ძიება
  • რეგისტრაცია
  • შესვლა

Qwelly

ძიების შედეგები - ბრწყინვალე+გონება

თემა: ემპირიული ფსიქოლოგია
ქოლოგიასთან არის დაკავშირებული. ასოციაციონიზმი, როგორც იმ დროისთვის ყველაზე პროგრესული მოძღვრება, ჰერტლისთან უკვე ჩამოყალიბებულია. ახლა ჩვენ ვნახავთ, რომ მომდევნო საუკუნის პირველ ნახევარში ის თავისი განვითარების მწვერვალს მიაღწევს, შემდეგ კი დაიწყებს ტრანსფორმაციას. ბრიტანული ემპირიზმი და ასაციაციონიზმი ექსპერიმენტული ფსიქოლოგიის თეორიულ-მეთოდოლოგიური მომზადებაა. ექსპერიმენტული ფსიქოლოგია, რომელიც XIX საუკუნის მეორე ნახევარში აღმოცენდება, თავის თეორიულ ნაწილში დიდწილად სწორედ მას ეფუძნება. ფსიქოლოგიის, როგორც დამოუკიდებელი მეცნიერების, წარმოქმნის მეორე საფუძველი ბუნებისმეტყველების, პირველ ყოვლისა, ფიზიოლოგიის მიღწევები გახდება, რასაც მომდევნო თავში გავეცნობით.       მაგრამ სანამ ბრიტანული ემპირიული ფსიქოლოგიის განვითარების ბოლო ეტაპის შესახებ ვისაუბრებთ, შევჩერდეთ იმდროინდელ გერმანულ ფსიქოლოგიაზე. ბოლოს და ბოლოს, მეცნიერული ფსიქოლოგიის აკვანი ხომ გერმანიაში დაირწა, რაც შეუძლებელი იქნებოდა, რომ არ ყოფილიყო გერმანული ემპირიული ფსიქოლოგია. ზემოთ უკვე აღინიშნა, რომ ემპირიზმის იდეების გავრცელება გერმანიაში გაძნელდა და გაჭიანურდა. აქ ბატონობდა აპრიორისტული რაციონალიზმი - შეხედულება გონების იმანენტურ ფორმებზე, თანშობილ ნიჭებზე, რომლებიც საფუძვლად ედება ემპირიულად მოცემულ მთელ ფსიქიკურ ცხოვრებას (ვოლფი, ტეტენსი, კანტი). ეს მეთოდოლოგიური პოზიცია ჰერბარტმა დაარღვია. სწორედ მან ჩამოაყალიბა გერმანული ემპირიული ფსიქოლოგია. აქედან პირდაპირი გზა გაიხსნა ექსპერიმენტული ფსიქოლოგიისკენ, რომელზეც ჰერბარტმა მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა, თუმცა თვითონ უარყოფდა ექსპერიმენტს ფსიქოლოგიაში.       იოჰან ფრიდრიხ ჰერბარტი (1776-1841) საკმაოდ გავლენიანი ფილოსოფოსი იყო. ამავე დროს, იგი ცნობილია როგორც “მამა” მეცნიერული პედაგოგიკისა, რომელიც ფსიქოლოგიაზეა დაფუძნებული. ჰერბარტის მეცნიერული მოღვაწეობა გიოტინგენსა და კენიგსბერგში მიმდინარეობდა. კენიგსბერგის უნივერსიტეტში იგი სათავეში ჩაუდგა კანტის კათედრას, რაც თავისთავად მეტყველებდა მის ავტორიტეტზე. ჰერბარტის ორი ძირითადი ფსიქოლოგიური ნაშრომი: “ფსიქოლოგიის სახელმძღვანელო” (1816) და “ფსიქოლოგია, როგორც მეცნიერება ახლად დაფუძნებული გამოცდილებასა, მეტაფიზიკასა და მათემატიკაზე” (1824-1825), სწორედ აქ დაიწერა.       ფსიქოლოგიის გამოჩენილი ისტორიკოსის ბორინგის თქმით, ამ - უკანასკნელი წიგნის სათაური უკვე მიგვანიშნებს იმაზე, თუ როგორ ესმოდა ფსიქოლოგია მის ავტორს. მართლაც, პირველ რიგში, მასში აღნიშნულია, რომ ფსიქოლოგია მეცნიერებაა. ამ აზრის დადასტურება ნამდვილად მნიშვნელოვანი იყო იმ დროს, როდესაც ფსიქოლოგია უპირატესად ფილოსოფიის წიაღში ვითარდებოდა. ცხადია, ჰერბარტის ფსიქოლოგიაც მჭიდროდ არის დაკავშირებული ფილოსოფიასთან. მაგრამ ფსიქოლოგია მაინც ემპირიული მეცნიერებაა და არა ფილოსოფიის ნაწილი, თუმცა, როგორც სათაურიდან ჩანს, ის მეტაფიზიკაზეა დაფუძნებული. ჰერბარტის მიხედვით, ეს ნიშნავს რომ ფსიქოლოგიურ სისტემას უნდა ჰქონდეს თავისი არაემპირიული, ფილოსოფიური წანამძღვრები. მათ შორის ერთ-ერთი ძირითადია იმის მტკიცება, რომ სულში არაფერი არ არის წინასწარ მოცემული. ამ პუნქტში ჰერბარტი ემიჯნება ნიჭთა ფსიქოლოგიას და უკავშირდება ასოციაციონიზმს. ამავე დროს, იგი ძალაში ტოვებს სულის ცნებასაც, რომლის გარეშე ვერც ფსიქიკის ერთიანობაზე ვილაპარაკებთ და ვერც მისი აქტივობის პირველწყაროს დავადგენთ. ამასთან, უნდა გვახსოვდეს, რომ სული შეუმეცნებელი არსია. ამიტომ მასზე მსჯელობა, არსებითად, მეტაფიზიკური ხასიათისაა. ის სცილდება მეცნიერების საზღვრებს, რომლის საგანიც ყოველთვის ემპირიული ფაქტები და მოვლენებია.       ამგვარად, ფსიქოლოგიას, მეტაფიზიკურ მტკიცებათა სახით, ფილოსოფიური საფუძველი აქვს, მაგრამ საკუთრივ ფსიქოლოგია ემპირიული მეცნიერებაა. ეს ვითარება დაფიქსირებულია ჰერბარტის თხზულების სათაურში, სადაც მითითებულია, რომ ფსიქოლოგია გამოცდილებას ემყარება, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ იგი ექსპერიმენტული დისციპლინაა. ფსიქოლოგია არ შეიძლება ექსპერიმენტული იყოს სულის ერთიანობის გამო. კანტის მსგავსად, ჰერბარტიც უარყოფს ფსიქოლოგიაში ექსპერიმენტის გამოყენების შესაძლებლობას: “ფსიქოლოგიას არ შესწევს უნარი ადამიანებზე ექსპერიმენტირებისა და არ გააჩნია ამისთვის რაიმე ხელოვნური ხელსაწყოები”. ფსიქოლოგიამ უნდა გამოიყენოს ინტროსპექცია, სხვათა დაკვირვება და ქცევის პროდუქტების ანალიზი. ეს ყოველივე ემპირიული კვლევის მეთოდებია, რითაც ჰერბატი კანტის აპრიორიზმს უპირისპირდება. ასევე უარყოფილია კანტის დებულება იმის შესახებ, რომ ფსიქოლოგიას მათემატიკა ვერ მიესადაგება. ფსიქოლოგია მათემატიკას ეფუძნება - ამტკიცებს ჰერბარტი. ამით ფსიქოლოგიას საშუალება ეძლევა, არ დარჩეს მხოლოდ აღწერით მეცნიერებად და შეიმუშაოს ფსიქიკურ მოვლენათა ურთირთკავშირის რაოდენობრივად გამოხატული კანონები, უზრუნველყოს მათი სიზუსტე და შემოწმება. ცხადია, რომ აქ მინიშნებულია ფსიქიკური მოვლენების აღრიცხვისა და გაზომვის შესაძლებლობაც, რაც მოგვიანებით ფსიქოფიზიკაში განხორციელდა.       ამავე დროს, ჰერბარტის ფსიქოლოგია არ არის ფიზიოლოგიური. მას ნაკლებად აინტერესებდა ფიზიოლოგია და არ ფიქრობდა, რომ ფიზიოლოგიური პარამეტრების შესწავლა მნიშვნელოვან სარგებლობას მოუეტანდა ფსიქოლოგიას. ეს, ნაწილობრივ, მისი ანტიექსპერიმენტალისტური ორიენტაციით აიხსნება. პირველ ფსიქოლოგიურ ლაბორატორიებში, რომლებიც ჰერბარტის გარდაცვალების შემდეგ ამოქმედდა, უხვად გამოიყენებოდა ფიზიოლოგიური კვლევის მეთოდოლოგია და მეთოდიკა. შემთხვევითი ხომ არ არის, რომ ვუნდტის ე.წ. “ფიზიოლოგიური ფსიქოლოგია”, ფაქტობრივად, ექსპერიმენტული ფსიქოლოგიის სინონიმი იყო (იხ. თავი 6.1.). მიუხედავად ამისა, ჰერბარტი ხედავდა სხეულსა და სულს შორის არსებულ მიმართებას და მიუთითებდა მათი ურთიერთკავშირის ოთხ ფორმაზე: 1) სხეულებრივმა პირობებმა შეიძლება შეაფერხონ წარმოდგენების აღმოცენება (მაგ., ძილში); 2) სხეულებრივმა პირობებმა შეიძლება დააგვიანონ, დროში გადაწიონ ან სულაც ჩაახშონ წარმოდგენა (მაგ., სიმთვრალის ან ძლიერი ვნების შემთხვევაში); 3) შესაძლოა, რომ სხეულებრივმა პროცესებმა გააძლიერონ წარმოდგენა (მაგ., ნარკოტიკულ ნივთიერებათა ზემოქმედების დროს); 4) სულსა და სხეულს შორის შესაძლებელია თანამშრომლობა (მაგ., ემოციისა და გამომხატველ მოძრაობათა ურთიერთმიმართება).       ჰერბარტის მიხედვით, ფსიქოლოგიური კვლევის ამოსავალი პუნქტი ცნობიერების ფაქტებია. რა მოვლენებს და პროცესებს აღმოვაჩენთ აქ, რას გვაძლევს ცნობიერების ანალიზი? ამ საკითხში ჰერბარტის პოზიცია ერთგვარად წინააღმდეგობრივია. ერთი მხრივ, იგი აღნიშნავს, რომ ფსიქოლოგია არ შეიძლება იყოს ანალიზური - სული ერთიანია და, ამდენად, მის შემადგენელ ნაწილებზე ლაპარაკი სწორი არ იქნება. მეორე მხრივ, იგი გამოყოფს ცნობიერების აშკარად გამოკვეთილ ელემენტს, რომელსაც წარმოდგენას უწოდებს. ამ ტერმინის ქვეშ გაერთიანებულია შეგრძნება და იდეა, რაც მათი დაპირისპირების მოხსნის ერთგვარი მცდელობაა (ლოკი - ჰიუმი). წარმოდგენა სულის პირველადი ელემენტია. მას აქვს თვისებრივი (რომელობითი) და რაოდენობრივი (ენერგეტიკული) მხარე. წარმოდგენები უამრავ რომელობით სახესხვაობას ქმნიან. ყოველი კონკრეტული წარმოდგენა რომელობითად უცვლელია. რომელობითი ცვლილება ახალი წარმოდგენის გაჩენას ნიშნავს. სამაგიეროდ, თვისებრივად ერთი და იგივე წარმოდგენა შეიძლება ცვალებადობდეს ხანიერებისა და ძალის მხრივ. ძალა და ინტენსივობა, სუბიექტურად, წარმოდგენის სიმკვეთრე-სიცხოველეში მჟღავნდება.       წარმოდგენები, როგორც დინამიკური ძალები, ერთმანეთთან ურთიერთობენ. ამ ურთიერთობას საკმაოდ ხშირად დაპირისპირების, კონფლიქტის სახე აქვს; ყოველი მათგანი ცდილობს “დაიცვას თავისი თავი” და არ განიდევნოს ცნობიერების ველიდან, რომლის მოცულობა შეზღუდულია. აქ ადგილს მხოლოდ ძლიერი წარმოდგენები იკავებენ. წარმოდგენების ურთიერთზემოქმედების შედეგად იცვლება მათი რაოდენობრივი მხარე - ისინი ერთმანეთს ძალას უკარგავენ. ცნობიერება, ფაქტობრივად, წარმოდგენების ბრძოლის ასპარეზია. ფსიქოლოგიის მთელი მათემატიკური მხარე დაპირისპირებული წარმოდგენების ინტენსიობის გამოთვლაში მდგომარეობს. ასეთმა გამოთვლებმა, ჰერბარტის აზრით, ცნობიერების ზუსტი სურათი უნდა მოგვცეს. მართალია, მან რეალურად ვერ შეძლო ფსიქიკური მოვლენების ინტენსივობის გამოთვლა და მათემატიკის ენაზე გამოხატვა, მაგრამ მნიშვნელოვანი ის არის, რომ ეს საკითხი დღის წესრიგში დააყენა და ამით გზა გაუკაფა ფეხნერს.       ჰერბარტის ფსიქოლოგია ორი ნაწილისაგან შედგება: სულის სტატიკა და სულის დინამიკა. პირველი გულისხმობს წარმოდგენათა ძალის დადგენას წონასწორობის (სიმშვიდის) მდგომარეობაში. მეორე შეისწავლის წარმოდგენების მოძრაობის კანონზომიერებებს ცნობიერებაში. წარმოდგენებს შორის, საზოგადოდ, ორი ტიპის ურთიერთობა არსებობს: წინააღმდეგობრივი და არაწინააღმდეგობრივი. წინააღმდეგობრივი წარმოდგენები აფერხებს და ასუსტებს ერთმანეთს, არაწინააღმდეგობრივი წარმოდგენები კი ერთიანდება და ძლიერდება. ამ შემთხვევაშიც ორი ვითარება გამოიყოფა: ა) როცა წარმოდგენებს შორის წინააღმდეგობა არ არის და, ამავე დროს, ისინი ერთსა და იმავე მოდალობას ეკუთვნიან. მათი გაერთიანების შემთხვევაში ჰერბარტი შერწყმაზე ლაპარაკობს (მაგ., წითლისა და ლურჯის გაერთიანება გვაძლევს იისფერის წარმოდგენას); ბ) როცა არაწინაარმდეგობრივი წარმოდგენები სხვადასხვა მოდალობებს მიეკუთვნება. მათ გაერთიანებას კომპლიკაცია ეწოდება (მაგ., სიყვითლისა და სიმჟავის წარმოდგენები ერთიანდება ლიმონის ხატში). წარმოდგენების კავშირის მოძღვრებით ჰერბარტი, არსებითად, ასოციაციური თეორიის ხაზს განაგრძობს, თუმცა არ იყენებს მის ტერმინებს (მაგ., ტერმინს “სიმულტანური ასოციაცია”). შერწყმისა და კომპლიკაციის ცნებები თავის სისტემაში აქტიურად გამოიყენა ვუნდტმა (იხ. თავი 6.1).       რაც შეეხება წარმოდგენათა შორის წინააღმდეგობრივ, კონფლიქტურ მიმართებას, მას ასოციაციური ფსიქოლოგია, ფაქტობრივად, არ ეხება, ჰერბარტი კი საგანგებოდ და დაწვრილებით აანალიზებს. ამ შემთხვევაში წარმოდგენები არ სპობენ ერთმანეთს. აქ ხდება მხოლოდ წარმოდგენების ძალის, ინტენსივობის ან, რაც იგივეა, სინათლის შემცირება. ამ კონტექსტში ჰერბარტი ავითარებს შეხედულებას ცნობიერების დონეებისა თუ საფეხურების შესახებ და აქტიურად იყენებს არაცნობიერის ცნებას. სინათლის ხარისხის მიხედვით გამოიყოფა: 1) ნათელი ცნობიერება, რომელიც ცხადი და მკაფიო წარმოდგენებისაგან შედგება; 2) ბუნდოვანი ცნობიერება, რომელშიც თავმოყრილია ნაკლებად ნათელი და მკაფიო წარმოდგენები; და 3) არაცნობიერი, რომელიც ბნელი, სხვა წარმოდგენების მიერ განდევნილი, დაუძლურებული წარმოდგენებისაგან არის შევსებული.       ჰერბარტის შეხედულებაში ცნობიერების ხარისხებისა და არაცნობიერის შესახებ, ლაიბნიცის დიდი გავლენა იგრძნობა. წარმოდგენების განაწილება ცნობიერების დონეების მიხედვით არ არის მუდმივი - ერთი და იგივე წარმოდგენა დროის სხვადასხვა მონაკვეთში შეიძლება ცნობიერების განსხვავებულ საფეხურზე იმყოფებოდეს. სულიერი ცხოვრება - ესაა წარმოდგენების გამუდმებული მოძრაობა ცნობიერიდან არაცნობიერისკენ და პირიქით. საზღვრებს ფსიქიკის სხვადასხვა დონეებს შორის ჰერბარტი ზღურბლს უწოდებს. ნათელ ცნობიერებასა და ბუნდოვან ცნობიერებას შორის საზღვარს ნათელი ცნობიერების ზღურბლი ჰქვია, ხოლო ბუნდოვან ცნობიერებასა და არაცნობიერს შორის - ცნობიერების ზღურბლი.       ზღურბლის ცნება შემდგომში ფეხნერმა გამოიყენა. ჰერბარტისა და ფეხნერის ზღურბლის ცნებასა და მისი დადგენის მექანიზმს შორის განსხვავება ისაა, რომ ჰერბარტი ცდილობდა გამოეთვალა, თუ რა ძალის უნდა ყოფილიყო წარმოდგენა, რომ უფრო ძლიერ წარმოდგენასთან ურთიერთობისას ზღურბლს ზევით დარჩენილიყო. ფეხნერი კი ადგენდა მიმართებას ფიზიკურ გამღიზიანებელსა და შეგრძნების ინტენსივობას შორის (იხ. 4.2.). ასეა თუ ისე, ცნობიერება, ჰერბარტის მიხედვით, არის სცენა, ეკრანი, რომელზეც ურთიერთდაპირისპირებული წარმოდგენები ცვლის ერთმანეთის სინათლის ხარისხს, გადაადგილდება ცნობიერების ერთი დონიდან მეორეში ან იძირება ზღურბლს ქვევით. ამასთან, არაცნობიერი წარმოდგენა არაფრით განსხვავდება ცნობიერისაგან გარდა იმისა, რომ მოცემულ მომენტში სუბიექტის მიერ არ აღიქმება. არავითარი სხვა შინაარსობრივი თუ თვისებრივი ნიშნით ის არ განსხვავდება ფენომენოლოგიურად მოცემული წარმოდგენისაგან. არაცნობიერი წარმოდგენა ინარჩუნებს მეტ-ნაკლებ ძალას, ამიტომ, შესაბამის პირობებში, ის შეიძლება დაბრუნდეს ცნობიერების არეში.       ფსიქოლოგიის ისტორიკოსები ხშირად მსჯელობენ იმაზე, მოახდინა თუ არა ჰერბარტმა გავლენა ფროიდზე. ფროიდის არაცნობიერის კონცეფციაში, ისევე როგორც წარმოდგენების განდევნის მექანიზმებში, შეხედულებაში კომპლექსებზე (წარმოდგენათა გაერთიანებებზე), რომლებიც არ ცნობიერდებიან, მაგრამ მაინც მოქმედებენ ცნობიერების პროცესებზე (სათანადო პირობებში კი შეიძლება გაცნობიერდნენ კიდეც), მართლაც შეიმჩნევა ერთგვარი მსგავსება ჰერბარტის მოსაზრებებთან წარმოდგენათა დინამიკის შესახებ. ეჭვს გარეშეა, რომ ფროიდი მათ კარგად იცნობდა.       ჰერბარტის მიხედვით, როგორც ზემოთ აღინიშნა, სათანადო პირობების არსებობისას არაცნობიერმა (ან სულაც ახალმა) წარმოდგენამ შეიძლება გადალახოს ცნობიერების ზღურბლი და შევიდეს ცნობიერების არეში. რა პირობები იგულისმება აქ? პირველ ყოვლისა, ეს არის წარმოდგენის ძალა, შემდეგია წინააღმდეგობის უქონლობა ან მისი სიმცირე. ყოველი წარმოდგენა უნდა შეესაბამებოდეს ცნობიერების ერთიანობას. ვითარება ისეთია, თითქოს ცნობიერი წარმოდგენები არაცნობიერში სპეციალურად არჩევენ ისეთ წარმოდგენას, რომელიც მათ შეესატყვისება. ახალი წარმოდგენა ცნობიერებაში ვერ გაჩნდება და იქ ადგილს ვერ დაიმკვიდრებს, თუ ის ძველ წარმოდგენებს არ დაუკავშირდა, მათთან საერთო არ მონახა. ლაიბნიცის მიერ შემოტანილ ტერმინს “აპერცეფცია” ჰერბარტი სწორედ ამ მნიშვნელობით იყენებს. ლაიბნიცთან ხდება ყოველი იდეის აპერცეფცია, რომელიც ცნობიერებაში შემოდის. აპერცეფცია, არსებითად, გაცნობიერებასთან არის გაიგივებული. ჰერბარტთან ამ ცნების შინაარსი მეტს გულისხმობს, ვინაიდან ვერცერთი ცნობიერი წარმოდგენა ვერ აღმოცენდება ისე, თუ გარკვეული ადგილი არ დაიკავა ცნობიერებაში ამჟამად მოცემული წარმოდგენების მთლიანობაში. მაშასადამე, აპერცეფცია მხოლოდ წარმოდგენის გაცნობიერება არ არის, იგი მისი ასიმილაციაა ცნობიერების წარმოდგენათა მთლიანობის (გამოცდილების) მიერ. წარსულ შთაბეჭდილებათა ამ მთლიანობას ჰერბარტი მააპერცირებელ მასას უწოდებს, ხოლო ახალი წარმოდგენების წარსულ გამოცდილებასთან შეერთების პროცესს - აპერცეფციას.       ფსიქოლოგიის ისტორიაში მიჩნეულია, რომ ჰერბარტის მოძღვრება აპერცეფციაზე უფრო პროგრესულია, ვიდრე ლაიბნიცისა და კანტის შეხედულებები. ყოველ შემთხვევაში, აპერცეფციის ცნებას ჰერბარტთან ემპირიული შინაარსი აქვს. ლაიბნიცთან აპერცეფცია მოკლებულია ემპირიულ გარკვეულობას. ესაა სულის რაღაც ძალა, რომელიც უერთდება პერცეფციას და რეფლექსიის დონეზე აჰყავს იგი. კანტის ტრანსცენდენტური აპერცეფცია გულისხმობს გრძნობადი გამოცდილების გაერთიანებას, პირველსინთეზს; ესაა “წმინდა ცნობიერება”, რომელიც ახლავს ჩვენს ყველა განცდას და აზრს აძლევს “ემპირიული ცნობიერების” ცვალებად მონაცემებს. კანტის აპერცეფცია ცნობიერების აპრიორულ ფორმებში რეალიზდება, ის გამოცდილებამდე არსებობს და განსაზღვრავს მას. ჰერბარტის “მააპერცირებელი მასა” კი ემპირიულად არის გამოცდილებაში შესული და ცნობიერების ჩვეულებრივი წარმოდგენებისაგან შედგება.       “მააპერცირებელი მასა” შეიძლება მიზანდასახულად იქნეს ფორმირებული პედაგოგიურ პროცესში. ცოდნის შეძენის პროცესი რეგულაციას ექვემდებარება, თუ ვიცით ის ფსიქოლოგიური კანონზომიერებები, რომელებიც მას განსაზღვრავენ. მოძღვრება წარმოდგენათა შეერთებაზე, აპერცეფციაზე, ჰერბარტმა გამოიყენა თავის პედაგოგიურ სისტემაში და პედაგოგიკის გამოჩენილი თეორეტიკოსის სახელიც მოიპოვა. პედაგოგიკის ისტორიაში იგი შევიდა, როგორც სწავლებისა და აღზრდის შესახებ პირველი მეცნიერული სისტემის შემქმნელი, როგორც გზის გამკვალავი იმ საქმიანობისა, რომლის შედეგიც სულიერი ცხოვრების კანონზომიერებებთან სწავლების პროცესის შესაბამისობაში მოყვანა იყო.       ჰერბარტმა მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა მეცნიერული ფსიქოლოგიის ფორმირებაზე. ფსიქოლოგიაში მათემატიკის გამოყენების, ფსიქიკური მოვლენების გაზომვის, ზღურბლის იდეების გარეშე ვერ გაჩნდებოდა ფსიქოფიზიკა, რომლის როლის გადაჭარბებული შეფასება ექსპერიმენტული ფსიქოლოგიის დამკვიდრებაში ძნელია. ბევრი სასარგებლო აიღო ჰერბარტისაგან მეცნიერული ფსიქოლოგიის პატრიარქმა ვუნდტმა (შერწყმა, კომპლიკაცია, აპერცეფცია). გვერდს ვერ ავუვლით ჰერბარტის მოსაზრებათა გავლენას ფსიქოანალიზის ჩამოყალიბებაზეც (ცნობიერებისა და არაცნობიერის დინამიკური ურთიერთობა).       ჰერბარტმა დატოვა ძლიერი სამეცნიერო სკოლა. მის მოწაფეთა და მიმდევართა შორის გამორჩეული ფიგურა იყო ლოგიკოსი, მათემატიკოსი, ფილოსოფოსი და ფსიქოლოგი მ. დრობიში (1802-1896). მან ბევრი რამ გააკეთა ჰერბარტის ფსიქოლოგიური იდეების პოპულარიზაციისთვის. სწორედ დრობიშმა მიიწვია ვუნდტი ლაიფციგში, სადაც ამ უკანასაკნელმა პირველი ფსიქოლოგიური ლაბორატორია დააარსა. ტ. ვაიტცი (1821-1864), მ. ლაცარუსი (1824-1903) და გ. შტაინტალი (1823-1899) თავიანთ მდიდარ მეცნიერულ შემოქმედებაში უფრო ეთნოგრაფიული ინტერესებით ხელმძღვანელობდნენ და ეთნოფსიქოლოგიის ფუძემდებლებად ითვლებიან. ვუნტმა თავის “ხალხთა ფსიქოლოგიაში” განაგრძო კვლევის ეს ხაზი. ვ. ფოლკმანი ცნობილია ფსიქოლოგიის სახელმძღვანელოთი (1856), რომელიც გერმანიაში ვუნდტის “ფიზიოლოგიური ფსიქოლოგიის” გამოქვეყნებამდე საუკეთესოდ იყო აღიარებული.       ჰერბარტის მოწაფეთა თაობას ეკუთვნის გერმანული ემპირიული ფსიქოლოგიის თვალსაჩინო წარმომადგენელი რუდოლფ ჰერმან ლოტცე (18171881). მისი გავლენა ფსიქოლოგიაზე გაცილებით ნაკლებია, ვიდრე ჰერბარტისა, მაგრამ რამდენიმე მომენტი უთუოდ უნდა გამოიყოს. 1852 წელს გამოიცა მისი თხზულება “სამედიცინი ფსიქოლოგია”, რომელმაც ხელი შეუწყო ფსიქოლოგიის გამდიდრებას ფიზიოლოგიური ცოდნით. წიგნის სათაური კარგად გამოხატავს მის შინაარსს - ესაა “ფიზიოლოგიური ფსიქოლოგია” (ეს ტერმინი სწორედ ლოტცემ შემოიტანა), რომელიც მოიცავს სულისა და სხეულის ფრენოლოგიას, შეგრძნებათა ფსიქოფიზიოლოგიას, მათ შორის ვებერიდან მომდინარე საკითხს გამღიზიანებლისა და შეგრძნების ძალის პროპორციულობის შესახებ, ასევე სამედიცინო ფსიქოლოგიას: ცნობიერების მდგომარეობანი, სულიერი ცხოვრების განვითარების პირობები და სულიერი ცხოვრების დარღვევები. წიგნში მოცემულია დიდძალი ფაქტობრივი მასალა და იგი უფრო სახელმძღვანელოა, ვიდრე ორიგინალური კვლევა. მასში ყველაზე საყურადღებოა თავის დროზე საკმაოდ გახმაურებული კონცეფცია სივრცის აღქმისა, ე.წ. ადგილობრივი ანუ ლოკალური ნიშნის თეორია.       ლოტცეს აზრით, შეგრძნებებს აქვს მხოლოდ ინტენსივობა და რომელობა. ვრცეულობა არ არის შეგრძნების პირველადი ნიშანი, ის შეძენილი თვისებაა. ჩვენ იმთავითვე უშუალოდ ვერ აღვიქვამთ სივრცეს (ეს უდავოდ ემპირისტული პოზიციაა). შეხება და მხედველობა ის შეგრძნებებია, რომლებიც გარკვეული მექანიზმის მეშვეობით აყალიბებენ სივრცის აღქმას. მეორე მხრივ, იმისთვის, რომ ეს მექანიზმი ამოქმედდეს და ჩვენმა სულმა სივრცე იმაში შეიგრძნოს, რაშიც თავისთავად სივრცე არ არის (იგულისხმება მხედველობისა და შეხების მასალა), უნდა დავუშვათ სულის თანდაყოლილი უნარის არსებობა - ვრცეულად განალაგოს თავისი პირველადი შინაარსები. ამ პირობის წამოყენებით კონცეფცია ერთგვარ ნატივისტურ ჟღერადობასაც იძენს.       საკუთრივ სივრცის აღქმის მექანიზმი კი დამყარებულია გარკვეულ სხეულებრივ ფაქტორებზე, რომლებიც, თანამედროვე ფიზიოლოგიის თვალსაზრისით, არაა უნივერსალური. კერძოდ, ლოტცე მიიჩნევს, რომ ბადურისა და კანის ყოველი წერტილი საკმაოდ განსხვავდება მეორე წერტილისაგან და ყველა მათგანი სპეციფიკურად შეიგრძნობს ერთი და იგივე გამღიზიანებელს. ეს განსხვავება ძირითადად შეგრძნების ინტენსივობის ხარისხში გამოიხატება და “ლოკალური ნიშანი” ეწოდება. მაგალითად, კანი ზოგან მკვრივია, ზოგან - რბილი, ზოგ ადგილას კანქვეშ ვენებია, ხოლო ზოგან კუნთები, სახსრები ან მყესები. ყოველივე ამის შესაბამისად შეხების სახეობა განსხვავებულია. აქ თავისთავად ვრცეულობა კი არ არის მოცემული, არამედ შეგრძნებათა ინტენსივობის სხვადასხვაობა. იმისთვის, რომ ამ მასალიდან სივრცის ცნობიერება შეიქმნას, საჭიროა კიდევ ერთი რამ - მოძრაობა. მოძრავი გამღიზიანებელი სხეულის სხვადასხვა ადგილზე მოქმედებს, რის გამოც ლოკალური ნიშანი ცვალებადობს - ერთს მეორე, მეზობელი ადგილის ნიშანი ცვლის. თუ ჩვენ საკმაო რაოდენობის ლოკალური ნიშანი მოგვეპოვება და ყველა მეზობელ ნიშანს ვიცნობთ, მაშინ ჩვენ შეგვიძლია გარკვეულად გავითვალისწინოთ უწყვეტი სივრცე. ყველა ლოკალური ნიშნის ურთიერთმიმართებაში მოყვანის გზით სული ქმნის ფსიქოლოგიურ სივრცეს. სულის ამ ტენდენციით (ვრცეულად განალაგოს თავისი შინაარსები) აიხსნება ის, რომ შეგრძნებებით მიღებული შთაბეჭდილებები სივრცული თვისების მატარებელი ხდება.       გერმანული ემპირიული ფსიქოლოგიის მოკლე დახასიათების შემდეგ გადავინაცვლოთ ბრიტანეთში და განვიხილოთ, თუ როგორ ვითარდებოდა იქ ასოციაციური ფსიქოლოგია XIX საუკუნეში. ჩვენ უკვე ვიცით, რომ ბრიტანული ასოციაციონიზმი XVII საუკუნეში დაიწყო ჰობსიდან და ლოკიდან. XVIII საუკუნეში ის ბერკლიმ და ჰიუმმა განავითარეს, ხოლო ჰერტლიმ მას ჩამოყალიბებული სახე მისცა. XIX საუკუნის ასოციაციონიზმი განაგრძობს განვითარებას და კიდევ ორ ეტაპს გაივლის. პირველ ეტაპზე ბრაუნისა და, განსაკუთრებით, ჯ. მილის შემოქმედებაში ასოციაციური მოძღვრება კლასიკურ და დასრულებულ ფორმას იღებს. მეორე ეტაპზე, ძირითადად ჯ.ს. მილის, ბეინისა და სპენსერის ნაშრომებში, ხდება კლასიკური ასოციაციური ფსიქოლოგიის მთელი რიგი დებულებების გადასინჯვა, რაც, არსებითად, ამ მიმართულების კრიზისის გამოხატულებად უნდა ჩაითვალოს. პირველი ეტაპი, როგორც ითქვა, ბრაუნით და ჯ. მილით არის წარმოდგენილი. ეს მეცნიერები ძირითადად XIX საუკუნის პირველ ნახევარში მოღვაწეობდნენ.       თომას ბრაუნი (1778-1820) ედინბურგის უნივერსიტეტის ფილოსოფიის პროფესორი, ერთი შეხედვით, არც უნდა ჩაითვალოს ორთოდოქსულ ასოციაციონისტად. იგი ედავება ჰერტლის ასოციაციონიზმს და იქამდეც მიდის, რომ ტერმინს “ასოციაცია” ცვლის ტერმინით სუგესტია. ამ ეტაპის ასოციაციონიზმისთვის, საზოგადოდ, დამახასიათებელია უარის თქმა ფსიქიკურ მოვლენათა კავშირების ფიზიოლოგიური საფუძვლების ძიებაზე. ასოციაციის მექანიზმი იმანენტურ-ფსიქიკურ თვისებად არის მიჩნეული. ჰერტლის ფიზიოლოგიურ-მატერიალისტურმა ასოციაციონიზმმა გარკვეული ევრისტიული როლი ითამაშა, მაგრამ ბრაუნის მოღვაწეობის პერიოდისთვის უკვე ცხადი გახდა მისი ფიზიოლოგიის არარეალურობა (მაგ., ნერვებში მიმდინარე - ვიბრაციები).       ბრაუნი საერთოდ მიჯნავს ფსიქიკურ მოვლენებს ტვინისაგან და მიზნად ისახავს შეისწავლოს მათი შინაგანი კანონზომიერებანი, რომელთა შემეცნება მხოლოდ თვითდაკვირვებას შეუძლია. ისინი, ბრაუნის აზრით, ბევრად უფრო რთულია, ვიდრე ჰერტლის წარმოედგინა. ჰერტლის ასოციაციები, საბოლოოდ, მატერიალურ პროცესებზე დაყავს. მისთვის მთავარია მეზობლობის ფაქტორი. ერთი მატერიალური პროცესი გადადის მეორეში მათი სივრცითი თანხვედრის გამო. ასევე ასოცირდება შესატყვისი იდეებიც. მაგრამ, ბრაუნის რწმენით, სულიერი პროცესების დინამიკა, მათი დაკავშირება და ამ კავშირების გამოვლენა მხოლოდ მეზობლობით, ანუ მექანიკურად ვერ აიხსნება. სულიერი პროცესებისთვის დამახასიათებელი აზრობრივი კავშირები, ან კავშირები კონტრასტის და მსგავსების გამო, ვერ დაიყვანება სივრცით მეზობლობაზე.       მეთვრამეტე საუკუნის ბრიტანული ასოციაციონიზმი (განსაკუთრებით კი ჰერტლი) გატაცებული იყო ნიუტონის მექანიკით და ცდილობდა მისი კანონები ფსიქოლოგიაზე გაევრცელებინა. ამით ფსიქოლოგია ფიზიკისთვის დამახასიათებელ წინასწარმეტყველების მაღალ უნარს შეიძენდა. თავის ძირითად თხზულებაში “ლექციები ადამიანის გონების ფილოსოფიის შესახებ” (1820), ბრაუნი ამტკიცებს, რომ შემოქმედების პროცესი პოეზიასა (იგი საკმაოდ თვალსაჩინო პოეტიც იყო) და მეცნიერებაში სხვაგვარ ახსნით პრინციპს საჭიროებს. დასახელებულ წიგნში ასეთი მეტყველი პასაჟიცაა: ნიუტონის ფიზიკაზე დაყრდნობილი კლასიკური ასოციაციური ფსიქოლოგია ვერ ახსნის თვით ნიუტონის ინტელექტუალურ მოქმედებას, რომელმაც ეს ფიზიკა შექმნა. ნიუტონის აზრის მსვლელობა ვაშლის მიწაზე დაცემის აღქმიდან სამყაროს აგებულების ძირეულ პრინციპებამდე ასოციაციით კი არა, სუგესტიით უნდა აიხსნას. წარმოდგენები მექანიკურად კი არ დაუკავშირდნენ ერთმანეთს, არამედ ერთმა წარმოდგენამ სუგესტიის, შთაგონების გზით აღმოაცენა მეორე.       ასოციაცია-სუგესტიებისთვის პირველადი კანონებია მეზობლობა, მსგავსება და კონტრასტი. ცნობიერების მოვლენების ურთიერთდაკავშირება უპირატესად ამ კანონების მოქმედებით აიხსნება. მაგრამ მხოლოდ ისინი არაა საკმარისი იმის გასაგებად, თუ რატომ წარმოიქმნება ცნობიერებაში ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სწორედ ეს აზრი, წარმოდგენა ან სურვილი. ამის დასადგენად, ბრაუნის აზრით, ასოციაციის (სუგესტიის) პირველად კანონებს უნდა დაემატოს მეორადი კანონები (ფაქტორები): ძალა, სიხშირე, სიახლოვე, ხანგრძლიობა, სიახლე, ინდივიდის კონსტიტუციური თვისებები, ბუნებრივი უნარები, ჯანმრთელობის მდგომარეობა და ა.შ.       როგორც ვხედავთ, ბრაუნი თითქოს აკრიტიკებს კლასიკურ ასოციაციურ შეხედულებას და ახალ ტერმინსაც კი ხმარობს, მაგრამ ამ ტერმინში ფსიქიკური მოვლენების დაკავშირების რაიმე ახალი მექანიზმი არ იგულისხმება. ბრაუნი, ფაქტობრივად, ავითარებს ასოციაციონიზმს, ავსებს მას პირველადი და მეორადი კანონებით, ანუ დამატებითი ფაქტორებით.       ჯეიმს მილი (1773-1836) ისტორიკოსი და ეკონომისტი იყო, მაგრამ ფსიქოლოგიის საკითხებზეც მუშაობდა. ამის გამოხატულებაა წიგნი “ადამიანის სულიერ მოვლენათა ანალიზი”. ის 1829 წელს გამოიცა და, ჰერტლის წიგნის შემდეგ, უმნიშვნელოვანეს ასოციაციონისტურ ნაშრომად ითვლება. მასში გადმოცემული სისტემა მიჩნეულია ასოციაციონიზმის, როგორც სულიერ მოვლენათა მექანიკური შეერთების პრინციპის, ყველაზე პირდაპირ და უკომპრომისო რეალიზაციად.       ჯ. მილი თვლიდა, რომ “ელემენტების მკაფიო ცოდნა სრულიად აუცილებელია, რათა შევიქმნათ ნათელი წარმოდგენა მთელზე, რომელიც მათგან შედგება”. ჰიუმისა და ჰერტლის მსგავსად, მასაც მიაჩნია, რომ ფსიქიკური ელემენტების ძირითად კლასებს შეგრძნებები და იდეები შეადგენს. ამასთან, იგი ერთ-ერთი პირველთაგანი იყო, ვინც შეეცადა ნათლად განესხვავებინა შეგრძნება და აღქმა (ამ საქმეში პრიორიტეტი ალბათ მაინც რიდს ეკუთვნის). აღქმა შეგრძნებათა ერთობლიობაა. ფსიქოლოგიამ უკვე კარგა ხანია დაძლია აღმისადმი ასეთი ელემენტარისტული მიდგომა, მაგრამ ჯ. მილი, იმ დროის ინტელექტუალური სულისკვეთების შესაბამისად, ელემენტარისტულად და მექანიცისტურად აზროვნებდა. ამიტომ აღქმათა მრავალფეროვნების ასახსნელად იგი შეეცადა გაეფართოებინა აღქმის ელემენტების, ანუ შეგრძნებების არისტოტელესეული სია. ეს ტენდენცია უკვე ბრაუნთან გამოიკვეთა, რომელმაც ტრადიციულ ხუთ შეგრძნებას ე.წ. კუნთური შეგრძნება დაუმატა. ჯ. მილი უფრო შორს წავიდა და რვა შეგრძნება გამოყო. ხსენებულ კუნთურ შეგრძნებასთან ერთად იგი განიხილავს სხეულის რომელიმე ნაწილის აშლილობის შეგრძნებას (მაგ., ქავილი, ღიტინი და ა.შ) და საყლაპავი არხის შეგრძნებას, რომელიც დღეს ორგანული შეგრძნებების კლასშია მოთავსებული. ჯ. მილი, როგორც ემპირისტი, შეგრძნებათა პრიორიტეტს ქადაგებს, ხოლო როგორც ასოციაციონისტი, ცდილობს მონახოს რაც შეიძლება მეტი ელემენტი, რომელთა დაკავშირება გასაგებს გახდის აღქმებისა და რთული იდეების მრავალფეროვნებას. ამაში მდგომარეობს ასოციაციური ფსიქოლოგიის სენსუალიზმი და ატომიზმი.       ჰიუმისაგან განსხვავებით ჯ. მილი არ თვლის, რომ მარტივი იდეები შეგრძნებებზე უფრო მკრთალი წარმოდგენებია. იდეა შეგრძნების ასლია, მაგრამ სინათლის ხარისხით ზოგჯერ შეიძლება აღემატებოდეს კიდეც მას. არსებითი განსხვავება მათ შორის ისაა, რომ არავითარი იდეა არ წარმოიქმნება, თუ გამოცდილებაში წინასწარ არ არსებობდა მისი შესატყვისი შეგრძნება. ამიტომ, შეგრძნებათა სახეების შესაბამისად, არსებობს რვა - მარტივი იდეა.       ცნობიერება ასოციაციური ბუნებისაა. ადამიანში განუწყვეტლივ წარმოიქმნება შეგრძნებები, ისინი “აღვიძებენ” მათ შესატყვის იდეებს, რომლებიც, თავის მხრივ, იწვევენ მათთან დაკავშირებულ სხვა იდეებს და ა.შ. მილი შემდეგნაირად აღწერს ამ ვითარებას: “მე ვხედავ ცხენს - ეს შეგრძნებაა, და ამავე წუთს მე ვფიქრობ მისი პატრონის შესახებ - ეს იდეაა. ცხენის პატრონის იდეა ამ უკანასკნელის თანამდებობაზე მაფიქრებინებს. იგი მინისტრია - ეს უკვე მეორე იდეაა. მინისტრის იდეა მაფიქრებინებს საზოგადოებრივ საქმეებზე და მე პოლიტიკურ იდეათა მდინარებას მივყვები. ამ დროს სასადილოდ მეძახიან - ეს უკვე ახალი შეგრძნებაა...”. ამრიგად, მთელი ჩვენი ცნობიერება სხვა არაფერია, თუ არა ურთიერთდაკავშირებული შეგრძნებებისა და იდეების წყება. თანაც, ასოციაციური კავშირის შექმნაც და ცნობიერებაში მისი რეალიზაციაც ავტომატურად, სუბიექტის ჩაურევლად ხდება. გონება, არსებითად, მანქანაა, ის მექანიზმივით მოქმედებს. ამიტომ ჯ. მილის ფსიქოლოგიურ სისტემას სულის მექანიკა ეწოდება.       ჯ. მილი აშკარად უარყოფს ჰიუმის ასოციაციის სამ კანონს (ფაქტორს) და ამაში სრულიად გარკვეული ლოგიკა ჩანს. ჯერ ერთი, მიზეზშედეგობრიობის კანონი თვით ჰიუმმა ახსნა თანხვედრის სიხშირით, ანუ, არსებითად, მეზობლობაზე დაიყვანა. ხოლო მსგავსების კანონი, მილის აზრით, მოქმედებს მხოლოდ მაშინ, თუ მსგავსი იდეები ხშირადაა ერთად მოცემული. მაშასადამე, მსგავსების კანონის რეალური საფუძველიც იდეათა მეზობლობა ყოფილა. ასე მოხდა მილის ორთოდოქსულ ასოციაციონისტურ სისტემაში არისტოტელეს ასოციაციის ოთხი კანონის დაყვანა ერთზე - სივრცეში მეზობლობაზე (დროში მეზობლობა უკვე მანამდე იყო ჩათვლილი სივრცეში მეზობლობის კერძო გამოვლინებად).       ჯ. მილის მიხედვით, ასოციაციური კავშირის ორი სახე არსებობს: სიმულტანური და სუქცესიური. პირველი უფრო აღქმისთვის არის დამახასიათებელი, მეორე - მეტყველებისა და მსჯელობის, ანუ აზროვნებისთვის. მიუხედავად იმისა, რომ ფსიქიკურ მოვლენათა ერთდროული (სიმულტანური) დაკავშირების პრინციპი თავისთავად ახალი არ იყო (გავიხსენოთ თუნდაც ჰერტლი ან ბრაუნი), ჯ. მილთან მან ახალი ჟღერადობა შეიძინა. სწორედ მან დააყენა საკითხი იმის შესახებ, თუ როგორ ერთიანდება ასოციაციურად ერთ მთლიანში სხვადასხვა ფსიქიკური შინაარსები (იდეები). როდესაც ამაზე მსჯელობს, ჯ. მილი, პირველ ყოვლისა, შეგრძნებათა მასალას აანალიზებს: მაგალითად, ყველა სპექტრალური ფერის ერთმანეთთან შერწყმის შედეგად თეთრი ფერი მიიღება. ამ შემთხვევაში, ფაქტობრივად, სხვადასხვა შეგრძნებებიდან ახალი შეგრძნება წარმოიქმნება. რაკი მარტივი იდეები შეგრძნებებს იმეორებენ, ლოგიკურადაც და რეალურადაც იდეების სფეროში ასეთივე კანონზომიერება უნდა მოქმედებდეს. ჯ. მილის თანახმად, ეს ასეც არის. ნებისმიერი ობიექტისა თუ მოვლენის იდეა უფრო მარტივი იდეების გაერთიანებით (შერწყმით) წარმოიქმნება. მაგალითად, ქვის იდეა ფერის, ფორმის, სიმძიმისა და ა.შ მჭიდრო შეკავშირების შედეგია. თავად სიმძიმის იდეაც მარტივი გვეჩვენება, თუმცა ის თავის თავში შეიცავს წინააღმდეგობის იდეას (რომელიც, თავის მხრივ, შეიცავს კუნთურ იდეას) და მიმართულების იდეას (რომელიც, სულ მცირე, სამი იდეის - განვითარების, ადგილისა და მოძრაობის იდეების შერწყმის შედეგია). მაგრამ, თუ ეს ითქმის ქვისა და სიმძიმის ერთი შეხედვით მარტივი იდეების მიმართ, რატომ არ შეიძლება უფრო შორს წავიდეთ და იგივე ვთქვათ უფრო რთული იდეების მიმართ? ჯ. მილი ასეც იქცევა და, საბოლოოდ, აბსურდამდე მიდის. მაგალითისთვის მისი შემდეგი მსჯელობა გამოდგება: “ერთი რთული იდეა არის აგური, ქვითკირი არის მეორე რთული იდეა. ეს იდეები მდებარეობისა და რაოდენობის იდეებთან ერთად ქმნიან კედლის იდეას. ჩემი იდეა კედლისა, არის რთული იდეა. რთულია ფიცრის იდეა, ძელის იდეა, ლურსმნის იდეა. ეს იდეები, იმავე მდებარეობისა და რაოდენობის იდეებთან შეერთებისას, შეადგენენ იატაკის უფრო რთულ იდეას. ამგვარადვე, მინის, ხისა და სხვა რთული იდეები შეადგენენ ფანჯრის უფრო რთულ იდეას. ეს უფრო რთული იდეები ერთიანდება და იქმნება სახლის იდეა, რომელიც სხვადასხვა რთული იდეების მიერ არის შედგენილი. რამდენი რთული თუ მეორადი იდეაა გაერთიანებული ავეჯის იდეაში? რამდენად მეტია იმ იდეაში, რომელსაც “ყველაფერს” ვუწოდებთ?”.       ამ კითხვებზე პასუხი არ არსებობს, ვინაიდან ისინი აბსურდულია. აქამდე შეიძლება მივიდეს თეორიული ფსიქოლოგია, რომელიც ფაქტობრივ მონაცემებს, რეალურ დაკვირვებას ნაკლებად ემყარება. თუ ემპირიული ფსიქოლოგია კვლევის სათანადო მეთოდური აპარატით არ იქნება აღჭურვილი, ის შეიძლება უაზრობის წყარო გახდეს. მართლაც, მხოლოდ ლოგიკის საშუალებით ვერ დაასაბუთებ იმას, რომ ვთქვათ “სამყაროს” ან “ყველაფრის” იდეა არ შეიცავს ყველა არსებული საგნისა თუ მოვლენის ასოციაციურ კავშირს. მაგრამ რა ემპირიული საფუძველი არსებობს იმის მტკიცებისთვის, რომ ცნობიერებას ზოგადად ან, მით უფრო, მის ერთ-ერთ მოვლენას - იდეას, შეუძლია განუსაზღვრელი რაოდენობის შინაარსი დაიტიოს? ჯ. მილმა პრინციპული მნიშვნელობის საკითხი დასვა, მაგრამ მისი გადაწყვეტა ვერ შეძლო. მისი შვილის, ჯ.ს. მილის შემოქმედებაში ეს საკითხი უფრო მაღალ დონეზეა გააზრებული.       ჯონ სტიუარტ მილს (1803-1873) არასოდეს უსწავლია სკოლაში ან უნივერსიტეტში. მიუხედავად ამისა, იგი უთუოდ იყო თავისი ეპოქის ერთ-ერთი უდიდესი სწავლული. ჯ.ს. მილის ერთადერთი მასწავლებელი მამამისი იყო, რომელიც ადრეული ასაკიდანვე მკაცრად ხელმძღვანელობდა შვილის განათლების პროცესს. ჯ.ს. მილის ადრეული განვითარების ამბავი საყოველთაოდ არის ცნობილი. სამი წლიდან ბერძნულის `შესწავლა დააწყებინეს, შვიდი წლისთვის წაკითხული ჰქონდა ეზოპეს იგავები, ჰეროდოტე, პლუტარქე, ზოგი რამ პლატონიდან, აგრეთვე “რობინზონი”, “დონ-კიხოტი”, “1001 ღამე” და ბევრი სხვა. პარალელურად ითვისებდა მათემატიკას, გეოგრაფიას, პოლიტეკონომიას, ლათინურს და სხვა ენებს. თორმეტი წლისთვის იგი განათლებით ყველა თანატოლს აღემატებოდა. თვითონ ამის შესახებ არაფერი იცოდა, ვინაიდან მოკლებული იყო ბავშვებთან ურთიერთობას, თამაშის შესაძლებლობას და ყველაფერს, რასაც ნორმალური ბავშვობა ჰქვია. მკაცრი პედაგოგიური ექსპერიმენტის მონაწილე მამა-შვილს შორის არ სუფევდა გულითადი დამოკიდებულება. მიუხედავად ამისა, ჯ.ს. მილი ეთაყვანებოდა მამას და ერიდებოდა მისთვის წინააღმდეგობის გაწევას. ეს იმაშიც გამოიხატა, რომ თავისი კარგა ხნის დასრულებული წიგნი “ლოგიკის სისტემა”, რომელშიც უფროსი მილისაგან განსხვავებული მოსაზრებებია გამოთქმული, მან მხოლოდ მამის გარდაცვალებიდან შვიდი წლის შემდეგ გამოაქვეყნა. ჯ.ს. მილი ოცდახუთ წელს მსახურობდა ოსტინდურ კომპანიაში, სადაც, არსებითად, დიპლომატიური საქმიანობით იყო დაკავებული, ასევე ჩართული იყო პოლიტიკაშიც, როგორც პარლამენტის თემთა პალატის წევრი.       ჯ.ს. მილი XIX საუკუნის ბრიტანელი ასოციაციონისტების მეორე თაობას ეკუთვნის. მისი ფსიქოლოგიური მოძღვრება გადმოცემულია უკვე ნახსენებ ტრაქტატში ლოგიკის სისტემის შესახებ, რომელმაც ავტორს მთელ ევროპაში გაუთქვა სახელი, როგორც გამოჩენილ ფილოსოფოსსა და ლოგიკოსს. წიგნი კლასიკური გახდა უპირატესად იმიტომ, რომ მასში წინ არის წამოწეული და დამუშავებული მეცნიერული კვლევის მეთოდოლოგიის საკითხები პოზიტივიზმისა და ინდუქციური ლოგიკის პოზიციებიდან. ამასთან, ჯ.ს. მილი არ შეიზღუდა ლოგიკის, როგორც ფორმალური დისციპლინის განხილვით და დასვა საკითხი იმის შესახებ, თუ როგორ რეალიზდება ლოგიკური კანონები ინდივიდის სუბიექტურ სამყაროში. მისი ლოგიკა ფსიქოლოგისტურია. საზოგადოდ, ჯ.ს. მილი ფსიქოლოგიზმისკენ იხრება - ეკონომიკა, მორალი, პოლიტიკა, სამართალი, პედაგოგიკა და ა.შ. განიხილება ფსიქოლოგიური კანონების მოქმედების გამოვლინებად. პირველ რიგში ეს ითქმის ლოგიკაზე, როგორც მეცნიერებაზე “აზროვნების ტექნიკის” შესახებ. ამ სფეროს შემეცნება გვერდს ვერ აუვლის იმ საკითხს, თუ როგორ ვლინდება ცნება, მსჯელობა თუ დასკვნა ცოცხალი აზროვნების პროცესში, რა ფსიქოლოგიური კანონზომიერება უდევს ამ პროცესს საფუძვლად. რაკი აზროვნებისა და სხვა ფსიქიკური მოქმედების მთავარი კანონი ასოციაციაა, ჯ.ს. მილიც, ბუნებრივია, ასოციაციის პრინციპის დამუშავებას ჰკიდებს ხელს.       უნდა ითქვას, რომ თავისთავად ფსიქოლოგიზმში ორიგინალური არაფერია, თუმცა, ჯ.ს. მილის მოსაზრებები ფსიქოლოგიზმის მკაფიო გამოვლინების ერთ-ერთი პირველი პრეცენდენტია. სამაგიეროდ, ასოციაციის მექანიზმის დამუშავებაში ამ მკვლევარმა არსებითი სიახლე შეიტანა. ფსიქიკურ მოვლენებს, ემპირიული ფსიქოლოგიის თანახმად, შეგრძნებები და იდეები შეადგენს. მათი კავშირის ბუნება უმცროს მილთან ფიზიკის მოდელის მიხედვით კი არ არის გააზრებული, როგორც უფროს მილითან (რომელიც “მენტალურ ფიზიკაზე” ან “სულის მექანიკაზე” ლაპარაკობდა), არამედ ქიმიის მოდელის შესაბამისად. აქედან მოდის მისი სისტემის სახელწოდება: სულის ან მენტალური ქიმია. სულის ქიმიის მომენტები ბრაუნთანაც გვხვდება, მაგრამ ჯ.ს. მილთან ის ჩამოყალიბებულ სახეს იღებს. სულიერი ელემენტების გაერთიანების წესი ისეთივეა, როგორიც ქიმიური ელემენტებისა. ქიმიური რეაქციის შედეგად სრულიად ახალი ნივთიერება მიიღება. ასეთივე ვითარებაა ფსიქიკაშიც. ჰერბარტისა და ჯ. მილის მიერ აღწერილ ფსიქიკური ელემენტების შერწყმის მოვლენას, თანმიმდევრული და სწორი გააზრების შემთხვევაში, სულის ქიმიამდე მივყავართ. აქ ჯ.ს. მილმა დაძლია ის სირთულე, რომლის წინაშე მამამისი აღმოჩნდა ამ ფენომენის ანალიზისას. როგორც ითქვა, ამ უკანასკნელმა დაუშვა უსასრულოდ რთული შენაერთების არსებობა, რომლებიც მოიცავენ თეორიულად დასაშვებ ყველა შესაძლო ელემენტს. აქედან გამომდინარე, დაისვა კითხვა “სამყაროს” ან “ყველფრის” იდეების შემადგენლობის სირთულის შესახებ, რომელიც უპასუხოდ დარჩა.       ჯ.ს. მილმა საბოლოოდ უარი თქვა ამ რთული იდეების შემადგენელი უთვალავი იდეის ძიებაზე. მან მართებულად მიიჩნია, რომ ისინი არც მოიაზრებიან რთული იდეის შემადგენლობაში. სამყაროს იდეა, ყველა სხვა ფსიქიკური შენაერთის (რთული იდეის) მსგავსად, თავისთავადი, ახალი ფსიქიკური ფაქტია და არა ნაწილების მექანიკური ჯამი. აქ ვითარება ისეთივეა, როგორც, მაგალითად, წყლის შემთხვევაში, რომელიც არც წყალბადია, არც ჟანგბადი და არც მათი უბრალო ჯამი. თუ ქიმიური რეაქციის პროდუქტების მიხედვით არ შეიძლება მსჯელობა ამოსავალ ელემენტებზე, ვერც ფსიქიკური მთლიანობის კანონებს გამოვიყვანთ ნაწილთა კანონებიდან. ელემენტებიდან ვერ გაიგებ მთელს, ხოლო მთელიდან, ანუ შერწყმის პროდუქტიდან, ვერ იმსჯელებ შემადგენელი ელემენტების თვისებებზე. ორივე უშუალოდ და ემპირიულად უნდა შევისწავლოთ. აი, როგორ მსჯელობს ამაზე ავტორი: “ ... სპექტრის ფერების სწრაფი მონაცვლეობის დროს ვიღებთ თეთრი ფერის შეგრძნებას ... ამ უკანასკნელ შემთხვევაში უფრო მართებულია ითქვას, რომ სპექტრის შვიდი ფერი წარმოქმნის თეთრ ფერს, ... ზუსტად ასევე, რთული იდეის შესახებაც ... უნდა ითქვას, რომ ის გამომდინარეობს უფრო მარტივი იდეებისაგან, ან წარმოქმნილია მათ მიერ და არა ის, რომ მათგან შედგება ... ესაა სულის ქიმიის შემთხვევები: მათში მარტივი იდეების ერთობლიობა რთულ იდეებს კი არ შეადგენს, არამედ წარმოქმნის მათ”.       აზრი სრულიად ნათელია: ფსიქოლოგიამ უნდა შეისწავლოს მარტივი იდეებიდან რთული იდეების წარმოქმნის პროცესი. მაგრამ როგორ? ყოველი რთული იდეის შემთხვევაში საკმარისი არ არის მსჯელობა იმაზე, თუ როგორ შეიძლება ის წარმოქმნილიყო. ეს პროცესი უეჭველად ემპირიული გზით, ექსპერიმენტულად უნდა იქნეს შესწავლილი. ეს ერთი ამოცანაა, მაგრამ არის მეორეც. საქმე ისაა, რომ მაშინაც, როცა შესწავლილია ამა თუ იმ რთული იდეის წარმოქმნის პროცესი, ჩვენ არ შეგვიძლია მხოლოდ ლოგიკის საშუალებებით გამოვიყვანოთ მისი კანონები. ეს კანონებიც უნდა დადგინდეს უშუალოდ ამ იდეების ექსპერიმენტული შესწავლის გზით. იმის ცოდნა, თუ როგორ წარმოიქმნება ერთი სახის ფსიქიკური მოვლენებიდან მეორენი (სულის ქიმია), “ვერ მოხსნის წარმოქმნილი მოვლენის ექსპერიმენტული შესწავლის აუცილებლობას; ისევე, როგორც ჟანგბადისა და გოგირდის თვისებების ცოდნა ვერ გამოდგება იმისთვის, რომ სპეციალური დაკვირვებისა და ცდის გარეშე გამოვიყვანოთ გოგირდმჟავას თვისებები”.       ჯ.ს. მილი ფილოსოფოსი და ლოგიკოსი იყო და არა ბუნებისმეტყველი. მიუხედავად ამისა, ასოციაციური შენაერთების მოძღვრებას მან მკაფიოდ გამოხატული ექსპერიმენტალისტური ჟღერადობა შესძინა. ჯ.ს. მილის შეხედულებებმა მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა პირველი ფსიქოლოგიური ლაბორატორიების მუშაობის პროგრამებზე. ეს პროგრამები იმაზე იყო მიმართული, რომ ფსიქიკური მოვლენების ექსპერიმენტული ანალიზის გზით გამოეყოთ ცნობიერების ელემენტები და ქიმიური ელემენტების ტაბულის მსგავსი რამ შეექმნათ. ამ მხრივ გერმანიაში შექმნილი ექსპერიმენტული ფსიქოლოგია უფრო მეტად არის დავალებული ბრიტანული ასოციაციონიზმისაგან, ვიდრე გერმანული ემპირიული ფსიქოლოგიისაგან, და თვით ჰერბარტისაგანაც კი, რომელიც უკრძალავდა ფსიქოლოგიას ექსპერიმენტის გამოყენებას.       აღსანიშნავია, აგრეთვე, რომ ექსპერიმენტული ფსიქოლოგია თავისი განვითარების საწყის ეტაპზე საკმაოდ ფიზიოლოგიზირებული იყო. ეს არცაა გასაკვირი, ვინაიდან, მეთოდური თვალსაზრისით, ის ძირითადად ფიზიოლოგიიდან აღმოცენდა. საზოგადოდ ჯ.ს. მილის პოზიციაც საკმაოდ ფიზიოლოგისტურად გამოიყურება. უფრო მეტიც, მისი თვალსაზრისი გამოხატული ფიზიოლოგიური რედუქციონიზმის ნიშნებს ატარებს. იგი ამტკიცებს, რომ თავად ცნობიერების მოვლენები და მათი ასოციაციური მიმდინარეობა ტვინის მუშაობის გამოვლინებაა. ამიტომ სულიერი ფენომენების შესწავლა არ არის დამოუკიდებელი მეცნიერების საქმე. ისინი ფიზიოლოგიური პროცესების გამოხატულებას წარმოადგენენ და “თავის ტვინის ნამდვილი ფიზიოლოგიის” დამხმარე მასალად უნდა განიხილებოდნენ. მაგრამ ვინაიდან იმჟამინდელი ფიზიოლოგია ძალზე არასრულყოფილი იყო იმისთვის, რომ აეხსნა ფსიქიკური მოვლენების თანმიმდევრობა და კავშირები, ეს ამოცანა, მილის აზრით, დროებით თავის თავზე უნდა აეღო სპეციალურ მეცნიერებას - ფსიქოლოგიას. ჯ.ს. მილი მიიჩნევს, რომ ფსიქოლოგიამ პირდაპირ და უშუალოდ უნდა შეისწავლოს ცნობიერების მოვლენათა თვისებები და მათი ურთიერთმიმართების კანონზომიერებანი.       ძნელი დასანახი არ არის, რომ ჯ.ს. მილთან უცნაურადაა შეთავსებული ფსიქოლოგიზმი და რედუქციონიზმი. ფსიქოლოგიზმი, საზოგადოდ, არ გამორიცხავს რედუქციონიზმს. ფსიქოლოგიზმის ანტაგონისტი ანტიფსიქოლოგიზმია, რომელიც მოვლენათა ფსიქოლოგიურ ახსნაზე პრინციპულად უარს ამბობს. მიუხედავად ამისა, ფსიქოლოგიზმი და რედუქციონიზმი არათავსებად მეთოდოლოგიურ ტენდენციებს გამოხატავს, რაც ნათლად იჩენს თავს, თუ ისინი ერთი თეორიული სისტემის ფარგლებში არიან მოცემული. ფსიქოლოგიზმი სხვა მეცნიერებათა საფუძვლების ფსიქოლოგიური კანონზომიერებებით ახსნაა. რედუქციონიზმი კი ფსიქიკის საკუთარ კანონზომიერებათა უარყოფა, მისი არაფსიქიკური მოვლენებით ახსნა და ფსიქოლოგიის სხვა მეცნიერებებზე დაყვანაა (შესაბამისად, როგორც ამას პიაჟე აკეთებს, გამოიყოფა სამი სახის რედუქციონიზმი: სოციოლოგიური, ფიზიკალისტური და ორგანული). ჯ.ს. მილის შეხედულებათა სისტემაში ამ მეთოდოლოგიური მიდგომების თანაარსებობა ნიშნავს, რომ ესა თუ ის მოვლენა (მაგ., ლოგიკის კანონები) ფსიქოლოგიური, კერძოდ, ასოციაციური კანონზომიერებებით კი არ აიხსნება (ფსიქოლოგიზმი), არამედ ფიზიოლოგიურით, ვინაიდან ფსიქოლოგია, თავის მხრივ, ფიზიოლოგიაზე დაიყვანება (რედუქციონიზმი). საეჭვოა, რომ ჯ.ს. მილი ლოგიკისა და კულტურის სფეროების ასეთ ბიოლოგიზაციას დათანხმებოდა.       მიუხედავად არც თუ თანმიმდევრული პოზიციისა ფსიქოლოგიის სხვა მეცნიერებებთან დამოკიდებულების თაობაზე, ჯ.ს. მილს ეჭვი არ ეპარება, რომ ფსიქოლოგია სრულყოფილ მეცნიერებად შედგება და თავის კუთვნილ ადგილს დაიმკვიდრებს სხვა პოზიტიურ დისციპლინებს შორის. ამ საკითხში ჯ.ს. მილი დაუპირიპირდა პოზიტივიზმის ფუძემდებლის, ოგიუსტ კონტის (17981857) პოზიციას. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ჯ.ს. მილი, სპენსერთან ერთად, პირველი ეტაპის პოზიტივიზმის ყველაზე თვალსაჩინო წარმომადგენელია ბრიტანეთში. პოზიტივიზმის ფილოსოფიურმა მიმდინარეობამ, რომელიც XIX საუკუნის ოცდაათიან წლებში გამოჩნდა ევროპის ინტელექტუალურ ასპარეზზე, უზარმაზარი გავლენა მოახდინა საზოგადოდ მეცნიერების და კერძოდ, ფსიქოლოგიის განვითარებაზე. ეს გასაგებიცაა - პოზიტივიზმი ხომ, არსებითად, მეცნიერების ფილოსოფიაა. მისი უპირველესი მიზანი შემეცნების თეოლოგიური, ტელეოლოგიური და მეტაფიზიკური ტენდენციებისაგან განთავისუფლება და ნამდვილი (პოზიტიური), ემპირიული მეცნიერული ცოდნის დამკვიდრებაა. პოზიტივიზმი თავისი არსით უკიდურესი ემპირიზმია, მისთვის ყოველგვარი ცოდნა არასპეკულატური, ემპირიული ხასიათისაა. ამიტომ ბუნებრივია, რომ პოზიტიური ცოდნის სფეროდან გამოირიცხა რაციონალური ფსიქოლოგია თავისი გონებაჭვრეტითი სპეკულაციებით. კონტი უფრო შორს წავიდა და ნამდვილ მეცნიერებათა სიიდან ემპირიული ფსიქოლოგიაც ამოაგდო.       ცოდნის სხვადასხვა დარგის მეცნიერული სტატუსით დაინტერესებული პოზიტივისტები სერიოზულ ყურადღებას აქცევდნენ მეცნიერული დისციპლინების კლასიფიკაციას. სწორედ ამ კონტექსტში დაიწყო სისტემატური მსჯელობა ფსიქოლოგიის, როგორც დამოუკიდებელი მეცნიერების, ბუნებისა და მისი ადგილის შესახებ მეცნიერებათა სისტემაში. კონტის ე.წ. წრფივ კლასიფიკაციაში ექვსი ძირითადი დისციპლინა შემდეგნაირად განლაგდა: მათემატიკა-ასტრონომია-ფიზიკა-ქიმია-ფიზიოლოგია(ბიოლოგია)-სოციოლოგია (სოციალური ფიზიკა). როგორც ვხედავთ, კონტმა ფსიქოლოგიას პოზიტიურ მეცნიერებათა შორის ადგილი არ დაუტოვა. მას მიაჩნდა, რომ მეცნიერება, თუ იგი მეცნიერებაა, დაკვირვებად მოვლენებს უნდა შეისწავლიდეს. იმდროინდელი ემპირიული ფსიქოლოგია მხოლოდ თვითდაკვირვებას იცნობდა, რომელიც კონტს შეუძლებლად მიაჩნდა. ობიექტური დაკვირვების აუცილებელი პირობა დაკვირვების ობიექტისა და დამკვირვებელი სუბიექტის განცალკევებულობაა, რაც ვერ იქნება დაცული თვითდაკვირვებაში. ამიტომ იგი განუხორციელებელია ისევე, როგორც შეუძლებელია ოთახის ფანჯარასთან მდგომმა ადამიანმა იხილოს, თუ როგორ მისეირნობს იგი ქუჩაში, ან თვალმა დაინახოს საუთარი თავი. კონტი ძალიან უარყოფითად იყო განწყობილი ფსიქოლოგიური მეცნიერების მიმართ და მას ასტროლოგიის მსგავს ანტიმეცნიერებად თვლიდა. ფსიქოლოგიის საკვლევი სინამდვილე (სულიერი მოვლენები), მისი აზრით, ფრენოლოგიას (მეცნიერება ტვინის შესახებ) და სოციოლოგიას უნდა გაუნაწილდეს.       ჯ.ს. მილი არსებითად საპირისპირო პოზიციაზე იდგა. მისი აზრით, ფსიქიკური ცხოვრების შესწავლა ნამდვილი მეცნიერებისთვის დამახასიათებელი მეთოდოლოგიით არა თუ შესაძლებლია, არამედ აუცილებელიც. იგი კატეგორიულად აყენებს საკითხს ფსიქოლოგიისთვის დამოუკიდებელი, სრულფასოვანი მეცნიერების სტატუსის მინიჭების შესახებ და თავის კლასიფიკაციაში მას ბოლოს წინა ადგილს, ბიოლოგიასა და სოციოლოგიას შორის აკუთვნებს. ეს კი ნიშნავს, რომ ჯ.ს. მილი ფსიქოლოგიას ურთულეს მეცნიერებად მიიჩნევს, ვინაიდან, როგორც აღინიშნა, მეცნიერებათა პოზიტივისტურ კლასიფიკაციებში დისციპლინები ერთმანეთისაგან სირთულის ხარისხით განსხვავდება, რომელიც მატულობს თავიდან ბოლოსკენ. ამასთან, ფსიქოლოგია ნაკლები სიზუსტითაც გამოირჩევა და ვერ შეედრება სხვა მეცნიერებებს ბუნების შესახებ. მიუხედავად ამისა, ფსიქოლოგიას შეუძლია და უნდა დანერგოს თავის კვლევაში მათი მეთოდოლოგია. ამდენად, ჯ.ს. მილის რწმენით, ფსიქოლოგიას განვითარების დიდი პოტენციალი აქვს, რაც, პირველ რიგში, ექსპერიმენტული მეთოდის დანერგვასთან არის დაკავშირებული.       ჯ.ს. მილის უმცროსი მეგობარი ალექსანდრე ბეინი (1818-1903) უფრო ჩახედული იყო ბიოლოგიის საკითხებში და ცდილობდა, რეალურად დაეახლოვებინა ფსიქოლოგია ფიზიოლოგიასთან. იგი მკაფიო ფსიქოფიზიოლოგიური პარალელიზმის პოზიციებზე იდგა და თავისი ხანგრძლივი სიცოცხლის განმავლობაში ფიზიოლოგიის შთამბეჭდავ წარმატებებს მოესწრო. ამიტომ იგი უხვად იყენებდა ფიზიოლოგიურ მონაცემებს, როგორც შესატყვის ფსიქოლოგიურ პროცესებზე მიმანიშნებელ სიმპტომებს. ბეინი თვითონ ფსიქოლოგიაშიც განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევდა ისეთ მოვლენებს, რომლებსაც ძალზე მჭიდრო კავშირი აქვთ სხეულებრივ ორგანიზაციასთან: რეფლექსები, ჩვევები, ინსტინქტები და საერთოდ ქცევა, ემოციები. ეს განასხვავებს მას ტრადიციული ასოციაციური ფსიქოლოგიისაგან, რომელიც, უპირატესად, წმინდა ცნობიერების ფარგლებში რჩებოდა.       ბეინი, აბერდინის უნივერსისტეტის პროფესორი და რექტორი, ცნობილია, როგორც ფსიქოლოგიის ფართო სისტემატური კურსის ავტორი, რომელიც ორ წიგნად გამოიცა: “შეგრძნებები და ინტელექტი” (1851) და “გრძნობები და ნებელობა” (1859). ეს თხზულება ბევრჯერ გამოიცა და მრავალი წლის განმავლობაში ფსიქოლოგიის ძირითად სახელმძღვანელო იყო ბრიტანეთში. ბეინის სახელთან არის დაკავშირებული, აგრეთვე, 1876 წელს მსოფლიოში პირველი ფსიქოლოგიური ჟურნალის დაარსება, სახელწოდებით “ ინდ”. იმ ფსიქოლოგიური ჟურნალებისაგან განსხვავებით, რომლებიც სულ მცირე დროის შემდეგ მრავლად გამოიცა ევროპასა და ამერიკაში, ამ ჟურნალში არა ექსპერიმენტული, არამედ უფრო ფილოსოფიურ-ფსიქოლოგიური პრობლემატიკა ჭარბობდა.       როგორც ითქვა, ბეინი სერიოზულად იყო დაინტერესებული ქცევასთან დაკავშირებული პრობლემატიკით. მას სურდა დაეძლია ის დაპირისპირება, რომელიც ტრადიციულად არსებობდა უნებლიე და ნებელობითი ქცევების დახასიათებაში. მათ შორის არსებული უფსკრულის ამოვსების მიზნით, მან გამოთქვა იდეა აქტივობის ისეთი სახეობის არსებობის შესახებ, რომელიც არც წმინდა რეფლექსურია, არც წმინდად განზრახული ბუნებისაა და ცდისა და შეცდომის პრინციპს ემორჩილება. ეს არის მოქმედება, რომლის მიზანი ნაბიჯნაბიჯ, თანდათანობით მიიღწევა. ადამიანი უცებ არ გადადის გაუცნობიერებელი, სპონტანური მოქმედებიდან გონიერ, ნებელობით მოქმედებაზე. აქ მნიშვნელოვანია ე.წ. სპონტანურ მოქმედებაზე მითითება, რომელიც, რეფლექსური და ინსტინქტური მოქმედებისაგან განსხვავებით, თავისთავად, გარეგანი სტიმულირების გარეშე აღმოცენდება. მისი წყარო ორგანიზმშია, ნერვული სისტემის აგებულებაში. ზოგიერთი ასეთი მოქმედება შემთხვევით, ცდებისა და შეცდომების წყების შედეგად, შეიძლება გარემოში ასოციაციურად დაუკავშირდეს საგნებსა თუ მოვლენებს, დაფიქსირდეს და ჩამოყალიბდეს ადამიანის მიზანშეწონილ მოქმედებად - ჩვევად.       საყურადღებოა, რომ აქ მნიშვნელობა აქვს არა უბრალოდ გარემოდან მომდინარე გამღიზიანებლების, ანუ შეგრძნებისა და მოძრაობის მექანიკურ თანხვედრას (როგორც ეს ჰერტლისთანაა), არამედ მოძრაობის თანხვედრას სიამოვნების გრძნობასთან. “თუ ესა თუ ის მოძრაობა შეუღლებულია სიამოვნებასთან, იგი ხელს შეუწყობს და გააძლიერებს მოძრაობას”. უსიამოვნება საპირისპირო შედეგს იწვევს. ეს კანონზომიერება, ბეინის სიტყვებით, “თვითშენახვის დიადი კანონის” მოქმედების გამოვლინებაა. თანამედროვე ბიჰევიორისტული ენით რომ ვთქვათ, სასარგებლო მოქმედების მისაღებად მხოლოდ სტიმულისა და რეაქციის თანხვედრა არ არის საკმარისი. საჭიროა მათ შორის კავშირის განმტკიცება. როგორც ქვევით დავრწმუნდებით, ბეინის იდეები ცდისა და შეცდომის გზით ახალ მოქმედებათა შეძენისა და მათი სიამოვნებასთან შეუღლებით ფიქსაციის შესახებ, მეტად მნიშვნელოვანი აღმოჩნდა ფსიქოლოგიისთვის. ამიტომ ბეინს ზოგჯერ დასწავლის ბიჰევიორისტული თეორიის წინამორბედადაც მიიჩნევენ. საფიქრებელია, რომ რაიმე სახის პირდაპირ გავლენაზე ლაპარაკი ამ შემთხვევაში საფუძველს მოკლებულია. მაგრამ იმის აღნიშვნა კი შეიძლება, რომ ბეინის შეხედულება საგრძნობლად განსხვავდება ორთოდოქსული ასოციაციონიზმისაგან, სადაც კავშირის განმსაზღვრელ ფაქტორებად მეზობლობა და სიხშირე ითვლებოდა, ხოლო თანმხლები გრძნობის მნიშვნელობა სულ არ განიხილებოდა.       კლასიკური ასოციაციური ფსიქოლოგიის პრინციპები ბეინს არც შემოქმედებითი პროცესის განხილვისას აკმაყოფილებს, სადაც სრულებით ახალი, ჯერ არარსებული პროდუქტი იქმნება. საქმეს არც “სულის ქიმია” შველის, რომელიც მხოლოდ იმაზე მიუთითებს, რომ უმარტივესი ფსიქიკური ელემენტებიდან მიიღება თვისებრივად ახალი მენტალური პროდუქტი. ეს არ არის საკმარისი, ვინაიდან აქ ყველაფერი მაინც გამოცდილებაში არსებული ცნობიერების მოვლენების კომბინირების ფარგლებში ხდება. შემოქმედება კი სხვა, ახალ უნარზე მიგვანიშნებს; ეს არის სრულიად ახალი მენტალური პროდუქტის შექმნის უნარი, რომელიც, მთლიანობაში, არ შეიძლება წარსული გამოცდილებიდან და შთაბეჭდილებებიდან გამომდინარეობდეს. ბეინი ამას ხედავს, მაგრამ ასოციაციონიზმთან კავშირს მაინც ვერ წყვეტს და ლაპარაკობს ე.წ. კონსტრუქციულ ასოციაციებზე, როგორც მეცნიერული აღმოჩენებისა და მხატვრული შემოქმედების ფსიქოლოგიურ მექანიზმზე. რა მნიშვნელობასაც არ უნდა დებდეს ამაში ავტორი, იგი, არსებითად, ასოციაციონიზმის ფარგლებს გარეთ გადის, ვინაიდან რეალური ასოციაცია არ შეიძლება იყოს იმაზე მეტი, ვიდრე წარსულში მიღებული შთაბეჭდილებების კომბინაცია თუ კავშირი. ამგვარად, ბეინთან აშკარად იჩენს თავს ასოციაციის, როგორც ცნობიერების მოვლენების უნივერსალური მექანიზმის არასაკმარისობა და ასოციაციონიზმის, როგორც ზოგადფსიქოლოგიური მიმდინარეობის რღვევის პროცესი.       ასოციაციურ ფსიქოლოგიას სრულიად ახალი ჟღერადობა მისცა გამოჩენილმა ინგლისელმა ფილოსოფოსმა პოზიტივისტმა და სოციოლოგმა ჰერბერტ სპენსერმა (1820-1903). მან ჩამოაყალიბა ე.წ. ევოლუციური ასოციაციონიზმი და, ეპოქის მოთხოვნების შესაბამისად (როცა უზარმაზარი რეზონანსი ჰქონდა დარვინიზმს), ფსიქოლოგია ბიოლოგიური ევოლუციის მოძღვრებასთან დააახლოვა. ფსიქიკა პირველად იქნა განსაზღვრული ახალ ასპექტში, როგორც ბიოლოგიური ადაპტაციის გამოვლინება. სპენსერი ავტორია “სინთეტური ფილოსოფიის” ათტომეულისა. “ფსიქოლოგიის საფუძვლები” მისი შემადგენელი ნაწილია. ამ შრომის პირველმა გამოცემამ (1855) ჯეროვანი ყურადღება ვერ დაიმსახურა და შეფასდა, როგრც რიგითი ასოციაციონისტური გამოკვლევა. მასში ვერ შენიშნეს მნიშვნელოვანი ახალი მომენტები. მაგრამ მას შემდეგ, რაც კაცობრიობის ინტელექტუალურ სივრცეში მეხივით გავარდა დარვინის “სახეობათა წარმოშობა ბუნებრივი შერჩევის გზით” (1859) და დაიწყო დარვინისტული რევოლუცია, სპენსერის “ფსიქოლოგიის საფუძვლების” ახალმა ორტომეულმა (1870-72) უდიდესი ინტერესი გამოიწვია. მისი ავტორი ერთხმად აღიარეს ევოლუციონიზმის ერთერთ მოციქულად და ახალი მიმართულების - ევოლუციური ასოციაციონიზმის შემქმნელად.       სპენსერმა ჩამოაყალიბა ევოლუციის საერთო კანონი, რომელიც მთელ სამყაროში მოქმედებს: ფიზიკურში, ორგანულში და სოციალურში. ფსიქიკაც განვითარების კანონშია ჩართული. ის სიცოცხლის ერთ-ერთი გამოვლინებაა, ხოლო სიცოცხლე - შინაგანის გარეგანთან მუდმივი შეგუება. ფსიქიკაც შეგუების გარკვეული ფორმაა. მის არსებობას სხვა აზრი და დანიშნულება არა აქვს; ამის გარეშე ფსიქიკის წარმოშობისა და განვითარების ფაქტი გაუგებარი დარჩება. ფსიქიკა ემსახურება სიცოცხლის შენარჩუნებას, თავად კი ემორჩილება ბუნებრივი შერჩევის კანონზომიერებას. ამგვარად, ფსიქიკა სპენსერის მიერ განიხილება ორგანიზმსა და გარემოს შორის ადაპტაციური ურთიერთობის თვალსაზრისით. მოგვიანებით ასეთი მიდგომა ამერიკული ფსიქოლოგიის (ფუნქციონალიზმი, ბიჰევიორიზმი) ერთ-ერთი ძირითადი თავისებურება გახდა. შემთხვევითი არ არის, რომ სპენსერი ამერიკაში უფრო პოპულარული იყო, ვიდრე თავის სამშობლოში.       სპენსერი წარსულის ასოციაციურ ფსიქოლოგიას იმას საყვედურობს, რომ ცნობიერების მატერიალურ პროცესებთან დამოკიდებულების საკითხის განხილვისას ის, ასე ვთქვათ, ორგანიზმის შიგნით იკეტებოდა - შეისწავლიდა კავშირს ფსიქიკურ და ნერვულ პროცესებს შორის. ამისაგან განსხვავებით, ავტორი მოითხოვს ფსიქიკის განხილვას გარემოსთან მიმართებაში. ფსიქიკის ფუნქცია ორგანიზმისა და გარემოს კავშირის შესწავლისას დგინდება. ამ შემთხვევაში, ცნობიერების ფენომენების ანალიზი სხვა კუთხით წარიმართება - არა შიდასხეულებრივ პროცესებთან, არამედ გარემოს ფაქტორებთან მიმართებაში. სპენსერი ამაში ხედავს ფსიქოლოგიის საგნის სპეციფიკას: “ფსიქოლოგია არ შეისწავლის მიმართებებს შინაგან მოვლენებს შორის, არც მიმართებებს გარეგან მოვლენებს შორის; იგი ამ მიმართებათა შორის არსებულ მიმართებებს შეისწავლის”. ამრიგად, სპენსერი აფართოვებს ასოციაციური ფსიქოლოგიის საგნის გაგებას და მასში მოიაზრებს არა მხოლოდ ასოციაციებს შინაგან ფაქტორებს შორის (ასეთია კავშირები ცნობიერების მოვლენებს შორის, ცნობიერებასა და სხეულებრივ მოვლენებს შორის), არამედ კავშირებს ცნობიერებასა და გარე სამყაროს შორის.       ფსიქიკა შინაგანის გარეგანთან შეგუების პროცესში წარმოიქმნება, როგორც ახალი რეალობა თავისი ყველა ნაირსახეობითა თუ გამოვლინებით. ფსიქიკა ვითარდება ორგანულისთვის დამახასიათებელი გაღიზიანებადობის თვისებიდან. მისი პირველადი ერთეულია შეგრძნება. ის ობიექტურად მოცემული ნერვული იმპულსის სუბიექტურ მხარეს გამოხატავს. შეგრძნებიდან წარმოიქმნება მთელი ფსიქიკური ცხოვრება. ის ერთმანეთთან უმჭიდროესად დაკავშირებული ორი ხაზით ვითარდება: 1) ქცევით პლანში - რეფლექსები, ინსტინქტები, ჩვევები; 2) განცდისა და ცნობიერების პლანში - აღქმა, გრძნობა, მეხსიერება, აზროვნება, ნებელობა. ისინი, არსებითად, შეგუების თანდათანობითი გართულებისა და სპეციალიზაციის ფორმები ან სტადიებია. ამასთან, რთული პროცესები უფრო მარტივიდან აღმოცენდება. როდესაც შეგუებისთვის აღარ კმარა აქტივობის რეფლექსური ან ინსტინქტური ფორმები, ვითარდება მეხსიერება და ინტელექტი; მოქმედების ავტომატიზმის დარღვევა იწვევს გრძნობისა და ნებელობის გაჩენას. ასე ყალიბდება ფსიქიკურ პროცესთა იერარქია.       ფსიქიკური ცხოვრება, როგორც შინაგანის გარეგანთან შეგუების პროცესი, ასოციაციის პრინციპს ემორჩილება. გარეგანი მიმართებები ასოციაციურად იწვევენ შინაგან მიმართებებს. ეს კავშირები სულ უფრო რთულდება და მთელ ინდივიდუალურ გამოცდილებას ქმნის. მაგრამ არსებობს აგრეთვე მემკვიდრული (სახეობრივი) გამოცდილება. ასოციაციის კანონების მოქმედება ვრცელდება ფილოგენზზე და ანთროპოგენეზზე. ხშირი გამეორების შედეგად ასოციაციები მემკვიდრეობითი ტენდენციის სახეს იღებენ და მომდევნო თაობების ნერვულ სისტემაში ფიქსირდება როგორც თანდაყოლილი ასოციაციები. ესენია რეფლექსები, ინსტინქტები, ზოგიერთი ცოდნა-ჩვევები და უნარ-თვისებები. მათ მიეკუთვნება, აგრეთვე, ცნობიერების ისეთი ფორმები, როგორიცაა სივრცე და დრო. საკითხი მათი წარმოშობის შესახებ ერთ-ერთი უძველესია ფსიქოლოგიაში. როგორც ცნობილია, აქ ერთმანეთს დაუპირისპირდა ემპირისტული და აპრიორისტული შეხედულებები. ისინი ჯერ კიდევ XVII საუკუნეში ჩამოყალიბდნენ. პირველი ლოკიდან იწყება, XVIII საუკუნეში ბერკლისთან ვითარდება და XIX საუკუნეში ე.წ. გენეტიკური თეორიის სახეს იღებს. მეორეს სათავე დეკარტე-ლაიბნიცის სწავლებაშია, რომელიც, კანტის გავლით, ე.წ. ნატივისტურ კონცეფციად ჩამოყალიბდა.       სპენსერის შეხედულება, არსებითად, ამ ორი თვალსაზრისის გაერთიანებაა. ემპირიზმი არ არის მართებული, ვინაიდან ფსიქიკა ინდივიდუალურად შეძენილი გამოცდილებით არ ამოიწურება; ის არ წარმოდგენს სუფთა დაფას და მოიცავს თანდაყოლილ ასოციაციურ ცოდნაგამოცდილებას, მათ შორის სივრცისა და დროის თაობაზე. ემპირიზმი არ ითვალისწინებს მემკვიდრეობის ფაქტს. არც ორთოდოქსული აპრიორიზმია ბოლომდე მართებული. სწორია ის, რომ ადამიანები იბადებიან გარკვეული ცოდნით, სქემებით სივრცისა და დროის შესახებ. მაგრამ არ შეიძლება იმის უგულებელყოფა, რომ ცნობიერების ეს “აპრიორული ფორმები” ფსიქიკის ხანგრძლივი ფილოგენეტური და ისტორიული გავითარების შედეგია. ამდენად, მათი აპრიორულობა, თანდაყოლილობა შედარებითია და არა აბსოლუტური და პრინციპული, როგორც ამას თუნდაც კანტი ამტკიცებდა.       უფრო ფართო კონტექსტში, ყოველგვარი აპრიორულობა, დაწყებული “თანდაყოლილი იდეებიდან”, ვიდრე “განსჯის კატეგორიებამდე”, სპენსერთან ემპირისტულ-პოზიტივისტური აზრისთვის მისაღებ სახეს იღებს. მას ნაწილობრივი სინათლე მაინც შეაქვს აქამდე სქელ თეოლოგიურ და მეტაფიზიკურ ნისლში გახვეულ საკითხში გონების თანდაყოლილი შიგთავსის წარმოშობის შესახებ. სპენსერის მიხედვით, ის, რაც მთელ სახეობაში ემპირიულად არის შეძენილი, ინდივიდში თანშობილია. მენტალური გამოცდილების შექმნის, განმტკიცების, შენახვისა და გადაცემის მექანიზმი ასოციაციურ-ევოლუციონისტურია. სპენსერის მთელი სისტემა პოზიტივიზმის, ასოციაციონიზმისა და ევულუციონიზმის თავისებური გაერთიანებაა: “თუ ევოლუციის დოქტრინა მართებულია, გარდუვალია დასკვნა, რომ გონების გაგება შესაძლებელია მხოლოდ იმაზე დაკვირვებით, თუ როგორ ევოლუციონირებს იგი”. ევოლუცია კი გულისხმობს ინდივიდუალურად შეძენილი სასარგებლო თვისებების შენაძენების გადაქცევას სახეობის კუთვნილებად ანუ მემკვიდრეობით გადაცემას. საბოლოო ჯამში, ემპირისტული და აპრიორისტული მიდგომების სირთულეები მემკვიდრეობის კანონის გაუთვალისწინებლობით არის გამოწვეული.       სპენსერის ეს მსჯელობა უდავოდ შეიცავს ჭეშმარიტების მარცვალს. მაგრამ, ისიც უდავოა, რომ ხსენებული კანონი მაინც ბიოლოგიურია, რის გამოც ფსიქოლოგიის ისტორიკოსები ხშირად საყვედურობენ სპენსერს ფსიქოლოგიის ბიოლოგიზაციას. ამის საილუსტრაციოდ შეიძლება გამოდგეს სპენსერის მოსაზრება, რომ კულტურულ და პრიმიტიულ ადამიანს შორის არსებული ფსიქოლოგიური განსხვავებულობანი იმით არის გამოწვეული, რომ ევროპელს პაპუასზე 20-30 დუიმით დიდი ტვინი აქვს, რის გამოც “ცივილიზებული ადამიანის ნერვული სისტემა უფრო რთული და ჰეტეროგენულია, ვიდრე არაცივილიზებულისა”. უნდა ითქვას, რომ თანამედროვე მეცნიერების მონაცემების მიხედვით, ამ მტკიცებას არავითარი ფაქტობრივი საფუძველი არ გააჩნია.       გამოკვეთილად ბიოლოგისტურ-ნატურალისტური დაღი აჩნია სპენსერის შეხედულებებს საზოგადოების აგებულებისა და მასში მიმდინარე სოციალური თუ სოციალურ-ფსიქოლოგიური პროცესების შესახებ. საზოგადოების მოწყობას იგი ბიოლოგიურ ორგანიზმს ადარებდა და მიიჩნევდა, რომ საზოგადოების სტრუქტურები ორგანიზმის ცალკეული ნაწილის ანალოგიურია. სპენსერმა გამოყო ორგანოთა სამი სისტემა (სოციალური ინსტიტუტები) - საყრდენი (წარმოება), გამანაწილებელი (კომუნიკაცია) და მარეგულირებელი (მართვა). იმისთვის, რომ გადარჩეს, საზოგადოება გარემოს ახალ პირობებს უნდა შეეგუოს. ასე ხორციელდება ბუნებრივი შერჩევა. შეგუების პროცესში ხდება საზოგადოების ცალკეული ნაწილის სულ უფრო ძლიერი სპეციალიზაცია. ამის შედეგად საზოგადოება, ორგანიზმის მსგავსად, შედარებით მარტივი ფორმებიდან უფრო რთულისკენ ევოლუციონიერებს.       როცა ადამიანის ფსიქიკაში სოციალურ განზომილებას აანალიზებდა, სპენსერი ხაზს უსვამდა იმას, რომ ადამიანი, ცხოველისაგან განსხვავებით, არსებობს არა მხოლოდ ბუნებრივ, არამედ ე.წ. “ორგანულზედა”, ანუ სოციალურ-კულტურულ გარემოში და იძულებულია, მასაც შეეგუოს. სოციალური ევოლუცია ზოგადად ევოლუციის ნაწილია. ამიტომ სოციალური გარემოსადმი ადამიანის შეგუების მექანიზმები და ხერხები არსებითად ისეთივე რჩება, რაც ცხოველურ სამყაროშია. განსხვავება აქ რაოდენობრივია და არა თვისებრივი. ადაპტაციის პროცესი რთულდება დამატებითი ფაქტორების გაჩენით (ენა, წარმოება, სახელმწიფო, ზნეობა, ხელოვნება, მეცნიერება და ა.შ.), მაგრამ მისი არსი იგივე რჩება - ევოლუცია საზოგადოებაშიც “არსებობისთვის ბრძოლა” და “ბუნებრივი შერჩევაა”. ამ დოქტრინას “სოციალური დარვინიზმი” ეწოდა, თუმცა სპენსერმა ის დარვინამდე შეიმუშავა. იგი თვლიდა, რომ ევოლუციის “კოსმოსური” პროცესი ადამიანის სოციალური ცხოვრების მსვლელობაშიც მიმდინარეობს და მას თავისუფალი განხორციელების შესაძლებლობა უნდა მიეცეს. ამიტომ, სახელმწიფო ხელოვნურად არ უნდა ერეოდეს მასში, არ უნდა ეხმარებოდეს სუსტებს, უსუსურებსა და უქონლებს. ბუნებრივი შერჩევა სპობს სუსტებს და, შესაბამისად, მათ მემკვიდრულ უვარგის თვისებებს. ეს პრინციპი კაცობრიობის სრულყოფასაც ემსახურება. მარცხიანი და წარუმატებელი ადამიანებისთვის დახმარების გაწევა ნიშნავს სახეობის დეგრადაციისთვის ხელის შეწყობას, ვინაიდან მათ ამით საშუალება ეძლევათ, გამრავლდნენ და მემკვიდრეობით გადასცენ თავიანთი სოციალური უუნარობა.       სპენსერის დამსახურება ფსიქოლოგიის წინაშე ძალზე დიდია. მან პირველმა განიხილა ფსიქიკა ევოლუციონისტური თვალსაზრისით და ამით, ჯერ ერთი, მყარად დააფიქსირა განვითარების პრინციპი ემპირიული ფსიქოლოგიის ფარგლებში; მეორე, შეარბილა ასოციაციონიზმის ემპირისტული ცალმხრივობა თანდაყოლილი ასოციაციების იდეის შემოტანით; მესამე, ხაზი გაუსვა ფსიქიკის ადაპტაციურ, შეგუებით ფუნქციას. ფსიქიკის ამ კუთხით განხილვა შემდგომდროინდელი ფსიქოლოგიის ერთ-ერთი ყველაზე დამახასიათებელი ნიშანი გახდა.       ვიდრე ასოციაციური ფსიქოლოგიის შეფასებაზე გადავიდოდეთ, მოკლედ შევაჯამოთ ნათქვამი. ასოციაციონიზმი ემპირიული ფსიქოლოგიის ყველაზე მძლავრი მიმდინარეობაა. ამიტომ ემპირიული ფსიქოლოგიის მთავარი ნიშნები მასზეც ვრცელდება. პირველ ყოვლისა, ეს ის თავისებურებებია, ემპირიულ ფსიქოლოგიას მეტაფიზიკურისაგან რომ განასხვავებს. მისი საგანი ცნობიერების ფაქტებია, მათი წარმოშობისა და არსებობის მიზეზები, პირობები და კანონზომიერებები. ახალი დროის ემპირიული ფსიქოლოგია მხოლოდ ფსიქიკური ცხოვრების მოვლენებს ეხება. იგი არ ცნობს სულს, როგორც მეცნიერული კვლევის ობიექტს და საკითხს მისი ბუნების შესახებ მთლიანად მეტაფიზიკას უტოვებს. გონებაჭვრეტითი მსჯელობა რაციონალური ფსიქოლოგიის ფარგლებში მიმდინარეობს, რომელიც ემპირიული ფსიქოლოგიის პარალელურად ვითარდება. ემპირიული ფსიქოლოგია ჯერ კიდევ არ ფლობს ექსპერიმენტულ მეთოდს. მისი ფაქტოლოგია, უპირატესად, არასისტემატური თვითდაკვირვების გზით არის მოპოვებული. ამავე დროს, მისთვის უცხო არც გენეტიკური და შედარებითი კვლევის მეთოდოლოგიაა.       იზიარებს რა ემპირიული ფსიქოლოგიის ამ ნიშნებს, საკუთრივ ასოციაციონიზმი იმის რწმენას ემყარება, რომ ცნობიერების მოვლენების შესწავლა უნდა იწყებოდეს ანალიზით და სრულდებოდეს სინთეზით. ამიტომ მთელი მისი მცდელობა იმაზეა მიმართული, რომ ერთი მხრივ, გამოყოს ცნობიერების უმარტივესი ელემენტები, ხოლო მეორე მხრივ, აჩვენოს მექანიზმი, რომელიც განაპირობებს მათ გაერთიანებას რთულ ფსიქიკურ წარმონაქმნებში. ამ ამოცანების შესაბამისად, შეგრძნების ფენომენის სახით, გამოიყოფა ფსიქიკის პირველადი, სხვა რაიმეზე დაუყვანადი ფაქტი. ყველა ფსიქიკური მოვლენა შეგრძნებიდან არის წარმოებული, და, ამ გაგებით, მეორადია. დადასტურებულია შეგრძნების შვიდი სახეობის არსებობა. არისტოტელესეულ ხუთ შეგრძნებასთან ერთად ესენია კუნთური და ორგანული შეგრძნებები. სულიერ მოვლენებში მოქმედ უზოგადეს კანონს ასოციაციის კანონი წარმოადგენს. ის შეიძლება შევადაროთ მიზიდულობის კანონს ფიზიკურ სამყაროში.       ასოციაციური მოძღვრების ორსაუკუნოვანი განვითარების პროცესში იცვლებოდა წარმოდგენები იმაზე, თუ რა სახისაა ასოციაციური კავშირები და რა ფაქტორები განაპირობებენ მათ შექმნასა და გამოვლენას. თანდათან დამკვიდრდა შეხედულება ერთდროული (სიმულტანური) და თანმიმდევრული (სუქცესიური) ასოციაციების არსებობის შესახებ. ისინი განსხვავებულ როლს თამაშობენ სხვადასხვა ფსიქიკური მოვლენებისა თუ პროცესების განსაზღვრაში. მაგალითად, აღქმის ფაქტები სიმულტანური ასოციაციის შედეგია, მეხსიერებისა - სუქცესიურის. აზროვნების სფეროში ცნება წარმოდგენათა ერთდროული ასოციაციური კავშირის გამოხატულებაა, ხოლო მსჯელობა - თანმიმდევრულის. რაც შეეხება თვით ასოციაციური კავშირების წარმოქმნის პირობებს (მათ ხან ასოციაციის კანონებს, ხანაც ფაქტორებს უწოდებენ), ისინი სხვადასხვა ავტორებთან განსხვავებულად არის მოაზრებული. არისტოტელეს მიერ გამოყოფილ ოთხ კანონს (მეზობლობა სივრცესა და დროში, მსგავსება და კონტრასტი) ზოგჯერ უმატებენ თანხვედრის სიხშირეს და სხვა მეორად ფაქტორებს (ძალა, ხანგრძლივობა, სიახლე და სხვა), ზოგჯერ კი იმდენად კვეცავენ, რომ მხოლოდ ერთ ფაქტორზე, სახელდობრ, სივრცულ მეზობლობაზე დაჰყავთ (ე.წ. ასოციაციის კანონების რედუქცია).       ასეთია ასოციაციური ფსიქოლოგიის ძირითადი პოზიციები. მისი შეფასება, პირველ რიგში, ფსიქოლოგიის შემდგომი განვითარების გადასახედიდან უნდა ხდებოდეს. აქედან ადვილი დასანახია, რომ სწორედ ამ მოძღვრებამ მოამზადა ფილოსოფიური ფსიქოლოგიის მხრიდან იმის ნიადაგი, რომ გაჩენილიყო ექსპერიმენტული ფსიქოლოგია, როგორც დამოუკიდებელი მეცნიერული დისციპლინა. ასოციაციონიზმმა დიდწილად განსაზღვრა ექსპერიმენტული ფსიქოლოგიის პირველი კონცეპტუალური პროგრამების არსებითი თავისებურებანი.       საკითხი ფსიქიკური მოვლენების ექსპერიმენტული შესწავლის აუცილებლობის შესახებ თანდათანობით მწიფდებოდა. გვიანდელ ბრიტანულ ასოციაციონიზმში იგი მეტ-ნაკლებად გამოიკვეთა. პირველ ეტაპზე ექსპერიმენტული კვლევის წესი და შინაარსი მნიშვნელოვნად იყო განსაზღვრული ასოციაციური ფსიქოლოგიისთვის დამახასიათებელი ელემენტარიზმითა და სენსუალიზმით. ეს გამოიხატა იმაში, რომ ექსპერიმენტირების პროცესი, უპირველეს ყოვლისა, ცნობიერების ელემენტების გამოვლენაზე იყო მიმართული, შესწავლის ყველაზე პოპულარულ ობიექტს კი შეგრძნებები წარმოადგენდა (იხ. თავი 6.2.). თეორიულ პლანშიც ფსიქიკის სენსორულ ბუნებაზე კეთდებოდა აქცენტი. ცნობიერება თვალსაჩინო შინაარსების - შეგრძნებებისა და წარმოდგენების ასოციაციური კავშირების სახით იქნა გააზრებული. ყველაზე მკვეთრად ეს ტიჩენერის “სტრუქტურულ ფსიქოლოგიაში” გამოჩნდა, რომელიც ექსპერიმენტული ფსიქოლოგიის პატრიარქის, ვუნდტის ხაზს აგრძელებდა. თუმცა, როგორც ქვევით დავრწმუნდებით, ვუნდტი გრძნობის სახით ცნობიერების არასენსორულ ელემენტსაც აღიარებდა, ხოლო ასოციაცია მისთვის სულიერი ცხოვრების მხოლოდ ერთ-ერთი მექანიზმი იყო, აპერცეფციასთან ერთად (იხ. თავი 6.1). ეს უკანასკნელი მის სისტემაში გერმანული ემპირიზმის, კერძოდ ჰერბარტის გავლენით გაჩნდა.       ორთოდოქსული ასოციაციონიზმი მექანიცისტურიც იყო, ვინაიდან ცნობიერების მოვლენებში მათი შემადგენელი ერთეულების ჯამს, მექანიკურ გაერთიანებას ხედავდა. ბრაუნის, ჯ.ს. მილისა და ბეინის მცდელობა, დაეძლიათ ეს მეთოდოლოგიური პრინციპი, ფსიქოლოგიური დეტერმინაციის ახლებური გააზრების მიმართულებით გადადგმული ნაბიჯია. ეს ტენდენცია აისახა ვუნდტის, ჯეიმსის, დილთაის და სხვათა სისტემებში. “სულის ქიმიის” თუ “კონსტრუქციული ასოციაციების” გარეშე არ ჩამოყალიბდებოდა ვუნდტის “შემოქმედებითი სინთეზის” პრინციპი, რომელიც ფსიქიკური წარმონაქმნების შემადგენელ ნაწილებზე დაუყვანადობის იდეას გამოხატავს. ამასთან, გასათვალისწინებელია, რომ “სულის ქიმიის” მსგავსი კონცეპტები ფაქტების აღწერის დონეს არ სცილდება. ასოციაციური სქემა არ იძლევა იმის გაგების საშუალებას. თუ რატომ აქვს ახალ მთლიანობას ნაწილებისაგან განსხვავებული და მათგან გამოუყვანადი თვისებები. ქიმიასთან ანალოგია, ცხადია, საქმეს ვერ შველის, ვინაიდან გაუგებარი რჩება, თუ რა რეალური კანონზომიერების გამოხატულებაა ეს ფაქტი.       ბრიტანულმა ასოციაციურმა ფსიქოლოგიამ თავისი განვითარების ბოლო ეტაპზე უთუოდ საგრძნობი ნაბიჯი გადადგა წინ, როცა დასვა საკითხი რთული ფსიქიკური მოვლენის შინაარსობრივი განსხვავებულობის შესახებ ელემენტების უბრალო ჯამისაგან. მანამდე, ჯეიმს მილისთვისაც კი ყოველი ფსიქიკური წარმონაქმნი (იდეა) მარტივი იდეების უბრალო კრებადობას წარმოადგენდა. მიუხედავად ამისა, გვიანდელ ასოციაციონიზმშიც მთელი მაინც რჩება სინთეტურ, მეორად მოვლენად, ვინაიდან იგი ისევ ელემენტების შეერთების (თუმცა არა მარტივი დაჯამების) გზით მიიღება. ელემენტი კვლავ პირველად ფსიქიკურ მოცემულობად გვევლინება.       ასოციაციური ფსიქოლოგიის შეზღუდულობა იმაში კი არ მდგომარეობს, რომ მან ელემენტებზე გაამახვილა ყურადღება. ანალიზი და რთულის ნაცვლად ჯერ მარტივის შესწავლა საზოგადოდ მეცნიერული შემეცნების მოუცილებელი მომენტია. ფსიქოლოგიური მეცნიერებაც აქედან იწყება. გავიხსენოთ თუნდაც არისტოტელე, რომელიც სულის ერთიანობას და განუყოფლობას აღიარებდა, მაგრამ მაინც იძულებული გახდა, სულის სამი სახეობა გამოეყო. ემპირიული ფსიქოლოგიაც, რომლისთვისაც ბუნებისმეტყველების წარმატებები იდეალად იქცა, ცდილობდა გაერკვია ცნობიერების ფენომენების შემადგენლობა და იქ ბუნების მოვლენების მსგავსი რამ მოენახა. ატომის აღმოჩენა ფიზიკაში, ელემეტების პერიოდული სისტემის შექმნა ქიმიაში, ორგანიზმის უჯრედული აგებულების დახასიათება ბიოლოგიაში - სტიმულს აძლევდა სულიერი ცხოვრების უმარტივესი ერთეულების ძიების პროცესს. ემპირიული ფსიქოლოგიის მიერ შეგრძნებისა და წარმოდგენის სახით მიგნებული და გამოყოფილი ცნობიერების ელემენტები მეცნიერების უდავო მონაპოვარია. ექსპერიმენტულმა ასოციაციონიზმმა მათ ე.წ. მარტივი გრძნობებიც დაუმატა. ასოციაციონიზმის წარმომადგენლები იმასაც მიხვდნენ, რომ მთელს ამ ელემენტებისაგან განსხვავებული თვისებები აქვს. მაგრამ ასოციაციური ფსიქოლოგია ვერ მივიდა იმ დებულებამდე, რომ რთული ფსიქიკური წარმონაქმნები მხოლოდ ახალი თვისებებით კი არ განსხვავდება შემადგენელი ელემენტებისაგან, არამედ გენეზისის თვალსაზრისითაც არ გამოიყვანება მათგან. ცნობიერების რთული წარმონაქმნების თავისებურების დადასტურებას თან უნდა დართვოდა ფსიქიკური მთლიანობის პირველადობის აღიარება. ფსიქოლოგიური აზროვნების მაშინდელ დონეზე ასეთი გარღვევა ვერ მოხდებოდა. მთლიანობის იდეა უნდა მომწიფებულიყო. ამ პროცესმა ბრენტანოს, ჯეიმსის, დილთაისა და ერენფელსის გავლით, გეშტალტფსიქოლოგიამდე მიგვიყვანა, რომელმაც ელემენტარიზმი საბოლოოდ დაასამარა (იხ. თავი 10.1).       ასოციაციურმა კონცეფციამ საკმაოდ დეტალურად აღწერა საკუთრივ ასოციაციის პროცესი. ამან უდავო დახმარება გაუწია ექსპერიმენტულ ფსიქოლოგიას, როდესაც მან XIX საუკუნის ბოლო მეოთხედში ხელი მოჰკიდა დასწავლის მეხსიერების კანონზომიერებათა კვლევას (ებინჰაუსი, გ.ე. მიულერი და სხვა). გარკვეული თვალსაზრისით, ეს თვით ასოციაციის მოვლენის შესწავლას ნიშნავდა, რომლის პირდაპირი კვლევაც ექსპერიმენტულმა ფსიქოლოგიამ ამავე პერიოდში დაიწყო. ეს იყო ე.წ. “ასოციაციური ექსპერიმენტი”, რომლითაც, თავდაპირველად, განსხვავებულ შინაარსებთან დაკავშირებული ასოციაციის დრო იზომებოდა (იხ. თავი 7.1.). შემდგომში ასოციაციური მეთოდი სხვადასხვა ფიზიოლოგიური პარამეტრების გაზომვასთან დააკავშირეს, რაც პრაქტიკულად გამოიყენეს სამედიცინო და იურიდიულ ფსიქოლოგიაში. იგი ეფექტური საშუალება გახდა განდევნილი ან დაფარული ემოციური კომპლექსების გამოსავლენად.       ის გარემოება, რომ ასოციაცია თვითონვე გახდა ექსპერიმენტული შესწავლის ობიექტი, თავისთავად მიანიშნებს ასოციაციური ფსიქოლოგიის ძირითად ნაკლოვანებაზე. ამ კონცეფციის მიხედვით, ასოციაცია ფსიქიკის მოქმედების ერთადერთ მექანიზმად არის წარმოდგენილი. არსებითად კი, ასოციაცია მხოლოდ გარკვეული მოვლენის, სახელდობრ, იდეების კავშირის აღწერაა; იგი არ არის ამხსნელი მექანიზმი. მას, როგორც კერძო მოვლენას, თვითონ ესაჭიროება ახსნა, ე.ი. დაყვანა ფსიქიკის ნამდვილად ფუნდამენტურ კანონებსა და მექანიზმებზე, რასაც სუბიექტთან, პიროვნებასთან მივყავართ. ასოციაციური პროცესი უნებლიე, სპონტანური ხასიათისაა. მისი მთავარი პირობა სუბიექტის მაქსიმალური პასიურობაა. მიუხედავად ამისა, პიროვნების აქტიურობის მთლიანი გამორიცხვა არც აქ არის შესაძლებელი. საქმე ისაა, რომ ყოველგვარ ფსიქიკურ მოქმედებას, მათ შორის ისეთს, რომელიც წარმოდგენათა დაკავშირებას ან მათი კავშირის რეალიზაციას ეხება, საბოლოო ჯამში პიროვნება ახორციელებს. ეს გარემოება ასოციაციურ ფსიქოლოგიაში მთლიანად იგნორირებულია. აქ გავრცელებული რწმენით, ცნონიერების ფენომენები ისევე ზემოქმედებენ ერთმანეთზე, როგორც ბუნების მოვლენები, ანუ მექანიკური მიზეზობრიობის ანალოგიურად - პირდაპირ და უშუალოდ. როგორც უზნაძემ აჩვენა, მთელი ტრადიციული ფსიქოლოგია და, პირველ რიგში, ასოციაციონიზმი, ასეთ “უშუალობის პოსტულატზეა” აგებული (იხ. თავი 13.2.). მართლაც, ძნელი არ არის იმის შემჩნევა, რომ “ასოციაციის კანონებს უდავოდ უშუალობის პრინციპი უდევს საფუძვლად: ერთი წარმოდგენა მეორეს უკავშირდება პირდაპირ, უშუალოდ, ყოველი შუაწევრის გარეშე, და ერთი წარმოდგენა მეორეს რეპროდუქციას ახდენს ასევე პირდაპირ და ასევე უშუალოდ” (უზნაძე). ამ შემთხვევაში აქტივობის სუბიექტისთვის, პიროვნებისთვის ადგილი არ რჩება. არ ჩანს ადგილი ფსიქიკური პროცესების ავტორისთვის, რომლის მოთხოვნილებების, ინტერესებისა და განწყობების გათვალისწინების გარეშე წარმოდგენებსა და მათი კავშირებს საერთოდ აზრი ეკარგება. გამოდის, რომ ასოციაციის პროცესი მთლიანად იმით განისაზღვრება, თუ რამდენად ხშირია თანხვედრა ამა თუ იმ იდეას შორის, ან იმით, თუ რამდენად ჰგვანან ისინი ერთმანეთს და ა.შ. სინამდვილეში კი სწორედ საწინააღმდეგო ვითარებაა: ყველა ცალკეულ ფაქტორს (ე.წ. ასოციაციის კანონს), მსგავსებას თუ მეზობლობას, მხოლოდ იმდენად აქვს ფაქტორის ღირებულება, რამდენადაც მას სათანადო განწყობა უდევს საფუძვლად, მართებულად აღნიშნავს უზნაძე. მაშასადამე, ასოციაციის პროცესი უშუალოდ ასოციაციის კანონებით კი არა, პირველ ყოვლისა, მათ საფუძვლადმდებარე პიროვნული ფაქტორებით არის განსაზღვრული. სადღეისოდ ფსიქოლოგიას მდიდარი ემპირიული მასალა მოეპოვება იმის დასამტკიცებლად, რომ შთაბეჭდილებათა დაკავშირებაც და ამ კავშირის რეალიზაციაც იმაზეა დამოკიდებული, თუ რამდენად მნიშვნელოვანია იგი პიროვნებისთვის. აქედან გამომდინარე, ერთ შემთხვევაში შეიძლება ისე იყოს, რომ წარმოდგენები მხოლოდ ერთხელ მოხვდნენ ერთად და მათ შორის უმტკიცესი კავშირი დამყარდეს, ხოლო სხვა შემთხვევაში იდეათა მრავალჯერადი თანხვედრაც არ აღმოჩნდეს საკმარისი ასოციაციის შესაქმნელად. არსებული ასოციაციებიდანაც ის აქტუალიზდება და ის ჩაერთვება ქცევაში, რომელიც სუბიექტის აქტუალურ განწყობას შეესაბამება.       ასოციაციური ფსიქოლოგიის ისტორიული მნიშვნელობის შეფასებისას მხედველობიდან არ უნდა გამოგვრჩეს, რომ ის, მართალია, წმინდაწყლის ცნობიერების ფსიქოლოგიას წარმოდგენდა, მაგრამ არც თუ იშვიათად სხეულებრივ, ნერვულ პროცესებთან მიმართებასაც აანალიზებდა (ჰერტლი, ბეინი). ამიტომ ბუნებრივია, რომ ვუნდტის “ფიზიოლოგიურმა ფსიქოლოგიამ” ბევრი რამ აიღო მისგან, ხოლო საკითხი ფსიქიკის ორგანიზმული საფუძვლების შესახებ შემდგომდროინდელი ფსიქოლოგიის ერთ-ერთი პრინციპული საკითხი გახდა.       რაც შეეხება გარემოსა და ფსიქიკის მიმართებას, ასოციაციურ ფსიქოლოგიაში ის, არსებითად, ყურადღების გარეშე დარჩა. გამონაკლისი იყო სპენსერი, რომელმაც აღნიშნულ კავშირს საგანგებოდ გაუსვა ხაზი. დღეს ფსიქოლოგიის წარმოდგენა ამ უმნიშვნელოვანესი მიმართების კვლევის გარეშე შეუძლებელია; ფსიქოლოგიისთვის ის ცენტრალურია. ნიშანდობლივია, რომ ფსიქოლოგია, როგორც დამოუკიდებელი ექსპერიმენტული მეცნიერება, თავიდანვე მასზე იყო ორიენტირებული. ეს გარემოება შეამზადა XIX საუკუნის ბუნებისშემსწავლელ დისციპლინებში მიმდინარე კვლევებმა. მაგალითად, ჰელმჰოლცი, გრძნობის ორგანოთა ფიზიოლოგიის კვლევის პროცესში, ბუნებრივად დადგა იმის გარკვევის აუცილებლობის წინაშე, თუ როგორ ჩნდება ცნობიერებაში საგნის პერცეპტული ხატი სენსორული მონაცემებიდან. საკითხი, არსებითად, იმას ეხებოდა, თუ როგორ ვასხვავებთ ერთმანეთისაგან გარემოში არსებულ საგნებს და როგორ ვმოქმედებთ მათ მიმართ ადეკვატურად. ინტენსიური მუშაობა ე.წ. ფსიქოფიზიკაში პირდაპირ გარეგანისა და შინაგანის მიმართებაზე იყო ორიენტირებული, კონკრეტულად კი იმაზე, თუ როგორია კავშირი გამღიზიანებლისა და შეგრძნების ინტენსივობას შორის. ამავე კონტექსტში მიმდინარებოდა ასტრონომების მიერ ინიციირებული რეაქციის დროის კვლევაც; მას უნდა გამოევლინა მიმართება სტიმულის მახასიათებლებსა და საპასუხო მოქმედების სისწრაფეს შორის. ერთი სიტყვით, საბუნებისმეტყველო აზროვნების წინაშე ხშირად დგებოდა საკითხი იმ მიმართებათა შესახებ, რომლებიც არსებობს სუბიექტურ, ცნობიერ მოვლენებსა და ობიექტურ ცვლადებს შორის. მომდევნო თავში სწორედ იმ წინაპირობებზე ვისაუბრებთ, რომლებმაც ემპირიულ (პირველ რიგში ასოციაციურ) ფსიქოლოგიასთან ერთად, საფუძველი ჩაუყარეს ფსიქოლოგიის დამოუკიდებელ ექსპერიმენტულ დისციპლინად ჩამოყალიბებას.       ირაკლი იმედაძე წიგნიდან: ფსიქოლოგიის ისტორია « წინა ნაწილი | გაგრძელება » P.S. სტატიის სათაური არ არის წიგნის ავტორისეული სათაური. სტატიის სათაური პოსტის ავტორის მიერ თემატურად შერჩეული სათაურია…
