას აუცილებლად მიაჩნია სავარაუდო შეცდომებისა თუ მცდარი ნაბიჯებისაგან თავის დაცვა; იგი გადაჭარბებულ მნიშვნელობას ანიჭებს რაიმე საქმეში კორექტივების შეტანას და შეცდომების გასწორებას, რაც შეიძლება დაუსრულებლად გაგრძელდეს, რადგან სრულყოფილებას ვერასოდეს მიაღწევს. ამის გამო ობსესიურ ადამიანებს გამუდმებით ემუქრებათ ის, რომ ისინი საკუთარ მოსაზრებებს და თვალსაზრისებს ad absurdum მიიყვანენ, თუმცა ამ დროს ცდილობენ, ისინი აბსოლუტურად გაამარტივონ და მნიშვნელოვანი გახადონ. მაგრამ, თუ მათ ამ ქმედებას უფრო ფართოდ შევხედავთ, დავინახავთ, რომ ობსესიური ადამიანები ამით, შესაძლოა, ცხოვრებისეულ კანონს აღასრულებენ. ეს კი იმას ნიშნავს, რომ, როდესაც ისინი თავიანთი ჩამოყალიბებული, სანუკვარი აზრების წყალობით საწინააღმდეგო რეაქციას იწვევენ, ამით შესაძლებელი ხდება მათი რეალურად და ქმედითად შესწორება და შეჯერება, ეს სტიმულს აძლევს მათ შემდგომ განვითარებას და სტერილური მდგომარეობიდან გამოყვანას. ობსესიური ფრაზა «quod dixi, dixi», ანუ «რაც ერთხელ ვთქვი, ვთქვი, და აღარ გადავთქვამ!» გამორიცხავს შემდგომში განვითარების ყოველგვარ შესაძლებლობას. ობსესიური პიროვნების შინაგან განწყობას კარგად გამოხატავს ექსპერიმენტული ფსიქოლოგის ფრაზა: «ჩვენ ზუსტად არ ვიცით, რას ვზომავთ, მაგრამ, რასაც ვზომავთ, ზუსტად ვზომავთ».       ობსესიური ადამიანის ყოველდღიურ ცხოვრებაში დგება «კიდევ ერთხელ გადამოწმების აუცილებლობა»; მაგალითად, მას ეჭვი ეპარება, გაზის სახელური ნამდვილად გადაკეტა თუ არა, ან წასვლის წინ ოთახის კარი ღია ხომ არ დარჩა. ამ დროს, შესაძლოა, საქმე იქამდე მივიდეს, რომ ობსესიურ პიროვნებაში თავი იჩინოს მძიმე აკვიატების სინდრომებმა, რომლებიც შემდგომში თითქოს დამოუკიდებლად აგრძელებს არსებობას. ამ აკვიატებებსაც ობსესიური ადამიანი ისე განიცდის, როგორც მის არსებობაში შეჭრილ «რაღაც უცხო ძალას», რომელიც მის დათრგუნვას ცდილობს და რომლის გამოც მას სხვაგვარად მოქცევა არ შეუძლია. როგორც კი ობსესიური ადამიანი ამ იძულებითი, აკვიატებული ქმედებების შესრულებაზე უარს იტყვის, მას უმალ გაურკვეველი შიში და მოუსვენრობა შეიპყრობს.       ობსესიურ ადამიანს ასევე ჩვევად აქვს, თავისთავს და სხვებს დაუმტკიცოს საკუთარი აკვიატებული აზრებისა და ქცევების რაციონალურობა და გონივრულად წარმოაჩინოს ისინი; ალბათ, იმიტომ, რომ გრძნობს, რა უძლურია იგი ამ არაბუნებრივი საქციელის წინაშე და როგორ არ შეუძლია წინ აღუდგეს მას, თუმცა ამის აღიარება არ სურს. როდესაც ვიღაც მისთვის უცხო ტუალეტში უნიტაზზე ქაღალდს აფენს, იქიდან გამოსვლისას კარის სახელურს იდაყვით აღებს და ამას ინფექციის საფრთხეს უკავშირებს, ეს ნამდვილად მისი შეგრძნებების გაზვიადების შედეგია, მაგრამ ამგვარი საქციელი, შესაძლოა, ინფექციის შიშში გადაიზარდოს, რის შედეგადაც ობსესიურ ადამიანს ყველგან ბაქტერიები ელანდება; ამით იგი საკუთარ ცხოვრებისეულ სივრცეს ნელ-ნელა, უფრო და უფრო შემოსაზღვრავს და ამცირებს.       ამ ადამიანის შველა მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება, თუ იგი გააცნობიერებს თავისი აკვიატებების კონკრეტულ მიზეზებს, მერე კი მოახდენს საშიში და ამის გამო უგულებელყოფილი ცოცხალი იმპულსების ინტეგრაციას. ამ შემთხვევაში საქმე ობსესიური ადამიანის აგრესიულ და აფექტურ სექსუალურ იმპულსებს ეხება. როგორც უკვე აღვნიშნე, ობსესიურ ადამიანს ხანგრძლივად უხდება თავის დაცვა მისთვის საძულველი იმპულსებისაგან, ამიტომ, შესაძლოა, იგი ამით უშუალოდ არ იყოს დაკავებული. ეს გარემოება ნათელს ჰფენს იმ ადამიანების საქციელს, რომლებიც ფანატიკურად იბრძვიან რაღაცის წინააღმდეგ: უმანკოებისათვის მებრძოლი ფანატიკოსი ყველგან სექსუალურ პრობლემებს ხედავს და გამუდმებით «ბილწ სექსუალობას» კიცხავს, თუმცა ამას «ზნეობრივი მოტივით» ხსნის. ასეთი რამ საერთოდ სჩვევია ობსესიურ ადამიანს, რომელსაც ბოროტების წინააღმდეგ მებრძოლი უფრო ეთქმის, ვიდრე სიკეთის გულშემატკივარი.       ობსესიური სტრუქტურით გამორჩეული ერთი პიროვნება საათობით იჯდა ჩანჩქერის წინ და აღტაცებით შეჰყურებდა იმას, რისი უნარიც თავად არ გააჩნდა – ეს იყო ჩანჩქერის ვარდნა და წყლის ნაკადის მოძრაობა. ამ დროს მას იმის შიში არ ჰქონდა, რომ წყლის ვარდნას უეცრად რაღაც შეაჩერებდა და ეს ყველაფერი დამთავრდებოდა. ბუნებრივია, წარმავლობის წინააღმდეგ მიმართული უსაფრთხოების ზომები ობსესიურ პიროვნებებში დროსთან და ფულთან დამოკიდებულებაშიც იჩენს თავს. ამ შემთხვევაში, წარმავლობასთან ერთად, ჩვენში იმის უნარსაც ძლიერად შევიგრძნობთ, რომ შეგვიძლია გამოვიყენოთ მუდმივობისა და უსაფრთხოების ჩვენეული ილუზიის ძალა; მე ვიცი, როგორ განვკარგო საკუთარი დრო და ფული, რადგან ეს მხოლოდ ჩემს ნებაზეა დამოკიდებული. ივო ანდრიჩი თავის რომანში «ფროილაინ» შესანიშნავად აღწერს ობსესიური პიროვნების ტრაგიკულ ბედს.       შემზარავია ამერიკის დამკრძალავი ბიუროების მიერ შემოღებული წესი, რომლის თანახმადაც, წარმავლობისა და სიკვდილის სრული უგულებელყოფა ხდება. აქ მიცვალებულებს ისე ოსტატურად რთავენ და ალამაზებენ, რომ ისინი ცოცხლების შთაბეჭდილებას ტოვებენ. ამ საქმეში კიდევ უფრო შორს მიდიან ის შეძლებული ადამიანები, რომლებიც დიდძალ ფულს იხდიან თავიანთი მიცვალებულების გასაყინად, იმ იმედით, რომ, მეცნიერების განვითარების შედეგად, მომავალში შესაძლებელი გახდება მათი გალხობა და გაცოცხლება. მაგრამ უკვდავება ხომ მხოლოდ იმათი ხვედრია, ვინც სიკვდილის შესახებ არაფერი უწყის?! საერთოდ, სიკვდილთან, მათ შორის საკუთართან, თანამონაწილეობა ადამიანის თვისებაა და მხოლოდ ამის წყალობით შეიგრძნობს იგი თავს ნამდვილ ადამიანად.       ახლა გვინდა, ობსესიური პიროვნებებისთვის დამახასიათებელი ქცევის წესები ცხოვრების არსებით სფეროებთან მიმართებაში განვიხილოთ; რელიგიური თვალსაზრისით, ისინი დოგმატური და ორთოდოქსალური აზროვნების ადამიანები არიან და «სხვაგვარად მოაზროვნეებისადმი» შეუწყნარებლობით გამოირჩევიან. მამა ღმერთი მათ ხშირად მკაცრ და შურისმაძიებელ მსაჯულად წარმოუდგენიათ, რომელსაც ყველა პატრიარქალური თვისება ახასიათებს და უცილობელ რწმენას და მორჩილებას მოითხოვს. მაგრამ ობსესიური პიროვნებები უფრო ხშირად ცრურწმენებისა და მაგიური წარმოდგენების ტყვეობაში იმყოფებიან; მათთვის რელიგიურ რიტუალებში მონაწილეობა უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე თავად რწმენა. ცოდვების ფულით გამოსყიდვისა და ინდულგენციებით ვაჭრობა სწორედ ობსესიური ადამიანის ტვინიდან წამოსული იდეა უნდა იყოს. ლოცვების წაკითხვითა და რიტუალების შესრულებით ისინი უბრალოდ წესებს ემორჩილებიან და მათი გრძნობები ამ დროს ვერ სწვდებიან სულის შინაგან სიღრმეებს.       ნიკოლაი ლესკოვი მოთხრობაში «სკომოროხი პამფალონი» შთამბეჭდავად აღწერს ობსესიური ადამიანის პერფექციონისტულ ღვთისმოსაობას და მას უბრალო «სკომოროხის» ადამიანურ თვისებებს უპირისპირებს.       ობსესიური პიროვნებები ყოველთვის ზუსტად იცავენ ინსტიტუციონალურ წესებს თუ პრინციპებს და მექანიკურად, უაზროდ ასრულებენ მათ. რაც უფრო მეტად აცნობიერებენ შიშისგან თავდაცვის მნიშვნელობას, მით უფრო შეურიგებლები არიან ყოველგვარი ცვლილების მიმართ, რადგან ფიქრობენ, რომ მათ ამ თავდაცვას საფრთხე შეექმნება. მაგრამ სწორედ იმის გამო, რომ ობსესიურ პიროვნებებს ყველაფერი აბსოლუტის რანგში აჰყავთ, მათ რწმენას გამუდმებით საფრთხე ემუქრება, რადგან ისინი საკუთარ თავს შეკითხვების დასმისა და ეჭვების გამოთქმის უფლებას არ აძლევენ. ალბათ, სწორედ ამის გამო მიმდინარეობს მათ შორის სასტიკი რელიგიური ომები; ამით უნდა იყოს გამოწვეული მათი ახალ-ახალი მცდელობებიც – ჩაახშონ და მოსპონ ადამიანში ყოველგვარი ეჭვი, თუმცა დაგუბებულმა გრძნობებმა, შესაძლოა, მკრეხელური აზრების სახით გადმოხეთქოს. ძალის პოლიტიკიდან გამომდინარე, ეკლესია ბოროტად იყენებს რელიგიას და ცდილობს, მორწმუნეებს შიშისა და დანაშაულის გრძნობა შთაუნერგოს. ამით იგი ხელს უწყობს ადამიანებში ობსესიური სიმპტომების განვითარებას, რასაც რელიგიური ხასიათის ხშირი ნევროზები ადასტურებს. დღესდღეობით აშკარად შეინიშნება ადამიანების მცდელობა, გათავისუფლდნენ ეკლესიის მეურვეობისაგან და თავი დაიცვან მისი გავლენისაგან.       ობსესიური პიროვნებები ხშირად კრიზისს განიცდიან, როდესაც მათი მკაცრი პრინციპები, თვალსაზრისები და თეორიები ახალ მიღწევებს, ცოდნას და პროგრესს უპირისპირდება, რაც მათ ორიენტაციას საფრთხეს უქმნის, საკუთარი აზროვნების წესზე უარისთქმას აიძულებს და მათ უსაფრთხოებას ან ქონებას ემუქრება.       ობსესიური პიროვნებები, როგორც წესი, საიმედო, თანმიმდევრული და კარგი მშობლები არიან; მათ განვითარებული აქვთ პასუხისმგებლობის გრძნობა, ამასთან, საკუთარი ფასეულობების დაცვას და ცხოვრებაში გატარებას ცდილობენ. მაგრამ ობსესიური თვისებების გართულებასთან ერთად, ისინი უკიდურეს სიჯიუტეს ავლენენ. ცნობილია მათი გამონათქვამები: «სანამ ცოცხალი ვარ, არაფერი შეიცვლება»; «ამის უფლებას ბავშვობაში ჩვენც არ გვაძლევდნენ»; «თუ ასეთი რამ ერთხელ კიდევ განმეორდა, ჩვენ შორის ყველაფერი დამთავრდება!» და ა.შ.       ობსესიური პიროვნებები ანგარიშს არ უწევენ ბავშვის ასაკს და ხასიათს, ყველა თვალსაზრისით, უზღუდავენ მას სამოქმედო სივრცეს, და ამ საკითხებზე მეტად ბუნდოვანი წარმოდგენა აქვთ. მათი მთავარი პრინციპები გამოიხატება ფრაზით: «ვინც ტყუილს ერთხელ იტყვის, მას აღარავინ დაუჯერებს». ისინი ხშირად იმეორებენ სიტყვებს: «მორჩა და გათავდა!» ობსესიური პიროვნებები თავიანთ «არას» პრინციპულ მნიშვნელობას ანიჭებენ, საკუთარი თვალსაზრისის გატარებას ახსნა-განმარტების გარეშე ცდილობენ, და ამ დროს ყოველგვარ წინააღმდეგობას გამორიცხავენ. ისინი ბავშვის აღზრდის პროცესში მისგან ბრმა მორჩილებას მოითხოვენ და შთააგონებენ, რომ დაშვებული შეცდომების გამოსწორება ძალიან ძნელია; ამასთან, ბავშვს სულ მცირე გადაცდომასაც ხშირად შეახსენებენ და მისდამი შეურიგებლები არიან; ხოლო ბავშვს, რომელიც უფროსებისაგან პატიებას დიდხანს ვერ ეღირსა, სასჯელის წინაშე შიშისა და დანაშაულის გრძნობა უძლიერდება.       ობსესიური პიროვნებები ძალიან ადრეულ ასაკში უწესებენ ბავშვს ქცევის ნორმებს; მათი აზრით, თუ მას თავის ნებაზე მიუშვებენ, ეს ცუდად იმოქმედებს მის შემდგომ განვითარებაზე. ასეთი მშობლები მიიჩნევენ, რომ ბავშვმა უნდა გაიაროს გამოცდა, რომლის დროსაც იგი გამოავლენს მისი ასაკისთვის სახიფათო თვისებებს; ამასთან, ბავშვს უყენებენ უამრავ მოთხოვნას, რომელთა სრულყოფილად შესრულება მას ძალიან ადრეულ ასაკში ევალება. ეს მოთხოვნები დაკავშირებულია უაზრო, პუნქტუალურ ქმედებებთან და წესრიგის პედანტურად დაცვასთან; მაგალითად, ბავშვისგან მოითხოვენ, რომ «მან ყველაფერი შეჭამოს, რასაც თეფშზე დაუდებენ». ამ დროს ბავშვს არა აქვს უფლება, თავისი აზრი გამოხატოს და თქვას, რის და რამდენის ჭამა სურს. თუ იგი თავისი ასაკისთვის დამახასიათებელ სიჯიუტეს მაინც გამოიჩენს, მშობლები მასში მომავალ «მეამბოხეს» ხედავენ და ცდილობენ ბავშვში ეს «უკეთურება» დროულად აღმოფხვრან. მეტისმეტი მოთხოვნა, რომ «ბავშვმა ყველაფერი ადრევე უნდა ისწავლოს», მას საკუთარი თავის რწმენას აკარგვინებს და არასრულფასოვნების კომპლექსს უჩენს. ბავშვმა იცის, რომ მშობლების სიყვარულს მხოლოდ იმ შემთხვევაში დაიმსახურებს, თუ კარგად და წესიერად მოიქცევა; ესეც შეიძლება მიზეზი გახდეს იმისა, რომ იგი პატივმოყვარე ან გულგატეხილ ადამიანად ჩამოყალიბდეს. შიში და მეტისმეტი მოთხოვნები ბავშვის ექსპანსიურ და აგრესიულ, უპირველეს ყოვლისა კი, მის სექსუალურ იმპულსებს ამუხრუჭებს. ადრეულ ასაკში იგი ჯერ ვერ მართავს თავის მოტორულ მოძრაობებს, რის გამოც, თავისდაუნებურად, ნივთებს აფუჭებს, ამტვრევს. ამ დროს მშობლები ფიქრობენ, რომ ბავშვმა ასეთი საქციელი განგებ ჩაიდინა და მის ამ «განზრახვას» რაღაც დამანგრეველ თვისებას მიაწერენ. ასეთი მოპყრობის შედეგად, შესაძლოა, ბავშვმა თავისი მარცხი საკუთარ სხეულს გადააბრალოს და მისდამი ნდობა დაკარგოს, რაც სამომავლოდ მის ტლანქ, მოუხეშავ და «დონდლო» მოძრაობებში გამოვლინდება. ამის მაგალითებს ჩვენ უკვე გავეცანით. ამგვარი აღზრდის მეთოდი ბავშვს ძირშივე უსპობს ყოველგვარი განვითარების უნარს, მშობლებს კი, უკეთეს შემთხვევაში, ლაღად აღმართული, ტოტებგაშლილი ხის ნაცვლად, მიწაზე გართხმული, ხვიარა მცენარე შერჩებათ ხელში. ობსესიური მშობლების მიზანს უფრო ბავშვის გაწვრთნა შეადგენს და არა მისი აღზრდა; ამიტომ ასეთი ბავშვები ხშირად მარიონეტებად ყალიბდებიან. ასეთ შემთხვევებში ხშირად თავს იჩენს მშობლების სადისტური თვისებები. ისინი ცდილობენ, ბავშვი შეურაცხყონ, მკაცრად დასაჯონ და მორჩილებას მიაჩვიონ, რათა თავიანთი ძალა აგრძნობინონ. ბავშვის «კუთხეში დაყენება» და ცემა-ტყეპა, ჯერ კიდევ გასული საუკუნის დამდეგს, სკოლაში და ოჯახში დასჯის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული საშუალება იყო. «ბოდიშის მოხდა» და «პატიების თხოვნაც» («ასე აღარასოდეს მოვიქცევი») იმ ღონისძიებებს განეკუთვნება, რომლებიც ლახავს ბავშვის პიროვნულ ღირსებას, რადგან მისგან ამ დროს ისეთ რამეს მოითხოვენ, რაც ძალების დიდ დაძაბვას მოითხოვს.       აღზრდის შეზღუდული მეთოდი ობსესიურ მშობლებს არ აძლევს საშუალებას, შვილები თავისუფალი ბავშვობით უზრუნველყონ, რომელიც თავად არ ღირსებიათ. ასეთი მშობლები განუხრელად იცავენ იმ ტრადიციას, რომელიც მათი აღზრდის საფუძველს შეადგენდა და მათივე საშინელი ტანჯვის მიზეზი იყო. ამის გამო ობსესიურ მშობლებს მწვავე კონფლიქტი აქვთ ახალგაზრდა თაობასთან, რადგან საკუთარი წეს-ჩვეულებების დათმობა არ სურთ. ეს ადამიანები კვლავაც განაგრძობენ «ნაცადი» მეთოდების გამოყენებას და იმას კი ვერ ხვდებიან, რომ ცხოვრება წინ მიდის და თაობები იცვლება. ძველსა და ახალს შორის დაუნდობელი ბრძოლა იწყება. ობსესიური ადამიანების აზრით, ახალგაზრდობას მათ თავიანთი ძალა და უპირატესობა შემდგომშიც უნდა დაუმტკიცონ; ამასთან, საკუთარი შეცდომების აღიარება არ სურთ, რადგან ჰგონიათ, რომ ამით საკუთარ თავს რაღაც ცოდვებს შეუნდობენ. და, რაკი თავს აბსოლუტურ ავტორიტეტებად მიიჩნევენ, ცდილობენ, ახალგაზრდებზე უცდომელი ადამიანების შთაბეჭდილება მოახდინონ.       ობსესიურ ადამიანებს განსაკუთრებით მწირი და უფერული სიზმრები ესიზმრებათ. ამასთან, ისინი ძნელად იმახსოვრებენ მათ, ისევე როგორც საერთოდ ძალიან უჭირთ სულის ღრმა და ქვეცნობიერი შრეების წვდომა.       ისინი სიზმრების მიმართ უნდობლობას გამოთქვამენ, მათ სერიოზულად არ აღიქვამენ და «ქაფს» უწოდებენ. ობსესიური პიროვნებების სიზმრებში ცხოვრებისეულ მოვლენებს უფრო ტექნიკური და მექანიკური პროცესები ცვლის; ეს სიზმრები ნათელყოფს, რა შორს დგანან ობსესიური ადამიანები ჩვეულებრივი ადამიანური, ფიზიკური და ბუნებრივი მოვლენებისაგან. მათი სიზმრები ხშირად საჩოთირო, ანალური შინაარსისაა და იმაზე მიუთითებს, რომ ამ ადამიანების აკვიატებული ქცევები მათსავე ჰიგიენურ აღზრდას უკავშირდება. ობსესიური ადამიანების დამუხრუჭებული აგრესია სიზმრებში ბუნებრივი კატასტროფების სახით ვლინდება (ვულკანის ამოფრქვევა, მიწისძვრა, ჯებირის გარღვევა და ა.შ.); ხშირად გვხვდება იმპულსისა და საპირისპირო იმპულსის, ასევე ჩადენილი დანაშაულის თემატიკა, რომელიც ერთსა და იმავე სიზმარში წამოიჭრება.       ნაწილობრივ ობსესიური სტრუქტურის მქონე პიროვნებებს, ზემოხსენებულის გარდა, ისეთი პროფესიები აინტერესებთ, რომლებიც ადამიანისაგან მოითხოვს სიზუსტეს, საიმედოობას. ამ პროფესიების ადამიანები უფრო მტკიცე ნებისყოფით, საფუძვლიანობით და მოთმინებით გამოირჩევიან, ვიდრე ინიციატივით, მოქნილი აზროვნებითა და შემოქმედებითი თავისუფლებით. ობსესიური ადამიანები გამორჩეულად სანდო პროფესიონალები არიან, თავიანთ საქმეს ერთგულად ემსახურებიან და, ზომიერი ობსესიური თვისებების შემთხვევაში, დიდ წარმატებებს აღწევენ; ამასთან, სასურველია, ისეთ საქმიანობას მიჰყონ ხელი, რომელიც მათ საკუთარი გადაწყვეტილებების მიღებისა და იმპროვიზაციისაგან გაათავისუფლებს.       ობსესიური პიროვნებები უმთავრესად პედანტი, საჯარო მოხელეები არიან, რომლებიც საკუთარ პასუხისმგებლობას და მოვალეობას მშვენივრად აცნობიერებენ. მათ შორის ვხვდებით ხელოსნებს, რომელთა ხელობაც განსაკუთრებულ სიზუსტეს მოითხოვს. ობსესიური პიროვნებები ხშირად მუშაობენ ასევე სხვადასხვა საბუნებისმეტყველო დარგის სპეციალისტებად, იურისტებად, ფინანსისტებად, პედაგოგებად და სასულიერო პირებად; ისინი თანმიმდევრულად უძღვებიან ნებისმიერ გეგმურ სამუშაოს; ამ დროს ძალიან ძნელია დადგენა, სად გადის მათი პოზიტიური და ნეგატიური თვისებების ზღვარი. მაგალითად, ერთი მხრივ, შევხვდებით პასუხისმგებლობით აღსავსე, ჭეშმარიტების მაძიებელ მსაჯულს, მეორე მხრივ კი – პედანტ მოსამართლეს, რომელიც კანონს ჩაჰკირკიტებს და სიტყვა-სიტყვით განმარტავს. მისთვის დანაშაული დანაშაულია, ამიტომ არ აინტერესებს მისი ფსიქოლოგიური და სოციალური მოტივაცია; მისი აზრით, ამის ცოდნა შეარყევს სისტემის საფუძვლებს. ამრიგად, სისტემა მოსამართლეს არა მხოლოდ ძალაუფლებას ანიჭებს, არამედ განაჩენის გამოტანის დროს შინაგან სინდისსაც უხშობს.       სასულიერო პირი, შესაძლოა, მრევლისთვის სანიმუშო სულიერი მამაც იყოს და, იმავდროულად, ზნეობის დაუღალავი მქადაგებელიც, რომელიც ადამიანებს ჯოჯოხეთის ტანჯვით ემუქრება, მათში შიშსა და დანაშაულის გრძნობას აღძრავს.       ობსესიური ადამიანები ინტერესს ძირითადად ისტორიის მიმართ იჩენენ; გარდა საკუთრივ ისტორიისა, ისინი შეისწავლიან ხელოვნების, მედიცინის, ფილოსოფიისა და სხვათა ისტორიას; მათთვის ახლობელია გარდასული მოვლენები, ე.ი. ის, რამაც უკვე ჩაიარა, რაც დროის მდინარებას აღარ ემორჩილება და ამიტომ დროის მიღმა არსებობს. ობსესურ ადამიანებს ასევე იზიდავთ არქეოლოგია, ანტიკური ისტორია და გამოყენებითი დარგები; მათ შორის ვხვდებით ძველი პერიოდების შემსწავლელ ფილოლოგებს და პრეისტორიული ხანით დაინტერესებულ ისტორიკოსებს.       ობსესიურ პიროვნებებს განსაკუთრებით პოლიტიკა იზიდავთ. მათი ძალაუფლების მოყვარული ხასიათიდან გამომდინარე, ამ სფეროში შესაძლებლობა ეძლევათ, თავიანთი თვისებების რეალიზაცია ლეგიტიმურად მოახდინონ, მაგრამ როგორ მოახერხებენ ამას, ეს უკვე მათ ხასიათზეა დამოკიდებული. ობსესიური პიროვნება კონსერვატორული ბუნებით გამოირჩევა; იგი მზადაა, თავის პარტიას თუ არსებულ რეჟიმს ერთგულად ემსახუროს, თუნდაც იმიტომ, რომ, მისი აზრით, ყველაფერი «ძველი» უკვე ნაცადი და გამოცდილია. ობსესიური პიროვნებისთვის მიუღებელია ექსტრემიზმის ნებისმიერი გამოვლინება და ექსპერიმენტები.       გასაგები მიზეზების გამო, ობსესიურ პიროვნებას, ასაკთან ერთად, უძლიერდება მისთვის დამახასიათებელი თვისებები. ცნობილია, რომ, ღრმა ცხოვრებისეული ინსტინქტიდან გამომდინარე, ადამიანს საერთოდ აქვს მიდრეკილება, შეინარჩუნოს ის, რაც მას ჯერჯერობით გააჩნია, და ამ გზით შეაჩეროს დროის მდინარება. ამრიგად, ობსესიურმა ადამიანმა, შესაძლოა, თავისი განწყობა მეტად უჩვეულო ქცევებით გამოხატოს. მას სურს, თავისი ძალაუფლება და პოზიცია, რადაც არ უნდა დაუჯდეს, მომავალშიც შეინარჩუნოს, მაშინაც კი, როდესაც ასაკის გამო აღარ შესწევს ძალა, კვლავაც იბრძოლოს მისთვის საძულველი სიახლეებისა და ახალგაზრდული წამოწყებების წინააღმდეგ. ობსესიურ პიროვნებას სიბერესთან შეგუება განსაკუთრებით უჭირს, რადგან აქამდე თუ იგი მთლიანად გადართული იყო თავის საქმიანობაზე და საკუთარი სურვილით მოქმედებდა, ახლა იმას უნდა მიეჩვიოს, რომ ყველაფერი თავის ნებაზე მიუშვას და გათავისუფლდეს მისგან. იგი კმაყოფილებით აღნიშნავს, რომ შეუცვლელია, მაგრამ იმის გამო, რომ ძალები ელევა, იპოქონდრულ მდგომარეობაში ვარდება, თვითდაკვირვებას აწარმოებს და საკუთარ ჯანმრთელობაზე ზრუნვას ფანატიზმამდე მიჰყავს. იმის გამო, რომ ობსესიური პიროვნება მხოლოდ პოზიციების დათმობასა და ჩვეულ საქმიანობაზე ამახვილებს ყურადღებას, ვერ აცნობიერებს დაბერების «სიკეთეს», რომელიც მას მოვალეობებისაგან ათავისუფლებს და შესაძლებლობას აძლევს, შეურიგდეს იმას, რაც ახლა მის თავს ხდება.       შესაძლოა, მეტისმეტმა სიჯიუტემ ობსესიური ადამიანის სიკვდილი განსაკუთრებით მტანჯველი გახადოს; რაკი იგი ნებისმიერ დათმობას სისუსტედ აღიქვამს, ამიტომ ხშირად სიკვდილთან სასტიკ ბრძოლაში ჩაებმება ხოლმე.       ობსესიური ადამიანები ზოგჯერ სწორედ სიბერეში აღწევენ პატრიარქალურ დიდებას და პატივისცემას და საკუთარი ფასეულობების სიმბოლოებიც კი ხდებიან. ამ დროს მათთვის სიკვდილი ბუნების კანონია, რის გამოც მასთან ბრძოლას აზრი არა აქვს. სიკვდილი ის უკანასკნელი რეალობაა, რომლის წინაშეც, როცა ამის დრო დადგება, ადამიანმა ქედი უნდა მოიხაროს და ღირსეული სიმშვიდით მიიღოს იგი. ობსესიური ადამიანები დროულად აგვარებენ თავიანთ საქმეებს და წინასწარ ადგენენ ანდერძს. ზოგი მათგანი, ანდერძში ჩაწერილი მითითებებით, ცდილობს საკუთარი ძალაუფლება სიკვდილის შემდეგაც აგრძნობინოს ადამიანებს. თუ ობსესიურ პიროვნებას საღი განსჯის უნარი დაკარგული აქვს და მხოლოდ იმაზე ფიქრობს, რომ სიცოცხლე ნებისმიერ ფასად გაიხანგრძლივოს, მაშინ იგი ცოცხალ გვამს ემსგავსება. გამოდევნილი სიკვდილის შიშს მასში ზედმეტი ნივთების შეგროვების სურვილი ჩაანაცვლებს. იგი გადასაგდებად ვერც ერთ ნივთს ვერ ელევა და გაურბის ყველაფერს, რაც მას წარმავლობას და დასასრულს შეახსენებს.       ახლა შევეცდებით მოკლედ აღვწეროთ ის გზა, რომელსაც ნაწილობრივ ობსესიური ადამიანი დაავადების უკიდურეს გამოვლინებამდე გაივლის. ამ დროს ორ შემთხვევასთან გვაქვს საქმე:       ძლიერი ხასიათის, ქმედითი ობსესიური ადამიანი, რომელიც გამოირჩევა საქმისადმი კეთილსინდისიერი დამოკიდებულებით და მოვალეობის გრძნობით, ჩამოყალიბდება პატივმოყვარე, ჯიუტ, მოწუწუნე და ახირებულ პედანტად. იგი ხშირად ძალაუფლებისმოყვარული დესპოტისა და ავტოკრატის თვისებებით გამოირჩევა, რომელიც, აკვიატებული აზრებისა და ქცევების წყალობით, სრულად გამოავლენს ობსესიური დაავადების ყველა თავისებურებას. ბოლო ადგილს ამ გზაზე კატატონიით შეპყრობილი ადამიანი დაიკავებს.       სუსტი ხასიათის, არაქმედითი ობსესიური ადამიანი შემგუებლობით, საკუთარ უსაფრთხოებაზე ზრუნვით და ცხოვრების წინაშე შიშით გამოირჩევა. ეს არის ეჭვიანი, მოყოყმანე, წუწუნა, მლიქვნელი, მშიშარა პედანტი და ასკეტი იპოქონდრიკი. ამ გზის ბოლოს მძიმე ობსესიით შეპყრობილი ადამიანები დგანან.       ჯანმრთელი ადამიანი, რომელიც ოდნავ შესამჩნევ ობსესიურ ნიშნებს გამოავლენს, გამოირჩევა თავისი სტაბილურობით, ამტანობით და მოვალეობის გრძნობით; ამასთან, იგი მიზანსწრაფული და გამრჯეა. ვინაიდან ეს ადამიანი შორსმიმავალ მიზნებზეა ორიენტირებული, მას აღარ აინტერესებს მიღწეული წარმატებები და ამ წარმატებებით ტკბობა; თანმიმდევრული ხასიათის, სიყოჩაღისა და დაჟინებულობის წყალობით, მას რეალობის აღქმის უტყუარი უნარი და პასუხისმგებლობის გრძნობა გააჩნია, რაც შესაძლებლობას აძლევს, წარმატებას მიაღწიოს. როგორც წმინდა ადამიანური, ასევე ზნეობრივი თვალსაზრისით, ამ პიროვნების დამახასიათებელ თვისებებს წარმოადგენს: სიდარბაისლე, კორექტულობა, სანდოობა, ხასიათის სიმტკიცე და ჰიგიენურობა; გრძნობებს ერთობ თავდაჭერილად გამოხატავს, თუმცა თანადგომისა და დახმარების უტყუარი უნარით გამოირჩევა; ყველაფერი წინასწარ მოფიქრებული აქვს და ადვილად არ გადაუხვევს ერთხელ დასახულ მიზანს; ახასიათებს საქმისადმი სერიოზული დამოკიდებულება, იცავს საკუთარ თვალსაზრისს, გამოირჩევა კეთილსინდისიერებით და ცდილობს, ობიექტური იყოს. რაინჰოლდ შნაიდერი თავის წიგნში «ფილიპ II» სწორედ ამ მასშტაბის, ძლიერი ტიპის ადამიანს აღწერს. მაგრამ ზომიერი ობსესიური თვისებების მქონე პიროვნებები საკუთარ თავს საფრთხეს იმით უქმნიან, რომ მათთვის საჭირო მუდმივობისა და უსაფრთხოების შეგრძნებას მეტისმეტად ცალმხრივ მიმართულებას აძლევენ. აქედან გამომდინარე, ისინი მიიჩნევენ, რომ აღიარებული უნდა იყოს მათი შესაძლებლობების მუდმივობა. კარგი იქნებოდა, თუ ისინი ცხოვრების გარდაქმნის მზაობასთან მისი საპირისპირო იმპულსის ინტეგრაციასაც მოახდენდნენ და გაბედულად აღიარებდნენ იმას, რისგანაც თავს იცავენ; ეს კი იმას ნიშნავს, რომ საკუთარი წარმავლობის გრძნობას გააცნობიერებდნენ. ამ ტიპის ობსესიურმა ადამიანებმა უნდა შეიგნონ, რომ მათ მხოლოდ სურვილები როდი უნდა ამოძრავებდეთ, მოვლენების ზემოქმედება საკუთარ თავზეც უნდა იწვნიონ. მთლიანად ხალხის წინაშე კი ამ ადამიანებს მნიშვნელოვანი ფუნქცია აკისრიათ – მათ აღმშენებლობის ტრადიცია უნდა შეინარჩუნონ. გარკვეული აზრით, ისინი «საზოგადოების ბურჯებს» წარმოადგენენ, თუ ძალაუფლებისკენ სწრაფვის პატივმოყვარე მიზნებს განვითარების დამამუხრუჭებელ ფაქტორებად არ გადააქცევენ და მათზე უფრო ქმედით, საპირისპირო ძალებთან ბრძოლაში არ დამარცხდებიან. დამატებითი მოსაზრებები აუცილებლობის წინაშე შიშის შესახებ       ისტერიული პიროვნებები ფსევდორეალობაში ცხოვრობენ და ეს მათთან დაკავშირებულ ყველა სფეროში წარმოვაჩინეთ. მათ მთავარ პრობლემას «რეალობა» წარმოადგენს, რომელსაც ისინი საკუთარი «როლების» შესრულებით ირიდებენ თავიდან ამ რეალობიდან გაქცევის დროს.       რელიგია მათთვის, პრაგმატულობიდან გამომდინარე, რწმენის ხასიათს იღებს, ამიტომ არასოდეს ვიცით, ასეთ ადამიანს ეკლესია სჭირდება თუ არა. ამ შემთხვევაში, ისტერიული პიროვნებისთვის უფრო მნიშვნელოვანია ვითარსი სინამდვილე და გარეგნული ფორმების დაცვა; მისთვის სანუკვარია იმაზე ფიქრი, რომ ადამიანი მონანიებისა და აღსარების გზით გამოისყიდის ყველა ცოდვას და ახალშობილივით უცოდველი გახდება. იგი უფალს სიამოვნებით მიიჩნევს კეთილ მამად, რომელსაც ის განსაკუთრებით უყვარს, და ეს სიყვარული ოდესმე რაღაცაში აუცილებლად იჩენს თავს. ამ ადამიანების დარწმუნება ძალიან ადვილად შეიძლება დაპირებით, რომ ისინი აუცილებლად განიკურნებიან და ამისათვის არავითარი ძალისხმევა არ დასჭირდებათ. ამის გამო, ისინი ხშირად აღმოჩნდებიან ხოლმე რელიგიურ სექტებში: ფსიქოთერაპიული პაციენტები სიამოვნებით თანხმდებიან ჰიპნოზით მკურნალობაზე, რადგან ფიქრობენ, რომ ყველა სიძნელეს საკუთარი ძალისხმევის გარეშე, ერთი ხელის მოსმით გადალახავენ.       ეთიკის საკითხებისადმი ისტერიულ პიროვნებებს ასეთივე გაურკვეველი განწყობა აქვთ. ისინი მზად არიან, ყველაფერი ვიღაცას ან რაღაცას დაუკავშირონ და «განტევების ვაცად» გამოაცხადონ, ოღონდ თავი არაფერში დაიდანაშაულონ. მათ არ გააჩნიათ თვითშეფასებისა და თვითკრიტიკის გრძნობა, რის გამოც კრიტიკული სიტუაციიდან იშვიათად გამოაქვთ გონივრული დასკვნები.       ისტერიული პიროვნებები, საბოლოო ჯამში, მაინც იმ ზოგადადამიანური თვისებების მატარებლები არიან, რომლებიც ჩვენ ყველას, რაღაცა ზომით, გვახასიათებს, რადგან ყველა ჩვენგანმა უნდა გაიაროს ბავშვობისდროინდელი განვითარების ეტაპები, მისთვის დამახასიათებელი მიზნებითა და შიშებით. ჩვენ ასევე ვაცნობიერებთ საკუთარ ნაკლს, ვიცით, როგორ ხდება ჩვენი დანაშაულის სხვებზე პროეცირება განტვირთვის მიზნით – თვით იმ საზოგადოებაშიც კი, სადაც მსგავსი პროეცირება დიდად სახიფათოა.       ასეთი პროეცირებისათვის განსაკუთრებით მოსახერხებელია «მტრის ხატის» შექმნა; ამ დროს ადამიანს ექმნება შთაბეჭდილება, თითქოს მტერი იმისთვის უნდა გამოიგონოს, რომ ამით საკუთარი დანაშაულის გრძნობისაგან გათავისუფლდეს. ერები, რელიგიური გაერთიანებები და რასები, როგორც წესი, იმის პროეცირებას ახდენენ, რისი დანახვაც საკუთარ თავში არ სურთ; უზნეო ხელისუფალთა ხელში კი პროექციისადმი ადამიანის ამგვარი მზაობა, შესაძლოა, პოლიტიკური ან იდეოლოგიური მიზნით იქნეს გამოყენებული. ასეთი სახიფათო პროექციები, რომლებიც კონტროლს არ ექვემდებარება, ფსიქოდინამიურ ფონს ქმნის ომების, რასობრივი სიძულვილისა და რელიგიური შუღლის გასაღვივებლად. დამთრგუნველი და დანაშაულებრივი წარსულისგან გათავისუფლება საყოველთაო ადამიანური მოთხოვნილებაა. დეპრესიული პიროვნებისაგან განსხვავებით, რომელიც ყველაფერში თავის თავს ადანაშაულებს, ისტერიული პიროვნება ცდილობს, საკუთარი დანაშაული დაივიწყოს ან საერთოდ უარყოს. შეიძლება დაგვაფიქროს გერმანული ენის თავისებურებამ, რომელიც ერთი და იმავე სიტყვით («Vergehen»), დროის თვალსაზრისით «რაღაცის შეწყვეტას», «გაქრობას» აღნიშნავს, ხოლო ზნეობის თვალსაზრისით – «გადაცდომას» ან «დანაშაულს». ჰოდა, ისმის კითხვა: ქრება კი დროთა განმავლობაში ჩვენ მიერ ჩადენილი დანაშაულის გრძნობა? ამ კითხვაზე დადებითი პასუხი ჩვენთვის ერთობ მომგებიანი იქნებოდა.       მშობლებისა და აღმზრდელების როლში ნაწილობრივ ისტერიული ადამიანები აღფრთოვანებას იწვევენ. მათ შთაგონების დიდი ძალა გააჩნიათ, ამიტომ შეუძლიათ ბავშვი დაარწმუნონ, რომ ამქვეყნად ცხოვრება ღირს, რადგან იგი მშვენიერია. ეს ადამიანები თავიანთ გრძნობებს უფრო სპონტანურად ავლენენ, ვიდრე ზომიერად. შვილები ასეთი მშობლებით ამაყობენ და მათ მიმართ აღტაცებას ვერ მალავენ. ამ ადამიანების სახლში ყოველთვის «სტუმართმოყვარეობის ატმოსფერო» სუფევს; ამის გამო ბევრს შურს მათი, რა თქმა უნდა, იმ დრომდე, ვიდრე მიხვდებიან, რა განწყობა იმალება ამის მიღმა. ისტერიული ადამიანების მეტისმეტად რთული სტრუქტურა იმაში იჩენს ხოლმე თავს, რომ ისინი აღზრდის პროცესში ზომიერებას ვერ იცავენ. მათ საქციელში «განებივრება» და რაიმეს «აკრძალვა» ისე ენაცვლება ერთმანეთს, რომ ბავშვს ხშირად უჭირს ორიენტირება; მან არასოდეს იცის ზუსტად, რას მოიმოქმედებენ მშობლები, რადგან ამ დროს მათი საქციელი წუთიერ განწყობაზეა დამოკიდებული და ნაკლებად უკავშირდება ობიექტურ ფაქტებს. ამგვარი «მარტის ამინდის» განწყობა დამაბნევლად და ქაოტურად მოქმედებს ბავშვის ფსიქიკაზე და მასში ხშირად ცრუ მოლოდინებს აღძრავს. თუ მშობლებმა ბავშვს იმედი გაუცრუეს, დანაპირევი არ შეუსრულეს და მოითხოვენ, რომ რაღაცაზე უარი განაცხადოს, მას გაურკვეველ დაპირებებს აძლევენ და მისი ყურადღება შორეულ მომავალზე გადააქვთ, როდესაც ეუბნებიან: «აი, რომ გაიზრდები, მაშინ...» – ამით ცდილობენ, ბავშვს რაღაცაზე ძალით ათქმევინონ უარი, ნაცვლად იმისა, რომ საქმის ვითარება აუხსნან და თავისი საქციელის აუცილებლობა დაუსაბუთონ. ეს ბავშვში აჩენს იმ სახიფათო მოლოდინს, რომ მას სასწაულებრივი მომავალი ელის, რომელსაც ოდესღაც აღსრულება უწერია. ასე უწყობენ მშობლები ხელს ბავშვის ილუზორულ სურვილებსა და წარმოდგენებს, ნაცვლად იმისა, რომ რეალობასთან დააახლოვონ.       ამრიგად, ისინი ბავშვის ცხოვრებას სწორად არ წარმართავენ და მას მცირე გამოცდილებასაც არ აძლევენ, რაც იმის წინაპირობას ქმნის, რომ იგი მოგვიანებით საკუთარი თავით და ცხოვრებით იმედგაცრუებული დარჩეს. შვილები ასეთ მშობლებზე ძალიან მიჯაჭვულნი არიან, მაშინ როდესაც მშობლებს შეუძლიათ ბავშვი ერთი ხელის მოსმით მოიშორონ თავიდან, თუ ფიქრობენ, რომ იგი მძიმე ტვირთად აწვება ან გარკვეულ პასუხისმგებლობას აკისრებს მათ. თუ ბავშვი ცდილობს, მშობლებს საკუთარი აზრები გაუზიაროს, ისინი კი მას ამ დროს ყურადღებას არ აქცევენ, ბავშვი თავს მიტოვებულად გრძნობს და ფიქრობს, რომ მშობლები მხოლოდ ლამაზ სიტყვებს ეუბნებოდნენ, როდესაც სიყვარულს ეფიცებოდნენ. ისტერიული მშობლები ვერ იტანენ და პირად შეურაცხყოფად იღებენ კრიტიკას ბავშვის მხრივ. ისინი, პატივმოყვარეობისა და ეგოიზმის გამო, ძნელად აღიარებენ საკუთარ შეცდომებს ობსესიური ადამიანისგან განსხვავებით, რომელიც ამას ძალაუფლებასა და პერფექციონიზმზე პრეტენზიის მიზეზით არიდებს თავს. თუ ბავშვი ისტერიულ მშობლებს საყვედურს ეუბნება იმის გამო, რომ ანგარიშს არ უწევენ მას, მშობლები არასოდეს მიდიან დათმობაზე, ამასთან, ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ მათ შვილისთვის მხოლოდ სიკეთე სურთ და ამისათვის დიდი მსხვერპლიც გაიღეს. შედეგად ბავშვი თავს დამნაშავედ გრძნობს საკუთარი უმადურობის გამო, ნაცვლად იმისა, რომ მშობლების თანაგრძნობით კმაყოფილი დარჩენილიყო.       სახიფათოა ასევე ისტერიული ადამიანების სურვილი, საკუთარი შვილები «თითით საჩვენებელ ბავშვებად» აღზარდონ. მათი აზრით, შვილებმა მშობლებს იმედი არ უნდა გაუცრუონ, რადგან, წინააღმდეგ შემთხვევაში, მათ სიცოცხლეს აზრი აღარ ექნება. ამიტომ შვილები მხოლოდ მშობლების სახელსა და დიდებაზე უნდა ზრუნავდნენ. საერთოდ, ამ დროს მშობლების მხრივ არსებობს დიდი საფრთხე, რომ შვილს რაღაც როლის შესრულებას დააკისრებენ; ჯერ ერთი, მშობლები ბავშვს ბოროტად იყენებენ, რათა საკუთარი პრეტენზია წარმოაჩინონ, მეორეც, ბავშვმა ახლა მათ თავიანთი განუხორციელებელი ოცნებები უნდა შეუსრულოს. აქ მანეკენის მაგალითი უნდა გავიხსენოთ.       პოლიტიკაში ისტერიული პიროვნებები ხშირად ლიბერალური და რევოლუციური პარტიების წევრები არიან, რადგან, სენსაციების სიყვარულით თუ გაურკვეველი მომავლის გამო, ასეთსავე გაურკვეველ უკმაყოფილებას და მოლოდინებს გამოხატავენ. შიზოიდებთან შედარებით, ისტერიული ადამიანები მკაცრნი და თანმიმდევრულნი არიან, ხშირად გულუბრყვილოდ სჯერათ პროგრესის, რადგან მხარს უჭერენ ნებისმიერ სიახლეს მხოლოდ იმიტომ, რომ ის «ახალი» და «სხვაგვარია». ამ მხრივ, ისინი ობსესიური ადამიანის აშკარა ანტიპოდს წარმოადგენენ, რომელიც ყველაფერ ძველს, როგორც უკვე «ცნობილსა» და «ნაცადს», ისე ებღაუჭება. ისტერიული პიროვნებები თავგამოდებული, გულმხურვალე პოლიტიკოსები და ორატორები არიან, რომლებსაც მხოლოდ დაპირებები ეხერხებათ. მათთვის უფრო მნიშვნელოვანია, შეასრულონ წინამძღოლის როლი, ეძებონ ახალი გზები და წარმართონ მოვლენები, ვიდრე სულ პატარა შრომა მაინც გასწიონ საკუთარი იდეების განსახორციელებლად. მაგრამ ისტერიულ პიროვნებებს ადვილად შეუძლიათ ადამიანების ცდუნება, თავიანთი ამომრჩევლების სურვილების ამოცნობა და საზოგადოებრივი ყურადღების მიპყრობა. ისინი ცხოვრობენ პრინციპით: «apres moi le déluge» – «ჩემს შემდეგ თუნდაც წარღვნა მოსულა». სრულიადაც არ ადარდებთ, რა მოჰყვება შემდეგ მათ მოქმედებებს. ისტერიული ადამიანები ყველანაირ რისკზე მიდიან, დამარცხების შემთხვევაში კი ყოველთვის ფეხზე დგებიან.       საზოგადოებაში ისტერიული ადამიანები იმ პროფესიებში არიან წარმატებულნი, რომლებიც ადამიანებთან ურთიერთობას მოითხოვს. ისინი მოხერხებულნი არიან და სიტუაციაზე სწრაფად რეაგირებენ, ადამიანებთან კონტაქტს ადვილად ამყარებენ, მათთან საერთო ენის გამონახვა შეუძლიათ და, იმავდროულად, თავიანთი პატივმოყვარეობისა თუ სურვილების დაკმაყოფილებას ცდილობენ. ისტერიულ ადამიანებს ნებისმიერი საქმე ეხერხებათ და ყველგან შეუძლიათ გამოიჩინონ თავი; ცდილობენ ჰქონდეთ წოდებები და მაღალი თანამდებობები, რომლებსაც სიმბოლოების მნიშვნელობას ანიჭებენ, რადგან საკუთარი თავის იდენტიფიკაციას ამ წოდებებთან და თანამდებობებთან ახდენენ, მაგრამ, ობსესიური ადამიანის მსგავსად, წოდებისა და თანამდებობის წინაშე ნაკლებ პასუხისმგებლობას გრძნობენ. ეს მათთვის მხოლოდ შესაძლებლობაა საკუთარი ბრწყინვალე პიროვნების წარმოსაჩენად. ისტერიულ ადამიანებს ორდენები და ტიტულები სწორედ ამიტომ ხიბლავთ; ისინი წარმატებით მუშაობენ ყველა თანამდებობაზე, რომელიც მოითხოვს ადამიანებთან ურთიერთობას და აკმაყოფილებს «საზოგადოებაში მათი ყოფნის» მოთხოვნილებას. ისტერიულ ადამიანებს შორის გვხვდებიან ენამჭევრი ვაჭრები და შთამაგონებელი გამყიდველები, რომლებიც დაჯილდოებულნი არიან ნიჭით – მუშტარს ჩაწოლილი საქონელი ხელსაყრელ ფასებში «შეასაღონ», ანდა ის მყიდველი, რომელსაც მხოლოდ ჰალსტუხის შეძენა უნდოდა, თავიდან ფეხებამდე შემოსილი გაუშვან მაღაზიიდან.       ისტერიული ადამიანები ისეთ ადგილებს ეტანებიან, სადაც შეუძლიათ წარმოაჩინონ თავიანთი მომხიბვლელობა, ფიზიკური უპირატესობა, მოხერხებულობა და სპონტანური მიზანდასახულობა, სადაც საქმე ეხება იმპროვიზაციას, სიურპრიზებს და მოულოდნელ გამარჯვებებს. მათ იზიდავთ ნებისმიერი პროფესია, რომელიც «დიდ სამყაროში» ცხოვრების იმედებს აღუძრავს, ან თუნდაც რაიმეთი დაკავშირებულია ამ სამყაროსთან. ასეთები არიან ფოტომოდელები, მანეკენები და ბიზნესმენები. მათ ასევე იზიდავთ ოქრომჭედლის, დიზაინერის ან სასტუმროს თანამშრომლის საქმიანობა. ისტერიულ პიროვნებას ადამიანური ურთიერთობები უფრო მნიშვნელოვნად მიაჩნია, ვიდრე საკითხის საქმიანი მხარე, ამიტომ თავად საქმის წარმატება მთლიანად იმ ადამიანზეა დამოკიდებული, ვისთვისაც ეს საქმე კეთდება. ნიჭიერ ისტერიულ პიროვნებას შეუძლია თავისი გუნება-განწყობა, ხასიათის თვისებები, სურვილები, წარმოსახვის უნარი და სიხარული ხელოვნების დონეზე, უპირველეს ყოვლისა კი, მსახიობის ან მოცეკვავის როლში წარმოაჩინოს.       სიბერე და სიკვდილი ჩვენი ცხოვრების ის უცილობელი და უკანასკნელი რეალობაა, რომელსაც მუდმივად ვერ გაიხანგრძლივებ. ისტერიული პიროვნებები, რომლებსაც არ სჩვევიათ რეალობის აღქმა და აუცილებლობის წინაშე ქედის მოხრა, ცდილობენ, ამ რეალობაზეც, რაც შეიძლება, დიდხანს დახუჭონ თვალი. ისინი არ უარყოფენ, რომ სიბერე და სიკვდილი არსებობს, მაგრამ არსებობს უფრო მეტად სხვებისთვის, ვიდრე კონკრეტულად მათთვის. ამიტომ ისტერიული ადამიანები ცდილობენ, დიდი ხნით შეინარჩუნონ ახალგაზრდობის ილუზია, და სწამდეთ მათ წინაშე მუდმივად არსებული, იმედიანი მომავლისა. ეს ადამიანები განსაკუთრებით წარმატებულად იყენებენ იმ მეთოდებს და პრაქტიკულ გამოცდილებას, რომლებიც მათ ხანგრძლივ ახალგაზრდობას ჰპირდება; მათ უმთავრესად ის მოძღვრებები იზიდავთ, რომლებიც ამტკიცებენ, რომ სიკვდილის შემდეგ ადამიანი კვლავ აგრძელებს სიცოცხლეს.       ისტერიული პიროვნებები საკუთარი სიკვდილის ფაქტს გამორიცხავენ და ამას ხშირად იმით გამოხატავენ, რომ არ ჩქარობენ ანდერძის დაწერას, არ აწესრიგებენ თავიანთ საქმეებს და სიკვდილის შემდეგ ქაოსს ტოვებენ. ისინი, სიკვდილის მოახლოების შიშით, არცთუ იშვიათად, თითქოს, სრულიად სხვა ადამიანებად გარდაიქმნებიან და არაბუნებრივად იქცევიან. მათ საქციელზე გვახსენდება გამოთქმა: «ახალგაზრდა მეძავი სიბერეში პირმოთნე ხდებაო», და ვხვდებით, რომ ისინი ამ დროს რაღაც გამორჩენას მოელიან; ამიტომ ამ ადამიანების ასეთი უეცარი გარდაქმნა ნამდვილად ეჭვს იწვევს. ისტერიულ პიროვნებებს ვერ გაუგიათ, რომ ადამიანი ღირსეულად უნდა ბერდებოდეს; სამაგიეროდ, შესწევთ უნარი, საკუთარი წარსული გაიცისკროვნონ და მოგონებებით იცხოვრონ. ამასთან, ეს წარსული, სურვილისამებრ, გადაასხვაფერონ, მის შუაგულში იტრიალონ და მთავარი როლი შეასრულონ. ზოგი მათგანი იმასაც ახერხებს, რომ სიკვდილი მთელი ბრწყინვალებით წარმოაჩინოს, ცხოვრების სცენიდან ჩამოსვლა შთამბეჭდავ სანახაობად გადააქციოს და ამ სპექტაკლში მთავარი გმირის როლი შეასრულოს.       ისტერიული პიროვნება უპირატესობას ანიჭებს ხელოვნების დარგებს და, რასაც ამ სფეროში ქმნის, უდავოდ დაამჩნევს ხოლმე კვალს; დროდადრო ავლენს მიდრეკილებას გაურკვეველი ექსჰიბიციონიზმისადმი; საკუთარი თავის წარმოჩენის მიზნით, წერს წერილებს და თავის ავტობიოგრაფიას; მრავალფეროვნება, ორიგინალობა და სიცოცხლის ხალისი ისტერიული ადამიანის ხასიათის ძლიერ მხარეს განეკუთვნება; საქმის ფორმალური ნაწილი მისთვის ხშირად არცთუ ისე მნიშვნელოვანია; მას განსაკუთრებული მიდრეკილება აქვს ჰალუცინაციებისადმი, რომლებშიც იმალება ის საფრთხე, რომ ისტერიული პიროვნება მათ ჯანსაღ, ცხოვრებისეულ მიმართულებას კი არ აძლევს, არამედ თავისი ოცნებებისა და სურვილების სამყაროში შეუხმობს, რაც მას სულ უფრო აშორებს რეალობას. ამ დროს მხოლოდ ხელოვანს შეუძლია გამოიჩინოს თავისი შემოქმედებითი ნიჭი.       ისტერიული პიროვნებების სიზმრები მათი სტრუქტურისათვის დამახასიათებელ, სპეციფიკურ პრობლემას წარმოადგენს და ხშირად სურვილების აღსრულების გულუბრყვილო ფორმით ვლინდება. ეს სიზმრები თავისთავად ილუზორულია; მათში რეალურად არსებული კანონები არ მოქმედებს, მოქმედება იქ ზღაპრული ხდომილებების სახით წარმოჩინდება და პრობლემების გადაჭრა უჩვეულოდ ხდება; მაგალითად, უკიდურესი საფრთხის დროს ადამიანს შეიძლება ფრთები გამოესხას და გაფრინდეს, რადგან ჯადოსნური თვისებები გააჩნია; ან ამ დროს სადღაც სიღრმიდან ზედაპირზე ამოიჭრება deus ex machina და იხსნის სიტუაციას. შიში სიზმარში ხანდახან ისე თრგუნავს ადამიანს, რომ იგი უეცრად უფსკრულის პირას აღმოჩნდება, რაც გვახსენებს სურათს – «მხედარი ბოდენზეეს თავზე». ისტერიული ადამიანები ხშირად ფერად, ცოცხალი ხდომილებებით აღსავსე, გრძელ სიზმრებს ხედავენ, რომლებიც მოგვიანებით კარგად ახსოვთ. დამახასიათებელია ისიც, რომ რთული სიზმრის ახსნას, რომელიც დიდ ძალისხმევას მოითხოვს, სიზმრის მნახველის ნაცვლად, სხვა ადამიანი კისრულობს.       ახლა შევეცდები, წარმოვადგინო ისტერიული პიროვნებების წრე; იგი იწყება ნაწილობრივ ისტერიული, ჯანმრთელი ადამიანით და მთავრდება იმ სტრუქტურული ტიპით, რომელიც ხასიათდება სუსტი და მძიმე ფსიქიური აშლილობით. ეს წრე დაახლოებით შემდეგნაირად გამოიყურება: ქმედითი, იმპულსური, ხაზგასმით პატივმოყვარე და თავკერძა ადამიანები;       ისტერიული ტიპები, რომელთაც აქვთ საკუთარი პიროვნების აღიარების ნარცისისეული მოთხოვნა და მოვლენების შუაგულში ყოფნის სურვილი; მეტისმეტად პატივმოყვარე ადამიანები, რომელთაც გააჩნიათ სხვებთან ურთიერთობის მოთხოვნილება. ამავე წრეში შედიან ადამიანები, რომელთაც ახასიათებთ «ოჯახურ რომანთან» მიახლოებული ურთიერთობა, ერთი მხრივ, მამასა და ქალიშვილს, მეორე მხრივ კი – დედასა და ვაჟიშვილს შორის; ვითარსი ისტერიული ადამიანები, რომლებიც საკუთარ თავზე მორგებულ როლებს, რეალობიდან გაქცევისა და ავანტიურისტული ქმედებების გასათამაშებლად იყენებენ. არიან ასევე მარადიული «წიწკვები», ყმაწვილკაცები, კაცთმოძულე ქალები და ქალთმოძულე მამაკაცები. ეს უკანასკნელები უარს ამბობენ საკუთარ სქესზე და ხშირად ჰომოსექსუალები ხდებიან. ეს წრე მოიცავს ასევე «დასაჭურისებულ», დესტრუქციულ ქალებს, რომლებიც აშკარა სიძულვილს გამოხატავენ მამაკაცებისადმი, და დონ-ჟუანის ტიპის მამაკაცებს, რომელთაც ქალების მიმართ შურისძიების გრძნობა ამოძრავებთ. ისინი ქმნიან მძიმე ისტერიული დაავადებების სურათს, რომელიც ფობიებით, ფსიქიკური და სომატური სიმპტომატიკით გამოვლინდება, თუმცა ამის დადგენა თვალნათლივ ვერ ხერხდება, თუ არ ჩავთვლით უკიდურეს შემთხვევებს (დამბლის ნიშნები).       ნაწილობრივ ისტერიული ტიპის ჯანმრთელ ადამიანს უყვარს რისკი, ხალისით ასრულებს თავის საქმეს, ყოველთვის მზადაა სიახლეების მისაღებად, მოქნილი, ხალისიანი და ხშირადმომხიბვლელია. ეხერხება იმპროვიზაცია, სიამოვნებით ატარებს ცდებს, კარგი თანამეინახეა და არ სჩვევია მოწყენილობა; მის გარშემო ყოველთვის რაღაც ხდება. უყვარს ახალი საქმეების წამოწყება და დიდ იმედებს ამყარებს ცხოვრებაზე. ასეთი ისტერიული ტიპი ნებისმიერი საქმის დასაწყისში დიდ შესაძლებლობებს და ხიბლს ხედავს, რასაც წიგნის ამ თავში წამძღვარებული სიტყვებიც გამოხატავს. ამ ტიპის ისტერიული ადამიანი, თავისი ქმედითი ხასიათის წყალობით, არღვევს ტრადიციებს და ძველ, დახავსებულ ნორმებს, ფლობს შთაგონების ძალას და იცის, როგორ გამოიყენოს საკუთარი მომხიბვლელობა. იგი არაფერს აღიქვამს სერიოზულად, გარდა, ალბათ, საკუთარი თავისა, რადგან გაცნობიერებული აქვს ცხოვრების უმთავრესი მოვლენების პირობითობა. ისტერიული ადამიანის ხასიათის ძლიერ მხარეს «იმპულსების გამოვლინება» და «რაღაცის ამოქმედება» წარმოადგენს და არა დაგეგმილი საქმის ხანგრძლივად და მოთმინებით განხორციელება. მაგრამ სწორედ თავისი დაუთმენლობის, ცნობისმოყვარეობისა და წარსულისადმი ზერელე დამოკიდებულების წყალობით, შესწევს უნარი, დაინახოს და შეიცნოს ისეთი რამ, რასაც ვერ ხედავენ სხვა ტიპის ადამიანები.       ამრიგად, ისტერიული ადამიანი თავდაჯერებით და მამაცურად უყურებს ცხოვრებას, რომელიც მისთვის ნაირფერი თავგადასავლებითაა სავსე. ცხოვრების არსი მისთვის იმაში მდგომარეობს, რომ სურს, რაც შეიძლება მრავალფეროვანი, ქმედითი და სისხლსავსე ცხოვრებით იცხოვროს. ფრიც რიმანი წიგნიდან: შიშის ძირითადი ფორმები …
დაამატა ლაშა to ფსიქოლოგია at 4:30pm on იანვარი 20, 2019
თემა: ევსები კესარიელის საეკლესიო ისტორია - პირველი წიგნი
მაცხოვრის, ღვთის ქრისტეს წინარეარსებობისა და        ღვთისმეტყველების შესახებ. III.    როგორ იყო ღვთივშთაგონებულ წინასწარმეტყველთა შორის ძველთაგანვე ცნობილი და პატივცემული იესოს სახელიც, და თვით ქრისტესიც. IV.    როგორ არ ყოფილა ახალი, არც უცხო მისგან ყველა ხალხისადმი ნაუწყები ღვთისმოსაობის გვარი. V.     ადამიანებთან მისი გამოჩენების ჟამის შესახებ. VI.    მისი გამოჩინების ჟამს წინასწარმეტყველებათა თანახმად როგორ უჩინო იქმნენ ის მთავრები, რომლებიც ადრე, წინაპართაგან მომდინარე მონაცვლეობით, უწინამძღვრებდნენ იუდეველთა ერს, და როგორ გამეფდა მათზე პირველი უცხოტომელი ჰეროდე. VII.   სახარებებში იესო ქრისტეს გვარტომობის შესახებ არსებული სავარაუდო უთანხმოების შესახებ. VIII.  ჩვილების წინააღმდეგ ჰეროდეს განზრახვის შესახებ, და თუ რა უბედურება შეემთხვა მას ცხოვრებაში. IX.    პილატეს მმართველობის დროის შესახებ. X.     იუდეველთა მღვდელმთავრების შესახებ, რომელთა დროსაც მოძღვრებას გადასცემდა ქრისტე. XI.    მოწმობები იოანე ნათლისცმემლისა და ქრისტეს შესახებ. XII.   ჩვენი მაცხოვრის მოწაფეთა შესახებ. XIII.  ამბავი ედესელთა მმართველის შესახებ.   I ვირჩიე, წერილობით გადმომეცა სამღვდელო მოციქულთა მონაცვლეობანი და, ამასთან, ისიც, თუ, ჩვენი მაცხოვრის შემდეგ თვით ჩვენამდე განვლილ დროში, რაოდენთა და რაზომთა საქმეთა აღსრულება გვეუწყება, შესაბამისად ეკლესიის ისტორიისა, ანთუ რაოდენნი უწინამძღვრებდნენ და წინამდგომობდნენ მას სახელოვნად ყველაზე უფრო გამორჩეულ სამრევლოებში; თუ რამდენი პიროვნება, თაობიდან თაობამდე ზეპირად თუ ნაშრომების მეშვეობით შუამავლობდა ღვთის სიტყვას; თუ ვინ, რამდენი და როდის ახლის შექმნის წადილით ცთომილების უკიდურესი ზღვრისაკენ მოსწრაფე საკუთარ თავს აცხადებდა ცრუ ცოდნის[1] შემომტანად და როგორც მძვინვარე მგელი დაუნდობლად ანადგურებდა ქრისტეს სამწყსოს (შდრ. საქმე 20,29); ამასთან იმასაც, თუ რა შეემთხვა იუდეველთა მთელ ერს ჩვენი მაცხოვრის წინააღმდეგ შეთქმულების განხორციელებისთანავე; შემდეგ, თუ რამდენი წარმართი, როგორ და როდის ებრძოდა ღვთის სიტყვას, და თუ რას წარმოადგენდნენ ისინი, ვინც მისი გულისთვის სხვადასხვა დროს სისხლის ღვრითა და ტანჯვით განვლეს ასპარეზობა; ამის შემდეგ კი ვისაუბრებ ჩვენი დროის მოწამეობრივ ღვაწლთა შესახებაც და ყველა მათგანზე (მოწამეებზე - მთარგ.) გადმოვლენილ ჩვენი მაცხოვრის მადლსა და მოწყალებაზე. და ვიწყებ არა ნხვა რამით, არამედ ჩვენს მაცხოვარსა და უფალთან დაკავშირებული ღვთის განგებულებით. მაგრამ ჩემი განზრახვა აქედანვე ითხოვს, რომ კეთილგანწყობილმა მკითხველმა მომიტევოს: ვაღიარებ, რომ ჩემს ძალას აღემატება დანაპირების სრულად და დანაკარგის გარეშე შესრულება, რადგან პირველი ვართ, ვინც ახლა შევდივართ ამ საკითხში და ვიწყებთ როგორც რამ უკაცრიელ და უვალ გზაზე სვლას. ღვთისგან ვითხოვთ გზამკვლევს და უფლის ძალის შეწევნას, და არანაირი იმედი არა გვაქვს, რომ ჩვენამდე ვინმეს მიერ ნავალ შიშველ კვალს მივაგნებთ, თუ არა იმ მცირე გამონაკლისებს, რომელთა მეშვეობით სხვებმა გზის სხვადასხვაგვარად გავლით გარკვეულ ჟამთა ამბები დაგვიტოვეს, მათი ხმები შორს აღ- მართული ჩირაღდნებივითაა და ზემოდან როგორც შორეული საგუშაგოდან ღაღადებენ და შეგვაგონებენ, თუ საითკენ უნდა ვიაროთ თხრობის მოგზაურობის უცთომელი და უსაფრთხო მსვლელობისათვის. ახლა ჩვენს წინ მდებარე საკითხის სასარგებლოდ თვით მათ გაფანტულ მოგონებებს წარვუძღვებით, ძველი მწერლების სათანადო გამონათქვამებს შემოვკრებთ და მათ როგორც გონისმიერი ბაღის ყვავილებს დავკრეფთ. ვეცდებით ისტორიული თხრობის მეშვეობით მათ მივცეთ ერთიანი სხეული, მოხარულნი გადავარჩინოთ, თუ ყველა არა, ჩვენი მაცხოვრის მოციქულთა განსაკუთრებით გამოჩენილ მონაცვლეების ღირშესანიშნავი, ჯერ კიდევ შემორჩენილი მოგონებები. მე კი ამ საკითხს შრომა-გარჯით უნდა შევუდგე, რადგან აქამდე არცერთ საეკლესიო მწერალს არ გამოუჩენია მოშურნეობა მწერლობის ამ დარგში; ვიმედოვნებ, რომ ამ შრომის დიდი სარგებელი ცხადი იქნება მათთვის, ვინც საფუძვლიანად არის ისტორიაში განსწავლული. მათი შეჯამება ადრე უკვე ჩამოვაყალიბე "ქრონიკებში"[2], ხოლო მათი თხრობის სრულად გადმოცემა მსურდა აქ წარმოდგენილ ნაშრომში.  როგორც ვთქვი, ჩემი სიტყვა იწყება ქრისტესთან დაკავშირებით შემეცნებული, ადამიანზე აღმატებული და დიდებული განგებულებითა და ღვთისმეტყველებით. და რადგან წერილობით უნდა გადმოვცეთ საეკლესიო ამბების ისტორია, ალბათ აუცილებელი იქნება დავიწყოთ თავიდან, ქრისტესთან დაკავშირებული პირველი განგებულებიდან, რომელიც უფრო ღვთიურია ვიდრე მრავალს მიაჩნია, და რადგან მისგან გავხდით ჩვენი ჩვენი სახელის* ღირსი. --------------------------------------- * ე.ი. ქრისტიანის – მთარგ.   II ორმაგი არის მისი ბუნება: ერთი მხრივ, მსგავსია სხეულის თავის (შდრ I კორ. 11,3), - რაც შეიცნობა ღმერთად, მეორე მხრივ, შეიძლება შევადაროთ ფეხებს, - რაც თვით ჩვენი ხსნის გამო შეიმოსა, ჩვენი მსგავსი ვნებების მქონე ადამიანურობა. ჩვენს მიერ შემდეგი ამბების თხრობა ალბათ სრული იქნება, თუ მასთან დაკავშირებულ მთელ ისტორიას ყველაზე მთავარი და ძირითადი სიტყვით დავიწყებთ. ამით ქრისტიანობის დასაბამიერ სიძველესაც და ღვთიურობასაც ვაჩვენებთ მათ, ვინც მას მიიჩნევენ როგორც ახალს და უცხოს, გუშინდელი დღის უწინარეს რომ არ გამოჩენილა.  თვითონ ქრისტეს ბუნებისა და არსის წარმომავლობისა და ღირსების აღსაწერად ალბათ არანაირი სიტყვა არ იქნება საკმარისი, რასაც ღვთის სული წინასწარმეტყველთა მიერ ამბობს: "მის წარმომავლობას ვინ მოგვითხრობს?" (ეს. 53,8; მათ. 11,27), რადგან არც მამა იცის ვინმემ, თუ არა მხოლოდ ძემ, არც ძე შეუცვნია ოდესმე ვინმეს ღირსებისამებრ, თუ არა მხოლოდ მის მშობელ მამას, უწინარეს ქვეყნიერებისა არსებული სინათლე და უწინარეს საუკუნეთა მყოფი გონიერი და არსებითი სიბრძნე, დასაბამიდან მამასთან მყოფი ცოცხალი ღმერთი-სიტყვა (შდრ. იოან. 1,9-10; იგავ. 8,23); ვინ შეძლებს მამის გარდა წმინდად შეიმეცნოს მთელი ხილული და უხილავი ქმნილებისა და შემოქმედების უწინარესი ღმერთის პირველი და ერთადერთი ნაშობი (შდრ. იოან. 1,4; კოლ. 1,15-16), ციური მოაზროვნე და უკვდავი მხედრობის მხედართმთავარი (შდრ. იოს. 5,14), დიდი თათბირის ანგელოზი (შდრ. ეს. 9,6), მამის გამოუთქმელი აზრის აღმასრულებელი, მამასთან ერთად ყოვლიერების შემოქმედი, მამის შემდეგ ყოვლიერების მეორე მიზეზი, ღვთის ნამდვილი მხოლოდშობილი შვილი, ყოველივე დაბადებულის უფალი და ღმერთი, რომელმაც მამისაგან მიიღო სამეფო ძალაუფლება და მპყრობელობა, ამასთან თვით ღმრთეება, ძალა და პატივი. მის შესახებ წმინდა წვრილის საიდუმლო ღვთისმეტყველების მიხედვით, - "დასაბამში იყო სიტყვა, და სიტყვა იყო ღმერთთან და ღმერთი იყო სიტყვა; ყოველივე მის მიერ შეიქმნა და მის გარეშე არაფერი არ შეიქმნა" (იოან. 1,1-3). ეს არის დიდი მოსეს სწავლებაც, როგორც ალბათ ყველა წინასწარმეტყველთაგან უძველესის, რომელიც ღვთის სულით ყოველივეს დაარსებისა და მოწესრიგების აღმწერელი ასწავლის, რომ მთელი ქვეყნიერების შემქმნელმა და მომწესრიგებელმა თვით ქრისტეს და არა სხვა ვინმეს, ანუ ცხადია თვით ღვთიურ და მის პირმშო სიტყვას დაუთმო ქვემდგომთა შექმნა და მასთან ბჭობდა ადამიანის შექმნაზე. იგი ამბობს: "რადგან თქვა ღმერთმა: "შევქმნათ ადამიანი ჩვენი ხატისა და მსგავსების მიხედვით" (შესაქ. 1,26). ეს სიტყვა დადასტურებულია სხვა წინასწარმეტყველებისგანაც, რასაც საგალობლებში ღვთისმეტყველებენ: "მან თქვა და შეიქმნა, მან ბრძანა და დაეფუძნა" (ფს. 32,9; 148,5). მას (მოსეს - მთარგ.) შემოყავს, ერთი მხრივ, მამა და შემოქმედი როგორც ყოველივეს წინამძღოლი და სამეუფო წამისყოფით მბრძანებელი, მეორე მხრივ კი, ღვთიური სიტყვა, რომელიც არ განსხვავდება ჩვენდამი ნაუწყებისაგან, და არის მამისეული ბრძანების აღმასრულებელი. მას პირველი ადამიანის შექმნიდან მოყოლებული შეიცნობდა ყველა, ვისზეც ნათქვამია, რომ სახელგანთქმული არის სამართლიანობით და ღვთისმოსაობის სათნოებით, დიდი მსახური მოსე და მის უწინარეს კი პირველად აბრაამი და მისი შვილები, შემდეგ გამოჩენილი მართლები და წინასწარმეტყველები, რომლებიც გონების განწმენდილი თვალებით ჭვრეტდნენ მას და როგორც ღვთის შვილს სათანადო თაყვანისცემას მიაგებდნენ. თვითონ (ღვთის შვილი - მთარგ.) კი ისე, რომ არანაირად არ განდგომია მამის მსახურებას, ყველასათვის გახდა  მამისეული ცოდნის მასწავლებელი. ამგვარად საყოველთაოდ  არის ცნობილი, რომ უფალი ღმერთი როგორც ვინმე ჩვეულებრივი ადამიანი აბრაამთან ერთად იჯდა მამბრეს მუხასთან (იხ. შესაქ. 18,1-3). იგი (აბრაამი - მთარგ.) მყისვე  დაეცა მის წინაშე, თვალებით ხედავდა როგორც ადამიანს, მაგრამ თაყვანი სცა როგორც ღმერთს, ევედრებოდა როგორც უფალს, აღიარებდა, რომ არ იყო უმეცარი იმისა, თუ ვინ იყო იგი, და ეუბნებოდა: "უფალო, მთელი დედამიწის მსაჯულო, არ განსჯი?" (შესაქ. 18,25). რადგან თუ არცერთი გონება არ უშვებს, რომ ყოვლისმპყრობელი ღმერთის შეუქმნელი და უცვლელი არსი ადამიანის სახედ შეიცვლება, არც იმას, რომ მხედველის (აბრაამის - მთარგ.) თვალები რაიმე ქმნილების წარმოსახვით მოტყუვდება და არც იმას, რომ სიცრუეს მოიგონებს წმინდა წერილი, სხვა ვინ იქნებოდა მთელი დედამიწის მსაჯულად და სასჯელის აღმასრულებელ უფლად და ღმერთად წარმოჩენილი, ადამიანის გარეგნობით სახილველი, თუ არა ყოვლიერების ნამდვილი პირველი მიზეზი, ანუ მისი წინარეარსებული მხოლო სიტყვა? მის შესახებ ფსალმუნებში ნათქვამია: "წარავლინა მისი სიტყვა და განკურნა ისინი, და იხსნა ისინი გახრწნისაგან" (ფს. 106,20). იგი რომ მამის შემდეგ მეორე უფალია, ამას აშკარად ამბობს მოსე: "უფალმა სოდომსა და გომორაზე აწვიმა გოგირდი და ცეცხლი უფლისაგან" (შესაქ. 19,24). იგი ასევე იაკობს გამოეცხადა ადამიანის გარეგნობით, რომელსაც საღვთო წერილი ღმერთს უწოდებს; იგი იაკობს ეუბნება: "მეტად აღარ გერქმევა შენ სახელი იაკობი, არამედ ისრაელი იქნება შენი სახელი, რადგან ძლიერი იყავი ღმერთთან" (შესაქ. 32,28), და ამბობდა: "რადგან ვნახე ღმერთი პირისპირ და გადარჩა ჩემი სული" (შესაქ. 32,30). უფლება არ გვაქვს ღვთის ამ გამოცხადებაში ქვემდგომ ღვთისმსახურ ანგელოზთა ხილვის აღწერა ვიგულისხმოთ: სხვა დროს, როდესაც რომელიმე მათგანი ადამიანებს ეცხადება, წერილი ამას არ ფარავს და სახელსდებს არა ღმერთად, არც უფლად, არამედ აშკარად უწოდებს მათ ანგელოზებს, რაშიც უამრავი მოწმობის მეშვეობით ადვილად შეგვიძლია დავრწმუნდეთ. მას მოსეს მონაცვლე, იესო უწოდებს ცათა ანგელოზების და მთავარანგელოზების, ზექვეყნიურ ძალთა წინამძღოლს და როგორც მამისაგან მყოფ ძალას და სიბრძნეს (შდრ. I კორ. 1,24), მთელს სამეფოზე მეორე ადგილისა და მთავრობის მიმღებს, და უფლის ძალთა მხედართმთავარს. იესომ იგი იხილა არა სხვაგვარად, არამედ ადამიანის სახითა და გარეგნობით. დაწერილია: "და მოხდა, როდესაც იესო იერიქონში იყო, აიხედა და იხილა მის პირისპირ მდგომი ადამიანი და მახვილი მის ხელში პყრობილი; მივიდა იესო და უთხრა: “ჩვენიანი ხარ, თუ მოწინააღმდეგეების?" და უთხრა მას: "მე ვარ უფლის ძალთა მხედართმთავარი, აწ აქ მოსული". იესო განერთხა პირით მიწაზე და უთხრა მას: "მეუფეო, რას უბრძანებ შენს მსახურს?" და უთხრა უფლის მხედართმთავარმა იესოს: "გაიხადე ფეხსაცმელი შენს ფეხთაგან, რადგან ადგილი, რომელზეც შენ დგახარ, წმინდა ადგილი არის" (ისუ ნავ. 5, 13-15). აქაც დარწმუნდები ამ გამონათქვამებიდან, რომ ეს სხვა არავინ არის, თუ არა მოსესთან მოსაუბრე, რადგან ამ სიტყვებს წერილი მასზეც ამბობს: "როგორც კი დაინახა უფალმა, რომ სანახავად მოდის, დაუძახა მას უფალმა მაყვლოვანიდან და უთხრა: "მოსე, მოსე", მან კი მიუგო: "რა არის?" და უთხრა: "აქ არ მომიახლოვდე; გაიხადე ფეხსაცმელი შენს ფეხთაგან; რადგან ადგილი, რომელზეც დგახარ, წმინდა მიწა არის". და უთხრა მას: "მე ვარ შენი მამის ღმერთი, ღმერთი აბრაამის და ღმერთი ისააკის და ღმერთი იაკობის" (გამ. 3,4-6). და რომ იგი არის არსი რაიმე, ქვეყნიერების უწინარეს მცხოვრები და მყოფი, ყოვლიერების მამასთან და ღმერთთან ყოველივეს დაბადების შესაქმეში შემწე, ღვთის სიტყვად და სიბრძნედ სახელდებული, საჩვენებლად მოყვანილ მაგალითებზე უფრო მეტად თვით სიბრძნის პირიდან გვმართებს ამის მოსმენა. სოლომონის მეშვეობით იგი თავისი თავის შესახებ ამას იდუმალთმყვანებლობს: "მე ვარ სიბრძნე დამკვიდრებული ზრახვაში, მე მეწოდება ცოდნა და აზროვნება. ჩემი მეშვეობით მეფობენ მეფენი და მბრძანებლები წერენ სიმართლეს; ჩემი მეშვეობით განდიდდებიან დიდი ადამიანები და ხელმწიფენი იპყრობენ მიწას" (იგავ. 8, 12.15.16); და დასძენს: "უფალმა თავისი გზების დასაბამად შემქმნა მე მისი საქმეებისთვის, საუკუნეთა უწინარეს დამაფუძნა მე: დასაბამში დედამიწის შექმნამდე, წყლის წყაროების გადმოდინებამდე, მთების დაფუძნებამდე, ყველა ბორცვის  უწინარეს მშვა მე. იმ დროს, როცა განამზადებდა ცას, მასთან ვიყავი და როცა უსაფრთხოდ განათავსებდა წყაროებს ცის ზემოთ, მე მასთან ერთად ვაწესრიგებდი. მე ვიყავი, ვისაც შეჰხაროდა ყოველდღე, მე მის წინაშე ვმხიარულობდი ყოველ ჟამს, როდესაც კი მხიარულობდა მსოფლიოს გასრულებისას" (იგავ. 8, 22-31). ის, რომ ღვთის სიტყვა წინარეარსებობდა და ეცხადებოდა, თუ ყველას არა, ზოგიერთს მაინც ჩვენს მიერ მოკლედ ითქვა.  ის, თუ რატომ არ ეუწყებოდა ძველად ყველა ადამიანს და ერს ისე, როგორც ახლა, ამას ნათელს გავხდით. წარსულში ადამიანთა ცხოვრება ვერ იტევდა ქრისტეს ყოვლად ბრძენ და ყოვლად სათნო მოძღვრებას. დასაბამში ნეტარებაში პირველი ცხოვრების შემდეგ პირველმა ადამიანმა თავიდანვე ცუდად იზრუნა ღვთის მცნების დაცვაზე და მოკვდავ და ხრწნად ცხოვრებაში ჩავარდა, და ძველი ღვთაებრივი ფუფუნება ამ "დაწყევლილ მიწაზე" გაცვალა. მის შემდეგ მათ, რომლებიც ჩვენთან ერთად ყოვლიერებას აღავსებენ, მრავალი კიდევ უფრო უარესი საქციელით გამოიჩინეს თავი, სადმე ერთი-ორის გამოკლებით, რაღაც მხეცური სახის საშინელ ცხოვრებას ირჩევდნენ; აზრად არ მოსდიოდათ არც ქალაქები, არც მოქალაქობა, არც ხელოვნება, არც მეცნიერება; კანონების, სამართლიანობის, ასევე სათნოებისა და ფილოსოფიის სახელიც კი არ მოიპოვებოდა მათთან; უდაბნოში ეწეოდნენ მომთაბარე ცხოვრებას როგორც ველურები და უწესოები. ადამიანის სულში ბუნებით წარმოშობილი აზროვნების უნარი, აზრისა და ზრდილობის თესლები თვითარჩეული ბოროტების აღმატებით გახრწნეს; ყოველგვარ უწმინდურ საქციელს მიჰყვეს ხელი, ერთმანეთის ხრწნასა და ხოცვას, ზოგმაც კაციჭამიობას. ღვთისმბრძოლობაზე და ყველგან ცნობილი ბუმბერაზების ბრძოლაზეც გაკადნიერდნენ, დედამიწიდან ცამდე კედლის აშენება განიზრახეს და ბორგნეულად მოაზროვნენი უზენაესთან ბრძოლისთვის ემზადებოდნენ; როდესაც ამგვარ საქმეებს შეუდგნენ, ყოველთა ზედამხედველმა ღმერთმა მათზე, როგორც ველურ ტყეზე, მთელ დედამიწას რომ ფარავს, მოავლინა წარღვნა და ცეცხლის წვიმა; შიმშილით, საშინელი ომებით, ზემოდან მეხთატეხვით მოკვეთა ისინი და როგორც რამ სულის საშინელი და მძიმე სენი შეაჩერა მწარე მტანჯველი იარაღებით. ამრიგად, მაშინ, როდესაც დიდი იყო თითქმის ყველაზე მოვლენილი ძილქუში, საშინელი, თითქმის ყველა ადამიანის სულის დამჩრდილველი და დამაბნელებელი, ღმერთის პირმშო და პირველქმნილი* სიბრძნე და თვით წინარეარსებული სიტყვა კაცთმოყვარეობის ზეაღმატებით ქვემდგომთ გამოეცხადა როგორც ღვთის მხსნელი ძალა (შდრ. I კორ. 1,24), ერთხელ ანგელოზთა სახით, ერთხელ კა თვითონ პიროვნულად (შდრ. კოლ. 1,15; იგავ. 8,22; იოან. 1,1) ძველ ღვთისმოყვარე კაცთაგან ერთსა და ორს არა სხვაგვარად, არამედ ადამიანის სახით (რადგან სხვაგვარად შეუძლებელი იყო მათთვის). როდესაც მათ მიერ ღვთისმოსაობის თესლები ადამიანთა სიმრავლეში მიმოიბნია, თავდაპირველად დედამიწაზე ებრაელთაგან მომდინარე მთელი ერი იცავდა ღვთისმოსაობას; ისინი, რომელთაგან ალბათ მრავალი ძველი გზით დადიოდა, მოსე წინასწარმეტყველის მეშვეობით რაღაც საიდუმლო შაბათისა და წინადაცვეთის ხატებითა და სიმბოლოებით სხვა გონისმიერ ხედვებში შეყავდა, მაგრამ თვით ცხად იდუმალთმყვანებლობას არ გადასცემდა. როგორც კი მათთან რჯულდება გაცხადდა და, როგორც კეთილსურნელების მობერვა, ყველა ადამიანს მიეცა, მაშინ მათგან მრავალ ერში კანონმდებლებისა და ფილოსოფოსების მეშვეობით ყველგან დაიხვეწა აზროვნება. ველური და სასტიკი სიმხეცე სირბილით შეიცვალა ისე, რომ ერთმანეთთან მეგობრობითა და ურთიერთობით ინარჩუნებდნენ ურყევ მშვიდობას. მაშინ ყველა დანარჩენი ადამიანისა და ერის (როგორც ალბათ წინასწარ შეწევნულთა და წარმატებულთა, რომლებიც ვარგისი იყვნენ მამისეული ცოდნის მისაღებად) წინაშე, კვლავ თვითონ სათნოების მოძღვარი, ყველა სიკეთეში მამის მსახური, ღვთის საღვთო და ციური სიტყვა, ადამიანის მეშვეობით (სხეულის არსით ჩვენი ბუნება არაფრით არ შეუცვლია) გამოჩნდა რომის სამეფოს დაარსების დროს. ისე მოქმედებდა და ევნო, როგორც უნდა მომხდარიყო წინასწარმეტყველთა თანახმად: ადამიანის და ღმერთის ერთად ცხოვრება, საოცარი საქმეების ქმნა და ყველა ერის წინაშე მამისადმი კეთილმსახურების მოძღვრების წარმოჩენა, ასევე მისი შობის საოცრება, ახალი მოძღვრება, საქმეები და საკვირველებები; ამასთან ერთად სიკვდილის სახე, მკვდრეთით აღდგომა და ყველაფერთან ერთად ცაში ღვთაებრივი კვალადგება, - [ყოველივე ეს] წინასწარ იყო ნაუწყები. დანიელ წინასწარმეტყველმა, როდესაც იგი ღვთის სულთან ერთად ღმერთშემოსილი ხედავდა მის უკანასკნელ სამეფოს, ღმერთი იხილა ადამიანური სახით, რაც აღწერა კიდეც. იგი ამბობს: "რადგან ვიხილე, რომ დაიდგა ტახტრევნები და დღეთაგან ძველი დაჯდა. და მისი სამოსელი თოვლივით სპეტაკი იყო, მისი თავის თმა მატყლივით წმინდა; მისი ტახტი - ცეცხლის ალი, მისი ბორბლები - აალებული ცეცხლი; ცვცხლის მდინარე მიედინებოდა მის წინაშე. ათასობით ათასნი მსახურებდნენ მას და ათიათასობით ათიათასნი იდგნენ მის წინაშე. დაჯდა სამსჯავრო და გადაიშალა წიგნები" (დან. 7,9-10). ამის შემდეგ ამბობს: "ვიხილე: აჰა, ცის ღრუბლებზე მოდიოდა კაცის ძის მსგავსი; და დღეთაგან ძველთასთან მოვიდა და წარდგენილ იქნა მის წინაშე; და მიეცა მას მთავრობა და პატივი და სამეფო, და ყველა ერი, ტომი, ენა მას დაემონება" (დან. 7,13-14). ეს, ცხადია, არა სხვისი, არამედ ჩვენი მაცხოვრის, დასაბამში ღმერთან მყოფი ღმერთი-სიტყვის მიმართ უნდა იყოს ნათქვამი, რომელსაც ძე კაცისა უკანასკნელ ჟამს მისი განკაცების გამო ეწოდა. მაგრამ რადგან ჩვენი მაცხოვრის იესო ქრისტეს შესახებ არსებულ წინასწარმეტყველთა გამონაკრები ცალკე ჩანაწერებში გადმოვეცით და მის შესახებ უფრო ნათელი საბუთები სხვა ნაშრომებში შემოვკრიბეთ, დავკმაყოფილდეთ იმით, რაც ითქვა. ------------------------------------------- * აქ ჩანს ევსების მიდრეკილება არიანული შეხედულებებისაკენ – მთარგ.  III უკვე დროა ვაჩვენოთ, რომ ძველი წინასწარმეტყველები პატივს მიაგებდნენ როგორც სახელ “იესოს”, ასევე სახელ “ქრისტეს”. პირველად თვით მოსემ აღიარა, თუ როგორ განსაკუთრებულად თაყვანისსაცემი და დიდებული არის ქრისტეს სახელი, რომელმაც ცათა სახეები, საიდუმლო სიმბოლოები და ხატები შეიმეცნა და გადმოსცა მისდამი ნათქვამის თანახმად: “იხილე, გააკეთე მთაზე შენდამი მოცემული სახის მიხედვით” (ებრ. 8,5; გამ. 25,40). როდესაც იგი ღვთის მღვდელმთავარას აღწერს როგორც განსაკუთრებული ძალის ადამიანს, მას უწოდებს ქრისტეს, და ამ სამღვდელმთავრო ხარისხს პატივისა და ღირსების ნიშნად ქრისტეს სახელით შემოსავს, რომელიც ამით (მღვდელმთავრის ღირსებით – მთარგ.) ზეაღემატება ადამიანებს შორის არსებულ ყველანაირ პატივს. ამგვარად, ასე შეიცნო “ქრისტეს” სახელის ღვთიური რამ ხასიათი. მან სახელი “იესო” ღვთის სულით წინასწარ ძალიან ნათლად იხილა და კვლავ რაღაც უპირატესობით ღირსყო იგი. იესოს სახელი ადრე არასოდეს არ ყოფილა ადამიანებისთვის უწყებული, ვიდრე მოსე შეიმეცნებდა მას, ვინც პირველად ერთადერთ პიროვნებას უწოდა “იესო”, რომელიც სახისა და სიმბოლოს მეშვეობით შეიმეცნა, რომ მისი აღსასრულის შემდეგ ყოველივეზე მთავრობას იგი მიიღებდა. მის მონაცვლეს პირველად სახელი იესო არ ერქვა, არამედ სხვა სახელი – “ავსე”, რაც მას მშობლებმა უწოდეს; სახელი იესო მან მისცა როგორც საპატიო ძღვენი, ყველა სამეფო გვირგვინზე უფრო დიადი. ეს სახელი მას მან მიანიჭა, რადგან იგი, იესო ნავესი ჩვენი მაცხოვრის ხატს ატარებდა; მხოლოდ მან მიიღო მოსეს და მისი მეშვეობით გადმოცემული სიმბოლური მსახურების დასასრულის შემდეგ ჭეშმარიტი და უწმინდესი ღვთისმოსაობის დასაბამი. ამ სახით მოსემ ორი, მთელი ერისაგან სათნოებითა და დიდებით გამორჩეული ადამიანი, მღვდელმთავარი და მის შემდეგ ერის წინამძღოლი ჩვენი მაცხოვრის იესო ქრისტეს სახელით მისი ზეაღმატებული დიდების გამო შემოსა. ცხადია, ამის შემდეგ მას ქრისტეს სახელით უხმობდნენ, ამასთან დაამოწმებდა მომავალში იუდეველთა ერის მიერ მის წინააღმდეგ განხორციელებულ შეთქმულებას და ასევე მისი მეშვეობით წარმართების მოწოდებას. ერთგან იერემია ამბობს: "ჩვენი პირის სული ქრისტე მიღებულ იქნა მათ ხრწნილებაში, რომლის შესახებაც ვამბობთ: "მის ჩრდილში ვიცხოვრებთ წარმართთა შორის" (იერ. 4,20), ასევე დავითი ამ სიტყვებს ამბობს წრფელად: "რისთვის იქადიან წარმართნი და ხალხები ზრუნავენ ამაოდ? დედამიწის მეფენი აღდგნენ და შეიკრიბნენ ერთად უფლისა და მისი ცხებულის* წინააღმდეგ" (ფს 2,1-2). ამის ზემდეგ თვით ქრისტეს პირით ამბობს: "უფალმა მითხრა მე: “რემი ძე ხარ შენ, მე დღეს გშვი შენ. ითხოვე ჩემგან და მოგცე შენ წილად წარმართთა ერი და შენი საკუთრება იყოს დედამიწის კიდენი" (ფს. 2,7-8). ასე რომ, ებრაელებთან არა მხოლოდ მღვდელთმთავრობით პატივდებული შეიმკობოდა ქრისტეს საბელით მისი ზეთით ცხების სიმბოლოს გამო, არამედ მეფეებიც, რომლებსაც წინასწარმეტყველები ღვთის ნიშნით ქრისტეს ხატად ცხებდნენ, რადგან ისინიც თავიანთ თავში ატარებდნენ მხოლო და ჭეშმარიტი ქრისტეს ყოვლიერების მეფის, ღვთის სიტყვის, სამეფო და სამთავრო ხელმწიფების წინასახეებს. უკვე თვით წინასწარმეტყველთაგან ზოგიერთი ცხების მეშვეობით წინასახეობითად ხდებოდა ქრისტე, რადგან ყოველი მათგანი ჭეშმარიტ ქრისტეს, ღვთიური და ზეციური სიტყვის მიმართ წინასწარმეტყველებდა, რომელიც გამოჩნდა როგორც ყოველთა ერთადერთი მღვდელთმთავარი, მთელი ქმნილების ერთადერთი მეფე და წინასწარმეტყველთა ერთადერთი წინასწარმეტყველთმთავარი. ამის დადასტურებაა, რომ ძველად სიმბოლურად ცხებულთაგან არავის, არც მღვდელს, არც მეფეს, არც წინასწარმეტყველს სათნოების ასეთი ღვთიური ძალა არ მოუპოვებია, როგორიც აჩვენა ჩვენმა უფალმა და მაცხოვარმა იესომ ერთადერთმა და ჭეშმარიტმა ქრისტემ. არც ერთი მათგანს, ვინც კი მშობლიურ ერში ასე მრავალ თაობაში ღებულობდა პატივსა და ღირსებას, როცა არ უნდა ეცხოვრა, ხატისებრივად ქრისტეს სახელისაგან მის ირგვლივ მყოფ ქვეშევრდომებს ქრისტიანებს არ უწოდებდნენ. მაგრამ არც ერთ მათგანს მიუღია რომელიმე ქვეშევრდომთაგან თაყვანისცემის პატივი; არც აღსასრულის შემდეგ მიუღია ისეთი კეთილგანწყობა, რომ მის პატივსაცემად სიკვდილისთვისაც მზად ყოფილიყვნენ; არც მსოფლიოს მთელი ხალხები აღძრულა ასე რომელიმე მათგანის გარშემო, რადგან სიმბოლოს ძალას მათ შორის არ ჰქონია ისეთი მოქმედება, როგორიც ჭეშმარიტების სიმტკიცეს აღმოაჩნდა ჩვენი მაცხოვრის მეშვეობით; ვინც მღვდელთმთავრობის არა სიმბოლო და წინასახე მიიღო, არც სხეულით ყოფილა მღვდელთა მოდგმის ჩამომავალი, არც შუბოსან კაცებს გაუმეფებიათ იგი, არც ძველების მსგავსად გამხდარა წინასწარმეტყველი, არც იუდეველებთან რაიმე ღირსებისთვის ან საპატიო თანამდებობისათვის მიუღწევია; თუმცა, ყველაფრით, არა სიმბოლოებით, არამედ თვით ჭეშმარიტებით შეიმკო მამისაგან; და თუმცა არა მათ მსგავთაგან მიიღო, რომლებზეც ვისაუბრეთ, მაგრამ ქრისტე ყველა მათგანზე მეტად ეწოდება მას, როგორც ერთადერთ და ჭეშმარიტად თვით ღვთის ქრისტედ მყოფს, მან  მთელი ქვეყნიერება გაავსო ქრისტიანებით - ნამდვილად თაყვანისსაცემი და წმინდა სახელით. მან არა წინასახეები, არც ხატები, არამედ თვით შიშველი სათნოება და ციური ცხოვრება ჭეშმარიტების დოგმატებით გადასცა მის მიმდევრებს, ცხება კი - არა სხეულის მეშვეობით შემზადებული, არამედ ღვთის სულით თვით ღვთაებრივი ცხება, უშობელ და მამისეულ ღმრთეებასთან თანაზიარებით მიიღო. და კვლავ ესაია ასწავლის, როგორც თვით ქრისტესგან მხმობელი: “უფლის სულია ჩემზე,  რის გამოც მცხო მე; გლახაკთა სახარებლად წარმგზავნა მე,  ტყვეთა განთავისუფლებისა და ბრმათა თვალის ახილვის საუწყებლად" (ლუკ. 4,18-19; ეს. 61,1). და არა მხოლოს ესაია,  არამედ დავითიც ამასთან დაკავშირებით ამბობს: "შენი ტახტი, ღმერთო, საუკუნეთა საუკუნემდეა; სიმართლის კვერთხია შენი სამეფო კვერთხი. შეიყვარე სიმართლე და შეიძულე ურჯულოება; ამისთვის გცხო შენ ღმერთმა შენმა სიხარულის ზეთი შენს თანაზიართა უმეტეს" (ფს. 44,7-8). რომლის პირველ მუხლში სიტყვა მას ღმერთს უწოდებს, მეორეში კი სამეფო სკიპტრით მიაგებს პატივს, მომდევნო მესამე ადგილას კი ღვთიური და სამეფო ძალის ხსენების შემდეგ მის ქრისტედ გახდომას წარმოაჩენს, არა ნივთიერი სხეულის ზეთით, არამედ ღვთიური "სიხარულის ზეთით"; ამასთან მიანიშნებს ძველად ხატების მეშვეობით წარმოდგენილ სხეულებრივ ცხებულებთან შედარებით მის მრავალი რამით გამორჩეულობასა და უმჯობესობაზე. სხვაგან კი იგი მის შესახებ ასე ცხადად ამბობს: "უთხრა უფალმა ჩემს უფალს: "დაჯექი ჩემს მარჯვნივ, ვიდრე შენს მტრებს დავსცემ შენს ფეხქვეშ" (ფს. 109,1), და "ცისკრის ვარსკვლავის უწინარეს საშოდან გშვი შენ. დაიფიცა უფალმა და არ შეინანებს; შენ ხარ მღვდელი უკუნისამდე მელქისედეკის წესის მიხედვით" (ფს. 109,3-4; ებრ. 7,11-25). ეს მელქისედეკი, მაღალი ღმერთის მღვდელი წმინდა წერილში შესულია, არა რაიმე შემზადებული ცხებით წარმოჩენული, მაგრამ არც მემკვიდრეობით ებრაელთა მღვდლობის მოდგმისაგან ჩამომავალი. ამის გამო თავისი წესის მიხედვით და არა სხვათა სიმბოლოების და წინასახეების მიხედვით მიმღებთაგან ეწოდება ჩვენს მაცხოვარს ქრისტე და მღვდელი მემკვიდრეობის ფიცით. ამ მიზეზით ისტორია მას არც იუდეველებთან სხეულებრივად ცხებულად გადმოსცემს, არც მღვდელთა ტომისაგან დაბადებულად, არამედ როგორც თვით ღვთისაგან ცისკრის ვარსკვლავის ამოსვლის წინ (რაც ნიშნავს ქვეყნიერების შედგენის წინ) შეარსებულს, და უკვდავი და უბერებელი მღვდლობის უსაზღვრო საუკუნემდე მპყრობელს. ყველა ძვალთაგან ახლანდელ დრომდე მყოფთაგან მხოლოდ მასზე მომხდარი უსხეულო და ღვთიური ცნების დიდი და ხილული მტკიცებულობა ყველა ადამიანთან მთელს ქვეყნიერებაზე არის სახელი "ქრისტე"; ამ სახელით აღიარებს და დაემოწმება მას ყველა, და ელინებთან და ბარბაროსებთან მოიხსენიება, და მსოფლიოში ახლანდელ დრომდე მის მიმდევართა მიერ პატივი მიეგება როგორც მეფეს, მისი უკვირთ წინასწარმეტყველზე მეტად, განადიდებენ როგორც ღვთის ერთადერთ და ჭეშმარიტ მღვდელთმთავარს და მათთან ყველა როგორც ღვთის წინარეარსებულ და ყველა საუკუნეზე უწინარეს შეარსებულ სიტყვას, თაყვანისცემის პატივის მამისგან მიმღებს თაყვანს სცემს როგორც ღმერთს; ხოლო ყველაზე უფრო საოცარია ის, რომ არა მხოლოდ სიტყვებითა და სიტყვათა ხმებით განვადიდებთ მას, არამედ სულის მთელი განწყობით, რათა მისთვის მოწმობა თვით ჩვენს საკუთარ სიცოცხლეზე მეტად დავაფასოთ. ----------------------------------- * ბერძნულად “ქრისტე” ნიშნავს ცხებულს – მთარგ.   IV ისტორიული თხრობის წინ ამ საკითხების გადმოცემა აუცილებლად მივიჩნიე, რათა ვინმეს ჩვენს უფალსა და მაცხოვარზე, იესო ქრისტეზე მისი ხორციელი მოქალაქობის გამო არ ეფიქრა, რომ ახლახან გამოჩნდა; და რათა არც ის ეფიქრა ვინმეს, რომ მისი მოძღვრება ახალია და უცხო როგორც ახლახან გამოჩენილის და დანარჩენი ადამიანებისგან არაფრით გამორჩეულის მიერ შედგენილი, მის შესახებ მოკლედ განვსაზღვრავთ. რადგან როდესაც ახალი მომხდარი იყო ჩვენი მაცხოვრის იესო ქრისტეს მოსვლა ყველა ადამიანთან, ახლად აღიარებულ იქნა ერი, არა მცირე, არც სუსტი, არც სადმე დედამიწის კუთხეში დაარსებული, არამედ სათნო ადამიანების მიერ ნაწინასწარმეტყველებ ჟამს ყველა ერზე უფრო მრავალრიცხოვანი და უფრო ღვთისმოსავი და ამით წარუვალი და დაუმარცხებელი, რომელიც ღვთისგან სამარადისო შემწეობას ღებულობს, და რომელიც ყველასთან ქრისტეს სახელით არის პატივდებული. ეს ანცვიფრებდა ერთ წინასწარმეტყველსაც რომელიც ღვთის სულით წინასწარ ჭვრეტდა მომავალს და ამას იტყოდა: "ვინ ისმენს ამას, და ვინ საუბრობს ასე? თუ მოივლი მიწას ერთ დღეში და თუ იშვება ერი მეყსეულად" (ეს. 66,8). იგი მომავალ სახელზე ამგვარად მიანიშნებს: "ჩემს მონებს მოუხმობენ ახალი სახელით, რომელიც დედამიწაზე იკურთხება" (ეს. 65,15-16). მაგრამ თუმცა ჩვენ აშკარად ვართ ახლები და ქრისტიანების ახალი სახელი მართლაც სწორედ ახლა გახდა ცნობილი ყველა ერში, ცხოვრებასაც და ქცევის სახესაც ღვთისმოსაობის ამ დოგმატებით, რომლებიც ჩვენ არ შეგვითხზავს ახლახან, პირველი ადამიანის შექმნიდან მისდევდნენ ძველი ღვთისმოყვარე კაცნი ბუნებითი აზროვნებით ისე, როგორც ამას ჩვენ წარმოვაჩენთ. ყველასათვის ისედაც ცნობილ ებრაელთა ერს ყველა ადამიანის მიერ მიეგება პატივი არა როგორც ახალი, არამედ როგორც უძველესს. მათი სიყვები და ნაწერები შეიცავენ ძველ კაცთა შესახებ ამბებს, რომლებიც იყვნენ ცოტა და მცირერიცხოვანი, მაგრამ ჩვენი მსგავსი ღვთისმოსაობით, სამართლიანობით და ყველა დანარჩენი სათნოებით იყვნენ გამორჩეული. ზოგი მათგანი წარღვნის წინ იყო, ზოგი კი მის შემდეგ: ნოეს შვილები და მისი შთამომავლები, ასევე აბრაამი, რომლითაც ებრაელთა შვილები იქადიან როგორც მათი დამაარსებლითა და წინაპრით. თუკი ვინმე ყველა სამართლიანობისთვის დამამოწმებელს, აბრაამიდან პირველ ადამიანამდე, თუ სახელით არა საქმით ქრისტიანს მაინც უწოდებს, ალბათ არ გადაუხვევს ჭეშმარიტებისაგან. რადგან ეს სახელი ცხადად აღნიშნავს იმას, რომ ქრისტიანი კაცი გამოირჩევა ქრისტეს ცოდნისა და მოძღვრების ფლობის მეშვეობით კეთილგონიერებითა და სამართლიანობით, ცხოვრების ამტანობით, სათნოებისმიერი სიმამაცით, ყოველივეზე მაღლა მყოფი ერთი და მხოლო ღმერთის ღვთისმოსაობის აღსარებით; ისინი ყველაფერ ამას ჩვენზე ნაკლებად არ ეშურებოდნენ. ისინი არც სხეულის წინადაცვეთაზე ზრუნავდნენ, როგორც ჩვენ, არც შაბათის დაცვაზე, როგორც ჩვენ, არც გარკვეული სახის საკვებისაგან თავშეკავებაზე, არც სხვებისაგან გამოყოფაზე, რაც მოგვიანებით ყველაზე პირველმა მოსემ დაიწყო, - მათი სიმბოლურად აღსრულების გადმოცემა, რასაც არც ახლა აღასრულებენ ქრისტიანები; მათ კარგად იცოდნენ, რომ იგი იყო ღვთის ქრისტე წინასწარ წარმოჩენილი, რომ იგი იხილა აბრაამმა, მან მოუხმო ისააკს, ესაუბრა ისრაელს, გამოეცნაურა მოსეს და მის შემდგომ წინასწარმეტყველებს. აქედან აღმოაჩენ, რომ ღვთისმოყვარენი ღირსი შეიქნენ ეტარებიათ ქრისტეს სახელი მათ შესახებ ნათქვამის მიხედვით: "არ შეეხოთ ჩემს ცხებულებს (ე. ი. ქრისტეებს - მთარგ.) და წინასწარმეტყველთა შორის ნუ სჩადიხართ უკეთურებას" (ფს. 104,15); ამიტომ ცხადია, ახლახან ქრისტეს მოძღვრების მეშვეობით ყველა ერისადმი ნახარები უნდა ჩაითვალოს აბრაამის და მის მიმდევარ ღვთისმოყვარე კაცთა ღვთისმოსაობის პირველ, ყველაზე უძველეს და უდასაბამიერეს აღმოჩენად. თუ იტყვიან, რომ აბრაამმა წინადაცვეთის მცნება გაცილებით გვიან მიიღო, ისიც არის ნათქვამი, რომ მანამდე რწმენის მეშვეობით დაამოწმა სამართლიანობისათვის, როგორც ღვთის სიტყვა ამბობს: "ერწმუნა აბრაამი ღმერთს და სიმართლედ შეერაცხა" (შესაქ. 15,6 რომ. 4,3). მას წინადაცვეთამდე ღვთის მიერ საკუთარი თავის (ეს კი იყო თვით ქრისტე, ღვთის სიტყვა) მისთვის გაცხადების გზით მიღებული ჰქონდა წინასწარმეტყველება მათ შესახებ, ვინც მომავალ თაობებში მის მსგავსად გამართლდებოდა, და ღმერთმა მას ამ სიტყვებით წინასწარ აღუთქვა: "და შენით იკურთხება დედამიწის ყველა ტომი" (შესაქ. 12,3), და რომ "იქნება ერთი დიდი და მრავალრიცხოვანი ერი, და მისით იკურთხება დედამიწის ყველა ერი" (შესაქ. 18,18). ეს კი კარგად არის ცნობილი, რომ ჩვენზე აღსრულდა. რადგან იგი მისადმი ჩვენებული ღვთის სიტყვის, ქრისტეს რწმენით იქნა გამართლებული, იგი განუდგა მამების ცრურწმენას და ადრინდელ ცთომილ ცხოვრებას, და აღიარა ერთი, ყოველივეზე მაღლა მყოფი ღმერთი, და მას სათნოების საქმეებით და არა რჯულის მსახურებით თაყვანს სცემდა; ეს ითქვა, რადგან მასში დედამიწის ყველა ერი იკურთხება; სიტყვებზე უფრო ცხადი საქმეებით ახლა მთელ მსოფლიოში ქრისტიანებთან ჩანს რომ აბრაამის ღვთისმოსაობის გვარს მისდევენ. დანარჩენთან დაკავშირებითაც რა შეიძლება იყოს ხელისშემშლელი, რომ ვაღიაროთ ჩვენი, ქრისტიანთა და ძველ ღვთისმოყვარეთა ცხოვრებისა და ღვთისმოსაობის გვარის იგივეობა? ამგვარად ჩვენ ვაჩვენეთ, რომ ქრისტეს სწავლების მეშვეობით გადმოცემული ღვთისმოსაობის წარმართვა არის არა ახალი და უცხო, არამედ თუ ჭეშმარიტება უნდა ითქვას, არის თავდაპირველი, ერთადერთი და ჭეშმარიტი. და ვიკმაროთ ეს.   V ამრიგად, ჩვენს მიერ საეკლესიო ისტორიის შესავლის სათანადო შემზადების შემდეგ უკვე დანარჩენ თხრობას როგორც რამ მოგზაურობას ჩვენი მაცხოვრის ხორციელი გამოჩენიდან დაწყებით შევუდგებით და მოვუწოდებთ სიტყვის მამას, ღმერთს და თვითონ გაცხადებულ იესო ქრისტეს, ჩვენს უფალსა და მაცხოვარს, ღვთის ზეციურ სიტყვას, ჭეშმარიტ თხრობაში ჩვენს შემწესა და თანამოქმედს. ეს იყო ავგუსტუსის მეფობის ორმოცდამეორე წელს, ეგვიპტის დამორჩილების, და ანტონიუსისა და კლეოპატრას (რომლითაც დასრულდა ეგვიპტის პტოლემეოსთა დინასტია) აღსრულების შემდეგ ოცდარვა წელი იყო გასული, როდესაც პირველი აღწერის დროს, სირიაში კვირინიუსის მმართველობისას, ჩვენი უფალი და მაცხოვარი იშვა მის შესახებ არსებული წინასწარმეტყველებების თანახმად იუდეის ბეთლემში[3]. კვირინიუსის დროს მომხდარ ამ აღწერას ახსენებს სახელგანთქმული ებრაელი ისტორიკოსი იოსებ ფლავიუსიც[4] და მასთან დაკავშირებით სხვა ისტორიასაც, ამავე დროს გალილეველთა მწვალებლობის აღმოცენებას, რომლის შესახებაც ჩვენი ლუკაც ახსენებს "საქმეებში":  "შემდგომ ამისა აღდგა იუდა გალილეველი, აღწერის დღეებში, და დიდძალი ხალხიც გაიყოლია; მაგრამ იგი დაიღუპა და გაიფანტა ყველა, ვინც მას დაუჯერა" (საქმე. 5,37). ამასთან თანხმობაში ჩანს "სიძველეების" მეთვრამეტე წიგნი, რომელიც სიტყვასიტყვით ამბობს: "კვირინიუსი, ერთ-ერთი მათგანი, რომელიც ავიდა სენატში, კაცი, რომელმაც სხვა თანამდებობები გაიარა და ყველა მათგანის გავლით გახდა კონსული (სხვა მაღალი თანამდებობებიც ეკავა მას), მცირერიცხოვან ამალასთან ერთად ჩავიდა სირიაში, რადგან კეისრის მიერ ერების სამართავად და ქონების შესაფასებლად იქნა გაგზავნილი" (იოსებ. ი. ს. 18,1). და მცირე ხნის შემდეგ ამბობს: "იუდა გალილეველმა, კაცმა წარმოშობით ქალაქიდან, რომლის სახელი იყო გამალა, თავისთან მიიმხრო სადოკ ფარისეველი და მოაწყო აჯანყება. ისინი ამბობდნენ, რომ აღრიცხვას სხვა არაფერი მოაქვს, თუ არა რომაელებისადმი პირდაპირი დამონება, და ერის განთავისუფლებისაკენ მოუწოდებდნენ" (იოსებ. ი.ს. 18,4). "იუდეველთა ომის" ისტორიების მეორე წიგნში მის შესახებ წერს: "ამის შემდეგ კაცი ვინმე გალილეველი სახელად იუდა ამბოხისაკენ აქეზებდა თანამემამულეებს და კიცხავდა მათ, რომ ითმენდნენ რომაელებისთვის ხარკის გადახდას და ღმერთის შემდეგ მოკვდავ მეუფეებს აღიარებდნენ" (იოსებ. ი. ო. 2,118). ამას ამბობს იოსები.   VI მაშინ, როდესაც იუდეველთა ერის პირველმა უცხო ტომის ჩამომავალმა ჰეროდემ მიიღო მეფობა, ახდა მოსეს მიერ ნაწინასწარმეტყველები: "არ მოაკლდება იუდას მთავარი, არც წინამძღვარი მისი წელიდან, ვიდრე მოვა ის, ვისთვისაც არის გამზადებული" (შესაქ. 49,10), რომელიც გაცხადდება როგორც "წარმართების მოლოდინი". წინასწარმეტყველება არ იყო აღსრულებული, ვიდრე თანამემამულე მთავრების მიერ იმართებოდა ერი გარკვეული თანმიმდევრული დროის განმავლობაში, რომელიც თვით მოსედან დაიწყო და ავგუსტუსის მეფობისას  შეწყდა, როდესაც რომაელებმა პირველ უცხოტომელს, ჰეროდეს[5] მისცეს იუდეველებზე მთავრობა. როგორც იოსები გადმოგვცემს, იგი მამის მიხედვით იყო იდუმეველი, დედის მიხედვით კი - ტომით არაბი. როგორც აფრიკელზე (ესეც არ იყო შემთხვევითი ისტორიკოსი)[6]დაყრდნობით დაზუსტებით ამბობენ მასზე, ანტიპატროსი (ეს იყო ჰეროდეს მამა)[7] იშვა ვინმე ჰეროდე ასკალონიტოსისაგან, აპოლონის ტაძარში მყოფ ე. წ. ჰეროდულოსისგან*. ეს ანტიპატროსი ბავშვობაში იდუმეველმა ავაზაკებმა მოიტაცეს და მათთან ერთად იმყოფებოდა იმის გამო, რომ მამამისი ღარიბი იყო და არ შეეძლო მის გამო გამოსასყიდის გადახდა. იგი აღიზარდა მათი ჩვეულებებით და ბოლოს იუდეველთა მღვდელთმთავარ ჰირკანს[8]დაუმეგობრდა. მისგან იშვა ჩვენი მაცხოვრის დროს მოღვაწე პეროდე. როდესაც მის ხელში გადავიდა იუდეველთა სამეფო, მომდევნო წინასწარმეტყველების თანახმად უკვე კარებთან იყო წარმართების მოლოდინი, რადგანაც აღარ იყვნენ მოსესაგან მონაცვლეობის მიხედვით ჩამომავალი მთავრები და წინამძღვრები. მათი (ებრაელების - მთარგ.) დატყვევებისა და ბაბილონში გადასახლების წინ მეფობდნენ მეფენი პირველი საულიდან და დავითიდან მოყოლებული; მეფეების წინ მათზე მთავრობდნენ ე. წ. მსაჯულები, ისინი მართავდნენ მოსესა და მისი მონაცვლე იესოს შემდეგ; ბაბილონიდან შინ დაბრუნების შემდეგ არ გაუქმებულა ოლიგარქიული არისტოკრატიის ხელისუფლება (რადგან მღვდლები წარმართავდნენ საქმეებს), ვიდრე რომაელთა მხედართმთავარმა პომპეუსმა არ შემოარტყა ალყა იერუსალიმს დასაპყრობად და არ შეურაცხყო სიწმინდეები, და ტაძრის აკრძალულ ადგილებში არ შევიდა. ის, ვინც მის დრომდე მოიტანა წინაპართა მონაცვლეობით მეფობაც და მღვდელთმთავრობაც, სახელად არისტობულოსი[9], შვილებთან ერთად შებორკილი რომში გაგზავნა, ხოლო მისი ძმა ჰირკანი, რომელსაც მღვდელთმთავრობის მონაცვლეობა უკანასკნელს გადაეცა, პართეველებმა დაატყვევეს, და იუდეველთა ერი, როგორც ითქვა, რომაელთა სენატმა და იმპერატორმა ავგუსტუსმა პირველ უცხოტომელს ჰეროდეს ჩააბარა. მის დროს მოხდა ქრისტეს ხილული მოსვლა და ამას მოყვა წარმართთა მოსალოდნელი ხსნა და მოწოდება წინასწარმეტყველების თანახმად. ამ ჟამიდან, როდესაც იუდადან, ანუ იუდეველთა ერისგან, მთავრები და წინამძღვრები აღარ იყვნენ, ბუნებრივია, მათ წინაპართაგან მოწესრიგებულად გვარის მიხედვით  მახლობელ მემკვიდრეებზე ჩამომავალი მღვდელთმთავრობის საქმეები მყისვე აირია. როდესაც გვყავს ეს სანდო მოწმე, იოსები, რომელიც ააშკარავებს, რომ რომაელთა მიერ მეფობის ჰეროდეზე გადაცემის შემდეგ მეტად აღარ იდგა ძველი გვარის მღვდელთმთავარი, არამედ ვიღაც უცნობ პიროვნებებს ენიჭებოდა ეს პატივი; მღვდლების დადგინებასთან დაკავშირებით ჰეროდეს მსგავსადვე იქცეოდა მისი შვილი არქელაოსიც და მის შემდეგ რომაელებიც, რომლებმაც მიიღეს იუდეველებზე მთავრობა. იგივე მწერალი განმარტავს, თუ როგორ ჩაკეტა და საკუთარი ბეჭდით დაბეჭდა მღვდელთმთავრების წმინდა სამოსელი პირველად ჰეროდემ და შემდეგ აღარასოდეს მიუცია იგი სატარებლად მღვდელთმთავრებისათვის, ასევე იქცეოდნენ მის შემდეგ არქელაოსი[10] და შემდეგ რომაელები. ეს კი ჩვენს  მიერ ითქვა ჩვენი მაცხოვრის იესო ქრისტესთან დაკავშირებით აღსრულებული სხვა წინასწარმეტყველების საჩვენებლად. დანიელის თხზულება უცხადესად ასახელებს შვიდეულების გარკვეულ რიცხვს "ქრისტე მთავრის" მოსვლამდე (რასაც სხვაგან შევეხეთ), და წინასწარმეტყველებს, რომ ამ შვიდეულების დასრულების შემდეგ იუდეველებთან ცხება მოიშლება (შდრ. დან 9,24-27). ამის აღსრულებაც ჩვენი მაცხოვრის იესო ქრისტეს შობის ჟამს ნათლად გამოჩნდა. ესეც ჩვენს მიერ ჟამთა ჭეშმარიტების დასადგენად აუცილებლად იქნა გამოკვლეული. -------------------------------------------------- * ბერძ. “ტაძრის მონა”: მათ ჰქონდათ სხვადასხვა ფუნქციები, - მთარგ.   VII რადგან მათე და ლუკა მახარებლების მიერ ქრისტეს შესახებ არსებული გვარტომობის განსხვავებული გადმოცემები მრავალთა მიერ ერთმანეთთან შეუთანხმებლად მიიჩნევა; და თითოეული მორწმუნე ამ ადგილის შესახებ ჭეშმარიტების უმეცრებით განმარტებებების მოგონებას ეშურება, მოდი და მათ შესახებ ჩვენამდე მოღწეულ ისტორიასაც გადმოვცემთ, რომელიც ჩვენს მიერ ცოტა ზემოთ ხსენებულმა აფრიკელმა გვარტომობათა ურთიერთთანხმობის შესახებ არისტიდესადმი[11] მიწერილ ეპისტოლეში სხვათა აზრები როგორც არაბუნებრივი და ნატყუარი ამხილა, ხოლო თვითონ ისტორია შემდეგი სიტყვებით გადმოსცა: "მას შემდეგ, რაც ისრაელში გვართა სახელები აღირიცხებოდა ბუნებით ან რჯულით; ბუნებით, კანონიერი თესლის მემკვიდრეობით, რჯულით კი როდესაც სხვა ქმნის ბავშვს უშვილო გარდაცვლილი ძმის სახელით (რადგან აღდგომის ნათელი იმედი ჯერ კიდევ არ იყო მოცემული და მომავალ აღთქმას მოკვდავი აღდგომით ბაძავდნენ, რათა გარდაცვლილის სახელი უწყვეტად დარჩენილიყო); ამიტომ ამ გვარტომობით ჩამომავალნი, ზოგი მამისაგან კანონიერად მონაცვლე შვილი იყო, ზოგი კი სხვებისგან იშვა, ხოლო სახელი კი სხვების მიიღო, ორივეს მოხსენიება მოხდა, ნამდვილი მშობლებისაც და ვითომ მშობლებისაც. ამგვარად, სახარებაში არ არის არავითარი შეცდომა, არც ბუნებით და არც რჯულიერ აღრიცხვაში. რადგან ერთმანეთს შეეწნა გვარი, სოლომონისგან ჩამომავალიც და ნათანისგანაც, უშვილოთა და მეორე ცოლიანთა "აღდგომით" და თესლის აღდგენით, როგორც სამართლიანად ითვლებიან ისინი სხვადასხვა დროს სხვადასხვა პიროვნებების ნამდვილ და ასეთად მიჩნეულ მამათა შვილებად; რადგან ორივე თხრობა სრულიად ჭეშმარიტი არის, რომელიც იოსებამდე დახლართულად მაგრამ ზედმიწევნით ჩამოდის. ნათქვამი რომ ცხადი გახდეს, მოგითხრობთ გვარების მონაცვლეობას. თუ დავითისაგან სოლომონის ხაზით აღვრიცხავთ, ბოლოდან მესამე აღმოჩნდება მატათა, რომელმაც შვა იაკობი, იოსების მამა; დავითის შვილ ნათანისგან კი ლუკას მიხედვით ასევე ბოლოდან მესამე არის მელქი; რადგა იოსები იყო მელქის ძის ელის ძე. ახლა ყურადღებას იოსებს მივაპყრობთ და მოგითხრობთ, თუ როგორ აღმოჩნდა ორივე მისი მამა, იაკობი სოლომონის გვარისგან ჩამომავალი და ელი ნათანის გვარისგან, აგრეთვე როგორ იყვნენ ისინი, იაკობი და ელი, ძმები და მათ უწინარეს როგორ გახდნენ იოსების პაპებად მათი მამები, მატათა და მელქი, რომლებიც განსხვავებული გვარისანი იყვნენ. ამრიგად, მატათამაც და მელქიმაც ერთმანეთის შემდეგ მოიყვანეს ერთიდაიგივე ქალი და ერთი დედის ძმები შექმნეს, რადგან რჯული არ აბრკოლებს ქვრივს, გაყრილს ან მას, ვისაც გარდაცვლილი ყავს ქმარი, რომ სხვაზე დაქორწინდეს; ესთასგან (გადმოცემით ასე ერქვა ქალს) პირველად მატათამ, სოლომონის გვარის ჩამომავალმა, შვა იაკობი, მატათას აღსრულების შემდეგ იგი, დაქვრივებული, როგორც ზემოთ ითქვა, ცოლად მოიყვანა მელქიმ, ნათანის გვარის ჩამომავალმა, იმავე ტომისამ, მაგრამ სხვა გვარის მქონემ, და ეყოლა ძე ელი. ამგვარად, აღმოვაჩენთ, რომ იაკობიც და ელიც იყვნენ ერთი დედის ძმები, ორი განსხვავებული გვარიდან ჩამომავალნი; ერთმა მათგანმა, იაკობმა, როდესაც აღესრულა მისი უშვილო ძმა ელი, მისი ქალი ცოლად მოიყვანა და მისგან შვა მესამე, იოსები*, რომელიც ბუნების მიხედვით (ასევე ლოგიკურად, რის გამოც დაიწერა: "იაკობმა შვა იოსები") მისი, ხოლო რჯულის მიხედვით ელის ძე იყო; რადგან მას იაკობმა, ძმამ, აღუდგინა თესლი. ამიტომ მის მიხედვით გვარტომობაც არ იქნება არაქმედითუნარიანად გამოცხადებული. მათე მახარებელმა იგი ასე აღრიცხა: "იაკობმა შვა იოსები", ლუკა კი ამბობს: "რომელიც იყო, როგორც ფიქრობდნენ" (რადგან ამასაც დასძენს), "იოსების, ელის, მელქის". რადგან რჯულისმიერი შობის მიხედვით უფრო ნიშანდობლივად თქმა შეუძლებელი იყო, და სიტყვა "შვას" ასეთ შვილთქმნებზე აღარ ახსენებს გვარტომობის დასასრულამდე, რადგან მიდის უკუსვლით სიტყვებამდე "ადამის, ღმერთის". ეს არც დაუმტკიცებლად არც ფუჭად არის ნათქვამი, რადგან მაცხოვრის ხორციელმა ნათესავებმა, ან საკუთარი თავის გამოჩენის გამო, ან უბრალოდ სასწავლოდ, ნებისმიერ შემთხვევაში კი ჭეშმარიტად გადმოცეს ეს. როდესაც იდუმეველი ავაზაკები პალესტინის ქალაქ ასკალონში შევიდნენ, აპოლონის საკერპოდან, რომელიც [ქალაქის] კედლებზე იყო აშენებული, ვინმე ჰეროდე  ჰიეროდულოსის შვილი სხვა ტყვეებთან ერთად წაასხეს, და რადგან მღვდელს ვაჟიშვილის გამო გამოსასყიდის გადახდა არ შეეძლო, ანტიპატროსი იდუმეველთა ჩვეულებებით აღიზარდა, მოგვიანებით კი იუდეველ მღვდელთმთავარ ჰირკანს დაუმეგობრდა; პომპეუსთან ჰირკანის გამო შუამავლობდა და მისთვის ძმის არისტობულოსის მიერ წართმეულ სამეფოს ანთავისუფლებდა. მას ბედი სწყალობდა და პალესტინის ზედამხედველად[12] დაინიშნა. ანტიპატროსი, რომელიც მრავალი წარმატების გამო შურით აღძრულებმა ღალატით მოკლეს, მისმა ძემ ჰეროდემ შეცვალა, რომელიც მოგვიანებით ანტონიუსის მიერ და უმაღლესი სენატის გადაწყვეტილებით იუდეველთა მეფედ დაინიშნა; მისი შვილები იყვნენ ჰეროდე და სხვა ტეტრარქები**. ამ ამბავს იზიარებენ ელინთა ისტორიებიც; ებრაელთა და პროზელიტთა ჩამომავალების, როგორებიც იყვნენ აქიორ ამონიელი და რუთ მოაბელი"[13] ასევე გვარები მათი შერეული ოჯახებისა, რომლებიც ეგვიპტიდან გამოიქცნენ, იმ დრომდე აღწერილი იყო არქივებში; ხოლო რადგან ჰეროდე არანაირად არ უკავშირდებოდა ისრაელიტთა გვარებს და ამასთან მდაბიო წარმოშობის იყო, და რადგან თავისი მდაბიო წარმოშობის გამო გონება ჰქონდა შერყეული, დაწვა საკუთარი გვარის აღწერილობა; იგი ფიქრობდა, რომ კეთილშობილი წარმომავლობის პიროვნებად წარმოჩნდებოდა, თუ ვერავინ შეძლებდა მისი გვარის გამოყვანას პატრიარქების ან პროზელიტების, ან შერეული წარმოშობის მქონე ე. წ. გერების გვარებიდან. მცირედნი იყვნენ ისინი, ვინც ზრუნავდა თავისი თავის შესახებ კერძო ჩანაწერების ქონაზე, ან სახელების დამახსოვრებით ან სხვაგვარად ასლებიდან გადმოღებით, და თავს იწონებდა კეთილშობილების ხსოვნის შენახვით; მათ შორის იყვნენ ზემოხსენებული ე. წ. "დესპოსინები", რომელთაც ეს ეწოდებოდათ მაცხოვრის გვართან კავშირის გამო***, რომლებიც იუდეველთა სოფლებიდან, ნაზარეთიდან და კოხაბადან, იყვნენ გამოსულები და მათი წარმომავლობის წინარე გვარტომობას "დღეთა წიგნის" მეშვეობით განმარტავდნენ. ასე იყო, თუ სხვაგვარად, უფრო ცხადი განმარტების აღმოჩენას, როგორც ვფიქრობ მეც და ასევე ყველაფერში კეთილგონიერნიც, ალბათ სხვა ვერავინ შეძლებს, და ჩვენც ეს ვიკმაროთ, რადგან თუ დაუმოწმებელი არის, უკეთესის ან უფრო ჭეშმარიტის თქმა არ ძალგვიძს, ნებისმიერ შემთხვევაში სახარება ჭეშმარიტებას ამბობს". ეპისტოლის დასასრულს კი დასძენს: "სოლომონისგან ჩამომავალმა მატათამ შვა იაკობი. იაკობის სიკვდილის შემდეგ ნათანისგან ჩამომავალმა მელქიმ იმავე ქალისგან შვა ელი. ასე რომ, ელი და იაკობი არიან ერთი დედის შვილები. როდესაც ელი უშვილოდ გარდაიცვალა, იაკობმა აღუდგინა მას თესლი და შვა იოსები, ბუნებით მისი, რჯულის მიხედვით კი ელის ძე. ამგვარად ორივე მათგანის ძე იყო იოსები. [14] ასე ასრულებს აფრიკელი. როდესაც იოსებისგან ამგვარად გამოყავს გვარტომობა, შესაძლოა მარიამიც იმავე ტომის ჩამომავლად წარმოჩნდეს, იმის გათვალისწინებით, რომ მოსეს რჯულის მიხედვით ნებადართული არ იყო სხვადასხვა ტომების აღრევა; რადგან იყო მცნება, რომლის მიხედვით დასაქორწინებლად უნდა შეუღლებულიყვნენ ერთი და იმავე ხალხისგან და სანათესაოდან, შთამომავლობის მემკვიდრეობა რომ არ გადასულიყო ტომიდან ტომზე. ამრიგად ეს ვიკმაროთ. ---------------------------------------------- * ეს არის ესთასაგან მესამე – მთარგ. ** ჰეროდე ანტიპა და მისი ძმები – მთარგ. *** რადგან იგი არის მეუფე ანუ ბერძნულად “დესპოტი” – მთარგ.   VIII მაგრამ როდესაც წინასწარმეტყველებათა თანახმად ქრისტე იუდეის ბეთლემში ზემოხსენებულ ჟამს იშვა, ჰეროდემ ამის მცოდნე აღმოსავლელ მოგვთაგან გამოიკითხა, თუ სად იშვა იუდეველთა მეფე, რადგან მათ მიერ მისი ვარსკვლავის ხილვამ და ამ მიზეზით ესოდენ დიდი მოგზაურობის შესრულებამ, აგრეთვე მათ მიერ შობილის როგორც ღმერთის მოშურნედ თაყვანისცემამ, - ამ საქციელმა ჰეროდე ძალიან შეაშინა, ფიქრობდა, რომ მას წაერთმეოდა მთავრობა. ერის რჯულთმოძღვართაგან გამოიკითხა, თუ სად იყო ქრისტეს შობა ნაწინასწარმეტყველები და როგორც კი გაიგო, რომ მიქეას წინასწარმეტყველება ბეთლემს წინამოასწავებდა, ერთი ბრძანებით დაახოცვინა ბეთლემში ძუძუთა ჩვილები და მის ყველა საზღვრებში ყრმები ორი წლისა და ქვემოთ (მოგვებისგან დაზუსტებული ჟამის მიხედვით); ფიქრობდა, რომ იესო როგორც ყველანაირად მათი მსგავსი, მისი თანატოლების ბედს გაიზიარებდა. თუმცა, ყრმამ დაასწრო განზრახვის აღსრულებას და ეგვიპტისაკენ იქნა წაყვანილი მისი მშობლების მიერ, რომლებმაც ანგელოზის გამოცხადებით წინდაწინ იცოდნენ მოსალოდნელი საფრთხის შესახებ. ამას სახარების წმინდა წერილიც ასწავლის. ამასთან ერთად აღნიშვნის ღირსია ქრისტესა და მის თანატოლთა წინააღმდეგ ჰეროდეს დანაშაულის საზღაური, როგორ მეყსეულად, მცირედი დაყოვნების გარეშე, ეწია მას ღვთის სამართალი ჯერ კიდევ სიცოცხლეშივე, რითაც აქედან განშორების შემდეგ მისაგებელის დასაწყისს აჩვენებდა; თუ როგორ დააბნელა მან ის, რაც მისი მეფობის დიდებად მიიჩნეოდა, შემდგომ მის სახლში მომხდარი მოვლენებით, ცოლის, შვილების და სხვა მის გვართან განსაკუთრებით ახლოს მყოფთა და უსაყვარლესთა სისხლისღვრებით, ამის მხოლოდ აღნუსხვაც კი შეუძლებელია, ნებისმიერ ტრაგიკულ დრამატურგიას დაჩრდილავს მათ შესახებ არსებული ამბები, რაც იოსებმა ვრცლად მოგვითხრო თავის ისტორიებში. თუ როგორ სიკვდილამდე დევნა ჩვენი მაცხოვრისა და სხვა ჩვილების წინააღმდეგ შეთქმულების გამო მასზე მოწევნულმა, ღვთის ნებით დადგენილმა მათრახმა, ურიგო არ იქნება, ისტორიკოსის სიტყვები მოვისმინოთ, როდესაც მისი ცხოვრების უბედურებას "იუდაური სიძველეების" მეჩვიდმეტე წიგნში ამგვარად აღწერს: "პეროდე სნეულებამ უფრო მეტად წარიტაცა, ვიდრე შურისმგებელი ღმერთისგან იყო ეს დაწესებული. რადგან ცეცხლი ნელი იყო* და მის გამსინჯველებს ბევრს ვერაფერს მიანიშნებდა ანთებაზე, რომელიც ამდენ ვნებას კვებავდა მის შიგნით, ხოლო ჭამისას იმ ზომის წადილი ჰქონდა რომ ვერც მოემსახურებოდი; შიგნეულობა დაწყლულებული ჰქონდა, განსაკუთრებით კი მსხვილი ნაწლავის ტკივილი აწუხებდა და ფენების გარშემო ლორწოვანი გამჭვირვალე სითხე გადმოდინდებოდა; მსგავსადვე დაავადებული იყო მუცლის არე, ასევე ულპებოდა მამაკაცის ასო და მასში მატლები უჩნდებოდა, სუნთქვა დაძაბული ჰქონდა, ძალიან უსიამოვნო იყო კუჭში გასვლა და ხშირი სუნთქვა, ასევე ყველა ასოების კანკალი აუტანელი ძალით. ეს ნათქვამი იყო მისანთა და მათ მიერ, რომლებმაც ეს ბრძნულად იწინასწარმეტყველეს, რომ ეს სასჯელი მეფეზე ღმერთმა დააწესა მისი მრავალი უღმერთო საქციელის გამო".[15] ამას აღნიშნავს ციტირებულ თხზულებაში ზემოხსენებული მწერალი და "ისტორიათა"**  მეორე წიგნში მის შესახებ მსგავს გადმოცემას აღწერს:  "მისი სხეულის ყოველი ნაწილი სხვადასხვა ვნებებით იყო დასნეულებული. პქონდა დაბალი სიცხე, მთელი კანის აუტანელი ქავილი, მუცლის განუწყვეტელი გვრემა, ფეხების გარშემო წყალმანკის სიმსივნის მსგავსი რამ, მუცლის ანთება და ასოს ლპობა, რაშიც მატლები გაჩნდა, ამას თან ერთვოდა მძიმე სუნთქვა და სხეულის ყოველი ასოს სპაზმი. მისნები ამბობდნენ, რომ ეს სნეულებები იყო სასჯელი. ასეთ ვნებებთან მებრძოლს მაინც უნარჩუნდებოდა სიცოცხლე, ხსნას იმედოვნებდა და განკურნებასაც ფიქრობდა. ასე რომ, გადავიდა იორდანეზე და იღებდა კალიროეს[16] აბაზანებს, რომლებიც ჩაედინება "ასფალტის ტბაში"***, რაც გემოთი ტკბილია და სასმელად ვარგისი. ექიმები ფიქრობდნენ, რომ იქ ზეთით სავსე აბაზანაში მთელი სხეული გათბებოდა თბილი ზეთით, იგი კი მოუძლურდა და მიცვალებულივით გადაატრიალა თვალები. როდესაც მკურნალებმა ხმაური ატეხეს, იგი დაუბრუნდა ტანჯვას, სამომავლოდ კი ხსნის იმედი დაკარგა და ბრძანა თითოეული ჯარისკაცისთვის ორმოცდაათი დრახმა გაენაწილებიათ და ბევრი ფული მიეცათ მმართველებისთვის და მეგობრებისთვის. თვითონ კი უკან დაბრუნდა, იერიქონში მოწყენილი ჩავიდა  და ძლივს გადაურჩა თავის მოკვლას. ხოლო წარემატა დანაშაულებრივი საქმეების განზრახვაში. ბრძანა მთელი იუდეის ყოელი სოფლიდან სახელგანთქმული კაცების ე. წ. ჰიპოდრომში, შემოკრება და ჩაკეტვა. ხოლო თავისთან მოხმობილ დას სალომეს და მის მეუღლეს ალექსას უთხრა: "ვიცი იუდეველები ჩემს სიკვდილს იზეიმებენ, მე კი შემიძლია სხვა რამეებით ვაგლოვო ისინი და ბრწყინვალე დაკრძალვაც მქონდეს, თქვენ კი მოინდომეთ ჩემი ბრძანებების შესრულება. როგორც კი სულს დავლევ, დაცვის ქვეშ მყოფი კაცები სწრაფად დახოცონ გარშემორტყმულმა ჯარისკაცებმა, რათა მთელმა იუდეამ და ყოველმა სახლმა ძალაუნებურად დამიტიროს". ცოტა მოგვიანებით იოსები ამბობს: "და კვლავ საჭმლის ნაკლებობით და სპაზმური ხველებით იტანჯებოდა და ტკივილებში მყოფმა გადაწყვიტა დაესწრო ბვდისწერისთვის. აიღო ვაშლი და მოითხოვა დანა; რადგან ჩვევად ჰქონდა დაეჭრა და ისე ეჭამა; შემდეგ კი ირგვლივ მიმოიხედა, ხელს შეუშლიდა თუ არა ვინმე და აღმართა მარჯვენა ხელი საკუთარ თავზე დასარტყმელად".  უფრო მეტიც, იგივე მწერალი მოგვითხრობს ამბავს, რომ ბრძანა მისი სხვა კანონიერი შვილის, ორი, უკვე გარდაცვლილის შემდეგ მესამის მისი სიცოცხლის დასასრულის წინ მოკვლა და მაშინათვე მრავალ ტკივილებში შეწყვიტა სიცოცხლე. ასეთი იყო ჰეროდეს აღსასრული, სამართლიანად მიეზღო როგორც ბეთლემში ყრმების დახოცვის, ასევე ჩვენი მაცხოვრის წინააღმდეგ შეთქმულების გამო; ამის შემდეგ ეგვიპტეში დაყოვნებულ იოსებს ანგელოზი მოევლინა სიზმარში და ყრმისა და მისი დედის იუდეაში წაყვანა უბრძანა, ამასთან განუცხადა ყრმისულის მაძიებელთა სიკვდილი. შემდეგ მახარებელი ამბობს :როდესაც მოისმინა, რომ არქელაოსი მეფობს მისი მამის ჰეროდეს ნაცვლად, იქ წასვლის შეეშინდა; სიზმრით გაფრთხილებული დარჩა გალილეის საზღვრებში" (მათ. 2,22). ---------------------------------------- * იგულისხმება, რომ დაბალი სიცხე ჰქონდა – მთარგ. ** “იუდაურ ომების” – მთარგ. *** იგივე “მკვდარი ზღვა” – მთარგ.   IX ჰეროდეს შემდეგ მთავრად არქელაოსის დადგინების ფაქტს ეთანხმება ზემოხსენებული ისტორიკოსიც, რომელიც აღწერს, თუ როგორ მიიღო იუდეველებზე მეფობა მამამისის აღთქმითა და კეისარ ავგუსტუსის გადაწყვეტილებით, და მას შემდეგ, რაც ათწლიანი პერიოდის შემდეგ ჩამოშორდა მთავრობა, თუ როგორ მართავდნენ თავიანთ ტეტრარქიებს ძმები ფილიპე და ახალი ჰეროდე ლისანიასთან ერთად[17].  იგივე [მწერალი] “სიძველეების" მეთვრამეტე წიგნში აცხადებს, რომ ტიბერიუსის[18] (მან მიიღო საყოველთაო მმართველობა ავგუსტუსის ორმოცდაჩვიდმეტწლიანი მეფობის შემდეგ) მეფობის მეოცე წელს პონტოელ პილატეს ჩააბარეს იუდეა, სადაც მთელი ათი წელი დარჩა თითქმის ტიბერიუსის აღსასრულამდე[19]. ამრიგად, აშკარად ჩანს ნათხზობა მათი[20], ვინც ახლახანს ჩვენს მაცხოვარზე გადმოსცა [ამბები], რომლებშიც ის ზემოაღნიშნული ჟამი ამხელს თხზულებათა სიცრუეს. იგი გადმოსცემს, რომ ტიბერიუსის მეოთხე კონსულობის დროს, მისი მეფობის მეშვიდე წელს ჩაიდინეს მათ მაცხოვრის ვნების დანაშაული, როდესაც, როგორც ნაჩვენები იყო, პილატეს არ ჰქონდა იუდეა ჩაბარებული, თუკი ვისარგებლებთ იოსების  მოწმობით; ამგვარად, მისი თხზულების მიხედვით ცხადად არის აღნიშნული, რომ ტიბერიუსის მეფობის მეოცე წელს იუდეის პროკურატორად ტიბერიუსის მიერ პილატე იქნა დანიშნული.   X ამრიგად, ამ დროს, მახარებლის მიხედვით, ტიბერიუსის  კეისრის მეთხუთმეტე წელს, ხოლო პონტოელი პილატეს მმართველობის მეოთხე წელს, დანარჩენ იუდეაში ჰეროდეს, ლისანიუსის და ფილიპეს ტეტრარქობისას, ჩვენი უფალი და მაცხოვარი იესო, ღვთის ქრისტე, ოცდამეათე წელში მყოფი, მივიდა იოანეს ნათლისცემაზე და დაიწყო სახარების სწავლება.  საღვთო წერილი ამბობს, რომ მან სწავლების მთელი დრო დაასრულა ანნასა და კაიაფას მღვდელთმთავრობის პერიოდში, იგი განმარტავს, რომ მათი მსახურების წლებით შემოისაზღვრება მისი სწავლების მთელი ჟამი. დაიწყო ანნას მღედელთმთავრობის დროს და გაგრძელდა კაიაფას[21] მმართველობამდე, ისე რომ მეოთხე წლამდე აღარ განვრცობილა მისი დრო. როდესაც აქედან მოყოლებული ირღვეოდა რჯულის კანონები და მღვდელთმთავრობას აღარ უკავშირდებოდნენ ცხოვრებითა და წინაპართა მემკვიდრეობის გზით, რომაელი მმართველები კი მღვდელთმთავრობას სხვადასხვა დროს აბარებდნენ სხვადასხვა პიროვნებებს, რომლებიც ამ თანამდებობაზე ერთ წელზე მეტ ხანს არ რჩებოდნენ. იოსები მოგვითხრობს ანნას შემდეგ კაიაფამდე მონაცვლეობით ოთხი მღვდელმთავარის დანიშვნას იმავე “სიძველეების” მიხედვით, როდესაც ამბობს: “როდესაც ვალერიუს გრატუსმა[22] შეაჩერა ანნას მღვდლობა, ისმაელ ფაბის ძე წარმოაჩინა მღვდელმთავრად. როდესაც გავიდა ერთი წელი, მასაც შეუწყვიტა და სიმონ კამითოს ძეს გადასცა მღვდელმთავრობა. ერთ წელზე მეტი არ გასულა, რაც მას ეს პატივი ჰქონდა, და მისი მონაცვლე იოსები, იგივე კაიაფა, გახდა მღვდელმთავარი”[23]. ასე რომ, ჩვენი მაცხოვრის მიერ სწავლების გამოცემის მთელი დრო არ წარმოჩნდება სრულ ოთხ წლად, როდესაც ოთხი მღვდელთმთავარი, ანნადან კაიაფას დანიშვნამდე, ოთხი წლის განმავლობაში ასრულებდა ერთწლიან მსანურებას. კაიაფას მღვდელთმთავრობაც მსგავსადვე ერთი წელი იყო, რომლის დროს აღსრულდა მაცხოვრის ვნება, ეს აღნიშნა სახარების წერილმა, რომელიც წინა გამოკვლევებისგან არ გადაუხვევს და ისე უჩვენებს მაცხოვრის სწავლების დროს. მაგრამ რადგან ჩვენმა უფალმა და მაცხოვარმა ქადაგების დაწყებიდან მცირე დროის შემდეგ მოუწოდა თორმეტ მოციქულს, რომლებსაც მხოლოდ მათ უწოდა მოციქულები დანარჩენ მოწაფეთაგან გამორჩეული რამ პატივის ნიშნად, მაშინვე მოუწოდა სხვა სამოცდაათსაც, რომლებიც წყვილ-წყვილად წარგზავნა მის წინ ყველა ადგილსა და ქალაქში, სადაც კი თვითონ აპირებდა წასვლას.   XI მახარებელთა საღვთო წერილი აღნიშნავს, რომ მცირე ხნის შემდეგ ახალმა ჰეროდემ[24] იოანე ნათლისმცემელს თავი მოკვეთა, მასთან ერთად მოგვითხრობს იოსებიც, რომელიც ახსენებს პეროდიას[25] სახელს და იმასაც, რომ იგი, ძმის ცოლად მყოფი, ცოლად მოიყვანა ჰეროდემ, რომელიც გაეყარა პირველად კანონიერად დაქორწინებულს (იგი იყო პეტრაელთა მეფის არეტას[26] ქალიშვილი), ჰეროდიადა კი განაშორა ცოცხალ ქმარს; რის გამოც იოანეს მკვლელი ჩაება ომში არეტას წინააღმდეგ, რადგან უპატიოჰყო მისი ქალიშვილი. იმ ომში, რომელშიც, როგორც ამბობს, როდესაც ბრძოლა დაიწყო, განადგურდა ჰეროდეს ჯარი და ეს მას ევნო იოანეს წინააღმდეგ შეთქმულების განხორციელების გამო. იგივე იოსები ამ ნაშრომში აღიარებს, რომ იოანე იყო ნათლისმცემელი და განსაკუთრებით მართალი კაცი, და ემოწმება მის შესახებ მახარებელთა წერილში აღწერილს; ასევე მოგვითხრობს ჰეროდესგან მეფობის ჩამოშორებას იმავე ჰროდიადას გამო და მასთან ერთად მის საზღვარგარეთ განდევნას და გალიის ქალაქ ბიენაში[27] გადასახლების მისჯას. ესეც "სიძველეების" მეთვრამეტე წიგნშია განმარტებული, სადაც იოანეს შესახებ წერს:  “ზოგიერთი იუდეველი ფიქრობდა, რომ ჰეროდეს ჯარი განადგურდა ღვთის მიერ და ძალიან სამართლიანადაც მიეგო იოანეს, ნათლისმცემელად წოდებულის საზღაურის მიხედვით. რადგან იგი ჰეროდემ მოკლა, კეთილი კაცი, რომელიც იუდეველებს მცნებად უდებდა, სათნოებებში გაწვრთნილიყვნენ და ერთმანეთის მიმართ სამართლიანობითა და ღვთის მიმართ კეთილმსახურებით მცხოვრებნი ნათლისღებისთვის შეკრებილიყვნენ; რადგან ასეთი ნათლისღება მას სათნო უჩნდა არა  როგორც ვინმე ცოდვილის შენდობის სათხოვნელად, არამედ სხეულის განწმენდისათვის, რომლის სული მანამდე სამართლიანობით იქნებოდა განწმენდილი. და როდესაც სხვებიც მოგროვდნენ (რადგან მრავალი აღფრთოვანდა მისი სიტყვების  მოსმენით), ჰეროდეს შეეშინდა მისი ასე მრავალრიცხოვანი მიმდევრების, რომ არ აჰყოლოდნენ ისინი რაიმე ამბოხს (რადგან ჩანდა, რომ მისი რჩევით ყველაფერს გააკეთებდნენ), და გაცილებით უმჯობესად მიიჩნია მისგან რაიმე ახლის წარმოშობამდე დაესწრო და მოეკლა, ვიდრე გადატრიალების საქმეებში ჩავარდნილს მოუწევდა საქმის უკან შემოტრიალება. და იგი ჰეროდეს ეჭვის გამო შებორკილი გაიგზავნა "მახერუსში", ზემოხსენებულ ციხეში, სადაც მოკლულ იქნა".[28]  როდესაც იგი იოანეს შესახებ ამას მოგვითხრობს, ჩვენი  მაცხოვრის შესახებაც იმავე ისტორიაში ამგვარად აღნიშნავს: "იმ დროს გამოჩნდა იესო, ბრძენი კაცი, თუკი კაცად  უნდა ითქვას. რადგან საოცარ საქმეებს იქმოდა, ასწავლიდა ჭეშმარიტების ხალისით მიმღებ ადამინებს, და მრავალი  იუდეველი და ბერძენი მისდევდა მას. იგი იყო ქრისტე, და  როდესაც პილატემ მას ჯვარცმა მიუსაჯა ჩვენს შორის პირველობის მქონე კაცების დაბეზღებით, არ დაბრკოლებულან  მასზე პირველად შეყვარებულები; რადგან მესამე დღეს კვლავ  ცოცხალი ეჩვენა მათ, და რადგან ეს და სხვა ათასი საკვირველება საღვთო წინასწარმეტყველების მიერ იყო ნათქვამი მის შესახებ, ამ ჟამამდეც არ გაწყვეტილა მისგან ქრისტიანებად წოდებულთა ტომი"[29].  როდესაც ამ ამბებს თვით ებრაელი მწერალი თავისი თხზულების თავში გადმოცემს იოანე ნათლისმცემელისა დ ჩვენი მაცხოვრის შესახებ, სხვა რაღა დაგვრჩენია, თუ არა  მათ შესახებ შეთხზული სამარცხვინო მოსახსენებლების მხილება*? მაგრამ ესეც ვიკმაროთ. ----------------------------------------------------- * კვლავ საუბარია წარმართულ “პილატეს აქტებზე” – მთარგ.   XII   მაცხოვრის მოწაფეების ყველა სახელი ცნობილია სახარებებიდან; სამოცდაათი მოწაფის სია კი არსად არ არის მოყვანილი[30]. ამბობენ, რომ ერთი მათგანი ბარნაბა იყო, რომელსაც გამორჩევით მოიხსენიებს “მოციქულთა საქმეები”, არანაკლებ მოიხსენიებს მას პავლეც, როდესაც გალატელებს მისწერს. ერთ-ერთ მათგანად იგი ასახელებს სოსთენესაც, რომელმაც პავლესთან ერთად მისწერა კორინთელებს; კლიმენტისთან[31] არის ისტორია, “ჰიპოტიპოსების” მეხუთე წიგნში, რომელშიც მოხსენიებულია კეფა; მის შესახებ პავლე ამბობს: “როდესაც კეფა ანტიოქიაში წავიდა, მას პირზე დავადექი”, ამბობს სამოცდაათ მოწაფეთაგან ერთ-ერთზე, რომელიც პეტრე მოციქულის თანამოსახელე აღმოჩნდა. ამბავი სამოცდაათთა მოწოდების ღირსებას უკავშირებს მატათას, რომელიც იუდას ნაცვლად მოციქულებთან აღინუსხა და მისი სწორი წილით იქნა პატივდებული. თადეოზსაც ერთ-ერთ მათგანად მიიჩნევენ, რომლის შესახებ ჩვენამდე მოღწეულ ისტორიას მალე მოგითხრობთ. მკვლევარი აღმოაჩენს, რომ მაცხოვრის მოწაფეები სამოცდაათზე მეტია ნაჩვენები, მოწმედ პავლეს გამოიყენებს, რომელიც ამბობს, რომ მკვდრეთით აღდგომის შემდეგ პირველად იგი კეფამ იხილა, შემდეგ თორმეტმა და მათ შემდეგ ხუთასზე მეტმა ძმამ ერთად, რომელთაგან ზოგიერთმა, ამბობენ, დაიძინა, უმეტესობა კი ჯერ კიდევ ცოცხალი იყო, რომლის დროსაც მან შეადგინა ეპისტოლეები; შემდეგ კი ამბობს, რომ იგი იაკობმა იხილა; იგი მაცხოვრის ერთ-ერთი ძმა იყო[32]; თუ ამათთან ერთად მიბაძვით თორმეტზე მეტი იყო მოციქული, ასევე თვითონ პავლეც იყო მათთან ერთად, რომელიც შემდეგ ამბობს: “შემდგომ იხილა ყველა მოციქულმა”. ესეც ვიკმაროთ მათ შესახებ.   XIII თადეოზის[33] გარშემო არსებულმა ისტორიამ ასეთი სახე მიიღო. ჩვენი უფლისა და მაცხოვრის იესო ქრისტეს ღმრთეებამ, ყველა ადამიანთან სასწაულმოქმედი ძალით სახელგანთქმულმა, ამდენი ათასი ადამიანი იუდეისგან ძალიან შორს უცხო ქვეყნებში მცხოვრებნი სნეულებათა და ყველანაირ ვნებათა განკურნების იმედით მოიყვანა. ამგვარადვე იყო ევფრატის გაღმა ხალხების ყველაზე გამოჩენილი მბრძანებელი მეფე ავგაროზი, რომელიც სხეულით საშინლად იტანჯებოდა, დასნეულებული ჰქონდა ისე, რომ შეუძლებელი იყო სენის ადამიანური ძალით განკურნება. მან როგორც კი გაიგო მრავალთაგან იესოს სახელი და მისი ყველასაგან ერთხმად დამოწმებული სასწაულები, მისი მავედრებელი გახდა და წერილის მიმტანი გაუგზავნა, სთხოვდა, რომ მისთვის აღმოეჩინა სნეულებისაგან ხსნა. იესომ მაშინ არ შეისმინა მისი თხოვნა, თუმცა, დააფასა და საკუთარი წერილი გაუგზავნა, შეპირდა, რომ გაუგზავნიდა მის ერთ-ერთ მოწაფეს სნეულებისაგან განსაკურნავად და მისი და მისი ნათესავების გამოსახსნელად. დიდი ხანი არ დაუყოვნებია დანაპირების შესასრულებლად. მისი მკვდრეთით აღდგომისა და ცად ამაღლების შემდეგ თორმეტთაგან ერთერთმა მოციქულმა თომამ, ღვთის შთაგონებით აღძრულმა, საქადაგებლად და ქრისტეს შესახებ მოძღვრების სახარებლად ედესაში გაგზავნა თადეოზი, რომელიც ქრისტეს სამოცდაათ მოწაფეს შორის აღირაცხებოდა; მისი მეშვეობით აღსრულდა ყველაფერი, რაც აღუთქვა ჩვენმა მაცხოვარმა. არსებობს ამის წერილობითი მოწმობაც ამოღებული ედესის (რომელიც იყო დედაქალაქი) წიგნთსაცავიდან; სახელმწიფო დოკუმენტები შეიცავენ როგორც ძველ ასევე ავგაროზის დროს მომხდარ მოვლენებს და ესენი იქ ამ დრომდე დაცული მოიპოვება. მაგრამ  ვერაფერი შეედრება თვით წერილების მოსმენას, რომლებიც  წიგნთსაცავიდან ამოვიღეთ და მათი ტექსტი სირიული ენიდან ამგვარად გადმოვთარგმნეთ:   მთავარ ავგაროზის მიერ იესოსადმი მიწერილი და ანანია მალემსრბოლის მეშვეობით იერუსალიმში გაგზავნილი ეპისტოლის ასლი “ავგაროზ უხამა, იესოს, კეთილ მაცხოვარს, რომელიც გამოჩნდა იერუსალიმის შემოგარენში, გიხაროდეს. მესმა შენსა და შენს კურნებათა შესახებ, რომ ისინი შენს მიერ წამლებისა და მცენარეების გარეშე სრულდება. როგორც გადმომცეს, შენ ისე მოქმედებ, რომ ბრმები ხედავენ, კოჭლები დადიან, კეთროვნებს განწმინდავ, უწმინდურ სულებს და ეშმაკებს განდევნი, მძიმე სნეულებებით გატანჯულებს კურნავ, და მკვდრებს აღადგენ. როდესაც ეს ყოველივე შენს შესახებ მესმა, გონებაში გადავწყვიტე, რომ ორიდან ერთია, ან შენ ხარ ღმერთი ციდან ამის საკეთებლად ჩამოსული, ან ღვთის ძე, რომელიც იქმ ყოველივე ამას. ამიტომ წერილით გევედრები, რომ იჩქარო ჩემთან და ის ვნება, რაც მაქვს, განკურნო. ასევე მესმა, რომ იუდეველები დრტვინავენ შენზე და სურთ, რომ გიბოროტონ. ჩემი ქალაქი ძალიან მცირეა, მაგრამ პატივცვმული, რაც ორივეს გვეყოფა".* ------------------------------------------------ * ზოგ ხელნაწერში დამატებულია: “და ეს მან ასე დაწერა, როდესაც საღვთო გაბრწყინებამ მცირედით გაანათა იგი; მაგრამ აგრეთვე მოსმენის ღირსია იესოს მიერ მის მიმართ იმავე წერილის მიმტანის მეშვეობით გაგზავნილი რამდენიმე სტრიქონის შემცველი, მაგრამ დიდი ძალის მქონე ეპისტოლე; და არის იგი შემდეგი სახის”.   იესოს მიერ მთავარ ავგაროზის მიმართ ანანია მალემსრბოლის მეშვეობით მიწერილი პასუხი "ნეტარ ხარ, რომელმაც ჩემი ირწმუნე ისე, რომ მე არ გინახივარ. რადგან ჩემს შესახებ დაწერილია, რომ ვინც მიხილა, არ ირწმუნებს ჩემსას, რათა მათ, ვისაც არ ვუნახივარ, ირწმუნონ და ცხონდნენ. რაც შეეხება იმას, როდესაც მომწერე, რომ შენთან მოვიდე, ჯერ უნდა აღვასრულო ყველაფერი, რის გამოც აქ ვარ წარმოგზავნილი, და ასე აღსრულების შემდეგ უნდა ავიდე მასთან, ვინც წარმომგზავნა მე. და მას შემდეგ, რაც ავალ, წარვგზავნი შენთან რომელიმე მოწაფეს, რათა განკურნოს შენი ვნება და მოგანიჭოს ცხონება შენ და შენთან მყოფთ".   ამ ეპისტოლეებს შემდეგ ესეც დაერთვის სირიულ ენაზე: "იესოს ამაღლების შემდეგ იუდამ, იგივე თომამ, მასთან წარგზავნა თადეოზ მოციქული, ერთი სამოცდაათთაგანი. იგი წავიდა და დარჩა ტობიასთან, ტობიას ძესთან. როგორც კი ხმა გავარდა მის შესახებ, მოახსენეს ავგაროზს, რომ აქ მოსულია იესოს მოციქული, როგორც მან მოგწერა შენ. ამრიგად, დაიწყო თადეოზმა ღვთის ძალით ყველანაირი სენისა და უძლურების კურნება, ისე რომ ყველას აკვირვებდა; როგორც კი ესმა აბგარს, თუ რა დიდ და საკვირველ საქმეებს იქმოდა, და როგორ კურნავდა, მიხვდა, რომ ის იყო, ვის შესახებაც მიწერა იესომ: "მას შემდეგ, რაც ავალ, წარვგზავნი შენთან რომელიმე ჩემს მოწაფეს, ვინც შენს ვნებას განკურნავს". მოუხმო ტობიას, ვისთანაც გაჩერდა, და უთხრა: "მესმა, რომ კაცი ვინმე ძლიერი მოვიდა და შენს სახლში დარჩა; მოიყვანე იგი ჩემთან". მივიდა ტობია თადეოზთან და უთხრა: "ავგაროზ მთავარმა მომიხმო მე და მითხრა, რომ შენ მიგიყვანო მასთან, რათა განკურნო იგი". თადეოზმა უთხრა: "ავალ, რამეთუ სასწაულის ძალით ვარ მასთან წარგზავნილი". ამგვარად, მეორე დღეს ადრე ადგა ტობია და წაიყვანა თადეოზი ავგაროზთან. როდესაც ავიდა იქ მდგომ დიდებულებთან და როგორც კი შევიდა, მყისვე დიდი ხილვა ეჩვენა ავგაროზს მოციქულ თადეოზის სახეზე; რისი ხილვისას ავგაროზმა თაყვანი სცა თადეოზს, რაც ყველა იქ მდგომს გაუკვირდა; რადგან მათ არ ეჩვენა ეს ხილვა, რაც მხოლოდ აბგარს გაეცხადა. ავგაროზმა ჰკითხა თადეოზს: “ჭეშმარიტად ხარ მოწაფე იესოს, ღვთის ძის, ვინც მითხრა მე: "შენთან წარვგზავნი რომელიმე ჩემს მოწაფეს, ვინც შენ განგკურნებს და ხსნას მოგანიჭებს". და თადეოზმა უთხრა: "მას შემდეგ, რაც ძალიან ირწმუნე მისი, ვინც მე წარმომგზავნა, ამის გამო ვარ შენთან წარმოგზავნილი. და კვლავ, თუკი მისი ირწმუნე, გექნება შენ შენი გულის თხოვნისამებრ როგორც ირწმუნე". და ავგაროზმა უთხრა მას: "ისე ვირწმუნე მისი, რომ განვიზრახე მომეკრიბა ძალა და მისი ჯვარმცმელი იუდეველები გამენადგურებია, მაგრამ რომაელთა მეფობის გამო შევიკავე თავი". და თადეოზმა უთხრა: "ჩემმა უფალმა აღასრულა მისი მამის ნება და აღასრულა რა, ავიდა მამასთან". ავგაროზმა უთხრა მას: "მეც ვირწმუნე მისი და მისი მამის". თადეოზმა უთხრა: "ამიტომ დავდებ ჩემს ხელს შენზე მისი სახელით". და გააკეთა რა ეს, მეყსეულად განიკურნა სენისაგან და ვნებებისაგან, რაც მას ჰქონდა. ავგაროზს გაუკვირდა, რომ როგორც ესმა მას იესოს შესახებ, ისე მიიღო საქმით მისი მოწაფის თადეოზის მეშვეობით, რომელმაც იგი წამლებისა და მცენარეების გარეშე განკურნა, და არა მხოლოდ იგი, არამედ აბდოსიც, აბდოსის ძე, რომელსაც პოდაგრა სჭირდა; რადგან ისიც მოვიდა და მის ფეხებთან განერთხა, ხოლო მიიღო რა ლოცვა ხელის დადებით, განიკურნა. ასევე მრავალი სხვა მათი თანამოქალაქე განკურნა, დიდ საკვირველებებს იქმოდა და ქადაგებდა ღვთის სიტყვას. ამის შემდეგ ავგაროზმა უთხრა:  “შენ, თადეოზ, ამას ღვთის ძალით იქმ და ჩვენც გავაკვირვეთ ჩვენი თავი. მაგრამ ამასთან ერთად გთხოვ, მომიყევი იესოს მოსვლის შესახებ, თუ როგორ იყო, და მისი ძალის შესახებ, რა ძალითაც იქმოდა ამას, რაც მსმენია". თადეოზმა უთხრა: "აწ დავდუმდები, მაგრამ რადგან სიტყვის საქადაგებლად ვარ წარმოგზავნილი, დილით შემოკრიბე ჩემთან ყველა შენი მოქალაქე, მათთან ვიქადაგებ და დავთესავ მათში ცხონების სიტყვას, იესოს მოსვლის შესახებ, თუ როგორ იყო, და მისი მოციქულების შესახებ, და რის გამო იქნა წარგზავნილი მამის მიერ, და მისი ძალის, საქმეებისა და საიდუმლოებების შესახებ, რომლებზეც ისაუბრა ამ ქვეყნად ყოფნისას, და რა ძალით იქმოდა ამ საქმეებს, და მისი ახალი ქადაგების შესახებ, დამცირებისა და დამდაბლების შესახებ, როგორ დაიმდაბლა და დაამცრო თავისი თავი და განიშორა თავისი ღმრთეება, ჯვარს ეცვა, და ჩავიდა ჯოჯოხეთში, და გაარღვია კედელი საუკუნიდან გაურღვეველი, და აღადგინა მკვდარნი, ჩავიდა ერთი, ხოლო ამოვიდა დიდ სიმრავლესთან ერთად მის მამასთან"*.  ავგაროზმა ბრძანა, რომ დილით შეკრებილიყვნენ მისი მოქალაქეები და მოესმინათ თადეოზის ქადაგებისათვის, ამის შემდეგ გასცა განკარგულება მიეცათ მისთვის ოქრო და ძვირფასი ლითონების ზოდები. მან კი არ მიიღო, თქვა: “თუ ჩვენი ნივთები დაუტევეთ, სხვა როგორ მივიღოთ?” ეს მოხდა სამასორმოც წელს”[34]. ეს სასარგებლო სირიული ენიდან სიტყვასიტყვით ნათარგმნი ტექსტი აქ მე ჯეროვნად მოვათავსე**. ----------------------------------------- * ზოგ ხელნაწერში ამატებს: “და თუ როგორ ზის ის ღვთისა და მამის მარჯვნივ დიდებით ცაში, და თუ როგორ მოვა კვლავ ძლევამოსილი ცოცხალთა და მკვდართა განსასჯელად”. **  სამას ორმოცი წელი ედესური წელთაღრიცხვით, რომელიც დაიწყო ჩვ. წ. აღ.-მდე 310 წელს, იქნება ჩვ.წ.აღ.-ით 30 წელი, რაც ეთანხმება ტერტულიანეს მიერ მოწოდებულ ჯვარცმის თარიღს, მაგრამ ეს არის იმ თარიღზე ერთი წლით ადრე, რასაც გვაწვდის ევსების ქრონიკების იერონიმესეული ვერსია და ორი წლით ადრე იმაზე, რასაც გვაწვდის იმავე წიგნის სომხური ვერსია. ------------------------------------------------------------------------------------------------   კომენტარები კომენტარების შედგენისას ძირითადად ვსარგებლობდით ნაშრომის რუსულ თარგმანზე, Евсевий Памфил, Церковная, Москваб 2001, და ზემოთ დასახელებულ ინგლისურ გამოცემაზე დართული კომენტარებითა და სქოლიოებით. [1] - ცრუ ცოდნა (გნოზისი) - გნოსტიციზმი, საერთო სახელწოდება II-IV ს.-ში არსებული რამდენიმე ერეტიკული მიმდინარეობისა. მთავარი წარმომადგენლები: სატურნინე, ვასილიდე, კერდონი, მარკიონი, კარპოკრატე და ვალენტინი. გნოსტიკური სწავლებისათვის დამახასიათებელია დუალიზმი (წარმოდგენა კეთილ ღმერთზე და მისგან დამოუკიდებელ ბოროტ მატერიაზე) და დოკეტიზმი (სწავლება იესო ქრისტეს მოჩვენებით სხეულსა და ხორციელ ცხოვრებაზე). გნოსტიციზმის წინააღმდეგ არაერთგზის გამოვიდნენ ეკლესიის მამები. წმ. ირინეოს ლიონელი თხზულებაში ”ერესების წინააღმდე” ვრცლად მოგვითხრობს გნოსტიციზმის ისტორიაზე, დაწყებული სვიმონ მოგვიდან, და განსაკუთრებით გულდასმით აანალიზებს ვალენტინესა და მარკიონის შეხედულებებს (св. Ириней, епископ Лионский Сочинения. СПЪ., 1900).  გნოსტიკოსების მხილებას ეძღვნება ტერტულიანეს ნაშრომები: ”გნოსტიკოსების წინააღმდეგ”, ”მარკიონის წინააღმდეგ”, ”ვალენტინელების წინააღმდეგ”, ”კამათი ერეტიკოსებთან” (Patrologiae cursus completus. Series Latina/ED.j. - P. Migne. Paris, 1844-18642. თ. I-II). რუსული თარგმანი იხ.: Тертуллиан. Творения. Киев, 1920. [2] - ”ქრონიკა” - ევსები პამფილის ჩვენამდე მოღწეულ ოთხ თხზულებათაგან ერთ-ერთი, რომელიც წარმოადგენს სამყაროს მოკლე ისტორიას მისი შექმნიდან ქ.შ.-ის IVს-ის შუა წლებამდე (II წიგნში). ეს ”ქრონიკა” გააგრძელა ნეტ. იერონიმემ 378 წლამდე. ”საეკლესიო ისტორიის” გარდა, ჩვენამდე მოაღწია ევსების აპოლოგეტურმა თხზულებამ ”კონსტანტინე დიდის ცხოვრება” (IV წიგნში) და ნაწყვეტებმა ”პალესტინელი მოწამეების შესახებ” მისი ნაშრომიდან ”უძველესი მოწამეობის კრებული”. ევსების ცხოვრებისა და მისი შრომების შესახებ იხ.: Леъедевь А.П. Церковная историографя в главных ее лредставителях с IV в. до XX 2-е изд., СЛЪ., 1903. С, 11-110. [3] - ქ.შ.-მდე 43 წელს მუტინთან ბრძოლაში რესპუბლიკელთა არმიის განადგურების შემდეგ რომის ხელისუფლებაში მოვიდა ტრიუმვირატი: ოქტავიანე, ანტონიუსი, ლეპიდი. ამ მომენტიდან იწყება ევსები ოქტავიანეს მმართველობის დროის ათვლა, მომავალი ავგუსტუსისა. 40 წელს რომის იმპერია განაწილებულ იქნა ტრიუმვირებს შორის, რის გამოც იუდეა აღიარებულ იქნა ნახევრად დამოუკიდებელ სამეფოდ. 35 წელს ოქტავიანემ დაიპყრო ლეპიდის ოლქი, 3-2 წელს კი გააჩაღა ბრძოლა ოქტავიანესა და ანტონიუსს შორის. ანტონიუსმა მარცხი განიცადა აქციუმთან ბრძოლაში და სიცოცხლე თვითმკველობით დაასრულა. ამგვარად, 30 წელს ოქტავიანეს მმართველობის ქვეშ შევიდა ანტონიუსის ოლქიც - ეგვიპტე. 31 წელს ოქტავიანემ მიიღო ავგუსტუსის ტიტული, 27 წელს კი - სამუდამო ტრიბუნალის ტიტული. ასე რომ, ევსების მიხედვით, მხსნელი დაიბადა 31 წელს ქრისტიანული ეპოქის დასაწყისამდე. უნდა ითქვას, რომ ქრისტიანული წელთაღრიცხვით, რომლის დამაარსებელი არის რომაელი სწავლული დიონისე მცირე (V ს.-ის დასას. - VI ს.-ის დასაწყ.), ქრისტეს დაბადების თარიღად (I ს.ქ.შ.) ითვლება 754 წელი რომის დაარსებიდან. თანამედროვე წყაროების უმეტესობა მხსნელის დაბადების თარიღად მიიჩნევს ქ.შ.-მდე 4 წელს (749-450 წწ. რომის დაარსებიდან), ამ წელს გარდაიცვალა მეფე ჰეროდე დიდი. პტოლემეოსთა დინასტია ეგვიპტეს მართავდა ქრისტეს შობამდე 305 წლიდან. [4] - მაცხოვრის ამქვეყნიური ცხოვრების გადმოცემაში ერთ-ერთ ყველაზე რთულ საკითხს წარმოადგენს იმის განსაზღვრა, თუ როდის განხორციელდა სელპიციუს კვირინიუსის დროინდელი აღწერა. იოსებ ფლავიუსის მოწმობით აღწერა განხორციელდა ჰეროდეს შვილის, არქელაოსის სიკვდილის შემდეგ (გარდ. ქ. შ.-დან 6 წ.), სირიაში სელპიციუს კვირინიუსის მმართველობის დროს (რომის დაარსებიდან 760-765 წწ., ანუ ქ. შ.-დან 6-12წწ.). არსებობს განსხვავებული ახსნა, სახარებისეულ მონათხრობთან შეუსაბამო (იხ.: ლუკა 2:1-2), რომელსაც ეფუძნება ევსები პამფილი და იოსებ ფლავიუსის მოწმობა, მაგრამ ყველაზე მეტად სარწმუნო ჩანს შემდეგი: კვირინიუსი ორჯერ იყო სირიის მმართველი (პირველად 750-753 წლებში რომის დაარსებიდან, ანუ 3 წ. ქ. შ.-მდე-1 ქ. შ.-ით) და თავისი პირველი მმართველობის დასაწყისში განაგრძო აღწერა, დაწყებული მისი წინამორბედის ვერუსის მიერ (ქ. შ.-მდე 6-4). [5] - ჰეროდე I (დიდი) - იუდეის მეფე (37-4 წწ. ქ. შ.-მდე) იყო იდუმიელი, ანუ შთამომავალი იმ ერისა, რომლის გენეოლოგია სათავეს იღებს ესავისაგან (ედომი), რომელმაც თავისი პირმშოება მიყიდა იაკობს ოსპის შეჭამანდის სანაცვლოდ (იხ. შესაქმე 25:28-34). ისრაელის თაობა სათავეს იღებს იაკობისაგან, რომელიც ”ისრაელად” სახელდებულ იქნა თავად ღმერთის მიერ (იხ. შესაქმე. 32:28). იდუმეა მდებარეობდა იუდეის სამხრეთით. იოჰანან ჰირკანის მიერ დაპყრობის შედეგად (135-104 წწ. ქ. შ.-მდე) იდუმიელების (ედომელების) გაიუდეველება მოხდა და ებრაული რელიგიური კანონები მიიღეს. [6] - იულიანე აფრიკანელი (გარდ. 237 წ.) - განათლებული გლეხი. დაიბადა ჩრდილოეთ აფრიკაში, ცხოვრობდა პალესტინაში. ავტორი ორი დიდი თხზულებისა: ”პენტაბიბლოს” (მსოფლიო ქრონიკები ქვეყნის შექმნიდან) და "Cestus", რომლებიც შემორჩენილია მხოლოდ ნაწყვეტებად ევსების შრომებში. [7] - ანტიპატრეს შესახებ იხ.: იოსებ ფლავიოსი, იუდეის ომი, 1, 6, 2-4. [8] - ჰირკან II - ვაჟი იუდეის მეფის ალექსანდრე იანისა (ქ. შ.-მდე 104-78 წწ.), შვილიშვილი იოჰანან ჰირკან I-სა, იუდეველთა მეფე და მღვდელმთავარი (ქ. შ.-მდე 63-40 წწ.). [9] - არისტობულე - უმცროსი ვაჟი მეფე ალექსანდრე იანისა და ალექსანდრესი. ქ. შ.-მდე 70 წელს აიძულა თავისი უფროსი ძმა ჰირკან II, უარი ეთქვა გვირგვინზე და მღვდელმთავრობაზე თავის სასარგებლოდ. ჰირკანი გაიქცა არაბეთის დედოფლის არეტის სამფლობელოში, რომელმაც დაიწყო თავდასხმა იუდეაზე და 35 წელს ალყა შემოარტყა იერუსალიმს. არისტობულემ გააძევა არეტის ჯარი რომაელების დახმარებით, მაგრამ ვერ მოურიგდა თავის დამხმარე მოკავშირეებს. რომაელმა მხედართმთავარმა გნეუს პომპეუსმა (106-48 წწ. ქ. შ.-მდე) იერუსალიმი დიპყრო 63 წელს და არისტობულე ბორკილდადებული გააგზავნა რომში. არისტობულე მალე გაიქცა იუდეაში და აჯანყება მოაწყო რომაელების წინააღმდეგ, მაგრამ დამარცხდა პომპეუს გაბინიუსის თანაშემწეების მიერ და ხელახლა დატყვევებული გაგზავნილ იქნა რომში. 49 წელს იულიუს ცეზარის მიერ განთავისუფლებული არისტობულე კვლავ გაემგზავრა იუდეაში, მაგრამ პომპეუსის მსტოვრების მიერ მოწამლული გზაზე გარდაიცვალა. [10] - არქელაოსი - ჰეროდე დიდის ვაჟი. სიკვდილის წინ ჰეროდემ იგი ავგუსტუსის თანხმობით თავის მემკვიდრედ დანიშნა. თუმცა, არქელაოსი თავისი მმართველობის დასაწყისში გაუსწორდა მისით უკმაყოფილო პირებს (დახოცილ იქნა 3000 ადამიანზე მეტი) და გამოიწვია ხალხის სიძულვილი. როდესაც იგი რომში გაემგზავრა, რათა გაემყარებინა თავისი უფლება ტახტზე, იქვე გაგზავნა ხალხმა ელჩობა თხოვნით, რომ იუდეა რომს შეერთდებოდა პროვინციის სტატუსით, რათა ამით არ დაეშვათ არქელაოსის მეფობა (იხ. ლუკა 19:12-14). ავგუსტუსმა დაამტკიცა ჰეროდეს ანდერძი და არქელაოსს მფლობელობაში გადასცა იუდეა, მაგრამ არ მისცა მას ”მეფის” ტიტულით, შემოიფარგლა ეთნარქის, ანუ ”ერისმმართველის” ტიტულით. არქელაოსის მმართველობის პერიოდში ხშირმა ამბოხებებმა ავგუსტუსი აიძულა გაემოეძახა იგი რომში: ქ. შ.-დან 6 წელს გადააყენა და გადაასახლა გალიის ქალაქ ვიენაში, სადაც გარდაიცვალა (იხ. იოსებ ფლავიოსი. იუდეის ომი, II, 1-7). [11] - არისტიდე (II ს.) - ბერძენი რიტორი, აპოლოგეტი და ქრისტიანობის აღმსარებელი. [12] - ეპიმელეტი - მმართველი (ბერძნ.). სავარაუდოდ ეს თანამდებობდა გულისხმობდა ფინანსების მართვას. [13] - აქიორ ამონიტელი - ამონიტელების წინამძღოლი ასირიელთა მეფის ოლოფერნის ლაშქარში. მიიღო იუდაიზმი (ივდითი 5:5-6; 5:21). მოაბელი რუთი - ელიმელექის ცოლი და ნოემის რძალი. სიკვდილის შემდეგ რუთთან ქორწინების უფლება გადაეცა ბიოზს, ელიმელექის ნათესავს. ამ ქორწინების ნაყოფი იყო იობედი, დავითის პაპა (იხ. რუთის წიგნი). ამგვარად, წარმართი რუთი გახდა უფალ იესო ქრისტეს ერთ-ერთი წინაპარი (იხ.: მათე 1:5). [14] - იულიანე აფრიკელს ეკუთვნის მათე და ლუკა მახარებელთან მაცხოვრის გენეალოგიათა განსხვავებების ახსნა, რაც ასევე მიღებულია თანამედროვე ბიბლიისტების მიერ. ეს განმარტება მცირეოდენი ცვლილებით განმეორებულ იქნა წმ. ამბროსი მედიოლანელის მიერ ლუკას სახარების განმარტებაში. [15] - იუდაური სიძველენი, XVII, 6,5. [16] - კალიროე - სამკურნალო წყარო თბილი გოგირდოვანი წყლებით. [17] - ჯერ კიდევ ჰეროდე დიდის სიცოცხლეში მისი ვაჟებიდან სამი: არისტობულე, ალექსანდრე და ანტიპატრე - დასჯილ იქნენ მისი ბრძანებით. ჰეროდეს სიკვდილის შემდეგ იმპერატორ ავგუსტუსის გადაწყვეტილებით იუდეაში ეთნარქის ტიტულით გამეფდა ჰეროდე დიდის ვაჟი - არქელაოსი. თუმცა, ავგუსტუსმა ტეტრარქებად, ანუ ქვეყნის ოთხი ნაწილის მმართველებად დანიშნა, ჰეროდე-ფილიპე და ჰეროდე-ანტიპა, ჰეროდე დიდის შვილები მარიამისგან მღვდელმთავრის სვიმონის ქალიშვილისგან (იხ.: იოსებ ფლავიუსი. იუდეის ომი, II, 6). ლისანიოსი, სავარაუდოდ ბერძენი, ჰეროდეს გვარს არ მიეკუთვნებოდა. [18] - ტიბერიუსი - რომის იმპერატორი (14-37 წწ.). [19] - იხ.: იუდაური სიძველენი XVIII, 2,2. [20] - იგულისხმება ე.წ. "Acta Pilat"  - თხზულება უცნობი ავტორისა, ქრისტიანობის თავგამოდებული მტრის. [21] - ანნა (ანან) - მღვდელმთვარი, სეთის ძე. მღვდელმთავარი იყო სულპიციუს კვირინიუსის აღწერის დროს. გადაყენებულ იქნა პროკურატორ ვალერიუს გრატუსის მიერ (იხ. იოსებ ფლავიუსი. იუდაური დასაბამთმეტყველება, XVIII 2, 1-2). თუმცა, ტრადიციის მიხედვით, სამუდამოდ დარჩა მას მღვდელმთავრის ტიტული. იგი იყო იუდეველთა ერთ-ერთი სულიერი ბელადი. კაიაფა - ანნას სიძე, მღვდელმთავარი გახდა ანნას ორი მონაცვლის, ფაბი ისმაილის ძისა და ელიაზარ ანნას ძის შემდეგ. კაიაფა იმყოფებოდა ანნას გავლენის ქვეშ. [22] - ვალერიუს გრატუსი - იუდეის პროკურატორი (15-26 წწ.). [23] - იუდაური სიძველენი, XVIII, 2, 2. [24] - იგულისხმება ტეტრარქი ჰეროდე - ანტიპა (4 წ. ქ. შ.-მდე-39 წ. ქ. შ-ით). [25] - ჰეროდიადა - ჰეროდე დიდის ქალიშვილი და ჰეროდე აგრიპა I-ის და. გათხოვილი იყო თავის ბიძაზე ჰეროდე - ფილიპე I-ზე, ქმრის სიცოხლეში კავშირი დაამყარა ჰეროდე-ანტიპასთან, რომელსაც ასევე ნათესავად ერგებოდა. დამნაშავე იყო იოანე ნათლისმცემლის სიკვდილში: მისი წაქეზებით დასჯილ იქნა ჰეროდე-ანტიპას მიერ (იხ. მარკოზი 6:17-29). [26] - არეთა - სირიის მეფე, არაბი (იხ. შენიშვნა 35). მან იარაღის ძალით შური იძია ჰეროდე-ანტიპაზე თავისი ქალიშვილის შეურაცხყოფისათვის, რამაც მას მოუტანა გამანადგურებელი მარცხი. თუმცა, ანტიპამ შესჩივლა თავის მფარველს იმპერატორ ტიბერიუსს, მან სირიის რომაელ მმართველს დაავალა არეთას დასჯა. [27] - იხ.: იუდეის ომი, II, 9,6. [28] - იუდაური სიძველენი, XVIII, 5, 2. [29] - იქვე, 3, 3. [30] - ეს სია ევსების შემდეგ იქნა დადგენილი დაახ. 500 წ., როდესაც უკვე ფართოდ იყო გავრცელებული. იხ. 70 მოციქულთა სია მათი საერთო ხსენების დღეს - 4 იანვარს. [31] - კლიმენტი ალექსანდრიელი (გარდ. დაახ. 217 წ.) - დიდი ქრისტიანი სწავლული. 190 წ. არჩეულ იქნა ალექსანდრიის კათაკმეველთა სასწავლებლის ხელმძღვანელად. იმპერატორ სეპტიმუს სევერუსის დროინდელი დევნულებისა, რომელიც 201 წ. დაიწყო. გადასახლებულ იქნა კაბადოკიაში. შემორჩენილია კლიმენტის შემდეგი თხზულებები: ”პედაგოგი”, ”სტრომატები”, ”ვინ არის ის მდიდარი, რომელიც ცხონდება?” ფოტიოსის ”ბიბლიოთეკაში” ვკითხულობთ: ”კლიმენტიმ კიდევ დაწერა ”ჰიპოტიპოსები” ანუ ”მონახაზები”, რომ კლიმენტის ”ჰიპოტიპოსები”, რომლებიც ნახა ფოტიმ, იყო, არა ის რომლებიც დაწერა კლიმენტიმ, არამედ შერყვნილი ან არიანელების, ან რომელიმე სხვა ერეტიკოსების მიერ. დასასრულს ფოტი თავად გამოთქვამს ეჭვს, რომ ”ჰიპოტიპოსები”, რომლებიც მან ნახა, ეკუთვნოდა კლიმენტის. თუმცა, კლიმენტის ”ჰიპოტიპოსებიდან”, იმის გამოკლებით, რაც მოჰყავს ევსების, ჩვენამდე მოაღწია რამდენიმემ”. [32] - იაკობ მოციქული, უფლის ძმა - ერთ-ერთი 12 მოციქულთაგანი, მართალი იოსებ დამწინდველის ძე. არჩეულ იქნა იერუსალიმის პირველ ეპისკოპოსად, თავჯდომარეობდა მოციქულთა კრებას. წმ. იაკობ მოწამეობრივად აღწესრულა დაახ. 62/63 წ. [33] - მოციქული თადეოზი - 70 მოციქულთაგანი. დაიბადა სირიის ქალაქ ედესაში, ებრაულ ოჯახში. მოინათლა იოანე ნათლისმცემლის მიერ. შეხვდა უფალს და დაემოწაფა. ქადაგებდა სირიაში და მესოპოტამიაში. იმყოფებოდა ედესაში, სადაც, გადმოცემის მიხედვით, ქრისტიანობაზე მოაქცია მეფე ავგაროზ V (შავი), რომელიც ედესაში მეფობდა 4 წ. ქ. შ.-მდე-7 წ. ქ. შ.-ით და 13-50 წწ. ქ. შ.-ით. თუმცა მოც. თადეოზის მიერ ედესული ხალხის განათლებისა და იქ ეკლესიის მოწყობის საკითხი დღემდე ღიად რჩება. ცნობილია, რომ ედესიის განმანათლებელი იყო ადაი, ისტორიული პირი (II ს-ის II ახ.). ყველაზე ადრეული ცნობები ედესის ეკლესიის შესახებ ეკუთვნის ავგაროზ VIII მეფობის ხანას (176-179 წწ.). ცნობილია ამ დროის ედესის ეპისკოპოსის სახელი - პალუტი. ედესის მასიური გაქრისტიანება მოხდა ავგაროზ IX მეფობის დროს (179-216 წწ.). ერთი წყაროს მიხედვით, ფინიკიის ქ. ვირიტამდე (ბეირუთი) ქადაგებით მისული, თადეოზი შვიდობით აღესრულა იქ 44 წ.; მეორე წყაროს თანახმად, იგი გარდაიცვალა ედესაში. თუმცა ძველი სომხური გადმოცემა ამტკიცებს, რომ მოც. თადეოზი მოწამეობრივად აღესრულა 50 წ. სომხეთში. [34] - თარიღი ევსები პამფილიელის მიერ მოცემულია ე.წ. სელევკიდების წელთაღრიცხვის მიხედვით, რომელიც დაიწყო 311 წლიდან ქ. შ.-ით. ევსების მიერ მოტანილი თარიღი ქრისტიანული წელთაღრიცხვით არის ქ. შ.-დან 29წ. ძველი ბერძნულიდან თარგმნა და შენიშვნები დაურთო ზურაბ ჯაშმა საეკლესიო ბიბლიოთეკა, VII ტ. 2007 თბილისი  …
