ძიება
  • რეგისტრაცია
  • შესვლა

Qwelly

ძიების შედეგები - ბრწყინვალე+გონება

თემა: გაიუს სვეტონიუს ტრანკვილუსი - გაიუს კალიგულა
თანამდებობები (17); განაწილებები, სანახაობები, მშენებლობები (18-21); გაღმერთება (22); დამოკიდებულება ახლობლებთან (23-25), მეგობრებთან და ხალხთან (26); სისასტიკე (27-33); შური და ბოროტება (34-35); გარყვნილება და ფუფუნება (36-37); სიხარბე და გამომძალველობა (38-42); გერმანიის ლაშქრობა (43-47); დაბრუნება და ახალი ჩანაფიქრები (48-49); გარეგნობა, ჯანმრთელობა, ცხოვრების წესი (50-52); სამეცნიერო სწავლა (53); სპორტული გატაცებები (54-55); შეთქმულება (56-57); სიკვდილი და დაკრძალვა (58-59); დასკვნა (60).       1. გერმანიკუსი, გაიუს კეისრის მამა, შვილი იყო დრუზუსისა და ანტონია უმცროსისა. მამის მხრიდან ბიძის, ტიბერიუსის ნაშვილები გახლდათ და კვესტურა მიიღო კანონიერზე ხუთი წლით ადრე, ხოლო იმის შემდეგ პირდაპირ - კონსულობა. როცა ჯარებით გაიგზავნა გერმანიაში და ავგუსტის გარდაცვალების ცნობა მიუვიდა, ყველა ლეგიონმა მტკიცე უარი განაცხადა, ეცნოთ ტიბერიუსი და მას შესთავაზეს უმაღლესი ხელისუფლება; მაგრამ დაამშვიდა ისინი, იმდენი სიმტკიცე გამოამჟღავნა, რამდენიც მოვალეობისადმი ერთგულება, მერე მათთან ერთად მტერი დაამარცხა და ტრიუმფიც იზეიმა.       ამის მერე ხელმეორედ აირჩიეს ტრიბუნად, მაგრამ თანამდებობაზე მიუსვლელად აღმოსავლეთში გაიგზავნა წესრიგის დასამყარებლად. აქ ჯერ დაამარცხა სომხეთის მეფე, კაპადოკია რომის პროვინციად გადააქცია, მერე ოცდათოთხმეტი წლისა გარდაიცვალა ანტიოქიაში - როგორც ეჭვონებ, შხამით. სინამდვილეში, მთელ სხეულზე ლურჯი ლაქებისა და პირიდან გადმოსული ქაფის გარდა, მისი გული დაკრძალვის დაწვისას უვნებლად იპოვეს ძვლებში, - ითვლება, რომ შხამით გამსჭვალული გული თავისი ბუნებით ისეთია, არ შეიძლება დაიწვას.       2. მის სიკვდილს მიაწერდნენ ტიბერიუსის ფლიდობას და გნეუს პიზონის მონდომებას, რომელიც მაშინ სირიის ნაცვალი იყო. ის არც მალავდა, რომ მოუწევდა, მტრად ჰყოლოდა ან მამა, ან შვილი, თითქოს სხვა გამოსავალი არ ყოფილიყო. და უთვალთვალებდა გერმანიკუსს სიტყვით და საქმით, სასტიკად და შეუჩერებლად, ავადმყოფობის დროსაც კი. ამისათვის რომში დაბრუნებისას ხალხმა კინაღამ დაფლითა, ხოლო სენატმა სასიკვდილო სასჯელი გამოუტანა.       3. როგორც ცნობილია, გერმანიკუსი ყველა გარეგნული და სულიერი თვისებებით იყო დაჯილდოებული, როგორც არავინ. იშვიათი სილამაზე და სიმამაცე, შესანიშნავი ნიჭი მეცნიერებისა და მჭევრმეტყველებისა ორივე ენაზე, უსაზღვრო სიკეთე, შეუნელებელი სურვილი და საოცარი უნარი, მოეპოვებინა ხალხის კეთილგანწყობა და სიყვარული დაემსახურებინა. იმის სილამაზეს ცოტა აფუჭებდა წვრილი ფეხები, მაგრამ აიძულა ისინი, რომ თანდათან შევსებულიყვნენ, ჭამის მერე მუდმივად ვარჯიშობდა ცხენოსნობაში.       (2) მტერი არაერთხელ დაუმარცხებია ხელჩართულ შეტაკებაში. ტრიუმფის მერეც სასამართლოში სიტყვით გამოსვლისთვის თავი არ დაუნებებია. მისი სწავლულობის ძეგლებს შორის დარჩა ბერძნული კომედიებიც. მოგზაურობებშიც კი უბრალო მოქალაქესავით ეჭირა თავი, თავისუფალ და მოკავშირე ქალაქებში ლიკტორების გარეშე შედიოდა. სახელგანთქმულ ადამიანთა სამარხებს რომ ნახავდა, ყველგან მიჰქონდა მსხვერპლი მანებთან. გადაწყვიტა, ვარუსთან ერთად დამარცხებულთა ნარჩენები, გახრწნილი და მიმოფანტული, საერთო სასაფლაოზე დაემარხა და პირველმა დაიწყო თავისი ხელით მათი შეგროვება და ერთ ადგილზე მიტანა.       (3) თავის მაძაგებლებსაც კი, ვინც არ უნდა ყოფილიყო და რაზეც არ უნდა ემტროთ, რბილად და უბოროტოდ ეპყრობოდა. პიზონზეც კი, რომელიც მის ბრძანებებს ცვლიდა და ავიწროებდა იმის კლიენტებს, მაშინ განრისხდა, როცა გაიგო, რომ თავს ესხმის ჯადოქრობით და შხამით. მაგრამ მაშინაც იმით დაკმაყოფილდა, რომ წინაპართა ჩვეულებისამებრ, უარი უთხრა მეგობრობაზე, ხოლო შინაურებს დაუბარა, თუ რამე მოუვიდოდა, შური ეძიათ მისთვის.       4. მან მოიწია თავისი კეთილმოქმედების დიდი ნაყოფი. ნათესავები ისეთ პატივს სცემდნენ და უყვარდათ, რომ თავად ავგუსტუსი, - სხვებზე აღარც ვლაპარაკობ, - დიდხანს ყოყმანობდა, თავის მემკვიდრედ ხომ არ დაენიშნა და, ბოლოს, ტიბერიუსს უბრძანა, შვილად აეყვანა. ხოლო ხალხს ისე უყვარდა, რომ როცა საიდანმე მოდიოდა ან ბრუნდებოდა, - ამაზე ბევრი წერს, - მაშინ შემხვედრთა ან გამცილებელთა სიმრავლისაგან ხანდახან ხიფათშიც კი იყო. როცა გერმანიიდან ბრუნდებოდა, აჯანყების ჩაქრობის შემდეგ, პრეტორიელების მთელი კოჰორტები გამოვიდნენ მის შესახვედრად, თუმცა მხოლოდ ორის გამოსვლა იყო ნაბრძანები, ხოლო რომაელი ხალხი, ფენების, ასაკისა და სქესის განურჩევლად შესახვედრად ოცი მილის იქით გამოიფინა.       5. მაგრამ უფრო ძლიერად და დამაჯერებლად გამოიხატა მასთან დამოკიდებულება სიკვდილისას და სიკვდილის შემდეგ. იმ დღეს, როცა მოკვდა, ადამიანებმა ქვები დაუშინეს ტაძრებს, ღმერთების საკურთხევლებს აბრუნებდნენ, ზოგიერთები ქუჩებში ისროდნენ საშინაო ღმერთებს ლარებს, აგდებდნენ ახალდაბადებულ ბავშვებს. ამბობენ, ბარბაროსებმაც კი, ერთიმეორეს რომ ეომებოდნენ ან ჩვენ, შეწყვიტეს ომი, თითქოს გაერთიანდნენ საერთო და ყველასთვის ახლობელი მწუხარებით. ზოგიერთმა პრინცმა წვერი მოუშვა და ცოლებს თავები გადაპარსეს ღრმა მგლოვიარობის ნიშნად. და თავად მეფეთა მეფემ უარი გამოაცხადა ნადირობაზე და ქეიფებზე ქვეშევრდომებთან, რაც პართელებისთვის მგლოვიარობის ნიშანია.       6. ხოლო რომში ხალხი, დათრგუნული და გულდამძიმებული პირველი ცნობით მის ავადმყოფობაზე, ელოდა და ელოდა ახალ მალემსრბოლელებს. და როცა საღამოს, საიდანღაც უცებ გავრცელდა ცნობა, რომ ისევ ჯანმრთელადაა, მაშინ ყველა მაშხალებით და სამსხვერპლო ცხოველებით კაპიტოლიუმისკენ გავარდნენ და კინაღამ ტაძრის კარი ჩამოგლიჯეს, რაც შეიძლება მალე დაედოთ აღთქმები. თავად ტიბერიუსი გააღვიძა მოზეიმე სიმღერამ, ყოველი მხრიდან რომ მოდიოდა: რომიც, ქვეყანაც გადარჩა აკი, გერმანიკუსი გადარჩა რაკი.       (2) როცა, ბოლოს, დადასტურებით ცნობილი გახდა, რომ უკვე აღარ არის, მაშინ ვეღარანაირი შეტყობინებები, ვერანაირი ბრძანებულებები ვერ ამსუბუქებდნენ სახალხო გლოვას და ტირილი დეკემბრის ზეიმებამდე გაგრძელდა. გარდაცვლილის სახელი და მასზე სინანული გააღრმავა მომდევნო წლების საშინელებებმა, და ყველას არცთუ უსაფუძვლოდ ეჩვენებოდა, რომ ტიბერიუსის მალევე აშვებული მძვინვარება მანამდე შეკავდებოდა ხოლმე გერმანიკუსისადმი პატივისცემითა და მის წინაშე შიშით.       7. ცოლად ჰყავდა აგრიპინა, მარკუს აგრიპას და იულიას ქალიშვილი, და მისგან ცხრა შვილი ჰყავდა. იმათგან ორი ჩვილობისას გარდაიცვალა, ერთი - ბავშვობაში და ისეთი კეთილსანახავი, რომ ლივიამ მისი გამოსახულება კაპიტოლიუმის ვენერას ტაძარს მიუძღვნა, კუპიდონის სახით, მეორე კი თავის საწოლ დარბაზში დაჰკიდა, სამთიობოში და შესვლისას ყოველთვის აკოცებდა ხოლმე. დანარჩენმა ბავშვებმა მამაზე მეტხანს იცოცხლეს - სამმა გოგონამ: აგრიპინამ, დრუზილამ და ლივილამ, თითო წლის ჩაგდებით რომ მოჰყვებოდნენ ერთიმეორეს; და სამმა ბიჭმა - ნერონმა, დრუზმა და გაიუს კეისარმა. ამათგან ნერონი და დრუზუსი ტიბერიუსის ბრალდებით სენატმა სახელმწიფოს მტრებად გამოაცხადა.       8. გაიუს კეისარი დაიბადა სექტემბრის კალენდების დამდეგს, მამამისისა და გაიუს ფონტეიუს კაპიტონის კონსულობაში. სად დაიბადა, ნათელი არ არის, რაკი ამაზე ცნობები წინააღმდეგობრივია. გნეიუს ლენტულუს გეტულიცუსი წერს, რომ თითქოს ტიბურში დაიბადა. პლინიუს სეკუნდუსი ამტკიცებს, რომ ტრევერების მიწაზე, დაბა ამბიტარვიუმში, კონფლუენტის ზემოთ რომ არის; ამასთან მიუთითებს, რომ იქ გაჩვენებენ სამსხვერპლოს წარწერით: "დადგმულია აგრიპინას მიეს". ლექსები, მისი ხელისუფლებაში მოსვლისთანავე რომ გავრცელდა, გვაჩვენებენ, რომ ის დაიბადა ზამთრის ბანაკებში: დაიბადა ბანაკში, მამის მშვილდით მეისრობდა, ეს თუ იყო ნიშანი, რომ ელოდა კეისრობა?       მე კიდევ ცნობებში ვიპოვე, რომ ანციუმში დაიბდა.       (2) როგორც გეტულიკუსი აჩვენებს, მართალი არ არის პლინიუსი, რადგან ტყუის იმიტომ, რომ ახალგაზრდა და ამპარტავანი მმართველის სახელი განადიდოს ჰერკულესისადმი მიძღვნილი ქალაქითაც. და ცრუობს იმის გამოც, რომ ტიბურში, მართლაც, ერთი წლით ადრე გერმანიკუსს ეყოლა შვილი და იმასაც გაიუსი დაარქვეს - სწორედ ის მშვენიერი ბავშვი, რომლის უდროო სიკვდილზე ზემოთ უკვე ვილაპარაკე.       (3) პლინიუსს, თავის მხრივ, თავად მოვლენათა რიგიც ეწინააღმდეგება.       ყველა ისტორიკოსი ხომ, ვინც კი ავგუსტუსზე წერს, ერთხმად ამბობს, რომ როცა გერმანიკუსი თავისი კონსულობის შემდეგ გაიგზავნა გალიაში, უკვე ჰყავდა გაიუსი. პლინიუსის აზრს არ ადასტურებს სამსხვერპლოზე წარწერაც, რადგან ამ ადგილებში აგრიპინამ გააჩინა ორი გოგო, ხოლო ნებისმიერ დაბადებას, ბიჭისა იქნება თუ გოგოსი, განურჩევლად ეძახიან puerperium-ს, რადგან ძველად გოგნებს (puellae) ეძახდნენ puerae, და ბიჭებს (pueri) - კიდევ puelli.       (4) არსებობს ავგუსტუსის წერილიც, დაწერილი მის სიკვდილამდე რამდენიმე თვით ადრე, თავის შვილიშვილ აგრიპინასთან, რომელშიც ჩვენს გაიუსზე, რაკი მაშინ არავითარი სხვა გაიუსი არ არსებობდა, ნათქვამია: "გუშინ მოველპარაკე ტალარიუსს და აზილიუსს, რომ წამოეყვანათ პატარა გაიუსი მეთხუთმეტე დღეს ივნისის კალენდებამდე[662], თუ ღმერთების ნებაც იქნება. მათთან ერთად ჩემი მონებიდან ექიმსაც ვაგზავნი. გერმანიკუსს მივწერე, რომ ჰყავდეს თავისთან, თუ მოისურვებს. ნახვამდის, ძვირფასო აგრიპინა, და ეცადე შენს გერმანიკუსთან ჯანმრთელად ჩააღწიო".       (5) ჩემი აზრით, ნათელია, რომ გაიუსი ვერ დაიბადებოდა იქ, სადაც რომიდან ჩაიყვანეს უკვე ორი წლისა. ალბათ, არ უნდა დავუჯეროთ ლექსებსაც, მით უმეტეს, თუ ისინი ხელმოწერელია. ამგვარად, მხედველობაში უნდა მივიღოთ სახელმწიფო ცნობების ჩვენება, როგორც ერთადერთი. ამასთან ერთად, თავად გაიუსს ყველა სამხიარულო ადგილებიდან ანციუმი უყვარდა - როგორც თავის დაბადების ადგილი, უეჭველად. ამბობენ, რომი რომ მოსწყინდა, იქ აპირებდა დედაქალაქის და სასახლის გადატანას.       9. მეტსახელი "კალიგულა" ("ჩექმუკა") სამხედრო ბანაკში გაჩენილი ხუმრობიდან მოდის, რაკი მეომრებს შორის იზრდებოდა, რიგითი ჯარისკაცის სამოსში. და ჯარის როგორი ერთგულება და სიყვარული მისცა ამგვარმა აღზრდამ, ეს ყველაზე უკეთ მაშინ გამოჩნდა, როცა მან მხოლოდ თავისი გარეგნობით უეჭველად დააწყნარა ჯარისკაცები, რომლებიც ავგუსტუსის სიკვდილის შემდეგ ისე იყვნენ აღშფოთებულები, რომ ნებისმიერ უგუნურებას ჩაიდენდნენ. სინამდვილეში, იმათ მართლაც მაშინ დაიხიეს უკან, როცა დაატყვეს, რომ აჯანყების საფრთხის გამო მას შორს აგზავნიან, მახლობელი ქალაქის დაცვის ზედამხედველობაში, - აი, მხოლოდ მაშინ, მონანიებით ატანილებმა, დაიჭირეს და შეაჩერეს ფორანი, შეეხვეწნენ, არ დაესაჯა ისინი ამისთანა რისხვით.       10. მამასთან ერთად სირიაში იყო. იქიდან მობრუნებული ჯერ დედასთან ცხოვრობდა, მერე, დედის გადასახლების შემდეგ, ლივია ავტუსტასთან, თავის დიდ ბებიასთან. ბებია რომ მოუკვდა, ჯერ კიდევ მოზარდმა, როსტალური ტრიბუნიდან სახოტბო სიტყვა წარმოთქვა. მერე თავის ბებია ანტონიასთან გადავიდა. ცხრამეტი წლისა ტიბერიუსმა გამოიძახა კაპრიზე, - მაშინ მან ერთსა და იმავე დღეს სრულწლოვანის ტოგაც ჩაიცვა და პირველად გაიპარსა წვერი, მაგრამ ყოველგვარი ზეიმების გარეშე, რომლებითაც მისი ძმების სრულწლოვანებები აღინიშნა..       (2) კაპრიზე ბევრი ცდილობდა, ეშმაკობითა თუ ძალით გამოეტუათ მისთვის უკმაყოფილება, მაგრამ ერთხელაც არ აჰყოლია ცდუნებას, გეგონება, სულ დაავიწყდა თავისი ახლობლების ბედი, თითქოს არც არაფერი მოსვლოდეთ. ხოლო ყველაფერს, რისი მოთმენაც უწევდა, იტანდა ისეთი დაუჯერებელი თვალთმაქცობით, რომ მართებულად იყო იმაზე ნათქვმი: "ქვეყნად არ იყო იმაზე უკეთესი მონა და იმაზე უარესი ხელმწიფე".       11. თუმცა მაშინაც ვერ მალავდა თავის ბუნებრივ მძვინვარებასა და გარყვნილობას. ცნობისმოყვარეობის წყურვილით ესწრებოდა ბრალდებულთა წამებას და სიკვდილით დასჯას, ღამით თავზე დადებული სხვა თმითა და გრძელი კაბით დაეხეტებოდა დუქნებში და საროსკიპოებში, დიდი სიამოვნებით ცეკვავდა და მღეროდა სცენაზე. ტიბერიუსი ამას ხალისით უშვებდა, იმედოვნებდა, ამით მოერჯულებინა იმისი სასტიკი ხასიათი. გამჭრიახი ბერიკაცი ზუსტად ხედავდა და არაერთხელ უწინასწარმეტყველებდა, რომ გაიუსი ცხოვრობს საკუთარი თავის და სხვების დასაღუპად, და რომ ექიდნეს ზრდის რომის ხალხისთვის და ფაეტონს მთელი დედამიწის წრისათვის.       12. ცოტა მოგვიანებით ცოლად მოიყვანა იუნია კლავდილა, რომაელი დიდგვაროვანის, მარკუს სილანუსის ქალიშვილი. მერე დაინიშნა ავგურად თავისი ძმის, დრუზუსის ადგილზე, მაგრამ ხელდასმამდე აიყვანეს პონტიფიკოსის თანამდებობაზე. ეს მისი ნათესაური გრძნობებისა და სულიერი მორჩილების აღიარების მნიშვნელოვანი ნიშანი იყო, ტიბერიუსის საგვარეულო მოკლებული იყო სხვა დასაყრდენს. სეიანუსზე მალე ეჭვი მიიტანეს და გაანადგურეს, როგორც სამშობლოს მტერი, და გაიუსი უფრო და უფრო მეტად ღებულობდა მემკვიდრედ გახდომის იმედს.       (2) უფრო რომ განმტკიცებულიყო ამ იმედში, მალევე, როგორც კი იუნია გარდაიცვალა მშობიარობისას, შეაცდინა ენია ნევია, ცოლი მაკრონისა, ვინც პრეტორიანული კოჰორტების მეთაური იყო; თან ენიას დაპირდა, რომ ცოლად მოიყვანდა, როცა მიაღწევდა ძალაუფლებას, და ამაზე ფიცი და ხელწერილიც მისცა. ამ ქალის გამოყენებით მაკრონის ნდობა მოიპოვა და მაშინ, როგორც ვარაუდობს ზოგიერთი, ტიბერიუსს შხამი შეაპარა. მომაკვდავი ძლივსღა სუნთქავდა, როცა გაიუსმა ბრძანა, მოეხსნათ მისთვის ბეჭედი. თითქოს, წინააღმდეგობასაც უწევდა ტიბერიუსი. მაშინ გაიუსმა უბრძანა, ბალიში დაეფარებინათ და თვითონ შემოაჭდო ყელზე ხელები. ხოლო ის აზატი, ამ სანახაობაზე რომ შეჰყვირა, ჯვარზე გასაკრავად გააგზავნა.       (3) და ეს მართალს ჰგავს. ზოგიერთი გადმოგვცემს, რომ თავად დაიტრაბახა თუ ჩადენილი არა, ჩაფიქრებული დანაშაულით მაინც - მუდამ თავის ნათესაური გრძნობებით მოამაყე, ამბობდა, რომ ერთხელ ხანჯლით შევიდა მძინარე ტიბერიუსთან, რათა შური ეძია დედის და ძმების მკვლელობების გამო, მაგრამ შეებრალა, ხანჯალი მოისროლა და გამოვიდა. ტიბერიუსმა ეს იცოდა, მაგრამ ვერ გაბედა ვერც თვალთვალი და ვერც მისი დასჯა.       13. ასე მიაღწია ხელისუფლებას რომაელი ხალხის საუკეთესო სურვილების ასასრულებლად, ანდა, უფრო უკეთ, მთელი კაცობრიობისა. ის იყო ყველაზე სასურველი მმართველი პროვინციებისათვის და ჯარებისთვის, სადაც ბევრს ახსოვდა ჯერ კიდევ პატარა, და მთელი რომაელი ბრბოსთვის, რომელსაც უყვარდა გერმანიკუსი და ებრალებოდა მისი ლამის ამოწყვეტილი საგვარეულო. ამიტომ, როცა მიზენუმიდან წამოვიდა, მაშინ, მიუხედავად იმისა, რომ ძაძებში იყო და ტიბერიუსის ნეშტს მიაცილებდა, ხალხი მოზეიმე ბრბოებით ხვდებოდა, საკურთხევლებით, მსხვერპლით, ანთებული მაშხალებით, კეთილ სურვილებს ატანდა, ეძახდა "ვარსკვლავს", "ჩიორას", "თოჯინას" და "შვილიკოს".       14. ხოლო რომში რომ შევიდა, მაშინვე მიენიჭა უმაღლესი და სრული ძალაუფლება სენატის ერთსულოვანი დასკვნითა და კურიაში შევარდნილი ბრბოს ძალით, ტიბერიუსის ანდერძის საპირისპიროდ, რომელმაც თავისი არასრულწლოვანი შვილიშვილის თანამემკვიდრედ დანიშნა. ხალხის სიხარული ისეთი იყო, რომ, როგორც ამბობენ, სამი არასრული თვის განმავლობაში ას სამოცი ათასი სამსხვერპლო ცხოველი დაიკლა.       (2) როცა რამდენიმე დღის შემდეგ კამპანიის კუნძულებზე წავიდა, ყველა სდებდა აღთქმას მის დაბრუნებაზე, პატარა შემთხვევასაც კი არ უშვებდა ხელიდან, რომ წუხილი და მზრუნველობა გამოეხატა მის კეთილდღეობაზე. ავად რომ გახდებოდა, ხალხი ღამისთევით იკრიბებოდა პალატინთან. ისეთებიც გამოერეოდნენ, წერილობით ფიცს რომ სდებდნენ, სასიკვდილოდ ებრძოლათ მის გამოსაკეთებლად ანდა თავიანთი სიცოცხლე გაეწირათ მისთვის.       (3) მოქალაქეთა უსაზღვრო სიყვარულს აგრძელებდა უცხოქვეყნელების კეთილი განწყობა. არტაბანმა, პართიის მეფემ, რომელიც ყოველთვის ღიად გამოხატავდა თავის სიძულვილს და ზიზღს ტიბერიუსის მიმართ, ახლა თავად სთხოვა გაიუსს მეგობრობა, კონსულის ლეგატებთან მოლაპარაკებაზე გამოვიდა და, ევფრატზე გადმოსულმა, პატივი მიაგო რომის არწივებს, ლეგიონების ნიშნებს და კეისრების გამოსახულებებს.       15. თავადაც ყველაფერს აკეთებდა, ადამიანებში სიყვარული რომ აღეძრა. ტიბერიუსს მწარე ცრემლებით სცა პატივი კრების წინაშე და საზეიმოდ დაასაფლავა. მერე მაშინვე გაემგზავრა პანდატერიაში და პონტოს კუნძულებზე, დედის და ძმების ნეშტების შეგროვებას ჩქარობდა; ქარიშხლიან უამინდობაში გაცურა, რათა ყველას დაენახა მისი კარგი შვილობა, მათ ნარჩენებს მოწიწებით მიუახლოვდა, ურნებში ჩააწყო საკუთარი ხელით. არანაკლები ზარზეიმით, კიჩოზე ალმიანი ბირემით ოსტიაში მიასვენა ისინი, მერე ტიბრს აღმა აუყვა რომამდე, სადაც ყველაზე ცნობილმა მხედრებმა ხალხის ბრბოს გავლით, ორი ტახტრევანით მავზოლეუმში გადაასვენეს. მათ სამახსოვროდ დაადგინა სახალხო, ყოველწლიური მოსახსენებელი წესები, ხოლო დედის საპატივსაცემად საცირკო თამაშობები, სადაც დედამისის გამოსახულება მოჰქონდათ პროცესიაში განსაკუთრებული ეტლით.       (2) მამამისს პატვი მიაგო, სექტემბერს რომ გერმანიკუსი უწოდა. ამის შემდეგ სენატის დადგენილებით, თავის ბებია ანტონიას ყველა პატივი დაუნიშნა, რაც კი მისცემია ოდესმე ლივიას; თავისი ძია კლავდიუსი, რომელიც ჯერ კიდევ რომაელი მხედარი იყო, კონსულობაში ამხანაგად აიყვანა. ძმა ტიბერიუსი სრულწლოვანების დღეს იშვილა და ახალგაზრდობის მეთაურად დანიშნა.       (3) თავისი დების საპატივცემოდ ბრძანა, ყველა დაფიცებისთვის დაემატებინათ: "დაე, არ მიყვარდეს საკუთარი თავი და შვილები უფრო მეტად, ვიდრე გაიუს კეისარი და მისი დები"; ხოლო კონსულების წინადადებებისთვის: "დე, ბედნიერება და წარმატება სდევდეს გაიუს კეისარს და მის დებს!".       (4) სახალხო სიყვარულს გამოდევნებულმა შეიწყალა ბევრი, - მსჯავრდებულებს და გადასახლებულებს ყველნაირ საქმეზე, რაც ძველი დროიდან იყო დარჩენილი, შენდობა უბოძა. საბუთები, რაც დედამისის და ძმების საქმეებთან იყო დაკავშირებული, ფორუმზე მიიტანა და დაწვა, თან ღმერთები მოიყვანა მოწამედ, რომ არაფრისთვის ხელი არ უხლია და არაფერი წაუკითხავს ამ ქაღალდებიდან - ამით უნდოდა სამუდამოდ ჩაეწყნარებინა ყველანაირი შიში დამსმენებისა და მოწმეებისა. ხოლო მასზე თავდასხმის თაობაზე დასმენა არც კი მიიღო, განაცხადა, რომ არაფრით შეუძლია სიძულვილის წახალისება, და რომ დამსმენებისთვის მისი სმენა დახშულია.       16. სპინტრიები, უჩვეულო სიამტკბილობის გამომგონებლები, რომიდან გააძევა - ძლივს გადააფიქრებინეს იმათი ზღვაში ჩახრჩობა. ტიტუს ლაბიენუსის, კრემუციუს კორდუსის და კასიუს სევერუსის თხზულებებზე, სენატის დადგენილებით რომ იყო განადგურებული, ბრძანა, მოეძებნათ, შეენახათ და ეკითხათ, - განაცხადა, რომ მისთვის ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ არანაირი მოვლენა არ გამორჩენოდათ შთამომავლებს.       ანგარიშები იმპერიის მდგომარეობაზე, რომელსაც ავგუსტუსი უშვებდა, ტიბერიუსმა კი შეწყვიტა, მან ბრძანა, კვლავ გამოექვეყნებინათ.       (2) თანამდებობის პირებს ნება დართო, თავისუფლად ემართათ სასამართლო, მისთვის არაფერი ეკითხათ. მხედრების სიები თვითონ შეამოწმა მკაცრად და ყურადღებით, მაგრამ დაუნდობლად არა, - ვინც სირცხვილით ან უღირსებობით იყო დაღდასმული, იმათ სახალხოდ ჩამოართმევდა ცხენებს, ვისაც ნაკლები დანაშაული ჰქონდა, იმათ გამოტოვებდა ხოლმე გვარების წაკითხვისას. მოსამართლეებს რომ ადვილად ემუშავათ, იმათ ოთხ დეკურიას მეხუთეც შეუერთა. სახალხო კრების აღდგენით ცდილობდა ხალხისთვის დაებრუნებინა თანამდებობის პირთა არჩევნები.       (3) ტიბერიუსის ანდერძით, თუმცა ის ანდერძი გაუქმებულად იყო გამოცხადებული, დატოვებული საჩუქრები, და იულია ავგუსტასებიც, რომელიც ტიბერიუსმა დამალა, მან დაითვალა და პატიოსნად და უსიტყვოდ გადაიხადა. იტალია გაათავისუფლა ნახევარპროცენტიანი გადასახადისგან გაყიდვებზე, ბევრ ხანძრით დაზარალებულს აუნაზღაურა დანაკარგი. თუკი მეფეებს სამეფოებს უბრუნებდა, მაშინ უხდიდა კიდეც გავლილი დროის მთელ ხარკს და შემოსავალს. მაგალითად, ანტიოქუს კომაგენელმა მიიღო ასი მილიონი სესტერცი, ოდესღაც რომ წაართვეს.       (4) არანაირ კეთილ საქმეს წაუხალისებლად რომ არ დატოვებდა, ამის საჩვენებლად, ერთ გააზატებულ ქალს რვაასი ათასი სესტერცი მისცა ჯილდოდ, რომელმაც უსასტიკესი წამების დროსაც კი არ გათქვა თავისი პატრონის დანაშაული. მთელი ამ ქმედებებისათვის სენატმა, სხვა პატივთან ერთად, უბოძა ოქროს ფარი. ყოველ წელს, დადგენილ დღეს ქურუმთა კოლეგიებს ეს ფარი კაპიტოლიუმზე უნდა წაეღოთ, სენატისა და სიმღერის თანხლებით, სადაც დიდგვაროვანი ბიჭები და გოგონები მმართველის სათნოებას ადიდებდნენ. აგრეთვე დადგინდა, რომ მისი ძალაუფლებაში მოსვლის დღეს დარქმეოდა პარილიები, - თითქოს რომის მეორე დაარსების ნიშნად.       17. კონსული ოთხჯერ იყო. პირველად ივლისის კალენდებიდან ორი თვის განმავლობაში; მეორედ - იანვრის კალენდებიდან ოცდაათი დღე, მესამედ - იანვრის იდებამდე, მეოთხედ - იანვრის იდების წინ, მეშვიდე დღემდე. ამ კონსულობებიდან ბოლო ორი ერთიმეორეს მიჰყვებოდა. მესამე კონსულობას ლუგდუნში შეუდგა მარტო, მაგრამ მედიდურობის და ჩვეულებების არადჩაგდების გამო კი არა, როგორც ზოგიერთი ფიქრობს, არამედ მხოლოდ იმიტომ, რომ არ შეიძლებოდა სცოდნოდა, - მისი თანამდებობის ამხანაგი ახალი წლის წინ გარდაიცვალა.       (2) საჩუქრების სახალხო ჩამორიგებები ორჯერ მოაწყო, სამას-სამასი სესტერცი მისცა თითოეულს. ამდენჯერვე გაუმასპინძლდა სენატორებს და მხედრებს და მათ ცოლებს და შვილებსაც კი. მეორე გამასპინძლებისას მამაკაცებს დამატებით ჩუქნიდა რიგიან ტოგებს, ხოლო ქალებს და ბავშვებს ძოწის მოსახვევებს. და მომავალში რომ გაეზარდა ხალხის მხიარულება, სატურნალიის დღეობას ერთი დღე დაამატა და იუვენალიები დაარქვა.       18. გლადიატორთა თამაშობებს ხშირად აწყობდა, ხან ტავრუსის ამფითეატრში, ხანაც სეპტაში; ბრძოლებს შორის მუშტით მებრძოლნი გამოჰყავდა აფრიკიდან და კამპანიიდან, ორივე მხარის რჩეულები. სანახაობებს ყოველთვის თავად როდი განაგებდა, ხანდახან დაუთმობდა ხოლმე თავის მეგობრებს ან თანამდებობის პირებს.       (2) თეატრალურ წარმოდგენებს მუდამ მართავდა, სხვასხვა გვარისას და სხვადასხვა აგდილებზე, ზოგჯერ ღამითაც კი, მთელ ქალაქში რომ აანთებდა მაშხალებს. ყველანაირ საჩუქრებს ხალხში გადასროლითაც იძლეოდა, არიგებდა საჭმლით სავსე კალათებს ყველასათვის. ერთ რომაელ მხედარს, რომელიც ამგვარი გამასპინძლებისას მის მოპირდაპირედ იჯდა და განსაკუთრებული ხალისით და მადიანად ჭამდა, თავისი წილიც გაუგზავნა, ხოლო ერთ სენატორს, ამგვარსავე შემთხვევაში - პრეტორად რიგგარეშე დანიშვნის ბრძანება.       (3) საცირკო შეჯიბრებესაც აწყობდა დილიდან საღამომდე, აფრიკულ ცხოველებთან ბრძოლებითა და შუალედებში ტროას თამაშებით; ყველაზე მდიდრულ თამაშებზე არენაზე ყრიდნენ სურინჯს და მთის ბალახს, ხოლო ცხენებს მხოლოდ სენატორები მართავდნენ. ერთხელ მოულოდნელად და მოუმზადებლად დაიწყო თამაშები, როცა ათვალიერებდა გელოტიანთა სახლის ცირკის მოწყობილობას და რამდენიმე კაცმა მეზობელი აივნებიდან სთხოვა ამის თაობაზე.       19. ამას გარდა, მანამდე არგაგონილი და სულ ახალი სანახაობა გამოიგონა. ყურეზე გადო ხიდი ბაიასა და პუტეოლანის მიწაყრილს შორის, სიგრძით სამი ათას ექვსასი ნაბიჯი. ამისათვის სატვრითო ხომალდები შეკრიბა, ორ რიგად დააყენა ღუზებზე, ზედ მიწის ზვინული დააყარა და აპიანეს გზის მსგავსად მოასწორა.       (2) ამ ხიდზე ორი დღე ზედიზედ წინ და უკან დადიოდა. პირველ დღეს - შეკაზმული ცხენით, მუხის გვინგვინი ედგა, პატარა ფარი ეჭირა, მახვილით იყო და ოქრონაქარგი ლაბადა მოეხურა. მომდევნო დღეს - მრბოლელის ტანისამოსში, ეტლით, რომელშიც ყველაზე კარგი სარბოლო წყვილი იყო შებმული და მის წინ მიდიოდა ბიჭი სახელად დარეუსი, პართიელი მძევალი, ხოლო უკან კი პრეტორიელების რაზმი და ამალა ეტლებით.       (3) მე ვიცი, რომ, ბევრის შეხედულებით, გაიუსმა ეს ხიდი მოიგონა ქსერქსეს მისაბაძად, რომელმაც დიდი აღფრთოვანება გამოიწვია, გაცილებით ვიწრო ჰელესპონტი რომ გადაკეტა. ხოლო სხვების აზრით, - რათა გაუგონარი მოცულობის ნაგებობით დაეშინებინა გერმანია და ბრიტანეთი, რომელთაც ომით ემუქრებოდა. თუმცაღა ბალღობისას მე პაპაჩემისგან მომისმენია ამ ღონისძიების ნამდვილი მიზეზი, რომელმაც ამის შესახებ სანდო კარისკაცებისგან იცოდა. საქმე ის იყო, რომ როცა ტიბერიუსი შფოთავდა თავის მემკვიდრეზე და ღვიძლი შვილიშვილისკენ იხრებოდა, მაშინ ასტროლოგმა თრასილუსმა გამოუცხადა, რომ გაიუსი უფრო მალე გადაივლის ჭენებით ბაიის ყურეს, ვიდრე იმპერატორი გახდება.       20. სანახაობებს აწყობდა პროვინციებშიც, ასტიკურ თამაშებს სირაკუზაზე, სიცილიაზე; შერეულ თამაშებს ლუგდუნუმში და გალიაში. აქვე მიმდინარეობდა შეჯიბრი ბერძნულ და ლათინურ მჭევრმეტყველებაში, რომელზეც, როგორც ამბობენ, დამარცხებულებს საჩუქრები უნდა მიეცათ გამარჯვებულებისთვის და თან მათი სადიდებელიც უნდა შეეთხზათ; ხოლო იმათ, ვინც ყველაზე ნაკლებად მოაწონეს მაყურებელს თავი, ებრძანებოდა, თავისი ნაწერი ღრუბლით ანდა ენით გაეწმინდა, თუ არ სურდა, გაშოლტილიყო ანდა მახლობელ მდინარეში გადაეგდოთ.       21. ტიბერიუსის დაუმთავრებელი ნაგებობები დაამთავრა, - ავგუსტუსის ტაძარი და პომპეუსის თეატრი. თავად წყალსადენის მშენებლობა დაიწყო ტიბურიდან[699] და ამფითეატრი სეპტას მახლობლად. ამ მშენებლობებიდან ერთი კლავდიუსმა მიიყვანა ბოლომდე, მეორე დატოვა. სირაკუზაში აღადგინა სიძველისგან ჩამონგრეული კედელი და ღმერთების ტაძარი. აპირებდა სამოსზეც აეგო პოლიკრატეს სასახლე და მილეთში დაესრულებინა დიდიმეას ტაძარი, და ალპურ მთებში დაეარსებინა ქალაქი, მაგრამ უპირველეს ყოვლისა - გადაეთხარა ისტმინის ყელი აქაიაში - იქ უფროსი ცენტურიონიც კი გააზავნა, რათა წინასწარი სამუშაოები ჩაეტარებინა.       22. აქამდე ლაპარაკი მმართველზე იყო, ახლა მოგვიწევს ურჩხულზე ვისაუბროთ.       მრავალი მეტსახელი მიისაკუთრა. ეძახდნენ "პატივმოყვარეს", "ბანაკის შვილს", "ჯარების მამას", "სათნო და დიდებულ კეისარს". ერთხელ, სადილისას შემოესმა, თუ როგორ კამათობდნენ ცნობილობაზე მეფეები, რომში გამოცხადებუნი მის სათაყვანოდ, და შეჰყვირა: დე, ერთიანი იყოს მმართველი, დე, ერთიანი შეიქმნას მეფეც!       ცოტაღა აკლდა, რომ იქვე მიეღო დიადემა და პრინციპატი მეფის ხელისუფლებად გადაექცია.       (2) თუმცა დაარწმუნეს, რომ ამაღლდა პრინციპებზე და მეფეებზე. მაშინ დაიწყო ღვთიური დიდებულების დაჩემება. ბრძანა, საბერძენეთიდან ღმერთების გამოსახულებები მოეტანათ, სახელგანთქმულები თაყვანისცემითაც და ხელოვნებითაც, მათ რიცხვში ოლიმპიელი ზევსიც კი, რათა იმათთვის თავები მოეხსნათ და ზედ თავისი დაედგათ. პალატინის სასახლე ფორუმამადე გააგრძელა, ხოლო კასტორისა და პოლუქსის ტაძარი მის შესასვლელად გადააქცია და ხშირად იდგა იქ ტყუპების სტატუეტების შუაში, საღვთო პატივს ღებულობდა მომსვლელებისგან. და ზოგიერთი ლათინელი იუპიტერის სახელით განადიდებდა.       (3) უფრო მეტიც, თავის ღმერთს განსაკუთრებული ტაძარი მიუძღვნა, დანიშნა ქურუმები, დაადგინა ურჩეულესი მსხვერპლი. ტაძარში თავისი სრული სიმაღლის ქანდაკება დადგა და შემოსა საკუთარი ტანსაცმლით. მთავარი ქურუმის თანამდებობაზე რიგრიგობით მიდიოდნენ ყველაზე მდიდარი მოქალაქეები, კამათისა და ვაჭრობის შემდეგ. მსხვერპლად იყო: ბუები, ფლამინგოები, როჭოები, ციცრები, ხოხბები, - ყოველი დღისთვის ცალკე ჯიში.       (4) ღამღამობით, როცა სავსე მთვარე ანათებდა, ამ მთვარეს დაუღალავად ეძახდა მოსახვევად და საწოლშიც; დღისით ცალკე ელაპარაკებოდა კაპიტოლიუმის იუპიტერს, ხან ჩურჩულით და იმის ყურთან დახრით, ხანაც თავის ყურს მიუშვერდა; ზოგჯერ ხმამაღლა და ბრაზითაც. მაგალითად, ერთხელ შემოესმათ მისი მუქარა: ან შენ ამწიე, ანდა მე შენ...       მერე კი ჰყვებოდა, რომ ღმერთმა, ბოლოს და ბოლოს, შეიწყნარა და თავად მიიწვია თავისთან საცხოვრებლად. ამის მერე ხიდი გადო კაპიტოლიუმიდან პალატინზე, ღვთაებრივი ავგუსტუსის ტაძრის გავლით, მერე კი, უფრო ახლოს რომ დასახლებულიყო, ახალი სახლი დადგა კაპიტოლიუმის გორაკზე.       23. არ უნდოდა, რომ აგრიპა ეცნო ანდა თავის პაპად მოეხსენიებინათ იმისი მდაბიო გვარის გამო, და მრისხანებდა, როცა სიტყვებში ან ლექსებში ვინმე იმას კეისრებს მიათვლიდა. ტრაბახობდა კიდეც, რომ თითქოს დედამისი დაიბადა სისხლის აღრევით, რომელიც იულიასთან ჩაიდინა ავგუსტუსმა. და ავგუსტუსზე ამისთანა სიცრუით ვერდაკმაყოფილებულმა, აკრძალა, საზეიმოდ ედღესასწაულათ აქტიუმის და სიცილიის გამარჯვებები, როგორც დამღუპველნი და მომაკვდინებენი რომაელი ხალხისათვის.       (2) ლივია ავგუსტას, თავისი დიდი ბებიას ხშირად იხსენიებდა "ოდისევსად ქალის კაბაში", და ერთ წერილში სენატისადმი ეყო თავხედობა, დაედანაშაულებინა იგი უგვარობით, ირწმუნებოდა, თითქოს პაპამისი დედის მხრიდან იყო დეკურიონი ფუნდიდან; არადა, ამ დროს სახელმწიფო ძეგლები ნათლად გვიჩვენებენ, ავფიდიუს ლურკონს მაღალი თანამდებობები ეკავა რომში. თავის ბებია ანტონია, რომელმაც ცალკე სთხოვა საუბარი, პრეფექტ მარკონთან ერთად მიიღო. ამ და მსგავსი დამცირებითა და წყენებით, ხოლო ზოგიერთის აზრით - შხამითაც, სამარეშიც ჩაიყვანა. მაგრამ არც სიკვდილის მერე მიუცია რაიმე პატივი და სასადილო ოთახიდან ტკბებოდა ანტონიას დასაწვავი კოცონით.       (3) თავისი ძმა ტიბერიუსს უცებ ჯარის ტრიბუნი გაუგზავნა და მოულოდნელად დასაჯა სიკვდილით, ხოლო თავისი სიმამრი სილანუსი აიძულა, სამართებლით გამოეჭრა ყელი და ასე მოეკლა თავი. ამათ იმაში ადანაშაულებდა, რომ ერთი თან არ გაჰყვა ქარიშხლიან ზღვაში, თითქოს იმის იმედით, რომ უბედურების შემთხვევაში თავად დაეუფლებოდა რომს, ხოლო მეორეს კი წამლის სუნი უდიოდა, თითქოს შიშობდა, რომ ძმა მოწამლავდა. ამ დროს, სილანუსი, უბრალოდ, ვერ იტანდა ზღვის ავადმყოფობას და ცურვის სირთულეებისა ეშინოდა; ხოლო ტიბერიუსი კი წამალს მუდმივი ხველების საწინააღმდეგოდ იღებდა, რომელიც უფრო და უფრო მეტად ტანჯავდა. რაც შეეხება კლავდიუსს, თავის ბიძას, გაიუსმა ცოცხალი დატოვა მხოლოდ თავის შესაქცევად.       24. ყველა თავის დასთან ცხოვრობდა დანაშაულებრივი კავშირით, და ყველა სადილზე ისინი მის ქვემოთ იწვნენ, ხოლო კანონიერი ცოლი მის ზემოთ. ამბობენ, ერთ მათგანს, დრუზილას ქალიშვილობა ჯერ კიდევ მოზარდს დააკარგვინა, და ბებია ანტონიამ, ვისთანაც იზრდებოდნენ, ერთხელ ერთად მოატანა. მერე გაატანეს ლუციუს კასიუს ლონგინუსს, კონსულის წოდების სენატორს, მაგრამ ქმარს წაართვა თავისი და, დაუფარავად ჰყავდა, როგორც ცოლი და ავადმყოფობისას თავისი ქონების და ხელისუფლების მემკვიდრედ დანიშნა.       (2) დრუზილა რომ მოკვდა, ისეთი გლოვა გამოაცხადა, რომ სასიკვდილო დანაშაული იყო სიცილი, ბანაობა, სადილი მშობლებთან, ცოლთან ან ბავშვებთან. თავად ძალა არ ჰქონდა გადაეტანა ეს მწუხარება და მოულოდნელად გაქრა რომიდან, გადაიარა კამპანია, მიაღწია სირაკუზას და ასეთივე საჩქაროდ დაბრუნდა, წამოზრდილი წვერით და თმით. ამ დროიდან ყველა თავის ფიცს ნებისმიერ მნიშვნელოვან საგანზე, ხალხის თანდასწრებითაც, კრებაზეც და ჯარის წინაშეც წარმოთქვამდა მხოლოდ ღვთაება დრუზილას სახელით.       (3) დანარჩენი დები ასე ვნებიანად არ უყვარდა და არც ამდენ პატივს მიაგებდა. არაერთხელ გაუტანებია გასართობად თავისი ფავორიტებისთვის. ამიტომაც მალევე გაასამართლა ისინი ემილიუს ლეპიდუსის საქმეზე გარყვნილობისა და მის წინააღმდეგ მიმართულ შეთქმულებაში მონაწილეობისათვის. არა მარტო გამოაქვეყნა მათი ხელით დაწერილი წერილები, ცბიერებით და ცდუნებით მოპოვებული, არამედ მარსი შურისმაძიებლის ტაძარს მიუძღვნა სამი მახვილი შესაბამისი წარწერით, მის მოსაკლავად რომ იყო გამზადებული.       25. ძნელია თქმა, თავის ქორწინებებში როდის უფრო უზნეოდ მოქმედებდა, -ცოლის მოყვანისას, ქორწინებების გაუქმებისას თუ ქორწინებაში ყოფნისას. ლივია ორესტილასთან თავად მივიდა მისალოცად, როცა ის გაიუს პიზონზე თხოვდებოდა, იქვე წაართვა ქმარს ბრძანებით და რამდენიმე დღის მერე გაუშვა, ხოლო ორი წლის შემდეგ გადაასახლა, რაკი იეჭვა, რომ ამ დროის მანძილზე ისევ შეურთდა ქმარს. სხვები ამბობენ, რომ თვით საქორწილო ქეიფში, პიზონის საპირისპიროდ მწოლარემ, წერილი გაუგზავნა: "ნუ მიძვრები ჩემ ცოლთან!", და ქეიფის მერე თავისთან წაიყვანა და მეორე დღეს გამოაცხადა ედიქტით, რომ ცოლი იპოვა რომულუსის და ავგუსტუსის მსგავსად.       (2) გაიუს მემიუსის, კონსულარისა და მხედართმთავრის ცოლი, ლოლია პავლინა პროვინციიდან გამოიძახა, რაკი შეიტყო, რომ იმის ბებია ოდესღაც ულამაზესი ყოფილა, მაშინვე გააშორა ქმარს და ცოლად მოიყვანა, ცოტა ხნის შემდეგ, ისიც გაუშვა და წინდაწინ აუკრძალა, დაახლოებოდა ვინმეს, ვინც არ უნდა ყოფილიყო.       (3) ცეზონია, სილამაზით და ახალგაზრდობით რომ ვერ გამოირჩეოდა, და სხვა ქმრისგან უკვე სამი ქალიშვილიც ჰყავდა, ყველაზე მეტად უყვარდა მისი ვნებიანობის და მფლანგველობის გამო; ჯარის წინ თავის გვერდით ისიც გამოჰყავდა, ცხენზე მჯდომარე, მსუბუქი ფარით, ლაბადით და მუზარადით, მეგობრებს კი შიშვლად აჩვენებდა. მეუღლის სახელი იმაზე ადრე არ მიანიჭა, სანამ შვილი არ გაუჩინა და ერთსა და იმავე დღეს გამოაცხადა თავი მის ქმრად და ბავშვის მამად.       (4) ეს ბავშვი, იულია დრუზილა ყველა ღმერთქალების ტაძრებში ჩამოატარა და, ბოლოს, მინერვას წიაღში დააწვინა და ღმერთქალს დაავალა გაეზარდა და ეჭმია. იმის საუკეთესო მტკიცებულებად, რომ ეს ნამდვილად მისი სისხლი და ხორცია, საძაგელ თვისებას უთვლიდა: იმთავითვე, გაბრაზებისას ეს ბავშვი მრისხანებისგან იქამდე მიდიოდა, რომ თავისთან მოთამაშე ბავშვებს თვალებს და სახეს აკაწრავდა.       26. ამ ყველაფრის მერე უაზროდ და უმნიშვნელოდ გამოიყურება მოთხრობები იმაზე, თუ როგორ მიმართავდა მეგობრებს და ახლობლებს - პტოლემესს, მეფე იუბას შვილს და თავის ნათესავს (ის იყო შვილიშვილი მარკუს ანტონიუსისა, მისი ქალიშვილის, სელენასგან) და, უპირველეს ყოვლისა, თავად მაკრონს და ენიასაც, ვინც ძალაუფლება გადასცა; ყველა ესენი, ნათესაური გრძნობისა და მადლიერების მაგივრად, დაჯილდოვდნენ უსასტიკესი სიკვდილით.       (2) ასეთივე ნაკლებ პატივისცემასა და ზომიერებას იჩენდა სენატორებთანაც. ზოგიერთს, რომელთაც ძალიან მაღალი თანამდებობები ეკავათ, ტოგით შემოსილებს, აიძულებდა ერბინათ რამდენიმე მილზე მისი ეტლის დევნაში, ხოლო სადილზე კი მდგარიყვნენ მის თავთან ან ფეხებთან, ხელებზე გადაფენილი პირსახოცებით. სხვები საიდუმლოდ დასაჯა სიკვდილით, მაგრამ მათ მოპატიჟებას თავს არ ანებებდა, თითქოს ცოცხლები ყოფილიყვნენ, და მხოლოდ რამდენიმე დღის შემდეგ ტყუილად აცხადებდა, რომ თავები მოიკლეს.       (3) კონსულები, რომელთაც დაავიწყდათ მისი დაბადების დღის გამო ედიქტის გამოცემა, თანამდებობები ჩამოართვა და სამი დღის განმავლობაში სახელმწიფო უმაღლესი ხელისუფლების გარეშე დარჩა. თავის კვესტორზე, რომელიც შეთქმულებაში იყო ბრალდებული, ბრძანა, გაეშოლტათ, ტანსაცმელი შემოახია და ჯარისკაცებს დაუყარა ფეხებქვეშ, რათა რამეს დაყრდნობოდნენ დარტყმის დროს.       (4) ასეთივე ქედმაღლობითა და ულმობლობითვე ეპყრობოდა სხვა ფენებსაც. ერთხელ, შუაღამისას ცირკში წინასწარ ადგილების დასაკავებლად მიმავალი ბრბოს ხმაურით შეწუხებულმა, ყველანი გააყრევინა ჯოხებით, - ამ შემოტევისას გაიჭყლიტა ოცზე მეტი რომაელი მხედარი, ამდენივე ქმრიანი ქალი და სხვაც უამრავი ადამიანი. თეატრალურ წარმოდგენებზე, პლებეებისა და მხედრების წაჩხუბების მიზნით, სასაჩუქრო საშვებს არიგებდა, რათა მდაბიოებს მხედრებისა ადგილებიც დაეკავებინათ.       (5) გლადიატორთა თამაშებზე ხანდახან ფარდას ჩამოხსნიდა პაპანაქება სიცხეში და მაყურებელს წასვლის უფლებას არ აძლევდა. ანდა მოულოდნელად მისიკვდილებული მხეცები და მოფამფალებული გლადიატორები გამოჰყავდა; ხოლო შემაქცევარი მებრძოლების ნაცვლად - ოჯახების მამები, ყველაზე პატივცემულები, მაგრამ რამე ნაკლოვანებით დამახინჯებულები. და მოულოდნელად დაკეტავდა ხორბლის საცავებს და ხალხს საშიმშილოდ გაწირავდა ხოლმე.       27. თავისი ზნეობის მძვინვარება უფრო ცხადად აი, ასეთი საქციელებით დაინახა. როცა საქონელი გაძვირდებოდა, რომლითაც ველურ ცხოველებს კვებავდნენ, ბრძანებდა, ნადირებისთვის დამნაშავეები ჩაეგდოთ დასაფლეთად; და ამ მიზნით ციხეებს რომ დაივლიდა, არ უყურებდა, ვის რა დანაშაული ჰქონდა ჩადენილი, პირდაპირ იტყოდა, კართან მდგარი, ყველა წამოეყვანათ, "მელოტიდან მელოტამდე".       (2) იმ კაცისგან, ვინც აღთქმა დადო, გლადიატორთან ებრძოლა, ოღონდ კალიგულა გამოჯანმრთელებულიყო, აღთქმის შესრულება მოითხოვა; თავადვე უყურებდა, როგორ იბრძოდა და გაუშვა მხოლოდ გამარჯვების შემდეგ, ისიც დიდი თხოვნების შემდეგ. ის, ვინც იფიცავდა, სიცოცხლე შეეწირა მისთვის, მაგრამ შეყოყმანდა, თავიც მონებს გადასცა - სამსხვერპლო ცხოველივით გამოწყობილი გვირგვინებში და სახვევებში, მერე კი აღთქმის შესასრულებლად ფერდობზე ჩააგდებინა.       (3) მრავალი მოქალაქე პირველი ფენებიდან გახურებული რკინით დადაღა და საბადოებზე ან საგზაო სამუშაოებზე გააგზავნა, ან ველურ ცხოველებს ჩაუგდო, ანდა თავად ისინი, როგორც მხეცები, ოთხზე მდგომნი ესხდა გისოსებში, ანდა შუაზე გადახერხა - და მძიმე დანშაულებისთვის კი არა, არამედ ხშირად იმიტომ, რომ ცუდად გამოეხმაურნენ მის სანახაობებს ან და ქედს არ უხრიდნენ მის გენიას.       (4) მამებს აიძულებდა, შვილების სიკვდილით დასჯას დასწრებოდნენ[; ერთი მათგანისთვის ტახტრევანი გააგზავნა, რომელმაც ავადმყოფობის მომიზეზებით სცადა თავის არიდება. მეორე, სიკვდილით დასჯის დამთავრებისთანავე მიიწვია სუფრასთან და ყველანაირი ცნობისმოყვარეობით აიძულებდა ეხუმრა და ემხიარულა. გლადიატორების ბრძოლებისა და ცხოველებთან შეტაკების ზედამხედველზე ბრძანა, ჯაჭვებით ეცემათ რამდენიმე დღე მიყოლებით, და მანამდე არ მოკლა, ვიდრე გახრწნილი ტვინის სუნი არ მიუვიდა. ატელან-ფარსის შემთხზველი ორაზროვანი ხუმრობისთვის შუაგულ ამფითეატრში დაწვა კოცონზე. ერთი რომაელი მხედარი, ჩაგდებული გარეულ მხეცებთან, მაინც გაჰყვიროდა, რომ უდანაშაულო იყო; უკან დააბრუნებინა, ენა მოაჭრევინა და ისევ არენაზე შეაგდებინა.       28. შორეული გადასახლებიდან დაბრუნებულ გაძევებულს შეეკითხა, თუ იქ რას აკეთებდა. იმან პირმოთნედ მიუგო: "დაუღალავად ვთხოვდი ღმერთებს, რომ ტიბერიუსი მომკვდარიყო და შენ გამხდარიყავი იმპერატორი, და ასეც მოხდა". მაშინ იფიქრა, რომ მისი გადასახლებულებიც იმის სიკვდილს ითხოვენ და კუნძულებზე ჯარიკაცები გაგზავნა, ყველა გადასახლებულის ამოსაწყვეტად. ერთი სენატორის ნაწილებად დაგლეჯა რომ ჩაიფიქრა, მოისყიდა რამდენიმე კაცი, რომლების კურიაში შესვლისას თავს უნდა დასხმოდნენ შეძახილებით "სამშობლოს მტერი!", სტილოსებით უნდა დაეჩეხათ და დასაგლეჯად სხვა სენატორებისთვის უნდა მიეგდოთ. და მხოლოდ მაშინ გაძღა, როცა დაინახა, რომ იმ სენატორის ასოები და შიგნეულობა ქუჩებში გამოათრიეს და მის წინ გორად აღმართეს.       29. ამ ურჩხულურ საქციელებს სასტიკი სიტყვებით აღრმავებდა. თავისი ზნეობის საუკეთესო თვისებად ურყევობას თვლიდა, ესე იგი, უსირცხვილობას. თავისი ბებია ანტონიას დარიგებებს არც უსმენდა და ესეც უთხრა: "არ დაივიწყო, რომ მე ყველაფრის გაკეთება შემიძლია, რაც მინდა და ვისთანაც მინდა!" ძმის სიკვდილით დასჯას რომ აპირებდა, რომელიც თითქოს წამლებს შხამის შიშით ღებულობდა, შესძახა: "როგორ? შხამსაწინააღმდეგო - კეისრის წინააღმდეგ?" გადასახლებულ დებს ემუქრებოდა, რომ მარტო კუნძულები კი არა, მახვილებიც აქვს.       (2) პრეტორის წოდების სენატორმა, რომელიც სამკურნალოდ გაემგზავრა ანტიკირაზე, რამდენჯერმე სთხოვა, დაბრუნების დრო გადაევადებინა მისთვის. კალიგულამ მისი მოკვლა ბრძანა, თან განაცხადა, რომ თუ არ შველის შხამა ბალახის სეანსები, მაშინ სისხლი უნდა გამოუშვან. ყოველ მეათე დღეს, სასიკვდილოდ გასაგზავნი პატიმრების ჩამონათვალს ხელს რომ აწერდა, ამბობდა, ანგარიშებს ვასწორებო. ერთდროულად რამდენიმე გალი და ბერძენი რომ დასაჯა სიკვდილით, ტრაბახობდა, რომ დაამარცხა გალობერძნები.       30. ადამიანის დასჯას ყოველთვის ითხოვდა მოკლე, ხშირი დარტყმებით, თავის ცნობილ ბრძანებას იმეორებდა: "დაარტყი, იგრძნოს, რომ კვდება!" საჭირო კაცის მაგივრად იგივე სახელის მქონე სხვა რომ დაისაჯა, შეჰყვირა: "ესეც იმად ღირდა". მუდამ იმეორებდა ტრაგედიის ცნობილ სიტყვებს: "დაე, ვძულდე, ოღონდ ეშინოდეთ!"       (2) არაერთხელ დაესხმოდა ხოლმე ყველა სენატორს ერთად; სეიანუსის კუდებს ეძახდა, დედების და ძმების გამყიდველებს უწოდებდა; აჩვენებდა დასმენებს, რომლებიც თითქოს დაწვა; ამართლებდა ტიბერიუსს, რომელიც, მისი თქმით, უნებურად მძვინვარებდა, ამდენ მატყუარას ვერ უჯერებდა. მხედართა ფენას მასხარად იგდებდა თეატრის და ცირკის სიყვარულის გამო. როცა ბრბო მის გასამწარებლად სხვა მრბოლელებს უკრავდა ტაშს, შეჰყვირა: "ოჰ, რომაელ ხალხს რომ ერთი კისერი ჰქონოდა! ხოლო როცა ავაზაკ ტეტრინიუსის შეწყალება სთხოვეს, მთხოვნელებზე თქვა: "თავად ეგენი არიან ტეტრინიუსები!"       (3) ხუთი რეტიარელი გლადიატორი ტუნიკებში ებრძოდა ხუთ სეკუტორს, უბრძოლველად დანებდნენ და როცა მაყურებელმა სიკვდილი გადაუწყვიტა, უცებ ერთმა დამარცხებულმა თავის სამთითას სტაცა ხელი და ყველა გამარჯვებული ამოწყვიტა. კალიგულამ ედიქტში გამოაცხადა, რომ მწუხარებს ამ სისხლიან სასაკლაოზე და სწყევლის ყველას, ვინც შეძლო ამის ცქერა.       31. არც კი მალავდა, რომ დარდობს. დარდობს იმაზე, რომ მისი დრო არ აღნიშნულა არანაირი სახალხო უბედურებით. ავგუსტუსის მმართველობა დაიმახსოვრეს ვარუსის დამარცხებით; ტიბერიუსისა - ფიდენაში ამფითეატრის ჩამოწოლით; ხოლო მისი მმართველობა დავიწყებული იქნება საერთო კეთილდღეობის გამო. და ისევ და ისევ ოცნებობდა, ჯარების დამარცხებაზე, შიმშილზე, შავ ჭირზე, ხანძრებზე ანდა მიწისძვრაზე მაინც.       32. დასვენების საათებშიც, ქეიფებში და გასართობებში, მძვინვარება თავს არ ანებებდა არც სიტყვებში, არც საქცილებში. ხშირად, ჭამისა და დალევის დროს, მის თვალწინ მიმდინარეობდა დაკითხვა და წამება მნიშვნელოვან საქმეებზე, და იქვე იდგა ჯარისკაცი, თავის მოკვეთის ოსტატი, ნებისმიერი პატიმრისთვის რომ მოეჭრა თავი. პუტეოლაში, ხიდის კურთხევისას - ამ გამოგონებაზე უკვე ვილაპარაკე - ბევრ ხალხს დაუძახა ნაპირიდან და ყველანი მოულოდნელად ზღვაში გადაყარა, ხოლო იმათ, ვინც ცდილობდა, ხელებით ჩასჭიდებოდა ხომალდების კიჩოებს, ბარჯებითა და ნიჩბებით უბიძგებდა.       (2) რომში, სახალხო გამასპინძლებისას, როცა რომელიღაც მონამ ვერცხლის ლანგარი აწაპნა სუფრიდან, იგი იქვე გადასცა ჯალათს, ხელის მოჭრა უბრძანა, წინ ჩამოკიდება კისერზე და თანაც წარწერით, სადაც ეს დანაშაული იქნებოდა აღნიშნული და ამ სახით უნდა ჩამოეტარებინათ მოქეიფეებში. როცა მურმილონი, გლადიატორთა სკოლიდან და თვითონ ხის ხმლებით იბრძოდნენ და მეტოქე განზრახ წაიქცა მის წინ, მტერი რკინის ხანჯლით მოკლა და ხელში პალმის რტოთი შემოირბინა საპატიო წრე.       (3) მსხვერპლის შეწირვისას შემწირავის თანაშემწედ გადაიცვა, ხოლო როცა ცხოველი მოიყვანეს საკურთხველთან, გამოქანდა და ჩაქუჩის დარტყმით თავად შემწირავი მოკლა. მდიდრული ქეიფის დროს უცებ გადაიხარხარა; იქვე წამოწოლილმა კონსულებმა პირმოთნე შეკითხვა დაუსვეს, თუ რა აცინებდა. და მიუგო: "ის მაცინებს, რომ საკმარისია თავი დავუქნიო და ყელს გამოგჭრიან ორივეს!"       33. ასეთი ხუმრობებით ერთობოდა. ერთხელ იუპიტერის ქანდაკების მახლობლად დადგა და ტრაგიკულ აქტიორს, აპელესს შეეკითხა, ვის უფრო მეტი დიდებულება აქვსო? ხოლო როცა იმან დააყოვნა პასუხი, ბრძანა, მათრახებით გაეძროთ მისთვის ტყავი, და მის მუდარაზე პასუხად ამბობდა, რომ კვნესის დროსაც კარგი ხმა აქვსო. ცოლს ან საყვარელს რომ ჰკოცნიდა კისერში, ყოველთვის იტყოდა: "რა კარგი კისერია, რომ ვუბრძანო - მხრებიდან გაფრინდება!" და არაერთხელ დამუქრებია, რომ ერთხელაც იქნებოდა და, თავისი ძვირფასი ცეზონიადან წამებით გაიგებდა, რატომ უყვარდა იმას ასე ძალიან.       34. შური და ბოროტება არანაკლები ჰქონდა, ვიდრე ამპარტავნობა და მძვინვარება. მტრობდა კაცობრიობის ლამის ყველა თაობას. სახელოვან მამათა ქანდაკებები, მჭიდრო კაპიტოლიუმიდან ავგუსტუსის მიერ მარსის მინდორზე გადატანილი, გადმოყარა და ისე დალეწა, რომ მათი აღდგენა ადრინდელი წარწერებით უკვე შეუძლებელი იყო. მერე კი წინასწარ აკრძალა ცოცხალი ადამიანებისთვის სტატუეტები ან სკულპტურული პორტრეტები დაედგათ, გარდა მისი ნებართვისა და წინადადებებისა.       (2) ჰომეროსის პოემების განადგურებასაც ფიქრობდა, - ამბობდა, რატომ შეეძლო პლატონს ჰომეროსის გაგდება თავისი მოწყობილი სახელმწიფოდან და თავად არ შეეძლო? ცოტაღა უკლდა, რომ ვერგილიუსიც და ტიტუს ლივიუსიც თავიანთი თხზულებებიანად ამოეღო ყველა ბიბლიოთეკიდან, - პირველს ყოველთვის ლანძღავდა, ნიჭის უქონლობისა და არასაკმარისი განათლების გამო, ხოლო მეორეს - როგორც მრავალსიტყვა და არასარწმუნო ისტორიკოსს. თითქოს სამართალმცოდნეების მეცნიერების შეცვლაც უნდოდა, რათა კანონების არანაირ ახსნას არ შეეცვალა მისი ნება-სურვილი.       35. ყველა სახელგანთქმულ მოღვაწეებს საგვარეულო ღირსების ძველი ნიშნები ჩამოართვა: ტორკვატუსს - ყელსაბამი, ცინცინატუსს - ოქროს ბალთა, გნეუს პომპეუსს ძველი საგვარეულოდან - მეტსახელი "დიადი". პტოლემე, რომელზეც უკვე ვილაპარაკე, მოიწვია კიდეც თავისი სამეფოდან და დიდი პატივით მიიღო რომში, და მხოლოდ იმიტომ მოკლა, რომ ერთხელ გლადიატორთა ბრძოლაზე ძოწის ლაბადით გამოცხადებულმა, ყველას ყურადღება მიიპყრო.       (2) ლამაზ და კულულებიან ვინმეს რომ შეხვდებოდა, კეფას მოპარსავდა, რათა დაემახინჯებინა. იყო ვინმე ეზიუს პროკულუსი, უფროსი ცენტურიონის შვილი, სიმაღლისა და სასიამოვნო შესახედაობისათვის კოლოს-ეროტუსს ეძახდნენ; სანახაობის დროს უბრძანა, წამოეგდოთ ადგილიდან, არენაზე გამოეყვანათ, შეებრძოლებინათ მსუბუქად შეიარაღებულ გლადიატორთან, მერე მძიმედ შეიარაღებულთან, და როცა ორივეჯერ გამარჯვებული გამოვიდა, - გაეთოკათ, ძონძები ჩაეცმიათ, ქალების გულის გასახარად ქუჩებში ჩამოეტარებინათ და, ბოლოს, ყელი გამოეჭრათ.       (3) ჭეშმარიტად, არ იყო თვით ყველაზე უგვარეულო და ბედკრული კაცი, რომლისაც რამე არ შეშურდებოდა. ტბა ნემის მეფესთან, რომელიც უკვე მრავალი წელი იყო, ქურუმად იყო, უფრო ძლიერი მოწინააღმდეგე გააგზავნა. ხოლო როცა ფორიუსმა, სარბოლო ეტლის გლადიატორმა გაათავისუფლა თავისი მონა-გამარჯვებული, ხოლო ხალხი გულითადად უკრავდა ტაშს, კალიგულა ამფითეატრიდან ისე გამოვარდა, რომ ტოგის კიდეზე დაიდგა ფეხი და კიბეზე დაგორდა, ბრაზობდა და ყვიროდა, რომ მსოფლიოს მფლობელი ხალხი ვიღაც გლადიატორს უფრო მეტ პატივს მიაგებს, ვიდრე გაღმერთებულ მმართველებს და თვით პირადად იმასაც კი!       36. მორცხვობას ვერც საკუთარ თავში, ვერც სხვაში იტანდა. ამბობენ, მარკუს ლეპიდუსთან, პანტომიმ მსახიობ მნესტერთან და რომელიღაც პატიმრებთან სამარცხვინო კავშირში იმყოფებოდა. ვალერიუს კატულუსმა, ახალგაზრდამ კონსულის ოჯახიდან, დაუფარავად განაცხადა, რომ გააუპატიურა კეისარი და ძალ-ღონე გამოეცალა იმასთან შარიშურით; რომ აღარაფერი ვთქვათ დებთან სისხლის აღრევაზე და მის სამწუხარო ლტოლვაზე თავის საყვარელ პირალისის მიმართ; არც ერთ დიდგვაროვან ქალს მოსვენებას არ აძლევდა.       (2) ჩვეულებრივ, ქალებს თავიანთი ქმრებიანად დაპატიჟებდა ხოლმე სადილად, და როცა ისინი ახლოს ჩაუვლიდნენ, ჩაციებით დააკვირდებოდა, როგორც მონათვაჭარი, ხოლო თუ ვინმე მორცხვად დახრიდა თავს, ნიკაპით აუწევდა ხოლმე სახეს გამოსაჩენად. შემდეგ პირველსავე სურვილის მოვლისას გამოვიდოდა სასადილო დარბაზიდან და იმას გამოიძახებდა, რომელიც ყველაზე მეტად მოეწონა; მერე კი სახეზე შემორჩენილი სიამოვნების გამომეტყველებით დარბაზში დაბრუნებული ხმამაღლა შეაქებდა ანდა დაიწუნებდა თავის პარტნიორს, თან დაწვრილებით ჩამოთვლიდა, იმისი სხეულის რომელი ნაწილი უფრო მოეწონა და რომელი - არა, და როგორი იყო საწოლში. ზოგიერთს ქმრების არყოფნაში, ქმრების სახელით განქორწინება გაუგზავნა და ბრძანა, ეს ცნობებში შეეტანათ.       37. ფუფუნებაში თავისი დანახარჯებით გადააჭარბა ყველაზე უფრო დასაბმელ მფლანგველებს. იგონებდა გაუგონარ ბანაობებს, უცხო საჭმელებს და არსმენილ ბანკეტებს; ბანაობდა კეთილსურნელოვან ზეთებში, ცხელში და ცივში; სვამდა ძვირფას მარგალიტებს, რომლებსაც ძმარში ხსნიდა; თანამესუფრეებს პურს და კერძებს ურიგებდა წმინდა ოქროთი: "ან ღატაკად უნდა იცხოვრო, ან კეისრად!" - ამბობდა. მიყოლებით რამდენიმე დღე იულიას ბაზილიკიდან დიდი რაოდენობის ფულს გადაყრიდა ხოლმე ხალხში.       (2) ააგო ლიბურნის გალერეები ნიჩბების ათი რიგით, მარგალიტის კიჩოთი, ფერად-ფერადი აფრებით, ვეება საბანაოებით, პორტიკებით, საკარნავალო დარბაზებით, ვენახებითა და ყველანაირი ნაყოფის მომცემი ხეხილის ბაღებით, - დღისით-მზისით ქეიფობდა იმ გალერაზე, მუსიკისა და სიმღერის თანხლებით და თან დაცურავდა კამპანიის სანაპიროს გაყოლებით. ვილებისა და აგარაკების აგებისას ყოველგვარი საღი აზრი ავიწყდებოდა, მარტო იმას ცდილობდა, რამე ისეთი აეშენებინა, რაც შეუძლებელი ჩანდა.       (3) ამიტომ აწყობდა მიწაყრილებს ღრმა და მღელვარე ზღვებში, უტეხ კლდეებში გასასვლელები იჭრებოდა, ველები მთებამდე მაღლდებოდა, მთები ველებამდე დაბლდებოდა, - და ეს ყველაფერი შეუჩერებლად კეთდებოდა, რადგან შეჩერება სიკვდილს უდრიდა. წვრილმანებს რომ არ მივაქციოთ ყურადღება, საკმარისია ვთქვათ, რომ უზარმაზარი ქონება და მათ შორის ტიბერიუს კეისრის მთელი მემკვიდრეობა, ორი მილიარდ შვიდასი მილიონი სესტერცი წელიწადზე ნაკლებ დროში გაანიავა.       38. მაშინ, ძალაგამოცლილმა და გაღატაკებულმა ძარცვა დაიწყო, - ცილისწამების, აუქციონების და გადასახადების რთული და მარჯვედ გამოგონილი სისტემით. რომის მოქალაქეობაზე უარს ეუბნეოდა ყველას, ვისმა წინაპრებმაც იგი იყიდეს, მარტო მათი შვილების გამოკლებით, - მხოლოდ პირველ თაობას მიანიჭა სახელწოდება "შთამომავლები"; ხოლო როცა წარმოუდგენდნენ ღვთაებრივი იულიუსის ანდა ავგუსტუსის სიგელებს, - უკუაგდებდა, როგორც ძველსა და უმოქმედოს. მდგომარეობის ცრუ შეფასებაში დაადანაშაულა ყველა, ვისაც აღწერის დროიდან ქონება რატომღაც გაეზარდა. იმ უფროსი ცენტურიონების ანდერძები, სადაც მემკვიდრეებად არ იყვნენ დასახელებულნი არც ტიბერიუსი, ძალაუფლებაში მოსვლის შემდეგ, არც თვითონ, გაანადგურა უმადურობის გამო; ხოლო დანარჩენ მოქალაქეთა ანდერძები, რომლებზეც შეიტყო, თითქოს ისინი აპირებდნენ, მემკვიდრეობა კეისარისთვის დაეტოვებინათ, - გააუქმა, როგორც უაზრო და უმოქმედო. ამით ისეთი შიში დაატეხა ყველას, რომ უცნობმა ადამიანებმაც კი დაიწყეს მისი თანამემკვიდრედ გამოცხადება თავის ნათესავებთან ერთად, მშობლებმა - შვილების თანამემკვიდრედ. ხოლო იმან დაცინვად ჩათვალა, რომ ამგვარი განცხადებების მერე იმათ კიდევ გაეგრძელებინათ სიცოცხლე და ბევრ მათგანს მოწამლული ტკბილეული გაუგზავნა.       (2) ამგვარ საქმეებზე თავად მიჰყავდა გამოძიება, ადრევე დანიშნავდა ხოლმე თანხას, რომლის შეკრებასაც აპირებდა, და ადგილიდან არ ადგებოდა, სანამ იქამდე არ მივიდოდა. პატარა შეფერხებასაც კი არ დაუშვებდა. ერთხელ ორმოცი კაცი გაასამართლა ერთი ბრალდებით, რომლებსაც სინამდვილეში სულ სხვადასხვა ბრალდებები ჰქონდათ, და მერე დაიკვეხა ცეზონიასთან, რომელსაც დღის ძილის მერე გამოეღვიძა, თუ რამდენი საქმე გააკეთა, სანამ ეძინა.       (3) ვაჭრობებს აწყობდა და გასაყიდად გამოჰქონდა ყველაფერი, რაც დარჩებოდა დიდი სანახაობებიდან, თავად ნიშნავდა ფასებს და ისე ბერავდა, რომ რამის საყიდლად იძულებული ძალად მყიდველები მთელ თავიანთ ქონებას კარგავდნენ და ვენებს იჭრიდნენ. ცნობილია, ერთხელ როგორ ჩაეძინა აპონინუს სატურნინუსს შემსყიდველთა სკამზე, და გაიუსმა ურჩია გამომცხადებელს, რომ ყურადღება მიექცია ამ ყოფილი პრეტორისთვის, რომელიც ყველაფერზე თავს აკანტურებდა. და ვაჭრობა იმაზე ადრე არ დამთავრებულა, სანამ იმას უცოდინრად ცამეტი გლადიატორი არ მიჰყიდეს ცხრა მილიონ სესტერცად.       39. თავისი დების გასამართლებისა და სიკვდილით დასჯის შემდეგ გალიაშიც კი მოაწყო იმათი სამოსის, სამკაულის, მონების და გააზატებულების აუქციონი წარმოუდგენელ ფასებში. ამ შემოსავალმა ისე წაახალისა, რომ რომიდან ძველი სასახლის მთელი მოწყობილობა გამოიწერა, ხოლო ჩამოსატანად დაიქირავა ყველა საზიდარი და მთელი სასაპალნე რქოსანი პირუტყვი წისქვილებიდან; ასე რომ, რომში პური აღარ ჰყოფნიდათ, და სასამართლოში ბევრმა, რაკი შეპირებულ ვადაში ვერ მოასწრო, წააგო თავისი საქმე.       (2) ეს ხარახურა რომ გაეყიდა, არც ტყუილი იუკადრისა და არც ქადილს მოუკლო; ხან მყიდველებს საყვედურობდა, რომ არა რცხვენოდათ, იმპერატორზე მდიდრულად ეცხოვრათ; ხანაც ყალბად ნანობდა, რომ მმართველთა ქონება კერძო პირებისთვის უნდა დაეთმო. ერთხელ შეიტყო, რომ ერთმა მდიდარმა მის მონებს, მოსაწვევებს რომ არიგებდნენ, ორასი ათასი გადაუხადა, რათა მის სადილზე მოხვედრილიყო. ამით ძალიან კმაყოფილი დარჩა და მეორე დღეს გაყიდვაზე იმ მდიდარს რაღაც წვრილმანი გაუგზავნა ორასი ათასად და სადილზეც მიიპატიჟა კეისრის პირადი მიწვევით.       40. ახალ და წარმოუდგენელ გადასახადებს ჰკრეფდა, - თავიდან მოიჯარეების მეოხებით, მერე კი, რაკი უფრო მომგებიანი იყო, პრეტორიელი ცენტურიონებისა და კონსულების მეშვეობით. არც ერთი საგანი, არც ერთი ადამიანი არ რჩებოდა გადასახადის გარეშე. საჭმელზე, რაც ქალაქში იყიდებოდა, მტკიცედ დადგენილი ბაჟი აიღებოდა; ყველნაირი სასამართლო საქმიდან წინასწარ უნდა აეღოთ საკამათო თანხის ორმოცი პროცენტი, ხოლო ვინც უარს ამბობდა, ან სასამართლოს გარეშე მოილაპარაკებდა, იმათ სჯიდნენ. მეკარეები მთელი დღის ნამუშევრის მერვედს იხდიდნენ; მეძავები - ერთი სქესობრივი კავშირისას. და კანონის ამ სტატიას დართული ჰქონდა, რომ ეს გადასახადი იმათაც ეკუთვნოდა, თუ ადრე ვინმე მეძავობდა ან შეხვედრების მომწყობი იყო, თუნდაც მას შემდეგ კანონიერ ქორწინებაში ყოფილიყო.       41. ამგვარი გადასახადები ზეპირად ცხადდებოდა, მაგრამ წერილობით არ იყო გამოკრული. და კანონის სიტყვების უცოდინრად ხშირად ხდებოდა შეცდომები; ბოლოს, ხალხის მოთხოვნით, გაიუსმა გამოჰკიდა კანონი, მაგრამ ისე წვრილად დაწერა და ისეთ ადგილას გააკრა, რომ ვერავის გადაეწერა. არანაირი მოგება და გამორჩენა რომ არ გაეშვა ხელიდან, პალატინზე ლუპანარიუმი მოაწყო - უთვალავ, მდიდრულად მოწყობილ, სასახლის საკადრის ოთახებში საკუთარ თავს სთავაზობდნენ ქმრიანი ქალები და თავისუფლად დაბადებული ყმაწვილები. ხოლო ბაზრებში და ბაზილიკებში გააგზავნა გამომაცხადებლები, რათა ახალგაზრდა თუ მოხუცი სიამოვნების საძებნად წამოსულიყო, და იქ მიმსვლელებს თანხა ეძლეოდათ პროცენტით და სპეციალური მსახურები იწერდნენ იმათ სახელებს, ვინც კეისრის შემოსავალს ამრავლებდა.       (2) კამათლის თამაშიდანაც კი არ ერცხვინებოდა შემოსავლის მიღება, თაღლითობამდე და ცრუ ფიცზეც არ ამბობდა უარს. ერთხელ თავისი რიგი მომდევნო მოთამაშეს დაუთმო, სასახლის ატრიუმში გამოვიდა, დაინახა იქვე ჩავლილი ორი მდიდარი რომაელი მხედარი, მაშინვე უბრძანა, დაეჭირათ და ქონება ჩამოერთვათ და მერე თამაშს დაბრუნებული, ტრაბახობდა, რომ არასდროს ყოფილა ამისთანა მოგებაში.       42. ქალიშვილი რომ გაუჩნდა, მაშინ არა მხოლოდ საიმპერატორო, არამედ მამის საზრუნავსაც იმიზეზებდა და მოითხოვდა ფულს მის აღსაზრდელად და სამზითვოდ. ედიქტით გამოაცხადა, რომ საახალწლოდ საჩუქრებს ელოდება; იანვრის კალენდებში სასახლის ზღურბლზე დადგა და იჭერდა მონეტებს, რომელთაც ჯგროდ მომავალი, ყველანაირი წოდების ხალხი უყრიდა მუჭებითა და კალთებით. ბოლოს, ფულის შეგრძენების მანიით ატანილმა ოქროს მონეტების უშველებელი გორები იატაკზე გაშალა და ხშირად დადიოდა ზედ ფეხშიშველი ანდა ზედ კოტრიალობდა დიდხანს.       43. ომის და სამხედრო საქმეების გაკეთება ერთხელ მოუწია და ისიც მოულოდნელად. ერთხელ, როცა მევანიაში მიდიოდა კლიტუმნუსის წყაროზე და მისსავე ჭალაში, შეახსენეს, რომ დრო იყო, ბატავიანელ მცველთა რაზმი შეევსო. აქ მოუვიდა აზრად გერმანიაში ლაშქრობა. და დაუყოვნებლივ, ყველგან შექმნა ლეგიონები და დამხმარე ჯარი, დიდი სიმკაცრით ჩაატარა გაწვევა ყოველი ადგილიდან, იმდენი სახეობის პროდუქტი შეაგროვა, არასოდეს რომ არ სმენოდათ და გზას გაუდგა. ხან ისე გაჩქარებული სისწრაფით მიდიოდა, რომ პრეტორიელი კოჰორტები, ჩვეულების საწინააღმდეგოდ, თავიანთ დროშებს ჯორებს ჰკიდებდნენ, რომ როგორმე დასწეოდნენ და ხანაც მოულოდნელად ნელა და ზარმაცად, როცა იმისი ტახტრევანი რვა კაცს მიჰქონდა, ხოლო ხალხს მახლობელი ქალაქებიდან წინ გზა უნდა დაეგავა და მოერწყა კიდეც, მტვერი რომ არ დამდგარიყო.       44. ბანაკში მიღწეულმა გადაწყვიტა ქმედით და მკაცრ მხედართმთავრად ეჩვენებინა თავი, - ლეგატები, რომლებმაც დაგვიანებით მოიყვანეს დამხმარე ჯარები სხვადასხვა ადგილებიდან, სამარცხვინოდ დაითხოვა; უფროს ცენტურიონებს, რომელთაგან მრავალს უკვე დათვლილი დღეები რჩებოდა გადადგომამდე, წოდებები აჰყარა ჩახჩუების და უღონობის მიზეზით; დანარჩენები სიხარბისათვის გამოლანძღა და ნამსახური ჯამაგირი ექვსი ათასამდე შეუმცირა.       (2) თუმცაღა მთელი ამ ლაშქრობის განმავლობაში არაფერი ჩაუდენია, მხოლოდ როცა მისი დაცვით ბრიტანეთის მეფე კინობელინუსის მიერ გაძევებული შვილი, სახელად ადმინიუსი პატარა რაზმით რომაელებთან გამოიქცა, კალიგულამ უშველებლი მოხსენება აფრინა რომში, თითქოს მთელი კუნძული დაემორჩილა, და შიკრიკებს უბრძანა, სარბოლო ეტლიდან არ ჩამოსულიყვნენ, ვიდრე პირდაპირ ფორუმამდე არ მიაღწევდნენ, კურიის კარამდე, რათა მარტოდენ მარსის ტაძარში, მთელი სენატის წინაშე გადაეცათ მისი გზავნილი კონსულებისთვის.       45. მერე, რაკიღა საომარი არავისთან იყო, თავისი დაცვიდან რამდენიმე გერმანელს უბრძანა, რაინი გადაეცურათ, მეორე ნაპირზე დამალულიყვნენ და დღის სადილის შემდეგ თავგანწირული ყვირილით ეცნობებინათ მტრის მოახლოება. ყველაფერი შესრულდა. მაშინ კალიგულამ უახლოესი თანამგზავრებითა და პრეტორიელი ცხენოსნებით მახლობელ ტყეს მისცა თავი, ხეებიდან სულ ტოტები დასხიპა, იმ ტოტებით ტროფეებივით მორთო თავისები და მაშხალების შუქზე დაბრუნდა ბანაკში. ისინი, ვინც თან არ გაჰყვა, გამოლანძღა სილაჩრისა და სულმოკლეობისთვის, ხოლო თანამგზავრები და გამარჯვების მონაწილეები ახალი სახეობის გვირგვინებით დააჯილდოვა, რომლებზეც გამოსახული იყო მზე, ვარსკვლავები, მთვარე და სახელად ერქვა "სადაზვერვო".       (2) მეორედ ბრძანა, სკოლიდან ბიჭი-მძევლები წამოეყვანათ და ჩუმად გაეშვათ წინ; თავად კი, მოულოდნელად მიატოვა ეშხში შესული ქეიფი და ცხენოსნებით გამოედევნა უკან, შეიპყრო, როგორც გაქცეულები და ჯაჭვებდადებულები მოიყვანა უკან, - და ამ კომედიაშიც, როგორც სხვა დროს, საზღვარი არ იცოდა. ქეიფს რომ დაუბრუნდა, ჯარისკაცებმა მოახსენეს, რომ რაზმი დევნიდან დაბრუნდა. ამაზე მან შესთავაზა, როგორც იყვნენ, საჭურველის მოუხდელად დამსხდარიყვნენ მაგიდასთან და, მათ გასამხნევებლად ვერგილიუსის ცნობილი ლექსიც წარმოთქვა: გაუძელ და თავი შემოინახე უკეთეს დღეთათავის.       (3) და იმავდროულად, მრისხანე ედიქტით დაუსწრებლად უსაყვედურა სენატს და ხალხს, რომ "იმ დროს, როცა კეისარი იბრძვის ამდენ საფრთხეში, ისინი ერთობიან უდროო ქეიფებით, ცირკით, თეატრით და მშვენიერ ვილებში ნებივრობენ".       46. ბოლოს, თითქოს ომის დასრულებას აპირებდა, მთელი ჯარი ზღვის ნაპირზე მოაწყო, განალაგა ლოდსატყორცნები და სხვა მანქანები, თანაც არავინ იცოდა და ვერც ვერავინ ხვდებოდა, რას აპირებდა და უცებ ბრძანა, ყველას შეეგროვებინა ზღვის ნიჟარები მუზარადებში და ტანსაცმლის კალთებში, - ესაო, ამბობდა, ოკეანის ალაფია, რომელიც კაპიტოლიუმზე და პალატინზე უნდა გაეგზავნა. გამარჯვების სამახსოვროდ მაღალი კოშკი აღმართა, რათა იმას, როგორც ფაროსის შუქურას, ღამღამობით შუქით ეჩვენებინა ხომალდებისთვის გზა. თითოეულ მეომარს ას დინარს დაჰპირდა და, თითქოს ეს უსაზღვრო გულუხვობა ყოფილიყოს, შეჰყვირა: "გასწიეთ ახლა, ბედნიერებო, გასწით მეთქი, მდიდრებო!"       47. ამის მერე ტრიუმფზე ზრუნვას შეუდგა. არ დაკმაყოფილდა ბარბაროსი ტყვეებითა და გადამრბენებით, გალიის მცხოვრებთაგან ყველაზე მაღლები აარჩია, როგორც თავად ამბობდა, ტრიუმფისთვის გამოსადეგები, ასევე რამდენიმე მათი მთავარი, - იმათ არა მარტო თმის მოშვება და ქერად შეღებვა უბრძანა, არამედ გერმანული ენაც უნდა შეესწავლათ და ბარბაროსული სახელები დაერქმიათ. ტრიმერები, რომლებითაც ოკეანეში გადიოდა, ბრძანა, სახმელეთო გზით რომში ჩაეტანათ. თავის სალაროს მცველებს მოსწერა, რომ ისეთი ტრიუმფი მოემზადებინათ, როგორიც ჯერ არავის ენახა, მაგრამ რაც შეიძლება ცოტა დაეხარჯათ, იმათ განკარგულებაში ხომ მთელი მოსახლეობის ქონება იყო.       48. ვიდრე პროვინციიდან წამოვიდოდა, ერთი გაუგონარი სისასტიკე ჩაიფიქრა, - ამოეწყვიტა ყველა ის ლეგიონი, რომლებიც აჯანყდნენ ავგუსტუსის სიკვდილის შემდეგ და იმიტომ, რომ ალყაში ჰყავდათ ის და მამამისი გერმანიკუსი, თავიანთი მხედართმთავარი. ძლივს გადააფიქრებინეს ეს უგნური განზრახვა, მაგრამ იმაში კი ვეღარ მოერივნენ, რომ ყოველი მეათე მაინც დაესაჯა სიკვდილით. და აი, შეკრებაზე გამოიძახა ისინი, უიარაღოდ, მახვილის გარეშე და შეიარაღებული ცხენოსნებით შემოარტყა ალყა.       (2) მაგრამ რაკი შეამჩნია, რომ ბევრი მიხვდა, რაც ხდებოდა და თავისი იარაღისკენ მიიწევდა, რომ შეტევაზე გადმოსულები მოეგერიებინა, დაჰკრა ფეხი იმ შეკრებიდან და პირდაპირ რომისკენ გამოეჩქარა. მთელი თავისი სიძულვილი ახლა სენატისკენ მიმართა; თავისთვის სამარცხვინო ჭორები რომ აღეკვეთა, სენატს მუქარა დაატეხა თავს, იმასაც კი ჩიოდა, თითქოს უარი უთხრეს კანონიერ ტრიუმფზე, როცა იქამდე ცოტა ხნით ადრე სიკვდილის მუქარით ყველას აუკრძალა პატივისცემის დანიშვნა.       49. იმიტომ იყო, როცა გზაში უმაღლესი ფენების წარმომადგენლები ეახლნენ და ემუდარებოდნენ ეჩქარა, მქუხარე ხმით მიუგო იმათ: "მოვალ, ჰო, მოვალ და აი, თან რა მექნება", - და მახვილის სახელურს დაჰკრავდა ხოლმე ხელს, სარტყელზე რომ ჩამოეკონწიალებინა. ხოლო ედიქტში გამოაცხადა, რომ ბრუნდება მხოლოდ იმათთვის, ვისაც ის სჭირდება, - მხედრებს და ხალხს; სენატისთვის კი არც მოქალაქე იქნება ამიერიდან და არც პრინცეპსი.       (2) ისიც აკრძალა, რომ რომელიმე სენატორი შესახვედრად გამოსულიყო. აი, ამგვარად, გადაიფიქრა და გადაავადა ტრიუმფი, და მხოლოდ ოვაციებით შევიდა რომში ზუსტად თავისი დაბადების დღეს.       ოთხი თვის მერე ის მოკვდა, ჩაიდინა უდიდესი ბოროტებები და უფრო მეტი ჰქონდა ჩაფიქრებული. მაგალითად, ჯერ ყველაზე უკეთესი მოღვაწეები უნდა ამოეწყვიტა ორივე ფენიდან და, მერე ისე აპირებდა გადასახლებულიყო ანციუმში, შემდეგ კი ალექსანდრიაში.       (3) ამაში რომ ეჭვი არ შეეპაროს ვინმეს, ნება მომეცით, ვთქვა: მის საიდუმლო ქაღალდებში იპოვეს ორი რვეული, თითოეულს თავისი სათაური ჰქონდა, - ერთს "მახვილი" ერქვა, მეორეს - "ხანჯალი"; ორივეში იყო სახელები და შენიშვნები იმათზე, ვინც უნდა მომკვდარიყო. აღმოაჩინეს დიდი სკივრიც, სავსე სხვადასხვა საწამლავით; მერე კლავდიუსმა ბრძანა, ის სკივრი ზღვაში გადაეგდოთ და ამისგან, როგორც ამბობენ, ისეთი მოწამვლა მოხდა, რომ ტალღებს მახლობელ სანაპიროზე სულ დასტა-დასტა გამოჰქონდა მკვდარი თევზი.       50. ძალიან მაღალი იყო, სახეზე მეტად ფერმკრთალი, ულამაზო სხეულით, კისერი და ფეხები ძალიან გამხდარი ჰქონდა, თვალები და საფეთქლები ჩაცვევნილი, შუბლი ფართო და ნაოჭიანი; თავზე თმა - იშვიათად, კეფაზე სულაც მოტიტვლებული, სხეულზე კი - ხშირ-ხშირი ბალანი ესხა. ამიტომ სასიკვდილო დანაშაულად ითვლებოდა მისთვის მაღლიდან დახედვა, როცა ახლოს უნდა ჩაევლო, ანდა უნებურად სიტყვა "თხა" რომ წამოსცდენოდა ვინმეს. ბუნებრივად ასეთი მახინჯი და საძაგელი სახე კიდევ უფრო ველური რომ გაეხადა, სარკის წინ ვარჯიშობდა საშინელი გამომეტყველების მიღებაში.       (2) არც სხეულის და არც სულიერი სიჯანსაღით გამოირჩეოდა. ბავშვობაში ბნედიანობით იტანჯებოდა; ახალგაზრდობაში, თუმცა კი გამძლე იყო, მაგრამ დროდადრო სისუსტისაგან არც სიარული შეეძლო, არც დგომა, არც თავის დაჭერა და არც გონზე მოსვლა. თავის ჭკუასუსტობას თავადვე გრძნობდა და არაერთხელ იზრახავდა საქმეებს ჩამოსცილებოდა, გონების დასაწმენდად. ამბობენ, რომ ცეზონიამ რაღაც ჯადო დაალევინა, რომელსაც სიყვარული უნდა გამოეწვია, მაგრამ შეშლილობა კი დამართა. განსაკუთრებით აწამებდა უძილობა. ღამღამობით სამი საათზე მეტი არ ეძინა მიყოლებით და ისიც სულ შფოთიანად, - უცნაური ხილვები ტანჯავდა; ერთხელ ესიზმრა, თითქოს ზღვის რომელიღაც მოჩვენება ელაპარაკებოდა. ამიტომ უძილოდ წოლა არ შეეძლო და ღამის დიდ ნაწილს ან საწოლზე ჩამომჯდარი ატარებდა, ანდა დაეხეტებოდა უთვალავ კოლონადებში და ისევ და ისევ ხმამაღლა მოუხმობდა სასურველ განთიადს.       51. არის საფუძველი, ვიფიქრო, რომ სწორედ ჭკუასუსტობის გამო მასში არსებობდა ურთიერთსაპირისპირო მანკიერებები - საკუთარი თავის უსაზღვრო რწმენა და იმავდროულად, ზომაგადასული შიში. ეს კაცი, რომელიც მეტისმეტად დასცინოდა ღმერთებს, სულ ოდნავ ჭექა-ქუხილზე თვალებს ხუჭავდა, თავზე რამეს შემოიხვევდა, ხოლო თუ ელვა ძლიერი იქნებოდა, წამოხტებოდა და საწოლის ქვეშ იმალებოდა. სიცილიაში მოგზაურობისას ულმობლად დასცინოდა ადგილობრივ სიწმინდეებს, მაგრამ მოულოდნელად, ეტნას კრატერის კვამლით და გრუხუნით დამფრთხალმა, მესალიდან შუაღამისას დაჰკრა ფეხი და თავქუდმოგლეჯილი გამოიქცა.       (2) ბარბაროსების დამუქრებაში გულუხვი იყო, მაგრამ, ერთხელ, როცა რაინის გაღმა, ვიწრო ხეობაში მიდიოდა ეტლით, გარშემორტყმული მებრძოლთა რამდენიმე რიგით, და ვიღაცამ ჩაილაპარაკა, საიდანმე მტერი რომ გამოჩნდეს, აქ სასაკლაო გაიმართებაო, - მაშინათვე შემოახტა ცხენს და თვალის დახამხამებაში ხიდებთან დაბრუნდა, და რაკი ხიდი გადაკეტილი იყო ფორნების რიგით და მომსახურეებით, იმას კიდეც დაცდა არ სურდა, ამიტომ კალიგულა თავებს ზემოთ ასწიეს მეომრებმა და ერთი მეორეს აწვდიდნენ, - ასე გადაიტანეს მეორე ნაპირის სამშვიდობოზე.       (3) მერე კი, როცა ხმა გავრცელდა გერმანელების აჯანყებაზე, გასაქცევად მზადებას შეუდგა და, პირველ რიგში, ფლოტილია გაამზადა; იმედი ჰქონდა, თავშესაფარი ეპოვა ზღვისგაღმა პროვინციებში, თუკი გამარჯვებულები ალპებს აიღებდნენ, როგორც კიმბრები ანდა რომსაც კი, როგორც სენონესები. ალბათ, აი, ამიტომ გადაწყვიტეს მისმა მკვლელებმა აღშფოთებული ჯარისკაცების დაწყნარება გამონაგონით, თითქოს კალიგულამ დამარცხების ცნობის მიღებისთანავე მოიკლა თავი.       52. სამოსი, ფეხსაცმელი და დანარჩენი მისი ჩაცმულობა უღირსი იყო არა მარტო რომაელისა და მოქალაქისათვის, არამედ კაცისა და ადამიანისთვისაც კი. ხალხთან ხშირად გამოდიოდა ფერად-ფერად ლაბადებით, მარგალიტებდაკერებულ, სახელოებიან და ნაოჭებასხმულ ტუნიკებში, სამაჯურებით; ხანდახან აბრეშუმებში და ქალის მოსახვევებში; ხან სანდლები ეცვა, ხან კოტურნები, ხანაც ჯარისკაცის ჩექმები და ზოგჯერ ქალის ფეხსაცმელებითაც იარებოდა. ბევრჯერ გამოსულა მოოქროვილი წვერით, ხელში მეხი ეჭირა ან სამთითა, ანდა კვერთხი - ღმერთების ნიშნები; ანდა სულაც ვენერას სამოსით. ტრიუმფალურ ჩაცმულობას მუდმივად ატარებდა თავის ლაშქრობამდე, ხოლო ხანდახან იკეთებდა ალექსანდრე დიდის ჯაჭვ - კურტაკს, რომელიც მისი სარკოფაგიდან ჰქონდა წამოღებული.       53. კეთილშობილი ხელოვნებებიდან ყველაზე ნაკლებად აინტერესებდა მეცნიერება და ყველაზე მეტად - მჭევრმეტველება. ყოველთვის მზად იყო სიტყვით გამოსულიყო, განსაკუთრებით თუკი ვისიმე დადანაშაულება იყო საჭირო. მრისხანებისას ადვილად პოულობდა სიტყვებსაც, აზრებსაც, საჭირო გამომეტყველებასაც, ხმასაც; აღგზნებისაგან ერთ ადგილზე დგომა არ შეეძლო და მისი სიტყვები ყველაზე შორეულ რიგებშიც აღწევდა.       (2) სიტყვას რომ იწყებდა, იმუქრებოდა, რომ ღამეული სიფხიზლით ალესილ მახვილს იშიშვლებს. ბრწყინვალე და დახვეწილ სტილს იმდენად ვერ იტანდა, რომ სენეკას თხზულებებს, რომლებიც იმხანად დიდების გადაფურჩქვნის ხანაში იყო, "უბრალო სასკოლო სავარჯიშოებს" და "უკირო ქვიშას" უწოდებდა. სხვა ორატორების ცნობილ სიტყვებზე პასუხებსაც წერდა, ხოლო როცა ცნობილი სენატორები სასამართლოში მოხვდებოდნენ, იმათზე საბრალდებო და დასაცავ სიტყვებსაც თხზავდა, და რომელიც უფრო უკეთესი გამოუვიდოდა, იმით ღუპავდა ან გადაარჩენდა ხოლმე თავისი გამოსვლებით. ამ სიტყვების მოსასმენად ედიქტებით მხედრებსაც კი მიიწვევდა ხოლმე.       54. ამას გარდა, დიდი ენთუზიაზმით მოღვაწეობდა სხვა, მრავალფეროვან ხელოვნებებში, როგორც გლადიატორი და სარბოლო ეტლის წარმმართველი, მომღერალი და მოცეკვავე. იბრძოდა საბრძოლო იარაღით; გამოდიოდა სარბოლო ეტლებით ყველგან მოწყობილ ცირკებში, ხოლო სიმღერა და ცეკვა ისე გაიტაცებდა ხოლმე, რომ სახალხო სანახაობებზეც ვერ იკავებდა თავს, რომ არ მიემღერა ტრაგიკული აქტიორისათვის და ყველას დასანახად არ გაემეორებინა მოცეკვავის მოძრაობები, მოწონდა და უსწორებდა კიდეც.       (2) ეტყობა, თავისი სიკვდილის დღეს ღამის ზეიმი იმიტომ დანიშნა, რომ თავისი ჩვეულებრივი უფლებით ესარგებლა და პირველი გამოსულიყო სცენაზე. ხანდახან ღამითაც ცეკვავდა. ერთხელ, შუაღამისას სასახლეში სამი კონსულის წოდების სენატორი გამოიძახა, სცენაზე დასხა სამივენი, აკანკალებულები ყველაზე უარესის მოლოდინში, მერე კი უცებ გამოვარდა მათთან, ფლეიტების და ტკაცუნების ხმებზე, ქალის მოსახვევით და ქუსლებამდე ტუნიკით, იცეკვა რაღაცა და წავიდა. თუმცა მთელი თავისი მოხერხების მიუხედავად, ცურვა არ შეეძლო.       55. რასაც არ უნდა გაეტაცებინა, თავის ლტოლვაში უგუნურებამდე მიდიოდა. პანტომიმ მნესტერს წარმოდგენისას კოცნიდა, ხოლო ვინც იმისი ცეკვისას ოდნავადაც კი დაიხმაურებდა, იმას თავისი ადგილიდან აგდებდნენ და თავისი ხელით ამათრახებდა. ერთ რომაელ მხედარს, რომელიც ხმაურობდა, ცენტურიონის ხელით ბრძანება გაუზავნა, დაუყოვნებლივ წასულიყო ოსტიაში და მავრიტანიაში მეფე პტოლემესთვის გადაეცა იმპერატორის წერილი, სადაც ეწერა: "კაცს, რომელმაც ეს მოგიტანა, არც სიკეთე გაუკეთო, არც ბოროტება".       (2) რამდენიმე თრაკიელ გლადიატორს თავისი გერმანელი მცვლების მეთაურობა უბოძა; მურმილონელ გლადიატორებს, როგორც მისი ფავორიტი თრაკიელი გლადიატორების მეტოქეებს, ჯავშანი შეუმცირა. როცა ერთმა მათგანმა, სახელად კოლუმბუსმა გამარჯვება მოიპოვა და მხოლოდ მსუბუქად დაიჭრა, ნაჭრილობევი საწამლავით შეუზილეს და მას შემდეგ იმ შხამს "კოლუმბინუმს" ეძახდა, - სწორედ ასე იყო შეტანილი მისი საწამლავების სიაში. ცირკში ისე მიმხრობილი და დაკავშირებული იყო "მწვანეთა" პარტიას, რომ ბევრჯერ სადილობდა საჯინიბოებში და ღამესაც ათევდა, ხოლო მრბოლელ ევტიქუსს რომელიღაც ქეიფში საჩუქრად ორი მილიონი სესტერცი მისცა.       (3) თავის ცხენს, ინციტატუსს ისე უფრთხილდებოდა, რომ დოღების წინა საღამოს ჯარისკაცებს აგზავნიდა ცხენის სადგომის ირგვლივ სიჩუმის დასამყარებლად. და ამ ცხენს მარტო მარმარილოს საჯინიბო და სპილოს ძვლის ბაგა კი არ გაუკეთა, არა მხოლოდ ძოწის გადასაფარებელი მისცა და მარგალიტის ყელსაბამი, სასახლეც გამოუყო მსახურებით და ავეჯეულით, და მისი სახელით ეპატიჟებოდა და ხალისით იღებდა ხოლმე იქ სტუმრებს; ამბობენ, ამ ცხენის კონსულად ქცევაც უნდოდაო.       56. ამ სიგიჟეში და მღელვარებაში ბევრი მზად იყო მის მოსაკლავად; მაგრამ ერთი თუ ორი შეთქმულება გაიხსნა, და ხალხი არ ჩქარობდა, მოსახერხებელი დროის ლოდინში. ბოლოს, ორი კაცი შეერთდა და საქმე ბოლომდე მიიყვანა, მაგრამ ისე არა, რომ გავლენიან გააზატებულებს და პრეტორიელ მეთაურებს ეს არა სცოდნოდათ. მათ უკვე ბრალი ჰქონდათ დადებული ერთ შეთქმულების მონაწილეობაში, და თუმცა ეს სიცრუე იყო, ისინი მაინც გრძნობდნენ კალიგულას ეჭვს და სიძულვილს, - როცა მაშინვე გაიყვანა განზე, სასტიკი სიტყვებით გამოლანძღა, მახვილი იშიშვლა ფიცით, რომ მზად არის მოკვდეს, თუკი მათი აზრით სიკვდილის ღირსია, და მას შემდეგ ერთმანეთის წინაშე სდებდა ბრალს და ეჩხუბებოდა.       (2) გადაწყვეტილი იყო, თავს დასხმოდნენ პალატინის თამაშებზე, შუადღისას, სანახაობიდან რომ გამოვიდოდა. მთავარი როლი თავისთავზე აიღო კასიუს ხერეამ, პრეტორიელთა კოჰორტის ტრიბუნმა, რომლის დაცინვითაც, მიუხედავად მისი ასაკისა, გაიუსი მაინც არ იღლებოდა - ხან ნაზსა და ქალაჩუნას ეძახოდა, ხან პაროლად "პრიაპეს" ანდა "ვენერას" დაუნიშნავდა, ხან კიდევ სამადლობელი კოცნისთვის ხელს გაუწვდიდა და ისე უცნაურად აუთამაშებდა, რომ საკოცნელად ვერ დაეწეოდა ხოლმე ხნიერი ტრიბუნი.       57. მკვლელობა მრავალი ნიშნით იყო ნაწინასწარმეტყველები. ოლიმპიაზე, იუპიტერის სტატუეტმა, რომელზეც ნაბრძანები ჰქონდა, დაეშალათ და რომში გადაეტანათ, უცებ ისეთი ხარხარი ატეხა, რომ მანქანები გაიჭედნენ, ხოლო მუშები იქით გარბოდნენ, ვისაც საით მოუხერხდებოდა. და ამ დროს ერთმა კაცმა, სახელად კასიუსმა განაცხადა, რომ სიზმარში ებრძანა ხარი შეეწირა იუპიტერისთვის.       (2) კაპუაში მარტის იდებისას მეხი დაეცა კაპიტოლიუმს, ხოლო რომში - სასახლის მეჭიშკრის ოთახს. და გამოჩნდნენ ამხსნელები, რომლებიც ირწმუნებოდნენ, რომ ერთი ნიშანი მსახურების ხელიდან ბატონის საფრთხეს იუწყებოდა, ხოლო მეორე - ახალ, დიდ მკვლელობას, როგორც ადრე და იმავე დღეს. სულას ასტროლოგთან ყოფნისას, როცა კალიგულა კონსულტაციას იღებდა თავის ჰოროსკოპზე, იმან უთხრა, რომ გარდაუვალი სიკვდილი მის გვერიდთაა.       (3) აქციუმის ფორტუნის ორაკულებმაც მიუთითეს, რომ გაფრთხილებოდა კასიუსს, - ამის გამო კასიუს ლონგინუსის მოსაკლავად გაგზავნა ხალხი, რომელიც მაშინ აზიის პროკონსული იყო, მაგრამ არ უფიქრია, რომ ხერეასაც კასიუსი ერქვა. თავად წინა ღამეს სიზმარი ნახა, რომ იუპიტერის ტახტის მახლობლად იდგა ცაში, და ღმერთმა მარჯვენა ფეხის დიდი თითით უჯიკა და მიწაზე გადმოაგდო. ნიშნებად ჩაითვალა რამდენიმე მოვლენაც, მომხდარი სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე. მსხვერპლს რომ სწირავდა, ფლამინგოს სისხლით გაიწუწა. პანტომიმი მნესტერი ცეკვავდა სწორედ იმ ტრაგედიაში, რომელშიც ოდესღაც თამაშობდა ტრაგიკული აქტიორი ნეოპტოლემე იმ თამაშებზე, რომელთა დროს მოკლეს მეფე ფილიპე მაკედონელი. ფარსში სახელწოდებით "ლარეოლუსი", სადაც ნანგრევებიდან გამოვარდნილი მსახიობი სისხლს ასხამს პირიდან, იმის კვალზე გამოსულმა შემცვლელმა აქტიორებმა ერთმანეთის ჯიბრით ისე შეუჩერებლად აჩვენებს თავიანთი ხელოვნება, რომ მთელი არენა სისხლში ცურავდა. ღამით კი მზადდებოდა წარმოდგენა, რომელშიც ეგვიპტელებს და ეთიოპელებს უნდა განესახიერებინათ სცენები საფლავსმიღმა ცხოვრებიდან.       58. ეს მოხდა მერვე დღეს თებერვლის კალენდებამდე, მიახლოებით მეშვიდე საათისკენ. ყოყმანობდა, წასულიყო თუ არა დღის საუზმეზე, რაკიღა მუცელში ისევ გრძნობდა გუშინდელი საჭმლის სიმძიმეს. ბოლოს, მეგობრებმა დაითანხმეს და გამოვიდა. მიწისქვეშა გადასასვლელში, რომლითაც უნდა გაევლო, სცენაზე გამოსასვლელად დიდგვაროვანი, აზიიდან გამოწერილი ბიჭები ემზადებოდნენ. მათ შესათვალიერებლად და შესაქებად შეჩერდა. და პირველი აქტიორი რომ არ გამომდგარიყო გაციებული, უკვე მზად იყო, დაბრუნებულიყო და გაეგრძელებინა წარმოდგენა.       (2) მერე ორნაირად ჰყვებიან. ერთნი ამბობენ, რომ, როცა ბიჭებს ელაპარაკებოდა, უკანიდან მიახლოებულმა ხერეამ მახვილის დარტყმით ღრმად გაუპო კეფა ყვირილით: "ეს აიღე!" - და მაშინ ტრიბუნმა კორნელიუს საბინუსმა, მეორე შეთქმულმა წინიდან დაარტყა მახვილი მკერდში. მეორენი გადმოგვცემენ, რომ როცა შეთქმულებაში განდობილმა ცენტურიონებმა თანმხლები ამალა შეავიწროვეს, საბინუსმა, როგორც ყოველთვის, იმპერატორს პაროლი ჰკითხა, იმან მიუგო "იუპიტერი"; მაშინ ხერეამ იყვირა: "მაშ, ასე იყოს!" - და როცა გაიუსი შემობრუნდა, ხმლის დარტყმით ყბა ჩაუმსხვრია.       (3) ის დაეცა, კრუნჩხვებში იყო და ყვიროდა: "მე ცოცხალი ვარ!" - და მაშინ დანარჩენებმა ოცდაათი დარტყმით მოკლეს, - ყველა ერთსა და იმავეს იძახდა: "კიდევ დაარტყი!" ზოგიერთი ხანჯლებს საზარდულშიც ურტყამდა. ამ ხმაურზე ჯერ მეტახტრევნეებმა მოირბინეს ლატნებით, მერე გერმანელმა მცველებმა და ზოგიერთი შეთქმული მოკლეს კიდეც, და რამდენიმე უდანაშაულო სენატორიც ზედ მიაყოლეს.       59. იცოცხლა ოცდაცხრა წელიწადი, მართავდა სამი წელი, ცხრა თვე და რვა დღე. იმისი გვამი საიდუმლოდ წაიღეს ლამიანების ოჯახის ბაღებში, ნახევრად დაწვეს დასაკრძალავ კოცონზე და ცოტა ტორფი დააყარეს ზემოდან. მერე ამოთხარეს, დაწვეს და დამარხეს გადასახლებიდან დაბრუნებულმა დებმა. მანამდე, როგორც ცნობილია, მებაღეებს მოჩვენენები არ აძლევდნენ მოსვენებას. ხოლო იმ სახლში, სადაც ის მოკლეს, ღამე არ გაივლიდა საშინელების გარეშე, ვიდრე თავად სახლი არ დაიწვა ხანძრის დროს. მასთან ერთად დაიღუპა ცოლიც, ცეზონია, ცენტურიონმა რომ აჩეხა და ქალიშვილი, რომელსაც ტვინი მიასხმევინეს კედელზე.       60. როგორი იყო ეს ხანა, იმის მიხედვითაც მივხვდებით, რომ ცნობას მკვლელობაზე ხალხმა მაშინვე არ დაუჯერა. ეჭვობდნენ, რომ გაიუსმა თავად მოიგონა და ხმები გაავრცელა საკუთარ მკვლელობაზე, რათა შეეტყო, თუ რას ფიქრობს მასზე ხალხი. შეთქმულები არავის უპირებდნენ ხელისფლების გადაცემას, ხოლო სენატი ისეთი ერთსულოვნებით ისწრაფოდა თავისფლებისკენ, რომ კონსულებმა პირველი კრება მოიწვიეს არა იულიუსის კურიაში, არამედ კაპიტოლიუმზე; და ზოგიერთი, ხმას რომ აძლევდა, მოუწოდებდა კეისრების ხსოვნა აღმოეფხვრათ და მათი ტაძრები დაენგრიათ. მაგრამ უპირველს ყოვლისა, შენიშნული და აღნიშნული იქნა, რომ ყველა კეისარი, ვინც გაიუსის სახელს ატარებდა, მახვილით აღესრულა, დაწყებული იმით, რომელიც ჯერ კიდევ ცინას ხანაში მოკლეს. გამომცემლობა: პეგასი, თბილისი გამოცემის წელი: 2011 ISBN: 9789941920615 …
დაამატა Kakha to მსოფლიო ისტორია at 9:13am on მაისი 29, 2015
თემა: გი დე მოპასანი - ნოველები
ემოსევის დროს იქ ვიყავი. ჩემს მეზობლად ცხოვრობდა შეშლილი ქალი, რომელიც თავს დატეხილმა უბედურებამ გააგიჟა ოცდახუთი წლისა იქნებოდა, როცა მამა, ქმარი და ახალდაბადებული ბავშვი ერთ თვეში დაჰკარგა. რაკი სიკვდილი ერთხელ შემოიჭრება სახლში, აღარ მოგეშვება. მწუხარებით მეხდაცემული ქალი, ლოგინად ჩავარდა. საწყალი ექვსი კვირის განმავლობაში შფოთავდა. ამ მშფოთვარე კრიზისები შემდეგ მოდუნდა, მოძრაობის უნარი დაჰკარგა, ჭამა უჭირდა, მხოლოდ თვალებს ამოძრავებდა. ყოველთვის, როდესაც მის აყენებას შეეცდებოდნენ, ისეთ ყვირილს მორთავდა, თითქოს კლავენო. და ასე დარჩა ლოგინად ჩავარდნილი. მხოლოდ მაშინ წამოაყენებდნენ, როცა ლეიბის გადაბრუნება, ან თეთრეულის გამოცვლა იყო საჭირო. მოხუცი შინამოსამსახურე უვლიდა. ძალით დაალევინებდა რაიმეს, ან ერთი ლუკმა მოხარშულ ხორცს შეაჭმევდა. რა ხდებოდა ამ სასოწარკვეთილი შეშლილის სულში? ეს გაუგებარი დარჩა, რადგან ლაპარაკი აღარ შეეძლო, იქნებ გარდაცვლილ მამაზე და ქმარ-შვილზე ფიქრობდა, დარდობდა, ან ჩამქრალი აზრი შეუჩერდა, როგორც დაგუბებული წყალი. ასე გაატარა თხუთმეტი წელი ხალხს მოწყვეტილმა გულჩათხრობილმა. ომი დაიწყო და დეკემბრის პირველ დღეებში გერმანელები კორმეიში შემოიჭრნენ. ეს ამბავი გუშინდელი დღესავით მახსოვს. ყინვისგან ქვები სკდებოდა. სავარძელში ვიწექი, ნიკრისის ქარისაგან დახუთული, გერმანელთა მძიმე და რიტმული ფეხის ხმა რომ გავიგონე. ფანჯრის წინ ჩაიარეს. გაუთავებლად მიდიოდნენ, ერთმანეთისგან ვერ გაარჩევდი. უცნაურად დადიოდნენ, თითქოს მუყაოს ჯამბაზები არიანო. მერე მეთაურმა ჯარისკაცები ბინებში გაანაწილეს. მე ჩვიდმეტი კაცი ჩამიყენეს, მეზობელ ქალს, შეშლილს, თორმეტი. მათი მეთაური ნამდვილი ბრიყვი ჩანდა, გულქვა.       პირველ დღეებში ყველაფერი მშვიდობიანად მიდიოდა. გერმანელ ოფიცერს მოახსენეს, თქვენი დიასახლისი ავადმყოფიაო, და ამის შემდეგ მას ყურადღებას არ აქცევდა. მაგრამ მალე ამ ქალმა, რომელსაც არასოდეს არ ხედავდა გააბრაზა იგი. რა ავადმყოფობა ჭირსო, იკითხა. უპასუხეს, თქვენი მასპინძელი თხუთმეტი წელია, რაც საშინელმა მწუხარებამ ლოგინად ჩააგდოო. ოფიცერმა, უეჭველია, არ დაიჯერა; მან წარმოიდგინა, რომ საწყალი შეშლილი ლოგინს ზვიადობის გამო არ სტოვებდა, რათა გერმანელები არ დაენახა, მათთან არ ესაუბრა და არავითარი ურთიერთობა არ ჰქონოდა. ოფიცერმა ქალთან შესვლა მოითხოვა. მის ოთახში შეიყვანეს, გერმანელმა შეშლილს მიმართა დამტვრეული ფრანგულით: - მე გთხოვთ, ქალბატონო, ადგეთ და ძირს ჩამობრძანდეთ, რათა ყველას დაენახოთ. ქალმა ამღვრეული, გაშტერებული თვალებით შეხედა და არაფერი უპასუხა. - მე თავხედობას ვერ ავიტან, - განაგრძო ოფიცერმა, - თუ თქვენის ნებით არ ადგებით, მაშინ გამოვნახავ საშუალებას, რომ სხვის დაუხმარებლად გაისეირნოთ. ქალი არ განძრეულა, გაშეშებული იყო, თითქოს გერმანელები არც დაუნახავს. ოფიცერი ბრაზით ცოფებს ყრიდა. ეს მშვიდი დუმილი უმაღლესი ზიზღის გამოხატვად ეჩვენებოდა. - თუ ხვალ დაბლა არ ჩამოსულხართ... - თქვა მან და გარეთ გავიდა. მეორე დღეს შეშინებულ მოხუც შინამოსამსახურეს შეშლილისთვის ტანზე ჩაცმა უნდოდა, მაგრამ ავადმყოფმა არ ინდომა, ყვირილი მორთო, ოფიცერი ამოვიდა, მსახური მუხლებზე დაეცა. - არ უნდა ბატონო, არ უნდა. აპატიეთ. იგი ისე უბედურია, - ევედრებოდა შინამოსამსახურე. ოფიცერი დაიბნა. განრისხდა, მაგრამ მაინც ვერ გაბედა ებრძანებინა, ქალი ლოგინიდან გადმოეთრიათ. უეცრად სიცილი აუტყდა და გერმანელმა ბრძანება გასცა. მალე რამდენიმე ჯარისკაცმა ლოგინიანად სახლიდან გამოიყვანეს. შეშლილი ქალი, თითქოს დაჭრილი მიყავდათ საკაცით. ავადმყოფი, როგორც ყოველთვის, მშვიდად და უძრავად იწვა, ყველაფრისადმი გულგრილი, რაც მის გარშემო ხდებოდა. ერთ ჯარისკაცს მის უკან ფუთა მიჰქონდა ქალის ტანისამოსით.       ოფიცერმა ხელების სრესით წარმოთქვა: - ახლა ვნახავთ, მარტო შეძლებთ თუ არა თქვენ ტანისამოსის ჩაცმას და პატარა გასეირნებას. ჯარისკაცებმა ავადმყოფი იმოვილის ტყისკენ წაიყვანეს. ორი საათის შემდეგ ისინი მარტო დაბრუნდნენ. იმ დღიდან შეშლილი ქალი არავის უნახავს. რა უყვეს? სად წაიყვანეს? გაუგებარი დარჩა. დღე და ღამე თოვდა, ველსა და ტყეებს გაყინული სუდარა ფარავდა. მგლები ჩვენს კარებთან ღმუოდნენ. არ მეშვებოდა ფიქრი იმ დაკარგულ ქალზე. ბევრჯერ შევეცადე მისი ამბავი გამეგო გერმანელთა ხელისუფლებისგან. კინაღამ დამხვრიტეს. გაზაფხული დადგა. საოკუპაციო არმია წავიდა. ჩემი მეზობელი ქალის ბინა დაკეტილი დარჩა, ხეივნებს ხშირი ბალახი მოედო. მოხუცი მსახური ქალი ჯერ კიდევ ზამთარში გარდაიცვალა. შეშლილის ამბავი არავის აწუხებდა, მხოლოდ მე არ მშორდებოდა გონებიდან. რა უყვეს საწყალ ქალს? იქნებ გაიქცა ტყიდან? იქნებ სადმე იპოვეს და რაკი მისგან ვერაფერი გაიგეს, ვინ იყო, საავადმყოფოში მოათავსეს. ყველა ეს მტანჯველი კითხვა ამოუხსნელი დარჩა, მაგრამ ნელ-ნელა დრომ გულის წუხილი დამიწყნარა. იმ წლის შემოდგომაზე აუარებელი ჩიბუხა მოფრინდა. ტყემდე მივჩანჩალდი, რადგან იმ ხანებში ნიკრისის ქარმა ცოტა შემასვენა. უკვე ოთხი თუ ხუთი გრძელნისკარტა ჩიბუხა მოკლული მყავდა, რომ ერთი კიდევ ჩამოვაგდე. იგი ტოტებით ამოვსებულ ხევში ჩავარდა. იძულებული გავხდი შიგ ჩავსულიყავი, რომ ნანადირევი ამომეტანა. ფრინველი ვიღაცის თავის ქალასთან დავარდნილიყო. უროსავით დამეცა მოგონება შეშლილ ქალზე. იმ საშინელ წელიწადს ტყეში, ალბათ, კიდევ ბევრი დაიღუპა, მაგრამ არ ვიცი რატომ, დარწმუნებული ვიყავი, დარწმუნებული, გეუბნებით, რომ ეს ის საბრალო ქალის თავი იყო. და უეცრად ჩემთვის ყველაფერი ნათელი გახდა: გერმანელებმა შეშლილი ქალი, ალბათ, იმ ლეიბზე დასტოვეს ცივსა და უდაბურ ტყეში. აკვიატებული აზრით შეპყრობილი ისე გარდაიცვალა თოვლის სქელი და მსუბუქი ბუმბულის ქვეშ, რომ არც ხელი გაუნძრევია დ არც ფეხი. მერე მისი ნეშტი მგლებმა დაგლიჯეს. საბრალო ქალის დაფლეთილი ლეიბის მატყლით ფრინველებმა ბუდე გაიკეთეს. უბედურების ძვლები თან წამოვიღე და შევინახე და მე ვისურვებდი: ჩვენს შვილებს ომი არასოდეს ენახოს. ტყვეები       ტყეში სიჩუმე იყო, მხოლოდ ხეებზე თოვლის ფანტელების დაცემის ხმა ისმოდა. შუადღის აქეთ ბარდნიდა. ხის ტოტები თითქოს თვითონ გაყინული თეთრი ხავსით იფარებოდა. გზებს უზარმაზარი რბილი და თეთრი ნოხი ეფინებოდა. ტყის მცველის სახლის კარის წინ დაკაპიწებული ახალგაზრდა ქალი ნაჯახით შეშას აპობდა. იგი მაღალი, წერწეტა და ღონიერი იყო. ამ ტყის ქალს მამაცა და ქმარიც ტყის მცველი ჰყავდა. ოთახიდან ხმა მომესმა: - ამაღამ მარტონი ვართ, ბერტინა, შემოვიდა, ვერ ხედავ. დაღამდა! ვინ იცის, ტყეში პრუსიელები და მგლები დაძრწიან. ბერტინა ცულს ღონივრად იქნევდა და შეშას აპობდა. - აი, მოვრჩი, დედა, ნუ გეშინია, ჯერ კიდევ არ დაღამებულა. ბერტინამ დაპობილი შეშა და გუდურა სახლში შეიტანა, ბუხრის წინ დაყარა, მერე დარაბების მისახურად გავიდა. ბოლოს ოთახში შევიდა და კარს მძიმე ურდული გაუყარა. დედამისი, სახედაღარული მოხუცი, ცეცხლის პირას რთავდა, სიბერემ იგი მშიშარა გახადა. - არ მიყვარს, მამა რომ შინ არ არის, ორ ქალს ძალა არა აქვს, - თქვა დედამ. - ეჰ, ერთ მგელს ან პრუსიელს მეც მოვკლავ, - მიუგო ბერტინამ. და თავლით ანიშნა კერის ზემოთ ჩამოკიდებული დიდი რევოლვერი. პრუსიელების შემოჭრისთანავე მისი ქმარი ჯარში წაიყვანეს. ორი ქალი მარტო დარჩა ახალგაზრდა ქალის მამასთან, ძველ გვარდიელ ნიკოლა პაშონთან. ნიკოლას მეტსახელად აყლაყუდას ეძახდნენ. ბერიკაცმა სახლის დატოვება და ქალაქში გადასვლა არ ისურვა. უახლოესი ქალაქი რეტელი იყო, ძველი ციხე-სიმაგრე, კლდეზე გაშენებული, აქ პატრიოტები ცხოვრობდნენ. გადაწყვიტეს, დამპყრობლებისათვის წინააღმდეგობა გაეწიათ. ტრადიციისათვის არ ეღალატათ. ქალაქში ჩაკეტილიყვნენ და ალყის შემორტყმას ისე გამკლავებოდნენ, როგორც ამ სიმაგრეს ჩვეოდა. უკვე ორჯერ ჰანრი IV და ლუი XIV დროს რეტელის მცხოვრებლებმა თავი ისახელეს თავისი ქალაქის გმირული დაცვით. გადაწყვიტეს ახლაც ასე მოქცეულიყვნენ, თუნდაც ამისათვის ციხის კედლები ამოეწვათ. ქალაქელებმა ზარბაზნები და თოფები შეიძინეს. შეადგინეს ლაშქარი და დაყვეს ბატალიონებად და ასეულებად. არმიის მოედანზე ყოველდღე ვარჯიშობდნენ მეფუნთუშეები, ბაყლები, ყასბები, ნოტარიუსები, ვექილები, დურგლები, მეაფთიაქეებიც კი. ვარჯიშობდნენ რიგრიგობით, დანიშნულ საათებში, დრაგუნთა ძველი უნტეროფიცრის, ახლა გალანტერიის ვაჭრის, ბატონი ლავინის მეთაურობით. მან ციხე-სიმაგრის კომენდატი-მაიორის ხარისხი მიიღო. ახალგაზრდობა ჯარში იყო წასული და ბატონმა ლავინიმ თავის რაზმში ყველა შინ დარჩენილი ჩარიცხა. ისინი საბრძოლველად იწვრთობოდნენ. მსხვილები გასახდომად და სუნთქვის გასაუმჯობესებლად ქუჩებში სხვანაირად არ დადიოდნენ თუ არა ტანსავარჯიშო ნაბიჯით, სუსტები კუნთების სახლამდე გასაძლიერებლად ტვირთს ეზიდებოდნენ.       პრუსიელებს მოელოდნენ, მაგრამ ისინი არა ჩანდნენ, თუმცა არც ისე შორს იყვნენ. მტრის მზვერავებმა ორჯერ ტყე გამოიარეს და აყლაყუდა ნიკოლა პიშონის სახლამდე მიაღწიეს. ძველი მეტყევე, მელიასავით მკვირცხლი, ქალაქში მივიდა გასაფრთხილებლად. ზარბაზნები გერმანელებისკენ მიმართეს, მაგრამ მტერი არ გამოჩენილა. აყლაყუდის ბინა აველინის ტყეში ავანპოსტის მაგივრობას სწევდა. პიშონი კვირაში ორჯერ მიდიოდა ქალაქში სანოვაგის მოსატანად და ციხის მცხოვრებლებისათვის სოფლის ამბავი მიჰქონდა. იმ დღეს პიშონი ამბის გადასაცემად წავიდა. სამი დღის წინ გერმანელთა ქვეითი ჯარის ის ნაწილი, დაახლოებით ნაშუადღევის ორ საათზე, ჩემთან გაჩერდა და თითქმის მაშინვე წავიდაო, მეთაური ფრანგულად ლაპარაკობდაო. გერმანელების წასვლისთანავე მოხუცმა გაცოფებული მგლების შიშით ორი ძაღლი გაიყოლია. შინ ქალები დატოვა და დაუბარა: როგორც კი შეღამდება, სახლში მაგრად ჩაიკეტეთო. ახალგაზრდა ქალს არაფრის შიში არ ჰქონდა. დედა კი სულ კანკალებდა და იმეორებდა: - ყველაფერი ეს ცუდად გათავდება, ნახავთ, ეს ცუდად გათავდება. ამ საღამოს უფრო შეწუხებული იყო, ვიდრე სხვა დროს: - რომელ საათზე დაბრუნდება მამა? - ეკითხებოდა ბერტინას? - ოჰ! უეჭველად, არა უგვიანეს თერთმეტი საათისა. როდესაც კომენდანტთან სადილობს, ყოველთვის გვიან ბრუნდება. ის-ის იყო ბერტინამ ცეცხლზე წვენის გასაკეთებლად კარდალა შედგა, რომ უცებ გაშეშდა, ყური დაუგდო ხმაურობას, რომელიც ბუხრის მილს მოჰყვებოდა. - ვიღაც დადის ტყეში. შვიდი თუ რვა კაცი მაინც იქნება, - თქვა ჩურჩულით ბერტინამ. შეშინებულმა დედამ სართავი შეაჩერა: - ოჰ! ღმერთო ჩემო! მამა კი შინ არ არის!.. სიტყვა არც კი დაუმთავრებია, რომ საშინელმა ბრახუნმა კარი შეარყია. რადგან ქალებმა პასუხი არ გასცეს, ძლიერი და ხორხისმიერი ხმა გაისმა: - კარი გააღეთ! სიჩუმე ჩამოვარდა. მერე იმავე ხმამ გაიმეორა: - გააღეთ, თორემ კარს შემოვამტვრევ. მაშინ ბერტინამ ბუხრის ზემოთ ჩამოკიდებული დიდი რევოლვერი კაბის ჯიბეში ჩაიგდო, კარს ყური მიადო და დაიძახა: - ვინა ხართ? - ჩვენ იმდღევანდელი ჯარის ნაწილი ვართ, -უპასუხეს გარედან, - გზა დაგვებნა. ახალგაზრდა ქალმა ჰკითხა: - რა გინდათ? - დილას აქვთ ტყეში ვართ. გააღეთ, თორემ კარს შემოვამტვრევ. ტყის მცველის ქალს სხვა არჩევანი არა ჰქონდა. ურდული გამოაძრო, მძიმე კარი გამოაღო და თოვლის მკრთალ ჩრდილში დაინახა ექვსი პრუსიელი ჯარისკაცი, სწორედ ისინი, რომლებიც წინაღამეს აქ იყვნენ. ქალმა მტკიცე ხმით ჰკითხა: - რა გნებავთ, ასე გვიან? უნტეროფიცერმა გაიმეორა: - გზა დაგვებნა, სრულიად დაგვებნა. სახლი ვიცანი, დილას აქეთ არაფერი მიჭამია, ჩვენი ჯარისკაცებიც მშივრებია. ბერტინამ გამოუცხადა: - მე და დედაჩემი მარტო ვართ. ჯარისკაცმა უპასუხა: - არა უშავს რა, არა უშავს. არაფერს დაგიშავებთ. ოღონდ გვაჭამეთ. შიმშილისა და დაღლილობისაგან ფეხზე ძლივს ვდგავართ. ტყის მცველის ქალმა უკან დაიხია და უთხრა: - შემოდით. გერმანელები შემოვიდნენ, დათოვლილნი, დაღლილნი. განაწამები სახე ჰქონდათ. ახალგაზრდა ქალმა დიდი მაგიდის ორივე გვერდით მიდგმული ხის სკამები უჩვენა. - დაბრძანდით, წვენს მოგიმზადებთ, თქვენ, მართლაც, დაღლილები ხართ, - უთხრა და კარს ურდული გაუყარა. კარდალაში წყალი ჩაუმატა, ერბო და კარტოფილი ჩაყარა. ბუხარზე ჩამოკიდებული ღორის ქონი ჩამოიღო, ნახევარი მოსჭრა და მოსახარშად ჩააგდო. გერმანელები დამშეულ თვალებს აყოლებდნენ ქალის ყოველ მოძრაობას ჩაჩქანები და თოფები ერთ კუთხეში დააწყვეს და ჭკვიანად იცდიდნენ, როგორც სკოლაში მერხებზე დამჯდარი ბავშვები. დედამ რთვა დაიწყო, მაგრამ ყოველ წუთში ჯარისკაცებს უცქეროდა შეშინებული თვალებით. ოთახში მხოლოდ სართავის მსუბუქი ჭრიალი, ცეცხლის ტკაცანი და ცხელი წყლის შიშინი ისმოდა. უეცრად ყველანი შეკრთნენ. კარის უკან რაღაც ხვრინვის მსგავსი ხმა გაისმა, ნადირის ძლიერი სუნთქვა. გერმანელი უნტეროფიცერი თოფებისაკენ გადახტა. ტყის მცველის ცოლმა გაიღიმა და ხელის დაქნევით შეაჩერა იგი. - მგლებია, - უთხრა მან, - თქვენსავით მოშიებულნი დაძრწიან. გერმანელმა არ დაიჯერა, უნდოდა თვითონ დაენახა. კარი გაიღო და თვალი მოჰკრა ორ დიდ რუხ ნადირს, რომლებიც სწრაფი და გრძელი ნაბიჯით გაიქცნენ. გერმანელი ბურდღუნით შემობრუნდა. - ვერ დავიჯერებდი, - თქვა მან და დაჯდა. ამასობაში ბერტინამ საჭმელიც მოამზადა. პრუსიელები ხარბად დაეწაფნენ სალაფავს. პირს ყურებამდე აღებდნენ, რათა რაც შეიძლება მეტი გადაეყლაპათ. მრგვალ თვალებსა და ყბებს ერთსა და იმავე დროს აღებდნენ. ყელი და წყალსადინარი მილივით ურაკრაკებდათ. მოსწყურდათ, და ტყის მცველის ცოლი სარდაფში ჩავიდა სიდრის ამოსატანად. იქ ცოტა შეაგვიანდა. ეს პატარა თაღიანი სარდაფი იყო, რომელსაც, როგორც ამბობდნენ, რევოლუციის დროს საპატიმროდ და სამალავ ადგილად იყენებდნენ თურმე. შიგ ჩასვლა შეიძლებოდა ხვეული ვიწრო კიბით, რომელიც სამზარეულოს სიღრმეში სარქველით იხურებოდა. როდესაც ბერტინა დაბრუნდა, იცინოდა, თავისთვის იცინოდა თვალთმაქცურად. გერმანელებს სიდრიანი სურა გადასცა. მერე სამზარეულოს მეორე კუთხეში დედასთან ერთად თვითონაც ივახშმა. ჯარისკაცები რომ დანაყრდნენ, ძილი მოეკიდათ, ექვსივენი ისევ სუფრას უსხდნენ და ყვინთავდნენ. დროგამოშვებით რომელიმეს შუბლი ყრუ ხმაურით მაგიდას დაეცემოდა. ჯარისკაცი მაშინვე იღვიძებდა და სწორდებოდა.       ბერტინამ უნტეროფიცერს უთხრა: - დაწექით ცეცხლის პირას, ექვსისთვის საკმაო ადგილია. მე და დედაჩემი ჩვენს ოთახში ავალთ. ქალები ზედა სართულში ავიდნენ. კარი ჩაკეტეს. ცოტა ხანს მათი სიარული ისმოდა. მერე ყოველგვარი ხმაურობა მიწყდა. გერმანელები იატაკზე გაწვნენ, ცეცხლისაკენ ფეხშიშველნი, თავქვეშ დახვეული მაზარა დაიდეს და მალე ექვსივემ ხვრინვა ამოუშვა, ექვს სხვადასხვა ხმაზე, მკვეთრსა და მჟღერზე, მაგრამ გაგრძელებულსა და საშინელზე. გერმანელები დიდი ხნის ჩაძინებულები იყვნენ, რომ უეცრად სროლა გაისმა, ისეთი ძლიერი, თითქოს სახლის კედლებს ესვრიანო. ჯარისკაცები ფეხზე წამოიჭრნენ. კვლავ ორჯერ გაისმა სროლა, შემდეგ კიდევ სამჯერ. უეცრად ზედა სართულის კარი გაიღო და ტყის მცველის ქალი გამოჩნდა, ფეხშიშველა, პერანგის ამარა, ქვედატანი ეცვა, ხელში შანდალი ეჭირა, შეშინებული იყო. - ფრანგებია, ორასი მაინც იქნება, - უთხრა გერმანელებს, - აქ რომ გნახონ, სახლს დაგვიწვავენ. სარდაფში ჩადით, არ იხმაუროთ, თორემ, დავიღუპებით. შეშინებულმა უნტეროფიცერმა ჩაიბურდღუნა: - სიამოვნებით, მაგრამ საიდან უნდა ჩავიდეთ? ახალგაზრდა ქალმა ვიწრო და კვადრატული სარქველი ასწია და ექვსი ჯარისკაცი ერთიმეორის მიყოლებით ჩაჰყვა ვიწრო, ხვეულ კიბეს, საფეხურებზე ფეხს ფრთხილად დგამდნენ, რომ არ ჩავარდნილიყვნენ. როდესაც სარდაფში უკანასკნელი ჩაჩქანის წვეტი ჩაიმალა, ბერტინამ დაუშვა მუხის მძიმე ფიცარი, კედელივით სქელი, ფოლადივით მაგარი, რომელიც ანჯამებითა და კლიტით იყო დამაგრებული. ბერტინამ გასაღები ორჯერ გადააბრუნა, მერე სიცილს მოჰყვა, ჩუმსა და აღტაცებულ სიცილს. თავს ძლივს იკავებდა, რომ ტყვეების თავზე არ ეცეკვა. გერმანელებმა ხმა გატვრინეს. სარდაფში, როგორც მაგარი ქვის ყუთში, ისე იყვნენ ჩაკეტილი. ჰაერი შიგ რკინის ბადიან სარკმლიდან შედიოდა. ბერტინამ მაშინვე ცეცხლი აანთო, ზედ კარდალა დაადგა, კვლავ წვენის კეთებას შეუდგა, თან ბუტბუტებდა: - მამა ამაღამ დაღლილი მოვა. ახალგაზრდა ქალი დაჯდა და მამას დაუწყო ლოდინი. სიჩუმეში მხოლოდ კედლის საათის ტაკატუკი ისმოდა. დროგამოშვებით ბერტინა ციფერბლატს უყურებდა, მისი მოუთმენელი მზერა ამბობდა: „რა ნელა მიღოღავს“. მაგრამ მალე მოეჩვენა, რომ ვიღაც მის ფეხქვეშ ბურდღუნებდა. ბერტინას ყურამდე აგურით აშენებული თაღიდან უწმაწური, გაურკვეველი სიტყვები აღწევდა. გერმანელები ქალს ეშმაკობას მიუხვდნენ და მალე უნტეროფიცერი ვიწრო კიბეს ამოჰყვა, მუშტით სარქველს ბრახუნი დაუწყო და დაიყვირა: - გააღეთ! ქალი ადგა, მიუახლოვდა და ლაპარაკში გამოაჯავრა დამტვრეული ფრანგულით: - რა გნებავთ? - გააღეთ! - არ გავაღებ. უნტეროფიცერი გაბრაზდა: - გააღეთ, თორემ კარს დავამტვრევ. ქალს სიცილი აუტყდა. - დაამტვრიე, ჩემო კეთილო, დაამტვრიე, ჩემო კეთილო! უნტეროფიცერმა მის თავზე დაკეტილ მუხის სარქველს თოფის კონდახის ცემა დაუწყო, მაგრამ მუხას რას დააკლებდა. ტყის მცველის ცოლმა გაიგონა, როგორ ჩავიდა უნტეროფიცერი კიბეზე. მერე ძალის საცდელად კარისკაცები მოვიდნენ და საკეტის გატეხას შეეცადნენ. მაგრამ დარწმუნდნენ, რომ მათი ცდა ამაო იყო. ყველა ისევ სარდაფში ჩაბრუნდა. ერთმანეთს შორის ლაპარაკი განაახლეს. ახალგაზრდა ქალი უსმენდა, მერე გარეთა კარი გააღო და ღამეს მიაპყრო ყური. შორეული ყეფა მოესმა. ქალმა მონადირესავით სტვენა დაიწყო. თითქმის მაშინვე სიბნელეში ორი უზარმაზარი ძაღლი გამოჩნდა და ქალს ხტუნვით მივარდა. ქალმა ძაღლებს ყელზე ხელი შემოხვია და გააჩერა. მერე მთელი ძალით დაიყვირა: - ეეი, მამა! ხმამ უპასუხა: - ეეი, ბერტინა! ტყის მცველის ქალმა კვლავ დაუძახა: - სარკმელთან არ გაიარო. სარდაფში პრუსიელებია. უეცრად მარცხნივ ორ ხეს შუა ადამიანის დიდი სილუეტი აღიმართა. აღტაცებულმა მამამ იკითხა: - სარდაფში პრუსიელებია? რას აკეთებენ აქ? ახალგაზრდა ქალმა სიცილი დაიწყო. - აქ რომ იყვნენ, ისინია. ტყეში დაბნეულან, სარდაფში ჩავიყვანე გასაგრილებლად. ქალმა მამას უამბო, როგორ შეაშინა ისინი რევოლვერის გასროლით და სარდაფში როგორ ჩაჰკეტა. - რა უნდა ვუყოთ მათ ამ ღამეში? - ჰკითხა მოხუცმა შვილს. ქალმა უპასუხა: - წადი, ბატონი ლავინისა და მისი ასულის მოსაყვანად. გერმანელებს ტყვედ ჩაიგდებს. იგი კმაყოფილი დარჩება. მოხუცმა პიანშონმა გაიღიმა: - მართალია, ის კმაყოფილი დარჩება. ქალიშვილმა უთხრა: - წვენი მაქვს შენთვის, ჭამე და მერე წადი. მოხუცმა ჯერ ძაღლებს დაუდგა ორი სავსე მათლაფა, მერე თვითონ მიუჯდა სუფრას. პრუსიელებმა ლაპარაკს რომ ყური მოჰკრეს, დადუმდნენ. აყლაყუდა თხუთმეტი წუთის შემდეგ წავიდა. ბერტინა კი მამის მოლოდინში თავის ხელებს დაეყრდნო.       