დაამატა ლაშა to ფსიქოლოგია at 12:27pm on მაისი 1, 2018
თემა: გოდერძი ჩოხელი - სულეთის კიდობანი (მეორე ნაწილი)
ხომ განთქმული იყო მთელ გუდამაყრის ხეობაში...ჰოდა, მიყვებოდა ბიძაჩემი, კაცი დავბერდი და ეგეთი ამბის შამსწრე არა ვარ, ძმისწულო. აღარც კი მეგონა თუ ჩვენ ტყეებში კიდევ ბუდობდნენ ირმები. ეტყობა ირმის ჭალებს ამოუყვნენ და მერე ანანურის ჭალებიდან გადმოვიდნენ ჩვენსკენ. მყვირალობისას ერთ-ურთს დასჭიდებიან და ვეღარ დასცილებიან. ან ნადირს როგორ გადაურჩნენ, ანდა შიმშილით როგორ გაჰქონდათ თავი.ნადირისაგან შეწუხებულებს მოუხერხებიათ და ერთ მაღალ კლდის შვერილზე შემდგარა აი, ეგრე ვიპოვე ჩემო ძმისწულო, შუბლი-შუბლს ჰქონდათ მიბჯენილი, რქა-რქაზე ჰქონდათ გადაჭდობილი და ერთსაც მარცხენა მუხლი ჰქონდა წინ ჩახრილი, მეორესაც, თითქოს ამით თავის მარადიულ სიყვარულს უხრიდნენ მუხლს. სადღაც, ტყის სიღრმეში კი ისევ ბუდობდა ქორბუდა ირემი და ისევ უხმობდა გულისსწორს. ეს რქები იმათ სახსოვრად წამოვიღე, იყოს ამ მუზეუმში, იქნება ვინმე ამათაც დააფიქრონ სიყვარულზე. პატივცემულო, მელია! იქნებ არ გვჭირდება სიყვარული?! პატივისცემით და მოწიწებით – სადგისი. საქმე №6. მფრინავი ბერები       (საიდუმლო ინფორმაცია კალათზე, რომლითაც მთის წვერიდან მორაკრაკე წყაროს ცივი წყალი ჩამოჰქონდათ მთიდან ბერებს) გუდამაყარში სოფელი ჩოხი წმინდა ადგილად ითვლება. ეტყობა სწორედ ამიტომაც უცხოვრიათ ბერებს აქ. ახლაც შეხვდებით უშველებელი ლოდებით ნაშენებ შენობებს, რომელთაც აქაურები საბერლოებს ეძახიან. არის კიდევ უძველესი ნაშთები მათი აქ ცხოვრებისა. უპირველესად ქვის ჯვარი, რომელიც როგორც ჩანს მოგრძო ეკლესიის თავში იდგა და მიუხედავად იმისა, რომ ეკლესიის ნიშან-წყალი ოდნავღა ეტყობა მიწას, ეს ქვის ჯვარი ამაყადა დგას, ხოლო მის გვერდით წამომართულა კაცის ხელით გამოთლილი ურთხმელის ხე, რომელზედაც უამრავი დიდი და პატარა ზარი ჰკიდია მლოცველთაგან შეწირული. ეს ზარის ხე დგას შემაღლებულ გორაზე და ნიავის ყოველ წამოქროლაზე ჟღრიალებს, სალოცავის წმინდა გორაზე შეყრილებს თავს ახსენებს და ისინიც ქედმოხრილნი ილოცებიან: – დიდება შენდა! – დიდება შენდა!       და მართლაც დიდებულია მთელი ეს სალოცავი გორა, რომელზედაც ოთხივე კუთხით გაისმის ღმერთის სადიდებელი ლოცვა. ვინ არიან ახლა ეს მლოცველები, თავიდან რომ მოწიწებით წარმოსთქვამენ ღმერთის სადიდებელს, მერე თანდათან თვრებიან და ლოცვის ხმა ყიჟინაში იზრდება.ესენი არიან იმ მფრინავი ბერების უკანასკნელი მოდგმა, იმ მფრინავი ბერების მოდგმა, ოდესღაც მათი წინაპრები თავიანთი სიწმინდით მთელ ქვეყანას რომ აკვირვებდნენ.ყველაზე წმინდა ბერები ჩოხის მთის წვერზე ცხოვრობდნენ და იქ ისეთი წყარო მორაკრაკებდა, ბარში მცხოვრებთ სიცხეში თხილის კალათებით უგზავნიდნენ ბერები იმ წყალს. საკვირველი ის იყო, რომ კალათს ერთი წვეთი წყალი არ აკლდებოდა. ამას ღვთის შეწევნით და თავისი წმინდა ცხოვრებით აღწევდნენ ბერები...და, უფალო ღმერთო, შენ უკეთ იცი, როგორ ეტანება სიწმინდეს სატანა, როგორ ცდილობს წაბილწოს ის, რაშიც სიწმინდე დგას. ყველაზე წმინდა ჭურჭელი ამ ქვეყანაზე ადამიანია; რაკი ღმერთმა ინება და შიგ თავისი სული ჩაბერა, ამიტომაც ყველაზე მეტად ამ თიხის ჭურჭლის წაბილწვას ცდილობს სატანა და რაკი ამ ჭურჭელს საკუთარი ქმედების ნებაცა აქვს ნაბოძები, იმდენ ავ ქარსა და სიოს შეუშვებს თავის შიგნეულში, ძნელია მერე ამ ავი ქარისა და ავი სულებისაგან განწმენდა.მთის წვერზე მცხოვრები ბერები წელიწადში ერთხელ ჩამოფრინდებოდნენ ბარად სადღესასწაულოდ, რომელიც ჩოხის წმინდა გიორგის ეკლესიის მოედანზე იმართებოდა. ეს იყო ენითაუწერელი, არაჩვეულებრივი სანახაობა.ჯერ სანთლების ალი გამოჩნდებოდა ხოლმე ბერების მთაზე. ეს ხელის სიმსხო თაფლის სანთლების ალი იყო. მერე წამოუბერავდა ბერების მთიდან ნელი სიო, სათიბ-ფერდობებს ჩამოეფინებოდა სანთლების სურნელი, ამ დროს ტყეებიდან ველად გამოიშლებოდნენ: შვლები, ირმები, კურდღლები და გუდამაყრის ტყეში არსებული ყველა ნადირი, დრუნჩებს მაღლა სწევდნენ და ისუნთქავდნენ სადედაბროს მთიდან ჩამოდენილ საკმევლისა და თაფლის სანთლის სურნელს.სანთლისა და საკმევლის სურნელთან ერთად ზარების ჟღარუნით სოფლისაკენ გამოფრინდებოდნენ წმინდა ბერები. ისინი ამ დროს ჰგავდნენ უზარმაზარ ფრინველებს, რომლებიც ფრთებს კი არ იქნევენ, არამედ თითქოს არც ირხევიან ჰაერში, ისე მიაფრენთ რაღაცა მადლი.სოფელში ჩაფრენილებს, წმინდა გიორგის მოედანზე ელოდება მუხლმოდრეკილი ხალხი, ანთებული სანთლებითა და ხავიწისაგან (ერბოს გული აქვს) გამომცხვარი კვერებით. ამ წმინდა კვერში ხდება წმინდა ნაწილის კვეთა...შემდეგ ტარდება რიტუალი, რომელიც, თუ ღმერთმა მაცოცხლა, ისეთივე სიყვარულით მინდა დავწერო, როგორც ბევრი სხვა მოთხრობა რაც საჩოხლო ხატის წმინდა გორაზე ჩატარებულ დღეობას შეეხება...ახლა კი, მინდა გითხრათ, რომ მფრინავ ბერებს სულ ცოტა დრო აქვს საჩოხლო გორზე გასაჩერებლად. ახლა ისინი რიტუალისთვის არიან ჩამოსულნი: ყოველ წელიწადს ჩოხელების გვარი შესაწირ ყმაწვილს უზრდის ბერების წმინდა მთას. ყოველ წელიწადს ჩამოდიან წმინდა ბერები და იქ, სადაც მათ გარდა კაციშვილი ფეხს ვერ დააკარებს, იმ ადგილას უტარებენ ხვთისგან რჩეულ ყმაწვილს სარიტუალო ლოცვებს, აზიარებენ ფრენის წესებს და ყოველივე იმას, რაც შემდეგში გამოადგება მფრინავ ბერს. მთავარი მაინც ის არის, რომ ყოველგვარი ამქვეყნიური დაივიწყოს ბერად რჩეულმა. – ახსენებ დედასა? –ეკითხებიან რჩეულს. – არა! – იძახის პატარა და თვალები დედისკენ გაურბის. – ახსენებ მამასა? – არა! – ახსენებ რაიმე ამსოფლიურ სიყვარულსა? – არა! – იძახის პატარა. – აი, კალათი, რომელიც ბერების მთაზე ნაჟური წმინდა წყლით არის სავსე და წვეთი კი არ გასდის. ყოველი წვეთი, რომელიც შენ რწმენას მოაკლდება და როცა გავფრინდებით, ამა სოფლისაკენ მოგახედებს უკან, იცოდე, რომ ბერების საძმოს და ბერების რწმენას მოაკლდება. ამიტომ დავკარგავთ იმას, რაც ბერების მთის მცხოვრებთ დღემდე მოგვიტანეს.მომავლის გარეშე წარსული არ არსებობს, გენდობით შვილო! უკან არ მოიხედო მანამ მთაზე არ ავალთ. ბერებმა პატარა ბიჭი წინ დაიყენეს, პირჯვარი გადაისახეს და აფრინდნენ. – დედააა! დედაა! – გაისმა უცებ ბიჭის განწირული ყვირილი. ბიჭი უკან იხედებოდა და დედისაკენ იწევდა. მოცელილებივით დაეცნენ ბერები მიწაზე. ისხდნენ. ფრთებდამტვრეული არწივები რომ გინახიათ, ისე ცდილობდნენ წამოდგომას... ბატონო, მელია! იყო დრო, როცა ბერების წამოდგომას ვეღარავინ იფიქრებდა, მაგრამ რომ ცდილობენ?! მე რომ იმ ბერებზე მოგახსენეთ, მაგ ამბავს სხვანაირი დაბოლოებაცა აქვს და ღმერთი გამიწყრეს რომ რამე დაგიმალოთ. ალბათ ბევრჯერ წასწყდომიხართ იმ წყაროს წყალს და ეგ თქვენი მხურვალე გულიც გაგიგრილებიათ იმით . მე ერთი საცოდავი სადგისი ვარ და აბა რა ვიცი, სად წყაროს წყალი მოსჩქეფს და სად მდინარე. მოიტანს ჩემი პატრონი კოკით წყალს ჩაასხამს გეჯაში, დაატრიალებს ჩალხს, გამიმწვეტებს წვერს და აბა, შენ იცი სადგისოო, და ხან სად შემარჭობენ და ხან სად.მაპატიე, მაპატიე, ჩემო მწყალობელო, აი ეხლაც იქ შევერჭვე, სადაც არაფერი მესაქმებოდა და სადაც არ უნდა შევრჭობილიყავი. მაგრამ ხომ გაგიგონია, ჩვეულება რჯულზე უმტკიცესიაო, სადაც კაცი დაგიმიზნებს, იქ თუ არ შეერჭვე ერთი ლაზათიანად შემოგიკურთხებს – შენ სადგისი კი არა, სათხრისი ხარ, წადი შენი პატრონის დედაც ვატირეო და მოგისვრის.იმ ამბის დაბოლოებას გიყვებოდით, ბატონო მელია, მფრინავ ბერებს რომ შეემთხვათ და ლამის ის ბალღი ცემაში მოკლეს.ხომ გითხარით ბერებს კალათით ცივი წყალი როგორ ჩამოჰქონდათ ხოლმე სოფელში. წვეთი წყალი არ გავარდებოდა იმ კალათს და ვერცხლის პატარა ბარძიმებით ასმევდნენ ყველას ვინც იმ დღესასწაულს ესწრებოდა.იმ პატარა ბიჭმაც დალია, ბერების მთაზე რომ უნდა გაფრენილიყო იმ დღეს სამუდამო სამყოფელში. მხოლოდ წელიწადში ერთხელ ჩამოფრინდებოდა სხვა ბერებთან ერთად და მაშინაც არ ჰქონდა ხმის ამოღების უფლება. არ შეეძლო მეტად ამ სიტყვების თქმა: დედა! მამა! დაიკო! პაპა! ბებო! – წმინდა ბერებს აკრძალული ჰქონდათ ჩვეულებრივ მოკვდავთა მსგავსად საუბარი.ვეღარ გაუძლო პატარა ბიჭის გულმა იმ აზრს, რომ დღეის მერე ვეღარ იტყოდა დედას და ამიტომაც ხმამაღლა იყვირა: – დედაა! დედაა!ავტორის შენიშვნა: – ნუთუ ვინმეს, ამ ცის ქვეშეთში, ვისაც დედა გყავთ და ისეთ პირობას დაგიდებენ, რომ მთელი სიცოცხლის მანძილზე დედა არა სთქვათ, შეასრულებთ კი ამ პირობას, თუნდაც ფრენის სანაცვლოდ იყოს ეს. განა ღმერთს იმაზე მეტად არ ვუყვარვართ , ვიდრე ჩვენ გვგონია, რომ ორ ფეხზე დგომა და სიარული დაგვიწესა დედამიწაზე. ერთი პატარა ბუზის, ან პეპელას აფრენა რომ შეეძლო, ჩვენი აფრენა რაშიღა გაუჭირდებოდა იმ დალოცვილს; მაგრამ სხვა რამ მიზეზია, რასაც არც კი გვინდა რომ ჩავუფიქრდეთ. – პეპელაზე დიდი მიზეზი? – ხო, პეპელაზე დიდი მიზეზი. – მაინც რა მიზეზი გვაქვს ეგეთი? – ზედმეტად ცოდვილები ვართ და ისა. ღმერთმა რომ წმინდა ბერებს ფრენის უნარი მიანიჭა და მადლი მოიღო, რომ ხალხთა შორისაც გაზრდილიყვნენ წმინდანები, რომელთაც ღვთის რჩეულ ბერებივით შეეძლებოდათ ფრენა, აი, სწორედ იქ იჩინა ადამიანის მცირედმორწმუნეობამ თავი. – კი მაგრამ, ის ხომ მხოლოდ პატარა ბიჭი იყო, რომელსაც დედასთან განშორება გაუჭირდა. – და მხოლოდ მაგიტომ არ დაუკარგავთ იმ დღეს ცაში ფრენის უნარი. – ?!!! – ერია იმ ბერებში ახალგაზრდა ბერი, რომელსაც გულში ჩაუვარდა ის სოფლელი გოგო და როცა ბერები გაფრინდნენ, იმ ახალგაზრდა ბერმა მაცდური თვალით გამოხედა გოგოს გულ-მკერდს. მოწყალეო, ხელმწიფევ! გუდამაყრის მუზეუმის ბრწყინვალე პრეზიდენტო! დიდად პატივცემულო მელია! ვიცი თქვენი გულისწყრომა, როცა ჩემს მიერ შეგროვილ საიდუმლო მასალებს ჩემს შენიშვნებს დავურთავ ხოლმე, მაგრამ დამერწმუნეთ, თუმცა შარიანი საქმე მოხდა, მაგრამ იმ გოგოს, ბერმა რომ გაფრენის წინ მოხედა ჰაერში აწეულმა, ისეთი ათქვირებული ძუძუ-მკერდი ჰქონდა, თანაც საკინძე სამ ღილზე მაინც ჰქონდა ჩახსნილი. მე ჩემი მოკლე ჭკუა რასაც მკარნახობს, იმას ვიძახი: ხანდახან ეგეთი მკერდის გულისთვის ნამდვილად ღირს ფრენის დაკარგვა!რაც შეეხება იმ სასწაულმოქმედ კალათას, ახლა რომ ჩვენ მუზეუმში ჰკიდია, ეგ ის არის, რითიც ცივ წყალს ზიდავდნენ. პატივისცემით თქვენი მონა-მორჩილი – სადგისი. საქმე №7. ბოძალი (საიდუმლო ინფორმაცია მშვილდ-ისარზე, რომელიც გუდამაყრის მუზეუმში ჰკიდია) ბოძალი ხისგან არის გამოთლილი. ზოგან მას არბოლეტს ეძახიან, ზოგან ბოძალდს, გუდამაყარში კი ბოძალი ჰქვია. ბოძალი თოფს წააგავს: აქვს კონდახი, სასხლეტი, რომელიც ბორბალს იჭერს და თვითონ ბორბალი, რომელზედაც შვილდის ლარია დამაგრებული. შვილდი (მშვილდს შვილდი ჰქვია გუდამაყრულად და რაკი გუდამაყრის მუზეუმში დაცულ ნივთებზე ვწერთ, სადგისი ავტორს სთხოვს არ დაამახინჯოს გუდამაყრული კილოკავი) ბოძლის წინა მხარეს არის დამაგრებული და იმისი მოჭიმვის დროს შვილდის ლარი ბოძალის სასხლეტ ბორბალზე მაგრდება. ბორბალი ამ დროს სასხლეტით იკეტება. ბოძალს ზემოთა მხარეს, მთელ სიგრძეზე სწორი ლარი აქვს დაჭდეული. ამ ღარში იდება ისარი, ისე რომ წინა მხარე ოდნავ მოჭარბებული აქვს ბოძალის ღარს, ხოლო უკანა ბოლო ისეა, მოსხლეტავ თუ არა სასხლეტს, ბორბალი შემოტრიალდება, მასზე დამაგრებული ლარი ისრის ბოლოს ურტყამს და ღარში, სადაც ისარია ჩადებული, მთელი სისწრაფით ვარდება ისარი.ადრინდელ დროში, როცა ხანდახან ერთი ტყვია ერთი ძროხაც კი ღირდა, ბოძალებით უფრო ნადირობდნენ მონადირეები. თანაც ბოძალს, მართალია, თოფის სასროლ მანძილზე ვერ ისროდა, მაგრამ ერთი სიკეთე სჭირდა, უხმაურო იყო და ნადირს ისე არ აფრთხობდა, როგორც თოფის ხმა. მონადირეები ხომ პატივსა სცემდნენ ადრე ერთი-მეორეს – იქნება სადმე ახლო-მახლო კიდევ სხვა მონადირე უმიზნებდა ბოძალს ნადირს, შენ კი სწორედ ამ დროს თოფს აქუხებ და ფრთხება პირველის მიზანში ამოღებული ნადირი.კიდევ ერთი ჩვევა ჰქონდათ მონადირეებს. ამ ჩვევაში მჟღავნდებოდა უფროს-უმცროსობა. ორი მონადირე თუ ერთდროულად შეამჩნევდა ჯიხვს, პირველს აუცილებლად უფროსს უნდა ესროლა. აქაც მჟღავნდებოდა უფროს-უმცროსობის წესი, რაც საუკუნეების მანძილზე მოჰყვება მთის მაცხოვრებელთ. მაგრამ იყო განსაკუთრებული ნადირობის ჟამი, როცა უფროსებს განგებ მიჰყავდათ ახალწვერულვაშწამოღინღლული მონადირეები და დაინახავდნენ თუ არა კლდეზე გადმომდგარ ჯიხვებს, პირველობას ყმაწვილებს უთმობდნენ. კანკალებდა ხელი. კანკალებდა ბოძალი. კანკალებდა ბოძალიდან გამომსხლტარი ისარი; მთლიანად კანკალებდა ახალბედა მონადირე და, თრთოდა, კანკალებდა კლდის ნაჟურით ჩარეცხილ ლოდებს შორის ჩაჩეხილი ხარლაღი, რომელსაც თავი კისერსა და ხავსიან ლოდებს შორის მოღრეცოდა და ამაოდ ცდილობდა წამოდგომას. – გწყალობდეს! გწყალობდეს! დაგელოცოს, ბერდიავ, მარჯვენა! შორეული ხმები ესმოდა ჯიხვს და თუმცა ვერ ხვდებოდა მათ მნიშვნელობას, გრძნობდა, მთელი ტანით გრძნობდა, რაღაც მისთვის საბედისწერო გრძნობა ერია ამ სიტყვებში.როგორც იქნა კლდის ნაშალში გახლართული რქები გაითავისუფლა და მოღრეცილი კისერიც გაისწორა და ამან ცოტა შვება აგრძნობინა ჯიხვს.რაღაცა მწარედ სჩხვლეტდა ფერდში. იმ ადგილას სისხლი თქრიალით მოსდიოდა და ისარს წაეტანა ამოსაძრობად. ამან ისეთი ტკივილი აგრძნობინა, კინაღამ გული წაუვიდა.უცებ მისკენ ამომავალ მგელს მოჰკრა თვალი, რომელიც პირველად იმ მონადირეების ძაღლი ეგონა, რომლებმაც სულ ახლახანს ისარი გაარტყეს, მაგრამ სულ მალე იგრძნო მგლის სუნი და ღონე მოიკრიბა, ჩანჩქერისაგან მოლიპულ აღმართს შეუყვა აღმა. – ხედავ, ცოცხალი გადარჩენილა! – ბოძალი შეაყენა ბერდიამ. – მაიცა ბერდიავ, აბა კარგად გახედე! – ხელით ანიშნა ძმას გაგიმ. სწორედ ამ დროს მგელმა ჯიხვს გზა მოუჭრა და ისეთ ქარაფში მიიმწყვდია, საითაც გასასვლელი ბილიკი აღარ ჰქონდა ჯიხვს.გამოექანება მგელი ზემოდან მთელი სისწრაფით, დაეტაკება ჯიხვს და ცდილობს ქარაფში გადააგდოს. ჯიხვს წყლისგან მოლიპულ კლდეზე ფეხები უსხლტება, მაგრამ მაინც იმაგრებს თავს.ბერდიას, გაგის უფროს ძმას, ერთმანეთს წაკიდებული ნადირებისათვის ბოძალი აქვს მიშვერილი და აშკარაა, ეს-ესაა რომელიღაცას ესვრის. „ალბათ ჯიხვს ესვრის, – ფიქრობს გაგი, – სოფელშიც მეტ სახელად ჩაეთვლება და თუ იმ დროს ესროლა, როცა მგელი ზემოდან დაეტაკება ჯიხვს, ისიც ხომ თავს ვეღარ შეიკავებს, ისიც ქარაფზე გადმოვარდება. მაგრამ რატომ ხვდება ჯიხვი ეგე ერთგულად ქარაფის პირას და გადავარდნის საშუალებას არ აძლევს მგელს. ეხლა ახსენდება (თუმცა ეს გახსენება წამიერია, ისეთი როგორც სიზმარში, ყველაფერი უცებ ხდება და ყველაფრის აღქმას ასწრებ), როგორ აჩვენა მამამ გამთენიისას ორი ჯიხვის ჩხუბი. ერთი პირდაპირ ქარაფის თავზე იდგა, მეორე ზემოდან ეტანებოდა. ზემოთას იმედი ჰქონდა, რომ ქვემოთა არ უღალატებდა, ქვემოთას კი ეტყობა ის აძლევდა გამძლეობას, რომ ზემოთა ენდობოდა ერთგულებაში. – ქვემოთას რომ ესროლო, რა იქნება მამავ? ხო ზემოთაც გადმოვარდება და ორივე ჩვენი იქნება. – საიქიოს შესასვლელ კარში აღარ შემიშვებენ შვილო. ხო ხედავ მაგათ დანდობილობას. იქნებ ეხლა ეგენი სიყვარულისთვის ჩხუბობენ. ნდობაზე დიდი კი არც სიყვარული არ არის შვილო...აი, ამ წარმოსახვამ წამით გაიელვა გაგის მეხსიერებაში და შეშფოთებულმა გახედა მგლისა და ჯიხვის ჩხუბს. ეტყობა ჯიხვს სისხლი ეცლებოდა, სისხლი ელეოდა და დროდადრო ჩაიჩოქებდა ხოლმე წინა მუხლებზე.მგელმა გამარჯვების მოახლოება იგრძნო, ჩვეულებრივზე უფრო მეტად დაიხია უკან, წინა თათები წინ გამოსწია (გამოღმიდან არ ჩანდა, მაგრამ როგორც ჩანს მთელი ტანი აებურძგლა, ეშვები უფრო საზარლად გამოაჩინა და ნახტომისათვის მოემზადა). – აჰა, ეგეც ბოლო ნახტომი, – გაიფიქრა გაგიმ და ისევ იმ ჯიხვების ჩხუბი წარმოუდგა, მამამ რომ აჩვენა გამთენიისას. „ნუთუ ჩემი ძმა ჯიხვს ესვრის ახლა?“ „ნუთუ სოფელში მიტანილი სახელი ურჩევნია იმას რაც ახლა ვნახეთ?“ „ნუთუ ჩემი ძმა ბუნებით მგლის მხარესაა?!!!“ „ღმერთო, თუ ასეა, მაპატიე, აღარასოდეს გამარჯვებას აღარ ვეტყვი ჩემ ძმას“. და, ამ დროს წინა ფეხებზე დაჩოქილი ჯიხვისაკენ გადმოხტა მგელი. შხუილი გაიღო ბერდიას ნატყორცნმა ისარმა. – ვის, ვის მოხვდება? – წამიერად ფიქრობს გაგი. და, ჯიხვის წინ მოწყვეტით დაეცა მგელი! და, სწორედ ამ დროს გაგის გულში მონადირის მფარველმა ანგელოზმა შეიფრთხიალა. . . . მტერი დაეცა ძმების სოფელს. იმ დროს დაეცნენ, როცა სოფელში იარაღის ხელში ამღები არ იყო. ეს ამბავი მშვენივრად იცოდა გადამთიელმა მტერმა შინაური „მოყვრის“ წყალობით და შუაღამისას იხელთეს დრო. ვისაც ძველებური მთის სოფლები არ გინახავთ, იმათ, გინდათ გითხრათ რას წარმოადგენდა კალობნიანი მთის სოფელი: ერთი დიდი დარბაზი, რომლის შუაგულშიც გულთაბოძი (დედაბოძსაც ეძახიან) დგას. იმ გულთაბოძზე დიდი მუხის თავიხეა გადებული, რომელიც ბოლოებით სახლის აქა- იქა კედლებს ეყრდნობა. ამ თავიხეზე გაწყობილია წვრილი მუხის მორები, რომლებზედაც ჩამოწყობილია უფრო წვრილი ხეები და ამ ხეებზე აწყვია დიდი სიპები. სიპებზე აყრია თიხა მიწა, რომელსაც ხის საზეპლებით ზეპავენ წვიმის დროს.დარბაზის ზემო თვალი საქონლის შესანახი ადგილია, რომელიც ისევეა გადახურული, როგორც დარბაზი, ოღონდ მისი მეორე სართული გადმოხურულია და შიგნით ძნასა და მარცვლეულს ინახავენ გოდრებით. სახლის ამ თვალს კალო ჰქვია და წვიმიან ამინდში იქ ლეწავენ ყანას. მერე გალეწილ ძნებსაც ამ კალოძნებზე აგებენ და ისეთი ლამაზი შესახედავია შემოდგომაზე მთის ეს სოფლები, თვალს ვერ მოაშორებ. აქა-იქ კოშკებიც არის ამომართული სოფელში და ან გარდასულ სისხლისმღვრელ დღეებზე მეტყველებენ, ანდა ახლაც აქვთ სოფლის დაცვის იმედი. ის კი როდი იციან, რომ მტერმა კაცობა დაკარგა და სხვა ხერხს მიმართავს.იმ ღამესაც ისე იყო. გაიგულეს თუ არა სხვა სოფელში მამაკაცები, მაშინ შემოვარდა არხოტში ქისტის ლაშქარი. მტერმა კალობნებზე ამოშენებულ ძნებს ცეცხლი წაუკიდა. მთელი სოფელი ისე აბრიალდა ღამე, დღის შუქს დაემსგავსა. მეზობელ სოფელსაც მისწვდა ცეცხლის ნათება. – ავი ამბავია ჩვენს თავს! – იყვირეს ხევსურებმა და უბელო ცხენებს მოახტნენ. იწვოდა არხვატი. იწოდა ისე დაუნანებლად, როგორც ბიბლიური სოდომი და გომორი. და მოხდა სასწაული! სახლის მაღალ ბანზე გადმოდგა თმებგაწეწილი ხევსური დიაცი და იმისი ხმა ზარივით გაისმა მთელ არხოტში: – გამაგრდით არხოტიონნო, გატეხით რა იქნებისა, ერთს თუ მაგვიკლვენ, დავმარხავთ, სხვა კიდევ გაიზრდებისა!ქალი და ბალღი იარაღს ეცა. ისეთი ბრძოლა გაჩაღდა, ვეღარ გაიგებდი, ცეცხლის შუქი უფრო მეტად ანათებდა, თუ ხმალ-ხანჯლების ლაპლაპი.მაინც იმძლავრა მტერმა. ტყვეები და საქონელი წინ გაიყარეს და სანამ მთვარე გორისფხას მიეფარებოდა, იჩქარეს.მთვარის შუქზე სდიეს მომხვდურებს არხოტიონებმა, მაგრამ მერე თანდათან გაჭირდა დევნა. ღილღოვლებმა ყოველი ადგილი ხელისგულივით იცოდნენ და ნაბიჯს არ ადგმევინებდნენ წინ არხოტიონებს. ერთ მხარეს გაცოფებული მდინარე ჩამოდიოდა, მეორე მხარეს ფრიალო კლდე იყო წამოყუდებული, კლდესა და მდინარეს შუა უზარმაზარი ხავსიანი ლოდები ეყარა, რომელთა შორისაც იყვნენ ჩასაფრებული ღილღოვლები. აქა-იქ ცეცხლებიც ენთოთ, მაგრამ ქვებს შორის, მხოლოდ ალი რომ მოჩანდა ტყვიის, სროლას აზრი არ ჰქონდა. როგორც ჩანდა, ტყვეები და ნადავლი უკვე გაეხიზნათ და ეს დამცველი რაზმი იყო აქ ჩასაფრებული. არხოტიონები ისხდნენ ერთ ადგილას მოწყენით. ხმის ამოღებას ვერავინ ბედავდა. – საით შაგვასწრეს ამ რჯულძაღლებმა! – თამბაქო გადააპურჭყა ბებერმა ბათარეკამ. – გათენებამდე თუ არაფერი ვიღონეთ, სოფელსაც მიაღწევენ და ტყვეებსაც შავ დღეში ჩაჰყრიან, – თქვა მგელიკამ. – ვცადოთ მდინარით გასვლა და ვინც გავალთ, გავალთ. – აბა, რას უბნობ, კაცი კი არა, თევზი ვერ გავა გაღმა ნაპირას, ემაგით ან ტყვეებს რას ვარგებთ ან მტერს რაისთვის გავუხადოთ თავი საცინლად. – აბა, მაშ რაი, რაი ვქნათ, ვისხდეთა ესე და ჭორიკანა დიაცებივით ვილაყბოთ?! – ფეხზე წამოენთო ერთ-ერთი ხევსური. – მე გირჩევთ რაიც უნდა ვქნათ, – თქვა ჯარჯიმ. – რაი? რაი? – წამოიშალნენ ხევსურები. – მე და გაგი ამ ფრიალო კლდეს გადავყვებით და მტრის ზურგში გავალთ. თქვენ ზოგი აქ ჩასაფრდით, დანარჩენებმა კი მაშხალები აანთეთ და არხოტისაკენ წადით, რომ მტერმა იფიქროს ჩვენი დამარცხება. – რას ამბობ, დიაცებ ხო არ ვართ?!–იწყინა მგელიკამ. – დიაცები მაშინ ვიქნებით მგელიკავ, თუ ჩვენი ცოლ-შვილი სოფელში მიიყვანეს, გასასვლელი გზა ხომ ხედავ არ არის. – მაშ საით აპირებთ გასვლას. – გავალთ! – ჩვენ რაისთვის ვერ გავალთ? – თქვენ აქ ხართ საჭირო. მტერს რომ აქეთ გამოვაფრთხობთ, თქვენ ამ ვიწროებში უნდა ამოხოცოთ. იქით მხარეს ხომ იცით გაშლილი ადგილებია და თანაც ჩვენზე უკეთ იციან გასასვლელი ბილიკები, ისე გაგვეფანტებიან ერთსაც ვერ მავკლავთ. დაფიქრდნენ ხევსურნი. ჭკუაში დაუჯდათ ჯარჯის თათბირი. მაგრამ? მაგრამ როგორ უნდა გადავიდნენ ჯარჯი და გაგი ამ ფრიალო კლდეზე? ქალამნები გაიძრო ჯარჯიმ. ქალამნები გაიძრო გაგიმაც. მერე წინდები გაიძრეს. ხანჯალი ამოიძრო ჯარჯიმ. ხანჯალი ამოიძრო გაგიმ. ფეხისგულები გადაისერა ჯარჯიმ. – რას შვრები ჯარჯი?! – აღმოხდა ხევსურებს. – რას სჩადი გაგი? – ისევ აღმოხდა ხევსურებს. ახლა მუხლები და ხელისგულები დაისერეს ძმებმა. გადაიკიდეს თოფები, თითოს მაგიერ სამ-სამი. – აბა, ჩვენ რომ იმათი ზურგის მხრიდან ავტეხავთ სროლას, აქედან უცებ არ გახსნათ ცეცხლი, შემოუშვით მტერი, რომ ამ ვიწროში მოვიმწყვდიოთ, – თქვა ჯარჯიმ და ხელ-ფეხდასისხლიანებული ფრიალო კლდეს შეუყვა. იმას მიჰყვა გაგიც. მთვარე ოდნავ კრთებოდა ღრუბლებს შორის და ძმებს სავალ გზებს უნათებდა. სისხლიანი ფეხები წებოსავით ეწებებოდა ფრიალო კლდეს.გადააღწიეს ძმებმა მტრის ზურგში. ღონე აღარ ჰყოფნიდათ ისე იყვნენ სისხლდაცლილნი. ექვს ადგილას დაიკავეს სანგარი და ჯერ ის ადგილი დაჰკვლივეს კარგად, სადაც ცეცხლის პირას ქისტთა ბელადებს ჰქონდათ სუფრა გაშლილი.პირველი ორი თოფი სწორედ იმ მიმართულებით გავარდა. შემდეგ ძმებმა ადგილები შეიცვალეს და წინა ორ გასროლას კიდევ ორი მიაყოლეს სასწრაფოდ. შემდეგ კიდევ შეიცვალეს ადგილი და კიდევ ორი გასროლა, მერე კანტიკუნტად ისროდნენ თითქმის მტრის ზურგის ყოველი კუთხიდან. მტერი დაფრთხა.მიხვდნენ, რომ უკანგასასვლელი გზა მოჭრილი ჰქონდათ. წინ გაიხედეს და დაინახეს როგორ „ გარბოდა“ არხოტისაკენ ლამპრებიანი მდევარი. ქისტებმა იფიქრეს, ეტყობა ჩვენი შეეშინდათო და დაედევნენ... ძვირფასო, მელია! თქვენზე კარგად ვის მოეხსენება რას ჰქვია – ხაფანგში გაბმა, თუმცა თქვენ ისეთი შორსმჭვრეტელი ბრძანდებით, ხაფანგი სიზმარშიც რომ მოგელანდოთ, დღისით იმ ადგილას ქვას-ქვაზე არ დასტოვებთ და თუ ვინმემ იკითხა: რატომ? რისთვის? რა კანონის საფუძველზე, იმათთვის ჩვენს მუზეუმში მშვენიერი კიდობანი არსებობს. სიტყვამ მოიტანა და თქვენი ნებართვით ცოტა გადახვევას გავაკეთებ: ეს ჩვენი მუზეუმის ამშენებელი შუღლიანთ სება, ცოტა არ იყოს და უკმაყოფილოა. ჩუმ- ჩუმად მუზეუმის ექსპონატებს ეჩურჩულება: რა ვქნა ბატონო, ხომ ხედავთ სადამდე მივიდა საქმე: ჩვენი მუზეუმის პრეზიდენტის ექსპონატები აშკარად მოითხოვენ, გუდამაყრის მუზეუმს სიტყვა მუზეუმი ჩამოვაშოროთ და მუზეუმი დავტოვოთ, თორემ ამ ჩვენს მუზეუმში იმდენი უცხო წარმოშობის ნივთია, ერთ მშვენიერ დღეს ადგებიან და წავლენო. – მაპატიეთ! მაპატიეთ! – ბრძანების კილოთი თქვა მელიამ. – იგეთი არც გუდამაყრის მუზეუმი გვჭირდება და არც საქართველო, ვისაც ძალად შევეხვეწებით, არიქა, შენი ჭირიმე, ოღონდ არ წახვიდე და ყოველდღე მკლავის სიმსხო სანთლებს დაგინთებთ ეკლესიაშიო, – ამას მე ვამბობ, ამათი კამათის გამგონე, გოდერძი ჩოხელი. – მაგრამ სულ რომ წავიდნენ? – ვინ? – ყველანი, ქართველები და არაქართველები, ყველანი დედა-ბუდიანად. – წავლენ და წავიდნენ. მოვა მერე დედა ღვთიშობელი, სიჩუმეში მოიდრეკს მუხლს და რომ ვერ ნახავს თავის საყვარელ ქართველებს, ატირდება. ცრემლები დაუსველებს კაბის კალთას. ჩამოივლის ქრისტე ღმერთი. გაიგონებს დედის ტირილს. – დედი! დედი! – მხარზე ხელს დაადებს შვილი დედას. დედა თვალცრემლიანი შეხედავს შვილს. – რატომ ტირი, დედი?! – შეეკითხება ღმერთი. – შენ იცი შვილო რატომაც ვტირი. – რატომ უარმყვეს და რატომ გაიფანტნენ სხვა ქვეყნებში? – იკითხავს მაცხოვარი. – სატანა მოევლინა შვილო მწყემსად და იმან გაანიავა შენი სამწყსო. სატანამ გამოხრა შენი სამწყემსოს გარდასულების ძვლები, სატანამ გამოხრა აკვანში მწოლიარეთა ძვლები და ჯერ რომ გუდამაყრის მუზეუმში ნივთი არ ჩამოუკიდნიათ, იმ ნივთების წარსულს სწავლობს. – სატანა! სატანა! სატანა! სატანა! – სატანას ეღირსება ის, რისი ღირსიც არის, ხოლო შენ დედაჩემო, მეტად აღარ გიხილო თვალცრემლიანი და მე გპირდები, რომ საქართველო ერთხელ კიდევ გამოივლის წარღვნას და იმ წარღვნის მერე სწორედ საქართველო იქნება ის აყვავებული ზეთის ხილის რტო, რომლითაც მტრედმა უნდა ახაროს ახალი ცა და ახალი დედამიწა ქვეყნის მეუფეს, რომლის საბრძანისშიც არც მზე არის და არც მთვარე და თვითონ მეუფეა მანათობელი და არ არის შური და მტრობა, არამედ არის კაცთა შორის მშვიდობა და სათნოება.აი, ამისათვის გიხაროდეს, დედაჩემო, რომ იქ ღმერთის ნათელით გაბრწყინებულთ იხილავ შენს სამწყსოს. – და ვინც შენ ნათელში ვერ მოხვდება, შვილო, იმათთვის ვტირივარ. – სიკვდილის ჟამამდე, ყველასა აქვს დედა ნათელში შესვლის უფლება: თუნდაც ერთი ღვთის წინაშე მართლად ნათქვამი სიტყვით, თუნდაც ოხვრით, თავისი ჩადენილი ცოდვებისათვის, რომელსაც ისე ჩაატარებს თავის გულ-ღვიძლში, როგორც ღრუბლებიდან ნასროლი მეხი გულმძლავრ მუხაში. გინახია, როგორ ამოდის ნამეხარი მუხის გულიდან შავი კვამლი. აი, ეგრე ამოვა სატანა კაცის გულ-გონებიდან. თუნდაც მღვდლის წინაშე გადმოგორებული ცრემლით, თავისი ჩანადინარი ცოდვების სათქმელად სიტყვა რომ ვერ მოუბრუნდა და სინანულის ცრემლი კი ჩამოჰგორდა. აი, იმ ცრემლში ვხედავ სამყაროს. სამყარო ჩემთვის ერთი დიდი ცრემლის კურცხალია და ყველას იმ ცრემლში ვხედავ. სიკვდილის წინ იმასაც ბევრი რამ ეპატიება, პატარა ნაკადულს რომ ჭიანჭველა მიაქვს, უნდა როგორმე ნაპირზე გამოცურდეს, მაგრამ იმ ღელეს სხვა ღელე ერთვის და ვინ არის ჭიანჭველის მშველელი. იშვიათად, მაგრამ მაინც იბადებიან ამ ქვეყანაზე ისეთი ადამიანები, რომლებსაც ასეთი ჭიანჭველა ნაპირზე გამოჰყავთ. შეიძლება ასეთ კაცთა შორის კაცისმკვლელიც იყოს. გულდარდიანი ნუ ხარ, დედა. – ძალიან გეტკინა, შვილო? – რა, დედა? – ის, რაც წამების დროს გადაიტანე. – დედა, ის სასმისი მხოლოდ შარბათია იმასთან, რაც უნდა შევსვა. ნურასოდეს გულს ნუ დაიღონებ, მამაჩემი არასოდეს არ შემასმევს იმ სასმისს, რისი შესმაც მე არ ძალმიძს. ჩემ გამო მეტად ნუ იტირებ, იტირე საქართველოს გამო და იცოდე, მალე აღესრულება სატანის მეფობის ჟამი. – ილოცე, ილოცე, ჩემო საყვარელო დედა, საქართველოსთვის! – მე თუმცა ღმერთი ვარ , მაგრამ როცა ღმერთებს შენნაირი საყვარელი დედები ჰყავთ, რა თქმა უნდა იმათაც სჭირდებათ ლოცვა. ილოცე ჩემო დედა, რომ სრულიად საქართველომ რაც შეიძლება მალე შეიმოსოს ჩემი კვართი. ბატონო, პრეზიდენტო! უმორჩილესად გთხოვთ მაპატიოთ ეს გადახვევა. ხედავ, რა ხალხია ეს მწერლები. არა, მაინც სად ჩამომიხტა. კიდევ კარგი სადგისი ვარ და ზრდილობიანი ვარ, თორემ... აბა სხვა ვინმეს გაუბედოს; ხმალს გაუბედავს? ხო ვერ გაუბედავს? თოფს გაუბედავს? ხო ვერ გაუბედავს? დამბაჩას? ბოძალს? კაცისმკვლელი ქარჩი რომ ჰკიდია ჩვენს მუზეუმში, იმას ამბები აქვს ნაქნარი, მოდგეს, აბა, ეს ჩვენი მწერალი და იმას ჩაერთოს ლაპარაკში, ისეთი სდრუზოს რომ სანატრელი გაუხდება ეს მზე და ეს მთვარე. მანამ უმზეო და უმთვარო ქვეყანაში მოუწევს ცხოვრება და ისიც საკითხავია თუ ეპატიება აქაური ცოდვები. მუზეუმში შესულს ქარჩი რომ ჩასცხებს თავში, მეტი არ არის ჩემი მტერი მონანიების სათქმელად მღვდელს დაუძახოს. ეგ ერთი და ის მეორე, რომ გლახად გადაიკიდა სადგისი. – დედაჩემის სული ნუ წამიწყდება, სადაც მართალი იქნება და სადაც მითუმეტეს მტყუანი იქნება, ყველგან უნდა წავჩხვირო! ისე უნდა წავჩხვიროო, ისეთი საქმეები უნდა დავაბრალოო, ისე უნდა მოვთხარო მაგისი ფილმები და მოთხრობებიიიი.... უი, დადადადაა! მე იმას ვცდილობ, ბატონო მელია, რა გასიამოვნოთ, რომელ სამუზეუმო ექსპონატზე რა საქმე შევადგინო, რომ მერე თქვენმა მაღალუდიდებულესობამ სკივრში გამოამწყვდიოს ჩვენი „გუდამაყრის მუზეუმისთვის“ შეუფერებელი ნივთები. მითუმეტეს სადაცაა არჩევნები მოგვადგება კარს და რაც შეიძლება მეტი სამუზეუმო ექსპონატი უნდა იქნეს სკივრებში და კიდობნებში გამომწყვდეული. უვარგისი, მე ვფიქრობ, არც ის იქნებოდა თუ ამოდენა საზღვარგარეთ გაქცეულ ქართველებთან ერთად ჩვენი ერის საგანძურსაც თან მივაყოლებდით; ამას ქაღალდზე ვერ დაგიწერთ და თუ არ მიწყენთ ყურში გიჩურჩულებთ ჩემს აზრს.მელია დაფიქრდა, ყურები დაცქვიტა, მუზეუმში მიიხედ-მოიხედა, ფუმფულა კუდი ერთ ალაგას ამოიდო და სადგისს უბრძანა: – მოდი, მიჩურჩულე! სადგისი დაეჭვდა, მიიხედ-მოიხედა. – მოდი, რაღას უდგეხარ?! – ცოტა ხმას აუწია მელიამ. – ბოდიში, ამ კითხვაზე, ჩემო ბატონო, მაგრამ თუ მეტყვი რამდენი დღეა კვირაში. მელიამ ჩაიცინა. – დამცინით ხომ, ჩემო ბატონო, ასეც ვიცოდი და ამდენი ხანი სწორედ ამიტომ ვერ შემოგკადრე ეს კითხვა. – რამდენია და შვიდი. – ოჰ! კიდევ დამცინით ხომ ბატონო? – აბა, თუ ჩემი პასუხი არ მოგწონს, შენ მითხარი რამდენი დღეც არის იმ შენს კვირაში. – ჩემი ისევეა მთელი კვირა, როგორც შენი, მელია ბატონო. – ჰო, კარგი, კარგი, იყვეს ორივესი, მაგრამ თუ სადგისი ხარ, ამიხსენი, რაღა ჩემთვის არის შვიდი დღე და შენთვის ექვსი. – საიდან დავიწყო? – საიდანაც გინდა იქედან დაიწყე, ოღონდ ამიხსენი. – კვირა ხოა დღე? – დღეა! – დაუდასტურა მელიამ. – ორშაბათი? – ეგეც დღეა! – ოთხშაბათი? – რაღა თქმა უნდა, ოთხშაბათიც დღეა! – ხუთშაბათი? – ხუთშაბათიც! – შაბათი? – შაბათი ხო დღეა და დღეა? – აბა, მაშ რამდენი დღე ყოფილა კვირაში ბატონო მელია? – შენ რაც დააშავე ექვსი, მაგრამ პარასკევმა რა დააშავა? – ის დააშავა ბატონო მელია, რომ იქ სადაც მე ოცი წელი ვმუშაობდი თერძთან არ მახსოვს ვინმეს იმ სოფელში ერთი მეორისთვის გადაბრუნებული სიტყვა ეთქვას. მოვიდოდა მუშტარი, მისცემდა ჩემს ბატონს შეკვეთას და იკითხავდა: – როდის გამოვიარო? – დღეს რა დღეა? – სამშაბათი. – მოდი ხუთშაბათს და მზად იქნება. მუშტარი მოვიდოდა ხუთშაბათს და კოხტად, ლამაზად გახვეულ შეკვეთას ამოიდებდა იღლიაში, ერთი ორი ტკბილი სიტყვით დაგვემშვიდობებოდა და მიდიოდა. ასე იყო, მანამ ისეთ შარს არ გადავეყარეთ, დღესაც აღარა მჯერა რო კვირაში შვიდი დღეა.ზამთრის ამბავი ხო იცი. თანაც ისეთ ადგილზეა ჩვენი სოფელი, თვიდან, თვემდე სარებს არჭობენ ჩვენი სოფლელები რო თვეები ერთმანეთში არ აერიოთ და თებერვალი იანვრისაგან გამოარჩიონ. დღეების გარჩევას ვიღა დაგიდევს და გადის ეგე ზამთარი, მაგრამ იმ წელიწადს რაღაც უბედურება მოხდა სოფლის თავს.გამოვიდა ერთ დილით საფიხვნოში ბერდიათ აპარეკი, დაჯდა მზის გულზე, ყალიონი გამართა და თქვა: – ავი ამბავია, ძალიან ავი ამბავი, ან ომი მახდების დედამიწაზე და ცამესკვლევთ ერთი მესკვლევი დააკლდების, ანდა ხალხის გაჟუჟვა მახდება დედამიწაზე. აპარეკი სოფელში კიხთული კაცი იყო და ყველამ შიშით მიიღო მისი ნათქვამი. – რაი ამბავია აპარეკო, ხატის ლიშანი ხო არცრაით რა გეცნო? – ჰკითხა ბაღათერამ. – სალოცავებს დიდება ჰქონდეთ და თქვენ დღეგრძელობა, მაგრამ სათვალავი კი დააკლდა წუხელ შვიდეულს. – როგორ? რანაირად? – გამოვედი და ვითვლი მესკვლევებს, ერთი მაკლია სათვალავში. ღმერთო ჩემო, ვითვლი და პარასკევი მაკლია. მოიცა, მოიცა, შენ შეიძლება სათვალავი აგერია, ამბობს ჯღუნაი და ითვლის: – კვირა იყო? – იყო! – ორშაბათი იყო? – ორშაბათი? ჰო, ჰო იყო, ორშაბათს არ ჩამოვზიდეთ თივა. – სამშაბათი? – იყო. – ოთხშაბათი? – იყო. – ხუთშაბათი? – იყო. – პარასკევი? . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . სიჩუმე. – ხალხო, პარასკევი იყო, თუ არ იყო? – მე არ მახსოვს – ამბობს აპარეკი. – არც მე – უდასტურებს მგელიკა. – არც მწარიას ახსოვს, არც ხეჩოს, არც გამიხარდას. – ქალებო, თქვენ მაინც არ გახსოვთ? – ეკითხებიან ცოლებს. – რაი ვიცით, ვითომ იყო, ვითომ არ იყო, მთელი კვირა ისე გადაუღებლად თოვს, სად გაარჩევ რომელია პარასკევი და რომელი სამშაბათი, ხუთშაბათს და ორშაბათს კიდევ როგორმე გამოარჩევს კაცი. – კაცებო, ესე უსაქმოდ და უგულისყუროდ ყოფნა არ გამოდგების. ღმერთმა შვიდი დღე ჩაგვაბარა და ერთი უგზო-უკვლოდ დავკარგეთ, – თავისას არ იშლის აპარეკი. – აბა, ამ თოვლში საით გამაჩნდება, შაბათი რო იყოს ან ხუთშაბათი კიდევ მიაგნებდა კაცი, ანდა იქნება წესიერად ვერ ვითვლით, საცა აქამდე არ გამაჰკლებია დიდ შვიდეულს, ეხლა რაისთვის გამააკლდებოდა. – გამოკლებულია და ეგ არის, აიღეთ თოფები და ვინც პარასკევს ჩვენს სოფელში რაიმე აწყენინეთ ილოცეთ, ეხვეწეთ, რომ ისევ დაგვიბრუნდეს. თოფ-იარაღში ჩამჯდარი ვანისკრელები მთის ფერდობებზე შეუყვნენ აღმართს. ქიდაქის იქეთ იყო ბაკურხევი, სადაც ხევსურეთში განთქმული ალდია ფიცხელაური დაუხვდა სტუმრებს. გაიმართა ლხინი. ხის ხონჩებზე დაყრილ ხინკალს ორთქლი აუვიდა. ხისავე ქაფქირით ერთი ცალი ხინკალი მოატარა წაღმა ხონჩაზე დაყრილ ხინკლებს მასპინძელმა და დაილოცა: – ღმერთო, ნათელში ამყოფე ჩვენგან წასულების სულები. ვისაც ხინკალი უყვარდა და დღეს სამზეოზე აღარ არიან, იმათ წინაშემც იდგმება ეს სუფრა. – ამინ! ამინ! – წამოაძახეს აქეთ იქიდან. იმ ღამეს გვიანობამდე გაგრძელდა ქეიფი და დილით რომ გაიღვიძა, ერდოში ხელისტოლა ფრტენებს მოჰკრა თვალი აპარეკამ. – ბათირავ! – შეეხმიანა აპარეკაი ძმადნაფიცს. – იმ შენ მამაპაპათ სალოცავებს გაფიცებ, კვირაში რამდენი დღეა? – იმდენი, რამდენიც იმ დალოცვილმა ღმერთმა დაგვიწესა. – შვიდი? – შვიდი. – ერთი ხო ორშაბათია? – დიახ. – სამშაბათი? – დიახ. ოთხშაბათი? – დიახ. დინჯად პასუხობდა აპარეკას ბათირა. კაცს რომ მათთვის მოესმინა, იფიქრებდა ღმერთმა ეს-ესაა შექმნა სამყარო და რაკი შვიდი დღე დააწესა ამ აპარეკასი და ბათირას მეტი ვეღარავინ ნახა და ამათ მიანდო დღეებისთვის სახელების შერქმევაო. – ბათირავ, ვიცი რომ ხვალ ხუთშაბათია, ზეგ შაბათი, – როგორღაც იმედის ძაფს ჩაეჭიდა აპარეკი. – პარასკევი? რაო, პარასკევი ღმერთის შექმნილი არ არის თუ შიგ რომ შაბათი არ ურევია, იმიტომ გამოსტოვე, ჰა? – ცხენივით ჩაიხვიხვინა ბათარეკმა. – მაშ, პარასკევი არ დაკარგულა?! – ბალღივით წამოხტა აპარეკი. – რაი ვიცი, ჩვენ სოფელში ვიღაცები მაეხეტნენ, ერთი კვირა იქ დარჩნენ და გვიმტკიცებდნენ, რო პარასკევი მოიკვეთა ქრისტე ღმერთმა თავის დღეებიდანო. იმის მერე დავდევთ და ვეძებთ პარასკევს, – თქვა ბათირამ. – ჰოდა, ზეგ ნახავთ როგორ პარასკევსაც ვიზეიმებთ მაღალი ღმერთის სადიდებლად! – ჩაიროხროხა აპარეკამ და როხროხს ცხენივით ჭიხვინი მოაყოლა. . . . ირიჟრაჟა. ხევისბერმა ზარები დარეკა. სალოცავად მისულმა ხალხმა ქუდები მოიხადა. ხევისბერმა ლოცვა წამოიწყო : – დიდება ღმერთსა, მადლი ღმერთსა, დიდება კვირესა, კვირე ძლიერსა, ღვთის კარის მაშვენებელ მთავარანგელოზსა! თავდაპირველად ღმერთმა შექმნა ცა და მიწა. მიწა იყო უსახო და უდაბური, ბნელი იდო უფსკრულზე და სული ღვთისა იძვროდა წყლებს ზემოთ. თქვა ღმერთმა: იყო ნათელი! და იქმნა ნათელი. დაინახა ღმერთმა, რომ ნათელი კარგი იყო და გაჰყარა ნათელი და ბნელი. – დიდება ღმერთის ძალასა! – ჯიხვის ყანწით შესვა ღმერთის სადიდებელი ბათარეკმა. – დიდება! დიდება! – აჰყვნენ სხვებიც და ისეთი არყის სმა გაჩაღდა, სულ მალე ერთ-ურთს ვეღარა სცნობდნენ. – პარასკევი არ გინახიათ? – წარამარა კითხულობდა ბათარეკი. – ვინა, ვინა?! – პარასკევი. – ვნახავ და კარგ ხეირსაც შაეყრება, ავკაფავ ხვთის მადლმა. – რაისთვი აჰკაფავ?! – იწყინა ბათარეკმა. – ეგრე მწადის და იმადა! – თითსაც ვერ დააკარებ, მე აქ ვირების საწველად კი არა ვარ მოსული, რით ვერ გაიგე რო პარასკევს ვეძებ. – გიპოვავ შენი პარასკევი და ეგ არის! – მთელი ძალღონით გადაჰკრა ბათარეკს ხირჩლამ გველისპირული. სისხლზე წინ-წინ ტვინმა იჩქეფა. – აეგაც შენი პარასკევი! – ნიშნისმოგებით მიაძახა წაქცეულ ბათარეკს ხირჩლამ. იმან არ იცოდა, რომ მართლაც დაჰკარგა ბათარეკამ პარასკევი და ხირჩლამ ჩვეულებისამებრ ჩხუბში გამოსაწვევად მიიღო მისი შეკითხვა. . . . ადრე ეგეთი წესი იყო: სამ დღეზე მეტს არ აჩერებდნენ სამზეოზე მიცვალებულს. პარასკევს მოკლეს ბათარეკი. შაბათმა ხარჯის სამზადისში ჩაიარა. კვირამ, მანამდე ცაზეგადახრილი მთის ნაგრილები დაიძრებოდა მთებსა და მთებს შორის, მანამდე მიიბარა ბათარეკი. . . . ათასჯერა თოვს იმ სოფელში და ხანდახან დღეები კი არა, თვეები აგერევა კაცს ერთმანეთში. ათასჯერ ცა იღუშება და სეტყვა მოდის. ათასჯერ ქარი და წვიმა ერევა ერთ-ურთს.პარასკევი კი იმ დღის მერე აღარავის აღარ ავიწყდება და რაიმე ამბის გახსენება რომ უნდათ, ასე ამბობენ: შვიდი წელი არც კი გასულა სრულად იმ დღის მერე, რაც ის სულგანათლებული ბათარეკი მოკლეს პარასკევ დღეს. ბათარეკის საფლავსაც ორად-ორი სიტყვა აწერია მხოლოდ: ბათარეკი – პარასკევი! . . . პატივჭემულო მელია! მინდა მოგახსენოთ, რომ პარასკევი არც დაკარგულა და არც დამალულა. ეს ყველაფერი წინასაარჩევნო ფანდია. კიდევ კარგი ბათარეკის სიკვდილით დროზე გამოაშკარავდა, თორემ ვინ იცის რას გიპირებდნენ. თქვენი მონა-მორჩილი – სადგისი! მინაწერი სადგისის საიდუმლო ინფორმაციაზე ბათარეკისა და პარასკევის შესახებ: მე დიდად ვაფასებ თქვენს მცდელობას, რათა თვალთა ხედვიდან არ გამოგრჩეთ არც ერთი საგნის წარსული, რომლებიც ჩვენს მუზეუმში ინახებიან და უყურადღებოდ არ ტოვებთ არც იმათ , ვინც მუზეუმის გარეთ არიან. ავიღოთ თუნდაც სულგანათლებული ბათარეკი, რომელმაც თქვენი თქმით მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ დაკარგა პარასკევი, რომ შემდეგში ჩვენთვის თავგზა აებნია არჩევნებში. თუ ასეა, წინათგრძნობას რა პასუხი გავცეთ მერე? განა პარასკევ დღეს არ გარდაიცვალა აპარეკი? თქვენ რა, ეჭვი გაქვთ რომ არჩევნებს მოვიგებთ?!!! სადგისო!!!ბათარეკის ამბები რომ გამოიკვლიე, ის რატომ დაგავიწყდა დიდთოვლობისას რომ გადამარჩინა ბათარეკმა.პარასკევი განგებ დაავიწყდაო, რომ ამბობ, განა დაიარება ქვეყანაზე რომელიმე კაცი, რომელსაც თავისი სიცოცხლის მანძილზე ერთხელ მაინც არ დაავიწყდება წელიწადის თვე, რიცხვი და თუნდაც ის შენი სანაქებო პარასკევი. რა ქნას კაცმა, ისეთ მთებში ვცხოვრობთ, ხანდახან ისე თოვს, დღეს და ღამეს ვერ გაარჩევ ერთ- ურთისაგან.ერთხელ მთელი ათი დღე გამომკეტა სოროში თოვლმა. იმდენი ეთოვა, ძლივს გამოვიგნე სოროდან გამოსასვლელი. მივდივარ, მივლასლასებ, საით მე თვითონაც არ ვიცი. უაზრობაა ამხელა თოვლში თაგვის სოროების თხრა. ისევ სოფელს უნდა მივატანო როგორმე. ძაღლების ყეფას მივაყურადე და იქეთ წავლასლასდი. თოვს. წინ ძლივს მივიკვლევ სავალ ბილიკს. ძაღლების ყეფაზე ვგრძნობ, რომ სოფლისკენ მივდივარ. მერე სინათლეებიც აკიაფდა. როგორც ჩანს ამ ღამით ამ სოფლის სტუმარი ვიქნები, ამას ძაღლების ყეფაზე ვატყობ; ერთ წუთს რომ სოფლის თავს ყეფენ, მეორე წუთში სოფლის ბოლოსაკენ გარბიან. მე ისე ვარ შიმშილით დასუსტებული, ძაღლმა კი არა, კურდღელმა რომ ჩამიქროლოს, ფეხზე ვერ დავდგები. არა და მართლა ჩამიქროლა გვერდზე კურდღელმა, რომელსაც დიდი ბომბორა ძაღლი მისდევდა. მე ჩემთვის გავიფიქრე, ეგ ძაღლი მაგ კურდღლის დამჭერი არ არის, მოდი ამ თივაში შევიმალები და გათენებისას ისე როგორ გამწირავს გამჩენი, ერთი ბეღურა მაინც არ მოვინადირო . წინა თათებით ღრმად გამოვღრუნტე თივის ზვინი და შიგ ჩავწექი. ცოტა ხანს კიდევ ყურს ვუგდებდი ძაღლებისა და მელკურდღლების გნიასს, მერე ძილმა წამართვა თავი და ღრმად ჩამეძინა.დილით კაცის ხმამ გამომაღვიძა. შევხედე, ბათარეკი დგას ჩემს წინ. გაქცევა დავაპირე, მაგრამ სად გაიქცევი, ისედაც ცარიელი ძვალი და ტყავი ვარ. – ბალღოო, წითელი დედალი რო გვყავს, ის ჩამაიყვა! –გასძახა შვილს ბათარეკმა. იმისმა ბიჭმა სახელდახელოდ მოარბენინა წითელი დედალი. – თოკიც ჩამაიტა! – ისევ გაგზავნა ბალღი ბათარეკმა. გარშემო სოფლის ძაღლები მოგროვდნენ და ავი ღრენით მეტანებოდნენ.ბათარეკმა ღობის მარგილი მოგლიჯა და ძაღლებს დაერია გინებით: – ვერა ხედავთ, თქვე შობელძაღლებო, რო სტუმარია შემოხიზნებული. საქურდნელად რო იყოს მოსული, განა ამ თივის ზვინში დაიძინებდა, ან ეგრე ადვილად დაგვეჭერინებოდა. ნადირია და თავისებური ნდობა მაგასაცა აქვს ჩვენს მიმართ. ვეცნეთ და გავგლიჯოთ? ა, ბეჩავ ბიჭებო? ა, ბეჩავ ძაღლებო! აბა რატო იმათ ვერ იჭერთ დღედაღამე სოფლის გარშემო რო დარბიან.ბალღებო მააშორეთ აქედან ძაღლები! – ბრძანა ბათარეკმა და ძაღლებს აღარც დასჭირვებიათ გაჯავრდომა, კუდამოძუებულები მოსცილდნენ იქაურობას.ერთ ხელში მე ამიყვანა ბათარეკმა, მეორეში წითელი დედალი, თოკი ჯიბეში ჩაიდო და იმ გზას დაადგა, რომელიც იმ ღამით მე გავკვალე და რომელიც ოდნავღა ეტყობოდა წუხანდელი ნათოვის მერე.გადავიარეთ მდინარე და როცა ტყის პირს მივუახლოვდით, ბათარეკმა თოკის ერთი ბოლო იმ წითელ დედალს გამოაბა, მეორე ბოლო მე შემაბა წინა ფეხზე და გამიშვა.იმდენი ძალაც აღარ მქონდა, რომ სოროსაკენ წამეთრია ქათამი, რომელიც თოვლში პტკნიალებდა და მშველელს ეძახდა. ბოლოს გამოჩნდა ეს მშველელიც, ჩემი მოსისხლე გელა.არ ვიცი საიდან მოვიკრიბე იმ დროს ძალა. გავექანე ჩემს მტერს და ძირს მოვიქციე.ბათარეკი, უკვე შორს იყო წასული და რაღა თქმა უნდა ვერ დაინახა როგორ მოვკალი იმ დღეს ჩემი მოსისხლე.მე არ ვიცი რა დღე იყო იმ დღეს: ორშაბათი, სამშაბათი, ოთხშაბათი, ხუთშაბათი, პარასკევი, შაბათი, თუ კვირა.ერთს კი ვნატრობ, ნეტავ ცოტა ხნით გააცოცხლა ბათარეკი რომ ვთხოვო – რის ჩამოკიდებას ისურვებდა მისი ნაქონი ნივთებიდან გუდამაყრის მუზეუმში ჩამოსაკიდებლად, მანამდე კი რაკი ყველანი რაღაცას ვკარგავთ და რაღაცას ვპოულობთ, მოდი ბათარეკის საპატივსაცემოდ კედელზე დავაწეროთ – ვიპოვეთ, პარასკევი ვიპოვეთ ხალხნო! საქმე №8. საქართველოს ხალიჩა (საიდუმლო ინფორმაცია გუდამაყრის მუზეუმის აღმოსავლეთ კედელზე ჩამოკიდებულ ხალიჩაზე, რომელსაც საქართველოს რუკის ფორმა აქვს) თქვენო, აღმატებულებავ!თქვენცა ხართ მოწმე და მეც არა ერთხელ მომიხსენებია, რომ ამ ბოლო დროს იმდენმა სამუზეუმო ექსპონატმა დაიკავა საქართველოს ხალიჩაზე ჩუმ-ჩუმად ადგილი, თუ ესე გაგრძელდა, ერთ მშვენიერ დღეს ვეღარ გაუძლებენ სამაგრები და ყველანი ერთ-ურთში ავირევით.ამასთანავე უნდა მოგახსენოთ , რომ მუზეუმს გარედან შემოდის ინფორმაციები, რომ შავი არაგვი საფრთხეს უქმნის არა მარტო რუსების მიერ აშენებულ ბასტიონს, თანდათან ძირს უთხრის პირიმზის სალოცავ მოედანს და ჩვენს მუზეუმსაც. ბრძანება გუდამაყრის მუზეუმის პრეზიდენტი ვბრძანებ: 1. გამაგრდეს ჯებირი, რომელიც საფრთხეს უქმნის მუზეუმს. 2. დაუყოვნებლივ ჩამოიხსნას კედლებიდან: ხმლები, ხანჯლები, თოფები, მშვილდ-ისრები, ბოძლები და კიდევ ის იარაღები, რაც საშიშროებას უქმნიან გუდამაყრის მუზეუმში თავმოყრილ დემოკრატიულ იარაღებს. 3. მომზადდეს პირობები ჭეშმარიტად დემოკრატიული არჩევნებისათვის. ჩვენი დევიზია: ჩვენ დავიწყეთ და ჩვენ დავამთავრებთ. ხოლო ამ გზაზე გამოვიყენებთ ბრძოლის ყველა ხერხს. 4. გუდამაყრის მუზეუმში ინახება ლუდის სახდელი მოწყობილობა და მე მინდა, მავანი და მავანი გავაფრთხილო, რომ ლუდი ეროვნული სასმელია, რითიც ჩვენი მამა-პაპანი ამაყობდნენ და დარჩება კიდეც საამაყოდ, თუ ზოგიერთები გონს მოეგებიან. 5. თვითეული ბუჩქის უკან ვინ ზის და თვითეულ „ბუტკას“ ვინ მფარველობს, ყველაფერი ვიცი. დადგება დრო და ყველას ყველაფერი მოეკითხება 6. არჩევნები ბათილად ჩაეთვლებათ მათ, ვინც საარჩევნო კანონს დაარღვევს. თქვენ კარგად იცით ვისაც ვგულისხმობ ამათში. გუდამაყრის მუზეუმის პრეზიდენტი – მელია. ბატონო მელია! არის კიდევ რამდენიმე საკამათო ნივთი ჩვენს მუზეუმში, რაც არეულობას ქმნის და თქვენი ნებართვის გარეშე არ გადაწყდება მათი ან მუზეუმიდან გატანა, ან სკივრში, თუნდაც კიდობანში ჩაკეტვა. ამ ნივთების შესახებაც მაქვს საქმეები შედგენილი და თუ თქვენი ბრწყინვალება ინებებს, მოგართმევთ. საქმე №9. ლენინი (საიდუმლო ინფორმაცია ისევ ლენინის ტანზე, თუ სტალინის წელსზემოთამხარეზე) როგორც მოგეხსენებათ ეს ორი ბიუსტი სადავო გახდა. თავდაპირველად როგორც მოგახსენეთ და როგორც ანალიზებიც ადასტურებენ; ბასტიონის ეზოში ჯერ ნიკოლოზის ძეგლი დაუდგამთ რუსებს; მერე როცა ნიკოლოზი გადააგდეს, საძირკველი დატოვეს და ზედ ლენინის ძეგლი წამოჭიმეს, მაგრამ ლენინის გარდაცვალების მერე ხელახლა აიღეს ძეგლი და ნიკოლოზისდროინდელ ბრინჯაოს საძირკველზე ისევ სტალინის ძეგლი წამოჭიმეს აღმოსავლეთისაკენ ხელგაშვერილი. მაგრამ ხომ გითხარით რომ აღმოსავლეთის მთაზე პირიმზის სალოცავის ეკლესია დგას და ვეღარც დაანგრიეს კომუნისტებმა ეს ლამაზი ეკლესია, არა და ისე გამოდიოდა, თითქოს აღმოსავლეთისაკენ ხელგაშვერილი სტალინი ეკლესიას ესალმებოდა. ეეხ, რამდენი რამე იცვლება მზის ქვეშეთში და სტალინის ძეგლსაც მოუწია ჩამობრძანება, ოღონდ ამჟამად საქმე გააიოლეს და მკერდთან გადახერხეს სტალინის ძეგლი, ასევე მკერდთანგადახერხილი ლენინის ძეგლი მოიტანეს საიდანღაც და ისე ლამაზად დააწებეს, კრუპსკაიას მეტი ვერავინ მიხვდებოდა წელს ქვემოთ ლენინი იყო თუ არა. ერთი ის იყო ლენინსა და სტალინს შორის განსხვავება, სტალინს აღმოსავლეთისკენ ჰქონდა ხელი გაშვერილი, ამას ხან დასავლეთისკენ და ხან სამხრეთისკენ. ეს იმაზე იყო დამოკიდებული, რამდენი ბალღი დავეკიდებოდით გაშვერილ ხელზე და საით მხარეს გაიხსნებოდა წებო. აკი მოგიყევით კიდეც და ისე მომწონს ეს ისტორია, ძალიან გთხოვთ კიდევ მოგიყვებით. ძირს თოვლია, ბალღები ლენინის ხელზე ვკიდივართ, როგორც ტურნიკზე (აბა იმ მიყრუებულ მთის სოფელში სხვა ტურნიკს ჩვენ ვინ გვაღირსებდა) ვკიდივართ და ვქანაობთ. უცებ სტალინის ძეგლზე გადაწებებული ლენინი ქანაობას იწყებს, გადმოქანდება იმ მხარეზე საითაც ხელი აქვს გაშვერილი, ჩვენ თოვლში ვეფლობით და ჩვენი ძია ლენინი ზემოდან გვეცემა.შემდეგ არის ასეთი სურათი: ჩვენ და ლენინი თოვლში ვართ ჩაფლული. ლენინს დიდი ამბით ეხმარებიან უფროსები და გაშვერილ ხელზე ეძაგრებიან რომ წამოაყენონ. ჩვენ კი ყარაული მოგვდგომია (ეხლა ვფიქრობ, ლენინს რად უნდოდა ყარაული, მე შენ გეტყვი გაიქცეოდა სადმე, ისედაც სოსოს ფეხებზე იდგა და იდგა). ეხლა ვფიქრობ ამას თორემ, აბა მაშინ გენახათ რა ბაგა-ბუგი გაჰქონდა ჩემ გულს. გვირტყამს ყარაული ჩექმიან წიხლებს და გვაგინებს: მამათქვენი ხომ არა გგონიათ რომ ხელებზე ეკიდებით მე თქვენი ასე და ისეო. მერე, ლენინი რომ გადააგდეს, მივადექით იმ ყარაულს, მოვიხადეთ ქუდები და ვუსამძიმრებთ. მიტკლის ფერი დაედო კაცსა, ძლივს ამოღერღა: რა იყო ხალხო, რა ამბავია ჩემ თავსა?! – მამის სული გაგინათლოს ღმერთმა. – რას ამბობთ, ხალხო, ორმოცი წელია მიწას არის ამოფარებული მამაჩემი! – უფრო შეიცხადა ყარაულმა. – მაშინ მამინაცვლის სული გაგინათლოს. – ნუ გადამრიეთ კაცო, ხალხი არა ხართ, ობლობითა ვარ ამოზრდილი, სადა მყოლია მამინაცვალი, ვის გინახიათ, სად გინახიათ? – სუყველას, ვინც აქა ვდგევართ. – ვინა კაცო, სადა?! – სადა და აი აქა, თავგამოდებით რომ იცავდი და ერთი ნეკნი აღარ შეგვარჩინე მთელი. – მაშინ, ხალხო, მთავრობის დავალება მქონდა, დრო იყო ეგეთი, – შიშით აკანკალდა ყარაული. – ეხლა რომ გითხრათ, მუზეუმიდან გამოიტანე და გადააგდე მდინარეშიო, გადააგდებ? – მე ნუ, მე ნუ, მე ნუ გადამაგდებინებთ ხალხო, რა ვიცი რა დრო მოვიდეს, მარტო ჩემ ხსოვნას სამი ძეგლი იდგა ამ კვარცხლბეკზე. იყოს იმ მუზეუმში და ეგდოს თავისთვის კუთხეში, ოღონდ მე ნუ გამომატანინებთ, შვილიშვილების პატრონი ვარ. გეხვეწებით, გემუდარებით! არ გაისვარეს საბრალო ყარაულის სისხლით გუდამაყრელებმა ხელები. – წადი, მოშორდი აქაურობას, ეგ ბიუსტი კი მაგავ კუთხეში ეგდოს სადაც გდია, – უთხრა შუღლიანთ სებამ. ყარაული ქუდმოხდილი გავიდა მუზეუმიდან. – ამის მეტად უდროო დროს ნუღარაფერი მოგვესამძიმრებინოს შენთვის, – მიაძახა ხალხმა ყარაულს. საქმე №10. ვეფხისტყაოსანი (საიდუმლო ინფორმაცია მზექალზე, რომელიც სიკვდილის მერე უცნაურად დაიტირეს) რა არის ადამიანი? ხანი, მანძილი, დრო დაბადებასა და გარდაცვალებას შორის.ამას ჩვენ ვფიქრობთ, აქაური დროის საზომით , მაგრამ ადამიანი უპირველესად ღმერთის ქმნილებაა, რომელსაც უდგას ღმერთის სული, დადის და სუნთქავს.უპირველესად ადამიანი არის ღმერთის სული, ხანდახან კი, ეშმაკი ცდილობს ადამიანიდან განდევნოს ღვთის სული და თვითონ ჩასახლდეს იქ.იმისათვის რომ ადამიანებმა ატარონ ჭეშმარიტად ღმერთის სული, ჩვენ მაღალმა შემოქმედმა მოგვცა ღვთის სიტყვა. ღვთის სიტყვა გვასწავლის, სული როგორ უნდა გადავირჩინოთ ამ ქვეყანაზე, როგორ უნდა დავუპირისპირდეთ ეშმაკს, რომელიც ცდილობს ჩვენგან განდევნოს ღმერთის სული და თვითოთ ჩაიბუდოს, თვითონ იფშვინვიეროს ჩვენში. გუდამაყარში ცხოვრობდა ულამაზესი გოგო, რომელსაც მზექალს ეძახდნენ. ავი სული აწვალებდა მზექალს. ბალღობის დროს ცდილობდა მის არსებაში ჩასახლებას. ხანდახან დამუნჯდებოდა და თვეობით ხმას არ იღებდა. მშობლებს დაჰყავდათ მკითხავებთან, ადგენდნენ ხატების მიზეზებს და ხოცდნენ შესაწირ საკლავებს. მზექალს არაფერ არ შველოდა.ხანდახან უამბობდნენ ზღაპრებს, რომლებიც ძალიან მოსწონდა. ერთხელაც მათსოფელში მოიყვანეს პატარძალი, რომელმაც წერა-კითხვა იცოდა და მზითევში ვეფხისტყაოსანი მოჰყვა.პატარძალმა მზექალს ვეფხისტყაოსანი წაუკითხა და ამ ამბავმა ისე იმოქმედა მზექალზე, დღედაღამე მოსვენება დაუკარგა პატარძალს. – აცადე, ქმართან ალერსი მაინც აცადე, – დასცინოდნენ მეზობლები მზექალს, რომელიც ნაირ-ნაირ სამკაულებს ჩუქნიდა პატარძალს, რომ კიდევ და კიდევ წაეკითხა მისთვის ვეფხისტყაოსანი.ერთ თვეში მთელი ვეფხისტყაოსანი ზეპირად იცოდა მზექალმა. ახლა ის უყვებოდა თავის თანატოლებს ამ საოცარ პოემას და ცდილობდა მათაც ზეპირად ესწავლათ ეს საოცარი ამბავი. გათხოვდა მზექალი. ასე ეგონა ტარიელს ან ავთანდილს მისთხოვდა და ერთი სული ჰქონდა წაეკითხა ქმრისთვის ეს პოემა. – იცი, უნდა გაგახარო? – რითი? – ეკითხება ქმარი. – ვეფხისტყაოსანი უნდა მოგიყვე. – ვეფხისტყაოსანი კი არა, სამკალს მიხედე თორემ ტყავს გაგაძრობ,– მკვახედ მიუგო ქმარმა. ერთ ადგილზე გაშრა მზექალი. – არ გესმის რას გეუბნები?! – დაუღრიალა ქმარმა, – ააგე მზორეში ძნები? მზექალს უნდა სიტყვის თქმა, მაგრამ როგორც ბავშვობაში, ისევ ისე ჩაუვარდა ენა. – სიტყვის თქმის ღირსადაც აღარა მთვლი? – სახეში მაგრად გაულაწუნა ქმარმა.თავიხეზე ჩამოკიდებული ნახეს მზექალი. გულში ის ვეფხისტყაოსანი ჰქონდა ჩახუტებული, რომელიც პატარძლისაგან სამ ფარდაგად შეიძინა. იმ ფარდაგებზე ეხატა: ტარიელი, ნესტანი, ავთანდილი, თინათინი, ფრიდონი, თამარ მეფე, შოთა რუსთაველი და კიდევ ქართული ლაშქარი, რომელნიც ხმალდახმალ ეომებოდნენ ქაჯებს. რა თქმა უნდა, ეს ფარდაგები მზექალის მოქსოვილი იყო იმის საფასურად, რომ ვეფხისტყაოსანი შეეძინა პატარძლისაგან. მთაში ლექსად ტირიან. ლექსად დაიტირეს მზექალის სიკვდილი. ამ ლექსად დატირებაში იყო ერთი უდიდესი თხოვნა, რომელსაც მზექალს აბარებდნენ საიქიოში. სად მიხვალ მთვარის საყურევ ცის ოქროს ღილის სადარო, ღმერთსა ვთქოვთ, ეგ შენი წიგნი საიქიოშიც ატარო... და მერე იყო თხოვნა, რომ მათ უდროოდ წასულ შვილებსაც ასწავლოს საიქიოში ვეფხისტყაოსანი.არ ჩაატანეს სამარეში მზექალს ის წიგნი.რახან თავის მკვლელად ჩათვალეს, მღვდელმა ნება არ დართო ღმერთისა და სიყვარულისათვის სადიდებელი წიგნი თავისმკვლელისათვის ჩაეტანებინა.ახლა ეს წიგნი ჩვენ მუზეუმში ინახება. მისი ამბავი ერთი აქაური გლეხისაგან მაქვს მოსმენილი და თქვენ როგორც ახალი დროის შემოქმედს, როგორ მიგაჩნიათ ასეთი წიგნი ინახებოდეს იქ, სადაც თქვენნაირი დიდი პიროვნება განაგებს მუზეუმის საქმეს.მოწიწებით და პატივისცემით მარად თქვენი – სადგისი. P.S. მე შემიძლია თქვენი თანხმობის შემთხვევაში ვუბრძანო მუზეუმის ჩრჩილებს და ერთ თვეში ავთანდილი და ტარიელი კი არა, ქაჯებიც აღარ დარჩებიან მაგ წიგნიდან. . . . – მამავ, მამავ! – გვერდით მიუჯდა შუღლიანთ სებას ნაბოლარა ბიჭი, რომელმაც ყველი, გამხმარი პური და დოქით წყაროს წყალი შემოუტანა. ეს ბიჭი სიბერეში შეეძინა სებას და მამა-შვილს განსაკუთრებით უყვარდათ ერთ-ურთი. ცოლი და უფროსი ორი ბიჭი აღარც კი ელაპარაკებოდნენ სებას. ოჯახის მოღალატედ თვლიდნენ. – გიჟი ხარ, შენი ადგილი საგიჟეშია. ქვეყანა იმას ცდილობს რა შეიტანოს სახლში, რა ჩააცვას და დაახუროს ცოლ-შვილს, შენ კი დამდგარხარ და დათვებისა და მელიების ფიტულებს ებაასები. განა ტყუილად იძახის მთელი სოფელი შუღლიანთ სებაი გაგიჟებულაო. ეგღა გვაკლდა არა, რომ გიჟის შვილები ეძახონ შენ შვილებს. ვინ გამოატანს ამათ ქალებს. არა, არა, მეტს ვეღარ მოვითმენ, საგიჟეში უნდა წავაყვანინო შენი თავი! – ხმა ჩაიკმინდე, ქალო! – ისეთი მტკიცე ხმით უთხრა სებამ ცოლს, ქალმა იმ წუთას ხმა გაკმინდა და მუზეუმიდან გავიდა. – მამავ, მამავ! – ისევ ჩაილაპარაკა ჩუმად სებაის ნაბოლარა ბიჭმა. – რა იყო, მამა გენაცვალოს! – (მთის ხალხი ძუნწია როცა შვილებს ეფერებიან, მაგრამ სებაი ყოველთვის ისეთ უზომო სითბოსა და სიყვარულს გრძნობდა ამ ბიჭის მიმართ, სხვა სიტყვებს ვერ პოულობდა მის მოსაფერებლად). – მამავ, მართლა ხომ არ გაგიჟდები? – არა შვილო, რაისთვის უნდა გავგიჟდე? – რა ვიცი, ყველა ასე ამბობს, ქვეყანა თავზე გვენგრევა, სადაცაა მდინარე სოფელს ჩააგდებს და წაიღებს და ეგ კიდევ მუზეუმს ვერ ელევაო. წვიმების დროს ისე ანგრევს მდინარე მინდორს, სადაცაა ჩვენ სახლსაცა და მუზეუმსაც მოადგება. ღამე სულ შიშით ვიძინებთ, რომ მდინარემ სახლი არ წაიღოს. სოფელი ჯებირებს აშენებს, მაგრამ არაფერი არ შველის. ხალხი ამბობს, ეტყობა ღვთის რისხვაა, პირიმზის სალოცავის მოედანზე ჯერ რუსებმა რომ ააშენეს ბასტიონები, მერე კომუნისტები მოვიდნენ და საქონლის ფერმა ააშენეს, ეხლა კიდევ ამ სებამ მუზეუმი ააშენა და შიგ ათასი ცოდვიანი იარაღი და უწმინდური ცხოველის ფიტული გამოფინაო. – შენ გულს ნუ დაიღონებ ჩემო ბიჭო, მე არც გიჟი ვარ და არც გავგიჟდები. მუზეუმი იმისათვის არის საჭირო, რომ ერს თავისი წარსული, აწმყო და მომავალი ახსოვდეს. ჩვენ სხვანაირად ვერ გადავრჩებით ჩემო ბიჭო, მამა გენაცვალოს, აბა გახედე იმ გზას, კლდეებში რომ არის გაჭრილი, ეგ ჩვენი დიდი მეფის, ვახტანგ გორგასალის ნაგზევია. მოდი, რა წაგაკითხო. სებამ ბიჭი იმ ფარდაგთან მიიყვანა, სადაც საქართველოს რუკა იყო ამოქარგული და ზედ ვახტანგ მეფის ანდერძი ეწერა: ვახტანგის ანდერძი!მტკიცედა სდექით სარწმუნოებასა ზედა და ეძიებდით ქრისტესათვის სიკვდილსა, რათა მარადიული დიდება მოიგოთ.აი, შვილო, აი, ამ ფარდაგს ეს ანდერძი აწერია, ხოლო საკუთარი ავი ზრახვებისათვის მაძიებელნი უფრო მეტნი ეტანებიან ამ ფარდაგზე ყოფნას ვიდრე ისინი, ვინც ჭეშმარიტად მტკიცედ დგას სარწმუნოებასა ზედა და ქრისტესათვის სიკვდილს ეძიებს. მთავარი ამანდერძის და ამ ფარდაგის გადარჩენაა და თუ მე ვერ შევძელ, შენ უნდა შეძლო. ბიჭმა მამას მადლიერი თვალებით შეხედა. შუღლიანთ სებამ შვილის მოტანილი წყაროს წყლით გული გაიგრილა. – მე მგონი კიდევ წვიმას აპირებს, მამავ. ერდოში გამკრთალ ელვას შეხედა ბიჭმა. – ნუ გეშინია, მამა გენაცვალოს, ნუ გეშინია, მაღალი ღმერთი და ვახტანგის ანდერძი, ყოველთვის დაგვიფარავს ქართველებს, – დააიმედა მამამ მოსალოდნელი წვიმისაგან შეშინებული ბიჭი. – სახლი რომ გაგვტაცოს მდინარემ, მერე რა ვქნათ, მერე სად ვიცხოვროთ? – უფრო შეშინდა ბიჭი.იგი ერთიანად კანკალებდა და თან მამისაგან ელოდა პასუხს, ხანაც გარეთ იხედებოდა. მუზეუმში დატანებულ ერდოებში ელვა კრთებოდა, მელიისა და დათვის ფიტულებს ანათებდა და ეტყობა მან უფრო შეაშინა ბიჭი, ხალათი წამოიფარა თავზე და თავსხმაში გავარდა გარეთ.ღონემიხდილი ჩამოჯდა შუღლიანთ სება ტახტზე. ელვა თანდათან კრთებოდა და ელექტრონის შუქივით იყო განათებული მთელი მუზეუმი.მხოლოდ ერთი მხარე იყო დახუნძლული, ის მხარე, სადაც ფარდაგი ეკიდა. დანარჩენ სამ კედელზე ზოგან ფიწალი ეკიდა, ზოგან შრომაში გაცვეთილი გუთანი იყო კუთხეში მიყუდებული, ზოგან ათასი საკერებლით დაკემსილი ქალისა და კაცის სამოსი. მუზეუმის შუაგულში მინავლებული კერია იყო, თავიხეზე ჯაჭვი იყო ჩამობმული და ზედ შემურული ქვაბი ეკიდა.უცებ შუღლიანთ სებამ თვალი მოჰკრა, რომ ელვით განათებულ ერდოში რუსი ჯარისკაცის აჩრდილი შემოვიდა, მელიასთან მივიდა და ჩაუჩურჩულა: – დარეკეს. – ძალიან კარგი, – მოუწონა მელიამ. – ეს მუზეუმი დიდ საფრთხეს უქმნის ჩვენს საქმეს. ეს თუ არ მოისპო, ძველ ბასტიონს ვერაფრით ვერ ავაშენებთ. – დრო და მოთმინებაა საჭირო, დრო და მოთმინება. ამათ საჩვენო საქმე თუ ისე არ შევუმზადეთ, რომ თვითონვე არ დაშალეს მუზეუმი, ისე არაფერი არ გამოვა. – მაინც როგორ ფიქრობთ, რამდენი დრო დასჭირდება ამას? – ხუთი წელი მაინც კიდევ უნდა დავრჩე პრეზიდენტად, რომ ყოველგვარი სურვილი ჩავუკლა, რომ მუზეუმი ააშენონ, თორემ ამათი ამბავი რომ ვიცი, აიმ ერდოდან რომ ვახტანგ გორგასალის ნაგზევი ჩანს, იმ ნაგზევს მისტირიან და ის აძლევს ძალას. აი, ამ ფარდაგზე რომ ანდერძია ამოქარგული, ათასხუთასი წლის წინათ არის ნაანდერძევი და მაინც ეგ აძლევს ძალას. ამათ თუ ეროვნულობისა და წინაპართავე ყურების საფუძველი არ გამოაცალე, სხვანაირად მუზეუმების მშენებლობას არ მოიშლიან. მუზეუმი კი ამათთვის იგივეა, რაც სალოცავი. თოფები და ხმლები ხომ ჩავაკეტინე სკივრებში და კიდობნებში, ეხლა კიდევ ყველა ღონე უნდა ვიხმაროთ მომავალ სამუზეუმო არჩევნებში, რომ ბარმაც ჩვენ მოგვცეს ხმა, ქარჩმაც და ნიჩაბმაც. დამიჯერეთ, დროა საჭირო, დრო. – კარგით ბატონო მელია, წავედი. – კი ბატონო. ლანდი ის იყო ელვითგანათებულ ერდოში უნდა გასულიყო, რომ მელიამ მიაძახა: – მოდი ერთი წუთით. ლანდი მელიასთან მივიდა. – რომელი მხრიდან დარეკეს? – ჩრდილოეთიდან. – ესე იგი... დაფიქრდა მელია, – ესე იგი თქვენთვის დასავლეთიდან არ დაურეკიათ? – როგორც კი დარეკავენ, იმ წუთას მოგახსენებთ, ჩემო ბატონო! – თავისუფალი ხართ! – უბრძანა მელიამ და კუდით მიიხმო სადგისი. – რა თქვით, მუზეუმში ჩრჩილები მყავსო? – რამდენიც გნებავთ დიდო ბატონო! – მე რა მნებავს, ჩრჩილი რა ჯანდაბად მინდა, იცოდე ჩრჩილი არ დავინახო ჩემ ფიტულში შემომძვრალი თორემ, კიდობანში ამოგაყოფინებ თავს. – უწინ მე მოვიტეხ წვერს, მანამ თქვენ ჩრჩილს მოგაკარებთ. – რამდენიმე გაწვრთნილი ჩრჩილი თუ გყავს? – მყავს სხვადასხვა დარგში მომუშავეები, მაგრამ თქვენ მაინც რომელი გაინტერესებთ? – ჩემ ზემოთ რომ ანდერძი წერია, იმას ხედავ? – როგორ არ ვხედავ. – ასო-ასო რომ ამოჭამონ, აისეთი ჩრჩილები მჭირდება. – ეხლავე შევუდგები მაგ საქმეს! – ფარდაგზე ყოჩაღად გაგორდა სადგისი. მელიამ კუდი თავქვეშ ამოიდო და ტკბილად ჩაიძინა. არ ეძინათ ჩრჩილებს. არც სადგისს ეძინა, მორიგ საქმეებზე მუშაობდა. და რაც მთავარია არ ეძინა შუღლიანთ სებას. გარეთ ქუხდა. ელავდა, წვიმა აშხაპუნებდა და როგორც ჩანს არ ეძინა შუღლიანთ სებაის ნაბოლარა ბიჭს იმის შიშით, რომ მდინარეს იმათი სახლი არ წაეღო და ვინ იყო მშველელი, აღარ იცოდა. იმან ბევრი ვერ გაიგო იმ დღეს მამის საუბრიდან და რაც მთავარია ვერ გაიგო რატომ იყო ძველებურ ფარდაგზე ამოქარგული რამდენიმე სიტყვა, რომელსაც მამამისი ვახტანგის ანდერძს ეძახდა და რომელიც საკუთარ სახლზეც ძვირფასად მიაჩნდა. ბიჭს კი მთელი არსებით უყვარდა თავისი სახლი და ეშინოდა აბობოქრებულ მდინარეს არ წაერთვა მისთვის ეს სახლი.პატარა ბიჭებს ხშირად ორი რამე ეიმედებათ – მამა და საკუთარი სახლი.და როცა მამები ვერ ეხმარებიან და სახლს კი მდინარე უპირებს წაღებას, მათი გული თრთის და კანკალებს, როგორც ვარსკვლავი შუაღამის ნეტარებაში. საქმე №11. ფანდური, ანუ კაი ყმის სიმღერა (საიდუმლო ინფორმაცია ფანდურზე) მთაში კარგ კაცზე იტყვიან, ლექსივით აწყობილი კაციაო. მთაში ლექსი ლოცვის მაგიერია. ტირილითაც კი ლექსად ტირიან. უმეტესობა მოლექსეებისა ყაჩაღად იყვნენ გავარდნილი, ოღონდ ყაჩაღად არა იმ გაგებით, როგორცდღეს ხმარობენ ყაჩაღს. ყაჩაღი იმდროინდელი მთავრობის მოწინააღმდეგე იყო. ეს იყო ლექსივით აწყობილი კაცი, რომელიც ვერ ეგუებოდა რუსების კანონებს.ერთ-ერთი ასეთი ლექსივით აწყობილი კაცი, აი იმ ფანდურის პატრონი იყო, გულთაბოძზე რომ ჰკიდია სალამურის გვერდით. დაჯდებოდა ეს ყაჩაღად გავარდნილი კაცი და ფანდურის ხმაზე დაამღერებდა თავის გულის სათქმელს, აი, თუნდაც ასეთს: რა ვქნისა ციხე ავაგე ჯავრი შავაბი კარადა, საიქიოდან მოვიდნენ იმ ციხის სანახავადა. ბევრი უარეს გარშემო კარ ვერ გატეხეს ძალადა, მემრე თქვეს, ჟამი მოვალის კარ გაიხსნების თავადა. აი, სწორედ მაგ ფანდურზეა ეგ ლექსი ნამღერი და როგორ მოვიქცეთ, ისეთი ფანდური, რომლის პატრონიც ეგეთ ლექსს მღეროდა, მოგვცემს კი არჩევნებში ჩვენ ხმას? თუ გინდა მიბრძანე და ისეთ ადგილას გავხვრეტავ, მთელი ცხოვრება ხმას ვეღარ ამოიღებს, თუ არა და კიდობანში ჩავაკეტინოთ. მარად თქვენი მონა-მორჩილი – სადგისი! საქმე №12.ორაგულის ცხოვრება (ანუ საიდუმლო ინფორმაცია, რომელიც მელიას ვიღაც კაცმა მოუყვა იმ ღამეს ძალიან რომ წვიმდა) ესიზმრა მელიას: ზის ტახტზე და შემოიყვანეს მასთან მრჩეველი, პატარა, გაქუცული კაცი, წელში მოხრილი და არ ვიცი მელიას შიშით, არ ვიცი სიბერით, არ ვიცი მლიქვნელობით, ყოველ შემთხვევაში ასეთ ადამიანებს ვერ გაუგებ პრეზიდენტების წინაშე რატომ კანკალებენ. – თქვენ ახალი მრჩეველი ხართ, ხომ? – ეკითხება სიზმარში მელია. – დიახ, ბატონო მელია. – რა საკითხებში ერკვევით? – ძირითადად ფილოსოფიაში. – და რა არის ფილოსოფია? – გულწრფელად დაინტერესდა მელია. – ფილოსოფია, ჩემო ბატონო, ყველაფერია, ის რაც ღმერთმა შექმნა და კიდევ ის რაც კაცმა უნდა შექმნას საქმით, ან სიტყვით, უფრო სიტყვით. – და როგორ ფიქრობთ, მელია არ არის ფილოსოფოსი? – როგორ არა, როგორ არა, მელია ყველაზე დიდი ფილოსოფოსია ამ ქვეყანაზე. – რატომ და რა ღირსებით? – პირველ რიგში იმით, რომ ბრძენია, რაც გულში აქვს იმას მალავს და რაც სხვების გულშია იმას ყველაზე მეტად მელია ხვდება. – კიდევ? – კიდევ ის, რომ ტყუილის უდიდესი ნიჭი აქვს. ადამიანებს კი ხშირად სიმართლეზე მეტად ტყუილი უყვართ. ტყუილი ისეთი პურია რის სიგემრიელესაც მასები ადვილად იჯერებენ და თანაც რატომღაც ჰგონიათ რომ ეს პური დღეს თუ არა, ხვალ აუცილებლად დატკბება, ხვალ თუ არა ზეგ დატკბება და მელიასაც მეტი რა უნდა, იქნევს აქეთ-იქით თავის გრძელ კუდს და ხალხს თავს აწონებს თავისი სიბრძნით. – კიდევ? კიდევ რითია მელია დიდი ფილოსოფოსი? – მოთმინებით, ბოღმის გულში ჩადებით და სხვისი ხელით მტრის განადგურებით. იგი არასოდეს არა სტოვებს თავის უკან კვალს, ნაფეხურებს, გრძელ კუდს მიითრევს და შლის ამ კვალს. ძაღლი მელიაზე გაცილებით ნაკლები ფილოსოფოსია ამ შემთხვევაში, ჯერ ერთი იმიტომ, რომ პირდაპირ გიყეფს, მეორე კიდევ იმიტომ, რომ კუდი მაღლა აქვს აპრეხილი და თავის გავლილ კვალს ვერ შლის. დათვი ყველაზე ნაკლები ფილოსოფოსია, ჯერ ერთი იმიტომ, რომ თავისი დიდი ტორებით ყველგან დიდ კვალს ტოვებს და კაცი რომ ამ კვალზე გაივლის, აუცილებლად წააწყდება დათვის სკორეს. ის კიდევ თავის კვალზე სკორის მეტს არაფერს ტოვებს, რა ფილოსოფოსი უნდა იყოს. – ესე იგი, თქვენ ამბობთ, რომ მელია ყველაზე დიდი ფილოსოფოსია ცხოველთა შორის? – სრული ჭეშმარიტებაა. – და რა არის ჭეშმარიტება? – ის, რომ მელია ყველაზე დიდი ფილოსოფოსია ცხოველთა შორის და ამიტომაც არის ღირსი მუზეუმში ეჭიროს პრეზიდენტის თანამდებობა. – და კაცთა შორის ვინ არის ყველაზე დიდი ფილოსოფოსი, რომ მასაც ღირსეულად ეკუთვნოდეს არჩევნებში გამარჯვება თავისი დიდი ფილოსოფიური მჭერმეტყველებით და ამის მიხედვით პრეზიდენტის სავარძელი. – როგორ გითხრათ, ადამიანებს უამრავი ფილოსოფოსი ჰყავს, მაგრამ რატომღაც ადამიანებს არ უყვართ ფილოსოფია. ისინი თვითონ წარმოადგენენ იმ ფილოსოფიის ნაწილს, რომელშიც თვითონ ცხოვრობენ. ცხოვრებაში არსებობდნენ ისეთი დიდი ფილოსოფოსები, როგორიც კანტია, ჰეგელია, პლატონია, არისტოტელეა, ფროიდია და კიდევ ისეთი ადამიანია, რომელსაც ნიცშე ჰქვია. – ააა, ნიცშეე, ნიცშე! – მრავლისმეტყელად ჩაილაპარაკა მელიამ. – გიკვირთ არა ღმერთის სიკვდილი ბატონო მელია, მეც მიკვირს. – როგორ, უკვე მოკვდა? – წამოხტა სახეგაბადრული მელია. – არა, ეს ნიცშეს მოძღვრებაში, მაგრამ მთელი ნიცშეს ფილოსოფია, ის კი არ არის, რომ ადამიანებს აჩვენოს მკვდარი ღმერთი, ნიცშეს ფილოსოფია ღმერთისადმი დიდი სიყვარულია და იმის ცდაა რომ თავისი პროტესტით ღმერთისადმი, ადამიანებს დაუმტკიცოს, როგორ ტყუილად ჰგონიათ რომ ღმერთი მოკვდა. სხვა შემთხვევაში ნიცშე დაემსგავსებოდა იმ მეთევზეს, რომელმაც იცის რომ არ არსებობს მდინარე, იმ არარსებულ მდინარეში არ არსებობს თევზი და არ არსებობს მდინარის ნაპირი, სადაც შეიძლება იდგეს თვით ნიცშე, თავისი შემართული ანკესით, რომელსაც სხვა თუ არაფერი, სატყუარა ჭიაყელა მაინც უნდა ებას. და სწორედ ეს სატყუარა ჭიაყელაა, რითიც ფილოსოფოსები ისევე ატყუებენ ადამიანებს, როგორ თევზებს. და ნიცშემ იცის ყველაზე კარგად ეს ყველაფერი. – როგორ, ჩემზე კარგადაც? – არა, ადამიანებზე გეუბნებით. – და ვინ არის ადამიანებში ისეთი ფილოსოფოსი, რომელიც მდინარის პირასაც დგას, მომართული ანკესიც უჭირავს და მშვენივრადაც ისვრის წყალში, ისვრის და თევზიც მოებმება მის ნასროლ ანკესს. – აგერ, კედელზე რომ კაცის სურათი ჰკიდია, ის არის, ჩემო ბატონო. – და რა ჰქვია მაგ კაცს? – ვაჟა-ფშაველა. კაცი, რომელსაც შეეძლო მდინარეში ესროლა ანკესი, დაეჭირა ორაგული, გამოეხსნა ანკესიდან, გულზე ეკოცნა მისთვის და ისევ მდინარეში გაეშვა. – შუღლიანთ სებავ! შუღლიანთ სებავ! – იყვირა ნახევრად მძინარე მელიამ. სება მელიასთან მიიჭრა. – აიმ კაცის სურათს ხედავ? – კუდით ანიშნა სურათზე, რომელიც ერდოდან შემოჭრილმა ელვამ ისე გაანათა, როგორც წმინდანის ხატი ეკლესიაში. – ვხედავ, როგორ არ ვხედავ, მე კი არა ძილშიც კი ხედავს მაგის ხატებას მთელი ქვეყანა. – ხოდა სასწრაფოდ უნდა გადამალო კიდობანში, ცუდი სიზმარი ვნახე, ცუდი არაფერი მოუწიონ მაგ კაცს, თორემ ქვეყნის წინაშე კი არა, ორაგულის წინაშეც კი შევრცვხებით. – რომელი ორაგულის? – დაიბნა შუღლიანთ სება. – გადამალე, გადამალე, არჩევნების წინ ორაგულების მოყვარული კაცები ჩვენ არ გვჭირდება. – ამ კაცს ორგული კაცები არ უყვარდა ჩემო ბატონო, – სცადა ვაჟა-ფშაველას დაცვა შუღლიანთ სებამ. – ბუნტს მიწყობ? დავრეკო იქ სადაც საჭიროა და ერთ წუთში მოვასპობინო ეს მუზეუმი, თუ წესით და რიგით ჩავატაროთ არჩევნები და როცა ყველაფერი ჩაწყნარდება, ვაჟა-ფშაველაც ჩამოვკიდოთ ამ ფარდაგზე, თოფებიც და ხმლებიც. ეხლა რაც არის საჭირო, ის გააკეთე, გადამალე სკივრში ეგ კაცი. შუღლიანთ სებამ ხელის კანკალით ჩამოხსნა სურათი, თავის ნაქონ ხალათში შეახვია და კიდობანში ჩადო. გარეთ ქუხდა. ელავდა. კარზე ბრახა-ბრუხი ატყდა. – მამავ, მამავ! – მოისმა შუღლიანთ სებას ნაბოლარა ბიჭის განწირული ძახილი. სებამ კარი გააღო. ბიჭი ტირილით შემოვარდა. – წაიღო მამავ, წაიღო! – რა წაიღო შვილო, მამა გენაცვალოს, დაწყნარდი და ისე მითხარი. – ჩვენი ბროლია წაიღო მდინარემ მამავ, აშვება ვეღარ მოვასწარი, მარგილი მოთხარა და ბროლიაც თან წაიღო! – დაწყნარდი შვილო, მამა გენაცვალოს, ბროლია მაგარია, ეგრე ადვილად არ დაეხრჩობინება მდინარეს. – სახლსაც წაგვართმევს მდინარე მამავ, თუ ჯებირი არ გავამაგრეთ, წამო მოგვხედე, გაანებე ამ მუზეუმს თავი, ხომ ხედავ ფიტულების მეტი არაფერია აქ. – დაწყნარდი, მამა გენაცვალოს, დაწყნარდი, მოდი ტახტზე წამოწექი და შეგამშრალებ. – რა დროს ტახტზე წამოწოლაა მამავ, ჯებირი თუ არ გავამაგრეთ, სახლს წაიღებს მდინარე. შუღლიანთ სებამ შვილის მუდარას ვეღარ გაუძლო და ჯებირის გასამაგრებლად გაცვივდნენ გარეთ. სებაის დიდი ბიჭები უკვე ამაგრებდნენ ჯებირს. სებაის ცოლიც კაცივით ეხმარებოდა შვილებს. კლდის გაყოლებით ფიჩხს ალაგებდნენ და ზედ დიდ ლოდებს აწყობდნენ. ახლა მხოლოდ ერთი სურვილი ამოძრავებდა შუღლიანთ სებას, როგორმე მიმართულება შეეცვლევინებინა მდინარისათვის და გარიჟრაჟისას, როგორც იქნა მოახერხეს ეს. მდინარემ ეგრე იცის, რაკი ერთხელ მიმართულებას შეიცვლის, მერე თვითონ ცდილობს იქით მხარეს გაჭრას თხრილი და ეხლაც გულდაგულ შეუდგა მოპირდაპირე მხრისკენ დინებას. – მამავ, მამავ! – იყვირა ნაბოლარა ბიჭმა. – ხედავ, გზაზე ჩვენი ბროლია მოდის, მამავ! – ხომ გითხარი, მამა გენაცვალოს, მთავარია გწამდეს და გჯეროდეს და ყველაფერი კარგად იქნება. მთლად სველი და დაღლილი შუღლიანთ სება გუდამაყრის მუზეუმში შევიდა. კარებში შესულმა ისევ იმ ფარაჯიანს მოჰკრა თვალი, ერდოდან რომ შემოდიოდა ხოლმე და რაღაცაზე საიდუმლოდ ეჩურჩულებოდა მელიას. – ესე იგი დასავლეთიდან დარეკეს არა? – ჰკითხა მელიამ. – ჩრდილოეთის პასუხი არ იცი? – ჩრდილოეთი მომხრეა რაც შეიძლება მალე გაუქმდეს ეს მუზეუმი. – ხომ გითხარით დრო უნდა-მეთქი, აგერ ყველაფერი რაც საშიშია სკივრებში და კიდობნებში გამოვაკეტვინე. – რომ განთავისუფლდნენ? – ისეთ დროს გავათავისუფლებ, არაფრის ძალა რომ აღარ ექნებათ. – და მაინც რომ არიან ამ მუზეუმში საეჭვო და თავისუფალი იარაღები? – ესეც საჭიროა. – მაგრამ ჩრდილოეთმა შეიძლება უცებ მიიღოს ამ მუზეუმის სწრაფად განადგურების გადაწყვეტილება. – გადაეცი, რომ საარჩევნო დროა საჭირო, როგორმე დასავლეთი თუ არ მოვატყუეთ, პირველები ისინი იმოქმედებენ. – მე საით დავრეკო? – იქაც და იქაც! – უბრძანა მელიამ. დაღლილი შუღლიანთ სება ტახტზე იჯდა და საცოდავად შეჰყურებდა გაპარტახებულ მუზეუმს. ფარდაგზე წამოსკუპებულ მელიასთან სადგისი მიგორებულიყო და რაღაცას ეჩურჩულებოდა. – მამავ, მამავ, აი, ცივი წყალი მოგიტანე! – მუზეუმში შემოვიდა შუღლიანთ სებას ნაბოლარა ბიჭი და წყლით სავსე დოქი მიაწოდა მამას. – დედამ თქვა, ცოტა ხანში საჭმელად გადმოვიდესო, – თქვა ბიჭმა და გავიდა. სებამ დოქი მოიყუდა და კარგა ხანს იგრილებდა გახურებულ გულს წყაროს წყლით, რომელიც თიხის დოქიდან საამოდ მორაკრაკებდა. რატომღაც ამ დროს კუთხეში მიყუდებულ გუთანს გახედა სებამ და დოქის ყელიდან წამოსულ რაკრაკთან ერთად, ვინ იცის, როდის გარდაცვლილი გუთნისდედის ღიღინი მოესმა: გადი-გამოდი გუთანოო, ღირღიტავ ბანი უთხაროო... სევდიანი და გულის ამაჩუყებელი იყო ეს სიმღერა. თანაც რაღაც ავისმაუწყებლად უყურებდნენ მელია და სადგისი გუთანს, რომელიც უწყინრად იყო მიყუდებული მუზეუმის კუთხეში და ვინ იცის რომელ მეხრეზე ფიქრობდა, რომელი ხარები ელანდებოდა, თუ გაზაფხულზე ახლადმობრუნებული მიწის სუნი ესმოდა, ხედავდა როგორ მისდევდ- ნენ ბალღები და ნახნავში ამოყრილ ფხოლას ჭამდნენ. ფრინველებიც უკან მიყვებოდნენ ამ დროს გუთანს და ბელტებსშორის ამოყრილ თეთრ მსუქან ჭიებს უნისკარტებდნენ. გუთანი მიიწევდა წინ ლაღად, მიჰყვებოდა გუთნისდედის ნება-სურვილს და შუადღისას ისიც მეგუთნეებთან ისვენებდა დიდი კაკლის ძირში. მაშინ ყველანი დიდი სიყვარულით შეჰყურებდნენ გუთანს, როგორც ერთადერთ გადამრჩენელს და დამრჩომს ხართან ერთად. ეხლა კი... შუღლიანთ სებამ შენიშნა, რომ მელია და სადგისი ავი მზერით უყურებდნენ მუზეუმის კუთხეში მშვიდად მიწოლილ გალეულ გუთანს. *გაგრძელება* …