დაამატა nika grani to ელ. წიგნები at 5:48pm on მაისი 20, 2012
თემა: ადამიანთა სევდა (ნაწილი I)
წლისა ვარ და სულ სამი წელია მას აქეთ, რაც მწერლობა დავიწყე. მაგრამ, ასე მგონია, სამი წლის მაგიერ, სამი საუკუნეა გასული და ვიტანჯები, დღემდე გუდამაყრის ხეობის შესაფერი რომ ვერაფერი დავწერე.       აქამდე მეგონა, გუდამაყრის ხეობა დიდი წიგნია და შიგ უამრავი მოთხრობაა მეთქი.. არა, არა! ნამდვილად რაღაც არის ჩემს თავს. ადამიანებს ისე აღარ ვუყურებ, როგორც ამ სამი წლის წინათ ვუყურებდი. ახლა ყველა ადამიანი მოთხრობა მგონია და ყოველ მათგანს სათაურს ვუძებნი. აი, სადმე რომ შემხვდე და ლაპარაკი დამიწყო, იმწუთში წარმოვიდგენ, რომ მოთხრობა ხარ და სათაურს მოგიძებნი. არ ვიცი, რას მივაწერო, თავდაპირველად მარტო გუდამაყრელები მეჩვენებოდნენ მოთხრობებად, ახლა, ვინც უნდა იყოს, და რა ეროვნებისაც უნდა იყოს, მოთხრობა მგონია. თუ აქამდე მარტო გუდამაყრის ხეობა იყო უცნაური მოთხრობებით სავსე წიგნი, ახლა მგონია, რომ დედამიწა არის მზითა და მთვარით განათებული დიდი წიგნი, სადაც უამრავი ცოცხალი მოთხრობა დადის. ოო, იცი, რა დიდებულია ეს წიგნი! თვითონ მოთხრობები უდგამენ კარგ მოთხრობებს ძეგლებს, უხილავი შემოქმედის ხელით იწერება და იშლება ეს წიგნი და, ნეტა ვიცოდე, რა მემართება - ახლა წარმომიდგა, რომ დედამიწა იმ დიდი წიგნის ფურცელია, რომელსაც სამყარო ჰქვია, ნეტა მაცოდინა, სად არის დალოცვილი მწერალი, რომლის ხელითაც იწერება ეს დიდი წიგნი. ან დასაწყისი სადა აქვს ამ წიგნს, ან დასასრული. ან იქნებ არ ერთი აქვს და არც მეორე.. დედამიწა მისი ერი ფურცელია, გუდამაყრის ხეობა კი ალბათ სხვა, უამრავი მოთხრობების ქვესათაური. - მე?       მე ვინღა ვარ? - ალბათ მეც მოთხრობა ვარ.       მერედა, რა ხელი მაქვს ჩემს გარშემო მყოფ მოთხრობებთან?       იცი, რა მინდა? - რა? - რომ გითხარი, გუდამაყარზე რომანის დაწერა მინდა მეთქი, მოდი, მართლა დავწერ.       ალბათ ვერ წარმოიდგენ, როგორ ვიტანჯები: რომ არ დავწერო, არ შემიძლია, არადა, რა დავწერო, როგორ დავწერო.. ერთი კია, როგორც არის, ისე ვწერ, არაფერს გამოვტოვებ, მაგრმ დაწყება მიჭირს. ალბათ შემოქმედსაც ძალიან უჭირდა დაწყება, როცა სამყაროს წიგნის წერა დაიწყო. როგორ მინდა, ზუსტად ისევე დავიწყო და არ დავამთავრო.. ყველაფერზე მინდა ისე ვილაპარაკო, როგორც ვხედავ და როგორც განვიცდი. თანმიმდევრობა ხომ ჩემი საქმე არ არის, მოთხრობებზეა დამოკიდებული, იმათ კი ასეთი უცნაური ზნე ჭირთ, სულ არ მეკითხებიან არაფერს.       თავი მოგაბეზრე, არა?       რას იზამ, დასაწყისი ვერ ვიპოვე, არ ვიცი, რით დავიწყო, როგორ მოვუყარო ამდენ მოთხრობას ერთად თავი. აგერ ახლა ფანჯრიდან ვხედავ სამი მთვრალი მოთხრობა მოდის გზაზე სიმღერით. ერთმანეთისათვის ხელები გადაუხვევიათ და მობარბაცებენ. მოდი, ისევ სხვა რამეთი დავიწყებ, თორემ ეგენი არ მოგვასვენებენ, იმ სოფლიდან არიან სადაც სულ გიჟი მოთხრობები ცხოვრობენ. ამას წინათ მაგათ სოფელზე დავწერე და იმის მერე მოსვენება მაქვს დაკარგული.. აგე, ჩემი სახლისაკენ ჩამოუხვიეს. წინასწარ ვიცი, ჩემთან ჩხუბი სწადიათ. საეროდ, შეჩვეული ვარ მაგათთან ჩხუბს. მარტო ეგენი კი არა, ყველა ჩემი მოთხრობა მეჩხუბება. - რაზე? - ბოლოს რატო გვკლავო. იმიტომ ვკლავ, რომ მიყვარან. ეგენი კი არ მიჯერებენ, ვერ იტანენ სიკვდილს. - სიკვდილს ვერავინ იტანს. - მე ვიტან, მიყვარს, როცა მოთხრობებს სიკვდილით ვამთავრებ, სიკვდილი ისევე ალამაზებს მოთხრობების სიცოცხლეს, როგორც მზე და მთვარე ალამაზებენ წყვდიადს. - მერედა, სიკვდილისთვის არ გენანებიან შენი მოთხრობები? - მენანებიან, მაგრამ წესი მაქვს ეგეთი. ისე არაფერზე ვწერ, თუ არ მიყვარს, ხოლო რაც მიყვარს, იმას სიკვდილის მომენტში წარმოვიდგენ ხოლმე და მერე ვნანობ, რომ მოვკალი, ჰოდა, ეს სინანული მაიძულებს სიცოცხლეზე ფიქრს. გუდამაყრელები კი მოდიან და მეჩხუბებიან. - რაო? - ჩვენ ჯერ ცოცხლები ვართ და რად დაგვხოცეო?       ვეუბნები ტყულია - მეთქი.. - რა არის ტყული? - ის, რასაც ადამიანი ხედავს და განიცდის, ყველაფერი მოგონილია და სიკვდილიც იმიტოა საჭირო, რომ ამ მოჩვენებას მოუღოს ბოლო, თუმცა, რატომ ვატყუებ, არაფერი არ არის მოჩვენებითი, ყველაფერი მართალია და სიცოცხლე ძალიან ლამაზია, მე კი ნაადრევად ვკლავ გუდამაყრელებს, ეწყინებათ, მა რა იქნება ყველამ რომ ერთ დღეს მოიკლას თავი, რა გამოვა.. იმ დღეს ერთ ჩემ მოთხრობას მიასვენებდნენ დანარჩენები. ცხელოდა, ზემოთ მთაზეა საფლავები, იქ მიჰქონდათ.       რატომღაც ყველანი მე მიყურებდნენ. ადრევე მოვკალი მე ეგ ქალი და მაშინ მეჩხუბა კიდეც: - რატომაო? - ახლა მართლა მოკვდა და დანარჩენები ისე მიყურებდნენ, თითქოს ჩემი ბრალი ყოფილიყოს, მე განსვენებულს ვუყურებდი და რატომღაც გავიფიქრე: - რა მნიშვნელობა აქვს, ადრე მოკვდებოდა თუ გვიან, მე რომ მოვკალი, მაშინ იმდენი მეჩხუბა, განა რა არის, რა შეიცვალა მას მერე. - ალბათ, აქვს მნიშვნელობა, ალბათ შეიცვალა.       თუმცა ასე არ მინდოდა დამეწყო, სულ სამი მთვრალის ბრალია, ჩამოვიდნენ, მეჩხუბნენ და წავიდნენ. ისე საცოდავად მიბარბაცებდნენ, მე კი იმაზე მეჩხუბებოდნენ - რატო წერ ჩვენზეო. ჩვენ არ დავიხოცებითო.. მაგრამ ეს რა საინტერესოა, მოდი, ვცდი და, ისევ სხვა რამეთი დავიწყებ:       დასაწყისი       მზემ ჩაბრძანება დააპირა და საოცრად მომინდა წერა. ოთახში არ ბნელოდა, მაგრამ დაწყების წინ გადავწყვიტე, საწერ მაგიდაზე სანთელი ამენთო.       ცეცხლი ავანთე და სანთელი მივუფიცხე. დანით თხლად ვათლიდი გვერდებს და ხელისგულზე ვზელდი, რომ უფრო კარგად დარბილებულიყო. მერე გამახსენდა, რომ ჩამოსახვევად ბამბის ძაფი იყო საჭირო, ვეძებე და, რომ ვერ ვიპოვე, შალის ძაფზე ჩამოვახვიე. მივედი, საწერ მაგიდასთან დავდექი და სანთლის ანთება დავიწყე.. რამდენჯერაც მოვუკიდე, იმდენჯერ ჩაქრა. შალის ძაფს ცეცხლი არაფრით არ მოეკიდა. მერე ბამბის ძებნას შევუდექი, მაგრამ ვერ აღმოვაჩინე. გარედან ვიღაცამ დაიძახა. გავედი, თბილისიდან ჩამოსულიყო ერთი გუდამაყრელი მოთხრობა და ჩემ სანახავად მოვიდა. დავსხედით. მაშინვე მისი სათაურის შერჩევა დავიწყე. ის წასვლას არ აპირებდა, ბოლოს, ეტყობა, აღარ ვუსმენდი და ვერ გავიგე, როდის წავიდა. ისევ შინ შევედი და სანთლის გულის ძებნა განვაგრძე. ერთ სკივრში კარგა სქლად შეკრული ქაღალდების დასტა ვიპოვე, ზედ გასანთლული ბამბის ძაფი ჰქონდა შემოხვეული. ქაღალდებისთვის ყურადღება არც კი მიმიქცევია, იმ ძაფზე მაშინვე სანთელი ჩამოვახვიე, ავანთე, ისევ საწერ მაგიდასთან დავდექი და დავიწყე ლოცვა: - ღმერთო, სამყაროს დიდო მწერალო, სადაც ხარ და როგორცა ხარ, იდიდე და იძლიერე. ვიცი, რომ გაჭირდა დაწყება, სხვანაირად არ შეიძლებოდა, გაუჭირვებლად არაფერი მოდის. ოო, ალბათ რა დიდებულად დაიწყე. მაგრამ შენს წიგნში ყველაფერს იმდენი მადლი დაახარჯე, ძნელია, კაცმა გაიგოს, სად არის დასაწყისი. თითქოს აქაც არის, მაგრამ ამავე დროს იქაც არის, ჩემშიც არის და აგე, სამი მთვრალი მოთხრობა, რომ ჩამოდიოდა გზაზე ბარბაცით, იმათშიც არის. ძაღლშიც არის, ძროხაშიც, წყალშიც. ჰაერშიც, მიწაშიც. შენ ისე დიდებულად წერ, იმდენ რამეზე და ისე       თავისუფლად წერ.. სურვილი მაქვს, მეც თავისუფლად ვწერო, ერთი ამბიდან მეორეზე ისე გადავიდე, ვითომც არაფერი. შენ ახერხებ, ყოველნაირ გადახვევა გადმოხვევაში დიდი კანონზომიერება დაიცვა. აი, სანთელი რომ შალის ძაფზე ჩამოვახვიე, არ აენთო, იმიტომ რომ შენ წიგნში სხვანაირად წერია - სანთელი შალის გულზე არ აინთება და კაცი კიდევ ძაღლის გულით ვერ იკაცებსო..       ამასობაში სანთელი ჩაიწვა და ხელმეორედ მივედი სკივრთან, რომ კიდევ ამეღო ბამბის ძაფი. ერთი წყება კიდევაც შემოვხსენი და რატომღაც იმ ქაღალდებით დავინტერესდი.       რამდენიმე გვერდი წავიკითხე და ჩემ სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა, როცა საბოლოოდ დავრწმუნდი, რომ აქ სწორედ იმ საოცარ ლაშქრობაზე იყო მოთხრობილი, რომელიც სოფელ ჩოხის მცხოვრებლებმა მოაწყვეს გუდამაყარში. ამ საუცხოო ლაშქრობაში პირადად ბებიაჩემიც იღებდა მონაწილეობას და რადგან საიდუმლოს შენახვით განთქმული ქალი იყო, ეტყობა, ეს ქაღალდები იმიტომაც ჩაუბარებიათ. დედაჩემს ამ ლაშქრობაში არ მიუღია მონაწილეობა, იმ ზამთარს ავად იყო, ხოლო მე და ჩემი და, რადგან ჩვენთან სკოლა არ იყო, სხვაგან ვიყავით გაბარებულნი. ასე, რომ ყოველთვის გული მწყდება, როცა ჩემი ტოლები ამ ლაშქრობაზე მიყვებიან..       აი, ახლა სწორედ იქ მიმიყვანა ბედმა, საიდანაც უნდა დამეწყო და, რადგან ჩანაწერები არეულია, შევეცდები, ოდნავ მაინც დავალაგო და ისე წარმოვიდგინოთ.       ჩანაწერებს გარედან სქელი ყდა ავქს შემოკრული და მსხვილი ასოებით აწერია:       ლაშქრობა გუდამაყარში       პირველ გვერდზე მოყვანილია ამ სახელოვან ლაშქრობაში მონაწილეთა სია:       1. ვაჟი გოგი - მთავარსარდალი.       2. ბიბღაი - დეკანოზი (ანუ მედროშე).       3. სებაი - ზარის მრეკველი.       4. სამხარაული - მოლაშქრეთა ისტორიკოსი გეოგრაფი (მემატიანე).       5. ქიმბარი - ფილოსოფოსი.       6. ჩაღი - მოლაშქრეთა მწერალი.       7 ზინაი - ექიმი.       8. გამიხარდაი - დარდების შემგროვებელი.       9. სალომე - მესაიდუმლე (ევალება საჭიროების შემთხვევაში ჩანაწერების გადამალვა).       10. შეთე - სასიძო.       11. ელენაი - დიასახლისი (პურის გამოცხობა, კერძის დამზადება და სხვა).       12. ტატიაი - მზვერავი.       13. ტაშკენტაი - მზვერავი.       14. გარახტინაი – მზვერავი.       (ამათ საჭიროების შემთხვევაში უნდა დაიხმარონ ელენაი და სალომე).       15. სოფიაი – მყვირალი.       16. კატუშაი – მყვირალი.       17. მართაი - მყვირალი.       (ამათ მტრის ჯარში პანიკა და არეულ-დარეულობა უნდა შეიტანონ ყვირილით, კარგი ყვირილი იციან).       18. ქეთუაი – უბრალო მოლაშქრე.       19. ნინუაი – უბრალო მოლაშქრე.       20. სიდუაი - უბრალო მოლაშქრე.       21. ტასაი – უბრალო მოლაშქრე.       22. კოტორაანთ ქალი – საიდუმლო ნაწილი.       23. შარვანიანთ ქალი - საიდუმლო ნაწილი.       24. შიჯანათ ქალი – საიდუმლო ნაწილი.       25. ქალთამზე - საზღვაო ნაწილი (რადგან გუდამაყარში ზღვა არ არის, ამათ ევალებათ არაგვთან კავშირი, სანამ ლაშქრობა არ დამთავრდება, მანამდე სულ არაგვ-არაგვ უნდა იარონ).       26. თებრუაი,       27. დარიკო,       28. ლელაი,       29. თამარაი,       30. გალილეი,       (ესენი უნდა დარჩნენ ჩოხში და სოფელს მიხედონ, საქონელს აჭამონ, ფრინველებს და ლოგინად ჩავარდნილ ბებრებს მოუარონ).       აი, დაახლოებით სრული სია იმ სახელოვან მოლაშქრეთა და მამაც მებრძოლთა, რომელთა უმრავლესობა ქალებია, იმიტომ რომ ზამთრობით კაცები ცხვარში მიდინ, ახალგაზრდები - ქალაქში და გუდამაყარი ქალებსა და ბავშვებსღა რჩებათ.       ავტორისაგან       მანამ დანარჩენ ჩანაწერებს წარმოგიდგენდეთ, მინდა ზემოხსენებულ სიში მყოფი რამდენიმე მოლაშქრე გაგაცნოთ. 1. ვაჟი გოგი (მთავარსარდალი)       ზამთარია. გუდამაყრის ხეობა თოვლით არის გალესილი. თბილა.       აღმოსავლეთ მთის ფერდზე სოფელი ჩოხია შეფენილი. აქა იქ სახლებიდან ზლაზვნით ამოდის ბოლი. მზე ნება ნება ამოიწია და სხივები სოფელს მოეფინა. სოფელში ჯერ სიმყუდროვეა. ძაღლის ყეფაც კი არსაიდან ისმის. მერე თანდათან გამოვიდნენ სახლებიდან აქ შემორჩენილი მოხუცები. გამორეკეს საქონელი, წყაროზე დაარწყულეს და მზის გულზე დააყენეს. ძროხებმა სიამოვნებით მიუფიცხეს მზეს შემცივნებული ზურგები.       გამოვიდა სახლიდან ვაჟი გოგი, კალობანზე დათვის ტყავი მიიფინა და მზეს მიეფიცხა.       ნებ ნება, თითო-ოროლაობით მოიყარა ვაჟი გოგის ბანზე სოფელმა თავი. რამდენიც ახლად მოვიდა, იმდენმა ჩაახველა და ჩუმად დაჯდა.       სიჩუმეა ირგვლივ.       ჩუმად ზის ვაჟი გოგიც და გონებაში ახალ ტყუილს იგონებს.       თითქმის ყოველდღე ასეა, მოვლენ ეს მოხუცები, რა ვიცი, ზოგს მოხუცობა არც ეთქმის, შუახნისები არიან, თუმცა უმეტესობა უკვე ხანშია შესული და იმიტომ ვამბობ, მოხუცები მეთქი. ისინი ცალკე თავიანთი შვილებისა და შვილიშვილების უნახაობით არიან მოწყენლნი, ცალკე ზამთრის გრძელი ღამეებითა და სიწყნარით გულგამოკლულნი. ერთადერთი ვაჟი გოგიღა არის მაგათი გამამხიარულებელი.       ვაჟი გოგი ორ ომშია ნამყოფი და ამით ძალიან მოაქვს თავი. მკერდზე განუშორებლად რამდენიმე მედალი ჰკიდია და, როცა მზე ადგათ, ისე ბრწყინავენ, მათი შემხედვარე ჩოხელები ძალაუნებურად იჯერებენ ვაჟი გოგის ტყუილებს. რა ვიცი, შეიძლება ტყუილებიც არ არის, მაგრამ ისეთ რაღაცეებს ჰყვება, რამდენჯერაც მოვუსმინე, მგონი ტყუილი უფროა, ვიდრე მართალი. - ეეჰ, ხანდახან არ დაგიფასებენ კაცს შრომას.. - დაიწყო გულნატკენი კილოთი ვაჟი გოგიმ.       ხალხმა ყური მიუგდო და გაინაბა. - მეტი რაღა დაფასება გინდა, მედლებით გაქვს აყვავებული მკერდი, - წამოიძახა ბიბღამ. - ეე, ეს რა არის, მე რო შრომა დამფასებიყო, ეხლა განა აქ, თქვენთან უნდა ვმჯდარიყავ?.. - მაშ სად უნდა იჯდე? - იქა, მაშ! - რა ყო, სად იქა? - რა და, თორმეტი წელი წყალქვეშა გემის კაპიტანი ვიყავ. თორმეტი წელი წყლიდან არ ამოვსულვარ. დღეს რომ ამ წყლის ძირ ვიყავ, ხვალ კიდევ იქ ვიყავი, ეე! რა ქალაქები და ქვეყნებია წყლის ქვეშ, რო იცოდეთ, ერთი არ გასჩერდებოდით აქა, დღესვე წყალში ჩასცვიოდით, მაგრამ, რა გამოგივათ? არაფერი, თქვენ იმათი ენა არ იცით და იმათ თქვენი.. ვერ შეეწყობით7 ისევ აქ გირჩევნიათ ყოფნა. - გინდა ენაც ვიცოდეთ, ზღვა სადა ვნახოთ. - აი, ზემოთ ნარიანაის მთაზე რო ტბა არის, იქ შეგიძლიათ ჩასცვივდეთ, ეგ ტბა ისეთი ძირის პატრონია, პირდაპირ ზღვასთანა აქვს კავშირი. - მართლა იძახი?! -– დაეჭვდა ბიბღაი. - მართლა, მაშა, განა ერთხელ შამამიცურნია მაგ ტბაშია და ორჯერა, მაგრამ თავის ამოყოფა არ შეიძლებოდა, საიდუმლოდ დავცურავდი. ზოგჯერ მწყემსების ლაპარაკი გამიგონია ტბის ნაპირიდან, მაგრამ თავს ხო არ ამოვყოფდი. ერთი ქალაქი მაგ ტბის ძირშიაც არის. - ისენიც სხვა ენაზე ლაპარაკობენ? - ისენიც, იქ არავინ ჩავარდეთ, თორო, სუ ერთია, იმათ ლაპარაკს ვერ გაიგებთ და შეიძლება ვეღარც ამოხვიდეთ. - მაინც როგორი ენა აქვთ, როგორ ლაპარაკობენ? - აისერიო მისერიო მისერ, - თქვა ვაჟი გოგიმ. - ეგ რას ნიშნავს? - კაცს ისე არ აფასებენ, როგორც უნდა აფასებდნენო, - მართალიც არის. ეხლა მე აქ უნდა ვიჯდე?! მაგრამ რა გინდა, თორმეტი წლის განმავლობაში ერთხელ ამოვყავ წყლიდან თავი და მაშინაც სამშობლოს ღალატი დამწამეს. - რატომ? - არ უნდა ამოგეყო. - რაღა უთხარი. - ანდე თქვენა და ანდე თქვენი გემი მეთქი. - მერე? - ორი წელი ჩამსვეს ციხეში. იქიდან რომ გამომიშვეს, რეაქტიულ თვითმფრინავზე დავიწყე მუშაობა. ისეთი სწრაფი იყო, თოლს ვერ მოჰკრავდი. - არც იქიდან უნდა გამოგეყო თავი? - არა. როგორი გაძლება გინდა.. გადავუვლიდი ამ ჩვენს სოფელს და გადმოხედვის უფლება კი არ მქონდა. მივდიოდი, რომელიმე ქვე-ყანას დავბომბავდი და მოვდიოდი ისევ უკან, გადმოვივლიდი ამ ჩვენი სოფლის თავზე, ჩემთვის კი გავიფიქრებდი, მოდი, გადავიხედავ, იქნებ ხატობა აქვთ მეთქი, მაგრამ ჯერ მაშინ შევცდი, წყლიდან რომ ამოვყავ თავი. - შენ ადგილზე რომ ვყოფილიყავ, მე თვითმფრინავიდანაც გადმოვიხედავდი, - თქვა ტატიამ. - ჰოდა, რომ გადმოვიხედე, იმიტომაც ვზივარ თქვენთან, - თქვა ამოოხვრით ვაჟი გოგიმ და გაჩუმდა.       სხვებიც ჩუმად ისხდნენ.       მერე ეს სიჩუმე ოზანოს მთიდან გამოქანებულმა ზვავის გრიალმა გააყრუა. კარგა ხანს აძლევდა გუდამაყრის ხეობა ზვავის ხმას ბანს, მერე ისევ დადუმდა ყველაფერი.       ახლა ყველანი ჩუმად გაჰყურებდნენ გალილეის, რომელიც თოვლის კაცებს აკეთებდა თავისი სახლის ბანზე. გალილეიც ომშია ნამყოფი და, რაც იქიდან       მობრუნდა, სულ ომობანას თამაშობს. ისე ჰყვანან ქათმები მიჩვეული, აღარ სცილდებიან, ახლაც გარს ახვევია მთელი სოფლის ქათმები. ის კი ჯერ მათ ყურს არ უგდებს, თოვლის კაცებს აკეთებს, იქვე ახლოს ქათმებისთვის არაყში აზელილი პური უდგას ქვაბით. კაკანებენ ქათმები. გალილეი არყიან პურს უყრის და ისინი ჯერ ჩიჩახვებს დაიბერავენ. მერე, საკმაოდ შემთვრალები, ერთმანეთს დაერევიან საჩხუბრად. გალილეი მთავარსარდალია. როგორც უნდა, ისე მიჰყავს ომის მსვლელობა, ხან წითელ ქათმებს ეხმარება, ხან თეთრებს. ხელში ყოველთვის ხმალი უჭირავს, ჰაერში იქნევს და ქათმებს დაჰკივის: - ტატიაანთ ქათამო, მარცხენა მხრიდან შეუტევ მოწინააღმდეგეს და რაც შეიძლება ცოცხლად! ღალატია, ღალატი!!! აეგრე!       ყვირის გალილეი და მთვრალი ქათმებიც აღარ ინდობენ ერთმანეთს. ბრძოლა იმდენ ხანს მიმდინარეობს, ვიდრე ქათმების ჯარს ბრძოლის ველზე არ ჩაეძინება. - რომლებმა გაიმარჯვეს გალილეი? - ეძახის ვაჟი გოგი ხმალშემართულ გალილეის. - ჭრელებმა! - პასუხობს გალილეი და ბანის პირზე ბარბაცით მიმავალ ჭრელ მამალზე უჩვენებს ხმლით. მამალი ნება-ნება მიდის, გამარჯვებულის ნაბიჯებით. - ეგენი ვინ არიან? - თოვლის კაცებზე ანიშნებს ვაჟი გოგი. - ეს ნაპოლეონია, - აჩვენებს გალილეი, - ეს ალექსანდრე მაკედონელი, ეს ჰიტლერი, ეს აქილევსი, ეს შაჰაბასი, ეს კიდევ თემურ ლენგი.. ყველანი ჩემს წინაამდეგ არიან ამხედრებულნი. მაგრამ ვერაფერს გააწყობენ.       გალილეიმ მწყობრი ნაბიჯით ჩამოუარა თოვლის კაცებს. მერე განზე გადგა და შესძახა: - წაგასლეკთ თავებს! - ხმალი ჰაერში დაატრიალა და დაერია. ჯერ თავები დააჭრა, მერე მიადგა და სულ ერთმანეთში არივ დარია. ცოტა ხანს დაისვენა და ახლა მძინარე ქათმებს დასჭყივლა: - პადიომ, ადექით! ადექით მე თქვენი! - და რამდენიმე ქათამს წიხლი ამოარტყა, ქათმებმა გამოიფხიზლეს და წამოფარფატდნენ. - სწორდით! - შესძახა გალილეიმ და ერთი ბღუჯა საკენკი დაუყარა. ქათმებმა უცებ შეკენკეს და გალილეის მიაჩერდნენ. - ეხლა გაღმა სოფელში მივდივართ სალაშქროდ, იქაურ ქათმებს მუსრი უნდა გავავლოთ. ვაი თქვენი ბრალი, თუ დამარცხდით! - თქვა ბოლოს გალილეიმ და ქათმებს გაუძღვა. ისინიც უკან მიყვნენ.       დედაკაცები წიოკით გამოედევნენ გალილეის. - სად მიგიდის ქათმები, შე გიჟო, შენა! - მამშორდით! - იყვირა გალილეიმ და ქათმებს ანიშნა, მამყევითო. - ნუ გადაგვირიე ე ქათმები, შე ცეტო, შენა! - წაგასლეკთ თავებს! - დაიძახა გალილეიმ და ხმლით გამოუდგა დედაკაცებს.       ვაჟი გოგიმ გალილეი დაიჭირა, ხმალი წაართვა და საბლით ბოძზე მიაბა. - წაგასლეკთ თავებს! - ყვიროდა გალილეი.       დედაკაცები ისევ ვაჟი გოგის მიუსხდნენ და ვაჟი გოგიც მორიგი ტყუილის სათქმელად მოემზადა.       თანდათან დათბა და გაღმა მთაზე ისევ წამოვიდა ზვავი გრუხუნით.       მერე კვლავ ჩაწყნარდა მიდამო. მარტო ბოძზე მიბმული გალილეი არღვევდა სიჩუმეს: - წაგასლეკთ თავებს! - ემუქრებოდა დედაკაცებს. ქათმები გარს ეხვეოდნენ და კრიახ კრიახით რაღაცას ელაპარაკებოდნენ თავიანთ მთავარსარდალს, თავიანთ ენაზე. - სადა ხართ, ხალხო! - დაიძახა ვიღაცამ გალილეის ბანიდან. - მიშველეთ! - იყვირა გალილეიმ, როგორც კი ამ ხმას ყური მოჰკრა. - გამიხარდაი, - თქვა ვაჟი გოგიმ. - აქა ვარ, აქა! - ყვიროდა გალილეი.       გამიხარდაი მოვიდა და შორიდანვე დაიწყო: - ვის რა გიჭირთ, მეზობლებო, ვის რა გადარდიათ, - თან გუდას იხსნიდა ზურგიდან და იქიდან სქელტანიან რვეულს იღებდა. - ჯერ მე, ჯერ მე! - იყვირა გალილეიმ. გამიხარდაი მასთან მივიდა, რვეული გადაშალა და დაწერა: დარდი №1671 ჩოხელი გალილეი - რა გადარდებს? - ის, რომ ხელში ხმალი არა მაქვს და დატყვევებული ვარ. - მეტი არაფერი? - ამხსენი ეხლავე. - ეგ ჩემი საქმე არ არის, - თქვა გამიხარდაიმ. - ამხსენ, თორემ წაგასლეკ თავს! - ჩემი საქმე არ არის.. - მაშ რა არის შენი საქმე? - მე დარდებს ვაგროვებ, ხალხის დარდს ვაგროვებ, ვის რა უჭირს, ვის რა ადარდია, - თქვა გამიხარდაიმ და გალილეის მოშორდა. - უჰ შენი! - ჩაილაპარაკა გალილეიმ. - აბა, მეზობლებო, ახალი დარდები თუ გაქვთ, - დედაკაცებთან მივიდა გამიხარდაი და რვეულში დარდის ნომერი ჩაწერა: დარდი №167 ჩოხელი ვაჟი გოგი - რა გადარდებს? - ისევ ისა. - ისა? - ჰო, ისა. - მაინც ჩავწეროთ.. - წყლიდან რომ თავი ამოვყავ, ის მადარდებს. - მეტი არაფერი? - თვითმფრინავიდან რომ გადმოიხედე? - იკითხა ტატიამ. - ჰო, ეგაც მადარდებს. - მე კი არ ვიდარდებდი მაგასა, - თქვა ტატიამ. - მეტი რაფერი გადარდებს? - იკითხა გამიხარდაიმ. - მეტი არაფერი, - უთხრა ვაჟი გოგიმ, ჰო, თუმცა: აისერიო, მისერიო, მისერ. - რა? ეგ რა არის? - დარდია. - ვისი დარდია? - წყალქვეშა ვინც ცხოვრობენ, იმათი. - რა დარდია ეგეთი? - ის, რომ ხშირად ადამიანს ისე არ აფასებენ, როგორც უნდა აფასებდნენ. - ეგ ხომ წყალზემოთ მყოფების დარდიც არის. - კი, ჩვენი დარდიც ეგ არის. - მადლობთ, ძალიან საინტერესო დარდი ჩამაწერინეთ, - თქვა გამიხარდაიმ და მორიგი დარდის ჩასაწერად ნომერი აღნიშნა. დარდი № 167 ბიბღაი (სოფლის დეკანოზი) - რა გადარდებს? - ხომ იცი, რაც მადარდებს. - ადრე რაც გადარდებდა, ვიცი, მაგრამ ხომ შეიძლება, დღეს სხვა რამე გადარდებდეს? - მე მაინც ავაშენებ იმ სახლს, მაგრამ ამისათვის საჭიროა..       ბიბღაი ცოტა ხნით გაჩუმდა და მერე, ვინ იცის, მერამდენედ დაიწყო უკვე გაზეპირებული ამბავი: - ჩემო მეზობლებო, ხომ იცი, ტყუილი არ ვიცი, პროექტი უკვე დიდი ხანია შედგენილი მაქვს, ეს თქვენც კარგად მოგეხსენებათ და გამიხარდაისაც. ამ სახლის       ასაშენებლად სოფლის მოედანი უნდა დამითმოთ და აშენებაში თქვენც მომეხმაროთ. მარტო ჩემთვის კი არ მინდა იმხელა სახლი. - რამდენი ოთახი იქნება? - ჰკითხა სებამ. - მე ხუთასი ოთახი მაქვს გადაწყვეტილი. - ხუთასი? მერედა, რად გვინდა მაგდენი, ან მასალა საიდან მოვიტანოთ? - მასალას ვიშოვით, რაც სახლები გვაქვს, სულ დავშალოთ და ერთი დიდი სახლი ავაშენოთ, შევიდეთ და ვიცხოვროთ ტკბილად, სულ ერთი არ არის? მაინც ერთად გვინდა ყოფნა. ყველაფერი შიგ იქნება იმ სახლში. ჯერ მარტო ოცოთახიანი სასადილო აიგება. - რა საჭიროა მაგდენი ოთახი? - თქვა ტატიამ. - როგორ თუ რა საჭიროა, თუ ჭამა არის, ჭამა უნდა იყოს.. - მაინც, მაგდენი ოთახი.. - პირველ ოთხში ფეხებზე დაიხდი, მეორეში - პალტოს, მესამეში ქუდს მოიხდი და ჩამოჰკიდებ, მეოთხეში სარტყელს მოიხსნი.. - ქალებმაც უნდა გავიხადოთ? - იკითხა სალომემ. - არა, ქალებმა ისე რა, შიგადაშიგ. - როგორ თუ შიგადაშიგ? - ვისაც უნდა გაიხდის, ვისაც უნდა, არა. - მეხუთეში რა იქნება? - მეხუთე კოვზების ოთახია, აიღებ კოვზს და გახოლ მეექვსეში, იქ თეფშები აწყვია, ეგე გაჰყვები.. ყველა ოთახში სისუფთავეა, მეათე ოთახში რომ მიხვალ, იქ ბორშიანი ქვაბი დაგხვდება, დაისხამ ბორშსა და გახოლ მეთერთმეტეში. - მეთერთმეტეში რაღა არის? - მეთერთმეტე ბლის ოთახია, მაგრამ.. - რაღა მაგრამ, კარგია. - კარგი კია, მაგრამ შეიძლება გავაუქმოთ. - რატომ? - ზამთარში სად ვიშოვოთ ბალი? - როცა ბალი არ იქნება, სხვა რამე შევინახოთ მეთერთმეტეში. - ხო, ეგაც შეიძლებ, თუმცა მაინც მადარდებს ეგ საკითხი. - ძალიან გადარდებს? - იკითხა გამიხარდაიმ და საწერი მოიმარჯვა. - ძალიან, - თქვა ბიბღამ. - მეტი არაფერი გადარდებს? - მეთხუთმეტე ოთახი მადარდებს კიდე. - მეთხუთმეტეში რაღა არის? - მეთხუთმეტეში მარწყვია და ზამთარში.. - კიდე რომელი ოთახი გადარდებს? - დანარჩენებში კარგად არის საქმე, მეთექვსმეტეში ხინკალია, მეჩვიდმეტეში - მწვანილი, მეთვრამეტეში - ვაშლი, მეცხრამეტეში მაგიდები დგას, დასჯდები, საჭმელებს დააწყობ, ერთი ლამაზ გაიჯორები, გამოხვალ მეოცეში, აქ გაშლილი ლოგინებია, მისწვები და მიიძინებ.       ბიბღამ სასადილოს აღწერა რომ მოათავა, ამაყად გადახედა მეზობლებს და ჰკითხა: - ჰა, როგორია? - კარგია, მაგრამ.. - რაღა მაგრამ? - აუცილებლად ძველი სახლები უნდა დავშალოთ, რომ ეგ სახლი ავაშენოთ? - კი, კი, ძველები, ჯერ ერთი, აღარაფერში აღარ ვარგანან, მეორეც, რაღა ცალ-ცალკე ვიცხოვროთ, სუ ერთად ყოფნა არა სჯობია, ძველ სახლს რომელსა აქვს ეგეთი სასადილო? მესამეც ისა, რომ მასალა არის საჭირო. - მასალის თაობაზე ხომ არაფერი გადარდებს? - იკითხა გამიხარდაიმ. - ჯერჯერობით არა. - ზემოდან რა უნდა გადავახუროთ იმ სახლს? - ჰკითხა ვაჟი გოგიმ. - თუნუქით დავხუროთ, რომ ბრჭყვიალი დაიწყოს და ჩვენ მტრებს თვალები დააჭრას, დაუბრმაოს, - თქვა ბიბღამ და მეზობლებს გადახედა. - გამიშვით თორო, სუ ქვებით დაგიხვრეტთ იმ თუნუქის სახურავს! - იყვირა გალილეიმ, რომელიც აქამდე ჩუმად ისმენდა სასადილოს ამბავს. - ვინც ამ სახლს რამეს დაუშავებს, ვერც იმის სასადილოში შევა, - თქვა ბიბღამ. - წაგასლეკთ თავებს! მე მარტო ბლის ოთახში შევალ! - ყვიროდა გალილეი. - გირჩევნია, ჭკვიანად იყვე. - ქათმების ოთახი ექნება თქვენ სახლსა? - იკითხა წყნარად გალილეიმ. - ქათმებისიც ექნება და ვირებისიც. - იცი, რას გიზამთ? - რას გვიზამ. - ჭამას რო მორჩებით მეცხრამეტეში, მეოცეში ხო დაიძინებთ.. - დავიძინებთ. - ჰო, მაგრა დაიძინებთ.. - მაგრა დავიძინებთ. - ჰოდა, შემოვალ და მძინარეებს წაგასლეკთ თავებს! - თქვა გალილეიმ და ნასიამოვნებმა გადაიხარხარა. დარდი № 1674 სებაი - რა გადარდებს? - არაფერიც არ მადარდებს! დარდი №1675 სამხარაული - რა გადარდებს? - ძალიან მადარდებს გუდამაყრის მივარდნილობა. - როგორ თუ მივარდნილობა? - ისა რომა, ისტორიულად და გეოგრაფიულად მივიწყებული და მოუხვედრელი ადგილია. ხევსურებს იცნობენ, ფშავლებს იცნობენ, თუშებს იცნობენ, მთიულებს იცნობენ, მოხევეებს იცნობენ და რომ სთქვა, გუდამაყრელი ვარო, ყველა სიცილით მოკვდება. - რატომ? - აბა, რა ვიცი, რა არის გუდამაყარიო. იშვიათად თუ ვინმემ იცის, რომ მსოფლიოში, საქართველოში არსებობს ხეობა, რომელზეც შავი არაგვი მოდის და ხეობას ჰქვია გუდამაყარი, სადაც გუდამაყრელები ცხოვრობენ. რომ გუდამაყრელები ძველთაძველი და მეომარი ხალხია, რომ იმ სამასი არაგველიდან, კრწანისის ველზე რომ დაეცნენ, უმეტესობა გუდამაყრელები იყვნენ. რომ იმათ სარდლობდა ათნოხელი ნინია აფციაური და რომ პირიმზის ხატში დაიფიცეს სათემო ხატზე და აქედან წაიღეს საბრძოლო დროშები. არავინ დღემდე არ იცის, რომ ჩოხის ზემოთ, მთის წვერზე, ბერების ნასაყდრალებია და ამ მთას ბერების მთას ეძახიან, რომ პირიმზე ახალციხიდან მოუბრძანებიათ ერთ ერთი ბრძოლის დროს.. გუდამაყარიიი..დროა, ბოლოს და ბოლოს, მსოფლიომ გაიგოს, რომ არსებობს ხეობა, რომელსაც გუდამაყარი ჰქვია.. - ეე, შენ, როგორც გეტყობა, ბევრი რამ გადარდებს, აი! - შეაწყვეტინა გამიხარდაიმ სამხარაულს, რომელიც ისე სწრაფად ჰყვებოდა თავის დარდებს, გამიხარდამ ორი სიტყვის ჩაწერაც ვერ მოასწრო.       სამხარაული გაჩუმდა. დარდი № 167.6 ქიმბარი - რა გადარდებს? - დასაწყისი სად არის, ის არ ვიცი. - რისი დასაწყისი? - აი, ყველაფერი იმისა, რასაც ვხედავთ და არ ვხედავთ. - ეე, შენც მოიგონე დარდი, რაღა! - რა, არ მოგწონს? - არა, ისე საინტერესო დარდია, მაგრამ რა ჩვენი საქმეა, სად არის დასაწყისი.. - მაშ თუ იცი, დასასრული სად არის? - დასასრული სიკვდილია. - სცდები, ტყუილია. - რატოა ტყუილი. - სიკვდილიც დასაწყისია, მაგრამ მთავარი არა, მთავარი დასაწყისი სხვა რამეა. - ღმერთი? - შეიძლება ღმერთი, მგრამ, სად არის? - ეგ გადარდებს? - ჰო, ვიცი, რომ დასასრული და დასაწყისი ერთად არიან, რომ დასასრულში დგას დასაწყისი, მაგრამ როგორ, რანაირად, სად არიან? - მეტი არაფერი გადარდებს? - მეტი რაღა უნდა მადარდებდეს.. - გალილეი რომ ბოძზეა მიბმული, არ გადარდებს? - არა. - რატომ? - რა ჩემი საქმეა, გალილეიმ დაიმსახურა და მიაბეს, შენ რატომ არ ახსენი? - არც ჩემი საქმეა. - ამხსენით, თორემ დედას გიტირებთ მეოცე ოთახში! - იყვირა გალილეიმ, მაგრამ კაციშვილმა ყური არ უგდო, მარტო ქათმებმა ატეხეს წიოკი. დარდი № 1677 ჩაღი - რა გადარდებს?       ჩაღი ახალგაზრდა ბიჭია. აქამდე ჩუმად იჯდა და ყურს უგდებდა მოხუცებს. ათი დღე იქნება, რაც ქალაქიდან ამოვიდა. უკვე მიეჩვია ამ მოწყენილ და თითქმის ერთფეროვან დღეებს. აქამდე ერიდებოდა დარდების შემგროვებელი გამიხრდაი მასთან საუბარს, ახლა დარდის ნომერი ჩაიწერა და ხელმეორედ ჰკითხა: - რა გადარდებს? - მე, არაფერი.. - სულ არაფერი?! - არა. - მაშ რატომა ხარ ეგე მოწყენილი? - რა ვიცი, ისე, ქალაქი მომენატრა. - შეყვარებული ხომ არა ხარ? - არა, არა.. - მაშ რა გადარდებს? - სადიპლომო თემა მაქვს დასაწერი. - რაზე უნდა დაწერო? - რა ვიცი, გუდამაყარზე უნდა დავწერო ნარკვევი, მაგრამ რა უნდა დავწერო. - ესე იგი, გადარდებს. - ჰო, მადარდებს.. - შეყვარებული მართლა არა ხარ? - არა, მაგრამ, გინდაც ვიყვე, სიყვარული რა დარდია. - როგორ არა, სიყვარული ყველაზე დიდი დარდია. - შენ შეყვარებული ხარ? - ვიყავი. - მერე? - გზაზე ყაჩაღები დახვდნენ და გააუბედურეს. იმან ჯერ არაფერი თქვა, ერთი დღე იჯდა და უხმოდ მიყურებდა. ვკითხე, რა დაგემართა - მეთქი. არაფერი არ მითხრა. მერე მოვიდა და მუხლებზე მაკოცა. მე იქვე ჩავიხვიე. ხელიდან გამისხლტა და წავიდა. წავიდა და ეგ იყო.. წავიდა.. ადევებულ არაგვში ჩაეხრჩო თავი. იმის მერე დარდებს ვაგროვებ. რაც რამ ქვეყანაზე დარდია, უნდა შევაგროვო და ღმერთთან წავიდე. - რა ერქვა? - ჰკითხა ჩაღიმ. - ნინო. - რომელი სოფლიდნ იყო? - დიდებათიდან. საფლავებიდან ცოტა მოშორებით დამარხეს. - რატომ? - რახან თავისი ნებით მოიკლა თავი. ეგეთი რა გაუჭირდაო, ბრაზობდა ხალხი, ჯერ არავინ იცოდა, რაში იყო საქმე. მერე ისევ იმ ყაჩაღებს დაეკვეხნათ.. - გამიხარდაის წყვილი ცრემლი მოადგა თვალებზე და ჩაღის რომ არაფერი შეემჩნია, შებრუნდა, სალომესთან მივიდა და რვეულში დარდის ნომერი ჩაწერა. დარდი №1678 სალომე - რა გადარდებს? - ხმა არ მინდა გავიდეს სხოგან. - რა ხმა? - ის, რომ საერთო სახლს ვაშენებთ. - გაიგონ, მერე რა. - ხელს შეგვიშლიან. - სხვა რა გადარდებს? - ისეთი პირი უჩანს ამინდს, შეიძლება დიდი თოვლი მოვიდეს. - მოვიდეს, მერე რა. - დიდი ზვავები წამოვა. - მეტი არაფერი გადარდებს? - ჩემი რძალია ავად და ბალღების ამბავიც არა ვიცი რა. - სხვა? - ჯერჯერობით მეტი არაფერი.. დარდი № 1679       ის იყო დარდის ნომერი ჩაიწერა გამიხარდაიმ, რომ ბანზე წიოკით ამოვარდა გარახტინაი, უკან ტაშკენტაი მოსდევდა წყევლით. - რა იყო, რა მოხდა? - ფეხზე წამოდგა ვაჟი გოგი. - ისა, რომ აღარაფრად გვაგდებენ ჩოხელებს. - როგორ თუ აღარაფრად გვაგდებენ, ეგ საიდან მოიტანე? - აი, ტაშკენტაი დამემოწმება, რომ მართალი ვარ, თქვა გარახტინამ და ტაშკენტას გადახედა. - დაგემოწმები კი არა რო, მეტსაც ვიზამ, - თქვა ტაშკენტამ. - ბალღო, მოდი აქა! - დაუძახა გარახტინამ თავის ბეჩავ ბალღს შეთეს, რომელიც საცოდავად მობუზულიყო ბანის კუთხეში. - აი. ამ ბალღს ხომ ხედავთ. - ვხედავთ, - თქვა სებამ. - ვხედავთ, - კვერი დაუკრა ვაჟი გოგიმ. - ჰო, სუყველანი ხედავთ, ხალხნო! - ხმამაღლა დაიძახა გარახტინამ. - წაგასლეკთ თავებს! - ხმა მისცა გალილეიმ. - გაჩუმდი, შენი! - დაუტია ვაჟი გოგიმ. - დედას გიტირებთ მეოცე ოთახში! - დაემუქრა გალილეი. - ხომ ხედავთ? - ყვიროდა გარახტინაი. - ვხედავთ! - ეუბნებოდა ხალხი. - ჩოხის წმინდა გიორგის სალოცავსაც ხომ ხედავთ. - ვხედავთ, შეგვეწიოს იმის მადლი! - მერედა, ხომ ისე იყო გუდამაყარში დაკანონებული, რომ ჩოხის წმინდა გორგის ყმა, კოჭლი იქნება თუ ბრმა, ვის კარზედაც უნდა მივიდეს ქალის სათხოვნელად, უარი არ უნდა უთხრან. - ეგეა! ეგე! - ფეხზე წამოდგა დეკანოზი. - მერე? - რა მერე? - მერე ისა, რომ ეგე აღარ არის. - როგორ თუ აღარ არის?! - აი, იმ ჩემ ბალღს ხომ ხედავთ, მოდი, შვილო, აქა, - თავისკენ მიითრია გარახტინამ საცოდავად მობუზული შეთე და მერე ჰკითხა: - ცოლი გინდა? - მინდა, - თქვა შეთემ. - ხომ გესმით, უნდა.. - მერე? - მერე ისა, რომ არ მოგვცეს. - ვინ არ მოგცათ ქალი! ვინ გითხრათ უარი?! - ვინა და, დიდებათ მწარიამ. - რაო? - ვერ მოგცემთო, ეხლა განა ისევ ის დროაო, ყურები გამოიჩიჩქნეთო, ეე, ბნელებოო. - ბნელებოო? - მართლა ეგრე თქვა? - ჰო, და, თანაც არ მოგცემთო, დაკანონებული იყოო, ეხლა აღარ არიო. - გულით გინდა, შვილო, ის ქალი? - ჰკითხა დეკანოზმა შეთეს. - ჰო, მინდა. - წამო, შეეხვეწე სალოცავს, - ხატისკენ წაიყვანა შეთე დეკანოზმა და დანარჩენებიც თან გაჰყვნენ, აღშფოთებულები, გამწარებულები. - ამხსენით, მე თქვენი! - ღრიალებდა გალილეი, მაგრამ იმას ყურს აღარავინ უგდებდა. ყველანი ხატის ქვემოთ, სამანთან იყვნენ დაჩოქილები.       გამიხარდაი გარახტინასთან მივიდა და დარდი ჩაიწერა. - რა გადარდებს? - მამწყდი თავიდან, ჩემო გამიხარდავ! - მითხარი რა გადარდებს. - ლამის არის, გულმა გამიტანოს დედაკაცი და ეს კიდევ.. - შენ მაინც მითხარი, - ახლა ტაშკენტას მიუბრუნდა გამიხარდაი. - ის მადარდებს, რომ ჩოხლებს დღეის მერე უპირატესობა გვეკარგება გუდამაყრის ხეობაში. დღეს დიდებათ გვითხრეს უარი, ხვალ გამსივლები გვეტყვიან, ზეგ ჩობოლაურნი. - სწორია ტაშკენტაი! - წამოიძახეს აქეთ იქითიდან. - სათემო ხატი უნდა გამოვაბრძანოთ და იმით შემოვიაროთ სოფლები, რომ მეორედ ვეღარავინ გაბედოს წინააღმდეგობა, - თქვა ვაჟი გოგიმ.       ეს აზრი, ეტყობა ჭკუაში დაუჯდა ხალხს, დეკანოზს ასძახეს ზემოთ (თვითონ სამანს ქვემოთ იდგნენ, იქით არ შეეძლოთ წასვლა): - სათემო ხატი გამააბრძანე, ბიბღაო! - იმის გამობრძანება არ იქნება, ჩამოსძახა ბიბღამ.       მაშინ ვაჟი გოგი, სებაი, და სამხარაული ზემოთ ავიდნენ და დეკანოზს მოეთათბირნენ, სწორედ ის დროა, სათემო ხატით დავაშინოთ გუდამაყრელები, რომ ძველი უფლებები აღვიდგინოთ სხვა სოფლებზეო.       სათემო ხატი       გუდამაყრის ხეობაში პირველად ჩოხლები დასახლდნენ და თავიანთ სოფელს ჩოხი დაარქვეს. მაშინ ჯერ კიდევ არ იყო ქრისტიანობა და ჩოხელებიც კერპთაყვანისმცემლები იყვნენ, ხოლო როცა ქრისტიანობა მიიღეს, თავიანთ მთავარ სალოცავად მთვარის ღვთაება - წმინდა გიორგი იწამეს.       გუდამაყრის ხეობაში თანდათან ახალ ახალი სოფლები გაჩნდა. ხევსურეთიდან მოსისხლეებს გამოქცეულნი იმ მიუვალ ხეობას აფარებდნენ თავს და აქვე სახლდებოდნენ. იმათ თავ თავიანთი სალოცავები აიშენეს.       წმინდა გიორგი სამას სამოცდასამ ნაწილად დაშლილა და ჩოხლების წმინდა გიორგი - ენა არის. ამის გამო ადრიდანვე ერიდებოდნენ გუდამაყრელები ჩოხელების «ენა-ყბაში ჩავარდნას».       ჩოხლებმა ოქრომჭედელს ხატი გამოაჭედვინეს და გუდამაყრის ხეობაში ახლად გაშენებულ სოფლებში ჩამოატარეს.       რომელ სოფელშიც შევიდოდნენ, ჯერ ზარებს დარეკავდნენ, მერე იმ სოფლის ხალხს ხატზე დააფიცებდნენ, რომ ჩოხლებს უნდა დამორჩილებოდნენ. ამ მორჩილების შინაარსი ძირითადად ის იყო, რომ დანარჩენი გვარები ცნობდნენ ჩოხლების გვარის უპირატესობას და თუ ჩოხელი მათთან ქალის სათხოვნელად მივიდოდა, უარი არ უნდა ეთქვათ, თუნდაც სანეფო კოჭლი ან ბრმა ყოფილიყო.       იმ დღიდან მოყოლებული დღემდე მოდიოდა ეს წესი, დღეს კი პირველად დაირღვა საუკუნეების მანძილზე და ამან ისე შეაშფოთა ჩოხელები, დედაკაცებიც კი აღშფოთებას ვეღარ მალავდნენ, სათემო ხატის გამობრძანებას მოითხოვდნენ.       ხატს სხვა მისიაც ეკისრებოდა. თუ მტერი მოადგებოდა საქართველოს, მაშინ ამ ხატს ჩამოატარებდნენ გუდამაყარში და ვისაც კი შეეძლო, უკან უნდა გაჰყოლოდა ხატიონს, უკანასკნელად კრწანისისაკენ მიმავალი სამასი არაგველი ეამბორა მას. - გამოაბრძანეთ, ჩვენც დავიფიცავთ, რომ ან აღვადგენთ ჩვენ უფლებებს, ან არც ერთი აღარ მოვალთ უკან! - შეჰკიოდნენ დედაკაცები დეკანოზს. რომელმაც მართლა გამოაბრძანა ხატი და ზარ ბაურაყი შეაჟღრიალა.       იმ ღამეს ვაჟი გოგის სასტუმრო დარბაზში თავყრილობა ჰქონდათ ჩოხელებს. უმრავლესობას დედაკაცები შეადგენდნენ და ისეთი ჟრიამული გაუდიოდათ, ყურთასმენა აღრ იყო.       გადაწყვიტეს, მეორე დღიდანვე მოეწყოთ ლაშქრობა გუდამაყარში. ჩამოწერეს მოლაშქრეთა სია და წესისა და რიგის მიხედვით დაანაწილეს.       შეკრებილთ ერხმად აირჩიეს ვაჟი გოგი მთავარსარდლად და მასვე მიანდეს ჯარის შედგენა. - ყველაფერი იმთავითვე ისე უნდა მავაწყოთ, რომ მერე აღარაფერმა შეგვაფერხოს, - თქვა ვაჟი გოგიმ და დედაკაცებს განუმარტა, რასაც გულისხმობდა: - არც ერი სახელოვანი ლაშქრობა ბრმად და უწესრიგოდ არ ჩატარებულა, - ამბობდა ვაჟი გოგი, - ყველა დიდ მთავარსარდალს როცა სხვა ქვეყნის დასალაშქრავად მიდიოდა, თან მიჰყავდა ხოლმე მწერლები, ფილოსოფოსები, ისტორიკოსები და გეოგრაფები. ეს, პირველ რიგში, მათ კულტურულობას უსვმდა ხაზს და ჩვენც ხომ არა ვართ მთლად შეუგნებლები. ეს ხალხი კიდევ იმიტომაა საჭი-რო, რომ ჯერ ერთი, მოწინააღმდეგე დაინახავს, რა განათლებულ გვართან აქვს საქმე, მეორეც, ჩვენთვისვეა სასარგებლო. ჩვენი ფილოსოფოსები და მწერალ ისტორიკოსები ბევრ რამეს ჩაიწერენ იმათგან, ვისაც სათემო ხატზე დავაფიცებთ. ეს ჩანაწერები შემდეგში ჩვენ შვილებსა და შვილთაშვილებს, ვინ იცის, რაში გამოადგებათ. თუ არ გამოადგებათ, ხომ არაფერს დაუშავებს? თანაც რაღაც რაღაცებს რომ ჩავიწერთ, ამით უფრო დავაბნევთ და დავიმორჩილებთ მოწინააღმდეგეს. პირველ რიგში საჭიროა, ავირჩიოთ ისტორიკოს გეოგრაფი, ეს აუცილებელია. ისტორიკოსი ისევე აუცილებელია ამ ლაშქრობისათვის, როგორც მთავარსარდალი, თუ არა ვცდები, სამხარაული უნდა ავირჩიოთ ისტორიკოს გეოგრაფ მემატიანედ. ადგეს ფეხზე სამხარაული.       სამხარაული ფეხზე წამოდგა. - ხართ მომხრე? - ვართ, - დაიძახეს აქეთ იქედან. - მე მგონი, ლაშქრის მწერლად ჩაღი უნდა წავიყვანოთ, - თქვა დარდების შემგროვებელმა.       ჩაღი ჯერ უარზე იდგა და, საერთოდ, წინააღმდეგი იყო ამ ლაშქრობისა. როგორ არ ეცადა, დაერწმუნებინა დედაკაცები, რომ სისულელეს სჩადიოდნენ, რომ დიდებათ მწარიაი მართალი იყო. - როგორ თუ მართალი?! - ისე რომ, გოგო იმისია, ვიზეც უნდა იმაზე გაათხოვებს და რატომ ცდილობთ, ვიღაცა დაიმონოთ და დაიმორჩილოთ? - როგორ თუ იმისია, რატო უნდა გვითხრას უარი? როდის ყოფილა, ჩოხლებისთვის უარი უთქვამთ.. - მინდა ცოლი და რატო მეუბნებიან უარს? - წამოიძახა კუთხეში მობუზულმა შეთემ. - ამხსენით ხალხოო, შემცივდა, - მოისმა გარედან გალილეის ყვირილი და ჩაღი გარეთ გავიდა. რამდენიმე წუთში შემობრუნდა. უკან გალილეი მოჰყვებოდა და გაიძახოდა: - დედას გიტირებთ მეოცე ოთახში წაგასლეკთ თავებს! - მაიცა, გალილეი, ჩვენ ხომ მოვილაპარაკეთ, - დააწყნარა ჩაღიმ და გალილეიც დაწყნარდა. - იქნები თუ არა ლაშქრის მწერალი? - ჰკითხა მთავარსარდალმა ჩაღის. - ჰო მაინც ნარკვევი უნდა დასწერო გუდამაყარზე, ჩაუჩურჩულა დარდების შემგროვებელმა. - ვიქნები, - დათანხმდა ჩაღი. - შენ გევალება ჩაიწერო მომხდარი ამბები, ფილოსოფიურ ამბებს მე ჩავიწერ და თან გამოკითხვებსაც ვაწარმოებ, - თქვა ქიმბარმა.       გადაწყდა.       იმავე ღამეს შედგა მოლაშქრეთა სია და მთავარსარდალმა ყველას თავისი ადგილი მიუჩინა ამ სიაში. ჯარი განაწილდა საჭიროებისა და საომარი წესის მიხედვით. გამოყვეს ქვეითი მოლაშქრენი, მყვირალები, მზვერავები, საიდუმლო ნაწილი, საზღვაო ნაწილი სამი ქალის შემადგენლობით, რადგან გუდამაყარში ზღვა არ არის, ლაშქრობის ადათ წესებს მაინც სცეს პატივი და «საზღვაო ნაწილს» დაავალეს, რომ არაგვ არაგვ იარონ, მანამ ლაშქრობა არ დამთვრდება, რამდენიმე ქალი და გალილეი თავიანთ სოფელში დასატოვებლად გაანაწილეს. - რაო? მე არ მიგყავართ ჯარში! - იწყინა გალილეიმ. - შენ აქ დარჩი, აქაც ბევრი საქმეა. - რომელი ხართ ჩემზე კარგი მეომარი, ვერ დაინახა თქვენმა დასათხრელმა თოლებმა წეღან, რამდენ სახელოვან მეომარს წავასლიკე თავი? - ჯალალედინი, მაკედონელი, აქილევსი, ჰიტლერი, ვერ დაინახეთ? - დავინახეთ. - მერე? რატო მირიდებთ. - ხო იცი, რო მტერი შეიძლება ჩვენ სოფელს დაესხას, აქ რომ არ ვიქნებით, ვინ უნდა გაუმაგრდეს? - აქა გყავართ! ვრჩები აქ! - დაიძახა გალილეიმ. - არის კიდევ ერთი რთული ამბავი, - თქვა მთავარსარდალმა და ჯარს გადახედა. - რაო? - ექიმი ხომ გვინდა. - გვინდა. - ჰოდა, ზინაი როგორმე უნდა წავიყვანოთ.       იმავე ღამეს გალილეი აფრინეს კიტოხში ცხენით და გუდამაყრის საერთო ექიმი მოაყვანინეს. გალილეიმ მოატყუა ექიმი, ვაჟი გოგი ავად არის, კვდებაო. აქ თავის გეგმა გააცნეს და ზინაი ჯერ უარზე დადგა, მერე დააშინეს: თუ არ წამოგვყვები, მოგკლავთო. - ჰო, წაგასლეკთ თავს, მაშ! - დაამატა გალილეიმ და ზინაიც დაითანხმეს ამ ლაშქრობაზე.       იმავე ღამეს გადაწყდა, რომ მზვერავებს მეორე დღიდან ზვავები უნდა ჩამოექანებინათ გუდამაყრის ხეობის შესასვლელში. რომ მანამ ლაშქრობა არ დამთავრდებოდა, ხეობაში არავინ შემოსულიყო. - მე ფეხით სიარული გამიჭირდება, ცხენი უნდა შემიბათ მარხილში, - თქვა ზინამ. - მართლა ვერ ივლის ეს, - დაემოწმა ტატია. - კარგი, სურსათი რომელ მარხილზეც გვექნება, იმ მარხილზე დაჯდები, - ნება დართო მთავარსარდალმა ექიმს.       იმ ღამეს თვალი არავის მოუხუჭავს. შეადგინეს საბრძოლო გეგმა. გადაწყდა, რომ იმ სოფელს, საიდანაც ქალი უნდა წამოეყვანათ, ბოლოს დასხმოდნენ. - ჰო, ეგრე სჯობს, ჯერ სხვები დავაფიცოთ, რომ მერე პირდაპირ ქორწილზე გადავიდეთ, - მოიწონა გარახტინამ სარდლის გეგმა.       შეაგროვეს სურსათი და, ვისაც როგორ შეეძლო, ისე შეიარაღდა. ყველაზე კარგი თოფები მზვერავებს მისცეს. თეთრი კაბები შეიკერეს მიტკლისაგან მზვერავებმა, რომ თოვლში შეუმჩნევლები ყოფილიყვნენ.       გათენებისას ერთი-ორი საათით წაიძინეს და კარგად რომ გათენდა ატყდა ზარების რეკვა.       ლაშქარმა გაიღვიძა და ხატის ქვემოთ, პატარა მინდორზე მოგროვდა. ყველა საბრძოლოდ იყო მზად. - სიმაღლის მიხედვით მოეწყვეთ! - ბრძანა მთავარსარდალმა და დედაკაცები ერთიმეორის მიყოლებით ჩამწკრივდნენ. ზოგს თოფი ეკიდა, ზოგს - ხმალი.       სებამ ზარები შეაჟღრიალა. დეკანოზმა სათემო ხატი გამოაბრძანა. გორზე გადმოდგა და დაიძახა: - ხატი გაუწყრეს, ვინც ლაშქარს უღალატებს! - ამინ! - დაიგუგუნეს დედაკაცებმა. - დაიფიცეთ, რომ ძველ წესს აღადგენთ! - ვფიცავთ! - გწყალობდეთ! - ამინ!       ამის მერე მთავარსარდალმა წასვლის ბრძანება გასცა და ლაშქარიც დაიძრა.       ისევ ავტორისაგან       ეს ყველაფერი გადმოცემით ვიცოდი და შეიძლება ბევრი რამ დავაკელი კიდეც, რაც შეეხება ჩანაწერებს, რომელთაც გარეთა ყდაზე აწერია: «ლაშქრობა გუდამაყარში», შევეცდები ასე წარმოგიდგინოთ, რომ ამ სასახელო ლაშქრობის თანმიმდევრობა არ დავარღვიო. ჩანაწერები სულ ხუთი საერთო რვეულისაგან შედგება.       ¹. ისტორიკოს გეოგრაფის რვეული. რომელსაც ყდაზე მსხვილი ასოებით აწერია - «მემატიანე».       /. ფილოსოფოსის რვეული, რომელსაც ასევე მსხვილი ასოებით აწერია - «გუდამაყრელთა ფილოსოფია».       ". მწერლის რვეული, რომელსაც აწერია - «ადამიანთა სევდა». ეს სათაური ძალიან მომეწონა და ჩემს რომანსაც იმიტომ ვუწოდე «ადამიანთა სევდა».       ". დარდების შემგროვებლის რვეული, რომელსაც გარედან აწერია «გუდამაყრის დარდები».       :. საიდუმლო ნაწილის რვეული. გარედან აწერია «საიდუმლო დავალებანი».       აი, ამ ხუთ რვეულში თითქმის ყველაფერია იმ ლაშქრობის შესახებ, არა მგონია, ყველაფრის აქ მოყვანა საჭირო იყოს. შევეცდები, რაც შეიძლება საინტერესო ამბები ამოვარჩიო.       კინაღამ გამომრჩა; ამავე რვეულებთან არის წერილები, რომელთაც მოლაშქრენი უგზავნიდნენ სოფელში მყოფთ და რამდენიმე ბრძნული ჩანაწერი, მთავარსარდალი გზადაგზა რომ იწერდა.       პირობა დაირღვა!       (მემატიანის რვეულიდან)       პირობა დაირღვა!       ამ ცნობამ ელვასავით დაუარა მთელ გუდამაყარს და ჩოხლები იძულებულნი შეიქმნენ გამოებრძანებინათ სათემო ხატი. უნდა დაილაშქროს მთელი ხეობა და მოსახლეობამ ხელახლა დაიფიცოს, რომ კვლავაც შეასრულებენ ჩოხლების მოთხოვნებს.       ლაშქარს სათავეში უდგას გამოცდილი ჩოხელი, მრავალ ომში ნაცადი, თორმეტ წელიწადს წყალქვეშ ნამყოფი, სახელოვანი მთავარსარდალი - ვაჟი გოგი.       დღეს, ამა წლის I თებერვალს, ჩოხლების ლაშქარი აღმოსავლეთისკენ დაიძრა. წინ დეკანოზი მიდის სათემო ხატით ხელში, უკან მთავარსარდალი მიჰყვება, შემდეგ მეზარე და ამის შემდეგ მივდივართ ჩვენ, ისტორიკოს ფილოსოფოსნი და მოლაშქრენი.       ბრძოლის გეგმა ("საიდუმლო დავალებათა" რვეულიდან)       მთავარსარდლობამ თვალი გადაავლო გუდამაყრის ხეობას და გადაწყდა შემდეგ სოფლებზე თავდასხმა:       1. ჩობოლაური, 1 კოტორიანი,       2. ლიდა, 11. ნისლაურნი,       3. ხოზა, 12. ლაგაზიანი,       4. ცუცქუნაურნი, 13.თორელაანი,       5. ფახვიჯი, 14. ბახანი,       6. საჩალის ჭალა, 15. წინამხარი,       7. ქიჭოხი, 16. მაქართა,       8. ლუთხუბი, 17. კიტოხი.       9. დიხჩო,       კიტოხის შემდეგ არის სოფელი დიდებანი. მთავარსარდლობამ გადაწყვიტა, კიტოხის აღების შემდეგ არ შევიდეს ამ სოფელში. აქ შევალთ ბოლოს, როცა ყველა სოფელს დავაფიცებთ ხატზე და ამათაც სხვა გამოსავალი აღარ ექნებათ. ამ სოფელს ჩუმად ავუვლით გვერდს და შემდეგი თანმიმდევრობით ვიღებთ დანარჩენ სოფლებს:       18. გამსი, 23. საქორე,       19. ჭალიველნი, 24. ქაქეენი,       2 . ათნოხი, 25. ბუსარჭილი,       21. ბოსელი, 26. სალაღო.       22. დუმაცხო,       ამის შემდეგ მთავარი ძალებით შევუტევთ სოფელ დიდებათ.       დღესვე ხეობის შემოსასვლელში გაიგზავნენ მზვერავები, რათა შემოსასვლელი ზვავებით ჩაჰკეტონ. საზღვაო ნაწილი გაგზავნილია არაგვზე.       ჩობალაურნი (მემატიანის რვეულიდან)       სოფელი ჩობოლაურნი ჩოხის აღმოსავლეთით ორიოდ კილომეტრზე მდებარეობს. სოფელს იქით და აქეთ კლდიანი ხევები ჩამოუდის. სოფელში შესვლა თოვლის გამო გაძნელებულია, ჭირს მარხილებით გავლა საცალფეხო ბილიკზე, მაგრამ მთავარსარდლის ბრძანება ურყევია: «პირველი დარტყმა ელვისებური უნდა იყოს და ამისათვის ყველა ძალა უნდა გამოვიყენოთ. პირველმა გამარჯვებამ უნდა აღაფრთოვანოს მებრძოლები და მომავალი გამარჯვებისკენ გაუკვლიოს გზა». - ეს მთავარსარდლის სიტყვებია.       ჯარი წინ მიიწევს. ირგვლივ თოვლი და სიწყნარეა. სოფელი გამოჩნდა. მთავარსარდალმა მოლაშქრენი შეაყენა და რაკი მზვერავები ჯერ არ დაბრუნებულან ხეობის დასაწყისიდან, ელენაი და სალომე გაგზავნა ჩობოლაურთას. ქალები თხუთმეტ წუთში მობრუნდნენ. - რა ამბავია? - ჰკითხა მთავარსარდალმა. - დედაკაცები ბანზე სხედან და წინდებს ჰქსოვენ, - თქვეს მზვერავებმა.       ჩვენი ლაშქრობა იმითაც არის გონივრული, რომ ზამთარში მამაკაცები ცხვარში არიან წასულნი. თუმცა ჩვენი ლაშქარიც დედაკაცებისაგან შედგება, მაგრამ ჩვენი დედაკაცებიი!..       მთავარსარდალმა შეტევის ნიშანი მისცა და საშინელი ყვირილით შეცვივდნენ სოფელში მყვირალები. მეზარემ ზარი აახმიანა. მეთოფეებმა თოფები დააქუხეს. სოფელი ალყაშია მოქცეული. საშინელი წივილ კივილია. მგონი მტერი გვნებდება, მაღალ ბანზე ჩვენი დროშა არის გამოკიდებული. აი, შეტევაც ამას ჰქვია!       პირველი გამარჯვება (ისევ მემატიანის რვეულიდან)       პირველი შეტევა პირველი გამარჯვებით დამთავრდა. ჯარი სოფელში შევიდა. მაღალ ბანზე ჩვენი დროშა ფრიალებს.       მთავარსარდალი და დეკანოზი ტახტზე სხედან. ჩვენებს მოწინააღმდეგენი ბანზე დაუჩოქებიათ და მორიგეობით აფიცებენ ხატზე, რომ კვლავაც სცნობენ ჩოხლების უპირატესობას, უმეტესად ქალის საკითხში. რა შეედრება ამ წუთს. ხატზე დაფიცება დამთავრდა და ახლა ფილოსოფოსებისა და მწერლების ჯერი დადგა. მოწინააღმდეგე ფილოსოფიით უნდა დააბნიო, რომ შემდეგში ადვილად ვეღარ გაგიწიოს წინააღმდეგობა. ცალკე მწერალი იწერს ამბებს, ცალკე ფილოსოფოსი, ცალკე ჯარისკაცები სწერენ სახლში გასაგზავნ წერილებს. მოწინააღმდეგე გაოგნებულია..       კითხვები (ფილოსოფოსის რვეულიდან) - გვარი. - წიკლაური სოლომონი. - რამდენი წლისა ხარ? - მეოთხმოცეში ვდგავარ. - შენი აზრით, რა არის სიცოცხლე ან საიდან მოვიდა. - ვითომ სიცოცხლე ღვთისგან არის, მე ეგე ვიცი. - კაცი რო დაიბადება, თავისა და მთორის სავალსა, მაშინ დაუწერს მწერალი, თავის თავგადასავალსა. თავში აწერიაო. - რა აწერიაო? - ბედი. ადამიანს თავის ბედი თავში აწერიაო. ერთი დედაკაცი ყოფილა მშობიარედ და ბიჭი ჰყოლებია. იმ ღამეს მისულა სამი მწერალი. ეს დედაკაცი ისმენს იმათ ლაპარაკს, ისენი ბედს უწერენ.. ერთს უთქომს რო: ემ ბალღმა იმდენ ხანს იცოცხლოს, სანამ ხეზე ახდომა შეეძლებაო, ჩამოვარდეს და მერე მოკვდესო. მეორემ - არაო: წყალმა წაიღოსო. მესამემ - ვიდრე აეს ნიგზურაი არ ჩაიწვებაო, - კერაზე ნიგზურაი ენთო, იმაზე თქო. ი, ბიჭის დედამ აიღო ნიგზურაი, ჩააქრო და შაინახა. - მერე? - გაიზარდა ის ბალღი, მაიყვანა ცოლი, იმ ნიგზურაის ამბავიც უთხრა თავის დედამ. - მერე? - ერთ მთვარიან ღამეს ცხვრიდან მოდიოდა სახლში. ყანებში თავის ცოლს წააწყდა მეზობელთან მწოლარეს. ისენი იქვე დახოცა, თვითონ ავიდა და ის ნიგზურაი ცეცხლში დაწო. იმავე ღამეს მოკლეს თოფით მოკლულის ძმებმა. - შენ რომ გქონდეს ეგეთი ნიგზურაი შენახული, რას უზამდი, როდისმე დასწვავდი? - ზოგჯერ ისე ჯავრი მამივაკე ჩემ თავზე, მეც დავწოვდი. - სიკვდილი რა არის? - ეგეც ღვთისგან არის. ღმერთს უთქომს: ორი ბიჭი ჰყავდეს ადამიანს და ერთი ქალიო. მერე ეშმაკმა უთხრა: შენ ვინღა გახსენებს, ადამიანები რომ არ მოკვდნენ და სუ ცოცხლები იყვნენო. მერე ისე გამიგონია, რომ მოიგონა ღმერთმა სიკვდილი. - ადამიანი რომ კვდება, სად მიდის? - იცვლებაო ადამიანი, ასე გამიგონია. - რა აზრი აქვს კაცის ხანგრძლივ სიცოცხლეს? - სიცოცხლე გვიყვარს, მეტი არაფერი. - ღმერთმა რომ გითხრას, რამდენი ხანიც გინდა, იმდენი წელი მთხოვეო. რამდენი წლის სიცოცხლეს სთხოვდი? - ოთხმოცდაათსა. - რო ეთქვა, არა, ორასს მოგცემო? - ვერ შავძლებდი, ვერ გადავიტანდი. - რატო ვერ შასძლებდი? - სიბერის გამო. დავვუძლურდებოდი. - როგორ გგონია, ეს დედამიწა სულ მუდამ იარსებებს? - რა თქმა უნდა, მე ეგე ვფიქრობ. მაშ რამ უნდა შაჭამოს, რომ ვთქოთ? - ომი რომ მოხდეს? - ომი არ არის, თქვენ რომ დაგვესხით, მა რა არის? - დიდი ომი რომ მოხდეს? - ომი მიწის ზევიდან იქნება, დაბლიდან ხო არა. დედამიწა რატო ჰქვია - ომსაც შაიშრობს და სისხლსაცა. - რო მოსწყდეს მოულოდნელადა? სად წავა? - თუ აორთქლდება, თორო სხოგან სად უნდა წავიდეს, აღარ ვიცი. წყალი წაიღებს, სად წაიღებს?! - აორთქლდება?! - ჰო, აორთქლდება. - ქვებსა და ხეებს ეყურება თუ არა? - ეყურება თავის ენაზე, მაგრამ მე, აბა, რა გავაგონო. ეგენიც თავის ენაზე ლაპარაკობენ. კლდისა კი რა გითხრა. - როგორ გგონია, ღმერთი სად არის? - აბა, მე ვინ მანახვებს. - სიზმარი რა არის? - სულ დადის და დახეტიალობს აქა იქ, ხან საიქიოს, ხან - საქააოს. - როგორ გგონია, ვარსკვლავებზე არიან ადამიანები თუ არა. - ზევითაც ხალხია და ქვევითაც, ჩვენ შუაზე ვართ და სარტყლები იმიტომ გვარტყია წელზედა. - აბა, მაშ ვინც ზევით ცხოვრობენ, იმათ თავზე ერტყმის? - რა თქმა უნდა. - ვინც ქვევით არიან? - იმათ ფეხები ექნებათ გაბმული და რანაირ დაიწყებენ სიარულს, არ ვიცი. - მკვდარს რატო გაუბამენკე ფეხებს. - არ ვიცი, რომ მარხავენ, მერე გაუხსნიანკე. არც ქუდს ახურებენ, გვერდზე უდებენ, - მარჯვენა გვერდზე. ერთისთვის დავიწყნიყოთ ფეხების გახსნა, ისე დაემარხათ, იმის დედა თურმე ყოველღამე სიზმარში ხედავს - მივა იმისი შვილი და ეხვეწება დედი, ფეხები მაქვს გაბმულიო. ამოეთხარა იმ დედაკაცს და მართლა გაბმული ჰქონიყო. - ქუდს არ ახურავენ? - არა, არ ახურავენ. - სიცოცხლე ხომ გიყვარს. - სიცოცხლე ყველაზე მეტად მიყვარს. რაც უფრო ვბერდები, მით უფრო მიტკბება სული.       მცირე გადახვევა ("საიდუმლო დავალებათა" რვეულიდან)       სანამ მწერლის რვეულიდან მოვიყვანდე ჩობოლაურებში ჩაწერილ მოთხრობას, მანამდე მინდა ერთი პატარა ცნობა მოვიტანო. «საიდუმლო რვეულში» წერია:       «ხეობის დასაწყისში გაგზავნილი მზვერავები მშვიდობით დაბრუნდნენ. ხეობა ზვავებით ჩაუკეტიათ. მოქმედება თამამად შეიძლება».       და ერთი წერილი მინდა რომ გაგაცნოთ. როგორც კი შეტევა წარმატებით დაამთვრეს, ჩოხლებმა თავიანთ სოფელში წერილები აფრინეს. წერილების მიტან მოტანა ევალებოდა საიდუმლო ნაწილს: კოტორიანთ ქალს, შარვანიანთ ქალს და ტასიას.       ჩვენ გავიმარჯვებთ (წერილებიდან)       «გამარჯვებათ, ძვირფასო დებო და ძმებო!       მოგიკითხავთ ყველას სულერთიანად. მოკითხვას გითვლიანთ ჩვენები, დიდის მოწყენითა და პირზე კოცნითა. მინდა გახაროთ, რომ საქმე კარგად დაიწყო. დღეს პირველი შეტევა გვქონდა. ჩობოლაურები აღებულია. ვაწარმოებთ ფილოსოფიურ მეცნიერულ გამოკვლევებს. ყველანი ისევ ჩვენი მორჩილები იქნებიან ამის მერე.       ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ!       ქვეითი მოლაშქრეები.       6.II– 68 წ.       დიადი სიტყვა (მემატიანის რვეულიდან)       როდესაც ფილოსოფიურ- მეცნიერული გამოკითხვა დამთავრდა, სებამ ზარები დარეკა და დეკანოზებმა სიტყვით მიმართა ჩობოლაურებს:       «ჩვენ და თქვენ ერთი ხეობის ხალხნი ვართ. ერთი ცა გვხურავს მაღლიდან და ერთი არაგვი ჩამოგვიდის ჭალაზე. დღეის მერე ერთმანეთთან მეგობრულად უნდა ვიყვნეთ. თუ ვინმემ რამეზე შეგაწუხოთ სხვა სოფლებიდან, იმწუთში შეგვატყობინეთ და მოგეხმარებით. ჩვენ რა გვაქს გასაყოფი? არაფერი. ნურც ნურაფერს დავუმალავთ       ერთიმეორეს. ჩვენ, ჩოხელებს, გადაწყვეტილი გვაქვს, ავაშენოთ ხუთასოთახიანი საერთო სახლი. ამისათვის გვჭირდება მასალა. თქვენ შეგიძლიათ დაგვეხმაროთ. აი, ეს კაკლები რომ გიდგათ, ამათაგან ძალიან კარგი მასალა გამოვა. რაც შეეხება ქალების გათხოვებას, ვინც ჩვენ არ გვინდა, ისინი ვიზეც გინდათ, იმათზე შეგიძლიათ გაათხოვოთ. თქვენ დღეს სათემო ხატზე დაიფიცეთ, ფიცის გამტეხს რისხავდეს სათემო ხატი!» - ამინ! - დაიძახეს ჩოხელებმა. - ამინ! - ხმა მისცეს ჩობოლაურთ       ამის შემდეგ მთავარსარდალმა მოლაშქრენი მოაწყო და გზას გავუდექით მეზობელი სოფლისკენ, რომელსაც ლიდა ჰქვია.       მღვდელი (მოთხრობა მწერლის რვეულიდან)       გუდამაყარში ერთმანეთშია არეული კერპთაყვანისმცემლობა და ქრისტიანობა. ახლაც აცხობენ პურისაგან მგლებს, რომელთაც აგურის კბილებს უკეთებენ. პურის მგელი საქონლის ბაგაზე მიაქვთ. ჯერ წნელით შეუკრავენ პირს და ულოცავენ.       «აესრემც შაუკვრის პირი იმ მგელს, რომელმაც ჩემაი ძროხიაის შაჭმა მაინდომოს».       მერე წნელს ახსნიან და მგელს აგურის კბილებს საქონლის ბაგაზე უმტვრევენ:       «აესრემც დაგენაყება, მგელო, კბილები!»       «აესრემც დაგემტვრევა მუხლები!» - ამტვრევენ მუხლებსა და ლუკმა ლუკმა ჩაციცქნილ მგლის კვერს საქონელს აჭმევენ.       ქრისტიანობა უცნაურად შემოდიოდა აქ. ჯერ ვერ ურიგდებოდნენ ახალ სარწმუნოებას. მერე თანდათან იწამეს.       რამდენიმე გუდამაყრელი მცხეთაში დაიბარა კათალიკოსმა და საყვედური გამოუცხდა იმის თაობაზე, გუდამაყრელები უმღვდელოდ რატომ იმარხებითო.       მღვდელი არა გვყავსო, - თავი გაიმართლეს ამათ.       მაშინ გუდამაყრელებს მღვდელი გააყოლეს და თან გააფრთხილეს, უმღვდელოდ დღეის შემდეგ მკვდარი აღარ დამარხოთო.       ათნოხში თორმეტი ქისტის მამკლავი, აკაი თამნიაური კვდებოდა. მიუყვანეს მღვდელი.       მოკვდა აკაი.       შემოდგომის გაყინული მიწა ძლივს ამოთხარეს წერაქვებით. ერთი ყარაული საფლავთან დააყენეს, რომ სამარეს ავი სულები არ დაჰპატრონებოდნენ, დანარჩენებმა ხვნეშით მოასვენეს მიცვალებული, სანამ ჩაასვენებდნენ, კიდევ რაღაც ლოცვები თქვა მღვდელმა: და, როცა მისი თანხმობა მიიღეს, მძიმედ ჩაუშვეს გაყინულ მიწაში კუბო. მერე უცებ მღვდელს სწვდნენ და თან ჩააყოლეს. ყვიროდა მღვდელი და ამოსვლას ცდილობდა. მაგრამ რამდენიმე გაყინული ბელტი ისე       მძლავრად მოხვდა თავში, უღონოდ გადააწვა კუბოს. გუდამაყრელები გულდაგულ ავსებდნენ სამარეს მიწით და თან ბუტბუტებდნენ. - მიწა ხარ და მიწად იქეც! - მიწა ხარ და მიწად იქეც!..       ამ საქმესაც მორჩნენ და კვირის თავზე ახალი სადარდებელი გაუხდათ, - დუმაცხოში ხუთი ქისტის მამკლავი გაგილაი გარდაიცვალა. გუდამაყრელები მცხეთაში ჩავიდნენ და კათალიკოსს მოახსენეს: - კაცი მოგვიკვდა და უმღდელოდ ვერა ვმარხავთ.. - ხომ გაგაყოლეთ მღვდელი! - გაიკვირვა კათალიკოსმა ამათი «მოქცევა». - ის მღვდელი სხვა მკვდარს ჩავაყოლეთ, ხო თქვით, უმღვდლოდ არავინ დამარხოთო, ეს კიდევ სხვა მკვდარია.       კათალიკოსმა რა უთხრა, არ ვიცი. ქრისტიანობამ კი ფეხი მოიკიდა გუდამაყარში. თუმცა კათალიკოსი იმის მეტს რას იტყოდა: - «არ ცოდნა, არ ცოდვა არისო». - მე მგონი, მეტს არაფერს იტყოდა.       ლიდა (მემატიანის რვეულიდან)       ლიდა ჩობოლაურის აღმოსავლეთით ერთი კილომეტრის დაშორებით არის. ამ სოფელსაც ორივე მხრიდან კლდიანი ხევები ჩამოუდის, გზაც უფრო მოსახერხებელია და რაც შეიძლება სწრაფად მივდივართ. წინა შეტევამ გვიჩვენა, რომ სწრაფად მოქმედება გამარჯვების ნახევარს უდრის. მზვერავები ეს ეს არის მობრუნდნენ და ამბავი მოიტანეს, რომ სოფელი თითქმის მთლიანად დაცლილია, მარტო უშვილო ცოლ ქმარიღა არისო დარჩენილი.. ქალი ავად ყოფილა, ლოგინად ჩავარდნილი. მთავარსარდალი ფრთხილობს: შეიძლება მტერი ჩასაფრებულია სადმე, რომელიღაც სახლში, საჭიროა ალყა შემოვარტყათ.       სოფელს გარს შემოვერტყით და დაიწყო სახლების ჩხრეკა. მართლა ცარიელი აღმოჩნდა სოფელი, ქალაქში გახიზნულან საზამთროდ. მთავარი იერიში ცოლ ქმარზე მივიტანეთ და ისინიც უცებ დაგვნებდნენ. სოფელ ლიდის თავზე ჩვენი დროშა ფრიალებს. დეკანოზი ცოლ ქმარს ხატზე აფიცებს და მთავარსარდლის ბრძანებით, ექიმი წამლებს აძლევს ავადმყოფ ქალს. სებაი ზარებსა რეკავს და ამით გუდამაყარს ამცნობს, რომ ლიდაც კვლავ ჩოხლების სურვილების აღმსრულებელია, უპირველეს ყოვლისა, ქალების საკიხში. შემდეგ იწყება ფილოსოფიური დაკითხვა.       სული და სიკვდილი (ფილოსოფოსის რვეულიდან) - სახელი და გვარი. - ბათილა ლიდიაური. - რამდენი წლისა ხარ? - ოთხმოცის. - შვილები გყავს? - არა უშვილო ვარ. - როგორ გგონია, სად მიდის სული სიკვდილის შემდეგ? - სული? სული არ დაიკარგება. ხორცს გაეყრება და სიზმარივით იქნება. სულ სიზმარივით იქნება. ცხონებული ვინც არის, ის სულ ნათელში იქნება, ბოროტებს სხო ადგილი ექნებათ. - შენ როგორ გგონია, როგორ ადგილზე მოხვდები? - მე.. უშვილოები, თურმე, პირქვე წვანან. ოღონდ მაგას ნუ დაწერ. - რატომ ნუ დავწერ? - უშვილო ვინმე წაიკითხავს და გულს შამააკლდება. - სიკვდილზე რას იტყვი. ქვებსა და ხეებს თუ აქვთ სიკვდილის განცდა? - სიკვდილი რომ გამაიგონა ღმერთმა, იფიქრა, მოდი გამოვცდიო და ჯერ ქვას მიარგინა იმის განცდა. ქვებმა ისე განიცადეს, იმდენი იდარდეს, დარდისაგან სუ იფშვნებოდნენ, აღარ ივიწყებდნენ თანამოძმის სიკვდილს და ყველანი იფშვნებოდნენ. ღმერთმა იფიქრა, ამათთვის ეს განცდა არ შეიძლება, ამისათვის სუსტებიაო, აარიდა ქვებს სიკვდილი და ახლა ხეს მიარგინა, იმათაც ძალიან განიცადეს, მთელმა ტყეებმა ტოტები ჩამაილეწეს და აღარ ივიწყებდნენ. ხეებსაც აარიდა და ახლა წყალს მიარგინა. ვერც წყალმა გაუძლო, დაშრობა დაიწყო. ადგა ღმერთი და ადამიანებს მიარგინა სიკვდილი. ადამიანმა იტირა, იტირა.. მერე დამარხა მკვდარი და ტირილით გადაიმგლოვა კიდეც. ჰოო, ამის მერე ღმერთმა ადამიანს მიაკუთვნა სიკვდილის განცდა.       მცირე საიდუმლო ("საიდუმლო დავალებათა" რვეულიდან)       მზვერავებმა ლიდაში ყოფნის დროს საზღვაო ნაწილის ცნობა მოიტანეს. შიჯანათ ქალი და ქალთამზე იტყობინებიან, რომ არაგვი რამდენიმე ადგილზე გაყინულია და საჭიროა ჩამტვრევა, რომ არაგვის გაღმა მყოფმა სოფლებმა გამოღმა კავშირი ვერ დაამყარონ. ზომები მიღებულია. დარდი № 1680 (დარდების შემგროვებლის რვეულიდან) - სახელი და გვარი? - ბათილა ლიდიაური. - რა გადარდებს? - ის რომ უწილ უკერძომ უნდ გადავიარო. - მეტი არაფერი? - ამაზე მეტი დარდი რაღა გინდა, ცოცხალი იყო და შენი არსებობის გამგრძელებლად შვილს ვერა ხედავდე. რა დავუშავეთ იმ დალოცვილ ღმერთს, რომ აქ შვილი არ გვაღირსა, იქ კიდევ პირქვე უნდა იწვნენ უშვილოები. - ჰოო, მართლა დიდი დარდია. ღმერთთან რომ წავალ ამ ჩემი დარდებით, პირველს თუ არა, მეორეს ვეტყვი უშვილოების დარდს.       სალომე ლიდიაური (მოთხრობა მწერლის რვეულიდან)       სოფელ ლიდის ზემოთავში ჩამონგრეული სახლ-კარია. ამ სახლში ათიოდე წლის წინათ მშობლებმა გამსიველ ბათირაზე დანიშნეს სალომე.       ჩალისფერი თმა კოჭებამდე სწვდებოდა სალომეს. ყანაში რომ მიდიოდა ყანისაგან ვერ გამოარჩევდით, ღელავდა ყანა და ღელავდა ქალიშვილი.       უცნაურად უყვარდათ სალომესა და ბათირას ერთმანეთი. ხანდახან თვეობით არც კი ნახავდნენ ერთიმეორეს, სიახლოვისა ეშინოდათ.       იმ გაზაფხულზე ბათირაის უფროსი ძმა სალომეს მშობლებს კალობანს უშენებდა. ბათირაის ძმას საღირაი ჰქვია. ეხლაც ცოცხალია საღირაი. ჩუმი კაცია, უთქმელი. მთელი დღე, რომ მასთან იყვე, ერთ ორ სიტყვას ძლივს ათქმევინებ.       მაშინ ბათირაი სალომეზე ჯერ არ იყო დანიშნული, ქალ ვაჟი ერთიმეორეს წყაროზე ხვდებოდნენ ხოლმე მთვარიან ღამეში. მივიდოდა სალომე, კოკას აავსებდა, მერე მხოლოდ ერთხელ შეხედავდა ბათირას და წამოვიდოდა სახლში.       ერთ ღამეს ყანებში საღირაი დახვდა სახლში მიმავალ სალომეს და მკლავში წაავლო ხელი. - ხომ ვიცი, ვისთანაც იყავი, - უთხრა საღირამ. - მერე რა გინდა! - ის რომ, მე მიყვარხარ. - მე არ მიყვარხარ.. - შეგიყვარდები, როცა ჩემი გახდები, შეგიყვარდები. - ეგ არასოდეს არ მოხდება. - მოხდება. თუ არადა, არც ერთს არ გაგახარებთ.       იმ ღამეს არ დასძინებია სალომეს. მეორე დღესაც შეხვდა ბათირას, მაგრამ საღირაის შესახებ ხმა არ ამოუღია.       საღირამ მშენებლობა მოათავა და სახლში წავიდა.       შემოდგომაზე ბათირამ მარჯეკლები მიაგზავნა და მშობლებმა სალომე ბათირაზე დანიშნეს. სალომეს სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა.       გაჯავრებულმა საღირამ ძმას უთხრა: - არ გინდა, ნუ მოიყვან სალომეს ცოლად. - რატომ? - იმად, რომ მე რომ მაგათას ვმუშაობდი, ყოველღამე მალვით მოდიოდა და ჩემთან წვებოდა.       იმ დღის მერე აღარც წყაროზე მისულა სალომეს სანახავად ბათირაი და არც ქორწილზე დაუწყია იმის მშობლებთან მოლაპარაკება.       სალომემ აღარ იცოდა, რა ექნა, მერე ამხანაგი გოგოს პირით ჰკითხა ბათირას მიზეზი, ბათირამ, რა თქმა უნდა, დაუბარა, ჩემი ძმის ნათრევს ცოლად ვერ მოგიყვანო.       სალომე ჯერ ხატში ასულა და დაუფიცნია, რომ მართალი იყო. მერე თურმე სულ ყარაულობდნენ მშობლები. თავს არაფერი მოუწიოსო.       გუდამაყრის არაგვი ხომ სუ შავი მოდის, გაღმა სოფლელებს დაუნახავთ, ჩამოვიდა სალომე არაგვზე, მოიხსნა თავშალი, იხვია თვალებზე და შედგა ხიდზე. ისე შეშინებულან, ვინც ხედავდა, ისიც კი ვეღარ მოუფიქრებიათ, რომ მიშველებოდნენ. ბათირასაც დაუნახია. ჯერ კი არც ის გაქცეულა.       გასულა თვალახვეული სალომე ხიდზე. მერე ისევ გამოსულა. მერე ისევ გასასვლელად მიბრუნებულა და ამ დროს იმისი მეგობარი ქალები გამოჩენილან წიოკით. შუამდე ვეღარც კი მისულა ხიდზე, გადაშვებულა წყალში. თურმე მისდევს ხალხი არაგვს და ვერავინ ბედავს შიგ შესვლას. ადევებული წყალი ყოფილა.       გამოქცეულა ბათირაი და შევარდნილა წყალში.       არაგვი ხომ შავია. თურმე მოჰქონდა წყალდაწყალ ბათირას სალომე, იმის თმაი ეგრე ლივლივებდა მდინარის ტალღებზე, როგორც მოსამკალი პურის ყანა ქარში..       სოფელ ლიდის ზემოთავში ჩამონგრეული სახლ კარია..       ხოზა (მემატიანის რვეულიდან)       მართალია, ლიდაში ხალხმრავლობა არ იყო, მაგრამ დეკანოზმა მაინც სცა იქ მყოფთ პატივი და წამოსვლისას გამოსათხოვარი სიტყვა წარმოთქვა:       «ჩვენ, დღევანდელი ჩოხლები, ვაგრძელებთ და კვლავაც გავაგ-რძელებთ ჩვენი წინაპრების ადათ წესებს.       ჩვენ ლიდის მცხოვრებლებთან ადრიდანვე მეგობრული ურთიერთობა გვქონდა დამყარებული. ისინი უარით ვერ გამოგვისტუმრებდნენ ქალის სათხოვნელად მისულებს. არაერთხელ და ორჯერ გაგვიწევია ერთიმეორესთვის დახმარება, ჩვენ კვლავაც უნდა დავეხმაროთ ერთიმეორეს, საშენი მასალითაც და ყველაფრით. მაგალითად, აი, ეს კაკლის ხეები ძალიან კარგ საშენ მასალას მოგვცემს და, რა თქმა უნდა, ამ დახმარებაზე უარს არ ვიტყვით, მით უმეტეს, მაშინ, როცა ასეთი გრანდიოზული შენობის წამოწყებას ვაპირებთ. პროექტი უკვე შედგენილია, საჭიროა მარტო მასალა.       თქვენ დღეს ხატზე დაიფიცეთ და მორჩილება გამოთქვით. სათემო ხატი რისხავდეს, ვინც ეს ფიცი გატეხოს!» - ამინ! - დაიძახეს ჩოხლებმა. - ამინ! - თქვა ბათილამ. - თქვენც თქვით, ქალბატონო, - ძალა დაატანეს ავადმყოფს. - ამინ! - ამოიკნავლა იმანაც.       სებამ ზარები დარეკა. ბანიდან დროშა ჩამოვხსენით და ხოზისაკენ გავუდექით გზას. ხოზამდე იგივე მანძილია, რაც ჩობოლაურიდან ლიდამდე.       სოფელს ზემო მხარეს ტყე აკრავს, ხოლო წინ დიდი მინდორია გაშლილი.       მთავარსარდალმა მზვერავები გაგზავნა და იმათ ამბავი მოიტანეს, ერთი მოხუცი ქალი სულს ებრძვის და წუთიწუთზე სიკვდილს ელოდება ხოზაშიო. - როგორ თუ ელოდება! - გაბრაზდა სარდალი, - სასწრაფოდ შეტევაზე და, რაც შეიძლება, ვიჩქაროთ, რომ ამ კაცმა საქმე არ ჩაგვიშალოს.       სოფლისათვის ალყა აღარ შემოგვირტყამს და სულ რაღაც ხუთ წუთში ჩვენი დროშა აფრიალდა ხოზის მაღალ ბანზე. - სად არის მომაკვდავი? - უყვირა ხოზელებს მთავარსარდალმა. - აქ არის, - აჩვენეს იმათ. - აბა, ექიმო, ჩვენ აქ ყოფნამდე არაფერი მოუვიდეს ამას, თორემ.. - გააფრთხილა ზინაი ვაჟი გოგიმ. - დაიჩოქეთ! - ბრძანა დეკანოზმა და მოლაშქრეებმა თოფები შეაყენეს. იმათაც დაიჩოქეს და დეკანოზმა მორჩილებაზე დააფიცა. სულ პირველად მომაკვდავი დააფიცეს, ის უფრო სასწრაფო იყო. ექიმმა გონზე მოიყვანა მომაკვდავი და დაიწყეს მისი ფილოსოფიური დაკითხვა.       სული და ხორცი (ფილოსოფოსის რვეულიდან) - სახელი და გვარი. - თამარ ხოზელი (მომაკვდავი). - რამდენი წელი გინდა სიცოცხლე? - რამდენსაც შევძლებდი. ადამიანმა იქამდე უნდა იცოცხლოს, მანამდე თავის ზიდვა შეუძლია. კაცმა სხო არ უნდა დააღონოს თავის სიცოცხლით. - მეორედ მოვლენ თუ არა მკვდრები? - შენი მტერი მოვიდეს, როგორც ესენი მოვლენ. მოგონილია, მოგონილია ისაცა, ვითომა სულნი არიანო, როგორც სიზმარშიო. სუ ტყუილია, მოკვდა კაცი და იქცევა მიწად. აღარც სული იარსებებს. - სულიც მიწაში წაჰყვება ხორცს? - არა, როგორც კი ტიკი გაჰბერო და მერე გამოუშვა, აეგე ამუვა სული კაცს და ჰაერში წავა. - ჰაერში ვერ იარსებებს? - აბა რას იარსებებს. წავა და ჰაერად იქცევა. - ღმერთი არსებობს? - არ ვიცი. ვერც იმას ვიტყვი, ვერც ამას. - რა აიძულებს კაცს თვითმკვლელობას? - ერთი ის, რო აღარ შეუძლია, საქმე აწუხებს, მეორე, - მწარე სიცოცხლე, ზოგს კიდევ ეშმაკი დაადგება თავზე და ის აბედვინებს თავის მოკვლას. მერე იმის სული ეშმაკთ რჩება, ეშმაკად იქცევა იმის სული. - ეშმაკები სად არიან? - კლდეში. მე ვიხილე, ანთებენ ღამე ცეცხლსა. ეხლა ხალხი იქცა ეშმაკადა. - ინატრებ რამეს? - არა. - რატომ? - დამაცა, ამოვისუნთქო..       ქალმა ამოისუნთქა და გათავდა.       მეშვიდე თაობა (მოთხრობა მწერლის რვეულიდან)       ის ქალი, რომელიც ეს ეს არის მიიცვალა, ასპანიანთ გვარის უკანასკნელი წარმომადგენელი იყო. რატომ ჰქონდათ ქართველებს წყევლაში, შვიდი თაობის მერე გაწყდიო, არ ვიცი, ყოველთვის კი ასე იყო. იშვიათად შესწყევლიდნენ გვარს, გაწყდიო და თუ შესწყევლიდნენ, ყოველთვის ასე: - მეშვიდე თაობაზედამც გაწყდება შენი გვარი. ასეა თუ ისე, შვიდი შემთხვევითი რიცხვი არ არის.       სწორედ ამ ქალის წინაპარი, შვიდი თაობის იქით, გუდამაყარში საქვეყნოდ განთქმული და მტრიანი ვაჟკაცის, კვირია ხარხელაურის ძმადნაფიცი იყო. კვირია       არავის ენდობოდა, გარდა ასპანიანთ ბუთულაისა, იმას აპარსვინებდა ხოლმე წვერს ხმლით. არასოდეს იარაღს არ იხსნიდა კვირიაი.       იმისმა მტრებმა ბუთულაი მოისყიდეს და ერთხელაც, როცა კვირიას პირს პარსავდა, გამოუსვა ყელში ხმალი და გააგდებინა თავი. მიგორავდა ნახევრად წვერმოპარსული კვირიაის თავი დედამიწაზე და ეძახდა ბუთულას: - შვიდი თაობას ქალებზე ჩამაილიოს შენი გვარი და მერე გასწყდითო.       სიტყვა, რომელიც დეკანოზმა წარმოთქვა (მემატიანის რვეულიდან) - ღრმა მწუხარებას განვიცდით, ასეთ გაჭირვებაში რომ გხედავთ. ვიზიარებთ თქვენს მწუხარებას, მით უმეტეს, ეხლა უფრო, როცა ერთხელ კიდევ დაგვიფიცეთ მორჩილებაზე. მოკვდა - ასე იტყვიან მაგათ გვარზე. ჩვენ კი ვაგრძელებთ გვარებს და რაც შეიძლება მეტი სიახლოვე და მხარდაჭერა გვმართებს. თუ რამე გაგიჭირდეთ, ჩვენ გვითხარით. განსვენებულს კაკლის კუბო გაუკეთეთ. კაკლები, საერთოდ, მარტო სამასალედ არის კარგი.       სათემო ხატი გაუწყრეს, ვინც ფიცი გატეხოს! - ამინ! - დაიგუგუნეს ჩოხლებმა. - ამინ! - თქვეს ხოზლებმა. - ჩამოხსენით დროშა! - ბრძანა დეკანოზმა და მეზარემ ზარები აახმიანა.       მთავარსარდალმა წასვლის ნიშანი მოგვცა, ჩვენ უხმოდ გავედით სოფლიდან. ამით პატივი ვეცით მათ. ხომ უნდა იცოდნენ, რომ კულტურული და შეგნებული თემი ვართ. მცირე საიდუმლო (საიდუმლო დავალებათა რვეულიდან)       დღეს მზვერავებმა ამბავი მოიტანეს. საზღვაო ნაწილს ერთ ადგილზე დატბორილი არაგვი უნახავს, ტბორი, თურმე, კალმახით არის სავსე. დღესვე საიდუმლოდ გაიცა განკარგულება, რომ შენიღბონ თოვლით ის ადგილი და დროდადრო ლაშქარი იმ კალმახით მომარაგდეს.       ცუცქუნაურნი (მემატიანის რვეულიდან)       ხევი გავიარეთ და მთავარსარდალმა ლაშქარს შეჩერება უბრძანა. უკვე შუადღეა. საქმე კარგად მიდის. ელენამ სუფრა გაშალა. ცეცხლი დავანთეთ და მზვერავების მიერ მოტანილი კალმახი შევწვით. აქედან ცუცქუნაურამდე ერთი კილომეტრია. თივის ზვინები ჩანს. აქა იქ კვამლი ამოდის. მზვერავები დასაზვერად წავიდნენ.       მზვერავები მობრუნდნენ და მთავარსარდალს მოახსენეს, რომ სოფელი დედაკაცებით არის სავსე. მთავარსარდალმა მადლობა გადაუხადა და მწერალს უბრძანა, დაეწერა ბრძანება მზვერავების დაჯილდოების შესახებ.       სუფრა ავალაგეთ და საბრძოლოდ დავიძარით. სოფელს სწრაფად მივუახლოვდით და სულ მალე ალყაში მოვიმწყვდიეთ. ჯერ მყვირალები შეცვივდნენ საშინელი კივილ ჭყივილით, მერე ქვეითები მიჰყვნენ, თოფოსნებმა თოფები დაცალეს. ფილოსოფოს ისტორიკოს მწერლებიც მივყევით მთავარსარდალს. მოვიარეთ მთელი სოფელი, მაგრამ კაციშვილს ვერ წავაწყდით.       მთავარსარდალმა მზვერავებს უხმო: - აკი სოფელი დედაკაცებით სავსეაო? - სათემო ხატსა ვფიცავთ! - მერე, მერე და, სად არიან თუ იყვნენ?! - იყვნენ და.. - დაგინახათ ვინმემ? - მგონი, არა. - სუსტად მუშაობთ. გააუქმე ბრძანება ამათი დაჯილდოების შესახებ! - უბრძანა მთავარსარდალმა მწერალს. - არის! - თქვა მწერალმა და ბრძანება გადახია. - ეტყობა, ამათი დაზვერვა კარგად მუშაობს, - თავი გააძეძა მთავარსარდალმა. - დროშა გამოვკიდოთ? - ჰკითხეს ვაჟი გოგის. - არა. ჯერ არა, სირცხვილი არ ვჭამოთ, ჯერ ხომ არ ვიცით, რას გვიპირებენ. გაამაგრეთ ალყა. - გირჩევნიათ, გამოჩნდეთ, თორემ დამალვისთვის ცეცხლს მივცემთ თქვენს სოფელს! - ოთხივე მხარეზე გასძახეს მყვირალებმა. - ხუთამდე გაძლევთ ვადას, - დაიძახა სარდალმა, ჯოხის ერთ ბოლოს თივა გამოაბა, ცეცხლი მოუკიდა, თივის ზვინთან დადგა და დაიწყო დათვლა: - ერთი.. ორი.. სამი.. ოთხი..       რას სჩადით, მართლა არ დაგვღუპოთ!       დაიძახა ვიღაც დედაკაცმა და თივის ზვინიდან გამოძვრა. თან ოცამდე დედაკაცი გამოჰყვა იქიდანვე. - ხედავ?! აი სტრატეგია! - გაიკვირვა მთავარსრდალმა და თივის ზვინში შეიხედა. - ხელები მაღლა! - დაიყვირეს თოფოსნებმა და ჩახმახი შეაყენეს.       დედაკაცებმა ხელები ასწიეს. - დაიჩოქეთ!       იმათ დაიჩოქეს. - დაიფიცეთ ამ სათემო ხატზე, რომ დღეის მერე არც დაგვემალებით, ქალებსაც მოგვათხოვებთ საქმის გაუჭიანურებლად და კიდევ სხვა რამესაც შეგვისრულებთ! - უბრძანა დეკანოზმა და მორიგეობით დააფიცა ხატზე.       მაღალ ბანზე ჩვენი დროშა აფრიალდა.       დაიწყო ფილოსოფიური დაკითხვა.       წერამწერალი (ფილოსოფოსის რვეულიდან) - გვარი და სახელი. - ცუცქუნაური ელისო მიხას ასული. - რამდენი წლისა ხარ? - მესამოცეში ვდგავარ. - შენი აზრით, რა არის სიცოცხლე? - მე არაფერი არ ვიცი რა, კაცო, გამანებე თავი! - მაინც რატომა ვართ? - ღმერთს დაუწერია, როგორ რატო. ღმერთმა ჩაგვიბერა სული და ღმერთი ამოგვაძრობს ისევ სულსა. - რა მიზნით? რა აზრი ავქს ან ჩაბერვას, ან ამობერვას თუ ამოძრობას? - ღმერთია სუყველაში. - ყველაზე კარგი დღე, შენი გავლილი დღეებიდან. - ვერა, ვერ მოვიგონებ. - თუ შეშინებულხარ სადმე, ისე რომ დღესაც გახსოვს? - ბუსარჭილიდან მოვდიოდი ღამე და წკნავილით რამ დამყვა. მე და ძალუაი ვიყავით როგორც კატაო ისე მოგვწკნაოდა. ეგ არ დამავიწყდება, სანამ ცოცხალი ვარ. - რა თქვეს, რა იყოო. - ეშმაკიო. - რატო არ გეჩვენა? - არ მეჩვენა, რავი, შეიძლება მჩვენებოდა, მაგრამ ესე მითხრა ძალუამ, უკან არ მიიხედო, ხუმრობა საქმე არ არიო. - სხვებსაც უნახავს? - რო მიიხედავს, ზოგს ეჩვენება. - სიკვდილისა გეშინია? - რატო მეშინია?! - რატომ არა? - იმიტომა რომა, სიკვდილი ვალია, უნდა მოიხადოს კაცმა თავისი ვალი. - რო მაიხდი, მერე სად წახვალ. - შავეთში, აბა სად წავალ, ჩემ წილ სამარეს ამოვავსებ.       მამამთილის სამართალი (მოთხრობა მწერლის რვეულიდან)       მართაი ცუცქუნაური სოფელ კიტოხში იყო გათხოვილი. ზაფხულში იქორწინა მართამ და შემოდგომაზე ცხვარში წავიდა იმისი ქმარი. სხვა მეცხვარეებიც ცხვარში წავიდნენ. სოფელში მარტო ხეიბარი კაცები, მოხუცები და ქალ ბალღებიღა დარჩნენ.       ზამთარია. თოვს. მართაის მამამთილი ფანჯრიდან გაჰყურებს თოვას. ოთხმოცდამეათე თოვლის მოსვლას შეესწრო წელს. ერთი კვირის წინ იმათმა ძროხამ პირველი ხბო მოიგო. - ადრე ბალღებს კლავდნენ, - თქვა მოხუცმა. - ჩუმად, ბალღებმა არ გაიგონონ, - აფრთხილებს რძალი და მეზობლის ბალღებზე ანიშნებს. ისინი ყურადღებით შესცქერიან მოხუცს. - გაიგონონ, მერე რა, განა ეხლაც ხო არ ვკლავთ ბალღებს. - ვინა კლავდა, პაპავ? - თავის პატრონები. - რატო კლავდნენ? - პირველად რომ ბალღი გაჩნდებოდა, ის ხატში უნდა დაეკლათ. - ეხლა? - ეხლა აღარა კლავენ. პირველგაჩენილ ბოჩოლებსა კლავენ იმათ მაგიერ. - ჩვენ როდის დავკლათ? ჰკითხა რძალმა. - თორმეტი დღისა რომ გახდება მერე, მანამდე არ შეიძლება. - ხვალ გახდება. - გადადი ნინიასთან და სთხოვე თავი მოგიჭრას, დიდი თოვლია, მე ვერ ამოვალ იქამდე.       მართაი ნინიასთან გადავიდა. ნინიამ პირობა მისცა, წაიყვანე ბოჩოლაი ხვალ ხატში და ამოვალო. ხატი სოფლის მაღლა არის, მთის წვერზე.       მეორე დილა გათენდა. თოვს. თეთრია ყველაფერი. მართას ძლივს მიჰყავს აღმართზე ხბო. ხანდახან ფეხი უსხლტება და ორივენი ეცემიან. მერე ხბოს ეტყობა, აღარ შეეძლო მეტი, წინა ფეხები ჩაიკეცა და ენის წვერით ფეხი აულოკა ქალს. იმან ზურგზე მოიკიდა და ისე ატარა მთის წვერამდე.       მთის წვერზე სალოცავი ნიშია აშენებული.       მართამ ხბო დაბლა დასვა და რატომღაც გააჟრჟოლა. «კიდევ კარგი, ხბო ამოვიყვანე დასაკლავად და ბალღი არაო», - გაიფიქრა.       ისევ თოვს.       თოვს.       ხბო საცოდავად მოიბუზა.       გავიდა კარგა ხანი, ნინიაი არ გამოჩნდა.       ხბოს ეტყობა, მოშივდა, დაიბღავლა. მერე ქალს ხელები აულოკა პატარა ენით.       დიდხანს იცდიდა ქალი. ნინიაი მაინც არ გამოჩნდა.       ქალმა იცოდა, რომ ხატში მიყვანილი ხბო უკან არაფრით არ უნდა წაეყვანა და იცდიდა.       თანდათან შემობინდდა.       გაღმა გორზე მგელმა დაიყმუვლა. ჯერ ერთმა, მერე გამოღმიდანაც მისცა რამდენიმემ ხმა. ქალმა იცოდა, რომ არ უნდა წაეყვანა ხბო უკან და თან არც ნინიაი ჩანდა.       უფრო ჩამოიბურა. მგლებმაც მოუხშირეს ყმუილს.       ქალმა სანთელი აანთო, დაილოცა, ხბოს შუბლი შეუტრუსა და სანთლები სალოცავის კედელზე მიაკრა.       დანა არ ჰქონდა. კედლიდან თოვლი გადახვეტა და ბასრპირიანი სიპი ქვა ამოარჩია.       წამოაქცია ხბო და გამოუსვა ყელში სიპი.       ხბომ დაიბღავლა.       თეთრ თოვლში თბილად ჩხრიალებდა სისხლი.       მოჭრილი თავი იქვე დატოვა, დანარჩენი მოიკიდა და სირბილით დაეშვა სოფლისაკენ.       უკან მგლების ყმუილი მისდევდა და ზურგს უხვრეტდა. - სადა ხარ აქამდე? - ჰკითხა მამამთილმა ეჭვით. - არ ამოვიდა.. - მაშ თავი ვინ მოგიჭრა? - მე. - სანთელიც შენ აანთე? - ჰო. - თავი რით მოსჭერი? - სიპით. - წადი! - სად? - ჩემ სახლში არ დავინახო შენი ფეხი.       მგლები ურო ხმამაღლა აყმუვლდნენ. - მაშ უკან ხომ არ წმოვიყვანდი, დაკანონებული ეგეა და.. - დაკანონებული ისიც იყო, ბალღებს რომ თავებს აჭრიდნენ. წადი, ჯერ ბოჩოლაის თავი ჩამაიტანე, ხატი არ შელახოს შენმა მოჭრილმა, მერე სახლში წადი. - პირდაპირ სახლში წავალ. - ჯერ თავი ჩამაიტანე. - იქ მგლები არიან. - ნუ გეშინია, მგლები შენ ვერას გიზამენ. - მეშინია. - მე გეუბნები!       მართაი ადგა და ხატისაკენ წავიდა. უკვე საკმაოდ ჩამობნელდა. ძლივს მიაგნო სალოცავს. მგლები აღარ ყმუოდნენ. სანთლებიც ჩამწვარიყო. ხელების ფათურით თავს დაუწყო ძებნა. რამდენიმე ძვალიღა შერჩა ხელში. ადგილზე გაიყინა. ასე ეგონა, სისხლი გაუჩერდა და ყინულად ექცა. მერე რაღაც მძიმე და თბილი დაეცა ზურგზე და რატომღაც წეღანდელმა სურათმა გაუელვა თვალებში ხბოს სისხლი თბილად ჩხრიალებდა თეთრ თოვლში.. ბოლოს ისღა იგრძნო, რომ რაღაც არსებები მის სხეულს ერთმანეთს ეცილებოდნენ..       მართაი ცუცქუნაურთიდან იყო.. სხეულები კი საერთოდ ეცილებიან ერთიმეორეს არსებობაში.       დეკანოზის სიტყვა (მემატიანის რვეულიდან)       მზე ჩასასვლელად გადაიხარა და ცუცქუნაურთიდან კოტორიანთ მიმართულებით დავიძარით. ჯერჯერობით ყველა მოლაშქრე ადგილზეა. საზღვაო ნაწილიდანაც კარგი ამბები ისმის. ჰაერიდან არაფრის გვეშინია, ჩვენმა მთავარსარდალმა ჰაერში ბრძოლა და იქაური ამბები ზეპირად იცის. კოტორიანთამდე ორი ვერსია. ვჩქარობთ, მაგრამ ეს რა ხდება? დეკანოზმა ჯარი შეაჩერებინა მთავარსარდალს. - რა მოხდა? - სიტყვა დამავიწყდა, - თქვა დეკანოზმა, - მოაბრუნეთ ჯარი! - გვაგვიანდება, დაღამებამდე როგორმე კოტორიანთი უნდა ავიღოთ. - არ შეიძლება, მოკლედ მოვუჭრი და წამოვალთ, - გაჯიუტდა დეკანოზი.       ვაჟი გოგიმ მზვერავები გაგზავნა კოტორიანთას და ჯარი ისევ ცუცქუნაურისაკენ შემოაბრუნა.       ცუცქუნაურთ დედაკაცები ისევ სამალავში შეიმალნენ. - გამოვრეკო? - ჰკითხა დეკანოზს სარდალმა. - არა, ნუ შეწუხდები, იქაც გაიგონებენ. - ჩვენი ხმა გესმით? - შესძახა ვაჟი გოგიმ დედაკაცებს. - გვესმის! გვესმის! - გამოსძახეს იმათ. - აბა, სიწყნარე იყოს!       დეკანოზმა სიტყვა თქვა:       «ქალებო და დედაკაცებო! ცუცქუნაურებო! არ იფიქროთ, რომ თავს დაგესხით, ეს ისე, მეგობრობა გვწადია თქვენთან. ჩვენ უნდა გავერთიანდეთ. იმას რა სჯობია,       მთელი გუდამაყრის ხეობა ერთად რომ ვიყვეთ. ავაშენოთ ერი დიდი სახლი და ვიცხოვროთ შიგ. პროექტი უკვე შედგენილი გვაქვს. რო იოდეთ, როგორი სასადილო გვექნება, დღესვე დაჭრიდით ამ თქვენ თხილ კაკლებს. მასალა არის აშენბისთვის საჭირო, მასალა! თქვენიც არის ის სახლი, განა მარტო ჩვენია. ჩვენ ხომ მეგობრები ვართ, ჰოდა, უნდა დაგვიჯეროთ კიდეც, ქალი უნდა მოგვცეთ და კაკალიც, სხვანაირად გარეშე მტერს ვერ გავუმკლავდებით. დაგვიჯერებთ? - დაგიჯერებთ! დაგიჯერებთ! - გამოსძახეს დედაკაცებმა. - უჩვენოდ არაფერი გადასწყვიტოთ მანდ! - არა, არა! - აბა, მეგობრებო, ნახვამდის! სათემო ხატი გაუწყრეს, ვინც ფიცი გატეხოს. - ამინ! - დაიგუგუნა ჯარმა. - ამინ! - გამოსძახეს დედაკაცებმა თივის გულიდან.       ჩვენ ისევ კოტორიანთაკენ ავიღეთ გეზი. გზაში მზვერავები შეგვხვდნენ და მთავარსარდალს მოახსენეს, კოტორიანთას ერთი მოხუცი კაცია და ხუთიც დედაკაციო. - დამალული რაზმი ხომ არსადა ჰყავთ? - არა, გულდაგულ გადავათვალიერეთ. - არა სცდებით? - არა, - სთქვეს მზვერავებმა. - დაწერე ბრძანება ამათ დაჯილდოების შესახებ, - მიუბრუნდა ვაჟი გოგი მწერალს. - არის! - თქვა მწერალმა. - ჩვენ ელვის სისწრაფით წავედით წინ. მზის ჩასვლამდე როგორმე უნდა მოვასწროთ კოტორიანთ აღება და სრული დამორჩილება. დამორჩილებაში ვგულისხმობ ფილოსოფიურ გამოკითხვებსაც. თუ ეს მეხუთე სოფელიც ავიღეთ, მაშინ ვიტყვი, რომ ჩვენი მთავარსარდალი უდავოდ დიდი ნიჭით არის დაჯილდოებული. დღემდე მსოფლიოს არ ახსოვს არც ერთი სარდალი, ერთ დღეში ხუთი ქვეყანა რომ აეღოს. მართალია, ჩვენ სოფლები ავიღეთ ქვეყნების მაგიერ, მაგრამ, რიცხობრივად თუ შევადარებთ ჩვენი ჯარის და დანარჩენი სარდლობის რაოდენობას, გამოდის, რომ ჩვენც ქვეყანა აგვიღია, მერე როგორ, ჯერ წვეთი სისხლი არ დაგვიღვრია და ყველა ქედს იხრის ჩვენს წინაშე, ყველა მონურ მორჩილებას გვპირდება. რა კარგა მოვიგონეთ ეს სათემო ხატი და ფილოსოფიური გამოკითხვები! სათემო ხატით ვაზავებთ და ვზარავთ, ფილოსოფიით ვაბნევთ.       ხუთი ქვეყანა ერთ დღეში.. თუმცა ჯერ მეხუთე არ აგვიღია და აი, მოვსულვართ კიდეც. ჯარისკაცები სოფელს ალყას არტყამენ, მყვირალები სოფელში შერბიან არევ დარევის შესატანად. მედროშე მაღალ ბანზე გარბის. ჩქარა! ჩქარა, თორემ მზე ჩადის და მერე აღარ გამოჩნდება დროშის ბრჭყვიალება. მზის ჩასვლის შემდეგ გამარჯვებას რა ფასი აქვს.       მეთოფეებმა თოფები დაცალეს. ქვეითები სოფელში შედიან. ყველაფერი რიგზეა. სახლებიდნ გამოჰყავთ დამარცხებულები და სათემო ხატთან იჩოქებენ. ისინი მორიგეობით გვპირდებიან მორჩილებას.       მზე სადაცაა ჩავა.       ასეთი მთავარსარდალი, მართლა არ ახსოვს მსოფლიოს. დროა, დრო! იწყება ფილოსოფიური დაკითხვა.       სიყვარული და სიცოცხლე (ფილოსოფოსის რვეულიდან) - გვარი და სახელი. - ვასილი კოტორაშვილი. - რამდენი წლისა ხარ? - სამოცდამეთექვსმეტეში ვდგავარ. - რა ურო ძლიერია, სიყვარული თუ სიცოცხლე? - სიცოცხლე დიაღაცა. თუ ცოცხალია კაცი, ჯერ სიცოცხლეა კარგი და მერე სიყვარული. - რა არის სიცოცხლე? - სიცოცხლე ის არის რომ, თოლებს ვახილებთ და ვხილულობთ მზეს, მთორეს. - სიბერისა გეშინია? - მე არ მეშინია, მაგრამ მუხლებს ეშინია. მე ის მგონია, გუშინ თუ გავჩნდი მეთქი. - სიკვდილისა? - არ მეშინია. - რატო? - არ ვიცი, ალბათ ისეთი გული მამცა რამანმე, რომ არ მეშინია. კაცი რო ავად არის და უნდა მოკვდეს, ისევ ის ჰგონია, არ მოვკვდებიო. - რისა უფრო გეშინია? - არაფრისა არ მეშინია, გაჯინთული ვარ. არ ვიცი, როდის მოვკვდები და, აბა, რა მაშინებს. - მიწა უფრო გიყვარს, თუ ჰაერი? - ჰაერი, ჰაერი რო არ იყვეს, მაშინ კაცი არც იცოცხლებდა, მიწა რაღას უშველიდა.       მიწა რო არ იყვეს, მაშინ ჰაერი რაღას უშველიდა? - ეგ სწორია, მაშინ სუ დავიღუპებოდით. - როგორ გგონია, სულ იქნება ეს დედამიწა? - მაშ სად წავა, იქნება და იქნება.. - დიდი ომი რომ მოხდეს? - მაინც დარჩება და მაინცა. ზღვა რომ გადმოვარდნილა, მაშინ წყალმა სამჯერ მოუსვა ცას ქაფიო, მაინც არის დღეს დედამიწა. - ღმერთი ადამიანშია თუ გარეთ? - აბა რა ვიცი, არის რამ კიდო თორე, რამ გააჩინა ეს ქოყნიერობა. ეს მზე თორე და აი, ეს ხალხი. იქნებ ჩვენა ვართ ღმერთები? - რას ამბობ? ეგ რამ გათქმევინა?! - ადმიანს როცა ეყრება სული, სად მიდის? - არსად. კაცი როცა მოკვდება, დაიკარგება. - მაშ უაზრობა ყოფილა აქ ყოფნა. რაში დასჭირდა ეს ღმერთს? - ვლოცულობთ და იმად. - მარტო მაგიტომ? - აბა მაშ? - მაგით რა ერგება ღმერთსა? - არაფერი. იმან მე უნდა მიშველოს, ჩემი შველა რად უნდა იმასა. - ჩვენ რაღა შველა გვინდა, თუ სიცოცხლის მერე აღარ ვიარსებებთ. - მანამ ცოცხლები ვართ, ხომ გვინდა კარგად ვიყვნეთ. - აი იმ კარგა ყონას რა თავშიღა ვიხლით, თუ მერე აღარცა ვიარსებებთ. - აბა, რა ვიცი, სულ ხომ არ ვიქნებით, არა? - მაშინ რაღა აზრი აქვს, ერთი წელი ვიქნებით თუ ასი. - სად ერთი წელი და სად ასი.. - ასი წელი იცოცხლე და მერე სულ დაიკარგე, ეგ რაღა არის? - მართლა მაინც ცოცხლობდეს სული. არა, არა, მე მგონი, იქნება რამე იქ. სიზმარი აკი არის? აქა ვარ და იქა ვარ.. სული არ წავიდა, მა რა არის?! - ბოროტება უნდა იყვეს თუ არა? - მაშ, აბა, როგორ, სიკეთეს უიმისოდ ფასი აღარ ექნებოდა. - ყველაზე კარგს რას ეძახი ადამიანის ცხოვრებაში? - ჯეელი რომ ხარ და ვიღაც გიყვარს. მერე თუ იმასთან კარგ დღესა და კარგ წუთისოფელს ჩამოლევ, ის არის ყველაზე კარგი. - ძალიან მაგრა რომ გაგჭირვებიყო, თავს მოიკლავდი? - არა! არ მოვიკლავდი თავსა, რას ამბობ?! გოდერძი ჩოხელი გაგრძელება ⟩…
დაამატა pino გიო to ლიტერატურა at 2:06pm on ივნისი 7, 2013
თემა: პიროვნება და პიროვნული აშლილობა
ომალიური პიროვნების შესახებ ანომალიური პიროვნების კლასიფიკაცია პიროვნების მნიშვნელობა აღწერა და დიაგნოსტიკური კრიტერიუმები ეპიდემიოლოგია ეტიოლოგია პიროვნული აშლილობის პროგნოზი მკურნალობა პიროვნული აშლილობის მართვა პიროვნული აშლილობის კონკრეტული ტიპების მართვა   პიროვნება        ტერმინი პიროვნება  აღნიშნავს ადამიანის მყარ თვისებებსა და ქცევის  პატერნებს,  რომლებსაც ინდივიდი განსხვავებულ ვითარებაში ავლენს. ამდენად, პერსონოლოგია განსხვავდება ფსიქიკური აშლილობისგან იმით,  რომ  ქცევები,  რომლებიც განსაზღვრავს პიროვნებას,  მისი  მთელი ზრდასრული ცხოვრების მანძილზე  ვლინდება, ხოლო ქცე ვები, რომლებიც განსაზღვრავს ფსიქიკურ აშლილობას, განსხვავდება ინდივიდის პრემორბიდული ქცევისგან. ეს განსხვავება ადვილი დასანახია, როდესაც ქცევა საგრძნობლად იცვლება ხანმოკლე დროის მანძილზე  (მაგ., მანიაკალური აშლილობის დროს) და უფრო რთული დასანახია, როდესაც ქცევა იცვლება ნელა, უფრო ხანგრძლივი დროის მანძილზე  (მაგ., შიზოფრენიის ადრეული გამოვლენისას). პიროვნება, როგორც პრედისპოზიცია        პიროვნულმა მახასიათებლებმა შეიძლება  განაწყოს  ინდივიდი ფსიქიკური აშლილობისადმი სტრესულ მოვლენებზე რეაქციის მოდიფიკაციის გზით. მაგ., უარყოფითი მოვლე ნები შფოთვით აშლილობას უფრო ისეთ  ადამიანში გამოი წვევს, რომელიც ყოველთვის წუხს უმნიშველო პრობლემების  გამო. პიროვნება, როგორც პათოპლასტიკური ფაქტორი        ინდივიდის პიროვნული თვისებები  განაპირობებს აშლილო ბის უჩვეულო მახასიათებლებს. ეს, ჩვეულებრივ, ავადმყო ფობასთან   ასოცირებული სტრესული  მოვლენების   საპასუხოდ პიროვნული თვისებების   გამძაფრებით   ვლინდება. მაგ.  ისტერიული ნიშნები, რომლებიც დისოციაციურ  აშლილობაზე მიუთითებს, ისტერიული პიროვნული თვისებე ბიდან მომდინარეობს. როდესაც ასეთი უჩველო ნიშნები გამოკვეთილ ხასიათს ატარებს, დიაგნოზი ძნელი დასასმე ლია, თუ  ფსიქიატრმა არ ჩაატარა  პაციენტის პიროვნების ზუსტი გამოკვლევა. პიროვნება და მკურნალობა        ინდივიდის პიროვნული მახასიათებლები მნიშვნელოვნად განსაზღვრავს მის დამოკიდებულებას მკურნალობის მიმართ. მაგ., ობსესიური თვისებების მქონე ინდივიდი შეიძ ლება  გაბრაზდეს,  თუ  მკურნალობა  ზუსტად  არ  ემთხვევა მის მოლოდინს; შფოთვისადმი მიდრეკილი ადამიანები ზედ მეტად ფრთხილები არიან, როდესაც მათ სთხოვენ უფრო მეტი ძალისხმევა გამოიჩინონ რეაბილიტაციის დროს; ანტისოციალური თვისებების მქონე ადამიანები არ ემორჩილებიან დანიშნულებას ან, შეიძლება აგრესია გამოხატონ მედპერსონალის მიმართ. მძიმე პერსონოლოგიური აშლილობის მქონე ადამიანებს უჭირთ სამედიცინო სერვისებისგან მომსახურების მიღება, რადგან კლინიცისტებს არ აქვთ მათთან ურთიერთობის სურვილი. პიროვნების ტიპები        პიროვნების გაგების პირველი ეტაპი პიროვნების ტიპის დადგენას გულისხმობს. ჩვეულებრივ, კლინიცისტები გან სზაღვრავენ პიროვნების ტიპს კლინიკურ გამოცდილებაზე დაყრდნობით, რაც გულისხმობს ისეთი ზოგადად  აღიარე ბული რამდენიმე კატეგორიის გამოყენებას, როგორიც არის კომუნიკაბელური და მეგობრული ტიპი და განმარტოების მოყვარული ადამიანი, რომელიც აცნობიერებს და აკონ ტროლებს თავის  ქცევას. ფსიქოლოგებმა სცადეს  უფრო მეცნიერული კატეგორიების შემუშავება  პიროვნების გამ ზომი  ტესტების გამოყენებით, რომლებიც ზომავს პირო ვნების  სხვადასხვა ასპექტებს (თვისებებს). ამ   ტესტებით დადგენილი თვისებები  დამუშავდა  სტატისტიკური მეთო დებით და გამოიყო ურთიერთდაკავშირებული თვისებების ჯგუფები ანუ ფაქტორები. პიროვნული თვისებებია შფოთ ვიანობა, ენერგიულობა,  მოქნილობა, მტრული დამოკიდე ბულება, იმპულსურობა,  გუნებგანწყობის ცვალებადობა, დისციპლინირებულობა, თვითდაჯერებულობა. სხვადსახვა მკვლევარებმა ამ თვისებებიდან  გამომდინარე მოგვცეს პიროვნების სხვადასხვა ტიპის განსაზღვრება. კეტელმა გა მოყო ხუთი ფაქტორი, ხოლო აიზენკმა  შექმნა სქემა რომელშიც თავიდან  შედიოდა  ორი განზომილება (ანუ მაღალი  რიგის ფაქტორი), რომლებსაც მან  ექსტრავერსიაინტროვერსია და ნევროტიზმი უწოდა. შემდგომში აიზენკმა დაამატა  მესამე განზომილება ფსიქოტიზმი ). ამ  ტერმინით ის აღნიშნავდა გარკვეული თვისებების   კლასტერს,  რომელშიც შედიოდა  სიცივე, აგრესიულობა, სისასტიკე და ანტისო ციალური ქცევისკენ მიდრეკილება.ამჟამად  ითვლება, რომ  პიროვნების აღწერა ხუთი ფა ქტორით არის  შესაძლებელი. ამ   ფაქტორებს სხვადასხვა სახელით აღნიშნავდნენ,   მაგრამ მათ, ზოგადად,   შეიძლე ბა ეწოდოს  ღიაობა გამოცდილების მიმართ (ანუ სიახლის ძიება), კეთილსინდისიერება, ექსტრავერსიაინტროვერსია, უკონფლიქტო ხასიათი (აფილაცია)  და  ნევროტიზმი.  ამ ფაქტორების ინგლისური სახელწოდებების პირველი ასოე ბისაგან იქმნება აკრონიმი . უიდიგერმა და კოსტამ შემოგვ თავაზეს სქემა, რომელშიც ყოველი ფაქტორი შედგენილია ექვს თვისებაზე მინიჭებული ქულებისგან. ამ  ფაქტორების გამოსაკვლევი  ინსტრუმენტები შემუშავდა პაციენტებისგან და სხვა რესპონდენტებისგან მიღებული ინფორმაციის სა ფუძველზე ისევე,  როგორც ნახევ რად სტრუქტურირებული ინტერვიუს მეშვეობით). კლონინგერმა კოლეგებთან ერთად შეიმუშავა ალტერნატიული სქემა.  ამ სქემაში   სამი ძირითადი  ქცევითი დისპოზიცია გამოხატულია  ოთხი   ტემპერამენტით (შვიდფაქტორიანი მოდელი). ეს ქცევითი დისპოზიციებია ქცევის  აქტივაცია, ქცევის  ინჰიბიცია და ქცევის  შენარჩუნება.  კლონინგერის მიხედვით  ქცევის  აქტივაცია ასოცირებულია  სიახლის ძიე ბის ბაზისურ ტემპერამენტთან, ქცევის  ინჰიბიცია ზიანის არიდებასთან, ხოლო ქცევის  შენარჩუნება  ჯილდოზე დამოკიდებულებასთან. მეოთხე ბაზისური ტემპერამენტია შეუპოვრობა. ითვლება, რომ სიახლის ძიება დაკავშირებუ ლია დოფამინერგულ ფუნქციასთან, ხოლო ზიანის არიდება სეროტონინერგულ ფუნქციასთან. კლონინგერის სქემა ხასიათის სამ თვისებას შეიცავს. ესენია მიზანმიმართულე ბა, თანამშრომლობა  და ტრანსცენდენტურობა. ითვლება, რომ  ხასიათის ეს თვისებები  უფრო მეტად მომდინარეობს ბავშვობისა და  მოზარდობის დროინდელი გამოცდილები დან და არა ბიოლოგიურად განპირობებული ქცევითი დის პოზიციებიდან. პიროვნებისა და პიროვნული აშლილობის სხვადახვა ტი პები აგებულია ამ  ოთხი ძირითადი ტემპერამენტიდან  და ხასიათის სამი თვისებიდან. მაგ., სიახლის ძიება შეიძლება გამოვლინდეს ცნობისმოყვარეობით, ენთუზიაზმით, არა სტანდარტული ქცევით, ადვილად  მობეზრებით.   კლონინ გერის სქემა იმითაა საინტერსო, რომ პიროვნებისთვის და მახასიათებელი  ძირითადი  ქცევითი დისპოციზიების იდენ ტიფიკაციის მცდელობას წარმოადგენს. ეს დისპოზიციები განაპირობებს პიროვნებისთვის სპეციფიკურ დაკვირვებად ქცევას. გარდა  ამისა, კლონინგერის სქემა ითვალისწინებს, როგორც მემკვიდრეობითი ფაქტორით განპირობებულ ვა რიაციებს თავის  ტვინის  ფუნქციონირებაში, ისე  გამოცდი ლების ზეგავლენას.  ამ შვიდი ფაქტორის შესასწავლად შეი ქმნა ტემპერამენტისა და ხასიათის კითხვარი. რამდეჯერ მე  სცადეს  კითხვარზე მიღებული შედეგების დაკავშირება თავის  ტვინის ფუნქციონირების მაჩვენებლებთან,   მაგრამ მიღებული შედეგები საბოლოო დასკვნის გამოტანის საშუ ალებას  არ იძლევა.ამ მეცნიერული შედეგების მიუხედავად,  კლინიცისტე ბი  განაგრძობენ ყოველდღიური მეტყველებიდან აღებული სიტყვების გამოყენებას ნორმალური პიროვნების დადები თი და უარყოფითი თვისებების  აღსაწერად. პოზიტიური თვისებებია:  მეგობრულობა, თავდაჯერებულობა,  სტაბი ლურობა, ადაპტირებულობა. უარყოფითი მახასიათებლე ბია: მორცხვობა, გულჩათხრობილობა, დაურწმუნებლობა, მგრძნობიარობა,  ეჭვიანობა, გაღიზიანებულობა, იმპულსუ რობა,  ეგოცენტრულობა, სიხისტე და აგრესიულობა. გარ და ამისა, არსეობობს  კიდევ  ორი ტერმინი: ობსესიური ნიშ ნები და ისტერიული ნიშნები. ისინი მოიცავენ გარკვეული ნიშნების ერთობლიობას, რომლებიც, ხშირად, ერთდროუ ლად გვხვდება.ობსესიური ნიშნები მოიცავს ისეთ  დადებით  თვისებებს, როგორიცაა სანდო,  შეუპოვარი  და  სიზუსტის მოყვარუ ლი. ასეთი  თვისებების  მქონე ადამიანები  ისახავენ მაღალ სტანდარტებს, იცავენ სოციალურ ნორმებს და კანონმორ ჩილნი არიან.   როდესაც ეს თვისებები   უფრო მკაფიოდაა გამოხატული, ისინი ვლინდება ისეთ  ნეგატიურ მახასიათე ბლებში, როგორიცაა  სიჯიუტე, უმნიშვნელო  დეტალებზე პიროვნება ყურადღების გამახვილება, ფანატიზმი და იუმორის გრძ ნობის  არქონა        როდესაც ისტერიული ნიშნები მსუბუქადაა  გამოხატუ ლი, ისინი სოციალურად მომგებიანია.  ასეთი  თვისებების მქონე ადამიანებთან  ურთიერთობა ცოცხალი და მომხიბლ ველია; ისინი კარგი მასპინძლები და სტუმრები არიან,  წარ მატებით თამაშობენ მოყვარულთა თეატრალურ დადგმებში და  საჯარო გამოსვლისას შეუძლიათ  აუდიტორიის დაინ ტერესება. მაგრამ,  როდესაც ისტერიული ნიშნები უფრო ძლიერად  არის გამოხატული, ისინი  აშკარად  წამგებიანი ხდება. ასეთი თვისებების  მქონე ადამიანებს  ადვილად ერე ვათ  ცრემლი და  ახდენენ სიტუაციების  დრამატიზაციას. ისინი, ასევე, დემონსტრატიულად რეაგირებენ ავადმყოფო ბაზე (წარსულში ამას  ისტერიულ საფარს უწოდებდნენ), რაც ართულებს მათი განცდების ინტენსივობის შეფასებას. პაციენტის როლში ყოფნისას ისინი შეიძლება  მომთხოვნები და კეკლუცები იყვნენ. პიროვნების ჩამოყალიბება პიროვნების ტიპების ბიოლოგიური საფუძვლები გენეტიკური ზეგავლენა        ყოველდღიური დაკვირვება   გვიჩვენებს, რომ  შვილები ხშირად პიროვნულად  ჰგვანან  თავიანთ  მშობლებს. ასეთი მსგავესება ან თანდაყოლილია ან დასწავლილი სოციალური ურთიერთობის  პროცესში. პიროვნული მახასიათებლების მემკვიდრეობითობის საკითხი  სამი ტიპის გამოკვლევების მეშვეობით შეისწავლება.აღნაგობა  და პიროვნება. ზოგი ავტორი  მიიჩნევს, რომ პიროვნული მახასიათებლები სხეულის აღნაგობასთან არის დაკავშირებული. თუ  ეს ასეა, ამგვარი  კავშირის  მიზეზი შეიძლება  გენეტიკური იყოს. კრეჩმერმა  აღწერა კონსტიტუტციის სამი ტიპი:  პიკნიკური (დაბალი და მომრგვალებული ფორმების მქონე), ათლეტური და ას თენიური (წვრილი და გამხდარი სხეულის მქონე). კრეჩმერი თვლიდა, რომ  სხეულის პიკნიკური აღნაგობა  დაკავშირე ბულია პიროვნების ციკლოთიმურ  ტიპთან (კონტაქტური, ცვალებადი  გუნებგანწყობის მქონე), ხოლო ასთენიური აღნაგობა _ შიზოტიპურ ნიშნებთან (ცივი, დისტანციური და თვითკმაყოფილი). კრეჩმერის შეფასებები სუბიექტურ მსჯელობას ემყარებოდა. შელდონმა  გაიმეორა კრეჩმერის გამოკვლევები, მაგრამ გამოიყენა  რა ოდენობივი მეთოდები ფიზიკური მახასითებლების შესაფა სებლად და უფრო ობიექტურად განსაზღვრა პერსონოლო გიური მახასიათებლები.  მისმა შედეგებმა  არ დაადასტურა არც ერთი მარტივი კორელაცია სხეულის აღნაგობასა და პიროვნების ტიპს  შორის. ტყუპების  კვლევები.  უფრო პირდაპირი მტკიცებულება პიროვნული ნიშნების გენეტიკური საფუძველის შესახებ მოპოვებულია ერთად და ცალცალკე აღზრდილი იდენტუ რი ტყუპების პერსონოლოგიური ტესტებით შესწავლისას მიღებული მაჩვენებლების შედარებით. ამ და სხვა კვლევე ბით   მიღებული  შედეგების  განზოგადების   საფუძველზე შეგვიძლია დავასკვნათ, რომ  ნევროტიზმისა და  ექსტრა ვერსიის მახასიათებლების  ჩამოყალიბებაში მემკვიდრეო ბითი ფაქტორის მონაწილეობა 2030 პროცენტს შეადგენს. მსგავსი ვითარებაა  სხვა მახა სიათებლების შემთხვევაში. აქაც საერთო და განსხვავებუ ლი გარემო ფაქტორები მცირე ეფექტის მქონეა. მიღებული შედეგები, შეიძლება,  მხოლოდ ნორმალური  პოპულაცი ისთვის იყოს მართებული. ტყუპების კვლევა, რომელშიც DSMIIIRის პიროვნული აშლილობის კრიტერიუმებია გამოყენებული,  მემკვიდრეობითი ფაქტორის უმნიშვნელო მონაწილეობაზე მიუთითებს. შეჭიდულობის კვლევები.  მოლეკულური გენეტიკის მეთოდების გამოიყენებით შეისწავლეს კავშირი სიახლის ძიებასა  და   ნევროტიზაციის  მაჩვენებლებს შორის.  კვ ლევების შედეგად რაოდენობრივი მახასიათებლების  რამ დენიმე  ლოკუსი  გამოვლინდა, რომლებიც   ნევროტიზა ციის თავისებურებაზე ახდენენ გავლენას  ეს და სხვა მონაცემები დამატებით  დადასტურებას საჭიროებენ,  თუმცა  ერთერთი  კვლევით დადასტურდა კავშირი ზიანის აცილებასა და 8P21ის უბანს შორის. მართალია, ასეთი  გამოკვლევების  ჩატარება ძნელია, თუმცა მათი საშუალებით, საბოლოოდ,  შესაძლე ბელი გახდება პიროვნული მახასიათებლების  ბიოლოგიური საფუძვლების დადგენა. ბავშვობისდროინდელი ტემპერამენტი და ზრდასრული პიროვნება        ჩვილი ბავშვები განსხვავდებიან ერთმანეთისგან  ძილისა და  ღვიძილის, ახალ  სიტუაცებთან გამკლავების,  ემოცი ური რეაგირებისა  და  ყურადღების კონცენტრაციის  პა ტერნებით. ეს თავისებურებები, რომლებიც 24ე თავშია განხილული, შესაძლოა,  ქმნიან  იმ საფუძველს, საიდანაც, შემდგომში, უნდა განვითარდეს პერსონოლოგიური გან სხვავებები. მიუხედავად იმისა,  რომ  ეს თავისებურებები მთელი ბავშვობის მანძილზე  ნარჩუნდება, მათი კავშირი მოზრდილი პიროვნების სპეციფიკურ  მახასიათებლებთან დადგენილი არ არის ბავშვობისდროინდელი გამოცდილება და პიროვნების განვითარება ყოველდღიური გამოცდილება იმაზე მეტყველებს, რომ ბავშვობისდროინდელი გამოცდილება აყალიბებს პიროვნე ბას. თუმცა, ადვილი  არ არის ამ   მოსაზრების   დამადას ტურებული ობიექტური  მტკიცებულების შემოწმება.   შე საბამისი გამოცდილების რაოდენობრივი  გამოხატვა და სანდოდ  აღრიცხვა საკმაოდ ძნელია. გარდა  ამისა, ძნელია ისეთი პროსპექტული გამოკვლევის  დაგეგმვა, რომელიც დაფარავს ხანგრძლივ ინტერვალს  ბავშვობისდროინდელ მოვლენებსა და ზრდასრულობის პერიოდს შორის. რეტრო სპექტული კვლევა უფრო ადვილი ჩასატარებელია, მაგრამ მოზრდილი ადამიანების მიერ  ბავშვობისდროინდელი გა მოცდილების გახსენებით მიღებული ინფორმაცია არასან დოა.  მიუხედავად ამისა, მაინც არსებობს  მონაცემები  ამ საკითხის თაობაზე (იხ.  პიროვნული აშლილობის ეტიოლოგია). ქვევით  განხილულია ფროიდის ფსიქოდინამიური თეორია და სხვა ავტორების  მოსაზრებები. ფროიდის თეორია. პიროვნების  განვითარების ფროიდი სეული სქემის მიხედვით  სიცოცხლის პირველი ხუთი წელი ყველაზე დიდი   მნიშვნელობის  მქონეა. იმისთვის,  რომ პიროვნული განვითარება  ნორმალურად მიმდინარეობდეს, ადამიანმა წარმატებით  უნდა გაიაროს ლიბიდოს განვითა რების ძირითადი სტადიები (ორალური, ანალური და გენი ტალიური). თუ  მან  მარცხი  განიცადა  რომლიმე ამ  საფეხ ურზე, ის,  ზრდასრულ ასაკში, გარკვეული თვისებების მატარებელი იქნება. მაგ., ანალურ სტადიზე სირთულეების აღმოცენება  განაპირობებს  ობსესიური პიროვნული  ნიშ ნების  ჩამოყალიბებას. ამ  სქემის მიხედვით,  მოგვიანებით ასაკში, შესაძლებელია, მშობლების   გარდა  სხვა ადამიან ებთან იდენტიფიკაციის  გზით პიროვნებამ გარკვეული მოდიფიცირება განიცადოს. თუმცა ითვლება, რომ შემდ გომი გავლენა  ნაკლებ  მნიშვნელოვანია,  ვიდრე ადრეული გამოცდილება. ფროიდის სქემა მრავალმხრივი და მოქნილ ია. მისი საშუალებით, ადრეული გამოცდილების საფუძ ველზე, პიროვნების ბევრი თვისების ახსნაა შესაძლებელი. თუმცა, სწორედ  ამის გამო, თეორიის კომპლექსურობიდან გამომდინარე, რთულია მისი მეცნიერული დასაბუთება. იუნგის  თეორია. პიროვნების განვითარების თეორია ფროიდის  თეორიის მსგავსია იმ აზრით, რომ  ისიც  აღი არებს  ცხოვრების ადრეულ  პერიოდში მომხდარი  ფსიქი კური მოვლენების  მნიშვნელობას. თუმცა, ფროიდისგან განსხვავებით, იუნგი თვლიდა, რომ  პიროვნების განვი თარების პროცესი  მთელი ცხოვრების მანძილზე  გრძელ დება. ცხოვრების ციკლის პირველ ეტაპს იუნგი საკუთარი მოვალეობების შესრულებად განიხილავდა  და ამ  ტერმინს იყენებდა ისეთი მოვლენების  მიმართ, როგორიცაა მშო ბლების  ოჯახიდან წამოსვლა, მეუღლის პოვნა და  საკუ თარი ოჯახის შექმნა.  იუნგის მოდელი  იმით   არის მნიშ ვნელოვანი, რომ ყურადღებას ამახვილებს პიროვნული თვისებების   ცვლილებებზე  მთელი ცხოვრების მანძილზე. თუმცა, იუნგის მოდელი არასოდეს  ყოფილა ისეთივე გავ ლენიანი, როგორც ფროიდის თეორია. გარდა  ამისა, მისი მეცნიერული შემოწმება, ასევე,  ძალიან რთულია. ადლერი და ნეოფროიდიანელები. ადლერმა უარყო ფროი დის იდეები ლიბიდოს განვითარების შესახებ. მისი კონცე ფციის მიხედვით  პიროვნება  ვითარდება მუდმივი ძალისხ მევის პროცესში, რომელიც  არასრულფასოვნების განც დის  კომპენსაციაზეა მიმართული. ნეოფროიდიანელების თანახმად (ფრომი,  ჰორნი  და  სალივანი)   განვითარების პროცესზე უფრო მეტად სოციალური ფაქტორები ზემოქ მედებს, ვიდრე ფროიდის მოდელის ბიოლოგიურად დეტერ მინირებული სტადიები. ამ საერთო პოზიციის მიუხედავად, მოცემული ავტორები  განსხვავდებოდნენ ერთმანეთისგან სოციალური ფაქტორების დეტალების განსაზღვრის თვალ საზრისით. მათი კონკრეტული თეორიული დებულებები არ იქნა ფართოდ მიღებული, მაგრამ  იდეა  სოციალური ფაქ ტორების მნიშვნელობის შესახებ, გავლენიანი გამოდგა. ერიკსონის თეორია  თავისი არსით  ფროიდის თეორიის მსგავსია, თუმცა  ის განსხვავებულ   ტერმინებს  იყენებს. ერიკსონი ორალურ ფაზას უწოდებდა ნდობაუნდობლობის ფაზას (იმის აღსანიშნად, რომ  ამ  პერიოდში უსაფრთხოე ბის  გრძნობა ყალიბდება), ანალურ  ფაზას ავტონომიურო ბაეჭვის ფაზას (ამ დროს ბავშვი დაისწავლის საზოგადოე ბის  წესებს, საკუთარი თავის  მართვას და იძენს საკუთარ თავში  დარწმუნებულობას), ხოლო გენიტალიურ სტადიას უწოდებდა  ინიციატივადანაშაულის განცდის ფაზას, როდესაც ბავშვს უყალიბდება წარმოდგენა საკუთარი თა ვის, როგორც პიროვნების შესახებ. თუ  ბავშვი წარმატებით გაივლის ამ  საფეხურებს, ის საკუთარ  თავში დარწმუნებუ ლი და ინიციატივიანი ხდება. საწინააღმდეგო  შემთხვევაში ის შებოჭილ  და დაუცველ  პიროვნებად ყალიბდება. ერიკ სონმა ფროიდისგან ისესხა ლატენტური პერიოდის ცნება, მაგრამ, მისი აზრით, ეს პერიოდი მოზარდობის ხანაზეც ვრცელდება. ამ  უკანასკნელ  სტადიას მან  გულმოდგინება არასრულფასოვნება უწოდა. ამ  ეტაპზე  ბავშვი სწავლობს სკოლასა და  ოჯახს გარეთ  მიმდინარე  სოციალურ ურთ იერთობებში  საკუთარი  მიღწევების მნიშვნელობას.   ერ იკსონის სქემამ  ზეგავლენა  მოახდინა მოზარდობის  ხანის შესწავლაზე, ალბათ, ძირითადად იმის გამო, რომ ერიკსონი ცხოვრების ამ პერიოდს მნიშვნელობას ანიჭებდა იმ დროს, როდესაც ფროიდი ამ   პერიოდს ნაკლებ   მნიშვნელოვნად თვლიდა. პიროვნების გამოკვლევა        პიროვნების  გამოკვლევა  განხილულია  მე 2   თავში,   მა გრამ აქ გვსურს ორ საკითხზე  გავამახვილოთ  ყურადღება. პირველი  ის არის, რომ  საშუალებები,  რომლებსაც, ჩვეუ ლებრივ, პიროვნების კვლევისას იყენებენ, გამოუსადეგარ ია  კლინიკურ პრაქტიკაში. უკანასკნელ  შემთხვევაში  იგუ ლისხმება,  რომ პიროვნების ამჟამინდელი ქცევა მისთვის ჩვეულ ქცევას ასახავს (და, შესაბამისად, მის პიროვნულ თვისებებსაც). ასეთი  დასკვნა, ზოგადად,  სწორია. თუმცა, იგივე დასკვნა შეცდომაში შემყვანია პაციენტების გამოკვ ლევისას, რადგან ავადმყოფი  ადამიანის ამჟამინდელი ქცე ვა ასახვს არა მხოლოდ მის პიროვნულ თვისებებს, არამედ მისი დაავადების ეფექტებსაც. ავადმყოფი  ადამიანის პი ოვნული მახასიათებლების  შესახებ იფორმაციის მოპოვება შეიძლება  მისი  წარსული ქცევის  შესახებ  სანდო  მონაცე მების მიღების საფუძველზე, რომლებიც მიიღება როგორც პაციენტისგან, ისე სხვა ინფორმატორებისგან. პიროვნების ტიპების შესახებ ნაწილში ნახსენები იყო პიროვნული  ნიშნების გაზომვის ზოგიერთი ინსტრუ მენტი. ჩვენ, შეიძლება,  ვივარაუდოთ, რომ ეს ინსტრუ მენტები და მსგავსი სტანდარტიზებული ტესტები უკეთეს ინფორმაციას გვაწვდის პაციენტზე, ვიდრე  კლინიცისტი. პიროვნების  გამზომი ტესტები  სანდოა,  როდესაც  მათი მეშვეობით ხდება ჯანმრთელი ადამიანების გამოკვლევა, მაგრამ მათ   შედეგებზე შეიძლება   გავლენა   მოახდინოს ფსიქიკურმა აშლილობამ. გარდა  ამისა, მათი გამოყენებით ვერ  ხერხდება  კლინიკური პრაქტიკისთვის მნიშვნელოვანი პიროვნულ თვისებების  გაზომვა. ამიტომ, პიროვნების ტეს ტები, რომლებიც კვლევებში ფართოდ გამოიყენება,  ნაკ ლებად იხმარება კლინიკურ პრაქტიკაში. პიროვნების საკვლევი მეთოდების  მიმოხილვა მოცემულია წყაროებში პიროვნული ნიშნების გამოკვლევის მნიშვნელობა        როგორც მოცემული თავის  შესავალში  აღვნიშნეთ, პერსო ნოლოგიური მახასიათებლების  გამოკვლევა მნიშვნელოვა ნია  გადაწყვეტილების  მისაღებად დაავადების  ეტიოლო გიის დადგენის,  მისი  დიაგნოსტირებისა და მკურნალობის თვალსაზრისით. ეტიოლოგიის საკითხების  განხილვისას, პიროვნული მახასიათებლების  ცოდნა  გასაგებს ხდის იმას, თუ  რატომ არის ზოგიერთი  მოვლენა  პიროვნებისთვის სტრესული. დიაგნოსტირების დროს, პაციენტის პიროვნუ ლი თვისებების   ცოდნა   გვაგებინებს, თუ   რატომ  ახასი ათებს აშლილობას  უჩვეულო ნიშნები, რატომ რეაგირებს პაციენტი სწორედ  ასეთი  სახით  ავადმოყოფობასა  და მის მკურნალობაზე. პიროვნული მახასიათებლები,  აგრეთვე, პროგნოზზე ზემოქმედებს.  პერსონოლოგიური მახასიათე ბლების შეფასება უნდა მოხდეს თითოეულ შემთხვევაში და არა მხოლოდ პიროვნული აშლილობის დროს (ანუ ნორმის გან უკიდურესი გადახრის დროს. იხ.  ქვემოთ). გამოკვლევის  შედეგების აღირცხვა ყველაზე მეტად აღწერითი  ტერმინების  გამოყენებითაა ხელსაყრელი. ეს ტერმინები უნდა  შევარჩიოთ  იმის  გათვალისწინებით, თუ რა თვისებები  ახასიათებს ანომალიურ პიროვნებას.  ამის მიზეზი  ის არის, რომ  ზემოთ აღწერილი პიროვნული ფაქ ტორები ზედმეტად  ზოგადია იმისთვის, რომ  კლინიცისტს მისთვის  მნიშვნელოვანი  ინფორმაცია მიაწოდოს. აღწერითი ტერმინების მაგალითებია სენსიტიური, საკუთარ  თავში დაურწმუნებელი,  მიდრეკილი  უსაფუძვლო წუხილისაკენ, ზედმეტად  აგრესიული, არ ახასითებს სინანულის განცდა, არ არის გულისხმიერი ადამიანების მიმართ. ამ  ტიპის აღ წერითი  სიტყვები  სასარგებლოა თითოეულ  პაციენტზე წარმოდგენის  შესაქმნელად, რომელიც მისთვის  უნიკალ ური  თვისებების    კომბინაციაზე   იქნება  დამყარებული. ასე შექმნილი ზოგადი სურათი  წარმატებული კლინიკური პრაქტიკის ერთერთ საფუძეველს წარმოადგენს. პიროვნული აშლილობა ანომალიური პიროვნების ცნება        ზოგიერთი ტიპის პიროვნება  აშკარად ანომალიურია. მაგ., პარანოიდულ პიროვნებას  ახასიათებს უკიდურესი ეჭვიანობა, სენსიტიურობა და უნდობლობა. თუმცა, ძალიან ძნელია ნორმალური  და ანომალიური  პიროვნების ერთმა ნეთისგან მკაფიოდ გამიჯვნა. ისიც კი ძნელი გადასაწყვეტია, თუ  რა კრიტერიუმები უნდა გამოვიყენოთ მათ  გას ამიჯნად.  