ტყვეები ღელავდნენ. ახლა ისინი ყვიროდნენ, იძახოდნენ განუწყვეტლივ, გიჟურად, სარკმელს კონდახს ურტყამდნენ. სარკმლიდან თოფის სროლა დაიწყეს, ალბათ, იმ იმედით, იქნებ გერმანელთა ჯარის რომელიმე მახლობლად ჩავლილ ნაწილს გავაგონოთო. ტყის მცველის ქალი აღარ იძვროდა, მაგრამ ეს ხმაურობა ანერვიულებდა, აბრაზებდა. მასში ბოროტი რისხვა იღვიძებდა. უნდოდა ამოეჟლიტა ეს არამზადები, რათა დადუმებულიყვნენ. მისი მოუსვენრობა თანდათან ძლიერდებოდა, კედლის საათს უცქეროდა, წუთებს ითვლიდა. მამის წასვლის შემდეგ საათ-ნახევარი გავიდა. ახლა, ალბათ, მამა ქალაქში შედიოდა. თითქოს ქალი ხედავდა მას. ამბავს უყვებოდა ბატონ ლავინის, რომელიც აღელვებისგან ფითრდებოდა და მოსამსახურე ქალს ზარს ურეკავდა, ფორმის ტანისამოსი და იარაღი მომიტანეო. ბერტინას თითქოს ესმოდა, როგორ დარბოდა ქუჩაში მედოლე. შეშინებული თავები ფანჯარაში ჩნდებოდნენ. კარისკაცნი-მოქალაქენი სახლიდან გამოდიოდნენ თითქმის ტანჩაუცმელნი, აქლოშინებულნი, ქამარს ირტყამდნენ და კომენდატის სახლისკენ მიეშურებოდნენ. მერე რაზმი თოვლიან ღამეში გზას გაუდგა ტყისკენ, აყლაყუდა წინ მიუძღვოდა. ბერტინა კედლის საათს უცქეროდა. „ისინი აქ ერთ საათში მოვლენ“. ნერვიულმა მოუთმენლობამ შეიპყრო. წუთი დაუსრულებლად ეჩვენებოდა. რა ხანგრძლივი იყო! ბოლოს ისარმა ბერტინას მიერ დანიშნული დრო აღნიშნა. ახალგაზრდა ქალმა ისევ გააღო, კარი რათა გაეგო მოდიოდნენ თუ არა. თოვლზე ფრთხილად მოძრავი ჩრდილი დაინახა. შეეშინდა და იკივლა. ეს მამა იყო. აყლაყუდამ შვილს უთხრა: - გამომგზავნეს ისევ გასაგებად, ხომ არაფერი შეცვლილაო. - არა, არაფერი. მაშინ მამამ სიბნელეში გაბმით და ხმამაღლა დაუსტვინა. მალე რაღაც ყავისფერი გამოჩნდა, რომელიც ხეების ქვეშ ნელა მოდიოდა. ეს ათი კაცისგან შემდგარი ავანგარდი იყო. აყლაყუდა ყოველ წამს იმეორებდა: - სარკმელთან არ გაიაროთ. პირველად მისულნი ახალმოსულებს საშიშარ სარკმელს უჩვენებდნენ. ბოლოს რაზმის უმთავრესი ნაწილიც გამოჩნდა, სულ ორასი კაცი იყო, თითოეულ მათგანს ორასი ვაზნა ჰქონდა. აღელვებულმა, აკანკალებულმა ლავინიმ ისე განალაგა ჯარისკაცები, რომ სახლისთვის ალყა შემოერტყა. დაუკავებელი დასტოვა მხოლოდ ფართო ადგილი პატარა შავი ხვრელის წინ, მიწის პირას, საიდანაც სარდაფში ჰაერი ჩადიოდა. მერე სახლში შევიდა მტრის ძალისა და განლაგების გამოსარკვევად. გერმანელები დუმდნენ, თითქოს გამქრალან, დაკარგულან, სარკმლიდან ამოფრენილანო. ბატონმა ლავინიმ სარქველს ფეხი დაჰკრა და დაიძახა: - ბატონო პრუსიელო ოფიცერო! გერმანელმა არაფერი უპასუხა. - ბატონო პრუსიელო ოფიცერო! კვლავ არ გასცეს პასუხი. ოცი წუთის განმავლობაში ის ოფიცერს მიმართავდა, იარაღით და აღალით ჩამბარდიო, მას და ჯარისკაცებს სიცოცხლის შენარჩუნებას და სამხედრო ღირსების დაცვას აღუთქვამდა. მაგრამ არც მტრობასა და არც თანხმობის არავითარი ნიშანი არ იყო. მდგომარეობა რთულდებოდა. ჯარისკაცნი-მოქალაქენი თოვლში ფეხებს აბაკუნებდნენ, ბეჭებზე ერთმანეთს ხელს უბათქუნებდნენ, როგორც გასათბობად მეეტლეებმა იციან ხოლმე. სარკმელს უცქეროდნენ და ბავშვური სურვილი იპყრობდათ - გაევლოთ სარკმლის წინ. ბოლოს ერთმა მათგანმა, პოტდევენმა, რომელიც ძალიან მარდი იყო, გაბედა, გამოექანა და ქურციკივით გაირბინა სარკმლის წინ. ცდამ მშვიდობით ჩაიარა. ტყვეები თითქოს მოკვდნენო, ხმას არ იღებდნენ. ვიღაცამ დაიძახა: - იქ არავინაა! და მეორე ჯარისკაცმაც გაირბინა თავისუფალი ადგილი სახიფათო ხვრელის წინ. ამას რაღაც თამაშობის მსგავსი მოჰყვა. ყოველ წუთში ერთი ჯგუფიდან მეორე ჯგუფისაკენ რომელიმე ჯარისკაცი გაიჭრებოდა, თითქოს ბავშვები ერთმანეთს სირბილში ეჯიბრებიანო. ერთმა ჯარისკაცმა წამოიძახა: - შენი ჯერია, მალუაზონ. მალუაზონი მეფუნთუშე იყო, გაბეყილი. ამხანაგები სულ ერთთავად დასცინოდნენ მის დიდ ღიპს. მალუაზონი ყოყმანობდა. გაისმა დამცინავი ფრუტუნი. მაშინ მეფუნთუშემ გადაწყვიტა და გაძუნძულდა პატარა, მოკლე ნაბიჯით, თან ქლოშინებდა. დიდი ღიპი ერწეოდა. მთელი რაზმი სიცილისგან იცრემლებოდა. მეფუნთუშეს გასამხნევებლად შესძახოდნენ: - ყოჩაღ, ყოჩაღ, მალუაზონ! დაახლოებით გზის ორი მესამედი თუ იქნებოდა გარბენილი, რომ სარკმლიდან გრძელი და წითელი ალი ამოვარდა. გაისმა სროლა და მსუქანი მეფუნთუშე თოვლში ცხვირით დაეცა და საზარლად დაიყვირა. დასახმარებლად მასთან ვერავინ მიირბინა, მაშინ თოვლში ფორთხვით წამოვიდა, თან კვნესოდა. საშიშ ადგილს თავი რომ დააღწია, გული წაუვიდა. ტყვია დუნდულაში მოხვედროდა. პირველი გაოცებისა და შიშის შემდეგ ხელახლა სიცილი აუტყდათ. ამ დროს ზღურბლზე კომენდატი გამოჩნდა. ის-ის იყო იერიშის გეგმა შეედგინა. - მეთუთიე პლანშიუ და მისი მუშები! - დაიძახა ხმამაღლა. სამი კაცი მიუახლოვდა. - მოაძრეთ სახლს წყალსადენის მილები. თხუთმეტ წუთში კომენდატს ოცმეტრიანი წყალსადენის მილი მოუტანეს. დიდი სიფრთხილით სარქველის კიდეში ერთი პატარა მრგვალი ნახვრეტი გააკეთებინა. ტუმბოთი იგი ჭას შეუერთა და გახარებულმა თქვა: - ბატონ გერმანელებს წყალს მივართმევთ სასმელად. ფრანგები სიხარულით ღმუოდნენ, თავდავიწყებით ხარხარებდნენ. კომენდატმა მოაწყო მუშათა ოცეულები, რომლებიც ყოველ ხუთ წუთში ეცვლებოდნენ. - დატუმბეთ! - ბრძანა კომენდატმა. ოწინარი აამოძრავეს თუ არა, მილების სიგრძეზე ხმაურობა გაისმა და მალე სარდაფში საფეხურიდან საფეხურზე ჩხრიალით ჩაეშვა წყალი. უცდიდნენ, რა მოხდებოდა. ერთი საათი გავიდა. მეორე, მერე მესამე, კომენდატი სამზარეულოში ბოთლს სცემდა, დროგამოშვებით იატაკს ყურს უგდებდა, მტერი რას შვრებოდა, მალე დაყრიდა იარაღს თუ არა.ამოძრავდნენ გერმანელები. სარდაფიდან კასრების გორება, ლაპარაკი, წყლის ტყლაშუნი ისმოდა. დაახლოებით დილის რვა საათზე სარკმლიდან დაიძახეს: - მინდა ბატონ ფრანგ ოფიცერს ველაპარაკო. ლავინიმ უპასუხა სარკმლიდან, ისე რომ თავი ახლოს არ მიუტანია: - გვნებდებით? - გნებდებით. - მაშინ ჯერ თოფები ამოყარეთ. მაშინვე სარკმლიდან ჯერ ერთი თოფი გამოაგდეს თოვლზე, მერე მეორე, მესამე და ყველა... შემდეგ იმავე ხმამ დაიძახა: - მეტი აღარ გვაქვს. იჩქარეთ... დავიხრჩვი... კომენდანტმა ბრძანება გასცა: - შეწყვიტეთ! ტუმბოს ოწინარი უძრავად დაეცა. სამზარეულო გაივსო ჯარისკაცებით. თოფი ფეხთან ჰქონდათ დაშვებული და ასე ელოდნენ, მაშინ კომენდატმა ნელა ასწია მუხის სარქველი. ჯერ ოთხი თავი გამოჩნდა, დასველებული, ოთხი ქერა თავი, ფერდაკარგული, გრძელთმიანი. მერე ექვსივე გერმანელით ზემოთ ამოვიდა, გაწუწული, სიცივისაგან აკანკალებული, შეშინებული. რეტელში ტრიუმფალურად შევიდნენ. პრუსიელთა ავანგარდის ტყვედ ჩაგდებისათვის ბატონი ლავინი ორდენით იქნა დაჯილდოვებული, ხოლო სქელი მეფუნთუშე სამხედრო მედლით ბრძოლაში მიღებული ჭრილობისათვის. ორი მეგობარი       პარიზი ალყაშემორტყმული, დამშეული და სულთმობრძავი იყო. ბეღურებს სახურავზე იშვიათად თუ დაინახავდით. თაგვების ხმაურობაც აღარ ისმოდა. მცხოვრებლები ყველაფერს ჭამდნენ, რასაც მოახელებდნენ. ერთხელ, იანვრის მზიან დილას. განაპირა ბულვარში ბატონი მორისო მოწყენილად დასეირნობდა. მშიერს ფორმის ტანისამოსის შარვლის ჯიბეში ხელები ჩაეწყო. ის ხელობით მესაათე იყო, მაგრამ ომის გამო სამუშაო არ ჰქონდა. უეცრად თანამებრძოლს გადაეყარა, რომელიც მისი მეგობარი აღმოჩნდა, ბატონი სოვაჟი. მათ ერთმანეთი მდინარის ნაპირას გაიცნეს. ომამდე ბატონი მორისო ყოველ კვირას რიჟრაჟზე გზას გაუდგებოდა ხოლმე, ხელში ბამბუკის ჯოხი ეჭირა, ზურგზე თუნუქის კოლოფი ჰქონდა მოკიდებული. არჟანტეილიდან კოლომბში მატარებლით ჩავიდოდა. მერე ფეხით მარანტის კუნძულზე გავიდოდა, როგორც კი ამ თვის საოცნებო ადგილს მიაღწევდა, თევზაობას შეუდგებოდა და შუაღამემდე თევზაობდა. ყოველ კვირას იქ ხვდებოდა ერთი პატარა კაცი. სქელი და მხიარული, ბატონი სოვაჟი, საგალანტერიო მაღაზიის პატრონი, ნორტ-დამ-დელორეტის ქუჩაზე მცხოვრები, მასავით ფანატიკური მეთევზე. ისინი ხშირად ნახევარ დღეს ერთად ატარებდნენ, ხელში ანკესი ეჭირათ და ფეხები მდინარეზე გადაეშვათ. ასე დამეგობრდნენ. ზოგჯერ მთელ დღეს ერთმანეთს სიტყვას არ ეტყოდნენ, ზოგჯერ კი ტკბილად საუბრობდნენ. მაგრამ სიტყვის უთქმელად ერთმანეთს ძალიან ეწყობოდნენ. ერთნაირი გემოვნება და განცდები ჰქონდათ. გაზაფხულზე, დილას, დაახლოებით ათ საათზე, როდესაც ბრწყინვალე მზე მდინარის წყნარ დენას გამოყოლილ პატარა ანაორთქლს არხევდა და ამ გატაცებული მეთევზეების ზურგს თბილ სხივებს აფრქვევდა. მორისო ხანდახან თავის მეზობელს ეტყოდა: - ეჰ! რა ნეტარებაა! და ბატონი სოვაჟი უპასუხებდა: - ამაზე უკეთესი არაფერი ვიცი. ეს საკმარისი იყო ერთმანეთის პატივსაცემად და გასაგებად. შემოდგომაზე, დღის ბოლოს, როდესაც ჩამავალი მზე ცას სისხლისფრად შეღებავდა, ალისფერი ღრუბლების ჩრდილებს წყალზე გაშლიდა, მდინარეს გააწითლებდა, ჰორიზონტს ცეცხლს მოუკიდებდა, მეგობრებს თავის სხივებში გახვევდა და უკვე შეყვითლებულ, ზამთრის სიცივისაგან ათრთოლებული ხეებს მოავარაყებდა, ბატონი სოვაჟი მორისოს ღიმილით შეხედავდა და ეტყოდა: - რა სანახაობაა! - აქ ხომ ბულვარზე უკეთესია? - უპასუხებდა აღტაცებული მორისო და თან ტივტივას თვალს არ აშორებდა. ძველმა ნაცნობებმა ერთმანეთს ხელი ენერგიულად ჩამოართვეს. ამჯერად სულ სხვანაირ მდგომარეობაში შეხვდნენ ერთიმეორეს მეგობრები და ამიტომ აღელდნენ ასე. ბატონმა სოვაჟმა ამოიოხრა და ჩაილუღლუღა: - აი, რა ამბები ხდება! მეტად დაღონებულმა მორისომ ამოიკვნესა: - რა მშვენიერი ამინდია, წელს პირველადაა ასეთი უღრუბლო დღე. მართლაც, მზის სხივებით განათებული ცა ლურჯი იყო. ოცნებაში გართული მოწყენილი მეგობრები გზას გაუდგნენ. მორისომ განაგრძო: - გახსოვს თევზაობა? რა მშვენიერი მოსაგონარია. ბატონმა სოვაჟმა ჰკითხა: - კვლავ როდის ვითევზავებთ? ისინი პატარა ყავახანაში შევიდნენ და აბსენტი გადაჰკრეს. მერე ისევ ქუჩაში გავიდნენ. მორისო უეცრად შედგა. - მეორე ჭიქა ხომ არ გადავკრათ? ბატონი სოვაჟი დაეთანხმა: - თქვენი ნება იყოს. და მეორე მიკიტანთან შეუხვიეს. გამოსვლისას ძალიან გაბრუებული, გონებადაბინდულნი იყვნენ, რაკი მაგარი სასმელი ცარიელ კუჭზე გადაჰკრეს. თბილოდა. მოალერსე ნიავი სახეში უღიტინებდათ: თბილი ჰაერისაგან საბოლოოდ დამთვრალი. ბატონი სოვაჟი, შედგა და თქვა: - იქ რომ წავსულიყავით? - სად? - სად და სათევზაოდ. - სად უნდა წავსულიყავით? - ჩვენს კუნძულზე. ფრანგთა ავანპოსტები კოლომბთანაა? პოლკოვნიკიც დიუმელენს კარგად ვიცნობ. ჩვენს ადვილად გაგვიშვებენ. მორისო სურვილისაგან აცახცახდა. - თანახმა ვარ, წავიდეთ. - და ისინი ერთმანეთს დაშორდნენ, რათა სათევზაო მოწყობილობა მოეტანათ. ერთი საათის შემდეგ მეგობრები დიდ შარაგზას მიჰყვებოდნენ. იმ აგარაკს მიაღწიეს, სადაც პოლკოვნიკი ცხოვრობდა. მათ თხოვნამ პოლკოვნიკს ღიმილი მოჰგვარა, ამ ორი მეგობრის ახირებას წინ არ აღუდგა, საშვი მისცა და მეთევზეებმაც გზა განაგრძეს. მალე ავანპოსტები გაიარეს, მიტოვებული კოლომბი გადაჭრეს, პატარა ვენახებს მიადგნენ, რომელნიც სენაკისაკენ ეშვებოდნენ. დაახლოებით თერთმეტი საათი იქნებოდა. მათ პირდაპირ სოფელი არჟანტეილი მოჩანდა. იგი თითქოს ჩამკვდარიყო. ორჟემონისა და სანუას სიმაღლენი მთელ არემარეს დასცქეროდნენ. დიდი ველი, რომელიც ნანტერამდე აღწევს, ცარიელი იყო, სულ ცარიელი, გარშემო მხოლოდ ალუბლის გატიტვლებული ხეები და რუხი მიწა მოჩანდა. ბატონმა სოვაჟმა მწვერვალებისაკენ ხელი გაიშვირა და ჩაილუღლუღა: - პრუსიელები იქ არიან. ამ უდაბური მხარის დანახვამ ეს ორი მეგობარი გააშეშა. „პრუსიელები!“ მართალია, ისინი არასოდეს დაუნახავთ, მაგრამ ყოველნაირად იგრძნობოდა, რომ პარიზის გარშემო იყვნენ: საფრანგეთის ანადგურებდნენ, ძარცვავდნენ, ჟლეტდნენ, ფრანგებს თავს მოახვიეს შიმშილი. პრუსიელები ყოვლისშემძლე და უხილავი იყვნენ. სიძულვილს, რომელიც მეგობრებს ამ უცნობი გამარჯვებული ხალხის მიმართ ჰქონდათ, რაღაც ცრუმორწმუნეობრივი შიში ერთვოდა. - ჰა, ჩვენ რომ მათ შევეჩეხოთ? - ჩაილუღლუღა მორისომ. ბატონმა სოვაჟმა იმ პარიზელი დამცინავი კილოთი, რომელიც ყოველ მდგომარეობაში იჩენს თავს, უპასუხა: - ჩვენ მათ შემწვარ თევზს მივართმევთ. გარშემო ისეთი შიშისმგვრელი მდუმარება გამეფებულიყო, რომ მეგობრები ყოყმანობდნენ, შესულიყვნენ სოფელში თუ არა, ბოლოს ბატონმა სოვაჟმა გადაწყვიტა: - გზას გავუდგეთ, მაგრამ ფრთხილად. - და ვენახში შევიდნენ, წელში მოხრილი. ბუჩქებს აფარებდნენ თავს თვალებდაჭყეტილნი, სმენად ქცეულნი. მდინარის ნაპირამდე მოტიტვლებული მიწის ნაკვეთი დარჩათ გადასარბენი. გაიქცნენ და, როგორც კი მაღალ ციცაბო ნაპირს მიაღწიეს, გამხმარ ლერწმებში ჩაიმალნენ. მორისომ მიწას ყური დაადო, რათა გაეგო გარშემო ვინმე ხომ არ დადისო. არაფერი ისმოდა. მარტო იყვნენ, სრულიად მარტო. ბოლოს დამშვიდნენ და თევზაობა დაიწყეს. მეთევზეების პირდაპირ მარანტის უდაბური კუნძული იყო, რომელიც მათ ფარავდა, მეორე ციცაბო ნაპირიდან ვერავინ დაინახავდა. რესტორანი დაკეტილი იყო, მრავალი წლის მიტოვებულს ჰგავდა. თევზი პირველად ბატონმა სოვაჟმა დაიჭირა, მეორე მორისომ. მეგობრები დროგამოშვებით ამოაგდებდნენ პატარა ვერცხლისფერ თევზს, რომელიც ძაფის ბოლოში თრთოდა: ჭეშმარიტად საუცხოო თევზაობა იყო. ისინი თევზებს ფრთხილად ჩაუშვებდნენ ხოლმე ვიწროთვლებიან ბადეში, რომელიც მდინარეში იყო ჩაშვებული. იშვიათ სიხარულს გრძნობდნენ, იმ სიხარულს, რომელსაც ადამიანი ეძლევა, როდესაც დიდხანს მოკლებულ, საყვარელ სიამოვნებას ხელახლა განიცდის. ცხრათვალა მზე მათ ბეჭებზე სითბოს აფრქვევდა. არაფერს უსმენდნენ, არაფერზე ფიქრობდნენ. სხვა ქვეყანა მათთვის აღარ არსებობდა. ისინი თევზაობდნენ. მაგრამ უეცრად ყრუ ხმაურობამ, რომელიც თითქოს მიწისქვეშ ისმოდა, ნიადაგი შეარყია. ზარბაზნის სროლა დაიწყო. მორისომ თავი მიიბრუნა და მაღალ ციცაბო ნაპირზე, მარცხნივ, მთა ვალერიენის დიდი სილუეტი შენიშნა: თეთრი ქოჩორი ჰქონდა, ახლახან ამოვარდნილი დენთის ბოლი. და სიმაგრის მწვერვალიდან მაშინვე ბოლის მეორე ნაკადი წამოვიდა. რამდენიმე წამის შემდეგ სროლის ახალი გრგვინვა გაისმა. სროლას სროლა მოსდევდა, ყოველ წუთში მთა ისროდა სიკვდილის სუნთქვას და რძისფერ ბოლს ანთხევდა, რომელიც მშვიდ ცაში ნელა იწვევდა და მთის თავზე ღრუბლად ადგებოდა. ბატონმა სოვაჟმა მხრები აიჩეჩა და თქვა: - აი ხელახლა იწყებენ. მორისომ, რომელიც აღელვებით უცქეროდა, როგორ ეშვებოდა ზედიზედ წყალში მისი ტივტივას ფრთა, უეცრად ამ გაცოფებულ მებრძოლთა წინააღმდეგ მშვიდობიანი ადამიანის სიბრაზით აივსო და ჩაიბურდღუნა: - კაცი სულელი უნდა იყოს, თავი რომ ასე მოაკვლევინოს. ბატონმა სოვაჟმა განაგრძო: - ადამიანი მხეცზე უარესია. მორისომ, რომელმაც ის-ის იყო თევზი დაიჭირა, განაცხადა: - უნდა ითქვას, რომ სულ ასე იქნება, სანამ მთავრობები იარსებებენ. ბატონმა სოვაჟმა შეაჩერა: - რესპუბლიკა ომს არ გამოაცხადებდა. მორისომ სიტყვა ჩამოართვა: - მეფეების დროს სხვებს ეომებიან, რესპუბლიკის დროს კი თავისიანებს ებრძვიან. კამათი დაიწყეს, დიდ პოლიტიკურ პრობლემებს წყვეტდნენ მშვიდი და გონებაშეზღუდული ადამიანების საღი მოსაზრებით. ერთ რამეში შეთანხმდნენ: ადამიანი თავისუფალი არასოდეს იქნებაო. მთა ვალერიენი კი მოუსვენრად გრუხუნებდა, ყუმბარები ფრანგების სახლებს ანადგურებდა, სიცოცხლეს სპობდა, სულდგმულს სრესდა, მიღწეულ სიხარულს, მოსალოდნელ ბედნიერებას ბოლოს უღებდა. ეს ყუმბარები იქ, დაბლა, სხვა ქვეყნებშიც, დაუსრულებელ ტანჯვას ნერგავდა ცოლების, ქალიშვილებისა და დედების გულში. - ეს არის სიცოცხლე, - განაცხადა ბატონმა სოვაჟმა. - უფრო სწორი იქნება რომ თქვა, ეს არის სიკვდილი-თქო, - უპასუხა სიცილით მორისომ. მაგრამ უცებ ისინი შიშმა აიტანა: იგრძნეს, რომ მათ ზურგს უკან ვიღაცამ ჩაიარა. მიიხედეს და შენიშნეს, მათ გვერდით ოთხი ჯარისკაცი იდგა, ოთხივე შეიარაღებული და წვერმოშვებული, შინამოსამსახურესავით ლივრეში გამოწყობილი; თავზე ბრტყელი ჩიხაქუდი ეხურათ. მეთევზეებს თოფს უმიზნებდნენ. მეგობრებს ანკესები ხელიდან გაუვარდა და ის მდინარის დენამ გაიტაცა. მეთევზეები იმ წუთშივე დაიჭირეს, გაბაწრეს, წაათრიეს, ნავში ჩააგდეს და კუნძულზე გადმოიყვანეს. და იმ სახლს უკან, რომელიც მიტოვებული ეგონათ, ოცამდე გერმანელი ჯარისკაცი დაინახეს. ვიღაც ბალნიანმა გოლიათმა, რომელიც სკამზე ცხენოსანივით გადამჯდარიყო და ჩიბუხს აბოლებდა, ჰკითხა მათ მშვენიერ ფრანგულ ენაზე: - მაშ, ბატონებო, კარგად ითევზავეთ? მაშინ ერთმა ჯარისკაცმა ოფიცერს ფეხთან დაუდო თევზებით სავსე ბადე, რომლის წამოღებაც არ დავიწყებოდათ. პრუსიელმა გაიღიმა. - ეჰ, ეჰ! კარგი თევზაობა გცოდნიათ, მაგრამ აქ სხვა საქმეა. ყური დამიგდეთ და არ შეშინდეთ. თქვენ ჩემთვის ორი ჯაშუში ხართ, ჩემს სათვალთვალოდ გამოგზავნილი. მე კი გიჭერთ და გხვრეტთ. ვითომდა თევზაობდით, რათა თქვენი განზრახვები უკეთ დაგეფარათ. ხელში ჩამივარდით, მით უარესი თქვენთვის. ეს ომია, მაგრამ თქვენ ხომ ავანპოსტები გამოიარეთ? აუცილებლად პაროლიც გაქვთ უკან დასაბრუნებლად. მითხარით და გაპატიებთ. გვერდი-გვერდ მდგომი, ნერვიულად ათრთოლებული, ხელებაკანკალებული ორი მეგობარი სდუმდა. ოფიცერმა განაგრძო: - ამას ვერავინ გაიგებს. მშვიდობიანად უკან დაბრუნდებით. საიდუმლო თქვენთან ერთად გაქრება. თუ უარს იტყვით, დაუყოვნებლივ სიკვდილი მოგელით. ამოირჩიეთ! მეგობრები უძრავად იდგნენ, ენაჩაგდებულნი. პრუსიელმა ხელი მდინარისაკენ გაიშვირა და ისე მშვიდად განაგრძო: - დაფიქრდით, ხუთ წუთში ამ წყლის ფსკერზე იქნებით. ხუთ წუთში! თქვენ ნათესავები გეყოლებათ. მთა ვალერიენს გრგვინვა არ შეუწყვეტია. მეთევზეები ისევ ფეხზე იდგნენ მდუმარედ. გერმანელმა თავის ენაზე ბრძანება გასცა. მერე სკამი გადადგა, რათა ტყვეებთან უფრო ახლოს არ ყოფილიყო. თორმეტი ჯარისკაცი მოვიდა. ისინი ოც ნაბიჯზე დაირაზმნენ, თოფი ფეხთან ჰქონდათ დაშვებული. ოფიცერმა ტყვეებს კვლავ მიმართა: - ერთ წუთს გაძლევთ, მეტს არა, ერთ წამსაც კი არა. მერე უეცრად წამოიჭრა, ფრანგებს მიუახლოვდა, მორისოს მკლავში ხელი გამოსდო, განზე გაიყვანა, ჩუმად უთხრა: - მალე, პაროლი! თქვენი ამხანაგი ვერ გაიგებს. ისეთ გამომეტყველებას მივიღებ, თითქოს გული მომილბა. მორისომ არაფერი უპასუხა. მაშინ პრუსიელმა ბატონი სოვაჟი გაიხმო განზე და იგივე გაუმეორა. ბატონმა სოვაჟმა არაფერი უპასუხა. მეთევზეები ისევ ერთად იდგნენ. ოფიცერმა ბრძანების გაცემა დაიწყო. ჯარისკაცებმა თოფები ასწიეს. მაშინ შემთხვევით მორისომ იქვე, ბალახზე დაგდებულ თევზებით სავსე ბადეს დახედა. ჯერ კიდევ მთრთოლვარე თევზების გროვა მზის სხივებზე ბრწყინავდა. მორისო სისუსტემ შეიპყრო, თუმცა თავს იკავებდა, თვალები მაინც ცრემლით აევსო. მან ჩაილუღლუღა: - მშვიდობით, ბატონი სოვაჟ. ბატონმა სოვაჟმა უპასუხა: - მშვიდობით, ბატონი მორისო. ერთმანეთს ხელი ჩამოართვეს. მთელი ტანით ცახცახებდნენ. ოფიცერმა დაიძახა: ცეცხლი! ბატონი სოვაჟი მოცელილივით წაიქცა და ცხვირით დაემხო. მორისო გადაიზნიქა, ციბრუტივით შეტრიალდა და ამხანაგს გარდიგარდმო დაეცა, პირაღმა, მკერდზე გახეული ტანსაცმლიდან კი სისხლის ბუშტებმა გაჟონა. გერმანელმა ახალი ბრძანება გასცა. ჯარისკაცები გაიფანტნენ. მერე დაბრუნდნენ თოკებით და ქვებით, ქვები მკვდრებს ფეხზე მიაბეს და გვამები მდინარეში ნაპირისკენ წაიღეს. ბოლით დაბურულ ვალერიენის მთას გუგუნი არ შეუწყვეტია. ორმა ჯარისკაცმა მორისო ასწია. ერთმა თავში წაავლო ხელი, მეორემ ფეხებში, სხვებმა ბატონი სოვაჟიც ასეთნაირად აიღეს. ერთ წამს გვამები ძლიერად გააქან-გამოაქანეს და შორს გადაისროლეს. გვამებმა რკალი მოხაზეს, მერე მდინარეში ჩაეშვნენ, ფეხზე დამდგარნი; ქვებმა ჯერ ფეხები ჩაითრიეს. წყალი აქაფდა. აჩუხჩუხდა, ათრთოლდა, მერე დამშვიდდა, აშლილმა პატარა ტალღებმა ნაპირს მიაღწია. წყლის ზედაპირს სისხლი მოედო. - ახლა თევზები გაიხარებენ, - თქვა მშვიდად ოფიცერმა. შემდეგ სახლისკენ გაეშურა. უეცრად ბალახზე თევზებიანი ბადე შენიშნა, აიღო, გასინჯა, გაიღიმა. შემდეგ დაიძახა: - ვილჰელმ! ერთმა თეთრწინსაფრიანმა ჯარისკაცმა მიირბინა. პრუსიელმა ორი დახვრეტილის დანაჭერი თევზები გადაუგდო და უბრძანა: - ახლავე შემიწვით ეს თევზები, სანამ ცოცხლებია. მშვენიერი რამ იქნება. და ისევ ჩიბუხი გააბოლა. პოლკოვნიკის აზრები        უნდა გამოვტყდე, - თქვა პოლკოვნიკმა ლაპორტმა, - თუმცა მოხუცი ვარ, ნიკრისის ქარი მაწუხებს და ფეხები ბარიერის სვეტივით მაქვს გაშეშებული, მაგრამ თუ ქალი, ცხადია, ლამაზი ქალი, მიბრძანებს, ნემსის ყუნწში გაძვერიო, ვფიქრობ, შიგ ისე გავხტები, როგორც ჯამბაზი რგოლში. ასე მოვკვდები, ეს ძვალ-რბილში მაქვს გამჯდარი. მე ქალების მუდმივი მიჯნური ვარ, ძველი სკოლისა. ქალის დანახვა, ლამაზი ქალისა, ფეხის თითებამდე ამათრთოლებს ხოლმე, ასეა. ბატონებო, ჩვენ ფრანგები, ყველანი, ცოტად თუ ბევრად, ერთმანეთს ვგავართ. რაც უნდა მოხდეს, ჩვენ მაინც რაინდები ვართ, სიყვარულის და აზარტის რაინდები, თუმცა ღმერთი, რომლის ქეშიკები ჩვენ ჭეშმარიტად ვიყავით, გააუქმეს. თქვენ იცით, ქალს ჩვენი გულიდან ვერავინ ამოაგდებს. ის იქაა და იქვე რჩება, გვიყვარს და გვეყვარება. ქალისათვის ყოველგვარ სიგიჟეს ჩავიდენთ, სანამ საფრანგეთი ევროპის რუკაზე იქნება. ხოლო თუ საფრანგეთს გააქრობენ, ჩვენ მაშინაც კი ფრანგებად დავრჩებით. ქალის წინაშე, ლამაზი ქალის წინაშე, თავს ყოვლისშემძლედ ვგრძნობ. დალახვროს ღმერთმა! როდესაც ჩემს არსებაში ქალის შემოხედვა იჭრება, წყეული შემოხედვა და ძარღვებს ცეცხლად ედება, სურვილი მიპყრობს, არ ვიცი რა სურვილი, ვიბრძოლო, ვიომო, ავეჯი დავლეწო, დავანახვო, რომ ყველაზე ძლიერი, პატიოსანი, გულადი და ერთგული ვარ. მაგრამ მარტო მე არა ვარ ასეთი. მთელი ფრანგების ჯარი მე მგავს. ჩვენ, უბრალო ქვეითი ჯარისკაცი თუ გენერალი, ყველას წინ ვუსწრებთ, არასოდეს ჩამოვრჩებით, თუ საქმე ქალს, ცხადია, ლამაზ ქალს ეხება. გაიხსენეთ, ოდესღაც ჟანა დარკმა გმირობა ჩაგვადენინა. მერწმუნეთ, სანაძლეოს ვდებ, სედანის წინადღეს, როდესაც მარშალი მაკ-მაჰონი დაიჭრა, ჯარის მთავარსარდლობა რომ ქალს, ლამაზ ქალს ეკისრა. ჩვენ პრუსიელთა ხაზებს გადავთელავდით და არაყს მათ ზარბაზნებთან გადავკრავდით. პარიზისათვის ტროშიუ კი არ იყო საჭირო, არამედ წმინდა ჟენევიევა. მაგონდება ომის ერთი ეპიზოდი, სწორედ იმის დამამტკიცებელი, რომ, როცა ქალი გვიცქერს, ყოვლისშემძლე ვართ. მაშინ კაპიტანი ვიყავი, უბრალო კაპიტანი და ვმეთაურობდი მზვერავთა ნაწილს, რომელიც პრუსიელების მიერ დაკავებულ მიდამოებში მოქცეული, ბრძოლით იხევდა უკან. მტერი არ გვასვენებდა, ჩვენ ალყაშემორტყმული, დაქანცული, გაოგნებულები ვიყავით, სისუსტისა და შიმშილისაგან სული გვხვდებოდა. გათენებამდე ბარ-სიურ-ტენამდე უნდა მიგვეღწია, თორემ ცეცხლს წაგვიკიდებდნენ, ამოგვხოცავდნენ, ამოგვჟლეტდნენ. აქამდე როგორ გადავრჩით? არაფერი ვიცი. ღამის განმავლობაში მშივრებს თორმეტი ლიე უნდა გაგვევლო, თორმეტი ლიე თოვლში და თოვლის ქვეშ. „გათავდა, ვერასოდეს ჩემი საბრალო ბიჭები სამშვიდობოს ვერ გავლენ“, - ვფიქრობდი მე. ერთი დღეა პირში ლუკმა არ ჩაუდვიათ. კარიპანში ვიყავით დამალული, რომ არ გავყინულიყავით, ერთმანეთს ვეკვროდით. არც ლაპარაკი, არც მოძრაობა აღარ შეგვეძლო, ჩაძინებისთანავე გვეღვიძებოდა, როგორც ეს მოქანცულ ადამიანებს მოსდით ხოლმე. ხუთ საათზე უკვე დაღამდა. თოვლის გამო მკრთალი ღამე იყო. ჩემს ჯარისკაცებს ვანჯღრევდი. ბევრს წასვლა აღარ უნდოდა. არც მოძრაობა, არც ფეხზე დგომა შეეძლო დაღლისაგან, სიცივისაგან გახევებული იყვნენ. ჩვენს წინ ველი, სულ მოტიტვლებული ველი გაშლილიყო, განუწყვეტლივ თოვდა, ბარდნიდა, ფარდასავით ეშვებოდა, გაშეშებულ, მძიმე ნაბდად ეხურებოდა მიწას. იტყოდით, ქვეყნის აღსასრული დადგაო. - გზას გავუდგეთ, ყმაწვილებო! ჯარისკაცები შესცქეროდნენ თეთრ მტვერს, მაღლიდან რომ ცვიოდა, და თითქოს ფიქრობდნენ: ჩვენს დასახოცად თოვლი აქაც კმარაო. მაშინ რევოლვერი გავისროლე. - ვინც სიმხდალეს გამოიჩენს, აქვე დავაწვენ. ძალაგამოცლილები სულ ნელა, ლასლასით წავიდნენ. წინ, სამასი მეტრის მანძილზე, ოთხი ჯარისკაცი გავგზავნე დასაზვერავად. სხვები უკან მივყევით, არეულ-დარეულად, გროვად, დაღლილობის გამო ფეხს ძლივს მივათრევდით. ბრძანება გავეცი, ჩამორჩენილი ჯარისკაცები ზურგში ხიშტის ჩხვლეტით აეჩქარებინათ... თოვლს თითქოს ჩვენი ცოცხლად დამარხვა განუზრახავსო. ქუდებს, ფარაჯებს ათოვდა, ზედ ეყინებოდა და აჩრდილებად, თითქოს დახოცილ ჯარისკაცთა მოჩვენებებად გვაქცევდა. „აქ სასწაული თუ გადაგვარჩენს“. - ვამბობდი გულში. ზოგჯერ რამდენიმე წუთით შევჩერდებოდით, რადგან ბევრი ჯარისკაცი უკან რჩებოდა. მაშინ მხოლოდ თოვლის ყრუ ხრაშიხრუში და ფანტელების შეუმჩნეველი ხმა ისმოდა. რამდენიმე ჯარისკაცი მილასლასებდა, სხვები გაშეშებულიყვნენ. კვლავ ბრძანებას ვაძლევდი ადგილიდან დაძრულიყვნენ. ჯარისკაცები თოფებს მხარზე გადაიგდებდნენ და უღონო ნაბიჯით გზას განაგრძობდნენ. უცბად მზვერავებმა დაიხიეს. შეშფოთდნენ. წინ ლაპარაკი მოესმათ. ამის გასაგებად ექვსი ჯარისკაცი და სერჟანტი გავგზავნე. დავუცადე. ანაზდად წვრილმა ხმამ, ქალის ხმამ, თოვლით დამძიმებული სიჩუმე დასერა. რამდენიმე წუთში ორი ტყვე მოიყვანეს: ბერიკაცი და ახალგაზრდა ქალიშვილი. ისინი ხმადაბლა დავკითხე. მთვრალ პრუსიელებს გამოქცეოდნენ, რომლებიც ამ საღამოს მათი სახლი დაეკავებინათ. მამას შეშინებოდა, ქალიშვილს არაფერი ავნონო, და ღამით ისე გამოპარულიყვნენ, მოსამსახურეებიც კი არ გაუფრთხილებიათ. მაშინვე ვიცანი, რომ ისინი ბურჟუები იყვნენ, ბურჟუებზე უკეთესიც. - ჩვენ გამოგვყევით, - ვუთხარი მათ. ისევ გზას გავუდექით. მოხუცი ამ მიდამოს იცნობდა და გზას გვიკვალავდა. აღარ თოვდა. ვარსკვლავები გამოჩნდა. სიცივე აუტანელი გახდა. მამის მკლავზე ჩამოკიდებული ახალგაზრდა ქალი ლასლასით მოდიოდა, გატანჯული ნაბიჯი ჰქონდა. მან მრავალჯერ ჩაიბუტბუტა: - ფეხებს ვეღარ ვგრძნობ. ვიტანჯებოდი, როცა ვხედავდი, როგორ მიათრევდა თოვლში ფეხებს. უცბად შედგა. - მამა, ისე დავიქანცე, ფეხის გადადგმა აღარ შემიძლია. მოხუცმა შვილის ხელში აყვანა მოინდომა, მაგრამ ადგილიდანაც ვერ დაძრა. ქალი თოვლში ჩაიკეცა და მწარე ოხვრა აღმოხდა. ჯარისკაცები გარშემო შემოეხვივნენ, მე კი ერთ ადგილას ვტოკავდი, არ ვიცოდი რა მექნა, ვერც ამ მოხუცის და ქალის მიტოვება გადამეწყვიტა. მოულოდნელად ერთმა ჯარისკაცმა, პარიზელმა, რომელსაც მეტსახელად „პრაქტიკული“ შეარქვეს, თქვა: - აბა, ბიჭებო, ეს ქალიშვილი უნდა წავიყვანოთ, ან ჩვენ ფრანგები არა ვყოფილვართ, ჯანდაბას ჩვენი თავი! მახსოვს, სიამოვნებისგან შევიგინე კიდეც. - დალახვროს ღმერთმა! ეს ძალიან კარგია, კარგია, ბიჭებო, მეც მივიღებ მონაწილეობას. სიბნელეში მარცხნივ გაურკვევლად პატარა ტყე მოჩანდა. რამდენიმე ჯარისკაცი გამოგვეყო და მალე ტოტებისაგან გაკეთებული საკაცე მოიტანეს. - ფარაჯას ვინ გვათხოვებს? - დაიძახა პრაქტიკულმა, - მშვენიერი ქალიშვილისთვის გვჭირდება, ძმებო. უცებ ათი ფარაჯა დავარდა ჯარისკაცის გარშემო. ერთ წამში ახალგაზრდა ქალი ამ თბილ ტანისამოსებში ჩააწვინეს და ექვსმა კაცმა საკაცე მხრებზე დავიდგით. მე თვითონ დავდექი მარჯვნივ და ვფიცავ, ჩემი ტვირთით კმაყოფილი ვიყავი. ჩვენ უფრო ცოცხლად და მხიარულად გავწიეთ, თითქოს ღვინო გადაგვეკრას. ხუმრობაც კი გავიგონე. ხედავთ, ერთი ქალი იყო საკმარისი, რომ ფრანგები აღეგზნო. ჯარისკაცთა მწკრივები თითქოს გასწორდა, აღფრთოვანდა, გათბა. ერთი ხნიერი თავისუფალი მსროლელი საკაცეს მოჰყვებოდა, თავის ჯერს უცდიდა, რათა პირველივე დაღლილი ამხანაგი შეეცვალა. მან მეზობელს ჩაულაპარაკა საკმაოდ ხმამაღლა, რომ მე გამეგონა: - მე ახალგაზრდა არა ვარ, ეჰ, მაგრამ, ამ ოხერ-მუდრეგ სქესში მაინც არის რაღაც რაც გულ-ღვიძლში გაგკრავს ხოლმე. დილის სამ საათზე თითქმის დაუსვენებლად მივდიოდით. მერე უეცრად მზვერავებმა კვლავ დაიხიეს. მთელი ნაწილი თოვლში ჩაწვა, ჩრდილივით მიწას გაეკრა. იქ, ველის შუა ადგილას, რაღაც უცნაური მოძრაობდა, დიდი მხეცი გეგონებოდა. მორბოდა, გველივით გრძელდებოდა, ან გუნდად იკვროდა, მერე უეცრად გამოიქროლებდა, ხან მარჯვნივ, ხან მარცხნივ შედგებოდა, კვლავ დაიძვრებოდა. უეცრად ეს მოხეტიალე რაღაც მოგვიახლოვდა. დავინახეთ, ჩორთით ერთიმეორის უკან მოქროდა თორმეტი გზადაბნეული ცხენოსანი, ისინი გზის გაკვლევას ცდილობდნენ. ახლა ისე ახლოს მოვიდნენ, რომ კარგად მესმოდა, ცხენების ხრინწიანი სუნთქვა, იარაღის ჩხარუნი და უნაგირების ჭრაჭუნი. - ცეცხლი! - გავეცი ბრძანება. და ორმოცდაათი თოფის გასროლამ ღამის დუმილი დაფლითა. ოთხი თუ ხუთი გასროლა კიდევ გაისმა, მერე უკანასკნელი სულ მარტო. როდესაც დენთისაგან დაყენებული კვამლი გაიფანტა, დავინახეთ თორმეტი ჯარისკაცი და ცხრა ცხენი დაცემულიყო, ხოლო სამი ცხენი გიჟურად გარბოდა. ერთი უზანგზე ფეხით ჩამოკიდებულ, ცოფიანივით მოხტუნავე ცხენოსნის გვამს მიათრევდა. ჩემს უკან ერთი ჯარისკაცი გულიანად იცინოდა. მეორემ თქვა: - რამდენი ქალი დაქვრივდა. ის იქნებ ცოლიანი იყო. მესამემ დაუმატა: - ამას დიდი დრო არ სჭირდება. ქალიშვილმა საკაციდან თავი წამოსწია და იკითხა: - რა ამბავია? ბრძოლაა? მე ვუპასუხე: - არაფერია, ქალბატონო, ჩვენ თორმეტი გერმანელი საიქიოს გავამგზავრეთ. - საწყლები, - თქვა ქალმა და ისევ ფარაჯის ქვეშ შეიმალა. გზას გავუდექით. დიდხანს მივდიოდით. ბოლოს ცა გაფითრდა. თოვლი გახდა ნათელი, სხივმფენი, მბრწყინავი. აღმოსავლეთი ვარდისფრად შეიღება. შორეული ხმა მოისმა: - ვინ მოდის? მთელი ნაწილი შეჩერდა. დავწინაურდი ჩვენი ვინაობის გასაცნობად. ფრანგების ხაზებს მივაღწიეთ. ჩემი ჯარისკაცები პოსტის წინ მიდიოდნენ. ცხენზე მჯდომმა მეთაურმა, რომელსაც ის-ის იყო მდგომარეობა გავაცანი, მის წინ საკაცე რომ ჩაატარეს, ხმამაღლა იკითხა: - რა გაქვთ შიგ? მაშინვე პატარა ქერა სახე გამოჩნდა, თმაგაწეწილი, მოღიმარი და უპასუხა: - ეს მე ვარ, ბატონო. ჯარისკაცებს სიცილი აუტყდათ, და მათ გულში სიხარულმა გაირბინა. მაშინ პრაქტიკულმა, რომელიც საკაცის გვერდით მიდიოდა, კეპი ააქნია და დაიყვირა: - გაუმარჯოს საფრანგეთს! არ ვიცი რატომ, ვიგრძენი, რომ ძლიერ ავღელდი, ეს იმდენად სასიამოვნო და დარდიმანდული რამ იყო. მეგონა, რომ ჩვენ ის-ის იყო ქვეყანა გადავარჩინეთ, ისეთი რამ გავაკეთეთ, რის გაკეთებასაც სხვა ვერავინ შესძლებდა, რაღაც უბრალო და ჭეშმარიტად პატრიოტული. ამ პატარა ქალს, დამიჯერეთ, ვერასოდეს დავივიწყებ. მე რომ მკითხონ, დოლი და საყვირი რით უნდა შეიცვალოსო, წინადადებას შევიტანდი, ყველა რაზმში ეს საკრავები ლამაზი ქალიშვილით შეეცვალათ. ეს მარსელოზის დაკვრასაც აჯობებდა. დალახვროს ღმერთმა, რა ხალისს შესძენდა ჯარისკაცს, პოლკოვნიკის გვერდით რომ ცოცხალი მადონა ჰყოლოდა! ბატონი ლაპორტი წუთით დადუმდა, მერე თავის ქნევით დაჯერებულად დაუმატა: - ასეა თუ ისე, ჩვენ, ფრანგებს, ქალები ძალიან გვიყვარს. დუელი       ომი დამთავრებული იყო. გერმანელებმა მთელი საფრანგეთი დაიპყრეს. ქვეყანა ცახცახებდა როგორც გამარჯვებულის წინ დაჩოქილი დამარცხებული მებრძოლი. გონებადაკარგული, დამშეული, სასოწარკვეთილი პარიზიდან პირველი მატარებლები გადიოდნენ ახალი საზღვრებისაკენ. ზანტად მიიზლაზნებოდნენ მინდვრებსა და სოფლებზე. პირველი მგზავრები ფანჯრებიდან გასცქეროდნენ გადარუჯულ ველებსა და გადამწვარ დაბებს. გადარჩენილი, სახლების წინ ცხენოსნებივით სკამზე გადამჯდარი პრუსიელი ჯარისკაცები ჩიბუხს აბოლებდნენ. თავზე წვეტიანი შავი ჩაჩქანი ეხურათ. ზოგიერთები ისე მუშაობდნენ ან საუბრობდნენ, თითქოს შინ ყოფილიყვნენ. როდესაც მგზავრები ქალაქებს გაივლიდნენ, გერმანელების მთელ პოლკებს ხედავდნენ. ისინი გადაჰყავ-გადმოჰყავდათ. მიუხედავად ბორბლების ხმაურობისა მატარებლებში დროგამოშვებით შემოიჭრებოდა ხრინწიანი ხმით წარმოთქმული განკარგულებები.       ბატონი დრიუბიუი, რომელიც ალყის შემორტყმის განმავლობაში პარიზის ნაციონალურ გვარდიაში ირიცხებოდა, ახლა შვეიცარიაში მიემგზავრებოდა ცოლისა და ქალიშვილის სანახავად. მტრის შემოჭრის წინ ცოლ-შვილი სიფრთხილის გამო უცხოეთში გაეხიზნა. მდიდარი და მშვიდობის მოყვარე ვაჭრის დიდი ღიპისათვის შიმშილსა და დაღლილობას ვერაფერი დაეკლო. დიუბიუიმ საშინელი ამბები გადაიტანა ბედის მორჩილებითა და სასოწარკვეთილებით, ბევრი მწარე აზრი გამოთქვა ადამიანის მხეცობაზე. ახლა ის საზღვარს უახლოვდებოდა. ომი დამთავრებული იყო. პირველად ხედავდა პრუსიელებს, მიუხედავად იმისა, რომ თავისი მოვალეობა ქალაქის მისადგომებთან პირნათლად შეასრულა და მრავალი ცივი ღამე გაატარა ყარაულობაში. შეშინებული და გაღიზიანებული უცქეროდა ამ შეიარაღებულსა და წვერმოშვებულ გერმანელებს, რომლებიც საფრანგეთის მიწაზე თავს ისე გრძნობდნენ, როგორც საკუთარ სახლში, და მის სულში უღონო პატრიოტულ სიცხარესთან ერთად მკვიდრდებოდა ახალი, ძლიერი ინსტინქტი- სიფრთხილის გრძნობა, რომელსაც ახლა ფრანგები იჩენდნენ.იმავე კუპეში საფრანგეთის დასათვალიერებლად ჩამოსული ორი ინგლისელი ტურისტი იჯდა. ისინი ცნობისმოყვარე და მშვიდი თვალებით იცქირებოდნენ. ორივე ჩასუქებული იყო. ინგლისურად ლაპარაკობდნენ, ხმამაღლა კითხულობდნენ, რათა უნახავი არ დარჩენოდათ არც ერთი ღირსშესანიშნავი ადგილი. მოულოდნელად მატარებელი პატარა ქალაქის სადგურზე გაჩერდა, და ერთი პრუსიელი ოფიცერი ვაგონში ამოვიდა. მისმა ხმალმა კიბის საფეხურებზე გაირაჩხუნა. ოფიცერი უზარმაზარი იყო. შემოსხლეტილი ფორმის ტანისამოსი ეცვა. ჟღალი ფერის წვერს, რომელსაც თითქოს ცეცხლი ედებოდა, სახე თითქმის სულ დაეფარა. ფერმკრთალი, გრძელი, აწკეპილი ულვაში სახეს ორ ნაწილად უყოფდა. ინგლისელებმა ღიმილით შეხედეს, ცნობისმოყვარეობით დააკვირდნენ. ბატონ დიუბიუის კი თავი ისე ეჭირა, თითქოს გაზეთს კითხულობსო, ჟანდარმის დანახვით შეშინებული ქურდივით კუთხეში მიიკრუნჩხა. მატარებელი დაიძრა. ინგლისელები საუბარს განაგრძობდნენ: ბრძოლების ადგილებს დაეძებდნენ. ერთმა ინგლისელმა სოფლისაკენ გაიშვირა ხელი. უეცრად პრუსიელმა ოფიცერმა თავისი გრძელი ფეხები გაჭიმა, ზურგზე გადაწვა და დამახინჯებული გამოთქმით ფრანგულად თქვა: - მე თორმეტი ფრანგი მოვკალი ამ სოფელში, ასზე მეტი ტყვე წამოვიყვანე. - ჰო! რა ჰქვია ამ სოფელს? - ჰკითხეს ინგლისელებმა. - ფარსბურგი, - უპასუხა პრუსიელმა და განაგრძო:- ეს გარყვნილი ფრანგები ყურით წამოვათრიეთ. - მერე ბატონ დიუბიუის შეხედა და ულვაშში ამაყად ჩაიცინა. მატარებელი მტრის მიერ ოკუპირებულ დაბებზე მიდიოდა, ხედავდნენ გერმანელ ჯარისკაცებს, რომელნიც გზებზე, მინდვრების პირას, სადარაჯოებთან ჩამწკრივებულიყვნენ, ყავახანების წინ საუბრობდნენ. მიწა აფრიკის კალიებივით დაეფარათ. ოფიცერმა ხელი ასწია და თქვა: - მე რომ სარდალი ვყოფილიყავი, პარიზს ავიღებდი და სულ გადავბუგავდი, ყველას ამოვჟლეტდი. აღარ იქნებოდა საფრანგეთი.       ინგლისელებმა ზრდილობისათვის უბრალოდ უპასუხეს: - ჰო, დიახ. ოფიცერმა განაგრძო: - ოცი წლის შემდეგ მთელი ევროპა, დიახ, მთელი ევროპა, ჩვენი იქნება, პრუსია ყველაზე ძლიერია. შეშფოთებულმა ინგლისელებმა არაფერი უპასუხეს. გაქვავებული სახეები ცვილისფრად მოუჩანდათ გრძელ ქილვაშებში. მაშინ პრუსიელ ოფიცერს სიცილი აუტყდა. კვლავ ზურგზე გადაწოლილმა დაცინვა დაიწყო. ის მასხრად იგდებდა განადგურებულ საფრანგეთს, შეურაცხყოფას აყენებდა მიწაზე გართხმულ მტერს, დასცინოდა ამ დღეებში დამარცხებულ ავსტრიას, დასცინოდა დეპარტამენტების გააფთრებულსა და უძლურ თავდაცვას, მასხრად იგდებდა მოძრავ გვარდიელებს, პარალიზირებულ არტილერიას. ოფიცერმა თქვა, ბისმარკს გადაწყვეტილი აქვს ნადავლი ზარბაზნებით რკინის ქალაქი ააშენოსო და უეცრად თავისი ჩექმები ბატონ დიუბიუის თეძოს მიადო. ყურებამდე გაწითლებულმა ფრანგმა განზე გაიხედა. ინგლისელები ყველაფრის მიმართ თითქოს გულგრილნი გახდნენ, თითქოს უეცრად თავიანთ კუნძულზე ჩაკეტილი აღმოჩნდნენ, მსოფლიოს ხმაურს დაშორებულნი. ოფიცერმა ჩიბუხი ამოიღო და ფრანგს მიაჩეჩა: - თამბაქო ხომ არა გაქვთ? ბატონმა დიუბიუიმ უპასუხა: - არა, ბატონო. - გთხოვთ სადგურში ჩახვიდეთ და თამბაქო იყიდოთ, როცა მატარებელი გაჩერდება, - უთხრა ოფიცერმა და ისევ სიცილს მოჰყვა. - მე თქვენ ფეხის ქირას მოგცემთ. ორთქმავალმა დაუსტვინა და სვლა შეანელა. სადგურის დამწვარ შენობებს ჩაუარა. მატარებელი გაჩერდა. გერმანელმა ფანჯარა გააღო და დიუბიუის მკლავზე ხელი მოჰკიდა: - წადით, ჩემი დავალება შეასრულეთ. სწრაფად, სწრაფად. სადგური გერმანელთა რაზმს ეკავა. რამდენიმე ჯარისკაცი ხის გისოსს მისდგომოდა. ორთქმავალმა იკივლა. მაშინ უეცრად ბატონი დიუბიუი ბაქანზე ჩამოხტა და მიუხედავად იმისა, რომ სადგურის უფროსი ნებას არ აძლევდა, გვერდით კუპეში შევარდა. ის მარტო იყო. ისე ჩქარა უცემდა გული, რომ ჟილეტი გაიხსნა, ოფლი მოიწმინდა და ძლივს მოითქვა სული. მატარებელი მეორე სადგურზე გაჩერდა. უეცრად ოფიცერი გამოჩნდა ფანჯარასთან და კუპეში შევიდა. მალე ცნობისმოყვარეობით შეპყრობილი ინგლისელებიც გამოჩნდნენ. გერმანელი ფრანგს პირდაპირ დაუჯდა და სიცილით დაუწყო ლაპარაკი: - თქვენ არ ინებეთ ჩემი დავალების შესრულება. ბატონმა დიუბიუიმ უპასუხა: - არა, ბატონო. მატარებელი ის-ის იყო დაიძრა. - მე თქვენ ულვაშს მოგჭრით ჩემი ჩიბუხის დასატენად, - უთხრა გერმანელმა ოფიცერმა და ხელი ფრანგის სახისაკენ წაიღო. ინგლისელები ამ ამბავს მშვიდად ადევნებდნენ თვალს. გერმანელმა ფრანგის ულვაშს წაავლო ხელი. მაშინ დიუბიუიმ გერმანელის მკლავს ხელი აჰკრა, საყელოში სტაცა ხელი და სკამზე მიაგდო. სიბრაზისაგან გაცოფებული, საფეთქლებდაბერილი, თვალებდასისხლიანებული ერთ ხელს ყელში უჭერდა, მეორეთი სახეში მუშტებს უშენდა. გერმანელი თავს იცავდა. ცდილობდა, ხმალი ამოეღო, მასზე დაწოლილი ფრანგისთვის ტანზე ხელები შემოეჭდო. მაგრამ ბატონი დიუბიუი თავისი უზარმაზარი მუცლით აწვებოდა და შეუსვენებლად, სულმოუთქმელად ურტყამდა და ურტყამდა, ვერ ამჩნევდა, მუშტები სად ხვდებოდა. გერმანელს სისხლი სდიოდა, გაგუდული ხიხინებდა, ჩამტვრეული კბილები პირიდან სცვიოდა. ამაოდ ცდილობდა გაშმაგებული ლოხი კაცი მოეშორებინა. ინგლისელები ამდგარიყვნენ, ახლოს მისულიყვნენ, რათა უკეთ დაენახათ. სიხარულითა და ცნობისმოყვარეობით შეპყრობილნი მზად იყვნენ სანაძლეო დაედოთ, თუ რომელი გაიმარჯვებდა. და უცბად ბატონმა დიუბიუი ასეთი დაძაბვისაგან ძალაგამოლეული წამოდგა და უსიტყვოდ დაჯდა. პრუსიელი მოწინააღმდეგეს აღარ ეცა, იმდენად იყო დაბნეული, გაოგნებული გაკვირვებისა და ტკივილისაგან. როდესაც სული მოითქვა, უთხრა: - თუ არ გსურთ დამბაჩით გავსწორდეთ, მოგკლავთ. - როცა გნებავთ, მე მზად ვარ, - უპასუხა დიუბიუიმ. გერმანელმა განაგრძო: - აი, ქალაქი სტრასბურგი. სეკუნდანტად ორ ოფიცერს წამოვიყვან. დრო მაქვს, სანამ მატარებელი წავა. ორთქმავალით მქშინავმა ბატონმა დიუბიუიმ ინგლისელებს მიმართა: - გთხოვთ ჩემი სეკუნდანტები იყვეთ. ორივემ ერთად უპასუხა: - ჰო, კარგი! მატარებელი გაჩერდა. ერთ წუთში გერმანელმა ორი ამხანაგი მონახა, სეკუნდანტებმა ორი დამბაჩა მოიტანეს. ყველამ ქალაქის გალავანს მიაშურა. ინგლისელები სულ საათს დასცქეროდნენ, ფეხს უჩქარებდნენ, გამალებული ემზადებოდნენ დუელისათვის, შეწუხებულნი, მატარებელმა არ გაგვასწროსო. ბატონ დიუბიუის არასოდეს დამბაჩა არ სჭერია ხელში. იგი მტრისგან ოც ნაბიჯზე დააყენეს. ჰკითხეს: - მზადა ხართ? - დიახ! - უპასუხა მან. ამავე დროს დაინახა, როგორ გაშალა ერთმა ინგლისელმა ქოლგა, რათა მზისგან თავი დაეფარა. ვიღაცამ განკარგულება გასცა: - ცეცხლი! ბატონმა დიუბიუიმ ალალბედზე გაისროლა. უცებ გაოცებულმა ფრანგმა დაინახა, მის წინ მდგომი პრუსიელი შებარბაცდა, ხელი აიქნია და მოცელილივით პირქვე დაემხო. ბატონმა დიუბიუიმ იგი მოჰკლა. ერთმა ინგლისელმა წამოიძახა „ოჰ“, და ამ წამოძახილში გაისმა სიხარული, დაკმაყოფილებული ცნობისმოყვარეობა და ბედნიერი მოუთმენლობა. მეორემ, რომელსაც ხელიდან საათი არ მოუშორებია ბატონ დიუბიუის მკლავში ხელი სტაცა და სადგურისაკენ გააქროლა. პირველი ინგლისელი მტკიცედ ადგამდა ნაბიჯს, ხელები დამუშტული ჰქონდა და ნიდაყვები გვერდებზე მიკრული. - ერთი, ორი! ერთი, ორი! და სამივე ჩამწკრივებული გარბოდა, მიუხედავად თავიანთი დიდი ღიპებისა, როგორც სახუმარო ჟურნალში დახატული სამი სასაცილო ადამიანი. მატარებელი დაიძრა. ისინი ვაგონში შეხტნენ, ინგლისელებმა სამგზავრო ქუდები მოიხადეს, მაღლა აიქნიეს და სამჯერ დაიძახეს: - ჰიპ, ჰიპ, ჰიპ! ვაშა! შემდეგ ინგლისელებმა - ჯერ ერთმა, მერე მეორემ ბატონ დიუბიუის ხელი ჩამოართვეს და თავიანთ ადგილზე ერთმანეთის გვერდით დასხდნენ. …
დაამატა Kakha to ლიტერატურა at 11:58am on დეკემბერი 11, 2014
თემა: ცხოვრებისეული სივრცე და ობსესიური განცდების მაგალითები
ამოყალიბებას. კონსტიტუციურ ფაქტორებს შორის, როგორც ჩანს, დიდ როლს თამაშობს ადამიანის განსაკუთრებით ცხოველმყოფელი მოტორულ-აგრესიული, სექსუალური და საერთო ექსპანსიური მიდრეკილებები, რასაც მისი ხასიათის თავისებურებაც უწყობს ხელს. ეს ის მიდრეკილებებია, რომლებიც მშობლებს ბავშვში შედარებით ადვილად და ხშირად «აღიზიანებთ». ისინი მიიჩნევენ, რომ ბავშვის ამგვარი «ცელქობები» დროულად უნდა აილაგმოს. ამიტომ მშობლები ასეთი ბავშვის ქცევებს უფრო მეტად და ხშირად ამუხრუჭებენ, ვიდრე მაშინ, როცა «წესიერ» ბავშვს ეხება საქმე. ამ დროს ბავშვის უწყინარმა, დამთმობმა და თვინიერმა ხასიათმა თუ მისმა შემგუებლობამ, შესაძლოა, გარკვეული როლი ითამაშოს, რადგან ის თვითონვე ცდილობს თავი შეიკავოს მკვეთრი რეაქციებისაგან და ზომაზე მეტი შემგუებლობის უნარი გამოავლინოს. როგორც ჩანს, ამ დროს ბავშვის იმ თანდაყოლილ თვისებასაც უნდა მიექცეს ყურადღება, რომ მას საფუძვლიანი და ზუსტი აზროვნების უნარი გააჩნია. ამასთან, მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული, რომ ბავშვი კავშირს არ კარგავს წარსულის მოვლენებთან, რისი წყალობითაც მის ცნობიერებას ყველა შთაბეჭდილება უფრო ღრმად და ხანგრძლივად შემორჩება. კვლავ ღიად უნდა დავტოვოთ საკითხი და გადაჭრით ვერაფერს ვიტყვით იმის თაობაზე, რამდენად უკავშირდება ეს თვისებები ბავშვის შინაგან განწყობას, ან რამდენად წარმოადგენენ ისინი ბავშვის რეაქციას გარესამყაროს გავლენებზე ან აღზრდაზე. ამდენად, არ ვიცით, ამ შემთხვევაში ბავშვის ქცევები ამ ყველაფრის შედეგად უნდა ჩავთვალოთ, თუ – მიზეზად. ამ კითხვაზე დამაკმაყოფილებელ პასუხს, ალბათ, ვერასოდეს მივიღებთ, რადგან ასეთი დასკვნის გამოტანა მოითხოვს, რომ ერთი და იგივე ბავშვი სხვადასხვა გარემოში იზრდებოდეს. ფაქტია, გარემოს კვლევის დროს, აშკარად უგულებელყოფენ ბავშვის მიდრეკილებებს; ისევე როგორც წინათ, მთელი ყურადღება მემკვიდრეობით პრობლემებზე იყო გადატანილი და ადამიანზე გარემოს გავლენის ფაქტებს საერთოდ არ შეისწავლიდნენ. მაგრამ ამჟამად როგორ უნდა შევხედოთ გარემოს გავლენას, რომლის წყალობითაც განსაკუთრებული საკითხები წამოიჭრა? როგორ ავხსნათ, ერთი მხრივ, ადამიანის მოთხოვნა «უსაფრთხოებისა» და მუდმივობის შესახებ, ხოლო მეორეს მხრივ, შიში, რომელსაც იგი განიცდის წარმავლობისა და ცვლილებების წინაშე?       ამ საკითხის უკეთ გაგების მიზნით, საჭიროა, უფრო დაწვრილებით განვიხილოთ ბავშვის განვითარების ის პერიოდი, რომელსაც მოსდევს ორივე ზემოაღწერილი ფაზა. საქმე ეხება 2-დან 4 წლამდე ასაკის ბავშვს, რომელიც თავის ცხოვრებაში პირველად შეეჩეხება «ნებართვისა» და «აკრძალვის» დაწესებულ სისტემას. ამ დროს იგი უკან მოიტოვებს თავისი ხანმოკლე, «უცოდველი» ბავშვობის «სამოთხისეულ პერიოდს», როცა მისგან არაფერს მოითხოვდნენ, არაფერს უკრძალავდნენ და მის ყველა სურვილს უსიტყვოდ ასრულებდნენ. ახლა ბავშვი პირველად მოდის კონფლიქტში გარემოსთან და თავისი სურვილებით, იმპულსებით, ნებით უპირისპირდება აღმზრდელების მოთხოვნებს და ნებას. ბავშვმა უკვე მიაღწია იმ ასაკს, როდესაც მისგან რაღაცას მოითხოვენ. მაგრამ მას ამ დროისთვის იმდენად განვითარებული აქვს საკუთარი «მე»-ს დამოუკიდებლობის გრძნობა, მოძრაობის სურვილი და თვითგამოხატვის უნარი, რომ ახლა იგი, თავის მხრივ, მიილტვის გარესამყაროსაკენ; ახლა მას ამ სამყაროსთან თანამონაწილეობით სურს წამოიწყოს ახალი ქმედებები, მაშინ როდესაც განვითარების წინა ფაზებში მას ყველაფერი მზამზარეულად მიერთმეოდა. ახლა ბავშვი თავისი სურვილებისა და აფექტების გამოხატვას ენობრივადაც უკეთ ახერხებს; იგი ცდილობს, დაიპყროს მისი გარემომცველი სივრცე, საკუთარი ძალები მოსინჯოს და წინააღმდეგობები დაძლიოს.       ამ დროს ბავშვი ნელ-ნელა სწყდება დედის კალთას და დამოუკიდებლობისკენ მიისწრაფვის; განვითარების ამ ფაზაში პირველად გრძნობს, რომ იშლება ის სიმბიოზი დედასთან, როდესაც ჯერ კიდევ ვერ ხედავდა განსხვავებას «მე»-სა და «შენ»-ს შორის. იმავდროულად, ბავშვს სულ უფრო უვითარდება საკუთარი სხეულის შეგრძნების უნარი და მოტორული მოძრაობები; იგი შეპყრობილია ექსპანსიური სურვილით, თავისი ჭირვეულობა და თავნებობა გარესამყაროსაკენ მიმართოს. ამის შედეგად ბავშვი გაიაზრებს, რომ გარესამყარო მას წინააღმდეგობას უწევს და მის ქცევებზე რეაგირებს. ბავშვი ამ დროს არა მხოლოდ საკუთარ ძალებსა და შესაძლებლობებს, არამედ მათი გამოყენების საზღვრებსაც შეიცნობს. სხვათა შორის, განვითარების ამ ფაზაში იგი პირველად აცნობიერებს «ნებართვისა» და «აკრძალვის» საკითხს, რაც «კეთილისა» და «ბოროტის» გააზრების წანამძღვარს წარმოადგენს. ნებისმიერმა ბავშვმა თავად უნდა გააკეთოს არჩევანი თავნებობასა და თვინიერებას, სიჯიუტესა და მორჩილებას შორის. ამ გადაწყვეტილების შედეგი ყოველთვის დამოკიდებულია ბავშვის უნარსა და იმ გარემოზე, რომელშიც მას უხდება ცხოვრება.       იმისათვის, რომ ბავშვმა თავისი პირველი, მნიშვნელოვანი ქცევებით გამოავლინოს «თავნებობასა» და «თვინიერებას» შორის განსხვავების უნარი, მან, პირველ რიგში, ჰიგიენის დაცვის აუცილებლობა უნდა გააცნობიეროს.       სწორედ აქ შეიძლება ჩაეყაროს საფუძველი როგორც ბავშვის ჯანსაღ თვითგამორკვევას, ასევე მის დამოკიდებულებას ჯიუტი თუ თვინიერი ქცევებისადმი, იმის მიხედვით, თუ როგორ ეპყრობიან მას ჰიგიენური აღზრდის დროს: აცდიან თუ არა, რომ მან ეს ნაბიჯი თანდათანობით გადადგას, თუ მის სიჯიუტეს და თავნებობას ფორსირებული წრთვნით, დროულად აღკვეთენ ძალადობისა და დასჯის საშუალებით.       მაგრამ ბავშვს, მისთვის დამახასიათებელ მზარდ უნარჩვევებთან ერთად, უჩნდება მოთხოვნილება, რაიმე მოიმოქმედოს გარესამყაროში და რაღაც მოუხერხოს მის გარშემო მყოფ საგნებს. ამ დროს მას ხშირად უხდება ამ სამყაროსთან შეჯახება და, გარშემომყოფთა რეაქციების მიხედვით, საკუთარ თავს შეიგრძნობს როგორც «ცუდსა» და «უწესოს». 2-დან 4 წლამდე ასაკში წყდება ბავშვის როგორც ექსპანსიურ-მოტორული და აგრესიული ინსტინქტების, ასევე მისი ჯიუტი ხასიათის შემდგომი ბედი. ამ დროში შესწავლილი ქცევის წესები მისი პიროვნული განვითარების სამომავლო ქცევის მოდელებად გადაიქცევა. ახლა უკვე გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება იმას, როდის და როგორ ეზიარება ბავშვი «ნებართვისა» და «აკრძალვის» პრინციპებს. როდესაც იგი პირველად იწყებს იმაზე ფიქრს, რა წარმოადგენს მისთვის «ბოროტებას» და «სიკეთეს» – ამ დროს, შესაძლოა, მისი პირველი «ცოდვით დაცემაც» მოხდეს. ამიტომ, როდესაც ბავშვს ესმის სიტყვები: «ახლა ასე უნდა მოიქცე!», «ამის გაკეთება არ შეიძლება!», «ნუ იზამ ამას!» – იგი ხვდება, რომ, თვინიერების შემთხვევაში, «კეთილის» სახელი ექნება, ხოლო მის ურჩობას «ბოროტებად» შეაფასებენ. ამ დროს ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, ბავშვს ამ მოთხოვნებთან დაპირისპირება ადრე მოუხდება თუ გვიან; მათ შესრულებას მისგან გადაჭრით და პრინციპულად მოითხოვენ, თუ – უღიმღამოდ და არათანმიმდევრულად; ბავშვის ჯიუტი ხასიათის გატეხვას თავიდანვე მკაცრი მიდგომით ცდილობენ თუ ალერსიანი და მოსიყვარულე მოპყრობით არწმუნებენ მას ამ მოთხოვნების სამართლიანობაში. ეს ყველაფერი დაგვანახებს, რომ ბავშვს სიჯიუტისა და თავნებობისადმი ამგვარი მიდგომა მისი მთავარი იმპულსების სამომავლოდ ჩამოყალიბების საფუძველი ხდება. სწორედ ეს ქმნის იმის წინაპირობას, ბავშვს მომავალში საღი აზროვნება, სიჯიუტის ჯანმრთელი შეგრძნება და მოქალაქეობრივი სიმამაცე ექნება, თუ ხელაღებით უარყოფს ავტორიტეტებს ან მათდამი შემგუებლობას გამოიჩენს; ამით კი შექმნის იმის საფუძველს, რომ მისგან ობსესიური პიროვნება ჩამოყალიბდეს.       ამრიგად, ბავშვს ამ დროს მიღებული გამოცდილება ასწავლის, როგორ უნდა მოიქცეს, როდესაც მისი სურვილები წინააღმდეგობაში მოდის აუცილებლად შესასრულებელ ქმედებებთან. მან იცის, საკუთარი ნებელობითი ინსტინქტები თავისუფლების თუ არათავისუფლების მიმართულებით უნდა წარმართოს, მკაცრად თუ ლმობიერად მიუდგეს თავის მორალურ სინდისს, ანუ საკუთარ «ზეგარდმო მე»-ს. ამ ტერმინით აღნიშნავს ფსიქოანალიზი ბავშვობის პერიოდში მოპოვებულ იმ განზომილებას, რომელიც განსაზღვრავს სინდისის დამოკიდებულებას მთელი სამყაროს მიმართ. იგივე გამოცდილება აძლევს ბავშვს საშუალებას, რათა, თვითკონტროლის გზით, ზომაზე მეტად არ დაამუხრუჭოს საკუთარი, ლაღი ქმედებები. გარესამყაროდან წამოსული რეაქციები ბავშვს ახლა კვლავ საკუთარ ქცევებზე გადააქვს, რის დროსაც ეს სამყარო მისთვის გარედან თავდაპირველად დაწესებული «ნებართვებისა» და «აკრძალვების» მსაჯულად გამოდის და, ამრიგად, უკვე ნაცნობი და გაკვალული გზით სიარულს ასწავლის.       შედარებით მოგვიანებით დაავადებული ობსესიური პიროვნებების ცხოვრებაში ხშირად ვხვდებით იმ ფაქტის მოწმე, რომ მათ ჯერ კიდევ ადრეულ ასაკში დაიწყეს თავიანთი აგრესიული, აფექტური და ჩამოუყალიბებელი იმპულსების დათრგუნვა; ასევე ხშირად ზღუდავდნენ და ამუხრუჭებდნენ ნებისმიერ თვითნებურ, ჯანმრთელ და ლაღ სურვილსაც. ეს ბავშვის განვითარების ისეთ ფაზაში ხდებოდა, როდესაც საჭირო იყო ასაკის შესაბამისი ახალი უნარ-ჩვევების განვითარება, რაც ბავშვს უფრო დამოუკიდებელს გახდიდა. თუ ბიჰევიორისტული კვლევის შედეგებს გავითვალისწინებთ, დავინახავთ, რომ პირველი შთაბეჭდილებები და გამოცდილება ცოცხალ ორგანიზმებზე ძლიერ ზემოქმედებას იმ შემთხვევაში ახდენს, თუ ეს ახლად ათვისებულ, ქმედით ნაბიჯებს უკავშირდება. ამ დროს ისინი ადვილად იძენენ საგანგებო მნიშვნელობას და შემეცნების სფეროში წანამძღვრებს ქმნიან კატეგორიალური ქცევის წესების დასამკვიდრებლად.       ეს ყველაფერი იმით იწყება, რომ გარესამყაროში ბავშვისთვის ყოველთვის ყველაფერი დადგენილი წესების მიხედვით უნდა ხდებოდეს, რათა ბავშვმა ამ წესების დარღვევა სახიფათოდ მიიჩნიოს, ან საკუთარი, «ბოროტი» ბუნების გამოვლინებად განიცადოს. ბავშვის «უმართებულო საქციელის» გამო გამოწვეული რეაქციები (გაკიცხვა, საყვედური, გაფრთხილება ან არასაკმარისი სიყვარული), შესაძლოა, მისი ასაკისათვის შეუსაბამო აღმოჩნდეს. ბავშვებისაგან ამ დროს არ უნდა მოითხოვდნენ, რომ მან ჰიგიენა დაიცვას, მაგიდასთან «წესიერად» ჯდომას მიეჩვიოს, არაფერი დაამტვრიოს და სამართლიანი გულისწყრომაც კი არ გამოხატოს. მოვიყვანთ ამის ერთ-ერთ გროტესკულ მაგალითს:       ერთ ოჯახში წესად ჰქონდათ, რომ ბავშვებს ჭამის დროს იღლიის ქვეშ მონეტა უნდა ჰქონოდათ ამოჩრილი, რათა ხელები არ ემოძრავებინათ და მონეტა ძირს არ ჩამოვარდნილიყო. ასე ასწავლიდნენ ბავშვებს «კარგი ქცევის» წესებს.       წესიერი და კარგად გაწრთვნილი ბავშვი, რა თქმა უნდა, მშობლებს ნაკლებ პრობლემებს უქმნის და გარშემომყოფნიც მათ სანიმუშოდ მიიჩნევენ. ამ დროს მშობლებს უხარიათ, რომ შვილი სწორად აღზარდეს, და თავიანთი აღმზრდელობითი მეთოდებით ძალიან ამაყობენ. თუ გავიხსენებთ დიდ ქალაქებში თითქმის უკვე დამკვიდრებულ სავალალო საყოფაცხოვრებო პირობებს, მივხვდებით, რომ ბავშვებისთვის ასეთი ცხოვრება საპყრობილეში ყოფნის ტოლფასია, რადგან ისინი გასაქანს ვერ აძლევენ თავიანთ ბუნებრივ, ბავშვურ მოთხოვნილებებს. როდესაც ბავშვი ადრეული ასაკიდანვე საკუთარ თავზეა მიყურადებული და მისი «მოთოკვა» შეუძლია, იგი თანდათანობით მხოლოდ ბავშვურ სილაღეს და უშუალობას კი არ კარგავს, არამედ დასჯის შიში და დანაშაულის გრძნობაც მომძლავრებული აქვს.       ამ ასაკში ბავშვი ძალიან მტკივნეულად განიცდის მომდევნო და-ძმის დაბადებას, რადგან ამ დროს «აბელისა და კაენის» პრობლემა მწვავედ იჩენს ხოლმე თავს. ამ ასაკში ბავშვი უკვე ავლენს გარკვეულ სიჯიუტესა და აგრესიულობას და მომავალ და-ძმას, უკვე მთელი შეგნებით, მეტოქეებად აღიქვამს. თუ მშობლები ბავშვის მდგომარეობას ვერ აცნობიერებენ და მის შემსუბუქებას არ ცდილობენ, იგი საშინლად ითრგუნება; მოგვიანებით და-ძმისადმი სიძულვილმა და აგრესიებმა, შესაძლოა, ბავშვში დანაშაულის გრძნობა გამოიწვიოს; ეს კი იმას ნიშნავს, რომ იგი იძულებულია, ძალიან ადრეულ ასაკში მიმართოს ობსესიური პიროვნებისთვის ჩვეულ თავდაცვის ხერხს.       დედისერთა პატარა ბიჭს გამუდმებით ესმოდა დედის წუწუნი, რომელსაც შაკიკი აწუხებდა და საშინლად გაღიზიანებული იყო; როდესაც ბავშვი ეზოში ან ქუჩაში თამაშის შემდეგ შინ ბრუნდებოდა, ფეხსაცმელები უნდა გაეხადა და კართან დაეწყო, რათა სახლში უხმაუროდ შესულიყო და იატაკი არ დაესვარა. ბავშვს ხშირად უჩნდებოდა სურვილი, დედისთვის რაღაც ეკითხა ან ეჩვენებინა. მის ოთახში შერბოდა, თან ამ დროს იატაკზე დაფენილ ნოხში ფეხები ებლანდებოდა და მის ფოჩებს აბურდავდა ხოლმე. დედას არაფერი აინტერესებდა; იგი მხოლოდ ბავშვის ამ საქციელზე ამახვილებდა ყურადღებას, ოხრავდა და შვილს საყვედურობდა, რომ დედა არ ანაღვლებდა; მერე კი სავარცხელს იღებდა და ნოხის ფოჩებს გულმოდგინედ და «ბეჯითად» (ეს მისი საყვარელი სიტყვა იყო) ვარცხნიდა, ბავშვის კონკრეტულ თხოვნას კი საერთოდ უგულებელყოფდა. გარდა ამისა, ბავშვი დედისგან გამუდმებით ისმენდა საყვედურებს: «მაინც და მაინც ახლა რატომ მაწუხებ, ვერ ხედავ, რომ თავი მტკივა?!» ან «ხომ ხედავ, რომ ახლა დაკავებული ვარ და დრო არა მაქვს?!»       ადვილი წარმოსადგენია, როგორ მოქმედებდა ბავშვზე დედის ამგვარი საქციელი, რომელსაც იგი დიდი ხნის განმავლობაში იტანდა.       მაგრამ დედა-შვილს შორის მსგავსი ურთიერთობა, შესაძლოა, ბევრად უფრო ადრეც დაიწყოს. მოვიყვანთ ნაწყვეტს დედის დღიურიდან, რომელიც მისი პირმშოს ცხოვრების პირველ წელს ეხება (დედა ბავშვის მიმართ ძალიან მკაცრ ღონისძიებებს ატარებს; მას აღზრდის ასეთი მეთოდის შესახებ ბევრი რამ წაუკითხავს და ახლა ცდილობს, შვილი ყველა წესის დაცვით აღზარდოს):       «ქოთანზე გადაყენებას უკვე მესამე თვიდან მიგაჩვიე; მინდოდა, პატარაობიდანვე გესწავლა სისუფთავე და წესრიგი; მოძრავი და ცოცხალი ბავშვი იყავი; ძუძუს ჭამის დროს ვერ ისვენებდი, ამიტომ იძულებული გავხდი, ერთი-ორჯერ მიმეტყიპე, სანამ არ გასწავლე, რომ ამ დროს წყნარად უნდა ყოფილიყავი; მერე კი ჩემი ერთი შემოხედვა კმაროდა, რომ მაშინვე გასუსულიყავი. ასე და ამრიგად, ადრევე დაგარწმუნე, რომ ჩემთან შენი ჭირვეულობით ვერაფერს გახდებოდი. წიგნშიც სწორედ ასე იყო მითითებული – ბავშვის სიჯიუტე და ჭირვეულობა თავიდანვე უნდა დათრგუნოთო. ოთახიდან გასვლას რომ დავაპირებდი, მაშინვე ბღავილს იწყებდი. ამ დროსაც ერთ-ორს მოგცხებდი ხოლმე; მართალია, შენი ბღავილი ცას სწვდებოდა, მაგრამ მალე იღლებოდი და ღნავილით იძინებდი. აშკარად ვგრძნობდი, რომ შენი ღრიალით გინდოდა, წონასწორობიდან გამოგეყვანე, მერე კი ისევ ალერსითა და სიყვარულით შემომცქეროდი. მოგვიანებით ასეთი ძალისმიერი მეთოდის გამოყენება აღარ მჭირდებოდა; ყველას უკვირდა, რომ მორჩილი შვილი მყავდა, რომელსაც ჩემი ერთი მზერით ვათვინიერებდი. ხანდახან საკუთარ თავს ვაიძულებდი, მკაცრად მოგქცეოდი, მაგრამ ვიცოდი, რომ ეს მხოლოდ სასიკეთოდ წაგადგებოდა. მოგვიანებით ხომ მაინც მიხვდებოდი, რომ ასეთ სიმკაცრეს შენ გამო ვიჩენდი! მამაშენი იმ წლებში ომში იყო, ამიტომ შენზე მთელი პასუხისმგებლობა მე დამეკისრა – შინ რომ დაბრუნდებოდა, მისთვის კარგად აღზრდილი შვილი უნდა ჩამებარებინა.»       ამ მაგალითიდან აშკარად ჩანს, რომ ასეთ ბავშვს ძალიან ადრე უნდა ესწავლა საკუთარი იმპულსების სწრაფად დამუხრუჭება და დათრგუნვა, რათა თავისი საქციელით დედა არ გაეღიზიანებინა. ამგვარი ქცევა დროთა განმავლობაში დახვეწილ სახეს იღებს და ბავშვს «მეორე ბუნებად» ანუ იმ რეფლექსებად გადაექცევა, რომელთა მართვაც, ბოლოს და ბოლოს, თავისთავად ხდება.       ობსესიური ადამიანი შემდგომ ცდილობს, ნებისმიერი იმპულსის გამოვლინების დროს, წონასწორობა დაიცვას; იგი, ასე ვთქვათ, საპირწონეს ძებნაში იწყებს ყოყმანს – რისკი გასწიოს და მიენდოს იმპულსს, თუ უმჯობესია, დათრგუნოს იგი. მერე კი დროის შუალედი და ფიქრი იმდენად ასუსტებს იმპულსს, რომ მისი გამოვლენა საერთოდ აღარ ხდება. მაგრამ ამ «ყოყმანმა», შესაძლოა, შემდგომ ფართო ხასიათი მიიღოს, გამოცალკევდეს და ნებისმიერ ადამიანში იმ აუცილებელ «ყოყმანად» იქცეს, რომელიც სახიფათო იმპულსად ჩამოყალიბდება, თუმცა არ გამოვლინდება.       ეს საშუალებას გვაძლევს დავასკვნათ, რომ ობსესიურ პიროვნებაში ყოველგვარი «ყოყმანი» დიდ როლს თამაშობს. იგი იცავს ადამიანს, რათა არ ჩაიდინოს ისეთი სახიფათო და თვითნებური საქციელი, რასაც მერე ინანებს. მომავალში, შესაძლოა, თანდათანობით «ყოყმანის» აბსოლუტიზაცია მოხდეს, თვითმიზნად გადაიქცეს და ადამიანის ქცევები სრულიად არაქმედითი გახადოს. «ყოყმანის» ცნება საბოლოოდ ადამიანის ცხოვრებაში გამოთქმულ იმ ეჭვს უკავშირდება, როდესაც ამბობს: «მაქვს კი უფლება, დამოუკიდებლად ვიმოქმედო და ვაკეთო ის, რაც მინდა? თუ თვინიერება გამოვიჩინო და უარი ვთქვა ჩემს იმპულსებზე? მაშასადამე, შემიძლია, ან «კეთილი» ვიყო ან «ბოროტი». «კეთილსა» და «ბოროტს» შორის არჩევანის გაკეთებაა სწორედ ჩემი სურვილი».       ობსესიური პიროვნებისათვის დამახასიათებელი ამგვარი «ყოყმანი» გავლენას ახდენს იმ ადამიანების ქცევაზე, რომლებსაც სჩვევიათ დაყოვნება, მერყეობა, საქმის გადადება და გაჭიანურება-გაჯანჯლება. ეს ადამიანები «ბურიდანის ვირის» მდგომარეობაში აღმოჩნდებიან ხოლმე, რომელიც მშიერი რჩება, რადგან ვერ გადაუწყვეტია, თივის ორ კონას შორის რომელი აირჩიოს. ამრიგად, ობსესიურმა ადამიანმა გადაწყვეტილება ან გაბედული ქმედების, ან დასჯის შიშით უნდა მიიღოს. თუმცა მას გადაწყვეტილების მიღება იმ კონფლიქტის გამოც უჭირს, რომელიც არსებობს თანდაყოლილ მიდრეკილებასა და აღზრდის შედეგად შთაგონებულ შიშს შორის; ობსესიური პიროვნება თავის მიდრეკილებას სწორედ ამ შიშის გამო ვერ გამოავლენს. მასში ეჭვებისა და ყოყმანის ინტენსიურობა იმაზეა დამოკიდებული, რა კავშირი არსებობდა მის ბავშვობაში ინსტინქტურ მოთხოვნებსა და მათი გამოვლინების შიშს შორის.       «ყოყმანის», «გაჭიანურების» და «გადაწყვეტილების ვერმიღების» მტანჯველ გრძნობას უფრო უკეთ შევაფასებთ, თუ გვეცოდინება, რომ ობსესიური პიროვნებები ერთხელ მიღებულ გადაწყვეტილებას არასოდეს ცვლიან. სამაგიეროდ, ეს გადაწყვეტილება მათთვის უპირობოდ მისაღები და «აბსოლუტურად» სწორი უნდა იყოს. წინააღმდეგ შემთხვევაში, თვით ყველაზე უმნიშვნელო, არასწორი გადაწყვეტილებაც კი შეიძლება პრობლემად ექცეთ. ამიტომ ობსესიურმა პიროვნებამ ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება უნდა მიიღოს, რათა შემდგომში შიშმა არ შეიპყროს. რაც უფრო მეტად არის ადამიანი შეპყრობილი აკვიატებული იდეებით, მით უფრო მეტი ყოყმანითა და ეჭვის თვალით უყურებს იგი საკუთარ ქმედებებს. ყოყმანი და ეჭვი ამ დროს, შესაძლოა, ისეთი რეფლექსის სახით გამოვლინდეს, რომ ნებისმიერ ჩანაფიქრს პასუხად საპირისპირო ჩანაფიქრი მოჰყვეს. თუ ამ დროს იმპულსისა და საპირისპირო იმპულსის ურთიერთმონაცვლეობა სწრაფად ხდება, ისინი ბოლოს ერთდროულად გამოვლინდება. თავდაპირველად, იმპულსსა და საპირისპირო იმპულსს შორის პაუზა უფრო ხანგრძლივია, შემდეგ სულ უფრო ხანმოკლე ხდება, ამ დროს თითქოს იწყება სწრაფი მონაცვლეობა «ჰო-არა-ჰო-არას» შორის. ბოლოს ეს პროცესი შეიძლება სომატურად გამოვლინდეს; ადამიანს კანკალი ეწყება ან ენა ებმის, იმის მიხედვით – «რაღაცის კეთების სურვილი აქვს და ამის უფლება არ გააჩნია», თუ «რაღაცის თქმა სურს და თქმის უფლება არა აქვს»; ორივე იმპულსი, შესაძლოა, დროში პრაქტიკულად დაემთხვეს ერთმანეთს, რაც მათ სრულ პარალიზებას და კატატონიურ გაშეშებას იწვევს. ასეთ მდგომარეობაში ადამიანს ვერ გადაუწყვეტია, ილაპარაკოს თუ არ ილაპარაკოს, ან კარი დახუროს თუ არ დახუროს, რამაც, შესაძლოა, მისი სრული უმოქმედობა გამოიწვიოს; საბოლოოდ, ობსესიურ პიროვნებაში გამღიზიანებლებისა და იმპულსების აღქმა საერთოდ აღარ ხდება, ისინი ვეღარ აღწევენ ცნობიერებამდე, რადგან თავის დაცვა რეფლექსურად მიმდინარეობს, რაც იმპულსს ჩანასახშივე ახშობს.       ობსესიურმა ადამიანმა ბავშვობისდროინდელი გამოცდილებით იცის, რომ გარესამყაროში გარკვეული ქცევის წესები მოქმედებს, რომელთა დაცვაც აუცილებელია; მაგრამ იმავდროულად აკრძალულია ბევრი ისეთი რამ, რასაც სიამოვნებით გააკეთებდა. ასე შეექმნა მას წარმოდგენა, რომ ნამდვილად არსებობს ქცევის აბსოლუტურად სწორი წესები; აქედან გამომდინარე, ობსესიურ პიროვნებას მიდრეკილება აქვს პერფექციონიზმისადმი, რომელიც შემდეგ მსოფლმხედველობის დონემდე აჰყავს. მას სურს, ცხოვრებაში ყველას ისეთი პირობები წაუყენოს, რომლებსაც თავად მიიჩნევს საჭიროდ, რადგან, როგორც მორგენშტერნი თავისი ნაწარმოების გმირს ათქმევინებს: «არ შეიძლება არსებობდეს ის, რასაც არსებობის უფლება არა აქვს».[1]       ბავშვმა, რომელიც ქაოტურ გარემოში იზრდება, შესაძლოა, გამოავლინოს აკვიატების ნიშნები, მაგრამ მათ რეაქტიული და კომპენსატორული ხასიათი აქვს: ბავშვი თავის გარემოში ვერ ახერხებს ორიენტირებას და ვერ ხედავს ვერავითარ საყრდენს, ამასთან, ეშინია თავისუფლებისა, რადგან მას უამრავი მოულოდნელობა ახლავს თან; ამ დროს ბავშვი თავის შინაგან სამყაროში ეძებს რაღაც ხელჩასაჭიდს, რაც მას გარესამყაროში ვერ უპოვია. იგი ცდილობს, საკუთარი თავიდან გამომდინარე, ისეთი წესრიგი და პრინციპები შეიმუშაოს, რომლებიც მას საყრდენად გამოადგება და საფრთხეს თავიდან ააცილებს. მოგვიანებით ეს პრინციპები აკვიატებული აზრების სახით გამოვლინდება, რადგან გარემო მათ ისევ და ისევ საფრთხეს უქმნის; სწორედ ამიტომ ბავშვი იძულებულია, სულ უფრო მაგრად ჩაეჭიდოს მათ. ობსესიური განცდების მაგალითები       ობსესიურ პიროვნებაში ამ სინდრომის ჯერ კიდევ შეუმჩნეველ, საწყის ნიშნებს შემდეგი მაგალითი წარმოაჩენს:       კარგადაღზრდილმა, წესიერმა ახალგაზრდა კაცმა, რომელიც ცეკვის წრეში დადიოდა, მეჯლისის შემდეგ თავისი მეწყვილე გოგონა შინ გააცილა. ყმაწვილს გოგონა ძალიან მოსწონდა და გზაში იგრძნო, რომ მისი კოცნა და ალერსი მოუნდა; მაგრამ საკუთარმა წარმოსახვამ იგი ძალიან შეაშინა, რადგან იფიქრა, რომ მისი ასეთი საქციელი გოგონას აღაშფოთებდა. ახალგაზრდა კაცმა ისღა მოახერხა, რომ ქუჩაში ხეების თვლა დაიწყო, რათა თავისი სახიფათო იმპულსები როგორმე გაენეიტრალებინა. ამ შემთხვევის შემდეგ, როგორც კი ახალგაზრდა კაცს ინსტინქტური სურვილების გამო შიშის ან დანაშაულის გრძნობა შეიპყრობდა, იგი ამ საშუალებას მიმართავდა და პედანტურად იწყებდა ყველაფრის თვლას, რაც იმ დროს თვალში მოხვდებოდა. აქტიურად თვლას იგი მაშინ იწყებდა, როდესაც რაიმე გადაწყვეტილება უნდა მიეღო ან რაღაც მნიშვნელოვანი მოემოქმედებინა; მერე კი თვლას იმდენ ხანს აგრძელებდა, ვიდრე შემაწუხებელ ფიქრს თავიდან არ მოიშორებდა. ახალგაზრდა კაცი ამ მოვლენების ურთიერთკავშირს ვერ აცნობიერებდა და საშინლად თრგუნავდა ეს გაუგებარი, აკვიატებული საქციელი.       ეს შემთხვევა ნათელყოფს ობსესიური სინდრომის წარმომშობ მიზეზს, მის ჩვეულებად ქცევის ფაქტს და ფუნქციას. ამ მიზეზს ქმნის ორჭოფული სიტუაცია, რომელსაც ახლავს შიში. იმ დროს, როდესაც ადამიანმა რაიმე გადაწყვეტილება უნდა მიიღოს – რაიმე საქმეზე უარი თქვას ან გარკვეულ საქმეს მოჰკიდოს ხელი, – მას მთელი ყურადღება ნეიტრალურ ქმედებაზე გადააქვს, რომელიც მას მანამდე იცავს, ვიდრე შიში გადაუვლის.       საინტერესოა ამ ახალგაზრდა კაცის მანამდე განვლილი ცხოვრებაც:       დედამისი, რომელიც ძალიან ადრე დაქვრივებულიყო, ასევე მკვეთრად გამოხატული, ობსესიური პიროვნება იყო. ქმრის სიკვდილის შემდეგ ქალი ცდილობდა, ყველაფერი ძველებურად დაეტოვებინა, როგორც ეს ქმრის სიცოცხლეში იყო. საქმე იქამდე მივიდა, რომ იგი სადილობის დროს ქმრისთვის განკუთვნილ ადგილას, მაგიდაზე, თეფშს და დანა-ჩანგალს აწყობდა; ქმრის საწერ მაგიდაზე წიგნები ზუსტად ისე ეწყო, როგორც მან დატოვა. ქალი თავის საქციელს ასე ხსნიდა: «მამა რომ დაბრუნდება, მას ყველაფერი ხელუხლებელი უნდა დახვდეს». ამრიგად, ქალმა ოჯახში სამუზეუმო ატმოსფერო შექმნა, რომელიც წმინდა ტრადიციებისადმი პატივისცემას გამოხატავდა; ეს ტრადიცია ახლა მამის მიერ გამოთქმულ აზრებზეც ვრცელდებოდა, რომლებიც ურყევ ჭეშმარიტებებს გამოხატავდნენ. ამ სიტუაციის წყალობით ყმაწვილი კაცისთვის მამა უცდომელ, სრულყოფილ და მიუწვდომელ არსებად იქცა; სამაგიეროდ, დედის გამო მას ქალებთან ურთიერთობა გაურთულდა, რადგან იმ დასკვნამდე მივიდა, რომ ქალები ერთობ ნაზი და დახვეწილი არსებები არიან, მამაკაცები კი მათ სათანადო პატივისცემით არ ეპყრობიან; ამ დროს ყმაწვილისთვის მხოლოდ მამა იყო გამონაკლისი. შვილი დედას წლების განმავლობაში თავს ევლებოდა და «ხელისგულზე ატარებდა», რადგან ფიქრობდა, რომ აუცილებლად მამამისნაირი უნდა ყოფილიყო; მაშინ იგი ქალებსაც მოეწონებოდათ და თავადაც დედის მიერ შექმნილი, მიუწვდომელი მამაკაცის იდეალად გადაიქცეოდა.       თუ ახალგაზრდა კაცი ობსესიური სიმპტომის მეშვეობით ვერ შეძლებს საკუთარი იმპულსებისგან თავის დაცვას, მაშინ იგი უსაფრთხოების უფრო საიმედო ზომებს მიმართავს; მაგალითად, სექსუალური აზრების გამოვლენისას მას სხვა დამცავი რეაქციები გაუჩნდება; მაგრამ კრიტიკულ სიტუაციებში, შესაძლოა, ახალგაზრდა კაცს «გონება დაებინდოს» და, უეცრად, ხანმოკლე დროით გაითიშოს, რაც იმაზე მიანიშნებს, რომ სახიფათო სიტუაციას დიდი ძალისხმევით დააღწია თავი, თუმცა ამ დროს საშინელ დაღლილობას გრძნობს. ამრიგად, ობსესიურ პიროვნებას უამრავი შესაძლებლობა გააჩნია, კრიტიკული სიტუაციებიდან და კონფლიქტებიდან უვნებლად გამოსვლისა.       ბატონ ბ-ს ყოველი კვირის ბოლოს საშინელი ნევროზი ტანჯავდა. შაბათი ახლოვდებოდა თუ არა, გაურკვეველი, აუხსნელი შიში და დანაშაულის გრძნობა იპყრობდა. ამას ისეთი სომატური სიმპტომები ახლდა თან, როგორიცაა მოთენთილობა, თავის ტკივილები და დაღლილობა. მისი ასეთი მდგომარეობა მთელი კვირადღე და ორშაბათი დღის პირველ ნახევარში გრძელდებოდა, ნაშუადღევს კი, მისდა გასაკვირად, თავს ისევ ნორმალურად გრძნობდა.       ხანგრძლივი ფსიქოთერაპიული მკურნალობის პროცესში გამოვლინდა, როგორი იყო ის ცხოვრებისეული სივრცე, რომელშიც დაიწყო და განვითარდა პაციენტის დაავადება:       ბატონ ბ-ს მშობლებს ერთმანეთში საშინელი ურთიერთობა ჰქონდათ; მაგრამ ყველაზე დრამატული მოვლენა მათ ცხოვრებაში ის იყო, რომ ცოლ-ქმარი კვირის ბოლოს სისტემატურად თვრებოდა, რასაც ხმამაღალი შელაპარაკება, შეხლა-შემოხლა და ცემა-ტყეპაც კი მოჰყვებოდა ხოლმე. ბიჭი და მისი უმცროსი და ამის გამო მუდმივ შიშში იყვნენ და საწინააღმდეგო გრძნობებს განიცდიდნენ. ერთი მხრივ, ბავშვებს ეშინოდათ, რომ გააფთრებული მამა დედას რაღაცას აუტეხავდა, და, როგორც სიმთვრალეში ხშირად იმუქრებოდა, შეიძლებოდა ცოლი მოეკლა კიდეც. მეორე მხრივ, ისინი საშინელ სიძულვილს გრძნობდნენ, უპირველეს ყოვლისა, მამის მიმართ; ამ სიძულვილს ისიც აძლიერებდა, რომ მამა ჩხუბის დროს ბიჭს ხშირად აყენებდა შეურაცხყოფას, უტაქტო შენიშვნებს აძლევდა, მერე კი, უეცრად გრძნობამორეული, მოითხოვდა, მისთვის ეკოცნა, რასაც შეშინებული ბავშვი ზიზღით უსრულებდა. როდესაც კვირა საღამოს ბავშვები დასაძინებლად წვებოდნენ, მათ ხშირად ისევ ესმოდათ მშობლების ჩხუბი; ისინი ერთმანეთს ადანაშაულებდნენ და განქორწინებით იმუქრებოდნენ. ორშაბათობით მამა დილით ადრე მიდიოდა სამუშაოზე, მთვრალ დედას კი ჯერ ისევ ეძინა. ბავშვები საუზმეს თავად იმზადებდნენ და სკოლაში ისე მიდიოდნენ, რომ მშობლებს ვერ ხვდებოდნენ. ბიჭი ორშაბათობით გაკვეთილებზე თავს ცუდად გრძნობდა და სულ იმის შიშში იყო, რომ კვირა საღამოს შემდეგ, მშობლებს შეეძლოთ სახლში რაღაც უბედურება დაეტრიალებინათ. მან არ იცოდა, შინ დაბრუნებულს, დედა სახლიდან გაქცეული დახვდებოდა თუ არა, როგორც ქალი ამას ხშირად იმუქრებოდა. ბიჭი საშინლად განიცდიდა, რომ მის ოჯახში ასეთი სამარცხვინო ამბები ხდებოდა, და წუხდა, რომ, თანატოლებისგან განსხვავებით, თავად ვერაფერს მოუყვებოდა მათ მხიარულად გატარებულ კვირადღეზე; ამიტომ ცდილობდა, ასეთი საუბრებისთვის თავი აერიდებინა, რომ არავის გაეგო, რა უბედურება სჭირდა. ბუნებრივია, ასეთ სიტუაციაში ბიჭი სულ უფრო მეტ სიძულვილს გრძნობდა მშობლების მიმართ, მაგრამ მის ემოციურ მდგომარეობას ისიც ართულებდა, რომ მშობლები ძალიან ებრალებოდა; იგი გუმანით გრძნობდა, რომ ისინიც იტანჯებოდნენ და უბედურები იყვნენ.       ბიჭი ორშაბათს სკოლიდან შინ ბრუნდებოდა და ხედავდა, რომ სახლში სიწყნარე სუფევდა და უბედურება არ მომხდარიყო; ამ დროს მას შიში უქრებოდა, სიმშვიდე ეუფლებოდა და იმედი ეძლეოდა, რომ ახლა კვირის ბოლომდე აღარაფერი მოხდებოდა; მერე კი შაბათ-კვირის დღეებს რომ წარმოიდგენდა, კვლავ შიში იპყრობდა.       ამრიგად, ყოველი კვირის ბოლოს ბიჭი საშინლად აფორიაქებული იყო და საშუალება არ ჰქონდა, თავისუფალი დრო უზრუნველად გაეტარებინა. მშობლების ურთიერთობის გამო ცხოვრება აუტანლად ეჩვენებოდა, და თან იმაზეც ფიქრობდა, რომ სიმხნევე გამოეჩინა, საკუთარ სურვილებზე უარი ეთქვა, და მშობლებს «თავისი ამ შეგონებით», მსხვერპლის სახით დაპირისპირებოდა. ბატონმა ბ-მ ბოლოს და ბოლოს ისე გაითავისა ეს გრძნობა, რომ წლების განმავლობაში აღარც ძველ შიშს განიცდიდა და დანაშაულის გრძნობაც აღარ აწუხებდა. იგი ისევ და ისევ უხმობდა თავის «მაგიურ შეგონებას» და უარს ამბობდა საკუთარ სურვილებზე, თითქოს ამით კვლავ რაღაც უსიამოვნების თავიდან აცილებას ცდილობდა, რომელიც მას ყოველ წუთს ემუქრებოდა. ბატონ ბ-ს უხაროდა, როდესაც კვირადღე მთავრდებოდა და ორშაბათს კვლავ სამუშაოზე შეეძლო წასვლა; რა თქმა უნდა, ამის მიზეზი ისიც იყო, რომ არ იცოდა, საკუთარი თავისუფლება და თავისუფალი დრო რაში გამოეყენებინა.       ბატონი ბ. ბავშვობაში თავის იმპულსებს რომ აჰყოლოდა, მამას ერთხელ მაინც დაბეჯითებით მოახსენებდა თავის აზრს, პირში მიახლიდა, როგორ სძულდა და ეზიზღებოდა იგი, და, ვინ იცის, ამ დროს კიდევ რა საშინელებებს ჩაიდენდა. მაგრამ განა ბავშვს შეეძლო ამ კონფლიქტის გადაჭრა? მან იცოდა, რომ მამა ამის შემდეგ ცემით სულს ამოხდიდა, და ამით ოჯახში სიტუაცია უფრო გამწვავდებოდა. დედა, ალბათ, შვილის მხარეს დაიჭერდა და მამა მთელ ჯავრს ახლა მხოლოდ მასზე იყრიდა. სწორედ ეს კომპლექსური და რთული პრობლემები გახდა ბატონ ბ-ს ნევროზის მიზეზი; ნევროზი იცავდა მას, რათა რაიმე საშინელება არ ჩაედინა. მან ბავშვისთვის იმ «მაგიური შეგონების» ფუნქცია შეასრულა, რომელშიც გაერთიანდა სინანულის, სასჯელის, მსხვერპლისა და თვითბრალდების განცდები. და რაკი ბიჭი ვერც თავის სიძულვილს, ბოღმას და იმედგაცრუებას და ვერც ნატვრას, წუხილს და სირცხვილს გამოხატავდა, ამიტომ მათ დათრგუნვას ცდილობდა, რაც მოგვიანებით მისი აკვიატებული აზრებისა და ქცევების მიზეზი გახდა. ბატონ ბ-ს რომ მისცემოდა შესაძლებლობა, თავისი მდგომარეობა მშობლებისთვის აეხსნა, ან ვინმესთვის გაეზიარებინა – როგორ იტანჯებოდა და როგორ ჰქონდა გაგლეჯილი გული ურთიერთგამომრიცხავი გრძნობებით, მაშინ იგი საკუთარ თავს სულ სხვაგვარად წარმოაჩენდა და ობსესიურ პიროვნებად არ ჩამოყალიბდებოდა.       არსებობს გარემოებები, რომლებიც ობსესიური თვისებების ჩამოყალიბებას ასევე უწყობს ხელს იმ ბავშვებში, რომლებიც მხოლოდ მშობლების პიროვნულ ზეგავლენას კი არ განიცდიან, არამედ მათ სოციალურ როლთან და პრესტიჟთან დაკავშირებულ მოთხოვნებსაც უწევენ ანგარიშს. ასეთ შემთხვევებს ვხვდებით, მაგალითად, სამხედრო პირთა, მასწავლებელთა, ღვთისმსახურთა წრეებში და ოჯახის მამების სხვა პროფესიებში, რომლებიც უმთავრესად ორიენტირებული არიან გარეგნულ შთაბეჭდილებებზე და პრესტიჟზე, ხოლო ამ სფეროებში მუშაობა ვითარს ობსესიურ ქცევებს მოითხოვს. ძველი პრუსიული არმიის სამხედრო პირები ვაჟკაცურ, პროფესიულ იდეოლოგიას განასახიერებდნენ; ეს იყო: თავდაჭერილობა, შეუპოვრობა და სიმამაცე, ხოლო მათ გარეგნულ მხარეს «გაჯგიმული სიარული» და უნიფორმის მაღალი, დამდგარი საყელო აგვირგვინებდა.       მაღალი რანგის მავან ოფიცერს ორი ვაჟი ჰყავდა. პატივმოყვარე მამა მათზე დიდ იმედებს ამყარებდა და შვილებთან დაკავშირებით შორსმიმავალი გეგმები ჰქონდა. ვაჟიშვილებს პრუსიული სულისკვეთებით ზრდიდა და მათი მხრივ გრძნობების ნებისმიერ გამოვლინებას, მით უფრო ტირილს, უღირს საქციელად მიიჩნევდა («გერმანელი ახალგაზრდა არ შეიძლება ტიროდეს!»). მამა ოჯახში ყაზარმულ წესრიგს მოითხოვდა და შვილებს კარგად გაწრთვნილი რეკრუტების ცხოვრებით აცხოვრებდა. საღამოობით მამის წინ გაჯგიმულ ყმაწვილებს მისთვის უნდა მოეხსენებინათ – «დასაძინებლად მივდივართ». ამასთან უფროსი ვაჟი, თავის ერთი წლით პატარა ძმაზე ზუსტად ერთი საათით გვიან უნდა დაწოლილიყო, რადგან იგი, თითქოს რაღაც დამსახურების გამო, უფრო მეტი თავისუფლებით სარგებლობდა. უმცროსი შვილი მგრძნობიარე ყმაწვილი იყო და ხელოვნება აინტერესებდა, მაგრამ მამა მას არ სწყალობდა და «ქალაჩუნას» ეძახდა. «საერთოდ არ გეტყობა, რომ კაცი ხარ» – ეუბნებოდა შვილს, თუ შეამჩნევდა, რომ მან რაიმე გრძნობები გამოავლინა ან ცრემლები ვერ შეიკავა. ბიჭი ვერ ეგუებოდა მამის მკაცრი წრთობის მეთოდებს, ზამთარში ხელები ეყინებოდა და საშინლად სტკიოდა, ხელთათმანებს კი ვერ იცმევდა, რადგან მამას ეს «არაკაცურ» საქციელად მიაჩნდა. მერე მამამ გადაწყვიტა, ყმაწვილი იმხანად ერთ-ერთ ცნობილ სკოლაში შეეყვანა, სადაც ნაციონალ-სოციალისტი ფუნქციონერების შვილები სწავლობდნენ. რა თქმა უნდა, მას ამისთვის ბიჭის თანხმობა არ დასჭირვებია, რადგან მამებმა ხომ ყოველთვის ზუსტად იციან, რა უფრო სასიკეთოა მათი შვილებისათვის! ამრიგად, 15 თუ 16 წლის ბიჭი შეიყვანეს სკოლაში, სადაც მას სამხედრო წვრთნა უნდა გაევლო. იგი აქ თავს ძალზე უბედურად გრძნობდა და, არცთუ კარგად სწავლობდა. მალე ერთ-ერთი სამხედრო ვარჯიშის დროს ბიჭი ისე მკაცრად შეახურეს, რომ ენაბლუობა დასჩემდა; მოკლე ხანში მდგომარეობა ისე გაურთულდა, რომ სკოლაში მის დატოვებაზე ლაპარაკიც კი ზედმეტი იყო, რადგან აქ რჩეულ თაობას ზრდიდნენ. თავისი ენაბლუობის წყალობით, ბიჭმა მამა აიძულა, შვილზე ხელი ჩაექნია და მასზე ყოველგვარი პასუხისმგებლობა მოეხსნა. ამასთან, უეცარი «ენაბლუობა» ბიჭისთვის ერთადერთი მიზეზი იყო, რომელიც მამას აიძულებდა, თავისი გადაწყვეტილება შეეცვალა. ცხადია, შვილი მის წინააღმდეგ თავის პროტესტს ვერანაირად გამოხატავდა, რადგან ამ შემთხვევაში მამა მას მკაცრად დასჯიდა. თუმცა ასეთი რამ ბიჭს თავში აზრადაც არ გაუვლია; მისმა არაცნობიერმა მოქმედებამ, ამ სინდრომის წყალობით, შეძლო სასურველი მიზნისთვის მიეღწია. მისი მიზანი კი იყო, საძულველი სკოლისთვის ისე დაეღწია თავი, რომ თავად არაფერი დაბრალებოდა, მამისთვის წინააღმდეგობა არ გაეწია და თან მასზე სიამოვნებით ეძია შური; ბიჭი გრძნობდა, რომ მამა ამ სიმპტომის წინაშე უძლური იყო. ენაბლუობა ბიჭს საშინლად ტანჯავდა და დიდ უხერხულობას უქმნიდა; ეს ქვეცნობიერი თვითბრალდების გრძნობა იყო, რომელიც მისი პროტესტის შედეგად გამოვლინდა.       რამდენადაც აუცილებელია, რომ ბავშვი მშობლებთან ურთიერთობის ზღვარს გრძნობდეს და მათ ავტორიტეტს შეგნებულად აღიარებდეს, იმდენად სახიფათოა მისთვის ავტორიტარული აღზრდა, რომელიც ბავშვისგან უპირობო მორჩილებას მოითხოვს; ამ დროს მას არა აქვს უფლება, იკითხოს, რა მიზეზი აქვს ამა თუ იმ აკრძალვას. ამგვარი ავტორიტარული «აღზრდის» უკიდურეს გამოვლინებას წარმოადგენს «მასის ადამიანი», რომელიც ადრეულ წლებში შთაგონებული ბრმა მორჩილების გამო, უკან არაფერზე დაიხევს და ნებისმიერ ბრძანებას შეასრულებს. «ანტიავტორიტარული აღზრდა» (ვფიქრობ, უფრო მართებული იქნებოდა, თუ მას «არაავტორიტარულ აღზრდას» ვუწოდებდით) მეორე უკიდურესობაა, რამდენადაც იგი ხელს უწყობს ადამიანის აღვირახსნილი თვითნებობის გამოვლენას და მის თავისუფლებას არანაკლებ საფრთხეს უქმნის. არსებობს ისეთი მძიმე შემთხვევები, როდესაც ადამიანი, თავისი ჯიუტი ხასიათის გამო, რეალურ თუ ვითარს ძალადობას მთელი ცხოვრების მანძილზე ებრძვის; იგი ნებისმიერ ბუნებრივ წესრიგს ძალადობად აღიქვამს და მზადაა, მის წინააღმდეგ გაილაშქროს. ამ შემთხვევაში საქმე გვაქვს იმ მძიმე ხასიათის ადამიანებთან, რომელთა ემოციური განწყობის საფუძველი მათი თავნებობაა. ისინი ყველაფრის წინააღმდეგ გამოდიან, ჭირვეულად უარყოფენ ყველაფერს და ნერვების უკიდურესი დაძაბვით ცდილობენ შეისრულონ ის, რაც ბავშვობაში ეკრძალებოდათ.       კარლ გუსტავ იუნგი «პერსონას» უწოდებს ადამიანს, რომელიც რეალურ სამყაროში მნიშვნელოვან როლს თამაშობს ან თავს ასეთად მიიჩნევს. იმ ოჯახებში, სადაც ასეთ ადამიანებს განსაკუთრებით უწევენ ანგარიშს, ბავშვის ძალისმიერი მეთოდებით აღზრდა სანიმუშოდაა მიჩნეული. ამ დროს ბავშვმა უნდა იცოდეს, რომ მასთან ასეთ მოპყრობას მშობლებს თავიანთი «მდგომარეობა აიძულებს», ამასთან, საზოგადოებაც მოითხოვს მისგან, რომ კარგად აღზრდილი და სანიმუშო იყოს, თავისი წარმატებებითა და საქციელით სხვებისგან გამოირჩეოდეს, მშობლები «არ შეარცხვინოს». ამ დროს განსაკუთრებით რთულ მდგომარეობაში ის მასწავლებლები აღმოჩნდებიან ხოლმე, რომელთა მოსწავლეებიც ასეთი მამების მიერ აღზრდილი შვილები არიან. ბავშვში აუცილებლად გამოვლინდება მამის პიროვნული თვისებები და ოჯახში გამეფებული ატმოსფერო; ამიტომ იგი თავს უფლებას ვერ მისცემს, მშობლებს იმედი გაუცრუოს და თავისი საქციელით მათ სახელი შეულახოს. ამგვარი ძალადობრივი აღზრდა, შესაძლოა, ბავშვის ობსესიური განვითარების მიზეზი გახდეს, თუ იგი საკმაო სიძლიერეს არ გამოიჩენს, როგორც ამბობენ, «არ აიწყვეტს» და ამბოხს არ მოაწყობს. ბავშვის მხრივ ეს ჯანსაღი რეაქციაა, მაგრამ მშობლები ამას არ პატიობენ, რადგან ფიქრობენ, რომ ბავშვის ასეთი საქციელი მის «ცუდ ზნეზე» მეტყველებს და არა არასწორ აღზრდაზე. ბავშვის ამგვარ საქციელს ნებისმიერ გარემოში კიცხავენ, განსაკუთრებით ეს სოფლებზე და პატარა ქალაქებზე ითქმის, სადაც «მეზობლები» ასეთ შემთხვევებში მორალურ აღშფოთებას ნიშნის მოგებით გამოხატავენ.       ასეთ პროფესიონალ «პერსონას» თუ საზოგადოებრივ, სამსახურებრივ და სოციალურ პრესტიჟს უამრავი ბავშვი ეწირება მსხვერპლად; ამიტომ მხოლოდ ჭეშმარიტად დიდბუნებოვან მშობლებს შეუძლიათ, ბავშვების კეთილდღეობა სოციალურ პატივმოყვარეობაზე მაღლა დააყენონ.       ამასთან დაკავშირებით, ობსესიური პიროვნების კიდევ ერთ თვისებაზე გავამახვილებთ ყურადღებას: საკუთარი უსაფრთხოების მიზნით, ობსესიური ადამიანები მთლიანად საზოგადოებრივი აზრის ზეგავლენის ქვეშ ექცევიან და იმაზე არიან მიყურადებულნი, რას იტყვის ან რას არ იტყვის «ხალხი», ან როგორ იქცევიან ან არ იქცევიან საზოგადოების სხვა წევრები. ამაში ის აღზრდის შედეგებიც იჩენს თავს, როდესაც ამ ადამიანებს გამუდმებით უკრძალავდნენ რაღაცას და ამ აკრძალვების მიზეზს არასოდეს უხსნიდნენ. თუ ბავშვს რაიმე მოთხოვნას უყენებენ ან რამეზე აკრძალვას უწესებენ და ამ დროს გასაგებად არ უხსნიან ამის მიზეზს, ბავშვი მათ შესასრულებლად ნაკლებად განეწყობა. დღესდღეობით, უკვე ყავლგასული პატრიარქატის პირობებში, მიიჩნევენ, რომ მშობლები ყოველთვის მართლები არიან და მათი ავტორიტეტის ეჭვქვეშ დაყენება არ შეიძლება. ბიბლიაში აღწერილია, ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე, როგორ ეკრძალება პირველ მამაკაცს და ქალს ცნობადის ხიდან ნაყოფის მოწყვეტა, რაც, მათი ცნობისმოყვარე ბუნებიდან გამომდინარე, ადამიანის «ცოდვით დაცემას» იწვევს.       ქვემოთ მოყვანილმა მაგალითმა, შესაძლოა, ნათელი გახადოს, რა რთულად მიმდინარეობს ობსესიური პიროვნებების განვითარების პროცესი, რომელსაც მოკლედ აღვწერთ:       ოცდაათ წელს გადაცილებული, აკვიატებული აზრებით შეპყრობილი ქალი ჩაცმა-გახდას საათნახევარს, ბანაობას კი ორ საათს ანდომებდა. როდესაც იგი კლინიკაში სამკურნალოდ მოვიდა, გვითხრა, რომ ახლა უკვე ყოველდღიურად ექვსი საათის განმავლობაში ბანაობდა, ქმართან სექსუალურ ურთიერთობაზე უარს ამბობდა და შვილებს თავისთან მიკარებას უკრძალავდა. პაციენტი ლოგინში იწვა და თავადაც არაფერს ეხებოდა, რადგან ეშინოდა, რომ უწმინდურება «მოეცხებოდა», დაორსულდებოდა, ან თავისი შეხებით ყველაფერს წაბილწავდა. პაციენტს მეტასტაზებივით მოედო შიში, რომ, თუ «წაბილწულ» საგნებს, მაგალითად კარის სახელურს, ხელს მოჰკიდებდა, რომელსაც უამრავი ხელი ეხებოდა, თავადაც «წაიბილწებოდა». თუ მითიური მეფე მიდასი ხელის ერთი შეხებით ყველაფერს ოქროდ აქცევდა, ამ ქალის შემთხვევაში ყველაფერი «იბილწებოდა», რასაც მისი ხელი მოხვდებოდა.       კლინიკაში წინასწარი კონსულტაციის დროს, ქალი ფეხებაკეცილი იჯდა საწოლზე, მუხლებზე ხელები შემოეხვია და მთლიანად გაშეშებულიყო; სეანსის შემდეგ კი დაბუჟებულ და გახევებულ კიდურებს ძლივსღა ამოძრავებდა. როდესაც პაციენტი მისაღებ ოთახში შემოვიდა, ერთი წუთის განმავლობაში თავისთვის ჩურჩულებდა: «ბინძური არა ვარ, ბინძური არა ვარ!», და მხოლოდ ამის შემდეგ შემობრუნდა ჩემკენ. ქალი ახლა უკვე მხოლოდ ბანაობის დროს კი არა, ნებისმიერი საგნის შეხებისას იმეორებდა ამ «მაგიური შელოცვასავით» აკვიატებულ სიტყვებს. პაციენტი ამ დროს უკვე ფსიქოზის ზღვარზე იმყოფებოდა. იგი ამერიკის შეერთებული შტატების სამხრეთით მდებარე პატარა ქალაქში, პურიტანულ ოჯახში იზრდებოდა; ძალიან მკაცრი და მომთხოვნი დედა ჰყავდა, მამა კი გულჩვილი ხასიათის კაცი იყო და ცხოვრებას შიშის თვალით შეჰყურებდა. თავისი ქალიშვილის ქორწილის დღეს კი ისე ცუდად გამხდარა, რომ ლოგინში ჩაწოლილა და ცერემონიალში მონაწილეობა ვერ მიუღია. მიღებული აღზრდის წყალობით, პაციენტი მშობლებს ძალიან უწევდა ანგარიშს და პრობლემებს არასოდეს უქმნიდა; მშობლები კი ამაყობდნენ, რომ მათ პატარა ქალაქში გოგონას და მის ძმას ზრდილ და წესიერ ბავშვებად იცნობდნენ. დედ-მამა ცდილობდა, შვილები ყველა თვალსაზრისით სანიმუშონი ყოფილიყვნენ, ამიტომ მათ სიგარეტის მოწევა, ალკოჰოლიანი სასმელები, ცეკვებზე სიარული და ბანქოს თამაში სასტიკად ეკრძალებოდათ. პაციენტი საკვირაო სკოლაში დადიოდა, სადაც გოგონები და ბიჭები ცალ-ცალკე სწავლობდნენ. «კეთილი» მშობლები შვილებს არასოდეს სცემდნენ და არც უხეშად მიმართავდნენ. ამასთან დაკავშირებით, პაციენტმა ერთხელ ძალიან ნიშანდობლივი ფრაზა თქვა: «We killed each other with kindness».[2]       მკურნალობის დროს, სხვათა შორის, ისიც გაირკვა, რომ პაციენტის სამი წლით უმცროსი ძმა დედას გამორჩეულად უყვარდა. მას ოჯახში «გენიალურ» ბავშვად აღიარებდნენ და გოგონა ამას ეგუებოდა, რადგან ფიქრობდა, რომ თვითონ დიდი ნიჭით დაჯილდოებული არ იყო; მაგრამ თან იმის იმედი ჰქონდა, რომ თუ საკუთარ თავს სრულყოფდა, სიყვარულს ისიც დაიმსახურებდა. რა თქმა უნდა, ასეთ ვითარებაში გოგონა «წყენას» გულში იკლავდა და არ იმჩნევდა, რომ ძმის მიმართ შურსა და სიძულვილს გრძნობდა, თუმცა იმავდროულად მასაც და მშობლებსაც იდეალურ ადამიანებად წარმოიდგენდა. მალე გოგონას საგნებთან შეხების შიში აეკვიატა და ცდილობდა კარი ისე გაეღო, რომ მისი სახელური იდაყვით ჩამოეწია. მართალია, ოჯახის წევრები ამას ხედავდნენ, მაგრამ გოგონას «ანგარიშს უწევდნენ» და არ იმჩნევდნენ, რადგან ფიქრობდნენ, რომ მათი მხრიდან ამაზე ლაპარაკი უტაქტობა იქნებოდა და მას უხერხულ მდგომარეობაში ჩააგდებდა. და, რაკი პაციენტმა გარედან დახმარება ვერავისგან მიიღო, მისმა აკვიატებულმა აზრებმა და ქცევებმა სულ უფრო იჩინა თავი. გოგონას შემთხვევაშიც, ჩვეულებისამებრ, ადრევე შეინიშნებოდა აკვიატების ნიშნები: 7-8 წლის ასაკში იგი სკოლაში არ წავიდოდა, თუ წინდა ორივე ფეხზე ზუსტად, თანაბრად არ ჰქონდა მორგებული. თავისთავად ეს უკვე საგანგაშო სიგნალი იყო, მაგრამ მაშინ ამისთვის ყურადღება არავის მიუქცევია. ასეთი საქციელის გამო ბავშვებს ხშირად სჯიან ან დასცინიან ხოლმე. მაგრამ გოგონა ამისთვის იმხანად რომ დაესაჯათ ან მასხრად აეგდოთ, ეს მის მდგომარეობას უფრო გაართულებდა, რადგან, თავის დაცვის მიზნით, უფრო ფარული და ფრთხილი ზომების მიღებას შეეცდებოდა. ამჯერად კი ისე მოხდა, რომ გოგონა თავისი პრობლემების წინაშე სრულიად მარტო აღმოჩნდა. მკურნალობის დაწყებიდან რამდენიმე ხნის შემდეგ პაციენტს მივანიშნე – როგორც ჩანს, თქვენი ოჯახის იდეალიზაციას ახდენთ, რადგან თქვენს მიერ აღწერილ «უცოდველ» ოჯახურ გარემოში მსგავსი სიმპტომები არ გამოვლინდებოდა-მეთქი. მერე პაციენტს ისიც ვუთხარი, რომ, როგორც ჩანს, იმ აფექტებს და აგრესიებს, რომლებსაც იგი არამცთუ ვინმეს, საკუთარ თავსაც კი უმალავდა, ახლა უკვე თავის წინააღმდეგ მიმართავდა. ამ სიტყვების გაგონებაზე, პაციენტმა სიძულვილით შემომხედა და თავდაჯერებით მითხრა, ჩემი მშობლების მხრიდან მე მხოლოდ «კეთილგანწყობას ვგრძნობდიო». მაგრამ პაციენტის ამ ნათქვამმა მის მიერ მოგვიანებით მონაყოლ სიზმარში სრულიად საპირისპირო აზრი შეიძინა: «წინ მედგა დედაჩემის კუბო, რომელზეც რაღაც თარიღი ეწერა, ოღონდ არ მახსოვს, რა» (იმხანად პაციენტის დედა ჯერ კიდევ ცოცხალი იყო). მშობლებმა შვილის მკურნალობის პერიოდშიც არაფერი იცოდნენ მისი ავადმყოფობის შესახებ; ქალმა თქვა: «თუ მშობლებს მივწერდი, რომ გათხოვებამდე მამაკაცთან მქონდა კავშირი, ამით მათ საშინელ დარტყმას მივაყენებდი, ვიცი, რომ ისინი ამას ვერ გადაიტანდნენ. ამიტომ ისევ ჩემი ავადმყოფობა ვარჩიე». პაციენტი თავის ქალაქში ვერც ერთ ექიმთან ვერ მივიდოდა, რადგან იძულებული გახდებოდა, თავის სექსუალურ პრობლემებზე ელაპარაკა და ეღიარებინა, რომ მამაკაცთან გათხოვებამდე ჰქონდა სექსი. ამიტომ ქალმა ამჯობინა, შემდგომშიც თავისი აკვიატებული აზრებით ეცხოვრა. გათხოვების შემდეგ პაციენტს მდგომარეობა გაურთულდა, რადგან სიცოცხლით სავსე და ტემპერამენტიანი ქმარი მას მეტისმეტად დიდ მოთხოვნებს უყენებდა, მაშინ როცა ქალი სექსის ერთადერთ მიზანს შვილების გაჩენაში ხედავდა.       დამატებითი მოსაზრებები შეიძლება ითქვას, რომ ჩვევები ჩვენი აკვიატებული აზრებისა და ქცევების დასაწყისზე მიგვანიშნებენ; დილით ადგომა, ჩაცმა თუ სხვა «სასურველი ჩვევები» ადამიანს თავის დასამკვიდრებლად სჭირდება, მათი შესრულების დროს გარკვეულ თვითკმაყოფილებას გრძნობს და ადვილად ღიზიანდება, თუ ამაში რაიმე უშლის ხელს. მაგრამ ეს ჩვევები ჩვენში არავითარ დაძაბულობას და უსიამოვნო შეგრძნებებს არ იწვევს, ამიტომ მათ აკვიატებასაც ვერ დავარქმევთ. ჩვევები ადამიანს დროისა და ენერგიის დაზოგვის მიზნით უყალიბდება და მათი შეცვლა ან უგულებელყოფა შეუძლია, თუ ამას მოინდომებს ან მიზანშეწონილად მიიჩნევს. ჩვევებს ფართოდ აქვს გადგმული ფესვები ჩვენს სოციალურ, საზოგადოებრივ და რელიგიურ ცხოვრებაში; ისინი იმ წესრიგსა და ქცევის წესებს გვთავაზობენ, ყველანი ერთნაირად რომ ვიცავთ. აკვიატებულ აზრებსა და ქცევებზე კი მხოლოდ მაშინ შეიძლება ლაპარაკი, როდესაც ადამიანს სხვაგვარად მოქცევა არ შეუძლია და გარკვეულ სიტუაციებში თავისდაუნებურად ისეთ საქციელს ჩადის, რაც მას უაზრობად მიაჩნია.       ჩვენ ხისტ აღმზრდელობით მეთოდებსაც გავეცანით და დავინახეთ, რომ მეტისმეტად ავტორიტარულმა და პრინციპულმა აღზრდამ, შესაძლოა, ბავშვის განვითარების პროცესში ობსესიური თვისებების გამოვლინებას შეუწყოს ხელი, მით უფრო, თუ ამ მეთოდების გამოყენებას ძალიან ადრეულ ასაკში იწყებენ. როდესაც მშობლები ბავშვის არასასურველი ქცევის დათრგუნვას ცდილობენ, ამან შეიძლება ის შედეგი გამოიღოს, რომ ბავშვს პერფექციონიზმისადმი მიდრეკილება გაუჩნდეს და როგორც საკუთარი თავის, ისე სხვების მიმართ შეუწყნარებლობა და დიქტატორულ-დოგმატური ჩვევები გამოავლინოს. ობსესიური ადამიანი პერფექციონიზმს სადღაც მაინც გამოავლენს და მისმა ქმედებამ ამ დროს, შესაძლოა, უმართებულო და არასასურველი სახე მიიღოს. ობსესიურ პიროვნებას სამყარო ყოველთვის ისეთად წარმოუდგენია, როგორსაც იგი თავის წარმოსახვაში ხედავს. რა ძალითაც იგი საკუთარ თავში თავდაპირველი ცხოვრებისეული საწყისის ჩახშობას შეეცდება, იმავე სიძლიერით გამოვლინდება ეს მცდელობა აკვიატებად; რადგან მხოლოდ «ქაოსზე» და მის მართვაზე მიმართული წესები და კანონები გვაძლევს იმის გარანტიას, რომ არაფერი ისეთი არ მოხდება, რაც არ შეიძლება, რომ მოხდეს. აი, მაგალითად, კედელზე გვერდულად დაკიდებულმა სურათმა შეიძლება უკვე გააღიზიანოს კაცი არა მხოლოდ ესთეტიკური თვალსაზრისით, არამედ იმითაც, რომ ამ დროს დარღვეულია ის წესი და კანონი, რომლის თანახმადაც სურათები უნდა დაიკიდოს.       «ნორმიდან» ნებისმიერი ამგვარი უმნიშვნელო გადახვევა შემდეგ საფრთხეებს გულისხმობს: თუ სურათებს ყოველთვის გვერდულად დაკიდებენ, არავინ იცის, რა მოხდება შემდეგ. ხომ შეიძლება უწესრიგობამ მოიცვას ყველაფერი და კონტროლის სადავეები დაიკარგოს?! ობსესიური ადამიანების ზოგიერთი ქცევის წესი უფრო გასაგები გახდება, თუ გავითვალისწინებთ, რომ, დათრგუნული განწყობისა და მგრძნობიარე ბუნების გამო, ისინი წვრილმანებზე ძალიან რეაგირებენ და ზოგჯერ სწორედ ეს წვრილმანი ხდება მათი «დასასრულის დასაწყისი». სისტემურობის სულ მცირე დარღვევის და ყურადღების მოდუნების შემთხვევაში, შესაძლოა, დათრგუნულმა გრძნობებმა მთელი ძალით ამოხეთქონ და იმ თოვლის გუნდასავით აგორდნენ, გამოდევნილი იმპულსების ზვავს რომ იწვევს.       გეოლოგებს ეკუთვნით ერთი პარადოქსული მოსაზრება, რომელიც ნათელს გახდის ჩვენ მიერ გამოთქმულ აზრს: ადამიანი ძალიან სასარგებლო საქმეს ეწევა, როდესაც მთის ქანებს თხრის; მაგრამ გათხრის დროს, შესაძლოა, «ქანის ძარღვი» დააზიანოს; ამიტომ გეოლოგების რჩევაა, სიფრთხილე გამოვიჩინოთ და «ძლიერად არ დავკრათ» წერაქვი მთის ქანს. ობსესიურ ადამიანს სწორედ ამ სიფრთხილის დაცვა უჭირს. პერფექციონიზმი აიძულებს, ისევ და ისევ დიდი სიზუსტით აღიქვას მოვლენები. ასეთი სიზუსტე აუცილებელია ისეთი საქმიანობებისთვის, როგორიცაა, მაგალითად, მანქანის ფუნქციონირება ან მშენებლობის სტაბილურობა და სანდოობა. მაგრამ, რამდენადაც ეს სიზუსტე საჭიროა ასეთ სფეროებში, იმდენად ზღუდავს იგი შემოქმედებით აზროვნებას. მხოლოდ ობსესიურ ადამიანს შეუძლია სერიოზულად იკამათოს იმაზე, რამდენი ანგელოზი მოთავსდება ნემსის წვერზე. ობსესიური აზროვნება ადვილად შეიჭრება ტვინის სტერილურ ნეირონებში, ადგილს აღარ უტოვებს თავისუფალ შემოქმედებით ძალებს და მათი დამუხრუჭების მიზეზი ხდება. ობსესიურ პიროვნებას აუცილებლად მიაჩნია სავარაუდო შეცდომებისა თუ მცდარი ნაბიჯებისაგან თავის დაცვა; იგი გადაჭარბებულ მნიშვნელობას ანიჭებს რაიმე საქმეში კორექტივების შეტანას და შეცდომების გასწორებას, რაც შეიძლება დაუსრულებლად გაგრძელდეს, რადგან სრულყოფილებას ვერასოდეს მიაღწევს. ამის გამო ობსესიურ ადამიანებს გამუდმებით ემუქრებათ ის, რომ ისინი საკუთარ მოსაზრებებს და თვალსაზრისებს ad absurdum[3] მიიყვანენ, თუმცა ამ დროს ცდილობენ, ისინი აბსოლუტურად გაამარტივონ და მნიშვნელოვანი გახადონ. მაგრამ, თუ მათ ამ ქმედებას უფრო ფართოდ შევხედავთ, დავინახავთ, რომ ობსესიური ადამიანები ამით, შესაძლოა, ცხოვრებისეულ კანონს აღასრულებენ. ეს კი იმას ნიშნავს, რომ, როდესაც ისინი თავიანთი ჩამოყალიბებული, სანუკვარი აზრების წყალობით საწინააღმდეგო რეაქციას იწვევენ, ამით შესაძლებელი ხდება მათი რეალურად და ქმედითად შესწორება და შეჯერება, ეს სტიმულს აძლევს მათ შემდგომ განვითარებას და სტერილური მდგომარეობიდან გამოყვანას. ობსესიური ფრაზა «quod dixi, dixi», ანუ «რაც ერთხელ ვთქვი, ვთქვი, და აღარ გადავთქვამ!» გამორიცხავს შემდგომში განვითარების ყოველგვარ შესაძლებლობას. ობსესიური პიროვნების შინაგან განწყობას კარგად გამოხატავს ექსპერიმენტული ფსიქოლოგის ფრაზა: «ჩვენ ზუსტად არ ვიცით, რას ვზომავთ, მაგრამ, რასაც ვზომავთ, ზუსტად ვზომავთ».       ობსესიური ადამიანის ყოველდღიურ ცხოვრებაში დგება «კიდევ ერთხელ გადამოწმების აუცილებლობა»; მაგალითად, მას ეჭვი ეპარება, გაზის სახელური ნამდვილად გადაკეტა თუ არა, ან წასვლის წინ ოთახის კარი ღია ხომ არ დარჩა. ამ დროს, შესაძლოა, საქმე იქამდე მივიდეს, რომ ობსესიურ პიროვნებაში თავი იჩინოს მძიმე აკვიატების სინდრომებმა, რომლებიც შემდგომში თითქოს დამოუკიდებლად აგრძელებს არსებობას. ამ აკვიატებებსაც ობსესიური ადამიანი ისე განიცდის, როგორც მის არსებობაში შეჭრილ «რაღაც უცხო ძალას», რომელიც მის დათრგუნვას ცდილობს და რომლის გამოც მას სხვაგვარად მოქცევა არ შეუძლია. როგორც კი ობსესიური ადამიანი ამ იძულებითი, აკვიატებული ქმედებების შესრულებაზე უარს იტყვის, მას უმალ გაურკვეველი შიში და მოუსვენრობა შეიპყრობს.       ობსესიურ ადამიანს ასევე ჩვევად აქვს, თავისთავს და სხვებს დაუმტკიცოს საკუთარი აკვიატებული აზრებისა და ქცევების რაციონალურობა და გონივრულად წარმოაჩინოს ისინი; ალბათ, იმიტომ, რომ გრძნობს, რა უძლურია იგი ამ არაბუნებრივი საქციელის წინაშე და როგორ არ შეუძლია წინ აღუდგეს მას, თუმცა ამის აღიარება არ სურს. როდესაც ვიღაც მისთვის უცხო ტუალეტში უნიტაზზე ქაღალდს აფენს, იქიდან გამოსვლისას კარის სახელურს იდაყვით აღებს და ამას ინფექციის საფრთხეს უკავშირებს, ეს ნამდვილად მისი შეგრძნებების გაზვიადების შედეგია, მაგრამ ამგვარი საქციელი, შესაძლოა, ინფექციის შიშში გადაიზარდოს, რის შედეგადაც ობსესიურ ადამიანს ყველგან ბაქტერიები ელანდება; ამით იგი საკუთარ ცხოვრებისეულ სივრცეს ნელ-ნელა, უფრო და უფრო შემოსაზღვრავს და ამცირებს.       ამ ადამიანის შველა მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება, თუ იგი გააცნობიერებს თავისი აკვიატებების კონკრეტულ მიზეზებს, მერე კი მოახდენს საშიში და ამის გამო უგულებელყოფილი ცოცხალი იმპულსების ინტეგრაციას. ამ შემთხვევაში საქმე ობსესიური ადამიანის აგრესიულ და აფექტურ სექსუალურ იმპულსებს ეხება. როგორც უკვე აღვნიშნე, ობსესიურ ადამიანს ხანგრძლივად უხდება თავის დაცვა მისთვის საძულველი იმპულსებისაგან, ამიტომ, შესაძლოა, იგი ამით უშუალოდ არ იყოს დაკავებული. ეს გარემოება ნათელს ჰფენს იმ ადამიანების საქციელს, რომლებიც ფანატიკურად იბრძვიან რაღაცის წინააღმდეგ: უმანკოებისათვის მებრძოლი ფანატიკოსი ყველგან სექსუალურ პრობლემებს ხედავს და გამუდმებით «ბილწ სექსუალობას» კიცხავს, თუმცა ამას «ზნეობრივი მოტივით» ხსნის. ასეთი რამ საერთოდ სჩვევია ობსესიურ ადამიანს, რომელსაც ბოროტების წინააღმდეგ მებრძოლი უფრო ეთქმის, ვიდრე სიკეთის გულშემატკივარი.       ობსესიური სტრუქტურით გამორჩეული ერთი პიროვნება საათობით იჯდა ჩანჩქერის წინ და აღტაცებით შეჰყურებდა იმას, რისი უნარიც თავად არ გააჩნდა – ეს იყო ჩანჩქერის ვარდნა და წყლის ნაკადის მოძრაობა. ამ დროს მას იმის შიში არ ჰქონდა, რომ წყლის ვარდნას უეცრად რაღაც შეაჩერებდა და ეს ყველაფერი დამთავრდებოდა. ბუნებრივია, წარმავლობის წინააღმდეგ მიმართული უსაფრთხოების ზომები ობსესიურ პიროვნებებში დროსთან და ფულთან დამოკიდებულებაშიც იჩენს თავს. ამ შემთხვევაში, წარმავლობასთან ერთად, ჩვენში იმის უნარსაც ძლიერად შევიგრძნობთ, რომ შეგვიძლია გამოვიყენოთ მუდმივობისა და უსაფრთხოების ჩვენეული ილუზიის ძალა; მე ვიცი, როგორ განვკარგო საკუთარი დრო და ფული, რადგან ეს მხოლოდ ჩემს ნებაზეა დამოკიდებული. ივო ანდრიჩი[4] თავის რომანში «ფროილაინ» შესანიშნავად აღწერს ობსესიური პიროვნების ტრაგიკულ ბედს.       შემზარავია ამერიკის დამკრძალავი ბიუროების მიერ შემოღებული წესი, რომლის თანახმადაც, წარმავლობისა და სიკვდილის სრული უგულებელყოფა ხდება. აქ მიცვალებულებს ისე ოსტატურად რთავენ და ალამაზებენ, რომ ისინი ცოცხლების შთაბეჭდილებას ტოვებენ. ამ საქმეში კიდევ უფრო შორს მიდიან ის შეძლებული ადამიანები, რომლებიც დიდძალ ფულს იხდიან თავიანთი მიცვალებულების გასაყინად, იმ იმედით, რომ, მეცნიერების განვითარების შედეგად, მომავალში შესაძლებელი გახდება მათი გალხობა და გაცოცხლება. მაგრამ უკვდავება ხომ მხოლოდ იმათი ხვედრია, ვინც სიკვდილის შესახებ არაფერი უწყის?! საერთოდ, სიკვდილთან, მათ შორის საკუთართან, თანამონაწილეობა ადამიანის თვისებაა და მხოლოდ ამის წყალობით შეიგრძნობს იგი თავს ნამდვილ ადამიანად.       ახლა გვინდა, ობსესიური პიროვნებებისთვის დამახასიათებელი ქცევის წესები ცხოვრების არსებით სფეროებთან მიმართებაში განვიხილოთ; რელიგიური თვალსაზრისით, ისინი დოგმატური და ორთოდოქსალური აზროვნების ადამიანები არიან და «სხვაგვარად მოაზროვნეებისადმი» შეუწყნარებლობით გამოირჩევიან. მამა ღმერთი მათ ხშირად მკაცრ და შურისმაძიებელ მსაჯულად წარმოუდგენიათ, რომელსაც ყველა პატრიარქალური თვისება ახასიათებს და უცილობელ რწმენას და მორჩილებას მოითხოვს. მაგრამ ობსესიური პიროვნებები უფრო ხშირად ცრურწმენებისა და მაგიური წარმოდგენების ტყვეობაში იმყოფებიან; მათთვის რელიგიურ რიტუალებში მონაწილეობა უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე თავად რწმენა. ცოდვების ფულით გამოსყიდვისა და ინდულგენციებით ვაჭრობა სწორედ ობსესიური ადამიანის ტვინიდან წამოსული იდეა უნდა იყოს. ლოცვების წაკითხვითა და რიტუალების შესრულებით ისინი უბრალოდ წესებს ემორჩილებიან და მათი გრძნობები ამ დროს ვერ სწვდებიან სულის შინაგან სიღრმეებს.       ნიკოლაი ლესკოვი[5] მოთხრობაში «სკომოროხი პამფალონი» შთამბეჭდავად აღწერს ობსესიური ადამიანის პერფექციონისტულ ღვთისმოსაობას და მას უბრალო «სკომოროხის» ადამიანურ თვისებებს უპირისპირებს.       ობსესიური პიროვნებები ყოველთვის ზუსტად იცავენ ინსტიტუციონალურ წესებს თუ პრინციპებს და მექანიკურად, უაზროდ ასრულებენ მათ. რაც უფრო მეტად აცნობიერებენ შიშისგან თავდაცვის მნიშვნელობას, მით უფრო შეურიგებლები არიან ყოველგვარი ცვლილების მიმართ, რადგან ფიქრობენ, რომ მათ ამ თავდაცვას საფრთხე შეექმნება. მაგრამ სწორედ იმის გამო, რომ ობსესიურ პიროვნებებს ყველაფერი აბსოლუტის რანგში აჰყავთ, მათ რწმენას გამუდმებით საფრთხე ემუქრება, რადგან ისინი საკუთარ თავს შეკითხვების დასმისა და ეჭვების გამოთქმის უფლებას არ აძლევენ. ალბათ, სწორედ ამის გამო მიმდინარეობს მათ შორის სასტიკი რელიგიური ომები; ამით უნდა იყოს გამოწვეული მათი ახალ-ახალი მცდელობებიც – ჩაახშონ და მოსპონ ადამიანში ყოველგვარი ეჭვი, თუმცა დაგუბებულმა გრძნობებმა, შესაძლოა, მკრეხელური აზრების სახით გადმოხეთქოს. ძალის პოლიტიკიდან გამომდინარე, ეკლესია ბოროტად იყენებს რელიგიას და ცდილობს, მორწმუნეებს შიშისა და დანაშაულის გრძნობა შთაუნერგოს. ამით იგი ხელს უწყობს ადამიანებში ობსესიური სიმპტომების განვითარებას, რასაც რელიგიური ხასიათის ხშირი ნევროზები ადასტურებს. დღესდღეობით აშკარად შეინიშნება ადამიანების მცდელობა, გათავისუფლდნენ ეკლესიის მეურვეობისაგან და თავი დაიცვან მისი გავლენისაგან.       