დაამატა Kakha to ლიტერატურა at 8:34pm on მარტი 2, 2014
თემა: ორეული
თვალი კი გაახილა, მაგრამ ორიოდე წუთს ისევ გაუნძრევლად იწვა; თითქოს ბოლომდე ვერ დარწმუნებულიყო, ნამდვილად გაეღვიძა თუ ჯერ კიდევ ეძინა; ცხადლივ ხედავდა ყოველივეს, რაც მის გარშემო ხდებოდა თუ კვლავ აბურდულ-დაბურდულ სიზმარულ ჩვენებებში იყო გახვეული. თუმცა სულ მალე ბატონი გოლიადკინის შეგრძნებები უფრო ცხადად გამოიკვეთნენ და გარკვევით აღიქვეს ჩვეული შთაბეჭდილებანი. კარგი ნაცნობებივით შეაცქერდნენ პატრონს პატარა ოთახის ჩაჟამებული, გაჭვარტლულ-შემტვერილი კედლები, წითელი ხის კომოდი, წითელხეგადაკრული სკამები, წითლად შეღებილი მაგიდა, მოწითალო მუშამბის თურქული დივანი, მწვანე ყვავილებით რომ იყო მოჩითული, და წუხელ ნაჩქარევად გახდილი, დივანზე მიყრილ-მოყრილი ტანისამოსი. დაბოლოს, გაზაფხულის ცრიატმა და ჭუჭყიანმა დღემ ისე მწყრალად, და ისეთი მჟავე პირისახით შემოიხედა დამტვერილი ფანჯრიდან, რომ ბატონ გოლიადკინს ეჭვიც აღარ შეჰპარვია, რომ სადღაც ცხრა მთას იქით კი არა, არამედ სანკტ-პეტერბურგში, სატახტო ქალაქში, შესტილავოჩნის ქუჩაზე, ერთი უშველებელი კაპიტალური სახლის მეოთხე სართულზე, თავის საკუთარ ბინაში იმყოფებოდა. ამ დიდმნიშვნელოვანი აღმოჩენის შემდეგ ბატონმა გოლიადკინმა სიმწრით დახუჭა თვალი, თითქოს წუხანდელ სიზმართან განშორება დაენანა და მოინდომა ერთი წამით მაინც დაებრუნებინა. მაგრამ მცირე ხნის შემდეგ მკვირცხლად წამოხტა საწოლიდან, თითქოს იმ იდეისთვის მიეგნოს, რომელსაც აქამდე უტრიალებდა მისი დაბნეული, აწეწილ-დაწეწილი ფიქრები. წამოხტა თუ არა საწოლიდან, იმწამსვე კამოდზე მდგარ პატარა, მრგვალ სარკეს ეცა და თუმცაღა სარკეში არეკლილი ნამძინარევი, ბრუტიანი სახე და გვარიანად შემელოტებული თავი იმდენად უმნიშვნელო შესახედაობისა გახლდათ, რომ კაცს მასზე თვალი არ დარჩებოდა, მისი პატრონი, როგორც ჩანს, სარკეში დანახულით მაინც დიდად ნაამები დარჩა. „რა ოინი იქნებოდა, – ჩაილაპარაკა ბატონმა გოლიადკინმა, – რა ოინი იქნებოდა, დღეს რომ რამე უსაშველო დამმართოდა, მუწუკი გამომსვლოდა, მაგალითად, ანდა რაიმე უბედურებას გადავყროდი! მადლობა ღმერთს, ჯერჯერობით არა მიშავს რა. ჯერჯერობით ყველაფერი რიგზეა. „გახარებულმა, ყველაფერი რიგზეაო, სარკე თავის ადგილას დადო, თავად კი, თუმცა ჯერ ისევ ფეხშიშველა და ღამის პერანგისამარა იყო, ფანჯარასთან მიირბინა და დიდი გულისყურით დაუწყო რაღაცას ეზოში თვალიერება. როგორც ჩანდა იმანაც ძალიან გაახარა, რაც ეზოში დაინახა, სახე თვითკმაყოფილმა ღიმილმა გაუნათა. მერე ტიხარს იქით თავისი კამერდინერის, პეტრუშკას სადგომში შეიხედა და როცა მიხვდა, რომ პეტრუშკა იქ არა ბრძანდებოდა, თითისწვერებზე მიცუნცულდა მაგიდასთან, უჯრა გამოაღო, კარგა ხანს აფათურა ხელი მის კუთხე-კუნჭულში და ბოლოს, როგორც იქნა, გაყვითლებული ქაღალდებიდან რაღაც ძველა-ძულიდან მწვანე, გაცვეთილი საფულე დააძრო, დიდი სასოებით გახსნა და ნეტარებით ჩაიხედა სულ უკანა, საიდუმლო ჯიბეში. ეტყობოდა, წითელმა, რუხმა, მწვანე და სხვა ნაირფერი ქაღალდების დასტამაც ძალზე კეთილად და გამამხნევებლად გაუღიმა ბატონ გოლიადკინს. სახეგაბრწყინებულმა მაგიდაზე წინ დაიდო გახსნილი საფულე და უდიდესი სიამოვნების ნიშნად ხელები მოიფშვნიტა. მერე ამოიღო ნუგეშისმომცემი და სიამისმომგვრელი სახელმწიფო ასიგნაციების დასტა და გუშინდელს აქეთ უკვე მეასეჯერ გადათვალა, საგულდაგულოდ სრესდა ცერსა და სალოკ თითს შუა ტკიცინა ქაღალდებს. „შვიდასორმოცდაათი მანეთის ასიგნაცია!“ – ჩურჩულით დაასრულა თვლა. „შვიდას ორმოცდაათი მანეთი... გვარიანი თანხაა, სასიამოვნო თანხაა“. – განაგრძობდა აკანკალებული, კმაყოფილებისაგან ცოტა არ იყოს მისუსტებული ხმით, თან ხელში ბღუჯავდა დასტას და მრავალმნიშვნელოვნად იღიმებოდა: „ერთობ სასიამოვნო თანხაა! ვის არ ესიამოვნება! ერთი იმ კაცისთვის შემახედა, ვინც ამ თანხას არაფრად ჩააგდებს! ამ თანხის პატრონი არსად დაიკარგება...“ „მაგრამ ეს რასა ჰგავს?გაიფიქრა ბატონმა გოლიადკინმა – ეს პეტრუშკა სად ეშმაკებში დაიკარგა?!“ და ჯერ ისევ პერანგისამარამ ხელახლა შეიხედა ტიხარს იქით. პეტრუშკა არსად ჩანდა, იქ მხოლოდ ღვთის ანაბარად მიტოვებული სამოვარი ცხარობდა და თუხთუხებდა, გულს ასკდებოდა და გაცეცხლებული სხაპასხუპითა და ენის ჩლექით რაღაცას ებურტყუნებოდა ბატონ გოლიადკინს თავის გაუგებარ ენაზე; იმას თუ ჩიოდა, – მომხედეთ თქვე დალოცვილებო, რა ხანია ვდუღვარ და გადმოვდივარო. „ეშმაკმა წაიღოს მაგისი თავი! – გაიფიქრა ბატონმა გოლიადკინმა. – ეს უქნარა, ეს ნადირი, ბოლოსდაბოლოს მოთმინებიდან გამოიყვანს კაცს! სად ოხრობაში დაეხეტება?“ სამართლიანი გულისწყრომით აღვსილი ბატონი გოლიადკინი გავიდა ერთი ციცქნა დერეფანში და წინკარისაკენ გასწია. ოდნავ შეაღო კარი და თვალი მოჰკრა თავის მსახურს, გარშემორტყმულს შინაური და გარეშე, საიდანღაც შემოხეტებული ლაქიების ბრბოთი. პეტრუშკა რაღაცას ყვებოდა, სხვები კი უსმენდნენ. როგორც ჩანდა, ბატონ გოლიადკინს არც საუბრის თემა ეპიტნავა და არც თვით საუბარი. დაუყოვნებლივ უხმო პეტრუშკას და უკმაყოფილო, ხასიათწამხდარი შებრუნდა ოთახში. „ეს ღვთისგარეგანი ორ შაურად გაყიდის კაცს, მით უფრო პატრონს! – გაიფიქრა გულში, – გამყიდა, ნაღდად გამყიდა, სანაძლეოს დავდებ, გროშის ფასად გამყიდა... რა ვქნა ახლა?... „ ლივრეა მოიტანეს, ბატონო. – ჩაიცვი და მაშინვე აქ გაჩნდი. ლივრეაში გამოწყობილი პეტრუშკა ბრიყვული ღიმილით შევიდა ბატონის ოთახში. ძალზე უცნაურად გამოიყურებოდა ასერიგად ჩაცმული. მწვანე, კარგა მაგრა შელანძღულ ლაქიის ლივრეას ოქრომკედი გახუნებოდა და შემოსძენძოდა; აშკარა იყო, რომ თავის დროზე იგი პეტრუშკაზე მთელი არშინით მაღალი კაცის ტანზე შეეკერათ, ხელში ასევე ოქრომკედით მოსირმული და მწვანე ფრთებით შემკული შლაპა ეჭირა, გვერდზე ლაქიის ტყავისქარქაშიანი ხმალი ეკიდა.    ყველაფერთან ერთად პეტრუშკა, მუდამ შილიფად რომ იყო დაჩვეული ოთახში სიარულს, ახლაც ფეხშიშველა შემოტანტალდა. ბატონმა გოლიადკინმა აათვალ-ჩაათვალიერა თავისი მსახური და, როგორც ჩანს, კმაყოფილი დარჩა. აშკარა იყო, რომ ლივრეა რაღაც საზეიმო შემთხვევისათვის ჰქონდათ ნაქირავები; დაკვირვებული კაცის თვალს ისიც არ გამოეპარებოდა, რომ ამ დათვალიერებისას პეტრუშკა რაღაც უცნაური მოლოდინით მიშტერებოდა ბატონს და უჩვეულო ცნობისმოყვარეობით ადევნებდა თვალს მის ყოველ მოძრაობას, რაც ძალზე უხერხულ მდგომარეობაში აყენებდა ბატონ გოლიადკინს. – კარეტის საქმე როგორაა? – კარეტაც მოვიდა. – მთელი დღით? – მთელი დღით. ოცდახუთად გავურიგდი. – ჩექმებიც მოიტანეს? – ჩექმებიც მოიტანეს. – ბრიყვი! განა იტყვის გაახლესო. მოიტა აქ! ნაამებმა, რომ ჩექმები კარგად მოერგო, ბატონმა გოლიადკინმა უბრძანა პეტრუშკას, ჩაი მიერთმია და პირსაბანი და საპარსი მოწყობილობა მოემზადებინა. დიდი გულმოდგინებით გაიპარსა და დაიბანა პირი, ხელდახელ გადაკრა ჩაი და მთავარ საქმეს – მორთვა-მოკაზმვას შეუდგა. თითქმის მთლად ახალი პანტალონი ჩაიცვა, ბრინჯაოსღილებიანი გულისპირი გაიკეთა, ზემოდან ღაღანა ყვავილებით მოჩითული ჟილეტი მოიცვა, ყელზე ჭრელი აბრეშუმის ჰალსტუხი მოირგო და ბოლოს ახალთახალი, საგულდაგულოდ გაკრიალებული ვიცმუნდირიც შემოიცვა. იცმევდა და თან ალერსიანად დაჰყურებდა თავის ჩექმებს, ხან ერთ ფეხს ასწევდა, ხან მეორეს, ტკბებოდა მათი მოხდენილი თარგით და ცხვირში რაღაცას თავისთვის დუდღუნებდა, შიგადაშიგ თვალსაც ჩაუკრავდა ხოლმე მნიშვნელოვნად თავის გულისნადებს. ეს კია, რომ ამ დილით ბატონი გოლიადკინი ერთობ დაბნეული ჩანდა, იმასაც კი ვერ ამჩნევდა, როგორ ებრიცებოდა და ეჭყანებოდა ჩუმჩუმად პეტრუშკა, თან ვითომ ჩაცმაში შველოდა. ბოლოს, როგორც იქნა, დაამთავრა მორთვა, ყველაფერი შეისწორა და კოხტად მოირგო, საფულე ჯიბეში ჩაიდო, კიდევ ერთხელ აათვალიერა მოწონებით პეტრუშკა, რომელსაც ჩექმები ჩაეცვა და, ამრიგად, ისიც მთლად გამოწყობილიყო; რაკიღა გული შეაჯერა რომ ყველაფერი რიგზე იყო, რომ დახანება არ ეგებოდა, აჩქარებით, ფაციფუცითა და გულის კანკალით დაეშვა კიბეზე. პარმაღს დგრიალით მოადგა ცისფერი, რაღაც ღერბებით დამშვენებული კარეტა. პეტრუშკამ თვალი ჩაუკრა მეეტლესა და შორიახლო მდგარ უსაქმურებს, თავისი ბატონი კარეტაში ჩააბრძანა და ნაძალადევი რიხით, ისე რომ ბრიყვულ სიცილს ძლივს იკავებდა, მეეტლეს შეუძახა, – გასწიო. მერე თვითონაც უკანა საფეხურს შეახტა და მთელი ეს ბრწყინვალება ერთი ამბით-გრიალით, ჟღრიალითა და ჭრიალით გაქროლდა ნევის პროსპექტისაკენ. ის იყო, რომ ცისფერი ეკიპაჟი ჭიშკარს გასცდა, რომ ბატონი გოლიადკინი ხელების ფშვნეტასა და ჩუმჩუმად ხითხითს მოჰყვა, როგორც კაი გუნების კაცს სჩვევია ხოლმე, როცა რაიმე საქმეს მოაკვარახჭინებს და სიხარულისაგან ფეხზე ვეღარ დგას. მაგრამ ხალისიანმა განწყობილებამ ბატონ გოლიადკინს მალე გაუარა. რაღაც უცნაური შეშფოთება გამოეხატა სახეზე. მიუხედავად უჟმური და ნესტიანი ამინდისა, მან კარეტის ორივე სარკმელი ჩამოსწია და დაჟინებით დაუწყო თვალიერება გამვლელ-გამომვლელს. როგორც კი მისკენ მიპყრობილ მზერას შენიშნავდა, მყისვე დარბაისლურ და ღირსებით სავსე კაცის სახეს მიიღებდა ხოლმე. როცა ლიტეინიდან ნევის პროსპექტზე გაუხვიეს, რაღაც ძალზე უსიამოვნო გრძნობამ შეაკრთო იგი და სახე დაღრეჯილი, თითქოს ანაზდად კოჟრიან თითზე ფეხი დაადგესო, შიშნეულად მიაწყდა ეკიპაჟის ყველაზე ბნელ კუნჭულს. საქმე ის გახლდათ, რომ მისი მზერა შეეფეთა ორ ახალგაზრდა ჩინოვნიკს, ორ თანამშრომელს იმ უწყებიდან, სადაც თავად მსახურობდა. ჩინოვნიკებიც, როგორც ბატონ გოლიადკინს მოეჩვენა, დიდად განაცვიფრა მათი თანამშრომლის ამ ყოფაში ხილვამ. ერთმა თითიც კი გაიშვირა ბატონი გოლიადკინისაკენ; ბატონ გოლიადკინს მოეყურა კიდეც, რომ მეორემ ხმამაღლა დაუძახა სახელი, რაც, რაღა თქმა უნდა, ქუჩაში დიდ უგვან საქციელად ჩაითვლებოდა. ჩვენი გმირი გაიტრუნა და არ გაეხმიანა. „რა თავს იგდებენ!“ – გააბა სჯა-ბაასი თავისთვის. – „რა მოხდა, კაცი ეკიპაჟში ზის, რა არის აქ გასაკვირი; დასჭირდა კაცს ეკიპაჟი და დაიქირავა კიდეც. ფუჰ! კარგად ვიცნობ მაგათ, მაგ ბიჭ-ბუჭებს! პირზე რძე არ შეშრობიათ! მაგათი საქმე ფულაობა და აქეთ-იქით წანწალია, თუკი ჯიბეში რამე უჭყავით. ვეტყოდი საკადრისს, მაგრამ...“ ბატონ გოლიადკინისათვის კარგად ნაცნობი მოხდენილი წყვილი ცხენი კოხტა დროჟკაში შებმული მარჯვენა მხრიდან გაუსწორდა მის ეკიპაჟს. დროჟკაში მჯდარმა კაცმა ანაზდად მოჰკრა თვალი ბატონ გოლიადკინს, რომელსაც სიფრთხილე დავიწყებოდა და კარეტის სარკმლიდან გამოეყო თავი, კაცი ძალზე განაცვიფრა ამ მოულოდნელმა შეხვედრამ, რამდენადაც შეეძლო გადაიხარა და დიდი ცნობისმოყვარეობითა და თანაგრძნობით შეიხედა კარეტის იმ კუნჭულში, სადაც ჩვენ გმირს ის იყო მოესწრო მიმალვა. დროჟკაში მჯდარი კაცი ანდრეი ფილიპოვიჩი გახლდათ, განყოფილების გამგე იმ უწყებისა, რომელშიც ბატონი გოლიადკინი მაგიდის უწყების თანაშემწედ ირიცხებოდა. როცა ბატონი გოლიადკინი მიხვდა, რომ ანდრეი ფილიპოვიჩმა აშკარად იცნო იგი, თვალს არ აშორებს და დამალვა უკვე გვიანია, ჭარხალივით გაწითლდა. „მივესალმო თუ არა? შევეხმიანო თუ არა? გამოვააშკარავო თავი თუ არა? – ფიქრობდა სასოწარკვეთილი ჩვენი გმირი. „ხომ არ სჯობია, ისე დავიჭირო თავი, თითქოს მე კი არა ვარ, არამედ ვიღაც სხვა, ორი წვეთი წყალივით ჩემი მსგავსი, თავიც ისე მოვაჩვენო ვითომ არაფერი მომხდარიყოს. სწორედაც რომ მე არა ვარ, არა ვარ, მორჩა და გათავდა“. ამბობდა ბატონი გოლიადკინი და თან შლაპას უხდიდა და თვალმოუშორებლივ შესცქეროდა ანდრეი ფილიპოვიჩს. „მე რა, მე არაფერი, – უღონოდ ჩურჩულებდა იგი, – სულაც არაფერი, ეს მე არა ვარ, არა ვარ, მორჩა და გათავდა.“ მაგრამ მალე დროჟკამ გაუსწრო კარეტას და უფროსის მზერის ანდამატური ძალაც განქარდა. თუმცაღა გოლიადკინს სახეზე ისევ ალმური ასდიოდა, ისევ იღიმოდა და რაღაცას ბურტყუნებდა თავისთვის. „ეს რა სიბრიყვე მომივიდა, რომ არ შევეხმიანე, – გაიფიქრა ბოლოს, – თამამად და ლაღად უნდა დამეჭირა თავი, როგორც კეთილშობილ კაცს შეჰფერის; ასე და ასე მეთქი, ანდრეი ფილიპოვიჩ, ჩვენც სადილზე გახლავართ მიპატიჟებული, ბატონო, მეტი არაფერი-მეთქი“, მაგრამ როცა მიხვდა, რომ ჩაფლავდა, ჩვენ გმირს სახეზე ცეცხლი წაეკიდა, წარბები შეჰყარა და კარეტის მოპირდაპირე კუთხეს ისეთი გამანადგურებელი მზერა ესროლა, თითქოს ნაცარტუტად უნდოდა ექცია თავისი ყველა მტერი. უეცრად, რაღაცით შთაგონებულმა, მეეტლის მკლავზე გამობმული ზონარი მოქაჩა, კარეტა გააჩერებინა და უკან, ლიტეინისაკენ უბრძანა მობრუნება. საქმე ის გახლდათ, რომ ბატონ გოლიადკინს, ეტყობა საკუთარი თავის დასამშვიდებლად დაუყოვნებლივ მოუნდა, რაღაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ეცნობებინა თავისი ექიმის, კრესტიან ივანოვიჩისათვის. და თუმცა დიდი ხანი არ იყო, რაც კრესტიან ივანოვიჩს იცნობდა, მხოლოდ ერთხელ, სახელდობრ, გასულ კვირას იყო მასთან ნამყოფი რაღაც საჭიროებისა გამო, მაგრამ ექიმი ხომ, როგორც იტყვიან, იგივე სულიერი მოძღვარია; უგუნურება იქნება, რამე დაუმალოს კაცმა, ხომ უნდა იცოდეს თავისი პაციენტის ამბავი? „ივარგებს კი? – განაგრძობდა ფიქრს ჩვენი გმირი, როცა ლიტეინზე ერთი ხუთსართულიანი სახლის წინ კარეტა გააჩერებინა და გადმოვიდა, – ივარგებს კი ახლა ჩემი მისვლა? უწესობაში ხომ არ ჩამომერთმევა? უხერხული ხომ არ იქნება? თუმცა რა მოხდა ასეთი? – განაგრძობდა ფიქრს კიბეზეც, თან სულს ძლივს ითქვამდა, გული გამალებით უცემდა, როგორც მუდამ სჩვეოდა ხოლმე უცხო კიბეზე ასვლისას. – „რა მოხდა მერე, განა ჩემს საქმეზე არ მივდივარ? რა არის აქ გასაკიცხი? დასამალი რა მაქვს? თავს ისე დავიჭერ, ვითომც აქ არაფერი, ისე, გზად შემოვიარე მეთქი, თვითონვე მიხვდება, რომ სწორედ ასეა საქმე.“    ამ ფიქრით ავიდა ბატონი გოლიადკინი მეორე სართულზე და შეჩერდა მეხუთე ბინის კართან, სადაც გამოკრული იყო სპილენძის კოხტა აბრა წარწერით: კრისტიან ივანოვიჩ რუტენშპიცი მედიცინისა და ქირურგიის დოქტორი. შეჩერდა თუ არა კართან, ჩვენმა გმირმა სცადა წესიერი, უდარდელი და ამასთან საკმაოდ თავაზიანი გამომეტყველება მიეღო და ზარის დასარეკად შეემზადა. შეემზადა და იმწამსვე, ერთობ დროულად, განსაჯა, – იქნებ სჯობს ხვალისთვის გადავდო, ჯერჯერობით მაინცდამაინც რა ისეთი გასაჭირი მადგასო. მაგრამ რაკიღა სწორედ ამ დროს ბატონ გოლიადკინს კიბეზე ფეხის ხმა შემოესმა, დაუყოვნებლივ შეცვალა ახალი გადაწყვეტილება, ბარემ რაც არის, არისო, და უკვე მტკიცე გამომეტყველებით ჩამოჰკრა კრისტიან ივანოვიჩის ზარს. თავი II    მედიცინისა და ქირურგიის დოქტორი კრესტიან ივანოვიჩ რუტენშპიცი, ერთი ჯანღონით სავსე, თუმცაღა უკვე ხანშიშესული კაცი, გაფანჩული ჭაღარა წარბებითა და ბაკენბარდებით შემკული, ისე მეტყველად და გამჭრიახად გამომზირალი, თითქოს ერთი მისი გამოხედვაც კი კმაროდა ყოველგვარი სნეულების განსადევნად, და ბოლოს, მნიშვნელოვანი ორდენით მკერდდამშვენებული, ამ დილით თავის კაბინეტში ბრძანდებოდა, ღრმა სავარძელში ჩაფლულიყო და ცოლის ხელით მორთმეულ ყავას შეექცეოდა, თან სიგარას აბოლებდა და დროდადრო თავის პაციენტებს რეცეპტებს უწერდა. ის იყო, უკანასკნელი შუშა წამალი გამოუწერა ვიღაც ბუასილიან მოხუცს, გაისტუმრა სნეული ბერიკაცი უკანა კარიდან და ახალი პაციენტის მოლოდინში სავარძელში ჩაესვენა, რომ ბატონმა გოლიადკინმა შემოაღო კარი. ეტყობა, კრისტიან ივანოვიჩი სულაც არ ელოდა ბატონ გოლიადკინსა და არც არაფრად ეპრიანებოდა მისი დანახვა, რაკიღა მოულოდნელობისაგან დაიბნა და წამიერად რაღაც უცნაური, შეიძლება ითქვას, უსიამოვნო განწყობილებაც კი გამოეხატა სახეზე. თავის მხრივ, ბატონ გოლიადკინსაც, რომელიც სწორედ უდროო დროს წახდებოდა, დაიბნეოდა ხოლმე, განსაკუთრებით კი მაშინ, როცა პირადი საქმეების გამო ვინმეზე იერიშის მიტანას გადაწყვეტდა, სწორედ ასევე დაემართა ახლაც: რაკიღა პირველი ფრაზა, რომლის წარმოთქმისას მუდამ ბორძიკობდა ხოლმე, არა ჰქონდა მოფიქრებული, ძალზე დაიბნა, რაღაც ჩაიბურტყუნა, ვგონებ, მოიბოდიშა, უხერხულობისგან თავის დასაღწევად სტაცა სკამს ხელი და დაჯდა. მაგრამ იმწუთსავე იაზრა, რომ არავის შეუთავაზებია დაჯდომა, იგრძნო, რა უზრდელად მოიქცა და სცადა სასწრაფოდ გამოესწორებინა შეცდომა, კარგი ტონისა და მაღალი საზოგადოების წესების უმეცრებაში რომ არ ჩამოერთმიათ; ამიტომაც, უცებ წამოხტა მიუპატიჟებლად დაკავებული სკამიდან. მერე გონს მოეგო და ბუნდოვნად მიხვდა, რომ ზედიზედ ორი სისულელე ჩაიდინა; გადაწყვიტა, რამე ეღონა, მაგრამ მესამედ უარესი სიბრიყვე დაემართა: შეეცადა, გაემართლებინა თავისი საქციელი, ღიმმორეულმა რაღაცა წაიბურტყუნა, გაწითლდა, დაირცხვინა, მრავლისმეტყველად დადუმდა, ბოლოს, ისევ დაჯდა სკამზე და აღარც ამდგარა; მხოლოდ ისე, ყოველი შემთხვევისათვის, თავი ისევ იმ გამომწვევი მზერით დაიზღვია, რომელსაც, მისი ფიქრით, უჩვეულო ძალა გააჩნდა, – გაენადგურებინა და ფერფლად ექცია ბატონი გოლიადკინის ყველა მტერი. ამას გარდა, ეს მზერა ბატონი გოლიადკინის სრულ დამოუკიდებლობასაც გამოხატავდა; ესე იგი, ნათლად მეტყველებდა, რომ ბატონი გოლიადკინი არაფერ შუაშია, იგი თავისთვისაა, როგორც ყველა სხვა და არავის საქმეში ცხვირს არ ყოფს. კრესტიან ივანოვიჩმა ჩაახველა, ჩაიხიხინა, თითქოსდა მის საქციელს იწონებს, ყველაფერში ეთანხმებაო, თან ინსპექტორის დამკითხავი მზერა მიაპყრო ბატონ გოლიადკინს. – მე, კრესტიან ივანოვიჩ, – დაიწყო ღიმილით ბატონმა გოლიადკინმა, – მეორედ გაწუხებთ და მეორედ ვბედავ, შეგევედროთ... გამოიჩინეთ გულმოწყალება... – ბატონ გოლიადკინს, როგორც ჩანდა, სიტყვის პოვნა უჭირდა. – ჰმ... დიახ! – ამოთქვა კრესტიან ივანოვიჩმა, პირიდან კვამლის ბოლქვი გამოუშვა და სიგარა მაგიდაზე დადო; – ხომ გითხარით ჩემს რჩევა-დარიგებას მიჰყევით-მეთქი, ხომ აგიხსენით, რომ თქვენი განკურნებისათვის საჭიროა ზოგიერთი ჩვეულების შეცვლა... უნდა გაერთოთ, სტუმრადაც უნდა იაროთ ნაცნობ-მეგობრებთან, ნურც ღვინოსთან იქნებით მწყრალად, არც მხიარულ საზოგადოებაში გარევა იქნება თქვენთვის ურიგო. ჯერ კიდევ პირზე ღიმილგადაფენილმა ბატონმა გოლიადკინმა აჩქარებით ჩაურთო, რომ, მისი ფიქრით, იგი ისევე ცხოვრობს, როგორც ყველა სხვა, საკუთარი კუთხე აქვს, გართობითაც, როგორც ყველა სხვა, ისიც ისე ერთობა... რა თქმა უნდა თეატრშიც შეუძლია იაროს; როგორც სხვებს, ისე მასაც აქვს ამის საშუალება, დღისით სამსახურშია, საღამოთი – შინ, არაფერი უჭირს, სხვაზე ნაკლები არაფრითაა! თავის სახლში ცხოვრობს, საკუთარ ბინაში, ბოლოს და ბოლოს პეტრუშკაც კი ჰყავს... ამის თქმაზე ბატონ გოლიადკინს საბოლოოდ დაება ენა. – ჰმ! არა, ასეთ ცხოვრებაზე არ მოგახსენებდით, ამას როდი გეკითხებით. მე მაინტერესებს, გიყვართ თუ არა დროსტარება, მხიარულ საზოგადოებას ეტანებით თუ არა... როგორ გითხრათ, აი, ახლა, მაგალითად, მელანქოლიურ ცხოვრებას ეწევით თუ მხიარულს? – მე, კრესტიან ივანოვიჩ... – ჰმ! – მე გეუბნებით –შეაწყვეტინა ექიმმა, – რომ ძირფესვიანად შეიცვალოთ ცხოვრების ნირი და, ერთგვარად, ხასიათიც გამოიცვალოთ, – კრესტიან ივანოვიჩმა განსაკუთრებით გაუსვა ხაზი სიტყვას „გამოიცვალოთ“ და ერთწამს მრავალმნიშვნელოვნად დადუმდა – მხიარულ ცხოვრებას არ უნდა უცხოობდეთ, წარმოდგენებზე და კლუბებში უნდა იაროთ და ყოველ შემთხვევისთვის, ნურც ღვინოსთან იქნებით მწყრალად. შინ ჯდომა არ გარგებთ... შინ ჯდომა თქვენთვის არაფრით არ შეიძლება. – მე, კრესტიან ივანოვიჩ, მყუდროება მიყვარს, – ჩაილაპარაკა ბატონმა გოლიადკინმა და მრავალმნიშვნელოვანი მზერა მიაპყრო კრესტიან ივანოვიჩს. ეტყობა, სიტყვებს ეძებდა, რომ უკეთ გამოეთქვა თავისი აზრი. – სახლში მარტო მე და პეტრუშკა ვართ, ჩემს მსახურზე მოგახსენებთ, კრესტიან ივანოვიჩ. მინდა გითხრათ, კრესტიან ივანოვიჩ, რომ მე ჩემი გზით მივდივარ, საკუთარი გზით, კრესტიან ივანოვიჩ. მე ჩემთვისა ვარ, ცალკე და, როგორც მგონია, არავისზე დამოკიდებული არა ვარ. სასეირნოდ მეც დავდივარ ხოლმე, კრესტიან ივანოვიჩ. – როგორ?.. ჰო! ახლა სეირნობა ვერაფერი სასიამოვნოა; ერთობ ცუდი ამინდებია. – დიახ, ჩემო ბატონო, კრესტიან ივანოვიჩ, წყნარი კაცი კი ვარ, კრესტიან ივანოვიჩ, როგორც უკვე მქონდა პატივი მომეხსენებინა თქვენთვის, მაგრამ ჩემი გზა განცალკევებით მიდის, კრესტიან ივანოვიჩ! ცხოვრების გზა ფართოა... მე მინდა... მინდოდა კრესტიან ივანოვიჩ, ამით ის მეთქვა, რომ... მომიტევეთ, კრესტიან ივანოვიჩ... ოქროპირობა არ მეხერხება. – ჰმ!.. თქვენ ბრძანებთ... – იმას მოგახსენებთ, რომ მომიტევოთ, კრესტიან ივანოვიჩ, თუ ოქროპირობა არ მეხერხება, – ენის ბორძიკით გააწყვეტინა ცოტა არ იყოს განაწყენებულმა ბატონმა გოლიადკინმა, – ამ შემთხვევაში, კრესტიან ივანოვიჩ, სხვებს როდი ვგევარ, – რაღაც განსაკუთრებული ღიმილით დასძინა მან, – ბევრი ლაპარაკი არ მეხერხება, სიტყვის ლაზათიანი მიხვრა-მოხვრა არ მისწავლია, სამაგიეროდ მე ვმოქმედებ, კრესტიან ივანოვიჩ! – ჰმ!.. მოქმედებთ? რას მოქმედებთ? – შეეკითხა კრესტიან ივანოვიჩი. ერთხანს სიჩუმე ჩამოვარდა. ექიმმა რაღაც უცნაურად და უნდობლად შეხედა ბატონ გოლიადკინს. ბატონი გოლიადკინიც თავის მხრივ საკმაოდ უნდობლად მისჩერებოდა ექიმს. – მე, კრესტიან ივანოვიჩ, – განაგრძო იმავე კილოზე ბატონმა გოლიადკინმა, კრესტიან ივანოვიჩის უსაზღვრო სიჯიუტით ცოტა არ იყოს შეცბუნებულმა და გაღიზიანებულმა – მე, კრესტიან ივანოვიჩ, სიმშვიდე მიყვარს და არა მაღალი საზოგადოების აურზაური. იქ, მათთან, მაღალ საზოგადოებაზე მოგახსენებთ, კრესტიან ივანოვიჩ, კაცმა იატაკს ნაპერწკლები უნდა აყრევინოს ქუსლებით... (ამის თქმაზე ბატონმა გოლიადკინმა ფეხი ფეხს შემოჰკრა და იატაკზე დააბაკუნა), იქ ამას მოითხოვენ, ბატონო ჩემო, კალამბურებსაც მოითხოვენ... დათაფლული ქათინაურების შეთხზვაც უნდა გეხერხებოდეს... აი, რას მოითხოვენ იქ. მე კი ეგეთები არ მისწავლია, კრესტიან ივანოვიჩ, ამნაირ საქმეებში არ გავწაფულვარ; არ მეცალა ამეებისთვის. უბრალო კაცი ვარ, მარტივი, არც გარეგნული ბრწყინვალება გამაჩნია; ამ საქმეებში, კრესტიან ივანოვიჩ, იარაღს ვდებ; ფარ-ხმალს ვყრი-მეთქი, ამის თქმა მინდოდა.    ყოველივე ეს ბატონმა გოლიადკინმა, რა თქმა უნდა, ისეთი გამომეტყველებით წარმოთქვა, რომ აშკარა იყო, ჩვენი გმირი არც იმას ნანობდა, რომ ფარ-ხმალს ჰყრიდა და არც იმას, რომ ასეთ საქმეებში არ იყო გაწაფული, პირიქით, ამაყობდა კიდეც ამით. კრესტიან ივანოვიჩი უსმენდა, თვალი იატაკისთვის მიეპყრო, სახეზე კი მეტად უსიამოვნო გამომეტყველება ეხატა, თითქოს წინდაწინ რაღაცას უგრძნობს გულიო. ბატონი გოლიადკინის ტირადის შემდეგ ხანგრძლივი და მძიმე დუმილი ჩამოვარდა. – მე მგონი, თქვენ, ცოტა არ იყო, დაშორდით საუბრის საგანს, – თქვა ბოლოს ხმადაბლა კრესტიან ივანოვიჩმა, – მართალი გითხრათ, ვერაფერი გავიგე თქვენი ნალაპარაკევიდან. – რა ვქნა, ოქროპირობა არ მეხერხება, კრესტიან ივანოვიჩ, მე უკვე მქონდა ბედნიერება, მომეხსენებინა თქვენთვის კრესტიან ივანოვიჩ, ოქროპირობა არ მეხერხება მეთქი, – უთხრა ბატონმა გოლიადკინმა, ამჯერად უკვე მკაცრად და შეუპოვრად. – ჰმ!...  – კრესტიან ივანოვიჩ! დაიწყო ისევ ბატონმა გოლიადკინმა წყნარი, მაგრამ მრავლისმეტყველი ხმით ოდნავ ზეაწეული კილოთი და თან ყოველი პუნქტის შემდეგ შეყოვნდებოდა ხოლმე, – კრესტიან ივანოვიჩ! შემოსვლისთანავე ბოდიშები დაგიწყეთ. ახლაც ასევე მოგმართავთ და თქვენი სულგრძელობის იმედი მაქვს, თქვენთან დასამალი რა უნდა მქონდეს, კრესტიან ივანოვიჩ, თავადაც კარგად მოგეხსენებათ, რომ პატარა კაცი ვარ; მაგრამ ჩემდა საბედნიეროდ, არა ვდარდობ პატარა კაცი რომ ვარ. პირიქით, კრესტიან ივანოვიჩ, უნდა გამოგიტყდეთ, ვამაყობ იმით რომ პატარა კაცი ვარ და არა დიდი. არც ინტრიგანი გახლავართ და ეს დიდად მეამაყება. ჩუმჩუმად კი არ ვმოქმედებ, პირიქით, ყველას დასანახავად, სააშკარაოდ; არ ვქვებუდანობ, და თუმცა, ჩემდა თავად ბევრს შემიძლია ვუმტრო, მაგრადაც ვუმტრო, ისიც კარგად ვიცი, ვის და რანაირად ვუმტრო, კრესტიან ივანოვიჩ, მაგრამ არ მინდა გავისვარო და ამ აზრით ყველაფერზე ხელი დამიბანია; ამ აზრით, მოგახსენებთ, დამიბანია-მეთქი ხელი, კრესტიან ივანოვიჩ! – ბატონი გოლიადკინი ერთი წამით მრავლისმეტყველად დადუმდა. მშვიდი აღფრთოვანება ეხატა სახეზე. – პირდაპირ მივდივარ, კრესტიან ივანოვიჩ, – კვლავ ალაპარაკდა ჩვენი გმირი. – პირდაპირ, ყველას დასანახად და მიკიბულ-მოკიბული გზების გარეშე, იმიტომ რომ მეზიზღება ეგეთები, სხვისთვის დამილოცია, არ ვცდილობ იმათ დამცირებას, ვინც მე და თქვენ გვჯობნის, ესე იგი, მინდოდა მეთქვა, მე და მათ გვჯობნის-მეთქი, კრესტიან ივანოვიჩ, თქვენზე როდი მინდოდა მეთქვა. ორჭოფული ლაპარაკი არ მიყვარს, გულნამცეცა ორპირებს ვერ ვიტან. ცილისწამება და ჭორიკნობა გულს მირევს. ნიღაბს მხოლოდ მასკარადზე ვიკეთებ, ყოველდღე ნიღბით როდი ვეჩვენები ადამიანებს. ერთ რამეს შეგეკითხებით, კრესტიან ივანოვიჩ, როგორ იძიებდით შურს საკუთარ მტერზე, დაუძინებელ მტერზე, იმაზე, ვისაც მტრად მიიჩნევთ?– დასძინა ბატონმა გოლიადკინმა და გამომწვევი მზერა სტყორცნა კრესტიან ივანოვიჩს. თუმცა ყველაფერი ეს ბატონმა გოლიადკინმა მეტისმეტად მკაფიოდ და დაბეჯითებით წარმოთქვა, ყოველ სიტყვას წონიდა და ნაღდი ეფექტის იმედიც ჰქონდა, მაგრამ, მის მიუხედავად, ახლა მღელვარებით, დიდი მღელვარებით, უკიდეურესი მღელვარებით მისჩერებოდა კრესტიან ივანოვიჩს. თვალებად ქცეულიყო და გაუბედავად, გულისშემაღონებელი მოუთმენლობით ელოდა კრესტიან ივანოვიჩის პასუხს. მაგრამ დიდად განცვიფრდა ბატონი გოლიადკინი, პირდაპირ თავზარი დაეცა, როცა კრესტიან ივანოვიჩმა, პასუხის ნაცვლად რაღაც წაიდუდღუნა ცხვირში, მერე სავარძელი მაგიდასთან მიაჩოჩა და საკმაოდ ცივად, თუმცა ზრდილობიანად განუცხადა რაღაც ამდაგვარი, – რომ დრო მისთვის ძვირად ფასობს, რომ მას მთლად ნათლად არ ესმის მისი ჩივილი; რომ მიუხედავად ამისა, ის მზადაა, რითაც კი შეუძლია ემსახუროს, სხვა დანარჩენი კი მისი საქმე არ არის. აქ მან კალამს მოჰკიდა ხელი, ქაღალდისაგან რეცეპტის ფორმის ნაკუწი გამოჭრა და განუცხადა, რომ ახლავე გამოუწერს, რაც საჭიროა. – არა, ჩემო ბატონო, არაფერიც არაა საჭირო, კრესტიან ივანოვიჩ! არა, ბატონო, ეს სულაც არ არის საჭირო! – თქვა ბატონმა გოლიადკინმა, სკამიდან წამოიწია და კრესტიან ივანოვიჩს მარჯვენაში ჩაავლო ხელი, – ეს, კრესტიან ივანოვიჩ, სულაც არაა ახლა საჭირო... ამასობაში კი, ვიდრე ბატონი გოლიადკინი ყველაფერ ამას იტყოდა, რაღაც უცნაური ცვლილება მოხდა მასში. რუხი თვალები უჩვეულოდ გაუბრწყინდა, ტუჩები აუთრთოლდა, სახის კუნთები, ყველა ნაკვთი აუთამაშდა, მთელი სხეული აუცახცახდა. ხოლო როცა წამოდგა ბატონი გოლიადკინი და კრესტიან ივანოვიჩის ხელი შეაჩერა, ერთხანს გახევებული იდგა, თითქოს საკუთარ თავს არ ენდობოდა და ახალ შთაგონებას ელოდა იმის გადასაწყვეტად, მერე როგორღა მოქცეულიყო. ამ დროს საკმაოდ უცნაური რამ მოხდა. ცოტა არ იყოს შეცბუნებული კრესტიან ივანოვიჩი ერთი წამით თითქოს მიეყინა თავის სავარძელს და დაბნეული მიაშტერდა ბატონ გოლიადკინს, რომელიც ასევე თვალს არ აშორებდა მას. ბოლოს კრესტიან ივანოვიჩი, ბატონი გოლიადკინის ვიცე-მუნდირის საყელოს მოჭიდებული, ნელ-ნელა წამოდგა. ერთხანს ორივენი ასე იდგნენ გაუნძრევლად და თვალს არ აშორებდნენ ერთურთს. აქ უკვე ვეღარ მოერია თავს ბატონი გოლიადკინი: ტუჩები აუცახცახდა, ნიკაპმა კანკალი დაუწყო და ჩვენი გმირი სრულიად მოულოდნელად ატირდა. ქვითინებდა, თავს აკანტურებდა, მარჯვენა ხელს გულში იბაგუნებდა, მარცხენათი კი კრესტიან ივანოვიჩის საშინაო ტანსაცმელის საყელოს ებღაუჭებოდა, რაღაცის თქმას ცდილობდა, რაღაცის ახსნას ლამობდა, მაგრამ სიტყვა ვერ დაეძრა. ბოლოს კრესტიან ივანოვიჩი გონს მოეგო, თითქოს ყველაფერს მიხვდაო. – გეყოფათ, დამშვიდდით, დაჯექით! – უთხრა მან და შეეცადა სავარძელში ჩაესვა ბატონი გოლიადკინი. – მტრები მყავს, კრესტიან ივანოვიჩ, მტრები, დაუძინებელი მტრები... ჩემი დაღუპვა აქვთ დაფიცებული... – პასუხობდა შიშნარევი ჩურჩულით ბატონი გოლიადკინი. – კარგით ერთი, ღვთის გულისათვის! მტრები რას მიქვია! მტრებზე არ უნდა იფიქროთ, რა საჭიროა! დაჯექით, დაჯექით, – განაგრძო კრესტიან ივანოვიჩმა და, როგორც იქნა, ჩასვა ბატონი გოლიადკინი სავარძელში. ბატონი გოლიადკინი როგორც იქნა დაჯდა, მაგრამ თვალი არ მოუშორებია კრესტიან ივანოვიჩისთვის. კრესტიან ივანოვიჩი კი უკმაყოფილო სახით ბოლთასა სცემდა კაბინეტში. ხანგრძლივი სიჩუმე ჩამოვარდა. – თქვენი დიდი მადლიერი ვარ, კრესტიან ივანოვიჩ, დიდად მადლიერი ვარ და კარგადაც მესმის ყველაფერი, რაც ახლა ჩემთვის გააკეთეთ. კუბოს კარამდე არ დაგივიწყებთ ამ სითბოს, კრესტიან ივანოვიჩ, – თქვა ბოლოს ბატონმა გოლიადკინმა და განაწყენებული სახით სავარძლიდან წამოდგა. – კარგი, კარგი, კმარა-მეთქი, გეუბნებით! – საკმაოდ მკაცრად გაეპასუხა კრესტიან ივანოვიჩი ბატონ გოლიადკინის ამ გამოხდომას და ისევ სავარძელში ჩასვა. – აბა, რა დაგემართათ? მომიყევით, ისეთი რა საწუხარი გაგჩენიათ ახლა, – განაგრძობდა კრესტიან ივანოვიჩი, – რომელ მტრებზე მელაპარაკებით? რა გჭირთ, გამაგებინეთ? – არა, კრესტიან ივანოვიჩ, დავანებოთ ახლა ამაზე ლაპარაკს თავი, – უპასუხა ბატონმა გოლიადკინმა და თვალები ძირს დახარა, – ჯობს გადავდოთ ამაზე საუბარი, სხვა დროისათვის იყოს, უფრო ხელსაყრელი დროისათვის, როცა ყველაფერი გამოირკვევა და ზოგიერთ პიროვნებას ნიღაბი ჩამოეხდება, ზოგი რამ გამოაშკარავდება. ახლა კი ჯერჯერობით, რასაკვირველია, მას შემდეგ, რაც ჩვენს შორის მოხდა... თავადაც დამეთანხმებით, კრესტიან ივანოვიჩ... ნება მომეცით, დილა მშვიდობისა გისურვოთ, კრესტიან ივანოვიჩ, – წარმოთქვა ბატონმა გოლიადკინმა, ამჯერად უკვე მტკიცედ და უყოყმანოდ წამოდგა სავარძლიდან და შლაპას წამოავლო ხელი. – აჰა, კეთილი... როგორც გენებოთ... ჰმ... ერთ წუთს დუმილი ჩამოვარდა, – მე, ჩემი მხრით, იცოდეთ, რაც შემიძლია... ერთი სიტყვით გულწრფელად მსურს თქვენი სიკეთე. – მესმის თქვენი, კრესტიან ივანოვიჩ, კარგად მესმის. ახლა უკვე სავსებით მესმის თქვენი. რაც უნდა იყოს, მომიტევეთ, რომ შეგაწუხეთ, კრესტიან ივანოვიჩ. – ჰმ... არა, თქვენ მე ვერ გამიგეთ, თუმცა, რა ვიცი, როგორც გენებოთ. წამლების მიღება კვლავინდებურად განაგრძეთ... – მივიღებ წამლებს, როგორც თქვენ მიბრძანეთ, კრესტიან ივანოვიჩ, მივიღებ, იმავე აფთიაქში შევიძენ ხოლმე... ახლა აფთიაქობაც დიდი საქმეა, კრესტიან ივანოვიჩ... – რაო? რა აზრით მეუბნებით მაგას? – სავსებით ჩვეულებრივი აზრით, კრესტიან ივანოვიჩ, იმის თქმა მინდა, რომ ახლა ისეთი დრო დაგვიდგა... – ჰმ... – რომ მარტო აფთიაქის ბიჭი კი არა, ყოველი ვიგინდარა ცხვირს უბზუებს წესიერ კაცსა. – ჰმ! ამით რისი თქმა გინდათ? – გარკვეულ პიროვნებაზე მოგახსნებთ, კრესტიან ივანოვიჩ... ჩვენს საერთო ნაცნობზე, კრესტიან ივანოვიჩ, თუნდაც ვლადიმერ სემიონოვიჩზე... – აა! – დიახ, კრესტიან ივანოვიჩ! ბევრს ვიცნობ ისეთს, რომლებიც მაინცდამაინც არ მისდევენ საყოველთაო მცნებას, რომ ხანდახან მაინც წამოსცდეთ სიმართლე. – აა!.. ეს როგორ? – როგორ და ასე, ჩემო ბატონო, თუმცა ეს ჩვენ რაში გვეკითხება, მაგრამ ზოგი ისეთია, პირში ჩალას გამოგავლებს. – რას ბრძანებთ? ჩალა რა შუაშია? ანდაზა გახლავთ ასეთი, კრესტიან ივანოვიჩ, ზოგ-ზოგიერთს ეხერხება, დროულად მიულოცოს ვინმეს რამე. არიან ასეთი ადამიანები, კრესტიან ივანოვიჩ. – მიულოცონ? – დიახ, ჩემო ბატონო, მიულოცონ, როგორც ამას წინათ ერთმა ჩვენმა ახლო ნაცნობმა გააკეთა... – ერთმა თქვენმა ახლო ნაცნობმა... აა! მერე, მერე? – დაინტერესდა კრესტიან ივანოვიჩი და დაკვირვებით შეხედა ბატონ გოლიადკინს. – მერე და მერე, ჩემო ბატონო, მიულოცა, ჩინი მიულოცა, ასესორის ჩინი მიულოცა ერთმა ჩემმა ახლო ნაცნობმა მეორე ნაცნობს, აგრეთვე ძალზე ახლობელს, ძმაკაცს, როგორც იტყვიან, უტკბილეს მეგობარს. სიტყვამ მოიტანა და იმიტომ გიყვებით. „სულითა და გულით მიხარიაო, ასე უთხრა, ვლადიმერ სემიონოვიჩ, რომ მომეცა შემთხვევა და გილოცავთ, გულწრფელად გილოცავთ ჩინის მიღებასო. მით უფრო მიხარიაო, უთხრა, რომ ჩვენს დროში, მთელმა ქვეყანამ იცის, კუდიანი დედაბრები გადაშენდნენო.“ ეს რომ თქვა, ბატონმა გოლიადკინმა თავი ცუღლუტურად დააქნია და თვალებმოწკურულმა კრესტიან ივანოვიჩს შეხედა... – ჰმ, მაშ, ეს უთხრა... – უთხრა, კრესტიან ივანოვიჩ, უთხრა და იმწამსვე გადახედა ანდრეი ფილიპოვიჩს, ვლადიმერ სემიონოვიჩის, იმ ჩვენი ხვითოს ბიძას. მე რა, კრესტიან ივანოვიჩ, ასესორად რომ გახდეს? მე რაში მენაღვლება, მაგრამ... ცოლის თხოვას რომ აპირებს, და უკაცრავად პასუხია, ჯერ დედის რძე არ შეშრობია პირზე? ასეც მოვახსენე. ასე და ასე-მეთქი, ვლადიმირ სემიონოვიჩ! მე უკვე ყველაფერი გითხარით, ახლა კი ნება მომეცით გამოგეთხოვოთ-მეთქი. – ჰმ... – დიახ, კრესტიან ივანოვიჩ, ნება მომეცით გამოგეთხოვოთ-მეთქი, და მაშინვე, ბარემ მეორე კურდღელიც რომ დამეჭირა – კუდიან დედაბრებზე ხომ მაგრა ჩავუჭერი – კლარა ოლსუფიევნას მივუბრუნდი (ოლსუფი ივანოვიჩის სახლში მოხდა ეს ამბავი გუშინწინ), ის იყო მგრძნობიარე რომანსი იმღერა, – მეც მივუბრუნდი და ვუთხარი, „დიდი გრძნობით კი იმღერეთ რომანსები, მაგრამ ვერ ვიტყოდი, რომ დიდი გულწრფელობით გისმენდნენ- მეთქი“. და ამით სიტყვა გადავუკარი, აშკარად მივახვედრე, გამიგეთ, კრესტიან ივანოვიჩ, აშკარად მივახვედრე, რომ მასში კი არ ეძიებენ რამეს, არამედ უფრო მაღლა... – აჰა! ვლადიმერ სემიონოვიჩმა რაო? – რაო და დაუმჟავდა გუნება, როგორც იტყვიან, კრესტიან ივანოვიჩ. – ჰმ... – ასე იყო, ბატონო. მერე მოხუცსაც იგივე მოვახსენე. ასე ვუთხარი, ოლსუფი ივანოვიჩ, კარგად ვიცი, როგორა ვარ თქვენგან დავალებული-მეთქი. მაგრამ თვალი გაახილეთ, ოლსუფი ივანოვიჩ-მეთქი, – ვუთხარი, შეხედეთ რა ხდება, მე ხომ აშკარად და პირდაპირ ვმოქმედებ-მეთქი, ოლსუფი ივანოვიჩ. – აა! უყურე შენ!... – აბა რა გეგონათ, კრესტიან ივანოვიჩ. – მან რაღა გითხრათ? – რას მეტყოდა კრესტიან ივანოვიჩ! ლუღლუღებდა, ასეო, ისეო, მეც კარგად გიცნობო, მისი აღმატებულება კეთილმოწყალე კაციაო – და გარეკა, მოჰყვა ლაი-ლაის... რა მოეკითხება? სიბერისაგან სულ მთლად გამოთაყვანდა. – აა! აი, თურმე როგორ ყოფილა საქმე! – აბა, კრესტიან ივანოვიჩ, ასე ყოფილა და რას იზამ? გადაყრუებულია, ცალი ფეხი სამარეში უდგას, საცაა მიქელ-გაბრიელი გამოეცხადება, როგორც იტყვიან და მაინც ენაჭარტალა დედაკაცების ჭორებზე აქვს ყურები დაცქვეტილი. უიმისოდ არაფერი ითქმება... – ჭორებზეო, ამბობთ? – დიახ, კრესტიან ივანოვიჩ, ისეთი ჭორი დაყარეს, ისეთი რომ!.. ჩვენი დათვის ხელიც გაერია ამ საქმეში, მისი ძმისწულისაც, იმ ჩვენი ხვითოსი. გააბეს დედაბრებთან ქსელი, მოგეხსენებათ, და შეთითხნეს საქმე, როგორ ფიქრობთ, რა გამოიგონეს კაცის მოსასპობად? – კაცის მოსასპობად? – დიახ, კრესტიან ივანოვიჩ, კაცის მოსასპობად, კაცის ზნეობრივი მოსპობისათვის დაყარეს ერთი სიტყვით ხმები... ხომ გამიგეთ, იმ ჩემს ნაცნობზე მოგახსენებთ ყველაფერ ამას... კრესტიან ივანოვიჩმა თავი დაუქნია. – დაუყარეს, ერთი სიტყვით, ხმები, ხმები...მართალი გითხრათ, თქმაც კი მეუხერხულება ამისი, კრესტიან ივანოვიჩ. – ჰმ... – დაუყარეს ხმები, ვითომდა უკვე ცოლად შერთვის ხელწერილი მიეცეს, ვითომდა სასიძო ყოფილიყოს უკვე... მერედა არ იკითხავთ ვისი, კრესტიან ივანოვიჩ? – მაინც ვისი? – ვისი და ერთი უსირცხვილო გერმანელი დედაკაცისა, სადილს რომ უმზადებს ხოლმე. ვალის ანგარიშში ხელი შეუთავაზებიაო. – ამას ისინი ამბობენ? – დაიჯერებთ, კრესტიან ივანოვიჩ? ეს გათახსირებული გერმანელი ქალი, ურცხვი დედაკაცი, კაროლინა ივანოვნა, თუ გაგიგონიათ, არ გაუხადეს საქმედ? – მართალი გითხრათ, მე ჩემის მხრით... – მესმის თქვენი, კრესტიან ივანოვიჩ, მესმის და ჩემის მხრითაც ვგრძნობ ამას... – ერთი მიბრძანეთ, სად ცხოვრობთ თქვენ ახლა? – სად ვცხოვრობ ახლა, კრესტიან ივანოვიჩ? – დიახ... მე მინდოდა... თქვენ ადრე, მგონი, ცხოვრობდით... – ვცხოვრობდი, კრესტიან ივანოვიჩ, ვცხოვრობდი, ადრეც ვცხოვრობდი, აბა როგორ იქნებოდა! – მიუგო ბატონმა გოლიადკინმა და აქირქილდა, ამან, ცოტა არ იყოს, შეაცბუნა კრესტიან ივანოვიჩი. – არა, თქვენ ცუდად გამიგეთ; მე ჩემის მხრით მინდოდა... – მეც მინდოდა, კრესტიან ივანოვიჩ, ჩემის მხრით, მეც მინდოდა, – სიცილით გააგრძელა ბატონმა გოლიადკინმა, – ოღონდ ერთობ დიდხანს შევრჩი თქვენთან, კრესტიან ივანოვიჩ. იმედი მაქვს, ნებას მომცემთ, ახლა მაინც... გისურვოთ დილა მშვიდობისა... – ჰმ! დიახ, კრესტიან ივანოვიჩ, მესმის თქვენი ახლა უკვე სავსებით მესმის, – გაეპრანჭასავით ჩვენი გმირი კრესტიან ივანოვიჩს. – მაშ, ნება მომეცით დილა მშვიდობისა... აქ ჩვენმა გმირმა ფეხი ფეხს შემოჰკრა და სახტად დატოვა კრესტიან ივანოვიჩი. კიბეზე რომ ჩადიოდა, ბატონი გოლიადკინი ჩუმ-ჩუმად იღიმებოდა და სიხარულით ხელებს იფშვნეტდა. ხოლო როცა პარმაღზე გასულმა სუფთა ჰაერი ჩაისუნთქა, თავი სამშვიდობოზე დაიგულა, მზად იყო კიდეც ჭეშმარიტად ბედნიერ ადამიანად ეღიარებინა თავი და თამამად გაეწია დეპარტამენტისაკენ, რომ უეცრად სადარბაზოსთან მისი ეტლი მოგრიალდა; ბატონ გოლიადკინს ყველაფერი გაახსენდა. პეტრუშკა უკვე კარს აღებდა. რაღაც უცნაურმა და უკიდურესად უსიამოვნო გრძნობამ შეიპყრო ბატონი გოლიადკინის არსება. ერთ წამს თითქოს გაწითლდა კიდეც, რაღაცამ უჩხვლიტა გულზე; ის იყო ეტლის საფეხურზე უნდა შეედგა ფეხი, რომ ანაზდად შემოტრიალდა, კრესტიან ივანოვიჩის ფანჯრებს ახედა, ასეც მოელოდა! კრესტიან ივანოვიჩი ფანჯარასთან იდგა, მარჯვენა ხელს ბაკენბარდებზე ისვამდა და დიდი ცნობისმოყვარეობით მისჩერებოდა ჩვენს გმირს. „ბრიყვია ეს ექიმი, – გაიფიქრა ბატონმა გოლიადკინმა, როცა კარეტაში დურთა თავი, – მეტისმეტად ბრიყვი. იქნება თავის ავადმყოფებს კარგადაც მკურნალობს, მაგრამ ჯირკივით ყეყეჩია“. – ბატონი გოლიადკინი მოკალათდა, პეტრუშკამაც შეჰყვირა: „გასწიო!“ და კარეტა ისევ ნევის პროსპექტისკენ გაგრიალდა. თავი III    მთელი დილა ბატონმა გოლიადკინმა გაწამაწიაში გაატარა. ნევის პროსპექტზე რომ გავიდნენ, ჩვენმა გმირმა მეეტლეს უბრძანა: გოსტინი დვორთან გაჩერებულიყო, გადმოხტა ეკიპაჟიდან, პეტრუშკას თანხლებით კამარედში შეირბინა და პირდაპირ ვერცხლის რიგს მიაშურა. ერთი შეხედვითაც შეატყობდით, რომ ბატონ გოლიადკინს უზომო საზრუნავი და თავსაყრელი საქმე გასჩენოდა. დიდი ამბით ევაჭრებოდა ვერცხლეულის გამყიდველს ათასხუთასმანეთიან სადილისა და ჩაის სერვიზს, ისიც კი მოახერხა, რომ სართად უცნაური ფორმის პორტსიგარი და ვერცხლისავე წვერის საპარსი მოწყობილობა გამოეცანცლა; მერე კიდევ ორიოდე სხვა საჭირო და სასიამოვნო ნივთიც დააფასებინა ბატონმა გოლიადკინმა და მთელი ეს ამბავი იმით დაამთავრდა, რომ დუქნის ნომერი ჩაიწერა, ვაჭარს დაჰპირდა, დღეს თუ არა ხვალვე უსიკვდილოდ გამოვგზავნი ბიჭს ნავაჭრის წასაღებადო, ხოლო როცა შეცბუნებულმა ვაჭარმა ბეზე ჩამოუგდო სიტყვა, დააიმედა, თავის დროზე ბესაც მიიღებთო. მერე სასწრაფოდ დაემშვიდობა სახტად დარჩენილ ვაჭარს და დუქნების რიგს გაჰყვა. უკან ნოქრების მთელი ამალა აედევნა, ის კი წამდაუწუმ მიხედავდა ხოლმე პეტრუშკას და გაფაციცებული დაეძებდა კიდევ რომელიღაც დუქანს. გზად, ზარაფის ფარდულში შეირბინა და მთელი თავისი მსხვილი ასიგნაციები წვრილ-წვრილ ფულად გადაახურდავა; თუმცა ცოტა იზარალა, სამაგიეროდ საფულე საგრძნობლად გაებერა, რამაც აუწერელი სიამოვნება მოჰგვარა ბატონ გოლიადკინს. ბოლოს, ქალის ფართლეულის მაღაზიასთან გაჩერდა. აქაც კაი ძალი საქონელი შეარჩია ბატონმა გოლიადკინმა, აქაც ჩაიწერა დუქნის ნომერი და მედუქნეს დაჰპირდა, ნავაჭრისათვის აუცილებლად შემოვივლიო, ხოლო ბეს შეხსენებაზე, აქაც იგივე უთხრა, თავის დროზე ბეც იქნებაო. მერე კიდევ რამდენიმე დუქანში შეიარა, ყველგან აფასებინებდა ნაირ-ნაირ საქონელს. ევაჭრებოდა ნოქრებს, ზოგჯერ დიდხანს ედავებოდა, ერთი სამჯერ გავიდოდა დუქნიდან და ისევ შემობრუნდებოდა – ერთი სიტყვით, დიდ საქმეში იყო. გოსტინი დვორიდან ჩვენი გმირი ერთი ცნობილი ავეჯის მაღაზიისაკენ გაეშურა; იქაც ექვსი ოთახის მოწყობილობა დაიგულა, მერე თვალი დაადგა უკანასკნელი მოდის და უცნაური მოყვანილობის ქალის ტუალეტს, დააიმედა ვაჭარი – კაცს გამოვგზავნი ყველა ამეებისთვისო და მაღაზიიდან გავიდა ჩვეულებრივი დაპირებით, ბესაც თავის დროზე მიიღებთო. მერე კიდევ ერთიორგან შეიარა და იქაც ერთი-ორი რაღაც შეარჩია. ერთი სიტყვით მის ფაციფუცს ბოლო არ უჩანდა. ბოლოს, ეტყობა, ბატონ გოლიადკინს თავადაც ძალზე მობეზრდა ამდენი გაწამაწია. ღმერთმა უწყის რატომ, მაგრამ უეცრად სინდისის ქენჯნაც კი იგრძნო; არამც და არამც არ უნდოდა ამ წუთს, მაგალითად, ანდრეი ფილიპოვიჩს, ან თუნდაც კრესტიან ივანოვიჩს გადაჰყროდა. ამასობაში ქალაქის საათმა ნაშუადღევის სამი ჩამოჰკრა. საბოლოოდ, როცა ბატონი გოლიადკინი კარეტაში ჩაჯდა, აღმოჩნდა რომ მთელი დილის ნავაჭრი მანეთნახევრიანი ხელთათმანი და ერთი შუშა სუნამო იყო. რაკი ჯერ კიდევ ბევრი დრო ჰქონდა, ბატონმა გოლიადკინმა მეეტლეს უბრძანა, ეკიპაჟი გაეჩერებინა ნევის პროსპექტზე, ერთ ცნობილ რესტორანთან, რომლის არსებობა აქამდე მხოლოდ ყურმოკვრით იცოდა. კარეტიდან გადმოვიდა და რესტორანში შეირბინა, რათა წაესაუზმა, დაესვენა და დრო გაეყვანა.  სახელდახელოდ წაიხემსა, როგორც მდიდრულ წვეულებაზე წამავალ კაცს შეეფერებოდა, ესე იგი სული მოიბრუნა, როგორც იტყვიან ხოლმე, ერთი ჭიქა არაყიც დააყოლა და სავარძელში ჩაჯდა. მერე მოკრძალებულად მოავლო თვალი დარბაზს და მშვიდად ჩაუღრმავდა ერთ თხელ ეროვნულ გაზეთს. ორიოდე სტრიქონის წაკითხვის შემდეგ ადგა, სარკეში შეათვალიერა თავი, ტანსაცმელი გაისწორა, თმაზე ხელი გადაისვა, ფანჯარასთან მივიდა და გაიხედა, აქ არის თუ არა ჩემი კარეტაო... ისევ სავარძელში ჩაჯდა და გაზეთს მიუბრუნდა. აშკარა იყო, რომ ჩვენი გმირი მეტისმეტად ღელავდა. როცა კვლავ შეხედა საათს და დარწმუნდა რომ ჯერ მხოლოდ ოთხის თხუთმეტი წუთი იყო, ესე იგი კიდევ კაი ძალი დრო ჰქონდა დარჩენილი და ასე ჯდომა უხერხული გამოვიდოდა, ბატონმა გოლიადკინმა შოკოლადი დაუკვეთა, თუმცა მაინცდამაინც არაფრად ეპიტნავებოდა. შოკოლადი რომ დალია, შენიშნა რომ დროს ცოტათი წაეწია წინ და ნახარჯის გასასტუმრებლად გავიდა. ამ დროს ვიღაცამ მხარზე დაჰკრა ხელი. მოიხედა და მის წინ მდგარი ორი თანამშრომელი დაინახა, სწორედ ისინი, რომელთაც დილით ლიტეინზე შეხვდა; ჯერ კიდევ ახალგაზრდა ყმაწვილები იყვნენ როგორც ასაკით, ისე ჩინით. ჩვენს გმირს მათთან სასხვათაშორისო ურთიერთობა ჰქონდა, არც მეგობრობდა და არც აშკარად მტრობდა. ზრდილობის საზღვრებს ორივე მხარე იცავდა. უფრო მეტი დაახლოება არ მომხდარა და არც შეიძლება მომხდარიყო. ახლა მათთან შეხვედრა ძალზე უსიამოვნო იყო ბატონი გოლიადკინისათვის, სახე მოეღუშა და ცოტა დაიბნა კიდეც. – იაკობ პეტროვიჩ, იაკობ პეტროვიჩ – აჭიკჭიკდა ორივე რეგისტრატორი; – აქა ბრძანდებით? რა შემთხვევის... – ა! ეს თქვენა ბრძანდებით, ბატონებო? – საჩქაროდ შეაწყვეტინა ბატონმა გოლიადკინმა; ჩინოვნიკების გაოცებამ, მათმა ძმაბიჭურმა მიმართვამ, თუმცა ძალიან შეაცბუნა და უხერხულობაში ჩააგდო ბატონი გოლიადკინი, მაგრამ, მეტი რა გზა ჰქონდა, მაინც დარდიმანდული და ვაჟკაცური იერი მიიღო. – მიბრძანდით, ბატონებო? ხე, ხე, ხე... – ჩვენმა გმირმა სცადა მხარზე ხელი მოეთათუნებინა ერთ-ერთი ყმაწვილისათვის, უნდოდა, თავმდაბლობაც გამოეჩინა და ღირსებაც არ შელახოდა, რადგან ჩვეულებრივ შორს ეჭირა ხოლმე მათგან თავი. მაგრამ ვერ მოზომა და დარბაისლური გახუმრების ნაცვლად სულ სხვა რამ გამოუვიდა. – ჩვენი დათვი რასა იქმს, უზის მაგიდას? – ვისზე ბრძანებთ, იაკობ პეტროვიჩ? ვისზე და ჩვენს დათვზე, ვითომ არ იცოდეთ ვის ვეძახით დათვს? – ბატონმა გოლიადკინმა გაიცინა და ხურდის გამოსართმევად მომტანს მიუბრუნდა. – ანდრეი ფილიპოვიჩზე მოგახსენებთ, ბატონებო, – ახლა უკვე სერიოზული სახით მიმართა ჩინოვნიკებს. რეგისტრატორებმა მრავალმნიშვნელოვნად ჩაუკრეს თვალი ერთმანეთს. – ჯერ კიდევ იქა ზის და თქვენც გიკითხათ, იაკობ პეტროვიჩ, – უპასუხა ერთ-ერთმა. – მაშ, ზის, ჰა! ზის და იჯდეს, ბატონებო. მაშ, მეც მიკითხა, არა? – გიკითხათ იაკობ პეტროვიჩ; ეს რა ყოფაში ხართ! მორთულ-მოკაზმულხართ, სუნამოც გიპკურებიათ, ნამდვილი ფრანტი ხართ... – ეს ისე, ბატონებო! კარგი ერთი... – უპასუხა ბატონმა გოლიადკინმა, თან განზე გაიხედა და უხერხულად გაიღიმა. მომღიმარი ბატონი გოლიადკინის დანახვაზე ჩინოვნიკებს ხარხარი აუტყდათ. ბატონი გოლიადკინი, ცოტა არ იყოს, აიმრიზა. – ერთ რამეს გეტყვით, ბატონებო, მეგობრულად, – მცირე დუმილის შემდეგ მიმართა ჩვენმა გმირმა ჩინოვნიკებს, თითქოსდა რის ვაივაგლახით გადაწყვიტა, გაემხილა მათთვის რაღაც მნიშვნელოვანი რამ, – ცნობით კი მიცნობთ, ბატონებო, მაგრამ აქამდე მხოლოდ ცალმხრივად მიცნობდით. მართალი გითხრათ, ვერავის გადავაბრალებ, ერთის მხრივ, ამაში თავად მე ვიყავი დამნაშავე. ბატონმა გოლიადკინმა ტუჩები მოკუმა და მრავალმნიშვნელოვნად შეაცქერდა ჩინოვნიკებს. ჩინოვნიკებმა ისევ ჩაუკრეს თვალი ერთმანეთს. – აქამდე ბატონებო ცუდად მიცნობდით. ახლა, ასეთ ვითარებაში ამის ახსნა-განმარტება არ ივარგებს. მხოლოდ ზოგ რამეს მოგახსენებთ, სხვათა შორის და გაკვრით არიან ადამიანები, ბატონებო, რომელთაც მიკიბულ-მოკიბულობა არ უყვართ და მხოლოდ მასკარადის დროს ინიღბებიან. არიან ადამიანები, რომლებიც კაცის მთავარ დანიშნულებად იმას როდი მიიჩნევენ, რომ პარკეტს ჩექმებით ნაპერწკლები აყრევინონ ოსტატურად. ისეთი ადამიანებიც არიან, ბატონებო, რომლებიც არ მოჰყვებიან ლაპარაკს, ბედნიერი ვარ და გულსავსედ ვცხოვრობო, მხოლოდ იმის გამო, მაგალითად, რომ შარვალი კოხტად მოერგო ტანზე. ისეთებიც არიან, ტყუილუბრალოდ ხტუნვა და ბზრიალი, ლაქუცი და პირფერობა რომ არ უყვართ და, რაც მთავარია, ბატონებო, ცხვირს არ ყოფენ იმ საქმეში, სადაც არაფერი ეკითხებათ... მე, ბატონებო, უკვე თითქმის ყველაფერი გითხარით; ახლა კი ნება მომეცით გამოგეთხოვოთ... ბატონი გოლიადკინი დადუმდა. რაკიღა ამჯერად ბატონმა რეგისტრატორებმა დაკმაყოფილებულად იგრძნეს თავი, უცებ ერთობ უზრდელურად ახარხარდნენ. ბატონი გოლიადკინი აენთო. – იცინეთ, ბატონებო, იცინეთ! დადგება დრო და თვითონ მიხვდებით, – წარმოთქვა ღირსებაშელახული კაცის კილოთი, შლაპას ხელი დაავლო და კარისაკენ გააბიჯა. – მეტსაც გეტყვით, ბატონებო, – მიუტრიალდა იგი უკანასკნელად ბატონ რეგისტრატორებს, – მეტსაც გეტყვით, – თქვენთან დასამალი არაფერი მაქვს. აი, როგორ წესს მივდევ მე, ბატონებო: არ გამომივა? – გულს ვიმაგრებ. გამომივა და თავს ვიჭერ, და ყოველ შემთხვევაში ძირს არავის გამოვუთხრი. ინტრიგანი არა ვარ, ვამაყობ კიდეც ამით. არც დიპლომატად ვივარგებდი. ასეც ამბობენ ხოლმე, ბატონებო : თაგვმა თხარა თხარაო, კატა გამოთხარაო. მართალი ნათქვამია, მეც მზად ვარ დავეთანხმო, მაგრამ ვინ კატა და ვინ თაგვი, ეს კიდევ საკითხავია, ბატონებო! ბატონი გოლიადკინი მჭერმეტყველურად დადუმდა, უაღრესად მრავალმნიშვნელოვანი სახით, ესე იგი, წარბებაქაჩული და ტუჩებმოკუმული, გამოეთხოვა სახტად დარჩენილ ჩინოვნიკებს და გარეთ გავიდა. – საით მიბრძანდებით? – პირქუშად ჰკითხა პეტრუშკამ, რომელსაც ჩანდა, უკვე მობეზრებოდა ამ ყიამეთში წანწალი, – საით მიბრძანებთ? – ჰკითხა მან ბატონ გოლიადკინს და იმწამსვე შეეფეთა იმ საზარელ, ყოვლისგამანადგურებელ მზერას, რომლითაც ჩვენმა გმირმა ამ დილით უკვე ორჯერ დაიზღვია თავი და ახლა მესამედ იშველიებდა კიბეზე ჩასვლისას. – იზმაილოვის ხიდისაკენ. – იზმაილოვის ხიდისაკენ! გასწი! „სადილად ალბათ ხუთისთვის დასხდებიან, ან ზუსტად ხუთზე, – ფიქრობდა ბატონი გოლიადკინი: – ადრე ხომ არ მივდივარ? თუმცა მე ხომ ადრეც შემიძლია მისვლა; თანაც ეს შინაურული სადილია. მე ხომ ისეც შემიძლია მისვლა სან-ფასონ, როგორც წესიერ ხალხში იტყვიან ხოლმე. ვითომ რატომ არ შემიძლია სან-ფასონ? ჩვენმა დათვმაც ხომ თქვა, ყველაფერი სან-ფასონ იქნებაო, ხო და მეც ასევე...“ ამას ფიქრობდა გულში ბატონი გოლიადკინი; მაგრამ თანდათან, სულ უფრო და უფრო იპყრობდა მღელვარება. აშკარა იყო, რომ იგი ერთობ საჭოჭმანო საქმეს ეპირებოდა, თავისთვის რაღაცას ჩურჩულებდა, მარჯვენა ხელს იქნევდა, წამდაუწუმ კარეტის სარკმლიდან იხედებოდა; ახლა რომ ვინმეს ბატონი გოლიადკინისთვის შეესწრო თვალი, ვერ დაიჯერებდა, რომ იგი გემრიელ სადილზე იყო მიწვეული და ისიც შინაურულ წრეში – სან-ფასონ, როგორც წესიერ ხალხში იტყვიან ხოლმე. ბოლოს ზედ იზმაილოვის ხიდთან ბატონმა გოლიადკინმა ერთ სახლზე ანიშნა მეეტლეს. კარეტა ჭიშკარში შეგრიალდა და მარჯვენა სადარბაზოსთან გაჩერდა. მეორე სართულის ფანჯარაში გოლიადკინმა ქალის ფიგურას მოჰკრა თვალი და ჰაეროვანი კოცნა გაუგზავნა, თუმცაღა თავადაც არ ესმოდა რას სჩადიოდა, რადგან მღელვარებისაგან თითქმის ჭკუაზე აღარ იყო. კარეტიდან გაოგნებული, ფერწასული გადმოვიდა, პარმაღზე ავიდა, შლაპა მოიხადა, მექანიკურად შეისწორა ტანსაცმელი და მუხლის კანკალით შეუდგა კიბეს. – ოლსუფი ივანოვიჩი... – იკითხა მან, როცა კარი გაუღეს. – შინ გახლავთ, ესე იგი, არა ბატონო, შინ არ გახლავთ. – როგორ? რას ამბობ, ჩემო კეთილო? – მე... მე სადილზე ვარ მოწვეული, ძმობილო, ხომა მცნობ? – როგორ არა გცნობთ, ბატონო? თქვენი მიღება არ უბრძანებია. – შენა... ძმობილო... რაღაც გეშლება, ძმაო. ეს ხომ მე ვარ, მე, ძმობილო! დაპატიჟებული ვარ, სადილზე ვარ მოწვეული. – ამბობდა ბატონი გოლიადკინი და თან შინელს იხდიდა, აშკარა იყო, შიგნით შესვლას აპირებდა. – უკაცრავად, ბატონო, არ შეიძლება. არ უბრძანებიათ თქვენი მიღება, უარის თქმა მიბრძანეს, ბატონო. აი, როგორაა საქმე! ბატონი გოლიადკინი გაფითრდა. სწორედ ამ დროს შიდა ოთახში გამავალი კარი გაიღო და ოლსუფი ივანოვიჩის მოხუცი კამერდინერი, გერასიმიჩი გამოვიდა. – აგერ, ამ ბატონს, ემელიან გერასიმიჩ, შემოსვლა უნდა. მე კი... – თქვენ კი ბრიყვი ხართ, ალექსეიჩ. შინ შედით და ის არამზადა სემიონიჩი გამომიგზავნეთ აქ, არ შეიძლება, ბატონო, – თავაზიანად, მაგრამ მტკიცედ მიმართა ბატონ გოლიადკინს, – არაფრით არ შეიძლება, ბატონო. ბოდიში შემოგითვალეს, ბატონო; არ შეუძლიათ თქვენი მიღება. – სწორედ ასე გითხრეს, არ შეგვიძლია მიღებაო? – გაუბედავად ჰკითხა ბატონმა გოლიადკინმა. – მაპატიეთ, გერასიმიჩ, მაგრამ რატომ არ შეიძლება? – არაფრით არ შეიძლება, ბატონო. მე მოვახსენე, მიპასუხეს, ბოდიში მოუხადეო, უთხარი, არ შეუძლია მიღება-თქო. – კი მაგრამ, რატომ? როგორ? – მოითმინეთ, მოითმინეთ! – კი, მაგრამ, როგორ? ასე როგორ შეიძლება! მოახსენეთ... ეს როგორ იქნება? მე სადილზე... – მოითმინეთ, მოითმინეთ! – თუმცა, ეს უკვე სხვა ამბავი კია, – ბოდიშს რომ ითხოვენ; მაგრამ მაინც მითხარით ერთი, გერასიმიჩ, რა მოხდა, რა ამბავია? – მოითმინეთ, მოითმინეთ! – უპასუხა გერასიმიჩმა. თან დაურიდებლად გასწია გვერდზე ბატონი გოლიადკინი და ფართო გზა მისცა ორ ბატონს, რომლებიც ის იყო წინკარში შემოდიოდნენ, ესენი იყვნენ ანდრეი ფილიპოვიჩიდა მისი ძმისწული ვლადიმირ სემიონოვიჩი. ორივემ გაკვირვებით შეხედა ბატონ გოლიადკინს. ანდრეი ფილიპოვიჩი რაღაცის თქმას აპირებდა, მაგრამ ბატონ გოლიადკინს უკვე მიეღო გადაწყვეტილება: სახეზე დაბნეული ღიმილით, თავდახრილი და გაწითლებული უკვე გადიოდა ოლსუფი ივანოვიჩის სახლიდან. – მერე შემოვივლი, გერასიმიჩ; ყველაფერს გავარკვევ, იმედი მაქვს, მალე გაირკვევა ეს საქმე, – ჩაილაპარაკა მან, როცა კარებში გადიოდა და სათქმელი უკვე კიბეზე დაამთავრა... – იაკობ პეტროვიჩ, იაკობ პეტროვიჩ... – მოესმა ბატონ გოლიადკინს გამოდევნებული ანდრეი ფილიპოვიჩის ხმა. ბატონი გოლიადკინი ამ დროს უკვე კიბის პირველ ბაქანზე იყო. იგი სწრაფად მიუტრიალდა ანდრეი ფილიპოვიჩს. – რა გნებავთ, ანდრეი ფილიპოვიჩ? – საკმაოდ გაბედულად ჰკითხა მან. – რა დაგემართათ, იაკობ პეტროვიჩ? როგორ მოხდა, რომ... – არაფერიც არ მომხდარა, ჩემო ბატონო. აქ ჩემი თავი მე მაბარია. ეს ჩემი პირადი ამბავია, ანდრეი ფილიპოვიჩ! – რა ბრძანეთ? – იმას მოგახსენებთ, ანდრეი ფილიპოვიჩ, რომ ეს ჩემი პირადი საქმეა, და რომ ამაში, რამდენადაც მე მგონია, არაფერია გასაკიცხი ჩემი ოფიციალური დამოკიდებულების თვალსაზრისით. – რაო? – ოფიციალური დამოკიდებულების?.. რა გაგჭირვებიათ, ბატონო ჩემო? – არაფერი, ანდრეი ფილიპოვიჩ, სრულიად არაფერი, თავხედი გოგოა, მეტი არაფერი... – რაო!.. რაო?! – ანდრეი ფილიპოვიჩი გაოცებისგან დაიბნა. ბატონი გოლიადკინი აქამდე ქვედა საფეხურიდან ელაპარაკებოდა ანდრეი ფილიპოვიჩს და ისე მისჩერებოდა, გეგონებოდათ, საცაა თვალებში შეაფრინდებაო; ხოლო როცა დაინახა, რომ განყოფილების უფროსი ცოტა დაიბნა, თითქმის გაუაზრებლად წადგა ნაბიჯი. ანდრეი ფილიპოვიჩმა უკან დაიხია. ბატონმა გოლიადკინმა ისევ მოინაცვლა საფეხური, ჯერ ერთი, მერე მეორე. ანდრეი ფილიპოვიჩმა შეშფოთებით მიხედ-მოიხედა. ბატონმა გოლიადკინმა უცებ მარდად აირბინა კიბე. ანდრეი ფილიპოვიჩი უფრო მარდად გადახტა უკან, შევარდა ბინაში და კარი მიიჯახუნა. ბატონი გოლიადკინი მარტო დარჩა, თვალთ დაუბნელდა, თავგზა აებნა და გახევდა რაღაც უაზრო ფიქრებში წასული, თითქოს სულ ახლახან მომხდარი, ასეთივე – ყოვლად უაზრო შემთხვევის გახსენებას ცდილობსო. „ეჰ, ეჰ! – წაიჩურჩულა მან და ნაძალადევად გაიღიმა, ამასობაში კიბის ბოლოდან ლაპარაკი და ფეხის ხმა მოისმა; როგორც ეტყობა ოლსუფი ივანოვიჩის ახალი სტუმრები მოდიოდნენ; ბატონი გოლიადკინი ოდნავ გონს მოეგო, სწრაფად აიწია ენოტის საყელო, შიგ სახე ჩამალა და მოკლე-მოკლე ნაბიჯებით, კოჭლობითა და ბორძიკით დაეშვა კიბეზე. გრძნობდა, როგორ ეცლებოდა ღონე და უბუჟდებოდა სხეული. ისე იყო დაბნეული, რომ პარმაღზე გასულმა კარეტის მოახლოებასაც არ მოუცადა, პირდაპირ გაუყვა გზას, გადაიარა ტალახიანი ეზო და ეკიპაჟთან მივიდა. ის იყო ჩასაჯდომად მოემზადა ბატონი გოლიადკინი, რომ გულში გაკრა სურვილმა – ან მიწა გასკდომოდა და შიგ ჩავარდნილიყო, ან თაგვის სოროში შემძვრალიყო თავისი კარეტიანად, ეჩვენებოდა, თითქოს ყველაფერი, რაც კი ოლსუფი ივანოვიჩის სახლში იყო, მას მიშტერებოდა ყველა ფანჯრიდან. გრძნობდა, აქვე დალევდა სულს, თავი რომ მიებრუნებინა უკან. – რა გაცინებს, შე ბრიყვო! – შეუძახა პეტრუშკას, რომელიც ბატონის შესაშველებლად მომზადებულიყო. – რა მაქვს გასაცინი? მე რა, სულაც არაფერი, ახლა სად წავიდეთ? – სახლში, გასწი... – გასწი სახლისაკენ! – შესძახა პეტრუშკამ და უკანა საფეხურს შეახტა. „ყვავივით არ ყრანტალებს!“ – გაიფიქრა ბატონმა გოლიადკინმა. ამასობაში კარეტა კარგა შორს გასცდა იზმაილოვის ხიდს. უცებ ჩვენმა გმირმა მთელი ძალით მოქაჩა ზონარს და მეეტლეს მიაძახა, დაუყოვნებლივ უკან დაბრუნებულიყო. მეეტლემ ცხენები მოაბრუნა და ორი წუთის შემდეგ ისევ ოლსუფი ივანოვიჩის ეზოში შეგრიალდა. – „სად მიხვალ, რეგვენო, სად! უკან გაბრუნდი!“ – დაუყვირა ბატონმა გოლიადკინმა, და მეეტლემაც, თითქოს მოელოდაო ასეთ ბრძანებას, სიტყვის შეუბრუნებლად, შეუჩერებლივ შემოუარა გარშემო ეზოს და ისევ ქუჩაში გავიდა. ბატონი გოლიადკინი შინ არ წასულა; სემიონოვის ხიდი რომ გადაიარა, მეეტლეს უბრძანა, ერთ მოსახვევში შეეხვია და ერთი უბრალო ტრაქტირის წინ გაჩერებულიყო. კარეტიდან გადმოსული ჩვენი გმირი გაუსწორდა მეეტლეს და, როგორც იქნა, თავი დაიხსნა ეკიპაჟისაგან. პეტრუშკას უბრძანა შინ წასულიყო და იქ დალოდებოდა, თვითონ კი ტრაქტირში შევიდა, ცალკე ნომერი დაიკავა და სადილი დაუკვეთა. ცუდად იყო, ძალზე ცუდად; თავში საშინელი ქაოსი და ორომტრიალი ედგა. დიდხანს სცემდა ოთახში ბოლთას აღელვებული, ბოლოს სკამზე ჩამოჯდა, შუბლი ხელებს დააყრდნო და მთელი ძალით შეეცადა, გაერკვია და აეხსნა როგორმე თავისი ახლანდელი მდგომარეობა. თავი IV    ის დღე, – ბატონი გოლიადკინის ოდინდელი კეთილისმყოფელის, სახელმწიფო მრჩეველ ბერენდეევის მხოლოდშობილი ასულის, კლარა ოლსუფიევნას დაბადების ღირსშესანიშნავი დღე, დღე, რომელიც ბრწყინვალე სადილით აღინიშნა, სადილით, რომლის მსგავსი კაი ხანია აღარ ენახათ იზმაილოვის ხიდის ახლომახლო მცხოვრებ ჩინოვნიკთა ოჯახებში, სადილით, რომელიც თავისი ბრწყინვალებით, თვალისმომჭრელი სიმდიდრითა და მაღალი ღირსებით ბალთაზარულ ლხინს უფრო ჰგავდა, ვიდრე სადილს, სადილით, რომელსაც კლიკოს შამპანურის სიუხვე, ელისეევისა და მილიუტინისეული დუქნების ხამანწკებისა და თევზეულობის ხვავრიელობა და სხვა უცხო, ნუგბარ-ნუგბარი ხორაგეულობა, ნაირგვარი ნასუქი კუროები და ჩინოვნიკური რანგის სრული ტაბელი რაღაც ბაბილონურ იერს რომ ანიჭებდა, – სწორედ ის ღირსშესანიშნავი დღე, ასეთივე ღირსშესანიშნავი სადილით აღნიშნული, დამთავრდა თვალისმომჭრელი მეჯლისით, მცირე, შინაურული, ნათესაური, მაგრამ გემოვნების, განათლებულობისა და მაღალღირსების თვალსაზრისით, მაინც თვალისმომჭრელი მეჯლისით. დაგეთანხმებით, რომ ასეთი მეჯლისები იმართება ხოლმე, მაგრამ ძალზე იშვიათად. ასეთი მეჯლისები, უფრო შინაურულ დროსტარებას რომ ჰგავს, ვიდრე მეჯლისებს, მხოლოდ ისეთ ოჯახებში შეიძლება გაიმართოს, როგორიც, მაგალითისთვის, სახელმწიფო მრჩევლის ბერენდეევის ოჯახი გახლდათ. მეტსაც მოგახსენებთ: დიდად მეეჭვება, რომ ამდაგვარი მეჯლისები ყველა სახელმწიფო მრჩევლის ოჯახში იმართებოდეს. ეჰ, პოეტი რომ ვყოფილიყავი! – რა თქმა უნდა, თუნდაც ჰომეროსი, ან პუშკინი, ამათზე მცირე ნიჭით ვერაფერს გახდებოდა კაცი. როგორი წარმტაცი ფერებითა და სილაღით დაგიხატავდით, ჩემო მკითხველებო, მთელ ამ დიდსაზეიმო დღეს! არა, უპირველეს ყოვლისა, ჯერ სუფრის აღწერით დავიწყებდი ჩემს პოემას და განსაკუთრებით იმ გამაოგნებელ და ამავე დროს საზეიმო წუთს წარმოგიდგენდით, თვალნათლივ, როცა დღესასწაულის დედოფლის სადღეგრძელოდ პირველი სასმისი აიწია. დაგიხატავდით სადღეგრძელოს მოლოდინში სასოებით გარინდულ სტუმრებს, რომელთა დუმილი დემოსთენეს ენამჭევრობას უფრო ჩამოჰგავდა, ვიდრე დუმილს, მერე დაგიხატავდით ანდრეი ფილიპოვიჩს, უხუცესს სტუმართა შორის, რომელსაც ერთგვარი უფლებაც კი ჰქონდა პირველობისა, ჭაღარით მოსილს და ჭაღარის შესაფერისი ორდენებით მკერდდამშვენებულს, ფეხზე რომ წამოიმართა და სადღეგრძელოს წარმოსათქმელად თავს ზემოთ ასწია შუშხუნა ღვინით სავსე თასი, იმ ღვინით, საგანგებოდ რომ ჩამოაქვთ ხოლმე ერთი შორეული მცირე სამეფოდან, რათა ამგვარ წუთებში ყელი ჩაიკოკლოზინონ, ღვინით , რომელიც ღვთაებრივ ნექტარს უფრო ჰგავს, ვიდრე ღვინოს. დაგიხატავდით სუფრის წვეულთ და დედოფლის ბედნიერ მშობლებს, რომელთაც თავ-თავიანთი სასმისები ასწიეს ანდრეი ფილიპოვიჩის კვალზე და ლოდინით სავსე მზერა მიაპყრეს მას. დაგიხატავდით, ჯერ როგორ ჩააპკურა ამ ხშირად ნახსენებმა ანდრეი ფილიპოვიჩმა ერთი წვეთი ცრემლი თავის თასში, მერე კი ადღეგრძელა მასპინძლის ასული, მიულოცა დღეობა, უსურვა ყოველივე სიკეთე და ბოლომდე გამოცალა თასი, მაგრამ ვაღიარებ, გულწრფელად ვაღიარებ, რომ უკვე ვეღარ შევძლებდი ამეწერა თქვენთვის იმ სანეტარო წუთის საზეიმო განწყობილება, როცა თავად დღესასწაულის დედოფალმა, კლარა ოლსუფიევნამ, ნეტარებისა და სიმორცხვისაგან გაზაფხულის ვარდის ფერად ლოყებშეფაკლულმა, ვეღარ გაუძლო მოზღვავებულ გრძნობებს და მოსიყვარულე დედას ჩაეკონა გულში, როგორ აცრემლდა მოსიყვარულე დედა და როგორ აქვითინდა ამ სურათის მხილველი მამა, ღირსეული მოხუცი და სახელმწიფო მრჩეველი ოლსუფი ივანოვიჩი, რომელმაც ხანგრძლივ სამსახურს შესწირა ფეხთა სიმრთელე და ასეთი თავდადების საზღაურად მცირე კაპიტალით, საცხოვრებელი სახლით, ორიოდე სოფლითა და მზეთუნახავი ქალიშვილით დააჯილდოვა ბედმა. აქვითინდა, როგორც ბალღი აქვითინდება ხოლმე და ცრემლის ფრქვევით აღმოთქვა, მისი აღმატებულება ოქრო კაციაო. ვერც იმას შევძლებდი, დიახ, სწორედ რომ ვერ შევძლებდი, გადმომეცა თქვენთვის გულთა ის საყოველთაო აღტკინება, უშუალოდ ამ ამბავს რომ მოჰყვა და ასე ნათლად რომ გამოვლინდა ერთი ახალგაზრდა რეგისტრატორის (ამ წუთას იგი სახელმწიფო მრჩეველს უფრო ჩამოჰგავდა, ვიდრე რეგისტრატორს) საქციელში, ანდრეი ფილიპოვიჩის სიტყვის მოსმენაზე ცრემლი რომ მოერია. თავის მხრივ, ამ წუთას არც ანდრეი ფილიპოვიჩი ჰგავდა კოლეგიის მრჩეველსა და დეპარტამენტის განყოფილების უფროსს, იგი სულ სხვა რანგის კაცი გეგონებოდათ... არ კი ვიცი, ვინ, სახელდობრ, მაგრამ კოლეგიის მრჩეველი ხომ არამც და არამც! იგი გაცილებით დიდი ვინმე ჩანდა! და ბოლოს... ო! ნეტავ ვფლობდე ამაღლებული, ძლიერი და შთამბეჭდავი სტილის საიდუმლოს, რათა აღვწერო ჩვენი ცხოვრების ყველა ეს უმშვენიერესი და ჭკუისსასწავლებელი ჟამი, თითქოსდა განზრახ გაჩენილი იმის დასამტკიცებლად, თუ როგორ ამარცხებს ხანდახან სათნოება უკეთურებას, თავქარიანობას, ბიწიერებასა და შურს! არაფერს ვიტყვი, მხოლოდ უსიტყვოდ – ეს ყოველგვარ მჭერმეტყველებაზე უმჯობესი იქნება – დაგანახვებთ ამ ბედნიერ ყმაწვილ კაცს, თავისი სიცოცხლის ოცდამეექვსე გაზაფხულში გადამდგარს, ვლადიმირ სემიონოვიჩს, ანდრეი ფილიპოვიჩის ძმისწულს, რომელიც თავის მხრივ, აგრეთვე, ფეხზე დგება, რომელიც თავის მხრივ, აგრეთვე, წარმოთქვამს სადღეგრძელოს და რომლისადმიც მიპყრობილია აცრემლებული თვალები ზეიმის დედოფლის მშობლებისა, – სიამაყით სავსე თვალები ანდრეი ფილიპოვიჩისა, დარცხვენილი თვალები თავად დღესასწაულის დედოფლისა, წვეულთა აღტაცებული მზერა და ახალგაზრდა თანამშრომელთა უბოროტო შურით ანთებული თვალები. არაფერს ვიტყვი, თუმცა არ ძალმიძს თავი შევიკავო და არ აღვნიშნო, რომ ყველაფერი ამ ყმაწვილკაცში, რომელიც დარბაისელ მოხუცს უფრო ჰგავდა, ვიდრე ყმაწვილკაცს (მისთვის სახარბიელო აზრით ვამბობთ ამას), ყველაფერი – ღაჟღაჟა ღაწვებით დაწყებული კარგად შეფერებულ ასესორის ჩინამდე, ყოველივე ეს ლამის თავად ალაპარაკებულიყო ამ საზეიმო წუთებში – ერთი შეხედეთ, რა ზომამდე შეიძლება აამაღლოს კაცი კეთილზნეობამო. არც იმას აგიწერთ, თუ ანტონ ანტონოვიჩ სეტოჩკინმა, დეპარტამენტის მაგიდის უფროსმა, ანდრეი ფილიპოვიჩისა და ოდესღაც ოლსუფი ივანოვიჩის ახლო თანამშრომელმა, ესეც არ იყოს, ამ ოჯახის ძველმა მეგობარმა და კლარა ოლსუფიევნას ნათლიამ, სპეტაკი ჭაღარით თავგადაპენტილმა ბერიკაცმა, თავის მხრივ, როგორ შესთავაზა სადღეგრძელო წვეულთ. ხრინწიან ხმაზე წაიმღერა და ზედ მხიარული შაირებიც დააყოლა, როგორ დააოსა სიცილით, წესიერების ამ წესიერად დამრღვევმა, თუ კი შეიძლება ასე ითქვას, მთელი საზოგადოება და როგორ ეამბორა მას მშობლების ბრძანებით თავად კლარა ოლსუფიევნა ასეთი მხიარულებისა და თავაზიანობისათვის. და, ბოლოს, მხოლოდ იმას გეტყვით, თუ როგორ წამოიშალნენ სუფრიდან სტუმრები, რომლებიც ასეთი სადილის შემდეგ ბუნებრივია, ერთმანეთისადმი ღვიძლი ნათესაური და ძმური გრძნობით განიმსჭვალნენ. როგორ გააბეს ერთხანს მოხუცებმა და დარბაისელმა ხალხმა მეგობრული მუსაიფი და გულწრფელადაც გაუზიარეს ერთმანეთს თავიანთი გულისნადები, როგორ გაემართნენ მერე დინჯად მეორე ოთახისაკენ, ძვირფასი დრო რომ არ დაეკარგათ, საჩქაროდ განცალკევდნენ მცირე ჯგუფებად და ღირსების გრძნობებით სავსენი მიუსხდნენ მწვანე მაუდგადაკრულ მაგიდებს; თუ როგორ მოკალათდნენ ბანოვანნი სასტუმრო ოთახში, გადაიქცნენ ხორცშესხმულ თავაზიანობად და სხვადასხვა საგნებზე გააბეს საუბარი; და ბოლოს, როგორ დადიოდა სტუმრებს შორის თავად დიდადპატივცემული სახლის პატრონი, ხანგრძლივ სამსახურს რომ შესწირა ფეხთა სიმრთელე და ამის სანაცვლოდ ყოველივე იმით დაჯილდოვდა, რაც ზემოთ ჩამოვთვალეთ, როგორ დადიოდა ყავარჯნებს დაყრდნობილი, ერთი მხრიდან ვლადიმერ სემიონოვიჩი რომ შესდგომოდა, მეორე მხრიდან კი – კლარა ოლსუფიევნა, როგორ გადაიქცა იგი ხორცშესხმულ თავაზიანობად და როგორ გადაწყვიტა, ხარჯების მიუხედავად, სახელდახელოდ მოეწყო პატარა, უპრეტენზიო მეჯლისი; როგორ აფრინეს, ამ მიზნით, ერთი მარჯვე ყმაწვილი (სწორედ ის, რომელიც სადილზე სახელმწიფო მრჩეველს უფრო წააგავდა, ვიდრე ყმაწვილკაცს) მუსიკოსების მოსაყვანად; მერმე როგორ მოვიდნენ მუსიკოსები, სულ თერთმეტი სული, და ბოლოს, ზუსტად ცხრის ნახევარზე როგორ გაისმა პირველი ჰანგები ფრანგული კადრილისა და სხვა ნაირ-ნაირი საცეკვაო მუსიკისა... იმის თქმაც კი არა ღირს, რომ ჩემი კალამი უძლური, ბლაგვი და დუნეა, რომ მას არ ძალუძს საკადრისად დაგიხატოთ მეჯლისი, რომელიც სახელდახელოდ მოაწყო უსაზღვროდ თავაზიანმა თმაჭაღარა მასპინძელმა. ან კი, ერთი მიბრძანეთ, როგორ შევძლო მე, ბატონი გოლიადკინის უბრალო, თუმცაღა თავისებურად საგულისხმო თავგადასავალთა მოკრძალებულმა მთხრობელმა, როგორ შევძლო, აგიწეროთ ის არაჩვეულებრივი და განმაცვიფრებელი ნაზავი სილამაზისა და ბრწყინვალებისა, წესიერებისა და მხიარულებისა, თავაზიანი სიდარბაისლისა და დარბაისლური თავაზიანობისა, სილაღისა და სიხარულისა; სიცილი და ტკრციალი ჩინოსან მანდილოსნებისა, უფრო ფერიებს რომ ჰგავდნენ, ვიდრე მანდილოსნებს, – ამას მათთვის სახარბიელო აზრით მოგახსენებთ. თეთრ-ყირმიზი ყელ-კისერი და პირისახე, წერწეტი წელი და ნატიფ-ნარნარი, მაღალფარდოვნად მოგახსენებთ, ჰომეოპათიური ფეხები რომ ამშვენებდათ? ან როგორ დაგიხატოთ ის ჩინოვნიკი რაინდები, მხიარულნი და დარბაისელნი, ყმაწვილკაცნი და ჭარმაგნი, გულმხიარულნი და ზომიერად გულჩათხრობილნი, ცეკვებს შორის ანტრაქტის დროს მოშორებით, პატარა მწვანე ოთახში ჩიბუხის მწეველნი და ანტრაქტებში ჩიბუხის არამწეველნი, კავალრები, უკლებლივ ყველა, შესაფერი ჩინისა და გვარის მატარებელნი, კავალრები საკუთარი ღირსების ღრმა რწმენითა და ფაქიზი გრძნობებით გამსჭვალულნი, მანდილოსნებთან უმეტესწილად ფრანგულად მომუსაიფენი, ხოლო რუსულად კი მხოლოდ უმაღლესი ტონის გამომხატველი გამოთქმების, ღრმააზროვანი ფრაზებისა და ქათინაურების მფრქვეველნი, კავალრები, რომლებიც მხოლოდ მოსაწევ ოთახში თუ მისცემდნენ თავს ნებას, ერთგვარი თავდაჭერილობით ეღალატათ მაღალი ტონისათვის, ეთქვათ ერთმანეთისათვის ორიოდე ძმაკაცური სიტყვა, როგორც, მაგალითად, „რაო, შე ასეთო და ისეთო, პეტკა, ძაან არ გაახურე პოლკა“ ან კიდევ: „რაო, შე ასეთო და ისეთო, ვასია, მაინც მოჩანგლე ის გოგო, შე ძველო?