ამ  მიზნით  ორი კრიტერიუმი იქნა შემოტანილი: სტატისტიკური და სოციალური. სტატისტიკური   კრიტერიუმის მიხედვით   ანომალიური პიროვნება    ნორმალურისგან  რაოდენობრივი   მახასიათებლებით განსხვავდება. მათი გამყოფი  ხაზი  განისაზღვრება შესაბამისი მაჩვენებლით,  რომელიც  ქულების გარკვეულ რაოდენობაში გამოიხატება. ასეთი სისტემა ძალიან მიმ ზიდველია, რადგან ის შეესაბამება მეთოდს, რომელსაც წარმატებით  იყენებენ ინტელექტუალურ განვითარებაში გადახრების განსასაზღვრად. ასეთ მეთოდს, კვლევისთვის აშკარა ღირებულება გააჩნია,  მაგრამ მისი სარგებლიანობა კლინიკურ მუშაობაში ჯერჯერობით არ ყოფილა დადგენილი. სოციალური   კრიტერიუმის გამოყენებისას ანომალი ური პიროვნული თვისებები  იწვევს თავად ამ  თვისებების მატარებელი ადამიანის ან  მის გარშემო მყოფი პირების ტანჯვას. მაგ.,  ანომალიური სენსიტიურობა და პესიმიზმი თავად ამ თვისებების  მატარებელი პირის ტანჯვის მიზეზია, ხოლო სიცივე და აგრესიულობა სხვა ადამიანების ტანჯვის გამომწვევია. მიუხედავად იმისა, რომ ასეთი კრიტერიუმები სუბიექტურია და მათ აკლია სიზუსტე, რომელიც სტატის ტიკურ მიდგომას ახასიათებს, ისინი შეესაბამება  კლინი კური პრაქტიკის რეალიებს და, ამის გამო, ფართოდ არის მიღებული. თუ  გავითვალისწინებთ ამ  სფეროში კონცეპტუალური ხასიათის  პრობლემების  არსებობას,  არ  გაგვიკვირდება, რომ ანომალიური პიროვნების დამაკმაყოფილებელი დეფი ნიცია რთული შესამუშავებელია. პიროვნული აშლილობები ასეა აღწერილი: ეს არის ინდივიდის პიროვნული  და  ქცევითი ტენდენ ციების დარღვევა, რომელიც უშუალოდ არ მომდინარეობს დაავადებიდან, თავის  ტვინის დაზიანებიდან  ან რომელიმე ფსიქიკური  აშლილობიდან. ის,   ჩვეულებრივ,  მოიცავს პიროვნების რამდენიმე სფეროს და  თითქმის  ყოველთვის არის ასოცირებული მნიშვნელოვანი  ხარისხის დისტრესტ თან და სოციალურ დისფუნქციასთან. ამგვარი დარღვევა, ჩვეულებრივ, ვლინდება  ბავშვობას ან  მოზარდობაში  და ზრდასრულობის ასაკშიც ნარჩუნდება. განსხვავებული დეფინიციაა გამოყენებული ქცევითი პატერნების სიმყარის  თვალსაზრისით, მაგრამ დეფინიცია უფრო ლაკონურია, და, შესაბამისად, უფრო ღირებული. აღსანიშნავია, რომ  პიროვნების  მიერ  განცდილი დის ტრესი, რომელიც არის ნახსენები, შეიძლება მხოლოდ მოგვიანებით გამოვლინდეს (მაგ., ხანგრძლივი მხარდამჭერი ურთიერთობის დაკარგვის  შემდეგ).  გარდა ამისა, ჩვეულებრივ (მაგრამ  არა  ყოველთვის) აღინიშნება პროფესიულ და სოციალურ ქცევასთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი  პრობლემები. მიუხედავად იმისა, რომ დეფინიციები ანომალიურ თვისე ბებზეა ფოკუსირებული, მნიშვნელოვანია გვესმოდეს, რომ ანომალიური ნიშნების მქონე ადამიანებს,  ჩვეულებრივ, ახ ასიათებთ როგორც დადებითი, ისე უარყოფითი თვისებები. კლინიცისტმა  ყოველთვის უნდა  შეაფასოს  ორივე ტიპის თვისებები,  რათა,  შესაძლებლობის შემთხვევაში, მართვის გეგმა  სწორედ  პაციენტის  დადებით თვისებებზე  დააფუძ ნოს. პიროვნული ცვლილებები        ზოგჯერ, ზრდასრული  ცხოვრების მანძილზე,  თავს იჩენს ღრმა და  ხანგრძლივი პიროვნული  ცვლილებები, რომლე ბიც განსხვავდება სტრესის ან ავადმყოფობის თანმდევი დროებითი  ქცევითი ცვლილებებისგან. ასეთი  ხანგრძლივი ცვლილებები შეიძლება  მომდინარეობდეს: თავის  ტვინის დაზიანებისგან ან ორგანული დაავადების გან; მძიმე  ფსიქიკური აშლილობისგან (განსაკუთრებით, ში ზოფრენია); განსაკუთრებით   მძიმე    სტრესული  გამოცდილებიდან (გვხვდება წამების მსხვერპლ პატიმრებში ან ტყვეობაში მყოფ  პირებში). შეტანილია კატეგორიები თითოეული ამ  ტიპის  ცვლილებისთვის. თავის ტვინის ორგანული დაავადებ ით გამოწვეული  პიროვნული ცვლილებები ორგანული ფსიქიკური  აშლილობების ჯგუფშია შეტანილი (F00), რო მელიც შეიცავს თავის  ტვინის დაავადებით,  დაზიანებითა და დისფუქნციით გამოწვეული  პიროვნული და ქცევითი აშლილობების კატეგორიას.  კერძოდ, ეს არის ენცეფალი ტის და  ქალატვინის  ტრავმით გამოწვეული   პიროვნული ცვლილებები. ისინი დიაგნოსტირებულია, რო გორც  ზოგადი სამედიცინო   მდგომარეობით  გამოწვეული პიროვნული ცვლილებები. პიროვნული ცვლილებების ორი დანარჩენი ფორმა ICD        10ის  F60 რუბრიკაშია გაერთიანებული (ზრდასრული ადა მიანის პიროვნული და ქცევითი აშლილობები). ფსიქიკური დაავადების  შემდგომი ხანგრძლივი პიროვნული  აშლილო ბის დიაგნოსტირებისთვის პიროვნული აშლილობა უნდა აღინიშნებოდეს  მინიმუმ  2 წლის განმავლობაში, აშკარად უნდა  იყოს  დაკავშირებული  ფისიქიკურ დაავადებასთან და  არ უნდა  აღინიშნებოდეს  ამ   დაავადების  გაჩენამდე. ასეთი აშლილობის მქონე პაციენტი შეიძლება  იყოს სხვაზე დამოკიდებული, პასიური და მომთხოვნი, ან  არაკომუნიკ აბელური და  იზოლირებული იმ (არა  ბოდვითი) რწმენის გამო, რომ ის შეიცვალა ან სტიგმატიზებულია. ICDის ავ ტორები აღნიშნავენ, რომ ასეთი ცვლილება გასაგები ხდე ბა პიროვნების ავადმყოფობისდროინდელი  გამოცდილე ბიდან  გამომდინარე, ისევე,  როგორც მისი  ადრინდელი დამოკიდებულებების, შეგუების პატერნისა და ცხოვრები სეული სიტუაციის გათვალისწინების შემდეგ. თუმცა, ითვ ლება, რომ შიზოფრენიას  შეუძლია შეცვალოს პიროვნული თვისებები  უშუალოდ ან არაპირდაპირი გზით. ICD10ის  მიხედვით,  კატასტროფული გამოცდილების შემდგომი ხანგრძლივი პიროვნული აშლილობა, ასევე უნდა აღინიშნებოდეს  მინიმუმ  2 წლის განმავლობაში. სტრესუ ლი გამოცდილება უკიდურესად  ინტენსიური უნდა  იყოს. ამ   ტიპის გამოცდილებაა ბუნებრივი  კატასტროფა; ხან გრძლივი ტყვეობა  ან საკონცენტრაციო ბანაკში მოხვედრა, როდესაც პიროვნების სიცოცხლეს გარდაუვალი საფრთხე ემუქრება,  ან პიროვნება  ტერორიზმის ან წამების  მსხვერ პლია. ასეთი  გამოცდილების ადამიანი ამჟღავნებს უნდობლობას, მტრულ დამოკიდებულებას, ადვილად ღიზიანდება, სოციალურად იზოლირებულია,  აქვს სიცარიელის, უიმ ედობისა  და გაუცხოების განცდა. იგი უკიდურეს ზღვრამ დეა მისული. ეს ნიშნები არ გვხვდება სტრესულ გამოც დილებამდე. მიუხედავად იმისა, რომ  პიროვნების ამგვარი მდგომარეობა შეიძლება  მოსდევდეს პოსტტრავმულ სტრე სულ  აშლილობას, ის,  მაინც, მისგან განსხვავებულ  მდგო მარეობას წარმოადგენს. როგორ ჩამოყალიბდა წარმოდგენა ანომალიური პიროვნების შესახებ        ფსიქიატრიაში ანომალიური პიროვნების ცნება მეცხრამეტე საუკუნის დასაწყისში დამკვიდრდა, როდესაც ფრანგმა ფსიქ იატრმა  პინელმა  აღწერა  მანიე სანს  დელირე. მან  ეს ტერმინი გამოიყენა იმ პაციენტების მიმართ, რომლებსაც ახასიათებდა აგრესიისა და ძალადობრივი ქცევის უცაბედი შეტევები, მა გრამ არ აღენიშნებოდათ ბოდვითი იდეები. იმ დროს ბოდვი თი იდეები განიხილებოდა ფსიქიკური აშლილობის სპეციფი კურ ნიშნად (ტერმინი დელირე ფრანგულად ბოდვას ნიშნავს). სავარაუდოდ, ამ ჯგუფში შედიოდნენ არა მხოლოდ ისინი, ვისაც დღეს პიროვნების ანტისოციალური აშლილობის დიაგ ნოზი ექნებოდა, არამედ სხვა ფსიქიკური აშლილობის მქონე პირები, რომლებსაც ბოდვა არ აღენიშნებოდათ, მაგ., ზოგი მანიაკალური პაციენტი. აქ მოცემულია პინელის წიგნის მეორე გამოცემის შესაბამისი მონაკვეთის თარგმანი. პირველი გამოცემა გამოქვეყნდა 1801 წელს). თუმცა, სხვა ავტორები  დაინტერესებულები იყვნენ მსგავსი კლინიკური პრობლემებით,  შემდეგი მნიშვნელოვანი   ნაბიჯი  სწორედ ინგლისელმა ექიმმა  გადადგა. 1835 წელს,  პრიჩარდმა ბრისტოლის საავადმყოფოს  უფროსმა ექიმმა, გამოაქვეყნა  ტრაქტატი შეშლილობისა და ფსიქიკის სხვა დარღვევების  შესახებ პინელის ტერმინზე დაყრდნობით, მან  შემოიტანა ახალი ტერმინი: მორალური    შეშლილობა,   რომელიც  განსაზღვრა,   როგორც ბუნებრივი გრძნობების,  ემოციური მიჯაჭვულობის, მიდრეკილებების,  ხასიათის, ჩვევების, განწყობილებებისა და ბუნებრივი იმპულსების ავადმყოფური დამახინჯება ინტელექტის,  მსჯელობის უნარის და  შემეცნებითი ფუნ ქციების აშკარად გამოხატული დარღვევისა და დეფექტის გარეშე, კონკრეტულად კი ავანდმყოფური ბოდვითი  იდეე ბის  ან ჰალუცინაციების გარეშე. მიუხედავად იმისა, რომ ასეთი  განსაზღვრება მიესად აგებოდა პინელის მიერ აღწერილ აგრესიულ ავადმყოფებს, პრიჩარდი აშკარად გულისხმობდა უფრო ფართო ჯგუფს, რადგან მან დასძინა, რომ მიდრეკილება ქურდობისკენ ზოგჯერ წარმოადგენს მორალური  შეშლილობის ნიშანს, ზოგჯერ კი  წამყვან  თუ  არა,  მის ერთადერთ თავისე ბურებას. პრიჩარდის მიერ  შემოტანილი მორალური შეშლილობის კატეგორია, პინელის  მიერ  აღწერილი მანიე  სანს  დელირეს მსგავსად  მოიცავდა  აფექტურ  აშლილობასაც. ის წერდა: მორალური შეშლილობის ყველაზე ღირსშესანიშნავი  შემ თხვევების უმეტესობის  წამყვანი ნიშანია ნაღველი და დარ დი . ნაღვლიანი და მელანქოლიური  დეპრესიის მდგომარეობა ზოგჯერ ადგილს უთმობს არაბუნებრივი აგ ზნების საპირისპირო მდგომარეობას. პრიჩარდის მორალური  შეშლილობა მოიცავდა  ისეთ მდგომარეობებს, რომლებიც  დღეს  დიაგნოსტირებულია, როგორც პიროვნული აშლილობა. თუმცა, ის ამ  ტერმინს მხოლოდ იმ ადამიანების მიმართ არ იყენებდა, რომლებიც ყოველთვის ამგვარად იქცეოდნენ: როდესაც ამგვარი ფენომენები აღინიშნება თავნება და ჭირვეულ ხასიათთან, სოციალური კონტაქტების დარღვევ ასთან და  წარსულში საყვარელი ახლობლებისა და  მეგო ბრების მიმართ ანტიპათიის განცდასთან ერთად, ანუ ინ დივიდის მორალური თვისებების  შეცვალასთან  ერთად, ეს მდგომარეობა მკაფიოდ გამოხატული ხდება. ამ   ნაწყვეტში, ხასიათში  მომხდარი  ცლილება იმას მიუთითებს, რომ  პრიჩარდი  გულისხმობდა, არა  მხოლოდ დღევანდელ დღეს პიროვნულ აშლილობად კლასიფიცი რებულ მდგომარეობებს, არამედ ფსიქიკურ  აშლილობად კლასიფიცირებულ მდგომარეობებსაც. მოგვიანებით, მეცხრამეტე საუკუნეში, დადგინდა, რომ ფსიქიკურმა აშლილობამ შეიძლება  თავი იჩინოს  ბოდვის გარეშე და მორალური შეშლილობის ცნების  მნიშვნელობა უფრო დავიწროვდა. მაგ., ჰენრი მოუდსლი ამ  ტერმინს იყენებდა ისეთი ადამიანების მიმართ, რომლებსაც ის შემდე გნაირად აღწერდა: არ   აქვს ჭეშმარიტად  მორალური გრძნობების   განც დის უნარი. ყველა მისი სურვილი და იმპულსი, რომელსაც ის გაუაზრებლად ემოჩილება ეგოისტურია. მისი  ქცევა მართულია ამორალური  მოტივებით... და  მას  არავითარი სურვილი არ აქვს, გაუწიოს მათ წინააღმდეგობა  მოუდსლიმ გამოთქვა საკუთარი მოსაზრება იმ უკმაყო ფილებასთან  დაკავშირებით,  რომელსაც  იწვევდა  ტერმინი მორალური შეშლილობა. მას ეს ტერმინი ესმოდა, როგორც ფსიქიკური გაუცხოების ფორმა, რომელიც იმდენად ჰგავს ბოროტებას ან კრიმინალს, რომ მრავალი ადამიანი მას მე დიკოსების უსაფუძვლო გამოგონებად მიიჩნევს. შემდეგი ნაბიჯი თანამედროვე წარმოდგენების ჩამო ყალიბების მიმართულებით გადადგა კოხმა რომელმაც შემოიტანა ტერმინი ფსიქოპათიური არასრულ ფასოვნება. ამ  ტერმინით ის აღნიშნავდა ადამიანთა ჯგუფს, რომელსაც ახასითებს ქცევის აშკარად გამოხატული პა თოლოგია ფსიქიკური დაავადებისა და ინტელექტუალური ფუნქციის დაქვეითების გარეშე. მოგვიანებით, ტერმინი არასრულფასოვნება, ჩაანაცვლეს სხვა ტერმინით, რათა გაენეიტრალებინათ შეფასებითი და კრიტიკული ტონი, რო მელიც  სიტყვა  არასრულფასოვნებას  ახლავს  თან.  თავი დან, კრეპელინს არ ჰოქნდა მკაფიო წარმოდგენა იმაზე, თუ როგორ მოეხდინა ამ ადამიანების კლასიფიკაცია. მხოლოდ თავისი სახელმძღვანელოს მერვე გამოცემაში შემოიტანა მან ტერმინი ფსიქოპათიური პიროვნება და მას ერთი ვრცელი თავი  დაუთმო.  მან  დაახასიათა  არა  მხოლოდ  ანტისოციალ ური ტიპი, არამედ, კიდევ ექვსი ტიპი: აგზნებადი, არასტაბი ლური, მაჩხუბარი, ექსცენტრიული, მატყუარა და თაღლითი. კურტ შნაიდერმა გააფართოვა  ფსიქოპათიური პიროვ ნების  ცნება. თუ   კრეპელინის მიხედვით   ფსიქოპათიური პიროვნების შვიდი ტიპი მიესადაგებოდა ისეთ  ადამიანებს, რომლებიც  სხვისთვის ტანჯვისა  და  უსიამოვნების  მომ ტანნი არიან,  შნაიდერმა ამ  კატეგორიაში ის ადამიანებიც გააერთიანა, რომლებიც თავადაც განიცდიან ტანჯვას. ასე მაგ.,  მან ამ კატეგორიაში გააერთიანა აშკარად დეპრესიუ ლი და დაუცველი ხასიათის მქონე ადამიანები. ამგვარად, შნაიდერის მიხედვით,   ფსიქოპათიურ პიროვნებაში  შედის მთელი რიგი  პიროვნული პათოლოგიები და არა  მხოლოდ ანტისოციალური  პიროვნება.    აქედან  გამომდინარე,  ამ ტერმინმა ორი მნიშვენელობა შეიძინა: უფრო ფართო მნიშ ვნელობით, ის აერთიანებდა  ყველა სახის  პიროვნულ პა თოლოგიას, ხოლო  ვიწრო  მნიშვნელობით, გულისხმობდა ანტისოციალურ პიროვნებას.        გაურკვევლობა ფსიქოპათიური პიროვნების  ტერმინთან დაკავშირებით  არ დასრულებულა  შნაიდერისეული ფარ თო   განსაზღვრებით.  ამ   შემთხვევაში  მოცემული ტერმი ნის  ორი ასპექტი   იქცევს  ყურადღებას.  პირველის ავტო რია შოტლანდიელი ფსიქიატრი სერ  დეივიდ  ჰენდერსონი, რომელმაც  1939  წელს    გამოაქვეყნა   გავლენიანი   წიგნი ფსიქოპათიური მდგომარეობები მან განსაზღვრა ფსიქოპათები, როგორც ადამიანები, რომლებიც,  მიუხედავად იმისა,  რომ  მათ  არ აღენიშნებათ გონებრივი დაქვეითება: მთელი ცხოვრების მანძილზე  ან შედარებით დაბალი ასაკიდან მოყოლებული ამჟღავნებენ ქცევით აშლილობას, რომელიც ანტისოციალური ან ასოციალური ბუნებისაა და, ჩვეულებრივ, განმეორებით ან ეპიზოდურ სახეს ატარებს. ამ  ადამიანებზე ძნელია სოციალური, სადამსჯელო და სა მედიცინო მეთოდებით  ზემოქმედება და მათ მოსავლელად ჩვენ  არ მოგვეძებნება  შესაბამისი პროფილაქტიკური და სამკურნალო ზომები. მართალია, ეს დეფინიცია,  კვლავ, ფსიქოპათიური  პი როვნების ადრეულ  ვიწრო გაგებას  შეესაბამება, ჰენდერ სონმა გააფართოვა თავისი დეფინიცია იმით,  რომ გამოყო ფსიქოპათების სამი ჯგუფი: 1.  უპირატესად აგრესიული   პიროვნებები; არა  მხოლოდ ისინი, ვინც  მუდმივად აგრესიას  ამჟღავნებს,  არამედ ისინიც, ვინც   მიდრეკილნი არიან  სუიციდისკენ, წამალ დამოკიდებულებისა და ალკოჰოლმოხმარებისაკენ; 2. პასიური და  არაადექვატური პიროვნებები,  არასტაბი ლური, იპოქონდრიული და  სენსიტიური პიროვნებების ჩათვლით, პათოლოგიური  მატყუარები და  შიზოიდური ბუნების მქონე ადამიანები; 3. კრეატიული ფსიქოპათები. ეს ჯგუფი ზედმეტად ფართოა, რის გამოც ის ნაკლებ ღირებულია. ჰენდერსონმა მოიტანა მესამე ჯგუფში შემავალი ადამიანების მაგალითი. ესენია ტ.ე. ლოურენსი და ჟანა დარკი. მიუხედავად იმისა, რომ ორივე  მათგანი  კრეატიული  პიროვნება  იყო,  მათ  ცოტა რამ ჰქონდათ საერთო. ჰენდერსონის წვლილი, ძირითა დად,  იმაში  მდგომარეობს,  რომ  მან  ყურადღება  გაამახ ვილა არაადეკვატური პიროვნებების კატეგორიაზე. ტერმინმა ფსიქოპათიამ  ახალი მნიშვნელობა შეიძინა ინგლისისა და  უელსის 1959 წლის ფსიქიკური ჯანმრთ ელობის აქტში.  ის იგივე მნიშვნელობით შევიდა 1983 წლის აქტში,    სადაც   ფსიქოპათური  აშლილობა  განსაზღვრულია 41(42) თავებში, როგორც ფსიქიკის პერსისტენტუ ლი აშლილობა ან   დარღვევა   (ინტელექტის სერიოზული დაქვეითებით, ან მის გარეშე), რაც შედეგად ანომალიურად აგრესიულ და უპასუხისმგებლო ქცევას იწვევს. ეს დეფინიცია წარმოადგენს მობრუნებას ფსიქოპათიური პიროვნების ვიწრო განსაზღვრებისაკენ, რომლის თანახ მად, პიროვნების აგრესიულ და  უპასუხისმგებლო ქცევას მოაქვს ტანჯვა სხვა ადამიანებისთვის.  გარდა   ამისა, ეს დეფინიცია იმ შესაძლებლობასაც მოიცავს,  რომ  ტანჯვა, შეიძლება,  მხოლოდ მოცემულ  პიროვნებას  მიადგებოდეს ხოლმე,   რის გამოც ის პიროვნული  აშლილობის  უფრო ფართო   დიაგნოსტიკურ  სპექტრს მოიცავს.   მოცემული აქტი   ითვალისწინებს მკურნალობის ჩატარებას   (პარა გრაფი 3 (2ბ)) ისეთ  შემთხვვეაში როდესაც ფსიქოპათიური აშლილობის მკურნალობა  ამსუბუქებს  მდგომარეობას ან ხელს უშლის მის გაუარესებას. არ არის  გასაკვირი, რომ  ამ   დეფინიციას და  მის დამ ატებით  დებულებას მრავალი  სირთულე უკავშირდება. (მოცემულ  სახელმძღვანელოზე მუშაობის პერიოდში მიმ დინარეობს ახალი  ბრიტანული კანონმდებლობის განხილვა ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ).  უახლესი მიდგომაა ისეთი  ტერმინის  შემოტანა, როგორიცაა   სახიფათო და მძიმე  პიროვნული აშლილობა. ეს ტერმინი, ძირითადად, მიუთითებს   ანტისოციალური  აშლილობისა და  ძალადო ბრივი ქცევის   მქონე მამაკაცებზე   და  მისი   შემოტანის მიზანი  ამ  პოპულაციით გამოწვეული  რისკის შემცირებაა. მოცემულ  ტერმინს უფრო პოლიტიკუ რი დატვირთვა აქვს, ვიდრე კლინიკური და მეცნიერული. დღემდე შემორჩენილია ფსიქოპათიური პიროვნების ორი განსაზღვრება.  ფართო მნიშვნელობით ის  ყველა  სახის ანომალიურ პიროვნებას  მოიცავს,  ხოლო  ვიწრო მნიშვნე ლობით  ანტისოციალურ პიროვნებას.  რადგანაც  ტერმინი ფსიქოპათიური პიროვნება   საკმაოდ ბუნდოვანია,  უპირა ტესობას  ანიჭებენ ტერმინებს პიროვნული აშლილობა, რო მელიც დეფინიციის ფართო მნიშვნელობას შეესაბამება და ანტისოციალური პიროვნული აშლილობა, რომელიც დეფი ნიციის ვიწრო  მნიშვნელობის შესაბამისია. ანომალიური პიროვნების კლასიფიკაცია ზოგადი საკითხები კატეგორიების გამოყენება        პიროვნება   უწყვეტი ცვლადია,  მაგრამ  ფსიქიკური აშლი ლობის კლასიფიკაციის სისტემები იყენებენ ზღვრული მნიშვნელობის კატეგორიებს. კატეგორიები  სასარგებლოა, როდესაც  შემთხვევების შესწავლა  ხდება  ან   ეპიდემიო ლოგიური კვლევის ან  კლინიკური აუდიტისთვის. თუმცა, შერჩეული კრიტერიუმი, როგორიცაა, საკუთარი თავის  ან სხვების  ტანჯვა პირობითი  და  არაზუსტია. შემთხვევები, რომლებიც ამ კატეგორიის მიღმა რჩება (ქვეზღურბლოვანი შემთხვევები)  საკმაოდ ხშირია და  მათთვის იგივე კლინი კური პრობლემებია დამახასიათებელი,   რაც გამოხატული აშლილობების დროს იჩენს თავს. კლასტერებად დაჯგუფება DSMIVში (მაგრამ  არა  ICD10ში) პიროვნული აშლილო ბები სამ კლასტერადაა დაჯგუფებული: 1. A  კლასტერი პარანოიდული, შიზოიდური, შიზოტი პური; 2. B კლასტერი ანტისოციალური, მოსაზღვრე, ისტერიუ ლი, ნარცისული; 3. ჩ კლასტერი აცილებადი, დამოკიდებული, ობსესიურ კომპულსური. მოცემული თავის  სტრუქტურა სწორედ  ამგვარ კატეგო რიზაციას  ეყრდნობა.  ერთი და იგივე პიროვნული აშლილობის განსხვავებუ ლი სახელწოდება პიროვნული  აშლილობა, რომლის  მიმართაც  ICD10 ში   გამოიყენება, ტერმინი  დისოციალური,    DSMIVში ანტისოციალურის სახელითაა ცნობილი; პიროვნული  აშლილობა, რომლის  მიმართაც  ICD10 ში გამოიყენება ტერმინი ანანკასტური, DSMIVში შე სულია, როგორც ობსესიურკომპულსური აშლილობა; პიროვნული  აშლილობა, რომლის  მიმართაც  ICD10 ში გამოიყენება ტერმინი შფოთვიანი, DSMIVში მოხ სენიებულია, როგორც აცილებადი. შეტანილია ICD10ში, მაგრამ არა DSMIVში ემოციურად  არასტაბილური  იმპულსური პიროვნული აშლილობა; პერსისტენტული პიროვნული ცვლილება, რომელიც არ მიეწერება თავის  ტვინის  დისფუნქციას ან  დაზიანებას. შეტანილია DSMIVში, მაგრამ არა ICD10ში ნარცისული პიროვნული აშლილობა; პასიურაგრესიული პიროვნული აშლილობა (შეტანილია, როგორც  კატეგორია, რომელიც  შემდგომ   შესწავლას საჭიროებს). მდგომარეობები,  რომლებიც განსხვავებულად არის კლასიფიცირებული ICD10სა და DSMIVში როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, შიზოტიპური პიროვნული აშლილობა კლასიფიცირებულია  ICD10ში  შიზოფრე ნიასთან ერთად და მას  შიზოტიპური აშლილობა ეწოდება. DSMIVში ის კლასიფიცირებულია,  როგორც პიროვნული აშლილობა. აღწერა და დიაგნოსტიკური კრიტერიუმები        ამ  ნაწილში აღწერილია ანომალიური  პიროვნების ტიპები, რომლებიც ICD10სა და  DSMIVში არის შეტანილი .  დიაგნოსტიკური  კრიტერიუმები ვრცელია და განსხვავდება ფორმულირების  თვალსაზრისით. გარდა ამისა,   ამ ორ სისიტემაში ისინი ერთი და იგივე აშლილობის სხვადასხვა ასპექტზე  ამახვილებს  ყურადღებას.   ქვემოთ მოტანილი აღწერა ეხება დეფინიციათა ორი რიგის საერთო ნიშნებს. სადაც  კი ეს შესაძლებელია, კრიტერიუმები გამარტივებული სახით   არის  წარმოდგენილი, რათა მოგაწოდოთ ამა  თუ  იმ პიროვნული აშლილობის უფრო ზოგადი აღწერა. ორივე  შემთხვევაში არსებული  მდგომარეობა  უნდა პასუხობდეს პიროვნული აშლილობის ზოგად კრიტერიუმებს. ასეთი ზოგადი კრიტერიუმების განსაზღვრის მიზნით  ICD10ის  კრიტერიუმები შემდეგი სახითაა შეჯამებული: პიროვნების მახასიათებლები  და ქცევის  სტაბილური პატერნები აშკარად გადახრილია კულტურული ნორმებიდან. გარდა ამისა, ამგვარი დევიაციები აღინიშნება ერთზე მეტ კოგნიტურ სფეროში (მაგ.  დამოკიდებულებები, აღქმისა და  ინტერპრეტაციის სტილი), აფექტურ  სფეროში, იმ პულსების მართვისა  და  დაკმაყოფილების სფეროში  და სხვებთან ურთიერთობებში; დევიაცია არ არის  ლოკალიზებული; ქცევა _  მრავალ სიტუაციაში  მოუქნელი, არაადაპტური  და დისფუნქციუ რია; პიროვნებას  აღენიშნება  დისტრესი ან  ის გარშემომყოფ ადამიანებზე უარყოფითად მოქმედებს; დევიაცია, ჩვეულებრივ,  სტაბილური და  ხანგრძლივია. ის ბავშვობის ასაკის მიწურულს ან მოზარდობის ასაკში ვლინდება; დევიაციური ქცევა არ არის გამოწვეული   სხვა ფსიქი კური აშლილობით; დევიაციური ქცევა არ არის გამოწვეული  თავის  ტვინის დაზიანებით, დაავადებით ან დისფუქნციით. არსებობს რამდენიმე დიაგნოსტიკური ინსტრუმენტი. ეს ინსტრუმენტები ძალიან სასარგებლოა კვლევის  ჩატარებისას,  მაგრამ  მათ შედარებით ნაკლები კლინიკური ღირებულება გააჩნიათ. A კლასტერი პარანოიდული პიროვნული აშლილობა        ამ   ტიპის პიროვნული აშლილობის ადამიანი ეჭვიანი და სენსიტიურია.  ისინი  საკუთარ   თავს ძალიან  მნიშვნელოვნად   განიცდიან,  მაგრამ ძალიან ადვილად ეუფლებათ სირცხვილის და დამცირების განცდა. ისინი ეჭვიანები არიან,   რის გამოც მათი ყურადღება მუდმივად მიმართულია იმაზე, რომ სხვებმა არ მოატყუონ. ამის შედეგად, სხვები  მათ  რთულ, მძიმე  ადამიანებად თვლიან და მიაჩნიათ, რომ მათი ქცევა არ არის საღი აზრით წარმართული. ასეთ ადამიანებს უნდობლობა ახასიათებთ. მათ ეჭვი შეაქვთ ადამიანების  ერთგულებაში და ამიტომ არ ენდობიან მათ. ხშირად ახასიათებთ ეჭვიანობა სექსუალურ ნიადაგზე.  ისინი  ადვილად არ იჩენენ მეგობრებს და ნაკლებად    ერთიანდებიან  სხვადასხვა სახის   ჯგუფებში. მათ    ზედმეტად    უყვართ ყველაფრის   გასაიდუმლოება, არაპირდაპირი და თვითკმაყოფილნი არიან.  მათ ადვილად წყინთ და ხშირად ისე აღიქვამენ სხვის  ქცევას, თითქოს სხვები  ცივად და  უხეშად იცილებენ მათ. როდესაც პარანოიდული პიროვნული აშლილობის  მქონე პირებს რაიმეს სთავაზობენ, ისინი, პირველ რიგში, იწყებენ იმაზე ფიქრს, თუ  რა სახით  შეიძლება  ამ  შემოთავაზებამ  ავნოს მათ ინტერესებს. ასეთი     ადამიანები   სენსიტიურები    (მგრძნობიარენი) არიან   ცივი მოპყრობის   მიმართ.  მათთან ურთიერთობა არაკომფორტულია; ხშირად გადადიან ჩხუბსა და კამათზე; ისეთ  კომენტარებშიც კი,  რომლებიც სრულიად უწყინარია, დამამცირებელ  და  მუქარის   შემცველ   შინაარსს   დებენ. კრეჩმერმა აღწერა, თუ  როგორ იწვევს ასეთი  ადამიანების სენსიტიურობა დამცირებასთან და ეჭვთან დაკავშირებულ აზრებს,  რომლებიც იმდენად ძლიერია, რომ დევნის ბოდვაშიც  კი შეიძლება  აგვერიოს. ეს სენსიტიურობის იდეების   დამოკიდებულების   ბოდვა მე 13   თავშია  გან ხილული. გარდა  ამისა, ასეთი  ადამიანები ხშირად გამო ხატავენ აღშფოთებას და ბოღმიანები (გულღრძონი) არიან. ისინი არასოდეს   პატიობენ  სხვას  წყენას, რომელიც ან რეალურია ან  კიდევ   მათ  მიერ  ასეთად  არის  აღქმული. მათ  აქვთ საკუთარი უფლებების  გაზვიადებული განცდა. ხშირად ჩივიან სასამართლოში და დაჟინებით ცდილობენ მოიგონ  პროცესი,  რასაც,   შეიძლება,   წლები  დაუთმონ. მათ  ადგილას, სხვები  დიდი ხნის  წინ დაანებებდნენ თავს საასამართლოში დავას. პარანოიდულ პიროვნებებს  აქვთ საკუთარი  თავის მნი შვნელოვნების  შეგრძნების გამძაფრებული  განცდა.  მათ სჯერათ, რომ  ძალიან ნიჭიერები არიან  და შეუძლიათ საოცრად  მაღალი   მიღწევები ჰქონდეთ  ცხოვრებაში.  ეს არარეალისტური წარმოდგენა არ იცვლება უმნიშვნელო მიღწევების მიუხედავად.  ასეთი  რწმენის შენარჩუნება მათთან იმის გამოა შესაძლებელი, რომ  მათი აზრით, სხვა ადამიანები ხელს უშლიან საკუთარი პოტენციის სრულად განხორციელებაში. შიზოიდური პიროვნული აშლილობა        ტერმინი შიზოიდური პიროვნული  აშლილობა კრეჩმერს ეკუთვნის  . ის თვლიდა, რომ ამ  ტიპის პი როვნული კონსტიტუცია შიზოფრენიასთან არის დაკავში რებული, მაგრამ მისი ეს მოსაზრება შემდგომში არ დადას ტურდა (თავი  12). ამ  ტიპის აშლილობის მქონე ადამიანები ემოიციურად ცივი,  განზე მდგომი და დისტანცირებულია. მათ ნაკლებად  აქვთ განვითრებული იუმორის გრძნობა და ინტროსპექციისაკენ და ფანტაზიისაკენ არიან  მიდრეკილნი ისინი ცივი ადამიანები არიან.  მათ  არ შეუძლიათ ნაზი გრძნობებისა  და  ბრაზის გამოხატვა. ნაკლებად  აინტერე სებთ  სექსუალური ურთიერთობა. როდესაც აშლილობა უკიდურესად ინტენსიურია, ისინი უგრძნობი და ცივი ადა მიანების შთაბეჭდილებას  ტოვებენ.  ისინი  დისტანციურნი არიან  და ნაკლებად  აინტერესებთ სხვა ადამიანების აზრი. საზოგადოებაში ყოფნისას ცუდად გრძნობენ თავს, არ შედიან ახლო კონტაქტში; ოჯახური ცხოვრება მათთვის არ არის კმაყოფილების მომტანი. მათ უყვართ განმარტოება, მარტო მიჰყვებიან ცხოვრების გზას და  იშვიათად   ქმნიან ოჯახს. მათ უჭირთ  ცხოვრებისგან სიამოვნების  მიღება, ნაკლებად  ახასიათებთ იუმორის გრძნობა  და ვერ  იღებენ სიამოვნებას ისეთი აქტივობებისგან, რომლებიც ადამიანთა უმრავლესობისთვის სიამოვნების მომტანია. ამ თვისებების გამო ისინი კიდევ  უფრო შორდებიან გარშემო მყოფთ. ასეთი  ადამიანები  მიდრეკილნი  არიან  ინტროსპექციისა და ფანტაზიისაკენ. უფრო მეტად აინტერესებთ ინტელექ ტუალური  თემები,  ვიდრე  ადამიანები.  აქვთ  წარმოსახვის რთული შინაგანი სამყარო, მაგრამ ემოციებისგან დაცლილი. შიზოტიპური პიროვნული აშლილობა        შიზოტიპური პიროვნული აშლილობის მქონე ადამიანებს ახასიათებთ   სოციალური  შფოთვა.   მათი   კოგნიციები და    პერცეპცია  დარღვეულია,    მეტყველება    უცნაური, ხოლო აფექტური რეაქციები შეუსაბამო.  მათი  ქცევა ექსცენტრულია. როგორც  ჩანს,   მოცემული  პიროვნული აშლილობა შიზოფრენიასთან არის  დაკავშირებული. ICD10ში (მაგრამ არა  DSMIVში) ის არ არის კლასიფიცირე ბული, როგორც პიროვნული აშლილობა. ის კატეგორიზე ბულია   შიზოფრენიასთან ერთად და   კლასიფიკაციაში შიზოტიპური აშლილობის სახელით არის შეტანილი. ამ  ტიპის ადამიანებს  სოციალური შფოთვა  ახასიათებთ. ისინი  საზოგადოებაში   ყოფნისას   შფოთვას  განიცდიან, რის გამოც მათ  უჭირთ ურთიერთობების  დამყარება და ცოტა მეგობარი ჰყავთ. ისინი თავს სხვებისგან განსხვავე ბულად განიცდიან და ძნელად ერგებიან  მათ. კოგნიტური დარღვევები მოიცავს დამოკიდებულებისა და ეჭვიანობის იდეებს (მაგრამ არა ბოდვას), უცნაური და ფანტასტიკური შინაარსის აზრებს  (მაგ.,  ნათელმხილველობა, ტელეპატია და სხვათა აზრების კითხვა). ასეთ ადამიანებს ახასიათებთ უჩვეულო პერცეპტუალური გამოცდილება (მაგ.,  ვიღაცის არსებობა ან ჰალუცინაციისმაგვარი განცდები), . ასეთ პირებს  აღენიშნებათ უცნაური  მეტყველება (უჩვეულო ენობრივი კონსტრუქციები, სიტყვები და ფრაზები, ბუნ დოვანი  მეტყველება  და მთავარი თემიდან გადახვევა). ასეთი  პირების აფექტური რეაქციები  უჩვეულოა.  ისინი ხისტი,  უცნაური ადამიანების შთაბეჭდილებას  სტოვებენ, რომლებსაც ღარიბი ემოციური სფერო აქვთ. მათი ქცევა ექსცენტრულია  და   უცნაური  მანერიზმით   ხასიათდება. ისინი  უცნაურად იცვამენ, არ იცავენ  ქცევის  ნორმებს და უცნაური სოციალური ქცევა ახასიათებთ. B კლასტერის პიროვნული აშლილობები ანტისოციალური (დისოციალური) პიროვნული აშლილობა        ტერმინი   ანტისოციალური   გამოიყენება  DCMIVში, ხოლო ტერმინი დისოციალური  ICD10ში.  ამ  წიგნში, უპირატესობა ენიჭება ტერმინს ანტისოციალური. ამ  აშ ლილობის მქონე ადამიანებს  ნაკლებად  ანაღვლებთ  სხვე ბის  განცდები  და უგრძნობნი არიან  მათ მიმართ. ისინი არ ითვალისწინებენ სხვების  უფლებებს, იქცევიან  იმპულსუ რად და  არ ახასიათებთ დანაშაულის განცდა, ხოლო უა რყოფითი გამოცდილება მათ არაფერს ასწავლის ხშირად მათი ანომალიური ქცევა ალკოჰოლისა და ნარკოტიკების ზემოქმედებითაა დამძიმებული.  1941 წელს, კლეკლიმ საფუძვლიანად აღწერა ეს აშლილობა თავის  ნაშრომში ამ   ორ  კლასიფიკაციაში ოდნავ  განსხვავებული  დიაგ ნოსტიკური კრიტერიუმებია გამოყენებული.  ქვემოთ მოტ ანილი აღწერა ICD10ში გამოყენებულ აღწერას შეესაბამება. DSMIVის  კრიტერიუმების მიხედვით,  პიროვნებას  15 წლამდე ასაკში ქცევითი აშლილობა უნდა ახასიათებდეს. ასეთი  აშლილობის მქონე ადამიანები სხვების მიმართ გულქვა  და გულგრილები არიან. მათი სექსუალური აქ ტივობა დაცლილია ნაზი  გრძნობებისგან.  ისინი შეიძლება სასტიკად და დამამცირებლად ექცეოდნენ სხვა ადამინებს, სექსუალური  პარტნიორებისა  და   ბავშვების  ჩათვლით, და  მათზე სექსუალურ  და  ფიზიკურ ძალადობას ახორ ციელებდნენ. მათი ურთიერთობები ზედაპირული  და ხან მოკლეა, მიუხედავად იმისა, რომ  მათ ზედაპირული ხიბლი ახასიათებთ. ეს ადამიანები უპასუხისმგებლონი არიან  და არ იცავენ სოციალურ ნორმებს. ისინი არ ექვემდებარებიან საზოგადოებრივი ცხოვრების წესებს  და შეიძლება  რეგუ ლარულად არღვევდნენ კანონს და ხშირად სერიოზულ კანონდარღვევას ახორციელებენ. მათი არაკანონიერი ქცე ვა, ჩვეულებრივ, მოზარდობის ასაკში იწყება. ასეთი  ადამიანები იმპულსურები არიან.  ისინი არ ისახ ავენ მიზნებს, წინასწარ არაფერს გეგმავენ,  ჩვეულებრივ აქვთ არასტაბილური სამუშაო  და  ხშირად აცდენენ მას. ისინი მიდიან რისკზე, არ ითვალისწინებენ საკუთარ  ან სხ ვათა უსაფრთხოებას. ადვილად ბრაზდებიან და ღიზიანდებიან და შეურაცხოფას აყენებენ სხვებს. ამ  თვისებებს თან ახლავს ის,  რომ ისინი იშვიათად განიცდიან სინანულსა  და დანაშაულს  და  ვერ  ცვლიან საკუთარ   ქცევას დასჯის ან რაიმე  უარყოფითი შედეგების საპასუხოდ.  ისინი იცილე ბენ   პასუხისმგებლობას, მიმართავენ გადაბრალებას   და ახდენენ საკუთარი მარცხის   რაციონალიზაციას. გარდა ამისა, ისინი უპატიოსნო და უპასუხისმგებლონი არიან  ფი ნანსურ  საკითხებში. მოსაზღვრე პიროვნული აშლილობა        ტერმინი  მოსაზღვრე  პიროვნული  აშლილობა თავიდან აშკარად არასტაბილური ადამიანების აღსაწერად გამოიყენებოდა. ამგვარ არასტაბილურობას პირველად აღწერდნენ   ფსიქოდინამიური   ცნებების გამოყენებით. ამის  მაგალითია  კერნბერგისეული    აღწერა რომელიც იყენებდა ტერმინებს (1) ეგოს სისუსტე იმპულსების  ცუდ კონტროლთან  ერთად; (2) აზროვნება პირველადი პროცესების დონეზე  (ანუ ირაციონალური აზროვნება) რეალობის ტესტირების მიუხედავად; (3) ისეთი ნაკლებ  მოწიფული დაცვითი მექანიზმების გამოყენება, როგორიც პროექცია და უარყოფაა; (4) დიფუზური პი როვნული იდენტობა. როდესაც  ამ   ტიპის  პიროვნული აშლილობა შეიტანეს კლასიფიკაციის სისტემებში, შემუშავდა უფრო ობიექტური კრიტერიუმები,  მაგრამ უფრო რთული  გახდა  მისი ძირითადი ნიშნების გამოყოფა.  გარდა  ამისა, DSM IV და ICD 10 კლასიფიკაციებში მათ განსხვავებული სახელი მიენიჭათ:  მოსაზღვრე  პიროვნული აშლილობა DSMIVში და  ემოციურად  არასტაბილური  პიროვნული  აშლილობა ICD10ში.  ეს უკანასკნელი იყოფა მოსაზღვრე ტიპად  და იმპულსურ ტიპად. DSMIVში მოსაზღვრე პიროვნული აშლილობა   ცხრა  ნიშნით    ხასიათდება,   საიდანაც,   სულ ცოტა, ხუთი ნიშნის არსებობაა აუცილებელი DsMIVის მიხედვით  დიაგნოზის დასასმელად. ICD10ში თითოეულ ქვეტიპს ხუთი კრიტერიუმი აქვს. პიროვნების მოსაზღვრე ტიპის აშლილობის დიაგნოზისთვის მათგან,  სულ  ცოტა, ოთხის არსებობაა სავალდებულო. ეს კრიტერიუმები 7.5 ცხრილში  შემაჯამებელი  ტერმინებით  არის   მოცემული და  არ წარმოადგენს გამოქვეყნებული  კრიტერიუმების სიტყვასიტყვით ციტირებას. ცხრილი   აჩვენებს, რომ  DSMIVის  მოსაზღვრე პიროვნული აშლილობის კრიტერიუმებს შორის რამდენიმე ICD10ის   იმპულსური ტიპის კრიტერიუმიც არის შესული. მოსაზღვრე პიროვნული აშლილობის განსაზღვრის ამ მცდელობების მიუხედავად,  არ არის ნათელი, არსებობს თუ  არა  იგი, როგორც  ცალკე მდგომი მოცემულობა. მრავალი ადამიანი, რომელიც აკმაყოფილებს  მოსაზღვრე პიროვნული აშლილობის DშMIVის კრიტერიუმებს, აგ რეთვე   აკმაყოფილებს  ისტერიული,  ნარცისული და  ან ტისოციალური  პიროვნული აშლილობის კრიტერიუმებს იმპულსური პიროვნული აშლილობა        როგორც ზემოთ  ითქვა,  ეს  აშლილობა ICD10ში შეტანილია, როგორც ემოციურად ლაბილური პიროვნული აშლილობის ტიპი.  ის არ არის ცალკე შეტანილი DSMIVში, თუმცა მისი რამდენიმე ნიშანი მოსაზღვრე პიროვნული აშლილობის კრიტერიუმებშია შეტანილი. დიაგნოსტიკური კრიტერიუმები  ნაჩვენებია ცხრილში  7.5.   დიაგნოზის დასასმელად   მინიმუმ სამი  კრიტერიუმი  უნდა   იყოს დაკმაყოფილებული. იმპულსური პიროვნული აშლილობის მქონე ადამიანებს არ  შეუძლიათ საკმარისი   ხარისხით საკუთარი ემოციების   მართვა. ისინი მიდრეკილნი არიან უცაბედი, შეუკავებელი  სიბრაზის შემოტევებისაკენ, რასაც მოგვიანებით  ნანობენ. ამგვარი  აფეთქებები   ყოველთვის სიტყვიერი  აგრესიით არ იფარგლება  და  შეიძლება მოიცავდეს  ფიზიკურ ძალადობას, რომელსაც  დროებითი სერიოზული  ზიანი მოაქვს.  ანტისოციალური პიროვნული აშლილობის    მქონე    ადამიანებისგან    განსხვავებით, რომელთათვისაც ასევე ტიპიურია ბრაზის  შეტევები, იმპულსური აშლილობის მქონე ადამიანებს  არ ახასიათებთ სირთულეები ურთიერთობებში. თუმცა ისტერიული პიროვნული აშლილობა შეტანილია, როგორც ICD10, ისე  DSMIV კლასიფიკაციაში, ამ  ორი კლასიფიკაციის მიერ გამოყენებული  კრიტერიუმები ერთგვარად    ურთიერთგანსხვავებულია.    ცხრილ  7.6 ში   ნაჩვენებია ის  ნიშნები,   რომლებიც  ICD10ში   დი აგნოსტიკურ  კრიტერიუმებად გამოიყენება,   ამავე დროს, აქ, აგრეთვე,  მოცემულია  ის კრიტერიუმები, რომლებიც განსხვავებულია ამ  ორ კლასიფიკაციაში. თვითდრამატიზაცია  ამ    აშლილობის ყველაზე თვალში საცემი   ნიშანია.   მან     შეიძლება    შეიძინოს    ემოციური        შანტაჟის ფორმა. პიროვნება,  შეიძლება,  რისხვისა  და თვითმკვლელობის დემონსტრირების სცენებს აწყობდეს. ასეთი  ადამიანები სუგესტიურნი არიან   და  ადვილად ექცევიან სხვათა (განსაკუთრებით ავტორიტეტული ფიგურების)  გავლენის ქვეშ. ისინი აჰყვებიან ხოლმე სხვათა  შეხედულებებსა   და  გემოვნებას   და  ცდილობენ არ ჩამორჩნენ  მოდას. ისინი ეძიებენ ყურადღებასა და ამაღელვებელ   გამოცდილებას.   მათ    სწყურიათ ახალი გამოცდილება, ადვილად ბეზრდებათ ხოლმე  და ხანმოკლე ენთუზიაზმი ახასიათებთ. ასეთი ადამიანები ზედაპირული და ლაბილური ემოციებით გამოირჩევიან. ისინი დრამატული სახით  გამოხატავენ ემოციებს და შეიძლება ქანცი გამოაცალონ  გარშემომყოფთ რისხვის შეტევებითა და სასოწარკვეთილების უკონტროლო გამოხატვით.  ემოციების  ასეთი მოზღვავება ზედაპირულია და  პიროვნება   სწრაფად  გამოდის  ამ   მდგომარეობიდან. მას  უკვირს, რომ  გარშემო მყოფთ   ისე  ადვილად არ ავიწყდებათ ეს სცენები, როგორც თავად მას. მათ ახასიათებთ  კეკლუცობა  და  ცდილობენ  მოხიბლონ სხვები  სრულიად  უადგილო ვითარებაში,  მაგრამ მათი სექსუალური განცდები,  ისევე როგორც სხვა ემოციები, ზედაპირულია. მათ, შეიძლება,   ვერ   მიაღწიონ ორგაზმს ვნების დემონსტრირების მიუხედავად. ასეთი ადამიანები ზედმეტად დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ  ისინი დიდ დროსა და ფულს უთმობენ ტანსაცმლის შეძენას, საკუთარი თავის მოვლას. ისინი ზედმეტად მძიმედ განიცდიან უმნიშვნელო კრიტიკასაც კი მათი გარეგნობის თაობაზე. გარდა  იმ თვისებებისა,  რომლებიც დიაგნოსტიკურ კრიტერუმებად გამოიყენება, ისტერიულ პიროვნულ აშ ლილობას ახასიათებს კიდევ  ორი ნიშანი,  რომელიც იმსახურებს ყურადღებას.  ისტერიული პიროვნული აშ ლილობის  მქონე  ადამიანები  ეგოცენტრულნი    არიან. მათ  ნაკლებად  ანაღვლებთ  სხვა ადამიანები და  საკუთარ ინტერესებსა და სიამოვნებას უპირველეს მნიშვნელობას ანიჭებენ.  ისინი პატივმოყვარენი და მომთხოვნი არიან. ნაკლებად   ითვალისწინებენ  სხვა  ადამიანებს. ძალიან ცდილობენ,  რომ   ადამიანები იძულებით საკუთარ   სურ ვილებს მოარგონ. გარდა  ამისა, მათ აქვთ საკუთარი  თავის მოტყუების უნარი. სჯერათ თავის მიერ ნათქვამი ტყუილის, როგორი არარეალური და დაუჯერებელიც არ უნდა იყოს ის,   მაშინაც კი,   როდესაც  სხვები  კარგად   ხედავან მას. ქცევის   ასეთი   პატერნი   ყველაზე  მკაფიოდ  აღინიშნება პათოლოგიური მატყუარებისა და თაღლითების უმრავ ლესობის შემთხვევაში. რადგანაც  ზოგიერთი ზემოთხსენებული  თვისება ბავშვების ნორმალური მახასიათებელია  (მაგ.,  დროებითი ენთუზიაზმი, წარმოსახულის დაჯერება და სხვისთვის მისი რეალური ფაქტების სახით   მიწოდება), ზოგი ფსიქიატრი ისტერიული პირვნული  აშლილობის მქონე ადამიანების მიმართ იყენებს ტერმინს უმწიფარი. ჩვენი აზრით, უნდა ვერიდოთ ასეთი ტერმინების გამოყენებას, რადგანაც  ისინი არაზუსტი და დამამცირებელია. ნარცისული პიროვნული აშლილობა        ეს პიროვნული აშლილობა მოცემულია DSM IVში და არა ICD10ში, სადაც ის წარმოდგენილია, როგორც ერთერთი აშლილობა,  რომელიც  შეტანილია ნარჩენ კატეგორიაში სხვა სპეციფიკური პიროვნული აშლილობები. DSM IVის კრიტერიუმების პერიფრაზი დაჯამებულია ცხრილში 7.7.ამ ტიპის ადამიანებს აღმატებული წარმოდგენა აქვთ სა კუთარ თავზე; ისინი მკვეხარა და პრეტენზიულები არიან. ისინი მუდმივად დაკავებულნი არიან ფანტაზიით საკუთარი განუზომელი წარმატების, ძალაუფლებისა და ინტელექ ტუალური ბრწყინვალების შესახებ. ისინი თვლიან, რომ განსაკუთრებულნი არიან, რის გამოც სხვებისგან ელიან თაყვანისცემას და განსაკუთრებულ პრივილიეგიებს. ისინი თვლიან, რომ საუკეთესოს ღირსნი არიან და ცდილობენ მაღალი სტატუსის მქონე ადამიანებთან დაკავშირებას. ისი ნი ექსპლუატაციას უწევენ ადამიანებს და ნაკლებად აინ ტერესებთ მათი განცდები. მათ შურთ სხვების ქონებისა და მიღწევების და ფიქრობენ, რომ სხვებსაც შურთ მათი. ისინი ქედმაღალნი არიან და სხვებს ზევიდან ქვევით უყურებენ. C კლასტერის პიროვნული აშლილობები აცილებადაცილებადი პიროვნების (შფოთვითი) აშლი ლობა        DSMIVში  ტერმინი  აცილებადი ამ   ტიპის პიროვნული აშლილობის აღსაწერად გამოიყენება. ICD10ში უპირატე სობა ენიჭება ტერმინს შფოთვიანი პიროვნება, ხოლო ტერმინი აცილებადი მის ერთერთ ალტერნატივას წარ მოადგენს. როგორც ცხრილი 7.8 გვიჩვენებს, ამ  ორ კლა სიფიკაციაში ოდნავ განსხვავებული ნიშნები გამოიყენება. მიდრეკილება   დაძაბულობისაკენ კრიტერიუმად  მხოლოდ ICD10შია შეტანილი. მოცემული აშლილობის მქონე  ადამიანები მუდმივ  დაძ აბულობას  განიცდიან. ისინი თავს დაუცველად გრძნობენ და დაბალი თვითშეფასება  აქვთ. ისინი თავს განიცდიან სოციალურად არასრულყოფილად, არამიმზიდველად  და უუნაროდ.  მათ   მუდმივად   აწუხებთ ის,  რომ  შეიძლება სხვების მიერ  იყვნენ უარყოფილნი და  გაკრიტიკებულნი; წუხან, რომ  შეიძლება   შერცხვნენ  და  სხვებმა  დასცინონ მათ.  ისინი სიფრთხილით ეკიდებიან  ახალ გამოცდილებას და ერიდებიან  ახალი კონტაქტების  დამაყარებას. ისინი ერიდებიან რისკს,  საზოგადოებაში ყოფნისას უხერხულად გრძნობენ თავს და არ  მონაწილეობენ სოციალურ აქტივო ბაში. ჰყავთ ცოტა ახლო მეგობარი, ახალ ინტიმურ სიტუა ციებში შებოჭილნი არიან  და მათ ინტიმურ ურთიერთობას ზღუდავს  სირცხვილისა და დაცინვის შიში. შიზოიდური პიროვნების მქონე ადამიანებისგან განსხვავებით, ისინი არ არიან  ემოციურად ცივი.  მათ  ნამდვილად დიდი სურვილი აქვთ დაამყარონ სოციალური ურთიერთობები, მაგრამ ვერ ახერხებენ ამის განხორციელებას. ობსესიურ კომპულსური პიროვნული აშლილობა        ტერმინი ობსესიურკომპულსური პიროვნული აშლილობა DSMIVში გამოიყენება. ICD10ში გამოიყენება ტერმინი ანანკასტური აშლილობა , რაც  ხაზს  უსვამს  იმას,  რომ  ამ  ტიპის  პიროვნული  თვისე ბები არ არის უშუალოდ ობსესიურომპულსურ აშლილო ბასთან  დაკავშირებული. ცხრილი  7.10 გვიჩვენებს, რომ DSMIVსა და ICD10ში დიაგნოსტიკურ კრიტერიუმე ბად ოდნავ განსხვავებული ნიშნებია გამოყენებული. ამ   აშლილობის მქონე  ადამიანები ზედმეტად დიდ   ყურ ადღებას უთმობენ დეტალებსა და წესებს, წესრიგსა და გეგმებს. მათ   ახასიათებთ   დამამუხრუჭებელი პერფექ ციონიზმი, რაც  ჩვეულებრივ სამუშაოს ტვირთად აქცევს. მუშაობის პროცესში პიროვნების აზროვნება  ტრივიალუ რი დეტალებით  არის წარმართული. მას  აკლია წარმოსახ ვა და ვერ  ახერხებს შანსების გამოყენებას.  აქვს მაღალი მორალური სტანდარტები, რაც გამოიხატება ჭარბ კეთილ სინდისიერებასა და სკრუპულოზურობაში და შეფასებით დამოკიდებულებაში მოვლენების  მიმართ. ამ  თვისებების გამო ის ვერ  ახერხებს სიამოვნების მიღებას. მას  აკლია იუმორი და  დისკომფორტს  განიცდის ისეთი ქმედებისას, რომელიც სხვებისთვის სახალისო  და სიამოვნების მომტა ნია. მისთვის  ზედმეტად მნიშვნელოვანია სამუშაო პროცე სის  პროდუქტიულობა, რაც  ურთიერთობების დათმობის ხარჯზე ხდება. ასეთ ადამიანებს უჭირთ შეგუება ახალ სიტუაციებთან. ისინი ხისტი და მოუქნელები არიან,  არ უყვართ ცვლილე ბები და უპირატესობას ანიჭებენ უსაფრთხო და ნაცნობ რუტინულ საქმიანობას; ჯიუტები და დირექტიულები არიან და სურთ, რომ სხვებიც ემორჩილებოდნენ მათ წესებს. ასე თი ადამიანები უფერულები არიან.  ზოგჯერ სიძუნწით  გამოირჩევიან და არ უყვართ საჩუქრების მიღება და გაცემა; არ უყვართ ნივთების გადაგდება და ზოგჯერ ნივთებსა და ფულს იმარაგებენ ხოლმე. ისინი პედანტურები  არიან  და დიდ  მნიშვნელობას ანიჭე ბენ სოციალურ ნორმებსა და პირობითობებს;  ზედმეტად ფრთხილები არიან  და ახასიათებთ ორჭოფობა; უჭირთ გა დაწყვეტილების მიღება; უჭირთ სიტუაციის დადებითი  და უარყოფითი მხარეების აწონა;  გვიან იღებენ გადაწყვეტი ლებებს და ხშირად ითხოვენ  რჩევას; ეშინიათ  შეცდომების დაშვების და გადაწყვეტილების მიღების შემდეგ წუხან იმა ზე, ხომ არ მიიღეს მცდარი გადაწყვეტილება. ამ   ტიპის პიროვნებას   ახასიათებს კიდევ   ორი მნიშვნე ლოვანი თვისება, რომელიც არ წარმოადგენს დიაგნოსტი კურ კრიტერიუმს. ერთია მგრძნობელობა კრიტიკის მიმართ, რაც გამოიხატება იმაში, რომ მათ ზედმეტად  მნიშვ ნელოვნად მიაჩნიათ სხვისი აზრი და ელიან, რომ  ძალიან მკაცრად იქნებიან გაკრიტიკებულები. ასეთი ადამიანები ნაკლებად  ამჟღავნებენ ემოციებს. მეორეა გამოუხატავი ბრაზისა  და აღშფოთების განცდა. ის ხშირად მიმართულია იმ ადამიანებზე, რომლებიც ხელს უშლიან მათ  რუტინულ ცხოვრებას. ასეთ განცდას შეიძლება  თან ახლდეს აგრე სიული შინაარსის აზრები და წარმოდგენები. პასიურაგრესიული პიროვნული აშლილობა        ეს ტერმინი მიესადაგება  პიროვნებას,  რომელიც პასიური წინააღმდეგობის რეაქციას იძლევა მის მიმართ წაყენებულ მოთხოვნაზე ქცევის  ადეკვატურობასთან დაკავშირებით. ასეთი  რეაქციები გამოიხატება გასაკეთებელი საქმის გა დადებაში, დროის ფლანგვაში, სიჯიუტეში, საქმის განზრახ უხარისხოდ  შესრულებაში, განზრახ  გულმავიწყობაში  და თანამდებობის პირების უსაფუძვლო კრიტიკაში.  ეს კატ ეგორია არ არის შეტანილი DSMIVსა და ICD10ში, რო გორც ერთერთი ტიპის პიროვნული აშლილობა. აფექტური პიროვნული აშლილობა        ზოგ  ადამიანს  აღენიშნება  გუნებგანწყობის რეგულაციის აშლილობა მთელი ცხოვრების მანძილზე.  ისინი მუდმივად მძიმე გუნებაზე არიან  (დეპრესიული პიროვნული აშლილო ბა) ან არაადეკვატურად აწეულ  მდგომარეობაში იმყოფები ან (ჰიპერთიმიული პიროვნული აშლილობა). მესამე ჯგუფი მონაცვლეობს  ამ   ორ  პოლუსს შორის (ციკლოიდური ან ციკლოთიმური პიროვნული აშლილობა). პიროვნული აშლი ლობის ეს ტიპები მრავალი წლის  წინ აღწერეს და  მათი ამოცნობა კლინიკურ პრაქტიკაში ადვილად ხდება, თუმცა ისინი არ არის შეტანილი DSMIVსა და ICD10 კლასიფი კაციებში.  ამის მიზეზი  ის არის, რომ  ორივე სისტემაში  ეს აშლილობები კლასიფიცირებულია, როგორც გუნებგანწყ ობის  აშლილობა და არა როგორც პიროვნული აშლილობა. ICD10  ში  ისინი კლასიფიცირებულია,  როგორც გუნებ განწყობის (აფექტური) პერსისტენტული მდგომარეობები  (ციკლოთიმია ან  დისთიმია) და როგორც ციკლოთიმია ან დისთიმია DSMIVში. მიუხედავად ამისა, ისინი აქ მოკლედ იქნება აღწერილი.დეპრესიული პიროვნული აშლილობის დროს აღინიშნება პერსისტენტული დაწეული გუნებგანწყობა, პესიმისტური დამოკიდებულება ცხოვრების  მიმართ და  ცუდის მოლო დინი. პიროვნება  დარდობს თავისი პრობლემების გამო და ზედმეტად  ნერვიულობს. ასეთ ადამიანებს ხშირად ახასი ათებს მკვეთრად გამოხატული პასუხისმგებლობის გრძნო ბა. მათ  ნაკლებად  შეუძლიათ მიიღონ  სიამოვნება  და გა მოთქვამენ  უკმაყოფილებას საკუთარი ცხოვრებით.  ზოგი ადვილად ღიზიანდება  და მძიმე ხასიათი აქვს. ჰიპოთიმური  პიროვნული აშლილობის მქონე ადამიან ები, ჩვეულებრივ, მხიარულები და ოპტიმისტურები არიან, გამოირჩევიან ენერგიულობით. თუ მათ ეს თვისებები ზომი ერად  ახასიათებთ, ისინი ხშირად ეფექტურ და წარმატებულ ადამიანებად გვევლინებიან. თუ ეს თვისებები  უკიდურესად იქნა გამოხატული, მაშინ ქვეითდება განსჯის უნარი, ასეთ პირებს, შეუძლიათ, უკრიტიკო და უსაფუძვლო გადაწ ყვეტილებების მიღება. მათი ჩვეული მხიარულება ხშირად იცვლება გაღიზიანების პერიოდებით, განსაკუთრებით მა შინ, როდესაც მათი მიზნები არ ხორციელდება. წარსულში, ამ  ჯგუფში შემავალ ზედმეტად  კრიტიკულ და  მოკამათე ადამიანებს ფსევდოკვერულანტებს უწოდებდნენ. ციკლოიდური  პიროვნული  აშლილობის  მქონე  ადამიან ები მერყეობენ უკიდურესად დეპრესიულ და ჰიპერთიმურ მდგომარეობებს შორის. გუნებგანწყობის ასეთი არასტაბი ლურობა ბევრად უფრო დამანგრეველია, ვიდრე რომელიმე პერსისტენტული მდგომარეობა. ასეთი აშლილობის მქონე ადამიანები  პერიოდულად  უკიდურესად  მხიარული,  აქტი ური და პროდუქტიულები არიან. ასეთ დროს ისინი იღებენ დამატებით პასუხისმგებლობას სამუშაოსთან და სოციალურ ცხოვრებასთან დაკავშირებით. შემდეგ მათი გუნებგანწყ ობა იცვლება. ოპტიმიზმი იცვლება უარყოფითი, უიმედო დამოკიდებულებით   ცხოვრების   მიმართ.   მათი   ენერგიის დონე  დაბლა  იწევს.  თუ  აწეულ  მდგომარეობაში  ყოფნისას ისინი ხალისით იღებენ სხვადასხვა ვალდებულებებს, ახლა ყოველივე  ეს მათთვის  მძიმე  ტვირთად  იქცევა.  ისინი  იღე ბენ არასწორ  გადწყვეტილებებს  და  უარს  ამბობენ  ისეთი შესაძლებლობების გამოყენებაზე, რომლებზეც, სხვა შემთხ ვევაში, უარს არ იტყოდნენ. საბოლოოდ ისინი უბრუნდებიან ნორმალურ გუნებგანწყობას ან აწეულ მდგომარეობას. ტერმინები, რომელთა გამოყენებასაც უნდა  ვერიდოთ        ზემოთ უკვე აღინიშნა, რომ  ტერმინი ფსიქოპათიური პიროვნება   არადამაკმაყოფილებელია   ასევე, უნდა  მოვერიდოთ შემდეგი ორი  გავრცელებული ტერმი ნის ხმარებას, რომლებსაც, უპირატესად, მაშინ მიმართავს ინტერვიუერი, როდესაც სათანადოდ არ აქვს შესწავლილი თავისი პაციენტის პრობლემები. ასეთი ტერმინია არაადეკ ვატური პიროვნება, რომელსაც  დამამცირებელი ელფერი აქვს. ამ ტერმინის ნაცვლად სჯობს დავაზუსტოთ რა სახით არის პიროვნება  არათვითკმარი ცხოვრების მოთხოვნებთან მიმართებაში. ეს მიგვიყვანს უფრო  კონსტრუქციულ წარ მოდგენასთან იმის შესახებ, თუ რანაირად დავეხმაროთ მას ცხოვრებასთან  უკეთესად გამკლავებაში. მეორე ტერმინია უმწიფარი   პიროვნება. მას  ბუნდოვანი მნიშვნელობა  აქვს და  გამოიყენება  იმ შეუსაბამობის  აღ სანიშნავად, რომელიც პიროვნების ქცევას და  მის ქრო ნოლოგიურ ასაკს შორის  შეინიშნება. პაციენტის  ქცევა უფრო  დაბალი ასაკის  ადამიანისთვის  არის  შესაფერისი, ვიდრე პაციენტის ასაკის ადამიანებისთვის. იმისთვის, რომ ავიცილოთ ტერმინ უმწიფარის ბუნდოვანება, სჯობს დავაზუსტოთ  პრობლემის  ხასიათი (პრობლემა ეხება სო ციალურ ურთიერთობებს, ემოციათა მართვას, მზაობას პა სუხიმგებლობის აღებისადმი, თუ  რაიმე სხვას). პაციენტის პრობლემის  ასეთნაირი დაზუსტება უფრო კონსტრუქცი ულ მიდგომასთან მიგვიყვანს, ვიდრე პიროვნების მონათ ვლა უმწიფარ ადამიანად. გარდა  ამისა, ეს ტერმინი ისეთი მიზეზის  არსებობას გულისხმობს, რომელიც არ არის დას აბუთებული, ანუ მოწიფულ პიროვნებად ჩამოყალიბების უუნარობას. ამის გამო, მოცემული ტერმინისთვის  თავის არიდება, ასეთ სირთულესაც  აგვარიდებს. ეპიდემიოლოგია        ზოგად  პოპულაციაში პიროვნული   აშლილობის   ეპიდე მიოლოგიური გამოკვლევა  დაიწყო   იმ  სტანდარტიზებუ ლი ინსტრუმენეტების შემუშავების   შემდეგ, რომლებიც DSMIIIის  კრიტერიუმებზე იყო დაფუძნებული. ამ  ტიპის გამოკვლევები  დიდი ზომის  შერჩევებს მოითხოვს,  რადგან ზოგიერთი პიროვნული აშლილობის გავრცელების სიხშირე ძალინ დაბალია. გარდა  ამისა, ძნელია პიროვნული აშლი ლობის იდენტიფიცირება თემზე დაფუძნებული  გამოკვ ლევების დონეზე. ასეთ გამოკვლევებში, ინტერვიუერს იშვიათად   მიუწვდება ხელი ინფორმანტების მიერ  მოწო დებული ინფორმაციაზე. ეპიდემიოლოგიური  მონაცემები, ძირითადად, მიღებულია რვა  გამოკვლევით, რომლებიც ბრიტანეთში, აშშსა და  გერმანიაში  ჩატარდა  . პიროვნული აშლილობის გავრცელების სიხშირის ერთო ბლივი მონაცემი (ანუ ყველა ტიპის პიროვნული აშლილო ბის  ჯამი)  ამ  რვა  გამოკვლევაში  615%ს შეადგენს.  სიხ შირის მაჩვენებელი უფრო მაღალია ქალაქის დასახლებებში სოფლის დასახლებებთან  შედარებით . ბრიტანეთში უახლესი  და  ყველაზე  სანდო  მაჩვენებელი უფრო დაბალია და 4.4 პროცენტს შეადგენს  ). პირვნული აშლილობის სიხშირის მაჩვენებლები არ განსხვავდება  მამაკაცებში და ქალებში და იკლებს ასა კის  მატებასთან ერთად.პიროვნული აშლილობის უფრო მაღალი  ზოგადი მაჩვენე ბელი დადგინდა  ფსიქიატრიული სიმპტომების მქონე პაცი ენტებთან,  რომლებიც პირველადი ჯანდაცვის  სერვისებს აკითხავენ. მათთან  ეს მონაცემი  30%ს შეადგენს  . ამბულატორიულ და სტაციონარულ ფსიქი ატრიულ პაციენტებში  პიროვნული აშლილობის საერთო მაჩვენებელი დაახლოებით 50%ია .ცხრილში 7.11 ნაჩვენებია სხვადასხვა ტიპის პიროვნული აშლილობის   გავრცელების სიხშირე.  ამ    გამოკვლევებში შერჩევის  ზომა მერყეობს 200დან 1600მდე. ზოგიერთი მაჩვენებლის  მერყეობის   დიაპაზონი ფართოა,  რაც,  ვა რიაციის სხვა მიზეზების  გარდა,  კვლევის განსხვავებული ინსტრუმენტების გამოყენებას ასახავს.  ზოგი აშლილობის მაჩვენებელი განსხვავებულია მამაკაცებში  და ქალებში. მაგ.,  ანტისოციალური  პიროვნული აშლილობა უფრო მეტად    მამაკაცებშია გავრცელებული   (თანაფარდობა მერყეობს 2.1 და 7.1 შორის). მიუხედავად იმისა, რომ  მო საზღვრე  და ისტერიული პიროვნული აშლილობები უფრო ხშირად ქალებშია  აღწერილი, მოცემულ  გამოკვლევებში ეს კანონზომიერება ცალსახად არ დადასტურდა. გავრცელების სიხშირის  საინტერესო მაჩვენებლები დადგინდა  ქვეყნების მიხედვით.  მაგ.,  ანტისოციალური პიროვნული აშლილობის საკმაოდ დაბალი მაჩვნებელი დადგინდა   ტაივანში. გავრცელების  სიხშირის  მაჩვენე ბლების ფართო  ვარიაბილობა არ არის საკმარისად სარწ მუნოდ ახსნილი. ეს ეხება კარგად დაგეგმილ გამოკვლევებ საც,  რომლებიც დიდი  მოცულობის შერჩევაზე ჩატარდა. ზოგიერთი პიროვნული აშლილობის გავრცელების სიხშირე შეიძლება  ცვალებადობდეს სხვადასხვა კულტურულ გარე მოში. ის,  როგორც ჩანს,  გაშუალებულია ბავშვობისდრო ინდელი გარემოთი  და  ადგილობრივი გენე ტიკური ვარიაციებით; ის ასევე შეიძლება  წარმოადგენდეს პიროვნული აშლილობის ამჟამინდელი  დეფინიციის მიერ კულტურული ნორმების გათვალისწინების ეფექტს. ეტიოლოგია ზოგადი საკითხები        პიროვნული აშლილობის მიზეზები უცნობია. ზოგი ავტორი ასახელებს გენეტიკურ ფაქტორებს სხვადასხვა ტიპის ადრეულ ცხოვრებისეულ გამოცდილებასთან ერთად. ზოგი პიროვნული აშლილობა ეტიოლოგიურად არის ურთიერთდაკავშირებული მის მსგავს ფსიქიკურ აშლილობასთან. ქვემოთ განხილულია გენეტიკური მიზეზები კონკრეტული პიროვნული აშლილობის ეტიოლოგიის მონახაზთან ერთად. ადრეული  ცხოვრებისეული   გამოცდილების ზეგავლენის შესწავლა  რთულია იმის  გამო, რომ  ამ   გამოცდილებასა და   ზრდასრულ  ცხოვრებაში   პიროვნული  აშლილობის დიაგნოზს  შორის   ხანგრძლივი   დროითი  ინტერვალია. ბავშვობისდროინდელი   გამოცდილებისა  და   პიროვნების დამაკავშირებელი ფსიქოდინამიური თეორიები აქ ნახსენებია იმ კონტექსტში, სადაც ისინი გავლენის მქონეა. მიუხედავად  იმისა,თუ რამდენად არის   კლინი ცისტებისთვის მისაღები  ფსიქოდინამიური თეორია, მათი უმრავლესობა მიიჩნევს, რომ  ბავშვობისდროინდელ გამოცდილებას, პიროვნულ მახასიათებლებსა და პიროვნულ აშლილობას   შორის   მიზეზობრივი  კავშირი  არსებობს. პრაქტიკაში გამართლებულია ბავშვობისდროინდელი გამ ოცდილების  შესწავლა   და   საღ  აზრზე  დაფუძნებული მსჯელობის გამოყენება  იმის  დასადგენად, თუ  რამდენად შესაძლოა ამა  თუ  იმ გამოცდილებას ზეგავლენა  მოეხდინა პიროვნების    განვითარებაზე.  მაგ., მშობლების მიერ ბავშვის  მუდმივი   უარყოფა  შეიძლება  დაკავშირებული იყოს ზრდასრულ  ასაკში დაბალ  თვითშეფასებასთან. რეტროსპექტული გამოკვლევები  აშკარა პრობლემებს წარმოშობს, მაგრამ პროსპექტული გამოკვლევის  ჩატარება უფრო პერსპექტიულია. ერთერთი ასეთი  გამოკვლევის თანახმად,   დამოუკიდებლად დადგენილი   უკიდურესი ფიზიკური უგულებელყოფა, სასტიკი მოპყრობა და სექსუალური     ძალადობა  ასოცირებულია ზრდასრულ ასაკში კლასტერში შემავალი პიროვნული აშლილობების აღმოცენების რისკთან. ჩვენ  უკვე განვიხილეთ  კავშირი  პიროვნულ  აშლილობასა და ფსიქიკურ აშლილობას შორის. მსგავსებამ ციკლოთიმურ პიროვნებასა  და  მანიაკალურდეპრესიულ  აშლილობას შორის მკვლევარები მიიყვანა დასკვნამდე მათ შორის მიზეზობრივი კავშირის არსებობის შესახებ. ეს თვალსაზრისი კლასიფიკაციის სისტემაშია ასახული. აგრეთვე, გამოითქვა  მოსაზრება,  რომ  შიზოიდური  პიროვნული აშლილობა შიზოფრენიის ნაწილობრივ გამოხატულებას წარმოადგენს, მაგრამ ეს მოსაზრება არ დადასტურდა სათანადო მტკიცებულებით. თუმცა, ასეთი კავშირის არსებობა დადგინდა შიზოტიპური პიროვნული აშლილობის შემთხვევაში. ასევე, არ დადასტურდა კავშრი ობსესიურ პიროვნულ  აშლილობასა  და  ობსესიურკომპულსურ აშლილობას შორის . იმის  გამო, რომ  სხვადასხვა ტიპის პიროვნულ აშ ლილობას სხვადასხვა მიზეზით ხსნიან, ისინი ქვემოთ იქნება განხილული. თავიდან განვიხილავთ ანტისოციალურ პიროვნულ აშლილობას, რადგან  მას  უფრო მეტი  კვლევა ეძღვნება. სხვა სახის აშლილობები იგივე თანმიმდევრობით არის დალაგებული, როგორც ამ  თავის  დასაწყისში. ანტისოციალური პიროვნული აშლილობა გენეტიკური მიზეზები        ტყუპებზე   ჩატარებული   გამოკვლევები.  ყველაზე   ხში რად  ციტირებული გამოკვლევები   ლანგესა   და   როზა ნოფს ეკუთვნის  . ამ გამოკვლევებში შეისწავლებოდა  პრობანდები  რამ დენჯერმე   მსჯავრდებულნი სისხლის   სამართლის დანა შაულის გამო და  არა  ანტისოციალური პიროვნული აშლილობის მქონე ადამიანები, რის გამოც ამ გამოკვლევების შედეგების რელევანტობა ასეთი  აშლილობის მქონე  ადა მიანების მიმართ საეჭვოა. ტყუპებზე ჩატარებულმა უფრო გვიანდელმა გამოკვლევებმა დაადასტურა ანტისოციალური ქცევის  მემკვიდრეობითი ხასიათი ზრდასრულ ადამიანებში და  აჩვენა,  რომ  გენეტიკური ფაქტორები უფრო მნიშვნელოვანია ზრასრულ პირებში, ვიდრე ანტისოციალურ ბავშვებსა და მოზარდებში, რომლებთანაც საერთო გარემო ფაქტორები უფრო  დიდი მნიშვნელობის მქონეა  .ნაშვილები   პირების   გამოკვლევა.  კადორეს მიერ  ჩატა რებულ მნიშვნელოვან გამოკვლევაში შე მდეგი შედეგები იქნა მიღებული: ნაშვილებ პირებს, რომლებიც დაბადებიდანვე დააშორეს პერსისტენტული ანტისოციალური   ქცევის  მქონე   მშობელს,     უფრო ხშირად აღენიშნებოდათ ანტისოციალური პიროვნული აშლილობა,  ვიდრე იმ  ნაშვილებ პირებს, რომელთა მშობელს ანტისოციალური ქცევა არ ახასითებდა. გა მოკვლევა ითვალისწინებდა, თუ  რომელ მშობელს ახა სიათებდა   ანტისოციალური  ქცევა   ბიოლოგიურ  დე დას  თუ   ბიოლოგიურ მამას.   შთამომავლობაში, ან ტისოციალური  პიროვნული აშლილობა უფრო  ხშირად იყო დიაგნოსტირებული  მამაკაცებთან,  ვიდრე ქალებთან, თუმცა ქალებთან  უფრო დიდი სიხშირით დაფიქსირდა აშლილობის   ტიპი,   რომელსაც იმ   დროს   ისტერიას უწოდებდნენ.  კადორე თვლიდა,   რომ   ისტერია ქალებში ისეთივე გენეტიკური დატვირთვის  გამოხატულებაა, რაც ანტისოციალური  პიროვნული აშლილობა მამაკაცებში. მიუხედავად იმისა, რომ  ამ  გამოკვლევას თავისი სი სუსტეები ახასიათებდა (30%მა უარი თქვა ინტერვიუში მონაწილეობის მიღებაზე), მან  მაინც დაამტკიცა  მანამდე მიღებული შედეგები). მცირე მასშტაბის გამოკვლევამ, რომელიც შეისწავლიდა ანტისოციალური ქცევის  მქონე ნაშვილები პირების ბიოლოგიურ მშობლებს, დაადგინა ანტისოციალური ქცევის  უფრო მაღალი  სიხშირე იმ ბავშვების ბიოლოგიურ მშობლებთან შედარებით, რომლებსაც ანტისოციალური ქცევა არ ახასიათებდათ. კადორემ  შეისწავლა   ნაშვილები პირების აღზრდა და ოჯახური გარემო. ამ  შემთხვევაშიც, ბიოლოგიური მშობლების  ანტისოციალური პიროვნული აშლილობა გამოდგა ნაშვილები ბავშვების ანტისოციალური ქცევის   პრედიქტორი. თუმცა,  მშვილებელი ოჯახის უარყოფითი ფაქტორები (ცოლქმრული პრობლემები  დაწამალმოხმარება)  ზრდასრული პირების ანტისოციალური ქცევის  დამოუკიდებელ პრედიქტორს წარმოადგენს. გენების შეჭიდულობის გამოკვლევები  რთული ჩასა ტარებელია. ამჟამად,   ამ ტიპის კვლევებით შეჭიდულობის ფაქტები არ არის დადასტურებული. ცერებრული პათოლოგია და ცენტრალური ნერვული სისტემის განვითარება        ერთერთი დაკვირვების თანახმად, თავის ტვინის დაზიანების მქონე ზოგიერთი პაციენტი აგრესიულ ქცევას ამჟღავნებს, რაც იმას გულიხმობს, რომ პიროვნების ანტისოციალურობის მიზეზს შეიძლება  თავის  ტვინის უმნიშვნელო  დისფუნქცია წარმოადგენდეს. ეს  მოსაზრება  ჯერჯერობით  არ ყო ფილა დადასტურებული.  მაგნიტურრეზონანსული ტომო გრაფია  აჩვენებს, რომ  ანტისოციალური  პიროვნული აშლილობის მქონე ადამიანებთან  პრეფრონტალურ უბანში შემცირებულია რუხი    ნივთიერების  სიმკვრივე     თავის ტვინის უხეში  დაზიანების   გარეშე , რაც, შეიძლება,  გარკვეული სახის პრეფრონტალურ დისფუნქციას ასახავდეს. სანამ  დავადგენდეთ,  თუ   რამ დენად   მნიშვნელოვანია   ეს  მონაცემები, უნდა   მოხდეს მათი დადასტურება. შედარებით ახალი ნეიროვიზუალური გამოკვლევებით  დადგინდა   ამიგდალას   არასაკმარისი რეაქცია ემოციური  ხასიათის სტიმულებზე.  გარდა  ამისა, სოციოპათიის მქონე ინდივიდებში ამიგდალას  მოცულობა შემცირებულია.  ეს  მონაცემები  დაუკავშირეს   იმ ფაქტს, რომ სოციოპათებს ნაკლებად  ახასიათებთ ემპათია ადამიანების მიმართ. მშობელთან  განშორება. ხშირად  ციტირებულ  ადრეულ გამოკვლევაში,   ბოულბიმ   შეისწავლა   44 მცირეწლოვანი ქურდი. მან  დაასკვნა, რომ  ბავშვის განშორება   დედასთან   იწვევს   ანტისოციალურ  ქცევას და  ახლო ურთიერთობის ჩამოყალიბების  უუნარობას.  ამ გამოკვლევამ ბიძგი   მისცა  სხვა  მრავალი   გამოკვლევის ჩატარებას,      რომლებიც     შეისწავლიდა   განშორების ეფექტს. შედეგები ბევრად  უფრო მრავალფეროვანი აღმოჩნდა,  ვიდრე ამას  ბოულბი ვარაუდობდა. აღმოჩნდა რომ  დედასთან  განშორება ყველა ბავშვზე უარყოფითად არ მოქმედებს  და რომ  განშორების  ეფექტი მრავალ ფაქტორზეა  დამოკიდებული (ბავშვის ასაკი, დედასთან და მამასთან წინარე ურთიერთობა და განშორების  მიზეზი). მშობლებიდან  გამომდინარე მიზეზები.  მშობლებთან განშორება ხშირად მოსდევს მშობლებს შორის დაძაბულობისა და უსიამოვნების ხანგრძლივ პერიოდს, რამაც თავისთავად შეიძლება    მოახდინოს    ბავშვზე  უარყოფითი  გავლენა. ერთერთ მნიშვნელოვან გამოკვლევაში დადასტურდა,  რომ   უთანხმოება ცოლქმარს შორის ნაწილობრივ განაპირობებს  კავშირს  განშორებასა და ანტისოციალურ  აშლილობას შორის, რომელიც ვაჟებს აღენიშნებათ. რადგანაც   ბავშვობისდროინდელი ან ტისოციალური ქცევა დაკავშირებულია ანტისოციალურ ქცევით აშლილობასთან  ზრდასრულ ასაკში (იხ.  ქვემოთ), ეს  მონაცემები მიუთითებს    კავშირზე    მშობლებთან ასოცირებულ ფაქტორებსა და ანტისოციალურ პიროვნულ აშლილობას შორის. სოციალური  დასწავლა   ბავშვობაში. მრავალი წლის წინ, სკოტმა   წარმოადგინა ანტისოციალური ქცევის  ჩამოყალიბების  სოციალური დასწავლის მოდელი. ამგვარი ქცევის  ჩამოყალიბება შეიძლება  შემდეგით იყოს განპირობებული: 1. ბავშვი ანტისოციალურ ოჯახში იზრდება 2. ოჯახში არ არსებობს თანმიმდევრული წესები 3. პიროვნებამ   შეიძლება    დაისწავლოს   ანტისოციალური ქცევა, როგორც სხვა პრობლემებთან  გამკლავების საშუალება  (მაგ.როგორც არასრულფასოვნების  გან ცდის  დამალვის საშუალება); 4. ყურადღების კონცენტრაციის უუნარობა და  სხვა ფაქ ტორები, რომლებიც ხელს უშლის დასწავლას.        არსებობს ამ ფაქტორების  მოქმედების გარკვეული მტკიცებულება. მაგ.,  ანტისოციალური პიროვნული აშლი ლობა  დაკავშირებულია ფიზიკურ ძალადობასთან და ძალადობრივ  აღზრდასთან  თანმიმდევრული  წესების დაცვის  გარეშე, ინტელექტის და ბალკოეფიციენტთან და  დიდ ოჯახში   აღზრდასთან .  მოცემული სქემის ღირებულება, ძირითადად,  იმაში  მდგომარეობს, რომ   ის კლინიცისტს აწვდის სასარგებლო სქემას  ანტისოციალური პიროვნების შესაძლო  მიზეზების  გამოსაკვლევად. ბავშვობისდროინდელი ქცევითი პრობლემები და ანტი სოციალური პიროვნება. ერთერთმა მნიშვნელოვანმა 30 წლიანმა  შემდგომმა  გამოკვლევამ,  რომელიც  ბავშვთა ფსიქიკური ჯანმრთელობის კლინიკაში ჩატარდა, დაადგინა კავშირი ბავშვობისდროინდელ ქცევით პრობლემებსა და ზრდასრულ ასაკში გამოვლენილ ანტისოციალურ პიროვნულ აშლილობას  შორის . მიუხედავად  იმისა, ზრდასრულ  ასაკში  პერსისტენტული  ანტისოციალური ქცევით ხასიათდებოდა მხოლოდ ძალიან მცირე ნაწილი იმ ადამიანებისა,  რომლებსაც  ბავშვობაში  ანტისოციალური ქცევა  აღენიშნებოდათ,  ანტისოციალური  პიროვნული აშლილობის მქონე მოზრდილი ადამიანების უმრავლესობას ბავშვობაში აღენიშნებოდა ქცევითი ხასიათის პრობლემები. ბავშვობისდროინდელი პრობლემების გამოვლენა ზრდასრულ ასაკში უფრო მაშინ იყო მოსალოდნელი, როდესაც ბავშვობის პერიოდში პიროვნებას ერთზე მეტი ანტისოციალური ქცევა აღენიშნებოდა და როდესაც ანტისოციალური აქტები განმეორებით    ხასიათს    ატარებდა.    ქურდობას    ბიჭებში და არაკანონიერ სექსუალურ ქმედებებს გოგონებში განსაკუთრებით ხშირად მოჰყვებოდა ანტისოცილური ქცევა ზრდასრულ ასაკში. ეს ადრეული მონაცემები შემდგომშიც დადასტურდა. აგრეთვე, დადასტურდა, რომ ქცევითი პრობლემები წარმოადგენს ანტისოციალური პიროვნების პრედიქტორს ისეთი ფაქტორების ზემოქმედებისგან დამოუკიდებლად, როგორიც უარყოფითი ოჯახური და სოციალური ფაქტორების ზეგავლენაა . პარანოიდული პიროვნული აშლილობა        ცოტაა ცნობილი  ამ  აშლილობის მიზეზების  შესახებ.  ზო გიერთი მკვლევარის თანახმად, პარანოიდული პიროვნული აშლილობა უფრო  ხშირად  გვხვდება  შიზოფრენიის მქონე პრობანდის  პირველი  რიგის ნათესავებში ზოგად პოპულაციასთან  შედარებით . თუმ ცა, ზოგიერთმა გამოკვლევამ არ დაადასტურა ეს შედეგები). შიზოიდური პიროვნული აშლილობა        ამ აშლილობის მიზეზი  არ არის ცნობილი. როგორც ითქვა, შიზოიდური პიროვნება   გენეტიკურად მჭიდროდ  არ არის დაკავშირებული შიზოფრენიასთან). ფსი ქოანალიტიკოსები გამოყოფენ  ამ  ტიპის პიროვნების უუ ნარობას მიიღოს  და გასცეს სიყვარული. ასეთი  უუნარობა ითვლება თავდაცვად,  რომელიც ჩამოყალიბდა ცხოვრების ადრეულ ეტაპზე  დედაშვილის არასრულყოფილი ურ თიერთობის საპასუხოდ.  კლაინმა   გამოთქვა მოსაზრება, რომ  ყველა ბავშვი განვითარების პროცესში გაივლის გარკვეულ ეტაპს,  რომელსაც ის შიზოიდურ  პო ზიციას უწოდებდა. ამ  ეტაპზე  ბავშვი ორალურ და სადი სტურ იმპულსებს სახიფათოდ  განიცდის  და  ახდენს მათ პროექციას მშობელზე.  ამ  თეორიის თანახმად, ბავშვების უმრავლესობა გაივლის ამ  სტადიას, მაგრამ მათი მცირე რაოდენობა ინარჩუნებს პროექციის დაცვით მექანიზმს. თუმცა, ეს იდეები შიზოიდურ პიროვნულ  აშლილობასთან დაკავშირებით არაა გათვალისწინებული ამჟამინდელ დია გნოსტიკურ  სახელმძღვაენლოში. შიზოტიპური პიროვნული აშლილობა        შიზოტიპური პიროვნული აშლილობის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი აღინიშნება ამ  აშლილობის მქონე პრობანდის ნათესავებში, ვიდრე ჯანმრთელი ტყუპების ნათესავებს  ან) სხვა ოჯახის წევრებში , რაც ამ  აშლილობის გენეტიკურ საფუძველზე მიუთითებს. შიზოტიპური პიროვნული აშლილობა, ასევე, უფრო ხშირად გვხვდება შიზოფრენიის მქონე პრობანდის ბიოლოგიურ და, ნაკლებად,  არაბიოლოგიურ ნათესავებში   ან საკონტროლო პირებში . სტრუქტურული ვიზუალიზა ციით ჩატარებული 17 გამოკვლევის  მიხედვით, რომლებშიც სწავლობდნენ მოცემული აშლილობის მქონე პირებს, ნახეს, რომ  ამ   აშლილობის  დროს გამოვლენილი თავის   ტვინის ანომალიები  გარდა   საფეთქლის წილისა და  ლატერალუ რი პარკუჭის ანომალიებისა,  შიზოფრენიის მქონე პირებში დადგენილი პათოლოგიის მსგავსია . ეს მონაცემები  იმაზე მიუთითებს, რომ  შიზოტიპური პიროვ ნული აშლილობა შეიძლება  წარმოადგენდეს შიზოფრენიის უფრო მსუბუქ ფორმას, ან ეს ორი პათოლოგია შეიძლება სხვა სახით  იყოს ერთმანეთთან დაკავშირებული. მოსაზღვრე პიროვნული აშლილობა        ამ   შემთხვევაში  არ  დადგინდა  მნიშვნელოვანი  გენეტიკუ რი ფაქტორები.  გამოკვლევები,  რომლებიც  შეისწავლიდა მოსაზღვრე   პიროვნული   აშლილობის   გავრცელებას   ამა ვე აშლილობის მქონე პრობანდის ნათესავებში, წინააღმ დეგობრივ შედეგებს იძლევა. თუმცა, მათთან აღინიშნება აფექტური აშლილობის) და სხვა ტიპის პიროვ ნული  აშლილობების  გაზრდილი  მაჩვენებლები  . ალბათ, უფრო სასასრგებლო იქნება იმ თვისებების გენეტიკური საფუძვლის შესწავლა, რომლებსაც თავიანთი წვლილი შეაქვთ საერთო კლინიკურ სურათში (მაგ., ასეთი თვისებებია აფექტის რეგულაციის უუნარობა და იმპულსების არადამაკმაყოფილებელი მართვა.). ფსიქოანალიტიკური თეორიები აშლილობის მიზეზს ხედავენ დედაშვილის არასრულყოფილ ურთიერთობაში ბავშვის ინ დივიდუალიზაციის  საფეხურზე  . ამ  მოსაზ რებას  ადასტურებს  ის  ფაქტი,  რომ  მოსაზღვრე  პიროვნული აშლილობის მქონე ადამიანები საკონტროლო ჯგუფთან შედარებით უფრო ხშირად განიცდიდნენ ბავშვობაში სექსუალურ  და  ფიზიკურ  ძალადობას  . 28 წლიან შემდგომ დაკვირვებაში ჰელგელანდმა დაადგინა კავშირი, ერთი მხრივ, ბავშვის უგულებე ლყოფასა და მასზე ძალადობას და, მეორე მხრივ, გვიანდელ პერიოდში მოსაზღვრე პიროვნული აშლილობის განვითარე ბას შორის. არტისტული და სხვა ტიპის ნიჭი და ინტელე ქტუალური უნარები დადებითი ეფექტის მქონეა. ისტერიული პიროვნული აშლილობა        ამ ტიპის პიროვნული აშლილობის მიზეზების  შესწავლას სულ რამდენიმე ობიექტური კვლევა ეძღვნება. ისტერიული პიროვნული აშლილობის გენეტიკური ფაქტორი  არ შეუს წავლიათ სტანდარტიზებული   მეთოდების   გამოყენებით. არსებობს  სტანდარტიზებული მეთოდების გამოყენებით ჩატარებული რამდენიმე გამოკვლევა და ისინიც წინააღმ დეგობრივ შედეგებს იძლევა . ფსიქოანალიზის მიხედვით,  მოცემული აშლილობა დაკავშირე ბულია ან ოიდიპოსის , ან კიდევ  ორალური კონფლიქტის გადაჭრის უუნარობასთან  . ობსესიური პიროვნული აშლილობა        როგორც ჩანს, ობსესიურ პიროვნულ აშლილობას მნიშვნელოვანი გენეტიკური საფუძველი გააჩნია თუმცა მისი  ბუნება არ არის ცნობილი.  ფსიქოანა ლიტიკური თეორიის მიხედვით  ობსესიური პიროვნული აშ ლილობა მომდინარეობს განვითარების ანალურ სტადიაზე აღმოცენებული  პრობლემებიდან.  ამ   აშლილობის კლინი კური ნიშნები სხვადასხვა დაცვითი მექანიზმის (რეგრესია, რეაქციის ფორმირება, იზოლაცია; იხ.  გვ 153) მოქმედების შედეგად ითვლება. არც ერთი  ამ   განმარტებათაგანი არ არის მეცნიერულად დასაბუთებული. შფოთვითი (აცილებადი) პიროვნული აშლილობა        შფოთვითაცილებადი პიროვნული აშლილობა არ შეუსწავ ლიათ შფოთვითი აშლილობისგან დამოუკიდებლად. ბეკმა და ფრიმანმა წარმოადგინეს კოგნიტური მოდელი ,  რომლის ცენტრალური  ელემენტებია უარყოფის შიში, თვითკრიტიკა, სხვა ადამიანების რეაქციების არასწორი შეფასება და მათგან გამომდინარე სხვა პიროვ ნული თვისებები.  მოცემულ  თეორიას არ მოეძებნება ემპი რიული დასაბუთება. სხვაზე დამოკიდებულებისა და პასიურაგრესიული პიროვნული აშლილობა        ამ  პიროვნული აშლილობის მიზეზი  არ არის ცნობილი. არ მომხდარა  გენეტიკური ფაქტორების იდენტიფიცირება. ფსიქოანლიტიკური ინტერპრეტაციით  ორივე აშლილობა მომდინარეობს განვითარების ორალურ სტადიაზე წარმო ქმნილი  პრობლემებიდან. სხვაზე  დამოკიდებულების  პი როვნული აშლილობის მქონე ადამიანები  აღნიშნავენ, რომ ბავშვობისას მშობლები  ზედმეტ  მზრუნველობას იჩენდნენ მათ  მიმართ , მაგრამ,  როგორც ზემოთ ითქვა, ამგვარი ინფორმაციის სანდოობა დაბალია. პიროვნული აშლილობის პროგნოზი        პიროვნული  აშლილობა არის მდგომარეობა, რომელიც მთელი ცხოვრების მანძილზე  გასტანს,  ასე რომ,  დროთა განმავლობაში, არ არის რაიმე ცვლილებები მოსალოდნე ლი. პიროვნული  აშლილობების გამოსავლის  შესახებ  არ მოიძებნება სანდო ინფორმაცია. ცხრა გამოკვლევის  მი მოხილვამ,  რომელთა დროსაც წარმოებდა  შემდგომი დაკ ვირვება,  აჩვენა, რომ მხოლოდ ორი მათგანი გრძელდებო და 4 წელზე მეტ ხანს. ეს გამოკვლევები  ერთმანეთისგან განსხვავდებოდა შერჩევის წესის და კვლევის მეთოდების თვალსაზრისით; გარდა  ამისა, შესწავლილი პირების რაო დენობა ძალინ  მცირე იყო. მიმდინარე  ფართომასშტაბუ რი გამოკვლევა,  რომელსაც  ატარებს აშშის ფსიქიკური ჯანმრთელობის ეროვნული  ინსტიტუტი, ალბათ  უფრო ხარისხიან ინფორმაციას მოგვაწოდებს. აგრესიული და ანტისოციალური პიროვნული აშლილობა. კლინიკური დაკვირვებიდან გამომდინარე, ამ  შემთხვევაში შეიძლება  უმნიშვნელო  გაუმჯობესებას ჰქონდეს ადგილი, რომელიც  ნელა მიმდინარეობს. ეს განსაკუთრებით აგრე სიულ და ანტისოციალურ ქცევას ეხება. რობინსის  ზემოთ ხსენებულ გამოკვლევაში,  პერსისტენტული ანტი სოციალური ქცევის   მქონე პირების  დაახლოებით ერთი მესამედის  მდგომარეობა გაუმჯობესდა  ცხოვრების  გვი ანდელ ეტაპზე,  რაზეც მეტყველებს პატიმრობისა და სო ციალურ სააგენტოებთან ურთიერთობის სიხშირის მაჩვე ნებლები. თუმცა, ამ  ადამიანებს მაინც აღენიშნებოდათ სირთულეები ურთიერთობებში, რაც ვლინდებოდა მტრულ დამოკიდებულებაში ცოლებისა და მეზობლების მიმართ და სუიციდის მაჩვენებლის ზრდაში. მოსაზღვრე პიროვნული აშლილობა. ამ  აშლილობის შემ თხვევაში   მრავალგვარი  გამოსავალია   დაფიქსირებული, რაც იმას ნიშნავს, რომ მოსაზღვრე პიროვნული აშლილობა შეიძლება  ერთ მოცემულობას  არ წარმოადგენდეს მაგ., სტოუნმდაადგინა, რომ მაღალი   სოციალური  კლასის ოთხი წარმომადგენლიდან, რომელსაც ეს დიაგნოზი 2030 წლის ასაკში დაუსვეს, მხო ლოდ ერთი აკმაყოფილებდა მოცემული დიაგნოზის  კრიტერიუმებს საშუალო ასაკში. თუმცა, მათი უმრავლესობა აკმაყოფილებდა სხვა პიროვნული აშლილობის კრიტერი უმებს (მათ შორის, ისტერიული, აცილებადი და ობსესიური ტიპის აშლილობის). ის ადამიანები, რომლებსაც კვლავაც აღენიშნებოდათ საწყისი  დიაგნოზი,  ხშირად ფსიქოაქტი ური ნივთიერების მომხმარებლები ან  კრიმინალები იყვ ნენ. სტოუნის მიერ  ჩატარებულ გამოკვლევაში დადგინდა სუიციდის მაღალი   პროცენტი (8.5%), თუმცა, ეს შედეგი ყველა გამოკვლევით არ დადასტურდა. შიზოტიპური პიროვნული აშლილობა. 35 წლიანი შემდგო მი დაკვირვებით დადგინდა, რომ შიზოტიპური პიროვნული აშლილობის დროს გამოსავალი უარესია, ვიდრე მოსაზღვრე პიროვნული აშლილობის შემთხვევაში . C კლასტერში შემავალი პიროვნულ  აშლილობებს უკეთესი  პროგნოზი აქვთ, ვიდრე სხვა კლასტერებში შემავალ აშლილობებს. მკურნალობა        ძალიან ცოტაა  ისეთი  მტკიცებულება, რომლითაც კლი ნიცისტი იხელმძღვანელებდა პიროვნული აშლილობის მკურნალობის დროს.  ამას  გარდა,  ძალიან ცოტაა ისეთი გამოკვლევა,  რომელიც აკმაყოფილებს რანდომიზაციის, ბრმა კვლევის და შესაბამისი საკონტროლო მკურნალობის მოთხოვნებს. ტაიერმა და დევიდსონმა დაადგინეს დამატებითი მიზეზები, რომლებიც გვიხს ნის კლინიკურად რელევანტური კვლევის სიმწირეს. თანამშრომლობა და ჩავარდნები        პიროვნული აშლილობის მქონე პაციენტები  ხშირად  არ იცავენ  მკურნალობის რეჟიმს,  ხოლო კვლევებში კი ისე თი  პირების მონაწილეობაა  აუცილებელი, ვინც   თანხმაა თანამშრომლობაზე. დამყოლი პაციენტის შემთხვევაშიც, ჩავარდნების ჯამური მაჩვენებელი ართულებს  მიღებული შედეგების განზოგადებას. ამ   პრობლემას ისიც ემატება, რომ შემდგომი დაკვირვების პერიოდი საკმაოდ ხანგრძლი ვი უნდა იყოს. გამოსავალი, როგორც საზომი        პიროვნული  აშლილობის  გამოკვლევა  ასახავს როგორც ფსიქიკურ მდგომარეობას, ასევე პიროვნულ ცვლილებებს (ხოლო ფსიქიკური მდგომარეობის ცვლილება შეიძლება გა მოწვეული იყოს კომორბიდული აშლილობით. იხ.  ზემოთ). პიროვნული აშლილობა განისაზღვრება, როგორც ტანჯვის მომტანი საკუთარი თავისთვის ან სხვებისთვის, მაგრამ ასეთი ცვლადებით პიროვნული ცვლილებების გაზომვა ძალიან  ძნელია. ანტისოცილური პიროვნების მკურანლობის ეფექტურობის დასადგენად უფრო მარტივია განმეორება დი კანონდარღვევების  სიხშირის მაჩვენებლის გამოყენება, თუმცა ასეთ ცვლადებში მომხდარი ცვლილებები შეიძლება გამოწვეული  იყოს სხვა ფაქტორებით და არა  პიროვნული ცვლილებებით. მედიკამენტური მკურნალობა        გარდა  იმისა, რომ მედიკამენტური მკურნალობა გავლენას ახდენს კომორბიდულ გუნებგანწყობის აშლილობაზე, მას შეუძლია იმოქმედოს პიროვნული აშლილობის ბიოლოგი ურ  საფუძველზე, ან  შეიძლება  იქონიოს არასპეციფიკური  მოქმედება   შფოთვაზე,  აგრესიასა   და სხვა სიმპტომებზე. ანტიფსიქოზური მედიკამენტები        ტიპიური ანტიფსიქოზური პრეპარატები გამოიყენება მო საზღვრე და შიზოტიპური პიროვნული აშლილობის სამ კურნალოდ, მაგრამ კლინიკური კვლევა შერეულ შედეგებს გვიჩვენებს. ატიპიური ანტიფსიქო ზური პრეპარატები, როგორიცაა ოლანზაპინი და რისპერი დონი ასუსტებს მტრულ დამოკიდებულებას და ქრონიკულ დისფორიას მოსაზღვრე პიროვნული აშლილობის დროს . ეს პრეპარატები, ასევე, ეფექტურია შიზოტიპური პიროვნული აშლილობის დროს ანტიდეპრესანტები        ამიტრიპტილინის ეფექტი შეუდარეს პლაცებო ეფექტს მო საზღვრე  პიროვნული აშლილობის დროს. ზოგი პაციენტი დაემორჩილა მკურნალობას, ზოგი კი არა. მიღებული შედეგები შეიძლება  აიხსნას თან მხლებ დეპრესიულ აშლილობაზე მოქმედებით. მოსაზღვრე პიროვნული აშლილობის მქონე პაციენტებში ფლუოქსეტინი  უფრო ეფექტურად ასუსტებს  ბრაზის ემოციას, ვიდრე პლაცებო). ღია კვლევის დროს ვენლაფაქსინის გამოყენებამ შეამცირა თვითდაზიანება მოსაზღვრე პიროვნული აშლილობის მქონე პაციენტებში . უსაფრთხო დოზების დაცვა გადამწყვეტი მნიშვნელობის მქონეა. ეს განსაკუთრებით ეხება ისეთ  პირებს, რომლებსაც ჰქონიათ წამლის ჭარბი დოზით მიღების შემთხვევები. გუნებგანწყობის სტაბილიზატორები        მოსაზღვრე პიროვნული აშლილობის მქონე პაციენტებთან ვალპროატის მოქმედება შეისწავლეს მცირემასშტაბიანი რანდომიზებული კვლევის ფარგლებში. ამ  პრეპარატს აღ მოაჩნდა  დადებითი ზემოქმედება აგრესიაზე,  დეპრესიაზე და ზოგად  სიმპტომატოლოგიაზე . განმეორებითმა კვლევამ ბოლომდე არ დაადასტურა ის ფა ქტი, რომ  ლითიუმი ასუსტებს  ბრაზის ემოციას და აქვეი თებს იმპულსურობას ანტისოციალურ პიროვნებებში . ნებისმიერ  შემთხვევაში შეინიშნება  პრაქტიკუ ლი ხასიათის შემდეგი სირთულე: აგრესიული ქცევის მქონე ადამიანები არ იცავენ მკაცრ რეჟიმს, რომელიც ლითიუმის მიღების დროს ენიშნებათ. პიროვნული აშლილობების სა მართავი  ერთერთი  პრეპარატია კარბამაზეპინი,  მაგრამ მისი ეფექტი ზუსტად არ არის დადგენილი. მედიკამენტური   მკურნალობა   პიროვნული   აშლილობის დროს განხილულია შემდეგ წყაროში. ფსიქოლოგიური მკურნალობა მხარდამჭერი თერაპია        პიროვნული აშლილობის მქონე ადამიანებთან,  ძირითადად, ფსიქოლოგიური მხარდაჭერა გამოიყენება. ზოგიერთთან მცირე,   მაგრამ  ღირებულ  პროგრესს აღწევენ რამდენიმე თვის  მანძილზე.  თუმცა, ანტისოციალური პიროვნული აშ ლილობის მქონე  პაციენტებს შეიძლება  მხარდაჭერა მრა ვალი წლის მანძილზე  დასჭირდეთ. ამ  კატეგორიის პაცი ენტებს  მხარდაჭერა შეუძლია  აღმოუჩინოს ფსიქიატრთა ჯგუფის წევრმა, ხოლო კანონდარმღვევ პაციენტებს    პრობაციის ოფიცერმა. პრობაციის ორდერი გამოდგება გა რეგანი  კონტროლის მიზნით  ანტისოციალური ქცევის  მქო ნე ისეთ  პირებთან, რომლებიც თავიდან  ნაკლებად  არიან მოტივირებულნი შეცვალონ თავიანთი ქცევა. კონსულტირება        პრობლემის გადაჭრა  ეხმარება  პაციენტებს ისეთ სტრესულ ვითარებასთან  გამკლავებაში, რომელიც პრო ვოცირებას უკეთებს ანომალიურ ქცევას ან მტკივნეულ განცდებს. სავარაუდოდ, კონსულტირების სხვა ფორმებ თან შედარებით, მოცემული მიდგომა იწვევს ნაკლებ  პრო ბლემებს დამოკიდებულებისა და გადატანის (ტრანსფერის) ჩამოყალიბების  თვალსაზრისით C კლასტერში შემავალი აშლილობის მქონე პაციენტებში. ეს მიდგომა B ტიპის აშ ლილობის მქონე  პაციენტებთანაც არის ეფექტური მასში გამოყენებული  საფეხურებრივი პროცედურების გამო. ფსიქოდინამიური კონსულტაცია  ერთმანეთთან აკავში რებს წარსულ გამოცდილებას და ახლანდელ სირთულეებს. პიროვნული აშლილობის დროს ეს მიდგომა ძალიან სელე ქციურად უნდა გამოვიყენოთ. ის ყველაზე ეფექტურია იმ ახალგაზრდებთან, რომლებსაც აკლიათ თავდაჯერებულო ბა, უჭირთ ურთიერთობის დმაყარება და კარგად არ იციან, თუ  როგორ წარმართონ საკუთარი ცხოვრება. ისინი მოტი ვირებულნი უნდა იყვნენ, რომ განიხილონ და გადააფასონ თავიანთი  დამოკიდებულებები და  ემოციები.  მოსაზღვრე და ანტისოციალურ პიროვნებებთან ფსიქოდინამიური მიდ გომა, ზოგადად,   ნაკლებ  ეფექტურია,  ვიდრე  პრობლემის გადაჭრაზე მუშაობა. დინამიური ფსიქოთერაპია        დინამიური ფსიქოთერაპია მოითხოვს,  რომ  პიროვნება მზად იყოს ცვლილებისთვის და სურდეს თერაპევტთან თა ნამშრომლობა. მაშინაც კი,  როდესაც ეს მოთხოვნები და ცულია, უნდა მოხდეს არსებული  ტექნიკის მოდიფიკაცია: ნაკლები აქცენტი გაკეთდეს წარსული მოვლენების  რეკონ სტრუქციაზე და  მეტი  ყურადღება  დაეთმოს სხვა ადამი ანებთან  ურთიერთობას, სირთულეებთან გამკლავებას და საკუთარი ემოციების მართვას. მნიშვნელოვანია გადატანი სა და უკუგადატანის ანალიზი ურთიერთობაში არსებული პრობლემების იდენტიფიკაციის მიზნით.  შედარებით ახალ მოდიფიკაციას მენტალიზაცია ეწოდება. ის ეხმარება  პა ციენტს გაერკვეს თავის  გრძნობებში,  რწმენებსა და სურ ვილებში, ისევე, როგორც თავის  რეაქციებში სხვა ადამი ანების მიმართ და  მათ  რეაქციებში პაციენტის  ქცევაზე . პიროვნული აშლილობის მკურნალობას დინამიური  ფსი ქოთერაპიის  გამოყენებით ძალიან ცოტა  კონტროლირებადი  კვლევა ეძღვნება,  რის გამოც რთულდება დასკვნის გამოტანა მისი ეფექტურობის შესახებ ერთერთ ხშირად ციტირებულ გამოკვლევაში ერთ მანეთს უდარებდნენ   ხანმოკლე  დინამიურ   თერაპიას  და ადაპტაციის გაუმჯობესებაზე მიმართულ ხანმოკლე თერა პიას.  ორივე მათგანი მეტნაკლებად თანაბრად  ეფექტუ რი გამოდგა, თუმცა საკონტროლო ჯგუფთან შედარებით, უკეთესი  შედეგები აჩვენა. ← სარჩევი …
დაამატა Kakha to ფსიქოლოგია at 2:01am on თებერვალი 17, 2014
თემა: სოლომონიანი
აღმოსავლეთით შემოდგომის გრილი მზე ამოდიოდა. სოლომონს არც ცუდი სიზმარი უნახავს და არც ავი წინათგრძნობა გასჩენია. და თუ დღეები თავიანთ იდუმალ განზრახვას მართლა ამჟღავნებენ რაიმე ნიშნის მიხედვით, ამ ნიშნების ამოცნობას ალბათ უფრო ნატიფი და მგრძნობიარე სული სჭირდება. ადგა, ხელ-პირი დაიბანა, ჩაი აიდუღა, ისაუზმა და, შინიდან რომ გავიდა, კარი ფრთხილად გაიხურა, რათა ოჯახის დანარჩენი წევრები, რომელთაც ჯერ ისევ ეძინათ, არ გაეღვიძებინა.    სოლომონი, რომელიც იმ წელიწადს სამოცდასამისა გახდა და სამოცდამეოთხეში გადადგა, კარგა მაღალი კაცი იყო, ძვალმსხვილი და ფერხორციანი. თავის დროზე ალბათ წარმოსადეგიც ეთქმოდა, მაგრამ, რაც ასაკში შევიდა, თანდათან ქონი მოიკიდა. იმგვარი ღიპი, ღვინის მსმელ ხალხს რომ ედება ხოლმე, არ დასდებია. უბრალოდ, წელის არეში გასქელდა, თანაბრად და ყოველ მხარეს, ხოლო რაკი მხრები იმთავითვე ცოტა ვიწრო და დამრეცი ჰქონდა, საბოლოოდ ისეთი ფორმის ტანი გაუხდა, რომელიც განსაკუთრებით გეცემათ თვალში, როდესაც კაცს მჭიდროდ შემოტმასნილი და ყველა ღილზე შეკრული ლაბადა აცვია. სოლომონს კი ადრე შემოდგომიდან გვიან გაზაფხულამდე სწორედ ასეთი ლაბადა ეცვა - მჭიდროდ შემოტმასნილი, ყველა ღილზე შეკრული, კრემისფერი, გაუგებარი სიგრძის ლაბადა, რომელიც ხან ზომაზე გრძელი გეჩვენებოდათ, ხან ზომაზე მოკლე, იმისდა მიხედვით, თუ რას მოითხოვდა მოდა, ხოლო თავად მოდას არასოდეს თანხვდებოდა. თავზე (უკან გადავარცხნილი, ჭაღარაშერთული თმა ჰქონდა) მუდამ რუხი ფერის შლაპა ეხურა. როდესაც ჩვენში შლაპა შემოვიდა, ეჭვი არაა, სათქმელიც შემოიტანა რაღაც, მაგრამ ეს სათქმელი ძალიან მალე ამოწურა და დეგრადაციის გზას დაადგა: ჯერ მოძველდა, მერე მოდიდან გამოვიდა, ერთი ხანობა ახირებად იქცა, მერე ანაქრონიზმად, საბოლოოდ კი პროვინციალობის მანიშნებელ მყარ სიმბოლოთა შორის დაიმკვიდრა ადგილი. მთელი ეს რთული გზა შლაპამ სოლომონის თავზე გაიარა. თუმცა, უნდა ითქვას, სოლომონი ამას არავითარ ყურადღებას არ აქცევდა. მოდა მისთვის უცხო რამ მეცნიერება იყო, როგორც ჩინური გრამატიკა ან ველის ზოგადი თეორია, რომელიც არსებობით არსებობდა, მაგრამ მასთან არაფერი ესაქმებოდა. ქორწილის დღესაც კი, როდესაც კაცი ცდილობ, ამქვეყნად ყველაზე ლამაზი იყო, რაც ხელთ მოხვდა, ის ჩაიცვა, ისე რომ არც იცოდა, კარგად ეცვა თუ ცუდად. თუ ყოველივე იმას, რაც უკვე ითქვა, დავუმატებთ წითურ, ხორცსავსე სახეს, ჭროღა თვალების უმისამართოდ გულკეთილ მზერას და ხშირ, გრძელბეწვიან, ქერა წარბებს, მივიღებთ ისეთ ტიპიურ გარეგნობას, რომელშიც ხშირად ზედმეტი სიცხადით ირეკლება წუთისოფლის წარმავლობა და ადამიანის გონებრივი ზღვარდადებულობა და ამის გამო, ადვილი შესაძლებელია, ავტობუსში ახალგაზრდა და მჭლე, მაგრამ თავდაჯერებულსა და აზროვნების ურთულეს ლაბირინთებში ოპტიმისტურად ჩაძირულ ინტელექტუალს მის დანახვაზე თვალი გაუშტერდეს, გულზე კოსმიური მელანქოლია შემოაწვეს და ანალიზის ძაფი გაუწყდეს. თუმცა პირადად სოლომონი ამგვარ ხიფათს იშვიათად ქმნიდა, რადგან ფეხით სიარული უყვარდა და ავტობუსში, როგორც წესი, არ ჯდებოდა. მით უმეტეს, რომ შეძლებისდაგვარად ყველაფერი აწყობილი და წინასწარ დაგეგმილი ჰქონდა და ამიტომ თითქმის არასოდეს ეჩქარებოდა. ხელებს, ჩვეულებისამებრ, ზურგსუკან დაიწყობდა, ტანსაც ოდნავ უკან გადაზნექდა, დადიოდა დინჯად, აუჩქარებლად, მძიმე-მძიმედ და, რაკი გარემოსთან შეგუების უნარი კარგად ჰქონდა განვითარებული და ისეთი ჯიშის ხალხს ეკუთვნოდა, რომლებიც ტყვიების ზუზუნს ყურადღებას არ აქცევენ და სანამ თვითონ არ მოხვდებათ, არც სჯერათ, რომ სროლას შეიძლება მსხვერპლი მოჰყვეს, ცხოვრება იმაზე უკეთესი ეგონა, ვიდრე სინამდვილეშია.    სწორედ ამ მძიმე-მძიმე სიარულის გამო შეარქვეს ჯერ კიდევ ახალგაზრდობაში სოლომონ ბრძენი და, თუმცა სოლომონმა მშვენივრად იცოდა, რომ ეს სიტყვა სულაც არ ნიშნავდა ამ სიტყვას, ადამიანური სისუსტის წყალობით და ისეთი არაპირდაპირი, ბუნდოვანი მიზეზების გამო, როგორიცაა უეცარი გამოდარება, გემრიელი სადილი, მოულოდნელი განმარტოება, საკუთარი კეთილშობილური საქციელი და სხვა, ზოგჯერ ისე ჩაიხლართებოდა ყოველივე, ისე აირეოდა და აიჭრებოდა, წამით მოეჩვენებოდა, თითქოს ამ მეტსახელში ღრმად ჩამარხული, სხვათათვის უხილავი და თავად მეტსახელის შემრქმევთა მიერ გაუცნობიერებლად გამჟღავნებული სიმართლე იყო. საბედნიეროდ, ეს წამიერი სისუსტე, რომლისგანაც დაზღვეული არავინა ვართ და ამიტომ ღმერთიც იოლად გვპატიობს ხოლმე, მალევე ქრებოდა და მის ადგილს მყარი რეალობის ყოველდღიური და ნაცნობი გრძნობა იკავებდა. იმ დროს, როდესაც სოლომონს სოლომონ ბრძენი შეარქვეს, მის მძიმე, აუჩქარებელ სიარულს (და მძიმე, აუჩქარებელ ლაპარაკს) შესაძლებელია, ხელოვნურობის იერი დაჰკრავდა და ისეთი რამის ჩვენებას ლამობდა, რაც არ არსებობდა, მაგრამ მერე და მერე იგი ბუნებამ შეისისხლხორცა, საკუთარ ჩვევად აქცია და ისეთი ადგილი მიუჩინა თვისებათა ჭრელ ხალიჩაზე, ხელოვნური ახლა ის მოგეჩვენებოდათ, სოლომონი რომ უცებ აჩქარებული და ამჩატებული გენახათ. გარეგნულად ასაკი არ ემჩნეოდა. არა თავშენახულობის გამო, არამედ იმის გამო, რომ იმგვარ ფიზიკურ ტიპს ეკუთვნოდა, ვისშიაც დაბერების პროცესი ფარულად მიედინება და ზედაპირზე გვიან გამოვა ხოლმე, გვიან და ერთბაშად, როგორც მოულოდნელი დასკვნა. თუმცა, ვინც ფიზიკურ ტიპებში კარგად ერკვევა, ზოგიერთი არაპირდაპირი ნიშნის მიხედვით სოლომონის ასაკს მაინც იოლად გამოიცნობდა. პროფესიის გამოცნობა უფრო ძნელი იყო, რადგან ამგვარ გარეგნულ კონსტრუქციას ფართო დიაპაზონი აქვს და მრავალ განსხვავებულ ხასიათს, მრავალ ტიპოლოგიურ განშტოებასა და მრავალ პროფესიას ითავსებს. მაგალითად, ასეთი ბრგე, ფერხორციანი, ასაკის სიმსუქნეშეპარული, კრემისფერ ლაბადაში მჭიდროდ გამოკვართული, რუხშლაპიანი კაცი თავისუფლად შეიძლება იყოს ანტიკური ფილოლოგიის პროფესორიც, ვეტექიმიც, ხელმოცარული მუსიკოსიც, საფინანსო განყოფილების რევიზორ-ბუღალტერიც, ვეტერანი ფეხბურთელიც (უფრო ცენტრალური მცველი) და სხვა. სოლომონი ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი იყო. ასე იყო ოფიციალურად და ასე იყო ფაქტიურად. სულიერი მიდრეკილებითა და ემოციური დამოკიდებულებით, შესაძლებელია, მხოლოდ ლიტერატურის მასწავლებელი იყო, ვინაიდან გრამატიკა მაინცდამაინც არ უყვარდა. თუმცა ეს სუბიექტური მიდრეკილება ხელს არ უშლიდა, რომ გრამატიკასაც ისეთივე პროფესიული კეთილსინდისიერებით მოჰკიდებოდა, როგორც ლიტერატურას ეკიდებოდა. სოლომონი ზურგზე ხელებდაწყობილი და ოდნავ უკან გადაზნექილი გამოვიდა შინიდან, გასცდა მაღალი სახლების ალყაში მოქცეულ ვიწრო ქუჩას, გადაჭრა მომცრო მრგვალი მოედანი, რომელიც დილის მზეს ისე თანაბრად ირეკლავდა, უძრავ ჰაერში გარინდებული კამკამა ტბა გეგონებოდათ, კიდევ ერთი, შედარებით ფართო ქუჩა გაიარა და პატარა ბაღს მიადგა. აქ გზიდან გადაუხვია და ბაღში შევიდა. არა იმიტომ, რომ გზა შეემოკლებინა, არამედ იმიტომ, რომ ეს ბაღი უყვარდა. იქნებ ბაღი კი არა, თავისი ჩვევა უყვარდა, არავინ იცის. ჩვენ ხომ საკუთარ გრძნობებში ცუდად ვერკვევით და ის, რაც სიყვარული გვგონია, ხშირად თანდაყოლილი სიზარმაცეა, რომელიც გვაიძულებს მუდამ გატკეპნილი, ნაჩვევი გზით ვიაროთ, მუდამ იოლი, ნაჩვევი საქმე ვაკეთოთ, მუდამ შაბლონური, ნაჩვევი ფრაზებით ვიაზროვნოთ, ხოლო იმისათვის, რომ მოსალოდნელი თვითმხილება და აქედან გამომდინარე სინდისის ქენჯნა ავირიდოთ, სიზარმაცეს სიყვარულის ყდაში ვსვამთ და ამით იოლად ვიტყუებთ თავს, რადგან იგივე სიზარმაცე საშუალებას გვაძლევს ტვინი არ ვიჭყლიტოთ და სიმართლე არ ვეძიოთ. ასე იყო თუ ისე, სკოლაში რომ მიდიოდა და სკოლიდან რომ ბრუნდებოდა, სოლომონი ამ ბაღს თავისი დინჯი, დარბაისლური ნაბიჯით ყოველთვის თავით ბოლომდე გადაკვეთდა ხოლმე.    ბაღი ძალიან ძველი იყო (რაზედაც მეტყველებდა უზარმაზარი, საუკუნეს მიტანებული ხეები), მაგრამ სრულიად გაპარტახებული და ბედის ანაბარა მიტოვებული, ეტყობოდა, პატრონი არ ჰყავდა, ან თუ ჰყავდა, თავის მოვალეობას ცუდად ასრულებდა. თუმცაღა ბებერ ხეებს ალბათ არ სწყინდათ, პირიქით, უხაროდათ კიდეც, რომ ბაღს არავინ უვლიდა. მცენარეს ხომ, ისევე როგორც ცხოველს, ზრუნვა და დამცველი ზღუდე არც რგებს და არც სიამოვნებს, მას თავისუფლება უყვარს და ის ურჩევნია, თავისი წილი ჰაერი და საზრდო თვითონვე მოიპოვოს. ამიტომ დიდრონი ხეები მიტოვებულ ბაღში ლაღად იდგნენ, განიერი ტოტები ამაყად გადაეშალათ და, მიწიდან ამოზრდილები, ცისკენ მიისწრაფოდნენ. სამაგიეროდ, რასაც ადამიანის ხელი სჭირდებოდა, ყველაფერი სავალალო მდგომარეობაში იყო. უკვე უხსოვარი დროიდან აქაურობას არავინ გვიდა, რის გამოც ყველაფერი - დამპალი ნეშო, კონსერვის ცარიელი ქილები, დაჭმუჭნილი გაზეთები, სიგარეტის კოლოფები, სიგარეტის ნამწვი და სხვა - ერთმანეთში იყო არეული და მთელ ბაღში მიმოფანტული. ზოგიერთი ხის ძირას ჯერ კიდევ იდგა მორყეული, ნახევრად დამპალი მერხები, რომლებზედაც, თუ წინასწარ სიმაგრეს არ შეუმოწმებდით, დაჯდომა საშიში იყო და რომლებსაც, როგორც გაფცქვნილ თევზს ქერცლი, აქა-იქ შერჩენოდა საღებავის ნაშთი იმის ნიშნად, რომ ისინი ერთ დროს მწვანეები და, შესაძლოა, ლამაზებიც იყვნენ. შუაგულ ბაღში ერთი გაუქმებული აუზი იყო. ახლა ამ აუზის არსებობას მოწმობდა მხოლოდ ჩამოქცეული კედლები და ამ ჩამოქცეული კედლებიდან ამოშვერილი, ჟანგისაგან შეჭმული რკინის მილები, საიდანაც, ეჭვი არაა, ერთ დროს წყალი ამოჩქეფდა, თუმცა ახლა ალბათ ქალაქში ცოტაღა მოიძებნებოდა ისეთი კაცი, ეს რომ ხსომებოდა. აუზი ნაგვით იყო სავსე. აუზიდან ცოტა მოშორებით თაბაშირის ქანდაკება იდგა, რომელიც მოქანდაკეს ვიღაცის უკვდავსაყოფად აღემართა, რათა ამით საკუთარი უკვდავება უზრუნველეყო, მაგრამ ორივე მიზანი მიუღწეველი დარჩენოდა, რადგან დღეს აღარც იმის სახელი იყო ცნობილი, ვინც აღმართეს, და აღარც იმისი, ვინც აღმართა. ქანდაკება ერთ დროს თეთრი იყო, ახლა კი ისე გაეყვითლებინა ნესტში ღრმად ჩამკვდარ ჭუჭყს, რომ სიყვითლისა და ჭუჭყის გარდა სხვა შთაბეჭდილებას უკვე აღარ ტოვებდა. რომელიმე სუფთა და მოვლილი, თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისად თანაბრად გაკრეჭილი სკვერი ასეთ ქანდაკებას იქნებ დაემახინჯებინა კიდეც, მაგრამ აქაურობას ვეღარაფერს აკლებდა, რადგან ბაღს იგი თავისი გაველურებული ბუნების ნაწილად ექცია და ჩიტებიც კი უკვე ისე ეპყრობოდნენ, როგორც დანარჩენ ხეებს. ბაღის სიღრმეში, სადაც ერთ დროს ღია ესტრადა იყო, ახლა მის მოსაგონებლად იდგა ქვის დაბალი სვეტები (რომლებსაც ცემენტი შემოცლოდა და ამიტომ თავიანთ საიდუმლოს, რაც იმაში მდგომარეობდა, რომ ისინი ერთიანი სვეტები კი არ იყვნენ, არამედ ერთიმეორეზე დაწყობილი ბრტყელი და უთანაბრო ქვები, დაუფარავად ამჟღავნებდნენ), რკინის ჩონჩხი (რომელსაც ადრე იატაკი ეყრდნობოდა და რომელიც ახლაც პატიოსნად შეასრულებდა თავის მოვალეობას, იატაკი რომ არ დამპალიყო და ნაწილ-ნაწილ არ ჩაშლილიყო) და ესტრადაზე ამავალი ოთხსაფეხურიანი კიბე (რომელიც რაღაც მანქანებით ჯერ კიდევ იდგა, მაგრამ მის დგომაში უკვე უაზრობის კომიზმი იყო, რადგან, რაკი ფიცარნაგი აღარ არსებობდა, ისეთი შთაბეჭდილება იქმნებოდა, თითქოს იგი ახლა არარაობაში მიდიოდა). აუზი, ქანდაკება და ესტრადა ისე იყვნენ განლაგებული, რომ ტოლგვერდა სამკუთხედს ქმნიდნენ.    სოლომონს რაღაც ძალა ეწეოდა ამ ბაღისაკენ. ზოგჯერ სახლიდან განაგებ ადრე წამოვიდოდა, აუზს, ქანდაკებასა და ესტრადას შორის, დიდი ცაცხვის ძირას, ერთი, შედარებით მყარი მერხი ჰქონდა ამოჩემებული, ჩამოჯდებოდა ამ მერხზე და ფიქრებში ჩაიძირებოდა. ამ ხეებს რომ შესცქეროდა, რომლებიც ჯერ კიდევ მაშინ იდგნენ აქ, როცა ქალაქის დღევანდელ მცხოვრებთაგან დაბადებულიც კი არავინ იყო, ეჩვენებოდა, თითქოს ძველსა და შორეულ, სევდიან სურნელს გრძნობდა, ისეთ სურნელს, როგორსაც, მთელი ქვეყანა რომ შემოგევლოთ, ვეღარსად წააწყდებოდით. რაც შეეხება მერხებს, მათი ახალგაზრდობა და სიმწვანე კარგად ახსოვდა და ახლა, მათს გაქუცულსა და წასაქცევად გამზადებულ სიბერეს რომ უყურებდა, ზოგჯერ თავისი სიყმაწვილე აგონდებოდა, კერძოდ (ამის მიზეზს ვერ მიაკვლია, თუმცა რამდენჯერმე საგანგებოდ ჩაუღრმავდა), ის ხანა, მეზობლის გოგოებმა რომ პირველი კვირტები გამოიტანეს და ამის დანახვაზე ბიჭებს თავზე წინდაჩამოცმულებს ეძინათ, რათა ურჩი თმა მოერჯულებინათ და ისეთი მიმართულება მიეცათ, რომელიც, მათი აზრით, უფრო სოლიდურ შესახედაობას მიანიჭებდათ, ხოლო დილდილაობით, გაღვიძებისთანავე, კედელთან დგებოდნენ, სადაც მათი გუშინდელი სიმაღლის აღმნიშვნელი ხაზი იყო გავლებული, და გულის ფანცქალით ეზომებოდნენ იმ იმედით, რომ წუხელ ერთი-ორ სანტიმეტრს კიდევ მოიმატებდნენ. ხანდახან სოლომონს სულ სხვა პრობლემები გაიტაცებდა, უფრო ზოგადსაკაცობრიო პრობლემები, და თავის დანიშნულებაზე დაიწყებდა ფიქრს, არა თავის, როგორც სოლომონის, დანიშნულებაზე, არამედ სოლომონის, როგორც მთლიანი, განუყოფელი ადამიანის შემადგენელი ნაწილის დანიშნულებაზე. ასეთ დროს გაუვალ ლაბირინთებში იხლართებოდა, ძაფი უწყდებოდა, გზა ებნეოდა და გულში არარაობისა და მკვდარი სიცარიელის ტკივილი უჩნდებოდა, რომელიც მხოლოდ მას შემდეგ ქრებოდა, რაც, სკოლაში მისული, ყოველდღიურსა და გადაუდებელ საქმეებში ჩაეფლობოდა. ზოგჯერ ისე იჯდა ხოლმე, ტყუილად, და არაფერზე არ ფიქრობდა. უფრო სწორად, ალბათ ფიქრობდა, მაგრამ მერხიდან რომ წამოდგებოდა, უკვე აღარაფერი ახსოვდა, თითქოს ამ ხნის მანძილზე მის მაგივრად მერხზე სხვა ვიღაც იჯდა და სხვა ვიღაც ფიქრობდა. სკოლაში ყოველთვის მიუხაროდა. როდესაც ადამიანის მიდრეკილება და საქმიანობა ერთმანეთს ემთხვევა, იტყვიან ხოლმე, სამსახური მისთვის მეორე ოჯახიაო. ასეთი კაცისაგან განსხვავებით, სკოლა სოლომონისათვის პირველი და, გარკვეული აზრით, ერთადერთი ოჯახი იყო. ამგვარმა განცხადებამ შეიძლება შექმნას შთაბეჭდილება, თითქოს სკოლაში გულითადი მეგობრები ჰყავდა, რომელთა წრეში ტრიალი სულიერად ამდიდრებდა, მაგრამ ეს შთაბეჭდილება მცდარი იქნება. მასწავლებლების ურთიერთდამოკიდებულება, იშვიათი და დროებითი გამონაკლისების გარდა, საკმაოდ გულგრილი იყო და ფორმალური თავაზიანობის ზღვარს არ სცილდებოდა. და თუ სოლომონს მაინც მათთან ყოფნა ერჩივნა და კვირა დღე ჭირივით ეჯავრებოდა, ეს იმიტომ, რომ სამსახურსა და ოჯახს, ჩვეულებრივ, სხვადასხვაგვარ მოთხოვნებს ვუყენებთ და ზოგი წვრილმანი უსიამოვნება, რაზედაც სამსახურში იოლად ვხუჭავთ თვალს, ოჯახში გულსა გვტკენს და გუნებას გვიმღვრევს, თორემ, შინ რომ ჩხუბი და აყალ-მაყალი ჰქონოდა და მუდმივ დაძაბულობაში ეცხოვრა, როგორც არა ერთი და ორი ცხოვრობს, სოლომონს ეყოფოდა გამბედაობა (ყოველ შემთხვევაში, საიმისოდ მაინც ჰყოფნიდა, რომ ასე ეფიქრა) სულ მიეტოვებინა ოჯახი და სადმე გადახვეწილიყო. საბედნიეროდ, ასე არ ყოფილა საქმე. ეგ არის მხოლოდ, რომ შინ აღარაფერს ეკითხებოდნენ და ამის გამო თავს, ცოტა არ იყოს, ზედმეტ ბარგად გრძნობდა. შესაძლოა, აზვიადებდა კიდეც. მაგალითად, ხმამაღლა რომ ეთქვა, არაფრად მაგდებთო, იოლად დაუმტკიცებდნენ, რომ ცდებოდა. ზოგჯერ თვითონაც ეჩვენებოდა, რომ აზვიადებდა. უფრო მეტად მაშინ, როცა რაიმე საქმის გამო ქალაქიდან მოუხდებოდა გამგზავრება. საკმარისი იყო ორი დღით მოშორებოდა სახლს, გულზე მძიმე სევდა შემოაწვებოდა, თვალზე ლამის ცრემლი მორეოდა და ერთბაშად იგრძნობდა, თუ რა მწარედ ცდებოდა, როცა თავი ოჯახიდან გარიყული ეგონა. სახლ-კარს მოშორებული და მართლა მარტო დარჩენილი, შორიდან ნათლად ხედავდა, რომ იმ მოჩვენებითი მარტოობის უკან იდგა მყარი, მკვიდრი, მძლავრი ანდამატი, რომელიც თავგანწირულად იზიდავდა და სევდიანი, ცრემლმორევამდე სევდიანი ნატვრით უხმობდა, და მხოლოდ მაშინ, უკან რომ მობრუნდებოდა, შინ შევიდოდა, კედლებს შეხედავდა, ავეჯს შეხედავდა, ცოლ-შვილს შეხედავდა, ხვდებოდა, რომ თურმე ის „მყარი, მკვიდრი, მძლავრი ანდამატი“ საკუთარი ფანტაზიის ნაყოფი ყოფილა, ილუზია, მირაჟი, რომელიც გიზიდავს, მაგრამ არ არსებობს, და კვლავ გარიყულობის ნაცნობი გრძნობა ეუფლებოდა. ეს გაორებული დამოკიდებულება, თუმცა კი ხშირად გულზე უამურად უფხაჭუნებდა, ცხოვრების მთავარ კალაპოტს ვერ ამღვრევდა და ვერ აღელვებდა, გარიყულობისა და ზედმეტობის გრძნობაც ზედაპირზე დაცურავდა, გარედან, მხოლოდ კანზე ეხებოდა და, მართალია, ზოგჯერ მწვავე აფეთქებას იწვევდა, მაგრამ სულის ღრმა ფენებს, სადაც ჩვენი არსებობის ძირითადი ბირთვია მოთავსებული, ვერ წვდებოდა და ვერ აზიანებდა. ამის ერთი მიზეზი ის იყო, რომ სოლომონს მშვიდი ცხოვრება უყვარდა (ხოლო, ვისაც მშვიდი ცხოვრება უყვარს, ის ახერხებს კიდეც მშვიდად იცხოვროს), მეორე ის, რომ ოჯახის სადავეები ერთბაშად კი არ გამოსცლია ხელიდან, ნელ-ნელა დაკარგა, თანდათან, შეუმჩნევლად, ამიტომ ოპტიმიზმი არ დაუკარგავს. მეხის გავარდნა ხომ თავისი მოულოდნელობით გვაკრთობს, თორემ, ნელ-ნელა რომ მოდიოდეს და შეუმჩნევლად უმატებდეს ხმას, ისე გავარდებოდა, ვერც გავიგებდით, ან გავიგებდით, მაგრამ უკვე შეჩვეული ვიქნებოდით და ყურადღებას არ მივაქცევდით. და თუ სოლომონი თავის ცხოვრებას ბედნიერებას ვერ დაარქმევდა, ვერც უბედურებას დაარქმევდა, ეს კი რეალისტი კაცისთვის, ვისაც პატივმოყვარეობა არ ახრჩობს, სავსებით საკმარისია.    ცოლი ოცდახუთი წლისამ შეირთო. ნათესავებმა შეურჩიეს ქალი და ერთხელ, წვეულებაზე, შეახვედრეს. ქალი შესახედავად დიდი ვერაფერი შვილი იყო. სამაგიეროდ სოლომონს ძალიან მოეწონა ის, რომ ერთთავად მორცხვად თავდახრილი იჯდა და თვალებში შემოხედვას ვერ უბედავდა. გარდა ამისა, მოეწონა სახელი - ასმათი, რომელიც სიყრმიდანვე, როდესაც პირველად წაიკითხა „ვეფხისტყაოსანი“, რჩეულ სახელთა ნუსხის თავში მოექცა. იმ დროს სოლომონი ახალბედა მასწავლებელი იყო, ხოლო ასმათი ქიმწმენდაში მუშაობდა ტექნოლოგად. რაც შემდეგ მოხდა, იმის გამო სოლომონს არც ერთი საყვედურის სიტყვა არ დასცდენია თავის შუამავალ ნათესავებთან, რადგან იმ ფსიქოლოგიურ ცვლილებებს, რომელთა მოწმეც მოგვიანებით შეიქნა და რომლებიც იქნებ იმთავითვე ეწერა შუბლზე ასმათს, სოლომონის უბირი ნათესავები, ცხადია, წინასწარ ვერ განჭვრეტდნენ. თავიდან ყველაფერი წესსა და რიგზე მიდიოდა. ასმათი მეოჯახე, მოსიყვარულე, ალერსიანი და ერთგული ქალი იყო და ცოლის ყველა მოვალეობას კარგად და გულმოდგინედ ასრულებდა. როდესაც საღამოობით სოლომონი თავის სასკოლო სიხარულსა და გულისტკივილს უზიარებდა ხოლმე, ასმათი ყურადღებით უსმენდა. მართალია, საკუთარ მოსაზრებებს იშვიათად გამოთქვამდა, მაგრამ ამაში ცუდი არაფერი იყო. კაცს მსმენელი გჭირდება და არა მოსაზრებები. განსაკუთრებით ტკბილად აგონდებოდა სოლომონს ღამეული საუბრები, რომლებიც ხმადაბლა, ნახევრად ჩურჩულით მიმდინარეობდა ლოგინში, ძილის წინ, როდესაც საერთო სარეცელი მთელი ცხოვრების მყარ, მტკიცე, უღალატო კალაპოტად იქცეოდა, რომელშიაც ცოლ-ქმრის სული და ხორცი ამ სარეცელივით ერთი და განუყოფელი იყო და რომელშიაც ცოტა ჭარბი გულახდილობა, ცოტა ჭარბი სიმხურვალე, ცოტა ჭარბი რომანტიზმი და ცოტა ჭარბი იდეალიზმი ისე უბრალოდ, ისე ბუნებრივად, ისე კარგად ისხდნენ თავთავიანთ ადგილას, თითქოს ცხოვრება სწორედ ასეთი ყოფილიყოს, ხოლო ის, რაც დღისით ეგონა ცხოვრება, ახლა მის მრუდე ანარეკლად ეჩვენებოდა.    ორი წლის შემდეგ ასმათი გაერთიანება „ოქროს საწმისში“ გადავიდა სამუშაოდ და მალე ცეცხლთან თამაში დაიწყო. „ოქროს საწმისი“ ჩვენი პატარა ქალაქის ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და საჭირო დაწესებულება იყო, რომელიც მოსახლეობას ამარაგებდა საკუთარ საამქროებში დამზადებული (მაგრამ უვარგისი) და გარედან შემოტანილი (მაგრამ ძნელად ხელმისაწვდომი) ისეთი აუცილებელი საქონლით, როგორიცაა კაფელის ფილები, აბაზანები, უნიტაზები, ონკანები, ნიჟარები და სხვა. ასმათი ძველ სამსახურშიც გამოირჩეოდა სიყოჩაღითა და ენერგიით, მაგრამ „ოქროს საწმისში“ ისეთი ფხა გამოიჩინა, არა მარტო ბრწყინვალე კარიერა გაიკეთა, არამედ გზადაგზა კიდევ ერთხელ, საკუთარ მაგალითზე, დაამტკიცა, თუ რაოდენ რთული მოვლენაა ადამიანი და რა სახიფათოა მისი დღევანდელი დღის მიხედვით მის ხვალინდელ დღეზე მსჯელობა. ჯერ წუნმდებელი იყო, მერე ეკონომისტი, მერე უფროსი ეკონომისტი, მერე განყოფილების გამგე, ბოლოს კი დირექტორის მოადგილე გახდა. სულ რამდენიმე წელი დასჭირდა იმისათვის, რომ მორცხვი, უთქმელი, უპრეტენზიო ქალი პატივსაცემ, საქმიან, მკაცრ დირექტორის მოადგილედ ქცეულიყო, რომელსაც მანქანაც კი ემსახურებოდა. მართალია, ეს იყო იმ ტიპის „მოსკვიჩი“, უკან რომ ოთხკუთხა, დახურული, კიდობნის მაგვარი ძარა ადგას, მაგრამ მაინც მანქანა იყო, მძღოლი ჰყავდა, ბორბლები ჰქონდა და, რაც მანქანას მოეთხოვება, ყველაფერს მშვენივრად აკეთებდა. და თუ შესახედაობას მაინცდამაინც დიდ ყურადღებას არ მიაქცევდით, იმ სპეციფიკური დანიშნულებისათვის, რომელზედაც ქვემოთ გვექნება ლაპარაკი, შუშებით შემოღობილ, ღია, ყველა ცნობისმოყვარე თვალისთვის სააშკარაოზე მყოფ მანქანას ასეთი გაუმჭვირვალე კიდობანი სჯობდა.    ასმათი ჯერ მხოლოდ უფროსი ეკონომისტი იყო და თავისი კარიერის ბოლო პუნქტამდე კიდევ დიდი გზა ედო, როცა პირველად მოიტანა შინ რამდენიმე შეკვრა უცხოური კაფელი და ერთი უცხოური უნიტაზი. სოლომონს გაუკვირდა. საქმე ისაა, რომ არც კაფელი ჰქონდათ გამოსაცვლელი და არც უნიტაზი, ხოლო, რაკი მთელი მისი არსება მშობლიური ლიტერატურის სიყვარულში იყო გახსნილი და ამის გამო პრაქტიკული აზროვნება ცოტა მოჩლუნგებული ჰქონდა, ერთბაშად ვერ მიხვდა, რისთვის დასჭირდა ცოლს ამ ნივთების მოზიდვა. როცა გაიგო, გასაყიდად მოეტანა, აღელდა. ოღონდ აქ ისიც უნდა ითქვას, რასაც შესაძლოა გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდეს: სოლომონმა ყრუ ტკივილით იგრძნო, რომ მის არსებაში ღელავდა არა მარტო ზნეობრივი აღშფოთება, არამედ (იქნებ უფრო დიდი დოზითაც) შიში, შიში იმისა, რომ ვიღაც პასუხს მოსთხოვდა. თუმცა, როცა თავის აღელვებას გზა მისცა და სიტყვებად ჩამოყალიბებას შეუდგა, აქცენტი, რაღა თქმა უნდა, აღშფოთებაზე გადაიტანა, შიში კი მხოლოდ გაკვრით ახსენა (რაზედაც ასმათმა დამცინავად გაიღიმა). საერთოდ, სოლომონი ისე ვერ ღელავდა და ისე ვერ შფოთავდა, როგორც საჭირო იყო და როგორც აღელდებოდა და აღშფოთდებოდა, კაფელი და უნიტაზი რომ ცხვირწინ არ ჰქონოდა და საკითხი მხოლოდ თეორიულ პლანში ყოფილიყო გადასაწყვეტი. ალბათ ამანაც იმოქმედა, რომ ცოლ-ქმრის შეხლა-შემოხლა დიდხანს არ გაგრძელებულა, მას შემდეგ, რაც ერთმანეთს რამდენიმე მოკლე ფრაზა სტყორცნეს, რომლებშიაც ემოცია მეტი იყო, ვიდრე აზრი, და რომლებიც უმთავრესად ერთიმეორის სუბიექტურ დახასიათებას წარმოადგენდა, ასმათმა დოინჯი მრისხანედ შემოიყარა და ამ მრისხანებასთან შეუთანხმებელი, წყნარი, ჩუმი, ლამის საწყალობელი ხმით თქვა: - ბატონი ბრძანდები. შენა ხარ ოჯახის უფროსი და, როგორც მეტ-ყვი, ისე ვიზამ. ახლა რაღა ეშველება, ამ ერთ ღამეს გაუძელი და ხვალ მოვკიდებ ხელს და, საიდანაც მოვიტანე, ისევ იქ წავიღებ. - დოინჯიც რომ არა, ასეთი დასკვნა ისედაც არ გამომდინარეობდა წინამავალი საუბრიდან, ამიტომ სოლომონი ცდუნებას არ აჰყოლია და თავისი გამარჯვება არ დაუჯერებია, მით უმეტეს, რომ გულის შორეულ სიღრმეში გრძნობდა, რომ გამარჯვების შანსი თითქმის არ ჰქონდა (რადგან კიდევ უფრო შორეულ სიღრმეში, ვინ იცის, ეგებ არც უნდოდა ჰქონოდა). მართლაც ასმათმა თავისი სიტყვი ასე დაასრულა, - სულ მივატოვებ ამ ოხერ სამსახურს, ბავშვებს მაინც მივხედავ (ამ დროს უკვე სამი შვილი ჰყავდათ). ქალი სახლში უნდა იჯდეს და შვილებს ზრდიდეს. ოჯახს კაცი უნდა არჩენდეს, - აქ წამით შეყოვნდა, თითქოს ვითარება აწონ-დაწონაო, მერე დაუმატა, - მე შენ გეტყვი, ვერ გვაცხოვრებ შენი ხელფასით! სოლომონს ეს სიტყვები ემწარა, მაგრამ არც ისე, როგორც მოსალოდნელი იყო, რადგან ახლა იმასაც მიხვდა, რომ შვიდი წლის მანძილზე, რაც ერთად ცხოვრობდნენ, ამ სიტყვებს წინ უამრავი სხვა სიტყვა უძღოდა, რომლებისთვისაც აქამდე ყურადღება არ მიუქცევია და რომლებიც, ამ უყურადღებობის წყალობით, კიდევ უფრო მუყაითად მუშაობდნენ და კიდევ უფრო ბეჯითად ამზადებდნენ საბოლოო სათქმელს. ამიტომ აღარც იმის განცდა გამოდგა ახლა ძალიან მწვავე, რომ სოლომონს თურმე რა ხანია უკვე ოჯახის უფროსობა ჩამორთმეული ჰქონდა, ეკონომიკის სადავეები ასმათს ეპყრა ხელთ და ახლა მხოლოდ იმაზეღა იყო ლაპარაკი, რომ იდეოლოგიური სადავეებიც აეღო, რაც ეკონომიურ ბატონობას ადრე თუ გვიან უეჭველად უნდა მოჰყოლოდა.    და სოლომონი გაჩუმდა. ხოლო, რაკი სოლომონი გაჩუმდა, მშვიდობიანობაც ჩამოვარდა და ცოტა ხნის შემდეგ ასმათმა უკვე ტკბილად, დაყვავებით და დამაჯერებლად აუხსნა ქმარს, რომ მის საქციელში საძრახისი არაფერი იყო: როგორც ცნობილია, ადგილობრივი პროდუქცია ძნელად საღდება. ეს ამბავი, რაღა თქმა უნდა, ზემოთაც კარგად იციან. ამიტომ გეგმის შესასრულებლად გაერთიანებას დროდადრო უცხოურ საქონელს აწვდიან. ამ საქონელს, რომლის ეგრეთწოდებული „თავისი ფასი“, დავუშვათ, ასი მანეთია (რეალური ფასები სოლომონის თავში მალე აირ-დაირია, ამიტომ მხოლოდ შეფარდებები დაიხსომა), რაღაც მანქანებით ხელთ იგდებს გადამყიდველი და ყიდის სამას მანეთად. საქონელზე მოთხოვნილება დიდია და მუშტარი, ოღონდაც იშოვოს და, სიამოვნებით იხდის ამ თანხას. ასეთ ვითარებაში ასმათი სრულიად კანონიერად და ოფიციალურად ყიდულობს ამ საქონელს თავისი გაერთიანების მაღაზიაში, იხდის ას მანეთს, მოაქვს შინ და რომელიმე თავის ახლობელს აძლევს ორას მანეთად. ამ უმტკივნეულო კომბინაციით არა მარტო ასმათი იგებს ას მანეთს, არამედ მუშტარიც, მას ხომ ორასი მანეთი დაუჯდა ის, რაშიც უყოყმანოდ გადაიხდიდა სამას მანეთს! განა ცუდია, ადამიანს, რომელსაც, ვინ იცის, როგორ უჭირს, ასი მანეთი გადაუნარჩუნო? ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ეს სპეკულაციის წინააღმდეგ ბრძოლაცაა, რამდენადაც შავ ბაზარზე ფასების დაცემას უწყობს ხელს. ერთი შეხედვით, თითქოს ამგვარ ოპერაციას არც ისე კარგი სუნი უდის, მაგრამ, დავუშვათ, ასმათმა არ წამოიღო ეს საქონელი და სარეალიზაციოდ გაუშვა. რა მოხდება? იმდენი რომ იყოს, მოთხოვნილებას აკმაყოფილებდეს, კაი დაგემართოს ყველაფერი რიგზე იქნებოდა, მაგრამ ამდენი არ არის. ამიტომ იგი უეჭველად რომელიმე გადამყიდველს ჩაუვარდება ხელში და, ვისაც ასმათის წყალობით ორასი მანეთი დაუჯდებოდა, ახლა სამასი მანეთი დაუჯდება. ისიც, თუ იშოვა. ასეთი აღმოჩნდა საქმის ვითარება. და თუმცა სოლომონი გრძნობდა, რომ ამ უცნაური ლოგიკის უკან რაღაც შეუსაბამობა იმალებოდა, მაგრამ ფიქრის დრო აღარ დარჩა, ვინაიდან რვეულები ჰქონდა გასასწორებელი. იმ დღიდან მოყოლებული სოლომონის სახლში (ხოლო სამი წლის შემდეგ უკვე ასმათის სახლში, რადგან ძველი ბინა ჩააბარეს, ხოლო ახალი, რომელშიაც ამჟამად ცხოვრობდნენ, ასმათმა მიიღო) უნიტაზი ინტერიერის განუყოფელ ნაწილად იქცა. როდესაც ასმათმა ახლობლები და მეზობლები (ჯერ ძველ და მერე ახალ ბინაში) მოილია, იძულებული შეიქნა მოქმედების არე გაეფართოებინა. ამ მიზნით დაუკავშირდა ერთ მეზობელს, რომელიც ქვედა სართულზე ცხოვრობდა და სანეპიდსადგურში მუშაობდა მღრღნელებისა და ტარაკანისმაგვართა განყოფილებაში. შავი, პატარა ქალი იყო, გამხდარი, მოუსვენარი და მოძრავი. ერთთავად დარბოდა და დასუნსულებდა, თან სხეული ისე დაჰქონდა, გეგონებოდათ, ფართხალებსო. გაჩერებული რომ დაგენახათ, ვერც კი მოასწრებდით იმის შემჩნევას, რომ გაჩერებული იყო, თითქოს თქვენი გამოჩენის შეეშინდაო, ერთბაშად აკრეფდა სიჩქარეს და უეცრად გასუნსულდებოდა გაურკვეველი მიმართულებით. როცა მათსა ამოვიდოდა (ამოსვლით კი უკვე ხშირ-ხშირად ამოდიოდა), სოლომონს არაერთხელ წაუსწრია საკუთარი თავისთვის და გაკვირვებით გაუცნობიერებია, რომ თურმე სულ იმის მოლოდინში იყო, ან ახლა შეძვრება პლინთუსის ქვეშ და ან ახლაო. ეს ქალი ორი რამით იყო მეზობლებში ცნობილი: ერთი - სამსახურში საწამლავს იპარავდა და უბანში მცირე გასამრჯელოს ფასად კერძო ტარაკნებს სპობდა, და მეორე - დროდადრო უცხო ქალაქებშიც დასუნსულება, რაღაც-რაღაცეები ჩამოჰქონდა და ჰყიდდა. სახელად ლუბა ერქვა. ასმათის უნიტაზებისთვის ახალი სავაჭრო გზების გაჭრა სიამოვნებით იკისრა. იკისრა და, როგორც იტყვიან, შეასრულა კიდეც. ასმათს თავის, პირობითად რომ ვთქვათ, ას მანეთს მუდამ პატიოსნად აბარებდა, თავად რამდენს იგებდა, არავინ იცის, ყოველ შემთხვევაში, ენთუზიაზმის გამო, ცხადია, ასეთ საქმეს ხელს არ მოჰკიდებდა.    ამის შემდეგ, როგორც ეს ხშირად ხდება, როცა ადამიანებს საერთო საიდუმლო დააკავშირებს, ლუბა, ეს პატარა მღრღნელი, ისე შეეჩვია და გაუშინაურდა ასმათისა და სოლომონის ოჯახს, რომ, უნიტაზისა არ იყოს, მალე ინტერიერის შემადგენელი ნაწილი გახდა. დროს იშოვიდა თუ არა, მაშინვე ამოსუნსულდებოდა. ხან მურაბის რეცეპტი ამოჰქონდა, ხან მწნილის რეცეპტი მიჰქონდა, ხან ისე, სამუსაიფოდ ამოვიდოდა. თავიდან სოლომონი ვარაუდობდა, რომ ლუბა ტარაკნისგან უნდა ყოფილიყო წარმოშობილი, მაგრამ მერე, როცა თავად ლუბამ მისცა პირველი ბიძგი მისი სამი მნიშვნელოვანი დაკვირვებიდან ერთ-ერთს, კერძოდ იმას, რომელიც დარვინის მოძღვრებას ეხებოდა, სოლომონი იმ დასკვნამდე მივიდა, რომ საქმე პირიქით იყო - ტარაკანა წარმოიშვა ლუბასგან და არა ლუბა ტარაკნისგან. თვითონ სოლომონს რაც შეეხება, იმ საუბრის მერე, რომელმაც საბოლოოდ მოჰფინა ნათელი მისი ეკონომიური და, შესაბამისად, იდეოლოგიური დამოუკიდებლობის დაკარგვას, პროტესტს ხმამაღლა ვეღარ გამოთქვამდა, მაგრამ თავის გულში ასმათის საქმიანობას არასოდეს შერიგებია. ერთი ხანობა გადაწყვიტა ბავშვები მაინც გაეზარდა ისე, რომ ამ მაცდურ ქსელში არ მოყოლილიყვნენ, მაგრამ ვერ მოახერხა. არა იმიტომ, რომ ასმათი იყო ამის წინააღმდეგი. პირიქით, ასმათი მოხარული იქნებოდა, სოლომონი თუ თავის გადაწყვეტილებას შეასრულებდა, რადგან ადამიანმა, რა გზასაც არ უნდა ადგეს, მშვენივრად იცის, კარგი რა არის და ცუდი რა არის (სხვათა შორის, სწორედ ესაა მათი აქილევსის ქუსლი და არა შიში, როგორც მიამიტურად ვფიქრობთ), და ასმათმა გულის სიღრმეში (ხოლო ნათელ წუთებში გულის ზედაპირზეც) იცოდა თავისი საქმიანობის ფასი და ერჩივნა შვილები მისი გავლენის არეში არ მოქცეულიყვნენ, მაგრამ საქმე ის იყო, რომ, როდესაც სოლომონმა გადაწყვიტა ბავშვები ისე გაეზარდა, ცუდ გზას არ დადგომოდნენ, უბრალოდ, არ იცოდა, კონკრეტულად რა შინაარსი იდო ამ ზოგად და გვარიანად ბუნდოვან სიტყვაში „ისე“. ცხოვრება კი ამასობაში ასმათის ხაზს მიჰყვებოდა. და თუმცა ხაზის დასაწყისში არავითარი საამისო ნიშანი არ ჩანდა და, ვინმეს რომ ეწინასწარმეტყველა, სოლომონი დიდად გაკვირვებული დარჩებოდა, ფაქტი ის არის, რომ ამ ხაზმა ერთ მშვენიერ დღეს კონსპირაციამდე მიიყვანა. ძნელი დასაჯერებელია, მაგრამ, თუ დავუკვირდებით, ლოგიკის მრუდი, კერძოდ, ფსიქოლოგიური ლოგიკის მრუდი, სწორედ აქეთკენ მიდიოდა. სოლომონს, როგორც უკვე ითქვა, მთელი ქართული ლიტერატურა დიდი სიყვარულით უყვარდა. თუმცა რჩეულებიც ჰყავდა. რჩეულთა შორის რჩეული კი ილია ჭავჭავაძე იყო, ვინც თავგანწირვით იბრძოდა ყველა ეროვნულ ფრონტზე, თანაც, სოლომონის აზრით, მრავალთაგან განსხვავებით, იმიტომ კი არ იბრძოდა, რომ ერის წინამძღოლი გამხდარიყო, არამედ იმიტომ გახდა ერის წინამძღოლი, რომ იბრძოდა. რა თქმა უნდა, სოლომონს იმის პრეტენზია არა ჰქონია, ილია ჭავჭავაძის სიმაღლეებს შეჰპოტინებოდა, ან მასთან სულიერი კავშირი ეპოვა (და, საერთოდ, სოლომონი უპრეტენზიო კაცი იყო), უბრალოდ, ცდილობდა მისი ცხოვრების მაგალითზე საკუთარი გადაწყვეტილებანი და ნამოქმედარი შეემოწმებინა, რადგან ეს ცხოვრება ვეება სულიერი ეკრანი იყო და ყველა გადაწყვეტილება და ყველა მოქმედება იქ ჭეშმარიტ სახესა და ჭეშმარიტ ღირებულებას იძენდა. ამ მხრივ სოლომონი ზოგჯერ ღრმადაც შეტოპავდა ხოლმე. მაგალითად, როცა სახლში სანტექნიკური ბუმი დაიწყო, გვარიანად მკრეხელური, თუმცაღა სავსებით ბუნებრივი კითხვა დაებადა: ილია ჭავჭავაძე რომ მის დღეში ჩავარდნილიყო, რას იზამდა? ამ კითხვაზე სოლომონმა პასუხი ვერ იპოვა, რადგან ასეთი ვითარების წარმოდგენა შეუძლებელი აღმოჩნდა. შეუძლებელი აღმოჩნდა არა იმიტომ, რომ ის ილია ჭავჭავაძე იყო, არამედ სხვა, გაცილებით უფრო დიდი და ღრმა მიზეზების გამო, რომლებსაც სოლომონი თუმცა კი გრძნობდა, მოხელთებასა და აზრად ჩამოსხმას ვერ უხერხებდა. ერთი სიტყვით, ილია ჭავჭავაძე რჩეულთა შორის რჩეული იყო. სოლომონს განსაკუთრებით მისი პუბლიცისტური წერილები უყვარდა. ბევრი მათგანი ზეპირად იცოდა. და ყველას, მათ შორის იმათაც, რომლებიც ზეპირად იცოდა, ჟამიდან ჟამზე, უფრო ისეთ დროს, როცა ამა თუ იმ მიზეზის გამო ამბოხის გუნებაზე დგებოდა, მიუბრუნდებოდა და ისე-თი ჯიბრიანი სიამოვნებით ჩაუღრმავდებოდა, თითქოს ვიღაცის ჯავრს იყრიდა ან ვიღაცას ნიშნს უგებდა. იმ დღეს სწორედ „ქუთაისის ბანკის საქმეს“ კითხულობდა, როცა ასმათის ფეხის ხმა მოესმა და ამ ხმის გაგონებაზე გადაშლილი რვეული, რომელიც იქვე ედო, გვერდით, სწრაფად დააფარა წიგნს, თან კალმისტარი მოიმარჯვა და ისეთი სახე მიიღო, თემების გასწორებისას რომ ჰქონდა ხოლმე. როგორც კი თავისი საქციელი გააცნობიერა, წამსვე მიხვდა, რომ რვეულიცა და კალმისტარიც წინდაწინ ჰქონდა მომზადებული და, საერთოდ, ეს პირველი შემთხვევა არ ყოფილა, ასმათის გამოჩენაზე რომ წიგნს მალავდა. სოლომონს ეს ამბავი ცოტა გაუკვირდა. იქნებ უნდა შემცბარიყო კიდეც, მაგრამ არ შემცბარა, რადგან ეს იგივე შენელებული მეხი იყო, რომელსაც ყური ვეღარ აღიქვამს. გაკვირვებითაც მხოლოდ იმიტომ გაუკვირდა, რომ ასმათს არასოდეს მისთვის წიგნის კითხვა არ აუკრძალავს. როგორც ჩანს, სოლომონს თავად გამოუტანია დასკვნა, რომ, იმ დროს, როდესაც ცოლი ოჯახზეა გადაგებული და ყველაფერი ოჯახის სამსხვერპლოზე მიაქვს, ქმრის მხრივ, მეტი რომ არა ვთქვათ, უხერხულია ისეთი რამის კეთება, რასაც უშუალო მატერიალური სარგებლობა არ მოჰყვება.    გაცნობიერებას შედეგი არ მოუტანია. არც ავი, არც კარგი. და სოლომონმა არალეგალური მუშაობა განაგრძო, რისთვისაც წარმატებით იყენებდა მოსწავლეთა რვეულებს. რვეულების სწორების გამო, თუნდაც ამ საქმეში ღამეები ეტეხა, ვერავინ დაძრახავდა, დიდი-დიდი, ასმათს ცოტა კომიკური მოსჩვენებოდა შეფარდება შორმასა და ანაზღაურებას შორის და ამის თაობაზე რამე გესლიანი შენიშვნა გამოეთქვა.    საკვირველი კი იყო, მაგრამ ასმათი, რაც უფრო წინ მიიწევდა სამსახურებრივი კარიერის გზაზე, მით უფრო სანდომიანი ხდებოდა, თუმცა არავითარ პარფიუმერიასა და სხვა ხელოვნურ საშუალებებს არ იყენებდა. თითქოს უფრო მაღალი და ტანადიც კი გამოჩნდა. ამან სოლომონი იმ აზრამდე მიიყვანა, რომ თანამდებობა ადამიანს ალამაზებს. იქნებ ასეცაა (და, საერთოდ, ულამაზო ქალს ლამაზი ქალი ერჩივნა), მაგრამ უბედურება ის იყო, რომ ასმათის წინსვლისა და, შესაბამისად, გალამაზების კვალობაზე, რატომღაც თანდათან კნინდებოდა სოლომონის მამაკაცური გამბედაობა, რის გამოც ინიციატივამ ღამეულ საქმიანობაშიც ასმათის მხარეს გადაინაცვლა და სოლომონს ოდენ პასიური (ხანდახან გაბოროტებულად პასიური) მომლოდინის როლიღა შერჩა. ხოლო თქმა იმისა, რომ თავის სასკოლო სიხარულსა და გულისტკივილს ცოლს უკვე ვერც დღე და ვერც ღამე ვეღარ უზიარებდა, ალბათ ზედმეტიც კია. საბოლოოდ სოლომონი დაემსგავსა მდინარის ფსკერზე, თეთრი ლოდის ძირას ჩაგუბებულ პატარა მორევს, რომელიც ფორმალურადღაა მდინარის ნაწილი, რადგან, როდესაც მდინარე თავზე გადაუვლის და ხმაურით წავა, ამ დინებას არც აფერხებს და არც მიჰყვება, თავისთვისაა შეყუჟული ლოდქვეშ, თვალდახუჭულია, გატრუნული და, თუ ზაფხულის თბილი ნეტარება ვეღარ ახარებს, ვეღარც ზამთრის სუსხიანი ტკივილი აღონებს, თუ ერთ ადგილზე დგომით ობს მოიკიდებს, ისე ნელ-ნელა მოიკიდებს, ვერც კი მიხვდება, რომ ობი მოიკიდა, თუ ცოტ-ცოტაობით თეთრ ლოდს ძირს უთხრის, ამას თავისდაუნებურად სჩადის და ამიტომ არც ეძრახვის და არც მოეკითხება. ეს შედარება ეგებ ზედმეტად მძაფრია და, რახან სოციალურად შეზღუდულია, მაინცდამაინც ვერც სიზუსტეს დაიკვეხნის. სინამდვილეში, სანამ ცოცხალი ვართ, გვინდა თუ არა, ამ ფაქტს ანგარიში უნდა გავუწიოთ. ამიტომ, მას შემდეგ, რაც ოჯახის ძაფები დაუწყდა და შვილებისაკენ მიმავალი გზებიც დაკარგა, სოლომონმა მთავარი სასიცოცხლო აქცენტი სკოლაზე გადაიტანა.    როგორც უკვე ითქვა, სკოლაში (ცხადია, სკოლის გარეთაც) სოლო-მონს მეგობრები არა ჰყოლია. სამაგიეროდ, სკოლაში მოქმედებდა ერთგვარი დაუწერელი ეთიკური კანონი, რომელიც მოითხოვდა, რომ მასწავლებლებს ერთიმეორის არსებობა ეღიარებინათ, ერთიმეორის რეპუტაციას მოფრთხილებოდნენ და ერთიმეორის მიმართ, რამდენადაც ამის საშუალებას ცხოვრება იძლეოდა, თავაზიანობის ნორმები დაეცვათ. მართალია, ეს კანონი, როგორც კანონის წესია, მხოლოდ ზედაპირს ეხებოდა და არა არსს, სოლომონს იგი მაინც სავსებით აკმაყოფილებდა. ცხოვრება ჭრელია და, რაღა თქმა უნდა, ეს სიჭრელე აქაც იჩენდა თავს, შეხლა-შემოხლაც იყო, ინტრიგებიც, აყალ-მაყალიც, მაგრამ მთავარი დოზაა, მაქსიმალისტური მოთხოვნები კი სოლომონს პრაქტიკული ცხოვრების მიმართ არასოდეს ჰქონია. სამასწავლებლოში ხშირად სულიერადაც ისვენებდა. აქ ხშირი იყო საუბარი საკაცობრიო საკითხებზე, მნიშვნელოვან თემებზე, სულზე, მაღალ მატერიებზე. ჭორაობაც კი აქ უფრო ნატიფი და სასიამოვნო მოსასმენი იყო. ამ მხრივ, ეჭვი არაა, სოლომონის კოლეგები გაცილებით სჯობდნენ „ოქროს საწმისის“ ხმაურიან და ტლუ თანამშრომლებს, რომლებსაც ასმათი ზოგჯერ წვეულებას გაუმართავდა ხოლმე და რომელთა ინტელექტუალური და სულიერი დონე სოლომონს ყოველთვის ნაღვლიან გუნებაზე აყენებდა. ლუბაზე ხომ ლაპარაკიც ზედმეტი იყო. ლუბა ნაღვლიან გუნებაზე არ აყენებდა. ლუბა აღიზიანებდა. აღიზიანებდა არა იმიტომ, რომ ჩახლეჩილი, რაღაც უწმაწური ხმა ჰქონდა, და ამ ხმით ხშირად უწმაწურ აზრებსაც გამოთქვამდა, არამედ იმიტომ, რომ, საერთოდ, ლაპარაკობდა. სოლომონს რატომღაც მიაჩნდა, რომ ლუბას მეტყველების უნარი არ უნდა ჰქონოდა. დარწმუნებული იყო, მისგან რომ მხოლოდ ღმუილი და დაუნაწევრებელი ბგერები მოესმინა, ასე არ გაღიზიანდებოდა.   მოსწავლეებთან ურთიერთობა წლების განმავლობაში ჩამოყალიბდა და უკვე რა ხანია საბოლოო, დასრულებული, ინერციული სახე მიიღო. პედაგოგის პირვანდელ თეორიულ მოდელში, რომელიც გაჟღენთილი იყო ახალგაზრდობისათვის (მაშინდელი ახალგაზრდობისათვის) დამახასიათებელი იდეალიზმით, ცხოვრებამ საჭირო ცვლილებები შეიტანა, ჭრელაჭრულა კვირტები მოაშორა, უნიადაგო იდეალიზმის მყიფე შრეები გამოაცალა, დაწნეხა და პრაქტიკული, გამოყენებითი სახე მისცა. ეს იყო ჩვეულებრივი და გავრცელებული, მაგრამ, ამავე დროს, თუკი შეეგუებოდი და რაღაც ისეთს არ მოინდომებდი, რაც კოორდინატებში არ ეტევა, მყარი, უტყუარი და უღალატო მოდელი. სოლომონი შეეგუა, რადგან უკიდურესობას არც ერთ მხარეს არ ესწრაფოდა. იგი არ მიეკუთვნებოდა ეგრეთ წოდებულ „საყვარელი მასწავლებლის“ კატეგორიას (თუკი ასეთი კატეგორია მართლა არსებობს და იგი პირველკლასელებს არ მოუგონიათ, რომელთაც დედა ენატრებათ და, ეს ნატვრა რომ ილუზიურად მაინც აიხდინონ, უნებურად ჩანაცვლების მეთოდს მიმართავენ), მაგრამ არც იმ კატეგორიას მიეკუთვნებოდა, სკოლაში რომ შემთხვევით აღმოჩნდება. სოლომონი ბუნებით პედაგოგი იყო. მშობლიური ლიტერატურა, გარდა იმისა, რომ ძალიან უყვარდა, კარგადაც იცოდა და ცდას არ აკლებდა, რომ მოსწავლეებისათვის თავისი ცოდნა გადაეცა და თავისი სიყვარული გადაედო. სიყვარულის გადადება, რაც დრო გადიოდა, უფრო და უფრო ძნელდებოდა. ბავშვები იცვლებოდნენ. თაობები სოლომონის თვალწინ მიაბიჯებდნენ და სოლომონი ნათლად ხედავდა ცვლილებებს, რომლებიც უმთავრესად ინტელექტუალური და ფსიქოლოგიური ხასიათისა იყო. ერთი მხრივ, გაცილებით უფრო გონიერი, უფრო ფხიზელი, უფრო მომწიფებული, უფრო ორიგინალური და ინდივიდუალური აზროვნების მქონე ბავშვები მოდიოდნენ, მეორე მხრივ (შესაძლებელია, სწორედ ამ მიზეზით), ძალიან ადრე იბერტყავდნენ რომანტიკულ ყვავილებს (რასაც ზოგჯერ რომანტიკულ ბურბუშელასაც ვუწოდებთ ხოლმე), უფრო რეალისტები ხდებოდნენ, უფრო სკეპტიკოსები, ავტორიტეტები ნაკლებად სწამდათ, მასწავლებლებს ბრმად აღარ ენდობოდნენ, ხშირად მათს ცოდნასა და გემოვნებას კრიტიკულად ეპყრობოდნენ და საკუთარი საზომებით ამოწმებდნენ. დროდადრო ეს პროცესი იმდენად მძაფრი იყო, რომ სოლომონი, რომელიც თავისი საგნის მიხედვით მსჯელობდა, აშკარად და გარდაუვალად მოელოდა ლიტერატურულ ღირებულებათა გადაფასებას და მერე, წლები რომ მაშინდელ მოსწავლეებს მოწიფულ ხალხად აქცევდა და მოსალოდნელი გადაფასება კი არსად ჩანდა, უკვირდა და გულში ფიქრობდა, ნეტა ის ბავშვები რა იქნენ, რომ ხმას აღარ იღებენო.    