ობსესიური პიროვნებები ხშირად კრიზისს განიცდიან, როდესაც მათი მკაცრი პრინციპები, თვალსაზრისები და თეორიები ახალ მიღწევებს, ცოდნას და პროგრესს უპირისპირდება, რაც მათ ორიენტაციას საფრთხეს უქმნის, საკუთარი აზროვნების წესზე უარისთქმას აიძულებს და მათ უსაფრთხოებას ან ქონებას ემუქრება.       ობსესიური პიროვნებები, როგორც წესი, საიმედო, თანმიმდევრული და კარგი მშობლები არიან; მათ განვითარებული აქვთ პასუხისმგებლობის გრძნობა, ამასთან, საკუთარი ფასეულობების დაცვას და ცხოვრებაში გატარებას ცდილობენ. მაგრამ ობსესიური თვისებების გართულებასთან ერთად, ისინი უკიდურეს სიჯიუტეს ავლენენ. ცნობილია მათი გამონათქვამები: «სანამ ცოცხალი ვარ, არაფერი შეიცვლება»; «ამის უფლებას ბავშვობაში ჩვენც არ გვაძლევდნენ»; «თუ ასეთი რამ ერთხელ კიდევ განმეორდა, ჩვენ შორის ყველაფერი დამთავრდება!» და ა.შ.       ობსესიური პიროვნებები ანგარიშს არ უწევენ ბავშვის ასაკს და ხასიათს, ყველა თვალსაზრისით, უზღუდავენ მას სამოქმედო სივრცეს, და ამ საკითხებზე მეტად ბუნდოვანი წარმოდგენა აქვთ. მათი მთავარი პრინციპები გამოიხატება ფრაზით: «ვინც ტყუილს ერთხელ იტყვის, მას აღარავინ დაუჯერებს». ისინი ხშირად იმეორებენ სიტყვებს: «მორჩა და გათავდა!» ობსესიური პიროვნებები თავიანთ «არას» პრინციპულ მნიშვნელობას ანიჭებენ, საკუთარი თვალსაზრისის გატარებას ახსნა-განმარტების გარეშე ცდილობენ, და ამ დროს ყოველგვარ წინააღმდეგობას გამორიცხავენ. ისინი ბავშვის აღზრდის პროცესში მისგან ბრმა მორჩილებას მოითხოვენ და შთააგონებენ, რომ დაშვებული შეცდომების გამოსწორება ძალიან ძნელია; ამასთან, ბავშვს სულ მცირე გადაცდომასაც ხშირად შეახსენებენ და მისდამი შეურიგებლები არიან; ხოლო ბავშვს, რომელიც უფროსებისაგან პატიებას დიდხანს ვერ ეღირსა, სასჯელის წინაშე შიშისა და დანაშაულის გრძნობა უძლიერდება.       ობსესიური პიროვნებები ძალიან ადრეულ ასაკში უწესებენ ბავშვს ქცევის ნორმებს; მათი აზრით, თუ მას თავის ნებაზე მიუშვებენ, ეს ცუდად იმოქმედებს მის შემდგომ განვითარებაზე. ასეთი მშობლები მიიჩნევენ, რომ ბავშვმა უნდა გაიაროს გამოცდა, რომლის დროსაც იგი გამოავლენს მისი ასაკისთვის სახიფათო თვისებებს; ამასთან, ბავშვს უყენებენ უამრავ მოთხოვნას, რომელთა სრულყოფილად შესრულება მას ძალიან ადრეულ ასაკში ევალება. ეს მოთხოვნები დაკავშირებულია უაზრო, პუნქტუალურ ქმედებებთან და წესრიგის პედანტურად დაცვასთან; მაგალითად, ბავშვისგან მოითხოვენ, რომ «მან ყველაფერი შეჭამოს, რასაც თეფშზე დაუდებენ». ამ დროს ბავშვს არა აქვს უფლება, თავისი აზრი გამოხატოს და თქვას, რის და რამდენის ჭამა სურს. თუ იგი თავისი ასაკისთვის დამახასიათებელ სიჯიუტეს მაინც გამოიჩენს, მშობლები მასში მომავალ «მეამბოხეს» ხედავენ და ცდილობენ ბავშვში ეს «უკეთურება» დროულად აღმოფხვრან. მეტისმეტი მოთხოვნა, რომ «ბავშვმა ყველაფერი ადრევე უნდა ისწავლოს», მას საკუთარი თავის რწმენას აკარგვინებს და არასრულფასოვნების კომპლექსს უჩენს. ბავშვმა იცის, რომ მშობლების სიყვარულს მხოლოდ იმ შემთხვევაში დაიმსახურებს, თუ კარგად და წესიერად მოიქცევა; ესეც შეიძლება მიზეზი გახდეს იმისა, რომ იგი პატივმოყვარე ან გულგატეხილ ადამიანად ჩამოყალიბდეს. შიში და მეტისმეტი მოთხოვნები ბავშვის ექსპანსიურ და აგრესიულ, უპირველეს ყოვლისა კი, მის სექსუალურ იმპულსებს ამუხრუჭებს. ადრეულ ასაკში იგი ჯერ ვერ მართავს თავის მოტორულ მოძრაობებს, რის გამოც, თავისდაუნებურად, ნივთებს აფუჭებს, ამტვრევს. ამ დროს მშობლები ფიქრობენ, რომ ბავშვმა ასეთი საქციელი განგებ ჩაიდინა და მის ამ «განზრახვას» რაღაც დამანგრეველ თვისებას მიაწერენ. ასეთი მოპყრობის შედეგად, შესაძლოა, ბავშვმა თავისი მარცხი საკუთარ სხეულს გადააბრალოს და მისდამი ნდობა დაკარგოს, რაც სამომავლოდ მის ტლანქ, მოუხეშავ და «დონდლო» მოძრაობებში გამოვლინდება. ამის მაგალითებს ჩვენ უკვე გავეცანით. ამგვარი აღზრდის მეთოდი ბავშვს ძირშივე უსპობს ყოველგვარი განვითარების უნარს, მშობლებს კი, უკეთეს შემთხვევაში, ლაღად აღმართული, ტოტებგაშლილი ხის ნაცვლად, მიწაზე გართხმული, ხვიარა მცენარე შერჩებათ ხელში. ობსესიური მშობლების მიზანს უფრო ბავშვის გაწვრთნა შეადგენს და არა მისი აღზრდა; ამიტომ ასეთი ბავშვები ხშირად მარიონეტებად ყალიბდებიან. ასეთ შემთხვევებში ხშირად თავს იჩენს მშობლების სადისტური თვისებები. ისინი ცდილობენ, ბავშვი შეურაცხყონ, მკაცრად დასაჯონ და მორჩილებას მიაჩვიონ, რათა თავიანთი ძალა აგრძნობინონ. ბავშვის «კუთხეში დაყენება» და ცემა-ტყეპა, ჯერ კიდევ გასული საუკუნის დამდეგს, სკოლაში და ოჯახში დასჯის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული საშუალება იყო. «ბოდიშის მოხდა» და «პატიების თხოვნაც» («ასე აღარასოდეს მოვიქცევი») იმ ღონისძიებებს განეკუთვნება, რომლებიც ლახავს ბავშვის პიროვნულ ღირსებას, რადგან მისგან ამ დროს ისეთ რამეს მოითხოვენ, რაც ძალების დიდ დაძაბვას მოითხოვს.       აღზრდის შეზღუდული მეთოდი ობსესიურ მშობლებს არ აძლევს საშუალებას, შვილები თავისუფალი ბავშვობით უზრუნველყონ, რომელიც თავად არ ღირსებიათ. ასეთი მშობლები განუხრელად იცავენ იმ ტრადიციას, რომელიც მათი აღზრდის საფუძველს შეადგენდა და მათივე საშინელი ტანჯვის მიზეზი იყო. ამის გამო ობსესიურ მშობლებს მწვავე კონფლიქტი აქვთ ახალგაზრდა თაობასთან, რადგან საკუთარი წეს-ჩვეულებების დათმობა არ სურთ. ეს ადამიანები კვლავაც განაგრძობენ «ნაცადი» მეთოდების გამოყენებას და იმას კი ვერ ხვდებიან, რომ ცხოვრება წინ მიდის და თაობები იცვლება. ძველსა და ახალს შორის დაუნდობელი ბრძოლა იწყება. ობსესიური ადამიანების აზრით, ახალგაზრდობას მათ თავიანთი ძალა და უპირატესობა შემდგომშიც უნდა დაუმტკიცონ; ამასთან, საკუთარი შეცდომების აღიარება არ სურთ, რადგან ჰგონიათ, რომ ამით საკუთარ თავს რაღაც ცოდვებს შეუნდობენ. და, რაკი თავს აბსოლუტურ ავტორიტეტებად მიიჩნევენ, ცდილობენ, ახალგაზრდებზე უცდომელი ადამიანების შთაბეჭდილება მოახდინონ.       ობსესიურ ადამიანებს განსაკუთრებით მწირი და უფერული სიზმრები ესიზმრებათ. ამასთან, ისინი ძნელად იმახსოვრებენ მათ, ისევე როგორც საერთოდ ძალიან უჭირთ სულის ღრმა და ქვეცნობიერი შრეების წვდომა.       ისინი სიზმრების მიმართ უნდობლობას გამოთქვამენ, მათ სერიოზულად არ აღიქვამენ და «ქაფს» უწოდებენ. ობსესიური პიროვნებების სიზმრებში ცხოვრებისეულ მოვლენებს უფრო ტექნიკური და მექანიკური პროცესები ცვლის; ეს სიზმრები ნათელყოფს, რა შორს დგანან ობსესიური ადამიანები ჩვეულებრივი ადამიანური, ფიზიკური და ბუნებრივი მოვლენებისაგან. მათი სიზმრები ხშირად საჩოთირო, ანალური შინაარსისაა და იმაზე მიუთითებს, რომ ამ ადამიანების აკვიატებული ქცევები მათსავე ჰიგიენურ აღზრდას უკავშირდება. ობსესიური ადამიანების დამუხრუჭებული აგრესია სიზმრებში ბუნებრივი კატასტროფების სახით ვლინდება (ვულკანის ამოფრქვევა, მიწისძვრა, ჯებირის გარღვევა და ა.შ.); ხშირად გვხვდება იმპულსისა და საპირისპირო იმპულსის, ასევე ჩადენილი დანაშაულის თემატიკა, რომელიც ერთსა და იმავე სიზმარში წამოიჭრება.       ნაწილობრივ ობსესიური სტრუქტურის მქონე პიროვნებებს, ზემოხსენებულის გარდა, ისეთი პროფესიები აინტერესებთ, რომლებიც ადამიანისაგან მოითხოვს სიზუსტეს, საიმედოობას. ამ პროფესიების ადამიანები უფრო მტკიცე ნებისყოფით, საფუძვლიანობით და მოთმინებით გამოირჩევიან, ვიდრე ინიციატივით, მოქნილი აზროვნებითა და შემოქმედებითი თავისუფლებით. ობსესიური ადამიანები გამორჩეულად სანდო პროფესიონალები არიან, თავიანთ საქმეს ერთგულად ემსახურებიან და, ზომიერი ობსესიური თვისებების შემთხვევაში, დიდ წარმატებებს აღწევენ; ამასთან, სასურველია, ისეთ საქმიანობას მიჰყონ ხელი, რომელიც მათ საკუთარი გადაწყვეტილებების მიღებისა და იმპროვიზაციისაგან გაათავისუფლებს.       ობსესიური პიროვნებები უმთავრესად პედანტი, საჯარო მოხელეები არიან, რომლებიც საკუთარ პასუხისმგებლობას და მოვალეობას მშვენივრად აცნობიერებენ. მათ შორის ვხვდებით ხელოსნებს, რომელთა ხელობაც განსაკუთრებულ სიზუსტეს მოითხოვს. ობსესიური პიროვნებები ხშირად მუშაობენ ასევე სხვადასხვა საბუნებისმეტყველო დარგის სპეციალისტებად, იურისტებად, ფინანსისტებად, პედაგოგებად და სასულიერო პირებად; ისინი თანმიმდევრულად უძღვებიან ნებისმიერ გეგმურ სამუშაოს; ამ დროს ძალიან ძნელია დადგენა, სად გადის მათი პოზიტიური და ნეგატიური თვისებების ზღვარი. მაგალითად, ერთი მხრივ, შევხვდებით პასუხისმგებლობით აღსავსე, ჭეშმარიტების მაძიებელ მსაჯულს, მეორე მხრივ კი – პედანტ მოსამართლეს, რომელიც კანონს ჩაჰკირკიტებს და სიტყვა-სიტყვით განმარტავს. მისთვის დანაშაული დანაშაულია, ამიტომ არ აინტერესებს მისი ფსიქოლოგიური და სოციალური მოტივაცია; მისი აზრით, ამის ცოდნა შეარყევს სისტემის საფუძვლებს. ამრიგად, სისტემა მოსამართლეს არა მხოლოდ ძალაუფლებას ანიჭებს, არამედ განაჩენის გამოტანის დროს შინაგან სინდისსაც უხშობს.       სასულიერო პირი, შესაძლოა, მრევლისთვის სანიმუშო სულიერი მამაც იყოს და, იმავდროულად, ზნეობის დაუღალავი მქადაგებელიც, რომელიც ადამიანებს ჯოჯოხეთის ტანჯვით ემუქრება, მათში შიშსა და დანაშაულის გრძნობას აღძრავს.       ობსესიური ადამიანები ინტერესს ძირითადად ისტორიის მიმართ იჩენენ; გარდა საკუთრივ ისტორიისა, ისინი შეისწავლიან ხელოვნების, მედიცინის, ფილოსოფიისა და სხვათა ისტორიას; მათთვის ახლობელია გარდასული მოვლენები, ე.ი. ის, რამაც უკვე ჩაიარა, რაც დროის მდინარებას აღარ ემორჩილება და ამიტომ დროის მიღმა არსებობს. ობსესურ ადამიანებს ასევე იზიდავთ არქეოლოგია, ანტიკური ისტორია და გამოყენებითი დარგები; მათ შორის ვხვდებით ძველი პერიოდების შემსწავლელ ფილოლოგებს და პრეისტორიული ხანით დაინტერესებულ ისტორიკოსებს.       ობსესიურ პიროვნებებს განსაკუთრებით პოლიტიკა იზიდავთ. მათი ძალაუფლების მოყვარული ხასიათიდან გამომდინარე, ამ სფეროში შესაძლებლობა ეძლევათ, თავიანთი თვისებების რეალიზაცია ლეგიტიმურად მოახდინონ, მაგრამ როგორ მოახერხებენ ამას, ეს უკვე მათ ხასიათზეა დამოკიდებული. ობსესიური პიროვნება კონსერვატორული ბუნებით გამოირჩევა; იგი მზადაა, თავის პარტიას თუ არსებულ რეჟიმს ერთგულად ემსახუროს, თუნდაც იმიტომ, რომ, მისი აზრით, ყველაფერი «ძველი» უკვე ნაცადი და გამოცდილია. ობსესიური პიროვნებისთვის მიუღებელია ექსტრემიზმის ნებისმიერი გამოვლინება და ექსპერიმენტები.       გასაგები მიზეზების გამო, ობსესიურ პიროვნებას, ასაკთან ერთად, უძლიერდება მისთვის დამახასიათებელი თვისებები. ცნობილია, რომ, ღრმა ცხოვრებისეული ინსტინქტიდან გამომდინარე, ადამიანს საერთოდ აქვს მიდრეკილება, შეინარჩუნოს ის, რაც მას ჯერჯერობით გააჩნია, და ამ გზით შეაჩეროს დროის მდინარება. ამრიგად, ობსესიურმა ადამიანმა, შესაძლოა, თავისი განწყობა მეტად უჩვეულო ქცევებით გამოხატოს. მას სურს, თავისი ძალაუფლება და პოზიცია, რადაც არ უნდა დაუჯდეს, მომავალშიც შეინარჩუნოს, მაშინაც კი, როდესაც ასაკის გამო აღარ შესწევს ძალა, კვლავაც იბრძოლოს მისთვის საძულველი სიახლეებისა და ახალგაზრდული წამოწყებების წინააღმდეგ. ობსესიურ პიროვნებას სიბერესთან შეგუება განსაკუთრებით უჭირს, რადგან აქამდე თუ იგი მთლიანად გადართული იყო თავის საქმიანობაზე და საკუთარი სურვილით მოქმედებდა, ახლა იმას უნდა მიეჩვიოს, რომ ყველაფერი თავის ნებაზე მიუშვას და გათავისუფლდეს მისგან. იგი კმაყოფილებით აღნიშნავს, რომ შეუცვლელია, მაგრამ იმის გამო, რომ ძალები ელევა, იპოქონდრულ მდგომარეობაში ვარდება, თვითდაკვირვებას აწარმოებს და საკუთარ ჯანმრთელობაზე ზრუნვას ფანატიზმამდე მიჰყავს. იმის გამო, რომ ობსესიური პიროვნება მხოლოდ პოზიციების დათმობასა და ჩვეულ საქმიანობაზე ამახვილებს ყურადღებას, ვერ აცნობიერებს დაბერების «სიკეთეს», რომელიც მას მოვალეობებისაგან ათავისუფლებს და შესაძლებლობას აძლევს, შეურიგდეს იმას, რაც ახლა მის თავს ხდება.       შესაძლოა, მეტისმეტმა სიჯიუტემ ობსესიური ადამიანის სიკვდილი განსაკუთრებით მტანჯველი გახადოს; რაკი იგი ნებისმიერ დათმობას სისუსტედ აღიქვამს, ამიტომ ხშირად სიკვდილთან სასტიკ ბრძოლაში ჩაებმება ხოლმე.       ობსესიური ადამიანები ზოგჯერ სწორედ სიბერეში აღწევენ პატრიარქალურ დიდებას და პატივისცემას და საკუთარი ფასეულობების სიმბოლოებიც კი ხდებიან. ამ დროს მათთვის სიკვდილი ბუნების კანონია, რის გამოც მასთან ბრძოლას აზრი არა აქვს. სიკვდილი ის უკანასკნელი რეალობაა, რომლის წინაშეც, როცა ამის დრო დადგება, ადამიანმა ქედი უნდა მოიხაროს და ღირსეული სიმშვიდით მიიღოს იგი. ობსესიური ადამიანები დროულად აგვარებენ თავიანთ საქმეებს და წინასწარ ადგენენ ანდერძს. ზოგი მათგანი, ანდერძში ჩაწერილი მითითებებით, ცდილობს საკუთარი ძალაუფლება სიკვდილის შემდეგაც აგრძნობინოს ადამიანებს. თუ ობსესიურ პიროვნებას საღი განსჯის უნარი დაკარგული აქვს და მხოლოდ იმაზე ფიქრობს, რომ სიცოცხლე ნებისმიერ ფასად გაიხანგრძლივოს, მაშინ იგი ცოცხალ გვამს ემსგავსება. გამოდევნილი სიკვდილის შიშს მასში ზედმეტი ნივთების შეგროვების სურვილი ჩაანაცვლებს. იგი გადასაგდებად ვერც ერთ ნივთს ვერ ელევა და გაურბის ყველაფერს, რაც მას წარმავლობას და დასასრულს შეახსენებს.       ახლა შევეცდებით მოკლედ აღვწეროთ ის გზა, რომელსაც ნაწილობრივ ობსესიური ადამიანი დაავადების უკიდურეს გამოვლინებამდე გაივლის. ამ დროს ორ შემთხვევასთან გვაქვს საქმე:       ძლიერი ხასიათის, ქმედითი ობსესიური ადამიანი, რომელიც გამოირჩევა საქმისადმი კეთილსინდისიერი დამოკიდებულებით და მოვალეობის გრძნობით, ჩამოყალიბდება პატივმოყვარე, ჯიუტ, მოწუწუნე და ახირებულ პედანტად. იგი ხშირად ძალაუფლებისმოყვარული დესპოტისა და ავტოკრატის თვისებებით გამოირჩევა, რომელიც, აკვიატებული აზრებისა და ქცევების წყალობით, სრულად გამოავლენს ობსესიური დაავადების ყველა თავისებურებას. ბოლო ადგილს ამ გზაზე კატატონიით შეპყრობილი ადამიანი დაიკავებს.       სუსტი ხასიათის, არაქმედითი ობსესიური ადამიანი შემგუებლობით, საკუთარ უსაფრთხოებაზე ზრუნვით და ცხოვრების წინაშე შიშით გამოირჩევა. ეს არის ეჭვიანი, მოყოყმანე, წუწუნა, მლიქვნელი, მშიშარა პედანტი და ასკეტი იპოქონდრიკი. ამ გზის ბოლოს მძიმე ობსესიით შეპყრობილი ადამიანები დგანან.       ჯანმრთელი ადამიანი, რომელიც ოდნავ შესამჩნევ ობსესიურ ნიშნებს გამოავლენს, გამოირჩევა თავისი სტაბილურობით, ამტანობით და მოვალეობის გრძნობით; ამასთან, იგი მიზანსწრაფული და გამრჯეა. ვინაიდან ეს ადამიანი შორსმიმავალ მიზნებზეა ორიენტირებული, მას აღარ აინტერესებს მიღწეული წარმატებები და ამ წარმატებებით ტკბობა; თანმიმდევრული ხასიათის, სიყოჩაღისა და დაჟინებულობის წყალობით, მას რეალობის აღქმის უტყუარი უნარი და პასუხისმგებლობის გრძნობა გააჩნია, რაც შესაძლებლობას აძლევს, წარმატებას მიაღწიოს. როგორც წმინდა ადამიანური, ასევე ზნეობრივი თვალსაზრისით, ამ პიროვნების დამახასიათებელ თვისებებს წარმოადგენს: სიდარბაისლე, კორექტულობა, სანდოობა, ხასიათის სიმტკიცე და ჰიგიენურობა; გრძნობებს ერთობ თავდაჭერილად გამოხატავს, თუმცა თანადგომისა და დახმარების უტყუარი უნარით გამოირჩევა; ყველაფერი წინასწარ მოფიქრებული აქვს და ადვილად არ გადაუხვევს ერთხელ დასახულ მიზანს; ახასიათებს საქმისადმი სერიოზული დამოკიდებულება, იცავს საკუთარ თვალსაზრისს, გამოირჩევა კეთილსინდისიერებით და ცდილობს, ობიექტური იყოს. რაინჰოლდ შნაიდერი[6] თავის წიგნში «ფილიპ II» სწორედ ამ მასშტაბის, ძლიერი ტიპის ადამიანს აღწერს. მაგრამ ზომიერი ობსესიური თვისებების მქონე პიროვნებები საკუთარ თავს საფრთხეს იმით უქმნიან, რომ მათთვის საჭირო მუდმივობისა და უსაფრთხოების შეგრძნებას მეტისმეტად ცალმხრივ მიმართულებას აძლევენ. აქედან გამომდინარე, ისინი მიიჩნევენ, რომ აღიარებული უნდა იყოს მათი შესაძლებლობების მუდმივობა. კარგი იქნებოდა, თუ ისინი ცხოვრების გარდაქმნის მზაობასთან მისი საპირისპირო იმპულსის ინტეგრაციასაც მოახდენდნენ და გაბედულად აღიარებდნენ იმას, რისგანაც თავს იცავენ; ეს კი იმას ნიშნავს, რომ საკუთარი წარმავლობის გრძნობას გააცნობიერებდნენ. ამ ტიპის ობსესიურმა ადამიანებმა უნდა შეიგნონ, რომ მათ მხოლოდ სურვილები როდი უნდა ამოძრავებდეთ, მოვლენების ზემოქმედება საკუთარ თავზეც უნდა იწვნიონ. მთლიანად ხალხის წინაშე კი ამ ადამიანებს მნიშვნელოვანი ფუნქცია აკისრიათ – მათ აღმშენებლობის ტრადიცია უნდა შეინარჩუნონ. გარკვეული აზრით, ისინი «საზოგადოების ბურჯებს» წარმოადგენენ, თუ ძალაუფლებისკენ სწრაფვის პატივმოყვარე მიზნებს განვითარების დამამუხრუჭებელ ფაქტორებად არ გადააქცევენ და მათზე უფრო ქმედით, საპირისპირო ძალებთან ბრძოლაში არ დამარცხდებიან. ფრიც რიმანი წიგნიდან: შიშის ძირითადი ფორმები [1] მორგენშტერნი, ქრისტიან ოტო იოზეფ ვოლფგანგ (1871-1914) – გერმანელი მწერალი, პოეტი, მთარგმნელი. [2] ჩვენ ერთმანეთს კეთილგანწყობით ვკლავდით (ინგლ.). [3] აბსურდამდე (ლათინ.). [4] ანდრიჩი, ივო (1892-1975) – იუგოსლავიელი მწერალი და დიპლომატი, ნობელის პრემიის ლაურეატი. [5] ლესკოვი, ნიკოლაი (1831-1895) – ცნობილი რუსი მწერალი. [6] შნაიდერი, რაინჰოლდ (1903-1958) – გერმანელი მწერალი.…
დაამატა Kakha to ფსიქოლოგია at 6:09pm on ოქტომბერი 5, 2018
თემა: ერმის - მწყემსი
რომელიც ღმერთმა ამ სხეულში დაამკვიდრა, სიმართლით წარმოჩნდეს ყოველი ადამიანის წინაშე და ამგვარად იდიდებოდეს შენში დამკვდირებული უფალი, რადგან ჭეშმარიტია იგი105 ყოველ სიტყვაში და სიცრუე არაა მასთან. 2. მტყუარნი უფალს განუდგებიან და უფლისას მიიტაცებენ და არ უბრუნებენ მას მინდობილს, რომელიც მიიღეს. რადგან შეიწყნარეს მისგან სული ჭეშმარიტებისა და რაჟამს მას სიცრუით აბრუნებენ, რყვნიან ღვთის მცნებას და ხდებიან მიმხვეჭელნი”. 3. ამის მოსმენისას მე ძლიერ ავტირდი. იხილა რა ჩემი ცრემლები,106 მომიგო: “რატომ ტირი?” ვუპასუხე: “უფალო, არ ვიცი, თუ ძალმიძს გადავრჩე”. “რატომ?” – შემეკითხა. “ჩემს ცხოვრებაში, უფალო, ჯერ არ მითქვამს მართალი სიტყვა, არამედ მარადის ცბიერებით ვცხოვრობდი ყველასთან და ჩემს სიცრუეს სიმართლედ წარმოვაჩენდი ყოველი ადამიანის წინაშე. არც არასოდეს წინააღმდგომია ვინმე, არამედ ჩემს სიტყვას ყველა ენდობოდა. – განვაგრძე, - უფალო, როგორღა ძალმიძს ამგვარი საქმეებით ცხონება?”107 4. მიპასუხა: “შენ კეთილად და ჭეშმარიტად განსჯი, რადგან ვითარცა ღვთის მონას, სიმართლე უნდა აღგესრულებინა და უკეთური სინდისი სიმართლის სულთან ერთად არ დაგემკვიდრებინა, არც დარდი უნდა მიგეახლებინა წმინდა და ჭეშმარიტი სულისთვის”. ვუპასუხე: “უფალო, არასოდეს მსმენია ასეთი ზუსტი სიტყვები”. 5. მომიგო: “ახლა ისმინე! დაიცავი ისინი, რომ უწინდელნიც, რაც შენი საქმიანობისას სიცრუით გითქვამს, ამათ მიერ განმართლდნენ და ისინიც სარწმუნონი შეიქმნან, რადგან მათაც ძალუძთ გახდნენ სანდონი.108 თუკი მათ დაიცავ და ამიერიდან ყოველივე წრფელს იტყვი, ძალგიძს, საკუთარ თავს ცხონება მოუპოვო. ვინც მოისმენს ამ მცნებას და დიდად უკეთურ სიცრუეს განირიდებს, ძალუძს, იცოცხლოს ღმერთში.109 მცნება IV 29.(1). 1. გაუწყებ შენ, - განაგრძო, - დაიცავი უმანკოება, ნურც ზეაღიმართება შენს გულზე [სურვილი] სხვისი ცოლისა, ან სიძვა ვინმესადმი, ანთუ ამ უკეთურებათა რაიმე მსგავსი, რადგან ამის შემოქმედი დიდ ცოდვას იქმს. შენი ცოლის მარადის მხსენებელი არასოდეს შესცოდავ.110 2. ხოლო რაჟამს ეს ზრახვა ან სხვა ამგვარი უკეთურება შენს გულში შევა, შესცოდავ,111 რადგან ღვთის მონისთვის თავად განსჯაც დიდი დანაშაულია. უკეთუ ვინმე ამ უკეთურ საქმეს აღასრულებს, საკუთარ თავს სიკვდილს უმუშაკებს. 3. ეკრძალე, განუდექი ამ ზრახვას, რადგან იქ, სადაც კეთილკრძალულებაა დამკვიდრებული (სამართლიანი ადამიანის გულში), უჯეროა, ურჯულოება აღმოცენდეს”. 4. მივუგე მას: “უფალო, ნება მიბოძე, მცირედი შეგეკითხო”. “თქვი!” – მპასუხობს. “უფალო, თუკი მავანს უფალში მორწმუნე ცოლი ჰყავს112 და იგი ვინმესთან მსიძავი აღმოჩნდა, ნუთუ სცოდავს მასთან თანამცხოვრები ქმარი?” 5. “ვიდრე არ იცის, - მომიგებს, - არ სცოდავს, ხოლო რაჟამს შეიტყობს ქმარი მის ცოდვას და ცოლი არ მოინანიებს, არამედ დაადგრება113 თავის სიძვაში და ქმარი მასთან ერთად იცხოვრებს, თანამდები გახდება მისი ცოდვისა და ზიარი მისი სიძვისა”. 6. ვკითხე: “უფალო, რა გააკეთოს ქმარმა, თუკი ცოლი ამ ცნებაში114 დარჩება?” მიპასუხა: “განირიდოს იგი და განმარტოვდეს,115 ხოლო რაჟამს ცოლის დამტევებელი სხვაზე იქორწინებს, თავადაც იმრუშებს” (მთ. 5.32; 19.9; მრ. 10.11; I კორ. 7.11). 7. შევეკითხე: “უფალო, თუ ცოლი განტევების შემდეგ შეინანებს და მოისურვებს თავის ქმართან დაბრუნებას, აღარ შეიწყნაროს?”116 8. “უკეთუ ქმარი არ მიიღებს მას, შესცოდავს და საკუთარ თავს დიდ ცოდვას განუკუთვნებს. ხამს შემცოდებლისა და მონანიეს მიღება, მაგრამ არა მრავალგზის, რადგან ღვთის მონათათვის სინანული ერთხელაა. ქმარი, სინანულის გამო ვალდებულია, არ დაქორწინდეს,117 ამგვარი ქმედება ქალსაც და მამაკაცსაც განემწესება. 9. მაგრამ სიძვა არა მხოლოდ ისაა, - განაგრძო, - როცა ვინმე საკუთარ სხეულს ბილწავს, არამედ ისიძავს, ვინც მსგავსად წარმართებისა მოქმედებს.118 რაჟამს ვინმე ასეთ საქმეებში დაადგრება და არ ნანობს, განერიდე და ნუ თანაიცხოვრებ მასთან, ხოლო უკეთუ არა, შენც თანამდები იქნები მისი ცოდვისა. 10. იმის გამო განგიკუთვნებთ თქვენ, ქმარსა თუ ცოლს, განმარტოებას, რომ [ამგვარად] ძალუძს სინანულს მათში119 იყოს. 11. მე არ ვიძლევი საბაბს, რომ ეს საქმე ასე აღსრულდეს,120 არამედ შემცოდე მეტად ნუღარ შესცოდავს. არის ძლიერი, რომელსაც ხელეწიფება კურნება მისი121 უწინარესი ცოდვისა, რადგან თავად ფლობს ყოველგვარ ხელმწიფებას”.   30.(2). 1. ვკითხე მას კვლავ და ვუთხარი: “მას შემდეგ, რაც უფალმა ღირსმყო, რომ მარადის ჩემთან ერთად დამკვიდრებულიყავი, კვლავ იტვირთე ჩემი მცირედი სიტყვები, რადგან ვერაფერს ვხვდები და გული ჩემი გაუხეშდა (მრ. 6.52) ჩემს უწინდელ საქმეთაგან. განმსწავლე122 მე, რადგან ყოვლითურთ უგუნური ვარ და ვეღარაფერს ვიაზრებ”. 2. მიპასუხა მე და მითხრა: “მე სინანულისთვის ვარ [დადგენილი] და ყოველ მონანულს გულისხმისყოფას ვანიჭებ.123 არ მიგაჩნია შენ, რომ თავად ეს სინანულია გონიერება? – განაგრძო, - სინანული დიდი გონიერებაა, რადგან შემცოდე, რომელიც მიხვდება, რომ უკეთურება უფლის წინაშე აღასრულა (მსაჯ. 2.11; 3.12; 4.1; 10.6; 13.1), განიძარცვავს თავისი გულიდან საქმეს, რასაც ასრულებდა, შეინანებს და მეტად აღარ მოიმოქმედებს უზნეობას, არამედ დაუზოგავად სიკეთეს იქმს, დაიმდაბლებს და დათრგუნავს საკუთარ სულს, რადგან სცოდავდა. ხომ ხედავ, რომ სინანული დიდი გონიერებაა”. 3. მივუგე: “უფალო, პირველი არის ის, რომ ცოდვილი ვარ, ამიტომაც გამოვეძიებ შენგან ყოველივეს, რომ გავიგო, როგორი საქმის აღმსრულებელი ვცხონდები, რადგან აღურაიცხავნი არიან ცოდვანი ჩემნი და მრავალფეროვანნი”. 4. “ცხონდები, - მპასუხობს, - რაჟამს ჩემს მცნებებს დაიცავ და მათ აღასრულებ. ვინც ამ მცნებებს მოისმენს დ დაიცავს, ღმერთში იცოცხლებს.   31.(3). 1. მივუგე: “უფალო, კითხვას შეგმატებ”. “თქვი”. - მპასუხობს. “უფალო, მსმენია ზოგიერთი მასწავლებლისგან124, რომ არაა სხვა სინანული, თუ არა ის, როდესაც წყალში ჩავედით (κατέβημεν) და ჩვენი უწინდელი ცოდვებისგან დახსნა მივიღეთ”. 2. მეუბნება: “კეთილად გსმენია, ასეც არის, მაგრამ საჭიროა, ცოდვათა გამო შენდობის მიმღებმა მეტად აღარ შესცოდოს, არამედ უბიწოებაში დამკვიდრდეს. 3. რადგან ყოველივეს გამოიკითხავ (ἐξακριβάζῃ), ამასაც განგიცხადებ შენ, მაგრამ არ ვაძლევ საბაბს მათ, ვინც უფალი ახლა იწამა ან მსურველია რწმენისა, რადგან ისინი, რომლებიც ახლა ირწმუნებენ ან მზრახველობენ სწამდეთ, არ ფლობენ ცოდვათა გამო სინანულს, ხოლო თავიანთი უწინდელი ცდომილებებისთვის შენდობას მიიღებენ125. 4. ამ დღეთა უწინარეს ხმობილებს კი სინანული განუწესა გულთამხილავმა და ყოვლისმცოდნე უფალმა126, უწყის რა ადამიანთა უძლურება და ვერაგობა დემონისა, რომელიც ბოროტებას მოქმედებს და უკეთურობს ღვთის მონათა წინააღმდეგ. 5. მრავალმოწყალე ღმერთმა შეიწყალა თავისი ქმნილება და ეს სინანული განუწესა, მეც ამ სინანულის ხელმწიფება მომიბოძა. 6. მაგრამ მე გეუბნები შენ, - ამბობს, - ამ დიდი და წმინდა მოწოდების შემდეგ127, რაჟამს ვინმე, დემონის მიერ განცდილი, შესცოდავს, შეუძლია ერთგზის შეინანოს, ხოლო უკეთუ ხელდახელ სცოდავს128 და ინანიებს, უსარგებლოა ასეთი ადამიანისთვის, რადგან ძნელად თუ ცხონდება”129. 7. ვეუბნები ანგელოზს: “უფალო, განვცხოველდი130 შენგან ეგზომ სიზუსტით ამის მსმენელი, გავიგე რა, რომ თუ მეტად აღარ გავამრავლებ ჩემს ცოდვებს, ვცხონდები”. მპასუხობს: “ყველა ცხონდება, ვინც მცნებებს აღასრულებს”. 32.(4). 1. ვკითხე მას კვლავ და ვუთხარი: “უფალო, მას შემდეგ, რაც ერთგზის მიმიახლე, კვლავ ესეც განმიცხადე”. “თქვი”! - მომიგებს. “უფალო, თუკი ცოლი ან პირიქით, ქმარი გარდაიცვალა და მათგან რომელიმე დაქორწინდა, ნუთუ სცოდავს შეუღლებული?” 2. მპასუხობს: “არ შესცოდავს, ხოლო თუ იგი განმარტოვდება131, უფლისგან საკუთარ თავს აღმატებულ პატივსა და უდიდეს ბრწყინვალებას განუკუთვნებს (I კორ. 7. 38-40), მაგრამ თუკი დაქორწინდება, არ შესცოდავს. 3. უბიწოება და სიწმინდე დაიცავი და ღმერთში იცოცხლებ. ის, რაც შენ გითხარი და მსურს გითხრა, ამიერიდან აღასრულე, რა დღიდანაც ჩემთვის ხარ მობარებული, და შენს სახლში დავმკვიდრდები. 4. უკეთუ ჩემს მცნებებს დაიცავ, აღიხოცება შენი უწინდელი შეცოდებანი; და ყველას მიეტევება, რაჟამს დაიმარხავენ ამ მცნებებს და უმწიკვლოდ აღასრულებენ მათ. მცნება V 33.(1). 1. გახდები რა სულგრძელი და გონიერი, - ამბობს, - ყველა უკეთურ საქმეზე იხელმწიფებ და ყოველგვარ სიმართლეს აღასრულებ. 2. თუკი სულგრძელი გახდები, შენში დამკვიდრებული წმინდა სული სპეტაკი იქნება; განა შეირყვნება სხვა უკეთური სულის მიერ, არამედ სისავსეში132 დამკვიდრებული გახალისდება და გაიხარებს სხეულთან ერთად, რომელშიც მკვიდრობს; ნაყოფი ექნება საკუთარ თავში და ემსახურება ღმერთს მრავალი სიხარულით. 3. ხოლო რაჟამს აღგზნება133 მოგეახლება, ფაქიზი, წმინდა სული მყისვე დაითრგუნება, არ ექნება რა სუფთა ადგილი, და შეეცდება მისგან განლტოლვას, რადგან უკეთური სულისგან შეჭირვებულს აღარ აქვს ალაგი სურვილისამებრ ღვთისმსახურებისთვის შერყვნილს აღგზნების მიერ. სულგრძელებაში უფალი მკვიდრობს, ხოლო აღგზნებულობაში დემონი. 4. შესაბამისად, როდესაც ვინმეში ორივე სული დაივანებს, არაფერია სასარგებლო და ვარგისიანი ამ ადამიანისთვის, ვისთანაც ბინადრობს. 5. რაჟამს აიღებ ძალზე მცირე აბზინდს და თაფლიან ჭურჭელში ჩაასხამ, განა მთლიანად არ გაირყვნება? თაფლის ეგზომი სიმრავლე მცირედი აბზინდის მიერ შეირყვნება და განქარდება მისი სიტკბოება და მეტად აღარც პატრონს გამოადგება იგი, ვინაიდან გამწარდა და თავისი სარგებლიანობაც დაკარგა. მაგრამ თუკი თაფლს აბზინდი არ შეემატა, ტკბილი აღმოჩნდება და სასარგებლო გახდება მისი მფლობელისთვის. 6. ხომ ხედავ, სულგრძელება თაფლზე უტკბესია და სასარგებლო, უფალი ასეთში მკვიდრობს, ხოლო აღგზნება კი მწარეა და გამოუსადეგარი. ამრიგად, თუკი აღგზნება სულგრძელებას შეუზავდა, სულგრძელება წაიბილწება და მეტად აღარ იქნება შედეგიანი მისი ვედრება ღვთისადმი”. 7. ვეუბნები: “უფალო, მსურს გავიგო აღგზნებულობის ძალა, რომ დაცული ვიყო მისგან”. მპასუხობს: “უკეთუ შენ და შენი სახლეული არ განეკრძალებით მას, განქარდება ყოველგვარი შენი სასოება134. ერიდე აღგზნებას, რადგან მე შენთან ერთად ვარ. ყველა, ვინც მთელი გულით შეინანებს, განერიდება მას, ვინაიდან დავიცავ და მათთან ერთად ვიქნები. ყველანი გამართლდებიან უპატიოსნესი ანგელოზის მიერ.   34.(2). 1. ახლა კი ისმინე, - ამბობს, - აღგზნების ძალის შესახებ, თუ როგორი უკეთურებაა, რაგვარად დასცემს ღვთის მონებს საკუთარი მოქმედებით და სიმართლისგან გარემიაქცევს მათ. სრწმუნოებაში სრულყოფილთ ვერ გადააცდენს, არც ზემოქმედება ძალუძს, ვინაიდან ჩემი ძალაა მათთან ერთად, ხოლო მიდრეკს არასრულებსა და ორგულებს, 2. რადგან როგორც კი ასეთ ადამიანებს დამშვიდებულებს იხილავს, თავად ამ ადამიანის გულში შთაეკვეთება და არაფრისთვის, ქვეყნიური საქმეების მიზეზით, ქმარი ან ცოლი დადარდიანდება: საკვების, ან უმნიშვნელო რამ სიტყვის, რომელიმე მეგობრის, ანთუ საჩუქრის, შემოსავლის, ან ასეთი უგუნური საქმეების გამო, ვინაიდან ყოველივე ეს უგუნურება, არარაობა, უაზრობა და უსარგებლოა ღვთის მონათათვის. 3. დიდი და მტკიცეა სულგრძელება, ძლიერ ძალას ფლობს და დიდ სიფართოვეში ნაყოფიერებს. მხიარული, მოზეიმე და უზრუნველად მყოფი135 ყოველ ჟამს უფალს განადიდებს (ტობ. 4.19; ფს. 33.2), არც სიმწარეა მასში და მიუხედავად ყველაფრისა მშვიდია და მყუდრო. ეს სულგრძელება სრული სარწმუნოების მქონესთან მკვიდრობს. 4. აღგზნება კი უპირველესად სიბრიყვე, სიმსუბუქე და უგუნურებაა. შემდეგ უგუნურებისგან დარდი იშვება, დარდისგან - გაღიზიანება, გაღიზიანებისგან - რისხვა, ხოლო რისხვისგან – გულისწყრომა136. მერე ეს გულისწყრომა, ეგზომ ბოროტებათაგან თანაშემოკრებილი, დიდსა და გამოუსწორებელ ცოდვას შობს. 5. რაჟამს ყველა ეს სული ერთ ჭურჭელში137 შთამკვიდრდება, სადაც წმინდა სულიც ბინადრობს, ვეღარ იტევს ჭურჭელი (ἄγγος) მათ, არამედ გარდაემატება. 6. ფაქიზ სულს არ აქვს ჩვევა უკეთურ და ულმობელ სულთან ერთად დამკვიდრებისა; განშორდება ამ ადამიანს და სიმშვიდესა და სიმყუდროვეში ეძებს სავანეს. 7. როცა განუდგება ასეთ ადამიანს, რომელშიც ბინადრობდა, ეს ადამიანი, დატევებული სიმართლის სულის მიერ, უზნეო სულთაგან აღვსილი, მომავალში დაუდგრომელია ყოველ საქმეში. ამრიგად, აღმოჩნდება რა გაძარცული უკეთურ სულთაგან, ყოვლითურთ დაბრმავდება კეთილი განსჯისთვის. ასე ემართება ყველა აღგზნებულს. 8. უარყავი, დაუპირისპირდი აღგზნბებულობასა და დარდს, უუკეთურეს სულს, ხოლო შეიმოსე სულგრძელება და აღმოჩნდები უფლისგან შეყვარებულ წმინდანთა შორის. ეკრძალე, ნურასოდეს უგულებელყოფ ამ მცნებას, ვინაიდან რაჟამს მას ეუფლები, ძალგიძს, დანარჩენი მცნებებიც დაიცვა, რომლებიც მსურს გაუწყო. მათგან გაძლიერდი და გამტკიცდი. ყველა მომძლავრდება, ვინც მოისურვებს, მათში ისრბოლოს. მცნება VI 35.(1). 1. პირველივე მცნებაში გაუწყებდი შენ, - ამბობს, - რომ რწმენა, მოშიშება და თავშეკავება დაგეცვა". მივუგე: "დიახ, უფალო". "ახლა კი მსურს, - მეუბნება, - მათი ძალებიც განგიცხადო, რომ შეიმეცნო, მათგან რომელი როგორ ძალასა და მოქმედებას ფლობს, რადგან ორმაგია მათი მოქმედება და სიმართლესა და უსამართლობაში მდგომარეობს138 2. ამრიგად, სიმართლის გწამდეს, ხოლო უსამართლობას ნუ მიენდობი, ვინაიდან სამართლიანობას სწორი გზა აქვს, ხოლო უსამართლობას მრუდე. შენ მართალი და პირდაპირი გზით იარე, ხოლო გამრუდებული უარყავი. 3. მრუდე გზას ბილიკები არ გააჩნია, გაუვალია და მრავალი დაბრკოლებაა მასზე, უსწორმასწორო და ეკლიანია, დამღუპველია მეგზურთათვის. 4. ხოლო სწორ გზაზე მოარულნი პირდაპირ და დაუბრკოლებლად სრბოლობენ, რადგან არც უსწორმასწოროა იგი, არც ეკლიანი. ხომ ხედავ, ფრიად სასარგებლოა მასზე რონინი”. 5. ვეუბნები: “შემაძლებინე მე ამ გზაზე სიარული”. “ივლი! - მომიგებს, - ვინც მთელი გულით უფლისკენ მიიქცევა (იერ. 24.7; იოელ. 2.12; ფს. 21.9; 50.15),  ამ გზაზე ისრბოლებს”.   36.(2). 1. ახლა კი ისმინე, - ამბობს, - რწმენის შესახებ. ორი ანგელოზია ადამიანთან, ერთი სიმართლის და ერთი უკეთურების”139. 2. “როგორ გავარჩიო, - ვეკითხები, - მათი მოქმედება, უკეთუ ორივენი ჩემთან ერთად მკვიდრობენ?" 3. მომიგებს: “ისმინე და გაიგებ. სიმართლის ანგელოზი ფაქიზი, უბრალო, თვინიერი და მყუდროა. რაჟამს შენს გულში შემოვა იგი, მყისვე სამართლიანობის, უბიწოების, სიწმინდის, ზომიერების, ყოველი კეთილი საქმისა და აღმატებული დიდების შესახებ გემეტყველება. როდესაც ყოველივე ეს შენს გულს მიეახლება, შეიმეცნე, რომ სიმართლის ანგელოზია შენთან. ესენია სიმართლის ანგელოზის საქმენი. მას და მის საქმეებს მიენდე. 4. ახლა კი უკეთურების ანგელოზის მოქმედებაც იხილე: უპირველეს ყოვლისა აღგზნებულია (ὀξύχολός), დაუნდობელი და უგუნურია. უზნეობაა მისი საქმე, რაც დასცემს ღვთის მონებს. როცა შენს გულში შევა იგი, გულისხმაჰყავ მის მოქმედებათაგან”. 5. ვეკითხები: "უფალო, როგორ ვიცნო გამოუცდელმა?" "მისმინე, - მპასუხობს, - რაჟამს აღგზნება ან დარდი (πικρία) შემოგაწვება, გაიაზრე, რომ ისაა შენში. შემდეგ, განზრახვა მრავალი საქმისა, ძვირფასი საკვებისა და სასმელის სიმრავლე, ხშირი მემთვრალეობა, მრავალგვარი და უსარგებლო ფუფუნება, გულისთქმა დედაკაცთა მიმართ, სიხარბე, ფრიადი ქედმაღლობა, მაქებელობა და რაც რამ ამის მსგავსი და თანასწორია. უკეთუ გულში ეს აღწევნილა, მიხვდი, რომ უკეთურების ანგელოზია შენში. 6. შენ, მცოდნე მისი საქმეებისა, განუდექი მას და ნუ მიენდობი, რადგან ბილწია მისი ქმედება და უსარგებლოა ღვთის მონათათვის. გაქვს ორივე ანგელოზის საქმე. შეიმეცნე ისინი და მიენდე სიმართლის ანგელოზს. 7. უკეთურების ანგელოზს განუდექი, ვინაიდან მისი სწავლება უზნეოა ყოველ საქმეში. თუკი მავანი დიდად მორწმუნე მამაკაცია და ამ ანგელოზის ზრახვა მის გულში აღწევნილა, ასეთი მამაკაცი ან დედაკაცი ცოდვითაა შეკრული. 8. ხოლო რაჟამს ვინმე, დიდად ცოდვილი მამაკაცი ან დედაკაცი, საკუთარ გულს კვლავ სიმართლის ანგელოზის საქმეებს მიაახლებს, გარდაუვალად ხამს, სიქველე აღასრულოს. 9. ხომ ხედავ, - ამბობს, - კარგია სიმართლის ანგელოზის მიდევნება, უკეთურების ანგელოზი კი უარყავი. 10. ეს მცნება რწმენის გამო განცხადდა, რომ სიმართლის ანგელოზს მიენდო, და მისი აღმსრულებელი ღმერთთან იცოცხლებ. გჯეროდეს, მძიმეა უკეთურების ანგელოზის საქმენი; მათი უარმყოფელი კი ღვთისთვის იცოცხლებს. მცნება VII 37. 1. უფლის გეშინოდეს, - ამბობს, - და მისი მცნებები დაიმარხე (ეკლეს. 12.13). ღვთის მცნებათა დამცველი გაძლიერდები ყოველივეში და შეუდარებელი იქნება შენი საქმე. უფლისმოშიში ყოველივეს კეთილად აღასრულებს. ესაა შიში, რითიც საჭიროა, შენ გეშინოდეს, და ცხონდები. 2. დემონის ნუ გეშინია. ღვთისმოშიში დემონზე იხელმწიფებ, რადგან უძლურია იგი, ხოლო ვისშიც არაა ძალა, არც შიშია, მაგრამ ვისაც დიადი ხელმწიფება აქვს, მოშიშებაც მისდამია140. ყოველი ძალის მფლობელი შიშის მომგვრელია, ხოლო უძლური ყველასგან უგულებელყოფილია. 3. დემონის საქმეებმა შეგზაროს, ვინაიდან უკეთურებაა. ამიტომაც უფლისმოშიში არათუ აღასრულებ მათ, არამედ განეკრძალები. 4. შიში ორგვარია: რაჟამს ცოდვის აღსრულებას ისურვებ, ღვთის გეშინოდეს და არ იმოქმედებ მას, ხოლო უკეთუ იზრახებ, კვლავ კეთილი აკეთო, უფალს ეკრძალე და იმუშაკებ. როგორი ძლიერია, დიდი და ძალმოსილია ღვთის შიში! უფლის გეშინოდეს და მასთან იცოცხლებ. ყველა მოშიში და მისი მცნებების დამცველი, ღმერთში იცხოვრებს”. 5. “უფალო, - ვეკითხები, - რად ამბობ მისი მცნებების აღმსრულებელთა შესახებ: ღვთისთვის იცოცხლებენო?” მომიგებს: “ყოველ ქმნილებას ეშინია უფლის, მის მცნებებს კი არ იცავს. ამიტომაც ღვთის წინაშეა მისი მოშიშებისა და მცნებების აღმსრულებელთა სიცოცხლე, ხოლო ვინც მის მცნებებს არ იმარხავს, არც სიცოცხლეა ასეთში. მცნება VIII 38. 1. გითხარი, - ამბობს, - რომ ორმაგია ღვთის ქმნილებანი, თავშეკავებაც ორგვარია. ნაწილისგან თავშეზღუდვაა საჭირო, ხოლო ზოგიერთისგან არაა საჭირო”. 2. ვეკითხები: “უფალო, გამაგებინე, რას უნდა ვეკრძალო და რას არა?” “ისმინე! - ამბობს. - ცოდვას ეკრძალე და ნუ აღასრულებ მას, ხოლო სიკეთეს ნუ ერიდები, არამედ აკეთე იგი, რადგან რაჟამს სიკეთეს უარყოფ და არ აღასრულებ, დიდ ცოდვას იმოქმედებ; ხოლო თუ უკეთურებას განეკრძალები და არ შეასრულებ, დიად სიმართლეს მოიპოვებ. ყოველგვარი უზნეობისგან თავშეზღუდვა სიკეთის მომმუშაკებელია”. 3. შევეკითხე: “უფალო, რა არის უკეთურება, რასაც ჩვენ უნდა ვერიდებოდეთ?” “ისმინე, - მომიგებს, - სიძვა და მრუშობა, ურჯულო მემთვრალეობა, უზნეო ფუფუნება, მრავალგვარი საკვები და დიდძალი სიმდიდრე, მაქებელობა, ამპარტავნება და სიძულვილი, ტყუილი, ავმეტყველება, მზაკვრობა, ავმეხსიერება და ყოველგვარი ცილისწამება. 4. ყველა ეს საქმე ფრიად უზნეოა ადამიანის ცხოვრებაში. ღვთის მონა ასეთ ქმედებებს უნდა ერიდებოდეს, ვინაიდან მათგან თავშეუკავებელს არ ძალუძს, ღმერთში იცოცხლოს. ისმინე მათ თანმდევთა შესახებ”. 5. ვეუბნები: “უფალო, ნუთუ კიდევაა უკეთური საქმენი?” "ჭეშმარიტად არის, - მომიგებს, - და მრავლადაც, რასაც საჭიროა, მონა ღვთისა განეკრძალოს: ქურდობა, სიცრუე, ძარცვა, ცრუდდამოწმება, ვერცხლისმოყვარება, ბილწი გულისთქმა, ეშმაკობა, პატივმოყვარება, ტრაბახი და რაც რამ ამის მასგავსია. 6. არ ფიქრობ შენ, რომ ისინი უზნეონი არიან? დიდი ბოროტებაა, - ამბობს, - ღვთის მონათათვის. ვინც ღმერთს ემონება, საჭიროა, ყოველივე ამას განეშოროს; ხამს ამ ყველაფრისგან თავშეზღუდვა, რომ ღმერთში იცოცხლო და ჩაეწერო ეგევითართაგან განკრძალულთა შორის. ესაა, რასაც შენ უნდა ერიდო. 7. ისმინე ის, რასაც არათუ განრიდება, არამედ აღსრულება სჭირდება: სიკეთეს არ განეკრძალო და იქმოდე მას". 8. შევეკითხე: "უფალო, განმიცხადე მე სიკეთეთა ძალაც, რომ დავემონო და მათში ვისრბოლო, აღმსრულებელს კი ცხონება ძალმიძდეს". "ისმინე, - მომიგებს, - კეთილი საქმეები, რაც შენ უნდა შეასრულო და არ განერიდო: 9. უპირველეს ყოვლისა რწმენა, შიში ღვთისა, სიყვარული, ერთსულოვნება, სიმართლის სიტყვა, ჭეშმარიტება, მხნეობა. არაფერია ადამიანის ცხოვრებაში ამაზე უკეთესი. რაჟამს ვინმე მათ დაიცავს და არ განეკრძალება, ნეტარი იქნება თავის ცხოვრებაში. 10. შემდეგ მათ თანმდევთა შესახებ ისმინე: ქვრივების შემწეობა, ობოლთა და უპოვართა პატრონობა, ღვთის მონათა გამოხსნა შეჭირვებისას, სტუმართმოყვარება (რადგან კეთილმოქმედება სტუმართმოყვარებაში გამოვლინდება), არავითარი დაპირისპირება, მყუდროება, კაცთა შორის უნარჩევესობა, მოხუცების პატივისცემა, სიმართლეში წვრთნა, დაცვა ძმობისა, ტვირთვა უპატიობისა, სულგრძელება, ავმეხსიერების შეუწყნარებლობა, სულით მოუძლურებულთა გამხნევება, სარწმუნოებაში ცდომილთა არათუ განგდება, არამედ მოქცევა და კეთილგანწყობის აღდგენა, შემცოდეთა დამოძღვრა, მოვალეთა და უპოვართა შეუვიწროებლობა და რაც რამ ამის მსგავსია. 11. განა არ მიგაჩნია შენ, - ამბობს, - რომ ესაა სიკეთე". მივუგე: "უფალო, არის რა ამაზე უსახიერესი?!" "მათში ისრბოლე, ნუ განეკრძალები და ღმერთში იცოცხლებ. 12. ეს მცნება დაიცავი. რაჟამს სიკეთეს აღასრულებ და არ განერიდები, უკეთურებას არ იმოქმედებ და უკუაგდებ მას, უფალთან დამკვიდრდები; და ყველა, ვინც ამგვარად იმუშაკებს, ღმერთში იცოცხლებს. და კვლავ. ვინც ამ მცნებებს დაიცავს და მათში ისრბოლებს, ღმერთთან დამკვიდრდება". მცნება IX 39. 1. ამბობს: "განირიდე თავიდან ორჭოფობა და საერთოდ ნურაფერზე დაეჭვდები, როდესაც ღვთისგან ითხოვ რამეს, ეუბნები რა საკუთარ თავს, რომ მისდამი ეგზომ მცოდველს, როგორ ძალმიძს უფლისგან თხოვნა და მიღება? 2. ნუ განსჯი ასე, არამედ შენი გული ყოვლითურთ უფლისკენ მიაქციე (იერემ. 24.7; იოელ. 2.12), უეჭველად ითხოვე და შეიმეცნებ მის მრავალმოწყალებას, რადგან არათუ დაგიტევებს, არამედ შენი სულის სურვილს აასრულებს. 3. ღმერთი განა ავმეხსიერი ადამიანივითაა; ძვირუხსენებელია თავად და სწყალობს საკუთარ ქმნილებას. 4. ამრიგად, შენ ამა საუკუნის ყოველგვარი ამაოებისა და შენთვის წინარეგაცხადებული სიტყვებისგან141 გული განიწმინდე, უფლისგან ითხოვე და ყოველივეს მიიღებ, ყველა ვედრება აგისრულდება, რაჟამს უეჭველად შეჰღაღადებ მას; 5. ხოლო თუკი შენს გულში დაეჭვდები, ვერაფერს შეიწყნარებ ნავედრებთაგან. ღმერთში დაეჭვებული მერყევია და საკუთარი თხოვნით არაფერს აღწევს. 6. სარწმუნოებაში ყოვლადსრული კი უფალზე დანდობილი ითხოვს ყოველივეს (ფს. 2.13) და ღებულობს, ვინაიდან უეჭველად ევედრება და არ ორგულობს. ძნელად ცხონდება მერყევი ადამიანი, თუ არ შეინანებს. 7. განიწმინდე შენი გული ორჭოფობისგან, რწმენა შეიმოსე, სადაც ძლიერებაა, და ღმერთს მიენდე, რომ ყველა შენი შენავედრი შეიწყნარო, რასაც კი ითხოვდი. უკეთუ უფლისკენ მღაღადებელმა ზოგჯერ რაიმე თხოვნა ფრიადი დაგვიანებით მიიღე, ნუ შეორგულდები, სწრაფად რომ არ მოგებოძა სურვილი შენი სულისა, რადგან სრულად გამოცდის ან რაღაც გადაცდომის გამო, რაც შენ არ იცი, დიდი დაგვიანებით ღებულობ ნავედრებს142. 8. ვედრებას შენი სულის სურვილისა ნუ შეწყვეტ და შეიწყნარებ მას, ხოლო რაჟამს მთხოვნელი მომედგრდები და შეორგულდები, საკუთარ თავს აბრალე და არა შენთვის მოცემაზე უარისმთქმელს143. 9. ეკრძალე ამ ორგულობას, რადგან უკეთურება და უგუნურებაა და მრავალს, ძლიერსა და ჭეშმარიტად ფრიად მორწმუნეს, რწმენიდან აღმოფხვრის, ვინაიდან ორჭოფობა თავად  დემონის ასულია და დიდად უკეთურობს ღვთის მონათა წინააღმდეგ. 10. მოიძულე ორგულობა და მის ყველა საქმეზე იხელმწიფე144. შეიმოსე ძლიერი და ძალმოსილი რწმენა, რადგან იგი ყოველიცეს განგიცხადებს, ყველაფერს სრულყოფს, ხოლო საკუთარი თავისადმი მიუნდობელი ორჭოფობა მცდარია ყოველ საქმეში, რასაც აღასრულებს. 11. ხომ ხედავ, - ამბობს, - რომ რწმენა უფლისგანაა ზეგარდამო და დიდ ძალას ფლობს, ხოლო ორგულობა დემონისმიერი მიწიერი სულია და ძლიერება არ გააჩნია. 12. შენ კი ძლევამოსილ რწმენას დაემონე და განეკრძალე ორჭოფობას, სადაც უძლურებაა, და ღმერთში იცხოვრებ; ამგვარად განმსჯელნი, ყველანი ღმერთისთვის იცოცხლებენ. მცნება X 40.(1). 1. განირედე თავიდან მწუხარება, - ამბობს, - რდაგან იგი ორჭოფობისა და აღგზნების (τῆς ὀξυχολίας) და არის". 2. "უფალო, როგორაა მათი და? - ვეკითხები. - მე მიმაჩნია, სხვა არის აღგზნება, სხვაა ორჭოფობა და სხვაც მწუხარება". "უგულისხმო ადამიანი ხარ. - მომიგებს, - ვერ ხვდები, რომ მწუხარება ყველა სულზე უუკეთურესია და ფრიად საშიშია ღვთის მონათათვის, რომ ყოველ სულზე მეტად ღუპავს ადამიანს, განდევნის145 წმინდა სულს და კვლავ დაიხსნის” (II კორ. 7.10)? 3. მივუგე: "უფალო, მე უგუნური ვარ და ვერ ვიმეცნებ ამ იგავებს. ვერ ვხვდები, როგორ ძალუძს განდევნა და კვალად ხსნა". 4. 'ისმინე! - მპასუხობს, - ისინი, რომლებსაც არასოდეს უძებნიათ ჭეშმარიტება, არც ღმრთეება146 გამოუძიებიათ, არამედ მხოლოდ იწამეს და [კვლავ] შეერივნენ წარმართთა საქმეებს, სიმდიდრეს, მეგობრობასა თუ ამა საუკუნის სხვა მრავალ საზრუნავს, ვეღარ იმეცნებენ საღმრთო იგავებს (და ისიც, ვინც ასეთებს უკავშირდება), რადგან ამ საქმეთა მიერ დაბნელდებიან, შეირყვნებიან და უნაყოფოები ხდებიან. 5. როგორც ვენახი კეთილი, აღმოჩნდება რა უზრუნველად, ეკლებისა და ბალახთა სიმრავლის გამო გაავრეზდება147, ამგვარადვე მორწმუნე ადამიანები ზემოთხსენებულ მრავალ საქმეში შთაკვეთებულნი თავიანთ ზრახვას გადაცდებიან და საერთოდ ვერაფერს იმეცნებენ სიმართლის შესახებ, არამედ რაჟამს ისმენენ ღმრთეებისა და ჭეშარიტების თაობაზე, მათი გონება მათი საქმეების ირგვლივ მიმოეხეტება და ვერაფერს ხვდებიან; 6. ხოლო ღვთისმოშიშნი, ღვთაებრივისა და ჭეშმარიტების მაძიებელნი და გულით უფალთან მყოფნი ყოველივე გაცხადებულს მყისვე იაზრებენ და გულისხმაჰყოფენ, ვინაიდან ღვთის შიშია მათში (ფს. 110.10; იგავ. 1.7). სადაც უფალი მკვიდრობს, იქ გონიერებაც მრავლადაა. უფალს შეუერთდი და ყოველივეს გაიგებ და შეიმეცნებ.   41.(2). 1. ისმინე, უგულისხმოვ, - ამბობს, - თუ როგორ დევნის მწუხარება148 წმინდა სულს და კვლავ დაიხსნის (II კორ. 7.10). 2. რაჟამს ორგული რაიმე საქმეს ეწაფება და საკუთარი ორჭოფობის გამო მასში ვერ წარემატება, ეს მწუხარება ეკვეთება ადამიანს, ამწუხრებს წმინდა სულს და განდევნის მას. 3. შემდეგ, როცა ადამიანს აღგზნება მიეახლება რაიმე საქმის მიზეზით და დიდად გაამწარებს, განრისხებული ადამიანის გულს კვლავ წუხილი მიემთხვევა და დაამწუხრებს საკუთარი ქმედების გამო, რასაც ასრულებდა, და შეინანებს, რადგან უკეთურება იმოქმედა.149 4. ვფიქრობ, ამ წუხილშია ხსნა, ვინაიდან უზნეო საქმეებს გარდაქმნის; მაგრამ სულს ორივე მოვლენა ამწუხრებს - ორგულობა, რითიც ვერ წარემატება საკუთარ საქმეში, ხოლო აღგზნება, რადგან უკეთურებას იქმს. ამრიგად, ორივენი, ორგულობა და აღგზნებულობა, შეჭირვებაა წმინდა სულისთვის. 5. განირიდე თავიდან წუხილი და ნუ შეავიწროებ შენში დამკვიდრებულ წმინდა სულს (ეფეს. 4.30), რომ არ შეჰღაღადოს შენ შესახებ ღმერთს და არ მიგატოვოს, 6. რადგან ღვთის სული, რომელიც ამ სხეულს ებოძა, ვერ იტევს მწუხარებას, ვერც იწროებას.   42.(3). 1. შეიმოსე სიხარული, რომელსაც მარადჟამ მადლი აქვს (სიბ. ზირაქ. 26.4) ღვთის წინაშე და კეთილსასურველია მისთვის, და დატკბი მისით, ვინაიდან ყოველი მხიარული კაცი სიკეთეს მოქმედებს, კეთილს იზრახავს და წუხილს მოიძაგებს; 2. ხოლო მწუხარე კაცი მარადის უკეთურობს. პირველად უკეთურობს, რადგან შეაჭირვებს იგი ადამიანისთვის ბოძებულ მხიარულ წმინდა სულს; მეორე, წმინდა სულის მაჭირვებელი უშჯულოებას იქმს, არ ევედრება და არც აღმსარებლობს ღვთისადმი. მწუხარე ადამიანის თხოვნას არასოდეს აქვს ძალა, ღვთის საკურთხევლამდე აღიწიოს". 3. შევეკითხე: “რატომ არ ამაღლდება საკურთხევლამდე დამწუხრებულის ვედრება?" “იმიტომ რომ, - მომიგებს, - წუხილია დავანებული მის გულში. მწუხარება ლოცვასთან შეერთებული არ უტევებს ლოცვას, ამაღლდეს წმინდა საკურთხევლამდე, რადგან როგორც ურთიერთში შეზავებულ ძმარსა და ღვინოს არ აქვს თავისი სიტკბოება, ამგვარადვე შეერევა რა მწუხრაება წმინდა სულს, აღარ ძალუძს მავანს ვედრება. 4. განიწმინდე საკუთარი თავი ამ უკეთური წუხილისგან და იცოცხლებ ღმერთში. ყველა, ვინც თავიდან განირიდებს მას, ღმერთში იცოცხლებს და ყველანაირი სიხარულით შეიმოსება. მცნება XI 43. 1. მიჩვენა მე სავარძელში მსხდომი ადამიანები და სხვა, კათედრაზე მჯდომი ადამიანი და მეუბნება: “ხედავ სავარძელში მსხდომთ?” ვუპასუხე: “ვხედავ, უფალო”. “ისინი, - ამბობს, - მორწმუნეები არიან, ხოლო კათედრაზე მჯდომი ცრუ წინასწარმეტყველია და ღვთის მონათა გონების გამხრწნელი. ღუპავს შეორგულებულთ, ხოლო მორწმუნეებს ვერა. 2. შეორგულებულნი როგორც მისანთან მიდიან და ეკითხებიან მას, თუ რა იქნება მათთვის150. ამ ცრუ წინასწარმეტყველს საკუთარ თავში არანაირი ღვთაებრივი ძალა არა აქვს, ხოლო პასუხობს მათ თავიანთი შეკითხვისა და უკეთური წადილისამებრ და აკმაყოფილებს ასეთ სულებს, როგორც თავად ისურვეს. 3. ის, უნაყოფოდ მყოფი, ფუჭად პასუხობს უნაყოფოებს, რადგან რაჟამს ვინმე, ამაო ადამიანი, დაეკითხება, მიუგებს. ჭეშმარიტ რამ სიტყვებსაც გამოთქვამს, ვინაიდან დემონი აღავსებს მას თავისი სულით, რომ ძალუძდეს მართალთაგან თუნდაც ვინმეს დამხობა151. 4. ისინი, რომლებიც ძლიერნი არიან უფლის რწმენაში და ჭეშმარიტება შეუმოსავთ, განა ასეთ სულებს უკავშირდებიან, არამედ განილტვიან მათგან; ხოლო რომელნიც ორჭოფობენ და მძლავრად მიმოიქცევიან, მისნობენ მსგავსად წარმართებისა და კერპთაყვანისმცემლობის შემოქმედნი საკუთარ თავს უდიდეს ცოდვას განუკუთვნებენ, ვინაიდან ვინც რაიმე საქმის შესახებ ცრუ წინასწარმეტყველს დაეკითხება, კერპმსახურია, დაცლილია ჭეშმარიტებისგან (κενὸς ἀπὸ τῆς ἀληθείας) და უგუნურია. 5. ღვთისგან ბოძებული ყოველი სული არათუ მკითხაობს, არამედ მფლობელია რა საღვთო სიმტკიცისა, თავად განაცხადებს ყოველივეს, რაც ზეგარდამოა (იაკ. 3.15) ღვთარბრივი სულის ძალისგან152. 6. ხოლო სული შემკითხველი და ადამიანთა წადილისამებრ მოპასუხე მიწიერია და მსუბუქი (ἐλαφρόν), არმქონე ძალისა, და საერთოდ ვერაფერს ამბობს, თუკი არ გამოიკითხა”. 7. “უფალო, - ვეუბნები, - როგორ შეიცნობა ადამიანი, თუ ვინაა მათგან წინასწარმეტყველი და ვინ - ცრუ წინასწარმეტყველი?” “ორივეს შესახებ ისმენე, - მომიგებს, - და რისი თქმაც მსურს შენთვის, ამით განასხვავებ მათ. საღვთო სულის მქონე ადამიანი ცხოვრების წესით გამოიკვლიე153. 8. პირველი. ის, ვინც ზეგარდამო სულს ფლობს, თავშეკავებული, მშვიდი, მდაბალი და ყოველგვარი უკეთურებისა და ამა საუკუნის ამაო სურვილის უარმყოფელია; საკუთარ თავს ყველა ადამიანზე მეტად იმდაბლებს და შეკითხვაზე არავის არაფერს პასუხობს, განმარტოებითაც არ ლაპარაკობს, წმინდა სული არც მაშინ ღაღადებს, რაჟამს ადამიანი ისურვებს ამას, არამედ ამეტყველდება, როცა ღმერთი ისათნოვებს მის ლაპარაკს. 9. როდესაც საღვთო სულის მფლობელი ადამიანი ღვთის რწმენის მქონე მართალ კაცთა კრებულს უერთდება და ეს შეკრებილი ადამიანები ღმერთს ვედრებას აღუვლენენ, მაშინ მასთან მყოფი წინასწარმეტყველების სულის ანგელოზი ამ ადამიანს აღავსებს და ეს წმინდა სულით აღვსილი ადამიანი სისავსისგან ისე ამეტყველდება, როგორც უფალი ისურვებს. 10. ასე საჩინოვდება ღვთაებრივი სული. ამგვარია უფლის ღვთაებრივი სულის ეს ძალა. 11. ახლა კი ისმინე, - ამბობს, - მიწიერი, ფუჭი და უძლური სულის შესახებ, რომელიც უგუნურია. 12. პირველი. ის ადამიანი, ვისაც მიაჩნია, რომ თავადაა მფლობელი ზე სულისა, პირველობის მოსურნეა, პირდაპირ თავხედი, უსირცხვილო და მრავლისმეტყველია, მრავალგვარ განცხრომასა და უამრავ განსხვავებულ ტყუილში მიმოიქცევა, საკუთარი წინასწარმეტყველებისთვის სასყიდელს ღებულობს, ხოლო თუკი ვერ ეუფლა, არ წინასწარმეტყველებს. განა ძალუძს საღვთო სულს სასყიდლის მიღება და წინასწარმეტყველება? ღვთის წინასწარმეტყველი არ დაუშვებს ამის აღსრულებას, მაგრამ ასეთში მიწიერი სულია. 13. შემდეგ, საერთოდ არ ეკარება მართალი ადამიანების კრებულს, არამედ გაურბის მათ; ხოლო უკავშირდება ორგულებსა და უნაყოფოებს, დაფარულში154 უწინასწარმეტყველებს და სიცრუეს ეუბნება ყოველი თავიანთი ამაო წადილისამებრ, რადგანაც უნაყოფოებს პასუხობს. რაჟამს ცარიელ ჭურჭელთან ერთად მოთავსდება ცარიელი ჭურჭელი, არათუ ტყდება, არამედ თანაშეეწყობა ურთიერთს. 14. ხოლო როცა [ცრუ წინასწარმეტყველი] საღვთო სულით აღვსილ მართალ ადამიანთა კრებულს მიეახლება და მათგან ლოცვა აღევლინება, დაცარიელდება ეს ადამიანი, რადაგნ მიწიერი სული შიშით განილტვის მისგან155, მოუძლურდება იგი და ყოვლითურთ დაემხობა156 და არაფრის თქმა ძალუძს. 15. უკეთუ საკუჭნაოში ღვინოს ან ზეთს განათავსებ, ხოლო მათ შორის ცარიელ ჭურჭელს განალაგებ და კვლავ მოისურვებ საკუჭნაოს გახსნას, იმ ჭურჭელს, რომელიც ცარიელი იდგა, ცარიელს აღმოაჩენ. ასევე ამაო წინასწარმეტყველნი, რაჟამს მართალ სულებს ეახლებიან, როგორც მიდიან, იმგვარადვე წარმოჩინდებიან. 16. გაქვს ორივე წინასწარმეტყველის ცხოვრების წესი. საქმეებისა და ცხოვრებისამებრ გამოსცადე თავად სულმოსილი მეტყველი ადამიანი. 17. მიენდე ღვთისგან გარდამომავალ და ძლიერების მქონე სულს, ხოლო სულს მიწიერსა და ამაოს ნურაფერში ერწმუნები, რადგან უძლურია იგი. 18. ისმინე იგავი, რომელიც მსურს შენ გაუწყო: აიღე ქვა და ზეცად ატყორცნე. იხილე, თუ ძალგიძს მისი აწვდენა; ან კვლავ, წყლის ტუმბო აიღე და ცისკენ ატუმბე, უმზირე, თუ შეძლებ, ცა გაარღვიო”. 19. ვეუბნები: “უფალო, ეს ვის ხელეწიფება? შეუძლებელია ორივე, რაც ბრძანე”. მომიგებს: “როგორც ესაა შეუძლებელი, მიწიერი სულიც ასეთივე უძლური და უღონოა. 20. ახლა კი შეიწყნარე ძალა ზეგარდამო მომავალი: სეტყვა უმცირესი მარცვალია, მაგრამ რაჟამს ადამიანს თავზე ეცემა, როგორ ტკივილს აყენებს?! ანთუ კვლავ, აიღე წვეთი, რომელიც სახურავიდან მიწაზე ეშვება და ქვას ხვრეტს. 21. ხომ ხედავ, სიმაღლიდან მიწაზე დაცემული უმცირესი უდიდეს ძალას ფლობს. ამგვარადვე ძლიერია ზეგარდამო მომავალი საღვთო სული. ამ სულს მიენდე, ხოლო სხვას განეკრძალე”. მცნება XII 44.(1). 1. მეუბნება მე: "განიძარცვე თავიდან ყოველგვარი უზნეო ზრახვა, ხოლო შეიმოსე კეთილი და წმინდა სურვილი, ვინაიდან ასეთი წადილით მოსილი მოიძულებ უკეთურ გულისთქმას და სურვილისამებრ ალაგმავ მას. 2. უზნეო გულისთქმა მძვინვარეა და ძნელად თვინიერდება; საზარელია და თავისი სისასტიკით ფრიად ავნებს ადამიანებს. განსაკუთრებით რაჟამს მისკენ მიიდრიკება მონა ღვთისა და არ იქნება გულისხმიერი, საშინლად იზარალებს მისგან. აზიანებს მათ, ვისაც არ გააჩნია სამოსელი კეთილი სურვილისა და ამა საუკუნეს შეთვისებია. სიკვდილს მიეცემიან ისინი”. 3. ვეუბნები: “უფალო, რომელი უკეთურად განზრახული საქმეებია, სიკვდილს რომ გადასცემენ ადამიანებს? შემაცნობინე, რომ ვერიდო მათ”. “ისმინე, - ამბობს, - თუ რაგვარი საქმეებით აკვდინებს უზნეო სურვილი ღვთის მონას.   45.(2). 1. უწინარეს ყოვლისა, სხვისი ცოლის ან ქმრის მიმართ გულისთქმა, ძვირადღირებული ქონების, მრავალგვარი ამაო საკვებისა და სასმელის, სხვა მრავალი და უაზრო სიამოვნების სურვილი. ყოველგვარი სიამოვნება უგუნურება და არარაობაა ღვთის მორჩილთათვის. 2. ესენია უკეთური ზრახვები, რაც ღვთის მონებს აკვდინებს; რადგანაც უზნეო გულისთქმა დემონის ასულია, ამიტომაა საჭირო ბილწი სურვილის უარყოფა, რომ თავშეკავებულებმა ღმერთში იცხოვროთ. 3. ვინც მათგან იძლევა და არ შეეწინააღმდეგება, ბოლომდე (εἰς τέλος) დაიღუპება, ვინაიდან მომაკვდინებელია ეს გულისთქმები. 4. შენ სიმართლის სურვილი შეიმოსე და ღვთის შიშით შეჭურვილი წინააღუდექი მათ (ეფეს. 6.13), რადგან ღვთის კრძალვა კეთილ ზრახვებში მკვიდრობს. რაჟამას უკეთური სურვილი ღვთის შიშით შეიარაღებულსა და მასთან დაპირისპირებულს გიხილავს, შორს განგელტვის (იაკობ. 4.7) და შენი საჭურველით შეძრწუნებული მეტად აღარც გაგეცხადება. 5. ამრიგად, შენ, გამარჯვებულმა და მის მიერ გვირგვინოსანმა, მართალი სურვილისკენ ისწრაფე. გამარჯვება, რასაც ეუფლე, უფალს მიანიჭე და დაემონე ისე, როგორც თავად ისურვებს. რაჟამს კეთილ გულისთქმას დაემონები და დაემორჩილები, შეძლებ უკეთური ზრახვების ძლევას და სურვილისამებრ იხელმწიფებ მასზე”.   46.(3). 1. ვეუბნები: “უფალო, მსურს გავიგო, რა არის საჭირო, რომ კეთილ სურვილს დავემორჩილო”. “ისმინე! - ამბობს, - სიმართლისა და სათნოების აღსრულება (ფს. 14.2), ჭეშმარიტება, შიში ღვთისა, რწმენა, სიმშვიდე და რაც რამ მათი მსგავსია სახიერებაა. ამის მოქმედი ღვთის სათნო მსახური იქნები, მასთან იცხოვრებ და ყველა, ვინც კეთილ სურვილს დაემონება, ღმერთში იცოცხლებს”. 2. თორმეტი მცნება განასრულა და მეუბნება მე: “გეპყრას ეს მცნებები, ისრბოლე მათში და მსმენელებს მოუწოდე, რომ უბიწო გახდეს მათი სინანული ცხოვრების დარჩენილი დღეების მანძილზე. 3. შენთვის ბოძებული მსახურება გულმოდგინედ შეასრულე, ყოველივე აღასრულე და მადლს მოიპოვებ სინანულის მსურველთა შორის და შენს სიტყვებს დაენდობიან, რადგან მე შენთან ერთად ვიქნები და შენს მორჩილებაში დავარწმუნებ მათ”. 4. ვეუბნები სინანულის ანგელოზს: “დიადი, მშვენიერი და დიდებულია ეს მცნებები და ძალუძს, იმ ადამიანის გული გაახაროს (ფს. 18.9; 103.15), ვისაც მათი დამარხვა ხელეწიფება; მაგრამ არ ვიცი, უფალო, შეუძლია კი ადამიანს ამ მცნებათა შესრულება, ვინაიდან ფრიად მძიმენი არიან”. 5. მიპასუხა და მომიგო მე: “რაჟამს შენ საკუთარ თავს განუწესებ, რომ შეგიძლია დაიცვა, ადვილად დაიმარხავ და არ იქნებიან მძიმენი; ხოლო თუკი შენს გულში უკვე აღწევნილა [აზრი იმისა], რომ არ ძალუძს ადამიანს ისინი იტვირთოს, ვეღარ დაიცავ. 6. ახლა კი შენ გეუბნები: თუკი მცნებებს უგულებელყოფ და არ აღასრულებ მათ, არც შენს შვილებს, არც შენს სახლეულს არ გექნებათ ხსნა, რადგან უკვე განუსაზღვრე საკუთარ თავს, რომ შეუძლებელია, ადამიანმა ეს მცნებები იმარხოს”. 47.(4). 1. ამას დიდი წყრომით მეუბნებოდა. შევძრწუნდი და ძლიერ შემეშინდა, ვინაიდან შესახედაობა ისე შეეცვალა, რომ არ ძალუძდა ადამიანს მისი რისხვის დათმენა. 2. მხედავდა რა მე ყოვლითურთ დამწუხრებულსა და შეძრწუნებულს, ფრიად დამშვიდებულმა და გახარებულმა დაიწყო ლაპარაკი და მეუბნება: “უგუნურო, უგულისხმოვ და ორგულო, ნუთუ ვერ იმეცნებ ღვთის დიდებას, როგორი დიდი (ფს. 20.6; 56.12; 107.6; 112.4), ძლიერი და გასაოცარია, ვინც ადამიანისთვის შექმნა სამყარო და თითოეული თავისი ქმნილება მას (ადამიანს, ი. ო.) დაუმორჩილა (ფს. 8.7) და ყოველი ხელმწიფება მთელს ცისქვეშეთში საუფლებლად გადასცა? 3. თუკი, - ამბობს, - ადამინი ღვთის ყველა ქმნილების უფალია და ყოველივეზე მეუფებს, განა არ ძალუძს ამ მცნებებსაც ეუფლოს? უკეთუ ადამიანს საკუთარ გულში ჰყავს უფალი, შეუძლია, თითოეულსა და ყველა ამ მცნებას ხელმწიფებდეს, 4. ხოლო ვინც მას [მხოლოდ] ბაგეებით ატარებს, გაქვავებულა ასეთის გული (მრ. 6.52; 8.17) და განშორებია ღმერთს; ძნელი და დაუძლეველია მისთვის ეს მცნებები. 5. ამრიგად, რწმენაში ამაონო და სუსტნო, თქვენს გულში ღმერთი დაიმარხეთ და გაიგებთ, რომ არაფერია ამ მცნებებზე უადვილესი, უტკბესი, არც უფაქიზესი. 6. ხოლო თქვენ, დემონის მცნებებით მსრბოლელნო, სიძნელეების, სიმწარის, მძვინვარებისა თუ გარყვნილებებისგან მოიქეცით და ნუ შეგეშინდებათ დემონის. მას არა აქვს თქვენზე ხელმწიფება; 7. რადგან მე, სინანულის ანგელოზი, თქვენთან ერთად ვარ და ვმეუფებ მასზე. დემონი მხოლოდ შიშის მფლობელია, ხოლო ეს შიში კი უძლურია. ასე რომ, არ შეგეშინდეთ მისი და განილტვის თქვენგან” (იაკობ. 4.7).   48.(5). 1. ვეუბნები მას: "უფალო, ისმინე ჩემი მცირედი სიტყვები". მომიგებს: "თქვი, რაც გწადია". "უფალო, ადამიანი ღვთის მცნებათა დაცვის მოსურნეა და არავინაა ისეთი, ვინც არ ითხოვს უფლისგან, რომ მის მცნებებში გამტკიცდეს და მორჩილებდეს, მაგრამ სასტიკია დემონი და მძლავრობს მათზე". 2. ამბობს: “ღვთის მონებზე, რომლებიც მას მთელი გულით სასოებენ, არ ხელეწიფება მძლავრება. დემონს წინააღმდეგობა შეუძლია, მაგრამ გამარჯვება არ ძალუძს. ამრიგად, რაჟამს დაუპირისპირდებით, სძლევთ მას და შერცხვენილი განგელტვით თქვენ (იაკობ. 4.7). ისინი, რომლებიც უნაყოფონი არიან, დემონის ვითარცა ძალმოსილის ეშინიათ. 3. რაჟამს ადამიანი თიხის ჭურჭლებს კარგი ღვინით ბოლომდე შეავსებს და ამ თიხის სასმისებს შორის მცირედით ნაკლულებიც არიან, მიდის რა მათთან, არათუ სავსეებს მოიკითხავს, რადგან იცის, რომ შევსებულია, არამედ შეშინებული ნაკლულთ მოიხილავს, რომ არ ამჟავდეს, ვინაიდან შეუვსებელ თიხის ჭურჭლებში ღვინო მალე ძმარდება და სიტკბოებაც ეკარგება. 4. დემონიც ასევე მიეახლება ღვთის ყველა მონას, რომ განსცადოს ისინი (I პეტრ. 5.8). რწმენაში სრულყოფილნი მძლავრად უპირისპირდებიან მას და ის განილტვის, რადგან არ აქვს ადგილი, სადაც შეაღწევდა. მაშინ იგი ნაკლულებს მიაკითხვას, ალაგის მქონე მათში შთაეკვეთება და რასაც ისურვებს, იმას მოქმედებს და ემორჩილებიან მას. 49.(6). 1. მე კი, სინანულის ანგელოზი, გეუბნებით თქვენ: ნუ გეშინიათ დემონის, ვინაიდან მოვივლინე, რომ თქვენთან ერთად ვიყო, რომლებიც მთელი გულით ინანიებთ, და განძლიერდებიან ასეთნი რწმენაში. 2. თქვენ, რომლებიც საკუთარი ცოდვების გამო უსასოჰყოფთ თქვენს ცხოვრებას, ცოდვებს ამრავლებთ და საკუთარ სიცოცხლეს იმძიმებთ, ღმერთს მიენდეთ, ვინაიდან რაჟამს მთელი გულით უფლისკენ მიიქცევით (იერემ. 24.7; იოელ. 2.12), ცხოვრების დარჩენილი დღეების მანძილზე სიმართლეს აღასრულებთ (ფს. 14.2) და მას მისი ჭეშმარიტი ნებისამებრ დაემონებით, განკურნავს თქვენს ადრინდელ შეცოდებებს და დემონის საქმეთა მძლეველ ძალას ეუფლებით. დემონის მუქარის საერთოდ ნუ შეგეშინდებათ, რადგან უღონოა, როგორც გარდაცვლილის ძარღვები157. 3. ჩემი ისმინეთ და იმის გეშინოდეთ, ვისაც ყოველივე ძალუძს, ხსნაც და დაღუპვაც (მთ. 10.28; ლკ. 6.9; იაკობ. 4.12). დაიცავით ეს მცნებები და იცხოვრებთ ღმერთში”. 4. ვეუბნები ანგელოზს: “უფალო, ახლა კი ღვთის ყველა მცნებაში განვმტკიცდი, რადაგნ შენ ჩემთან ერთად ხარ და ვიცი, რომ განკვეთ დემონის ძალას და ჩვენ ვიუფლებთ მასზე და ვძლევთ ყველა მის საქმეს. ვსასოებ, რომ უფლისგან გაძლიერებულს შემიძლია დავიცვა მცნებები, რომლებიც დაგვავალე”. 5. მომიგებს: “დაიცავ, თუკი შენი გული წმინდა იქნება უფლის წინაშე. და ყველა, ვინც საკუთარ გულს ამა საუკუნის ამაო ზრახვებისგან განიწმენდს, მცნებებს დაიცავს და ღმერთთან იცხოვრებს.   წიგნი III იგავები იგავები, რომლებიც თქვა ჩემდამი158 50. 1. მეუბნება მე: "თქვენ იცით, რომ ღვთის მონანი უცხოობაში მკვიდრობთ, რადგან  თქვენი ქალაქი შორსაა ამ ქალაქიდან. თუკი იცით, - ამბობს, - თქვენი ქალაქი, სადაც დამკვიდრება მოგელით, აქ რად იმზადებთ ადგილ-მამულებს159, ძვირადღირებულ კეთილმოსაწყობელთ, ნაგებობებსა თუ ამაო საცხოვრისებს? 2. ვინც ამ ქალაქში ეგევითართ იმარაგებს, აღარ განიზრახავს თავის მამულში დაბრუნებას. 3. უგუნურო, ორგულო და საწყალობელო ადამიანო, განა ვერ ხვდები, რომ ეს ყოველივე სხვისია და სხვისი ხელმწიფების ქვეშაა? ამ ქალაქის უფალი ამბობს160: "არ მსურს შენი დამკვიდრება ჩემს მამულში, არამედ განვედ ამ ქალაქიდან, რადგან ჩემს კანონებს არ აღასრულებდი”. 4. ამრიგად, შენ, ადგილ-მამულთა, საცხოვრებლებისა და სხვა მრავალი ქონების მქონე, მისგან გაძევებული, რას მოუმოქმედებ იმას, რაც საკუთარი თავისთვის იმზადე? სამართლიანად გეუბნება ამ ქვეყნის უფალი: "ან ჩემი კანონები მიიღე, ან განერიდე ჩემს სამფლობელოს”. 5. ასე რომ, შენ, რომელსაც შენს მამულში გაქვს რჯული, რის აღსრულებას იზრახავ? ნუთუ შენი მინდვრებისა და დანარჩენ მოსახვეჭელთა გამო შენეულ რჯულს ყოვლითურთ უარყოფ და ამ ქალაქის კანონებს შეუდგები?161 ეკრძალე, რომ საზიანო არ იყოს უარყოფა შენი რჯულისა, რადგან რაჟამს უკან, შენს მამულში, მიბრუნებას ისურვებ, არ მიგიღებენ, ვინაიდან უარყავი შენეული მამულის რჯული. და გაგაძევებენ მისგან. 6. ასე რომ, გაფრთხილდი, ვითარცა უცხოობაში მცხოვრები, საკუთარი თავისთვის ზედმეტს ნურაფერს დაიუნჯებ, არამედ საკმარისით დაკმაყოფილდი, და მზად იყავი, რომ რაჟამს ამ ქალაქის მბრძანებელი იზრახებს, შენ, მისი კანონის ურჩი, გაგაძევოს, დატოვე მისი ქალაქი, საკუთარ მამულში დაბრუნდი და მხიარულმა შენეული რჯული აღასრულე უდრტვინველად. 7. ასე რომ, ეკრძალეთ თქვენ, უფალს დამონებულებმა, და ვისაც გულში გყავთ იგი, ღვთის საქმენი იმუშაკეთ მისი აღთქმებისა და გაცხადებული მცნებების  მომგონებლებმა (ფს. 102.18) და მიენდეთ, ვინაიდან აღასრულებს მათ, უკეთუ მის მცნებებს დაიცავთ. 8. ადგილ-მამულთა ნაცვალ შეჭირვებული სულები შეიძინეთ, ვისაც როგორ ძალგიძთ; ქვრივები და ობლები მოიკითხეთ და ნუ უგულებელჰყოფთ მათ (იაკ. 1.27). თქვენი სიმდიდრე და ყოველგვარი მონაგები, ეს ადგილ-მამულნი და საცხოვრისები, იმისთვის გაიღეთ, რისთვისაც უფლისგან გებოძათ, 9. რადგან იმის გამო გაგამდიდრათ თქვენ მეუფემ, რომ ეს მსახურებანი აუსრულოთ მას. ფრიად სახიერია იმ მამულის, სიმდიდრისა თუ საცხოვრისების შეძენა, რასაც შენს ქალაქში აღმოაჩენ, რაჟამს მასში გადასახლდები162. 10. მშვენიერია და სამხიარულო ასეთი სიმდიდრე, სადაც არათუ დარდი და შიშია, არამედ სიხარული. მაშ ასე, წარმართთაებრ სიმდიდრეს ნუ დაიუნჯებთ, ვინაიდან თქვენ, ღვთის მონებს, არაფერში გამოგადგებათ იგი. 11. საკუთარი სიმდიდრე კი ამუშაკეთ, რითიც ძალგიძთ სიხარული. ნუ იყალბისმქნელებთ163, ნურც სხვისას შეეხებით, არც ინდომოთ მისი, რადგან უკეთურებაა სხვათა [საკუთრების] სურვილი. ხოლო შენ საქმე აკეთე და გადარჩები. სხვა იგავი164 51. 1. ველისკენ მივემგზავრებოდი და თელა და ვაზი შევნიშნე. მათი და მათი ნაყოფების შესახებ განმსჯელს მწყემსი გამომეცხადა და ამბობს: "თელასა და ვაზის შესახებ რას ეძიებ საკუთარ თავში? "მივუგე: "უფალო, მიმაჩნია, რომ ერთიმეორეზე უმშვენიერესნი არიან". 2. "ეს ორი ხე, - ამბობს, - ღვთის მორწმუნეებს ნიშნად განეწესათ". ვეუბნები: "მსურს შევიმეცნო ამ ხეთა სახეობები, რაზეც ლაპარაკობ". 'ხედავ, - მპასუხობს, - თელასა და ვაზს?" მივუგე: "ვხედავ, უფალო".  3. "ეს ვაზი ნაყოფს იძლევა, ხოლო თელა უნაყოფო ხეა, მაგრამ თუკი ვაზი თელაზე არ ამაღლდა, მიწაზე გართხმულს აღარ ძალუძს ფრიადი ნაყოფმსხმოიარობა და რასაც მოისხამს, დამპალი იქნება, რადგან თელას ვერ დაეყრდნო. მაგრამ რაჟამს ვაზი თელას დაენდობა, საკუთარი თავისთვისა და თელასთვისაც იძლევა მტევანს. 4. ასე რომ, ხედავ, თელაც მრავალ მოსავალს იძლევა, ვაზზე არა ნაკლებს, გაცილებით მეტს". ვეკითხები: "თელა, უფალო?" მომიგებს: "როგორც თელაზე დაყრდნობილი ვაზი მრავალ და კეთილ მტევანს მოგვიბოძებს, ამგვარადვე, მიწაზე გართხმული, მცირესა და დამპალს მოისხამს. ამრიგად, ეს იგავი ღვთის მონებს, ღარიბებსა და მდიდრებს, განეკუთვნებათ". 5. 'როგორ, უფალო, - ვეუბნები, - გამაგებინე მე?" "ისმინე! - მომიგებს, - მდიდარი სიმდიდრის მფლობელია, მაგრამ უპოვარია უფლის წინაშე. საკუთარი სიმდიდრით გატაცებულს ძალიან ცოტა ლოცვა და აღმსარებლობა აქვს უფალთან და რაც აქვს, ისიც სუსტია და უმნიშვნელო, არც სხვა რამ ძალას ფლობს. მაგრამ თუკი მდიდარი ღარიბს მწყალობლობს და საჭიროებისამებრ ამარაგებს მას, სწამდეს, რომ რაჟამს ღარიბისთვის იმუშაკებს, ძალუძს სასყიდელი ღმერთის წინაშე იპოვოს, რამეთუ ღარიბი მდიდარია საკუთარი ლოცვითა და აღმსარებლობით და დიდი ძალა აქვს მის ვედრებას ღვთისადმი. მდიდარი კი, შეეწევა რა ღარიბს ყოველივეში უეჭველად, 6. მდიდრის მიერ ნაწყალობები ღარიბი ღმერთს ევედრება და მადლობს იმისთვის, რაც მისგან მიიღო. ის კვლავაც და კვლავც მოშურნეობს ღარიბის გამო, რომ დაუბრკოლებელი იყოს მისი საჭიროება, ვინაიდან იცის, რომ ღარიბის ლოცვა საამოა და ნაყოფიერი უფლის წინაშე. 7. ორივენი ერთდროულად აღასრულებენ საქმეს: ღარიბი ლოცვით მუშაკობს, რაშიც მდიდარია, და იმით მსახურებს, რაც უფლისგან მიიღო165; მდიდარიც ღვთისგან შეწყნარებულ სიმდიდრეს ასევე დაუბრკოლებლად უწყალობებს ღარიბს. დიდი და საამოა ეს საქმე უფლის წინაშე, რადგან შეიმეცნა [მდიდარმა], რომ უფლის ძღვენთაგანაა მისი სიმდიდრე, ღარიბს მოახმარა და მსახურება სწორად აღასრულა. 8. ადამიანებს თელა უნაყოფოდ მიაჩნიათ, არ იციან, ვერც ხვდებიან, რომ რაჟამს გვალვა იქნება, ვაზს წყლის შემცველი თელა კვებავს და დაუბრკოლებლად სინოტივის მქონე ვაზი ორმაგ ნაყოფს იძლევა საკუთარი თავისა და თელასთვის. ასევე ღარიბნიც უფალს შეჰღაღადებენ მდიდართა გამო, რომ გამრავლდეს მათი სიმდიდრე. და კვლავ, ღარიბთა საჭიროებისამებრ მომსახურე მდიდარნი მათ სულებს განამტკიცებენ. 9. ამრიგად, მართალი საქმის ზიარნი ხდებიან ორივენი. ამგვარად მოქმედს არ მიატოვებს უფალი, არამედ ცოცხალთა წიგნებში ეწერებიან. 10. ნეტარ არიან შეძლებულნი და გულისხმისმყოფელნი, რომ ღვთისგან მდიდრდებიან, რადგან ძალუძს ამის მცოდნეს, სათნო რამ იმსახუროს.   იგავი III 52. 1. მიჩვენა მე მრავალი უფოთლო ხე. იფიქრებდი, თითქოს გამხმარნი არიანო, ვინაიდან ყველანი მსგავსნი იყვნენ. მეუბნება: 'ხედავ ამ ხეებს?" "ვხედავ, უფალო, - მივუგე, - ერთნაირებსა და გამხმარებს". მპასუხობს: "ეს ხეები, რასაც ხედავ, ამა საუკუნეში მკვიდრნი არიან". 2. ვეკითხები: "უფალო, რატომაა, რომ თითქოს გამხმარან და [ურთიერთს] დამსგავსებიან?" მომიგებს: "რადგან არც მართალნი და არც ცოდვილნი ამ საუკუნეში არ განირჩევიან, არამედ ერთნაირები არიან. ზამთარია ეს საუკუნე მართალთათვის და ცოდვილებთან ერთად დამკვიდრებულნი არ სხვაობენ მათგან, 3. ვინაიდან როგორც ზამთარში  ემსგავსებიან და არ განირჩევიან ფოთლებდაცვენილი ხეები, რომელია გამხმარი ანთუ ცოცხალი, ასევე არ წარმოჩინდებიან ამა საუკუნეში არც მართალნი, არც ცოდვილნი, არამედ ყველანი მსგავსები არიან166.   სხვა იგავი167 53. 1. კვლავ მიჩვენა მე მრავალი ხე, რომლებიც ყვაოდნენ, [სხვანი] კი გამხმარიყვნენ, და მეუბნება: "ხედავ ამ ხეებს?" "ვხედავ, უფალო,- მივუგე, - გამხმარებსა და აყვავებულებს". 2. "ეს აყვავებული ხეები, - ამბობს, - მართალნი არიან, რომლებიც მომავალ საუკუნეში დამკვიდრებას ელიან, რადგან სამომავლო საუკუნე ზაფხულია მართალთათვის, ხოლო ცოდვილთათვის - ზამთარი. ამრიგად, რაჟამს ღვთის წყალობა გამობრწყინდება168, მაშინ საჩინონი იქნებიან ღმერთს დამონებულნი და ყველაფერი გაცხადდება. 3. ასე რომ, როგორც ზაფხულობით მოიხილება ყოველი ხის ნაყოფი და ცნაურდება, თუ როგორია, ასევე წარმოჩინდება მართალთა ნაყოფი და ყველა შეიცნობა, ვინც იმ საუკუნეში კეთილყვავილოვანი იქნება. 4. ხოლო წარმართები და ცოდვილები, რომლებიც გამხმარ ხეებს ემსგავსებიან, ამგვარადვე ხმელნი და უნაყოფონი აღმოჩნდებიან იმ საუკუნეშიც და, ვითარცა ხმელი შეშა, დაიწვებიან და გაცხადებული იქნება, რომ უკეთური ყოფილა მათი საქმენი მათსავე ცხოვრებაში. ცოდვილნი დაიწვებიან, რამეთუ შესცოდეს და არ შეინანეს, ხოლო წარმართნი დაიწვებიან იმიტომ, რომ არ შეიცნეს თავიანთი შემოქმედი. 5. შენ კი საკუთარ თავში ინაყოფიერე, რომ იმ ზაფხულს გახდეს საცნაური შენი ნაყოფი. განეკრძალე მრავალ საქმეს და არასოდეს შესცოდავ, რადგან ისინი, რომლებიც მრავალს მოქმედებენ, მრავლადაც სცოდავენ და საკუთარ საქმეებზე მზრუნველნი არ მორჩილებენ თავიანთ უფალს. 6. როგორ ძალუძს, - ამბობს, - ასეთს რამე ითხოვოს უფლისგან და მიიღოს, როდესაც არ ემონება მას? ისინი კი, რომელნიც ღმერთს მორჩილებენ, თავიანთ ნავედრებს ღებულობენ, ხოლო დაუმორჩილებელნი ვერაფერს იწყნარებენ. 7. ამრიგად, თუკი ვინმე ერთ საქმეს იმუშაკებს, ძალუძს უფალსაც ემონოს, ვინაიდან არ შეირყვნება უფლისგან მისი ჩანაფიქრი, არამედ მისი წმინდა აზრების მტვირთველი დაემონება მას169. 8. რაჟამს ამას აღასრულებ, მომავალ საუკუნეში ძალგიძს ნაყოფმსხმოიარობა. ვინც ამგვარად მოიქცევა, ინაყოფიერებს. სხვა იგავი V170 54.(1). 1. მარხვისას ერთ-ერთ მთაზე ვიმყოფებოდი და უფალს ვმადლობდი ყველაფრის გამო, რაც ჩემთვის აღესრულებინა. ვხედავ, ჩემ გვერდით მწყემსი ჩამოჯდა და მეუბნება: "დილაადრიან აქ რად მოსულხარ?" ვუპასუხე: "უფალო, მედეგობა მაქვს"171. 2. მეკითხება: "მედეგობა რა არის?". მივუგე: "ვმარხულობ, უფალო". "ეს, რასაც მარხულობ, - ამბობს, - განა მარხვაა?" ვუთხარი: "უფალო, რაცაა ჩვეულება, ისე ვმარხულობ". 3. "არ იცი, - მპასუხობს, - მარხვა ღვთისათვის. ეს მარხვა, რითიც მარხულობ, ფუჭია მისთვის". მივუგე: "ასე რად ამბობ, უფალო?" "შენ გეუბნები, - ამბობს, - განა მარხვაა, რაც მარხვა გგონია; მაგრამ მე გასწავლი, თუ როგორი მარხვაა საამო და სრული ღვთისთვის". "ნეტარმყოფ მე, - ვეუბნები, - უკეთუ უფლისთვის საამო მარხვას მასწავლი". "ისმინე! - მომიგებს, 4. - განა ეს ფუჭი მარხვა ჰსურს ღმერთს, რადგან ამგვარად მმარხველი არ მუშაკობს სიმართლეს. ეს მარხვა იმარხე: 5. შენს ცხოვრებაში არასოდეს იუკეთურო, არამედ განწმენდილი გულით ემონე უფალს, მცნებები დაიცავი (მთ. 19.17) და მის განჩინებებში ისრბოლე, ნურასოდეს აღიწევა შენს გულში საქმე უკეთური, ღმერთის გწამდეს. უკეთუ ამას შეასრულებ და უფლის მოშიში ყოველგვარი უზნეო საქმისგან თავს განიკრძალავ, ღმერთთან იცოცხლებ. რაჟამს ასე იმუშაკებ, დიდსა და ღვთისთვის საამო მარხვას აღასრულებ.                         55.(2). 1. ისმინე იგავი, რომელიც მსურს შენ გაუწყო, მარხვის შესაბამისი. 2. ვინმე [ადამიანს] მამული და მრავალი მონა ჰყავდა. მიწის გარკვეულ ნაწილზე ვენახი დარგო. გამოარჩია ფრიად სარწმუნო და სათნო მსახური. უცხოობაში წასვლის განმზრახმა მოიხმო იგი და ეუბნება მას: "ეს ვენახი, რომელიც გავაშენე, ჩაიბარე; ვიდრე მოვიდოდე, შემოზღუდე იგი, ხოლო სხვა ვენახში ნუ იმუშაკებ. ჩემი ეს მცნება დაიცავი და თავისუფალი იქნები ჩემგან". და უცხოობაში წავიდა მონის მბრძანებელი. 3. ხოლო გაემგზავრა რა იგი, აიღო მონამ და ვენახი გარშემოზღუდა. როცა განასრულა ვაზის მოზღუდვა, იხილა, რომ ვენახი სავსე იყო ბალახით. 4. საკუთარ თავთან მსჯელობდა და ამბობდა: 'ბატონის ეს მცნება შევასრულე. ახლა კი ამ ვენახსაც გადავბარავ და დაბარული უმშვენიერესი გახდება. უკეთუ სარეველა არ იქნება, ნაყოფსაც სრულად მოგვცემს ბალახისგან დაუშთომელი". აიღო და ვაზი დაბარა, მთელი ბალახი ამოძირკვა ვენახში. და გახდა ვაზი უმშვენიერესი და კეთილყვავილოვანი, არ ჰქონდა რა ბალახი დამაშთობელი. 5. რაღაც დროის შემდეგ მამულისა და მონის მბრძანებელი მოვიდა და ვენახისკენ ისწრაფა. იხილა ვაზი კეთილად გარშემოზღუდული და მეტიც - დაბარული, ხოლო ბალახი ამოძირკული და ვენახი აყვავებული. დიდად გაიხარა მონის საქმიანობით. 6. მოიხმო თავისი საყვარელი ძე, რომელიც მემკვიდრედ ჰყავდა, და თანამზრახველი მეგობრები. ეუბნება მათ, თუ რა დაავალა საკუთარ მონას და რა აღმოაჩინა აღსრულებული. მონაზე დამოწმებულით, რასაც ბატონი ადასტურებდა მასზე, ისინიც თანამოხარულობდნენ. 7. და ეუბნება მათ: 'მე ამ მონას თავისუფლებას შევპირდი, თუკი ჩემს მცნებას დაიცავდა, რომელიც მას დავავალე. ჩემი მცნება აღასრულა და ვენახს კეთილი საქმეც თანაშეჰმატა, რაც ჩემთვის ფრიად სათნოა. იმ საქმის წილ, რაც იმუშაკა, მსურს, ჩემი ძის თანამემკვიდრედ დავადგინო, რადგან კეთილად განმსჯელმა არათუ უგულებელჰყო, არამედ აღასრულა იგი"172. 8. ბატონის ძეც დაეთანხმა ამ აზრს, რომ ძის თანამემკვიდრე გახდეს მონა. 9. მცირე დროის შემდეგ სერი ამზადა მისი (მონის, ი. ო.) სახლის მბრძანებელმა173 და ტრაპეზიდან მრავალი სანოვაგე გაუგზავნა მას; მიიღო რა მონამ საკუთარი ბატონის წარგზავნილი საკვები, მისთვის საკმარისი იხმია, ხოლო დანარჩენი თავის თანამონებს უწილადა. 10. საკვების შემწყნარებელმა თანამსახურებმა გაიხარეს და ლოცვა დაიწყეს მისთვის, რომ აღმატებული მადლი ეპოვა მბრძანებლის წინაშე, ვინაიდან ამგვარად მოექცა მათ. 11. ეს ყოველივე მომხდარი ბატონმა შეიტყო და მისი საქმე კვლავ დიდად ეამა. ბატონმა ისევ თანამოიხმო მეგობრები, საკუთარი ძე და მონის საქმე შეატყობინა, რაც მიღებული საკვებით მოიმოქმედა მან. ისინი კი უფრო მეტად დაეთანხმნენ ძის თანამემკვიდრედ მონის დადგენას".   56.(3). 1. ვეუბნები მწყემსს: "უფალო, მე ამ იგავებს ვერ ვიმეცნებ, არც გაგება ძალმიძს მათი, თუკი არ განმარტავ". 2. "ყველაფერს განგიმარტავ შენ, - ამბობს, - რასაც კი გეტყვი და გიჩვენებ. უფლის მცნებები დაიცავი და სათნო იქნები მისთვის და მისი მცნებების დამცველთა რიცხვში ჩაეწერები, 3. ხოლო რაჟამს ღვთის მცნების გარდა რამ სიკეთეს აღასრულებ (ეკლეს. 12.13; მთ. 19.17), საკუთარ თავს უაღმატებულეს დიდებას შესძენ და ღვთის წინაშე იმაზე უდიდებულესი იქნები, ვიდრე ისურვებდი. ამრიგად, როდესაც ღვთის მცნებათა დამცველი ამ მსახურებებსაც გაამრავლებ, გაიხარებ, თუკი ჩემი უწყებისამებრ დაიმარხავ მათ"174. 4. ვეუბნები მას: "უფალო, დავიცავ იმას, რაც კი რამ მამცნე, რადგან ვიცი, რომ შენ ჩემთან ერთად ხარ". ‘შენთან ერთად ვიქნები, - მომიგებს, - ვინაიდან კეთილმოქმედების ასეთი სურვილი გაქვს, და ყველასთან ვიქნები, ვინც ამ ზრახვას იტვირთავს. 5. ეს მარხვა, - ამბობს, - ღვთის მცნებათა დამცველთათვის ფრიად სახიერია. მარხვა, რომელიც გსურს იმარხო, ამგვარად უნდა აღასრულო. 6. უპირველეს ყოვლისა ნებისმიერ უკეთურ სიტყვას და ყველანაირ უზნეო სურვილს ერიდე; გული შენი განიწმინდე ამა საუკუნის ყოველგვარი ამაოებისგან. რაჟამს ამას დაიცავ, სრული იქნება მარხვა. 7. ხოლო იმოქმედე ამგვარად: წინარეგანცხადებულნი აღასრულე, იმ ჟამს, როცა მარხულობ, ნურაფერს იგემებ გარდა პურისა და წყლისა. შენი საზრდელიდან, რითიც გსურს იკვებო, იმ დღის საჭმლის ხარჯი გამოთვალე, რის გაღებასაც აპირებდი, და დამზოგველმა იგი ქვრივს, ობოლს, ან უპოვარს უწილადე და ასე დამდაბლდები, ვინაიდან შენი სიმდაბლისგან მიმღები, დაინაყრებს რა საკუთარ სულს, ილოცებს შენთვის უფლის წინაშე175. 8. თუკი იმ მარხვას აღასრულებ, რასაც გამცნებ, შენს მსხვერპლს უფალი შეიწირავს (სიბრძ. ზირაქ. 35.9; 4.18; ეს. 56.7; მთ 5.24; I პეტრ. 2.5) და ეს მარხვა აღწერილი იქნება; ასე შესრულებული მსახურებაა სათნო, სასიხარულო და შეწირული უფლისგან. 9. ესენი ამგვარად დაიცავი შენს შვილებთან და მთელს შენს სახლეულთან ერთად, ხოლო მათი აღმსრულებელი ნეტარი იქნები; და ყველა, ვინც მოისმენს და მას დაიცავს, ინეტარებს და რასაც კი უფალს შეევედრება, მიიღებს".   57.(4). 1. მრავალს ვევედრებოდი მას, რომ გაეცხადებინა ჩემთვის იგავი მამულის, ბატონის, ვაზის, მონის მიერ გარშემოზღუდული ვენახის, დაბარვის, ვენახიდან ამოძირკული ბალახის, ძისა და თანამზრახველი მეგობრების შესახებ, რადგან მივხვდი, რომ რაღაც იგავია ეს ყოველივე. 2. მიპასუხა და მომიგო: ‘ფრიად თამამი ხარ შეკითხვაში. საერთოდ არ გევალება იკითხო, ვინაიდან თუკი მითითება იქნება შენთვის საჭირო, განგეცხადება". ვეუბნები მწყემსს: "უფალო, უკეთუ იმას, რასაც მიჩვენებ, არ განმიმარტავ, ფუჭი იქნება ამგვარი ხილვა და ვერ მივხვდები, თუ რომელი რა არის. ამგვარადვე, რაჟამს იგავს მეტყვი და არ განმარტავ, ამაოა შენგან სმენილი". 3. კვლავ მპასუხობს და მეუბნება: "ვინც ღმერთს ემონება და საკუთარ გულში ჰყავს უფალი, ითხოვს რა მისგან გულისხმისყოფას (იაკობ. 1.5-6), იგავის განმარტებას ღებულობს და უფალთან ერთობით ხდება მისთვის გასაგები იგავებით გამოთქმული. ხოლო ის, ვინც ვედრებაში უძლურია და ზარმაცი, ღვთისადმი თხოვნისას ორჭოფობს. 4. მრავალმოწყალეა უფალი და მისგან ყველა უეჭველად მთხოვნელს მწყალობლობს. შენ კი, დიდებული ანგელოზის მიერ გამტკიცებული და მისგან ესოდენ მეოხების შემწყნარებელი, ზარმაცი რომ არ იყო, რად არ ითხოვ უფლისგან გონიერებას? განა ისე მიიღებ?" 5. ვეუბნები მას: "უფალო, მე, გამაჩნია რა შენთან ერთობა, მაქვს საჭიროება, რომ შენ გევედრო და შეგეკითხო, რადგან ყოველივეს მიმითითებ და მეუბნები, მაგრამ უკეთუ ამას შენგან ეული ვიხილავდი ან მოვისმენდი, მაშინ უფალს დავეკითხებოდი, რომ გაეცხადებინა ჩემთვის". 58.(5). 1. "ახლახან გეუბნებოდი, რომ ჭკუამახვილი და თამამი ხარ-მეთქი, - ამბობს, - ითხოვდი რა იგავთა განმარტებას, მაგრამ შენი ასეთი სიმტკიცის გამო განგიმარტავ იგავს მამულსა და დანარჩენ ყოველივე თანმდევზე, რომ გასაგები გახადო ისინი ყველასთვის. ახლა კი ისმინე და შეიმეცნე: 2. მამული ეს სამყაროა (მთ. 13.38). მამულის უფალი ყოვლის შემოქმედი (ეფეს. 3.9; აპოკალ. 4.11; ებრ. 3.4; ეკლეს. 18.1), მათი შემაკავშირებელი და განმაძლიერებელია (ფს. 67.29)176. ძე სულიწმინდაა. მონა ძე ღვთისაა. ვენახი ის ხალხია, რომელიც მან დარგო. 3. ზღუდეები უფლის წმინდა ანგელოზები არიან, მის ხალხთან მჭიდრო კავშირში მყოფნი. ვენახიდან ამოძირკული ბალახი ღვთის მონათა უკეთურებანია. საკვები, რომელიც სუფრიდან გაუგზავნა მონას, მცნებებია, რაც თავისი ძის მიერ გადასცა საკუთარ ხალხს. მეგობრები და თანამზრახველები პირველქმნილი წმინდა ანგელოზები არიან. ბატონის მოგზაურობა მის მოსვლამდე დარჩენილი ჟამია"177. 4. ვეუბნები მწყემსს: "უფალო, დიადი, გასაოცარი და დიდებულია ყოველივე. განა ძალმიძდა მე, ეს გამეგო? არც სხვა ადამიანს, თუნდაც რომ ფრიად გონიერი იყოს მავანი, არ შეუძლია ამის შემეცნება. ამრიგად, უფალო, კვლავაც განმიცხადე ის, რაც მსურს, შენ შეგეკითხო". 5. "მკითხე, - მომიგებს, - თუ რამ გწადია". "უფალო, რატომ წარმოგვიდგება იგავში ძე ღვთისა მონის სახით?"                59.(6). 1. "ისმინე, - მპასუხობს, - ღვთის ძე არათუ მონის სახით, არამედ დიადი ხელმწიფებითა და მეუფებით წარმოგვიდგება". "როგორ, - ვეუბნები, - ვერ ვხვდები?". 2. "ღმერთმა რომ ვენახი დარგო, ესაა ხალხი, რომელიც შექმნა და საკუთარ ძეს გადასცა. ძემ კი თითოეულ მათგანზე მცველად ანგელოზები დაადგინა. ფრიად დამაშვრალმა და მრავალი შრომით დაქანცულმა მათი ცოდვები განწმინდა (რადგან არავის ძალუძს, ვენახი ჯაფისა და შრომის გარეშე დაბაროს). 3. თავად ხალხის ცოდვათა განმწმენდელმა მათ სიცოცხლის გზები უჩვენა (ფს. 15.11; იგავ. 16.17), რჯული მიჰმადლა, რომელიც საკუთარი მამისგან მიიღო (ინ. 10.18; 12.49; 14.31; 15.10). ხომ ხედავ, - ამბობს, - რომ ისაა ხალხის უფალი, რომელმაც ყოველი ხელმწიფება საკუთარი მამისგან შეიწყნარა (მთ. 28.18; ეფეს. 1.20-23). 4. ისმინე, თუ რატომ იახლა უფალმა თანამზრახველად საკუთარი ძე და დიდებული ანგელოზები მონის მემკვიდრეობის თაობაზე. 5. დაუსაბამო სულიწმინდა178, ყოველი ქმნილის შემოქმედი, ღმერთმა იმ სხეულში დაამკვიდრა, რომელიც ისათნოვა. ამრიგად, ეს სხეული, სადაც სულიწმინდამ დაივანა, სიწმინდესა და უბიწოებაში მავალი, კეთილად დაემორჩილა სულს179 და საერთოდ არაფრით შეუბღალავს იგი. 6. შესაბამისად, ის180, კეთილად და უბიწოდ მცხოვრები და სულთან თანადამაშვრალი და ყოველ საქმეში თანამოქმედი, ძლიერად და მამაცურად მიმოიქცეოდა, რადგან სულიწმინდასთან ერთობისთვის გამოირჩა, რომელმაც ამ სხეულის მეგზურობა ისათნოვა, რომ არ შებღალულიყო დედამიწაზე მყოფი სულიწმინდა181. 7. თანამზრახველად კი ძე და დიდებული ანგელოზები შეიწყნარა, ვინაიდან სულს უბიწოდ დამონებულ ამ სხეულს თავშესაფარად ჰქონოდა რამ ადგილი და მისი მორჩილების სასყიდელი დაკარგულად არ მიეჩნია, რათა მთელ სხეულს, აღმოჩენილს უმწიკვლოდ და შეუბღალავად, სადაც სულიწმინდა მკვიდრობდა, სასყიდელი მიეღო182. 8. ამ იგავის ახსნაც მიიღე".   60. (7). 1. ვეუბნები: "ვხარობ, უფალო, ამ განმარტების მსმენელი". მომიგებს: "ახლა კი ისმინე. ეს შენი სხეული წმინდად და შეუბღალავად დაიცავი, რომ სულმა, რომელიც მასში დამკვიდრდა, მასზე დაამოწმოს და გამართლდეს შენი სხეული. 2. ეკრძალე, არასოდეს აღიწიოს შენს გულში [აზრი], რომ სხეული შენი არის გახრწნადი და რაიმე ბიწით შებღალავ მას183. რაჟამს შენს სხეულს წაბილწავ, წმინდა სულიც შეირყვნება და უკეთუ სხეულს წაახდენ, ვეღარ ცხონდები". 3. ვეკითხები: "უფალო, უწინარეს ამ სიტყვების მოსმენისა, თუკი მავანი უმეცარი იყო, საკუთარი სხეულის წამბილწავი ადამიანი როგორღა ცხონდება?" "ადრინდელი უმეცრებების გამო, - ამბობს, - ოდენ ღმერთს ძალუძს კურნება მიანიჭოს, რადგან მისია ყოველი ხელმწიფება. 4. მაგრამ ამიერიდან დაიცავი და მარადმოწყალე უფალი უწამლებს მათ, უკეთუ მომავალში არ წაბილწავ შენს სხეულსა და სულს, რადგან ორივენი ზიარნი არიან და არ შეიძლება, ერთი შეირყვნას მეორის გარეშე. ამრიგად, სიწმინდე დაიცავი და ღმერთთან იცოცხლებ". *ნაწილი პირველი* *ნაწილი მესამე*…
დაამატა Kakha to პატროლოგია at 9:09pm on დეკემბერი 10, 2012
თემა: სერგეი ალხუტოვი მეფე და ძაღლი
შეიძლება ომში წასვლა, რაღაი გადახურებული თავი თავისი თვისებებით მთლიანად ჩაანაცვლებს - მძიმეა, ცხელი, წკარუნა და ცარიელი. ერთი სიტყვით, ბრინჯაო. თვალებიც კი ღალატობენ თავიანთ ჩვევას: უკან შეიკეცავენ თავიანთ თხელ, უხილავ საცეცეებს, რომელთა დახმარებით, როგორც ზოგიერთი ფილოსოფოსი ირწმუნება, ხდება დანახვა, და უშუალოდ აღიქვამენ მთელ პაპანაქებას თუ მზის მთელ სიმძიმეს. ო, ჰელიოს! მალე მთელი ქვეყანა ადუღდება - რა თქმა უნდა, თუკი იმისი ოთხი ელემენტიდან მთავარი წყალია. აბა რა, წყალი უნდა იყოს გადამწყვეტი! ზეთისხილის და ლეღვის ფოთლები ალაგ-ალაგ ყვითლდება - ხეებსაც არა ჰყოფნით მაცოცხლებელი ტენი. და თუკი მათ ნიავწანწალა შეეხება, ისე უცნაურად შარიშურობენ, რომ პლატონიც კი ვერ მოვა მათთან თავისი მსჯელობებით. ოღონდ პლატონს რომ შრიალი შესძლებოდა... ამბობენ, რომ ძალიან-ძალიან შორს, მზის ამოსვლის მხარეს (ო, როგორ ვარვარებს, სულ გამოგვაცხო!), არის თვალუწვდენელი ქვიშები, სადაც იზრდება ხეები... იქაურები „საქსაულს“ ეძახიან. ესეც სახელია რა, იგივეა, ხვლიკს რომ ჩხრიალა ბალახი დაუძახო. აი, სხვათაშორის, რას უნდა ჰგავდეს პლატონის სილოგისტიკა! თანაც, კიდევ იმასაც ამბობენ, რომ იქაურ ქვიშებში ზაფხულის დღეს კვერცხს უფრო მალე შეწვავ, ვიდრე ცეცხლზე. ესე იგი, აქ, ჩვენთან მაინც არც თუ ისე ცუდია. ხოლო აგორის განაკიდეზე, ჭკნობაშეპარული ლეღვის ხის რიბი-რაბო ჩრდილში დგას ძაღლი დიოგენი და ცხვება. კმაყოფილებას იმის პირისახეზე ექიდნურობაც შერევია, რომელიც სულაც არ უშლის ხელს, ნეტარებით წამოიწიოს ცერებზე. მგონი, უკვე მთელმა ათენმა მოისმინა მისი კომენტარი ამის თაობაზე: „ნეტავ, ეგრე ადვილად შეიძლებოდეს შიმშილის გაქრობაც, მუცელზე მოფერებით!“ ამბობენ, რომ გუშინ ამ უცნაურმა კაცმა თქვა, რომ ქარონის ნავი ამის სიმძიმეს ვერ გაუძლებსო და თავისი ჯამი გადააგდო. მახლობელი ხის ქვეშ ორი ბიჭი ერთობა. საიდანღაც მოუტანიათ ჩამღრძვალი ძაღლის კუდი. ერთი ლაწირაკი კუდს იმ ალაგთან იჭერს, სადაც დიოგენს, შესაბამისად, ფალოსი აქვს, და ვნებიანად იმეორებს დიოგენის ხელის მოძრაობებს ხან ბეწვის მხარეს, ხანაც მის საწინააღმდეგოდ. მეორე მის გარშემო დარბის ოთხზე, იყეფება, იღრინება და ხანდახან თავის ძმაკაცს კვერცხებზე ჰკბენს. დიოგენე სულაც არ ბრაზობს. გაუშვი, ეს სხვებმა ქნან, თუკი ძალიან უნდათ წყენის ტვირთი ატარონ სულში. არადა, ხომ დასაშვებია, რომ ქარონისთვის წყენა უფრო მეტად ფასობს, ვიდრე ჯამი და ფიალა ერთად აღებული. და, თუკი იმასაც არ წაიღებ სტიქსს გადაღმა, საერთოდ, რა ჩემ ფეხებად გინდა? რად გინდა ყველანაირი ნაგვის მოგროვება და თრევა? ღმერთების დედის ტაძრის საფეხურები დღის უმეტეს ნაწილში ცარიელია. აგორაც თითქმის უკაცრიელია, თუ არ ჩავთვლით დიოგენეს და ორ ბიჭს, დილიდან აქამდე ხუთიოდე ადამიანი თუ გამოჩნდა. ბაზრის დღე არ არის, არც სამუშაო, ხალხიანი. კერამიკის მცხოვრებნიც კი, ეტყობა, სახლებში შეიყუჟნენ და სამექოთნეო ციბრუტები იმათ ეზოებში ლანგრებზე დადებულ ნაჭამ ვაშლებს ჰგავს... ვინ იცის, ეგებ გარკვეული სიმაღლიდან მთელი ათენი ახლა ისე გამოიყურება, როგორც განხეთქილების დაბრაწული ვაშლი... თავისებურად კეთილი, კარგი დღეა. იმისთანა სიცხეა, რომ შეხლა-შემოხლები პრომაკედონურ პარტიასა და ატიკის პატრიოტებს შორის, ეტყობა, გამოშრა და დაიმანჭა - და მიუხედავად იმისა, რომ სწორედ დღეს დილას ათენში ალექსანდრე ჩამოვიდა.  *        ალექსანდრე მაკედონელს, არა მგონია, წარდგენა სჭირდებოდეს. მეფეა. ეს ყველამ იცის. თავადაც, და სარგებლობს ამ ცოდნით, ადამიანებზე მბრძანებლობს. თუმცა, არის მასში რაღაც ისეთიც, რაც, ეტყობა, ძალაუფლებას აძლევს და არა მხოლოდ ადამიანებზე. ამ მხრივ ნიშანდობლივია თავის ცხენთან, ბუცეფალთან გაცნობის ამბავი. ალექსანდრე ჯერ კიდევ ყრმა იყო, უფრო სწორად, ბიჭი, როცა მამამის ფილიპეს ცხენი მიუყვანეს საყიდლად. მეფესთან დაახლოებულებიდან კაციშვილი არ გაიკარა იმ ცხენმა, ფილიპე განრისხდა და ბრძანა, წაეყვანათ, და მაშინ ახალგაზრდა ალექსანდრემ ხმამაღლა თქვა, რომ ადამიანები მშიშრები არიან, რის გამოც ეგეთ საგანძურს კარგავენ კიდევაც. იმას რომ თავი დავანებოთ, თუ როგორ დაიმორჩილა ბუცეფალი, შეიძლება დავსვათ შეკითხვა: რატომ და რისთვის დასჭირდა ამის თქმა? ამ მოვლენამდე ცოტა ხნით ადრე, ამხანაგებთან საუბრისას, ალექსანდრემ თავადვე უპასუხა შეკითხვას, რომელიც საკუთარ თავს დავუსვით. „თუკი ყველაფერი მამაჩემმა დაიპყრო, მე რაღა დამრჩება“, - თქვა მან ფილიპეს მორიგი გამარჯვებისას. სულ ტყუილად სთვლიან ათენელი ობივატელები ალექსანდრეს პატივმოყვარედ. პატივი კი არა, პირადი ძალაუფლება აინტერესებდა. პირადი, ანუ ის კი არა, ტახტზე მჯდომარეს რომ ეკუთვნის, არამედ როგორც კუთვნილება იმ კაცისა, ვინც თავად აიღო იგი. და აინტერესებდა ძალაუფლება იმიტომ, რომ ყველაფერი დაუმორჩილებელი, დამოუკიდებელი და უმართავი მასში იწვევდა გრძნობას, რომელსაც უმეტესობა სიმამაცეს უწოდებს, ხოლო გამჭრიახი უმცირესობა კი - პირშებრუნებულ შიშს. ტყუილად ხომ არ ამბობენ: „თუ რისი ეშინია ადამიანს, მისივე სიმამაცე მიგახვედრებთ“ (ზუსტი ციტატა სტასნისლავ ეჟი ლეცის „დაუვარცხნელი აზრებიდან“, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს ტექსტის დაწერის დროს - იხილეთ წინათქმა). შიში არ იცის: კატამ - თაგვთან, მგელმა - კურდღელთან და კაცმა - შებოლილ თევზთან. მაგრამ საკმარისია წარმოიდგინო, თუ შენი პოტენციური სადილი როგორ გითვალიერებს სიცხისგან ამოტრიალებული თვალებით ადვილად მოწყვლად ალაგებს, მერე როგორ ამოხტება ჯამიდან და შემოგიტევს, და საბოლოო კბენისთვის დააფჩენს ხახას... აი, სწორედ აქ მჟღავნდება სიმამაცე, თავდადება და გმირობა. თუ კაცმა ბავშვობიდანვე არ იცის შიში, ვერასოდეს გახდება გმირი. ბუცეფალი ალექსანდრესთვის სწორედ ეგეთი პოტენციური სადილი იყო. მოგვიანებით იმისი მადა მთელ ელადაზე გავრცელდა, შემდეგ კი ბარბაროსთა ქვეყნებზე - ჩვენს მიერ აღსაწერი მომენტისათვის სპარსეთს დაადგა თვალი. დავუბრუნდეთ აღსაწერ მომენტს. მეფეებისთვის დამახასიათებელია სასახლეებში ცხოვრება. რამდენადაც ეს მოკრძალებული ფუფუნება ოიკუმენის ყველაზე დემოკრატიულ ქალაქში არ არის, ალექსანდრეს მოუწია თავისი სადგომი ალაგი ისერიგად შეერჩია, რომ სახლიცა და სახლის პატრონიც ღირსნი ყოფილიყვნენ ასეთი პატივისა. და თანაც, ამას გარდა, ეს უკანასკნელი (ამას მხოლოდ თავად მეფე ხვდებოდა) პოტენციური სადილი ყოფილიყო. პატივი ხელისუფლების ერთ-ერთი ბერკეტია რეპუტაციის გასაძლიერებლად. და მეფემ კრათეტეს სახლი აირჩია. კრათეტე, როგორც პოტენციური სადილი, იყო ფილოსოფოსი. ფილოსოფოსები, საერთოდ, ძნელად სამართავი ხალხია, ხოლო კინიკოსების სკოლა, რომელსაც კრათეტე მიეკუთვნებოდა, ამ მხრივ დაუმორჩილებლობის განსახიერება გახლდათ. ანუ, მარტო ის კი არა, რომ ისინი, როგორც პოტენციური სადილი, ჯამიდან ხტებოდნენ - იმათ, ეტყობა, ერთხელ და სამუდამოდ სცვითეს თავი ჯამიდან. კრათეტე კი, როგორც მეფის მიმღები კაცი, განეკუთვნებოდა თებეს ერთ-ერთ ყველაზე გამოჩენილ საგვარეულოს. ისე, რამდენიმე დღე იმასთან ცხოვრების მერე მეფემ აღმოაჩინა, რომ ის ალექსანდრეს საკვირველი, არისტოკრატისთვის არადამახასიათებელი უბრალოებით ექცევა. ამას სალდაფონობის სუნი არ უდიოდა, მაგრამ ალექსანდრემ მალევე იგრძნო, ვიდრე მიხვდა, რომ მაინც არის რაღაც, რაც ნებისმიერ ჯარისკაცთან ანათესავებს ბრძოლის ველზე: თითქოსდა კრათეტე პირადად იცნობდა სიკვდილს და იცოდა, რომ სიკვდილი ყველას ათანაბრებს. კრათეტესთან ყოფნის მესამე დღეს მეფე შეეკითხა: - შენ ხომ ფილოსოფოსი ხარ? - ვიყავი ფილოსოფოსი, - მიუგო იმან, თითზე იხვევდა მოშვებულ წვერის ბღუჯას. - და რატომ აღარა ხარ? - შეეკითხა ალექსანდრე და უნებურად ხელი გადაისვა გაპარსულ ლოყაზე. - ფილოსოფიას მანამდე უნდა მიჰყვე, ვიდრე არ მიხვდები, რომ არავითარი სხვაობა არ არსებობს მთავარსარდალსა და ვირების მდევნელს შორის, - კადნიერების გარეშე მიუგო ყოფილმა ფილოსოფოსმა და მშვიდად გაუღიმა. - მერე? - ალექსანდრეს ხელი რაღაც ჩაფიქრებულ-მიუხვედრელი დაბნეულობით გაიყინა ნიკაპზე. - დანარჩენი დიოგენეს ჰკითხე. - დიოგენეს? - ალექსანდრეს მზერა გვერდზე გადაქანდა, მერე ჭერზე აფრინდა, - ზევსად დაბადებული? (სახელი დიოგენე წარმოდგება სიტყვიდან ΔΙΟΣ (ნათესაობითი ბრუნვა ΖΕΥΣ) - ზევსი, ΓΕΝΟΣ - დაბადება, წარმოშობა, ნათესაობა). ვიცნობ. მამაჩემის ტყვე იყო. ორი-სამი წლის წინათ ვნახე, ჰერონესთნ ბრძოლის მერე. - მართალი ხარ, ნახე. მაგრამ შენ იმას არ იცნობ. - ჰოდა, მოიწვიე აქ და გამაცანი. - შენ დარწმუნებული ხარ, რომ ეს მართლა გინდა, მეფევ? - კრათეტემ სიტყვა „მეფეზე“ დასვა მახვილი. - როცა მე მინდა, ყოველთვის დარწმუნებული ვარ, - ალექსანდრეს ლოყები გაუწითლდა, - აქ მოიწვიე. მე კიდევ დაგაჯილდოებ: შენს მშობლიურ თებეს აღვადგენ. ტიპიური მეფური ჟესტი! ბეოტიის ყველაზე მსხვილი ქალაქი თავიდან უნდა ავაშენოთო? მაგრამ ეს ჟესტი ალექსანდრეს ტყუილად არ გაუკეთებია: სიტყვები „შენ იმას არ იცნობ“ იმისთვის მსოფლიოს დაუმორჩილებელ ნაწილზე მითითებას ნიშნავდა და შიგ გულში ხვდებოდა. კრათეტემ ახალი ბღუჯა გამოყო თავისი წვერიდან და იმასაც პირველივით დაუწყო დახვევა. - შენ დაანგრიე თებე და ნანგრევებს შორის ხელუხლებლად დატოვე პინდარეს სახლი. მაგრამ მითხარი, სად ცხოვრობს ახლა პინდარე? მეფე დუმდა. შესაძლოა, პირველად ჩახვდა იმას, რომ თებელი პოეტი ას წელზე მეტია ცოცხალი აღარ არის. - შენ შეგიძლია აღადგინო თებე, მაგრამ მითხარი, სად იცხოვრებენ მაშინ თებელები? ალექსანდრე დუმდა და კრათეტეს წვერის ჯადოსნურ გარდასახვას ისე უყურებდა, როგორც მიაშტერდებოდა ცეცხლს, ან მზის ჩასვლას, ან მტრის გვამებს, ანდა მერცხლების ფრენას. - თანაც გინდა აღადგინო, რომელიმე ახალი ალექსანდრე მაინც დაანგრევს. მართალი ვარ თუ ვერ გაიგე? ალექსანდრე აკვირდებოდა, როგორ ეხვეოდა მესამე ბღუჯა იმ ორივით სქელ ხვეულებად და ყოფილი ფილოსოფოსის მარცხენა ხელს მწიკვით ეჭირა ის ხვეული ბოლოთი. - მაშ, სულ თან გახლდეს ეგ სიმამაცე და შენზედ სიბრძნეც გარდმოსულიყოს. მე კი დიოგენთან წავალ და ვეცდები, აქ მოვიწვიო, - კრათეტემ ხვეული გაიშალა წვერზე, წამოდგა და გაშორდა.   *        დიოგენე ღმერთების დედის ტაძრის ჩრდილში იჯდა, თავისი თიხის კასრის მახლობლად და მიწაზე იყურებოდა. თვალები ღია ჰქონდა, ხოლო იმის ტუჩებზე კიდევ მშვიდ, სასიხარულო და გესლიან ნახევარ-ღიმილებს სასეირო თამაშობა გაემართათ. რომ მიუახლოვდა, კრათეტემ შენიშნა, რომ მასწავლებელი დაჰყურებს ორ ნიშანს, შეთხზულს კარგად ნაცნობი, პატარა თეთრი ქვებისგან. ერთი მათგანი ჯვარია, რომელიც შედგება ოთხი ასო „Г“-საგან (გამმა), მეორე კიდევ - ამ პირველის სარკული გამოსახულება არის. - ამ სიმბოლოებს შეხედე, მეგობარო, - წარმოთქვა დიოგენემ, თავი არ აუწევია, - ისინი ინდოეთში გაჩნდა, იქ ასე ეძახდნენ „სუ-ას-ტი“, ელინურად „საკეთილდღეო ყოფნა“. აი, ეს კიდევ, ოთხი „Г“-საგან გაკეთებული შეიძლება აახმოვანო, მაგალითად, ასე: „შეცნობა - სიჩუმის და სიცილის წყაროა“. - გაახმოვანო? აჰ, ჰო, ოთხი გამმა: ΓΝΩΣΙΣ - შეცნობა; ΓΕΝΕΣΙΣ - წყარო, დასაწყისი, წარმოშობა; ΓΑΛΗΝΗ - სიჩუმე, სიმშვიდე, შტილი; ΓΕΛΑΣΜΑ - სიცილი. ). და მეორე? - მეორე... შენ ხომ იცი, კრათეტე, რა დამართეს ამ ლათინებმა ჩვენს ასოებს. ჰოდა, ეს იმათთან, - დიოგენემ ხელისგულებით დაფარა ზედა და ორი გვერდითი შტო ნიშნისა „შებრუნებული სუ-ას-ტი“, - აი, ეს, რასაც ხედავ, - ასო ლამბდაა. და ლათინურად შეიძლება გავაჟღეროთ. მაგალითად: „Lectio Leti Libero ex Libidinum“, ელინურად „სიკვდილის მიღება სურვილებისგან გვათავისუფლებს“. დიოგენე ჩაფიქრდა. ჩაფიქრდა კრათეტეც. მაგრამ მასწავლებელმა გააწყვეტინა აზრთა მდინარება. - რა მოგივიდა, მთელი ეს სირობა მოისმინე, რაც მე ვილაპარაკე?! ... გარინდებიდან რომ გამოერკვა, კრათეტემ წვერის ჩეჩვას მიჰყო ხელი და ნეკაზე რომ დაიხვია ერთი ბღუჯა, შეეკითხა: - და რა არის სირობა? - ო, ეს სიტყვა მე კოსმოსმა მაჩუქა, და მიყვარს. ხომ იცი, სირი იგივე ჩიტია. ჰოდა „სირობა“ უფრო კარგად ჟღერს, ვიდრე „ჩიტობა“. - უკეთესად ჟღერს. და რას ნიშნავს? დიოგენემ კრათეტეს შეხედა, აფასებდა, მზად არის თუ არა, პასუხად იგავი მიიღოს. - ფინიკიის ნაპირებზე ბევრი ებრაელი ცხოვრობს. იმათი ლეგენდა ღაღადებს, რომ ღმერთისგან შექმნილმა პირველმა კაცმა და ქალმა ცნობადის ხისგან ვაშლი შეჭამეს. და მაშინ მიხვდნენ, რომ შიშვლები არიან და სასირცხო ალაგები ლეღვის ფოთლებით დაიფარეს. - და მერე რა? - „სირობა“ ნიშნავს რაღაც მნიშვნელოვანის და შენ რომ იცი, იმიტომ აკრძალულის დასამალად რამე წინ ასაფარებელს. არსით ნებისმიერი სიტყვა - ...... ორივ გაჩუმდა. რაღაც დროის შემდეგ კრათეტემ კიდევ ერთხელ გაიგო, რომ არავისთან არ სდუმს ისე კარგად, როგორც დიოგენესთან. და როცა თებელი მასწავლებლისგან წასვლას ეპირებოდა, უცებ გაახსენდა და გამოაცხადა: - ალექსანდრეს შენი გაცნობა უნდა და სტუმრად გეძახის. - გადაეცი, რომ შვრია ცხენთან არ მიდის, - უთხრა დიოგენემ და მშვიდად გაიღიმა. კრათეტე ახლა საჩვენებელ თითზე შეუდგა წვერის დახვევას, გეგონება სწრაფად იწერდა მეხსიერებაში იმას, რაც ძაღლმა უთხრა. - სირზე დაიხვიე და ისე იარე, - გესლიანად შესთავაზა დიოგენმა. კრათეტეს ხელი ჩაკვდა, თავადაც ერთი წამით გაშეშდა, მერე კი ორივემ, ძაღლმაც და თებელმაც ორი ულაყივით ჩაიხვიხვინეს და მაგრად გადაეხვივნენ ერთიმეორეს.   *        სიკვდილთან ნაცნობობა - ეს ნამდვილად ნიშნავს, რომ არ გეშინოდეს მისი. დიოგენე - ეტყობა, კრათეტეს მასწავლებელი ან უფროსი ამხანაგია. ესე იგი, იმასაც არ ეშინია სიკვდილის. ანუ, ძალით შენთან ვერ მოიყვან, თუკი, ამ სიტყვების პირდაპირი მნიშვნელობით, ყულფს ან ბადეს არ გადააცმევ. მაგრამ განა ეს ნაცნობობის ხერხია? დაახლოებით ამგვარი განსჯა სცადა ალექსანდრემ მას შემდეგ, რაც დიოგენეს უარით განრისხებულმა ცხელ გულზე ორი თავისი მცველი სიკვდილით დასაჯა და, ბოლოს, დამშვიდდა. სხვათაშორის, მისი დამშვიდება საკმაოდ ფარდობითი იყო. ჯერ ერთი, მაინც... მაინც... მაინც ვინ უნდა იყო, რომ მთლად იმას უთხრა უარი, მეფეს?! და მეორეც, რა არის ეს დამამცირებელი - მისი, მეფის შედარება ცხენთან?! მაგრამ! როგორი ფანტაზია აქვს! მომხიბვლელი თავხედი. მეფეს ძალიან უნდოდა თვალებში ჩაეხედა იმისთვის, ვინც ბედავს ასე გამომწვევად მოიქცეს და... გაუგებრადაც. დიოგენე გაუგებარი იყო ალექსანდრესთვის, და დიოგენე არ ემორჩილებოდა ალექსანდრეს. თუმცა, ეს ხომ ერთი და იგივეა? მაგისი დასჯა დამორჩილების ხერხად ვერ ივარგებსო, უთხრა საკუთარ თავს. მე თვითონ მომიწევს მისვლა, როგორც, სხვათაშორის, ცხენებთან, თავის დროზე მე მივედი ულაყ ბუცეფალთან, უთხრა საკუთარ თავს. იმასაც ვნახავთ, ვინ არის ჩვენ ორს შორის ცხენი? უთხრა საკუთარ თავს და უცებ წაიბორძიკა: ვაი, ის თუ ცხენია, მაშინ მე შვრია ვარ?! ესეც შეყელთებაა, ყვავ-ყორანსაც წაუღია ეგ ოხერ-ტიალი. კიდევ ბევრ რამეს ეუბნებოდა საკუთარ თავს, და ცხადი იყო, ფილოსოფოსმა წამოიკიდა მეფე. იმას ეჩვენებოდა, რომ თოკი, რომელიც შეაბეს (როგორც გამომხმარ თევზს), და რომლის მეორე ბოლო ღმერთების დედის ტაძარზე იყო ჩაბმული, დაიჭიმა. ალექსანდრემ ლამის გარშემო შემოუარა კიბელეს ტაძარს - აბა, სხვანაირად როგორ, როცა თოკი გიჭერს? - და დიოგენე უკანა ეზოში იპოვნა, პეპლის ფარფატით ტკბებოდა. დაცვას ანიშნა, რომ კუდში არ მიჰყოლოდა. - ფილოსოფოსო, - მიმართა მეფემ ძაღლს, - მე შენთან მოვედი. დიოგენემ პეპელას მოსწყვიტა მზერა, რომელიც იმწამს ყვავილზე დაჯდა - როგორც ყოველთვის, ახლაც არავითარი ჩრდილი არ დაუტოვებია. - შენ ვინა ხარ? - მე ალექსანდრე ვარ. - ჩემთვის ცნობილია შენი სახელი, თუმცა არ ვეთანხმები. რაც შენ თებეში ჩაიდინე, იმის გამო სახელი ალეტანდრედ (სიტყვების თამაშია. ალექსანდრე ბერძნულად ადამიანთა დამცველს ნიშნავს (სიტყვიდან ΑΛΕΞΙΣ - დამცველი და ΑΝΗΡ - ადამიანი, კაცი, ΑΝΔΡΟΣ-ს სახელობითი ბრუნვა), ალეტანდრე - ადამიანთა დამამდაბლებელი (სიტყვიდან ΑΛΕΤΗΣ - დამფქველი, დამაპატარავებელი).) უნდა გადაგიკეთოთ. მაგრამ შენ ხომ შენი სახელი არა ხარ, მაშინ ბგერებისგან და ასოებისგან იქნებოდი აგებული. მართალი ვარ თუ ვერ გაიგე? ამ ბოლო ხანებში მეფეს მეორედ აძლევდნენ ამ ბრიყვულ, პასუხგაუცემელ შეკითხვას, და მეორედაც ვერ უპასუხა. - მაშ, კარგი; მითხარი, რატომ მოხვედი, თუკი ჩემი გეშინია? იქნებ, სწორედ ამიტომ? - მე არავისი მეშინია, - მეფის სახემ კარგად გასარჩევი წითელი შეფერილობა მიიღო. - ტყუილია, სახალხოდ შექმნილი მითია. სიწითლით კი გაწითლდი, მაგრამ თვალები დამალე, ცდილობ საკუთარ გრძნობებში გაერკვიო. მართალი რომ იყოს, რომ არავისი გეშინია, დაცვა არ გეყოლებოდა. კარგი, კიდევ შეგეკითხები: რის გაკეთებას აპირებ უახლოეს ათ-ოც წელიწადში? - მთელ მსოფლიოს დავიპყრობ და დიადი ხელისუფალი გავხდები. - შენ ჯერ კიდევ გაზრდაზე ოცნებობ, მაკედონელთა მეფევ? (დედანში - „გახდე მაღალი“. სიტყვების თამაში. ΜΑΚΕΔΝΟΣ - მოსული, მაღალი. ΜΑΚΕΔΟΝΙΚΟΣ - მაკედონელი). შენ, ეტყობა, პატარაობისას გქონდა პრობლემები. მაგრამ ზევსის სახელს გაფიცებ, ნუთუ მართლა გგონია, მთელ მსოფლიოს რომ დაიპყრობ, აღარაფერი შეგაშინებს? ალექსანდრეს სულ უფრო და უფრო უჭარხლდებოდა სახე, ხელებიც ძალაუნებურად ემუშტებოდა. აცოფებდა ეს კაცი. დიოგენეს სახეზე კი მშვიდ ღიმილსა და უძირო თვალები ციმციმებდა. - მართლა საკვირველი არ არის? - ისევ ალაპარაკდა ფილოსოფოსი, - ერთ კაცს შეუძლია მეორე ადამიანის სხეული მართოს. მაშინ ადამიანებს შორის ზღვარი სადღაა? მე მოვინდომე, რომ სახე გაგწითლებოდა და ხელებიც მოგემუშტა. მე ამას მივაღწიე. მეც ხელისუფალი ვარ. ახლა ალექსანდრეს მარტო ეს კაცი არ აცოფებდა. ახლა ალექსანდრეს თავად ალექსანდრეც აცოფებდა. - შენ, ალბათ, შეამჩნიე, რომ მე „მეც“ ვთქვი. იმიტომ, რომ შენც ასე ხარ, - დიოგენე ჩურჩულზე გადავიდა და ალექსანდრე იძულებული შეიქნა, დახრილიყო, - შენ დიადი მბრძანებელი ხარ. მთელი მსოფლიოს მბრძანებელი. უფრო მეტიც - შენ ღმერთი ხარ. ალექსანდრე გაიმართა. - შენ კიდევ ფილოსოფოსი კი არა, თავგასული ცრუპენტელა ხარ, - ისე გამოდიოდა, რომ მეფემ ყოველგვარი ინტერესი დაკარგა ძაღლის მიმართ. - მე ცრუპენტელა არა ვარ, მე სიმართლეს ვამბობ, - ხმამაღლა და დარწმუნებით მიუგო დიოგენემ, - ოღონდ შენ ჯერ არ იცი ეს სიმართლე. შენ არ იცი, რომ უკვე მეფე ხარ. - როგორ თუ არ ვიცი? - კვლავ თავი წამოყო მეფის ინტერესმა დიოგენესადმი. - აი, ასე. არ იცი. შენ გგონია, რომ მაკედონიის მეფე ხარ? ტყუილია. მაკედონიის მეფე - ეს მხოლოდ ის ადგილია, რომელსაც დროებით იკავებ. - როგორ თუ დროებით? - შენ გადაწყვიტე, რომ შენი მეფური როლი უკვდავთა სიაში შეიტანო? მაშინ ისიც გაიხსენე, რომ ღმერთებიც კი ჩამოაგდებდნენ ხოლმე ტახტიდან ერთმანეთს. შენ მაკედონიის მეფე არა ხარ, შენ მხოლოდ დროებით გიკავია ეს ადგილი. - აბა, მაშ, ვინა ვარ? - დარწმუნებული ხარ, - გინდა თუ არა, რომ ეს იცოდე? - თუკი მე მინდა, მაშინ ყოველთვის... - ალექსანდრე შეფერხდა და იმის სახეზე ათამაშებული სიწითლე გაქრა. - „ყოველთვის“ - ძალიან მავნე სიტყვაა. როცა ნამდვილად მიხვდები, რომ აღარ გეშინია გაიგო, ვინა ხარ, - ჩემთან მოდი. დიოგენე შეტრიალდა, რითაც მიანიშნა, რომ აუდიენცია დამთავრდა და პეპელის ცქერა განაგრძო. „მართლა დარტყმულია, ტყუილად კი არ ამბობენ ამაზე ათენელები“, - გაიფიქრა ალექსანდრემ და დაცვას იმის ნიშანი მისცა, რომ უკან უნდა მიეცილებინათ, კრათეტეს სახლამდე. და მხოლოდ თავად მიხვდა იმას, რომ აზრი დიოგენეს შეშლილობაზე - ეს მხოლოდ მისი შინაგანი ცდა იყო, თავი დაეცვა პოტენციური ვახშმის ჯამიდან ამოხტომისგან.   *        ათენს ჩამავალი მზის სინათლე ეფინება - მეწამული, როგორც ალექსანდრეს სახე, როცა ის მრისხანებს, მაგრამ არავის აშინებს, პირიქით, ძალიან მშვიდობიანია. ბაზრის ხმები, მოფიქრალ ფილოსოფოსთა ხმები, ჩიტების, ხოჭოების და ბუზებისა, ურმებში შებმული ხარების და მოტრიალე ურმების ჭრიალი - ყველაფერი ერთვის ამ დამამშვიდებელ მეწამულს, და ზეცის უშველებელი ქიტონი მხარზე აბრწყინებული საღამოს პლანეტის ბალთით, და დიდი გაბრტყელებული მზე, სულ უფრო და უფრო რომ ბრტყელდება მოძლიერებული ღამის დაწოლით და ოკეანის ჰორიზონტზე რომ იძირება, და მთვარის ჩალისფერი სილუეტი, ჩალისფერი რომ ხდება მერწყულისკენ და დამტკბარი ან მიწიერი სიმშვიდით, ანდა საკუთარი თავით - ეს სამი და კიდევ ბევრი თითქოს უფრო შესამჩნევი და მნიშვნელოვანი ხდება, ხდება ერთადერთი, რაც კი მნიშვნელოვანია სამყაროში, და შეიძლება, საერთოდაც ერთადერთი? მთლიანი და განუყოფელი, იმიტომ რომ, როგორ შეიძლება სამყარო ამად და იმად დაჰყო, იქად და აქად, მაშინად და ახლად, შიშად და სიმამაცედ, სიკეთედ და ბოროტებად, ატომებად და სიცარიელედ. ყველაფერი ერთიანია. ყველაფერი სავსეა მშვიდობით და სიწყნარით, ყველაფერი მეწამულდება, მერე ბნელდება და წყნარდება, ყველაფერი ჩადის და ბრწყინავს ზეცის მხარზე, ყველაფერი ტკბება მიწიერი სიმშვიდით ანდა საკუთარი თავით. ყველაფერი დასაძინებლად ემზადება - აი, რა არის ბინდი. ხვალამდე! ხვალამდე, ჩემო ყველაფერო, ჩემო საყვარელო, აღმტაცო ყველაფერო! სადღაც, კერამიკის გარეუბანში ყველაფერი უმღერის წყნარ იავნანას თავის შვილს, და ეს ყველაფრის შვილი, მსოფლიოს მოქალაქე - ისიც ხომ ყველაფერია - თითის წუწვნით იძინებს, და უკვე ესიზმრება საკვირველი სიზმარი, რომელშიც მიფრინავს უცხო ქვეყნების, მთების, ზღვების თავზე, და სადღაც იქ, ზღვის სიღრმეში ან მთის მწვერვალზე იმალება მძლავრი, მაგრამ მშვიდი ყველაფერი, თავისი სამკაპა რომ გადაუხუხავს ანდა კამათელში წაუგია მთელი თავისი ჭექა-ქუხილები და ამიტომაც გაბრაზების ვეღარშემძლე, სამაგიეროდ გახარებული წყნარი სიხარულით და საშუალების მიმცემი მზისთვის, რომ დღისით ყველაფერში ჩაასხას თავისი სხივები და ღამით დაისვენოს, რადგან ყველაფერი ციკლურია, რაღაი ყველაფერი მოდის და მიდის; აგრეთვე მთვარესაც აძლევს საშუალებას ყველაფერი აავსოს უცხოდ ვერცხლისფერი შუქით, დღისით კი იშვიათად გამოაჩინოს თავისი ფერმკრთალი სახე განათებულ ცაზე, მაგრამ ახლა არც დღე არ არის და არც ღამე, დაე, სამყაროს ყმაწვილი მოქალაქე უკვე ხედავდეს მეორე თუ მესამე სიზმარს პოსეიდონზე და ზევსზე - ახლა არც ღამეა და არც დღე, ახლა ბინდბუნდია. ახლა სწორედ ის დროა, როცა საღამოს პლანეტა უფრო და უფრო ბრწყინავს ზეცის მხარზე, მზე კი უკვე მზადაა თავისი უკანასკნელი სხივის გასაგზავნად მეწამულ ცაზე - დღეისთვის უკანასკნელი, თორემ ისე მორიგი, დაუთვლელი დღეთა უთვალავ წრებრუნვაში, სწორედ ამ უთვალავობის შუაგულში რომ მდებარეობს. ბოლოს დარჩენილი ფილოსოფოსები, ბოლო ვაჭრები მიეხეტებიან სახლებში, მხოლოდ სადღაც მიწაზე ჰყეფს ძაღლი, უხილავი და მარტოხელა, და სადღაც ცაზე, ჰორიზონტის ხაზის ქვემოთ, მდუმარედ და წყვილად კიაფობენ დიდი და პატარა ძაღლები.   * - საით გაგიწევია, მეფევ? - შეეკითხა კრათეტე ალექსანდრეს, რაკი დაინახა, როგორ მიუმარჯვა იმან ფეხი მონას, რომლის მოვალეობაში შედიოდა პატრონისთვის სანდლების ჩაცმა. - რა შენი საქმეა, ყოფილო ფილოსოფოსო, - მკაცრად მიუგო მაკედონელმა, და ეგრევე მკაცრად გაუვარდისფრდა ლოყები. - შენი ნებაა, მაგრამ სწორედ იმიტომ გეკითხები, რომ ვიცი, სადაც მიდიხარ. - შენ კი ახლა ყვავ-ყორნებთან წახვალ, თუკი ასე ბევრი იცი, - კიდევ უფრო მკვახედ უპასუხა ალექსანდრემ და თმის ძირებამდე გაწითლდა, - რაც უფრო მეტ ხანს ვცხოვრობ შენთან, მით მეტად მექავება ხელები შენ დასასჯელად. - შენ სულსწრაფი ხარ, მეფეო. გპირდები, რომ აუცილებლად მოვკვდები. ოდესმე, - კრათეტეს ხელი წვერისკენ წავიდა. უცებ მისი ტუჩები დაიმანჭა, სწრაფი სიცილი მოსწყდა მათ, თებელმა შუათითი გამოსწია, დანარჩენები მოკეცა, და ზედ კულულის ჩვეული რაოდენობის დახვევას შეუდგა. - აი, რას ვაკეთებდი აქამდე ისე, რომ არც კი ვიცოდი, - მხიარულად თქვა მან და იქვე ჩაფიქრდა, - საინტერესოა, საიდან მაქვს ეს? - რაზე ამბობ? - შეეკითხა ალექსანდრე და მონას მეორე ფეხი მიუმარჯვა. - ჩემსაზე ვამბობ, ხოლო მე და შენსაზე კი ვჩუმდები. - ჰო? - ალექსანდრემ ვერაფერი ნახა დასამატებლად და ხელში მახვილის ტრიალსა და იმის აწონვას შეუდგა. მერე სარტყელზე დაიმაგრა - მაინც ძალაუფლების ატრიბუტია - და გავიდა. კვლავაც ძაღლისკენ გაემართა. რატომ? იმიტომ, რომ ძაღლი მართალი იყო. - აი, მაკედონიის მფლობელიც დაბრუნდა, - გესლიანი კომენტარი დაურთო მის მისვლას დიოგენემ თავისი კასრიდან გამოძრომისას, - მე კიდევ შენთვის ახალი ამბავი მაქვს. - რა ამბავი? - ჩემთვის კარგა ხანია ახალი აღარ არის. რამდენიმე წლის წინათ ორაკულმა მითხრა, რომ მაკედონიის მეფესთან ერთად ერთ დღეს მოვკვდები. ოღონდ ის აღარ უთქვამს, სახელდობრ რომელ დღეს. საინტერესოა, არა? ალექსანდრე მზად არ აღმოჩნდა, რომ ამ უცნაური კაცის უცნაური მხიარულებისთვის დაეჭირა მხარი და ესღა თქვა: - შენს მოსასმენად მოვედი. - გიცნობთ. ამასწინათ ჩემს სანახავად მოხვედი, ახლა - მოსასმენად, შემდეგ - ხელშესავლებად, მერე დასაყნოსად, ასალოკად და ეგეთები. მეფის სახეზე ნერვიულმა სიწითლემ დაიწყო თამაში. - განსაცვიფრებელია, - თქვა დიოგენმა, - ყოველთვის, როცა ჩვენი მაკედონელი გმირად გრძნობს თავს, სახე ამდგარი ფალოსის თავივით უწითლდება. ალექსანდრეს მუშტები შეიკრა, მაგრამ როცა შეკუმშვის ძალამ გადალახა რაღაც ზღვარი, თითები კრუნჩხვით გაშალა. რატომღაც არაფრით შეიძლებოდა ამ ჩამოძენძილთან მისულიყო და ცხვირ-პირი დაემტვრია. შეიძლება იმიტომ, რომ ძაღლი მართალი იყო. იმის ბაგეთაგან შიშზე და ბავშვურ პრობლემებზე რომ მოისმინა, მეფემ თავს ძალა დაატანა და საკუთარ თავს ის უთხრა, რაც, გულახდილად რომ ვთქვათ, ადრე ეშინოდა ეთქვა. და რისი ეშინოდა? უცხოსი, უცნობისა, უმართავისა. როგორც კი აღიარებს ამას - ვიღაც მიხვდება, რომ ლაჩარი ხარ, ჭორები გავრცელდება ჯარში, არმია უმართავი გახდება, მერე კიდევ - მთელი ხალხი. და აბა, ისე როგორ გამამაცდა, რომ საკუთარ თავს შიშში გამოუტყდა? მაგრამ აღიარება უკვე მოხდა, ყველაფერი შეიცვალა, და ახალი ხერხი უნდა იპოვნოს საკუთარი თავის ხელში ასაყვანად. ეს დიოგენე კიდევ არაფერს ასწავლის, მარტო დასცინის, და ეს აცოფებს. სხვები საკუთარ ჯამში ვერ გრძნობენ თავს. ახლა ალექსანდრე თავს ისე გრძნობდა, როგორც უბრალოდ ჯამში. როგორც სადილი. - ის ანეგდოტი იცი, მუშტით მებრძოლზე? - თვალი ჩაუკრა ძაღლმა და უამბო ამბავი პატარა თავზე, ისეთ პატარაზე, რომ იმისი მორტყმა ძნელი იყო. მეტად ცოცხლად ასახიერებდა ხან შეკითხვების დამსმელ ბიჭს, ხანაც მოკრივეს, ფიქრს რომ ცდილობდა. - ჰოდა, მეც იქა ვარ! - მხიარულად დაამთავრა დიოგენმა და წამიერი დაფიქრების შემდეგ, ალექსანდრეს შესთავაზა: - ასე რომ, შეგიძლია, დამამახინჯო. არავის და არასდროს ასე არ დაუცინია მაკედონიის მეფისთვის, და იმასაც უილაჯობისგან ყმუილი მოუნდა. - შენ ხომ ჰერაკლეს შთამომავალი ხარ, - უცებ დასერიოზულდა ფილოსოფოსი, - და, რასაკვირველია, ყველაფერი იცი მის გმირობებზე. ალექსანდრე გაფაციცდა. ამ კაცისგან ყველაფერი იყო მოსალოდნელი. - ასევე, - განაგრძო დიოგენმა, - არისტოტელემ, ალბათ, გიამბო ოდისევსის, აქილევსის და სხვების გმირობებზე. - ისე, არისტოტელეზე რა აზრის ხარ? - ალექსანდრემ ხელიდან არ გაუშვა შემთხვევა, სხვა რამეზე გადაეტანა ლაპარაკი. - ო, ამ ადამიანმა ბევრი რამე იცის ცხოვრებაზე, მაგრამ, სამწუხაროდ, არ იცის თავად ცხოვრება. - და პლატონი? - იგივე ამბავია. იმან ყველაფერი იცოდა ღმერთზე, მაგრამ ღმერთი არ იცოდა. - და... - საკმარისია, - ძაღლი ისეთი სერიოზული იყო, როგორც არასდროს, - აბა, მითხარი, რა იცი დიადი სამეფოს შემქმნელი დიადი მეფის ცხოვრებაზე? მე ვამბობ: „მეფის ცხოვრებაზე“, და არა „მეფის ცხოვრება“. - კიროსი? - რომელი კიროსი! იმას, ვისზეც მე ვამბობ, მთელი ეს კიროსები, კამბიზები და დარიოსები კოჭამდეც ვერ შესწვდებიან. - ვისზე ამბობ? რომელიმე სინაქერიბი? რამზესი? - როგორც ვატყობ, შენი ისტორიული ცოდნა ინდაზე შორს ვერ მიდის. დაჯექი და მომისმინე. სიდჰართა გაუტამაზე გიამბობ.   *        საერთოდ, სირვათასიდჰართა ერქვა. ელინურად ეს ნიშნავს დაახლოებით „ყველაფერში სრულყოფილს“ ანდა „სამძღვარს მიღწეულს“. სიდჰართა - ეს შემოკლებული სახელია, ხოლო გაუტამა - გვარის სახელი, საიდანაც წარმოსდგებოდა, უფრო სწორედ, წინაპრის სახელი - ბრძენი გაუტამასი. იმისი სამეფო დინასტია კი საქიების სახელს ატარებდა. იდჰართა გაუტამა დაიბადა 54-ე ოლიმპიადის მე-2 წელს, ანუ პითაგორას თანამედროვე იყო; ოთხი წლის რომ იყო, სოლონი მოკვდა, ხოლო ჩვიდმეტი წლისა რომ შეიქმნა, თალესი აღესრულა. მამამისი, მეფე სუდჰოდანა მართავდა მომცრო, მაგრამ ფეხზე კარგად მდგარ კაპილავასტუს სამეფოს, და მართავდა საკმაოდ ბრძნულად. მისი ქვეშევრდომი გლეხები იმ მარცვლეულის უხვ მოსავალს იღებდნენ, რომელსაც ბრინჯი ჰქვია, ვაჭრები - იმ მეტალის უხვ მოსავალს, რომელსაც ოქრო ჰქვია, ქურუმები - არსობის უხვ მოსავალს, რომელსაც სულიერი ძალაუფლება ჰქვია. მხოლოდ ერთი ფენა ჯერ-ჯერობით ვერ იღებდა თავის მოსავალს - ესენი იყვნენ მეომრები, და იმ სითხის მოსავალი, რასაც სისხლი ჰქვია, სიდჰართას დაბადებისთვის ჯერაც არ მომწიფებულიყო. და ეს კარგი იყო. კაპილავასტუს ქვეყანა მრავალი უხვწყლიანი მდინარით ირწყვებოდა, მაგნოლიების და ბალზამინების ჭალებით გრილდებოდა, და ამ ყველაფერზე, თავად მეფე სუდჰოდანას ჩათვლით, მეფობდნენ ჰიმალაის მთები, რომელთაგან ყველაზე პატარა ჩვენს ოლიმპოზე მაღალია. ქვეყანაში მრავალრიცხოვანი ბრძენები დაეხეტებოდნენ, და ერთი იმათგანი ასიტა დევალა სუდოჰანას სასახლესთან სწორედ იმ დღეს გამოჩნდა, როცა სიდჰართა დაიბადა. სიდჰართას დედა ისეთი იყო, რომ იმაზე ცალკე არის მოსაყოლი, და ეს იქნება საოცრად ლამაზი ზღაპარი. ამ ზღაპარს მაია ერქვა - სწორედ ისე, როგორც ჰერმესის დედას. იმ ღამეს, როცა ის სუდჰოდანასთან დაწვა და სიდჰართა ჩაესახა, ჯადოსნური სიზმარი ესიზმრა, რომ თითქოს იმის საშოში თეთრი სპილო შევიდა, რომელსაც შვიდი წყვილი ეშვი ჰქონდა. ეს სიზმარი მეფის ოჯახის მონაპოვრად იქცა, და იმ სიზმარს, რასაკვირველია, ასიტას მოუყვნენ. ეს მონათხრობი რომ მოისმინა, ბრძენმა ახალშობილის ნახვა ისურვა და იმის სხეულზედ რჩეულობის ნიშნები იპოვნა - 32 მთავარი და 80 მეორეხარისხოვანი. „შენს შვილს განსაკუთრებული ბედი ელის, - უთხრა ასიტამ მეფეს, - თუკი მიწიერ გზას აირჩევს, მაშინ ყველა მეფის მეფე გახდება, ჩაკრავარტინი, ხოლო თუ ზეციურ გზას აირჩევს, მაშინ დიადი წმინდანი გახდება, სანიასინი“. მეფე შეფიქრიანდა. რომელ ხელისუფალს მოეწონება, რომ იმისი შვილი შეიძლება მაწანწალა გახდეს, და თუნდაც წმინდანი? ის ხედავდა, რომ ბრძენი წასასვლელად ემზადება, და ესმოდა, რომ სწრაფად უნდა იფიქროს, მალევე უპასუხოს. მაგრამ როგორ უპასუხოს, ვინ უკარნახებს? და სუდჰოდანამ გამოავლინა ნიჭი სიბრძნისა - ის მოეშვა და ჭკუა იმ ყველაფრისგან გაითავისუფლა, რაც იმ კარნახის გამოჩენას უშლიდა ხელს. ლეგენდის თანახმად, კარნახი სასახლის მოურავისგან მოვიდა. რაღაც გაუთვალისწინებელი მოუხდა მონებთან დაკავშირებით - შესაძლოა, ტკბილეულის მომტანი მონა, ადგა და მოკვდა. და მოურავი მბრძანებელთან მივიდა შეკითხვით, იმ სიგრილით ხომ არ დაკმაყოფილდება, რომელიც ამჟამად არტყამს გარს. სუდჰოდანამ უცებ იგრძნო, რომ მართლა სასიამოვნო სიგრილე არტყამს გარს, და უთხრა კიდეც მოურავს ამის თაობაზე. იმან კიდევ დაუყოვნებლივ უბრძანა მარაოს მქნეველს, რომ თავი დაენებებინა თავის მარაოსთვის და გააგდო იგი - როგორც მერე გაირკვა, დამათრობელი სასმელისა და ხილისთვის. „აი, ისიც, - მიხვდა სუდჰოდანა, - სხვას არ უთხრა შენს გაჭირვებაზე და მწუხარე ფიქრებზე“. და ასიტას იმაზე ჰკითხა, რაც ყველაზე ნაკლებად უნდოდა მიეღო - ისე როგორ გაეკეთებინა, რომ მისი შვილი სანიასინი გამხდარიყო. „ყველაფერი მიეცი, დაე, გულს აზიდებდეს მიწიერ სიამეთაგან“, - მიუგო ასიტა დევალამ და მშვიდად გაიღიმა. ახლა სუდჰოდანამ ზუსტად იცოდა, რა არ უნდა გაეკეთებინა შვილისთვის; შესაძლოა, სწორედ ეს მომენტი აღმოჩნდა გადამწყვეტი სიდჰართას ცხოვრებაში, შესაძლოა, სწორედ ეს სიტუაცია, სწორედ ეს მოურავი, სწორედ ეს გარდაცვლილი მონა... სუდჰოდანამ თავი გამოავლინა არა მხოლოდ როგორც ბრძენმა მმართველმა, არამედ როგორც ადამიანის სულის მესაიდუმლემ. იმან შვილს ყველა სიკეთე მაშინათვე კი არ წაართვა, არამედ სამი წლის განმავლობაში - ეს ხომ ძალიან მნიშვნელოვანია, რათა ბავშვის სულში მოესწრო აღბეჭდვა, რომ სიმდიდრე და ფუფუნება, სიამე და უსაქმურობა სამყაროში არსებობს და ხანდახან ხელმისაწვდომიც არის. ეს წლები მეფემ იმისთვის გამოიყენა, რომ შვილისთვის სათანადო აღმზრდელ-მამობილი მოეძებნა. მალემსრბოლელები კაპილავასტუს ქვეყნის ყველა მხარეს გაიგზავნენ, და ისინი სასახელოდ გაისარჯნენ.   * - აბა, მითხარი, კრათეტე, - ჩვეულებად ქცეული საუბარი წამოიწყო ალექსანდრემ და იმ მონას გაუწოდა ფეხი, რომლის მოვალეობაში პატრონისთვის სანდლების ჩაცმევა შედიოდა, - მითხარი, დიდი ხანია, დიოგენეს იცნობ? - რამდენი ხანია, რაც ძაღლს ვიცნობ? ამაზე არ შეიძლება თქვა „დიდი ხანია“ ანდა „ცოტა ხანია“. ის, რომ მე მასწავლებელს ვიცნობ, დროს არ ეკუთვნის, - პასუხობდა ყოფილი ფილოსოფოსი, რომლის გადაჯაჭვული ხელები მუცელზე განისვენებდნენ. - კარგი, კარგი. მაშინ მითხარი, ყოველთვის ესეთი უცნაურია? - უცნაური? - კრათეტეს თითები შეხტა, ერთმა მათგანმა კი წრიული მოძრაობები გააკეთა. - რაც დღეს უცნაურია, ხვალ ჩვეულებრივი იქნება. შეხედე ათენის მცხოვრებლებს: ახლა ყველანი კინიკოსებს ჰბაძავენ. ყოველ მეოცეს ლაბადაზე ნახვრეტი აქვს, როგორც განსვენებულ ანტისთენეს, ყოველ მეათეს ლაბადა ორად აქვს მოკეცილი, როგორც დიოგენეს. კიდევ ოცი წელი და ყოველ მეხუთეს ლაბადაზე ცხვრის ტყავი ეკერება, როგორც მე. ასე რომ, დიოგენეს ყველა უცნაურობა, ისევე როგორც ნებისმიერი უბრალო მოქალაქის ჩვეულებანი, სრული სირობაა. - სირობა? - დაბნეულად ჩაეკითხა ალექსანდრე და მსახურს მეორე ფეხი მიუშვირა. - ეს რა არის? კრათეტემ შუა თითი გამართა, დანარჩენები მომუჭა და მეფეს ეს კომბინაცია ხელის ზურგიდან დაანახა. - ამას ხედავ? ალექსანდრე თმის ძირებამდე გაწითლდა, მერე, ეტყობა, თავი ხელში აიყვანა - სახის წითელი ფერი ჯერ ალისფერი შეიქმნა, შემდეგ გავარდისფრდა, ბოლოს ეს სივარდისფრე მთლად გაქრა სახის უმეტესი ნაწილიდან, ღაწვებზე თუღა შემორჩა. - მერედა ამით რა, თუ ვხედავ? - შეეკითხა დაყოვნებით. - ყველაფერი, რაც შენგან საზღვრავს ამ კოსმიურ ნიშანს, სწორედ რომ სირობა არის. - სირობაო, გაიძახი? - ალექსანდრემ მეტი ვერაფერი მიამატა ნათქვამს და ხელში ხმალი შეათამაშა. მერე ხმალი სარტყელზე დაიკიდა - მაინც ძალაუფლების ატრიბუტია - და გავიდა. კვლავაც ძაღლისკენ მიდიოდა. ვინაიდან ძაღლის გარდა ვინ მოუთხრობდა მეფე სიდჰართა გაუტამას საოცარ ისტორიას, რომელშიც, შესაძლოა, იმ შეკითხვების პასუხებია, ალექსანდრეს რომ აწუხებდა? ბოლოს და ბოლოს, იმან შეიტანა ალექსანდრეს აწყობილ სამყაროში არეულობა, ის შემოძვრა თავისი ბრიყვული შიშებით, რომლებზეც შეიძლებოდა ხმა არ ამოეღო მთელი ცხოვრება, - ჰოდა, იმანვე დაამყაროს თუნდაც რამენაირი წესრიგი. ფილოსოფოსი ვერ იპოვნა ვერც იმის თიხის კასრთან, ვერც კიბელეს ტაძრის ახლო-მახლო და ალექსანდრემ შემხვედრი მოქალაქეების გამოკითხვას მიჰყო ხელი, ჰოდა, მცოდნეები საითკენღაც იშვერდნენ ხელებს - ან თებეს მხარეს, ან მაკედონიისა, თითქოს ოლიმპისა, ანდა სულაც პოლარული ვარსკვლავისკენ. სიმართლე უფრორე იოლი გამოდგა. აგორიდან ნაჩვენები მიმართულებით რომ დაეშვა, კერამიკის უბანი გაიარა და ქალაქის კედლებს გასცდა, მეფემ მდინარე კეფისის ნაპირზე ჩამომჯდარი ძაღლი იპოვნა. დიოგენეს თვალები დახუჭული ჰქონდა, სხეული - მოდუნებული, ხელები მუხლებზე ეწყო - ხელისგულებით ზემოთ. - დიოგენე, - დაუძახა ალექსანდრემ. - გაჩუმდი, ყბედო მაკედონელო, - ჩუმად გააწყვეტინა ფილოსოფოსმა, - გვერდით დამიჯექი და მდინარის ხმას მოუსმინე. - მაგისი დრო არა მაქვს, - მეფის ხმამ პოლემიკური ნოტა კი შეიძინა, მაგრამ დადაბლდა, - მე ბევრი რამე მაქვს სასწავლი შენგან, მე ხომ მალე მომიწევს ათენიდან წასვლა ოიკუმენის დასაპყრობად. - შენც კაი სულელი ხარ რა. რაში გჭირდება ეს ამბავი? - მე მსოფლიოს დავიპყრობ, მერე კი სავანეებში ვინეტარებ, რომ მძიმე შრომისგან დავისვენო. - ტყუი. თუმცა, რა მნიშვნელობა აქვს. აი, მე უკვე ვისვენებ. თუ გინდა, ცოტა მაინც ისწავლო, დაჯექი და კეფისის ხმას მოუსმინე. ამას რომ ამბობდა, ძაღლი არ შემობრუნებულა ალექსანდრესკენ, თვალები არ გაუხელია, პოზა არ შეუცვლია, არ დაძაბულა. მდინარის მოსმენას განაგრძობდა; უბრალოდ ამ ხმაურში ახალი მელოდია გამოიკვეთა, რომელსაც ძალიან უნდოდა მოესმინათ მისთვისაც და დაჟინებით ითხოვდა პასუხს. მაგრამ ახლა ეს მეფის მელოდია მიჩუმდა. რა უნდა ექნა მეფეს? დიოგენეს გვერდით ჩამოჯდა, თვალები დახუჭა, და რაც მთავარია - პირი მოკუმა. „აჰა, დიოგენეს გვერდით ვზივარ“, - თქვა თავისთვის ალექსანდრემ და უცებ გარკვევით გაიგონა საკუთარი თავის მარცხენა მხრიდან მომავალი წყნარი და საკმაოდ მჟღერი ხმა. „შენც კაი სულელი ხარ რა“, - თქვა ხმამ სუფთა მაკედონურ დიალექტზე. „შენ თვითონა ხარ სულელი“, - მიუგი ალექსანდრემ თავისთვის მაკედონურად, და უცებ მიხვდა, რომ თავის სიცოცხლეში პირველად აი, ეგრე ელაპარაკება საკუთარ თავს. - რაო, შინაგანი ხმაა? - მოულოდნელად ჰკითხა დიოგენემ. ალექსანდრე გაწითლდა და მუშტები შეკრა, მაგრამ მისი თავი სულ უფრო და უფრო დაბლა იხრებოდა. - მითხარი, ფილოსოფოსო, ჭკუიდან გადავდივარ? რა ვუყო ამას? - შეეკითხა ძლივს გასაგონად. - ჯერ თქვი „ჰო“. - კარგი... ჰო. - „კარგი, ჰო“ კი არა, „ჰო“. - ჰო. - ხმამაღლა! მტკიცედ! - ჰო! შინაგანი ხმაა! - მითხარი, მეფეო, როცა შიკრიკი მოგივა, იმას რას უშვრები? - ვუბრძანებ, შემოუშვან და ვღებულობ. - ჰოდა, იგივე ჰქენი შენ შინაგან ხმასთან. ის ხომ შენთვის უცნობი მოკავშირის შიკრიკია. როცა გაიგებ, რა უნდა, მოდი ჩემთან, მე მზად ვარ, შენი მრჩეველი ვიყო ამ საქმეში. ახლა კი - მდინარის სმენაში ნუ მიშლი ხელს. დიოგენეს ხმა მიწყდა, ალექსანდრეს კი ისღა დარჩენოდა, რომ წამომდგარიყო და წამოსულიყო, თან იმაზე ეფიქრა, კიდევ როგორ დაეჭირა ეს შინაგანი ხმა.   *        სახელმწიფო კაპილავასტუს ოთხივ კუთხივ მაცნეები დაიგზავნენ და ისინი ამაოდ არ გარჯილან. სიდჰართას მამინაცვალი შეურჩიეს - უოჯახო მონადირე, მართალია სხვა კასტიდან, მაგრამ უზადო. აი, აქ კი დროული იქნება მოვყვეთ, თუ რა არის კასტები. ჩვენ შეგვიძლია შევიკრიბოთ არეოპაგში და ხმათა უმრავლესობით სტრატეგად დავნიშნოთ წარმატებული ვაჭარი. ვაჭარი შეიძლება გახდეს ნებისმიერი, კითარედიც კი (თუმცა ყველა ისინი რეგვნები არიან), კითარედობა კიდევ შეიძლება ნებისმიერ მწყემსსა და მეთუნეს ასწავლო. ჩვენს შორის სათნო ადამიანები თავის მონებს თავისუფლებას აძლევენ, ხოლო ყველაზე სათნონი მზად არიან სხვისი მონაც კი გამოისყიდონ, თუკი ის - კარგი ადამიანია. ინდოელებს კი, რომელთაც მიეკუთვნებოდა სახელმწიფო კაპილავასტუს ხალხი, სულ სხვანაირად აქვთ. იმათი მითი ღაღადებს, რომ ღმერთებმა ადამიანები არათანასწორად შექმნეს; პირველი ადამიანის, პურუშის სხეულის სხვადასხვა ნაწილებისგან ადამიანთა სხვადასხვა ჯგუფები შექმნეს. სწორედ აი, ეს ჯგუფები არის კასტები. ადამიანი ისე იბადება, ცოცხლობს და კვდება, რომ არის რომელიმე კასტის წევრი. თუკი, დავუშვათ, შენი წინაპრები მოდიან პურუშიც ფეხებიდან, შენ ამას ვერსად გაქცევი - შენ შუდრა ხარ, მონა. სუდჰოდანა და მისი შვილი სიდჰართა მეფეები იყვნენ წარმოშობით, ესე იგი, მეომრების კასტას განეკუთვნებოდნენ. მონადირე კი ეკუთვნოდა ვაჭრების და ხელოსნების უფრო დაბალ კასტას - იმათ ვაიშიები ერქვათ - და, შესაბამისად, შეეძლო მეომრებთან, ქშატრიებთან მხოლოდ მკაცრად განსაზღვრული ურთიერთობა დაემყარებინა, თუ არადა სერიოზულად უნდა დაესაჯათ, მეფე კი მთელი ცხოვრება უნდა განბანილიყო ხოლმე. მაგრამ სუდჰოდანა არა მარტო ბრძენი მმართველი იყო, არამედ - მოწინავე ადამიანიც, ცრურწმენების გარეშე, და შვილის კეთილდღეობისთვის საკუთარ თავსაც კი გადაუვლიდა, არათუ კასტებისს მთელ სისტემას. ბოლოს და ბოლოს, ბევრი ხომ არ უნდოდა? მხოლოდ ის, რომ სიდჰართა თავისი კასტის ღირსეული წარმომადგენელი გამხდარიყო. და მერე როგორი აუცილებელია - იყო ღირსეული... ჰოდა, სამი წლის სიდჰართა აღსაზრდელად მიაბარეს მარტოხელა მონადირეს, სახელად ვაჩიაჰანტარას. მონადირე კიდევ სანადირო სიბრძნეებში ამეცადინებდა - როგორ დაეგო კაკანათები ფრინველებისთვის, მახეები - ცხოველებისთვის, ზუსტად ესროლა მშვილდიდან, გაერჩია მხეცთა ნაკვალევი, ეპოვნა ბილიკები და ტყეში ცეცხლიც დაენთო. სიდჰართა ყველაფერს სწრაფად და სიამოვნებით ითვისებდა და რვა წლისას ეჩვენებოდა, რომ არც ერთ მონადირეს ტოლს არ დაუდებდა, მით უმეტეს, რომ ინდოეთში მონადირეები არც ისე ბევრია - მონადირის ხელობა აგდებულია და არავისთვის საჭირო არ არის, რადგან ინდოელებიდან ძალიან ცოტა თუ ჭამს ხორცს. უფლისწულის მამობილი საკუთარ თავს ინახავდა და თითქმის არავისთან ჰქონდა ურთიერთობა; მხოლოდ ხანდისხან იმ მხარეში იშვიათი სოფლებიდან ერთი საწყაული ბრინჯის სანაცვლოდ რომელიმე გაცოფებული ვეფხვის მოკვლას სთხოვდნენ, რომელსაც გლეხების დახოცა იზიდავდა. სიდჰართა რომ მეცხრე წელიწადში გადადგა, ერთი ამისთანა შემთხვევისას ვაჩიაჰანტარა სასიკვდილოდ დაკოდა გააფთრებულმა ვეფხვმა. მზე დასაბინდებლად გადახრილიყო, - იმ მხარეში კიდევ ძალიან, ძალიან სწრაფი ბინდი იცის, - მშობლიურ სახლად ქცეულ ქოხთან თავისი პატარა მშვილდიდან ისრის სროლაში ვარჯიშობდა სიდჰართა და ამ დროს ტყიდან სახლის კუთხემდე გამომავალ ბილიკზე ის გამოჩნდა, ვისაც უფლისწული მამად იცნობდა, თუმცა ზოგჯერ ეჭვობდა, რომ იმისი შვილი არ არის. მონადირე ფეხებს ვეღარ მართავდა, ერთი ხელით შუბის მონატეხს ეყრდნობოდა, მეორეთი რაღაც ისეთი ეჭირა, რომ თუ იმისი სისხლის ნაკადებსა და ტანსაცმლის ნაგლეჯებში კარგად გაარჩევდი, მუცლიდან გადმოყროდა. ბიჭს შეეშინდა და არ იცოდა, რა ექნა, მშვილდიც გადააგდო, ისრებიც და ადგილზე მიჯაჭვულივით იდგა. „ნახე, - წყნარად და დიდი წვალებით თქვა მონადირემ, - მე ვეფხვმა მომკლა. იცოდე, რომ შენ ჩემი შვილი არა ხარ; შენ ქშატრიას შვილი ხარ. როცა მოვკვდები...“ ძალა აღარ ჰქონდა, მიწაზე დაეცა და შუბის ნატეხიც იმის გვერდით დავარდა. სიდჰართა მიუახლოვდა და იქვე გაჩერდა. „ცეცხლი, ცეცხლი“, - ამოიგმინა მარტოხელა მონადირემ. ბიჭი ქოხში შევარდა, კერიიდან მუგუზალი რომ გამოეღო. მაგრამ როცა უკან მიბრუნდა იმ მუგუზლიანად, მისი მამობილი მკვდარი იყო. სიდჰართამ არ იცოდა, რა უნდა ექნა მკვდარი კაცისთვის და წარმოდგენა არა ჰქონდა, რაში უნდა დასჭირვებოდა მომაკვდავს ცეცხლი. აი, ჩვენ კი ვუწყით, რომ ინდოელები, ჩვენი წინაპრების მსგავსად, მიცვალებულებს სწვავენ, ფერფლს კი მდინარეზე მოაბნევენ, მაგრამ სიდჰართა ჯერ კიდევ პატარა იყო და მთელი თავისი ხანმოკლე ცხოვრება ტყეში გაეტარებინა, განმარტოებით. ვაჩიაჰანტარას სხეული შინ შეათრია, საწოლზე დაასვენა, რადგან არ უნდოდა მხეცების შესაჭმელად მიეგდო, თავად კი პატარა მშვილდით ხელში სახლის ზღურბლთან გაათენა ღამე. ეგრე გაიარა რამდენიმე ღამემ, დღისით კი ბიჭი ცდილობდა საჭმლის მოპოვებას. მაგრამ აღმოჩნდა, რომ ყველაფრის შესწავლა ვერ მოასწრო: მისი ხელები გრძნობდნენ, სწორად როგორ გაეკეთებინა მახე, მაგრამ თვალები ვერ პოულობდნენ, სად უნდა დაეყენებინა ის მახე, შეეძლო ფეხებით ეგრძნო ბილიკი, მაგრამ არ შეეძლო გაერჩია, იმ ბილიკს წყლის დასალევად მიჰყავდა თუ მხეცებზე სანადირო ალაგისკენ, ან სამწყემსურისკენ, ან ბუნაგისკენ, შეეძლო კოცონის დანთება, მაგრამ იმისი მოვლა და კარგი შეშის პოვნა აღარ იცოდა, და ტყიდან შინისკენ მიმავალ გზას ბიჭი ძნელად პოულობდა - რამდენჯერმე კინაღამ დაიკარგა. ეჩვენებოდა, რომ მის სხეულს ბევრი რამე შეუძლია, მაგრამ გამოცდილი თვალი აკლდა. სიდჰართას თვალებს მარტო ერთი რამის კარგად გაკეთება შეეძლოთ - მიზანი ეპოვათ სასროლად. ჰო, ჩინებულად ისროდა მშვილდიდან. ოღონდ მშვილდი კი პატარა ჰქონდა; ისეთიდან მხოლოდ პატარა ჩიტის ან თაგვის მოკვლა შეიძლებოდა. გადიოდა დღეები, ბიჭი თაგვებითა და ჭრელბუმბულა ჩიტებით იკვებებოდა, ღამ-ღამობით მკვდარს იცავდა ხელში სასროლად გამზადებული საბავშვო მშვილდით, და გონებიდან არ ამოუდიოდა აზრი, რომ ის საძაგელი ვეფხვი უნდა მომკვდარიყო. ცოტა თუ დიდი ხნის მერე ბავშვი მიხვდა, რომ ნელ-ნელა ხდებოდა - შეეძლო არა მარტო ხელი შეეხო, არამედ დაენახა კიდეც ნეკნები კანის ქვეშ. და არც ისრები მიფრინავდნენ მისი მშვილდიდან ადრინდელივით შორს, თუმცა ადრეც მისი საბავშვო მშვილდი სულ ახლოს ჰქონდა. სიდჰართა მიხვდა, რომ მარტო ვერ გამოიკვებებოდა და, მით უმეტეს, ვეფხვს ვერ მოკლავდა, და გადაწყვიტა ადამიანებთან მისულიყო. ქოხში რომ შევიდა მონადირესთან გამოსამშვიდობებლად, დაბარბაცდა, ისეთი სიმყრალე იდგა შიგნით. მსუქანი ბუზები ხმამაღალი ბზუილით დაფრინავდნენ, ხოლო მარტოხელა მონადირის მთელ სხეულზე საზიზღარი ჭია-ღუები ფუთფუთებდნენ. „ჰო, მხეცებისაგან ვერ დაგიცავი, დიდმა მოგკლა, ახლა კი ყველაზე პატარები გჭამენ“, - სულის შემხუთველი სევდით გაიფიქრა სიდჰართამ და გამოვიდა იმ ქოხიდან, მისი სახლი რომ იყო ექვსი წელიწადი. სოფლისკენ მიდიოდა.   *         ალექსანდრემ მდუმარედ მიუმარჯვა ფეხი მონას, რომლის მოვალეობა პატრონისთვის სანდლის ჩაცმა იყო. პირქუში იყო, სოფოკლეს ტრაგედიებზე უფრო პირქუში და სულაც არ იყო განწყობილი კრათეტესთან ჩვეულებისამებრ სასაუბროდ. გუშინღა მოახერხა დიალოგში შესულიყო თავის შინაგან ხმასთან, რომელზეც ძაღლთან ბოლო შეხვედრისას გაიგო პირველად. მრავალი დღე და ღამე მეფე სიჩუმეს და სიწყნარეს ეძიებდა, ცდილობდა გონება მოეკრიბა, მოდუნებულიყო, საკუთარ თავში ჩაღრმავებულიყო. და რა გამოვიდა? ხმამ უთხრა, რომ დიოგენესთან შეხვედრებისთვის თავი უნდა დაენებებინა და ლაშქრობაში წასულიყო, ხოლო როცა ალექსანდრე ფილოსოფოსებთან ურთიერთობით ნასწავლ, ყველაფრის ეჭვქვეშ დაყენების სტილში ხმას დაეკითხა, რაში სჭირდება ეს იმას, ხმას, იმან მიუგო: „მე შენი სიკვდილი მინდა“. სიკვდილისა ალექსანდრეს აქამდე არ შეშინებია, თუმცა, შესაძლოა, მხოლოდ ასე ფიქრობდა, სხვათაშორის, უფრო ახშობდა თავის აზრებს იმაზე, რომ სიკვდილისა ეშინოდა. იმას ვერ დაიპყრობ, ვერც დაიმორჩილებ. სიკვდილი არასოდეს იქნება პოტენციური სადილი. სამაგიეროდ იმისი პოტენციური სადილი შენ ყოველთვის ხარ. და ჯერაც ვერავინ შეძლო ამ ჯამიდან ამოხტომა. მაგრამ როცა შენი მოკვლა უნდა შენში მყოფ ვიღაცას... აფორიაქებულმა დაუდგა მონას მეორე ფეხი, მერე კი დაბნეულად ხმლის ხელში აწონ-დაწონვას და ტრიალს შეუდგა. ბოლოს ხმალი მექანიკურად ჩამოიკიდა სარტყელზე და გამოვიდა. ძაღლისკენ მიდიოდა და დღეს ზუსტად იცოდა, ეს რაში სჭირდებოდა. ტაძრის უკანა ეზოში რომ იპოვნა ფილოსოფოსი, ალექსანდრე გაქვავდა: ტიტველი დიოგენე თავის ლაბადაზე იჯდა, ხოლო იმის თეძოებზე გაშიშვლებული დიაცი ამხედრებულიყო, მამრის ტანისთვის ფეხები შემოერტყა, და იმის დუნდულებზე ხელებჩაჭიდებული კაცი რიტმულად ამოძრავებდა მდედრის გრაციოზულ სხეულს წინ და უკან. - რას უდგახარ? - გამარჯობის მაგივრად შეუძახა ძაღლმა, სიტყვებს მძლავრ შესუნთქვა-ამოსუნთქვებს უნაცვლებდა. - შემოგვიერთდი. პირში მიეცი, სწორედ ეს უნდა. ხო მართალია, ქრისიპა? ქრისიპამ ვნებიანად დაუქნია თავი და გარინდებიდან გამორკვეულმა ალექსანდრემ ყოყმანით გაიძრო ლაბადა და ქიტონი. დიოგენემ მჟღერი სილა დაჰკრა მდედრს დუნდულზე, ქალი მისი თეძოებიდან ჩამოვიდა, ოთხზე დადგა და სანეტაროდ გაიღუნა წელში. ალბათ, ალექსანდრე ვერ აცნობიერებდა, რა მოსდიოდა ამ დამატყვევებელი ლამაზმანის მეოხებით, რომლის სახის წინ ის მუხლებზე დადგა (ჰო, სახის წინ, იმიტომ რომ, მეორე მხრიდან, ეტყობა, დიოგენე იმყოფებოდა). მაკედონელის მთელი ყურადღება სხეულში წარმოშობილი დამათრობელი გრძნობისკენ იყო მიპყრობილი, და მხოლოდ იმ ყურადღების განაკიდეზე გამუდმებით იყო ქალის ტუჩები - ისინი მაშინვე ჩაებეჭდა მეხსიერებაში, როცა იმათ ჯერ კიდევ არა ჰფარავდა საკუთარი სხეული. ტუჩების კუთხეები სანეტარო აღტკინებით ოდნავ დაშვებულიყვნენ ქვემოთ, თითქოს გამოხატავდნენ მსუბუქ სევდას, რომელიც მიწიერი ცხოვრების არსიდან მომდინარეობდა. ო, რეებს სჩადიოდა ეს ქალი ალექსანდრესთან! ეს ხან საბრძოლო საყვირთან თამაშს ჰგავდა, მეომრებს რომ მოუხმობდა, ხან განზავებული ღვინის წრუპვას ლერწმის მილიდან, ხანაც მშიერი ძაღლის დაუმცხრალ მადას, ჯამს რომ ლოკავდა. ჰო, ჯამს. - შევიცვალეთ! - უცებ გამოაცხადა დიოგენემ. უცნობია, როგორ შეაღწიეს ამ სიტყვებმა ალექსანდრეს ყურადღებაში, მაგრამ ორივემ ადგილები გაცვალა. და დაიწყო და რა დაიწყო!.. როგორ გრძელდებოდა ეს!.. განსაკუთრებული აღფრთოვანება გამოიწვია ცხელმა ტალღებმა, რომლებმაც, ეტყობა, რომელიღაც მომენტში ქალის მთელი სხეული გაირბინეს. დიოგენემ (უვნებო ძაღლმა) ფხიზელი ხმით თქვა: „ყოჩაღ! ეს სწორედ ის არის“. მაგრამ ალექსანდრეს ფეხებზე ეკიდა იმისი სიტყვები, იმიტომ რომ, უცებ გაათავა. ერთი წუთის შემდეგ სამყარო უინტერესო გახდა. ეგრეა, როგორც ლათინები ამბობენ, ყოველი ცხოველი მიდგომის მერე ნაღვლიანია. ალექსანდრემ ქრისიპადან ასო გამოიღო და ზარმაცად დაეშვა დიოგენეს გაშლილი ლაბადის გვერდით. ქალიც იქვე დაწვა, მიმნდობად დაადო თავი მუცელზე, და მაკედონელი უცებ მიხვდა, თუ რა ტალღებმა გადაირბინეს ქალის სხეული. ადრე არასოდეს სმენოდა ქალურ ორგაზმზე. ლაბადის მოპირდაპირე მხარეს დიოგენე წამოწვა. - მართალია, რომ, - შენიშნა მან, თითქოს ხმამაღლა ფიქრობსო, - დასასრული ისე საინტერესო არ არის, როგორც თვითონ პროცესი (დედანში სიტყვების თამაშია: ΠΕΙΡΑΡ - დასასრული, ამოწურვა; ΠΕΙΡΑ - ცდა, წარმოება, გამოცდილება)? ალექსანდრემ და ქრისიპამ ზანტად, მაგრამ ერთხმად წაიბურტყუნეს პასუხად რაღაც „ჰო“-ს მსგავსი. - მაგრამ ისიც ხომ მართალია, რომ ნებისმიერი პროცესი არის გზა თავისივე დასასრულისკენ? - განაგრძო ფილოსოფოსმა. ორივემ დაიზმუვლეს თანხმობის ნიშნად. კარგი იყო ცაში ცქერა და კარგი იყო თანხმობითი პასუხები დიოგენეს შეკითხვებზე, თუმცა მთლად ეგრეც არა - ო, ეგრე არა! - კარგი, როგორც სასიყვარულო მოქმედება. - და მართალი ხომ არ არის, რომ რასაც არა აქვს დასასრული, ანუ უსაზღვროება, ის არის ჩვენი ძიების მიზანი? - განაგრძო მან. კვლავაც დაეთანხმნენ ორივენი. - და მართალი ხომ არ არის ისიც, რომ თუკი ყველა პროცესს აქვს თავისი დასასრული, მაშინ უსაზღვროება შეიძლება ვიპოვნოთ მხოლოდ იქ, სადაც არ არის არავითარი პროცესი? - განაგრძო დიოგენემ. და ორივენი ისევ და ისევ ეთანხმებოდნენ, რადგან სიყვარული - ეს სრული მიღებაა, მთლიანი „ჰო“. და დიოგენე გარკვეული ხანი ჩუმად იყო, ხოლო ისინი კიდევ მდუმარედ ეთანხმებოდნენ იმას თავის უსიტყვობაში. დასვენებული ქრისიპა ლაბადაზე წამოჯდა და დიოგენეს მიმართა: - საყვარელო, კიდევ როდის მომანიჭებ ასეთ ნეტარებას? - რაო, მშვენიერო, გინდა, დაეჩვიო? ჩვევებზე უფრო დამღუპველი არაფერია, ისინი სიყვარულსაც ჰკლავენ და თავად ცხოვრებასაც. სჯობია, სხვა კაცებს ის ასწავლო, რაც მე გასწავლე. წადი, ჩემო სიხარულო. შენ კიდევ, მაკედონელო, მომიყევი, რით აგაფორიაქა შინაგანმა ხმამ. - მითხრა, რომ ჩემი სიკვდილი უნდა, - ზანტად მიუგო ალექსანდრემ - სად გაქრა მისი ტრაგიკული პირქუშობა! - რას ვიზამთ, ჩვენ ყველა მოკვდავები ვართ და ყველანი ვუსურვებთ სიკვდილს ვინმეს, - დაეთანხმა ძაღლი, - აი, მაგალითად, შენ, მეფევ, ვის სიკვდილს ისურვებდი? - მეფე? - შეეკითხა გაოცებული ქრისიპა, იცმევდა, მაგრამ მისი წყნარი გაკვირვება მამაკაცებმა ვერ გაიგეს. - სიამოვნებით მოვკლავდი დარიოსს, საკუთარი ხელებით, - ზარმაცად წამოწოლილი მეფის სახეზე წითელმა გაითამაშა. - რაო, მოგწყინდა გაგრძელებული კალლიის ზავი? (კალლიის ზავი დაიდო სუზაში ათენის ელჩ კალლისა და სპარსეთის მეფე არტაქსერქსეს შორის 449 წელს ჩვენს წელთაღრიცხვამდე, 114 წლით ადრე აღწერილი მოვლენებიდან. ამ ზავის თანახმად სპარსეთი აღიარებდა ყველა ბერძნული კოლონიის დამოუკიდებლობას, ეგეოსის ზღვა ცხადდებოდა ელადის აკვატორიად - ავტორის შენიშვნა). სხვათაშორის, ეს არაფერ შუაშია, მაგრამ შენ ხომ იცი, რომ კარგი, კეთილი და მნიშვნელოვანი რაღაც დგას შენი სურვილის უკან, მოკლა დარიოსი, მართალია? - ვიცი, - ცოტა ფიქრის შემდეგ მიუგო ალექსანდრემ. - მაშინ ისღა დაგრჩა საკითხავი, კარგი, კეთილი და მნიშვნელოვანი რამ თუ იდგა შინაგანი ხმის იმ სურვილის უკან, რასაც ის გეუბნეოდა? - საინტერესო ლაპარაკი გაქვთ, კაცებო, - ხმამაღლა ჩაერთო ქრისიპა, რომელიც დიდი ხანია იდგა ჩაცმული და ამათ საუბარს უსმენდა, - ოღონდ ჩემი წასვლის დრო მოვიდა. ტუჩებში აკოცა ჯერ დიოგენეს, მერე ალექსანდრეს. - კარგად, მშვენიერო, - უპასუხა ფილოსოფოსმა, - ისე მეჩვენება, რომ მეფურ საჩუქარს უნდა დაელოდო აი, ამ ახალგაზრდა ქმრისგან. - მეფურს? მართლა მეფურს? - აბა, რა, - წამოდგა ალექსანდრე, - იცოდე, ქალო, მე მაკედონიის მეფე ვარ. ქრისიპამ პატივისცემით დაუხარა თავი მეფეს და უცებ ჩაიკისკისა. - რა იყო, ქალო? - დაინტერესდა ალექსანდრე. - ვერასოდეს ვიფიქრებდი, რომ მონარქს, თან ესეთ ახალგაზრდას და ესეთ მეომარს, შეუძლია ამდენი სიამოვნება მოგანიჭოს სიყვარულში, - უპასუხა ლამაზმანმა, მხიარული ღიმილი არ შეუკავებია, და მსუბუქად, თითქოს უწონომ, სწრაფად, თითქოს ქარისგან წაღებულმა გასწია, ხელით მიჰქონდა სანდლები. - დააკვირდი, - უთხრა დიოგენემ მაკედონელს, - ქალწულობა დაკარგა და სირცხვილი მოიშორა, მაგრამ მთავარს იცავს - სიბრძნეს. მხოლოდ ბრძენ ადამიანს შეუძლია ეგრე ბავშვურად გაიხაროს მეფის წინაშე. მოკლედ, ვუბრუნდები ჩვენს სირობას, შენ ყველაფერი გაიგე, მაკედონელო? წადი და შინაგანი ხმის პასუხის გარეშე აქ არ დაგინახო.   *        ქალაქი სიბნელეში ჩაძირულა. სადღაც ძაღლი იყეფება, უხილავი და ეული, ქალაქის ხაზს იქით, საღამოს მზიდან რამდენიმე ათეული სტადიუმის მანძილზე აენთო და თანაბრად ციმციმებენ მეთევზეთა კოცონები. ზეცაზე კი საკუთარ თავზე შეყვარებული ღამის მანათობელი ანთია - ტყუილად ამბობენ, რომ მისი შუქი ვერცხლისფერია, აქ ოქროს მინარევის ხსენებას ვერ გადავურჩებით, და მხოლოდ ფერით არა. ამბობენ, ვერცხლი მუქდება ვულკანების ამოფრქვევების დროს (შეცდომა. ვერცხლი მუქდება გოგირდწყალბადთან კონტაქტისას, ხოლო ვულკანების ამოფრქვევისას გამოიყოფა გოგირდიანი გაზი), და რამდენი იყო ატლანტიდის დაღუპვის დროიდან - ვერ მოითვლი; საოცარი მთებიდან ამომავალი ალმური ცამდე ადიოდა და რა მოუვიდა მთვარეს? ანათებს, როგორც ანათებდა ოდისევსის დროს. ჰო, მართლები არიან, ვინც ანაქსაგორასავით თვლის, თითქოს მზეცა და მთვარეც - ქვის დიდი ფილებია, პელოპონესზე დიდი ზომისა, მზე - გამდნარია, ხოლო მთვარე - ცივი, და ძალიან შორს არიან ორივენი. არადა, რამდენი რამე იყო, რამაც ცაზე გაიარა - წვიმებიც, ღრუბლებიც, ქუხილიც, თოვლიც კი და არც მზეს მოსვლია რამე და არც მთვარეს. აი, ახლაც ათენის თავზე ანათებს თავისი ვერცხლისფერი, ოქროს სუსტი მინარევით, თუმცა ანათებს მხოლოდ ხის კენწეროებს და ტაძრების სახურავებს. არადა, ესეც, სრული სიბნელის საპირისპიროდ, რომლითაც სავსეა ქუჩები და ეზოები, გეჩვენება, რომ ტაძრების სახურავებზე სინათლეა, სცადე აბა, აძვერი სახურავზე, წაიკითხე მთვარის შუქზე, რამის დაწერა სცადე, დაინახე სად იწყება მარმარილოს ერთი ფილა და იწურება მეორე - გამოგივა რამე? ღამე - არის კიდევაც ღამე. ამ დროს საუკეთესო ხედი ცისაა. დაწექი სახურავზე, სადაც ყველანაირი ქარი უბერავს და უყურე, მერწყულთან პირისპირ მდგომი პეგასი როგორ სვლეპავს წყალს იმისი ვარსკვლავიერი ჯამიდან; გმირი პერსევსი, გორგონას თავს იქნევს, ქუსლით თხის რქას ეყრდნობა; ხოლო მშვენიერი კასიოპეა, მსგავსად გადაბრუნებული ასო „მიუ“ -სი, უკანალს უთამაშებს თავის ზეციურ მეუღლეს. ვარსკვლავები გამოუცნობად ციმციმებენ, თუმცა რაღა გამოუცნობად, - სწორედ ასევე ციმციმებენ მეთევზეების კოცონები ზღვის ნაპირზე; სწორედ ასევე ციმციმებს მაშხალა, რომელიც ქუჩაში გამოაქვთ; სწორედ ასევე ციმციმებს ადამიანის ცხოვრება, განსაკუთრებით თუ ვარსკვლავური სიმაღლიდან და ვარსკვლავური სიმშვიდით დავხედავთ. ყველაფერი ციკლურია. აი, ეს ვარსკვლავი, ჰორიზონტთან რომ დგას, ანტარესია, ომის ღმერთს ეძღვნება, - ახლახანს უფრო ჩამქრალი იყო, ვიდრე ახლა; აი, ახლა ისევ ქრება, არა, ისევ ნათელია... ამას უსასრულოდ შეიძლება უყურო. ეგებ ეს არის სწორედ ის უსასრულობა, რომელსაც ვეძებთ, ოღონდ მერე, სახურავიდან რომ ჩამოხვალ, სიცივისგან მოიბუზები და ფეხისწვერებზე შეხვალ შინ, გააცნობიერებ, რომ ის მომენტი, როცა შენ სახურავზე იწექი და ანტარესს უყურებდი, იყო კიდევაც მარადისობა, მაგრამ უკვე ნაპოვნი მარადისობა, როცა უკვე აღარაფერია მოსაძებნი, როცა აღარაფერია გასაკეთებელი. და საღამოს, მზის ჩასვლისას, - გახსოვს? - შენ უკვე წინდაწინ გრძნობდი, რომ ახვალ სახურავზე, თან გაიყოლებ წყვილ ლაბადას, რომ არ გაიყინო, ფეხებს კი ქიტონით დაიფარავ და ეგრე უყურებ; და იცოდი, რომ ეს იქნებოდა მარადისობა? რომელიც შენ მოგევლინა და რომლადაც შენ გადაიქცევი, და სახურავიდან რომ ჩამოხვალ, გაიხსენებ, როგორ იყავი მარადისობა და მარადისობაშიც როგორ იყავი, და გაიხსენებ, შესაძლოა, მზის ჩასვლას, წითელს, როგორც ალექსანდრეს სახეს, ხოლო დილით, ეგებ გაიხსენო, როგორ ჩამოხვედი სახურავიდან, მოიბუზე სიცივისგან და ფეხისწვერებზე შეხვედი შინ, მაგრამ ახლა წევხარ და უკვე გადაანაცვლე შენი მზერა წითელი ანტარესიდან ცისფერ ვეგაზე, რომელიც აი, ახლა ოდნავ ჩამქრალია, ვიდრე ახლახანს, არა, ისევ ნათელია... აი, აქვე გაურკვეველი ფერის ვარსკვლავი, სახელად „დენები“ და ისიც ასევე ციმციმებს, და აი, ახლა... ვაი! მომწყდარი ვარსკვლავი! რამხელა ბედნიერებაა! როგორ ელვარებს ცაზე, - უკვე დაიკარგა. საწყენია, სურვილი უნდა ჩამეთქვა. და ეს იქნება, ჩაფიქრდები, რა სურვილი უნდა ჩაგეთქვა და როგორ გმირულად უნდა გებრძოლა მის განსახორციელებლად, ადრევე რომ გცოდნოდა, როდის და საიდან ჩამოვარდება ვარსკვლავი, სულ თავს ანებებ ვარსკვლავების წყნარი, ცივი შუქის მოსმენას, ხოლო როცა უცებ გამოფხიზლდები ოცნებებიდან - პირველად ყურადღებას აქცევ იმას, თუ რა ლამაზად მღერიან ჭრიჭინები. მათი მრავალხმიანი ქორო თითქოს მთელ სივრცეს ავსებს, მაგრამ აი, ზეთისხილის ჭალაში გახმიანდება ბულბული, აი, ძაღლიც ყეფს, უხილავი და მარტოხელა, და ამას რომ გაიგებ, ხვდები, რომ სივრცეში ადგილი ყველასთვის არის, და რომ სივრცე, ზოგადად რომ ვთქვათ, ჩაკეტილიც რომ იყოს, უსასრულოა უსასრულო გადაკვეთებისა და ურთიერთშეღწევით ერთისა მეორეში, მეორისა მესამეში... თუ ძალიან ყურადღებიანი იქნები, შეიძლება აღმოაჩინო, რომ ჭრიჭინს აი, იმ ჭრიჭინისა, მარცხნივ და უკან რომ ზის და სხვებზე ოდნავ ხმამაღლა რომ მღერის, შენ აღიქვამ არა მხოლოდ ყურებით, არამედ კანითაც... რატომღაც ხელისგულების მეორე მხრის კანით. რატომ? არ ვიცი. ეგრეა მოწყობილი ეს სამყარო. ბგერები გადადიან შერძნებებში, შეგრძნებები ბადებენ შუქს, შუქის თამაში იწვევს მუსიკას, ხოლო აქ განსჯა რაღაც არ გინდება. მუსიკა... აი, მუცელში დაირუყრუყა - ეს შეიძლება იგრძნო კიდეც და მოისმინო კიდეც. და აქაც განსასჯელი არაფერია - უნდა ჩამოხვიდე და შინ წახვიდე, როგორც ჩანს, საღამოს ტრაპეზის მერე ერთი-ორი ღვეზელი, ყურძნის კუმპალები და ცხვრის ბეჭი დარჩა. *გაგრძელება* …
დაამატა Kakha to ლიტერატურა at 12:16am on ივლისი 31, 2014
თემა: დანიელის წინასწარმეტყველება (განმარტება)
ხლებში გვამცნობს, რომ მისი დატყვევება და ბაბილონში გადასახლება ნაბუქოდონოსორის მიერ იერუსალიმის დაპყრობის პერიოდს უკავშირდება, იოაკიმეს მეფობის მესამე წელს . წიგნის თანახმად, იუდეიდან პირველი გადასახლება 605 წელს მომხდარა, რადგან იოაკიმეს მეფობის მე-3 წელი სწორედ წარმოდგენილ თარიღს თანხვდება). 605 წელს ბაბილონური არმიის წინამძღოლი ნაბუქოდონოსორი კართამისთან ეგვიპტურ ჯარს პირწმინდად ანადგურებს და განიზრახავს, რომ ორ სახელმწიფოს (ბაბილონსა და ეგვიპტეს) შორის არსებულ დაპირისპირებას წერტილი დაუსვას. ამ მიზნით იგი იგვიპტეზე შეტევას და მის შუაგულში შეჭრას გადაწყვეტს და საკუთარ არმიას სამხრეთისკენ წაუძღვება, მაგრამ ნაბუქოდონოსორი გზაში მამის გარდაცვალების შესახებ გებულობს. ძლევამოსილი სარდალი დაგეგმილ საომარ მოქმედებას წყვეტს, რადგან ამჯერად მისი მთავარი მიზანია, ჩააღწიოს იმპერიის დედაქალქში და მეფის ტიტული საკუთარ თავს განუკუთვნოს. განმმარტებელთა ვარაუდით, მეფობის მიღების შემდეგ ახალი ქალდეველი ხელმწიფე კვლავ ბრუნდება წინა აზიაში და სწორედ ამ პერიოდს უკავშირდება დანიელის ცნობა იოაკიმეს მეფობის მესამე წლის შესახებ.         კართამისთან მომხდარ შეტაკებამდე წინააზიური სახელმწიფოები ეგვიპტის პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს ემორჩილებოდნენ, მაგრამ მითითებულ ბრძოლაში გამარჯვებამ არსებული რეალობა შეცვალა და ამიერიდან მცირე აზიაში ბაბილონელი მმართველი ხდება სუვერენი. ნაბუქოდონოსორმა გადაწყვიტა, რომ ხსენებულ წინააზიურ სახელმწიფოთა დედაქალაქებს ხანმოკლედ სტუმრებოდა და მათთვის თვალსაჩინო გაეხადა, თუ ვინაა ამიერიდან რეგიონში წამყვანი ძალა. სწორედ ამ მიზნით მიდის იგი იერუსალიმში. სავარაუდოდ, მას არავინ შებრძოლებია, რადგან ამას არანაირი აზრი აღარ ჰქონდა. დანიელისა და სხვა ახალგაზრდების ბაბილონში გადასახლებაც ზემოთმითითებული მოვლენების შედეგია. ისინი ბაბილონში მძევლებად წაიყვანეს.        მხ. 2. „ხელში ჩაუგდო მას უფალმა იოაკიმე, იუდას მეფე, და ღვთის სახლის ჭურჭლის ნაწილი, და გაგზავნა შინაყრის ქვეყანაში, თავისი ღმერთის სახლში, და თავისი ღმერთის საგანძურში შეიტანა ჭურჭელი". ძველი ხალხების შეხედულებით, ამა თუ იმ ერის ძლიერება საკუთარი ღვთაების ძლევამოსილების შესაბამისი იყო. მეტოქის დამარცხება მათ ღმერთსაც განეკუთვნებოდა, ხოლო გამარჯვებულის ღვთაება ამ ორთაბრძოლაში ასევე ძლევამოსილად ცხადდებოდა. გამარჯვების აღსანიშნავად ასურელ-ბაბილონელ დამპყრობლებს სამხედრო ნადავლთან ერთად დაპყრობილი ქვეყნის ღვთაებათა გამოსახულებებიც თავიანთ სამშობლოში მიჰქონდათ და საკუთარ ღვთაებებს უძღვნიდნენ. ამავე მოსაზრებით ხელმძღვანელობდა ნაბუქოდონოსორი მოცემულ შემთხვევაში, მაგრამ იუდეველთა ტაძარში არ არსებობდა რა გამოსახულება და ქანდაკება, მიაქვთ ის, რაც ხელთ ხვდებათ .         მხ. 3-4. „უთხრა მეფემ ასფენაზს, საჭურისთა მთავრს, მიეგვარა მისთვის ისრაელის ძეთაგან, სამეფო მოდგმიდან და დიდებულთაგან უნაკლო, შესახედავად მშვენიერი, ყველა სიბრძნეში დახელოვნებული, ნიჭიერი და სწავლული უნარიანი ყმაწვილები". დანიელის მიერ მითითებული მოვლენა ასურულ-ბაბილონური იმპერიის ისტორიაში ჩვეული მოვლენა იყო. სახელმწოფოს დაპყრობისას წარჩინებული მოქალაქეების შვილები, ჭაბუკები, ტყვედ მიჰყავდათ; მათ საუკეთესო განათლებას აძლევდნენ და იმპერიის კეთიდღეობისთვის სამსახურ ავალდებულებდნენ. ასეთი ახალგაზრდობის განსწავლის მიზნით ასურელი და ბაბილონელი მეფეების კარზე განსაკუთრებული სკოლები არსებობდა. ყრმების აღზრდა ასფენაზს მიენდო. მას სამეფო კარზე მყოფი აღსაზრდელების თვალყური ევალებოდა.         მხ. 5. „განუწესა მათ მეფემ ყოველდღიური ულუფა მეფის სუფრიდან და იმ ღვინიდან, თავად, რომ სვამდა. სამ წელიწადში უნდა გაწვრთლიყვნენ ისინი და ბოლოს მეფის სამსახურში ჩამდგარიყვნენ". აღმოსავლური წესების მიხედვით სამეფო კარზე მყოფი ადამიანები მეფის სუფრიდან იკვებებოდნენ.         მხ. 6. „მათ შორის იუდას ძეთაგან იყვნენ: დანიელი, ანანია, მისაელი და აზარია".  ამ მუხლიდან ირკვევა, რომ დანიელი იუდას ტომს მიეკუთვნებოდა. იგი ან სამეფო გვარის წარმომადგენელი იყო, ან წარჩინებული დიდებულების ოჯახის წევრი. ქრისტიან ღვთისმეტყველთა შორის ნაწილი დანიელს დავით მეფის ჩამომავლად მიიჩნევს , სხვანი იუდეველ წარჩინებულთა შორის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გვარის წარმომადგენლად თვლიან . მხ. 7. „სახელები შეუცვალა მათ საჭურისთა მთავარმა: დანიელს ვალტაასრი უწოდა, ანანიას - სედრაქი, მისაელს - მისაქი, აზარიას - აბდენაგო". დანიელმა და მისმა მეგობრებმა მომავალში ბაბილონის იმპერიაში გარკვეული თანამდებობები უნდა ჩაიბარონ და ამიტომაც იცვლება მათი ძველი სახელები: მომავალ იარარქებს უცნაური იქნებოდა, იგივე ძველი იუდაური სახელები რქმეოდათ, ამიტომაც ებრაული სახელი ბაბილონურით იცვლება. სახელი ვალტაასარი მომდინარეობს ბაბილონელთა ერთ-ერთი ღვთაების - ბელისგან; აბდენაგო - ნებოდან... მხ. 8. „დანიელმა გულში ჩაიდო, არ გაუწმინდურებულიყო სამეფო ულუფით და მეფის სასმელი ღვინით. და სთხოვა იგი საჭურისთა მთავარს, რომ არ გაუწმინდურებულიყო".        დანიელი საკვებზე უარს გაუწმინდურების შიშით ამბობს, რადგან მოსეს რჯულში ზუსტად იყო განსაზღვრული, რომელი საკვები მიიჩნეოდა უწმინდურად. შესაძლოა, ბაბილონში დამზადებული კერძები, რითიც იუდეველი ყმაწვილები უნდა გამოკვებილიყვნენ, არაწმინდა ჩამონათვალში შემავალი არსებებისგან მზადდებოდა, ან მათ (საკვებს) მსხვერპლშეწირვის დროს დაღვრილ სისხლს ასხურებდნენ; ამასთანავე საკვების მიღების წინ, ბაბილონური ტრადიციით, კერპებს უხმობდნენ, ტრაპეზისას ჰიმნებს აღავლენდნენ ღვთაებათა მისამართით. ყოველივე ამის გათვალისწინებით, დანიელი უარს ამბობს საყოველთაო საკვებზე. მხ. 9-10. „მისცა ღმერთმა დანიელს მადლი და წყალობა საჭურისთა მთავრის წინაშე." მხ. 17-20. „მოჰმადლა ღმერთმა ამ ოთხ ყმაწვილს ცოდნა და გონიერება ყველა წიგნისა..."  დანიელის მიერ წარმართთა გაუწმინდურებულ საკვებზე უარის თქმით უზენაესისადმი მისი გულწრფელი, კეთილკრძალული დამოკიდებულება დასტურდება, რისთვისაც შემოქმედი მას უმაღლესი ადამიანური გონიერებით აჯილდოებს, რაც ქალდეურ მეცნიერებაში ზედმიწევნითი განსწავლითა და სიზმრებისა და ხილვების გამოთარგმანების საოცარ ნიჭში გამოვლინდა . თავი 2        მხ. 1. „ნაბუქოდონოსორის მეფობის მეორე წელს ნაბუქოდონოსორს სიზმრები დაესიზმრა. აუფორიაქდა სული და ძილი გაუკრთდა". დანიელის მიერ ნაბუქოდონოსორისათვის სიზმრის ახსნა სამწლიანი წვრთნის შემდეგ ხდება, მაგრამ ტექსტში მითითებულია, რომ მას ადგილი ჰქონდა ნაბუქოდონოსორის მეფობის მე-2 წელს. ამ საკითხის გადაწყვეტის მიზნით განმმარტებელთა ნაწილი მიიჩნევს, რომ მეორე წელში არა პირდაპირი გაგებით მეფობის მე-2 წელი იგულისხმება, არამედ დანიელის 3 წლიანი აღზრდის შემდგომი ორი წელი. სხვები თვლინ, რომ ამ ადგილზე ტექსტის პირველადი მონაცემი შეცვლილია და თავიდან 12 ან 20 წელი იყო მითითებული. მხ. 2-3. ნაბუქოდონოსორის აზრით, სიზმარი ერთ-ერთი საშუალებაა, რომლითაც უზენაესი საკუთარ ნებას უცხადებს ადამიანს. ქალდეველი ძლევამოსილი მეუფე დავიწყებული სიზმრის გახსენების მიზნით ბაბილონელ ბრძენებს მიმართავს, რომლებიც ხუთ კლასად იყოფოდნენ: 1. საიდუმლოთმცოდნენი - ქალდეური 'წმინდა&ქუოტ; ნაწერთა მეცნიერნი, რომელნიც ამ ჩანაწერთა საშუალებით განმარტავდნენ სიზმრებს; 2. მკითხავები (მაგოი; გრძეულნი); 3. მეკასფიმები - ჯადოქრები; 4. კასდიმები - ვარსკვლავთმრიცხველები; 5. გაზრიმები - ასტრონომები და ცხოველთა შიგნეულობაზე მკითხავნი. მხ. 4. „ქალდეველებმა მეფეს მიუგეს არამეულად: მეფევ, იცოცხლე უკუნისამდე! უამბე შენი სიზმარი შენს მსახურთ და აგიხსნით მის აზრს!" მეფის წინაშე თავმოყრილი ბრძენნი, რომელნიც აღმოსავლეთში არსებული მისალმების ფორმას იყენებენ, დარწმუნებულნი არიან, რომ მეფისთვის კარგად ნაცობი სიზმრის შინაარსს მოისმენენ და მის განმარტებას შეუდგებაინ.        მხ. 5-6. მათი მოლოდინის საპრისპიროდ ნაბუქოდონოსორი ამბობს, რომ მას შინაარსი სიზმრისა აღარ ახსოვს („გამშორდა სიტყვა") და მის აღდგენას მოსულთაგან ითხოვს. ქალდეველი მეუფე ამ საქმეს არ მიიჩნევდა დაუძლეველ სირთულედ. წინააღმდეგ შემთხვევაში ბაბილონელ სწავლულთა ბედი ტრაგიკულად დასრულდება. მხ. 7-9. 'მათ კვლავ მიუგეს და უთხრეს: უთხრას მეფემ თავის მორჩილთ თავისი სიზმარი და ჩვენც აგიხსნით მას. მიუგო მეფემ და თქვა: ნამდვილად ვიცი, დროის მოგება გინდათ, რაკი ხედავთ, რომ სიტყვა დამეკარგა. რაკი სიზმრის გაგებინება არ გინდათ ჩემთვის, ერთი ზრახვა გქონიათ: გინდათ ცრუ და საზიანო სიტყვა მითხრათ დროის გასაყვანად. ამიტომ მომიყევით სიზმარი და მეც დავიჯერებ, რომ მისი ახსნა შეგიძლიათ&ქუოტ;. ბრძენთა მიერ გაცემული პასუხით ნაბუქოდონოსორი მიხვდა, რომ ისინი არ ფლობენ უმაღლეს სიბრძნეს და ცდილობენ, ამ მდგომარეობიდან თავი დაიძვრინონ. მხ. 10-12. 'მიუგეს ქალდეველებმა მას და უთხრეს: ამქვეყნად არ მოიძებნება ისეთი კაცი, მეფისთვის ამ ბრძანების შესრულება შეეძლოს. რადგან არცერთ მეფეს, დიდებულსა თუ განმგებელს, მსგავსი არაფერი მოუთხოვია რომელიმე შემლოცველისგან, მოგვისგან თუ ქალდეველისგან...  გაოგნებული მოგვები ამბობენ, რომ არ არსებობს დედამიწის ზურგზე ადამიანი, ვინც ამ დავალებას თავს გაართმევდა. ამგვარი რამ მხოლოდ ღმერთს შეუძლია. ნაბუქოდონოსორი გასცემს ბრძანებას, რომლის მიხედვითაც, ბაბილონში მყოფი ყველა ბრძენი უნდა დაიხოცოს. მხ. 14-16. დანიელი მეფის მხედართმთავარს ჰპირდება, რომ უზენაესის დახმარებით სიზმარი განცხადდება.  მხ. 31-36. ნაბუქოდონოსორის მოთხოვნისამებრ დანიელი ჯერ სიზმრის შინაარს გააცხადებს, რასაც მის შესახებ განმარტებასაც მოაყოლებს. მხ. 37-38. სიზმარში ნანახი კერპის ოქროს თავი ნაბუქოდონოსორს და ზოგადად, ბაბილონის სამეფოს უკავშირდება. „შენ შემდეგ სხვა სამეფო აღდგება". ისტორიული ცნობების მიხედვით, 'სხვა სამეფო&ქუოტ; არა უშუალოდ ნაბუქოდონოსორის გარდაცვალებისას, არამედ მისი ყველა მემკვიდრის სამოღვაწეა ასპარეზის განსრულების შემდეგ ჩამოყალიბდა და მასში სპარსეთის სახელმწიფო იგულისხმება. ის ძლიერებითა და ძლევამოსილობით ვერ შეედრება ბაბილონს, ამიტომაც ამ უკანასკნელზე უმდარესადაა მოხსენებული (თავისგან განსხვავებით ხელები და მკერდი ვერცხლისგან იყო დამზადებული). მესამე ადგილი განკუთვნილია ბერძენთა იმპერიისთვის, რომლის დამაარსებლად ალექსანდრე მაკედონელი მიიჩნევა (სპილენძის მუცელი და თეძოები). მხ. 40-43. მეოთხე სამეფო (წვივები - რკინის; ფეხის ტერფები - ნაწილობრივ რკინის, ნაწილობრივ თიხის) მიუხედავად რკინისებრი სიმტკიცისა ამავდროულად თიხასავით სუსტიც აღმოჩნდება. რომის იმპერიამ საკუთარი არსებობის პირველ ეტაპზე ძლევამოსილებითა და სამხედრო წარმატებებით წინარე ყველა სახელმწოფოს გაუსწრო, მაგრამ მოგვიანებით ლითონივით შეკრული იმპერია თიხის მყიფე ჭურჭელივით დანაწილდა და დაიყო. მხ. 44-45. სწორედ მეოთხე მონარქიის არსებობას („ლოდი დაეცა კერპს... და შემუსრა იგი") უკავშირდება ახალი სამეფოს გაჩენა, რომელიც მთიდან ჩამოგორებული ლოდის სახიათაა წარმოდგენილი. მითითებული ცნობები მესიის შესახებ გვამცნობენ. იგი რომის იმპერიის ძლევამოსილების პერიოდში მოევლინა წუთისოფელს და თავისი ყოვლისშემძლე ძალით შემუსრა და გარდაქმნა წარმართულ სამყაროში გაბატონებული ბოროტება. განმმარტებელთა ნაწილი მთას, საიდანაც ლოდი ჩამოგორდა, ძვ. აღთქმის ეკლესიად მიიჩნევს და თავად ლოდს ძვ. აღთქმის წიაღიდან აღმოცენებულ ახალი აღთქმის ეკლესიად სახელდებს. სხვები თვლიან, რომ ლოდში მაცხოვარი მოიაზრება, ხოლო მთა სიმბოლოა ყოვლადწმინდა ღვთისმშობლისა. მხ. 46-47. 'მაშინ პირქვე დაემხო მეფე ნაბუქოდონოსორი, თაყვანი სცა დანიელს და ბრძანა მისთვის საჩუქრებისა და ამოდსაყნოსელი საკმევლის მოტანა. მიუგო მეფემ დანიელს და უთხრა: თქვენი ღმერთი ჭეშმარიტად ღმერთთა ღმერთია, მეფეთა მეფეა და საიდუმლოთა გამცხადებელი. ამიტომაც შეძლო მან ამ საიდუმლოს გაცხადება.        ქალდეველმა ხელმწიფემ ამ ყოველივეს შემდეგ დანიელი არაჩვეულებრივ პიროვნებად მიიჩნია, ვინც საკუთარი სიბრძნით ნებისმიერს აღემატება და მას ღვთაებრივი პატივი მიაგო („თაყვანი სცა დანიელს და ბრძანა მისთვის საჩუქრების და ამოდსაყნოსელი საკმევლის მოტანა"). ებრაულ ტექსტში გამოყენებული ზმნა საგად (თაყვანი სცა) თავის მოხრას ნიშნავს, რაც ბაბილონელი იმპერატორის უდიდეს პატივისცემას ადასტურებს. ნეტარი იორონემესა და იოსებ ფლავიუსის ცნობით, ნაბუქოდონოსორმა დანიელის თაყვანისცემით წინასწარმეტყველის მიერ აღიარებულ ღმერთს მიაგო თაყვანი. მხ. 48. 'მაშინ განადიდა მეფემ დანიელი, ძვირფასი საჩუქრები უბოძა და მთელი ბაბილონის ქვეყნის განმგებლად და ბაბილონის ყველა ბრძენის მთავრად დაადგინა. განმარტებელთა აზრით, ბაბილონის ქვეყნის ყველა ბრძენზე უპირატესად დანიელის დადგენა მხოლოდ საპატიო ტიტული უნდა იყოს, რადგან მორიგ თავებში გადმოცემულ თხრობაში იგი ყველგან ბაბილონელ მოგვთაგან განცალკევებულადაა წარმოდგენილი და მისი იერარქიული უპირატესობა არ დასტურდება. ქალდეველთა უმაღლესი კასტისადმი დანიელის მიკუთვნება მხოლოდ ნომინალური მოვლენაა, რადგან ეს საზოგადოება მკაცრად იყო დახშული ნებისმიერი უცხოტომელისთვის. თავი 3         მხ. 1. „გააკეთა მეფე ნაბუქოდონოსორმა ოქროს კერპი სამოცი წყრთა სიმაღლით და ექვსი წყრთა სიგანით. და ბაბილონის ქვეყანაში დადგა იგი, დურას ველზე". სეპტუაგინტისა და თეოდოტიანეს ბიბლიის მიხედვით, მითითებულ ქმედებას ადგილი ჰქონდა ნაბუქოდონოსორის მმართველობის მე-18 წელს. ესაა იერუსალიმის დაცემის წელი (586 წ.). იუდეის დედაქალაქზე მიტანილი შეტევა დროში საკმაოდ გაჭიანურდა. ბაბილონელი ჯარისკაცები მიუხედავად სიმრავლისა წელიწად ნახევრის მანძილზე ვერ ახერხებდნენ იერუსალიმში შეჭრას, რამაც ქალდეველი ხელმწიფე საგონებელში ჩააგდო. სწრაფი წარმატების მოლოდინი ხანგრძლივი ნერვიულობითა და წარუმატებლობით შეიცვალა. ყოველივე ამის გათვალისწინებით, გამარჯვებული ნაბუქოდონოსორი ღმერთებისთვის მადლობის გადახდის მიზნით რიტუალურ მსახურებას აღასრულებს და ამავდროულად სხვებსაც ავალდებულებს მასში მონაწილეობის მიღებას. ამ მოსაზრებას წმინდა იოანე ოქროპირიც ეთანხმება. ამასთანავე ის შენიშნვას, რომ ზოგიერთის თქმით, ნაბუქოდონოსორმა სიზმარში ნანახი კერპი ცხადად გამოსახა და სწორედ იგი განათავსა დურას (ძვ. ქართ. დეირის) ველზე. კერპი ადამიანის გარეგნობის იყო. წმ. იოანე ოქროპირი, ნეტარი იერონიმე, სიმეონ მეტაფრასტი თვლიან, რომ მითითებულ კერპს ნაბუქოდონოსორის გამოსახულება ჰქონდა. მხ. 2. მეფის მიერ დაგეგმილ ღონისძიებაში მონაწილეობის მიღების მიზნით ქვეყნის ყველა კუთხეში იგზავნება მოწვევა, რათა მთელს ბაბილონში მოღვაწე ყველა იერარქი, თანამდებობის პირი მითითებულ დურას ველზე შეკრებილიყო. მხ. 4-5. მსახურება იწყება საკრავ ინსტრუმენტზე აღვლენილი მუსიკალური ჰანგების თანხლებით. მხ. 6. კერპისთვის პატივის მიგება ამავე დროს აღიარება იყო იმ ღმერთებისა, რომლებმაც ნაბუქოდონოსორს მტრებზე ძლევამოსილება მიანიჭეს. ვინც უარს იტყოდა წამოყენებულ მოთხოვნაზე, ასეთი ქალდეველთა ღმერთებს უპირისპირდებოდა, რისთვისაც ასურულ-ბაბილონური ტრადიციის მიხედვით დამნაშავეს გახურებულ ღუმელში აგდებდნენ. მხ. 8-13. დანიელი ამ მოვლენებში არ მონაწილეობს. წმ. იოანე ოქროპირი: 'რატომ არ ჩანს აქ დანიელი? მე ვფიქრობ, რომ დამსმენებმა შიშის გამო ვერ გაბედეს მეფესთან მისი სახელის ხსენება, ან თავდ მეფემ მისდამი უდიდესი პატივისცემით განმსჭვალულმა არ აიძულა დანიელი, რომ ამ მოვლენებში მიეღო მონაწილეობა. ანანია, აზარია, მისაელი მოსეს რჯულის ერთგულნი რჩებიან და უარს ამბობენ კერპის თაყვანისცემაზე. ნაბუქოდონოსორთან მაშინვე მიაქვთ ცნობები სამი იუდეველის ურჩობის შესახებ. მხ. 14-15. იერარქი, მიუხედავად მრისხანებისა, თავდაპირველად გარკვეულ თავშეკავებას ავლენს. ის ვერ იჯერებს, რომ ანანია, აზარია და მისაელი, რომელთაც ქალდეველმა მეფემ დიდება და პატივი უხვად უბოძა, მას უპირისპირდებინ და გამოეძიებს, თუ რატომ არ აღასრულეს მათ გაცემული ბრძანება. მხ. 16-18. ახალგაზრდები პასუხობენ, თუ რა არის მიზეზი მათი ამგვარი მოქმედებისა. მხ. 21. ქალდეველი ხელმწიფე მაშინვე გასცემს ბრძანებას მათი ცეცხლში ჩაგდების შესახებ.        მხ. 24-90. თანამედროვე ებრაულ ტექსტში აღნიშნული მუხლები არაა წარმოდგენილი. დანიელის წიგნის მითითებული ნაწილი ბერძნული სეპტუაგინტისა და თეოდოტიანეს რედაქციებითაა ჩვენამდე მოღწეული; მეცნიერთა ნაწილი მიიჩნევს, რომ 24-90 მუხლები მხოლოდ ბერძნულ რედაქციებშია შეტანილი ჩანამატის სახით და ებრაულ ბიბლიაში იგი არასოდეს არსებობდა, მაგარმ ამ მოსაზრების საპირისპიროდ უნდა აღნიშნოს, რომ თეოდოტიანე ბერძნულ ენაზე ბიბლიის თარგმნისას ებრაული ტექსტით ხელმძღვანელობდა; შესაბამისად, მისი სახელით ცნობილ ბიბლიურ რედაქციაში ამ მუხლების არსებობა ადასტურებს მათ არსებობას ებრაულ ბიბლიაშიც. მხ. 24-45. გადმოცემულია აზარიას ლოცვა. მხ. 51-90. გახურებულ ღუმელში უვნებლად დარჩენილი სამი ყრმა ღვთის უდიდესი მოწყალების გამო უზენაესს სამადლობელ გალობას უძღვნის. მხ. 91-92. ცეცხლში მოარული ყრმების ხილვამ და მათი გალობის მოსმენამ ნაბუქოდონოსორი ძლიერ გააოცა. ეს გრძნობა კიდევ მეტად გაუმძაფრდა ქალდეველ მეუფეს, როდესაც მან მეოთხე გამოსახულებაც იხილა, რომელიც არ ჰგავდა ადამიანს და „ღვითის ძის" შეხედულება ჰქონდა. მხ. 93. ნაბუქოდონოსორი, სურს რა დარწმუნდეს ნანახის ჭეშმარიტებაში, ახლოს მიდის და სთხოვს სამ ყრმას ღუმელიდან გამოსვლას. მეფის სურვილი სრულდება და ანანია, აზარია და მისაელი ცეცხლიდან უვნებლად გადმოდიან. მხ. 95-96. ქალდეველი ხელმწიფე მეორედ დარწმუნდა იუდეველთა ღმერთის ძლევამოსილებასა და ყოვლისშემძლეობაში და მეორედ აღიარა მისი ძლიერება, მაგრამ ქალდეველი მეუფე ამ აღიარებაში არა მონოთეისტური შეხედულებებით ხელმძღვანელობს, არამედ მას მიაჩნია, რომ იუდეველთა ღმერთი ყველა სხვა ღმერთზე აღმატებულია. თავი 4          მხ. 4-5. „მე, ნაბუქოდონოსორი, მშვიდად ვიყავი ჩემს სახლში და ვყვაოდი ჩემს სასახლეში. ვნახე სიზმარი, რომელმაც თავზარი დამცა. ფიქრებმა და ჩემი თავის ხილვებმა შემაძრწუნეს ჩემს სარეცელზე". ნაბუქოდონოსორის მიერ სიზმრის ხილვა მისი მეფობის მშვიდობიან პერიოდს ემთხვევა, რაც ქალდეველთა ეგვიპტეზე თავდასხმის შემდეგ ჩამოდგა ბაბილონში ძლევამოსილი ხელმწიფის მეფობის 37-ე წელს (567წ.). ადრეული გამოცდილებით ბაბილონელმა იერარქმა იცოდა, რომ ნანახი სიზმარი მოსალოდნელ საფრთხეს მოასწავებდა და სწორედ ამიტომ შეძრწუნდა. დანიელის წიგნის ამ ნაწილში ნაბუქოდონოსორი პირველ პირში საუბრობს („მე, ნაბუქოდონოსორი, მშვიდად ვიყავი ჩემს სახლში...). წმ. იოანე ოქროპირი: რატომ აღწერა წინასწარმეტყველმა მეფის სიტყვები ამგვარად და არა მესამე პირში? მე ვფიქრობ, რომ ეს სიტყვები თავად ნაბუქოდონოსორს ეკუთვნის და შესაძლოა, განკურნების შემდეგ ქალდეველმა მეფემ თავს გადამხდარი ამბები ყველასთვის ხელმისაწვდომი გახადა. 3. ბაბილონელი ბრძენები მიუხედავად თავდაუზოგავი მცდელობისა, ვერაფერს გებულობენ. მხ. 4-6. „მაშინ მოვიდნენ ჯადოქრები. შემლოცველნი, ქალდეველნი და გრძნეულები. მოვუყევი სიზმრაი, მაგრამ ვერ შეძლეს მისი ახსნა. ბოლოს მოვიდა დანიელი..." ბრძენთა წარუმატებლობა ნაბუქოდონოსორს დანიელს მოაგონებს. როგორც ჩანს, ქალდეველ ხელმწიფეს ჰქონდა იმედი, რომ დანიელის გარეშე ამ საქმეში განსაწვლული ადამიანები შეძლებდნენ ნანახის განმარტებას, ამავდროულად პირველი სიზმრის ნახვისა და მისი განმარტების შემდეგ გასული 35 წელი საკმაოდ დიდი დროა და გარდასული მოვლენები ერთგვარად დავიწყებას მიეცა. მხ. 7-14. „...ვხედავ, აჰა, დედამიწის შუაში ხე დგას, დიდი სიმაღლისა. გაიზარდა ეს ხე და გამაგრდა. მისი კენწერო ცას მისწვდა და დედამიწის ყველა კუთხიდან მოჩანდა. ფოთლები მშვენიერი ქონდა და ნაყოფი - უხვი. მასზე ყველასათვის იყო საზრდელი, მინდვრის მხეცები მის ძირას პოულობდნენ ჩრდილს..." ნაბუქოდონოსორის მიერ ნანახი სიზმარი მისი თანამედროვეობის სულითაა განმსჭვალული. ძველ ხალხთა შეგნებაში ხე ადამიანის ცხოვრების სიმბოლორ გამოხატულებას წარმოადგენდა. ხე მაღალი, განიერი ტოტებით შემკული ძლევამოსილი, წარმატებული ადამიანის სიმბოლო იყო, მაგრამ ხმელი, უნაყოფო ხე განასახიერებდა ადამიანს, რომლის დიდებაცა და პატივიც წარსულ დროებას მიებარა, ხოლო აწმყო სწორედ ისეთივე უნაყოფო და უსარგებლოა, როგორც ხმელი, არადსარგები ხე. ეს რომ ასეა (ანუ ის, რომ ხე ადამიანს განასახიერებს) თავად სიზმარიდანაც ცხადდება („კაცის გული გამოეცვალა და მხეცის გული მიეცა" მხ.16), რაც ადამიანურ გრძნობათა დატევებასა და უგუნური, უსულო პირუტყვის ზნეთა შეთვისებაში გამოიხატება. ამავე დროს ამ მოვლენას თავად დანიელიც ნაბუქოდონოსორს უკავშირებს. დიოდორე სიცილიელის მიერ შემოკრებილი ბაბილონური მოძღვრება ცხადყოფს, რომ მათ ცნობიერებაში ღვთაებათა სამყარო აღმატებული და მეორეხარისხოვანი ღმერთებით იყო წარმოდგენილი. მეორეხარისხოვანი ღმერთების (ქეოი ბოულაიოი) ნაწილი მიწისქვეშეთის სამყაროში მიმდინერე მოვლენებს განაგებდა, ხოლო მეორენი დედამიწასა და ზეცაზე ხელმწიფებდნენ. ნაბუქოდონოსორის მიერ დასახელებულ „მღვიძარეებში" ეს უკანასკნელნი მიიჩნევიან, სწორედ მათ გამოაქვთ განაჩენი ბაბილონელი ხელმწიფისთვის.        მხ. 24. დანიელი მას შემდეგ, რაც ნაბუქოდონოსორზე მომავალი სასჯელის მიზეზად მის ამპარტავნებას ასახელებს, მეფეს საღვთო ნების მორჩილებისკენ მოუწოდებს და ურჩევს მას სიკეთე აკეთოს შემდგომი განსაცდელების თავიდან ასარიდებლად. მხ. 26-27. „თორმეტი თავის შემდეგ ბაბილონის სამეფო სასახლეში სეირნობისას, ალაპარაკდა მეფე და თქვა: „ეს ის დიდებული ბაბილონი არ არის, რომელიც სამეფო სახლად ავაშენე ჩემი ხელმწიფების ძალით, ჩემი სიდიადის საქებრად. მეფეს ჯერ სიტყვა არ გაეთავებინა, რომ ზეციდან ხმა გაისმა: შენ გეუბნებიან, მეფე ნაბუქოდონოსორ, ხელიდან გეცლება სამეფო". მღვიძარის მიერ ('მეფემ რომ მღვიძარი და წმიდა იხილა, რომელიც ზეციდან ჩამოეშვა და თქვა: მოკვეთეთ და აჩეხეთ... მხ. 20) ნაბუქოდონოსორისთვის განცხადებული ცნობებებით და დანიელის განმარტებით, სასჯელმა მეფე უნდა დაარწმუნოს, რომ უზენაესია მთელი სამყაროს მპყრობელი და განმგებელი. საღვთო განგებულება მეფეზე მაშინ აღესრულა, როდესაც ის ამპარტავნულად დარწმუნდა საკუთარ ძალებში და ყოველი დიდება თავის თავს განუკუთვნა. ეს რომ ასეა ზემოთ წარმოდგენილი სიტყვებითაც დასტურდება: „ეს ის დიდებული ბაბილონი არ არის, რომელიც სამეფო სახლად ავაშენე ჩემი ხელმწიფების ძალით, ჩემი სიდიადის საქებად" (მხ. 27). ბაბილონი რომ მისი შემოქმედებაა, ეს მეფის მიერ დატოვებული არაერთი წარწერითაც დასტურდება: „ბაბილონი და ბორზიპა, - ამბობს ნაბუქოდონოსორი ერთ-ერთ წარწერაში, - ჩემი სამეფოს უდიდებულესი ქალაქებია, ჩემ მიერ დასრულებული." ისტორიული მასალები ადასტურებენ, რომ ქალდეველმა ხელმწიფემ საკუთარი სიმდიდრის უდიდესი ნაწილი ბაბილონის კეთილმოწყობისა და გამშვენების საქმეს შეალია. ნაბუქოდონოსორმა დედაქალაქს ახალი უზარმაზარი ზომის კედელი გარშემოავლო, ქალაქში მსოფლიოს საოცრებად აღიარებული დაკიდებული ბაღები გააშენა, რომლებიც მის სამეფო სასახლის მიმდებარე გარემოს ამშვენებდნენ (სასახლე მდინარე ევფრატის დასავლეთ ნაპირზე იყო გაშენებული). ისინი 50 მეტრის სიმაღლემდე აღწევდნენ. ბაღისთვის სპეციალური ლითონის კონსტრუქცია გამოიყენებოდა, რომელიც თავის მხრივ უზარმაზარი ქვის საყრდენებით მაგრდებოდა, ლითონის ფირფიტებზე მიწა მოეთავსებინათ, ისე რომ, მასზე მაღალ ხეებსაც შეეძლო გაზრდა. ბაღის შიგნით ტუმბოები ეყენა, რომლებიც ევფრატიდან ამოტუმბულ წყალს ტერასის უმაღლეს მონაკვეთამდეც აზიდავდა.        მხ. 28-30. 'მეფეს ჯერ სიტყვა არ გაეთავებინა, რომ ზეციდან ხმა გაისმა: შენ გეუბნებიან, მეფე ნაბუქოდონოსორ, ხელიდან გეცლება სამეფო. მოიკვეთები კაცთაგან, მინდვრის მხეცებთან იცხოვრებ, ხარების მსგავსად ბალახს გაჭმევენ და შვიდი წელიწადი გადაივლის შენზე, ვიდრე გაიგებდე, რომ უზენაესი ხელმწიფობს კაცთა სამეფოზე და ვისაც უნდა, იმას აძლევს მალევე აღსრულდა ნაბუქოდრნოსორზე ეს განაჩენი. მოკვეთეს იგი კაცთაგან; ხარების მსგავსად ბალახის ჭამა დაიწყო; მისი სხეული ზეცის ცვარ-ნამით სველდებოდა, ისე რომ თმები არწივის ბუმბულივით გაუხდა, ფრჩხილები კი - ფრინველის კლანჭებივით. ნაბუქოდონოსორს სულიერ დაავადებათა შორის ერთ-ერთი უმძიმესი ფორმის სენი - ლიკანტროპია შეეყარა. მეფეს წაერთვა გონება და იგი ცხოველს მიემსგავსა. ბაბილონელი ხელმწიფე ბალახით იკვებებოდა და გარეგნობაც შესაბამისი ჰქონდა. ხსენებული დაავადება არ იყო გაუგონარი და უცხო, რადგან მსგავსი სახის უძლურება უძველესი დროიდან მოყოლებული არაერთხელ დაფიქსირებულა. ჰეროდოტე საეკლესიო ისტორიაში ყვება ადამიანებზე, რომლებიც მგლებად გადაიქცნენ და სწორედ ლიკანტროპიით შეპყობილებს გულისხმობს. XIV-XVI სს. ისტორიული წყაროები იგივე დაავადების ევროპაში გავრცელების შესახებ მოგვითხრობენ. შესაბამისად, ქალდეველ ხელმწიფესთან დაკავშირებული მოვლენები სრული ჭეშმარიტებაა, რაც წარმოდგენილი ფაქტებითაც დასტურდება. იგივეს ამოწმებს ნაბუქოდონოსორის სახელით შემორჩენილი ერთ-ერთი წარწერა, რომელშიც მეფე თავისი ცხოვრების ოთხი წლის შესახებ ყვება: „სამეფო ტახტის ფლობის მიუხედავად ოთხი წლის მანძილზე ჩემი გული არანაირ სიხარულს არ განიცდიდა, არ მიმღერია სადიდებელი ჰიმნები მეროდახის საპატივცემლოდ, არც რაიმე ნაგებობა შემიმატებია..." განმმარტებლებს აქ მითითებული დროის მონაკვეთი მეფის უძლურების ჟამად მიაჩნიათ. ამავდროულად ერთ-ერთ წარწერაში ნახსენებია ვინმე ბილუსუმისკუნი, რომელიც საკუთარ თავს ბაბილონის ხემწიფეს უწოდებს, მაგრამ ქალდეველი მეფეების ჩამონათვალში მსგავსი სახელი არსადაა ნახსენები. მიიჩნევა, რომ ბილუსუმისკუნი ნაბუქოდონოსორის უძლურებისას სახელმწიფოს რეგენტის ფუნქციებს ასრულებდა. დაავადების ხანგრძლივობა „შვიდი ჟამს" გაგრძელდება. მხ. 31-34. სამედიცინო თვალსაზრისით, ლიკანტროპია რიგ შემთხვევაში კურნებადი დაავადება. სხვა გონებრივი აშლილობის მსგავსად, ისიც განიცდის ცვალებადობას და ავადმყოფს კვლავ უბრუნდება აზროვნება. სწორედ ამგვარი რამ შეემთხვა ნაბუქოდონორსაც, მას ადრინდელი ცნობიერება დაუბრუნდა, რის შემდეგაც ბაბილონელმა მეფემ ღმერთი განადიდა და უზენაესის წინაშე ადამიანური უძლურება აღიარა. თავი 5        მხ.1. 'მეფე ვალტასარმა დიდებული ლხინი გაუმართა თავის ათას დიდებულს და იმ ათასის თვალწინ სვამდა ღვინოს". დანიელის წიგნის მიხედვით ირკვევა, რომ ბაბილონის უკანასკვნელი მეფე იყო ვალტასარი (ბელშაცარი), ნაბუქოდონოსორის ძე, რომელმაც ორ წელზე ოდნავ მეტი იმეფა და მოკლულ იქნა იმ ღამეს, როდესაც დაეცა ქალაქი ბაბილონი; მაგრამ საქმე ისაა, რომ ნაბუქოდონოსორის მემკვიდრეთა ჩამონათვალში, რომელიც ქალდეური ეპოქის მკვლევარ ისტორიკოს ბეროზთანაა წარმოდგენილი, მსგავსი სახელის მქონე ბაბელონელი ხელმწიფე (ვალტასარი) არ სახელდება. ნაბუქოდონოსორის მემკვიდრედ ხსენებული ისტორიკოსი ებილმეროდაქს წარმოგვიდგენს, ხოლო ბაბილონის დაცემის თარიღად დანიელისთვის უცნობი ქალდეველი მეფის - ნაბონიდის მე-17 წელს ასახელებს. ძვ. წ. აღ. მე-5 საუკუნის ისტორიკოსი ჰეროდოტე მიუთითებს, რომ უკანასკნელი ქალდეველი მეფე იყო არა ვალტასარი, არამედ ვინმე ლაბინეტი. ბიბლიური და ისტორიული ცნობების ამგვარი შეუსაბამობა მრავალი მოსაზრების გამოთქმის საფუძველი გახდა. იოსებ ფლავიუსი შენიშნავს, რომ ბაბილონის უკანასკვნელი მეფე იყო ვალტასარი, რომელსაც ბაბილონელნი ნაბონიდს უწოდებდნენ. მსგავსი სახის მოსაზრება მოგვიანებით არაერთმა ცნობილმა ისტორიკოსმა გამოთქვა. მათ მიაჩნდათ, რომ ვალტასარი ნაბონიდისთვის მინიჭებული საპატიო ტიტული იყო. ისტორიკოსების მეორე ნაწილი ფიქრობდა, რომ ვალტასარი ნაბუქოდონოსორის შვილი ებილმეროდაქია, რომელმაც ორი წელი იმეფა, მესამენი მას ვალტასარ ლაბოსოარდაქთან აიგივებდნენ. ზემოთ წარმოდგენილი მსჯელობის შემდეგ უნდა შევნიშნოთ, რომ ყველა ისტორიული მონაცემის შეჯერების შედეგად მითითებული დასკვნების ჭეშმარიტება ეჭვქვეშ დგება. კერძოდ, არც ებილმეროდაქი და არც ლაბოსარდაქი, დანიელის წიგნის თანახმად, არ ყოფილან ბაბილონის ბოლო მეფენი. ვერ დავაკავშირებთ ვალტასარს ნაბონიდთანაც, ამ სახელებით ცნობილი ადამიანების ბედი დანიელის და ბეროზის ისტორიული ცნობების მიხედვით განსხვავებულია. კერძოდ ვალტასარი, დანიელის წიგნის მიხედვით, ბაბილონის დაპყრობის ღამეს მოკლეს, ხოლო ნაბონიდი, ბეროზის ცნობით, დააპატიმრეს, სხვა ქვეყანაში გადაასახლეს და უცხოობაში მყოფი მეფე გარდაიცვალა. წარმოდგენილი მსჯელობის პარალელურად თანამედროვე კვლევებში მითითებულია, რომ ვალტასარი ნაბონიდის ძე იყო. ასეთი დასკვნების შესაძლებლობას ლურსმნული წარწერები იძლევა. ინგლისელი მკვლევარის ლოფტუსის მიერ აღმოჩენილ ერთ-ერთ ასეთ წარწერაში ვკითხულობთ (მიმართვა ღმერთებისკენაა აღვლენილი): ’მე, ბაბილონელი მეფე ნაბონიდი, დამიფარე შენი სიწმინდის საპირისპირო რაიმე განაზრახისგან და მომმადლე დაღეგრძელობა, ხოლო ვალტასარის, ჩემი პირმშო ძისა და მემკვიდრის გული იმგვარად წარმართე, რომ მან შენს წმინდა ღვთაებრიობას თაყვანი სცეს, არ შეუდგეს გზას ცოდვისას და დატკბეს ცხოვრების მშვენიერებით&ქუოტ;. მსგავსი შინაარსისაა სხვა წარწერებიც, რომლებშიც ნაბონიდი ვალტასარს საკუთარ ძედ იხსენიებს. ისტორიკოსი რაულინსონი მიიჩნევს, რომ წარწერებში ნახსენები ვალტასარი დანიელის მიერ წარმოდგენილი იმავე სახელის მქონე ადამიანია: 'ნაბონიდის უფროსი ძე, ამბობს რაულინსონი, ბელშარ-ეტზარადად სახელდება, ხოლო ეს სახელი დანიელის წიგნში შემოკლებულად - ბელშაცარის (ვალტასარის) სახითაა წარმოდგენილი". ბალტასარი არ იყო ბაბილონის უმაღლესი მეფე, პირველი იერარქი. ეს მე-16 მხ. დასტურდება, რომლის მიხედვითაც, ის დანიელს წარწერების განმარტებისთვის სამეფოში მესამე ადგილს ჰპირდება. განმარტებლები ამ მუხლზე მითითებით აცხადებენ, რომ ვალტასარი მამის - ნაბონიდის თანამმართველი იყო (შესაბამისად, სახელმწიფოში მეორე იერარქის ტიტულს ფლობდა და ამიტომაც დანიელს მესამე ადგილს ჰპირდებოდა).         ბალტასარის მიერ მოწყობილი ლხინი მიდიელ-სპარსთა თავდასხმას ემთხვევა. ჰეროდოტე დანიელის წარმოდგენილ ცნობებს ადასტურებს და ამბობს, რომ მეფე კიროსის მიერ ქალდველთა დედაქალაქის დაპყრობისას ბაბილონელნი მხიარულად ილხენდნენ, ქალაქის მოსახლეობა ცეკვასა და თამაშში ატარებდა დროს. ყველაზე მძიმე წუთებში მეფის (ბალტასარის) ამგვარი უზრუნველობა ერთგვარ ახსნას იმით პოვებს, რომ ბაბილონის გარშემო აგებული უზარმაზარი კედელი ფაქტობრივად დაუძლეველ ზღუდეს წარმოადგენდა. ეს გალავანი არა მარტო მათ შიგნით მყოფებს წარმოედგინათ გადაულახავ წინაღობად, არამედ თავად სპარსთა მეფე კიროსსაც, რომელსაც, ჰერდოტეს ცნობით, არ ეიმედებოდა ქალდეველთა დედაქალაქის დაპყრობა და ფიქრობდა, რაიმე ხერხი და ეშმაკობა გამოეყენებინა. ამავდროულად ბალტასარის უზრუნველობაში მისი ასაკიც თამაშობდა გარკვეულ როლს. ისტორიკოსთა ვარაუდით, ის ამ ჟამისთვის დაახლოებით 16 წლის იქნებოდა.        მხ. 2-4. 'ღვინით გალეშილმა ვალტასარმა ბრძანა, რომ მოერთმიათ მისთვის ოქრო-ვერცხლის ჭურჭელი, რომელიც ნაბუქოდონოსორს, მამამისს, გამოტანილი ჰქონდა იერუსალიმის ტაძრიდან". ვალტასარი განსხვავებით ნაბუქოდონოსორისგან, რომელმაც იერუსალიმის ტაძრის ჭურჭელი საკერპოში განათავსა და იუდეველთა ტაძრის სიწმინდეებს პირადი საჭიროებისთვის არასოდეს შეხებია, თასებს ჩვეულებრივი ნივთების დარად მოატანინებს და მათი საშუალებით აგრძელებს საკუთარ დიდებულებთან ერთად ღვინის სმას. მხ. 5-6. 'სწორედ ამ დროს კაცის ხელის თითები გამოჩნდა და სანთლის წინ, მეფის სასახლის კედლის ბათქაშზე წერა დაიწყეს. მეფე ხედავდა ხელის მტევანს, რომელიც წერდა მაშინ ფერი ეცვალა მეფეს, ფიქრებმა შეაშფოთეს..." მეფის თავხედობა შიშითა და ძრწოლით შეიცვალა. მხ. 7-8. 'ხმამაღლა იყვირა მეფემ... მაშინ მოვიდა მეფის ყველა ბრძენკაცი, წარწერის წაკითხვა და მეფისთვის მისი მნიშვნელობის ახსნა ვერ შეძლეს". იუდეველი განმმარტებლები ვარაუდობენ, რომ კედელის წარწერა იუდაური ღვთისმეტყველების ერთერთი მიმართულებით - კაბალისტიკით უნდა ახსნილიყო, რისი ცოდნაც ბაბილონელ მოგვებს არ გააჩნდათ. სხვების აზრით, ბგერები უკანა რიგით იწერებოდა. ნაწილს მიაჩნია, რომ ყოველი სიტყვიდან მხოლოდ პირველი ან პირველი ორი ბგერა დაიწერა, რისი ამოკითხვაც ქალდეველ ბრძენთათვის შეუძლებელი აღმოჩნდა. მხ. 10-12. გამოუვალ მდგომარეობაში მყოფი ვალტასარი რჩევას დედოფლისგან ღებულობს: დანიელი არის ის, ვინც შეძლებს ეს საიდუმლო ამოხსნას. აღმოსავლელ მმართველთა შორის არსებული წესების თანახმად, ქალს ეკრძალებოდა დაუკითხავად თავშეყრის ადგილზე გამოჩენა და მითუმეტეს ხელმწიფისთვის ხმამაღლა რაიმე სახის მითითების მიცემა. ვარაუდობენ, რომ ტექსტში წარმოდგენილი დედოფალი ვალტასარის დედა და ნაბონიდის მეუღლეა. დედოფლის მხრიდან ნაბუქოდონოსორის ვალტასარის მამად სახელდება გადატანითი მნიშვნელობით უნდა გავიგოთ. მხ. 13-16. ვალტასარი არ იცნობს დანიელს და მისი სიბრძნის შესახებაც, როგორც ტექსტიდან ირკვევა, პირველად ისმენს. ამის მიზეზი ნაბუქოდონოსორის გარდაცვალებისთანავე სამეფო კარზე მომხდარი დაპირისპირებები უდნა ყოფლიყო: მამის გარდაცვალების შემდეგ ტახტზე ადის ებილმეროდაქი ნაბუქოდონოსორის ძე (561-559 წწ.). ორი წლის შემდეგ იგი საკუთარი დის ქმარმა - ნერიგლისორმა მოკლა. ამ უკანასკნელმა 4 წელი იმეფა და სპარსელებთან ომში დაიღუპა. მისი ძე და მემკვიდრე ლაბოსოარდაქი მხოლოდ 9 თვე იმეფებს და შეთქმულთა მსხვერპლი ხდება, რომელთა შორის იმყოფებოდა ნაბონიდი, ვალტასარის მამა. სამეფო ტახტისთვის გამართული დაპირისპირებებისას წინასწარმეტყველმა დატოვა დედაქალაქი ბაბილონი და სამკვიდროდ სხვა ადგილი არჩია. შესაბამისად, ვალტასარს მის შესახებ არაფერი სმენია.        მხ. 17. დანიელმა საჩუქრებზე უარის თქმით საკუთარი თავი ღვთის ჭეშმარიტ წინასწარმეტყველად წარმოაჩინა. ის თხოვნას არა ანგარებისთვის, არამედ საღვთოვ ნების გასაცხადებლად ასრულებს. მხ. 18-28. ნაბუქოდონოსორის მაგალითი ბალტასარისთვის ყურადსაღები უნდა ყოფილიყო, მაგრამ მან უდიდესი თავხედობა გამოიჩინა და უზენაესი შეურაცხჰყო. თავი 6        მე-5 თავის 30-ე და 31 მუხლები გვამცნობენ, რომ ბალტასარი იმავე ღამეს იქნა მოკლული, ხოლო მის ნაცვლად ტახტზე დარიოს მიდიელი ავიდა, მაგრამ საქმე ისაა, რომ ისტორიული წყაროების დიდმა ნაწილმა არაფერი იცის დარიოსის შესახებ. ჰეროდოტესა და ქსენოფონტეს მითითებით, ბალტასარის სიკვდილის შემდეგ ბაბილონის მმართველი კიროსი ხდება. იგივეს გვატყობინებს ალექსანდრე პოლიგისტორი და პტოლომეის კანონო. ბაბილონის დაცემის შემდეგ ისინი მხოლოდ კიროსის ხელმწიფების შესახებ გვამცნობენ. დანიელის წიგნში მითითებული ცნობა ბევრ ისტორიულ წყაროსთან დაპირისპირებაში მოდის. ახლადაღმოჩენილ ბაბილონურ წარწერებში კიროსი ბაბილონის მეფედ იმპერიის დაცემიდან მხოლოდ სამი წლის შემდეგ იხსენიება. ეს ფაქტი ცხადყოფს, რომ პირველი ორი წლის მანძილზე ბაბილონში ვიღაც სხვა მეფობდა და სწორედედ ეს სხვა უნდა იყოს დანიელის მიერ ნახსენები დარიოსი. განმმარმტებელნი მიიჩნევენ, დარიოსი კიროსის დამხმარე სახელმწიფოს (მიდიის) მაღალი იერარქი უნდა ყოფილიყო. ბერძენი ისტორიკოსი ქსენოფონტე აღნიშნავს, რომ კიროსს ბაბილონის წინააღმდეგ კიაკსარ II, მიდიელი მეფის ასტიაგას ძე ეხმარებოდა. ამ არგუმენტის სასარგებლოდ კიაკსარისა და დარიოსის სახელთა მნიშვნელობაც მიუთითებს. ორივე მათგანი ითარგმნება როგორც თვითმპყრობელი (სპარსულად დარიოსი და მიდიურად კიაკსარი ერთი და იმავე მნიშვნელობისაა).        მხ. 2-3. დარიოსი ბაბილონს 120 სატრაპად (ადმინისტრაციულ ერთეულად) ყოფს, ამავე რაოდენობის სატრაპებს სათავეში უყენებს და მათ განმგებლობას 3 არქონტს აბარებს, რომელთა შორის ერთერთი დანიელია. ეგზომ დიდი თანამდებობის მოპოვება დანიელის სიბრძნის შედეგია, რის შესახებაც დარიოსიც გებულობს, განსაკუთრებით ემპერიის დაცემის ბოლო ღამეს მომხდარი მოვლენები დიდ ზეგავლენას იქონიებდა ნებისმიერ დამპყრობელზე. დანიელის გულმოდგინება და გულწრფელობა არ რჩება მეფისთვის დაფარული და ის წინასწარმეტყველს კიდევ მეტად აამაღლებს და სახელმწიფოში მეორე იერარქის ხარისხს მიუბოძებს. მხ. 4-5. დარიოსის ზრახვა ბაბილონელ ხელისუფალთათვის შურისა და უკმაყოფილების საბაბი გახდა, მაგრამ მიუხედავად მცდელობისა მათ დანიელის ქმედებაში ვერაფერი აღმოაჩინეს უარყოფითი და ბრალეული. დანიელი ყოველივეს გულმოდგინედ და ერთგულად აღასრულებდა. შესაბამისად, მისმა მტრებმა ფარული იერიშის მისატანად წინასწარმეტყველის რელიგიური მრწამსი გამოიყენეს და მასზე ააგეს თავიანთი მზაკვრული გეგმა.         მხ. 6-7. მთავრებმა და სატრაპებმა, რომელნიც შესანიშნავად იცნობდნენ დანიელს, უეჭველად უწყოდნენ, რომ წინასწარმეტყველი საკუთარ რელიგიურ შეხედულებებში არაფერს დათმობდა. მათი შემუშავებული გეგმის მთავარი არსი სწორედ დანიელის გადაცდენაში მდგომარეობდა, ხოლო იცოდნენ რა, რომ ის ამას არასოდეს დაუშვებდა, სასჯელიც არ დააყოვნებდა. სატრაპთა მიერ მოფიქრებული ხერხი მეფეს ღვთაების ტოლ პატივს ანიჭებს: ბაბილონის იმპერიის საზღვრებში მცხოვრებ ყველა ადამიანს 30 დღის მანძილზე საკუთარი ღმერთებისადმი ლოცვა, ვედრება და თაყვანისცემა უნდა შეეწყვიტა და ვითარცა ღვთაება მხოლოდ დარიოსი განედიდებინა. სამეფო ბრძანების დამრღვევი ასურეთ-ბაბილონში არსებული სასჯელის ერთერთი ფორმით, დამნაშავის ლომების ხაროში ჩაგდებით ისჯებოდა.        მხ. 8-9. მეფის ბრძანებით კანონმა საყოველთაო აუცილებლობის ფორმა მიიღო. ასეთი რამ ხდებოდა მეფის მიერ ნებისმიერი განკარგულების გაცემისას. მხ. 10. დანიელის მტრების მოფიქრებულმა ხერხმა გაამართლა. ბრძანების შინაარსის გაცნობის მიუხედავად დანიელმა არ შეწყვიტა დღეში სამგზის (შესაძლოა დილით, შუადღეს და საღამოს) პირით იერუსალიმის მიმართულებით ლოცვების აღვლენა. მხ. 13-16. დარიოსი, რომელიც ხვდება, თუ რისთვის იყო გამიზნული მთელი ეს ქმედება, ძლიერ უკმაყოფილებას განიცდის, მაგრამ გამოცემული კანონის შეცვლა მას არ ხელეწიფება. ერთადერთი მეფეს დანიელის ღმერთისა ეიმედება - იქნებ მან დაიცვას თავისი რჩეული. მხ. 17. დანიელი ორმოში ჩააგდეს, ხოლო ზედ დიდი ლოდი დააფარეს, რომელიც სამეფო ბეჭდით დაიბეჭდა. მხ. 18-20. მეფე დიდი მწუხარების მიუხედავად მაინც დაიმედებულია: იქნებ დანიელი სასწაულის წყალობით მხეცებს გადაურჩეს და ამ განზრახვით დარიოსი დილით ადრე ხაროსკენ მიემართება, რომ თავად დარწმუნდეს ყოველივეში.        მხ. 21-23. დანიელის სასწაულებრივი გადარჩენა უზენაესის ყოვლისშემძლეობის შედეგია. წინასწარმეტყველთან მივლენილმა ანგელოზმა ლომებს პირი დაუყო, რათა ისინი წინასწარმეტველს არ შეხებოდნენ. მხ. 24. დანიელის მტრები სპარსული კანონმდებლობით განისაჯნენ. მისი მიხედვით, ცილისწამებელი და მატყუარა იმავე სასჯელით ისჯებოდა, რითიც მათი მსხვერპლი განიკითხა. ხაროში არა მარტო დიდებულები, არამედ მათი ოჯახის წევრებიც ჩაყარეს. ჰეროდოტეს ცნობით, სპარსული კანონების შესაბამისად ისჯებოდნენ როგორც ბრალდებულნი, ასევე მათი ცოლები, შვილები და უახლოესი ნათესავებიც კი. თავი 7        მეშვიდე თავში დანიელის ერთერთი ხილვაა გადმოცემული. აღნიშნული ხილვა ოთხი სამეფოს შესახებ გვატყობინებს. მხ. 4. 'პირველი ლომსა ჰგავდა და არწივის ფრთები ჰქონდა..." დანიელის ეპოქაში მოღვაწე წინასწარმეტყველნი ლომითა და არწივით ბაბილონის იმპერიას მოიხსენიებდნენ (იერ. ეზეკ.). შესაბამისად, არწივის ფრთების მქონე ლომში იგივე მონარქია მოიაზრება. თავდაპირველად უდიდესი ძალის მქონე ბაბილონი ჟამთა გარდასვლისას ნელ-ნელა შესუსტდა. ლომს ჩამოაშორეს არწივის ფრთები, ადამიანის გული მისცეს, რაც სამეფოს დასუსტების სიმბოლოა.        მხ. 5. მეორე სამეფოს სიმბოლოდ დათვია წარმოდგენილი. მასში მიდიელ-სპარსთა სამეფო იგულისხმება. 'ადექი, ჭამე ბევრი ხორცი". ხსენებული მონარქია გაუთავებელ ომებს აწარმოებდა და შეუჩერებლად ითვისებდა დაპყრობილ ხალხთა სიმდიდრეს. დათვის კბილებში გაჩრილი სამი ნეკნი ბაბილონის, მიდიისა და სპარსეთის გაერთიანებული სახელმწიფოების სიმბოლოა, მითითებული ქვეყნები კიროსის ძალაუფლების ქვეშ შემოიკრიბნენ.        მხ. 6. მესამე სიმბოლო ავაზის სახითაა წარმოდგენილი, რომელსაც ოთხი ფრთა და ოთხი თავი გააჩნია. ამ ცხოველისთვის ნადირის შეპყრობისას დამახასიათებელი სისწრაფე და მძვინვარება ბერძნულ-მაკედონურ იმპერიის დაუნდობელ ქმედებებთანაა გაიგივებული. ოთხი ფრთა სიმბოლოა მაკედონელის მიერ ჩატარებული საომარი მოქმედებების შედეგად მსოფლიო იმპერიის შექმნისა, ხოლო ოთხი თავი ალექსანდრეს გარდაცვალებისთანავე ერთიანი იმპერიის ოთხ - თრაკიის, მაკედონიის, სირიისა და ეგვიპტის სახელმწიფოებად დაყოფის სიმბოლოა. მხ. 7. დანიელთან მოსაუბრე ზეციური თანამზრახველი მეოთხე მხეცს ადარებს სამეფოს, რომელიც სხვაობს ყველა დანარჩენისგან. მისი თავისებურებები ვლინდება ყოვლისდამამხობელ ძლიერებაში, რაც სიმბოლურად უზარმაზარ რკინის ეშვებშია გამოხატული. მითითებულ სამეფოში რომის იმპერია მოიაზრება, მხეცის თავზე არსებული ათი რქა ათ მეფეს განასახიერებს.        მხ. 8. მსგავსად ათი რქისა ახალი რქაც, რომელიც მეოთხე ცხოველის თავზე ამოიზარდა ასევე მეფეს განასახიერებს, თუმცა ეს უკანასკნელი წინარე ათისგან განსხვავდება. ამპარტავნულად მოლაპარაკე პირი მიუთითებს, რომ ის (მეთერტმეტე რქა) საკუთარ ძალისხმევას ღვთის ერთგული ადამიანების წინააღმდეგ მიმართავს. მხ. 9-10. მეთერტმეტე რქის მოღვაწეობა მასზე მოწეული სამსჯავროთი სრულდება. მსაჯულის დიდებული გარეგნობა მის კეთილკრძაულებაზე მიუთითებს; სპეტაკი სამოსი და თეთრი თმები სიმბოლოა მისი მფლობელის სიწმინდისა.        მხ. 11-12. სამსჯავროს შედეგად ღვთისმრძოლი ძალის სრული განადგურება მოჰყვა. მეოთხე ცხოველი მოიკლა, ხოლო სხეული დასაწვავად გამზადდა. მხ. 13-14. დანიელის მიერ ნანახ მეოთხე ცხოველზე მოწეული სამსჯავრო ზეციური სამეფოს განცხადებით სრულდება, სამეფოსი რომლის თავში 'ძე კაცისა" დგას. ღვთის წინააღმდეგ მიმართული ქმედება მეთერტმეტე რქისა ეკლესიის მამათა განმარტებით, სახე და სიმბოლოა ქრისტიანთა უდიდესი მოძულის – ანტიქრისტესი. სწორედ მას აქვს ამპარტავნულად მოსაუბრე ბაგეები. მეთერტმეტე რქის განადგურების შემდეგ კაცის ძის გამოჩენა ქრისტეს მარადიული მეუფებას განასახიერებს, რაც მეორედ მოსვლის შემდეგ დამყარდება. თავი 8        მხ. 1. წინამდებარე თავში დანიელის ახალი ხილვის შესახებაა მოთხრობილი. მისი მნიშვნელობა გვაუწყებს, თუ რაგვარად შეიცვლებოდა მიდიელ-სპარსული ჰეგემონია ბერძნულ-მაკედონიურით და ამავედროულად, როგორი იქნებოდა ამ უკანასკნელის დამოკიდებულება ღვთის რჩეული ერისადმი. მხ. 2. დანიელი გამოცხადებას ქალაქ შუშანში ღებულობს მდინარე ულაის ნაპირზე. განმმარტებელთა ნაწილი მიიჩნევს, რომ წინასწარმეტყველმა ნაბონიდისა და ვალტასარის მეფობისას დატოვა ბაბილონი და მითითებულ ქალაქში გადასახლდა. მეორენი თვლიან, რომ დანიელი სინამდვილეში ბაბილონშია და ხედავს, თითქოს ქ. შუშანში იმყოფება. ქ. შუშანი ელამის დედაქალაქი იყო. ელამი თავდაპირველად ასურელმა მეფემ ასურბანიპალმა დაიმორჩილა, ხოლო მოგვიანებით ნაბუქოდონოსორის რისხვაც იწვნია და ბაბილონის იმპერიას შეუერთდა. ელამის მთავარი ქალაქის შუშანის დამაარსებლად სტრაბონი ტროის ალყის ერთერძთი მონაწილის - მემნონის მამას ასახელებს (ძვ. წ. აღ. XIII ს.). კიროსის ზეობისას ელამის დედაქალაქი სპარსი ხელმწიფების საშემოდგომო რეზიდენცია იყო, ხოლო დარიოს გისტასპეს დროს იგი დედაქალაქად გამოცხადდა. ქალაქი მდინარე ულაის ნაპირზე მდებარეობდა (ბერძენთათვის ევლეას სახელით ცნობილ მდინარის სანაპიროზე). მხ. 3. დანიელი ორრქიან ერკემალს ხედავს. გაბრიელ მთავარანგელოზის განმარტებით, მითითებული ცხოველი მიდიურ-სპარსული სახელმწიფოს სიმბოლოა (მხ.20). დანიელი ხედავს, რომ 'ერთი რქა მეორეზე გრძელია, და ის გრძელი უფრო გვიან ამოვიდა". მიდიელ-სპარსთა სამეფომ თავისი არსებობა როგორც მიდიურმა სახელმწიფომ დაიწყო. კიაკსარის მეფობისას სპარსელნი მიდიელებს ემორჩილებოდნენ, მაგრამ კიროსის გამეფებისთანავე დამოკიდებულება შეიცვალა და ძალაუფლების სასწორი სპარსთა სასარგებლოდ გადაიხარა, რომლებმაც მსოფლიო მონარქია შექმნეს. სწორედ ეს პროცესია მითითებული დანიელის ხილვაში, სადაც აღწერილია, რომ გრძელი რქა უფრო გვიან ამოვიდა. რაც შეეხება მიდიელ-სპარსთა სამეფოს სიმბოლოს – ერკემალს, ამონიოს მარცელინის ცნობებით, ჯარის სათავეში მდგომი სპარსელი ხელმწიფე ნაცვლად დიადემისა ერკემალის თავის ფორმის თავსაბურავს ატარებდა. მხ. 4. 'გრძელი რქის" გამოჩენისთანავე ერკემალმა საკუთარი ძლიერება გამოავლინა: ის იქრქინება და ვერც ერთი მხეცი ვერ ეღობება წინ; კიროსის გამეფებისთანავე მიდიურ-სპარსულმა სახელმწიფომ უამრავი დაპყრობითი ომები აწარმოა (დასავლეთით - მცირეაზიური ქალაქები, სირია, ბაბილონი; ჩრდილოეთით - პონტო და სკვითეთი; სამხრეთით - ეგვიპტე). მხ. 5-7. დასავლეთმა, ჩრდილოეთმა და სამხრეთმა საკუთარ თავზე გამოსცადა ახალი სახელმწიფოს დამანგრეველი ძალა, ხელშეუხებელი დარჩა მხოლოდ აღმოსავლეთი. ცნობილია, რომ ქსერქსეს ლაშქრობა საბერძნეთში მარცხით დასრულდა (სპარსეთი საბერძნეთთან მიმართებით დასავლეთით იყო განლაგებული, ამიტომაც ერკემალი დასავლეთიდან მიემართება), სწორედ აქედან (საბერძნეთიდან) ბერძენთა პირველი მეფის სახით უდიდესი რისხვა დაატყდა თავს. ალექსანდრე მაკედონელის ელვისებური გალაშქრება (რაც დანიელის წიგნის მითითთებულ მუხლებში ვაცის მიერ ერკემალისთვის რქების მოტეხვაშია ნაწინასწარმეტყველები) აზიაში წარმატებით დაგვირგვინდა. სპარსულ-მიდიური სამეფოს მმართველი დარიოს კომოდანი გარნიკთან გამართულ ბრძოლაში სასტიკად დამარცხდა. ამის შემდეგ ბერძნთა კიდევ რამდენიმე წარმატება და მიდიელ-სპარსთა სამეფო წყვეტს არსებობას. მხ. 8. ბერძნულ-მაკედონიურმა მონარქიამ უდიდესი წარმატების, აურაცხელი რაოდენობის ომების მოგებისა და საკუთარი საზღვრების უკიდეგანოდ გავრცობის შემდეგ, ალექსანდრეს გარდაცვალებისთანავე, დაკარგა ძველი დიდება 'მაშინ მოტყდა მას დიდი რქა" (დიდი რქში ალექსანდრე მოიაზრება). ალექსანდრეს ანდერძის თანახმად, იმპერია ოთხ ნაწილად დაიყო (ოთხი რქა - ოთხი სამეფოა. მხ.22): უმცირესი – მაკედონიის (მაკედონია-საბერძნეთი), სირიის (სირია, ბაბილონი და სპარსეთი), თრაკიის (თრაკია, ბითვინია, აზიური სამფლობელოები ჰელესპონტისა და ბოსფორის გასწვრივ) და ეგვიპტის სამეფოები (ეგვიპტე, ლიბია, არაბეთი და პალესტინა). მხ. 9. ერთერთი მათგანიდან ამოზრდილ მცირე ზომის რქაში განმმარტებლები ანტიოქ IV ეპიფანეს მოიაზრებენ. სირიის მეფე ანტიოქ ეპიფანე თავიდან წარმატებულ საომარ მოქმედებებს აწყობს სამხრეთის მიმათულებით (ეგვიპტე; 1 მაკ. 1. 16-18), აღმოსავლეთით (სპარსეთი; 1. მაკ. 3. 31-37; 4. 1-4); ბაბილონისკენ (1 მაკ. 4). მხ. 10. ახლადამოზრდილი რქის მიერ გაქელილში იუდეველები იგილისხმებიან, ძვ. აღთქმის რჩეული ერი. (1 მაკ. 1). მხ. 11. არ იკმარა რა განხორციელებული საქმენი, იგი მის მიერ დაჩაგრული ხალხის (იუდეველების) მეუფესაც შეერკინა, რაც ყოველდღიური მსხვერპლის გაუქმებასა და წმინდა ადგილის შეურაცყოფაში გამოვლინდა. მან მოისურვა, რომ ყველა ქვეშევრდომი ერთ ხალხად ქცეულიყო და თავიანთი ძველი რელიგიური კანონები დაეტევებინათ. ანტიოქმა იუდეველებსაც მოსთხოვა სარწმუნოების უარყოფა (1 მაკ. 1.45), აიძულებდა მათ, კერპებისათვის ეცათ თაყვანი.         ანტიოქე ეპიფანე სამეფო ხელისუფლებაში ძვ. წ. აღ.-ის 175 წელს აღზევდა საკუთარი ძმის მოკვდინების შემდეგ. 170 წელს ეგვიპტელი მმართველი ფტოლომეოს IV შეეცადა ანტიოქიის იურისდიქციის ქვეშ მყოფი მიწები დაებრუნებინა. შედეგად ანტიოქი უდიდესი არმიით ეგვიპტეში შეიჭრა, დაამარცხა ფტოლომეოსი და საკუთარი თავი ეგვიპტის მმართველად გამოაცხადა. უკანა გზაზე იგი იუდეაში, იერუსალიმში შეიჭრა, წაბილწა ტაძარი, ხოლო მისი ძვირფასი ჭურჭელი გაიტაცა. ანტიოქ ეპიფანე 168 წელს კვლავ გაეშურა ეგვიპტისკენ, თუმცა ამჯერად საზღვართან მას რომაელი სარდალი გადაეღობა და რომის იმპერიისადმი კეთილგანწყობილი ეგვიპტიდან უკან დაბრუნება მოსთხოვა. განრისხებული ანტიოქე იერუსალიმში აგზავნის საკუთარ ჯარს და გულისვარამს იუდეველებზე ამოიყრის: ქალაქი იერუსალიმი გადაიწვება, ტაძრის სამსხვერპლოს ადგილზე ზევსის სამსხვერპლო დაიდგმევა, სადაც სირიელი ჯარისკაცები თავიანთ ‘ღვთაებას" ღორს შესწირავენ. ანტიოქეს ბრძანებით ყველა იუდეველს აეკრძალება იუდაური რჯულის მიხედვით დღესასწაულების აღნიშვნა და ყოველი თვის 25 რიცხვში სირიელი მეფის საპატივსაცემოდ ზევსის სამსხვერპლოზე ღორის შეწირვა დაევალება. მხ. 13-14. ანტიოქე ეპიფანესთვის მიცემული ხელმწიფება იუდეველი ხალხისა და სიწმინდის შეურაცხყოფაში გამოვლინდა; ანგელოზის თქმით, ეს მოვლენა 2300 დღის მანძილზე გაგრძელდებოდა. განმმარტებელთა ვარაუდით აქ ყოველდღიური დილისა და საღამოს მსხვერპლი იგულისხმება. შესაბამისად, 2300 დღე ორზე უნდა გაიყოს. მიღებული 1150 დღეა სამ წელს მცირედით აღემატება. საბოლოო დასასრული ამ განსაცდელისა იქნება 'სიწმინდის აღდგენა" ანუ ჭეშმარიტი ღვთისმსახურების განახლება. იერუსალიმის ტაძარში ზევსის სამსხვერპლოს აღმართვა 167 წელს ხდება. სწორედ აქედან უნდა დავიწყოთ წარმოდეგენილი დროის მონაკვეთის ათვლა, რაც 164 წელს იუდა მაკაბელის მიერ ტაძრის განწმენდითა და მოსეს რჯულით გათვალისწინებული მსხვერპლშეწირვის აღსრულებით დასრულდა. სწორედ ამ დროს მოხდა 'სიწმინდის აღდგენა". მხ. 15-18. ადამიანის მსგავსების მქონე არსების მყისიერი გამოჩენა მის არამიწიერ წარმომავლობაზე მიუთითებს. იგი, როგორც წიგნიდან ირკვევა, გაბრიელ მთავარანგელოზია, რომელიც წინასწარმეტყველს ნანახი ხილვის შინაარს განუმარტავს. თავი 9        მხ. 1-2. 'პირველ წელს, დაროის ქსერქსეს ძისა, მოდგმით მიდიელისა... მე, დანიელმა, წიგნებით გავიგე იმ წლების რიცხვი, რომლის შესახებ იყო უფლის სიტყვა იერემია წინასწარმეტყველის მიმართ, რომ სამოცდაათი წელიწადი შეუსრულდე-ბოდა იერუსალიმის ნანგრევებს". დარიოს მიდიელის მმართველობის პირველი წელი (539 წ.) ამავდროულად ბაბილონის იმპერიის დაცემის თარიღია. შწორედ ამ მოვლენას ასახელებს იერემია 70 წლიანი ტყვეობის დასასრულად (იერ. 25). ბაბილონი დაეცა, 70 წელი მიიწურა, მაგრამ იუდეველი ერი ჯერ კიდევ მონობაშია. დანიელი საკუთარ თავს უსვამს კითხვას, თუ რას უნდა ნიშნავდეს ეს? დანიელი იმის თაობაზე ეჭვობს, რომ შესაძლოა, უზენაესმა ხალხის ცოდვების გამო იერემიას ბაგეებით გამოთქმული სასჯელი გაახანგლძლივა, იერემიას წინასწარმეტყველებებზე ფიქრმა დანიელს მისცა საბაბი ერის შეწყალების მიზნით უზენაესისთვის მიემართა.        მხ. 3-14. დანიელის ვედრება. წარმოდგენილ ლოცვაში დანიელი იუდეველ ხალხსა და უზენაესს შორის შუამდგომელის სახით წარმოჩინდება. ისრაელის ცოდვათა აღსარებასთან ერთად დანიელი აღიარებს, რომ ყველა სასჯელი, იუდეველ ხლხზე მოწევნილი უდიდესი განსაცდელი სამართლიანია (იგი არ უპირისპირდება საღვთო ნებას). მიუხედავათ უზენაესის არაერთი მცდელობისა რჩეული ერი ჯიუტად აგრძელებს ძველ გზას, რისთვისაც სამართლიანად ისჯება. მხ. 15-19. ცოდვათა აღსარების შემდეგ დანიელი ისრაელის შეწყალებისთვის და მისი შინ დაბრუნებისთვის განაგრძობს ვედრებას. მხ. 20-21. დანიელის გულმოდგინე ვედრება უზენაესამდე ამაღლდა და მან საკუთარი ანგელოზი გარდამოავლინა წინასწარმეტყველის სანუგეშებლად, წინასწარმეტყველისა, რომელიც საკუთარი ქვეყნის უბედურებითა და თვისტომთა ტანჯვით უდიდეს სულიერ ტკივილებს განიცდიდა. დანიელისთვის საღვთო ნების განმაცხადებელი ანგელოზი გაბრიელი ადრინდელი მოვლენებიდან იყო ცნობილი (დან. 8.16). მხ. 22-23. დანიელის ლოცვას შედეგად მოჰყვა უზენაესის მხრიდან საღვთო ნების განცხადება, რადგან სწორედ დანიელი აღმოჩნდა 'რჩეული ადამიანი" და უფალი თავისი ნების მორჩილს უცხადებს დაფარულ საიდუმლოებებს. მხ. 24. დანიელი უზენაესისგან გებულობს, რომ მისია ერისთვის და მისი წმინდა ქალაქისათვის 'სამოცდაათი შვიდეულია დადგენილი, რათა აღიკვეთოს დანაშა- ული, რათა ბოლო მოეღოს ცოდვებს, რათა შენდობილ იქნას უკეთურება, რათა დამყარდეს საუკუნო სამართლიანობა, რათა დაიბეჭდოს ხილვა და წინასწარმეტყველება და რათა ცხებულ იქნეს წმიდათა წმიდა". ებრაულ ტექსტში შვიდეულის ადგილას (სამოცდაათი შვიდეული) გამოყენებულია ტერმინი 'შაბუიმ". იგი ზედმიწევნით თარგმანში დროის შვიდეულს ნიშნავს ანუ დროს, რომელიც შვიდი ნაწილისგან შედგება განურჩევლად იმისა, თუ დროის რა მონაკვეთ მოიაზრება თითოეულ ნაწილში. წმ. წერილში ამავე ტერმინს რიგ სხვა წიგნებშიც ვხვდებით და მას კვირის მნიშვნეობა აქვს. მაგრამ მოცემულ შემთხვევაში იმავე ტერმინში ერთ კვირას ვერ მოვიაზრებთ, რადგან 24-ე მუხლში გადმოცემული ამბები შეუძლებელია 490 დღის მანძილზე მომხდარიყო (70 შვიდეული ანუ 70 გამრავლებული 7 =490 დღეს); არც ერთი თვე უნდა მოიაზრებოდეს მასში, რადგან ამ შემთხვევაში 490 თვე უდრის 41 წელს, რაც ასევე საკმაოდ მცირე დროის მონკვეთია გადმოცემული ამბების მოსახდენად. ეკლესიის მამები შვიდეულში შვიდ წელს გულისხმობენ (კლიმენტი ალექსანდრიელი, წმ. იპოლიტე რომაელი, წმ. კირილე იერუსალიმელი, წმ. იოანე ოქროპირი). ამრიგად, სამოცდაათი შვიდეული უდრის 490 წელს. განმმარტებელთა ერთი ნაწილი სამოცდაათ შვიდეულს ტექსტის შესაბამისად სამ ნაწილად ყოფს: 1. პირველი შვიდეული იერუსალიმის აღდგენის შესახებ გამოცემული ბრძანებით იწყება და შვიდი შვიდეულის მანძილზე ანუ 49 წელი გრძელდება; 2. ამას მოსდევს მეორე პერიოდი, რაც სამოცდაორ შვიდეულს ანუ 434 წელს გასტანს; 3. რაც შეეხება მესამე შვიდეულს, სამოცდაორი შვიდეულის შემდეგ დროის ათვლა დროებით წყდება და ანტიქრისტეს მმართველობის პერიოდში განახლდება (წარმოდგენილი განმარტების თანახმად, ბოლო შვიდეული სწორედ ის დროა, როდესაც წუთისოფელს ქრისტეს ცრუ ნაცვალი უწინამძღვრებს).        