“ ყოველივე ამის სათქმელად და გამოსახატავად, ჩემო მკითხველო, როგორც მქონდა პატივი მომეხსენებინა, არ მიჭრის კალამი და ამიტომაც ვდუმვარ. სჯობს ისევ ბატონ გოლიადკინს მივუბრუნდეთ, ამ ჩვენი მართალზე მართალი ამბის ერთადერთ ჭეშმარიტ გმირს. საქმე ისაა, რომ ახლა იგი, მეტი რომ არა ვთქვათ რა, ერთობ უცნაურ მდგომარეობაში იმყოფება. ისიც აქაა, ბატონებო, ესე იგი, მეჯლისზე კი არა, თითქმის მეჯლისზე, ის მერე რა, ბატონებო, ის არაფერი, ის თავისთვისაა... და თუმცა თავისთვის კია, მაგრამ ამწუთას არცთუ მთლად სწორ გზას ადგას; დგას ახლა ის – სათქმელადაც კი უცნაურია – დგას ახლა ის წინკარში, ოლსუფი ივანოვიჩის სახლის უკანა კიბეზე. მაგრამ ეს არაფერია, რა ვუყოთ, რომ იქ დგას; იგი ხომ თავისთვისაა. იგი, ბატონებო, კუთხეში დგას, მიკუნჭული, ისეთ ადგილას, სადაც მაინცდამაინც არ თბილა, მაგრამ სამაგიეროდ საკმაოდ ბნელა; უზარმაზარ კარადასა და ძველ თეჯირებს ამოფარებია, ჩაჭედილა ათასგვარ ხარახურასა და ძველა-ძულებში, იმალება და დროს ელის, მანამდე კი გარეშე მაყურებელივით საერთო საქმის მსვლელობას ადევნებს თვალს. ახლა, ბატონებო, მეჯლისზე შესვლა... ვითომ რატომ არ უნდა შევიდეს? ერთი ნაბიჯის გადადგმა და უკვე შევა, ძალზე მარჯვედაც შევა. ახლა კი, უკვე მესამე საათია, რაც თეჯირებსა და კარადას შუა ჩაჩხირულა, ათასგვარი ხარახურითა და ძველა-ძულებით გარშემორტყმული დგას და თავის გასამართლებლად იმეორებს ცხონებული ფრანგი მინისტრის ვილელის ფრაზას – „ყველაფერი თავის დროზე მოვა, თუ კაცს მოთმინების უნარი შესწევსო“. ეს ფრაზა ბატონ გოლიადკინს რომელიღაც წიგნიდან ამოეკითხა ოდესღაც და სწორედ ახლა ერთობ დროულად გახსენებოდა. ჯერ ერთი, ეს ფრაზა ზედმიწევნით ესადაგებოდა მის ახლანდელ მდგომარეობას და გარდა ამისა, რა არ მოუვა კაცს თავში, როცა მთელი სამი საათი, სიბნელესა და სიცივეში, წინკარში მიყუჟული ელის თავისი საქმის ბედნიერ დასასრულს. ყოფილი ფრანგი მინისტრის, ვილელის ამ ფრაზას რომ იმეორებდა, მისი მდგომარეობისთვის ასერიგად მისასადაგებელს, ბატონ გოლიადკინს, ღმერთმა უწყის რის გამო, თურქეთის ყოფილი ვეზირი, მარციმირისიც გაახსენდა და მშვენიერი მარკგრაფინია ლუიზაც, რომელთა ისტორია, აგრეთვე, ოდესღაც ამოეკითხა რომელიღაც წიგნიდან. მერე ისიც მოაგონდა, რომ იეზუიტებმა მცნებად დაისახეს, ყველა საშუალება მისაღები და გამოსადეგიაო. ამ ისტორიული პუნქტით თავი რომ გაიმხნევა, ბატონმა გოლიადკინა გულში თქვა, ვითომ რა, იეზუიტები ვინ არიან, ყველანი კაი ბრიყვები იყვნენ, ჩემი ფეხის ფრჩხილადაც არ ღირან, ჩემთან რას მოვლენ ისინიო. ერთი კი დაცარიელდეს ბუფეტი (სწორედ ის ოთახი, რომელიც პირდაპირ წინკარში გადიოდა უკანა კიბეზე, სადაც ბატონი გოლიადკინი მიკუნჭულიყო) და მერე თვითონ იცის. ადგება და, იეზუიტებს რას დაგიდევთ, პირდაპირ შევა ჯერ ბუფეტში, მერე საჩაიეში, მერე იმ ოთახში, სადაც ქაღალდს თამაშობენ, მერე კი პირდაპირ დარბაზში ამოყოფს თავს, სადაც ახლა პოლკას ცეკვავენ. შევა კიდეც, უსიკვდილოდ შევა, არაფერს შეეპუება, გაძვრება და მორჩა, თვალსაც კი ვერავინ მოჰკრავს. მერე კი თვითონ იცის, რასაც იზამს. აი, ბატონებო, ასეთ მდგომარეობაში გვყავს ახლა ჩვენი, მართალზე მართალი ისტორიის გმირი; თუმცაღა ძნელი სათქმელია, რა ემართება მას ამ წუთებში. საქმე ისაა, რომ კიბეზე ასვლა და წინკარში შესვლა კი მოახერხა მან იმ საბაბით, ვითომ მე რატომ არ უნდა შევიდე თუკი ყველა შედისო; მაგრამ მერე ნაბიჯის გადადგმა ვეღარ გაბედა, აშკარად ვრ გაბედა... იმიტომ კი არა, თითქოს გაუბედავი იყოს, არამედ ისე, თვითონ არ უნდა და იმიტომ, იმიტომ რომ ჩუმათობა ურჩევნია, ჰოდა ახლა, დგას, ბატონებო, და ელოდება, როდის დაუდგება საჩუმათო ჟამი. უკვე ორსაათნახევარზე მეტია, რაც ელოდება, ვითომ რატომ არ უნდა ელოდოს? ვილელიც ხომ ელოდა! „ვილელი რა შუაშია!“ – ფიქრობდა ბატონი გოლიადკინი, „ვილელი ვინ ოხერია? კი, მე რომ ერთი ახლა როგორმე, ისა რა ქვია... ავდგე და შევძვრე?.. ეჰ, შე მამლაყინწა შენა! – უთხრა ბატონმა გოლიადკინმა თავის თავს და გათოშილი თითებით გათოშილ ლოყაზე იჩქმიტა, – შე ჩერჩეტო, შენა, შე გოლიადკა, შენი გვარი რა ვთქვი!“ თქმა არ უნდა, საკუთარ თავს ამ წუთებში იგი ისე, სასხვათაშორისოდ, ყოველგვარი მიზნის გარეშე მიეალერსა. მერე ის იყო, დააპირა შეძრომა და წინ წადგა ბიჯი. დამდგარიყო ნანატრი წუთი, ბუფეტი ცარიელი იყო, არავინ ჭაჭანებდა. ბატონი გოლიადკინი სარკმელში ხედავდა ყველაფერს; ორი ნაბიჯი წადგა წინ, კართან გაჩნდა და ის იყო, გამოღება დააპირა... „შევიდე თუ არა? ჰა, შევიდე თუ არა? შევალ... ვითომ რატომ არ უნდა შევიდე? მამაცებისათვის ყველა გზა ხსნილია!“ დიდის ამბით დააიმედა თავი ჩვენმა გმირმა, მაგრამ უცებ, სრულიად მოულოდნელად, უკან დაიხია და თეჯირს ამოეფარა. „არა – გაიფიქრა მან, – კარგი და უცებ შემოვიდა ვინმე? ა, ბატონო შემოვიდნენ კიდეც, რას დავაღე პირი, როცა არავინ იყო, ვერ დავადე თავი და ვერ შევძვერი? რას შეძვრები როცა ასეთი ხასიათი გექნება კაცს! მაინც რა უკუღმართი მიდრეკილება მაქვს! ქათამივით დავფრთხი! სიმხდალე ჩვენი მოგონილია, არ უნდა ამას ლაპარაკი! ყველაფერი უნდა ჩავაოხრო! ასეთი ზნე მჭირს! ახლა, ეგდე აქ ჯირკივით, თავში ქვა გიხლია! შინ ახლა ჩაის დალევდა კაცი... სხვა რომ არაფერი, გესიამოვნებოდა კაცს ერთი ჭიქა ცხელი ჩაი. გვიან მივალ და პეტრუშკა აბუზღუნდება: მოდი, წავიდე სახლში? ეშმაკსაც წაუღია აქაურობა! მორჩა და გათავდა!“ ეს რომ გადაწყვიტა, ბატონმა გოლიადკინმა ისე სწრაფად წადგა წინ ნაბიჯი, თითქოს ვიღაცამ ზამბარა გამოუშალა სხეულში. ორ წამში ბუფეტში გაჩნდა, მოიძრო შინელი, მოიხადა შლაპა, საჩქაროდ კუთხეში მიყარა ყველაფერი, თმა და ტანსაცმელი გაისწორა; მერე.. მერე კი საჩაიეში შევარდა, იქიდან მეორე ოთახში შეძვრა, თითქმის შეუმჩნევლად გაურბინა შუაში აზარტულ მოთამაშეებს, მერე... მერე... აქ ბატონ გოლიადკინს დაავიწყდა ყველაფერი, რაც მის გარშემო ხდებოდა და მოულოდნელად, ცამოწმენდილზე თავს დაატყდა საცეკვაო დარბაზში მყოფთ. თითქოს განგებ, დარბაზში ამ დროს არ ცეკვავდნენ. ქალები თვალწარმტაც ჯგუფებად დასეირნობდნენ დარბაზში. კაცები ერთად ქუჩდებოდნენ ან აქეთ-იქით დაშლიგინობდნენ და მანდილოსნებთან ცეკვას იბევებდნენ, ბატონი გოლიადკინი ვერაფერს ამჩნევდა. იგი მხოლოდ კლარა ოლსუფიევნას ხედავდა. მის გვერდით ანდრეი ფილიპოვიჩს, იქვე ვლადიმერ სემიონოვიჩს, კიდევ ორ-სამ ოფიცერს და კიდევ ორიოდე ძალზე საინტერესო ყმაწვილკაცს, რომლებიც, ერთი შეხედვითაც შეატყობდით, ან დიდ იმედებს იძლეოდნენ, ან უკვე განეხორციელებინათ ეს იმედები ცხოვრებაში. კიდევ ზოგ-ზოგებსაც ხედავდა. თუმცა არა, ის უკვე ვეღარავის ხედავდა... არავის უყურებდა... თითქოს იგივე ზამბარა წარმართავსო, რომელმაც დაუპატიჟებლად შემოაგდო სხვის მეჯლისზე, მიიწევდა წინ, ისევ და ისევ წინ; გზად რომელიღაც მრჩეველს დაეტაკა და ფეხი დაადგა, იქვე ერთი დარბაისელი მანდილოსნის კაბას დააბიჯა ფეხი და ჩაქი ჩამოახია, სინით მიმავალ მსახურს დაეჯახა, კიდევ ვიღაც-ვიღაცეებს, მაგრამ არაფერი გაუგია, უფრო სწორად, კი გაიგო, მაგრამ ზედაც არავისთვის შეუხედავს, მიიწევდა ისევ და ისევ წინ და უეცრად კლარა ოლსუფიევნას წინაშე აღმოჩნდა. ეჭვი არაა, იმ წუთას მიწა რომ გამსკდარიყო, თვალსაც არ დაახამხამებდა, ისე ჩავარდებოდა შიგ დიდი სიამოვნებით, მაგრამ, რაც მოხდა, იმას რაღა ეშველებოდა... გატეხილს რაღა გაამთელებდა!... ჰოდა, რა უნდა ექნა? ხომ გაგიგონიათ? „ამყოლს აჰყევი, დამყოლს დაჰყევიო?“ ბატონი გოლიადკინი, რა თქმა უნდა, სულაც არ იყო ინტრიგანი და არც იატაკს აყრევინებდა ჩექმებით ნაპერწკლებს... ასე დაემართა და რას იზამდა. თან ეს იეზუიტები გამოეჩხირნენ რაღაც ეშმაკად... მაგრამ ახლა ბატონ გოლიადკინს მათთვის არა სცხელოდა! ყოველივე, რაც ირგვლივ მოძრაობდა, ხმაურობდა, იცინოდა, ლაპარაკობდა, უცებ, რაღაც სასწაულით, მიჩუმდა და ნელ-ნელა ბატონი გოლიადკინის გარშემო შეჯგუფდა. ბატონი გოლიადკინი კი თითქოს არც არაფერ ხედავსო, არც არაფერი ესმისო, თავს ვერ წევდა ზევით... არაფრით არ შეეძლო თავის აწევა; თვალები ძირს დაეხარა და იდგა თავისთვის, თან გულში, სხვათაშორის, პატიოსან სიტყვას აძლევდა თავს, რომ ამაღამვე, როგორც კი დროს მოიხელთებდა, ტყვია ეკრა შუბლში. ასეთი პატიოსანი სიტყვა რომ მისცა თავს, გულში გაივლო: „ეჰ, რაც იყოს, იყოს!“ – და თავისდა გასაოცრად სრულიად მოულოდნელად ალაპარაკდა. ბატონმა გოლიადკინმა მილოცვითა და კეთილი სურვილებით დაიწყო. მილოცვამ მშვიდობიანად ჩაიარა, კეთილ სურვილებზე კი ჩვენს გმირს ენა დაება. კარგად იცოდა, რომ თუ ენა დაებმეოდა, მაშინვე ყველაფერი წყალში ჩაეყრებოდა, ასეც მოხდა – ენა დაება და გაიჭედა. გაიჭედა და გაწითლდა, გაწითლდა და თავგზა დაებნა, თავგზა დაებნა და თავი ასწია, თავი ასწია და მიხედ-მოიხედა, მიხედ-მოიხედა და – და გაშეშდა... მის გარშემო ყველაფერი გარინდებულიყო; ყველაფერი დუმდა, ყველაფერი დადარაჯებულიყო; ცოტა მოშორებით ჩურჩული გაისმა, ცოტა ახლოს ხარხარი ატყდა. ბატონმა გოლიადკინმა, დაბნეული, თვინიერი მზერა მიაპყრო ანდრეი ფილიპოვიჩს. ანდრეი ფილიპოვიჩმა ისეთი მზერა შეაგება ბატონ გოლიადკინს, რომ ჩვენი გმირი უკვე სავსებით განადგურებული რომ არ ყოფილიყო, ამჯერად აუცილებლად საბოლოოდ განადგურდებოდა, მაგრამ ეს შეუძლებელი იყო. დუმილი გრძელდებოდა. – ეს ჩემს შინაურ საქმეებსა და ჩემს კერძო ცხოვრებას უფრო ეხება, ანდრეი ფილიპოვიჩ, – ძლივს გასაგონად წაილაპარაკა ცოცხალ-მკვდარმა ბატონმა გოლიადკინმა, – ეს ოფიციალური შემთხვევა არ გახლავთ, ანდრეი ფილიპოვიჩ... – გრცხვენოდეთ, ბატონო ჩემო, გრცხვენოდეთ! – აღშფოთებული სახით, ხმადაბლა ჩაილაპარაკა ანდრეი ფილიპოვიჩმა, ჩაილაპარაკა, ხელი გაუყარა კლარა ოლსუფიევნას და ბატონ გოლიადკინს ზურგი შეაქცია. – რისი უნდა მრცხვენოდეს, ანდრეი ფილიპოვიჩ, – ასევე ხმადაბლა უპასუხა ბატონმა გოლიადკინმა, სასოწარკვეთილი მზერა მოავლო დაბნეულ ხალხს იმ იმედით, ვინძლო მათ შორის გამგები და ჩემი ფარდი ვიპოვნოო. – არაფერია, ბატონებო, არაფერია! რა მოხდა მერე? ყველას შეიძლება დაემართოს ასეთი რამ, – ჩურჩულებდა ბატონი გოლიადკინი, თან ნელ-ნელა უკან იხევდა და გარსშემორტყმული ხალხიდან თავის დაღწევას ლამობდა. ხალხმა გზა მისცა. ჩვენმა გმირმა ძლივსძლივობით გააღწია გაოცებულ და ცნობისმოყვარე ბრბოში. იგი წერას ჰყავდა ატანილი. ბატონი გოლიადკინი თავადაც კარგად გრძნობდა. თქმა არ უნდა, იგი არაფერს დაიშურებდა იმისათვის, რომ ზრდილობის წესის დაურღვევლად ისევ იქ, თავის ძველ ადგილას, წინკარში, უკანა კიბის თავში მდგარიყო. მაგრამ რადგან ეს არასგზით არ შეიძლებოდა, სცადა, რომელიმე კუთხისაკენ გაპარულიყო და იქ დამდგარიყო თავისთვის, მოკრძალებულად, წესიერად, განცალკევებით, არავისთვის გაეცა ხმა, არც ვინმეს განსაკუთრებული ყურადღება მიეპყრო ამავე დროს, სტუმრებისა და სახლის პატრონის კეთილგანწყობაც მოეპოვებინა. ისეთი გრძნობა ჰქონდა ბატონ გოლიადკინს თითქოს ფეხქვეშ მიწას აცლიანო, თითქოს ირწევა და სადაცაა დაეცემაო. ბოლოს, როგორც იქნა, მიაღწია ერთ კუთხეს და მიდგა იქ, როგორც გარეშე, სრულიად გულგრილი მაყურებელი, თან ხელებით ორი სკამის საზურგეს დაეყრდნო: თავის სრულ განკარგულებაში ჩათვალა ორივე და შეეცადა, შეძლებისამებრ მხნე გამომეტყველებით გაესწორებინა თვალი მის მახლობლად შეკრებილი ოლსუფი ივანოვიჩის სტუმრებისათვის, ყველაზე ახლოს ვიღაც ოფიცერი იდგა, მაღალი, წარმოსადეგი ყმაწვილი, რომლის წინაშეც ბატონ გოლიადკინს თავი ჭიანჭველად მოეჩვენა. – ეს ორი სკამი, პორუჩიკო... ერთი კლარა ოლსუფიევნას ეკუთვნის, მეორე – თავადის ასულს, ჩევჩეხანოვას, აი, აგერ რომ ცეკვავს; მათთვის ვინახავ ამ სკამებს, პორუჩიკო, – წაილაპარაკა სულშეგუბებულმა ბატონმა გოლიადკინმა და მუდარის თვალით შეხედა პორუჩიკს. პორუჩიკმა გამანადგურებელი ღიმილი შეაგება და ხმაამოუღებლივ შეაქცია ზურგი. ერთგან რომ ხელი მოეცარა, ჩვენმა გმირმა ახლა სხვაგან სცადა ბედი და მიუბრუნდა ერთ, მედიდური სახის მრჩეველს, რომელსაც მაღალი ხარისხის ჯვარი ეკიდა კისერზე. მაგრამ მრჩეველმა ისეთი მკაცრი მზერით შეათვალიერა იგი, რომ ბატონმა გოლიადკინმა ცხადად იგრძნო, როგორ გადაასხეს თავზე მთელი კასრი ყინულივით ცივი წყალი. ბატონი გოლიადკინი გაიტრუნა, ამჯობინა გაჩუმებულიყო და ხმა არ ამოეღო, დაენახვებინა მათთვის, რომ იგი თავისთვისაა, სხვებისგან არ გამოირჩევა, და, ბოლოს და ბოლოს, სხვებივით ღირსეული მდგომარეობა უჭირავს. ამ მიზნით, იგი ჯერ თავისი ვიცე მუნდირის სახელოს დააცქერდა, მერე თავი ასწია და ერთ, დარბაისელი გარეგნობის ვაჟბატონს მიაპყრო მზერა. „ამ ვაჟბატონს პარიკი ადევს თავზე, – გაიფიქრა ბატონმა გოლიადკინმა, – პარიკი რომ მოხადო, მოტვლეპილი თავი გამოუჩნდება, სწორედ ისეთი, ჩემი ხელისგული რომაა. ასეთი მნიშვნელოვანი რამის აღმოჩენამ ბატონ გოლიადკინს არაბი ემირებიც გაახსენა, რომელთაც მწვანე ჩალმა, წინასწარმეტყველ მუჰამედთან ნათესაობის ნიშნად რომ ატარებენ, ასეთსავე მოტვლეპილ უბალნო თავებზე დაუკოსებიათ. თურქებზე ფიქრმა ახლა მათებური ფეხსაცმელი გაახსენა, ხოლო იმავე წუთში ისიც მოაგონდა, რომ ანდრეი ფილიპოვიჩის ჩექმები ტუფლებს უფრო ჰგავს, ვიდრე ჩექმებს. აშკარა იყო, რომ ბატონი გოლიადკინი ნაწილობრივ შეეგუა თავის მდგომარეობას, „აი, ეს ჭაღი რომ მოწყდეს, – გაუელვა თავში ბატონ გოლიადკინს, – ხალხს დაეცეს თავზე, იმ წამსვე კლარა ოლსუფიევნას საშველად გავექანებოდი, გადავარჩენდი და ვეტყოდი: „ნუ შეშფოთდებით, ქალბატონო; ეგ არაფერია, თქვენი მხსნელი კი მე გახლავართ“ მერე... ამ დროს ბატონმა გოლიადკინმა გვერდზე გაიხედა, კლარა ოლსუფიევნას ეძებდა, მაგრამ თვალში გერასიმიჩი მოხვდა, ოლსუფი ივანოვიჩის ძველი კამერდინერი. გერასიმიჩი უაღრესად საქმიანი და ოფიციალური სახით პირდაპირ მისკენ მოემართებოდა. ბატონი გოლიადკინი შეკრთა და რაღაცა გაურკვეველი, მაგრამ მეტისმეტად უსიამოვნო გრძნობიერი სახე დაეღრიჯა. უნებურად მიხედ-მოიხედა; ერთი კი გაიფიქრა, როგორმე გვერდულად ჩუმ-ჩუმად , მალულად გასცლოდა მოსალოდნელ დავიდარაბას, რამენაირად გამქრალიყო, ისე მოეწყო საქმე, თითქოს იგი აქ არაფერ შუაში იყო, თითქოს არც არაფერი ეხებოდა მას. მაგრამ ვიდრე ჩვენი გმირი რამეს გადაწყვეტდა, გერასიმიჩი ცხვირწინ აეტუზა. – ხედავთ, გერასიმიჩ, – ღიმილით უთხრა ჩვენმა გმირმა გერასიმიჩს, – ერთი უბრძანეთ ვინმეს! ხედავთ, აი, იმ სანთელს კანდელაბრში, გერასიმიჩ! სადაცაა ჩამოვარდება, მიდით, უბრძანეთ ვინმეს, გაასწოროს; გეუბნებით, ნამდვილად ჩამოვარდება, გერასიმიჩ... – სანთელიო? არა, სანთელი სწორად დგას ჩემო ბატონო, აი, თქვენ კი ვიღაც გკითხულობთ. – ვინ უნდა მკითხულობდეს, გერასიმიჩ? – ეგ კი, მართალი გითხრათ, არ ვიცი, ჩემო ბატონო. ვიღაცის მსახურია. აქაო, იაკობ პეტროვიჩი გოლიადკინი უნდა იყოსო; დაუძახეთო, ძალიან სასწრაფო და საჭირო საქმეაო... ასეა, ჩემო ბატონო... – არა, გერასიმიჩ, ცდებით; ამაში კი ნამდვილად ცდებით, გერასიმიჩ. – მეეჭვება... – ნუ გეეჭვებათ გერასიმიჩ; აქ, გერასიმიჩ, საეჭვო არაფერია, არავინაც არ მკითხულობს, მე აქ ჩემ ადგილზე ვარ, ესე იგი, თავის ადგილზე ვარ, გერასიმიჩ, აბა, როგორ გეგონათ? ბატონმა გოლიადკინმა სული მოითქვა და მიხედ-მოიხედა. ასეც მოელოდა. ყველა, ვინც დარბაზში იყო, რაღაც დიდმნიშვნელოვანის მოლოდინში ცქერად და სმენად გადაქცეულიყო. მამაკაცები შორიახლო შეგროვილიყვნენ და უსმენდნენ, მოშორებით შეშფოთებული ქალები ჩურჩულებდნენ. ანაზდად სახლის პატრონიც გამოჩნდა იქვე მახლობლად და თუმცა სახეზე ვერ შეატყობდით, რომ ბატონი გოლიადკინის ამბებში იგი აშკარად და უშუალოდ მონაწილეობდა, რადგან ყოველივე ეს ერთობ დელიკატურ ვითარებაში ხდებოდა, მაგრამ ჩვენი მოთხრობის გმირმა მაინც აშკარად იგრძნო, რომ ახლოვდებოდა გადამწყვეტი წუთი, ბატონი გოლიადკინი ცხადად ხედავდა, რომ დადგა მამაცური შეტევის წამი, წამი მისი მტრების გაცამტვერებისა. ბატონი გოლიადკინი მღელვარებას შეეპყრო, ბატონმა გოლიადკინმა რაღაც შთაგონება იგრძნო და ათრთოლებული, საზეიმო ხმით ხელახლა მიმართა მომლოდინე გერასიმიჩს: – არა, მეგობარო, მე არავინ მკითხულობს. ცდები. მეტსაც გეტყვი, შენ ამ დილითაც ცდებოდი, როცა მარწმუნებდი... გაბედე და მარწმუნებდი (ბატონმა გოლიადკინმა ხმას აუმაღლა), თითქოს ოლსუფი ივანოვიჩმა, უხსოვარი დროიდან ჩემმა კეთილისმყოფელმა, გარკვეული აზრით, მამის მაგიერმა, ოჯახური ბედნიერებისა და მშობლიური სიხარულის წუთებში თავისი სახლის კარი მომიხურა. (ბატონმა გოლიადკინმა თვითკმაყოფილად, მაგრამ ღრმა განცდით მოავლო იქაურობას აცრემლებული თვალები). გიმეორებ, მეგობარო, – დასძინა ჩვენმა გმირმა, – შენ ცდებოდი, სასტიკად, მიუტევებლად ცდებოდი... ღირსშესანიშნავი წამი დადგა. ბატონი გოლიადკინი გრძნობდა, რომ უტყუარი ეფექტი მოახდინა. ბატონი გოლიადკინი იდგა მოკრძალებით თავდახრილი და ელოდა, სადაცაა ოლსუფი ივანოვიჩი გულში ჩამიკრავსო. სტუმრებს გაოცება და აღელვება დაეტყოთ. თავად შეუბრალებელ და შეუვალ გერასიმიჩსაც კი ენა დაება სიტყვაზე „მეეჭვება“. ამ დროს დაუნდობელმა ორკესტრმა არც აცია, არც აცხელა და პოლკა დასცხო. ყველაფერი დაიღუპა, ყველაფერი წყალში ჩაიყარა. ბატონი გოლიადკინი შეკრთა, გერასიმიჩი შეტორტმნანდა და უკან დაიხია. ყოველივე, რაც კი დარბაზში იყო, ზღვასავით აღელდა. ვლადიმირ სემიონოვიჩი უკვე პირველ წყვილში კლარა ოლსუფიევნას მიაქროლებდა. მას მიჰყვა ლამაზი პორუჩიკი თავადის ასულ ჩევჩეხანოვასთან ერთად. სტუმრები ცნობისმოყვარეობითა და აღფრთოვანებით მიიწევდნენ წინ, რომ ენახათ როგორ ცეკვავდნენ პოლკას – ახალმოდურ, საინტერესო ცეკვას, თავბრუს რომ ახვევდა ყველას. ბატონი გოლიადკინი ერთხანს გადაავიწყდათ. მაგრამ უეცრად ყველაფერი აირია, აფუსფუსდა, აწრიალდა; მუსიკა შეწყდა... მოხდა უცნაური რამ. ცეკვით დაღლილი კლარა ოლსუფიევნა, ქანცგაწყვეტილი, ლოყებზე ცეცხლწაკიდებული და აქოშინებული უღონოდ ჩაეშვა სავარძელში. ყველას მომხიბვლელი ქალწულისაკენ გაუწია გულმა. ერთმანეთს ასწრებდნენ აღფრთოვანების გამოთქმასა და მინიჭებული სიამოვნებისათვის მადლობის გადახდას. უცებ, მის წინ ბატონი გოლიადკინი გაჩნდა. ბატონი გოლიადკინი გაფითრებული და საქციელწამხდარი ჩანდა. თითქოს მასაც რაღაცნაირად გამოლეოდა ძალა, ძლივსძლივობით ადგამდა ნაბიჯებს, რატომღაც იღიმებოდა და მუდარით იშვერდა წინ ხელებს. განცვიფრებულმა კლარა ოლსუფიევნამ ვერ მოასწრო ხელის უკან წაღება და უნებლიედ წამოდგა ბატონი გოლიადკინის მიწვევაზე. ბატონი გოლიადკინი წინ წაბარბაცდა, ჯერ ერთხელ, მერე მეორეჯერ, მერე ფეხი ასწია, მერე რაღაცნაირად ფეხი ფეხს შემოჰკრა, მერე გააბაკუნა ფეხები, მერე წაიფორთხილა... მასაც კლარა ოლსუფიევნასთან ცეკვა ეწადა. კლარა ოლსუფიევნამ შეჰკივლა. ყველანი ერთად მისცვივდნენ, რომ მისი ხელი ბატონი გოლიადკინის ხელიდან გამოეხსნათ და თვალის დახამხამებაში ჩვენს გმირს, თითქმის ათი ნაბიჯით დაახევინეს უკან. მის გარშემოც შეიკრა წრე. მოისმა კივილი და შეცხადება ორი მოხუცი მანდილოსნისა, რომელთაც ბატონი გოლიადკინი უკან დახევისას დაეჯახა. საშინელი არეულ-დარეულობა შეიქნა. გარშემო ყველაფერი ყაყანებდა, ყვიროდა, დაობდა... ორკესტრი დადუმდა, ჩვენი გმირი გარსშემორტყმულ წრეში ტრიალებდა, უაზროდ მომღიმარი თავისდაუნებურად რაღაცას ბუტბუტებდა. „რატომაც არაო, პოლკა, ყოველ შემთხვევაში, მას რომ ჰკითხოთ, ახალი და ერთობ საინტერესო ცეკვაა, ქალების გასართობად მოგონილი... მაგრამ რაკი ასე შეტრიალდა საქმე, მზადაა დათანხმდეს.“ ბატონი გოლიადკინის თანხმობა, როგორც ჩანდა არავის სჭირდებოდა. ჩვენნმა გმირმა იგრძნო, რომ ვიღაც სწვდა ხელში, მეორე ხელი ზურგზე შემოაჭდო და რაღაც განსაკუთრებული მზრუნველობით საითკენღაც გააქანა. ბოლოს, დაინახა, რომ პირდაპირ კარებისკენ მიემართება. ბატონ გოლიადკინს უნდოდა რაღაც ეთქვა, რაღაც მოემოქმედა... თუმცა – არა, მას უკვე აღარაფერი უნდოდა. მხოლოდ უაზრო ღიმილითღა ეპასუხებოდა იქ მყოფთ. ბოლოს, იგრძნო, რომ შინელს აცმევენ, რომ თავზე შლაპა ჩამოაფხატეს. რომ უკვე წინკარშია სიცივესა და სიბნელეში, მერე კიბეზე აღმოჩნდა. რაღაცას ფეხი წამოჰკრა, ეგონა, უფსკრულში მიექანებოდა; დაყვირებაც კი ვერ მოასწრო, რომ უცებ ეზოში გაჩნდა; სახეზე გრილმა სიომ დაუბერა, ერთი წუთით შეჩერდა. სწორედ ამ დროს მის ყურს მისწვდა ორკესტრის მქუხარე ხმა; ბატონ გოლიადკინს უცებ ყველაფერი გაახსენდა; თითქოს მთელი გამოლეული ძალ-ღონე ერთ წამში დაუბრუნდა. მოწყდა ადგილს, სადაც აქამდე მიჯაჭვულივით იდგა და თავქუდმოგლეჯილი გავარდა გარეთ, სულ ერთი იყო საით, ოღონდ გასცლოდა აქაურობას, ოღონდ სული მოეთქვა და... თუნდაც უგზოუკვლოდ გადაკარგულიყო. *გაგრძელება* …
დაამატა Kakha to ლიტერატურა at 2:10pm on იანვარი 22, 2017
თემა: გეშტალტფსიქოლოგია და მისი განვითარება
იორიზმისა არ იყოს, გეშტალტფსიქოლოგია გამოხატავს პროტესტს ტრადიციული ფსიქოლოგიის მიმართ და ძირფესვიანად ცვლის მიდგომებს ფსიქოლოგიის მეთოდოლოგიის, საგნისა და მეთოდის ზოგიერთი არსებითი ასპექტის მიმართ. მისი კრიტიკის ძირითადი სამიზნეა ასოციაციონისტური ფსიქოლოგიის ატომიზმი და მექანიციზმი. ძველი ფსიქოლოგიის ელემენტარისტულ თვალსაზრისს იმის შესახებ, რომ ფსიქიკური მთლიანობები მეორადი და ელემენტებისაგან შედგენილი მოვლენებია, გეშტალტფსიქოლოგიამ დაუპირისპირა თეზისი: მთელი პირველადია და თავად განსაზღვრავს ელემენტებს. ფსიქიკური მთლიანობის საკითხი, თავისთავად, ახალი არ იყო. ტრადიციული ფსიქოლოგიისთვისაც ცნობილი იყო, რომ ფსიქიკური ფენომენები ისეთ მთლიანობია, რომელთა თვისებები არ გამოიყვანება შემადგენელი ელემენტების მექანიკური ჯამიდან. ამაზე მიანიშნებდა ჯ. ს. მილის “სულის ქიმია”; იმავეს გამოხატვას ცდილობდა ვ. ვუნდტი თავისი “შემოქმედებითი სითეზის” ცნებით, თუმცა გეშტალტფსიქოლოგიის კრიტიკის მახვილი სწორედ ვუნდტისა და მისი იდეების ნიადაგზე აღმოცენებული სტრუქტურალიზმის სკოლის წინააღმდეგ იყო მიმართული.       მთლიანობის იდეის შემდგომი განვითარება მოხდა ე.წ. ავსტრიულ ან გრაცის სკოლაში (XIX საუკუნის 80-იანი და XX საუკუნის 10-იანი წლები). მისი წარმომდგენლებია: ალექსიუს მაინონგი (1870-1920), რისტიან ერენფელსი (1859-1932), შტეფან ვიტაზეკი (1870-1915), ვიქტორ ბენუსი (1878-1927). პირველად 1890 წელს ერენფელსმა შემოიტანა ტერმინი გეშტალტ-თვისება (გეშტალტქვალიტეტი) საგანთა ისეთი თვისებების აღსანიშნავად, რომლებიც არ გამოიყვანება ელემენტარული შეგრძნებებიდან. მაგალითად, მელოდიურობა ახალი თვისებაა, რომელიც ტონების უბრალო ჯამს არ წარმოადგენს. გეშტალტ-თვისება გონებრივი აქტების მიერ შექმნილი, აღნაგობის გამომხატველი რთული ელემენტია. მისი სპეციფიკური ნიშანია ტრანსპოზიცია ანუ გადატანა (სხვა ტონალობაში დაკრული მელოდია იგივე მელოდიად რჩება), და შინაგანი დასრულებულობა. ავსტრიულმა სკოლამ მოამზადა გეშტალტფსიქოლოგია, მაგრამ იგი ვერ გასცდა ელემენტების ფსიქოლოგიას. გეშტალტ-თვისების გამოყოფა და იმის თქმა, რომ მთელი მეტია ნაწილზე, არ არის საკმარისი. ელემენტარისტული ორიენტაციის ძირფესვიანი შეცვლისთვის საჭიროა ითქვას, რომ მთელს პირველადობაც ეკუთვნის, რომ ის კიდევ ერთი ელემენტი კი არ არის, არამედ მთავარი და “უკანასკნელი მოცემულობაა”, რომ ანალიზი მთლიანობიდან უნდა დაიწყოს, ხოლო ნაწილი (ელემენტი) მხოლოდ მისგან გამოიყოფა და მასში პოულობს თავის მნიშვნელობას. ეს დებულებები პირველად ფორმულირებულ იქნა ვერთჰაიმერის წერილში “მოძრაობის ექსპერიმენტული შესწავლა” (1912), რომელიც გეშტალტფსიქოლოგიური მიმდინარეობის ათვლის წერტილად ითვლება.       გეშტალტფსიქოლოგიის სამი წამყვანი ფიგურა - ვერთჰაიმერი, კელერი და კოფკა ერთმანეთს 1910 წელს შეხვდნენ, მაინის ფრანქფურტში. ვერთჰაიმერს მოძრაობის აღქმის პრობლემა აინტერესებდა, ხოლო კელერი და კოფკა მისი ცდისპირები იყვნენ და მასთან ერთად აანალიზებდნენ ექსპერიმენტულ მონაცემებს. მაქს ვერთჰაიმერი (1880-1943) დაიბადა პრაღაში; აქვე სწავლობდა სამართალს და ფილოსოფიას. ფსიქოლოგიური განათლება მიიღო ბერლინში (კ. შტუმფთან) და ვიურცბურგში (ო. კიულპესთან). 1910 წლიდან იგი ფრანკფურტშია, ხოლო 1922 წელს ბერლინს უბრუნდება. სწორედ აქ მიაღწია გეშტალტფსიქოლოგიამ თავის ზენიტს და ამიტომაც ეწოდა ბერლინის სკოლა. 1933 წლიდან ვერთჰაიმერი ემიგრაციაშია ამერიკის შეერთებულ შტატებში, კერძოდ ნიუ იორკში.       ხსენებულ გამოკვლევაში, ვერთჰაიმერმა ეჭვი შეიტანა იმაში, რომ ცდაში გამოვლენილი აღქმის ხატების გამოყვანა შესაძლებელია პირველადი სენსორული ელემენტებიდან. ექსპერიმენტი ადგენდა, რომ ორი ერთნაირი გამღიზიანებლის (ერთმანეთთან ახლომდებარე ჰორიზონტალური და დახრილი განათებული ხაზი) ეკრანზე მიწოდების მონაცვლეობის სისწრაფე სხვადასხვაგვარ აღქმით ხატებს გვაძლევს - დიდი ინტერვალის შემთხვევაში თანმიმდევრულად მოცემულ განცალკევებულ ხაზებს, მცირე ინტერვალის დროს კუთხეს, ხოლო საშუალო ინტერვალისას დახრილი ხაზის გადანაცვლებას ჰორიზონტალურ მდგომარეობაში. ეს მოჩვენებითი მოძრაობა, რომელსაც F-ფენომენი უწოდეს, ნამდვილ მოძრაობად აღიქმება და მისი დახასიათება უნდა მოხდეს ისე, როგორც ის განცდაშია მოცემული. სწორედ ეს გამოარჩევს ე.წ. ფენომენოლოგიური თვითდაკვირვების მეთოდს, რომელიც გეშტალტფსიქოლოგიური ექსპერიმენტული კვლევის მთავარ ინსტრუმენტად იქცა: აღვწეროთ გამოცდილება მის უშუალო მოცემულობაში, დაუმახინჯებლად და არა ანალიტიკურად, ე.ი. მასში რაღაც ნაგულისხმევი ნაწილების გამოვლენის მიზნით, რაც ვუნდტისეული ექსპერიმენტული თვითდაკვირვებისთვის იყო დამახასიათებელი. ვერთჰაიმერის აზრით, აღწერილ განცდაში არ უნდა ვეძებოთ ელემენტები, მოძრაობა არ არის გამღიზიანებლებისა და მათი შესატყვისი შეგრძნებების სივცითი სერია. მოძრაობა უნდა გავიგოთ, როგორც მთლიანობა, გეშტალტი და არა როგორც “შეგრძნებათა კონა”. სტიმულსა და აღქმულ ფენომენს შორის, ამ შემთხვევაში, არ არის ერთმნიშვნელოვანი შესაბამისობა. მოძრაობის ფსიქიკური ფენომენი სახეზეა, თუმცა ფიზიკურად საგანი არ მოძრაობს - იგი არ გაივლის სივცეში ყველა იმ წერტილს, რომელთაგან წამოსული გაღიზიანება შეგრძნებების რიგის სახით უნდა მოგვეცეს, რათა მოძრაობა განვიცადოთ; ასე ფიქრობდა ტრადიციული ფსიქოლოგია.       ტრადიციული ფსიქოლოგია შეგრძნებათა კონსტანტობის ჰიპოთეზაზეა აგებული. ეს ტერმინი კელერმა შემოიღო, მასვე ეკუთვნის ამ მეთოდოლოგიური პრინციპის დასაბუთებული კრიტიკა. ძველი ფსიქოლოგია იქიდან ამოდის, რომ ყველა გამღიზიანებელს თავისი შესაბამისი შეგრძნება მოსდევს. რთული გამღიზიანებლის თითოეულ შემადგენელ მომენტს თავისი შეგრძნებითი ელემენტი შეესაბამება და, ამიტომ, სახეზეა შეგრძნებათა კომპლექსი. მაგალითად, აკორდი ტონების კრებადობაა, ე.ი. აკორდის აღქმა ამ ტონების შესატყვისი შეგრძნებების შეერთების შედეგია. მაგრამ ხომ ფაქტია, რომ აკორდის აღქმა მარტივია, მასში არ განიცდება შესაბამისი შეგრძნებები. მიუხედავად ამისა, დაშვებულია, რომ ისინი აუცილებლად არსებობენ, რადგან კავშირი გამღიზიანებელსა (ტონი) და შეგრძნებას შორის უცვლელია (კონსტანტურია). ამ დოგმატური პოსტულატის გადასარჩენად სრულიად მიუღებელი ვარაუდები გამოითქმება, მაგალითად ვარაუდი შეუმჩნეველი შეგრძნებების არსებობის შესახებ; ეს ხდება ცნობიერების ფსიქოლოგიის ფარგლებში, სადაც ამგვარი რამ არაგანცდადი განცდის დაშვების ტოლფასია.       რეალური, ფენომენოლოგიურად მოცემული გამოცდილება არ ადასტურებს კონსტანტობის ჰიპოთეზას. ფენომენოლოგიური მეთოდი, რომელსაც აღიარებს გეშტალტფსიქოლოგია, მოითხოვს ცნობიერების მოვლენების განხილვას თავის უშუალო, ნადვილ მოცემულობაში; ცნობიერების მონაცემები, სახელდობრ აღქმები, ყოველგვარი წინასწარი დაშვების, მოსაზრების თუ დაკვირვების სქემის გარეშე უნდა იქნას აღწერილი და განხილული. ანალიტიკური ინტროსპექციით აღჭურვილი ტრადიციული ფსიქოლოგია იქიდან ამოდიოდა, რომ აღქმა არ არის პირველადი მოცემულობა, რომ იგი შენაერთია და ამიტომ უნდა დაიშალოს ელემენტებად, დაყვანილ იქნას შეგრძნებებზე. აქედან გამომდინარე, ლაბორატორიაში სწორედ შეგრძნებები, ანუ ანალიზის ხელოვნური ნაყოფი შეისწავლებოდა. ფენომენოლოგიურ მეთოდზე დამყარებულ ახალ ფსიქოლოგიას აღქმა შეგრძნებიდან კი არ გამოჰყავს, არამედ პირიქით, თვლის, რომ განცდაში პირველადი მოცემულობა მთელს აქვს და არა ნაწილს. მთელი უშუალოდ განიცდება და ყოველგვარი პრიორიტეტიც მას ეკუთვნის. ძველი ფსიქოლოგიის ობიექტი ნაწილი (შეგრძნება) იყო, ახლის ობიექტია მთელი (აღქმის ხატი). ფსიქიკის კანონები ნაწილის (ასოციაციის) კანონები კი არ არის, არამედ მთელისა, ისინი გეშტალტკანონებია. აქამდე გეშტალტი ფსიქოლოგიის ერთერთი პრობლემა იყო: არსებობენ ფსიქიკური მთლიანობები და ისინი უნდა შევისწავლოთ. გეშტალტფსიქოლოგიაში მთლიანი ერთ-ერთი მოვლენა ან საკითხი აღარ არის, იგი ძირითადი კანონია, პრინციპია, რომლიდანაც ყველა სხვა ფსიქიკური ფენომენი უნდა იყოს გამოყვანილი და ახსნილი. ასეთია გეშტალტფსიქოლოგიის კრედო.       ექსპერიმენტული ფენომენოლოგიის მეთოდს აღიარებდნენ აგრეთვე ახალგაზრდა ფსიქოლოგები დავიდ კაცი (1884-1953) და ედგარ რუბინი (18861951), რომლებიც ექსპერიმენტული ფსიქოლოგიის ერთ-ერთ ცენტრში, გიოტინგენის უნივერსიტეტის ფსიქოლოგიურ ლაბორატორიაში მოღვაწეობდნენ გ. ე. მიულერის ხელმძღვანელობით. განიხილავდნენ რა აღქმას ფენომენოლოგიურად, ანუ წინასწარი სტერეოტიპების გარეშე, მათ აღქმის ხატში ახალი თვისებები და კანონზომიერებები აღმოაჩინეს. დ. კაცის გამოკვლევაში გამოიკვეთა აღქმის ხატის ისეთი თვისება, როგორიც კონსტანტობაა. მაგალითად, ქაღალდის თეთრი ფერი უცვლელი რჩება განათების ფიზიკური პირობების ცვალებადობის მიუხედავად. ამასთან, რასაც გეშტალტფსიქოლოგიისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს, კონსტანტობა ირღვევა, თუ ობიექტი მთლიანი სიტუაციის აღქმის ველიდან ამოვარდნილია, იზოლირებულია; მაშასადამე, აღქმის ეს თვისება მთლიანობითი ბუნებისაა. დიდი მნიშვნელობა ჰქონდა 1915 წელს რუბინის მიერ ორმაგი მნიშვნელობის სურათების მეშვეობით ფიგურა-ფონის ეფექტის აღმოჩენას.       გეშტალტფსიქოლოგიის განვითარების პირველ ეტაპზე საკმაოდ მდიდარი ფაქტობრივი მასალა იქნა მოპოვებული. ამ მხრივ აღსანიშნავია კელერის გამოკვლევათა სერია ცხოველებზე. ვოლფგანგ კელერი (1887-1967) დაიბადა რეველში (ტალინი). საუნივერსიტეტო განათლება მიიღო ტიუბინგენში, ბონში და ბერლინში. აქ შტუმფის ხელმძღვანელობით დაიცვა დისერტაცია სმენის ფსიქოლოგიის საკითხებზე; იმავდროულად ეუფლებოდა ფიზიკას მაქს პლანკთან. 1910 წელს იგი ფრანკფურტშია, სადაც ხვდება ვერთჰაიმერსა და კოფკას. 1913 წელს პრუსიის აკადემიის მიწვევით ხდება კანარის კუნძულებზე განთავსებული ანთროპოიდების შემსწავლელი სადგურის დირექტორი. პირველი მსოფლიო ომის გამო აქ მას დიდი ხნით მოუწია დარჩენა, რამაც საშუალება მისცა, ფართო კვლევითი სამუშაო გაეშალა. გერმანიაში დაბრუნების მერე მან დაიკავა შტუმფის ადგილი ბერლინის ფსიქოლოგიური ინსტიტუტის ხელმძღვანელის პოსტზე. 1935 წლიდან, გეშტალტფსიქოლოგიის სხვა ლიდერების მსგავსად, განერიდა ფაშიზმს და გადასახლდა შეერთებულ შტატებში, სადაც საკმაოდ წარმატებით მუშაობდა (პრინსტონი – სოუტმორის კოლეჯი) და ერთ ხანს ამერიკის ფსიქოლოგიური ასოციაციის პრეზიდენტის მოვალეობასაც კი ასრულებდა.       კელერის პირველი გეშტალტფსიქოლოგიური გამოკვლევა ჩატარდა ქათმებზე და ეხებოდა ტრანსპოზიციის ფენომენის შესწავლას. მას პრინციპული მნიშვნელობა ჰქონდა მთელისა და ელემენტის ურთიერთმიმართების ბუნების ცხადყოფის კუთხით. ქათმებს ავარჯიშებდნენ, რომ საკენკი აეკენკათ იმ კვადრატიდან, რომელიც უფრო ბაცი იყო ორ მოცემულ კვადრატს შორის. კრიტიკულ ცდაში მათ მიეწოდებოდა კვადრატების წყვილი, სადაც შეჩვეული ფერის კვადრატი მეორეზე უფრო მუქი იყო. ქათმები ამ მეორეს ირჩევდნენ, ანუ უფრო ბაცს. ეს ცდები ადასტურებს, რომ მნიშვნელობა აქვს მიმართებას, მთლიან სტრუქტურას და არა ელემენტს, მის აბსოლუტურ თვისებას (განათების კონკრეტულ ხარისხს). ის გარემოება, რომ მოცემული ეფექტი მიღებულ იქნა ქათმებთან, მიუთითებს აღქმის სტრუქტურების პირველად და პრიმიტიულ ხასიათზე. სტრუქტურული მთლიანი არ არის მაღალი ფსიქიკური ფუნქციების ჩარევის შედეგი; ის არაა ინტელექტიდან, შემოქმედებითი სინთეზიდან ან რაიმე მსგავსიდან ნაწარმოები თვისება. შემდგომ შრომაში “ადამიანის მსგავსი მაიმუნების ინტელექტის გამოკვლევა” (1917), კელერმა განაზოგადა ანთროპოიდების კვლევისას მიღებული შედეგები. ეს კლასიკური მონოგრაფიაა; მასში ჩამოყალიბებულია მოსაზრებათა სისტემა ამოცანის გადაწყვეტის პროცესის შესახებ, რომელიც აღქმის სტრუქტურის შეცვლის, ახალი გეშტალტის წარმოქმნის მექანიზმს ეფუძნება.       1921 წელს კოფკამ გამოაქვეყნა წიგნი “ფსიქიკური განვითარების საფუძვლები”, რომელშიც სტრუქტურის პრინციპზე დაყროდნობით განიხილა ფსიქიკური განვითარების ფაქტები ფილოგენეზში და ონტოგენეზში. კურტ კოფკა (1886-1941) დაიბადა ბერლინში. სტუდენტური გატაცება ფილოსოფიით შეცვალა ფსიქოლოგიის ინტერესმა. ვერთჰაიმერისა და კელერის მსგავსად, ისიც შტუმფთან სწავლობდა. შემდეგ მუშაობდა ასისტენტად კიულპესთან ვიურცბურგში და შუმანთან ფრანკფურტში, სადაც დაუახლოვდა გეშტალტფსიქოლოგიური ტრიუმვირატის სხვა წევრებს. 1911-1924 წლებში ასწავლიდა გესენის უნივერსიტეტში. გეშტალტფსიქოლოგიის ფუძემდებელთაგან იგი ყველაზე ადრე გადასახლდა ამერიკაში, სადაც 1927 წლიდან სიკვდილამდე ეკავა პროფესორის თანამდებობა სმიტის კოლეჯში ნორჰემპტონში (მასაჩუსეტსი). კოფკას აზრით, განვითარება გეშტალტების წარმოქმნაში, დიფერენცირებაში და ამ სტრუქტურებს შორის კავშირების დამყარებაში მდგომარეობს. სულ პატარა ბავშვის სამყაროც ერთგვრად გეშტალტიზებულია, მაგრამ მისი გეშტალტები ნაკლებად სტრუქტურირებულია და ისინი განმხოლოებულნი არიან. ვინაიდან გეშტალტის ფორმირებისა და ტრანსფორმაციის პროცესს გარესამყაროს აღქმა განაპირობებს, სწორედ ის წარმოადგენს წამყვან ფუნქციას ფსიქიკურ განვითარებაში. აღქმის ძირითადი ნიშნები (კონსტანტობა, საგნობრიობა, სიზუსტე) თანდათან ყალიბდება, გეშტალტიზაციის თვისების მომწიფებასთან ერთად. თავის ლაბორატორიულ კვლევებში კოფკამ აჩვენა, რომ თავდაპირველად ბავშვს გარე სამყაროს ერთობ ბუნდოვანი და არც თუ ადექვატური სურათი აქვს. ასეთია, მაგალითად, სხვა ადამიანის ხატი ახალშობილთან. ამ გეშტალტში შედის სახე, თმა, ხმა, სუნი, მოძრაობები და სხვა; ამიტომ, თოთო ბავშვმა შეიძლება ვერც იცნოს ახლობელი ადამიანი, თუ ის შეიცვლის ვარცხნილობას ან ჩვეულ ტანსაცმელს. რამდენიმე თვეში ვითარება იცვლება, ეს დიფუზური საერთო წარმოდგენა დიფერენცირდება; ადამიანის სახე ცალკე გეშტალტად გამოიყოფა და მისი ნაკვთები ამ საერთო სტრუქტურაში ერთიანდება; ჩნდება ხმასთან, მიმიკაპანტომიმკასთან დაკავშირებული სტრუქტურები. იგივე ითქმის ფერების აღქმის შესახებ. თავდაპირველად ბავშვები აღიქვამენ გარემოს მხოლოდ როგორც შეფერილს და უფეროს; უფერო განიცდება ფონად, შეფერილი - ფიგურად. თანდათან შეფერილობის გეშტალტი დიფერენცირდება თბილ და ცივ ფერებად; უფრო მოგვიანებით კი თბილი ფერის მთლიან სტრუქტურაში გამოიყოფა ყვითელი და წითელი, ხოლო ცივისაში - მწვანე და ლურჯი. საწყისი დიფუზური გეშტალტის დიფერენცირება გრძელდება იქამდე, ვიდრე ყველა ფერის სწორი აღქმა არ ჩამოყალიბდება.       ონტოგენეტური განვითარების კიდევ ერთი ხაზი აღქმითი და ქცევითი ანუ სენსომოტორული სტრუქტურების განმტკიცებასა და გართულებაში მდგომარეობს. სენსომოტორული სტრუქტურები ნამდვილად ერთიანი და მთლიანი წარმონაქმნებია - მათი ნაწილებად დაშლა გამარტივების, უკუსვლის ტოლფასია. ამრიგად, ამ შემთხვევაშიც გეშტალტი პირველადია. ოღონდ აქ უკვე ლაპარაკია არა ერთი სფეროს (მაგ., აღქმის) შიგნით, არამედ ორი სფეროს კავშირის გამომხატველ მთლიანობაზე. კოფკა იხილავს ასეთი კავშირების შემთხვევებს, ვთქვათ ბგერაზე თავის მობრუნების ან ტაცების პროცესს და ასაბუთებს სენსომოტორული მთლიანობის არსებობას. აქ სახეზეა არა სენსორული და მოტორული ერთეულების ასოციაციური კავშირი, არამედ კომპონენტების ერთიანობა ახალი სტრუქტურული მთლიანობის, ანუ გეშტალტის შიგნით.       1921 წელს გეშტალტფსიქოლოგიური ტრიუმვირატი აარსებს თავის საკუთარ ჟურნალს “ფსიქოლოგიური გამოკვლევები”, სადაც იბეჭდება ვერთჰაიმერის საპროგრამო წერილები გეშტალტფსიქოლოგიის შესახებ. ამ წერილებში, კელერის წიგნში “გეშტალტფსიქოლოგია” (1929) და კოფკას მონოგრაფიაში “გეშტალტფსიქოლოგიის პრინციპები” (1935) ჩამოყალიბებულია ამ თეორიის ძირითადი შინაარსი. გეშტალტფსიქოლოგების პუბლიკაციებზე მსჯელობისას უთუოდ უნდა აღინიშნოს კელერის შრომა “ფიზიკური გეშტალტები მოსვენებულ და სტაციონალურ მდგომარეობაში” (1920), რომელშიც განხილულია პრინციპული მეთოდოლოგიური პრობლემები და მოცემულია ე.წ. იზომორფიზმის კონცეფცია. აქ გეშტალტის იდეა ფსიქოლოგიის საზღვრებს სცილდება და ზოგადმეცნიერული პრინციპის სახეს იღებს. მთლიანობა სამყაროს (მატერიალური, ცოცხალი, სულიერი) არსებობის პრიციპად და ძირეულ თვისებად არის მიჩნეული. ფიზიკური, ფიზიოლოგიური და ფსიქიკური მოვლენების ურთიერთმიმართების გააზრებას კელერი სწორედ ამ პრინციპების საფუძველზე ცდილობს.       კელერი ამოდის იქიდან, რომ სამყაროში ყველა პროცესი გეშტალტურია. გეშტალტი უნივერსალური პრინციპია. ფსიქიკის ახსნა ნიშნავს მისი შესატყვისი (იზომორფული) მთლიანი პროცესის მონახვას ტვინში, რომელსაც, თავის მხრივ, შეესაბამება ფიზიკური პროცესი. კელერს ფიზიკოსის განათლება საშუალებას აძლევს თავისუფლად ილაპარაკოს მაქსველისა და ფარადეის მიერ აღმოჩენილ ველებზე. იგი უშვებს მათ არსებობას ტვინში. თვით ელემენტარული პროცესიც მთლიანია - ერთ ადგილას მომხდარი ცვლილება პრაქტიკულად მთელი სისტემის რეაქციას და ცვლილებას იწვევს. ელექტრომაგნიტურ ველს თავისი სტრუქტურა გააჩნია. ის არ იყოფა სეგმენტებად და არ შედგება ნაწილებისაგან, რადგან მისი სრუქტურული მომენტები ერთმანეთისმიერნი არიან: მომენტი მთლიანისმიერია, მთელი მომენტისმიერი. მაშასადამე, ფიზიკურ სამყაროში არსებობს მოვლენები, რომელთაც გეშტალტის თვისება გააჩნიათ. ახლა უკვე შესაძლებელი ხდება ფსიქიკურის ფიზიოლოგიური კორელატის ნამდვილად მთლიან, გეშტალტურ ბუნებაზე ლაპარაკი. გეშტალტის აღქმისას, პერცეპტულ აპარატში (თვალის ბადურაზე), იმთავითვე მთლიანი პროცესი ჩნდება და შემდგომში, ამავე სახით ცენტრალურ სფეროზე გადადის. მთელი ოპტიკური სექტორი, პერიფერიიდან ცენტრამდე, ერთ მთლიან გეშტალტურ ველს წარმოადგენს, ისეთივეს, როგორიცაა მაგალითად, მაგნიტური ველი. ფიზიოლოგიური გეშტალტური პროცესები ფიზიკო-ქიმიური პროცესების, ე.ი. ფიზიკური გეშტალტების იზომორფულია. თუ ადამიანი აღიქვამს თეთრ წრეს რუხ ფონზე, ეს იმას ნიშნავს, რომ ტვინში არსებობს წრის ფორმის მქონე შემოზღუდული არე. ამ ფიგურის კონტურებზე სპეციფიკური ელექტრული ძალები მოქმედებენ. ისინი უფრო ძლიერნი არიან, ვიდრე მათ გარშემო არსებული ელექტრული ველი, რომელიც რუხ ფონს შეესაბამება. ენერგიის სიმკრივე ტვინის არეში, რომელიც შეესაბამება ფიგურას, ყოველთვის უფრო მაღალია, ვიდრე ფონის არეში, ამბობს კელერი. აქედან გამომდინარეობს ფიგურა-ფონის ფენომენოლოგია: ფიგურა უფრო გამოკვეთილია, საგნობრივია; კონტური ფიგურას ეკუთვნის, ველის არე კი ფონს; ფიგურა უფრო გეშტალტურია. ასე ხსნის იზომორფიზმის კონცეფცია გეშტალტფსიქოლოგიის ერთ-ერთი ძირითადი კანონს - ფიგურაფონის კანონს.       კიდევ ერთი კანონი, ე.წ. პრეგნანტობის კანონი, უკეთესი გეშტალტისკენ, დასრულებული და კარგი ფორმისკენ სწრაფვაში მდგომარეობს. ფიზიოლოგიის სფეროში მასაც თავისი შესაბამისი ტენდენცია მოეპოვება, რომელიც, თავის მხრივ, ფიზიკაში ცნობილი ენერგიის მინიმუმის, ენთროპიის პრინციპზეა დაფუძნებული. ცნობილია, რომ თუ რთულად დახვეულ ლითონის მავთულში ძლიერ დენს გავატარებთ, ეს ფიგურა იქამდე იმოძრავებს, ვიდრე უმარტივეს და ეკონომიურ (წრისებრ) ფორმას არ მიიღებს. ამგვარად, ფსიქიკურ ტენდენციას აქაც პარალელური ფიზიკური ტენდენცია ახლავს და ასეა ყველგან. კელერის იზომორფიზმის თეორია ფსიქოფიზიკური და ფსიქოფიზიოლოგიური პარალელიზმის გეშტალტფსიქოლოგიურ ვარიანტს წარმოადგენს.       აღნიშნული გეშტალტიზაციის კანონები, ფაქტობრივად, აღქმის კანონებია, ვინაიდან ისინი აღქმის სფეროში ჩატარებული მრავალრიცხოვანი ექსპერიმენტებით არის დადგენილი. ამ გამოკვლევებით დამტკიცდა, რომ აღქმა გეშტალტურია, მთლიანია. პირველადი განცდა მთელის განცდაა, ხოლო ნაწილები მთლიანით განისაზღვრება და მისგან გამოიყვანება. ელემენტი ნაწარმოები, მეორადი განცდაა. ამას ადასტურებს სხვადსხვა ილუზიის ეფექტები, მაგალითად ზანდერ-ფუქსის ილუზია, სადაც მოყვითალო-მომწვანო წრე ხან მწვანედ განიცდება, ხან ყვითლად იმის მიხედვით, თუ რა ფერის წრეებს შორისაა ის მოთავსებული. იმავეზე მეტყველებს მიულერ-ლაიერის ცნობილი ილუზია, სადაც დიდი გეშტალტის შემადგენლობაში შესული ხაზი დიდად გვეჩვენება და პირიქით.       გეშტალტის ჰეგემონია ნაწილებზე იმდენად დიდია, რომ გარკვეულ დონემდე ის დამოუკიდებელი ხდება სენსორული მასალისაგან, ნაწილებისაგან: შეგრძნების მასალა იცვლება, აღქმის გეშტალტი კი უცვლელი რჩება. მაგალითად, შესაძლებელია მელოდიის შესრულება სხავადსხვა ოქტავაში, სამკუთხედის გამოსახვა სხვადასხვა ფერით და ა.შ. ამ მოვლენას, გეშტალტის ტრანსპონირება ეწოდება. გეშტალტს ახასიათებს შევსებულობა, სისრულე; გარკვეულ ფარგლებში მას ვერ არღვევს ხარვეზები. ხარვეზი აღქმაში ივსება, ამიტომ ვერ ვამჩნევთ გამოტოვებულ ასოებს სიტყვაში, ხაზის წყვეტას სამკუთხედში და სხვა. ამ მოვლენას ამპლიფიკაცია ეწოდება. მისი გამოვლინებაა ე.წ. დაუმთავრებლობის განცდა. ის მაშინ ჩნდება, როცა ჩვენ ვამჩნევთ ხარვეზს და განცდაში მისი შევსების, დასრულების ტენდენცია აღმოცენდება. ეს სპეციფიკური, დაძაბულობის იერის მქონე და მისწრაფების ტენდენციის შემცველი განცდაა (მაგ., უეცრად შეწყვეტილი მელოდიის დასრულების სურვილი). როგორც ქვემოთ დავრწმუნდებით, დაუმთავრებლობის ფენომენის ეს მოტივაციური ასპექტი შემდგომში კვლევის საგანი გახდა გეშტალტფსიქოლოგიის საფუძველზე აღმოცენებულ კ. ლევინის სკოლაში.       აღწერილ ფენომენებს სათანადო გეშტალტფსიქოლოგიური კანონები შეესაბამება, მაგრამ ძირითად კანონებად პრეგნანტობისა და ფიგურა-ფონის კანონები რჩება. აღქმის და, განსაკუთრებით, მხედველობის ველი იყოფა ფიგურად და ფონად. ფიგურა დახშულია, გაფორმებულია, დაკონკრეტებულია, წინაა წამოწეული; ფონი განიცდება დიფუზურად, ნაკლებ დანაწევრებულად, ის ფიგურის უკანაა, უფრო დიდია და ცუდადაა ლოკალიზებული. რუბინის ორმაგ ფიგურებში, ფიგურა-ფონის მონცვლეობის განცდა ამ ფენომენოლოგიას ადასტურებს.       პრეგნანტობა აღქმის კონსტიტუციური პრინციპია. ყოველი გეშტალტი თავის დამახასიათებელ სტრუქტურულ ნიშნებს გამოკვეთს. გეშტალტი მიისწრაფის მისთვის დამახასიათებელი ფორმის პრეგნანტული ანუ გამოკვეთილი, მკვეთრი, ზუსტი ჩამოყალიბებისკენ, ე.ი. კარგი გეშტალტისკენ. ამიტომ, ხელით გავლებული ხაზი სწორი გვეჩვენება, წრე კი - მრგვალი; საათის წიკწიკს 3-4 ტაქტიან რიტმებად ვყოფთ (რიტმი კარგი გეშტალტია); 90 გრადუსით მოღუნულ რკალს მართ კუთხედ აღვიქვამთ და ა.შ.       ვერთჰაიმერისა და კელერის ცდებით დადგინდა ის ფაქტორები, რომლებიც განსაზღვრავენ გეშტალტიზაციის პროცესს, ანუ ნაწილების გაერთიანებას მთელში, ესენია: სიახლოვე, მსგავსება, შინაგანი კუთვნილება, დახშულობა, უწყვეტობა, მდებარეობა ან განლაგება ერთმანეთის მიმართ, დისპოზიცია ანუ განწყობა, გამოცდილება.       გეშტალტის კანონები აღქმის მასალაზე იქნა დადგენილი და ბუნებრივია, რომ გეშტალტფსიქოლოგიამ, მთლიანობის იდეის გათვალისწინებით, აღქმის პროცესი სრულიად ახლებურად დაახასიათა. ეს ნოვაცია არ შემოიფარგლა აღქმის სფეროთი და სხვა ფსიქიკურ პროცესებზეც გავრცელდა. მართებულად შეიცვალა რეპროდუქციის და, საერთოდ, მეხსიერების მოვლენების გააზრებაც. ტრადიციულ ფსიქოლოგიაში ეს ასოციაციის მექანიზმის გამოყენებით ხდებოდა. ითვლებოდა, რომ ერთი წარმოდგენა მეორის მოგონებას ასოციაციის რეპროდუქციის ტენდენციის გამო იწვევს. გეშტალტთეორიის მიხედვით, ერთდროული წარმოდგენები მთლიანი სტრუქტურის ნაწილებად განიხილება და ერთის მიერ მეორის გამოწვევა ამ სტრუქტურის განახლების ტენდენციითაა გაპირობებული. მაშასადამე, მეხსიერებაშიც გეშტალტის დასრულების კანონი მოქმედებს. საჩვენებლად შეიძლება თუნდაც ვულფის ექსპერიმენტებზე მითითება, სადაც ცდისპირებს გეომეტრიული ნახაზების აღქმის მერე მათ აღდგენას სთხოვდნენ. გამოირკვა, რომ მოგონების პროცესში მეხსიერების წარმოდგენები გარკვეულ ცვალებადობას განიცდიან და ეს ცვლილება გეშტალტის გამოკვეთის მიმართულებით წარიმართება. ამრიგად, დამახსოვრების, რეპროდუქციის და დავიწყების პროცესებიც გეშტალტ-კანონებს ექვემდებარება.       გეშტალტური კანონზომიერებები აზროვნების სფეროშიც მოქმედებს. ე.წ. აზრ-გეშტალტები აღქმის გეშტალტებს ენათესავება თუნდაც იმიტომ, რომ აზროვნება სივრცით და სენსომოტორულ სქემებს იყენებს და ხშირად იმის გარჩევაც კი ძნელია, ეს აღქმის გეშტალტია თუ აზროვნებისა. მაგრამ გეშტალტფსიქოლოგები უფრო შორს მიდიან და უშვებენ, რომ ლოგიკური კავშირები - გეშტალტ-კავშირებია, ლოგიკური პროცესები - მსჯელობა, დასკვნა და სხვა - გეშტალტ-პროცესები.       აზროვნების შესწავლა გეშტალტფსიქოლოგიაში საკმაოდ ადრე დაიწყო. მას დასაბამი დაუდო კელერის ზემოხსენებულმა გამოკვლევამ შიმპანზეების ინტელექტის შესახებ. მის გახმაურებულ ექსპერიმენტებში მაიმუნებს უქმნიდნენ პრობლემურ სიტუაციას, რომელშიც მიზნის მიღწევა (საკვების მოპოვება) პირდაპირი გზით შეუძლებელი იყო და ამისთვის უნდა მიემართათ შემოვლითი გზისთვის. მათ უნდა გამოეყენებინათ სხვადასხვა საგნები, რომლებიც იარაღის ფუნქციას ასრულებდნენ, მაგალითად ჯოხი ბანანის ხელში ჩასაგდებად. ცდის უფრო რთულ ვარიანტებში (ე.წ. ორფაზიანი ამოცანები) მიზნის მისაღწევად ჯერ იარაღის მოპოვება ან შექმნა იყო საჭირო. მაგალითად, მოკლე ჯოხის საშუალებით მაიმუნს უნდა მიეზიდა გალიის გარეთ მდებარე უფრო გრძელი ჯოხი და მისი საშუალებით მისწვდომოდა ბანანს; ძალიან გართულებულ სიტუაციაში საჭირო იყო გრძელი ჯოხის შექმნა ორი არასაკმარისი სიგრძის ბამბუკის ჯოხის ერთმანეთში ჩარჭობით. ცდებმა აჩვენა, რომ პირდაპირი გზით ამოცანის გადაწყვეტის უშედეგო მცდელობის შემდეგ მაიმუნები წყვეტენ უაზრო მოქმედებას, გარკვეული ხანი აკვირდებიან სიტუაციას და მერე უცებ ასრულებენ სწორ მოქმედებას.       კელერის ინტერპრეტაციით ამ ცდებში საქმე გვაქვს ინსაიტის მოვლენასთან. ინსაიტი - ამოცანის უცაბედი გადაწყვეტა, მიხვედრაა; აღწერილ შემთხვევაში ეს ნიშნავს მაიმუნის მიერ პრობლემური სიტუაციიდან თავის დასაღწევად აუცილებელი საგნობრივი მიმართებების უცაბედ წვდომას. ამოცანის ასეთი გადაწყვეტა ნამდვილ აზროვნებად არის მიჩნეული და იგი უპირისპირდება პროცესის ბიჰევიორისტულ, სახელდობრ, თორნდაიკისეულ ინტერპრეტაციას. თორნდაიკის ექსპერიმენტებში პრობლემური გალიიდან გამოსვლის ამოცანა თანდათანობით, მრავალი ცდისა და შეცდომის გავლით წყდება. კელერის აზრით, იქ ცხოველი ისეთ სიტუაციაშია მოქცეული, რომ იძულებულია იაროს ბრმა დასწავლის გზით, რადგან მოკლებულია შესაძლებლობას, აღიქვას პრობლემის ყველა მნიშვნელოვანი ელემენტი. ინსაიტი შეიძლება მოხდეს მხოლოდ მაშინ, თუ სიტუაციის მთელი სტრუქტურა სახეზეა. კელერის ცდებში ინსაიტი აღქმის სრუქტურის ელემენტებს შორის ისეთი მიმართებების წვდომაა, რომლებიც მანამდე გათვალისწინებული არ იყო. ინსაიტი, ფაქტობრივად, ახალი გეშტალტის შექმნის ან, როგორც ავტორი ამბობს, გეშტალტის გადასტრუქტურების აქტია.       საზოგადოდ, ინსაიტისთვის რამდენიმე ნიშანია დამახასიათებელი, რომელთაგან უმთავრესია უცაბედობა ან მყისიერება და ტრანსპოზიცია. ეს უკანასკნელი წარმოადგენს პრობლემის გადაწყვეტის უკვე მიგნებული ხერხის გადატანას სხვა მსგავს პრობლემებზე. ტრანსპოზიციის ფენომენის შესწავლას დიდი ყურადღება დაეთმო გეშტალტფსიქოლოგიურ კვლევაში. საერთოდ კი ინსაიტის ცნებამ გეშტალტთეორიაში ერთ-ერთი ცენტრალური ადგილი დაიკავა და საფუძვლად დაედო აზროვნების პროცესის ყველა გამოვლინების დახასიათებას. განსაკუთრებით აღსანიშნავია ე.წ. პროდუქტიული აზროვნების კვლევა, რომელიც ვერთჰაიმერმა განახორციელა. კვლევის შედეგები განზოგადებულია წიგნში “პროდუქტიული აზროვნება”, რომელიც ავტორის გარდაცვალების მერე გამოქვეყნდა და მის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს შრომად ითვლება.       ვერთჰაიმერმა მდიდარ ემპირიულ მასალაზე (ბავშვებზე და მოზრდილებზე მიღებული ექსპერიმენტული მონაცემები, დიდი აღმოჩენების ანალიზი, უაღრესად საგულისხმო საუბრები აინშტაინთან) შეისწავლა შემეცნებითი სტრუქტურების, სახეცვლილების, ტრანსფორმაციის კანონზომიერებები. იგი მივიდა დასკვნამდე, რომ აზროვნების პროცესს პროდუქტიული, შემოქმედებითი ხასიათი აქვს და გულისხმობს საწყისი მასალის ცენტრირების შეცვლას, მის ახალ დინამიკურ მთლიანობად რეორგანიზაციას ან სტუქტურირებას. ამ ტერმინებით აღიწერება ინტელექტუალური მოქმედების ლოგიკურისაგან განსხვავებული, რეალური ფსიქოლოგიური ასპექტები. ვერთჰაიმერმა გამოყო აზროვნების პროცესის რამდენიმე ეტაპი. 1) თემის წარმოქმნა, საკითხის დასმა. აქ აღმოცენდება საკითხზე “მიმართული დაძაბულობა”, რომელიც მობილიზაციას უკეთებს ადამიანის შემოქმედებით ძალებს. 2) პრობლემის გაცნობიერება და სიტუაციის ყველა ნიუანსის ანალიზი. ამ ეტაპზე პრობლემური სიტუაციის მთლიანი წარმოდგენა ყალიბდება. 3) პრობლემის გადაჭრა, საჭირო სტრუქტურის მონახვა ინსაიტის გზით. სააზროვნო პროცესის ეს სტადია, უპირატესად, არაცნობიერად მიმდინარეობს. 4) საშემსრულებლო სტადია, ანუ ამ სტრუქტურის შესაბამისი რეალიზაციის გზების გამონახვა.       ვერთჰაიმერი განსაკუთრებით აღნიშნავს ამოცანის პირობების შემცველი მონახაზის, თვალსაჩინო სქემის მნიშვნელობას. სქემის ადეკვატურობა განსაზღვრავს ამოცანის გადაწყვეტის პროცესის მიმართულებას და სისწრაფეს, პრობლემის სხვადასხვა ნიუანსების დანახვისა და, საბოლოოდ, ახალი გეშტალტის შექმნის სიადვილეს. აზროვნება სწორედ ეს არის; იგი “სტრუქტურული თვისებებისა და სტრუქტურული მოთხოვნების დანახვაში, გაცნობიერებაში მდგომარეობს; ისეთი მოქმედებების შერჩევაში, რომლებიც ამ მოთხოვნებს შეესაბამებიან, მათ მიერ განისაზღვრებიან და, ამდენად, სიტუაციას ცვლიან მისი სტრუქტურის გაუმჯობესების მიმართულებით”. რაც უფრო მეტ ახალ მნიშვნელობას იძენს სტრუქტურებში ჩართული საგნები, მით უფრო მრავალფეროვანია აზრითი გეშტალტები და ეფექტურია აზროვნება. გეშტალტების გადასტრუქტურების პროცესი უფრო ადვილად წარიმართება მაშინ, როცა მასალა თვალსაჩინოა; ვერბალური მასალის შემთხვევაში პროცესი რთულდება. ამიტომ ვერთჰაიმერი მიიჩნევს, რომ ლოგიკურ აზროვნებაზე ნაადრევი გადასვლა ხელს უშლის ბავშვის შემოქმედებითი აზროვნების განვითარებას; იგივე ითქმის, სხვათა შორის, მასალის მექანიკურ გამეორებაზეც. მიუხედავად იმისა რომ ვერთჰაიმერის დასკვნები აზროვნების მთელ პროცესს ეხება და ზოგად ხასიათს ატარებს, მისი გამოკვლევა, უპირატესად, “ვიზუალურ” აზროვნებას უკავშირდება. აქ კვლავ გამოჩნდა ის პრიორიტეტული როლი, რომელსაც გეშტალტფსიქოლოგია აღქმას ანიჭებს.       რადგან სიტყვამ მოიტანა, ისიც ავღნიშნოთ, რომ გეშტალტფსიქოლოგების ყურადღების კონცენტრაცია პერცეფციის საკითხებზე ბუნებრივია და კანონზომიერი. გეშტალტფსიქოლოგები, პირველ ყოვლისა ვუნდტის სისტემის წინააღმდეგ გამოდიოდნენ. ამ უკანასკნელის მთავარი დასაყრდენი კი შეგრძნებებისა და აღქმის კვლევის შედეგები იყო. ამიტომ გასაგებია, რომ საკუთარი კვლევა მათაც ამ მიმართულებით წარმართეს, რათა ოპონენტი საკუთარ მინდორზე დაემარცხებინათ. გარდა ამისა, გასათვალისწინებელია, რომ პერცეპტული და, განსაკუთრებით, ვიზუალური პროცესების კვლევა ექსპერიმენტული ცვლადების მკაცრი გაკონტროლების საშუალებას იძლევა, რაც ისეთი მომთხოვნი ექსპერიმენტატორებისთვის, როგორც გეშტალტისტები იყვნენ საკმაოდ წონიან გარემოებას წარმოადგენდა.       საინტერესოა გეშტალტფსიქოლოგიისა და ბიჰევიორიზმის ურთიერთმიმართება, ვინაიდან ეს ორი მიმდინარეობა ერთი ტიპის, სახელდობრ, საბუნებისმეტყველო ფსიქოლოგიას მიეკუთვნება. ისინი გარკვეული ხნის განმავლობაში ერთდროულად ვითარდებოდნენ და, რიგ შემთხვევებში, საკმაოდ მძაფრად ეპაექრებოდნენ ერთმანეთს. ამერიკის შეერთებულ შტატებში გეშტალტფსიქოლოგიის შესახებ ოციანი წლების დასაწყისში გაიგეს გეშტალტფსიქოლოგიის ჟურნალში გამოქვეყნებული ვერთჰაიმერის წერილებიდან. უკვე ამ დროს, ერთ-ერთი ყველაზე თვალსაჩინო ნეობიჰევიორისტი ტოლმენი, ლაბირინთში ვირთხების ქცევის ახსნისას იყენებს ტერმინებს “საგნობრივი გეშტალტი” და “გეშტალტ ნიშანი”. 1924 წელს კორნელის უნივერსიტეტში ლექციებით ჩამოდის კოფკა, ხოლო ერთი წლის მერე ჰარვარდში, კელერი. მალე კოფკა ამერიკაში დასახლდა და მუშაობა დაიწყო სმითის კოლეჯში; 30-იან წლებში, განერიდა რა ნაციზმსა და ანტისემიტიზმს, გეშტალტფსიქოლოგიურმა ტრიუმვირატმა შეერთებულ შტატებში გადაინაცვლა. აქ ისინი დაიქსაქსნენ და გეშტალტფსიქოლოგიამ, როგორც ერთიანმა სკოლამ, ფაქტობრივად, შეწყვიტა თავისი არსებობა.       ფსიქოლოგიის ისტორიკოსებს შორის არ არის ჩამოყალიბებული ერთგვაროვანი აზრი იმის შესახებ, თუ რა გავლენა მოახდინა გეშტალტფსიქოლოგიამ ამერიკულ ფსიქოლოგიაზე. ერთნი ფიქრობენ, რომ ეს გავლენა ერთობ მნიშვნელოვანი იყო. მათი აზრით, გეშტალტფსიქოლოგიას დიდი წვლილი მიუძღვის თავდაპირველი, კლასიკური ბიჰევიორიზმის გარდაქმნაში ნეობიჰევიორიზმად. სხვათა შეფასებით, გეშტალტფსიქოლოგიური იდეების გავრცელება ამერიკაში რთულად მიდიოდა; იქ ბიჰევიორიზმის ზეობის ხანა იყო. ამ უკანასკნელისთვის კი გეშტალტფსიქოლოგია თავისი მენტალურობის, ფილოსოფიურობისა და გერმანული აზროვნების “დამძიმებულობის” გამო, ცოტა არ იყოს უცნაურ, არაერთმნიშვნელოვან და “თითქმის მისტიკურ” თეორიად რჩებოდა. როგორც ჩანს, ორივე პოზიცია შეიცავს სიმართლეს და უფრო მიზანშეწონილი იქნება, თუ შუალედური თვალსაზრისით ვიხემძღვანელებთ. ერთგვარი გავლენა ბიჰევიორიზმზე გეშტალტფსიქოლოგიამ უთუოდ იქონია და ამის საჩვენებლად თუნდაც ტოლმენის კონცეფციაზე მითითებაა საკმარისი. ამ გახმაურებულ მოდელში ასიმილირებულია გეშტალტფსიქოლოგიის ზოგიერთი იდეა და პირდაპირ არის ნათქვამი, რომ დასწავლის პროცეში გეშტალტური სტრუქტურების ჩამოყალიბება ხდება (იხ. 9.2.). მეორე მხრივ, ისიც აშკარაა, რომ გეშტალტფსიქოლოგია ვერასდროს უწევდა ამერიკაში სერიოზულ კონკურენციას ბიჰევიორიზმს; მათ შორის ყოველთვის ბევრად მეტი განსხვავება იყო, ვიდრე მსგავსება. ეს ყველაზე კარგად ჩანს ამ ორი თეორიის მიმართებაში ვუნდტიდან მომდინარე კლასიკურ ფსიქოლოგიასთან, რომელსაც ორივე უპირისპირდება, მაგრამ განსხვავებული მოტივებით.       ტრადიციულ ფსიქოლოგიას, ჩვეულებრივ, ხუთი ნიშნით ახასიათებენ. ეს ფსიქოლოგია არის 1) ექსპერიმენტული, 2) ინტროსპექციული, 3) სისტემური ანუ ფილოსოფიური, 4) ელემენტარისტული და 5) ასოციაციონისტური. ექსპერიმენტულობა ერთნაირად მიესადაგება გეშტალტფსიქოლოგიასაც და ბიჰევიორიზმსაც. დანარჩენი ნიშნების მიმართ კი მათი პოზიციები განსხვავებულია. გეშტალტფსიქოლოგია არ უარყოფს კლასიკური ფსიქოლოგიის ინტროსპექციონიზმს; მისი ფენომენოლოგიური მეთოდი ხომ ექსპერიმენტული თვითდაკვირვების სახეობაა. ბიჰევიორიზმის მთავარი და არსებითი ნიშანი კი ინტროსპექციისა და ცნობიერების უარყოფაა. გეშტალტფსიქოლოგია საკმაოდ პოზიტიურად არის განწყობილი ფილოსოფიის მიმართაც - მას არ დაუკარგავს კავშირი დიდ სისტემებთან და მათ პრობლემებთან. კლასიკური ბიჰევიორიზმი (ნეობიჰევიორიზმს ეს ნაკლებად ეხება) გაურბის ფილოსოფიას, თუმცა, მაინც იძულებულია პასუხი გასცეს ზოგიერთ ფილოსოფიურ კითხვას. გეშტალტფსიქოლოგია კატეგორიულად უარყოფს ელემენტარიზმს; ყველაზე მეტად მისთვის სწორედ ეს არის დამახასიათებელი. ბიჰევიორიზმი ცნობიერებასთან ერთად უარყოფს ცნობიერების ელემენტებსაც, მაგრამ ელემენტარიზმზე, როგორც მეთოდოლოგიურ მიდგომაზე, უარს არ ამბობს და, სადაც ხელი მიუწვდება (პირველ ყოვლისა ქცევის ანალიზისას), მიუთითებს ელემენტებზე და შეისწავლის მათ (შ-ღ კავშირები, რეფლექსური რკალი და სხვა). დაბოლოს, გეშტალტფსიქოლოგია გადაჭრით უარყოფს ასოციაციონიზმს, რადგან იგი ელემენტარიზმს გულისხმობს, ხოლო ბიჰევიორიზმი სავსებით ლოიალურია მის მიმართ; იგი პირდაპირ ლაპარაკობს ასოციაციურ კავშირებზე, თუმცა არა ცნობიერების შინაარსების, არამედ სტიმულისა და რეაქციის ტერმინებში. ზოგიერთ შემთხვევაში ასოციაცია იცვლება სხვა, მონათესავე ცნებებით - რეფლექსი, კონექცია და სხვა, მაგრამ ეს საქმის არსებით ვითარებას არ ცვლის.       გეშტალტფსიქოლოგიის უდიდესი დამსახურება იმაში მდგომარეობს, რომ მან საბოლოოდ გაათავისუფლა ფსიქოლოგია ელემენტარიზმის ბორკილებისაგან. ეს საყოველთაოდ არის აღიარებული. ამავე დროს, გეშტალტფსიქოლოგიის მიმართ სერიოზულ შენიშვნებსაც გამოთქვამენ. არაერთხელ იქნა მითითებული გეშტალტურობის პრინციპის უკიდეგანო უნივერსალიზაციის დაუშვებლობაზე. მართლაც, გეშტალტთეორიაში გეშტალტის კანონები არა მხოლოდ ყველა ფსიქიკურ მოვლენაზე, არამედ, ფაქტობრივად, მთელ სამყაროზე იქნა გავრცელებული. მრავალმა მკვლევარმა აღნიშნა, რომ ყველა მოვლენა თვით ფსიქიკის სფეროშიც არ წარმოადგენს გეშტალტს, ანუ გარედან გამოყოფილ და შიგნით დიფერენცირებულ მთლიანს. არსებობს უაღრესად დიფუზური, არასტრუქტურირებული მთლიანობებიც. ეს, როგორც კრიუგერმა აჩვენა, პირველ რიგში, გრძნობებს ეხება[2]. მაგრამ ზოგიერთი აღქმაც, გეშტალტფსიქოლოგიის ეს საჩვენებელი ობიექტი, არაგეშტალტური ბუნებისაა. შტერნის ანალიზში მოცემულია ნამდვილად მთლიანი, მაგრამ გაუნაწევრებელი, არასტრუქტურირებული აღქმის არაერთი მაგალითი. ეს აღქმები ნაკლებადაა პიროვნებისგან გამოყოფილი და სუბიექტურ შინაგან მდგომარეობასთან ერთიანობაში განიცდება. ასეთ განცდებს იწვევს ნიავი სიცხეში, აბაზანა სიცივეში, ყვავილების სურნელი ველზე და სხვა. ეს ნამდვილი აღქმებია, ოღონდ იმდენად ძლიერ შეფერილი ემოციური ტონით, რომ მათი განცდა უფრო ფონის დიფუზურ გაცდას უახლოვდება, ვიდრე ფიგურის დანაწევრებულ გეშტალტს.       რაც შეეხება უფრო შორს მიმავალ უნივერსალიზაციას, უნდა ითქვას, რომ თუ თავდაპირველად გეშტალფსიქოლოგიური კვლევა ზოგადი ფსიქოლოგიის ჩარჩოებში მიმდინარეობდა და კოგნიტურ პროცესებს მოიცავდა, საკმაოდ მალე იგი ფსიქოლოგიის სხვა დარგებზეც გავრცელდა; “მან ზოოფსიქოლოგიაც ჩართო. აღმოჩნდა, რომ მაიმუნების აზროვნებაც გეშტალტურია; იგი გავცელდა ხელოვნებისა და ეთნიკურ ფსიქოლოგიაში - აღმოჩნდა, რომ პირველყოფილი წარმოდგენები მსოფლიოზე და ხელოვნების წარმოშობა აგრეთვე გეშტალტია; ბავშვის ფსიქოლოგიასა და ფსიქოპათოლოგიაში გეშტალტიზაციის პროცესად იქცა ბავშვის განვითარება და ფსიქიკური დაავადება. საბოლოოდ, ერთიან მსოფლმხედველობად გადაქცევის კვალდაკვალ, გეშტალტფსიქოლოგიამ გეშტალტი ისეთ დარგებშიც აღმოაჩინა, როგორიცაა ფიზიკა და ქიმია, ფიზიოლოგია და ბიოლოგია. ლოგიკური ფორმულის სახით ჩამოყალიბებული გეშტალტი სამყაროს საფუძველში აღმოჩნდა. როცა სამყაროს ქმნიდა, ღმერთმა ბრძანა: დე იყოს გეშტალტი - და იგი გაჩნდა ყველგან”. ლ. ვიგოტსკის ეს ირონიული შეფასება ერთგვარი გაფრთხილებაა იმათთვის, ვინც კერძო ფსიქიკური მოვლენისა და თუნდაც ძალიან მნიშვნელოვანი პრინციპის მსოფლიო მიზიდულობის კანონის რანგში აყვანას შეეცდება.       გეშტალტფსიქოლოგიის კიდევ ერთი სერიოზული ნაკლი მის უკიდურეს ობიექტივიზმში მდგომარეობს. გეშტალტთეორიის თანახმად, ქცევას მთლიანად განსაზღვრავს საგანთა ის ობიექტური მიმართებები და ველის ის ობიექტური სტრუქტურა, რაშიც უნდა გაერკვეს ცნობიერება. ასეა აღქმის შემთხვევაში; ის განიხილება როგორც პასიური პროცესი, რომლის ყველა თვისება ხატის სტრუქტურული ორგანიზაციის კანონზომიერებებით აიხსნება. ასევეა აზროვნებაშიც, მის რომელ ფორმაზეც არ უნდა ვილაპარაკოთ. პრაქტიკული ინტელექტის შემთხვევაში ამოცანის გადაწყვეტა ხდება მთლიანობითი სტრუქტურის, გეშტალტის შექმნის შედეგად, რომელიც მოიცავს როგორც მიზანს (ბანანი), ისე საშუალებას (ჯოხი). უხეშად რომ ვთქვათ, თვითონ მაიმუნი კი არ წყვეტს ამოცანას, არამედ მას თავისთავად აღმოუცენდება გეშტალტი - სიტუაციის მთლიანი ხედვა, საგანთა შორის მიმართებათა წვდომა. იგივე ითქმის პროდუქტიულ აზროვნებაზეც; იგი ისე აღიწერება, თითქოს ამოცანის გადაწყვეტა ადამიანის, სუბიექტის გონებრივი მოქმედების შედეგი კი არაა, არამედ თვითონ ამოცანა ხსნის თავის თავს, თავად მიისწრაფის ამოხსნისკენ ანუ გეშტალტიზაციისკენ. ერთი სიტყვით, გეშტალტთეორიაში იგნორირებულია სუბიექტის, პიროვნების როლი ფსიქიკურ აქტივობაში; იგი ანგარიშს არ უწევს ფსიქიკური მოქმედების შინაგან, სუბიექტისმიერ, პიროვნებიდან მომდინარე დეტერმინაციას. გეშტალტები პიროვნებისაგან დამოუკიდებლად აღმოცენდებიან და მოქმედებენ. გეშტალტის მოწყვეტა პიროვნებისაგან დაუშვებელია. როგორც შტერნი ამბობდა, არ არსებობს გეშტალტი გეშტალტმყოფელის გარეშე. კრიტიკოსები მიუთითებენ, რომ გეშტალტის ფორმირება და ფუნქციონირება, “დამოკიდებულია არა მარტო გარემოს ობიექტურ შემადგენლობასა და სიტუაციის თვისებებზე, არამედ ცნობიერების წინასწარ განწყობაზეც” (კ. მეგრელიძე). დ. უზნაძის ზოგაფსიქოლოგიური კონცეფციის თანახმად კი ეს, პირველ რიგში, სწორედ განწყობაზეა დამოკიდებული. რა თქმა უნდა, გეშტალტფსიქოლოგები ღიად არ უარყოფენ სუბიექტის როლს და გარკვეულად ითვალისწინებენ კიდეც მას (გეშტალტიზაციის ფაქტორებს შორის ვერთჰაიმერი “დისპოზიციის” ფაქტორს აღნიშნავს და ამით მიუთითებს პიროვნების განწყობის როლზე); მაგრამ, არც თეორიული სისტემისა და არც ემპირიული კვლევის დონეზე პიროვნების ფაქტორს ყურადღება არ ექცევა; იგი, არსებითად, უგულებელყოფილია.       რაც შეეხება საკუთრივ მთლიანობის იდეას, ფსიქოლოგიისთვის იგი მხოლოდ სასარგებლო კი არა, სრულიად აუცილებელი და ფუნდამენტურია. მაგრამ ის შეიძლება ნაყოფიერის ნაცვლად მავნეც აღმოჩნდეს, თუ იმდენად იქნება აბსოლუტიზირებული, რომ ნაწილების ან კერძოს კვლევას შეაფერხებს და სრულებით დაჩრდილავს. გარკვეული აზრით, ასე დაემართა გეშტალტფსიქოლოგიას. უპირატესად აღქმის სფეროში მიმდინარე კვლევა თავიდან ბოლომდე დაექვემდებარა ნაწილების მიმართ მთლიანის აბსოლუტური ჰეგემონიის იდეას. სავსებით გაუთვალისწინებელი აღმოჩნდა ნაწილის როლი მთელის განსაზღვრულობაში. 10.2. ველის თეორია       კ. ლევინის გეშტალტფსიქოლოგიასთან კავშირის შეფასება არაერთმნიშვნელოვანია. ხშირად მას მიიჩნევენ გეშტალტფსიქოლოგიის ერთ-ერთ წარმომადგენლად, რომელმაც, უბრალოდ, ფსიქოლოგიის სხვა სფეროებზე (პიროვნება, მოტივაცია, სოციალური ჯგუფი) განავრცო გეშტალტთეორიის პრინციპები. ლევინს მართლაც ბევრი რამ აკავშირებს გეშტალტფსიქოლოგიასთან. იგი ბერლინში მოღვაწეობდა ამ სკოლის წამყვან ფიგურებთან ერთად. მისი მოძღვრების ცენტრალური ცნება არის დინამიკური ველი, რომლის ყველა პუნქტი ერთმანეთთან ურთიერთობს და ნებისმიერ ადგილას წარმოქმნილი დაძაბულობა იწვევს მისი მოხსნისა და საერთო დინამიკური წონასწორობის აღდგენის ტენდენციას. ლევინს გეშტალტფსიქოლოგიასთან აახლოებს აგრეთვე ორიენტაცია ფიზიკა-მათემატიკურ მოდელებზე. მისთვის არც მთლიანობის, ინსაიტისა თუ იზომორფიზმის იდეებია უცხო. ყოველივე ამასთან ერთად, ლევინის მიერ რეალიზებული მეთოდოლოგიური და თეორიული პრინციპები გამოკვეთილად თავისებური და ორიგინალურია; რაც მთავარია, არსებითად განსხვავებულია კვლევის საგანი. გეშტალტფსიქოლოგია კოგნიტურ, უპირატესად, პერცეპტულ სტრუქტურებს შეისწავლიდა, ხოლო ლევინი - ზოგადად ქცევას. იგი ქცევის მოტივაციის ექსპერიმენტული კვლევის პიონერია, რის გამოც დამოუკიდებელი მიმდინარეობისა და სკოლის შემქმნელად ითვლება. თავად ლევინი ყოველთვის ღრმა პატივისცემას გამოხატავდა თავისი გეშტალტფსიქოლოგი კოლეგების მიმართ, მაგრამ ამავე დროს მკაფიო საზღვარს ავლებდა მათ შეხედულებებთან და სპეციალურად არქმევდა თავის სისტემას ხან ველის თეორიას, ხან დინამიკურ თეორიას, ხან ტოპოლოგიურ ფსიქოლოგიას.       კურტ ლევინი (1890-1947) დაიბადა პრუსიაში, ქალაქ მოგილნოში. სწავლობდა ფრაიბურგის, მიუნჰენისა და ბერლინის უნივერსიტეტებში. ამ უკანასკნელში 1914 წელს შტუმფის ხელმძღვანელობით დაიცვა სადოქტორო დისერტაცია. ომის დაწყებისთანავე გაიწვიეს ჯარში, სადაც ოთხი წელი იმსახურა; იყო მძიმედ დაჭრილი, დაიმსახურა საბრძოლო ჯილდოები. ომის მერე დაუბრუნდა ბერლინის უნივერსიტეტს და ჩაერთო აქტიურ პედაგოგიურ და კვლევით საქმიანობაში. 1933 წელს გერმანიაში ფაშისტური წყობილების დამყარების გამო იძულებული გახდა გადასახლებულიყო აშშ-ში. აქ იგი ჯერ სტენფორდის, შემდეგ კორნელის უნივერსიტეტებში მოღვაწეობდა; 1945 წელს დააარსა და სათავეში ჩაუდგა ჯგუფური დინამიკის კვლევით ცენტრს მასაჩუსეტსის ტექნოლოგიურ ინსტიტუტში. ლევინის ძირითადი შრომებია: “განზრახვა, ნებელობა და მოთხოვნილება” (1926), “პიროვნების დინამიკური თეორია” (1935), “ტოპოლოგიური ფსიქოლოგიის პრინციპები” (1936).       ლევინს ფართო მეცნიერული ინტერესები ჰქონდა - კარგად იცნობდა ფიზიკას, მათემატიკას, ბიოლოგიას. იგი დაინტერესებული იყო ზოგადმეცნიერული, მეთოდოლოგიური საკითხებით და ცდილობდა, გაეაზრებინა ფსიქოლოგიის კრიზისული მდგომარეობა მეცნიერების განვითარების საერთო კანონზომიერებების ფონზე. ამისთვის იგი მიმართავდა ანალოგიას ფიზიკასთან, რომლის დიდი წარმატებები, ლევინის აზრით, დაკავშირებული იყო ძველი, არისტოტელესეული აზროვნების წესიდან ახალ, გალილეისეულ აზროვნების წესზე გადასვლასთან. არისტოტელეს მიხედვით, სამყარო ჰეტეროგენულია, ყველა ფიზიკურ სხეულს თავისი საკუთარი, იმანენტური თვისება გააჩნია. მაგალითად, ობიექტი ზევით იმიტომ მოძრაობს, რომ მსუბუქია; ეს კი იმით არის გამოწვეული, რომ მისი ძირითადი ელემენტი ჰაერია; მძიმე სხეული ქვევით მოძრაობს, ვინაიდან მისი ძირითადი ელემენტი მიწაა. მაშასადამე, საგანთა “ყოფაქცევა” დეტერმინირებულია მათთვის შინაგანად დამახასიათებელი უცვლელი თვისებებით. ამასთან, სამყარო გაყოფილია მიწიერ და ციურ სფეროებად, სხეულთა განსხვავებული თვისებებით. ამიტომ დედამიწის ობიექტებისთვის დამახასიათებელია მოძრაობის ერთი სახე (ვერტიკალური), ხოლო კოსმოსურისთვის - მეორე (ბრუნვადი). ამავე დროს ითვლება, რომ ეს უკანასკნელი მოძრაობის უფრო მაღალ დონეა. ერთი სიტყვით, არისტოტელეს მიხედვით, სამყაროს მოვლენები დაყოფილია იარუსებად და მოვლენათა თითოეულ კლასს საკუთარი კანონზომიერება აქვს. კანონზომიერება კი ნიშნავს მოვლენის განმეორებადობას, რეგულარულობას.       ახალი დროის ფიზიკა სრულიად სხვაგვარად განიხილავს სამყაროს. გალილეისეული მიდგომის თანახმად, იგი ამოდის არა საგანთა საკუთარი თვისებებიდან, არამედ მათ შორის არსებული მიმართებებიდან. სამყარო ჰომოგენურია; ყველა საგანი თუ მოვლენა საერთო კანონებს ემორჩილება. ფიზიკა ამ კანონებს ადგენს (მაგ., ნიუტონის მექანიკის კანონები), რაც საშუალებას გვაძლევს, ვიწინასწარმეტყველოთ ყოველი კონკრეტული ობიექტის ქცევა. ლევინის აზრით, ფსიქოლოგია არისტოტელესეული აზროვნების წესით შემოიფარგლა და ამ დონეზე შეჩერდა. ფსიქოლოგიაშიც, მიწიერი და ციური სფეროების გამიჯვნისა არ იყოს, სულიერი სამყარო დაყოფილია მოვლენათა განსხვავებულ კლასებად თავისი საკუთარი თვისებებითა და კანონებით. მათ ფსიქოლოგიის სხვადასხვა დარგი შეისწავლის განსხვავებული პრინციპებისა და მეთოდების გამოყენებით. ლევინის რწმენით, ფსიქოლოგიის პროგრესი შესაძლებელია, თუ ყოველი ფსიქიკური ფაქტი მიზეზობრივი მიმართებების ერთიანი სისტემის საფუძველზე იქნება განხილული. სწორედ ასეთი მიმართებების დადგენა მოგვცემს შესაძლებლობას, ვიწინასწარმეტყველოთ კონკრეტული, კერძო ფსიქოლოგიური მოვლენა; ამის გარეშე ფსიქოლოგია გამართული საბუნებისმეტყველო მეცნიერების რანგში ვერასდროს ამაღლდება. აუცილებელია ფსიქოლოგიის ჰომოგენიზაცია; კანონის მოქმედება მთელ ფსიქიკურ სფეროზე უნდა ვრცელდებოდეს. ამასთან ერთად, “ყოველი ფსიქოლოგიური კანონი უნდა სრულდებოდეს გამონაკლისის გარეშე”. ეს შესაძლებელს გახდის, მოიხსნას გადაულახავი საზღვარი და დაპირისპირება ნორმასა და პათოლოგიას, ადამიანსა და ცხოველს, ბავშვსა და მოზრდილს, სულსა და სხეულს შორის. ამ მიმართულებით პირველი ნაბიჯები უკვე გადადგა ფსიქოანალიზმა და ბიჰევიორიზმა. თუმცა, განსაკუთრებულ იმედებს, ბუნებრივია, ლევინი მთლიანობის ფსიქოლოგიაზე ამყარებს; მის მიერ ოპტიკურ სფეროში აღმოჩენილი სტრუქტურის (გეშტალტის) კანონები ვალიდური აღმოჩნდა არა მხოლოდ მთლიანად კოგნიტური სფეროს მიმართ, არამედ ისეთი მოვლენების მიმართაც, როგორიცაა ნებელობა, მოტივაცია, ემოცია და ა.შ. მათ კი გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვთ პიროვნებისა და მისი ქცევის ორგანიზაციისთვის.       სწორედ ეს პრობლემატიკა გახდა ცენტრალური ლევინის კვლევა-ძიებაში. ყველგან, სადაც არის ქცევა, უნდა არსებობდეს სათანადო დინამიკური, მოტივაციური ფაქტორი. ლევინმა მრავალი ექსპერიმენტული და თეორიული გამოკვლევა მიუძღვნა იმის გარკვევას, თუ რა სახისაა ეს ფაქტორი და როგორ მოქმედებს იგი.       