მოსწავლეები არც სოლომონის დიდ სიყვარულს იზიარებდნენ და ზოგჯერ ისეთ სუსტ ადგილებს გაიხსენებდნენ მასწავლებლის სათაყვანებელ მწერალთა ნაწარმოებებიდან, რომლებიც, ერთი მხრივ, შეგნებულ სკეპტიციზმზე მიუთითებდა, საკუთარი შეხედულების გამართლებას რომ ყოველგვარი საშუალებით ცდილობს, მეორე მხრივ კი, მიზნად ისახავდა მასწავლებლის გამოცდას და შეძლებისდაგვარად „ჩაჭრასაც“, და ამიტომ, იმ დროს, როცა გაკვეთილი არ იცოდნენ, ციტატები ყველაზე ნაკლებ ცნობილი ნაწარმოებებიდან მოჰქონდათ. მადლობა ღმერთს, სოლომონი ზოგ-ზოგებს არ ჰგავდა, სასკოლო პროგრამის ფარგლებში რომ არიან გამომწყვდეულები. სოლომონმა საგანი ვრცლად და ღრმად იცოდა და მისი „ჩაჭრა“ იოლი არ იყო, თუმცა ვერც იმას დაიკვეხნიდა, თითქოს მოწაფეების სკეპტიციზმს შერყევას უხერხებდა.    ფარ-ხმალს მაინც არ ყრიდა, მაინც ცდილობდა მშობლიური მწერლობის სიყვარული გაეღვივებინა ბავშვებში, რადგან ამ სიყვარულის მართებულობა მისთვის წმინდა და შეუვალი ჭეშმარიტება იყო. ზოგჯერ, დამატებითი ბიძგების ძებნაში, საქართველოს ისტორიაზეც დაიწყებდა ხოლმე საუბარს (რასაც ბავშვები კმაყოფილებით ხვდებოდნენ, რადგან ასეთ დროს სოლომონს ხშირად ახალი მასალის ასახსნელად დრო აღარ რჩებოდა), ერთხელ გაბედული ექსპერიმენტი ჩაატარა, რომელიც კრახით დასრულდა: სოლომონმა ერთი ლექსი იცოდა. ბავშვობაში გაიგონა თავისი ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლისგან და სამუდამოდ დაამახსოვრდა. არა მხოლოდ იმიტომ, რომ ლექსი სადა იყო, ნათელი, ადვილი დასაზეპირებელი და სათქმელს ცხადად და მიუკიბავ-მოუკიბავად ამბობდა, არამედ იმიტომაც (ამას გვიან მიხვდა), რომ, იმ დროს, როცა მასწავლებელმა სოლომონსა და მის თანაკლასელებს ეს ლექსი უთხრა, მისი პათეტიკა სავსებით ბუნებრივი იყო და მის ეროვნულობას კოპწიაობის არავითარი დაღი არ ესვა, რადგან მთქმელიცა და მსმენელებიც ერთსა და იმავე განზომილებაში იმყოფებოდნენ. სოლომონს მთელი თავისი მასწავლებლობის მანძილზე, თითქოს ტანში ეშმაკი უზისო, არ ასვენებდა იმის სურვილი, რომ ეს სცენა გაემეორებინა. გრძნობდა, სხვა დრო იყო, და გაბედვა უჭირდა. მაგრამ უთქმელობაც აწვალებდა, ამიტომ გამუდმებით ემზადებოდა და ხელსაყრელ დროს ეძებდა. გასულ წელს, ბოლოს და ბოლოს, გაბედა, მაგრამ ამდენ ჭოჭმანსა და რჩევა-რჩევაში, როგორც ჩანს, საამისოდ ყველაზე ნაკლებ ხელსაყრელი დრო აირჩია. იმ ღდეს მეცხრე კლასში ახალი ქართული სალიტერატურო ენის შესახებ ჰქონდა საუბარი. როდესაც ამ საქმეში ილია ჭავჭავაძისა და აკაკი წერეთლის დამსახურებაზე ილაპარაკა, შეუმჩნევლად გასცდა საკითხის კონკრეტულ რკალს, ცოტა როლშიც შევიდა, შთაგონების მაგვარი რაღაც იგრძნო, უეცრად მიხვდა, რომ სწორედ ახლა იყო ის ხელსაყრელი დრო, რომელსაც თითქმის ორმოცი წელი ელოდა, აღელდა, გული აუძგერდა, თვალზე თხელი ბურუსი გადაეფარა (რის გამოც ფოკუსი აერია და კლასს ბუნდოვნადღა ხედავდა) და საუბარი ასე დაასრულა: - ...მათი ღვაწლი განუზომელია არა მარტო ახალი ქართული სალიტერატურო ენის დამკვიდრებაში, არამედ, საზოგადოდ, ქართული კულტურის აღორძინებაში. ეს სახელები წმინდა სახელებია, ან, როგორც პოეტი იტყოდა: ილია და აკაკი, აკაკი და ილია, ამისთანა სახელები თაფლზე უფრო ტკბილია.    კლასში წამით სამარისებური სიჩუმე ჩამოვარდა და სოლომონმა იგრძნო, რომ გულმაც ძგერა შეწყვიტა. ხოლო მეორე წამს ბოლო მერხიდან (მარცხენა რიგში), სადაც მსუქანი დათეშიძე იჯდა, მკაფიოდ, თითქმის დამარცვლით, გაისმა საპასუხო ლექსი: სოლომონ ბრძენი - სუპერმენი!    სოლომონი ორივე ხელით დაეყრდნო ჭიებისგან დაჭმულ, დაფუტუროებულ მერხს, მძიმედ წამოდგა, ხელები ზურგსუკან დაიწყო, ტანიც ოდნავ უკან გადაზნიქა და დინჯი, დარბაისლური ნაბიჯით გაუდგა გზას. არავითარი წინათგრძნობა არა ჰქონია. საერთოდ, წინათგრძნობა მისთვის უცხო ხილი იყო: თვალით არ ენახა, ყურით არ გაეგონა, გემოთი არ გაესინჯა და, როგორც სჩვევია ხალხს, ვინც ასეთ საკითხებში მხოლოდ საკუთარ გამოცდილებას ეყრდნობა და საზომად მხოლოდ საკუთარ თავს იყენებს, არც სჯეროდა მისი არსებობა. ბაღს გასცდა, ქუჩა ჩაათავა და პატარა, ვიწრო ჩიხში შეუხვია, რომლის ბოლოშიაც სკოლა იდგა.    სკოლის დანახვაზე ისე აუჩქროლდებოდა ხოლმე გული, როგორც პაემანზე დაგვიანებულ ქალს შეიძლება აუჩქროლდეს შეყვარებულის დანახვაზე, რომელიც ნერვიულობს, ტუჩებს იკვნეტს, წამდაუწუმ საათზე იყურება, მაგრამ მაინც დგას და ელის. ამ ჩიხში რომ შემოუხვევია და ეს აგურით ნაგები, სამსართულიანი, კოხტა შენობა დაუნახავს, რამდენჯერ დარდი გადაჰყრია და ამღვრეული გუნება დასწმენდია. სკოლა სოლომონისათვის ეკლესია იყო, რომელიც სახელმწიფოსგან დამოუკიდებლად არსებობდა და ამიტომ ასმათს მასთან ხელი არ ჰქონდა. ოცდათვრამეტი წლის განმავლობაში ერთადერთი შემთხვევა იყო, როცა ცოლი მის სასკოლო საქმეებში ჩაერია. ეს ამბავიც გასულ წელს მოხდა. ზამთრის პირი იყო. ასმათი სამსახურიდან უგუნებოდ დაბრუნდა. კარგა ხანს უმიზნოდ იწრიალა, როგორც გალიაში გამომწყვდეულმა ძუ ვეფხვმა, ბოლოს სოლომონს მიუახლოვდა და უთხრა, ერთი სათხოვარი მაქვს და უსიკვდილოდ უნდა შემისრულოო. სოლომონს გულმა რეჩხი უყო. „ოქროს საწმისის“ დირექტორის მოადგილე უმნიშვნელო საქმის გამო მის წინაშე თავს არ დაიმცირებდა და, საერთოდ, სოლომონს აღარც კი ახსოვდა, მას შემდეგ, რაც ბრძანების უფლება მოიპოვა, ასმათს მისთვის რამე ეთხოვოს. ასმათმა სოლომონს დამშვიდება აცალა, ამასობაში თვითონ, თავი მისკდებაო და, წამალი დალია და მერე სწრაფად, ერთბაშად, მოკვეთით უთხრა, შენს ერთ მოწაფეს ნიშანი უნდა აუწიოო. სოლომონმა შორს დაიჭირა, არც კი უკითხავს რომელ მოწაფეზე იყო ლაპარაკი. ასმათმა მაშინვე დაანება თავი, მაგრამ კვნესას უმატა. სოლომონი ვერ მიხვდა, კვნესა მეთოდი იყო თუ მართლა ასე აწუხებდა ტკივილი, ყოველ შემთხვევაში, არ დაუჯერებია, რომ იმას, რისთვისაც ქმრის წინაშე თავის დამცირება მოუხდა, ეგრე იოლად დათმობდა. ეჭვი სულ მალე გაუმართლდა. კვნესა მეთოდი გამოდგა, უფრო სწორად, შესავალსა და მეთოდს შორის გადებული ხიდი. თვით მეთოდი სწორხაზოვანი რისხვა იყო, რომელიც სოლომონს ირონიით შეზავებულ მეხად დაატყდა თავს (წმინდანი! მამა აბრამის ბატკანი! ქათქათა ხელები არ დაგილაქავდეს! მე ნემსის ყუნწში უნდა გავძვრე, ეკლებზე უნდა ვიარო და ათასი მამაძაღლობა ჩავიდინო, რომ ოჯახი შევინახო, არ მოგვშივდეს და არ მოგვწყურდეს, ეს კი ფეხიფეხშემოდებული უნდა იჯდეს, ხელში თავისი ქეციანი პატიოსნება ეჭიროს და მარაოსავით ინიავებდეს! მაგრად მოუჭირე ხელი, არავინ მოგტაცოს! შენ იმას როგორ იკადრებ, მოწაფეს ერთი ნიშანი აუწიო! აბა, მე კი არ მგავხარ! მე მიხარია ყოველ საღამოს ლუბასნაირ ვიგინდარებთან ჭუკჭუკი, უნიტაზების თრევა და სირცხვილის ოფლის წურვა! ან როგორ ჩერდები ასეთ ქალთან! მე რომ შენს ადგილას ვიყო, ჩემისთანა ცოლს ერთს გემოზე გავასილაქებდი, რომ ჭკუა ესწავლა და თავის ტყავში დატეულიყო. მაგრამ შენ ამას არ იზამ. ეს რომ ქნა, მერე პატიოსნებას ვიღასი ფულით იყიდი!..). - რა გვარია? - შეაწყვეტინა, სოლომონმა, რომელმაც იგრძნო, რომ ცხრაკლიტულის საგულდაგულოდ ჩაურდულებული კარი იღებოდა, და იმის წარმოდგენაზე, თუ რა სანახაობა ელოდა ხახადაღებული უფსკრულის ძირას, ტანში გააცია.    ყურაშვილი, - სწრაფად შეცვალა კილო ასმათმა, - ვარლამ ყურაშვილის გოგოა. მამამისი თავისი სარევიზიო ჯგუფით გუშინდლიდან „ოქროს საწმისში“ გვიზის და გვამოწმებს. შესამოწმებელი რა გვჭირს, ყველაფერი აჟურში გვაქვს, მაგრამ ადამიანები ვართ, გამწარებულმა კაცმა თუ მოინდომა, ყოველთვის გამოძებნის ხელმოსაკიდს. არადა, ფრჩხილის ტოლაც თუ იპოვა რამე, შეიძლება ზედ იმხელა მთა დადგას, მთელი გაერთიანება ქვეშ მოიყოლოს. ერთი ნიშანი ყველაფერს წაღმა შემოაბრუნებს.    ყურაშვილის ბავშვმა საგანი გამართულ სამიანზე იცოდა. გამართულ სამიანსა და დამადლებულ ოთხიანს შორის კი აბა რა ისეთი განსხვავებაა, ამდენ დავიდარაბად ღირებულიყო! ეგ კი არა, სოლომონი ზოგჯერ თავადაც ყოყმანობდა, ეგებ ჯობდეს ოთხიანი დავუწერო, წახალისდება და უფრო ბეჯითად იმეცადინებსო.    ოპერაციამ მშვიდობიანად და უმტკივნეულოდ ჩაიარა, თუ არ ჩავთვლით, რომ ამით დირექტორმა ისარგებლა და ერთი ნიშანი გიგიაძისთვისაც წაამატებინა. დირექტორმა ყურაშვილი ისე ახსენა, გაკვრით, რათა სოლომონისთვის ეგრძნობინებინა, საქმის კურსში ვარო, მოტივად კი ის გამოიყენა, რომ სკოლა სარემონტო იყო და ამ საქმეს გიგიაძის მამის დაუხმარებლად თავი არ მოებმებოდა.    სკოლას ირგვლივ დიდი ეზო ერტყა. წინ ნაძვნარი იყო, რომელსაც ჭიშკრიდან შენობის შესასვლელამდე მოკირწყლული ბილიკი გასდევდა, მარჯვნივ - კალათბურთის მოედანი, სადაც ყოველთვის ფეხბურთს თამაშობდნენ, უკან და მარცხნივ - ეგრეთ წოდებული „დამხმარე მეურნეობა“. აქ უმთავრესად კარტოფილი და სიმინდი მოჰყავდათ. შენობა ეზოს შუაგულში იდგა. სოლომონმა ნელა შეაღო მუხის დიდი, მძიმე კარი. სამივე სართულს ზუსტად ერთნაირი განლაგება ჰქონდა. შესასვლელთან, კიბის ძირას, ორი დერეფანი ემიჯნებოდა ერთმანეთს. ერთი - უფრო მოკლე - პირდაპირ მიდიოდა, მეორე - გრძელი და უფრო ნათელი - ხელმარცხნივ. მოკლე დერეფნების ბოლოში პირველ სართულზე ფიზკულტურის დარბაზი იყო, მეორეზე სამასწავლებლო და დირექტორისა და მისი მოადგილეების კაბინეტები, მესამეზე კლუბი. გრძელი დერეფნების ორსავ მხარეს, კედლებზე, ისეთ სიმაღლეზე, რომ მოწაფეები ვერ მისწვდომოდნენ, ეკიდა გამოჩენილ მწერალთა, მეცნიერთა, ხელოვანთა, სპორტსმენთა და პოლიტიკურ მოღვაწეთა პორტრეტები. ზოგი, განსაკუთრებით მნიშვნელოვანი პორტრეტი, სამივე სართულზე მეორდებოდა. პირველი სართულიდან მეორე და მესამე სართულზე ქვის კიბე ადიოდა, დამრეცი, დაბალსაფეხურიანი და სასიარულოდ მოხერხებული.    სოლომონი ქვის კიბეს შეუყვა. რამდენიმე საფეხური რომ აიარა, ზემოდან ჩქარი ნაბიჯით მომავალი ნუკრი ვაჩეიშვილი შეეფეთა, ფიზკულტურის მასწავლებელი და მთელი სკოლის მოსწავლეთა კერპი. ნუკრი ვაჩეიშვილმა მისალმების ნიშნად დიდი ხელი მსუბუქად შემოჰკრა მკლავზე, ბეჭის ძირას, და თვალებგაბრწყინებულმა უთხრა: - ნახე, ვერნისაჟამ რა სახინკლე გახსნა? თუმცა შენ სად ნახავდი! ერთი თქვენი რესტორანიცა და თქვენი კარგებიცო, თქვა და მიასნიკოვის და წულუკიძის კუთხეში სახინკლე გახსნა. ხომ იცი მერე, რა ჩალიჩა კაცია! თუმცა შენ საიდან გეცოდინება! ხინკალს აკეთებს, იმის დედა ვატირე! მიმიქარავს ჯოკონდას ღიმილი! ლუდიც მაგარი აქვს! ორმოცდაათი ცალი შევუკვეთე თორმეტი საათისთვის. ხომ არ წამოხვალ? თუმცა შენ რას წამოხვალ! ეს ყველაფერი ერთი ამოსუნთქვით თქვა და ისევ ისეთი სწრაფი, ენერგიული ნაბიჯით განაგრძო გზა.    ნუკრი ვაჩეიშვილი თავის დროზე მძიმეწონოსანი მოკრივე იყო და იმ თორმეტ წელს, რომლებიც აქტიურ სპორტს შესწირა, ყოველთვის მწარე სინანულით იგონედა, რადგან, როგორც თვითონ ამბობდა, მაშინ, როცა ისა და სხვა მისი მსგავსი მძიმეწონოსნები ორთქლის აბანოში იხარშებოდნენ და ოფლში ცურავდნენ, რათა ზედმეტი გრამები დაეკლოთ და მერე, რინგზე, უმიზეზოდ და უსასყიდლოდ თავ-პირს ამტვრევდნენ ერთმანეთს, დანარჩენი საზოგადოება არხეინად შეექცეოდა ხინკალს და ზედ ცივ ლუდს აყოლებდა. ამიტომ, ვეტერანებში გადაინაცვლა თუ არა, მტკიცედ გადაწყვიტა, ის გაცდენილი თორმეტი წელი აენაზღაურებინა და წინ წასულებს დასწეოდა, რისთვისაც ყოველ თავისუფალ წუთს სახინკლეში ატარებდა. მართლაც, არათუ დაეწია, მალე ყველა უკან მოიტოვა. ოღონდ იმის შიშით, რომ ამდენ ლუდსა და ხინკალს სპორტული აღნაგობისთვის არა ევნო რა, თითო კათხა ლუდში თითო ჭიქა არაყს ისხამდა ხოლმე. არავინ იცის, მართლა არაყი შველოდა თუ სხვა რამე საიდუმლო ჰქონდა, რომელსაც არ ამხელდა, ყოველ შემთხვევაში, ჯერჯერობით ქონის ნასახი არ დასტყობოდა, ძველებურად ხმელი იყო, გამართული და სპორტული. ბავშვებს ისე უყვარდათ, სულში იძვრენდნენ. ზოგჯერ ისტორიიდან ან მათემატიკიდან გამოპარულები, იმის მაგივრად, რომ კინოში წასულიყვნენ, მის გაკვეთილს ესწრებოდნენ. ასეთ სიყვარულს სერიოზული მიზეზები ჰქონდა: ჯერ ერთი, ნუკრი ვაჩეიშვილი ძველებურად ფლობდა კრივის ილეთებს და საიმოვნებითაც ასწავლიდა ბავშვებს, მეორე, თავისი სპორტული წარსულიდან ხალისით ყვებოდა ისეთ ეპიზოდებს, რომლებიც რინგს გარეთ, კულისებში, უფრო ზუსტად, სასტუმროს ნომრებში ან მივლინებაში მყოფი ქმრების სახლებში ხდებოდა, და მესამეც, მეტყველებაში არავითარ პირობითობას არა ცნობდა, თანამოსაუბრეებს არასოდეს ახარისხებდა სქესისა და ასაკის მიხედვით და ისეთ სიტყვებს ხმარობდა მეორე-მესამე კლასის მოსწავლეებთან, რომ ზოგი მათგანის მნიშვნელობის დადგენა სულხან-საბა ორბელიანის ლექსიკონშიც კი ჭირდა. სოლომონმა, კიბე რომ აათავა და მეორე სართულზე ავიდა, მარცხნივ, დერეფანში, ნატალია დავიდოვნას მოჰკრა თვალი და წამით შეჩერდა, მაგრამ მაშინვე ისევ განაგრძო გზა, რადგან ნატალია დავიდოვნამ, უფრო სწორად, ნატალია დავიდოვნას პიჯაკმა და ქვედა კაბამ, ერთი გაიელვა დერეფნის ბოლოში და მარჯვნივ გაუხვია.    იმ დღეს სოლომონს დილის ორი გაკვეთილი ჰქონდა, ერთი მეცხრე კლასში და ერთიც მეათეში, ამიტომ თერთმეტის ნახევარზე უკვე გათავისუფლდა და, რაკი ოთხ საათამდე თავისუფალი იყო, შინ წავიდა. არავითარი წინათგრძნობა არ გასჩენია. თუმცა, სანამ წავიდოდა, ერთი ისეთი ეპიზოდი მოხდა, რომ უფრო ფხიზელი და სკეპტიკური გონების კაცი იქნებ დაეჭვებულიყო კიდეც. სწორედ იმ დროს, როდესაც ლაბადის ღილების შეკვრა მოათავა და სამასწავლებლოდან გასვლა დააპირა, დირექტორმა თავისი კაბინეტიდან გამოსძახა: - სოლომონ!    სოლომონი შეჩერდა და სანახევროდ მიტრიალდა. დირექტორი მას ხან სოლომონს ეძახდა, ხან სოლომონ ბატონს. ისე კი მუდამ შენობით ელაპარაკებოდა. - არ დაიგვიანო, - უთხრა დირექტორმა, - ხომ იცი, განათლებიდან გვესწრებიან.     სოლომონმა უხმოდ დაუქნია თავი და სამასწავლებლოდენ გამოვიდა. ეს დამატებითი გაფრთხილება სრულიად ზედმეტი იყო, რადგან სოლომონს თუ რამე სწამდა, პირველ რიგში მოვალეობა სწამდა და, საცა კი ოდესმე გამოსაცხადებელი ყოფილა, ყველგან ყოველთვის დაუგვიანებლად გამოცხადებულა, მაგრამ მიუხედავად ამისა, დირექტორის ნათქვამს მაინც არ დაუეჭვებია. პედაგოგიური საბჭოს სხდომა ოთხი საათისთვის იყო დანიშნული. რა საკითხი უნდა განეხილათ, სოლომონმა არ იცოდა, რადგან დირექტორს დღის წესრიგი წინასწარ არ გამოუცხადებია. საკვირველი და დასაეჭვებელი არც ამაში ყოფილა რამე. თავისი ხანგრძლივი მასწავლებლობის მანძილზე სოლომონს ნაირ-ნაირი გარეგნობის, ნაირ-ნაირი ჭკუის, ნაირ-ნაირი ხასიათის დირექტორები ჰყავდა გამოცვლილი, მაგრამ, რაოდენ განსხვავებულიც არ უნდა ყოფილიყვნენ, ყველა მათგანს ჰქონდა რამდენიმე საერთო ნიშანი, რომლებიც, სოლომონის ვარაუდით, ცნება „დირექტორს“ ფორმას აძლევდა და კონკრეტულ სახეს ანიჭებდა. ერთი ამ ნიშანთაგანი იყო ერთგვარი არითმიის კანონი, რომელიც მოითხოვდა, რომ თანამშრომლები ზედმეტად არ შეჩვეოდნენ დირექტორს, როგორც მდინარის პირას დასახლებული კაცი ეჩვევა წყლის მონოტონურ დუდუნს და ვეღარც კი ამჩნევს, მდინარის პირას თუ ცხოვრობს. მდინარეს შეუძლია ფუფუნების ნება მისცეს თავს, დირექტორს კი ამის უფლება არა აქვს, ვინაიდან მისი ძალა, მდინარისაგან განსხვავებით, სწრაფწარმავალია და საყრდენი უმთავრესად გარეთა აქვს. ამიტომ იგი ხან აცხადებს წინასწარ პედსაბჭოს დღის წესრიგს და ხან არა. ახალბედა თანამშრომელს ხშირად აღიზიანებს დირექტორის ამგვარი ჩვევა, მასში უსამართლობას ხედავს და გულში ბუნტარული განწყობილებაც კი უჩნდება (რაც, როგორც წესი, გულის ფარგლებს არ სცილდება), მაგრამ მერე, კანონის ლოგიკას რომ იგრძნობს და მიზეზს დაინახავს, წყნარდება, რადგან ხელქვეითის გულისწყრომას იწვევს არა იმდენად უსამართლობა, რამდენადაც მოტივის უცოდინარობა. სოლომონის ამჟამინდელ დირექტორს, თუ მაინცდამაინც სასწორზე შეაგდებდით, კარგი უფრო ეთქმოდა, ვიდრე ცუდი. შესახედავად კარგი კი არა, მშვენიერი იყო: ახალგაზრდა, ლამაზი, ელეგანტური, მუდამ გამოწკეპილი, სუფთად გაპარსული და სუფთად დავარცხნილი, ლაღი, თამამი, დარდიმანდი. ისე შეგაყვარებდათ თავს, ვერც კი გაიგებდით, განათლების განყოფილებაშიც შინაურ კაცად ითვლებოდა. რაღაც ჭორები კი დადიოდა ვითომც მედლებითა და ატესტატებით ვაჭრობის თაობაზე, მაგრამ ასეთი ჭორები ვისზე აღარ დადის! ხალხის ლაპარაკს რომ ყური უგდო, შეიძლება ადამიანის სახსენებელი შეგძულდეს. სოლომონი აფასებდა დირექტორს და ზომიერების ფარგლებში პატივსაც სცემდა, თუმცა ერთხელ კინაღამ ჩხუბი მოუვიდათ. ეს ამბავი შარშანწინ მოხდა. დირექტორმა სულ სხვა საქმეზე დაიბარა და მერე, იმ საქმეს რომ მორჩა, სასხვათაშორისოდ პენსიაზე ჩამოუგდო სიტყვა. პენსიის ხსენებაზე სოლომონი ის იყო უნდა აფეთქებულიყო, მაგრამ დირექტორმა სწრაფად და სიცილ-სიცილით უკან წაიღო თავისი ნათქვამი, საიდანაც სოლომონმა ის დასკვნა გამოიტანა, რომ დირექტორი ან მართლა შემთხვევით შეეხო ამ საკითხს, ან, თუ გამიზნულად წამოიწყო, მაშინ დამარცხდა და აღიარა კიდეც თავისი დამარცხება. ძველ ბაღში სოლომონი კვლავ შეჩერდა, კვლავ ჩამოჯდა თავის ამოჩემებულ მერხზე აუზს, ქანდაკებასა და ესტრადას შუა და კვლავ მიაჩერდა ბებერ ხეებს, რომელთაც სიბერე დარბაისლურ სილამაზეს ანიჭებდა და რომლებიც გვიანი შემოდგომის ამ მოყვითალო დღეს უკანასკნელ ფოთლებს ეთხოვებოდნენ, მაგრამ ამის გამო ემსგავსებოდნენ არა გაძარცულებს, არამედ განწმენდილებს, ამიტომ ძველებურად ამაყად და მხნედ იდგნენ და მშვიდად, უდრტვინველად, დაჯერებულად უსწორებდნენ თვალს ზეცას. ეჭვი არ იყო, რომ ორი ათასი წლის დასასრულსაც ასე მხნედ შეხვდებოდნენ. სოლომონს თვითონაც უნდოდა ამ საოცარ წამს მოსწრებოდა. საერთოდ, სიცოცხლე უყვარდა და, რაც უფრო დიდხანს იცოცხლებდა, ის ერჩივნა, მაგრამ ახალი ათასწლეულის საკუთარი თვალით ნახვა განსაკუთრებული ნატვრა იყო, რომელსაც ვერავის უზიარებდა (რადგან არ იცოდა, რომ ამ დღეს ასეთივე გულისფანცქალით და თუმცა არაერთგვაროვანი, მაგრამ რაღაცის ერთნაირად გაურკვეველი, იდუმალი მოლოდინით მოელის ყველა - ურწმუნოც, მორწმუნეც და ცრუმორწმუნეც). სოლომონს იმედი ჰქონდა, რომ რაღაც მოხდებოდა. რა, არ იცოდა, ისე კი ხან გლობალურ წარღვნას წარმოიდგენდა, ხან გლობალურ განახლებას (რაც, შესაძლებელია, სულაც ერთი და იგივეა). როდესაც ამაზე ფიქრობდა, სოლომონი გონების თვალით ხედავდა ბუნდოვან კოსმიურ ძალას, რომელიც ცხოვრების მდინარეს კვლავ სათავეში აბრუნებდა და იმ მოუხელთებელ წამს, როცა ორი ათასი წელი უკვე დასრულდებოდა, ხოლო ორი ათას ერთი ჯერ კიდევ არ იქნებოდა დამდგარი, სამყარო ემგვანებოდა პირველი ხელმოცარვის შემდეგ ხელახლა მოზიდულ და გასატყორცნად გამზადებულ ისარს. ამ დროს სოლომონი აღარ იქნებოდა თავისი ოჯახის მამა, რომელსაც ოჯახში აღარაფერს ეკითხებიან, და თავისი მოსწავლეების მასწავლებელი, რომლის სიყვარულს არავინ იზიარებს. ეს იქნებოდა წამი, როცა ყველაფერი თავიდან იწყება, შეგიძლია შენი ცხოვრების გეზი ახალგაზრდობაშივე შეცვალო. მაგალითად, უარით გაისტუმრო შუამავალი ნათესავები და... ნატალია დავიდოვნა სოლომონის პატარა საიდუმლო იყო, საიდუმლო, რომლის არსებობა სოლომონის გარდა ქვეყნად არავინ იცოდა, მათ შორის არც ნატალია დავიდოვნამ. ეს ამბავი ოთხიოდე წლის წინ მოხდა. შუა აპრილი იდგა. ახლადგაღვიძებული ბუნება განახლების მწვანე სისხლად ჩაგუბებულიყო ხეთა ფოთლებსა და კვირტებში, იქიდან დამათრობელ სურნელად ჟონავდა და ქალაქს სიმსუბუქისა და სტიქიური აღორძინების მაცდურ ქსელში ხვევდა, რომელიც მიზიდულობის ძალას ფეხისგულებში უღიტინებდა და საამოდ აფორიაქებდა. ნათელი დილა იდგა. მზე ახალი ამოსული იყო და აპრილის ხასხასა ფერებში გახვეული მისი სხივები ჰაერში ნეტარებით ცახცახებდნენ. სოლომონს, ჩვეულებისამებრ, ხელები ზურგსუკან დაეწყო და გაზაფხულის მძაფრი სუნთქვით ოდნავ გაბრუებული და ოდნავ მოთენთილი, დინჯად მიიკვლევდა გზას იასამნის სურნელოვან ბურუსში. იმ ქუჩაზე რომ გადაუხვია, რომელიც ბოლოში სკოლის ჩიხს უერთდებოდა, უეცრად წინ მიმავალი ნატალია დავიდოვნა დაინახა. მიუხედავად ამისა, რომ ჯერ კიდევ გვარიანად გრილოდა, ნატალია დავიდოვნას თხელი, უმკლავებო კაბა ეცვა, ერთიანი და მწვანე ფოთლებით მოხატული. ეტყობა, სწორედ გაზაფხულის ბრალი იყო, რომ სოლომონს წამით თავბრუ დაეხვა და სამყარო უეცრად იქცა უსასრულო და ცარიელ სივრცედ. და ამ ცარიელ სივრცეში მხოლოდ ნატალია დავიდოვნა მოჩანდა, სავსე და მკვრივი, როგორც ბადრი მთვარე, მწვანეფოთლებიან კაბაში გამოწყობილი და არაამქვეყნიურად მშვენიერი. ნატალია დავიდოვნა თავად იღვრებოდა გაზაფხულის უცხო სილამაზედ, საკუთარი არსების ხატს, ნატალია დავიდოვნათა უსხეულო და უხილავ წყებას, სინათლის ტალღებად ასხივებდა ოთხსავ მხარეს, საკუთარი არსების წარმტაც სილამაზეში ახვევდა ყოველივეს და გაზაფხულის ნათელი და დამათრობელი ნეტარებაც სწორედ ეს იყო. საბედნიეროდ, ხილვა დიდხანს არ გაგრძელებულა და სოლომონი მალევე მოეგო გონს. ისა და ნატალია დავიდოვნა მხოლოდ სალმით იცნობდნენ ერთმანეთს. ზოგჯერ, ვთქვათ, ახალი სასწავლო წლის დადგომისას, როდესაც მასწავლებლებს დიდი ხანია ერთმანეთი არ ენახათ, თანახმად ურთიერთობათა კოდექსის მოთხოვნისა, სალამს თავაზიანი „როგორ ბრძანდებით - გმადლობთ, კარგად - თქვენ როგორ“ მოჰყვებოდა, ამაზე შორს კი საქმე არასოდეს წასულა. ამიტომ, როგორც კი სოლომონი გონს მოეგო, შიში და შვება თითქმის ერთდროულად იგრძნო. შიში იმისა, რომ შეიძლებოდა ასე შორიდან კი არ დაენახა, არამედ შეჰფეთებოდა, და შვება იმისა, რომ, მადლობა ღმერთს, არ შეჰფეთებია. რომ შეჰფეთებოდა, კარგა მოზრდილი მონაკვეთი მასთან ერთად უნდა გაევლო, სოლომონმა კი არ იცოდა, რაზე ელაპარაკა, რადგან ნაცნობობის ფორმათა შორის ყველაზე მძიმე ის არის, როდესაც ადამიანს ხანგრძლივი დროის განმავლობაში ყოველდღე ხვდები, მაგრამ ეს შეხვედრები არასოდეს ოფიციალური მისალმების ჩარჩოს არ გასცდენია და მუდამ ერთი და იმავე სარიტუალო ფორმულის გამეორებას წარმოადგენს. ეს კი ურთიერთობას არათუ აღარ აღრმავებს და ავითარებს, სიცოცხლის იმ პატარა ნიშანსაც აცლის, რაც თავიდან ჰქონდა, და უაზრო ჩვევად აქცევს, გახევებულ წესად, ერთგვარ მაგნიტურ კარად, რომელიც ჩვენი მიახლოებისას ავტომატურად იღება და, როგორც კი გავივლით, ასევე ავტომატურად იხურება. ასეთი ნაცნობობა ფრიად სახიფათო რამ არის, რადგან ყოველ წუთასაა მოსალოდნელი, რომ ცხოვრების ჭირვეულმა ხლართებმა ისეთ დროს შეგვყაროს მარტო, როცა თავის დაკვრის მშრალი რიტუალი საკმარისი არ იქნება და ვითარება საუბრის გაბმას მოგვთხოვს, საუბრის გაბმა კი მით უფრო ძნელია, რაც უფრო ხანგრძლივი იყო ურთიერთობა მკვდარი ფორმულის გაქვავებულ ფარგლებში. ამიტომ სოლომონი, თუმცა ეს განწყობილების ქაოტური ბრუნვა იყო და არა გამოკვეთილი აზრი, გულში მადლობას სწირავდა უფალს, რომ მასა და ნატალია დავიდოვნას შორის საპატიო მანძილი იდო და ეს მანძილი, მათი სიარულის ტემპის სხვადასხვაობის გამო, კიდევ უფრო იზრდებოდა. სოლომონს გაცილებით ერჩივნა, ასე დინჯად მიჰყოლოდა შორიახლო და ასე დარბაისლურად ემზირა ნატალია დავიდოვნას სრული, მაგრამ ჯერ კიდევ მოქნილი და მოხდენილი სხეულისათვის, რადგან ეს საამოც იყო და არც არაფერს ავალდებულებდა. მაგრამ მოულოდნელად ნატალია დავიდოვნა შეჩერდა, ჩანთა, რომელიც აქამდე მარჯვენა ხელში ეჭირა, მარცხენაში გადაინაცვლა, გახსნა და შიგ რაღაცას დაუწყო ძებნა. სოლომონი შეკრთა, მაგრამ შეშფოთებით არ შეშფოთებულა: მანძილი დიდი იყო და იმედი ჰქონდა, რომ, სანამ ეს მანძილი იმ ზომამდე შემცირდებოდა, რომლის იქითაც უკვე ხიფათია მოსალოდნელი, ნატალია დავიდოვნა იპოვიდა, რასაც ეძებდა, და გზას განაგრძობდა. ეს იმედი (თუ მანძილს გავითვალისწინებთ, სავსებით საფუძვლიანი) ერთხანს მხნედ მიუძღოდა წინ, მაგრამ მალე დნობა დაიწყო, რადგან მანძილი თანდათან მოკლდებოდა, ნატალია დავიდოვნა კი ჯერ კიდევ საქმიანად ჩხრეკდა ჩანთას. სოლომონს მღელვარება მოეძალა, გულში შიშმა თვალი გაახილა, კანის ფორებში ოფლის წვეთები შეირხნენ და ასაგორებლად მოემზადნენ. თუ ნახევარ წუთში ნატალია დავიდოვნა ვერ იპოვიდა, რასაც ეძებდა (ასეთს რას ეძებდა?), ადვილი შესაძლებელია, მერე უკვე გვიანი ყოფილიყო. ნაბიჯის შემდგომი შენელება სოლომონს აღარ შეეძლო, ვინაიდან ეს უკვე მოძრაობის სრული შეწყვეტა იქნებოდა, ამას კი ვერ გაბედავდა: რომ გაჩერებულიყო, ისეთი სურათი წარმოიქმნებოდა, არ შეიძლებოდა გამვლელებს საეჭვოდ არ მოსჩვენებოდათ, და გარდა ამისა, ერთიც ვნახოთ და, ნატალია დავიდოვნას მოეხედა, ხომ მთლად სულელურ ვითარებაში უნდა აღმოჩენილიყო, რომელსაც ვეღარაფრით ვეღარ გაამართლებდა. და სოლომონმა გზა განაგრძო. როდესაც მანძილი სულ რამდენიმე ნაბიჯამდე შემცირდა, უეცრად ნატალია დავიდოვნას შიშველ მკლავებზე ხორკლი დაინახა. ამ სანახაობამ რაღაც უცხო, მაგრამ ტკბილი და გამაბრუებელი გრძნობა აამოძრავა და მღელვარებამ სხვა ძალით და სხვა მხრიდან შემოუტია. ეს თეთრი, მკვრივი და ალბათ გრილი მკლავი წამით თითქოს სოლომონის სულის სარკისებურ ზედაპირს შეეხო და თავისი ხორკლის შესაბამისად დაკეჭნა. სოლომონს ტანში ჟრუანტელმა დაუარა. ამასობაში ის უკანასკნელი რამდენიმე ნაბიჯიც ამოიწურა და დადგა გარდაუვალი და გადამწყვეტი ჟამი, როცა სოლომონი მისალმების ფორმულის შემდეგ ჩვეულებისამებრ ვეღარ განაგრძობდა გზას, იძულებული გახდებოდა შეჩერებულიყო და ამით ერთგვარი შესავალი გაეკეთებინა იმ საუბრისათვის, რომლის გაბმასაც ვერ მოახერხებდა. მაგრამ ხსნა არსაით იყო და სოლომონი შეჩერდა. - დილა მშვიდობისა, ნატალია დავიდოვნა! - აა, ბატონო სოლომონ! - შემოსცინა ნატალია დავიდოვნამ, - დილა მშვიდობისა! - და (ეს საქციელი სოლომონისთვის გაუგებარი დარჩა) მაშინვე დაანება თავი იმის ძებნას, რასაც ეძებდა, ჩანთა დახურა და ისევ მარჯვენა ხელში დაიჭირა.    სოლომონმა ერთი პირობა დააპირა ეკითხა, ხომ არაფერი დაკარგეთო, მაგრამ წამსვე უარყო ეს განზრახვა, რადგან მოეჩვენა, რომ ეს სხვის პირად საქმეში უადგილო და უტაქტო ჩარევა იქნებოდა, და გარდა ამისა, რა იცი, რას ეძებდა.    ახლა ისინი ერთად, წყვილად მიარღვევდნენ იასამნის სურნელის მსუბუქ ბურუსს და დუმდნენ. ხორკლებიც რომ არ ჰქონოდა ნატალია დავიდოვნას გრილ მკლავებზე, სოლომონს მაინც გაუჭირდებოდა საუბ-რის გაბმა, მაგრამ ხორკლები (თუმცა ალბათ იმაზე მეტს აბრალებდა, ვიდრე იმსახურებდა) მართლა ძალიან უშლიდა.    რაკი ნატალია დავიდოვნას გახსნილი ჩანთა საუბრის ამოსავალ წერტილად არ გამოდგა, სოლომონმა სხვა თემებს დაუწყო ძებნა და ვერ იპოვა. უფრო სწორად, პოვნით კი იპოვა - სათქმელის მეტი რა იყო - მაგრამ ისეთი ვერ იპოვა, რომ თქმად ღირებულიყო. მაგალითად, განა სისულელე არ იქნებოდა, ეთქვა: „რა საამური დილაა არა, ნატალია დავიდოვნა?“ როცა ნატალია დავიდოვნა თავადაც მშვენივრად ხედავდა, რომ საამური დილა იყო. ან იმის კითხვას რა აზრი ჰქონდა, დღეს რომელ კლასში გაქვს პირველი გაკვეთილიო. სულ ერთი არ არის, რომელ კლასში აქვს ადამიანს პირველი გაკვეთილი? სოლომონმა ნატალია დავიდოვნას პირადი ბიოგრაფიიდანაც იცოდა ზოგი რამ, მაგალითად ის, რომ ნატალია დავიდოვნა ქვრივი იყო, რომ ქმარი დიდი ხნის წინ გარდაცვლოდა, რომ შვილი არ დარჩენოდა, რომ მოხუც დედასთან ერთად ცხოვრობდა სადღაც, აქვე, სკოლის მახლობლად. მაგრამ საუბრისთვის ეს ცნობები გამოუსადეგარი აღმოჩნდა. რაც იცოდა, იმას ხომ არ გამოიკითხავდა? და რაც არ იცოდა... „დედათქვენი რამდენი წლისაა, ნატალია დავიდოვნა?“ სულელური ცნობისმოყვარეობაა და მეტი არაფერი. ან დაქვრივების დროსა და გარემოებაზე ხომ ვერ ჩამოუგდებდა სიტყვას! ჯერ ერთი, რა შენი საქმეა, და მეორეც, ასეთ თემაზე ლაპარაკი ქალმა შეიძლება რაღაცის ქარაგმად მიიღოს და მთლად აირ-დაირიოს ყველაფერი. ახლა ისინი იასამნის სურნელის მსუბუქი ბურუსის გარდა სიჩუმის მძიმე ტალღებსაც მიარღვევდნენ.    უცებ სოლომონის თვალწინ (არა გადატანითი მნიშვნელობით, არამედ პირდაპირი მნიშვნელობით თვალწინ, ზუსტად წარბების სიმაღლეზე, ერთი ხელის დადების მოშორებით, იმდენად ნათლად, რომ ალბათ გარეშესაც თავისუფლად შეეძლო დაენახა) გაჩნდა სიტყვები, წვრილი, იისფერი მელნით დაწერილი სტრიქონი: „ნაპოლეონმა გარდმოავლო თვალი ფრანციას“. სოლომონი თავის თავს შემოსწყრა, რა დროს ფრანციააო, წარმოსახვის ძალით მარჯვენა ხელი ასწია, სტრიქონი ორი თითით აიღო და ტროტუარზე მოისროლა, მაგრამ სტრიქონი ჭიაყელასავით დაიკლაკნა, ასხმარტალდა, მერე რაღაც მანქანებით ჰაერში აიჭრა და ისევ ისე გამაღიზიანებლად და გამომწვევად გაიშალა წარბების სიმაღლეზე. ეს სტრიქონი მოსწავლეებს რატომღაც სასაცილო ეჩვენებოდათ, სოლომონი ამას საგნის უპატივცემულობად თვლიდა და ბრაზობდა, თან ცდილობდა, თვითონაც მოსწავლეების თვალით შეეხედა, რათა მიმხვდარიყო, მართლა იყო ამაში რამე სასაცილო თუ არა. სიჩუმე კი ამასობაში მძიმე ლოდად იქცა და, ვიდრე ამ ლოდის შესაკავებლად (ნაპოლეონმა გარდმოავლო თვალი ფრანციას) კაპიტალურ ბოძებს დაამზადებდა, მანამ რომ დროებით საყრდენი მაინც შეედგა (ნაპოლეონმა გარდმოავლო თვალი ფრანციას), თქვა: - სხვა, როგორ ბრძანდებით, ნატალია დავიდოვნა? - გმადლობთ, არა მიშავს, - გაიღიმა (რაზე გაიღიმა?) ნატალია დავიდოვნამ, - თქვენ როგორ გიკითხოთ? - გახლავართ ასე, გვარიანად. ნატალია დავიოდვნა, გვარად ჯორჯაძე, დედითაც და მამითაც ქართველი იყო, მაგრამ ბავშვობა და ახალგაზრდობა რუსეთში გაატარა და თუმცა ქართული ჩინებულად იცოდა (ამით ცოტ-ცოტას ამაყობდა კიდეც), ოდნავი, ძლივშესამჩნევი აქცენტი მაინც დაჰკრავდა, რაც მოწაფეებს სავსებით ჰყოფნიდათ საიმისოდ, რომ ათასი მაიმუნობა მოეგონებინათ, სოლომონს კი მიაჩნდა, რომ ეს ოდნავი აქცენტი, რომელიც თითქოს ნაზ, უცხო, ნახევრად გამჭვირვალე ქსოვილად ერტყა ირგვლივ (და ყოველდღიურობიდან გაქცევის სავსებით ადამიანურ ოცნებას რაღაც დამატებით საზრდოს აძლევდა), საყვარელი მიამიტობის გარდა, ძნელად განსასაზღვრ, მაგრამ ღრმა შინაგან მომხიბლაობას ანიჭებდა.    სოლომონი ერთბაშად მიხვდა, რომ საუბრის გაბმის საუკეთესო საშუალება გაუშვა ხელიდან. მართლაცდა, რა უნდა იყოს იმაზე ჩვეულებრივი და ბუნებრივი, ადამიანს ჰკითხო, ხომ არაფერი დაგიკარგავსო, როცა ხედავ, რომ ჩანთა გაუხსნია და შიგ რაღაცას ეძებს. ახლა ცხადზე უცხადესი იყო, რომ არავითარი უხერხულობა ამ შეკითხვას არ ახლდა, პირიქით, მოვალეც იყო ეკითხა. „დილა მშვიდობისა, ნატალია დავიდოვნა! რამე დაკარგეთ?“ „აა, დილა მშვიდობისა, ბატონო სოლომონ! დიახ... მგონი, გასაღები დამრჩა სახლში“. „ოჰ, რას ბრძანებთ! ეს როგორ დაგემართათ! მერედა, დედათქვენი შინ არ არის?“ „შინ არის, მაგრამ მამიდაჩემთან აპირებდა წასვლას და ვაითუ ჩემს იმედად იყოს და თავისი გასაღები თან არ წაიღოს“. „ეს ვერ იქნება კარგი საქმე... იცით რა? როგორც კი მივალთ სკოლაში, მაშინვე უნდა დაურეკოთ. გაქვთ ტელეფონი?“ „ეგ კარგი მითხარით. სწორედ ასე ვიზამ. ჩვენ არა გვაქვს, მაგრამ მეზობელთან შემიძლია დავრეკო“. „თუ დაირეკა (ირონიული ღიმილი)... ხომ მოგეხსენებათ ჩვენი ტელეფონების ამბავი... თუ არადა (მხნე კილო), შესვენებაზეც მოასწრებთ გადარბენას. მგონი, სადღაც ახლო ცხოვრობთ“. „დიახ, აქვე ვცხოვრობ, კუთხეში. თავისუფლად მოვასწრებ შესვენებაზე გადარბენას“. და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. მაგრამ უკვე გვიანი იყო. ახლა რომ ეკითხა, წეღან რომ ჩანთაში რაღაცას ეძებდით, რას ეძებდით, ხომ არაფერი დაგიკარგავთო, ამ კითხვას უკვე დაინტერესების სუნი აუვიდოდა და ამიტომ საეჭვოც იქნებოდა და სულელურიც. და იმ დროს, როცა ბეჭებში ჭირის ოფლის მანქანა სრული ძალით ამუშავდა, ნაპოლეონმა უკანასკნელად გარდმოავლო თვალი ფრანციას და მისი ადგილი (საიდან სადაო!) ჯემს უატმა დაიჭირა, ოღონდ სოლომონმა ვერ მოიგონა, ჯემს უატი და პოლზუნოვი სხვადასხვა პიროვნება იყო თუ ერთი და იმავე პიროვნების სხვადასხვა გვარი, ნატალია დავიდოვნას კი ამას ვერ ჰკითხავდა, რადგან შეიძლება არ სცოდნოდა და უხერხულ მდგომარეობაში ჩავარდნილიყო, ხოლო საერთო ნაცნობი, რომელიც უეჭველად წაგადგება თავს, როცა არაფერში გჭირდება, როცა გულით ნატრობ, არასოდეს გამოჩნდება. იმ დღეს სოლომონი, საკუთარ თავზე ისე გაბრაზებული, როგორც სხვაზე გავბრაზდებით ხოლმე, მთელი დღე (განსაკუთრებით კი ღამე) გუნებამოშხამული იყო, მაგრამ მეორე დილით, როდესაც დერეფანში შეხვდა ნატალია დავიდოვნას, რომელმაც ის იყო გაკვეთილი დაამთავრა და, მოწაფეებთან ნაომარი, სახეაწითლებული გამოვიდა საკლასო ოთახიდან, უეცრად ნათლად იგრძნო, რომ, მიუხედავად სამარცხვინო დუმილისა, მიუხედავად ნაპოლეონისა და ჯემს უატისა, გუშინდელ შეხვედრასა და ათიოდე წუთის უბრად, მაგრამ გვერდიგვერდ სიარულს (მკლავებზე ნატალია დავიდოვნას სიგრილის ხორკლები ეყარა) მისალმების გახევებული და გამომშრალი ფორმულისათვის თითქოს სასიცოცხლო ნამი ეპკურებინა და ურთიერთობაში ახალი (თუმცაღა ჯერ კიდევ სუსტი) ძაფი გაება. მაგრამ სოლომონის საიდუმლო ეს არ ყოფილა.    სოლომონის საიდუმლო ის იყო, რომ ერთხელ ნატალია დავიდოვნას შინ ეწვია. ამ ამბის შემდეგ წელიწადზე მეტი გავიდა, ცხოვრება კვლავ ძველ, პირობითობის ფორმალურ კალაპოტს დაუბრუნდა და ურთიერთობის დამატებითი ძაფი, რაკი საყრდენი ვერ იპოვა და გვერდით სხვა, ახალი ძაფები ვეღარ დაიგულა, ისევ გაწყდა.    მაგრამ ერთხელ, როდესაც სოლომონი, რომელსაც იმ დღეს თერთმეტის ნახევრიდან მოყოლებული ზედიზედ სამი გაკვეთილი ჰქონდა, სკოლაში მივიდა, აღმოჩნდა, რომ იმ სამი გაკვეთილიდან პირველი უცდებოდა, რადგან ქალაქში ვიღაც საპატიო სტუმრები ჩამოსულიყვნენ და განათლების განყოფილების განკარგულებით მთელი სკოლის ბავშვები დილაადრიან შესახვედრად წაელალათ. მომდევნო გაკვეთილამდე ერთი საათიღა იყო დარჩენილი და, რაკი შინ წასვლას აზრი არ ჰქონდა, სოლომონი ეზოში ჩავიდა, ნაძვნარში მერხზე დაჯდა, ფიქრებში ჩაიძირა და მალე თვლემაც წამოეპარა. სწორედ ამ დროს მოესმა ნატალია დავიდოვნას ხმა: - თქვენც გაგიცდათ გაკვეთილი, ბატონო სოლომონ?    ნატალია დავიდოვნას სირინოზის ხმა ჰქონდა (რაც ვარაუდი უფრო იყო, ვინაიდან სოლომონს სირინოზის ხმა არასოდეს გაეგონა). - დიახ, - გამოფხიზლდა სოლომონი და ზეზე წამოდგა, - მოვედი და არავინ დამხვდა, მეოთხე გაკვეთილისთვის დაბრუნდებიანო, დირექტორმა. - მესამისთვის უნდა დაბრუნებულიყვნენ, - თქვა ნატალია დავიდოვნამ, - მე ორი გაკვეთილი უკვე გამიცდა. მესამისთვის დაბრუნდებიანო, მითხრეს და მოვედი, მაგრამ არ დაბრუნებულან და ესეც მიცდება. - რას იზამთ, - უადგილოდ დაამშვიდა სოლომონმა. - მთელი საათი აქ უნდა ელოდოთ? - ჰკითხა ნატალია დავიდოვნამ და, როცა პასუხად სოლომონმა დინჯად და უხმოდ აიჩეჩა მხრები, დაუმატა, - იცით, ჩემთან წამობრძანდით, იქ უკეთ დაისვენებთ. თან დედაჩემი საუცხოო ჩაით გაგვიმასპინძლდება.    ეს იმდენად მოულოდნელი იყო, რომ, სანამ სოლომონი გაარკვევდა, თუ რატომ შედგებოდა ის ელდა, რომელმაც მთელი მისი არსება შეარყია, ერთმანეთში გადახლართული შიშისა და სიხარულისაგან, ალბათ, წუთზე მეტი გავიდა. შემდეგ, როდესაც ბურუსი გაიფანტა და ნაძვები, ეზო, სკოლა და ნატალია დავიდოვნა კვლავ თავთავიანთ ადგილს დაუბრუნდნენ, სოლომონის არსების რომელიღაც ნაწილმა, რომელიც ძალიან ფხიზელი და ძალიან გონიერი იყო, უარის თქმა დააპირა, რადგან, თუმცა დათანხმებაში არაფერი ისეთი არ იქნებოდა, რაც მორალური საზომით უნდა გაზომილიყო, რაღაც მოუხელთებელი კავშირით მაინც მორალს უკავშირდებოდა, მაგრამ სიხარულმა, უფრო სწორად, უცნაურმა გაბრუებამ, რომელიც, როცა დაიწმინდებოდა და საბოლოო სახეს მიიღებდა, არავინ იცის, სიხარული იქნებოდა თუ არა, იძალა, სიფხიზლე და გონიერება ბნელ ხაროში გამოამწყვდია და საბოლოოდ, მთელი ამ შინაგანი ბრძოლის შემდეგ, სოლომონმა ასეთი მერყევი გადაწყვეტილება მიიღო: - გმადლობთ, ნატალია დავიდოვნა, მაგრამ... უხერხულია... ვაითუ დედათქვენი შევაწუხო... - არა, რას ბრძანებთ! პირიქით, დედაჩემს ძალიან გაეხარდება. სტუმარი ჩვენთვის დღესასწაულია. ჩვენ ხომ აქ სულ მარტონი ვართ. არც ნათესავები გვყავს და არც ახლობლები.    სოლომონმა კინაღამ ჰკითხა, როგორ, მამიდაო? კიდევ კარგი, უკანასკნელ წამს გაახსენდა, რომ ეს მამიდა მისი შარშანდელი ფანტაზიის ნაყოფი იყო. მაშინ ცოტა კიდევ, ამჯერად წმინდა ფორმალური თავაზიანობის გამო, იყოყმანა და, როცა ნატალია დავიდოვნამ ეს ყოყმანიც იოლად გაუფანტა, მორჩილად წაჰყვა. საუბრის გაბმასთან დაკავშირებული გაჭირვება ამჯერად აღარ დადგომია, მეტიც: ერთი-ორჯერ სავსებით ბუნებრივი და საჭირო ფრაზაც მოუვიდა თავში, მაგრამ რად გინდა - ნატალია დავიდოვნას სწრაფი და უპაუზო ლაპარაკის მდინარეში, რომელიც სახლამდე სულ ჩუხჩუხით, შეუწყვეტლად დიოდა, ადგილი ვერ მოძებნა, რომ ჩაემატებინა. ნატალია დავიდოვნა ლაპარაკობდა თავის თავზე, დედაზე, ჩაის დაყენების მრავალრიცხოვან მეთოდზე, რასაც დედამისი ჩინებულად ფლობდა, რუსეთზე, სადაც ჰავა შედარებით მშრალია და ამიტომ ზამთრის სიცივეც ნაკლებშემაწუხებელია, სამოვარზე, მოწაფეებზე, რომლებიც ძალიან ანცები არიან, მაგრამ, ანცები რომ არ იყვნენ, არც ასეთი საყვარლები იქნებოდნენ, და კიდევ ათას რამეზე.    ნატალია დავიდოვნას დედას სოლომონის სტუმრობა მართლა გაეხარდა. ამ სიხარულს ხშირ-ხშირად ამჟღავნებდა, ხან ქართულად და ხან რუსულად. დედა-შვილი ვიწროდ ცხოვრობდა, ერთ პატარა ოთახში. სამაგიეროდ ოთახი ვრცელ აივანზე გადიოდა, საიდანაც ლამაზი ხედი იშლებოდა. ჩაი სწორედ ამ აივანზე დალიეს და მართლა დიდებული რამ იყო. ნატალია დავიდოვნა სწრაფად, პატარა გოგასავით მიდი-მოდიოდა და სუფრა უცებ და ლამაზად გაშალა. დედამისი ჩინებული ქალი გამოდგა. მართალია, სოლომონს ერთთავად საოპერო მუსიკაზე ელაპარაკებოდა, რაც სოლომონის მრავალრიცხოვან აქილევსის ქუსლთა შორის შესაძლოა ყველაზე სუსტი ქუსლი იყო, მაგრამ ნატალია დავიდოვნას დედა როგორღაც ისე ახერხებდა ამ თემაზე საუბარს, რომ სოლომონს არც ერთხელ თავისი უვიცობა არ უგრძვნია და ჭირის ოფლის მოწმენდა არ დასჭირვებია. საბოლოოდ ისე მოიხიბლა, რომ, როდესაც წასვლის მწუხარე ჟამმა დაჰკრა (გულახდილად უნდა ითქვას, სოლომონს წასვლა უკვე აღარ უნდოდა), რაღაც უცხო და გაუგებარი ელექტრობიძგის წყალობით, გამოთხოვებისას ნატალია დავიდოვნას დედას (ნატალია დავიდოვნას არა) ხელზე აკოცა.    იმ დღეს სოლომონს ზეაწეული განწყობა არ მოშორებია და ამიტომ ერთთავად იმის ცდაში იყო, სადავე მუდამ მოზიდული ჰქონოდა და თავი ნებაზე არ მიეშვა, რათა ისე არ ამჩატებულიყო, რომ მისი ქცევა სასაცილო და საეჭვო გამოჩენილიყო. განსაკუთრებით სახლში ფრთხილობდა. შინ დაბრუნებულმა ასმათის დანახვაზე უეცრად იგრძნო, რომ მისი იდუმალი ვიზიტი იყო არა უწყინარი თვითნებობა, როგორც აქამდე ეგონა, არამედ ღალატი (მრისხანე სიტყვაა, მაგრამ ვინ იცის, იქნებ არც შემცდარა. ბოლოს და ბოლოს, ღალატი მარტო ის ხომ არ არის, რაც ღალატია! ალბათ ისიც ღალატია, სხვასთან რომ უკეთ გრძნობ კაცი თავს, ვიდრე საკუთარ ცოლთან!).    ამის შემდეგ, თუმცა სოლომონისა და ნატალია დავიდოვნას შეხვედრები კვლავ ოფიციალური და თავაზიანი მისალმების ჩვეულებრივ კალაპოტში ჩადგა, სოლომონს ყოველთვის ისეთი გრძნობა ჰქონდა, თითქოს, მისალმებისას რომ ერთმანეთს გაუღიმებდნენ, მათი ღიმილის უკან რაღაც საიდუმლო იმალებოდა, სხვათათვის გაუგებარი და მხოლოდ მათთვის ცნობილი, შორეული, მაგრამ მთრთოლვარე და რომანტიკული საიდუმლო, და ძველ ბაღშიც სოლომონის ფიქრთა მჭიდრო ქარავანი დროდადრო გაიშლებოდა და თავისუფალ ადგილებში, რომლებიც ამ გაშლის შედეგად ჩნდებოდა, უხმაუროდ, ფრთხილად, შეკავებული მღელვარებით, როგორც იდუმალ და სახიფათო პაემანზე მიმავალი ქალი, შემოდიოდა ნატალია დავიდოვნა. შემოდიოდა და არა მხოლოდ ბუნებრივად და ლამაზად ეხამებოდა მისთვის ამ ახალ და უჩვევ ად-გილს, არამედ ქარავანის თავდაპირველ სიმძიმეში სიმსუბუქე, სიხალისე და უცხო სიცოცხლე შემოჰქონდა. ასეთ დროს სოლომონს ზოგჯერ ახალგაზრდობა მოაგონდებოდა და (სულო ცოდვილო!) წარმოიდგენდა, ვითომ მანამ, სანამ სულწასული ნათესავები ცოლს შერთავდნენ, შეხვდა ნატალია დავიდოვნას, რის გამოც ცხოვრება სულ სხვა გზით წავიდა და სამყარომ სულ სხვა სახე მიიღო. კერძოდ, რა გზით წავიდა და რა სახე მიიღო, ამას სოლომონის ფიქრები აღარ აზუსტებდნენ, რადგან ფიქრებს ბალღამივით უკან მიჰყვებოდა დანაშაულის გრძნობა, რომელიც წარმოდგენას ზედმეტად ფრთების გაშლის ნებას არ აძლევდა. შინიდან რომ წამოვიდა და კვლავ ბაღში შეუხვია (დღეს უკვე მესამედ), სოლომონი ამჯერად თავის საყვარელ მერხზე აღარ დამჯდარა, შეუჩერებლივ, ოღონდ ჩვეული დინჯი და დარბაისლური ნაბიჯით, ჩაუარა ძველ აუზს, ძველ ესტრადას, ძველ ქანდაკებას, ბაღს გასცდა და სკოლის გზას დაადგა. როდესაც სამასწავლებლოში შევიდა და ლაბადის გახდა დაიწყო, ოთხს ჯერ კიდევ ათი წუთი აკლდა.    სხდომაზე მოწვეულთაგან ნაწილი, უმთავრესად ისინი, ვისაც გვიანობამდე ჰქონდა გაკვეთილები და ამიტომ შინ წასვლა ვეღარ მოასწრეს, სამასწავლებლოში ტრიალებდა. ბესარიონ ჭედია კუთხეში თავის მაგიდას უჯდა და, როგორც ყოველთვის, გამალებული ფხაჭუნით წერდა რაღაცას. ბატონი დიმიტრი ფანჯარასთან იდგა, ხელები მკერდზე დაეკრიბა, სივრცეს გასცქეროდა და ფიქრებში წასულიყო. ალბათ შვილებზე ფიქრობდა. ბატონ დიმიტრის ორი სახელოვანი ვაჟი ჰყავდა, რომლებიც თბილისში ცხოვრობდნენ. ერთი მწერალი იყო, მეორე - საზოგადო მოღვაწე, და ორივე მაღალ და თბილ თანამდებობაზე მუშაობდა, რაც მამას საშუალებას აძლევდა, თავი იოლად არავისთვის გაეყადრებინა, დირექტორის მოადგილეები არად ჩაეგდო და ზოგჯერ თვით დირექტორისთვისაც კი თამამად შეებრუნებინა სიტყვა, რისთვისაც მხოლოდ ათასში ერთხელ თუ დასჭირდებოდა იმის ხმამაღლა თქმა, ვინ იყვნენ და რას წარმოადგენდნენ მისი ვაჟები. კატო მასწავლებელი, ჭაღარა და სანდომიანი, მშვიდი, საყვარელი ქალი, რომელიც დაწყებით კლასებს ასწავლიდა, სხდომის მოლოდინში დროს არ აცდენდა და თავისი ციცქნა მოწაფეების რვეულებს ჩაჰკირკიტებდა. ერთი გამოსვლა ეთერ გვალია გამოვიდა თავისი კაბინეტიდან და დირექტორის კაბინეტისაკენ გაეშურა, მაგრამ შუა გზაზე შეჩერდა, ცოტა ხანს ადგილზე იწრიალა და უკანვე დაბრუნდა, ეტყობა, დირექტორთან შესასვლელად დამაჯერებელი მიზეზი ვერ მოძებნა.    მალე ისინიც მოგროვდნენ, ვისაც შინ წასვლა და დასვენება მოესწრო. მათ შორის პირველი მოვიდა ნესტან ვაჩეიშვილი, ნუკრი ვაჩეიშვილის ალალი ბიძაშვილი, ქიმიის მასწავლებელი და მთელ სკოლაში (ზოგიერთების აზრით, მთელ ქალაქშიც) ულამაზესი ქალი, მაღალი, თხელი, ქანდაკებასავით ჩამოსხმული. შავი, სწორი თმა, რომელიც ისე ჰქონდა დავარცხნილი, რომ სანახევროდ ლოყებსაც უფარავდა, მხრებზე სცემდა. თვალ-წარბიც შავი ჰქონდა, ცხვირი - თხელი და სწორი, სახის ოვალი - მკაფიო და ნატიფი, მაღალი ყელი, მაღალი მკერდი, მაღალი თეძოები და მაღალი ფეხები. ნესტან ვაჩეიშვილის სილამაზე ადრე საკუთარ თავს თვითონვე შეჰხაროდა, უფრო ლაღი იყო, უფრო უშუალო და მახლობელი, და ადიდებულ მდინარეს ჰგავდა, რომელსაც ჯებირები მოურღვევია, ნაპირები გადმოულახავს და, საცა კი გაივლის, ყველგან კვალს ტოვებს. ამ დროს რომ მის გვერდით აღმოჩენილიყავით, თითქოს მისი სილამაზე გადმოგედოთო, თქვენი თავიც ლამაზი და მომხიბლავი მოგეჩვენებოდათ. რაც ასაკში შევიდა (უკვე ორმოცს იყო გადაცილებული), ძველებური სილაღე და სიგიჟმაჟე დაკარგა. ამის მიზეზი, ასაკს გარდა, ალბათ ისიც იყო, რომ ახლა ამ სილამაზის შესანარჩუნებლად საჭირო შეიქნა საგანგებო მოვლა და ყოველდღიური ზრუნვა. ნესტან ვაჩეიშვილიც ზრუნავდა. ამბობდნენ, საათობით შიშველი ზის აბაზანაში და სახისა და სხეულის მასაჟს იკეთებსო. რაღაც სპეციალური ვარჯიშიც სცოდნია. სიცილის დროს პირის ბოლომდე გაღებას უკვე ერიდებოდა, რათა ზედმეტი ნაოჭები არ გასჩენოდა. ნელსაცხებლებსა და სუნამოს, როგორც ირწმუნებოდნენ, თვითონვე ამზადებდა. ეტყობა, კარგადაც ამზადებდა. ყოველ შემთხვევაში, ფაქტია, რომ ოსტატურად ხმარობდა, რადგან, რამდენიც არ უნდა გეცქირათ, მის სახეზე ფერ-უმარილის კვალს ვერ შეამჩნევდით. ასეთი მოვლისა და ყურადღების შედეგად ახლაც წინანდებურად ლამაზი იყო. მართალია, ამ სილამაზეს ძველებური გადამდები ძალა დაკარგული ჰქონდა, ცივი გამხდარიყო, შორეული და ცოტა ამპარტავნულიც, სამაგიეროდ, უფრო დახვეწილი იყო, უფრო ჰარმონიული და უფრო მკაცრ ფორმაში მოქცეული. კოლეგები (ლაპარაკია, რა თქმა უნდა, ქალებზე) ზურგსუკან დასცინოდნენ და ზოგჯერ სოფლელი დედაკაცებივით ქოქოლასაც კი აყრიდნენ. ცხადია, მის უტყუარ სილამაზეში ეჭვს ვერ შეიტანდნენ. ეგ კი არა, თავის მოვლას რომ ამდენ დროს უთმობდა, ამაზეც ვერაფერს ამბობდნენ, რაკი შედეგი ასეთი განსაცვიფრებელი იყო. პირიქით, მისი გარეგნობის საქებრად იმაზე მეტსაც კი ლაპარაკობდნენ, ვიდრე გულში ფიქრობდნენ, რათა ამით უფრო გაესვათ ხაზი იმისთვის, რისკენაც მათი დაცინვის ისარი იყო მიმართული. ისარი კი მიმართული იყო ნესტან ვაჩეიშვილის სილამაზის უაზრობისაკენ. საქმე ის არის, რომ ნესტანი გაუთხოვარი იყო და არც არასოდეს ჰყოლია საყვარელი (რომ ჰყოლოდა, არ დაიმალებოდა). ამრიგად, მისი სილამაზე თითქმის უქმი, უსარგებლო და უაზრო იყო და ქალებმაც, რომელთაც კარგად ჰქონდათ შეგნებული თავიანთი შედარებითი შეუხედაობა, აქ იპოვეს ის სუსტი წერტილი, სადაც შეიძლებოდა შურისთვის დაცინვის სახე მიეცათ. სოლომონი, თუმცაღა ამ აზრს, ცხადია, ხმამაღლა არ გამოთქვამდა, ფიქრობდა, რომ ამ უაზრობაში შესაძლებელია ნამდვილი თავგანწირვა იმალებოდა. რაკი თავისი სილამაზე თვითონ არაფერს რგებდა, მაშასადამე, ნესტან ვაჩეიშვილი, ნებსით თუ უნებლიეთ, სხვებისთვის ზრუნავდა და სხვებისთვის ხარჯავდა იმ ძვირფას დროს, რასაც თავის გარეგნობას ანდომებდა. ვინ იცის, რამდენი დარდიანი კაცი ხასიათზე მოსულა და რამდენ გუნებამოშხამულს გულზე მოჰფონებია, ქუჩაში რომ ასხლეტილი და ყელმოღერებული, ჯიშიანი ცხენივით მიმავალი ნესტან ვაჩეიშვილი დაუნახავს. და ნესტან ვაჩეიშვილიც ცდილობდა, რაც შეიძლება დიდხანს ყოფილიყო ლამაზი, რათა რაც შეიძლება დიდხანს გაეცა ეს სილამაზე და უსასყიდლოდ დაერიგებინა ნაცნობებისთვის და უცნობებისთვის, მეგობრებისა და ამხანაგებისთვის, გამვლელებისთვის და გამომვლელებისთვის.    ბოლოს (მაგრამ დაუგვიანებლად, ზუსტად ოთხ საათზე) გამოჩნდა განათლების განყოფილებაც, რომელიც ამჯერად ქალბატონი ცისანას სახით მოვიდა. ქალბატონი ცისანა სქელი და მოსული ქალი იყო, მაგრამ ასეთ ბრგე ტანის კვალობაზეც კი რაღაც უაზროდ დიდი გავა ჰქონდა, დიდი და ყველა ნიშნის მიხედვით (ეს ერთი თვალის შევლებითაც აშკარად ჩანდა), სატარებლად ძალიან მოუხერხებელი. გავა შორ მანძილზე იყო გაშვერილი და ვეება გორელიეფს ჰგავდა, ამიტომ სიმძიმის ცენტრს ტერფებიდან ქუსლებზე გადაენაცვლებინა და ქალბატონ ცისანას, სხეულის ფარული ძალები რომ გამოეთავისუფლებინა და დაკარგული სიმძიმის ცენტრი უკან დაებრუნებინა, მკლავები გან-გან დაჰქონდა, როგორც კულტურისტს, რომელმაც აღარ იცის კუნთები სად დასტიოს, და სიარულის დროს ბეჭებს ღონივრად იქნევდა. ეს მძიმე შრომა იყო. ამიტომ სახე დაძაბული ჰქონდა, გამომეტყველება კუშტი და კონცენტრირებული, რის გამოც მეომარს უფრო ჰგავდა, ვიდრე განათლების განყოფილების წარმომადგენელს, და ადვილი შესაძლებელია გაგჩენოდათ უნებური სურვილი, გონების თვალით წარმოგედგინათ (რათა მერე შეგბრალებოდათ) მისი ქმარი. ქალბატონმა ცისანამ უხმოდ დაუქნია თავი სამასწავლებლოში მყოფთ მისალმების ნიშნად და პირდაპირ დირექტორის კაბინეტში შევიდა. მალე დირექტორმა დანარჩენებიც იქ იხმო. ქალბატონი ცისანა დირექტორის კაბინეტში სრულიად შეცვლილი იყო. ჯერ ერთი, უკვე სათათბირო მაგიდას უჯდა და მხოლოდ წელზევით ჩანდა, რასაც თავისთავად საგრძნობი კორექტივი შეჰქონდა მის გარეგნობაში, გარდა ამისა, და სწორედ ამიტომ (არა იმიტომ, რომ მხოლოდ წელზევით ჩანდა, არამედ იმიტომ, რომ იჯდა), სახე დაამებოდა, დამშვიდებოდა, საომარი გამომეტყველება წაშლოდა. ახლა იგი ოჯახის დედას ჰგავდა, რომელსაც კარგად აღზრდილი შვილები ჰყავს, სანდომიანს, კეთილს, მზრუნველს, ქმრის ერთგულსა და ამ ერთგულებით ქმარზე მეტად კმაყოფილს. მრგვალი თავი ჰქონდა, თეთრი და სუფთა სახის კანი, ცისფერი თვალები, ძალიან ქერა თმა, ვიწრო, პატარა ტუჩები და იშვიათი სილამაზის მოკლე, ნატიფი ცხვირი, რომელიც იქნებ სხვა სახე-ზე უფრო მომგებიანი ყოფილიყო, მაგრამ ქალბატონი ცისანას სახესაც ძალიან შვენოდა. რაკი მჯდომარე ქალბატონი ცისანა ასე მკვეთრად განსხვავდებოდა მოსიარულე ქალბატონი ცისანასაგან, ახლა მთავარი როლი ხმას ეკისრებოდა, ხმა შეიძლებოდა გამომდგარიყო ის ოცდამეერთე კაცი, რომელზედაც გადასაჭრელი პრობლემის ბედი ჰკიდია, რადგან დანარჩენი ოციდან ათი მომხრე აღმოჩნდა და ათიც წინააღმდეგი. მაგრამ, სამწუხაროდ, სხდომა ისე დამთავრდა, ქალბატონ ცისანას ხმა არ ამოუღია. საქმე ისაა, რომ იგი აქ უფრო წონის გამო იყო, ჩარევა მხოლოდ იმ შემთხვევაში ევალებოდა, თუ უკიდურესი აუცილებლობა წარმოიშობოდა, უკიდურესი აუცილებლობა კი არ წარმოშობილა.    სხდომას სულ თორმეტი კაცი ესწრებოდა და საბოლოოდ, როცა თორმეტივემ თავთავისი ადგილი დაიკავა ვიწრო და მოგრძო სათათბირო მაგიდის ირგვლივ, რომელიც დირექტორის საწერი მაგიდიდან მოწყვეტილი იყო და ცალკე იდგა კაბინეტის შუაში, ასეთი სურათი წარმოიქმნა: თავში დირექტორი იჯდა, ბოლოში ნუკრი ვაჩეიშვილი, დანარჩენები მაგიდის გასწვრივ ისხდნენ, ხუთი - ერთ მხარეს და ხუთი - მეორე მხარეს. დირექტორის ხელმარცხნივ, მაგიდის დასაწყისში, მოადგილეები ისხდნენ, ჯერ პირველი, მერე მეორე. პირველი ალექსანდრე ღუდუშაური იყო, წყნარი, ბუნჩულა და უპრეტენზიო კაცი, რომელიც, თუ ძალით არ ჩარევდნენ, თავისი ნებით არაფერში ერეოდა. საერთოდ, როგორც ცნობილია, თანამედროვე იერარქია მოითხოვს, რომ კიბის პირველი საფეხურის შემდეგ, სადაც დირექტორი დგას, მომდევნო რამდენიმე საფეხური ცარიელი იყოს და მხოლოდ კარგა ქვემოთ, ისეთ ადგილას, საიდანაც რიგითი თანამშრომლები უფრო ახლო არიან, ვიდრე დირექტორი, სხედან მოადგილეები და სხედან ძირითადად უსაქმოდ, რადგან დირექტორი მათ ნაკლებად ენდობა და ამიტომ ყველაფერს თვითონ აკეთებს. ზოგ მოადგილეს ასეთი საეჭვო მდგომარეობა არაფრად ეჭაშნიკება, ალექსანდრე ღუდუშაურს კი იგი სავსებით აკმაყოფილებდა და ის ერჩივნა, რაც ნაკლები თავსამტვრევი ექნებოდა. საერთოდ, უკვე ისეთ ასაკში იყო, როცა ცხოვრების საუკეთესო ნაწილი დიდი ხანია უკან დარჩა, ახალგაზრდობის იმედები და ოცნებები ნაწილი ასრულდა და ნაწილიც აუსრულებლად დაჭკნა, ისე რომ მშვიდი ინერციის მეტი წინ აღარაფერი ედო. ინერციას კი ალექსანდრე ღუდუშაური დიაღაც რომ აფასებდა და, საერთოდ, მიაჩნდა, რომ ამ ფუნდამენტური ცნების მიმართ ადამიანების დამოკიდებულება სერიოზულ გადახედვას საჭიროებს. თუმცა ერთი ნატვრა მაინც შემორჩა, რომლის ასრულება, მისი აზრით, ჯერ კიდევ შეიძლებოდა: იგი ისტორიას ასწავლიდა და ძალიან უნდოდა მოსწავლეებს მისთვის ჰეროდოტე შეერქმიათ. ამ მიზნით ისტორიის მამას გაცილებით უფრო ხშირად (ზოგჯერ უადგილოდაც) ახსენებდა ხოლმე, ვიდრე მის შედარებით გვიანდელ კოლეგებს. მაგრამ მოსწავლეებმა, რომლებიც უტყუარი ალღოთი გრძნობდენ, რა ურჩევნია მასწავლებელს და რა არა, არ აუსრულეს ნატვრა და არ შეარქვეს ჰეროდოტე. სამაგიეროდ შეარქვეს ჰეროდე, რაც სრულიად გაუგებარი იყო, რადგან ძნელი დასაჯერებელია, ბავშვებს გაგონილი ჰქონოდათ შორეული, ბუნდოვანი და საეჭვო ლეგენდა სისხლის აღრევის თაობაზე, რაც თითქოსდა ალექსანდრე ღუდუშაურის ახალგაზრდობის წლებს ედო ლაქად. ალექსანდრე ღუდუშაურის გვერდით იჯდა ეთერ გვალია ანუ „შმაგი ეთერი“, როგორც ბავშვები ეძახდნენ, მეორე მოადგილე, რომლისაც მოწაფეებს ყველაზე მეტად, თვით დირექტორზე მეტადაც კი, ეშინოდათ. არა იმიტომ, რომ ქალი იყო, არამედ იმიტომ, რომ უიმედოდ შეყვარებული იყო და, ბუნებრივია, ჯავრს მოსწავლეებზე იყრიდა. სიყვარულით კი დირექტორი უყვარდა, რასაც, მართალია, სიტყვიერად არ ამხელდა, მაგრამ სხვა ყველა შესაძლებელი საშუალებით გამოხატავდა. თათბირებზე და სხდომებზე სევდიანად მიბნედილ თვალებს არ აშორებდა და ამ თვალებში არა მარტო დირექტორს, არამედ ყველას, ვისაც კი ამის სურვილი ჰქონდა, დაწვრილებით შეეძლო წაეკითხა, გულში რა ედო. დღე ერთი იყო და ათჯერ მაინც შეაკითხავდა კაბინეტში. თუ საქმე არაფერი ჰქონდა, რამეს მოიგონებდა. ორი საქმე თუ ჰქონდა, ორივეს ერთდროულად არ მოითავებდა, რათა ხელმეორედ შესვლისთვის საბაბი შემოენახა. მის ცალმხრივ სიყვარულს საუკეთესო წამები მაშინ უდგებოდა, როცა რაიმე ხელმოსაწერი ქაღალდი შეჰქონდა. ასეთ დროს წინიდან კი არ მივიდოდა მაგიდასთან, როგორც სხვები შვრებოდნენ და როგორც, საერთოდ, წესია, გვერდიდან მიადგებოდა, ხელმოსაწერ ქაღალდს წინ დაუდებდა, თვითონაც დაიხრეოდა, ისე რომ მისი სხეულის რომელიმე ნაწილი დირექტორის სხეულის რომელიმე ნაწილს შეჰხებოდა და თავის სხეულში დატრიალებული დენი დირექტორის სხეულისთვის გადაეცა, თან ამ დროს ჩქარ-ჩქარა და მძაფრად სუნთქავდა. დირექტორი, რომელსაც არავითარი სექსუალური გასაჭირი არ ადგა (ან კი რა სექსუალური გასაჭირი უნდა დადგომოდა მისი სილამაზისა და სითამამის პატრონს!), მოადგილის გრძნობებს არ იზიარებდა (თუმცა შეტყობით ატყობდა) და განუხრელად იცავდა დაუწერელ კანონს, რომლის მიხედვითაც ხელმძღვანელი საკუთარ სამწყსოში სამიჯნურო ინტრიგებს უნდა ერიდოს, თორემ, ადვილი შესაძლებელია, ერთ მშვენიერ დღეს ყველაფერი ძმრად წამოსდინდეს. ასე რომ ეთერ გვალია, ვისაც ის კარი, რომლისკენაც დაუოკებლად მიილტვოდა, დაკეტილი დახვდა, ხოლო იმ კარისკენ, რომელიც ყურთამდე იყო ღია (რადგან შიგნით თვინიერი ქმარი ელოდებოდა), თავად აღარ მიუდიოდა გული, სულ მთლად მშრალზე დარჩა. ასეთ ვითარებაში კი არ შეიძლება არ დაგროვდეს ჭარბი მუხტები, რომლებიც ყველაზე იოლად მოსწავლეების თავზე ფეთქდება. ეთერ გვალიას შემდეგ მოდიოდნენ მათემატიკის მასწავლებელი, ჩუმი და უაღრესად თავაზიანი გურამ ხომერიკი, რომელიც ამავე დროს ქალაქის ჩემპიონიც იყო ასუჯრედიან შაშში, რითაც სკოლა ძლიერ ამაყობდა, ჩვენი სოლომონი და ნესტან ვაჩეიშვილი. მაგიდის მეორე მხარეს პირველი იჯდა ქალბატონი ცისანა, მერე ბატონი დიმიტრი, ბესარიონ ჭედია, ნატალია დავიდოვნა და კატო მასწავლებელი. ბოლოში, დირექტორის პირდაპირ, როგორც ითქვა, ნუკრი ვაჩეიშვილი იჯდა.    როდესაც მაგიდასთან ყველანი მოხერხებულად დასხდნენ და სკამების ხრიგინი მიწყდა, დირექტორმა მარჯვენა ხელით ჭრელი, ფოთლებიანი ჰალსტუხის სქელი ნასკვი შეისწორა, თუმცა ამის საჭიროება არ ყოფილა, რადგან ნასკვი მწვანედ მოელვარე პერანგის საყელოს ორივე წვეტიდან, რომლებზედაც უფუნქციო ღილები ისხდა, აბსოლუტურად თანაბარი მანძილით იყო დაშორებული (რის გამოც დირექტორის ჟესტსაც ფორმალური ხასიათი ჰქონდა: ცერითა და შუა თითით მან ოდნავ მისწი-მოსწია ჰალსტუხის ნასკვი, მერე ოდნავ ასწი-დასწია და საბოლოოდ იმავე ადგილას დატოვა, სადაც პროცედურის დასაწყისში იყო), და თქვა: - ერთი საჭირბოროტო საკითხი გვაქვს გადასაწყვეტი და ამიტომ შეგკრიბეთ. იმდენად მძიმე საკითხია, რომ აგერ, ქალბატონი ცისანას შეწუხებაც კი მოგვიხდა, - დირექტორმა ხელი წაიღო და ქალბატონ ცისანას მაჯას, რომელიც მაგიდაზე იდო, ოდნავ შეეხო, რათა ამით განათლების განყოფილებაში თავისი პოზიციის სიმტკიცისათვის კიდევ ერთხელ გაესვა ხაზი. ქალბატონმა ცისანამ პასუხად თვალები დახუჭა და გაახილა; ისე დახუჭა და გაახილა, თითქოს ორი პატარა, ოვალური, ოდნავ ნაოჭდაყრილი თეატრალური ფარდა ორ სცენაზე ერთდროულად დაეშვა და აიწია, ხოლო ეთერ გვალიას, რომელიც მარჯვენა ხელისგულს ნიკაპით დაყრდნობოდა და დირექტორს თვალმოუშორებლივ შესცქეროდა, სახეზე ტკივილმა და რისხვამ გადაუარა. დირექტორმა კი განაგრძო, - მშობელთა კოლექტიური განცხადებაა შემოსული. ორი დღის წინ გადმოგვიგზავნა განათლების განყოფილებამ. კიდევ გიმეორებთ: საკითხი რთულია, მძიმე და მტკივნეული. ამიტომ გთხოვთ გულდასმით მოისმინოთ და ყველამ მიიღოთ მონაწილეობა განხილვაში. აბა, ბესარიონ, წაიკითხე.    დირექტორი ქალბატონი ცისანასკენ გადაიხარა. ქალბატონმა ცისანამ, ეს რომ შენიშნა, ყური მიუშვირა (პატარა და თხელი, თითქმის გამჭვირვალე ყურები ჰქონდა). დირექტორმა რაღაც ჩასჩურჩულა. ქალბატონმა ცისანამ თავი დაუქნია (მერეც, მთელი სხდომის განმავლობაში, დირექტორი დროდადრო გადაიხრებოდა და მოშვერილ ყურში რაღაცას ჩასჩურჩულებდა, რაზედაც ქალბატონი ცისანა თავს უქნევდა).    ბესარიონ ჭედიამ პიჯაკის ჯიბიდან პატარა, მრგვალშუშებიანი სათვალე ამოიღო, ცხვირსახოცით კარგად გაწმინდა, გაიკეთა და საქაღალდე გაშალა. ბესარიონ ჭედია ყურცქვიტა კაცი იყო, ტანმორჩილი, გამხდარი და სულ მთლად ქაჩალი. სამაგიეროდ ულვაში ჰქონდა ძალიან გრძელი. ულვაში, ისევე როგორც ცხვირი, თითქმის ნიკაპამდე სწვდებოდა და სიარული იცოდა რაღაც უცნაური - ფიცხი და მუქარიანი. თქვენკენ მომავალს რომ დაინახავდით, განსაკუთრებით თუ ბინდი იყო და მაინცდამაინც არც სიმამაცით გამოირჩეოდით, გული შეგიქანდებოდათ და ადვილად შეიძლებოდა შეგქმნოდათ ცრუ შთაბეჭდილება, თითქოს ჯიბეში რევლოვერი ედო. სინამდვილეში უწყინარი კაცი იყო. წერა-კითხვა უყვარდა და ხმა ჰქონდა ისეთი ბოხი, მსუყე და სასიამოვნო, რომ დაგელაპარაკებოდათ, გეგონებოდათ, კი არ ლაპარაკობს, არამედ რაღაცას ძალიან გემრიელსა და სასარგებლოს ჭამსო. ამიტომ, თუკი სკოლაში რამე საჯარო წაკითხვას საჭიროებდა (საჩივრები, მადლობები, წინადადებები და სხვ.), ყველაფერს ის კითხულობდა. დაწერითაც ყველაფერს ის წერდა, მოყოლებული დირექტორის გამოსვლათა ტექსტებიდან და ნაირ-ნაირი საანგარიშო მოხსენებებიდან, დამთავრებული კოლეგების დახასიათებებით, შუამდგომლობებით, უბრალო განცხადებებით... ამაში არავითარ გასამრჯელოს არ იღებდა. მეტიც: მოცილე რომ გამოსჩენოდა, ალბათ იქით მისცემდა გასამრჯელოს, ოღონდაც თავიდან მოეშორებინა, ისე უყვარდა ეს საქმე. განსაკუთრებით წერა. უყვარდა და ემარჯვებოდა კიდეც. მართალია, შიგადაშიგ შეცდომებსაც უშვებდა, მაგრამ ეს შეცდომები უმნიშვნელო იყო და, საერთოდ, შეუმცდარი ვინ არის ამქვეყნად! მშობელთა კოლექტიური განცხადებაც, ჩვეულებისამებრ, ნელა წაიკითხა, გემრიელად, გამოთქმით, სასვენ ნიშნებთან ხანგრძლივად ჩერდებოდა და მსმენელებს საშუალებას აძლევდა უკვე წაკითხული აუჩქარებლად და გულდინჯად გადაემუშავებინათ. ეს იყო მხოლოდ, ცოტას კეკლუცობდა, რათა კოლეგები შეცდომაში შეეყვანა და თავის მსახიობურ ნიჭზე, რომელიც სინამდვილეში ჩანასახის სტადიაში იმყოფებოდა, მათთვის არასწორი წარმოდგენა შეექმნა, გარდა ამისა, კილო ჰქონდა ყალბი, სიტუაციისთვის შეუფერებელი და ცოტა ორჭოფულად საზეიმო, როგორც მხცოვან ოფიცერს, რომელიც თვითმოქმედების საღამოზე საკუთარ ლექსს კითხულობს, მაგრამ დანამდვილებით ჯერ კიდევ არ იცის, კარგია ლექსების წერა თუ ცუდი. *გაგრძელება*…
დაამატა Kakha to ლიტერატურა at 7:53pm on ოქტომბერი 17, 2016
თემა: კნუტ ჰამსუნი - კავკასიაში განცდილი და ნაოცნებარი
, - სპარსეთი და თურქეთიც უნდა მოვინახულო. პეტერბურგში ჩამოვედით ფინეთიდან, სადაც ერთი წელი ვიცხოვრეთ.       ქალაქი ცხრამეტ დატბორილ და ჭაობიან კუნძულზე პეტრე დიდმა ზუსტად ორასი წლის წინ გააშენა. ნევა თითქმის ყოველ წერტილში კვეთს მას, რის გამოც უცნაურად გამოიყურება, თითქოს ერთიანად დაუნაკუწებიათო. უცნაურია ქალაქის ხუროთმოძღვრული სახეც: მდიდრული დასავლეთევროპული შენობები, ბიზანტიური სტილის გუმბათიანი ნაგებობები და კერძო საკუთრებაში მყოფი შთამბეჭდავი სახლები თვალისმომჭრელად ელვარებს. მუზეუმები და სახელოვნებო გალერეები შესაფერის ადგილებშია გაშენებული, ხოლო ჯიხურები, ფარდულები, დახლები და ქოხმახები სრულიად მოულოდნელ ალაგას შეგხვდებათ. ამბობენ, თითქოს ქალაქი უფრო მშრალ ნიადაგზე უნდა გადაიტანონო, თუმცა ასეთივე წარმატებით მთელი რუსეთის ადგილმდებარეობის შეცვლაზეც შეიძლება ფიქრი. არადა, არის ამ ქალაქში ისეთი ნაგებობები, რომელთაც ადგილს ნამდვილად ვერ შეუცვლი, ესენია: ზამთრის სასახლე, პეტრე-პავლეს ციხესიმაგრე, ერმიტაჟი, ქრისტეს აღდგომის ტაძარი, ისააკის ტაძარი. თუმცა სანკტ-პეტერბურგი მაინც იცვლის სახეს ისევე, როგორც მთელი რუსეთი: ის ფართოვდება, უფრო დიდი და დიდი ხდება.       ჩვენი ყოფნა აქ დიდხანს არ გაგრძელებულა. ნესტიანი და ცივი ამინდი დაგვემთხვა, მხოლოდ ათი გრადუსი სითბო იყო, ბაღებსა და პარკებს ფოთოლცვენის სეზონი დასტყობოდა. ახლა, ჩემს სიცოცხლეში პირველად, პასპორტი უნდა ავიღო და ჩვენს გაერთიანებულ სამეფოთა წარმომადგენლობაში მივდივარ. უდროო დროს მივედი. წარმომადგენლობა დაკეტილი დამხვდა. შენობასთან მომხიბვლელი ახალგაზრდა ბატონი დგას და წერილს კითხულობს. მის ოქროსბუნიკიან ხელჯოხს სამეფო გვირგვინი ამშვენებს. რუსი არ უნდა იყოს. ქუდს ვიხდი და ნორვეგიულად მივმართავ, ის შვედურად მპასუხობს და წარმომადგენლობის სამუშაო საათებს მაცნობს.       დათქმულ დროს ისევ მივედი და ისევ შევხვდი ახალგაზრდა ბატონს, რომელიც კაპიტანი ბერლინგი აღმოჩნდა - პეტერბურგში ის სამხედრო ატაშე ყოფილა, მისი სახელი მოგვიანებით ხშირად გაიჟღერებს გაზეთებში პოლკოვნიკ ბიორნსტორნას საქმესთან დაკავშირებით.       იმის გამო, რომ მე წინასწარ არ ვიზრუნე ჩემი პასპორტის საქმის მოწესრიგებაზე, წარმომადგენლობას დიდი ხლაფორთი შეხვდა, თუმცა ბარონმა ფალკენბერგმა მიხსნა. მან არაჩვეულებრივად დიდი ზომის პასპორტი გამომიწერა, რომელსაც სამეფო გვირგვინის ტვიფრი ამშვენებს და ყარყუმის ბეწვის შალითაშია ჩასმული. მას შემდეგაა, რომ გარს ვუვლი აზიური ქვეყნების წარმომადგენლობებს და ამ საბუთზე თანდართულ საუცხოო საფოსტო მარკებს, ემბლემებსა და ბეჭდებს ვაგროვებ. მაშინ კი ბარონის დახმარების გარეშე, თანაც იმავე დღეს, შეუძლებელი იქნებოდა ჩვენი გამგზავრება, ამიტომ მე მას დიდად ვემადლიერები გაწეული სამსახურისთვის.       რა პატარაა სამყარო! მოულოდნელად ერთ ძველ ნაცნობს ვხვდები სანკტ-პეტერბურგის ქუჩებში ხეტიალისას.       საღამოს ნიკოლოზის სახელობის რკინიგზის სადგურზე დროულად მივედით. აქ პირველად ვნახე წმინდანების გამოსახულებების წინ მოელვარე ნათურები. როცა ვაგონებში კარები იღება, გარედან ლოკომოტივისა და ბორბლების ხმაური შემოდის, და ამ ხმაურში, დღეებისა და ღამეების განმავლობაში, ასხივებს ხატების წინ ანთებული მარადიული შუქი. მიწიდან ორი საფეხურის შემაღლებაზე ეს ლამპიონები პატარა საკურთხევლებს გვანან. დგანან და თავისთვის წყნარად და შეუმჩნევლად იწვიან.       გავლა-გამოვლისას რუსები პირჯვარს იწერენ ხატების წინ. პირჯვარს გადაისახავენ, თავს დახრიან, დაიჩოქებენ და კიდევ ერთხელ გადაიწერენ: თან ამ ყველაფერს ძალიან სწრაფად და მარჯვედ აკეთებენ. მსმენია, რომ რუსები ისე არსად გაემგზავრებიან, ეს პატარა რიტუალი რომ არ შეასრულონ; დედებს ხელის კვრით მიჰყავთ შვილები წმინდანებთან, ხოლო ორდენებით გადაპრანჭული მოხუცი ოფიცრები ქუდს იხდიან და დაჩოქილნი მრავალჯერადი პირჯვრისწერით მგზავრობაში შეწევნას შესთხოვენ ხატებს.       გარეთ კი გუგუნებს ლოკომოტივი, ხმაურობენ ბორბლები, - ასეთია აღმუვლებული ამერიკა.       ვაგონებში ეროვნული გვარდიის წარმომადგენლები შემოდიან. წითელზოლიანი თეთრი ქუდები ახურავთ. ეს ხალხი რუსეთის ყველა კუთხიდან ჩამოსული დიდგვაროვნები არიან - ხალხი, რომელთაც პეტერბურგში ყოფნის დროს საჯინიბოში ოთხი ცხენი ჰყავთ და უთვალავი მსახური - სახლში. ამგვარად იხდიან ისინი სამხედრო ვალდებულებას და გაურბიან გახრწნილ ოფიცრებში გათქვეფას. მატარებელში ერთი ახალგაზრდა გვარდიელი შემოდის, თან სამი ერთნაირად ჩაცმული მსახური ახლავს, რომლებსაც სადგურზე ბარგის მოტანა ევალებათ. ერთ-ერთი მათგანი, რომელსაც ეტყობა, რომ თავისი ბატონის სამსახურში დაბერებულა, ახალგაზრდა კაცს თავისი გადამეტებული მზრუნველობით აწუხებს და საალერსო სახელით მიმართავს. ისიც უპასუხოდ არ ტოვებს, მოთმინებით უღიმის მოხუცს, თან უფრთხილდება და ყოველგვარი წვრილმანის მოსაგვარებლად დანარჩენ ორს აგზავნის. საბოლოოდ, ახალგაზრდა ბატონი მხოლოდ ერთ მსახურს იახლებს მგზავრობაში.       თვალში გვხვდება ახალგაზრდა ლამაზი ქალი, რომელსაც მარცხენა ხელზე უამრავი ბრილიანტის ბეჭედი უკეთია - თითო თითზე სამი-ოთხი ცალი. ბეჭდებში ჩაფლული ხელის მტევანი აღარც კი უჩანს და ერთობ უცნაური სანახავია. აშკარად წარჩინებული პერსონაა. ის გულთბილად დაემშვიდობა ორ უფროს ქალბატონს, რომელთა ეკიპაჟიც სადგურში იცდიდა. ჩვენი მატარებელი გასვლას აპირებს. ბრილიანტისბეჭდებიანი ბანოვანი მგზავრობას ორ მსახურთან ერთად აგრძელებს.       ამგვარად, მშვიდობიანად ვტოვებთ სანკტ-პეტერბურგის სადგურს. ჩემმა ცოლმა ყველაფერი წამოიღო, თავისი პალტოს გარდა არაფერი დავიწყნია.       ჩვენი კომპანია საუკეთესო და ყველაზე სასიამოვნო თანამგზავრებისგან შედგება. ესენი არიან ფინელი ინჟინერი, რომელიც ბაქოში ნობელის ფირმაშია დაკავებული და რუსეთში მრავალი წელი აქვს გატარებული, და მისი მეუღლე - ბაქოელი ქალბატონი, რომლის მშობლიური ენაც რუსულია. მათ თან ახლავთ პატარა ქალიშვილი. მატარებელში მხოლოდ საძილე კუპეებია. მგზავრები კი - უამრავი. ჩემი თანამგზავრები ვაგონში მიმოიფანტნენ, მე თვითონ კი ვიწრო კუპეში ვიჭედები სამ სხვა მამაკაცთან ერთად, რომელთა შორის ერთი - გერმანელი ვაჟბატონი - გვარიანად ნასვამია. მატარებელში კორიდორია, მაგრამ გასასვლელი იმდენად ვიწროა, რომ ორი კაცი გაჭირვებით თუ აუქცევს გვერდს ერთმანეთს.       დიდი რუსეთი გვიხმობს თავისკენ.       საუბედუროდ, ღამით გამომეღვიძა და ძილი ვეღარ შევიბრუნე, მთვრალის ხვრინვა არ მაძინებდა. წამოვდექი და გერმანელის გასაგონად ჩავახველე, ის კი მხოლოდ ზლაზვნით გადატრიალდა და ისე, რომ თვალიც არ გაუხელია, ხვრინვა გააგრძელა. ავდექი, ზედმეტად ახლოს მივედი და გაღვიძება დავუპირე, მაგრამ ხვრინვა მოულოდნელად შეწყვიტა და მეც საწოლს დავუბრუნდი. მალე ხვრინვის ხმა ისევ შემომესმა.       ვიწექი და მეღვიძა ძალიან დიდხანს. არ ვიცი, ეს მდგომარეობა ზუსტად რამდენ ხანს გაგრძელდა, რადგან ბალიშის ქვემოდან საათის გამოღება დამეზარა. ბოლოს, როგორც იქნა, ჩამეძინა.       ისევ გამომეღვიძა. მატარებელი გაჩერებულა. გარეთ აღარ ბნელა. კუპეში ჩამოწოლილი მძიმე ჰაერისაგან სული შემეხუთა და ფანჯარა რამდენიმე გოჯით დავწიე. გარედან საოცარი ბგერები მესმის და ამ ხმასთან ერთად სხეულში ბედნიერების ნაზი შეგრძნება მეღვრება. ჩავიცვი და გარეთ გავედი. ასე ტკბილად თურმე შოშია ჟღურტულებდა. არ მესმის, წელიწადის ამ დროს აქ შოშიებს რა უნდა?! ნუთუ აქ მოხვედრილებმა სამხრეთისკენ წასვლა გადაიფიქრეს? ანდა შეიძლება ესენი რუსეთში ბუდობენ და ჯერ თბილი ქვეყნებისაკენ არ გაფრენილან?       ჟინჟღლავს, მაგრამ თბილი და სასიამოვნო ამინდია. მატარებელი მიდის. ხალხი იღვიძებს გლეხურ სახლებში, რომლებსაც ჩვენ ჩავუარეთ. ვხედავ კაცს, რომელიც პერანგისამარა დგას თავისი სახლის ზღურბლზე – ზუსტად ასე იციან ჩვენშიც. შვიდ საათზე ყავის დასალევად ერთ სადგურში ჩავედი. ხალათსა და თეთრ ყელსახვევში გამოწყობილი ბამბისხელთათმანებიანი მიმტანი მემსახურება. მე მასწავლეს, რომ უნდა ვიკითხო: - რამდენი მოგართვათ? მაგრამ პასუხს ვერ ვგებულობ. მიუხედავად ამისა, ისე ვიქცევი, ვითომც არაფერი, და ვუწვდი მონეტას, რომელიც წესით, თავზე უნდა გადაუვიდეს. უკანდაბრუნებულ ხურდას გულმოდგინედ ვითვლი, თუმცა რუსული ფულისა ბევრი არაფერი გამეგება. ლანგარზე მაინც ვტოვებ ოც კაპიკს მსახურისათვის, რადგან ვხედავ, რომ სხვები ასე იქცევიან. მატარებელში ავდივარ და ჩემთვის ვფიქრობ: - როგორ არა, ნამდვილად შენნაირებმა უნდა იმოგზაურონ რუსეთში. ახლა ვინმე ჩემებურს რომ შევხვდე და ყავის დალევა მოინდომოს, აუცილებლად დავმოძღვრავ, როგორ უნდა გაართვას თავი ამ საქმეს. ვასწავლი, რომ უნდა იკითხოს - „რამდენი მოგართვათ?“ და საბოლოოდ აღმოჩნდება, რომ კარგი სამსახურიც გავუწიე.       ერთხელ ასეთი სამსახური მეც გამიწია პარიზში ბრედე კრისტენსენმა. ის ფრანგულს მასწავლიდა და მეუბნებოდა, თუ ფრანგული გეცოდინება, მერე იტალიურსა და ესპანურსაც ადვილად ისწავლიო. მეც ვიფიქრე, ბოლო-ბოლო სამი შესანიშნავი ენის ცოდნა შემრჩება-მეთქი. იქიდან პორტუგალიურამდე კი სულ ცოტაღა დაგრჩებაო, - მარწმუნებდა. მოკლედ, ბოლოს ლამის კოპტურის შესწავლაც კი შემომთავაზა, მაგრამ მე ფრანგული ვერ ვისწავლე და, შესაბამისად, ყველა დანარჩენი ენის შესწავლის პერსპექტივაც დავკარგე. და მიუხედავად იმისა, რომ ბრედე კრისტენსენს ცხოვრებაში იმის ნახევარი სირთულეებიც არ შეხვედრია, რაც მე, ახლა ის ლეიდენში ეგვიპტოლოგიის პროფესორია. თუმცა, დარწმუნებული ვარ, ჩემი დახმარების გარეშე, რუსეთში ისიც უმწეო მდგომარეობაში აღმოჩნდებოდა.       ჩემი თანამგზავრი საწოლიდან ჯერ არ ამდგარა, ჩვენ კი ამასობაში გადავიარეთ თვალუწვდენელი მიწები, გადავსერეთ ბუჩქნარი და ჭვავის ყანები. დაბლობებს შერეული ფოთლოვანი ტყეები მოჰყვება, არყის ხე და მურყანიც ისევე მრავლადაა, როგორც ჩვენში და ჩიტების ჭიკჭიკიც ისმის. ქვის კარიერში კაცები და ქალები მუშაობენ ნიჩბებითა და წერაქვებით. სლავები ძალიან ჰგვანან გერმანული წარმოშობის ხალხებს, მათაც ჩვენსავით აცვიათ და ჩვენსავით მშრომელები არიან. კარიერში მომუშავე ადამიანებმა ერთი კი ამოხედეს ჩვენს მატარებელს თავისი ცისფერი თვალებით და თავჩაღუნულებმა გააგრძელეს საქმიანობა. დავინახეთ აგურის ქარხანა. აგურები მიწაზე ალაგია მზეზე გამოსაშრობად. მუშები აქაც თავდაუზოგავად შრომობენ, თუმცა არსად ჩანს მათრახიანი ზედამხედველი.       ჩვენს ფერხთით ფართოდ გადაშლილი მოჩანს მთელი ქვეყანა. მარცხნივ ტყეა. ტყეში შემავალ ბილიკზე კაცი მიაბიჯებს. მის დანახვაზე რაღაც ძალიან მშობლიურსა ვგრძნობ. რამდენი ხანია სამშობლოდან წამოსული ვარ და ახლა ამ სურათს სიხარულით შევცქერი: ბილიკი ნახევრად გაუვალია და კაცს, რომელიც მიაბიჯებს, ზურგზე ტომარა აქვს წამოკიდებული. ნეტავ ასე ადრიანად საით მიეშურება? ცხადია, რაღაც საქმე აქვს ტყის მეორე მხარეს. დინჯად და შეუფერხებლად მიიწევს წინ და მალე თვალს მიეფარა კიდეც.       ისევ ვრცელი დაბლობი გამოჩნდა, აქ საქონელი ბალახობს. მწყემსი გრძელ კომბალს დაყრდნობია და ჩვენსკენ იყურება, ცხვრის ტყავის ტყაპუჭი აცვია, თუმცა სულ ოდნავ ცრის. მოხუცი კაცია, პირდაპირ სახეში შევყურებ და ხელს ვუქნევ პლატფორმიდან, მაგრამ საპასუხო ნიშანი არ ჩანს. ალბათ, ისიც ისეთივე ბედნიერია, როგორც ჩვენ ყველანი: ცოტა საჭმელი უნდა, ცოტა ტანსაცმელი და საყვარელი წმინდანის ხატი. საარჩევნო ხმის უფლება კი, რომელიც კანონის ძალით აქვს მინიჭებული, ალბათ, სულაც არ სჭირდება. ღმერთმა იცის, დაამახსოვრდა თუ არა მგზავრი, რომელმაც ერთხელ მატარებლიდან ხელი დაუქნია და რომელიც ახლა ზის და მას იგონებს.       სანკტ-პეტერბურგიდან თხუთმეტსაათიანი მგზავრობის შემდეგ, როგორც იქნა, გაიღვიძა ჩემმა თანამგზავრმა. ჩვენ უკვე მოსკოვში ვართ. II. მოსკოვი       მსოფლიოს ხუთი კონტინენტიდან ოთხზე ნამყოფი ვარ. ამ ხუთიდან თითოეული, რა თქმა უნდა, ნაბიჯ-ნაბიჯ არ შემომივლია, ხოლო ავსტრალიაში ფეხიც კი არ დამიდგამს, მაგრამ მაინც შეიძლება ითქვას, რომ მთელი მსოფლიო მაქვს შემოვლილი და რაღაც მინახავს, თუმცა ვაღიარებ, რომ მოსკოვის კრემლის მსგავსი არსად არაფერი შემხვედრია. მინახავს ლამაზი ქალაქები და, ჩემი აზრით, დიდებულია პრაღა და ბუდა-პეშტი, მაგრამ მოსკოვი გამორჩეულად ზღაპრულია. სხვათა შორის, გამიგია, რომ თვით რუსები თავიანთ დედაქალაქს „მასკვა“-ს ეძახიან, თუმცა ახლა მნიშვნელობა არ აქვს, რომელი დასახელებაა უფრო მართებული: „მასკვა“ თუ „მოსკვა“. სპასკის ჭიშკართან მეეტლე ადგილზე შემოტრიალდა, ქუდი მოიხადა და მიგვანიშნა, რომ ჩვენც ასე უნდა მოვქცეულიყავით. ამ რიტუალს მეფე ალექსის ბრძანებით ჩაჰყრია საფუძველი. ქუდებს ვიხდით და ვხედავთ, რომ ჩვენსავით თავმოშიშვლებულია ყველა, ვინც ჭიშკართან მიდი-მოდის. მეეტლე გზას აგრძელებს და მალე კრემლში შევდივართ.       მოსკოვში ორი ასეული და კიდევ ორმოცდაათი ეკლესია-სამლოცველოა და როცა ზარებს რეკავენ ამ სამრეკლოებზე, მილიონიანი ქალაქის თავზე ჰაერი უზარმაზარი ძალით ირხევა. კრემლიდან გრანდიოზული სივრცე ოკეანესავით მოჩანს. არ მეგონა ასეთი ქალაქი თუ არსებობდა სადმე დედამიწის ზურგზე. სადაც გაიხედავ, ყველგან მწვანე, წითელი, ოქროსფერი გუმბათები და ქონგურებია. ეს ოქროსფერი და ცისფერი აფერმკრთალებს ყველაფერს, რაც აქამდე ჩემს წარმოდგენებში არსებობდა. ალექსანდრეს ძეგლთან ვდგავართ, ზემოთ ვიყურებით და ვგრძნობ, რომ აქ ახლა არც დროა და არც განწყობა სხვა რამეზე ფიქრისთვის. სხვას ისედაც ვერაფერს ვხედავთ, რადგან თვალები ცრემლისგან გვენისლება.       ჩვენგან მარჯვნივ, არსენალის წინ, „ცარ-პუშკა“ დგას - „თოფ-იარაღის მეფე“. ეს ზარბაზანი ლოკომოტივის მომრგვალო სხეულს მაგონებს. უბრალოდ, ეს იმაზე წარმოუდგენლად დიდია. ლულა ზუსტად ერთი მეტრის სიმსხო აქვს, ხოლო ყუმბარები ორ-ორ ათას კილოს იწონის. წამიკითხავს, რომ ის ოდესღაც დიდ ხმარებაში ყოფილა, მაგრამ ჩემთვის უცნობია მისი ნამდვილი ისტორია. ზარბაზანზე ამოტვიფრულია მისი ჩამოსხმის თარიღი - 1586 წელი. მოსკოველები ხშირად იბრძოდნენ და ხშირად უხდებოდათ მშობლიური ქალაქის სიწმინდის დაცვა. სხვაგან, უზარმაზარ საათთან ახლოს, რომელიც პირდაპირ მიწაზეა აღმართული, ასობით ნაალაფარი იარაღია დახვავებული. ის უზარმაზარი საათი კი, რომელსაც რუსულად „ცარ-კოლოკოლი“ ჰქვია, რვა მეტრის სიმაღლისაა და შიგ ოცი ადამიანი ეტევა. კრემლში, შემაღლებულ ადგილას, უსპენსკის კათედრალია წამომართული. ის არც ისე დიდია, მაგრამ მსოფლიოში არ მეგულება მასზე მდიდრულად შემკული ტაძარი. აქ იდგამდნენ გვირგვინს მეფეები. ყველგან ოქრო-ვერცხლი და ძვირფასი თვლები ბრჭყვიალებს; იატაკიდან გუმბათის თაღებამდე ტაძარი ორნამენტებითა და მოზაიკითაა შემკული; შიგნით უამრავი ხატი, ჯვარცმა, წმინდანთა და პატრიარქთა გამოსახულებები და ჩამუქებული ფრესკებია. ეკლესიის ერთ-ერთ კედელზე პატარა ნიშა მოჩანს, აქ ყოველი ახალი მეფე ტაძარს თავის სახელზე ძვირფას ქვას სწირავდა. ეს პატარა სათავსო ახლაც ელის ახალ-ახალ მონარქებსა და ძვირფას ქვებს. გარშემო კი ყველა კედელი ბრილიანტებით, სმარაგდებით, საფირონებითა და ლალის ქვებითაა მორთული.       ეკლესიის მსახური ამ ტაძრის სხვა ღირშესანიშნაობებსაც გვაცნობს. მაშინ, როცა რიგითი მორწმუნე მოსკოველები ხატების წინ დგანან და ლოცვებს აღავლენენ, ის, არც ისე დაბალი ხმით, გვიყვება წმინდანთა ნაწილების შესახებ და გვაჩვენებს ქრისტეს კვართის ნაწილს, მინის თავსახურში დაცულ სამსჭვალს, რომელიც ქრისტეს ჯვრიდან ყოფილა წამოღებული, და საკეტიან ზარდახშაში მოთავსებულ ქალწული მარიამის კაბის ნაჭერს. ჩვენ სიამოვნებით გავეცით მოწყალება ეკლესიის მსახურსა და კართან მდგარ მათხოვრებზე და ტაძარი ზღაპრული დიდებულებით გაოგნებულებმა დავტოვეთ. სულაც არ მგონია, რომ ვაჭარბებ. შეიძლება ახლა კარგად აღარც მახსოვს ყველაფერი, რაც მაშინ ტაძარში ვნახე, რადგან არ შემეძლო ყველაფრის შემჩნევა და შეფასება, ისე ვიყავი შეძრული და დაბნეული იმ გაუგონარი სიმდიდრისა და ბრწყინვალებისგან. მაგრამ დარწმუნებული ვარ, იქ გაცილებით მეტია სანახავი და მოსაყოლი. ელვარებდა ტაძრის ყველა კუთხე-კუნჭული, თუმცა ზოგან ისეთი მკრთალი შუქი იდგა, ალბათ ბევრი წვრილმანი შეუმჩნეველი დამრჩა. რაც მართალია, მართალია - ეს ტაძარი მოსკოვის ერთ-ერთი უძვირფასესი მარგალიტია. თუმცა ისიც უნდა ითქვას, რომ გადაჭარბებული მოკაზმულობა ყოველთვის მიმზიდველი არ არის. განსაკუთრებით ის მახსენდება, რომ უგემოვნო და შეუფერებელი მომეჩვენა მეფეთა მიერ შეწირული და კედლებზე გამოფენილი უზარმაზარი ქვები. მოგვიანებით, როცა ერთი სპარსის თავზე ერთადერთი ძვირფასი თვლით შემკული ქუდი დავინახე, მომეჩვენა, რომ ის უფრო ნატიფი და მშვენიერი იყო. ვნახეთ პუშკინის ძეგლი, მოვინახულეთ უამრავი ტაძარი, რამდენიმე სასახლე, სახელმწიფო ხაზინა, მუზეუმები, ტრეტიაკოვის გალერეა. ივან-ველიკის კოშკის ორი ასეული და კიდევ ორმოცდაათი საფეხური ავიარეთ და მოსკოვს გადავხედეთ. აი, აქედან შეიძლება ყველაზე ნათლად შეაფასო მოსკოვის სიდიადე და განუმეორებლობა.       და მაინც, რა პატარაა სამყარო! შუა რუსეთში მოულოდნელად შევხვდი კაპიტან თავასთორნას ...       ჩვენი გამგზავრების დრო გადაწყვეტილია. აზრი არა აქვს, მოსკოვში გასატარებელ კიდევ ერთ დღეზე ოცნებას, თუმცა აქ კიდევ უამრავი რამეა სანახავი ... ამის გამო თავის დროზე თვით მოლტკე ჩავარდნილა საგონებელში. ის წერს: მოსკოვი ისეთი ქალაქია, „შეიძლება კაცმა ფიქრში წარმოიდგინო, მაგრამ სინამდვილეში ვერასოდეს ნახავო“. ამას რომ ფიქრობდა, ის ნამდვილად ივან-ველიკის კოშკზე იდგა და „სინამდვილეს“ გადაჰყურებდა.       სასტუმროს ჭიშკარში ვდგავარ და ვხედავ, რომ ჩემს მწვანე სერთუკზე ღილი აწყვეტილა და ძაფზე საწყალობლად კონწიალობს. ჩემი აზრით, ფრიად საჭირო ღილია და ვცდილობ თავის ადგილას დავამაგრო, თუმცა უშედეგოდ, უფრო გავაფუჭე საქმე. ღილის დასაკერებლად საჭირო მასალა ნამდვილად მქონდა თან წამოღებული, მაგრამ ვინ იცის, რომელ ჩემოდანში დევს. ასეა თუ ისე, სხვა გზა არა მაქვს, მკერავი უნდა მოვძებნო.       უმისამართოდ დავეხეტები ქუჩებში. არ ვიცი, თერძს რუსულად რა ჰქვია, მაგრამ ვიცი, რომ ფინურად raatali ეწოდება. ასე რომ, ფინეთში იოლას გავდიოდი მთელი წლის განმავლობაში. აქ რა უნდა ვქნა, არ ვიცი. დაახლოებით თხუთმეტი წუთი უაზროდ დავდიოდი და ფანჯრებში ვიჭვრიტებოდი, რომ დამენახა ვინმე, ვინც იჯდა და კერავდა. თუმცა არ გამიმართლა - ვერავინ დავინახე.       ერთ ჭიშკართან დედაბერი იდგა. წინ ჩავუარე, არაფრის თქმას არ ვაპირებდი, თუმცა ის თვითონ გამომელაპარაკა და აწყვეტილ ღილზე მიმითითა. თავი დავუქნიე თანხმობის ნიშნად: საქმეც ისაა, რომ ღილი მაქვს აწყვეტილი და გამწარებული ვეძებ-მეთქი მკერავს. ხელით ვანიშნე, რომ მკერავი მჭირდებოდა. მან კიდევ დამიქნია თავი, წინ წავიდა და ხელით რაღაც მანიშნა. რამდენიმე წუთის სიარულის შემდეგ ქალი ერთ ჭიშკართან შეჩერდა. აქ მან ზემოთ ამახედა, ერთ სახლზე მიმითითა და წასვლა დააპირა, თან ისევ თავს მიკრავდა, ამ ყველაფრით აშკარად კმაყოფილი. ვერცხლის მონეტა ამოვიღე და ქალს დავანახვე - მინდა, კიბეზე თან გავიყოლო. ის ამას ვერ მიხვდა, ან იქნებ სხვანაირად გაიგო, ყოველ შემთხვევაში, უარი მითხრა. გადავწყვიტე, წინ მე თვითონ წავიდე და ისიც როგორმე შევიტყუო. ნამდვილად ვიცი, რომ მისი დახმარების გარეშე ამ უზარმაზარ სახლში მკერავს ვერ ვიპოვი. ქალს ერთპენიანს ვუჩვენებ, ხელით ვანიშნებ, რომ წამომყვეს და თან კიბეზე ავდივარ. მაშინღა გაიცინა ქალმა უცნაური სიცილით და თავის ქნევით გამომყვა. ბებერი თახსირი!       პირველივე კართან შევჩერდი, ჯერ სერთუკისკენ, მერე კარისკენ გავიშვირე ხელი და კითხვით აღსავსე მზერა მივაპყარი. ახლაღა გაუბრწყინდა გონება და მიხვდა, რომ მკერავს ვეძებდი. სიცილი შეწყვიტა, აშკარად კმაყოფილი ჩანდა საქმის ასეთი შემობრუნებით. ამჯერად მან ითავა გაძღოლა და ზემოთ ამავალი კიბისკენ წავიდა. სწრაფად აიარა საფეხურები და დააკაკუნა კარზე, რომელსაც მუყაოს ქაღალდზე უცნაურასოებიანი წარწერა ჰქონდა. კაცმა გააღო. ქალმა ხანგრძლივი ლაპარაკის შემდეგ სახლის პატრონს გადააბარა ჩემი თავი. ამ დროს მე და ჩემი მშველელი კარს აქეთ ვიდექით, მკერავი კი - ნახევრად ღია კარში. როცა მან, ბოლოს და ბოლოს, გაიგო, რომ ჩემი ურყევი და სრულებით სერიოზული მიზანი იყო სერთუკზე ღილის მიკერება და ამის გაკეთება მე თვითონ არ შემეძლო, კარი ბოლომდე გააღო. ქალს დაპირებული ვერცხლის მონეტა მივეცი. მან ფულს დახედა, რევერანსი გამიკეთა და გენერალი, კნიაზი და პრინცი მიწოდა. კიდევ ერთხელ დამიკრა თავი და კიბეზე დაეშვა.       მკერავის ოთახში მაგიდა, ორი სკამი და ტახტი დგას. კედლებზე ერთი ხატი და რამდენიმე რელიგიური შინაარსის სურათი კიდია. იატაკზე ორი ბავშვი თამაშობს. მკერავის ცოლი შინ არ არის, სახლში მხოლოდ მამა და შვილები არიან. ბავშვებს თმაზე ხელი გადავუსვი, მათ დაბინდული თვალებით ამომხედეს. სანამ კაცმა ღილი მიაკერა სერთუკს, მე და ბავშვებმა დამეგობრება მოვასწარით. ისინი რაღაცას მეუბნებოდნენ და დამსხვრეული ფინჯანიც მაჩვენეს, რომელიც მათთვის სათამაშოს როლს ასრულებდა - მოწონების ნიშნად ტაში შემოვკარი და დავუდასტურე, რომ მშვენიერი სათამაშო ჰქონდათ. ცოტა ხნის შემდეგ ბავშვებმა გამომიტანეს, რაც რამე ჰქონდათ, და ერთად დავიწყეთ იატაკზე სახლის აშენება.       კაცმა ღილის მიკერება რომ დაამთავრა, ვკითხე: რამდენი გნებავთ?       მან რაღაც მიპასუხა, მაგრამ ვერ გავიგე.       ეს მკერავებთან დაკავშირებული ის შემთხვევაა, რომელიც კარგად ნაცნობია ჩემთვის - ეკითხები ადამიანურად, რამდენი უნდათ ღილის დაკერებაში, ისინი კი გპასუხობენ: ისეთი არაფერია, რა უნდა ღირდესო, ან: თქვენთვის მომინდვია შეფასებაო. აბა, რა პასუხია?! პასუხი კი არა, ხრიკია. ჩემი შეხედულებისამებრ რომ გადავუხადო, ერთობ ძვირი დამიჯდება, რადგან ნებისმიერი ადამიანი გადაიხდის ზედმეტს, გრაფივით ღირსეულად რომ წარმოაჩინოს თავი. მოეთხოვა ამ პატიოსან ადამიანს პირდაპირ და მიუკიბ-მოუკიბავად ოცდახუთი ერე და მიიღებდა; ჩემი გადასაწყვეტი რომ გახდეს, ორმოცდაათზე ნაკლების გადახდა მომერიდება. იდგა ახლა ის რუსი მკერავი მკერავთა ამ საყოველთაო ხრიკის მცოდნის იერით და მეუბნებოდა თითქოს რაღაც იმის მსგავსს, რომ მე თვითონ უნდა გადავწყვიტო, რამდენი გადავიხადო. როგორ უნდა მცოდნოდა, თითოეული წვრილმანის ფასი ამ უცხო ქვეყანაში? - ამაზე ის სულ არ ფიქრობდა.       ჩემზე ვანიშნე და ვთქვი: ინასტრანეც, უცხოელი ვარ-მეთქი.       მან გამიღიმა, თავი დამიქნია და რაღაც მიპასუხა.       მე ჩემი ვუთხარი. მან კიდევ მითხრა რაღაც, მაგრამ სიტყვა „კაპიკი“ არ უხსენებია. ისევ გრაფობა უნდა მეტვირთა. სულ ცდილობ კაცი, იმოგზაურო როგორც უბრალო ბიურგერმა, მაგრამ არ გამოდის!       ქუჩას დავუყევი და გადავწყვიტე, სასტუმრომდე კონკით მემგზავრა. ცოტა ხნის შემდეგ კონდუქტორი მოვიდა და რაღაც მითხრა. ვიფიქრე, ალბათ იმის გაგება უნდა, სადამდე მივყვები-მეთქი და ჩემი სასტუმრო დავუსახელე. მთელი კონკა ჩემკენ შემოტრიალდა და ყველა მგზავრი სათითაოდ რაღაცის ახსნას შეეცადა. კონდუქტორმა უკან გაიშვირა ხელი და მანიშნა, რომ ჩემი სასტუმრო საპირისპირო მხარეს მდებარეობდა. რა უნდა მექნა, ჩამოვედი.       ქუჩაში ხეტიალისას შევნიშნე, რომ ერთ შენობაში უამრავი ხალხი შედიოდა და მეორე სართულზე მიიწევდა. რაღაც ისეთია, რაც ალბათ, ნახვად ღირს-მეთქი, ვიფიქრე და ხალხს გავყევი. კიბეზე ასვლისას ერთი კაცი გამომელაპარაკა. გავუღიმე, გავუცინე და ქუდიც მოვუხადე. მანაც გამიღიმა და გვერდით გამომყვა, მერე კარი გააღო და შემიპატიჟა.       აქ თურმე რესტორანი ყოფილა. დიდი თავყრილობა ჩანს. ახალმა ნაცნობმა ჩემი წარდგინება გადაწყვიტა, გარშემო მდგომებს რაღაც უთხრა და მივხვდი, რომ კიბეზე ჩვენი შეხვედრის ამბავი მოჰყვა. მე ყველას მივესალმე და ჩემი უჩვეულო ზომის პასპორტი ამოვიღე. ვერავინ გაიგო, ეს რაში დამჭირდა. მე მათ ვაჩვენე, რომ ჩემი სახელი ამ პასპორტში ეწერა და მე ესა და ეს პიროვნება ვარ. ბევრი ვერაფერი გაიგეს, მაგრამ ტაში შემოკრეს და მიხვდნენ, რომ ჩემთან დაკავშირებით ყველაფერი წესრიგში იყო. მერე გამოჩნდა ერთი კაცი, რომელიც დახლთან მივიდა და მუსიკა შეუკვეთა. ორკესტრმაც მაშინვე დაიწყო დაკვრა. ეს ყველაფერი შენ პატივსაცემად ხდება, - ვუთხარი საკუთარ თავს, წამოვდექი და გარშემო ყველას სათითაოდ დავუკარი თავი. რაღაც მანქანებით, მხიარულ ხასიათზე დავდექი, ღვინო მოვითხოვე და დასალევად მზადმყოფი უამრავი ადამიანი შემოვიკრიბე. ოჰოჰო, დარბაზში ხმა დაირხა, რომ მოსკოვის სტუმარი ვარ; მოიყვანეს კაცი, რომელმაც ფრანგული იცოდა, თუმცა, აღმოჩნდა, რომ რუსულადაც მშვენივრად მიდიოდა საქმე; დიდი მოფრანგულე არც მე ვარ და ამიტომ სათარჯიმნოდ მოყვანილი კაცი არ დამჭირდა. მას მადლობა გადავუხადე და გვერდით მოვისვი.       ჭრელი საზოგადოებაა და, შესაბამისად, ჩაცმულობაც სხვადასხვაგვარია. ზოგს უბრალო, ყოველდღიური ტანისამოსი აცვია, ზოგი საზეიმოდაა გამოწყობილი. დახლში ერთი ხნიერი ქალი და ერთიც ახალგაზრდა გოგო დგანან. ვიღაც ბატონმა შემთხვევით ისარგებლა და ახალგაზრდას რაღაც ჩასჩურჩულა. მივხვდი, რომ გოგონასთვის ეს პირველი შემთხვევა იყო, როცა ამგვარ რამეს ეუბნებოდნენ. ის ერთხანს გაშტერებული იდგა და ვერ გაეგო, მისგან რა უნდოდათ, მერე კი სიწითლე შეეპარა. ნეტავი მას, ვინც სიცოცხლეში პირველად წითლდება! არაფერი შეედრება ამ პირველ გაწითლებას. მოგვიანებით, ცხოვრებაში ადამიანები მხოლოდ სირცხვილისგან წითლდებიან!       დაბლა რომ ჩავედი, ორმა ოფიციანტმა ჩამოირბინა კიბეზე. კარი გამიღეს და „თქვენო უდიდებულესობას“ ძახილით გამაცილეს.       ისევ ქუჩაში მივაბიჯებ, მაგრამ არ ვიცი, სად ვარ და არც ის ვიცი, ჩემს სასტუმრომდე რომელი გზა მიდის. შეუდარებელი გრძნობაა. ამას მხოლოდ ის გაიგებს, ვისაც მსგავსი რამ გამოუცდია. კანონიერი უფლება მქონდა, გზა დამკარგვოდა ამ ქალაქში და მეც ვისარგებლე ამ უფლებით. კიდევ ერთი რესტორანი დავინახე, გადავწყვიტე, შევსულიყავი და რამე მეჭამა, - იმას ვაკეთებ, რაც მინდა. შიგნით ერთობ მდიდრული გარემოა და, გარდა ამისა, რადგან ჩემკენ წამოსული ფრაკიანი ოფიციანტიც ქერათმიანი ჩანს, ვფიქრობ, უკეთესია, სხვა ადგილი მოვძებნო. უკან დავბრუნდი და პირველად რომ თვალში მომხვდა, ისევ იმ რესტორანს მივაშურე. ადგილი მოვძებნე და მაგიდას მივუჯექი. ესეც დიდი რესტორანია, მაგრამ მასში არაფერია ევროპული. არც ხალხია წეღანდელივით უზადოდ ჩაცმულ-დახურული. ოფიციანტებსაც უბრალო პერანგები აცვიათ. დარბაზის სიღრმეში ხეხილის ბაღი მოსჩანს.       კმაყოფილი ვარ და თავისუფალი, თითქოს დავიმალე და ვერავინ მიპოვის. სულაც არ მაღელვებს ის ამბავი, რომ სახლში კარგა ხნის წინ უნდა ვყოფილიყავი. ვისწავლე სიტყვა „შჩის“ წარმოთქმა, რაც ბევრს არ გამოსდის, მაგრამ მე კარგად დავისწავლე. ისიც შემიძლია, ეს სიტყვა გერმანული „ch“-ს გარეშე დავწერო. შჩი ხორცეულის წვნიანია, მაგრამ არა უბრალო, უგემური ხორცის წვნიანი, რომელიც დიდი ვერაფერიშვილი საჭმელია, არამედ შესანიშნავი რუსული კერძი, სხვადასხვა სახის ხორცეულით სავსე და კვერცხით, ნაღებითა და მწვანილით შეზავებული. შჩი შევუკვეთე და მომიტანეს. ოფიციანტი ცდილობს, მასიამოვნოს და სხვა კერძებსაც მთავაზობს. ამ ყველაფერს, ჩემის მხრივ, ხიზილალა დავუმატე, მაგრამ არ ვიცი, როგორ შეეწყობა შჩის. შევუკვეთე ასევე ლუდიც, რუსულად „პივა“.       უეცრად გრძელთმიანი მღვდელი გამოჩნდა ღია კარში, პირჯვარი გადაისახა და პური გვიკურთხა; მერე კიბეზე დაეშვა და ქუჩაში გავიდა. ბედნიერი ვარ, რომ ეს ადგილი აღმოვაჩინე. შორიახლოს ხნიერი ხალხი ზის, თან მიირთმევენ და თან ლაპარაკობენ. სახეზე არც ისეთი უშნო და გაცვეთილები ჩანან, როგორც, ჩვეულებრივ, მოხუცებულები არიან ხოლმე. პირიქით, სახენათელი და ჯან-ღონით სავსენი არიან, თან ყველას სქელი თმა აქვს. აი, სლავები! ვფიქრობ მე და ვუყურებ მათ. მომავლის ხალხია, გერმანული ძირის მქონე ერების შემდეგ ყველაზე ძლიერი. ასეთ ხალხში მართლაც შეუძლებელია ლიტერატურა ყოვლისმომცველი, უსაზღვროდ ამაღლებული და კეთილშობილური არ ყოფილიყო. რვა დიდი რუსი მწერალი - რვა უშრეტი პოეტური წყაროა. ჩვენ, დანარჩენებს, ვინ იცის, რა დრო დაგვჭირდება იმისათვის, რომ მათ გავუგოთ, ჩავწვდეთ და ოდნავ მაინც მივუახლოვდეთ. ისეთი ლიტერატურის შექმნას კი, რომლის მიზანიც, თეატრისა არ იყოს, ხალხის გართობაა, რუსები სხვებს უთმობენ.       ხალხი შემოდის და გადის. გამოჩნდნენ გერმანელები, რომლებიც გვერდით მაგიდას შემოუსხდნენ და დაიწყო გერმანული ხმამაღალი ლუდის სმა, აღფრთოვანებული შეძახილებითა და გინებით შეზავებული. მათთვის მოტანილ საჭმელსა და სასმელზე ვატყობ, პატივს სცემენ სუფრასთან დიდხანს ჯდომას. ოფიციანტი ვიხმე, რომ ჩემი მაგიდა დარბაზის სიღრმეში, ბაღსა და ხეებთან ახლოს გადავატანინო, მაგრამ ოფიციანტი ვერ ხვდება, რა მინდა. მაშინ ერთ-ერთი გერმანელი ერთობ თავაზიანად მეკითხება, თუ რა მინდა და მეც იძულებული ვარ, მისი დახმარებით ვისარგებლო. მაგიდა მართლაც გადამიტანეს, მაგრამ დამავიწყდა, გერმანელისთვის მადლობა გადამეხადა, ამიტომ ახლა მთელი დარბაზი უნდა გადავჭრა, რომ მასთან მივიდე და შეცდომა გამოვასწორო.       ოფიციანტს ახლა ხორცი მოაქვს ჩემთვის. იმ მსუყე შჩის შემდეგ შეუძლებელია კიდევ რამე შეჭამო კაცმა, მაგრამ ოფიციანტი მართალია, როცა ფიქრობს, რომ ადამიანმა ბევრი უნდა ჭამოს, მალე რომ არ მოშივდეს და დიდხანს გაძლოს საკვების გარეშე. აი, ჯანმრთელი ხალხის მიდგომა საკითხისადმი. ყავის დალევა და მოწევა მინდა, ხელის ერთი დაქნევა კმარა იმისათვის, რომ დაუყოვნებლივ მომიტანონ ყავაც და სიგარეტიც.       ერთ-ერთ მაგიდას ოჯახი უზის. როგორც ჩანს, მამა, დედა, ორი ვაჟი და ქალიშვილი არიან. ახალგაზრდა გოგონას მუქი, დაბინდული მზერა აქვს, მის თვალებში მთელი სამყაროს სიღრმე მოსჩანს, გრძელთითებიანი დიდი ხელები აქვს. ვზივარ და ვუყურებ. ვცდილობ, გოგონას აღსაწერად ისეთი სიტყვა მოვძებნო, რომელიც მთელ მის გარეგნობასა და არსებას დაიტევს: ალბათ, ესაა „სინაზე“. როცა ის წყნარად ზის, ან როცა გვერდზეა გადახრილი, ანდა რაიმეს უყურებს, ერთიანად სინაზის განსახიერებაა. ისეთი ღრმა და ლამაზი მზერა აქვს, როგორც ფაშატს, რომელიც თავის კვიცს უყურებს. წაკითხული მაქვს, რომ სლავებს ამომჯდარი ყვრიმალები აქვთ. ესენიც სწორედ ასეთები არიან და დიდი ყვრიმალების გამო ემსგავსებიან ცხენებს. საინტერესო იყო მათი ყურება, თუმცა ოჯახის თავმა მალევე გადაიხადა დანახარჯი და ყველანი წავიდნენ.       დარბაზის სიღრმეში ვზივარ. მაგიდა სავსეა ათასგვარი ხორაგით, ოფიციანტს კი არაფერი მიაქვს უკან. შესანიშნავი წესია, რადგან, ვთქვათ, ბოლოს ისევ ხორცის გადაღება რომ მომინდეს, სულაც არ იქნება ეს უხერხული. მართლაცდა, ვინ მოიგონა, რომ ყავის დალევა და თუთუნის გაბოლება მხოლოდ სადილის შემდეგ შეიძლება? ჩემ წინ დალაგებული საჭმელი მუშტრის თვალით შევაფასე. ამ მაგიდასთან სრული უფლება მაქვს, ჩემთვის სასურველი გადაწყვეტილება მივიღო. დაუყოვნებლივ გადავიღე საუკეთესო ხორცის ნაჭერი. ვზივარ და თავი სახლში მგონია. უკეთ რომ ვთქვა, სახლიდან შორს, რაც ნიშნავს იმას, რომ თავს კარგად ვგრძნობ. ეს შესანიშნავი რესტორანია. ყველაზე კარგი ისაა, რომ შემიძლია ავდგე, მივიდე ხატებთან, ვილოცო და პირჯვარი გადავიწერო ისევე, როგორც ამას სხვები აკეთებენ. ოფიციანტები და რესტორნის სტუმრები ჩემს საქციელს ყურადღებას არ აქცევენ, ამიტომ არც მე მაქვს უხერხულობის შეგრძნება. ერთადერთ გრძნობას ვემორჩილები და ესაა სიხარული იმის გამო, რომ მოვხვდი ამ დიდ ქვეყანაში, რომელზეც უამრავი რამ მაქვს წაკითხული. ეს სიხარული ჩემს შინაგან მღელვარებაში ვლინდება და არც ვაპირებ თავის მოთოკვას. ღიღინს ვიწყებ, მაგრამ ამას ვაკეთებ არა ვინმეს ყურადღების მიზიდვის მიზნით, არამედ საკუთარი სიამოვნებისთვის. შევნიშნე, რომ კარაქს, რომელიც მომართვეს, თითის ანაბეჭდები ატყვია. აშკარაა, ვიღაცამ შეახო ხელი. მერე რა, რომ შეახო? - დავფიქრდი უცებ. კავკასიაში ამაზე უარესებიც ხდება, კარაქი კი ერთობ მგრძნობიარე და ნაზი პროდუქტია. ვერ მოვითმინე, კარაქს რამდენჯერმე ვატაკე ჩანგალი და ნათითურების კვალი წავშალე. მერე შორიდან შევხედე ჩემ თავს და ვიფიქრე, ამ მდგომარეობაში რომ დავენახე ვინმეს, ჩემი საქციელი ფსიქოლოგიურად არამოტივირებული მოეჩვენებოდა, ამიტომ, თავი შევიკავე და ჩემს უნებურ სურვილებს გასაქანი აღარ მივეცი.       გაცილებით დიდხანს ვიჯდებოდი რესტორანში, გერმანელს რომ არ გავეგდე. ის ბაღისკენ დაიძრა და გვერდით რომ ჩამიარა, გამომელაპარაკა და, საჭიროების შემთხვევაში, ისევ შემომთავაზა დახმარება. ზედმეტად თავაზიანად მექცეოდა და მეც ვუხადე და ვუხადე მადლობები. მერე უცებ ხელი შემომკრა და მიწაზე გამაგორა. წავიდა თუ არა, დანახარჯი გადავიხადე და გამწარებულმა წარმოვთქვი სიტყვა, რომელიც ჯერ კიდევ ფინეთში მქონდა ნასწავლი: „იზვოზჩიკ“! და ოფიციანტმა სასწრაფოდ მომიყვანა მეეტლე.       მეეტლეს მიმართულება მივეცი: „ვაგზალი“-მეთქი, მაგრამ ვინაიდან მოსკოვში ხუთი რკინიგზის სადგურია, მან მკითხა: რომელიო. თავს ისე ვაჩვენებ, ვითომ ვფიქრობ, მაგრამ როგორც ჩანს, ჩემი ფიქრი დიდხანს გაგრძელდა, რადგან მეეტლემ სადგურების ჩამოთვლა დაიწყო და როცა რიაზანის ვაგზალი ახსენა, შევაწყვეტინე და ვუთხარი, რომ სწორედ ის მინდოდა. მეეტლემ სადგურისაკენ გასწია. გზად შემხვედრ ყველა ეკლესიასთან და ყველა ჭიშკართან, რომელზეც ხატი იყო გამოსახული, მონდომებით იწერდა პირჯვარს.       დარწმუნებული არ ვიყავი, ნამდვილად ეს სადგური მინდოდა თუ არა, მაგრამ, როგორც აღმოჩნდა, სწორად მივაგენი. სადგურიდან კი უკვე იოლად გავიკვლიე გზა სასტუმრომდე. III. ვორონეჟი - როსტოვი - არმავირი       იმ დღეს უკვე გვიანი იყო წასვლა და მეორე დღეს გავემგზავრეთ. ნეტავ, კიდევ ერთხელ მანახვა მოსკოვი!       სადგურზე, ჩვენდა გასაოცრად, კვლავ შევხვდით ბრილიანტისბეჭდებიან ბანოვანს, ისიც ჩვენი მატარებლით მოდიოდა. ეს მოულოდნელი შეხვედრა თავის გაგრძელებას და ერთგვარ ახსნას პოვებს მოგვიანებით, დონელი კაზაკების ქვეყანაში. ის ახალგაზრდა გვარდიელიც აქაა, ბრილიანტისბეჭდებიანთან ერთად. ისინი ლაპარაკობენ და ანთებული თვალებით უყურებენ ერთმანეთს. გვარდიელს მკერდზე წმ. გიორგის ჯვარი უკეთია. მე მისი ოქროს პორტსიგარიც მომხვდა თვალში, რომელზეც გერბი და გვირგვინია ამოტვიფრული. ვერ გავიგე, როგორ გახდა ეს ორი ადამიანი განუყრელი წყვილი. მათ უკვე უპოვიათ თავიანთთვის პატარა კუპე, რომელშიც უცხო პირს შესვლა ეკრძალება. ალბათ ისინი ახალდაქორწინებულები არიან და დროის გასატარებლად გაჩერდნენ მოსკოვში. ჩემი აზრით, სანკტ-პეტერბურგში ჯერ კიდევ არ იცნობდნენ ერთმანეთს. მახსოვს, მაშინ მათი მსახურები ცალ-ცალკე მოვიდნენ სადგურში. გავიარეთ საზაფხულო აგარაკების მოსკოვური დასახლება. უამრავი სახლია, თანამედროვე შვეიცარიულ სტილში აგებული, თუმცა ჩემთვის მათი დანახვა სიახლეს არ წარმოადგენს. სამი საათის შემდეგ მოსკოვიდან გავედით და ჭვავისა და ხორბლის თვალუწვდენელი ყანები დაიწყო - დაიწყო რუსეთის ბარაქიანი მიწები.       საშემოდგომო ხვნა დაწყებულია. აქ მწკრივებად იხვნება მიწა, ორი-სამი ცხენი ერთმანეთს მისდევს პატარა გუთნებით, უკან კი ფოცხიანი ცხენი მიჰყვებათ. მახსოვს, როგორ ვხნავდით მიწას ამერიკაში წითელი მდინარისპირა უზარმაზარ პრერიებში: ათი გუთანი მუშაობდა დღეებისა და კვირების განმავლობაში. ჩვენ გუთანზე ვისხედით, როგორც სკამზე, ქვეშ ბორბალი მოძრაობდა, ვმღეროდით და ცხენებს მივერეკებოდით.       მშრომელები მთელ მინდორში არიან მიმოფანტული - ქალები თუ კაცები თავაუღებლად მუშაობენ მიწაზე. ქალებს წითელი ბლუზები აცვით, კაცებს კი თეთრი და ნაცრისფერი შინნაქსოვი უსახელოები, ზოგს ცხვრის ტყავი წამოუსხამს. გზად სოფლები გვხვდება, სადაც ჩალით გადახურული ქოხები დგას.       მთელი მგზავრობის მანძილზე ინჟინერი დაუზარებლად აღნიშნავდა, რომ კუპეში მხოლოდ ჩვენ - მე და ჩემი მეუღლე, ვიყავით ისეთები, კავკასიაში რომ მივდივართ და რუსული არ ვიცით. თავად ინჟინერმა დერბენტი უნდა გაიაროს და კასპიის ზღვით ბაქოში ჩავიდეს. ჩვენ კი მთების გადავლით თბილისში უნდა მოვხვდეთ. როცა კონდუქტორი ბილეთებს გვიმოწმებს, ახლოს მდგარ ერთ ოფიცერს ესმის ჩვენი ნათქვამი, რომ ვლადიკავკაზში მივდივართ. ის მიდის და მოჰყავს მეორე ოფიცერი, რომელიც მთაში დახმარებას გვთავაზობს. ჩვენ და ამ ოფიცერს ერთი გზა გვაქვს, მაგრამ კავკასიამდე ის ჯერ პიატიგორსკში უნდა ჩავიდეს, გოგირდოვანი წყლებით, აბანოებითა და High Life-ით განთქმულ ქალაქში, სადაც ერთი კვირა გაჩერდება, ჩვენ კი ამასობაში ვლადიკავკაზში დაველოდებით. ოფიცერს მადლობა გადავუხადე. მსუქანი, ჩემზე ოდნავ უფროსი, უაღრესად დახვეწილი მანერების კაცია; ხმამაღლა და რიხიანად ლაპარაკობს რამდენიმე ენაზე, თუმცა შეცდომებით; უსიამოვნო, ებრაული სახე აქვს.       ინჟინერი, რომელმაც ამ ქვეყნისა ყველაფერი იცის და ყველაფერი გაეგება, გვთავაზობს, რამდენიმე რუბლით მოვქრთამოთ კონდუქტორი, რომ ცალ-ცალკე კუპეებში შეგვიშვას. მართლაც ასე გავაკეთეთ და იზოლირებულ კუპეებში დავნაწილდით. ცოტა ხნის შემდეგ ინჟინერი ჩაფიქრებული მოდის და გვეუბნება, რომ საჭიროა კიდევ ერთხელ მოვქრთამოთ კონდუქტორი, რათა მან ჩვენი ბილეთები წაიღოს, რომ კონდუქტორების ყოველი შეცვლისას ღამე არ გაგვაღვიძონ. ჩვენ კვლავ გადავიხადეთ გარკვეული თანხა. ყველაფერი უცბად მოგვარდა. როგორი საჭირო და პრაქტიკული ყოფილა მოქრთამვის სისტემა! თავის ცვლაში სწრაფი ნაბიჯით ჩამოვლას რომ დაიწყებს, საკმარისია, კონდუქტორს სიტყვა ჩამოუგდო ცალკე კუპეზე, ის ჩამოვლას გააგრძელებს, მაგრამ მალევე გამოჩნდება და კუპეც მზადაა. თვითონ გადაგიტანს ბარგს, წინ გაგიძღვება ვიწრო გასასვლელში და პატარა დარბაზში გაგიყვანს, რომელიც ამიერიდან შენს განკარგულებაშია. აი, აქ უნდა ადგე და, ვითომც არაფერი, რამდენიმე რუბლი ჩაუცურო ხელში კონდუქტორს. შენ და შენნაირები მას შესცქერით, ის კიდევ – თქვენ, მერე მადლობას გიხდით, და ორივე მხარე კმაყოფილია. ამის შემდეგ მოსულ ყოველ ახალ კონდუქტორთან რამენაირად უნდა მორიგდე, თუმცა მათ უკვე დარცხვენის გარეშე შეგიძლია შესთავაზო გაცილებით მცირე გასამრჯელო, თუნდაც მხოლოდ სასმელი - მეგობრობის ნიშნად.       ღამე ჩამოწვა, უფრო და უფრო ბნელდება. ჩვენს კუპეში სტეარინის ორსანთლიანი აბაჟურია, ამიტომ ცუდი განათებაა და აღარაფერი დაგვრჩენია, გარდა იმისა, რომ დავწვეთ და დავიძინოთ.       ძილშიც და ცხადში ლოკომოტივის სტვენა მესმის. ეს ჩვეულებრივი ორთქლმავლის ხმა როდია, რომელსაც მსოფლიოს ყველა კუთხეში გაიგონებთ, უფრო გემის სტვენის წააგავს. აქ, რუსეთის თვალუწვდენელ პრერიებში, რკინიგზა მართლაც რომ ერთადერთი ხომალდია.       შუაღამისას კუპეში ჩამოწოლილი სიცხე მაღვიძებს. ვცდილობ, ჭერში დამაგრებული ვენტილატორი ჩავრთო, მაგრამ ვერ ვწვდები და თავს ვანებებ. ისევ ვწვები და ვიძინებ.       მზიანი კვირადილა გათენდა, ექვსი საათია. ქალაქ ვორონეჟის სადგურზე ვდგავართ. აქ დაიბადა ალექსეი ვასილევიჩ კოლცოვი, ამ მინდვრებში დადიოდა ის და წერდა. ვერა და ვერ ისწავლა მან უშეცდომოდ წერა მშობლიურ ენაზე, მაგრამ პოეტი იყო და ჯერ კიდევ თექვსმეტი წლისამ შეადგინა ლირიკული ლექსების ერთი ტომი. მამამისს, რომელიც ერთი უბრალო პირუტყვით მოვაჭრე იყო, ყმების ყოლის უფლება არ ჰქონდა, მაგრამ ჰქონდა შესაძლებლობა, და ამიტომ ხან ნაყიდი, ხანაც დაქირავებული ყმები ყოველთვის ჰყავდა მამულში. მათ შორის იყო დუნიაშა, ახალგაზრდა გოგო, რომელიც პოეტ კოლცოვს უყვარდა და მისგანაც საპასუხო გრძნობას ღებულობდა. დუნიაშას უძღვნიდა პოეტი თავის ულამაზეს ლექსებს. საქონლის მოსამწყემსად მინდორში რომ მიდიოდა, იქ წერდა ლექსებს, მონატრებითა და მხურვალე გრძნობებით სავსეს. მაგრამ ერთხელაც, პოეტი საქონლის შესასყიდად სოფლად რომ გაგზავნეს, მამამისმა იდროვა და დუნიაშა ერთ მემამულეს მიჰყიდა, რომელიც შორს, მდინარე დონთან, ცხოვრობდა. დაბრუნდა ახალგაზრდა კოლცოვი სახლში, შეიტყო დუნიაშას ამბავი და ისე ავად გახდა, სიკვდილს ძლივს გადაურჩა. მერე ნელ-ნელა გამოჯანმრთელდა, მაგრამ თავისი დუნიაშა არასოდეს დავიწყებია, ისევ მიჰყო ხელი წერას და საუკეთესო ლექსები შექმნა, ასე კარგად მანამდე არასოდეს დაუწერია. ის, როგორც პოეტი, თავადმა სტანკევიჩმა „აღმოაჩინა“. ამის შემდეგ ჩავიდა კოლცოვი მოსკოვსა და პეტერბურგში, სადაც მთლად გაუბედურდა ლოთობისგან და გარდაიცვალა ოცდათოთხმეტი წლის ასაკში.       და ეს ყველაფერი სიყვარულის გამო მოხდა.       ახლა ვორონეჟში მისი ძეგლი დგას...       გვარდიელმა და ბრილიანტისბეჭდებიანმა ბანოვანმა მეტისმეტი დახუთულობის გამო კუპეს კარი შეაღეს. ვხედავ, უკვე ამდგარან და მომზადებულან, თუმცა ორივეს ნაღვლიანი სახე აქვს. ოო, ცაზე პატარა ღრუბელი გამოჩნდა-მეთქი, გავიფიქრე, მაგრამ მალევე უარვყავი ეს აზრი, რადგან გავიგე, რომ ფრანგულად ჩურჩულებდნენ და ჩვენ დასანახად ნაზად ეალერსებოდნენ ერთმანეთს. ოფიცერმა რომ გასვლა დააპირა, ქალმა მოულოდნელად დაქაჩა უკანიდან, თავი გადაუწია და აკოცა, მერე ერთმანეთს შესცინეს. საკუთარი თავის გარდა, აშკარად, ვერავის ხედავდნენ მთელს მატარებელში. რა შეიძლება იყოს ამაზე უკეთესი! და რა მიხვედრა უნდა იმას, რომ ახალდაქორწინებულები არიან. აღმოჩნდა, რომ სტეარინის სანთელს მთელი ღამე უწვეთია ჩემს სერთუკზე. ახლაღა შევნიშნე, მაგრამ უკვე გვიანია. ისე შევწუხდი, რომ სახე წამეშალა, დანითა და ფრჩხილებით დავიწყე სანთლის ფხეკა. ალბათ, ასე არ წამიხდებოდა ხასიათი, ეს ამბავი რომ სხვასაც დამართოდა, მაგრამ ის გაიძვერა ინჟინერი თავის სერთუკს აბაჟურის ქვეშ ხომ არ დაკიდებდა?! მოსამსახურე პერსონალიდან ერთ-ერთი გამოვიჭირე და მისთვის გაუგებარ ენაზე ვთხოვე, რამენაირად დამხმარებოდა. თანხმობის ნიშნად მან თავი დამიქნია და მხოლოდ ამის შემდეგ შევუშვი ხელი. დარწმუნებული ვარ, რამდენიმე წუთში გამოჩნდება და მიშველის. უკვე წარმოვიდგინე, როგორ მოდის საქმიანი ნაბიჯით ლაქების ამოსაცლელი საშუალებებით აღჭურვილი, თან ცხელი უთო, შალის ნაჭერი, საშრობი ქაღალდი და ტანსაცმლის ჯაგრისიც მოაქვს. ჩემი სერთუკი საშინლად არის დალაქული.       გვერდით ჩერქეზი ოფიცერი მიდგას. აი, როგორ გამოიყურება: გაპრიალებულ ჩექმებში თეთრი შარვალი აქვს ჩატანებული და ყავისფერ ნაოჭასხმულ არაბულ მოსასხამზე - ბურნუსზე ტყავის ქამარი უკეთია. მოუჩანს ქამარში გაჩრილი გრძელი ხანჯალი, რომელსაც ოქროთი მოჭედილი სახელური აქვს, ხოლო მკერდზე ჯვარედინად აქვს ასხმული თვრამეტი მეტალის მილაკი, რომლებიც ამობრუნებულ ძოწის სათითეებს წააგავს. ეს მილაკები მასრების იმიტაციაა. ჩერქეზ ოფიცერს თავზე ასტრახანული ქუდი ახურავს. სომეხმა ებრაელებმა ჩაიარეს. ისინი ვაჭრები არიან, მდიდრები, ვისთვისაც უცხოა ყოველგვარი მიწიერი საზრუნავი. შავი ატლასის ხიფთანებით დადიან და ვერცხლისა და ოქროს ბალთიანი ქამრები უკეთიათ. ორი მათგანი საკმაოდ ლამაზი ჩანს, მაგრამ ახალგაზრდა ბიჭს, რომელიც ამ ორს მიჰყვება, საჭურისის შესახედაობა და დონდლო სხეული აქვს. ზიზღს იწვევს იმის დანახვა, რომ ამ ბიჭს ქალივით ეპყრობიან მისივე თანამგზავრები. რუსეთსა და კავკასიას შორის განუწყვეტლივ მოგზაურობენ ეს ვაჭარი ებრაელები, მთაში მცხოვრებთათვის მიაქვთ სხვადასხვა საქონელი დიდი ქალაქებიდან, იქიდან კი მთიელების მიერ დამზადებულ ქსოვილებსა და ხალიჩებს ეზიდებიან.მატარებელი თავისი გზით მიდის. როგორც ჩანს, მკვეთრად მოვუხვიეთ, რადგან ოცი წუთის შემდეგ ამხელა ვორონეჟს უკვე გვერდიდან შევხედეთ და მალე მისი გუმბათები, შპილები და ათასობით სახლიც თვალს მოეფარა. ახლა მზესუმზირისა და საზამთროს ნათესები უნდა გავიაროთ. ორივე კულტურა ერთად თესია, ერთმანეთის მიყოლებით ერთსა და იმავე მინდორში. საზამთროები მიწაზე დიდი თოვლის გუნდებივით ყრია, მზესუმზირების ოქროსფერი ტყე კი მათ თავზე ლივლივებს. მზესუმზირა ზეთის მისაღებად მოჰყავთ სამხრეთ და ცენტრალურ რუსეთში, დაშაქრული მარცვლებისგან კი უმაღლესი ხარისხის დელიკატესს იღებენ. აქ ყველგან ნახავთ ადამიანებს, რომლებიც მზესუმზირის გულს აკნატუნებენ, ნაჩურჩს კი აფურთხებენ, - ეს აქაურების გასართობია და, ამავე დროს, ყველაზე უვნებელი და სასიამოვნო საღეჭი თამბაქო. კონდუქტორი ჩვენი ბილეთების შემოწმებისას უბოდიშოდ აკნატუნებს მზესუმზირას. კოფოზე შემომსხდარი მეეტლეები, დახლში მდგარი მაღაზიის გამყიდველები, კარდაკარ მოსიარულე ფოსტალიონები, ყველანი მზესუმზირას აკნატუნებენ და ნაჩურჩს იფურთხებიან.       შორს, ჰორიზონტის ხაზთან, მიწიდან ოდნავ ზემოთ, რაღაც მოჩანს შავ ლაქად. ეს რაღაც საჰაერო ბუშტსა ჰგავს, რომელიც თითქოს ასაფრენად გამზადებული ადგილზე გაყინულა და ზემოთ ვეღარ ადისო. როგორც გვითხრეს, ეს ყოფილა უშველებელი ხე, რომლის ვარჯიც თურმე ასეთ შთაბეჭდილებას ტოვებს შორიდან. ამ ადგილებში მას ყველა იცნობს და, უბრალოდ, ხეს ეძახიან.       დონში შევედით.       ურიცხვი რაოდენობის ჩალისა და თივის ზვინები ფუტკრის სკებივით მოჩანს ვაკეზე. აქ ყველგან ქარის წისქვილებია, თუმცა მათგან ჩამი-ჩუმიც არ ისმის, გაყუჩებულნი დგანან. საქონელი უხალისოდ ძოვს ბალახს, გეგონება, არც კი მოძრაობენო. ვცდილობ, დავითვალო, რამდენნი არიან, თან მინდა, ეს სწრაფად გავაკეთო და აი, რა მოვიფიქრე: ჯერ საკმაოდ ზუსტად გადავთვალე ორმოცდაათი სული და თვალზომით მოვნიშნე, რა მოცულობის ადგილი უკავია ამ რაოდენობას საძოვარზე. მერე ცალ თვალს ვხუჭავ, მიზანში ვიღებ იმავე მოცულობას და პირველს ვატოლებ, ეს უკვე ასი სულია. ამის მერე უკვე ასი სულის მიერ დაკავებული მოცულობის მიხედვით ვითვლი და ყურადღებას ვაქცევ იმას, ცხოველები შეჯგუფული არიან თუ დაფანტულები. აი, ასე გამოვთვალე, რომ ამ ნახირში დაახლოებით ათასამდე სული ხარი, ძროხა და ხბო უნდა ყოფილიყო. გრძელი კომბლებით შეიარაღებული ორი-სამი მწყემსი თვალყურს ადევნებს საქონელს. ამ მცხუნვარე მზეში მათ ცხვრის ტყავის ქულაჯები აცვიათ და აუჩქარებლად მოძრაობენ, მიუხედავად იმისა, რომ ძაღლები არ ჰყავთ და სიზარმაცით ფონს ვერ გავლენ. მახსენდება ტეხასის საძოვრები, სადაც ცხენებზე ამხედრებულ მწყემსებს უფლება აქვთ, გამოიყენონ იარაღი მეზობელი მწყემსების წინააღმდეგ, თუ ისინი საქონლის მოპარვას დაუპირებენ. მე თვითონ ასეთი შემთხვევა არ მომეცა, თუმცა რამდენჯერმე ვცადე, კოვბოის ადგილი მომეპოვებინა, მაგრამ მაშინ სხვადასხვა მიზეზის გამო უარს მეუბნებოდნენ ამ სამსახურზე. სხვათა შორის, რაც შეეხება ჩემს ახლომხედველობას, ახლა შორ მანძილზე უფრო კარგად ვხედავ, ვიდრე ათი წლის წინ. თუმცა ეს კია, რომ ღამ-ღამობით ლამფის შუქზე საკითხავად რომ ვჯდები, ოდნავ, სულ ოდნავ, ვგრძნობ თვალებში წკმეტას. ალბათ, მომიწევს გამადიდებელი შუშით მუშაობა, მერე კი იქიდან სულ ერთი ნაბიჯია სათვალესა და ფსალმუნების კითხვამდე. სადგური კოლოდეჟნაია. მატარებელს აქ ძალიან ბევრი ჭრელსამოსიანი ქალი დახვდა. მათ ჩაცმულობაში წითლისა და ლურჯის სიჭარბისაგან გვეჩვენება, თითქოს ჩვენ წინაშე ყაყაჩოების მინდორი ზიმზიმებს. ქალები ხილს ყიდნენ. ჩვენ ყურძენი ვიყიდეთ. უფრო ბევრის ყიდვა მინდოდა, მარაგი რომ შემევსო, მაგრამ ინჟინერმა გადამაფიქრებინა, - ახლა სწორედ ყურძნის მოსავლის აღების დროა და რაც უფრო მივუახლოვდებით კავკასიას, მით უფრო უკეთესი ყურძენი შეგვხვდებაო. ქალები ხვდებიან, რომ ინჟინერი ყიდვაში ხელს მიშლის, თუმცა გაღიზიანებას არ ამჟღავნებენ, რაც გამართლებული იქნებოდა. პირიქით, მეგობრულად ეპყრობიან კაცს, რომელმაც მათი ენა იცის, და ათას რამეზე ელაპარაკებიან. ძლიერი და ჯანმრთელი გლეხის ქალები არიან, ხორბლისფერი სახე, შავი თმა და აპრეხილი ცხვირები აქვთ, თვალები - ყავისფერი. თავსა და ყელზე წითელი და ლურჯი მოსახვევები წაუკრავთ, რადგან კვირადღეა; წითელი და ლურჯი ფერისა აქვთ ქვედაკაბებიც. უმრავლესობას ცხვრის ტყავის ქათიბი მოუსხამს, ბეწვით შიგნით, ზოგსაც - უბრალო ქსოვილისგან შეკერილი და კიდეებზე ცხვრისბეწვშემოვლებული ჯუბა. თუმცა მთელი ეს ბეწვეული ხელს არ უშლით, ფეხშიშველებმა იარონ. ფეხები კი მართლაც მშვენიერი აქვთ.       იწყება სტეპი, თუმცა ჯერ კიდევ გვხვდება ტირიფისა და ცაცხვის კორომები სოფლების განაპირას. თხები ძოვა-ძოვით მიუყვებიან სტეპს. ერთ დიდ არვეში დაახლოებით ოთხას თხას ვითვლი. გზასთან ყველაზე ახლოს მყოფი თხა მატარებლისკენ შემობრუნდა და ჩვენს ყურებაში ჰაერი გაკბიჩა. კვირადღეა და ირგვლივ სრული სიმშვიდე სუფევს. ქარის წისქვილები არ მუშაობს, დროდადრო საეკლესიო ზარების რეკვა გვესმის, ხანდახან ადამიანების ხმაც აღწევს ჩვენამდე. ეს ნამდვილად მრევლია, რომელიც ტაძარში მიდის ან იქიდან მოდის და ყოველდღიურ საქმეებზე ლაპარაკობს. ჩვენშიც ასე იცის ეკლესიისკენ მიმავალმა ხალხმა. როცა სოფლებს ჩავუარეთ, ბავშვებმა ხელი დაგვიქნიეს, შინაური ფრინველები კი სამალავებს ეცნენ, თითქოს მათ სიცოცხლეს ჩვენგან რაიმე საფრთხე ემუქრებოდა.       იმ ოფიცერს მივესალმე, ჩვენი გამყოლი რომ უნდა იყოს კავკასიის მთებში, მაგრამ მან უცნაურად მიპასუხა       უცხო ენაზე. მერე უცბად მიხვდა, ვინ ვიყავი და ორივე ხელი ჩამომართვა... ჯერ ვითომ ვერ მცნობდა, მერე კი კეთილი ინება და გამიხსენა... როგორ გეძინათო? - მომიკითხა. გავწვალდი რუსეთში მგზავრობით, ამიტომ მხოლოდ ერთი კვირა გავჩერდები ვლადიკავკაზში და მერე დავბრუნდებიო. მისნაირი კაცი პიატიგორსკს ნამდვილად არ გაუშვებდა ხელიდან, იქ ხომ უამრავი ქალია!       ამ ებრაული სიფათის ყურებას რა გაუძლებდა, მაგრამ თვითონ დამეხმარა იმაში, რომ მისგან გავთავისუფლებულიყავი. როცა თავი შორს დავიჭირე, მან ეს იყნოსა და სამაგიერო იმით გადამიხადა, რომ ჩემკენ წამოსული, განგებ სხვებთან შეჩერდა, მათ გაუბა ლაპარაკი და მე ზედაც არ შემომხედა. მადლობა ღმერთს!       ახლა ყველა კუპეში ჩაის ადუღებენ და ეწევიან; მწეველთა შორის ბევრი ქალია. ასადუღებელი წყალი სადგურებზე იშოვება, სამოვრები კი მგზავრებს თან დააქვთ. ჩაის სმა გვიან საღამომდე გრძელდება.       თერთმეტი საათია. კუპეში მზე უკვე აუტანლად აცხუნებს. ჩვენ ჭერის საჰაერო გავხსენით და ფანჯარა ნახევარზე დავწიეთ, მაგრამ ახლა გარედან შემოსულმა მტვერმა შეგვაწუხა!       თორმეტ საათზე პატარა სადგურს მივუახლოვდით, რომელსაც პოდგორნოე ჰქვია. ქვიშიან გზაზე, ვხედავთ, ყვავილების გირლიანდებით მორთული ოთხცხენიანი ეტლი მოდის, რომელსაც ცხენებზე ამხედრებული ჯარისკაცები მოუძღვებიან, უკან კი ცხენოსან კაზაკთა ესკორტი მოჰყვება. ეტლი ცარიელია. მთელ ამ შემადგენლობას ფეხით გვერდიგვერდ მოსდევენ გენერალი და ახალგაზრდა ოფიცერი. ორივე უნიფორმაშია გამოწყობილი. ეტლი სადგურთან შეჩერდა. მატარებლის გაჩერებისთანავე კი ესკორტი და ჯარისკაცებიც შედგნენ.       ახალდაქორწინებულთა კუპედან გულამოსკვნილი ტირილისა და ფრანგული შორისდებულების ხმა ისმის. მალე ბრილიანტისბეჭდებიანი ბანოვანი ფერმიხდილი და აღელვებული გამოვიდა გარეთ ტირილისგან ჩაწითლებული თვალებით. მერე ისევ შებრუნდა, კარის ზღურბლზე გვარდიელს გადაეხვია, მობრუნდა და თვალისდახამხამებაში ჩავიდა მატარებლიდან. გვარდიელი, ისიც აღელვებული, ფანჯარას მივარდა და გარეთ დაიწყო ყურება.       ქალბატონმა მიწას შეახო თუ არა ფეხი, იარაღმომარჯვებული ჯარისკაცები ყარაულში ჩადგნენ. როცა ქალი გენერალს ჩაეკრა მკერდში, ირგვლივ მისალმებისა და სიხარულის გამომხატველი ხმები გაისმა ფრანგულ ენაზე; მერე გენერალს გამოეხსნა და ახალგაზრდა ოფიცერს გადაეხვია. ეს სამი ადამიანი უძლიერესი ემოციებით შეპყრობილი ეხვეოდა, ეფერებოდა და კოცნიდა ერთმანეთს. ნუთუ ისინი მამა და შვილები იყვნენ? ფრიად უცნაური შეძახილები კი ჰქონდა ძმას, თუ ის ძმა იყო. ცრემლები აღარ დაგვანახო! – შესძახეს მამაკაცებმა და დაწყნარება და მოფერება დაუწყეს, მაგრამ ქალი კვლავ ცრემლებს აფრქვევდა და მხოლოდ შიგადაშიგ იღიმებოდა. თან ყვებოდა, რომ მოსკოვში ავად გახდა და ამათ მანამდე არაფერი აცნობა ტელეგრაფით, სანამ არ გამოჯანმრთელდა საიმისოდ, რომ მგზავრობა შესძლებოდა. ახალგაზრდა კაცი მას საალერსო სიტყვებით მიმართავს და აღფრთოვანებული ჩანს შეყვარებულის ჭირსა შიგან გამძლეობით, სიდარბაისლითა და, მოკლედ, მისი ყოველმხრივ საოცარი თვისებებით. ინჟინერმა ესკორტის ერთ-ერთი წევრისგან შეიტყო, რომ გენერალი პრინცი ყოფილა, ახალგაზრდები კი მისი ქალიშვილი და სასიძო, რომლებმაც თურმე დღეს, აგერ ახლა, უნდა დაიწერონ ჯვარი. საპატარძლო გამოჯანმრთელდა და სახლში, სწორედ რომ, უკანასკნელ წუთს დაბრუნდა. მადლობა ღმერთს, ყველაფერი კარგად დამთავრდა!       ქალბატონმა ფეხი ადგა ყვავილებით მორთულ ეტლში, გენერალი და მისი სასიძოც თავ-თავის უნაგირიან ცხენებს შემოახტნენ, აქეთ-იქიდან ამოუდგნენ ქალს და მისკენ გადახრილებმა ლაპარაკით განაგრძეს გზა. როცა ეტლმა, მხედრებმა და ჯარისკაცების ესკორტმა მატარებელს ჩაუარა, ქალმა უკან მიიხედა და ხელი დაიქნია, მაგრამ არა ისე, როგორც გამომშვიდობებისას უქნევენ ხოლმე ვინმეს ხელს, არამედ ვითომ ცხვირსახოცი აფრიალა იქამდე, სანამ გაშლიდა და დანიშნულებისამებრ გამოიყენებდა. მალე ლოკომოტივმა ნიშანი მოგვცა და სადგური დავტოვეთ. გვარდიელი კი იწვა ფანჯრის მინაზე სახემიდებული მანამ, ვიდრე ყვავილებით მორთული ეტლი თვალს არ მიეფარა, მერე კარი ჩაკეტა და კარგა ხნით განმარტოვდა სიცხისგან დახუთულ კუპეში.       კუპეს კარი გავაღეთ და რომ გამოვედით, დავინახეთ, ერთი სომეხი მყუდროდ მოკალათებულიყო დერეფანში და ბალიშების გორაზე მიწოლილს გემრიელად ეძინა. ქვეშ დაქარგული ყვითელი აბრეშუმის ლეიბი დაუგია, ზემოდან კი მოწითალო-ყავისფერი პლედი აფარია. ძვირფას ქვეშაგებზე მთელ სიგრძეზე გაშოტილი ღია ფანჯრიდან შემოსული მტვრის ღრუბელშია გახვეული. ჩექმები გაუხდია და დახეული ბამბის წინდებიდან თითები მოუჩანს. თავქვეშ ორი ბალიში უდევს. ბალიშისპირები ძალიან ჭუჭყიანია, მაგრამ ეტყობა, რომ ძვირფასი ნამუშევარია, რადგან პირების შიგნით ოქრომკედით ნაკერი აბრეშუმი მოჩანს.       ახალი მგზავრები გამოჩნდნენ და ისინიც სომეხთან ახლოს, დერეფანში მოკალათდნენ. ეს კავკასიელი თათრები არიან. მათ ქალებს პირბადეები აქვთ ჩამოფარებული, წითელი ბამბის ტანსაცმელი აცვიათ და წყნარად სხედან ბალიშებზე, პირში წყალჩაგუბებულებივით. კაცებს მუქი კანი აქვთ, ზორბა ხალხია; ბურნუსებზე რუხი მოსასხამები მოუგდიათ და წელზე ჭრელი აბრეშუმის ნაჭერი შემოუხვევიათ. სარტყელებზე ქარქაშიანი ხანჯლები ჰკიდიათ, ჯიბის საათები კი გრძელი ვერცხლის ჯაჭვებით აქვთ მიბმული.       ჩვენი ლოკომოტივი ბაქოს გადაუმუშავებელ ნავთობს მოიხმარს და მისი სუნი ასეთ ცხელ ამინდში ქვანახშირის სუნზე უფრო საზიზღარია.       მოულოდნელად, შუა სტეპში მდებარე ერთ ძალიან პატარა სადგურში შევჩერდით. აქ ვლადიკავკაზიდან მომავალ მატარებელს უნდა შევხვდეთ. მის მოლოდინში გარეთ გამოვედით და მუხლი გავშალეთ. მწველი მზეა და წყნარი ამინდი. მგზავრების მრავალრიცხოვანი ნაკადი ერთმანეთში ირევა, ზოგი მღერის, ზოგს ლაპარაკში გაჰყავს დრო. ახალგაზრდა გვარდიელიც გამოჩნდა. დარდი გაუქარვებია. ეტყობა, ჩაკეტილ კუპეში მარტო გატარებულმა საათებმა მასზე კარგად იმოქმედა. ვინ იცის, მთელი ეს ხანი მშვიდი, გამაჯანსაღებელი ძილითაც ეძინა. უკვე სხვა ახალგაზრდა ქალბატონთან ერთად დასეირნობს. ქალი სიგარეტს ეწევა, ქუდი არ ახურავს და დაუდევრად მიუშვერია შავი თმა მზისთვის. ისინი ფრანგულად ურთიერთობენ და ერთმანეთს ლაპარაკს არ აცლიან. მათი სიცილი შორს ისმის. გენერლის ქალიშვილი კი, ის ბრილიანტისბეჭდებიანი ბანოვანი, ამ წუთებში, ალბათ, სულ სხვა კაცის გვერდით დგას საკურთხეველთან.       მატარებლიდან ერთი კაცი ჩამოხტა ფუთით ხელში. სახეზე მოყვითალო-ყავისფერი დაჰკრავს, შავი პრიალა თმა-წვერი აქვს. სპარსი უნდა იყოს. ჩანს, ცარიელ ადგილს ეძებს, მერე თავის ფუთას ხსნის და ტილოს ორ პატარა ნაჭერს მიწაზე აფენს. იხდის ფეხსაცმელს და მე მგონია, რომ დანებითა და ბურთულებით ფოკუსი უნდა ჩაატაროს, მაგრამ შევცდი. ის თურმე ლოცვების აღსავლენად ემზადება, ხიფთანის გულისჯიბიდან რამდენიმე პატარა ქვას იღებს და ტილოებზე აწყობს, მერე მზის მხარეს ბრუნდება და რიტუალს იწყებს: თავდაპირველად რამდენჯერმე ადგა და ჩაიმუხლა. თითქოს, ვერავის ამჩნევს გარშემო შემოკრებილი ხალხის ჯგუფიდან, ქვებისთვის მიუპყრია მზერა და ლოცვაშია ჩაძირული. მერე მუხლებზე დაეცა და მიწაზე მთელი სხეულით რამდენჯერმე განერთხა. ამის შემდეგ ქვების გადაადგილებას იწყებს. ის ქვები, რომლებიც ყველაზე შორს ელაგა, თავისკენ ახლოს, ხელმარცხნივ მოსწია; მერე ადგა, ხელები წინ გაიშვირა, ხელისგულები მზეს მიაპყრო და ტუჩები აამოძრავა. ვლადიკავკაზიდან მომავალმა მატარებელმა ღმუილით ჩაგვიარა და მალე ჩვენმაც სიგნალით გვიხმო. თუმცა სპარსისთვის ამას ოდნავადაც არ შეუშლია ხელი. სანამ ლოცვას არ დაამთავრებს, მატარებელი ვერ წავა, და თუ წავა, ესეც ალაჰის ნება იქნება. ის ისევ მიწაზე ეცემა, ქვებს ადგილს უცვლის და ისე უთავბოლოდ ურევს ერთმანეთში, რომ ვეღარ გამიგია, რა პრინციპით ალაგებს. ახლა ის მარტოა, მგზავრები უკვე ავიდნენ მატარებელში. უნდა იჩქაროთ, ბატონო! - ვამბობ გულში, მაგრამ ის გარკვეულ დროს კვლავ ანდომებს თავის დახრას და ხელების წინ წაწევას. მატარებელი ნელ-ნელა სიჩქარეს კრეფს. გულმხურვალე მლოცველი წამით წყვეტს ყოველგვარ მოძრაობას და ყუჩდება. მერე აუჩქარებლად აგროვებს ქვებს, ტილოებს, ფეხსაცმელებს და მატარებელში ადის. მის მიხრა-მოხრას ოდნავი აჩქარების ნიშან-წყალიც არ ეტყობა. მაყურებლებიდან ვიღაცამ ბრავოსმაგვარი დაიძახა, მაგრამ ეს უდრეკი მუსულმანი არაფრად აგდებს „ურწმუნო ძაღლის“ შეძახილს და დინჯად მიიკვლევს გზას თავისი ადგილისაკენ.       მორიგ სადგურზე, სადაც შესასვენებლად და წყლის ასაღებად გავჩერდით, როგორც იქნა, თვალი მოვკარი რკინიგზის იმ მოსამსახურეს, რომელიც სერთუკიდან სტეარინის მოცილებაში უნდა დამხმარებოდა. ის მატარებლიდან ჩამოსულა და ჩემგან ორი ვაგონის დაშორებით დგას. შორიდან ვესალმები და ვუღიმი, რომ არ დავაფრთხო და არ გავაქციო, რადგან მჭირდება მისი სამსახურით სარგებლობა. როცა მივუახლოვდი, კიდევ უფრო თბილად და გულმოდგინედ გავუღიმე. იმანაც თავი დამიკრა, გამიღიმა და როცა ჩემს სერთუკზე სანთლის თეთრი ზოლი შეამჩნია, ხელებით რაღაც მანიშნა. არაფერი უთქვამს, გაიქცა და თავის ოთახში შევარდა. ახლა კი მოიტანს ცხელ უთოსა და ლაქების ამომყვან საშუალებებს-მეთქი, ვიფიქრე, რადგან მართალია, ვერ გავიგე რა მანიშნა, მაგრამ ჩავთვალე, რომ აუცილებლად დაბრუნდებოდა ჩემ დასახმარებლად. ასე რომ, ვიდექი და ველოდი. ამასობაში მატარებელზე წყლის მარაგი შეავსეს, ორთქლმავალმა კვამლი გამოუშვა, ნიშანი მისცა და დაიძრა. რა უნდა მექნა, ლოდინის დრო აღარ იყო... რამდენჯერმე მომიხდა შეხვედრა იმ ოფიცერთან, მთებში ჩვენს პოტენციურ გამყოლად რომ ვთვლიდით. გუშინდლის მერე ზედაც არ მიყურებს, ჩანს, რაღაც ვაწყენინე. არც მჭირდება, ღმერთმა დამიფაროს! სადგურზე, სადაც ნაშუადღევს ვისადილეთ, ის ჩემ გვერდით იჯდა. სქელი საფულე გამოსაჩენ ადგილას დადო. ამას ჩემ საცდუნებლად ხომ არ გააკეთებდა, უბრალოდ, მაჩვენა, რომ მის საფულეზე ვერცხლის გვირგვინი იყო გამოსახული. თუმცა, ღმერთმა იცის, ის გვირგვინი მართლაც ვერცხლისა იყო თუ არა, ანდა გვირგვინის ტარების უფლება, საერთოდაც, თუ ჰქონდა მის პატრონს. როცა სადილის საფასური გადავიხადე, სიტყვაც არ უთქვამს, არც ჩარეულა საქმეში. გვერდით მჯდომმა მეორე ბატონმა კი მიმითითა, რომ კუთვნილზე ნაკლები ხურდა დამიბრუნეს და იქვე გამოასწორებინა შეცდომა ოფიციანტს. მე წამოვდექი და ჩემს თანამესუფრეს მადლობის ნიშნად თავი დავუკარი.       