დანიელის წიგნის მოცემული მუხლი იუწყება, რომ მითითებული დროის ბოლოს შეწყდება ცოდვა, მისი ხელწიფება, მეუფება ადამიანზე. აქედან გამომდინარე მოცემულ დროში მოიაზრება ჟამი, როდესაც ქვეყანაზე განკაცებული ღმერთი მოვა, რომელიც აღხოცავს პირველქმნილ ცოდვას, უკეთურებას და კაცობრიობას ღმერთთან შეარიგებს. 'რათა ცხებულ იქნას წმინდათა წმინდა&ქუოტ;. ეკლესიის მამები მოცემულ წინადადებაში ხედავენ წინასწარმეთყველებას მაცხოვრის ადამიანური ბუნების შესახებ, რომელმაც ცხება ღვთაებრივი ბუნებისგან მიიღო. მხ. 25. დანიელს განემარტება, რომ დროის ათვლა იერუსალიმის აღდგენისა და აშენების ბრძანების გამოსვლიდან დაიწყება. იერუსალიმის აღდგენის ბრძანების გამოცემის წელი დასაწყისია სამოცდაათი შვიდეულისა. განმარტების მიხედვით დროის ორად დაყოფილი მონაკვეთიდან პირველი შვიდი შვიდეული ქ. იერუსალიმის აღდგენას უკავშირდება ანუ იერუსალიმის აღდგენა 49 წლის მანძილზე უნდა მომხდარიყო. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით თავის დროზე რამდენიმე ბრძანება გამოიცა: 1. მეფე კიროსი; 538 წელი - ტაძრის აღდგენის განკარგულება; 2. მეფე დარიოსი; 512 წელი - კიროსის გადაწყვეტილება ხელახალი ბრძანებით დამოწმდა; 3. მეფე არტაქსერქსე ლონგიმანი; 452 წელი - ტაძარში მიმდინარე მსხვერპლშეწირვის ფინანსური უზრუნველყოფის შესახებ განკარგულება. 4. იგივე არტაქსერქსე; 444 წელი - ხელახალი ბრძანება: იუდეველებს ნება ეძლევათ, იერუსალიმის გალავანი აღადგინონ და ქალაქი გაამაგრონ. სწორედ ეს ბოლო განჩინება უნდა ჩაითვალოს შვიდეულის დასაწყისად. სამოცდაათი შვიდეულის დროის ათვლა იერუსალიმის აღდგენის ბრძანების გამოცემით დაიწყო, ხოლო აღნიშნული ბრძანება არტაქსერქსეს მეფობის მე-20 წელს (444 წ.) გამოქვეყნდა (უწინარესი სამი ბრძანება საკუთრივ ტაძარს უკავშირდებოდა და იერუსალიმის კედლების გამაგრებაზე მათში არაფერი თქმულა). წარმოდგენილი განმარტების თანახმად, შვიდი და სამოცდაორი შვიდეული ჯამში 483 წელია (49+434=483); ტექსტში ნათქვამია, რომ სამოცხდაცხრა შვიდეულის გასვლისას (იერუსალიმის აღდგენის ბრძანების გამოცემიდან 483 წლის შემდეგ) მოიკვეთება ცხებული, რაც მაცხოვრის ჯვარცმას გულისხმობს, მაგრამ წარმოდგენილი გამოთვლის მიხედვით მითითებული დროის სასრულად საკმაოდ გვიანდელი თარიღი მივიღეთ - ახ. წ. აღ. 39 წელი (444-483=39). საქმე ისაა, რომ იუდაური კალენდარი განსხვავებით გრიგორიანულისგან 360 დღეს ითვლის; შესაბამისად, 444-დან ახ. წ. აღ. 33 წლამდე სწორედაც რომ 483 წელი გადის, რაც გრიგორიანული კალენდრის თანახმად 477 წლის ტოლია; მოცემულ შემთხვევაში მოხმობილი განმარტება ისტორიულ ფაქტებს ზედმიწევნით თანხვდება.        რაც შეეხება მესამე შვიდეულს, იგი გაცილებით გვიან მხ. 26. შვიდეულის დროის მეორე ნაწილის დასასრულს 'მოიკვეთება ცხებული". მოცემულ მუხლში ქრისტეს (ხრისტოჯ - ცხებული) სიკვდილის შესახებაა წინასწარმეტყველება. აქვეა მითითებული, თუ რა დაემართებათ იმათ, ვინც ამ საშინელ მკვლელობას გეგმავს და განახორციელებს. 'ქალაქს და საწმინდარს დაანგრევს მომავალი წინამძღვრის ხალხი..." მოცემულ მუხლში - წინამძღვარში, რომელიც გამიჯნულია თავისი ხალხისგან, განმარტებლები ტიტეს მოიაზრებენ, რომელმაც 70 წელს ქ. იერუსალიმი დაიპყრო. ისტორიიდან ცნობილია, რომ მას არ სურდა ტაძრის აოხრება და შესაბამისი ბრძანებაც გასცა, მაგრამ ერთერთი რომაელი ჯარისკაცის მიერ ტაძარში დაგდებულმა ცეცხლმოკიდებულმა მაშხალამ იუდეველთა ეკლესია მთლიანად გაანადგურა. მიუხედავად დიდი მცდელობისა, ხანძარი ვერ დაიძლია და ძვ. აღთქმის ტაძარი პირწმინდად განადგურდა. მხ. 27 უკანასკნელი სამოცდამეათე შვიდეულისას 'იგი განამტკიცებს აღთქმას..." მოცემულ აღთქმაში ახალი, ძველისგან განსხვავებული, აღთქმა მოიაზრება, რომელიც არა კონკრეტულად რომელიმე ერთ ხალხთან იქნა დადებული, არამედ მთელს კაცობრიობასთან. 'სიბილწეთა ტაძრის ფრთაზე იქნება გატიალების სიბილწე, ვიდრე აღსასრულამდე..." მოცემულ წინადადებაში ყურადღებას იქცევს ტერმინი 'გატიალების სიბილწე" (ძვ. ქართ. 'საძაგელი იგი მოოხრებისაA"). ნეტარი თეოდორიტე და ევსევი კესარიელი მიიჩნევენ, რომ მასში კეისრის გამოსახულება მოიაზრება, რომელიც რომაელმა პროკურატორმა პილატემ ტაძარში განათავსა. წმინდა იოანე ოქროპირი ადრიანე იმპერატორის მიერ დადგმულ გამოსახულებაზე მიუთითებს. წარმოდგენილი ცნობების სიმრავლის მიუხედევათ რომელიმე მათგანის შესახებ მსჯელობა რთულია, რადგან არცერთი ისტორიული წყარო არ იუწყება იერუსალიმში (ტაძარში) კერპის არსებობის შესახებ. ორიგენემ გამოთქვა მოსაზრება, რომ გატიალების სიბილწეში რომაული ჯარი მოიაზრება. ევსები კესარიელი სხვაგან მიუთითებს, რომ 'საძაგელი იგი მოოხრებისა" თავად ტაძარს ეწოდება, რადგან ტაძრის კრეტსაბმელი ორად გაიპო (მაცხოვრის ჯვარცმისას) და ეს ადგილი გატიალების სიბილწედ გადაიქცა. თავი 10        მხ. 1. 'კიროსის, სპარსეთის მეფის მესამე წელს სიტყვა გამოეცხადა დანიელს, ბელტეშაცარად წოდებულს. ჭეშმარიტი და დიდმნიშვნელოვანი იყო ეს სიტყვა. მან გაიგო ეს სიტყვა და მიხვდა ამ ხილვას&ქუოტ;. მოცემულ თავში კვლავ გამოცხადებათა შესახებაა მოთხრობილი. პირველ მუხლში მითითებულია, თუ როდოს მოხდა ეს მოვლენა.მხ. 2. გამოცხადების მიზეზი დანიელის უდიდესი მწუხარებაა, რაც მან უმძიმესი მარხვით გამოხატა: 'გემრიელი პური არ მიჭამია, ხორცი და ღვინო პირში არ ჩამიშვია და ნელსაცხებელი არ მიმიკარებია...&ქუოტ; ასე გაატარა მან პირველი თვის, ნისანის (მარტის), სამი კვირა. დანიელის მწუხარების მიზეზი მისი ხალხის უმძიმესი მდგომარეობაა. მიუხედავად იმისა, რომ ებრაელები ამ დროისთვის ორი წლის დაბრუნებულნი იყვნენ სამშობლოში, მაგრამ ხედავდნენ რა მიწასთან გასწორებულ დედაქალაქსა და ტაძარს, მათ მწუხარებას არ ჰქონდა საზღვარი. მიუხედავად იმისა, რომ ტაძარი ერთობლივი ძალისხმევით ნელ-ნელა კვლავ ახლდებოდა, ასაკოვანი ხალხი, რომლეთაც სოლომონისეული ტაძრის დიდებულება ახსოვდათ (რადგან ისინი 586 წელს ახალგაზრდა ასაკში გადაასახლეს ბაბილონში და 70 წლის შემდეგ მათმა ცოცხლად დარჩენილმა ნაწილმა კვლავ შეძლო საკუთარ ქვეყანას დაბრუნებოდა), მწუხარების ნიშნად მძიმედ ხმამაღლა მოსთქვამდნენ (1 ეზდრ. 3.12-13). ამას სამარიელთა მხრიდან მომდინარე დაპირისპირებაც დაემატა. ისინი (სამარიტელნი) მთელი ძალით ცდილობდნენ სპარსეთის ხელისუფლებასთან ცრუ დასმენის გზით იუდეველთა მიერ წამოწყებული მშენებლობა შეეჩერებინათ (1 ეზდრ. 4.1-5). მიზანი გამართლდა და იუდეველებმა სამშობლოში ჩასვლიდან ორი წლის შემდეგ ვეღარ მოახერხეს პასექის დღესასწაული რჯულის დაცვით აღესრულებინათ. სწორედ ამ მოვლენათა ერთიანობამ უდიდესი განცდა გამოიწვია წინასწარმეტყველში: იგი შორეულ ქვეყანაში მყოფი თანაეზიარება და უმძიმესი სულიერი ტკივილით განიცდის საკუთარი ხალხის მძიმე ყოფისა.მხ.        5-6. 'თვალები ავახილე და დავინახე, აჰა, ჩემს წინ სელით შემოსილი კაცი იყო, წელი უფაზის ოქროთი ჰქონდა შემოსარტყლული. მისი ტანი ტოპაზის მსგავსი იყო, სახე - ელვის მსგავსი, თვალები - ცეცხლის ალის მსგავსი, ხელფეხი - გაპრიალებულ სპილენძის მსგავსი. მისი ლაპარაკი კი - მრავალთა ხმის მსგავსი&ქუოტ;. დანიელის წინაშე წარმდგარი 'კაცი განმმარტებელთა ნაწილს აპოკალიფსთან შედარების შედეგად (აპოკ. 1.13-15.) ყოვლადწმინდა სამების მეორე ჰიპოსტასად მიაჩნია, ხოლო სხვანი მის მიერ გამოთქმული სიტყვებიდან გამომდინარე, ხილვაში ნანახ ზეციურ არსებას გაბრიელ მთავარანგელოზად მიიჩნევენ. წინა გამოცხადებები ძლიერ ჰგავს ამ შემთხვევას და მიზეზი ამგვარი განსჯისა სწორედ ესაა. მხ. 7. 'მხოლოდ მე, დანიელმა, დავინახე ეს სანახავი, ხოლო იმ კაცებმა, ჩემთან რომ იყვნენ, ვერ დაინახეს ეს სანახავი; თუმცა დიდი შიში დაეცათ და დასამალად გაიქცნენ&ქუოტ;.დანიელის თანამგზავრები ამ ხილვას ვერ ხედავენ, მაგრამ სმენით ისმენენ და ესაა მიზეზი იმისა, რომ ისინი შეძრწუნებულნი გაიქცევიან. მხ. 8-10. თავად დანიელი ზეციური ჩვენების მხილველი გაოგნებულია, ვერაფერს ახერხებს. მხოლოდ ზეციური არსების ხელის შეხებით მოეგო გონს და შეძლო, ფეხზე წამომდგარიყო (შდრ. ეზეკ. 2.1-2). მხ. 12-13. 'სპარსეთის სამეფოს მთავარი ოცდაერთი დღე მეწინააღმდეგებოდა...&ქუოტ; სპარსეთის სამეფოს მთავარში განმმარტებლები ანგელოზს მოიაზრებენ, რომელსაც ამ სახელმწიფოს მფარველობა ჰქონდა მიმადლებული. ამავე მუხლებიდან ირკვევა, რომ იუდეველთა ერის გამო მლოცველი დანიელის ვედრებას მიქაელ მთავარანგელოზიც უერთდება და მზრუნველობას იჩენს ამ ხალხის კეთილი მომავლისთვის. მხ. 14. მომდევნო მუხლებში დანიელი კვლავ საიდუმლოებით მოცული ხილვის მოვლენების შესახებ განაგრძობს თხრობას. თავი 11        მხ. 1-2. 'დარიოს მიდიელის პირველ წელს მე შემწედ და ნფარველად დავუდექი მას. ახლა ჭეშმარიტებას გეტყვი: აჰა, სპარსეთში კიდევ სამი მეფე დადგება. მეოთხე კი ყველას გადააჭარბებს დიდძალი სიმდიდრით. ტექსტში ნახსენები სამი ხელმწიფეში კიროსის მემკვიდრეები: კამბიზი (529-522 წწ.); ლჟესმერდიზი (522-521 წწ.) და დარიოს გისტასი (521-486 წწ.) მოიაზრება, ხოლო მეოთხე მეფე, ყველაზე აღმატებული, სპარსთა ლეგენდარული ხელმწიფე ქსერქსეა (486-465წწ.), რომელიც გამორჩეული იყო ყველა მბრძანებელს შორის თავისი სიმდიდრით და ამავდროულად უდიდესი წარუმატებლობა იწვნია ბერძენთა წინააღმდეგ ლაშქრობისას. მხ. 3-4. 'დადგება იქ ძლიერი მეფე, დიდ ხელმწიფებას მოიხვეჭს და, რასაც მოისურვებს, იმას გააკეთებს. მისი დადგომისთანავე შეიმუსრება მისი სამეფო და ზეცის ოთხი ქარის მიმართულებით გაიყოფა; არც მის მემკვიდრეზე გადავა ხელმწიფება და არც ისეთი ძლიერი იქნება, როგორც იყო, რადგან დაქუცმაცდება მისი სამეფო და, ამას გარდა, სხვათა ხელში გადავა. სალამინთან მომხდარი ბრძოლის შემდეგ (სპარსელებსა და ბერძნებს შორის) სპარსთა სამეფო დაცემის გზას დაადგა, ხოლო მას ახალი, ბერძნული სახელმწიფო ჩაენაცვლა. დანიელს მიღებული ხილვის ამ ნაწილში სწორედ შემდგომი მონარქიის შესახებ ეუწყება. აქვეა წინასწარმეტყველება ალექსანდრე მაკედონელის შესახებ. მაკედონელის თაობაზე მსგავსი სახის ცნობები, დანიელს აქამდეც განეცხადა (7.6; 8.5-8; 21-22.). მოცემულ შემთხვევაში სიახლე ისაა, რომ ზეციური ხილვა მაკედონელის მემკვიდრეთა შესახებ იუწყება, რომ ისინი არ იქნებიან დიდი მეფის გენეტიკური მემკვიდრეები. ისტორიიდან ცნობილია, ალექსანდრეს გარდაცვალების შემდეგ რჩება მისი გონებანანკლული ძმა - არრიდი და ორი მცირეწლოვანი შვილი. მათგან არცერთს შესწევდა უნარი, მსოფლიო იმპერია ემართა. მხ. 5-6. 'გაძლიერდება სამხრეთის მეფე, მაგრამ იმძლავრებს მასზე ერთ-ერთი მისი მთავართაგანი, გაბატონდება და დიდი იქნება მისი ხელმწიფება. წლების მერე ისინი შეერთდებიან. სამხრეთის მეფის ასული ჩრდილოეთის მეფესთან მივა მშვიდობის დასამყარებლად, მაგრამ ვერც ეს ასული შეინარჩუნებს თავისი მკლავის ძალას და ვერც ის მეფე და მისი მოდგმა ვერ გაძლებს. იმ ხანებში გაიცემა ეს ასული თავის ამალით, თავისი შვილითა და თავისი შემწითურთ. ალექსანდრეს იმპერიის მემკვიდრე ოთხ სამეფოთაგან გარკვეული დროის შემდეგ დიდად გაძლიერდნენ ჩრდილოეთისა (სირიის) და სამხრეთის (ეგვიპტის) სახელმწიფოები, რომლებიც ერთმანეთს მუდმივად უპირისპირდებოდნენ. მათ შორის მდებარე პალესტინა ამ ორთაჭიდილში ერთი ხელიდან მეორეში გადადიოდა. გამოცხადება მხოლოდ ორი სამეფოს შესახებ გვამცნობს, რადგან ღვთის რჩეულ ერთან უშუალო შეხებაში სწორედ ისინი იყვნენ. რაც შეეხება დანარჩენ ორ - თრაკიისა და მაკედონიის - სამეფოებს მათზე მოცემულ შემთხვევაში არაფერია ნათქვამი. დანიელის წიგნის წინამდებარე თავში გადმოცემულია წინასწარმეტყველება, თუ როგორ განვითარდებოდა მოვლენები ეგვიპტისა და სირიის სახელმწიფოებში და შესაბამისად, მათი ბედი, მათში მიმდინარე მოვლენები პირდაპირ კავშირში იყო იუდეველებთან.        ალექსანდრეს გარდაცვალების შემდეგ ეგვიპტის მმართველი ხდება პტოლომეოს I (323-285 წწ.), ხოლო სირიაში სელევკოს ნიკანორი. მათ შორის გამუდმებული ომები მიმდინარეობდა. ორი მხარის დასაშოშმინებლად გარკვეული ნაბიჯები ეგვიპტის მეფის პტოლომეოს I მემკვიდრის - პტოლომეოს II ფილადელფოსისა და სელევკოსის (სირიის მეფის) მემკვიდრის - ანტიოქე თეოსის მოღვაწეობისას გადაიდგა. ყოველგვარი უკმაყოფილების დასასრულებლად პტოლომეოს ფილადელფმა ანტიოქეს საკუთარი შვილი - ვერონიკა მიათხოვა ცოლად და მზითევად ჩრდილოელ მეფეს პალესტინაც უბოძა. მაგრამ ანტიოქე ამ დროისთვის უკვე დაქორწინებული იყო ლაოდიკიაზე და ორი შვილი ჰყავდა - სელევკი კალინიკე და ანტოიქი. პტოლომეის გარდაცვალების შემდეგ ლაოდოკიამ მოწამლა საკუთარი ქმარი - სირიის მეფე ანტიოქე, დაახოცინა ვერონიკა და მისი ვაჟიშვილები და ტახტზე საკუთარი ძე სელევკი კალინიკე აიყვანა. სამეფოთა მორიგების მცდელობა წარუმატებლობით დასრულდა.მხ. 7-9. ვერონიკას სიკვდილისათვის შური მისმა ძმამ და პტოლომეოს ფილადელფის შვილმა - პტოლომეი ევერგეტმა იძია. მან მოკლა ლაოდიკია და სირიის კუთვნილ მიწებს დაეუფლა (კილიკიას, პამფილიას, იონიას, პალესტინას). ძლევამოსილი მეფის ჩრდილოური გამანადგურებელი ლაშქრობები ეგვიპტეში მომხდარი ამბოხების წყალობით შეწყდა. სანამ პტოლომეოსი ეგვიპტეში სიმშვიდეს ამყარებდა სელევკმა კვლავ დაიბრუნა წინააზიური სახელმწიფოები.        მხ. 10-13. დანიელის წიგნის მოცემულ თავში, როგორც ადრეც შევნიშვავდით, მომავალში მოსახდენი მოვლენების დეტალური წინასწარმეტყველებებია გადმოცემული. თავი 12        მხ. 1-3. 'იმ დროს აღდგება მიქაელი, დიდი მთავარი, შენი ხალხის შვილთა მფარველი. ისეთი მძიმე დრო მოვა, ხალხის გაჩენის დღიდან ამ დრომდე რომ არ ყოფილა. იმ დროს შენი ხალხიდან ყველა გადარჩება, ვინც კი წიგნში ჩაწერილი აღმოჩნდება... იუდეველი ერის მფარველი ანტიოქოს ეპიფანეს მიერ მოწეული განსაცდელისას მთავარანგელოზი მიქაელი იქნება მფარველი და მცველი ებრაელი ერისა. სწორედ მისი მეოხებით გადაურჩებიან იუდეველები განადგურებას. ანტიოქე მოცემულ შემთხვევაში სახეა მომავალი ანტიქრისტესი. იუდეველი ერის მიერ მისი ხელმწიფებისას განცდილი შევიწროება სიმბოლოა უკანასკნელ ჟამს ღვთის რჩეული საკრებულოს უმძიმესი ხვედრისა. მხ. 4. 'შენ კი, დანიელ, დაიფარე ეს სიტყვები და დაბეჭდე ეს წიგნი უკანასკნელ ჟამამდე. მრავალი დაიწყებს ძიებას და იმატებს ცოდნა&ქუოტ;. დანიელს მიღებული გამოცხადების გაფრთხილება და მისი დაცვა დაევალა. ამასთანავე ეს იყო წინასწარმეტყველის მიერ ნანახი უკანასკნელი საიდუმლო უწყება.        მხ. 5-7. დანიელი მოცემულ მუხლებში გვიყვება, თუ როგორ იხილა ორი უცხო - ერთი მდინარის გაღმა და მეორე გამოღმა მდგომი ადამიანები. დანიელის მიერ ნანახი ერთი ადამიანი მეორეს ეკითხება: 'უთხრა მან სელით შემოსილ კაცს, მდინარის წყლებზე რომ იდგა: როდის იქნება ამ საკვირველი ამბების ბოლო? სელით შემოსილმა კაცმა, მდინარის წყლებზე რომ იდგა, ზეცისკენ აღაპყრო მარჯვენა და მარცხენა მკლავი და მე გავიგონე, როგორ დაიფიცა მან მარადცოცხალი, რომ წელიწადში, წელიწადებში და ნახევარში, როდესაც შეწყდება წმიდა ერის ძალის გაფანტვა, ყოველივე ეს მაშინ ასრულდებაო. მოცემულ პასუხში, სავარაუდოდ, მიცვალებულთა აღდგომის შესახებაა წინასწარმეტყველება. ამ შემთხვევაში პასუხის პერიფრაზი ამგვარი იქნება: მიცვალებულთა აღდგომა უშუალოდ ანტიქრისტეს დროების შემდეგ მოხდება. მხ. 8. დანიელმა მოსმენილი პასუხი ვერ გაიგო, რისთვისაც კითხვა მიაგება: 'უფალო ღმერთო ჩემო, რა იქნება ამის შემდეგ. მაგრამ ის უნდა დაკმაყოფილდეს იმით, რაც შეიტყო და გულისხმაჰყოს, ხოლო ამ შეუცნობადი მოძღვრების შემეცნება მომავალ დროებას გადაეცა და სწორედ მომავალ ჟამამდე მიღებული განცხადება გულმოდგინედ უნდა შეინახონ.        მხ. 9-12. 'მითხრა: წადი, დანიელ, რადგან ეს სიტყვები საიდუმლოდ შენახული და დაბეჭდილიაო ბოლო ჟამამდე... წინასწარმეტყველის სულიერი თვალი მომავალი ახალი აღთქმის ეკლესიის სიღრმეებს სრულად ვერ იმეცნებს. ამ 'დანაკლისის&ქუოტ; აღმოსავსებად დანიელს მისი ხალხის ტანჯვის დროის რაოდენობა ეუწყება. 10-11 მეხლებში გადმოცემული ცნობა ანტიოქ ეპიფანეს დროს უკავშირდება. სწორედ ამ მეფის მიერ იუდეველებზე აღძრულ ჟამთა ათვლას გვთავაზობს 11-12 მუხლებში ნაუწყები რადენობა დღეებისა: 1290 და 1335. თავი 13 თანამედროვე ებრაულ ბიბლიაში დანიელის წიგნის მე-13 და მე-14 თავები არა წარმოდგენილი ისევე, როგორც ვერ ვხდებით მათ ორიგენესა და იერონიმესთან. ებრაულისაგან განსხვავებით, მითითებული წიგნის მითითებული ნაწილი გადმოცემულია სეპტანტაში, თეოდოტიონეს თარგმანში, კოპტურში, არაბულში, სირიულში, ვულგატაში, სომხურსა და რიგ სხვა ენაზე თარგმნილ ბიბლიებში. ჩამოთვლილ თარგმანთა შორის დანიელის წინასწარმეტყველების ამ ნაწილს ზოგან წიგნის სათავეში, პირველი თავის წინ, ხოლო ზოგან წიგნის ბოლოში ვხვდებით. იულიანე აფრიკანელი შენიშნავდა, რომ პირველად ებრაულ-არამეულ ბიბლიის ტექსტში ხსენებული ნაწილი არ უნდა ყოფილიყო და იგი მოგვიანებით ჩნდება სეპტანტასა და თეოდოტიანეს თარგმანში. თავი 14 წინამდებარე თავში ნახსენები ადამიანების სამოღვაწეო ეპოქა ისტორიული წყაროებით დადგენილი თარიღების ფონზე არ ემთხვევა დანიელ წინასწარმეტყველის დროს, რაც საკმაოდ ართულებს მასში გადმოცემული მოვლენების კომენტირებას. ეკლესიის მიერ არაკანონიკურ წიგნთა შემადგენლობაში დანიელის წინასწარმეტყველების ამ ნაწილის (მე-13;14 თავები) განთავსების ერთერთი მიზეზიც სწორედ ესაა. …
დაამატა Kakha to წმინდა წერილი at 3:21pm on იანვარი 14, 2015
თემა: ონორე დე ბალზაკი - წითელი სასტუმრო
წვეულება გაუმართა დიდი ხნის მეგობარს, რომელსაც პირადად სულ არ იცნობდა; მსგავს მეგობრებს საქმიანი მიმოწერით სად არ იძენენ დიდვაჭრები.      სტუმარს, ნიურენბერგის რომელიღაც საკმაოდ მსხვილი ფირმის პატრონს, გულჩვილ, ჩასუქებულ გერმანელს, განათლებულსა და ფაქიზი გემოვნების ადამიანს, ჩიბუხის დიდ მოტრფიალეს, სანდომიანი გაბადრული ნიურენბერგული პირისახე ჰქონდა, ხოლო ოთხკუთხ, თითქმის მოტვლეპილ შუბლს გვარიანად შეთხელებული ქერა თმა უმშვენებდა.      იგი ჭეშმარიტი შვილი გახლდათ უმწიკვლო და კეთილშობილი გერმანიისა, რომლის წიაღშიაც უხვად მოიძებნებიან პატიოსანი ადამიანები და რომლის მშვიდობისმოყვარე ზნე-ჩვეულებანი შვიდმა ლაშქრობამაც კი ვერ შეცვალა.      უცხოელი გულღიად იცინოდა, ყურადღებით უსმენდა სხვებს და ხარბად ყლურწავდა ღვინოს; ეტყობოდა, შამპანური იოჰანისბერგულ ჩალისფერ ღვინოებზე ნაკლებ როდი მოსწონდა. მწერლების მიერ წიგნებში აღწერილ ყველა გერმანელივით მასაც ჰერმანი ერქვა. ვინაიდან ყველაფრის საფუძვლიანად კეთებას იყო ჩვეული, ახლაც ბანკირის სუფრასთან საგულდაგულოდ მოკალათებულიყო. ევროპაში განთქმული გერმანული მადით შეექცეოდა კერძებს და დიდი კარემის სამზარეულოს კეთილსინდისიერად ემშვიდობებოდა.      სტუმრის პატივსაცემად მასპინძელს მოეპატიჟნა რამდენიმე ახლო მეგობარი, კაპიტალისტები თუ კომერსანტები, თვალწარმტაცი თავაზიანი ქალები, რომელთა დათაფლული ჟღურტული და ძალდაუტანებელი მიხრა-მოხრა, გერმანულ გულითადობას საამოდ ეხამებოდა.      მართალია, იმ საღამოს, თქვენც ჩემსავით რომ გაბედნიერებულიყავით და შეგძლებოდათ თვალი მოგევლოთ ამ მხიარული საკრებულოსთვის, სადაც ადამიანებს სარფის მოსახვეჭად გამზადებული ბრჭყალები მიემალათ და ცხოვრების სიამტკბილობაში ჩაძირულიყვნენ, მევახშეთა საგანაღდებო პროცენტებს ვეღარ შეიძულებდით და ვეღარც ბანკროტობას დასწყევლიდით.      ადამიანს არ ძალუძს ყოველთვის ჩაიდინოს ბოროტება.      თვით მეკობრეთა ბრბოშიც კი გამეფდება ხოლმე ისეთი მყუდრო წუთი, როცა მათ პირქუშ ხომალდზე ადამიანი ისე გრძნობს თავს, როგორც საქანელაზე. - ბატონი ჰერმანი სანამ გამოგვემშვიდობება, ალბათ, გვიამბობს რაიმე შიშისმომგვრელ გერმანულ ამბავს.      ეს სიტყვები, ჩაროზი რომ ჩამოარიგეს, მაშინ წარმოთქვა ნორჩმა, ფერმკრთალმა და ქერა ქმნილებამ, უთუოდ გატაცებულმა ჰოფმანის ზღაპრებითა და ვალტერ სკოტის რომანებით. ბანკირის ერთადერთი ასული გახლდათ ეს მზეთუნახავი. ჟიმნაზში დადგმულ პიესებზე ჭკუას კარგავდა და ამ თეატრში საბოლოოდ იხვეწებოდა მისი აღზრდა-განათლებაც.      განცხრომაში ჩაფლული მეინახენი კი ზანტად სდუმდნენ; ასეთი განწყობილება მაშინ გვეუფლება, როცა ნუგბარ-ნუგბარ კერძებს უზომოდ მივეძალებით და კუჭის შესაძლებლობას ბოროტად ვიყენებთ. სკამზე ზურგით მიწოლილნი, მაგიდის კიდეზე ხელებით ოდნავ დაყრდნობილნი მოვარაყებულ დანებს ნება-ნება ათამაშებდნენ. ჩვეულებრივ, სადილის დასასრულს, ზოგი მსხლის კურკას დაუწყებს ხოლმე თამაშს, ზოგი ცერსა და სალოკ თითს შორის პურის გულს ასორსოლებს; მიჯნურნი ხილის ნაფცქვენისაგან უფორმო ასოებს ადგენენ, ძუნწები კურკებს ითვლიან და ისე ალაგებენ თეფშებზე, როგორც სტატისტებს ამწკრივებენ დრამატურგები სცენის სიღრმეში. ბრია-სავარენს, საერთოდ მეტად კეთილსინდისიერ მწერალს, თავის თხზულებაში რატომღაც გამოუტოვებია ღორმუცელობის ამ პატარ-პატარა ნეტარებების აღწერა.      მსახურნი თვალს მიეფარნენ. ომგადახდილ ესკადრას დაემსგავსა სუფრა - არეულ-დარეული, გაძარცვული, გაპარტახებული. თეფშები, უწესრიგოდ ეყარა და დიასახლისი მათ თავთავიანთ ადგილზე გულდაგულ დალაგებას ამაოდ ცდილობდა. ზოგი სტუმარი სასადილო დარბაზის ნაცრისფერ კედელზე სიმეტრიულად ჩამოკიდებულ შვეიცარიის ხედებს ათვალიერებდა. მოწყენილი არავინ ყოფილა. გემრიელი სადილის მონელებისას სევდიანი არც არავინ გვინახავს. ადამიანი ამ დროს გაირინდება ხოლმე - ეს ერთგვარი შუალედია მოაზროვნის ოცნებასა და მცოხნავი ცხოველის კმაყოფილებას შორის - კარგი იქნებოდა ამგვარი განწყობილებისთვის მატერიალური, გასტრონომიული მელანქოლია გვეწოდებინა. სწორედ ამან გამოიწვია ის, რომ მეინახენი კეთილი გერმანელისკენ ერთბაშად მიტრიალდნენ, ეგებ რაიმე ამბავი მოგვიყვეს, თუნდაც არასაინტერესოო.      უცბად, სწორედ ჩემს პირდაპირ მჯდომი კაცის გარეგნობამ მიმიზიდა. შუატანისა იყო, მსუქანი. ემჩნეოდა, მხიარული ხასიათი ჰქონდა და განსაკუთრებული ჭკუით არ გამოირჩეოდა. მიმოხრა და ქცევა კი ბირჟის მაკლერისას მიუგავდა. აქამდე არც შემინიშნავს იგი. ახლა, ალბათ, შუქ-ჩრდილის თამაშის შედეგად მომეჩვენა, სახე თითქოს შეეცვალა, მოიისფრო ლაქებით დაეფარა და მიწისფერი დაედო. გეგონებოდათ, მომაკვდავის თავიაო. დიორამაში ჩახატულ ფიგურასავით უმოძრაოდ გაშეშებული, გამოყეყეჩებული თვალებით დაშტერებოდა ბროლის საცობის ელვარე წახნაგებს. ცხადი იყო, არაფერს ხედავდა და მომავლისა თუ წარსულის ფანტასტიურ ჭვრეტას გაეტაცნა.      მის საეჭვო სახეს დიდხანს ვუკვირდებოდი და ვფიქრობდი: ავად ხომ არ არის? ან ბევრი ხომ არ დალია? ან იქნებ ბირჟის აქციების დაცემამ გააკოტრა? ან შეიძლება ვარაუდობს, როგორ გააცუროს კრედიტორები? - შეხედეთ! - მივუთითე მასზე ჩემს გვერდით მჯდომ ქალბატონს, - ბანკროტობის პირწავარდნილი განსახიერებაა, არა? - ოჰ! ბანკროტი რომ იყოს, უფრო მხიარული გამომეტყველება ექნებოდა, - მიპასუხა ქალმა, - მერე თავი კეკლუცად გადააქნია და განაგრძო: - ეგ თუ ოდესმე გაკოტრდება, ჯოჯოხეთში ჩასვლასაც კი არ დავიზარებ, ოღონდ ეს ამბავი ყველას შევატყობინო. ერთი მილიონის მიწები აქვს. უწინ იმპერიის არმიის სურსათის მიმწოდებელი გახლდათ. საკმაოდ უცნაური ბერიკაცია. მეორე ცოლი ანგარიშით შეირთო, მაგრამ ვერ წარმოიდგენთ, რა ბედნიერია ქალი მაგის ხელში. ლამაზი ასული ჰყავს, რომელსაც დიდხანს ახლოს არ იკარებდა; ვაჟიშვილის სიკვდილის შემდეგ, საწყალი დუელში მოუკლეს, იძულებული გახდა, ქალიშვილი მიეღო, რადგანაც მეტი შვილი აღარ ეყოლებოდა. ასე და ამგვარად, საცოდავი გოგო უცბად ყველაზე მდიდარი მემკვიდრე გახდა მთელს პარიზში. მამამისი კი, ეს კეთილი ადამიანი, ვისაც ერთადერთი ვაჟი ხელიდან გამოეცალა, უსაზღვროდ იტანჯება და ხანდახან სევდის დაფარვას ვერც ახერხებს.      ამ დროს სურსათის მიმწოდებელმა თვალი მომაპყრო და მე ავკანკალდი, იმდენად პირქუში ფიქრებით აღვსებოდა გამოხედვა, რაც, შესაძლებელია, მთელ მის სიცოცხლეს გამოხატავდა. მერე, უცბად სახე გაუნათდა: ბროლის საცობი აიღო, თავისი თეფშის წინ მდგომ წყლით სავსე სურას ანგარიშმიუცემლად დაახურა და ბატონი ჰერმანისკენ ღიმილით გაიხედა. ჩანდა, ეს გასტრონომიული სიამოვნების განცხრომაში ჩაძირული კაცი არა თუ არაფერზე ფიქრობდა, აზრის ნატამალიც კი არ გააჩნდა მას. შემრცხვა კიდეც, რომ წინასწარმეტყველურ ნიჭს ამ სქელკანიან ფინანსისტზე, ბილწ პირუტყვზე ვხარჯავდი. სანამ მე ჩემს ფუჭ ფრენოლოგიურ დაკვირვებებს ვაწარმოებდი, კეთილმა გერმანელმა ცხვირში ერთი მწიკვი ბურნუთი შეიყარა და ამბის მოყოლა დაიწყო. ვინაიდან ვერ შევძელი ამბავი გადმომეცა გერმანელის სიტყვებით, ხშირი პაუზებითა და თხრობიდან სიტყვამრავალი გადახვევებით, ამიტომაც ჩემებურად მოვყევი, შეცდომები ნიურენბერგელს დავუტოვე, ხოლო მისი პოეტური და საყურადღებო ადგილები გულუბრყვილოდ შევიტყაპუნე იმ მწერლებსავით, რომელთაც ავიწყდებათ თავიანთ წიგნებს მიაწერონ:      ფიქრი და საქმე - რესპუბლიკის ეპოქის VII წლის ვანდემიერის მიწურულს, ჩვენი სტილით 1799 წლის 20 ოქტომბერს, ბონიდან დილით გამოსული ორი ჭაბუკი მზის ჩასვლისას მიუახლოვდა რაინის მარცხენა ნაპირზე მდებარე პატარა ქალაქ ანდერნახს, რომელიც კობლენციდან რამდენიმე მილითაა დაშორებული.      იმ ხანებში საფრანგეთის არმია, გენერალ ოჟეროს მეთაურობით, მდინარის მარჯვენა მხარეს დაბანაკებულ ავსტრიელთა თვალწინ მანევრებს აწარმოებდა. რესპუბლიკის დივიზიის მთავარი შტაბი კობლენცში იყო მოთავსებული, ხოლო ოჟეროს კორპუსის ერთ-ერთი ნახევარბრიგადა - ანდერნახში.      ორივე ახალგაზრდა მგზავრი ფრანგი გახლდათ. მათი თეთრარშიებიანი და წითელი ხავერდის გულისპირიანი ლურჯი მუნდირების, ხმლებისა და, განსაკუთრებით კი, სამფეროვანი პლუმაჟიანი მწვანე მუშამბის ქუდების დანახვისას გერმანელი გლეხებიც კი ხვდებოდნენ, რომ ისინი სამხედრო ქირურგები იყვნენ, გონიერი და ღირსეული ადამიანები, რომლებიც მეტწილად უყვართ არა მხოლოდ ჩვენს არმიაში, არამედ ჩვენი ჯარის მიერ დაპყრობილ ქვეყნებშიაც. იმხანად, გენერალ ჟურდენის მიერ გამოცხადებული ჯარში გაწვევის ახალი კანონის შედეგად, სამედიცინო ასპარეზზე მოღვაწეობას მოწყვეტილი მრავალი კარგი ოჯახიშვილი ამჯობინებდა სამედიცინო სამსახური ბრძოლის ველზე გაეგრძელებინა, ვიდრე დარჩენილიყო რიგით ჯარისკაცად, რაც ნაკლებად შეეფერებოდა მათ განათლებასა და მშვიდობისმოყვარე მისწრაფებებს. ახალგაზრდა სწავლულები, მშვიდობის მომხრენი და დაუზარელნი, იმ შავბნელ დღეებში სიკეთეს თესავდნენ, ნასწავლ ადამიანებს თანაგრძნობით ეპყრობოდნენ იმ ქვეყნებში, სადაც მიაბიჯებდა საფრანგეთის რესპუბლიკის ულმობელი ცივილიზაცია. მგზავრები, აღჭურვილნი სამგზავრო საშვებითა და კოსტასა და ბერნადოტის ხელმოწერილი ბრძანებით მათი «უმცროს ექიმებად» დანიშვნის შესახებ, მიემართებოდნენ იმ ნახევარბრიგადისკენ, სადაც იყვნენ გამწესებულნი. ორთავე მიეკუთვნებოდნენ ბოვეელ ბურჟუათა ოჯახებს, რომლებიც არცთუ ისე მდიდრები იყვნენ, მაგრამ პროვინციულ ნამუსიანობასა და ალალმართლობას თაობიდან თაობას გადასცემდნენ, როგორც მემკვიდრეობის ნაწილს.      სტრასბურგამდე დილიჟანსით იმგზავრეს. ახალგაზრდებისათვის მეტად ბუნებრივი ცნობისმოყვარეობით ჭაბუკები სამსახურში დანიშნულ ვადაზე ადრე გამოცხადდნენ სამხედრო მოქმედების ასპარეზზე. თუმცა ფრთხილ დედებს ბევრი ფული არ გამოეტანებინათ, შვილები მაინც მდიდრებად თვლიდნენ თავს, რადგანაც ჯიბეში რამდენიმე ლუიდორი უჩხრიალებდათ; ეს კი ნამდვილი განძი იყო იმ დროს, როცა ასიგნაციებმა გაუფასურების უკანასკნელ საფეხურს მიაღწია და ოქრო ფულზე გაცილებით მეტად ფასობდა. უმცროსი ექიმები, ბევრი-ბევრი, ოც-ოცი წლისანი თუ იქნებოდნენ. და თავიანთი ახალი მდგომარეობის პოეტურ მხარეებს ჭაბუკური აღტაცებით ხვდებოდნენ. სანამ სტრასბურგიდან ბონში ჩავიდოდნენ, საჰერცოგო და რაინის ნაპირები დაათვალიერეს, ვითარც შეეფერებოდა არტისტულად და ფილოსოფიურად განწყობილ ცნობისმოყვარე არსებებს. ამ ასაკში, თუკი მეცნიერული მოღვაწეობისთვის ვემზადებით, მართლაც მეტად მრავალსახოვანნი ვართ მოგზაურობის დროსა თუ თვით ტრფობის ჟამსაც. უმცროსი ექიმი ვალდებულია, თავის მომავალ სახელსა და ბედ-იღბალს საძირკველს უყრიდეს.      ორი ყმაწვილი შეიპყრო ძალუმმა აღტყინებამ, რაც დაეუფლება ხოლმე განათლებულ ადამიანებს, მაინცსა და კელნს შორის, შვაბეთის პეიზაჟისა და რაინის ნაპირების დანახვისას. ბუნება აქ ზვიადია, ბარაქიანი, მთებითა და გორებით მოფენილი, ამწვანებული, ფეოდალური ძეგლებით მდიდარი, თუმცა ყოველივეს ცეცხლისა და მახვილის დაღი ატყვია. ეს თვალწარმტაცი მხარე ლუი XIV და ტურენმა ნაცარტუტად აქციეს. აქა-იქ მოჩანს ნანგრევები, მოწამენი ვერსალის მეფის ქედუდრეკელობისა, ან იქნებ წინდახედულებისაც; გერმანიის ამ კუთხის მშვენებანი, დიდებული ციხე-დარბაზები ხსენებული მეფის ბრძანებით იავარიქმნა. ტყეებითა და შუა საუკუნეების ურიცხვი მომაჯადოებელი სურათებით დაფარული საუცხოო ადგილების ხილვისას შეიცნობთ გერმანულ სულს, მეოცნებესა და მისტიურს. - ფრანკო-ჰოლანდიური არმიისა და ოჟეროს დივიზიის მთავარი ჰოსპიტალი თვით კურფიურსტის სასახლეში მოეთავსებინათ. ამიტომაც ახლად გამომცხვარი უმცროსი ექიმები იქით გაეშურნენ ამხანაგების სანახავად, სარეკომენდაციო ბარათების უფროსებისთვის გადასაცემად და საქმის გასაცნობად. აქ, ისევე, როგორც ეს სხვაგანაც ხდება, ისინი ერთგვარად გათავისუფლდნენ იმ გადაჭარბებული წარმოდგენისაგან, რაც ყველას გვაქვს შექმნილი მშობლიური ქვეყნის ისტორიული ძეგლებისა და მშვენიერების შესახებ. კურფიურსტის სასახლის მარმარილოს სვეტებით განცვიფრებული მეგობრები გერმანულ ნაგებობათა გრანდიოზულობამ აღაფრთოვანა; მიდიოდნენ და ყოველ ნაბიჯზე ძველი და ახალი ხელოვნების სამკაულებს აწყდებოდნენ. ხანდახან გორაკებს შორის მიკარგული ანდერნახისკენ მიმავალი გზები მათ კლდის მწვერვალზე აიყვანდა ხოლმე. იქიდან კი, ტყის ჭრილებსა და კლდეთა ფლატეებს შორის, მათ თვალწინ იშლებოდა ქვიშის ჩარჩოში ჩასმული, ანდა ატეხილი ჭალებით შემოკბილული რაინის სანახები. ხეობები, ბილიკები, ხეები ფიქრის ამშლელ სურნელებას აფრქვევდნენ. ხის კენწეროებს ოქროსფერი ეპარებოდა, აქა-იქ თბილი ტონებიც გამოსჭვიოდა, განსაკუთრებით კი, მიხაკისფერი - მაუწყებელი სიბერისა; ფოთლები ცვიოდა, მაგრამ ცას თვალისმომჭრელი ლაჟვარდი მაინც შერჩენოდა და მშრალი გზები ჩამავალი მზის ირიბი სხივებით განათებულ პეიზაჟზე ყვითელ ზოლებად იხაზებოდნენ. ანდერნახიდან ორი ლიეს დაშორებით ისეთი სიჩუმე იყო გამეფებული, თითქოსდა ომი ამ მშვენიერ მხარეს მუსრს არ ავლებდა. ორი მეგობარი მიჰყვებოდა საცალფეხო გზას, თხების მიერ გატკეპნილს გრანიტის კლდეებზე, რომელთა შორის მოჩქეფს რაინი. მგზავრები ხევ-ხევ დაეშვნენ. ხევის ძირში, მდინარის პირას კოხტად დასკუპულიყო პატარა ქალაქი, საუცხოო ნავსადგური მეზღვაურთათვის. - მართლაც ლამაზია გერმანია! - წამოიძახა ერთმა ყმაწვილმა, პროსპერ მანიანმა, როცა თვალი მოჰკრა ნაირფრად შეღებილ, კალათში ჩაწყობილი კვერცხებივით ერთმანეთთან მიყუჟულ სახლებს, რომელთაც ერთმანეთისგან ბაღები და ყვავილები ჰყოფდა. პროსპერ მანიანი ერთხანს აღტაცებით დასცქეროდა წვეტიან სახურავებს, გამოშვერილ კოჭებს, ხის კიბეებს, მყუდრო სადგომების უამრავ აივნებსა და ნავსადგურში ტალღებზე მოქანავე ნავებს...როცა ბატონმა ჰერმანმა პროსპერ მანიანი ახსენა, სურსათის მიმწოდებელი სწვდა სურას, ჭიქაში წყალი დაისხა და მაშინვე სულმოუთქმელად გადაჰკრა. ამით ისევ მიიპყრო ჩემი ყურადღება და თითქოს შევნიშნე კიდეც, რომ კაპიტალისტს ხელი ოდნავ აუკანკალდა და შუბლი ოფლით დაენამა. - რა გვარია ყოფილი სურსათის მიმწოდებელი? - შევეკითხე ჩემს ტურფა მეზობელს. - ტაიფერი, - მიპასუხა მან. - უგუნებოდ ხომ არა ბრძანდებით? - შევყვირე მე, როცა შევნიშნე, როგორ გაფითრდა ეს უცნაური ადამიანი. - სრულებითაც არა, - მომიგო ტაიფერმა და მადლობის ნიშნად თავაზიანად გამიღიმა, - მე ვუსმენ, - დასძინა და თავი დაუქნია სტუმრებს, რადგანაც ყველა მისკენ შემოტრიალდა. - მეორე ჭაბუკის გვარი დამავიწყდა, - წარმოთქვა ბატონმა ჰერმანმა, - როგორც პროსპერ მანიანმა ამიწერა, იგი შავგვრემანი, ოდნავ გამხდარი იყო და მხიარული ხასიათით გამოირჩეოდა. თუკი ნებას დამრთავთ, ვილჰელმს დავარქმევ, რათა უფრო გასაგებად შევძლო ამბის მოყოლა.      გულუბრყვილო გერმანელმა, ვითომც არაფერიო, ისე უგულვებელჰყო რომანტიზმიცა და ადგილობრივი კოლორიტიც, ფრანგი უმცროსი ექიმი გერმანული სახელით მონათლა და არხეინად განაგრძო თხრობა: - როცა ორი ჭაბუკი ანდერნახს ჩავიდა, უკვე ბნელოდა. სანამ მეთაურებს მოვძებნით, სანამ საბუთებს წარვუდგენთ, სანამ ჯარისკაცებით გადავსებულ ქალაქში სამხედრო თავშესაფარს მივიღებთ, დიდი დრო დაგვეკარგებაო, იფიქრეს და გადაწყვიტეს უკანასკნელი თავისუფალი ღამე გაეტარებინათ ანდერნახიდან ასიოდე ნაბიჯის დაშორებით მდებარე სასტუმროში, რომლის მდიდრულ შეფერილობას, მზის სხივებით უფრო მეტად გამშვენიერებულს, ორივე ყმაწვილი მთის წვერიდან აღფრთოვანებით გადმოსცქეროდა. ეს ერთიანად წითლად შეღებილი შენობა მნახველთ უცბად ეცემოდა თვალში, რადგან ქალაქის ერთფეროვანი მასიდან და ნაირნაირი ფოთლების სიმწვანიდან მისი მეწამულისფერი ისევე კონტრასტულად გამოკრთოდა, როგორც მდინარის მონაცრისფრო ტონებიდან - ამ ნაგებობის კაშკაშა ფერი. სასტუმროს სახელწოდება წარმოდგებოდა შენობის შეფერილობიდან, რაც ოდესღაც, ალბათ, მისი საძირკვლის ჩამყრელის ფანტაზიამ შეარჩია. რაინის მეზღვაურთა შორის დიდად სახელგანთქმული სასტუმროს შემდგომი მფლობელნი, სრულიად ბუნებრივი მერკანტული ცრურწმენის გავლენით, სახლს ძველ სამოსს მზრუნველობით უნახავდნენ.      ცხენების ფეხის ხმის გაგონებაზე წითელი სასტუმროს პატრონი ზღურბლზე გადმოდგა. - ღმერთმანი! - შეჰყვირა მან, - სულ ცოტა კიდევ რომ დაგეგვიანათ, ღია ცის ქვეშ მოგიხდებოდათ წოლა, მსგავსად თქვენს თანამემამულეთა უმრავლესობისა, ანდერნახის მეორე მხარეს რომაა დაბანაკებული. სასტუმრო პირამდე სავსეა. თუ მაინცდამაინც საწოლებზე გსურთ მოსვენება, ისღა დამრჩენია, საკუთარი საწოლი ოთახი შემოგთავაზოთ. თქვენს ცხენებს კი ეზოს კუთხეში დავაბინავებთ. დღეს თავლა ქრისტიანებით გამევსო. საფრანგეთიდან ჩამობრძანებულხართ, ბატონებო? - განაგრძო მან მცირე პაუზის შემდეგ. - ბონიდან, - წამოიძახა პროსპერმა, - და დილას აქეთ პირში ლუკმა არ ჩაგვიდია. - ოჰ, საჭმელზე ნუ შეწუხდებით, - თავის კანტურით განუცხადა პატრონმა, - წითელ სასტუმროში ათი ლიეს იქიდან მოდიან საქეიფოდ. მეფურ სუფრას გაგიშლით. იცით, რას მოგართმევთ? რაინის თევზს! მეტი რაღა ვქნა!      დაღლილი ცხენები მგზავრებმა სასტუმროს პატრონის მზრუნველობას მიანდეს. და მაშინ, როცა პატრონი ამაოდ უხმობდა მსახურებს, უმცროსი ექიმები სასტუმროს საერთო დარბაზში შევიდნენ. თუთუნის მწეველებს ბლომად მოეყარათ თავი და ბოლის ისეთი სქელი და მოთეთრო ღრუბლით გაევსოთ დარბაზი, რომ ახლად მოსულებმა თავდაპირველად ვერც კი გაარჩიეს, რა საზოგადოებაში მოხვდნენ. მაგრამ სუფრას მიუსხდნენ თუ არა, იმ ფილოსოფიურად განწყობილ მგზავრთა მოთმინებით, რომელთაც აყალმაყალის ამაოება კარგად შეუცვნიათ, კვამლში გაარჩიეს გერმანული სასტუმროს სავალდებულო აქსესუარები: ბუხარი, კედლის საათი, ლუდის ტოლჩები, გრძელტარიანი ჩიბუხები; საითაც გაიხედავდით, ათასნაირი ჯურის ხალხი ირეოდა: ებრაელები, გერმანელები, სახეკუშტი მეზღვაურები. ბურუსში ფრანგი ოფიცრების ეპოლეტები ელვარებდა, ფილაქანზე კი განუწყვეტლივ ჟღარუნობდა დეზები, ხმლები. ზოგი ბანქოს თამაშობდა, ზოგი კამათობდა, ერთი დუმდა, მეორე ჭამდა, სვამდა ან ბოლთას სცემდა. შორიახლოს ტრიალებდა ერთი გათქვირებული, ტანდაბალი დედაკაცი, რომელსაც ჩაწნულ თმაზე შავი ხავერდის ჩაჩი ეხურა, სირმით ამოქარგული ცისფერი კოფთა ეცვა, მკერდზე ვერცხლის ქინძისთავი ჰქონდა დაბნეული და აღჭურვილი გახლდათ ძაფის გორგლითა და გასაღებების ასხმულათი. ერთი სიტყვით, არ აკლდა არცერთი დამახასიათებელი კომპონენტი გერმანული სასტუმროს დიასახლისისა, რომლის ტანსაცმელი იმდენად ზუსტადაა გამოხატული უთვალავ სურათებზე და იმდენადაა გავრცელებული, რომ არცა ღირს ამ ქალის აღწერა. სასტუმროს პატრონის მეუღლე შესანიშნავი მოხერხებულობით აკარგვინებდა მოთმინებას ორ მეგობარს და ასეთივე მოხერხებულობით აშოშმინებდა მათ. თანდათან ხმაური შენელდა, მგზავრები დარბაზიდან გავიდნენ და კვამლის ღრუბელიც გაიფანტა. როცა უმცროს ექიმებს სუფრა გაუშალეს და რაინის სახელგანთქმული ჭანარი მოართვეს, საათმა თერთმეტი დარეკა და დარბაზიც დაცარიელდა. ღამის სიჩუმეში ყრუდ მოისმოდა ცხენების ხრამახრუმისა და ტორების ცემის ხმა, რაინის ლიკლიკი და მდგმურებით გაჭედილი სასტუმროს თავისებური ქოთქოთი, როცა მგზავრები დასაწოლად ემზადებიან: კარ-ფანჯარა იხსნებოდა, იკეტებოდა, ვიღაც-ვიღაცეები გაურკვევლად ჩურჩულებდნენ, ოთახებიდან გაუგებარი შეძახილები მოისმოდა. ამ სიჩუმეში და ფუსფუსში ორი ფრანგისა და მასპინძლის, - რომელიც ახალგაზრდებს უქებდა ანდერნახს, რაინის ღვინოს, რესპუბლიკის არმიას, საკუთარ პურ-მარილსა და ცოლს, - ყურადღება მიიპყრო მეზღვაურთა ხრინწიანმა ყვირილმა და ნავსადგურთან მოახლოებული ნავის დგაფუნმა. სასტუმროს პატრონი, უთუოდ შეჩვეული მენავეების ხორხისმიერ მეტყველებას, იმ წამსვე ოთახიდან გავარდა და მალე შემოუძღვა მსუქან, ტანდაბალ კაცს, რომლის უკან ორ მეზღვაურს მძიმე ყუთი და რამდენიმე ბოხჩა მოჰქონდა. დარბაზში დააწყვეს თუ არა ბარგი, კაცმა ყუთი აიღო, წინ დაიდგა და ორი უმცროსი ექიმის სუფრას მოურიდებლად მიუჯდა. - წადით, ნავში დაწექით, - მიმართა მეზღვაურებს, - სასტუმრო სავსეა და ისედაც სჯობს, ნავში დაწვეთ. - ბატონო, - განუცხადა მასპინძელმა ახალმოსულს, - სანოვაგიდან ამის მეტი აღარაფერი გამაჩნია, - მან ორი ფრანგისთვის გაშლილ სუფრაზე ანიშნა, - პურის ქერქიც კი აღარ მოიძებნება, ძვალსაც ვეღარ იპოვით. - კომბოსტოს წნილი? - სათითეში რომ ჩაეტევა, იმდენიც კი არ დარჩა. როგორც მქონდა პატივი მომეხსენებინა, საწოლად მიიღებთ სკამს, რაზედაც ხართ დაბრძანებული და ამ დარბაზის გარდა, სხვა ოთახსაც ვერ შემოგთავაზებთ.      ამ სიტყვებზე დაბალმა კაცმა აათვალიერ-ჩაათვალიერა მასპინძელი, დარბაზი და ორი ფრანგი. გამოხედვაში გამოუკრთა შიშიცა და სიფრთხილეც. - აქ, თქვენს ყურადღებას მივაპყრობ იმას, - შეწყვიტა თხრობა ჰერმანმა, - რომ ჩვენ უცნობის ვერც ნამდვილი ვინაობა და ვერც ასავალ-დასავალი ვერ გამოვარკვიეთ. დოკუმენტები გვამცნობდა, რომ აახენიდან იყო ჩამოსული. იქ იგი ვალენფერის სახელს ატარებდა და ნეივალის მიდამოებში მდებარე ნემსების საკმაოდ მსხვილი წარმოების მფლობელი გახლდათ.      როგორც ყველა მეფაბრიკეს ამ მხარეში, მასაც უბრალო მაუდის რედინგოტი ეცვა, მუქი მწვანე ხავერდის შარვალი, ჟილეტი და ჩექმები, წელზე კი ტყავის ფართო ქამარი ერტყა. სახე მთლად მრგვალი ჰქონდა. თავისუფალი მიხვრა-მოხვრა და კეთილი გულისა იყო. ეტყობოდა, ძლიერ უჭირდა ფარული შიში არ გამოემჟღავნებინა, ან იქნებ მძიმე საზრუნავიც აწუხებდა. სასტუმროს პატრონი დაეჭვდა, ეს გერმანელი დიდვაჭარი უთუოდ სამშობლოდან გამოქცეული უნდა იყოსო. შემდეგ მე გამოვარკვიე, რომ ფაბრიკა შემთხვევით დასწვოდა, რაც, საუბედუროდ, ომის დროს ხშირად ხდება. თუმცა უაღრესად აღელვებული ჩანდა, მისი სახე მაინც დიდ გულკეთილობას გამოხატავდა. სასიამოვნო ნაკვთები ჰქონდა. სქელი კისერი ისე განსაკუთრებით თეთრად მოუჩანდა შავი ყელსახვევის ფონზე, რომ ვილჰელმმა ხუმრობით ანიშნა მასზე პროსპერს...      აქ ბატონმა ტაიფერმა ერთი ჭიქა წყალი შესვა.      პროსპერმა მეფაბრიკე თავაზიანად მიიპატიჟა ვახშამზე და ვალენფერმაც თავპატიჟი არ გამოიდო, უმალ დათანხმდა, როგორც შეეფერებოდა კაცს, რომელიც დარწმუნებულია, ამ პატივისცემის სათანადო მადლობით ანაზღაურება მაინცდამაინც არ გამიჭირდებაო. ყუთი იატაკზე დადო, ზედ ფეხები დააწყო, ქუდი მოიხადა, სუფრასთან მიიწია, ხელთათმანები გაიძრო და ქამრიდან ორი პისტოლეტიც მოიხსნა.      მასპინძელმა მაშინვე მოიტანა მისთვის ჭურჭელი. სამი მგზავრი დუმილით შეუდგა მადის დაკმაყოფილებას. დარბაზში ისე ცხელოდა და იმდენი ბუზი ირეოდა, რომ პროსპერმა მასპინძელს სთხოვა, ნავსადგურისკენ რომ გადიოდა, ის ფანჯარა გამოეღო და ჰაერი გაეწმინდა. ფანჯარა ჩაეკეტათ რკინის ურდულით, რომლის ორივე ბოლო ფანჯრის ჩარჩოს ორ კუთხეში გამოჭრილ ღრუში გაემაგრებინათ. მეტი უშიშროებისთვის დარაბებს ხრახნებით მოჭერილი თითო-თითო ჭანჭიკი ეკეთა. შემთხვევით, პროსპერი დააკვირდა, სასტუმროს პატრონი როგორ აღებდა ფანჯარას. - რადგანაც შენობაზე ჩამოვარდა სიტყვა, - გამოგვიცხადა ბატონმა ჰერმანმა, - აგიწერთ კიდეც სასტუმროს ოთახების შინაგან განლაგებას, რაკი მისი ზუსტი გაცნობის გარეშე ჩემი ამბავი გაუგებარი იქნება თქვენთვის.      დარბაზს, სადაც ამ თავგადასავლის სამი მოქმედი პირი იმყოფებოდა, ორი კარი ჰქონდა. ერთი კარი რაინს ჩაყოლებულ ანდერნახის გზაზე გადიოდა. იქ იდგა მეფაბრიკის მიერ სამოგზაუროდ დაქირავებული ნავი. მეორე კარი სასტუმროს ეზოში გადიოდა. ეზოს ძალიან მაღალი გალავანი ერტყა გარს და საქონლითა და ცხენებით იყო გაჭედილი. თავლებშიაც კი ხალხის ტევა აღარ იყო. ჭიშკარი ისე საგულდაგულოდ ჩაეხერგათ, რომ მის გაღებას იოლად ვერ მოახერხებდნენ, ამიტომ მასპინძელმა დიდვაჭარი და მენავეები დარბაზში ქუჩის მხარეს ჩატანებული კარიდან შემოიყვანა. და როცა ფანჯარა გამოაღო პროსპერ მანიანის თხოვნის დასაკმაყოფილებლად, ამ კარების დაკეტვასაც შეუდგა. ურდული გაამაგრა და ჭანჭიკები ჩახრახნა.      მასპინძლის საძილე ოთახი, სადაც ორ უმცროს ექიმს უნდა დაეძინა, საერთო დარბაზის გვერდით მდებარეობდა და თხელი ტიხრით იყო გამოყოფილი სამზარეულოდან, რომელშიც, ალბათ, სასტუმროს დიასახლისი და მისი მეუღლე აპირებდნენ ღამის გათევას. მოახლე, ის-ის იყო, გაეშურა თავშესაფრის მოსაძებნად რომელიმე ბაგაში, სხვენის კუთხეში, ან კიდევ სადმე სხვაგან. როგორც ხედავთ, საერთო დარბაზი, პატრონის საძილე ოთახი და სამზარეულო ცოტა მოშორებით მდებარეობდა სასტუმროს დანარჩენი ნაწილისგან. ეზოში ორი დიდი ნაგაზი დაძუნძულებდა და მათი ბოხი ყეფა ფხიზელი და მრისხანე მცველების არსებობას იუწყებოდა.      სასტუმროს პატრონმა კარის დაკეტვა დაასრულა. სიჩუმეს მდინარის ზვირთების შხაპუნიღა არღვევდა. - რა სიწყნარეა, რა მშვენიერი ღამეა! - ცისკენ აღაპყრო თვალები ვილჰელმმა. - ბატონებო, - მიმართა მეფაბრიკემ ორ ფრანგს, - ნება მომეცით, თქვენი ჭანარის დასასველებლად რამდენიმე ბოთლი ღვინო შემოგთავაზოთ. თქვენი გამომეტყველება და ჩაცმულობა ამჟღავნებს, რომ, ჩემი არ იყოს, კარგა მანძილი გამოგივლიათ.      ორი მეგობარი დათანხმდა. მასპინძელი სამზარეულოს კარით გავიდა და გასწია სარდაფისაკენ, რაც, უეჭველია, შენობის იმ ნაწილის ქვემოთ იყო მოთავსებული. როდესაც პატრონმა ხუთი დიდად პატივცემული ბოთლი სუფრაზე დადგა, მისმა ცოლმაც უკანასკნელი კერძი მოიტანა, დიასახლისის თვალი მოავლო დარბაზსა და საჭმელს და, როცა დარწმუნდა, სტუმრების ყველა სურვილი დაკმაყოფილებულიაო, სამზარეულოში გავიდა.      ოთხმა კაცმა, - ვინაიდან სასტუმროს პატრონიც მიიწვიეს, - ვერ გაიგო, თუ როგორ დაწვა დიასახლისი, მაგრამ ცოტა ხნის შემდეგ, როცა დუმილი ჩამოვარდებოდა ხოლმე მეინახეთა საუბარში, გაისმოდა ხმამაღალი ხვრინვა. ეს ხმა მკვეთრად ჟღერდა დაფაცხატებული ტიხრის მეოხებით, რომლის იქითაც ეძინა დიასახლისს. ამ ხვრინვაზე მეგობრებს ეღიმებოდათ, განსაკუთრებით კი, სასტუმროს პატრონს. შუაღამისას, როცა სუფრაზე დარჩა მხოლოდ ბისკვიტი, ყველი, ჩირი და კარგი ღვინო, ყველანი, უფრო მეტად კი ჭაბუკი ფრანგები, გულგახსნილნი გახდნენ. ახსენეს სამშობლო, სასწავლებელი, ომი. საუბარი გაჩაღდა. პროსპერ მანიანმა ცრემლი მოჰგვარა გამოქცეულ დიდვაჭარს, როდესაც პიკარდული გულწრფელობით, კეთილი და მოსიყვარულე ადამიანის გულუბრყვილობით მოიგონა დედა, ნეტავ რას აკეთებს ახლა, როცა მე აქ, რაინის პირას, ვიმყოფებიო... - თვალწინ მიდგას დედაჩემი, - ამბობდა იგი, - მწუხრის ლოცვას კითხულობს ძილის წინ! რა თქმა უნდა, მე არ ვავიწყდები და თავის თავს ეკითხება, სად არის ახლა ჩემი პროსპერიო. თუ ქაღალდში მოუგო რამდენიმე სუ თავის მეზობელს, - დედაშენს, - ჩაურთო პროსპერმა და იდაყვი გაჰკრა ვილჰელმს, - ამ ფულს ჩაყრის წითელი თიხის დიდ ყულაბაში, სადაც აგროვებს საჭირო თანხას, ლეშვილში, მის პატარა მამულში შეჭრილი ოცდაათი არპანის მიწის შესაძენად. მიწა კარგი სამოცი ათასი ფრანკი მაინცა ღირს. ეჰ, რა მინდვრებია! ოდესმე რომ შემძლებოდა მისი შესყიდვა, მთელს ჩემს სიცოცხლეს ლეშვილში გავატარებდი და არად ჩავაგდებდი პატივმოყვარულ მისწრაფებებს. რამდენჯერ უნატრია მამაჩემს ეს ოცდაათი არპანი და მშვენიერი ნაკადული, იქ რომ მიიკლაკნება! რომ იცოდეთ, რამდენჯერ მითამაშია იქ! - ბატონო ვალენფერ, ნუთუ თქვენ არ გაგაჩნიათ თქვენი hoc erat in votis? - შეეკითხა მეფაბრიკეს ვილჰელმი. - დიახ, როგორ არა, ბევრი! მათ ასრულებას თითქმის აღარაფერი მიკლდა, მაგრამ ახლა...      ვალენფერი გაჩუმდა, წინადადება აღარ დაასრულა. - მე კი, - წარმოთქვა მასპინძელმა, რომელსაც სახე ოდნავ შეჟინჟღილებოდა, - მიწის ერთ ნაკვეთზე ვოცნებობდი მთელი ათი წელი და შარშან, როგორც იყო, ვიყიდე.      ამგვარად საუბრობდნენ. როგორც ხდება ხოლმე, ღვინომ ენა გაუხსნა მათ. ერთმანეთის მიმართ განიმსჭვალნენ კიდეც იმ ნაუცბათევი მეგობრობის გრძნობით, რასაც მაინცდამაინც არ ვიშურებთ მოგზაურობის დროს. ამიტომაც, როცა დასაძინებლად მოემზადნენ, ვილჰელმმა თავისი საწოლი მეფაბრიკეს შესთავაზა. - მშვიდად მოისვენეთ ჩემს საწოლზე, მითუმეტეს, რომ მე შემიძლია პროსპერთან დავწვე. ეს არ იქნება არც პირველად და, ალბათ, არც უკანასკნელად. თქვენ ჩვენზე უფროსი ბრძანდებით, ჩვენ კი ვალდებულნი ვართ, პატივისცემით მოვეპყრათ ხანდაზმულობას. - მოიცათ, - წამოიძახა მასპინძელმა, - ჩემი ცოლის საწოლზე რამდენიმე ლეიბი აგია, ერთი თქვენ დაიგეთ.      იგი ფანჯრის მისახურად გაემართა და ამ კეთილგონიერი მოქმედების განხორციელებისას ხმაური ატეხა. - თანახმა ვარ, - მიუგო დიდვაჭარმა, - უნდა გამოგიტყდეთ, - ხმა დაიდაბლა და შეხედა ორ მეგობარს, - რომ მაგას კიდეც ვნატრობდი. განა რა უნდა მქონდეს საწინააღმდეგო, რომ ღამე გავათიო ორ კეთილსა და პატიოსან ყმაწვილთან ერთად, ორ ფრანგ მეომართან! მერედა, ყუთში ასი ათასი ფრანკის ოქრო და ბრილიანტი მიწყვია.      მის გაუფრთხილებელ აღსარებას ორი ახალგაზრდა გულითადი თავშეკავებულობით შეხვდა, რამაც კეთილი გერმანელი დააშოშმინა. სასტუმროს პატრონმა მგზავრებს ლოგინის გაშლაში უშველა და, როცა ყველაფერი შეძლებისდაგვარად მოწესრიგდა, თვითონაც დასაწოლად გაეშურა. მეფაბრიკესა და უმცროს ექიმებს თავთავიანთ ბალიშებზე ეცინებოდათ; პროსპერმა საკუთარი და ვილჰელმის ქირურგიული იარაღები მუთაქის ნაცვლად თავქვეშ ამოიდო, ხოლო ვალენფერმა, სიფრთხილეს თავი არ სტკივაო, თავისი ყუთი სასთუმალქვეშ დაიდო. - ორთავენი ჩვენ-ჩვენს სიმდიდრეზე ვიძინებთ; თქვენ - თქვენს ოქროზე, მე კი - ჩემს იარაღებზე. ნეტავ ვიცოდე, ჩემი იარაღები იმდენ ოქროს თუ მაშოვნინებენ, რამდენიც თქვენ შეგიძენიათ? - იმედი იქონიეთ, - უპასუხა ვაჭარმა, - შრომით და პატიოსნებით ყველაფერს მიაღწევთ. მხოლოდ მოთმინებაა საჭირო.      ვალენფერსა და ვილჰელმს მაშინვე ჩაეძინათ. პროსპერ მანიანს კი თვალზე რული არ ეკარებოდა: იქნებ იმიტომ, რომ მეტისმეტად მაგარ საწოლზე იწვა, ან იქნებ უკიდურესი დაღლილობა არ აძინებდა, ანდა, შესაძლოა, სულიერი განწყობილების საბედისწერო შემოტრიალება იყო ამის მიზეზი. შეუმჩნევლად, მისმა ფიქრებმა ბოროტი მიმართულება მიიღო. აეკვიატა ფიქრი იმ ასი ათას ფრანკზე, მეფაბრიკეს რომ ედო თავქვეშ.      პროსპერისთვის ასი ათასი ფრანკი უდიდეს განძს წარმოადგენდა და ეს განძი მის ცხვირწინ იდო. ათასნაირად გამოიყენებდა. ფიქრებმა გაიტაცა; ისევე აგებდა ოცნების კოშკებს, როგორც ყოველი ჩვენთაგანი აგებს მათ თვლემის დროს, როცა ჩვენი გონება რაღაც გაურკვეველ საგნებს წარმოშობს და როცა ღამის დუმილში აზრი ჯადოსნური ძლიერებით იმოსება.      აგერ, პროსპერი დედის ყოველ სურვილს ასრულებს; ყიდულობს ოცდაათ არპან მიწას, ცოლად ირთავს ბოვეელ ქალიშვილს, ვისზედაც ფიქრს აქამდე ქონებრივი უთანასწორობა უშლიდა ხელს. ამ თანხით ყოველგვარ ნეტარებას მიიღებს ცხოვრებაში. აი, იგი ოჯახის მამაა, მდიდარი, თავის მხარეში დიდად პატივცემული და, ვინ იცის, იქნებ ბოვეს მერიც.      მისი პიკარდიული წარმოდგენა აღიგზნო. ახლა იმაზე იტეხდა თავს, რა ღონე ეხმარა, რათა ფიქცია რეალობად ექცია. იგი არაჩვეულებრივად მგზნებარებით შეუდგა ბოროტმოქმედების თეორიული გეგმის შემუშავებას.      დიდვაჭარმა სული განუტევა. პროსპერი აშკარად ხედავს ოქროსა და ბრილიანტებს. მათი ელვარება თვალს უბნელებს. გულს ბაგაბუგი გააქვს. გაფიქრებაც კი უკვე ბოროტმოქმედებაა. ოქროს გროვით მოჯადოებულს მკვლელის მოსაზრებები თავბრუს ახვევს. თავის თავს ეკითხება, ამ საწყალ გერმანელს ნეტავ რაღად უნდა სიცოცხლეო. თან გაიფიქრა, მაგას ხომ არც არასოდეს უცხოვრიაო. ერთი სიტყვით, ბოროტმოქმედება უნდა ჩაიდინოს და სასჯელსაც გადაურჩეს. რაინის მეორე მხარეს პრუსიელები დაპატრონებიან. ფანჯრებს ქვემოთ ნავია და სწორედ მენავეები გამოსჭრიან ყელს ფაბრიკის პატრონს. გვამს რაინში გადაისვრის. ყუთს აიღებს და ფანჯრიდან გადახტება. პროსპერი იმდენად შეიპყრო ამ ფიქრებმა, რომ საკუთარი მოხერხებულობის გამოცდა დაიწყო; როგორ გამოიყენებდა ქირურგიულ იარაღებს, თავს მოჭრიდა მსხვერპლს ისე, რომ იგი კრინტის დაძვრასაც ვერ მოასწრებდა.      აქ ბატონმა ტაიფერმა შუბლი მოიწმინდა და ცოტა წყალი კიდევ შესვა.      პროსპერი ნელ-ნელა, ჩუმად ადგა. როცა დარწმუნდა, არავინ გამიღვიძებიაო, ტანთ ჩაიცვა და საერთო დარბაზში გავიდა. შემდეგ იმ საბედისწერო გუმანით, უეცრად რომ ეღვიძებათ ადამიანებს, მძაფრი ალღოთი და მტკიცე ნებისყოფით, რაც გეგმების განხორციელებისას არასოდეს ღალატობს პატიმრებსა და ბოროტმოქმედებს, რკინის ურდული ბუდეებიდან ამოიღო ყოველგვარი ხმაურის გარეშე, კედელთან მიაყუდა და რომ ჭრიალი არ დაეწყო, დარაბების სახსრებს დააწვა და ისე გამოაღო. მთვარემ თავისი ფერმკრთალი შუქი შემოანათა და პროსპერმა შეძლო საგნების გარჩევა იმ ოთახში, სადაც ვილჰელმსა და ვალენფერს ეძინათ. ამ წუთას, როგორც შემდეგში მითხრა მან, გული თურმე ისე ძლიერ უცემდა, ისე ღრმად, ისეთი ბაგაბუგი გაჰქონდა, რომ თავზარი დასცემია, ვაითუ გულგრილად ვეღარ ვიმოქმედოო. ხელები უკანკალებდა, ფეხისგულები ეწვოდა, თითქოს აგიზგიზებულ ნახშირზე უდგასო. მიუხედავად ამისა, განზრახვა ისე ბედნიერად უსრულდებოდა, რომ ეს ქუდბედობა მან განგების მფარველობას მიაწერა. ფანჯარა გამოაღო, მიბრუნდა ოთახში, იარაღების ყუთს დასწვდა, შეარჩია დანაშაულის დასაგვირგვინებლად ყველაზე მეტად შესაფერი იარაღი. საწოლს მივუახლოვდი, - მითხრა მან, - და ჩემი თავი ანგარიშმიუცემლად ღმერთს მივანდე. მოუკრებია რაც ძალი და ღონე ჰქონდა და თურმე, როცა ასწია ხელი, შინაგანი ხმა შემოესმა; თითქოს სინათლემაც გაუელვა თვალწინ. თავის საწოლზე დააგდო იარაღი, მეორე ოთახში გავარდა და სარკმელს მიადგა. უღრმესი ზიზღით განიმსჭვალა საკუთარი თავისადმი. ისიც იგრძნო, რომ ნებისყოფა ჯერაც არ განმტკიცებოდა. შეეშინდა, კიდევ არ აჰყოლოდა ცთუნებას, რისი მსხვერპლიც გამხდარიყო. სწრაფად გადახტა გზაზე. გაჰყვა რაინის ნაპირს. სასტუმროს წინ გუშაგივით მიმოდიოდა. აჩქარებული ნაბიჯით ხან ანდერნახამდე ჩადიოდა. იმ ფერდობამდეც კი მიაღწია, საიდანაც მეგობრები სასტუმროსკენ დაეშვნენ. ღამის ისეთი სიჩუმე იყო გამეფებული, ისე ენდობოდა მოდარაჯე ძაღლებს, რომ ღიად დატოვებული ფანჯარა ხშირად ეკარგებოდა თვალთახედვიდან. ცდილობდა ძლიერ დაღლილიყო და ძილი მორეოდა.      დახეტიალობდა იგი მოწმენდილი ცის ქვეშ, შესცქეროდა თვალციმციმა ვარსკვლავებს, სუნთქავდა ღამის კამკამა ჰაერით, უსმენდა მდინარის მელანქოლიურ ჩუხჩუხს და ნელ-ნელა იძირებოდა ფიქრებში, ემორჩილებოდა კეთილ აზრებს. ბოლოს და ბოლოს, გონებამ მთლად გაჰფანტა უცაბედი თავდავიწყება. აღზრდით მიღებულმა ჩვევებმა, რელიგიურმა რჩევა-დარიგებებმა, განსაკუთრებით კი, - განმიმარტა მან, - მამისეული სახლის ჭერქვეშ გატარებული უმწიკვლო ცხოვრების მოგონებებმა დაამარცხეს ეს ბოროტი ზრახვანიო.      რაინის პირას დიდ ლოდზე დაყრდნობილი დიდხანს ყოფილა ჩაძირული ღრმა ფიქრებში, შემდეგ გონს მოსულა და როგორც თავად მითხრა, - უკვე შემეძლო დამეძინა კი არა, მედარაჯნა კიდეც ერთი მილიარდი ოქროსთვისო.      და როცა მისი პატიოსნება, ამაყი და ძლიერი, გამარჯვებული გამოვიდა ბრძოლიდან, იგი აღტყინებული და ბედნიერი მუხლებზე დაემხო, მადლობა შესწირა ღმერთს. იყო მოცული სიხარულით, ლაღი და კმაყოფილი, ვით ზიარების პირველ დღეს, როცა ეგონა ანგელოზთ დავედარეო, რადგან მთელი დღის განმავლობაში არ შეუცოდავს არცა სიტყვითა, არცა საქმითა და არცა აზრით.      სასტუმროში დაბრუნდა. ფანჯარა გაბედულად მიხურა, რადგან დაჭრიალების აღარ ეშინოდა. მაშინვე ლოგინში ჩაწვა. სულ-ხორცით მოთენთილი მინებდა ძილს. სულ მალე მიეცა ფანტასტიური მოჩვენებებით აღვსილ თვლემას, რაც მუდამ წინ უსწრებს ღრმა ძილს. ამ დროს გრძნობები გვიჩლუნგდება, სიცოცხლე თანდათან გვშორდება, აზრი გვეფანტება და აღქმის უკანასკნელი შეფრთხიალება სიზმარი გვგონია. - რა მძიმე ჰაერია, - თავისთვის ჩაილაპარაკა პროსპერმა, - ასე მგონია, ორთქლს ვისუნთქავ.      ბუნდოვნად გაუელვა აზრმა, მინდვრის სუფთა ჰაერის შემდეგ, ალბათ, ოთახის ტემპერატურა ახდენს ჩემზე ასეთ გავლენასო. ცოტაც და რაღაც თანაბარი ხმები შემოესმა, - ონკანიდან ჩამოსული წყლის წვეთების დაცემას ჰგავდა. შიშისგან თავზარი დაეცა, დააპირა, ავდგები, სასტუმროს პატრონს დავუძახებ. გავაღვიძებ მეფაბრიკეს ან ვილჰელმსო, მაგრამ მაშინვე თავისდა საუბედუროდ, კედლის ხის საათი მოაგონდა, ეს ხმაური ქანქარის მოძრაობის ხმას მიამსგავსა და ამ გაურკვეველი, ბუნდოვანი შეგრძნებით შეპყრობილს ჩაეძინა კიდეც. - წყალს ხომ არ ინებებ, ბატონო ტაიფერ? - შეეკითხა მასპინძელი სურსათის მიმწოდებელს, რომელმაც დაუფიქრებლად აიღო სურა.      სურა ცარიელი დახვდა.      ბანკირის შეკითხვით გამოწვეული ხანმოკლე პაუზის შემდეგ ბატონმა ჰერმანმა თხრობა განაგრძო.      მეორე დილას პროსპერ მანიანი დიდმა ხმაურმა გამოაღვიძა. თითქოს საზარელი კივილი ჩაესმა და კვლავ საშინლად აუთრთოლდა ნერვები, რაც მაშინ გვემართება, როცა გამოღვიძებისას ჯერ კიდევ შეპყრობილი ვართ დაძინებისას მიღებული განცდებით. ჩვენში ერთგვარი ფიზიოლოგიური აქტი ხდება; მდაბიო ენით რომ ვთქვათ, შევხტებით ხოლმე. ეს მეცნიერებისათვის საყურადღებო ფენომენი ჯერჯერობით საკმაოდ შესწავლილი არ გახლავთ. ძილში ერთმანეთისგან გათიშული ორი საწყისის შეერთებით აღძრული საზარელი შეშფოთება ადამიანს, ჩვეულებრივ, სწრაფად გაუვლის ხოლმე. საბრალო უმცროს ექიმს კი შეშფოთება უფრო მეტად გაეზარდა, გაუხანგრძლივდა, უკიდურეს, თავზარდამცემ შეძრწუნებად გადაექცა, როდესაც თავის ლეიბსა და ვილჰელმის საწოლს შორის სისხლის ტბას მოჰკრა თვალი. უბედური გერმანელის თავი იატაკზე ეგდო, ხოლო ტანი - საწოლში. სისხლს ყელიდან ამოეხეთქა.      დაინახა თუ არა დიდვაჭრის ჯერ კიდევ გახელილი, დაჭყეტილი თვალები, სისხლი, რომელშიც ამოსვრილიყო მისი ზეწრები და ხელებიც კი, საწოლზე დაყრილი ქირურგიული იარაღები, პროსპერ მანიანს გული შეუღონდა და ვალენფერის სისხლში ჩაემხო. მან მითხრა, ჩემთვის ეს უკვე იყო დასჯა ბოროტი ზრახვებისთვისო.      როდესაც გონს მოვიდა, დაინახა, საერთო დარბაზში გადაეყვანათ. სკამზე იჯდა, გარს ფრანგი ჯარისკაცები ეხვია. თავზე ვიღაც-ვიღაცეები დასდგომოდნენ და ცნობისმოყვარეობით შეპყრობილნი დაჟინებით დასცქეროდნენ. პროსპერმა მზერა შეავლო რესპუბლიკის არმიის ოფიცერს, მოწმეთა დაკითხვას რომ აწარმოებდა და, ჩანდა, ოქმს ადგენდა. იცნო სასტუმროს პატრონი, მისი ცოლი, მოახლე, ორი მენავე, ქირურგიული იარაღი, მკვლელს რომ ეხმარა...      ბატონმა ტაიფერმა ჩაახველა, ცხვირსახოცი ამოიღო, მოიწმინდა ცხვირი, შუბლი. ეს საკმაოდ ბუნებრივი მოძრაობა ჩემს მეტს არავის შეუნიშნავს. ყველას ბატონი ჰერმანისთვის მიეპყრო თვალი და ყველა ხარბად უსმენდა. ტაიფერი მაგიდას იდაყვით დაეყრდნო, თავი მარჯვენა ხელს დაანდო და მთხრობელს მიაშტერდა. ამის შემდეგ მის მოქმედებას აღელვების ნატამალიც არ დასტყობია: არც განსაკუთრებულ ინტერესს ამჟღავნებდა. მხოლოდ დაფიქრებული იჯდა და სახეზე ისევ ისეთი მიწისფერი ედო, როგორც მაშინ, როცა სურის საცობს ათამაშებდა ხელში.      მკვლელის იარაღი პროსპერის ქირურგიულ ყუთთან, პორტფელთან და დოკუმენტებთან ერთად მაგიდაზე იდო. დამსწრე საზოგადოება თვალს არ აცილებდა ნივთიერ საბუთებსა და სიკვდილის პირას მისულ ყმაწვილ კაცს, რომელსაც თითქოს თვალის ჩინი დაშრეტოდა. ქუჩიდან გაურკვეველი გუგუნი მოისმოდა; ალბათ, ბოროტმოქმედების ამბავს მოეზიდა ბრბო სასტუმროს წინ. შესაძლოა, მკვლელის დანახვის სურვილსაც. დარბაზის ფანჯრების ქვემოთ დაყენებულ გუშაგთა ნაბიჯები, მათი თოფების ჩხაკაჩხუკი ხალხის ქოთქოთს ფარავდა. კარიბჭეგადარაზული ეზო დუმილს მოეცვა.      პროსპერ მანიანმა თვალი ვერ გაუსწორა ოფიცერს, რომელსაც დაკითხვა მიჰყავდა. უცბად იგრძნო, ხელზე ვიღაცამ მოუჭირა ხელი. თვალი აახილა, ნეტავ ამ მტრულად განწყობილ საზოგადოებაში ჩემზე გული ვისღა შესტკივნიაო. ფორმაზე მიხვდა, ანდერნახში დაბანაკებული ნახევარბრიგადის მთავარი ქირურგი იქნებაო. მაგრამ მის მფარველს ისეთი გამსჭვალავი, ისეთი მკაცრი გამოხედვა ჰქონდა, რომ საბრალო ბიჭს ააკანკალა და თავი სკამის ზურგზე გადაუვარდა. ჯარისკაცმა ძმარი აყნოსა. პროსპერი უმალვე მოსულიერდა. ქირურგმა შენიშნა, დაბნეულ მზერაში სიცოცხლისა და გონიერების ნიშანწყალიც კი არ მოჩანდა და მაჯა გაუსინჯა. შემდეგ ოფიცრებს განუცხადა: - კაპიტანო, ამ კაცის დაკითხვა ამჟამად შეუძლებელია... - კარგი, წაიყვანეთ, - სიტყვა გააწყვეტინა ქირურგს კაპიტანმა და თავის ზურგსუკან მდგომ კაპრალს უბრძანა. - ბილწო მშიშარავ! - ჩურჩულით უთხრა ჯარისკაცმა პროსპერს, - ეცადე, მხნედ მაინც გაიარო წყეული გერმანელების წინ, ნუ არცხვენ რესპუბლიკას.      ჯარისკაცის სიტყვებმა პროსპერ მანიანი გამოაფხიზლა; წამოდგა, რამდენიმე ნაბიჯი გადადგა, მაგრამ, როცა გაღებულ კარში სუფთა ჰაერმა დაუბერა, გარედან შემოსულ ხალხს თვალი მოჰკრა, ძალა წაერთვა, მუხლთ მოეკვეთა და წაბარბაცდა. - ორგზის სიკვდილის ღირსია ეს ოხერი ექიმბაში! ჰა, გადადგი ფეხი, - ჩასჩიჩინებდა პროსპერს ორი ჯარისკაცი, რომლებიც მხარში ამოუდგნენ, რომ არ დაცემულიყო. - ოჰ, აი, ის უსინდისო! ზნედაცემული! ის არის! აგერ ის! აი, ის!      პროსპერს ეჩვენებოდა, რომ ამ სიტყვებს წარმოთქვამდა მხოლოდ ერთი ხმა: ეს ხმა აღმოხდა მშფოთვარე ბრბოს, რომელიც მას წყევლა-კრულვით აცილებდა და რომლის რიცხვიც ყოველ ნაბიჯზე იზრდებოდა. სასტუმროდან ციხეში გადაყვანისას ბრბოსა და ჯარისკაცების ფეხთა ტყაპუნი, ხალხის ზუზუნი, ცის სილაჟვარდე, ჰაერის სიგრილე, ანდერნახის მიდამოები, რაინის ლიკლიკი უმცროსი ექიმის სულში ქმნიდნენ შთაბეჭდილებას, იმ გრძნობების მსგავსს, რასაც იგი გამოღვიძების შემდეგ განიცდიდა. პროსპერი მეუბნებოდა, ხანდახან ისე მეგონა, თითქოს აღარც კი ვარსებობდიო.      იმ ხანებში მე ციხეში ვიჯექი, - შეწყვიტა ამბავი ჰერმანმა, - როგორც მოგეხსენებათ, ოცი წლისანი ყველანი ენთუზიასტები ვართ და ჩემი ოცნება გახლდათ, დამეცვა სამშობლო. ანდერნახის მიდამოებში თავი მოვუყარე თავისუფალ რაზმეულს და სათავეში ჩავუდექი კიდეც. რამდენიმე დღის წინათ, სანამ პროსპერს დააპატიმრებდნენ, ღამით, რვაასი კაცისგან შემდგარ ფრანგულ ნაწილს ხელში ჩავუვარდი. ჩვენ ორასი ძლივს ვიყავით. ჩემმა მსტოვრებმა გამყიდეს.      ანდერნახის ციხეში ჩამაგდეს. ხალხის დასაშინებლად დახვრეტას მიპირებდნენ. ფრანგები ცდილობდნენ რეპრესიებისთვის მიემართათ, მაგრამ მკვლელობა, რისი ჯავრიც რესპუბლიკელებს ჩემზე უნდა ეყარათ, კურფიუსტის სამფლობელოში არ იყო ჩადენილი. მამაჩემმა სასჯელის სისრულეში მოყვანა სამი დღით გადაადებინა, რათა გენერალ ოჟეროს ხლებოდა და ჩემი შეწყალება ეთხოვა მისთვის. მიზანს მიაღწია.      ამგვარად, მე ვნახე პროსპერ მანიანი მაშინ, როცა იგი ანდერნახის ციხეში შემოიყვანეს. ძალიან შემეცოდა. აღარც ადამიანის ფერი ედო, მისუსტებულიც იყო, სისხლში ამოსვრილიც, მაინც ისეთი გულწრფელი და უბიწო გამომეტყველება შევნიშნე სახეზე, რომ საშინლად ავღელდი. მის გრძელ, ქერა თმაში, მის ლურჯ თვალებში გერმანიის სუნთქვა შევიგრძენი. ყმაწვილი ჭეშმარიტი სურათი გახლდათ ჩემი ღონემიხდილი სამშობლოსი; იგი მსხვერპლი იყო და არა მკვლელი.      ჩემი სარკმლის ქვეშ რომ გაატარეს, მწარედ და მელანქოლიურად გაიღიმა, როგორც გიჟმა, რომელსაც უეცრად გაუელვა გონების სხივმა. ეს ღიმილი, რა თქმა უნდა, არ იყო მკვლელის ღიმილი. ჩემთან შემოსულ მედილეგეს ახალი პატიმრის ამბავი ვკითხე. - რაც საკანში შეიყვანეს, კრინტიც არ დაუძრავს. ზის ხელებში თავჩარგული. ან ძინავს, ან ფიქრობს. ფრანგებს თუ დაეჯერებათ, განაჩენს ხვალ დილასვე გამოუტანენ, ხოლო ოცდაოთხ საათში დახვრეტენ.      საღამოს, ციხის ეზოში სასეირნოდ განკუთვნილი მოკლე დრო მისი სარკმლის ქვეშ გავატარე. საუბარი გავაბით. მან მიამიტად მიამბო თავისი თავგადასავალი. შეკითხვებზე საკმაოდ ზუსტი პასუხები მომცა. პირველივე საუბრის შემდეგ მის უდანაშაულობაში ეჭვი აღარ მეპარებოდა. ვითხოვე, ნება მომეცით, რამდენიმე საათი გავატარო მასთან ერთად-მეთქი. ნება დამრთეს. ამრიგად, რამდენჯერმე შევხვდი მას და საწყალმა ბავშვმა გულის ნადები გადამიშალა. თავს უცოდველადაც თვლიდა და დამნაშავედაც. იგონებდა, რა საშინელი ცთუნების დაძლევა მოუხდა. შიშობდა, ვაითუ ძილში, ან სამთვარიოდ შეპყრობილმა ჩავიდინე ბოროტმოქმედება. რაზედაც დაძინებამდე, ცხადლივ ვოცნებობდიო. - თქვენი მეგობარი - შევეკითხე პროსპერს. - ოჰ, - მგზნებარედ შესძახა მან, - ვილჰელმს არ შეეძლო... - სიტყვის დასრულებაც კი ვერ შეძლო. ამ ჭაბუკური, სათნოებით აღსავსე აღშფოთების გამო ხელი ჩამოვართვი პროსპერს. - როცა გამოეღვიძა, ალბათ, შეძრწუნდა, თავგზა აებნა და გაიქცა. - და თქვენ არ გაგაღვიძათ? - წარმოვთქვი მე, - თუკი ფულის ყუთი არავის მოუპარავს, თქვენი დაცვა იოლია.      მან ერთბაშად ცრემლი გადმოაფრქვია. - დიახ, მე უდანაშაულო ვარ, - შეჰყვირა პროსპერმა, - არ მომიკლავს. ახლა სიზმარიც გამახსენდა. ჩემს კოლეჟელ ამხანაგებთან დაჭერობანას ვთამაშობდი. აბა, როგორ მოვჭრიდი კაცს თავს, თუკი სიზმარში ვხედავდი, რომ დაჭერობანას ვთამაშობდი.      ხანდახან იმედის შუქი ცოტაოდენ სიმშვიდეს უბრუნებდა და სულ მალე კვლავ სინდისის ქენჯნა ეუფლებოდა. დიაღაც, აღმართა ხელი მეფაბრიკის თავის მოსაკვეთად. საკუთარ თავს ბრალსა სდებდა და გული, სპეტაკი გული, ვეღარ ეპოვნა, რამეთუ გონებით მაინც ჩაიდინა ბოროტმოქმედება. - მერედა, რა კეთილი გული მაქვს! - გმინავდა იგი, - ოჰ, ჩემო საცოდავო დედავ! ვინ იცის, იქნებ ახლა თავის პაწია ხალიჩებიან სასტუმრო ოთახში მეზობლებთან იმპერიალს მხიარულად თამაშობს. ყურიც რომ მოჰკრას, მე მარტოოდენ ხელი აღვმართე კაცის მოსაკლავად... ოჰ, მაშინვე სულს განუტევებს! მე კი ციხეში ვზივარ და მკვლელობა მედება ბრალად. და თუ მეფაბრიკე არ მომიკლავს, დედაჩემს უეჭველად მოვკლავ.      ამ სიტყვებზე იგი აღარ ატირებულა, მაგრამ პიკარდიელებისათვის დამახასიათებელი ხანმოკლე და მძაფრი მრისხანებით შეპყრობილი კედელთან მიიჭრა და რომ არ შემეჩერებინა, თავს გაიხეთქავდა. - დაუცადეთ სასამართლოს, - ვაშოშმინებდი მას, - გაგამართლებენ. თქვენ ხომ უდანაშაულო ხართ, და დედათქვენი... - დედაჩემი... - წამოიყვირა მან, - დედაჩემს, უპირველეს ყოვლისა, ჩემს ბრალდებას შეატყობინებენ. პატარა ქალაქებში ასე იციან. საბრალო ქალი დარდით მოკვდება. თანაც მე ხომ უდანაშაულო არა ვარ, გსურთ გაიგოთ მთელი სიმართლე? ვგრძნობ, დავკარგე სინდისის სისპეტაკე.      წარმოთქვა ეს საზარელი სიტყვები, მერე ჩამოჯდა, გულხელი დაიკრიფა, თავი დახარა და იატაკს პირქუშად დააშტერდა. ამ დროს მედილეგე შემოვიდა და მთხოვა, საკანში დავბრუნებულიყავი. უსაზღვრო სასოწარკვეთილებით შეპყრობილი ამხანაგის მიტოვებამ გული დამწყვიტა, ძმურად გადავეხვიე და ვუთხარი: - მოითმინეთ, იქნებ ყველაფერი კეთილად დასრულდეს. თუკი პატიოსან ადამიანს შეუძლია დაგიყუჩოთ სინდისის ქენჯნა, გწამდეთ, რომ პატივისცემის გრძნობითა ვარ თქვენს მიმართ გამსჭვალული და მიყვარხართ კიდეც. მეგობრად მიგულეთ და ჰპოვეთ ჩემს გულში სიმშვიდე, თუ საკუთარ გულში ვერ გიპოვნიათ იგი.      მეორე დღეს, ცხრა საათზე, კაპრალი და ოთხი ჯარისკაცი უმცროსი ექიმის წასაყვანად გამოცხადდნენ. ჯარისკაცების ხმაურზე სარკმელთან მივედი. ახალგაზრდა კაცი ეზოში გამოვიდა და ჩემი საკნისკენ გამოიხედა. არასოდეს დამავიწყდება მისი მწუხარებითა და წინათგრძნობით გამსჭვალული, ბედს დამორჩილებული მზერა, მომხიბვლელად სევდიანი და მელანქოლიური. ეს გახლდათ მდუმარე და მრავლისმეტყველი ანდერძი ადამიანისა, თავის დაღუპულ სიცოცხლეს რომ გადასცემს უკანასკნელ მეგობარს. ალბათ, მეტად მძიმე იყო ეს ღამე პროსპერისათვის; ალბათ, მწარედ განიცდიდა მარტოობას. თუმცა ისიც შესაძლებელია, რომ მისი პირისახის სიფერმკრთალე, საკუთარი თავისადმი ახლად აღმოცენებული პატივისცემის გრძნობისგან წარმოშობილი, ჭაბუკის სტოიციზმის დამადასტურებელი იყო. იქნებ განიწმინდა იგი სინდისის ქენჯნით და გადაწყვიტა, ტანჯვითა და თავის შერცხვენით ჩამოერეცხა დანაშაული. მიდიოდა მტკიცე ნაბიჯით. შემთხვევით მოცხობილი სისხლის ლაქები დილითვე მოეშორებინა ხელებიდან. - ხელები, ღამით საბედისწეროდ ამომსვრია სისხლში, რადგანაც ძილში ძალიან ვბორგავ ხოლმე, - განწირული ხმით მითხრა მან წინა დღეს.      გავიგე, სამხედრო ტრიბუნალში მიჰყავდათ იგი. დივიზია მეორე დღეს უნდა დაძრულიყო ადგილიდან და ნახევარბრიგადის მეთაურს არ სურდა, ისე დაეტოვებინა ანდერნახი, რომ არ დაესაჯა დამნაშავე იქ, სადაც დანაშაული ჩაიდინა... სანამ სამხედრო საბჭო მიმდინარეობდა, ჩემს ღელვას საზღვარი არ ჰქონდა.      ნაშუადღევს პროსპერ მანიანი ციხეში დააბრუნეს. სწორედ ამ დროს გამოვყავდით სასეირნოდ. მან თვალი მომკრა, მომიახლოვდა და გულში ჩამეკონა. - დავიღუპე, - მითხრა პროსპერმა, - საბოლოოდ დავიღუპე! აქ ყველა მკვლელად ჩამთვლის.      თავი ამაყად ასწია ზევით. - ამ უსამართლობამ დამიბრუნა ჩემი სრული უდანაშაულობის გრძნობა. მთელი სიცოცხლე ტანჯვაში უნდა გამეტარებინა. სიკვდილი კი უებარი იქნება ჩემთვის. მაგრამ არსებობს კი მომავალი ცხოვრება?      ამ უცაბედად წამოჭრილ კითხვაში მთელი მეთვრამეტე საუკუნე გამომჟღავნდა.      იგი ჩაფიქრდა. - ბოლოს და ბოლოს, რა გკითხეს? - მივმართე მას, - ან რა უპასუხეთ? ხომ არ გადაუშალეთ ყველაფერი ისევე გულუბრყვილოდ, როგორც მე მომიყევით? ერთხანს დამაშტერდა; შემაძრწუნებელი დუმილის შემდეგ ციებცხელებიანივით, სხაპასხუპით მომიგო: - ჯერ შემეკითხნენ, ღამით სასტუმროდან ხომ არ გამოსულხართო? მე ვუპასუხე, დიახ-მეთქი. საიდან გამოხვედითო? გავწითლდი და ვუთხარი, ფანჯრიდან-მეთქი. მაშ, თქვენ ფანჯარა გააღეთო? - დიახ, ვუპასუხე. ძალიან ფრთხილად კი მოქცეულხართ, სასტუმროს პატრონს არაფერი გაუგონიაო. თავზარი დამეცა. მენავეებმა განაცხადეს, რომ დაინახეს, როგორ მივეშურებოდი ხან ანდერნახისკენ, ხან ტყისკენ. ბევრჯერ წავიდ-წამოვიდაო, თქვეს, მიწაში თუ ჩაფლა ოქრო და ბრილიანტებიო. თანაც, ვერც მეფაბრიკის ყუთი უპოვნიათ. ამასთან, მეც სულ საკუთარ სინდისს ვებრძოდი. ხმის ამოღებას დავაპირებდი თუ არა, „შენ დანაშაულის ჩადენა გსურდა“ - ჩამძახოდა ულმობელი ხმა. ყოველივე ჩემს წინააღმდეგ ამხედრდა, თვით მეც კი... ახლა ამხანაგზე ჩამომიგდეს სიტყვა. სრულიად ავუკრძალე მასზე ლაპარაკი. მაშინ მითხრეს: „დამნაშავე უნდა მოიძებნოს თქვენს, თქვენს ამხანაგსა, სასტუმროს პატრონსა და მის ცოლს შორის. ამ დილას ყველა ფანჯარა და კარი დაკეტილი აღმოჩნდა“. ხმა ჩამიწყდა, ძალა წამერთვა, ძლივსღა ვღაფავდი სულს. თანაც მეგობრისა საკუთარ თავზე მეტადა მწამდა და ბრალს ხომ ვერ დავდებდი. მივხვდი, მკვლელობის თანამოზიარეებად გვთვლიდნენ და მე, ჩემს მეგობარზე მოუხერხებლად მივაჩნდი. გადავწყვიტე, სამთვარეო სენით ამეხსნა დანაშაული და მეგობარი გამემართლებინა. რაღაცას ვჩმახავდი. დავიღუპე. მოსამართლეების თვალებში განაჩენი ამოვიკითხე. ისიც კი ვერ შეძლეს, უნდობლობის გამომხატველი ღიმილი არ გამოეჩინათ. ყველაფერი გათავდა. ხვალ დამხვრეტენ. ჩემს თავზე სულაც არ ვნაღვლობ. დედაჩემის ჯავრი მკლავს!      პროსპერი შეჩერდა. თვალი ცისკენ აღაპყრო. ცრემლი არ გადმოსცვივდა. ცრემლი გაშრობოდა და ქუთუთოები ძლიერად უთრთოდა. - ფრედერიკ!.. - ჰო, მართლა, მეორეს ფრედერიკი ერქვა, ფრედერიკი! დიახ, სწორედ ეს იყო მისი სახელი! - გამარჯვებული სახით შეჰყვირა ბატონმა ჰერმანმა.      მეზობელმა ქალმა ფეხი გამკრა და ტაიფერზე მანიშნა.      სურსათის ყოფილ მომწოდებელს, ვითომდაც არაფერიაო, თვალებზე აეფარებინა ხელი; მაგრამ ჩვენ თითქოს შევნიშნეთ, რომ თითებს შორის მისი თვალები პირქუშ ცეცხლს აფრქვევდნენ. - რა იქნება, -ჩამჩურჩულა ქალმა, - მაგას ფრედერიკი რომ ერქვას.      პასუხის ნაცვლად თვალით ვანიშნე: «სიჩუმე!»      ჰერმანმა განაგრძო: - ფრედერიკმა, - წამოიძახა უმცროსმა ექიმმა, - უსინდისოდ მიმატოვა. ალბათ, შეეშინდა. შესაძლებელია, სასტუმროში დაიმალა კიდეც. ჩვენი ცხენები ხომ ეზოში იყვნენ იმ დილას. რა მიუწვდომელი საიდუმლოებაა! - ცოტა ხნის სიჩუმის შემდეგ დასძინა მან, - სამთვარიო, სამთვარიო! ჩემს სიცოცხლეში ერთხელ მომიარა ამ სენმა და ისიც ექვსი წლის რომ ვიყავი, მაშინ. წავალ აქედან, - განაგრძო მან და მიწას დაჰკრა ფეხი, - წავიღებ კი თან ყველაფერს იმას, რასაც მეგობრობა მოგვიძღვნის ამქვეყნად? მეორედ მოვკვდები, თუ საეჭვოდ გამიხდება ძმობა, რაც ხუთი წლის ასაკიდან დაიწყო, გაგრძელდა კოლეჟში, ინსტიტუტში. სად არის ფრედერიკი?..      პროსპერი ატირდა. როგორც ხედავთ, ადამიანისთვის გრძნობა სიცოცხლეზე მეტად ძვირფასია. - წამო, - შევიდეთ საკანში, - მომმართა მან, - იქ მირჩევნია ყოფნა. არ მინდა ვინმემ დაინახოს, რომ ვტირი. სიკვდილს ვაჟკაცურად შევხვდები, მაგრამ უდროო დროს გმირობა არ ძალმიძს და თანაც, უნდა გამოგიტყდეთ, ჩემი სიჭაბუკე და ლამაზი სიცოცხლე მენანება. წუხელ თვალი არ მომიხუჭავს. ბავშვობის სურათები მელანდებოდა. დავინახე, როგორ დავრბოდი იმ ველებზე, რომელთა მოგონებებმაც, იქნებ, დამღუპა კიდეც. მომავალი მქონდა წინ გაშლილი, - შეწყვიტა მან თავისი მოგონებები, - ახლა კი... თორმეტი ჯარისკაცი... უმცროსი ლეიტენანტი ბრძანებს: თოფი მხარზე, დაუმიზნეთ, ცეცხლი! დოლები ახარხარდება და სამარცხვინო დასასრული!.. ესეც ჩემი მომავალი, ახლა! ოჰ! ალბათ, არსებობს ღმერთი, თორემ უამისოდ ხომ ყოველივე ეს უდიდესი სისულელე იქნებოდა.      იგი გადამეხვია და ღონივრად ჩამეხუტა. - ოჰ, თქვენ უკანასკნელი ადამიანი ხართ, ვისაც შემიძლია გადავუშალო გული. თქვენ გაგათავისუფლებენ! ნახავთ თქვენს დედას! არ ვიცი ღარიბი ხართ თუ მდიდარი, მაგრამ ეგ სულერთია. თქვენ ახლა ჩემთვის მთელი ქვეყანა ხართ. სულ ხომ ომი არ იქნება. იცით, რა! როცა მშვიდობა ჩამოვარდება, ბოვეში წადით. თუკი დედაჩემი გადაურჩება ჩემი სიკვდილის საბედისწერო ამბავს, ინახულეთ იგი და უთხარით ეს დამამშვიდებელი სიტყვები: იგი უდანაშაულო იყო! დედა დაგიჯერებთ, - განაგრძო პროსპერმა, - წერილსაც მივწერ, მაგრამ თქვენ ჩემს უკანასკნელ მზერას მიუტანთ. ეტყვით, რომ თქვენ იყავით უკანასკნელი ადამიანი, ვისაც მე გადავეხვიე. ოჰ! როგორ შეგიყვარებთ საცოდავი დედაკაცი თქვენ, ჩემს უკანასკნელ მეგობარს!      მოგონებათა ტვირთით გათანგული ცოტა ხანს გაჩუმდა და მერე განაგრძო: - აქ, მეთაურებიც და ჯარისკაცებიც ჩემთვის უცნობნი არიან. ყველას შიშს ვუნერგავ. თქვენ რომ არ შეგხვედროდით, ჩემი უდანაშაულობა საიდუმლოდ დარჩებოდა ჩემსა და ზეცას შორის.      შევფიცე, რომ უკანასკნელ სურვილს პირნათლად შევუსრულებდი. ჩემმა სიტყვებმა, გულითადმა მოპყრობამ ჭაბუკი მეტად ააღელვა.      მალე ჯარისკაცები მოვიდნენ და პროსპერი კვლავ სამხედრო ტრიბუნალში წაიყვანეს. მას დახვრეტა მიუსაჯეს.      არ ვიცი, ამ განაჩენის გამოტანისას რა ფორმალობას იცავდნენ, არც ის ვიცი, ახალგაზრდა ქირურგმა თავის დასაცავად ყველა კანონი თუ გამოიყენა. მხოლოდ ის იცოდა, მეორე დღეს დასახვრეტად რომ უნდა წაეყვანათ და მთელი ღამე დედასთან წერილის წერაში გაათია. - ორივე გავთავისუფლდით, - მითხრა მან ღიმილით, - გავიგე, გენერალს თქვენი შეწყალებისთვის ხელი მოუწერია.      დადუმებული შევცქეროდი ჭაბუკს, რათა ჩემს მეხსიერებაში მისი სახის ნაკვთები კარგად აღბეჭდილიყო. ერთბაშად სახეზე ზიზღი გამოეხატა და წარმოთქვა: - რა საცოდავი მშიშარა ვიყავი! მთელი ღამე პატიებას ვთხოვდი ამ კედელს, - და მან საკნის კედელზე მიმითითა, - დიახ, დიახ, სასოწარკვეთილებისგან ვღმუოდი, გულისწყრომას გამოვთქვამდი. გადავიტანე უსაშინელესი ზნეობრივი აგონია. მაშინ მარტო ვიყავი! ახლა კი ვფიქრობ, თუ რას იტყვიან სხვები... მხნეობა სამოსია, რაც უნდა გადავიცვა ახლა. საკადრისად უნდა შევხვდე სიკვდილს... ამიტომ...      ორი სამართალი - ოჰ, ნუ დაასრულებთ! - ნიურენბერგელს სიტყვა გააწყვეტინა იმ ყმაწვილმა ქალმა, რომელმაც თავდაპირველად სთხოვა, გვიამბეთ რამეო. - არ მსურს ვიცოდე, რა მოხდა ბოლოს. ჯობს მეგონოს, რომ იგი გადარჩა. ახლა რომ მითხრათ, დახვრიტესო, ამაღამ არ დამეძინება. დანარჩენს ხვალ მეტყვით.      სუფრიდან ავიშალეთ. ჩემს გვერდით მჯდომმა ქალბატონმა ბატონ ჰერმანს მკლავში ხელი გაუყარა და უთხრა: - იგი დახვრიტეს, ხომ? - დიახ, მე დავესწარი კიდეც მის დასჯას. - ნუთუ, ბატონო, - წარმოთქვა ქალმა, - ვერ შესძელით... - თვითონ მოისურვა, ქალბატონო. ვერ წარმოიდგენთ, რა საშინელებაა მიჰყვებოდე ცოცხალი ადამიანის გასვენებას. თანაც იმ ადამიანისა, რომელიც გიყვარს და იცი, რომ უდანაშაულოდ დაიღუპა. საწყალ ბიჭს თვალი არ მოუშორებია ჩემთვის. გეგონებოდათ, მხოლოდ ჩემშიღა ცოცხლობდა. მე მინდაო, მეუბნებოდა, ჩემი უკანასკნელი ამოსუნთქვა დედაჩემს წაუღოთო. - მერე, ინახულეთ დედამისი? - ამიენის ზავის დადების შემდეგ საფრანგეთში ჩავედი, რათა მისთვის მეთქვა ეს მშვენიერი სიტყვები: «იგი უდანაშაულო იყო». რელიგიური სასოებით ვეწვიე იმ წმიდა ადგილს, მაგრამ ქალბატონი მანიანი მწუხარებისგან გარდაცვლილიყო. მისთვის ჩამოტანილი წერილი ღრმა სასოებით დავწვი. თქვენ, ალბათ, გაგეცინებათ ჩემს გერმანულ მგრძნობიარობაზე, მაგრამ მე უდიადესი მწუხარებით მოცულ დრამად მივიჩნევ იმ სამარადისო საიდუმლოებას, რის წიაღშიც ჩაიმარხა ერთი სამარიდან მეორეში გადაგზავნილი გამომშვიდობება და რაც არასოდეს სულიერ ქმნილებათა სმენას არ მისწვდება ისევე, როგორც ყვირილი უდაბნოში გზააბნეული მგზავრისა, ვისაც უეცრად თავს დაესხა ლომი. - ახლა თქვენ ამ დარბაზში რომელიმე სტუმრის წინ რომ დაგაყენონ და გითხრან, აი, მკვლელიო, ხომ არ იქნება ეს მეორე დრამა? - შეკითხვით სიტყვა გავაწყვეტინე ბატონ ჰერმანს, - მაშინ რაღას იტყოდით?      ბატონმა ჰერმანმა ქუდი აიღო და სახლიდან გავიდა. - პატარა ბიჭივით თავქარიანად იქცევით, - მომმართა მეზობელმა ქალმა, - აბა, შეხედეთ ტაიფერს! აგერ იქ! სავარძელში, ბუხრის კუთხესთან მადმუაზელ ფანი ფინჯნით ყავას აწვდის. ტაიფერი იღიმება. ამ ამბის მოსმენა მკვლელს ხომ ნამდვილ წამებას განაცდევინებდა და განა ეგრე მშვიდად იჯდებოდა? შეხედეთ, ხომ ნამდვილი პატრიარქალური გამომეტყველება აქვს? - დიახ, მაგრამ ერთი შეეკითხეთ, გერმანიაში ხომ არ უომნია? - წამოვიყვირე მე. - ვითომ, რატომ არ შევეკითხები?      და იმ გამბედაობით, რაც იშვიათად ღალატობს ქალს, თუკი იგი საქმით დაინტერესდება და მის გონებას ცნობისმოყვარეობა დაეუფლება, ჩემი მეზობელი სურსათის მიმწოდებელს მიუახლოვდა. - თქვენ ოდესმე ყოფილხართ გერმანიაში? - შეეკითხა იგი ტაიფერს.      ტაიფერს, ცოტა გაწყდა, ლამბაქი არ გაუვარდა ხელიდან. - მე, ქალბატონო? არა, არასოდეს... - რას ამბობ, ტაიფერ? - შეაწყვეტინა მას ბანკირმა, - განა ვაგრამის კამპანიის დროს შენ არ აწვდიდი ჯარს სურსათს? - ჰო, როგორ არა! - მიუგო ტაიფერმა, - მართლა, მაშინ კი ვიყავი. - სცდებით, ეს კეთილი ბერიკაცია, - მითხრა მეზობელმა ქალმა, როცა ჩემთან დაბრუნდა. - მაშ, კარგი! - წამოვიძახე, - სანამ ეს საღამო დასრულდებოდეს, მე გამოვაძევებ მკვლელს იმ წუმპედან, სადაც იგი ჩამძვრალა.      დღენიადაგ ჩვენს თვალთა წინ ხდება განსაცვიფრებელი სიღრმის მორალური მოვლენები, მაგრამ ისინი, ამავე დროს, იმდენად უბრალონი არიან, რომ ჩვენ ვერ ვამჩნევთ. თუ ერთ სალონში ორი კაცი ერთმანეთს შეხვდება, რომელთაგან ერთს უფლება აქვს ეზიზღებოდეს ან სძულდეს მეორე, რამეთუ გაგებული აქვს საიდუმლოებით მოცული, რაღაც სამარცხვინო ინტიმური და ფარული ქმედება მისი, აპირებს შურიც კი იძიოს ამ ადამიანზე; ეს ორი ადამიანი ერთმანეთს იცნობს და ითვალისწინებს იმ უფსკრულსაც, რაც მათ ამჟამად სთიშავს ან მომავალში გათიშავს. ისინი უნებლიედ უთვალთვალებენ ერთმანეთს, უკვირდებიან მათ გამოხედვასა და მიხვრა-მოხვრაში გამოსჭვივის მათი ფიქრთა გამოუცნობი ემანაცია და, თითქოს, ანდამატით არიან აღჭურვილნიო, ისე ელტვიან ერთურთს. არ ვიცი, რა უფრო ძლიერად იზიდავს: შურისძიება თუ ბოროტმოქმედება, სიძულვილი თუ შეურაცხყოფა. ვითარცა მღვდელი, ზვარაკი რომ ვერ შეუწირავს ბოროტი სულის თანდასწრებით, ასევე შებორკილი არიან ორთავენი, ერთმანეთში დაეჭვებულნი. ვერ გეტყვით რომელი, მაგრამ ერთი თავაზიანია, მეორე პირქუში: ერთი წითლდება ან ფითრდება, მეორე კანკალებს. ხშირად შურისმაძიებელი ისევე მშიშარაა, როგორც თვით მსხვერპლი. ცოტაა ისეთი ადამიანი, ვისაც ჰყოფნის ვაჟკაცობა ბოროტების ჩასადენად, თუნდაც საჭირო იყოს იგი. ბევრი, აყალმაყალისა თუ ტრაგიკული დასასრულის შიშით, დუმს ან მიუტევებს ცოდვებს.      ჩვენი სულისა და გრძნობათა ერთმანეთში შეჭრის შედეგად ჩემსა და სურსათის მიმწოდებელს შორის იდუმალი ბრძოლა გაჩაღდა. მას შემდეგ, რაც პირველად მივმართე ტაიფერს ბატონი ჰერმანის თხრობის დროს, იგი სულ თვალს მარიდებს. შესაძლებელია, ასევე არიდებდა პირს ყველა სტუმარს და ბანკირის ასულს, ცხოვრებაგამოუცდელ ფანის ესაუბრებოდა მხოლოდ. ალბათ, მასაც, როგორც ყველა ბოროტმოქმედს, სურდა სულის სიმშვიდე უმანკო ქმნილების გვერდით ეპოვნა. თუმც შორს ვიჯექი, მაინც ყურს ვუგდებდი და ჩემი გამსჭვალავი მზერა მას თილისმასავით ბოჭავდა. ხანდახან, როცა ეგონა, აღარ მიყურებსო, თვალთვალს მიწყებდა, მაგრამ წამსვე თვალს ვაგებებდი და იგი მაშინვე ქუთუთოებს ძირსა ხრიდა. ამგვარი წამებისაგან დაქანცული წამოდგა და ბანქოს სათამაშოდ ჩაჯდა. მის მოწინააღმდეგეს წილში შევუდექი და, ერთი სული მქონდა, ჩვენ წაგვეგო. სურვილი ამისრულდა. პარტნიორი ადგა. მისი ადგილი დავიჭირე და მკვლელის პირდაპირ აღმოვჩნდი... - ბატონო, - მივმართე მას, როცა იგი ქაღალდს არიგებდა, - იქნებ კეთილი ინებოთ და ანგარიში აურიოთ.      მან სასწრაფოდ გადაიტანა თავისი ჟეტონები მარცხნიდან მარჯვნივ. ჩემი მეზობელი ქალი გვერდით დამიდგა და მე მას მრავალმნიშვნელოვნად გადავხედე. - ბოდიში, თქვენა ბრძანდებით, - შევეკითხე სურსათის მიმწოდებელს, - ბატონი ფრედერიკ ტაიფერი, რომლის ოჯახსაც მე კარგად ვიცნობდი ბოვეში? - დიახ, ბატონო, - მომიგო მან.      ქაღალდები ხელიდან დასცვივდა, გაფითრდა, ხელები თავზე მიიდო, პარტნიორს სთხოვა თამაში გაეგრძელებინა და ადგა. - როგორ ცხელა აქ!.. - შეჰყვირა მან, - მეშინია...      სიტყვა არ დაასრულა. ერთბაშად სახე საშინლად დაემანჭა და მაშინვე ოთახიდან გავიდა. მას გაჰყვა მასპინძელი, აშკარად შეწუხებული ტაიფერის ცუდადმყოფობის გამო.      ჩემმა მეზობელმა ქალმა და მე ერთმანეთს გადავხედეთ. რა შევნიშნე, რომ იცოდეთ - ტაიფერს მწვავე სევდის ჩრდილი მოჰფენოდა სახეზე. თამაში წავაგე და მაგიდას მოვცილდი. ქალმა ფანჯარასთან მიმიყვანა და მითხრა: - განა ლმობიერია თქვენი საქციელი? ხომ არ გსურთ, ყველას გულთამხილველი გახდეთ? დეე, კაცისა ან ღვთის სამართალს დაესაჯა იგი. თუ ერთს დავაღწევთ თავს, მეორეს ხომ ვერსად წაუვალთ. ნუთუ ეგრე მომხიბვლელია მსაჯულთა სასამართლოს თავმჯდომარის პრივილეგია? თქვენ ხომ ლამის ჯალათის როლი იკისრეთ. - განა თქვენ თვითონ არ იზიარებდით და ხელს არ უწყობდით ჩემში აღძრულ ცნობისმოყვარეობას. ახლა კი ზნეობას მიქადაგებთ. - თქვენ მე ჩამაფიქრეთ, - მიპასუხა მან. - მაშ ასე, მშვიდობა არამზადებს, ომი - უბედურთ და გავაღმერთოთ ოქრო... მაგრამ მოდი, ამას თავი დავანებოთ, - დავძინე სიცილით, - გეთაყვა, ერთი შეხედეთ აი, იმ ნორჩ არსებას, ახლა რომ შემოდის სალონში. - მერე, რა იყო? - სამი დღის წინათ ნეაპოლის საელჩოში მეჯლისზე შევხვდი და გაგიჟებით შემიყვარდა. თუ ღმერთი გწამთ, გამაგებინეთ რა ჰქვია, ვერავინ შეძლო... - ეს გახლავთ მადმუაზელ ვიქტორინ ტაიფერ!      თავზარი დამეცა და ძლივსღა გავარჩიე ჩემი მეზობლის ხმა: - სულ ცოტა ხნის წინათ დედინაცვალმა გამოიყვანა მონასტრიდან, სადაც მოგვიანებით დაასრულა სწავლა. კარგა ხნის განმავლობაში, მამა არც სცნობდა მას. ამ ოჯახში პირველად იმყოფება. ძალიან ლამაზიც გახლავთ და ძალიან მდიდარიც.      ქალბატონმა ამ სიტყვებს გესლიანი ღიმილიც დააყოლა.      უცბად გაისმა ძლიერი, მაგრამ შეკავებული ყვირილი. იგი თითქოს მეზობელი სახლიდან მოდიოდა და ბაღამდე ძლივს აღწევდა. - ეს ხომ ბატონი ტაიფერის ხმაა? - შევძახე მე.      მთელი ყურადღება მივაპყარით ამ ხმას და მალე შემაზრზენმა კვნესამ ჩვენს ყურამდე მოაღწია. ბანკირის მეუღლემ სასწრაფოდ ჩვენთან მოირბინა და ფანჯარა მიხურა. - აურზაურს ნუ შევქმნით, - მოგვმართა მან, - ვაითუ, მადმუაზელ ტაიფერმა მამის ყვირილს მოჰკრას ყური და ნერვები აეშალოს.      ბანკირი სალონში შემოვიდა, ვიქტორინი მოძებნა და რაღაც ჩასჩურჩულა. ყმაწვილმა ქალმა შეჰკივლა, კარისკენ გაიქცა და გაუჩინარდა. ამ ამბავმა დიდი არევ-დარევა გამოიწვია. თამაში შეწყდა. ყველა თავის გვერდით მდგომს ეკითხებოდა, რა ხდებაო. ხმაური გაძლიერდა. სტუმრებმა ჯგუფ-ჯგუფად მოიყარეს თავი. - ბატონმა ტაიფერმა, იქნებ... - წამოვიწყე მე. - თავი მოიკლა? - წამოიძახა ჩემმა დამცინავმა მეზობელმა, - დარწმუნებული ვარ, მის გამო შავებს არ ჩაიცვამდით. - მაინც რა დაემართა? - საწყალი კაცი, - მომიგო დიასახლისმა, - რაღაც სენი სჭირს. ვერ იქნა და ვერ დავიხსომე მისი სახელწოდება. მერედა, რამდენჯერ მითხრა ბატონმა ბრუსონმა. აი, ახლაც მოუარა ამ სენმა. - რა ხასიათისაა ეგ ავადმყოფობა? - იკითხა უცბად აქ სტუმრად მყოფმა გამომძიებელმა. - ოჰ, შემაძრწუნებელი სენია, ბატონო, - მოახსენა დიასახლისმა, - ექიმებმა არ იციან მისი წამალი. უდიდეს ტანჯვას კი უნდა აყენებდეს ავადმყოფს. ერთხელ ბატონი ტაიფერი ჩემს მამულში მყავდა სტუმრად. ისეთი შეტევა დაემართა, რომ იძულებული გავხდი მეზობელთან გავქცეულიყავი, ოღონდ კი მისი კივილი არ გამეგონა. საშინლად ყვირის და თავის მოკვლას ლამობს. მისი ქალიშვილი იძულებული ხდება, საწოლზე მიაბას მამა და შეშლილთა პერანგი გადააცვას. ეს კაცი ირწმუნება, თავში რაღაც ცხოველები მისხედან, ტვინს მიღრღნიან, მიწიწკნიან, მიხერხავენ და თითოეულ ნერვს საშინლად მიფლეთენო. თავი ისე სტკიოდა, რომ ერთხანს კანს უწვავდნენ, რათა მისი ყურადღება სხვა ტკივილზე გადაეტანათ, მაგრამ კანის დაწვასაც ვერა გრძნობდა. შემდეგ, ბატონი ბრუსონი აიყვანეს ექიმად და მან კანის ამოწვა აუკრძალა, რადგანაც მიაჩნია, რომ ეს ნერვული დაავადებაა, ნერვების ანთება. საჭიროა კისერზე წურბელები მოჰკიდონ, ხოლო თავზე ოპიუმი დაადონ. მართლაც, ახლა შეტევები იშვიათად უმეორდება, წელიწადში ერთხელ თუ მოუვლის, შემოდგომის მიწურულს. როცა გამობრუნდება, სულ იმას ამბობს, მირჩევნია ტანზე ბორბლები გადამატარონ, ვიდრე ასეთი ტკივილი კვლავ განვიცადოო. - ჰო, მართლაც ძალიან დიდი ტკივილი ჰქონია, - კვერი დაუკრა სალონური ენამოსწრებულობით ცნობილმა ბირჟის მაკლერმა. - რომ იცოდეთ, - განაგრძო დიასახლისმა, - შარშან კინაღამ დაიღუპა. თავის მამულში წასულიყო რაღაც სასწრაფო საქმეზე. როგორც ჩანს, მშველელი არავინ ჰყოლია და მთელი ერთი დღე და ღამე მკვდარივით გაშეშებული წოლილა. ცხელმა აბაზანამ გადაარჩინა. - ეს, რაღაც, ტეტანოსის მსგავსია, არა? - იკითხა ბირჟის მაკლერმა. - რა მოგახსენოთ, - უპასუხა დიასახლისმა, - უკვე ოცდაათი წელია ამ ავადმყოფობით იტანჯება. როგორც თვითონ ამბობს, ჯარში ყოფნისას ნავში ჩავარდნილა და თავში დიდი ხიჭვი შერჭობია. ბრუსონს იმედი აქვს მისი განკურნებისა. ამბობენ, ინგლისელები ამ სენს ციანის კალიუმით არჩენენო, იმგვარად, რომ ეს საწამლავი საფრთხეს არ წარმოადგენსო.      ამ დროს წინანდელზე უფრო გამყინავი ღრიალი გაისმა და ჩვენ შიშისგან გავშეშდით. - ხომ ხედავთ! აი, რას ვისმენდი ყოველ წუთს, - განაგრძო ბანკირის მეუღლემ, - სკამზე რომ ვიჯექი, მაღლა შემახტუნებდა ხოლმე და ნერვებს მიშლიდა. განსაცვიფრებელია პირდაპირ! საცოდავი ტაიფერი ხომ წარმოუდგენელი ტკივილებისგან იტანჯება, მაგრამ სიკვდილის საშიშროება არ ემუქრება. საშინელი წამების დროს, დაუდგება თუ არა ხანმოკლე შესვენების წამი, ჭამს და სვამს ჩვეულებრივად (რა უცნაურია ბუნება!) ვიღაც გერმანელმა ექიმმა უთხრა, ეს ერთგვარი თავის პადაგრააო, რაც თითქმის ემთხვევა კიდეც ბრუსონის მოსაზრებას.      დიასახლისის გარშემო მდგომ სტუმრებს გავშორდი და გავყევი მადმუაზელ ტაიფერს, რომელიც მსახურმა გაიხმო. - ოჰ, ღმერთო ჩემო! ღმერთო ჩემო! ნეტავ რა დანაშაული მიუძღვის მამაჩემს მამა-ზეციერის წინაშე, რომ ასეთი ტანჯვა დაიმსახურა? მერე, რა კეთილი გული აქვს!      ქალი კიბეზე ჩამოვაცილე და ეტლში ასვლა ვუშველე. ეტლში მამამისს მოვკარი თვალი, ორად მოხრილიყო. მადმუაზელ ტაიფერი ცდილობდა, მამის გმინვა ჩაეხშო. პირზე ცხვირსახოცს აფარებდა. საუბედუროდ, ბატონმა ტაიფერმა შემნიშნა: სახე უფრო დაემანჭა, ჰაერში გაიფანტა მისი გააფთრებული კივილი, ერთი მძვინვარედ გადმომხედა და ეტლიც დაიძრა.      ამ საღამომ, ამ სადილმა, მწარე გავლენა მოახდინეს ჩემს ცხოვრებასა და გრძნობებზე. მე შემიყვარდა ტაიფერის ასული. იქნებ სწორედ იმიტომაც, რომ სინდისი და პატიოსნება მიკრძალავდა დავკავშირებოდი მკვლელს, რაც უნდა კარგი მამა და კარგი მეუღლე ყოფილიყო იგი. იდუმალი ბედისწერა მიზიდავდა იმ ოჯახებისკენ, სადაც ვიცოდი, შევხვდებოდი ვიქტორინს. ხშირად საკუთარ თავს პატიოსან სიტყვას ვაძლევდი, მას აღარასოდეს ვნახავ-მეთქი, მაგრამ იმავე საღამოს მის გვერდით აღმოვჩნდებოდი და უსაზღვროდ ბედნიერიც ვიყავი. ჩემი კანონიერი სიყვარული ქიმერიული სინდისის ქენჯნით შეპყრობილი, დანაშაულებრივი ვნების ელფერს ატარებდა. მეზიზღებოდა ჩემი თავი, როცა ვესალმებოდი ტაიფერს, - იგი ხანდახან თავის ასულთან ერთად მხვდებოდა, - და მაინც ვესალმებოდი! თანაც, საუბედუროდ, ვიქტორინი მარტოოდენ ლამაზი გოგონა როდი გახლავთ, იგი განათლებულიცაა, ნიჭიერიც და თავაზიანიც. პედანტობისა და მანჭიობის ნატამალიც კი არ გააჩნია. საუბარში თავდაჭერილობას იჩენს და მის ხასიათს ისეთი მელანქოლიური სინაზე აცისკროვნებს, რომ შეუძლებელია არ დაემორჩილო.      მადმუაზელ ტაიფერს მე ვუყვარვარ, ყოველ შემთხვევაში ნებას მაძლევს, ასე ვიფიქრო. რაღაც განსაკუთრებული ღიმილი უმშვენებს ბაგეს და ამ ღიმილს მარტო მე მიძღვნის. ხმას ჩემთან უფრო მეტად დაიტკბობს ხოლმე. ოჰ! ვუყვარვარ! მაგრამ იგი აღმერთებს მამას; ჩემს წინაშე ხოტბას ასხამს მის გულკეთილობას, თბილ და ნატიფ ხასიათს. ეს ხოტბა კი ხანჯალია, რასაც მადმუაზელ ტაიფერი გულში მიყრის.      ერთ დღეს, ცოტა გაწყდა, თანაზიარი გავხვდი იმ ბოროტმოქმედებისა, რაზედაც ტაიფერის ოჯახის სიმდიდრეა დამყარებული. ვიქტორინის ხელის თხოვნა განვიზრახე და გავიქეცი, ვიმოგზაურე. მოვიარე გერმანია, ანდერნახი. მაინც დავბრუნდი. ვიქტორინს ფერი დაჰკარგოდა, გამხდარიყო! ჯანმრთელი და მხიარული რომ დამხვედროდა, გადავრჩებოდი. გრძნობა უჩვეულო სიძლიერით ამიგიზგიზდა გულში. შემეშინდა, ყოყმანი მანიად არ გადამქცეოდა, ამიტომაც გადავწყვიტე, მომეწვია პატიოსან ადამიანთა სინედრიონი, რათა შუქი მომეფინა ამ მაღალზნეობრივი და ფილოსოფიური საკითხისათვის. მით უმეტეს, რომ ჩემი დაბრუნების შემდეგ საქმე უფრო მეტად გართულდა.      ამგვარად, გუშინწინ, თავი მოვუყარე იმ მეგობრებს, რომელთაც ყველაზე სინდისიერ, თავაზიან და წესიერ კაცებად მივიჩნევ: დავპატიჟე ორი ინგლისელი, ერთი საელჩოს მდივანი და ერთი პურიტანელი. ერთი პოლიტიკურად მომწიფებული პიროვნება, ყოფილი მინისტრი; რამდენიმე ჯერ კიდევ უმანკოების თილისმით მოჯადოებული ახალგაზრდა; ერთი მღვდელი, ერთი მოხუცი. არც ჩემი ყოფილი მეურვე დამვიწყებია - ეს გულუბრყვილო ადამიანი, რომელმაც ისეთი ყოვლად პატიოსანი სამეურვეო ანგარიში წარმომიდგინა, რომ დღესაც ვერ დაუვიწყებიათ სამეურვეო საბჭოში; ერთიც ადვოკატი, ნოტარიუსი და მოსამართლე. ერთი სიტყვით, საზოგადოებრივი აზრისა და პრაქტიკული კეთილგონიერების ყველა განმასახიერებელნი. ჯერ ერთი, გემრიელად ვისადილეთ, ლაპარაკით და ყვირილით გული ვიჯერეთ, შემდეგ, როცა ჩაროზი გაჩნდა სუფრაზე, მათ გულწრფელად გადავუშალე ჩემი თავგადასავალი ისე, რომ სატრფოს ვინაობა არ გამოვამჟღავნე, და კეთილი რჩევა ვთხოვე. - მეგობრებო, გთხოვთ მირჩიოთ რამე, - განვუცხადე ბოლოს, - ნუ აჩქარდებით, ყოველმხრივ აწონ-დაწონეთ ეს საკითხი, თითქოს საქმე რომელიმე კანონის პროექტს ეხებოდეს. ურნასა და ბილიარდის ბურთებს მოგიტანენ და ხმა მიეცით ჩემს ქორწინებას ფარული კენჭისყრის ყველა წესის დაცვით. უმალ ღრმა სიჩუმე გამეფდა. ნოტარიუსმა თავის თავზე აცილება შეიტანა. - საქმეში ხომ ქორწინების კონტრაქტია გარეული, - შენიშნა მან.      ჩემს მეურვეს ღვინო ბლომად ეყლაპა. დადუმებული იჯდა და თავად ესაჭიროებოდა ზრუნვა, რომ შინ დაბრუნებისას რაიმე ხიფათს არ გადაჰყროდა. - გასაგებია, - შევყვირე მე - თუ არ გამოთქვამთ აზრს, ამით უფრო ხაზგასმით მიმითითებთ, როგორ უნდა მოვიქცე.      სტუმრები აიშალნენ.      ერთმა ბინათმფლობელმა, რომელმაც თანხა შესწირა გენერალ ფუას ძეგლის ასაგებად და მისი შვილების დასახმარებლად, წამოიძახა: - ბოროტმოქმედება, მსგავსად სათნოებისა, სხვადასხვა ხასიათისაა! - ყბედი! - იდაყვი გამკრა და ჩამჩურჩულა ყოფილმა მინისტრმა. - მერედა, რა გაბრკოლებთ? - შემეკითხა ერთი დუკა, რომლის სიმდიდრე შედგებოდა ნანტის ედიქტის გაუქმების შემდეგ ურჩი პროტესტანტების კონფისკაციაში მოხვედრილი მამულებისგან.      წამოდგა ადვოკატი. - ჩვენს მიერ განხილული საკითხი იურისპრუდენციაში არავითარ სიძნელეს არ წარმოადგენს! ბატონი დუკა მართალსა ბრძანებს! - შესძახა კანონის დამცველმა, - ხომ არსებობს ხანდაზმულობის ვადა! სად წაგვიყვანდა ყოველგვარ სიმდიდრეთა სათავეების ქექვა? ეს უკვე სინდისის საქმეა. თუ მაინცდამაინც აგიჩემებიათ სამსჯავროს წარუდგეთ ამ საქმით, მიმართეთ ცის სამართალს, მოინანიეთ ცოდვანი თქვენნი.      კანონის ხორცშესხმული კოდექსი გაჩუმდა, დაბრძანდა და ერთი ჭიქა შამპანური შესვა. წამოდგა კაცი, მოწოდებული სახარების ქადაგებისთვის, ტკბილი მოძღვარი. - მეტისმეტად სუსტნი მოგვავლინა ამ ქვეყნად ღმერთმა, - მტკიცედ ბრძანა მან, - თუ თქვენ ეტრფით ბოროტმოქმედის ასულს, შეირთეთ იგი, მაგრამ იკმარეთ დედისეული ქონება მისი, ხოლო მამის სიმდიდრე მიეცით ღატაკთ. - ვაითუ, - ხმა აიმაღლა ერთმა კამათის ულმობელმა მოყვარულმა, რომლის მსგავსთ ხშირად ვხვდებით საზოგადოებაში, - მამა სარფიანად იმიტომ დაქორწინდა, რომ თავად იყო მდიდარი. ამ ადამიანის სულ პაწაწა ბედნიერებაც კი, განა ყოველთვის ბოროტმოქმედების ნაყოფს არ წარმოდგენდა? - თვით ეს კამათი თავისთავად უკვე განაჩენია! არის ზოგი რამ ისეთი, რაზედაც არ მსჯელობენ, - წამოისროლა ჩემმა ყოფილმა მეურვემ, ვისაც ეგონა შეზარხოშებული ადამიანის წარმოთქმული სიტყვით შეკრებილ საზოგადოებას გონებას გაუნათებდა. - დიახ! - კვერი დაუკრა საელჩოს მდივანმა. - დიახ! - შესძახა მღვდელმა.      ამ ორ ადამიანს ერთმანეთის არა გაეგებოდათ რა. წამოდგა დოქტრინერი, რომელსაც არჩევნებში მხოლოდ ორმოცდაათი ხმა დააკლდა ასორმოცდათხუთმეტ ამომრჩეველთა შორის. - ბატონებო, ეს ინტელექტუალური ბუნების ფენომენალური შემთხვევაა, რაც აშკარად სცილდება ჩვენი საზოგადოების ნორმალური მდგომარეობის საზღვრებს, - განაცხადა მან, - ამიტომაც გადაწყვეტილება, რისი მიღებაც ჩვენ გვმართებს, არ უნდა წარმოადგენდეს ჩვენი აზროვნების წინასწარგანზრახულ ფაქტს; იგი უნდა იყოს უცაბედი, ჭკუის სასწავლებელი მოსაზრება; შემეცნების წამიერი აღქმა, რაც თითქმის მიემსგავსება გრძნობათა და გემოვნებათა გასხივოსნებას. დავიწყოთ კენჭისყრა! - ვუყაროთ კენჭი! - შესძახეს სტუმრებმა.      მოვატანინე თითოეულისთვის ორი ბურთი; ერთი თეთრი, მეორე - წითელი. თეთრი - უბიწოების სიმბოლო, ქორწინების აკრძალვის ნიშანი უნდა ყოფილიყო, წითელი კი - მისი დაშვებისა. რაკი უხერხულად მივიჩნიე, კენჭისყრაში მონაწილეობის მიღებაზე უარი განვაცხადე.      ჩვიდმეტი მეგობარი მყავდა სტუმრად. ცხრა აბსოლუტურ უმრავლესობას ქმნიდა. თითოეულს ბურთი უნდა ჩაეგდო წნორისგან მოწნულ ვიწროყელიან კალათში, საიდანაც ბილიარდის მოთამაშენი თამაშის რიგის დასადგენად იღებენ დანომრილ ბურთებს. ყველა ძლიერმა ცნობისმოყვარეობის გრძნობამ შეგვიპყრო, რადგან მეტად უცნაური გახლდათ ამ წმინდა ზნეობრივი საკითხის კენჭისყრით გადაწყვეტა. ხმის დათვლისას აღმოჩნდა ცხრა თეთრი ბურთი! შედეგი არ გამკვირვებია; მაგრამ დავითვალე კი ჩემი კბილა ახალგაზრდები, რომელნიც ჩემს მსაჯულთა შორის იმყოფებოდნენ. ეს კაზუისტები ცხრანი იყვნენ და ყველანი ერთი აზრით გამსჭვალულნი.      «ოჰ! ოჰ! - წარმოვთქვი გულში, საიდუმლო ერთსულოვნებაა, როგორც ჩემი ქორწინების სასარგებლოდ, ისევე მის წინააღმდეგ! როგორ დავაღწიო თავი ამ უხერხულ მდგომარეობას?» - სად ცხოვრობს სასიმამრო? - დაუფიქრებლად იკითხა სხვებზე ნაკლებად თავდაჭერილმა ჩემმა კოლეჟელმა ამხანაგმა. - სიმამრი აღარ არსებობს! - წამოვიძახე მე, - წინათ ჩემი სინდისი ისე აშკარად მესიტყვებოდა, რომ თქვენი განაჩენი არ მჭირდებოდა. და თუ დღეს მისი ხმა მისუსტდა, აი, მიზეზი ჩემი სულმოკლეობისა. ორი თვეა, რაც ეს მაცთური წერილი მივიღე.      საფულედან მოპატიჟების ბარათი ამოვიღე და ვუჩვენე მათ.      ბატონ... მოწყალეო ხელმწიფევ!      გთხოვთ დაესწროთ გასვენებას, წირვასა და დასაფლავებას „ტაიფერისა და კომპანიის“ მეთაურის, სურსათის ყოფილი მიმწოდებლის, სიცოცხლეში საპატიო ლეგიონისა და ოქროს დეზის კავალერის, პარიზის ნაციონალური გვარდიის მეორე ლეგიონის გრენადერთა კაპიტნის, ბატონ ჟან-ფრედერიკ ტაიფერისა, რომელიც გარდაიცვალა მაისის პირველს, თავის სასახლეში ჟუმერის ქუჩაზე. დაკრძალვა მოხდება.. და სხვ.      ...სახელით და სხვა». - როგორ მოვიქცე ახლა? - საკითხს მეტად ფართოდა ვსვამ. რაღა თქმა უნდა, რომ მადმუაზელ ტაიფერის მამულებში სისხლის მორევი დგას, და მამამისის მემკვიდრეობა ნამდვილი «აცელდამაა». ეს მე ვიცი. მაგრამ პროსპერ მანიანს მემკვიდრეები არ დაუტოვებია. ვერც ანდერნახში მოკლული ნემსების მეფაბრიკის ოჯახის პოვნა შევძელი. ვის, ვის გადავცე ქონება? და თუ გადავცემ, მთელი ქონება უნდა გადავცე? მაქვს კი უფლება, შემთხვევით გაგებული საიდუმლოება გავამჟღავნო და უმანკო გოგონას მზითევს მოკვეთილი თავი მივუმატო? მივაღწიო იმას, რომ იგი ცუდ სიზმრებსა ხედავდეს და დავაკარგვინო მშვენიერი ილუზია, მეორეჯერ მოვუკლა მამა სიტყვებით: «ყოველი თქვენი ეკიუ სისხლშია ამოსვრილი!»      ეკლესიის ერთი ხანდაზმული მსახურისგან ვითხოვე «სინდისის საკითხთა ლექსიკონი» და იქ ჩემი ეჭვების განმარტება ვერ ვიპოვნე. პროსპერ მანიანის, ვალენფერისა და ტაიფერის სულის საცხონებლად ავაგო ეკლესია? ჩვენ ხომ XIX საუკუნეში ვცხოვრობთ. ავაშენო თავშესაფარი, თუ დავაწესო ჯილდო სათნოებისთვის? სათნოების ჯილდოს გაიძვერებს მისცემენ. თავშესაფრები კი დღეს, როგორც ვხედავ, ბიწიერების ბუდედ გადაქცეულა! და განა შეიძლება ამ ბოროტმოქმედების იმით გამოსყიდვა, რომ დანაშაულით შეძენილი ქონება პატივმოყვარე მიზნების განხორციელებას მოხმარდეს? მერე, ვალდებული ვარ, ასე მოვიქცე? მე ხომ მიყვარს ეს ქალი და მიყვარს თავდავიწყებით. ჩემი სიყვარული სიცოცხლეა ჩემი! და ფუფუნებას, კოხტაობას, ხელოვნებისგან მიღებული სიამოვნებით სავსე ცხოვრებას მიჩვეულ ყმაწვილ გოგონას, ვისაც უყვარს ბუფონში როსინის მუსიკის ნებივრად მოსმენა, რომ შევთავაზო, ყოველწლიურად ათას ხუთასი ათასი ფრანკი შესწიროს გამოტვინებულ ბებრუცუნებსა და ქეციან მატანტალებს, იგი სიცილით ზურგს შემაქცევს, ხოლო მისი კომპანიონი ქალი კი ბოროტ ხუმარად ჩამთვლის. თუ ტრფობის თავდავიწყებაში ყოფნისას მე მას შევუქებ სადა ცხოვრების სილამაზეს, ჩემს პაწია სახლს ლუარის ნაპირას და შევეხვეწები ჩვენს სიყვარულს პარიზული ცხოვრება მსხვერპლად მოუტანოს, ეს ხომ, უპირველეს ყოვლისა, იქნება კეთილშობილი ტყუილი და თან, ვაითუ, სამწუხარო ექსპერიმენტი გამოდგეს და დამეკარგოს გული ნორჩი ასულისა, ვისაც ძალიან მოსწონს მეჯლისები, გაგიჟებით უყვარს თვალ-მარგალიტი და, ჯერჯერობით, მეც. მას მომტაცებს ტანწერწეტა, მორთულ-მოკაზმული, აბზეკილულვაშებიანი ოფიცერი, რომელიც დაუკრავს პიანინოზე, ხოტბას შეასხამს ბაირონს და კოხტად შესკუპდება ცხენზე. როგორ მოვიქცე? ბატონებო, შემიწყალეთ, მომეცით რჩევა!..      ჯენი დინსის მამის მსგავსმა პურიტანელი გემოვნების მქონე პატიოსანმა კაცმა, რომელიც მე უკვე ვახსენე, და რომელსაც აქამდე ერთი სიტყვაც კი არ წამოსცდენია, მხრები აიჩეჩა და განმიცხადა: - შე სულელო, ნეტავ რა გრჯიდა, რომ ეკითხებოდი, ბოვედან იყო თუ არა? პარიზი, მაისი, 1831 წელი. …
დაამატა Kakha to ლიტერატურა at 5:04pm on თებერვალი 28, 2015
თემა: ამბავი ერთი სიყვარულისა