ლევინის თანახმად, ყოველგვარი აქტივობის აღძვრელ მიზეზს, მოტორს, ფსიქიკური ენერგიის შემცველი დაძაბულობის სისტემა წარმოადგენს. დაძაბულობის სისტემა, არსებითად, წონასწორობის დარღვევის გამოხატულებაა და მისი აღდგენის ტენდენციას შეიცავს. ლევინმა დაძაბულობის დინამიკური სისტემის ორი სახეობის არსებობა დაუშვა; ესენია ბუნებრივი მოთხოვნილება და კვაზი-მოთხოვნილება. ნამდვილი ან პირველადი მოთხოვნილებები თანდაყოლილი და მდგრადი ხასიათისაა. კვაზი-მოთხოვნილებები ცხოვრებისეული ამოცანების შესაბამისად მიღებული გადაწყვეტილებებისა თუ განზრახვების შედეგად წარმოიქმნება. ფუნქციონალურად, აქტივობის დინამიკის განსაზღვრის თვალსაზრისით, ისინი ბუნებრივ მოთხოვნილებათა ექვივალენტურები არიან. “დინამიკურად, განზრახვა უნდა განისაზღვროს, როგორც კვაზი-მოთხოვნილების, ანუ ერთგვარი დაძაბულობის მდგომარეობის შექმნა, რომელიც ნამდვილ მოთხოვნილებებთან შორს მიმავალ პარალელებსა და რეალურ მიმართებებს ავლენს”.       როგორიც არ უნდა იყოს მოტივაციური ფაქტორი, ის ერთმნიშვნელოვნად არ განსაზღვრავს მოქმედების განხორციელებას, შესრულების კონკრეტულ სახესა და გამოვლინებას. ამის დასადგენად საჭიროა გვქონდეს მონაცემები გარემოს შესახებაც. აქედან გამომდინარე, ლევინი დიდ ყურადღებას უთმობს გარემოს ადეკვატურ დახასიათებას. გარემოს ან სიტუაციის შემადგენლობაში მას შეჰყავს ფიზიკური, სოციალური და ცნებითი სამყაროს ყველა ფაქტი, მაგრამ არა იმ მნიშვნელობით, როგორც ისინი ობიექტურად არსებობენ ან მოიაზრებიან, არამედ მათი ფსიქოლოგიური მნიშვნელობით, ანუ იმის გათვალისწინებით, თუ რა ზეგავლენას ახდენენ ისინი ამჟამად მომქმედ სუბიექტზე. ინდივიდთან, მის მოთხოვნილებებთან თუ კვაზი-მოთხოვნილებებთან კავშირის გამო გარემოს ობიექტები და მოვლენები არ არიან ნეიტრალური, ისინი ამჟღავნებენ ჩვენს მიმართ გარკვეულ “ნებას”, გვიწვევენ სამოქმედოდ. კარგი ამინდი, გარკვეული ლანდშაფტი, ამბობს ლევინი, გვიზიდავს სასეირნოდ, ლეკვი - საალერსოდ; კარი ბავშვს უბიძგებს გაღებისა ან დახურვისკენ, კუბიკები - სათამაშოდ, ხოლო შოკოლადის ან ნამცხვრის ნაჭერს “უნდა”, რომ ის შეჭამონ. გარემოს ობიექტების ამ თვისების აღსანიშნავად ლევინს შემოაქვს ცნება გამომწვევი ხასიათი (აუფფორდერუნგსცჰარაცტერ). ამ ფენომენის გამოვლენის ფორმები მთლიანად განისაზღვრება დაძაბულობათა სისტემის აქტუალური მდგომარეობით. მაგალითად, იმის მიხედვით, თუ რა ტენდენციასთან არის დაკავშირებული, ობიექტის გამომწვევი ხასიათი ვლინდება მისკენ მიზიდულობის ან მისგან უკუქცევის სახით. ასევე ცვალებადია ამ მოვლენის ინტენსივობა; ის ვარირებს სუსტი მიზიდულობიდან e.w. ბრძანებით ხასიათამდე. ბუნებრივი ან პირველადია ისეთი სახის გამომწვევი ხასიათი, როდესაც ობიექტი მოთხოვნილებისა ან კვაზი-მოთხოვნილების დაკმაყოფილების პირდაპირ საშუალებას წარმოადგენს, ხოლო მასთან გარკვეულ მიმართებაში მყოფი საგნები და მოვლენები ე.წ. ნაწარმოები გამომწვევი ხასიათისაა. მაგალითად სახლმა, ქუჩამ, ქალაქმა, სადაც სატრფო ცხოვრობს, შეიძლება თვითონაც შეიძინოს გამომწვევი ხასიათი. ამერიკული პერიოდის შრომებში ობიექტების გამომწვევი ხასიათის გამოსახატად ლევინს დამატებით ვალენტობის ტერმინიც შემოაქვს და ლაპარაკობს საგნების დადებით და უარყოფით ვალენტობებზე.       აქტივობის აღმოცენებისა და მიმდინარეობისთვის საჭირო ძალა, ენერგია, ყოველთვის დაძაბულობის სისტემებიდან, ინდივიდის მოთხოვნილებებიდან მომდინარეობს. ამიტომ გარემოს საგანთა ვალენტობა, მათი გამომწვევი ხასიათი ქცევის აღძვრას როდი ნიშნავს. დინამიკურ პროცესს, რომელსაც ქცევა ეწოდება, ყოველთვის გარკვეული მიმართულება აქვს. დადებითი და უარყოფითი ვალენტობის მქონე ობიექტები სწორედ ამას ემსახურება - ისინი განსაზღვრავენ ქცევის კონკრეტულ გზას, მარშრუტს, მიმართულებას. მაგალითად, მაგიდაზე დადებული ტკბილეული იზიდავს ბავშვს და იგი პირდაპირ მიემართება მისკენ. მაგრამ, თუ კი მაგიდასა და ბავშვს შორის ძაღლი წევს, იგი ძაღლს შორიდან მოუვლის და მაგიდას მეორე მხრიდან მიუახლოვდება. აქ კარგად ჩანს, რომ გარკვეული მოთხოვნილებით აღძრული აქტივობის მიმართულება კონკრეტული სიტუაციის ობიექტების მიზიდულობისა და განზიდულობის ძალების მოქმედებით არის განსაზღვრული. ამრიგად, ფსიქოლოგიური გარემო ქცევის განხორციელების აუცილებელი ფაქტორია. ეს დებულება ძალაშია ყოველგვარი ქცევის მიმართ, როგორც არ უნდა განსხვავდებოდნენ ეს ქცევები ერთმანეთისაგან გარემოსთან ურთიერთმიმართების თვალსაზრისით; ამ მხრივ კი მნიშვნელოვანი განსხვავებები არსებობს. ლევინი ერთმანეთისაგან მიჯნავს ველისმიერ, ანუ არადაუფლებულ და ნებელობით, ანუ დაუფლებულ მოქმედებას. პირველ შემთხვევაში ქცევა ფსიქოლოგიური ველის ვალენტობების შესატყვისად მიმდინარეობს. ამასთან, მნიშვნელობა არა აქვს, რითაა იგი აღძრული, ბუნებრივი მოთხოვნილებით თუ განზრახვის საფუძველზე წარმოქმნილი კვაზი-მოთხოვნილებით. ორივე შემთხვევაში ვითარება პრინციპულად ერთნაირია - არსებობს დაძაბულობის სისტემა, რომლის შესაბამისად სტრუქტურირდება ფსიქოლოგიური ველი. ობიექტები იძენენ მეტნაკლებ ვალენტობას და სათანადოდ განსაზღვრავენ აქტივობის მიმდინარეობას. განზრახული ქცევაც, უმეტესწილად, თავისთავად, ველის ძალების შესაბამისად ხორციელდება და ამიტომ უფრო ველისმიერ მოქმედებებს უნდა მიეკუთვნოს, ვიდრე დაუფლებულ მოქმედებებს. განზრახული არ ნიშნავს აუცილებლად ნებელობითს, როგორც ეს ტრადიციულად ითვლებოდა ფსიქოლოგიაში. ლევინი ველისმიერი ქცევის ორ სახეობას განასხვავებს: 1) როცა კავშირი გამომწვევი ხასიათის ობიექტსა და მოთხოვნილებას შორის აშკარაა. მაგალითად, იმპულსურ ქცევაში ურთიერთმიმართება შიმშილსა და საჭმელს შორის, როგორც წესი, თვალსაჩინოდაა მოცემული; ასეთივე მიმართებას ვხედავთ წერილის გაგზავნის განზრახვისა და საფოსტო ყუთის შემთხვევაში. 2) როცა ასეთი კავშირი ნათლად არ ჩანს და აქტივობას შემთხვევითი სიტუაციური ფაქტორები განსაზღვრავს. მოხტუნავე ან გამოგორებული ბურთი, ჩვეულებრივ, დაჭერის ან ფეხის გარტყმის სურვილს აღძრავს, ხოლო ძაფი კოსტუმზე მისი მოცილების ტენდენციას და ა.შ. ნორმის შემთხვევაში ადამიანს შეუძლია არ დაემორჩილოს ამ ტენდენციებს, წინ აღუდგეს დაძაბულობის სხვა სისტემებს და დაეუფლოს თავის ქცევას. ლევინის აზრით, სწორედ ასეთ მოქმედებებს უნდა ეწოდოს ნებელობითი. “რასაკვირველია, დაუფლებული მოქმედებაც ექვემდებარება მთლიანი ფსიქიკური ველის ძალებს. მაგრამ, დაუფლებული მოქმედების შემთხვევაში, ადამიანი, ჩვეულებრივ, არ არის მთლიანად ჩართული მოცემულ ველში; გარკვეული ხარისხით ადგილი აქვს შეკავებას, საგნობრივი ვითარების ზემოთ დგომას; აქ უფრო მეტად ხორციელდება მოქმედების კონტროლი. სხვანაირად რომ ვთქვათ, სულიერი სისტემების შემოფარგვლა დაუფლებული მოქმედების დროს სხვაგვარია, ვიდრე არადაუფლებული მოქმედებისას, რასაც, პირველ ყოვლისა, “მე”სისტემის მეტი დამოუკიდებლობა, ანუ მისი უკეთესი ბატონობა განაპირობებს”.       “მე”-სისტემა ინდივიდის, პიროვნების შედარებით ღრმა შრეებს მიეკუთვნება. პერიფერიულ შრეებში შემავალ დაძაბულობის სისტემებთან შედარებით, “მე”-სთან დაკავშირებულ დაძაბულობებს ფუნქციონალურად განსაკუთრებული ადგილი უჭირავს. საერთოდ კი, ლევინის მიხედვით, პიროვნების სტრუქტურაში შეიძლება გამოიყოს შიდა და გარე რეგიონი ანუ დაძაბულობის სისტემების სფერო (მოთხოვნილებები და კვაზი-მოთხოვნილებები) და მოტორულ-პერცეპტული სფერო. გარემოსთან კავშირი ამ უკანასკნელის საშუალებით მყარდება. გარემოს ზეგავლენა ინდივიდზე პერცეპტული გზით ხორციელდება, ხოლო დაძაბულობის სისტემების ზეგავლენა გარემოზე - მოტორული სფეროს საშუალებით. პიროვნების მოტივაციური შრეც სტრუქტურირებულია. აქ არსებული რეგიონების რაოდენობა, მათ შორის კომუნიკაციის ინტენსივობა და საერთოდ, მთელი სასიცოცხლო სივრცის დიფერენცირებულობის ხარისხი ადამიანის განვითარების დონის მაჩვენებლად ითვლება. ასეთივე მაჩვენებელია რეგიონების საზღვრების სიმტკიცე, დაძაბულობის სისტემების ორგანიზაცია და იერარქიზაცია. როგორც ნორმალური ონტოგენეტური პროცესის, ისე ფსიქიკური დაქვეითებაჩამორჩენის ან რეგრესიის ანალიზი ამ ტერმინებში მიმდინარეობს.       ამრიგად, აქტივობის პროცესის დახასიათებისთვის ლევინი ორ ძირითად ფაქტორს მიმართავს: ერთი მხრივ, შიდადაძაბულობის სისტემებს და, მეორე მხრივ, ფსიქოლოგიურ გარემოს. ამასთან, იგი ხაზს უსვამს, რომ ყოველი მათგანის ზემოქმედება ქცევაზე მხოლოდ ერთიმეორესთან მიმართებაში შეიძლება იქნას გაგებული. ქცევის დეტერმინაციის პროცესში მოვლენები, რომლებიც ინდივიდსა და გარემოს მიეკუთვნებიან, გარკვეულ ერთიანობას, მთლიანობას ქმნიან. ამ რეალობას ლევინი მთლიან ფსიქოლოგიურ ველს ან ინდივიდის სასიცოცხლო სივრცეს უწოდებს, რომელიც გრაფიკულად ასე გამოიხატება:       ინდივიდის სასიცოცხლო სივრცე (LSp) შეიცავს იმ ფაქტორების ერთობლიობას, რომლებიც განსაზღვრავენ ინდივიდის ქცევას (ბ) გარკვეულ მომენტში, ე.ი. პიროვნებას (P) და გარემოს (E). ყოველივე ეს გამოიხატება ფორმულით: ბ = F(P,E) = F(LSp). ის გვეუბნება, რომ სასიცოცხლო სივრცის მოცემული სტრუქტურა ფუნქციონალურად განსაზღვრავს ქცევის აღწერით თვისებებს. ავტორი საგანგებოდ აზუსტებს, რომ “ეს მტკიცება ერთნაირად მართებულია როგორც ემოციური აფეთქების, ისე “მიზანდასახული” ქმედებისთვის; როგორც სიზმრისთვის, სურვილისთვის და აზროვნებისთვის, ისე მოქმედებისთვის და მეტყველებისთვის”. ლევინი სპეციალურად აღნიშნავს იმასაც, რომ ქცევის მოცემული ფორმულის ორი წევრი, ადამიანის მდგომარეობა (P) და გარემოს თავისებურებები (ე), არ არიან ერთმანეთისაგან მთლიანად დამოუკიდებელი. მართებულია დებულება, რომ გარემო განსაზღვრულია პიროვნების მახასიათებლებით E = F(P); ერთი და იგივე ადამიანის სამყარო განსხვავებული იქნება იმის მიხედვით, მშიერია იგი თუ მაძღარი, ენერგიით სავსე თუ დაღლილი და ა.შ. ზუსტად ასევე, სამართლიანი იქნება შებრუნებული მტკიცებაც - ადამიანის მდგომარეობა დამოკიდებულია მის გარემოზე P = F(ე); სუბიექტის მდგომარეობა განსხვავებულია გაკიცხვისა და დაჯილდოების სიტუაციაში, კეთილგანწყობილ და მტრულ ატმოსფეროში, დემოკრატიულ და ავტორიტარულ ჯგუფში; ადამიანის აზრთა წყობა, ღირებულებები, განწყობები იმ კულტურის ძლიერ გავლენას განიცდის, რომელშიც იგი აღიზარდა, ასევე იმ სოციალური და ეკონომიკური ჯგუფისა, რომელსაც მიეკუთვნება და ა.შ. ერთი სიტყვით, ქცევის წინასწარმეტყველებისთვის ინდივიდი და მისი გარემოცვა ურთიერთდამოკიდებული ფაქტორების კომპლექსად უნდა ჩაითვალოს. ამ ფაქტორების ერთობლიობა აღინიშნება “სასიცოცხლო სივრცის” ტერმინით.       ფსიქოლოგია შეისწავლის იმას, რაც ინდივიდის სასიცოცხლო სივრცეშია მოქცეული. სასიცოცხლო სივრცე “ფსიქოლოგიის სამყაროა”, მთელი ფსიქოლოგიური სინამდვილეა. ქცევის ფსიქოლოგიური გაგება მისი გამომწვევი სასიცოცხლო სივრცის ზუსტ დახასიათებას გულისხმობს. ეს კი გარკვეული მეთოდოლოგიური და თეორიული ამოცანების გადაჭრასთან არის დაკავშირებული. პირველ რიგში საჭიროა გაირკვეს, თუ რა მიეკუთვნება სასიცოცხლო სივრცეს და რა - არა. როგორც უკვე ითქვა, გარემოს მხრიდან მასში შეიძლება შევიდეს ფიზიკური, სოციალური და ცნებითი სამყაროს ყველა ფაქტი, რომელიც სუბიექტურად, ფსიქოლოგიურად არსებობს და ამჟამად აქტუალურია ინდივიდისთვის. პიროვნების სისტემის დახასიათებისას გათვალისწინებული უნდა იყოს აქ და ამჟამად მომქმედი ფაქტორები. ეს სულაც არ - ნიშნავს, რომ ინდივიდისთვის წარსული და მომავალი არ არსებობს. ერთიც და მეორეც უსათუოდ მონაწილეობს სასიცოცხლო სივრცის აგებაში, მაგრამ მხოლოდ იმდენად, რამდენადაც იგი აწმყოსთან არის დაკავშირებული. ლევინის თქმით, მიზანი, რომელიც მომავალში უნდა განხორციელდეს და შიში იმისა, რაც წარსულში მოხდა, რეალური ფსიქიკური მოვლენების სახით აწმყოში არსებობს და მხოლოდ ამიტომ განსაზღვრავს აქტივობას.       უფრო რთულია საკითხი იმის შესახებ, თუ როგორ უნდა წარმოვადგინოთ, გამოვხატოთ სასიცოცხლო სივრცე. ლევინისთვის ეს პრინციპული მნიშვნელობის მქონე პრობლემაა. რაც უფრო სრულად და ზუსტად იქნება დახასიათებული სასიცოცხლო სივრცე, მით უფრო ღრმად და სწორად იქნება გაგებული კონკრეტული ქცევა. რა საშუალებებით უნდა მოხდეს ეს? ლევინის რწმენით, მისი თანამედროვე ფსიქოლოგიის განკარგულებაში არ არის ასეთი აღწერისთვის აუცილებელი მეცნიერული ენა და მეთოდი. ამიტომ, სასიცოცხლო სივრცის ადეკვატური დახასიათებისთვის, იგი მათემატიკას მიმართავს, კერძოდ კი გეომეტრიის ერთ-ერთ ნაწილს - ტოპოლოგიას. ტოპოლოგია შეისწავლის ისეთ სივრცით მიმართებებს, როგორიცაა ნაწილიმთელი, ჩართულობა, კავშირის არსებობა-არარსებობა და სხვა. სასიცოცხლო სივრცე იყოფა სხვადასხვა რაოდენობის სფეროებად, რეგიონებად, რომელთაც აქვს მეტ-ნაკლებად მყარი ან ცვალებადი ფორმა, გამოყოფილი არიან განსხვავებული სიმტკიცის საზღვრებით, ბარიერებით და ა.შ. ფსიქოლოგიური თვალსაზრისით ეს სფეროები ერთმანეთთან გარკვეულ კავშირში იმყოფება: ახლო და შორი, უშუალო და გაშუალებული, რთული და მარტივი, ნათესაური და ანტაგონისტური; ამაში ვლინდება ადამიანის სხვადასხვა ინტერესებისა და ტენდენციების ურთიერთმიმართება.       სასიცოცხლო სივრცეში სხვადასხვა ინტენსივობისა და მიმართულების ძალები მოქმედებს. ლევინს მიაჩნია, რომ ძალის ცნების გარეშე საერთოდ შეუძლებელია აქტივობის დინამიკის გაგება. მართალია, ძალის ცნება ფიზიკიდან მომდინარეობს, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ფსიქოლოგიაში მისი გამოყენება არ შეიძლება. ლევინი სპეციალურად აღნიშნავს: “როდესაც ვიყენებთ ამგვარ ექვივალენტურ ცნებებს, ჩვენ არ ვცდილობთ ფსიქოლოგიური ცნებების გამოყვანას ფიზიკური ცნებებიდან”. ამრიგად, იგი უარს ამბობს ფიზიკურ რედუქციონიზმზე, რაც დამახასიათებელია გეშტალტფსიქოლოგიისთვის და, განსაკუთრებით, ვ. კელერისთვის (ე.წ. იზომორფიზმის პრინციპი). ლევინი ძალას განიხილავს, როგორც ფსიქო-დინამიკურ ფაქტორს, თუმცა არ ცდილობს მისი ფსიქოლოგიური ბუნების შინაარსობრივ გახსნას და ძალის ფუნქციონალური დახასიათებით კმაყოფილდება: ძალა არის ფაქტორი, რომელიც იწვევს ლოკომოციას. ფსიქოლოგიური მოძრაობის (ლოკომოციის) ქვეშ ლევინი გულისხმობს არა მხოლოდ რეალურ გადაადგილებას სივრცეში მიზნის მიმართულებით (ანუ მოტორულ პროცესს), არამედ “შინაგან მოძრაობასაც”, ე.ი. წარმოდგენების, აზრების, გრძნობების და ა.შ. ცვალებადობას (ანუ მენტალურ პროცესს). ლოკომოცია, საზოგადოდ, მთელი სიტუაციის სტრუქტურის შეცვლას გულისხმობს. ძალის გრაფიკული გამოხატვა ვექტორის საშუალებით ხდება - ვექტორის სიგრძე ძალის ოდენობაზე მიანიშნებს, ხოლო ისარი - მიმართულებაზე. სასიცოცხლო სივრცეში, ჩვეულებრივ, ერთმანეთს უპირისპირდება დადებითი და უარყოფითი ვალენტობის მქონე ობიექტებიდან მომდინარე ძალები; თავად აქტივობა მოცემულ ტოპოლოგიურ არეში არსებული ყველა ძალების ურთიერთქმედების შედეგია. ვექტორების დაჯამებით და გამოკლებით ლევინი ცდილობდა მოენახა მათი ტოლქმედი, რომელიც ინდივიდის მოქმედების ინტენსივობისა და მიმართულების მაჩვენებელი იქნებოდა. ლევინის ფსიქოლოგიური სისტემის მთავარი მიზანი სწორედ ესაა. იგი გრაფიკულად აღწერს გზებს, რომლითაც მიემართება ინდივიდი სასიცოცხლო სივრცის ერთი რეგიონიდან მეორისკენ. ამით ლევინმა საფუძველი ჩაუყარა ფსიქოლოგიაში მათემატიკური მოდელების გამოყენების ტრადიციას. ეს ტრადიცია, სხვადასხვა სახით, XX საუკუნის ფსიქოლოგიის არა ერთ მიმდინარეობაში გამოვლინდა, განსაკუთრებიღ კი იმათში, რომლებიც საბუნებისმეტყველო პარადიგმის კალაპოტშია მოქცეულია.       ლევინი მხოლოდ უდიდესი თეორეტიკოსი კი არა, ბრწყინვალე ექსპერიმენტატორიც იყო. მის მიერ და მისი ხელმძღვანელობით შესრულდა არაერთი კლასიკური გამოკვლევა, რომლებმაც სათავე დაუდო მრავალი საკითხის ემპირიულ შესწავლას, ერთი მხრივ, ქცევისა და მოტივაციის ფსიქოლოგიის სფეროში და, მეორე მხრივ, სოციალური ფსიქოლოგიის სფეროში. აღსანიშნავია, რომ ლევინის სკოლაში ჩატარებული ექსპერიმენტები უმეტესწილად თეორიიდან გამომდინარეობდა და თეორიის სხვადასხვა ასპექტების დასაბუთებას ემსახურებოდა. ეს ექსპერიმენტული სამუშაო გარკვეულ მეთოდოლოგიურ პრინციპებს ეყრდნობოდა; ერთ-ერთი ფუძემდებლური იყო იდეა ინდივიდუალური შემთხვევის შესწავლის მნიშვნელობის შესახებ. თუ ფსიქიკური მოვლენების სფეროში, ფიზიკური სამყაროს მსგავსად, ზოგადი კანონები მოქმედებს, ყოველგვარი კონკრეტული შემთხვევა კანონზომიერია და არა შემთხვევითი; ამდენად, იგი ისევე იმსახურებს შესწავლასა და გაანალიზებას, როგორც “გასაშუალოებული” შემთხვევა (ამა თუ იმ ასაკის საშუალო ინდივიდი, ამა თუ იმ ჯგუფის საშუალო წარმომადგენელი და სხვა). ის გარემოება, რომ ინდივიდუალური შემთხვევის შესწავლა ხშირად ისეთ შედეგს არ გვაძლევს, რასაც თეორია ვარაუდობს, იმით კი არ არის გამოწვეული, რომ პროცესი შემთხვევითია, არამედ იმით, რომ კონკრეტული მოვლენა არასდროს გვეძლევა “სუფთა სახით”, არ იმართება მხოლოდ ერთი კანონზომიერებით. ინდივიდუალური შემთხვევისას, როგორც წესი, მოქმედებს კანონების მთელი რიგი, თუმცა, ერთი შეხედვით, შთაბეჭდილება ისეთია, თითქოს საქმე გვაქვს ერთიან პროცესთან. სინამდვილეში აქ ერთმანეთში გარდამავალი პროცესების ერთობლიობაა და თითოეული იმართება თავისი ზოგადი კანონზომიერებით. სერიოზული ყურადღება ექცევა ყოველდღიურ, ბუნებრივ სიტუაციებს, ფენომენის ამა თუ იმ ინდივიდუალურ გამოვლინებას. ამის გამო ლევინის სკოლის ემპირიული კვლევა, მიუხედავად თავისი ლაბორატორიულობისა, ბუნებრივი ექსპერიმენტის გარკვეულ ნიშნებს შეიცავს. ეს ვლინდება უკვე ცდის დაგეგმვაში, მის სცენარში, რომელიც ექსპერიმენტატორს ზოგჯერ საკმაოდ რთული როლის შესრულებას აკისრებს და მისგან გარკვეულ არტისტიზმსაც მოითხოვს. ექსპერიმენტატორს ცდის მსვლელობაშიც უხდება თავისი ქცევის გარკვეულ ფარგლებში ვარირება კონკრეტული სიტუაციის (ცდისპირის ქცევის) შესაბამისად.       ემპირიული კვლევის ეს ნიშნები ყველაზე თვალნათლივ აისახა ე.წ. შეწყვეტილი მოქმედების მეთოდით შესრულებული გამოკვლევების ციკლში. მათი უმეტესობა დაძაბულობის სისტემების დინამიკის შესწავლაზე იყო მიმართული. ერთ-ერთ ასეთ გამოკვლევას სკოლის ლიდერის გამჭრიახი დაკვირვება დაედო საფუძვლად. თავის თანამშრომლებთან კაფეში მყოფი ლევინი მოულოდნელად უძახის ოფიციანტს და ეკითხება, რა დაკვეთები მიიღო მის მომსახურებაში მყოფი რამდენიმე მაგიდიდან. ოფიციანტი, წიგნაკში ჩაუხედავად, ამომწურავ პასუხს იძლევა. შემდეგ იგივე კითხვას უსვამს კაფედან გამავალი წყვილის დაკვეთასთან დაკავშირებით, რომელსაც ოფიციანტი უკვე მოემსახურა. აქ ოფიციანტი დაყოვნებულ, მერყევ და უზუსტო პასუხს იძლევა. ლევინი სვამს კითხვას - რატომ დაიმახსოვრა ოფიციანტმა უკეთ ის შეკვეთა, რომელიც ჯერ არ შესრულებულა? ასოციაციის კანონების თანახმად, მას უკეთ უნდა დაემახსოვრებინა დასრულებული მოქმედება, რომელშიც ასოციაციების გრძელი რიგია რეალიზებული. პასუხი ასეთია: ოფიციანტს აღარ აქვს მოთხოვნილება დაიმახსოვროს იმ კლიენტის შეკვეთა, რომელიც მიდის. მიზეზი ისაა, რომ სათანადო დაძაბულობის სისტემა მოხსნილია; სხვა შემთხვევებში ასეთი კვაზი-მოთხოვნილება აქტუალურად მოქმედებს.       ამ იდეის შესამოწმებლად ბ. ზეიგარნიკმა ჩაატარა სპეციალური გამოკვლევა, რომელშიც პირველად (1927წ.) იქნა აპრობირებული აღნიშნული შეწყვეტილი მოქმედების მეთოდი. ცდისპირს აძლევენ დავალებების რიგს, რომელთაგან ნახევარს აწყვეტინებენ, ნახევარს კი ასრულებინებენ. შემდეგ მას სთხოვენ აღადგინოს მეხსიერებაში ყველაფერი, რაც გააკეთა. აღმოჩნდა, რომ ცდისპირებს დაუმთავრებელი მოქმედებები თითქმის ორჯერ უკეთ ამახსოვრდებათ. ამ მოვლენას შემდგომში ზეიგარნიკის ეფექტი დაერქვა. მისი მიზეზი, ლევინის მიხედვით, დაძაბულობის სისტემების ნაწილობრივ ან სრულ განტვირთვაში უნდა ვეძებოთ.       თუ ზეიგარნიკის ცდებში კვაზი-მოთხოვნილების დაკმაყოფილების დინამიკა მნემურ პროცესებზე მისი ზეგავლენის საშუალებით შეისწავლებოდა, ლევინის კიდევ ერთი, რუსეთიდან ჩასული მოწაფის, მ. ოვსიანკინას, გამოკვლევაში დაძაბულობის სისტემის მოქმედების კანონზომიერება უშუალოდ ქცევის შესრულების პროცესში იქნა შემოწმებული. ამ ცნობილ გამოკვლევაში ნათლად გამოჩნდა ექსპერიმენტის ის თავისებურებები, რაზეც ზემოთ იყო ლაპარაკი. აქაც შეწყვეტილი მოქმედების მეთოდია გამოყენებული. ცდისპირებს შესასრულებლად სთავაზობენ საკმაოდ მარტივ და არცთუ საინტერესო დავალებების სერიას; მაგალითად, ცდისპირმა ნაწილებისაგან უნდა ააწყოს ფიგურა, გადათვალოს საგნები, დახატოს გამოსახულება და სხვა. ცდისპირს დავალების შესრულებას შუაში აწყვეტინებენ და სთხოვენ გადავიდეს სხვა მოქმედებაზე. მომდევნო მოქმედება თავისი სტრუქტურით სრულიად განსხვავდება წინასაგან და მას ბოლომდე ასრულებინებენ. ამ დავალების შესრულების მსვლელობისას ექსპერიმენტატორი ახერხებს წინა მოქმედების მასალის ნარჩენების დამალვას, მაგალითად, ვითომ შემთხვევით, მას ზემოდან აფარებს გაზეთს. მეორე მოქმედების დასრულების შემდეგ ცდის ხელმძღვანელი თავს ისე აჩვენებს ცდისპირს, თითქოს რაღაც საქმითაა დაკავებული (რაიმეს ეძებს მაგიდაზე, მიდის ფანჯარასთან, რაღაცას წერს); ამავე დროს, შეუმჩნევლად აკვირდება მის ქცევას. გამოირკვა, რომ ასეთ სიტუაციაში ცდისპირების 86% უბრუნდება წინა, შუა გზაზე მიტოვებულ მოქმედებას. მიღებული შედეგი (ე.წ. ოვსიანკინას ეფექტი) მართლაც შთამბეჭდავია. ბოლოს და ბოლოს, ლაპარაკია იმაზე, რომ მოზრდილ, ნორმალურ ადამიანს უჩნდება უძლიერესი ტენდენცია ყოველგვარი დავალების გარეშე, საკუთარი ინიციატივით კვლავ მიუბრუნდეს ისეთ “არასერიოზულ” მოქმედებას, როგორიც, ვთქვათ, ფიგურების აწყობაა. შეწყვეტილი მოქმედებისადმი ესოდენ გამოკვეთილი მისწრაფება, ლევინის შეხედულების თანახმად, სათანადო კვაზი-მოთხოვნილების, დაძაბულობის სისტემის არასრული განტვირთვით, მის მიერ ენერგეტიკული მუხტის შენარჩუნებით აიხსნება.       კვლევის ამ ხაზის გაგრძელებას წარმოადგენს ლევინის სკოლაში შესრულებული შრომების ციკლი, რომლებიც ე.წ. შენაცვლებითი მოქმედების შესწავლაზეა მიმართული (ა. მალერი, კ. ლისნერი, ს. სლოსბერგი). მათში განხილულია საკითხი იმის შესახებ, თუ რამდენად შესაძლებელია ამოცანით გამოწვეული დაძაბულობის სისტემის თუნდაც ნაწილობრივი განტვირთვა არაპირდაპირი გზით, შენაცვლებითი მოქმედების შესრულების საშუალებით და რა პირობებია ამისთვის საჭირო. აღმოჩნდა, რომ ეს მართლაც შესაძლებელია: თუ შეწყვეტილი მოქმედების შემდეგ ცდისპირი ასრულებს ამ მოქმედების მსგავს ან იდენტურ დავალებას, მას თითქმის არასდროს უჩნდება ტენდენცია დაუბრუნდეს დაუმთავრებელ მოქმედებას. ეს იმას ნიშნავს, რომ მომდევნო მოქმედებამ განტვირთა დაძაბულობის სისტემა, ანუ ნამდვილად შემნაცვლებელი მოქმედების როლი ითამაშა. ლევინის ტერმინოლოგიით, ამ შემთხვევაში ადგილი აქვს კვაზი-მოთხოვნილებების კომუნიკაციას, რაც ენერგიის ურთიერთგადადინებაში გამოიხატება. ამ მოვლენას ადამიანის აქტივობაში დიდი ადგილი უკავია.       ექსპერიმენტულად დადგინდა, რომ შენაცვლებითი ეფექტი მით უფრო ძლიერია, რაც უფრო მსგავსია მოქმედებები, რაც უფრო ნაკლებია მათ შორის დროითი ინტერვალი, რაც უფრო რთულია შემნაცვლებელი მოქმედება და რაც უფრო მიმზიდველია იგი. მნიშვნელობა აქვს, აგრეთვე, პიროვნულ და სოციალურ მომენტებს.       დაძაბულობის სისტემის აღკვეთის დინამიკას ეხება ე.წ. სიმაძღრისა და მოყირჭების მოვლენების კვლევა, რომელიც ა. კარსტენს ეკუთვნის. ბიოლოგიური მოთხოვნილებების შემთხვევაში გამოვლენილია შემდეგი დინამიკა: დეპრივაცია - დაკმაყოფილება - მოყირჭება. ლევინი თვლის, რომ ასეთივე დინამიკა უნდა არსებობდეს კვაზი-მოთხოვნილების შემთხვევაშიც. სპეციალურმა ექსპერიმენტებმა დაადასტურა ეს მოსაზრება. ცდისპირებს ეძლევათ ხანგრძლივი, მონოტონური დავალება, რომლის შესრულება მათ საკმაოდ მალე ბეზრდებათ (მაგ., უნდა დახატონ ხაზები ან წრეები ფურცლების დასტაზე). ვინაიდან ამოცანით შექმნილი დაძაბულობის სისტემა მაინც მოქმედებს, ისინი ცდილობენ გააგრძელონ დავალების შესრულება, მაგრამ ამ პროცესში გარკვეული ცვლილებები შეაქვთ, რითიც იადვილებენ მობეზრებული და არასასურველი საქმის კეთებას; მაგალითად, ცვლიან ხაზების ან წრეების ზომას, სამუშაოს ტემპს, რიტმს და ა.შ. ზოგჯერ მიმართავენ “მიმყოლ” მოქმედებებს: ღიღინებენ, უსტვენენ, ფეხებს აბაკუნებენ. რაც უფრო მატულობს სიმაძღრის დონე, მით უფრო გამოკვეთილი და ხშირი ხდება სტერეოტიპულ მოქმედებაში შეტანილი ცვლილებები, იქამდე, რომ ზოგჯერ იგი ფაქტობრივად სხვა მოქმედების სახეს იღებს. იმ შემთხვევაში, თუ ცდის პირობები გამკაცრდება და მოქმედების ამგვარი ტრანსფორმაციის შესაძლებლობა გამოირიცხება, ცდისპირები საერთოდ წყვეტენ დავალების შესრულებას, ვინაიდან ის მათთვის აუტანელი ხდება. ამ დროს სიმაძღრე უკვე მოყირჭების სტადიაში გადადის. სიმაძღრის მოვლენა გასაგებს ხდის ერთი მოქმედებიდან მეორეზე გადასვლის დინამიკას. მოქმედების განხორციელება ამცირებს მისი შესრულების ტენდენციას, რის გამოც სასიცოცხლო სივრცეში დომინანტური ხდება დაძაბულობის სხვა სისტემები და აქტივობაც მათ შესაბამისად წარიმართება.       აღნიშნული გამოკვლევები, არსებითად, მოტივაციის დინამიკური ასპექტის შესწავლაზე იყო მიმართული, ასეთია დაძაბულობის წარმოქმნა და მისი განტვირთვა, ბლოკირება, გადართვა და ა.შ. მიუხედავად იმისა, რომ მოტივაციის პიროვნულ ასპექტს ამ კვლევებში პრაქტიკულად არ ექცეოდა ყურადღება, რიგ შემთხვევაში ის მაინც იჩენდა თავს. იმავე ზეიგარნიკის ზემოთ მოყვანილ გამოკვლევაში, სადაც გაირკვა რომ დაუმთავრებელი მოქმედება უკეთ აღიბეჭდება მეხსიერებაში, ამ ზოგადი კანონზომიერების გარდა ერთი საგულისხმო მომენტიც დადასტურდა, კერძოდ ის, რომ მნიშვნელობა აქვს მოქმედების პიროვნულ ღირებულებას. ზეიგარნიკის ეფექტი ბევრად მეტია, თუ შეწყვეტილი მოქმედება სუბიექტისთვის მნიშვნელოვანია (ვთქვათ, დაკავშირებულია მის პატივმოყვარეობასთან). ეფექტი ნაკლებია, როცა დავალების შესრულებას ცდისპირი არ განიცდის პიროვნულ მიღწევად. მსგავსი რამ დადასტურდა კარსტენის ცდებშიც, სადაც აღმოჩნდა რომ მოყირჭების მდგომარეობა უფრო ადვილად იქმნება მაშინ, თუ მოქმედება პიროვნულად ნაკლებ ღირებულია. მოტივაციის პიროვნული ასპექტის მნიშვნელობა ნათლად გამოჩნდა გამოკვლევებში პრეტენზიის დონის შესახებ. ეს ცნება შემოიტანა ლევინის სკოლის ერთ-ერთმა თვალსაჩინო წარმომადგენელმა ფ. ჰოპემ. იგი აღნიშნავს მიზნის სირთულის იმ დონეს, რომლისკენაც სუბიექტი მიისწრაფის. ამას განსაზღვრავს, თუ რამდენად წარმატებით დამთავრდა ამოცანის გადაწყვეტის წინა მცდელობა. ცდისპირებს გადასაწყვეტად აძლევენ სხვადასხვა სირთულის გონებრივ ამოცანებს; ისინი თავისუფალი არიან ამოცანის სირთულის შერჩევაში. ცდისპირები თავდაპირველად სირთულის გარკვეულ დონეს ირჩევენ; მომდევნო ეტაპზე, შემდგომი ამოცანების სირთულის შერჩევისას, ისინი თავიანთ პრეტენზიებს ცვლიან. ჰოპეს მიხედვით, პრეტენზიის დონის ცვლილების დინამიკა დამოკიდებულია მყარ პიროვნულ ფაქტორზე, სახელდობრ იმაზე, რომ ადამიანს აქვს ზოგადი ტენდენცია, რაც შეიძლება მაღალ დონეზე შეინარჩუნოს თავისი “მე”, ანუ ის, რასაც შემდგომში თვითშეფასება ეწოდა. ეს ზოგადი ტენდენცია წარმოშობს ორ კონფლიქტურ მოტივაციურ ძალას: მისწრაფებას წარმატებისკენ და მისწრაფებას წარუმატებლობის არიდებისკენ. გამოკვლევებმა აჩვენა, რომ პრეტენზიის დონის სტრუქტურა პიროვნების მოტივაციის მყარი თვისებაა რომელიც განსაზღვრავს მის მიერ მიზნის შერჩევის ხასიათს. ის ინდივიდები, ვისთანაც წარმატების მიღწევის ტენდენცია დომინირებს, ჩვეულებრივ, საშუალო სირთულის, რეალისტურ მიზნებს ისახავენ; წარუმატებლობის არიდებაზე ორიენტირებული პირები კი, როგორც წესი, ირჩევენ ან ძალიან რთულ, ან პირიქით, ძალიან მარტივ მიზნებს.       ძნელი დასანახი არ არის, თუ რა მჭიდრო კავშირი არსებობს პრეტენზიის დონის პრობლემატიკასა და ქცევის ფსიქოლოგიის ფუნდამენტურ საკითხებს შორის; ასეთებია: მიღწევის მოტივაცია, ქცევის სუბიექტური ალბათობა, არჩევანი, გადაწყვეტილება, კონფლიქტი და სხვა. ლევინის სამეცნიერო მოღვაწეობის ამერიკულ ეტაპზე მათ დიდი ყურადღება ექცეოდა. ლევინი შინაგანი კონფლიქტის ფსიქოლოგიური კვლევის პიონერად ითვლება. ჯერ კიდევ 1931 წელს, სპეციალურ გამოკვლევაში მან განსაზღვრა კონფლიქტი, როგორც ვითარება, როდესაც სუბიექტზე მოქმედებს ურთიერთსაწინააღმდეგოდ მიმართული და დაახლოებით თანაბარი ძალის მქონე ტენდენციები. მანვე მოგვცა კონფლიქტის სახეების კლასიკური დაყოფა მიახლოებისა და განრიდების ტენდენციების ურთიერთმიმართების მიხედვით, ესენია: 1) მიახლოება-მიახლოების ტიპის კონფლიქტი, როდესაც მოცემულია თანაბარი დადებითი ვალენტობის მქონე ორი მიზან-ობიექტი. ამ კონფლიქტის კლასიკური მაგალითი ბურიდანის ვირის შემთხვევაა. 2) განრიდებაგანრიდების ტიპის კონფლიქტი, როდესაც არჩევანი უნდა მოხდეს ორ თანაბრად უსიამოვნო ალტერნატივას შორის. ამის მაგალითია სცილასა და ქარიბდას შემთხვევა ბერძნული მითოლოგიიდან; ყოფაში კონფლიქტის ეს სახე ხშირად იჩენს თავს, როცა მოზრდილები ცდილობენ, დასჯის მუქრით აიძულონ ბავშვი გააკეთოს მისთვის არასასურველი რამ. 3) განრიდება-მიახლოების ტიპის კონფლიქტი, როდესაც ერთი და იმავე მიზან-ობიექტთან დაკავშირებულია როგორც მიზიდულობის, ისე უკუქცევის ტენდენციები. ასეთ სიტუაციაშია, მაგალითად, სუბიექტი, რომელსაც უნდა იქორწინოს და ამავე დროს ეშინია დაკარგოს თავისუფლება; ბავშვი, რომელსაც სურს მოეფეროს ძაღლს და თან უფრთხის მას. მოგვიანებით კონფლიქტის ეს ტიპები სისტემატურად იქნა შესწავლილი კ. ჰალის სკოლაში, კერძოდ ნ. მილერის მიერ (იხ. 9.2.).       გადაწყვეტილების მიღებისა და სათანადო ქცევის განხორციელების შედეგად აქტივობის პლანში კონფლიქტი შეიძლება მოხსნილად ჩაითვალოს. ამავე დროს გონებაში, კოგნიციის პლანში, მოცემული ალტერნატივები არსებობას განაგრძობს; მათი დაპირისპირება ქმნის დაძაბულობის სისტემას, რომელიც უნდა აღიკვეთოს ან შემცირდეს. ეს მოსაზრებები დაედო საფუძვლად ლევინის ერთ-ერთი ამერიკელი მოსწავლის, ლ. ფესტინგერის ცნობილ თეორიას, რომელიც სოციალურ ფსიქოლოგიაში გავრცელებულ ე.წ. კოგნიტური შესატყვისობის მოდელებს შორის ერთ-ერთი საუკეთესოა (იხ. 12.2.). საზოგადოდ, ლევინის იდეები სოციალურ ფსიქოლოგიაში კოგნიტივისტური ორიენტაციის მასაზრდოებელ წყაროდ იქცა. ლევინი სოციალური ფსიქოლოგიის ერთ-ერთ უდიდეს თეორეტიკოსად არის აღიარებული. ცალკეული ინდივიდისა და გარემოს ურთიერთქმედების აღსაწერად შემოღებული ცნებები (ველი, დაძაბულობა, ვალენტობა, ვექტორი და სხვა) მან გამოიყენა სოციალური ჯგუფის შიგნით და ჯგუფებს შორის მიმდინარე პროცესების დახასიათებისთვის. ინდივიდის მსგავსად, ჯგუფი და მისი გარემოცვა ქმნის სოციალურ სივრცეს; მის სტრუქტურაში შედიან ცალკეული ინდივიდები, მიკრო ჯგუფები, სოციალური ნორმები, ღირებულებები, კომუნიკაციის არხები და ა.შ. ამდენად, ჯგუფური ქცევა ყოველ მომენტში განსაზღვრულია სოციალურ ველში მოქმედი რეალური ძალებით.       ამ მიმართულებით გაწეული ემპირიული და პრაქტიკული სამუშაო ეყრდნობა ე.წ. ქმედითი კვლევის მოდელს. თავისი არსით ესაა ფუნდამენტურგამოყენებითი კვლევის მეთოდი, რომელიც ორი ძირითადი ნიშნით ხასიათდება: სოციალური პრობლემის სისტემატური, უპირატესად ექსპერიმენტული შესწავლა და ძალისხმევა მისი პრაქტიკული გადაწყვეტის მიმართულებით. მაშასადამე, კვლევა ჩართულია სოციალური ამოცანების რეალური გადაწყვეტის საქმეში, მაგალითად, ისეთისა, როგორიცაა ჯგუფური ურთიერთობების შეცვლა. ამ იდეოლოგიით, ლევინის ხელმძღვანელობით, ჯგუფური დინამიკის კვლევის ცენტრში განხორციელდა მცირე ჯგუფების ფუნქციონირების სხვადასხვა ასპექტების უაღრესად მრავალფეროვანი და ნაყოფიერი კვლევა. შეისწავლებოდა ლიდერობა და მართვის სტილი, ჯგუფური ატმოსფერო და ჯგუფის შეჭიდულობა, ადაპტაცია და კომუნიკაცია ჯგუფში და ჯგუფებს შორის, სოციალური პერცეფცია და ჯგუფის პროდუქტიულობა და სხვა. ლევინი უფრო შორს წავიდა და უშუალოდ პრაქტიკული სამუშაოს ორგანიზაციას მოჰკიდა ხელი. მაგალითად, შრომის ნაყოფიერების ასამაღლებლად იგი მიმართავდა ლიდერობის სტილის შეცვლას; ჯგუფის შიგნით და ჯგუფთა შორის წარმოქმნილი კონფლიქტების, მათ შორის რასობრივ ნიადაგზე აღმოცენებული დაძაბულობის შესუსტების მიზნით ლევინი ატარებდა სპეციალურ ტრენინგებს; ისინი, მოგვიანებით, ძალიან პოპულარული “შეხვედრის ჯგუფების” პროტოტიპად იქცნენ. ლევინი დაბეჯითებით ამტკიცებდა, რომ გამოყენებითი და თეორიული ფსიქოლოგია მჭიდრო კავშირში უნდა იყოს. თანამშრომლობა ამ სფეროებში მომუშავე სპეციალისტებს შორის სავსებით შესაძლებელია, “თუ თეორეტიკოსი ქედმაღლურად არ იბრუნებს პირს გამოყენებითი პრობლემებისაგან და სოციალურ პრობლემებს არ შეუშინდება, ხოლო გამოყენებითი ფსიქოლოგი გააცნობიერებს, რომ არ არსებობს იმაზე უფრო პრაქტიკული რამ, ვიდრე კარგი თეორია”. ლევინის მოღვაწეობა ფსიქოლოგიაში ამ თეზისის შესანიშნავი ილუსტრაციაა.       გ. ოლპორტი, რომელიც პირადად იცნობდა გასული საუკუნის ფსიქოლოგიის ბევრ მთავარ ფიგურას, წერილში “კურტ ლევინის გენია”, მას ყველაზე ორიგინალურ მოაზროვნედ მოიხსენიებს. ლევინმა მნიშვნელოვნად განსაზღვრა თანამედროვე ფსიქოლოგიის სახე. ყოველ შემთხვევაში, ეს დარწმუნებით შეიძლება ითქვას საბუნებისმეტყველო ორიენტაციის ფსიქოლოგიაზე. მის მიერ შემოტანილი მრავალი ცნება ფსიქოლოგიური მეცნიერების ორგანული ნაწილი გახდა. მთელ რიგ შემთხვევებში ლევინმა მეცნიერება ფაქტობრივად მიმართა ახალი სფეროების ათვისებისკენ თეორიული და პრაქტიკული კუთხით (მაგ., ჯგუფური დინამიკა); რიგ შემთხვევებში ფსიქოლოგიის წინაშე უკვე მდგარი საკითხების ექსპერიმენტული შესწავლის გზა გაკვალა და მდიდარი ემპირიული მონაცემები მოიპოვა (მაგ., ადამიანის მოტივაციის საკითხი); ასევე, ნათელი მოჰფინა მანამდე არსებულ საკმაოდ ბუნდოვან თეორეტიზაციებს ამა თუ იმ საკითხის გარშემო (ასეთი ბუნდოვანი სახით იყო წარმოდგენილი, მაგალითად, კონფლიქტის მოვლენა ფსიქოანალიზში).       რაც უფრო ღრმა და მასშტაბურია თეორიული სისტემა, მით უფრო სერიოზულია მისი შეფასება და მძაფრია კრიტიკა. ყოველ შემთხვევაში, ასეა ფსიქოლოგიაში. გამონაკლისი არც ლევნის სისტემა გამხდარა. ამ სისტემის კონკრეტული ასპექტების მიმართ მრავალი შენიშვნაა გამოთქმული განსხვავებული თეორიული ორიენტაციის მქონე მეცნიერის მიერ. შევჩედეთ მხოლოდ ყველაზე არსებითზე. ქართულ ფსიქოლოგიურ სკოლაში სერიოზული პრეტენზიები არსებობს კვაზი-მოთხოვნილების ცნებასთან დაკავშირებით. შ. ჩხარტიშვილის აზრით, ლევნმა ტერმინი “კვაზი” (ვითომდა) იმიტომაც იხმარა, რომ კვაზი-მოთხოვნილება სინამდვილეში საერთოდ არ არის მოთხოვნილება. კვაზი-მოთხოვნილება განზრახვის მომქმედი ძალის გამოხატულებაა, მაგრამ “გადაწყვეტილება შეიძლება ერთბაშად მოიხსნას, თუ მისი განხორციელება აშკარად მიზანშეუწონელი აღმოჩნდება”, მაშინ როდესაც “მოთხოვნილებები არ იხსნებიან და არც მიზანშეწონილებას ღებულობენ მხედველობაში, როცა თავიანთვის საჭირო იმპულსებს იძლევიან”. ზ. ხოჯავას აზრით ლევინის შეცდომა იმაშია, რომ მან ნამდვილ მოთხოვნილებებად მხოლოდ ბიოლოგიური მოთხოვნილებანი ჩათვალა და მხედველობაში არ მიიღო მაღალი, პიროვნული ხასიათის მოთხოვნილებათა არსებობა. დაძაბულობის მდგომარეობა, რომელიც გადაწყვეტილების აქტს უკავშირდება, უთუოდ ამ კატეგორიის მოთხოვნოლებათაგან გამომდინარეობს და მაშინ კვაზიმოთხოვნილების ცნებაც ზედმეტი ხდება.       რა უნდა ითქვას ამ შენიშვნებზე? ნამდვილ მოთხოვნილებებად მხოლოდ ბიოლოგიურ მოთხოვნილებათა აღიარება, მართლაც არ უნდა იყოს მართებული. არსებობს არაორგანიზმული მოთხოვნილებები, რომლებიც თავად წარმოადგენენ გადაწყვეტილების საფუძვლს, ხოლო განზრახვის შედეგად აღმოცენებული დინამიკური მდგომარეობა უკვე სხვა ცნებით უნდა დახასიათდეს და არა მოთხოვნილებით, თუნდაც კვაზი-მოთხოვნილებით.       მართებული საყვედურია გამოთქმული იმის თაობაზეც, რომ ლევინის თეორიაში იგნორირებულია ფსიქიკური მოვლენების, სახელდობრ მოთხოვნილებების, როგორც დაძაბულობის სისტემების შინაარსეული მხარე და მხოლოდ მათ დინამიკურ ასპექტზეა გამახვილებული ყურადღება. უფრო მძიმეა შენიშვნა, რომ ლევინი, ფაქტობრივად, აღწერით იფარგლება და იქ ჩერდება, სადაც მოვლენის ახსნის ამოცანა დგება. იგი საკითხსაც არ სვამს იმის შესახებ, თუ რატომ არსებობს მოცემული დინამიკური მიმართებები. ზოგჯერ იმასაც ამბობენ, რომ ლევინის მიერ გაკეთებული ქცევის ტოპოლოგიური და ვექტორული დახასიათება არაფერს ახალს არ ავლენს ქცევაში; ის არის მხოლოდ გარკვეული ფენომენების პოსტ-ფაქტუმ ილუსტრაცია, თვით მოვლენები კი აუხსნელი რჩება. მაგალითად, ლევინის მახვილი თვალი ამჩნევს კვაზი-მოთხოვნილებასა და საგნის გამომწვევ ხასიათს შორის არსებულ მიმართებას, მაგრამ, უზნაძის სამართლიანი შენიშვნისა არ იყოს, ამის დადასტურება, საუკეთესო შემთხვევაში, მოვლენის ზუსტი აღწერაა და არა მისი ახსნა.       ლევინი იყო ერთ-ერთი პირველი, ვინც მტკიცედ და თანმიმდევრულად დადგა ინტერაქციულ პოზიციაზე. მისთვის ქცევისა და სასიცოცხლო სივრცის სიტუაციური და პიროვნული ფაქტორები თანაბარუფლებიანი წევრები არიან ფორმულისა B = F(P,E) = F(LSp). შესაბამისად, ყველა, ვინც ამ ფორმულის ერთ-ერთ წევრზე აკეთებს აქცენტს, ავტომატურად მის ოპონენტად იქცევა. მაგალითად, პერსონალისტებს მიაჩნიათ, რომ ლევინი სათანადო ყურადღებას არ აქცევს პიროვნებას, მის ისტორიას, ფორმირების პროცესს და ამ პროცესის მექანიზმებს - მემკვიდრეობას, მომწიფებას, დასწავლას და ა.შ. უმრავლეს შემთხვევაში ლევინის სისტემა არც განიხილება პიროვნების კონცეფციად, რაზეც ის ვითარება მეტყველებს, რომ, იშვიათი გამონაკლისის გარდა, პიროვნების თეორიებისადმი მიძღვნილ სქელტანიან კომპენდიუმებში ლევინის სისტემა იგნორირებულია. ეს ერთობ უცნაური და, ამავე დროს, ნიშანდობლივი გარემოებაა.       ლევინის თეზისი, რომ პიროვნებისეული გულისხმობს გარემოსეულს და პირიქით, არსებითად სწორია; ისიც მართებულია, რომ მხოლოდ ამ ფაქტორების ერთიანობა შეიძლება იყოს ქცევის საფუძველი. კითხვა იმას ეხება, თუ როგორ უნდა გამთლიანდნენ ისინი ისე, რომ შექმნან რაღაც თავისებური რეალობა სასიცოცხლო სივრცის სახით. ეს უკანასკნელი ხომ მდგენელების უბრალო ჯამი არ არის; იგი ახალი სტრუქტურა, მთლიანობა, გეშტალტია, რომელიც თითქოს არც სუბიექტს ეკუთვნის და არც გარემოს. სამწუხაროდ, არც სასიცოცხლო სივრცის სიტყვიერი დახასიათება, არც გრაფიკული გამოსახულება არაფერს გვეუბნება მისი ნამდვილი ონტოლოგიური ბუნების შესახებ. სად, რომელ ინსტანციაში უნდა შეხვედნენ და გამთლიანდნენ გარემო და ინდივიდი - ეს საკითხი ღიად რჩება. ნახაზიდან ჩანს, რომ ეს არ ხდება პიროვნებაში, წინააღმდეგ შემთხვევაში გამოსახულება სხვაგვარი იქნებოდა და ამაზე პირდაპირი მითითება გაკეთდებოდა. ამავე დროს აღნიშნულია, რომ სასიცოცხლო სივრცე ფსიქოლოგიური სამყაროა. თუ ეს ასეა, იგი სუბიექტში უნდა იყოს მოთავსებული; ფსიქოლოგიური სამყაროს ადგილი ფსიქიკაშია. ის, ცხადია, გარემოს გულისხმობს, მაგრამ იმ გარემოს, რომელიც სუბიექტის მიერ არის ასახული და სუბიექტში გადმოტანილი. ამდენად, მოტივაცია და სიტუაცია (ფსიქოლოგიური გარემო) მხოლოდ ინდივიდში შეიძლება შეხვდნენ ერთმანეთს და გაერთიანდნენ, როგორც ქცევის აღმოცენება-შესრულებისთვის აუცილებელი ორი მოცემულობა (ფაქტორი). აქაც (ანუ სუბიექტის, P-ს შიგნით) მოსანახია ისეთი მთლიანი მდგომარეობა, რომელიც მათ განუყრელად დააკავშირებს, პიროვნების მდგომარეობა, რომელიც გააერთიანებს ფსიქიკურ მონაცემებს გარეგანისა და შინაგანის შესახებ და, ამის მეოხებით, ინდივიდის მიერ გარემოში ქცევის განხორციელების მექანიზმის ფუნქციას შეასრულებს. ველის თეორიაში ასეთი მექანიზმი საერთოდ არ არის ნაგულისხმები. ლევინის აზრი, პრინციპში, სწორი მიმართულებით მოძრაობდა, მაგრამ მან ვერ მიაღწია საჭირო ცნებამდე და შეხედულებათა სისტემამდე; ვერ მოინახა ის რეალობა, რომელშიც ბუნებრივადაა გამთლიანებული აქტივობის დეტერმინაციისთვის აუცილებელი ყველა ფაქტორი. მოტივაციისა და სიტუაციის გაერთიანება გაურკვეველი ბუნებისა და ფენომენოლოგიის მქონე სასიცოცხლო სივრცეში საკითხის გადაწყვეტად ვერ ჩაითვლება. ასეთი ცნებისა და თვალსაზრისის დამუშავების მცდელობა მოცემულია დ. უზნაძის განწყობის ზოგადფსიქოლოგიურ თეორიაში (იხ. 13.2.). ირაკლი იმედაძე წიგნიდან: ფსიქოლოგიის ისტორია « წინა ნაწილი | გაგრძელება » [1] გერმანულად სიტყვა გეშტალტი ნიშნავს ფორმას, სტრუქტურას, მთლიანობით კონფიგურაციას. [2] მთლიანობის იდეა ერთ-ერთი უმთავრესი იყო ფელიქს კრიუგერის (1874-1948) შემოქმედებაშიც. ვუნდტის გადადგომის შემდეგ იგი სათავეში ჩაუდგა ლაიფციგის სახელგანთქმულ ფსიქოლოგიის ინსტიტუტს. აქ მისი თაოსნობით ჩამოყალიბდა ე.წ. ლაიფციგის მეორე სკოლა (იგულისხმება, რომ პირველი ვუნდტის სკოლა იყო), რომელშიც შედიოდნენ ისეთი ცნობილი მკვლევარები, როგორიცაა ჰანს ფოლკელტი (1886-1945), აგრეთვე ფ. ზანდერი და ო. კლემი. ეს სკოლა გეშტალტფიქოლოგიის სკოლის პარალელურად არსებობდა 30-ანი წლების ბოლომდე. ამ შემთხვევაშიც ატომიზმთან დაპირისპირებულ მთლიანობის ფსიქოლოგიასთან გვაქვს საქმე. მთლიანობის საწყის, გენეტიკურად პირველად ფორმად გრძნობა ითვლება, ამიტომ მას ყოველგვარი ფსიქიკური შეიცავს. იგი დიფუზურია და არასტრუქტურირებული. დანაწევრებულობა და სხვა განცდებისაგან გამოყოფილობა უფრო მაღალი დონის მთლიანობების, ე.წ. კოგნიტური გეშტალტებისთვის არის დამახასიათებელი.…
დაამატა ლაშა to ფსიქოლოგია at 11:53am on მაისი 28, 2018
თემა: ივან ილიჩის სიკვდილი
ეტში მოიყარეს. საუბარი ყველასთვის ცნობილ კრასოვსკის საქმეზე დაიწყო. ფეოდორ ვასილევიჩი დაბეჯითებით ამტკიცებდა, ეს საქმე არაგანსჯადიაო, ხოლო ივან ეგოროვიჩი თავისაზე იდგა. ერთადერთი, ვინც კამათში არ ჩართულა, პეტრე ივანოვიჩი იყო, იჯდა და ახლახან შემოტანილ «ვედომოსტს» ათვალიერებდა. – ბატონებო, ივან ილიჩი გარდაიცვალა! – გარდაიცვალა?! – აი, წაიკითხეთ! – უთხრა პეტრე ივანოვიჩმა ფეოდორ ვასილევიჩს და ჯერ ისევ სტამბის სუნით გაჟღენთილი გაზეთი გაუწოდა. შავ არშიაში ასეთი განცხადება იყო: «პრასკოვია ფეოდოროვნა გოლოვინა ნათესავებსა და ნაცნობ-მეგობრებს მიმდინარე 1882 წლის ოთხ თებერვალს მწუხარებით აუწყებს საყვარელი მეუღლის – სასამართლოს პალატის წევრის ივან ილიჩ გოლოვინის გარდაცვალებას. გამოსვენება პარასკევს, ნაშუადღევს». ივან ილიჩი, ვინც აქ შეკრებილი ბატონების ამხანაგი იყო და ყველას უყვარდა, უკვე რამდენიმე კვირაა, ავადმყოფობდა – ამბობდნენ, რაღაც მოურჩენელი სენი სჭირსო... სამსახურში ივან ილიჩს ჯერ ისევ თავისი თანამდებობა ეკავა, მაგრამ, ვარაუდობდნენ, რომ მისი გარდაცვალების შემთხვევაში მის ადგილას შეიძლება ალექსეევი დაენიშნათ, ხოლო ალექსეევის ადგილას ან ვინიკოვი, ან შტაბელი. ამიტომაც, როგორც კი ივან ილიჩის სიკვდილის ამბავი შეიტყვეს, აზრი, რამაც ამ კაბინეტში თავმოყრილი თითოეული ბატონის თავში გაიელვა, იყო ის, თუ რა მნიშვნელობა შეიძლება ჰქონებოდა ივან ილიჩის სიკვდილთან დაკავშირებულ გადაადგილებებ-დაწინაურებებს პალატის წევრებისა და მათი ნათესავებისათვის. «ახლა ალბათ შტაბელის ან ვინიკოვის ადგილს დავიკავებ. მე ამას დიდი ხანია მპირდებიან. ამ დაწინაურებით კანცელარიის გარდა დამატებით კიდევ რვაას მანეთამდე მომიწევს»... – ეს ფეოდორ ვასილევიჩი იყო. «სასწრაფოდ კალუგიდან ცოლისძმის გადმოყვანა უნდა ვითხოვო. იმას მაინც ვეღარ იტყვიან, ნათესავებისთვის არაფერს აკეთებსო», – ასე პეტრე ივანოვიჩმა გაიფიქრა, ხმამაღლა კი თქვა: – რომ ვერ ადგებოდა, მე ეს უკვე ვიცოდი... ეჰ, ძალიან საწყენია... – მაინც ისეთი რა ავადმყოფობა სჭირდა? – ექიმებმა ვერ დაადგინეს, უფრო სწორად, დაადგინეს, ოღონდ სხვადასხვანაირად, ზოგი იმას ამბობდა, ზოგი ამას... ბოლოს რომ ვნახე, უკეთესად იყო, მეგონა, გამოკეთდებოდა. – დღესასწაულების მერე მასთან აღარ ვყოფილვარ, ისე კი, სულ ვაპირებდი, წავალ, ვნახავ-მეთქი. – მაინც, რა ქონების პატრონია? – არ ვიცი, მგონი, ცოლს უნდა ჰქონდეს რაღაც ცოტაოდენი, თუმცა, ძალიან უმნიშვნელო. – ახლა უნდა წავიდეთ, მივუსამძიმროთ... ისე, ძალიან შორს ცხოვრობენ... – ესე იგი, თქვენგან ძალიან შორს... თქვენგან ხომ ყველაფერი შორია. – არა, ვერ მპატიობს, მდინარის იქით რომ ვცხოვრობ, – თქვა პეტრე ივანოვიჩმა, შებეკს გაუღიმა და ლაპარაკი ახლა ქალაქის მოშორებულ ადგილებზე დაიწყეს. სამსახურში მოსალოდნელ გადაადგილებებსა და შესაძლო ცვლილებებზე, რომელიც შეიძლება ივან ილიჩის სიკვდილს მოჰყოლოდა, ახლო ნაცნობის სიკვდილის ფაქტმა, როგორც ყოველთვის, – მოკვდა ის და არა – მე... მათ გულებში ერთგვარი სიხარულიც დაბადა... «როგორია, მოკვდა ის, მე კი, აი, ცოცხალი ვარ!» – იგრძნო ან გაიფიქრა თითოეულმა, თუმცა, მიუხედავად ამისა, ივან ილიჩის ახლო ნაცნობებმა, ანუ ეგრეთ წოდებულმა მეგობრებმა, უნდოდათ თუ არა, იმაზეც იფიქრეს, რომ ახლა საჭირო იყო წასულიყვნენ პანაშვიდზე, მიესამძიმრებინათ ქვრივისთვის და ზრდილობის ეს მოსაწყენი წესი შეესრულებინათ. ყველაზე ახლო ერთმანეთთან ფეოდორ ვასილევიჩი და პეტრე ივანოვიჩი გახლდათ. პეტრე ივანოვიჩი ივან ილიჩთან სამართალმცოდნეობის სასწავლებლიდან მეგობრობდა და მის წინაშე თავს ვალდებულად თვლიდა. სადილობისას პეტრე ივანოვიჩმა ცოლს ივან ილიჩის გარდაცვალების ამბავი შეატყობინა, ოლქში ცოლისძმის გადმოყვანის თაობაზე თავისი მოსაზრება გაუზიარა და ისე, რომ არც კი დაუსვენია, არ წამოწოლილა, ფრაკი ჩაიცვა და მაშინვე ივან ილიჩის სახლისკენ გასწია. ივან ილიჩის სახლის სადარბაზოსთან კარეტა და ორი მეეტლე იდგა. წინკარში საკიდართან კედელზე კუბოს ფარჩაგადაკრული, ფუნჯებითა და სირმებით გაწყობილი სახურავი იყო მიყუდებული. იქვე შავებში ჩაცმული ორი მანდილოსანი იდგა და ქურქებს იხდიდა. ამ ორთაგან ერთი პეტრე ივანოვიჩისათვის კარგად ნაცნობი ქალბატონი – ივან ილიჩის და იყო, ხოლო მეორე მისთვის სრულიად უცნობი გახლდათ... კიბეზე ზევიდან პეტრე ივანოვიჩის სკოლის ამხანაგი შვარცი ჩამოდიოდა, პეტრე ივანოვიჩი რომ დაინახა, კიბეზე შეჩერდა და თვალი ისე ჩაუკრა, თითქოს ეუბნება, ივან ილიჩმა ეს საქმე უდროო დროს წამოიწყო, თითქოს ახლა მე და შენ მეტი საქმე არა გვქონდესო! შვარცის ინგლისურ ბაკნებარდებიანი სახეც და ფრაკში გამოწყობილი მისი გამხდარი სხეულიც, როგორც ყოველთვის, დახვეწილი და ზეიმური იყო, ხოლო სახის გამომეტყველება სერიოზული, რაც მის ფუქსავატ ხასიათს არ ესადაგებოდა, თუმცა მის სახეს ჩვეული ლაზათი და მიმზიდველობა არც ახლა არ აკლდა.. ასე პეტრე ივანოვიჩი ფიქრობდა. ის ორი ქალი პეტრე ივანოვიჩმა წინ გაუშვა და თვითონ მათ უკან ნელა აუყვა კიბეს. შვარცი არ ჩამოსულა ზევიდან და პეტრე ივანოვიჩი, რა თქმა უნდა, მიხვდა, ასე რატომ მოიქცა: ეტყობა, უნდა შევთანხმდეთ, ვისტი ამ საღამოს სად ვითამაშოთო, – გაიფიქრა... ქალებმა კიბე აიარეს და ქვრივთან ახლოს დადგნენ... შვარცმა მსხვილი ტუჩები მოკუმა, ორაზროვნად გაიღიმა და – მიცვალებულის ოთახი მარჯვნივ არისო, – თვალით ანიშნა. პეტრე ივანოვიჩი შევიდა მიცვალებულის ოთახში, მაგრამ, როგორც ეს ყოველთვის ხდება, არ იცოდა, როგორ მოქცეულიყო. მხოლოდ ის იცოდა, ასეთ დროს პირჯვრისწერა ხელს არასოდეს უშლიდა, აი ის კი, მისალმება და თავის დაკვრა ასეთ დროს საჭირო იყო თუ არა, წარმოდგენა არ ჰქონდა; ბოლოს ამ ორს შორის საშუალო აირჩია – ოთახში შესვლისას პირჯვარსაც იწერდა, ცოტა თავსაც ხრიდა და რამდენადაც ხელების და თავის მოძრაობა ამის საშუალებას აძლევდა, ოთახსაც ათვალიერებდა. ორი ახალგაზრდა, რომელთაგან ერთი, მგონი, ივან ილიჩის დისშვილი იყო, პირჯვრის წერით ოთახიდან გავიდა... მოხუცი ქალი გაუნძრევლად იდგა და ვიღაც უცნაურად წარბაწეული მანდილოსანი ყურში რაღაცას ჩასჩურჩულებდა. სურთუკში გამოწყობილი მხნე, დაუზარელი დიაკონი, ყოველგვარი წინააღმდეგობრიობის გამომრიცხავი გამომეტყველებით ხმამაღლა რაღაცას კითხულობდა. ბუფეტის კაცმა გერასიმმა პეტრე ივანოვიჩის წინ ფრთხილად გაიარა, იატაკზე რაღაც მოაბნია და პეტრე ივანოვიჩმა უცებ ხრწნაშეპარებული გვამის ოდნავი სუნი იგრძნო. ეს კაცი, ანუ გერასიმი, ივან ილიჩთან მან ბოლო ყოფნის დროს მის კაბინეტში ნახა. მაშინ ის მესასთუმლის მოვალეობას ასრულებდა და ივან ილიჩს, ეტყობა, განსაკუთრებულად უყვარდა... პეტრე ივანოვიჩი პირჯვარს იწერდა და კუბოსა და დიაკვანს შორის კუთხეში მაგიდაზე დაბრძანებული ხატებისკენ თავს ოდნავ ხრიდა. მერე მოეჩვენა, პირჯვარს დიდი ხანია ვიწერო, გაჩერდა, მიცვალებულს შეხედა და გულდასმით დაათვალიერა. მიცვალებული ისე იწვა კუბოში, როგორც მიცვალებულები წვანან – მძიმედ, უგემურად, გაფიჩხებული და კუბოს საფენებში ჩაკარგული. სასთუმალზე თავი როგორღაც საცოდავად ჰქონდა წამოწეული, გამელოტებული საფეთქლები ჩავარდნილი, ჩამოგრძელებული ცხვირი, გეგონება, ზედა ტუჩზე აქვს მიბჯენილიო... მას მერე, რაც ივან ილიჩი ბოლოს ნახა, გაცილებით გამხდარი და შეცვლილი ეჩვენა, თუმცა, როგორც ყველა მიცვალებულს, გალამაზებულ, აზრიან სახეზე ისეთი გამომეტყველება ჰქონდა, თითქოს გეუბნება, ის, რაც უნდა გამეკეთებინა, გავაკეთე და კარგადაც გავაკეთეო... გარდა ამისა, ამ გამომეტყველებაში იყო საყვედური, იყო შეხსენება ცოცხლებისადმი, რაც პეტრე ივანოვიჩს სრულიად უადგილო ეჩვენა. ყოველ შემთხვევაში, დარწმუნებული იყო, რომ ეს საყვედური მას სულაც არ ეხებოდა... მერე რაღაც არ ესიამოვნა, პირჯვარი ერთხელ კიდევ სწრაფად გადაიწერა, გატრიალდა და ოთახიდან სწრაფად გავიდა, თუმცა თავისი ეს საქციელი ზრდილობის წესებთან როგორღაც შეუსაბამო ეჩვენა... შვარცი წინა ოთახში ელოდა, ფეხები განზე გაედგა და ზურგს უკან ორივე ხელით თავის ცილინდრს ათამაშებდა. ლაღი, სუფთა, ელეგანტური შვარცის შეხედვაზე პეტრე ივანოვიჩი გამოცოცხლდა, მიხვდა, რომ ის – შვარცი – მაღლა დგას ყოველივე იმაზე, რაც აქ ხდება, არ ემორჩილება სულის ამ დამამძიმებელ შთაბეჭდილებას, მარტო მისი გარეგნობაც კი გეუბნება, რომ ივან ილიჩის პანაშვიდი კრების ჩაშლის მიზეზი ვერ იქნება, რომ არაფერს შეუძლია, ამ საღამოს, როცა ლაქია ოთხ უკურთხებელ სანთელს ჩამოდგამს, ხელი შეუშალოს ბანქოს დასტის ხმაურიან გახსნას და, საერთოდაც, არ არსებობს არავითარი საფუძველი იმის სავარაუდოდ, თითქოს ამ ინციდენტს შეუძლია, დღევანდელი საღამოს სასიამოვნოდ გატარების საშუალება არ მოგცეს... ამ ფიქრში რომ იყო, პეტრე ივანიჩს შვარცმა გვერდით ჩაუარა და ყურში წასჩურჩულა, ვინტის თამაშში ამ საღამოს ფეოდორ ვასილევიჩს პარტიაში შეამხანაგებოდა. მაგრამ, როგორც აღმოჩნდა, პეტრე ივანოვიჩს დღეს ვინტის თამაში არ ეწერა... პრასკოვია ფეიდოროვნა, ტანდაბალი, დიდი მცდელობის მიუხედავად, ძალიან მსუქანი, განსაკუთრებით მხრებიდან ქვემოთ სულ უფრო სქელი და ფუშფუშა, თავით-ფეხამდე შავებში გამოწყობილი, მაქმანიანი თავსაბურველით და ისევე უცნაურად წარბაწეული, როგორც კუბოს იქითა მხარეს მდგარი ის მანდილოსანი, სხვა ქალებთან ერთად მოსასვენებლიდან გამოვიდა, ქალები იმ ოთახის კარამდე მიაცილა, სადაც მიცვალებული ესვენა, თვითონ კართან გაჩერდა და განაცხადა: – მობრძანდით, საცაა პანაშვიდი დაიწყება. შვარცმა თავი როგორღაც გაურკვევლად დააქნია – როგორც ჩანს, მისი ეს წინადადება არც მიიღო და არც უარყო... მაგრამ პეტრე ივანოვიჩი პრასკოვია ფეოდოროვნამ იცნო, ამოიოხრა, ძალიან ახლოს მივიდა, ხელში ხელი მოჰკიდა და ეუბნება: – ვიცი, ივან ილიჩის ნამდვილი მეგობარი იყავით, – თქვა, შეხედა და მისგან ამ სიტყვების შესაბამის პასუხს დაელოდა. პეტრე ივანოვიჩმა იცოდა, ისე, როგორც იქ პირჯვრის წერა არ იყო უადგილო, ისე აქაც ცუდი არ იქნებოდა, ხელი ჩამოერთმია, ამოეოხრა და – დიახ, რა თქმა უნდაო, – ეთქვა. ცხადია, ასედაც მოიქცა, რის შემდეგაც იგრძნო, რომ შედეგი სასურველი გამოვიდა – ამით პრასკოვია ფეოდოროვნაც გულაჩუყებული იყო და თვითონაც. – ვიდრე იქ პანაშვიდი არ დაწყებულა, აგერ, შევიდეთ ამ ოთახში, მინდა დაგელაპარაკოთ, მომეცით ხელი, – უთხრა ქვრივმა. პეტრე ივანოვიჩმა ხელი გაუწოდა და ორივემ შიდა ოთახისკენ გასწია. შვარცს გვერდი რომ აუარეს, მან მეგობარს – აჰა, ესეც შენი ვინტიო, – თვალი სევდიანად ჩაუკრა, – თამაშში ვეღარ შემოხვალთ, იმედი ნუ გექნებათ, თქვენს მაგივრად სხვა პარტნიორს შემოვიყვანთ, ისედაც სულ რაღაც ხუთნი ვართ, ახლა კი თქვენც მოგვაკლდით! – ეუბნებოდნენ მისი ანცი, მოუსვენარი თვალები. პეტრე ივანოვიჩმა კიდევ უფრო ღრმად, უფრო სევდიანად ამოიოხრა და პრასკოვია ფეოდოროვნამ მადლობის ნიშნად ხელი ჩამოართვა. შევიდნენ დაბურული ლამპით განათებულ, კედლებზე ვარდისფერ კრიტონგაკრულ სასტუმრო ოთახში და მაგიდასთან დასხდნენ – პარასკოვია ფეოდოროვნა დივანზე დაჯდა, პეტრე ივანოვიჩი ზამბარებჩაშლილ, ჯდომისგან ფორმადაკარგულ დაბალ პუფზე. ქვრივს უნდოდა, წინასწარ გაეფრთხილებინა, სხვა სკამზე დაჯექითო, მაგრამ გაახსენდა, რომ მის ახლანდელ მდგომარეობაში ეს უხერხული იყო და გადაიფიქრა... პუფზე რომ ჯდებოდა, პეტრე ივანოვიჩმა წარმოიდგინა, როგორ რთავდა, როგორ ალამაზებდა ამ სასტუმრო ოთახს ივან ილიჩი, რჩევას როგორ ეკითხებოდა, ეყიდა ეს მწვანეფოთლებიანი, ვარდისფერი კრეტონი თუ არ ეყიდა... სწორედ ამ დროს მაგიდის გვერდით გავლისას (მთელი ოთახი ავეჯით და ნაირ-ნაირი ნივთებით იყო სავსე) ქვრივმა მანტილიის შავი მაქმანი ჩუქურთმებიანი მაგიდის კუთხეს გამოსდო, პეტრე ივანოვიჩმა დასახმარებლად წამოიწია, გათავისუფლებული პუფი აზავთდა, ქვევიდან ჯიკავი დაუწყო, პეტრე ივანოვიჩი ისევ დაჯდა და აბობოქრებული პუფი ისევ ჩაწყნარდა. ქვრივი ახლა თავად შეეცადა მაგიდას წამოდებული მაქმანის მოხსნას, მაგრამ, იმის გამო, რომ მთლიანად ვერ მოაცილა, პეტრე ივანოვიჩი წამოდგა და პუფი ისევ აჯანყდა, ის კი არა, ტკაცუნიც დაიწყო... როცა ეს ყველაფერი დამთავრდა, ქალმა ბატისტის სუფთა ცხვირსახოცი ამოიღო და ატირდა. სამაგიეროდ პეტრე ივანოვიჩი მაქმანის ეპიზოდისა და პუფთან ბრძოლის შემდეგ იჯდა დამშვიდებული, კოპებშეკრული და მოღუშული... ამ უხერხული მდგომარეობიდან ისინი სოკოლოვმა – ივან ილიჩის მებუფეტემ გამოიყვანა, რომელმაც პრასკოვია ფეოდოროვნას მოახსენა, რომ სასაფლაოზე მის მიერ მონიშნული ადგილი ორასი მანეთი ეღირებოდა. ქალმა ტირილი შეწყვიტა, მსხვერპლის შესაბრალისი გამომეტყველებით პეტრე ივანოვიჩს შეხედა და ძალიან ცუდად ვარო, – უთხრა ფრანგულად. პეტრე ივანოვიჩს ხმა არ ამოუღია, რაც იმას ნიშნავდა, ამაში სრულიად დარწმუნებული გახლავართ, ვინაიდან სხვაგვარად არც შეიძლებოდა ყოფილიყოო. – მოწიეთ, გეთაყვა, – უთხრა პრასკოვია ფეოდოროვნამ დიდსულოვნად პეტრე ივანოვიჩს, მერე ისევ სოკოლოვს მიუბრუნდა და სასაფლაოზე საუბარი დაუწყო. პეტრე ივანოვიჩი პაპიროსს ეწეოდა და ესმოდა, მიწის ფასზე ქალი რა დაწვრილებით, გულდაგულ გამოკითხავდა ყველაფერს და ბოლოს იმაზე შეჩერდა, რომელიც უფრო მისაღებად ჩათვალა. ადგილის ამბავი რომ გაარკვია, პრასკოვია ფეოდოვნა ახლა მგალობლების ამბით დაინტერესდა, მათ შესახებ თადარიგი დაიჭირა და სოკოლოვი წავიდა. – ყველაფერი ჩემი გასაკეთებელია, – უთხრა პეტრე ივანოვიჩს. მაგიდაზე დაწყობილი ალბომები ცალ მხარეს მიაწყო, მაგიდაზე გაბნეულ პაპიროსის ფერფლს დახედა, საფერფლე მიუცურა და ჩაილაპარაკა: რომ ამბობენ, მწუხარების დროს მგლოვიარეს პრაქტიკული საქმეების თავი აღარა გვაქვსო, ფარისევლობად მიმაჩნია. ახლა ეს საქმე არათუ მამშვიდებს, შემიქცევს კიდევაც, ვინაიდან ამას ისევ მიცვალებულზე ზრუნვის გამო ვაკეთებ, – ისე თქვა, თითქოს საცაა უნდა ატირდესო, ცხვირსახოციც ამოიღო, მაგრამ, გეგონება საკუთარ თავს სძლიაო, თავი გააქნია და მშვიდად დაიწყო: – თუმცა მე თქვენთან საქმე მაქვს. პეტრე ივანოვიჩმა წამოიწია, თავი დაუკრა და პუფის ზამბარებს, რომლებიც მაშინვე ამოქმედდნენ, უფლება არ მისცა, თავის ნებაზე ამხედრებულიყვნენ. – ბოლო დღეებში ძალიან იტანჯებოდა, – თქვა ცოტაოდენი დუმილის შემდეგ პრასკოვია ფეოდოროვნამ. – ნუთუ ასე ძალიან?! – დიახ, ძალიან. მხოლოდ ბოლო წუთებში კი არა, ვიდრე გარდაიცვლებოდა, ყვიროდა და ყვიროდა საათობით. სამი დღე და სამი ღამე პირი არ გაუჩერებია. ეს მართლაც აუტანელი იყო... არ ვიცი, როგორ გავუძელი, ეს უბედურება როგორ გადავიტანე. მისი ყვირილი სამი კარის იქითაც კი თავზარს გცემდა. – ნუთუ მთელი ის დრო გონებაზე იყო? – ჰკითხა ისევ პეტრე ივანოვიჩმა. – დიახ, – თქვა ჩურჩულით ქალმა, – ბოლო წუთამდე... ვიდრე მოკვდებოდა, რამდენიმე წუთით ადრე ყველას გამოგვემშვიდობა, ისიც კი გვითხრა, ვალოდია გაიყვანეთო. პეტრე ივანოვიჩს ფიქრი იმ გაწამებული ადამიანისკენ გაექცა, ვისაც იმ დროიდან ასე ახლოს იცნობდა, როცა ის ჯერ ისევ მოწაფე იყო, პატარა, მხიარული ბიჭუნა, ხოლო მერე ასაკოვანი მამაკაცი და მისი პარტნიორი... იმის გაცნობიერებამ, ახლა რა ურცხვად ფარისევლობდნენ თვითონაც და ეს ქალიც, უცებ შეაძრწუნა, მიცვალებულის სანთელივით გაყვითლებულ შუბლს შეხედა, შეხედა ლამის ზედა ტუჩს მიჭყლეტილ ცხვირს და შეეშინდა – შეეშინდა საკუთარი თავის გამო – სამი დღე და სამი ღამე გაუსაძლისად იტანჯო და მოკვდე... ხომ შეიძლება ყოველ წუთს ასეთი რამ მეც დამემართოსო, – გაიფიქრა და წუთით ისევ შიშმა შეიპყრო. მაგრამ, მის დასახმარებლად მაშინვე, ისე, რომ თვითონაც ვერ გაიგო, როგორ გაჩნდა მის თავში ეს ნაცნობი, ჩვეულებრივი აზრი – მოკვდა ის, და არა მეო... პეტრე ივანიჩს კი სიკვდილი არათუ არ უნდა, არამედ არ შეიძლება... სიკვდილზე თუ იფიქრებს, უმძიმესი განცდა მოიცავს, ამიტომაც სიკვდილზე ფიქრი საჭირო არ არის. ამას შვარცის თვალებიც ამბობდნენ... ამგვარი ფიქრისა და განსჯის შემდეგ პეტრე ივანოვიჩი თანდათან დამშვიდდა და ინტერესით დაუწყო გამოკითხვა ივან ილიჩის სიკვდილის შესახებ. ყველაფერს ისე დაწვრილებით, ისეთი ინტერესით გამოკითხავდა, თითქოს სიკვდილი ის თავგადასავალი იყო, რომელიც მხოლოდ ივან ილიჩის თავს შეიძლებოდა ყოფილიყო, მასთან კი სულაც არაფერი ესაქმებოდა. ივან ილიჩის მიერ გადატანილ იმ აუტანელ ფიზიკურ ტანჯვაზე საუბრის შემდეგ (ამ ყველაფერს ასე გამოწვლილვით იმიტომ ჰკითხავდა, აინტერესებდა, მისმა ამ ტანჯვამ როგორ იმოქმედა ცოლის ნერვებზე) პრასკოვია ფეოდოროვნამ, ეტყობა, საჭიროდ ჩათვალა, საქმეზე გადასულიყო. – აჰ, პეტრე ივანოვიჩ, რომ იცოდეთ, რა მძიმეა, რა ძალიან მძიმეა, – თქვა მან და ატირდა. პეტრე ივანოვიჩმა ამოიოხრა, დაელოდა, ცხვირს როდის მოიხოცავდა და ბოლოს უთხრა: – დიახ, რა თქმა უნდა... მაგრამ, პრასკოვია ფეოდოროვნამ სიტყვის დამთავრება არ აცალა და ის მთავარი სათქმელი თქვა, რის თქმაც პეტრე ივანოვიჩისათვის უნდოდა, უფრო სწორად, უნდოდა ეკითხა, როგორ მოქცეულიყო, ქმრის გარდაცვალებასთან დაკავშირებით ხაზინიდან ფულის მიღება რომ შესძლებოდა, თან ისეთი სახე მიიღო, თითქოს ხაზინიდან ფულის მიღებაზე კი არა, რჩევას პენსიის გამო ეკითხებოდა. თუმცა პეტრე ივანოვიჩი მიხვდა, ამ ქალმა ყველაფერი თითოეულ წვრილმანებამდე იცოდა, იცოდა ისიც კი, რაზეც თავად პეტრე ივანოვიჩს წარმოდგენაც არ ჰქონდა. იცოდა ყველა ის საშუალება, ყველა ის ფანდი, რომლითაც შეეძლო სიკვდილის ამ მომიზეზებით რაც შეიძლება მეტი ფული გამოეწურა და გაგებით სწორედ იმის გაგება უნდოდა, რა იყო საჭირო იმისათვის, რათა კიდევ უფრო მეტი წაეგლიჯა ხაზინისათვის. პეტრე ივანოვიჩი შეეცადა, ქვრივის ამ სურვილის საპასუხოდ რაიმე ისეთი საშუალება გაეხსენებინა, ერთ ხანს იფიქრა კიდევაც, მაგრამ ვინაიდან ისეთი ვერაფერი მოიფიქრა, რითაც პრასკოვია ფეოდოროვნას ასიამოვნებდა, ძუნწები არიანო – კიცხვა მთავრობას დაუწყო და ბოლოს დასძინა – მეტის მიღება მგონი შეუძლებელიაო... პრასკოვია ფეოდოროვნამ ამოიოხრა და ახლა იმაზე დაიწყო ფიქრი, ამ კაცისგან როგორ გათავისუფლებულიყო. პეტრე ივანოვიჩი ამას მიხვდა, პაპიროსი ჩააქრო, წამოდგა, ხელი ჩამოართვა და წინკარში გავიდა. იმ სასადილო ოთახში, სადაც ის საათი იყო, რომლის გამოც – ბრიკაბრაკში[3] ვიყიდეო, – ივან ილიჩი მაშინ ასეთი გახარებული ბრძანდებოდა, პეტრე ივანოვიჩი მღვდელს და პანაშვიდზე მოსულ კიდევ რამდენიმე ნაცნობს შეხვდა, ნახა აგრეთვე ივან ილიჩის ქალიშვილი, ვისაც ბავშვობიდან იცნობდა. ისიც თავით ფეხამდე შავებში იყო ჩაცმული და მისი ისედაც წერწეტი წელი შავებში კიდევ უფრო წერწეტი ჩანდა. ჰქონდა დაღვრემილი, შეუვალი, თითქმის მკაცრი გამომეტყველება. პეტრე ივანიჩს ისე მიესალმა, გეგონება, რამეში დამნაშავე ყოფილიყოს. ქალიშვილის უკან იდგა პეტრე ივანოვიჩის ნაცნობი, ძალიან მდიდარი ახალგაზრდა მამაკაცი – სასამართლოს გამომძიებელი, ვისაც ისეთივე მკაცრი, შეურაცხმყოფელი გამომეტყველება ჰქონდა და ვინც, როგორც პეტრე ივანოვიჩს უთხრეს, ამ ქალიშვილის საქმრო იყო... ახალგაზრდებს ის ცივად მიესალმა, უნდოდა იმ ოთახში გასულიყო, სადაც მიცვალებული ესვენა, რომ კიბის ქვეშ თვალი უცებ ილიჩის გიმნაზიელ ვაჟიშვილს მოჰკრა. ბიჭი ძალიან ჰგავდა მამას. ეს ის პატარა ივან ილიჩი იყო, როგორიც ის სამართალმცოდნეობის სასწავლებლიდან ახსოვდა. თვალები ნამტირალევი ჰქონდა, თანაც ისეთი, როგორიც ცამეტ-თოთხმეტი წლის ბიჭუნებს აქვთ. ბიჭმა პეტრე ივანოვიჩს შეხედა, დაიმორცხვა, პეტრე ივანოვიჩმა თავი დაუკრა, მიესალმა და მიცვალებულის ოთახში შევიდა. დაიწყო პანაშვიდი – სანთლები... კვნესა... საკმეველი... ქალების ხმამაღალი ქვითინი... ცრემლები... პეტრე ივანოვიჩი იდგა შუბლშეკრული და მის წინ მდგომთა ფეხებს მისჩერებოდა. მიცვალებულისთვის ერთხელაც არ შეუხედავს, არ მისცემია იქაურობის დამთრგუნველ გავლენას და ოთახიდან ერთ-ერთი პირველი გავიდა. წინკარში არავინ იყო. უცებ მიცვალებულის ოთახიდან გერასიმი სწრაფად გამოვიდა, გორად დამდგარ ქურქებს შორის მის ქურქს ძებნა დაუწყო, იპოვა და მიაწოდა. – რა იყო, ძმაო გერასიმ? – უთხრა პეტრე ივანოვიჩმა, რათა რაღაც ეთქვა, – გეცოდება? – ყველაფერი ღვთის ნებაა, აქ არავინ დარჩება, ყველანი იქ ვიქნებით... – თქვა გერასიმმა, თავისი თეთრი, მსხვილი, მამაკაცური კბილები გამოაჩინა და როგორც მთელი სულითა და გულით საქმეში ჩართულ ადამიანს სჩვევია, კარი სწრაფად გააღო, მეეტლეს გასძახა, პეტრე ივანოვიჩი ეტლში ჩასვა და უკან წინკარში ისე შეხტა, თითქოს იმის ფიქრშია, სასწრაფოდ კიდევ რა მაქვს გასაკეთებელიო. კარბოლატის, მიცვალებულის, საკმევლის მძაფრი სუნის შემდეგ პეტრე ივანოვიჩმა სუფთა, კამკამა ჰაერი ჩაისუნთქა და მოეშვა. – რას მიბრძანებთ, სად წავიდეთ? – ჰკითხა მეეტლემ. – ჯერ გვიანი არ არის, ფეოდორ ვასილევიჩთან შევივლი. – თქვა პეტრე ივანოვიჩმა და ეტლი ადგილიდან დაიძრა. იქ რომ მივიდა, ზუსტად პირველ რობერს ამთავრებდნენ, ისე რომ, თამაშში მეხუთე კაცად შესვლა სრულიად მოსახერხებელი აღმოჩნდა. ------------------------------------------------ 2 ივან ილიჩის ცხოვრების გზა სრულიად ჩვეულებრივი და უბრალო, მაგრამ ამავე დრო ყველაზე საშინელი იყო. სასამართლო პალატის წევრი ივან ილიჩი ჯერ მხოლოდ ორმოცდახუთი წლის იყო, რომ გარდაიცვალა. ის იმ ჩინოვნიკის ვაჟიშვილი გახლდათ, ვინც პეტერბურგის სხვადასხვა სამინისტროსა თუ დეპარტამენტში იმგვარ მდგომარეობას მიაღწია, როგორიც ადამიანს იმ გარემოებას უქმნის, როცა, მართალია, აშკარაა, ესა თუ ის პიროვნება ამა თუ იმ თანამდებობისთვის სრულიად გამოუდეგარია, მაგრამ იმის გამო, რომ დიდი ხანია მუშაობს, ჩინი აქვს, სამსახურიდან ვერ უშვებენ და გამოგონილ, ფიქტიურ თანამდებობებზე ნიშნავენ. მუშაობს ასე ათასობით ადამიანი ამგვარ ფიქტიურ თანამდებობებზე და ცხოვრობს ღრმა სიბერემდე ბედნიერად. დიახ, ასეთი გახლდათ ივან ილიჩის მამა – საიდუმლო მრჩეველი, სხვადასხვა არასაჭირო დაწესებულების არასაჭირო წევრი ილია ეფიმოვიჩ გოლოვინი. ჰყავდა სამი ვაჟიშვილი. ივან ილიჩი შუათანა იყო. უფროსმა ვაჟმა ზუსტად ისეთი კარიერა გაიკეთა, როგორიც მამამისმა, ოღონდ სხვა სამინისტროში. თან ძალიან სწრაფად აღწევდა იმ სამსახურეობრივ მდგომარეობას, რომლის დროსაც ჯამაგირს ინერციით იღებენ... მესამე ვაჟიშვილი უიღბლო გამოდგა. იმუშავა უამრავ დაწესებულებასა და თანამდებობაზე, მაგრამ, ვერსად ივარგა და ბოლოს რკინიგზაზე დაიწყო მუშაობა. არც მამას, არც ძმებს, განსაკუთრებით კი მათ ცოლებს, არათუ არ მოსწონდათ მასთან ახლობლობა, რაიმე განსაკუთრებული შემთხვევა თუ არ იყო, მის არსებობასაც კი ივიწყებდნენ. რაც შეეხება ილია ეფიმოვიჩ გოლოვინის ქალიშვილს, ანუ მის მეოთხე შვილს, ის ცოლად ბარონ გრეფს გაჰყვა, ისეთივე პეტერბურგელ ჩინოვნიკს, როგორიც მისი სიმამრი გახლდათ. სამაგიეროდ, ივან ილიჩი, როგორც ამბობენ, le phenix de la famille[4] იყო. არ იყო ისეთი ცივი და აკურატული, როგორიც მისი უფროსი ძმა, არც ისეთი მოუხერხებელი, როგორიც უმცროსი... იყო ჭკვიანი, სიცოცხლით სავსე, წესიერი, სასიამოვნო ადამიანი. იზრდებოდა უმცროს ძმასთან ერთად, მასთან ერთად სწავლობდა სამართალმცოდნეობის სასწავლებელში, თუმცა უმცროსი ძმა სასწავლებლის მეხუთე კლასიდან გარიცხეს, ხოლო ივან ილიჩმა სასწავლებელი წარმატებით დაამთავრა. ის უკვე სასწავლებელშიც ისეთი იყო, როგორიც მთელ მის შემდგომ ცხოვრებაში – ხალისიანი, კეთილი, გულღია, თავაზიანი და მკაცრად შემსრულებელი იმისა, რასაც თავის მოვალეობად თვლიდა. ხოლო მოვალეობად თვლიდა იმ ყველაფერს, რასაც უმაღლესი თანამდებობის ადამიანები თვლიდნენ. ფარისეველი და ფლიდი არც ყმაწვილობაში ყოფილა, არც მერე, დავაჟკაცებული. მაგრამ, ბავშვობიდან ისე ისწრაფვოდა მაღალი საზოგადოების პირთა გაცნობა-დაახლოებისაკენ, როგორც ბუზი სინათლისკენ. ითვისებდა მათ წესებსა და ცხოვრებაზე მათ შეხედულებებს. მისმა ბავშვურმა და ახალგაზრდულმა გატაცებებმა ისე ჩაიარა, მასზე მაინცდამაინც დიდი კვალი არ დაუტოვებია. იყო მგრძნობიარე და თავმომწონე, ხოლო დამამთავრებელ კლასებში ლიბერალობდა კიდევაც, ოღონდ ყოველთვის იმ გარკვეულ ფარგლებში, რასაც ალბათ ინტუიცია ჰკარნახობდა. სამართალმცოდნეობაში ზოგჯერ ისეთ ქმედებასაც ჰქონია ადგილი, რომელიც ადრე საშინელებად წარმოუდგებოდა და ასეთ დროს საკუთარი თავი სძულდა. მაგრამ მერე და მერე, როცა ნახა, ასე უმაღლესი თანამდებობის პირები იქცეოდნენ და სულაც არაფრად მიაჩნდათ, ეს ყველაფერი დაივიწყა და მისი გახსენებით თავი აღარასოდეს შეუწუხებია. სამართალმცოდნეობის სასწავლებლის მეათე კლასი რომ დაამთავრა და მამამ სპეციალური ტანსაცმლისთვის ფული აჩუქა, შარმეთან ეს ტანსაცმელი შეუკვეთა, ასეთ წარწერიანი – respice finem[5] – პატარა მედალიონი ჩამოიკიდა, პრინცს და აღმზრდელებს გამოემშვიდობა, მეგობრებთან ერთად დონონთან ისადილა, ყველაზე საუკეთესო მაღაზიებში შეკვეთილი თეთრეულით, სპეცტანსაცმლით, პლედით, საპარსებით და ტუალეტისთვის საჭირო ნივთებით სავსე ახალი მოდური ჩემოდნით ხელში, გუბერნატორის დახმარებით მამის მიერ ნაშოვნ საგანგებო დავალებათა ჩინოვნიკის ადგილის დასაკავებლად პროვინციაში გაემგზავრა. ივან ილიჩმა მალე იქ ისეთივე კარგი გარემო შეიქმნა, როგორიც სამართალმცოდნეობის სასწავლებელში ჰქონდა. შრომობდა, წინაურდებოდა, აკეთებდა კარიერას და დროს ლაღად, მხიარულად, სასიამოვნოდ ატარებდა. იყო წესიერი, პატიოსანი ახალგაზრდა. უფროსის დავალებით ზოგჯერ მაზრაში უწევდა წასვლა და, როგორც მაღალი, ისე დაბალი წრის ადამიანებთან თავი ყოველთვის ღირსეულად ეჭირა. საქმეში ზუსტი, პატიოსანი და მოუსყიდველი იყო, რითაც ამაყობდა კიდევაც. დავალებებს კეთილსინდისიერად ასრულებდა, ხოლო განსაკუთრებული გულმოდგინებით სტაროვერების საქმეს ეკიდებოდა. მიუხედავად ახალგაზრდობისა, მიუხედავად იმისა, რომ დროსტარება და გართობა უყვარდა, სამსახურში ძალიან თავშეკავებული იყო. თქვენ წარმოიდგინეთ, ოფიციალური და მკაცრიც კი, ხოლო საზოგადოებაში ყოველთვის მხიარული, მახვილგონიერი, კეთილი და ზრდილი. უფროსებს, როგორც კაცებს, ისე ქალებს, შინაურად მიაჩნდათ და სიყვარულით bon enfant-ს[6] ეძახდნენ. პროვინციაში ერთ იმ გათხოვილ ქალთან ჰქონდა ურთიერთობა, რომელიც ახალგაზრდა, ლამაზ, მოხდენილ სამართალმცოდნეს მოსვენებას არ აძლევდა. ჰყავდა ქუდების ოსტატი ქალიც. იყო ქეიფები და დროსტარება ჩამოსულ ფლიგელ ადიუტანტებთან, იყო ვახშმის შემდეგ შორ ქუჩაზე გასეირნებები... უფროსებთან პირფერობდა, ცდილობდა, გული არამარტო უფროსებისათვის მოეგო, არამედ მათი ცოლებისთვისაც და ამას ისეთ მაღალ დონეზე აკეთებდა, რომ შეუძლებელი იყო მისი საქციელი ურიგო სიტყვებით მოგეხსენებინა. მის ყველა მოქმედებას მხოლოდ ეს ფრანგული გამონათქვამი თუ მოუხდებოდა – il faut que jeumesse se passe[7]... ყველაფერს სუფთა ხელებით აკეთებდა, სუფთა პერანგებში გამოწყობილი. საუბრისას იყენებდა ფრანგულ გამონათქვამებს, რაც მთავარია, ყველაზე მაღალ საზოგადოებაში და რა თქმა უნდა, ყველაზე მაღალი საზოგადოების მოწონებით. ასე იმსახურა ხუთი წელი, მაგრამ დადგა სამსახურის შეცვლის დრო. რაც მთავარია, გაჩნდა ახალი სასამართლო დაწესებულებები, სადაც ახალი ადამიანები იყო საჭირო. ასეთი ახალი ადამიანი იყო ივან ილიჩი. მალე მას სასამართლოს გამომძიებლის ადგილი შესთავაზეს და მანაც მიიღო ეს შემოთავაზება. ახალი სამსახური სხვა გუბერნიაში იყო, რის გამოც იძულებული გახდა, მიეტოვებინა მის ირგვლივ მყოფ ადამიანებთან დამყარებული საუკეთესო ურთიერთობა და ახალ ადგილას დაემყარებინა ახალი ურთიერთობები. ახალ სამუშაო ადგილზე წასვლისას ივან ილიჩი ამხანაგებმა გააცილეს, თან შეგროვილი ფულით ვერცხლის საპაპიროსე უყიდეს. ახალ სამსახურშიც ივან ილიჩი ისეთივე comme il faut იყო, ისეთივე წესიერი, ისევე შეეძლო სამსახურებრივი მოვალეობები და საზოგადოებრივი ცხოვრება ერთმანეთისაგან გაემიჯნა, ისეთივე პატივცემული ყოფილიყო საზოგადოებისაგან, როგორიც მაშინ, როცა განსაკუთრებულ დავალებათა შემსრულებლის თანამდებობა ეკავა... თავად გამომძიებლის სამსახური ძველთან შედარებით ივან ილიჩისთვის გაცილებით საინტერესო და მიმზიდველი აღმოჩნდა. ძველი სამსახურის დროს შერმეროვის ვიცემუნდირში გამოწყობილს სიამოვნებდა მიღების მომლოდინე აკანკალებული მთხოვნელებისა თუ მოშურნე თანამდებობის პირთა წინ ამაყად გავლა, უფროსის კაბინეტში თავაღებით შესვლა, უფროსთან ერთად ჩაის დალევა და პაპიროსის გაბოლება, თუმცა, უშუალოდ მის საქმიანობასა და თავნებობაზე დამოკიდებული ადამიანები არც ისე ბევრნი იყვნენ. ასეთები მხოლოდ პოლიციის უფროსები და სტაროვერები გახლდათ, ესეც მაშინ, როცა მათთან დავალებით აგზავნიდნენ. ცდილობდა, მასზე დამოკიდებულ ამ ადამიანებს თავაზიანად მოპყრობოდა, თითქმის მეგობრულადაც კი. მოსწონდა, როცა ასეთ ადამიანებს აგრძნობინებდა, რომ მას, ვისაც შეეძლო გაესრისა, გაენადგურებინა ისინი, უბრალოდ, ადამიანურად ექცეოდა. ასეთი ხალხი მაშინ ცოტა იყო, ახლა კი სასამართლოს გამომძიებელი ივან ილიჩი გრძნობდა, ყველაზე თავმომწონე, საკუთარი თავით კმაყოფილი ადამიანები, ყოველგვარი გამონაკლისის გარეშე, ყველანი მის ხელთ იყვნენ, საკმარისია, სათაურიან ქაღალდზე რამდენიმე სიტყვა დაეწერა, რომ ამ ამაყ, თავმომწონე, თავისი თავით კმაყოფილ ადამიანს, როცა მასთან როგორც დამნაშავეს ან როგორც მოწმეს მოიყვანდნენ, თუ ნებას თავად ივან ილიჩი არ დართავდა – დაჯექიო, იდგებოდა მის წინ ასე გაჭიმული და კითხვებზე პასუხს ეგრევე ფეხზე მდგომი გასცემდა... თუმცა თავის ამ ძალაუფლებას ივან ილიჩი ბოროტად არასოდეს იყენებდა, პირიქით, ცდილობდა, შეემსუბუქებინა მდგომარეობა. ეს ახალი სამსახური მისთვის სწორედ ამ ძალაუფლებისა და ამ შემსუბუქების სურვილის გაცნობიერებით იყო საინტერესო. სამსახურში, კერძოდ, გამომძიებლობაში ივან ილიჩმა ძალიან მალე გაითავისა ის ხერხი, ყურს იქით გაეშვა, თავიდან აეცილებინა ყველაფერი, რაც მის სამსახურეობრივ საქმიანობასთან არ იყო დაკავშირებული და ისეთი სახე მიეცა ყველაზე რთული საქმისათვის, რომლის დროსაც ეს საქმე მხოლოდ ზოგადად აისახებოდა ქაღალდზე და რომლის დროსაც სრულიად გამოირიცხებოდა მისი აზრი და პირადი შეხედულება და რაც მთავარია, დაცული იქნებოდა ყოველგვარი საჭირო ფორმალობა. ეს საქმე სრულიად ახალი იყო, ხოლო თვითონ იმ პირველ ადამიანთაგანი გახლდათ, ვინც 1864 წლის წესდების დანართი შეიმუშავა. მას შემდეგ, რაც ივან ილიჩმა სასამართლოს გამომძიებლის თანამდებობაზე დაიწყო მუშაობა, უამრავი ახალი ნაცნობი შეიძინა, დაამყარა ახალი კავშირები, სრულიად შეიცვალა ქცევა, თავდაჭერა, შეიცვალა ტონი. გუბერნიის ხელისუფლებისაგან თავი შორს ერთგვარი ღირსებით დაიჭირა. აირჩია ყველაზე უკეთესი წრე ქალაქში მცხოვრებ მოსამართლეებსა და მდიდარ აზნაურებს შორის. მიიღო ხელისუფლების მიმართ ოდნავ უკმაყოფილო პიროვნების, ზომიერი ლიბერალისა და ცივილიზებული მოქალაქის სახე. არ უღალატია ელეგანტური, ძვირფასი ტუალეტისათვის. ახალ თანამდებობაზე წვერს უკვე აღარ იპარსავდა – დაე, ისე გაზრდილიყო, როგორც უნდოდა და სადამდეც უნდოდა. ივან ილიჩის ცხოვრება ახალ ქალაქშიც შესანიშნავად აეწყო. გუბერნატორის წინააღმდეგ ფრონდერულად განწყობილი საზოგადოება მეგობრული და ერთსულოვანი გახლდა. მეტი იყო ჯამაგირი, მეტი სიამოვნება მოჰქონდა ვისტს, რისი ნიჭიც ჰქონდა და უნარიც, რათა ხალისით, მხიარულად, გააზრებულად ეთამაშა და ამიტომ ყოველთვის მოგებული რჩებოდა. ორი წლის მუშაობის შემდეგ, სწორედ იმ ქალაქში და იმ წრეში, რომელშიც ის ტრიალებდა, შეხვდა თავის მომავალ ცოლს, ყველაზე მიმზიდველ, ჭკვიან, მომხიბვლელ ქალიშვილს – პრასკოვია ფეოდოროვნა მიხელს და სასამართლო საქმეებისგან დაღლილმა გამომძიებელმა მასთან მსუბუქი ლაღი ურთიერთობა დაამყარა. როცა ივან ილიჩი განსაკუთრებულ დავალებათა ჩინოვნიკი ბრძანდებოდა, ყოველთვის ბევრს და სიამოვნებით ცეკვავდა, მაგრამ, მას შემდეგ, რაც გამომძიებლად დაიწყო მუშაობა, მხოლოდ იშვიათად, გამონაკლის შემთხვევაში თუ იცეკვებდა. თან მხოლოდ იმ აზრით და განწყობით, საქმე ცეკვაზე თუ მიდგა, შემიძლია დავამტკიცო, რომ სხვებზე უკეთესად ვცეკვავო. პრასკოვია ფეოდოროვნასთან იშვიათად ცეკვავდა. ისიც მაშინ, როცა წვეულება თითქმის დამთავრებული იყო. მიუხედავად ამისა, პრასკოვია ფეოდოროვნა მიხელს სწორედ ცეკვის დროს შეუყვარდა, თანაც მაშინ, როცა სასამართლოს ახალგაზრდა მოსამართლეს ცოლის შერთვა აზრადაც არ ჰქონია, თუმცა რომ ნახა ქალიშვილს უყვარდა, ვითომ რატომ არ უნდა შევირთოო, უთხრა თავის თავს. პრასკოვია ფეოდოროვნა, გარდა იმისა, რომ ბრწყინვალე გვარის გახლდათ და არც ურიგო შესახედი იყო, ცოტაოდენ ქონებასაც ფლობდა. მართალია, ივან ილიჩს შეეძლო, გაცილებით უკეთეს პარტიაზე ეფიქრა, მაგრამ არც ეს იყო ცუდი. თვითონ კარგი ხელფასი ჰქონდა, დარწმუნებული იყო, იმასაც ამდენივე შემოსავალი ექნებოდა. გარდა ამისა, ჰყავდა საუკეთესო ნათესაობა, თვითონაც ძალიან საყვარელი, წესიერი ქალი იყო. თუმცა იმის თქმა, ივან ილიჩმა ცოლი სიყვარულით შეირთო, მისი სახით ცხოვრებაზე თავისი შეხედულების თანამგრძნობ-თანამოზიარე ნახაო, ისეთივე უსამართლობა იქნებოდა, როგორც თქმა იმისა, თითქოს ეს ქალი ცოლად იმიტომ ითხოვა, რომ ეს არჩევანი მისი წრის ხალხმა მოიწონა. ისე კი სინამდვილეში ცოლად სწორედ ამ ორი მოსაზრების გამო ითხოვა: ერთი ის, რომ ასეთი ქალის თხოვნით თავისთვის მეტად კარგ საქმეს გააკეთებდა, მეორეც, კარგი იყო ის, რომ უმაღლესი თანამდებობის ადამიანები მის ამ არჩევანს სწორად მიიჩნევდნენ. ასე შეირთო ცოლი ივან ილიჩმა. ცოლქმრული ცხოვრების პირველი თვეები ცოლ-ქმარმა სიყვარულსა და ალერსში გაატარა. შეიძინეს ახალი ავეჯი, ახალი ჭურჭელი, თეთრეული, ისე, რომ, ვიდრე პრასკოვია ფეოდოროვნა დაორსულდებოდა, ყველაფერი შესანიშნავად იყო, იმდენად კარგად, რომ ივან ილიჩი უკვე იმასაც ფიქრობდა, ცოლის შერთვა არათუ არ შეცვლის ჩემს კარგ, სიამით სავსე ცხოვრებას, ყოველთვის წესრიგიანსა და საზოგადოების მიერ მოწონებულს, არამედ უფრო სასიამოვნოს გახდისო. მაგრამ, ცოლის ორსულობის პირველი თვეებიდან თავი რაღაც ისეთმა იჩინა, ისეთმა ახალმა, მოულოდნელმა და უსიამოვნომ, რასაც სრულიად არ ელოდა და რისგანაც თავის დაღწევა უკვე შეუძლებელი იყო. ცოლის ყოვლად უმიზეზო, როგორც ივან ილიჩს ეჩვენებოდა, de gaité de coeur-ის[8] გამო, ყოველთვის მოწესრიგებულმა, სიამით სავსე ცხოვრებამ რღვევა იწყო. ქალი ყოველგვარი მიზეზის გარეშე ეჭვიანობდა, ყველაფერზე შარს სდებდა, უწყობდა უხამს, უსიამოვნო სცენებს. თავიდან ივან ილიჩს იმედი ჰქონდა, ამ უსიამოვნებიდან, ცხოვრებისადმი იმ მსუბუქი, წესიერი დამოკიდებულების მეშვეობით გათავისუფლდებოდა, რომელსაც ადრე ყოველთვის გამოყავდა მდგომარეობიდან. სცადა, ცოლის ამგვარი განწყობისთვის ყურადღება არ მიექცია და ცხოვრებას ისევ ძველებურად განაგრძობდა – ბანქოს სათამაშოდ ისევ ისე ეპატიჟებოდა ნაცნობ-მეგობრებს, მაგრამ, ცოლმა ერთხელ უხეში სიტყვების ისეთი კორიანტელი დააყენა და ისე ჯიუტად განაგრძობდა მასთან ჩხუბს, რომ ეტყობა, მტკიცედ ჰქონდა გადაწყვეტილი, იქამდე არ შეჩერებულიყო, ვიდრე არ დაიმორჩილებდა, ანუ არ დაჯდებოდა სახლში ისიც მასავით მოწყენილი. ყოველივე ამან ივან ილიჩი დააბნია, მიხვდა, ცოლქმრული ცხოვრება, ყოველ შემთხვევაში თავის ამ ცოლთან, არათუ ხელს შეუწყობდა, ცხოვრება სიამესა და სიხარულში გაეტარებინა, არამედ პირიქით. ამიტომაც თავი მისგან შორს უნდა დაეჭირა და მიაგნო კიდევაც ამის საშუალებას – მიხვდა, რომ ერთადერთი, რაც პრასკოვია ფეოდოროვნას იმპონირებდა, მისი სამსახური იყო, ამიტომაც, სწორედ ამ სამსახურის, სამსახურეობრივი მოვალეობების მეშვეობით დაუწყო ცოლს ბრძოლა და თავისი დამოუკიდებელი სამყარო შეიქმნა. ბავშვის დაბადება, მისი კვება, ამ კვებასთან დაკავშირებული ნაირნაირი სიძნელე და წარუმატებლობა, ბავშვისა და დედის ნამდვილი თუ მოგონილი ავადმყოფობები, რომელიც ყოველივე ამაში ივან ილიჩის აუცილებელ მონაწილეობას მოითხოვდა და რომელსაც ვერაფერს უგებდა, ამ ყველაფრიდან თავის დახსნა და ოჯახისგან საკუთარ სამყაროში თავის შეფარება მისთვის კიდევ უფრო აუცილებელი გახდა. იმისდა მიხედვით, ცოლი რამდენადაც ჭირვეული, გამაღიზიანებელი და მომთხოვნი ხდებოდა, ივან ილიჩსაც საკუთარი ცხოვრების სიმძიმის ცენტრი სულ უფრო მეტად გადაჰქონდა სამსახურში, რომელიც ახლა კიდევ უფრო შეიყვარა და წინანდელთან შედარებით კიდევ უფრო პატივმოყვარე გახდა. დაქორწინებიდან დაახლოებით ერთ წელიწადში ივან ილიჩი მიხვდა, ცოლის შერთვა, მართალია, ერთგვარად ხელსაყრელიც არის, მაგრამ არსებითად ძალიან რთული საქმეა, ვინაიდან, თუ გინდა ცოლის მიმართ შენი მოვალეობა პირნათლად შეასრულო, ანუ წესიერი საზოგადოების მოსაწონი ცხოვრებით იცხოვრო, საჭიროა, როგორც სამსახურის, ისე ოჯახით მიმართაც გარკვეული დამოკიდებულება შეიმუშაოო. და შეიმუშავა კიდევაც. ოჯახური ცხოვრებიდან ახლა მხოლოდ იმ სიკეთეს მოითხოვდა, რომლის მიცემაც მარტო ცოლს შეეძლო, როგორიცაა მაგალითად, სახლში მომზადებული ოჯახური სადილი, ოჯახის დიასახლისობა, ლოგინი და, რაც მთავარია, ზრდილობის იმ გარეგნული ფორმების დაცვა, რომელიც საზოგადოებრივი აზრის მიხედვით არის განსაზღვრული. დანარჩენშიც ივან ილიჩი მხოლოდ სასიამოვნოს ეძებდა და თუ იპოვიდა, ძალიან კმაყოფილი ბრძანდებოდა. ხოლო შინ მისულს ცოლის ბუზღუნი და წინააღმდეგობა თუ დახვდებოდა, მაშინვე იმ სამსახურში გარბოდა. იქ მას პატივს სცემდნენ და აფასებდნენ, როგორც საუკეთესო მუშაკს, ამიტომაც იყო, რომ სულ რაღაც სამი წლის შემდეგ პროკურორის ამხანაგად განაწესეს. ახალი მოვალეობები, ამ მოვალეობების მნიშვნელობა, იმის უფლება, რომ შეუძლია, ვისაც მოისურვებს, სასამართლოში მოიყვანოს და ციხეში ჩასვას, ის, რომ ახალ სამსახურში უკვე წარმატება მოიპოვა, ის, რომ სიტყვით თავისი საჯარო გამოსვლები მოსწონს, ყოველივე ამის გამო კიდევ უფრო მეტად მიუწევს გული სამსახურისაკენ. მერე ბავშვები გაჩნდნენ. ცოლი დღითი დღე სულ უფრო ბუზღუნა და ბრაზიანი ხდებოდა, მაგრამ ოჯახური ცხოვრების მიმართ გამომუშავებული დამოკიდებულის გამო, ივან ილიჩს ყოველივე ამის მიმართ შეუღწევადს ხდიდა. იმ ქალაქში შვიდი წლის მუშაობის შემდეგ პროკურორად სხვა გუბერნიაში გადაიყვანეს და ის იქ მთელი თავისი ოჯახით გადაბარგდა. მართალია, ახალ ადგილას წინა სამსახურთან შედარებით ჯამაგირი მეტი ჰქონდა, მაგრამ ცხოვრება იმ ქალაქში გაცილებით ძვირი იყო, ამიტომ ფული მაინცდამაინც არ ჰყოფნიდათ და პრასკოვია ფეოდოროვნას იქაურობა არ მოსწონდა. გარდა ამისა, მოუკვდათ ორი ბავშვი და ოჯახური ცხოვრება ივან ილიჩისთვის კიდევ უფრო მოსაწყენი გახდა. პრასკოვია ფეოდოროვნა ამ ახალ ადგილას, სახლში ყოველგვარი უსიამოვნების გამო, ქმარს საყვედურობდა. ცოლისა და ქმრის საუბარში ბევრი რამ, განსაკუთრებით ბავშვების აღზრდის თაობაზე, მრავალ კითხვას ბადებდა. ახსენებდნენ თავიანთ იმ ჩხუბებს, რომელსაც შეიძლება ამ წუთშიაც ეფეთქა. რჩებოდა სიყვარულის ის იშვიათი პერიოდები, რომელიც დაეუფლებოდა ხოლმე ცოლ-ქმარს და რომელიც დიდხანს არ გრძელდებოდა – ეს ის პატარა კუნძულები იყო, სადაც მხოლოდ ცოტა ხნით თუ დაუტკბებოდნენ ერთმანეთს და მალე ისევ ურთიერთგაუცხოების, ერთმანეთის მიმართ გულში ჩამარხული მტრობის მორევში იძირებოდნენ. ამ გაუცხოებას მხოლოდ იმ შემთხვევაში შეეძლო დაემწუხრებინა ივან ილიჩი, თუ ჩათვლიდა, რომ ეს წესით არ იყო განსაზღვრული, რომ არ შეიძლებოდა ეს ასე ყოფილიყო. მაგრამ, ახლა უკვე აღიარებდა, რომ ეს არა მხოლოდ ნორმალური იყო, არამედ ოჯახში მისი ქმედების მიზანიც, ხოლო ქმედების ეს მიზანი მდგომარეობდა იმაში, რომ რაც შეიძლება მეტად გაეთავისუფლებინა თავი ოჯახური უსიამოვნებებისგან და თავისი ქცევისთვის წესიერების, უწყინრობის ხასიათი მიეცა, რასაც იმით აღწევდა, რომ სახლში დროს სულ უფრო იშვიათად ატარებდა. ხოლო როცა იძულებული იყო, რაღაც დრო ოჯახში გაეტარებინა, ცდილობდა, მისი ყურადღება უფრო სტუმრებისკენ ყოფილიყო მიმართული და ამით შეემსუბუქებინა მდგომარეობა... მაგრამ მთავარი მისთვის სამსახური იყო. მთელმა მისმა ცხოვრების მიზანმა და ინტერესმა თავი სამსახურებრივ გარემოში მოიყარა და ამ ინტერესმა ის მთლიანად შთანთქა... საკუთარი ძალმოსილების შეგნება, ის, რომ შეუძლია გაანადგუროს ყველა, ვის განადგურებასაც მოისურვებს, სასამართლოში შესვლისას თუ ხელქვეითებთან შეხვედრისას თავისი ამპარტავანი გარეგნობით თავი მოიწონოს, როგორც ზემდგომების, ისე ხელქვეითების წინაშე, რაც მთავარია, თავისი ცოდნით და დიდი დახელოვნებულობით, რასაც თავადაც კარგად გრძნობდა, გულს სიამით უვსებდა. ამასთან, ამხანაგებთან საუბრები, სადილები და ვისტი ახარებდა და ისე მიედინებოდა მისი ცხოვრება, როგორც თავად ივან ილიჩი თვლიდა საჭიროდ, ანუ სასიამოვნოდ და მართებულად. ასე იცხოვრა კიდევ შვიდი წელიწადი. უფროსი ქალიშვილი უკვე თექვსმეტი წლის იყო. გარდაეცვალათ კიდევ ერთი ბავშვი. დარჩათ ქალიშვილი და გიმნაზიელი ბიჭუნა – ცოლ-ქმარს შორის ჩხუბის კიდევ ერთი ობიექტი: ივან ილიჩს უნდოდა, ბიჭს სამართალმცოდნეობის სასწავლებელში ესწავლა, თუმცა ქმრის ჯინაზე პრასკოვია ფეოდოროვნამ ის გიმნაზიაში შეიყვანა. ბიჭი იქ კარგად სწავლობდა, შესანიშნავად იზრდებოდა ქალიშვილი, რომელსაც სახლში ამეცადინებდნენ. 