გადავწყვიტეთ, ის ოფიცერი აღარ გავიყოლოთ მთებში და ვლადიკავკაზშივე მოვიშოროთ თავიდან. საღამოს ცხრა საათზე უკვე უკუნი სიბნელეა. შორს, სტეპში, სოფლის სახლებიდან გამოსული შუქი მოსჩანს, მეტი არაფერი. დროდადრო კი სუსტი სინათლე გაკრთება ხოლმე, რომელიც გზის პირას განცალკევებით მდგომი ჩალით დახურული ქოხებიდან გამოდის. ამ ქოხებში, ალბათ, უკიდურესად ღატაკები ცხოვრობენ. უწყინარი და ბნელი საღამოა, ჩახუთული და ბნელი. კორიდორში ღია ფანჯარასთან ვდგავარ და პლატფორმაზე გამავალი კარიც ღია მაქვს, რომ იქნებ, ჰაერი შემოვიდეს, თუმცა მაინც ისე ცხელა, ცხვირსახოცით წამდაუწუმ ვიწურავ ოფლს. სომეხი ებრაელების სამყოფელიდან მთელ მატარებელში გამოდის სიმღერის ხმა - მსუქანი მოხუცი ებრაელი და ის დონდლო საჭურისი ორ ხმაში მღერიან ერთგვარ ანტიფონიას. ეს მომაბეზრებელი კაკაფონია ძალიან დიდხანს, დაახლოებით, ორი საათი გაგრძელდა. დროდადრო ორივეს ეცინება საკუთარ ნამღერზე, მაგრამ ისევ აგრძელებენ მონოტონურ დუეტს. საჭურისის ხმა ჩიტისას უფრო წააგავს, ვიდრე ადამიანისას.       ღამით როსტოვი გავიარეთ. ამ უზარმაზარ ქალაქში სიბნელის გამო თითქმის შეუძლებელი იყო რაიმეს გარჩევა. ამ სადგურზე ბევრი ჩვენი თანამგზავრი ჩავიდა. პლატფორმაზე ყირგიზები შემოგვხვდნენ. აღმოსავლეთის სტეპებიდან აქ როგორ აღმოჩნდნენ, არ ვიცი, მაგრამ ვიცი, რომ ამ ხალხს ყირგიზებს ეძახიან. ჩემი შეხედულებით, ისინი თათრებისგან დიდად არ განსხვავდებიან, მომთაბარენი არიან და სადაც წავლენ, წინ ცხვრებსა და ძროხებს მიერეკებიან სტეპის საძოვრებისაკენ. ყველაფერთან ერთად, ცხვარი მათი სავაჭრო ერთეულიცაა, რადგან სხვა არაფერი გააჩნიათ: ცოლში ოთხ ცხვარს იხდიან, მაგრამ ძროხა რვა ცხვარი უღირთ; ცხენში ოთხ ძროხას იძლევიან, ხოლო ერთ შაშხანაში - სამ ცხენს. ამის შესახებ სადღაც წავიკითხე. ვუყურებ ამ მუქი ყვითელი ფერისა და ოდნავ ირიბადაჭრილთვალებიან ადამიანებს და მისალმების ნიშნად თავს ვუკრავ. ისინიც მიქნევენ თავს და მიღიმიან. წვრილი ხურდა ფული მივეცი, რამაც ძალიან გაახარა და დიდად დამიმადლეს. ვდგავართ ორი ევროპელი და შევყურებთ ყირგიზებს. მეორეს ცოტა რაღაც მაინც ესმის მათი ენისა და ელაპარაკება. ჩვენი აღქმით, ისინი ლამაზები არ არიან, მაგრამ მწველი მზერა აქვთ; ხელები კი იმდენად მოკლე უჩანთ, რომ უსუსურობის შთაბეჭდილებას ტოვებენ. მამაკაცებს ცხვრის ტყავისგან შეკერილი ტანისამოსი და წითელი ან მწვანე სამხედრო ჩექმები აცვიათ. იარაღად ბებუთსა და შუბს ხმარობენ. ქალები ბამბის ჭრელაჭრულა კაბებში არიან გამოწყობილი; ერთს მელიისბეწვშემოვლებული ჩალის ქუდი ახურავს. არანაირი სამკაული არ უკეთიათ და ძალიან ღარიბულად გამოიყურებიან. ჩემ გვერდით მდგომმა ევროპელმა მათ ერთი რუბლი აჩუქა, რამაც ისინი ძლიერ გაახარა. კიდევ ერთხელ გადაიხადეს მადლობა და ფული თავსაფარში გაახვიეს.       ლამაზი, კრიალა დილა გათენდა სტეპში; მაღალი ბალახი უკვე გაყავისფერებულა და ქარში ოდნავ შრიალებს. ოთხივ კუთხით თვალუწვდენელ მანძილზეა გადაჭიმული მინდვრები.       სამი სახის სტეპი არსებობს: ბალახოვანი, ქვიშიანი და მლაშობი. აქ მხოლოდ ბალახოვანი სტეპია. ადრე გაზაფხულზე ამობიბინებული ბალახი ივლისისთვის უკვე ხმება, შრება და უვარგისია საქონლის გამოსაკვებად. როცა შემოდგომა ახლოვდება, როგორც ახლა, ძლიერი წვიმები უფრო ხშირად მოდის, ხოლო მზე ისეთი მცხუნვარე აღარაა და გადამხმარი ჩალის ქვეშ სწრაფად იწყებს ზრდას ნორჩი, ხასხასა, რბილი ბალახი, რასაც უამრავი ლამაზი ყვავილიც მოჰყვება. ცხოველები, მწერები და ფრინველები იღვიძებენ, შორიდან გადამფრენი ჩიტების განსხვავებული ხმები და გადაძახილები ისმის, ხოლო ჰაერში პეპლები დაფარფატებენ. თუმცა, თუ ყურადღებით არ დააკვირდები, შეუძლებელია, ერთი მილის რადიუსში გადამხმარი ბალახის გარდა სხვა რამ დაინახო. წელიწადის ამ დროს სტეპი ყვითელ უდაბნოს უფრო ჰგავს, ვიდრე მოლივლივე ზღვას.       სტეპის ბინადარ ხალხებს შორის კაზაკებმა ყველაზე ღრმად განიცადეს და ყველაზე ლამაზად უმღერეს სტეპის სილამაზეს. არც ყალმუხებს, არც ყირგიზებსა და არც თათრებს თავიანთი სტეპების მიმართ არ გამოუმჟღავნებიათ იმდენი სიყვარული, რამდენიც კაზაკებს, თუმცაღა სტეპი ერთნაირად ძვირფასია რუსეთის ვრცელ მიწაზე მცხოვრები ყველა ხალხისთვის. კაზაკები განსხვავდებიან სტეპის დანარჩენ მობინადრეთაგან უპირველესად იმით, რომ ისინი ამ ადგილების მკვიდრი მოსახლეები არიან, მაშინ, როცა სხვები აქ მოგვიანებით მოვიდნენ, როგორც ოქროს ურდოს შთამომავლები; მეორე განმასხვავებელი ნიშანი ის არის, რომ კაზაკები მეომრები არიან, სხვები კი - მიწათმოქმედნი და მესაქონლენი. ისინი არასდროს ყოფილან ხანის, პანის ან ბოიარის ყმები, სხვები კი იყვნენ. სადღაც წამიკითხავს, რომ „კაზაკი“ „თავისუფალ ადამიანს“ ნიშნავს.       კაზაკები საკუთარ ქვეყანაში ცხოვრობენ. ისინი საკმაო რაოდენობით ფლობენ ზედა ნაყოფიერ მიწებს, გათავისუფლებულნი არიან საიმპერიო გადასახადებისაგან, მაგრამ ომის შემთხვევაში თვითონ უნდა შეიძინონ იარაღი და სათანადო აღჭურვილობა. მშვიდობიანობის დროს ისინი მესაქონლეობასაც ეწევიან და მიწასაც ამუშავებენ; მოჰყავთ სიმინდი, ხორბალი და ყურძენი. ომის დროს კაზაკთა დანაყოფები თავისი სიმამაცით აღემატებიან ისედაც ძლევამოსილი რუსული არმიის დანარჩენ შემადგენლობას. ახლა სწორედ კაზაკების სამშობლოში ვართ.       აგერ, ცარიელ სტეპში, ყველა სადგურისა და ყველა ქალაქისგან მოშორებით, მიდის ოთხთვალა, რომლითაც მგზავრობს ოფიცერი წითელზოლიანი ქუდით. მას კაზაკების ესკორტი მისდევს. ოთხთვალას გეზი რკინიგზის გადასწვრივ აქვს აღებული - ალბათ, ქალაქში მიიჩქარის. აქ სადღაც, სტეპში უნდა იყოს სადმე სტანიცა - კაზაკური ქალაქი, მაგრამ ჩვენ მას ვერ ვხედავთ, რადგან დედამიწა მრგვალია და ბრუნავს. ცოტა ხნის შემდეგ ჩავუარეთ თათრების აულს. მათი კარვის ფორმის იურტები თივის ზვინებივით დგას. თათრებს ყველგან შეხვდებით სამხრეთ რუსეთში, მათ შორის, აქაც, კაზაკების ქვეყანაში. ისინი ნამდვილი მესაქონლენი არიან, შრომისმოყვარე და ნიჭიერი ხალხი; ყველამ, გამონაკლისის გარეშე, იცის წერა-კითხვა. კაზაკებს შორის კი, როგორც მსმენია, არც ისე ბევრია წერა-კითხვის მცოდნე.       ერთ-ერთი სომეხი ებრაელი რაღაცას მეუბნება, საიდანაც მხოლოდ სახელი „პეტროვსკი“ მესმის. ნიეტ, - ვპასუხობ მე კარგი რუსულით, - ნიეტ, ვლადიკავკაზი, ტიფლისი-მეთქი. ის თავს მიქნევს და, ეტყობა, რომ ყველა სიტყვა გაიგო. ასე რომ, შემიძლია საუბარი რუსულად წარვმართო. მისმენდეს ახლა რომელიმე ჩემიანი! ვიფიქრე, ალბათ, ებრაელს სტეპში ოთხთვალათი მიმავალი ოფიცრის დანახვა უნდა-მეთქი და ჭოგრიტი გავუწოდე, მან კი უარის ნიშნად თავი გააქნია და არ გამომართვა. სანაცვლოდ, თვითონ მოიხსნა გრძელ ვერცხლის ჯაჭვზე დაკიდებული ვერცხლისავე ჯიბის საათი, ცხვირთან მომიტანა და მითხრა: ვოსემდესიატ რუბლეი! სასწრაფოდ ჩემ ფურცელს ჩავხედე, სადაც რიცხვების რუსული სახელწოდებები მქონდა ჩამოწერილი, და დავაზუსტე, რომ საათის სანაცვლოდ ოთხმოც რუბლს მთხოვდა. ცნობისმოყვარეობის მიზნით დავხედე - სქელი, დიდი საათი იყო და ძველებურ ლილვა-საათებს წააგავდა. ყურთანაც მივიტანე, მაგრამ გაჩერებული აღმოჩნდა. მაშინ, ებრაელის გასაკვირვებლად, ჯიბიდან ჩემი ოქროს საათი ამოვიღე. მაგრამ მას აღელვების ნიშან-წყალიც არ დასტყობი., ამით თითქოს მხოლოდ ის გაიგო, რომ მეც მქონდა საათი, რომელიც, აუცილებლობის შემთხვევაში, შემეძლო, დამეგირავებინა. დავფიქრდი, რა ეღირებოდა მისი საათი და დავასკვენი, - ალბათ, ასე, ათი კრონა-მეთქი, მაგრამ ჩემი? - ორმოც კრონად მაინც შემიფასებენ-მეთქი, ვიფიქრე. შედარებაც არ შეიძლებოდა! ნიეტ, – ვუთხარი მტკიცედ და საათი დავუბრუნე. ებრაელმა საათი აიღო, შეყოვნდა და მერე თავი გადაიქნია. მოკლედ, ერთხელ კიდევ ავიღე მისი საათი ხელში და მივუთითე, რამდენად ძველი და შელახული იყო; ყურზეც მივიდე და ვანიშნე, რომ იქიდან ჩქამიც არ ისმოდა და მოკლედ მოვჭერი: სტაიუ! აღარ მინდოდა მასთან ლაპარაკის გაგრძელება. ებრაელმა მაშინ კი ჩაიღიმა და საათი გამომართვა. მანიშნა, რომ ახლა რაღაცის გაკეთებას აპირებდა. მერე საათს უკანა ნაწილი მოხსნა და მაჩვენა. შესანიშნავი სანახაობა გადამეშალა თვალწინ - ძვირფასი ნაკეთობა იყო და მისი ყველა ჭანჭიკი პრიალებდა, თუმცა გასაგიჟებელი მაინც არაფერი იყო. მაგრამ ებრაელმა მთხოვა, თვალყური მედევნებინა იმისთვის, რაც ამის შემდეგ მოხდებოდა. მან კიდევ ერთი მოსევადებული თავსახური გახსნა და შიგ ჩამახედა - ჩემ თვალწინ ერთობ უხამსი სურათი გადაიშალა. ებრაელი ამ სურათმა მხიარულ გუნებზე დააყენა - იცინის, თავს აქეთ-იქით აქნევს და თვალს არ აშორებს. შიგადაშიგ შემომძახებს ხოლმე, უნდა, მეც კარგად დავინახო, რა ხდება. მერე საათს გასაღები მოარგო და ნახევრად გადაატრიალა, - საათი ამუშავდა. თუმცა მხოლოდ საათი არა, მასთან ერთად სურათიც ამოძრავდა. იმავე წუთს ჩემ გუნებაში დავეთანხმე ებრაელს, რომ მისი საათი უფრო მეტი ეღირებოდა, ვიდრე ჩემი; რომ ნამდვილად მოიძებნებოდნენ ისეთი მყიდველები, რომლებიც მასში ბევრს გადაიხდიდნენ და უფრო ძვირად შეაფასებდნენ.       ამას რომ ვფიქრობდი, ებრაელმა შემომხედა და მითხრა: პიატი ტისიაჩა! ხუთი ათასი?! - შევყვირე გაოგნებისგან, რადგან ამდენს მაინც არ მოველოდი. ებრაელმა საათი დაკეტა, ჯიბეში ჩაიცურა და თავისი გზით წავიდა. ბებერი გაიძვერა! წარმოგიდგენიათ, ათი ათასი კრონა ერთი უზნეო საათისთვის?! ჩემზე ლმობიერ ადამიანს რომ შეხვედროდა, გარიგება უსათუოდ შედგებოდა. ნახეთ? ჯერ საათის დაქოქვა არ უნდოდა, მერე კი, როცა დასჭირდა, გასაღები მხოლოდ ნახევრად გადაატრიალა, რომ ძვირადღირებული მექანიზმი დაეზოგა...       ჯერ მხოლოდ ცხრა საათია, მაგრამ მზე ისე აცხუნებს, როგორც გუშინ თერთმეტ საათზე. თავი ჩრდილს შევაფარეთ. აქ, სტეპში, ჩვენთვის ნაცნობი ზოგიერთი ყვავილი ვიპოვეთ: ვარდისფერი ტუხტი, ბაია და მაჩიტა. ლანდშაფტი, ძირითადად, ისეთივეა, როგორიც გუშინ გამოვიარეთ: ვაკე და დაბლობი. ირგვლივ სულ დაბლობებია, ჭვავის ყანები, სიმინდის ყანები, ნახირი, ცხვარი. თივა და ჩალა ყრია აქა-იქ, ზოგან სოფლები ტირიფებშია ჩაფლული. სტეპის მცხოვრებთ ხეც ხომ სჭირდებათ, ამიტომ დიდ სტანიცებში ეკლესიებთან ახლოს აკაციებია გაშენებული. ყველგან, სადაც გაიხედავ, ადამიანები და ცხენები მიწაზე სამუშაოდ არიან გამოშლილი. შორს ცხვრის ფარა მოსჩანს, რომელსაც ზემოდან არწივი დასტრიალებს.       ძალიან ნელა, თითქმის შეუმჩნევლად მივიწევთ წინ. ამერიკაში კონდუქტორობის დროს მიღებული გამოცდილების წყალობით სულ იოლად შემიძლია, მატარებლიდან გადმოვხტე, ბოლო ვაგონს დაველოდო და ისევ შევახტე. ახლა გზის იმ მონაკვეთს გავდივართ, რომელსაც არემონტებენ და ამიტომ ნელა ვმოძრაობთ. ჭამის დროა და რკინიგზის მუშები კარვის ჩრდილს არიან შეფარებული, თუმცა მატარებლის დანახვაზე კარვიდან იჭყიტებიან და აქედან თავისუფლად შეგვიძლია მათ შორის კაცებისა და ქალების გარჩევა. კარვის გარეთ ძაღლი ზის და გვიღრენს.       სადგური ტიხორეცკაია. ჩვენი თანამგზავრი ინჟინრისათვის შარშან ამ სადგურზე ფული მოუპარავთ. ბუფეტთან მდგარა ლუდის ბოთლით ხელში. ის ის იყო ჭიქა პირთან მიიტანა, რომ იგრძნო, თითქოს ტანსაცმელზე დაქაჩეს. ჭიქა მაინც ბოლომდე გამოუცლია და მერეღა მოუსინჯავს გულის ჯიბე, მაგრამ საფულე უკვე გამქრალიყო. ქურდიც აღარსად ჩანდა. ის იმდენად ხარბი იყო, რომ, ეტყობა, ერთდროულად ბევრი ფულის შოვნა უნდოდა და, ცხადია, თავის ხელობას მთელ მატარებელში გამოსცდიდა, მაგრამ სწორედ იმ დროს ჩაუჭერიათ, როცა ერთი ოფიცრის ჩემოდნის გათრევას აპირებდა. გამოუძახიათ ჟანდარმი, ქურდი დაუკავებიათ და ინჟინრისთვის იქვე დაუბრუნებიათ თავისი ფული. ალბათ, ეს ყველაფერი ასე სწრაფად არ მოხდებოდა, ვინმე სხვა რომ გაეძარცვათ, მაგრამ ინჟინერი ხომ სხვებს არ ჰგავს?! შემოვედით სადგურ კავკაზსკაიაში, სადაც თხუთმეტი წუთი გვაქვს საუზმისთვის. აქედან იწყება კავკასია. ირგვლივ სიმინდის უზარმაზარი ყანები და მზესუმზირის თვალუწვდენელი ბაღებია. თანდათან ვენახებიც მომრავლდა. მარცხნივ თავადის მამული მოჩანს. ჭოგრიტით გავყურებ ფლიგელებიან და გუმბათებიან სასახლეს, რომლის სახურავიც მკვეთრ მწვანე ფერად ლაპლაპებს. სასახლის გარშემო მოოქროვილი წითელი სახურავებით გადახურული სხვა უამრავი შენობაც დგას. სასახლის უკან ტყეა, უფრო სწორად, პარკი. და ეს ყველაფერი სტეპის შუაგულში, შავმიწა ნიადაგზეა გაშენებული. მეჩვენება თუ რა არის, არ ვიცი, სასახლე, თითქოს, ჰაერშია გამოკიდული, მიწიდან ოდნავ აზიდულა და ნელ-ნელა ჰორიზონტის ხაზს უახლოვდება. სორია მორია...       რაც უფრო ვუახლოვდებით მთებს, მით უფრო მცირდება ხალხი მატარებელში. აბრეშუმის ქვეშაგების პატრონმა სხვა, უფრო მზიანი, ადგილი ამოარჩია მოსასვენებლად, მე კი ჩრდილის ძებნაში მისი ადგილი დავიკავე. თუმცა, მანამდე, ყოველი შემთხვევისათვის, დიდხანს და საგულდაგულოდ ვწმინდე ჯაგრისით - არ ვიცი, რატომ, მაგრამ ის პატიოსანი სომეხი მთლად მოხერხებულად ვერ იწვა თავის ქვეშაგებში.       გადის დრო.       არმავიროვის სადგურზე, ამავე სახელწოდების ქალაქში, კიდევ ვიყიდეთ მსხალი და ყურძენი. აქაური ყურძენი ყველაზე საუკეთესოა მათ შორის, რაც ჩემს სიცოცხლეში გამისინჯავს და, ცოტა არ იყოს, მრცხვენია იმის გამო, რომ აქამდე სიამოვნებით გეახლებოდით ისეთ უმსგავსობას, როგორიცაა ევროპული ყურძენი. აქაურთან შედარებით ფრანგული, გერმანული, უნგრული და ბერძნული ყურძენი მჟავე ტყის კენკრად მოგეჩვენებათ. აქაური პირში გადნება, კანი თითქმის განუყოფელია რბილობისგან - კანსაც ვერ დაარქმევ, უთხელესი საფარველია, პირში არც კი იგრძნობა. ასეთია ნამდვილი კავკასიური ყურძენი - ფერად ისეთივე, როგორიც სხვაგან: ქარვისფერი, მწვანე და მუქი ლურჯი, ხოლო ზომით, ვფიქრობ, - ოდნავ უფრო მსხვილი. სადგურის პლატფორმაზე ერთი ახალგაზრდა ჩერქეზი ოფიცერი დააბიჯებს. აი, როგორ გამოიყურება: აცვია გაპრიალებული სამხედრო ჩექმა კიდეზე ოქროს ბალთით; ყავისფერი ქსოვილის ჩერქეზკა, რომელიც ლამის კოჭებამდე სწვდება, წელთან ნაოჭასხმულია მოოქროვილი ქამრით; ქამარში ირიბად გაუჩრია ოქროსვადიანი ბებუთი. მკერდზე თვრამეტი მოოქროვილი მასრის თავი, ხოლო თეძოსთან - გრძელი ვიწრო ხმალი მოუჩანს. ხმალი, რომლის ვადაც ფირუზებითაა მოოჭვილი, მიწამდე დასთრევს. აცვია თეთრი აბრეშუმის, არ ვიცი, პერანგი თუ შიდა საცვალი; ჩერკეზკა მკერდთან ჩახსნილი აქვს და ეს თეთრი აბრეშუმი ვერცხლივით ბრწყინავს მზეზე. შავი პრიალა თმა აქვს და თოვლივით თეთრი, ცხვრის გრძელბეწვიანი ტიბეტური ფაფახი ახურავს. ფაფახის ბეწვი შუბლსქვემოთამდე სწვდება. მისი ჩაცმულობა დახვეწილი კაცის შთაბეჭდილებას ტოვებს, თუმცა ამას ვერ იტყვით მის გამომეტყველებაზე. მითხრეს, რომ ასეთი ჩაცმულობა საყოველთაოდ რეგლამენტირებული უნიფორმაა, თუმცა რაც სხვას სელის ქსოვილისა აცვია, მას აბრეშუმისა ჰქონია, ხოლო რაც სხვას თითბერისა აქვს, ის ოქროსას ატარებს. თავადის ვაჟი ყოფილა. სადგურზე ყველა ესალმება და ისიც ყველას პასუხობს. ზოგს ლაპარაკსაც გაუბამს და მერე მშვიდად ისმენს ხანგრძლივ საპასუხო სიტყვას. ეკითხება ხალხს, თუ როგორ ცხოვრობენ, საქმეები როგორ მისდით, ცოლები და ბავშვები როგორ ჰყავთ. ეტყობა, რომ არასასიამოვნოს არავის არაფერს ეუბნება, რადგან ყველა მადლობას უხდის და მასთან შეხვედრით კმაყოფილი ჩანს. ორი „მუჟიკი“, რომლებსაც უბრალო პერანგებზე ტყავის ქამრები აქვთ შემოჭერილი, ოფიცერს წამოეწია და მიესალმა. ქუდები მოიშვლიპეს, იღლიაში ამოიჩარეს, თავი დაუკრეს და რაღაცა უთხრეს. იმათაც გულისყურით უსმენს ახალგაზრდა ოფიცერი და პასუხობს კიდეც, რითაც გლეხები კმაყოფილი ჩანან, მაგრამ არ ჩერდებიან, რაღაცის ახსნას ცდილობენ და ერთმანეთს არ აცლიან სიტყვის თქმას. ოფიცერი ერთი შეძახილით ყაყანს აწყვეტინებს მათ და მუჟიკებიც ქუდებს იხურავენ. ქუდების დახურვა ოფიცერმა უბრძანა მუჟიკებს, რადგან მზე ძალიან აჭერდა. მერე კი გლეხები ისევ ალაპარაკდნენ. ამჯერად ოფიცერი იცინის, უარის ნიშნად თავს აქნევს და ამბობს: „ნიეტ“, „ნიეტ“ და თავისი გზით მიდის. მუჟიკები თავს მაინც არ ანებებენ და უკან მიჰყვებიან. ოფიცერი უეცრად ტრიალდება, თითს იშვერს მათკენ და ამბობს: „სტაიატ“! მუჟიკები შედგნენ, თუმცა ბუზღუნებენ და ისევ ცდილობენ დალაპარაკებას. ხალხს მათ ზმუკუნზე ეცინება, თან ამ საქციელის გამო საყვედურობენ, გონს მოსვლას ურჩევენ, თუმცა მუჟიკებს არაფერი ეყურებათ. მატარებელი დაიძრა, მაგრამ მათი წუწუნის ხმა ჯერ კიდევ აღწევს ჩემამდე.       ვდგავარ და იმ ოფიცერსა და მუჟიკებზე ვფიქრობ. ალბათ, ის მათი ბატონი იყო, ალბათ იმ ქალაქის მფლობელია, ჩვენ რომ ვიყავით გაჩერებული. იქნებ ის სორია-მორია სასახლეც მას ეკუთვნის, ამ დილით რომ დავინახეთ, და კიდევ ის ნაყოფიერი მიწები, სასახლის აქეთ რაც გამოვიარეთ?! შეჩერდითო, - უბრძანა მან მუჟიკებს და ისინიც დაემორჩილნენ. ერთხელ, ნიკოლოზ პირველს სანკტ-პეტერბურგის ქუჩებში განრისხებული ხალხის ბრბო რომ დაედევნა, შემოტრიალდა მეფე, ბრძანების ნიშნად ხელი გაიშვირა და საშინელი ხმით იყვირა: დაიჩოქეთ! და ხალხიც დაემხო მუხლებზე.       ადამიანი ემორჩილება იმას, ვინც ბრძანებას გასცემს. ექსტაზში ჩავარდნილი ხალხი ემორჩილებოდა ნაპოლეონსაც. არის რაღაც ტკბობა მორჩილებაში, რუსმა ხალხმა კი ეს კარგად იცის.       თავის ნაშრომში პეტრე დიდზე ვალიშევსკი ყვება: როცა ბერგჰოლცი 1722 წელს მოსკოვში ყოფილა, სამი ტუსაღის ბორბალზე გაკვრას დასწრებია. მათი დასჯა უკიდურესი სისასტიკით განხორციელებულა. კანონდამრღვევთა შორის უხუცესი ექვსსაათიანი წამების შემდეგ გარდაცვლილა, ორმა კი გაუძლო. ერთ-ერთმა ამ ორიდან გაუსაძლისი ტანჯვის დროს ოდნავ რომ ასწია თურმე დასახიჩრებული ხელი სახის შესამშრალებლად, შენიშნა, რომ მისი სისხლის რამდენიმე წვეთი იმ ბორბალსაც შესხმოდა, რომელზედაც თვითონ იყო გაკრული. მაშინ კიდევ ერთხელ აუწევია მტკივანი ხელი და, რამდენადაც შეეძლო, გადაუწმენდია სისხლი. ასეთ ხალხთან ერთად ბევრის მიღწევა შეიძლება, მაგრამ როცა საქმე ეხება ამ ხალხის თანდაყოლილ ინსტიქტებს, მათ რწმენასა და წარმოდგენებს, ლმობიერი მოპყრობით არაფერი გამოვა. ასეთ დროს მხოლოდ ბრძანებას თუ დაემორჩილებიან და ისიც მხოლოდ მეფისას. შეჩერდითო! - ბრძანა ოფიცერმა და მუჟიკებიც შედგნენ...       ერთი ბატონი რაღაცას მეუბნება. სიტყვები არ მესმის, მაგრამ სერთუკზე მიმითითებს და ვხვდები, რომ სტეარინის ლაქებზე მელაპარაკება. მე ჩემს მშობლიურ ნორვეგიულ ენაზე ვუხსნი, რომ ერთ კაცს ველოდები, რომელიც ნაირ-ნაირი სითხეებითა და ცხელი უთოთი აღჭურვილი უნდა მოვიდეს და მიხსნას ამ გასაჭირისგან. ჩემს მოსაუბრეს სახეზე თანაგრძნობის გამომეტყველება აღებეჭდა, თითქოს იმის დასტურად, რომ არ სჯეროდა იმ უცნობის გამოჩენისა და დაუყოვნებლივ დაიწყო თავისი მკლავით ჩემი სერთუკიდან სანთლის მოცილება. პენსნე უკეთია, მაგრამ სათვალე რომ ჩამოუვარდა, ვერც კი შენიშნა და საქმე გააგრძელა. ცოტა ხნის შემდეგ ლაქები თითქმის აღარ ჩანდა. ჩემდა გასაოცრად, ვხედავ, თურმე ექსპერტი გვერდში მყოლია და ის ავადსახსენებელი თეთრი ზოლი, როგორც იქნა, გაქრა ჩემი სერთუკიდან. ვიწყებ იმაზე ფიქრს, თუ რით დავასაჩუქრო ეს ადამიანი - კარტით, სიგარეტით თუ ფულით. გადავწყვიტე, რომ კარტის ჩუქება უფრო ელეგანტური იქნებოდა, მაგრამ ვეძებე და ვერსად ვიპოვე. ნამდვილად, ბარგში გდია სადმე და გამოჩნდება, მაგრამ ახლა რა უნდა ვიღონო? ბოლოს, მადლობით შემოვიფარგლე - ჩემთვის ნაცნობ ყველა ენაზე წარმოვთქვი სამადლობელი სიტყვა და უდიდესი მადლიერება გამოვხატე. ის იღიმება და ჩემი სიტყვების დასტურად მთელი ძალით მიქნევს თავს. ჩვენს მეგობრობას თითქოს სამუდამო განშორების პირი უჩანს, მაგრამ მან ახლა რუსულად გამიბა ლაპარაკი. რასაკვირველია, ყველაფერი არ მესმის, ეს შეუძლებელიცაა, მაგრამ სტეარინზე რომ ლაპარაკობს, ეგ კი გავიგე, ვინაიდან ეს სიტყვა მრავალჯერ ახსენა. ასე თუ ისე, მისი საუბრის მთავარ თემას ჩავწვდი, მაგრამ რა უნდა ვუპასუხო? მას ჩემი ენისა არაფერი ესმის. მან ახლა სხვები მოიხმო და ისინიც ჩართო ჩვენს საუბარში. საბოლოოდ, ჩემი ჩათვლით, ათნი შევიკრიბეთ. ამ სიტუაციაში არ შემიძლია, ჩუმად ვიყო, ვიწყებ ნორვეგიულად ლაპარაკს და ვლაპარაკობ საკმაოდ დიდხანს. შედეგმა მოლოდინს გადააჭარბა. მოსაუბრენი თანხმობის ნიშნად თავს მიქნევენ, როცა რაღაცას დიდი რიხით წარმოვთქვამ და დანარჩენების ხმებს ვფარავ. ჩემს მსმენელთა შორის აღმოჩნდა რკინიგზის ის მუშაკიც, რომელიც არაერთხელ დამპირდა დახმარებას და როცა მას ჩემი გასუფთავებული სერთუკი ვაჩვენე, რაღაც ჩაილაპარაკა და კმაყოფილმა დამიქნია თავი.       ჩემმა თანამგზავრმა კუპეს კარიდან გამოგვხედა. უნდოდა, დაენახა, რა ხალხი იყო ის ნორვეგიელები, რომლებსაც მე ველაპარაკებოდი. მერე შიგნიდან ხმამაღალი და უზრდელური სიცილი შემოგვესმა, რამაც ჩემი თანამოსაუბრენი შეაცბუნა. მათ სათითაოდ შეწყვიტეს საუბარი და ნელ-ნელა, ერთმანეთის მიყოლებით, გაიკრიფნენ.       ერთ პატარა სტანიცასთან, სადაც მატარებელი გაჩერდა, პირდაპირ გატკეპნილ აყალო მიწაზე ლეწავდნენ პურს. კალო ძნებითაა მოფენილი. ცხენებსა და ხარებს ხორბალზე მანამ ატარებენ, სანამ კევრიდან სუფთა ხორბლის მარცვლები არ გადმოცვივდება. ასე ლეწავენ აქ კალოს. აღარ მაკვირვებს ის ამბავი, რომ რუსულ ხორბალში ამდენი ქვიშა და კენჭი ურევია. ნურლანდში გატარებული ბავშვობიდან მახსოვს, რომ ფინმარკელ მეთევზეებს სახლში არხანგელსკური ხორბალი მიჰქონდათ და მამაჩემს თავის პატარა წისქვილში უძნელდებოდა ქვიშიანი და კენჭებიანი ხორბლის დაფქვა. ჰო, ერთხელ ისიც მახსოვს, რომ ჩვენი წისქვილის ქვამ ნაპერწკლები გაყარა, როცა იქ რუსული ხორბალი იფქვებოდა, მე კი ეს ამბავი საოცრებად მომეჩვენა. მაშინ კალოს გალეწვის ყველა მეთოდი არ მქონდა ნანახი, ახლა კი ბევრი რამ ვიცი. მაგალითად, ამერიკის თვალუწვდენელ ყანებში ჩვენ ორთქლის უზარმაზარი სალეწი მანქანით ვლეწავდით ხორბალს და მისი გავლის შემდეგ მიწის, ჩალისა და ნამჯის ბუღი ღრუბელივით ჩამოწვებოდა ხოლმე პრერიების თავზე. მაგრამ ყველაზე სახალისო კალოს გალეწვის ის მეთოდი იყო, რომელიც ჩვენ აქ ვნახეთ - ახალგაზრდა კაზაკი გოგონები კალოს ხარებით ლეწავდნენ. დიდი, გრძელი წკეპლები ორივე ხელით ეჭირათ, გამამხნევებლად ურტყამდნენ საქონელს და ჰაერში წკეპლების შხუილისაგან ღვლარჭნილი ფიგურები იხატებოდა. ეს გოგონები სულაც არ იყვნენ ზორბა და მსუქნები და არც თავიდან ფეხებამდე ჩაცმულები, უფრო - პირიქით. ყანა ოდნავ უფრო მეტად ღელავს, წეღანდელივით მშვიდად აღარ ლივლივებს. შორს, ძალიან შორს, მარცხნივ, ცის ფონზე მთაგრეხილი გამოჩნდა – ეს უკვე კავკასიონის დასაწყისია. ამ მხარეში ძალიან ნაყოფიერი მიწებია, ვაკეზე გაშენებული ქალაქები ნელ-ნელა მატულობს, ხოლო მთის კალთებზე სოფლებია შეფენილი. ბევრია ვენახი და ხეხილის ბაღი, თუმცა არსად ჩანს ტყიანი მასივები; მხოლოდ აკაციის პატარა კორომებია დასახლებების განაპირას. სიცხე მატულობს, კუპეში მორიგეობით შევდივართ და ყველაზე თხელ და გრილ საცვლებს ვიცვამთ.       ტელეგრაფის ბოძებს, რომლებიც ჩვენს გზას მოჰყვება, ხან უფრო მეტი მავთული აქვს, ხან კი - ნაკლები. ამ ადგილებში ცხრამავთულიანი ბოძებია.       სიცხე მატულობს და ეს, ცოტა არ იყოს, მაოცებს, რადგან გაცილებით სამხრეთით მდებარე ქვეყნებშიც ნამყოფი ვარ და იქ ასეთი სიცხე არ მინახავს. მართალია, აღმოსავლეთში ვართ, მაგრამ იმ ფაქტს ხომ ვერსად წაუვალთ, რომ იმავე განედზე ვიმყოფებით, რომელზეც სერბეთი, ჩრდილოეთ იტალია და სამხრეთ საფრანგეთი არიან განლაგებული?! თითქოს ნიავიც უბერავს და შეხუთულობაც არ იგრძნობა, ვაგონის ორივე მხარეს ყველა კარი და ფანჯარა ღიაა და ისეთი ორპირია, ქუდები ხელით გვიჭირავს. თუმცა იმდენად ცხელი ქარი უბერავს, რომ ძლივს ვსუნთქავთ. სახეზე პიონებივით ავწითლდით, ქალებს სახეები შეუშუპდათ და ჩვენ ერთბაშად გადიდებული ცხვირების გამო მათ დავცინეთ. რა თქმა უნდა, დილით თითოეულმა მათგანმა გულმოდგინედ იბანავა და სწორედ ამიტომ გადაეხადათ სამაგიერო - გადაჭარბებისთვის ხომ ყოველთვის ისჯებიან. ამიტომ მატარებლით ხანგრძლივი მოგზაურობის დროს, სჯობს, თან იქონიო ჩვარი, რომლითაც სახეს შეიმშრალებ.       ბაქოდან მომავალი მატარებელი შემოგვხვდა, ნავთობითა და ბენზინით დატვირთული, და მისმა სუნმა კიდევ უფრო დაამძიმა ისედაც ჩახუთული ჰაერი.       ჩვენგან მარცხნივ მდებარეობს პიატიგორსკი. გავჩერდით პატარა სადგურზე, სადაც სამკურნალო წყლებზე მიმავალი დამსვენებლები ჩამოვსხით. მადლობა ღმერთს, ის ებრაელი ოფიცერიც ჩავიდა. განგებ იქცევა ისე, თითქოს არ მიცნობდეს; მის დაბრუნებამდე აუცილებლად უნდა დავტოვოთ ვლადიკავკაზი! პიატიგორსკი, ანუ ხუთი მთის ადგილი, სავსეა კურორტებითა და სამკურნალო-გამაჯანსაღებელი წყლებით. ხუთივე მაღალი მთა ერთმანეთისგან დამოუკიდებლად დგას. თბილი წყაროების სითბო ორმოც გრადუსამდე აღწევს. წყალი იმდენად გოგირდოვანია, ყურძნის აკიდო რომ ჩაჰკიდო წყალში, რამდენიმე საათში გამოკრისტალდება გოგირდი, რომელიც რტოებს ახეშეშებს, ყურძნის მარცვლებს კი გოგირდის ყურძნად აქცევს. ეს უცნაური გოგირდოვანი ყურძენი სადგურზე გასაყიდადაა გამოტანილი.       შორს თოვლით დაფარულ მწვერვალებს ვხედავთ და, ისე ჩანს, თითქოს თეთრ ღრუბლებთან ერთად მთებიც მიცურავდნენ ცაზე. ზღაპრული მოჩვენება გგონია უზარმაზარი მთის მასივები, რომლებიც თითქოს სტეპებიდან ამდგარან, ცაზე გაწოლილან და მზეზე თეთრად ბრწყინავენ.       საღამოს შვიდი საათისთვის სიცხემ იკლო. კავკასიონი მთელი ამ ხნის განმავლობაში ჩვენგან მარცხნივ იყო გაწოლილი. რაც უფრო ვუახლოვდებით მას, მით უფრო გრილი ჰაერი მოდის ჩვენამდე. მატარებელში უკვე დავხურეთ კარი, ხოლო ერთი-ორი საათის შემდეგ აცივდა და ფანჯრებიც ჩავრაზეთ. ამ დროს ჩემს სერთუკს ისევ დააჩნდა სტეარინის ზოლი, რადგან ყინვამ ლაქა უფრო თვალსაჩინო გახადა. ამგვარად, ჩემი მშველელი, რომელსაც ექსპერტი ვუწოდე, ცრუ ილუზიონისტი გამოდგა ...       მზე, დიდი ხანია, მიეფარა ჰორიზონტს; მთებს მომწვანო თეთრი ფერი დაედო; თავისი სიშორითა და დიდებულებით კავკასიონი თავადაა სამყარო. აქ ყველაფერი - მწვერვალები, თხემები, კოშკები და მინარეთები, - თოვლისგანაა შექმნილი. და ჩვენ, უცხოელებს, შეგვიძლია გავიგოთ ის, რაც პუშკინმა, ლერმონტოვმა და ტოლსტოიმ დაწერეს ამ მისტიკურ სიდიადესთან პირველი შეხვედრისას. სწრაფად ბნელდება. ვუახლოვდებით სადგურ ბესლანს. ამ სადგურში ინჟინერი სხვა მატარებელში უნდა გადაჯდეს, რომელიც მას პირდაპირ ბაქოში ჩაიყვანს. აქედან ჩვენ უკვე მარტონი ვაგრძელებთ გზას. ნახევარმთვარე მაღლიდან დაგვნათის, თუმცა უთვალავი ვარსკვლავი ანთია ცაზე და მათგან საკმარისი შუქი მოდის. მთების მასივი მთელი ამ ხნის მანძილზე ჩვენკენაა მოქცეული, თუმცა ცოტა ხანში კავკასიონი ღრუბლებით იფარება, აღარც მთვარე და ვარსკვლავები ჩანან და ყველაფერი უკუნ სიბნელეში ინთქმება. ამ წყვდიადის შუაგულში ვხედავთ ორ უზარმაზარ ცეცხლოვან ბურთს, ეს სტეპის ორ წერტილში ღია ცის ქვეშ დანთებული კოცონია. აქა-იქ ცეცხლიდან ავარდნილი ნაპერწკლები გაკრთება ხოლმე, ალი კი ადამიანების სილუეტებს გამოკვეთს, ისმის ძაღლების ყეფა.       სადგურთან ძალიან ბნელა, აქა-იქ ბჟუტავენ ქუჩის ნათურები. ძლივს ვხედავთ ჩვენს თანამგზავრს, რომელსაც ვემშვიდობებით. მას შემდეგ, რაც პეტროვსკსა და დერბენტში მიმავალი მატარებლით ინჟინერი გავაცილეთ, იმ უკუნ სიბნელეში მთელი სადგური შემოვიარეთ. ნეტავ, რისთვის ვართ აქ გაჩერებული? ვინმე თუ იცის რამე? მაგრამ, ვის გინდა, ჰკითხო?! ან, ვის შეუძლია პასუხის გაცემა? ორ საათზე მეტია, სადგურში დავხეტიალობთ და ისე შევაჩვიეთ თვალი სიბნელეს, უკვე საკმაოდ კარგად ვარჩევთ ყველაფერს. კედელთან მთვრალი კაცი გდია. ალბათ, ან სძინავს, ან უგონოდაა, რადგან სიცოცხლის არავითარი ნიშანწყალი არ ეტყობა. ფორმიანმა ბატონმა, რომელსაც წითელძირიანი ქუდი ეხურა, გლეხის იქიდან მოშორება ბრძანა, სადგურის ორმა მუშამ მკლავებში წაავლო ხელი და პლატფორმაზე გაათრია თვალსმოფარებული ადგილისკენ. გლეხს შარვალი არ აცვია, შალის სათბურა დახევია, პერანგი კი არც სცმია. რომ მიათრევდნენ, თვალიც არ გაუხელია, მკვდარივით ეძინა. გვინდოდა, რამენაირად დავხმარებოდით, მაგრამ დრო არ გვქონდა. შემხვედრმა მატარებელმა გუგუნით ჩაგვიარა და, როგორც იქნა, ჩვენი ხაზი გათავისუფლდა. მატარებელმა გასვლის ნიშანი მისცა, სასწრაფოდ ავედით ვაგონში და ღამეში ჩავიკარგენით.       საათ-ნახევარში უკვე ვლადიკავკაზში ვართ. ახლა თორმეტის ნახევარია - სამი საათით დავიგვიანეთ. IV. ვლადიკავკაზი       „ნასილშიკ“! - დავიძახეთ რამდენჯერმე. როგორც იქნა, ამ სიტყვის ჩვენეული გამოთქმა გაიგეს და მებარგული მოვიდა. მან ჩვენი ბარგი მეეტლესთან მიიტანა, მეეტლემ კი სასტუმროში წაგვიყვანა.       ღამის პირველი საათია, მაგრამ სასტუმრო ჯერ კიდევ განათებულია. ოქროსფერზოლიან ქუდებში გამოწყობილი ორი პორტიე შემოსასვლელთან შეგვეგება.       - ფრანგულად ლაპარაკობთ?       - „ნიეტ“.       - გერმანულად?       - „ნიეტ“.       - ინგლისურად?       - „ნიეტ“. მხოლოდ რუსულად, თათრულად, ქართულად, სომხურად და სპარსულად.       „მხოლოდ“.       სხვა რა გზა გვაქვს, გადმოვედით, მეეტლეს გადავუხადეთ და ბარგიანად მესამე ნომერში ავედით. აქ მხოლოდ ერთი საწოლი დაგვხვდა. ჟესტების ენაზე კიდევ ერთი საწოლი შევუკვეთეთ და თავის დაქნევით გვიპასუხეს, რომ მოგვიტანდნენ. უკვე გვიანია, ჩვენ კი მშივრები ვართ, ამიტომ სანამ მზარეული წავა, სასწრაფოდ უნდა მოვაგვაროთ საჭმლის ამბავი, ჩემი თანამგზავრი კი ამ დროს დასაბან მოწყობილობაზე იწყებს ლაპარაკს. ჩემი ბუნებრივი უპირატესობით ვისარგებლე და მამაკაცური მოვალეობის შეგრძნებით მაგიდაზე მუშტი დავაბრახუნე: - არა, ჯერ საჭმელი მოვატანინოთ და მერე ვილაპარაკოთ-მეთქი დანარჩენზე. ჩემი გავიტანე.       ქვემოთ, სასადილო დარბაზში ჩასულებს შემწვარი ცხვრის ხორცი, პიროგები და შჩი მოგვიტანეს. ოფიციანტი რუსულად ლაპარაკობს, ინგლისურად იცის „beer“ და „meat“, მაგრამ ესენი ჩვენც ვიცით რუსულად, ასე რომ, ვერაფერი სარგებელია ჩვენთვის. სხვა მხრივ, საქმე კარგად მიდის და ყველაფერი სახალისოა, გარდა საშინლად მაღალი ფასებისა.       სადილის შემდეგ გარეთ გამოვედით. ახლა ღამის ორი საათია, მაგრამ ქუჩის მეორე მხარეს ჯერ კიდევ ღიაა ხილისა და თამბაქოს სავაჭრო დახლები.       ქუჩა გადავჭერით და ყურძენი ვიყიდეთ. უკან დაბრუნებულებს მეორე საწოლი მართლაც მოტანილი დაგვხვდა, მაგრამ გასაშლელი იყო. დავრეკეთ ზარი. მოვიდა გოგონა, ფეხშიშველი და სიცხის გამო შილიფად ჩაცმული. როგორღაც გავაგებინეთ, რომ მეორე საწოლისთვის თეთრეული იყო მოსატანი და გასაშლელი. გოგონამ თავი დაგვიქნია და გავიდა. მას ხმა არ ამოუღია, ამიტომ, ვერ გავარკვიეთ, რომელ ენაზე ლაპარაკობდა, გარეგნულად თათარს ჰგავდა. მის ლოდინში ისევ გავედით გარეთ და დიდი რაოდენობით ვიყიდეთ ხილი - ორი პაკეტი გავავსეთ. შიგნით აღარ შემოვსულვართ, თბილი ღამე იყო და დუქნის შემოგარენი დავიარეთ. ძალიან ბნელა, მაგრამ ყველგან, სადაც ღიაა სავაჭრო ჯიხური, ქუჩის ფარანი ანთია. ამ დახლებზე ხილი, თამბაქო და თბილი პიროგები იყიდება. დახლში მძიმედ შეიარაღებული ქისტები თუ ლეკები დგანან და მშვიდობიანად ვაჭრობენ ყურძნითა და სიგარეტით. ქამარში პისტოლეტიც აქვთ გაჩრილი, დანაც და ხანჯალიც. აკაციების ხეივანში ბევრი ხალხი მიდი-მოდის, ზოგი რაღაცას ყიდულობს, სხვები სეირნობენ და ღიღინებენ, ან ოცნებას არიან მიცემულნი; ზოგი ხის ძირში დგას გაყუჩებული. რაც უფრო მიიწევ აღმოსავლეთისაკენ, მით უფრო ნაკლებს ლაპარაკობს ხალხი. უძველესი წარმოშობის ხალხები, დიდი ხანია, გამოვიდნენ ლაპარაკისა და ლაყბობის მდგომარეობიდან, ისინი დადუმებულან და მხოლოდ იღიმებიან. ალბათ, ასე უკეთესია. ყურანმა დაუწესათ ცხოვრების ისეთი ყაიდა, რომლის განსჯა და შემოწმება არ შეიძლება. მათ იციან ერთადერთი რამ - ბედნიერებაა, გაუძლო, შეეგუო იმას, რასაც ცხოვრება გაძლევს და თუ ამას მოახერხებ, ყველაფერი კარგად იქნება. აი, ფატალიზმი.       ერთ-ერთი დახლის წინ ზის კაცი, რომელიც ბალალაიკას აჩხაკუნებს, - უძველესი დროის რაღაც ბუნდოვან და მარტივ მელოდიას უკრავს. ჩვენ ვფიქრობთ: მადლობა ღმერთს, რომ ის აქ ზის მთელი დღე და უკრავს. ამით ჩვენ ყველას გვამზადებს მცირე, მაგრამ ნამდვილი სიხარულის განსაცდელად და რადგან დაკვრას არ წყვეტს, ეს ნიშნავს, რომ მუსიკა მასაც სიამოვნებას ანიჭებს. საოცარი ხალხი ცხოვრობს ამ საოცარ ქვეყანაში! მათ აქვთ დრო იმისათვის, რომ გაერთონ და ნიჭი იმისა, რომ პირში წყალი ჩაიგუბონ. მადლობა ღმერთს, რომ ასეთი ქვეყანა სადღაც, სამყაროს გულისგულში, ჯერ კიდევ არსებობს! სლავებზე უკეთეს მეზობლებს კი ისინი ვერც ინატრებდნენ, რადგან სლავებს თვითონ აქვთ გულში გაბმული სიმები. ერთხელ, დაახლოებით 500 წელს, როცა ბერძნებს ომი ჰქონდათ არაბებთან გაჩაღებული, მტრის ერთი დანაყოფი ტყვედ ჩაუგდიათ. ტყვეებს შორის სამი სლავიც ყოფილა, რომლებსაც ხელში ბარბითები - სიმებიანი ინსტრუმენტები ეჭირათ და უკრავდნენ, ეს იყო მათი იარაღი.       ქუჩის მუსიკოსმა დაკვრას ნელ-ნელა სიმღერაც ააყოლა. ერთი სიტყვაც ვერ გავიგეთ, მაგრამ გულიდან ღიღინით ამოთქმულმა ბგერებმა ჩვენზე გავლენა მოახდინა, გაგვახსენდა დრაჩმენის „შაკუნტალა“, რომელიც სხვა არაფერია, თუ არა ოქროს რაკრაკი. დროდადრო ქრისტიანი რუსი ოფიცრები ჩაივლიან გარნიზონისკენ, რომელიც აქვე მდებარეობს. გზად მათ მთელი ეს მუსულმანური სამყარო უნდა გადასერონ, მაგრამ ეს სულაც არ ანაღვლებთ, არც უხალისობა ემჩნევათ, იმიტომ რომ სლავები არიან, კლუბიდან მოდიან და დასაძინებლად მიიჩქარიან. რუსი ოფიცრებისგან განსხვავებით, ლეკი მუსიკოსი სახლში არ მიდის, ის დაკვრას აგრძელებს და მთელი ღამე უკრავს. ჩვენ, ევროპელებს, ასეთი რამ არ შეგვიძლია; ჩვენ სიხარულით ვემზადებით დასაძინებლად, ხოლო საწოლები საბნებით გვაქვს სავსე. ლამის ზამთარიც კი მოგვენატროს, როცა ზაფხული რამდენიმე კვირა გადაბმულად გრძელდება; ჩვენ თოვლსა და გაფიჩხულ სიკვდილში ვპოვებთ სულის სიმშვიდეს. არავინ დარდობს, როცა ზაფხული მთავრდება, არავინ იტანჯება ზაფხულის წასვლით გამოწვეული ტკივილისაგან. ითვლება, რომ ეს უბრალოდ უხერხული გადასვლაა სეზონიდან სეზონზე და ამაზე არავინ ნაღვლობს. ჩვენ თითქოს ყველაფერი თავდაყირა გვაქვს დაყენებული და ამას ვერც ვხვდებით. „სიცოცხლისთვის სასიკვდილო განაჩენია ის, რომ არავინ ნაღვლობს მის დასასრულზე“. ბოლოს და ბოლოს, როცა, ვინ იცის, უკვე მერამდენედ, გვისრულდება გულის წადილი და ზამთარი მოდის, ჩვენ გამოსაზამთრებლად კი არ ვემზადებით, რაც ბუნებრივი იქნებოდა, არამედ ვმუშაობთ, ვწვალობთ, ვფაციფუცობთ და ეს ყველაფერი ხდება თოვლში. საღამოობით, როცა უსასრულოდ იწელება დრო და ყინვის შიშით ვერც ერთი სულიერი ვერ ბედავს გარეთ გასვლას, ანთებულ ღუმელთან ვსხდებით და ვკითხულობთ. ვკითხულობთ რომანებსა და გაზეთებს, მაგრამ არ კითხულობენ უძველესი ხალხები, ისინი ღამით გარეთ გადიან და სიმღერებს უკრავენ. ზის ახლა ის კაცი აკაციის ქვეშ, ჩვენ კი ვუყურებთ და ვისმენთ მის დაკრულს. აი, ასეთია ქვეყანა, რომელშიც ვმოგზაურობთ. როცა ბარბაროსი კაიზერი გაევროპელდა, მან კავკასია თურმე გამოსასწორებელ კოლონიად აქცია და აქ ის, ძირითადად, პოეტებს ასახლებდა.       შუაღამეა, მაგრამ ხალხი მაინც არ ისვენებს. სიცოცხლე მათთვის უფრო ძვირფასია, ვიდრე ძილი, თანაც აქეთ თბილი და ვარსკვლავიანი ღამეები იცის. ყურანის მიხედვით, ბევრი რამ არის დაშვებული: ადამიანებს შეუძლიათ დატკბნენ ყურძნით, შეუძლიათ იმღერონ ვარსკვლავიანი ცის ქვეშ. ქამარში გარჭობილი იარაღი ამ ადამიანებისთვის ნიშნავს ბრძოლას, დიდებას, გამარჯვებას და საზეიმო დოლის ბრაგუნს. თავის მხრივ, ბალალაიკაც რაღაცაზე მეტყველებს - ესაა სიყვარული, ბალახის შარიშური სტეპებში და აკაციის ფოთოლთა შრიალი. როცა ბერძნებსა და თურქებს შორის უკანასკნელი ბრძოლა დაიწყო, თურქმა ოფიცერმა, როგორც ჩანს, განჭვრიტა ბრძოლის დასასრული და იწინასწარმეტყველა: „სისხლის ნიაღვარი წალეკავს მდინარეებს. იმდენი ბერძენი განიგმირება, რომ სისხლით შეიღებება ყვავილებიო“. - ეს სიტყვები ერთხელ სადღაც ამოვიკითხე და გონებაში ჩამრჩა უცნაური მხატვრული სახისა და საშინელი სიმძაფრის გამო. „სისხლიანი ყვავილები!“ - პრუსიელი ოფიცრებისგან ასეთ რამეს ვერ მოისმენ... სახლში რომ დავბრუნდით, საწოლები გაშლილი დაგვხვდა და ახლა წყალი, პირსახოცები და ასანთი მოვიკითხეთ. სინამდვილეში, საწოლებიც არ იყო მზად, მხოლოდ ორ-ორი ზეწარი ეგდო თითოეულზე უსწორმასწოროდ. ჩემმა თანამგზავრმა ზეწრების გასწორება დაიწყო, თუმცა არა იმიტომ, რომ სიამოვნებდა, არამედ იმიტომ, რომ მოახლე გოგოსთვის ეს საჭირო ხელობა ესწავლებინა და, საერთო ჯამში, ჩვენი საქმე გაეკეთებინა. ორი ქალი ერთმანეთს ეხმარება, მათი სიტყვებიც თითქმის ერთნაირად ჟღერს და ეს მაოცებს. მოახლეს ვთხოვეთ, საბნებიც მოეტანა, რადგან აქ მხოლოდ ზეწრები იყო. გოგო გავიდა და ერთი ცალი მოიტანა. კიდევ ერთი ვთხოვეთ, რომ თითო საწოლზე თითო დაგვეფარებინა. მან მეორეც მოიტანა. ახლა ჯერი წყალზე მიდგა. გოგომ ვერაფერი გაიგო, ერთი სიტყვაც კი. მაშინ ძალები მოვიკრიფეთ, და როგორღაც ავუხსენით, რა გვინდოდა. მაშინღა დავიდა მის ტვინამდე, რომ წყალს ვითხოვდით. აქ კი ჩვენი მიუხვედრელობა გამოჩნდა - მან შიშველი ფეხი დააჭირა დასაბანი მოწყობილობის პედალს და წყალი რაკრაკით წამოვიდა ნიჟარაში. აქ ასეთი დასაბანი მოწყობილობა ჰქონიათ. რუსეთში რომ სულ გამდინარე წყალს ხმარობენ დასაბანად, ეს ჩვენ, ჯერ კიდევ, მოსკოვიდან უნდა გვცოდნოდა. უცხოელები საკუთარ ჭუჭყში ბანაობენო, - ამბობენ რუსები. სულ ბოლოს პირსახოცები მოვიკითხეთ. ნეტავ, მოგვიტანენ თუ არა? გოგო წავიდა და ერთი პირსახოცით დაბრუნდა; მეორეც, თუ შეიძლებაო, - ვთხოვეთ. წავიდა და მეორეც მოიტანა. ასანთი ჯიბეში აღმომაჩნდა, ამიტომ გოგოს ღამე მშვიდობისა ვუსურვეთ და კარი სწრაფად მივხურეთ, რაც შეიძლება, მალე რომ მოგვეშორებინა თავიდან.       მატარებლით ხანგრძლივმა მგზავრობამ ჩვენს გონებაში უამრავი სხვადასხვა წვრილმანი ერთად შეყარა და ახლა თავში ერთი რია-რია გვაქვს, ისევ მატარებელში გვგონია თავი. პირადად მე უსიამოვნებისათვის სხვა მიზეზებიც მაქვს - უქეიფოდ ვარ, დაღლილობა მაწუხებს და ციებ-ცხელება მეწყება. კარგი იქნება, ალკოჰოლით თუ ვიმკურნალებ-მეთქი, ვიფიქრე და ოთახი მოვათვალიერე, რომ ლუდის კათხაში კონიაკი ჩამომესხა.       ერთსაათიანი ძილის შემდეგ ოთახში ჩამოწოლილმა სიცხემ გამაღვიძა და მივხვდი, შეცდომა დავუშვი, საბანი რომ მოვატანინე. კვლავ ჩამეძინა, ამჯერად - ზეწარგადაფარებულს. დაახლოებით ხუთი საათი იქნებოდა, რომ გამომეღვიძა და მივხვდი, ვიყინებოდი. მაშინ გადავწყვიტე, რომ არასოდეს, არაფრის გულისათვის, აღარ გადავიხდიდი საბანს. მოკლედ, ვიგრძენი, რომ კავკასიური ცხელება მეწყებოდა და მთელი ღამე შფოთში უნდა გამეტარებინა.       ო, ღმერთო, ვინ იცის, წინ კიდევ რამდენი ასეთი ღამე მელოდა.. *გაგრძელება* …
დაამატა Kakha to ლიტერატურა at 2:55pm on იანვარი 30, 2015
თემა: მემორინე
ამ შევცდი. გენერალი ძალზე ქედმაღლურად მიყურებდა, ძლივს ინება ჩემთან გასაუბრება და თავის დასთან გამგზავნა. აშკარა იყო, საიდანღაც ფული მოეგდოთ ხელთ. ისიც კი მომეჩვენა, გენერალს სინდისი ჰქენჯნის და თვალს ვერ მისწორებს-მეთქი. მარია ფილიპოვნა თავაუღებლივ რაღაცას ფაციფუცობდა და სასხვათაშორისოდ მელაპარაკა, თუმცა ფული კი გამომართვა, დათვალა და ჩემი პატაკიც მოისმინა. სადილად მეზენცოვს, ფრანგსა და კიდევ ვიღაც ინგლისელს ელოდნენ. როგორც სჩვევიათ, ფულიანობის დროს მუდამ წვეულებას მართავენ, მოსკოვურად. პოლინა ალექსანდროვნამ დანახვისთანავე მკითხა, აქამდე სადა ხარო, და, პასუხისთვის არ დაუცდია, სადღაც გაეშურა. უეჭველია, განგებ მოიქცა ასე, მაგრამ გასაუბრება მაინც მოგვიწევს, სათქმელი ბევრი დაგვიგროვდა.    ოტელის მეოთხე სართულზე პატარა ოთახი მომიჩინეს. აქაურებმა იციან, რომ გენერლის ამალას ვეკუთვნი. ზედ ეტყობათ, უკვე მოუსწრიათ თავის გამოჩენა. გენერალს აქაურები უმდიდრეს რუს დიდებულად მიიჩნევენ. სადილობამდე, სხვა დავალებებთან ერთად, ორი ათასფრანკიანი ბილეთი მომცა დასახურდავებლად. ოტელის კანტორაში დავახურდავე. ახლა კი მილიონერებად მიგვიჩნევენ. ყოველ შემთხვევაში, მთელ კვირას მაინც. ის იყო, მიშას და ნადიას სასეირნოდ წაყვანა დავაპირე, კიბიდან მომაბრუნეს, გენერალი გიხმობსო. მოეხასიათა, შეეტყო, სად წავიყვანდი ბავშვებს. ეს კაცი ნამდვილად თვალს ვერ მისწორებს. ეგებ უნდა კიდეც ჯიქურ შემომხედოს, მაგრამ ყოველთვის ისე დაჟინებით, ესე იგი, ისე უპატივცემულოდ ვაჩერდები, რომ როგორღაც შეცბება ხოლმე. მაღალფარდოვანი, ერთიმეორეზე უთავბოლოდ გადაბმული ფრაზები დამაყარა, მერე ერთიანად დაიბნა და ძლივს გამაგებინა, რომ ვოკსალისაგან კარგა დაშორებით, პარკში მესეირნა ბავშვებიანად ბოლოს მთლად გაცხარდა და მკაცრად დასძინა: „თორემ, ვინ იცის, ეგებ, ვოკსალში, რულეტზეც წაიყვანოთ. მომიტევეთ, - დაუმატა მან, - მაგრამ ვიცი, თქვენ საკმაოდ თავქარიანი ბრძანდებით და შეიძლება ითამაშოთ კიდეც. თუმცა, მე თქვენი მენტორი არა ვარ და არც მსურს ასეთი როლი ვიკისრო, მაგრამ, ყოველ შემთხვევაში, უფლება მაქვს ვისურვო, რომ თქვენ, როგორც იტყვიან, თავი არ მომჭრათ“... - ჰო, მაგრამ მე ხომ ფული არ გამაჩნია, - მივუგე მშვიდად, - რომ ვითამაშო, უნდა მომეძევებოდეს რამე. - ფულს დაუყოვნებლივ მიიღებთ, - თქვა გენერალმა, - ოდნავ აილეწა, ბიუროში დაიწყო ქექვა, დავთარში ჩაიხედა და აღმოჩნდა, რომ მისგან ასოც მანეთამდე მერგებოდა: - როგორ გავსწორდეთ, - წამოიწყო მან, - ტალერებზე უნდა გადავიყვანოთ. აი, ინებეთ ასი ტალერი ერთიანად, დანარჩენიც, რასაკვირველია, არ დაგეკარგებათ. უხმოდ გამოვართვი ფული. - გეთაყვა, ნუ იწყენთ ჩემს სიტყვას, თქვენ ისეთი ფხუკიანი ხართ. თუ დაგარიგეთ, ეს ისე, ასე ვთქვათ, გაგაფრთხილეთ და, რასაკვირველია, მაქვს კიდეც ამისათვის ერთგვარი უფლება... სადილობისას, როცა ბავშვებიანად შინ ვბრუნდებოდი, მთელ კავალკადას გადავეყარე. ჩვენები რაღაც ნანგრევების სანახავად ყოფილიყვნენ. ორი დიდებული ეტლი, ჩინებული ცხენები! m-ll Blanche მარია ფილიპოვნასა და პოლინასთან ერთად იჯდა ეტლში. ფრანგი, ინგლისელი და ჩვენი გენერალი ცხენებზე ამხედრებულიყვნენ. გამვლელები ჩერდებოდნენ და თვალს აყოლებდნენ; ყველაფერი ეფექტურად გამოიყურებოდა, ოღონდ გენერალს არ დაეყრება-მეთქი ამით დიდი ხეირი, ვვარაუდობდი: იმ ოთხიათას ფრანკს, რაც მე ჩამოვუტანე, ის თანხაც რომ დავუმატოთ, რაც როგორც ჩანს, აქ იგდეს ხელთ, ახლა მაგათ შვიდი ან რვა ათასი ფრანკი თუ ექნებათ-მეთქი; ეს კი მარტო m-ll Blanche-საც არ გასწვდებოდა. Mademoiselle Blanche დედამისთან ერთად ჩვენს ოტელში დაბინავებულა; სადღაც აქვეა ჩვენი ფრანგიც. ლაქიები მას „m-r le comte”-ს ეძახიან, m-lle Blanche-ს დედა თავის თავს „m-me la comtesse“-ს უწოდებს. ვინ იცის, ეგებ მართლაც comte et comtesse არიან.    ვიცოდი, რომ m-r le comte ვერ მიცნობდა, სადილად რომ შევიყრებოდით. გენერალი კი, რასაკვირველია, გუნებაშიც არ გაივლებდა ჩვენს გაცნობას, ანდა ჩემს წარდგინებას; m-r le comte კი ნამყოფია რუსეთში და იცის, ის, ვისაც რუსები outchitel-ს ეძახიან, ბევრს არაფერს წარმოადგენს. ფრანგი ძალიან კარგადაც მიცნობს, მაგრამ კაცმა რომ თქვას, სადილზე ხომ მიუპატიჟებლად გამოვცხადდი: ეტყობა, გენერალს მხედველობიდან გამორჩა განკარგულება გაეცა, თორემ, რასაკვირველია table d’hôte-ზე მომიწევდა სადილობა. ჰოდა, უკითხავად გამოვცხადდი. გენერალმა წყრომით შემომხედა; კეთილმა მარია ფილიპოვნამ უმალ მიმიჩინა ადგილი; მისტერ ასტლეისთან შეხვედრამ ნამდვილად მიხსნა, და მეც უნებლიედ მათი საზოგადოების წევრი გავხდი. ამ უცნაურ ინგლისელს ჯერ პრუსიაში გადავეყარე, ვაგონში, სადაც ერთმანეთის პირისპირ ვისხედით, როცა ჩვენებს დავედევნე. მერე, საფრანგეთში გადავაწყდი, ბოლოს კი შვეიცარიაში; ორ კვირაში ორჯერ შევხვდი - და ახლა მოულოდნელად უკვე რულეტენბურგში შევეფეთე. ჩემს სიცოცხლეში არ მინახავს მსგავსი მორიდებული კაცი. ასე მორცხვობა უგუნურებაა და თვითონაც, რა საკვირველია, კარგად უწყის ეს ამბავი, რადგანაც სულაც არ არის უგუნური. ისე, კაცმა რომ თქვას, უწყინარი და მიმზიდველი ადამიანია. პრუსიაში, პირველი შეხვედრისას, ძალისძალად გამოველაპარაკე. მითხრა, ამ ზაფხულს ნორდკაპში ვიყავი და ძალიან მინდა, ნიჟეგოროდის ბაზრობას დავესწროო. არ ვიცი, როგორ გაიცნო გენერალი; ვფიქრობ, უსაზღვროდ შეჰყვარებია პოლინა, მის შემოსვლაზე წამოწითლდა. ერთობ ეამა, მაგიდასთან მის გვერდით რომ მოვხვდი; ეტყობა, უკვე გულითად მეგობრად მთვლის.    სუფრაზე ფრანგი უჩვეულოდ ლაღობდა. ყველას მედიდურად და ქედმაღლურად ექცეოდა. მოსკოვში კი, მახსოვს, ტყავში ძვრებოდა. ძალიან ბევრს ლაქლაქებდა ფინანსებზე და რუსულ პოლიტიკაზე. გენერალი ხანდახან ბედავდა შესიტყვებას - ისიც მოკრძალებით, მაგრამ ღირსების შეუბღალავად.    რაღაც საოცარ გუნებაზე დავდექი. რასაკვირველია, ჯერ კიდევ შუა სადილობამდე მივმართავდი ჩემს თავს ჩვეულებრივი და მუდმივი კითხვით: „რას ველოლიავები ამ გენერალს და რატომ აქამდე არ გავეცლები-მეთქი“. შიგადაშიგ პოლინა ალექსანდროვნას გადავხედავდი; იგი ზედაც არ მიყურებდა. ბოლოს და ბოლოს გავცხარდი და უკმეხობა დავიწყე. ყველაფერი იმით დაიწყო, რომ არც ვაციე, არც ვაცხელე, როხროხითა და უკითხავად ჩავერიე სხვათა საუბარში. თავი და თავი ის იყო, ფრანგთან წაჩხუბება მინდოდა. გენერალს მივუბრუნდი, მგონი სიტყვაც გავაწყვეტინე და უცებ ხმამაღლა და გარკვევით გამოვაცხადე, რომ ამ ზაფხულს პირდაპირ შეუძლებელია, რუსმა ოტელში ტაბლდოტზე ისადილოს-მეთქი. გენერალი გაოცებით მომაჩერდა. - თუ კაცი თავს პატივს სცემ, - სხაპასხუპით მივაყარე, - გალანძღვაც შეგხვდება და მაგარი წკიპურტებიც უნდა მოითმინო. პარიზსა და რაინზე, შვეიცარიაშიც კი, ტაბლდოტზე იმდენი პოლონელი და მათი თანამოაზრე ფრანგია, რომ რუსს კრინტიც ვერ დაუძრავს. ყველაფერი ეს ფრანგულად ვთქვი. გენერალი გაოგნებული მომჩერებოდა, აღარ იცოდა, ჩემს თავაშვებულობაზე გამწარებულიყო თუ მარტოოდენ გაოცებულიყო. - ეტყობა, ვიღაცამ სადღაც ჭკუა გასწავლათ, - მითხრა ფრანგმა აგდებულად და ზიზღით. - პარიზში ჯერ ერთი პოლონელი შემომელანძღა, - მივუგე მე, - მერე ფრანგი ოფიცერი, რომელიც პოლონელს გამოექომაგა. მერე კი ფრანგების ერთმა ნაწილმა ჩემი მხარე დაიჭირა, როცა მოვყევი, როგორ დავიკიდე ფეხებზე მონსინიორის ყავა. - ფეხებზე დაიკიდეთ? - მკითხა გენერალმა ქედმაღლური გაოცებით და მიმოიხედა კიდეც. ფრანგმა უნდობლად გადმომხედა. - დიახაც. - მივუგე მე, - რადგან ორი დღის განმავლობაში დარწმუნებული ვიყავი, შეიძლება ჩვენი საქმეების გამო რომში შევლა დამჭირდეს-მეთქი, გავწიე უწმინდესი მამის პარიზის საელჩოში, რათა პასპორტზე ვიზა მიმეღო. იქ ერთი აბატი დამიხვდა, ასე, ორმოცდაათი წლის, ხმელ-ხმელი, უცხვირპირო, თავაზიანად, მაგრამ მეტისმეტად მშრალად მომისმინა და, დაიცადეთო, მითხრა. თუმცა ვჩქარობდი, მაგრამ რა ჩარა მქონდა, ჩამოვჯექი, ამოვიღე „Opinion nationale“ და დავიწყე რუსეთის უხამსი ლანძღვა-გინების კითხვა. ამასობაში ყური მოვკარი, რომ მეზობელი ოთახიდან ვიღაც მოვიდა მონსინიორთან; ვხედავდი, ეს ჩემი აბატი როგორ ლაქუცობდა. ისევ გავუმეორე ჩემი თხოვნა; კიდევ უფრო მშრალად მითხრა, მოითმინეთო. ცოტა ხნის შემდეგ კიდევ შემოვიდა ერთი უცნობი, საქმეზე ვარო - ვინმე ავსტრიელი გახლდათ, მოუსმინეს და მაშინვე ზევით გაჰყვნენ. ამაზე უკვე გავცხარდი, წამოვდექი, აბატთან მივედი და გადაჭრით ვუთხარი, რადგან მონსინიორი მთხოვნელებს იღებს, ნება მომეცით მეც ვნახო-მეთქი. აბატმა უჩვეულო გაოცებით იბრუნა პირი. ვერც კი გაიგო, რანაირად ბედავს ვიღაც ვიგინდარა რუსი, შეედაროს მონსინიორის სტუმრებსაო? ყოვლად უშვერი ტონით, თითქოსდა უხარია ჩემი დამცირებაო, ამხედ-დამხედა და დამიტატანა: „როგორ გგონიათ, თქვენი გულისთვის მონსინიორი ყავას მოსცდებაო?“ ახლა მე ავყვირდი და აბატზე უფრო ხმამაღლა: „მაშინ იცოდეთ, რომ ფეხებზე მკიდია მაგ თქვენი მონსინიორის ყავა! ახლავე თუ არ მოგიციათ ვიზა პასპორტზე, თვითონ მას შევუვარდები“. - რაო? იმ დროს, როცა მასთან კარდინალი ზის? - წამოიძახა აბატმა, ძრწოლით გამეცალა, კარს ეცა და ხელები გულზე დაიკრიფა, ვითომ, უმალ მოვკვდები და შენ კი არ გაგიშვებო.    ავდექი და მივახალე, ერეტიკოსი და ბარბაროსი ვარ-მეთქი, „que je suis hèrètique et barbare“ და რომ ეგ არქიეპისკოპოსები, კარდინალები, მონსინიორები და სხვანი ჩემთვის ერთია-მეთქი. ერთი სიტყვით, ვაგრძნობინე, რომ არ შევეპუებოდი. აბატმა წყრომით შემომხედა, მერე პასპორტი გამომგლიჯა და ზემოთ წაიღო. ერთი წუთის შემდეგ ვიზა უკვე მქონდა. ხომ არ ინებებთ შემოწმებას? აი! - ამოვიღე პასპორტი და რომის ვიზა დავანახე. - მაგრამ თქვენ ხომ... - წამოიწყო გენერალმა... - თავი რომ ბარბაროსად და ერეტიკოსად გამოგიცხადებიათ, მაგას უხსნიხართ, - სიცილით შენიშნა ფრანგმა. – Cala n’etait pas si bête“. - აბა ამ ჩვენს რუსებს ხომ არ წავხედავდი; სხედან აქ, კრინტის დაძვრას ვერ ბედავენ და მზად არიან რუსობაზეც ხელი აიღონ. ყოველ შემთხვევაში, პარიზში, ჩემს ოტელში, განსაკუთრებული ყურადღებით მექცეოდნენ მას შემდეგ, როცა ყველას მოვუყევი აბატთან წაკიდების ამბავი. ჩასუქებულმა პოლონელმა, თანამეინახეთა შორის ჩემდამი ყველაზე მტრულად განწყობილმა კაცმა, მეორე პლანზე გადაინაცვლა. ფრანგები სულ გადაირივნენ, როცა ვუამბე, რომ ორი წლის წინ ვნახე ერთი კაცი, რომელსაც თორმეტ წელს ფრანგმა ეგერმა ესროლა - მხოლოდ იმიტომ, რომ თოფი დაეცალა. ეს კაცი მაშინ მხოლოდ ათი წლის ბალღი ყოფილა, იმის ოჯახს ვერ მოესწრო მოსკოვიდან გახიზვნა. - შეუძლებელია, - აწრიალდა ფრანგი, - ფრანგი ჯარისკაცი ბალღს არ ესროდა! - მიუხედავად ამისა, მართალს მოგახსენებთ, - მივუგე მე, - ეს ამბავი მიამბო ერთმა პატივცემულმა, აწ გადამდგარმა კაპიტანმა, ჩემი თვალით მინახავს ნაჭრილობევი მის ლოყაზე. ფრანგი სხაპასხუპით, უთავბოლოდ ალაპარაკდა. გენერალმა დააპირა მიმხრობოდა მას, მაგრამ ვურჩიე, წაეკითხა, თუნდაც ნაწყვეტები, გენერალ პეროვსკის „ჩანაწერებიდან“. რომელიც თორმეტ წელს ტყვედ ყოფილიყო ფრანგებთან. ბოლოს მარია ფილიპოვნამ რაღაცაზე გადაიტანა საუბარი, რათა ჩვენი წალაპარაკება შეეწყვიტა. გენერალი შემომწყრა, რადგან მე და ფრანგი თითქმის ავყვირდით. მისტერ ასტლეის კი, ეტყობა ჭკუაში დაუჯდა ფრანგთან ჩემი წაკიდება, ნასადილევს შემთავაზა ერთად დაგველია თითო ჭიქა ღვინო. საღამოს, როგორც მოსალოდნელი იყო, მოვახერხე თხუთმეტიოდე წუთი მელაპარაკა პოლინა ალექსანდროვნასთან. ჩვენი საუბარი სეირნობისას მოხერხდა. ყველანი ვოკსალისაკენ წავიდნენ პარკში; პოლინა შადრევანის წინ სკამზე ჩამოჯდა, ნადია კი იქვე, ბავშვებთან სათამაშოდ გაუშვა. მეც გავუშვი მიშა შადრევანთან და, როგორც იქნა, მარტონი დავრჩით.    თავიდანვე, რასაკვირველია, საქმეებზე ვისაუბრეთ. პოლინა გაცხარდა, როცა მხოლოდ შვიდასი გულდენი გადავეცი. იგი დარწმუნებული იყო, რომ პარიზიდან მისი ბრილიანტების გირავნობაში ორი ათასზე მეტსაც კი მოვუტანდი. - აუცილებლად მჭირდება ფული, - თქვა მან, - და, რადაც არ უნდა დამიჯდეს, ვიშოვი. თუ არა და, ვიღუპები. ჩემს არყოფნაში მომხდარი აქაური ამბები გამოვკითხე. - ისეთი არაფერია, პეტერბურგიდან ორჯერ მივიღეთ ცნობა. ჯერ იყო და ბებია ცუდადააო, ორი დღის შემდეგ კი - მგონია, უკვე მოკვდაო. ტიმოფეი პეტროვიჩმა შეგვატყობინა, - დასძინა პოლინამ. - ის წესიერი კაცია, ტყუილს არ იკადრებს, ველოდებით უკანასკნელ, საბოლოო ცნობას. - გამოდის, აქ ყველანი მოლოდინში ხართ? - ვკითხე მე. - რასაკვირველია: ყველა და ყველაფერი; აგერ ნახევარი წელია ამითა ვსულდგმულობთ. - თქვენც? - ვკითხე მე. - თუმცა მე ნათესავად არ მოვხვდები, მხოლოდ გენერლის გერი ვარ და ეგაა, მაგრამ დარწმუნებით ვიცი, ანდერძში მეც მომიხსენიებს. - ასე მგონია, თქვენ ძალიან ბევრი გერგებათ, - ვუთხარი ბეჯითად. - ჰო, ბებიას ვუყვარდი, მაგრამ რატომ გგონიათ? - მითხარით, - კითხვითვე მივუგე მე, - ჩვენი მარკიზიც, ვგონებ, ჩახედულია ოჯახურ საიდუმლოებაში? - თქვენ კი რაღად გაინტერესებთ ეს ამბავი? - მკითხა პოლინამ, თან კუშტად და ცივად შემათვალიერა. - რა საკითხავია. თუ არ ვცდები, გენერალმა მოასწრო მისგან ფულის სესხება. - გამოცანა გერგებათ. - ჰოდა, განა ფულს მისცემდა, ბებილოს ამბები რომ არ იცოდეს? შეამჩნიეთ თუ არა, სადილობისას მან სამჯერ მაინც ახსენა ბებია და „ბებილოო“, თქვა: „la baboulinka“. რა ახლო და კეთილმეგობრული დამოკიდებულებაა! - ჰო, მართალს ბრძანებთ; როგორც კი შეიტყობს, რომ ანდერძით მეც რაღაც მერგო, მაშინვე მაშვლებს მომიგზავნის. ამის შეტყობა გინდოდათ, არა? - ჯერაც არ მოუგზავნია მაშვლები? მე კი ვფიქრობდი, კაი ხანია, ჩალიჩობს-მეთქი. - ძალიანაც კარგად მოგეხსენებათ, რომ არა, - გულწრფელად თქვა პოლინამ. - სად შეხვედრიხართ ამ ინგლისელს? - დაუმატა წუთიერი სიჩუმის შემდეგ. - ვიცოდი, რომ ახლა ინგლისელის ამბავს გამომკითხავდით. მოვუყევი გზაში მისტერ ასტლეისთან ჩემი ადრინდელი შეხვედრების ამბავი. „ძალიან მორიდებული და მოსიყვარულე კაცია და, ალბათ, უკვე შეუყვარდით კიდეც?“ - ჰო, შევუყვარდი, - მიპასუხა პოლინამ. - თანაც, რასაკვირველია ფრანგზე ბევრად უფრო მდიდარია. - რაო, ფრანგს მართლა მოეძევება რამე? დანამდვილებით? - რა მოგახსენოთ. რაღაც château ჰქონია. გუშინაც მითხრა გენერალმა დაბეჯითებით. კიდევ რის შეტყობას ინებებთ? - მე კი, თქვენ რომ ვიყო, უსათუოდ ინგლისელს მივთხოვდებოდი. - რატომ? - მკითხა პოლინამ. - ფრანგი უფრო ლამაზია, მაგრამ ფლიდია. ინგლისელი კი, გარდა იმისა, რომ ნამუსის კაცია, ბევრად მდიდარიცაა. - მოვუჭერი მე. - კი, მაგრამ ფრანგი მარკიზია და თან ძალიან ჭკვიანი. - მომიგო პოლინამ მშვიდად. - მერე მართალი თუა ეგ ამბავი? - განვაგრძე მე წინანდებურად. - ნამდვილად. პოლინას საშინლად არ მოსწონდა ჩემი კითხვები და ვხედავდი, როგორ უნდოდა გავებრაზებინე თავისი ტუტუცური პასუხებით, უხეში ტონით. ესეც მაშინვე მივახალე. - რა გაეწყობა, უნდა ვაღიარო, ნამდვილად მართობს თქვენი სიფიცხე: თუნდაც იმიტომ, რომ ნებას გაძლევთ ასეთი შეკითხვებითა და ვარაუდებით მომმართოთ, ხომ კიდეც უნდა იწვნიოთ სანაცვლო. - თავს უფლებამოსილად ვთვლი, ყველაფერი გკითხოთ, - მივუგე მშვიდად, - სწორედ იმიტომ, რომ ყველაფრისათვის მზად ვარ. ახლა სიცოცხლეც არად მიღირს. პოლინამ გადაიხარხარა. - უკანასკნელად, შლანგენბერგზე მითხარით, მზად ვარ თქვენს პირველსავე სიტყვაზე გადავეშვა უფსკრულშიო, იქ კი, მგონი, ათასი ფუტი მაინც იქნება სიღრმე. მე ოდესმე წარმოვთქვამ ამ სიტყვას, ერთადერთს, მხოლოდ იმიტომ, რომ ვიხილო, როგორ შეასრულებთ დანაქადებს. და, დარწმუნებული ბრძანდებოდეთ, წარბსაც არ შევიხრი. თქვენ მე მძაგხართ, - სწორედ იმიტომ, რომ ამდენს გითმენთ, და კიდევ უფრო შემძაგდებით იმიტომ, რომ ასე მჭირდებით. მაგრამ სანამ მჭირდებით, კიდეც უნდა მოგიფრთხილდეთ. პოლინამ წამოდგომა დააპირა. ბრაზმორეული ლაპარაკობდა. ამ ბოლო ხანებში ჩემთან საუბარს მუდამ ბოღმითა და ბრაზით აღსავსე ამთავრებდა, ნამდვილი ბრაზით. - ნება მიბოძეთ, გკითხოთ, რას წარმოადგენს mademoiselle Blanche? - ვკითხე მე; - ამითღა ვეცადე დამეყოვნებინა, სანამ ჩვენს შორის ყველაფერი არ გაირკვეოდა. - თვითონაც კარგად მოგეხსენებათ, ვინ არის mademoiselle Blanche. მას აქეთ არაფერი შეცვლილა. ალბათ, გენერლის თანამეცხედრე გახდება - რასაკვირველია, თუ დადასტურდა ბებიას სიკვდილის ამბავი, რადგან mademoiselle Blanche-საც, დედამისსაც და მის cousin-მარკიზსაც მშვენივრად მოეხსენებათ ჩვენი გაკოტრების ამბავი. - გენერალს ძალიან უყვარს? - ახლა ეგ არაა თავი და თავი. მისმინეთ და დაიხსომეთ: გამომართვით ეს შვიდასი ფლორინი და წადით სამორინეში, მოიგეთ ჩემთვის რულეტზე რაც შეიძლება ბევრი. ახლა ძალიან მჭირდება ფული. ამის თქმა იყო და, ნადიას დაუძახა, ვოკსალისაკენ გაემართა და ჩვენებს შეერია. მე კი მარცხნივ პირველსავე ბილიკს დავადექი. ვფიქრობდი და გაოცებას ვიყავი. თითქოს თავში რამე ჩამარტყესო, ისე იმოქმედა სამორინეში წასვლის ბრძანებამ. საოცარია: ამდენი თავსატეხი გამიჩნდა და მე კი ერთიანად პოლინასადმი ჩემი გრძნობების ანალიზს მივეცი თავი. მართალია, იმ ორ კვირას, სანამ აქ არ ვიყავი, უკეთ ვგრძნობდი თავს, ვიდრე ახლა, დაბრუნების დღეს, თუმცა, გზაში გახელებული ვნაღვლობდი, ცხელებიანივით ვბორგავდი, ძილშიც კი გამუდმებით პოლინა მედგა თვალწინ. ერთხელ (შვეიცარიაში შემემთხვა ეს ამბავი) ვაგონში, ძილში, ეტყობა, პოლინას გავემძრახე, და გულიანად ვაცინე ჩემი თანამგზავრები. ახლა კიდევ ერთხელ ვკითხე ჩემს თავს: მიყვარს თუ არა პოლინა? და ამ ერთხელაც ვერ მოვახერხე პასუხის გაცემა, ანუ ახლაც, მეასეჯერ მივუგე ჩემს თავს, პოლინა მძულს-მეთქი. დიახ, მე იგი მძულდა. იყო წუთები (ეს წუთები სწორედ ჩვენი საუბრის დასასრულს დგებოდა), როცა ნახევარი სიცოცხლის ფასად მზად ვიყავი, დამეხრჩო იგი. გეფიცებით, შესაძლებლობა რომ მქონოდა, ნელ-ნელა გამეყარა პოლინას გულში დანა, - ასე მგონია, იარაღს სიამოვნებით ჩავბღუჯავდი. ყოვლადწმიდას გეფიცებით, შლაგენბერგზე, იმ ხახადაბჩენილ პუანტზე, პოლინას მართლა რომ ეთქვა ჩემთვის უფსკრულში გადაეშვიო, წამით არ დავფიქრდებოდი, სიამოვნებითაც ჩავიდენდი ამას. ეს ვიცოდი. ასე იყო თუ ისე, ამას ბოლო უნდა მოღებოდა. ყოველივე ეს პოლინასაც ჩინებულად ჰქონდა შეგნებული, და ის აზრი, რომ მე სავსებით სწორად და გარკვევით მესმის, რომ იგი ჩემთვის მიუწვდომელია, რომ ჩემი ფანტაზია, ოცნება აუხდენელია - მჯერა, ეს აზრი პოლინას განსაკუთრებულ სიამოვნებას ანიჭებს; ასე რომ არ იყოს, განა პოლინა, ესოდენ ფრთხილი და ესოდენ წინდახედული, ჭკვიანი, გამენდობოდა? ასე მგონია, აქამომდე ისე მიყურებს-მეთქი, როგორც დედოფალი გარდასულ დროთა, რომელმაც გაშიშვლება იწყო მონის წინაშე, რადგან მონას არაკაცად თვლის-მეთქი. დიახ, პოლინა არაკაცად მთვლის.    ახლა კი მისგან დავალებული მქონდა ყოველმიზეზგარეშე მომეგო რულეტზე. სადღა მეცალა იმის განსჯისთვის, რისთვის და რატომ სჭირდება ფული ასე სასწრაფოდ და რა განსაკუთრებული მოსაზრებანი აფუთფუთდა მის მარადჟამს აფორიაქებულ გონებაში? თანაც, ამ ორ კვირაში, ეტყობა, ისეთმა ფაქტებმა იჩინა თავი, რომლებზედაც მე წარმოდგენა არა მქონდა. ახლა ყველაფერი სასწრაფოდ უნდა გამომეცნო, განმეჭვრიტა. მაგრამ ჯერჯერობით საამისოდ არ მეცალა: რულეტზე მიმეჩქარებოდა. თავი II    გამოგიტყდებით, უსიამოვნო გრძნობა დამეუფლა. კი გადავწყვიტე, ვითამაშებ-მეთქი, მაგრამ სხვის ყისმათზე თამაში სულაც არ მეჭაშნიკებოდა. რაღაცნაირად გაოგნებულიც ვიყავი და სამორინეში წინდაწინვე გულნაკლულმა შევაბიჯე. იმთავითვე არ მეჭაშნიკა იქაურობა. ვერ ვიტან ამ ლაქიობას, რაზედაც ამდენს წერენ მთელი ქვეყნისა და, განსაკუთრებით, ჩვენი რუსული გაზეთების ფელეტონებში, სადაც თითქმის ყოველ გაზაფხულზე ფელეტონისტები ჰყვებიან ორ ამბავს: ჯერ ერთი, სამორინეს დარბაზების რაღაც გასაოცარ დიდებულებასა და ფუფუნებაზე, მეორე - მაგიდებზე თითქოსდა დახვავებულ ოქროს ზვინებზე. ამას უბრალოდ უანგარო პირფერობისათვის ჰყვებიან, ამისთვის ფულსაც კი არ უხდიან ფელეტონისტებს. ამ საზიზღარ დარბაზებში არავითარი ფუფუნება არ სუფევს, ოქრო, ზვინებად კი არა, ერთი ბეწო ძლივს იქნება. რასაკვირველია, ათასში ერთხელ, მთელი სეზონის მანძილზე, ვინმე ახირებული ინგლისელი ან აზიელი, ვთქვათ, თურქი, როგორც ამ ზაფხულს, უცებ წააგებს ან მოიგებს დიდძალს: დანარჩენები კი მხოლოდ წვრილმან გულდენებზე თამაშობენ, და საერთოდ, მაგიდებზე გვარიანი ქესატობაა. როგორც კი სამორინეში ფეხი შევდგი, პირველად ჩემს სიცოცხლეში, ერთხანს ვერ ვბედავდი თამაშს. თანაც იმდენ ხალხში საძრაობა არ იყო, მაგრამ მარტოც რომ ვყოფილიყავ, მაშინაც, ვფიქრობ, უმალ წავიდოდი, თამაშის დაუწყებლად. გამოგიტყდებით, გულს ბაგაბუგი გაჰქონდა და ავღელდი კიდეც. დაბეჯითებით ვიცოდი და კარგახანია გადაწყვეტილი მქონდა, რომ რულეტენბურგიდან თავს იოლად ვერ დავიძვრენდი, რაღაც რადიკალური და გადამწყვეტი მოხდებოდა ჩემს ცხოვრებაში. რაც არის, არის. მოსახდენი უნდა მოხდეს. ისე, სასაცილო კია, ამდენს რომ მოველი რულეტიდან, მაგრამ ასე მგონია, უფრო სასაცილოა ყველას მიერ აღიარებული დრომოჭმული აზრი, თითქოს სიგიჟე და დამთხვეულობაა, კაცი თამაშიდან რასმე მოელოდეს. რითაა თამაში ფულის მოხვეჭის სხვა საშუალებაზე, ვთქვათ, ვაჭრობაზე უარესი? ისე, მართალია, ასიდან ერთი თუ იგებს, მაგრამ მე რა მესაქმება?    ყოველ შემთხვევაში, გადავწყვიტე მხოლოდ თვალი მიმეტანებინა და ამ საღამოს სერიოზული არაფერი წამომეწყო. ამ საღამოთი თუ რამ მოხდებოდა, მოხდებოდა უნებლიეთ და გაკვრით - ასეთი გუმანი მქონდა. გარდა ამისა, თვითონ თამაშიც უნდა შემესწავლა, რადგან რულეტის ათასგზის აღწერილობას, რასაც გაფაციცებით ვკითხულობდი, თავი და ბოლო მაინც ვერ გავუგე მანამ, სანამ თვითონ ჩემი თვალით არ ვიხილე.    თავიდანვე ყველაფერი ბინძური მეჩვენა - ზნეობრივად ბინძური და ამაზრზენი. არა, ამ ხარბ და აფორიაქებულ ხალხზე როდი მოგახსენებთ, ათობით, ასობითაც რომ ირევიან სამორინეს მაგიდების გარშემო. მე პირადად ცუდს არაფერს ვხედავ ადრე და მალე გამდიდრების სურვილში. მუდამ დიდ სისულელედ მეჩვენებოდა ერთი თავგადაკლული და გაქსუებული მორალისტის აზრი, რომელიც ვიღაცის თავისმართლებაზე „აკი ცოტ-ცოტას ჩამოდიანო, - პასუხობდა: მით უარესი, წვრილმანი ანგარებააო“. თითქოს ერთი არ იყოს წვრილმანი და დიდი ანგარება. საქმე პროპორციებშია - რაც როტშილდისათვის წვრილმანია, ჩემთვის მთელ სიმდიდრეს შეადგენს, ხოლო მოხვეჭასა და მოგებაზე თუ მიდგება საქმე, ხალხი რულეტზე თუ სხვაგან მხოლოდ იმას აკეთებს, რომ ერთმანეთს რაღაცას სცინცლავს ან აგებს. საერთოდ, ყვლეფა-გლეჯა საძაგლობაა თუ არა - სხვა ამბავია. ახლა ამ პრობლემის გადაჭრას არ ვაპირებ. რადგან მე თვითონ მეტისმეტად ვიყავი მოგების სურვილით შეპყრობილი, მთელი ანგარება და, თუ გნებავთ, მთელი ანგარებიანი სიბინძურე, სამორინეში შესვლისას, როგორღაც ხელს მაძლევდა, მიბიძგებდა კიდეც. ძალიანაც კარგია, როცა კი არ ლოლიაობენ, არამედ აშკარად და ხელაღებით მოქმედებენ. ანდა რატომ უნდა მოიტყუოს კაცმა თავი? ამაო გარჯაა! განსაკუთრებით ულაზათო, ერთის შეხედვით, ის გახლავთ, ეს მემორინე არამზადები ასეთის პატივისცემით, სერიოზულობითა და მოკრძალებით რომ ირევიან მაგიდების გარშემო. აი, რატომაა აქ მკვეთრად გამიჯნული, რას ეძახიან mauvais genre-ს და რა შეეფერება პატიოსან კაცს. არსებობს ორგვარი თამაში - ერთი, ჯენტლმენური, მეორე - პლებეური, ანგარებიანი, მდაბალთა თამაში. აქ ეს მკაცრადაა გამიჯნული - და არსებითად ამ გამიჯვნაში რაოდენი სიმდაბლეა? ჯენტლმენი, სიტყვაზე, ჩამოვა ხუთ ან ათ ლუიდორს, იშვიათად მეტსაც, ხანდისხან, შეიძლება, ათას ფრანკსაც ჩამოვიდეს, თუ ძალიან მდიდარია, მაგრამ მხოლოდ გასართობად, მხოლოდ თავშესაქცევად, თვალი რომ ადევნოს მოგება-წაგების პროცესს; ოღონდ ეგაა, არ უნდა დაინტერესდეს მოგებით. მოგებისას, სიტყვაზე, შეიძლება ხმამაღლა გაიცინოს, გარშემომყოფთაგან ვისმე გამოელაპარაკოს, შეიძლება მეორედაც ჩამოვიდეს და მეორეჯერაც ორმაგად ამოიგოს, მაგრამ მხოლოდ ცნობისწადილისათვის, მხოლოდ იღბლიანობის შესამოწმებლად, გასაანგარიშებლად და არა მოგების პლებეური სურვილით. ერთი სიტყვით, ყველა ამ სამორინო მაგიდებს, რულეტს, trente et quarante-ს მხოლოდ გართობად მიიჩნევს, რაც მოწყობილია მისდა საამებლად. ანგარება და ფლიდობა, რაზედაც დაფუძნებულია ბანკი, გუნებაშიც არ უნდა გაივლოს. სასურველია, თუ, სიტყვაზე, დანარჩენ მემორინეებსაც, დანარჩენ ხურდამურდა ხალხსაც, რომლებიც გულდენებს დაჰკანკალებენ - მიიჩნევს ისეთსავე ჯენტლმენებად და მდიდრებად, როგორიც თვითონაა, და ჩათვლის, რომ სხვებიც მხოლოდ გასართობად და თავშესაქცევად თამაშობენ. ამგვარი უგულებელყოფა სინამდვილისა და გულუბრყვილო ჭვრეტა ადამიანებისა, რასაკვირველია, განსაკუთრებულად არისტოკრატული იქნებოდა. ვხედავდი, ზოგიერთი დედები როგორ უბიძგებდნენ თავიანთ უმწიკვლო და მოხდენილ, თხუთმეტ-თექვსმეტი წლის ასულებს, მისცემდნენ ოქროს რამდენიმე მონეტას, ასწავლიდნენ თამაშის წესებს. ქალიშვილი მოიგებდა თუ წააგებდა, უსათუოდ იღიმებოდა და ძალზე კმაყოფილი გაეცლებოდა მაგიდას. ჩვენი გენერალი ერთის ამბით, დინჯად მიუახლოვდა მაგიდას. ლაქია გამოქანდა სკამის მოსაწოდებლად, მაგრამ გენერალს არც შეუნიშნავს იგი; ნება-ნება გახსნა ქისა, დიდხანს იქექებოდა შიგ, როგორც იქნა ამოიღო სამასი ფრანკი ოქროთი, ჩამოვიდა შავზე და მოიგო. მოგებული არც კი აუღია, იქვე დატოვა, მაგიდაზე. ისევ შავი ამოვიდა. არც ამჯერად უხლია ხელი და, როცა მესამედ წითელი ამოვიდა, ერთბაშად დაკარგა ათას ორასი ფრანკი. იგი ღიმილით გაშორდა მაგიდას და არაფერი დაიმჩნია. დარწმუნებული ვარ, გული მოეწურა და, ორ-სამჯერ მეტს რომ ჩამოსულიყო, ნირი წაუხდებოდა და აღელდებოდა. თუმცა, ჩემს თვალწინ ერთმა ფრანგმა მოიგო და მერე ხალისითა და ყოველგვარი აღელვების გარეშე ისევ წააგო ოცდაათიათას ფრანკამდე. ნამდვილი ჯენტლმენი არ უნდა აღელდეს, მთელი საბადებელიც რომ წააგოს. ფული ჯენტლმენობაზე იმდენად დაბლა უნდა იდგეს, რომ არც კი უნდა ღირდეს მასზე თავის მტვრევა. რასაკვირველია, დიდ არისტოკრატულობაში ჩამოგერთმევათ ამ გარემოების, სიბინძურისა და სიმდაბლის უგულებელყოფა. ხანდისხან კი არანაკლები არისტოკრატულობაა, გადახედო, შეათვალიერო კიდეც, თუნდაც ლორნეტით, ეს ვიგინდარები. მაგრამ მხოლოდ იმგვარად, რომ მთელი ეს წუმპე და ბრბო მხოლოდ და მხოლოდ ჯენტლმენთა გასართობად, თავშესაქცევ წარმოდგენად მიიჩნიო. შეიძლება თვითონაც გამოიჭყლიტო ამ ბრბოში, ოღონდ ირგვლივ მხოლოდ დაკვირვებულ თვალს უნდა ავლებდე, ღრმად დარწმუნებული, რომ თქვენ გარედან მაყურებელი ხართ და სულაც არ ეკუთვნით ამ წრეს. თუმცა, მეტისმეტი დაკვირვებულობაც არ ვარგა: არც ეს ჩამოგერთმევათ ჯენტლმენობად, რადგან დიდი არაფერი სანახაობაა და არ ღირს მძაფრ დაკვირვებად. ანდა რა სანახაობაა. ჯენტლმენს არც ეკადრება მისთვის განსაკუთრებული ყურადღების მიქცევა. ყოველ შემთხვევაში, მე პირადად მომეჩვენა, რომ ყოველივე ეს ძალიან საყურადღებოა, განსაკუთრებით იმათთვის, ვინც მარტო თვალისთვის წყლის დასალევინებლად როდი მოსულა, არამედ თავის თავს კეთილსინდისიერად და წრფელად აკუთვნებს მთელ ამ ვიგინდარებს. რაც შეეხება ჩემს სანუკვარ ზნეობრივ მრწამსს, ამ მსჯელობასთან, რასაკვირველია, მას ხელი არა აქვს. როგორც გნებავთ, ისე ჩამომართვით; ნამუსის მოსაწმენდად ვამბობ, მაგრამ აი, რას დავძენ; ამ ბოლო ხანებში რატომღაც ძალიან მომძულდა, რომელიმე ზნეობრივ ნორმებში ჩამეტია ჩემი საქციელი და აზრები. სულ სხვა რამ დამეუფლა...    ვიგინდარა მართლაც ბინძურად თამაშობს. მე პირადად სულ არ მეუცხოვება ის აზრი, რომ იქვე მაგიდასთან ხდება ჩვეულებრივი ყვლეფა. კრუპერები, რომლებიც მაგიდის ბოლოში სხედან, თვალყურს ადევნებენ ჩამოსვლას და მოთამაშეებს ანგარიშს უსწორებენ, უამრავი საქმე აქვთ. აი, ვინ არის ნამდვილი ვიგინდარა! კრუპერები მეტწილად ფრანგები არიან. სხვათაშორის, იმიტომ კი არ ვაკვირდები და ვიხსომებ, რომ მერე რულეტი აგიწეროთ; მინდა გავიწაფო, რომ ვიცოდე, როგორ მოვიქცე მომავალში. მაგალითად, მე შევნიშნე, რომ არაფერია იმაში არაჩვეულებრივი, როცა მაგიდაზე აფათურდება უცებ ვიღაცის ხელი და მოხვეტავს იმას, რაც თქვენ მოგიგიათ. იწყება დავა, არც თუ იშვიათად ყვირილი და, მიდი და ამტკიცე, ეძებე მოწმეები, რომ თქვენი ჩამოსვლა იყო!    თავდაპირველად ამგვარი ოინები ჩინურ ანბანად მეჩვენებოდა; მხოლოდ გუმანით ვგრძნობდი და ზოგჯერ ვხვდებოდი კიდეც, რომ უნდა ჩამოვსულიყავი რიცხვებზე, კენტსა და ლუწზე, ფერებზე; პოლინა ალექსანდროვნას ფულიდან იმ საღამოს მხოლოდ ასი გულდენის ჩამოსვლა ვცადე. ის აზრი, რომ თამაშს ჩემს ყისმათზე არ ვიწყებ, როგორღაც მბორკავდა, თავგზას მიბნევდა. საოცარი უსიამო განცდა დამეუფლა, მინდოდა, რაც შეიძლებოდა მალე განვთავისუფლებულიყავი მისგან; ასე მეჩვენებოდა, პოლინას მაგიერ თამაშით ჩემს ბედს ხელსა ვკრავ-მეთქი. ნუთუ არ შეიძლება ეზიარო სამორინო მაგიდას და მყისვე ცრუმორწმუნე არ გახდე? დავიწყე იმით, რომ ამოვიღე ხუთი ფრიდრიხსდორი, ესე იგი ორმოცდაათი გულდენი, და, ჩამოვედი წყვილზე. ბორბალი დატრიალდა და ამოვიდა ცამეტი. წავაგე. რაღაც ავადმყოფური შეგრძნებით, მხოლოდ იმიტომ, რომ ხელ-ფეხი გამხსნოდა და იქაურობას გავცლოდი, ისევ ჩამოვედი ხუთ ფრიდრიხსდორს წითელზე. ამოვიდა წითელი. ათივე ფრიდრიხსდორი ჩავედი - ისევ წითელი ამოვიდა. ისევ მთელი ფული ერთბაშად დავდე - ისევ წითელი ამოვიდა. ახლა ორმოცი ფრიდრიხსდორი მქონდა, აქედან ოცი თორმეტ შუათანა ციფრებზე დავდე ალალბედზე, არც ვიცოდი, რა გამოვიდოდა აქედან. სამმაგად გადამიხადეს. ამგვარად, ათი ფრიდრიხსდორი უცებ ოთხმოცად იქცა. იმდენად აუტანლად მეჩვენა ეს უცნაური და უჩვეულო გრძნობა, რომ წასვლა ვარჩიე. მეჩვენებოდა ჩემს ყისმათზე რომ მეთამაშა, სულ სხვაგვარად მოვიქცეოდი. მაინც, ყველა, ოთხმოცივე ფრიდრიხსდორი ისევ ჩავედი წყვილზე. ამჯერად ოთხი გამოვიდა. კიდევ ოთხმოცი გადმომიყარეს. მთელი ასსამოც ფრიდრიხსდორიანი გროვა მოვბღუჯე და პოლინა ალექსანდროვნას საძებნელად გავწიე.    ყველანი სადღაც პარკში გაკრეფილიყვნენ და მხოლოდ ვახშმად მოვახერხე პოლინას ნახვა. ამჯერად ფრანგი არ ჩანდა, გენერალი თავს თავისუფლად გრძნობდა. სხვათაშორის, საჭიროდ მიიჩნია გავეფრთხილებინე, სასურველად არ მიმაჩნია სამორინო მაგიდის სიახლოვეს გიხილოთო. მისი აზრით, თავი მოეჭრება, თუ მე ყველაფერს წავაგებ. „მაგრამ ძალიან ბევრიც რომ მოიგოთ, მაინც თავი მომეჭრება, - დასძინა მან დიდის ამბით. - რასაკვირველია, მე უფლება არა მაქვს შევზღუდო თქვენი საქციელი, მაგრამ თვითონ განსაჯეთ...“ და, თავის ჩვეულებისამებრ, სიტყვა არ დაასრულა. მე ცივად მივუგე, რომ ძალიან ცოტა ფული მაქვს და, ამრიგად, არ შემიძლია შესამჩნევად წავაგო, კიდეც რომ დავიწყო თამაში-მეთქი. როცა ზემოთ, ჩემს ოთახში ავდიოდი, მოვასწარი პოლინა ალექსანდროვნასათვის მიმეცა მისი მოგება და გამოვუცხადე, მეტს აღარ ვითამაშებდი მის მაგიერ. - ვითომ რათაო? - მკითხა შეშფოთებულმა. - იმიტომ, რომ ჩემს ყისმათზე მინდა ვითამაშო, - მივუგე მე და თან გაოცებით შევათვალიერე. - როგორღაც მბოჭავს ამნაირი პირობა. - თქვენ კვლავაც დაბეჯითებით გწამთ, რომ რულეტი თქვენთვის ერთადერთი გამოსავალი და საშველია? - მკითხა მან დაცინვით. ისევ სერიოზულად მივუგე, ასეა-მეთქი. რაც შეეხება ჩემს რწმენას, რომ უსათუოდ მოვიგებ, დაე, ეს ამბავი სასაცილოდ გეჩვენოთ, თანახმა ვარ, „ოღონდ კი თავი დამანებონ-მეთქი“.    პოლინა ალექსანდროვნამ დაიჟინა, უსათუოდ გამეყო დღევანდელი მოგება და, მაძლია ოთხმოცი ფრიდრიხსდორი იმ ვარაუდით, რომ გავაგრძელებდი ამ პირობით თამაშს. გაყოფაზე გადაჭრილი და გადაწყვეტილი უარი ვტკიცე და გამოვუცხადე, სხვათა ყისმათზე იმიტომ კი ვერ ვთამაშობ, რომ არ მსურს, არამედ იმიტომ, ვაითუ წავაგო-მეთქი. - თუმცა, რა უნდა გითხრა, მეც, რაც არ უნდა სისულელედ გეჩვენებოდეს კაცს, რულეტის იმედზეღა ვარ. - დაფიქრებით თქვა მან. - ამიტომ თქვენ უსათუოდ უნდა გააგრძელოთ თამაში ჩემს მონახევრედ, - და, რასაკვირველია, გააგრძელებთ კიდეც. - თქვა და გამშორდა, ყური არ უგდო ჩემს უარს. თავი III    გუშინ პოლინას ჩემთან მთელი დღე კრინტი არ დაუძრავს თამაშის თაობაზე. საერთოდ, გუშინ ჩემთან საუბარს გაურბოდა. ჩვენს დამოკიდებულებას ძველებურად ნირი არ უცვლია. იგივე სრული დაუდევრობა მომართვისა თუ შეხვედრისას, ერთგვარი ათვალისწუნება და სიძულვილიც. გარდა ამისა, საზოგადოდ, არც სურს დაფაროს ჩემდამი ზიზღი. ამას აშკარად ვხედავ. მიუხედავად ამისა, იგი არ მიმალავს, რომ რაღაცისათვის ვჭირდები და ამიტომაც მიფრთხილდება. ჩვენს შორის რაღაც უცნაური, ჩემთვის ფრიად გაურკვეველი დამოკიდებულება დამყარდა - მხედველობაში უნდა მივიღოთ პოლინას ქედფიცხობა ყველასადმი. პოლინამ იცის, რასაკვირველია, რომ გახელებით მიყვარს და ნებას მაძლევს ველაპარაკო კიდეც ჩემს გრძნობებზე, თანაც ცხადია, თავის სიძულვილს ჩემდამი სხვაფრივ უფრო მეტად ვერაფრით ვერ გამოხატავდა, თუ არა ნებართვით; ხელაღებით და მოურიდებლად ველაპარაკო ჩემს სიყვარულზე „ეს იმას ნიშნავს, შენი გრძნობები იმდენად არარაობად მიმაჩნია, რომ ჩემთვის სულ ერთია რაზედაც არ უდა მელაპარაკო და რა გრძნობაც არ უნდა გაგაჩნდეს ჩემს მიმართ“. თავის საქმეებზე ის ადრეც ბევრს მელაპარაკებოდა, მაგრამ არასოდეს არ ყოფილა ბოლომდე გულახდილი. გარდა ამისა, მისგან ათვალისწუნებაში, მაგალითად, ასეთი წვრილმანებიც გამოერეოდა. ვთქვათ, პოლინამ იცოდა, რომ ჩემთვის ცნობილია რაიმე შემთხვევა მისი ცხოვრებიდან, ანდა ვიცი, რა აღელვებს მას. ეგ კი არა და, თვითონ გამანდობს კიდეც ზოგიერთ რამეს, თუ უნდა ჩემი გამოყენება რაიმე მიზნისათვის, მონურად გასაგზავნ-გამოსაგზავნად, მაგრამ გამანდობს მხოლოდ იმდენს, რამდენიც უნდა იცოდეს კაცმა, რომელსაც მსახურად იყენებენ. და თუ ჩემთვის ცნობილი არაა მოვლენათა მთელი წყება, თუ თვითონ ხედავს, როგორ მტანჯავს და მაწუხებს მისი ტანჯვა და წუხილი, არასოდეს არ მაღირსებს დამამშვიდოს თავისი მეგობრული გულახდილობით, თუმცა, ხშირად გამოვუყენებივარ არა მარტო საჯახირო, არამედ სახიფათო დავალებების შესასრულებლად. პოლინა, ჩემის აზრით, მოვალეა გულახდილი იყოს ჩემთან. მაგრამ განა ღირს იზრუნოს ჩემს გრძნობებზე, იმაზე, რომ მეც ვწუხვარ და, შესაძლოა, სამგზის მეტად ვზრუნავ და ვიტანჯები მისი საზრუნავითა და საფიქრალით, ვიდრე თვითონ!    სამი კვირის წინ ვიცოდი, რულეტზე თამაში რომ ჰქონდა გადაწყვეტილი. წინდაწინვე გამანდო კიდეც, რომ მე უნდე მეკისრა მის მაგიერ თამაში, რადგან მას ეუხერხულებოდა. ლაპარაკში მაშინვე შევატყვე, რაღაც სერიოზული საზრუნავი გასჩენოდა, რომ აქ მარტო ფულის მოგების სურვილი არ იყო. ფულს სულ არ დაგიდევდათ, აქ რაღაცა მიზანია, რაღაც გარემოება, რაც შეიძლება გამოვიცნო, მაგრამ რაც დღემდე არ ვიცი. რასაკვირველია, დამამცირებელსა და მონურ მდგომარეობას, როგორშიაც პოლინა მამყოფებს, შეეძლო მოენიჭებინა ჩემთვის (ხშირად კიდევაც მანიჭებდა) უფლება, ყოველივე ჯიქურ და უხეშად გამომეკითხა წვრილად. რახან მე მის თვალში მონა და არარაობა ვარ, არაფრით არ შეურაცხყოფს ჩემი მოურიდებელი ცნობისწადილი. საქმე ისაა, რომ პოლინა ნებას მრთავს შევეკითხო, მაგრამ არ მპასუხობს. ზოგჯერ ყურსაც არ შეიბერტყავს ხოლმე! ასე მოდის ჩვენში! გუშინ ჩვენთან მთელი დღე ლაპარაკობდნენ დეპეშაზე, რომელიც ჯერ კიდევ ოთხი დღის წინ გაეგზავნათ პეტერბურგში, პასუხი კი არ ჩანდა. გენერალი, ეტყობა, ღელავს და ჩაფიქრებულია. საქმე ეხება, რასაკვირველია, ბებიას. ღელავს ფრანგიც. გუშინ, მაგალითად, ნასადილევს, ორთავენი დიდხანს და სერიოზულად საუბრობდნენ. ფრანგის ტონი ყველა ჩვენთაგანის მიმართ უჩვეულოდ ზვიადი და მოურიდებელი გახდა. რომ იტყვიან - ფეხზე დაისვი, თავზე დაგაჯდებაო, სწორედ ისეა, პოლინასაც კი უშვერად ექცევა, თუმცა, არ აკლდება ვოკსალში გასეირნებას თუ კავალკადას, ან ქალაქგარეთ წასვლას. ჩემთვის კარგახანია ცნობილია ზოგიერთი გარემოება, რაც აკავშირებს ფრანგს გენერალთან; რუსეთში რაღაც საქმე წამოიწყეს ერთად; არ ვიცი, პროექტი ჩაეფუშათ თუ ისევ აგრძელებენ იმ საქმეს. გარდა იმისა, შემთხვევით გავიგე ოჯახური საიდუმლოების ნაწილი - ფრანგს ნამდვილად უხსნია გენერალი შარშან - თანამდებობის გადაბარებისას, ხაზინის ფულის დასაფარავად ოცდაათი ათასი ფრანკი მიუცია. და, რა გასაკვირია, გენერალი ხელში ჰყავს. მაგრამ ახლა, სწორედ ახლა, მთავარ როლს ყოველივე ამაში მაინც m-lle Blanche თამაშობს, და დარწმუნებული ვარ, არ ვცდები.    ვინ არის m-lle Blanche? აქ, ჩვენთან ამბობენ, წარჩინებული ქალია, ჰყავს დედა, აქვს დიდძალი ქონებაო. ცნობილია ისიც, რომ ჩვენს მარკიზს ენათესავება, კუზინა თუ ბიძაშვილთა შვილია. ამბობენ, პარიზში ჩემს ჩასვლამდე ფრანგი და m-lle Blanche ერთმანეთთან უფრო თავაზიანად იყვნენ, უფრო მორიდებით და დელიკატურად იქცეოდნენო; ახლა კი მათი ნაცნობობა და ნათესაობა რაღაცნაირად უხამსად გამოიყურება. შესაძლოა, ჩენი საქმეები ისე უიმედოდ მიაჩნიათ, რომ არც კი თვლიან საჭიროდ გველოლიავონ და ჩვენგან დაფარული ჰქონდეთ რაიმე. ჯერ კიდევ სამი დღის წინ შევნიშნე, მისტერ ასტლეი როგორ აკვირდებოდა m-lle Blanche-სა და დედამისს. ასე მომეჩვენა, რომ ასტლეი მათ იცნობს. ის კი არადა, მისტერ ასტლეი მგონი ჩვენ ფრანგსაც შეხვედრია ადრე. სხვათაშორის, ისეთი მორიდებული, მორცხვი და უენოა, რომ შეიძლება სავსებით ენდოს კაცი - სახლიდან ამბებს არ გაიტანს. ყოველ შემთხვევისათვის, ფრანგი ოდნავი თავის დაკვრით ესალმება და თითქმის ზედაც არ უყურებს. მაშასადამე - არც უფრთხის. ეს გასაგებიცაა: მაგრამ m-lle Blanche-ი რატომღა არიდებს თვალს? მით უფრო, მარკიზს გუშინ წამოსცდა საერთო საუბარში, არ მახსოვს, რას მოაყოლა: მისტერ ასტლეი საოცრად მდიდარია და ეს ამბავი ჩემთვის ცნობილიაო. მაშინ ხომ m-lle Blanche-ს სწორედ მისტერ ასტლეისათვის უნდა მიექცია ყურადღება. საერთოდ, გენერალი შეშფოთებულია. ცხადია, რას უნდა ნიშნავდეს მისთვის დედამისის გარდაცვალების ამბავი.    ეჭვი არ მეპარებოდა, რომ თითქოს განზრახ, პოლინა ჩემთან საუბარს გაურბოდა, მაგრამ მეც თვითონ ცივი და გულგრილი კაცის სახე მივიღე. სულ მეგონა, აგერ-აგერ თითონ მოვიდოდა ჩემთან. სამაგიეროდ გუშინ და დღეს მთელი ჩემი ყურადღება მეტწილად m-lle Blanche-ისკენ იყო მიმართული. საწყალი გენერალი, წასულია მისი საქმე! ორმოცდაათი წლის ასაკში ქალი შეიყვარო და ისიც ასეთი ვნებით, რასაკვირველია, დიდი უბედურებაა. ამას დაურთეთ მისი ქვრივობა, ორი ბავშვი, გაკოტრება, ვალები და, ბოლოს, ქალი, რომელიც მას შეუყვარდა.    M-lle Blanche ლამაზი ქალია, მაგრამ არ ვიცი, გამიგებენ თუ არა, თუ ვიტყვი, ეგეთ ვინმეებს კაცი უნდა ერიდოს. ყოველ შემთხვევაში, მე მუდამ ვუფრთხოდი ასეთ ქალებს. იგი, ალბათ, ოცდახუთი წლის იქნება. მაღალი, მოსული ქალია, თვალისმომჭრელი ყელი და მკერდი აქვს. კანის ფერი - მუქი, მოყვითალო, თმა - კუპრივით შავი, და საოცრად ხშირი, ორ ვარცხნილობასაც კი გასწვდება, თვალები - შავი, თვალის თეთრონი - მოყვითალო, გამოხედვა - ჯიქური, კბილები - ქათქათა, ტუჩები მუდამ შეღებილი. მუშკის სუნი ასდის. იცმევს ეფექტურად, მდიდრულად, თანაც დიდის გემოვნებით. მკლავები და წვივები - ჩამოსხმული. ხმა - ხრინწიანი კონტრალტო. რომ გადაიხარხარებს, ყველა კბილი უჩანს; მეტწილად დუმს და ჯიქურ იყურება - ყოველ შემთხვევაში, ასე იქცევა პოლინასა და მარია ფილიპოვნას თანდასწრებით. (უცნაური ხმები დადის - მარია ფილიპოვნა რუსეთში მიემგზავრებაო) მე მეჩვენება, m-lle Blanche-ს არავითარი განათლება არ გააჩნია, შეიძლება უჭკუოცაა, მაგრამ ეჭვიანი და ფლიდია. ასე მგონია, მთლად წმინდა წყლისა არ უნდა იყოს. რა დასამალია და, ვინ იცის, იქნებ, მარკიზი სულაც არაა მისი ნათესავი და დედამისი - დედა. მაგრამ ჩვენამდე მოაღწია ცნობებმა, რომ ბერლინში, სადაც მათ გადავეყარეთ, m-lle Blanche-სა და დედამისს რამდენიმე საჩინო ნაცნობი ჰყავთო. რაც შეეხება თვითონ მარკიზს, თუმცა დღემდე მეეჭვება მისი მარკიზობა, მაგრამ წესიერ საზოგადოებასთან რომ აქვს საქმე, მაგალითად, ჩვენთან, მოსკოვში, და აქა-იქ გერმანიაშიც, ეტყობა, საეჭვო არ უნდა იყოს. არ ვიცი, საფრანგეთში როგორ უყურებენ. ამბობენ, შატოაქვსო; მეგონა, ორ კვირაში ბევრი წყალი ჩაივლიდა, მაგრამ მიუხედავად ამისა, ჯერ კიდევ დანამდვილებით არ ვიცი, ითქვა თუ არა რაიმე გადაჭრით გენერალსა და m-lle Blanche-ს შორის. საერთოდ ახლა ყველაფერი დამოკიდებულია ჩვენს ქონებაზე, ანუ იმაზე, რა ფულს გამოუჩენს მათ გენერალი. თუ კი, სიტყვაზე, ცნობას მივიღებთ, რომ ბებია გარდაცვლილაო, დარწმუნებული ვარ, m-lle Blanche დაუყოვნებლივ გაქრება. თვითონ გაოცებას ვარ და მეცინება, რა ჭორიკანა გავხდი. ო, როგორ მეზიზღება ყველაფერი! რა სიამოვნებით მივატოვებდი ყველას და ყველაფერს! მაგრამ განა შემიძლია გავშორდე პოლინას, განა შემიძლია მას არ ვუდარილო? დარილი, რასაკვირველია, სიმდაბლეა, მაგრამ რა მენაღვლება! გუშინ და დღეს მისტერ ასტლეიც საინტერესო მეჩვენა. დიახ, დარწმუნებული ვარ, პოლინა უყვარს! საინტერესო და სასაცილოა, რაოდენის მთქმელია ხანდისხან მორცხვი და ავადმყოფურად თავდაჭერილი, სიყვარულით შეძრული კაცის გამოხედვა, და სწორედ მაშინ, როცა მზადაა უმალ მიწა გაუსკდეს და თან ჩაიტანოს, ვიდრე რაიმე დასცდეს ან გამოხატოს სიტყვით თუ მზერით. მისტერ ასტლეი ძალიან ხშირად გვხვდება სეირნობისას. ქუდს მოგვიხდის და გვერდზე ჩაგვივლის. თან რა თქმა უნდა, ერთი სული აქვს შემოგვიერთდეს. თუ მოიპატიჟებენ, წამსვე იუარებს. დასასვენებელ ადგილებში, ვოკსალში, მუსიკაზე ან შადრევნებთან უსათუოდ ჩვენი სკამების სიახლოვეს დაეყუდება და, სადაც არ უნდა ვიყოთ, - პარკში, ტყეში თუ შლანგენბერგზე - საკმარისია თვალი მოავლო იქაურობას, ირგვლივ მიმოიხედო, ახლომახლო, უახლოეს ბილიკზე, ანდა ბუჩქებში უსათუოდ დალანდავ მისტერ ასტლეის. ასე მგონია, შემთხვევას ეძებს-მეთქი ჩემთან სამასლაათოდ. ამ დილითაც შევხვდით ერთმანეთს და ორიოდე სიტყვით შევეხმიანეთ. ზოგჯერ როგორღაც აბნეულად ლაპარაკობს. ახლაც ჯერ „გამარჯობა“ არ უთქვამს და წამოიწყო: - ო, m-lle Blanche!.. ბევრი მინახავს ეგეთები, როგორიც m-lle Blanche-ია!    დადუმდა და ნიშნისგებით შემომაჩერდა. რა უნდოდა ამით ეთქვა, არ ვიცი, რადგან ჩემს კითხვაზე - რას ნიშნავს-მეთქი ეს, ეშმაკური ღიმილით დამიქნია თავი და დაუმატა: „ეს ისე ვთქვი. Mademoiselle Pauline-ს ძალიან უყვარს ყვავილები?“ - არ ვიცი, არაფერი არ ვიცი, - მივუგე მე. - რაო, ესეც კი არ იცით! - წამოიძახა საოცრად განცვიფრებულმა. - არ ვიცი, არ შემინიშნავს, - გავიმეორე სიცილით. - ჰმ, ეს ჩემთვის საგულისხმოა. - მაშინვე თავი დამიკრა და გამშორდა. სხვათაშორის, ერთობ ნაამები სახე ჰქონდა. ერთმანეთს უსაძაგლესი ფრანგულით ველაპარაკებოდით. თავი IV    დღეს სასაცილო, უსახური, აბნეული დღე იყო. ახლა ღამის თერთმეტი საათია. ვზივარ ჩემს სენაკში და ვიხსენებ. ჯერ იყო და, დილით მაინც მომიწია პოლინა ალექსანდროვნას მაგიერ სათამაშოდ წასვლამ. თან წავიღე მისი ასსამოცი ფრიდრიხსდორი, მაგრამ ორი პირობით: ერთი - მენახევრედ არ ვითამაშებდი, ანუ თუ რასმე მოვიგებდი, კაპიკს არ ავიღებდი, და მეორე: საღამოთი პოლინა ამიხსნიდა, მაინც ასე რისთვის ჭირდებოდა მოეგო და სახელდობრ - რამდენი. ვერაფრით ვერ ვირწმუნებ, რომ მხოლოდ ფულზეა საქმე. ეტყობა, ფული აუცილებელია, თანაც რაც შეიძლება მალე, რაღაც განსაკუთრებული მიზნისათვის. პოლინამ აღმითქვა, ყველაფერს აგიხსნიო და მე სამორინეში წავედი. იქ უამრავი ხალხი ირეოდა. რა უხეში და ხარბი ბრბოა! შუაგულისაკენ ძლივს გავაღწიე და კრუპერის გვერდით გავჩერდი, მერე გულისფანცქალით ვცადე თამაში; ორ-სამ მონეტას ჩამოვდიოდი. ამასობაში იქაურობას ვაკვირდებოდი და ვეჩვეოდი. ასე მეჩვენა, რომ არსებითად, გაანგარიშება ცოტას ნიშნავს, და სულაც არა აქვს იმხელა მნიშვნელობა, რასაც ზოგიერთი მემორინე ანიჭებს. სხედან, ხელთ დახაზული ქაღალდი უჭირავთ, ინიშნავენ დარტყმას, ანგარიშობენ, ბედის წყალობას ვარაუდობენ, ბოლოს ჩამოვლენ და ზუსტად ისევე აგებენ, როგორც ჩვენ, უბრალო მოკვდავნი, ალალ-ბედზე მოთამაშენი. სამაგიეროდ ერთი რამ დავასკვენი, რაც, ეტყობა, უტყუარია: მართლაც, შემთხვევითობასა და ალალბედობაში არის, თუ სისტემა არა, რაღაც წესრიგი მაინც - რაც, რასაკვირველია, ძლიერ საოცარია. მაგალითად, მოხდება ხოლმე, რომ თორმეტი შუათანა ციფრის შემდეგ ამოდის თორმეტი ბოლო ციფრი. ორჯერ, ვთქვათ, მოგება ხვდება ამ ბოლო თორმეტს და გადაინაცვლებს პირველ თორმეტზე; დაეცემა პირველ თორმეტს და გადაინაცვლებს ისევ შუათანა თორმეტზე, ხვდება ზედიზედ სამჯერ, ოთხჯერ შუათანას და ისევ ბოლო თორმეტზე გადახდება, სადაც, ორგზის ამოსვლის შემდეგ, ისევ პირველს მიუბრუნდება, პირველს ისევ ერთხელ ხვდება და სამი დარტყმით ისევ შუათანაზე გადაინაცვლებს, და ასე გრძელდება საათნახევარი-ორი საათის განმავლობაში. ერთი, სამი, ორი; ერთი, სამი, ორი. ძალიან სასეიროა. სხვა დღეებში, ან დილით, სიტყვაზე, წითელი ერთთავად შავს ენაცვლება, ანდა პირუკუ. თითქმის უწესრიგოდ, ზედიზედ, ასე რომ, წითელზე ან შავზე, მიყოლებით, ორი-სამი დარტყმის მეტი არ მოდის. ან მეორე დღეს, ანდა მეორე საღამოს ზედიზედ ოცდაორჯერ ან მეტჯერაც მხოლოდ წითელი ამოდის და ასე გრძელდება რამდენიმე ხნის განმავლობაში, ვთქვათ, მთელი დღე. ბევრი რამ ამიხსნა მისტერ ასტლეიმ , რომელიც გუშინ მთელი დილა სამორინო მაგიდებთან ატუზული იყო, თვითონ ერთხელაც არ ჩამოსულა. მე კი ერთიანად წავაგე ყველაფერი, თანაც ძალიან სწრაფად. პირდაპირ, ერთბაშად ჩავედი წყვილზე ოცი ფრიდრიხსდორი და მოვიგე. ჩავედი ხუთი და ისევ მოვიგე, ასე განმეორდა ორჯერ თუ სამჯერ. მგონი, ოთხას ფრიდრიხსდორამდე მომიქუჩდა სულ რაღაც ხუთ წუთში. წესით, უნდა გავცლოდი იქაურობას, მაგრამ რაღაც საოცარი გრძნობა დამეუფლა, თითქოს წერამ ამიტანაო, თითქოს მინდოდა სილა გამეწნა ბედისათვის, ჯიბრში ჩავდგომოდი. ჩამოვედი ყველაზე დიდ ნებადართულ თანხას, ოთხიათას გულდენს, და წავაგე, მერე, გაცხარებულმა, ყველაფერი, რაც გამაჩნდა ჩავედი იმავე ციფრზე და ისევ წავაგე, ბოლოს დარეტიანებული გავეცალე მაგიდას. ვერც კი გამეგო, რა დამემართა და, ჩემს ხელმოცარვაზე პოლინა ალექსანდროვნას ზედ სადილობის წინ მოვახსენე. მანამდე პარკში დავეხეტებოდი.    სადილობისას ისევე აფორიაქებული ვიყავი, როგორც სამი დღის წინ. ფრანგი და m-lle Blanche კვლავ ჩვენთან სადილობდნენ. გამოირკვა, დილით m-lle Blanche სამორინეში ყოფილა და ჩემი ვაჟკაცობა უხილავს. ამჯერად თითქოს მეტი ყურადღებით გამომელაპარაკა. ფრანგმა კი ჯიქურ მკითხა, ნუთუ საკუთარი ფული წააგეთო. მგონი, პოლინაზე აიღო ეჭვი. ერთი სიტყვით, რაღაც ხდება. იმწამსვე ვიცრუე და მივუგე, რასაკვირველია, საკუთარი-მეთქი.    გენერალი მეტისმეტად გაოცდა, საიდან გაგიჩნდა ამდენი ფულიო. ავუხსენი, რომ დავიწყე ათი ფრიდრიხსდორით, რომ ექვსმა თუ შვიდმა ზედიზედ დარტყმამ, ორმაგმა, მომაგებინა ხუთი თუ ექვსი ათასი გულდენი და რომ მერე მთელი მოგება ორი დარტყმით გავუშვი ხელიდან ყოველივე ეს, რასაკვირველია, მართალსა ჰგავდა. ამას რომ ვამბობდი, პოლინას გადავხედე, მაგრამ მის სახეზე ვერაფერი ამოვიკითხე. რაკი სიცრუის ნება დამრთო და არაფერი შეუსწორებია, დავასკვენი, უნდა მეცრუვნა და დამემალა, რომ მის მაგივრად ვთამაშობდი. ყოველ შემთხვევაში, ვამბობდი გუნებაში, იგი მოვალეა ამიხსნას ყოველივე, აკი აღმითქვა წეღან, რაღაცას გამცნობო.    მეგონა, გენერალი გაწყრება-მეთქი, მაგრამ იყუჩა. სამაგიეროდ, სახეზე მოუსვენრობა და მღელვარება შევნიშნე. შესაძლოა, მისთვის, ამ გაჭირვებულ მდგომარეობაში ძნელი მოსასმენი იყო, რომ თხუთმეტიოდე წუთში ამოდენა ოქრომ გაიარა ისეთი დაუდევარი ბრიყვის ხელში, როგორიც მე გახლავართ. ვფიქრობ, გუშინ საღამოს ფრანგთან ცხარე წალაპარაკება უნდა ჰქონოდა, ოთახში ჩაკეტილი კარგა ხანს ფიცხად დაობდნენ რაღაცაზე. ფრანგი თითქოს გაღიზიანებული წავიდა, დღეს დილით კი ისევ გენერალთან გაჩნდა, - ალბათ, გუშინდელი დავის გასაგრძელებლად.    ჩემი წაგების ამბავი რომ მოისმინა, ფრანგმა გესლით და ბრაზითაც კი მითხრა, უფრო კეთილგონივრულად უნდა მოიქცეო. არ ვიცი, ეს რაღაზე მოაყოლა, თქვა - რუსები თუმცა ბევრნი თამაშობენ, მაგრამ, ჩემი აზრით, მაგათ თამაშის თავიც კი არა აქვთო. - მე კი ვფიქრობ, რომ რულეტი მხოლოდ რუსებისთვისაა მოგონილი, - ვუპასუხე გამომწვევად, - და როცა ფრანგმა ჩაიქირქილა, დავძინე, რომ, რასაკვირველია, სიმართლე ჩემს მხარეზეა, რადგან როცა ვლაპარაკობ რუსებზე, როგორც მემორინეებზე, მე თვითონ უფრო ვლანძღავ მათ, ვიდრე ვაქებ, და რომ მე, მაშასადამე, შეიძლება მენდოს კაცი. - რას ემყარება თქვენი მოსაზრება? - მკითხა ფრანგმა. - იმას, რომ ცივილიზებული დასავლეთელი კაცის სიქველისა და ღირსებათა კატეხიზმოში ისტორიულად და თითქმის მთავარ პუნქტად დაკანონდა კაპიტალის შეძენის უნარი. რუსი კი, არა მარტო, უუნაროა მოიხვეჭოს კაპიტალი, არამედ ფლანგავს კიდეც მას უმიზნოდ და უმსგავსოდ. მიუხედავად ამისა, ჩვენ, რუსებსაც გვინდა ფული, - დავძინე მე, - ამის კვალობაზე, ძალიან გვახარებს და ძალიანაც ვეტანებით ისეთ საშუალებებს, როგორიცაა ვთქვათ, რულეტი, სადაც შეიძლება უეცრად, გაურჯელად, ორ საათში გამდიდრდე, ეს ამბავი ძალიან გვხიბლავს. ხოლო რადგან ამაოდ, გაურჯელად ვთამაშობთ, ვაგებთ კიდეც! - ეს ნაწილობრივ მართალია, - კმაყოფილებით თქვა ფრანგმა. - არა, არაა მართალი, და სირცხვილი თქვენ, ამეებს რომ ამბობთ თქვენს სამშობლოზე, - მკაცრად და შეგონებით თქვა გენერალმა. - მომიტევეთ, - მივუგე მას, - მაგრამ ჯერ არავინ იცის, რა მეტი უხამსობაა: რუსული უყაირათობა თუ გერმანელთა ყაიდაზე - პატიოსანი შრომით ხვეჭა ფულისა. - რა უმსგავსი აზრები მოგდით! - წამოიძახა გენერალმა. - რაოდენ რუსული აზრია. - წამოიძახა ფრანგმა. მე ვიცინოდი; საოცრად მომინდა მათი წაკიდება. - მირჩევნია მთელი სიცოცხლე ყირგიზული კარვის ანაბარა ვიხეტიალო, - წამოვიძახე მე, - ვიდრე გერმანულ კერპს ვეთაყვანო. - რა კერპს? - ხმას აუწია გენერალმაც და სერიოზულად გაცხარდა. - სიმდიდრის დაგროვების გერმანულ წესს. დიდი ხანი არაა, რაც აქ ვარ, მაგრამ რისი დანახვა და შემოწმებაც მოვასწარი, ყოველივე იმან ჩემში თათრული სისხლი აღაშფოთა. ღმერთმანი, არ ვისურვებდი ასეთ სიქველეს! გუშინვე მოვასწარი ათიოდე ვერსის შემოვლა. პირდაპირ ისეა, როგორც გერმანულ, სურათებიან დამრიგებლურ წიგნებში: აქ ყველგან, ყოველ სახლში საკუთარი ფატერი ჰყავთ, უაღრესად ქველი და ზედმიწევნით პატიოსანი, ისეთი პატიოსანი, რომ მასთან მიახლოებაც შემზარავია. ყოველ ამგვარ ფატერს ჰყავს ჯალაბი, საღამოობით ხმამაღლა კითხულობენ ჭკუისსასწავლ წიგნებს. ეზოში თელები და წაბლები შრიალებენ, მზე ჩადის. ერდოზე ყანჩაა დაყუდებული, ყველაფერი პოეტური და გრძნობების ამშლელია. - ნუ შემომწყრებით გენერალო, ნება მიბოძეთ, უფრო გულისამაჩუყებლად ვთქვა. თვითონაც კარგად მახსოვს, ცხონებული მამაჩემიც, ბაღჩაში, ცაცხვებქვეშ, საღამოობით მე და დედაჩემს ამგვარ წიგნებს გვიკითხავდა... თვითონვე შემიძლია ყოველივე ამის ჯეროვნად დაფასება. ჰოდა, ყოველი ასეთი აქაური ოჯახი ფატერის სრულ მონობასა და მორჩილებაშია. ყველანი ხარივით მუშაობენ და კაპიკს კაპიკზე ადებენ ურიებივით. ვთქვათ, ფატერმა უკვე შეაგროვა ამდენი და ამდენი გულდენი და უფროსი შვილისთვის გადადო, რათა მას ხელობა ან მიწა უანდერძოს. ამის გამო ქალიშვილს მზითევს არ აძლევენ და შინაბერად რჩება. ამის გამო უმცროს ვაჟს კაბალაში ან სალდათში უკრავენ თავს და მიზდს საოჯახო კაპიტალს მიუმატებენ. ნამდვილად ასე ხდება აქ; მე გამოვიკითხე. ყოველივე ეს კეთდება პატიოსნად, გამძაფრებული პატიოსნებით, იქამდე, რომ უმცროს, გაყიდულ ვაჟსა სჯერა, რომ მას უბრალოდ კი არა, ნამუსიანად ჰყიდიან - და ეს ხომ იდეალია, როცა თვითონ მსხვერპლი სიხარულით მიდის სამსხვერპლოზე. მერე რაღა ხდება? მერე ის, რომ არც უფროსია უკეთეს დღეში: ჰყავს მას ვიღაც ამალჰენი, რომელთანაც გულითაა გადაჯაჭვული, მაგრამ ქორწინება აკრძალულია, რადგან საჭირო გულდენი ჯერ არ მოუგროვებია. ისინიც იცდიან უდრტვინველად და გულწრფელად და სამსხვერპლოზე ღიმილით მიდიან. ამალჰენს კი ამასობაში ლოყები უჭკნება, ხმება, თუმცა ოცი წლის შემდეგ ქონებამ იმრავლა, გულდენები პატიოსნად და ნამუსიანად შექუჩდა. ფატერი ლოცავს ორმოცი წლის პირმშოსა და ოცდათხუთმეტი წლის, მკერდდაშრეტილსა და ცხვირწაწითლებულ ამალჰენს... თან ცრემლად იღვრება, შეგონებას კითხულობს და კვდება. ახლა პირმშო თვითონ ხდება ქველი ფატერი, და ისევ თავიდან იწყება მთელი ამბავი. ასე, ორმოცდაათი-სამოცდაათი წლის შემდეგ პირველი ფატერის შვილიშვილი მართლაც უყრის თავს მნიშვნელოვან კაპიტალს და უანდერძებს შვილს, ის თავისას, მერე იგი თავისას და ასე, ხუთი თუ ექვსი თაობის შემდეგ გამოხტება თვით ბარონი როტშილდი ან გოპე და კომპი; თუ ეშმაკმა უწყის, კიდევ ვინ. აბა, რით არაა დიდებული სანახაობა: ას თუ ორასწლოვანი მემკვიდრეობითი შრომა, მოთმინება, გონება, პატიოსნება, ხასიათი, სიმტკიცე, ყაირათიანობა, ყანჩა ერდოზე! მეტი რაღა გინდათ, ამის იქით ხომ აღარაფერია, და ამ წერტილიდან ისინი თვითონ იწყებენ მთელი მსოფლიოს განსჯას და დამნაშავეებს, ესე იგი ვინც მცირეოდენ მაინც განსხვავდება მათგან, უმალ ჯვარზე გააკრავენ. ჰოდა, ასეა საქმე: მე მირჩევნია ისევ რუსულად მოვიგიჟიანო თავი, ანდა ერთიანად ავშენდე რულეტზე. არ მინდა ვიყო გოპე და კომპი, ხუთი თაობის შემდგომ. ფული მინდა ჩემდათავად, ჩემი თავი არ მიმაჩნია კაპიტალისაგან დამოკიდებულად ან კაპიტალის დამატებად. ვატყობ, ბევრი რამ მოვჩმახე, მაგრამ რა გაეწყობა, მე ასე მწამს. - არ ვიცი, რამდენად შეესაბამება სიმართლეს, რაც ბრძანეთ, - შეფიქრიანებით თქვა გენერალმა, - მაგრამ ის კი დანამდვილებით ვიცი, რომ როგორც კი ნებაზე მიგიშვებენ, იწყებთ აუტანელ ფარსს... - და, ჩვეულებისამებრ, სიტყვა აღარ დაასრულა. ჩვენი გენერალი თუ კი სიტყვას ჩამოაგდებდა რაიმეზე, რაც იოტის ოდენ მაინც თუ აღემატებოდა ჩვეულებრივ საუბარს, არასოდეს ბოლომდე არ იტყოდა სათქმელს. ფრანგი აგდებით უსმენდა, ოდნავ თვალდაჭყეტილი. მას თითქმის არაფერი გაუგია ჩემი ნათქვამიდან. პოლინა ერთგვარი ქედმაღლური გულგრილობით იმზირებოდა. ეტყობოდა, მარტო ჩემი ნათქვამი კი არა, ამჯერად სუფრასთან თქმულიდანაც არაფერი გაუგონია. თავი V    პოლინა ძალზე დაფიქრებული იყო, მაგრამ სუფრიდან აშლისთანავე მიბრძანა სასეირნოდ ვხლებოდი. ბავშვები წავიყვანეთ და პარკში, შადრევანისაკენ წავედით. მე თვითონაც ძლიერ აფორიაქებული გახლდით და ამიტომ, ცოტა არ იყოს, უხეშად და ტუტუცურად მივახალე კითხვა: რას მივაწერო, რომ ჩვენი მარკიზი დე გრიე შინიდან გამოსვლისას არამც თუ არ გახლავს, მთელი დღეობით აღარც გელაპარაკება-მეთქი. - ფლიდია და იმიტომ, - უცნაურად მომიგო მან. არასოდეს გამიგონია ასეთი რამ დასცდენოდეს დე გრიეზე. გაჩუმება ვარჩიე, შემეშინდა გაღიზიანების მიზეზის შეტყობა. - შენიშნეთ თუ არა, რომ დღეს გენერალსაც ეკინკლავება? - გნებავთ შეიტყოთ, რა მოხდა, - მშრალად და გაღიზიანებით მომიგო მან, - აკი მოგეხსენებათ, გენერალი თავით ფეხებამდე დე გრიეს მოვალეა, მთელი მამული - ფრანგისაა, და თუ ბებია არ მოკვდება, დაუყოვნებლივ გადავა დე გრიეს მფლობელობაში, რაც გირავნობით აქვს მიღებული. - მერე და მართალია, რომ ყველაფერი დაგირავებულია? მეც მოვკარი ყური, მაგრამ არ მეგონა, თუ ყველაფერი დაგირავებული იყო. - აბა როგორ? - ჰოდა, მშვიდობით mademoiselle Blanche, - ვთქვი მე. - ვეღარ გამხდარა გენერლის თანამეცხედრე და ეგაა! იცით, რა? ასე მეჩვენება, გენერალი ისეა შეყვარებული, რომ თავსაც მოიკლავს, თუ mademoiselle Blanche მიატოვებს. მის ასაკში ასეთი სიყვარული საშიშია. - მეც ასე მგონია, თავს რაღაცას აუტეხავს-მეთქი, - დაფიქრებით თქვა პოლინა ალექსანდროვნამ. - დიდებულია! - წამოვიძახე მე, - ამაზე უფრო უხეშად არც შეიძლება ხალხს განუცხადო, უმარტივეს წესებსაც არ დაგიდევენ, სრულიად უბოდიშოდ იქცევიან. სასწაულია! რაც შეეხება ბებიას, პირდაპირ სასაცილო და უხამსობაა, რომ დეპეშა დეპეშაზე იგზავნება შეკითხვით: მოკვდა? მოკვდა? ა, როგორ მოგწონთ ეს ამბავი, პოლინა ალექსანდროვნა? - რეებს ჩმახავთ, - ზიზღით გამაწყვეტინა მან. - პირდაპირ მაოცებს კიდეც, რამ გაგახალისათ ასე. რა გიხარიათ? ნუთუ ის, რომ ჩემი ფულები წააგეთ? - რატომ მომეცით წასაგებად? აკი გითხარით, სხვის ყისმათზე თამაში არ შეიძლება-მეთქი, მით უფრო, თქვენს ყისმათზე. ყველაფერს ავასრულებ, რაც არ უნდა მიბრძანოთ, მაგრამ შედეგი ჩემზე რომ არაა დამოკიდებული? აკი წინდაწინ გაგაფრთხილეთ, რომ არაფერი გამოვიდოდა. მითხარით, ძალიან იზარალეთ ამდენი ფულის დაკარგვით? რად გინდოდათ ამდენი ფული? - ეს რა სიტყვა-პასუხია! - მაგრამ, აკი თვითონვე აღმითქვით, ყველაფერს აგიხსნითო... მისმინეთ: დარწმუნებული ვარ, საკმარისია ჩემს ყისმათზე დავიწყო თამაში (მე ხომ თორმეტი ფრიდრიხსდორი მაქვს) უმალ მოვიგებ, მაშინ კი რამდენიც გენებოთ, წაიღეთ. პოლინას სახეზე ზიზღი აისახა. - ნუ გამიწყრებით ასეთი ლაპარაკისთვის. - განვაგრძე მე, - ისევ განვიმსჭვალე იმის შეგნებით, რომ თქვენს წინაშე, ესე იგი თქვენს თვალებში, არარაობა ვარ, რომ თავისუფლად შეგიძლიათ ჩემგან ფულის წაღება. ჩემს საჩუქარს არ უნდა შემოსწყრეთ. თანაც მე ხომ თქვენი ფული წავაგე.    მან სასწრაფოდ შემომხედა და შემატყო, გაღიზიანებული, სარკაზმით რომ ველაპარაკებოდი, ისევ გამაწყვეტინა სიტყვა: - ჩემს საქმეებში თქვენთვის საინტერესო არაფერია. თუ ძალიან გინდათ იცოდეთ, უბრალოდ, მე ვალი მაქვს. ვისესხე და მინდოდა გამესტუმრებინა. რაღაც სულელური და უცნაური აზრი ამეკვიატა, რომ უსათუოდ მოვიგებდი აქ, სამორინო მაგიდაზე. საიდან გამიჩნდა ეს აზრი, - არ ვიცი, მაგრამ მჯეროდა კია. ვინ იცის, ეგებ იმიტომ მჯეროდა, რომ სხვა გზა არ გამაჩნდა, მეტი ჩარა არ მქონდა. - თუ უფრო იმიტომ, რომ აუცილებლად გჭირდებათ მოგება; ეს იმას ჰგავს, წყალწაღებული ხავსს რომ მოეჭიდება. მერწმუნეთ, წყალს რომ არ წაეღო, არ იფიქრებდა, ხავსი ხის ტოტიაო. პოლინა გაოცდა. - რაო? - მკითხა მან, - აკი თქვენც რულეტის იმედით სულდგმულობთ. ერთხელ, ამ ორი კვირის წინ, კარგახანს მელაპარაკეთ, აქ, რულეტზე, უეჭველად მოვიგებო და მეც მარწმუნებდით, გიჟი არ გეგონოო; ეგებ ხუმრობდით მაშინ? მაგრამ კარგად მახსოვს, ისე სერიოზულად ლაპარაკობდით, არაფერი არ შეიძლებოდა კაცს ხუმრობად ჩაეთვალა. - მართალია, - დაფიქრებულმა მივუგე მე. - ახლაც ურყევად მჯერა, რომ მოვიგებ. გამოგიტყდებით, თქვენ აღმიძარით კითხვა: ჩემმა დღევანდელმა უაზრო და უმსგავსო წაგებამ რატომ არ ამაღებინა ხელი განზრახვაზე? ახლაც მტკიცედ მწამს, ჩემს ყისმათზე რომ დავიწყო თამაში, უმალ მოვიგებ. - რატომ ხართ აგრე დარწმუნებული? - მართალი თუ გნებავთ - არც ვიცი, ვიცი მხოლოდ, რომ უნდა მოვიგო, რომ ესაა ჩემთვის ერთადერთი გამოსავალი. და აი, იქნებ სწორედ ამიტომ მწამს, რომ მოვიგებ. - გამოდის, თქვენც მეტისმეტად გჭირდებათ, რახან ასე ფანატიკურად გჯერათ. - ნაძლევსა ვარ, თქვენ ეჭვობთ, რომ მე გამაჩნდეს აუცილებლობის შეგნების უნარი. - ეგ ჩემთვის სულერთია, - წყნარად და გულგრილად მომიგო პოლინამ. - თუ მართალი გნებავთ - დიახაც, მე ვეჭვობ რაიმე სერიოზული გტანჯავდეთ. თქვენ ეს არც ძალგიძთ. თქვენ აფორიაქებული და დაულაგებელი კაცი ხართ. რად გინდათ ფული? თქვენს მიერ წარმოდგენილ დასაბუთებაში სერიოზული ვერაფერი ვნახე. - სხვათაშორის, - გავაწყვეტინე მე, - თქვენ ბრძანეთ, ვალი უნდა გავისტუმროო. კარგი ვალია, ეტყობა! ფრანგისა ხომ არ გმართებთ? - ეს რეები მესმის? დღეს განსაკუთრებით თავს გაგივიდათ. ხომ არ დამთვრალხართ? - კარგად მოგეხსენებათ, რომ თავს ნებას ვაძლევ, ხანდახან ძალიან გულახდილად გელაპარაკოთ და ზოგი რამ გკითხოთ კიდეც. გიმეორებთ, მე თქვენი მონა ვარ და მონისა არ ერიდებათ, მონა ვერ შეურაცხყოფს. - რა უმსგავსობაა! ვერ ვიტან ამ თქვენ „მონურ“ თეორიას. - იცოდეთ, იმიტომ კი არ ვლაპარაკობ ჩემს მონობაზე, რომ თქვენი მონად ყოფნის დიდი სურვილი მქონდეს, არამედ უბრალოდ, ჩემგან სრულიად დამოუკიდებელ ფაქტს აღვნიშნავ. - აღიარეთ, რად გინდათ ფული! - თქვენ რაღას მოგცემთ ამის შეტყობა? - როგორც გენებოთ, - მომიგო მან და ამაყად გადაიქნია თავი. - მონურ თეორიას უგულებელყოფთ და მონებისგან კი მოითხოვთ: „მიპასუხე და არ განსაჯო“. კეთილი, აგრე იყოს. რად მინდა ფული? როგორ თუ რად - ფული ყველაფერია. - მესმის, მაგრამ ფულის სურვილით ასე გადარევა იქნება? ეს ხომ გამოთაყვანებამდე, ფატალიზმამდე მიგიყვანთ. აქ რაღაც სხვა ამბავია, რაღაც გაქვთ უზურში. თქვით, ოღონდ მიუკიბ-მოუკიბავად. მე ასე მსურს. თითქოს გაცხარდა კიდეც; ძალიან მეამა, ასე ძირისძირობამდე რომ იძიებდა ყველაფერს. - რასაკვირველია, მიზანი მაქვს, - მივუგე მე, - მაგრამ ვერ შევძლებ აგიხსნათ, სახელდობრ რა. იმის მეტი არაფერი, რომ თუ ფული მექნა, თქვენს თვალში მონად კი არა, სხვა კაცად გამოვჩნდები. - როგორ, როგორ მიაღწევთ ამას? - როგორ? ნუთუ არ გესმით, როგორ მივაღწევ, რომ თქვენ სხვა თვალით დამიწყოთ ყურება, და მონად აღარ მიმიჩნიოთ. მაგრამ სწორედ ეგ არაფრად მეჭაშნიკება, ეგეთი გაოცება და გახეტება. - აკი ამბობდით, ამგვარი მონობა ჩემთვის ტკბობააო. მეც ასე მჯეროდა. - ასე გჯეროდათ! - წამოვიძახე რაღაც უცნაური სიამით, - რა დიდებულია ამგვარი გულუბრყვილობა თქვენი მხრიდან! დიახ, თქვენი მონობა ჩემთვის მართლაც რომ სიამოვნებაა. დიახაც, რომ არის სიამოვნება უკიდურესად დამცირებასა და არარაობაში. - განვაგრძობდი მე ბოდვას. - ეშმაკმა უწყის, ეგებ შოლტიც კი ანიჭებს კაცს ტკბობას, როცა იგი ზურგზე ტყავს აძრობს. მაგრამ იქნება მინდა სხვაგვარი სიამეც ვიგემო. ამასწინათ გენერალი სუფრასთან თქვენი თანდასწრებით ჭკუას მარიგებდა, მელაპარაკებოდა წელიწადში იმ შვიდასი მანეთის თაობაზე, რომელიც შეიძლება ვერც კი მივიღო მისგან. მარკიზი დეგრიე ამრეზით მათვალიერებს და ზედაც არ მიყურებს. მე კი, ჩემდა თავად, შეიძლება ძლიერაც მსურდეს თქვენი თანდასწრებით დე გრიეს ცხვირში ვწვდე? - ბავშვივით მსჯელობთ. ყოველგვარ მდგომარეობაში შეიძლება კაცმა ღირსეულად დაიჭიროს თავი. თუ ბრძოლაზე მიდგება საქმე, ის არამცთუ დაგცემთ, აგამაღლებთ კიდეც. - ჭეშმარიტება ღაღადებს თქვენს ბაგეთაგან! ოღონდ ესეც გაითვალისწინეთ: ეგებ ვერც ვახერხებ ღირსეულად თავდაჭერას. ესე იგი, მე ღირსეული ადამიანი კი ვარ, მაგრამ ღირსეულად თავდაჭერა არ მეხერხება. მიმიხვდით? დიახ, ასეც ხომ ხდება? ყველა რუსს ასე მოსდგამს და იცით რატომ? იმიტომ, რომ რუსები მეტისმეტად და მრავალმხრივ ნიჭიერები არიან და უჭირთ მათთვის შესაფერი ფორმის მალე მიგნება. საქმე ფორმაა. ჩვენ, რუსები, მეტწილად ისე უხვად ვართ დაჯილდოვებულნი, რომ რიგიანი ფორმისთვის გენიალურობა გვჭირდება, გენიალურობა კი იოლად არ იპოვება, რადგან იგი, საერთოდ, იშვიათობაა. მხოლოდ ფრანგებმა და, თუ გნებავთ, ზოგიერთმა სხვა ევროპელებმა, შესძლეს ეპოვნათ შესატყვისი ფორმა, ასე რომ, შეიძლება ძალიანაც ღირსეულად გამოიყურებოდე და, ამასთან, ყოვლად უღირსი კაცი იყო. ამიტომაა, ფორმა დიდ რამედ რომ მიაჩნიათ. ფრანგი გადაყლაპავს შეურაცხყოფას, ნამდვილ, ჭეშმარიტ შეურაცხყოფას და წარბსაც არ შეიხრის, მაგრამ ცხვირზე წკიპურტის წაკვრას ვერ მოითმენს, რადგან ეგ უკვე აღიარებული და დაკანონებული წესიერების ფორმათა დარღვევაა. დახვეწილი ფორმის გამო ეტანებიან ჩვენი ყმაწვილქალები ფრანგებს, ფრანგული ფორმა ხელსაყრელია. ისე, კაცმა რომ თქვას, მაგათაც არავითარი ფორმა არ გააჩნიათ, ეგენი მამლაყინწები არიან და ეგ არი. Le coq gaulois შეიძლება, მამლები კარგებიც არიან, თუმცა, ამის გაგება არ ძალმიძს, მე ხომ ქალი არა ვარ. საერთოდ, ენად გავიკრიფე და თქვენ კი აღარ მაჩერებთ. ხშირხშირად შემაჩერეთ ხოლმე. როცა თქვენ გესაუბრებით, მინდა ყველაფერი, ყველაფერი, ყველაფერი გითხრათ. მე ყოველგვარ ფორმას ვკარგავ. იმაზეც თანახმა ვარ, რომ არამცთუ ფორმა, არავითარი ღირსებაც არ გამაჩნია. პირდაპირ გეუბნებით ამას. არც ვიწუხებ თავს რაიმე ღირსებებისთვის. ახლა ყველაფერი შეჩერდა ჩემში. თვითონაც კარგად მოგეხსენებათ ამის მიზეზი. თავში არც ერთი ადამიანური აზრი არ გამაჩნია. კარგახანია არ ვიცი, რა ხდება ქვეყანაზე, რუსეთში, აქ. აგერ დრეზდენში გახლდით და არ კი მახსოვს, როგორია დრეზდენი. კარგად მოგეხსენებათ, რამ ჩანმთქა. რახან არავითარი იმედი არ გამაჩნია და თქვენს თვალშიაც არარა ვარ, პირდაპირ გეუბნებით: მხოლოდ თქვენ მეზმანებით ყველგან, ყოველივე დანარჩენი ჩემთვის სულერთია. რისთვის მიყვარხართ ასე, არ ვიცი, ვინ იცის, ეგებ სულაც არა ხართ კარგი? წარმოიდგინეთ, არც კი ვიცი, კარგი ხართ თუ ცუდი, ისიც კი არ ვიცი, სახით როგორი ხართ. გული, ალბათ, არა გაქვთ კარგი. გონება არაკეთილშობილური გაქვთ. ეს ადვილი მოსალოდნელია. - ალბათ ჩემი კეთილშობილება რომ არ გწამთ, ამიტომ გგონიათ, ფულით მომისყიდით, - თქვა მან. - როდის დაგიპირეთ ფულით მოსყიდვა? - წამოვიძახე მე. - ლაპარაკს შეჰყევით და წამოგცდათ. მე თუ არა, ჩემი პატივისცემის მოსყიდვას მაინც ფიქრობთ. - ო, არა, ეგრე სულაც არაა საქმე. აკი გითხარით, მიჭირს-მეთქი ახსნა. თქვენ მე მთრგუნავთ. ნუ გაწყრებით ჩემს ჩმახვაზე, კარგად მოგეხსენებათ, რატომაც არ შეიძლება ჩემზე გაბრაზება: უბრალოდ, შმაგი ვარ. თუმცა, რა მენაღვლება, გნებავთ, გამიწყერით კიდეც. საკმარისია ზემოთ, ჩემს საკანში გავიხსენო და წარმოვიდგინო თუნდაც თქვენი კაბის შრიალი, მზად ვარ მჯიღი მოვიჭამო. ან კი რატომ უნდა გაწყრეთ ჩემზე? მხოლოდ იმიტომ, რომ ვაღიარებ ჩემს მონობას? ისარგებლეთ, ისარგებლეთ ჩემი მონობით! უწყით თუ არა, რომ ოდესმე მოგკლავთ? იმიტომ კი არა, რომ გადაგიყვარებთ, ან ვიეჭვიანებ - ისე, ტყუილუბრალოდ მოგკლავთ, იმიტომ რომ ხანდისხან თქვენი შეჭმის ჟინი მომივლის ხოლმე. თქვენ გეცინებათ. - სულაც არ მეცინება, - თქვა მან რისხვით. - ახლავე გაჩუმდით. იგი შეჩქვიფდა, ბოღმისაგან ძლივს ითქვამდა სულს. ღმერთმანი, მართლა არ ვიცოდი, ლამაზია თუ არა, მაგრამ ძალიან მიყვარდა, როცა იგი შეჩქვიფდებოდა ხოლმე ჩემს წინაშე, და ამიტომაც მსიამოვნებდა მისი ხშირად განრისხება. შესაძლოა, ეს შემამჩნია კიდეც და განზრახ ბრაზობდა. ესეც ვუთხარი. - რა სიმდაბლეა! - წამოიძახა მან ზიზღით. - რა მენაღვლება, - განვაგრძე მე, - ესეც იცით თუ არა, რომ ჩვენი ერთად სიარული საშიშია: ხშირად დაუოკებელი ჟინი მივლის მიგბეგვოთ, დაგასახიჩროთ, წაგახრჩოთ. როგორ გგონიათ, აქამდე არ მივა საქმე? თქვენ მე გამახელებთ. ვითომ აყალმაყალს მოვერიდები, ანდა თქვენი რისხვის შემეშინდება? რა არის ჩემთვის თქვენი განრისხება? უიმედოდ მიყვარხართ და ვიცი, ამის შემდეგ ათასგზის მეტად მეყვარებით. თუ ოდესმე მოგკლავთ, მაშინ ხომ თავიც უნდა მოვიკლა - მაგრამ, რაც შეიძლება გავაჭიანურებ თავის მოკვლას, რომ ეს აუტანელი ტკივილი უთქვენოდ უფრო შევიგრძნო. იცით თუ არა დაუჯერებელი ამბავი: დღითიდღე უფრო მეტად მიყვარხართ, ეს კი თითქმის შეუძლებელია. ამის მერეც აღარ ვიყო ფატალისტი? გახსოვთ, სამი დღის წინ, შლანგენბერგზე, თქვენსავე გამოწვევაზე რა წაგჩურჩულეთ? თქვენი ერთი სიტყვა და - უმალ თავით დავეშვები ამ უფსკრულში-მეთქი. რომ გეთქვათ ეს სიტყვა, გადავხტებოდი. ნუთუ არ გჯერათ, რომ გადავხტებოდი? - რა სულელური ჩმახვაა! - მომახალა მან. - რა მენაღვლება, ჩემი სიტყვები სულელურია თუ ჭკვიანური, - წამოვიძახე მე, - ვიცი, რომ უნდა გელაპარაკოთ, გელაპარაკოთ, გელაპარაკოთ და მეც ვლაპარაკობ. თქვენს წინაშე თავმოყვარეობას ვკარგავ და აღარაფერი მენაღვლება. - რატომ უნდა გაიძულოთ გადახტეთ შლანგენბერგიდან? - თქვა მან მშრალად და როგორღაც განაწყენებით, - რას მარგებდა! - დიდებულია! - წამოვიძახე მე. - თქვენ განზრახ ბრძანეთ ეს დიდებული „რას მარგებდა“, რომ დაგეთრგუნეთ. მე თქვენ ხუთი თითივით გხედავთ. - რას მარგებდაო, ბრძანებთ? მაგრამ სიამოვნება მუდამ სასარგებლოა, ხოლო ველური, უსაზღვრო ხელმწიფება - თუნდაც ბუზზე - ესეც ხომ ერთგვარი სიამოვნებაა. ადამიანი თავისი ბუნებით დესპოტია და უყვარს მტანჯველი იყოს. თქვენ განსაკუთრებით გიყვართ. მახსოვს, რაღაც განსაკუთრებული, დაჟინებული ყურადღებით მიმზერდა. შეიძლება, ჩემი სახე გამოხატავდა ჩემსავე უთავბოლო, შეუსაბამო ფიქრებს. მახსენდება, რომ მართლაც თითქმის სიტყვა-სიტყვით ასე ვსაუბრობდით, როგორც აქ აღვწერე. თვალები სისხლით ამევსო. ტუჩის კუთხეებში ქაფი მომადგა. რაც შეეხება შლანგენბერგს, სინდისს გეფიცებით, ახლაც რომ ებრძანებინა ქვევით გადაეშვიო, გადავეშვებოდით! ისე, ხუმრობითაც რომ ეთქვა, თუნდაც ზიზღით, შემოეფურთხებინა და ისე ეთქვა - მაინც გადავხტებოდი. - არა, რატომაც არა, მჯერა თქვენი, - მითხრა მან, მაგრამ, ისე, როგორც ხანდახან იცის ხოლმე, ზიზღით, იქედნურად, ისე ქედმაღლურად, რომ, ღმერთმანი, იმ წუთში შემეძლო მომეკლა. რისკზე მიდიოდა. არც ეს დამიფარავს, ვუთხარი კიდეც. - მხდალი არა ვარო, ამბობთ? - უცებ მკითხა მან. - არ ვიცი, ეგებ მხდალიცა ვარ. არ ვიცი... დიდი ხანია, ამაზე არ მიფიქრია. - რომ გითხრათ, მოკალი მავანი და მავანი კაცი-მეთქი, მოკლავდით? - ვის? - ვისაც გინდა! - ფრანგს? - ნუ მეკითხებით, მიპასუხეთ - ვისაც ხელს დავადებ. მინდა ვიცოდე, სერიოზულად ამბობთ ამას? - იგი ისე სერიოზულად და მოუთმენლად ელოდა პასუხს, რომ როგორღაც შევცბი. - მეტყვით თუ არა, ბოლოს და ბოლოს, რა ხდება, - წამოვიყვირე მე, - რაო, ხომ არ გეშინიათ ჩემი? თვითონაც კარგად ვხედავ აქაურ უწესრიგობას. თქვენ ხართ გერი გაკოტრებული და გონგადასული კაცისა, რომელიც შეპყრობილია ამ სატანის - Blanche-ის ტრფობით; აქვეა ფრანგიც, რომელსაც თქვენზე იდუმალი გავლენა აქვს. და ახლა თქვენც ისე სერიოზულად მეკითხებით. მეც ხომ უნდა ვიცოდე რაღაცა. თუ არა და, გავხელდები და რაღაცას ჩავიდენ. ეგებ გეთაკილებათ გამიტყდეთ? განა შეიძლება ჩემთან რაიმე გეთაკილებოდეთ? - ეგ სულაც არ მითქვამს; მე ჩემს შეკითხვაზე ველოდები პასუხს. - რასაკვირველია, მოვკლავ! - წამოვიძახე მე, - მოვკლავ, ვინც არ უნდა იყოს... მაგრამ განა შეგიძლიათ... განა თქვენ ამას მიბრძანებთ? - აბა რა გგონიათ, დაინდობთ? გიბრძანებთ და თვითონ განზე დავრჩები. შეიძლებთ ამას? არა! სად შეგიძლიათ! თქვენ, რასაკვირველია, მოკლავთ ბრძანებისამებრ, მერე მე მომვარდებით მოსაკლავად, რომ გავბედე თქვენი გაგზავნა. ამ სიტყვებზე თითქოს რაღაცამ დამკრაო. რა თქმა უნდა, თავიდანვე ნახევრად ხუმრობად, გამოწვევად მივიჩნიე მისი შეკითხვა. ახლა შევატყვე, არც თუ ხუმრობას ჰგავდა. მაინც, გავოცდი, რომ ასეთი რამ თქვა, რომ იგი ამხელა ძალაუფლებას ინარჩუნებს ჩემზე, რომ ის თანახმაა ამ უფლებამოსილებისა და პირდაპირ მახლის: „გასწი დასაღუპავად, მე კი განზე დავრჩებიო“. ამ სიტყვებში რაღაც ცინიკურიც გამოსჭვივოდა და გულახდილიც, რაც, ჩემის აზრით, მეტისმეტად ბევრს ნიშნავდა. და თუ ასე იყო, რა თვალით შემომხედავდა ამის შემდეგ? ეს ამბავი უკვე გასცდა მონობისა და არარაობის სამანს. ყოველივე ამის შემდეგ კაცს გაიტოლებენ. რაც არ უნდა შეუსაბამო და არაჩვეულებრივი ყოფილიო მთელი ჩვენი საუბარი, გული მაინც გადამიქანდა. უცებ მან გადაიხარხარა. სკამზე ვიჯექით, მოთამაშე ბავშვების ახლოს, სწორედ იმ ადგილის წინ, სადაც ეკიპაჟები ჩერდებოდნენ და ხალხს ხეივანში გადმოსხამდნენ ხოლმე, ვოკსალის წინ. - ხედავთ იმ ფაშფაშა ბარონესას? - წამოიძახა მან. - ეს გახლავთ ბარონესა ვურმერჰელმი. სულ სამიოდე დღეა, რაც ჩამოვიდა. აგე მისი ქმარიც: მაღალი, ხმელ-ხმელ პრუსიელი, ხელჯოხიანი. გახსოვთ, სამი დღის წინ როგორ გვათვალიერებდა? ახლავე ადექით, მიდით ბარონესასთან, ქუდი მოიხადეთ და უთხარით რამე ფრანგულად. - რატომ? - იფიცებოდით, შლანგენბერგიდან გადავხტებიო, მარწმუნებდით, კაცს მოვკლავ, თუ მიბრძანებო. ყველა ამ მკვლელობისა და ტრაგედიის სანაცვლოდ მხოლოდ გამხიარულება მინდა. გასწით. სიტყვის შეუბრუნებლად. მინდა ვიხილო, როგორ გაგჯოხავთ ბარონი. - თქვენ მე მაქეზებთ. გგონიათ, გადავთქვამ? - დიახაც, გაქეზებთ. გასწით. მე ასე მსურს. - კეთილი, მივდივარ, თუმცა ეს გიჟური ახირებაა. მხოლოდ ის მაფიქრებს, ამის გამო გენერალს უსიამოვნება არაფერი შეხვდეს, ხოლო გენერლისაგან - თქვენ. ღმერთმანი, ჩემს თავზე არ ვზრუნავ - მხოლოდ თქვენზე და გენერალზეც, - რა ახირებაა ქალის შეურაცხყოფის დაჟინება? - ეჰ, გეტყობათ, მხოლოდ ყბედი ხართ, - თქვა მან ზიზღით. - კაიხანია თვალებში სისხლი მოგაწვათ, სულ ეგაა. თუმცა, სადილზე ღვინო ბლომად გადახუხეთ და შეიძლება იმის ბრალიცაა. განა თვითონაც არ მესმის, რომ ეს სისულელეა, სიმდაბლეა, რომ გენერალი გაცხარდება? მე უბრალოდ გართობა მომინდა. ასე მწადია და მორჩა! ანდა რატომ უნდა შეურაცხყოთ ქალი? უმალ გაგჯოხავენ. შევბრუნდი და მდუმარედ წავედი პოლინას დავალების შესასრულებლად. რასაკვირველია, ეს სიგიჟე იყო, და, ამისაგან თავი ვერაფრით დავიძვრინე. მაგრამ როცა ბარონესას მივუახლოვდი, მახსოვს, თითქოს წერამ ამიტანაო, სწორედ ბალღივით ავცეტდი, თანაც გაღიზიანებული ვიყავი, მთვრალივით. უკვე ორი დღე გავიდა იმ გადარეული დღის მერე. რამდენი ყვირილი, ხმაური, მითქმა-მოთქმა, აყალმაყალი ატყდა! რანაირი უთავბოლობა, უმსგავსობა, სისულელე და სიმდაბლე მოჰყვა - და ყოველივე ამის მიზეზი მე შევიქენი. თუმცაღა ზოგჯერ ყოველივე ეს სასაცილოა - ყოველ შემთხვევაში, მე მეცინება. საკუთარი თავისთვისაც ვერ ამიხსნია, რა მომდის, მართლა გამოვთაყვანდი, თუ უბრალოდ გზას ავცდი და ვღლაბუცობ, ვიდრე არ გამბაწრავენ. ხანდისხან ისე მეჩვენება, ჭკუა მერევა-მეთქი. ზოგჯერ კი მგონია, ბავშვობას, სკოლის მერხს არ გავცდენილვარ და მხოლოდ უხეშად ვპამპულაობ. სულ პოლინას, პოლინას ბრალია! შეიძლება ამგვარი პამპულაობაც არ დამეწყო, პოლინა რომ არ ყოფილიყო. ვინ იცის, შეიძლება ეს სასოწარკვეთილების ბრალია, თუმცა, დიდი სისულელე კია ასე მსჯელობა. ვერც კი შემიგნია, ვერ გამიგია, რა აქვს კარგი! მოხდენილი კი ნამდვილად არის; ეგებ მეჩვენება კიდეც. სხვებსაც ხომ აგიჟებს. მაღალია და ტანადი, თხელ-თხელი, ასე მგონია, სულ იოლად შეიძლება მისი მომარყუჟება, ანდა უბრალოდ, ორად მოკეცვა. წვრილი და გრძელი ნატერფალი აქვს - ჩემი მაწამებელი. სწორედ რომ მაწამებელი. თმებზე წითური გადაჰკრავს. ნამდვილი კატის თვალები აქვს, მაგრამ გამოხედვისას რაოდენი სიამაყე და ქედმაღლობა გამოსჭვივის მათში! ოთხიოდე თვის წინ, როცა ამათთან სამსახური ახალი დაწყებული მქონდა, ერთ საღამოს პოლინა დარბაზში დე გრიეს დიდხანს და ცხარედ ელაპარაკებოდა. თან ისე უყურებდა... რომ როცა მერე ჩემს ოთახში დასაძინებლად წავედი, მომეჩვენა, სილა გააწნა-მეთქი, აი, ახლა გააწნა სილა, მერე წინ დაუდგა და მიაჩერდა-მეთქი... სწორედ იმ საღამოს მერე შემიყვარდა. ჯობს საქმეს მივუბრუნდეთ. ბილიკით დავეშვი ხეივნისაკენ, გავჩერდი შუაგულ ხეივანში და ბარონესას და ბარონს ვუცდიდი; როცა ხუთ ნაბიჯზე მომიახლოვდნენ, ქუდი მოვიხადე და მივესალმე. მახსოვს, ბარონესას ეცვა ფურჩალებიანი, ბაცი ნაცრისფერი აბრეშუმის ფაშფაშა ქობაათრეული ხაბარდა. თვითონ ბარონესა ტანმორჩილია, უჩვეულოდ ჩასუქებული, საშინლად სქელი და ჩამოკიდებული ღაბაბი აქვს, კისერი აღარ უჩანს, სახე გაჟინჟღილებია. წვრილი, ბოროტი და კადნიერი თვალები აქვს. ისე მოდის, თითქოს დიდი მოწყალება მოიღოო. ბარონი ხმელ-ხმელია, მაღალ-მაღალი. სახე - გერმანული, მოქცეული, და ათასი წვრილი ნაოჭით დაფარული; სათვალეს ატარებს; ორმოცდახუთი წლისა. ადლაბიჯაა, ფეხები თითქოს მკერდიდან ეწყება, ასე მოსდგამს. ფარშევანგივით გაფუყულია. ცოტა ჩანჩურაა. რაღაც ცხვრისებური გამომეტყველება აქვს, რაც ერთგვარად ღრმააზრიანობის გამომხატველია. სულ სამიოდე წამში გამიელვა ყოველივე ამან. ჩემმა სალამმა და მოშვლეპილმა ქუდმა თავდაპირველად ოდნავ მიიქცია მათი ყურადღება. ბარონმა ოდნავ შეჭმუხნა წარბები. ბარონესა პირდაპირ ჩემსკენ მოგოგმანებდა. - Madame la baronne, - თითოეულ სიტყვას მკაფიოდ და ხმამაღლა წარმოვთქვამდი, - j’ai l’ honneur d’ être votre esclave, შემდეგ თავი დავუკარი, ქუდი დავიხურე და ბარონს გვერდით ჩავუარე, თავაზიანად მივაჩერდი სახეზე და გავუღიმე. ქუდის მოხდა პოლინამ მიბრძანა, მაგრამ თავის დაკვრისა და პამპულაობას ჩემდათავად მოვყევი. ეშმაკმა უწყის, რა შემიჩნდა? თითქოს ბორცვიდან დავქანდი. - ჰაინ! - დაიღრინა, უფრო სწორად, აკრიახდა ბარონი და ჩემსკენ მობრუნდა მწყრალი, გაოცებული. შემოვბრუნდი და წინ დავუდექი კრძალული მოლოდინით, თან ისევ შევცქეროდი და ვუღიმოდი. ბარონი, ეტყობა, გაოცებას იყო და წარბები nes plus ultra-მდე აქაჩა. სახე უფრო და უფრო მოექუფრა. ბარონესაც მომიტრიალდა და მანაც მწყრალი გაოცებით შემომხედა. გამვლელებმა ყურება დაგვიწყეს. ზოგი მათგანი შეჩერდა კიდეც. - ჰაინ! - აკრიახდა ისევ ბარონი გაკვირვებითა და მომეტებული რისხვით. - Ja wohl,[13] - გაბმით წამოვიძახე მე და ისევ თვალებში მივჩერებოდი. - Sind sie resend?[14] - აყვირდა იგი, ჯოხი დაიქნია და მგონი ცოტათი დაფრთხა. ალბათ, ჩემმა კოსტიუმმა შეაფიქრიანა. ზედმიწევნით წესიერად, პეწიანადაც კი მეცვა, როგორც ყველაზე კეთილშობილური წრის კაცს შეეფერება. - Ja wo-o-ohl - ავყვირდი უცებ მთელი ხმით, ბერლინელივით გავჭიმე „ო“ - წარამარა რომ ხმარობს საუბარში ამ სიტყვას. „ja wohl-ს“ და ამასთან „ო“-ს მეტნაკლებად გაბმით გამოთქვამს, აზრის თუ გრძნობის ნაირ-ნაირი ელფერით გამოსახატავად. ბარონი და ბარონესა შებრუნდნენ და შემკრთალნი თითქმის სირბილით გამეცალნენ. მაყურებელთაგან ზოგი ალაპარაკდა, სხვები გაოცებით შემომაჩერდნენ. კარგად არც კი მახსოვს. შემოვბრუნდი და ჩვეულებრივი ნაბიჯით მივაშურე პოლინა ალექსანდროვნას. მაგრამ ასიოდე ნაბიჯით რომ მივუახლოვდი მის სკამს, პოლინა წამოდგა, ბავშვები წაიყოლა და ოტელისაკენ გასწია. კართან წამოვეწიე. - შევასრულე... ტაკიმასხრობა, - ვუთხარი, როცა გავუსწორდი. - მერე რა? ახლა იტეხეთ კისერი! - მომიგო მან. ზედაც არ შემოუხედავს, ისე აუყვა კიბეს. მთელი ეს საღამო პარკში ვწანწალებდი. პარკს გავცდი, ტყე გადავჭერი და სხვა სამთავროშიც კი გავედი. ერთ ქოხში ერბოკვერცხითა და ლუდით შევნაყრდი. ამ იდილიისათვის მთელი ტალერნახევარი ამაღლიტეს. მხოლოდ თორმეტ საათზე დავბრუნდი შინ. გენერალმა მყისვე კაცი აფრინა ჩემთან. ჩვენებს ოტელში ორი ორ-ორ ოთახიანი ნომერი უკავიათ. პირველი - დიდი სალონია, სადაც როიალი დგას. მის გვერდით, ასეთივე დიდ ოთახში გენერლის კაბინეტია. სწორედ იქ მელოდებოდა. გენერალი, შუაგულ კაბინეტში იდგა ზვიადად. დე გრიე დივანზე გაშხლართულიყო. - მოწყალეო ხელმწიფევ, ნება მიბოძეთ გკითხოთ, რა ჩაიდინეთ? - წამოიწყო გენერალმა და მე მომიბრუნდა. - მე ვისურვებდი, ბატონო გენერალო, რომ პირდაპირ საქმეს შესდგომოდით, - ვთქვი მე. - თქვენ, ალბათ, განზრახული გაქვთ, მომელაპარაკოთ დღეს ერთ გერმანელთან ჩემი შეხვედრის თაობაზე? - ერთ გერმანელთანო? ეგ გერმანელი ბარონი ვურმერჰელმი გახლავთ, ფრიად წარჩინებული პიროვნება! თქვენ კი იგი და ბარონესა შეურაცხყავით. - სრულიადაც არა. - თქვენ შეაშინეთ ისინი, მოწყალეო ხელმწიფევ! - აყვირდა გენერალი. - რას ბრძანებთ, სულაც არა! ჯერ კიდევ ბერლინში ყურს მომხვდა წარამარა განმეორებული, ყოველი სიტყვის თავზე დართული „ja wohl“, რასაც ისინი საძაგლად, გაბმით წარმოთქვამდნენ. როცა მაგათ ხეივანში გადავეყარე, უცებ ამ „ja wohl“-მა, რატომღაც, თავში გამკრა, ჰოდა გამაღიზიანებლად იმოქმედა... ამას ისიც დაურთეთ, რომ ბარონესა აგერ უკვე მესამედ მხვდება, დაადებს თავს და პირდაპირ ჩემსკენ მოემართება, თითქოს მატლი ვიყო, რომლის ფეხით გასრესა შეიძლებოდეს. დამერწმუნეთ, შეიძლება მეც გამაჩნდეს თავმოყვარეობა. მე ქუდი მოვიხადე და თავაზიანად (გარწმუნებთ, თავაზიანად) მივმართე: Madame, j’ai l’ honneur d’ être votre esclave-მეთქი“. როცა ბარონი მობრუნდა და „ჰაინო“, დაიძახა, - უცებ რაღაცამ მიბიძგა, მეც დამეძახა „Ja wohl-მეთქი!“ ავდექი და ორჯერ დავიძახე: ერთხელ ჩვეულებრივად, მეორეჯერ შეძლებისამებრ გაჭიანურებულად. ეს იყო და ეს. გამოგიტყდებით, ძალზე მახარებდა ამგვარი მეტისმეტად ბალღური თავისმართლება. საოცრად მინდოდა მთელი ეს ამბავი, რაც შეიძლება უაზროდ შემეთითხნა. რაც დრო გადიოდა, ეშხში შევდიოდი. - მასხარად მიგდებთ თუ რა, - დამიყვირა გენერალმა. იგი მიუბრუნდა ფრანგს და ფრანგულად მოახსენა, ნამდვილად თვითონ მიძვრება ხათაბალაშიო. დე გრიემ ზიზღით ჩაიხითხითა და მხრები აიჩეჩა. - ო, გუნებაშიც არ გაივლოთ, სულაც არ მიფიქრია! - მივაძახე გენერალს, - ჩემი საქციელი, რასაკვირველია, ვერაა მოსაწონი, თქვენს წინაშე გულახდილად ვაღიარებ ამას. ჩემს საქციელს შეიძლება სულელური, უწესო ბალღობაც კი უწოდოთ, - მაგრამ მეტი არაფერი. რომ იცოდეთ, გენერალო, ძალიანაც ვნანობ. მაგრამ არის ერთი გარემოება, რაც თითქმის სინანულსაც მიქარვებს საკუთარ თვალში. ამ ბოლო ხანებში, აგერ ორი, სამი კვირაც იქნება, კარგად ვერ ვგრძნობ თავს; ავადმყოფური, ნერვიული, გაღიზიანებული, ფანტასტიური გავხდი და ზოგჯერ სულაც ვეღარ ვიჭერ თავს. მართლა, რამდენჯერმე მომიარა სურვილმა მიმემართა მარკიზა დე გრიესათვის და... თუმცა, არც ღირს სიტყვის გაგრძელება, იქნებ ითაკილოს კიდეც. ერთი სიტყვით, ავადმყოფობის ნიშნები მაქვს. არ ვიცი, ყურად იღებს თუ არა ბარონესა ვურმერჰელმი ამ გარემოებას, როცა პატიებას ვთხოვ (განზრახული მაქვს მობოდიშება), ასე მგონია, ყურს არ მათხოვებს, მით უფრო, რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, ბოლო ხანებში ამ ამბავს ბოროტად იყენებენ იურიდიულ სამყაროში: ადვოკატები სისხლის სამართლის პროცესზე ძალიან ხშირად იმით ამართლებენ თავიანთ კლიენტებს, დამნაშავეებს, რომ მათ დანაშაულის ჩადენის მომენტში არაფერი ახსოვდათ და რომ თითქოს ასეთი ავადმყოფობა არსებობს. „მოკლა, და არაფერი ახსოვსო“. წარმოგიდგენიათ, გენერალო, მედიცინა კვერს უკრავს მათ, მართლაც ადასტურებს, რომ არსებობს ასეთი დაავადება, დროებითი შერყევა, როცა კაცს თითქმის არაფერი ახსოვს, ან სანახევროდ ახსოვს, ან ბუნდოვნად. მაგრამ ბარონი და ბარონესა ძველი ყაიდის ხალხია, თანაც პრუსიელი იუნკერები და მებატონენი. მათ, შესაძლოა, იურიდიულ-სამედიცინო სამყაროს ეს პროგრესი არც კი იცოდნენ და ამიტომ არც მიიღებენ ჩემს ახსნა-განმარტებას. თქვენ რას ფიქრობთ, გენერალო? - კმარა, ბატონო! - მკვახედ და თავშეკავებული გულისწყრომით წარმოთქვა გენერალმა, - კმარა! შევეცდები ერთხელ და სამუდამოდ დავაღწიო თავი თქვენს უხამსობას. ბარონესასა და ბარონის წინაშე კი მობოდიშება არ მოგიწევთ. თქვენთან ყოველგვარი ურთიერთობა, თუნდაც შეწყალებაც სთხოვოთ, ძალზე დამამცირებელ იქნება. ბარონმა როცა შეატყო, ჩემს ჯალაბს ეკუთვნოდით, ვოკსალშივე მომმართა და გამოგიტყდებით, ცოტას დააკლდა ლამის დუელში გამომიწვია. შეგნებული გაქვთ, თუ რა შარში გამხვიეთ მე, - მე, მოწყალეო ხელმწიფევ? მე, მე იძულებული გავხდი ბარონის წინაშე ბოდიში მომეხადა და სიტყვა მივეცი, რომ დაუყოვნებლივ, დღესვე აღარ იქნებით ჩემს ჯალაბს შორის... - უკაცრავად, უკაცრავად, ბატონო ჩემო, როგორ, თვითონ მოითხოვა, რომ აუცილებლივ გავცლოდი თქვენს ჯალაბს, როგორც თქვენვე ბრძანებთ? - არა; მაგრამ მოვალედ მივიჩნიე თავი, ამგვარად დამეშოშმინებინა იგი, და, რასაკვირველია, ბარონი კმაყოფილი დარჩა. ჩვენი გზები გაიყარა, მოწყალეო ხელმწიფევ. ჩემგან ოთხი ფრიდრიხსდორი და სამი ფლორინიღა გერგებათ აქაური ანგარიშით. აი, ფული - აგერ ანგარიშიც, შეგიძლიათ შეამოწმოთ. მშვიდობით. დღეიდან ჩვენ უცხონი ვართ. ჯახირისა და უსიამოვნებათა გარდა თქვენგან ხეირი არ მინახავს. ახლა კელნერს ვუხმობ და განვუცხადებ, რომ ხვალინდელი დღიდან ოტელში თქვენი დანახარჯი მე არ მომკითხონ. პატივი მაქვს დავშთე თქვენს მსახურად. ავიღე ფული და ფურცელი, რომელზედაც ანგარიში ფანქრით ეწერა, თავი დავუკარი გენერალს და ფრიად სერიოზულად ვუთხარი: - ბატონო, ჩემი საქმე ასე არ გათავდება. ძალიან ვწუხვარ, ბარონისაგან უსიამოვნება რომ შეგხვედრიათ, მაგრამ - მომიტევეთ - ამაში ბრალი თვითონ მიგიძღვით. რატომ იკისრეთ ჩემს მაგივრად გაგეცათ პასუხი ბარონისათვის? ან ეს გამოთქმა რას ნიშნავს, ჩემს ჯალაბს ეკუთვნიო? მე მხოლოდ მასწავლებლად ვარ თქვენთან. ეგაა და ეგ. ღვიძლი შვილი არა ვარ და, თქვენი მეურვეობის ქვეშ არ ვიმყოფები, არც ჩემ საქციელზე მოგეკითხებათ პასუხი. მე თვითონ იურიდიულად კომპეტენტური პირი გახლავართ. ოცდახუთი წლისა, უნივერსიტეტის კანდიდატი, აზნაური. თქვენთვის სრულიად უცხო ვარ. მხოლოდ თქვენი ღირსებისადმი ჩემი უსაზღვრო პატივისცემა მაკავებს, დაუყოვნებლივ გამოგიწვიოთ დუელში და მოგთხოვოთ ახსნა-განმარტება იმის თაობაზე, რომ თქვენ იკისრეთ ჩემს მაგივრად პასუხისმგებლობა. გენერალი ისე ჩაფიქრდა, რომ ხელები გაშალა, მერე ფრანგს მიუბრუნდა და ნაუცბათევად აუხსნა, რომ ეს წუთია, ლამის დუელში არ გამომიწვიაო. ფრანგმა ხმამაღლა გადაიხარხარა. - მაგრამ ბარონს ასე იოლად არ მოვეშვები, - განვაგრძე მე ცივად, ყურიც არ ვათხოვე m-r დე გრიეს ხარხარს, - რახან თქვენ, მისი მხარი დაიჭირეთ, ამით თვითონვე აღიარეთ თავი ყოველივე ამ ამბის მონაწილედ; პატივი მაქვს მოგახსენოთ, რომ ხვალ დილით დაუყოვნებლივ მოვთხოვ ბარონს, ჩემის მხრიდან, ფორმალურ ახსნას იმ მიზეზთა, რის გამოც მან გვერდი ამიარა და სხვას მიმართა, როცა საქმე ჩემთან ჰქონდა - თითქოს მე არ შემეძლო ანდა ღირსადაც არ მცნო პასუხი მეგო ჩემს საქციელზე. მოხდა მოსახდენი: ამ ახალი სისულელის გაგონებაზე გენერალი საოცრად დაფრთხა. - როგორ, განზრახული გაქვთ განაგრძოთ ეს წყეული საქმე! - აყვირდა იგი. - რას მიშვრებით, ღმერთო ჩემო! არ გაბედოთ, არ გაბედოთ, მოწყალეო ხელმწიფევ. თუ არა და, გეფიცებით!.. აქაცაა უფროს-უმცროსობა, და მე... მე... ერთი სიტყვით ჩემი მდგომარეობით... და ბარონიც... ერთი სიტყვით, პოლიციას ჩარევენ, დაგაპატიმრებენ და გაგაძევებენ აქედან, რათა სულ არ აიშვათ თავი! გესმით თუ არა ეს! - თუმცა ბოღმისაგან სული შეუგუბდა, მაინც ძალიან დაფრთხა.  - გენერალო, - ვპასუხობდი მისთვის ყოვლად მოუთმენელი სიმშვიდით, - აყალმაყალისათვის დაჭერა შეუძლებელია, სანამ აყალმაყალი არ ამტყდარა. ჯერ არც დამიწყია ბარონთან ახსნა-განმარტება, თქვენთვის ჯერ ხომ ცნობილიც არაა, რა რიგად და რა საფუძველზე შევუდგები ამ საქმეს. მე მხოლოდ მინდა გავარკვიო ეს დამამცირებელი მდგომარეობა, რომ თითქოს ვიღაცის მეურვეობის ქვეშ ვიმყოფები და თითქოს მეურვეს გააჩნია მეუფება ჩემს თავისუფლებაზე. თქვენ კი სულ ამაოდ შიშობთ და შფოთავთ. - ღვთის გულისათვის, ღვთის გულისათვის, ალექსეი ივანოვიჩ, მოეშვით ამ უაზრო განზრახვას! - ბუტბუტებდა გენერალი, თავისი მრისხანე ტონი უცებ შეცვალა ვედრებით და ხელზედაც წამეტანა, - აბა, წარმოიდგინეთ, რა გამოვა აქედან? ისევ უსიამოვნება! თვითონ განსაჯეთ, აქ განსაკუთრებული თავდაჭერა მმართებს, განსაკუთრებით ახლა, ახლა!.. თქვენ არ იცით, არ იცით მთელი ჩემი გასაჭირი!.. როცა აქედან გავემგზავრებით, ისევ აგიყვანთ. ახლა კი მხოლოდ ეს გზა მრჩენია, - ჰო, ერთი სიტყვით, აკი გესმით მიზეზი! - წამოიძახა მან სასოწარკვეთით, - ალექსეი ივანოვიჩ, ალექსეი ივანოვიჩ!.. უკუსვლით კარისაკენ გავემართე და ისევ დაბეჯითებით ვთხოვე, ნუ აღელდებით-მეთქი; აღვუთქვი, ყველაფერი კარგად და წესიერად ჩაივლის-მეთქი და სასწრაფოდ გავეცალე. რუსები საზღვარგარეთ ზოგჯერ ძალიან მხდალნი არიან, საოცრად უფრთხიან, რას იტყვიან და როგორ შეხედავენ მათ, მართებულია თუ არა ესა და ეს? ერთი სიტყვით, თითქოს კორსეტით შებოჭილები არიანო, განსაკუთრებით, ვისაც წარჩინებულობის პრეტენზია აქვს. მათთვის ყველაფერი, რაც გნებავთ - წინდაწინ აკვიატებული და ერთხელ და სამუდამოდ დაკანონებული ფორმაა, რასაც ისინი მონურად მისდევენ - ოტელებში, სეირნობისას, შეკრებულობაში, გზაში... მაგრამ გენერალს წამოსცდა, რომ მას, ამას გარდა, გააჩნია აგრეთვე რაღაც განსაკუთრებული მიზეზები, რის გამოც მას „განსაკუთრებული თავდაჭერა“ მართებდა. ამიტომაც დაფრთხა ისე სულმოკლედ და ტონი იცვალა ჩემთან. მე ეს ვინიშნე და დავიხსომე. რა თქმა უნდა, უგუნურობით შეეძლო ხვალვე მიემართნა ხელისუფალთათვის, ასე რომ, მე მართლაც სიფრთხილე მმართებდა.  ისე, კაცმა რომ თქვას, სულაც არ მინდოდა ჩვენი გენერლის გაბრაზება. სამაგიეროდ ახლა პოლინას გაღიზიანების ჟინმა მომიარა. პოლინა ხომ ისე უდიერად მომექცა, მიბიძგა სისულელეზე, იმგვარად, რომ მას ჩემდათავად აღვუთქვი, იქამდე მიგიყვან - შენვე მეხვეწებოდე, კმარა, გაჩერდიო. ჩემი პამპულაობით, ბოლოს და ბოლოს, შეიძლება პოლინასაც ლაქა მისცხებოდა. გარდა ამისა, რაღაცნაირი, სულ სხვა შეგრძნებები და სურვილები გამოიკვეთა ჩემში. თუ მე, მაგალითად მის წინაშე თვითნებურად არარაობად ვიქცევი, ეს სულაც არ ნიშნავს, რომ სხვებთანაც დონდლო და უგერგილო კაცი ვარ, და, რასაკვირველია, არც ბარონის მათრახს დავიკრავ. სურვილმა მომიარა, ყველა სასაცილოდ ამეგდო, მე კი ყოჩაღი გამოვჩენილიყავი. დამაცადონ ერთი! ეგებ პოლინა სკანდალს შეუშინდეს და ისევ მე მიხმოს. და თუ არ მიხმობს, იმას მაინც ნახავს, არც ისეთი ხელწამოსაკრავი ვინმე ვყოფილვარ... (საოცარი ამბავი შევიტყვე: ეს წუთია გავიგე ჩვენი გადიასაგან, რომელიც კიბეზე შემხვდა, რომ მარია ფილიპოვნა დღეს საღამოს მატარებლით მარტოდმარტო გაემგზავრა კარლსბადში, ბიძაშვილთან. რას ნიშნავს ეს? ძიძა ამბობს, კაი ხანია აპირებდაო, მაგრამ სხვებმა რატომღა არ იცოდნენ? თუმცა, შეიძლება მარტო მე არ ვიცოდი ეს ამბავი. გადიას ჩემთან წამოსცდა, რომ მარია ფილიპოვნა ჯერ კიდევ სამი დღის წინ წაეკიდა გენერალსო. გასაგებია. აქ, უსათუოდ, m-lle Blanche ურევია. დიახ, ჩვენთან რაღაც გადამწყვეტი მომენტი დგება). *გაგრძელება*…