ასრულებდა, მაგრამ ასრულებდა უხალისოდ, ძალისძალად. არა, მას არ უყვარდა ლიდუვინა და, ალბათ, არც არასდროს შეუყვარდებოდა. ეს გრძნობა უფრო იმ ყმაწვილის გატაცებას ჰგავდა, რომელიც ქალის არსს შეიცნობს თუ არა, პირველივე ქალი, ვინც გზად შემოეყრება და სხივიან თვალებს შეანათებს, უმალ შეუყვარდება, თუნდაც იცოდეს, რომ იგი იმ ბედის გზას გაუმრუდებს, ცაში რომაა გადაწყვეტილი. და აჰა, ერთ დღესაც, ზიარება რომ მიიღო და მერე ალალბედზე გადაშალა სახარება, აკი სწორედ ის სტრიქონები მოხვდა თვალში და ნამდვილად არ მოსჩვენებია, ცხადად ამოიკითხა: "წარვედი ყოველსა სოფელსა და უქადაგეთ სახარებაი ესე ყოველთა დაბადებულთა" (მარკოზი XV.15). ეს იყო მისი ვალი და მოწოდება, სახარება უნდა ექადაგა, მაგრამ ჯერ სასულიერო წოდებაზე უნდა ეზრუნა, ალბათ, ჯობდა მონასტერში ბერად აღკვეცილიყო, ამისთვის იყო დაბადებული, უფლის სიტყვა უნდა მიეტანა ხალხთან და არა იმისთვის, რომ ოჯახის მამა გამხდარიყო, მით უმეტეს, საქმრო.       ლიდუვინას კარ-მიდამო ურსულელთა მონასტერს ემიჯნებოდა, რომელსაც გარს ქვის მაღალი გალავანი ჰქონდა შემოვლებული და შუაში ვიწრო შუკა ჩაუდიოდა. გალავანს კვიპაროსის ფართოდ გაშლილი, მძიმე ტოტები ეფინებოდა და იქ მუდამ ბეღურები ჟივჟივებდნენ. საღამო ჟამს მწვანედ ჩამუქებული კვიპაროსი კიდევ უფრო ჩამუქდებოდა და აგიზგიზებული დასალიერის ფონზე მით უფრო მკვეთრად იხატებოდა; და ამ საღამოს სიმყუდროვეში მონასტრის ზარებიც აგუგუნდებოდა, თითქოს კვერს უკრავდა და კიდეც წააქეზებდა, – "წარვედი ყოველსა სოფელსა და უქადაგეთ სახარებაი ესე ყოველთა დაბადებულთაო".       მათი საუბრებიც ნაძალადევი და უხალისო იყო. რკინის მესერი, საქმროსა და საცოლეს რომ აცალკევებდა, ციხის გისოსებს მოგაგონებდათ და იყვნენ კიდეც ისინი ტყვეები, მაგრამ არა სიყვარულისა თუ ნაზი გრძნობისა, არამედ ერთგულებისა და პატიოსნების ღრმა პატივისცემისა; მაგრამ როცა რიკარდო ლიდუვინას აბანოზისფერ თვალებს შეჰყურებდა, უწინდებურად ვეღარ გრძნობდა, რომ სულით მაღლდებოდა.  – თუ საქმე რამ გაქვს, ჩემი გულისთვის ნუ გაცდები, – უთხრა ერთხელაც ლიდუვინამ.  – საქმეო? რა საქმე უნდა მქონდეს ამაზე უკეთესი, შენ რომ გიყურებ! – მიუგო მან. და ორივე მაშინვე დადუმდა, რამეთუ მიხვდნენ ამ სიტყვების სიცარიელეს. ისინი უმეტესწილად ქალაქის ამბებზე ან რომელიმე შეყვარებულ წყვილზე ლაპარაკობდნენ და ქირქილებდნენ. ზოგჯერ ლიდუვინა უნებურად თავის ოჯახზე თუ დაიჩივლებდა, დამბლადაცემულ, დადუმებულ დედაზე ან შურისაგან ერთიანად ჩამომხმარ დაზე დაიწუწუნებდა; მათ სახლში ხომ მამაკაცი არ ჭაჭანებდა; მამა თითქმის არც ახსოვდა, ძმა კი ბუნდოვანი სიზმარივით აგონდებოდა, თოჯინასავით რომ ეთამაშებოდა და თუ კოცნას დაუპირებდა, დილის სიზმარივით გაქრებოდა.       ყოველ საღამოს, როცა რიკარდო ღობეს მოშორდებოდა და შინისაკენ გაუყვებოდა გზას, ეჩვენებოდა, არა, კი არ ეჩვენებოდა, თითქმის დარწმუნებულიც იყო, რომ მათი სიყვარული ისე მოკვდა, დაბადებაც ვერ მოასწრო; მაგრამ კვლავ ბრუნდებოდა, გეგონებოდათ, რაღაც იდუმალი ძალა ეზიდებაო. მას ხიბლავდა ის მშვიდი და თან ნაღვლიანი გარემო იმ შუკაში, ლამის ჰაერიც რომ გაეჟღინთა; მწვანედ ჩამუქებული კვიპაროსი, მონასტრის მაღალი, დაბზარული კედლები, დაისის მქრქალი შუქი, ბეღურების ჟივჟივი ისე ეხამებოდა ლიდუვინას შავ თვალებსა და შავი თმის ტალღებს, ასე ეგონა, საგანგებოდ მისთვის იყო შექმნილი. როცა დაისის ცეცხლისფერ ანარეკლს გასცქეროდა, მაშინაც საცოლის თმის ტალღებს ჭვრეტდა და თვალდათვალ უყურებდა, როგორ იმსჭვალებოდა იგი ამ ანარეკლისა და ზარების შთამაგონებელი გუგუნით. საბრალო რიკარდო, ამ სასიყვარულო ურთიერთობის ტყვე, ფიქრობდა, ეგებ თავად ლიდუვინაა ის კეთილი მაცნე, ასე რომ მიხმობს და მაგულიანებსო. მაგრამ იმავ წუთს მოეჩვენებოდა, თითქოს ქალიშვილის დალალებში უკანასკნელი სხივი რომ ქრებოდა, შავი მდინარის ტალღები გადაევლებოდა და ზღვისკენ მიაქანებდა დასანთქმელად განწირულს.       აღარაფერი დარჩა საჭოჭმანო, ეს ამბავი უნდა დასრულებულიყო, მაგრამ როგორ? როგორ უნდა ეღალატა ჩვევისთვის? როგორ გაეტეხა სიტყვა? ხალხის თვალში ერთი ქარაფშუტა და უმადური გამოჩენილიყო? რიკარდო იმასაც კარგად ხვდებოდა, რომ ლიდუვინასაც გაუცრუვდა იმედი, ამ სიყვარულმა ისიც დაღალა. და აი, ერთ დღესაც ისინი უსიტყვოდ გამოუტყდნენ ერთმანეთს და ეს მათ თვალებში, მათ საუბარში, უფრო სწორად, მათი თვალების უხმო საუბარში გაცხადდა ანგელუს-ის ლოცვის მერე. მათი საღამოები ხომ ისე ილეოდა, თითქოს გარდაცვლილი გრძნობების სადარაჯოდ ფხიზლობენო.       მაგრამ არა, ისინი არამც და არამც არ დაემსგავსებოდნენ სხვებს, ვისზეც თვითონვე ქირქილებდნენ, ისეთები არასდროს გახდებოდნენ. მაგრამ როგორ უნდა გაემხილათ ეს ერთმანეთისთვის, როგორ უნდა ეღიარებინათ, ყველაფერი დამთავრდაო, მეგობრებივით ხომ არ ჩამოართმევდნენ ერთმანეთს ხელს და ასე გულნატკენები დაშორდებოდნენ. თუმცა, ბოლოს და ბოლოს, შვებით ხომ მაინც ამოისუნთქავდნენ. რიკარდოს მონასტრისაკენ მიუწევდა გული, ლიდუვინა კი ალბათ სხვა მამაკაცს შეხვდებოდა და ეგებ მისი ცხოვრების თანამგზავრიც გამხდარიყო.       რიკარდომ კარგად აწონ-დაწონა ვითარება და გადაწყვეტილებაც მიიღო; მისი განზრახვა თან ვითომ ეშმაკურიც იყო და თან სენტიმენტალურიც; სხვა გზას მაინც ვერ ხედავდა, თორემ ეს ურთიერთობა კიდევ კარგა ხანს გაგრძელდებოდა, ისედაც უკვე ხუთი წელია ერთმანეთს ხვდებოდნენ. მათ ოჯახებს მართალია, არათუ საკმარისი, საკმარისზე მეტი შეძლება ჰქონდათ, რომ ახალგაზრდებს უზრუნველად ეცხოვრათ, მაგრამ არც ლიდუვინას დედას და არც რიკარდოს მამას დიდი მოწადინება არ გამოუჩენიათ, რადგან რიკარდოს ჯერ სწავლა უნდა დაესრულებინა, ხოლო თავად ყმაწვილს სწავლის წყურვილი დიდად არ კლავდა, არც სწავლას უჩანდა ბოლო, არც მოთმინება იყო უსაზღვრო; თან იმაზეც ფიქრობდა, ეგებ ჩვენი სიყვარული გაცოცხლდესო, თან ხანდახან აზრი გაუელვებდა, იქნებ ერთიც ვცადო და შევთავაზო, მოდი, უფროსების დაუკითხავად სახლიდან ჩუმად გავიპაროთო. რა თქმა უნდა, ამაზე ლიდუვინა არ დათანხმდებოდა; აი, მაშინ კი მიეცემოდა საბაბი და პირდაპირ ეტყოდა, ხომ ხედავ, ჩვენი სიყვარული ჭეშმარიტი არ ყოფილა, ნამდვილი ვნება სულ სხვააო; მაგრამ არც ეს აზრი ჰგვრიდა დიდ შვებას; მერე იტყოდა, ბოლოს და ბოლოს, რას მიქვია სირცხვილი, რიდი თუ ცრურწმენა, თუკი თავისუფლებას დავიბრუნებო. მაგრამ ვაითუ, ლიდუვინას თანხმობა ეთქვა... მაშინ... არა, ლიდუვინა სახლიდან დაუკითხავად წასვლას, გაქცევას არ მოისურვებდა და ასე მალულ-ფარულად გაპარვას ვერც გაბედავდა. მაგრამ მაინც რომ დათანხმებულიყო... ასეთი ნაბიჯი ხომ ნამდვილი გამოწვევა იქნებოდა ფარისევლებისა და მოვალეობების მონებისთვის, ცოტა მაინც რომ გამოფხიზლებულიყვნენ! ეგებ მაშინ მათი სიყვარულიც გაცოცხლებულიყო, თუკი ოდესმე მაინც იყო ცოცხალი და თუ აქამდე მათზე ზენაარის მადლი არ გადმოსულიყო, ეგებ ამის შემდეგ მოჰფენოდა ნათელი მათ ასეთ ყოფას. მაგრამ არა, ლიდუვინას ვერასგზით ვერ დაიყოლიებდა.       და აი, ერთ დღესაც რიკარდომ გაბედა და სიტყვა გადაუკრა, დიდი წვალებითა და მიკიბულ-მოკიბულად მიანიშნა გაქცევის თაობაზე, მაგრამ ლიდუვინამ არც კი შეიმჩნია, ვითომ ვერ გაიგო, თუ ვერ მიუხვდა; ნეტავი ამ დროს რაზე ფიქრობდა? ეგებ ესეც საბაბად გამოეყენებინა და თავისუფლება დაებრუნებინა, ანდა სულაც ყველაფერი თავიდან დაეწყოთ და ჭეშმარიტი სიყვარულით ანთებულიყვნენ? 2       ლიდუვინას სახლში ისეთი მოწყენილობა სუფევდა, ასე გეგონებოდათ, სევდის შავი ღრუბელი ჩამოწოლილაო. ეს უზარმაზარი სახლი ერთთავად ბინდბუნდში იყო ჩაფლული, კედლებს ალაგ ობიც კი მოსდებოდა, ყოველი მხრიდან ჯავრის იაზმები მოდიოდა და იქაურობა მთლად გაეჟღინთა. როცა ძველისძველი საწონებიანი საათი დარეკავდა, ისეთი გრძნობა დაეუფლებოდა ადამიანს, თითქოს სიცარიელისა თუ მოგონების სიმძიმისაგან მთელი სახლი კვნესისო. ლიდუვინას დედა დღეში ორჯერ ძლივძლივობით მილასლასდებოდა, დიდის გაჭირვებით მიიტანდა ცოცხალ-მკვდარ სხეულს დაფლეთილ სავარძლამდე; ხანდახან ჩაბნელებულ დერეფანში თავის მეორე ქალიშვილს წააწყდებოდა, მუდამ სახე რომ ჩამოსტიროდა. დები თითქმის არც ელაპარაკებოდნენ ერთმანეთს, დედას კი ისევ ლიდუვინა თუ შეეხმიანებოდა და კიდეც მიეფერებოდა. საბრალო ქალი დაჭრილ ნადირს ჰგავდა, ერთთავად ძილ-ბურანში იყო ჩაფლული, იფიქრებდით, მხოლოდ ამ შავბნელ ბურანსა თუ ავადმყოფურ გარინდებაში ცოცხლობსო.       საბრალო ლიდუვინას დროდადრო ძმაც ახსენდებოდა და ისიც ძალიან ბუნდოვნად, თითქოს მარტო სიზმრად ჰყავდა ნანახიო; თოჯინასავით წარმოუდგებოდა, ცისფერთვალა და ოქროსთმიანი, მუდამ მოცინარ-მოღიმარი, მაშინ პატარა ძმამ ინა შეარქვა, მერე ლიდუვინას ეძახდა, ბოლოს – ლიდუს, გეგონება, დროსა და ძალას ზოგავს და სახელს ამიტომ უმოკლებსო; მაგრამ იმხანად სულ პატარები იყვნენ და არც ის ესმოდა, როგორ გამოეხატა დის სიყვარული. ბავშვობა კი დამთავრდა, გაიცრიცა, გახუნდა, უღიმღამო დღეების რიგმა ლამის სულ წაშალა. მერე კი ერთადერთი რიკარდო იყო, ვინც მის ცხოვრებაში სინათლე შეიტანა, მისმა სიყვარულმა მზის სხივივით მოსჭრა თვალი, მაგრამ ისიც ჩამავალი მზის მბჟუტავი ანარეკლი აღმოჩნდა. სულ თავიდან, როცა რიკარდო მას სიყვარულში გამოუტყდა, – აკი დაუფიქრებლადაც მიენდო, – დაიჯერა, რომ ასეთი ტრფიალის მიღმა ჯერ მხოლოდ ნაღვერდალი ბჟუტავდა, გრძნობის ამგვარ ბინდბუნდში განთიადის შუქს ჯერ ვერ შეეღწია, მაგრამ ცისკარი ალბათ მზის ამობრწყინებას აუწყებდა. ვაი, რომ ძალიან მალე მიხვდა – ნაღვერდლის აბრიალების იმედი არ უნდა ჰქონოდა, ნაღვერდალი ჩაფერფლილიყო, მზის აღმოხდომა კი არა, ჩასვენება ახლოვდებოდა, რასაც ღამე მოჰყვებოდა. ლიდუვინა იმასაც კარგად ხვდებოდა და გრძნობდა, რომ მტკიცე და ძლიერი სიყვარული ერთბაშად აგიზგიზდებოდა, ვითარცა ცისკარი გაშლილ მინდორში, მაგრამ, საუბედუროდ, მათი სიყვარული დაბადებიდანვე აგონიაში იყო. ამ სიყვარულს ზოგჯერ თავისი ცისფერთვალა, ოქროსთმიანი ძმის სიყვარულსაც კი ადარებდა.       და მაინც, როგორ შეხვდა ლიდუვინა რიკარდოს? ისეთი უღიმღამო ცხოვრება ჰქონდა, ისე მარტოდ გრძნობდა თავს! პირველად ურსულელთა მონასტერში ნახა, დილის წირვაზე; მერე დილაობით, წირვის შემდეგ, ტაძრიდან რომ გამოვიდოდნენ, ერთმანეთს შეხედავდნენ. ერთხელ რიკარდომ ნაკურთხი წყალიც შესთავაზა, მერე კრიალოსანი მიუტანა, ლიდუვინას სკამზე რომ დარჩენოდა, სადაც დაჩოქილი ლოცულობდა ხოლმე; ბოლოს კი, დილის წირვა რომ დამთავრდა და რიკარდომ ჩვეულებისამებრ ნაკურთხი წყალი შესთავაზა, თან წერილიც გადასცა, ხელი უკანკალებდა და სახე ყაყაჩოსავით უვარვარებდა.       მეორე დილას ლიდუვინა წირვაზე აღარ წასულა, წერილის პასუხი უნდა მოეფიქრებინა. აჰა, საქმროც გამოუჩნდა! საქმრო, როგორც მისი ორიოდე მეგობარი იტყოდა, რომლებიც იშვიათად თუ მოიკითხავდნენ. მერედა, როგორი საქმრო! მოსწონდა კი? თუმცა რა ჰქონდა დასაწუნი! საქმროს პირობაზე ღვთისმოსავი იყო და თან მეტისმეტად ღვთისმოსავი; შესახედავად – სანდომიანი, კარგი ოჯახიშვილი, ყოფაქცევით – სამაგალითო, ესეც არ იყოს, გულს მაინც ხომ გადააყოლებდა, ამ უჟმურ, უღიმღამო დღეებს ხომ შეიმოკლებდა, თავისი დაღვრემილი, სახეჩამომტირალი დის ყურებასაც გადაურჩებოდა, დედის, საბრალო დაჭრილი ნადირის, დუმილიც არ გაუწვრილებდა გულს. მერედა სიყვარული?! ააჰ, სიყვარული მოვიდოდა, აკი ყოველთვის მოდის ხოლმე, თუკი უხმობ, როცა თვითონ სიყვარული გიყვარს და გჭირდება. მაგრამ გადიოდა დღეები, კვირები, თვეებიც კი და გული მაინც არაფერს უთქვამდა. მაშ, რატომ არ ეთმობოდა ასეთი საქმრო? იმედი ჰქონდა, უიმედო იმედი, თვინიერი და საამო, რომ ერთ მშვენიერ დღესაც უფალი, ყოველი შეჭირვებულის შემწე, მოწყალების თვალით გადმოხედავდა და სიყვარული დაიბადებოდა. მაგრამ სიყვარული არა და არ მოდიოდა, ანდა ეგებ მათ შორის დაფრინავდა კიდეც, თუმცა ისინი ვერ ხედავდნენ.       "გვიყვარს კი ერთმანეთი? ეგებ არც გვიყვარს? მაინც რა არის სიყვარული?" – ეს ფიქრები მოსვენებას არ აძლევდა ლიდუვინას თავისი დადუმებული დედისა და სახემოღრუბლული დის გვერდით და იმედს მაინც არ კარგავდა.       ლიდუვინამ, თავისდა სავალალოდ, მალე იგრძნო, რომ რიკარდომ თავი მოაბეზრა, რომ იგი, უბრალოდ, მიეჩვია მონასტრის კედლებს, კვიპაროსს, ბეღურების ჟივჟივს, დაისის ჭვრეტას, ოღონდ არა მას, მის გვერდით ყოფნას. მისი საქმროს გულსა და გონებაში გამჯდარ ღირსებისა და ერთგულების გრძნობას კი იმედგაცრუება ვერაფერს ავნებდა. არა, ამ ურთიერთობას თავად პირველი არასდროს გაწყვეტდა, თუნდაც დარდისაგან მომკვდარიყო. დაე, ჯერ რიკარდოს გადაედგა ეს ნაბიჯი. ლიდუვინასთვის ერთგულება და პატიოსნება ლამის რელიგიას უტოლდებოდა; იგი არც პირველი და არც უკანასკნელი ქალი იქნებოდა, ვინც ერთგულებას შეეწირებოდა. მისი მეგობარი როსარიოც აკი ასე გათხოვდა, იმ პირველ მამაკაცს გაჰყვა, ვისაც ერთგულება შეჰფიცა, ოღონდ კი იმ ქალებისთვის არ შეედარებინათ, ხელთათმანებივით რომ იცვლიდნენ საქმროებს. სწორედ მამაკაცები არიან ორგულებიც და ფიცის გამტეხნიც, სიყვარულის წუთებში მიცემული სიტყვა რომ ავიწყდებათ. ლიდუვინას გულის სიღრმეში თითქმის სძულდა კიდეც ისინი, სძულდა, მაგრამ მაინც ელოდებოდა თავისი ოცნების მამაკაცს, ქმარს, ვინც ისე წარიტაცებდა, ვითარცა ტალღა ოკეანისა და ერთიანად შთანთქავდა ნეტარების მორევში.       ლიდუვინამ ძალიან კარგად გაიგო რიკარდოს გადაკრული სიტყვები გაქცევის თაობაზე, მაგრამ ისე დაიჭირა თავი, ვითომ ვერ მიუხვდა; სინამდვილეში არათუ მიუხვდა, ნათლადაც დაინახა მისი განზრახვა, საქმროს სულში ამოიკითხა ის, რისი თქმაც სწადდა; და უთხრა თავის თავს: "დაე, ისეთი გამბედაობა გამოიჩინოს, ნამდვილ მამაკაცს რომ შეჰფერის, გარკვევით და გადაჭრით მითხრას, გავიქცეთო და მეც დავთანხმდები; დავთანხმდები და თვითონვე გაებმება ჩემთვის დაგებულ მახეში; მაშინ კი გამოჩნდება, ვის ჰქონია გამბედაობა, ალბათ, უკან დაიხევს, ათასგვარ მიზეზსა და საბაბს შეთხზავს, როცა დაინახავს, თავადვე რომ შეიბორკა ხელ-ფეხი იმ ჯაჭვით, ჩემთვის რომ ამზადებდა თავის დასაღწევად, და მეც, საბრალო გოგონა, ოჯახის ნაბოლარა, მე, უიღბლო ლიდუვინა, დიახ, მე, ვაჩვენებ გამბედაობისა და სიყვარულის მაგალითს. ვერა, ამ გადაწყვეტილებას ვერ მიიღებს!.. მხდალია!.. ცბიერი!.. და თუ დავთანხმდები, თუ მაინც დავთანხმდები!.." – და ამ დამთრგუნველმა ფიქრებმა იმ ზომამდე მიიყვანა, რომ ცახცახი დააწყებინა, ისეთი ცახცახი, დედისეული, ძველისძველი, ხავსმოკიდებული სახლის დარბაზებში გავლისას რომ აიტანდა ხოლმე.       "და თუ მაინც გადაწყვიტა, – კვლავაც მიჰყვებოდა ფიქრებს ლიდუვინა, – მაშინ ჩემი ცხოვრება ერთიანად შეიცვლება, გაიფანტება ბურუსი, გაქრება ნესტით გაჟღენთილი ჩრდილები, ვეღარც ძველი საათის ხრიალს გავიგონებ, ვეღარც დედაჩემის დუმილი დამიმძიმებს გულს და ვეღარც ჩემი დის მოქუფრული სახე. თუკი, ბოლოს და ბოლოს, გადაწყვეტს, რომ გავიქცეთ, თუ ეს უბირი ხალხიც გაიგებს, თურმე ვინ ყოფილა სინამდვილეში ლიდუვინა, ურსულელთა შუკაში რომ ცხოვრობს, მაშინ ეგებ ჩვენი სიყვარულიც გაცოცხლდეს, ის სიყვარული, ლამის მომაკვდავი რომ მოვიდა ჩვენთან. თუკი მაინც გადაწყვეტს, ისევ თავიდან შეგვიყვარდება ერთმანეთი, რამეთუ ეს გამბედაობა შეგვაყვარებს, არა, არა, მაშინ აშკარად გამოჩნდება, თურმე როგორ გვყვარებია ერთმანეთი. დიახ, დიახ, ყველაფრის მიუხედავად, მე იგი მიყვარს, ის ხომ ჩემი ცხოვრების ჩვევაა, ჩემი არსებობის ნაწილი, მე ამის წყალობით ვცოცხლობ".       და მართლაც, მოხდა ის, რაც უნდა მომხდარიყო, მათი ნაფიქრი და ნააზრევი ერთმანეთს დაემთხვა, რამეთუ ეს იყო სიყვარული, ის სიყვარული, რომელიც მათ შთააგონებდა. 3       დიახ, სწორედ ისე მოხდა, როგორც ისინი ფიქრობდნენ. ერთ საღამოს, მზის ჩასვლისას, რიკარდომ მოიკრიბა მთელი გამბედაობა, ზურგით მიეყრდნო ღობეს, გისოსებს ხელი გაუშვა და ეს სიტყვები წარმოთქვა:  – ნენა*, დამიგდე ყური, ჩვენი ურთიერთობა მეტისმეტად გაგრძელდა, მე კი ისიც არ ვიცი, როდის დავასრულებ ამ სწავლა-განათლებას, თუმცა მამაჩემს არაფრის გაგონება არ უნდა, მე არავინ არაფერს მეკითხება, სანამ ლიცენციატი არ გავხდები, მე კი გული ამიცრუვდა და სულ შემძულდა ეს სწავლა, გულწრფელად გეუბნები, – და იგი გაჩუმდა, – ჩვენი ასეთი მდგომარეობა უკვე გაუსაძლისი გახდა, ჩვენი ოცნებებიც თანდათან განელდება...  – შენთვის... – თქვა ლიდუვინამ.  – არა, ორივესთვის, ლიდუ, ორივესთვის. გამოსავალს კი ვერ ვხედავ...  – თუ არ დავშორდებით!..  – არა, არასოდეს, ნენა, არასოდეს! ეს როგორ მოგივიდა აზრად! შენ ხომ...  – არა, მე არა, რიკარდო... ეს შენს ფიქრებში ამოვიკითხე...  – მაშ, ცუდად ამოგიკითხავს, ძალიან ცუდად, თუ შენ...  – მე, რიკარდო, მე? მე სადაც გინდა, როცა გინდა, წამოგყვები!  – ხვდები, რას ამბობ, ნენა?  – დიახ, ვხვდები, ძალიან კარგად ვხვდები, რადგან ბევრი ვიფიქრე, სანამ შენ გეტყოდი!..  – მართალს ამბობ?  – ჰო, მართალს...  – აბა, მე რომ შემომეთავაზებინა...  – რაც გინდა, ის შემომთავაზე!..  – რა გამბედაობაა, ლიდუვინა!..  – გამბედაობაო? შენ მე არ მიცნობ, რიკარდო, არ მიცნობ, თუმცა ამდენი ხანია ერთმანეთს ვხვდებით...  – შეიძლება...  – არა, მართლა არ მიცნობ! მაშინ თქვი, რისი თქმაც გინდოდა, რა იყო ასეთი მნიშვნელოვანი? ისეთს მაინც რას მთავაზობ, რომ ასეთი შემზადება გჭირდება?  – გავიქცეთ!  – რატომაც არა!  – დაფიქრდი, რას ამბობ, ლიდუვინა!  – მე კი არა, შენ დაფიქრდი!  – ჰო, ლიდუვინა, გავიქცეთ, გავიპაროთ!..  – კეთილი, რიკარდო, კარგად მესმის შენი; ორივე, შენც და მეც, ეგებ კიდეც გავიპარებოდით, ჩვენ-ჩვენი სახლიდან გავიქცეოდით, რომ... რომ... ჩვენს სიყვარულს რამე ეშველებოდეს...  – შენც?  – ჰო, რიკარდო, მეც... ოღონდ კი მითხარი...       სიჩუმე ჩამოვარდა. მზე უკვე ემზადებოდა თავის მეწამულ სარეცელზე მოსასვენებლად, კვიპაროსი რაღაც ავის მომასწავებლად აწოწილიყო, მონასტრის ზარები მწუხრისკენ უხმობდა ხალხს. ლიდუვინამ პირჯვარი გადაიწერა და ტუჩები აუთრთოლდა. ჩვეულებისამებრ, რკინის გისოსებს მაგრად ჩასჭიდა ხელები და ღობეს რომ მიაწყდა, მძიმედ შეუქანდა მკერდი. რიკარდომ თვალები დახარა და თავისთვის ჩაიბუტბუტა: "წარვედი ყოველსა სოფელსა და უქადაგეთ სახარებაი ესე ყოველთა დაბადებულთა..."       მერე საუბარს თავი ვეღარ მოაბეს. რიკარდოს კიდეც დაავიწყდა, რისი თქმა უნდოდა, აღარც ლიდუვინას ახსოვდა, თითქოს რაღაც საბედისწერო ხდებოდა მათ თავს. ნაღვლიანად დაემშვიდობნენ ერთმანეთს.       გადიოდა დღეები, მაგრამ რიკარდოს მას მერე გაქცევის თაობაზე სიტყვა აღარ დასცდენია, სანამ ისევ ლიდუვინამ არ დაარღვია დუმილი ერთ საღამოს:  – ჰო, მართლა, რიკარდო, იმ ამბავზე აღარაფერს იტყვი?  – რა ამბავზე, ლიდუვინა?  – იმაზე... უკვე დაგავიწყდა კიდეც?  – ვერ ვხვდები, პირდაპირ თქვი!  – აბა, დაფიქრდი, ეგებ გაიხსენო...  – შენი ვერაფერი გამიგია, ნენა...  – მშვენივრად ხვდები, რასაც ვამბობ...  – მაშინ თქვი, გამახსენე...  – გაქცევაზე რომ ამბობდი...  – აჰ, რაო, მართლა დაიჯერე?  – რას ამბობ, რიკარდო, ნუთუ ჩვენი სიყვარული სახუმაროა?!.  – სიყვარული სხვაა...  – იმის შიში, ხალხი რას იტყვისო, არა?.. ნუთუ, ბოლოს და ბოლოს...  – რაკი ასეა, მაშინ...  – მაშინ რა?  – როცა გინდა!..  – მე? თუ გინდა, ახლავე! ჩემს სახლში მაინც არ მედგომება!..  – აი, თურმე რისთვის!..  – არა, რიკარდო, შენთვის, შენი გულისთვის! – ცოტა დაფიქრდა და მერე დასძინა, – ჩემთვისაც, ჩვენი სიყვარულისთვის... ასე გაგრძელება მართლა აღარ შეიძლება!       ერთმანეთს ღრმად ჩახედეს თვალებში და იმავე დღეს კიდეც შეთანხმდნენ. და ამ შეთანხმებამ, ამ რომანტიკული გაქცევისთვის მზადებამ, – თუმცა კი, ხალხის აზრით, მცდარმა ნაბიჯმა, – მათ საღამოებსა და საუბრებს მეტი ხალისი და სითამამე შესძინა, თითქმის მათ სიყვარულსაც ფრთები შეასხა. ესეც არ იყოს, სხვა შეყვარებულ წყვილებზეც უფრო თავისუფლად ქირქილებდნენ, სიყვარულის იმ დადგენილი კანონების საბრალო მონებზე, რომელთაც არაფერი გაეგებოდათ გაქცევის იდუმალების მაცოცხლებელი ძალისა, თანაზიარობის შთამაგონებელი გრძნობისა.       რიკარდო მიხვდა, რომ დამარცხდა, თავს დამცირებულად გრძნობდა, რომ ქალი მასზე ძლიერი აღმოჩნდა, თუმცა ვერც აღტაცებას მალავდა, სიყვარულის მისაგებლადო, ფიქრობდა.       დაბოლოს, ერთ დილას ლიდუვინამ მოიმიზეზა, მეგობართან მინდა სტუმრად წავიდეო, ტანსაცმელი მოიმზადა და მოახლის თანხლებით სახლიდან გავიდა. რამდენიმე ნაბიჯი გაიარეს თუ არა, იქვე, გზის პირას კარეტა დაინახა და ცოტა რომ გასცდნენ, მოახლე გააჩერა, ერთი წუთი აქ მომიცადე, შინ რაღაც დამრჩა და ახლავე მოვბრუნდებიო, უთხრა, უკან გაბრუნდა, მაშინვე კარეტაში ჩაჯდა და ცხენებიც უმალ გაჭენდნენ. როცა მოახლე ლოდინით დაიღალა, სახლში წავიდა სენიორას ამბის გასაგებად, მაგრამ უთხრეს, არ მოსულაო.       ამასობაში კარეტა სწრაფად მიქროდა მეზობელი სოფლისკენ, სადაც რკინიგზის სადგური იყო. მთელი გზა ისე გაიარეს, არც ერთს ხმა არ ამოუღია, ისხდნენ მდუმარედ, ხელიხელჩაკიდებულები და გასცქეროდნენ მინდვრებს, მერე ჩასხდნენ მატარებელში და გაემგზავრნენ. 4       რკინიგზა მდინარის ნაპირს მიჰყვებოდა. ალაგ მდინარე ნამგალივით ირკალებოდა და ყვითელ წყალს ზღვისკენ მიაქანებდა. ორივე მხარეს ვენახები იყო გაშლილი, შიგადაშიგ ნუშის, ზეთისხილისა და ნაძვის ხეები მოჩანდა, უფრო კი ლიმონისა და ფორთოხლის ბაღები იტაცებდა თვალს. ფერდობებს, ფლატეებსა თუ ქარაფებს რომ გასცდებოდა, მდინარე მერცხლის კუდივით იყოფოდა. აქა-იქ წისქვილები და ისლით გადახურული ქოხმახები იყო ჩარიგებული. ვეება კასრებით დატვირთულ ბარჟას მარჯვედ მიმართავდა კაცი შემაღლებული ფიცარნაგიდან.       რიკარდო და ლიდუვინა ვაგონის ერთ კუთხეში მიყუჟულიყვნენ და მდუმარედ გასცქეროდნენ მდინარის ნაპირზე მწვანეში ჩაფლულ სააგარაკო ვილებს და თან ყურს მიაპყრობდნენ თანამგზავრებს, მათთვის გაუგებარ ენაზე რომ საუბრობდნენ, თუმცა ორიოდე სიტყვის მნიშვნელობასაც ძლივს ხვდებოდნენ. ერთ სადგურზე ლიდუვინამ ფორთოხლის გამყიდველი დაინახა და იფიქრა, გამშრალ პირს გავისველებ და ხელებსაც ცოტა ავამოძრავებო. რიკარდომ ფორთოხალი გაფცქვნა და მიაწოდა, ლიდუვინამ შუაზე გახლიჩა და ნახევარი მას შესთავაზა, მეორე ნახევარს კი ერთი ლებანი ჩამოაცალა, მერე თანამგზავრებს გადახედა და როცა დაინახა, ისინი ისევ ისე იყვნენ გართული საუბარში, მისკენ არც იხედებოდნენ, მეორე ნახევარიც საქმროს მისცა. შემდეგ სადგურზე ისადილეს; ისევ მოწყენილები ისხდნენ; ლიდუვინამ, ჩვეულებრივ წყლის მეტს რომ არაფერს სვამდა, ახლა ერთი ჭიქა ღვინოც დალია და მეორე ფინჯანი ყავაც მოითხოვა. რიკარდო ცდილობდა, სიმშვიდე შეენარჩუნებინა, თუმცა ამაოდ; ნეტავი კი ისევ უკან დაბრუნება შეიძლებოდეს და ამ დღეში არ ჩავცვენილიყავითო; მაგრამ მატარებელს მიანდვეს თავი, უკან მაინც ვეღარ დაბრუნდებოდნენ, რადგან მეორე დღემდე მოუწევდათ ლოდინი, რომელ სადგურზეც უნდა ჩასულიყვნენ.  – მადლობა ღმერთს! – ამოისუნთქა ლიდუვინამ, როცა მატარებელი დათქმულ სადგურზე გაჩერდა.       მაშინვე სასტუმროს მიაშურეს, ოთახი მოითხოვეს და იმ უღიმღამო ოთხ კედელს შორის ჩაიკეტნენ.       მეორე დღეს ადრიანად ადგნენ, ორივე ამ ღამის საბედისწერო, მძიმე სევდას შეეპყრო, თვალებში აშკარა იმედგაცრუების ჩრდილი ჩასდგომოდათ, კოცნაც ვეღარ გაებედათ ერთმანეთისთვის. ისეთი გრძნობა დაეუფლათ, თითქოს სიყვარული რაღაც სხვა, არცთუ წმინდა საქციელს შესწირეს. რიკარდო გულში ერთთავად ამას იმეორებდა: "უქადაგეთ სახარებაი ესე ყოველთა დაბადებულთაო"... ლიდუვინას ფიქრი კი ისევ და ისევ დადუმებულ დედას და სახეჩამომტირალ დას დასტრიალებდა, მაგრამ ყველაზე მეტად მონასტრის კვიპაროსები, ის სევდა ენატრებოდა, საღამო ჟამს რომ შემოაწვებოდა ხოლმე გულს. ნუთუ ეს იყო სიყვარული?       ორივე რაღაც უცხო გარინდებას შეეპყრო. მაინც როგორ დაიჯერეს, რომ ეს რომანტიკული თუ გმირული გადაწყვეტილება მათ იმ მზით გასხივოსნებულ მწვერვალზე აიყვანდა, სადაც თავისუფლად ამოისუნთქავდნენ; ახლა კი სად აღმოჩნდნენ? ქვაღორღიანი, ეკალბარდებმოდებული მთის ძირას, გოლგოთისკენ მიმავალი გზა კი არა, სიმწრით სავალი გზის დასაწყისი იყო ჯერ გაუკვალავ ჯაგნარში. ამ ღამემ დააგვირგვინა ღობესთან გატარებული სევდიანი, მაგრამ უშფოთველი საღამოები. ეს იმ ძნელი ცხოვრების დასაწყისს უფრო ჰგავდა, როგორიც მთაზე ასასვლელი აღმართია, რომლის მწვერვალი ღრუბლებში იკარგება.       ყველაზე მეტად მაინც სირცხვილის გრძნობა ტანჯავდა ორივეს, თუმცა იმას ვერ ხვდებოდნენ, რატომ. არც საუზმემ გაახალისა, ლიდუვინამ საჭმელს პირიც ვერ დააკარა; რიკარდო ოთახიდან დაითხოვა, რომ ტანსაცმელი ჩაეცვა, მერე პირის დაბანას შეუდგა და იმდენჯერ წაისვა საპონი და ისე იხეხა პირისახე, ლამის სისხლი დაიდინა.  – ვერ მორჩი? – შეეხმიანა რიკარდო.  – ვერა, ცოტა კიდევ მოიცადე.       მერე საწოლის გვერდით დაიჩოქა და ლოცვა დაიწყო, ისე ლოცულობდა, როგორც არასდროს, უსიტყვოდ, უხმოდ; თავი განგებას მიანდო და მერე გაუღო კარი საქმროს. განა საქმროს? ნეტავი რა უნდა უწოდოს მას ამიერიდან?       სასტუმროდან ხელიხელჩაკიდებულები გავიდნენ და ალალბედზე გაუყვნენ ქუჩას. ლიდუვინას გამალებით უცემდა გული რიკარდოს მარჯვენა მკლავთან, ის კი მოუსვენრად იწიწკნიდა ულვაშს; შეშინებულები იყურებოდნენ აქეთ-იქით, ნაცნობს არავის გადავეყაროთო, მიდიოდნენ და მუხლები უკანკალებდათ, მაგრამ სასტუმროში დაბრუნებას ისევ ეს ერჩივნათ. არა, არა, ის ცივი ოთახი, ძველი ავეჯი, დაბზარული კედლები, სადაც ვინ იცის, რამდენ უცხოს გაუთენებია ღამე, მართლაც რომ ზიზღის მომგვრელი იყო ორივესთვის. მათ სმენას ერთადერთი უცხო ენაზე საუბარი თუ აამებდა, ლამის ნანასავით ელამუნებოდა. ერთხელ ქალმა ჩაუარა მოთენთილი რხევით და გზა გადაუჭრა ფოსტლების ტყაპუნით თუ სულაც ფეხშიშველმა, თან რაღაცნაირი მთვლემარე ცნობისმოყვარეობით კი შეათვალიერა; მერე იყო და, ფორანი გამოჩნდა, რომელშიც წითელი ხარები იყო შებმული და ამან მშობლიური ქალაქი და მონასტრის ჭიშკართან შეყრილი ხალხი გაახსენა მათ.       ამაოდ ეძებდნენ შვებას უცხო ქალაქში, განა რაიმე შეენაცვლებოდა ოჯახურ კერას? როცა ასე გულდამძიმებულებმა ეკლესიას ჩაუარეს, რიკარდომ მკლავთან იგრძნო, როგორ შეუფანცქალდა გული ლიდუვინას და ისინი ეკლესიაში შევიდნენ.       ლიდუვინამ შუა და საჩვენებელი თითები ნაკურთხ წყალში დაისველა და რიკარდოსაც შესთავაზა. მისი დაბინდული მზერა საქმროს ისეთივე დაბინდულ მზერას შეეფეთა. კარის ახლოს გაჩერდნენ, რიკარდო იქვე, კედელთან სკამზე ჩამოჯდა, რადგან იქ უფრო ბნელოდა, ლიდუვინამ მის გვერდით დაიჩოქა და სახე ხელისგულებს დაანდო. ტაძარში არავინ იყო, გარდა ერთი საცოდავი, თავსაფრიანი ქალისა, რომელიც ჩოქვით უვლიდა ლიტანიას, ეტყობოდა, უჭირდა მოძრაობა, უზარმაზარი მუცელი ერთიანად უთახთახებდა და ხან ერთ ფეხს დაეყრდნობოდა, ხან მეორეს; ხელში კრიალოსანი ეჭირა და ასე ტანჯვა-წვალებით მიდი-მოდიოდა საკურთხევლიდან საკურთხევლამდე. წმინდა სინათლის სვეტი პირამიდასავით აღმართულიყო შუა ეკლესიაში, სიჩუმე საამოდ ერწყმოდა ბინდს. უეცრად რიკარდოს ლიდუვინას დახშული ქვითინი შემოესმა. იგი ტიროდა და ვეღარც მან შეიკავა ცრემლი, საცოლის გვერდით დაიჩოქა და ორივემ ასე დაიტირა დაღუპული ოცნებები.       მერე ქალაქში გავიდნენ, ირგვლივ სიმშვიდე სუფევდა, მაგრამ მათ მაინც უფრო სევდიანი ეჩვენებოდათ.  – ის, რაც ჩვენ ჩავიდინეთ, ლიდუვინა... – გაბედა ხმის ამოღება რიკარდომ, ლიდუვინამ კი განაგრძო:  – ჰო, რიკარდო, შეცდომა იყო...  – საქმე ისაა, რომ ვეღარაფერს გამოვასწორებთ...  – პირიქით, ჩემო კარგო, სწორედ ახლა შეგვიძლია გამოვასწოროთ, ახლა, როცა ყველაფერს ნათელი მოეფინა...  – მართალი ხარ...  – მაგრამ მთავარი და უარესი ჯერ კიდევ წინ გველის...  – რა, ჩემო ნენა?  – ის, რომ ქალაქში ვეღარ დავბრუნდებით. რა პირით ვეჩვენო დედაჩემს ან ჩემს დას? როგორ გამოვჩნდე ქალაქში?  – აკი შენ თვითონ იტყოდი ხოლმე, მითქმა-მოთქმას ყური არ უნდა ათხოვოო...  – ჰო, მაგრამ მითქმა-მოთქმა ერთია. ეს არც დიდად მაწუხებს და არც იმდენი მნიშვნელობა აქვს...  – მაშინ, რა?..  – ის, რომ დაგვცინებენ, რიკარდო!..  – ჰოო, ეს კი მართალია!..       სასტუმროში რომ დაბრუნდნენ, კიდევ ერთხელ იჯერეს გული ტირილით, მერე რიკარდომ მოიმიზეზა, ფული უნდა გადავახურდაოო და ქუჩაში გავიდა, სინამდვილეში უნდოდა, ლიდუვინასთვის დრო და საშუალება მიეცა, რომ თავისიანებისთვის წერილი მიეწერა და თავადაც რამე ეღონა.       მეორე დღესვე შეუდგნენ მზადებას უკან დასაბრუნებლად. ლიდუვინა ჯერ იმ სოფელში უნდა ჩასულიყო, სადაც მამიდამისი, მამის და, ცხოვრობდა, რადგან ეძნელებოდა დადუმებულ დედასა და უჟმურ დასთან შეხვედრა; ხოლო რიკარდო მშობლიური ქალაქის უახლოეს სადგურზე ჩამოვიდოდა, შეღამებისას ჩუმად, ქურდულად გაივლიდა მიყრუებულ ქუჩებს და შეუმჩნევლად შეიპარებოდა მამისეულ სახლში.       უკან დაბრუნებისას კიდევ უფრო მძიმე ნაღველი შემოაწვა ორივეს. ისევ ისე გაჰყურებდნენ იმავე ვენახებს, ზეთისხილისა და ფორთოხლის ბაღებს, იმავე წისქვილებს და ბარჟებს. მშობლიური ქვეყნის საზღვარს რომ მიუახლოვდნენ, ასე ეგონათ, მთებიც კი სიყვარულით ეგებებოდნენ, თუმცა უძღები შვილებივით ბრუნდებოდნენ. მაგრამ ასეთი მაინც რა ცოდვა ჩაიდინეს! მატარებელშიც გაფაციცებული იყურებოდნენ აქეთ-იქით, ნაცნობს არავის გადავეყაროთო. სირცხვილის გრძნობა ხომ ორივეს ტანჯავდა, მაგრამ ამაზე უარესი ის იყო, რომ სასაცილო მდგომარეობაში ჩაიგდეს თავი და იყვნენ კიდეც სასაცილონი, ასეთ ბავშვურ საქციელს თავს ვერც ერთი ვერ აპატიებდა. როცა მატარებელი იმ სოფლის სადგურზე გაჩერდა, სადაც ლიდუვინას მამიდა ცხოვრობდა, ის უკვე მოსულიყო მათ შესახვედრად. ლიდუვინამ სიმწრით მოუჭირა რიკარდოს ხელზე ხელი:  – მომწერე, საყვარელო! – ესღა უთხრა და ჩავიდა.       რიკარდო კიდევ უფრო მოიბუზა და კუთხეში მიიყუჟა, არავინ მიცნოსო.  – მესმის, ჩემო კარგო, კარგად მესმის, მაგრამ მაინც მიჭირს დაჯერება, – უთხრა მამიდამ ლიდუვინას, როცა კარეტაში ჩასხდნენ და კარი მიიხურეს, მერე კი დასძინა, – გულახდილად გეტყვი, შენგან ასეთ სისულელეს არ ველოდი! მამაშენი, ჩემი ძმა, ცოცხალი რომ ყოფილიყო, ასეთი რამ ხომ არ მოხდებოდა... დარწმუნებული ვარ, არ მოხდებოდა, მაგრამ იმათ ხელში... კმარა, პატარავ, კმარა... ლიდუვინა იჯდა ჩუმად და ცას შეჰყურებდა.       რიკარდოს ამასობაში თვალი არ მოუცილებია კარეტისთვის, სანამ გორაკზე მდგარ ეკლესიას არ მიეფარა.       როცა მატარებელი ქალაქს მიუახლოვდა, რიკარდო ადრევე ჩამოვიდა და საღამოს ბინდბუნდში მალულად დაადგა გზას სახლისკენ. მზე უკვე მონასტრის კოშკს მოჰფარებოდა და უღრუბლო ცას აფერადებდა, ზარები მლოცველებს უხმობდა; რიკარდომ ქუდი მოიხადა და სამჯერ წარმოთქვა: "და ნუ შემიყვანებ ჩვენ განსაცდელსა..." და მერე განაგრძო: "არამედ მიხსენ ჩვენ ბოროტისაგან, რამეთუ შენი არს სუფევაი და ძალი და დიდებაი საუკუნეთა მიმართ უკუნისამდე. ამინ" (მათე VI.13) – და მერე დასძინა: "წარვედი ყოველსა სოფელსა და უქადაგეთ სახარებაი ესე ყოველთა".  – ყეყეჩო!       მარტო ეს უთხრა მამამ, როცა დაინახა, შვილი ქურდულად აპირებდა შინ შესვლას. 5       გადიოდა დღეები, რიკარდო და ლიდუვინა ელოდებოდნენ შედეგს, რაც მათ გაქცევას, მათ თავგადასავალს უნდა მოჰყოლოდა; გავიდა თვეებიც. პირველ ხანებში რამდენიმე წერილით მოიკითხეს ერთმანეთი; ამ წერილებში ჩივილიც ისმოდა და საყვედურიც; ლიდუვინას წერილები უფრო გონივრული იყო და დასაჯერებელიც. "ჩემო რიკარდო, ამაოდ ირჯები, თუ გინდა ამიხსნა შენი გრძნობები და განცდები; თავადაც მშვენივრად ვხვდები და შენი მჭევრმეტყველება ვერ მომატყუებს. სიმართლე ის არის, რომ აღარ გიყვარვარ და მგონია, არც არასდროს გყვარებივარ, ყოველ შემთხვევაში ისე, როგორც მე მიყვარდი და ახლაც მიყვარხარ; შენ კი რაღაც გზებს ეძებ, რომ ეგ შენი ვითომ შეუბღალავი ღირსება აღიდგინო და სიყვარული არც გაგონდება. დამიჯერე, მოეშვი მაგ ღირსებაზე ზრუნვას. თავად მე ამ მხრივ ძალიან მშვიდად გახლავარ და არც ვთვალთმაქცობ. თუ შენ ისე არ გიყვარვარ, როგორც მე მიყვარხარ, მთელი ჩემი სულითა და ხორცით, მარტო იმიტომ ნურც იქორწინებ ჩემზე, რაც ჩვენ შორის მოხდა, არ მინდა ასეთი მსხვერპლი გაიღო; მიჰყევი მაგ შენს მოწოდებას, მე კი ჩემს თავს თავად მივხედავ, მაგრამ იცოდე, ვფიცავ, ან შენი გავხდები, ან არავისი. ოღონდ თუ შემხვდა კაცი, სულელი იქნება თუ სულგრძელი, და ჩემზე დაქორწინებას მაინც მოინდომებს იმის მიუხედავად, რაც ჩვენ შორის მოხდა ჩვენი ბავშვური საქციელის გამო, სულერთია, მე არ დავთანხმდები. მოსახდენი მოხდება. კარგად დაფიქრდი, სანამ რამეს მოიმოქმედებ!" რიკარდოს გული ქარიშხალში აბორგებული ტბასავით შფოთავდა. ძილი და მოსვენება სულ დაკარგა; სიცოცხლის ხალისიც კი აღარ ჰქონდა. ისევ მიუბრუნდა მისტიკოსებსა და ასკეტებს, სწავლობდა აპოლომენებსაც; მისი ღვთისმოსაობა ლამის ცრურწმენაშიც გადაიზარდა. ხანდახან აიკვიატებდა, ზარი ექვსჯერ რომ დარეკავს, თუ ამასობაში ორი ქუჩის გადაღმა გზაჯვარედინამდე ვერ მივალ, დავდგები და სულს განვუტევებო. ძალიან წუხდა, ბედს ვერა და ვერ შერიგებოდა; ამდენი ხნის სასიყვარულო ურთიერთობა, ის სასაცილო გაპარვა, სულ ეშმაკის ოინებად, ცდუნებად მიაჩნდა, რათა ცაში გადაწყვეტილი მისი ბედი არ აღსრულებულიყო და ის წინასწარმეტყველება, ანაზდად გადაშლილ სახარებაში რომ ამოიკითხა, არ გაემართლებინა. მაგრამ ლიდუვინა... ნუთუ მათი გზები სამუდამოდ გაიყრებოდა? ნუთუ მათი ბედი ვეღარასოდეს დაუკავშირდებოდა ერთმანეთს? აკი წერილი გვარწმუნებს, "რომელნი იგი ღმერთმან შეაუღლნა, კაცნი ნუ განაშორებენო". (მათე 18.6). მაგრამ ხომ არიან აბ ატენეო დაკავშირებულნი, ისინი, ვისი კეთილდღეობაც სულაც არ არის იმაზე დამოკიდებული, თუ მთელ დუნიაზე არ იქადაგებს სახარებას! ნუთუ არ შეიძლება იქადაგოს და ამავე დროს ლიდუვინასთანაც დარჩეს? განა მცნება იმას გვასწავლის, რომ უარი ვთქვათ და არ ვცადოთ გამოსწორება იმისი, რაც გამოსასწორებელია? მაგრამ, მეორე მხრივ, ქორწინება და უსიყვარულოდ?.. თუმცა ისიც ხომ ნათქვამია, სიყვარული მერე მოდისო; ურთიერთობა, თანაცხოვრება, თანაზიარობა, სიყვარულის სურვილი!.. და მაინც, არა, არა!.. იმ უცხო ქალაქში განცდილიც საკმარისი იყო... და რიკარდოს თვალწინ წარმოუდგა ის მოხუცი ქალი, ჩოქვით რომ უვლიდა გარს ეკლესიას და დიდის გაჭირვებით ზიდავდა უზარმაზარ მუცელს. ნეტავ რა ბედი ეწევა ლიდუვინას? ნუთუ მათი გზები აღარ შეიყრება?! ის გაქცევაც ეშმაკმა მოუწყო, აცდუნა, მაგრამ დროზე მოუსწრო უფალმაც და ორივეს დაანახვა ჭეშმარიტების გზა.       რიკარდოს გულში ჩარჩა მამის სიტყვები, შინ დაბრუნებულს რომ უთხრა: "ყეყეჩო! ასეთი მაინც რა ყეყეჩი ყოფილხარ! მეც ხომ ქვეყნის სასაცილო გამხადე, შენზე რომ აღარაფერი ვთქვათ! თავის დროზე მაინც გაგეფრთხილებინე, თუ ამას აპირებდი! რას იტყვის ხალხი, ტირანი ყოფილა, თუ საკუთარი შვილის ბედნიერებას წინ გადაეღობაო... ყეყეჩი ყოფილხარ და ყეყეჩზე უარესიც! თუ დედამისიც წინააღმდეგი იქნებოდა, რა უჭირდა, სადმე სანატორიუმში რომ წაგეყვანათ სამკურნალოდ; ახლა ხალხის თვალში მეც შერცხვენილი გამოვედი და მისიანებიც!.."       რიკარდოც ამას ფიქრობდა. მართლაც რომ სასაცილო დღეში ჩაიგდო თავი იმ გაპარვის გამო. ამდენმა ფიქრმა კი იმ ზომამდე მიიყვანა, რომ ბოლოს გადაწყვიტა, მშობლიური ქალაქიდან სულ გადავიხვეწებიო და წავიდა კიდეც იმ ქალაქში, სადაც ბიძამისი ცხოვრობდა თავისი ოჯახით. იმ ქალაქს გარს მაღალი გალავანი ჰქონდა შემოვლებული და ადამიანს მართლაც შეეძლო იქ სულით ლამის ზეცამდე ამაღლებულიყო; რიკარდოც კიდევ უფრო მეტი მონდომებით შეუდგა მისტიკოსების კითხვას; საათობით იჯდა ხოლმე იდუმალებით მოცული ტაძრის აბსიდის ძირას და ფიქრობდა; მთლიანად ნებდებოდა ოცნებას, ხან მოციქულად წარმოიდგენდა თავს, ხან ახალი დროის რწმენისა და ქველობის წინამორბედად, ხანაც პავლედ, ხან მეორე წმინდა ავგუსტინედ ან ბერნარდად თუ ვისენტედ, ვითომ წინ მიუძღოდა რწმენასა და ნუგეშმოწყურებულ ხალხს, კაცებისა და ქალების მთელ ჯამაათს, რომელთა შორის იყო ლიდუვინაც; ზოგჯერ ისიც კი ეზმანებოდა, ვითომ საკურთხეველთან იდგა და კითხულობდა ლეგენდებს, ვინმე ღვთივშთაგონებულ კაცს რომ შეეთხზა მის შესახებ და ამ ლეგენდებში ლიდუვინაც მოიხსენიებოდა, მასაც ექნებოდა თავისი ადგილი, საგანგებოდ მისთვის განკუთვნილი. მათი მიწერ-მოწერა კვლავაც გრძელდებოდა, ეგ არის, რიკარდოს წერილები უფრო ქადაგებას მოაგონებდა კაცს, ვიდრე სიყვარულისა და მონანიების აღიარებას.       "მომისმინე, ჩემო რიკარდო, სულ ტყუილად ირჯები, თუ გინდა გულისხმაში ჩამაგდო, – პასუხობდა ლიდუვინა, – მგონია, არც ისე უგუნურად მიგაჩნივარ, სიტყვების ასეთი კორიანტელი მჭირდებოდეს, რომ მიმახვედრო, ამით რისი თქმა გინდა. რამდენჯერ უნდა გაგიმეორო, არასოდეს გადაგეღობები შენი ბედის გზაზე, თუკი ასე გწამს და გჯერა-მეთქი. თავადაც კარგად ვიცი, რა ვქნა და რა გზას დავადგე, მაგრამ იმასაც გეტყვი, ან შენი ვიქნები, ან არავისი!"       რიკარდოს სულს უმწარებდა იმაზე ფიქრი, რომ ლიდუვინასთვის გამოსათხოვარი წერილი უნდა მიეწერა, თან ეგონა და თავსაც აჯერებდა, ასე სინდისსაც დავიმშვიდებ და ჩემსას მაინც მივაღწევო. ერთ დილასაც, წმინდა ზიარების მერე კიდეც დაწერა, მაგრამ ლიდუვინას პასუხი რომ მიიღო, ისეთი სიმხდალე და სულმოკლეობა გამოიჩინა, რომ არც კი წაიკითხა, ისე გადაუძახა ცეცხლში; თუმცა იმავ წუთს ინანა, გამწარებული ცდილობდა გადაერჩინა და წაეკითხა, რას სწერდა, რას ჩიოდა მისი მეუღლე. დიახ, მეუღლე, სწორედ მეუღლე უნდა ეწოდებინა მისთვის, დიახ, მისთვის მსხვერპლად შეწირული მეუღლე, მაგრამ მოსახდენი მაინც მოხდა და უფალი ღმერთიც ვეღარაფერს გააწყობდა; ეგებ ორივესთვის ასე სჯობდა კიდეც, ისინი ხომ სულიერად მაინც შეუღლებული იყვნენ, თუნდაც აღარასოდეს ენახათ ერთმანეთი, აღარაფერი გაეგოთ ერთმანეთზე, აღარასოდეს შეყრილიყო მათი გზები, სულერთია, ლიდუვინა მაინც დარჩებოდა მისთვის ისეთი, როგორიც იყო ბეატრიჩე, შთაგონების წყარო.       რიკარდო თავის ოთახში განმარტოვდა, დაიჩოქა და ცრემლებით დანამა სახარება, მისი ბედის მაცნე. 6       მორჩილი ძმა რიკარდოს ცხოვრების წესმა თვით მონასტრის მოძღვარიც კი შეაშფოთა, იმდენად თავდაუზოგავად მსახურებდა ქადაგების, აღსარებისა თუ განმარტოების დროს, მაგრამ ყველაზე მეტად მისი მეცადინეობა აკვირვებდა ყველას. არა, ეს არ იყო ბუნებრივი, თითქოს ეშმაკეული სასოწარკვეთილება უფრო წააქეზებდა, ვიდრე უფლის ნეტარი რწმენა და მისი ძის, ღმერთკაცისა; იმასაც ამბობდნენ, ასეთი გამწარებით იმიტომ მიილტვის იმ თავისი აკვიატებული მოწოდების აღსასრულებლად, რომ თავადაც არ სჯერაო, ანდა სულაც იმას ცდილობს, ყოვლისშემძლეს რაიმე დასცინცლოსო. წმინდა წერილში კი ნათქვამია, მოთმინებითა შენითა მოიპოვე სული შენიო, მაგრამ ძმა რიკარდოს ასეთ სიშმაგეში სახარებისეული მოთმინების ნიშანწყალიც არ ჩანდა. აღსარებაც მისი მიწიერი სიყვარულის, მისი თავგადასავლის გამო მონანიება იყო. ნათქვამია, თუ ქორწინება ცოდვაზეა აგებული, კეთილი ბოლო არ ექნებაო. იგი ლოცულობდა ლიდუვინასი და საკუთარი ბედისათვის, რამეთუ სჯეროდა, მათი ბედი განუყრელად იყო დაკავშირებული. ის საბედისწერო გაქცევა რომ არა, ეგებ კიდეც დაქორწინებულიყვნენ და მაშინ კი ასცდებოდნენ იმ ხვედრს, ცაში რომ იყო გადაწყვეტილი. მისი ლოცვებიც დაუცხრომელი და ბობოქარი იყო. ღმერთს სულ იმას ევედრებოდა, მიეცა მისთვის სიმშვიდე, შთაგონება და ყველაზე უწინ რწმენა. იგი კითხულობდა წმინდა მამებს, კემპისს, მისტიკოსებს, აპოლოგეტებს და ყველაზე გულმოდგინედ – წმინდა ავგუსტინეს "აღსარებას". ზოგჯერ თავსაც კი წარმოიდგენდა წმინდა ავგუსტინედ, რამეთუ აფრიკელის მსგავსად მანაც განიცადა ხორციელი ვნება და მიწიერი, ადამიანური სიყვარული. მისი მოსაგრე ძმები, სხვა მორჩილები, თან შიშით უყურებდნენ მას და თანაც შურით, იმ ნაღველნარევი შურით, ფარული სენივით რომაა მოდებული მონასტრებში; მათ ეჩვენებოდათ, რომ ძმა რიკარდო მარტო იმას ცდილობდა, გამორჩეული ყოფილიყო და სხვები გულში კიდეც სძულდა; ეს კი მართალი იყო. ნამდვილად დიდი მოთმინება მართებდა რიკარდოს, რომ იმ თავისი მოსაგრე მორჩილთა მიამიტობის, თვითკმაყოფილებისა და ბევრი მათგანის უმეცრებისა და მოუქნელობისათვის გაეძლო; თუმცა მათ შორის უკეთესებსაც თავს არიდებდა, უფრო ალალებსა და უბრალოებს, ისინიც სულელებად მიაჩნდა; რატომღაც ცბიერნი უფრო იზიდავდა; ისიც აწუხებდა, როცა ხედავდა, უმეტესობამ ისიც კი არ იცოდა, რისთვის მივიდნენ მონასტერში; ზოგი თურმე მშობლებმა მიიყვანეს ჯერ ისევ ბავშვები, ოღონდ კი მათ ბედ-იღბალზე ზრუნვა თავიდან აეცილებინათ, ზოგმაც თავდაპირველად დარაჯად თუ მსახურად დაიწყო მუშაობა, სხვები სიყმაწვილის გატაცებებს ანდა პოეტურ ხილვებს ეცდუნებინა. თითქმის არავინ არაფერი იცოდა იმ სამყაროსი, რომელზეც ისე ლაპარაკობდნენ, როგორც რაიმე შორეულსა და იდუმალზე. რიკარდოს თანაგრძნობით ეღიმებოდა ხოლმე, მათ გულუბრყვილო მსჯელობას რომ უსმენდა ხორციელ ცდუნებასა და ცოდვის სიტკბოებაზე, ეშმაკეულ ცდუნებად მიაჩნდათ ის, რაც რიკარდომ კარგად იცოდა, რა სისულელე იყო; მათ კი არაფერი გაეგებოდათ ამქვეყნიური სიყვარულის ამაოებისა.       რაკი მორჩილებს შორისაც გავრცელდა ხმა ძმა რიკარდოს საიდუმლო თავგადასავლის შესახებ, რაც მონასტერში მისი მოსვლის მიზეზი გამხდარიყო, ხანდახან სიტყვასაც გადაუკრავდნენ ხოლმე, მაგრამ როცა ის ქედმაღლური ღიმილით მიახვედრებდა, ვითომ ეშმაკეულის, ამქვეყნიურისა თუ ხორციელის ასე გაზვიადება არც ღირსო, ისინი პასუხობდნენ: – ცხადია, თქვენ უკეთ მოგეხსენებათ, ჩვენთან შედარებით აკი მეტი გამოცდილება გაქვთო... ეს კიდეც აამებდა მის პატივმოყვარეობას, მაგრამ თუ პირდაპირ მიანიშნებდნენ მისი სიყვარულისა და ლიდუვინასთან ერთად მისი გაქცევის თაობაზე, ეს უკვე აბრაზებდა და ფიქრობდა, ვერც მონასტრის მაღალი გალავანი, ვერც თანამოსაგრეთა მიამიტობა ვერ უშველიდა, რომ მისი სასაცილო მდგომარეობა სალაპარაკო და საქილიკო არ გამხდარიყო აქაც და მშობლიურ ქალაქშიც.       მორჩილთა მოძღვარმაც ვერა და ვერ ირწმუნა ძმა რიკარდოს ესოდენი გულმოდგინება. მამა პრიორთან საუბრისას ესეც კი თქვა:  – მამაო, თუ დამიჯერებთ, ვერაფერი გამიგია ამ ჩვენი ძმა რიკარდოსი. აქ საკმაოდ ჩამოყალიბებული მოვიდა და საკმაოდ თავისებური ჩვევებიც მოჰყვა; თითქოს სულ რაღაცას ჩქმალავს. ცხადია, სრულიად განსხვავდება იმათგან, ვინც სულითა და ხორცითაა გადაგებული თავის მოვალეობაზე; ის კი მარტო საკუთარი თავის წარმოჩენაზე ზრუნავს, ამასთან, დარწმუნებულია, რომ სხვებთან შედარებით დიდი უპირატესობა აქვს და თავისი თანამოსაგრეები სძულს კიდეც. თითქოს უკეთურება უფრო იზიდავს, ვიდრე მადლიანი უბრალოება; ერთხელ ჩემთანაც კი აღიარა, სულელი ბოროტზე უარესიაო. რჩეული წმინდანები, რა მკაცრებიც უნდა იყვნენ, მასში უფრო მეტ აღფრთოვანებას იწვევენ, თუმცა ვეჭვობ, მათ მიბაძვას ცდილობდეს, თანაც, ჩემი აზრით, ეს ლიტერატურიდან მოჰყვება. მგონი, ნეტარი ენრიკე სუსონი მისი ყველაზე დიდი გატაცება უნდა იყოს, თუმცა ალბათ ეს მჭევრმეტყველებაში გაწაფვისთვის უფრო სჭირდება.  – მჭევრმეტყველებაში გაწაფვისთვის და ისიც სუსონი?.. – შესძახა მამა პრიორმა, რომელიც მთელ იმ მხარეში დიდი მჭევრმეტყველის სახელით იყო ცნობილი. – დიახ, ჩვენს ძმას რიკარდოსაც სწორედ მჭევრმეტყველად მოაქვს თავი და თავისი ნიჭის გამოვლენის საუკეთესო საშუალებაც მჭევრმეტყველება ჰგონია; თანაც ვფიქრობ, სავონაროლას, მონსაბრესა და ლაკორდერის დროებაზე ოცნებობს. ვინ იცის, ეგებ მეტზეც!.. მერე კიდევ, მისი ვითომ სახარებისეული გამოცხადებაც არ უნდა დაგვავიწყდეს, აკი აქედან დაიწყო მისი აკვიატებაც – "წარვედი ყოველსა სოფელსაო"... თუმცა სახარება იმდენად არ შთააგონებს, რამდენადაც ქადაგება...  – მამა პედრო! მამა პედრო! – შესძახა მამა პრიორმა საყვედურით.  – ეეჰ, მამა ლუის, ხომ არ გავიწყდებათ, რომ ამისთანა რამეებში საკმაოდ გამობრძმედილი გახლავარ!.. რამდენ მორჩილს გაუვლია ჩემს ხელში... ესეც არ იყოს, ამგვარი ფსიქოლოგიური დაკვირვებები ყოველთვის მიტაცებდა და მეტისმეტადაც მიტაცებდა...  – ჰმ!.. ჰმ!.. მეც რაღაც-რაღაცებს კი ვხვდებოდი...  – ჰო, გასაგებია, მამა პრიორ, მაგრამ ასეთი რაღაც-რაღაცები მეც კარგად მომეხსენება, ეს მოწოდებებია თუ ზეშთაგონება... ხოლო რაც შეეხება ამ ყმაწვილს, ღმერთმა ინებოს, ვცდებოდე, მაგრამ უფრო წინასწარმეტყველებაზე მიგვანიშნებს, ვიდრე ზეშთაგონებაზე, ანდა შეიძლება სულაც უფრო მეტზეც...  – რაო, რაო? მამა მოძღვარო, ეს რაღას ნიშნავს, რისი თქმა გინდათ?  – ვთქვათ თუნდაც... ეპისკოპოსობაზე...  – ასე გგონია?  – რატომაც არა! ეს ყმაწვილი სულის სიღრმეში დიდი თავკერძაც უნდა იყოს... თუნდაც ის, რაც ჩაიდინა... ერთი სიტყვით, ის საბრალო გოგონა რომ შეაცდინა, განა ეს თავკერძობა არ იყო? მერე კი აქ რომ გამოგვეცხადა, ვითომ იმედგაცრუებული თუ მეოცნებე, ან სულაც თავის მოწონების მიზნით... ვინ იცის, კიდევ რა უდევს გულში...  – თავის მოწონება და ისიც ბერის ანაფორით? – შესძახა მამა პრიორმა და ისე გულიანად გაიცინა, რომ მთელი თავისი ლამაზი კბილები გამოაჩინა, – თავის მოწონება და ისიც ბერის ანაფორით? დიდება შენდა უფალო, რას არ იტყვით, მამა პედრო!  – დიახ, თავის მოწონება ბერის ანაფორით, ვთქვი და არც გადავთქვამ; არც თქვენ, მამა ლუის, და არც მე აკი ამით არ ვიწონებთ თავს, მაგრამ ახლანდელ დროში და მით უმეტეს, ჩვენი მორჩილი ძმა რიკარდოსთანა კაცისთვის ბერის ანაფორა ეგებ ერთგვარი გამოწვევაც კი იყოს საზოგადოებისთვის, ამისთანა ვითომ რომანტიკული და გამორჩეული კაცის მხრიდან. ესეც არ იყოს, პატივმოყვარეობა...  – პატივმოყვარეობა?  – დიახ, პატივმოყვარეობა, პირობები, მდგომარეობა, პატივი და სახელი, – მონასტრით უფრო ადვილი მოსაპოვებელია, ვიდრე სხვა გზებით... დარწმუნებული ვარ, ეს ყმაწვილი ძალიან შორს იყურება... ამაზე ნუღარ ვილაპარაკებთ... თუმცა არც ის უნდა დაგვავიწყდეს, რომ იგი არც პირველია და არც უკანასკნელი, იმედგაცრუებასა და რელიგიურობას რომაა ამოფარებული და სინამდვილეში თეატრალობისკენაა მიდრეკილი; ამას არ უარვყოფ, ან როგორ უნდა უარვყო ის, რამაც იგი აქ, მონასტერში მოიყვანა. თქვენ თუ გახსოვთ, მამაო, ძმა როდრიგო კარმელიტი, არისტოკრატთა სალონებში რომ გაითქვა სახელი თავისი მსახიობური ნიჭით, მაგრამ სცენაზე კი არ დარჩა, ბოლოს მაინც მონასტერს მიაშურა...  – როგორ არა, ახლა მონასტერიც დაუტოვებია და გავიგე, ახალი რელიგიის შექმნას აპირებსო.  – ყოველთვის კომიკოსი იყო! ამ ჩვენს ძმა რიკარდოშიც ხომ კომიკოსი ზის, ოღონდ ეგ არის, იმედი აქვს, რომ მთავარ როლს ითამაშებს და ეგებ მიტრასაც გამოჰკრას ხელი, ან კიდევ, ვინ იცის... მისი ოცნებები შეიძლება კიდევ უფრო შორს მიდის...  – რაო, რაო? თქვით ბარემ, მამაო, თქვით!  – არა, არაფერი, არაფერი! მგონი, ეს უკვე ჭორაობა გამოდის...  – მე უკვე კარგა ხანია ასეც მეჩვენება!  – მაგრამ, ბოლოს და ბოლოს, მამა პრიორო, ვფიქრობ, ჩემი ვალი იყო ეს ცნობები თქვენთვის მომეწოდებინა. თვითონ ყმაწვილი დარწმუნებულია, რომ ჩვენი სამოსელი ძალიან დამშვენდება, ის კი არა, იმასაც ვეჭვობ, თავი ლამაზი და მოხდენილიც ჰგონია და ოცნებებით უკვე წარმოიდგენს თავს, საკურთხეველთან თეთრ სამოსელში გამოწყობილი რარიგად გაბრწყინდება.  – მაინც რა ვერაგი ვინმე ბრძანდებით, მამა პედრო!..       "ბებერი მელა, მამა პედრო, ბებერი მელა... – რომელიც ვერასოდეს ეღირსება ეპისკოპოსობას!" – გაიფიქრა მამა პრიორმა, თავადაც რომ დაემშვიდობა ამაზე ოცნებას. 7       საბრალო ლიდუვინას მამა პრიორისა და მორჩილთა მოძღვრის საუბარი რომ მოესმინა!.. თუმცა რა იმედი უნდა ჰქონოდა ლიდუვინას რიკარდოსი მას შემდეგ, რაც თავადაც მონასტერს შეაფარა თავი და ცრემლდაშრეტილმა და გულდაცარიელებულმა თავადაც მონასტერში დაასამარა თავისი ყმაწვილქალობა. თავდაპირველად იმ მონასტერში უნდოდა შესვლა, სადაც მოწაფეებს შემპარავად, მაგრამ მაინც შთააგონებდნენ მამაკაცებისადმი ზიზღსა და სიძულვილს, რასაც უკვე გრძნობდა კიდეც იმ მართლაცდა მშიშარა და თავკერძა მამაკაცების მიმართ; მაშინ რატომ უნდა გადაეხსნა გული მათ წინაშე და გაშიშვლებულიყო, რატომ გაემწვავებინა ტკივილი შურისძიების გამო? არა, ისევ იმ ორდენში ერჩივნა შესვლა, სადაც მჭევრმეტყველებას, განდგომილებას, დუმილს, მონანიებასა და ლოცვებს ჰქონდა უპირატესობა, ასე უფრო იგრძნობდა შვებას. გარე სამყაროს ექო მაინც აღწევდა იქამდე და სიყვარული გაუადვილებდა სიკვდილის მოლოდინს.       და ასე გაემგზავრა ლიდუვინაც შორეულ, მიყრუებულ ქალაქ ტოლვიედრაში, მთაგორიან მხარეში და იქ ბენედიქტელთა ძველთაძველ მონასტერში, ოთხ კედელს შორის გამოიმწყვდია თავი. ბაღში კვიპაროსიც იდგა, მისი მშობლიური ქალაქის ურსულელთა მონასტრის კვიპაროსის ნამდვილი ასლი, მისი ყმაწვილქალობის მოგონება და როცა ამ ქუფრი ხის ქვეშ იჯდა ხოლმე და გაჰყურებდა ცეცხლისფრად ჩამავალ მზეს, ახსენდებოდა ადრინდელი საღამოები, უცნაურ შვებას ჰგვრიდა ეს სევდიანი ბაღი, სადაც ბოსტნეული მოჰყავდათ, აქა-იქ კი ჩამომჭკნარი ყვავილებიც მოჩანდა, რომელთაც მხოლოდ ის რწყავდა. ეს სევდიანი ბაღი, ბუნების ეს პატარა ნაგლეჯი, მასავით ამ მაღალ კედლებს შორის გამომწყვდეული, ასევე მონასტრის ტყვე იყო, აქედან სხვა სამყარო არ ჩანდა, ეგ არის, ცას ეს ღობე და კედლები ვერ მალავდა. ცის ლაჟვარდზე სწრაფად დაცურავდნენ ღრუბლის ქულები და ჩრდილს უწყალობებდნენ, ხანდახან მტრედიც გადაიფრენდა თეთრი ფრთების ტყლაშუნით, როცა თავისი თბილი ბუდისკენ მიეშურებოდა. როცა წვიმა თავის მსუბუქ, შავ მანტიას გადააფარებდა აქაურობას, მონასტერიც და მის მიღმა მიწაც ერთნაირად სველდებოდა. ღამღამობით ლიდუვინა თავის შავ თვალებს მიაპყრობდა ვარსკვლავებსა და ნახევარმთვარეს, პატარა გემივით რომ მიცურავდა ღრუბლებს შორის; დღისით კედლებს გადაღმა ხალხი მიდი-მოდიოდა და მათი ხმა შიგნითაც აღწევდა, ზოგჯერ გიტარის ხმასაც გაიგონებდა; მერე ამ სხვა სამყაროს ექოს მოჰყვებოდა მოგონებები, თვალწინ წარმოუდგებოდა ის მოხუცი ქალიც, ჩოქვით რომ უვლიდა ლიტანიას, კრიალოსანი რომ ჩაებღუჯა და ძლივძლივობით ეზიდებოდა უზარმაზარ მუცელს; ახსენდებოდა კიდევ ის განმარტოებული ცრემლების ტაძარი, საბედისწერო მგზავრობა მატარებლით, მდინარე, ავდრისაგან ამღვრეულ წყალს რომ მიაქანებდა ნაძვების, ზეთისხილისა და ფორთოხლის ხეებს შორის. ის ქალაქი ცოდვის ქალაქად ესახებოდა. ცოდვის? იყო კი ის ნამდვილად ცოდვა? ნუთუ ისაა ცოდვა, ასე მიმზიდველ ფერებში რომ ხატავენ ხოლმე?!. თუმცა ცოდვა ხომ იგივეა, რაც ცნობისმოყვარეობა და მეტი არც არაფერი. აკი სწორედ ცნობისმოყვარეობამ, ცოდნის წყურვილმა უბიძგა ევასაც, როცა შესცოდა, ცნობისმოყვარეობის გამოა, რომ სცოდავენ მისი შვილებიც. ეგებ უკეთესის მომასწავებელიც იყოს, რიკარდომ რომ მიატოვა... ან უარესისაც... ამაზე ფიქრიც აღარ უნდოდა. კაცი ხომ თავკერძობის განსახიერებაა... მწარედ ახსენდებოდა თავისი დის უცნაური ღიმილი მონასტრის ჭიშკართან, დამშვიდობებისას რომ გადაურბინა სახეზე და უთხრა: "ეგებ აქ მაინც პოვო ბედნიერებაო". მაინც რა უკეთურია ეს სამყარო.       მაგრამ აქაც, მონასტერშიც რომ იგივე დახვდა!.. თუმცა ესეც ხომ ამ სამყაროს ერთი პატარა ნაწილია; აქ დამკვიდრებული უსაქმურობა, ოჯახური ჩვევებისაგან მოწყვეტა, ერთფეროვანი ცხოვრება აკი უფრო ამწვავებს გრძნობებს; მონაზვნური ცხოვრების ეს ნაღველნარევი სიმშვიდე კიდევ უფრო აღვივებს ვნებებს, უნდობლობას და შურს თესავს თანამოსაგრეთა შორის.       წელიწადში ერთხელ გალავანს გადაღმა ბავშვების რიგი ჩაივლიდა ხოლმე და ამ დღეს მონასტრის ბინადარნი, დები, დედები – დედები, საბრალონი! – მაშინვე რკინის გისოსებს მიაწყდებოდნენ, ყვავილებს აყრიდნენ, წმინდანთა მადლითაა ცხებულიო. მათთვის რომ ეთქვათ, დონ ხუან ტენორიო მკვდრეთით აღდგა და ქალაქში გამოჩნდაო, ალბათ, ასე შეშლილებივით არ გაცვივდებოდნენ მის სანახავად. ყველას თავ-თავის სენაკში საკუთარი ჩვილი იესო ჰყავდა – ლამაზი თოჯინა, რომელსაც ხდიდნენ და აცმევდნენ, ყვავილებით ამკობდნენ, ოღონდ მალულ-ფარულად, ზოგჯერ მუხლებზე დაიწვენდნენ და ცოცხალი ბავშვივით უნანავებდნენ. ერთხელ მონასტერში ეპისკოპოსის ნებართვით ერთმა ფოტოგრაფმა შეაღწია რომანული სტილის თაღის გადასაღებად. მაშინ უნდა გენახათ, რა ყოფით გამოცვივდნენ მონაზვნები, თავიანთ ჩვილ იესოსთან ერთად სურათი რომ გადაეღოთ.  – იქით გაიწიე, – ეუბნებოდა ერთი მეორეს, – ჩემი შენსას სჯობია, აბა, ერთი შეხედე, როგორი თვალები აქვს! ლიდუვინა კი ამ დროს განზე იდგა ჩუმად, თავისთვის, და ამდენი იმედგაცრუებული დედის ყურებაზე გული ეთუთქებოდა. ნეტავი მასაც ჰყოლოდა შვილი, ნამდვილი, სისხლისა და ხორცისაგან ქმნილი ბიჭი! ვაი, რომ ის გაქცევა ასეთი უნაყოფო გამოდგა! მართალი ყოფილა რიკარდო, ამიტომაც გახდნენ სასაცილონი, რომ იმ გაპარვას შედეგი არ მოჰყვა, მაგრამ განგების ნებით რომ... "არა! ბავშვი რომ ჰყოლოდათ, ბიჭი, სიყვარულის ნაყოფი, მაშინ ეგებ სიყვარულიც ხელახლა დაბადებულიყო! – ფიქრობდა ლიდუვინა, – სიყვარული თავიდან დაიბადებოდა. არა... აღდგებოდა, რამეთუ მათ უყვარდათ ერთმანეთი, დიახ, უყვარდათ, თუმცა რიკარდო იმ თავისი თავკერძობისა და პატივმოყვარეობის გამო ამას არ აღიარებდა... შვილი რომ გასჩენოდათ, აღარც რიკარდო გასწირავდა მას თავისი მოწოდების გულისათვის, ან რა ასეთი მოწოდება ჰქონდა! ან რისკენ!.. ეეჰ, საბრალო ლიდუვინას მორჩილთა მოძღვრისთვის რომ მოესმინა!.." და ამ ფიქრებში ლიდუვინას კვლავ თავისი პატარა ძმა გაახსენდებოდა, ცისფერთვალა, ოქროსთმიანი, მუდამ ღიმილიანი და თითქოს მისი ხმაც კი ესმოდა, თავისი სიყმაწვილის შორეთიდან რომ ეძახდა: "ინა! ინა! ინა!" რა მალე გაქრა მისი "ინა" იმ დილის წარმავალი სიზმრიდან! რა მალე გაქრა რიკარდოს "ნენა"! განგების ძალით ასევე მალე გაქრება და წავა ყველაფერი! მაგრამ სად? იმ სამყაროში, სადაც არ არის უკეთურობა, სიყალბე, სადაც არ იქნება დედის დუმილი, ვერ დაინახავს სახემოქუფრულ დას, საქმროს თავკერძობას, თანამოსაგრეთა შურს?!       ვინ იცის, როგორ ევედრებოდა საბრალო ლიდუვინა ქალწულ მარიამს მუხლმოდრეკილი: "დედაო, დედაო, ნუთუ ვერ შესთხოვე შენი შვილის მამას, ჩვენს ყოვლისშემძლე უფალს, ჩემთვის მოეცა შვილი, მეც მღირსებოდა დედობა რიკარდოს შვილისა! თუმცა არა, არა!.. მომიტევე!" – და იგი ცრემლად იღვრებოდა, რამეთუ გულით სწადდა, შერიგებოდა თავის ხვედრს, მონასტრის კედლებში სამუდამო ტყვეობას. ესღა ასაზრდოებდა მის სევდას, იმ უკურნებელ სევდას, რაც ალბათ სამარის კარამდე გაჰყვებოდა; ამიტომ განიცდიდა ასე მწვავედ თანამოსაგრე მონაზვნების ბავშვურ მხიარულებას, რომელთაც ალბათ მისტიკოსთა წიგნებში თუ ამოეკითხათ, ჭეშმარიტი წმინდანი გულით მხიარულიაო და თვითონაც ამიტომ ასე ბავშვური ყიჟინითა და ტაშით გამოხატავდნენ მხიარულებას; კიდევ უფრო მეტი ჟივილ-ხივილი ისმოდა ხოლმე შობის დღესასწაულზე, იესოს შობის დღეს, წინასწარ ემზადებოდნენ და მერე თავისუფლად დანავარდობდნენ, ცეკვავდნენ, შეშლილებივით კისკისებდნენ, დაირას გამალებით უტყაპუნებდნენ და მთელ ბარს ხმაურით იკლებდნენ.  – დაო ლიდუვინა, მოდი, შენც იცეკვე!       ის კი პასუხობდა:  – არ შემიძლია, ძალიან სუსტი ფეხები მაქვს!       ისინიც თავისებურად პატივს სცემდნენ მის სევდას, თუმცა კი რაღაცას ხვდებოდნენ, მისი სევდის ნამდვილი მიზეზისა მაინც არაფერი იცოდნენ. მათ მხიარულებას ზღვარი არ უჩანდა, დროდადრო შესძახებდნენ: "დაილოცოს ჩემი იესო! რა საშურია ცხოვრება!" და ეს იყო მათი ნეტარი ცხოვრება, მათი მხიარულება, წმინდა მხიარულების მიბაძვით გამოწვეული მხიარულება.       დღე დღეს მისდევდა, ყველა ერთნაირი და ყველა უღიმღამო. ლიდუვინას არასდროს დაავიწყდებოდა, რომ რიკარდოსთვის ელოცა, გაენათებინა მისთვის გონება და ისიც შეენდო ზენაარს. 8       ძმა რიკარდოს სახელი და მისი ქადაგების ამბავი მთელ ქვეყანას მოედო; იმასაც ამბობდნენ, ესპანეთის ოქროს საუკუნის წმინდა მჭევრმეტყველება სწორედ მან ააღორძინაო. იგი იყო ბობოქარიც და თვინიერიც, მუდამ მშვიდი კილო ჰქონდა, ზომიერი მიხრა-მოხრა, მეთოდური და ნათელი გადმოცემის უნარი, თუმცა მუდამ იგრძნობოდა შინაგანი ცეცხლი, მაგრამ ისიც მოზომილი, მისი თვინიერებაც მოზომილი იყო.       მავანნი, ვინც მის მსჯელობას შესწრებოდნენ, ვნების ნაკლებობას საყვედურობდნენ, თუმცა ისეთი უბირნიც ხომ არიან, ვისაც ვერ გაუგია, რომ გონიერება სხვა არაფერია, თუ არა ვნება. მისი ანტითეზები და პარადოქსები ზოგს გონებისმიერი ეჩვენებოდა და კი ვერ მიმხვდარიყვნენ, რომ წმინდა ავგუსტინე აფრიკელის ანტითეზებისა და პარადოქსების დარად, ძმა რიკარდოს ანტითეზებიცა და პარადოქსებიც ვნების ქურაში გამომწვარ-გამობრძმედილი ალმასები იყო. რაკი მის ქადაგებაში უქმსიტყვაობის სულ მცირე მინიშნებებიც კი არ ჩანდა, ამიტომაც გაიძახოდნენ, ცივიაო და ამ დროს ცივსა და ვნების ქურაში გამოკვერილს ერთმანეთისგან ვერ ასხვავებდნენ, რამეთუ ძმა რიკარდოს ქადაგება ისეთი გამომშრალი და ისეთი ცხელი იყო, ვითარცა სულიერი უდაბნოს სილა; მისი პატივმოყვარეობითა და მონანიებით გაჯერებული სულიც ასევე გიზგიზებდა, მაგრამ ხანდახან ბნელიც იყო, ბნელი სხვათათვისაც და თავისთვისაც, ოღონდ იმ დროს, როცა აზრს ეძებდა. და ასე ესაუბრებოდა იგი არა ბრბოს, მას რომ უსმენდა, არამედ თითოეულს ცალ-ცალკე, რამეთუ ისინი ქმნიდნენ ბრბოს, მისი ნაწილი იყვნენ; და ასე საუბრობდა იგი სულით სულთან.       მისი მჭევრმეტყველება თითქოს ქაოსურიც იყო, თან წყვეტილიც, მაგრამ არანაირი მიკერძოება, სულ მცირე სილოგიზმები, პარაბოლები, მეტაფორები და პარადოქსები, რასაც სახარებაშიც ვკითხულობთ ხოლმე და მოულოდნელი გადასვლები, ნამდვილი ნახტომები.  – საქმე ისაა, რომ ორატორი არ არის და მაინც გვაჯადოებს, – ამბობდნენ პედანტები. ძმა რიკარდო ჩვეულებრივად ლაპარაკობდა ხოლმე ისეთ თემებზე, საჭირბოროტოს რომ უწოდებენ, – რწმენის უკმარისობაზე, გონებასა და რწმენას შორის ბრძოლაზე, რელიგიისა და მეცნიერების დაპირისპირებაზე, სოციალურ საკითხებზე, ღარიბებისა და მდიდრების თავკერძობასა თუ გულმოწყალების უქონლობაზე, მაგრამ ყველაზე მეტად – იმქვეყნიურ ცხოვრებაზე. ოღონდ, თუ სიყვარულზე იტყოდა, მყისვე შეატყობდით, როგორ გარდაისახებოდა.       უკვე მის ეპისკოპოსად კურთხევის თაობაზეც ალაპარაკდნენ, მაგრამ იმის მიუხედავად, რომ ასეთი სახელი მოიხვეჭა, იმის მიუხედავად, რომ მისი უზადო ყოფაქცევა სამაგალითო გამხდარიყო, მაინც ამჩნევდნენ, რაღაც სიმძიმე, მეტად უცხო და გამოუცნობი სიმძიმე აწვა; და მაინც რომ არ სწყალობდნენ თანამოსაგრენი, ვერა და ვერ მოიგო მათი გული, მათი კეთილგანწყობა ვერ მოიპოვა, ვინც მონუსხულივით უსმენდა; ამას ყველაზე უფრო ქალები გრძნობდნენ, – მართლაც რომ მოჯადოებულებივით შესციცინებდნენ და თან ცახცახებდნენ, – რომ მისი მგზნებარე სიტყვების მიღმა რაღაც ძალზე მტკივნეული საიდუმლო იმალებოდა, ამას კი ხედავდნენ მაშინ, როცა თავის ყველაზე სანუკვარ თემაზე – სამოთხის ბაღის ტრაგედიაზე უამბობდა მათ, როცა ევამ აცდუნა ადამი, რომ ეგემა ნაყოფი ხისაგან ცნობადისა კეთილისა და ბოროტისა და მერე განდევნილ იქნენ უცოდველთა ბაღიდან და ამის მერე იყო, რომ ედემს აღმოსავლეთით ქერუბიმები და ცეცხლოვანი მახვილი იცავდნენ, რათა სიცოცხლის ხეს ვეღარავინ მიჰკარებოდა; ანდა სამსონისა და დალილას ცოდვა-ბრალის ამბავს რომ მოუთხრობდა; ყურს მიაპყრობდნენ, მაგრამ ნუგეში არ ისმოდა მის სიტყვებში, ოდენ მწარე სევდა, სიმძიმილი და უბედობა თრგუნავდა ყველას.       ზოგჯერ მის ხმაში ქვითინი და კვნესაც გაისმოდა, თითქოს მსმენელებს თანაგრძნობას შესთხოვსო, მაგრამ სწორედ მაშინ უნდა ამოგეცნოთ მისი სულის დაუოკებელი ბორგვა, თითქოს კიდეც გაიბრძოლებდა, რათა გაეგლიჯა ბორკილები და თავი გაეთავისუფლებინა, თუმცა მალევე მოეგებოდა გონს, ერთბაშად გარდაისახებოდა ისე, რომ დაუნდობელიც კი მოეჩვენებოდა კაცს. ამიტომ იტყოდნენ ხოლმე, ჩვენი საბრალობელი და შეჭირვებული სულისათვის ასეთი მშფოთვარე და დაუზოგავი წინასწარმეტყველი მეტისმეტიაო, ამ ტაძარში რომ მოვდივართ, უწინ მის წიაღში შვება და ნუგეში გვინდა ვპოვოთ, თორემ საფიქრელი და სადარდელი ისედაც არ გვაკლიაო. იგი არ უყვარდა ხალხს, არა, არ უყვარდა; ამაოდ ცდილობდა ენუგეშებინა ისინი, თუკი შეეძლო. ეს დაუდგრომელი მოციქული მარტოობისთვის იყო განწირული.       მარტოსულადაც გრძნობდა თავს და როცა სულ მარტო რჩებოდა, მაშინ თუ გამოუტყდებოდა ხოლმე ისევ საკუთარ თავს: "ასეა, ეს სასჯელი ღმერთმა იმისთვის მომივლინა, რომ ლიდუვინას ვუმუხთლე, მივატოვე და ჩემს პატივმოყვარეობას ვანაცვალე. ახლაღა მივხვდი და გავიგე; ვფიქრობდი, ქალი, ოჯახი მძიმე ტვირთად დამაწვებოდა და სახელისა თუ დიდებისაკენ მიმავალ გზას გადამიღობავდა". მაგრამ მერე, ისევ მარტომყოფი, თვალებს დახუჭავდა, აღარ უნდოდა დაენახა შორს ლანდი ტიარისა. "ნამდვილი თავკერძა ვარ, – იტყოდა ხოლმე ასეთ დროს, – ნამდვილი თავკერძა და მეტი არაფერი, ვესწრაფოდი ამბიონს, სცენას, რაკი მჯეროდა, გარდასახვის ჩემს ნიჭს სწორედ იქ გამოვავლენდი, მაგრამ საკუთარ თავზე მეტად არასოდეს არავისზე და არაფერზე მიზრუნია". 9       ბოლოს და ბოლოს, ის მოხდა, რაზეც რიკარდო იდუმალ ოცნებობდა, სწორედ ახლა შეეძლო, საკუთარი ნიჭისა და მოწოდებისთვის ერთი კარგი გამოცდა მოეწყო. ასე იყო თუ ისე, იგი მიიწვიეს ტოლვიედრას დედათა მონასტერში. როცა ეს ამბავი შეიტყო, მას მერე თვალზე რული აღარ მიჰკარებია, გულმა მოსვენება დაკარგა. ღვთის წყალობით, მრევლმა, ხალხმა, ანდა, ასე ვთქვათ, საზოგადოებამ არაფერი იცოდა იმის შესახებ, რა აკავშირებდა მას ამ მონასტერთან: ეს ყველასთვის საიდუმლო იყო. ახლა კი, ახლა მაინც საკვირველ სანახაობას მოაწყობდა, ოღონდ მხოლოდ ორისთვის, მისთვის და თავისთვის. დიახ, მისთვის, თავისი ბედის ავბედითი მოზიარისთვის, ახლა გული გულს დაელაპარაკებოდა, ამ ბრბოსთვის, ამ უბირი, მონუსხული ბრბოსთვის კი ყველაფერი ისევ საიდუმლოდ დარჩებოდა; ამ დღეს მის წინაშე იტყოდა აღსარებას, იტყოდა ყველას თანდასწრებით, მაგრამ ყველასთვის მიუწვდომელსა და გამოუცნობს. ეს იქნებოდა ქრისტიანული მჭევრმეტყველების ისტორიაში აქამდე გაუგონარი გამარჯვება, თუმცა კი შეიძლება ერთადერთი და უძნელესი გამოცდაც ყოფილიყო, რაც უეჭველი გამარჯვებით დაგვირგვინდებოდა. ეეჰ, იმ საცოდავმა ღვთისმოსავებმა რომ იცოდნენ ამ ავბედითი, საბედისწერო დრამის ის სცენა, რომლის გამართვასაც აპირებს!.. და ეს ჩვენი კომიკური წინასწარმეტყველი გიჟურ ნეტარებას განიცდიდა...       და ეს დღეც დადგა. ტაძარს აურაცხელი ხალხი მიაწყდა. ერთი სული ჰქონდათ, მოესმინათ ამ სახელგანთქმული ქადაგისთვის. მოდიოდნენ და მოდიოდნენ ახლომახლო სოფლებიდან თუ ქალაქებიდან. საკურთხეველი ოქროსავით ელვარებდა. ჯებირს მიღმა, ფარდის უკან გაყუჩებული ქორო მოუთმენლად ელოდა რაღაც იდუმალსა და უჩვეულოს. დროდადრო იქიდან შეკავებული ხველების ხმა თუ გაისმოდა. ძმა რიკარდო აუჩქარებელი ნაბიჯით მივიდა ამბიონთან, ამოიღო ცხვირსახოცი და შუბლი მოიწმინდა. ანაფორის თეთრი, ფართო სახელო მყისიერად თეთრ ფრთასავით აეფარა მის სახეს; მერე თვალი მოავლო შეკრებილთ და ერთი წამით მზერა ფარდაზე შეაჩერა, სადაც ქორო ეგულებოდა; მერე დაიჩოქა და წაიკითხა "გიხაროდენ, ღვთისმშობელო", ხელები ამბიონზე დააწყო და ზედ შუბლი დაადო; გაჩახჩახებული სანთლების შუქზე ტოზურა სულ ერთიანად ულაპლაპებდა; მერე წამოდგა; გაისმა შეკავებული ხველება, კაბების შრიალი და ჩამოვარდა სამარისებური სიჩუმე. რაღაც უჩვეულო ხდებოდა ქადაგის თავს, ენა ებმოდა, ბორძიკობდა, ერთსა და იმავეს იმეორებდა, ხანაც სულ ჩერდებოდა, მღელვარებას ვერ ფარავდა; თანდათან დამშვიდდა, მის ხმასა და მიხრა-მოხრას ნელ-ნელა სიმტკიცე შეემატა და მისი სიტყვებიც ცეცხლოვან მდინარესავით მოჩქეფდა.       მორწმუნენი სულგანაბულები უსმენდნენ. ტაძარში იდუმალების ტრაგიკული სული დატრიალდა, ასე გეგონებოდათ, რაღაც უჩვეულო და სასწაულებრივი რამ უნდა მომხდარიყო. იგი უკვე აღარ იყო ადამიანი, ახლა ლაპარაკობდა მხოლოდ გული და ლაპარაკობდა სიყვარულზე, ღვთაებრივ სიყვარულზე, მაგრამ უფრო ადამიანურ სიყვარულზე რომ გაფიქრებინებდათ.       ყველას, ვინც კი მას ყურს მიაპყრობდა, ისეთი გრძნობა იპყრობდა, თითქოს სულის მანამდე უცნობ სიღრმეებში იძირებოდა, რაღაც შეუცნობლის უფსკრულში ინთქმებოდა. მისი ხმა ღადარივით გიზგიზებდა. იგი უბნობდა სიყვარულზე, რომელიც გვეუფლება და გვიმორჩილებს მაშინაც კი, როცა გვგონია, რომ ის ჩვენგან შორსაა. და იტყოდა იგი:       "დაელოდეთ სიყვარულს! მხოლოდ ის გრძნობს ამას საკუთარ გულსა და გვამში, ვინც ელოდება! ჩვენ გვგონია, რომ ვეხვევით მის ლანდს, მაშინ როცა სიყვარული, უხილავი და უჩინარი, თავად გვეხვევა და გვბოჭავს, როცა გვეჩვენება, რომ იგი მოკვდა ჩვენში, აკი თურმე ჩვენ მოვმკვდარვართ მასში. და მერე იგი გაიღვიძებს და გაიღვიძებს სწორედ იმ დროს, როცა ტკივილი მოუხმობს, რამეთუ ჭეშმარიტი სიყვარულით მანამდე არ შეგვიყვარდება, სანამ შეყვარებულთა გულები ერთად არ დაინაყება ტანჯვის სანაყში. სიყვარული თანაზიარი ვნებაა, ლტოლვაა, თანაგრძნობა, ზიარი ტკივილია. ჩვენ ვერც ვხვდებით, რომ სიყვარული გვაცოცხლებს, ისევე როგორც არასოდეს ვფიქრობთ, ჰაერით თუ ვსუნთქავთ, სანამ უჰაერობით სული არ შეგვეხუთება. დაელოდეთ სიყვარულს! დაელოდეთ სიყვარულს, რამეთუ მას მხოლოდ ის უხმობს, ვინც უკვე გრძნობს მას საკუთარ გულში, საკუთარ სისხლში, თუმცა თავად ეგებ ვერც ხვდება. ის იმ წყალსა ჰგავს, მიწის ქვეშ რომ მიედინება და გვალვას სიცოცხლისკენ მოაბრუნებს. ზოგჯერ ისეთ დაუცხრომელ წყურვილს ვგრძნობ, როგორსაც მინდორი ხვატისაგან გადაბუგული, როცა მწველი სიცხისა და ალმურისაგან მოშუშული ფოთლები მიწას ეფინება, მიწის ქვეშ კი, იმავ მინდვრის ქვეშ, სიღრმეში, მომაკვდავი სიმწვანის ქვეშ, მიედინება მაცოცხლებელი წყალი, მირაკრაკებს ქვებსა და ლოდებს შორის, უერთდება გამხმარი ფოთლების შრიალს მისი ბუტბუტი და მერე დგება წამი, როცა მოწყურებული, გამომშრალი მიწა გაიპობა და მის ზედაპირზე ამოხეთქავს მანამდე თვალით უნახავი წყალი, ჩუხჩუხით გადაედინება ყოველ მხარეს და სიცოცხლეს დაუბრუნებს მთელ არემარეს.       ასეა სიყვარულიც.       ჩემო დებო და ძმებო, ეს თავკერძობა არ არის განა, შმაგი სიყვარული არ არის განა საკუთარი თავის, თვალებს რომ გვიხვევს და თავგზას გვიბნევს, ოღონდ კი არ დავინახოთ სიყვარული მაშინაც კი, როცა გარს გვივლის, ოღონდ არ ვიგრძნოთ იგი. ჩვენ ხომ სულ იმის ცდაში ვართ, რაიმე დავცინცლოთ მას, მთლიანად კი არ მივეცემით, არ დავყვებით; აკი ის ჩვენგან მარტო იმას ელოდება, რომ მივენდოთ, დავნებდეთ მთლიანად და დაუნანებლად; ჩვენ კი ამ დროს მისი დამორჩილება გვინდა, რომ ჩვენს გიჟურ სურვილებზე იაროს, აჰყვეს ჩვენს სწრაფვასა და სრბოლას დიდებისაკენ. ასეა, სიყვარულს, გაადამიანურებულსა და განსხეულებულს, სურს, მას ვეკუთვნოდეთ მთლიანად და განუყოფლად, მხოლოდ მისი ვიყოთ. მერედა რა მალე დავიხევთ ხოლმე უკან, აღმართის ძირშივე ვჩერდებით! მაგრამ რატომ? ყველაზე უფრო სავალალო მიზეზის გამო, – დიახ, სულ უბრალო მიზეზის გამო! – გვეშინია, ჩემო დებო და ძმებო! შიში გვჯაბნის!.. რა უგუნური, რა თავკერძა და სულმოკლეა ადამიანი!.. მომიტევეთ!.."       ეს სიტყვები ლამის ყვირილით წარმოთქვა, თითქოს სულის სიღრმიდან აღმოხდა. და თუ აქამდე ძმა რიკარდოს ხმა ცეცხლის მდინარესავით მოედინებოდა და ღვთისმოსავთა დუმილს თავს დაჰფოფინებდა, უეცრად გულისგამგმირავმა ქვითინმა გაბზარა და გაარღვია ჯებირის მიღმა, ფარდის მხრიდან რომ გაისმა. და ამ ორის სულის კივილი ერთმანეთს შეეჯახა და შეერწყა ისე, რომ საკურთხეველზე სანთლებიც კი აცახცახდნენ. ძმა რიკარდოს მკვდრისფერი დაედო, სანთელივით გაფითრდა, მერე ერთბაშად აენთო, ალმური მოედო, სივრცეს მიაპყრო მზერა და უეცრად თავი მკერდზე ჩამოუვარდა, სახეზე აცახცახებული ხელები აიფარა, თეთრი, ფართო სახელოებიც კი ვერ ფარავდა მის მღელვარებას; იგი ტიროდა, მისი დახშული ქვითინი შეუერთდა კიდევ უფრო დახშულ ქვითინს ჯებირს მიღმა, ფარდის უკან რომ ისმოდა. ერთ წამში გაოგნებული ხალხის დუმილი თითქოს შეგუბდა, შედედდა და აშკარად და ცხადად გაიგონა და დაინახა ყველამ... ქადაგი მუხლებზე დაეცა. ამის შემხედვარე ხალხი ნელ-ნელა დაიშალა, წავიდ-წამოვიდა.       მთელი იმ დღეებისა და თვეების განმავლობაში, ტოლვიედრაში და მთელ იმ მხარეში ხალხს მეტი სალაპარაკო არ ჰქონდა, ყველა მხოლოდ ამ ამბავს იგონებდა, ხოლო ვინც თვითონ შეესწრო და საკუთარი თვალით იხილა, რაც მოხდა, საკუთარი ყურით მოისმინა, მთელი სიცოცხლე ახსოვდა, ან რა დაავიწყებდა. ყველამ, დამსწრემ თუ მსმენელმა, იგრძნო, რომ იმ წუთებში, იმ იდუმალი აზავთების წუთებში, ქადაგი რაღაც უცნაური გამოცანებით, ნაწყვეტ-ნაწყვეტი მინიშნებებით ლაპარაკობდა; მოგვიანებით მიზეზი რომ გაიგეს, მერეღა მიხვდნენ, რაც იგულისხმებოდა იმ სიტყვებში, როცა მიწისქვეშა წყაროზე, ცეცხლზე ლაპარაკობდა, როცა ამბობდა, ბოლოს მიწა გაიპობა და ამოხეთქავს მაცოცხლებელი წყალი და ამ ცეცხლს შეუერთდებაო. მერე და მერე ღრმად რომ ჩაუფიქრდნენ, კიდეც ჩასწვდნენ ძმა რიკარდოს ქადაგების მთელ აზრსაც.       და ისინიც, და ლიდუვინადა ძმა რიკარდო, მხოლოდ მერე მოეგნენ გონს და კიდევ უფრო მწვავედ იგრძნეს თავი ბედის ტყვეებად, იმაზე უფრო მწვავედ, ვიდრე მაშინ, როცა ლიდუვინას სახლის ღობე აცალკევებდათ ურსულელთა მონასტრის შესახვევში. და ახლა, როცა მათი ქვითინი ასე შეერწყა და გადაეჭდო ერთმანეთს, მათი გულებიც შეერთდა და ჩამოეცალათ თვალთაგან ბინდი და ვითარცა დამწვარი ტანსაცმელი, შემოეძარცვათ თავს გადამხდარი და შერჩათ მხოლოდ გაშიშვლებული და ცხადი სიყვარული, ამ სიყვარულისკენ მიმავალი ბილიკი, სიყვარულისკენ, რაც მარტოდ დარჩენილებს იმ სამწუხარო გაქცევის შემდეგ მაინც ისევ უღვიოდათ.       და იმ დღის მერე... მიგელ დე უნამუნო …
დაამატა Kakha to ლიტერატურა at 5:52pm on მარტი 7, 2016
თემა: ფუშეს იდეა
დეპეშები გადასცა. კითხვისას იულოს დიდი უკმაყოფილება გამოეხატა სახეზე. - აბა, წინ! - შესძახა გაბრაზებულმა და დეპეშები ქუდში ჩაიჩურთა, - ორი ასეული ჩემთან ერთად წამოვა მორტანისკენ. იქ შუანები არიან. თქვენც ჩემთან ერთად წამოხვალთ, - უთხრა მერლს და ჟერარს, დიდგვაროვანი გამხადონ, თუ ერთი სიტყვა მაინც მესმოდეს ამ დეპეშისა. იქნებ ჭკუა გამომელია, თუმცა, რა სხვაობაა, წინ! დასაკარგი დრო არა გვაქვს. - მეთაურო, რა ჩიტი იყო მაგ მონადირის ჩანთაში? - ჰკითხა მერლმა და ჩექმის ცხვირით სამინისტროს კონვერტს წაჰკრა. - ეშმაკმა დალახვროს! დიდი არაფერი, ისევ გულს აწყალებენ. თუ სარდალს ის ჯარისკაცული გამოთქმა წამოსცდებოდა ხოლმე, რომელსაც ასე შერბილებულად გადმოგცემთ, ყველამ იცოდა, ქარიშხალი ახლოვდებოდა. ამ ფრაზის სხვადასხვა ინტონაცია კი ნახევარბრიგადისთვის გრადუსებივით იყო მეთაურის მოთმინების თერმომეტრზე და ძველი ჯარისკაცური გულწრფელობა ამ შკალაში ისე ადვილად გარკვევის საშუალებას იძლეოდა, რომ უკანასკნელმა მედოლემაც კი ზეპირად იცოდა, მისი გრიმასის ყველა ვარიაციით, როცა ლოყას აჭიმავდა და თვალებს მოჭუტავდა ხოლმე. ამჯერად, იმ ტონში, რომლითაც ეს სიტყვები ითქვა, ფარული რისხვა იგრძნობოდა და ორივე მეგობარი ჩაჩუმდა და გაფაციცდა. ნაყვავილარიც კი თითქოს უფრო ჩაღრმავდა სარდლის შავგრემან, ვაჟკაცურ სახეზე, უფრო გაუმუქდა. როცა სამკუთხა ქუდი დაიხურა, ნაწნავებჩატანებულიკუდივით შეკრული ხშირი თმა ერთ-ერთ ეპოლეტზე გამოედო და ისეთი ბრაზით გადაიგდო ზურგისკენ, რომ ნაწნავები გაეშალა და ულვაშები აებურძგნა, გულხელდაკრეფილი, შეკრული მუშტებით დიდხანს იდგა გაუნძრევლად. ჟერარმა ბოლოს გაბედა და ჰკითხა: - ახლა გავდივართ? - დიახ, თუ სავაზნეები სავსეა, - კბილებში გამოსცრა მეთაურმა. - სავსეა. - სწორდით! ნაბიჯით იარ! - უბრძანა ჟერარმა მეთაურის ნიშანზე. მედოლეები წინ გამოვიდნენ. ჩაუდგნენ ასეულებს თავში. ბარაბნის ხმაზე ფიქრებში წასული სარდალი თითქოს გამოერკვა და ორი მეგობრის თანხლებით ისე გავიდა ქალაქიდან, რომ ერთი სიტყვაც არ უთქვამს მათთვის. მერლმა და ჟერარმა უბრად გადახედეს ერთმანეთს, თითქოს ეკითხებოდნენ, დიდხანს იქნება ასე გაბრაზებულიო? გზადაც უთვალთვალებდნენ იულოს, რაღაცას რომ ბუტბუტებდა, რამდენჯერმე ჯარისკაცების ყურამდე მიღწეული სიტყვები წყევლა-კრულვად მოეჩვენათ, მაგრამ ხმის ამოღებას ვერც ერთი ვერ ბედავდა, რადგან, როცა საჭირო იყო, ყველა იცავდა მკაცრ დისციპლინას, რასაც მიჩვეულნი იყვნენ იტალიაში, ბონაპარტის მეთაურობით ნაბრძოლი ჯარისკაცები. მათი უმრავლესობა იულოსავით იმ სახელგანთქმული ბატალიონების დარჩენილ ნაწილს წარმოადგენდნენ, რომლებიც კაპიტულაციის მერე მაიენიდან იმ პირობით გამოუშვეს, რომ საზღვრებზე არ იბრძოლებდნენ და არმიაშიც მაიენელები შეარქვეს. ძნელი იყო ჯარისკაცებისა და მეთაურის პოვნა, ასე რომ გაუგებდნენ ერთმანეთს.    სალაშქროდ წასვლის მეორე დღეს იულო და მისი ორივე მეგობარი დილაადრიან უკვე ალანსონის გზას ადგნენ, ერთი ლიეს მანძილზე, მორტანის მახლობელ უკანასკნელ ქალაქამდე, გზის იმ ნაწილში, სარტის წყლით მორწყულ საძოვრებს რომ მიუყვება. მარცხენა მხარეს გადაჭიმულია მშვენიერი მდელოები, მარჯვნივ კი ხშირი ტყის ზოლია. მენილ-ბრუს ტყის მასივამდე და თუ მხატვრებს დავესესხები ტერმინს - კონტრასტულ ფონს ქმნის შესანიშნავი სამდინარო პეიზაჟებისთვის. გზას ნაპირებზე ღრმა თხრილები გასდევს და მიწა, რომელსაც გამუდმებით იღებენ ამ თხრილებიდან, მინდორზე მაღალ ფერდობს ქმნის, ჯოჯოთი რომ დაფარულა - ასე უწოდებენ დასავლეთ საფრანგეთში ეკლიან კურდღლისცოცხას. ეს ხშირი ბუჩქნარი ზამთარში ცხენისა და სხვა ცხოველების მშვენიერი საკვებია, ჯერჯერობით კი, სანამ ხშირი, დიდებული, მუქი მწვანე ღერები ჯერ არ მოუჭრიათ, მის უკან შუანები იმალებიან. ამიტომ ფერდობები და ჯოჯოს ბარდები, ბრეტანის სიახლოვეს რომ მოასწავებდნენ, იმხანად გზის ამ ნაწილში ძალიან სახიფათო იყო და თან ძალიან ლამაზიც. სწორედ ამ საფრთხის გამო, რაც მგზავრებს მორტანიდან ალანსონამდე და ალანსონიდან მაიენამდე ელოდათ, გამოიძახეს იულოს ექსპედიცია; აქ გაცხადდა ბოლოს და ბოლოს მისი მრისხანების მიზეზი: მოუხდა თანხლება ეტლისა, რომლის ფოსტის ცხენებიც ნელა მისდევდნენ დაღლილ ჯარისკაცებს. მორტანის გარნიზონის ორმა ასეულმა, ახლა რომ ორი შავი წერტილივით მოჩანდა შორს, ეს უსახური ეტლი თავისი ეტაპის ბოლომდე მიაცილა და უკან დაბრუნდა. ისინი იულომ შეცვალა, იმავე დავალებით, რასაც ჯარისკაცებმა სამართლიანად შეარქვეს გულისგამაწვრილებელი პატრიოტული მოვალეობა. ძველი რესპუბლიკელის ერთი ასეული რამდენიმე ნაბიჯით უკან მიჰყვებოდა ეტლს, მეორე კი წინ მიუძღოდა. იულო მერლსა და ჟერარს შორის, ავანგარდიდან ეკიპაჟამდე ნახევარ გზაზე მიაბიჯებდა. უცებ იფეთქა: - ეშმაკმა დალახვროს! წარმოგიდგენიათ! გენერალმა მაიენიდან მხოლოდ იმისთვის გამოგვაგზავნა, რომ ვახლდეთ ორ ქარაფშუტა ქალს, ამ დანჯღრეული ეტლით რომ მიემგზავრებიან! - თუმცა, ჩემო სარდალო, მოქალაქე ქალბატონის მცველთა პოზიცია რომ დავიკავეთ ამ ცოტა ხნის წინ, თქვენ მიესალმეთ და ძალიან მოხდენილადაც! - ეჰ, თავლაფის დასხმა სწორედ ეგ არის! პარიზელი ფრანგების მითითებით, გვევალება, უდიდესი პატივისცემა გამოვიჩინოთ მათი წყეული დედაკაცების მიმართ, განა შეიძლება ასე დაამცირო ჩვენნაირი პატიოსანი და მამაცი პატრიოტები, აქციო ვიღაც ქალების ამალად. მე გზაზე პირდაპირ მივდივარ და სხვებისაც არ მიყვარს მიხვეულ-მოხვეული. როცა დავინახე, რამდენი საყვარელი ჰყავდა დანტონს და რამდენი - ბარასს, ვუთხარი: „მოქალაქენო, რესპუბლიკამ მისი მართვა იმიტომ კი არ ჩაგაბარათ, რომ ძველი რეჟიმის დროსტარება გეგრძელებინათ-მეთქი.“ ამაზე მეტყვით, რომ ქალები... ქალები ყველას ჰყავს, ყველანი ცოდვილები ვართ... მართალია. სახელოვან ვაჟკაცებს სჭირდებათ ქალები და თან კარგი ქალები. მაგრამ როცა საფრთხე ახლოვდება, რა დროს ქალებია. რისთვის მოვსპეთ ძველი სისაძაგლეები, თუკი იგივე განმეორდება? შეხედეთ პირველ კონსულს, - აი, კაცი! არავითარი ქალები, მხოლოდ საქმე. მზად ვარ, მარცხენა ულვაშზე დაგენაძლევოთ, რომ მან არ იცის, რა სულელურ საქმეს გვაკეთებინებენ აქ. - ღმერთმანი, მეთაურო, - სიცილით უპასუხა მერლმა, - იმ ახალგაზრდა ქალის ცხვირის წვერს მოვკარი თვალი, ეტლში რომ იმალება და ვაღიარებ, ნებისმიერს მოუნდებოდა, საკუთარი ღირსების შელახვის გარეშე, ჩემსავით ეტრიალა ამ ეტლის გარშემო, რომ ნაცნობობა გაება და ცოტა ხნით მაინც დალაპარაკებოდა მოგზაურებს. - ფრთხილად იყავი, მერლ, - უთხრა ჟერარმა, - ამ შლიაპიან გაიძვერებს ვიღაც მოქალაქე ახლავს და ეტყობა, საკმაოდ ეშმაკია, მახეში არ გაგაბას. - ვინ? ის კოხტაპრუწა, თვალები გზის აქეთ-იქით რომ დაურბის, თითქოს შუანები დაინახა სადმეო? ეს ფრანტი, როცა ფეხები არ უჩანს და არც ეტლის ძარის იქით ცხენი მოჩანს, გეგონება ნამცხვრიდან თავამოყოფილი იხვიაო, მაგრამ თუ ეგ ბენტერა ოდესმე ხელს შემიშლის, მოვეფერო მის ლამაზ გულწითელას... - იხვი, გულწითელა! ეჰ, შე საწყალო მერლ, მეტისმეტად ხარ გატაცებული ფრინველებით! მაგრამ იხვს ნუ ენდობი! მისი მწვანე თვალები გველგესლასავით ვერაგული მეჩვენება და იმ ქალივით ეშმაკი, ქმარს რომ ყველაფერს აპატიებს. შუანების ნაკლებად მეშინია, ვიდრე ასეთი დამცველებისა, სიფათი ლიმონათის გრაფინს რომ მიუგავს. - ეჰე! - მხიარულად შესძახა მერლმა, - მეთაურის ნებართვით გაბედავ! ამ ქალს თვალები ვარსკვლავებივით აქვს! რისკზე წახვალ, ოღონდ დაინახო! - ჩვენი ამხანაგი გაება, - უთხრა ჟერარმა მეთაურს, - სისულელეებს როშავს. იულო დაიმანჭა, მხრები აიჩეჩა და უპასუხა: - სანამ წვნიანის ჭამას დაიწყებდე, გირჩევ დაყნოსო. - კაი ბიჭია ჩვენი მერლი, ოხუნჯი! - განაგრძო ჟერარმა, როცა შენიშნა, რომ მერლმა ფეხი შეანელა, რათა ეტლი წამოსწეოდა, - ერთადერთი კაცია, რომელსაც შეუძლია, ამხანაგის სიკვდილზეც იხუმროს და თან უგულობას ვერავინ დასწამებს. - ნამდვილი ფრანგი ჯარისკაცი! - სერიოზულად უპასუხა იულომ. - ოჰო, უყურეთ, ეპოლეტები გაისწორა მხრებზე, კარგად უნდა გამოაჩინოს, რომ კაპიტანია! - წამოიძახა სიცილით ჟერარმა, - ვითომ ამ საქმეში ჩინს რამე მნიშვნელობა აქვს! ეკიპაჟით, რომელთან მიახლოებასაც მერლი ცდილობდა, მართლაც ორი ქალი მიემგზავრებოდა: ეტყობოდა, ერთი მოახლე იყო, მეორე - ქალბატონი. - ასეთი ქალები ყოველთვის ორ-ორი დადიან, - თქვა იულომ. პატარა, ხმელ-ხმელი, გამხდარი კაცი ხან მინავარდობდა ცხენით, ხან უკანიდან მოუვლიდა ეტლს, მართალია, ამ საპატიო მგზავრებს ახლდა, მაგრამ მათთან დალაპარაკებული არავის დაუნახავს. ეს ქედმაღლობისა და მოწიწების დამადასტურებელი მდუმარება, უამრავი ბარგი, მისი ქუდის კოლოფები, იულო პრინცესად რომ მოიხსენიებდა, ყველაფერი, მისი კავალერი-მსახურის კოსტიუმიც კი აღიზიანებდა იულოს. უცნობის კოსტიუმი ზუსტი ნიმუში იყო იმდროინდელი მოდისა, რომელზეც „წარმოუდგენლების“ უამრავი კარიკატურა შეიქმნა. იფიქრებდით, ეს უცნაური, ახირებული კოსტიუმი განგებ იყო მოგონილი, რათა ბუნებრივი გრაციისთვის მოეწყოთ გამოცდა და დაემტკიცებინათ, რომ რაც უნდა სასაცილო იყოს რაიმე, მოდას შეუძლია მისი დაკანონება. მხედარი ოცდაათი წლისა გეგონებოდათ, თუმცა სულ ახლახან გახდა ოცდაორის. მის გარეგნობას შეიძლება დროსტარებამ დაასვა დაღი, შეიძლება იმ ეპოქის ხიფათებმა. მიუხედავად მასხარის სამოსელისა, გარკვეული ელეგანტურობა მაინც ეტყობოდა მის მიმოხრას, ზრდილ ადამიანს, რომ ახასიათებს. როცა კაპიტანი კარეტასთან აღმოჩნდა, ელეგანტურმა ყმაწვილმა, ეტყობა, გამოიცნო მისი განზრახვა, ვითომ მისი დახმარება უნდოდა, შეაყოვნა ცხენი, მერლი წააწყდა გაქვავებულ, უმეტყველო სახეს ადამიანისას, რომელიც მიჩვეული იყო, რევოლუციის არასტაბილურობის გამო, დაემალა ყველა გრძნობა, სულ მცირეც კი. ქალებმა ძველი სამკუთხა ქუდის გადმოკეცილი კუთხე და კაპიტნის ეპოლეტები შენიშნეს თუ არა, ანგელოზის ნაზი, წკრიალა ხმა გაისმა: - ბატონო ოფიცერო, გამოიჩინეთ სიკეთე და გვითხარით, სად ვართ?    რაღაც ამოუცნობი ხიბლი აქვს უცნობი მოგზაური ქალის მიერ დასმულ კითხვას, როცა სულ უმნიშვნელო სიტყვაც კი თითქოს მთელ თავგადასავალს მოიცავს; მაგრამ თუ ქალი, ქალური სისუსტიდან გამომდინარე, ან რამის არცოდნის გამო, რაიმენაირ მფარ-ველობას გთხოვთ, განა ნებისმიერი მამაკაცი არ შეთხზავს მაშინვე აუხდენელ ზღაპარს, რომელშიც მას ბედნიერის როლი ხვდება წილად? ამიტომაც უბრალო სიტყვებმა „ბატონო ოფიცერო“ და შეკითხვის თავაზიანმა ფორმამ გული აუჩქროლა კაპიტანს. სცადა, ქალის სახე დაენახა, მაგრამ ძალიან გაუცრუვდა იმედი, რადგან ვუალი უფარავდა ნაკვთებს. გამჭვირვალე პირბადის უკან ოდნავ გაარჩია მოელვარე თვალები, მზეზე გაბრწყინებული ორი ონიქსივით. - ალანსონამდე ერთი ლიეა, ქალბატონო. - ალანსონი? უკვე? - და უცნობი ქალბატონი უსიტყვოდ უკან გადაქანდა ან, უფრო ზუსტად, ეტლის ზურგისკენ გადაიწია. - ალანსონი, - გაიმეორა მეორე ქალმა, ეტყობა, გამოღვიძებულმა, - ისევ ნახავთ მშობლიურ მხარეს... - შეხედა კაპიტანს და გაჩუმდა. იმედგაცრუებულმა მერლმა მშვენიერი უცნობი ქალის თანამგზავრი შეათვალიერა. ასე, ოცდაექვსი წლის იქნებოდა, ქერა, ლამაზი აღნაგობის, ქორფა, მშვენიერი სახის ფერით, ასე რომ გამოარჩევს ვალონის, ბეიესა და ალანსონის მიდამოების ქალებს. მის ცისფერ თვალებში დიდი ჭკუა არა, მაგრამ მტკიცე ხასიათი და სულის სინაზე კი ჩანდა. მუქი ქსოვილის კაბა ეცვა. როგორც ნორმანდიაშია მიღებული, თმა პატარა ჩაჩის ქვეშ, ყოველგვარი პრეტენზიის გარეშე ჰქონდა აწეული, რაც მის სახეს მშვენიერ სისადავეს ანიჭებდა. მისი გარეგნობა არ გამოირჩეოდა პირობითი სალონური არისტოკრატულობით, მაგრამ არც ბუნებრივი ღირსება აკლდა თავდაჭერილი ახალგაზრდა ქალისა, რომელსაც წარსულზე თვალის გადავლება ისე შეეძლება, რომ მოსანანიებელი სრულებით არაფერი ჰქონდეს. კაპიტანმა მერლმა თვალის ერთი შევლებით გამოიცნო, რომ ეს იყო მინდვრის ყვავილი, პარიზის სათბურში გადატანილი, სადაც უამრავი დამჭკნობი სხივია თავმოყრილი, მაგრამ მაინც არ დაუკარგავს არც ფერების სიხასხასე და არც სოფლური გულწრფელობა. მისი გულუბრყვილო და მორიდებული გამოხედვა ღაღადებდა, რომ მოსაუბრეს არ ეძებს. მართლაც, როგორც კი ოფიცერი ეტლს გაერიდა, უცნობმა ქალებმა საუბარი გააბეს და მათი ჩურჩული ძლივს აღწევდა მის ყურამდე. - ისე საჩქაროდ გამოემგზავრეთ, - თქვა ახალგაზრდა ქალმა, - წესიერად ჩაცმაც ვერ მოასწარით. კარგი სანახავი ხართ! თუ ალანსონის იქით მივდივართ, აუცილებლად დაგჭირდებათ გამოცვლა... - ოჰ, ოჰ, ფრანსინ, - წამოიძახა უცნობმა. - რას მიბრძანებთ? - აი, უკვე მესამედ ცდილობ, გაიგო, სად და რატომ მივდივართ. - განა რამე გითხარით, ეს საყვედური რომ დავიმსახურე? - მშვენივრად მივხვდი შენს ხრიკებს! ახლა ისეთი გულუბრყვილო და მიამიტი აღარ ხარ, ჩემი სკოლა გაიარე და ცოტა გაეშმაკდი. პირდაპირი შეკითხვები უაზროდ მიგაჩნია და მართალიც ხარ, შვილო ჩემო. ვინმეს გამოტეხვის არსებული ხერხებიდან ეს ყველაზე სულელურია, ჩემი აზრით. - რა გაეწყობა, - განაგრძო ფრანსინმა, - რაკი ვერაფერს გამოგაპარებთ, მაგრამ აღიარეთ, მარი, რომ თქვენი ქცევა წმინდანსაც კი დააინტერესებდა. გუშინ დილას უფულოდ იყავით, დღეს ხელები ოქროთი გაქვთ სავსე. მორტინში გაძლევენ გაძარცვულ საფოსტო კარეტას, მოკლული მეეტლის ნაცვლად - სხვას, მთავრობის ჯარი გიცავთ, გაცილებთ ადამიანი, რომელსაც თქვენს ბოროტ სულად ვთვლი. - ვინ? კორანტენი? - იკითხა ახალგაზრდა უცნობმა ქალმა და ხელით მხედარზე მიუთითა. ეს ორი სიტყვა ისეთი ზიზღით თქვა, რომ ჟესტზეც დაეტყო, მხედარზე რომ უთითებდა. მისმინე, ფრანსინ, - განაგრძო ისევ, - გახსოვს პატრიოტი, ჩემი მაიმუნი, დანტონის გამოჯავრება რომ ვასწავლე, ასე რომ გვართობდა. - დიახ, მადმუაზელ. - მერე მისი გეშინოდა? - დაბმული იყო. - კორანტენს კი ალიკაპი აქვს. - ვიცი, საათობით ვერთობოდით პატრიოტით, მაგრამ ბოლოს მაინც ახერხებდა, ოინი ექნა.    ამ სიტყვებზე ფრანსინი სწრაფად გადაიწია ეტლის ზურგისკენ, თავისი ქალბატონისკენ, ხელები ხელებში ჩასჭიდა, ნაზად მოეფერა და ლაქუცა ღიმილით უთხრა: - თქვენ მიმიხვდით, მარი, მაგრამ პასუხი არ გაგიციათ!.. რა მოხდა? ისეთი ნაღვლიანი იყავით, ისე შემტკიოდა გული, ო, ისე ვდარდობდი, ოცდაოთხი საათის მერე კი ასეთი გიჟური მხიარულება, როგორც მაშინ, თავის მოკვლაზე რომ ლაპარაკობდით... საიდან ასეთი ცვლილება? ცოტა მაინც ხომ მაქვს უფლება, თქვენი სულიერი მდგომარეობა ვიცოდე. ის ჯერ მე მეკუთვნის და მერე სხვას, ვინმეს, რადგან ჩემზე მეტად არავის ეყვარებით. მითხარით, მარი... - კარგი, ფრანსინ, ნუთუ გარშემო ვერ ხედავ ჩემი მხიარულების მიზეზს? შეხედე, იქ შორს ხეების შეყვითლებულ ჯიღებს, ხედავ, ორი ერთნაირი არ არის. დიდი მანძილიდან რომ უყურებ, გეგონება, რომელიმე სასახლის გობელენია. შეხედე ამ ცოცხალ ღობეებს, მათ უკან ყველგან შეიძლება შუანები იყვნენ ჩასაფრებული, როცა ამ ხშირ ბუჩქნარს ვუყურებ, თოფის ლულები მელანდება. რა კარგია, ჩვენ ირგვლივ ამდენი ხიფათი რომ არის, სულ უფრო და უფრო მეტი. გზის ყველა დაბურულ მონაკვეთში ველოდები, რომ სროლა ატყდება და გული სწრაფად მიწყებს ფეთქვას, მანამდე განუცდელი გრძნობა მაღელვებს და ეს არც შიშისგან თრთოლაა, არც სიამოვნების განცდა. არა, ეს სხვაა, ეს უფრო მეტია, ეს ყველა ის ემოციაა ერთად, რაც მამოძრავებს - ეს ჩემი სიცოცხლეა! როგორ არ უნდა მიხაროდეს, ცოტა რომ გამოვაცოცხლე ჩემი არსებობა. - ოჰ, რა სასტიკი ხართ, არაფერს მეუბნებით. წმინდაო ღვთისმშობელო, - დაუმატა ფრანსინმა და ცისკენ აღაპყრო ნაღვლიანი თვალები, - გულს ვის გადაუშლის, თუ მე არაფერს მეუბნება? - ფრანსინ, - სერიოზულად უთხრა უცნობმა ქალმა, - არ შემიძლია გაგანდო ჩემი ზრახვები. ამჯერად საშინელია. - ბოროტება განგებ რატომ უნდა ჩაიდინო? - რას იზამ? ხშირად ვიჭერ ჩემს თავს იმაში, რომ ისე ვფიქრობ, თითქოს ორმოცდაათი წლის ვიყო და თხუთმეტი წლის გოგოსავით კი ვიქცევი. შენ ყოველთვის ჩემი გონება იყავი, საბრალო ფრანსინ, მაგრამ ამ საქმეში სინდისი უნდა ჩავაჩუმო, - და მცირე პაუზის შემდეგ ოხვრით დაუმატა, - არ გამომდის. მაშ, როგორ გინდა, შენისთანა მკაცრ აღმსარებელს გავენდო? - და მოფერებით დაუტყაპუნა ხელზე ხელი. - განა ოდესმე მისაყვედურია თქვენი საქციელის გამო? თქვენი ბოროტებაც კი საყვარელია. წმინდა ანა ორეელი, ამდენს რომ ვევედრები თქვენზე, ალბათ ყველაფერს შეგინდობდათ. ამ გზაზეც ხომ თქვენ გვერდით ვარ, თუმცა არ ვიცი, სად მიდიხართ? - და მხურვალედ დაუკოცნა ხელები. - შეგიძლია დამტოვო, თუ შენი სინდისი... - კარგი, გაჩერდით, მადამ, - და ნაწყენი სახე მიიღო, - მაგრამ, ნუთუ არ მეტყვით? - არაფერს გეტყვი, - მტკიცედ უპასუხა ქალიშვილმა, - მაგრამ იცოდე, ეს განზრახვა უფრო მეტად მძულს, ვიდრე ის ადამიანი, დათაფლული ენით რომ ამიხსნა ეგ საქმე. გულახდილად გეტყვი, მათ სურვილს არ დავთანხმდებოდი, ამ საზიზღარ ფარსში საშინელება და სიყვარული ერთად რომ არ დამენახა, სწორედ ამან მაცდუნა. და მერე, ამ ქვეყნიდან ისე არ მინდა წასვლა, ყვავილების მოკრეფას არ ვეცადო. ახლა იმედი მაქვს, ეს მოხდება, თუნდაც ჩემი სიცოცხლის ფასად. მაგრამ არ დაგავიწყდეს, ჩემი ხსოვნის პატივსაცემად, ბედნიერი რომ ვყოფილიყავი, გილიოტინის ჩემს თავზე ჩამოსავარდნად გამზადებული მძიმე დანაც კი ვერ მაიძულებდა, ამ ტრაგედიაში როლი მქონოდა, რადგან ეს ტრაგედიაა... ახლა კი, - განაგრძო მან და უნებურად ზიზღით აიქნია ხელი, - რომ გაეუქმებინათ, იმ წამში სარტში გადავვარდებოდი და ეს თვითმკვლელობაც არ იქნებოდა, რადგან ჯერ არ მიცხოვრია. - ოო, ორეის წმინდა ღვთისმშობელო, შეუნდე! - რისი შეგეშინდა? ხომ იცი, უმნიშვნელო ოჯახური უბედურებები ჩემში დიდი ვნებებს არ აღძრავს. ეს ქალისთვის ცუდია, მაგრამ ჩემი სული მომწიფდა უფრო მაღალი გრძნობებისთვის და უფრო მძიმე განცდებისთვის. იქნებ მეც შენსავით თვინიერი არსება გავმხდარიყავი, უწყინარი. რატომ ავმაღლდი, თუ დავეშვი იმ დონეზე დაბლა, რაც ჩემი სქესისთვის არის განკუთვნილი? რა ბედნიერია გენერალ ბონაპარტის ცოლი! მე, ეტყობა, ახალგაზრდა მოვკვდები, რაკი არ მაშინებს ეს მხიარული გასეირნება, სადაც სისხლის სმაა მოსალოდნელი, როგორც ამბობდა საბრალო დანტონი. თუმცა დაივიწყე ყველაფერი, რაც გითხარი, ამას ორმოცდაათი წლის ბებერი ლაპარაკობდა. მადლობა ღმერთს, მალე ისევ გამოჩნდება თხუთმეტი წლის გოგო.    ახალგაზრდა სოფლელი გოგო ათრთოლდა, მხოლოდ ის იცნობდა თავისი ქალბატონის მგზნებარე და ფიცხ ხასიათს, მხოლოდ ის იცნობდა მისი მდიდარი, ეგზალტირებული სულის საიდუმლოებს, ფარულ გრძნობებს ამ არსებისას, რომელიც აქამდე მხოლოდ ხედავდა, როგორ მოუხელთებელი ჩრდილივით მილივლივებდა სიცოცხლე იქვე, ახლოს და ყოველთვის უნდოდა, დაეჭირა. ბარაქიანი ხელით უხვად თესავდა, მაგრამ ვერაფერს იმკიდა, გული უბიწო, სუფთა რჩებოდა, მაგრამ გაღიზიანებული. მრავალჯერ ხელის მოცარვის გამო, უმეტოქეო ბრძოლაში დაღლილი, სასოწარკვეთილი იქამდე მივიდა, რომ სიკეთეს ამჯობინებდა ბოროტებას, როცა სიკეთე სიამოვნება იყო და ბოროტებას - სიკეთეს, როცა ბოროტება პოეტურ სახეს იძენდა, სიღატაკეს - საშუალო, უფერულ ცხოვრებას, როგორც უფრო ამაღლებულ რამეს და სიკვდილის ბნელით მოცულ და იდუმალ მომავალს - იმედშემოძარცვულ ან ტანჯულ სიცოცხლეს. ნაპერწკლის მომლოდინე ამდენი თოფისწამალი არასოდეს მოუგროვებიათ, სიყვარულის ალს არასდროს შთაუნთქავს ამდენი განძი, მოკლედ, ევას არც ერთი ქალიშვილი არ ყოფილა გამოძერწილი თიხისგან, სადაც ამდენი ოქრო იმალებოდა. ფრანსინი მიწიერი ანგელოზივით იცავდა ამ არსებას, ქედს იხრიდა მის წინაშე, სრულყოფილებად მიაჩნდა, ეგონა, რომ ციურ ნებას შეასრულებდა, თუ დაიცავდა ამ სულს სერაფიმთა გუნდისთვის, საიდანაც თითქოს განდევნილი იყო სიამაყის ცოდვის მოსანანიებლად. - აი, ალანსონის სამრეკლო, - აცნობა მხედარმა და ეტლს მიუახლოვდა. - ვხედავ, - მშრალად უპასუხა ქალბატონმა. - კეთილი, - თქვა მხედარმა, მიუხედავად გულგატეხილობისა, მონური მორჩილებით და მოერიდა. - მიდით, უფრო ჩქარა გააჭენეთ, - უთხრა ქალბატონმა მეეტლეს, - ახლა საშიში აღარაფერია. მიდით ჩორთით, ან თუ შეგიძლიათ, ჭენებით, უკვე ალანსონის ქვაფენილზე ვართ. მეთაურთან ჩავლისას, ნაზი ხმით გასძახა: - ნახვამდის, მეთაურო! ფუნდუკში შევხვდებით. მოდით, მინახულეთ. - ეგღა მაკლია! - აღშფოთდა იულო, - „ფუნდუკში! მოდით, მინახულეთ!“ როგორ ელაპარაკება ნახევარბრიგადის მეთაურს!.. და მუშტი მოუღერა ეტლს, რომელიც სწრაფად მიგრიალებდა გზაზე. - არ გეწყინოთ, მეთაურო. თქვენი გენერლობა მაგის ხელშია, - სიცილით უთხრა კორანტენმა და თან ცხენის გაჭენებას ცდილობდა, ეტლს რომ დასწეოდა. - ოხ, ყველა ვიგინდარას თავს არ გავაბრიყვებინებ, - წაიბუზღუნა იულომ, - მირჩევნია, თხრილში გადავაგდო გენერლის მუნდირი, ვიდრე ლოგინში მოვიპოვო იგი. ეგ რა ჩიტები არიან და რა უნდათ? რამეს ხვდებით? - როგორ არა! - თქვა მერლმა, - ის ვიცი, რომ არასოდეს მინახავს ასეთი ლამაზი ქალი. და ისიც მგონია, რომ ქარაგმა არ გესმით. იქნებ ეს პირველი კონსულის ცოლია? - კარგი ერთი! პირველი კონსულის ცოლი ბებერია, ეს კი ახალგაზრდაა, - განაგრძო იულომ, - თანაც ბრძანებაში, მე რომ მივიღე მინისტრისგან, მწერენ, რომ მას ჰქვია მადმუაზელ დე ვერნეი. ეტყობა, ერთ-ერთი ყოფილია... განა მაგნაირებს არ ვიცნობ! რევოლუციამდე ყველანი მაგ ხელობას მისდევდნენ. მაშინ ნახევარბრიგადის ხელმძღვანელობა შეიძლება მიგეღო, ერთი-ორი და მორჩა, ხელის ერთი მოსმით, ექვსი მოძრაობით და ორ-სამჯერ ტკბილად თქმით: ჩემო კარგო, საყვარელო!    სანამ ჯარისკაცები მიალაჯებდნენ, დანჯღრეული კარეტა, იგივე საფოსტო ეტლი სწრაფად მივიდა სასტუმრო „სამ მავრამდე“, ალანსონის მთავარი ქუჩის შუაში. ამ უფორმო ეტლის გრიალ-ღრჭიალის გაგონებაზე, ზღურბლზე სასტუმროს მეპატრონე გამოჩნდა. ალანსონელებისთვის მოულოდნელი იყო საფოსტო ეტლის სასტუმრო „სამ მავრთან“ გაჩერება. მაგრამ საშინელმა შემთხვევამ მორტანთან ეტლი ყურადღების ცენტრში მოაქცია, იმდენი ყბაღია მოსდევდა, რომ მოგზაური ქალები, ცნობისმოყვარეებისთვის რომ აერიდებინათ თავი, უცებ შევიდნენ სამზარეულოში, რომელიც დასავლეთ საფრანგეთში ყველა ფუნდუკის წინკარს წარმოადგენს. ეტლის დათვალიერების შემდეგ მეფუნდუკე აპირებდა, მათ გაჰყოლოდა, მაგრამ მეეტლემ შეაჩერა, მკლავზე სტაცა ხელი. - მისმინე, მოქალაქე ბრუტუს, ჩვენ მოგვდევდა ლურჯების ესკორტი. რაკი არც მეეტლეა და არც დეპეშები, ეს მოქალაქეები მე მოგიყვანე. ნამდვილად გადაგიხდიან ყოფილი პრინცესებივით, ასე რომ... - ასე რომ ჩვენ თითო ჭიქას დავლევთ, ჩემო ბიჭო, - უპასუხა მეპატრონემ. გამჭვარტლულ სამზარეულოში სისხლით დასვრილი მაგიდის დანახვაზე მადმუაზელ ვერნეი ჩიტივით გაფრთხიალდა მეზობელ ოთახში, რადგან შეეშინდა სამზარეულოში ნანახისა და სუნისა და არანაკლებ ტურტლიანი მეფუნდუკისა და მისი სქელი ცოლისა, რომლებიც თვალს არ აშორებდნენ. - როგორ მოვიქცეთ, ჩემო ცოლო? ვინ ეშმაკი იფიქრებდა, ასეთ დროს ამდენი ხალხი რომ გვეყოლებოდა? სანამ შესაფერის საუზმეს მოვამზადებთ, ამ ქალს მოთმინება დაეკარგება. გეფიცები, კარგი იდეა მომივიდა! რაკი კეთილშობილი ხალხია, შევთავაზებ, იმ ქალთან ერთად ისაუზმონ, ჩვენთან ზემოთ რომ არის, ჰა?    მეპატრონე წავიდა ახალმოსულებთან დასალაპარაკებლად, მაგრამ მხოლოდ ფრანსინი დაინახა. სამზარეულოს სიღრმეში შეიყვანა, ეზოს მხარეს, ყური რომ არავის დაეგდო და ჩუმად უთხრა: - თუ ქალბატონებს სურთ, ცალკე მივართვა საჭმელი, რაშიც ეჭვი არ მეპარება, ძალიან დახვეწილი კერძები მაქვს მომზადებული ერთი ქალბატონისა და მისი ვაჟისთვის. ისინი, დარწმუნებული ვარ, წინააღმდეგნი არ იქნებიან თქვენთან ერთად საუზმობისა, - დაუმატა იდუმალი გამომეტყველებით, - მაღალი წარმოშობის ხალხია.    ბოლო წინადადება დასრულებული არ ჰქონდა, მეპატრონემ ზურგზე მათრახის ტარის შეხება იგრძნო. მკვირცხლად შემობრუნდა! უკან მეზობელი პატარა ოთახიდან უხმოდ გამოსული პატარა ჯმუხი კაცი ედგა. მისმა დანახვამ სქელ ქალს, მზარეულსა და მის შეგირდს თავზარი დასცა. გაფითრებულმა მეპატრონემ თავი მიაბრუნა. პატარა კაცმა თავი გადაიქნია, თმა გადაიყარა, შუბლს და თვალებს მთლიანად რომ უფარავდა, ფეხის წვერებზე აიწია, მეფუნდუკის ყურს რომ მისწვდომოდა და უთხრა: იცით, რა ღირს გაუფრთხილებლობა, დასმენა და რა ფერია ფული, ჩვენ რომ მაგაში ვიხდით? გულუხვები ვართ.    სიტყვებს ჟესტიც დაუმატა, ამ სიტყვების მრისხანე კომენტარი. მართალია, ფრანსინს მეპატრონის ბურთივით სხეული ეფარებოდა და ვერ ხედავდა ამ პიროვნებას, მაგრამ ბრეტონულ კილოზე ნათქვამი რამდენიმე სიტყვა დაიჭირა და მეხდაცემულივით იდგა. ამ საერთო გაოგნებულობაში გამოენთო პატარა კაცისკენ, რომელიც გარეული ცხოველის სიცქვიტით უკვე ეზოში გამავალ კარში გადიოდა. ფრანსინს ეგონა, შეეშალა, საშუალო ზომის დათვისოდენა მოწითალო შავბეწვიანი ვიღაც დაინახა მხოლოდ. გაკვირვებული ფანჯარას მივარდა და ბოლისგან გაყვითლებულ მინებს იქით საჯინიბოსკენ მიმავალი ფეხარეული უცნობი დაინახა. შესვლამდე შავი თვალები მიაპყრო სასტუმროს მეორე სართულს, მერე ეტლს ისე დააკვირდა, თითქოს რაღაც მნიშვნელოვანი უნდა აღმოეჩინა და მეგობრისთვის ამბავი წაეღო. თხის ტყავებითა და თავის აქნევის მანერით, სახის დანახვის საშუალება რომ მისცა, ფრანსინმა იცნო მისი უზარმაზარი მათრახი და მიპარვით, ფეხაკრეფით, მაგრამ სწრაფად მოსიარულე შუანი, იარე-მიწაზეს მეტსახელით რომ იყო ცნობილი. დააკვირდა, მაგრამ თავლის სიბნელეში, სადაც ჩალაზე ისე დაწვა, რომ არაფერი გამოჰპარვოდა, რაც სასტუმროში მოხდებოდა, ბუნდოვნად ჩანდა. იარე-მიწაზე ის იყო მოკუნტული, რომ ყველაზე დაკვირვებული ჯაშუშიც კი ახლოდან თუ შორიდან მეფორნის მძინარე ძაღლად ჩათვლიდა, გორგალივით დახვეულს, თათებზე რომ უდევს თავი. იარე-მიწაზეს ქცევით, ფრანსინი მიხვდა, რომ ვერ იცნო. იმ დელიკატური მდგომარეობის გამო, რომელშიც მისი ქალბატონი იყო ჩავარდნილი, გოგონამ არ იცოდა, ეს უნდა გაჰხარებოდა თუ სწყენოდა. მისი ცნობისწადილი იმანაც გაამძაფრა, რომ რაღაც იდუმალი კავშირი იგრძნო შუანის მუქარასა და მეფუნდუკის ჩვეულებრივ შეთავაზებაში, რაც ასე ხშირია მედუქნეებში, ერთი ტომრიდან ორჯერ აეღო მინდი.    მოშორდა ტურტლიან ფანჯარას, საიდანაც შავ, უფორმო მასას ხედავდა, იარე-მიწაზეს ყოფნის ადგილს, მიუბრუნდა მეფუნდუკეს და მისი შემხედვარე მიხვდა, რომ იაღლიში მოუვიდა და აღარ იცოდა, როგორ გამომძვრალიყო. საბრალო, შუანის ჟესტისგან გაქვავებული იყო. დასავლეთ საფრანგეთში ყველამ მშვენივრად იცოდა, რა დახვეწილი სისასტიკით სჯიდნენ მეფის ეგერები იმ ხალხსაც კი, ზედმეტს რომ წამოაყრანტალებდნენ და მეფუნდუკე ყელზე მიბჯენილ დანას გრძნობდა უკვე. შეძრწუნებული შეჰყურებდა მოგიზგიზე კერიას, სადაც, როგორც ამბობდნენ, ფეხებს უთბობდნენ ხოლმე დამსმენებს. სქელი პატარა ქალი, ცალ ხელში დანა რომ ეჭირა და მეორეში შუაზე გაჭრილი კარტოფილი, გამოთაყვანებული შეჰყურებდა თავის ქმარს. და ბოლოს, შეგირდს ვერაფრით აეხსნა ამ უმძრახი გაშეშების მიზეზი.    ბუნებრივია, ფრანსინის ცნობისმოყვარეობა გააცხოველა ამ მუნჯმა სცენამ, რომლის მთავარი მოქმედი პირი, მართალია, ყველამ დაინახა, მაგრამ არ ჩანდა! ახალგაზრდა ქალს მოსწონდა შუანის საშინელი გავლენა და, თუმცა ჯერ არ ჰქონდა შესისხლხორცებული მოახლე ქალების ეშმაკობები, ისე ძალიან მოუნდა, ამოეცნო ეს საიდუმლო, რომ გადაწყვიტა, ესარგებლა თავისი ხელსაყრელი უპირატესობით. - კეთილი, ჩემი ქალბატონი თანახმაა თქვენს წინადადებაზე, - მედიდურად უთხრა მეფუნდუკეს, რომელიც ამ სიტყვებზე ახალგამოღვიძებულივით შეხტა. - რომელზე? - ჰკითხა გულწრფელად გაკვირვებულმა. - რომელზე? - იკითხა მოულოდნელად შემოსულმა კორანტენმა. - რომელზე? - იკითხა მადმუაზელ დე ვერნეიმ. - რომელზე? - იკითხა მეოთხე პერსონაჟმა, კიბის უკანასკნელი საფეხურიდან მსუბუქად რომ ჩამოხტა სამზარეულოში. - რომელზე და თქვენს დიდებულ სტუმრებთან ერთად საუზმობაზე, - მოუთმენლად უპასუხა ფრანსინმა. - დიდებულებთან? - გამქირდავად, გესლიანი დაცინვით იკითხა კიბეზე ჩამოსულმა ადამიანმა, - ეს, ჩემო კეთილო, მედუქნის უშნო ხუმრობაა. მაგრამ თუ ეს ახალგაზრდა მოქალაქე გინდა, რომ საუზმეზე დაგვეწვიოს, გიჟი უნდა იყო, უარი რომ თქვა, - განაც-ხადა და მადმუაზელ დე ვერნეის გადახედა, - რაკი დედაჩემი აქ არ არის, მე თანახმა ვარ, - და მხარზე ხელი დაჰკრა საგონებელში ჩავარდნილ მეფუნდუკეს.    