3 ასე გრძელდებოდა ივან ილიჩის ცხოვრება ცოლის შერთვიდან ჩვიდმეტი წელიწადი. ახლა ის უკვე ხანში შესული, დიდად გამოცდილი პროკურორი გახლდათ. ვინც იმის გამო, რომ უნივერსიტეტის ქალაქში თავმჯდომარის სასურველი ადგილის დაკავებას ელოდა, უარი თქვა რომელიღაც სამსახურებრივ გადაადგილებაზე. მოულოდნელად მოხდა ერთი მეტად არასასიამოვნო ამბავი, რამაც მისი მშვიდი ცხოვრება სრულიად შეცვალა. უნივერსიტეტის ქალაქში სასამართლოს თავმჯდომარის ის სასურველი ადგილი, რასაც ასე ელოდა ივან ილიჩი, გოპემ იყოჩაღა, წინ გაუსწრო და დაიკავა. ამან ძალიან გააღიზიანა ივან ილიჩი, გოპესაც ეჩხუბა და თავის უშუალო უფროსებსაც, რის შემდეგაც უფროსებმა ცივად დაუწყეს ყურება და გვერდი თანამდებობის შემდგომი განწესების დროსაც აუარეს. ეს იყო 1880 წელი – ყველაზე მძიმე წელიწადი ივან ილიჩის ცხოვრებაში. ერთი მხრივ აღმოჩნდა, რომ, საცხოვრებლად ხელფასი არ კმაროდა, გარდა ამისა, ის რომ ყველამ დაივიწყა და მის მიმართ თავიანთი ეს უმკაცრესი დამოკიდებულება ჩვეულებრივ ამბად მიაჩნდათ, გულს ძალიან სტკენდა. აღარც თავად მიაჩნდა მამას შვილის დახმარება თავის მოვალეობად. და აი, ივან ილიჩმა იგრძნო, რომ ყველამ გვერდი უქცია, ვინაიდან მათი აზრით, სამიათას ხუთას მანეთიანი ხელფასით მისი მდგომარეობა სრულიად ნორმალური იყო, ის კი არა, ამით ძალიან ბედნიერიც უნდა ყოფილიყო. მაგრამ, იმ უსამართლობის გამო, როგორც მას ექცეოდნენ, იმის გამო, რომ ცოლი გამუდმებით ებუზღუნებოდა, იმ ფულისათვის, რომელსაც უფრო მეტს ხარჯავდა, ვიდრე შემოსავალი ამის საშუალებას იძლეოდა, მხოლოდ მან ერთმა იცოდა, არათუ ბედნიერი, ნორმალური მდგომარეობისგანაც კი ძალიან შორს იყო. იმ წელიწადს ჯამაგირს ცოტა რომ დაეზოგა, შვებულება აიღო და ცოლთან ერთად ზაფხულის გასატარებლად ცოლისძმასთან სოფელში წავიდა. იმის გამო, რომ უსამსახუროდ მთელ თავის ცხოვრებაში პირველად იყო, ივან ილიჩმა სოფელში არა მარტო მოიწყინა, არამედ აუტანელმა კაეშანმა მოიცვა და გადაწყვიტა, რომ ასე ცხოვრება შეუძლებელი იყო, რომ აუცილებლად რაღაც გადამწყვეტი ზომები უნდა მიეღო. ის ღამე ივან ილიჩმა ტერასაზე უძილოდ გაატარა, რის შემდეგაც გადაწყვიტა, პეტერბურგში წასულიყო, იქ სხვა რომელიმე სამინისტროში სამსახურის საშოვნელად რაიმე ეღონა და ის ადამიანები დაესაჯა, რომლებმაც არ დააფასეს, უფრო სწორად, ვერ შეძლეს მისი დაფასება. მიუხედავად ცოლის და ცოლისძმის მცდელობისა, წასვლაზე როგორმე უარი ეთქმევინებინათ, მეორე დღეს მაინც გაემგზავრა პეტერბურგში. წავიდა მხოლოდ ერთი მიზნით, ეთხოვა ისეთი სამსახური, სადაც ხუთი ათასი მანეთი ჯამაგირი ექნებოდა. მისთვის ახლა არც სამინისტროს ჰქონდა მნიშვნელობა, არც იმას, რა მიმართულების იყო ის სამინისტრო, არც იმას, რა სახის სამუშაო იქნებოდა, მას მხოლოდ ხუთი ათასმანეთიანი სამსახური სჭირდებოდა, იქნებოდა ეს კანცელარია, ადმინისტრაცია, ბანკი, იმპერატორ მარიას დაწესებულება თუ საბაჟო, მთავარია, ჯამაგირი ხუთი ათასი მანეთი ყოფილიყო და იმ სამინისტროდან წამოსულიყო, სადაც მისი დაფასება ვერ შეძლეს. და აი, ივან ილიჩის სწორედ ეს გამგზავრება დაგვირგვინდა სრულიად მოულოდნელი წარმატებით... კურსკში მატარებლის პირველი კლასის ვაგონში ამოვიდა მისი ნაცნობი ფ. ს. ილინი, რომელმაც გადასცა კურსკის გუბერნატორის მიერ მოსკოვიდან მიღებული ახალი ტელეგრამა იმის შესახებ, რომ დღე-დღეზე სამინისტროში დიდი ცვლილებები იწყებოდა – პეტრე ივანიჩის ადგილზე ივან სემიონოვიჩი გადაჰყავდათ. ამ სავარაუდო ცვლილებას, გარდა მთელი რუსეთისა, განსაკუთრებული მნიშვნელობა ივან ილიჩისათვის ჰქონდა. როგორც ჩანს, ეს მისთვის მეტად ხელსაყრელი უნდა ყოფილიყო, რადგან დაწინაურებული ორივე პიროვნება – პეტრე ივანოვიჩი და ზახარ ივანოვიჩიც მისი მეგობრები იყვნენ. როცა აღნიშნული ცნობა მოსკოვში დადასტურდა, ივან ილიჩმა პეტერბურგში ზახარ ივანოვიჩი მოინახულა, რომელიც დაბეჯითებით შეჰპირდა, რომ იუსტიციის თავის ყოფილ სამინისტროში ივან ილიჩი ადგილს აუცილებლად მიიღებდა. ამის შემდეგ გავიდა ერთი კვირა და ივან ილიჩმა სოფელში ასეთი შინაარსის დეპეშა გააგზავნა: «ზახარი მილერის ადგილას განწესებას მივიღებ პირველსავე საჯარო გამოცხადების შემდეგ». სამუშაო ადგილებზე იმ გადაადგილებების წყალობით ივან ილიჩი მალე, მართლაც, თავის ძველ სამინისტროში იმ თანამდებობაზე იქნა დანიშნული, რომლის გამოც თავის ძველ ამხანაგებთან შედარებით მთელი ორი საფეხურით დადგა. გარდა ხუთი ათასი მანეთი ჯამაგირისა, დაწინაურების კიდევ სამი ათასი მანეთი დაენიშნა და როგორც თავისი ძველი მეგობრების, ისე სამინისტროს მიმართ ყოველგვარი წყენა დაივიწყა, ისე, რომ ივან ილიჩი ახლა ძალიან ბედნიერი გახლდათ. სოფელში ისეთი მხიარული და კმაყოფილი დაბრუნდა, როგორიც დიდი ხანია აღარავის ენახა. გამხიარულდა პრასკოვია ფეოდოროვნაც და მალე მათ შორის დროებითი ზავი დამყარდა. ივან ილიჩი ცოლს დაწვრილებით მოუყვა, პეტერბურგში ყველანი როგორი პატივისცემით ექცეოდნენ, ხოლო ისინი, რომლებიც მისი მტრები ბრძანდებიან, პეტერბურგში ყველას ასე ძალიან რომ უყვარხართ, გვშურსო, როგორ ეპირფერებოდნენ. პრასკოვია ფეოდოროვნა უსმენდა და არაფერში ეწინააღმდეგებოდა – აქაოდა, ყველაფერი მჯერაო! თან ახალ გარემოში ცხოვრების დასაწყებად გეგმებს აწყობდა, ივან ილიჩიც გახარებული იყო, მისი და მისი ცოლის გეგმები ერთმანეთს რომ დაემთხვა, სჯეროდა, მისი წაბორძიკებული ცხოვრება ამიერიდან ძველებურად ისევ სასიამოვნო იქნებოდა. ვინაიდან ათ სექტემბერს უკვე თავის ახალ ადგილზე უნდა დაეწყო მუშაობა, ივან ილიჩი სოფელში მხოლოდ ცოტა ხნით ჩავიდა. გარდა ამისა, ახალ ადგილზე სახლის მოსაწყობად პროვინციიდან ავეჯის გადმოსატანად, უამრავი რაღაცის შესაკვეთად და საყიდლად დრო იყო საჭირო. ერთი სიტყვით, უნდოდა სახლი ისე გაელამაზებინა, ისე აეწყო ცხოვრება, როგორც გუნებაში ჰქონდა გადაწყვეტილი. კიდევ ისე, როგორც ამაზე პრასკოვია ფეოდოროვნა ოცნებობდა. ახლა, როცა ყველაფერი კარგად იყო, როცა ასე ზუსტად დაემთხვა მისი და ცოლის სურვილები, თან იმის გამოც, რომ დიდი ხანია ერთად არ ყოფილან, ისე შეთანხმებულად ცხოვრობდნენ, როგორც არასდროს, დაოჯახების პირველ წლებშიაც კი. ივან ილიჩს უნდოდა, ცოლ-შვილი ახლავე წაეყვანა იმ ახალ ადგილას, მაგრამ დისა და სიძის დაჟინებული თხოვნის შემდეგ, რომლებიც ივან ილიჩისა და მისი ოჯახის მიმართ უცებ განსაკუთრებულად მოსიყვარულე და ნათესაურები გახდნენ, მოხდა ისე, რომ ივან ილიჩი იქ მარტო გაემგზავრა. მთელი იმ დროის განმავლობაში ის მხიარული განწყობა, რომელიც სამსახურებრივი წარმატებისა და ცოლთან დამთბარი ურთიერთობების გამო დაეუფლა, არ ტოვებდა. მოიძებნა საუცხოო სახლი, ზუსტად ისეთი, როგორზეც ორივე ოცნებობდა – ცოლიც და თვითონაც. ფართო, მაღალჭერიანი მისაღები ოთახები, მყუდრო, უზარმაზარი კაბინეტი, ოთახები ცოლისა და ქალიშვილისათვის, საკლასო ოთახი გიმნაზიელი ბიჭუნასთვის, მოკლედ, ყველაფერი თითქოს მათთვის საგანგებოდ იყო ასე გამზადებული... ბინის მოწყობას ივან ილიჩმა თვითონ მოჰკიდა ხელი, არჩევდა შპალერებს, ყიდულობდა ავეჯს, განსაკუთრებულად ძველებურს – სახლს კომიფლურ იერს აძლევსო. ყიდულობდა ავეჯის ძვირფას გადასაკრავებს და ივსებოდა, ლამაზდებოდა ოთახები; თანდათან იმ იდეალის სახეს იღებდა, რომელიც მის წარმოსახვაში იყო და რა იდეალიც თავად შეიქმნა. ბინა ჯერ მხოლოდ სანახევროდ იყო მოწყობილი, რომ ოთახების სიმყუდროვემ და სასიამოვნო გარემომ მოლოდინს გადააჭარბა. იცოდა, საქმეს ბოლომდე მიიყვანდა, ბინა კიდევ უფრო კომიფლურ, დახვეწილ, მდიდრულ სახეს მიიღებდა. დასაძინებლად თვალებს რომ მილულავდა, წარმოიდგენდა, რა დიდებული იქნებოდა ზალა, წარმოიდგენდა მისაღებ ოთახს, რომელიც ჯერ ბოლომდე არ იყო დალაგებული, ბუხარს, ეტაჟერს, ირგვლივ მიმობნეულ სკამებს, კედლებზე დაკიდებულ ძვირფას თეფშებს, ლანგრებს, ბრინჯაოს ლამაზ ნაკეთობებს და უკვე თვალწინ ედგა, როგორი იქნებოდა აქაურობა, როცა ეს ყველაფერი თავ-თავის ადგილს დაიკავებდა. იმაზე ფიქრი ახარებდა, პაშასა და ლიზანკას, რომლებმაც ასევე კარგად იცოდნენ ამ ყველაფრის ფასი, როგორ გააოცებდა... ივან ილიჩი განსაკუთრებით იმით იყო კმაყოფილი, ეს ძველებური ნივთები, რომელიც ყველაფერს აკეთილშობილებდა, ასე იაფად რომ შეიძინა... სოფელში ოჯახის წევრებს, წერილებში ახალ სახლს, იმასთან შედარებით, რაც სინამდვილეში იყო, განგებ ისე აუწერდა, თითქოს მაინცდამაინც დიდს არაფერს წარმოადგენდა, რათა შემდეგ გაეოცებინა ისინი. ამან ისე შეიქცია, ლამის თავისი ახალი სამსახურიც კი დაავიწყა... იჯდა ზოგჯერ კრებაზე თავჩაღუნული და იმაზე ფიქრობდა, ფარდებისთვის როგორი კარნიზები დაეყენებინა, ჩვეულებრივი თუ საგანგებოდ შერჩეული. სახლის მოწყობა-გალამაზებაში ისე იყო ჩართული, ავეჯს ერთ ადგილიდან მეორე ადგილზე თავისი ხელით გადააადგილებდა, თვითონ კიდებდა, თვითონ ცვლიდა ფარდებს – წვალობდა, თავს წუთითაც არ ზოგავდა. ერთხელაც ავეჯზე შალითების გადამკვრელისთვის რომ ეჩვენებინა, ფარდები ლამაზად როგორ დაეკიდა, ფეხი დაუსხლტა, კიბიდან ჩამოვარდა, მაგრამ, იმის გამო, რომ ძლიერი და მოქნილი იყო, თავი ადვილად შეიკავა და მხოლოდ გვერდი ჩამოჰკრა ფანჯრის სახელურს. ამის შემდეგ ცოტა ხანს იავადმყოფა, მაგრამ მალევე გამოკეთდა... მთელი იმ ხნის განმავლობაში, ვიდრე ამ გარჯასა და წვალებაში იყო, ივან ილიჩი თავს ჯანმრთელად და ხალისიანად გრძნობდა. ასე მგონია, მთელი თხუთმეტი წლით გავახალგაზრდავდიო, – სწერდათ. ეგონა, სახლის საქმეებს სექტემბრამდე მორჩებოდა, თუმცა ოქტომბრის შუა რიცხვებამდე სამუშაო ჯერ კიდევ საკმარისად იყო... ბოლოს, როგორც იქნა, ყველაფერი შესანიშნავად დამთავრდა, რასაც მხოლოდ თვითონ კი არა, ვინც ნახავდა, ყველა აღნიშნავდა. სინამდვილეში მისი სახლიც ისეთი იყო, როგორიც ყველა არც ისე მდიდარი ადამიანის სახლია, ანუ იმათი, რომლებსაც ძალიან უნდათ მდიდრებს ჰგვანდნენ და ამიტომაც მათი სახლები ერთმანეთს ჰგავს – ავეჯის გადასაკრავი ძვირფასი აბრეშუმი, შავი ხის ავეჯი, ყვავილები, უძვირფასესი ფარდაგები, ბრინჯაო – ჩამუქებულიც და გაპრიალებულიც... ყველაფერი ის, რასაც ამ ტიპის ადამიანები აკეთებენ, აკეთებენ იმისთვის, რათა რაც შეიძლება ძალიან ჰგავდნენ ცნობილ ადამიანებს... ივან ილიჩის ეს ახალი სახლიც ისე ძალიან ჰგავდა იმ სახლებს, ყურადღების მიქცევადაც არ ღირდა. თუმცა თავად ილიჩს თავის სახლიც და ეს თავის ავეჯიც რაღაცით გამორჩეული, განსაკუთრებული ეგონა. როცა იგი ოჯახის წევრებს რკინიგზის სადგურში დახვდა, ხოლო იქიდან თავის განათებულ, მდიდრულად მოწყობილ სახლში მიიყვანა, როცა ყვავილებით მორთული კარი თეთრ ჰალსტუხში გამოწყობილმა ლაქიამ გაუღოთ, მერე კი ყველა სასტუმრო ოთახი და კაბინეტი დაათვალიერებინათ, კმაყოფილებისაგან ყველა ერთ სიცილსა და მხიარულებაში იყო, ივან ივანიჩს ყველა აქებდა და ადიდებდა და ისიც მათ ამ ქებას ისე ისრუტავდა, ისე იყო გახარებული, რომ პირდაპირ ბრწყინავდა. საღამოს, როცა პრასკოვია ფეოდოროვნამ ჰკითხა, კიბიდან როგორ ჩამოვარდიო, ივან ილიჩმა გაიცინა და ცოცხლად წარმოადგინა, კიბიდან როგორ გადმოფრინდა და ავეჯის გადამკვრელს გული როგორ გაუხეთქა. – ტყუილად როდი ვარ სპორტსმენი. სხვა ჩემ ადგილას, ალბათ, სულს გააცხებდა, – თქვა მან სიცილით, – მე კი მხოლოდ, აი, იმ სახელურს ჩამოვასკდი და გვერდი ვიტკინე. ხელს რომ დავიდებ, მართალია, ცოტა მტკივა, მაგრამ უკვე ნაკლებად, ეგ არის, ეს ადგილი ოდნავ გალურჯებულია. ასე დაიწყო მათი ცხოვრება ამ ახალ სახლში, რომელშიც, როგორც ყოველთვის, კარგად რომ გაისაცხოვრისეს, მხოლოდ ერთ ოთახს ნაკლულობდნენ. ახლანდელი შემოსავლიდან კი მხოლოდ სულ რაღაც ხუთასი მანეთი არ ჰყოფნიდათ, დანარჩენი კი ყველაფერი შესანიშნავად იყო. განსაკუთრებით თავიდან, როცა რაღაც-რაღაცებს ჯერ კიდევ ხელის წამოკვრა სჭირდებოდა, ზოგიერთი რამ ჯერ კიდევ მოსაგვარებელი იყო – რაღაც უნდა ეყიდათ, რაღაც შეეკეთებინათ, რაღაცისთვის ადგილი შეეცვალათ... მართალია, ცოლი და ქმარი ზოგიერთ რაღაცაზე ბოლომდე ვერ თანხმდებოდა, მაგრამ საქმე ჯერ კიდევ იმდენი ჰქონდათ, რომ ჩხუბისთვის არც ერთს ეცალა, არც მეორეს, რითაც ორივე კმაყოფილი გახლდათ. თუმცა საქმე როცა ბოლომდე მიიყვანეს, როცა გასაკეთებელი აღარაფერი დარჩა, ცხოვრება თითქოს მოსაწყენი გახდა, თითქოს რაღაც აკლდათ, მაგრამ, ახალი ნაცნობები, ახალი ურთიერთობები, ახალ გარემოსთან შეჩვევა-შეგუება... და ცხოვრება თანდათან თავის კალაპოტში ჩადგა. ივან ილიჩი დილით სასამართლოში რომ წავიდოდა, სადილობისას უკვე სახლში იყო. პირველ ხანებში მშვენიერ გუნება-განწყობაზე ბრძანდებოდა, მართალია, სახლის საქმეების გამო წვალობდა, იღლებოდა კიდევაც, მაგრამ მხედველობიდან არაფერი რჩებოდა. ზოგჯერ სუფრასა ან რომელიმე ავეჯის აბრეშუმის ძვირფას გადასაკრავზე რაიმე პატარა ლაქაც რომ შეემჩნია, ანდა ფარდის ზონარს გაწყვეტილს დაინახავდა, ღიზიანდებოდა, გაპრიალებულ ავეჯზე თითოეული პატარა ნაკაწრიც კი ტკივილს ჰგვრიდა, ვინაიდან ამ ყველაფერში დიდი შრომა ჰქონდა ჩადებული... მიუხედავად ამისა, ივან ილიჩის ცხოვრება ისე მიედინებოდა, როგორც წარმოდგენილი ჰქონდა – ლაღად, მსუბუქად, მართებულად... ადგებოდა დილით ცხრა საათზე, დალევდა ყავას, გაზეთს წაიკითხავდა, გამოეწყობოდა თავის ვიცმუნდირში, წავიდოდა სასამართლოში და იქ უკვე მოექცეოდა იმ მძიმე უღელქვეშ, რომელშიც მუშაობა უწევდა – მთხოვნელები, ცნობები კანცელარიიდან, თავად კანცელარია, კრებები – განმკარგულებელი თუ საჯარო და ამ ყველაფრიდან, უნდა შეძლებოდა, უნდა გამოერიცხა ის ნედლი და ცხოვრებისეული, რაც ყოველთვის ხელს უშლის სამსახურებრივი საქმეების სწორ წარმართვას, არ უნდა ჰქონოდა გარეშე პირებთან ურთიერთობა გარდა სამსახურებრივისა. მაგალითად, მოდის ადამიანი, ვისაც რაღაცის გაგება უნდა, მაგრამ, ვინაიდან ის ადამიანი კერძო პირია, ვერ დაეხმარება იმიტომ, რომ არ შეიძლება. სამაგიეროდ, ისეთი პირი თუა, ვინც სასამართლოს წევრია და ეს იმ ქაღალდზეა აღნიშნული, რომლის სათაურიც მთავრული ასოებით არის წარმოდგენილი, ამგვარი ვითარების ფარგლებში ივან ილიჩი აკეთებს ყველაფერს, რის გაკეთებაც შეიძლება. ამასთან ერთად იცავს მასთან გულითად, ადამიანურ დამოკიდებულებას, იცავს ზრდილობის წესებს. მაგრამ, როგორც კი დამთავრდება სამსახურებრივი ურთიერთობა, მთავრდება სხვა ყოველგვარი ურთიერთობაც – აქ ივან ილიჩს უკვე შეუძლია, ერთმანეთს შეუთავსოს სამსახურებრივი და პირადი. ამ უნარს ის უმაღლეს დონეზე ფლობს და ეს თავისი ხანგრძლივი პრაქტიკით და ნიჭით იმ დონემდე აქვს გამომუშავებული, რომ ზოგჯერ ნამდვილი ვირტუოზივით თავს უფლებას აძლევს, პირადი და სამსახურებრივი ერთმანეთისგან არ განაცალკევოს, ვინაიდან იცის, როცა დასჭირდება, სამსახურებრივი პირადულისგან განაცალკევოს, ამის ძალას ყოველთვის გრძნობს და ამას არა მხოლოდ ადვილად და სიამოვნებით აკეთებს, არამედ ვირტუოზულადაც... შუალედებში ეწევა, სვამს ჩაის, ცოტას პოლიტიკაზე საუბრობს, ცოტას ზოგად საკითხებზე, ცოტას ბანქოზე, ყველაზე მეტს განწესებაზე და ბოლოს დაღლილი, იმ ვირტოუზის განცდით, რომელმაც წარმატებით დაასრულა ორკესტრის პირველი ვიოლინოს ერთ-ერთი პარტია, წავა სახლში და შინ მისულს ცოლი და ქალიშვილი ან წვეულებაზე წასულები დახვდებიან ან მათთან ვიღაც არის სტუმრად... ვაჟიშვილი გიმნაზიაშია, რეპეტიტორებთან გაკვეთილებს ამზადებს და რასაც გიმნაზიაში ასწავლიან, ყველაფერს გულდასმით სწავლობს. მოკლედ ყველაფერი შესანიშნავადაა... სტუმრები თუ არ არიან, სადილის შემდეგ ივან ილიჩი ზოგჯერ წიგნს კითხულობს, განსაკუთრებით იმას, რომელზეც ბევრს ლაპარაკობენ, საღამოს კი მიუჯდება საქმიან ქაღალდებს, კიდევ ერთხელ გადახედავს კანონებს, შეადარებს ჩვენებებს და მიუსადაგებს. ამ დროს ის არც მოწყენილია, არც მხიარული. თუ მოეწყინება, შეუძლია ვინტი ითამაშოს, მაგრამ, თუ ვინტი არა, ცოლის გვერდით ჯდომას მარტო ჯდომა ურჩევნია. ყველაზე მეტად პატარა წვეულებები უყვარს, რომელზეც მხოლოდ იმ ადამიანებს პატიჟებს, იმ კაცებს და იმ ქალბატონებს, რომელთაც საზოგადოებაში მაღალი ადგილები უკავიათ და მათთან ისეთი დროსტარება უყვარს, რომელიც ისევე ჰგავს იმ ადამიანების დროსტარებას, როგორც მისი სასტუმრო ოთახი ჰგავს მათ სასტუმრო ოთახებს... ერთ საღამოს წვეულებაც ჰქონდა. იმ საღამოს ივან ილიჩი მშვენიერ გუნებაზე ბრძანდებოდა. ყველაფერი ჩინებულად იყო, რომ არა ცოლთან ტორტისა და კანფეტების გამო ჩხუბი. ცოლს თავისი გეგმა ჰქონდა, ივან ილიჩი კი მოითხოვდა ტკბილეული იმ საკონდიტროში ეყიდათ, სადაც ყველაფერი ძვირი იყო, თან ტორტი რაც შეიძლება ბევრი უნდა ყოფილიყო. ჩხუბი სწორედ იმის გამო დაიწყო, რომ კონდიტერმა ტორტში, რომელიც იმდენად ბევრი იყო, რომ ვერ შეჭამეს და დარჩა, ორმოცდახუთი მანეთი გამოართვათ. ჩხუბი ისე გამწვავდა, პრასკოვია ფეოდოროვნამ ქმარს – გულის გამაწყალებელო ჩერჩეტოო – ესეც კი უთხრა. ამაზე ივან ილიჩმა თავზე ხელი იტაცა და გაბრაზებულმა გაყრაზე რაღაც ახსენა... მიუხედავად ამისა, საღამომ მხიარულად ჩაიარა. იყო საუკეთესო საზოგადოება. ივან ილიჩმა თავადის ასულ ტრუფონოვასან, იმ ქალის დასთან იცეკვა, ვინც იმ ცნობილი საზოგადოების დამფუძნებელი გახლდათ, რომელსაც სახელად «წაიღე ჩემი სევდა ერქვა»... სამსახურებრივი წარმატებით გამოწვეული სიხარული ივან ილიჩს კიდევ უფრო თავდაჯერებულს ხდიდა. სამსახურებრივი სიხარული თავმოყვარეობით გამოწვეული სიხარული იყო, საზოგადოებრივთან დაკავშირებული სიხარული – პატივმოყვარეობით. და მაინც, ყველაზე დიდ სიხარულს ივან ილიჩი ვინტის თამაშის დროს განიცდიდა. ისიც კი აღიარა, ყველა იმ ვითარებაში, რა ვითარებაც არ უნდა ყოფილიყო მის ბედნიერებას მოკლებულ ცხოვრებაში, სიხარულს, რომელიც ყოველივე ამის წინ სანთელივით ენთო, ვინტის თამაში ჰგვრიდა, ოღონდ, მყვირალა პარტნიორებთან კი არა, კარგ მოთამაშეებთან, თან აუცილებლად მეოთხე უნდა ყოფილიყო (მეხუთეობა არ უყვარდა, ცუდად გამომდისო, თუმცა თავს ისე აჩვენებდა, ვითომ ძალიანაც უყვარდა და ძალიანაც კმაყოფილი იყო), თამაშს ჭკვიანურად, სერიოზულად მოჰკიდებოდა (ეს მაშინ, როცა კარგი კარტი მოუვიდოდა), მერე ვახშმად ერთი ჭიქა ღვინო დაელია, დაწოლილიყო და გემრიელად დაეძინა, განსაკუთრებით ცოტა ფულიც თუ ექნებოდა მოგებული (ბევრი არა, არ ვარგა). ასეთ დროს ივან ილიჩი ყოველთვის შესანიშნავ გუნებაზე იძინებდა... აი ასე ცხოვრობდნენ ისინი. მათ ირგვლივ საუკეთესო საზოგადოება იკრიბებოდა, იყვნენ როგორც ცნობილი, ასაკოვანი ადამიანები, ისე ახალგაზრდები. ნაცნობი მამაკაცების წრეზე ივან ილიჩის ცოლიცა და ქალიშვილიც ერთი აზრისანი იყვნენ, სამაგიეროდ, ყოველგვარი ურთიერთშეთანხმების გარეშე, გვერდზე სწევდნენ, თავიდან იშორებდნენ იმ ნათესავებსა და ნაცნობებს, ანუ იმ თხუპნიებს, რომლებიც შემოლაგდებოდნენ მოულოდნელად ტკბილი, დათაფლული ლაპარაკ-ლაპარაკით მდიდრულად მოწყობილ, კედლებზე ძვირფასი იაპონური თეფშებით გალამაზებულ სასტუმრო ოთახში, მაგრამ მალე ის ფეთხუმი ნათესავ-მეგობრები ისე მოიცილეს თავიდან, ისე გათავისუფლდნენ მათგან, რომ მათი ხსენებაც აღარ იყო. გოლოვინების გვერდით ახლა მხოლოდ საუკეთესო საზოგადოება ტრიალებდა. ახალგაზრდა ვაჟები ლიზას ეარშიყებოდნენ, ლიზას ეარშიყებოდა პეტრიშევიც – დიმიტრი ივანოვიჩ პეტრიშევის ვაჟი და მისი ერთადერთი მემკვიდრე, რის გამოც ივან ილიჩმა პრასკოვია ფეოდოროვნას ისიც კი უთხრა, ტროიკით ხომ არ გავისეირნოთ, საღამო ხომ არ გავმართოთო... ასე ცხოვრობდნენ, ასე მიედინებოდა მათი ცხოვრება ყოველგვარი ცვლილებისა და სიახლის გარეშე. --------------------------------------------------------- 4 ოჯახში ყველა ჯანმრთელი, ყველა საღსალამათი იყო. ის, რომ ზოგჯერ ივან ილიჩი ამბობდა, პირში უცნაური გემო მაქვს, მარცხენა მხარეს მუცელში რაღაც უსიამოვნებას ვგრძნობო, არ შეიძლებოდა ამისთვის ჯერჯერობით ავადმყოფობა გეწოდებინა. მაგრამ, მოხდა ისე, რომ ამ უსიამოვნო შეგრძნებამ თანდათან იმატა, მართალია, ტკივილი ჯერ არ დასწყებოდა, მაგრამ იყო სიმძიმის შეგრძნება, იყო უგუნებობა, რაც დღითი დღე სულ უფრო საგრძნობი ხდებოდა. ივან ილიჩის ამ მდგომარეობამ გოლოვინების ოჯახის ბედნიერ ცხოვრებას ნირი უცვალა. ცოლ-ქმარი ახლა უფრო ხშირად ჩხუბობდა, მათ შორის ჩამოვარდნილი სიმშვიდე ნელ-ნელა გაქრა, ერთმანეთთან უკვე ზრდილობიანი დამოკიდებულებაც კი უჭირდათ. გახშირდა სცენები, დარჩა მხოლოდ ის პატარა, მცირეოდენი კუნძულები, რომელზეც შეეძლო ცოლსა და ქმარს ერთმანეთს ჩხუბის გარეშე შეხვედროდნენ. პრასკოვია ფეოდოროვნას ყველაფრის გაზვიადება უყვარდა, ხშირად იტყოდა ხოლმე, ჩემს ქმარს მძიმე ხასიათი აქვსო. მე რომ კარგი ხასიათი არ მქონდეს, ოცი წელიწადი ამას როგორ გავუძლებდიო. ისე, კაცმა რომ თქვას, ჩხუბს ახლა ყოველთვის, მართლაც, ქმარი იწყებდა. წვნიანის ჭამას დაიწყებდა თუ არა, ხან იმაზე მოსდებდა შარს, ჭურჭელი დაზიანებულიაო, ხან საჭმელი ვერ იყო ისეთი, ხან ის არ მოსწონდა, ბიჭი მაგიდასთან იდაყვდაყრდნობილი რატომ იჯდა. ხან თვალში ქალიშვილის თმის ვარცხნილობა არ მოსდიოდა და მისთვის რომ გეკითხათ, ეს ყველაფერი პრასკოვია ფეოდოროვნას ბრალი იყო. თავიდან ცოლი ეკამათებოდა, უამრავ საწყენ სიტყვას ეუბნებოდა, მაგრამ, ერთი-ორჯერ ჭამის დაწყებისას ივან ილიჩი ისე გაცოფდა, იფიქრა, მის ამ ავადმყოფურ მდგომარეობას, ალბათ საჭმელი იწვევსო და დამშვიდდა, კამათით აღარ ეკამათებოდა, მაგრამ, ცდილობდა, რაც შეიძლება მალე დაემთავრებინა ჭამა. ქმრისადმი ამ მორჩილებას პრასკოვია ფეოდოროვნა თავის დიდ დამსახურებად თვლიდა. დარწმუნებული იყო, ქმარმა თავისი ცუდი ხასიათით ცხოვრება გაუუბედურა, რის გამოც საკუთარი თავი ეცოდებოდა და ქმარი მით უფრო მეტად სძულდა, ის კი არა, ზოგჯერ მისი სიკვდილიც კი უნდოდა, მაგრამ ხელფასს ვინღა მოიტანსო, – გაიფიქრებდა შეშინებული და იმის გამო, რომ მისი ამ მდგომარეობიდან გამოყვანა სიკვდილსაც არ შეეძლო, თავი ყველაზე უბედურ ქალად მიაჩნდა, ამიტომ კიდევ უფრო ღიზიანდებოდა, მაგრამ მალავდა თავის ამ გაღიზიანებას და ეს ძალიან ცუდ გუნებაზე აყენებდა. ერთ-ერთი იმ სცენის შემდეგ, როცა ივან ილიჩი მის მიმართ განსაკუთრებულად უსამართლო გახლდათ, აუხსნა, რომ ეს მხოლოდ მისი ავადმყოფობის ბრალი იყო. ამაზე პრასკოვია ფეოდოროვნამ, ავად თუ ხარ, უნდა იმკურნალოო და სთხოვა, სამკურნალოდ რომელიმე ცნობილ ექიმთან წასულიყო. მართლაც, წავიდა ივან ილიჩი. ყველაფერი ისე იყო, როგორც ელოდა და როგორც ყოველთვის ხდება. ლოდინიც, ექიმის მოჩვენებითი თავდაჯერებულობაც (რაც მისთვის ძალიან ნაცნობი იყო, ვინაიდან თვითონაც ასე იქცეოდა სასამართლოში), მოსმენებიც, წინასწარ მომზადებული შეკითხვებიც, რომლებიც პასუხს არ საჭიროებდა, ექიმის ზემოქმედების მომხდენი შესახედაობაც, რომელსაც უნდა შთაეგონებინა, თქვენ მხოლოდ დაგვავალეთ და ჩვენ ყველაფერს მოვაგვარებთ, ვინაიდან კარგად ვიცით, ყველა ავადმყოფს ერთი წესით, ერთი მანერით როგორ ვუმკურნალოთო... მოკლედ, ყველაფერი ისე იყო, როგორც სასამართლოში, ის ცნობილი ექიმიც ისე იქცეოდა, თავი ისე ეჭირა, როგორც თვითონ განსასჯელების წინაშე. ექიმმა – «ესა და ეს მიუთითებს, რომ თქვენს ორგანიზმში ასე და ასეა, მაგრამ ამის და ამის გამოკვლევის შემდეგ, თუ ეს არ დადასტურდა, მაშინ თქვენ შემთხვევაში მოგვიწევს ვივარაუდოთ ესა და ეს. ხოლო თუ ამას და ამას ვივარაუდებთ, მაშინ...» ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ივან ილიჩს კი მხოლოდ ერთი რამ აინტერესებდა, იყო თუ არა ან რამდენად იყო საშიში მისი მდგომარეობა? თუმცა მის ამ უადგილო კითხვებს ექიმი ყურს უკან უშვებდა. ვინაიდან მისი შეხედულებით, ეს კითხვა უაზრო იყო და განსჯას არ ექვემდებარებოდა... არსებობდა მხოლოდ აწონ-დაწონის, განხილვის ალბათობა – იყო ეს ბრმა ნაწლავი, ქრონიკული კატარი თუ ცდომილი თირკმელი... ივან ილიჩის სიცოცხლის საკითხი ექიმს ეჭვქვეშ ერთხელაც არ დაუყენებია, კამათი მხოლოდ ცდომილ თირკმელს და ბრმა ნაწლავს, ანუ იმას შეეხებოდა, ტკივილის მიზეზი აქედან რომელი შეიძლებოდა ყოფილიყო – თირკმელი თუ ბრმა ნაწლავი. ეს საკითხი ექიმმა ივან ილიჩისავე თვალწინ ბრწყინვალედ გადაჭრა ბრმა ნაწლავის სასარგებლოდ, თუმცა თან დასძინა, შარდის ანალიზმა შეიძლება ახალი მამხილებელი ნიშნები გამოავლინოს, ამიტომაც საქმე მაშინ თავიდან იქნება გადასახედიო და სათვალის ზემოდან გამარჯვებულმა ზუსტად ისე გადმოხედა, როგორც განსასჯელის წინაშე თვითონ ივან ილიჩი ათასჯერ მაინც მოქცეულა... მთავარი მაინც ის იყო, ექიმის ამ დასკვნის მიხედვით, ივან ილიჩი მიხვდა, რომ მისი საქმე ცუდადაა და მაშინ როცა ის ასე ცუდად არის, ექიმისთვის და საერთოდ სხვა ყველასათვისაც ეს სულერთია... ამან ივან ილიჩს გული ატკინა, გააოცა, ექიმის ამგვარი გულგრილობის გამო ბრაზმა და გულისწყრომამ მოიცვა, საკუთარი თავი შეეცოდა. წამოდგა, ექიმს ფული მაგიდაზე დაუდო, ამოიოხრა და ეუბნება: – ჩვენ, ავადმყოფები ალბათ ხშირად ვიძლევით უადგილო შეკითხვებს. მიუხედავად ამისა, მაინც გეკითხებით, არის თუ არა საშიში ჩემი ავადმყოფობა? ექიმმა სათვალიდან ცალი თვალით ისე მკაცრად გადმოხედა, თითქოს ეუბნებოდა – განსასჯელო, თუ თქვენ ჩემ მიერ დასმული კითხვების საზღვრებიდან გამოხვალთ, იძულებული ვიქნები, განკარგულება გავცე, რათა კრებიდან გაგაძევონო და ბოლოს უთხრა: – მე უკვე გითხარით, რაც საჭიროდ ჩავთვალე, დანარჩენს გამოკვლევა გვიჩვენებს, – თქვა და გამომშვიდობების ნიშნად თავი დაუკრა. ივან ილიჩი ოთახიდან ნელა გავიდა, მარხილში უხალისოდ ჩაჯდა და შინისკენ გასწია. მთელი გზა ექიმის ნათქვამ თითოეულ სიტყვას იხსენებდა, ცდილობდა, ის გაუგებარი სამეცნიერო სიტყვები ადამიანურ ენაზე ეთარგმნა და – მართლა, ძალიან ცუდად ვარ თუ ჯერ კიდევ არამიშავსო, – ამოეკითხა თავისი ამ კითხვის პასუხი. ყველაფერი, რაც ექიმმა თქვა, იმაზე მიანიშნებს, რომ საქმე ძალიან ცუდად არისო – გაიფიქრა გუნებაში... ქუჩაში ყველაფერი სევდიანი ეჩვენა, მეეტლეები სევდიანები იყვნენ, სევდიანი იყო სახლები, გამვლელ-გამომვლელები, სევდიანი იყო ჯიხურები. ეგონა, ამ ყრუ, მოუშუშებელმა ტკივილმა ექიმის გაუგებარი სიტყვების, მისი ბუნდოვანი ლაპარაკის შემდეგ გაცილებით სეროზული სახე მიიღო და საკუთარ ტკივილს ახლა კიდევ უფრო გულდამძიმებული უსმენდა. სახლში რომ მივიდა, ცოლს ამ ყველაფრის მოყოლა დაუწყო, მაგრამ შუა მოყოლაში რომ იყო, შლაპაში გამოპრანჭული მისი ქალიშვილი შემოვიდა (დედაც და შვილიც, ეტყობა, სადღაც აპირებდნენ წასვლას), ჩამოჯდა, მამას ცოტა ხანს უსმინა, მოსაწყენი ამბის მოსმენას დიდხანს ვერ გაუძლო და გავიდა. ბოლომდე არ მოუსმენია არც დედამისს. – ახლა ძალიან გახარებული ვარ. აბა, შენ იცი, დროზე მიიღე წამლები... აი ეგ რეცეპტი კი მომეცი, ახლავე გერასიმს აფთიაქში გავგზავნი, – უთხრა და ისიც ტანსაცმლის გამოსაცვლელად ოთახიდან გავიდა. ვიდრე პრასკოვია ფეოდოროვნა მასთან ოთახში იყო, ივან ილიჩს სუნთქვა ეკვროდა, მხოლოდ მაშინ ამოისუნთქა თავისუფლად, როცა ის ოთახიდან გავიდა და – ვნახოთ, იქნებ არც ისე ცუდად არის საქმეო, – თქვა ხმამაღლა. წამლები დალია, შარდის გამოკვლევის შემდეგ ექიმის მიერ შეცვლილი დანიშნულებები ბეჯითად შეასრულა. თუმცა, როგორც ამ გამოკვლევაში და იმაშიც, რაც ამ გამოკვლევას უნდა მოჰყოლოდა, რაღაც გაუგებრობა მოხდა და იმის გამო, რომ ექიმს ან დაავიწყდა გაფრთხილება, ან დაუმალა რაღაც, იძულებული იყო ისე მოქცეულიყო, როგორც ამას ექიმი გამოკვლევამდე მოითხოვდა. ხოლო ექიმთან რომ შესულიყო და რჩევა ეკითხა, მასთან შეღწევა თითქმის შეუძლებელი იყო. მიუხედავად ამისა, ივან ილიჩი მაინც ზუსტად ასრულებდა ექიმის ამ დანიშნულებას და ამან პირველ ხანებში თითქოს ცოტა შვება მისცა. მას შემდეგ, რაც ექიმმა მასთან სიარული დაიწყო, ივან ილიჩის მთავარი საქმე და საზრუნავი პირადი ჰიგიენა და ექიმის გამოწერილი წამლების ზუსტი მიღება იყო. ამასთან ერთად უნდა დაკვირვებოდა, როგორ მოქმედებდა ტკივილი მთელ მის ორგანიზმზე. ახლა ივან ილიჩი უმეტესად ადამიანის ჯანმრთელობით, ადამიანების ავადმყოფობების გამომწვევი მიზეზებით იყო დაინტერესებული. როცა მისი თანდასწრებით ავადმყოფობაზე, სიკვდილზე, ადამიანის განკურნებაზე ლაპარაკობდნენ, განსაკუთრებით იმ ავადმყოფობაზე, რა ავადმყოფობაც თავად სჭირდა... მოსმენით ყველას უსმენდა, ყველას ყველაფერს ეკითხებოდა, თავის განცდებს კი მალავდა – ყოველ შემთხვევაში, ცდილობდა დაემალა. მართალია, ტკივილი არ იკლებდა, მაგრამ ივან ილიჩს უნდოდა შთაეგონებინა საკუთარი თავი, არა, კარგად ვარო და თუ ვინმე ან რაიმე არ გააღიზიანებდა, ახერხებდა კიდევაც თავის მოტყუებას. თუმცა, როგორც კი ცოლთან უსიამოვნება მოუხდებოდა, სამსახურში საქმე ისე არ გამოუვიდოდა, როგორც სურდა, ან ბანქოს თამაშისას ცუდი კარტი აღმოაჩნდებოდა, ტკივილს და ავადმყოფობას მაშინ მთელი ძალით გრძნობდა. ზოგჯერ მოერეოდა მთელ ამ უსიამოვნო განცდებს – მანამდე ვიბრძოლებ, მანამდე დაველოდები, ვიდრე ამ ტკივილზე, ამ ავადმყოფობაზე არ გავიმარჯვებ, ვიდრე დიდ შლემს არ დავიმსახურებო. მაგრამ, ყოველი მარცხი ახლა წელში ტეხდა, სასოწარკვეთილებაში აგდებდა – «ეს-ესაა გამოჯანმრთელების გზას დავადექი, წამლებმა მოქმედება დაიწყო და აი, ისევ ეს წყეული ტკივილები, რომელიც ასე მანადგურებს», – ეუბნებოდა თავის თავს... ბრაზობდა თავის ავადმყოფობაზე, ბრაზობდა ადამიანებზე, რომლებიც მომაკვდინებელ უსიამოვნებას აყენებდნენ და გრძნობდა, როგორ ანადგურებდა ეს ბრაზი, თუმცა თავის შეკავება არ შეეძლო, მაშინ, როცა მისთვის ნათელი უნდა ყოფილიყო, ძალას როგორ მატებდა მის ავადმყოფობას ეს ბრაზი, ეს გაღიზიანება ადამიანებსა თუ გარემოზე. საჭირო იყო, ყურს იქით გაეშვა, თვალი აერიდებინა ამ უსიამოვნებებისათვის, მაშინ, როცა ამის საწინააღმდეგოდ იქცეოდა... მართალია, ამბობდა, ჩემთვის სიმშვიდეა საჭიროო, ყველაფერს ყურადღებით აკვირდებოდა, მაგრამ თუ რამ სიმშვიდეს დაურღვევდა, მაინც ბრაზობდა, მაინც ღიზიანდებოდა. მდგომარეობას ისიც ართულებდა, რომ წიგნებს მედიცინაზე ინტერესით კითხულობდა და სრულიად უმნიშვნელოზეც კი რჩევას ექიმს ეკითხებოდა... ავადმყოფობა ისე თანაზომიერად, ისე თანმიმდევრულად უარესდებოდა, დღევანდელ მდგომარეობას გუშინდელს რომ შეადარებდა, განსხვავება იმდენად მცირე იყო, შეეძლო თავიც კი მოეტყუებინა, მაგრამ დაელაპარაკებოდა ექიმს და მისთვის უკვე აშკარა იყო, რომ მდგომარეობა არათუ უმჯობესდებოდა, არამედ პირიქით, უარესდებოდა, თანაც ძალიან სწრაფად. მიუხედავად ამისა, ექიმს მაინც გამუდმებით აკითხავდა, რჩევას ეკითხებოდა. ამ თვეში უკვე მეორე ცნობილ ექიმთანაც იყო და იმ მეორე ცნობილმა ექიმმაც თითქმის იგივე უთხრა, რაც პირველმა, თუმცა ძალიან განსხვავებულად. კითხვებიც ისეთი დაუსვა, რამაც ეჭვი და შიში კიდევ უფრო გაუმძაფრა... ამის შემდეგ კიდევ ერთ ძალიან კარგ ექიმს, თავისი მეგობრის მეგობარს მიაკითხა, რომელმაც სრულიად სხვაგვარად წარმოადგინა მისი ავადმყოფობა და შეჰპირდა, რომ დაუბრუნებდა ჯანმრთელობას, თუმცა თავისი კითხვებით და ვარაუდით კიდევ უფრო დააბნია და დააეჭვა.. იყო ჰომეოპატიც, ვინც ძალიან განსხვავებულად ახსნა მისი ავადმყოფობა და წამლებიც გადასცა, რომელსაც ივან ილიჩი ფარულად სვამდა, მაგრამ ერთმა კვირამ რომ გაიარა და შვება იოტისოდენადაც ვერ იგრძნო, რწმენა, როგორც ამ ჰომეოპატის, ისე იმ ორი ექიმისაც სრულიად დაკარგა და გული კიდევ უფრო დაუმძიმდა... ერთხელ ერთი მანდილოსანი მოუყვა, ხატებმა ავადმყოფი როგორ განკურნეს. ივან ილიჩი იმ ქალს დიდი ყურადღებით უსმენდა და ის, რომ მისი მონაყოლი დაიჯერა, ნუთუ ასე გამოვშტერდიო?! – შეშინებულმა გაიფიქრა... «სისულელეა, არ შეიძლება, არ უნდა ავყვე ეჭვებს, ერთ ექიმს რომ ავირჩევ, რასაც დამინიშნავს, რასაც მირჩევს, უნდა დავემორჩილო... ამიერიდან ასედაც მოვიქცევი, ცუდზე აღარაფერზე ვიფიქრებ. გაზაფხულამდე ბეჯითად ვიმკურნალებ, მერე კი ვნახოთ!..» ამის თქმა ადვილი იყო, ხოლო შესრულება თითქმის შეუძლებელი. ტკივილი სულ უფრო მატულობდა, პირში ისეთი უცნაური გემო ჰქონდა, ასე ეგონა, იქიდან რაღაც საშინელება მოდიოდა. ამის გამო მადა სრულიად დაკარგა და თანდათან დასუსტდა. თავის მოტყუებას აზრი აღარ ჰქონდა – აშკარა იყო, რაღაც უფრო საშინელი, ახალი, რაღაც ძალიან მნიშვნელოვანი ხდებოდა მის ორგანიზმში და ეს მხოლოდ მან – ივან ილიჩმა იცოდა. მის ცოლ-შვილს არ ესმოდა მისი, ასე ეგონათ, ყველაფერი ისევ ძველებურად იყო, ეს კი გულს ყველაზე მეტად სტკენდა. შინაურებს, განსაკუთრებით ცოლს და ქალიშვილს, რომლებსაც სახლში თითქმის ვერ ხედავდა, არათუ არ გაეგებოდათ მისი მდგომარეობა, სწყინდათ, ასეთი მოწყენილი, ასეთი მომთხოვნი რატომ იყო. მართალია, ხმამაღლა არ ამბობდნენ, მაგრამ, ივან ილიჩი გრძნობდა, რომ ხელს უშლიდა მათ... ცოლმა მისი ავადმყოფობის მიმართ თავისი დამოკიდებულება გამოიმუშავა და იმის მიუხედავად, ქმარი რას ამბობდა, ან რას აკეთებდა, ჯიუტად იდგა თავისაზე. – იცით, – ეუბნებოდა პრასკოვია ფეოდოროვნა ნაცნობებს, – ივან ილიჩს არ შეუძლია ისევე ზუსტად დაიცვას ექიმის მიერ დანიშნული მკურნალობა, როგორც ყველა წესიერი ადამიანი უნდა იცავდეს, – დღეს დალევს წვეთებს, ჭამს იმას, რასაც ექიმის დანიშნულების მიხედვით უნდა ჭამდეს, იძინებს დროზე, ხოლო მეორე დღეს, თვალი მე თუ არ მივადევნე, წამლის დალევაც ავიწყდება, ზუთხსაც კარგად მიირთმევს და ღამის პირველ საათამდე ბანქოსაც არხეინად უზის. – არა, აბა, როდის?! ეს ხომ მხოლოდ ერთხელ იყო, ისიც პეტრე ივანოვიჩთან, – იტყოდა ივან ილიჩი ნაწყენი. – გუშინ? გუშინ შებეკთან როგორღა მოიქეცი? – რა უნდა მექნა, სულერთია, მაინც ვერ დავიძინებდი ტკივილისგან. – რაც უნდა ყოფილიყო და რისგანაც უნდა ყოფილიყო, ასე ვერ გამოჯანმრთელდები და ამით ჩვენც გვტანჯავ და გვაწამებ... როგორც სხვების, ისე თვითონ ივან ილიჩის გამონათქვამების მიხედვით, პრასკოვია ფეოდოროვნას დამოკიდებულება ქმრის ავადმყოფობის მიმართ გარეგნულად ასეთი იყო: «საკუთარ ავადმყოფობაში ივან ილიჩი თვითონ არის დამნაშავე, ხოლო ეს ავადმყოფობა ჩემ მიმართ მოყენებული ერთი დიდი უსიამოვნებაა...» ივან ილიჩი გრძნობდა, პრასკოვია ფეოდოროვნას ეს მისდაუნებურად გამოსდიოდა, მაგრამ მას ეს სულაც არ ამშვიდებდა. ამჩნევდა, ან შეიძლება ფიქრობდა, რომ მის მიმართ სასამართლოშიც ზუსტად ასეთი უცნაური დამოკიდებულება ჰქონდათ. ეგონა, ისე მიყურებენ, როგორც იმ ადამიანს, ვინც სამსახურში ადგილს მათთვის მალე გაათავისუფლებს... მისი ამ ეჭვიანობის გამო ამხანაგები უცებ მეგობრულად დაუწყებდნენ ხუმრობას, თითქოს ის რაღაც შემაძრწუნებელი, შიშის მომგვრელი და გაუგონარი, მის სხეულში რომ ჩაიბუდა, სისხლს სწოვს და სადღაც მიაქანებს, ყველაზე საინტერესო სახუმარო საგანი ყოფილიყოს. მოვიდოდნენ ამხანაგები ბანქოს სათამაშოდ, მოთელავდნენ უხმარ, გატკიცინებულ კარტს, გაჭრიდნენ, აურევდნენ, ერთმანეთის მიყოლებით დაალაგებდნენ შვიდივე აგურს. უკოზიროდ, – იტყოდა პარტნიორი და დააფარებდა ხელს ტუზს... რა იყო კიდევ? იყო ის, რომ მხნეს და მხიარულს უნდოდა დიდი შლემი მოეგო... მაგრამ ფერდში უცებ იმ სისხლისმწოველ ტკივილს იგრძნობდა, იგრძნობდა პირში იმ უსიამოვნო გემოს და ის, რომ შეიძლებოდა ახლა შლემს გაეხარებინა, უცნაურად მოეჩვენებოდა. უყურებდა მიხაილ მიხაილოვიჩს, პარტნიორს, უყურებდა, როგორ ურტყამდა სანგვინიკურ ხელს მაგიდას, როგორ იკავებდა თავს, კარტს არ ჭრიდა და ივან ილიჩს კარტების მოგროვებით სიამოვნება რომ მიენიჭებინა, ხელი შორს არ გაეწოდებინა და არ შეწუხებულიყო, კარტებს მიუცურებდა... «ნუთუ ჰგონია, ისე დავძაბუნდი, ხელის გაწოდებაც აღარ შემიძლიაო», – გაიფიქრებდა ივან ილიჩი, კოზირის აღება დაავიწყდებოდა, თავის თულფს კიდევ ერთხელ ზედმეტად ჩამოვიდოდა და წააგებდა შლემს. მაგრამ ყველაზე ცუდი ის არის, ხედავდა, ამ წაგების გამო, როგორ იტანჯებოდა მიხაილ მიხაილოვიჩი, მაშინ როცა მისთვის ყველაფერი სულერთი გახლდათ, თუმცა მეტად მტკივნეული იყო ფიქრი იმაზე, თუ რატომ იყო მისთვის ყველაფერი ასე სულერთი. ხედავენ, ცუდად არის და – თუ დაიღალეთ, შეგვიძლია შევწყვიტოთ თამაში, დაისვენეთო, – ეუბნებიან... «დაისვენოს? არა, რატომ?! არ არის დაღლილი! ამ ხელს სხვებთან ერთად უსათუოდ ჩაამთავრებს...» ყველა მოღუშულია, ხმას არავინ იღებს. ივან ილიჩი გრძნობს, რომ ასეთი მოწყენილები მის გამო არიან, მაგრამ მათ დასამშვიდებლად არაფერი შეუძლია. სტუმრები ივახშმებენ და წავლენ, თვითონ კი დარჩება აქ მარტო, დარჩება იმ განცდით, რომ ცხოვრება არა მარტო მისთვის იქცა საწამლავად, არამედ სხვებსაც უწამლავს სიცოცხლეს და რომ ის საწამლავი არათუ იკლებს, არამედ სულ უფრო მეტად და მეტად წამლავს მის ორგანიზმს. ამ განცდით, ამ ფიზიკური ტკივილით, დაწვება ახლა დასაძინებლად და მთელ ღამეს თეთრად გაათენებს. დილით ისევ ადგება, გამოეწყობა, წავა სასამართლოში და ჩაერთვება ისევ თავის საქმეში – დაწერს, ილაპარაკებს... თუ არ წავა, მთელი ოცდაოთხი საათი სახლში თუ იჯდება, ყოველ წუთს და საათს წამებაში გაატარებს... იქნება ასე მარტოდმარტო, სასიკვდილოდ განწირული, გვერდით ერთი ადამიანიც არ ეყოლება, ვინც გაუგებს და ვისაც შეეცოდება. გაგრძელება →…
დაამატა Kakha to ლიტერატურა at 3:00pm on დეკემბერი 24, 2018
გვერდი: მიტროპოლიტი ანტონ სუროჟელი - შეხვედრა ცოცხალ ღმერთთან
მიტროპოლიტი ანტონ სუროჟელი - შეხვედრა ცოცხალ ღმერთთან      საუბარს რწმენის შესახებ მსჯელობით დავიწყებთ. რწმენას ხშირად რელიგიის ცნებას უკავშირებენ. მაგრამ სინამდვილეში ეს სიტყვა გაცილე
დაამატა დავით ბილიხოძე to დარიგებანი at 7:59am on ივლისი 24, 2013
თემა: ეშმაკეულნი
ბაზაში (ასანთის მასალათა მთავარ ცენტრალურ ბაზაში) უცვლელად მსახურობდა საქმისმწარმოებლის საშტატო თანამდებობაზე და მთელი 11 თვე იმსახურა.       ასანთმასალაში მოკალათებულმა, წყნარმა, ქერათმიანმა კოროტკოვმა გულიდან სამუდამოდ ამოიგდო აზრი, რომ ამქვეყნად არსებობდა ეგრეთ წოდებული ბედის უკუღმართობანი და ამის ნაცვლად რწმენა ჩაინერგა, რომ ამ ბაზაში იმსახურებდა დედამიწაზე სიცოცხლის დასრულებამდე, მაგრამ ყოველივე სხვაგვარად წარიმართა.       1921 წლის 20 სექტემბერს ასანთმასალის მოლარემ საძაგელი ყურებიანი ქუდი დაიხურა. პორტფელში ზოლებიანი ასიგნობა(ასიგნობა – დოკუმენტი, რომლის მიხედვითაც ბანკი თანხას აძლევს.) ჩაიდო და წავიდა. ეს იყო ღამის 11 საათზე.       იგი ნაშუადღევს, ხუთის ნახევარზე, მთლად გალუმპული დაბრუნდა, ქუდი დაფერთხა, მაგიდაზე დადო, ზედ პორტფელი ჩამოდო და თქვა:       – ბატონებო, ზედახორას ნუ გამართავთ.       მერე რატომღაც მაგიდის უჯრა ამოქექა, ოთახიდან გავიდა, თხუთმეტი წუთის შემდეგ დიდი, კისერმოგრეხილი მკვდარი ქათამი მოიტანა, პორტფელზე დადო, მარჯვენა ხელი დააყრდნო და წარმოთქვა:       – ფული არ იქნება.       – ხვალ? – ერთხმად შეჰყვირეს ქალებმა.       – არა, – თავი გააქნია მოლარემ, – არც ხვალ იქნება და არც ზეგ. ბატონებო, ზედახორას ნუ გამართავთ, თორემ მაგიდას გადამიბრუნებთ.       – რაო? – შესძახა ყველამ, მათ შორის მიამიტმა კოროტკოვმაც.       – ამხანაგებო! – ტირილნარევი ხმით ამღერდა მოლარე და კოროტკოვი იდაყვით მოიცილა, – გთხოვთ!       – ეს როგორ შეიძლება? – ყვიროდნენ ყველანი და ყველაზე ხმამაღლა – კომიკოსი კოროტკოვი.       – აი, ნახეთ, – ჩახრინწული ხმით თქვა მოლარემ, პორტფელიდან ასიგნობა ამოიღო და კოროტკოვს აჩვენა.       იმ ადგილას, სადაც მოლარე ჭუჭყიან ფრჩხილს უსვამდა, წითელი მელნით ირიბად იყო წარწერილი:       „გაეცით. სუბოტნიკოვის ნაცვლად – სენატი“.       უფრო ქვემოთ იისფერი მელნით ეწერა:       „ფული არ არის. ივანოვის ნაცვლად – სმირნოვი“.       – რაო? – მარტო კოროტკოვმა შეჰყვირა, ხოლო დანარჩენები მოლარეს ხვნეშით მიესივნენ.       – ოჰ, ღმერთო ჩემო! – აწუწუნდა დაბნეული მოლარე, – მე რა შუაში ვარ? ღმერთო ჩემო!       მერე ასიგნობა პორტფელში ფაცაფუცით ჩატენა, ქუდი დაიხურა, პორტფელი იღლიაში ამოიჩარა, თავი გაიქნ-გამოიქნია და შეჰყვირა: გეთაყვა, გამატარეთო! ცოცხალი კედელი გაარღვია და კარში გაუჩინარდა.       მოლარეს წრიპინით გაედევნა გაფითრებული რეგისტრატორი ქალი. მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი ეცვა. მარცხენა წვეტიანი ქუსლი ზედ კართან ღრაჭუნით მოსძვრა. ქალი შეტორტმანდა, ფეხი ასწია და ფეხსაცმელი გაიძრო.       ცალ ფეხზე ფეხსაცმელგაძრობილი ქალიც და დანარჩენებიც, მათ შორის კოროტკოვი, ოთახში დარჩნენ. II - წარმოების პროდუქტები       ზემოაღწერილი ამბიდან სამი დღის შემდეგ იმ ოთახის კარი, სადაც კოროტკოვი საქმიანობდა, ქალმა შემოაღო, ნამტირალევი სახე გამოაჩინა და ბრაზიანად თქვა:       – ამხანაგო კოროტკოვო, წადით, ხელფასი მიიღეთ.       – რა? – შესძახა გახარებულმა კოროტკოვმა და „კარმენის“ უვერტიურის სტვენით გაიქცა იმ ოთახისკენ, რომლის კარზე ეწერა: „სალარო“. მოლარის მაგიდასთან შეჩერდა და პირი ფართოდ გააღო. ყვითელი შეკვრების ორი მსხვილი სვეტი ჭერამდე აზიდულიყო. პასუხი რომ არ გაეცა შეკითხვებზე, გაოფლილსა და აღელვებულ მოლარეს ასიგნობა კედელზე ქინძისთავით მიემაგრებინა. ასიგნობაზე ახლა მესამე, მწვანე მელნით წარწერილი სიტყვები მოჩანდა:       „გაიცეს წარმოების პროდუქტებით.       ამხ. ბოგოიავლენნის ნაცვლად – პრეობრაჟენსკი.       მეც ასე მიმაჩნია – კშესინსკი“.       მოლარის ოთახიდან გამოსული კოროტკოვი სულელურად იღიმებოდა. ხელებში ოთხი დიდი, ყვითელი, ხუთი პატარა, მწვანე შეკვრა ეჭირა, ხოლო ჯიბეში ასანთის ცამეტი ლურჯი კოლოფი ედო. თავის ოთახში დაბრუნებული გაოცების გამომხატველ ხმათა გუგუნს უსმენდა, კანცელარიიდან რომ მოისმოდა, თანაც ასანთის კოლოფებს დღევანდელი გაზეთის ორ უზარმაზარ ფურცელში ფუთავდა. მერე სამსახურიდან შინ ისე წავიდა, არავისთვის არაფერი უთქვამს. ასანთმასალის სადარბაზო შესასვლელის წინ კინაღამ ავტომობილს ჩაუვარდა, რომლითაც ვიღაც მოვიდა, მაგრამ სახელდობრ ვინ, კოროტკოვმა თვალი ვერ მოჰკრა.       შინ როცა მივიდა, ასანთები მაგიდაზე დაალაგა, განზე გადგა და აათვალიერ-ჩაათვალიერა. სახიდან სულელური ღიმილი არ სცილდებოდა. მერე ქერა თმა აიჩეჩა და საკუთარ თავს უთხრა:       – გული არ უნდა გავიტეხოთ. ახლა გაყიდვას უნდა შევეცადოთ.       მერე მეზობელს, გუბღვინსაწყობის მოსამსახურეს, ალექსანდრა ფიოდოროვნას მიუკაკუნა.       – შემოდით, – ყრუდ მოისმა ხმა ოთახიდან.       კოროტკოვი შევიდა და განცვიფრდა. სამსახურიდან ადრე დაბრუნებული ალექსანდრა ფიოდოროვნა იატაკზე ჩაცუცქულიყო. პალტო არ გაეხადა და ქუდიც ისევ ეხურა. წინ მწკრივად ეწყო გაზეთის ქაღალდით პირდაცობილი, მუქწითელი სითხით სავსე ბოთლები. სახე ნამტირალევი ჰქონდა.       – 46, – თქვა მან და კოროტკოვისკენ მოტრიალდა.       – მელანია?.. გამარჯობა, ალექსანდრა ფიოდოროვნა, – მიესალმა განცვიფრებული კოროტკოვი.       – საეკლესიო ღვინოა, – სლუკუნით უპასუხა მეზობელმა.       – რაო, თქვენც ასე გადაგიხადეს? – ამოიოხრა კოროტკოვმა.       – თქვენც საეკლესიო ღვინო მოგცეს? – გაუკვირდა ალექსანდრა ფიოდოროვნას.       – ჩვენ – ასანთი, – მილეული ხმით უპასუხა კოროტკოვმა და პიჯაკის ღილის ტრიალი დაიწყო.       – ეგ ასანთი ხომ არ ინთება! – შესძახა ალექსანდრა ფიოდოროვნამ, წამოდგა და კაბა ჩამოიფერთხა.       – როგორ თუ არ ინთება? – შეშინდა კოროტკოვი და თავისი ოთახისკენ გაექანა. იქ ერთი წუთიც არ დაუკარგავს, კოლოფს ხელი დასტაცა, გახსნა და ასანთი გაჰკრა. ასანთმა გაიშიშინა, მომწვანო ალი დააკვესა, გადატყდა და ჩაქრა. გოგირდის მწვანე სუნით სულშეხუთულმა კოროტკოვმა ავადმყოფურად დაახველა და მეორე ასანთს გაჰკრა. ასანთმა გაიტკაცუნა და ორი ნაპერწკალი გატყორცნა. ერთი ნაპერწკალი ფანჯრის მინას დაეჯახა, მეორე კი ამხანაგ კოროტკოვს თვალში ეცა.       – ა-აჰ! – შეჰყვირა კოროტკოვმა და კოლოფი ხელიდან გაუვარდა.       იგი რამდენიმე წამს ფეხებს ფიცხი ცხენივით აბაკუნებდა და თვალზე ხელისგულს იჭერდა. მერე წვერის საპარს სარკეში შიშით ჩაიხედა, დარწმუნებული იყო, რომ თვალი აღარ ჰქონდა, მაგრამ თვალი თავის ალაგას აღმოჩნდა. თუმცა ჩასწითლებოდა და ცრემლები სდიოდა.       – ოჰ, ღმერთო ჩემო! – თქვა გამწარებულმა კოროტკოვმა, კამოდიდან დაუყოვნებლივ ამოიღო ამერიკული ინდივიდუალური პაკეტი(1920 წლის დასაწყისში მოქმედებდა „დამშეულთა დახმარების ამერიკული ადმინისტრაცია“, რომელიც საბჭოთა რუსეთს სურსათსა და მედიკამენტებს აწვდიდა.), გახსნა, თავის მარცხენა მხარე შეიხვია და ბრძოლაში დაჭრილს დაემგვანა.       კოროტკოვს მთელი ღამე შუქი არ ჩაუქრია, იწვა და ასანთს ატკაცუნებდა. ამგვარად სამი კოლოფი დააცარიელა, თანაც, 63 ასანთის ანთება შეძლო.       – მიჰქარავს ის სულელი, – ბუზღუნებდა კოროტკოვი, – მშვენიერი ასანთია.       დილა როცა მოახლოვდა, ოთახი სულის შემხუთავი გოგირდის სუნით გაივსო. გამთენიისას კოროტკოვმა დაიძინა და სულელური, საშინელი სიზმარი ნახა: თითქოს მწვანე მდელოზე მის წინაშე უზარმაზარი, ცოცხალი, ფეხებიანი ბილიარდის ბურთი გაჩნდა. ეს ისეთი საძაგელი რამ იყო, რომ კოროტკოვმა შეჰყვირა და გაიღვიძა. მღვრიე წყვდიადში ხუთიოდე წამს კიდევ ეჩვენებოდა, რომ ბურთი იქვე, საწოლის გვერდით იყო და გოგირდის ძალიან ძლიერი სუნი იდგა. მაგრამ მერე ყველაფერმა გაიარა; კოროტკოვმა გვერდი იცვალა, დაიძინა და დილამდე აღარ გაღვიძებია. III - მელოტი გამოჩნდა       მეორე დილას კოროტკოვმა სახვევი გადაიწია და დარწმუნდა, რომ თვალი თითქმის მორჩენოდა, მაგრამ ზედმეტად ფრთხილი გახლდათ და გადაწყვიტა, სახვევი ჯერჯერობით არ მოეხსნა.       სამსახურში ძალზე დაგვიანებით მისული ეშმაკი კოროტკოვი პირდაპირ თავის ოთახში შევიდა, რათა დაბალი ჩინის მოსამსახურეებში მითქმა-მოთქმა არ გამოეწვია. მაგიდაზე ქაღალდი დახვდა, სადაც დაკომპლექტების ქვეგანყოფილების გამგე ბაზის გამგეს ეკითხებოდა, მანქანაზე მბეჭდავ ქალებს ფორმის ტანსაცმელი დაურიგდებათ თუ არაო. კოროტკოვმა ქაღალდი მარჯვენა თვალით წაიკითხა, ხელში აიღო და ბაზის გამგის, ამხ. ჩეკუშინის კაბინეტისკენ დერეფანს გაუყვა.       კაბინეტის კართან უცხო კაცს შეეფეთა, ვისმა გარეგნობამაც განაცვიფრა. ისეთი ტანდაბალი იყო, მაღალ კოროტკოვს წელამდე ძლივს სწვდებოდა. სამაგიეროდ, უჩვეულოდ მხარბეჭიანი გახლდათ. კვადრატული სხეული მოკვანტილ ფეხებს ეყრდნობოდა, თანაც მარცხენა ფეხით კოჭლობდა. ყველაზე თვალში საცემი კი თავი ჰქონდა, კვერცხის ზუსტ, კისერზე ჰორიზონტალურად დადგმულ, გიგანტურ მოდელს რომ წარმოადგენდა. წვეტიანი მხარე წინ მიექცია, კვერცხივით იყო მოტვლეპილი და ისე ლაპლაპებდა, კეფაზე ელექტრული ნათურები ჩაუქრობლად ენთო. ერთი ბეწო სახე ისე სუფთად გაეპარსა, სილურჯე გადაჰკრავდა. პაწაწკინა, ქინძისთავის მსგავსი, მწვანე თვალები ბუდეებში ღრმად ეჯდა. ნაცრისფერი სასაბნე ქსოვილისგან შეკერილი, ღილებჩახსნილი ფრენჩი ეცვა, რომლის შიგნითაც უკრაინული ნაქარგი პერანგი მოუჩანდა. იმავე ქსოვილის შარვალი ალექსანდრე II-ის დროინდელ დაბალყელიან ჰუსარულ ჩექმებში ჰქონდა ჩატანებული.       „რა ტიპია“, – გაიფიქრა კოროტკოვმა და ჩეკუშინის კარისკენ გაექანა, თან შეეცადა, თავმოტვლეპილი კაცისთვის გვერდი აექცია, მაგრამ ეს კაცი მოულოდნელად წინ გადაეღობა.       – რა გინდათ? – ისეთი ხმით ჰკითხა კოროტკოვს თავმოტვლეპილმა, რომ ნერვიული საქმისმწარმოებელი შეკრთა. ეს ხმა სპილენძის ტაშტის ხმას ზედმიწევნით წააგავდა და ისეთი ტემბრი ჰქონდა, მსმენელს ყოველი სიტყვის გაგონებაზე ეჩვენებოდა, ხერხემლის გასწვრივ ხორკლიანი მავთული ჩამისრიალესო. ამას გარდა, კოროტკოვს ისიც მოეჩვენა, უცნობის სიტყვებს ასანთის სუნი უდისო.       წინდაუხედავმა კოროტკოვმა ყოველივე ამას ყურადღება არ მიაქცია და ის ქნა, რაც არაფრის დიდებით არ უნდა ექნა, – განაწყენდა.       – ჰმ... საკმაოდ უცნაურია. ქაღალდი მიმაქვს... იქნებ მითხრათ, თქვენ ვინ ბრძან...       – ვერ ხედავთ, კარზე რა წერია?       კოროტკოვმა კარს შეხედა და დიდი ხნის ნაცნობი წარწერა დაინახა: „მოუხსენებლად ნუ შემოხვალთ“.       – სწორედაც მოხსენებით შევდივარ, – სულელურად უპასუხა კოროტკოვმა და თავის ქაღალდზე მიუთითა.       თავმოტვლეპილი, კვადრატული კაცი მოულოდნელად განრისხდა, თვალებიდან მოყვითალო ნაპერწკლები დააკვესა.       – ამხანაგო, – ქვაბისებური ხმით გააყრუა კოროტკოვი, – თქვენ ისეთი განუვითარებელი ხართ, რომ ყველაზე უბრალო სამსახურებრივი წარწერის მნიშვნელობა ვერ გაგიგიათ. მიკვირს, აქამდე როგორ მსახურობდით. საერთოდაც, თქვენთან ბევრი რამ არის საინტერესო. მაგალითად, ყოველ ნაბიჯზე თვალახვეულები მხვდებიან, მაგრამ არა უშავს. ყველაფერს მოვაწესრიგებთ („ჰო-ო!“ – გულში შესძახა კოროტკოვმა), მომეცით!       თქვა ეს უცნობმა, კოროტკოვს ქაღალდი ხელიდან გამოსტაცა, სწრაფად წაიკითხა, შარვლის ჯიბიდან ქიმიური ფანქარი ამოიღო, ქაღალდი კედელზე მიატყეპა და რამდენიმე სიტყვა ირიბად წააწერა.       – წადით! – დაიგრგვინა მან და კოროტკოვს ქაღალდი ისე შეაჩეჩა, კინაღამ საღი თვალიც გამოსთხარა. კაბინეტის კარმა დაიწივლა და უცნობი შთანთქა, ხოლო კოროტკოვი ერთ ადგილას გაშეშდა, – ჩეკუშინი კაბინეტში არ იყო.       დაფეთებული კოროტკოვი გონს ნახევარი წუთის შემდეგ მოეგო, როცა ამხ. ჩეკუშინის პირად მდივანს ლიდოჩკა დე რუნის გადააწყდა.       – ო-ოხ! – ამოიხვნეშა ამხ. კოროტკოვმა. ლიდოჩკას თვალი ზუსტად ისეთივე ინდივიდუალური მასალით ჰქონდა შეხვეული, იმ განსხვავებით, რომ ბინტს ბოლოები კოპწიად ჰქონდა გამონასკვული.       – რა დაგემართათ?       – წყეული ასანთის ბრალია! – უპასუხა გაღიზიანებულმა ლიდოჩკამ.       – კაბინეტში ვინ არის? – ჩურჩულით ჰკითხა გულმოსულმა კოროტკოვმა.       – ნუთუ არ იცით? – აჩურჩულდა ლიდოჩკა, – ახალია.       – რაო? – დაიწრიპინა კოროტკოვმა, – ჩეკუშინი რა იქნა?       – გუშინ გააგდეს, – ბრაზიანად უპასუხა ლიდოჩკამ, თითი კაბინეტისკენ გაიშვირა და დაუმატა, – ეს კი კარგი ვინმეა. ასეთი საძაგელი ვიღაცა ჩემს სიცოცხლეში არ მინახავს. ღრიალებს! გაგრეკავთო! ეს ნიფხავგამოხეული! – დაუმატა მოულოდნელად.       – რა გვარ...       შეკითხვა ვერ დაამთავრა თვალებდაჭყეტილმა კოროტკოვმა, რადგან კაბინეტიდან შემზარავი ხმა მოისმა: „კურიერო!“ საქმისმწარმოებელი და მდივანი ქალი აქეთ-იქით გაცვივდნენ. თავის ოთახში შევარდნილი კოროტკოვი მაგიდას მიუჯდა და თავისთვის ალაპარაკდა:       – ვაი, ვაი... კოროტკოვო, თავი რა დღეში ჩაიგდე. ეს საქმე უნდა გამოვასწოროთ... „განუვითარებელი“.. ჰმ... თავხედი... კარგი! განახვებ, კოროტკოვი როგორი განუვითარებელია.       საქმისმწარმოებელმა მელოტის ნაწერი ცალი თვალით წაიკითხა. ქაღალდზე ირიბად ჩამწკრივებულიყო სიტყვები: „ყველა მემანქანეს და საერთოდ ყველა ქალს დროულად დაურიგდება ჯარისკაცური კალსონები“.       – კარგი რამეა! – შესძახა აღფრთოვანებულმა კოროტკოვმა და ნეტარებით შეთრთოლდა. როცა ჯარისკაცის ნიფხვიანი ლიდოჩკა თვალწინ დაუდგა. სუფთა ფურცელი ამოიღო და სამ წუთში შეთხზა:       „ტელეფონოგრამა.       დაკომპლექტების ქვეგანყოფილების გამგეს წერტილი თქვენი 19 რიცხვში გამოგზავნილი №0,15015/ბ მიწერილობის პასუხად მთავასანთმასალა გაცნობებთ მძიმე რომ ყველა მემანქანეს და საერთოდ ქალებს ჯარისკაცის კალსონები დროულად დაურიგდებათ წერტილი გამგე ტირე ხელმოწერა. საქმისმწარმოებელი ტირე ვარფოლომეი კოროტკოვი წერტილი“.       დარეკა და შემოსულ კურიერს, პანტელეიმონს უთხრა:       – გამგეს შეუტანე ხელმოსაწერად.       პანტელეიმონმა ტუჩები გაღეჭა, ქაღალდი გამოართვა და გავიდა.       კოროტკოვი ამის შემდეგ ოთხ საათს თავის ოთახში ყურგაფაციცებული იჯდა იმ ვარაუდით, თუ ახალი გამგე შენობას ჩამოივლის, უსათუოდ საქმეში ჩაფლული დავხვდეო. მაგრამ შემზარავი კაბინეტიდან ჩქამიც არ მოისმოდა. მხოლოდ ერთხელ გაისმა ბუნდოვანი თუჯისებური ხმა, ვიღაცას თითქოს სამსახურიდან დათხოვნით რომ ემუქრებოდა; ოღონდ ვის, კოროტკოვმა ვერ გაიგონა, თუმცა ყური გასაღების ჭუჭრუტანაზე ჰქონდა მიდებული. ნაშუადღევის ოთხის ნახევარზე კანცელარიის კედლის იქით პანტელეიმონის ხმა დაირხა:       – მანქანით წავიდა...       კანცელარია უმალ აჩოჩქოლდა. ყველანი გაიქც-გამოიქცნენ. ამხ. კოროტკოვი შინისაკენ ყველაზე ბოლოს მარტოდმარტო წავიდა. IV - პირველი პარაგრაფი – კოროტკოვი გაისტუმრეს       მეორე დილას გახარებული კოროტკოვი დარწმუნდა, რომ მის თვალს სახვევით მკურნალობა აღარ სჭირდებოდა, ამიტომ დამშვიდებულმა ბინტი მოიხსნა და უმალ შეიცვალა, უკეთესი შესახედავი შეიქნა. ჩაი ხელდახელ დალია, პრიმუსი ჩააქრო და სამსახურისკენ გაეშურა; ცდილობდა, არ დაეგვიანა, მაგრამ 50 წუთით დაიგვიანა იმის გამო, რომ ტრამვაი მეექვსე მარშრუტის ნაცვლად წრეზე წავიდა მეშვიდე მარშრუტით, შორეულ ქუჩებში გავიდა, სადაც პატარა სახლები იდგა და იქ გაფუჭდა. კოროტკოვმა სამი ვერსი ფეხით გაიარა და კანცელარიაში ქოშინით სწორედ მაშინ შეირბინა, როცა „ალპური ვარდის“ სამზარეულოს საათმა თერთმეტჯერ დარეკა. კანცელარიაში დილის თერთმეტი საათისთვის შეუფერებელი სანახაობა ელოდა. ლიდოჩკა დე რუნი, მილოჩკა ლიტოვცევა, ანა ევგრაფოვნა, უფროსი ბუღალტერი დროზდი, ინსტრუქტორი გიმტისი, ნომერაცკი, ივანოვი, მუშკა, რეგისტრატორი, მოლარე – მოკლედ, მთელი კანცელარია – ყოფილი რესტორნის, „ალპური ვარდის“ სამზარეულოს მაგიდებთან თავ-თავიანთ ადგილებზე კი არ ისხდნენ, არამედ მჭიდროდ შეჯგუფებულნი იდგნენ კედელთან, სადაც ლურსმნით იყო მიმაგრებული ფურცლის მეოთხედი. კოროტკოვის შესვლისთანავე უეცრად სიჩუმე ჩამოვარდა და ყველამ თავი დახარა.       – გამარჯობათ, ბატონებო, ეგ რა არის? – იკითხა განცვიფრებულმა კოროტკოვმა.       ჯგუფი შუაზე გაიპო და კოროტკოვი ფურცელთან მივიდა.       პირველი სტრიქონები კოროტკოვს გარკვევით, გამართულად შეაცქერდა, ბოლო სტრიქონები კი ცრემლნარევ, გამაოგნებელ ბურუსში გამოჩნდა.       ბრძანება №1       1. თავისი მოვალეობისადმი უკიდურესად დაუდევარი დამოკიდებულების გამო, რამაც მნიშვნელოვან სამსახურებრივ ქაღალდებში აღმაშფოთებელი არევ-დარევა გამოიწვია, აგრეთვე იმის გამო, რომ სახე, ალბათ, ჩხუბში დაისახიჩრა, ამხანაგი კოროტკოვი ამ თვის 26 რიცხვიდან გათავისუფლებულია. ტრამვაის ფული გადაეხადოს 25 რიცხვის ჩათვლით.       პირველი პარაგრაფი ამასთანავე უკანასკნელიც გახლდათ, ხოლო პარაგრაფის ქვემოთ მოჩანდა მსხვილი ასოები ხელმოწერისა:       „გამგე კალსონიერი...“       „ალპური ვარდის“ ბროლის მტვრიან დარბაზში ოც წამს იდეალური სიჩუმე გამეფდა. ყველაზე უკეთ, ღრმად, მკვდარივით დუმდა სახეგამწვანებული კოროტკოვი. ოცდამეერთე წამზე მდუმარება დაირღვა.       – რა? რა? – ორჯერ დაიწივლა კოროტკოვმა, როგორც ქუსლგატეხილმა „ალპური ვარდის“ ბოკალმა, – მისი გვარი კალსონიერია?       საზარელი სიტყვის გაგონებაზე კანცელარიის თანამშრომლები აქეთ-იქით გაცვივდნენ და თვალის დახამხამებაში მაგიდებთან ჩამწკრივდნენ, როგორც ყვავები ტელეგრაფის მავთულებზე. კოროტკოვის სახეზე მწვანე ობისფერს მეწამული ლაქები შეენაცვლა.       – ვაი, ვაი, ვაი, – დავთრიდან თავი აიღო და დაიგუგუნა მოშორებით მჯდარმა სკვორეცმა, – ჩემო კარგო, ეგ როგორ შეგეშალათ? ჰა?       – რ-რა ვ-ვი-ცი! – ჩაიბლუკუნა კოროტკოვმა, – „კალსონიერის“ ნაცვლად „კალსონები“ წავიკითხე. გვარს პატარა ასოთი წერს!       – მე ნიფხავს არ ჩავიცვამ, მშვიდად იყოს! – ბროლივით ჩააწკრიალა ლიდოჩკამ.       – სს! – გველივით ჩაისისინა სკვორეცმა, – რას ამბობთ? – იგი მთავარი ბუღალტრის ოთახში შეიმალა და ფურცელი აიფარა.       – სახის თაობაზე კი ნება არა აქვს! – წამოიყვირა კოროტკოვმა და მეწამულის ნაცვლად მიტკლისფერი დაედო, – მე ხომ თვალი ჩვენი საძაგელი ასანთით გამოვიწვი, როგორც ამხანაგმა დე რუნიმ.       – ჩუმად! – დაიწრიპინა გაფითრებულმა გიტისმა, – რას ამბობთ? გამგემ ასანთი გუშინ შეამოწმა და საუცხოოდ მიიჩნია.       დ-რ-რ-რ-რ-რ-რრრ, – უეცრად აჟღრიალდა ელექტროზარი კარს ზემოთ... იმავე წამს პანტელეიმონის მძიმე სხეული ტაბურეტიდან გადმოემხო და დერეფანში გაშლიგინდა.       – არა! განმარტებას მოვთხოვ! განმარტებას მოვთხოვ! – წვრილი ხმით წამოიყვირა კოროტკოვმა, ჯერ მარცხნივ გაქანდა, მერე მარჯვნივ, ადგილზე ფეხები ააბაკუნა, „ალპური ვარდის“ მტვრიან სარკეში მრუდედ აირეკლა, დერეფანში გასხლტა და მქრქალი ნათურების შუქისკენ გაიქცა, რომელიც ანათებდა წარწერას – „განცალკევებული კაბინეტები“, შემზარავი კარის წინ ქოშინით შეჩერდა და გონს მაშინ მოეგო, როცა პანტელეიმონის მკლავებში მოექცა.       – ამხანაგო პანტელეიმონ, – წამოიწყო აფორიაქებულმა კოროტკოვმა, – შემიშვი, გეთაყვა, გამგეს დაუყოვნებლივ უნდა ველაპარაკო...       – არ შეიძლება, არ შეიძლება, ნაბრძანები მაქვს, არავინ შევუშვა, – ახრიალდა პანტელეიმონი და კოროტკოვის მოწადინება ხახვის საშინელი სუნით ჩაახშო, – არ შეიძლება. ბატონო კოროტკოვო, წადით, თორემ თქვენ გამო მეც დავისჯები...       – პანტელეიმონ, შესვლა მჭირდება, – სთხოვა ჩანავლებულმა კოროტკოვმა, – ძვირფასო პანტელეიმონ, ჩემზე ბრძანებაა, შემიშვი, საყვარელო პანტელეიმონ.       – რას ამბობ, ბატონო... – დაფეთებული პანტელეიმონი კარისკენ შეტრიალდა და ისევ აჩურჩულდა, – ხომ გითხარით, რომ არ შეიძლება. არ შეიძლება, ამხანაგო!       კარს იქით, კაბინეტში, ტელეფონი აჟღრიალდა და მკაცრი, სპილენძისებური ბუბუნი გაისმა.       – მოვდივარ! ახლავე!       პანტელეიმონი და კოროტკოვი აქეთ-იქით გადგნენ; კარი გაიღო და ქუდიანი, იღლიაში პორტფელამოჩრილი კალსონიერი დერეფანს სწრაფი ნაბიჯით გაუყვა. პანტელეიმონი ძუნძულით გაედევნა, კოროტკოვი ცოტა ხანს შეყოყმანდა და პანტელეიმონს სირბილით მიჰყვა. დერეფნის მოსახვევში გადაფითრებული და აღელვებული კოროტკოვი პანტელეიმონს ხელებქვეშ გაუძვრა, კალსონიერს წამოეწია, მერე გაასწრო, პირი შემოაბრუნა და სირბილით წინ გაუძღვა.       – ამხანაგო კალსონიერო, – აბურტყუნდა იგი ნაწყვეტ-ნაწყვეტი ხმით, – ნება მიბოძეთ, ერთ წუთს დაგელაპარაკოთ... ბრძანების გამო მინდა გითხრათ...       – ამხანაგო! – დაიგრგვინა სწრაფად მიმავალმა, შეშფოთებულმა კალსონიერმა და კოროტკოვი გზიდან ჩამოიცილა, – ხომ ხედავთ, რომ არ მცალია? მივდივარ! მივდივარ!...       – ბრძანების გამო გეუბნებით...       – ვერ ხედავთ, რომ არ მცალია? ამხანაგო! საქმისმწარმოებელს მიმართეთ.       კალსონიერი ვესტიბიულში გავარდა, სადაც „ალპური ვარდის“ უპატრონოდ მიტოვებული უზარმაზარი ორგანი იყო მოთავსებული.       – საქმისმწარმოებელი ხომ მე ვარ! – დაიწრიპინა შეძრწუნებულმა, ოფლში გაღვრილმა კოროტკოვმა, – მისმინეთ, ამხანაგო კალსონიერო!       – ამხანაგო! – საყვირივით დაიგრგვინა კალსონიერმა, კოროტკოვს ყური არ უგდო, პანტელეიმონს შეუჩერებლად მიუტრიალდა და დაუყვირა, – ზომები მიიღეთ, რომ არ დამაყოვნონ!       – ამხანაგო! – დაიხრიალა შეშინებულმა პანტელეიმონმა, – რატომ აყოვნებთ?       არ იცოდა, რა ზომები მიეღო და ამგვარად მოიქცა: კოროტკოვს წელზე ხელები შემოხვია და საყვარელი ქალივით მსუბუქად მიიკრა. ამ ქმედებამ გაჭრა, – კალსონიერი გასხლტა, კიბეზე თითქოს გორგოლაჭებით გაექანა და სადარბაზო შესასვლელიდან გავარდა.       – დრ! დრ! – მინებს იქით დაიტრახტრახა მოტოციკლეტმა, ხუთჯერ გამოაბოლქვა, ფანჯარა კვამლში გაახვია და გაუჩინარდა. პანტელეიმონმა კოროტკოვს ხელი ახლაღა გაუშვა, ოფლი მოიწმინდა და ამოიგმინა:       – რა უბედურებაა!       – პანტელეიმონ, სად წავიდა? – ხმის კანკალით ჰკითხა კოროტკოვმა, – მალე მითხარი, უკვე სხვა...       – მგონი, ცენტრმომარაგებაში.       კოროტკოვმა კიბეზე ისარივით ჩაიქროლა, გასახდელში შევარდა, პალტოსა და ქუდს ხელი წამოავლო და ქუჩაში გაიჭრა. V - სატანური ფოკუსი       კოროტკოვს გაუმართლა. ტრამვაი „ალპურ ვარდებს“ იმავე წუთს გაუსწორდა. კოროტკოვი ტრამვაის მარჯვედ შეახტა და წინ გასწია; ხან სამუხრუჭე ბორბალს ეხლებოდა, ხან ვიღაცათა ზურგზე წამოკიდებულ ტომრებს. გულში იმედი უღვიოდა. მოტოციკლეტი რატომღაც დაბრკოლდა და ახლა ტრამვაის წინ მიტრახტრახებდა. ლურჯ კვამლში გახვეული ზურგი კოროტკოვს ხან ეკარგებოდა თვალთაგან, ხან ისევ გამოჩნდებოდა. კოროტკოვი ტრამვაის ბაქანზე ხუთიოდე წუთს აქეთ-იქით ეხეთქებოდა და იჭყლიტებოდა. ბოლოს მოტოციკლეტი ცენტრმომარაგების რუხი შენობის წინ გაჩერდა. კვადრატული სხეული გამვლელებს მიეფარა და გაქრა. კოროტკოვი მიმავალი ტრამვაიდან გადახტა, დაბზრიალდა, წაიქცა, მუხლი იტკინა, დავარდნილ ქუდს მისწვდა, ავტომობილის ცხვირწინ გასხლტა და ვესტიბიულისკენ გაეშურა.       კოროტკოვს ათეულობით ადამიანი ხვდებოდა, ბევრნი წამოეწეოდნენ და გაასწრებდნენ ხოლმე. ყველანი იატაკზე სველ ლაქებს ტოვებდნენ. კვადრატული ზურგი კიბის მეორე მარშზე გაკრთა. სულშეხუთული კოროტკოვი უმალ გამოედევნა. კალსონიერი კიბეზე საშინელი, არაბუნებრივი სიჩქარით არბოდა და კოროტკოვს გული უკრთოდა, თვალთაგან არ დამეკარგოსო. მართლაც ასე მოხდა. მეხუთე ბაქანზე, როცა საქმისმწარმოებელს ძალა მთლად გამოელია, ზურგი სახეთა, ქუდთა და პორტფელთა ზღვაში გაუჩინარდა. კოროტკოვი ბაქანზე ისარივით აიჭრა და ერთ წამს შეყოყმანდა იმ კარის წინ, რომელზეც მოჩანდა წარწერა: „მომარაგების საქმეთა სამმართველოს კანცელარიის უფროსი.“ კოროტკოვმა ალალბედზე ეს კარი შეაღო და მინის უზარმაზარი გალიები დაინახა, რომელთა შორის უამრავი ქერათმიანი ქალი გარბი-გამორბოდა. მინის პირველი ტიხარი როცა გამოაღო, შიგნით ვიღაც ნაცრისფერკოსტიუმიანი კაცი დაინახა, მაგიდაზე რომ გადაწოლილიყო და ტელეფონში მხიარულად იცინოდა. მეორე განყოფილებაში მაგიდაზე შელერ-მიხაილოვის თხზულებათა სრული კრებული მოჩანდა, რომლის გვერდით თავშალმოხვეული უცნობი ხნიერი ქალი სასწორზე ხმელ, აყროლებულ თევზს წონიდა. მესამე განყოფილებაში განუწყვეტელი კაკუნ-წკარუნი გაისმოდა – იქ ექვს მანქანაზე ექვსი ქერა წვრილკბილა ქალი ბეჭდავდა და იცინოდა. ბოლო ტიხარს მიღმა მსხვილსვეტებიანი დიდი სივრცე გადაშლილიყო. ჰაერში მანქანების აუტანელი ჭახანი იდგა, ქალებისა და კაცების უამრავი თავი მოჩანდა, მაგრამ მათ შორის კალსონიერის თავი არ ერია. აფორიაქებულმა და დაბნეულმა კოროტკოვმა პირველივე ქალი გააჩერა, რომელმაც გვერდით ჩაურბინა და ხელში პატარა სარკე ეჭირა.       – კალსონიერი ხომ არ გინახავთ?       კოროტკოვს გული სიხარულისგან გაუჩერდა, როცა ქალმა თვალები დაჭყიტა და უპასუხა:       – ვნახე, მაგრამ უკვე მიდის. დაეწიეთ.       კოროტკოვი სვეტებიან დარბაზში იქით გაიქცა, საითაც წითელფრჩხილებიანი თეთრი ხელი უთითებდა. დარბაზი როცა გადაირბინა, ვიწრო, ჩაბნელებულ ბაქანზე აღმოჩნდა, სადაც განათებული ლიფტის დაღებული ხახა დაინახა. კოროტკოვს გული ფეხებისკენ დაუქანდა, – დაეწია... ლიფტის ხახა სასაბნე ქსოვილით შემოსილ კვადრატულ ზურგსა და შავად მოელვარე პორტფელს ნთქავდა.       – ამხანაგო კალსონიერო, – შეჰყვირა კოროტკოვმა და გაშეშდა. ბაქანზე უამრავი მწვანე წრე ათამაშდა. მინის კარი ბადემ დაფარა, ლიფტი დაიძრა, კვადრატული ზურგი შეტრიალდა და გოლიათურ მკერდად იქცა. კოროტკოვმა ყველაფერი იცნო: ნაცრისფერი ფრენჩიც, კეპიც, პორტფელიც, წვრილი თვალებიც. ეს კალსონიერი გახლდათ, მაგრამ გრძელი, ასირიული, მკერდამდე ჩამოშვებული გოფრირებული წვერით დამშვენებული კალსონიერი. კოროტკოვის ტვინში დაუყოვნებლივ დაიბადა აზრი: „სანამ მოტოციკლეტით გარბოდა და კიბეზე ადიოდა, წვერი წამოეზარდა, – ეს რა ამბავია?“ შემდეგ მეორე აზრიც: „წვერი ყალბია – ეს რა ამბავია?“       კალსონიერი ამასობაში ბადით დაფარულ უფსკრულში ჩაეშვა. ჯერ ფეხები გაუჩინარდა, მერე მუცელი, წვერი, ბოლოს თვალები და პირი. მერე კოროტკოვმა გაიგონა, ამ პირმა ნაზი ტენორით როგორ წამოიყვირა:       – გვიანაა, ამხანაგო, პარასკევს.       „ხმაც შეიცვალა“, – გაუწკარუნდა კოროტკოვის გონებაში. სამ წამს თავი მტანჯველად უხურდა, მაგრამ მერე გაახსენდა, ვერანაირმა ჯადოქრობამ ვერ უნდა შემაჩეროს, დაყოვნება დამღუპავსო, და ლიფტისკენ გაქანდა. ბადეში ბაგირზე ჩამოკიდებული სახურავი გამოჩნდა, მილს იქიდან მიბნედილი ლამაზი ქალი გამოვიდა, თმაში მოელვარე თვლები რომ უბრწყინავდა. კოროტკოვს ხელზე ნაზად შეეხო და შეეკითხა:       – ამხანაგო, გულის მანკი გჭირთ?       – არა, ოჰ, არა, ამხანაგო, – წამოიძახა გაოგნებულმა კოროტკოვმა და ბადისკენ ნაბიჯი გადადგა, – ნუ მაყოვნებთ.       – მაშინ, ამხანაგო, ივან ფინოგენოვიჩთან წადით, – სევდიანად უთხრა კოროტკოვს ლამაზმა ქალმა და ლიფტისკენ გზა გადაუღობა.       – არ მინდა! – წამოიტირა კოროტკოვმა, – ამხანაგო! მეჩქარება, თავი გამანებეთ!       მაგრამ სევდიანი ქალი არ შედრკა.       – არაფერი შემიძლია, თავადაც იცით, – უთხრა კოროტკოვს და ხელზე ხელი მაგრად ჩასჭიდა. ლიფტი შეჩერდა, პორტფელიანი კაცი გამოტყორცნა, ბადე ჩამოიფარა და კვლავ ქვემოთ გაემართა.       – გამიშვით! – წამოიკივლა კოროტკოვმა, ქალს ხელი გამოსტაცა და კიბეზე წყევლა-კრულვით დაექანა. მარმარილოს ექვსი მარში ჩაათავა, მაღალი, თავსაბურავიანი დედაბერი კინაღამ საიქიოს გაამგზავრა, ქვემოთ უზარმაზარ, მინის ახალ კედელთან აღმოჩნდა, სადაც მაღლა, ლურჯ ფონზე მოჩანდა ვერცხლისფერი წარწერა: „მაღალი კლასის მორიგე ქალბატონები“, ხოლო ქვემოთ ქაღალდზე კალმით წაწერილი: „საცნობარო“. კოროტკოვს მრუმე შიში დაეუფლა. კედლის იქით აშკარად გაკრთა კალსონიერი. სილურჯემდე სუფთად წვერგაპარსული, ადრინდელი და საშინელი კალსონიერი. მან კოროტკოვს სულ ახლოს ჩაუარა, მისგან მხოლოდ მინის თხელი ფენა ჰყოფდა. კოროტკოვი შეეცადა, არაფერზე ეფიქრა, სპილენძის ელვარე სახელურისკენ გაექანა და შეანჯღრია, მაგრამ სახელური არ დაემორჩილა.       კოროტკოვმა მოელვარე სპილენძი ერთხელ შეანჯღრია და სასოწარკვეთილმა ახლაღა შეამჩნია ნამცეცა წარწერა: „მე-6 სადარბაზოდან შემოუარეთ“.       კალსონიერმა გაიელვა და მინის იქით შავ ნიშაში გაუჩინარდა.       – მეექვსე სად არის? მეექვსე სად არის? – სუსტი ხმით გასძახა კოროტკოვმა ვიღაცას. გამვლელები გაფრთხნენ. გვერდითა პატარა კარი გაიღო და იქიდან ლუსტრინისპიჯაკიანი, ლურჯსათვალიანი ბერიკაცი შემოვიდა, ხელში უზარმაზარი სია ეჭირა, კოროტკოვს სათვალის ზემოდან გადმოხედა, გაიღიმა და ტუჩები გაღეჭა.       – რაო? სულ აქ დაიარებით? – აჩიფჩიფდა იგი, – ღმერთმანი, ამაოდ. გამიგონეთ ბერიკაცს, მოეშვით აქ სიარულს. სულერთია, უკვე ამოგშალეთ. ხი-ხი.       – საიდან ამომშალეთ? – გაშეშდა კოროტკოვი.       – ჰი. საიდან და სიიდან. ფანქრით – ჩხიკ და მორჩა – ჰი, ჰი, – ბერიკაცმა გულიანად გაიცინა.       – უკაც... რავად... მაგრამ საიდან მიცნობთ?       – ჰი. რა ხუმარა ხართ, ვასილ პავლოვიჩ.       – მე ვარფოლომეი ვარ, – უთხრა კოროტკოვმა და ცივ, გალიპულ შუბლზე ხელი მოისვა, – პეტროვიჩი.       შემზარავ ბერიკაცს სახეზე ღიმილი წუთით გაუქრა.       იგი ფურცელს ჩააჩერდა და გრძელფრჩხილიანი ხმელი თითი სტრიქონებს ჩააყოლა.       – რატომ მაბნევთ? აგერ – კოლობკოვი, ვ. პ.       – მე კოროტკოვი ვარ, – მოუთმენლად შეჰყვირა კოროტკოვმა.       – მეც ხომ ეგა ვთქვი: კოლობკოვი, – განაწყენდა ბერიკაცი, – აი კალსონიერიც. ორივე ერთად ხართ გადაყვანილი. კალსონიერის ნაცვლად ჩეკუშინია.       – რაო? – შეჰყვირა სიხარულისგან გადარეულმა კოროტკოვმა, – კალსონიერი გააგდეს?       – დიახ. ერთ დღეს იუფროსა და გააძუნძულეს.       – ღმერთო ჩემო! – შესძახა აღფრთოვანებულმა კოროტკოვმა, – გადავრჩი! გადავრჩი! – მან ბერიკაცს ხეშეშა ხელზე ხელი თავდავიწყებით მოუჭირა. ბერიკაცმა გაიღიმა. კოროტკოვის სიხარული წამით გაფერმკრთალდა. ბერიკაცის თვალთა ლურჯ ხვრელებში უცნაური, ავისმომასწავებელი რაღაც გაკრთა. უცნაური გახლდათ მისი ღიმილიც, რამაც მოლურჯო ღრძილები გააშიშვლა, მაგრამ კოროტკოვმა უსიამოვნო გრძნობა უმალ მოიცილა და დაფაცურდა.       – მაშ ახლა ასანთმასალებში უნდა გავიქცე?       – აუცილებლად, – დაუდასტურა ბერიკაცმა, – აქ ნათქვამია, ასანთმასალებშიო. ოღონდ თქვენი წიგნაკი მიბოძეთ, შიგ ფანქრით აღნიშვნას გავაკეთებ.       კოროტკოვმა ხელი უმალ ჯიბეში ჩაიყო, გაფითრდა, მეორე ჯიბეც მოიქექა, უარესად გაფითრდა, შარვლის ჯიბეები მოისინჯა, ყრუ ხმით წამოიკივლა და კიბეს სირბილით აუყვა, თან ფეხებქვეშ იყურებოდა, გზად ვიღაცებს ეჯახებოდა. სასოწარკვეთილმა კიბე თავამდე აირბინა, უნდოდა, თვლებით თმაშემკობილი, ლამაზი ქალი დაენახა და მისთვის რაღაც ეკითხა, მაგრამ ნახა, რომ ლამაზი ქალი, მახინჯ, ცინგლიან ბიჭად გადაქცეულიყო.       – ჩემო კარგო, – მისკენ გაექანა კოროტკოვი, – ჩემი საფულე, ყვითელი...       – ტყუილია, – ბრაზიანად უპასუხა ბიჭმა, – მე არ ამიღია, ტყუილი უთქვამთ.       – არა, ჩემო კარგო, ამას არ ვამბობ... შენ არა... საბუთები.       ბიჭმა ალმაცერად შემოხედა და უცებ ბოხი ხმით აბღავლდა.       – ოჰ, ღმერთო ჩემო! – შეჰყვირა სასოწარკვეთილმა კოროტკოვმა და ქვემოთ, ბერიკაცისკენ გაექანა, მაგრამ ქვემოთ როცა ჩაირბინა, ბერიკაცი იქ აღარ დახვდა. გაუჩინარებულიყო. კოროტკოვი პატარა კარს ეცა, სახელურს დაეჯაჯგურა. კარი დაკეტილი აღმოჩნდა. ბინდბუნდში გოგირდის ოდნავი სუნი იდგა.       კოროტკოვს თავში ფიქრები ქარიშხალივით დაუტრიალდა და ახალი აზრი ამოუხტა: „ტრამვაი!“ უცებ ცხადად გაახსენდა, ბაქანზე ორმა ახალგაზრდა კაცმა შუაში როგორ მოიქცია და მოჭეჭყა. ერთი მათგანი გამხდარი იყო, შავი, თითქოს მიწებებული ულვაში ჰქონდა.       – აი, ეს არის უბედურება, – ბუტბუტებდა კოროტკოვი, – ყველაზე დიდი უბედურება.       იგი ქუჩაში გავარდა, ბოლომდე ჩაირბინა, შესახვევში გაუხვია და უშნოდ ნაგები პატარა შენობის სადარბაზო შესასვლელთან აღმოჩნდა.       – სად მიძვრები? – ჰკითხა კოროტკოვს ელამმა და პირქუშმა, ულაზათო კაცმა, მისკენ კი არა, სადღაც გვერდზე რომ იცქირებოდა:       – მე, ამხანაგო, ვ. პ. კოროტკოვი ვარ. ეს-ესაა, საბუთები მომპარეს... მთლიანად... შეუძლიათ, დამიჭირონ...       – სულ იოლად, – დაუდასტურა პარმაღზე მდგარმა კაცმა.       – ჰოდა, ნება მიბოძეთ...       – პირადად კოროტკოვი მოვიდეს.       – კოროტკოვი თავად მე გახლავართ.       – მოწმობა მომეცი.       – მოწმობა ახლახან მომპარეს, – ამოიგმინა კოროტკოვმა, – მომპარეს, ამხანაგო... ულვაშიანმა ახალგაზრდა კაცმა მომპარა.       – ულვაშიანმა? მაშ კოლობკოვი იქნებოდა. უეჭველად. ჩვენს რაიონში ის არის ამისი სპეციალისტი. იმას ახლა სადმე საჩაიეში თუ იპოვი.       – ამხანაგო, არ შემიძლია, – ატირდა კოროტკოვი, – ასანთმასალებში უნდა მივიდე, კალსონიერთან. შემიშვით.       – მოწმობა მომეცი, რომ მოგპარეს.       – მოწმობა ვინ უნდა მომცეს?       – სახლმმართველმა.       კოროტკოვი პარმაღს მოსწყდა და ქუჩაში გავარდა.       „ასანთმასალებში წავიდე თუ სახლმმართველთან? – გაიფიქრა მან, – სახლმმართველს მიღება დილიდან აქვს; მაშ ასანთმასალებში უნდა წავიდე“.       ამ დროს მოშორებით, მოწითალო კოშკზე საათმა ოთხჯერ დარეკა და იმავე წუთს ყველა კარიდან პორტფელიანი ხალხი გამოიშალა. დაბინდდა და ციდან თხლად იწყო ცვივნა თოვლის სველმა ფანტელებმა.       „გვიანაა, – გაიფიქრა კოროტკოვმა, – შინ წასვლა სჯობია“. VI - პირველი ღამე       ბოქლომის ყურში თეთრი ბარათი იყო გაჩრილი. კოროტკოვმა ბინდბუნდში წაიკითხა.       „ძვირფასო მეგობარო!       მე ზვენიგოროდში დედასთან მივემგზავრები. საჩუქრად ღვინოს გიტოვებთ. სვით, რამდენიც გენებოთ, – არავინ ყიდულობს. კუთხეში აწყვია.       თქვენი ა. პაიკოვა“.       კოროტკოვმა ალმაცერად გაიღიმა, ბოქლომი ააჩხაკუნა, დერეფნის კუთხეში ჩამწკრივებული ბოთლები თავის ოთახში ოც გზობაზე გადაზიდა, ლამპა აანთო და საწოლზე ქუდიანი და პალტოიანი მიეგდო. კრომველის სურათს ნახევარი საათი მონუსხულივით უცქეროდა, სანამ იგი შედედებულ ბინდბუნდში არ ჩაიკარგა, მერე წამოხტა და გამძვინვარდა. კეპი მოიძრო და კუთხეში მიაგდო, ასანთის კოლოფები ხელის ერთი მოსმით იატაკზე ჩამოყარა, ფეხით შესდგა და გათელვა დაუწყო.       – ეგეც შენ! ეგეც შენ! ეგეც შენ! – ღმუოდა კოროტკოვი და წყეულ კოლოფებს ლეწავდა, თან ელანდებოდა, კალსონიერის თავს ვთქერავო.       კვერცხისნაირი თავის გახსენებამ უეცრად ხან გაპარსული, ხანაც წვერიანი სახე გაახსენა და უმალ შეჩერდა.       – უკაცრავად... მაგრამ ეს რა ამბავია? – ჩაიჩურჩულა და თვალებზე ხელი მოისვა, – ეს რანაირი რამეა? რას ვდგავარ და რას ვსულელობ, როცა ყოველივე ასე შემზარავია? მართლა გაორმაგებული ხომ არ იქნება?       ჩაშავებული ფანჯრებიდან შიში ოთახში შემობობღდა. კოროტკოვი ცდილობდა, ფანჯრებისთვის თვალი მოერიდებინა, თან ფარდებს აფარებდა, მაგრამ არც ამან უშველა. ხან წვერმოშვებული, ხან გაპარსული, გაორმაგებული სახე დროდადრო კუთხეებიდან ამოტივტივდებოდა და მომწვანო თვალებს აელვარებდა. კოროტკოვმა ბოლოს ვეღარ გაუძლო; გრძნობდა, რომ ტვინი დაძაბულობისგან უსკდებოდა და ხმადაბლა ატირდა.       როცა ტირილით გული იჯერა და შვება იგრძნო, გუშინდელი ცივი კარტოფილი შეჭამა, მერე წყეულ გამოცანას მიუბრუნდა და ცოტა ხანს კიდევ წაუტირა.       – უკაცრავად... – ჩაიჩურჩულა უცებ, – რა მატირებს, როცა ღვინო მაქვს?       ნახევარი ჩაის ჭიქა ერთბაშად გადაჰკრა. ტკბილმა სითხემ ხუთი წუთის შემდეგ იმოქმედა, – მარცხენა საფეთქელი საშინლად ასტკივდა და ცხარედ, აუტანლად მოსწყურდა.       სამი ჭიქა წყალი დალია, საფეთქლის ტკივილმა კალსონიერი მთლად გადაავიწყა, ტანსაცმელი კვნესით გაიძრო და საწოლზე თვალებგადმოკარკლული გაიშოტა. „პირამიდონი მაინც მქონდეს...“ – ჩურჩულებდა დიდხანს, სანამ ძილ-ბურანი თავს წაართმევდა. VII - ორგანი და კატა       მეორე დღეს, დილის ათ საათზე, კოროტკოვმა ჩაი სახელდახელოდ აადუღა, მეოთხედი ჭიქა უხალისოდ დალია, გრძნობდა, რომ ძნელი, ფორიაქი დღე ელოდა. ოთახიდან გავიდა და ნისლში სველი, მოასფალტებული ეზო გადაირბინა. ფლიგელის კარზე ეწერა: „სახლმმართველი“. კოროტკოვმა ხელი უკვე ღილაკისკენ წაიღო, მაგრამ თვალი მოჰკრა წარწერას: „სიკვდილის გამო მოწმობები არ გაიცემა“.       – ოჰ, ღმერთო ჩემო, – სინანულით შესძახა კოროტკოვმა, – ყოველ ფეხის ნაბიჯზე მარცხი გაგონილა? – მერე დაუმატა, – რახან ასეა, საბუთების საქმე მერე მოვაგვაროთ, ახლა კი ასანთმასალებისკენ გავწიოთ. უნდა შევიტყოთ, იქ რა ხდება. იქნებ ჩეკუშინი უკვე დაბრუნდა.       რადგან ფული სულ მოჰპარეს, კოროტკოვი ასანთმასალებამდე ფეხით მივიდა, ვესტიბიული გაიარა და პირდაპირ კანცელარიისკენ გაემართა. კანცელარიის ზღურბლზე შეჩერდა და პირი დააღო. ბროლის დარბაზში ვერც ერთი ნაცნობი სახე ვერ დაინახა. არც დროზდი, არც ანა ევგრაფოვნა, მოკლედ, არავინ ჩანდა. მაგიდებთან სამი მთლად ერთნაირი, წვერგაპარსული კაცი იჯდა. მავთულზე ჩამწკრივებულ ყვავებს კი არა, ალექსეი მიხაილოვიჩის სამ შევარდენს ჰგავდნენ. ღია ნაცრისფერი კუბოკრული კოსტიუმები ეცვათ. იქვე იყო ერთი ახალგაზრდა ქალი, მეოცნებე თვალები რომ ჰქონდა და ბრილიანტის საყურე ეკეთა. ახალგაზრდა კაცებს კოროტკოვისთვის ოდნავი ყურადღებაც არ მიუქცევიათ, დავთრებში კალმების წრიპინი არ შეუწყვეტიათ, ხოლო ქალმა თვალები მოჭუტა და ისე შეხედა. როცა დაბნეულმა კოროტკოვმა პასუხად გაუღიმა, ქალმა მედიდურად გაიღიმა და პირი მიიბრუნა. „უცნაურია“, – გაიფიქრა კოროტკოვმა, ზღურბლზე წაიბორძიკა და კანცელარიიდან გავიდა.       თავისი ოთახის კართან შეყოყმანდა, ოხვრით შეხედა იმ ადგილს, სადაც მოჩანდა ძველი, საამური წარწერა: „საქმისმწარმოებელი“, კარი შეაღო და შევიდა. უმალ თვალთ დაუბნელდა და ფეხქვეშ იატაკი ოდნავ შეერყა. კოროტკოვის მაგიდას თვით კალსონიერი უჯდა, იდაყვები გაეფარჩხა და კალამს გააფთრებით აწრიპინებდა, მკერდს გოფრირებული, მბზინვარე წვერი უფარავდა. კოროტკოვი მწვანე მაუდისკენ დახრილ პრიალა მელოტ თავს სულშეგუბებული დააცქერდა. მდუმარება კალსონიერმა დაარღვია.       – ამხანაგო, რა გნებავთ? – ფალცეტით თავაზიანად ჩაიღუღუნა მან.       კოროტკოვმა ტუჩები ცახცახით გაილოკა, ვიწრო მკერდში ჰაერი ბლომად ჩაიგუბა და ძლივსგასაგონი ხმით თქვა:       – ჰმ... მე, ამხანაგო, აქაური საქმისმწარმოებელი ვარ... ესე იგი... ბრძანება თუ გახსოვთ...       კალსონიერს სახის ზედა ნაწილი განცვიფრებამ შეუცვალა. ქერა წარბები აეზიდა და შუბლი გარმონივით ჩაეკეცა.       – უკაცრავად, – ზრდილობიანად უპასუხა მან, – აქაური საქმისმწარმოებელი მე გახლავართ.       კოროტკოვი დროებით დამუნჯდა. სიმუნჯემ როცა გაუარა, მერე წარმოთქვა:       – რანაირად? გუშინ ხომ... ოჰ, დიახ. ბოდიში, გეთაყვა, მგონი, შემეშალა. ბოდიში.       იგი ოთახიდან უკუსვლით გავიდა და დერეფანში საკუთარ თავს ჩახლეჩილი ხმით უთხრა, – კოროტკოვო, გაიხსენე, დღეს რა რიცხვია?       მერე თავადვე უპასუხა:       – სამშაბათი, ანუ პარასკევი, ათას ცხრაასი...       კოროტკოვი შეტრიალდა. იმავე წამს ადამიანის სპილოსძვლისებურ სფეროზე დერეფნის ორმა ნათურამ გაიბრწყინა და მთელი ქვეყნიერება კალსონიერის გაპარსულმა სახემ დაფარა.       – კარგი! – დაიგრგვინა ტაშტმა და კოროტკოვს კრუნჩხვა დაეუფლა, – მე გელით. დიდებულია. მოხარული ვარ, რომ გაგიცანით.       ეს თქვა, კოროტკოვს მიუახლოვდა, ხელი ჩამოართვა და ისე მოუჭირა, რომ იგი ცალ ფეხზე წამოიჭიმა სახურავზე მდგარ ყანჩასავით.       – შტატი გავანაწილე, – სწრაფად, მჭახედ, მედიდურად წამოიწყო კალსონიერმა, – სამნი იქ არიან, – მიუთითა კანცელარიის კარისკენ, – რა თქმა უნდა, მანეჩკაც. თქვენ ჩემი თანაშემწე ხართ. კალსონიერი საქმისმწარმოებელია. ძველები ყველანი გავრეკე. იდიოტი პანტელეიმონიც. შევიტყვე, რომ „ალპურ ვარდში“ ლაქიად ნამყოფია. მე ახლა განყოფილებაში გავიქცევი, ამასობაში კი თქვენ და კალსონიერმა მიმართვები დაწერეთ ყველას თაობაზე; განსაკუთრებით იმაზე, რა ჰქვია... კოროტკოვზე. ჰო, მართლა, ცოტათი იმ არამზადას ჰგავხართ, ოღონდ იმას თვალი აქვს ჩალურჯებული.       – მე, არა, – თქვა დაბარბაცებულმა, ყბაჩამოვარდნილმა კოროტკოვმა, – არამზადა არ ვარ. ყველა საბუთი მომპარეს. უკლებლივ.       – ყველა? – წამოიყვირა კალსონიერმა, – ეგ არაფერი. უმჯობესიცაა.       იგი სულშეხუთულ კოროტკოვს მკლავში ჩააფრინდა, დერეფანი ჩაარბენინა, სანუკვარ კაბინეტში შეათრია, ტყავის ფუმფულა სკამზე მიაგდო და თავად მაგიდას მიუჯდა. კოროტკოვი ფეხქვეშ იატაკის უცნაურ რყევას კიდევ გრძნობდა, მოიბღუნძა, თვალები დახუჭა და აბუტბუტდა: „ოცში ორშაბათი იყო, მაშასადამე, სამშაბათს ოცდაერთია. არა. რას ვამბობთ? ოცდაერთი წელია. გასული ნომერი 0.15, ხელის მოწერის ადგილი ტირე ვარფოლომეი კოროტკოვი. მაშასადამე – მე. სამშაბათი, ოთხშაბათი, ხუთშაბათი, პარასკევი, შაბათი, კვირა, ორშაბათი. ორშაბათი ოთხშაბათივით „ო“-თი იწყება. პარასკევი... პარას... სამშაბათივით „ს“ ურევია.       კალსონიერმა ქაღალდზე კალამი სწრაფად ჩააფხაჭუნა, ბეჭედი დაჰკრა და ქაღალდი კოროტკოვს შეაჩეჩა. იმავე წამს ტელეფონი გაშმაგებით აღრიალდა. კალსონიერმა ყურმილს ხელი დასტაცა და შიგ ჩაჰყვირა:       – დიახ! ასე. ასე. ამწუთას მოვდივარ.       იგი საკიდისკენ გაექანა, ქუდი ჩამოგლიჯა, მელოტ თავზე ჩამოიფხატა, კარს მიღმა გაუჩინარდა და კოროტკოვს გამოსძახა:       – კალსონიერთან მომიცადეთ.       კოროტკოვმა როცა შტამპიან ქაღალდზე ნაწერი წაიკითხა, თვალებზე ბინდი გადაეფარა.       „ამის წარმომდგენი ნამდვილად გახლავთ ჩემი თანაშემწე ამხ. ვასილი პავლოვიჩ კოლობკოვი, რაც ნამდვილად სწორია. კალსონიერი“.       – ო-ო! – ამოიგმინა კოროტკოვმა, ქაღალდი და ქუდი იატაკზე დაუცვივდა, – ეს რა ამბავია?       იმავე წუთს კარი აჭრიალდა და კალსონიერი წვეროსანი დაბრუნდა.       – კალსონიერი უკვე გავარდა? – წვრილი ხმით ალერსიანად ჰკითხა მან კოროტკოვს.       ირგვლივ შუქი ჩაინისლა.       – ა-ა-ა-ა-ა... – ტანჯვას ვეღარ გაუძლო და ამოიბღავლა კოროტკოვმა, კალსონიერს გადარეული მიეჭრა და კბილები გააელვა. კალსონიერს სახეზე ძრწოლა აღებეჭდა, ერთბაშად გაყვითლდა. კარს ზურგით მიაწვა, ბრაგუნით გააღო, დერეფანში გავარდა, თავი ვეღარ შეიკავა და ჩაცუცქდა, მაგრამ უმალ წამოხტა და ყვირილით გაიქცა:       – შიკრიკო! შიკრიკო! მიშველეთ!       – გაჩერდით. გაჩერდით. გთხოვთ, ამხანაგო... – აყვირდა გონს მოსული კოროტკოვი და გაქცეულს გაეკიდა.       კანცელარიაში რაღაც აგრიალდა. შევარდნები გამალებულნი წამოიშალნენ. მანქანასთან მჯდარ ქალს მეოცნებე თვალები აუბრიალდა.       – ტყვიას დაგახლი! ტყვიას დაგახლი! – გაისმა მისი ისტერიკული კივილი.       კალსონიერი პირველი გაიჭრა ვესტიბიულში, სადაც ორგანი იდგა, წამით შეჩერდა, ფიქრობდა, საით გაქცეულიყო, მერე ადგილს მოსწყდა, კუთხე მოჭრა და ორგანის მიღმა გაუჩინარდა. კოროტკოვი გამოედევნა, ფეხი დაუსხლტა და მოაჯირზე თავს გაიტეხდა, ორგანის ყვითელი ფერდიდან გამოჩრილი უზარმაზარი, მოხრილი, შავი სახელური რომ არ დახვედროდა. სახელურმა კოროტკოვის პალტოს კალთა ჩაიხვია, გაწყალებული შევიოტი ხმადაბალი წრიპინით ჩაიფხრიწა და კოროტკოვი ცივ იატაკზე რბილად დაჯდა. ორგანს იქით გვერდითა გასასვლელის კარი ზრიალით გაჯახუნდა და კალსონიერი შთანთქა.       – ღმერთო ჩემო... – წამოიწყო კოროტკოვმა, მაგრამ აღარ დაუმთავრებია.       სპილენძისმილებიან, უზარმაზარ, ჩამტვრეულ ყუთში უცნაური ხმა გაისმა, თითქოს ჭიქა გატყდაო, რასაც თითქოს მუცლიდან ამომავალი ბუყბუყი, უცნაური წრიპინი და ზარების რეკვა მოჰყვა. მერე მაჟორული აკორდი აჟღერდა, მძლავრი ჭავლი დაიძრა, ორგანის შიგანში ჩაგუბებულ ბგერათა საბადო შეირხა და ყვითელი, სამიარუსიანი ყუთი ერთიანად ამღერდა.       მოსკოვს ძალუმი ხანძარი ნთქავდა...       კარის შავ კვადრატში უეცრად პანტელეიმონის ფერმკრთალი სახე გამოჩნდა. წამიც და მას მეტამორფოზა დაემართა. თვალები გამარჯვების ელვარებით გაუბრწყინდა, გაიჯგიმა, მარჯვენა ხელი მარცხენისკენ ისე გადაიქნია, თითქოს უხილავი ხელსახოცი გადაიკიდაო, ადგილს მოსწყდა და კიბეზე გვერდულად, ეტლის განაპირა ცხენივით ირიბად დაექანა, თან ხელები ისე მოამრგვალა, თითქოს ფინჯნებიანი ლანგარი მიაქვსო.       მდინარის პირას წვებოდა კვამლი...       – ეს რა ჩავიდინე? – შეძრწუნდა კოროტკოვი.       მანქანამ პირველი შეგუბებული ტალღები დაატრიალა, თანაბრად დაიძრა და ასანთმასალების უკაცრიელი დარბაზები ათასობით ლომის ღრიალითა და ზრიალით გაავსო.       და იგი კრემლის შემურულ კართან...       ღრიალ-გრიალი და ზარების რეკვა ავტომობილის სიგნალმა გაკვეთა და უმალ მთავარი შემოსასვლელიდან კალსონიერი დაბრუნდა, – წვერგაპარსული, შურისმგებელი და მრისხანე კალსონიერი. იგი კიბეზე თანაბარი ნაბიჯით მოემართებოდა ავისმომასწავებელ მოლურჯო ნათებაში. თმააყალყული კოროტკოვი გაფრთხიალდა, ორგანის იქით, გვერდითა კარიდან გასხლტა, მრუდე კიბეს ჩაუყვა, მოხრეშილ ეზოში გავარდა, შემდეგ კი ქუჩაში გაიჭრა. ისარივით მიქროდა და ყურში ჩაესმოდა, მის უკან „ალპური ვარდის“ შენობა ყრუდ როგორ გუგუნებდა.       მოჩანდა რუხი სერთუკით მდგარი...(ლექსი ნაპოლეონისადმია მიძღვნილი.)       კუთხეში მეეტლე მათრახს იქნევდა და გააფთრებით ცდილობდა, ჯაგლაგი ცხენი ადგილიდან დაეძრა!       – ღმერთო ჩემო! ღმერთო ჩემო! – გულამოსკვნით აქვითინდა კოროტკოვი, – ისევ ის არის. რა ამბავია?       ეტლის გვერდით ქვაფენილზე წვეროსანი კალსონიერი გაჩნდა, ეტლში შეხტა, მეეტლეს ზურგში მუშტები დაუშინა და თან წვრილი ხმით შეუძახა:       – გარეკე! გარეკე, შე არამზადა!       ჯაგლაგი დაიძრა, წიხლები აიქნია, მერე მათრახით ფერდებამწვარი გაიქცა და ქუჩა ბორბლების ხრიგინით გააყრუა. თვალცრემლიანმა კოროტკოვმა დაინახა, მეეტლეს გალაქული შლაპა როგორ მოსძვრა და დაგრეხილი ფულები აქეთ-იქით გაეფანტა. ბიჭები ფულებს სტვენით გაედევნენ. მეეტლე შემოტრიალდა, სადავეები გამწარებით მოზიდა, მაგრამ კალსონიერმა ზურგში მუშტები გააფთრებით დასცხო და ყვირილიც დააყოლა:       – გასწი! გასწი! მე გადაგიხდი!       მეეტლემ სასოწარკვეთით შეჰყვირა:       – ეჰ, ბატონო, თავი უნდა დავიღუპო? – ჯაგლაგი გააჭენა და ეტლი კუთხეს მიეფარა.       კოროტკოვმა თავს ზემოთ სწრაფად მქროლ ნაცრისფერ ცას ქვითინით ახედა, დაბარბაცდა და გამწარებით შეჰყვირა:       – კმარა! ამ ამბავს არ მოვეშვები! ამ კაცის ასავალ-დასავალს გამოვარკვევ, – იგი ახტა და ტრამვაის რკალს ჩამოეკიდა. რკალმა ხუთ წუთს აჯანჯღარა და ცხრასართულიან მწვანე სახლთან ჩამოაგდო. კოროტკოვმა ვესტიბიულში შეირბინა, ფიცრის ზღუდის ოთხკუთხა ხვრელში თავი შერგო და უზარმაზარ ლურჯ ჩაიდანს ჰკითხა:       – ამხანაგო, პრეტენზიების ბიურო სად არის?       – მე-8 სართული, მე-9 დერეფანი, 41-ე ბინა, ოთახი 302, – ქალის ხმით უპასუხა ჩაიდანმა.       – მე-8, მე-9, 41-ე, სამას... სამას... რამდენი... 302, – ფართო კიბეზე არბოდა და ბუტბუტებდა კოროტკოვი, – მე-8, მე-9, მე-8, სტოპ, 40... არა 42... არა, 302, – ღმუოდა იგი, – ოჰ, ღმერთო ჩემო, დამავიწყდა... ჰო მე-40, მე-40...       მე-8 სართულზე სამ კარს ჩაუარა, მეოთხეზე შავი ციფრი „40“ დაინახა და უშველებელ, ორფეროვან, სვეტებიან დარბაზში შევიდა. დარბაზის კუთხეებში ქაღალდის რულონის კოჭები ეწყო და მთელი იატაკი ნაწერი ქაღალდის ნაგლეჯებით იყო მოფენილი. შორს მოჩანდა მაგიდა, რომელზეც საბეჭდი მანქანა იდგა. მაგიდასთან მჯდარი, მუშტზე ლოყადაყრდნობილი ქალი ხმადაბლა ღიღინებდა. კოროტკოვმა დაბნეულად მიმოიხედა და დაინახა, რომ სვეტების მიღმა აღმართული ესტრადიდან მძიმე ნაბიჯებით ჩამოვიდა თეთრკუნტუშიანი კაცი. მარმარილოსებურ სახეზე ჩამოგრძელებული ჭაღარა ულვაში მოუჩანდა. არაჩვეულებრივად თავაზიანი, ოღონდ უსიცოცხლო, ცივი ღიმილი ეფინა. კოროტკოვს მიუახლოვდა, ხელი ნაზად ჩამოართვა, ქუსლი ქუსლს მიარტყა და უთხრა:       – იან სობესკი( აქ გათამაშებულია დამთხვევა პოლონელი მხედართმთავრის, იან სომესკის (1629-1696) გვარისა და რუსული აბრევიატურისა „Собес“ (Социальное Обеспечение) – სოცუზრუნველყოფა.).       – შეუძლებელია... – უპასუხა განცვიფრებულმა კოროტკოვმა.       კაცმა სასიამოვნოდ გაიღიმა.       – რომ იცოდეთ, ბევრს უკვირს, – თქვა მან ენის ბორძიკით, – მაგრამ არ იფიქროთ, ამხანაგო, რომ იმ ბანდიტთან რაიმე საერთო მაქვს. ოჰ, არა. სამწუხარო დამთხვევაა და მეტი არაფერი. უკვე შევიტანე განცხადება, რომ ახალი გვარი – სოცვოსსკი(გვარი ნაწარმოებია აბრევიატურიდან „соцвос“ (Социалистическое Воспитание) – სოციალისტური აღზრდა.) დამიმტკიცონ. ეს ბევრად ლამაზია და არც ისე სახიფათოა. თუმცა, თუ არ მოგწონთ, – კაცმა ტუჩები განაწყენებით დაბრიცა, – ძალას არ გატანთ. ხალხს ყოველთვის მოვნახავთ. ჩვენ სანთლით დაგვეძებენ.       – რას ბრძანებთ, – მწუხარედ შესძახა კოროტკოვმა, იგრძნო, რომ აქაც უცნაური რაღაც იწყებოდა. დაფეთებულმა მიმოიხედა, ეშინოდა, საიდანმე გაპარსული სახე და კვერცხივით მოტვლეპილი თავი არ გამოჩნდესო. მერე ენის ბორძიკით დაუმატა, – მოხარული ვარ, დიახ, დიდად მოხარული...       კაცს მარმარილოსებური სახე ოდნავ წამოუწითლდა. კოროტკოვს მკლავზე ხელი ნაზად მოჰკიდა, მაგიდისკენ წაიყვანა, თანაც საუბარი გაუბა:       – მეც დიდად მიხარია, მაგრამ ისეთ დღეში ვართ, არ ვიცი, სად დაგსვათ. ჩვენი მნიშვნელობის მიუხედავად ბაკში გვამყოფებენ (კაცმა ხელი ქაღალდის კოჭებისკენ გაიქნია). ინტრიგები... მაგრამ ჩვენ მუშაობას გავაჩაღებთ, დარდი ნუ გექნებათ... ჰმ... ახალს რას შემოგვთავაზებთ? – ალერსიანად ჰკითხა მან ფერმიხდილ კოროტკოვს, – ოჰ, უკაცრავად, ათასგზის ბოდიშს გიხდით, ნება მიბოძეთ, გაგაცნოთ, – თეთრი ხელი საბეჭდი მანქანისკენ მოხდენილად გაიწოდა, – გენრიეტა პატაპოვნა პერსიმფანსი(გვარისთვის გამოყენებულია აბრევიატურა „Персимфанс“ (Первый Симфонический Ансамбль)).       ქალმა კოროტკოვს ხელი უმალ ჩამოართვა ცივი ხელით და მიბნედილად შეხედა.       – მაშ ასე, – ტკბილად განაგრძობდა მასპინძელი, – რით გაგვახარებთ? ფელეტონით? ნარკვევით? – თეთრი თვალები გადაკარკლა და განაგრძო, – ვერ წარმოიდგენთ, როგორ გვჭირდება.       „ღმერთო ჩემო... რა ამბავია?“ – გაიფიქრა გონებადაბინდულმა კოროტკოვმა და მერე გამალებით ალაპარაკდა, სულს ძლივს ითქვამდა:       – მე... ე... საშინელება დამემართა. იგი... ვერ გამიგია. თუ ღმერთი გწამთ, არ გეგონოთ, რომ ეს ჰალუცინაციაა... ჰმ... ხა-ხა... (კოროტკოვი შეეცადა, ხელოვნურად გაეცინა, მაგრამ ვერ მოახერხა). იგი ცოცხალია. გარწმუნებთ... მაგრამ ვერაფერს მივმხვდარვარ. ხან წვერიანია, ერთი წუთის მერე კი უწვეროა. ვერაფერი გამიგია... ხმასაც იცვლის... ამას გარდა, ყველა საბუთი უკლებლივ მომპარეს. სახლმმართველი კი, თითქოს ჯიბრზე, მოკვდა. ეს კალსონიერი...       – ხომ ვიცოდი, – შეჰყვირა მასპინძელმა, – მაშ ვინ იქნებოდნენ?       – ოჰ, ღმერთო ჩემო, რა თქმა უნდა, – გამოეპასუხა ქალი, – ოჰ, ეს საშინელი კალსონიერები...       – იცით, რა, – შეაწყვეტინა აღელვებულმა მასპინძელმა, – იატაკზე მის გამო ვზივარ. აი, ნახეთ. ჟურნალისტიკისა რა გაეგება?.. – მასპინძელი კოროტკოვს ღილზე ჩაეჭიდა, – კეთილინებეთ და მითხარით, რა გაეგება? აქ ორ დღეს დაყო და მთლად გამაწამა. მაგრამ, წარმოიდგინეთ, ბედნიერება მეწვია. ფიოდორ ვასილიევიჩთან მივედი და როგორც იქნა, მოგვაშორა. საკითხი მწვავედ დავუსვი: ან მე, ან ის-მეთქი. სადღაც ასანთმასალებში თუ ჯანდაბაში გადაიყვანეს. ქექოს ახლა ის მყრალი ასანთები! მაგრამ ავეჯის, ავეჯის გადატანა მოასწრო იმ წყეულ ბიუროში. მთლიანად. როგორი ამბავია? მითხარით ერთი, რაღაზე ვწერო? თქვენ რაზე უნდა წეროთ? რადგან ეჭვიც არ მეპარება, ჩვენი იქნებით, ძვირფასო (მასპინძელი კოროტკოვს მოეხვია). ატლასის მშვენიერ ავეჯს იმ არამზადამ სულელურ ბიუროში უკრა თავი, თუმცაღა, იმ ბიუროს, სულერთია, ხვალ დახურავენ, ჭირსაც წაუღია.       – რომელ ბიუროზე ამბობთ? – ყრუ ხმით ჰკითხა კოროტკოვმა.       – ოჰ, პრეტენზიებისაა თუ რაღაცისა, – გულჯავრიანად თქვა მასპინძელმა.       – რაო? – შესძახა კოროტკოვმა, – რაო? სად არის ის ბიურო?       – იქ, – უპასუხა გაოცებულმა მასპინძელმა და იატაკისკენ მიუთითა.       კოროტკოვმა შეშლილი თვალები თეთრ კუნტუშს(მამაკაცის უკრაინული ტანსაცმელი) უკანასკნელად შეავლო და ერთი წუთის შემდეგ დერეფანში გაჩნდა. ცოტა ხანს დაფიქრდა და ქვემოთ ჩასასვლელი კიბის საძებნელად მარცხნივ გაიქცა. მიხვეულ-მოხვეულ დერეფანში ხუთ წუთს გარბოდა, ხუთი წუთის მერე კი იმავე ადგილას აღმოჩნდა, საიდანაც გაიქცა. კარი №40.       – ფუ, ეშმაკს! – შეჰყვირა კოროტკოვმა, ფეხები ააბაკუნა, მარჯვნივ გაიქცა და 5 წუთის შემდეგ იქვე მივიდა. №40. კარი სწრაფად შეაღო, დარბაზში შევიდა და ნახა, რომ იქაურობა დაცარიელებულიყო. მხოლოდ მაგიდაზე მდგარი საბეჭდი მანქანა თეთრი კბილებით მდუმარედ უღიმოდა. კოლონადასთან მიირბინა და მასპინძელი დაინახა. იგი კვარცხლბეკზე იდგა, აღარ იღიმებოდა, სახე განაწყენებული ჰქონდა.       – ბოდიში, რომ ვერ დაგემშვიდობეთ... – წამოიწყო კოროტკოვმა და გაჩუმდა..       მასპინძელს ყური და ცხვირი აღარ ჰქონდა, მარცხენა ხელიც მოსტეხოდა. სისხლგაყინულმა კოროტკოვმა უკან დაიხია და კვლავ დერეფანში გავარდა. უეცრად მოპირდაპირე მხარეს უჩინარი კარი გაიხსნა და იქიდან სახედანაოჭებული, ყავისფერი დედაკაცი გამოვიდა. მხრეულზე ცარიელი ვედროები ეკიდა.       – დედაკაცო! დედაკაცო! – შეშფოთებით შეჰყვირა კოროტკოვმა, – ბიურო სად არის?       – არ ვიცი, ბატონო, არ ვიცი, მწყალობელო, – უპასუხა დედაკაცმა, – ტყუილად ნუ დარბიხარ, ჩემო კარგო, მაინც ვერ იპოვი. ვერაფერს გახდები – ათი სართულია.       – უ-უჰ, შე სულელო, – კბილებშუა ჩაიღმუვლა კოროტკოვმა და კარს იქით შევარდა. კარი მის უკან მიჯახუნდა და კოროტკოვი ნახევრად ჩაბნელებულ სივრცეში აღმოჩნდა, რომელსაც გასასვლელი არსაით ჰქონდა. იგი შახტში მომწყვდეულივით გაქანდ-გამოქანდა, კედლებს კაწრავდა, ბოლოს თეთრ ლაქას წააწყდა, იქიდან რომელიღაც კიბეზე გავარდა და ქვემოთ ბრაგაბრუგით დაეშვა. ამ დროს ფეხის ხმა გაიგონა. ვიღაცა ქვემოდან ამოდიოდა. კოროტკოვმა მოუსვენრობა იგრძნო, გული სევდიანად შეეკუმშა და შეჩერდა. წამიც და პრიალა ქუდი, ნაცრისფერი სასაბნე ქსოვილი და გრძელი წვერი გამოჩნდა. კოროტკოვი დაბარბაცდა და მოაჯირს ჩაებღაუჭა. ქვემოდან მომავალმა და კოროტკოვმა ერთმანეთს ერთდროულად შეხედეს, ორივენი შეშინდნენ და წვრილი ხმით აყვირდნენ. კოროტკოვი უკუსვლით ზემოთკენ გაემართა, უსაშველო შიშით გათანგული კალსონიერი ქვემოთ დაეშვა.       – მოიცადეთ, – დაიხრიალა კოროტკოვმა, – ერთი წუთით... მხოლოდ განმიმარტეთ...       – მიშველეთ! – დაიღრიალა კალსონიერმა, წვრილი ხმის ნაცვლად პირვანდელი სპილენძისებური ბანი დაუბრუნდა. ფეხი დაუცდა, უკან გადავარდა და კეფით ბრაგვანი მოადინა. დაცემას ამაოდ არ ჩაუვლია. კალსონიერი ფოსფორისთვალებიან შავ კატად გადაიქცა, კიბე უკანვე აირბინა, ბაქანი ელვისებურად გადაჭრა, გორგალივით შეიკუმშა, ფანჯრის რაფაზე შეხტა და აბლაბუდით დაფარულ, ჩატეხილ მინაში გაუჩინარდა. კოროტკოვს ტვინზე თეთრი საბურველი წამით გადაეფარა, მაგრამ უმალ გადაეწმინდა და გონება არაჩვეულებრივად გაუნათდა.       – ახლა ყველაფერი გასაგებია, – ჩაიჩურჩულა კოროტკოვმა და წყნარად გაიცინა, – დიახ, მივხვდი. კატები! ყველაფერი გასაგებია. კატები.       იგი სულ უფრო და უფრო ხმამაღლა იცინოდა, სანამ კიბე მთლიანად გუგუნით არ გააყრუა. VIII - მეორე ღამე       ბაიკის საწოლზე ბინდბუნდში მჯდარმა ამხანაგმა კოროტკოვმა სამი ბოთლი ღვინო დალია, რათა ყველაფერი დაევიწყებინა და დამშვიდებულიყო. თავი ახლა ერთიანად სტკიოდა; მარჯვენა და მარცხენა საფეთქელი, კეფა და ქუთუთოებიც კი. კუჭის ფუძიდან მღვრიე ლექი დაეძრა, შიგანში ტალღებად დაუტრიალდა და ორჯერ ტაშტში აღებინა.       – ახლა ასე მოვიქცევი, – ხმადაბლა ჩურჩულებდა თავჩაკიდებული კოროტკოვი, – ხვალ შევეცდები, რომ მას არ შევხვდე, მაგრამ რადგანაც ყველგან ტრიალებს, ამიტომ მოვიცდი. ან შესახვევში, ან ჩიხში მოვიცდი. ის გვერდზე ჩაივლის. თუ გამომეკიდება, მაშინ გავექცევი. ჰოდა, ჩამომეხსნება, შენი გზით იარეო. აღარც ასანთმასალებში მუშაობა მინდა. ღმერთმა ხელი მოგიმართოს. თუნდ გამგე იყავი და თუნდ საქმისმწარმოებელი. აღარც ტრამვაის ფული მინდა. ისედაც გავძლებ როგორმე, ოღონდაც თავი დამანებონ. კატა ხარ თუ არა ხარ, წვერიანი ხარ თუ უწვერო, შენთვის იყავი, ხოლო მე ჩემთვის ვიქნები. სხვა ადგილს მოვძებნი და წყნარად, მშვიდად ვიმსახურებ. არავის არაფერს დავუშავებ და ნურც მე დამიშავებენ. არც ჩივილს დავიწყებ სადმე. ხვალ საბუთებს მოვიწესრიგებ და ამით დავასრულებ...       შორს საათის რეკვა ყრუდ გაისმა. ბამ... ბამ... „პესტუხინებთანაა“, – გაიფიქრა კოროტკოვმა და თვლას შეუდგა, – ათი... თერთმეტი... შუაღამე, 13, 14, 15... 40...       – საათმა ორმოცჯერ დარეკა, – მწარედ ჩაიცინა კოროტკოვმა და კვლავ ატირდა. მერე საეკლესიო ღვინო კრუნჩხვით ამოარწყია.       – ოჰ, რა მაგარი ღვინოა, – ამოიგმინა კოროტკოვმა და ბალიშს კვნესით მიესვენა. ორი საათი გავიდა. ჩაუქრობელი ნათურა ფერმიხდილ სახესა და ბალიშზე მიმოშლილ თმას ანათებდა. IX - შემზარავი მანქანები       შემოდგომის მქრქალი დღე კოროტკოვს უცნაურად შეხვდა. იგი კიბეზე აქეთ-იქით მფრთხალად იყურებოდა. მე-8 სართულზე ავიდა, ალალბედზე მარჯვნივ შეუხვია და გული სიხარულით აუჩქროლდა. კედელზე გამოსახული ხელი მიუთითებდა წარწერაზე – „302-349 ოთახები“. მხსნელი ხელის საჩვენებელი თითის მიმართულებას მიჰყვა და იმ კარამდე მიაღწია, რომელზეც ეწერა: „302 – პრეტენზიების ბიურო“. შიგნით ფრთხილად შეიხედა, რომ არასასურველ ვინმეს არ გადაჰყროდა, ოთახში შევიდა და საბეჭდ მანქანებთან მსხდარი ქალების წინაშე აღმოჩნდა. ცოტა ხანს შეყოყმანდა, მერე შვიდთაგან განაპირას მყოფ შავგვრემან, ფერმკრთალ ქალთან მივიდა და რაღაცის თქმა დააპირა, მაგრამ შავგვრემანმა ქალმა უეცრად შეაწყვეტინა. ყველა ქალმა მზერა კოროტკოვს მიაპყრო.       – დერეფანში გავიდეთ, – მკვეთრად უთხრა კოროტკოვს ფერმკრთალმა ქალმა და ათრთოლებული ხელით თმა შეისწორა.       „ღმერთო ჩემო, კვლავ რაღაც დაიწყო...“ – სევდიანად გაუკრთა გონებაში კოროტკოვს, მძიმედ ამოიოხრა და ქალს დაემორჩილა. ოთახში დარჩენილი ექვსი ქალი მღელვარედ აჩურჩულდა.       შავგვრემანმა ქალმა კოროტკოვი გარეთ გაიყვანა და ნახევრად ჩაბნელებულ დერეფანში უთხრა:       – საშინელი ვინმე ხართ... თქვენ გამო მთელი ღამე არ მიძინია და გადავწყვიტე. იყოს ნება თქვენი. დაგნებდებით.       კოროტკოვმა უზარმაზარ თვალებსა და შროშანის სუნის მფრქვეველ შავგვრემან სახეს შეხედა, ყელიდან რაღაცნაირი ხმა აღმოხდა, მაგრამ არაფერი უთქვამს. ქალმა თავი უკან გადაიქნია, კბილები გაწამებით დაკრიჭა, კოროტკოვს მკლავებში ხელები ჩასჭიდა, თავისკენ მიიზიდა და აჩურჩულდა:       – მაცდუნებელო, რას დუმხარ? სიმამაცით დამიმორჩილე, გრძნეულო. მაკოცე, ჩქარა მაკოცე, სანამ საკონტროლო კომისიიდან არავინ გამოჩენილა.       კოროტკოვს კვლავ უცნაური ბგერა აღმოხდა, დაბარბაცდა, ტუჩებზე რაღაც ტკბილი და რბილი იგრძნო, თვალთა უზარმაზარი გუგები თვალებთან აუელვარდა.       – დაგნებდები... – გაისმა ჩურჩული კოროტკოვის პირთან ახლოს.       – არ მინდა, – ჩახრინწული ხმით უპასუხა კოროტკოვმა, – მე საბუთები მომპარეს.       – ჰო-ო, – უეცრად გაისმა უკან.       კოროტკოვმა მიიხედა და ლუსტრინისპიჯაკიანი ბერიკაცი დაინახა.       – ო-ოჰ! – შესძახა შავგვრემანმა ქალმა, სახეზე ხელები აიფარა და ოთახში შეირბინა.       – ჰი, – თქვა ბერიკაცმა, – ბარაქალა. ყველგან თქვენ უნდა დამხვდეთ, ბატონო კოლობკოვო. ძალიან მარჯვე ხართ. რამდენი კოცნაც უნდა დახარჯოთ, მივლინება მაინც არ გერგებათ. მე მომცეს, ბერიკაცს, და მე წავალ, დიახ.       ეს თქვა და კოროტკოვს ხმელი ხელით ბრაწი აჩვენა.       – თქვენ თაობაზე განცხადებას კი უსათუოდ შევიტან, – ბრაზიანად განაგრძო ლუსტრინისპიჯაკიანმა, – დი-ახ. მთავარ განყოფილებაში სამი ხომ გააბახეთ. ახლა ქვეგანყოფილებასაც უწიეთ? იმათი ანგელოზები ახლა რომ ტირიან, თქვენთვის სულერთია? საბრალო გოგოები ახლა წუხან, მაგრამ გვიანღაა. ქალწულობას ვეღარ დაიბრუნებენ. ვეღარ, – ბერიკაცმა ნარინჯისფერი თაიგულებით მოჩითული დიდი ცხვირსახოცი ამოიღო, წაუტირა და ცხვირი მოიხოცა, – ბერიკაცს ნამცეცები გინდათ წაგლიჯოთ, ბატონო კოლობკოვო? კარგი... – ბერიკაცი აცახცახდა და აქვითინდა, პორტფელი ხელიდან გაუვარდა, – წაიღეთ, ჭამეთ, უპარტიო, თანამგრძნობი ბერიკაცი თუნდაც შიმშილით მოკვდეს... მერე რა. ჯანდაბამდე გზა ჰქონია ბებერ ქოფაკს, მაგრამ უწყოდეთ, ბატონო კოლობკოვო, – ბერიკაცს ხმა წინასწარმეტყველივით მრისხანე გაუხდა და ზარივით აუგუგუნდა, – ეშმაკეული ფულები არ შეგერგებათ, ყელში გაგეჩხირებათ, – თქვა ეს და მწარედ აქვითინდა.       კოროტკოვს ისტერიკა დაეუფლა. უეცრად, თავისთვისაც მოულოდნელად, ფეხები ააბრაგუნა.       – ეშმაკსაც წაუღიხართ! – გამწივანად დაიყვირა და მისი ავადმყოფური ხმა თაღებში დაირხა, – მე კოლობკოვი არა ვარ. მომწყდი თავიდან! კოლობკოვი არა ვარ – არ მივდივარ! არ მივდივარ!       კოროტკოვმა საყელო ჩამოიგლიჯა.       ბერიკაცს ცრემლი უმალ შეაშრა, შიშისგან აცახცახდა.       – შემდეგი! – მოისმა კარს იქიდან. კოროტკოვი გაჩუმდა, შიგნით შევარდა, მარცხნივ გაუხვია, საბეჭდი მანქანები უკან მოიტოვა და ბრგე, მოხდენილი, ლურჯკოსტიუმიანი ქერა კაცის წინაშე აღმოჩნდა. მან კოროტკოვს თავი დაუქნია და უთხრა:       – მოკლედ, ამხანაგო. ერთბაშად. უცბად. პოლტავა თუ ირკუტსკი?       – საბუთები მომპარეს, – უპასუხა გატანჯულმა კოროტკოვმა და ველურად მიმოიხედა, – კატაც დამემატა. უფლება არ აქვს. ჩემს დღეში არ მიჩხუბია, ასანთმა მიქნა. დევნის უფლება არა აქვს. მერე რა, რომ კალსონიერია. საბუთები მომპარა...       – ეგ სისულელეა, – უპასუხა ლურჯკოსტიუმიანმა, – ტანსაცმელს მოგცემთ, პერანგებსაც და ზეწრებსაც. თუ ირკუტსკში წახვალთ, ნახმარ ქურქსაც მიიღებთ. მოკლედ...       – სერგეი ნიკოლაევიჩ, გთხოვთ.       იფნის უჯრიდან უმალ გამოჩნდა დავარცხნილი, სელისფერთმიანი თავი და ლურჯი, მკვირცხლი თვალები, თავს მოჰყვა გველისებური, გაკლაკნილი კისერი, გატკაცუნდა გახამებული საყელო, გამოჩნდა პიჯაკი, ხელები, შარვალი და ერთი წამის შემდეგ მდივანი მთლიანად გამოსხლტა ლურჯ მაუდზე, თანაც, – დილა მშვიდობისაო, – დაიწრიპინა. ტანი წყლიდან ამოსული ძაღლივით დაიფერთხა, ძირს ჩახტა, მანჟეტები პიჯაკის მაჯებზე ღრმად ჩაიწია, ჯიბიდან პატენტიანი კალამი ამოიღო და უმალ წერას შეუდგა.       კოროტკოვმა უკან დაიხია, ხელი წინ გაიშვირა და ლურჯკოსტიუმიანს საწყალობლად უთხრა:       – ნახეთ, ნახეთ, მაგიდიდან ამოძვრა. ეს რა ამბავია?       – რა თქმა უნდა, ამოძვრა, – უპასუხა ლურჯკოსტიუმიანმა, – მაშ მთელ დღეს შიგ ხომ არ იქნებოდა. დროა. დრო. ქრონომეტრაჟი.       – როგორ? რანაირად? – დაიწივლა კოროტკოვმა.       – ოჰ? ღმერთო ჩემო, – აღელდა ლურჯკოსტიუმიანი, – ნუ მაყოვნებთ, ამხანაგო.       შავგვრემანმა ქალმა კარში თავი შემოყო და გახარებულმა აღელვებით შეჰყვირა:       – მაგისი საბუთები უკვე პოლტავაში გავგზავნე. მეც მაგასთან ერთად მივდივარ. პოლტავაში დეიდა მყავს განედის 43-ე გრადუსსა და გრძედის მე-5 გრადუსზე.       – არ მინდა! – შეჰყვირა კოროტკოვმა და თვალები დააცეცა, – ეგ დანებებას მოინდომებს, რასაც ვერ ვიტან. არ მინდა. საბუთები დამიბრუნეთ. პატიოსანი გვარი აღმიდგინეთ!       – ამხანაგო, ქორწინების განყოფილებას მიაკითხეთ, – აწრიპინდა მდივანი, – ჩვენ არაფერი შეგვიძლია.       – ოჰ, შე სულელო! – შესძახა შავგვრემანმა ქალმა და კვლავ შემოიხედა, – დათანხმდი! დათანხმდი! – ჩურჩულებდა იგი სუფლიორივით, ხან მიიმალებოდა, ხან კვლავ გამოჩნდებოდა.       – ამხანაგო! – აქვითინდა კოროტკოვი და სახე ცრემლებით მოერწყა, – ამხანაგო! გემუდარები, საბუთები მომეცი. ქენი სიკეთე. მთელი სულითა და გულით გთხოვ. ჰოდა, მონასტერში წავალ.       – ამხანაგო! ისტერიკას მოეშვით. კონკრეტულად და აბსტრაქტულად ჩამოაყალიბეთ წერილობით და ზეპირად, დროულად და საიდუმლოდ – პოლტავა თუ ირკუტსკი? მოუცლელ კაცს დროს ნუ მაკარგვინებთ! დერეფნებში არ იაროთ! არ დააფურთხოთ! არ მოსწიოთ! ფულის დახურდავება არ დააბრკოლოთ! – დაიგრგვინა მოთმინებადაკარგულმა ქერა კაცმა.       – ხელის ჩამორთმევა გაუქმებულია! – წამოიყივლა მდივანმა.       – ხვევნას გაუმარჯოს! – ვნებიანად ჩაიჩურჩულა შავგვრემანმა ქალმა, ოთახში ნიავივით ჩაიქროლა და კოროტკოვს კისერზე შროშანის სურნელება დააფრქვია.       – მეცამეტე მცნებაში ნათქვამია: მოყვასთან დაუკითხავად ნუ შეხვალ, – ჩაიჩიფჩიფა ლუსტრინისპიჯაკიანმა, ჰაერში გადაიფრინა და მოსასხამის კალთები გადააფრიალა... – მე არც შემოვდივარ, არც შემოვდივარ, ქაღალდებს კი მაინც ჩამოგიყრით. აი, ასე, ფრი!.. თუნდაც ერთს მოაწერ ხელს და განსასჯელის სკამზე დაჯდები, – მან განიერი შავი სახელოდან თეთრი ფურცლების დასტა გამოაგდო და ფურცლები მაგიდებს ისე მოეფინნენ, როგორც თოლიები სანაპიროს კლდეებს.       ოთახში ბინდი შემოიჭრა და ფანჯრები შეზანზარდა.       – ამხანაგო ქერათმიანო! – ტიროდა განაწამები კოროტკოვი, – აქვე დამხვრიტე, ოღონდაც რაიმე საბუთი მომეცი. ხელებს დაგიკოცნი.       ბინდბუნდში ქერათმიანი თანდათან იბერებოდა და იზრდებოდა, თანაც ფურცლებს ხელს განუწყვეტლივ აწერდა და მდივანს უყრიდა, ხოლო ის სიხარულის გამომხატველი დუდღუნით იჭერდა.       – ჭირსაც წაუღია! – დაიგრგვინა ქერათმიანმა, – ჭირსაც წაუღია. ჰეი, მემანქანეებო!       მან უზარმაზარი ხელი დაიქნია, კოროტკოვის თვალწინ კედელი გააპო და მაგიდებზე ჩამწკრივებულმა საბეჭდმა მანქანებმა ზარების წკარუნით ფოქსტროტი ააჟღერეს. ოცდაათი ქალი მაგიდების ირგვლივ ზარ-ზეიმით დატრიალდა; თეძოებს არხევდნენ, მხრებს ავხორცულად იქნევდნენ, კრემისფერი ფეხებით თეთრ ქაფს აქეთიქით ისროდნენ.       მანქანების ხახებში თეთრი ფურცლები გველებივით შესრიალდნენ და დახვევა, დაპობა, გადაკერება იწყეს. ამოსხლტნენ იისფერლამპასებიანი თეთრი შარვლები: „ამის წარმომდგენი არის ნამდვილად წარმომდგენი და არა ვიღაც ვიგინდარა“.       – ჩაიცვი! – ბურუსში დაიგრგვინა ქერათმიანმა.       – უ-უ-უ-უ, – წვრილი ხმით აყმუვლდა კოროტკოვი და ქერათმიანის მაგიდას თავის რახუნი დაუწყო. თავი ერთი წამით დაუამდა და ვიღაცის ცრემლიანი სახე თვალწინ გაუკრთა.       – ვალერიანი! – იყვირა ვიღაცამ ჭერზე.       მოსასხამი შუქს შავი ფრინველივით ჩამოეფარა და ბერიკაცი მღელვარედ აჩურჩულდა:       – ახლა საშველი ესღაა, – დირკინისკენ, მეხუთე განყოფილებაში. მალე! მალე!       ეთერის სუნი დადგა, მერე ვიღაცამ კოროტკოვს ხელი ნაზად მოჰკიდა და ნახევრად ჩაბნელებულ დერეფანში გაიყვანა. მოსასხამი გარს ეხვეოდა, წინ მიაქანებდა და თან ხითხითით ეჩურჩულებოდა:       – ამათ კარგი ოინი ვუყავი: მაგიდებზე ისეთი რამ დავუყარე, თითოეულს სულ ცოტა ხუთი წელი და ბრძოლის ველზე დამარცხება ერგება. მალე! მალე!       მოსასხამი განზე გაფრიალდა, უფსკრულში ჩამავალი ბადიდან ნესტიანმა ქარმა წამოუბერა. X - შემზარავი დირკინი       სარკეებიანი კაბინა ქვემოთ დაექანა და ორი კოროტკოვი ძირს ჩასრიალდა. პირველმა და მთავარმა კოროტკოვმა მეორე კოროტკოვი კაბინის სარკეში ჩატოვა და გრილ ვესტიბიულში მარტო გავიდა. ძალზე სქელი, ვარდისფერი, ცილინდრიანი კაცი მას ამ სიტყვებით შეხვდა:       – დიდებულია. ახლა დაგაპატიმრებთ.       – ჩემი დაპატიმრება არ შეიძლება, – უპასუხა კოროტკოვმა და სატანური ხმით გაიცინა, – იმიტომ რომ ცნობილი არ არის, ვინა ვარ. რა თქმა უნდა, ჩემი არც დაპატიმრება შეიძლება და არც დაქორწინება. არც პოლტავაში წავალ.       სქელი კაცი შიშისგან აცახცახდა. კოროტკოვს თვალის გუგებში ჩახედა და უკან დაიხია.       – აბა, დამაპატიმრე, – დაიწრიპინა კოროტკოვმა და ღიპიანს აცახცახებული, ფერდაკარგული, ვალერიანის სუნით გაჟღენთილი ენა გამოუყო, – როგორ დამაპატიმრებ, თუ საბუთების ნაცვლად ბრაწი მაქვს? იქნებ ჰოჰენცოლერნი(გერმანელ იმპერატორთა – ჰოჰენცოლერნთა საგვარეულოს ზოგიერთი წარმომადგენელი სამფლობელოების დათმობის შემდეგ განცალკევებით ცხოვრობდა.) ვარ?       – ღმერთო დიდებულო, – თქვა ღიპიანმა, აკანკალებული ხელით პირჯვარი გადაიწერა და ვარდისფერის მაგივრად ყვითელი ფერი დაედო.       – კალსონიერი არ შეგხვედრია? – მჭახედ ჰკითხა კოროტკოვმა და მიმოიხედა, – მიპასუხე, ღიპიანო.       – არ შემხვედრია, – უპასუხა ღიპიანმა და სახე გაუნაცრისფრდა.       – ახლა რა ვქნათ? ჰა?       – დირკინთან წასვლაა საჭირო, – ატიტინდა ღიპიანი, – ყველაფერს ეს სჯობია, მაგრამ მრისხანეა. უჰ, რა მრისხანეა! ახლოს ვერ მიეკარები. ორნი, იმასთან ნამყოფნი, ზემოდან გადმოფრინდნენ. ახლახან ტელეფონი დალეწა.       – კარგი, – უპასუხა კოროტკოვმა და ყოჩაღად გადააფურთხა, – ახლა ჩვენთვის სულერთია. ზემოთ წამიყვანე!       – ფეხი არ იტკინოთ, ამხანაგო რწმუნებულო, – ნაზად უთხრა კოროტკოვს ღიპიანმა და ლიფტში ჩასვა.       ზედა ბაქანზე ასულებს თექვსმეტიოდე წლის ტანმორჩილმა ყმაწვილმა შემზარავად დაუყვირა:       – სად მიდიხართ? გაჩერდით!       – არა მცემო, ბიძიკო, – უთხრა მას ღიპიანმა, მოიკუნტა და თავზე ხელები დაიფარა, – თვით დირკინთან მივდივართ.       – გასწით, – შეჰყვირა ტანმორჩილმა.       ღიპიანი აჩურჩულდა:       – თქვენ წადით, თქვენო ბრწყინვალებავ, მე კი აქ სკამზე მოვიცდი. ძალიან მეშინია...       კოროტკოვი ჯერ ბნელ წინკარში, შემდეგ კი უკაცრიელ დარბაზში შევიდა, სადაც ცისფერი, გაცვეთილი ხალიჩა ეფინა.       იმ კართან, რომელზეც წარწერა „დირკინი“ მოჩანდა, კოროტკოვი ოდნავ შეყოყმანდა, მაგრამ მერე შევიდა და მყუდროდ მოწყობილ კაბინეტში აღმოჩნდა, სადაც ჟოლოსფერი მაგიდა იდგა და კედელზე საათი ეკიდა. მაგიდის იქით მჯდარი ტანმორჩილი, ფუმფულა დირკინი სწრაფად წამოხტა, ულვაშები აიყალყა და დაიღ-რიალა:       – ჩუმად! – თუმცა კოროტკოვს ჯერ არაფერი ეთქვა.       იმავე წუთს კაბინეტში ფერმკრთალი, პორტფელიანი ჭაბუკი შემოვიდა. დირკინს უმალ სახეზე ღიმილი გადაეფინა.       – ოჰ! – შესძახა მან ტკბილი ხმით, – არტურ არტურიჩ. მოგესალმებით.       – მისმინე, დირკინო, – წამოიწყო ჭაბუკმა ფოლადისებური ხმით, – პუზირევს შენ მისწერე, თითქოს ემერიტურულ სალაროში(ემირატურა – (ლათ. სიტყვიდან emeritus – დამსახურებული) – რევოლუციამდელ რუსეთში ფულადი დახმარება, რასაც სამსახურიდან გადამდგარ სახელმწიფო მოხელეებს აძლევდნენ.) ერთპიროვნული დიქტატურა დავამყარე და მაისის ემერიტურული ფული მივითვისე? შენ მისწერე? მიპასუხე, შე არამზადა.       – მე? – აბუტბუტდა დირკინი, მრისხანე დირკინიდან ჯადოქრულად კეთილ დირკინად გადაიქცა, – მე, არტურ დიქტატურიჩ... მე, რა თქმა უნდა... თქვენ ტყუილ-უბრალოდ...       – ოჰ, შე არამზადა, შე არამზადა, – მჭახე ხმით უთხრა დირკინს ჭაბუკმა, თავი გააქნია და პორტფელი ყურში ლავაშივით ჩასცხო.       კოროტკოვმა უნებურად წამოიყვირა და გაშეშდა.       – შენც და ყველა არამზადასაც, ვინც ჩემს საქმეში ცხვირს ჩაყოფს, ეს დღე მოელის, – შთამბეჭდავად უთხრა ჭაბუკმა კოროტკოვს, წითელი მუშტი მუქარით მოუღერა და კაბინეტიდან გავიდა.       კაბინეტში ორიოდე წუთს სიჩუმემ დაისადგურა, მხოლოდ სადღაც ჩავლილი სატვირთო მანქანისგან აზანზარებული კანდელაბრის საკიდები წკარუნობდა.       – ხომ ნახეთ, ყმაწვილო კაცო, – უთხრა კოროტკოვს კეთილმა, დამცირებულმა დირკინმა და მწარედ ჩაიცინა, – აი, გულმოდგინების საფასური. ღამეებს მშიერ-მწყურვალი ათევ, სანაცვლოდ კი ცხვირ-პირში გირტყამენ. იქნებ თქვენც ამ განზრახვით მოხვედით? მაშ ურტყით დირკინს, ურტყით. დირკინის ცხვირ-პირი რა დასანანია. იქნებ არ გინდათ, რომ ხელი იტკინოთ? მაშ კანდელაბრი აიღეთ.       დირკინმა საწერი მაგიდიდან ფუმფულა ლოყები მაცდუნებლად წამოსწია. კოროტკოვი არც დაფიქრებულა, მორცხვად გაიღიმა, კანდელაბრს ფეხზე მისწვდა, სანთლებიანად მოიქნია და დირკინს თავში ჩაულაწუნა. თავდაჩეჩქვილ დირკინს ცხვირიდან სისხლი წასკდა და მაუდი გადააწითლა, მიშველეთო, – დაიყვირა, შიგნითა კარი გამოაღო და ოთახიდან გაიქცა.       – გუ-გუ! – დაიძახა ტყის გუგულმა და კედელზე ჩამოკიდებული ნიურნბერგული მოხატული სახლიდან გამოხტა.       – კუ-კლუქს-კლანი! – დაიყვირა მან და მელოტ თავად გადაიქცა, – ჩავწეროთ, თანამშრომლებს როგორ სცემთ.       კოროტკოვს მრისხანება დაეუფლა. კანდელაბრი მოიქნია და საათს დაჰკრა. საათმა დაიგრგვინა და ოქროსფერი ისრები მიმოფანტა. საათიდან კალსონიერი გამოხტა, თეთრ მამლად გადაიქცა და კარიდან გავარდა. ფრთებზე „გასული“ ეწერა. იმავე წამს შიგნითა კარს მიღმა დირკინის ბღავილი გაისმა: „დაიჭირეთ ეგ ყაჩაღი!“ ირგვლივ ფეხების ბრაგაბრუგი გაისმა. ხალხი ყოველი მხრიდან გამორბოდა. კოროტკოვი შეტრიალდა და გაიქცა. XI - პარფორსული* კინო და უფსკრული       * Parforse (ფრანგ.) – სანადირო ძაღლების საყელური. პარფორსული ნადირობა – ნადირზე მწევრებით ნადირობა; აქ, კოროტკოვის დევნა, რომელიც მისი დაღუპვით დასრულდა.       ბაქანზე ღიპიანი კაბინაში შეხტა, ბადე ჩამოიფარა და ქვემოთ დაეშვა, ხოლო უზარმაზარ, დაღრღნილ კიბეზე შემდგომი რიგით დაექანნენ: პირველი – ღიპიანის შავი ცილინდრი, შემდეგ – თეთრი „გასული“ მამალი, მამლის შემდეგ – კანდელაბრი, წვეტიანი თეთრი თავის ზემოთ ერთ გოჯზე რომ მიფრინავდა, მერე კოროტკოვი, რევოლვერმომარჯვებული თექვსმეტი წლის ყმაწვილი და კიდევ ვიღაცები, ნალებიან ჩექმებს რომ მოაბრაგუნებდნენ. კიბე ბრინჯაოს ხმით აკვნესდა, ბაქნებზე კართა მშფოთვარე ჯახუნი გაისმა.       ვიღაც ზედა სართულიდან გადმოეკიდა და რუპორში ჩასძახა:       – რომელი სექცია გადადის? ცეცხლგამძლე სალარო დარჩათ!       – ბანდიტები! – ქვემოდან პასუხად გაისმა ქალის ხმა.       ქუჩაში გამავალ უზარმაზარ კართან კოროტკოვმა ცილინდრსა და კანდელაბრს გაასწრო, გარეთ გავარდა, გახურებული ჰაერის უშველებელი ულუფა შეისუნთქა და ქუჩას სირბილით გაუყვა. თეთრმა მამალმა გოგირდის სუნი დააფრქვია და მიწაში ჩაინთქა, ჰაერში შავი მოსასხამი გამოიძერწა და კოროტკოვს აედევნა, თან წვრილი ხმით გაჰკიოდა:       – მეარტელეებს სცემენ, ამხანაგებო!       ქუჩაში მიმავალნი კოროტკოვის დანახვაზე აქეთ-იქით გარბოდნენ და სახლებქვეშა თაღებში იმალებოდნენ, წამდაუწუმ სტვენა გაისმოდა, ჩაიგრიალებდა და მიწყდებოდა. ატყდა საშინელი ყიჟინი, ვიღაც ჩახლეჩილი ხმით აყვირდა: „დაიჭირეთ!“ რკინის გისოსები გრიალით ჩამოეშვა.       – დაიწყო! – კიოდა ტრამვაის ხაზზე მჯდარი კოჭლი კაცი.       კოროტკოვის უკან ნაძვის ხის ტკაცუნასავით მხიარული სროლა გახშირდა. ტყვია ხან გვერდით, ხან მაღლა გაიწივლებდა. მჭედლის საბერველივით აქშუტუნებული კოროტკოვი ისარივით მიისწრაფოდა უზარმაზარი თეთრმეტსართულიანი შენობისკენ, გვერდი ქუჩისკენ რომ ჰქონდა მოქცეული, ფასადი კი ვიწრო შესახვევისკენ. კუთხეში მიმაგრებული მინის აბრა, რომელზეც ეწერა „Restoran i pivo“ ვარსკვლავისებურად დაიბზარა, ხნიერი მეეტლე კოფოდან ქვაფენილზე გადაჯდა და სახემოთენთილი ალაპარაკდა:       – ყოჩაღ! რას სჩადით, ძმებო, ყველას განურჩევლად ესვრით?..       შესახვევიდან ვიღაც კაცი გამოვარდა, კოროტკოვის შეჩერებას შეეცადა, პიჯაკის კალთაში სწვდა, მაგრამ კალთა ხელში შერჩა. კოროტკოვმა კუთხეში შეუხვია, რამდენიმე საჟენი გაირბინა და სარკეებიან ვესტიბიულში შევარდა. ლიფტთან მდგარი სირმებიანი და ოქროსფერღილებიანი ბიჭი განზე გახტა და ატირდა.       – ჩაჯექი, ძია, ჩაჯექი! – აღრიალდა იგი, – ოღონდ ობოლს ნუ მცემ!       კოროტკოვი ლიფტის კოლოფში შეხტა, მეორე კოროტკოვის პირისპირ მწვანე დივანზე ჩამოჯდა და ქვიშაზე დაგდებული თევზივით აქოშინდა. ბიჭი სლუკუნით შეჰყვა, კარი მიხურა და თოკი ჩამოქაჩა. ლიფტი ზემოთ გაემართა. იმავე წამს ქვემოთ, ვესტიბიულში, სროლა ატყდა და მინის მრავალი კარი აქანავდა.       ლიფტი ზემოთ რბილად, მომაბეზრებლად მიემართებოდა. დამშვიდებული ბიჭი ერთი ხელით ცხვირს იხოცავდა, მეორე ხელით კი თოკს ექაჩებოდა.       – ძია, ფული მოიპარე? – ცნობისმოყვარედ შეეკითხა პიჯაკშემოხეულ კოროტკოვს.       – კალსონიერს... შევუტიე... – უპასუხა სულშეხუთულმა კოროტკოვმა, – მაგრამ იგი შეტევაზე თვითონ გადმოვიდა...       – ძია, გირჩევნია, სულ მაღლა, საბილიარდოში ახვიდე, – ურჩია კოროტკოვს ბიჭმა, – თუ მაუზერი გაქვს, სახურავზე ჩასაფრდი.       – ავიდეთ... – დაეთანხმა კოროტკოვი.       ერთი წუთის შემდეგ ლიფტი შეჩერდა, ბიჭმა კარი გააღო და კოროტკოვს ცხვირის სრუტუნით უთხრა:       – ძია, გადი, სახურავისკენ გასწი.       კოროტკოვმა ლიფტიდან ისკუპა, მიმოიხედა და ყური მიუგდო. ქვემოდან გუგუნი მოისმოდა, თანდათან რომ მატულობდა და ზემოთ მოიწევდა. გვერდიდან, მინის ტიხარს იქიდან, სადაც შეშფოთებული სახეები მოჩანდა, ძვლის ბურთების ჭახაჭუხი გამოდიოდა. ბიჭი ლიფტში შეხტა, კარი მიიკეტა და ქვემოთ დაექანა.       კოროტკოვმა პოზიციას არწივისებური მზერა მოავლო, ცოტა ხანს შეყოყმანდა, მერე ომახიანად შესძახა: წინ! – და საბილიარდოში შევარდა. მწვანე მოედანზე აგორებული კრიალა ბურთები და ფერმკრთალი სახეები აირ-დაირია. ქვემოთ, სულ ახლოს სროლის ხმა გაისმა, რასაც გამაყრუებელი ექო აჰყვა და სადღაც მინები წკრიალით ჩამოიმსხვრა. მოთამაშეებმა კიები ერთდროულად დაყარეს, დამწკრივდნენ და გვერდითა კარისკენ ბრაგაბრუგით გაცვივდნენ. კოროტკოვი გაქანდა, გასულთა უკან კარი გადარაზა, მერე კიბიდან საბილიარდოში შემოსასვლელი მინის კარიც გადაკეტა და ბურთებით უმალ შეიარაღდა. რამდენიმე წამი გავიდა და ლიფტის გვერდით, მინის მიღმა პირველი თავი ამოიზარდა. კოროტკოვის ნასროლმა ბურთმა მინა სტვენით გაანგრია და თავი უმალ გაქრა. მის ადგილას მკრთალმა ცეცხლმა იელვა და მეორე თავი გამოჩნდა, მერე – მესამე. ბურთები ერთმანეთს მიჰყვა და ტიხრის მინები ჩაიმსხვრა. კიბეზე ჩაგორებულ ბურთებს რაკარუკი გაჰქონდა. ამ ხმის პასუხად ზინგერის საკერავი მანქანასავით გამაყრუებლად აგრიალდა ტყვიამფრქვევი და მთელი შენობა შეზანზარდა. საბილიარდოს ზემოთა ნაწილში მინები და ჩარჩოები, თითქოს დანით შემოაჭრესო, ისე ჩამოიშალა და მთელ საბილიარდოს ჩამოცვივნული ბათქაშიდან ავარდნილი მტვრის ღრუბლები მოეფინა.       კოროტკოვი მიხვდა, რომ პოზიციის შენარჩუნებას ვერ შეძლებდა. თავზე ხელები დაიფარა, გაქანდა და ფეხები დასცხო მინის მესამე კედელს, რომლის იქით შენობის ბრტყელი, მოასფალტებული სახურავი იწყებოდა. კედელი გაიბზარა და ჩამოილეწა. კოროტკოვმა ბობოქარ ცეცხლში მაინც მოასწრო, სახურავზე ხუთი პირამიდა გადაეყარა და ბურთები ასფალტზე მოკვეთილი თავებივით გაგორდა. ბურთებს კოროტკოვიც მიჰყვა. დროზე მოასწრო, იმიტომ რომ ტყვიამფრქვევმა ჩარჩოს ქვედა ნაწილი ჩაჭრა.       – დაგვნებდი! – ყრუდ ჩაესმა ხმა.       კოროტკოვის ზემოთ ძალაგამოლეული მზე და ფერმიხდილი ცა გამოჩნდა. მოყინულ ასფალტზე ქარი დაქროდა. ქვემოდან და გარედან ქალაქის მღელვარე გუგუნი მოისმა. კოროტკოვი ასფალტზე ახტა-დახტა, მიმოიხედა, სამ ბურთს ხელი წამოავლო, პარაპეტთან მიირბინა, ზედ ახოხდა და ქვემოთ გადაიხედა. გული გადაუტრიალდა. ქვემოთ გამოჩნდა გაბრტყელებულ-დაპატარავებულ სახლთა სახურავები, მოედანი, სადაც ტრამვაი მიღოღავდა და ადამიანები ხოჭოებივით მიმორბოდნენ. იმავე წამს კოროტკოვმა შესახვევიდან სადარბაზო შემოსასვლელისკენ წამოსული რუხი ფიგურები შეამჩნია. მათ უკან ოქროსფრად მოელვარე თავებით დახუნძლული მძიმე სათამაშო დაიძრა...       – ალყაში მომაქციეს! – ამოიხვნეშა კოროტკოვმა, – მეხანძრეები არიან.       პარაპეტზე გადახრილმა კოროტკოვმა დაუმიზნა და სამი ბურთი ზედიზედ ისროლა. ბურთები მაღლა აიჭრნენ, წრე მოხაზეს და ქვემოთ დაექანნენ. კოროტკოვმა სამი ბურთი კიდევ აიტაცა, კიდევ ახოხდა პარაპეტზე და სამივე ბურთი გაისროლა. ბურთებმა ვერცხლისფრად გაიელვეს, ქვემოთ დაეშვნენ და გაშავდნენ, მერე ისევ იელვეს და გაქრნენ. კოროტკოვს მოეჩვენა, რომ მზის სხივებივით გაბრწყინებულ მოედანზე ხოჭოებმა შეშფოთებით იწყეს სირბილი. იგი კვლავ დაიხარა ბურთების ასაკრეფად, მაგრამ აკრეფა ვეღარ მოასწრო. საბილიარდოში მინის ნამსხვრევების განუწყვეტელი ჭახაჭუხი გაისმა და ხალხის ნაკადი გამოჩნდა. მომხვდურნი სახურავზე მუხუდოს მარცვლებივით ცვიოდნენ. მოფრიალებდა რუხი ქუდები და რუხი მაზარები, ხოლო ლუსტრინისპიჯაკიანი ბერიკაცი ზედა სარკმლიდან იატაკზე ფეხის დაუკარებლად შემოფრინდა. მერე კედელი მთლიანად ჩამოიშალა და გორგოლაჭებით მრისხანედ შემოგორდა შემზარავი, წვერგაპარსული კალსონიერი. ხელში ძველებური მუშკეტონი ეჭირა.       – დაგვნებდი! – გაისმა ღრიალი წინიდან, უკნიდან და ზემოდან, მერე კი ყველა ხმა დაფარა აუტანელმა, დამაყრუებელმა, ქვაბივით მოგუგუნე ბანმა.       – რა თქმა უნდა! – სუსტი ხმით შესძახა კოროტკოვმა, – რა თქმა უნდა. ბრძოლა წაგებულია. ტა-ტა-ტა! – ტუჩებით დაუკრა გასაყარი ნაღარა.       კოროტკოვს გული სასიკვდილო განწირულობის სიმამაცით აევსო. იგი პარაპეტის ბოძზე გადაბობღდა, შექანდა, მერე წამოიმართა და შეჰყვირა:       – სირცხვილს სიკვდილი მირჩევნია!       მდევრები ორ ნაბიჯზე იყვნენ. კოროტკოვი უკვე გამოწვდილ ხელებსა და კალსონიერის პირიდან გამოვარდნილ ალს ხედავდა. მზით გაბრწყინებულმა უფსკრულმა ისე მიიზიდა, რომ სული შეუგუბდა. გამარჯვების გამაყრუებელი შეძახილით შეხტა და მაღლა აიჭრა. უმალ სუნთქვა შეეკრა. ბუნდოვნად დაინახა, თითქოს აფეთქებისგან წარმოქმნილმა რაღაც ნაცრისფერმა და შავნახვრეტებიანმა გვერდზე როგორ ჩაუქროლა და ზემოთ გაემართა. შემდეგ თვალნათლივ დაინახა, რომ ის ნაცრისფერი რაღაც ქვევით დაექანა, თავად კი მაღლა გაქანდა ვიწრო შესახვევისკენ, ახლა თავს ზემოთ რომ მოჰქცეოდა. მერე სისხლისფერი მზე თავში გრიალით დაემსხვრა და მეტი აღარაფერი დაუნახავს. მიხაილ ბულგაკოვი …
დაამატა ლაშა to ლიტერატურა at 7:49pm on თებერვალი 24, 2021
თემა: ჯეკ ლონდონი - მოთხრობები
სახელს პატივით იხსენიებდნენ თანასოფლელები. კიში ისე დიდი ხნის წინათ ცხოვრობდა, რომ მხოლოდ მოხუცებს ახსოვდათ მისი სახელი. კიშის სახელი და თქმულება კიშზე მათ წინაპართაგან გაეგონათ. ამ ამბავს მოხუცები თავიანთ შვილებს უამბობდნენ, შვილები - თავიანთ შვილიშვილებს და თქმულება თაობიდან თაობაში გადადიოდა. ზამთრის ბნელ ღამეში, როცა ჩრდილოეთის მძვინვარე ქარი სქელ ყინულზე დანავარდობს და თოვლსახვეტავს, როცა ჰაერი მოფარფატე ფიფქებით ივსება და კაცი გარეთ გამოხედვას ვერ ბედავს, საამოა კიშის ამბის მოსმენა, ამბისა, თუ როგორ გახდა ყველაზე ღარიბულ იგლუდან გამოსული პატარა ბიჭი ყველა კაცზე ძლიერი და სახელმოხვეჭილი. კიში გონიერი ბიჭი იყო, - ასე იწყება ამბავი, - ჯანსაღი და ღონიერი, მას ცამეტჯერ ენახა მზე. -ასე თვლიან დროს ჩრდილოეთში, რადგან მზე ყოველ ზამთარს სტოვებს მათ მიწას და მომავალ წელს განახლებული უბრუნდება, ათბობს და სინათლეს ჰფენს არემარეს, რომ იქაურებმა ერთმანეთი დაინახონ. კიშის, მამა, ბოკი, გულადი ვაჟკაცი იყო. ხალხი რომ შიმშილისაგან გადაერჩინა, დიდ თეთრ დათვზე წავიდა სანადიროდ. გამწარებული იყო და დათვს პირდაპირ შეება. დათვმა ძვლები დაუმტვრია მას. სამაგიეროდ თეთრ დათვს ბევრი ხორცი ჰქონდა და ხალხი შიმშილს გადაურჩა. კიში ბოკის ერთადერთი შვილი იყო. მამის სიკვდილის შემდეგ კიში დედასთან ცხოვრობდა. ხალხი გულმავიწყია. მალე დაივიწყეს კიშის მამის თავგანწირვა; და თუმცა კიში პატარა იყო, დედამისი კი - უმწეო ქალი, სოფელმა მაინც მიატოვა ისინი და მას შემდეგ კიში და დედამისი მთელ სოფელში ყველაზე პატარა და ყველაზე ღარიბულ იგლუში ცხოვრობდნენ.        ერთ ღამეს სოფლის თავკაცის კლოშ-კვენის დიდ იგლუში გამართულ თავყრილობაზე კიშმა გაახსენა თანასოფლელებს, როგორი სისხლი ედგა ძარღვებში და როგორ ერჩოდა გული. დიდი ადამიანის სიდარბაისლით წამოდგა და აჩურჩულებული ხალხის გაჩუმებას დაელოდა. მართალია, ხორცს მე და დედაჩემსაც გვინაწილებთ, - თქვა მან, - მაგრამ ხშირად ეს ხორცი ძველია და მაგარი. უფრო ხშირად კი ცარიელი ძვლები გვხვდება წილად. მონადირეები, ჭაღაროსანნი და მხცოვანი თუ სისხლსავსე ჭაბუკები, გაშტერდნენ. ამის მსგავსი არაფერი ენახათ. ბავშვი დიდი ადამიანივით ლაპარაკობდა და თანაც სიმართლეს მოურიდებლად ახლიდა პირში მათ. კიში კი წყნარად და დაბეჯითებით ამბობდა: - მე ვიცი, რომ მამაჩემი, ბოკი, დიდი მონადირე იყო და ამიტომ გელაპარაკებით. ყველას ახსოვს, რომ მამაჩემს ორ კარგ მონადირეზე მეტი ხორცი მოჰქონდა შინ და საკუთარი ხელით ანაწილებდა მას, თვალს ადევნებდა, რომ ყველა უძლურ დედაბერსა და ღრმად მოხუცებულ ბერიკაცს რგებოდა წილი. - აბა! აბა! - დაიძახეს მოთათბირეებმა, - მოაშორეთ აქედან ეს ბიჭი! ძილის დროა და დაიძინოს! ჯერ მიწას არ ასცილებია და ხედავთ, როგორ შემოგვეთამამა ვაჟკაცებსა და თეთრწვერა მოხუცებს!? კიში დინჯად ელოდა ხალხის დაწყნარებას. - შენ, აგ-გლაკ, გყავს ცოლი, - თქვა მან, - და მის მაგივრად ლაპარაკობ. შენ, მასაკ, ცოლიცა გყავს და დედაც, მათ მაგივრად უნდა ილაპარაკო. დედაჩემს კი ჩემს მეტი არავინა ჰყავს, ამიტომ მის მაგივრად მე ვლაპარაკობ. ჰოდა, მე ვამბობ, მამაჩემი, ბოკი, იმიტომ მოკვდა, რომ ფიცხი მონადირე იყო. სწორედ ამიტომ მე, მის შვილს, და დედაჩემს, მამაჩემის ცოლს, აიკიგას საყოფი ხორცი უნდა გვქონდეს, როცა სოფელს გასაყოფი ხორცი აქვს. აი, მე, კიშმა, მონადირე ბოკის ვაჟმა, ვთქვი ჩემი სათქმელი. კიში დაჯდა და სმენად იქცა. მისმა სიტყვამ მეზობლები აღაშფოთა. - როგორ ბედავს ბავშვი ჩვენს თავყრილობაზე ლაპარაკს! - ჩაიბურდღუნა მოხუცმა აგ-გლაკმა. - ძუძუმწოვრებმა უნდა გვასწავლონ, როგორ მოვიქცეთ? - ხმამაღლა თქვა მასაკმა. - როგორ უნდა აგვიგდოს პატარა ბავშვმა, ხორცისთვის რომ ტირის! აღშფოთებამ იმატა. კიშს უბრძანეს, ახლა დასაძინებლად წადი, ამის შემდეგ კი შეიძლება სულაც არ მოგცეთ ხორცი და თავხედობისათვის ერთს მაგრადაც მიგტყეპავთო - დაემუქრნენ. კიშს თვალები წამოენთო და სისხლი მოაწვა. ჯერ ლანძღვა არ დაემთავრებინათ, რომ უეცრად წამოხტა. - მისმინეთ, ხალხო! - დაიყვირა კიშმა, - მე არასოდეს ვილაპარაკებ თქვენს თავყრილობაზე, ვიდრე თქვენი კაცები არ მოვლენ ჩემთან და არ მეტყვიან: „კარგი იქნება, კიშ, თუ მოხვალ და ილაპარაკებ, კარგი იქნება, ეს ჩვენი სურვილიც არისო“. ეს ჩემი უკანასკნელი სიტყვაა. მამაჩემი, ბოკი, დიდი მონადირე იყო. მეც, მისი შვილი, სანადიროდ წავალ და ჩემს სამყოფ ხორცს ვიშოვი. ყველამ იცოდეს, რომ ჩემი ნანადირევი თანაბრად გაიყოფა - არც ერთი ქვრივი, არც ერთი დავრდომილი აღარ იტირებს ღამით, ხორცი არ მაქვსო, არც ღონიერი ვაჟკაცები დაიკლაკნებიან ტკივილით ზომაზე მეტი ჭამისაგან და მალე ღონიერ ვაჟკაცებს შერცხვებათ ამდენის ჭამა. მე, კიშმა, ვთქვი ჩემი სათქმელი!        დამცინავი სიტყვები და გესლიანი სიცილი დაადევნეს იგლუდან გასულ კიშს. მას კი პირი მაგრად მოეკუმა და არც აქეთ იხედებოდა და არც იქით. მეორე დღეს კიში სანაპიროს გაჰყვა, სანაპიროს, სადაც გაყინული ოკეანე ხმელეთს ეკვრის. ხალხმა შეამჩნია, რომ კიშს მშვილდი და წაწვეტებული ძვლისპირიანი ისრების დიდი კონა აეკიდებინა, მხარზე კი მამამისის სანადირო შუბი გაედო. ბევრი იცინეს და ბევრი ილაპარაკეს სოფელში ამ ამბის გამო. კიშისხელა ბავშვები არასოდეს არ მიდიოდნენ სანადიროდ, მით უმეტეს მარტო. თანასოფლელები სინანულით აქნევდნენ თავს და ჩურჩულებდნენ. ქალები კი თანაუგრძნობდნენ აიკიგას. დედას სახე მწუხარებისაგან გაფითრებოდა. - მალე დაბრუნდება, - ამხნევებდნენ მას. - წავიდეს, იწვნიოს გაჭირვება, - ამბობდნენ მონადირეები, - დაბრუნდება და დაჭკვიანდება, ნაკლებს ილაყბებს. გავიდა ერთი დღე, მეორე, მესამე. დიდი ქარიშხალი ამოვარდა, მაგრამ კიში არსად ჩანდა. აიკიგამ თმები ჩამოიგლიჯა და მწუხარების ნიშნად მურით მოითხუპნა სახე. ქალები კი მამაკაცებს უსაყვედურებდნენ, რატომ არ გაჰყევით უკან, სასიკვდილოდ რათ გაიმეტეთო. მამაკაცები ხმას არ იღებდნენ და ტუნდრაში წასასვლელად ემზადებოდნენ, რომ ბიჭის გვამი მოეძებნათ. მხოლოდ ქარიშხლის ჩადგომას უცდიდნენ. მეორე დილით კიში თავისი ფეხით შემოვიდა სოფელში. თავაწეული მოდიოდა. ზურგზე ახლად მოკლული ნადირის ხორცი მოეგდო. ნაბიჯში მედიდურობა ემჩნეოდა, ლაპარაკში - სიამაყე. - მამაკაცებო, გამართეთ ძაღლის მარხილები და გზას გაუდექით, გაჰყევით ჩემს კვალს, - თქვა მან, - ერთი დღის სავალზე ყინულში ერთი ძუ დათვისა და ორი მოზრდილი ბელის ხორცია ჩაფლული. აიკიგა სიხარულით ცას ეწია. კიშმა კი დედის სიხარული ისე მიიღო, როგორც ნამდვილ ვაჟკაცს შეეფერება, და უთხრა: - გეყოფა, დამშვიდდი, აიკიგა, წამო, სუფრა გაშალე. მერე კი დავიძინებ, ძალიან დავიღალე. კიში იგლუში შევიდა, კარგად დანაყრდა და დაიძინა. ოცი საათი ეძინა გაუნძრევლად. პირველად ყველა ეჭვობდა. ეჭვობდნენ და ბჭობდნენ. თეთრი დათვის მოკვლა ძალიან საშიშია, მაგრამ სამჯერ უფრო საშიშია და კიდევ სამჯერად სამჯერ უფრო საშიში ბელებიანი ძუ დათვის მოკვლა. მამაკაცებს ვერ დაეჯერებინათ, რომ პატარა ბიჭმა - კიშმა მარტო მოახდინა ასეთი დიდი სასწაული. ქალები კიშის ზურგით მოტანილ ახლად მოკლული ნადირის ხორცზე ლაპარაკობდნენ. ხორცი უდავო საბუთი იყო იმისათვის, რომ მამაკაცებს ეჭვი გაქარწყლებოდათ. ჰოდა, გაუდგნენ გზას. თან ბუზღუნებდნენ, თუ დათვი მოკლულია, ხორცი მაინც არ იქნება წესიერად დაჭრილიო. ჩრდილოეთში აუცილებელია ხორცი ნადირის მოკვლისთანავე დაიჭრას. თუ მაშინვე არ დაიჭრა, ისე გაიყინება, ახლად გალესილ დანასაც დააბლაგვებს. ესეც არ იყოს, მეტისმეტად ჭირს სამასი გირვანქა გაყინული ხორცის მარხილზე დადება და უსწორმასწორო ყინულზე მისი გამოთრევა. როცა ადგილზე მივიდნენ, მონადირეებმა ნახეს, კიშს არათუ მოეკლა დათვი და მისი ბელები, გამოეშიგნა და, წესისამებრ, თითო დათვის ხორცი ოთხ-ოთხ ნაჭრად გაეყო. ასე დაიწყო კიშის საიდუმლოებით მოცული ცხოვრება, რომელიც დღითიდღე ბურუსში ეხვეოდა. შემდეგ ნადირობაზე მან მოზრდილი დათვი მოკლა, მომდევნო ნადირობის დროს დიდი ხვადი დათვი და მისი ძუ მოკლა. ჩვეულებრივ, სამი-ოთხი დღით მიდიოდა ხოლმე სანადიროდ, ხანდახან თითო კვირაობითაც რჩებოდა ყინულოვან ველზე. კიში ყოველთვის უარს ამბობდა ვინმეს წაყვანაზე, ხალხს კი უკვირდა. „როგორ ახერხებს ნეტავ, - ეკითხებოდნენ ერთმანეთს, - არც ერთხელ ძაღლი არ წაუყვანია, ძაღლი ხომ მონადირის მარჯვენა ხელია“. - რატომ ნადირობ მხოლოდ დათვებზე? - გაბედა და ჰკითხა ერთხელ კლოშ-კვენმა. კიშმა შესაფერისი პასუხი გასცა: - ყველამ იცის, რომ დათვს ბევრი ხორცი აქვს! -თქვა მან. მაგრამ სოფელში ჯადოსნობაზეც ლაპარაკობდნენ, - ნადირობაში ავი სულები ეხმარებიანო. ყოველთვის ნანადირევით ბრუნდება, როგორ იქნება, რომ ავი სულები არა სწყალობდნენო? - იქნებ კეთილი სულები სწყალობენ, - ამბობდნენ სხვანი, - მამა კარგი მონადირე ჰყავდა. იქნებ მამის სული დაჰყვება თან და ასწავლის მოთმინებას, სიმარჯვესა და ნადირობის ხელოვნებას, ვინ იცის? კიში კი ყოველთვის გამარჯვებული ბრუნდებოდა შინ. მონადირეებს მისი ნანადირევი მოჰქონდათ და კიში სამართლიანად ჰყოფდა მას. მამასავით, კიშიც თვალს ადევნებდა, რომ უძლურ დედაბრებსა და ღრმად მოხუცებულ ბერიკაცებსაც რგებოდათ წილი. თავისთვის კი იმდენს იტოვებდა, რამდენიც აუცილებელი იყო. ამის გამო და იმიტომაც, რომ იგი გონიერი მონადირე იყო, სოფლელები პატივისცემითა და მოკრძალებითაც კი ეპყრობოდნენ. ხმები დადიოდა, კიშს სოფლის თავკაცად აირჩევენ მოხუცი კლოშ-კვენის შემდეგო. კეთილ საქმეთა გამო კიშს ყოველთვის ელოდნენ თავყრილობაზე, მაგრამ ის არ მიდიოდა, მათ კი ერიდებოდათ რომ ეთხოვათ. - გადავწყვიტე, იგლუ დავიდგა, - უთხრა მან ერთ დღეს კლოშ-კვენსა და რამდენიმე მონადირეს, - დიდი იგლუ, სადაც აიკიგა და მე ხალვათად ვიცხოვრებთ. - კეთილი, - მყისვე დაეთანხმნენ ისინი. - მაგრამ არა მცალია, ჩემი საქმე ნადირობაა. ნადირობა ბევრ დროს მართმევს. ამიტომ იგლუ ჩვენმა სოფლელებმა უნდა ამიშენონ, ისინი ჩემს მოტანილ ხორცსა ჭამენ. როგორიც სურდა, ისეთი იგლუ აუშენეს კიშს. კლოშ-კვენის იგლუზე დიდი იგლუ დაუდგეს. კიში და დედამისი დაბინავდნენ შიგ. ქმრის სიკვდილის შემდეგ აიკიგამ პირველად გაიხარა კეთილი ცხოვრებით, რომელიც შვილმა შეუქმნა. აიკიგა პირველი ქალი გახდა მთელ სოფელში. სოფლის ქალები ხშირად მიდიოდნენ მასთან, რჩევა-დარიგებას სთხოვდნენ და როცა მათ შორის ან მამაკაცებს შორის დავა ატყდებოდა, აიკიგას სიბრძნეს მიანდობდნენ სამართალს.        ყველაზე მეტად მაინც კიშის საოცარი ნადირობა აცვიფრებდა ხალხს, სულ იმაზე ფიქრობდნენ, და ერთ დღეს აგ-გლაკმა კიშს პირდაპირ დასდო ბრალი, ჯადოსანი ხარო. - ყველა დარწმუნებულია, - უთხრა აგ-გლაკმა ბოროტად, - რომ ავ სულებთან გაქვს კავშირი და ისინი გეხმარებიან ნადირობაში. - ხორცი არ არის კარგი? - უპასუხა კიშმა, - განა ავად გახდა ვინმე ჩემი მოტანილი ხორცით? საიდან იცი, რომ ჯადოსნობა მშველის, თუ ეს მხოლოდ შენი ვარაუდია? შენ შური გღრღნის და გაწვალებს! აგ-გლაკი დარცხვენილი გაბრუნდა, ქალებმა კი სიცილი დააყარეს. და მაინც ერთ ღამეს, თავყრილობაზე ხანგრძლივი მსჯელობის შემდეგ, გადაწყვიტეს, როცა კიში სანადიროდ წავიდოდა, მზირები დაედევნებინათ და გაეგოთ, როგორ ნადირობდა. ორი ახალგაზრდა, ყოჩაღი მონადირე, ბიმი და ბოუნი, ფრთხილად აედევნენ უკან სანადიროდ მიმავალ კიშს. ხუთი დღის შემდეგ დაბრუნდნენ განცვიფრებისაგან თვალებგადმოკარკლულები, ენა ებმოდათ, ისე ეჩქარებოდათ კიშის ამბის მოყოლა. საჩქაროდ მოიყარეს თავი მოთათბირეებმა კლოშ-კვენის იგლუში, და ბიმმა დაიწყო: - ძმებო, როგორც დაგვავალეთ, ჩვენ კიშის კვალს გავყევით, ისე მოხერხებულად მივიპარებოდით, რომ კიშმა ვერ შეგვამჩნია. ნახევარი დღის სავალზე კიშს დიდი ძუ დათვი შემოხვდა. ძალიან დიდი თეთრი დათვი... - მართლა ძალიან დიდი დათვი იყო, - დაუდასტურა ბოუნმა და ახლა თვითონ განაგრძო, - დათვი წყნარად მოდიოდა, ადამიანი რომ დაინახა, მიბრუნდა და ბაჯბაჯით გაჰყვა ყინულოვან გზას. ჩვენ სანაპიროს კლდეს მოვეფარეთ და იქიდან ვუთვალთვალებდით ყველაფერს, დათვი პირდაპირ ჩვენკენ წამოვიდა, უკან კი კიში მოჰყვებოდა და არაფრისა ეშინოდა, ხმამაღლა მოსძახოდა დათვს, ხელებს იქნევდა და ყვიროდა. მაშინ კი გაბრაზდა დათვი, უკანა თათებზე შედგა და დაიღრიალა, მაგრამ კიში მაინც მოიწევდა მისკენ. - ასე იყო, - ჩამოართვა სიტყვა ბიმმა, - კიში პირდაპირ დათვისკენ გამოემართა. დათვმა უეცრად ისკუპა, კიში გაიქცა, დათვი უკან დაედევნა. კიშმა მრგვალი რაღაც დააგდო ყინულზე. დათვი შეჩერდა, დაყნოსა და შეჭამა. კიში გარბოდა და თან ყინულზე პატარ-პატარა ბურთებს უყრიდა დათვს. დათვი კი ჭამა-ჭამით მიჰყვებოდა კიშის კვალს. მოთათბირენი ახმაურდნენ: არავის სჯეროდა მონაყოლი. აგ-გლაკმა კი აშკარად გამოთქვა ეჭვი. - საკუთარი თვალით ვნახე, - თქვა ბიმმა.        ბოუნმა კი დასძინა: - დიახ, დიახ, საკუთარი თვალით. ასე გაგრძელდა ერთ ხანს. მერე უეცრად დათვი ყალყზე შედგა, ტკივილისგან ხმამაღლა დაიღრიალა და გაგიჟებული ტორების ქნევას მოჰყვა. კიში კარგა დაშორდა დათვს. მაგრამ დათვი ყურადღებას აღარ აქცევდა; მუცელი სტკიოდა. ეტყობა, ის პატარა ბუთები შიგნეულობას უღრღნიდა. - ჰო, ეტყობა, შიგნეულობა ეწვოდა, - ჩაერია ბიმი, - დათვი ცხვირ-პირში იცემდა ტორებს და ათამაშებული ლეკვივით ხტოდა. მაგრამ ისე ღმუოდა და კვნესოდა, რომ თამაში არ იყო. ტკივილისაგან იკლაკნებოდა. ჩემს სიცოცხლეში არ მინახავს ასეთი რამ. - არა, არც მე შევსწრებივარ ასეთ რამეს, - ჩამოართვა სიტყვა ბოუნმა, - დათვი ისეთი დიდი იყო! - ჯადოსნობაა! - ირწმუნებოდა აგ-გლაკი. - არაფერი არ ვიცი, - უპასუხა ბოუნმა, - მე მხოლოდ იმას ვამბობ, რაც ჩემი თვალით ვნახე. ვეებერთელა დათვი იყო და ისე გაშმაგებული აწყდებოდა აქეთ-იქით, რომ მალე დაიღალა და დასუსტდა. მერე ნელ-ნელა გაუყვა ყინულოვან სანაპიროს, თავს უმწეოდ აქნევდა, ხან აქეთ, ხან იქით; მალიმალ დაყუნტდებოდა და ღმუილს და კვნესას მოჰყვებოდა. კიში დათვს მისდევდა, ჩვენ კიშს მივყვებოდით იმ დღეს და კიდევ სამ დღეს ვსდიეთ კიშს. დათვი გამუდმებით ღრიალებდა ტკივილისაგან. დაუძლურდა და დასუსტდა. - ჯადო გაუკეთებია! - წამოიძახა აგ-გლაკმა, - ნამდვილად ჯადო გაუკეთებია! - შეიძლება აგრეც იყოს! ახლა ბიმმა ჩამოართვა სიტყვა ბოუნს: - დათვი გზააბნეული დაეხეტებოდა, ხან აქეთ მიაწყდებოდა, ხან იქით, ხან უკან დაბრუნდებოდა, ხან კი თავისსავე კვალს გადაუვლიდა. ბოლოს ისევ იმ ადგილას მივიდა, სადაც პირველად შეუტია კიშმა. ამასობაში დათვი დაძაბუნდა და ფორთხვის თავი აღარ ჰქონდა. მაშინ კიში მივიდა და შუბი ჩასცა. - მერე რა მოხდა? - იკითხა კლოშ-კვენმა. - მერე კიშმა დათვის გატყავება დაიწყო, ჩვენ კი სირბილით გამოვეშურეთ, რომ ამბავი მოგვეტანა თქვენთვის.        