დაამატა Kakha to ლიტერატურა at 3:52pm on იანვარი 26, 2017
თემა: ფსიქოლოგიის დარგების განვითარება
ბის გზით მიიღო. საუბარი სწორედ დამკვიდრებაზეა, თორემ ექსპერიმენტს უკვე XVIII საუკუნიდან მოყოლებული, საკმაოდ ხშირად მიმართავდნენ ფსიქიკური სამყაროს ამა თუ იმ მხარის შესწავლის მიზნით. ასეთ ცდებს ატარებდნენ ფიზიკოსები, ასტრონომები, ბიოლოგები, ექიმები, ერთი სიტყვით - ნატურალისტები. ეს სავსებით გასაგებია, ვინაიდან იმხანად უკვე საკმაოდ ფართოდ გავრცელებული საბუნებისმეტყველო აზროვნების წესი აღარ კმაყოფილდებოდა მხოლოდ მეტაფიზიკური მსჯელობებით და ყველგან ცოდნის მყარ, ემპირიულ საფუძველს ეძებდა. სამწუხაროდ, მაშინდელი ოფიციალური ფსიქოლოგია, მიუხედავად იმისა, რომ სწორედ თავის “ემპირიულობას” და “ცდისეულობას” უსვამდა ხაზს, სინამდვილეში თითქმის მთლიანად “საწერი მაგიდის ფსიქოლოგიად” რჩებოდა. მისი დებულებები აბსტრაქტული თეორეტიზაციისა და უსისტემო თვითდაკვირვების შეზავების შედეგად იყო მიღებული.   უფრო მეტიც, სწორედ ამ პერიოდში პრინციპულად დაისვა საკითხი ფსიქოლოგიაში ექსპერიმენტის გამოყენების შესაძლებლობის შესახებ, თანაც ისეთი ავტორიტეტის მიერ, როგორიც იყო ი. კანტი. მას მიაჩნდა, რომ სულის შესახებ მეცნიერების აგება ბუნებისმეცნიერებათა ყაიდაზე შეუძლებელია, ვინაიდან მას გაზომვად სიდიდეებთან არა აქვს საქმე, რაც გამორიცხავს მათემატიკის გამოყენებას. ამასთანავე, ფსიქოლოგია ვერ გამოიყენებს ექსპერიმენტს, “ვინაიდან აქ შინაგანი დაკვირვების მრავალფეროვნება შეიძლება მხოლოდ გონებრივად იქნეს დაყოფილი და ვერასდროს იქნება შენახული ისეთი განცალკევებული ელემენტების სახით, რომლებიც შემდგომში საჭიროებისამებრ შეიძლება შეერთდნენ; კიდევ უფრო ნაკლებად ექვემდებარება ჩვენ მიერ წინასწარ დაგეგმილ ცდებს სხვა მოაზროვნე სუბიექტი, რომ არაფერი ვთქვათ იმაზე, რომ დაკვირვება თავისთავად ცვლის და ამახინჯებს დასაკვირვებელი საგნის მდგომარეობას. ამიტომ მოძღვრება სულის შესახებ ვერასდროს გახდება რაიმე უფრო მეტი, ვიდრე ისტორიული მოძღვრება... შინაგანი გრძნობის, ანუ სულის ბუნების აღწერა, მაგრამ არა მეცნიერება სულის შესახებ”. ამრიგად, მათემატიკისა და ექსპერიმენტის გამოყენების სავარაუდო შეუძლებლობის გამო კანტი ფსიქოლოგიას საერთოდ ემპირიული მეცნიერების სისტემის გარეთ ტოვებს. ცოტა მოგვიანებით არსებითად ასეთივე განაჩენს გამოუტანს ფსიქოლოგიას პოზიტივიზმის ფუძემდებელი ოგიუსტ კონტი.   მაგრამ იმ დროსაც იყვნენ მოაზროვნეები, რომელნიც სხვაგვარად ფიქრობდნენ. კანტამდე ნახევარი საუკუნით ადრე გერმანელი ფილოსოფოსი გ. გაგენი ამტკიცებდა, რომ შესაძლებელია ორი სახის ექსპერიმენტი: ფიზიკური და ფსიქოლოგიური. მისი სიტყვებით, მიუხედავად იმისა, რომ ეს უკანასკნელი ჯერ კიდევ სიახლეა, ის მთელი სერიოზულობით უნდა იქნეს განხილული, ვინაიდან უთუოდ წარმოადგენს, როგორც საკუთარი თავის, ისე სხვების დაკვირვების სანდო საფუძველს. ხოლო კონტის თანამედროვეები და თანამოაზრეები პოზიტივისტური ფილოსოფიის ჩამოყალიბების საქმეში ჯ. ს. მილი და ჰ. სპენსერი კატეგორიულად უარყოფდნენ კონტის ანტიფსიქოლოგიზმს და პირდაპირ მოუწოდებდნენ ფსიქოლოგიას, ხელი მოეკიდა სისტემატური ექსპერიმენტული კვლევისთვის. ჯ. ს. მილი ასე წერდა: “საჭიროა, დაკვირვების გამო უარი ვთქვათ ინტროსპექციაზე. ჩვენ უნდა შევისწავლოთ გონების ოპერაციები მათი გამოვლინებების მიხედვით, იმის მსგავსად, როგორც ვსწავლობთ ელექტრულ ოპერაციებს მათი შედეგების მიხედვით. უნდა მოვახდინოთ ადამიანების და ცხოველების მოქმედებაზე დაკვირვებების ექსპერიმენტული ვარირება, ხოლო დაკვირვების ხარვეზები ჰიპოთეზის საშუალებით შევავსოთ”.   საკმაოდ მალე ფსიქოლოგიური კვლევა სწორედ ასეთი გახდა. ფსიქოლოგიური აზროვნების ლოგიკა სულ უფრო მეტად იხრებოდა ექსპერიმენტისკენ და ამ ტენდენციას კანტისა და კონტის აკრძალვები ვერ შეაჩერებდა. XIX საუკუნის ბოლო მესამედში ფსიქოლოგია ჩამოყალიბდა, როგორც ექსპერიმენტული დისციპლინა. ამით დასრულდა არასისტემატური, შემთხვევითი და არცთუ ყოველთვის სათანადოდ გააზრებული ექსპერიმენტირების ხანა ფსიქიკური მოვლენების სფეროში, რომელიც, ფაქტობრივად, საუკუნეთა განმავლობაში გრძელდებოდა.   ცნობებს ფსიქოლოგიური ცდების შესახებ უძველეს დროში მივყავართ. თავი რომ დავანებოთ მონათხრობს ამოცანების (ან ტესტების) შესახებ, რომელთაც მიმართავდა საბიას დედოფალი მეფე სოლომონის სიბრძნის გამოსავლენად, პირველ შეტყობინებას ფსიქოლოგიური ცდის შესახებ გვაწვდის “ისტორიის მამა” ჰეროდოტე (ვს. ძვ.წ.), რომელიც აღწერს ეგვიპტელი ქურუმებისაგან გაგებულ ამბავს: ფარაონ ფსამეტიხს (ვIIს. ძვ.წ.) გაუჩნდა სურვილი, გაერკვია, თუ რომელი ხალხი იყო ყველაზე ძველი. ამის დასადგენად მან ორი ახალშობილი ბავშვი გადასცა მოსავლელად მწყემსს, რომელსაც კატეგორიულად აუკრძალა მათთან ლაპარაკი, უბრძანა ჰყოლოდა ისინი განცალკევებულ ქოხში, ანუ სრულ იზოლაციაში, და მიეყვანა მათთან მხოლოდ თხები, რომელთა რძითაც უნდა გამოეკვება. ასეთი “ექსპერიმენტული სიტუაციის” შექმნით ფსამეტიხს სურდა გაეგო, რომელ სიტყვას წარმოთქვამდენენ პირველად ბავშვები ტიტინის ხანის გასვლის შემდეგ. ორი წლის თავზე, ერთ დღეს, როდესაც მწყემსი შევიდა ქოხში, ხელებგაწვდენილმა ბავშვებმა მიირბინეს მასთან შეძახილებით “ბეკოს!”. მას მერე, რაც ეს მომდევნო დღეებშიც გამეორდა, ყველაფერი მოახსენეს ფარაონს. მან ბრძანა გაერკვიათ, რომელი ხალხი ხმარობს ამ სიტყვას და რა მნიშვნელობით. აღმოჩნდა, რომ სიტყვა “ბეკოს” გვხვდება ფრიგიულ ენაში და ნიშნავს “პურს”. აქედან ფარაონმა დაასკვნა, რომ უძველესი ხალხი წინა აზიაში მცხოვრები ფრიგიელებია და არა ეგვიპტელები, როგორც მისი ქურუმები ფიქრობდნენ.   უფრო სანდო ცნობებს სხვა ანტიკური წყაროები შეიცავს. მაგალითად, პლატონის ერთ-ერთ დიალოგში ვინმე სოფისტ გიპიუსს თავი მოჰქონდა იმით, რომ შეეძლო 50 სახელის დახსომება ერთი წაკითხვით, რისი შემოწმებაც სათანადო ცდის ჩატარებას საჭიროებდა. ასევე მეხსიერების ექსპერიმენტულ კვლევას ეხება პირველი საუკუნის ცნობა, რომელსაც გვაწვდის რიტორი სენეკა, ცნობილი რომაელი ფილოსოფოსის მამა. მას შეეძლო 2000 სიტყვისა და 200 ლექსის ზუსტი აღდგენა მოსმენისთანავე. ეს მიღწევა მართლაც შთამბეჭდავია. ის გულისხმობს მნემონიკის ანუ “მეხსიერების ხელოვნების” აქტიურ გამოყენებას, რაც პრაქტიკული საჭიროებით აიხსნება: წარსულში, ინფორმაციის შენახვისა და გადაცემის საშუალებათა შეზღუდულობის პირობებში, მეხსიერების ძალას განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდა. ამგვარი ცდები შუა საუკუნეებშიც გრძელდებოდა. XვI საუკუნის ცნობილი ფრანგი ჰუმანისტი მარკ ანტონიუს მურეტი აღწერს, როგორ უკითხავდნენ ახალგაზრდა კორსიკელ სტუდენტს ერთმანეთთან დაუკავშირებელი ლათინური, ბერძნული და “ბარბაროსული” წარმოშობის სახელების გრძელ სიას, რის შემდეგ მან უშეცდომოდ გაიმეორა ისინი არა მარტო იმავე თანმიმდევრობით, არამედ შებრუნებული თანმიმდევრობითაც; უფრო მეტიც, იგი ასახელებდა მხოლოდ რიგის კენტ წევრებს. მურეტი არ აზუსტებს სახელების რაოდენობას, მაგრამ შენიშნავს, რომ ის იმდენად დიდი იყო, რომ ცდის ბოლოს ყველა, ვინც სახელებს კითხულობდა, იწერდა ან უბრალოდ აკვირდებოდა ცდას, ძალიან დაიღალა. მნემონიკის გამოყენების ფაქტს ადასტურებს ის, რომ სხვა ახალგაზრდამ, რომელიც არ გამოირჩეოდა კარგი მეხსიერებით, კორსიკელთან ერთკვირიანი ვარჯიშის შემდეგ, შეძლო 500 სიტყვაზე მეტის აღდგენა ნებისმიერი თანმიმდევრობით.   ფსიქოლოგიური ექსპერიმენტი, ცხადია, მხოლოდ მეხსიერების სფეროში არ ტარდებოდა. სულ სხვა სფეროს მიეკუთვნება იეზუიტ ანასთასიუს კირხერის მიერ აღწერილი “ქათმის წარმოსახვის საუცხოო ცდა” (1646). ქათამს შეკრული ფეხებით ვათავსებთ იატაკზე. თავდაპირველად ის განთავისუფლებას ცდილობს, შემდეგ კი წყნარდება და ბედს ეგუება. ამ დროს ქათმის თვალის გაყოლებაზე იატაკზე ცარცით ვავლებთ ხაზს, რომელიც წააგავს ბაწარს. შემდეგ ვუხსნით ქათამს ფეხებს. განთავისუფლებული ქათამი აღარ ცდილობს გაქცევას და იმავე მდგომარეობაში რჩება. ამის მიზეზი, მამა კირხერის აზრით, სხვა არაფერია, თუ არა ქათმის ცხოველი ფანტაზია, რომელიც იატაკზე გავლებულ ხაზს თავის შემბოჭავ ბაწრად წარმოიდგენს. კირხერი იმასაც ამატებს, რომ ეს ცდა მრავალჯერ გაუმეორებია, რაც დამსწრეთა გაოცებას იწვევდა და დარწმუნებულია, რომ ეს მოვლენა სხვა ცხოველებთანაც აღინიშნება. უნდა ითქვას, რომ ამ მოვლენის გამოწვევა ხერხდება ყოველგვარი ფეხების შეკვრისა და ხაზის გავლების გარეშეც. ამისთვის საკმარისია ქათმის მოძრაობა იქამდე შევზღუდოთ, სანამ ის არ დაწყნარდება. აქ სინამდვილეში საქმე გვაქვს ჰიპნოზის გამოვლენასთან ცხოველებში. ისიც ცხადია, რომ “ქათმის წარმოსახვა” არაფერ შუაშია. ასეა თუ ისე, ესეც ნამდვილი ფსიქოლოგიური ექსპერიმენტის მაგალითია.   როგორც ითქვა, XVIII საუკუნიდან ფსიქოლოგიურმა ექსპერიმენტმა გავრცელება დაიწყო. რაც მთავარია, ცდები წმინდა მეცნიერული მიზნებით ტარდება და, უპირატესად, ელემენტარულ ფსიქიკურ პროცესებს, კერძოდ, მხედველობით შეგრძნებებს ეხება. მაგალითად, ექსპერიმენტულად შეისწავლებოდა ე.წ. ბრმა წერტილის სიდიდე (ბერნული, სმისი, მესენბრუკი, კოვალო და სხვა), მხედველობის სიმახვილე ანუ მხედველობის უმცირესი კუთხე, რომელიც ჯერ კიდევ იძლევა საგანთა დანახვის შესაძლებლობას (გუკი, ბიუფონი, მაიერი, სმისი, ნოლე და სხვა), თანამიმდევრული კვალის ხანგრძლივობა (ზეგნერი, მესენბრუკი, დარსი, ტეტენსი და სხვა), მხედველობითი გამღიზიანებლების გარჩევის ზღურბლი (ბუგე).   ამ ექსპერიმენტების საერთო მეთოდური პრინციპი შემდეგშია: იღებენ გარკვეულ გამღიზიანებელს და თანდათანობით ცვლიან მის ინტენსივობას წინასწარ გამიზნული ეფექტის მიღწევამდე, შემდეგ კი ადგენენ ამ ეფექტის გამომწვევი გამღიზიანებლის ზუსტ სიდიდეს. მაგალითად, მხედველობის ცენტრიდან თანდათან გადააადგილებენ ობიექტს იმ წერტილამდე, სადაც იგი უხილავი გახდება, შემდეგ კი ადგენენ მხედველობის კუთხეს. ამგვარი ექსპერიმენტები იმ მარტივი ფიზიკური ცდების ანალოგიურია, რომლითაც იზომება ფიზიკური მოვლენების ესა თუ ის თვისება. ვთქვათ, რომელიმე სითხის დუღილის ტემპერატურის გასარკვევად ეს სითხე მიჰყავთ დუღილამდე, შემდეგ კი ზომავენ მის ტემპერატურას. შეიძლება ითქვას, რომ ამ ეტაპის ფსიქოლოგიური ექსპერიმენტისთვის დამასახიათებელია შესასწავლი ფსიქიკური მოვლენებისა და მეთოდური ხერხების სიმარტივე, აგრეთვე ნაკლები სიზუსტე და სანდოობა, რაც, თავის მხრივ, ცდების გამეორებათა მცირე რიცხვითა და შედეგების სტატისტიკური დამუშავების დაბალი დონით აიხსნება.   ამ მხრივ ფეხნერის ფსიქოფიზიკური ექსპერიმენტები უდავოდ წინ გადადგმული ნაბიჯი იყო. ფსიქოფიზიკური ცდებისთვის დამახასიათებელია ის, რომ აქ გამოიყენება სპეციალურად ამ კვლევისთვის შემუშავებული მეთოდიკა (იხ. თავი 5.2.). გარდა ამისა, ფსიქოფიზიკური კვლევისას ზუსტი და სანდო მონაცემების მისაღებად ცდები მრავალჯერ ტარდება [1], ხოლო შედეგების დამუშავება მათემატიკური მეთოდების გამოყენებით ხდება. აქედან გამომდინარე გადაჭარბება არ იქნება, თუ ვიტყვით, რომ ფსიქოფიზიკური კვლევის დანერგვა მოასწავებს ფსიქოლოგიის გადასვლას სხვა მეცნიერებათაგან ნასესხები მეთოდებისაგან საკუთარი ექსპერიმენტული პროცედურების გამოყენებაზე ანუ, არსებითად, ფსიქოლოგიური ექსპერიმენტის ფსიქოლოგიზაციასა და, რაც უფრო მნიშვნელოვანია, გადასვლას მეტ-ნაკლებად დილეტანტური და არაზუსტი ექსპერიმენტიდან მკაცრ და სანდო ექსპერიმენტულ კვლევაზე.   ცნობიერების მოვლენათა ასეთ შესწავლას ისახავდა მიზნად ვილჰელმ ვუნდტი, როდესაც 1879 წელს ლაიფციგში პირველი ფსიქოლოგიური კვლევითი ლაბორატორია დააარსა. ექსპერიმენტული ფსიქოლოგიის, როგორც დამოუკიდებელი დისციპლინის, დასაბამი სწორედ ამ თარიღს უკავშირდება. თუმცა ისიც ცნობილია, რომ რამდენიმე წლით ადრე პატარა ლაბორატორიები მოაწყვეს უ. ჯეიმსმა ამერიკაში, ჰარვარდის უნივერსიტეტში და გ.ე. მიულერმა გერმანიაში, გიოტინგენის უნივერსიტეტში. მაგრამ, ვუნდტის ლაბორატორიისაგან განსხვავებით, მათ არ ჰყავდათ თანამშრომელთა შტატი. ისინი არა კვლევით, არამედ სასწავლო პროცესთან დაკავშირებული ამოცანების (ლექციების მომზადება და თვალსაჩინო დემონსტრაციები) გადაწყვეტას ემსახურებოდნენ. ლაიფციგის ლაბორატორია მალე ინსტიტუტად გადაკეთდა, რომელშიც მთელი მსოფლიოდან ჩამოსული პირები გადიოდნენ წვრთნას ფსიქოლოგიური ექსპერიმენტის ჩატარებაში, ვუნდტის ხელმძღვანელობით ეწეოდნენ კვლევით მუშაობას. ვუნდტმა და მისმა თანამშრომლებმა შექმნეს არაერთი ახალი ხელსაწყო (მათ შორის საყოველთაოდ ცნობილი ტაქისტოსკოპი). მაგრამ, ყოველ შემთხვევაში საწყის ეტაპზე მაინც, ლაბორატორიის ძირითად აღჭურვილობას ფიზიკური და ფიზიოლოგიური პროცესების გამზომი სხვადასხვაგვარი ქრონოგრაფები, ქრონოსკოპები, მეტრონომები და მსგავსი ხელსაწყოები შეადგენდა. ეს გარემოება თავისთავად მიანიშნებს ფსიქოლოგიური ექსპერიმენტის საბუნებისმეტყველო, უპირატესად ფიზიოლოგიურ წარმომავლობაზე.   ლაიფციგის ფსიქოლოგიის ინსტიტუტში მიმდინარე კვლევა მეთოდიკის თვალსაზრისით ექსპერიმენტულ ინტროსპექციას წარმოადგენდა. როგორც უკვე ითქვა, ვუნდტის აზრით ფსიქოლოგია არის მეცნიერება ცნობიერების მოვლენების შესახებ, რომლებზეც პირდაპირი და უშუალო დაკვირვება მხოლოდ ინტროსპექციის გზითაა შესაძლებელი. ფაქტობრივად, ექსპერიმენტი ვუნდტისთვის თვითდაკვირვების სისტემატიზაციის საშუალება იყო. იმისთვის, რომ თვითდაკვირვებამ ექსპერიმენტული პროცედურის სახე მიიღოს, იგი მოწესრიგებულ და კონტროლირებად პროცესად უნდა ვაქციოთ. ასეთი ექსპერიმენტული თვითდაკვირვება ოთხ პირობას უნდა აკმაყოფილებდეს: - 1) ცდისპირს უნდა შეეძლოს თვითონ განსაზღვროს გამოსაკვლევი ფსიქიკური მოვლენის დაწყების მომენტი; 2) ცდისპირს უნდა შეეძლოს ამ ფენომენის მაქსიმალური ყურადღებით განცდა; 3) შესაძლებელი უნდა იყოს დაკვირვების მრავალჯერადი გამეორება და 4) შესაძლებელი უნდა იყოს მოვლენის გამომწვევი პირობების ვარიაცია.   ვუნდტის თანახმად, ექსპერიმენტი სწრაფმავალი ფსიქიკური პროცესების დაფიქსირებისა და გამეორების საშუალებას იძლევა, რაც ინტროსპექციისთვის მაქსიმალურად კარგ პირობებს ქმნის. ამასთანავე, საჭიროა, რომ ცდისპირიც გარკვეულად გავარჯიშებული იყოს თვითდაკვირვებაში. ვუნდტის ყველაზე ცნობილი და ერთგული მიმდევარი ტიჩენერი იმასაც კი ამბობდა, რომ ყოველი ფსიქოლოგიური ცდა ინტროსპექციის გაკვეთილს წარმოადგენსო. თუმცა თვითდაკვირვება ექსპერიმენტულ პირობებშიც კი ბევრ ობიექტურ და სუბიექტურ სირთულესთან არის დაკავშირებული. ამიტომ იგი ყოველთვის, ერთგვარად, არაზუსტი და არასრულია. მაშასადამე, საჭიროა მისი კონტროლირება, თვლიდა ვუნდტი. კონტროლის ასეთ საშუალებად განცდების თანმხლები ფიზიოლოგიური სიმპტომების (გულისცემა, სისხლის მიმოქცევა, სუნთქვის სიხშირე, კუნთური დაძაბულობა, რეაქციის ხანგრძლივობა და სხვა) რეგისტრაცია გვევლინება. ამგვარად, ვუნდტის თანახმად, ნამდვილი ფსიქოლოგიური ექსპერიმენტი გულისხმობს თვითდაკვირვებასა და მისი ობიექტური კონტროლის შეხამებას. ინტროსპექციის გარეშე ფსიქოლოგიური ექსპერიმენტი უბრალო ფიზიოლოგიურ ცდად იქცევა, ხოლო ფიზიოლოგიური მონაცემების რეგისტრაციის გარეშე - ის იქნება წინა ეპოქისთვის დამახასიათებელი უსისტემო თვითდაკვირვება.   ფსიქოლოგიური ექსპერიმენტის ბუნების შესახებ ვუნდტის შეხედულებამ პირდაპირ განსაზღვრა მის მიერ ექსპერიმენტის გამოყენების ფარგლები. ექსპერიმენტული მეთოდის გამოყენება მთელი ფსიქიკური სინამდვილის შესასწავლად შეუძლებელია. მისი გამოყენება მართებულია მხოლოდ ფსიქოლოგიისა და ფიზიოლოგიის მიჯნაზე მყოფი, შედარებით მარტივი ფსიქიკური მოვლენების საკვლევად. რთული ფსიქიკური ფენომენები ექსპერიმენტულ შესწავლას არ ექვემდებარება, ვინაიდან ამ უკანასკნელთა ექსპერიმენტული კვლევისას შეუძლებელია ფსიქოლოგიური ექსპრიმენტის მიმართ წაყენებული მოთხოვნების დაცვა. ექსპერიმენტული ზემოქმედების შესაძლებლობა მოცემულია მხოლოდ იქ, სადაც არსებობს მყარი და ერთმნიშვნელოვანი კავშირი გამღიზიანებელსა და ფსიქიკურ პროცესს შორის. ასეთი რამ კი მხოლოდ ელემენტარული ფსიქიკური და ფსიქოფიზიოლოგიური მოვლენების სფეროში გვხდება. ამიტომაცაა შესაძლებელი მათი ხელოვნური გამოწვევა, გამეორება, გამოვლენის პირობების ვარირება, ზუსტი დროითი ფიქსაცია, ერთი სიტყვით, ყველაფერი ის, რაც აუცილებელია ექსპერიმენტისთვის. რთული და ცენტრალური ფსიქიკური პროცესების (ფანტაზია, აზროვნება, ნებელობა, მაღალი გრძნობები და ა.შ.) შემთხვევაში ამ ლაბორატორიული პროცედურების შესრულება ან ძალიან შეზღუდულია, ანდა სულაც შეუძლებელი. ვუნდტი მათ შესწავლას სპეციალური დისციპლინის, ე.წ. ხალხთა ფსიქოლოგიის ფარგლებში ცდილობდა, რაც, ფაქტობრივად, კულტუროლოგიური მასალის ანალიზს ისახავს მიზნად.   ვუნდტი ფსიქოლოგიური ექსპერიმენტის სამ სახეს განასხვავებდა: შთაბეჭდილების, გამოსახულების და რეაქციის. პირველ შემთხვევაში მიიღება ინტროსპექციული მონაცემები გარკვეული გამღიზიანებლებით აღძრული შთაბეჭდილების შესახებ, მეორეში - განცდის თანმდევ გამომხატველ მოძრაობათა, ხოლო მესამეში - სამოძრაო თუ სიტყვიერი რეაგირების სიჩქარის შესახებ. შესაბამისად, მათი გამოყენების გზით განსხვავებული ფსიქიკური და ფსიქოფიზიოლოგიური მოვლენები შეისწავლება.   ფსიქოლოგიის ისტორიკოსებმა გამოთვალეს, რომ ვუნდტის ინსტიტუტში შესრულებულ ექსპერიმენტულ კვლევათა ნახევარი ეძღვნებოდა შეგრძნებისა და აღქმის საკითხებს; დაახლოებით 17% - რეაქციის დროს; ყურადღების ელემენტარულ გამოვლინებებს, მარტივ გრძნობებს, წარმოდგენათა ასოციაციებს - 10-10% თითოეულს.   შეგრძნებათა და აღქმის შესწავლა შთაბეჭდილების მეთოდით მიმდინარეობდა. შეგრძნებებიდან ყველაზე მეტი კვლევა შეეხო მხედველობის, შემდეგ სმენის (სკრიპჩური, კრიუგერი და სხვა) და შეხების (ბლიქსი, გოლდშაიდერი და სხვა) მოდალობებს. შესრულებული იყო რამდენიმე კლასიკური გამოკვლევა ყნოსვის (ცვადემაკერი) და გემოს (კიზოვი) სფეროში. აღქმასთან დაკავშირებული საკითხებიდან ყველაზე მეტი ყურადღება დაეთმო სიდიდის აღქმას, დროის აღქმასა და ოპტიკურ ილუზიებს. 1889 წელს მარტიუსმა პირველად ექსპერიმენტულად გამოავლინა აღქმის ისეთი მნიშვნელოვანი თვისება, როგორიც კონსტანტობაა.   აღნიშვნის ღირსია რეაქციის დროის ექსპერიმენტით ჩატარებული კვლევები. საქმე ისაა, რომ ვუნდტი მათზე განსაკუთრებულ იმედს ამყარებდა, ვინაიდან მიაჩნდა, რომ აქ იხსნებოდა გზა ფსიქიკური პროცესების მიმდინარეობის ხანგრძლივობის გაზომვისა, ანუ, მაშინდელი გამოთქმით, ქრონომეტრირებისა. ფსიქოლოგიური კვლევის ამ განხრას ფსიქომეტრია ეწოდა (იხ. თავი 5.3.). მას, ფაქტობრივად, ფ. დონდერსმა ჩაუყარა საფუძველი, როცა განასხვავა ერთმანეთისაგან მარტივი და რთული რეაქციის დრო. პირველ შემთხვევაში ცდისპირი ერთ გამღიზიანებელზე ერთი რეაქციით პასუხობს. მეორე შემთხვევაში ამოცანა გართულებულია: ცდისპირმა უნდა უპასუხოს რამდენიმე გამღიზიანებლიდან ერთ-ერთს (განსხვავების რეაქცია) ან უპასუხოს რამდენიმე შესაძლო რეაქციიდან ერთ-ერთით (არჩევის რეაქცია). რთულ რეაქციას ბუნებრივია მეტი დრო ესაჭიროება; ამ დროით, ფაქტობრივად, იზომება ჩართული ფსიქიკური პროცესების ხანგრძლივობა. ვუნდტის თანამშრომელმა ლუდვიგ ლანგემ 1888 წელს აღმოაჩინა, რომ რეაქციის დრო იცვლება იმის მიხედვით, პროცესის რომელ მხარეზე, მოტორულზე თუ სენსორულზე, არის მიმართული ცდისპირი. ის ნაკლებია, როცა ცდისპირი მომზადებულია (განწყობილია) საპასუხო სამოძრაო რეაქციის სწრაფი შესრულებისთვის და არა სტიმულის სწრაფი აღქმისთვის. ეს განსხვავება, ვუნდტის აზრით, განპირობებულია იმით, რომ პირველ შემთხვევაში ხდება გამღიზიანებლის მხოლოდ პერცეფცია, ხოლო მეორეში - აპერცეფცია. სხვაობა ამ დროებს შორის (ე.წ. გამოკლების მეთოდი) იძლევა აპერცეფციისთვის საჭირო დროს. ეს მაჩვენებელი წამის მეათედის ტოლი აღმოჩნდა. ვუნდტი სულ უფრო ართულებდა ექსპერიმენტის სქემას, რთავდა მასში დამატებით აპერცეფციულ პროცესებს, რათა მათი ქრონომეტრირება მოეხდინა. მაგრამ, საბოლოოდ, ამ კვლევამ არ გაამართლა იმედი, არ გამოიღო სანდო და მდგრადი შედეგი.   თვით ლ. ლანგე მის მიერ მიღებულ ეფექტს იმით ხსნიდა, რომ ექსპერიმენტში იქმნება ორი სახის განწყობა - მოტორული და სენსორული. მოტორულ განწყობას მზადყოფნაში მოჰყავს სამოძრაო სისტემა, რაც აადვილებს რეაქციას. ამის შემდეგ მოტორული განწყობის იდეა გამოყენებულ იქნა სხვა ფენომენების, კერძოდ სიმძიმეების აღქმის სფეროში გამოვლენილი ილუზიების ასახსნელად (მაგ., ე.წ. შარპანტიეს ილუზია, როცა სხვადასხვა სიდიდის, მაგრამ ერთნაირი სიმძიმის საგნები განსხვავებული წონის ობიექტებად განიცდება). ეს მოვლენა მიულერისა და შუმანის მიერ 1889 წელს ჩამოყალიბებული მოტორული განწყობის თეორიით იქნა ახსნილი. ამ თეორიის თანახმად, სიმძიმის ილუზიებს მოტორულ აპარატში მიმდინარე პროცესები განსაზღვრავს. მოგვიანებით მოტორული განწყობის თეორიის საპირისპიროდ დიმიტრი უზნაძემ ჩამოაყალიბა განწყობის ზოგადფსიქოლოგიური კონცეფცია, რომელიც ე.წ. ფიქსირებული განწყობის მეთოდით ჩატარებული მრავალნაირი ექსპერიმენტული მონაცემით იქნა განმტკიცებული (იხ. თავი 13.2.). ლ. ლანგეს გამოკვლევის ისტორიული მნიშვნელობა ისაა, რომ მან სათავე დაუდო განწყობის ფენომენის ექსპერიმენტულ შესწავლას.   რეაქციის დროის ცდებში სტიმული სენსორულია, ხოლო რეაქცია - მოტორული. ასოციაციური ექსპერიმენტიც რეაგირების სისწრაფეზეა მიმართული, მაგრამ აქ სტიმულიც და რეაქციაც ვერბალური ხასიათისაა. პირველი, ვინც დაიწყო ვერბალური ასოციაციების ექსპერიმენტული შესწავლა, იყო ფრენისის ჰალტონი (1879). მან შეადგინა სიტყვების რიგი, რომელსაც რაიმეს აფარებდა და სიტყვებს ერთიმეორის მიყოლებით აჩენდა. ყოველი ახალი სიტყვის გამოჩენისას რთავდა წამზომს და გამორთავდა მაშინ, როცა ცნობიერებაში გაჩნდებოდა ამ სიტყვით გამოწვეული რაიმე წარმოდგენა. ჰალტონისთვის ასოციაციების სისწრაფეს გონებრივი პროცესების სისწრაფის მნიშვნელობა ჰქონდა. იგი მათი მეშვეობით ინდივიდუალური გონიერების გაზომვას ცდილობდა (იხ. თავი 7.2.). ვუნდტს, როგორც ცნობილია, ინდივიდუალური განსხვავებები არ აინტერესებდა. მაგრამ ჰალტონის ცდებით იგი ძალიან დაინტერესდა, ვინაიდან ჩათვალა, რომ ამ გზით შესაძლებელია ზოგად კანონზომიერებთა გამოვლენა. გარდა ამისა, ჰალტონის ცდები სრულად ეთანხმებოდა ექსპერიმენტული ინტროსპექციის სქემას - აქაც ხელოვნურად შექმნილ პირობებში სუბიექტი აკვირდება საკუთარ ცნობიერებაში მიმდინარე მოვლენებს. ვუნდტმა გაამარტივა და დახვეწა ასოციაციური ექსპერიმენტი. ამისთვის გამოიყენა ე.წ. გიპის ქრონოსკოპი, რომელსაც ცდისპირი გამორთავდა მაშინ, როდესაც სიტყვაგამღიზიანებლის საპასუხოდ მას ცნობიერებაში სიტყვა-რეაქცია უჩნდებოდა.   ასოციაციის დრო განსხვავდება იმისდა მიხედვით, თუ რა სახისაა ასოციაცია. ცდების მონაცემების ანალიზმა და კლასიფიკაციამ სამი ტიპის ასოციაციური კავშირი გამოავლინა: 1) სიტყვიერი, რომელიც ცხოვრების პროცესში სიტყვათა შორის ჩამოყალიბებულ მდგრად კავშირებს გამოხატავს; 2) გარეგანი, ანუ შემთხვევითი ნიშნებით დამყარებული კავშირი და 3) შინაგანი, რომელიც დაფუძნებულია ლოგიკურ მიმართებებზე. ამ კვლევის რეალური მნიშვნელობა ისაა, რომ მან გზა გაუხსნა ასოციაციური მეთოდის გამოყენებას დიაგნოსტიკური ამოცანების გადასაჭრელად გამოყენებითი ფსიქოლოგიის სხვადასხვა სფეროში - კლინიკურში (კ. იუნგი), იურიდიულში (ა. ლურია) და სხვა.   ყურადღების ფენომენებთან დაკავშირებული პრობლემებიდან ლაიფციგის ლაბორატორიაში განსაკუთრებით ინტენსიურად შეისწავლებოდა საკითხი ორი გამღიზიანებლის (მაგ., მხდველობითი და სმენითი) ერთდროული აღქმის კანონზომიერებათა შესახებ (ე.წ. კომპლიკაციის ცდები). საკმაოდ ბევრი გაკეთდა ყურადღების მოცულობის დასადგენად. ტაქისტოსკოპური ცდებით გაირკვა, რომ ის 4-6 მარტივი გამღიზიანებლის ტოლია. ვუნდტის რუსეთიდან ჩამოსულმა მოწაფემ ნიკოლოზ ლანგემ (1858-1921) ყოველმხრივ შეისწავლა მოვლენა, რომელსაც ყურადღების რხევა ეწოდა. ნ. ლანგემ დაადასტურა, რომ ნებისმიერი მოდალობის გამღიზიანებელის მიწოდებისას ცდისპირის აღქმის ინტენსივობა 2-4 წამის პერიოდულობით ირხევა (მატულობს და იკლებს). მანვე გამოთქვა მოსაზრება, რომ ეს ფენომენი ცენტრალური ბუნებისაა ანუ გამოწვეულია ყურადღების მოქმედების ტალღისებურობით და არა გრძნობის ორგანოში მიმდინარე პროცესების რითმულობით. სხვათა შორის, ვუდტის კიდევ ერთი გამოჩენილი მოწაფის, ჰ. მიუნსტენბერგის მონაცემების მიხედვით, რომლებიც უკვე სხვა, ფრაიბურგის ლაბორატორიაში იქნა მოპოვებული, ყურადღების რხევის პერიოდი უფრო ხანგრძლივია და უკავშირდება გამღიზიანებლის მოდალობას, რის საფუძველზე შემუშავდა ე.წ. პერიფერიული თეორია.   მარტივი გრძნობების შესწავლა, ძირითადად, გამოსახულების მეთოდით მიმდინარეობდა და მიმართული იყო ვუნდტის ემოციების სამგანზომილებიანი თეორიის შემოწმებისკენ.   ვუნდტის მიერ ორგანიზებული ექსპერიმენტული კვლევა ეხებოდა მარტივ ფსიქიკურ პროცესებს და მიმდინარეობდა ექსპერიმენტული ინტროსპექციის მეთოდოლოგიით. პირველი, ვინც დაარღვია ფსიქოლოგიური ექსპერიმენტული კვლევის ეს ტრადიცია, იყო გამოჩენილი გერმანელი ფსიქოლოგი ჰერმან ებინჰაუსი (1850-1909). მან ყველასაგან დამოუკიდებლად ხელი მოჰკიდა ნებისმიერი (განზრახული) მეხსიერების ექსპერიმენტულ შესწავლას, რომელსაც ვუნდტი მაღალ ფსიქიკურ პროცესებს აკუთვნებდა. ებინჰაუსმა აგრეთვე შეიმუშავა კვლევის მეთოდური პრინციპი, რომელშიც თვითდაკვირვება გათვალისწინებული არ იყო.   ებინჰაუსი ფართო ინტერესებით გამოირჩეოდა. ჰალესა და ბერლინში იგი ეუფლებოდა ისტორიას, ფილოლოგიასა და ფილოსოფიას. ბოლოს დაიცვა სადოქტორო დისერტაცია ედუარდ ჰარტმანის არაცნობიერის ფილოსოფიის შესახებ. მაგრამ მისი ცნობისმოყვარეობა დაკმაყოფილებული არ იყო და იგი სამი წლით გაემგზავრა საფრანგეთსა და ინგლისში, სადაც ესწრებოდა ლექციებს და ეცნობოდა კულტურას. აქ ებინჰაუსი ინტერესდება ფსიქოლოგიით. პარიზის პატარა ბუკინისტურ მაღაზიაში იგი შემთხვევით წააწყდა ფეხნერის წიგნს “ფსიქოფიზიკის ელემენტები”, რომელმაც თავისი მკაცრი მათემატიკური მიდგომით მასზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა. ფეხნერის მიერ შეგრძნებათა გაზომვამ დაარწმუნა ებინჰაუსი ფსიქიკური პროცესების ექსპერიმენტული კვლევის პერსპექტიულობაში და დააფიქრა უმაღლესი პროცესების ექსპერიმენტული შესწავლის შესაძლებლობაზე. საბოლოოდ, მან გადაწყვიტა ფსიქიკის გაზომვისა და კანონებში გამოხატვის იდეა მეხსიერებაზე გამოეცადა. ამისთვის საჭირო იყო ისეთი მეთოდის შემუშავება, რომელშიც მოცემული იქნებოდა მეხსიერების საზომი ერთეული. ასეთ ერთეულად უაზრო მარცვალი იქნა მიჩნეული. ეს მართლაც უაღრესად ნაყოფიერი მიგნება აღმოჩნდა. შინაარსის მატარებელი ვერბალური ან არავერბალური მასალის გამოყენება ართულებს მეხსიერების გაზომვას, რადგანაც ის ყოველთვის ჩვენი ინდივიდუალური წარსულის გამოცდილებით არის გაჯერებული და, ამდენად, სხვადასხვა ასოციაციებითაა დატვირთული. ობიექტური გაზომვისთვის კი აუცილებელია, რომ მასალა ყველასთვის ერთნაირად ინდიფერენტული, ანუ ერთნაირად დამახსოვრებადი იყოს. ამის გათვალისწინებით უაზრო მარცვლების გამოყენება სავსებით მართებულია. თუმცა ამ შემთხვევაშიც საჭიროა დასამახსოვრებელი მარცვლების ისე შერჩევა, რომ ისინი არ იწვევდნენ რაიმე სიტყვის ასოციაციას და თანაბრად უცხოები იყვნენ ყველა ცდისპირისთვის.   ამ პრინციპებით ხელმძღვანელობდა ებინჰაუსი, როცა შეადგინა 2300 მარცვალი (ორი თანხმოვანი და შუაში ხმოვანი), დაყო ისინი სერიებად და შეუდგა მეხსიერების კვლევას თავის თავზე, ორი ძირითადი მეთოდით: 1) დასწავლის მეთოდით, რაც გულისხმობს მარცვლების რიგის გამეორებას მანამდე, სანამ არ იქნება მიღწეული უშეცდომო რეპროდუქცია; 2) ეკონომიის ან მომარაგების მეთოდით, რომელიც ადრე დასწავლილი და დავიწყებული მასალის გარკვეული ხნის მერე გამეორებაში მდგომარეობს. თავდაპირველი და ხელახალი დასწავლისთვის საჭირო გამეორების მაჩვენებლებს შორის სხვაობა იძლევა ე.წ. მომარაგების კოეფიციენტს. რაც უფრო მაღალია ამ კოეფიციენტის რიცხვითი მნიშვნელობა, მით უფრო კარგად ყოფილა დასწავლილი მასალა ცდის პირველ ნაწილში. ამ მეთოდით ირკვევა, მაგალითად, რომ აბსოლუტური დავიწყება არ არსებობს. ერთხელ ნასწავლის ხელმეორედ სწავლა ყოველთვის უფრო ადვილია. ეს მხოლოდ ერთ-ერთი კანონზომიერებაა მათ შორის, რაც ებინჰაუსმა თავისი უპრეცედენტო კვლევის შედეგად დაადგინა. ეს, მართლაც, ტიტანური შრომა, სადაც ცდისპირი და ცდის ხელმძღვანელი ერთი ადამიანი იყო, რამდენიმე წელს გაგრძელდა და ყოველდღიურად უზარმაზარი მასალის დამახსოვრებასა და აღდგენას გულისხმობდა. მისი შედეგები ებინჰაუსმა ჩამოაყალიბა ეპოქალური მნიშვნელობის წიგნში - “მეხსიერების შესახებ” (1885). მასში დადგენილი კანონზომიერებანი დღესაც ზოგადი ფსიქოლოგიის ოქროს ფონდს შეადგენს.   აღვნიშნოთ მხოლოდ უმთავრესი: ა) დადგენილ იქნა, რომ არსებობს სრულიად გარკვეული კავშირი მასალის მოცულობასა და დახსომების მსვლელობას შორის. მეხსიერების ერთჯერადი მოცულობა 6-8 მარცვლის ტოლი აღმოჩნდა; სწორედ ასეთი ოდენობის მასალის დახსომება შეუძლია ადამიანს ერთი გამეორებით. მასალის შემდგომი მატება აძნელებს დახსომებას, მაგრამ არა პირდაპირპროპორციულად. თუ 6 მარცვლის დახსომებას 1 გამეორება ჰყოფნის, 12 მარცვალის დახსომებას ესაჭიროება არა 2 გამეორება, არამედ 10-12, 24 მარცვალს - 44 და ა.შ. მოგვიანებით ფუკომ ეს კანონზომიერება დახსომებისთვის საჭირო დროის მაჩვენელებს შეუფარდა და ჩამოაყალიბა კანონი, რომლის მიხედვით დახსომების დრო მასალის რაოდენობის კვადრატის პროპორციულად მატულობს. ბ) გაირკვა, რომ მნიშვნელობა აქვს იმას, თუ რა ადგილი უკავია დასახსომებელ ერთეულს რიგში. ცდისპირები უკეთესად იხსომებენ სერიის პირველ და ბოლო მარცვლებს. გ) აღმოჩნდა, რომ მრავალჯერადი გამეორებისას თითოეული გამეორების მნემური ღირებულება ტოლფასი არ არის. ის მით უფრო მცირეა, რაც უფრო დაშორებულია დასაწყისიდან. შესაბამისად, ყველაზე ეფექტურია პირველი გამეორება და პირიქით. დ) უკანასკნელი კანონზომიერება ვლინდება მაშინ, როცა გამეორებათა შორის დროის ინტერვალი ჩნდება. აღმოჩნდა, რომ ასეთ შემთხვევაში დასასწავლად საჭირო გამეორებათა რაოდენობა საგრძნობლად კლებულობს, მით უფრო შესამჩნევად, რაც უდრო დიდია იგი (შემდგომ კვლევაში იოსტმა გაარკვია, რომ ინტერვალი აუცილებლად ოპტიმალური უნდა იყოს - არც ძალიან მცირე და არც ძალიან დიდი). ე) ჭარბ გამეორებას, მას მერე, რაც მასალა უშეცდომოდ არის აღდგენილი, მაინც აქვს დადებითი ეფექტი; აგრეთვე ექსპერიმეტულად პირველად გამოვლინდა მეხსიერების ვარჯიშებადობის დამადასტურებელი ფაქტები. ვ) დასწავლის კანონზომიერებებთან ერთად ამ კვლევაში შესწავლილ იქნა დავიწყების კანონზომიერებებიც. ძალიან განზოგადებული სახით დავიწყების ძირითადი კანონი შემდეგია: დავიწყება არის დროის ფუნქცია. უფრო კონკრეტულად კი შეიძლება ასეც ითქვას: რაც უფრო მეტი დრო გადის დასწავლის მომენტიდან, მით უფრო შორს მიდის დავიწყების პროცესი, თუმცა აბსოლუტური დავიწყება, ფაქტობრივად, არასოდეს მიიღწევა. დავიწყების პროცესის ხასიათს გამოხატავს ებინჰაუსის ე.წ. დავიწყების მრუდი, რომელიც აჩვენებს, რომ თავიდან დავიწყების ტემპი ძალიან სწრაფია, შემდეგ კი საგრძნობლად კლებულობს და ბოლოს თითქმის აღარ იცვლება.   დასწავლა და დავიწყება შემდგომშიც ინტენსიური ექსპერიმენტული კვლევის საგანი იყო. მიუხედავად ამისა, “თანამედროვე ექსპერიმენტული ფსიქოლოგია ამ საკითხში არსებითად ჯერ კიდევ ებინჰაუსის პოზიციაზე დგას და მთელი მისი მუშაობა ამ უკანასკნელის შევსებისა და დაზუსტების მეტს არაფერს წარმოადგენს”. ეს სიტყვები დიმიტრი უზნაძემ ებინჰაუსის გამოკვლევებიდან ნახევარი საუკუნის მერე დაწერა. მეხსიერების ფსიქოლოგიის დღევანდელი გადასახედიდან კიდევ უფრო კარგად ჩანს ებინჰაუსის შრომის მნიშვნელობა.   ფსიქოლოგიის ისტორიის პოზიციიდან ებინჰაუსის მეცნიერული მოღვაწეობის ღირებულება მხოლოდ მის მიერ დადგენილი კანონზომიერებებით არ ამოიწურება. ებინჰაუსმა, ვუნდტთან შედარებით, კვლევაში ორი პრინციპული სიახლე შეიტანა და ამით საგრძნობლად შეუწყო ხელი ექსპერიმენტული ფსიქოლოგიის შემდგომ განვითარებას. ჯერ ერთი, მან, არსებითად, საფუძველი ჩაუყარა ექსპერიმენტის ახალ სახეობას, რომელიც მაქსიმალურად იყო „გაწმენდილი” თვითდაკვირვებისაგან. შესაბამისად, ის უფრო აკმაყოფილებდა ობიექტური მეთოდის მოთხოვნებს. მართლაც, ამ ცდებში აღარ ფიქსირდებოდა სუბიექტის განცდები: ცდისპირს ევალებოდა არა საკუთარ განცდებზე დაკვირვება, არამედ მოქმედება. იგი გარკვეულ ამოცანას (მასალის დასწავლას ან აღდგენას) ასრულებდა, ხოლო ცდის ხელმძღვანელი აღრიცხავდა შედეგებს. საბოლოო ჯამში ხერხდებოდა რაიმე მოვლენასა (დამახსოვრებას ან დავიწყებას) და გარკვეულ ფაქტორს შორის (გამეორებათა სიხშირე ან დროში განაწილება, მასალის მოცულობა და ა.შ.) ობიექტურად არსებული დამოკიდებულების გარკვევა. აღმოჩენილი ფუნქციური კავშირი გამოისახება სათანადო გრაფიკით. ასეთი მეთოდური მიდგომა გავრცელდა ბევრ სფეროში, განსაკუთრებით კი მრავალრიცხოვან ბიჰევიორისტულ კვლევებში, სადაც შეისწავლებოდა ჩვევათა შემუშავების პროცესი ადამიანებთან თუ ცხოველებთან.   ამრიგად, ებინჰაუსმა დაძლია ვუნდტის ექსპერიმენტის შეზღუდულობა. თვით უმკაცრესი ინტროსპექციონისტი ტიჩენერიც კი უაზრო მარცვლების გამოყენებას აფასებდა, როგორც ყველაზე მნიშვნელოვან მოვლენას არისტოტელეს შემდგომ ფსიქოლოგიაში. თუმცა ამ მეთოდით ჩატარებულ ცდებს ნამდვილად ვერ ვუწოდებთ “ინტროსპექციის გაკვეთილს”, რასაც ტიჩენერი ყველა ფსიქოლოგიური ექსპერიმენტისაგან მოითხოვდა.   ებინჰაუსზე საუბრისას არ შეიძლება გვერდი აუარო ფსიქოლოგიაში მისი მოღვაწეობის სხვა მხარეებსაც, რომლებიც არაა დაკავშირებული ექსპერიმენტულ კვლევასთან. ორი მათგანი განსაკუთრებულად არის გამოსაყოფი. ერთი ეხება მის მიერ შექმნილ სახელმძღვანელოს “ფსიქოლოგიის საფუძვლები” (1902), რომელსაც საოცარი წარმატება ხვდა. ეს მნიშვნელოვანწილად განაპირობა ავტორის თხრობის ნათელმა და საინტერესო სტილმა. ბორინგის შეფასებით ებინჰაუსი იგივე იყო გერმანიისთვის, რაც ჯეიმსი ამერიკისთვის, როგორც იმ ერთადერთი ფსიქოლოგიური სახელმძღვანელოს ავტორი, რომელიც სიამოვნებით იკითხებოდა. მეორე მომენტი უკავშირდება ებინჰაუსის წარმატებულ ორგანიზაციულ-საგამომცემლო მოღვაწეობას. 1890 წელს არტურ კენიგთან ერთად მან დააფუძნა “ფსიქოლოგიისა და გრძნობის ორგანოთა ფიზიოლოგიის ჟურნალი”, რომელიც ვუნდტის სკოლისაგან დამოუკიდებელი გერმანელი მკვლევარების ბეჭდვითი ორგანო გახდა.   დაბოლოს, აუცილებელია კიდევ ერთხელ გავუსვათ ხაზი იმას, რომ ებინჰაუსმა პირველმა დაარღვია ვუნდტის მიერ დადებული ტაბუ მაღალი ფსიქიკური პროცესების ექსპერიმენტულ შესწავლაზე, თანაც გააკეთა ეს არა მხოლოდ მეხსიერების, არამედ აზროვნების მიმართაც. 1897 წელს ებინჰაუსმა შეიმუშავა ე.წ. დაუსრულებელი წინადადებების მეთოდი მოწაფეთა გონებრივი უნარების გასაზომად და ამით ექსპერიმენტი ინტელექტუალური პროცესების სფეროშიც შეიტანა.   მეხსიერების კვლევის ებინჰაუსისეული მიდგომა აიტაცა გეორგ ელიას მიულერმა (1850-1934), რომელიც სამართლიანად ითვლება თავისი დროის გამოჩენილ ექსპერიმენტატორად. გიოტინგენში მის მიერ ჩამოყალიბებული ლაბორატორია თავისი მნიშვნელობით მეორე იყო გერმანიაში ვუნდტის ლაბორატორიის მერე. აქ წლების განმავლობაში მიმდინარეობდა ინტენსიური ექსპერიმენტული მუშაობა. განსაკუთრებით მნიშვნელოვანი კვლევები შესრულდა ფსიქოფიზიკის, მხედველობითი აღქმისა და მეხსიერების სფეროში. მიულერმა და მისმა თანამშრომლებმა (იოსტი, კალკინსი, ფუკო, შუმანი და სხვა) შექმნეს მეხსიერების კვლევის ახალი მეთოდები, დააზუსტეს ებინჰაუსის ზოგიერთი მონაცემი და გამოავლინეს ახალი კანონზომიერებანი. მაგალითად, მიულერმა აღმოაჩინა, რომ უაზრო მარცვლების მოგონება დამოკიდებულია არა მხოლოდ მარცვლების ან გამეორებათა რიცხვზე და მსგავს ფაქტორებზე, რომლებიც ებინჰაუსმა შეისწავლა, არამედ დიდწილად იმაზეც, თუ აქტიური დამახსოვრების რა ხერხებს მიმართავს ცდისპირი, ეს შეიძლება იყოს დაჯგუფება, რიტმი ან უაზრო მარცვლებისთვის გარკვეული მნიშვნელობის მინიჭებაც კი.   რაც შეეხება აზროვნების ექსპერიმენტულ კვლევას, ამით ყველაზე მეტად სახელი გაითქვა ე.წ. ვიურცბურგის სკოლამ. ამ სკოლის ლიდერად ითვლება გამოჩენილი გერმანელი მეცნიერი ოსვალდ კიულპე (1862-1915). კიულპე ვუნდტის ასისტენტი იყო და მასთან თორმეტ წელს იმუშავა. 1894 წელს იგი დაინიშნა პროფესორად ვიურცბურგის უნივერსიტეტში, სადაც თხუთმეტი წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა უძლიერესი შემადგენლობით დაკომპლექტებულ ლაბორატორიას. ვიურცბურგის სკოლას მიეკუთვნება მრავალი ცნობილი მეცნიერი: ნ. ახი, კ. ბიულერი, ო. ზელცი, ა. მაიერი, კ. მარბე, ა. მიშოტი, ა. მესერი, ჯ. ორტი, ჰ. უატი და სხვა. გასაკვირი არ არის, რომ ფსიქოლოგების ამ თანავარსკვლავედმა ნამდვილი გარღვევა მოახდინა მთლიანად ზოგად და, კერძოდ, აზროვნების ფსიქოლოგიაში.   ლაიფციგში ყოფნისას კიულპემ დაწერა სახელმძღვანელო, რომელიც არ შეიცავდა თავს აზროვნების შესახებ. ეს გარემოება ნიშანდობლივია. კიულპე ამ წიგნში აყალიბებს თავის კრედოს - ილაპარაკოს მხოლოდ მეცნიერულ ფაქტებზე. ვინაიდან აზროვნება იმ დროს სრულებით არ იყო ექსპერიმენტულად შესწავლილი, მან არც ჩათვალა შესაძლებლად ელაპარაკა აზროვნების მეცნიერულ ფსიქოლოგიაზე. ყველაფერი, რაც მანამდე აზროვნების შესახებ იყო ცნობილი, ამოიწურებოდა ასოციაციონისტურ-სენსუალისტური შეხედულებით, რომლის თანახმად ფსიქიკის ერთადერთი საშენი მასალა არის შეგრძნებები და წარმოდგენები; შესაბამისად, ეგონათ, რომ აზროვნებაც ამ მასალითაა აგებული. არც აზროვნების პროცესი შეიცავს რაიმე სპეციფიკურს. აქაც, როგორც სხვაგან, ასოციაციის კანონები ბატონობს. ამ კანონების შესაბამისად აზროვნების პროცესში ხდება წარმოდგენების ურთიერთგაპირობება, კომბინირება, გაერთიანება. ცნება არის წარმოდგენათა ერთდროული ასოციაციის პროდუქტი, მსჯელობა - თანმიმდევრულის. კიულპემ და მისმა თანამშრომლებმა ეს შეხედულებანი ძირფესვიანად შეარყიეს.   თავდაპირველად ვიურცბურგში იგივე თემატიკა მუშავდებოდა, რაც ლაიფციგში. მაგრამ მალე კვლევის მეთოდოლოგიაში სპეციფიკური ელემენტი გაჩნდა. ცდისპირებს, რომელთა როლში ლაბორატორიის წევრები გამოდიოდნენ, სთხოვდნენ არა მხოლოდ იმას, რომ ეთქვათ, რომელი საგანია უფრო მძიმე (ფსიქოფიზიკური ექსპერიმენტი), ან ერთ სიტყვაზე მეორეთი ეპასუხათ (ასოციაციური ექსპერიმენტი), არამედ აგრეთვე იმასაც, რომ აღედგინათ, თუ რა შინაარსები უჩნდებოდათ ცნობიერებაში, სანამ გამოიტანდნენ დასკვნას სიმძიმეზე ან წარმოთქვამდნენ სიტყვა-რეაქციას. ამდენად, კვლევამ სხვა შინაარსი მიიღო. აქამდე ინტერესის საგანი იყო რაიმე ზემოქმედების შედეგად აღმოცენებული განცდები. იგულისხმებოდა, რომ ეს განცდები შეიცავდნენ ინფორმაციას ცნობიერების იმ ელემენტების შესახებ, რომელთაგანაც შექმნილია ფსიქიკის სტრუქტურა. ვიურცბურგელებმა თავიანთ ექსპერიმენტებში თვითდაკვირვების მიმართულება შეცვალეს. ახლა ის წარიმართა თვით მოქმედების მიმდინარეობის განცდაზე. ეს მოქმედება განიხილებოდა, როგორც მსჯელობა, რაც, პრაქტიკულად, აზროვნების პროცესია.   პირველი ასეთი გამოკვლევა 1901 წელს შეასრულა კარლ მარბემ (18691953), რომელშიც განხილული იყო წონათა შეფასების პროცესი ფსიქოფიზიკური ექსპერიმენტის ფარგლებში. აღმოჩნდა, რომ მსჯელობა ისე მიმდინარეობს, რომ ცდისპირმა არაფერი იცის მის შესახებ. ყოველ შემთხვევაში ცნობიერებაში არ დასტურდება ის თვალსაჩინო შინაარსები თუ წარმოდგენები, რომლებიდანაც ლოგიკის კანონების შესაბამისად გამომდინარეობს დასკვნები. გაგება, დასკვნა, წვდომა არ ნიშნავს სათანადო ხატის გაჩენას ცნობიერებაში. თვით დასკვნა არათვალსაჩინო ფორმაშია მოცემული. ამავე დროს, ამ პროცესში თვითდაკვირვება ადასტურებს განცდებს, რომლებიც მოკლებულია ყოველგვარ სენსორულ შინაარსს. ამ განცდებს ცნობიერების მდგომარეობები ეწოდა. იგივე ვითარება აღინიშნა მაიერის და ორტის მიერ იმავე წელს შესრულებულ გამოკვლევაში, სადაც შეისწავლებოდა ასოციაციის ექსპერიმენტში აღმოცენებული განცდები.   თანდათანობით ექსპერიმენტული პროცედურა ტექნიკურად გართულდა, დაიხვეწა და უშუალოდ აზროვნებაზე გახდა მიმართული. მაგალითად, ცდისპირს ოპტიკურად ეძლევა სიტყვა. მან უნდა მონახოს მოცემული სიტყვის თანაქვემდებარე სიტყვა - უფრო ზოგადი ან უფრო კერძო ცნება - ე.ი. ლოგიკური კავშირი დაამყაროს მათ შორის. ეს უკვე ნამდვილი აზროვნებაა. ამასთანავე, ცდისპირს ევალება ამ ამოცანის შესრულების პროცესში აღმოცენებული განცდების აღწერა. ხშირად ეს პროცესი იყოფოდა პერიოდებად ან ინტერვალებად (მოსამზადებელი პერიოდი, გამღიზიანებელი სიტყვის აღქმის, სიტყვა-რეაქციის ძიებისა და საპასუხო სიტყვის გამოვლენის პერიოდი). სხვადასხვა ცდაში ცდისპირების ყურადღება ხან ერთ პერიოდზეა მიპყრობილი, ხან მეორეზე. ამ გზით თანდათან გროვდებოდა სრული ინფორმაცია მთლიანად პროცესის მიმდინარეობის შესახებ. ამ ექსპერიმენტულ პროცედურას სისტემატური ექსპერიმენტული თვითდაკვირვების მეთოდი უწოდეს. ამასთან, ხაზგასმით აღინიშნებოდა, რომ ამ შემთხვევაში ექსპერიმენტული თვითდაკვირვება რეტროსპექტულია. ვიურცბურგელთა ამოსავალი დებულების თანახმად, აზროვნებასთან დაკავშირებულ განცდებზე უშუალო დაკვირვება შეუძლებელია. როგორც კიულპე წერდა, “შეუძლებელია ვიაზროვნოთ და თანაც ისე, რომ მთლიანად მივეცეთ ამ აზრებს, ჩავიძიროთ მათში და, ამავე დროს, დავაკვირდეთ მათ მიმდინარეობას - ფსიქიკის ასეთი გაყოფა ბოლომდე შეუძლებელია. ჯერ პირველი უნდა მოხდეს, შემდეგ მეორე”. ეს ნიშნავს, რომ ექსპერიმენტული ინტროსპექცია აზროვნების აქტში კი არ არის ჩართული, არამედ უშუალოდ მოჰყვება მას, ანუ ეს უკუხედვაა, მიმართული პროცესის ინერციაზე, უშუალო მოგონებაში არსებულ კვალზე.   პირველსავე ცდებში გამოჩნდა, რომ სიტყვის მნიშვნელობის გაგებაც კი სრულიად არ მოითხოვს იმ საგნის თვალსაჩინო წარმოდგენას, რომელსაც ის აღნიშნავს. ხშირად დასტურდებოდა შემთხვევები, როცა გაგების ფაქტს (მნიშვნელობის, საზრისის, ცნების მოცემულობის განცდა) არ ახლდა სათანადო წარმოდგენა. შესაბამისად, გაკეთდა დასკვნა უხატო და უსიტყვო აზროვნების, ან სხვაგვარად, არათვალსაჩინო აზროვნების არსებობის შესახებ.   ვიურცბურგის სკოლის კვლევების დაწყებიდან ძალიან მალე იმავე დასკვნამდე დამოუკიდებლად მივიდა ორი ცნობილი მეცნიერი: ფრანგი ა. ბინე და ამერიკელი რ. ვუდვორთი. ბინე აზროვნების ასოციაციონისტურ გაგებას ებრძოდა და თავის კვლევაში ვიურცბურგელების ანალოგიური მონაცემები მიიღო (1903). ბინეს სიტყვებით, ხატი წიგნის გრავიურების მსგავსია; ისევე როგორც რამდენიმე ილუსტრაცია ვერ გაგვაგებინებს წიგნის შინაარსს, ხატიც ვერ მოგვცემს იმ შინაარსს, რომელიც იაზრება ხატის (წარმოდგენის) განცდისას. აზროვნება, საზოგადოდ, მწირია თვალსაჩინო შინაარსით, სამაგიეროდ, დატვირთულია განცდებით, რომლებსაც არ გააჩნიათ არც გრძნობადი რომელობა (მაგ., ფერი, ტონი და სხვა), არც ინტენსივობა. ისინი არც სურათებია და არც წარმოდგენები. ამ არათვალსაჩინო განცდების აღსანიშნავად ვიურცბურგის სკოლაში განსხვავებულ ცნებებს იყენებდნენ: ცოდნა (კიულპე), აზრი (მესერი), წმინდა აზრი (ბიულერი), ცნობიერობა (ახი).   ვუდვორთი ამბობდა, რომ თვალსაჩინოება მხოლოდ აზრის „სამოსია” და გაშიშვლებულ აზრს ბოლომდე ხელეწიფება თავისი საქმის კეთება. ეს კი ნიშნავს, რომ სუბიექტმა უნდა გააცნობიეროს გარემოში არსებული მიმართებები და მიუსადაგოს მათ თავისი შეგუებითი ქცევა. როგორც ჩანს, იმ დროისთვის შეხედულებამ აზროვნების თვალსაჩინო-წარმოდგენითი ბუნების შესახებ სერიოზული დისკრედიტაცია განიცადა და მისი საწინააღმდეგო მოსაზრებები ერთდროულად გაჩნდა სხვადასხვა ქვეყანაში.   და მაინც, დებულება, რომ აზროვნების პროცესის ძირითადი საშენი მასალა არათვალსაჩინო ფსიქიკური ფენომენებია და არა წარმოდგენები, პირველ რიგში და უმთავრესად ვიურცბურგის სკოლაში ჩატარებული მრავალი ექსპერიმენტული გამოკვლევის განზოგადებაა. ეს დებულება შემდეგ ფაქტოლოგიურ საფუძველს ეყრდნობა: ბევრია ე.წ. წმინდა აზრის წარმოდგენის გარეშე მოცემულობის შემთხვევები. ხშირად აზრისა და ხატის შინაარსი სრულიად განსხვავებულია. ისეც ხდება, რომ წარმოდგენა და გაგება (ცოდნა) არ ემთხვევა ერთმანეთს დროში - ხან ერთი უსწრებს წინ, ხან - მეორე. იგივე ითქმის სინათლის ხარისხზეც - ან ერთია უფრო ნათელი, ან მეორე. გარდა ამისა, ერთი და იგივე აზრი სხვადასხვა სიტყვებით და, მაშასადამე, სხვადასხვა წარმოდგენებით შეიძლება გადმოიცეს. სწრაფი კითხვის ან ლაპარაკის დროს გვესმის აზრი, მაგრამ ცნობიერებაში თითოეული სიტყვის ხატი არ წარმოიქმნება. მნიშვნელოვანია ის ფაქტიც, რომ არსებობს მრავალი განყენებული შინაარსის მქონე სიტყვა (მაგ., მდგომარეობა, თვისება, არსი, აუცილებლობა, მიზეზობრიობა, უსასრულობა, მარადიულობა და ა.შ.), რომელთა შესაბამისი წარმოდგენები საერთოდ არ არსებობს; არათვალსაჩინო ფორმაშია მოცემული იმის განცდაც, რომ ვიცით დიდი მოცულობისა და რთული შინაარსის მქონე მოძღვრება; ასეთი განცდის წარმოდგენა პრინციპულად შეუძლებელია.   წმინდა ინტელექტუალურ არათვალსაჩინო განცდებთან ერთად, რომლებიც აზრის, ცოდნის მოცემულობას ადასტურებენ, გამოვლინდა აგრეთვე აზროვნების პროცესთან დაკავშირებული ემოციური ელფერის მქონე განცდებიც. ასეთია უკვე ნახსენები ცნობიერების მდგომარეობები. მაგალითად, სწორისა და მცდარის, ცნობის, შედარების, დარწმუნებულობის, ყოყმანის, ეჭვის, ძიების, მოლოდინის, მიმართულობისა და სხვა განცდები. ეს, მართლაც, თავისებური განცდებია, განსხვავებული როგორც არათვალსაჩინო განცდებისაგან, ისე ჩვეულებრივი ემოციებისაგან. ამაში დავრწმუნდებით, თუ შევადარებთ ეჭვის ან დარწმუნებულობის ცნობიერების მდგომარეობას რაიმე ცნების მნიშვნელობის წვდომის ან მეცნიერული თეორიის დედააზრის გაგების განცდას. ადვილი შესამჩნევია, რომ ეს აშკარად სხვადასხვა ბუნების განცდებია.   აზროვნების სპეციფიკური არათვალსაჩინო ფსიქიკური შინაარსების დადგენასთან ერთად ვიურცბურგის სკოლაში წარმოებდა აზროვნების დინამიკის, მისი მიმდინარეობის კვლევა და ამ პროცესის მექანიზმის ძიება. აღნიშნულმა კვლევამ მეცნიერება გაამდიდრა სპეციფიკური, არაასოციაციური ცნებებითა და ფსიქიკური მექანიზმებით. სახელდობრ, უკვე უატის ცნობილ ადრინდელ კვლევაში ნათლად გამოჩნდა, რომ ე.წ. შეზღუდული ასოციაციის ექსპერიმენტებში აზროვნების პროცესი განსაზღვრულია ცდისპირის მიერ მიღებული ამოცანის თავისებურებით. ამ ექსპერიმენტებში ცდისპირმა სიტყვასტიმულის გაგონებისთანავე უნდა დაასახელოს მასთან გარკვეულ დამოკიდებულებაში მყოფი ცნება: უფრო ზოგადი ან უფრო კერძო, გვარეობითი ან სახეობითი და ა.შ. პარალელურად იზომება რეაქციის დრო. თანდათანობით, შემდგომი კვლევების პროცესში, “ამოცანა” ფუნდამენტურ ცნებად გადაიქცა. მიჩნეულ იქნა, რომ ამოცანის მიღება ინდივიდში წარმოქმნის მის გადაწყვეტაზე მიმართულობის მდგომარეობას, რომელიც წარმართავს სწორი პასუხის ძიების პროცესს. აზროვნება აღიწერება, როგორც ამოცანის გადაწყვეტის პროცესი. მას იწვევს ამოცანის (პრობლემის) სიტუაცია, ხოლო აგვირგვინებს ამოცანის გადაწყვეტა. ეს უკანასკნელი სუბიექტისთვის აქამდე უცნობი მიმართების მონახვაში, ახალი მნიშვნელობის წვდომაში მდგომარეობს. აზრის წვდომას, მნიშვნელობის გაგებას თავისებური შვების განცდა ახლავს, რომელსაც კარლ ბიულერმა (1907) აჰა-განცდა უწოდა. გაგება ნიშნავს ახალი აზრისთვის “ლოგიკური ადგილის მონახვას” იმ სფეროში, რომელსაც ეკუთვნის აზრში ნაგულისხმები ობიექტი ან მოვლენა. ამის შემდეგ აზროვნების პროცესი მთავრდება. აჰა-განცდა აზროვნების პროცესის დასრულებას გამოხატავს.   ნარცის ახმა (1871-1946) აიტაცა და განავითარა იდეა აზროვნების პროცესის ამოცანით განსაზღვრულობის შესახებ. მან აღიარა, რომ როდესაც ადამიანი გარკვეული ამოცანის წინაშე დგება, ან, უფრო ფართოდ, რაიმე მიზანს ისახავს, მის მოქმედებას განსაზღვრავს არა წარმოდგენების ან აზრების მონაცვლეობის ასოციაციური ტენდენცია, არამედ ამოცანიდან (მიზნიდან) გამომდინარე დეტერმინაციის ტენდენცია. ეს ტენდენცია განაპირობებს არა მხოლოდ აზროვნების, არამედ ყოველგვარი ნებელობითი მოქმედების მიზანმიმართულ და მოწესრიგებულ მიმდინარეობას. მაშასადამე, დეტერმინაციის ტენდენცია საკმაოდ ფართო ცნებაა; ის ეხება ნებელობითი მოქმედების ყველა სახეს, მათ შორის აზროვნებასაც. ამდენად, იგი ნებელობის მოქმედების მექანიზმს გამოხატავს.   თავის კლასიკურ კვლევაში ახი შეეცადა გაეზომა დეტერმინაციის ტენდენციის, ანუ, მისი აზრით, ნებელობის ძალა. ექსპერიმენტის სქემა ასეთია: ცდისპირი მრავალჯერადი გამეორების გზით იზეპირებს უაზრო მარცვლების წყვილებისაგან (მაგ., დუს-ფალ, მენ-დიქ და ა.შ) შემდგარ მწკრივს. ამის შემდეგ მას ევალება თვითეული წყვილის პირველი მარცვლის გამოჩენისას (მაგ., დუს ან მენ) უპასუხოს არა წყვილის შესაბამისი წევრით, არამედ წარმოთქვას ეს მარცვალი შებრუნებულად (მაგ., სუდ ან ნემ) ან მოუნახოს მას რითმა (მაგ., დუს-მუს ან მენ-ბენ). პარალელურად იზომება დრო და ფიქსირდება შეცდომები. ახის აზრით, აქ ერთმანეთს უპირისპირდება ორი ტენდენცია: ასოციაციის რეპროდუქციის ტენდენცია, რომელიც, ასოციაციის კანონების თანახმად, ამ სიტუაციაში უნდა გაუჩნდეს ინდივიდს, და დეტერმინაციის ტენდენცია, რომელიც ამოცანიდან (განზრახვიდან) მომდინარე ნებელობით აქტივობას გამოხატავს. იგულისხმება, რომ ასოციაციის რეპროდუქციის ტენდენციის ძალა განისაზღვრება მარცვლების წყვილების გამეორებათა რაოდენობით. ეს არის რეპროდუქციის კოეფიციენტი, რომელიც მით უფრო დიდია, რაც უფრო მეტია გამეორებათა რიცხვი. ის გამოხატავს ნებისყოფის ძალის ასოციაციურ ექვივალენტს. ვთქვათ, ეს რიცხვი ასია. ეს ნიშნავს, რომ თუ დეტერმინაციის ტენდენციამ დაძლია რეპროდუქციის მოცემული ტენდენცია, მისი ძალა არანაკლებ ასის ტოლი ყოფილა (ნებისყოფის კოეფიციენტი).   მოგვიანებით გაირკვა, რომ ასოციაციური ექვივალენტით ნებისყოფის გაზომვა ვერ ხერხდება, ვინაიდან ასოციაციის რეპროდუქციის ტენდენცია, რომელსაც დეტერმინაციის ტენდენცია უნდა დაუპირისპირდეს, თავისთავად და ავტომატურად არ წარმოიქმნება მხოლოდ იმიტომ, რომ მას წინ მრავალჯერადი გამეორება უძღვის. კ. ლევინმა სპეციალური ექსპერიმენტებით (1917) აჩვენა, რომ მისი წარმოქმნისთვის საჭიროა დამატებითი მოტივაციის გაჩენა, რეპროდუქციის განწყობის შემუშავება.   რაც შეეხება დეტერმინაციის ტენდენციის ცნების საფუძველზე აგებულ თეორიულ მოდელს, იგი შეფასებულია, როგორც ტელეოლოგიური და მექანიცისტური. ტელეოლოგური იმიტომ, რომ ქცევის განმსაზღვრელი ძალა მიზნის ცნობიერებიდან გამოჰყავს, ხოლო მექანისტური იმდენად, რამდენადაც უშვებს მიზნის წარმოდგენის უშუალო ზემოქმედებას ფსიქიკურ შინაარსებზე და, მაშასადამე, სუბიექტის (პიროვნების) აქტივობას ზედმეტად ხდის. დეტერმინაციის ტენდენცია დამკვიდრდა ფსიქოლოგიაში სასარგებლო აღწერითი ცნების სახით, რომელიც ქცევის მოწესრიგებულობასა და მიზნისკენ მიმართულობას გამოხატავს. მაგრამ ფსიქიკური მოქმედების, მათ შორის აზროვნების პროცესის, ცნობიერი ამოცანიდან ან მიზნიდან მომდინარე ტენდენციით ახსნას შეიძლება სერიოზული გაუგებრობა მოჰყვეს. უკვე უატის ექსპერიმენტებმა აჩვენა, რომ იმის მერე, რაც ცდისპირი მიიღებს, შეგნებულად გაიაზრებს, შეიწყნარებს ამოცანას და მის შესრულებაზე გადავა, ამოცანის საბოლოო მიზანი ცნობიერების არიდან გადის, ყოველ შემთხვევაში, თვითდაკვირვება მის არსებობას აღარ ადასტურებს. ეს ვითარება გამოვლინდა ახის ცდებშიც. ამიტომ მან დაასკვნა, რომ მოქმედების პროცესში მიზნისა და განზრახვის გაცნობიერება თითქმის არ ხდება. დეტერმინაციის ტენდენცია კი პრაქტიკულად ყოველთვის არაცნობიერ დონეზე მოქმედებს. გამოდის, რომ მიზანი ცნობიერების გარეთაა და ისე განსაზღვრავს პროცესს. მაგრამ მიზანი, როცა ის მართლაც მიზანია, უთუოდ ცნობიერებაში უნდა იყოს. ხოლო ის, რაც მიზნის მსგავსად მოქმედებს, მაგრამ ცნობიერი არ არის, უკვე საკუთრივ მიზანი აღარაა, სხვა მოვლენაა. ახს კი რაიმე სახის შეხედულება აქტივობის რეგულაციის არაცნობიერი ფსიქოლოგიური მექანიზმის შესახებ არ გააჩნია. ამიტომაც დეტერმინაციის ტენდენცია ამხსნელ ცნებად ვერ გამოდგება.   აქ კიდევ ერთი რამ არის საყურადღებო. ახი, ფაქტობრივად, თვითდაკვირვების მონაცემებს იყენებს იმის საჩვენებლად, რომ ცდისპირი ვერ აცნობიერებს აზროვნების პროცესს, თავისი აზრების ამა თუ იმ მიმართულების მიზეზს, ანუ თავისი აზროვნების მექანიზმს. გაუცნობიერებელი დეტერმინაციის ტენდენციების არსებობის ყველაზე დამაჯერებელ მტკიცებად ახი თვლიდა თავის ცდებს პოსტჰიპნოზური შთაგონების ტექნიკის გამოყენებით. მაგალითად, ჰიპნოზის მდგომარეობაში მყოფ ცდისპირს ეუბნებიან: შენ გაჩვენებენ ორ ბარათს, რომლებზეც ეწერება ორი რიცხვი. პირველი ბარათის ჩვენებისას უნდა დაასახელო ამ რიცხვების ჯამი, ხოლო მეორის ჩვენებისას - მათი სხვაობა. შემდეგ ჰიპნოზიდან გამოყვანილ ცდისპირს ეძლევა პირველი ბარათი რიცხვებით 7 და 3, რომელზე შეხედვისთანავე იგი პასუხობს - ათი; ხოლო მეორე ბარათს რიცხვებით 5 და 3 - მოჰყვება პასუხი ორი. კითხვაზე, თუ რატომ წარმოთქვა მან ეს რიცხვები, ცდისპირი მხოლოდ იმის კონსტატაციას ახერხებს, რომ მან სწორედ ამ სიტყვის წარმოთქმის დაუძლეველი სურვილი იგრძნო. მისი თვითდაკვირვება ამაზე მეტს არაფერს ამბობს. მაშასადამე, როგორც ამოცანის მიღება, ისე მისი შესრულება ცნობიერების მიღმა რჩება. ამრიგად, ირკვევა, რომ თვითდაკვირვება ვერ იჭერს აზროვნების პროცესის უმნიშვნელოვანეს მახასიათებლებს.   მიუხედავად იმისა, რომ ჩატარებულმა კვლევამ ინტროსპექციის შეზღუდულობა აშკარად გამოავლინა, ვიურცბურგელები რჩებოდნენ სისტემატური ექსპერიმენტული თვითდაკვირვების აპოლოგეტებად. უფრო მეტიც, შეიძლება ითქვას, რომ ინტროსპექციამ სწორედ ამ სკოლაში მიაღწია თავის ზენიტს. მისი მეშვეობით, მართლაც, მოპოვებულ იქნა საინტერესო მონაცემები, პირველ რიგში ცნობიერების არათვალსაჩინო შინაარსების აღმოჩენის კუთხით. მაგრამ გასათვალისწინებელია ისიც, რომ ეს მონაცემები არ დაადასტურეს ვიურცბურგელთა ოპონენტებმა ვუნდტისა და ტიჩენერის სკოლიდან. ჩაატარეს რა იგივე ცდები, მათ არ მიიღეს ისეთივე შედეგები. საფიქრებელია, რომ მონაცემთა განსხვავებულობა ძირითადად გამოწვეული იყო ცდისპირების არაერთგვაროვანი გამოცდილებით. საქმე ისაა, რომ ორივე სკოლაში უდიდესი მნიშვნელობა ენიჭებოდა ცდისპირთა გაწაფულობას თვითდაკვირვებაში. ცდისპირს უამრავ წინასწარ ცდაში უნდა მიეღო მონაწილეობა, რათა მისი ინტროსპექცია მომზადებულად ჩათვლილიყო. ექსპერიმენტებში, როგორც წესი, მონაწილეობდნენ ამ სკოლის თუ ფსიქოლოგიური მიმდინარეობის წარმომადგენელი სპეციალისტები. ბუნებრივია, რომ წინასწარ ცდებში მათ გამოუმუშავდებოდათ სწორედ იმის გაცნობიერების უნარი, რაც შეესაბამებოდა მათ თეორიულ შეხედულებებს. ექსპერიმენტში მათი მოქმედება (თვითდაკვირვება) ამგვარი განწყობით თუ ამოცანით იყო განპირობებული. ცდისპირები, ცხადია, ამას არ აცნობიერებდნენ, მაგრამ ეს უეჭველად განსაზღვრავდა ექსპერიმენტის შედეგს. გამოდის, რომ ერთნი აწყობილნი იყვნენ შეემჩნიათ თვალსაჩინო შინაარსები, მეორენი კი - არათვალსაჩინო. ამავე დროს, ორივე მხარე ამტკიცებდა ინტროსპექციული ექსპერიმენტის მისეული ვარიანტის სრულყოფილებას, თუმცა ვერ იძლეოდა თვითდაკვირვების მონაცემთა კონტროლის სარწმუნო ხერხს და ამ მეთოდის სანდოობის კრიტერიუმს.   ვიურცბურგის სკოლა XX საუკუნის ათიანი წლების დასაწყისში წყვეტს თავის არსებობას. მან მთლიანად ამოწურა თავი თეორიულად და მეთოდურად. ამ მეცნიერულმა სკოლამ გაამდიდრა ფსიქოლოგია სრულიად ახალი მონაცემებით, აღმოაჩინა რა ცნობიერების არათვალსაჩინო შინაარსები და მაღალი ფსიქიკური პროცესების (აზროვნება, ნებელობა) ამოცანით ან მიზნით დეტერმინირებულობის მოვლენა. ეს მონაცემები საფუძველს აცლიდა იმ დროს ჯერ კიდევ ძალაში მყოფ ცნობიერების ასოციაციურ-სენსუალისტურ თვალსაზრისს.   ვიურცბურგელები შესანიშნავი ექსპერიმენტატორები იყვნენ. მათ უმაღლეს დონეზე აიყვანეს ინტროსპექციული ექსპერიმენტის ტექნიკა და, ამავე დროს, თავისდაუნებურად გამოამზეურეს ამ მეთოდის ყველა მანკიერება. დისკუსიამ ინტროსპექციონისტ-ექსპერიმენტატორებს შორის მთლიანად ინტროსპექციული ფსიქოლოგიის კრიზისი გამოიწვია. სკეპტიციზმმა თვით ამ მიმართულების წარმომადგენლებიც შეიპყრო. ცნობილი ბელგიელი ფსიქოლოგი ალბერტ მიშოტი, რომელიც თავდაპირველად ვიურცბურგის სკოლის დიდი გავლენის ქვეშ იმყოფებოდა, იძულებული გახდა ეღიარებინა, რომ ასეთ ინტროსპექციულ ექსპერიმენტებს მნიშვნელობა მხოლოდ საკუთარი თავის დარწმუნებისთვის აქვთ; ის, რისი შემოწმება შეუძლებელია, ვერ იქნება განხილული როგორც მეცნიერული. ბუნებრივია, რომ სხვა ორიენტაციის მეცნიერთა შეფასება არანაკლებ მკაცრი უნდა ყოფილიყო. განსაკუთრებით ეს ეხება იმ მკვლევარებს, რომელთაც ცხოველების ობიექტური მეთოდებით შესწავლის გამოცდილება ჰქონდათ. 1913 წელს გამოქვეყნდა ბიჰევიორიზმის მანიფესტად წოდებული ჯონ უოთსონის საყოველთაოდ ცნობილი წერილი, რომელიც ინტროსპექციით გაწბილებული ფსიქოლოგების ნაწილის გულისთქმას გამოხატავდა. თვითდაკვირვება, რომელიც ექსპერიმენტშია ჩართული, პრინციპულად ვერ მოგვცემს სანდო მონაცემებს. ამიტომ ექსპერიმენტში ისეთ მოვლენას უნდა დავაკვირდეთ, რომელიც ობიექტურად და, მაშასადამე, ყველასთვის ერთნაირად არის მოცემული. ასეთია, უოთსონის აზრით, ქცევა (იხ. თავი 9.1.).   ეს მეთოდოლოგიური პოზიცია ზოოფსიქოლოგიური კვლევებით იყო შთაგონებული. საუკუნეების მიჯნაზე ცხოველთა ქცევის ექსპერიმენტულმა შესწავლამ უკვე საკმაოდ მოიკიდა ფეხი, განსაკუთრებით ამერიკაში. შემუშავდა კლასიკური მეთოდიკები: პრობლემური ყუთი (თორნდაიკი) და ლაბირინთი (სმოლი), რომელთა უამრავი ვარიაცია დღესაც გამოიყენება. შემდგომში ექსპერიმენტის ტექნიკა კიდევ უფრო დაიხვეწა (იხ. თავი 7.4.).   მთავარი, რაც განასხვავებს ცხოველთა ექსპერიმენტულ-ფსიქოლოგიურ შესწავლას ისაა, რომ აქ ცდისპირს ვერ მისცემ ინსტრუქციას და ვერ გამოჰკითხავ ცდის მსვლელობაში აღმოცენებული განცდების შესახებ. ცხოველის ცდაში ჩასართველად ინსტრუქციის ნაცვლად გამოიყენება მისი საგანგებოდ აღმოცენებული ესა თუ ის ბუნებრივი მოთხოვნილება (მაგ., შიმშილი, ტკივილის არიდება და ა.შ.). განცდების ნაცვლად ფიქსირდება მოქმედებისა და შინაგანი ორგანოების გარკვეული პარამეტრები.   ცხოველთა ექსპერიმენტულ-ფსიქოლოგიურ კვლევას გარკვეული უპირატესობა აქვს. ჯერ ერთი, ცხოველთა ფსიქიკის მოვლენები გაცილებით მარტივია და, ამდენად, უფრო ადვილია მათი ექსპერიმენტული კვლევა. მეორეც, ცხოველებთან ექსპერიმენტის ჩატარებისას შესაძლებელია ცდის პირობების და ფაქტორების უფრო სრული და ზუსტი კონტროლი. დაბოლოს, ექსპერიმენტული ცხოველების სიცოცხლის ხანგრძლივობა მნიშვნელოვნად ჩამოუვარდება ადამიანისას. ამიტომ მათთან შესაძლებელია ისეთი კვლევის წარმოება, რომელიც ინდივიდის მთელ სიცოცხლეს მოიცავს; უფრო მეტიც, რამდენიმე მომყოლი თაობის სიცოცხლეზე ვრცელდება. ასეთი კვლევების ჩატარება ადამიანებზე ან ძალზე გართულებულია, ანდა სულაც შეუძლებელი. მაგალითად, ერთ-ერთ კვლევაში იმის გასარკვევად, დეტერმინირებულია თუ არა ნიჭიერება გენეტიკურად, მიმართეს ხელოვნური სელექციის მეთოდს. თეთრ თაგვებს ასწავლეს ლაბირინთის გავლა. ცხოველები ორ ჯგუფად გაყვეს: “ჭკვიანები”, რომელთაც საუკეთესო შედეგი აჩვენეს, და “სულელები”, რომელთაც ლაბირინთის დასასწავლად ყველაზე მეტი დრო დასჭირდათ. თითოეული ჯგუფის შიგნით მოხდა ცხოველების შეჯვარება. შემდგომი თაობის ცხოველებზე იგივე პროცედურა ჩატარდა. აქაც ცხოველები ჯერ დაიყო დასწავლის უნარის მიხედვით და შემდეგ მოხდა მათი შეჯვარება ჯგუფის შიგნით. ასე გამეორდა ექვს თაობაში. შედეგებმა ნათლად აჩვენა, რომ შესაძლებელია დასწავლისადმი გენეტიკური მიდრეკილების გაძლიერება ან შემცირება. “ჭკვიანი” ჯგუფის ცხოველების მაჩვენებელი ყოველ თაობაში საგრძნობლად მატულობდა, ხოლო “სულელთა” ჯგუფში დეგრადაციის გამოხატულმა ტენდენციამ იჩინა თავი. ცდის ბოლოს სხვადასხვა ჯგუფის ცხოველების შორის განსხვავება უნარების მიხედვით თავდაპირველთან შედარებით ძალიან გაიზარდა. ამის მსგავსი ცდის ჩატარებას ადამიანებზე, რომ არაფერი ვთქვათ ეთიკურ მხარეზე, სულ ცოტა 180 წელიწადი დასჭირდებოდა, თუ თაობას 30 წლით განვსაზღვრავთ. ამ უპირატესობათა გამო ექსპერიმენტები ცხოველებზე ტარდებოდა და ტარდება არა მხოლოდ თვით ცხოველთა ფსიქიკის საკვლევად, არამედ ადამიანის მსგავსი ფსიქიკური თვისებების შესასწავლად.   პარალელურად ექსპერიმენტული მეთოდი გავრცელდა ბავშვებზე. პირველსავე ამერიკულ ფსიქოლოგიურ ლაბორატორიაში, რომელიც 1883 წელს კლარკის უნივერსიტეტში დააარსა ვუნდტის მოწაფემ, ს. ჰოლმა, ცდები ბავშვებზეც ტარდებოდა. იგივე ხდებოდა ევროპაშიც. ბავშვისა და პედაგოგიური ფსიქოლოგიის ავტორიტეტები, კერძოდ, ვ. ანრი, ე. კლაპარედი, ე. მოიმანი და სხვები, პედაგოგიკის რეფორმირების პერსპექტივას სწორედ ექსპერიმენტის დამკვიდრებას უკავშირებდნენ (იხ. თავი 7.3.). ცხადია, ბავშვთან ექსპერიმენტი ბევრ თავისებურებასთან არის დაკავშირებული. რაც უფრო პატარაა ბავშვი, მით უფრო ნაკლებად წააგავს მასზე ჩატარებული ცდა მოზრდილზე განხორციელებულ ექსპერიმენტს. ცხოველისა არ იყოს, პატარა ბავშვს ვერ მისცემ ინსტრუქციას და ვერ მოსთხოვ ანგარიშს. მაგრამ მას ვერც ისე ამოქმედებ, როგორც ცხოველს, ვთქვათ, პრობლემურ ყუთში ან ლაბირინთში. ვ. შტერნი ბავშვის ფსიქოლოგიაში ექსპერიმენტის გამოყენების სხვა სირთულეებსაც აღნიშნავს, კერძოდ, ესაა გაძნელებული კონტაქტი ბავშვსა და ცდის ხელმძღვანელს შორის, ბავშვის შედარებით სწრაფი დაღლა, განსაკუთრებით ერთგვაროვანი საქმიანობის დროს, ბავშვის ინტერესის სისუსტე ექსპერიმენტის პირობების მიმართ და მისი ყურადღების გაუთვალისწინებელი მერყეობა.   ექსპერიმენტში ბავშვის ჩართვასა და მის აქტიურ მოქმედებასთან დაკავშირებული სირთულეების დასაძლევად ა. ლაზურსკის მიერ 1910 წელს შემოთავაზებულ იქნა ე.წ. ბუნებრივი ექსპერიმენტის მეთოდი. ეს მეთოდი ცდის ისეთ ორგანიზაციას გულისხმობს, როდესაც ექსპერიმენტი ბავშვისთვის ბუნებრივ სიტუაციაში და ბუნებრივი ქცევის (თამაში, სწავლა და სხვა) ფარგლებში მიმდინარეობს. ლაბორატორიული ექსპერიმენტისაგან განსხვავებით, ცდისპირმა არც იცის, რომ იგი ცდის მონაწილეა. იგი თავის ჩვეულებრივ და მისაღებ საქიანობას ეწევა, რომლის შინაარსი და მსვლელობა (მაგ., გაკვეთილის მიმდინარეობის ესა თუ ის ასპექტი) კვლევითი ამოცანების შესაბამისად არის განსაზღვრული.   როგორც ვხედავთ, ექსპერიმენტული ფსიქოლოგიის განვითარება ინტროსპექციასთან დაკავშირებული სირთულეების გამორიცხვის მიმართულებით წარიმართა. ამ მხრივ უკიდურესად რადიკალური პოზიცია ბიჰევიორისტებმა დაიკავეს. მათ საერთოდ უარი თქვეს ცნობიერების მოვლენების შესწავლაზე და მთლიანად ქცევის (უპირატესად, ცხოველების) კვლევას მიმართეს (იხ. თავი 8.). მაგრამ ეს არ იყო ერთადერთი რეაქცია ცნობიერების ექსპერიმენტული ფსიქოლოგიის სირთულეებზე. ბიჰევიორიზმის პარალელურად გერმანიაში ჩამოყალიბდა ძლიერი სამეცნიერო მიმდინარეობა - გეშტალტფსიქოლოგია, რომელიც უფრო გაწონასწორებული პოზიციით გამოირჩევა. ეს გასაგებია, ვინაიდან კლასიკური გეშტალტფსიქოლოგიის ძირითადმა წარმომადგენლებმა მეცნიერული წვრთვნა ინტროსპექტული ექსპერიმენტული კვლევის წამყვან ლაბორატორიებში გაიარეს. მ. ვერთჰაიმერმა დისერტაცია დაიცვა ო. კიულპესთან ვიურცბურგში; ვ. კელერი და კ. კოფკა ბერლინში სწავლობდნენ კ. შტუმფთან, ხოლო დ. კაცი და ე. რუბინი გ.ე. მიულერის გიოტინგენის ლაბორატორიდან გამოვიდნენ.   გეშტალტფსიქოლოგიის მიხედვით, ქცევა და ცნობიერება ორგანულადაა დაკავშირებული ერთმანეთთან. ამდენად, უარის თქმა ცნობიერების შესწავლაზე დაუშვებელია. სხვა ამბავია, რომ მისი კვლევა ახლებურად უნდა წარიმართოს. გეშტალტფსიქოლოგია უარყოფს სტრუქტურული ფსიქოლოგიის ელემენტარიზმს და თავის თეორიულ სისტემას ფსიქიკური მთლიანობის პრიმატზე აფუძნებს (იხ. თავი 10.1.). რაც შეეხება კვლევის მეთოდურ მხარეს გეშტალტფსიქოლოგები, შეგნებული და გაწაფული ექსპერიმენტატორები, ე.წ. ფენომენოლოგიურ ორიენტაციას დაადგნენ, რაც მეტწილად მათი მასწავლებლების, განსაკუთრებით შტუმფის და გ.ე. მიულერის გავლენით აიხსნება. ეს მიდგომა გულისხმობს ცნობიერების ფენომენების, განცდების აღწერა-დახასიათებას ყოველგვარი წინასწარი თეორიული ვარაუდებისა თუ დაკვირვების სქემების გარეშე. პირველ რიგში ამით განსხვავდება იგი ტრადიციული თვითდაკვირვებისაგან. ეს უკანასკნელი ფენომენოლოგიურად ორიენტირებულმა მეცნიერებმა გააკრიტიკეს იმის გამო, რომ ის ცნობიერების სამყაროს ცალმხრივად და ფრაგმენტარულად შეისწავლიდა. ვუნდტისა და ტიჩენერის ინტროსპექციულ ექსპერიმენტებში გავარჯიშებული დამკვირვებელი გარკვეული გამღიზიანებლის მიღებისას გადმოსცემს თავის შთაბეჭდილებას ისე, რომ ცდილობს დაიყვანოს იგი ისეთ უმარტივეს მენტალურ ელემენტებამდე, როგორიცაა შეგრძნება, გრძნობა, წარმოდგენა; ამასთანავე, ცდილობს გაარკვიოს მათი თვისებები: რომელობა, ინტენსივობა, ხანიერება და სხვა. ერთი სიტყვით, ცდისპირი იმთავითვე ანალიზურად არის განწყობილი. ფენომენოლოგიური დაკვირვებისას კი არ უნდა არსებობდეს არავითარი წინასწარი განწყობა, რომელიც ეხება შთაბეჭდილებათა თვისებების ერთობლიობას. განსხვავება უფრო შორსაც მიდის. ანალზური ინტროსპექციის პასუხებიდან ცდილობენ მაქსიმალურად გამორიცხონ ობიექტები და მნიშვნელობები იმისთვის, რომ, როგორც ტიჩენერი ამბობდა, არ მოუვიდეთ ე.წ. “სტიმულის შეცდომა”. ეს იმას ნიშნავს, რომ ცდისპირი თვითდაკვირვების მონაცემების გადმოცემისას, ფაქტობრივად, აღწერს საგნებს, სტიმულებს და არა “წმინდა ცნობიერების მონაცემებს”. მაგალითად, თვითდაკვირვება მაშინაა თურმე ჭეშმარიტი, თუ ვილაპარაკებთ არა ლამპარზე, რომელიც ანათებს, არამედ მის მიერ გამოწვეულ შეგრძნებებზე, გრძნობებზე და წარმოდგენებზე. ცხადია, რომ ცნობიერების სამყარო, რომელსაც ამდაგვარი “დაკვირვება” წარმოაჩენს, საგნობრივი მნიშვნელობისაგან პრეპარირებულ და, მაშასადამე, არარეალურ, ხელოვნურ სამყაროდ დაიხატება. ცნობიერება თავის ბუნებრივ მოცემულობაში საგნობრივია. ცნობიერების არსებითი ნიშანი, როგორც ფენომენოლოგიური მიდგომის ერთ-ერთი ფუძემდებელი ფ. ბრენტანო აღნიშნავდა, არის ინტენციონალობა ანუ საგანზე მიმართულობა (იხ. თავი 6.3.). საგნობრივი მნიშვნელობა ფენომენოლოგიური დაკვირვების უცილებელი და არსებითი მომენტია.   ფსიქიკური მოვლენების ფენომენოლოგიური აღწერის სისტემური და ეფექტური გამოყენების პირველ მაგალითებს XIX საუკუნის დასაწყისში ვხვდებით. ასეთია გოეთესა და პურკინიეს კვლევები მხედველობითი აღქმის სფეროში. შემდგომში, ექსპერიმენტული ფსიქოლოგიის საწყის ეტაპზე, ამ მეთოდს მიმართავდნენ ჰერინგი, შტუმფი, გ.ე. მიულერი, ფენდერი, რიბო და სხვა.   XX საუკუნის დასაწყისში ფენომენოლოგიური კვლევა ახალ საფეხურზე აიყვანეს დ. კაცმა, რუბინმა და ვერთჰაიმერმა, ფერის, ფორმისა და მოძრაობის აღქმისადმი მიეძღვნილ ნაშრომებში. ამ კლასიკურ გამოკვლევებში განხორციელდა ლაბორატორიული ტექნიკისა და ფენომენოლოგიური აღწერის ორგანული შერწყმა, რასაც მოგვიანებით ექსპერიმენტული ფენომენოლოგიია ეწოდა. ის გულისხმობდა უშუალო გამოცდილების, განცდის ისეთ თავისებურებათა გამოვლენას, რომლებიც პირდაპირ არ განისაზღვრება ფიზიკური სტიმულების თვისებებით. ბუნებრივია, რომ ფსიქოლოგიაში ამ მეთოდის გამოყენება, პირველ რიგში, შესაძლებელი იყო აღქმის სფეროში. ასეთ ექსპერიმენტში ცდისპირს ევალებოდა “აღქმის საგნის” მაქსიმალურად ზუსტი აღწერა ყოველგვარი ასოციაციური კავშირებისა და მსჯელობების გარეშე (ამ საგნის ამა თუ იმ ცნებისადმი მიკუთვნებულობის შესახებ). ასეთი გზით აღმოჩენილ იქნა მრავალი საინტერესო მოვლენა მხედველობითი აღქმის სფეროში - კონსტანტობა, ფიგურა-ფონი, სხვადასხვა ილუზია და ა.შ.   კლასიკურ ფსიქოლოგიაში ითვლებოდა, რომ მონოკულარული აღქმის თავისებურებები შეზღუდულია ბადურის თვისებებით; ფერიც და სიდიდეც თვალის ბადურის ფუნქციებია. მაგრამ ფენომენოლოგიურ თვალსაზრისს შეუძლია ფერის ფიზიკისა და ბადურის ფიზიოლოგიის უგულებელყოფა; მისი ამოსავალია მხოლოდ განცდის ფენომენოლოგიური მოცემულობა. ასეთმა მიდგომამ აჩვენა, რომ ფერის აღქმა ბევრად არის დამოკიდებული საგნობრივ ვითარებაზე. ამის შესაბამისად დავით კაცმა (1886-1953) სამი ტიპის ფერის არსებობა დაადასტურა: 1) ზედაპირის ანუ ორგანზომილებიანი ფერი. ესაა ჩვეულებრივ აღქმული საგნების ფერი; 2) სიღრმის, ანუ სამგანზომილებიანი ფერი, რომელიც უკავშირდება გამჭვირვალე ობიექტებს (ფერადი სითხე ჭურჭელში, შეფერილი აირი) და 3) სიბრტყის ფერი, რომელსაც უსაგნო ფერადი ბრტყელი სივრცის აღქმა იძლევა.   თავის ცნობილ გამოკვლევაში (1911) დ. კაცმა დაამტკიცა, რომ ზედაპირის ფერი შეიძლება დაყვანილ იქნეს სიბრტყის ფერზე, თუკი მას შირმაში გაკეთებული პატარა ხვრელიდან შევხედავთ. ასეთ შემთხვევაში ფერს ეკარგება საგნობრიობა, დისტანციურობა და ტენდენცია განსხვავებული განათების პირობებში დარჩეს უცვლელი ანუ კონსტანტობა. ეს უკანასკნელი ფრიად მნიშვნელოვანი დასკვნა შემდეგი ცდიდან გაკეთდა: ცდისპირი ორ თეთრ მუყაოს დისკოს უყურებს; ერთი მათგანი ნათურასთან უფრო ახლოა და მეტად არის განათებული, მეორე უფრო მოშორებული და ნაკლებ განათებულია. აქ ფერის კონსტანტობის მოვლენა იჩენს თავს და ორივე დისკოს ფერი ერთნაირად - თეთრად აღიქმება. ექსპერიმენტის მომდევნო ნაწილში სიტუაცია იცვლება. ცდისპირი იმავე ფერებს უკვე უყურებს შირმის ნახვრეტიდან ისე, რომ ვეღარ ხედავს მთელ საგანს და შეიგრძნობს მხოლოდ უსაგნო სიბრტყის ფერს. ამ დროს ფერის კონსტანტობა ირღვევა: უკეთ განათებული ფერი თეთრად აღიქმება, ხოლო უარესად განათებული - რუხად.   ამრიგად, დ. კაცის მიერ ფენომენოლოგიური ექსპერიმენტის გზით მოპოვებულმა ფაქტებმა სენსორული მასალის მონაცემებზე გამოააშკარავა აღქმის კონსტანტობის მოვლენაში საგნობრიობის პრიორიტეტი. ამავე მეთოდით და ამავე დროს შესრულებულ ედგარ რუბინის (1886-1951) კვლევაში კარგად გამოჩნდა ფიგურის (საგნობრიობის) უპირატესობა ფონთან შედარებით. მ. ვერთჰაიმერის ცდებმა კი აჩვენა, რომ მოძრაობის განცდა წარმოიქმნება მაშინაც, როცა ობიექტი სინამდვილეში არ მოძრაობს (ე.წ. Fფენომენი). ექსპერიმენტული ფენომენოლოგიის მიერ დადგენილი ეს ფაქტები საფუძველად დაედო XX საუკუნის ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან მიმდინარეობას - გეშტალტფსიქოლოგიას (იხ. თავი 10.1.).   მომდევნო პერიოდში ამ ფსიქოლოგიური მიმდინარეობის ფარგლებში მრავალი ექსპერიმენტული შრომა შესრულდა. ეს ნაშრომები, ძირითადად, შემეცნებით ფსიქიკურ პროცესებს ეძღვნებოდა. ამავე სკოლაში ჩაისახა და შემდგომში დამოუკიდებელი მიმართულების სახე მიიღო ე.წ. ველის თეორიამ, რომელიც კურტ ლევინის სახელთან არის დაკავშირებული. ლევინი მოტივაციის ექსპერიმენტული შესწავლის ინიციატორია. მისმა თანამშრომლებმა ამ სფეროში ექსპერიმენტებით მრავალი კანონზომიერება აღმოაჩინეს (იხ. თავი 10.2.).   ექსპერიმენტული ფსიქოლოგიის შესანიშნავი მიღწევებით აღინიშნა კლასიკური ბიჰევიორიზმის და ნეობიჰევიორიზმის სხვადასხვა სკოლაში ჩატარებული კვლევები (იხ. თავი 9). განსაკუთრებით ეს დასწავლის კანონზომიერებათა დადგენას ეხება. ამერიკულ ფსიქოლოგიაში ეს პრობლემატიკა ექსპერიმენტული შესწავლის საგანი იყო ათწლეულების განმავლობაში. ამჟამად ამერიკულ და ევროპულ ზოგად ფსიქოლოგიაში დომინირებს მიმდინარეობა, რომელსაც კოგნიტივიზმი ეწოდება (იხ. თავი 12.1.). აქ წარმოებული კვლევა, ძირითადად, შემეცნებით პროცესებს შეეხება. ის ექსპერიმენტული, აპარატული და მათემატიკური ტექნიკის უმაღლესი დონით გამოირჩევა. ეს ყოველივე უკვე თანამედროვე ფსიქოლოგიის ანალიზის ჩარჩოებში უნდა იქნეს განიხილული. 7.2. დიფერენციალური ფსიქოლოგიის განვითარება   ვუნდტიდან მომდინარე ფსიქოლოგია ორიენტირებული იყო ფსიქიკის ზოგადი კანონების დადგენაზე. ზოგად ფსიქოლოგიას არა განსხვავებული, არამედ საერთო აინტერესებდა, ხოლო ინდივიდუალური თავისებურებები განზოგადოების ხელისშემშლელ ფაქტორად ითვლებოდა. მაგრამ ამავე დროს, ასეთი მიდგომის პარალელურად გაჩნდა ინტერესი საერთოსაგან განსხვავებული, ინდივიდუალური და თავისებური ფსიქიკური თვისებების გარკვევისა და შესწავლის მიმართ. ამან, საბოლოოდ, ე.წ. დიფერენციალურ ფსიქოლოგიამდე მიგვიყვანა. როგორც ცნობილია, ფსიქოლოგიის ეს განხრა შეისწავლის ადამიანთა შორის არსებულ ინდივიდუალურ-ფსიქოლოგიურ განსხვავებებს, ამ განსხვავებათა მიზეზებს და მათი გამოაშკარავების საშუალებებს. ამ მიმართულებას, როგორც მეცნიერების დარგს, XIX საუკუნის მეორე ნახევარში საფუძველი ჩაუყარა ჰალტონმა.   თავისთავად, ინტერესი ადამიანთა ინდივიდუალურ-ფსიქოლოგიურ თავისებურებათა დადგენისადმი საზოგადოებაში ყოველთვის არსებობდა და ის, პირველ ყოვლისა, წმინდა პრაქტიკული ამოცანებით იყო ნაკარნახევი. საჭირო იყო იმის შეძლებისდაგვარად ზუსტი შემოწმება, გააჩნიათ თუ არა ადამიანებს ამა თუ იმ საქმიანობისთვის აუცილებელი უნარ-თვისებები. ჯერ კიდევ ძველი წელთაღრიცხვის მესამე ათასწლეულში, ბაბილონში, გადამწერთა სკოლაში ხდებოდა სპეციალური უნარების დადგენა. ძველ ეგვიპტეში ქურუმობის ხელოვნების ასათვისებლად დაიშვებოდნენ მხოლოდ ყველაზე ნიჭიერი ინდივიდები, ვინც მკაცრ ტესტირებას გაივლიდა. სამი ათასი წლის წინ ჩინეთის იმპერიაში შემუშავებული იყო ერთგვარი დიაგნოსტიკური სისტემა სახელმწიფო მოხელეთა შერჩევისთვის, რომელიც გარკვეული ფსიქიკური თვისებების გამოვლენას გულისხმობდა. არსებობს იმის მოწმობა, რომ შაო ლინის მონასტერში გამოიყენებოდა ემოციურ-ნებელობითი მდგომარეობის, ვერბალურ-კოგნიტური და ფიზიკური უნარების, ზნეობრივი და სხვა პიროვნული თვისებების შემოწმების ორიგინალური სისტემა.   ანტიკურ ხანაში ტესტირება სწავლების პროცესის აუცილებელ თანმდევ მომენტს წარმოადგენდა. მას მიმართავდენენ სწავლების პროცესის დაწყებამდეც, სახელდობრ, პითაგორა თავის სკოლაში იღებდა მოსწავლეებს, რომლებიც მკაცრ შერჩევას გაუძლებდნენ. მაგრამ ძირითადად, ტესტირება გამოიყენებოდა სწავლების ეფექტურობის გასარკვევად, ფიზიკური და ფსიქიკური ჩვევების დაუფლების დონის შესაფასებლად. ე.წ. სოკრატესეული მეთოდი თავისთავში მოიცავდა სწავლებასა და ტესტირებას (იხ. თავი 2.2.). სოკრატეს მოწაფე პლატონი სახელმწიფოს მოწყობაზე მსჯელობისას ამბობდა, რომ არ არსებობს ორი ერთნაირი ადამიანი. ადამიანები ერთმანეთისაგან განსხვავდებიან ბუნებრივი უნარებით და ამიტომ სხვადასხვა საქმიანობისთვის არიან გამოსადეგნი. იგი გვთავაზობს მეომრებისა და სახელმწიფოს მმართველების შერჩევის პრინციპებს. ეს პრინციპები გულისხმობს მოღვაწეობის ამ სახეობისთვის აუცილებელ თვისებათა შემოწმების ტექნოლოგიას. ამისთვის, პლატონის აზრით, საჭიროა ადამიანები გამოსცადო ყველა ასაკში - ბავშვობაში, ყრმობასა და მოწიფულობაში. დააკვირდე, როგორ მოიქცევიან ისინი, როგორც საშიშ, ისე წყნარ, სასიამოვნო სიტუაციაში და გაარკვიო, შეძლებენ თუ არა ყველა ვითარებაში მოიქცნენ ზომიერად და ჰარმონიულად, მოუტანონ რაც შეიძლება მეტი სარგებლობა თავის თავსა და სახელმწიფოს. მხოლოდ ისინი, ვინც გაივლიან ამ შემოწმებას, შეიძლება დაინიშნონ მეომრებად და მმართველებად. ყოველივე ეს სხვა არაფერია, თუ არა ინდივიდუალურ თვისებათა ტესტირება.   ტესტირების გამოყენებით ამოცანასთან ერთად დღის წესრიგში დგებოდა ადამიანთა განსხვავებული ტიპების გამოყოფისა და კლასიფიკაციის თეორიული ამოცანა. პირველი ტიპოლოგიები პრაქტიკული გამოცდილებისა და ფილოსოფიურ-მსოფლმხედველობრივი თვალსაზრისის სინთეზით შემუშავდა. ასეთად უნდა მივიჩნიოთ, მაგალითად, “მედიცინის მამის”, ჰიპოკრატეს ტემპერამენტის თეორია, რომელიც ტექსტებით დადასტურებული პირველი ტიპოლოგიური სისტემაა. ჰიპოკრატე (460-370 ძვ.წ.) ამოდიოდა გავრცელებული ნატურფილოსოფიური შეხედულებიდან, რომ ბუნება საზოგადოდ და ადამიანის სხეული კერძოდ, შედგება ოთხი ელემენტისაგან (ცეცხლი, მიწა, წყალი, ჰაერი), რომელთაც თავისი თვისებები ახასიათებთ (სითბო, სიმშრალე, სისველე, სიცივე). ორგანიზმში მათ შეესაბამება ოთხი სუბსტანცია ან სითხე ( უმოურს - ადამიანის ორგანიზმის წვენები). თავისი ჰუმორალური თვალსაზრისით ჰიპოკრატე არა მხოლოდ ავადმყოფობათა მიზეზების გაგებას ცდილობდა, არამედ ადამიანების თავისებურებათა გარკვევასაც, რასაც ტემპერამენტს უწოდებდა. ტემპერამენტის ტიპი გამოიყოფა იმის მიხედვით, თუ რომელი სითხე ჭარბობს ინდივიდში: თუ ეს არის სისხლი (Sanguis), მაშინ ტიპია სანგვინიკი, თუ ნაღველი (Chole) - ქოლერიკი, თუ ლორწო (Phlegma) - ფლეგმატიკი, ხოლო თუ შავი ნაღველი (Melaina chole) - მელანქოლიკი. ტემპერამენტების ეს სახელწოდებები დღემდე შემორჩა ფსიქოლოგიას, მაგრამ ჰიპოკრატეს მიდგომა წმინდა ფიზიოლოგიური იყო. იგი არ უკავშირებდა ტემპერამენტს ადამიანის ფსიქიკურ ცხოვრებას, უფრო ამა თუ იმ ტიპის ადამიანის ორგანიზმის ფუნქციონირებაზე ამახვილებდა ყურადღებას და ცალკეული ორგანოების (მაგ., გული ან ღვიძლი) ტემპერამენტზეც კი ლაპარაკობდა.   დროთა განმავლობაში გაჩნდა მოსაზრებები იმის თაობაზე, თუ სავარაუდოდ როგორი ფსიქიკური თვისებები უნდა ჰქონდეს ადამიანს, რომლის ორგანიზმში ესა თუ ის სითხე ჭარბობს. აქედან აღმოცენდა სხვადასხვა ტიპის ტემპერამენტის ფსიქოლოგიური “პორტრეტები”. პირველი ასეთი დახასიათება ეკუთვნის ძველი რომის სახელგანთქმულ ექიმს, კლავდიუს გალენს (130-200). ახალ დროში იმანუილ კანტმა თავის “ანთროპოლოგიაში” (1798) ტემპერამენტის ტიპების ფსიქოლოგიური აღწერების სისტემატიზაცია მოახდინა და მას საბოლოო სახე მისცა, რომელიც ახლაც შენარჩუნებულია. სანგვინიკი ცოცხალია და მოძრავი, ხასიათდება უპირატესად დადებითი, სწრაფად ცვალებადი, არც თუ ღრმა ემოციებით. ქოლერიკი ენერგიული, ფიცხი, აფექტური ადამიანია, უპირატესად უარყოფითი და აგრესიული ელფერის, ინტენსიური გრძნობებით. ფლეგმატიკი მშვიდი, არააფექტური, ნელი, მტკიცე, უფრო დადებითი გრძნობების მქონე ადამიანია. მელანქოლიკი ზანტია, ღრმა და ხანგრძლივი ემოციებით, გულჩათხრობილი და პესიმისტური, უფრო ხშირად ცუდ გუნებაზე მყოფი ადამიანია.   მეორე, ე.წ. კონსტიტუციური მიდგომა, არა ორგანიზმის ჰუმორალურ ან ენდოკრინულ სისტემას, არამედ ინდივიდის ფიზიკურ კონსტიტუციას, აღნაგობას, სხეულის ცალკეული ნაწილებისა თუ ორგანოების განვითარების დონეს და ურთიერთმიმართებას აქცევს ყურადღებას და ამის მიხედვით ადგენს ადამიანთა ფსიქოლოგიურ ტიპოლოგიას. ასე ცნობილი იტალიელი სასამართლო ფსიქიატრი, კრიმინალისტიკაში ე.წ. ანთროპოლოგიური მიმდინარეობის ფუძემდებელი ჩეზარე ლომბროზო (1836-1909) თვლიდა, რომ არსებობს ადამიანის ტიპი, რომელიც ბუნებით მიდრეკილია დამნაშავეობისადმი. მას ახასიათებს გარკვეული ანატომიურ-ფიზიოლოგიური და ფსიქოლოგიური თვისებები, რომელთა გამო იგი დაბადებიდანვე ფატალურად განწირულია ჩაიდინოს დანაშაული. სხეულებრივ ნიშნებს მიეკუთვნება თავის ქალისა და სახის ასიმეტრიულობა, დამრეცი შუბლი, ჩაბრტყელებული ცხვირი, დიდი ყურები, უზარმაზარი ყბები, მაღალი ყვრიმალები, თვალების ვიწრო ჭრილი, ტკივილისადმი უგრძნობლობა და სხვა. დამნაშავის ტიპის ფსიქოლოგიურ თავისებურებებს შეადგენს გამწვავებული პატივმოყვარეობა, ცინიზმი, დანაშაულის გრძნობის, მონანიებისა და სინდისის ქეჯნის უქონლობა, აგრესიულობა, სისასტიკისადმი და ძალადობისადმი მიდრეკილება, შურისმაძიებლობა, ეგზალტირებულობა და სხვა. დამნაშავის ტიპი თავდაპირველად განიხილებოდა ერთგვარი ცხოველური ატავიზმის გამოვლინებად, რომელსაც არ ძალუძს შეეგუოს ცივილიზებული ყოფის ნორმებს. მოგვიანებით ადამიანის ეს ტიპი გაგებულ იქნა, როგორც ზნეობრივი პათოლოგიის ერთგვარი ფორმა. ნიშანდობლივია, რომ ტიპოლოგიისადმი კონსტიტუციური მიდგომის ერთ-ერთი ყველაზე გამოჩენილი წარმომადგენელი, გერმანელი ფსიქოპათოლოგი ერნსტ კრეჩმერიც (1888-1964) სხეულის მოწყობის გარკვეულ ტიპებს, სახელდობრ, პიკნიკურს, ასთენიკურსა და ათლეტურს ძირითადი ფსიქოზური აშლილობებისადმი მიდრეკილებას უკავშირებდა. ამერიკელი ფსიქოლოგის, უილიამ შელდონის (1898-1957) კლასიფიკაცია შედარებით უფრო რთულია და მრავალფეროვანი, მაგრამ არსებითად, ისიც აგრძელებს კონსტიტუციური ტიპოლოგიის ხაზს.   ტიპოლოგიის კიდევ ერთი მიმართულება საერთოდ არ უკავშირებს ადამიანთა ფსიქოლოგიურ თავისებურებებს ორგანიზმის თანდაყოლილ მახასიათებლებს და მათ ძირითადად აღზრდის და სოციალური ცხოვრების შედეგად მიიჩნევს. ასე განიხილავდა ხასიათის ტიპებს არისტოტელე. ასევე ფიქრობდა მისი მეგობარი და მიმდევარი, თავისი დროის ერთ-ერთი გამოჩენილი სწავლული თეოფრასტე (370-285 ძვ.წ.), რომელმაც, შეიძლება ითქვას, საფუძველი ჩაუყარა ქარაქტეროლოგიას. ტრაქტატში “ხასიათები” თეოფრასტემ მოგვცა სხადასხვა ხასიათის ტიპების შესანიშნავი აღწერა. ავტორი არ ცდილობს დაახასიათოს პიროვნების ყველა თვისება, არამედ ისე გვაჩვენოს ხასიათი, რომ სწვდეს მის ყველაზე გამოკვეთილ ინდივიდუალურფსიქოლოგიურ თავისებურებას, გამოავლინოს მისი ერთი უმთავრესი ხასიათობრივი ნიშანი, რომელიც პიროვნებას ამა თუ იმ ტიპს მიაკუთვნებს. ასე გამოიყოფა ხასიათის 30 ტიპი: ეჭვიანი, პირმოთნე, ამაყი, პატივმოყვარე, ყბედი, ძუნწი და სხვა. ხასიათის ეს “მუდმივი ნიშნები” დახატულია იმის ანალიზის გზით, თუ როგორ იქცევა ადამიანი განსხვავებული სიტუაციების სერიაში. მიუხედავად იმისა, რომ ეს სიტუაციები ოცდასამი საუკუნის წინანდელი ათენის ცხოვრებიდან არის აღებული, თეოფრასტეს მიერ შექმნილი ქცევისა და ხასიათის ტიპები სავსებით შეიძლება გამოვიყენოთ თანამედროვე ადამიანის დახასიათებისთვის.   ხასიათის ტიპების ლიტერატურული პორტრეტების თეოფრასტეს მიერ დამკვიდრებული ტრადიცია გრძელდება ნახა ახალი დროის მოაზროვნეთა ნაშრომებში. ამ მხრივ აღნიშვნის ღირსია ფრანგი მორალისტები: მიშელ დე მონტენი - “ცდები” (1580), ფრანსუა დე ლაროშფუკო - “მაქსიმები” (1665), ჟან დე ლაბრიუერი - “ჩვენი დროის ხასიათები და ზნე-ჩვეულებები” (1688). ამ დროის თვალსაჩინო მეცნიერთაგან უნდა გამოიყოს ცნობილი ესპანელი ექიმი ხუან უარტე (1530-1592), რომლის წიგნი “მეცნიერებებისადმი ნიჭიერების გამოკვლევა” შეიძლება მივიჩნიოთ პირველ შრომად, რომელიც სპეციალურად დიფერენციალური ფსიქოლოგიის საკითხებისადმი არის მიძღვნილი. უარტეს აინტერესებს ადამიანთა შორის არსებული ინდივიდუალურ განსხვავებათა დადგენა პროფესიული შერჩევის ამოცანების გადასაწყვეტად. ამ კონტექსტში იგი ოთხ ძირითად საკითხს სვამს: 1) როგორია იმ უნარების ბუნება, რომლებიც განაპირობებენ ამ თუ იმ საქმიანობისადმი ადამიანის მიდრეკილებას; 2) როგორი უნარები არსებობს საერთოდ; 3) ხელოვნების თუ მეცნიერების რა დარგები შეესაბამება თითოეულ უნარს; 4) რა ნიშნების მიხედვით შეიძლება შესაბამისი უნარის გამოვლენა.   უარტე გამოყოფს ადამიანის მოღვაწეობის რამდენიმე სფეროს, კერძოდ მედიცინას, სამართალს, სამხედრო საქმეს, სახელმწიფოს მართვას, საეკლესიო-სასულიერო საქმიანობას. თითოეული მათგანი განსაკუთრებულ უნარებს საჭიროებს. უნარებს კი განსაზღვრავს ორგანიზმში ოთხი ნივთიერების თანაფარდობა ანუ ტემპერამენტი. ტემპერამენტის შესახებ მსჯელობა შესაძლებელია სხვადასხვა გარე გამოვლინების მიხედვით, მათ შორის ისეთების, როგორიცაა, მაგალითად, თმის სიმაგრე ან სიცილის თავისებურებები. უარტეს ეს წარმოდგენები დღევანდელი გადასახედიდან სერიოზულად ვერ ჩაითვლება, მაგრამ საკუთრივ ის იდეა, რომ არსებობს მყარი კავშირი შინაგან თვისებებსა და მათ გარეგან გამოხატულებებს შორის ფრიად პოპულარული აღმოჩნდა და, როგორც ზემოთ ვნახეთ, დიფერენციალურ ფსიქოლოგიაში კონსტიტუციურ თეორიებსა და შესაბამის ტიპოლოგიებს დაედო საფუძვლად. უარტე არ უარყოფს აღზრდისა და შრომის მნიშვნელობას ნიჭიერების ფორმირებაში, მაგრამ გადამწყვეტ როლს, ამ მხრივ, ადამიანის ბიოლოგიურ ბუნებას აკისრებს.   ინდივიდუალურ განსხვავებათა სისტემატურ ექსპერიმენტულ კვლევას საფუძველი დაუდო ასტრონომების მიერ აღმოჩენილმა ფაქტმა, რომ მათ დაკვირვებებს შორის არსებული განსხვავებები დამკვირვებელთა ინდივიდუალური თავისებურებებით არის განპირობებული. ზემოთ უკვე იყო საუბარი იმ გახმაურებულ ისტორიაზე, როდესაც გრინვიჩის ობსერვატორიის ხელმძღვანელმა სამსახურიდან დაითხოვა თავისი ასისტენტი, რომელიც არაზუსტად, გარკვეული დაგვიანებით აღრიცხავდა ციური სხეულების გასვლის მომენტს ტელესკოპის კოორდინატთა ბადეზე. მოგვიანებით გაირკვა, რომ ეს ასტრონომი აღმოჩნდა უნებლიე “მსხვერპლი” თავისი შენელებული რეაქციისა. XIX საუკუნის პირველ ნახევარში ჯერ ასტრონომების (ბესელი), ხოლო შემდეგ ფიზიოლოგების (დონდერსი, ექსნერი) მიერ ჩატარებული სპეციალური ექსპერიმენტული კვლევით დადასტურდა, რომ რეაქციის დროის მაჩვენებელი ყველას სხვადასხვა აქვს და ის ადამიანის ინდივიდუალურ-განმასხვავებელ ნიშანს წარმოადგენს. ამიტომ მას პირადი განტოლება უწოდეს (იხ. თავი 5.3.).   თუ ზოგადი ფსიქოლოგიის ფუძემდებლად ვუნდტი შეიძლება მივიჩნიოთ, კიდევ უფრო დიდი დარწმუნებით დიფერენციალური ფსიქოლოგიისა და ტესტოლოგიის შემქნელად ჰალტონი უნდა ჩაითვალოს. ფრენსის ჰალტონი (1822-1911) იყო გასაოცარი გონებრივი შესაძლებლობების მქონე, ბრწყინვალე და ორიგინალური სწავლული (ირიბი მონაცემებით გამოთვალეს, რომ მისი ინტელექტის კოეფიციენტი დაახლოებით 200-ს უდრიდა, რაც, როგორც ქვევით დავრწმუნდებით, არაჩვეულებრივად მაღალი მაჩვენებელია). ჰალტონი იყო პერი, შეძლებული ინგლისელი არისტოკრატი. მეცნიერება მისთვის არ იყო კეთილდღეობისა და შემოსავლის წყარო, არამედ თავისუფალი პროფესია, რომელიც მისი უაღრესად მრავალმხრივი შემეცნებითი ინტერესების რეალიზაციის საშუალებას იძლეოდა. ამიტომ იგი, არც თუ წარუმატებლად ცდიდა თავის ძალებს სხვადასხვა სფეროში: კრიმინალისტიკაში (მისი შექმნილია დაქტილოსკოპია), მეტეოროლოგიაში (მან ააგო ატმოსფეროს მდგომარეობის მონაცემების ავტომატურად ჩამწერი ხელსაწყო), გამოიგონა ტელეტაიპი, პერისკოპი, იკვლევდა მოდას, გეოგრაფიული ფაქტორების გავლენას მოსახლეობის გარეგნობაზე, ლოცვის რეალურ ეფექტურობას და სხვა. მაგრამ, მაინც განსაკუთრებულია მისი წვლილი ფსიქოლოგიასა და სტატისტიკაში.   ჰალტონის მეცნიერული კრედო ევოლუციონისტური შეხედულებების გავლენით ჩამოყალიბდა, რაც, ალბათ, იმანაც განაპირობა, რომ ის და დარვინი ბიძაშვილები იყვნენ. ჰალტონმა პირველ რიგში ბუნებრივი შერჩევისა და მასთან დაკავშირებული შეძენილი ადაპტური თვისებების მემკვიდრეობით გადაცემის იდეები გაიშინაგნა. ფსიქიკური ნიშნები, ინდივიდუალური თავისებურებები, სახელდობრ ნიჭი, ტალანტი, ჰალტონის აზრით, მემკვიდრეობით არის განსაზღვრული. ეს აზრია გატარებული ჰალტონის ნოვატორულ ნაშრომში “მემკვიდრეობითი გენია” (1869), რომელზეც დარვინმა თქვა, რომ ამაზე საინტერესო და ორიგინალური რამ არაფერი წაუკითხავს. ჰალტონი ამ აზრამდე მივიდა გამოჩენილ ადამიანთა ბიოგრაფიების შესწავლის საშუალებით. შემდგომში მან საკითხის კვლევის ემპირიულ გზას მიმართა და ამ მიზნით ბევრ ცნობილ ინგლისელ მეცნიერს დაუგზავნა სპეციალური ანკეტები რითიც, ფაქტობრივად, დასაბამი მისცა ანკეტური მეთოდის გამოყენებას ფსიქოლოგიაში. ცნობილ პიროვნებათა ნათესაური კავშირების შესწავლით იგი მივიდა დასკვნამდე, რომ ნიჭიერება დაკავშირებულია ნათესაობის ხარისხთან და ხასიათთან. ოთხი შვილიდან ერთს აქვს შანსი, ტალანტის მემკვიდრე გახდეს იმ სფეროში, სადაც გამოიჩინა თავი მისმა მშობელმა, მაგალითად, მეცნიერებაში, სპორტში, იურისპრუდენციაში და ა.შ. მთავარია მემკვიდრეობა - გარემო, აღზრდა მეორეხარისხოვანია. აქ მან პირველმა გამოიყენა ე.წ. ტყუპების მეთოდი და დაადასტურა მონოზიგოტური (ერთკვერცხუჯრედოვანი) ტყუპების დიდი ფსიქიკური მსგავსება. ყოველივე ეს განზოგადებულია წიგნში “ინგლისელი მეცნიერები” (1874) და “ადამიანის ნიჭიერებისა და მისი განვითარების გამოკვლევა” (1883). წიგნში “ბუნებრივი მემკვიდრეობა” (1889) ავტორი ნიჭის გენეტიკური განსაზღვრულობის დებულებიდან გენოტიპის ხელოვნური შეცვლის იდეაზე გადადის. ჰალტონს მიაჩნდა, რომ ადამიანთა მოდგმა დეგრადაციის გზაზეა: “აღარ არიან ანტიკური, სოკრატეს დონის ხალხიო” - ამბობდა იგი. ამ მდგომარეობის გამოსწორება შესაძლებელია ნიჭიერი ინდივიდების მიზანდასახული სელექციით. ამას უნდა ემსახურებოდეს სპეციალური დარგი, ე.წ. ევგენიკა. ჰალტონმა ევგენიკის ლაბორატორია და საზოგადოება დააარსა. ადამიანთა მოდგმა ისევე შეიძლება გაუმჯობესდეს, როგორც ძაღლებისა ან ცხენების ჯიში, რამდენიმე თაობაში შესაბამისი არჩევითი ქორწინებების გზით. ამისთვის სახელმწიფომ უნდა შემოიღოს მატერიალური სტიმულების სისტემა, რათა წაახალისოს ქორწინება იმ პირებს შორის, ვინც წარმატებით გაიარა ტესტირება.   ბუნებრივია, რომ ჰალტონის წინაშე აქტუალურად დაისვა საკითხი ადამიანთა გონებრივი შესაძლებლობების ინდივიდუალურ განსხვავებულობათა გამოვლენისა თუ გაზომვის შესახებ. ჰალტონმა დიდი ენთუზიაზმით მოჰკიდა ხელი მის გადაწყვეტას. ამ მიზნით მან შექმნა ტესტების სისტემა. მათი საშუალებით იზომებოდა შეგრძნებათა სიმახვილე, რეაქციის დრო, კუნთური ძალა და სხვა მარტივი სენსომოტორული თვისებები. ამისთვის მან გამოიგონა მრავალი ხელსაწყო. მაგალითად, “ჰალტონის საყვირი” სმენის ზღურბლის დასადგენად, “ჰალტონის სახაზავი” თვალზომის გამოსავლენად, ფოტომეტრი ფერების გარჩევის უნარის გასაზომად, წონებისა და სხვადასხვა ნივთიერებებით სავსე ბოთლების სისტემა, რომლითაც ხდებოდა შესაბამისად კუნთურ-კინესთეტიკური და ყნოსვით შეგრძნებათა შემოწმება, რეაქციის დროის გამზომი ქანქარა და სხვა.   ჰალტონს მიაჩნდა, რომ მარტივი სენსომოტორული ფუნქციების გაზომვით შესაძლებელია ადამიანის ინტელექტის შეფასება. ამაში თავი იჩინა მისმა სენსუალისტურმა პოზიციამ - გრძნობის ორგანოები გარემოს შესახებ ცნობების ერთადერთი წყაროა და რაც მეტია მათი სიმახვილე, მით მეტი გასაქანი ეძლევა ინტელექტსა და გონებას. შესაბამისად, ნიჭიერ ინდივიდებს უფრო მახვილი შეგრძნებები აქვთ. ჰალტონმა ყურადღება მიაქცია აგრეთვე იმას, რომ გონებრივი ჩამორჩენილობის, იდიოტიზმის შემთხვევაში ირღვევა სითბოს, სიცივის, ტკივილის და სხვა შეგრძნებათა გარჩევის უნარი და დაასკვნა, რომ რაც უფრო მაღალია სენსორული გარჩევის უნარი, მით მეტია ინტელექტი.   ჰალტონი არასენსორულ ფსიქიკურ უნარებსაც იკვლევდა. სხვა კონტექსტში უკვე ითქვა, რომ მან პირველმა გამოიგონა ასოციაციური მეთოდი და მისი საშუალებით შეისწავლა ასოციაციების სისწრაფე, რასაც გონებრივი პროცესების ტემპის და, მაშასადამე, ინტელექტუალობის მაჩვენებლად მიიჩნევდა (იხ. თავი 7.1.). მანვე სპეციალური კითხვების მეშვეობით იკვლია მეხსიერების წარმოდგენების აღმოცენების პროცესი. ამ პროცესის სისწრაფე და წარმოდგენების მრავალფეროვნება აგრეთვე ითვლებოდა გონებრივი ძალის მანიშნებლად. მიუხედავად ამისა, თავის ტესტების სისტემაში ჰალტონი ამ პარამეტრებს არ ზომავდა, შესაძლოა იმიტომ, რომ ეს საკმაოდ რთული და შრომატევადი საქმე იყო, ხოლო პრაქტიკული გამოყენებისთვის ტესტური პროცედურები მაქსიმალურად ხანმოკლე და მარტივი უნდა ყოფილიყო.   ასეა თუ ისე, 1884 წელს ლონდონის მსოფლიო გამოფენაზე ჰალტონმა დააარსა ანთროპომეტრული ლაბორატორია, რომელშიც ყველას შეეძლო ზომა-წონასთან ერთად გაეზომა თავისი სენსორული და მოტორული უნარები. შემდგომში ეს ლაბორატორია გადაიტანეს ლონდონის სამხრეთ-კენსინგტონის მუზეუმში. სულ ლაბორატორიამ ექვსი წელი იმუშავა და ცხრა ათას ადამიანზე მეტი მონაცემის აკრეფა მოასწრო. მოგვიანებით ჰალტონმა შემოიღო საგანმანათლებლო დაწესებულებებში მოსწავლეთა სისტემატური ანთროპოლოგიური გაზომვები. ინდივიდუალურ განსხვავებათა კვლევის ეს პროგრამები საკმაოდ ამბიციურ მიზანს ემსახურებოდა - მათ უნდა გაერკვია ინგლისის მოსახლეობის ადამიანური შესაძლებლობები და ერის ინტელექტუალური პოტენციალი. ამის საჭიროებას ჰალტონი სახელმწიფოსთვის პრაქტიკული ამოცანების გადაჭრაში ხედავდა, კერძოდ მრეწველობის, შეიარაღებული ძალებისა თუ კოლონიური პოლიტიკის სფეროში. ამით ჰალტონმა საფუძველი ჩაუყარა ტესტირებას, რომელსაც თავიდანვე პრაქტიკული დანიშნულება ჰქონდა.   ჰალტონის კიდევ ერთი დამსახურებაა მათემატიკური სტატისტიკის მეთოდების შემოტანა ინდივიდუალურ განსხვავებათა კვლევის პრაქტიკაში და, საზოგადოდ, ფსიქოლოგიაში. ჰალტონმა კარგად შეისწავლა ბელგიელი მათემატიკოსის, ადოლფ კეტლეს ნაშრომები. კეტლემ პირველმა გამოიყენა სტატისტკური მეთოდები ზოგიერთი ბიოლოგიური (მაგ., ადამიანის წონა ან სიმაღლე) და სოციალური (მაგ., ქორწინება ან თვითმკვლელობა) მოვლენების ანალიზისას და აჩვენა, რომ ისინი გარკვეულ კანონზომიერებებს ემორჩილებიან. სახელდობრ, მათ შესახებ სტატისტიკური მონაცემები ლაგდებიან ე.წ. ნორმალური განაწილების კანონის შესაბამისად - ყველაზე ხშირია საშუალო მნიშვნელობასთან ახლომყოფი სიდიდეები, და რაც უფრო მეტია გადახრა საშუალო სიდიდიდან, მით უფრო იშვიათია ასეთი სიდიდე. მაგალითად, საშუალო სიმაღლის ადამიანები ყველაზე გავრცელებულ ჯგუფს შეადგენენ. მაღლები და დაბლები მით უფრო იშვიათად გვხვდებიან, რაც უფრო მეტია მათი დაშორება ნორმიდან. ჰალტონმა მართებულად მიიჩნია, რომ გონებრივი უნარების შემთხვევაშიც საშუალო მაჩვენებლიდან გადახრის იგივე კანონზომიერება იჩენს თავს, ანუ რაც უფრო დიდია სისულელისა თუ ნიჭიერების ხარისხი და, მაშასადამე, ნორმიდან დაშორებულობა, მით უფრო იშვიათად გვხვდება ის. კვლევებმა ვარიაციული სტატისტიკის სფეროში ჰალტონი მიიყვანეს ფსიქოლოგიისთვის პრინციპული მნიშვნელობის მქონე კორელაციური მეთოდის აღმოჩენამდე. კორელაციური გაზომვა საშუალებას იძლევა გაირკვეს სხვადასხვა ტესტურ მონაცემს შორის კავშირის ხარისხი. გარდა ამისა, ის ფსიქოლოგიის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სტატისტიკური მეთოდის ე.წ. ფაქტორული ანალიზის საფუძველია. კორელაციური მეთოდი შემდგომში გააუმჯობესა ჰალტონის მოწაფემ, კარლ პირსონმა. მან შემოიღო კორელაციის გაზომვის ფორმულა, რომელიც დღემდე ნაყოფიერად გამოიყენება და, რომელსაც, პირსონის კორელაციის კოეფიციენტი ეწოდება.   როგორც ვხედავთ, ერთი კაცისთვის ჰალტონმა ძალზე ბევრი გააკეთა. ყველაზე მთავარი, მაინც, ტესტების შემოღება იყო. ფსიქოლოგიური კვლევის ამ ხაზის გაგრძელება ჯეიმს კეტელის (1860-1944) სახელს უკავშირდება. კეტელი ვუნდტის ერთ-ერთი ამერიკელი მოწაფე იყო. მაგრამ უკვე ლაიფციგშივე მან კვლევის საკუთარი მიმართულება მონახა და დაიცვა დისერტაცია რეაქციის დროის ინდივიდუალურ განსხვავებებზე. შემდეგ იგი კემბრიჯში კითხულობდა ლექციებს და აქ ჰალტონის გავლენა განიცადა.   ჰალტონმა დაწერა წინასიტყვაობა კეტელის ჯურნალ ინდ-ში გამოქვეყნებულ სტატიაზე, რომელშიც პირველად იყო ნახმარი ტერმინი გონებრივი ტესტი. მერე იგი გაემგზავრა ამერიკაში, სადაც თავისი აქტიური სამეცნიერო და საორგანიზაციო მუშაობით დასაბამი მისცა მძლავრ ტესტოლოგიურ მოძრაობას. სტუდენტთა ინტელექტის გასაზომად ნიუ-იორკის კოლუმბიის უნივერსიტეტში მის მიერ ორგანიზებულ ფსიქოდიაგნოსტიკურ ლაბორატორიაში კეტელი, ჰალტონის მსგავსად, ძირითადად სენსომოტორულ ფუნქციებს ზომავდა (შეგრძნებათა მგრძნობიარობა, კუნთური ძალა, მოძრაობათა სისწრაფე, რეაქციის და ამოცნობის დრო, ბგერების დამახსოვრების მაჩვენებელი და სხვა). ობიექტურ მონაცემებზე ორიენტირებულ ამერიკაში, ასეთი ტესტების გამოყენება სხვებმაც დაიწყეს, რაც იმითიც იყო განპირობებული, რომ ეს პროცესები ადვილად იზომებოდნენ ობიექტური მეთოდებით. უფრო რთული ფუნქციების გაზომვა კი, იმჟამად, პრაქტიკულად განუხორციელებელ ამოცანად ითვლებოდა. მიუხედავად იმისა, რომ XIX საუკუნის ბოლოს ამერიკაში ტესტესტოლოგიამ მძლავრი მოძრაობის სახე მიიღო, მალე ცხადი გახდა გონებრივ შესაძლებლობათა დადგენის ამგვარი მეთოდოლოგიის სერიოზული ნაკლოვანება. ჯერ ერთი, ტესტების მონაცემები არ შეესაბამებოდნენ ერთმანეთს და, რაც მათავარია, არ შეესატყვისებოდა არც მასწავლებლების საექსპერტო შეფასებებს და არც აკადემიური მოსწრების მაჩვენებლებს. ამან, ბოლოს და ბოლოს, თვით კეტელიც დააეჭვა იმაში, მართლაც ზომავდა თუ არა მისი ტესტები ინტელექტს.   იმავდროულად ევროპაში განსხვავებული მიდგომა იკიდებდა ფეხს. იქაც დაიწყო გონებრივი ტესტების შემუშავების პროცესი, მაგრამ ისინი თავიდანვე უფრო რთული კოგნიტური ფუნქციების შემოწმებას გულისხმობდნენ. მაგალითად, გამოჩენილი გერმანელი ფსიქიატრის ე. კრეპელინის ტესტებში (1895), რომლებიც ფსიქიკური აშლილობის მქონე პაციენტების გამოსაკვლევად შეიქმნა, ძირითადად გამოიყენებოდა ელემენტარული მათემატიკური ოპერაციები და იზომებოდა დამახსოვრების, ყურადღების მდგრადობის, დაღლილობისადმი წინააღმდეგობის გაწევის და სხვა უნარები. მეხსიერების ექსპერიმენტული კვლევის ინიციატორმა ჰერმან ებინჰაუსმა 1897 წელს შექმნა ერთ-ერთი პირველი საკუთრივ ინტელექტუალური ტესტი. დათვლისა და მოგონების უნარებთან ერთად, ის ზომავდა დაუმთავრებელი წინადადების დასრულების გონებრივ უნარს. ამ დაუსრულებელი წინადადების ტესტის მონაცემები მაღალ კორელაციაში აღმოჩნდა მოსწავლეების აკადემიურ მოსწრებასთან.   ნამდვილი გარღვევა გონებრივი ტესტების სფეროში გააკეთა გამოჩენილმა ფრანგმა ფსიქოლოგმა ალფრედ ბინემ (1857-1911). მისი ინტელექტის სკალა კლასიკურია და საყოველთაოდ ცნობილი. ბინე აზროვნების ექსპერიმენტული კვლევის ერთ-ერთი პიონერია. ვიურცბურგის სკოლის წარმომადგენლებთან ერთად მან სრულიად ახლებურ მიდგომას ჩაუყარა საფუძველი ამ სფეროს ზოგადფსიქოლოგიური შესწავლის საქმეში (იხ. თავი 7.1.). მას აინტერესებდა აგრეთვე აზროვნების ონტოგენეტური განვითარების პრობლემატიკაც. ამის გათვალისწინებით საფრანგეთის განათლების სამინისტრომ ბინეს დაავალა შეექმნა ისეთი სკალა, რომლის საშუალებითაც შესაძლებელი იქნებოდა გონებაჩამორჩენილი ბავშვების გამოვლენა სპეციალური სკოლებისა და კლასებისთვის. 1905 წელს ბინემ ფსიქიატრ თეოდორ სიმონთან თანამშრომლობით შექმნა ტესტი, რომელიც ამოწმებდა ზოგადად ინტელექტის განვითარების დონეს სხვადასხვა ასაკის ბავშვებში. პრინციპული სიახლე ბინეს მიდგომაში იყო ის, რომ ჰალტონისა და კეტელისაგან განსხვავებით, იგი ზომავდა საკუთრივ კოგნიტურ ფუნქციებს: მეხსიერებას, ყურადღებას, წარმოსახვას და აზროვნებას ანუ მიხვედრილობას, რაც გარჩევის, გაგების და წვდომის ასპექტებს შეიცავდა.   ტესტის შედგენის პროცედურა წმინდად ემპირიული იყო. თუკი ბავშვების 80-90% წყვეტს ამოცანების გარკვეულ სისტემას, მაშასადამე, ეს სისტემა შეესაბამება ამ ასაკის ბავშვების ინტელექტის საშუალო, ნორმალურ დონეს. ამოცანები განლაგებულია მზარდი სირთულის მიხედვით და ზომავენ 3-13 წლის ბავშვების ინტელექტს. ამ დროს დგინდება გონებრივი ასაკი. ესაა ის მაჩვენებელი, რომელსაც ბავშვი ღებულობს ინტელექტის სკალაზე. აღირიცხება აგრეთვე ქრონოლოგიური ასაკი, ანუ რეალურად რამდენი წლისაა ბავშვი. თუ ამ მაჩვენებლების სხვაობა დადებითია (+), მაშინ სახეზეა გონებრივი ნიჭიერება, თუ ეს მაჩვენებელი უარყოფითია (_), მაშინ გონებრივი ჩამორჩენა. ვ. შტერნმა 1911 წელს შემოიღო ე.წ. ინტელექტის კოეფიციენტი (IQ), რომელიც გამოხატავს გონებრივი და ქრონოლოგიური ასაკების შეფარდებას პროცენტებში. IQ კოეფიციენტი გამოითვლება ფორმულით: IQ = გა/ქა x 100%,   სადაც გა - აღნიშნავს ბინე-სიმონის სკალით გამოვლენილ გონებრივ ასაკს, ხოლო ქა - ქრონოლოგიურ ასაკს. ნორმალურად ითვლება კოეფიციენტი 80%-დან 120%-მდე. ამ ზონის ქვევით არის ჩამორჩენა, ზევით კი - ნიჭიერება.   ტესტების კონსტრუირებისას მრავალი რამ უნდა იყოს გათვალისწინებული. ერთ-ერთი უმთავრესია, რომ ინტელექტის ტესტებში მინიმალიზებულ იქნეს გამოცდილებისა და ცოდნის წვლილი ამოცანების გადაწყვეტაში. პასუხი უნდა გამოხატავდეს გონებრივ უნარს და არა ინფორმირებულობას (ცოდნა სპეციალური ტესტებით იზომება). მაგალითად, პრესტიჟულ სკოლებში მოსწავლეებმა შესაძლებელია მეტი იციან, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ისინი უფრო ჭკვიანები არიან. ბინე ითვალისწინებდა ამას, მაგრამ ტესტების გამოყენების პირველ ეტაპზე ზოგჯერ ამ მოთხოვნის უგულებელყოფა ხდებოდა. ერთ ქვეყანაში გაკეთებულ ტესტს მექანიკურად თარგმნიდნენ და იყენებდნენ ისეთი კონტინგენტის დიაგნოსტიკისთვის, რომელსაც არ გააჩნდა აუცილებელი ინფორმაცია და ჩვევები ტესტური დავალებების სრულყოფილი გააზრებისთვის. მაგალითად, ოციან წლებში ე.წ. პედოლოგიური მოძრაობის ფარგლებში1 საბჭოთა კავშირში დაიწყეს ბავშვების მასობრივი ტესტირება.   ამ სამუშაოს შედეგების განზოგადებამ გამოავლინა, რომ სოფლელი ბავშვების ინტელექტის დონე ნაკლებია ქალაქელებზე და რომ, საზოგადოდ, შეძლებული ოჯახების შვილებს ინტელექტის უფრო მაღალი კოეფიციენტი აქვთ. ეს, თავისთავად არასწორი, ხოლო მუშურ-გლეხური სახელმწიფოსთვის - მით უფრო მიუღებელი შედეგი, გახდა საბაბი მწვავე იდეოლოგიური კამპანიისა, რეპრესიებისა და ქვეყანაში პედოლოგიის განადგურებისა. მოგვიანებით გაირკვა, რომ გამოყენებულ ტესტებში გაიპარა ისეთი შეკითხვები, რომლებიც ბავშვების ნაწილისთვის ძნელად გასაგები იყო. მაგალითად, ბინეს ტესტის ერთ-ერთ ამოცანაში ბავშვმა თანაბრად უნდა გაუყოს ექვსი ფორთოხალი დედას, მამას და თავის თავს. საკმაოდ ხშირად 8-9 წლის ბავშვებსაც კი უჭირდათ მისი გადაწყვეტა, მაგრამ არა იმიტომ, რომ ვერ ყოფდნენ ექვსს სამზე, არამედ იმის გამო, რომ უბრალოდ არ იცოდნენ, რა იყო ფორთოხალი. მოშიმშილე რუსეთში ასეთი ბავშვები მრავლად იყვნენ.   ბინეს მიაჩნდა, რომ თუ ეს პირობა შესრულებულია, ე.ი. თუ ტესტური მასალა ყველასთვის ერთნაირად ნაცნობი და გასაგებია, მაშინ გონიერი ბავშვი ყოველთვის უკეთ შეასრულებს დავალებას, ხოლო ამოცანების დიდი რაოდენობა შესაძლებელს გახდის გამოირიცხოს შემთხვევითობა. ამასთან, ბინე თვლიდა, რომ ინტელექტის დონე მუდმივია და არ არის დამოკიდებული ასაკზე, ანუ რომელ ასაკშიც არ უნდა ჩავატაროთ ტესტირება, კონკრეტული ბავშვის ინტელექტის მაჩვენებელი იქნება ერთნაირი სწავლებისა და აღზრდის პირობების თუ მთელი სოციალური გარემოს ცვალებადობის მიუხედავად. ეს მიანიშნებდა იმაზე, რომ ინტელექტი თანდაყოლილი უნარია და არ ცვალებადობს ცხოვრების განმავლობაში, თუმცა მიიმართება განსხვავებული ამოცანების გადაწყვეტაზე. ბინე-სიმონის სკალის სრულყოფის პროცესი რამდენიმე წელი მიმდინარეობდა და მისი სამი ვარიანტი იქნა წარმოდგენილი (1905, 1908, 1911). ბინეს ავტორიტეტი იმდენად დიდი იყო, რომ საფრანგეთში სამოციან წლებამდე ეს ტესტები პრაქტიკულად არ შეცვლილა. სამაგიეროდ, ამერიკაში თავიდანვე გამოჩნდა რამდენიმე გადამუშავებული ვარიანტი, რომელთაგან საუკეთესოდაა მიჩნეული 1916 წელს სტენფორდის უნივერსიტეტში ლუის ტურმანის ხელმძღვანელობით გაკეთებული მოდიფიკაცია, რომელიც ცნობილია სტენფორდ-ბინეს სკალის სახელწოდებით. ეს ტესტი დღესაც რჩება ინტელექტის გამზომ ერთ-ერთ საუკეთესო ინსტრუმენტად.   ტესტოლოგიური მუშაობა, რომელიც XX საუკუნის დასაწყისში გაიშალა ინდივიდუალურ თავისებურებათა კვლევის სფეროში, ახალ საკითხებს სვამდა. ასე, ინგლისელმა ფსიქოლოგმა ჩარლზ სპირმენმა (1863-1945) აღნიშნა, რომ თუ განსხვავებული უნარების (მაგ., მათემატიკური და ლინგვისტური უნარის) გამზომი ტესტებით მიღებული მონაცემები დადებით კორელაციაში არიან ერთმანეთთან ეს ნიშნავს, რომ ისინი ავლენენ გარკვეულ გენერალურ ფაქტორს, ანუ საერთო ინტელექტუალურ უნარს. ეს არის უნარი, რომელიც ანიჭებს ადამიანს უპირატესობას ყოველგვარ ინტელექტუალურ საქმიანობაში. ამავე დროს, ყოველგვარ ქცევაში გამოიყოფა ფაქტორი, რომელიც სპეციფიკურია მხოლოდ აქტივობის ამ კონკრეტული ფორმისთვის (მაგ., მათემატიკური ამოცანების გადაწყვეტისა ან ლიტერატურული შემოქმედებისთვის). ამდენად, სპირმენმა ორფაქტორიანი (საერთო და სპეციფიკური ფაქტორი) მოდელი წარმოადგინა. მას დაუპირისპირდა ე.წ. მულტიფაქტორული მიდგომა, რომლის მიხედვით არსებობენ განსხვავებული პირველადი უნარები და ლაპარაკი საერთო ფაქტორზე და, მაშასადამე, ერთიან ინტელექტზე უსაფუძვლოა. ამ მიდგომის დამცველების აზრით, არსებობს პირველადი გონებრივი უნარების ფართო სპექტრი ან ინტელექტის რამდენიმე დამოუკიდებელი ტიპი, მაგალითად, ლოგიკურ-მათემატიკური, ხატოვანი, სივრცითი, ლინგვისტური, მუსიკალური და ა.შ. (ლ. ტერსტოუნი, ჯ. გილფორდი და სხვა). დისკუსია ამ მიმართულებით დღესაც გრძელდება.   როგორც აღინიშნა, ტერმინი “ინტელექტის კოეფიციენტი” და მისი გამოთვლის ფორმულა შემოიტანა ვილიამ შტერნმა (1871-1938). მასვე ეკუთვნის ტერმინი “დიფერენციალური ფსიქოლოგია” და მისი, როგორც ფსიქოლოგიის ცალკე დარგის პირველი საგანგებო მეთოდოლოგიური დასაბუთება. 1900 წელს გამოსულ წიგნში “ინდივიდუალურ განსხვავებათა ფსიქოლოგია” შტერნი აღნიშნავდა, რომ ბოლო დრომდე ფსიქოლოგია მიმართული იყო ზოგადისა და საერთოს ძიებაზე და თითქმის არ აქცევდა ყურადღებას იმ გასაოცარ მრავალფეროვნებას, რომელშიც ვლინდება ეს საერთო სხვადასხვა პიროვნებაში, ადამიანთა ტიპში, სხვადასხვა სქესში, მოსახლეობის განსხვავებულ ფენაში, ერში და ა.შ. მაგრამ მეცნიერების ყველა პრობლემის გადაჭრა არ შეიძლება “საერთო მიდგომიდან გამომდინარე”. არსებული ცალმხრივობის დასაძლევად ერთხელ და სამუდამოდ უნდა გაცნობიერდეს, რომ ფსიქიკურის ვარიაბილურობას და დიფერენციაციას ისეთივე უფლება აქვს, გახდეს მეცნიერული შესწავლის საგანი, როგორც ზოგადფსიქოლოგიურ ფაქტებსა და კანონზომიერებებს. განსხვავებულისა და თავისებურის მიმართ ერთგვარი ინტერესი გაჩნდა, წერდა შტერნი, მაგრამ ის უმეტესად მაინც ზოგადფსიქოლოგიური ანალიზის თანმდევ, არამთავარ პროდუქტად განიხილება. კვლევები, რომლებიც პირდაპირაა მიმართული განსხვავებულობათა შესწავლაზე, ჯერ კიდევ მცირეა და დიფერენციალური ფსიქოლოგიის ზოგადი ფსიქოლოგიისაგან ცნობიერი გამიჯვნის პროცესი მხოლოდ იწყება.   წიგნში “დიფერენციალური ფსიქოლოგია” (1911) შტერნი საგანგებოდ განიხილავს კვლევის ამ მიმართულების წინამორბედებსა და ამასთან დაკავშირებულ ტერმინებს. მაგალითად, ეთოლოგია (როგორც ზნეობრივი ქცევის შესწავლა) და ქარაქტეროლოგია (როგორც ხასიათის ტიპების შესწავლა) ძალზე ვიწროა და ვერ ფარავს ინდივიდუალურ განსხვავებათა მთელ სპექტრს. ყოფითი აზროვნებისთვისაც კი ნათელია განსხვავება ხასიათსა და, თუნდაც, ინტელექტს შორის, რომლითაც ადამიანები ერთმანეთისაგან განსხვავედებიან. სახელწოდება ინდივიდუალური ფსიქოლოგია, რომელსაც ხმარობდნენ ბინე, კრეპელინი და სხვები, მისაღებია, მაგრამ მას უკვე აქვს თავისი გამოყენების ტრადიცია სოციალური და ხალხთა ფსიქოლოგიის საპირისპიროდ, ე.ი. ის ეხება მხოლოდ ცალკეულ ინდივიდს. ხოლო, მეცნიერების დარგს, რომლის დაფუძნებაც შტერნს განუზრახავს, ინდივიდებს შორის არსებულ განსხვავებებთან ერთად უნდა შეისწავლიდეს ხალხებს, სქესებს, ასაკებს შორის განსხვავებებს, ანუ დიფერენციაციის პრობლემის მთელ წრეს. შტერნის მიხედვით, დიფერენციალურმა ფსიქოლოგიამ უნდა განიხილოს ყველა ეს სახესხვაობა და გამოავლინოს მათი გამომწვევი მიზეზები. აქ პირველ პლანზე გამოდის ურთულესი პრობლემა შინაგანი (მემკვიდრეობა, მიდრეკილება) და გარეგანი (გარემოს ზეგავლენა, აღზრდა, ეტალონები, ნორმები და ა.შ.) ფაქტორების შესახებ. მის გადაწყვეტას შტერნი უდგებოდა ე.წ. კონვერგენციის თეორიის მიხედვით, რომელიც ადამიანის ფსიქიკურ თავისებურებათა ჩამოყალიბებას შინაგანი და გარეგანი ფაქტორების ერთობლივი მოქმედების შედეგად განიხილავს.   შტერნის მოსაზრებებმა დიდი გავლენა მოახდინა დიფერენციალური ფსიქოლოგიის დამკვიდრებაზე. ისინი ამჟამადაც ინარჩუნებენ აქტუალობას, რადგან დღესაც ზოგჯერ იჩენს თავს ტენდენცია წარმოაჩინონ დიფერენციალური ფსიქოლოგია მხოლოდ ყოველგვარი ფსიქოლოგიური კვლევის დიფერენციალურ ორიენტაციად და არა ფსიქოლოგიის დამოუკიდებელ დარგად. არადა ფსიქოლოგიას, როგორც, შესაძლოა არც ერთ სხვა მეცნიერებას, ესაჭიროება იმის ცხადყოფა, რომ საერთოსთან ერთად საჭიროა და შესაძლებელი თავისებურის კვლევა, რომ ზოგადის კონკრეტული განხორციელება ყოველთვის შეიცავს ინდივიდუალობის მომენტს, რომ ინდივიდუალურ განსხვავებებში ვლინდება ადამიანის ფსიქიკური მოქმედების ყველაზე ზოგადი კანონზომიერებები, რომ ინდივიდუალური თუ ჯგუფური ვარიაციულობა უნივერსალური ფენომენია და ადამიანური ქცევის არსებითი თვისება. ადამიანის დიფერენციალურ-ფსიქოლოგიური მახასიათებლები რეალური მოვლენებია, რომლებიც სტაბილურად იჩენენ თავს და ტიპოლოგიზაციასა და კლასიფიკაციას ექვემდებარებიან. მაგალითად, მათემატიკური ან მხატვრული ინეტელექტის ტიპის ადამიანი ამ თავის ინდივიდუალურ თავისებურებას მრავალი წლის განმავლობაში და სხვადასხვა სიტუაციაში ავლენს. იგივე ითქმის ტემპერამენტის (მაგალითად სანგვინიკი ან ფლეგმატიკი) თუ ხასიათის (მაგ., პუნქტუალური ან კომუნიკაბელური ადამიანი) ინდივიდუალურ-ტიპოლოგიურ გამოვლინებებზე.   ამ სერიოზულ თეორიულ ინტერესებთან ერთად, დიფერენციალურ ფსიქოლოგიას, როგორც ფსიქოლოგიური კვლევის სპეციალურ დარგს, ასაზრდოებდა მნიშვნელოვანი პრაქტიკული ინტერესიც. ადამიანთა ინდივიდუალურ თავისებურებათა გამოვლენა თავიდანვე სტიმულირებული იყო საზოგადოებრივი პრაქტიკის ამოცანებით, პირველ რიგში, პედაგოგიური და სამედიცინო კუთხით. როგორც ვნახეთ, ბინემ ტესტები შექმნა და გამოიყენა სკოლის მოსწავლეების, ხოლო კრეპელინმა სულით ავადმყოფთა დიფერენციაციისთვის. ძალიან მალე აქტუალური გახდა ტესტების გამოყენება საწარმოო და ზოგადად, პროფესიულ საქმიანობასთან დაკავშირებული ამოცანების გადასაწყვეტად. კერძოდ, ე.წ. ფსიქოტექნიკის ფარგლებში გაიშალა მუშაობა სამუშაო პერსონალის პროფშერჩევისა და პროფორიენტაციის მიმართულებით. ტერმინი “ფსიქოტექნიკა” შემოიღო შტერნმა, ხოლო ფსიქოტექნიკაში დიფერენციალურ-ფსიქოლოგიური იდეებისა და მეთოდების ყველაზე აქტიური დამნერგავი გახდა მიუნსტენბერგი.   ჰიუგო მიუნსტენბერგი (1863-1916) უკვე საკმაოდ ცნობილი თეორეტიკოსი და ექსპერიმენტატორი იყო, როდესაც იგი 1892 წელს ფრაიბურგის უნივერსიტეტიდან ჰარვარდში მიიწვია ჯეიმსმა ლექციების პარალელური ლაბორატორიული სამუშაოს უზრუნველსაყოფად. მიუნსტენბერგმა, ზოგიერთი სხვა ევროპელი ფსიქოლოგისაგან განსხვავებით, ადვილად აუღო ალღო ამერიკული ცხოვრების წესს. მალე იგი თითქმის მთლიანად გადაერთო პრაქტიკულ საქმიანობაზე და გამოყენებითი ფსიქოლოგიის ერთ-ერთ გამოჩენილ ორგანიზატორად მოგვევლინა. მიუნსტენბერგი ამოდიოდა იქიდან, რომ ინდივიდუალური განსხვავებები ადამიანთა შორის უნდა აისახოს მათ პროფესიულ საქმიანობაშიც. ეს ნიშნავს, რომ არსებობს კონკრეტული ადამიანისთვის შესატყვისი და არაშესატყვისი პროფესიები. მსხვილი კორპორაციების დაკვეთით მიუნსტენბერგმა შექმნა მრავალი დიაგნოსტიკური მეთოდი მუშების და მომსახურე პერსონალის შესარჩევად. პროფესიული ვარგისიანობის ტესტები იქმნებოდა საქმიანობის ამა თუ იმ სფეროში ყველაზე წარმატებული სპეციალისტების გამოკვლევის საფუძველზე. ამ გზით ვლინდებოდა ის უნარ-თვისებები, რომელებიც აუცილებელია კონკრეტული პროფესიისთვის, იქნებოდა ეს სენსომოტორული თუ კოგნიტური ფუნქციები, როგორიცაა მეხსიერება, ყურადღება, ზოგადი, ხატოვანი თუ მანიპულაციური ინტელექტი. ირაკლი იმედაძე წიგნიდან: ფსიქოლოგიის ისტორია « წინა ნაწილი | გაგრძელება » [1] ფეხნერი მართლაც დიდ მნიშვნელობას ანიჭებდა ცდების მრავალჯერად გამეორებას. ეს იქიდანაც ჩანს, რომ სიმძიმეების აწევასთან დაკავშირებული ცდების ორ სერიაში, რომელთაგანაც თითოეული 32 დღე გრძელდებოდა, სიმძიმეებოს აწევის რიცხვმა ყოველ სერიაში 24 57…