სიყმაწვილის თავქარიანი გრაციოზულობით შენიღბულმა უტიფა-რი მედიდურობით ნათქვამმა ამ სიტყვებმა, ბუნებრივია, ამ სცენის ყველა მონაწილის ყურადღება მიაპყრო ამ ახალ პერსონაჟს. მეფუნდუკემ თავი პილატესავით დაიჭირა, ხელები რომ დაიბანა, ქრისტეს სიკვდილში არაფერ შუაში ვარო, ორი ნაბიჯით უკან დაიხია და თავის ცოლს ჩასჩურჩულა: - მოწმე ხარ, რამე უბედურება რომ მოხდეს, ჩემი ბრალი არ იქნება. და, რაც მთავარია, დაამატა კიდევ უფრო ჩუმად, ახლავე წადი და იარე-მიწაზე გააფრთხილე, ყველაფერი უთხარი.    მოგზაურს, საშუალო სიმაღლის ახალგაზრდა კაცს დიდი, შავი გეტრები მუხლზემოთამდე სწვდებოდა, ლურჯი სერთუკი ეცვა, მაუდის მოკლე, მუხლამდე შარვალი, ისიც ლურჯი. ასეთი სადა, ეპოლეტების გარეშე უნიფორმა პოლიტექნიკური სკოლის სტუდენტებს ეცვათ. მადმუაზელ დე ვერნეიმ ამ მუქი კოსტიუმის ქვეშ თვალის ერთი შევლებით შეამჩნია მოხდენილი აღნაგობა და კიდევ, არ ვიცი რა, რაღაც, რაც მის კეთილშობილ წარმოშობას ამჟღავნებდა. ერთი შეხედვით ჩვეულებრივი სახე მერე და მერე გხიბლავდათ, მისი ნაკვთები გაფიქრებინებდათ, მისი სული დიად საქმეებს შეეჭიდებაო. მზემოკიდებული სახე ჰქონდა, ქერა, ხვეული თმა, სხივიანი ცისფერი თვალები, თხელი ცხვირი, დახვეწილი მიმოხრა. მასში ყველაფერი გამოსჭვიოდა, ისიც, რომ მის ცხოვრებას მაღალი გრძნობები მართავდნენ და ისიც, რომ მბრძანებლობას იყო მიჩვეული, მაგრამ გარეგნობაში ყველაზე დამახასიათებელი იყო ნიკაპი, ბონაპარტისას რომ ჰგავდა და ქვედა ტუჩი, რომელიც ზედას გრაციოზულად მოხრილი, კორინთული კაპიტელის აკანთოს ფოთოლივით, ხაზით უერთდებოდა. ბუნებამ ამ ნაკვთებს მომხიბვლელი მიმზიდველობა მიანიჭა. - რესპუბლიკელისთვის მეტისმეტად ნატიფია, - გაიფიქრა მადმუაზელ დე ვერნეიმ. ამ ყველაფრის შემჩნევას, სურვილის გაჩენას, რომ თავი მოეწონებინა მისთვის, თავის ნაზად გვერდზე გადახრას, კეკლუც გაღიმებას, ხავერდოვან მზერას, რომელიც სიყვარულისთვის კარდახშულ გულსაც გააცოცხლებს, შავი ნუშისებური თვალების მძიმე ქუთუთოებით დაბინდვას, გრძელი ხშირი წამწამებით ლოყებზე მუქი ჩრდილის მოფენას, საკუთარ ხმაში ყველაზე მელოდიური ბგერების პოვნას, რომ ბანალური ფრაზისთვის „დიდად დამავალებთ, ბატონო“ გულშიჩამწვდომი ხიბლი შეემატებინა, ყველა ამ ფანდს ნაკლები დრო დასჭირდა, ვიდრე ჩვენ - მის აღსაწერად. მერე მადმუაზელ დე ვერნეიმ მეპატრონეს მიმართა, თავისი ოთახი იკითხა, კიბე დაინახა და ფრანსინთან ერთად გაუჩინარდა, უცნობს კი თავსატეხი დაუტოვა, ეს პასუხი თანხმობა იყო თუ უარი. კარი II - ვინ არის ეს ქალი? - მკვირცხლად ჰკითხა პოლიტექნიკური სკოლის სტუდენტმა გახევებულ, გაოგნებულ მეფუნდუკეს. - მოქალაქე დე ვერნეია, ერთ-ერთი ყოფილთაგანი, - გეს-ლიანად უპასუხა კორანტენმა და ეჭვიანი თვალით აათვალიერ-ჩაათვალიერა, - რაში გაინტერესებს? უცნობმა რესპუბლიკელთა სიმღერა წაიღიღინა, ამაყად ასწია თავი და კორანტენს შეხედა. ერთხანს ახალგაზრდები მოჩხუბარი ყვინჩილებივით უყურებდნენ ერთმანეთს. ამ მზერამ სამუდამო სიძულვილი წარმოშვა მათ შორის, რამდენადაც უცნობის ცისფერი თვალები პირდაპირობას გამოხატავდნენ, იმდენადაც კორანტენის მწვანე თვალებში გაიძვერობა და ფლიდობა ჩანდა. ერთს თანდაყოლილი კეთილშობილური მანერები ჰქონდა, მეორეს - შემპარავი. ერთი ზემოთ მიილტვოდა, მეორე იდრიკებოდა. ერთი პატივისცემას აღგიძრავდათ, მეორე ცდილობდა, მოეპოვებინა. ერთი თითქოს ამბობდა: „დავიპყროთ!“ მეორე - „გავიყოთ!“ - მოქალაქე დიუ გა-სენ-სირი აქ არის? - იკითხა შემოსულმა გლეხმა. - რაში გაინტერესებს? - ჰკითხა ახალგაზრდა კაცმა და წინ გამოვიდა. - გლეხმა მდაბლად დაუკრა თავი და წერილი გადასცა, რომელიც სტუდენტმა წაკითხვისთანავე ცეცხლში შეაგდო. პასუხის ნაცვლად თავი დახარა და გლეხი წავიდა. - ალბათ პარიზიდან ხარ, არა, მოქალაქევ? - ჰკითხა მაშინ კორანტენმა და უცნობისკენ გაემართა მოურიდებლად, თავისუფალი, პირმოთნე თავაზიანობით, რაც მოქალაქე დიუ გას აუტანლად ეჩვენა. - დიახ, - უპასუხა მშრალად. - და, უეჭველია, რამე ჩინი გექნება არტილერიაში? - არა, მოქალაქევ, ფლოტში. - აა, ბრესტში მიდიხარ? - უზრუნველი ტონით ჩაეკითხა კორანტენი, მაგრამ ახალგაზრდა მეზღვაურმა პასუხი არ მოინდომა, მსუბუქად შეტრიალდა ქუსლებზე და გააბათილა ის საამო იმედები, მისი სახის მიხედვით რომ ააგო მადმუაზელ დე ვერნეიმ. ბავშვური უზრუნველობით გადასანსლა საუზმე, მზარეულსა და დიასახლისს გამოჰკითხა, როგორ მოამზადეთო, გაიკვირვა პროვინციული ჩვევები, როგორც საკუთარი ჯადოსნური ნიჟარიდან ამოგდებულმა ნამდვილმა პარიზელმა და გულზიზღი გამოხატა განებივრებული გოგოსავით, დაბოლოს, სრულიად არ აღმოაჩნდა ის თვისებები, როგორიც უნდა ჰქონოდა მისი მანერებისა და სახის პატრონს. კორანტენს სიბრალულით გაეღიმა, როცა დაინახა, როგორ დაიმანჭა ნორმანდიის საუკეთესო სიდრის გასინჯვისას. - აუფ! - წამოიძახა, - ამის დალევა როგორ შეიძლება? სასმელია თუ საჭმელი? რესპუბლიკელები მართალნი არიან, რომ არ ენდობიან იმ პროვინციებს, სადაც ყურძენს კეტით აყრევინებენ და სადაც მოგზაურებს ჩუმ-ჩუმად ხოცავენ გზებზე. ეგ წამალი სუფრაზე არ დაგვიდგათ, მოგვიტანეთ კარგი ბორდო, თეთრი და წითელი, ჰო, მართლა, წადით, ნახეთ, ზემოთ ცეცხლი კარგად თუ ანთია ბუხარში. მეჩვენება, რომ ეს ხალხი ცივილიზაციას მაგრად ჩამორჩა, ეჰ, - ამოიოხრა და განაგრძო, - ერთი პარიზია ქვეყანაზე და რა დასანანია, რომ ზღვაში თან ვერ წავიღებ! აუ, შე ფინაჩო! - უთხრა მზარეულს, - ამ ქათმის ფრიკასეში ძმარი როგორ ჩაასხი, როცა ლიმონი გაქვს მანდ!.. - თქვენ კი, ქალბატონო დიასახლისო, ისეთი უხეში ზეწრები მომეცით, რომ წუხელ მთელი ღამე თვალი არ მომიხუჭავს. მერე სქელი ხელჯოხით დაიწყო თამაში, ბავშვური გულმოდგინებით აკეთებდა სხვადასხვა მოძრაობას, აქეთ-იქით ატრიალებდა და მეტი თუ ნაკლები გაწაფულობა, მოხერხებულობა, შესრულების ხარისხი მაჩვენებელი იყო იმისა, თუ რამდენად საპატიო წევრი იყო ახალგაზრდა კაცი „წარმოუდგენლების“ კლასში. - ასეთი თავქარიანებით აპირებენ რესპუბლიკის ფლოტის აღორძინებას? - ეჩურჩულებოდა კორანტენი მეფუნდუკეს და თვალს არ აშორებდა. - ეს კაცი, - ეუბნებოდა ახალგაზრდა მეზღვაური სასტუმროს დიასახლისს, - ფუშეს ჯაშუშია, სიფათზე აწერია, პოლიციიდან უნდა იყოს. დავიფიცავ, ნიკაპზე რომ ლაქა აქვს, პარიზის ტალახია. მაგრამ დამაცადე, მოვიდა სეტყვა, დახვდა... ამ დროს სასტუმროს სამზარეულოში შემოვიდა ერთი ქალბატონი, რომლისკენაც დიდი მოჩვენებითი პატივისცემით გაექანა მეზღვაური. - ძვირფასო დედა, მობრძანდით. თქვენი არყოფნისას სტუმრები მოვაგროვე. - სტუმრები, რა სიგიჟეა! - მადმუაზელ დე ვერნეია, - ჩუმად განაგრძო ვაჟმა. - ის ეშაფოტზე დაიღუპა სავენეის საქმის შემდეგ. იგი მანში ჩამოვიდა ძმის, პრინც ლუდონის გადასარჩენად, - მკვახედ უპასუხა დედამისმა. - ცდებით, მადამ, - რბილად შეესიტყვა კორანტენი, - ორი მადმუაზელ ვერნეი არსებობს, ძველ გვარში ყოველთვის მრავალი საგვარეულო შტოა.    ასეთი ფამილარობით გაოცებულმა უცნობმა ქალმა რამდენიმე ნაბიჯით უკან დაიხია, თითქოს მოულოდნელი თანამოსაუბრის კარგად დასანახად: ქალებისთვის დამახასიათებელი გამჭრიახობით აღსავსე შავი თვალები მიაპყრო, ეტყობა, ფიქრობდა, რა ინტერესი აქვს, მადმუაზელ ვერნეის არსებობას ამტკიცებდესო. ამ დროს კორანტენიც მალულად აკვირდებოდა ქალბატონს, დედობის სიხარულის ვერანაირი კვალი ვერ იპოვა, მხოლოდ სიყვარულისა. ოცი წლის ვაჟის ყოლის ბედნიერებაც კი საეჭვოდ მიიჩნია ამ ქალისთვის, დამაბრმავებელი კანი რომ ჰქონდა, მორკალული, ჯერ ისევ ხშირი წარბები, ხშირი წამწამები, ასე რომ აღაფრთოვანა იგი და ხშირი, შუაზე გაყოფილი, გადატკეცილი შავი თმა, რაც ხაზს უსვამდა აზრიანი სახის ახალგაზრდობას. ოდნავ შესამჩნევი ნაოჭები შუბლზე განვლილი ხანგრძლივი წლების კვალი კი არ იყო, არამედ ახალგაზრდული ვნებებისა. დაბოლოს, გამგმირავი, ოდნავ დაბინდული თვალები, ძნელი სათქმელი იყო, მგზავრობით იყო დაღლილი თუ სიამოვნების მეტისმეტად ხშირი განცდით. დასასრულ, კორანტენმა შენიშნა, რომ უცნობი ქალის უსახელო, გრძელი მოსასხამი ინგლისური ქსოვილისა იყო და მისი ქუდის ფორმაც უცხო ჩანდა და არ იყო ე.წ ბერძნული ფასონისა, იმ ხანად ჯერ კიდევ დიდი მოწონებით რომ სარგებლობდა პარიზულ ტუალეტებში.    კორანტენი ხასიათით იმ ტიპის ხალხს ეკუთვნოდა, ყოველთვის ცუდს უფრო რომ ეჭვობენ, ვიდრე კარგს და მაშინვე დაეჭვდა ორივე მოგზაურის კეთილსაიმედოობაში. ქალბატონმაც, თავის მხრივ, ასეთივე სისწრაფით შეაფასა კორანტენის პერსონა, მრავალმნიშვნელოვნად შეხედა თავის ვაჟს, რაც ზუსტად გამოიხატებოდა სიტყვებით: „ეს ახირებული ტიპი ვინ არის? ჩვენიანია?“ ამ მდუმარე შეკითხვას ახალგაზრდა მეზღვაურმა ისეთი პოზით, მზერითა და ჟესტით უპასუხა, რაც ნიშნავდა: ღმერთმანი, არაფერი ვიცი და მე თქვენზე მეტად ვარ დაეჭვებულიო. მერე ეს გამოცანა დედას შეატოვა, სასტუმროს დიასახლისს მიუბრუნდა და ყურში ჩასჩურჩულა: ერთი გამიგეთ, ეს გაიძვერა ვინ ბრძანდება. მართლა ახლავს იმ ქალს და რატომ? - მაშ, - თქვა მადამ დიუ გამ და დაჟინებით ჩააცქერდა კორანტენს, - დარწმუნებული ხარ, რომ მადმუაზელ დე ვერნეი არსებობს? - ისევე არსებობს, მადამ, როგორც მოქალაქე დიუ გა-სენ-სირი. ამ პასუხში ჩამალული ირონია მშვენივრად იგრძნო უცნობმა ქალმა და მის ადგილზე ნებისმიერი ქალი უხერხულად იგრძნობდა თავს. მისმა ვაჟმა გამომცდელად შეხედა კორანტენს, მაგრამ მან გულგრილად ამოიღო საათი, თითქოს მისი პასუხით გამოწვეული შეცბუნება არც შეუმჩნევია. ქალბატონს, შეშფოთებულსა და ცნობისმოყვარეობით შეპყრობილს, ახლავე უნდოდა, გაეგო, ეს ფრაზა ვერაგობით ითქვა თუ შემთხვევით გამოუვიდა კორანტენს, და რაც შეიძლება ბუნებრივად თქვა: - ღმერთო ჩემო, რა სახიფათოა ახლა გზები! მორტანთან ახლოს შუანები დაგვესხნენ, ჩემი დაცვისას ჩემს ვაჟს ორი ტყვია მოხვდა ქუდში, კინაღამ მოკლეს. - როგორ, მადამ, თქვენ იმ სახიფათო ეტლში ისხედით, ყაჩაღებმა რომ გაძარცვეს, მიუხედავად იმისა, რომ დაცვა ახლდა? წარმოიდგინეთ, ჩვენც იმ ეტლით ჩამოვედით! მაშ, იმ ეტლს ალბათ იცნობთ! მორტანზე გავლისას გავიგე, შუანები ორიათასამდე ყოფილან და რომ ყველა დაიღუპა, მგზავრებიც კი. ხედავთ, როგორ წერენ ისტორიას! - თავქარიანი ტონით და მოსულელო გამომეტყველებით ამ წუთში პატარა პროვანსის მაცხოვრებელს ჰგავდა, გულისტკივილით რომ იგებს, რომ ახალი, მნიშვნელოვანი პოლიტიკური ამბავი მცდარი იყო. - რას ბრძანებთ, მადამ, - განაგრძო მან, - თუ პარიზთან ახლოს ასე ხოცავენ მგზავრებს, წარმოიდგინეთ, ბრეტანის გზები რამდენად სახიფათო უნდა იყოს. ღმერთმანი, უკან, პარიზში დაბრუნება მირჩევნია, ვიდრე გზის გაგრძელება. - მადმუაზელ დე ვერნეი ახალგაზრდა და ლამაზია? - ჰკითხა ქალბატონმა სასტუმროს დიასახლისს, - ეტყობა, უცებ რაღაც იდეა დაებადა.    პასუხის გაგონება ვერ მოასწრო, რადგან საუზმე მზად არისო, მეფუნდუკემ შეაწყვეტინა საუბარი, რომელიც სამივე მგზავრისთვის შემაწუხებელი გახდა. ახალგაზრდა მეზღვაურმა დედას ყასიდი ფამილარობით შესთავაზა ხელი, რამაც ეჭვი განუმტკიცა კორანტენს, რომელსაც კიბისკენ მიმავალმა ხმამაღლა უთხრა: - მოქალაქევ, თუ შენ მოქალაქე ვერნეის თანმხლები ხარ და თუ ის თანახმაა მეფუნდუკის წინადადებაზე, ნუ მოგერიდება...    ეს სიტყვები ცოტა აგდებულად და სწრაფად ითქვა. კორანტენი კიბისკენ გაეშურა. ახალგაზრდა მეზღვაურმა მაგრად მოუჭირა ხელი ქალბატონს და როცა პარიზელისგან შვიდი-რვა საფეხური აშორებდათ, ჩუმად უთხრა: - აი, რა უსახელო საფრთხეში გვაგდებს თქვენი გაუაზრებელი საქციელი. თუ გაიგეს, ვინ ვართ, როგორ დავიხსნათ თავი? და რა როლის თამაშს მაიძულებთ!    სამივე საკმაოდ დიდ ოთახში შევიდა. ვისაც ბევრი არ უმოგზაურია დასავლეთ საფრანგეთში, ისიც კი შეამჩნევდა, რომ მეფუნდუკეს ცდა არ დაუკლია, დიდებულად რომ მიეღო სტუმრები. მაგიდა საგანგებოდ იყო გაშლილი. ბუხარში მოგიზგიზე ცეცხლს ოთახიდან ნესტი გაეძევებინა, სუფრა, ხელსაწმენდები, ჭურჭელი, სკამები ძალიან ჭუჭყიანი არ იყო. კორანტენი მიხვდა, რომ მეპატრონე, სტუმრებისთვის რომ ესიამოვნებინა, ტყავში ძვრებოდა (ვიხმაროთ ეს ხალხური გამოთქმა). „ესე იგი, ეს ის ხალხი არ არის, ვინც უნდათ, რომ გვეგონოს, - გაიფიქრა მან, - ახალგაზრდა კაცი ეშმაკია. ბრიყვი მეგონა, მაგრამ ახლა ვხედავ, რომ მოხერხებულობით არ ჩამომრჩება.“    ახალგაზრდა მეზღვაური, დედამისი და კორანტენი მადმუაზელ ვერნეის ელოდნენ, მეფუნდუკე დასაძახებლად რომ წავიდა. მშვენიერი მოგზაური ქალი არ ჩანდა. პოლიტექნიკური სკოლის სტუდენტმა იფიქრა, იპრანჭებაო, წამოდგა და პატრიოტული სიმღერის „გადავარჩინოთ ჩვენი სახელმწიფო“ ღიღინით გაეშურა მადმუაზელ დე ვერნეის ოთახისაკენ, დიდი სურვილით, გაემხნევებინა და წამოეყვანა. შეიძლება თავისი ეჭვების გაფანტვაც უნდოდა, ან იქნებ თავისი ძალაუფლების გამოცდა სურდა, ყველა მამაკაცს რომ უნდოდა, ლამაზ ქალთან შეხვედრისას წარმოაჩინოს. „- ეგ თუ რესპუბლიკელია, თანახმა ვარ, ჩამომახრჩონ! მხრებს ისე მიათამაშებს, როგორც დიდებულებს სჩვევიათ. ეგ თუ დედამისია, - გაიფიქრა და მადამ დიუ გას შეხედა, - მაშ, მე პაპი ვარ! შუანები ჩავიგდე ხელში. უნდა დადგინდეს, რომელი რანგისანი არიან?“    მალე კარი გაიღო და ოთახში მეზღვაური შემოვიდა, თვითკმაყოფილი გალანტურობით, ხელმკლავით მიიყვანა მადმუაზელ დე ვერნეი მაგიდასთან. განვლილი საათი ეშმაკს არ გაუცდენია. ფრანსინის დახმარებით, მადმუაზელ დე ვერნეი კარგად შეიარაღდა: მისი სამგზავრო კოსტიუმი ალბათ სამეჯლისო მორთულობაზე საშიში იყო. მის სისადავეს განსაკუთრებული ხიბლი ჰქონდა, ეს ხიბლი კი შედეგი იყო დიდი ხელოვნებისა, რომლითაც ქალს, საკმაოდ ლამაზს, შეუძლია უარი თქვას მოსართავებზე და სამოსი მეორეხარისხოვნად აქციოს.    მწვანე კაბა ეცვა, უნაკლოდ შეკერილი, რომლის კოფთა, სირმით ნაქარგი, ხაზს უსვამდა მის ფორმებს, რაც ცოტა უხერხული იყო ახალგაზრდა გოგოსთვის. კარგად გამოკვეთდა მის წერწეტ წელს, ელეგანტურ კორსაჟს და გრაციოზულ მოძრაობებს.    ოთახში ღიმილით შემოვიდა, თავაზიანობით, იმ ქალებისთვის რომ არის ბუნებრივი, რომელთაც შეუძლიათ, თავი მოიწონონ პირში ფაიფურივით გამჭვირვალე ჩაწიკწიკებული კბილებით და ქორფა ლოყებზე ბავშვის ფოსოებივით ლამაზი ღრმულებით. უკვე მოეხადა ქუდი, რომელიც თითქმის მთლიანად უფარავდა სახეს ახალგაზრდა მეზღვაურის მზერისგან და ახლა არაფერი უშლიდა ხელს, გამოეყენებინა წვრილ-წვრილი და თითქმის გულუბრყვილო ეშმაკობები, რითაც ქალს თავისი სახის სილამაზისა და თავისი სინატიფის ჩვენება შეუძლია. რაღაცნაირი ჰარმონია მისი მანერებისა და ტუალეტისა, მას ისე აახალგაზრდავებდა, რომ მადამ დიუ გას ეგონა, ოცი წლისაც არ არისო. ამ სამოსის ელეგანტურობა იმისთვის იყო, ქალს რომ თავი მოეწონებინა, ახალგაზრდა კაცისთვის კი იმედი ჩაესახა; მაგრამ მადმუაზელ დე ვერნეიმ მსუბუქი თავის დაკვრით გადაუხადა მადლობა ისე, რომ არც კი შეუხედავს და განზე გადგა ანცი უზრუნველობით, რამაც ახალგაზრდა მეზღვაურს თავგზა აუბნია. ასეთ თავდაჭერილობას გარეშე ადამიანები ვერც სიფრთხილედ ჩათვლიან და ვერც კეკლუცობად, უფრო გულგრილობას ჰგავდა, ბუნებრივს ან მოჩვენებითს. ახალგაზრდა მოგზაურმა ქალმა გულწრფელი, ალალ-მართალი გამომეტყველების მიღება შესძლო, რამაც მისი სახე უმეტყველო გახადა. არავითარი მცდელობა არ გაუმჟღავნებია, ვისიმე გული მოეგო, მაგრამ, ეტყობა, ბუნებამ დაამადლა სიყვარული, მომაჯადოებელი მანერები, რამაც მოატყუა ახალგაზრდა მეზღვაურის თავმოყვარეობა. იგი ცოტა გულდაწყვეტილი დაბრუნდა თავის ადგილზე.    მადმუაზელ დე ვერნეიმ ხელი ჩაჰკიდა ფრანსინს და ქალბატონ დიუ გას მიმართა ნაზი, ალერსიანი ხმით: - მადამ, გამოიჩინეთ სიკეთე და ნება მიეცით ამ გოგონას, უფრო ჩემს მეგობარს, ვიდრე მოახლეს, ისაუზმოს ჩვენთან ერთად. ამ ფათერაკიან, მშფოთვარე დროში ერთგულებას მხოლოდ გულით შეიძლება სამაგიერო გადაეხადოს... მხოლოდ ესღა დაგვრჩენია!    მადამ დიუ გამ ამ ჩუმად ნათქვამ ფრაზას ცერემონიული მსუბუქი რევერანსით უპასუხა, რაც ასეთ ლამაზ ქალთან შეხვედრით მის უკმაყოფილებას გამოხატავდა. მერე შვილს მიუბრუნდა და წასჩურჩულა: - ოჰო, „მშფოთვარე დრო“, მადამ, ერთგულება და მოახლე! ეს მადმუაზელ ვერნეი კი არა, ფუშეს გამოგზავნილი გოგო უნდა იყოს. სტუმრები დასხდომას პირებდნენ, როცა მადმუაზელ დე ვერნეიმ შეამჩნია კორანტენი, ისევ დიდი გულისყურით რომ ათვალიერებდა ორივე უცნობს, რომელთაც უკვე აშფოთებდა მისი დაჟინებული მზერა. - მოქალაქევ, - უთხრა მან კორანტენს, - შენ ალბათ იმდენად კარგად ხარ აღზრდილი, რომ კუდში დევნას არ დამიწყებ. რესპუბლიკამ ჩემი მშობლები ეშაფოტზე აიყვანა, მაგრამ სულგრძელობა არ გამოუჩენია, ჩემთვის მეურვე დაენიშნა. თუ გაუგონარი რაინდული გალანტურობით ჩემი ნებართვის გარეშე გამომყევი (აქ ცოტა ამოიოხრა), მაინც არ შემიძლია დავუშვა, რომ მფარველობამ და მზრუნველობამ, ასე გულუხვად რომ იჩენ ჩემ მიმართ, შეგაწუხოს. აქ უსაფრთხოდ ვარ, შეგიძლია მშვიდად დამტოვო. დაჟინებით, აგდებულად, დამცინავად შეხედა. კორანტენი მიხვდა, ჩაიხშო ღიმილი, ეშმაკურად რომ უთამაშებდა ტუჩების კუთხეებში, მოწიწებით დაუკრა თავი. - მოქალაქევ, ჩემთვის ყოველთვის დიდი პატივი იქნება შენი მორჩილება, მშვენიერება ერთადერთი დედოფალია, რომელსაც ნამდვილი რესპუბლიკელი ნებაყოფლობით ემსახურება. როცა მადმუაზელ დე ვერნეიმ დაინახა, კორანტენი მიდისო, თვალები ისეთი გულწრფელი სიხარულით აუციმციმდა, ფრანსინს ისე მრავლისმეტყველად და ბედნიერი ღიმილით შეხედა, რომ მადამ დიუ გა, რომელიც ეჭვიანობისგან მეტისმეტად ფრთხილი გახდა, მზად იყო, გაებათილებინა ეჭვები, მადმუაზელ დე ვერნეის სრულყოფილმა სილამაზემ რომ გამოიწვია. - იქნებ ეს მართლა მადმუაზელ დე ვერნეია? - წასჩურჩულა ვაჟს. - მერე, დაცვა? - უპასუხა ახალგაზრდა კაცმა, თავმოყვარეობის შელახვამ რომ დააჭკვიანა, - ტყვეა თუ იცავენ? მთავრობის მტერია თუ მოყვარე?    მადამ დიუ გამ თვალები მოჭუტა, თითქოს იმის თქმა უნდოდა, მაგ საიდუმლოს ამოვხსნიო. თუმცა, კორანტენის წასვლით, ახალგაზრდა მეზღვაურის ეჭვები თითქოს გაიფანტა, სახეს კი მკაცრი გამომეტყველება ჩამოშორდა და მადმუაზელ დე ვერნეის ისეთი მზერა ესროლა, რომელიც ქალების უზომო სიყვარულს გამოხატავდა, და არა ახლადგაჩენილი გატაცების მორიდებულ სიმძაფრეს. ახალგაზრდა ქალი, უფრო წინდახედულად, მხოლოდ მადამ დიუ გას მიმართავდა ალერსიანად. მეზღვაური ჩუმ-ჩუმად ბრაზობდა და მწარე იმედგაცრუებას მალავდა, ისიც ეცადა, გულგრილობა გაეთამაშებინა. მადმუაზელ დე ვერნეი თითქოს ვერ ამჩნევდა ოინს და თავი სადად ეჭირა, თავშეკავებულად, ოღონდ არა დარცხვენილად, შეშინებულსაც არ ჰგავდა. ამ შეხვედრას, რომელიც როგორც ჩანს, ბედისწერას არ უნდოდა, მჭიდრო ნაცნობობად გადაზრდილიყო, ვერ აღეძრა ძლიერი სიმპათია ვერავის გულში. თავიდან ჩვეულებრივი უხერხულობა სუფევდა, სიმორცხვე, ყველა სიამოვნება რომ ჩაშალა, რომელსაც ერთი წუთის წინ მადმუაზელ დე ვერნეიც და ახალგაზრდა მეზღვაურიც ერთობლივი ტრაპეზისგან მოელოდნენ. მაგრამ ქალები საზოგადოებაში ისეთ გასაოცარ ტაქტს და თავდაჭერის წესების ცოდნას ამჟღავნებენ, მათ ისე აახლოებს ურთიერთგაგება ან მღელვარების მძაფრი სურვილი, რომ მსგავს შემთხვევებში ყოველთვის შეუძლიათ ყინულის დამსხვრევა. უცებ ორივე მშვენიერ მოსაუბრეს ერთი და იგივე აზრი დაებადა, დაიწყეს უწყინარი ხუმრობა ერთადერთი კავალერის მისამართით, ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ პატარ-პატარა საყვარელი დაცინვების გამოგონებაში, ყურადღებისა და მზრუნველობის გამოვლინებაში. ასეთმა ერთსულოვნებამ დაძაბულობა მოხსნა. შეხედვა ან სიტყვა, რომელიც ღრმა აზრს იძენდა, შემთხვევით რომ აღმოხდებოდათ უხერხულობისგან, ახლა მნიშვნელობას კარგავდა. მოკლედ, ნახევარი საათის შემდეგ ეს ორი ქალი, საიდუმლოდ მტრები რომ იყვნენ, თითქოს ამქვეყნად საუკეთესო მეგობრებად იქცნენ. ახალგაზრდა მეზღვაურმა თავისი თავი დაიჭირა იმაში, რომ მადმუაზელ დე ვერნეის უზრუნველი არასერიოზულობა ისევე სწყვეტდა გულს, როგორც ადრინდელი თავშეკავებულობა. ძლივს იკავებდა ყრუ მრისხანებას და ნანობდა, ერთად რომ საუზმობდნენ. - მადამ, - უთხრა მადმუაზელ დე ვერნეიმ მადამ დიუ გას, - ბატონი თქვენი ვაჟი ყოველთვის ასეთი მოწყენილია? - მადმუაზელ, - უპასუხა სტუდენტმა, - ახლა ვფიქრობდი, რატომ გვიგზავნის ბედისწერა ბედნიერებას, თუ ერთ წამში უნდა გაქრეს. ჩემი ნაღველის საიდუმლო უდიდეს სიამოვნებაშია. - აი, მესმის მადრიგალები, - განაგრძო ახალგაზრდა ქალმა სიცილით, - მაგრამ სამეფო კარის სუნი უფრო უდის, ვიდრე პოლიტექნიკური სკოლისა. - მადმუაზელ, ჩემმა ვაჟმა სრულიად ბუნებრივი აზრი გამოთქვა, - თქვა მადამ დიუ გამ, რომელსაც უცნობი ქალის მოთვინიერება გადაეწყვიტა. - აბა, გაიღიმეთ, - განაგრძო მადმუაზელ დე ვერნეიმ და გაუღიმა ყმაწვილ კაცს, - საინტერესოა, როგორი ხართ, როცა სატირლად გაქვთ საქმე, თუ ის, რისი „ბედნიერებად“ მოხსენიებაც ინებეთ, ასე გადარდიანებთ. ამ ღიმილმა და გამომწვევმა გამოხედვამ, რამაც დაანგრია მოჩვენებით-გულუბრყვილო ჰარმონია მისი ნიღბისა, ახალგაზრდა მეზღვაურის თამამი იმედი გამოაცოცხლა. მაგრამ მორჩილს თავისი ქალური ბუნებისას, რომელიც ყოველთვის და ყველაფერში ქალს მეტისმეტად ბევრს ან მეტისმეტად ცოტას შეაძლებინებს, მადმუაზელ დე ვერნეის ხან თითქოს უნდოდა, ხელში ჩაეგდო ეს ყმაწვილი და სიყვარულის გულუხვი დაპირებებით მოელვარე მზერას სტყორცნიდა, ხან მის თავაზიან ფრაზებზე პასუხად მკაცრი მოკრძალებულობის სიცივეს შეაგებებდა, ჩვეულებრივი ფანდია, რითაც ქალები ჭეშმარიტ გრძნობებს ნიღბავენ. და მხოლოდ ერთადერთხელ, ერთი წამით, როცა ორივეს ეგონა, მეორეს თვალები დახრილი აქვსო, მზერით გადასცეს ერთმანეთს თავიანთი აზრები, მაგრამ იმ წამსვე ჩააქრეს ამ მზერის ელვარება, რომელმაც ორივეს გული გაუნათა და გადაუქანა. მეტი ვეღარ გაბედეს ერთმანეთისთვის შეეხედათ, დარცხვენილებმა, რომ ერთი შეხედვით ამდენი თქვეს. მადმუაზელ ვერნეიმ გადაწყვიტა, უცნობის იმედები მოეტყუებინა და გულგრილი თავაზიანობით მოუთმენლად ელოდა საუზმის დამთავრებას. - მადმუაზელ, ალბათ ძალიან იტანჯებოდით ციხეში? - შეეკითხა მადამ დიუ გა. - ვაგლახ, ქალბატონო, მეჩვენება, რომ ისევ იქ ვარ. - თქვენს ესკორტს თქვენი დაცვა ევალებოდა, მადმუაზელ, თუ თქვენი თვალთვალი? რესპუბლიკისთვის ძვირფასი ხართ თუ საეჭვო? მადმუაზელ დე ვერნეი ინსტიქტურად მიხვდა, რომ მადამ დიუ გა ცუდად იყო მის მიმართ განწყობილი და მისმა ამ კითხვებმა გააბრაზა. - მადამ, - დანამდვილებით არ ვიცი, როგორია ჩემი დამოკიდებულება რევოლუციასთან. - იქნებ თრთოლას იწვევს? - ირონიულად ჰკითხა ახალგაზრდა კაცმა. - მოურიდებლად რატომ ეხებით მადმუაზელ დე ვერნეის საიდუმლოებებს? - ო, მადამ, რა უნდა იყოს საინტერესო ახალგაზრდა გოგონას საიდუმლოებებში, ცხოვრებაში აქამდე მხოლოდ უბედურება რომ გამოუვლია. -კი მაგრამ, - უპასუხა მადამ დიუ გამ, საუბრის გასაგრძელებლად, საიდანაც შეიძლებოდა გაეგო ის, რისი გაგებაც უნდოდა, - პირველ კონსულს, როგორც ჩანს, შესანიშნავი ზრახვები აქვს. ამბობენ, ემიგრანტების წინააღმდეგ კანონის მოქმედების შეჩერება უნდაო. - ეგ მართალია, მადამ, - უპასუხა მადმუაზელ დე ვერნეიმ, იქნებ ცოტა ზედმეტი გულმხურვალებით, - მაგრამ მაშინ რისთვის გვინდა ამბოხება ვანდეასა და ბრეტანში? რისთვის ვაღვივებთ ხანძარს საფრანგეთში?.. ამ დიდსულოვანი სიტყვებისგან, რომლითაც თითქოს თავისთავს უფრო უსაყვედურებდა, მეზღვაური შეკრთა. ძალიან ყურადღებით შეხედა მადმუაზელ დე ვერნეის, მაგრამ მის სახეზე ვერც ზიზღი ამოიკითხა და ვერც სიყვარული. მშვენიერი ფერის უნაზესი სახე უმეტყველო იყო. დაუძლეველმა ცნობისმოყვარეობამ მიაჯაჭვა უცებ ამ უცნაურ არსებას, რომლისკენაც უკვე ეწეოდა მგზნებარე ჟინი. - მაშ, - განაგრძო ახალგაზრდა ქალმა მცირე პაუზის შემდეგ, - მადამ, მაიენში მიდიხართ? - დიახ, მადმუაზელ, - უპასუხა ახალგაზრდა კაცმა და თვალებში კითხვა ჩაუდგა. - იცით, მადამ, - განაგრძო მადმუაზელ ვერნეიმ, - რაკი ბატონი თქვენი ვაჟი რესპუბლიკას ემსახურება... - თითქოს ინდიფერენტულად თქვა ეს სიტყვები, მაგრამ ისე მალულად გადახედა ორივე უცნობს, მხოლოდ ქალებმა და დიპლომატებმა რომ იციან, - შუანების უნდა გეშინოდეთ და დაცვის თანხლება ზედმეტად არ უნდა ჩათვალოთ. თითქმის თანამგზავრები ვართ, მაიენამდე ერთად წავიდეთ. დედა-შვილი ორჭოფობდა, თითქოს თვალებით ლაპარაკობდნენ, თანხმდებოდნენ. - მადმუაზელ, - უპასუხა ახალგაზრდა კაცმა, - შეიძლება ჩემი მხრივ წინდაუხედაობაა ამის თქმა, მაგრამ გულწრფელად უნდა გითხრათ, რომ ძალიან მნიშვნელოვანი საქმეების გამო აუცილებელია ჩვენი ყოფნა ფუჟერის მიდამოებში და ჯერ ტრანსპორტი არ მოგვიგვარებია. მაგრამ ქალები ბუნებით ისეთი დიდსულოვანნი ხართ, რომ შემრცხვებოდა, თქვენ რომ არ გენდობოდეთ. მიუხედავად ამისა, სანამ თქვენ ხელში ჩაგიგდებთ თავს, ის მაინც უნდა ვიცოდეთ, აქედან თუ შევძლებთ საღსალამათად გასვლას, თქვენი რესპუბლიკური ესკორტის დედოფალი ხართ თუ მონა? ახალგაზრდა მეზღვაურს გულახდილობა უნდა აპატიოთ, თქვენი მდგომარეობა რატომღაც არაბუნებრივად მეჩვენება... - ჩვენ იმ პერიოდში ვცხოვრობთ, ბატონო, როცა ჩვენს თავს და ჩვენ ირგვლივ ყველაფერი არაბუნებრივია. ასე რომ, ჩემი შემოთავაზების მშვიდად მიღება შეგიძლიათ და, რაც მთავარია, - დაუმატა მან ხაზგასმით, - ღალატის ნუ შეგეშინდებათ. წინადადება გულწრფელია და თანაც ადამიანისგან, ვინც შორს არის პოლიტიკისგან. - ასეთი მგზავრობა უსაფრთხო არ იქნება, - განაგრძო ყმაწვილმა და ისეთი ეშმაკური სინატიფით შეხედა, რომ ამ ბანალურ პასუხს აზრი მიეცა. - კიდევ რისი გეშინიათ? - ჰკითხა ქალმა დამცინავი ღიმილით, - ვერავისთვის ვხედავ საფრთხეს. - ნუთუ ეს იმ ქალის სიტყვებია, რომლის მზერაც იმავე სურვილს გამოხატავდა, მე რომ მწვავდა? - გაიფიქრა ახალგაზრდა კაცმა, - როგორი ხმა აქვს! უეჭველად მახეს მიგებს! ამ დროს ბუს მკაფიო და გამკივანი, ავისმომასწავებელივით კივილი გაისმა, თითქოს აქვე, ბუხრის საკვამურზე იჯდა. - ეს რა არის? ცუდის ნიშანია, - თქვა მადმუაზელ დე ვერნეიმ, გზა დაგვეთარსება, - სად გაგონილა დღისით-მზისით ბუს კივილი? - შეკითხვას გაკვირვებული ჟესტიც დაურთო. - ხანდახან ხდება ხოლმე, - ცივად უპასუხა ახალგაზრდა კაცმა, - მადმუაზელ, ვაითუ უბედურება მოგიტანოთ? თქვენც ეს გაიფიქრეთ, არა? მაშინ ნუ წავალთ ერთად. ეს სიტყვები ძალიან მშვიდად და თავშეკავებულად ითქვა, რამაც მადმუაზელ დე ვერნეი გააკვირვა. - ბატონო, - სუფთა არისტოკრატული მედიდურობით განაგრძო ქალმა, - სრულებითაც არ მინდა, ძალა დაგატანოთ. შევინარჩუნოთ თავისუფლების ნამცეცები, რესპუბლიკამ რომ დაგვიტოვა. ქალბატონი მარტო რომ იყოს, დაჟინებით მოვითხოვდი... დერეფანში ჯარისკაცის მძიმე ნაბიჯების ხმა გაისმა და მალე მეთაური იულოს კოპებშეკრული სახე გამოჩნდა. - აქ მობრძანდით, პოლკოვნიკო, - მიიწვია ღიმილით მადმუაზელ დე ვერნეიმ და ხელით თავის გვერდით, სკამზე მიუთითა. მივხედოთ სახელმწიფო საქმეებს, რაკი საჭიროა. გაიღიმეთ! რა დაგემართათ, აქაც შუანები ხომ არ არიან! მეთაურს პირი ღია დარჩა ახალგაზრდა უცნობის დანახვაზე და დიდი ყურადღებით დააკვირდა. - დედა, კიდევ ხომ არ გნებავთ ცოტა კურდღლის ხორცი? მადმუაზელ, თქვენ არაფერს ჭამთ, - მიმართა მეზღვაურმა ფრანსინს, თავაზიანად მასპინძლობდა. იულოს გაოცებასა და მადმუაზელ დე ვერნეის დაძაბულ გაფაციცებულობაში მკაცრი სერიოზულობა გამოსჭვიოდა, რის უყურადღებოდ დატოვებაც არ შეიძლებოდა, სახიფათო იყო. - რა მოგივიდა, მეთაურო, მიცნობ? - ცოტა მკვახედ ჰკითხა ახალგაზრდა კაცმა. - შესაძლოა, - უპასუხა რესპუბლიკელმა. - მართლაც, მე მგონი სკოლაში მინახიხარ. - სკოლაში არასოდეს ვყოფილვარ, - ცივად მიუგო მეთაურმა, - რომელი სკოლიდან ხარ? - პოლიტექნიკურიდან. - აი, თურმე საიდან! ყაზარმა, სადაც ჯარისკაცებს დორტუარებში წვრთნიან, - აღმოხდა იულოს, რომელსაც დაუძლეველი სიძულვილი ჰქონდა ამ სამეცნიერო სანერგიდან გამოსული ოფიცრების მიმართ, - მერე, სად მსახურობ? - ფლოტში. - რას მეუბნები! - გესლიანად გაიცინა იულომ, - ბევრი შეგხვედრია ფლოტში თქვენი სკოლელი? პოლიტექნიკური ინსტიტუტიდან, - მკაცრად გააგრძელა, - მხოლოდ არტილერიის ოფიცრები და საინჟინრო სამხედრო ნაწილების ოფიცრები გამოდიან. ახალგაზრდა კაცს წარბი არ შესტოკებია. - ჩემთვის გამონაკლისი დაუშვეს ჩემი გვარის გამო. ჩვენს გვარში ყველანი მეზღვაურები იყვნენ. - ოჰო, - გაიკვირვა იულომ, - განა რა გვარი ხარ, მოქალაქევ? - დიუ გა სენ-სირი. - შენ მორტანში არ მოგკლეს? - ოჰ, კინაღამ მოკლეს, - მკვირცხლად ჩაერია მადამ დიუ გა, - ჩემს ვაჟს ორი ტყვია მოხვდა. - საბუთები თუ გაქვს? - განაგრძო იულომ, დედას არ აცალა. - წაკითხვა ხომ არ გნებავთ? - უტიფრად ჰკითხა ახალგაზრდა მეზღვაურმა და თავისი ცისფერი თვალებით რიგრიგობით დამცინავად შეათვალიერა მეთაურის დაღვრემილი სახე და მადმუაზელ დე ვერნეი. - შე ცხვირმოუხოცავო, წინააღმდეგობის გაწევას ხომ არ აპირებ? ან საბუთები მაჩვენე, ან წავედით!.. - ოჰ, ოჰ, ჩემო მამაცო, არც მე ვარ გულუბრყვილო ყეყეჩი. რატომ უნდა გიპასუხო? ვინა ხარ? - დეპარტამენტის ჯარების უფროსი, - უპასუხა იულომ. - ოჰო, ჩემი საქმე შეიძლება ცუდად წავიდეს, იარაღით ხელში დამიჭერთ, - და ოფიცერს ჭიქით ბორდო მიაწოდა. - არ მწყურია, - უპასუხა იულომ, - აბა, მაჩვენე შენი საბუთები. ამ დროს ქუჩაში იარაღის ჟღარუნი და რამდენიმე ჯარისკაცის ფეხის ხმა გაისმა, იულო ფანჯარას მიუახლოვდა და სახეზე კმაყოფილება დაეწერა, რამაც შეაკრთო მადმუაზელ დე ვერნეი. თანაგრძნობის ასეთმა გამოხატულებამ გული გაუკეთა ახალგაზრდა კაცს, სახეზე კი გულგრილობა და სიამაყე გამოეხატა. კოსტიუმის ჯიბე მოიქექა, ელეგანტური საფულე ამოიღო და პოლკოვნიკს საბუთები მიაწოდა. იულომ ნელა დაიწყო კითხვა, პასპორტის მონაცემები საეჭვო მგზავრის სახეს შეადარა. ამ დროს ისევ გაისმა ბუს კივილი, მაგრამ ამჯერად ადამიანის ხმის ინტონაცია და რაკრაკი აშკარად ისმოდა. მეთაურმა დამცინავი სახით დაუბრუნა საბუთები ახალგაზრდა კაცს. - ეს ყველაფერი კეთილი და პატიოსანი, მაგრამ განყოფილებაში მაინც უნდა გამომყვეთ. სიტყვას ბანზე ნუ მიგდებ! - ოლქში რატომ მიგყავთ? - ჰკითხა მადმუაზელ დე ვერნეიმ ათრთოლებული ხმით. - ჩემო პატარა გოგო, ეს უკვე თქვენი საქმე არ არის, - უპასუხა მეთაურმა თავისი ჩვეული გრიმასით. ტონით, მოხუცი სამხედროს სიტყვებით და უფრო იმით, რომ შეურაცხყოფა მიაყენეს იმ კაცის წინაშე, რომელსაც მოსწონს, აღშფოთებული მადმუაზელ დე ვერნეი ადგა, მკვეთრად მოიშორა გულუბრყვილო, გულწრფელი მოკრძალებულობის ნიღაბი, აქამდე რომ ამშვენებდა, ლოყები აუწითლდა, თვალები აუელვარდა. - ერთი ეს მითხარით, ამ ახალგაზრდის საბუთები კანონის მოთხოვნებს აკმაყოფილებს? - ჰკითხა ჩუმად, მაგრამ ხმის კანკალით. - ერთი შეხედვით, კი. - მაშ ასე, ველოდები, რომ ერთი შეხედვით გაანებოთ თავი, - განაგრძო ახალგაზრდა ქალმა, - გეშინიათ, რომ გაგექცევათ? ჩემთან ერთად ესკორტით წამოიყვანეთ მაიენში. ქალბატონ დედამისთან ერთად საფოსტო ეტლით წამოვა. არ შემედავოთ, ასე მსურს. აბა?.. რას ფიქრობთ, - განაგრძო მადმუაზელ დე ვერნეიმ, იულოს უგემური გრიმასა რომ შენიშნა, - ისევ საეჭვოდ მიგაჩნიათ? - მე მგონი კი, ცოტა. - მერე, რა გინდათ, რომ უქნათ? - დიდი არაფერი. შუბლს გავუგრილებთ პატარა ტყვიით მაგ ქარაფშუტას, - ირონიულად უპასუხა მეთაურმა. - ხუმრობთ, პოლკოვნიკო? - წამოიძახა მადმუაზელ დე ვერნეიმ. - აბა, ამხანაგო, - უთხრა მეთაურმა და თავით ანიშნა მეზღვაურს, - აბა, დაუჩქარეთ! იულოს ამ თავხედობაზე მადმუაზელ დე ვერნეის სიმშვიდე დაუბრუნდა, გაეღიმა. - ფეხი არ მოიცვალოთ, - უთხრა ახალგაზრდა კაცს და ღირსეული ჟესტით თითქოს მფარველობა გამოხატა. - ოჰ, რა მშვენიერია! - წასჩურჩულა მეზღვაურმა ყურში დედამისს, რომელმაც წარბები შეჭმუხნა. თავმოყვარეობის შელახვამ, ათასნაირმა დაუოკებელმა გაბრაზებამ პარიზელი ქალის მშვენიერ სახეს ახლებური ხიბლი შესძინა. ფრანსინი, მადამ დიუ გა და მისი ვაჟი, ყველანი წამოდგნენ. მადმუაზელ დე ვერნეი ცოცხლად ჩადგა მათსა და მომღიმარე მეთაურს შორის და მარჯვედ გაიხსნა კოფთის სირმით მოქარგული ორი ღილკილო, დაუფიქრებლად, როგორც თავმოყვარეობაშელახულ ქალებს სჩვევიათ, როცა იციან, რომ შეუძლიათ, დაუყოვნებლივ გამოხატონ საკუთარი ძალაუფლება, როგორც ბავშვს არ ჰყოფნის ხოლმე მოთმინება და ეჩქარება ახლადნაჩუქარი სათამაშოს ნახვა, კორსაჟიდან სწრაფად ამოიძრო და მეთაურს გახსნილი წერილი გადასცა. - წაიკითხეთ, - გესლიანი ღიმილით უთხრა. მიუბრუნდა ახალგაზრდა კაცს და ტრიუმფით მთვრალმა ეშმაკურად, სიყვარულით შეხედა. ორივეს სახე გაუნათდა, სიხარულმა აუვარდისფრა აღელვებული სახეები და ათასი ურთიერთსაწინააღმდეგო გრძნობა წამოიშალა მათ სულებში. მადამ დიუ გამ ერთი შეხედვით გამოიცნო, რომ მადმუაზელ დე ვერნეის დიდსულოვნება სიყვარულით უფრო იყო ნასაზრდოები, ვიდრე გულმოწყალებით და, ცხადია, მართალი იყო. ახალგაზრდა მოგზაური ქალი ჯერ გაწითლდა და მორცხვად დახარა თვალები, რაკი მიხვდა ქალის ფიქრებს. მერე, ამ უჩუმარი მუქარანარევი ბრალდების პასუხად, ამაყად ასწია თავი და ყველას თვალი მოავლო. გაოგნებულმა მეთაურმა დაუბრუნა მინისტრების მიერ ხელმოწერილი წერილი, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ ყველა ხელისუფალი უნდა დამორჩილებოდა ამ იდუმალი პიროვნების ბრძანებებს. მერე ქარქაშიდან ამოიღო ხმალი, მუხლზე გადაიმტვრია და ნატეხები მიუყარა. - მადმუაზელ, თქვენ ალბათ კარგად იცით, რაც გასაკეთებელი გაქვთ, მაგრამ რესპუბლიკელს თავისი მოსაზრებები და სიამაყე გააჩნია. მე ვერ ვიმსახურებ იქ, სადაც ლამაზი გოგოები მბრძა-ნებლობენ. პირველ კონსულს დღესვე ექნება ჩემი თადარიგში გასვლის რაპორტი და ვისაც უნდა, დაგემორჩილოთ, ოღონდ არა იულო. როცა ჩემთვის გაუგებარია რაიმე, ვჩერდები, თუ, მითუმეტეს ისეთი რამაა, რაც უნდა მესმოდეს. ერთხანს სიჩუმე ჩამოვარდა, მაგრამ მალე ახალგაზრდა პარიზელმა ქალმა დაარღვია, მიუახლოვდა იულოს და ხელი გაუწოდა: - პოლკოვნიკო, მართალია, წვერი გაქვთ მოშვებული, მაგრამ მაინც შეგიძლიათ მაკოცოთ. კაცი ყოფილხართ. - და მე მაგით ვამაყობ, მადმუაზელ, - და საკმაოდ მოუქნელად ეამბორა ხელზე ამ უცნაურ გოგოს, - შენ კი, ამხანაგო, მუქარით დაუქნია თითი ახალგაზრდა კაცს, დიდ შარს გადარჩი. - მეთაურო, - სიცილით უპასუხა მეზღვაურმა, - გვეყოფა ხუმრობა. თუ გინდა, შენთან ერთად წამოვალ ოლქში. *გაგრძელება*…
დაამატა Kakha to ლიტერატურა at 10:03pm on ივნისი 9, 2016
თემა: ღარიბი მდიდარი კაცი, ანუ ცხოვრების კომიკური გრძნობა
suam per foramen, et venter meus intremuit ad tactum cieus. ("Canticum Canticorum", V.4)       ემეტერიო ალფონსოს ოცდაოთხი წელი რომ შეუსრულდა, თავის დაბადების დღეს სულ მარტო, მარტოხელა შეხვდა, არც ოჯახი აწვა კისერზე და არც სხვა რამ მოვალეობა ამძიმებდა; მცირეოდენი ქონების პატრონიც იყო და თან ბანკშიც მუშაობდა. ბავშვობა და მშობლები ბუნდოვნად ახსოვდა; უბრალო მშრომელები კი იყვნენ, მაგრამ დიდი გარჯისა და ხელმომჭირნეობის წყალობით შვილს საკმაო სარჩო-საბადებელი დაუტოვეს. ემეტერიოს მარტო ის ახსოვდა, რიტორიკისა და პოეტიკის სახელმძღვანელოში ლექსებს რომ კითხულობდა, რა აღტაცებით შესძახებდნენ ხოლმე, შენ უთუოდ მინისტრი გამოხვალო, მაგრამ ახლა, საკმაო რენტისა და ხელფასის იმედად, მინისტრებისა სულაც არ შურდა.       ემეტერიოც გვარიანად ხელმომჭირნე და თან მეტისმეტად მტკიცე ხასიათის ახალგაზრდა იყო; ყოველი თვის ბოლოს დაზოგილი თანხა თავის ანგარიშზე იმავე ბანკში შეჰქონდა, სადაც მუშაობდა. მაგრამ მარტო ფულს როდი ზოგავდა, - ასევე ზოგავდა საკუთარ თავსაც; მართალია, ბანკში თავის მოვალეობას პირნათლად ასრულებდა, რაკი ფრთხილიც იყო და მშიშარაც, მაგრამ ზედმეტად არაფრის გულისთვის არ გაირჯებოდა; ზოგავდა ჯან-ღონესაც, აზრებსა და გრძნობებსაც კი; დადგენილ ჭეშმარიტებებსა და საღ აზრს განუსჯელად აღიარებდა; ფრთხილი და ამხედ-დამხედი იყო ნაცნობ-მეგობრების არჩევაშიც. ყოველ საღამოს, ძილის წინ, - მუდამ ერთსა და იმავე საათზე კი წვებოდა, - გულდაგულ დაკეცავდა შარვალს და საგანგებო საკიდარზე ისე დაამაგრებდა, მეორე დღისთვის არ შელახულიყო და დაჭმუჭნილიყო.       ემეტერიო ერთ წრეს მიეკედლა, - კაფეში იკრიბებოდნენ ხოლმე, - და კარგადაც ერთობოდა, მოსწრებულ ხუმრობებზე გულიანად იცინოდა, მაგრამ სხვების გასამხიარულებლად თვითონ კრინტს არ დაძრავდა, თავს არ შეიწუხებდა. იმ წრეში ვინმე სელედონიო გამოარჩია, მარტო მასთან მონახა საერთო ენა; ის კი, თავის მხრივ, ემეტერიოს გონების სავარჯიშოდ იყენებდა. თავად სელედონიო იმ საკვირველი დონ ფულსენსიო ენტრამბოსმარეს დე აკილონის მოწაფე გახლდათ, ვისზეც საკმაოდ ბევრი რამ გიამბეთ ჩემს რომანში "სიყვარული და პედაგოგიკა".       სელედონიო ამ თავის მოწაფესა და თაყვანისმცემელს ჭადრაკის თამაშსაც ასწავლიდა და ისეთ თავშესაქცევ და ჯანმრთელობისათვის უვნებელ ხელოვნებასაც აზიარებდა, როგორიცაა შარადები, რებუსები, ლოგოგრიფები, კროსვორდები და სხვადასხვა მსუბუქი თავსატეხი. თავად სელედონიოს კი ყველაზე მეტად წმინდა ეკონომიკა იტაცებდა, რაკი დიფერენციული და ინტეგრალური გამოთვლებით არ იყო გართულებული. ამავე დროს იგი ემეტერიოს მრჩეველიც გახლდათ, უფრო სწორად, მოძღვარი; ისიც მხოლოდ სელედონიოს ახსნა-განმარტებების მიხედვით ეცნობოდა მიმდინარე მოვლენებს, ნაკლებმნიშვნელოვან ამბებს კი თვითონვე კითხულობდა გაზეთ "ესპანეთის ახალ ამბებში", ოღონდ საწოლში, ძილის წინ; შაბათობით თეატრშიც დადიოდა, ამ სიამოვნებას ნამდვილად არ იკლებდა, ეგ არის, დრამები არ უყვარდა, უფრო ტინეტე ან კომედია მოსწონდა. *       ასე და ამგვარად, მშვიდად და უდრტვინველად მიედინებოდა ემეტერიოს ცხოვრება გარეთ. მისი სახლიცა და ოჯახიც კი ერთი პატარა სასტუმრო იყო, უფრო სწორად, დონია ტომასას პანსიონატი და რაკი საკუთარი სახლ-კარი არ გააჩნდა, ოჯახური კერაც იქ დაიგულა.       იმ პანსიონატში კი მიმსვლელ-მომსვლელი არ ილეოდა. ვის არ ნახავდით იქ: ჩარჩ-ვაჭრებსა თუ სტუდენტებს, კათედრის მასწავლებლის ადგილის მაძიებელს, სხვადასხვა ჯურისა და გაურკვეველი საქმიანობის ადამიანებს და ვინ იცის, კიდევ ვის. მარტო ემეტერიო იყო მუდმივი ბინადარი და ისე გაშინაურდა დონია ტომასას პანსიონში, როგორც საკუთარ სახლში.       ამ, ასე ვთქვათ, ოჯახური კერის სული და გული გახლდათ როსიტა, დონია ტომასას ერთადერთი ქალიშვილი; ის ეხმარებოდა დედას პანსიონატის საქმეების მოგვარებაშიც და მდგმურებს საუზმისა თუ სადილ-ვახშმის დროს სუფრაზეც ემსახურებოდა მათდა საამებლად, მით უმეტეს, რომ როსიტა ქორფა, მადისაღმძვრელი და, ცოტა არ იყოს, გამომწვევიც კი იყო; არც იმას იუკადრისებდა, თუ ვინმე ხელს მოუთათუნებდა, პირიქით, კიდეც გაიცინებდა, რადგან ეს პატარა სიამოვნება იმ უგემურად მომზადებული დაბეგვილი ხორცის საზღაური იყო, რითაც როსიტა არცთუ იშვიათად უმასპინძლდებოდა ხოლმე მდგმურებს. არც უწმაწურ ხუმრობას ითაკილებდა, ის კი არა, პასუხსაც უმალ მიაგებებდა და კიდეც წააქეზებდა.       როსიტა უკვე მეოცე გაზაფხულის გაფურჩქვნის წელში გადამდგარიყო და ერთი ხანია, ემეტერიოზე ეჭირა თვალი, პანსიონატის მდგმურებს შორის სწორედ ის გამოარჩია და სულ თავს ევლებოდა, უღიმოდა, ეკეკლუცებოდა, გრძელ წამწამებს უფახულებდა. "კარგს იზამდი, ანკესზე რომ წამოგეგო!" - მალიმალ შეაგულიანებდა დედაც, დონია ტომასა; ქალიშვილი კი უპასუხებდა: "თუ კაკანათში გამება?"... "მაინც რა გაგიხდა ამისთანა, თევზია თუ ხორცი?" - "მე თუ მკითხავ, არც ერთია და არც მეორე, თვალებდაკუსული ბაყაყია, ეგ არის და ეგ!".. "თუკი ბაყაყია, მაშინ ეგ შუქურასავით თვალები რაში გარგია, თუ იმ თვალებსაც ვერ დაუვსებ?!" - "მორჩი, დედა, შენი დარიგება სულ არ მჭირდება, დარდი ნუ გაქვს, თავადაც კარგად ვიცი, საიდან მოვუარო!" - "კეთილი და პატიოსანი, მაგრამ მაინც იცოდე, ხელიდან გასაშვები კაცი არ არის და დარწმუნებული ვარ, არც გაუშვებ!" ასე და ამგვარად, როსიტა დიდი მონდომებით შეუდგა ემეტერიოსთვის "თვალების დავსებას", - უფრო სწორად, დონ ემეტერიოსთვის, როგორც ჩვეულებრივ მიმართავდა ხოლმე, - და თანდათან მიმზიდველიც კი ეჩვენებოდა.       ემეტერიო ხომ ისედაც დიდი ყაირათიანი კაცი გახლდათ და ახლაც იფიქრა, ამ შემთხვევასაც ჩემდა სასიკეთოდ გამოვიყენებო, თან ფხიზლად იყო, თავი სხვათა დასაცინი არ გავიხადოო; რაღა თქმა უნდა, არც ის გამოეპარებოდა, რა გაფაციცებით ადევნებდნენ თვალს მდგმურები როსიტას კოკობზიკობას და გულში ეცინებოდათ, ვითომ მარტო ემეტერიოს უჟუჟუნებდა თვალებს; მხოლოდ მარტინესი იყო მშვიდად, სწორედ ისე, როგორც ფსიქოლოგიის კათედრაზე ადგილის მაძიებელს შეშვენოდა, ხოლო ემეტერიო თავს ინუგეშებდა: "ვერა, ეს გოგო ვერ გამაბამს თავის მახეში, ისღა მაკლია, თავის დედიანად კისერზე დავისვა! დონია ტომასა მჭირდება კიდევ? ნათქვამია, ეული ხარი საკუთარ თავს ელოლიავებაო". - სხვათა შორის, ეს გოგო კარგა გამოქექილი ვინმე ბრძანდება, მარტო მაგის ტაქტიკა ნახე... - შესჩიოდა ემეტერიო თავის მოძღვარს, სელედონიოს. - მაშასადამე, ტაქტიკა არ მოგწონს, მაგრამ კონტაქტი... - არც ასეა, სელედონიო, მისი ტაქტიკა სწორედ რომ კონტაქტის ტაქტიკაა. ნეტავი კი დაგანახვა, როგორ მეტმასნება, სულ საბაბს ეძებს, რომ შემეხოს, ვითომც უნებურად, სულ იმის ცდაშია, როგორმე მაცდუნოს... მე კი ისიც ვერ გამიგია, მარტო მე? - გამოტყდი, ემეტერიო, ეჭვიანობ, სხვა მდგმურებზე ეჭვიანობ. - პირიქით, სწორედ ისინი მითვალთვალებენ, თუნდაც ის მარტინესი, მაძიებელი, როცა იმ თავის ბიფშტექსს ღეჭავს, ასე გეგონება, თვალებით როსიტას ჭამსო, ალბათ, ფიქრობს, ჩემთან თუ არაფერი გამოუვიდა, მას დარჩება, თუკი ბედმა გაუღიმა. - მაშინ ისევ შენ თქვი უარი, შენ გადექი განზე. - ნეტავი კი გაჩვენა, რა ოინებს მიწყობს ხოლმე. ერთხელ, ის-ის იყო, "ახალი ამბები" ავიღე და ფელეტონის კითხვას შევუდექი, რომ კარი შემოაღო, ლამის ოთახში შემომეჭრა. მერე როგორი გაწითლებული იყო, ვითომ შერცხვა, - ვაიმე, მაპატიეთ, დონ ემეტერიო, კარი შემეშალაო! - მოიბოდიშა. - რაო, დონ ემეტერიოს გეძახის? - აბა, სულ ასე მომმართავს. ერთხელ კიდეც ვუთხარი, მოეშვი მაგ "დონს" და უბრალოდ ემეტერიო დამიძახე-მეთქი, მაგრამ იცი, რა მიპასუხა? "უბრალოდ? რას ბრძანებთ, არასოდეს, დონ ემეტერიო, მხოლოდ "დონ". ამ დროს კი ოთახში მივარდება, ვითომ კარი შეეშალა... - რაც უნდა იყოს, შენ მაინც დონია ტომასას სახლში ცხოვრობ და ვშიშობ, ისე არ მოხდეს, როგორც წმინდა წერილშია ნათქვამი - "დავიჭირე იგი და აღარ გავუშვი, ვიდრე არ შევუძეღ დედაჩემის სახლში და ჩემი მშობლის გალიაში"... - წმინდა წერილშიო? ნუთუ ამისთანა რამეებიც წერია წმინდა წერილში?.. - ჰო, ეს მისტიკურ "ქებათა ქებაშია" ნათქვამი და მას, როგორც სურნელოვანი ღვინით სავსე ფიალას, ისე ეწაფებიან ადამიანები, რომელთაც სწყურიათ არამიწიერი სიყვარული; და ფიალის ამბავიც, საიდანაც წყურვილს იკლავენ, რასაკვირველია, ბიბლიაში წერია. - გამოდის, უნდა გავიქცე, სელედონიო, სხვა გზა არა მაქვს, ეს გოგო მე ცოლად არ გამომადგება... - სხვისი ცოლი რომ ყოფილიყო? - მით უარესი! უკანონო კავშირი? არავითარ შემთხვევაში, ან უფლის ნებას უნდა დაჰყვე, ან არა და იყო შენთვის... - კარგი, მაგრამ აკი უფალი ღმერთი იმასაც ამბობს, ინაყოფიერეთ და იმრავლეთო! შენ კი, როგორც გატყობ, გამრავლებას არც აპირებ. - გამრავლებასო? გამრავლება ბანკშიც მეყოფა!.. გამრავლებაო!.. მე და გამრავლება?! - რატომაც არა, აიყვანე საკუთარი თავი კუბში, იზრუნე შენივე თავის ხარისხში აყვანაზე!.. *       და ემეტერიოც ყოველ ხერხსა და ღონეს ხმარობდა, რომ როსიტას მოძალებული ტაქტიკისგან თავი დაეცვა. - იცი, რას გეტყვი, - ერთხელაც გაუბედა როსიტას ემეტერიომ, - მშვენივრად ვხედავ, როგორ ცდილობ მახეში გამაბა, მაგრამ იცოდე, ტყუილად ირჯები... - კარგი, მაგრამ ამას რატომ მეუბნებით, დონ ემეტერიო? - ან იქნებ სულაც არ ირჯები ტყუილად! აქედან რომ წავალ, მერე ვნახოთ... კარგად ბრძანდებოდე, ჩემო როსიტა! - მე ვბრძანდებოდე კარგად? თქვენ თვითონ ბრძანდებოდეთ კარგად... - დაე ასე იყოს, მე ვბრძანდებოდე, მაგრამ ფრთხილად, წინ იყურე!       საბრალო ემეტერიო! აკი მარტო როსიტა ზრუნავდა მასზე, ღილი რომ ასწყდებოდა, სხვა ვინ უკერებდა. კიდეც უხაროდა, თუ ასწყდებოდა. ჰალსტუხსაც როსიტა უსწორებდა. "აბა, დამენახვეთ, დონ ემეტერიო, - ეტყოდა ხოლმე, - მაინც რა დაუდევარი ხართ, ნამდვილი ადამი!.. მოდით აქ, გაგისწოროთ!" შაბათობით მისი თეთრეულიც როსიტას მიჰქონდა მრეცხავთან, პირადი ნივთების გარდა, რადგან თვითონვე გადამალავდა და მის უჩუმრად აბარებდა სამრეცხაოში, ან თუ გაცივდებოდა და ლოგინში ჩაწვებოდა, განა ისევ როსიტა არ უვლიდა? ცხელ-ცხელ პუნშს პირდაპირ ლოგინში მიართმევდა, სამაგიეროდ, ემეტერიო შაბათობით თეატრში ეპატიჟებოდა რომელიმე მხიარულ სპექტაკლზე.       ასე წაიყვანა ერთ შაბათ დღესაც, სწორედ მიცვალებულთა ხსენების დღეს, "ტენორიოს" სანახავად. "კარგი, მაგრამ მაინცდამაინც ამ დღეს რატომ გვაჩვენებენ ასეთ რამეს, დონ ემეტერიო?" - "ალბათ კომანდორის გულისთვის"... - "მართალი გითხრა, ეს დონ ხუანი ერთი გადარეული ვინმეა!"..       მაგრამ ასეთი ურთიერთობის მიუხედავად, ემეტერიო-ძუნწი მაინც მტკიცედ იდგა თავის გადაწყვეტილებაზე და არ ნებდებოდა. - მე თუ მკითხავ, - ეტყოდა ხოლმე დონია ტომასა ქალიშვილს, - მაგ შენს გამოთაყვანებულს ნამდვილად ვიღაც ჰყავს... - მაინც ვინ უნდა ჰყავდეს, დედა? ქალი? ამას ხომ უმალ ვიყნოსავდი... - ვაითუ სუნამოს არ იპკურებს!... - ქალს სუნამოს გარეშეც კარგად ვიყნოსავდი... - ეგებ საცოლე ჰყავს! - საცოლე? ვის? ამას კი ვერ დავიჯერებ! - მაშ რა ხდება? - არაფერი, დედა! ჩემი აზრით, დაოჯახებაზე არც ფიქრობს, უბრალოდ არ აპირებს... რაღაც სხვა უტრიალებს თავში... - შვილო, როგორც ვხედავ, ტყუილად ვირჯებით და დროს უქმად ვკარგავთ, სჯობია, ისევ მარტინესს მიხედო, თუმცა არც ისაა შენი შესაფერი, მაგრამ... ერთი ის მითხარი, ამას წინათ ის რა წიგნები მოგცა? - ისეთი არაფერი, დედა, სისულელეები, მისი ამხანაგების ნაჯღაბნი... - თვალი გეჭიროს, თვითონაც არ დაწეროს რამე რომანი და ჩვენ არ გამოგვიყვანოს... - მერე შენ რა გენაღვლება, დედა? - როგორ თუ რა? ისღა მაკლია, ჩემი თავი წიგნში ვნახო! *       ბოლოს და ბოლოს, როცა ემეტერიომ ყველაფერი კარგად აწონ-დაწონა და სელედონიოსაც მოეთათბირა, გადაწყვიტა, როსიტას გარიდებოდა, ცდუნებას არ აჰყოლოდა და აკი ზაფხულის შვებულებაც კარგი საბაბი გამოუჩნდა, თან ჯანმრთელობასაც მოიმიზეზებდა და წყლებზე სამკურნალოდ გაემგზავრებოდა; მერე კი, როცა სამსახურში დაბრუნდებოდა და ბანკში თავის საქმეს შეუდგებოდა, ძველებურ სკივრსაც გადაიტანდა ახალ ბინაში, დონია ტომასას სახლში გირაოსავით რომ დატოვა და დასასვენებლად მარტო ერთი ჩემოდნით გაემგზავრა. მაგრამ როცა დაბრუნდა, მაინც ვერ გაბედა, სკივრის წამოსაღებად თვითონ წასულიყო და როსიტას შეხვედროდა, ამიტომ კაცი გაგზავნა და თან წერილი გაატანა.       მაგრამ განა ასე უბრალოდ ჩაიარა ამდენმა ვაი-ვაგლახმა? როსიტაზე ფიქრმა მთლად დაუფრთხო ძილი და მოსვენება. ახლაღა მიხვდა, რა ღრმად ჩავარდნოდა გულში, ახლა, როცა ღამის სიბნელეში იწვა მართლაცდა მარტოსული და როსიტას ცეცხლივით მწველი თვალებით მონუსხული ამაოდ ცდილობდა მის დავიწყებას; დაიძინებდა და ძილშიც თან მიჰყვებოდა მისი ელვარე თვალები, თან საშიში და თან ნეტარების მომგვრელი. "მაინც რატომ მახსენებს პერუს ლამას? ნეტავი ასეთი რა ავბედითი დავინახე როსიტას არსებაში, რამ დამაფრთხო ასე ძალიან? მარტოხელა ხარი... ჯანმრთელობისთვის იმაზე უარესი არაფერია, ვიდრე მარტოხელა ხარივით ცხოვრება, საკუთარ თავს რომ ელოლიავება"... - ცოტა მძინავს და თუ მძინავს, ძალიან ცუდად, - შესჩიოდა ემეტერიო თავის მოძღვარს, - თითქოს რაღაც მაკლია, სული მეხუთება... - რა გაკლია და ცდუნება, ემეტერიო, რაკი ვეღარავის ებრძვი... - სულ ის მიდგას თვალწინ, როსიტა, ჩემი ძილ-ღვიძილის ზმანება... - მაშ ზმანება, არა? - ჰო, ასეა, ვერა და ვერ ვივიწყებ, მისი თვალები არ მასვენებს... - ტრაქტატის წერასაც ხომ არ აპირებ ესთეტიკის საკითხებზე? - იცი, სელედონიო, აქამდე ვერ გეუბნებოდი, ახლა გამოგიტყდები... ალბათ, გახსოვს, ამერიკული კალენდარი რომ მქონდა, ჩემს ოთახში ეკიდა... დღე და რიცხვი არასდროს გამომრჩებოდა... - თანაც, მეორე მხარეს შარადები და რებუსები უნდა ამოგეხსნა... - ესეც მართალია, მართალი. ერთი სიტყვით, იმ დღეს, როცა დონია ტომასას სახლიდან წამოვედი, რა თქმა უნდა, კალენდარიც ჩემს სკივრში ჩავდე, მაგრამ იმ დღის ფურცელი არ მომიხევია... - და იმ ღირსსახსოვარ დღეს აღარც შარადები ამოგიხსნია, არა? - ჰო, ასეა, არც შარადები გამხსენებია და იმ დღისა და რიცხვის ფურცელიც ხელუხლებელი დარჩა. - ემეტერიო, შენმა ნათქვამმა ერთი ამბავი გამახსენა. ახალდაქორწინებულ კაცს ცოლი რომ მოუკვდა, გამწარებულმა იმ საბედისწერო 17 საათსა და 13 წუთზე ისე დასცხო მუშტი თავის საათს, რომ გაჩერდა. მას შემდეგ შეკეთებაზე აღარც უფიქრია და ასე უქმად ატარებდა. - მერე რა მოხდა, სელედონიო, მგონი, არც არაფერი... - მე თუ მკითხავ, ჯობდა საათისა და წუთის მაჩვენებელი ისრები მოეძრო, საათი კი აემუშავებინა, რადგან ვინმეს რომ ეკითხა, რომელი საათიაო, უპასუხებდა, ჩემი საათი კი მუშაობს, ოღონდ დროს არ აჩვენებსო, ვიდრე ეთქვა, დროს კი აჩვენებს, მაგრამ არ მუშაობსო. რაკი საათი მაქვს, კიდეც უნდა მუშაობდეს, მე მირჩევნია მუშაობდეს და დროს არ აჩვენებდეს! *       ემეტერიო ისევ ისე, ჩვეულებისამებრ დადიოდა კაფეში, ისევ ისე იცინოდა სხვათა ხუმრობებზე, შაბათობითაც ჩვეულებისამებრ დადიოდა თეატრში, ყოველი თვის ბოლოს დანაზოგიც შეჰქონდა ბანკში თავის ანგარიშზე, - თანხა თანხას ემატებოდა, პროცენტები ერიცხებოდა, - კვლავინდებურად ზრუნავდა ჯანმრთელობაზე, უფრთხილდებოდა მარტოხელა კაცის ჯანის სიმრთელეს, ეული ხარივით ისიც ელოლიავებოდა საკუთარ თავს, მაგრამ რაოდენ ცარიელი იყო მისი ცხოვრება... ეს კი მთელი სიცხადით მაშინ იგრძნო, როცა იმ წრის ერთი წევრი, ჟურნალისტი, ყველაზე ენამოსწრებული და ოხუნჯი, ერთ მშვენიერ დღეს ბანკში გამოეცხადა იმ იმედით, რომ ფულს დასცინცლავდა, ხოლო როცა უარი მიიღო, საშინლად იწყინა. "თქვენ მე იმედი გამიცრუეთ!" - უთხრა მან. "მე?" - "დიახ, თქვენ და აი, რატომ - ჩვენს წრეში ყველას თავისი ადგილი და დანიშნულება გვაქვს. მე, მაგალითად, ყველას გაცინებთ და გამხიარულებთ, თქვენ კი ხმასაც არ იღებთ, ერთი სიტყვაც არ დაგცდებათ; შეძლებული კაცი ბრძანდებით და თქვენი დანიშნულებაც ეს არის; თუ რამეში ვარგიხართ, მარტო ამაში, სხვა არაფერში გამოდგებით; და თუ ახლა მე თქვენ გეახელით, მარტო ამიტომ გამახსენდით, თქვენ კი უარით გინდათ გამისტუმროთ; მაშასადამე, თქვენ მე მომატყუეთ, გამაცურეთ!" - "კარგი, მაგრამ მე ხომ იქ იმიტომ არ დავდივარ, ჩემო ბატონო, რომ მდიდარი ვარ, მე უბრალოდ, ჩვეულებრივი მომხმარებელი გახლავართ!" - "მომხმარებელი? რისი მომხმარებელი?" "რისი და მახვილსიტყვაობის! მე თქვენს მოსწრებულ ხუმრობებზე ვიცინი, ეს არის და ეს!" "მომხმარებელი, მომხმარებელი!... საკუთარი თავის მომხმარებელი ბრძანდებით და მეტი არც არაფერი!".. - და ეს სრული სიმართლე იყო.       ახლა კიდევ ეს ახალი საბინადროც! - ნეტავი კი იცოდე, სელედონიო, ეს რა სახლია, პანსიონატი კი არა, ნამდვილი ფუნდუკია თუ ქარვასლა. სახლი აი, ის იყო, დონია ტომასას პანსიონატი! - მართლაც პანსიონატი!.. - ეს სახლიც ვითომ პანსიონატია, მაგრამ ერთი იქაური მომსახურე ქალები გაჩვენა - ქალები კი არა, ნამდვილი ცხოველები არიან! რაც უნდა თქვა, როსიტა მაინც დიასახლისის ქალიშვილი იყო და იმ სახლის სული და გული, მე იქ მოსამსახურეებთან საქმე არასდროს მქონია... - არც პანსიონერებთან? - ამ ფუნდუკში კი... მარტო ერთი ის მარიტორნესიც კმარა, - ერბოკვერცხს რომ მიმზადებს ხოლმე, კვერცხები სულ ზეთში ცურავს. როცა ვკითხე, ამდენი ზეთი რა საჭიროა-მეთქი, იცი, რა მიპასუხა? - პურს ამოაწებო!.. წარმოგიდგენია?! - რასაკვირველია, როსიტაც კი გიმზადებდა ერბოკვერცხს, მაგრამ ის ხომ დიასახლისის შვილი იყო! - ესეც მართალია, მაგრამ ის ჩემს ჯანმრთელობაზე ზრუნავდა, ეს რეგვნები კი... გარდა ამისა, ჩემს სკივრს ისე მიადგამენ ხოლმე კედელს, სახურავი ვეღარ ამიხდია, მით უმეტეს, რომ ჩემი სკივრი ძველებურია და ამოზნექილი სახურავი აქვს... - აბა რა იქნება, თუ ცის თაღივით გამოზნექილ-ჩაზნექილია... - ააჰ, სელედონიო, მაინც რამ წამომიყვანა იმ სახლიდან!.. - იმის თქმა ხომ არ გინდა, ამ სახლში ჩემზე არავინ ნადირობსო?.. - არა, ამ სახლში მე ოჯახური კერა, სიმყუდროვე ვერ ვპოვე... - მერე ასე გაგიჭირდა სხვა ბინის მონახვა? - ყველა ერთნაირია... - ფასზეა დამოკიდებული, ფასის მიხედვით გეპყრობიან კიდეც... - არც ასეა, დონია ტომასას პანსიონატში ფულის მიხედვით სულაც არ მეპყრობოდნენ, იქ ნამდვილ ოჯახის წევრად ვგრძნობდი თავს... - ცხადია, იმ სახლში სხვა ანგარიში ჰქონდათ... - არა, სელედონიო, დარწმუნებული ვარ, კარგი ზრახვები ჰქონდათ, ნამდვილად ასე იყო, ახლაღა ვხვდები, რომ როსიტას ვუყვარდი, მართლა ვუყვარდი და უანგაროდაც... მე კი... მაინც რამ დამატოვებინა იქაურობა... - ემეტერიო, გული მიგრძნობს, ისევ დაბრუნდები, ეჭვიც არ მეპარება, როსიტას დაუბრუნდები... - ვერა, ვერ დავუბრუნდები, შეუძლებელია... როგორ ავუხსნა, რატომ დავბრუნდი-მეთქი? ან სხვა ბინადრები რას იფიქრებენ, თუნდაც ის მარტინესი რას იტყვის? - დამიჯერე, მარტინესი არ ფიქრობს, ის მხოლოდ ფსიქოლოგიურ ახსნას ეძებს ხოლმე... *       ორიოდე დღეს არ გაუვლია, რომ ემეტერიო კვლავ შეხვდა სელედონიოს. - სელედონიო, აბა თუ მიხვდები, გუშინ ვინ ვნახე. - ამას რა მიხვედრა უნდა, რასაკვირველია, როსიტა! მარტო იყო? - არა, მარტინესი ახლდა, აკი ახლა მისი ქმარია, თუმცა არც უიმისოდ იქნებოდა მარტო... - ვერ ვხვდები, რას ნიშნავს, მარტო არ იქნებოდაო; ფხიზელი არ იყო და ვინმეს მიჰყავდა თუ რა? - არა, იმ მდგომარეობაში იყო, საინტერესოს რომ უწოდებენ, თვითონვე მახარა; მერედა როგორი გამარჯვებული სახე ჰქონდა, როგორი მედიდური, რა ამაყად აფახულებდა იმ თავის წამწამებს! როგორც ხედავ, ემეტერიო, მე საინტერესო მდგომარეობაში გახლავარო! მე კი ჩავფიქრდი, ნეტავი მაინც რა ასეთი საინტერესოა მისი მდგომარეობა-მეთქი! - ცხადია, ბანკის მოხელისათვის ჩაფიქრება მართლაც ბუნებრივია, მაგრამ ის, მეორე, მარტინესი რაღას ფიქრობდა მის მდგომარეობაზე თავისი ლოგიკური თუ ეთიკური თვალსაზრისის თანახმად? ახლა ის მითხარი, შენზე როგორ იმოქმედა ამ ამბავმა? - ნეტავი კი გენახა!.. მაინც რა მოიგო როსიტამ ამ ცვლილებით? - რა ცვლილებით? - რა და, იმ თავისი მდგომარეობით, ისეა დამრგვალებული და დაქალებული... მერედა რა სანახავი იყო, ამაყად, თავმომწონედ რომ მიჰყვებოდა მარტინესს მკლავზე დაყრდნობილი... - დარწმუნებული ვარ, მათ რომ დაშორდი, იფიქრე, რატომ მე არა ვარ მის ადგილზე, როგორ ვერ დავასწარი ამ მარტინესს, რა ეშმა შემიჩნდა ისეთიო; გამოტყდი, რომ ნანობ, ასეა თუ არა? - ჰო, მგონი, ასეა... მართალს ამბობ... - მარტინესმა რაღაო? - მარტინესი ორჭოფული ღიმილით მიყურებდა, თითქოს უნდოდა ეთქვა: შენ არ მოინდომე? ახლა ჩემიაო! - ჰოდა, ბიჭიც მისი იქნება... - იქნებ გოგო... ჩემი რომ ყოფილიყო, უეჭველად ბიჭი იქნებოდა, მაგრამ მარტინესისა?.. - ახლა მარტინესზე ეჭვიანობ, არა? - მაინც რა სისულელე ჩავიდინე! - დონია ტომასა რაღას იქმსო? - დონია ტომასა? ჰო, მართლა, აკი მომკვდარა, ეტყობა, როსიტაც ამიტომ უფრო აჩქარდა, სასწრაფოდ გათხოვდა, იმ სახლის ღირსება რომ შეენარჩუნებინა... - ერთი სიტყვით, მარტინესმაც ერთბაშად მდგმურის წილ პანსიონატის პატრონის ადგილი მიიღო! - ჰო, მარტინესს ბედმა კი გაუღიმა, მაგრამ თურმე არც კერძო გაკვეთილებსა და კონკურსში მონაწილეობაზე უთქვამს უარი. როგორც გავიგე, ბოლოს და ბოლოს მიზნისთვისაც მიუღწევია და იმ თავის საოცნებო კათედრაზეც მიუღია ადგილი, ამიტომ ცოლთან და იმასთან ერთად, ვისაც ელოდებიან, მიემგზავრება ნანატრი ადგილის დასაკავებლად. - რამდენი რამ დაკარგე, ემეტერიო! - ახლა ისიცა თქვი, რამდენი რამ დაკარგა როსიტამ! - რამდენი მოიგო მარტინესმა! - მაინც რამდენი? სამი-ოთხი საათი კათედრაზე ყურყუტი, მეტი რა? მე ჩემი ვიკითხო, რომ ვერა და ვერ ვეღირსე ოჯახურ კერას, მარტოხელა ხარივით უნდა ველოლიავო საკუთარ თავს. აბა, ეს რა ცხოვრებაა, სელედონიო! რა ცხოვრებაა?! - კარგი, მაგრამ ქალი დაილია? - როსიტასთანა ქალი - კი... როსიტასთანას სადღა ვნახავ? მაინც რა მოიგო ისეთი, მარტინესზე რომ გამცვალა?! - კათედრაზე ვაკანსია... - გეუბნები, სელედონიო, ვერ ვივარგე, კაცად ვერ ვივარგე-მეთქი! *       და მართლაც, საწყალი ემეტერიო ალფონსოს მთელი მიჩქმალული შინაგანი სამყარო, მთელი მისი პირადი ცხოვრება მომაკვდინებელი ერთფეროვნებისა და გულგრილობის მორევში ჩაინთქა. ალფონსო კი იყო მისი გვარი, მაგრამ სელედონიომ ურჩია, ნაწილაკი "დე" დაერთო კეთილშობილი წარმომავლობის მანიშნებლად. ერთი სიტყვით, აღარც ხუმრობებზე ეცინებოდა, აღარც შარადები, რებუსები თუ ლოგოგრიფები ადარდებდა. ცხოვრებამ მისთვის მთელი ხიბლი დაკარგა. თუ ეძინა, გული მაინც ფხიზლობდა, "ქებათა ქებაში" რომაა ნათქვამი: "მე მძინავს, გული კი მღვიძარეა ჩემი", - მის გონებას ეძინა, გული - ოცნებობდა. სამსახურშიც ამ მძინარე გონებით თვლიდა და ანგარიშობდა, ხოლო გული როსიტაზე ფიქრობდა, როსიტას საინტერესო მდგომარეობაზე. რა გასაკვირია, რომ ამ ფიქრებში ჩაფლულს პროცენტები სხვათა ანგარიშზე დაერიცხა, ამიტომ ბანკის მოხელეები იძულებული იყვნენ, მისი შეცდომები ესწორებინათ, თან აფრთხილებდნენ, მეტი ყურადღება გმართებსო. ბოლოს კი დონ ილარიონმაც გამოიძახა და უთხრა: - სენიორ ალფონსო, თქვენთან გასაუბრება მსურდა... - დიდი სიამოვნებით, დონ ილარიონ. - ვერ ვიტყვი, რომ თქვენი მუშაობით უკმაყოფილო ვიყო, სენიორ ალფონსო, ამას ნამდვილად ვერ ვიტყვი, პირიქით, სამაგალითო მუშაკადაც კი მიმაჩნიხართ, კარგად მომეხსენება თქვენი მუყაითობის, წინდახედულების, შრომისმოყვარეობისა თუ სიფრთხილის ამბავიც. ესეც არ იყოს, ჩვენი ბანკის მეანაბრეც ხართ, მთელი თქვენი დანაზოგი ჩვენთან შემოგაქვთ და, ცხადია, ანგარიშზე საკმაო თანხაც გერიცხებათ... მაგრამ, სენიორ ალფონსო, ნება მიბოძეთ, ერთი შეკითხვა მაინც დაგისვათ, ოღონდ არა როგორც უფროსმა ხელქვეითს, არამედ როგორც მოკეთემ, მამის მაგიერმა... - დონ ილარიონ, არასოდეს დამავიწყდება, რომ მამაჩემის მეგობარი ბრძანდებოდით და ჩემს დღევანდელ მდგომარეობას თქვენ უნდა გიმადლოდეთ, თავი დავალებულად მიმაჩნია. თქვენი წყალობით მომეცა საშუალება, დამეცვა და გამეზარდა ის კაპიტალი, რაც მამამ დამიტოვა და ამდენად უფლებაც გაქვთ, ნებისმიერი კითხვა დამისვათ... - რისთვის აგროვებთ ამ კაპიტალს, რისთვის გინდათ გამდიდრება?       ამ მოულოდნელმა კითხვამ ისე დააბნია ემეტერიო, რომ აღარ იცოდა, რა ეთქვა ან რა ექნა. მაინც რას გულისხმობდა დონ ილარიონი, რისი გაგება უნდოდა, რა მიზნით დაუსვა ეს კითხვა? - არ ვიცი, რა გითხრათ... რა გიპასუხოთ... - ბუტბუტებდა იგი. - მაშასადამე, უბრალოდ აგროვებთ დაგროვებისთვის, მდიდრდებით გამდიდრებისათვის? - არ ვიცი, დონ ილარიონ, არ ვიცი... ეგებ ეს ჩემი გატაცებაა ან ახირება... - მაგრამ მარტოხელა კაცისთვის, ყოველგვარი მოვალეობისგან თავისუფალი ადამიანისთვის... დაგროვება ხომ... - მოვალეობისგან? - შეშფოთდა ემეტერიო, - არა, მოვალეობა მართლაც არაფერი მაქვს... გეფიცებით, დონ ილარიონ, არანაირი... - მაშინ ვერ ამიხსნია... - პირდაპირ მითხარით, დონ ილარიონ, რა ვერ აგიხსნიათ? - რა და თქვენი დაბნეულობა, იმ შეცდომების მიზეზი, რასაც გარკვეული დროიდან უშვებთ ანგარიშებსა და გამოთვლებში... ახლა კი მინდა ერთი რჩევაც მოგცეთ. - ნება თქვენია, დონ ილარიონ. - სენიორ ალფონსო, ასეთი დაბნეულობის ერთადერთი წამალი არსებობს - უნდა იქორწინოთ, ცოლი უნდა შეირთოთ... ჩვენც უფრო დაოჯახებული თანამშრომლები გვჭირდება, შეირთეთ ცოლი... - მაშასადამე, უნდა ვიქორწინო, დონ ილარიონ? მე, ემეტერიო ალფონსო, ოჯახს მოვეკიდო? მერედა ვინ შევირთო? - კარგად დაფიქრდით, სენიორ ალფონსო, იმისათვის, რომ ყურადღება აღარ გაგეფანტოთ, ცოლი უნდა შეირთოთ, დაოჯახდეთ, სენიორ ალფონსო! *       და დაიწყო ემეტერიოსთვის ღრმა სულიერი მარტოობის გაუსაძლისი დღეები; ტრადიციულ თავყრილობებზეც კი აუცრუვდა გული, უფრო გარეუბნის კაფეებში მოუხშირა სიარულს - იქ არც არავინ იცნობდა და არც არავის იცნობდა, და ასე გულდამძიმებული უყურებდა უბრალო ხელოსნებსა და წვრილ ბურჟუებს, რომელთა შორის, შესაძლოა, ვინმე ფსიქოლოგიის მასწავლებელიც ყოფილიყო, მით უმეტეს - კვირადღეს, ოჯახებით, ცოლ-შვილით რომ მოდიოდნენ, ყავას წრუპავდნენ, ორცხობილას ატანდნენ და პოპულარულ საფორტეპიანო მუსიკასა თუ სიმღერებს უსმენდნენ. როცა თვალს შეასწრებდა, დედა თავის პატარას პირს როგორ სწმენდდა, ახსენდებოდა ის დრო, დონია ტომასას პანსიონში რომ ცხოვრობდა და როსიტაც დედობრივი მზრუნველობით დასტრიალებდა თავს. მერე ფიქრით მისწვდებოდა შორეულ, პროვინციულ პატარა ქალაქს, სადაც როსიტა, მისი როსიტა, ცდილობდა მარტინესის დაბნეულობა გაეფანტა, რათა მას სხვათა შვილებისთვის ის თავისი ფსიქოლოგია, ლოგიკა თუ ეთიკა ესწავლებინა. და როცა ემეტერიო შინ ბრუნდებოდა, არა, შინ კი არა, ფუნდუკში თუ ქარვასლაში, - ჩაბნელებულ შუკაში მოსასხამში გახვეული ქალი მიაძახებდა: "ეი, ბობოლავ, მდიდარო!" მაშინ კი აუჩქარებდა ნაბიჯს და იტყოდა თავისთვის: "მდიდარიო? მაინც ვისთვის ვარ მდიდარი? განა მართალი არ იყო დონ ილარიონი? რად მინდა ეს სიმდიდრე? რა ხეირი ვნახე ხელმომჭირნეობაში, თუკი ვერავის ვერაფერში გამოვადგები, თუნდაც საინტერესო მდგომარეობის ქალს? მარტო სახელმწიფო ქაღალდების შესაძენად? მე ხომ სულ არ მაინტერესებს არც სახელმწიფო და არც მისი ინტერესები... ღმერთო ჩემო, რატომ გამოვიქეცი? ასე მაინც რატომ გავუძალიანდი როსიტას? რატომ კისრისტეხით არ გამოვეკიდე და მკლავებში არ ჩავუვარდი?"       არა, ეს არ იყო ცხოვრება. და იგი დაეხეტებოდა ქუჩა-ქუჩა და აღმა-დაღმა, დაბორიალებდა უგზო-უკვლოდ, ცურავდა ხალხის ზღვაში და ცდილობდა, იმ ადამიანების სულიერი ცხოვრება ამოეცნო, გზადაგზა რომ ხვდებოდნენ, გაეშიშვლებინა არა მარტო მათი სხეულები, არამედ სულიც. "მეც რომ მარტინესივით ვიცოდე ფსიქოლოგია, - იტყოდა ხოლმე, - დიახ, მარტინესივით, რომელიც მე თვითონ დავაქორწინე როსიტაზე... დიახ, მე თვითონ, ეს ხომ სადავოც არ არის - მე თვითონ დავაქორწინე ისინი... მაგრამ დაე, მათ მაინც იცხოვრონ ბედნიერად და უჭირველად, სხვა რა უნდა ინატროს ადამიანმა... ნეტავი თუ ხანდახან მაინც გამიხსენებენ ხოლმე, თუ გამიხსენებენ - როდის?"       და ასე დაეხეტებოდა ქუჩა-ქუჩა. თავდაპირველად ტანწერწეტა გოგონებს აედევნებოდა, მერე იმ ყმაწვილებს დაუწყებდა თვალთვალს, იმ გოგონებს რომ დაჰყვებოდნენ, ხან ლაზღანდარა ბიჭებს მიუგდებდა ყურს, გოგონებს რომ ექილიკებოდნენ, არც გოგონების პასუხები გამოეპარებოდა, ხანაც წყვილებს აეტორღიალებოდა და გულს მალამოდ ედებოდა, თუკი შეხმატკბილებულები საუბრობდნენ. "ერთი შევხედო... მგონი, ეს გოგონა უკვე მიუტოვებია თავის საქმროს, თუ ვინც იყო... ახლა მარტოა, - გული დასწყდებოდა ხოლმე, - მაგრამ არაფერია, ვინმე სხვა გამოუჩნდება... აი, ამ ორმა წყვილმა კი, ეტყობა, ერთმანეთს გაუცვალ-გამოუცვალა... ნეტავი ეს კომბინაცია რაღას ნიშნავს? მაინც რამდენი კომბინაციაა, ოთხიდან ორი მაინც რომ გამოვიდეს... მგონი, მათემატიკაც მავიწყდება... * - რა კარგია, რომ შეგხვდი, ემეტერიო, სალაპარაკო მაქვს შენთან, - უთხრა სელედონიომ, როცა ერთ დღეს რომელიღაც მიყრუებულ ქუჩაზე გადაეყარა, ჩვეულებისამებრ, დაკვირვებაში გართულ მეგობარს, - ჯერ შენს ყურამდე არ მოუღწევია იმ ამბავს, რომ დიდი პოპულარობით სარგებლობ თურმე აქ მოსეირნე წყვილებს შორის? - არა, არაფერი გამიგია, რას ამბობ? - იმას, რომ მიგიხვდნენ თურმე ჩანაფიქრს და კარგადაც ერთობიან, წყვილების მეთვალყურეც კი შეურქმევიათ შენთვის, ოღონდ "საწყალი კაციო", ამასაც ამბობენ. - მართალი გითხრა, ძალიან გამიტაცა ამ საქმემ. გამოგიტყდები, როცა მიტოვებულ ქალიშვილს ვხედავ, გული მტკივა, ან იმ ყმაწვილ ქალს, ვინც ისეთ ადამიანს არ შეხვედრია, ვინც ეტყოდა, - ბოლოს და ბოლოს ხომ გიპოვეო! არც ის მომწონს, ზოგიერთი ხელთათმანებივით რომ იცვლის საქმროებს და ისინიც მეცოდებიან, განცხადებას რომ გამოაკრავენ ხოლმე და მაინც ვერ პოულობენ მდგმურს... - თუ პანსიონერს... - რაც გინდა, დაარქვი. ეს ამბავი ნამდვილად მაფიქრებს და რომ შემეძლოს, მე თვითონ გავხსნიდი ქორწინების სააგენტოს, ანდა სულაც მაჭანკლობას ვიკისრებდი! - ეგებ სხვა რამესაც... - სულერთია, როცა მოყვასის სიყვარული, კაცთმოყვარეობა თუ გულმოწყალება გამოძრავებს, არანაირი საქმე სათაკილო არ არის. - რა თქმა უნდა, ემეტერიო, სათაკილო არც უნდა იყოს! აბა, გაიხსენე, რას ამბობდა ამის თაობაზე ჩვენი დონ კიხოტე! ის ხომ მაინც იყო ჭეშმარიტი რაინდი, უანგარობის უბადლო მაგალითი და გვირგვინი: "ჩვენში მაჭანკლობის, შუამავლობის საქმე ისე არ არის მოგვარებული, როგორც საჭიროა. ეს საქმიანობა დიდ წინდახედულებასა და გამჭრიახობას მოითხოვს და ყოველ კეთილმოწყობილ ქვეყანაში საჭირო და აუცილებელია, ოღონდ ამ საქმეს კეთილშობილი წარმომავლობის ადამიანები უნდა უძღვებოდნენ, ამასთან, მეთვალყურეობა და ზედამხედველობაც უნდა დაწესდეს". კიდევ სხვაც თქვა ამის თაობაზე, მაგრამ აღარ მახსოვს... - სწორია, სწორი, სელედონიო. მართალი გითხრა, ეს საქმიანობა ისე მიტაცებს, როგორც ხელოვნება, სრულიად უანგაროდ, ვთქვათ, ისე, როგორც ხელოვნება ხელოვნებისათვის, მაგრამ მე ქვეყნის კეთილდღეობაზე კი არ ვზრუნავ, უბრალოდ მინდა, რომ ადამიანებმა კარგად იგრძნონ თავი. მაშინ მეც გულით გავიხარებდი, მათი ბედნიერება მეც ბედნიერებას მომანიჭებდა. - ბუნებრივია, დონ კიხოტე ასეთსავე გულისხმიერებას იჩენდა მაჭანკლებისა და სხვა ამდაგვარი საქმიანობის ადამიანების მიმართ; აბა გაიხსენე, რა მზრუნველობით ეპყრობოდნენ ისინი, მსუბუქი ყოფაქცევის ქალებს რომ ეძახიან. თუნდაც ის მარიტორნესი ვთქვათ, ვინც არაფრად დაგიდევდათ სახელსა და პატივს, თუკი შეჭირვებულ მოყვასს შვებას მოჰგვრიდა. განა ვინმე დაიჯერებს, რომ დონ კიხოტეს ოდესმე ისეთი რამ წამოსცდებოდა, რასაც ესპანური სამეფო აკადემიის ბატონები წერენ: "მეძავი ის ქალია, ვინც საკუთარი სხეულით ვაჭრობს, მდაბალ ვნებებს აჰყოლია და ავხორციაო"? მაგრამ ვაჭრობა ერთია და მდაბალი ვნებები - მეორე. განა ცოტაა ისეთი, ვისთვისაც ეს უბრალოდ გართობაა და კარგადაც ერთობა? - მართალს ამბობ, ზოგიერთისთვის ეს სწორედ რომ გართობაა. - აკი შენც ერთობი, ფული და მდაბალი ვნებები ხომ არც შენ გაცდუნებს, როცა ყმაწვილებს აედევნები ხოლმე. - გეფიცები, რომ მე... - ეს ხომ შენთვისაც გართობაა; თავის შერცხვენა არ გინდა, მაგრამ სხვების შერცხვენა გახალისებს... - გარწმუნებ, გულდამშვიდებით ვერ ვუყურებ ყმაწვილ ქალებს, რომლებიც მარტო იმიტომ იცვლიან საქმროებს, რომ ერთი ვერ შეუნარჩუნებიათ. - შენ მართლაც ხელოვანი ყოფილხარ, ემეტერიო. არასოდეს გიფიქრია იმაზე, რომ შენი მოწოდება შეიძლება სულაც ხელოვნება ყოფილიყო? - ერთხანს ვიყავი კიდეც გატაცებული ძერწვით... - ალბათ, თიხის ზელა განიჭებდა სიამოვნებას... - შეიძლება... - მეთუნეობა ხომ ღვთით მომადლებული ნიჭია, აკი პირველი ადამიანიც ღმერთმა თიხისგან გამოძერწაო, ქოთანივით... - მე კი რესტავრირება უფრო მომწონს, ანტიკური ამფორების აღდგენა... - ანუ ქოთნების შეკეთება, არა? მავთულებით შეკვრა-შეკოწიწება! - აბა, რას ამბობ, მავთულებით როგორ შეიძლება... მარტო ის წარმოიდგინე, როგორ ააწყობ ამფორებს ნატეხებისგან... - ქოთანს, ემეტერიო, ქოთანს. - დაე ასე იყოს! ერთი სიტყვით, აიღებ დამტვრეულ ქოთანს და ისე ააწყობ ნატეხებისგან, რომ სულ ახალი გეგონება... - აკი გითხარი, ნამდვილი ხელოვანი ხარ-მეთქი, ემეტერიო, ეგებ მართლაც მოჰკიდო ხელი ამ საქმეს და სახელოსნოც გახსნა... - ერთი ის მითხარი, სელედონიო, ღმერთმა ჯერ ნეკნი ამოუღო ადამს და მერე მოიფიქრა ევას შექმნა? - ალბათ, ასე იყო, მაგრამ ჯერ კარგად მოზელდა... - სელედონიო, ასეა თუ ისე, პირდაპირ გეტყვი, მეც ძალიან მიტაცებს ის საქმიანობა, რასაც დიდად აფასებდა დონ კიხოტე, მაგრამ იმიტომ კი არა, რომ ვინმე ან რამე მოვზილო... - ალბათ, არა, შენთვის ხომ ისიც კმარა, რომ უყურო და ათვალიერო... - სწორედ ეს მანიჭებს სულიერ კმაყოფილებას... - შეიძლება... - ზოგჯერ ჩემს მარტოობაზე რომ დავფიქრდები ხოლმე, ჩემთვის ვიტყვი, ეგებ ჯობდა, მღვდელი გამოვსულიყავი-მეთქი... - რისთვის? - იმისთვის, რომ აღსარება მომესმინა. - ჰოო, შენ წინაშე სულები რომ გაეშიშვლებინათ, არა? - მახსოვს, პირველად რომ მივედი აღსარების სათქმელად, სულ პატარა ბიჭი ვიყავი; მღვდელმა ერთი-ორჯერ ბურნუთი შეიყნოსა და მერე მკითხა: "იცოდე, არ იცრუო! რამდენჯერ, რამდენჯერო?" მე კი ვერაფერი გავიგე, ვერ მივხვდი, რას მეკითხებოდა, ან მე რა უნდა მეპასუხა. - ახლა მაინც თუ მიხვდებოდი! - იცი, რას გეტყვი, სელედონიო, საქმე ისაა, რომ ახლა... - ახლა მოწყენილობისგან იტანჯები, არა? - არა, უფრო უარესი მჭირს, უფრო უარესი... - აბა, რას იზამ, როცა სულ მარტო ხარ... - ამ მარტოობაში თუ რამ მაძლებინებს, ისევ მოგონებები დონია ტომასას პანსიონატზე... - მუდამ როსიტა!... - ჰო, მუდამ როსიტა...       და ისინი ერთმანეთს დაემშვიდობნენ. *       ერთხელაც, ჩვეულებისამებრ რომ სეირნობდა, ემეტერიო მეტად უსიამოვნო ამბავს შეესწრო. საღამო ჟამს ერთ მიყრუებულ კაფეში რომ შევიდა, ლამის ფეხდაფეხ შეჰყვა ქალი, რომელსაც როსიტასთანა წამწამები ჰქონდა, ოღონდ ფრჩხილები შეეღება წითლად, წარბები სულ ამოექნა და შავი ფანქრით დაეხატა, შეშუპებული ქუთუთოები და ასევე შეშუპებული ტუჩები იისფრად შეეღება. "წამწამებიც ასეთი უნდა!" - ჩაილაპარაკა ემეტერიომ და გაახსენდა, სელედონიომ რაღაც მცენარის შესახებ რომ უამბო (დიდი ყოვლისმცოდნე კი იყო ეს კაცი!) - თურმე ამ მცენარეს, დროზერას, სწორედ ასეთი წამწამებივით საცეცები ჰქონია; ამ საცეცებით იჭერდა მწერებს, თავისი ყვავილების სურნელით რომ იზიდავდა, და მთელ სითხეს გამოსწოვდა. ეს გრძელწამწამა ქალი შევიდა თუ არა კაფეში, მაშინვე ყველა იმ მყოფი ააწრიალა. ერთი კი გადახედა ემეტერიოს, მაგრამ მერე მელოტი მოხუცი მოხვდა თვალში და წამწამებიც სწორედ იმას აუფახულა. იმ საწყალმა ის-ის იყო დაუღეჭავად გადასანსლა ორცხობილა და ნელ-ნელა წრუპავდა რძიან ყავას. ქალმა ჯერ თვალი ჩაუკრა და მერე ის თავისი წამწამები დროზერას საცეცებივით ჩაასო, შეშუპებული ტუჩები მოილოკა. მოხუცს მელოტი თავი მისი ფრჩხილებივით გაუწითლდა და თვითონაც გულში - სწორედ გულში! - ტუჩები მოილოკა. იმ ლამაზმანმა თავი გვერდზე გადახარა და ისე წამოხტა, გეგონებოდათ, ზამბარებზე იჯდაო, მაშინვე კარისკენ წავიდა და ის საბრალო ყავის მოყვარული მოხუციც უკან მიჰყვა, თან დარცხვენილი ცხვირს იფხანდა. არც ემეტერიომ დააყოვნა და მათ აედევნა. შესაბრალისად მიძუნძულებდა და თავისთვის ბუტბუტებდა: "ეგებ დონ ილარიონი მართალიც იყო!".. *       წლები გადიოდა. ემეტერიო ისევ ისე, ძველებურად, ხელმომჭირნედ ცხოვრობდა, ლანდივით დაბორიალებდა, სოკოსავით არსებობდა, რომელსაც არც წარსული აქვს და არც მომავალი. მის მეხსიერებაში წარსული თითქმის წაიშალა კიდეც; უკვე აღარც სელედონიოს ხვდებოდა, ის კი არა, გაურბოდა კიდეც, მით უმეტეს - მას შემდეგ, რაც მან თავისი მოსამსახურე შეირთო ცოლად. - რა დაგემართა, ემეტერიო?! - შესძახა სელედონიომ, როცა შემთხვევით შეეჩეხა, - ასეთი რა ხდება შენს თავს? - აბა, რა გითხრა, მეგობარო, ისიც აღარ ვიცი, ვინ ვარ! - ადრე კი იცოდი? - ახლა უკვე არც ის ვიცი, ცოცხალი ვარ თუ არა. - გავიგე, თურმე მდიდრდები და მდიდრდები!... - მე? ვმდიდრდები? - ჰო, კარგი, როსიტასი რა იცი? იმ მარტინესმაც ისეთი რამ ჩაიდინა, რასაც არავინ მოელოდა მისგან... - მაინც რა, ისევ საინტერესო მდგომარეობა? ისევ ბავშვი? - არა, მხოლოდ ვაკანტური ადგილი დატოვა... - რას ამბობ, მაშ, მოკვდა? - ჰო, მოკვდა, დააქვრივა როსიტა და ასე დატოვა, ბავშვით ხელში. შენი ჯერიც დადგება, ემეტერიო, ერთ დღეს შენც დატოვებ ვაკანტურ ადგილს იმ შენს ბანკში. - გაჩუმდი, გაჩუმდი, ამაზე ლაპარაკიც არ მინდა!       და ემეტერიო გაიქცა. ვაკანტურ ადგილზე ფიქრიც თან გაჰყვა.       თანდათან მისი მოგონებებიც ბურუსივით გაიფანტა, მაგრამ ვაკანტურ ადგილზე ფიქრი მაინც არ ასვენებდა, და ცოტა შვება მაინც რომ მიეცა თავისთვის და ჯავრი გაექარვებინა, დაევიწყებინა, სიბერე რომ უახლოვდებოდა, პენსიაზე გასვლის დრო უკვე კარზე რომ მოადგა, დაბორიალებდა ქუჩა-ქუჩა და გულში იმეორებდა: "ეული ხარი პენსიაზე... ხარი პენსიონერი... ნეტავი როსიტას ბავშვის გარდა პენსია მაინც თუ დარჩა?"..       და აი, ერთ დღესაც, სრულიად მოულოდნელად, თითქოს სასწაული მოხდაო, ემეტერიო ერთბაშად გამოფხიზლდა, გულმა ბაგაბუგი დაუწყო, ისეთი გრძნობა მოერია, თითქოს წარსული გაცოცხლდაო, ის წარსული, რომელიც შეიძლება მომავალი გამხდარიყო, მაგრამ არ გახდა... ახლა კი ცხადად იგრძნო, თითქოს ის წარსული-მომავალი გაცოცხლდა. ნეტავი ვინ უნდა იყოს ეს თვალწარმტაცი ქმნილება, ველური ტყის სურნელი რომ დააფრქვია მთელ ქუჩაზე? ვინ არის ეს ტანწერწეტა ქალიშვილი, ასე მომხიბლავი, კაცს ახალგაზრდობას რომ აგრძნობინებს? და, რაღა თქმა უნდა, კიდეც გაჰყვა ყმაწვილ ქალს ფეხდაფეხ. მანაც იგრძნო, რომ მიჰყვებოდნენ და ნაბიჯს აუჩქარა. ერთი კი გახედა მდევარს და თვალები გამარჯვებულმა ღიმილმა გაუნათა, თუმცა თანაგრძნობის ნაპერწკალმაც გაუელვა. "ეს თვალები თითქოს სხვა ცხოვრებიდან, წარსულიდან იმზირებიან, იქიდან, სადაც ჩემი ძველი კალენდარი მეგულება"...       ემეტერიოს ახლა თითქოს მიზანი გაუჩნდა: ამ იდუმალი არსების ასავალ-დასავალი უნდა გაეგო - ვინ იყო, სად ცხოვრობდა... ეეჰ, ეს საშინელი ვაკანტური ადგილი... ვაკანტური, ან პენსიაზე გასვლის შემდეგ, ან... მერე კიდევ - ეს შეცდომებიც, სხვების ანაბარზე პროცენტების დარიცხვა...       ორიოდე დღის შემდეგ, ჩვეულებისამებრ რომ მიუყვებოდა იმავე ქუჩას, სადაც ის ხილვა გამოეცხადა, აკი ისევ დალანდა ის ქალიშვილი, მაგრამ ახლა ვიღაც ყმაწვილი ახლდა და ემეტერიოს მოეჩვენა, თითქოს ეს მარტინესი იყო. ისევ ეჭვიანობამ შეიპყრო და ცახცახმა აიტანა. "მთლად გამოვთაყვანდი. აბა, რა იქნება - პენსიის დრომ მიწია... ვაკანსია შორს არ არის"... ცოტა ხანში სელედონიოც შეხვდა. - იცი, სელედონიო, გუშინ ვინ ვნახე? - რასაკვირველია, როსიტა! - როგორ მიხვდი? - ამას რა მიხვედრა უნდა, სახეზე გაწერია, ერთი შეხედვაც კმარა! თითქოს გაახალგაზრდავდი კიდევ, ემეტერიო! - მართლა? რომ იცოდე, ასეცაა. - მერე, სად ნახე? - სად და, ამას წინათ, ჩვეულებრივად რომ ვსეირნობდი, უცბად სასწაულებრივი არსება გამომეცხადა, გეუბნები, სელედონიო, მართლა ღვთაებრივი... რა თვალები ჰქონდა! სიცოცხლით სავსე, ისეთი, კაცს სიცოცხლეს რომ მოანდომებდა... - მოეშვი ქებათა ქებას და ის თქვი, მერე რა მოხდა. - ერთი სიტყვით, გავყევი უკან, არც კი მიფიქრია იმაზე, ვინ შეიძლებოდა ყოფილიყო, მაგრამ გულმა რაღაც მიგრძნო, ალბათ, წინათგრძნობა იყო, მაგრამ მე მაინც ვერაფერს მივხვდი... ეგებ... - ჰო, ამას მარტინესი ქვეცნობიერს უწოდებდა... - დაე, ასე იყოს, ქვეცნობა... - არა, ქვეცნობიერი-მეთქი... - ჰო, კარგი, მოკლედ, ეს ქვეცნობა იყო, მაგრამ მაინც ვერაფერს მივხვდი. მერე, კიდევ რომ ვნახე, უკვე ვიღაც ყმაწვილი ახლდა, ეგებ საქმროც კი... და ისევ ეჭვმა შემიპყრო... - აბა რა იქნებოდა, ისევ მარტინესზე იეჭვიანებდი. - იცი, იმ ბიჭის ჩამოშორებაც კი მომინდა. - თუკი ვინმეს ემუქრება ჩამოშორება, ისევ შენ, ემეტერიო. - კმარა, ახლა ისევ ჩემი საპენსიო ასაკი არ გამახსენო, ახლა მაინც, როცა ჩემი გული ზეიმობს. რა თქმა უნდა, ჩემს თავს დავუწყე შეგონება: "ფრთხილად, ემეტერიო, ნუთუ ახლა, როცა ორმოცდაათ წელს გადააბიჯე, შეგიყვარდება გოგონა, რომელიც შვილად შეგეფერება? გონს მოეგე-მეთქი"... - კარგი, მერე რა მოხდა? - ის მოხდა, რომ გუშინაც მივდიე იმ ღვთაებრივ არსებას, სახლამდე მივყევი და იცი, ვინ გამოეგება?.. თავად როსიტა, დედამისი! თურმე ნუ იტყვი, ეს გოგონა მისი შვილი არ ყოფილა? ნეტავი კი გენახა, წლები სულ არ ეტყობა... - სამაგიეროდ, შენ გეტყობა, თანაც პროცენტებით. - კარგად კი შესუქებულა, ღაბაბი დასდებია სამკეცად, ორმოცდაექვსი წლის ფაშფაშა ქალია, სწორედ ისეთი, გაურკვეველი ასაკისას რომ უწოდებენ... როგორც კი დამინახა, მაშინვე მიცნო და შესძახა: "ამას ვის ვხედავ, თვალებს ვერ ვუჯერებ, ნუთუ თქვენა ხართ, დონ ემეტერიო?!" "რა ბედნიერებაა, როსიტა, რა ბედნიერება!" - აღტაცება ვერც მე დავმალე, მაგრამ მაშინვე ვკითხე ჩემს თავს, ასეთი მაინც რა ბედნიერებაა-მეთქი. ერთი სიტყვით, მივიკითხ-მოვიკითხეთ ერთმანეთი და ამ ლაპარაკ-ლაპარაკში სახლშიც შემიპატიჟა... - შენც შეხვედი და თავისი ქალიშვილიც გაგაცნო! - რა თქმა უნდა! - როსიტას შორსმჭვრეტელობა ხომ ვიცით, თან მისი ტაქტიკაც კარგად მოგეხსენება, - ყოველთვის იცოდა, სად უმიზნებდა. - ასე გგონია? - ეჭვიც არ მეპარება, მან მშვენივრად იცოდა, რომ მის ქალიშვილს უთვალთვალებდი და რაკი ადრე ხელიდან გაგიშვა, ახლა უკვე ეცდება, თავისი ქალიშვილისთვის გამოგიჭიროს და არა თავისთვის, თანაც მაგ შენი პროცენტებიანად გაგაბას მახეში... - ამასაც ვნახავთ, ამასაც ვნახავთ! მოკლედ, გამაცნო თავისი ქალიშვილი კლოტილდე, მაგრამ მან რაღაც მოიმიზეზა და მაშინვე დაგვტოვა, მე კი მომეჩვენა, რომ დედამისს ეს დიდად არ ესიამოვნა... - აბა რა იქნებოდა, თუკი თავის საქმროსთან წავიდა. - ასე რომ, მარტო დავრჩით... - ახლა კი ყველაზე საინტერესო ამბავი იწყება! - ასე იყო თუ ისე, როსიტამ მიამბო თავისი ცხოვრების, გათხოვების, დაქვრივებისა და მთელი თავისი უიღბლობის შესახებ. ვეცდები, ყველაფერი დაწვრილებით გავიხსენო: "მას შემდეგ, რაც თქვენ მიგვატოვეთ და დარჩით ასე მარტო, უცოლშვილოდ"... - ასე დაიწყო, მაგრამ მე არ ვაცალე: "მას შემდეგ, რაც მე უცოლოდ დავრჩი?" - მერე მან განაგრძო, - "დიახ, მას შემდეგ, რაც თქვენ დაოჯახებაზე უარი თქვით, როგორ უნდა მენუგეშებინა თავი, დონ ემეტერიო? აღიარეთ, რომ კარგად არ მოიქეცით, ასე არ არის?.. მეტი რა გზა მქონდა, გამოსავალი მხოლოდ გათხოვება იყო!" "მერე ის, თქვენი ქმარი"... - ვკითხე მე. "ვინ, მარტინესი? საწყალი კაცი... თან ღარიბი, უქონელი, ეს იყო ყველაზე უარესი"... - ამ დროს კი ფიქრობდა, ჯობდა შენსავით მდიდარი საწყალი ყოფილიყოო, არა, ემეტერიო? - აბა, მე რა გითხრა... მერე გული აუჩუყდა. - მაშ რას იზამდა, როცა საკუთარი თავი და შვილი ჰყავდა სადარდებელი... - მერე მითხრა, ჩემი შვილი ნამდვილი მარგალიტიაო... - ბუდეში ჩასმაღა აკლიაო, არა? - რა? რისი თქმა გინდა? - არაფრის... უბრალოდ, მარგალიტის ბუდეში ჩასმაზე შენ უნდა იზრუნო... - რას არ იტყვი, სელედონიო, ეს რაღამ გაფიქრებინა? - მე კი არა, იმას!.. - არც ასეა საქმე, სელედონიო, ეჭვი გეპარება, რომ... - ეჭვი კი არ მეპარება, დანამდვილებით ვიცი, საკუთარი შვილის მომავალზე ფიქრობს და უზრუნველი ცხოვრება შენს ხარჯზე სურს მოუწყოს. - ასეც რომ იყოს, მერე რა მოხდა? - ის მოხდა, რომ შენი საქმე წასულია, ემეტერიო, აღარფერი გეშველება, უკვე გაგაბეს მახეში და ეგაა... - მერე რა? - არც არაფერი, შეგიძლია, უკვე პენსიაზეც იფიქრო. - ბოლოს, წამოსვლა რომ დავაპირე, მითხრა: "ამიერიდან შეგიძლია, როცა მოისურვებ, მაშინ მოხვიდე, ეს სახლი დღეიდან შენიც იქნებაო". - გახდება კიდეც შენი.:. - კლოტილდეზეა დამოკიდებული. - არა, როსიტაზე! *       ამ დროს კი როსიტასა და კლოტილდეს შორის ნამდვილი ორთაბრძოლა მიმდინარეობდა. - კარგად დამიგდე ყური, შვილო, დაფიქრდი და მაგ ბავშვურ ცუღლუტობას მოეშვი. ეგ შენი საქმრო, პაკიტო, არაფერში გამოგადგება, ეგ საშენო კაცი არ არის; აი, დონ ემეტერიო კი, მე თუ დამიჯერებ, ნამდვილად სახარბიელოა... - საჩემო კაცი ის არის, არა? - დიახ, სწორედ რომ საშენოა, მართალია, უფროსია და ეგებ მამადაც კი შეგეფერება, მაგრამ ასაკთან შედარებით კარგად გამოიყურება და, რაც მთავარია, დიდი ქონების პატრონია, უკვე გავიკითხე, თურმე ბანკში ისეთი თანხა აქვს... - გასაგებია. როგორც ვიცი, ჩემი ხნისა რომ იყავი, შენ ვერ მოახერხე მისი გამოჭერა და ახლა გინდა, მე შემომაჩეჩო, არა? მე და ეგ ჩაჩანაკი? სასაცილოა. ერთი ისიც მითხარი, შენ როგორ გაუშვი ხელიდან თავის დროზე? - როგორ გითხრა... მეგონა, ძუნწი იყო, მეტისმეტად ხელმომჭირნე, მარტო საკუთარ თავზე, თავის ჯანმრთელობაზე ზრუნავდა და ვინ იცის, მერე რა მოუვიდოდა თავში, მე რომ შევერთე... - მე რომ შემირთოს, გგონია, უარესი არ იქნება მისთვის? საქმე ჯანმრთელობას თუ ეხება, ხომ არ გავიწყდება, რომ ახალგაზრდა ვარ?.. უარეს დღეში არ ჩავარდება?.. - არა მგონია, იმიტომ, რომ მერე სხვა საზრუნავი გაუჩნდება და შენც სწორედ ამით უნდა ისარგებლო... - იცი, რას გეტყვი, დედა? მე ახალგაზრდა ვარ, თავს მშვენივრად ვგრძნობ და არ მინდა, ვინმეს მსხვერპლად შევეწირო, მომვლელად დავუდგე, რომ მერე მისი ქონება დაგრჩეს. არა, არა, მე მინდა, ცხოვრებით დავტკბე... - რა სულელი ხარ, შვილო! ნუთუ ჯაჭვის შესახებ არაფერი გსმენია? - ეს რაღა ოინია? - აბა, ყური დამიგდე, თუ ამ სინიორს გაჰყვები ცოლად, ის მოგიტანს... ჰო, კარგი, რასაც მოგიტანს... შენ შენებურად იზრუნებ მასზე და... - მის ჯანმრთელობაზე არა? - ჰო, მაგრამ კი არ უნდა გადააკვდე და შეეწირო, უბრალოდ შენი მოვალეობა მოიხადე, ეს არის და ეს... - ის რაღას იზამს? - ის თავის მოვალეობას შეასრულებს და... მოკლედ, დაქვრივდები, ღირსეული ქალბატონი გახდები და თანაც დიდებული ასაკის ქალბატონი... - ახლა შენ რომ ხარ, იმ ასაკისა, არა? - ჰო, მე რომ ვარ, მაგრამ მე არაფერი მაბადია, ჩემი დასამარხი ფულიც კი არ გამაჩნია, შენ კი, თუ ემეტერიოს გაჰყვები ცოლად, ქვრივის პირობაზე სულ სხვა მდგომარეობა გექნება... - რასაკვირველია, მთელ სიცოცხლეს უზრუნველად გავატარებ, არაფერი მომაკლდება, ყველა სურვილს შევისრულებ... - მეტი რა გინდა. მდიდარი ქვრივი იქნები, თანაც ლამაზი, აკი მე მგავხარ, რაც წლები მოგემატება, მით უფრო დამშვენდები... ქვრივი და თანაც ლამაზი ქვრივი. მაგ შენს პაკიტოსაც მეტი რა უნდა, სანატრელი არაფერი ექნება... - ბოლოს ჩემი მემკვიდრეც გახდება და ყველაფერი მას დარჩება, მერე, დონ ემეტერიოს ხნისა რომ იქნება, ისიც ვინმე კლოტილდეს მონახავს... - ჰოდა, ასე გაგრძელდება და ეს სწორედ ის ჯაჭვია, რაზეც გელაპარაკებოდი, შვილო... - მე კი გეტყვი, რომ მაგ შენს ჯაჭვში ვერ ჩამაბამ. - მაშ, ჯიუტობ, არა? ისევ ის შენი ფისუნია გირჩევნია, არა? გგონია, საყვარელ კაცთან ცელის ტარზეც დაეტევი, არა? დაფიქრდი, შვილო, კარგად დაფიქრდი... - დავფიქრდი და კარგადაც დავფიქრდი, მაგრამ იმ შენს ემეტერიოს მაინც არ გავყვები, არა! ჩემს თავს მე თვითონ მოვუვლი, მისი ფული არ მჭირდება, ჩემს სამყოფს მე თვითონ ვიშოვი. - მომისმინე, შვილო, იმ საწყალმა მთლად დაკარგა ჭკუა, ისეა გაგიჟებული, რომ შენი გულისთვის რას არ ჩაიდენს... იცოდე... - მე ჩემი სათქმელი გითხარი და დავამთავრე! - რაკი ასეა, რა გაეწყობა, მაგრამ მე რა ვქნა, როცა მოვა, რა ვუთხრა? - რა და, ისევ შენი სცადე, შენებურად, ძველებურად, იქნებ ახლა მაინც გააბა მახეში. - მე, შვილო? კარგი, მაგრამ... - მგონი, მიმიხვდი, დედიკო... - მიგიხვდი და ძალიან კარგადაც მიგიხვდი... *       და, რაღა თქმა უნდა, არც დონ ემეტერიომ დააყოვნა და როსიტას ესტუმრა. - დონ ემეტერიო, ძალიან მიჭირს ამის თქმა, მაგრამ რა გაეწყობა, უნდა გითხრათ, რომ ჩემს შვილთან ვერაფერი გავაწყვე, არც კი მომისმინა... - არ მოგისმინა? - ჰო, გათხოვებაზე სიტყვაც არ მათქმევინა... - არა, როსიტა, არც უთხრა, არ დააძალო... არა, არაფრის გულისთვის... მე კი... ასე მგონია, ახალგაზრდობა დამიბრუნდა... ახლა სულ სხვანაირი მეჩვენება საკუთარი თავი... ახლა იმაზე ვფიქრობ, რომ მზად ვარ კიდეც... - გაამზითვო, არა? - ჰო, მზად კი არა, მადლობელიც კი ვიქნებოდი, თუ... მოგეხსენება, ჩემი ასაკის კაცისთვის მარტო ცხოვრება ძნელია... ოჯახი სულ სხვაა. ჩემი კერა რომ მქონოდა... ბავშვები რომ მყოლოდა გასაზრდელი... ძალიან მიჭირს მარტოობა... მერე კიდევ, პენსიასა და ვაკანსიაზე ფიქრმა ხომ მთლად ამირია ჭკუა-გონება... ვერა და ვერ მოვისვენე... - სწორად გამიგეთ, ემეტერიო, - და როსიტამ პირველად გამოტოვა "დონ", თან უფრო ახლოს მიუჩოჩდა, - ყოველთვის მიკვირდა, ფულის დაგროვების მეტი რომ არაფერი გენაღვლებოდათ, ძალზე ხელმომჭირნე იყავით და დაოჯახებაზე სულ არ ფიქრობდით... - აკი დონ ილარიონიც ამას მეუბნებოდა... - ერთი ესეც მითხარი, ემეტერიო, - და კიდევ უფრო ახლოს მიუჩოჩდა, ისევ ძველებური ტაქტიკა გაიხსენა, - ისევ ისე გეშინიათ, ისევ ისე უფრთხილდებით ჯანმრთელობას? მაინც რა დრო იყო მაშინ!..       ემეტერიო ვეღარ ხვდებოდა, ეძინა თუ ეღვიძა; ისეთი განცდა ჰქონდა, თითქოს ძველი დრო დაუბრუნდა, ის დრო, რომელსაც თითქოს ოცი წელია მისტიროდა, სხვა ყველაფერი ერთიანად წაიშალა მის მეხსიერებაში, კლოტილდეს სახეც კი გაფერმკრთალდა, გონებაში ყველაფერი აერ-დაერია. - ემეტერიო, მართლა განიკურნეთ იმ შიშისაგან? აღარ გადარდებთ ჯანმრთელობა? - არა, ახლა აღარაფრისა მეშინია, მზად ვარ, ჩემს ადგილსაც კი შეველიო და ვაკანსიასაც კი დავუტოვებდი ვინმეს... ღმერთო დიდებულო, მაინც რა წერამ ამიტანა, რომ მაშინ ხელიდან გავუშვი ეს შემთხვევა! - მაგრამ ახლა ხომ აქა ვარ, ემეტერიო! - შენ, როსიტა, შენ?! - ჰო, მე... - მაგრამ... - ემეტერიო, ახლა როგორი ვარ შენი თვალით?       და როსიტა უცბად წამოხტა და ემეტერიოს პირდაპირ მუხლებზე ჩამოუჯდა, ის კი ერთიანად აცახცახდა, მაგრამ ეს არ იყო შიშის ცახცახი, არა... ბედნიერებამ სულ დაავიწყა პენსიაც და ვაკანსიაც, აღარაფერი გახსენებია და როსიტას გვარიანად შესქელებულ წელზე მკლავები შემოხვია. - კარგა მძიმე კი ყოფილხარ, ჩემო გოგონი! - ჰო, ხელის შესავლები საკმარისი მაქვს, ემეტერიო! - ნამდვილი ძეხვივით... - ეეჰ, მაშინ რომ მცოდნოდა ის, რაც დღეს ვიცი... იმ დროს, როცა ერთმანეთი გავიცანით... - მეც რომ მცოდნოდა, როსიტა... მაშინ რომ მცოდნოდა... - ეეჰ, ემეტერიო, ემეტერიო! - და ცხვირზე მოფერებით ხელი მოუთათუნა, - მაინც რა სულელები ვიყავით იმ დროს, როცა ერთმანეთი გავიცანით... - შენ - არა, მაგრამ მე კი მართლა სულელი ვიყავი... - დედაჩემი სულ მიჩიჩინებდა, თავი როგორმე მოაწონეო, მაგრამ შენ იმისთანა... - ბაყაყი ვიყავი, არა? - ახლა კი... - ახლა რა? - ახლა არ გინდა, ის შეცდომები გამოვასწოროთ? - აკი ვაღიარეთ კიდეც, რომ ვნანობთ! - სწორია, მაგრამ ტენორიოსავით არ გამოვიდა, არც პოეზია, არც წყლის პირას, არც მთვარის შუქზე და არც... - კეთილი და პატიოსანი, როსიტა, მაგრამ შენი ქალიშვილი რას იტყვის? - კიდეც გაუხარდება, ეს ხომ მის სასიკეთოდაც... - და შენს სასიკეთოდაც, როსიტა! - რაღა თქმა უნდა, ჩემს სასიკეთოდაც!       და ასე დაემშვიდობნენ ერთმანეთს.       ამ საუბრის შემდეგ რომ შეხვდნენ ერთმანეთს, ცბიერმა ქალმა ისევ თავისი ტაქტიკა გაიხსენა და უთხრა: - იცი, ჩემო საუნჯევ, ახლა უნდა გამოგიტყდე: კლოტილდეზე ფეხმძიმედ რომ ვიყავი, გეფიცები, სულ შენზე ვფიქრობდი... რატომღაც შენზე ფიქრი დამჩემდა... - მეც გამოგიტყდები და დაგიფიცებ, რომ კლოტილდე პირველად დავინახე თუ არა, კი არ ვიცოდი ვინ იყო, მაგრამ ისეთი გრძნობა მქონდა, როცა უკან მივყვებოდი, თითქოს შენ იყავი, როსიტა, შენ... ეს წინათგრძნობა იყო... ან ქვეცნობა, მგონი, ასე უწოდებდა ამას მარტინესი... - ეს რაღას ნიშნავს, რა ხილია ეგ ქვეცნობა? ასეთი სიტყვა ჯერ არც გამიგონია... - არა, ეს საჭმელი როდია... არა... ჰო, მართლა, საჭმლის ფული საკმარისზე მეტიც გვექნება, ის კი არა, მოგვრჩება კიდეც... - ოთხივეს გვეყოფა? - რომელ ოთხს, როსიტა? - რომელსა და... შენ, მე, კლოტილდე... - ეს ხომ სამი გამოვიდა... - და პაკიტოც... - პაკიტოც? კარგი ასე იყოს, მარტინესის სახელზე...       და როსიტამ, ამ გამოუცნობი ასაკის ქალმა, ისე გაიხარა, რომ გული აუჩუყდა და თვალზე ცრემლი მოადგა. განა ეს ისტერიკა იყო? მაგრამ ემეტერიო მაშინვე მოეხვია და ცრემლები კოცნით შეუშრო, ამ ცრემლების ტკბილ-მლაშე გემო ესიამოვნა კიდეც, რამეთუ ეს არ იყო, არა, არავითარ შემთხვევაში არ იყო ნიანგის ცრემლები.       ამ ხვევნა-კოცნაში მოილაპარაკეს და შეთანხმდნენ, რომ ოთხივე ერთად და ერთ დღეს იქორწინებდნენ: როსიტა და ემეტერიო, კლოტილდე და პაკიტო; ერთ სახლში, ერთ ჭერქვეშ და ერთ ოჯახად იცხოვრებდნენ, ხოლო ემეტერიო გაამზითვებდა კლოტილდეს. - შენგან სხვას არც ველოდი, ემეტერიო! სამაგიეროდ, ნახავ, რა ბედნიერად გაგატარებინებ დარჩენილ წლებს. - მჯერა, ასე იქნება, ამ წლებს, იმედია, კეთილდღეობაში გავლევ, თუმცა პენსიაზე მაინც მომიწევს გასვლა... მაგრამ ნუ გეშინია, შენ ვაკანსიისთვის მაინც არ დაგტოვებ... *       და მართლაც, ერთ დღეს იქორწინეს: დედამ - ემეტერიოზე, შვილმა - პაკიტოზე, - და ამ ორმა წყვილმა ახალშეუღლებულმა ერთად, ერთ ოჯახად დაიწყო ცხოვრება. ემეტერიო პენსიაზე გავიდა. ორივე წყვილს ერთდროულად ჰქონდა თაფლობის თვეც, ერთ წყვილს - უფრო ნაკლული, მეორეს - მომატებული. - ჩვენთვის ეს თაფლობის თვე კი არა, უფრო სანთლისაა, როსიტა, - ერთხელაც უთხრა ემეტერიომ, როცა სევდა შემოაწვა. - კარგი ერთი, ბოლოს და ბოლოს დამშვიდდი და ასეთ სისულელეებზე ნუღა ფიქრობ. - მაშინ რომ ასეთი სისულელე არ ჩამედინა... იმ წლებში... - ნურც ასეთი უმადური იქნები, ემეტერიო, ახლა საამისო მიზეზი არა გაქვს. - ახლა, როცა ასაკოვანი ქალი ბრძანდები, არა? - მაინც როგორი გეჩვენები ახლა? - კიდევ უფრო ლამაზი, ადრინდელზე ლამაზი, დამიჯერე, მაშინ, ახალგაზრდები რომ ვიყავით... - მაშ რაღა გაშფოთებს? - ააჰ, როსიტა, როსიტა, მაინც ქორფა ხარ... - ჰო, მართლა, იმ შარადებს შეეშვი? რომ იცოდე, როგორ მაღიზიანებდა ხოლმე შენი ბუტბუტი: ეს - პირველი მარცვალი, ესეც - მეორე, ესეც - მესამეო... - კმარა, ჩემო სიცოცხლევ!       და როცა ეხვეოდა და გულში იხუტებდა, თვალებს დახუჭავდა და ისევ ისე, თავისთვის ბუტბუტებდა: "რო-ტა, რორო... ტორო... სიტა... სი"...       ერთხელ კი მოულოდნელად ჰკითხა: - ერთი ეს მითხარი, როსიტა, შენი პირველი ქმარი, მარტინესი, კლოტილდეს მამა... - შენ რა, ისევ წარსულზე ეჭვიანობ? - განა ეს ქვეცნობის ბრალია?.. - ნეტავ კი იცოდე, რა მადლიერი იყო შენი, სულ აღტაცებული ლაპარაკობდა ხოლმე შენზე... - აღტაცებულიო? ჩემზე? - ჰო, შენზე, მართალს გეუბნები, მეც სულ იმას ვეჩიჩინებოდი, რა პატივისცემით მეპყრობოდი, ნამდვილი რაინდივით. ნამდვილად რაინდივით იქცეოდი ყოველთვის... - რაინდი თვითონ მარტინესი იყო... - აბა, ეს მედალიონიც ნახე, აქ მარტინესის სურათი მქონდა, მის ქვეშ კი შენსას ვმალავდი... ახლა ხომ გჯერა? - ახლა კი ჩემი სურათის ქვეშ მის სურათს მალავ? - ვისას? მიცვალებულისას? რასა ბრძანებ! არც ასეთი რომანტიკოსი ვარ! - მეც გაჩვენებ ჩემს კალენდარს, ჩემს ოთახში კედელზე რომ ეკიდა. გაქცევა რომ გადავწყვიტე, იმ დღის ფურცელი არ მომიხევია და აქამდე ასე ვინახავ. - ისევ თავიდან ხომ არ დაიწყებ ფურცლების მოხევას? - რისთვის? იმ შარადების ამოხსნა ხომ არ დავიწყო, იმ საბედისწერო წლის ფურცლებზე რომ დამრჩა? არა, ჩემო საუნჯევ, არა! - ნამდვილი საუნჯე შენა ხარ, ნამდვილი განძი! - განძი? არა, მე ერთი საწყალი კაცი ვარ... ღარიბი კი არა, საწყალი... - ეს ვინ გითხრა? - არავინ, მე თვითონ ვეუბნები საკუთარ თავს. *       თაფლობის თვე თითქმის გაილია, როცა ემეტერიო სელედონიოს შეხვდა. - როგორ გაახალგაზრდავებულხარ, ემეტერიო! ეტყობა, დაოჯახებამ შენს ჯანმრთელობაზე წამალივით იმოქმედა. - იმოქმედა და მერე როგორ! როსიტა ნამდვილ მალამოსავით მომიხდა. ვერ დამიჯერებია, თუმცა ამდენი ხნის ქვრივია... - ამ ცხოვრებაში ყველაფერი ეკონომიკაზეა აგებული, ემეტერიო, ოღონდ არა პოლიტიკურ ეკონომიკაზე, რაღა თქმა უნდა, არამედ მაქსიმუმისა და მინიმუმის ეკონომიკაზე... კაცმა თავის მოვლა უნდა იცოდეს... ასე რომ, ფრთხილად, მეტისმეტად ნუ გადაჰყვები იმ შენს როსიტას და მაქსიმუმი და მინიმუმი ერთმანეთში არ აურიო... არ დაგავიწყდეს, რომ თქვენ, ორი წყვილი ცოლ-ქმარი, ერთ ჭერქვეშ ცხოვრობთ, მით უმეტეს, ახალგაზრდა წყვილის გვერდით... და ეს კლოტილდე... ეს პაკიტოც... - ვინ? ჩემი სიძე? საწყალმა ბიჭმა ხომ იმიტომ იქორწინა, რომ თავისუფლად ენავარდა! - თავისუფლად რომ ენავარდა? - ჰო, ვერ წარმოიდგენ, მის წიგნებში რა აღმოვაჩინე: "სანიმუშო საყვარლის სახელმძღვანელო". სახელმძღვანელო! წარმოგიდგენია? სახელმძღვანელო! - აბა! განა არ ჯობდა, რაიმე საცნობარო, სამოძღვრებო ან კატეხიზმო გენახა? - ანდა ანბანი! მაგრამ სახელმძღვანელო? გეუბნები, ნამდვილი მუსუსია, ეგ მაიმუნი... - ოთხხელა გინდოდა გეთქვა, არა? ისინი ხომ განსაკუთრებით საშიშები არიან! მახსოვს, ერთხელ ახალშეუღლებულ წყვილთან ერთად ვმგზავრობდი და როგორც კი მატარებელი გვირაბში შევიდოდა და ჩამობნელდებოდა, მაშინვე ჩემს ცხვირწინ ისეთ ხვევნა-კოცნას გააჩაღებდნენ, აღარ ვიცოდი, საით გამეხედა; როცა თავაზიანად მივეცი შენიშვნა, ეგებ ცოტა მომერიდოთ-მეთქი, იცი, რა მიპასუხა იმ ლაწირაკმა? "რაო, ბაბუა, კბილები ხომ არ აგიკაწკაწდა?!" მე კი მივუგე: მე და კბილები? როგორ ამიკაწკაწდებოდა, როცა უკვე რამდენიმე წელია ხელოვნური კბილები მაქვს და ღამღამობით გამოხდილი წყლით სავსე ჭიქაში ვაწყობ-მეთქი, - და ისიც გაჩუმდა. ასე რომ, კაცი ჯანმრთელობას უნდა გაუფრთხილდეს! - ჩემს ჯანმრთელობას სწორედ ისინი უფრთხილდებიან, სამივენი. ამას წინათ გავცივდი და ლოგინშიც ჩავწექი. ნეტავი გენახა, როგორ დამტრიალებდა თავს კლოტილდე! სულ ცხელ-ცხელ პუნშს მასმევდა! მერედა რა მომხიბლავი იყო! ან რა ნიჭი აქვს! ისე უსტვენს, იადონიც ვერ შეედრება! ალბათ, ბებიისგან თუ გამოჰყვა, დონია ტომასასგან, ჩემი განსვენებული სიდედრისგან. დონია ტომასაც ხომ უსტვენდა, მეტადრე - იმ დროს, როცა ერბოკვერცხს მიწვავდა ხოლმე; შვილიშვილს კი ვერ მოესწრო, - აკი მის დაბადებამდე გარდაიცვალა, როსიტას კი სტვენის ნიჭი არა აქვს, მაშასადამე, სტვენის ნიჭი ბებიისგან გამოჰყვა, მაგრამ გაგიკვირდება, როგორ ითვისებს მოდურ სიმღერებს, სარსუელები ხომ არ გამორჩება! გამოუცნობია ქალის ბუნება! - რომ იცოდე, ემეტერიო, ეს ნიჭი, შესაძლოა, სულაც იმ მაცდური გველისგან მოსდგამს, ადამი ცოდვით დაცემამდე რომ მიიყვანა, ანუ სამოთხიდან განდევნამდე. - კიდევ ერთი თვისება აღმოვაჩინე კლოტილდეს ხასიათში - თვალთმაქცობა არ შეუძლია, რასაც ფიქრობს, იმას ამბობს. - ასე შენ გგონია, ემეტერიო... - ჰო, თუ გარეგნობას არ მივიღებთ მხედველობაში, ზედგამოჭრილი მარტინესია... - მართლაც, მეტაფიზიკა სულ მამამისისა აქვს, მარტინესისა. ჰო, კარგი, ერთი ისიც მითხარი, თქვენ, ორ წყვილს, უთანხმოება არასდროს მოგდით? - რას ამბობ?! შაბათობით ოთხივე თეატრში დავდივართ, ოღონდ დრამები არ გვიყვარს; როსიტასა და კლოტილდეს უფრო სასაცილო სანახაობები მოსწონთ, ამიტომ ბუფონადებსა და კომედიებს ვუყურებთ, მე და პაკიტოს კი გვიხარია, როცა ისინი იცინიან. სხვათა შორის, ჩვენს ქალებს არც უწმაწური ხუმრობები ეხამუშებათ და ვერც მე ვხედავ ამაში უხამსობას. - პირიქითაც კი, ემეტერიო, პირიქითაც კი! - და ეს სიტყვები სელედონიომ ისეთი დამაჯერებელი კილოთი წარმოთქვა, ესთეტიკის პროფესორსაც შეშურდებოდა, - ასეა, სიცილი ხომ ყველაფერს ასპეტაკებს. ხუმრობა არ შეიძლება ამორალური იყოს, მაგრამ თუ მაინც ამორალურია, მაშინ აღარც ხუმრობაა. ამორალური მხოლოდ ნაღვლიანი ცოდვაა, მხოლოდ მჭმუნვარე სათნოება. სიცილი მიზანთროპებისა და იმ ადამიანებისთვისაა უფრო, ვისაც კუჭის შეკრულობა აწუხებს, რადგან უფრო უკეთ მოქმედებს, ვიდრე კარაბანის წყალი. სიცილს აქვს ხელოვნების განმწმენდი ძალაც, კათარსისი, როგორც არისტოტელე თუ არისტოფანე იტყოდა, ანდა ვინმე სხვა. არ მეთანხმები, ემეტერიო? - როგორ არა, სელედონიო, გეთანხმები. ცხოვრების კომიკური გრძნობა უნდა განავითაროს და დანერგოს და რაც უნდა, ისა თქვას იმ უნამუნომ. - ასეა, ემეტერიო, ასე. და კიდევ, მეტაფიზიკური პორნოგრაფიაც, რაც, ცხადია, არ არის პორნოგრაფიული მეტაფიზიკა... - მაგრამ მეტაფიზიკაც ხომ პორნოგრაფიაა, სელედონიო! - მე კი, ჩემი მხრივ, წამოვიწყე აპოლოგეტიკურ-ეგზეგეტიკურ-მისტიკურ-მეტაფიზიკურ ტრაქტატზე მუშაობა რახაბის შესახებ, იმ მეძავისა, წმინდა იოსებ კურთხეულის საგვარეულოში რომაა მოხსენიებული. მაგრამ არ შეგაწუხებ ბიბლიის ციტატების, თავებისა და ნუსხების ძებნით, - მე ხომ, მადლობა ღმერთს, უნამუნო არა ვარ! - სელედონიო, შენი ტრაქტატის ამბავმა როსიტას ნათქვამი გამახსენა. ერთხელ იმ ცხონებულ მარტინესზე რომ ჩამოვარდა სიტყვა, როსიტამ მითხრა, მარტინესი რომანის დაწერას აპირებდა, რომელშიც თურმე უნდოდა ჩვენ, ყველა - როსიტაც, მეც, და დონია ტომასაც - გამოგონილი სახელებით გამოვეყვანეთ, პანსიონატიც კი, მაგრამ როსიტას გამოქვეყნების ნება არ მიუცია. "დეე, რაც უნდა ის დაწეროს, თუკი ეს სიამოვნებას ანიჭებს, მაგრამ გამოქვეყნება?"... "მაინც რატომ? - ვკითხე მე, - სხვებმაც რომ წაიკითხონ გასართობად, რა დაშავდება?" შენ რას იტყვი? - მართალი ხარ, ემეტერიო, მართალი. რა მშვენივრად თქვი: ყველაფერს ჯობს, ცხოვრების კომიკური გრძნობა დავნერგოთ და ვაკანსიებზე აღარ ვიფიქროთ. ხომ გახსოვს ძველი ბერძნების აფორიზმი, ამ ქვეყნიდან იმდენივეს მიიღებ, რამდენსაც გასცემ, მეტს ვერაფერსო.       ასე დაშორდნენ ისინი ერთმანეთს, რაკი განიმტკიცეს სიყვარული ამ ცხოვრებისა, ამ წარმავალი ცხოვრებისა და დაშორდნენ უფრო ოპტიმისტებად, ვიდრე მანამდე იყვნენ. ეეჰ, ნეტავი კი ვიცოდეთ, მაინც რა არის ეს ოპტიმიზმი, ან რა არის სიხარული ან სევდა, მეტაფიზიკა ანდა პორნოგრაფია? ყველაფერი მაინც ამ კრიტიკოსების შეთხზულია, მათი ოინებია! *გაგრძელება* …
დაამატა Kakha to ლიტერატურა at 6:45pm on სექტემბერი 14, 2016
  • 1
  • ...
  • 70
  • 71
  • 72
  • 73
  • 74
  • 75
  • 76
  • 77
  • 78
  • 79