დაამატა ლაშა to ფსიქოლოგია at 1:46pm on მაისი 10, 2018
თემა: დღე ხვალინდელი დილის გარეშე (გაგრძელება)
იდან აცილება იყო, ან იქნებ - ძალიან მოსახერხებელი გადაწყვეტილება ზარმაცებისთვის - საქონელი ჩაკეტილი ჰყოლოდათ, რომ საძოვარზე სადარაჯო არ ყოფილიყო, მაგრამ ასე თუ ისე ნაბიჯ-ნაბიჯ რომ შეისწავლონ იქაურობა, გასაგები გახდება ამბოხებულებთან რეგულარული ჯარის ბრძოლის წარუმატებლობის აუცილებლობა. აქ ხუთასი ადამიანი შეიძლება მთელი სამეფოს ჯარს გაუმკლავდეს. სწორედ ეს იყო შუანების ტაქტიკის საიდუმლო. და მადმუაზელ დე ვერნეი მიხვდა, რატომ იყო რესპუბლიკა იძულებული, ამბოხება უფრო პოლიტიკური მეთოდებით და დიპლომატიით ჩაეხშო, ვიდრე სამხედრო ძალის უნაყოფო გამოყენებით. მართლაც, რა შეიძლებოდა გაეკეთებინათ იმ ხალხის წინააღმდეგ, რომელსაც ჭკუა ეყო, რომ უარი ეთქვა ქალაქების დაპყრობაზე, მაგრამ გაინაღდეს ბატონობა უმაგრესი ზღუდეებით გარშემორტყმულ მინდვრებზე. როგორ არ ეწარმოებინათ მოლაპარაკებები მტერთან, თუ ამ დაბრმავებული გლეხების მთელი ძალა დახელოვნებული და ყოჩაღი ბელადი იყო?.. მარი აღფრთოვანდა იმ მინისტრის გამჭრიახობით, თავისი კაბინეტიდან რომ გამოიცნო ამ მხრის ამბოხებულთა დაშოშმინების საიდუმლო. მარის მოეჩვენა რომ გაიგო, რა მოსაზრებებით ხელმძღვანელობენ ადამიანები, ასეთი მძლავრები, რომ შეუძლიათ, ერთი თვალი მოავლონ მთელ სახელმწიფოს, ხალხი, რომელთა ქმედება ხალხის თვალში დანაშაულებრივი, ბუმბერაზული აზრის თამაშია მხოლოდ. ამ მრისხანე სულებს თითქოს გააჩნიათ რაღაც წილი ბედისა და ბედისწერის ძალისა, წინასწარჭვრეტის ნიჭი, რომლის აქა-იქ გამოვლინება ძალიან აღამაღლებს მათ: ბრბო ამ წუთას აქ, თავის გვერდით ეძებდა მათ, ახლა კი აიხედეს ზემოთ და ხედავენ, რომ ჰაერში ფრენენ. ასეთი აზრები თითქოსდა ამართლებდნენ, აკეთილშობილებდნენ კიდევაც მადმუაზელ დე ვერნეის შურისმაძიებლურ ზრახვებს, სულის შინაგანი რუდუნება და ჩასახული იმედი აძლიერებდნენ მას, შველოდნენ უჩვეულო და დამქანცველი მოგზაურობისას, ყოველი სამემკვიდრეო ნაკვეთის ბოლოში დაასხი-კუტალი ორივე მხედარს სთავაზობდა, ჩამოქვეითებულიყვნენ და ციცაბო აღმართზე აბობღებაში ეხმარებოდა და როცა მინდვრის ნაკერი წყდებოდა, ისევ ამხედრებულიყვნენ თავიანთ სახედრებზე და შარაგზებით ევლოთ, სადაც გასქელებული ტალახი მტრის მოახლოებას ამცნობდა. დიდი ხეები, მაღალი მიწაყრილებიდან გზის ღრმა თხრილები ხევში ნესტს აბუდებდნენ, დროდადრო ყინულოვან საბურველში ხვევდა ჩვენს მგზავრებს. არაქათგამოცლილებმა განთიადამდე მიაღწიეს მარინეის ტყეებს. ტყის ბილიკით სიარული უფრო ადვილი იყო, გადახლართული ტოტების თაღი და დიდი ხეების კანები იცავდნენ ცის წყრომისაგან, ყველა ის უთვალავი დაბრკოლებაც გაქრა, აქამდე რომ უხდებოდათ გადალახვა. ტყეში ერთი ლიეც არ ექნებოდათ გავლილი, შორიდან რომ ხმების ბუნდოვანი გუგუნი და ზანზალაკის წკრიალი მოესმათ, ოღონდ ეს წკრიალი მონოტონურად წყვეტილი არ იყო, ნახირი რომ ჰგონებოდათ. დაასხი-კუტალმა გაფაციცებით მიუგდო ყური ამ მელოდიას. უცებ ქარის მოტანილი საეკლესიო გალობის რამდენიმე სიტყვა გაიგო. როგორც ჩანს, ამ ჰანგმა ისე ძალიან იმოქმედა მასზე, რომ მადმუაზელ დე ვერნეის წინააღმდეგობის მიუხედავად, დაღლილი ვირები სენ-ჯემსის გზიდან სხვა მხარეს მიმავალ ბილიკზე გადაიყვანა. ახალმა პირქუშმა პეიზაჟმა მადმუაზელ დე ვერნეის შიში კიდევ უფრო გააძლიერა. ბილიკის ორივე მხარეს ფანტასტიკური მოხაზულობის გრანიტის კლდეები ერთმანეთზე იყო აყორებული. უზარმაზარი ლოდების ნახეთქებიდან სქელი გველებივით მოიკლაკნებოდა საუკუნოვანი წიფლების ფესვები, სადღაც შორიდან რომ წოვდნენ მაცოცხლებელ წვენს. გზა, გეგონებოდათ, სტალაქტიტებით განთქმულ ორ მიწისქვეშა მღვიმეს შორის მიდიოდა. ამ ვიწრო ბილიკით რამდენიმე ნაბიჯის გავლისთანავე მადმუაზელ დე ვერნეის თვალწინ საუცხოო სანახაობა გადაიშალა, რამაც გასაგები გახადა დაასხი-კუტალის სიჯიუტე. ნახევარწის ფორმის ქვაბულში ტლანქი საფეხურებივით ჩანდა ამფითეატრად განლაგებული კლდის შვერილები, რომლებზედაც მწკრივ-მწკრივად იყო განლაგებული წერწეტი შავი ნაძვები და შეყვითლებული წაბლები. ეს ადგილი გიგანტურ ცირკს მოგაგონებდათ, რომლის არენეზეც ზამთრის მზე თითქოსდა უფრო ღვრიდა ბაც ფერებს, ვიდრე თავისი სხივების სინათლეს, სადაც შემოდგომას ყველგან გაეფინა ხმელი ფოთლების მოწითალო ხალიჩები. ამ დარბაზის შუაგულში, რომლის მშენებელიც თითქოს მსოფლიოს წარღვნა იყო, სამი უზარმაზარი დრუიდული ქვა იდო - ვრცელი საკურთხეველი ზეაღმართული ძველი საეკლესიო ალმით. ასამდე მუხლმოდრეკილი თავშიშველი მამაკაცი ლოცულობდა მთის ამ საფარში, სადაც რექტორი და ორი ქორეპისკოპოსი მესას აღავლენდნენ. მღვდლის ღარიბული სამოსი, მისი სუსტი ხმა, ამ დიდ სივრცეში ყრუდ დრტვინვასავით რომ ისმოდა, ერთი გრძნობით გაერთიანებული, ღრმად მორწმუნე ყოველგვარ დიდებულებას, დიდ მშვენიერებას მოკლებული საკურთხევლის წინ დამხობილი ხალხი, ტლანქი, უბრალო ჯვარი, ტაძრის ველური ძლიერება, დრო, ადგილი - ეს ყველაფერი ქრისტიანობის პირველ საუკუნეებს რომ გამოარჩევდა, ისეთ სისადავეს ანიჭებდა სცენას. მადმუაზელ დე ვერნეი მოხიბლული გაშეშდა. უღრან ტყეში ეს მესა, დევნის გამო პირველ ნაყოფს დაბრუნებული, უცნაურ, ფანტასტიკურ ბუნებაში თამამად აღორძინებული ძველი დროის პოეზია, ეს შუანები - შეიარაღებული და უიარაღო, სასტიკები და მლოცველები, მებრძოლები და ბავშვები - ეს ყველაფერი არაფრით ჰგავდა არც ერთ სანახაობას, თვალით რომ ენახა ან წარმოედგინა! მშვენივრად ახსოვდა, ბავშვობაში როგორ აღაფრთოვანებდა რომაული ეკლესიის ღვთისმსახურება, ასე რომ იპყრობდა გრძნობებს, მაგრამ აქამდე არ ენახა, არ იცოდა ღმერთი, ღმერთი შეულამაზებელი: ჯვარი საკურთხეველზე, საკურთხეველი მიწაზე, ტაძრების გოთური თაღების ქვაში კვეთილი ფოთლების ნაცვლად ცას შეყენებული უზარმაზარი ხეების შემოდგომის ფოთ-ლები, ვიტრაჟების ფერადი მინების უამრავი ფერადი ათინათის ნაცვლად მზის პირველი მოწითალო სხივები, მკრთალ ანარეკლად რომ დასრიალებენ საკურთხეველზე, მღვდლებზე და მლოცველებზე. ხალხის თავყრილობა ფაქტი იყო და არა სისტემა. ლოცვა იყო და არა რელიგია. ადამიანების წამით დათრგუნული ვნებები, იდუმალი სურათის ჰარმონიას რომ არღვევდა, უცებ გაცოცხლდნენ და აბობოქრდნენ სცენაზე. მადმუაზელ დე ვერნეი რომ გამოჩნდა, სახარების კითხვა დამთავრდა. მღვდელში ერთგვარი შიშით ამოიცნო აბატი გიუდენი და საჩქაროდ დაიმალა გრანიტის კლდის უზარმაზარი ნატეხის უკან. ფრანსინიც სასწრაფოდ წაათრია. მაგრამ ამაოდ ცდილობდა დაასხი-კუტალი წაეყვანა იმ ადგილიდან, ღვთისმსახურების ცერემონიაში მონაწილეობისთვის რომ აირჩია. მარის იმედი ჰქონდა, რომ საფრთხეს აიცილებდა, შეამჩნია, რომ ადგილმდებარეობა საშუალებას მისცემდა, შეუმჩნევლად გაპარულიყო. გრანიტის განიერი ნაპრალიდან დაინახა, როგორ ავიდა აბატი გიუდენი დიდ ლოდზე, ეკლესიის კათედრის მაგივრობას რომ გაუწევდა და წირვა დაიწყო. - In nomine Patris et Filii et Spiritus Sankti... ამ სიტყვებზე ყველამ მოწიწებით გადაისახა პირჯვარი. - ძვირფასო ძმებო, - ხმამაღლა თქვა აბატმა, - ჯერ განსვენებულთათვის ვილოცოთ, მოვიგონოთ ჟან კოშე გრიუ, ნიკოლა ლაფერტე, ჟოზეფ ბრუე, ფრანსუა პარკუეა, სუპის კუპიო. ყველა ჩვენი მრევლის წევრი იყო. და ყველა პელერინთან ბრძოლაში ან ფუჟერის ალყის დროს მიღებული ჭრილობებით დაიღუპა... სინანულის ლოცვას, როგორც წესია, რიგრიგობით კითხულობდნენ ეკლესიის მსახურნი და მლოცველები და ყოველ მუხლს დიდი გულმოდგინებით წარმოთქვამდნენ, რაც ლოცვის წარმა-ტების მაუწყებლად მიაჩნდათ. როცა ფსალმუნი ჩაათავეს, აბატი გიუდენი ისევ ალაპარაკდა, მისი ხმა სულ უფრო ძლიერდებოდა: ყოფილმა იეზუიტმა იცოდა, რომ მეტყველების გულმხურვალე მგზნებარება მისი ველური მსმენელებისთვის ყველაზე დამაჯერებელი არგუმენტი იყო. - ქრისტიანებო! ღვთის ამ დამცველებმა ვალის მოხდის მაგალითი გაჩვენეს. არ გრცხვენიათ? რას იტყვიან თქვენზე სამოთხეში? რომ არა ეს ხალხი, რომელთაც სამუდამო სასუფეველი ელით და რომელთაც წმინდანები სულითა და გულით შეხვდებიან, უფალს ეგონება, რომ ჩვენს მრევლში ურჯულოები არიან. იცით თუ არა, ვაჟკაცებო, თქვენზე ბრეტანში და მეფესთან რას ლაპარაკობენ?.. არ იცით? მართლა? მაშინ გეტყვით: „როგორ, ლურჯებმა დაამხეს საკურთხევლები, დახოცეს რექტორები, სიკვვდილით დასაჯეს მეფე და დედოფალი, ბრეტანიდან ყველა ვაჟკაცის წაყვანა უნდათ და თავისნაირ ლურჯებად უნდათ აქციონ, გააგზავნონ საკუთარი სამრეკლოდან სხვა მხარეში საბრძოლვველად, სადაც შეიძლება დაიხოცონ მოუნანიებლად და სამუდამოდ ჯოჯოხეთში მოხვდებიან. მარინეის მრევლს დაუწვეს ეკლესია - მათ კი ხელები ჩამოუშვეს! ო! წყეულმა რესპუბლიკამ საჯარო ვაჭრობით გაყიდა ღმერთის ქონება და სენიორების მიწები, ფული ლურჯებს გაუნაწილა მერე, ჩვენი ფულით რომ იკვებოს, როგორც ახლა ჩვენს სისხლს სვამს. გამოსცა დეკრეტი, რომლის ძალითაც ყოველი ექვსფრანკიანი ეკიუდან სამი ფრანკი უნდა აიღოს, ყოველი ექვსი კაციდან სამი უნდა წაიყვანოს ჯარში - მარინეის სამრევლოს ვაჟკაცებმა ხელი ხმალს არ იკრეს, რომ გაყარონ ისინი ბრეტანიდან! ოჰ! ოჰ! მათ სამოთხეში არ შეუშვებენ და სულის ცხონებასაც ვერასოდეს მოიპოვებენ!“ აი, ამას ლაპარაკობენ თქვენზე, ქრისტიანებო, ლაპარაკი სამუდამო ნეტარებაზეა, როგორ გინდათ მოიპოვოთ? იბრძოლეთ რწმენისა და მეფისათვის! გუშინწინ, დღის სამის ნახევარზე თვით წმინდა ანა ორეელი გამომეცხადა. აი, ისე მითხრა, როგორც ახლა გელაპარაკებით: „შენ მარინეის მრევლის მღვდელი ხარ?“ „დიახ, ჩემო ქალბატონო, თქვენს სამსახურში მიგულეთ!“ - „მაშ ასე, მე წმინდა ანა ორეელი ვარ, ღმერთს დეიდად ვერგები, ბრეტონულად, ყოველთვის ორეიში ვარ, აქ კი იმისთვის მოვედი, რომ შენს მარინეის ვაჟკაცებს ვუთხრა: საკუთარი სულის ხსნის იმედი ნუ ექნებათ, სანამ იარაღს არ აიღებენ ხელში. ცოდვებს ნუ შეუნდობ, სანამ ღმერთის სამსახურში არ ჩადგებიან. და როცა ასე გააკეთებენ, უკურთხე თოფები და ის ვაჟკაცები, რომლებსაც ცოდვებს შეუნდობ, ლურჯებს არ ააცდენენ, რადგან მათი თოფები ნაკურთხი იქნება... და გაქრა. მუხის ქვეშ კი საკმევლის სუნი დარჩა. ეგ ადგილი შემჩნეული მაქვს. სენ-ჯემსის რექტორმა იქ ხის ლამაზი ღვთისმშობელი დადგა. საღამოს იქ პიერ ლეუას დედა მილასლასდა, თქვა იარე-მიწაზემ. და ღმერთმა განკურნა რევმატიზმისგან ხეობაში შვილის კეთილი საქმეების გამო. აი, ეს ქალი, თქვენი თვალით ნახეთ, რომ თვითონ დადის დაუხმარებ-ლად. სასწაული! ისეთივე სასწაულია, როგორიც ნეტარი მარი ლანბრეკენის მკვდრეთით აღდგომაა, ღმერთმა ეს სასწაული მოახდინა, რომ უჩვენოს, თავის ბრეტონელებს არასოდეს მიატოვებს, თუ იბრძოლებენ ღვთისმსახურებისა და მეფისათვის. მაშ, ჩემო ძვირფასო ძმებო, თუ გინდათ ხსნა და მეფის დამცველად ყოფნა, ჩვენი მიწიერი ბრძანებლისა, უნდა დაემორჩილოთ ყველაფერში ადამიანს, რომელიც მეფემ გამოგიგზავნათ და რომელსაც ვაჟკაცი დავარქვით. მაშინ თქვენ უკვე ურჯულოები აღარ იქნებით, არამედ ბრეტანის სხვა ვაჟკაცებთან ერთად, ღვთის დროშის ქვეშ დადგებით და მაშინ შეგეძლებათ ლურჯების ჯიბეებიდან იმ ფულის ამოღება, თქვენ რომ მოგპარეს, ვინაიდან სანამ თქვენ იბრძვით, თქვენი ყანები დაუთესავი რჩება და ამიტომ ღმერთი და მეფე მტრების დახოცვის ნებას გაძლევენ. ქრისტიანებო, ნუთუ გინდათ, ხალხი ალაპარაკოთ, რომ მარინეელი ვაჟკაცები ჩამორჩნენ მორბიგანის წმინდა გიორგის, ვიტრეს ან ანტრენის სამრევლოების ვაჟკაცებს, ისინი კი ყველანი აღდგნენ ღმერთისა და მეფის სამსახურად. თუ გინდათ, მთელი ალაფი მათ მისცეთ? თუ ერეტიკოსებივით გულხელდაკრეფილები ისხდებით, როცა ამდენი ბრეტონელი ცდილობს, მოიპოვოს სულის ცხონება და დაიცვას მეფე? „თქვენ ყველაფერს მიატოვებთ ჩემ გამო“. სახარებაში ჩვენ, მღვდლებმა განა უარი არ ვთქვით დესეტინაზე? მიატოვეთ ყველაფერი და ჩაებით საღმრთო ომში და მაშინ ყველაფერი გეპატიებათ. თქვენ გვერდით იქნებიან მაშინ თქვენი რექტორები და სხვა მღვდლები და თქვენც გაიმარჯვებთ! გახსოვდეთ, ქრისტიანებო, რომ მხოლოდ დღეს გვაქვს ძალაუფლება, ვაკურთხოთ თქვენი თოფები. ვინც ამ მადლით არ ისარგებლებს, მის მიმართ ანა ორეელი ისეთივე გულმოწყალე ვერ იქნება, როგორც წინა ომში და მათ ვედრებას ყურს არ მიუგდებს. ქადაგების პათეტიკურმა ტონმა, მგრგვინავმა ხმამ და ჟესტიკულაციამ, რომლისგანაც ორატორი ოფლად დაიღვარა, ეტყობა, დიდი შთაბეჭდილება არ მოახდინა: გლეხები უძრავად იდგნენ, ქან-დაკებებივით მქადაგებელზე თვალმიშტერებულები, მაგრამ მალე მადმუაზელ დე ვერნეიმ შეამჩნია, რომ ეს ყველასთვის საერთო პოზა ერთგვარი მაგნეტიზმით იყო გამოწვეული. აბატმა ბრბო მოაჯადოვა, დიდი მსახიობების მსგავსად, მან აიყვანა თავისი სამწყსო, რომელიც შენივთდა, რადგან იგი შეეხო მის ვნებასა და პატივმოყვარეობას. წინასწარ შეუნდო ყველა უკიდურესობა, უხსნიდა ერთადერთ ბორკილებს, რომლებიც აკავებდა ამ ხეპრეებს და აიძულებდა, დაეცვათ რელიგიისა და საზოგადოებრივი მორალის მოთხოვნები, პოლიტიკური ინტერესებისთვის მან შეიბღალა ღირსება მღვდელმსახურისა. მაგრამ იმ რევოლუციურ დროს ყველა, თავისი პარტიის სასარგებლოდ, იარაღად აქცევდა ყველაფერს, რაც გააჩნდა. იესოს მშვიდობიანი ჯვარიც კი ომის იარაღად იქცეოდა, ისევე როგორც მარჩენალი გუთნის სახნისი. რაკი ირგვლივ არავინ ჰყავდა, მისი აზრები რომ გაეგო, მადმუაზელ დე ვერნეი შეტრიალდა ფრანსინისთვის შესახედად და ძალიან გაუკვირდა, როცა დაინახა, რომ გოგონა საერთო ენთუზიაზმს ინაწილებდა: კრძალვით ლოცულობდა. - ფრანსინ, - წასჩურჩულა მადმუაზელ დე ვერნეიმ, - მაშ, შენც გეშინია ურჯულო არ გახდე? - ოო, მადმუაზელ, - უპასუხა ბრეტონელმა გოგონამ, - შეხედეთ, პიერის დედა დადის! ფრანსინის სახე და პოზა ისეთ ღრმა რწმენას გამოხატავდა, რომ მარიმ გაიგო საიდუმლო არსი ამ ქადაგებისა, მღვდლების ზემოქმედება სოფელზე და იმ სცენის გასაოცარი ეფექტი, იმ წუთში რომ თამაშდებოდა. საკურთხეველთან ახლოს მდგომი გლეხები თითო-თითოდ მიდიოდნენ მღვდელთან. დგებოდნენ მუხლებზე და აწვდიდნენ თავიანთ თოფებს. ის კი საკურთხეველზე აწყობდა. დაასხი-კუტალმაც საჩქაროდ მიაწოდა საკურთხებლად თავისი ძველი ორლულიანი თოფი. სამივე მღვდელმა დაიწყო ჰიმნის გალობა „Veni Criatos“, მან, ვინც მესას ატარებდა, სიკვდილის იარაღი მოლურჯო ბოლში გაახვია, სასაკმევლეს აქნევდა და მისი მოხაზული ზიგზაგები ერთმანეთს ერწყმოდა. როცა ნიავმა საკმევლის ბოლი გაფანტა, თოფები პატრონებს დაურიგეს. თოფი ყოველმა შუანმა მღვდლისგან მიიღო, თან ლათინურად ლოცვას რომ კითხულობდა. როცა ყველა ისევ შეიარაღდა და თავისი ადგილი დაიკავა, ღრმა და მანამდე მდუმარე ენთუზიაზმი მგზნებარედ და თან გულის ამაჩუყებლად გამოვლინდა. - Domine, Salvum, fac regem... მღვდელმა დაიწყო გალობა ძლიერი, მჟღერი ხმით და ყველა აჰყვა რაღაცნაირი გაშმაგებით და ორჯერ იმღერეს. ამ მღერაში რაღაც საზარელი და საომარი სულისკვეთება ისმოდა. ორი ნოტი, სიტყვა Regem-ზე რომ მოდიოდა, გლეხებმა ადვილად გაიგეს და ისე დასჭექეს, რომ გრძნობამორეული მადმუაზელ დე ვერნეი გონებით ბურბონების განდევნილ დინასტიასთან წავიდა. ამ მოგონებებმა თავისი წარსული გაუღვიძეს. მეხსიერებაში აღუდგა სასახლის დღესასწაულები, სხვა ქვეყნებსაც რომ მოედო. სადაც ყოველთვის ბრწყინავდა. ამ ოცნებებში მარკიზის სახემაც გაიელვა და მაშინ მარის გადაავიწყდა მის თვალწინ მომხდარი და, ქალისთვის ჩვეული აზრთა მდინარების სწრაფი ცვლით, შურისძიების გეგმებს დაუბრუნდა, რისთვისაც სიცოცხლეს რისკავდა და რომელიც შეიძლებოდა, ერთ წამში დანგრეულიყო. მოუნდა თავისი ცხოვრების ყველაზე გადამწყვეტ მომენტში მშვენიერი ყოფილიყო, გაახსენდა, რომ არაფერი ჰქონდა სამეჯლისო ვარ-ცხნილობის დასამშვენებლად და მოუნდა, ბაძგის ტოტით შეემკო თავი, რადგან მოეწონა მისი თავნება ფოთლები და წითელი ნაყოფი. - ოჰო, ახლა ჩემმა თოფმა შეიძლება ნადირობისას მიმტყუნოს, მაგრამ ლურჯებთან - არა!.. არასოდეს! - დაასხი-კუტალმა კმაყოფილებით გადააქნია თავი. მარი დააკვირდა თავის გამყოლს და აღმოაჩინა, რომ ტიპური სახე ჰქონდა, ისეთივე, როგორც ყველა იმას, ვინც იქ ნახა. აზრები ამ ბებერ შუანს ალბათ ბავშვისაზე მეტი არ ჰქონდა. თავის თოფს რომ დასცქეროდა, მიამიტური სიამოვნებისგან ლოყებსა და შუბლზე ნაოჭები გაუჩნდა, მაგრამ რელიგიური ფანატიზმი გახარებულ გამომეტყველებას სისასტიკის ელფერს აძლევდა და წამით ამ ველურის სახეზე ცივილიზაციის ბიწიერებამ გადაირბინა. მალე მგზავრებმა სოფელს, ანუ დაასხი-კუტალის ქოხის მსგავს ოთხ-ხუთ ქოხს მიაღწიეს და როცა მადმუაზელ დე ვერნეი კარაქიანი პურითა და რძით საუზმობას ამთავრებდა, ახლად მოქცეული შუანებიც მოადგნენ სოფელს. ამ არეულ-დარეულ რაზმს რექტორი მოუძღოდა, დროშად ქცეული ტლანქი ჯვრით, უკან კი ამაყად მოჰყვებოდა ახალგაზრდა შუანი, თავისი მრევლის საეკლესიო დროშით ხელში. მადმუაზელ დე ვერნეი შეუერთდა ამ ჯარს. რაკი ისინიც სემ-ჯემსში მიდიოდნენ და, ცხადია, მის მცველებად იქცნენ, რადგან დაასხი-კუტალს, მისდა საბედნიეროდ, წამოსცდა და რაზმის უფროსს უთხრა, რომ ლამაზმანი, რომლის გამყოლიც თვითონ იყო, ვაჟკაცის მეგობარია. მზის ჩასვლისთვის მოგზაურები ჩავიდნენ სენ-ჯემსში, პატარა ქალაქში, რომელიც თავის სახელს ინგლისელებს უნდა უმადლოდეს, ბრეტანში თავიანთი ბატონობისას, მეთოთხმეტე საუკუნეში რომ ააშენეს. ქალაქის შესასვლელში მადმუაზელ დე ვერნეიმ უცნაური სამხედრო სცენა დაინახა, მაგრამ განსაკუთრებული ყურადღება არ მიუქცევია, შიშობდა, მტერთაგან ვინმეს არ ეცნო და ჩქარობდა, ქალაქში შესულიყო. მინდორში ხუთი-ექვსი ათასი გლეხი იყო დაბანაკებული. მათი ტანსაცმელი პელერინის ტყეში გაქცეული ახალწვეულებისას რომ ჰგავდა, ომზე ფიქრსაც კი გამორიცხავდა. ეს ხმაურიანი ბრბო ბაზრობას უფრო მოგაგონებდათ, კარგად უნდა დაკვირვებოდით, რათა გაგერჩიათ, რომ ეს ბრეტონელები თოფებით იყვნენ შეიარაღებულები, რადგან სხვადასხვა „თარგით“ გამოჭრილი მათი თხის ტყავები თითქმის მალავდნენ მათ კარაბინებს და ყველაზე შესამჩნევი იარაღი ცელები იყო. ამ ჯგროში ზოგი ჭამდა და სვამდა, ზოგი ჩხუბობდა და ძიძგილაობდა, უმრავლესობას კი მიწაზე გაშხლართულს ეძინა. არაფერს ეტყობოდა წესრიგი და დისციპლინა... მადმუაზელ დე ვერნეის ყურადღება წითელმუნდირიანმა ოფიცერმა მიიქცია, ინგლისის ჯარიდან რომ ეგონა. ცოტა მოშორებით, ორი სხვა ოფიცერი, როგორც ჩანს, სხვებზე უფრო გონიერ რამდენიმე შუანს ზარბაზნის ხმარებას ასწავლიდა. ზარბაზანი ორი იყო, ალბათ მთელი არტილერია როიალისტების მომავალი არმიისა. მარინეის მრევლის ახალგაზრდობის გამოჩენამ, საეკლესიო ბაირაღით რომ იცნეს, დიდი ღრიანცელი გამოიწვია. ამ რაზმისა და მღვდლების გამოჩენით გამოწვეული ალიაქოთით ისარგებლა მადმუაზელ დე ვერნეიმ და ბანაკის გავლით მშვიდობიანად ჩააღწია ქალაქამდე. მივიდა ულაზათო სასტუმრომდე, იმ სახლთან ახლოს რომ იყო, სადაც მეჯლისი ეწყობოდა. იმდენი ხალხი მოაწყდა ქალაქს, რომ ძლივს იშოვა ამ სასტუმროში პატარა ოთახი. როცა მოეწყო, დაასხი-კუტალი გამოეცხადა, ფრანსინს მისი ქალბატონის სამეჯლისო ტანსაცმელი გადასცა მუყაოს ყუთით და გაუბედავი, მოლოდინის პოზაში გაჩერდა ზღურბლზე. სხვა დროს მადმუაზელ დე ვერნეი გაერთობოდა იმის ყურებით, როგორ იქცევა ბრეტონელი გლეხი თავისი სამრევლოს გარეთ, აქ კი საჩქაროდ გამოაფხიზლა გარინდებიდან, საფულიდან ამოიღო ოთხი ეკიუ და თავის გამცილებელს გაუწოდა. - აჰა, აიღე და, ძალიან გთხოვ, დაუყოვნებლივ დაბრუნდი ფუჟერში. ოღონდ ბანაკზე ნუ გაივლი და არც კი იფიქრო სიდრის დალევა. შუანმა გამოართვა ფული და ასეთი გულუხვობით გაკვირვებული ხან ოთხ ეკიუს შესცქეროდა, ხან მადმუაზელ დე ვერნეის, რომელმაც ხელი აუქნია და ისიც გაქრა. - გაისტუმრეთ, მადმუაზელ? როგორ შეიძლებოდა? ნუთუ ვერ შენიშნეთ, რომ ქალაქი გარშემორტყმულია. აქედან როგორ გავალთ? ვინ დაგვიცავს? - შენი დამცველი განა აქ არ არის? - ეშმაკური, დამცინავი სახით ჩუმად დაუსტვინა, თან იარე-მიწაზეს სიგნალს და მიმოხვრას ბაძავდა. ფრანსინი გაწითლდა და ნაღვლიანად გაეღიმა თავისი ქალბატონის მხიარულებაზე. - ჰო, აბა, სად არის თქვენი დამცველი? მადმუაზელ დე ვერნეიმ ხანჯალი იშიშვლა, ბრეტონელმა გოგონამ ხელები გაასავსავა და შეშინებული დაეშვა სკამზე. - აქ რისთვის ჩამოხვედით, მარი? - წამოიძახა ვედრებით, ისე, რომ პასუხს არ ითხოვდა. მადმუაზელ დე ვერნეი კი უკვე ხრიდა ბაძგის ტოტებს და ამბობდა: - რა ვიცი, კარგი იქნება თმაში ბაძგი თუ არა? ჩემი პირის კანის პატრონმა ალბათ შეიძლება მუქი სამშვენისი მოიხდინოს, როგორ ფიქრობ, ფრანსინ? კიდევ რამდენიმე მსგავსი ფრაზა თქვა, სანამ იცვამდა, რაც მის უზრუნველობას მიანიშნებდა. ვინც კი გაიგებდა მის ნათქვამს, ვერ დაიჯერებდა, რომ მისთვის გადამწყვეტი წუთი დამდგარიყო და სიკვდილს ეთამაშებოდა. ინდური მუსლინის საკმაოდ მოკლე კაბა, გეგონებოდათ, სველი ქსოვილიაო, ხაზს უსვამდა მისი შნოიანი სხეულის ლამაზ ხაზებს. ზემოდან წითელი მოსასხამი მოირგო, უამრავი ნაკეცი, ნელ-ნელა რომ გრძელდებოდა თეძოებისკენ, ბერძნული ტუნიკასავით ლამაზ ნახევარწრედ ლაგდებოდა. კერპთაყვანისმცემელი ქურუმი ქალის დიდებული სამოსი ფარავდა თამამ მორთულობას, იმდროინდელი მოდა რომ სთავაზობდა ქალებს. სითამამის შესანიღბად, მარი ტუნიკის ღრმად ამოჭრილ გულისპირს და შიშველ თეთრ მხრებს გაზის ქსოვილით იფარავდა. გრძელი ნაწნავები კეფაზე კვანძივით ისე დაილაგა, რომ მომრგვალებულბოლოიანი კონუსი გამოვიდა, თავის ფორმას ხელოვნურად რომ აგრძელებდა და განსაკუთრებულ გრაციას ანიჭებდა, ზოგიერთი ანტიკური ქანდაკების მსგავსად. თმა შუბლზე ჩამოშლოდა და გრძელ, პრიალა კულულებად ეშვებოდა ლოყებთან. ასეთი სამოსითა და ვარცხნილობით მარი საოცრად ჰგავდა ანტიკური ქანდაკების სახელგანთქმულ შედევრებს. ღიმილით მოიწონა თავისი ვარცხნილობა, ვინაიდან ყველა ეშმაკობა ხაზს უსვამდა მისი სახის მშვენიერებას, დაიხურა თავზე ბაძგის გვირგვინი და სიამოვნებით შენიშნა, რომ მისი წითელი ნაყოფი მშვენივრად ეხამებოდა მისი ტუნიკის ფერს. ზოგიერთი ფოთოლი ისე შეაბრუნა, რომ ზედაპირისა და უკუღმა მხრის შეფერილობის კონტრასტი გამოჩენილიყო. მადმუზელ დე ვერნეიმ, ეფექტურობის შესაფასებლად, სარკეში შეათვალიერა თავისი მორთულობა. - არა, ამ საღამოს საშინელი ვარ! - ისე თქვა, თითქოს მლიქვნელებით იყო გარშემორტყმული, - თავისუფლების ქანდაკებას ვგავარ!.. მერე ფრთხილად ჩაიყო ხანჯალი კორსაჟში ისე, რომ შუაში ლალებით მორთული ტარი მოაქცია: მის ლივლივს ხალხის ყურადღება უნდა მიეპყრო განძისთვის, ასე რომ შებღალა მისმა მეტოქემ. ფრანსინმა ვერ გაუშვა მარტო თავისი ქალბატონი. როცა დაინახა, მარი გასვლას აპირებდა, ათასი საბაბი მოიგონა მის გასაცილებლად და ყველა დაბრკოლება უხსენა, რის გადალახვაც შეიძლება დასჭირდეს ქალს, როცა ქვემო ბრეტანში, პატარა ქალაქში მიდის ზეიმზე. ვინ გახდის მადმუაზელ დე ვერნეის მოსასხამს და ზედა ფეხსაცმელს, ტალახისა და ნაკელისაგან თავის დასაცავად რომ დასჭირდა, თუმცა ქუჩას ქვიშა დააყარეს? გაზის პირბადეც უნდა მოხსნას, შუანების თვალთგან რომ იფარავს მის სახეს, რადგან ცნობისმოყვარეობამ მიიზიდა ისინი იმ სახლისკენ, სადაც ზეიმი უნდა ჩატარებულიყო. მართლაც, ქუჩაში იმდენი ხალხი იყო, რომ შუანების ორ მწკრივს შორის მოუხდათ გავლა. ფრანსინი აღარ ცდილობდა, გადაეთქმევინებინა თავისი ქალბატონისთვის, მაგრამ როცა გაუსწორა მორთულობა, რომლის ხიბლი მის ორიგინალურობაში იყო და უკანასკნელად შეავლო ხელი, ეზოში დარჩა. ბედის ანაბარა რომ არ დაეტოვებინა და, საჭიროების შემთხვევაში, დასახმარებლად მივარდნილიყო. საბრალო ბრეტონელი ქალი მხოლოდ უბედურებებს ხედავდა წინ. იმ დროს, როცა მარი დე ვერნეი ზეიმზე მიდიოდა, მონტორა-ნის პალატაში საკმაოდ უცნაური რამ ხდებოდა. ახალგაზრდა მარკიზმა, ის იყო, ჩაცმა დაამთავრა და განიერ წითელ ლენტს იკეთებდა - მომავალ შეკრებაზე მისი პირველობის განმასხვავებელ ნიშანს, ოთახში აფორიაქებული აბატი გიუდენი შევიდა. - ჩქარა წამოდით, მარკიზო, მხოლოდ თქვენ შეგიძლიათ ქარიშხლის ჩახშობა, თქვენს უფროსებს შორის რომ იფეთქა რატომღაც. მეფის სამხედროს მიტოვებაც კი უნდათ. მე მგონი ის სატანა რიფოელია ალიაქოთის მიზეზი. ასეთ ჩხუბს ყოველთვის უმნიშვნელო რამე იწვევს! ამბობენ, თითქოს მადამ დიუ გამ შენიშვნა მისცა რიფოელს, რომ მეჯლისზე ძალიან უშნოდ ჩაცმული მოვიდა. - გადარეული ქალი! - წამოიძახა მარკიზმა - გადაწყვიტა მოთხოვნა. - შევალიე დე ვისარმა, - გააწყვეტინა გიუდენმა და გააგრძელა, - უპასუხა, რომ მეფის სახელით დანაპირები ფული რომ მიეცათ... - საკმარისია, აბატო... ყველაფერი გასაგებია, ეს სცენა წინასწარ მომზადდა. ხომ ასეა? თქვენ კი დესპანად გამოგგზავნეს... - მე, მარკიზო? - ისევ გააწყვეტინა აბატმა, - პირიქით, მე მტკიცედ დაგიჭერთ მხარს და თქვენც, იმედი მაქვს, ჩემ მიმართ სამართლიანი იქნებით და დაიჯერებთ, რომ საფრანგეთში საკურთხევლის აღდგენა, მეფის მისი წინაპრების ტახტზე აღდგენა ჩემი მცდელობისთვის ბევრად უფრო მიმზიდველი ჯილდოა, ვიდრე რენის ეპისკოპოსის წოდება, თქვენ რომ მე... აბატმა ვეღარ გაბედა სათქმელის გაგრძელება, რადგან ამ სიტყვებზე მარკიზმა მწარედ ჩაიცინა. ახალგაზრდა მეთაურმა მაშინვე უკუაგდო ნაღვლიანი ფიქრები, მკაცრი გამომეტყველება მიიღო და აბატს გაჰყვა ოთახში, საიდანაც ბრაზიანი ლაპარაკი ისმოდა. - მე აქ არავის ძალაუფლებას არ ვაღიარებ, - ყვიროდა რიფოელი, მოელვარე თვალებით უყურებდა ირგვლივ ყველას და წამდაუწუმ ხმლის ვადაზე იტაცებდა ხელს. - საღი აზრის ძალაუფლებასაც არ აღიარებთ? - ცივად ჰკითხა მარკიზმა. ახალგაზრდა შევალიე დე ვისარი, მამაპაპისეული სახელით რიფოელად ცნობილი, კათოლიკური არმიის მათაურის დანახვაზე დადუმდა. - რამე მოხდა, ბატონებო? - იკითხა ახალგაზრდა მეთაურმა და მოკამათეების გამძვინვარებულ სახეებს დააკვირდა.. - დიახ, მოხდა, მარკიზო, - უპასუხა ცნობილმა კონტრაბანდისტმა, შეცბუნებულმა როგორც მდაბიომ, დიდებულის წინაშე რომ აღმოჩნდება, თავიდან ცრუ მოსაზრებებით შებოჭილია, მერე გადააბიჯებს დაბრკოლებას, ზღუდეს, მას რომ აშორებს დიდებულისაგან, თავის ტოლს დაინახავს მასში და უკვე ყველანაირი ზღვარი იშლება, - დიახ, რაღაც მოხდა, - გაიმეორა მან, - და ძალიან დროულად მოხვედით. მაამებელი ლაპარაკი არ მეხერხება და პირდაპირ გეტყვით. წინა ომში ხუთასკაციან რაზმს ვხელმძღვანელობდი. მერე ისევ ავიღეთ იარაღი ხელში, მეფის სამსახურისთვის მოვაგროვე ათასი კაცი, ჩემსავით ჯიუტები არიან. აი, უკვე შვიდი წელია, რაც თავს ვწირავ მართალი საქმისთვის. არაფერს გსაყვედურობთ, მაგრამ ხომ იცით, ყველა შრომა მოითხოვს ანაზღაურებას. მაშ ასე, ჯერ ერთი, მინდა, რომ დამიძახონ ბატონი დე კოტრო და მინდა, რომ მომცენ პოლკოვნიკის ჩინი, თორემ მოვურიგდები პირველ კონსულს და ვაღიარებ დანაშაულს. იცით, ბატონო მარკიზო, მე და ჩემს ხალხს საშინელი გულისგამაწყალებელი კრედიტორი გვყავს და მისი მოთხოვნები აუცილებლად უნდა დაკმაყოფილდეს!.. აი, ეს, - დაუმატა კონტრაბანდისტმა და მუცელზე დაირტყა ხელი. - მევიოლინეები უკვე მოვიდნენ? - დამცინავად ჰკითხა მადამ დიუ გას. მაგრამ კონტრაბანდისტი უხეშად შეეხო ამ, როგორც ანგარიშიანი, ასევე, პატივმოყვარე ხალხისთვის მეტისმეტად მნიშვნელოვან თემას, ძალიან დიდხანს რომ ელოდნენ მეფის დანაპირებს და დასტურს და ამიტომ მათი ახალგაზრდა მეთაურის შეურაცხმყოფელმა კითხვამ ვერ აუგდო კითხვა ბანზე. ფიცხმა ჭაბუკმა დიუ ვისარმა სწრაფად გადაუღობა გზა მონტორანს და ხელი სტაცა, რომ არ წასულიყო. - ფრთხილად იყავით, მარკიზო! მეტისმეტად აგდებულად ექცევით ხალს, რომელსაც უფლება აქვს იმ პირის მადლიერებისა, ვისი წარმომადგენელიც თქვენ ბრძანდებით. ჩემთვის ცნობილია, რომ მისმა უდიდებულესობამ უფლება მოგცათ, განდოთ, დაადგინოთ ჩვენი დამსახურება, რომლისთვისაც ჯილდო გვეკუთვნის... დედამიწაზე ან იმქვეყნად, ჩვენ ხომ ეშაფოტი ყოველდღე გველის. ჩემზე კი, გეტყვით, რომ გენერალ-მაიორის ჩინი... - პოლკოვნიკი უნდა გეთქვათ? - არა, მარკიზო, შარეტმა უკვე მომანიჭა პოლკოვნიკობა, ჩემი უფლება იმ ჩინზე, რომელზეც გელაპარაკებით, სრულიად უდავოა და ახლა მე ჩემზე კი არ გელაპარაკებით, არამედ ყველა ჩემს მამაც თანამებრძოლზე, რადგან მათი დამსახურება უნდა დადასტურდეს. ამისთვის თქვენი ხელმოწერაა საკმარისი და გარკვეულ დრომდე დაპირებით დაკმაყოფილდებიან. და უნდა ვაღიაროთ, - ჩურჩულით დაუმატა დიუ ვისარმა, - რომ ეს ძალიან ცოტაა.მაგრამ, - გააგრძელა ხმამაღლა, - როცა ვერსალში მზე ამობრწყინდება და მონარქიის ბედნიერ დღეებს გაანათებს, განა ადვილი იქნება ერთგული ხალხისთვის, რომლებიც ეხმარებოდნენ მეფეს საფრანგეთში საფრანგეთის დაპყრობაში, ადვილი იქნება მათთვის, წყალობა მოიპოვონ თავიანთი ოჯახებისთვის, პენსიები ქვრივებისთვის, მიწებისა და სხვა ქონების დაბრუნება, მათ რომ ჩამოართვეს. არა მგონია! ამიტომ, მარკიზო, სრულიადაც არ იქნება ზედმეტი მათი დამსახურების წერილობითი დადასტურება. არასოდეს შემეპარება ეჭვი მეფეში, მაგრამ ვერ ვენდობი მის მინისტრებსა და დიდებულებს. ეს გაიძვერები ყურებს გამოუჭედავენ სახელმწიფოს სიკეთეზე, საფრანგეთის ღირსებაზე, გვირგვინის ინტერესებზე და მრავალ სხვა სისულელეზე, მაგრამ რომელიმე პატიოსან ვანდეელს ან მამაც შუანს დასცინებენ მხოლოდ იმიტომ, რომ ის უკვე ბებერი იქნება, ხმალი, სამართლიანობისთვის რომ იშიშვლა, გაჭირვებისგან გამხმარ ფეხებში მოედება... აბა, თქვენ გგონიათ, რომ მართლი არ ვარ? - შესანიშნავად ლაპარაკობთ, მესიე დიუ ვისარ, მაგრამ მეტისმეტად ადრე ლაპარაკობთ, - უპასუხა მარკიზმა. - მისმინეთ, მარკიზო, - ჩუმად უთხრა გრაფმა დე ბოვანმა, - ღმერთმანი, რაფოელმა ყველაფერი ძალიან სწორად თქვა. სრულიად დარწმუნებული შეგიძლიათ იყოთ, რომ მეფე ყურს დაგიგდებთ. თქვენ ხომ ნახავთ ხოლმე და, გულახდილად გეტყვით, თუ აზნაურის პატიოსან სიტყვას არ მომცემთ, რომ თავის დროზე მომიხერხებთ საფრანგეთის ობერ-ეგერმეისტრის თანამდებობას, რა ჯანდაბისთვის ჩავიგდო თავი საფრთხეში? მეფისთვის ნორმანდიის დაპყრობაც სახუმარო საქმე არ არის, ამიტომ ორედნის იმედიც მაქვს. თუმცა, - დაუმატა და გაწითლდა, - ამ ყველაფერზე კიდევ მოვასწრებთ ლაპარაკს. ღმერთმა დამიფაროს, ამ ხეპრეებივით თავი მოგაბეზროთ. დაელაპარაკეთ ჩემზე მეფეს და ჩემთვის ეს საკმარისია. ყოველმა მეთაურმა მეტ-ნაკლებად ეშმაკური ფორმა იპოვა მარკიზისთვის დამსახურების დაფასების, სავარაუდო მოლოდინის სათქმელად. ერთი მოკრძალებულად ითხოვდა ბრეტანის გუბერნატორის პოსტს, მეორე - მამულს და ბარონის ტიტულს, მესამე - ჩინს, მეოთხე - მეთაურობას. ყველას უნდოდა პენსია. - და თქვენ, ბარონო? - მიუბრუნდა მარკიზი დიუ გენიკს, - ნუთუ არაფერი გინდათ? - ღმერთმანი, მარკიზო, ამ ბატონებმა საფრანგეთის გვირგვინის გარდა არაფერი დამიტოვეს, რა გაეწყობა, დავჯერდები ამას! - ეჰ, ბატონებო! - დასჭექა აბატმა გიუდენმა, - როგორ გეჩქარებათ! გამარჯვების დღეს თქვენი სულსწრაფობით ყველაფერს გააფუჭებთ. მეფემ რევოლუციონერებსაც ხომ უნდა უწყალობოს რამე? - იაკობინელებს, - წამოიძახა კონტრაბანდისტმა, - მეფე რომ ნებას მომცემდეს, ვპირდები, ჩემი ათასი კაცი ჩამოახრჩობდა სუყველას და უცებ მოვიშორებდით თავიდან. - მესიე დე კონტრო, - ჩაერია მარკიზი, - ვხედავ, სტუმრები უკვე მოდიან. ჩვენ ერთმანეთს გულმოდგინებასა და ზრუნვაში უნდა შევეჯიბროთ, ეს ხალხი მოვიმხროთ ჩვენს წმინდა საქმეში სათანამშრომლოდ. გესმით ალბათ, რომ რამდენად სამართლიანიც უნდა იყოს თქვენი თხოვნა, ახლა ამის დრო არ არის. ამ სიტყვებით, მარკიზი გაეშურა კარისკენ, თითქოს ადგილობრივ დიდებულთა შესახვედრად, მაგრამ თამამმა კონტრაბანდისტმა მორჩილი და მოწიწებული სახით გზა გადაუღობა. - არა, არა, ბატონო მარკიზო, ბოდიშს გიხდით, მაგრამ იაკობინელებმა 1793 წელს ძალიან კარგად გვასწავლეს, რომ ვინც პურს იმკის, ის არ ჭამს ნამცხვარს. ამ ქაღალდზე მომიწერეთ ხელი და ხვალ ათას ხუთას კაცს მოგიყვანთ, თუ არა, პირველ კონსულს მოველაპარაკები. მარკიზმა ამაყად მიმოიხედა და დაინახა, რომ ბებერი შუანის თავხედურმა სიტყვებმა და მტკიცე ტონმა არავინ აღაშფოთა. ერთადერთი კაცი იჯდა კუთხეში, არავითარ მონაწილეობას არ იღებდა ამ სცენაში და მშვიდად ტენიდა თიხის ჩიბუხს. ხარბი ორატორებისადმი აშკარა სიძულვილს გამოხატავდა, მორიდებულმა პოზამ და თანაგრძნობამ მის მზერაში რომ დაიჭირა მარკიზმა, აიძულა, ყურადღება მიექცია ამ უანგარო კაცისთვის. მაიორი ბრიგო იცნო, როიალისტების წინამძღოლი. სწრაფად მიუახლოვდა. კარი IV - და შენ? შენ რაღას მოითხოვ? - ოო, ბატონო მარკიზო, მეფე თუ დაბრუნდება, კმაყოფილი ვიქნები. - შენთვის? - ჰო, ჩემთვის... ხუმრობთ? მარკიზმა დაკოჟრებული ხელი ჩამოართვა ბრეტონელს, მიუახლოვდა მადამ დიუ გას და უთხრა: - ქალბატონო, სანამ ბრეტანის კათოლიკური არმიის შესახებ ზუსტ ანგარიშს მივუტანდე მეფეს, შეიძლება დავიღუპო ბრძოლაში. თუ რესტავრაციას მოესწრებით, არ დაგავიწყდეთ ეს წესიერი კაცი და არც ბარონი დიუ გენიკი. ეს ორი უფრო თავდადებულია, ვიდრე ყველა დანარჩენი. და მიუთითა წინამძღოლებზე, მოუთმენლად რომ ელოდნენ, როდის შეუსრულებდა მარკიზი თხოვნას. ყველას რაღაც გაშლილი ქაღალდი ეჭირა ხელში, ეტყობა, მათი დამსახურების დადასტურება, წინა ომების გენერლების დამადასტურებელი ხელმოწერებით. ამ ბრბოში აბატი გიუდენი, გრაფი დე ბოვენი და ბარონი დიუ გენიკი თათბირობდნენ, როგორ ეშველათ მარკიზისთვის, უარი ეთქვა გაზვიადებულ პრეტენზიებზე, რაკი ხედავდნენ, რა რთულ მდგომარეობაში ჩააყენეს. უცებ მარკიზმა ირონიით მოციმციმე ცისფერი თვალები მოავლო შეკრებილ ხალხს და მკაფიოდ განაცხადა: - ბატონებო, არ ვიცი, რამდენად დიდია ჩემი უფლებამოსილება, მეფემ რომ ინება, ებოძებინა იმისათვის, რომ შევძლო თქვენი თხოვნის დაკმაყოფილება! იქნებ ასეთ თავგამოდებას და ერთგულებას არ მოელოდა. ახლავე, თქვენ თვითონ განსაჯეთ ჩემი მოვალეობანი და იქნებ მოვახერხო მათი შესრულება. გავიდა და მალევე დაბრუნდა ხელში მეფის ბეჭდიანი და ხელმოწერილი გაშლილი წერილით. - აი, სიგელი, რომლის თანახმადაც ვალდებული ხართ, დამემორჩილოთ. ეს საბუთი უფლებას მაძლევს, მეფის სახელით ვმართო ბრეტანი, ნორმანდია, მანი და ანჟუ და დავადგინო მეფის არმიის ოფიცერთა დამსახურებანი. კმაყოფილების დუდუნმა გადაუარა ხალხს. შუანები მარკიზისკენ წამოვიდნენ და მოწიწებით შემოეხვივნენ. ყველა მეფის ხელმოწერილ სიგელს უყურებდა. ახალგაზრდა წინამძღოლმა, ბუხართან რომ იდგა, საბუთი ცეცხლში ჩააგდო. ქაღალდი აბრიალდა და თვალის დახამხამებაში ჩაინავლა. - მე მინდა, მეთაური ვიყო მათი, ვინც მეფეში მეფეს ხედავს და არა გასაგლეჯ მსხვერპლს. თავისუფალი ხართ, შეგიძლიათ, დამტოვოთ... - მადამ დიუ გამ, აბატმა გიუდენმა, მაიორმა ბრიგომ, შევალიე დე ვისარმა, ბარონმა დიუ გენიკმა, გრაფმა დე ბოვანმა აღფრთოვანებულებმა იყვირეს - გაუმარჯოს მეფეს! თუ დანარჩენები თავს იკავებდნენ ამ შეძახილისგან, მარკიზის კეთილშობილური ჟესტით კმაყოფილები სთხოვდნენ, დაევიწყებინა მათი თხოვნა და არწმუნებდნენ, რომ სიგელის გარეშეც მათი წინამძღოლი იქნებოდა ყოველთვის. - წავედით, ვიცეკვოთ! - წამოიძახა გრაფმა დე ბოვანმა, - და რაც მოხდება, მოხდეს! ბოლოს და ბოლოს, - დაუმატა მან, - მეგობრებო, უკეთესია, მივმართოთ ღმერთს, ვიდრე მის წმინდანებს. ჯერ ვიბრძოლოთ, მერე გამოჩნდება. - აა, აი ეს სწორია. მაპატიეთ, ბარონო, - ჩუმად უთხრა ბრი-გომ ერთგულ დიუ გენიკს, - არასოდეს მინახავს, დღის საქმის საფასურს დილიდან ითხოვდნენ. სტუმრები გაიფანტნენ სალონებში, სადაც რამდენიმე კაცი უკვე შეკრებილიყო. მარკიზი ამაოდ ცდილობდა, დაემალა ნაღველი, ჩანდა, მეთაურებმა შენიშნეს, როგორ იმოქმედა იმ სცენამ ადამიანზე, რომლის ერთგულებასაც ჯერ ისევ სდევდა ჭაბუკური ლამაზი ილუზიები და შერცხვათ. დამათრობელმა სიხარულმა მოიცვა როიალისტთა პარტიის ყველაზე აღტაცებული წევრები, რომელთაც ამბოხებულ მიყრუებულ პროვინციებში არასოდეს შეეძლოთ რევოლუციური მოვლენების სწორად შეფასება და სრულიად უსაფუძვლო იმედებს რეალურად იღებდნენ. გაბედულმა სამხედრო ოპერაციებმა, მონტორანმა რომ წამოიწყო, მისმა სახელმა, ქონებამ, მისმა ნიჭმა, მხნეობა შემატა ყველას და პოლიტიკური, ყველაზე სახიფათო თრობა გამოიწვია, რადგან მისი გაგრილება, განელება მხოლოდ სისხლის ნაკადს შეუძლია, როგორც წესი, ამაოდ დაღვრილს. იქ შეკრებილთათვის რევოლუცია საფრანგეთის სამეფოში წარმავალი არეულობა იყო, რომელიც ვერაფერს დააკლებდა და შეცვლიდა. ეს სამეურნეო მხარე ჯერ ისევ ბურბონებს ეკუთვნოდა. როიალისტები იქ განუყოფლად ბატონობდნენ, იმდენად, რომ ოთხი წლის წინ ოშმა უფრო ზავს მიაღწია, ვიდრე მშვიდობას. დიდგვაროვანნი არასერიოზულად უდგებოდნენ რევოლუციონერებს. მათთვის ბონაპარტი იგივე მარსი იყო, ოღონდ უფრო იღბლიანი, ვიდრე მისი წინამორბედი. ქალები დიდი სიხარულით ემზადებოდნენ საცეკვაოდ. მხოლოდ რამდენიმე მეთაურმა, ადრეც რომ უბრძოლიათ ლურჯებთან, იცოდა, ახლანდელი კრიზისი რამდენად სერიოზული იყო. ისიც იცოდნენ, რომ ჩამორჩენილ თანამემამულეებთან პირველ კონსულზე და მის ძლიერებაზე ლაპარაკი უსარგებლო იყო, ვერ გაიგებდნენ და ერთმანეთს ესაუბრებოდნენ, თან გულგრილად უყურებდნენ ქალებს, რომლებიც სამაგიეროს იმით უხდიდნენ, რომ ერთმანეთს გულმოდგინედ აკრიტიკებდნენ. მადამ დიუ გამ მასპინძლობა იკისრა და ცდილობდა, მოცეკვავე ქალების გაღიზიანება დაეშოშმინებინა იმით, რომ რიგრიგობით ყველას ჩვეულებრივ ქათინაურს ეუბნებოდა. უკვე ისმოდა ინსტრუმენტების მკვეთრი ხმები, მუსიკოსები რომ აწყობდნენ. როცა მადამ დიუ გამ ჯერ ისევ ნაღვლიანი მარკიზი შენიშნა და სწრაფად წავიდა მისკენ. - მინდა იმედი ვიქონიო, რომ სრულიად ჩვეულებრივი სცენის გამო არ ხართ მოწყენილი, ამ ჩვენ ტეტიებთან რომ გქონდათ. პასუხი არ მიუღია, რადგან მარკიზი ღრმად იყო წასული ფიქრებში და თითქოს ისევ ჩაესმოდა ყურში მარის წინასწარმეტყველური ხმა, მისი მოსაზრება, როცა ვივეტიერში, ამ მოთავეებს შორის, არწმუნებდა, თავი დაენებებინა მეფეების ხალხის წინააღმდეგ ბრძოლისთვის. მაგრამ მაღალი სულის პატრონი იყო, ძლიერ ამაყი, მეტისმეტად მტკიცე, ურყევი შეხედულების, რომ დაწყებული საქმე მიეტოვებინა და ამ წუთში ვაჟკაცურად გადაწყვიტა, მიუხედავად დაბრკოლებებისა, გაეგრძელებინა. ამაყად ასწია თავი და ახლაღა გაიგო, რას ეუბნებოდა მადამ დიუ გა. - გონებით ალბათ ფუჟერში ხართ? - სინანულით უთხრა, რაკი მიხვდა, რომ ამაოდ ცდილობდა მარკიზის გაცნობას, - ოჰ, მესიე, მზად ვარ, მთელი სისხლი გავიღო, ოღონდ თქვენ გვერდით იყოს და ბედნიერს გხედავდეთ მასთან. - აბა, რატომ ესროლეთ ასე მარჯვედ? - რადგან მინდოდა მენახა ან მკვდარი, ან თქვენს მკლავებში. დიახ, ბატონო, შემეძლო მარკიზ დე მონტორანი მყვარებოდა, რადგან მასში გმირს ვხედავდი. ახლა კი მხოლოდ მტკივნეული მეგობრობა დამრჩა, ვხედავ, რომ დიდებას ჩამოაშორა. - სიყვარულს რაც შეეხება, - ირონიულად შენიშნა მარკიზმა, - არასწორად მსჯელობთ ჩემზე! ის გოგო რომ მყვარებოდა, მადამ, ნაკლებად მენდომებოდა.... და, რომ არა თქვენ, ალბათ, აღარც კი ვიფიქრებდი მასზე. - აი, ისიც! - უცებ თქვა მადამ დიუ გამ. მარკიზმა ისე სწრაფად მიატრიალა თავი, რომ საბრალო ქალს საშინლად ეტკინა გული. სანთლების ძლიერ შუქზე ოდნავ ცვლილებასაც კი ხედავდა იმ ადამიანის სახეზე, ასე მგზნებარედ რომ უყვარდა და როცა მოტრიალდა მისკენ, ამ ქალურ ხუმრობაზე მისი გაღიმებული სახე დაინახა, მადამ დიუ გას სულში ბედნიერების დაბრუნების იმედის ნაპერწკალმა გაიელვა. - რაზე იცინით? - ჰკითხა გრაფმა დე ბოვანმა. - გახეთქილ საპნის ბუშტზე, - მხიარულად უპასუხა მადამ დიუ გამ, - მარკიზს, თუკი მის სიტყვებს დაეჯერება, ახლა უკვირს, მისი გული ერთი წამი მაინც როგორ ფეთქავდა იმ გომბიოსთვის, მადმუაზელ დე ვერნეი რომ დაირქვა. გახსოვთ? - იმ გომბიოსთვის?.. - საყვედურით გაიმეორა გრაფმა, - ... ქალბატონო, ბოროტებაში დამნაშავე მე ვარ და უნდა გამოვასწორო; პატიოსან სიტყვას გაძლევთ, რომ ის ქალიშვილი მართლა ჰერცოგ დე ვერნეის ქალიშვილია. - გრაფო! - წამოიძახა მარკიზმა შეცვლილი ხმით, - რომელ თქვენს პატიოსან სიტყვას ვენდოთ - მაშინდელს, ვივეტიერში, თუ დღევანდელს - სენ-ჯემსში? ხმამაღლა გამოაცხადეს: - მადმუაზელ დე ვერნეი. გრაფი კარისკენ გაენთო, დიდი მოწიწებით შესთავაზა ხელი მშვენიერ უცნობს, გაატარა გაკვირვებულ ხალხში და წარუდგინა მარკიზს და მადამ დიუ გას. - დაიჯერეთ მხოლოდ ის, დღეს რაც ითქვა! - უპასუხა გაოგნებულ ახალგაზრდა მეთაურს. მადამ დიუ გა გაფითრდა, როცა ეს თარსი ქალი დაინახა. ერთხანს მადმუაზელ დე ვერნეი გაუნძრევლად იდგა და თვალი მოავლო დარბაზს, სტუმრებს შორის მათ ეძებდა, ვივეტიერში ვინც იყო. დაელოდა მეტოქის იძულებით თავის დაქნევას, მედიდურად, მფარველობითაც კი დაუკრა ოდნავ თავი, მარკიზისკენ არც კი გაუხედავს, დე ბოვანს თავი წააყვანინა საპატიო ადგილამდე და ჩამოჯდა მადამ დიუ გას გვერდით, რომელიც ქალური ინსტინქტით არ გაბრაზებულა და მეგობრული სახე მიიღო. მადმუაზელ დე ვერნეის უცნაურმა სამოსმა და მშვენიერებამ ჩურჩული გამოიწვია. როცა მარკიზმა და მადამ დიუ გამ ვივეტიერის მაშინდელ სტუმრებს გადახედეს, შეამჩნიეს სახეზე გულწრფელი პატივისცემა და თითოეული თითქოს იმაზე ფიქრობდა, როგორ ეპოვნათ ახალგაზრდა პარიზელი ქალის წყალობის მოპოვების საშუალება, ქალისა, ასე რომ შეუარცხყვეს. მტრები შეხვდნენ ერთმანეთს. - ეს ხომ ჯადოქრობაა, მადმუაზელ! მთელს მსოფლიოში მხო-ლოდ თქვენ შეგიძლიათ ხალხის ასე გაოცება! როგორ? სულ მარტო ჩამოხვედით აქ? - სრულიად მარტო, - დაუდასტურა მადმუაზელ დე ვერნეიმ, - ამ საღამოს, ქალბატონო, მხოლოდ ჩემი მოკვლა შეგიძლიათ. - მოიღეთ მოწყალება! - განაგრძო მადამ დიუ გამ, - ვერ გამომიხატავს, როგორ მსიამოვნებს თქვენი ისევ ნახვა. მართლა მაწუხებდა იმაზე ფიქრი, რა დამნაშავე ვიყავი თქვენ წინაშე და ამ შემთხვევას ვეძებდი, გამომესყიდა დანაშაული. - ადვილად გაპატიებთ ყველა შეცდომას, მე რაც მეხება, მაგრამ გულს მიკლავს ლურჯების სიკვდილი, თქვენ რომ დახოცეთ. სხვა რამეც შეიძლებოდა მესაყვედურა, თქვენი მკვახე მანერა კორესპონდენციისა... მაგრამ ყველაფერი მიპატიებია იმ სამსახურის სანაცვლოდ, თქვენ რომ გამიწიეთ. მადამ დიუ გამ თავშეკავების უნარი დაკარგა: მშვენიერი მეტოქე ხელს ჰკიდებდა ხელზე, შეურაცხყოფილი თავაზიანობით უღიმოდა. მარკიზი გახევებული იდგა. მერე უცებ ხელი მაგრად ჩაავლო ხელში გრაფ დე ბოვანს. - უღირსად მომატყუეთ და ღირსებაც კი შემილახეთ. ვიღაც ჟერონტი კი არ ვარ, კომედიიდან. ან თქვენ აგებთ პასუხს თქვენი სიცოცხლით, ან ინებეთ ჩემი. - მარკიზო, - ქედმაღლურად უპასუხა დე ბოვანმა, - მზად ვარ, ყველაფერი აგიხსნათ, რასაც ისურვებთ. და მეზობელი ოთახისკენ გაემართნენ. ამ სცენის საიდუმლოში გაურკვეველი ადამიანებიც კი ხვდებოდნენ, რომ რაღაც ხდება და ვიოლინოებმა ცეკვის დაწყების მანიშნებელი რიტურნელი რომ დაუკრეს, ფეხი არავის მოუცვლია. - მადმუაზელ, რა ასეთი მნიშვნელოვანი სამსახურის გაწევის პატივი მქონდა, რომ დამემსახურებინა... - თქვა მადამ დიუ გამ და გაცოფებულმა მოკუმა ბაგე. - განა თქვენ არ ამიხილეთ თვალი, მადამ, მარკიზ დე მონტორანის ნამდვილ ხასიათზე? ამ საზარელმა ადამიანმა რა გულგრილად გამიმეტა დასაღუპად! დიდი სიამოვნებით გითმობთ. - მაშ, რისთვის ხართ აქ? რას დაეძებთ? - ჰკითხა გაცხარებულმა მადამ დიუ გამ. - პატივისცემასა და ღირსებას, ვივეტიერში რომ წამართვით, ქალბატონო. დანარჩენი ყველაფერი... შეგიძლიათ სრულიად მშვიდად იყოთ. მარკიზი თუნდაც დამიბრუნდეს, თქვენ ალბათ იცით, დაბრუნება არასოდესაა სიყვარული. მადამ დიუ გამ ხელზე მოკიდა ხელი მადმუაზელ დე ვერნეის, იმ განაზებული თავაზიანობით, ქალები მამაკაცების დასანახად რომ იჩენენ ერთმანეთის მიმართ. - ო, ჩემო საბრალო პატარავ, ძალიან კმაყოფილი ვარ, ასე გონივრულად რომ მსჯელობთ. თუ ჩემ მიერ გაწეული სამსახური სასტიკი იყო თავიდან, ახლა სრული მაინც იქნება, - თქვა და ხელზე ოდნავ მოუჭირა ხელი. მაგრამ როგორ უნდოდა ამ უნაზესი კანის დაგლეჯა ფრჩხილებით! - მისმინეთ, ვიცნობ ვაჟკაცის ხასიათს, - უთხრა ცბიერი ღიმილით, - ეჰ, მაინც მოგატყუებდათ, მას არ შეუძლია და არც უნდა არავის შერთვა. - ჰა? - დიახ. მადმუაზელ, სახიფათო მისია მხოლოდ იმისთვის იკისრა, რომ დაემსახურებინა მადმუაზელ დ’იუქსელის ხელი, ალიანსი იყო, რომლისთვისაც მეფე სრულ მხარდაჭერას შეჰპირდა. - აი, თურმე რა! მადმუაზელ დე ვერნეიმ ამ დამცინავ შეძახილს აღარაფერი დაუმატა. ახალგაზრდა, მშვენიერ შევალიე დე ვისარს ერთი სული ჰქონდა, ეპატიებინა მარის მისთვის ხუმრობა, ვივეტიერში შეურაცხყოფის დასაწყისად რომ იქცა, მივიდა მასთან და მოწიწებით გაიწვია საცეკვაოდ. მანაც ხელი გაუწოდა და გაფრთხიალდა კადრილში ჩასადგომად, სადაც მადამ დიუ გაც მონაწილეობდა. ქალების სამეჯლისო კაბები, საფრანგეთიდან განდევნილ სამეფო კარს რომ ახსენებდნენ, მათი დაპუდრული და დახუჭუჭებული თმა სასაცილოდ გამოიყურებოდა დახვეწილი, მდიდრული და სადა კოსტიუმის გვერდით, მადმუაზელ დე ვერნეის მოდის კარნახით რომ ეცვა. ქალები ხმამაღლა კიცხავდნენ, მაგრამ in petto... ნამდვილად შურდათ. მამაკაცები აღფრთოვანებულები იყვნენ ბუნებრივი თმის მშვენიერებითა და სამოსით, რომლის ძირითადი ღირსება ის იყო, რომ ხაზს უსვამდა მის პროპორციულ, წერწეტ ტანს. ამ დროს მარკიზი და გრაფი დარბაზში დაბრუნდნენ. ორივენი მადმუაზელ დე ვერნეის უკან გაჩერდნენ. მარი არ შებრუნებულა. მას თავის პირდაპირ სარკეში რომც არ დაენახა მონტორანი, მადამ დიუ გას ქცევით მაინც მიხვდებოდა, რომ იქ იყო. ქალბატონი ცდილობდა, გულგრილობა შეენარჩუნებინა, მაგრამ ვერ მალავდა, რა მოუთმენლად ელოდა ბრძოლას, ადრე თუ გვიან შეყვარებულებს შორის რომ უნდა ამტყდარიყო. მარკიზი გრაფ დე ბოვანს და ორ სხვა სტუმარს ელაპარაკებოდა, მაგრამ მაინც შეეძლო გაება საუბარი მოცეკვავე ქალებისა და კავალერებისთვის, კონტრდანსის წესის მიხედვით, მადმუაზელ დე ვერნეისა და მისი მეზობლების ადგილი რომ დაიკავეს ერთი წუთით. - ო, ღმერთო ჩემო, დიახ, ქალბატონო, მარტო მოვიდა, - თქვა ერთმა კაცმა. - რა სითამამეა! - უპასუხა მოცეკვავე ქალმა. - ასე რომ მეცვას, თავი შიშველი მეგონებოდა, - თქვა მეორე ქალმა. - ო, თავდაჭერილი და კორექტული კოსტიუმი არ არის. მაგრამ რა ლამაზია, როგორ უხდება! - დაუმატა კავალერმა. - უყურეთ, მე შემრცხვებოდა, ასე უზადოდ რომ ვცეკვავდე, არ გგონიათ, რომ ოპერის მოცეკვავეს ჰგავს? - ისევ ეჭვიანმა ქალმა. - როგორ ფიქრობთ, აქ პირველი კონსულის სახელით სალაპარაკოდ მოვიდა? - ახლა მესამე ქალი ჩაერია. - რა ხუმრობაა, - უპასუხა კავალერმა. - მზითვად უბიწოებას ნამდვილად არ მიიტანს, - სიცილით თქვა პირველმა მოცეკვავემ. ვაჟკაცი უცებ მოტრიალდა, რომ დაინახა ის ქალი, ასეთი ეპიგრამა ვინც გაბედა და მაშინ მადამ დიუ გამ ისეთი სახით შეხედა, აშკარად რომ ნიშნავდა: - ხომ ხედავთ, რასაც ფიქრობენ. - მადამ, - სიცილით უთხრა გრაფმა მარის მოძულეს, - ჯერჯერობით მხოლოდ ქალები ცდილობთ მისი უმანკოების შებღალვას. მარკიზმა გუნებაში ყველაფერი აპატია გრაფს. როგორც იქნა, გაბედა და შეხედა მარკიზმა თავის სატრფოს, რომელიც, რო-გორც თითქმის ყველა ლამაზი ქალი, სანთლის შუქზე კიდევ უფრო მშვენიერი ჩანდა. მარიმ ზურგი შეაქცია, თავის ადგილს დაუბრუნდა და თავის კავალერს დაელაპარაკა, მარკიზის ყურამდე მისმა ალერსიანმა ხმამ მიაღწია. - პირველი კონსული ძალიან სახიფათო ელჩებს გვიგზავნის, - ეუბნებოდა პარტნიორი. - ეგ უკვე ითქვა ვივეტიერში! - უპასუხა მარიმ. - მეფესავით კარგი მეხსიერება გქონიათ, - თქვა ახალგაზრდა კაცმა, უკმაყოფილომ, ასეთი იაღლიში რომ მოუვიდა. - შეურაცხყოფა რომ აპატიო, უნდა გახსოვდეს, - გაუღიმა მარიმ და გამოიყვანა უხერხულობიდან. - ეს ამნისტია ჩვენ ყველას გვეხება? - ჰკითხა მარკიზმა. მაგრამ მარი ბავშვური აღტკინებით გაჰყვა ცეკვის ტალღას და უხერხულ მდგომარეობაში ჩავარდნილი მონტორანი უპასუხოდ დატოვა. ცივად და ნაღვლიანად უყურებდა. ამის დანახვაზე მარიმ თავი დახარა ისეთი კეკლუცი მოძრაობით, რომ კისრის ლამაზი, გრაციოზული მოხაზულობა გამოეჩინა და ყველა ის მოძრაობა გააკეთა, რითაც თავისი სხეულის უბადლო სრულყოფილებას უჩვენებდა. მარი იმედივით იზიდავდა და მოგონებასავით ხელიდან უსხლტებოდა. ასეთ მომენტში მისი ნახვა ნებისმიერ ფასად მისი ხელში ჩაგდების სურვილით გამსჭვალვას ნიშნავდა. მარიმ ეს მშვენივრად იცოდა და თავისი სილამაზის გააზრება წარმოუდგენელ მიმზიდველობას ანიჭებდა. მარკიზი გრძნობდა, როგორ ძლიერდებოდა მის გულში სიყვარულის, მძვინვარებისა და სიგიჟის ქარიშხალი. მან მაგრად მოუჭირა ხელი დე ბოვანს და თვალს მიეფარა. - ოჰ, ნუთუ წავიდა? - იკითხა დაბრუნებულმა მადმუაზელ დე ვერნეიმ. გრაფი გავარდა გვერდით ოთახში, მარის თვალით ანიშნა და მარკიზი მოუყვანა. - ჩემია, - გაიფიქრა მარიმ, სარკეში რომ აკვირდებოდა მის იმედის ნაზი მღელვარებით გაცისკროვნებულ სახეს. მარი გამწყრალი სახით მდუმარედ შეხვდა და ღიმილით დაშორდა. ხედავდა, რომ სხვებს აღემატებოდა და ეამაყებოდა, რომ შეეძლო, ტირანულად მოპყრობოდა, უნდოდა, ძვირად დასჯდომოდა რამდენიმე კეთილი სიტყვა, ეგრძნობინებინა მათი ფასი ქალური ინსტინქტით, მეტ-ნაკლებად ყველა ქალი რომ ემორჩილება. კადრილის დამთავრებისთანავე, ვივეტიერში ნამყოფი ყველა დიდებული მიეახლა, გარს შემოერტყნენ, ყველას უნდოდა დანაშაულის გამოსყიდვა მეტ-ნაკლებად კარგად მოფიქრებული მლიქვნელობით, თავაზიანობით, მაგრამ ის, ვისი ნახვაც ყველაზე მეტად უნდოდა თავის ფეხებთან, თაყვანისმცემელთა ჯგუფს, სადაც იგი მეფობდა, არც კი უახლოვდებოდა. - ჰგონია, რომ ისევ მიყვარს და არ უნდა, გაერიოს ჩემთვის უინტერესო ხალხში, - გაიფიქრა მარიმ. ცეკვაზე უარი თქვა. იტყოდით, მის პატივსაცემად მოწყობილი საღამოაო, გადადიოდა კადრილის მოცეკვავეთა ერთი ჯგუფიდან მეორესთან, გრაფ დე ბოვანის მკლავზე დაყრდნობილი, რომლის მიმართაც აშკარად გამოხატავდა კეთილგანწყობას. მადამ დიუ გას წყალობით, ვივეტიერში მომხდარი ამბები ყველამ დაწვრილებით იცოდა. მან საქვეყნო გახადა მადმუაზელ დე ვერნეისა და მარკიზის ურთიერთობანი, ცდილობდა, ამით მათი შერიგებისთვის დამატებითი დაბრკოლება შეექმნა. ასე რომ, ორი გაბუტული შეყვარებული საყოველთაო ყურადღების ცენტრში მოექცა. მონტორანი ვერ ბედავდა თავის შეყვარებულთან მიახლოებას, რადგან დანაშაულის გრძნობა და ბობოქარი, ისევ აგიზგიზებული ტრფიალი ბოჭავდნენ და ამონებდნენ, ქალიშვილი კი, თითქოს მოცეკვავეებს აკვირდებოდა, თვალს ადევნებდა მის ვითომდა მშვიდ სახეს. - აქ საშინლად ცხელა, - უთხრა მარიმ თავის კავალერს, - მესიე დე მონტორანსაც შუბლი დაცვარული აქვს, გამიყვანეთ მეორე ოთახში, აქ სუნთქვა არ შემიძლია. ვიხრჩობი, - თავის მოძრაობით გრაფს მეზობელი სალონი მიუთითა, სადაც რამდენიმე ადამიანი ბანქოს თამაშობდა. მარკიზიც გაჰყვა, ტუჩების მოძრაობით გამოიცნო, რაც თქვა. თამამმა იმედმა გაუელვა, განცალკევდა ჩემთან დასალაპარაკებლადო და ამ შესაძლებელმა წყალობამ მის ვნებას მანამდე განუცდელი სიმძლავრე შესძინა და სიყვარული გაუძლიერა. მარის სიამოვნებდა შუანების ახალგაზრდა მეთაურის წვალება, მისი ალერსიანი და ხავერდოვანი მზერა, როცა გრაფს უყურებდა, უმეტყველო და პირქუში ხდებოდა, თუ შემთხვევით მარკიზის თვალებს წააწყდებოდა. მონტორანმა თავს ძალა დაატანა და ყრუ ხმით ჰკითხა: - მაშ, მე არ მაპატიებთ? - სიყვარული ან არაფერს პატიობს, ან ყველაფერს, - ცივად უპასუხა მარიმ, - მაგრამ ამისთვის უნდა გიყვარდეს... - დაუმატა, როცა დაინახა რომ სიხარულმა გადაურბინა. მერე ისევ დაეყრდნო გრაფის მკლავს და სწრაფად გავიდა სათამაშო დარბაზის მომიჯნავე, ბუდუარის მსგავს ოთახში. მარკიზიც შეჰყვა. - უნდა მომისმინოთ! - შესძახა მან. - ვინმეს ეგონება, რომ თქვენი გულისთვის მოვედი და არა ჩემი თავის პატივისცემის გამო. თუ არ შეწყვეტთ ჩემს დევნას, წავალ. - კარგი, - თქვა მარკიზმა და გაახსენდა ლოტარინგიის უკანასკნელი ჰერცოგის გიჟური საქციელი, - ნება მომეცით, იმდენ ხანს გელაპარაკოთ, რამდენ ხანსაც შევძლებ ხელში ამ ნახშირის დაჭერას. დაიხარა, ბუხრიდან გავარვარებული ნახშირი ამოიღო და მაგრად მოუჭირა ხელი. მადმუაზელ დე ვერნეი გაწითლდა. გაითავისუფლა ხელი, გრაფს რომ ეყრდნობოდა და გაკვირვებულმა შეხედა მონტორანს. გრაფი ჩუმად გავიდა, შეყვარებულები მარტო დატოვა. ასეთმა გიჟურმა საქციელმა გული შეუტოკა მარის, რადგან სიყვარულში ყველაზე დამაჯერებელი მამაცური სისულელეა. - ამით მხოლოდ იმას ამტკიცებთ, რომ შეგიძლიათ ჩემი უსასტიკესი წამება, - ეუბნებოდა და თან ცდილობდა, გაეგდებინებინა ნახშირი, - ყველაფერში უკიდურესობა გიყვართ. სულელის სიტყვები და ქალის ცილისწამება დაიჯერეთ, ეჭვი შეგეპარათ მასში, ვინც სიკვდილს გადაგარჩინათ, ეჭვი შეგეპარათ იმაში, რომ გაგყიდდათ! - დიახაც, სასტიკად მოგექეცით, - ღიმილით უთხრა, - სამუდამოდ დაივიწყეთ ეს, მე კი არასოდეს დამავიწყდება. მომისმინეთ... სულმდაბლად მომატყუეს, მაგრამ იმ საბედისწერო დღეს იმდენმა გარემოებამ მოიყარა თავი, თქვენ წინააღმდეგ რომ ღაღადებდა... - და თქვენი სიყვარულის ჩასაქრობად ეს გარემოებები საკმარისი აღმოჩნდა? პასუხს ვერ ბედავდა. მარიმ ქედმაღლური ჟესტი გააკეთა და ადგა. - ო, მარი! აღარ მინდა დავიჯერო, რომ თქვენ... - და გადააგდეთ ბოლოს და ბოლოს ეგ ნახშირი. გიჟი ხართ. გახსენით ხელი. მე ასე მინდა. სიამოვნებდა მარის ნაზი მცდელობის წინააღმდეგობის გაწევა. სურდა, გაეგრძელებინა ძლიერი სიამოვნება, როცა ეხებოდა თლილი, საყვარელი თითები. ბოლოს, როგორც იქნა, გაახსნევინა დამწვარი ხელი. მარი მზად იყო, დაეკოცნა. სისხლმა ნახშირი ჩააქრო. - აბა, ამით რას მიაღწიეთ? - დაძებნა თავისი ცხვირსახოცი, ჭრილობას დააფარა, რომელიც არც ისე ღრმა იყო. მერე მარკიზმა დასამალად ხელთათმანი მოირგო. მადამ დიუ გა ფეხაკრეფით შეიპარა სათამაშო ოთახში. ჩუმჩუმად უთვალთვალებდა შეყვარებულებს, მათ ოდნავ განძრევაზეც კი მარჯვედ უკან იხევდა და ემალებოდა. ძნელი იყო, გაეგო მათი სიტყვები, მაგრამ ყველაფერს ხედავდა. - ყველაფერი, რაც ჩემზე გითხრეს, მართალი რომ ყოფილიყო, აღიარეთ, რომ ახლა შურისძიება შესრულებულად შეიძლება ჩათვლილიყო, - ღვარძლიანად უთხრა მარიმ; მარკიზი გაფითრდა. - რა გრძნობამ მოგიყვანათ აქ, არ იტყვით? - ჩემო ძვირფასო ბავშვო, მართლა ქარაფშუტა ხართ! ნუთუ მართლა გგონიათ, რომ დაუსჯელად შეიძლება შეურაცხყო ჩემნაირი ქალი? აქ თქვენ გამოც მოვედი და ჩემ გამოც, - მცირე პაუზის მერე დაუმატა, მკერდზე მოელვარე ლალის „მტევანს“ დასწვდა და ხანჯლის პირი უჩვენა. - ეს ყველაფერი რას ნიშნავს? - ფიქრობდა მადამ დიუ გა. - მაგრამ თქვენ ისე გიყვარვართ, - განაგრძო მარიმ, - ყოველ შემთხვევაში, გინდივართ მაინც, რაც ამ წუთში ჩადენილმა თქვენმა სისულელემ დამიმტკიცა, - და მისი ხელი აიღო. თქვენთვის მე ის ვარ, რაც მინდოდა და ბედნიერი მივდივარ. ვისაც ვუყვარვართ, მას მივუტევებთ კიდევაც. მე ვუყვარვარ, დამიბრუნდა პატივისცემა ადამიანისა, ჩემთვის მთელი სამყარო რომ არის. ახლა შემიძლია მოვკვდე. - მაშ, ისევ გიყვარვართ? - შეეკითხა მარკიზი. - განა ეგ ვთქვი? - დამცინავად უპასუხა მარიმ და სიხარულით შენიშნა, რომ მოსვლისთანავე დაწყებული წამება მარკიზისა - გაძლიერდა, - იცით, გარკვეული მსხვერპლის გაღება დამჭირდა აქ მოსასვლელად! სიკვდილს გადავარჩინე მესიე დე ბოვენი, რომელმაც, სამაგიეროდ, თავისი ხელი და ქონება შემომთავაზა. თქვენ მსგავსი რამ აზრად არ მოგსვლიათ! ამ სიტყვებმა მარკიზი განაცვიფრა, გადაწყვიტა, რომ გრაფმა ისევ მოატყუა და ისე განრისხდა, როგორც არასდროს, მაგრამ თავი შეიკავა და არაფერი უპასუხა. - აა! ფიქრობთ? ყოყმანობთ? - მწარედ გაეღიმა. - მადმუაზელ, თქვენი უნდობლობა ჩემს ეჭვებს ამართლებს. - წავიდეთ აქედან, - რადგან მადამ დიუ გას კაბის კალთას მოჰკრა თვალი და წამოდგა, მაგრამ სურვილმა, მეტოქე სასოწარკვეთილებამდე მიეყვანა, შეაჩერა. - მაშ, გინდათ ჯოჯოხეთში მოვხვდე? - ჰკითხა მარკიზმა და მაგრად ჩაჰკიდა ხელი. - ხუთი დღის წინ თქვენ განა ეგ არ გააკეთეთ? და ამ წუთშიც, განა არ მტანჯავს სასტიკი ეჭვი თქვენი სიყვარულის გულწრფელობისა? - მე რა ვიცი, იქნებ თქვენი შურისძიების მიზანია, დაეპატრონოთ ჩემს სიცოცხლეს, ჩირქი მომცხოთ, ნაცვლად ჩემი სიკვდილის ნდომისა? - ოჰ, არ გიყვარვართ! ხოლოდ თქვენზე ფიქრობთ, ჩემზე კი არა! - გაცეცხლდა მარი და ცრემლები გადმოსცვივდა. ლამაზმა ქალმა იცოდა, რა ძალა ჰქონდა ცრემლით დანისლულ მის თვალებს. - აიღე ჩემი სიცოცხლე, ოღონდ ცრემლი შეიშრე! - თავდავიწყებით შესძახა მარკიზმა. - ო! ჩემო სიყვარულო, - შესძახა მარიმ მოგუდული ხმით, - აი, როგორც იქნა, სიტყვები, ხმა და მზერა, ასე რომ ველოდი! ახლა შენი ბედნიერება ჩემსას მირჩევნია! ოღონდ, მესიე, გთხოვთ უკანასკნელ დასტურს თქვენი სიყვარულისას, რომელიც, როგორც ამბობთ, ასეთი ძლიერია. აქ დიდხანს არ მინდა დარჩენა. მხოლოდ იმდენი ხანი, რომ ყველამ დაინახოს, მე რომ მეკუთვნით. იმ სახლში, სადაც ის ქალი ცხოვრობს, რომელმაც ორჯერ სცადა ჩემი მოკვლა, რომელიც ალბათ, კიდევ რაღაცას ხლართავს ჩვენს წინააღმდეგ და ამ წუთშიც ყურს გვიგდებს ჩასაფრებული, - დაუმატა მარიმ და თითით მადამ დიუ გას კაბის ნაკეცების გაფრიალებაზე მიუთითა, - იმ სახლში მე ჭიქა წყალსაც კი არ დავლევ, - მერე ცრემლი შეიმშრალა, დაიხარა და რაღაც ჩასჩურჩულა ყურში მარკიზს, რომელიც მისმა თბილმა, მოალერსე სუნთქვამ შეაკრთო. - ყველაფერი მოამზადეთ წასასვლელად, - ჩურჩულებდა მარი, - გამაცილეთ ფუჟერამდე და მხოლოდ იქ გაიგებთ, ნამდვილად მიყვარხართ თუ არა! მეორეჯერ გენდობით. თქვენ შეგიძლიათ მეორედ მომენდოთ? - ოჰ, მარი, იქამდე მიმიყვანეთ, რომ აღარ ვიცი, რას ვაკეთებ! თქვენი სიტყვები, თქვენი თვალები, თქვენ ისე მათრობთ, მზად ვარ, ყველაფერი შეგისრულოთ. - აბა, მაშ, კარგი! გამაბედნიერეთ! საშუალება მომეცით, დავტკბე ტრიუმფით, ასე რომ ველოდები. მინდა ვისუნთქო იმ ცხოვრების ჰაერით, რომ ვოცნებობდი, დავტკბე ილუზიებით, სანამ არ გაფანტულან. წავიდეთ. მოდით, მეცეკვეთ. დარბაზში ერთად დაბრუნდნენ. და მართალია, მადმუაზელ დე ვერნეის გული და პატივმოყვარეობა სავსებით დაკმაყოფილებული იყო, რამდენადაც ეს ქალისთვისაა შესაძლებელი, მისი თვალების ამოუხსნელი თვინიერება, სიმშვიდე, ნაზი ღიმილი, ნატიფი მოძრაობები სწრაფი ცეკვისა, მალავდნენ მისი აზრების საიდუმლოს, როგორც ზღვა ინახავს ბოროტმოქმედის საიდუმლოს, მიცვალებულის სიმძიმეს რომ მიანდობს. საზოგადოებას ჩურჩულმა გადაურბინა, როცა მარი დატრიალდა და მკლავებში მოექცა თავის მიჯნურს ვალსის ცეკვისას. მიბნედილი თვალებით, გაბრუებულები, ხელებშემოჭდობილები ბზრიალებდნენ, რაღაცნაირი გაშმაგებით ჩახვეულები და ამით ამჟღავნებდნენ იმ სიამოვნების იმედს, უფრო ახლო ყოფნა რომ ჰპირდებოდათ. - გრაფო, გაიგეთ, მოიტაცე-დიდი-კვერი თუ დაბრუნდა ბანაკში და გამომიგზავნეთ, - დაავალა მადამ დიუ გამ გრაფ დე ბოვანს, - დარწმუნებული ბრძანდებოდეთ, ამ პატარა სამსახურისთვის ჩემგან ყველაფერს მიიღებთ, რასაც ისურვებთ, ჩემს ხელსაც კი. შურისძიება ძვირი დამიჯდება, - წაიჩურჩულა ქალმა და თვალი გააყოლა, - მაგრამ, ამჯერად არ ავაცდენ. რამდენიმე წუთის შემდეგ მადმუაზელ დე ვერნეი და მარკიზი ოთხ ძლიერ ცხენებშებმულ ბერლინაში ისხდნენ. ფრანსინი გაოგნებული, გატრუნული უყურებდა ვითომ მტრებს, ხელიხელჩაკიდებულები რომ ისხდნენ და როგორც ჩანს, სრულ ურთიერთგაგებას მიაღწიეს. იმის გაფიქრებასაც კი ვერ ბედავდა, მისი ქალბატონის ვერაგობა იყო ეს თუ სიყვარული. სიჩუმისა და ღამის სიბნელის გამო, მარკიზმა ვერ შენიშნა, ფუჟერთან მიახლოებისას, როგორ აღელდა მადმუაზელ დე ვერნეი. დაისის მკრთალ სინათლეში შორს სენ-ლეონარის სამრეკლო გამოჩნდა. და ამ დროს მარიმ გაიფიქრა - მოვკვდები. პირველ აღმართთან, მთის ძირში შეყვარებულებს ერთი და იგივე აზრი დაებადათ. ჩამოვიდნენ ეტლიდან და ფეხით აუყვნენ მაღლობს, თითქოს პირველი შეხვედრის მოსაგონებლად. როცა მარი მკლავზე დაეყრდნო მარკიზს და რამდენიმე ნაბიჯი გაიარეს, ღიმილით გადაუხადა მადლობა იმისთვის, რომ სიჩუმე არ დაურღვია. მაგრამ როცა მაღალ პლატოზე ავიდნენ, საიდანაც ფუჟერი ჩანდა, ოცნებებიდან სრულიად გამოერკვა. - ნუღარ წამოხვალთ, ჩემი ძალაუფლება დღეს ლურჯებისგან ვერ დაგიცავთ. მონტორანის გაკვირვებულ მზერას ნაღვლიანი ღიმილით უპასუხა და ხელით გრანიტის ლოდზე მიუთითა, თითქოს დაჯდომა უბრძანა, თვითონ მოწყენილი დადგა. სულის ამაფორიაქებელი მღელვარება კეკლუცობის ხალისს უკარგავდა. ამ მომენტში მუხლებით რომ დამდგრარიყო გავარვარებულ ნაკვერჩხალზე, ტკივილს ვერ იგრძნობდა, როგორც ვერ იგრძნო წვა მარკიზმა, თავისი სიყვარულის დასამტკიცებლად ნაკვერჩხალი რომ ეჭირა ხელში. მარიმ უზომო მწუხარებით შეხედა თავის სატრფოს და საშინელი სიტყვები უთხრა: - ყველაფერი, რასაც ეჭვობდით ჩემთან დაკავშირებით - მართალია! მარკიზი შეკრთა. რაღაცის თქმა დააპირა; - თუ ღმერთი გწამთ, მომისმინეთ! ნუ შემაწყვეტინებთ, - და ვედრებით შეხედა, - ნუ შემაწყვეტინებთ. მე მართლაც ჰერცოგ დე ვერნეის შვილი ვარ, - აღელვებით დაიწყო მარიმ, - მაგრამ უკანონო შვილი. დედაჩემი, მადმუაზელ დე კატერანი მონაზონი გახდა, რომ აეცდინა წამება, ოჯახში რომ ემუქრებოდა, თხუთმეტი წელი ტირილით გამოისყიდა თავისი ცოდვა და სასოებაში გარდაიცვალა. სასიკვდილო სარეცელზე მყოფი, დედათა მონასტრის წინამძღვარი ჩემი ძვირფასი აბატისა შეევედრა მამაკაცს, რომელმაც მიატოვა ეზრუნა ჩემზე, რადგან მტოვებდა მარტო, მეგობრების, ქონებისა დ მომავლის გარეშე... ამ კაცზე გამუდმებით ლაპარაკობდნენ ფრანსინის დედის სახლში, რომელთანაც მიმიყვანეს, მაგრამ მას გადავავიწყდი. მერე მაინც სიამოვნებით მიმიღო და მაღიარა შვილად, რადგან ლამაზი ვიყავი და ჩემში ალბათ თავის ახალგაზრდობას ხედავდა. ეს ერთ-ერთი იმ დიდებულთაგანი იყო, წინა მეფის დროს რომ მოიხვეჭა დიდება და უჩვენა, როგორ შეიძლება გეპატიოს დანაშაული, თუ დახვეწილად ჩაიდენ. მეტს არაფერს გეტყვით, ის ხომ მამაჩემია! ოღონდ, ნება მომეცით, აგიხსნათ, პარიზულ ცხოვრებას ცუდი გავლენა რატომ უნდა მოეხდინა ჩემს სულზე. ჰერცოგ დე ვერნეის საზოგადოება და ის წრე, რომელშიც შემიყვანა, გატაცებული იყვნენ გამქირდავი ფილოსოფიით, ასე რომ აღაფრთოვანებდა საფრანგეთს, მასზე ყველგან ძალიან გონებამახვილურად მსჯელობდნენ. ბრწყინვალე საუბრები ყურს სიამოვნებდა, მატყვევებდა დახვეწილი მოსაზრებები და პიკანტური ენამოსწრებული ქირდვა ყველაფრის - ჭეშმარიტისა და წმინდის. მამაკაცები დასცინოდნენ გრძნობებს, მშვენივრად ხატავდნენ მათ ისე, რომ თვითონ არაფერს მსგავსს არ განიცდიდნენ, აჯადოებდნენ მსმენელს ეპიგრამებით, და უნარით, მთელი რომანი ერთი, კარგად მიგნებული სიტყვით გადმოეცათ, მაგრამ ხშირად სცოდავდნენ, თავს აბეზრებდნენ მეტისმეტი ენაკვიმატობით და ღლიდნენ ქალებს იმით, რომ სიყვარულს უფრო ხელოვნებად წარმოადგენდნენ, ვიდრე გულითადობად. მეც არ შევწინააღმდეგებივარ და ამ დინებას მივყევი. თუმცა საკმაოდ მგრძნობიარე ვიყავი, მაპატიეთ ჩემი სიამაყე, ვხვდებოდი, რომ გონებამ ამ ხალხს გული გაუქვავა, გამოუფიტა. მაგრამ იმჟამინდელმა ჩემმა ცხო-ვრებამ დამიტოვა მუდმივი ბრძოლა ბუნებრივ გრძნობებსა და ახირებულ, მანკიერ ჩვეულებებს შორის. ზოგიერთი გამორჩეული პიროვნება მივითარებდა თავისუფალ აზროვნებას და მიღებული წესების არადჩაგდებას, რაც ქალს აკარგვინებს შინაგან მოკრძალებას; რაც, თავისთავად, ხიბლს ართმევს. ვაგლახ, უბედურებას არ ძალუძს სიმდიდრით შეძენილი ნაკლის გამოსწორება! - მარიმ ღრმად ამოიოხრა და განაგრძო, - მამაჩემმა, ჰერცოგმა დე ვერნეიმ სიკვდილის წინ მაღიარა და სამემკვიდრეო წილი გამიზარდა, რითაც მისი კანონიერი ვაჟის ქონება შეამცირა. ძმამ ჩემს წინააღმდეგ საქმე აღძრა, ანდერძის ნამდვილობა სადავო გახდა. და აი, ერთ დილას აღმოვჩნდი უსახლკაროდ და უმფარველოდ. სამი წლის მანძილზე შეძლებულ ოჯახში ცხოვრებამ პატივმოყვარეობა გამივითარა. ყველა ახირების შესრულებით, მამაჩემმა ფუფუნების მოთხოვნილება და დამღუპველი თვისებები გამიღვიძა, რომელთა საშიშროებასა და ტირანულ ძალაუფლებას ჩემი ნორჩი და გულუბრყვილო სული ვერ აცნობიერებდა. მამაჩემის მეგობარმა, მარშალმა და ჰერცოგმა დე ლენონკურმა, სამოცდაათი წლის მოხუცმა, შემომთავაზა, ჩემი მეურვე ყოფილიყო. დავთანხმდი. ამ საძაგელი პროცესის დაწყებიდან სამი დღის შემდეგ ისევ აღმოვჩნდი ბრწყინვალე სახლში და ვსარგებლობდი ყველა სიკეთით, რაზეც ჩემი ძმის სისასტიკემ მამაჩვენის კუბოსთან ამაღებინა ხელი. ყოველ საღამოს მოხუცი მარშალი რამდენიმე საათს ატარებდა ჩემთან და მხოლოდ მანუგეშებელ ტკბილ სიტყვებს მეუბნებოდა. მისი ჭაღარისა და მამობრივი სინაზის გამო, მის გულში იგივე გრძნობები დავინახე, რასაც მე ვატარებდი და მიხაროდა, მის ქალიშვილად რომ ვგრძნობდი თავს. ლამაზი საჩუქრებით მანებივრებდა და მეც ყველა ჩემს სურვილს ვეუბნებოდი, ვხედავდი, რა სიამოვნებით მისრულებდა. ერთ საღამოს გავიგე, რომ მთელი პარიზი ამ საცოდავი მოხუცის საყვარლად მთვლიდა. დამიმტკიცეს, რომ ვერასგზით დავიბრუნებდი პატიოსან სახელს, რომელსაც ძალიან ადვილად მართმევდნენ. კაცმა, რომელიც ჩემი გამოუცდელობით ისარგებლა, ჩემი საყვარელი ვერ იქნებოდა, ქმრობა არ უნდოდა. იმ კვირას, როცა საშინელი აღმოჩენა გავაკეთე, იმ დღის წინადღეს, რომელიც დაინიშნა ჩემს იმ კაცთან დასაკავშირებლად, გვარის მოცემაზე რომ დავითანხმე, ცოდვის გამოსწორების ერთადერთ საშუალებად ის მოიფიქრა, რომ კობლენცში გაემგზავრა. სამარცხვინოდ გამომაგდეს პატარა სახლიდან, სადაც მარშალმა დამასახლა და რომელიც მისი არ ყოფილა. აქამდე რაც გითხარით, სრული სიმართლეა, როგორც ღვთის წინაშე, ისე გიამბეთ ყველაფერი. მაგრამ ახლა ნუღარ ჰკითხავთ უბედურ ქალს მის მეხსიერებაში დამარხულ ტანჯვაში გატარებული დღეების ანგარიშს. მოხდა ისე, რომ დანტონის ცოლი გავხდი. რამდენიმე დღის შემდეგ ქარიშხალმა წააქცია ეს უზარმაზარი მუხა, მკლავები რომ მქონდა შემოხვეული. ისევ საშინელ გაჭირვებაში აღმოვჩნდი და ამჯერად სიკვდილი გადავწყვიტე. არ ვიცი, სიცოცხლის სიყვარული თუ იმედი, რომ უბედურებას მობეზრდებოდა ბოლოს და ბოლოს ჩემი დევნა და უძირო უფსკრულის სიღრმეში დავიჭერდი ბედნიერებას, სულ რომ მისხლტებოდა ხელიდან, ჩემი არამკითხე მრჩევლები რომ აღმოჩნდნენ, თუ, იქნებ ერთი ახალგაზრდა კაცის თხოვნამაც გაჭრა, რომელიც, აი უკვე ისე მომეწება, როგორც გველი ხეს, ეტყობა, იმედი აქვს, რომ უბედურების ზღვრამდე მისული მას ჩავუვარდები ხელში, არ ვიცი, როგორ მოხდა, მაგრამ დავთანხმდი, სამასი ათასი ფრანკის საფასურად მიმეღო მდაბალი წინადადება: ჩამოვსულიყავი აქ, გამეკეთებინა ისე, რომ შევყვარებოდი მავან უცნობ მამაკაცს და მთავრობის ხელში გადამეცა. როგორც კი დაგინახეთ, რაღაცნაირი წინათგრძნობით, არასოდეს რომ არ გვატყუებს, მივხვდი, ვინ ხართ. და ისე ძალიან მინდოდა, ეჭვი დამრჩენოდა; რადგან რაც უფრო მიყვარდებოდით, მით უფრო საშინელი იყო ჩემთვის დარწმუნება. გადაგარჩინეთ მეთაური იულოსაგან, უარი ვთქვი ჩემს როლზე და გადავწყვიტე ჯალათების მოტყუება, იმის მაგივრად, რომ მსხვერპლი მომეტყუებინა. შევცდი: ასეთი ქცევით ხალხის სიცოცხლით ვთამაშობდი, მათი პოლიტიკით და ჩემი თავითაც, ქალიშვილის იმ თავდაჭერილობით, რომლისთვისაც მხოლოდ გრძნობები არსებობს. ვთვლიდი, რომ შემიყვარეს, იმედი მომეცა, რომ სიცოცხლეს თავიდან დავიწყებდი, მაგრამ ყველაფერი, და ალბათ თვითონ მეც გავცემდი ჩემს უწესრიგო წარსულს - არ შეგეძლოთ ჩემნაირი ვნებიანი ქალის ნდობა გქონოდათ. მაგრამ ვინ იქნებოდა ისეთი, ჩემი სიყვარული და გულჩათხრობილობა არ შეენდო? დიახ, ბატონო, მეგონა, ცუდი სიზმარი ვნახე, გამომეღვიძა და ისევ თექვსმეტი წლისა ვიყავი. მე ხომ ალანსონში აღმოვჩნდი, სადაც ბავშვობა გავატარე და უმანკო, სუფთა მოგონებები დამეუფლა. მე უგუნურმა გულუბრყვილოდ დავიჯერე, რომ სიყვარული ნათლობასავით არის და უბიწოებას დაგიბრუნებს. ერთი წუთით ისიც კი ვიფიქრე, ქალწული ვარ-მეთქი, რადგან ჯერ არასოდეს მყვარებია. მაგრამ გუშინ საღამოს თქვენი გატაცება გულწრფელი მეჩვენა და შინაგანმა ხმამ შემარ-ცხვინა: „რატომ ატყუებ?“ ასე რომ, იცოდეთ, ბატონო მარკიზო, - განაგრძო მარიმ მკერდისმიერი, მაგრამ ამაყი გამოწვევა რომ ისმოდა, ისეთი ხმით, - გაიგეთ და დაიხსომეთ, რომ უღირსი ადამიანი ვარ და თქვენი ღირსი ვერ ვიქნები. ამ წუთიდან ისევ კურტიზანი ქალის როლს ვითამაშებ, დამღალა როლმა იმ ქალისა, თქვენ რომ ყველაფერი დაუბრუნეთ, რაც კი წმინდაა გულში. სათნოება მღლის. შემძულდებოდით, სისუსტე რომ გამოგეჩინათ და დაქორწინება რომ მოგესურვებინათ ჩემზე. ასეთი სისულელე ვინმე გრაფმა დე ბოვენმა შეიძლება ჩაიდინოს. თქვენ კი, მესიე, თქვენი მომავლის ღირსი იყავით და დაუნანებლად დამტოვეთ. კურტიზანი მეტისმეტად მომთხოვნი იქნებოდა, მას სხვანაირად ეყვარებოდით, ისე არა, როგორც უბრალო, გულუბრყვილო გოგონას, რომელსაც ერთი წამით ჩაესახა გულში მშვენიერი იმედი, ყოფილიყო თქვენი მეგობარი, ეზრუნა, რომ ყოველთვის ბედნიერი ყოფილიყავით, თქვენი ღირსი ყოფილიყო, გამხდარიყო კეთილშობილი მეუღლე და ამ გრძნობამ შემაძლებინა გამეცოცხლებინა ჩემს სულში მდაბალი ბუნება სირცხვილისა, მანკიერებისა და უმსგავსობის, რომ აღმემართა ჩვენს შორის სამუდამო ბარიერი. მსხვერპლად გწირავთ ღირსებასა და ქონებას. სიამაყე, რომელსაც ეს მსხვერპლი აღმიძრავს, გულს გამიმაგრებს უბედურების ჟამს და, დაე, ბედისწერამ თავის ნებაზე განსაზღვროს ჩემი ხვედრი. არასოდეს გაგცემთ. პარიზში ვბრუნდები. იქ თქვენი სახელი ჩემი მეორე „მე“ იქნება და ბრწყინვალება, რომლის შემატებასაც შეძლებთ მისთვის, მანუგეშებს ყველა ვაების დროს. თქვენ კი, თქვენ მამაკაცი ხართ, დამივიწყეთ... მშვიდობით! მარი მოწყდა ადგილიდან, გაიქცა სენ-სიულპისის ველისკენ და სანამ მარკიზი წამოდგებოდა და მის შეჩერებას შეძლებდა, გაქრა. მაგრამ მალევე დაბრუნდა, კლდის ღრმულში შეძვრა და თავისი სამალავიდან ინტერესით, ცნობისმოყვარეობითა და ეჭვით უყურებდა მარკიზს. დაინახა, როგორ მიდიოდა ალალბედზე, დარდით გათანგულივით. - ნუთუ სუსტი ადამიანია? - გაიფიქრა მარიმ, როცა თვალს მოეფარა და გაიაზრა, რომ დაშორდა, - გამიგებს კი? - გააჟრჟოლა. მერე სწრაფი ნაბიჯით მარტო წავიდა ფუჟერისკენ, თითქოს შეეშინდა, მარკიზი არ გაჰყოლოდა ქალაქისკენ, სადაც მას სიკვდილი ელოდა. - აბა, ფრანსინ, რა გითხრა? - ჰკითხა მარიმ, როცა ერთგული ბრეტონელი ქალი წამოეწია. - საბრალო! მარი, ძალიან შემეცოდა. თქვენ, დიდებული ქალები სიტყვით უფრო დიდ ჭრილობას აყენებთ, ვიდრე ხანჯლით. - როგორ იყო, რომ შეგხვდა? - განა დამინახა?.. ოჰ, მარი, უყვარხარ! - ო, ვუყვარვარ თუ არ ვუყვარვარ - ეს ორი სიტყვა ჩემთვის სამოთხეა და ჯოჯოხეთი. ამ ორ უკიდურესობას შორის ფეხის დასადგმელი ადგილი არ არის. ახლა, როცა მარის საშინელი ხვედრი გაირკვა, შეეძლო მისცემოდა დარდს. სახეზე, რომელზეც აქამდე სხვადასხვა გრძნობა ესახებოდა, უცებ თითქოს ლოყები ჩაუცვივდა და მთელი დღის მღელვარების, ბედნიერების წინათგრძნობასა და სასოწარკვეთილებას შორის გრძნობათა მონაცვლეობის შემდეგ სადღაც გაქრა მისი ბრწყინვალება და სინორჩე, რომელთა სათავე ყოველგვარი ვნების განელებაა ან განცხრომით თრობა. ახალი დაბრუნებული იყო მარი, როცა გამოეცხადნენ იულო და კორანტენი, აინტერესებდათ მისი გიჟური მოგზაურობის ამბები, მარიმ ღიმილით მიიღო ისინი. - მაშ, ასე, მეთაურო, - უთხრა მარიმ იულოს, რადგან შეფიქრიანებულ სახეზე შეკითხვა ეწერა, - მელას თქვენი ტყვია უკვე მისწვდება და მალე დიდებულ გამარჯვებასაც მოიპოვებთ. - რატომ, რა მოხდა? - ვითომ უინტერესოდ ჰკითხა კორანტენმა და ისე შეხედა, მისნაირი დიპლომატები სხვათა აზრების ამოკითხვას რომ ცდილობენ ხოლმე. - ოო, ვაჟკაცი ახლა უფროა შეყვარებული, ვიდრე ოდესმე და ვაიძულე, ფუჟერის კარიბჭემდე მოვეცილებინე. - ეტყობა, თქვენი ძალაუფლება მანდ შეწყდა, - თქვა ისევ კორანტენმა, - და მაგ ყოფილს ეტყობა შიში თქვენდამი სიყვარულზე უფრო ძლიერი აქვს. მადმუაზელ დე ვერნეიმ მედიდურად შეხედა. - თქვენი საზომით ნუ ზომავთ, - მაშ, აქ რატომ არ მოგიყვანათ? - უშფოთველად ჰკითხა კორანტენმა. - და თუ მართლა ვუყვარვარ? - ჰკითხა იულოს ეშმაკური ღიმილით, - ძალიან გაბრაზდებოდით, რომ გადამერჩინა და საფრანგეთიდან წამეყვანა? მოხუცი ჯარისკაცი სწრაფი ნაბიჯით მიუახლოვდა და თითქმის აღფრთოვანებული ეამბორა ხელზე; მერე დაჟინებით შეხედა და პირქუშად უთხრა: - თქვენ დაგავიწყდათ? ჩემი ორი მეგობარი და სამოცდასამი ჯარისკაცი!.. - ოჰ, პოლკოვნიკო, ეგ მისი ბრალი არ იყო, - გულუბრყვილოდ მიუგო მარიმ, - ბოროტმა ქალმა მოატყუა, მაგ ქალს, მე მგონი, ლურჯების სისხლის დალევაც შეუძლია... - ნუ დასცინით მეთაურს, - შენიშნა კორანტენმა, - თქვენს ხუმრობას მიჩვეული არ არის. - გაჩუმდით, - უთხრა მარიმ, - და გახსოვდეთ, ის დღე, როცა ძალიან მომაბეზრებთ თავს, ჩვენი ნაცნობობის ბოლო დღე იქნება. - როგორც ვხედავ, საბრძოლველად უნდა მოვემზადო, - მშვი-დად თქვა იულომ. - ძალა არ გეყოფათ, მათი ექვსი ათას კაცზე მეტი დავინახე სენ-ჯემსში, რეგულარული ჯარი, არტილერია და ინგლისელი ოფიცერი. ჩემი თვალით ვნახე, ამდენ ხალხს მის გარეშე რა ეშველება? მეც ფუშეს ვეთანხმები. მისი თავი - ყველაფერია. - მერე და, მის თავს მივიღებთ? - მოუთმენლად ჰკითხა კორანტენმა. - მე რა ვიცი! - უზრუნველად უპასუხა მარიმ. - ინგლისელები! - გაბრაზდა იულო, - ეგღა აკლდა, ნამდვილი ბატონივით რომ იყოს! მე შენ გიჩვენებ ინგლისელებს! დამაცადე! მოქალაქე დიპლომატო, მე მგონი, ეს გოგო ხშირად გიტევს, - უთხრა იულომ კორანტენს, რამდენიმე ნაბიჯით რომ დაშორდნენ სახლს. - ბუნებრივია, მოქალაქე მეთაურო. კარი V - სრულიად ბუნებრივია, მოქალაქე მეთაურო, - შეესიტყვა შეფიქრიანებული კორანტენი, - მისმა სიტყვებმა თავგზა რომ აგიბნია, ყველაფერში მხოლოდ ცეცხლს ხედავ. თქვენ, ჯარისკაცებმა არ იცით, რომ ომის სხვადასხვა ხერხი არსებობს.მარჯვედ თუ გამოიყენებ მამაკაცებისა და ქალების გატაცებებს, როგორც ზამბარებს, სახელმწიფოს სასარგებლოდ თუ აამუშავებ, ყველა კბილანა თვლებს იმ უზარმაზარი მანქანისა, „მთავრობას“ რომ ეძახიან, მის მექანიზმში თუ ჩართავ ყველაზე მოუთოკავ გრძნობებს და გულიანად ამუშავებ ბერკეტებს, განა ღმერთის მსგავსად შექმნა არ არის? ღმერთისა, რომელიც სამყაროს ცენტრშია! - ნება მომეცით, ჩემი ხელობა თქვენსას მერჩიოს, - მშრალად უთხრა იულომ, - რაც გინდათ, ის აკეთეთ თქვენი კბილანა თვლე-ბით, მე კი სამხედრო მინისტრის გარდა სხვა ხელმძღვანელი არ მწამს. მითითება მაქვს მიღებული, ჩემი თავზეხელაღებულებით სალაშქროდ მივდივართ, მტერს შევუტევთ და პირისპირ შევხვდებით, შენ კი კუდით გინდა დაჭერა. - შენი ნებაა, შეგიძლია სალაშქროდ მოემზადო, - უპასუხა კორანტენმა, - როგორც ამ გოგოს მიხედვით ვხვდები, რამდენადაც მიუწვდომლად და გულჩახვეულად უნდა გეჩვენოს, შებრძოლება არ აგცდება და მალე გასიამოვნებ, მაგ ყაჩაღების მეთაურს პირისპირ შეგახვედრებ. - როგორ? - ჰკითხა იულომ და ერთი ნაბიჯით უკან დაიხია, უკეთ რომ დაენახა ეს უცნაური ადამიანი. - მადმუაზელ დე ვერნეის უყვარს ვაჟკაცი, - ყრუ ხმით განაგრძო კორანტენმა, - შესაძლოა, მასაც უყვარს. მარკიზი, წითელი ლენტი, ახალგაზრდა და გონებამახვილია; ვინ იცის, იქნებ ჯერ ისევ მდიდარიც, რამდენი ცდუნებაა! რა სასაცილო იქნებოდა მისი მხრიდან, თავის სასარგებლოდ არ ეზრუნა და არ ცდილიყო, ცოლად გაჰყოლოდა, ნაცვლად იმისა, რომ ჩვენთვის გადმოეცა! ჩვენი გაცურება უნდა. მის თვალებში რაღაც დაბნეულობა შევნიშნე, შეყვარებულებს ალბათ პაემანი ექნებათ, იქნებ უკვე შეთანხმდნენ კიდევაც. ასე რომ, ხვალ ის კაცი ჩემს ხელთ იქნება და ვერც გამექცევა. აქამდე ის რესპუბლიკის მტერი იყო, ახლა, რამდენიმე წუთის წინ ჩემი მტერი გახდა და ვინც ჩემსა და ამ ქალიშვილს შორის ჩადგა, ეშაფოტზე მოკვდა. ამ სიტყვების დამთავრებისთანავე, კორანტენი ისევ ფიქრებში ჩაიძირა და ვერ შეამჩნია, რა ღრმა სიძულვილი გამოეხატა სახეზე პატიოსან ჯარისკაცს, როცა იულო ჩასწვდა ამ ინტრიგის სიღრმესა და ზამბარების მექანიზმს, ფუშე რომ აყენებდა. გადაწყვიტა, კორანტენისთვის წინააღმდეგობა გაეწია ყველაფერში, რაც მთავრობის საქმეებისა და სურვილების წარმატებას არ ავნებდა და რესპუბლიკისთვის პატიოსნად მომკვდარიყო იარაღით ხელში, და არა ჯალათის ხელით, რომლის მიმწოდებელიც, თავისივე აღიარებით, საიდუმლო პოლიციის ეს ჯაშუში აღმოჩნდა. - პირველი კონსული რომ დამიჯერებდეს, - გაიფიქრა იულომ და კორანტენს ზურგი შეაქცია, - არისტოკრატიასთან საბრძოლველად ასეთ მელიებს დატოვებდა, ერთმანეთის ღირნი არიან, ჯარისკაცებს კი სხვა საქმეებისთვის გამოიყენებდა. კორანტენმა ცივად შეხედა მეომარს, რომელსაც ამ აზრმა სახე გაუნათა და მაშინ ამ დაბალი რანგის მაკიაველის თვალებში გესლიანმა გამომეტყველებამ გაირბინა, რაც თავის უპირატესობაში დარწმუნებულობაზე მიუთითებდა. - ამ საქონელს მიეცით სამ-სამი წყრთა ლურჯი მაუდი, რკინის ნაჭერი დაჰკიდეთ გვერდზე, - ფიქრობდა კორანტენი, და ეგონება, პოლიტიკაში ხალხის დახოცვა მხოლოდ ერთი ხერხით შეიძლება... რამდენიმე წუთი მარტო მიმოდიოდა და უცებ გაიფიქრა: - დიახ, დრო მოვიდა, ეს ქალი ჩემი გახდება! ხუთი წლის მანძილზე, წრე, რომელზეც გარშემო ვუვლი, ძალიან უმნიშვნელოდ შემცირდა და ახლა ჩემს ხელშია. მასთან ერთად კი მთავრობაში ისევე მაღლა ავალ, როგორც ფუშე, და თუ დაკარგავს ერთადერთ კაცს, რომელიც უყვარს, დარდი მას სულითაც და ხორცითაც დამიმორჩილებს. მხოლოდ თვალის დევნებაა საჭირო და საიდუმლოს ამოხსნა. მალე დაკვირვებული კაცი შეამჩნევდა კორანტენის გაფითრებულ სახეს იმ სახლის ფანჯარაში, საიდანაც ყველა ჩანდა, ვინც სენ-ლეონარის ეკლესიის პარალელურად ჩარიგებული სახლებით შექმნილ ჩიხში შედიოდა. კორანტენი თაგვის მომლოდინე კატის მოთმინებით იქ დილამდე დარჩა, ყველა გაფაჩუნებას ამჩნევდა და ყველა გამვლელს დიდი ყურადღებით აკვირდებოდა. ბაზრის დღე თენდებოდა. თუმცა ამ ძნელბედობის ჟამს გლეხები ძნელად მოდიოდნენ ქალაქში. კორანტენმა დაინახა ერთი პატარა, მოქუფრულსახიანი, ხისტყავიანი კაცი პატარა, მრგვალი, დაბალი კალათით ხელში, მადმუაზელ დე ვერნეის სახლისკენ რომ მიემართებოდა და აქეთ-იქით უზრუნველად იყურებოდა. კორანტენი გავიდა, გადაწყვიტა, გამოსულს დახვედროდა, მაგრამ უცებ გაიფიქრა, მოულოდნელად რომ შესულიყო მადმუაზელ დე ვერნეის სახლში, იქნებ ერთი შეხედვით შიკრიკის კალათის საიდუმლოც ამოეხსნა. თანაც ყურმოკრული ჰქონდა ბრეტონელებისა და ნორმანდიელების ეშმაკური, გაუგებარი მეტყველების შესახებ. - დაასხი-კუტალო! - შესძახა მადმუაზელ დე ვერნეიმ, როცა ფრანსინმა ოთახში შეიყვანა შუანი, - ნუთუ ვუყვარვარ? - ჩაილაპარაკა. უნებურმა იმედმა ლოყები აუღუღუნა და გული სიხარულით აუვსო. დაასხი-კუტალმა დიასახლისს შეხედა, მერე უნებურად გახედა ფრანსინს, მაგრამ მადმუაზელ დე ვერნეიმ ჟესტით დაამშვიდა. - მადამ, - ორი საათისკენ ჩემთან იქნება და დაგელოდებათ. მღელვარებისგან მადმუაზელ დე ვერნეიმ თავის დაქნევის მეტი სხვა პასუხი ვერ მოახერხა. ამ დროს გვერდით, სასტუმრო ოთახში კორანტენის ფეხის ხმა გაისმა. დაასხი-კუტალმა შენიშნა, როგორ შეკრთა მადმუაზელ დე ვერნეი და თვალით საფრთხეზე მიანიშნა, მაგრამ შუანმა, როგორც კი ჯაშუშის ეშმაკი სახე გამოჩნდა, გამაყრუებელი ხმით დაიწყო ლაპარაკი. - ო! ო! - ეუბნებოდა ფრანსინს, - ბრეტანის კარაქიც არის და კარაქიც. თქვენ ჟიბარიც გინდათ და თერთმეტ სულზე მეტიც არ გემეტებათ? მაშინ არ უნდა დაგებარებინეთ! მერე როგორი კარაქია! - ახადა კალათს და ბარბეტას შედღვებილი ორი გუნდა აჩვენა. ნამდვილი ფასი მომეცით, ჩემო კეთილო ქალბატონო, ერთი სუ მაინც დაუმატეთ! მის სამარისებურ ხმას არავითარი ემოცია არ დასტყობია და მწვანე თვალებმაც, ჭაღარა, სქელი წარბების ქვემოდან მშვიდად გაუძლეს კორანტენის გამჭოლ მზერას. - აბა, გაჩუმდი, ძიაკაცო, შენ აქ კარაქის გასაყიდად არ მოსულხარ, რადგან იმ ქალთან მოხვედი, რომელსაც ცხოვრებაში არ უვაჭრია. სახიფათო ხელობა აგირჩევია, მეგობარო, ეგ იქამდე მიგიყვანს, რომ ერთ მშვენიერ დღეს მთელი თავით დაბალი გახდები, - მერე კორანტენმა მხარზე დაუტყაპუნა და უთხრა, - ორი ბატონის მსახური ვერ იქნები, შუანებისაც და ლურჯებისაც. დაასხი-კუტალს მთელი თავისი ნებისყოფა დასჭირდა რომ ჩაეხშო გაცოფება და ეს ბრალდებაც არ უარყო, თუმცა თავისი სიხარბით კი დაიმსახურა. თავი მოთოკა და თქვა: - მესიეს ჩემი მასხრად აგდება უნდა. კორანტენმა შუანს ზურგი შეაქცია, მაგრამ მადმუაზელ დე ვერნეის მისალმებისას, გული რომ შეეკუმშა, ადვილად შეძლო სარკეში მისი თვალთვალი. დაასხი-კუტალს ეგონა, ჯაშუში ვეღარ ხედავდა და ფრანსინს თვალებით ჰკითხა, მანაც კარისკენ ანიშნა და უთხრა: - ძიაკაცო, წამომყევით, ჩვენ ყოველთვის მოვრიგდებით. კორანტენს არაფერი გამოჰპარვია, არც მადმუაზელ დე ვერნეის ღიმილით ცუდად დაფარული მღელვარება, არც ის, რომ წამოწითლდა, სახე შეეცვალა. არც შუანის შეშფოთება, ფრანსინის ჟესტი - ყველაფერი დაინახა და დარწმუნდა, რომ დაასხი-კუტალი მარკიზის გამოგზავნილი იყო, ოთახიდან უნდა გასულიყო, რომ თხის ტყავის გრძელი ბეწვით დაიჭირა, თავისკენ მიიზიდა, თვალებში ჩახედა და უთხრა: - სად ცხოვრობ, მეგობარო, კარაქი მჭირდება... - მთელმა ფუჟერმა იცის, სადაც ვცხოვრობ, ბატონო ჩემო, თითქმის... - კორანტენ! - შესძახა მადმუაზელ დე ვერნეიმ და შუანს შეაწყვეტინა, - საშინელი თავხედი ბრძანდებით, ასეთ დროს რომ მოხვედით და თითქმის ჩაუცმელს მხედავთ. გაანებეთ ამ გლეხს თავი. მისთვის თქვენი ხრიკები ისეთივე გაუგებარია, როგორც ჩემთვის მათი მიზანი. წადით, ჩემო კარგო! ერთხანს დაასხი-კუტალი ყოყმანობდა, წასულიყო თუ დარჩენილიყო, საწყალი კაცის ბუნებრივმა თუ ყასიდმა გაუბედაობამ, რომელმაც არ იცოდა, ვის დამორჩილებოდა, შეაცდინა კორანტენი, შუანი კი, ქალიშვილის მბრძანებლური ჟესტის თანახმად, მძიმე ნაბიჯებით გავიდა ოთახიდან. მადმუაზელ დე ვერნეი და კორანტენი უხმოდ უყურებდნენ ერთმანეთს. ამჯერად მარიმ კრიალა თვალები ვერ გაუსწორა ამ კაცის მოელვარე მზერას. მტკიცე ნაბიჯით მისმა შემოსვლამ, ჯაშუშის სახის გამომეტყველებამ, მანამდე რომ არ იცნობდა მარი, მისმა წვრილმა ხმამ, სიარულის ყაიდამ, ყველაფერმა შეაშინა. მიხვდა, რომ მათ შორის ბრძოლა იწყებოდა, რომელშიც მის წინააღმდეგ თავისი ზეგავლენის ყველა ბნელ ძალას გამოიყენებდა. ამ მომენტში მარიმ დაინახა მთელი სიღრმე იმ უფსკრულისა, რომელშიც გადაეშვა, მაგრამ სიყვარულმა ძალა შეჰმატა, რომ გაეფანტა თავისი საშინელი წინათგრძნობა. - კორანტენ, - თითქმის მხიარულად აჟღურტულდა მარი, - იმედი მაქვს, მოწესრიგების საშუალებას მომცემთ. - მარი... ნება მომეცით, ასე მოგმართოთ... თქვენ მე ჯერ არ მიცნობთ! ჩემზე ნაკლებ გამჭრიახი ადამიანიც კი მიხვდებოდა, რომ მარკიზი გიყვართ. მე არაერთხელ შემომითავაზებია თქვენთვის ჩემი ხელი და გული, თქვენ გადაწყვიტეთ, რომ მე თქვენი ღირსი არ ვარ და იქნებ მართალიც ხართ. მაგრამ, თუ თვლით, რომ ჩემზე გაცილებით მაღლა დგახართ, ჩემზე მეტისმეტად ლამაზი და კეთილშობილი ხართ, მოვახერხებ და გაიძულებთ, ჩემს დონემდე დაეშვათ. ჩემი პატივმოყვარეობა და შეხედულებები პატივისცემას ვერ აღგიძრავენ, მაგრამ, გულახდილად რომ ითქვას, ცდებით. ხალხს ჩემს თვალში დიდი ღირსებები არა აქვს, თითქმის არავითარი, ამის ღირსნი არც არიან. მე, უეჭველია, მაღალ მდგომარეობას მივაღწევ, პატივსა და ღირსებას, რაც გეამებათ. ვის შეუძლია ჩემზე მეტად უყვარდეთ? ვინ მოგცემთ ნებას, იბატონოთ მასზე, თუ არა ადამიანი, ვისაც ხუთი წელია უყვარხართ? თავს საფრთხეში ვიგდებ, ნუ შეგექმნებათ არასწორი წარმოდგენა ჩემზე, რადგან ვერ გაიგებთ, რომ შეიძლება უარი თქვა ადამიანზე, რომელიც მეტისმეტად გიყვარს, კერპად გყავს. ამ ჩემი სიყვარულის უანგარობას დაგიმტკიცებთ. ნუ იქნევთ ლამაზ თავს ასე დაეჭვებით. თუ მარკიზს უყვარხართ, გაჰყევით ცოლად, ოღონდ, ჯერ დარწმუნდით, რომ გულწრფელია. სასოწარკვეთა შემიპყრობს, თუ გავიგებ, რომ მატყუებთ, რადგან თქვენი ბედნიერება მირჩევნია ჩემსას. ჩემმა გადაწყვეტილებამ შეიძლება გაგაკვირვოთ, მაგრამ ეს მხოლოდ კეთილგონიერი ადამიანის სიფრთხილეა, ადამიანისა, რომელიც იმდენად სულელი არ არის, რომ უნდა ქალი მისი სურვილის გარეშე. ჩემს თავს ვადანაშაულებ, და არა თქვენ, ჩემი მცდელობის უნაყოფობაში. იმედი მქონდა, რომ დავიპყრობდი თქვენს გულს მორჩილებითა და ერთგულებით, რადგან, დიდი ხანია, და თქვენ ეს იცით, მინდა გაგაბედნიეროთ, როგორც მე მესმის, მაგრამ თქვენ არ მოისურვეთ რამით მაინც წაგეხალისებინეთ. - ვიტანდი თქვენს ჩემ გვერდით ყოფნას, - მედიდურად თქვა მარიმ. - ისიც დაუმატეთ, რომ ამას ნანობთ... - ნუთუ მადლობაც უნდა გითხრათ იმისთვის, ამ სამარცხვინო საქმეში რომ გამრიეთ?.. - როცა ამ საქმეს გთავაზობდით, რომელიც მშიშარებმა, მფრთხალებმა შეიძლება გაკიცხონ, - თამამად განაცხადა კორანტენმა - მხოლოდ თქვენს ბედნიერებას ვგულისხმობდი. მე კი, სულერთია რა გველის, წარმატება თუ მარცხი, ნებისმიერ შედეგს გამოვიყენებ ჩემი გეგმებისთვის. თუ მონტორანს გაჰყვებით ცოლად, მოხარული ვიქნები, თუ ბურბონების საქმეს მოვუტან სარგებლობას: პარიზში კლიშის კლუბის წევრი ვარ. თუ გარემოებათა გამო ურთიერთობა მექნება უფლისწულებთან, რესპუბლიკის სამსახურზე უარს ვიტყვი, მაინც დეკადანსს განიცდის. გენერალი ბონაპარტი ძალიან გამჭრიახად ფიქრობს, ხვდება, ერთდროულად ვერ იქნება გერმანიაში, იტალიაში და აქ, სადაც რევოლუცია მარცხდება. უეჭველია, თვრამეტი ბრიუმერის გადატრიალება მხოლოდ იმისთვის მოაწყო, რომ ხელსაყრელი მოლაპარაკებები ეწარმოებინა ბურბონებთან საფრანგეთის მომავალზე, რადგან ჭკვიანი, დიდი გაქანების კაცია. მაგრამ მამაცმა პოლიტიკოსებმა უნდა გაასწრონ იმ გზაზე, რასაც ადგას. მეტისმეტი წესიერება, რომელიც დაუშვებლად მიიჩნევს საფრანგეთის „ღალატს“, კიდევ ერთი ცრურწმენაა, რომელსაც ჩვენ, გამოჩენილი ადამიანები სულელებს ვუთმობთ. არ დაგიმალავ: მომანიჭეს უფლება შუანების წინამ-ძღოლებთან მოსალაპარაკებლადაც და მათი განადგურებისაც, ვინაიდან ჩემი მფარველი ფუშე, შორსმხედველი კაცი, ყოველთვის ორმაგ თამაშს თამაშობდა: ტერორის დროს ერთდროულად რესპუბლიკის მხარესაც იყო და დანტონისაც. - რომელიც უსინდისოდ მიატოვეთ! - თქვა მარიმ. - დიდი ამბავი, - უპასუხა კორანტენმა, - მოკვდა. დაივიწყეთ. გულახდილად დამელაპარაკეთ, მაგალითს გიჩვენებთ. ეს ნახევარბრიგადის მეთაური უფრო ეშმაკია, ვიდრე გგონიათ და თუ გინდათ, მისი სიფხიზლე მოადუნოთ, დაგეხმარებით, გახსოვდეთ, რომ ყველა ხეობაში ჩააყენა კონტრშუანები და ძალიან ადვილად აღმოაჩენს თქვენს შეხვედრებს მონტორანთან. აქ თუ დარჩებით, მის თვალწინ, მისი პოლიციის ხელში ხართ. ნახეთ, რა უცებ გაიგო, რომ თქვენთან შუანი მოვიდა! და განა ასეთ გამოცდილ მეომარს გაუჭირდება თქვენი ნებისმიერი ნაბიჯით ინიშნოს მარკიზი, თუკი უყვარხართ?.. მადმუაზელ დე ვერნეის არასოდეს სმენია კორანტენის ასეთი კეთილი, მოალერსე ხმა, გულახდილობის გამოხატულება იყო და ნდობით იყო თითქოს აღსავსე. საბრალო გოგონას კეთილშობილურმა შთაბეჭდილებამ ადვილად მოულბო გული და მზად იყო, საიდუმლო გაენდო გველისთვის, რომელიც უკვე მჭიდროდ შემოჰხვეოდა, მგრამ უცებ გაიფიქრა, რომ ამ სიტყვების ჭეშმარიტების დამამტკიცებელი არავითარი საბუთი არ ჰქონდა და ყოველგვარი სინდისის ქეჯნის გარეშე გადაწყვიტა თავისი ზედამხედველის მოტყუება. - რა გაეწყობა, - უპასუხა მარიმ, - გამოიცანით, კორანტენ, დიახ, მიყვარს მარკიზი, მაგრამ მას არ ვუყვარვარ!.. ყოველ შემთხვევაში, ვშიშობ, რომ ასეა. იქნებ პაემანი რომ დამინიშნა, მხოლოდ ხაფანგია. - გუშინ ხომ თქვით, რომ ფუჟერამდე მოგაცილათ... რამის დაშავება რომ სდომებოდა თქვენთვის, ახლა აქ არ იქნებოდით. - გულცივი კაცი ხართ, კორანტენ, ყოველდღიურ ცხოვრებაში ეშმაკური გამოთვლები გეხერხებათ, მაგრამ ადამიანის გულს არ იცნობთ. შეიძლება ამიტომაც ვერ გიტანთ. რაკი ასეთი გამჭრიახი ხართ, იქნებ გამოიცნოთ, კაცი, რომელსაც ასე მკაცრად დავშორდი გუშინწინ, რატომ მელის მოუთმენლად დღეს, საღამოს, მაიენის გზაზე ფლორინის სახლში... ამ აღიარებაზე, რომელიც თითქოს წამოსცდა ამ გულწრფელ და აღტაცებულ არსებას, კორანტენი გაწითლდა, რადგან ჯერ ისევ ახალგაზრდა იყო, მაგრამ ჩუმჩუმად გამჭოლ მზერას აპარებდა, სულში უნდოდა ჩაეხედა. მადმუაზელ დე ვერნეიმ მიამიტობა ისე კარგად გაითამაშა, რომ მოატყუა ჯაშუში, ყასიდი გულგრილობით რომ თქვა: - გინდათ, გამოგყვებით, ცოტა მოშორებით ვიქნები? გადაცმულ ჯარისკაცებს წამოვიყვან, თქვენს განკარგულებებს დავემორჩილებით... - თანახმა ვარ... - უპასუხა მარიმ, - ოღონდ დამპირდით... პატიოსანი სიტყვა მომეცით... თუმცა, არა, თქვენი პატიოსნება არ მჯერა!.. სამუდამო ნეტარება!.. ესეც არა, ღმერთი არ გწამთ!.. თქვენი სული დაიფიცეთ! თუმცა, რას ვამბობ, სული არ გაქვთ! რითი შეგიძლიათ დამარწმუნოთ თქვენს გულწრფელობაში? და მაინც, მოგენდობით, გაძლევთ მეტს, ვიდრე ჩემი ცხოვრებაა, ჩემს სიყვარულს ან შურისძიებას! კორანტენს გაფითრებულ სახეზე შეუმჩნეველმა ღიმილმა გადაურბინდა და მადმუაზელ დე ვერნეი მიხვდა, როგორ ხიფათს ასცდა. ჯაშუშს სიამოვნებისგან ნესტოები კი არ გაუფართოვდა, პირიქით, ჩაეჩუტა, აიღო თავისი მსხვერპლის ხელი, უღრმესი პატივისცემით ეამბორა, საკმაოდ მოხდენილად დაუკრა თავი და გავიდა. ამ სცენიდან სამი საათის შემდეგ, მადმუაზელ დე ვერნეი, კორანტენის დაბრუნების შიშით, მალულად გავიდა სენ-ლეონარის კარიბჭით და ეკლიანი ბუდის გავლით ვიწრო ბილიკს ნანსონის ხეობისკენ გაუყვა. ეგონა, გადარჩა და მოწმეების გარეშე, ბილიკების ლაბირინთით დაასხი-კუტალის სახლისკენ მიეშურებოდა. მიდიოდა მხიარულად, იმედი მიაქროლებდა ბედნიერებისკენ, სურვილი, გადაერჩინა თავისი შეყვარებული მოსალოდნელი საფრთხისგან. ამასობაში კორანტენი პოლკოვნიკს ეძებდა. როგორც იქნა, მიაგნო პატარა მოედანზე, სადაც რომელიღაც სამხედრო ექსპედიციისთვის ემზადებოდა და ძლივს იცნო. მართლაც მამაც ვეტერანს ისეთი მსხვერპლი გაეღო, რომლის მნიშვნელობაც ძნელი შესაფასებელია. ულვაშები მოეპარსა, ნაწნავი მოეჭრა, ეკლესიის წესდების მიხედვით შეჭრილი თმა ოდნავ დაეპუდრა. ნალებდაკრული უხეში ფეხსაცმელი ეცვა. ლურჯი მუნდირისა და ხმლის ნაცვლად, თხის ტყავი და მძიმე კარაბინი. ქამარში ორი პისტოლეტით, ფუჟერის ორას მცხოვრებს ათვალიერებდა, რომელთა კოსტიუმები ყველაზე გამოცდილ შუანსაც კი მოატყუებდა. ამ პატარა ქალაქის მებრძოლი სული და ბრეტონული ხასიათი კარგად ჩანდა ამ სცენაში. ხან აქ, ხან იქ, დედებს, დებს მოჰქონდათ თავიანთი ვაჟებისთვის, ძმებისთვის მათარით არაყი ან სახლში დარჩენილი პისტოლეტები. მოხუცები ეკითხებოდნენ ვაზნების რაოდენობასა და ხარისხზე ამ კონტრშუანებად გადაცმულ ნაციონალურ გვარდიელებს, რომლებიც სახიფათო ექსპედიციაში კი არა, თითქოს სანადიროდ მიდიოდნენ, ისე მხიარულად იყვნენ. მათთვის შუანების შეხვედრები, ანუ ქალაქელი ბრეტონელებისა და სოფლელი ბრეტონელების შეხვედრა თითქოს ძველ რაინდულ ტურნირს ცვლიდა. ამ პატრიოტული ენთუზიაზმის საფუძველი შეიძლება რაიმე სახელმწიფო ქონების შეძენა იყო. მაგრამ არანაკლებ როლს თამაშობდა აქ რევოლუციის წყალობა, რომელსაც ქალაქში უფრო აფასებდნენ, ვიდრე სოფლად, პოლიტიკური პარტიების განწყობა და ფრანგების ომის თანდაყოლილი სიყვარული. იულო აღფრთოვანებული იყო. მწკრივებს შორის დადიოდა, რაღაც ცნობებისთვის გიუდენს მიმართავდა, რომელზეც მეთაურმა მთელი მეგობრული სიყვარული გადმოიტანა, მერლისა და ჟერარის მიმართ რომ ჰქონდა. ქალაქელები გულმოდგინედ ადევნებდნენ თვალს ექსპედიციისთვის სამზადისს. ადარებდნენ ხმაურიანი თანამოქალაქეების ტანსაცმელს და თავის დაჭერას - იულოს ნახევარბრიგადის ბატალიონისას. ყველანი უძრავად და ჩუმად იყვნენ გამწკრივებულები, ლურჯები ელოდნენ თავიანთ ოფიცერთან ერთად მეთაურის ბრძანებებს, რომელსაც ყოველი ჯარისკაცი თვალით მიაცილებდა ჯგუფიდან ჯგუფისკენ. ნახევარბრიგადის მოხუც მეთაურთან მისულმა კორანტენმა ღიმილი ვერ შეიკავა იულოს დანახვაზე, რომელიც ისე იყო შეცვლილი, როგორც ზოგჯერ პორტრეტი აღარ ჰგავს ხოლმე ორიგინალს. - ახალი რა არის? - ჰკითხა კორანტენმა. - წამოდი ჩვენთან ერთად, გაისროლე და გაიგებ, - უპასუხა მეთაურმა. - ო! მე ფუჟერელი არ ვარ. - ეგ ნამდვილად გეტყობა, - უთხრა გიუდენმა. აქეთ-იქით დამცინავი სიცილი გაისმა. - შენ რა, გგონია მხოლოდ ხიშტებით შეიძლება საფრანგეთის სამსახური? - ჰკითხა კორანტენმა. მერე სიცილის მოყვარულებს ზურგი შეაქცია და ერთ ქალს ჰკითხა, სად და რისთვის მიდიოდა რაზმი. - ეჰ, ჩემო კეთილო, შუანები უკვე ფლორინიიში არიან, ამბობენ სამი ათასზე მეტი კაცით და ფუჟერისკენ მოდიან. - ფლორინიი? - შესძახა კორანტენმა და მიტკლის ფერი დაედო, - პაემანი იქ არ იქნება!.. ეგ რომელი ფლორინიია, მაიენის გზაზე? - ფლორინიი მხოლოდ ერთია, - უპასუხა ქალმა და გზისკენ მიუთითა, რომლის ბოლოშიც პელერინის მწვერვალი ჩანდა. - მარკიზ დე მონტორანს ეძებთ? - ჰკითხა კორანტენმა მეთაურს. - ცოტათი! - უხეშად უთხრა იულომ. - ფლორიინიში არ არის, - უთხრა კორანტენმა, - იქ თქვენი ბატალიონი და ნაციონალური გვარდია გააგზავნეთ, დატოვეთ რამდენიმე კაცი კონტრშუანებიდან და აქ დამელოდეთ. - არ გაგიჟებულა, ამისათვის მეტისმეტად ეშმაკია! - შესძახა იულომ და თვალი გააყოლა კორანტენს, - აი, ჯაშუშების ნამდვილი მეფე! იულომ თავის ბატალიონს დაძვრა უბრძანა. რესპუბლიკელი ჯარისკაცები წავიდნენ ჩუმად, დოლების ბაგაბუგის გარეშე, ვიწრო გარეუბნით მოედნის გზისკენ. სახლებსა და ხეებს შორის ლურჯ-წითელი ლენტივით, მათ შუანებად გადაცმული ნაციონალური გვარდიის ჯარისკაცები შეხვდნენ. იულო კი გიუდონთან და ოციოდე ყველაზე ყოჩაღ ქალაქელ ბიჭთან ერთად პატარა მოედანზე კორანტენს დაელოდა, რომლის იდუმალმა გამომეტყველებამ ცნობისმოყვარეობა გაუღვიძა. ფრანსინმა გამჭრიახ ჯაშუშს თვითონ უთხრა, მადმუაზელ დე ვერნეი სახლიდან წავიდაო. ყველა თავისი ვარაუდი ნამდვილ ამბად ჩათვალა და მაშინვე გავარდა ცნობების შესაკრებად, ამ ნამდვილად საეჭვო გაქცევასთან დაკავშირებით, ჯარისკაცებისაგან გაიგო, გუშაგებად რომ იდგნენ სენ-ლეონარის კარიბჭესთან, უცნობმა ლამაზმა ქალმა ეკლიანი ბუდე გაიარა და ბულვარისკენ გაიქცაო, მარის საუბედუროდ, იქ დროულად მივიდა და შეეძლო მისი ყოველი ნაბიჯი გაეკონტროლებინა. თუმცა მწვანე კაბა ეცვა და ქუდიც მწვანე ეხურა, ძნელად შესამჩნევი რომ ყოფილიყო, მაგრამ გამალებული მოძრაობა და სკუპ-სკუპი ფოთოლგაცვენილ, დათრთვილულ ცოცხალ ღობეებს შორის, მიუთითებდა, საით მიდიოდა. - აა! - წამოიძახა კორანტენმა, - ფლორიინში აპირებდი და ქიბარის ხეობისკენ ჩადიხარ? რა სულელი ვარ? გამაბრიყვა! დამაცადეთ, მიწიდან ამოგიღებთ! როცა დაახლოებით მიხვდა, პაემანი სად უნდა შემდგარიყო, კორანტენი სირბილით დაბრუნდა მოედანზე სწორედ მაშინ, იულო თავისი რაზმის დასაწევად რომ აპირებდა წასვლას. - მოითმინეთ, გენერალო! - დაუძახა კორანტენმა. იულო შემობრუნდა. კორანტენმა წამში გააგებინა ჯარისკაცს, რა მზაკვრობაც ხდებოდა, თუმცა დაფარული იყო, მაგრამ ძაფის ბოლო იპოვა. დიპ-ლომატის გონებამახვილობით გაკვირვებული იულო მკლავში ჩა-აფრინდა. - ეშმაკმა დამლახვროს! მართალი ხარ, ცნობისმოყვარე მოქალაქევ. ყაჩაღები მანდ თვალის ასახვევად შეტევას აპირებენ. ნაციონალური გვარდიის ორი კოლონა ანტრენსა და ვიტრეს შორის ადგილის დასაზვერად გავაგზავნე, ჯერ არ დაბრუნებულან. ასე რომ, ქალაქიდან რომ გავალთ, მაშველ ჯარს შევხვდებით და ნამდვილად ზედმეტი არ იქნება, ვაჟკაცი ისეთი ბრიყვი არ არის, რომ პაემანზე თავისი წყეული ბუების გარეშე წავიდეს. გიუდენ, - მიუბრუნდა ახალგაზრდა ფუჟერელს, - გაიქეცი, გააფრთხილე კაპიტანი ლებრენი, უჩემოდ მოუაროს ფლორიინში მაგ ყაჩაღებს და მალევე დაბრუნდი, ბილიკებს იცნობ. დაგელოდები. ერთად წავიდეთ ამ ყოფილზე სანადიროდ და ვივეტიერში მკვლელობისთვისაც ვიძიოთ შური. ეშმაკმა წამიღოს! ნახეთ, როგორ გარბის! - წამოიძახა იულომ, როცა დაინახა, როგორ თვალსა და ხელს შუა გაქრა გიუდენი, - ჟერარს მოეწონებოდა ეს ბიჭი! მოედანზე დაბრუნებულმა გიუდენმა დაინახა, იულოს პატარა რაზმს ქალაქის სხვადასხვა საგუშაგოებიდან წამოყვანილი ჯარისკაცები შემატებოდა. იულომ ახალგაზრდა ფუჟერელს შესთავაზა, ბნელ ხეობაში კარგად გაწვრთნილი თორმეტი თანამემამულე შეერჩია და ებრძანა სენ-ლეონარის კარიბჭისკენ წასვლა, სენ-სიულპისის მთების ფერდობების გასწვრივ, კუენონის ველისკენ დაშვება, რადგან დაასხი-კუტალის ქოხი სწორედ იქ იყო, მერე თვითონაც რაზმის დანარჩენს ჩაუდგა სათავეში და სენ-სიულპისის კარიბჭით გავიდა და მთების წვერებისკენ გაეშურა, რადგან მისი ანგარიშით იფრინდას რაზმს უნდა შეხვედროდა, რათა გაემაგრებინა გუშაგთა კორდონი, კლდეებს რომ იცავდა სენ-სიულპისის გარეუბნიდან ეკლიან ბუდემდე. როცა კორანტენი დარწმუნდა, რომ შუანების ბელადის ბედი მის ყველაზე შეურიგებელ მტერს გადასცა ხელში, ბულვარისაკენ გაქუსლა, იქიდან იულოს სამხედრო ოპერაციებს უკეთ ადევნებდა თვალს. მალე დაინახა, რომ გიუდენის პატარა რაზმი ნანსონის ველიდან გავიდა და კუენონის ველის ნაპირთან ქვიან ფერდობს გაუყვა, იულო კი ფუჟერის ციხე-დარბაზს გასცდა და სახიფათო ბილიკით სენ-სიულპისის მთაგრეხილის მწვერვალებისკენ გაემართა. ამრიგად, ორივე რაზმი პარალელურ გზებად მიიწევდა წინ. თრთვილის მდიდრული არაბესკებით მორთული ყველა ხე და ბუჩქი მოთეთრო ელფერს ჰფენდა მიდამოს, სადაც კარგად ჩანდა ზემოთ, ნაცრისფერი ზოლებივით მოძრავი ორი პატარა რაზმი. როგორც კი კლდოვან პლატოზე ავიდნენ, იულომ რაზმს უნიფორმიანი ჯარისკაცები ჩამოაცილა და კორანტენმა დაინახა, მარჯვე მეთაურის ბრძანებით, როგორ დაეწყვნენ ერთ გარკვეული მანძილით დაშორებულ გუშაგთა მოძრავ მწკრივად, სადაც პირველს გიუდენთან უნდა ჰქონოდა კავშირი, ბოლოს - იულოსთან. ასე რომ, არც ერთი ბუჩქი არ გადაურჩებოდა სამი მოძრავი ზოლის ჯარისკაცების ხიშტებს და მთებსა და ველებზე გამორეკილი ნადირივით გაეკიდებოდნენ ვაჟკაცს. - რა ეშმაკია ეს ბებერი მგელი, - წამოიძახა კორანტენმა, როცა ჯოჯოს ბუჩქებში უკანასკნელი თოფების პრიალა ლულები მოეფარა თვალს, - ცუდადაა ვაჟკაცის საქმე, ცუდადაა ვაჟკაცის საქმე. მარის ეს წყეული მარკიზი რომ გადმოეცა, მაშინ ყველაზე მტკიცე კავშირი იქნებოდა ჩვენ შორის - უზნეობა. მაგრამ მაინც ჩემი იქნება!.. მალე თორმეტი ახალგაზრდა ფუჟერელის რაზმი, სუბლეიტენანტ გიუდენის მეთაურობით, სენ-სიულპისის მაღლობის იმ ფერდობზე იყო, ბორცვებად რომ ეშვება ჟიბარის ხეობისკენ. გიუდენმა გზიდან გადაუხვია, მკვირცხლად გადაევლო კურდღლისცოცხათი დაფარული პირველივე შემოღობილი მინდვრის კუტიკარს. ექვსი ბიჭიც გადახტა. დანარჩენი ექვსი, მისი ბრძანებით, მარჯვენა მინდვრისაკენ წავიდა, გზის ორივე მხარეს რომ ეძებნათ. გიუდენი მაშინვე შუა ბუჩქებში, დიდი ვაშლის ხისკენ წავიდა. ამასობაში ექვსი შუანის ფეხის ყრუ ხმა მისწვდა მის ყურს. შვიდი თუ რვა კაცი, იფრინდა რომ მოუძღოდათ, ღობის გასწვრივ წამომართული წაბლის ხეების უკან დაიმალა. მიუხედავად თრთვილის თეთრი ანარეკლისა, მიწას რომ ანათებდა, მიუხედავად გამოცდილი, გაწაფული თვალისა, ფუჟერელებმა ჯერ ვერ შენიშნეს ხეებს უკან გამაგრებული მტერი. - ჩუ! აი, ისინიც, - თქვა იფრინდამ, პირველმა რომ აიხედა, - დაგვქანცეს ლოდინით! მაგრამ, რაკი აქ არიან, არ ააცდინოთ! თორემ მაგათი... რომის პაპის ჯარისკაცებადაც კი არ გამოვდგებით! ამასობაში გიუდენის გაფაციცებულმა მზერამ რამდენიმე მათკენ მომართული ლულა დაინახა. ამ დროს რვა როყიო ხმამ იყვირა დაცინვასავით - „ვინ მოდის?“ და რვა გასროლა გაისმა. კონტრშუანების ირგვლივ ტყვიების ზუზუნი ატყდა: ერთი მკლავში დაიჭრა, მეორე დაეცა. ხუთმა საღ-სალამათმა ფუჟერელმა ზალპით უპასუხა, თან „შინაურებიო“ - გასძახეს და ვითომ მტრისკენ გაეშურნენ, სანამ ისინი ისევ გადატენიდნენ თოფებს. - ო, თურმე სწორად გვითქვამს! - დაიძახა გიუდენმა, როცა ნახევარბრიგადელების მუნდირები და ძველი სამკუთხა ქუდები დაინახა, - ნამდვილი ბრეტონელებივით მოვიქეცით. დალაპარაკებამდე ვიჩხუბეთ. რვა ჯარისკაცი გიუდენის დანახვაზე გაოგნდა. - დედაო ღვთისმშობელო! ოფიცერი, რა ჯანდაბაა! აბა, როგორ არ გვეგონებოდით ყაჩაღები მაგ თქვენს თხის ტყავებში! - მწუხარე ხმით წამოიძახა იფრინდამ. - უბედურება მოხდა, მაგრამ არავის ბრალი არ არის, საიდან, თქვენ ხომ არ იცოდით კონტრშუანების გამოსვლა. თქვენ აქ რაღას აკეთებთ? - ჰკითხა გიუდენმა. - ოფიცერო, ერთ დუჟინ შუანებს ვეძებთ, რომ გვაწვალებენ. დავრბივართ მოწამლული ვირთხებივით და ამ ღობეებზე ხტუნვით ისე დავიღალეთ, რომ ფეხზე ვეღარ ვდგებით, ჯანდაბა მაგათ. დასვენება გვინდოდა, მე მგონი აქვე ახლოს უნდა იყვნენ ეგ ყაჩაღები, - აი, იმ ქოხთან ბოლი რომ ამოდის, ხედავთ? - კარგი! - წამოიძახა გიუდენმა, - თქვენ რვანი და შენ, იფრინდა, წადით, უკან დაიხიეთ სენ-სიულპისის კლდეებამდე და გაამაგრეთ გუშაგების ჟაჭვი, იულომ რომ დააყენა, თქვენი ჩვენთან დარჩენა არ შეიძლება, მუნდირები გაცვიათ. ჟანდაბა! ამ ძაღლებს გვინდა ბოლო მოვუღოთ, მათთან არის ვაჟკაცი. ამხანაგები ყველაფერს გეტყვიან, აბა, წადით მარჯვნივ და ფრთხილად იყავით, ჩვენი ბიჭები არიან ექვსნი, თხის ტყავებით, შეიძლება შეგხვდნენ. კონტრშუანებს ყელსახვევებით იცნობთ, თოკივით დაგრეხილები აქვთ, შეუკრავად. გიუდენმა ორივე დაჭრილი ვაშლის ხის ქვეშ დატოვა და დაასხი-კუტალის ქოხისკენ გასწია, იფრინდამ რომ უჩვენა, სანიშნად მილიდან ამოსული ბოლი ჰქონდა. იმ დროს, როცა ახალგაზრდა ოფიცერმა შუანების კვალს მიაგნო, იულოს პატარა რაზმი მაღლობზე ავიდა იმ ადგილის პირდაპირ, სადაც გიუდენმა თავისი ხალხი მიიყვანა. მოხუცი მეომარი, თავისი კონტრშუანების სათავეში, ახალგაზრდული სიმკვირცხლით უჩუმრად მისრიალებდა ღობეების გასწვრივ. ჯერ კიდევ ყოჩაღად ახტებოდა კუტიკარებს, დაკვირვებით უყურებდა ყველა ბორცვს და მონადირესავით ყველა გაფაჩუნებაზე ყურებს ცქვეტდა. მესამე მინდორზე, სადაც აღმოჩნდნენ, იულომ ასე ოცდააათი წლის ქალი შენიშნა, მოკაკული გულმოდგინედ თხრიდა მიწას. იქვე ახლოს შვიდი-რვა წლის ბიჭი აქა-იქ ამოსულ ჯოჯოს ტოტებს აქნევდა, თრთვილს აყრევინებდა, მოაჭრიდა მებაღის მრუდე დანით და ერთად ალაგებდა. იულო ღობეზე მძიმედ რომ გადმოხტა, დედა-შვილმა თავი ასწია. იულოს ეს ახალგაზრდა ქალი ბებერი მოეჩვენა, ნაადრევ ნაოჭებს დაეფარა ბრეტონელი ქალის შუბლი და ყელი, ისე ულაზათოდ და სასაცილოდ ეცვა თხის ტყავი, რომ არა ყვითელი ტილოს ჭუჭყიანი კაბა, მისი სქესის ერთადერთი მიმანიშნებელი, იულო ვერც მიხვდებოდა ქალი იყო თუ კაცი, რადგან ყვითელი ბუწუწები ჩაჩივით ჰქონდა დამალული ძონძებში, ძლივს რომ უფარავდა ტანს, აქა-იქ კანი უჩანდა. - ეჰე, ბებერო, - დაუძახა იულომ ხმადაბლა, - ვაჟკაცი სად არის? ამ დროს ოცი კონტრშუანი იულოს რომ ახლდა, ღობეზე გადმოძვრა. - ვაჟკაცი თუ გინდათ, ისევ იქით უნდა წახვიდეთ, საიდანაც მოხვედით, - უთხრა ქალმა და უნდოდ შეხედა რაზმს. - ფუჟერში ვაჟკაცის მამულს კი არ გეკითხები, კუდიანო ბებერო! მკვახედ შეაწყვეტინა იულომ, - ანა ორეელს გაფიცებ, აქეთ გაიარა? - ვერ გამიგია, რას მეკითხებით? - უპასუხა ქალმა, დაიხარა და მუშაობა განაგრძო. - წყეულო დედაბერო! იქნებ გინდა ლურჯებმა გადაგვყლაპონ რომ მოგვდევენ? - დასჭყივლა იულომ. ამ სიტყვებზე ქალმა ასწია თავი, უნდობლად შეხედა კონტრშუანებს და თქვა: - ლურჯები როგორ მოგდევენ? ახლახან დავინახე: შვიდი-რვა კაცი ქვემოთა გზით უკან მიდიოდა ფუჟერისკენ. - ერთი ამას დამიხედეთ! არ გგონიათ, რომ ჩაგვინისკარტებს თავისი გრძელი ცხვირით, მოტრიალდი, ნახე, ბებერო! და მეთაურმა თითით უჩვენა ორმოცდაათიოდე ნაბიჯით უკან ოთხი თუ ხუთი გუშაგი, კარგად რომ უჩანდათ ქუდები, უნიფორმები და თოფები. შენ რა, გინდა ყელები გამოგვჭრან? იარე-მიწაზემ გამოგვაგზავნა მარკიზის საშველად, ფუჟერელებს რომ უნდათ დაჭერა, - ბრაზიანად დაუმატა იულომ. - ოჰ, მაპატიეთ, - გააგრძელა ქალმა, - ისე ადვილია შეგეშალოს! რომელი მრევლიდან ხართ? - წმინდა გიორგის, - წამოიძახა ორმა თუ სამმა ფუჟერელმა ქვემო ბრეტონელივით, - და შიმშილით ვკვდებით. - მაშ კარგი, აგე იმ ბოლს ხო ხედავთ? ის ჩემი სახლია, მარჯვენა მხარეს თუ წახვალთ, ზემოდან მიხვალთ. შეიძლება ჩემი კაცი შეგხვდეთ, დაასხი-კუტალი უნდა ყარაულობდეს, რომ გააფრთხილოს ვაჟკაცი, თქვენ ხომ უკვე იცით, რომ დღეს ჩვენთან მოვა, - ამაყად დაუმატა. - მადლობელი ვარ, აბა, წავედით! მეხი დამეცეს, ახლა კი დავიჭერთ. ეშმაკმა დალახვროს. ამ სიტყვებზე რაზმი ჩქარი ნაბიჯით გაჰყვა მეთაურს, მითითებული ბილიკისკენ რომ გაეშურა. ამ შუახნის კაცის არაკათოლიკური ლანძღვა რომ გაიგო, დაასხი-კუტალის ცოლი გაფითრდა. ახალგაზრდა ფუჟერელების გეტრები და თხის ტყავები რომ დაინახა, ჩაიკეცა, დაჯდა მიწაზე, ჩაიხუტა შვილი და აღმოხდა: - წმინდაო ღვთისმშობელო ორეისა! და ნეტარო წმინდა ლაბარ, დაგვიფარეთ. არა მგონია, ჩვენი ხალხი იყოს, ფეხსაცმელები წაღებიანი არ ჰქონდათ!.. გაიქეცი ქვემოთა გზით, გააფრთხილე მამაშენი, თორემ თავს წააცლიან, - უთხრა პატარას, რომელიც ქურციკივით გაძვრა კურდღლისცოცხასა და ჯოჯოს ბუჩქნარში. მადმუაზელ ვერნეის გზად არ შეხვედრია არც ლურჯები, არც შუანები, რომლებიც დაასხი-კუტალის ქოხის ირგვლივ მინდვრების ლაბირინთში დასდევდნენ ერთმანეთს. ამ უბადრუკი ქოხის ნახევრად დანგრეული საკვამურიდან ამომავალი მოცისფრო ბოლის დანახვაზე მარის გული აუჩქროლდა, გრძნობდა, ძლიერი ბაგა-ბუგი ტალღებივით აღწევდა ყელამდე. გაჩერდა. ხის ტოტებს ჩაეჭიდა და შეხედა ბოლს, რომელიც შუქურასავით იყო, როგორც მეგობრებისთვის, ასევე მტრებისთვის. ასეთი ძლიერი ემოცია თავის სიცოცხლეში არ განეცადა. - ოჰ, მეტისმეტად მიყვარს, - გაიფიქრა სასოწარკვეთილმა მარიმ, - დღეს მე ალბათ ჩემს თავს ვერ მოვერევი... თვალის დახამხამებაში გადაირბინა მანძილი ქოხამდე, ეზოში შევარდა, სადაც ლაფი ყინვისაგან შეკრული იყო, უზარმაზარი ძაღლი ისევ გამოენთო ყეფით, მაგრამ დაასხი-კუტალმა ერთადერთი სიტყვა უთხრა, მანაც კუდი გააქიცინა და გაჩუმდა. ქოხში შესვლისთანავე სწრაფად მოავლო თვალი იქაურობას. მარკიზი იქ არ იყო. მარიმ შვებით ამოისუნთქა. სიამოვნებით შენიშნა, რომ შუანს უცდია, გაესუფთავებინა თავისი ბოსლის ერთადერთი ჭუჭყიანი ოთახი. დაასხი-კუტალმა დაავლო ხელი თავის ორლულიან თოფს, უხმოდ დაუკრა თავი სტუმარს და ძაღლთან ერთად გავიდა. მარიმ ზღურბლამდე გააცილა, დაინახა, როგორ გაუყვა ბილიკს, ქოხიდან მარჯვნივ რომ იწყებოდა და დამპალი სქელი მორით იყო გაღობილი კუტიკარივით. აქედან ხედავდა მინდვრების სქელ რიგს და გადაკეტილი შესასვლელები ანფილადასავით ჩანდა. ფოთოლგაცვენილი ხეები და ცოცხალი ღობეების ბუჩქები საშუალებას იძლეოდნენ, შორამდე შეემჩნიათ პეიზაჟის ყველა წვრილმანი. როცა დაასხი-კუტალის ფართოფარფლებიანი ქუდი თვალს მიეფარა, მარი მარცხნივ მიბრუნდა, უნდოდა, ფუჟერის ეკლესია დაენახა, მაგრამ ფარდული ეფარებოდა. მარიმ კუენონის ხეობას გახედა, სიფრიფანა ქსოვილის სუფრას რომ ჰგავდა და ამ სითეთრის გამო კიდევ უფრო მქრქალი ჩანდა რუხი, სათოვლე ღრუბლებით დაფარული ცა. ისეთი დღე იყო, როცა ბუნება უტყვი გგონია და ხმაურს ატმოსფერო ახშობს. და თუმცა ლურჯები და მათი კონტრშუანები სამ ზოლად მიდიოდნენ და სამკუთხედს ქმნიდნენ, რომელიც, რაც უფრო უახლოვდებოდნენ ქოხს, უფრო პატარავდებოდა და ისეთი მდორე სიჩუმე იდგა, რომ თრგუნავდა მადმუაზელ დე ვერნეის, მის შინაგან სიჩუმეს რაღაცნაირი დარდი ემატებოდა. ჰაერი უბედურებით იყო გაჟღენთილი. ბოლოს, იმ ადგილს, სადაც მინდვრების ანფილადას ფარდასავით ხურავდა პატარა ჭალა, დაინახა ახალგაზრდა კაცი, რომელიც ციყვივით ახტებოდა კუტიკარებს და გასაოცარი სისწრაფით მირბოდა. - ის არის, - გაიფიქრა მარიმ, შუანივით უბრალოდ ჩაცმულს მუშკეტონი მხარიღლივ ჰქონდა გადაკიდებული თხის ტყავის ზემოდან. რომ არა მისი მოხდენილი მიმოხრა, მისი ცნობა გაძნელდებოდა. მარი სწრაფად შეიმალა ქოხში, რაღაც აუხსნელი გრძნობის გავლენით, ისეთივე ინსტინქტურის, როგორც შიშია. სულ მალე მონტორანი მისგან ორ ნაბიჯზე იდგა ბუხართან, მოგიზგიზე ბრიალა ცეცხლთან. ორივე უხმოდ იყო, ერთმანეთის შეხედვის ან განძრევის ეშინოდათ, ერთი და იგივე იმედი აერთიანებდა მათ ფიქრებს, ერთი და იგივე ეჭვი აშორებდა. ამაში იყო მტანჯველი შფოთვა, ამაში იყო ნეტარება. - მესიე, - უთხრა ბოლოს აღელვებულმა მადმუაზელ დე ვერნეიმ, - აქ მხოლოდ თქვენს უსაფრთხოებაზე ზრუნვამ მომიყვანა. - ჩემმა უსაფრთხოებამ! - სიმწარენარევი ნაღველი იყო ხმაში. - დიახ, სანამ ფუჟერში ვარ, თქვენი სიცოცხლე საფრთხეშია... მეტისმეტად მიყვარხართ და ამიტომ ამ საღამოს გავემგზავრები, აღარ მეძებოთ. - წახვალთ? ჩემო ანგელოზო!.. გამოგყვებით. - მე გამომყვებით? რას ამბობთ? და ლურჯები? - ოო, ჩემო ძვირფასო, რა საერთოა ჩვენს სიყვარულსა და ლურჯებს შორის? - მე მგონია, თქვენთვის ძნელია საფრანგეთში დარჩენა და კიდევ უფრო ძნელია ჩემთან ერთად აქედან წასვლა. - განა მისთვის, ვისაც უყვარს, არის რამე შეუძლებელი? - არა, დიახ, მე მგონი, ყველაფერი შესაძლებელია. ხომ მეყო გამბედაობა, უარი მეთქვა თქვენზე თქვენი გულისთვის. - როგორ! ეკუთვნოდეთ საშინელ არსებას, რომელიც არ გიყვართ და არ გინდათ, გააბედნიეროთ ადამიანი, რომელიც გაღმერთებთ! იყოთ მთელი ცხოვრება ადამიანისა, რომელიც გეფიცებათ, რომ მხოლოდ თქვენი იქნება! მარი გიყვარვარ? - დიახ. - მაშ, გახდი ჩემი. - ნუთუ დაგავიწყდათ, რომ ისევ კურტიზანის საძულველ როლს ვთამაშობ და თქვენ უნდა მეკუთვნოდეთ მე? მე ხომ მხო-ლოდ იმიტომ მინდა თქვენგან გაქცევა, რომ აგაცილოთ მტრობა, მძულვარება, რომელიც მე შეიძლება დავიმსახურო. ამის შიში რომ არა... იქნებ... - მე არაფრის მეშინია... - ვინ დამაჯერებს მაგაში? უნდო ვარ, ეჭვიანი. ჩემს მდგომარეობაში ვინ არ იქნებოდა ასეთი?.. თუ ჩვენი სიყვარული ხანგრძლივი არ იქნება, სრული მაინც უნდა იყოს, ყოვლისშემძლე და აგვატანინოს უსამართლობა. ჩემთვის რა გააკეთეთ? გინდივართ. გგონიათ ეს აღგამამაღლებთ სხვებზე, ვისაც აქამდე შევხვედრივარ? განა ერთი საათი ბედნიერებისათვის გაბედავთ, დაივიწყოთ თქვენი შუანები, მათი ხვედრი არ გაწუხებთ? როგორც მე არ ვფიქრობდი ლურჯებზე იმ დღეს, როცა ჩემთვის თითქოს ყველაფერი დამთავრებული იყო? და რომ გიბრძანოთ, უარი თქვათ თქვენს იდეეებზე, თქვენს იმედებზე, თქვენს ძვირფას მეფეზე, რომელიც მიშლის, მავიწროებს და რომელსაც იქნებ გაეცინოს, მისთვის რომ გასწიროთ თავი იმ დროს, როცა მე თაყვანისცემით შემიძლია თქვენთვის სიკვდილი, ანდა, რომ მოვინდომო მორჩილება გამოვუცხადოთ პირველ კონსულს, მხოლოდ იმიტომ, რომ შესძლოთ გამომყვეთ პარიზში?.. ან, თუ მოგთხოვთ, რომ წამოხვიდეთ ჩემთან ერთად ამერიკაში და შორს იყოთ საზოგადოებისა და მისი ამაოებისაგან მხოლოდ იმისთვის, რომ დავრწმუნდე, მართლა გიყვარვართ თუ არა მე - ჩემ გამო, როგორც ამ წუთში მიყვარხართ? მოკლედ, ერთ დღეს რომ ვისურვო, დაეშვათ ჩემთან და არა მე ავმაღლდე თქვენამდე, მაშინ როგორ მოიქცევით? - გაჩუმდი, მარი. შენს თავს ცილს ნუ სწამებ. საბრალო პატარავ, გამოვიცანი! დამიჯერე. თუ ჩემი პირველი ლტოლვა ვნებად იქცა, ახლა ვნება გადაიქცა სიყვარულად. ძვირფასო, ჩემი გულის გულო, ვიცი, ისეთივე კეთილშობილი ხარ, როგორიც შენი გვარია, ისეთივე დიდი ხარ, როგორიც მშვენიერი. საკმაოდ მაღალი წრის ვარ და იმდენ ძალასაც ვგრძნობ, რომ ვაიძულო საზოგადოება, მიგიღოს. არ ვიცი, იქნებ იმიტომ, რომ გული მიგრძნობს და ველი შენგან გაუგონარ და უსასრულო სიამოვნებას?.. იქნებ იმიტომ, რომ შენს სულში მივაგენი იმ ძვირფას თვისებას, რომელიც აიძულებს მამაკაცს, მხოლოდ ერთი ქალი უყვარდეს სამუდამოდ?.. ჩემი სიყვარულის მიზეზი არ ვიცი, მაგრამ ვიცი, რომ უკიდეგანოა და მგონია, რომ უკვე აღარ შემიძლია უშენოდ სიცოცხლე, ცხო-ვრება სიძულვილი გამიხდება, თუ ჩემ გვერდით არ იქნები. - როგორ თქვენ გვერდით? - მარი, არ გინდა მიხვდე, რას გეუბნება შენი ალფონსი? - გგონიათ, დიდად მაამებთ, თუ თქვენს გვარსა და ხელს შემომთავაზებთ? - მედიდურად უთხრა, მაგრამ თვალი არ მოუშორებია მარკიზისთვის, მისი ყველა ფიქრის ამოცნობა უნდოდა, - ნამდვილად იცით, რომ ექვსი თვის მერე არ გადამიყვარებთ? მერე როგორი იქნება ჩემი მომავალი?.. არა, არა, საყვარელია მხოლოდ ის ქალი, ვინც თავისი მამაკაცის გრძნობებშია დარწმუნებული, რადგან მოვალეობა, კანონები, საზოგადოება, ბავშვების ინტერესი - მაშინ არ არის უხალისო, ნაღვლიანი დამხმარეები ქალისა და თუ მისი ძალაუფლება ხანგრძლივია, აი, მაშინ არის ამაყი და ბედნიერი, ეს გადაატანინებს ქვეყნის ყველაზე მძიმე მწუხარებას. ვიყო თქვენი ცოლი და ერთხელაც თქვენს ტვირთად ვიქცე!.. ამ შიშს წარმავალი, მაგრამ ნამდვილი სიყვარული მირჩევნია, თუნდაც ბოლო გაჭირვება და სიკვდილი იყოს. როგორ არა, შემეძლო, ვყოფილიყავი ნებისმიერზე უკეთესი, სათნო დედა, ერთგული ცოლი, მაგრამ იმისათვის, რომ ასეთი გრძნობები შეუნარჩუნოს ქალს, მხარში ამოუდგეს, შეეშველოს, მამაკაცი გატაცების, ვნების აფეთქებისას არ უნდა დაქორწინდეს. და მე თვითონ კი ვიცი განა, ხვალ მომეწონებით თუ აღარ? არა, თქვენი უბედურება არ მინდა, ვტოვებ ბრეტანს, - თვალებში ყოყმანი შეატყო, - დავბრუნდები პარიზში და თქვენ ჩემს საძებნელად იქ არ ჩამოხვიდეთ... - მაშ ასე, თუ ზეგ დილას სენ-სიულპისის კლდეებზე ბოლს დაინახავ, საღამოს შენთან ვიქნები - საყვარელი თუ ქმარი, როგორც მოისურვებ, არაფრის მეშინია! - ალფონს, მაშ, მართლა გიყვარვარ! - აღტაცებით წარმოთქვა მარიმ, - რაკი მზად ხარ, ასეთ საფრთხეში ჩაიგდო სიცოცხლე იმისათვის, რომ მე მომიძღვნა? არაფერი უთქვამს, მხოლოდ შეხედა; მარიმ თვალები დახარა და მის აგიზგიზებულ სახეზე ისეთივე აღტაცება ამოიკითხა, როგორსაც თვითონაც გრძნობდა და ხელები გაუწოდა. რაღაც სი-გიჟემ აიტანა მარი: მკერდზე მიეკრა, გადაწყვიტა, დანებებოდა მას, რომ ეს შეცდომა უდიდეს ბედნიერებად ექცია, რადგან რისკავდა მთელ თავის მომავალს, რომლის განმტკიცებაც შეეძლებოდა, თუ ამ უკანასკნელი განსაცდელიდან გამარჯვებული გამოვიდოდა. ის იყო, მხარზე დაადო თავი შეყვარებულს, რომ გარეთ შეუმჩნეველი ხმაური გაისმა. მარი თითქოს გამოფხიზლდა, მოეხსნა უცებ მისი მკლავებიდან და ქოხიდან გავარდა. მხოლოდ ახლა მოვიდა ცოტა გონს და შეძლო თავის მდგომარეობაზე დაფიქრება. - ჩემს ძღვენს მიიღებდა და მერე იქნებ დაეცინა კიდევაც, - გაიფიქრა, - ეს რომ ასე იყოს, მოვკლავდი. ოღონდ, ახლა არა, - დაუმატა მარიმ იფრინდას დანახვაზე და ნიშანი მისცა, რომელიც მან მშვენივრად გაიგო. საბრალო ბიჭი ქუსლებზე შემობზრიალდა, თავი მოაჩვენა, ვითომ არაფერი შეუმჩნევია. მადმუაზელ დე ვერნეი სწრაფად შებრუნდა ოთახში, ტუჩებზე მიიდო მარჯვენა ხელის საჩვენებელი თითი, ანიშნა მარკიზს, ჩუმად რომ უნდა ყოფილიყო. *გაგრძელება*…
დაამატა Kakha to ლიტერატურა at 11:35am on ივლისი 16, 2016
  • 1
  • ...
  • 63
  • 64
  • 65
  • 66
  • 67
  • 68
  • 69
  • 70
  • 71
  • 72

Welcome to
Qwelly

რეგისტრაცია
ან შესვლა

ღონისძიებები

  • დაამატე ღონისძიება

ბლოგ პოსტები

ოსკარის 2026 წლის დაჯილდოება - გამარჯვებულები და ნომინირებულები

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: მარტი 16, 2026.
საათი: 11:30pm 0 კომენტარი 1 Like

ოსკარი 2026 სრული სია

      ისევ დამიგვიანდა! ეტყობა, მართლა დავბერდი და უკვე აღარც კი…

გაგრძელება

2026 Guide to the Best AI Voice Generation for Creators and Businesses

გამოაქვეყნა supprity_მ.
თარიღი: მარტი 13, 2026.
საათი: 6:30pm 0 კომენტარი 0 მოწონება

As we step further into 2026, the landscape of content creation is being transformed by AI-powered technologies. Among these innovations, voice generation stands out as one of the most impactful tools for creators, businesses, and educators.…

გაგრძელება

Gallium Market to Reach $860 million by 2033

გამოაქვეყნა Heden Brock_მ.
თარიღი: მარტი 9, 2026.
საათი: 10:00am 0 კომენტარი 0 მოწონება

According to our latest research, the Global Gallium market size was valued at $430 million in 2024 and is projected to reach $860 million by 2033, expanding at…

გაგრძელება

How Minidumperfactory Electric Garden Loader Manufacturer Adapts to Energy Trends

გამოაქვეყნა Minidumperfactory00_მ.
თარიღი: მარტი 2, 2026.
საათი: 6:30am 0 კომენტარი 0 მოწონება

Electric Garden Loader Manufacturerstrategies are increasingly centered on advanced battery systems as demand grows for efficient and low-emission landscaping equipment. Energy storage technology now plays a defining role in how electric compact…

გაგრძელება

How Can A Ball Valve Factory Enhance Long Term System Comfort And Stability

გამოაქვეყნა Naishi Valve_მ.
თარიღი: თებერვალი 9, 2026.
საათი: 9:30am 0 კომენტარი 0 მოწონება

Choosing a reliable partner often begins with understanding how a  shapes ideas into practical solutions. Behind every smooth operation, there is a place where attention, patience, and process quietly work together. Valves may seem ordinary at…

გაგრძელება

The Final Barrier Between the World and Ruin

გამოაქვეყნა Karmasaylor_მ.
თარიღი: იანვარი 22, 2026.
საათი: 10:30am 0 კომენტარი 1 Like

ARC Raiders Items takes place in a retro-futuristic science-fiction world where humanity has been pushed to the brink by an unrelenting mechanical force known as the ARC. These machines descend from orbit, tear apart settlements, and hunt…

გაგრძელება
  • დამატება დღიურში
  • ყველა

Qwelly World

free counters

© 2026   George.   • Ning - platform for social network creation and community website building

პანაღია  |  პრობლემის აღმოჩენისას!  |  Terms of Service

საუბრის დაწყება!