Welcome to
Qwelly

რეგისტრაცია
ან შესვლა

ღონისძიებები

  • დაამატე ღონისძიება

ბლოგ პოსტები

ოსკარის 2026 წლის დაჯილდოება - გამარჯვებულები და ნომინირებულები

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: მარტი 16, 2026.
საათი: 11:30pm 0 კომენტარი 1 Like

ოსკარი 2026 სრული სია

      ისევ დამიგვიანდა! ეტყობა, მართლა დავბერდი და უკვე აღარც კი…

გაგრძელება

2026 Guide to the Best AI Voice Generation for Creators and Businesses

გამოაქვეყნა supprity_მ.
თარიღი: მარტი 13, 2026.
საათი: 6:30pm 0 კომენტარი 0 მოწონება

As we step further into 2026, the landscape of content creation is being transformed by AI-powered technologies. Among these innovations, voice generation stands out as one of the most impactful tools for creators, businesses, and educators.…

გაგრძელება

Gallium Market to Reach $860 million by 2033

გამოაქვეყნა Heden Brock_მ.
თარიღი: მარტი 9, 2026.
საათი: 10:00am 0 კომენტარი 0 მოწონება

According to our latest research, the Global Gallium market size was valued at $430 million in 2024 and is projected to reach $860 million by 2033, expanding at…

გაგრძელება

How Minidumperfactory Electric Garden Loader Manufacturer Adapts to Energy Trends

გამოაქვეყნა Minidumperfactory00_მ.
თარიღი: მარტი 2, 2026.
საათი: 6:30am 0 კომენტარი 0 მოწონება

Electric Garden Loader Manufacturerstrategies are increasingly centered on advanced battery systems as demand grows for efficient and low-emission landscaping equipment. Energy storage technology now plays a defining role in how electric compact…

გაგრძელება

How Can A Ball Valve Factory Enhance Long Term System Comfort And Stability

გამოაქვეყნა Naishi Valve_მ.
თარიღი: თებერვალი 9, 2026.
საათი: 9:30am 0 კომენტარი 0 მოწონება

Choosing a reliable partner often begins with understanding how a  shapes ideas into practical solutions. Behind every smooth operation, there is a place where attention, patience, and process quietly work together. Valves may seem ordinary at…

გაგრძელება

The Final Barrier Between the World and Ruin

გამოაქვეყნა Karmasaylor_მ.
თარიღი: იანვარი 22, 2026.
საათი: 10:30am 0 კომენტარი 1 Like

ARC Raiders Items takes place in a retro-futuristic science-fiction world where humanity has been pushed to the brink by an unrelenting mechanical force known as the ARC. These machines descend from orbit, tear apart settlements, and hunt…

გაგრძელება
  • დამატება დღიურში
  • ყველა

Qwelly World

free counters

© 2026   George.   • Ning - platform for social network creation and community website building

პანაღია  |  პრობლემის აღმოჩენისას!  |  Terms of Service

საუბრის დაწყება!