შუადღისას ქალებმა მოიტანეს მოკლული დათვის ხორცი, მამაკაცები ჯერ კიდევ თათბირობდნენ. როცა კიში დაბრუნდა, შიკრიკი გაუგზავნეს და თავყრილობაზე მოდიო, სთხოვეს, მაგრამ კიშმა მოთათბირეებს შეუთვალა: მშიერი და დაღლილი ვარ, ჩემი ახალი იგლუ ისეთი დიდია, ყველას დაიტევსო. ისე დიდი იყო ცნობისმოყვარეობა, რომ მოთათბირენი წამოდგნენ და კიშის იგლუსაკენ გაემართნენ, წინ კლოშ-კვენი მიუძღოდათ. კიში იჯდა და ჭამდა, მაგრამ ხალხი რომ დაინახა, თავაზიანად წამოდგა, შეიპატიჟა და უფროს-უმცროსობით დასხა. კიში კი აუღელვებლად შეხვდა ყოველივეს. კლოშ-კვენმა გაიმეორა ბიმისა და ბოუნის მონაყოლი და ბოლოს მკაცრად დასძინა: - გაგვაგებინე, ო, კიშ, გვითხარი, როგორ ნადირობ? ჯადოს ხომ არ ხმარობ ნადირობისას? კიშმა თავი ასწია და გაიღიმა. - არა, ო, კლოშ-კვენ! ბავშვებს არაფერი გაეგებათ ჯადოსნობისა, და მეც არაფერი ვიცი. ჯადო კი არა, გონება მოვიშველიე. - ყველას შეუძლია შენი ხერხის გამოყენება? - ყველას. დიდხანს სდუმდნენ, მერე ერთმანეთს გადახედეს. კიში ჭამდა. - იქნებ... იქნებ გვითხრა, ო, კიშ? - ხმის კანკალით ჰკითხა ბოლოს კლოშ-კვენმა. - გეტყვით, რატომაც არ გეტყვით! - კიშმა ბოლომდე გამოწოვა ძვალს ტვინი და წამოდგა, - უბრალო რამ არის. ყური მიგდეთ! მან ჯიბიდან ვეშაპის ულვაშის წვრილი ღერი ამოიღო და ხალხს უჩვენა. ულვაშს ნემსივით წაწვეტებული ბოლოები ჰქონდა. ულვაში ფრთხილად დაახვია. შემდეგ კი უეცრად გაუშვა ხელი. ულვაში იმწამსვე გაიშალა. კიშმა თევზის ქონის ნაჭერი აიღო. - აი, ასე, - თქვა მან, - უნდა აიღოთ თევზის ქონის ნაჭერი, გული გამოუღოთ და ჩადოთ ვეშაპის ულვაშის ღერი, უნდა დაახვიოთ და ისე ჩადოთ. მერე თევზის ქონის მეორე ნაჭრით უნდა დაფაროთ დახვეული ულვაშის ღერი. ამის შემდეგ გარეთ უნდა გასდოთ, ვიდრე არ გაიყინება და პატარა ბურთს არ დაემსგავსება. დათვი ყლაპავს ამ ბურთულებს, თევზის ქონი დნება და ულვაშის ღერი მუცელში სწორდება. დათვი ავად ხდება. როცა ძალიან დასუსტდება, მიხვალთ და შუბს ჩასცემთ. სულ უბრალო რამ არის. - ოო! - თქვა აგ-გლაკმა. - ჰოო! - თქვა კლოშ-კვენმა. თითოეულმა თავისებურად გაიკვირვა და ყველა მიხვდა. აი, ამბავი კიშისა, რომელიც ცხოვრობდა დიდი ხნის წინათ, ჩრდილოეთის ოკეანის სანაპიროზე. რადგან ის გონებას იშველიებდა და არა ჯადოსნობას, ღარიბული იგლუდან გამოსული ბიჭი სოფლის თავკაცად აირჩიეს, და ამბობენ, მას შემდეგ მის ხალხს არაფერი გასჭირვებია, არც ერთ ქვრივსა და არც ერთ დავრდომილს აღარ უტირია ღამით - ხორცი არა გვაქვსო. გემბანის ჩარდახის ჩრდილქვეშ - გაგონილა, მამაკაცმა, ისიც ჯენტლმენმა, ქალს უთხრას, ღორი ხარო? - გამომწვევად ჰკითხა ჩია კაცმა მგზავრებს, სავარძლის ზურგს მიეყრდნო და პასუხის მოლოდინში ლიმონათს დაუწყო წრუპვა. ეტყობოდა, იგი მტკიცედ იყო დარწმუნებული თავის სიმართლეში და სულ ცოტაღა უნდოდა, რომ ჩხუბი აეტეხა. მაგრამ მგზავრები უკვე მიეჩვივნენ ჩიას ჭინჭყლობას, მის ბრტყელ-ბრტყელ სიტყვებს და ამჯერად აღარავინ შეპასუხებია. - ვიმეორებ: მეც იქ ვიყავი, როცა მან ერთ ქალს, რომელსაც არც ერთი თქვენგანი არ იცნობს, უთხრა, ღორი ხარო. განა ეხუმრა - პირდაპირ, უკმეხად მიახალა. მე კი მგონია, რომ მამაკაცს, თუ ის ნამდვილი მამაკაცია, უფლება არა აქვს ასეთი რამ თქვას ქალზე. ექიმი დოუსონი მშვიდად აბოლებდა თავის შავ ჩიბუხს. მეთიუზს ორივე ხელი შემოეხვია მუხლებზე და თვალს არ აშორებდა ცაში მოლივლივე თოლიას. სუიტს ფსკერამდე დაეყვანა გაზიანი წყლით განზავებული ვისკი და ახლა თვალებს აცეცებდა - იქნებ გემბანის სტიუარდი დავინახო სადმეო. - მისტერ ტრელორ, თქვენ გეკითხებით! შეიძლება კაცმა ღორი დაუძახოს ქალს? ტრელორი ჩია კაცის გვერდით იჯდა, მაგრამ ასეთ სწრაფ თავდასხმას არ მოელოდა და ცოტა არ იყოს შეკრთა - ნეტა ისეთი რა შემამჩნია, როდის მიკადრებია ქალისთვის რამეო. - უნდა მოგახსენოთ, - წამოიწყო ტრელორმა გაუბედავად, - რომ... ეს თვითონ... მმ... თვითონ ქალზეა დამოკიდებული. ჩია კაცი ელდანაცემივით დაშეშდა და მერე ძლივს ამოილუღლუღა: - მაშ, თქვენ ამბობთ... - მე ვამბობ, რომ მინახავს მდედრობითი სქესის არსებანი, რომლებიც ღორები და ღორებზე უარესებიც ყოფილან. გემბანზე ხანგრძლივი, გულის გამაწვრილებელი სიჩუმე ჩამოვარდა. ჩია კაცს თავზარი დასცა ამ უხეშმა და პირდაპირმა პასუხმა. სახეზე აუტანელი ტანჯვა და წყენა გამოეხატა. - თქვენ ბრძანებთ, რომ ვიღაცამ უზრდელი გამოთქმა იხმარა. თქვენ გარკვეული აზრი შეგექმნათ იმ კაცზე, - ხმადაბლა, აუღელვებლად განაგრძო ტრელორმა, - ახლა ერთი ქალის, უკაცრავად, ერთი ქალბატონის ამბავს მოგითხრობთ და შემდეგ გთხოვთ, რომ გამოთქვათ თქვენი შეხედულება მასზე. ამ ქალბატონს მის ქარადეზი დავარქვათ, თუმცა ნამდვილად სულ სხვა სახელი ერქვა. ეს ამბავი „აღმოსავლეთის კომპანიის“ გემზე მოხდა ამ რამდენიმე წლის წინ. მის ქარადეზი მიმზიდველი ქალი გახლდათ. თუმცა უფრო სწორი იქნება, თუ მომაჯადოებელს ვიტყვი. ამ ახალგაზრდა ლედის მამას დიდი თანამდებობა ეჭირა. გვარს ვერ გაგიმხელთ, რადგან ყველანი იცნობთ. ქალიშვილი მამასთან მიემგზავრებოდა, ვთქვათ აღმოსავლეთში, დედასთან და ორ მოახლესთან ერთად. მის ქარადეზი მომაჯადოვებელი ქალი იყო. მაპატიეთ, რომ ვიმეორებ, მაგრამ სხვა სიტყვა ვერ მომიძებნია და საერთოდ მისი აღწერა სიტყვით შეუძლებელია. ყველაფერი ემარჯვებოდა. ქალებში ბადალი არა ჰყავდა და ბევრ მამაკაცს სჯაბნიდა. იცით, როგორ უკრავდა და მღეროდა?! როგორც იტყვიან ხოლმე, თავისი საქმის ნაპოლეონი იყო. ახლა ცურვას არ იკითხავთ? პროფესიონალი რომ გამხდარიყო, დიდ სიმდიდრესა და სახელს მოიხვეჭდა. საოცარი ქალი იყო: სადა საბანაო კოსტუმი უფრო უხდებოდა, ვიდრე სხვას - ათასგვარი ზიზილ-პიპილოებით მორთული. რა ჩაცმა იცოდა, რა დახურვა! ნამდვილი ხელოვანი იყო!        ცურვაზე მოგახსენებდით. უზადო აღნაგობისა გახლდათ. აკრობატივით როდი იყო დაკუნთული - ლამაზად ჩამოქნილი, ნატიფი, სათუთი და თანაც ღონიერი ტანი ჰქონდა. ძალა და სინატიფე საოცრად იყო შეხამებული ერთმანეთთან. მკლავებს არ იკითხავთ? ნიდაყვს ზემოთ თანაბრად მსხვილდებოდნენ, ლამაზად მომრგვალებული მაჯა პატარა, მაგრამ ძლიერი ხელის მტევნით მთავრდებოდა. ასეთი მკლავები არასოდეს მენახა. როცა მის ქარადეზი ინგლისური მკლაურით ცურავდა, ხელებს ჩქარ-ჩქარა უსვამდა და თანაც თითო მოსმით ისე სწრაფად მიიწევდა წინ, რომ... მე ანატომიაში, სპორტში და სხვა ამგვარ რამეებში კარგად ვერკვევი, მაგრამ დღემდე არ ვიცი, როგორ ახერხებდა ამას. წყალქვეშ ორ წუთსა ძლებდა. მე თვითონ შევამოწმე საათით. მთელ გემზე მარტო დენისონი უდებდა ტოლს აუზის ფსკერიდან ფულის ამოკრეფაში. მთავარ გემბანზე, ბრეზენტის დიდი, ექვსი ფუტის სიღრმის აუზი იყო. აუზს ზღვის წყლით ავსებდნენ ხოლმე. შიგ ხურდა ფულსა ვყრიდით, მის ქარადეზი ბოგურიდან ხტებოდა წყალში და სულ ცოტა ორმოცდაშვიდი ცალი ამოჰქონდა. ჯერ მარტო გადახტომა თქვით: სიღრმე სულ ექვსი ფუტი თუ იქნებოდა, და მერე ფული ხომ მიმოფანტული იყო აუზის ფსკერზე! ახალგაზრდა და დინჯმა დენისონმა ერთხელაც ვერ აჯობა და იმას ცდილობდა, რომ ძალიან მაინც არ ჩამორჩენოდა. მის ქარადეზი ნამდვილი ზღვის ქალი იყო, მაგრამ ხმელეთზეც არავის აჩაგვრინებდა თავს. დიდებული ცხენოსნობა იცოდა და, ერთი სიტყვით, ყველაფერი გამოუდიოდა ხელიდან. რომ დაგენახათ, ნაზი, კოხტად ჩაცმული, მიბნედილი, ამაყი, თაყვანისმცემლებით გარშემორტყმული, რომელთაც ხან სულ არ აქცევდა ყურადღებას, ხან კი მწარედ ბასრავდა თავისი ალესილი ენით, იტყოდით, ეს ქალი მხოლოდ ამისთვის არის დაბადებულიო. ამ დროს ყოველთვის მახსენდებოდა ის ორმოცდაშვიდი მონეტა, აუზის ფსკერიდან რომ იღებდა ხოლმე. აი ასეთი იყო ეს საოცარი ქალი, რომელიც ყველაფერს საუცხოოდ ახერხებდა.        მის ქარადეზი ყველა მამაკაცის გულს ატყვევებდა და უნდა გამოვტყდე, რომ ბავშვივით დავდევდი უკან. ლეკვებს რა გაემტყუნებათ, როცა ბებერი ნაგაზებიც კი, თითქოს უკვე დაბრძენებულნი რომ უნდა ყოფილიყვნენ, მის ქარადეზის კალთასთან ჩაცუცქდებოდნენ და ისიც ერთს დაუსტვენდა თუ არა, წკმუტუნსა და კუდის ქნევას მოჰყვებოდნენ ხოლმე. ყველანი ქედს უხრიდნენ - დაწყებული ცხრამეტი წლის წითელლოყება ქერუბიმიდან - ადმორიდან, რომელიც საკონსულოში მუშაობდა მოხელედ, კაპიტან ბენტლით დამთავრებული. კაპიტანი კი ჭაღარა, ზღვაზე ნათრევი კაცი იყო და რომ გენახათ, ალბათ იტყოდით, ჩინური კერპი ამაზე უფრო მგრძნობიარე იქნებაო. მგზავრებში ერთი შუახნის სიმპათიური კაცი ერია, მგონი პეკინსი იყო გვარად. ჰოდა, ამ კაცს სულ დაავიწყდა, ცოლი რომ ახლდა თან და მხოლოდ მაშინ გამოიფშვნიტა თვალები, როცა მის ქარადეზმა მაგრად შეახურა. მამაკაცები ცვილივით ადნებოდნენ ხელში. მის ქარადეზის სურვილზე იყო დამოკიდებული გამოძერწავდა ამ ცვილისგან რამეს, თუ მთლიანად დაწვავდა. ხომ ასეთი ზვიადი და მიუწვდომელი იყო, დარწმუნებული ვარ, ერთი რომ შეერხია წარბი, არც ერთი სტიუარდი არ შეყოყმანდებოდა და თვითონ კაპიტანს შეასხამდა სახეში ცხელ კერძს. ალბათ ყოველ თქვენგანს შეხვედრია ასეთი ქალი - ქალი, რომელიც ყველას იმონებს. მის ქარადეზიც ყველას გულს იპყრობდა. იგი მათრახი, ნესტარი, ალი ან, თუ გნებავთ, ელექტრონის ნაპერწკალი იყო და, თუ დამიჯერებთ, ხანდახან ისე აენთებოდა ეს გულწარმტაცი, მშვენიერი არსება, რომ მისი მსხვერპლი თავგზას კარგავდა და შიშით კანკალებდა. არ დაგავიწყდეთ, რომ უაღრესად გოროზი ქალი იყო, თორემ ისე ჩემს მონათხრობს ვერ გაიგებთ. რასის, ჩამომავლობის, სქესისა და საზოგადოებრივი მდგომარეობის გოროზობა მოსდგამდა - უცნაური, საშიში და ჭირვეული გოროზობა.        მის ქარადეზი ყველას მბრძანებლად იქცა - თავის ნებაზე ატრიალებდა გემსაც, მგზავრებსაც და დენისონსაც. დენისონმა რომ ყველა ჩამოგვიტოვა უკან, ამას სულელიც მიხვდებოდა. აშკარა იყო, რომ ქალს, რაც დრო გადიოდა, უფრო მეტად მოსწონდა იგი. დარწმუნებული ვარ, ადრე ასე ძლიერად არავინ მოსწონებია. მაგრამ ჩვენ კვლავ ვაღმერთებდით და გვერდიდან არ ვშორდებოდით. ვცდილობდით მისი სურვილები შეგვესრულებინა, თუმცა კი ვგრძნობდით, რომ დენისონს ვეღარ დავეწეოდით. ახლა ვერ გეტყვით, როგორი იქნებოდა ამ საქმის ბოლო, რადგან კოლომბოში რომ შევედით, ყველაფერი უკუღმა შეტრიალდა.        თქვენ იცნობთ კოლომბოს და ალბათ გინახავთ, როგორ ყვინთავენ იქაური ბავშვები ზვიგენებით სავსე ყურეში, როცა მგზავრები ხურდა ფულს გადაუყრიან ხოლმე. ამას, რა თქმა უნდა, მარტო მაშინ ბედავენ თუ ყურეში თევზიჭამია ზვიგენები დაცურავენ. ბავშვები როგორღაც გრძნობენ ზოლებიანი ან წვრილთავა ზვიგენების მოახლოებას. ეს ზვიგენები ავსტრალიის წყლებიდან შემოდიან, და სანამ მგზავრები რაიმეს მიხვდებიან, კისრისტეხით აფოფხდებიან ხოლმე უშიშარ ადგილას. ეს ამბავი საუზმის შემდეგ მოხდა. მის ქარადეზს გემბანის ჩარდახისათვის შეეფარებინა თავი და ირგვლივ, როგორც ყოველთვის, თავისი ამალა შემოეკრიბა. ქალმა მოხუც ბენტლის გაუღიმა და კაპიტანმა ალბათ თავის სიცოცხლეში პირველად ჩაიდინა ასეთი საქმე - ზედა გემბანზე ამოუშვა ბავშვები. ხომ მიხვდით? მის ქარადეზი მოცურავე იყო და ამიტომ მოისურვა მათი ნახვა. მან მთელი ხურდა ფული გამოგვართვა და გემბანიდან გადაყარა. ხან თითო-თითოს ისროდა, ხან პეშვით ყრიდა, ბავშვებს შეჯიბრების პირობებს კარნახობდა, უგერგილოებს კიცხავდა, მარჯვეებს გულუხვად ასაჩუქრებდა, ერთი სიტყვით, მთელ სპექტაკლს ხელმძღვანელობდა. მის ქარადეზი ძალიან დაინტერესდა. ხომ იცით, რა ძნელია ჰაერში არ გადატრიალდეთ, როცა ფეხებით ხტები. ადამიანს სიმძიმის ცენტრი მაღლა აქვს და წონასწორობას ვერ ინარჩუნებს. ეს პატარა მათხოვრები კი როგორღაც თავისებურად ხტებოდნენ. მის ქარადეზმა განაცხადა, ამ ილეთს არ ვიცნობ და აუცილებლად უნდა ვისწავლოო. ბავშვები კანჯოს ჩამოსაკიდი ძელიდან ხტებოდნენ, წინ გადაიხრებოდნენ და წყალს დაჰყურებდნენ, ბოლო წამს კი სხარტად გაიმართებოდნენ წელში და წყალში ვერტიკალურად ჩაეშვებოდნენ.        მშვენიერი სანახაობა იყო. ყვინთვას კი ისე კარგად ვერ ახერხებდნენ. მარტო ერთი ყვინთავდა იმათში კარგად. მას არც ხტომაში ჰყავდა ბადალი. ეტყობოდა, ვიღაც თეთრკანიანს ესწავლებინა, რადგან წელში გამართული ხტებოდა. ასეთი ლამაზი ნახტომი არასოდეს მინახავს. ალბათ იცით: როცა დიდი სიმაღლიდან თავდაღმა მიფრინავ, წყალში სწორი კუთხით უნდა ჩაეშვა. თუ ვერ მოახერხე, ხერხემალს გადაიმტვრევ და მერე ვეღარაფერი გიშველის. ზოგი იღუპება კიდეც. ეს ბავშვი კი ძალიან მარჯვედ იქცეოდა -სამოცდაათი ფუტის სიმაღლიდან გადმომხტარი, მკერდზე ხელებმიკრული და თავგადაწეული, ჩიტივით მიფრინავდა ჰაერში. ტანი თითქმის წყლის პარალელურად ეჭირა, ასე რომ დაცემულიყო, ალბათ ყავარივით გასკდებოდა შუაზე, მაგრამ წყლის ზედაპირს მიუახლოვდებოდა თუ არა, თავს წინ წასწევდა, ხელებს გაჭიმავდა, ლამაზად გაიმართებოდა და ზუსტად ვერტიკალურად ჩაეშვებოდა ზღვაში. ბიჭი რამდენჯერმე გადახტა და ყოველი ჩვენთაგანისა და განსაკუთრებით მის ქარადეზის მოწონება დაიმსახურა.        ბავშვი თორმეტ-ცამეტი წლისა თუ იქნებოდა, მაგრამ ამხანაგებზე გონიერი ჩანდა და, თუმცა რაზმში მასზე უფროსებიც ერივნენ, ეტყობოდა, რომ მთელი რაზმის ბელადი და სათაყვანებელი იყო. იგი მოხდენილი ახალგაზრდა ღვთაება გახლდათ - ბრინჯაოს ცოცხალი ქანდაკება. შორი-შორს ჩასმული, ჭკვიანი და მამაცური თვალები ჰქონდა. ერთი სიტყვით, რაღაც განუმეორებელი ნაპერწკალი, თვალისმომჭრელი გაელვება თუ მჩქეფარე და დაუდგრომელი ცხოვრება იყო. ალბათ გინახავთ ასეთი დიდებული ქმნილებანი - თუნდაც ცხოველები - ლეოპარდი ან ცხენი მაგალითად - ფიცხი, მოუსვენარი, კუნთებდაძაბული, ყოველი მისი მოძრაობა საოცრად მოხდენილი, მკვირცხლი და დაუოკებელი რომაა. იგი თვით არის ბობოქარი სიცოცხლე, ირგვლივ ყველაფერს რომ ანათებს და აცისკროვნებს. ეს ბიჭიც ასეთი იყო - სხივოსანი და მჩქეფარე. სხეული და თვალები შინაგანი ცეცხლით ჰქონდა გაცისკროვნებული. გეფიცებით, რომ ვუყურებდი, თითქოს ცხოვრების ჟრიამული მესმოდა, თითქოს მაცოცხლებელ ჟანგბადს ვსუნთქავდი, ისეთი ნორჩი, ჯანსაღი და მკვირცხლი ჩანდა. აი, ასეთი იყო ის ბიჭი, და სწორედ მან მისცა პირველად თამაშით გართულ ამხანაგებს საფრთხის ნიშანი. ბავშვები ტრაპის ბაქნისაკენ გამოეშურნენ, ხელებს სწრაფად უსვამდნენ, ერთმანეთში ირეოდნენ, ფართხალებდნენ და წყალს აშხეფებდნენ. შეშინებულები, დაბნეულები, მაინც ერთმანეთს ეხმარებოდნენ და ცდილობდნენ, რაც შეიძლება მალე აფოფხებულიყვნენ მაღლა. ბოლოს ყველანი ტრაპზე გამწკრივდნენ და წყალს დააჩერდნენ. - რა მოხდა? - იკითხა მის ქარადეზმა. - ვგონებ ზვიგენია, - უპასუხა კაპიტანმა, -ამ პატარა მათხოვრებს ბედი ჰქონიათ, - ყველანი გადარჩნენ. - ნუთუ ზვიგენისა ეშინიათ? - იკითხა ქალმა. - თქვენ კი არ გეშინიათ? - შეუბრუნა კითხვა კაპიტანმა. ქალი შეკრთა, ზღვას გადახედა, ზიზღით დაიმანჭა და უპასუხა: - არაფრის გულისათვის არ შევიდოდი ზვიგენებიან წყალში. საზიზღრები არიან, აუტანლები, - ამ სიტყვებზე მის ქარადეზს გააჟრჟოლა. ბავშვები ზედა გემბანზე ავიდნენ, მოაჯირთან შექუჩდნენ და აღტაცებით მიაჩერდნენ ქალს, რომელმაც ფეშქაშად გადაუყარა ამდენი სიმდიდრე. სანახაობა დამთავრდა. კაპიტან ბენტლის უნდოდა გაერეკა ბავშვები, მაგრამ ქალმა შეაჩერა: - ცოტა ხანს მოიცადეთ, თუ შეიძლება. მე ყოველთვის მეგონა, რომ აქაურები ზვიგენებს არ უფრთხოდნენ. - შემდეგ ის ბიჭი მოიხმო და ანიშნა, გადახტიო. ბიჭმა თავი გაიქნია. მოაჯირთან შეგროვილმა ბავშვებმა გაიცინეს. ალბათ იფიქრეს, ამ ქალმა იხუმრაო. - ზვიგენია, - უთხრა ბიჭმა და წყლისკენ გაიშვირა ხელი. - არა, - დაამშვიდა ქალმა, - იქ ზვიგენი არ არის. მაგრამ ბიჭმა თავი გაიქნია და სხვა ბავშვებმაც დაიწყეს თავის ქნევა. - არა, არა, არა! - წამოიძახა მის ქარადეზმა და მერე ჩვენ მოგვიბრუნდა, - ნახევარკრონიანი და სოვერენი მასესხეთო. ექვსიოდე ხელმა მიაწოდა კრონები და სოვერენი. მან ადამორს გამოართვა ორი ფული და ბავშვებს ნახევარკრონიანი დაანახა. მაგრამ არც ერთი იმათგანი არ მივარდნია მოაჯირს. მის ქარადეზმა სათითაოდ შესთავაზა ფული, მაგრამ ყველა ფეხს ინაცვლებდა, უარის ნიშნად თავს აქნევდა და იღიმებოდა. მან მაინც გადაისროლა წყალში ნახევარკრონიანი. ბავშვებმა დანანებით გააყოლეს თვალი ვერცხლის ხაზს, ადგილიდან კი მაინც არ დაიძრნენ. - სოვერენიც არ გადააგდოთ, - ხმადაბლა უთხრა დენისონმა. ქალმა ყური მოიყრუა და ბიჭს ზედ ცხვირთან დაუტრიალა ოქრო. - თავი დაანებეთ, - ურჩია კაპიტანმა ბენტლიმაც, - მე ჭირიან კატასაც არ გადავაგდებდი ახლა წყალში. იქ ზვიგენია! მაგრამ მის ქარადეზმა ჩაიცინა და კვლავ ჯიუტად შეეცადა ბიჭის ცთუნებას. - ნუ აბრიყვებთ, სოვერენი მთელი ქონებაა მისთვის და რომ გადააგდოთ, შეიძლება მართლა გადაჰყვეს წყალში, - დაბეჯითებით უთხრა დენისონმა. - თქვენ კი არ გადაჰყვებით, - აფეთქდა მის ქარადეზი, და მაშინვე შემპარავად დააყოლა, - მე რომ გადავაგდო? დენისონმა თავი გააქნია. - თქვენ უფრო ძვირი ბრძანდებით, მაგრამ მაინც რამდენად გადახტებოდით? - ჯერ იმდენი არ მოუჭრიათ, - მიახალა დენისონმა. ამ პაექრობაში ქალს სულ გადაავიწყდა ბიჭი. მის ქარადეზმა ცოტა ხანს იყუჩა, შემდეგ კი ნაზად ჰკითხა დენისონს: - არც ჩემი გულისათვის? - მხოლოდ და მხოლოდ თქვენი სიცოცხლის გადასარჩენად! - იყო პასუხი. ქალი კვლავ ბავშვს მიუბრუნდა და თვალწინ ფული აუთამაშა, იქნებ ამ უზარმაზარი სიმდიდრით მოვხიბლოო. შემდეგ ვითომ გადაგდება დააპირა. ბიჭმა ინსტიქტურად გაიწია მოაჯირისაკენ, მაგრამ ამხანაგების ბრაზიანმა შეძახილებმა შეაჩერა. - ვიცი, რომ ხუმრობთ, - უთხრა დენისონმა, - ეგ თქვენი ნებაა, ოღონდ ღვთის გულისათვის, მართლა კი არ გადააგდოთ! ახლა ძნელია თქმა, ეს ახირება იყი თუ სხვა რამე. იქნებ ფიქრობდა, ბიჭი გადახტომას ვერ გაბედავსო. ასე იყო თუ ისე, ამას არავინ მოელოდა: ოქრო ჩარდახის ჩრდილს გასცდა, კაშკაშა მზის სხივებში გაიელვა, მანათობელი მრუდი მოხაზა და წყალში ჩაეშვა. ჩვენ განძრევაც ვერ მოვასწარით, რომ ბიჭი მოაჯირს გადაევლო და ლამაზად გაჰყვა ოქროს კვალს. მშვენიერი სანახაობა იყო! ორივენი ერთდროულად მისრიალებდნენ ზღვისკენ. სოვერენი კიდით ჩაეშვა წყალში და ბიჭიც უხმაუროდ გაუჩინარდა იმავე წამს და იმავე ადგილას. შავტუხა, თვალგამჭრიახი ბავშვები ერთხმად აყვირდნენ. ყველანი მოაჯირს მივცვივდით. ვინა თქვა, როცა ზვიგენი თავს ესხმის მსხვერპლს, პირაღმა უნდა გადატრიალდესო? ის ზვიგენი არ გადაბრუნებულა. ზევიდან ყველაფერი ჩანდა ანკარა წყალში: ზვიგენი ვეებერთელა იყო, და თვალის დახამხამებაში ორად გადაკვნიტა ბავშვი. ვიღაცამ დაიჩურჩულა, თუ ამოიხვნეშა. ვინ იყო, არ ვიცი. იქნებ მეც კი ვიყავი. შემდეგ დუმილი ჩამოვარდა. პირველად მის ქარადეზმა ამოიღო ხმა. იგი მიცვალებულივით იყო გაფითრებული. - მე... მე აზრადაც არ მომივიდოდა... - თქვა მან და ისტერიულად გაიცინა. მის ქარადეზს მთელი თავისი გოროზობის მოხმობა დასჭირდა, რომ თავი შეეკავებინა. ჯერ დენისონს მიაპყრო დუნე მზერა, შემდეგ თითოეულ ჩვენთაგანს. თვალებში შემაძრწუნებელი უსუსურობა ჩასდგომოდა. ტუჩები უთრთოდა. ახლა რომ ვიხსენებ ამ ამბავს, ვგრძნობ, რომ საშინლად ულმობელნი ვიყავით, მაგრამ იმ დროს სხვანაირად არ შეგვეძლო მოქცევა. - მისტერ დენისონ, - თქვა მან, - ტომ, ხომ ვერ ჩამაცილებთ ქვევით? დენისონი კოპებშეკრული იდგა. მან არც კი შეხედა ქალს, სიგარეტი ამოიღო და გააბოლა. კაპიტანმა ბენტლიმ რაღაცა ჩაიბურტყუნა და ზღვაში გადააფურთხა. აღარავის გაუღია ხმა. ირგვლივ დუმილმა დაისადგურა. მის ქარადეზი მიბრუნდა და მტკიცე ნაბიჯით გაემართა წინ. მაგრამ ცოტა რომ გაიარა, დაბარბაცდა და, კაიუტის კედელს რომ არ მიყუდებოდა, წაიქცეოდა. შემდეგ ღონე მოიკრიბა და კედელზე ხელმიყრდნობილმა ნელა განაგრძო გზა. ტრელორი გაჩუმდა, ჩია კაცს მიუბრუნდა და ცივი, პასუხის მომლოდინე მზერა მიაპყრო. - აბა, - თქვა მან ბოლოს, - რას მეტყვით ასეთ ქალზე? ჩიამ ძლივს გადაყლაპა ნერწყვი და მიუგო: - არაფერი მეთქმის, სრულიად არაფერი. კეთროვანი კულაუ - აქაოდა სნეულები ხართო, თავისუფლებას გვართმევენ. კანონს დავემორჩილეთ, ურიგო არაფერი ჩაგვიდენია და ციხეში კი უნდა ამოგვხადონ სული. მოლოკაი საპყრობილეა, ეს თქვენ კარგად მოგეხსენებათ. აი, ნიული - იმის დას ამ შვიდი წლის წინათ მოლოკაიში უკრეს თავი. მას მერე ნიულის და აღარ უნახავს და ვერც ნახავს. სიკვდილამდე იმის სამყოფელი იქ არის. არ უნდოდა წასვლა, არც ნიულის უნდოდა, მაგრამ თეთრკანიანმა ბატონებმა ასე ინებეს; ისინი ჩვენი ქვეყნის ბატონ-პატრონები არიან. მერედა ვინ ბრძანდებიან?        მამა-პაპათა გადმოცემით კარგად ვიცით, ვინც არიან. პირველად თურმე ბატკნებად მოუჩვენებიათ თავი, ტკბილი სიტყვებით მოუთაფლავთ ჩვენი წინაპრები. მაშინ ბევრნიც ვყოფილვართ და ძლიერნიც. მთელი ეს კუნძულები ჩვენს ხელთ ყოფილა. ჰო, მერე თურმე გველოლიავებოდნენ და ათასნაირი ხერხით მოგვდგომიან: ესაო და ზღვის სიტყვას გიქადაგებთო. ზოგი კიდევ გვთხოვდა, მოდით, ვაჭრობა გავაბათო. ასე იყო თავდაპირველად. ახლა ყველაფერი მათ ხელშია: კუნძულები, მიწები, საქონელი. ღვთისა და რომის მსახურნი ურთიერთს შეუთანხმდნენ და დიდ ბატონებად მოგვევლინენ. ახლა მეფურად ცხოვრობენ უთვალავ ოთახებიან სახლებში და აურაცხელი მსახური დასტრიალებთ თავს. წინათ არაფერი ებადათ, მაგრამ ახლა ნახეთ, ყველაფერს დაეპატრონენ. დღეს თუ ჩვენ ან რომელიმე კანაკა შიმშილობს, ეგენი სიცილით გვეუბნებიან: იმუშავეთ, ეს პლანტაციები რისთვის არისო.        კულაუ გაჩუმდა. ხელი აწია და დაკოჟრილ-ნუჟრიანი თითებით პრიალა ბალბის ყვავილების გვირგვინი მოიძრო შავთმიანი თავიდან. მთვარე ვერცხლისფერ შუქს ჰფენდა ხეობას. მყუდრო, მშვიდი ღამე იყო. კულაუს მსმენელები ულმობელ ბრძოლაში დასახიჩრებულებსა ჰგავდნენ. სახე ლომებს მიუგავდათ. ერთს ცხვირის ადგილას ნახვრეტიღა შერჩენოდა, მეორეს ხელის მაგივრად გახრწნილი ხორცის ნაფლეთი ჩამოჰკონწიალებოდა. ქალიან-კაციანად სულ ოცდაათამდე იქნებოდნენ. ყველანი განდევნილები იყვნენ. ისინი ისხდნენ საამო მთვარით გაკაშკაშებულ ღამეში, თავი ყვავილების გვირგვინებით შეემკოთ. კულაუს ლაპარაკი მოსწონდათ და თავიანთ მოწონებას დროდადრო წამოძახილებით გამოხატავდნენ. ერთ დროს ისინიც ადამიანები იყვნენ, ახლა ურჩხულებს დამსგავსებოდნენ - დასახიჩრებულები და გაუბედურებულები. გეგონებოდათ, ეს უბადრუკები მთელი სიცოცხლე ჯოჯოხეთში უწამებიათო. ესენი იყვნენ ადამიანების შემაძრწუნებელი კარიკატურები. ხელებზე შერჩენილი თითები ჰარპიას ბრჭყვიალები გეგონებოდათ, სახე კი უშნოდ ნათითხნ ქანდაკებას მიუგავდათ, თითქოს რომელიღაც შლეგ ღვთაებას თამაშის დროს დამსხვრევია და ცხოვრების მანქანაში გაუჭეჭყიათო. ზოგისთვის ამ გადარეულ ღვთაებას აუღია და ნახევარი სახე სულ უბრალოდ წაუშლია. ერთ ქალს ცხარე ცრემლები გადმოსდიოდა შავი ფოსოებიდან, სადაც ოდესღაც თვალები ჰქონდა. ზოგიერთი მათგანი ტკივილისაგან იტანჯებოდა და ხმამაღლა ოხრავდა. ზოგი ახველებდა - მათი ხველა ნაჭრის ჩახევის ხმას წააგავდა. ორი მათგანი იდიოტი იყო, დიდ მაიმუნებსა ჰგავდნენ, მაგრამ სინამდვილეში ისეთი უშნოები იყვნენ, რომ ნამდვილი მაიმუნი მათთან შედარებით ანგელოზი გეგონებოდათ. ოქროსფერი ყვავილებისაგან დაწნული გვირგვინებით შემკულნი მთვარის სინათლეზე იმანჭებოდნენ და რაღაცას ბურტყუნებდნენ. ერთ მათგანს დასიებული ყური მხრამდე ჩამოჰკიდებოდა. ღია მონარინჯისფრო-მოწითალო ყვავილი მოეწყვიტა და თავის მახინჯ ყურზე გაეკეთებინა. აი, ამ არსებების მეფედ ითვლებოდა კულაუ. ეს ყვავილებით მოფენილი ხეობა კი მის სამფლობელოს წარმოადგენდა. ხეობა მოქცეული იყო დაკბილულ ციცაბო კლდეებს შორის, კლდეებიდან გარეული თხების კიკინი მოისმოდა. სამი მხრიდან პირქუშად აღმართულ კლდეებზე ბუნებას უცნაური ტროპიკული მცენარეების ფარდები ჩამოეფარებინა. მეორე მხრიდან ხეობას ღრმა უფსკრული ეკვროდა. შორს მოჩანდა შედარებით დაბალი მთებისა და მთაგრეხილების მწვერვალები, მთების ძირში ოკეანის ზვირთები აქაფებულიყო. წყნარ ამინდში კალალაუს ხეობის კლდოვან ნაპირთან ნავით მისვლა შეიძლებოდა, ოღონდ ძალიან წყნარ ამინდში. უშიშარ მთიელს შეეძლო ნაპირიდან ღრმად შესულიყო კლდეებს შორის მოქცეულ ხეობაში, იქ, სადაც კულაუ მეფობდა. ასეთ ადამიანს დიდი გამბედაობა უნდა ჰქონოდა და ამავე დროს თვალისათვის ოდნავ შესამჩნევი ბილიკებიც უნდა სცოდნოდა. დაუჯერებელი იყო კულაუს ტომის ამ საბრალო, უმწეო ხეიბრებმა როგორ შესძლეს ასეთი დაკლაკნილი ბილიკებით ამ მიუდგომელ ადგილას მიღწევა. - ძმებო, - დაიწყო კულაუმ. მაგრამ უეცრად ერთმა ენაბლუმ, მაიმუნის მსგავსმა ხეიბარმა რომელიღაც ცხოველივით დაიბღავლა და კულაუ გაჩუმდა, დაელოდა, ვიდრე ეს საზარელი ამოძახილი კლდოვან კლდეებსა და ღამის სიმყუდროვეში სადღაც შორს ჩაჩუმდებოდა. - ძმებო, განა ეს უცნაური არ არის? მიწა ჩვენ გვეკუთვნოდა, ახლა კი სხვისია. ამ ღვთისა და რომის მსახურებმა აბა, რა მოგვცეს ამის სანაცვლოდ? რომელ თქვენგანს მისცეს ნახევარი დოლარი მაინც? ახლა ბატონებად გაგვიხდნენ და გვეუბნებიან, იმუშავეთ ჩვენს მიწაზე, თქვენი ნაშრომიც ჩვენ გვეკუთვნისო. უწინ ასეთი თავაუღებელი მუშაობა როდი გვჭირდებოდა. ახლა, როცა ავადმყოფობამაც ხელი დაგვრია, თავისუფლებასაც ხელიდან გვგლეჯენ. - მერე, კულაუ, ვინ შეგვყარა ეს ავადმყოფობა? - იკითხა ჩამომხმარმა და დაძარღვულმა კილოლიანმა, რომელიც ისე ჰგავდა მოცინარ ფავნს, რომ გეგონებოდათ, ფეხების მაგივრად ჩლიქები უნდა ჰქონდესო. მაგრამ ჩლიქები კი არა, დაწყლულებული, ჩირქისაგან სულ მთლად დალურჯებული ფეხები ჰქონდა. ოდესღაც კილოლიანა ყველაზე უშიშრად დაცოცავდა მთებზე და თხის ყველა ბილიკი იცოდა. სწორედ მან მოიყვანა კულაუ და მისი გაუბედურებული ხალხი კილალაუს ამ უშიშარ ადგილას. - სწორია ეგ შეკითხვა, - გამოეპასუხა კულაუ. - შაქრის პლანტაციებზე, სადაც უწინ ჩვენი ცხენები ძოვდნენ, მუშაობაზე უარი ვთქვით, ეგენიც ადგნენ და ზღვის იქითა მხრიდან ჩინელი მონები ჩამოიყვანეს; იმათ ჩამოიტანეს ეს სენი და შეგვყარეს. ჰოდა, ახლა უნდა აგვყარონ და მოლოკაიში გამოგვამწყვდიონ. სად არა ვყოფილვართ, რომელ კუნძულზე: ოაჰუში, მაუიში, ჰავაიზე, ჰონოლულუში, მაგრამ დიდხანს ვერსად ვდგებოდით და ისევ კაუაიში ვბრუნდებოდით. რად ვბრუნდებოდით, როგორ გგონიათ? იმიტომ, რომ კაუაი გვიყვარს. აქ დავბადებულვართ, აქ გვიცხოვრია და აქვე უნდა მოვკვდეთ, თუ... თუკი ჩვენს შორის მხდალი არავინ ურევია: ამნაირები არცა გვჭირდება. მშიშრების ადგილი მოლოკაიშია. ხვალ ჯარს გადმოსხამენ ნაპირზე. დაე, გადაგვარებული სულის მქონენი ეახლონ. უმალვე მოლოკაიში გაგზავნიან. ჩვენ კი დავრჩებით და ვიბრძოლებთ. ნუ გეშინიათ, არ დავიხოცებით, შაშხანები ხელთა გვაქვს. ხომ იცით, ვიწრო ბილიკებია, მგზავრს ფეხს ვერ აუქცევ. მე ნიიჰაუში გარეულ ხარებს ვიჭერდი და მარტოს შემიძლია ეს ბილიკი დავიცვა, ათასი კაციც რომ მოგვადგეს. აი, კაპაჰეი წინათ მოსამართლედ მუშაობდა, პატივსაცემი პიროვნება იყო, ახლა რასა ჰგავს, - ჩვენსავით გაწამებული და გაუბედურებულია. ჭკვიანი ადამიანია და მოუსმინეთ. ყოფილი მოსამართლე კაპაჰეი წამოდგა. იგი პუნაბოუს კოლეჯში სწავლობდა. უცხო სახელმწიფოების წარმომადგენლებთან, სხვადასხვა ბატონებთან და უფროს მოხელეებთან ერთ მაგიდასთან მჯდარა და მისიონერებისა და ვაჭრების ინტერესები დაუცავს. აი, ასეთი პიროვნება გახლდათ უწინ კაპაჰეი. ახლა კი, როგორც კულაუმ თქვა, ხაფანგში გაბმულ ვირთხას ჰგავდა. ის უფლება ახდილი, საშინელებად ქცეული ადამიანი იყო. ცხვირსა და ლოყების ნაცვლად შავი ღრმულები დარჩენოდა, წარბებზედა რკალებიდან უქუთუთო თავები უელავდა. - უთანხმოების ატეხვა არ გვინდა, - თქვა მან. - ჩვენი ერთადერთი თხოვნა ის არის, რომ თავი დაგვანებონ. თუ არ შეისმინეს, მაშინ თვითონ სდომებიათ ეს უთანხმოება და ეგ არის, არა უშავს, თავისას მიიღებენ კიდეც. ხედავთ, თითები აღარა მაქვს. - თქვა და ხორცის ნაფლეთი ასწია, რომ ყველას დაენახა. - მაგრამ დიდი თითის სახსარი კიდევ შემომრჩა და თუ დამჭირდა, უწინდებური ძალით დავაჭერ სასხლეტს. ჩვენ კაუაი გვიყვარს. მაშ, მოდით, აქ ვიცხოვროთ, აქვე დავიხოცოთ და მოლოკაის ციხეში კი ნუ წავალთ. ეს სენი ჩვენებური არ არის. ჩვენ არავის ცოდვა არ გვაწევს კისერზე. ღვთისა და რომის მსახურებმა რომ ჩინელი მონები ჩამოიყვანეს, ეს სენიც თან ჩამოჰყვათ. ახლა ჩინელებს ჩვენ მიტაცებულ მიწაზე ამუშავებენ. მოგეხსენებათ, მოსამართლედ ნამუშევარი ვარ და კანონები კარგად ვიცი. გახსოვდეთ, არსად არა წერია, რომ ადამიანს მიწა წაართვა, ჩინური სენი დამართო და მერე მთელი სიცოცხლე ციხეში გამოამწყვდიო. - ისედაც ხანმოკლე სიცოცხლე გვაქვს და ისიც ტანჯვაა და მეტი არაფერი, - თქვა კულაუმ, - მოდით დავლიოთ, ვიცეკვოთ, ვიმხიარულოთ, როგორც შეგვიძლია. კლდის გამოქვაბულიდან კალაბაშები გამოიტანეს და ერთმანეთში ჩამოარიგეს. სასმისები მცენარე ტის ფესვებისაგან დამზადებული მაგარი სასმელით აევსოთ. როგორც კი თხევადი ცეცხლი მათ ტვინსა და სხეულს მოედო, საბრალოებს ყველაფერი დაავიწყდათ და ისევ ჩვეულებრივ ადამიანებად იქცნენ. აი იმ ქალში, წეღან რომ ვახსენე, ამოჭმულ თვალთაგან ცრემლი სდიოდა-მეთქი, ჩაფერფლილმა გრძნობებმა გაიღვიძა. გიტარის სიმებს თითები ჩამოჰკრა და პირველყოფილი სამყაროს უღრან ტყეში დაბადებული, შეყვარებული ველური ქალის სიმღერა დაამღერა. წკრიალებდა მისი ძლიერი და მომაჯადოვებელი ხმა. ჭილობზე სიმღერის რიტმზე ცეკვავდა კილოლიანა. თითოეული მისი მოძრაობა სიყვარულს გამოხატავდა. მასთან ერთად ცეკვავდა ქალი, მისი განიერი თეძოები და მაღალი მკერდი სულ არ შეეფერებოდა სენისაგან დაღრღნილ სახეს. ეს იყო მოსიარულე გვამების ცეკვა. მათ გახრწნილ სხეულებში კიდევ ბჟუტავდა სიყვარული და ნდომა. თანდათან ძლიერდებოდა ქალის სიმღერა, უფრო გატაცებით ცეკვავდნენ ამ თბილი ღამის სიმყუდროვეში, მეტი სისწრაფით გადადიოდა ხელიდან ხელში კალაბაშები და შეუპოვარი ნაპერწკლებივით ბჟუტავდა მათ გონებაში მოგონებები და ვნებანი. ჭილობზე ქალთან ერთად ერთი ტანწვრილი ქალიშვილი ცეკვავდა, სახე ლამაზი და სუფთა ჰქონდა. ხელებზე, რომელთაც ცეკვის დროს ათამაშებდა, სენს თავისი უწყალო დაღი დაესვა და დაეკრუნჩხა. ორი იდიოტი - საშინელი, შემზარავი პაროდია ადამიანისა, მოშორებით ცეკვავდა. თან ხაოდნენ გაუგებრად, ლუღლუღებდნენ და უბადრუკად ბაძავდნენ სიყვარულს. აი, შუა გზაზე შეწყდა ქალის სიმღერა სიყვარულზე, კალაბაშები მიწაზე დაეშვა. დასრულდა ცეკვაც. ყველა უფსკრულს მიაჩერდა, ზღვის ზედაპირზე გაიელვა რაკეტამ. - ჯარისკაცები არიან, - თქვა კულაუმ. - ხვალ ბრძოლა იქნება. გამოვიძინოთ და საომრად მოვემზადოთ.        კეთროვანები მის სიტყვას დაემორჩილნენ და თავიანთ ბუნაგებში შეძვრნენ. კულაუ სულ მარტო დარჩა. მთვარის შუქზე გაუნძრევლად იჯდა, შაშხანა მუხლზე დაედო და ქვემოთ, ნაპირისაკენ იყურებოდა, ნაპირს ნავები მოდგომოდნენ.        კალალაუს ხევის ზემოთა მხარე საიმედო თავშესაფარი იყო. კილოლიანას გარდა, რომელმაც კარგად იცოდა ხეობის შვეული კედლების ასაქცევი ბილიკები, მთის წვეტიანი თხემის გზით თუ არა, ისე აქ ვერავინ ამოარწევდა. თხემი რამდენიმე იარდის სიგრძეზე იყო გაჭიმული, სიგანე თორმეტი დიუმი თუ იქნებოდა. ორივე მხრით უფსკრულებს დაეღო პირი. ერთი რომ ფეხი დაგცდენოდა, - სიკვდილი არ აგცდებოდა. მაგრამ გზას რომ გახვიდოდით, თვალწინ მიწიერი სამოთხე გადაგეშლებოდათ. აზღვავებული მცენარეულობა მწვანე ზვირთებად მოსდებოდა კიდით-კიდემდე ხეობის კედლებს, ტიტველი ტინის ქიმებზე უსურვაზის მსხვილ ჭავლებად დაცურებული, ჰაერში ჩამოკიდებული გვიმრის ფესვები აქაფებულ ნაპრალებზე იწურებოდა.        რამდენიმე თვე ებრძოდნენ კულაუ და მისი ქვეშევრდომები ამ მცენარეთა ზღვას. ხშირი ძეძვნარი დაგლიჯეს და ფორთოხლისა და მანგოს ხეებს მეტი თავისუფლება მისცეს. პატარა მდელოებზე ხარობდა ველური არორუტი. ქვის ტერასებზე, რომლებიც მიწით იყო დაფარული, ნესვი და ტარო გაეხარებინათ. იქით კი, გაშლილ მზიან ადგილებში, აღმართულიყო ოქროსფერი ნაყოფით დახუნძლული პაპუას ხეები.        ამ თავშესაფარში კულაუ ქვემო ხეობიდან ავიდა. თუ ვინიცობაა, აქაც არ დაედგომებოდა, მხედველობაში ჰქონდა ამაზე უფრო ზევით მთის მწვერვალებს შუა მდებარე ხეობა. გვერდზე შაშხანა დაედო და ფოთლების რიდედან გაჰყურებდა შორეულ ნაპირზე ჯარისკაცებს. შეამჩნია, რომ მძიმე ზარბაზნები მოჰქონდათ, ზარბაზნები მზეზე სარკესავით ლაპლაპებდნენ. კულაუს თვალწინ წვეტიანი თხემები გაჭიმულიყო. ბილიკზე შავი წერტილებივით მიცოცავდნენ ადამიანები. კულაუმ იცოდა, ესენი ჯარისკაცები კი არა, პოლიციელები იყვნენ. თუ ესენი ვერას გახდებიან, მერე ჯარისკაცები მოდგებიან. შაშხანის ლულას ხელი სიყვარულით გადაუსვა და სამიზნე მოსინჯა. სროლა დიდი ხანია იცოდა, ჯერ კიდევ მაშინ, ნიიჰაუს კუნძულზე რომ ნადირობდა. იქაურებს ახლაც კარგად ახსოვთ მისი ზუსტი სროლა. იმისდა მიხედვით, თუ როგორ უახლოვდებოდნენ და იზრდებოდნენ მოძრავი წერტილები, კულაუ მანძილს ზომავდა და თან გვერდიდან მონაბერ ქარის ძალას ვარაუდობდა, რომელსაც შეეძლო აეცდინა ტყვია ნიშანში ამოღებული სამიზნეებისათვის. კულაუ არ ისროდა. დაკბილულ კლდემდე მოუშვა ისინი და ამის შემდეგ გაამჟღავნა თავისი იქ ყოფნა, მერე კი საფარიდან შესძახა: - რა გნებავთ? - კეთროვანი კულაუ გვინდა, - უპასუხა აბორიგენთა რაზმის პოლიციის უფროსმა, ცისფერთვალება ამერიკელმა. - გაბრუნდით უკან, - უთხრა კულაუმ. კულაუ იცნობდა მას: ეს ის შერიფი იყო, რომელმაც ნიიჰაუში ცხოვრების უფლება არ მისცა, კაუაიდან კალალაუს ხეობაში გააძევა, იქაც არ მოასვენა და ზემო ხეობაში განდევნა. - რომელი ხარ? - ჰკითხა შერიფმა. - კეთროვანი კულაუ გახლავართ, - იყო პასუხი. - მაშინ გამოდი, დაგვნებდი. ათას დოლარად ხარ შეფასებული, იცოდე, ვერსად წახვალ. კულაუმ ხმამაღლა გაიცინა. - გამოდი! - უბრძანა შერიფმა, მაგრამ არავინ გამოპასუხებია. შერიფი პოლიციელებს მოეთათბირა. კულაუ მიხვდა, რომ მისი ცოცხლად ხელში ჩაგდება გადაეწყვიტათ. - კულაუ! - შესძახა შერიფმა, - მოვდივარ, კულაუ! - მაშ, ერთხელ კიდევ ახედე მზეს, ცასა და ზღვას მეტად ვეღარ ნახავ. - კარგი კულაუ, - ხმა მოულბა შერიფს, - ვიცი, ნიშანს არ ააცდენ. მაგრამ მე არ მესვრი. შენთვის ხომ არაფერი დამიშავებია. კულაუმ რაღაც წაულუღლუღა. - მართალს არ გეუბნები, კულაუ? აბა, რა დამიშავებია შენთვის! - არ ეშვებოდა შერიფი. - ეს დაშავება არ არის, რომ ციხეში მიპირებდი ჩაგდებას? - გამოეპასუხა კულაუ. - ისიც დანაშაულია, რომ ათასი დოლარის აღება გინდა. თუ სიცოცხლე არ მოგძულებია, მანდედან ფეხი არ ამოდგა. - უნდა ამოვიდე. რა ვქნა ასეთია ჩემი მოვალეობა. - უწინ შენი მზე ჩაესვენება, ვიდრე ჩემამდე ამოაღწევდე. შერიფი ლაჩარი როდი იყო, მაგრამ შეყოყმანდა. ქვევით უფსკრულში ჩაიხედა. თვალი მოავლო დანის პირივით ბასრ თხემსა და გადაწყვიტა ასულიყო. - კულაუ! - დაიღრიალა მან. შამბნარი გაყუჩებულიყო. - კულაუ, არ ისროლო, მოვდივარ! შერიფი პოლიციელებს მიუტრიალდა, რაღაც ბრძანება გასცა და სახიფათო ბილიკს აუყვა. ნელა მიდიოდა, გეგონებოდათ ბეწვის ხიდზე გადისო. ვერაფერს მოეჭიდებოდა. ფეხქვეშ ქვები უსხლტებოდა და ხრიალ-ხრიალით ეშვებოდა უფსკრულში. მზე აცხუნებდა და სახეზე ოფლი ღვარად ჩამოსდიოდა. იარა, იარა და, როგორც იქნა, ნახევარი გზა გალია. - შეჩერდი! - შეუძახა კულაუმ შამბნარიდან, - ერთი ნაბიჯიც არ გადმოდგა, გესვრი. შერიფი შედგა. უფსკრულს ჩახედა, მტკიცე გადაწყვეტილება მოსჩანდა მის გამომეტყველებაში. გამშრალ ტუჩებზე ენა მოისვა და უთხრა: - კულაუ, შენ არ მომკლავ, ვიცი, არ მომკლავ. და ისევ განაგრძო გზა. ტყვიამ ჰაერში გადაატრიალა. გაცბუნებულმა ერთი კი გაიფიქრა, ამ წვეტიან თხემზე თუ დავეცი, ჩემი გადარჩენა კიდევ შეიძლებაო, მაგრამ სიკვდილმა მაინც უწია. წამში თხემი მოცარიელდა. მაშინ ხუთი პოლიციელი ერთმანეთს მიყოლებით უშიშრად გაექანა წვეტიან თხემზე, ხოლო დანარჩენებმა ცეცხლი გახსნეს. ეს სრული უაზრობა იყო. კულაუ სწრაფად აჭერდა თითს ჩახმახს, ხუთჯერ ისროლა, ზედიზედ გადაევლო ტყვიები ზუზუნით ბუჩქებს, კულაუ მიწაზე გაერთხა და შამბნარიდან გამოიხედა. ოთხი პოლიციელი, მათი უფროსისთვის, თვალის დახამხამებაში გაქრა, მეხუთე ისევ ცოცხალი იყო და თხემის გარდიგარდმო გაშოლტილიყო. შორს დანარჩენები ისროდნენ. ბოლოს სროლა შეწყვიტეს. ამ მოშიშვლებულ კლდეზე რას გახდებოდნენ, კულაუ ყველას დააწვენდა ისე, რომ ქვემოთ ჩასვლის საშუალებას არ მისცემდა. მაგრამ კულაუ აღარ ისროდა. ცოტაოდენი თათბირის შემდეგ ერთმა მათგანმა თეთრი ხალათი გაიხადა, დროშასავით ააფრიალა და სხვებთან ერთად დაჭრილი ამხანაგისაკენ გასწია. კულაუ არც განძრეულა, რომ თავი არ გაეცა. გაჰყურებდა დაბლა ჩამავალ პოლიციელებს. ისინი ნელ-ნელა გაშორდნენ იქაურობას და ისევ შავ წერტილებად იქცნენ. ორიოდე საათის შემდეგ კულაუმ მეორე საფარიდან შეამჩნია, რომ პოლიციელების ჯგუფი ახლა ხეობის მოპირდაპირე კალთიდან ცდილობდა ამოსვლას. გარეული თხები დაფრთხნენ მათი შიშით, ისინი კი სულ მაღლა-მაღლა მიიწევდნენ. კულაუ თავს რომ აღარ ერწმუნა, კილოლიანასთან კაცი გაგზავნა. - აქ ვერ ამოაღწევენ, - უთხრა კილოლიანამ. - აბა, თხები? - ჰკითხა კულაუმ. - თხები მახლობელი ხეობიდან ამოვიდნენ, ისინი აქამდე ვერ ამოვლენ, აქ გზა არ არის. მაგათ თხისოდენა ჭკუაც არა აქვთ, ფეხი დაუსხლტებათ და სასიკვდილოდ დაიმტვრევიან. აი, ვნახოთ. - უშიშარნი არიან, - უთხრა კულაუმ. - ვინ იცის, როგორ წავა საქმე. მაღლიდან ჩამოშვებული ჰაუს ყვითელი ყვავილების საფარიდან შროშანას ხალიჩაზე გაწოლილები უთვალთვალებდნენ, როგორ მოხოხავდნენ ზემოთ შავი წერტილები, და აი, მოხდა ის, რასაც ელოდნენ: სამ პოლიციელს ფეხი დაუცდა, კლდის შვერილამდე ჩაგორდნენ და მერე ქვებივით ჩაცვივდნენ უფსკრულში. კილოლიანამ ჩაიფრუტუნა. - არც ახლა მოგვეშვებიან? - თქვა მან. - ზარბაზნები აქვთ. - შეეპასუხა კულაუ. - ჯარისკაცებს თავისი სიტყვა ჯერ არ უთქვამთ.        სიცხისაგან გასავათებულ კეთროვნებს შუადღისას გამოქვაბულებში ეძინათ. თავის ბუნაგში შემძვრალი კულაუ თვლემდა, კრიალა, დატენილი შაშხანა მუხლებზე დაედო. დაკრუნჩხულხელებიანი გოგონა ძეძვებში გაწოლილიყო და წვეტიან თხემს შეჰყურებდა. უეცრად აფეთქების ხმამ ძილი გაუფრთხო კულაუს, ზეზე წამოვარდა, ჰაერი თითქოს რაღაცამ დაფლითაო.        ამ საშინელმა ხმაურმა დააფრთხო კულაუ. გეგონებოდათ, ღმერთებს ცის საფარველი აუღიათ და ფხრეწავენო, აი ქალებმა რომ იციან ხოლმე, ქსოვილის ნაჭრებად დაფხრეწა. შემაძრწუნებელი გრუხუნი ელვის სისწრაფით ახლოვდებოდა. კულაუმ შიშით აიხედა, ამ დროს სადღაც მაღლა კლდეზე ყუმბარა გასკდა და შავი კვამლის სვეტი აღიმართა ხეობაზე. კლდე გაიბზარა და ნამსხვრევები ძირს ჩაცვივდა. შეძრწუნებულმა კულაუმ ხელი მოისვა გაოფლიანებულ შუბლზე. დღემდე არ გაეგონა ზარბაზნის გრიალი და ვერ წარმოედგინა, თუ ასე დასაფეთებელი იქნებოდა. - ერთი, - თქვა კაპაჰეიმ და რატომღაც გადაწყვიტა ყველა გასროლილი ყუმბარა სათითაოდ დაეთვალა.        მეორე და მესამე ყუმბარამ შხუილით გადაუქროლა ხეობას და მახლობელ ქედთან გასკდა. კეთროვანები გამოქვაბულების წინ გამოლაგდნენ გაშლილ ადგილზე. გასროლამ პირველად დააფრთხო ისინი, შემდეგ კი, რაკი ყუმბარები ხეობის თავს უვნებლად გადაუვლიდნენ ხოლმე, მალე დამშვიდნენ. ამ ახალმა სანახაობამ გაართო კიდეც ისინი. ორი იდიოტი აღტაცებისაგან ჭყიოდა. ყოველი ყუმბარის გასკდომაზე იმანჭებოდნენ. კულაუ დარწმუნდა, ზარბაზნები ვერას გვავნებსო, იფიქრა, ასეთი დიდი ყუმბარების შორ მანძილზე ზუსტად სროლა ალბათ არ ხერხდებაო. მაგრამ უცებ რაღაცა მოხდა. ახლა ყუმბარები მათ ადგილამდე ვეღარ აღწევდა. ერთი ყუმბარა შამბნარში გასკდა ზედ წვეტიან თხემზე. კულაუს მოაგონდა შამბნარში გაწოლილი ქალიშვილი, ჯარისკაცებს რომ უთვალთვალებდა, და იქით გაიქცა. როცა ადგილზე მივიდა, ბუჩქებს ბოლი ასდიოდა. თავზარი დაეცა. ტოტები სულ მილეწილ-მოლეწილი იყო. იქ, სადაც ქალიშვილი იწვა, ორმო გაჩენილიყო, ყუმბარა სწორედ ქალიშვილს მოხვედროდა და ნაფლეთებად ექცია. კულაუმ ბუჩქებიდან გამოიხედა, როცა დარწმუნდა, ჯარისკაცები აღარ არიანო, გამოქვაბულისაკენ გაიქცა, ყუმბარები შხუილითა და სტვენით გადადიოდა თავზე. ხეობა გუგუნებდა და ირყეოდა აფეთქებისაგან. გამოქვაბულის წინ მხიარულად ხტუნავდა ორი იდიოტი. ნახევრად დამპალი ხელები ერთმანეთისათვის ჩაეჭიდათ. უეცრად კულაუმ დაინახა იდიოტების წინ აღმართული შავი კვამლის სვეტი. აფეთქებამ იდიოტები ერთმანეთს დააშორა. ერთი უძრავად ეგდო, მეორე ხელებით გამოქვაბულისკენ მიხოხავდა, ფეხებს მიწაზე მიათრევდა და ჭრილობებიდან სისხლი სდიოდა. სისხლში ამოსვრილი, ძაღლივით საცოდავად წკმუტუნებდა. გარდა კაპაჰეისა, კეთროვანები ბუნაგებში შემძვრალიყვნენ. - ჩვიდმეტი, - ითვლიდა კაპაჰეი, - თვრამეტი, - იქვე დაუმატა. მეთვრამეტე ყუმბარა ერთ-ერთი გამოქვაბულის შესასვლელში გასკდა სწორედ. კეთროვანები გარეთ გამოცვივდნენ, მაგრამ ამ გამოქვაბულიდან არცერთი აღარ გამოსულა. აყროლებულ კვამლში კულაუ გამოქვაბულში შეფორთხდა. მიწაზე ეგდო ოთხი დაგლეჯილი გვამი. მათ შორის იყო ის უსინათლო ქალიც. ახლაღა დაშრობოდა ქალს ცრემლი თვალზე. კულაუს ხალხი შიშის ზარმა მოიცვა. გამოქვაბულიდან ბილიკით გარბოდნენ ხრამებსა და მწვერვალებისაკენ. დაჭრილი იდიოტი ძლივს მიფორთხავდა მიწაზე. ცდილობდა სხვებს დასწეოდა, მაგრამ როგორც კი შეღმართს მიადგა, ძალამ უღალატა, ერთი დაიკლაკნა და მიყუჩდა. - მოდი ვესროლოთ, ასე აჯობებს, - უთხრა კულაუმ კაპაჰეის, კაპაჰეი ისევ ძველ ადგილას იჯდა. - ოცდაორი, - განაგრძობდა კაპაჰეი, - ჰო, აჯობებს, ოცდასამი, ოცდაოთხი. - იდიოტმა მისკენ მიშვერილი შაშხანა რომ დაინახა, მწარედ დაიკნავლა. კულაუ შეყოყმანდა და შაშხანა დაუშვა. - მიჭირს, - თქვა მან. - სულელი ხარ. ოცდაექვსი, ოცდაშვიდი, -ი თვლიდა კაპაჰეი. - მოიტა, გასწავლო.        კაპაჰეი წამოდგა, ერთი ქვა აიღო და დაჭრილისაკენ წავიდა. ის იყო ქვა მოიქნია, რომ გამოსროლილი ყუმბარა პირდაპირ მას მოხვდა, განთავისუფლდა მძიმე მოვალეობის აღსრულებისა და ყუმბარების თვლისაგანაც. კულაუ მარტო დარჩა გამოქვაბულში. თვალებით აცილებდა თავისიანებს, ვიდრე მთის თხემის იქით არ გაუჩინარდნენ. მერე შემოტრიალდა, ქვევით ჩავიდა შამბნარში, სადაც ქალიშვილის გვამი ეგდო. სროლა არ შეწყვეტილა, მაგრამ კულაუ ადგილიდან არ იძვროდა. შორს, ქვევით აღმართში ჯარისკაცები ამოდიოდნენ. ერთი ყუმბარა მისგან ათ ნაბიჯზე გასკდა. მიწაზე გაწოლილმა კულაუმ გაიგონა, როგორ გადაუარა ყუმბარის ნამსხვრევებმა. ჰაუს ყვავილები წვიმასავით დაეყარა თავზე. თავი ასწია, ბილიკს გახედა და ამოიოხრა. ძალიან შეშინდა. ტყვია ისე არ შეაშინებდა, მაგრამ ყუმბარა აფრთხობდა. ყოველ გასროლაზე აცახცახებული ეკვროდა მიწას, მაგრამ თავს მაინც სწევდა და ბილიკს თვალს ადევნებდა. ბოლოს შეწყდა სროლა. ალბათ იმიტომ, რომ ჯარისკაცები ახლოს არიანო, გაიფიქრა კულაუმ. ჯარისკაცები ბილიკზე ბაწარივით გაბმული მოდიოდნენ. კულაუ შეეცადა დაეთვალა, მაგრამ ანგარიში აერია. ასზე მეტი თუ არა, ნაკლები არ იქნებოდნენ. ყველანი კეთროვანი კულაუს ხელში ჩასაგდებად მოდიოდნენ. უცებ მასში სიამაყის გრძნობამ გაიღვიძა. ზარბაზნებით და შაშხანებით შეიარაღებული ამდენი პოლიციელი და ჯარისკაცი კულაუს დასაჭერად ამოდიოდა, კულაუ კი მარტო იყო - ისიც ავადმყოფი და დასახიჩრებული, ცოცხალს ჩაიგდებდნენ ხელში თუ მკვდარს, ათას დოლარს მიიღებდნენ ჯილდოდ. „ჩემს სიცოცხლეში არა მქონია ამდენი ფული, - გაიფიქრა მწარედ, - კაპაჰეიმ მართალი თქვა: არავისთვის არაფერი დამიშავებია. თეთრკანიანებს დატაცებული მიწის დასამუშავებლად მუშახელი სჭირდებათ და ამ სენით დაავადებული ჩინელი მუშები ჩამოიყვანეს. იმისათვის, რომ ამ სენით დავავადდი, ათას დოლარად შემაფასეს. მაგრამ მე ხომ არ მომცემენ. ამ ავადმყოფობისაგან გახრწნილი, ანდა ყუმბარისაგან დაფლეთილი სხეულის ნაწილები ღირს კი ამოდენა თანხად!“ აი, ჯარისკაცები წვეტიან თხემს მიუახლოვდნენ. კულაუს უნდოდა მათთვის დაესწრო, მაგრამ იქვე გაშოლტილი ქალიშვილის გვამს შეავლო თვალი და თავი შეიკავა. როცა ბილიკზე მეექვსე ჯარისკაცი გამოჩნდა, კულაუმ ცეცხლი გახსნა და იქამდე არ შეუწყვეტია სროლა, ვიდრე ბილიკი არ მოცარიელდა. გასროლის უმალ ხელახლა ტენიდა შაშხანას და შეუსვენებლად ისროდა. ძველი შეურაცხყოფა ცეცხლივით უგიზგიზებდა თავში და შურისძიებას მოწყურებული მთლად გაშმაგებულიყო. ბილიკზე გაჭიმული ჯარისკაცებიც ისროდნენ. მართალია, თხრილებში წვებოდნენ, მაგრამ მათი მიზანში ამოღება მაინც ადვილი იყო. ტყვიები ზუზუნით ეცემოდნენ კულაუს ახლოს და ქვებიდან ზრიალით სხლტებოდნენ. ერთმა ტყვიამ თავის ქალა გაუკაწრა, მეორემ მხარი დაუწვა, მაგრამ კანი არ გაუკაწრია. ეს იყო ნამდვილი სასაკლაო და ყველაფერში კი ერთი ადამიანი იყო დამნაშავე. ჯარისკაცებმა უკან დაიხიეს და დაჭრილების გაყვანას შეუდგნენ. უეცრად კულაუს დამწვარი ხორცის სუნი ეცა. ირგვლივ მიმოიხედა, მალე მიხვდა, რომ გახურებულმა შაშხანამ თითები დაუწვა. კეთრის ხელის ნერვი შეეჭამა. ხორცი იწვოდა, მაგრამ კულაუ ტკივილს ვერა გრძნობდა, მხოლოდ სუნი სცემდა.        ძეძვნარში გაწოლილი იღიმებოდა. უცბად ზარბაზნები მოაგონდა. მცირე ხნით თუ ჩაჩუმდნენ, მერე ალბათ პირდაპირ ძეძვნარს მიადგებიან, სადაც კულაუ მოქმედებს. ვერც კი მოასწრო კლდის ქიმს იქით გადანაცვლება, იქ მისი აზრით ყუმბარა არ დაეცემოდა, რომ სროლა ისევ განახლდა. კულაუ ითვლიდა: სამოცჯერ ისროლეს, მერე ისევ ჩაჩუმდნენ. პატარა მოედანი ისე იყო დათხრილი დიდ-დიდი ორმოებით, რომ ვერ დაიჯერებდით, აქ თუ ცოცხალი არსება გადარჩებოდა. ჯარისკაცებიც ასევე ფიქრობდნენ. ნაშუადღევის მცხუნვარე მზეში კიდევ მიხოხავდნენ ბილიკზე, მაგრამ წვეტიან თხემს მაინც ვერ მიაღწიეს და ისევ დაიხიეს ზღვის მიმართულებით.        კულაუ კიდევ ორ დღეს იცავდა ბილიკს, თუმცა ჯარისკაცები მის საფარს გამუდმებით უშენდნენ ზარბაზნებს. მესამე დღეს დაკბილულ მთაგრეხილზე ახალგაზრდა ბიჭი კეთროვანი პაჰაუ გამოჩნდა და კულაუს შეუძახა: შიმშილით რომ არ დავმწყდარიყავით, კილოლიანა თხემზე სანადიროდ წავიდა, მაგრამ დაეცა და დაიმტვრაო. ქალები დაფრთხნენ და აღარ იციან, რა ქნანო. ბიჭს კულაუმ ერთი შაშხანა მისცა და უბრძანა, თვალი ედევნებინა ბილიკისათვის, თვითონ კი თავისიანებთან ავიდა ზევით. სნეულნი სულით დაცემულიყვნენ. სარჩოს მოპოვება თვითონ არ შეეძლოთ, ამიტომ შიმშილობდნენ. კულაუმ ორი ქალი და ერთი კაცი აარჩია - მათ ჯერ ეგრერიგად არ მოსდებოდათ ავი სენი - და ხეობაში გააგზავნა საჭმლისა და ჭილობების მოსატანად. დანარჩენები დაამშვიდა და ისე გაამხნევა, რომ ყველაზე უძლურებიც კი მიეხმარნენ კარვების გაკეთებაში. გაგზავნილები უკან აღარ დაბრუნებულან. მაშინ კულაუ კვლავ ხეობაში დაბრუნდა. როგორც კი ხრამის თავზე გამოჩნდა, ერთდროულად გაისმა ხუთი თუ ექვსი საკეტის ჩხაკუნი. ერთი ტყვია მხარში მოხვდა, მეორე კლდეს მიეხალა, მისმა ნამსხვრევებმა ლოყა გაუჭრა. უკან დაიხია, მაგრამ ჯარისკაცებით ავსებულ ხეობას თვალი მაინც შეასწრო. თავისიანებმა გასცეს იგი! ვეღარ გაუძლეს ქვემეხების საშინელ გრიალს და მოლოკაის ციხე არჩიეს. კულაუმ რამდენიმე ნაბიჯით დაიხია უკან და ქამრიდან მძიმე ტყვიების ხალთა მოიხსნა. კლდეებს შორის ჩაწვა და როგორც კი ხრამის თავზე ვიღაც ჯარისკაცის თავი და მხრები გამოჩნდა, კულაუმ ჩახმახი მოსხლიტა. ასე გამეორდა ორჯერ. მცირეოდენი ხნის შემდეგ ხრამის კიდიდან თავისა და მხრების ნაცვლად თეთრი დროშა გამოჩნდა. - რა გნებავთ? - ბრძანების კილოთი ჰკითხა მათ. - თუ კეთროვანი კულაუ ხარ, სწორედ შენ მინდიხარ. -ი ყო პასუხი.        კულაუს ერთბაშად ყველაფერი დაავიწყდა. დაავიწყდა ის საფრთხეც, რომელშიც იმყოფებოდა. ძირს გართხმული კულაუ განცვიფრებული იყო ამ ჰაოლების - თეთრების გაუტეხელი სიჯიუტით. ისინი თავისას მაინც გაიტანენ, ცაც რომ ჩამოექცეთ თავზე. საგნებისა და ადამიანების დასაპყრობად თვით სიკვდილსაც კი არ ერიდებიან. მათი ნებისყოფის სიძლიერეს იგი აღტაცებაში მოჰყავდა. ეს ნებისყოფა თვით სიცოცხლეზეც ძლიერია და ყველაფერს იმორჩილებს. დარწმუნდა, რომ ბრძოლა წააგო. ჰაოლეს ნებასთან შერკინება არ შეიძლებოდა. ათასი სულიც რომ გაწყვიტოს, მაინც ამობობღდებიან, ზღვის ქვიშასავით გამრავლდებიან და მას კი უსათუოდ ჩაკლავენ. ისინი არასოდეს თავს დამარცხებულად არ გრძნობენ. ამაშია მათი შეცდომაც და ძლიერებაც. მის ხალხს კი ეს არა აქვს. ახლა მიხვდა, როგორ შესძლეს რომისა და ღვთის ერთმა მუჭა მსახურებმა მათი მიწა-წყლის დაპყრობა. ეს იმიტომ რომ... - აბა, რას უდგახარ, გამომყვები თუ არა? - უთხრა იმ უხილავმა კაცმა, რომელსაც თეთრი დროშა ეჭირა. დიახ, ნამდვილ ჰაოლეს შეეფერებოდა ასე ჯიქურ შეტევა თავისი მიზნის მისაღწევად. - მოდით მოვილაპარაკოთ, - გამოეპასუხა კულაუ. ხრამიდან უცნობის თავი და მხრები ამოიზარდა, მერე გამოჩნდა მთელი ტანიც. ეს იყო პოლიციელი კაპიტანი, გამოწკეპილი, ტანადი ჭაბუკი, მას თხელი პირისახე და ცისფერი თვალები ჰქონდა. კაპიტანმა ერთი ნაბიჯი წადგა, მაგრამ კულაუმ ანიშნა, გაჩერდიო. კაპიტანი ხუთი ნაბიჯის მოშორებით შედგა და იქვე ჩაჯდა. - მამაცი ყოფილხარ, - უთხრა კულაუმ გაოცებით. - რომ მდომოდა ბუზივით გაგსრესდი. - არა, ამას ვერ იზამდი. - რატომ? - იმიტომ, რომ ადამიანი ხარ, კულაუ, თუმცა საზიზღარი საპყარი. ვიცი, შენი ამბავი, ისიც ვიცი, რომ კაცის მოკვლა შენთვის არაფერია. კულაუმ რაღაცა ჩაიბურტყუნა, მაგრამ იდუმალად მაინც ესიამოვნა შექება. - რა უქენი ჩემს ხალხს? - ჰკითხა მან, - სად არის ჩემი გამოგზავნილი ბიჭი, ორი ქალი და ერთი კაცი? - ისინი დაგვნებდნენ და ახლა იმისათვის მოვედი, რომ შენც მათ მაგალითს მიბაძო. კულაუს უნდობლად გაეცინა. - მე თავისუფალი ადამიანი ვარ. არავისთვის არაფერი დამიშავებია. ჩემი თხოვნაა თავი დამანებოთ. თავისუფლად მიცხოვრია და თავისუფლადვე მოვკვდები. არასოდეს არ დაგნებდებით. - შენები უფრო ჭკვიანები ყოფილან შენზე, - უთხრა ახალგაზრდა კაპიტანმა. - აი, შეხედე, ისინიც მოდიან.        კულაუ შემობრუნდა. ახლოვდებოდა საშინელი პროცესია. მისი ტომის უკანასკნელი ნაშიერნი, საცოდავი ხეიბარნი კვნესით და ოხვრით მოლასლასებდნენ. მაგრამ კულაუს ბედი უფრო დიდ მწუხარებას უმზადებდა. როგორც კი კულაუს გაუსწორდნენ, შეურაცხმყოფელი ლანძღვა-გინება დააყარეს. უკან მიმავალი დედაბერი შედგა, ზეაღმართა მხეცისბრჭყალებიანი გაძვალტყავებული ხელი და კბილების ღრჭიალითა და თავის რაცრაცით დასწყევლა კულაუ. კეთროვნები ერთმანეთის მიყოლებით გადადიოდნენ პიტალო ლობებზე და ნებდებოდნენ ჩასაფრებულ ჯარისკაცებს. - ახლა შენც შეგიძლია მიბრძანდე, - უთხრა კულაუმ კაპიტანს. - მე არასოდეს დაგნებდები. ეს არის ჩემი საბოლოო სიტყვა. მშვიდობით.        კაპიტანი დაბლა ჩასრიალდა თავის ჯარისკაცებთან. მეორე წუთში ქარქაშზე ჩამოცმული მუზარადი ასწია. კულაუს ნასროლმა ტყვიამ მუზარადი გაუხვრიტა. საღამომდე განუწყვეტლივ ესროდნენ გაღმიდან. მერე კი კულაუმ მაღლა, მიუვალი კლდეებისაკენ გასწია. ჯარისკაცებიც კვალდაკვალ აედევნენ. ექვს კვირას სდიეს ჯარისკაცებმა კულაუს დაკბილულ მწვერვალებსა და თხის ბილიკებზე. ლანტანის ძეძვნარში დამალული მდევრები გარსშემორტყმოდნენ ხოლმე და როგორც კურდღელს, ისე მისდევდნენ ლანტანის ჯუნგლებში და გუავის ბუჩქებში. მაგრამ ყოველთვის ახერხებდა და ხელიდან უსხლტებოდა. მისი ხელში ჩაგდება არ ხერხდებოდა. როცა კი მდევრები ჯგუფად შეუტევდნენ, კულაუ მაშინვე აამოქმედებდა თავის შაშხანას. მაშინ ისინი თავის დაჭრილებს ეზიდებოდნენ მთის ბილიკებით ზღვის სანაპიროსაკენ. ხანდახან, როცა მისი ყავისფერი ტანი ტევრში გაიელვებდა, ჯარისკაცებიც ესროდნენ ხოლმე. ერთხელ ხუთი მათგანი გაშლილ ადგილას ბილიკზე წააწყდა კულაუს. მთელი თავისი ტყვია-წამალი დააყარეს. მაგრამ კულაუმ თავბრუდამხვევ უფსკრულის პირას გაიარა კოჭლობით და გაერიდა. მიწაზე სისხლის ნაკვალევი შენიშნეს, მიხვდნენ, რომ კულაუ დაჭრილი იყო. ექვსი კვირის დევნის შემდეგ ხელი ჩაიქნიეს. ჯარისკაცები და პოლიციელები ჰონოლულუში დაბრუნდნენ და კულაუს მიუგდეს კალალაუს ხეობა სრულ მფლობელობაში. თუმცა ხანდახან თითო-ოროლა მათგანი გაინადირებდა მასზე, მაგრამ ისევ თავისი სამარის გასათხრელად. ორი წლის შემდეგ კულაუ უკანასკნელად შეძვრა ძეძვნარში, გაიჭიმა მიწაზე ტისა და ველური ილის ყვავილთა შორის თავისუფლად შობილი თავისუფლადვე კვდებოდა. წვიმა ცრიდა. კულაუს დამახინჯებულ ფეხებზე დაგლეჯილი საბანი გადაეფარებინა, ტანზე კი - მუშამბის ლაბადა. მკერდზე მაუზერი დაედო, რომლის ლულას სათუთად სწმენდდა წვიმის წვეთებს. იმ ხელზე, რომლითაც შაშხანის ლულას სწმენდდა, თითები აღარ შერჩენოდა. ახლა კი აღარ შეეძლო კულაუს სასხლეტი გამოეკრა. თვალები დახუჭა. სისუსტე დაეუფლა. გონებას ნისლი გადაფარებოდა. მიხვდა, რომ დასასრული ახლოვდებოდა. მომაკვდავი ნადირივით მონახა ტევრი და შიგ შეძვრა. ნახევრადგონდაკარგული ბუნდოვნად აზროვნებდა. ახლა ფიქრებით ნიიჰაუზე გატარებულ ყმაწვილკაცობას გადასწვდენოდა. სიცოცხლე იფერფლებოდა, თანდათან მიწყდა ფოთლებზე დაცემული წვეთების ტკაპუნიც. მას კი ეჩვენებოდა, რომ კვლავ ველური ცხენების რემას მიერეკება, კვლავ როკავს და ყალყზე დგება ორწლიანი კვიცი, რომელზეც ის გადამჯდარა. აი, გაცოფებული მიგელავს საფარ-ფარეხში, მეჯინიბეები დამფრთხალი იფანტებიან და ღობის იქით ხტებიან შეშინებულები. მალე სურათი შეეცვალა. სულ არ გაჰკვირვებია. ახლა ის მთის იალაღზე ველურ ხარებს მისდევს და ქამანდს ტყორცნის, იჭერს ხარებს და ქვემოთ ხეობაში მიერეკება, აქ, ბაკში დამღას ასვამდნენ საქონელს. მტვერი და ოფლი ნესტოებს უწვავდა.        ჯანმრთელი და თავისუფალი ყრმობა ელანდებოდა კულაუს, ვიდრე სიცოცხლესთან განშორების მწარე გრძნობამ არ გამოაფხიზლა. დამახინჯებული ხელები მაღლა ასწია და გაოცებით შეხედა. როგორ? რატომ? რამ გახადა თავისუფალი და ამაყი კულაუ ასეთი? შემდეგ კვლავ გაახსენდა ყველაფერი და უმალ კეთროვან კულაუდ იქცა. დასუსტებულმა თვალები მილულა. წვიმის წვეთების ტკაპუნი მიწყდა. ტანში მომთენთავმა ჟრჟოლამ დაურბინა და შემდეგ ისიც მიწყდა. თავი წამოსწია, მაგრამ იმავე წამს მოწყვეტილივით დავარდა ბალახზე. გახეხილი თვალები მეტად აღარ დაუხუჭავს. უკანასკნელი ფიქრი შაშხანას გადასწვდა. მერე დამჭკნარი, უთითებო ხელები მოხვია შაშხანას და მკერდზე მიიკრა. …
დაამატა Kakha to ლიტერატურა at 10:25am on იანვარი 4, 2015
თემა: პროსპერ მერიმე - ილელი ვენერა
ქალაქ ილის სახლების გარჩევას. სწორად ამ ქალაქისაკენ მივეშურებოდი. - ალბათ იცით, სად ცხოვრობს ბატონი დე პეირორადი? - მივმართე კატალონელ მეგზურს, გუშინდლიდან რომ დამყვებოდა თან. - რას ჰქვია, ვიცი? - წამოიძახა მან, - ვიციო? სიბნელე რომ არ იყოს, უსათუოდ დაგანახვებდით, ყველაზე საუკეთესო სახლია მთელს ილში. მდიდარი კაცია ბატონი დე პეირორადი, თანაც თავის ვაჟს ბევრად უფრო მდიდარ ქალიშვილზე აქორწინებს. - მალე იქნება ქორწილი? - ვკითხე მე. - ჩემის აზრით, მევიოლინეები უკვე მოწვეულები არიან. იქნებ ამ საღამოს იქორწინონ, ან იქნებ ხვალ ან ზეგაც; აბა, როგორ გითხრათ! საქორწინო ცერემონია პუიგარიგში შედგება, ბატონიშვილი ხომ სწორედ მადმუაზელ პუიგარგს ირთავს. რას იტყვით, ხომ კარგი ამბავია? ბატონ დეპეირორადთან ჩემმა მეგობარმა ბატონმა დე ბ- მ გამომგზავნა. მისგან გავიგე, რომ ბარონი დე პეირორადი ძლიერ განათლებული, დაუზარელი და გამოცდილი ანტიკვარია. სწორედ მასზე ვამყარებდი იმედებს, ილის მიდამოების დათვალიერება რომ გადავწყვიტე. გაგონილი მქონდა, ილის გარშემო, ათი ლიეს ფარგლებში მრავლად მოიძებნებოდა შუა საუკუნეებისა და ანტიკური ხანის ძეგლები. ეს ქორწილი კი მთელ გეგმებს მიფუშავდა.    „რა დროს სტუმრობა იყო“, - გავივლე გუნებაში, თან ვცდილობდი, არაფერი შემემჩნია, ხალისიანად ვყოფილიყავი; ბატონმა დე პ- მ წინასწარ აცნობა მათ ჩემი ჩამოსვლის თაობაზე და ახლა უკვე მელოდნენ ალბათ. - გინდათ, ერთ სიგარაზე დაგენაძლევოთ: უსათუოდ გამოვიცნობ, რისთვის მოდიხართ, ბატონ დე პეირორადთან, - მითხრა ჩემმა გამყოლმა, ბარში რომ ჩავედით. - ამის გამოცნობა სულაც არ არის ძნელი, - შევეპასუხე მეგზურს და სიგარა გავუწოდე. - მთელი ექვსი ლიე ვიარეთ კანიგუს მთაზე. ცხადია, დავიღალეთ და მოგვშივდა კიდეც. მაშასადამე, უნდა ვივახშმოთ და მოვისვენოთ. - ეს მართალია, მაგრამ ხვალ?.. ნაძლევს ჩამოვდივარ, რომ თქვენ ილში კერპის სანახავად მოდიხართ. ამას მაშინ მივხვდი, სერაბონაში წმინდანების ხატვა რომ დაიწყეთ. - კერპი? რომელი კერპი? - ყურები ვცქვიტე. - როგორ! პერპინიანში არ უთქვამთ თქვენთვის, ბატონმა დე პეირორადმა მიწაში ჩაფლული კერპი, რომ იპოვა? - თქვენ გინდათ თქვათ, რომ გამომწვარი თიხის ძეგლი იპოვა, ხომ? - სრულიადაც არა: კერპი ნამდვილი ლითონისგანაა დამზადებული. ეკლესიის ზარის ოდენაა. ზეთისხილის ძირში იყო დამარხული. - თქვენც ესწრებოდით ამოთხრას? - დიახ, ბატონო! ორი კვირის წინ ბატონმა დე პეირორადმა მე და ჟან კოლს იმ ძველი ზეთისხილის ხის ამოძირკვა დაგვავალა, ზამთარში რომ გაიყინა. ალბათ გემახსოვრებათ, რა სიცივეები იყო შარშან. გახურებული მუშაობის დროს ჟან კოლმა ძლიერად მოიქნია წერაქვი და... ბუმ, ისეთი ხმა მომესმა, თითქოს ზარს შემოჰკრესო. „რა იყო?“ - შევეკითხე საკუთარ თავს. განვაგრძეთ მუშაობა და უცბად, მიწაში ჩაშავებული ხელი გამოჩნდა. შემეშინდა და ბატონ დე პეირორადთან გავიქეცი: „ბატონო, ზეთისხილის ხის ძირში მკვდრებია დამარხული. მღვდელს ვუხმოთ!’’ „ვინ მკვდრები?“ - მკითხა მან. მერე იმ ადგილზე მივედით, სადაც ვთხრიდით და როგორც კი ხელი დაინახა, იყვირა: „ანტიკური ძეგლია! ანტიკური!“. ისე ყვიროდა, გეგონებოდა, დიდი საგანძური იპოვაო. მერე დაავლო ხელი წერაქვს და რაც ჩვენ ორმა ვიმუშავეთ, ორი იმდენი იმან იმუშავა. - ბოლოს და ბოლოს რა აღმოაჩინეთ? - ნამდვილი ლითონისაგან დამზადებული დიდი, შავი ქალი, უკაცრავად და ნახევრად შიშველი იყო. ბატონმა დე პეირორადმა აგვიხსნა, კერპთაყვანისმცემელთა დროინდელი კერპიაო... კარლოს დიდის დროინდელი .. ისაო... - გასაგებია, გასაგები. ალბათ რომელიმე დარბეული მონასტრიდან გამოტაცებული მადონაა. - მადონა, როგორ არა! მადონა რომ ყოფილიყო, მაშინვე ვიცნობდი. ხომ გეუბნებით, კერპია-მეთქი, ამას მისი თვალებიც ადასტურებს! ისე გაშტერებული შემოგვცქერის თავისი დიდი, თეთრი თვალებით, თითქოს შენი სულის ამოცნობა სურსო. თვალს ვერ გაუსწორებ.. - თეთრი თვალები? ალბათ ბრინჯაოსია. რომაული ძეგლი იქნება. - დიახ, სწორედ ასეა, ბატონი დე პეირორადმაც ასე ბრძანა: რომაულიაო. ახლა კი ვხედავ, თქვენც მასავით სწავლული უნდა ბრძანდებოდეთ. - რაიმე ხომ არა აქვს დაზიანებული? კარგად არის შენახული? - ყველაფერი რიგზე აქვს. უფრო უკეთესად და ლამაზად გამოიყურება, ვიდრე ლუი- ფილიპეს ბიუსტი, მერიაში რომ დგას. მაგრამ, რაც არ უნდა იყოს, მისი სახე არ მომწონს, ბოროტი გამოხედვა აქვს... და არის კიდევაც ბოროტი. - ბოროტი? კი მაგრამ, ასეთი რა ჩაიდინა? - მართალია, ჩემთვის არაფერი დაუშავებია, მაგრამ.. თუმცა სჯობს, თავიდანვე მოგიყვეთ, რაც მოხდა და თვითონვე დარწმუნდებით. მიწაზე ვფორთხიალობდით, რომ როგორმე ფეხზე დაგვეყენებინა, იგი ხომ გვერდზე იყო გადაწოლილი. ბატონი დე პეირორადს წიწილისოდენა ღონეც კი არა აქვს, მაგრამ ისიც გვეხმარებოდა და თოკს ეწეოდა. როგორც იქნა, დიდის გაჭირვებით ფეხზე წამოვაყენეთ. დავიხარე, კრიტის ნატეხი რომ შემედგა, ის კი.. ტყაპ და მთელი სიმძიმით გვერდზე გადავარდა. „ფრთხილად! ქვეშ არ მოყვეთ! - ვიყვირე, მაგრამ ჟან კოლმა ფეხის გაწევა ვერ მოასწრო. - როგორ, დაშავდა? - დაშავდა რომელია, კანჭი ლატანივით გააუტეხა. ღმერთმა დასწყევლოს! ისე გავცეცხლდი, ბატონ დე პეირორადს რომ არ დავეჭირე, ალბათ წერაქვით მივამსხვრევდი იმ კერპს. მერე ბატონმა ჟან კოლს ფული მისცა და შინ გაისტუმრა. უნდა მოგახსენოთ, რომ ყოველივე ეს ორი კვირის წინ მოხდა, მაგრამ ჟან კოლი დღესაც ლოგინად არის ჩავარდნილი. ექიმმა კი უთხრა, ამ დაზიანებული ფეხით წინანდებურად ვეღარ ივლიო. საწყენი კია! იგი ხომ ჩვენში ყველაზე კარგი მორბენალი იყო. თანაც ბატონი დე პეირორადის ვაჟიშვილის მერე საუკეთესო ჩოგბურთელად ითლებოდა. ბატონმა ალფონს ჟან კოლთან თამაშობდა ჩოგბურთს, და მერე იცით როგორ? ისე დაჰქროდა ბურთი მათ შორის, მიწას ერთხელაც არ გაეკარებოდა. საუბარში გართულნი ილიში შევედით, ხოლო სულ მალე ბატონ დე პეირორადის წინ ვიდექით.    იგი პატარა, მხნე, თავშენახული, წითელცხვირა მოხუცი გახლდათ. გაპუდრულ სახეზე მხიარული და დამცინავი იერი დასთამაშებდა. ვიდრე ბატონი დე პ- ს წერილს გახსნიდა, გაშლილ სუფრასთან მიმიწვია და ცოლ- შვილს ცნობილ არქეოლოგად წარუდგინა ჩემი თავი. მისი აზრით, მე რუსილიონი ან დავიწყების ბურუსიდან უნდა ამომეყვანა, ანდა გულცივი სწავლულისათვის ჩამეგდო ხელში.    ვახშამს მადიანად შევექცეოდით. რას შეუძლია მადის ისე გაღვიძება, როგორც მთის გრილ ჰაერს. თან მასპინძელს ვაკვირდებოდი და, თუმცა მასზე უკვე ვილაპარაკე, კიდევ რამდენიმე სიტყვა მინდა დავამატო: ხნოვანების მიუხედავად, საოცრად მკვირცხლი და მოძრავი მოხუცი იყო, წუთით არ ისვენებდა; ჭამდა, ლაპარაკობდა, დგებოდა, გარბოდა თავის ბიბლიოთეკაში, ჩემთვის წიგნები მოჰქონდა, მიჩვენებდა გრავიურებს, ღვინით მივსებდა ჭიქას და კვლავ მელაპარაკებოდა.    მისი მეუღლე შედარებით მსუქანი გახლდათ, ორმოც წელს გადაცილებული ყველა კატალონელი ქალივით; რაც მართალია მართალია, ტიპიურ პროვინციელად მომეჩვენა, ისეთ პროვინციელად, მხოლოდ ოჯახურ საქმეებს რომ განაგებს. თუმცა საჭმელი თავსაყრელი იყო, ქალი მაინც გაიქცა სამზარეულოში, მტრედები დააკვლევინა, შეაწვევინა, მერე მურაბის ქილებსაც თავი მოხსნა; ასე რომ, რამდენიმე წუთში მაგიდა ათასგვარი ხორაგითა და ქილებით შეივსო. ალბათ კუჭი გამისკდებოდა, მათი შემოთავაზებული ყველა კერძისთვის თუნდაც მარტო გემო რომ გამესინჯა. როგორც კი რომელიმე საჭმელზე ვიტყოდი უარს, ჩემი მასპინძლები მაშინვე მოჰყვებოდნენ: აქაურობა არ მოგწონთ, პროვინციაში სტუმარს შესაფერისად ვერ ვხვდებით, მით უმეტეს, პარიზელები ხომ განებივრებული ხალხი ხართ! ბატონი ალფონს დე პეირორადი კი ტერმივით გაუნძრევლად იჯდა. იგი ოცდაექვსი წლის, ლამაზი ახალგაზრდა კაცი გახლდათ, მაგრამ სახე მეტისმეტად უსიცოცხლო ჰქონდა. საუცხოო აღნაგობაზე ეტყობოდა, დაუღალავი მოთამაშე უნდა ყოფილიყო ჩოგბურთისა, რაიც ამ მხარეში თავდავიწყებით უყვარს ყველას. ამ საღამოს მეტისმეტად ელეგანტურად და ჩემის აზრით ჟურნალ „დე მოდის“ უკანასკნელ ნომერში მოთავსებული ნახატების მიხედვით ეცვა. თუმცა ასეთ ტანსაცმელში რაღაც შებორკილი მეჩვენა; ხავერდის საყელოში მოქცეულ თავს არც კი ატოკებდა. გაჭიმული იჯდა, მთელი ტანით თუ შემოტრიალდებოდა, თორემ სხვანაირად გვერდზე ვერ მოიხედავდა. დიდი და ფართო ხელები ისე გამოირჩეოდა მისი ჩაცმულობის ფონზე, როგორც გლეხკაცის ხელები გამოირჩევა ხოლმე მაქმანიან ტანსაცმელში. მან, უპირველეს ყოვლისა, ჩემი პარიზული ჩაცმულობა შეათვალიერა. ისე, მთელი საღამოს განმავლობაში ერთხელ თუ დამელაპარაკა და მაშინაც მხოლოდ ის მკითხა, საათის ძეწკვი სად შეიძინეთო. - ესეც ასე, ძვირფასო სტუმარო, - მითხრა ბატონმა დე პეირორადმა, ვახშამი რომ დავასრულეთ. - რადგანაც ჩემთან მოხვდით, აღარ გაგიშვებთ. არ გაგიშვებთ მანამდის, სანამ არ ნახავთ ყოველივეს, რაც კი საინტერესოა ჩვენს მთებში. თუ გსურთ, რუსილიონს კუთვნილი უფლებები დაუბრუნოთ, საჭიროა ჯერ შეისწავლოთ იგი. ნამდვილად მოგეწონებათ, რასაც აქ გაჩვენებთ. ეს იქნება ფინიკიური, კელტური, არაბული, რომაული თუ ბიზანტიური ძეგლები, სულ ერთია. კიდით- კიდემდე დაგატარებთ და გაიძულებთ, უკანასკნელ აგურამდე ნახოთ ყველაფერი... ხველებამ საუბარი შეაწყვეტინა. მეც ვისარგებლე შემთხვევით და ვუთხარი, ძალიან ვწუხვარ, უდროო დროს რომ გესტუმრეთ. ქორწილისათვის ემზადებით, მე კი... იქნებ მხოლოდ რჩევა მომცეთ, როგორ წარვმართო ჩემი ექსკურსია ისე, რომ მეგზურობით არ დაგღალოთ-მეთქი. - ამ ბიჭის ქორწილზე ლაპარაკობთ? - სიტყვა შემაწყვეტინა მოხუცმა. - აბა, ეგ რა სახსენებელია, ყოველივეს ზეგ მოვრჩებით. თქვენც ჩვენს ოჯახთან ერთად იზეიმებთ ამ ქორწილს. დიდი ცერემონიების თავი არა გვაქვს - საპატარძლო მამიდას გლოვობს. სწორედ იმ მამიდას, ვისგანაც მემკვიდრეობა მიიღო. ასე რომ, არავითარი მეჯლისი არ იქნება, საწყენი კია ჩვენი კატალონელი ქალების ცეკვას რომ ვერ ნახავთ, მაგრამ რას ვიზამთ. მათ შორის ლამაზებიც მოიძებნება, იქნება ჩემი ალფონსისათვის მიგებაძათ და თქვენც ამოგერჩიათ რომელიმე მათგანი. ხომ გაგიგონიათ: ერთ ქორწილს აუცილებლად მეორე მოსდევსო. ახალგაზრდები იქორწინებენ, მერე მეც თავისუფალი ვიქნები და საქმეს შევუდგებით. ალბათ მოგვიტევებთ, პროვინციული ქორწილით რომ გაწუხებთ. პარიზელს თავი ზეიმის გარეშე ვერც წარმოუდგენია, აქ კი ქორწილი უმეჯლისოდ ჩატარდება. სამაგიეროდ, პატარძალს ნახავთ... შემდეგ კი თქვენს აზრს გამიზიარებთ.. თუმცა თქვენ უკვე დარბაისელი კაცი ბრძანდებით და ქალებს ალბათ ზედაც აღარ უყურებთ. თქვენთვის უკეთესი რამე მაქვს საჩვენებელი. დიახ! თქვენ აქ საინტერესო რაღაცას ნახავთ... ხვალისათვის დიდ სიურპრიზს გიმზადებთ. - ღმერთო ჩემო! - ვუთხარი მე. - რა ძნელია შინ საუნჯე გქონდეს და ხალხმა კი ამის შესახებ არაფერი იცოდეს. მე მგონი, ის სიურპრიზი გამოვიცანი, თუ თქვენს მიერ ნაპოვნ ძეგლზე ლაპარაკობთ, უნდა გითხრათ, რომ ჩემმა მეგზურმა უკვე გამიღვივა ცნობისმოყვარეობა და წინასწარ მომამზადა მის საცქერლად. - აჰ! უკვე მოუხსენებიათ ჩემს კერპზე, აქ ხომ ასე უწოდებენ ჩემს ლამაზ ვენერა ტურ... თუმცა სჯობია, წინასწარ ნუ ვილაპარაკებთ. ხვალ დღისით, მზისით ნახავთ და დარწმუნდებით, ნამდვილად არ შევმცდარვარ, შედევრად რომ მივიჩნიე; ეშმაკმა დალახვროს, ამაზე უკეთეს დროს ვერ მოხვიდოდით. კერპზე წარწერები, რომელთაც მე, საწყალი, უვიცი კაცი, ჩემებურად განვმარტავ; თქვენ პარიზელ სწავლულს, შეიძლება ეს ყველაფერი სასაცილოდ არ გეყოთ... საქმე ის არის, რომ პატარა შრომა დავწერე... ძველ, პროვინციელ ანტიკვარს, თქვენს მონა- მორჩილს სურს... მე მინდა პრესა ავახმაურო... იმედი მაქვს, გადახედავთ და შესწორებებსაც შეიტანთ ჩემს ნაშრომში.. მაგალითად, საინტერესოა, თქვენ როგორ განმარტავთ კვარცხლბეკის წარწერას - „Cave“. არა, არა, აღარაფერს გკითხავთ. ხვალამდის! დღეს გვეყოფა ვენერაზე ლაპარაკი. - მართალი ხარ, პეირორად, - უთხრა მისმა მეუღლემ, - სჯობს თავი ანებო შენს კერპს. ნუთუ ვერ ხედავ, რომ სტუმარს ჭამას არ აცლი? დამიჯერე, ბევრად უკეთესი ძეგლები ექნება პარიზში ნანახი. მარტო ტუილრის სასახლეში რამდენი ძეგლია, თანაც ბრინჯაოსი... - აი უმეცრება! წმინდა პროვინციული უმეცრება! - შეაწყვეტინა ბატონმა დე პეირორადმა. - ნუთუ შეიძლება მომხიბლავი ანტიკური ძეგლი ხელოსნის ნაცოდვილარს შეადარო?    „ეს ხომ უპატივცემულობაა ღმერთზე ილაპარაკო, ჩემო დიასახლისო!“ - წარმოგიდგენიათ! ჩემმა მეუღლემ დაჟინებით მოითხოვა, ეს მომხიბლავი ქანდაკება ეკლესიის ზარად გადაგვედნო, თვითონ კი უნდოდა მისი ნათლია გამხდარიყო. ნუთუ შეიძლება, ასე მოიქცე მირონის შედევრს! - შედევრი! შედევრი! რა გააკეთა შენმა შედევრმა! კაცს ფეხი მოსტეხა. - მომისმინეთ, ჩემო მეუღლევ! - მტკიცე ხმით მიმართა ცოლს ბატონმა დე პეირორადმა და თავის თხელ წინდაში გამოკვალთულ ფეხზე მიუთითა. - ჩემს ვენერას ეს ფეხი რომ მოეტეხა, ნამდვილად არ ვინანებდი. - ღმერთო ჩემო! პეირორად, რას ამბობ! კიდევ კარგი, ახლა ის კაცი უკეთაა... ესეც არ იყოს, სულაც არ მსიამოვნებს ვუყურო იმ ქანდაკებას, მხოლოდ უბედურება რომ მოაქვს ადამიანისთვის. საწყალი ჟან კოლი. - ვენერასაგან დაჭრილი ბრიყვი კვნესოდა, - თქვა ბატონმა დე პეირორადმა და გადაიხარხარა. – Veneris nec praemia noris, ვინ არ დაუჭრია ვენერას. ბატონ ალფონსს ფრანგული უკეთ ესმოდა, ვიდრე ლათინური; თვალებს ახამხამებდა და ისე შემომცქეროდა, თითქოს მეკითხებოდა: „პარიზელო, თქვენ თუ გაიგეთ რამე?“    ვახშამი დამთავრდა. თითქმის ერთი საათი იყო, აღარაფერს ვჭამდი, დაღლილი ვიყავი და მოძალებული მთქნარებისგან თავს ძლივს ვიკავებდი. პირველმა ქალბატონმა დე პეირორადმა შემატყო ეს და მაშინვე აღნიშნა, ძილის დრო დადგაო. ამის თქმა იყო და ჩემი მისამართით კვლავ მოზღვავდა ბოდიშების ნაკადი; ბოდიშს იხდიდნენ იმის გამო, რომ უხეირო საწოლ ოთახში მომიხდებოდა გამოძინება და რომ თავს ისე ვერ ვიგრძნობდი, როგორც პარიზში. პროვინციაში ხომ ასე ცუდად ვართ მოწყობილებიო! ძლივს დავარწმუნე რუსილიონელები, ამდენი ხეტიალის შემდეგ თივაშიც რომ ჩამაწვინოთ, თავს შესანიშნავად ვიგრძნობ-მეთქი. მაგრამ ბოდიშებს ბოლო არ უჩანდა, მთხოვდნენ მეპატიებინა საწყალი სოფლელებისათვის, თუკი ისე ვერ მცემდნენ პატივს, როგორც ეს საჭიროა. ბოლოს ბატონ დე პეირორადის თანხლებით ჩემთვის განკუთვნილი ოთახისაკენ გავეშურე. ხისსაფეხურებიანი კიბე გრძელ დერეფანს უერთდებოდა. დერეფნის ორივე მხარეს ოთახები იყო განლაგებული. - მარჯვნივ სწორად ის ოთახია, საპატარძლოსათვის რომ ავარჩიეთ, - მითხრა მასპინძელმა, - თქვენი კი დერეფნის ბოლოსაა, - დაუმატა მშვიდი კილოთი. - კარგად მოგეხსენებათ, ახალდაქორწინებულები განცალკევებულად უნდა იყვნენ. ასე რომ, თქვენ სახლის ერთ ბოლოში იქნებით, ისინი კი მეორეში. კარგად გაწყობილ ოთახში შევედით, სადაც ჩემი ყურადღება უზარმაზარმა საწოლმა მიიპყრო. საწოლი ისე მაღალი იყო, აუცილებლად სკამი უნდა მიგედგა, რომ ჩაწოლილიყავი. მასპინძელმა მიჩვენა სად იყო ზარი, შემდეგ შეამოწმა, სავსე იყო თუ არა საშაქრე, ტუალეტის მაგიდაზე იდგა თუ არა ოდეკოლონის ფლაკონები და როდესაც დარწმუნდა, არაფერი აკლიაო, ძილი ნებისა მისურვა და მარტო დამტოვა.    ფანჯრები დაკეტილი იყო. სანამ ტანთ გავიხდიდი, ერთი ფანჯარა გამოვაღე, გრძელი ვახშმის შემდეგ მინდოდა სუფთა ჰაერი ჩამეყლაპა. ჩემს წინ მთვარის მკრთალი შუქით განათებული მომხიბლავი კანიგუ აღმართულიყო. ამ საღამოს დედამიწის ულამაზეს მთად მომეჩვენა იგი; რამდენიმე წუთს უძრავად ვიდექი და მის წარმტაც სილუეტს მივჩერებოდი. შემდეგ ფანჯრის დასაკეტად დავიხარე და სახლიდან ოციოდე ტუაზის მოშორებით კვარცხლბეკზე მდგარი ქანდაკება შევნიშნე. ცოცხალი ღობის კუთხესთან იდგა: ცოცხალი ღობე კი პატარა, განიერ, ერთფეროვან ბაღს ერტყა. როგორც შემდეგ გავიგე, იგი ქალაქის ჩოგბურთის მოედანი ყოფილიყო. მამული ბატონ დე პეირორადს ეკუთვნოდა. მაგრამ შვილის დაჟინებული თხოვნით კომუნისათვის დაეთმო თურმე. აქედან ძნელი იყო ქანდაკების ზუსტი სიმაღლის დადგენა, მაგრამ შემიძლია დავიფიცო, სულ ცოტა ექვსი ნაბიჯის სიმაღლე მაინც იქნებოდა. ამ დროს ჩოგბურთის მოედანი კაცმა გადმოჭრა. ისინი რუსილიონის ლამაზ ჰანგს - „მოგიზგიზე მთებს“ უსტვენდნენ. ძეგლთან შეჩერდნენ. ერთი მათგანი კატალონიურად უქცევდა და სიტყვებს ამოკლებდა. რუსილიონში საკმაო ხანი დავყავი, ასე რომ შემეძლო გამერჩია, რას ამბობდა იგი. - ეს შენა ხარ, არამზადავ! კიდევ აქ დგახარ? შენ მოატეხე ჟან კოლს ფეხი, ხომ? ჩემთვის რომ ეგ გექნა, კისერს მოგიგრეხდი. - რით მოუგრეხდი? - თქვა მეორემ. - ვერ ხედავ, ლითონისაა და მერე ისეთი მაგარი ლითონია, რომ ეტიენმა თავისი ქლიბი ზედ მიამსხვრია. კერპთაყვანისმცემელთა დროინდელი ლითონია ბიძია, ამაზე მაგარი რამ არც მეგულება სადმე. - ჩემი რკინის საჭრელი მაკრატელი რომ მქონდეს - (ეტყობა, მოლაპარაკე ახალბედა ზეინკალი იყო), - სულ ცოტა ხანში ამ თეთრ თვალებს ისე ამოვაცლიდი, როგორც ნუშს ნაჭუჭიდან. ამ თვალებიდან კი ას სუზე მეტი ვერცხლი გამოვიდოდა. ისინი რამდენიმე ნაბიჯით დაშორდნენ ქანდაკებას. - მოდი დავემშვიდობოთ კერპს, - თქვა ზეინკალმა და გაჩერდა. იგი დაიხარა და, მე მგონი ქვა აიღო. დავინახე, როგორ მოიქნია ხელი და იმავე წუთს ლითონმა წკრიალი გაიღო, ხოლო მსროლელმა ორივე ხელი თავში იტაცა და დაიყვირა: - ვაიმე, ქვა უკან დამიბრუნდა! - ახლა კი იკადრეს და სწრაფად მოუსვეს. როგორც ჩანს, გასროლილი ქვა ლითონზე ასხლტა და იმას, ვინც ქალღმერთს შეურაცხყოფა მიაყენა, საკადრისი მიუზღო.    სიცილი ვეღარ შევიკავე, მერე ფანჯარა მოვხურე და ჩავილაპარაკე: - კიდევ ერთი ბარბაროსი დასაჯა ვენერამ! რა კარგი იქნებოდა, ყველა, ვინც კი ჩვენს უძველეს ძეგლებს ანადგურებს, ასე დაისჯებოდეს. ამ „ლმობიერი“ ნატვრის შემდეგ ჩამეძინა. კარგა გათენებული იყო, რომ გამოვიღვიძე. საწოლის ერთ მხარეს ღამისპერანგიანი ბატონი დე პეირორადი იდგა, ხოლო მეორე მხარეს მისი მეუღლის მიერ გამოგზავნილი მოსამსახურე, რომელსაც ფინჯანი შოკოლადი ეჭირა ხელში. - დროა აბრძანდეთ, პარიზელო! ეჰ, დედაქალაქელო ზარმაცებო! - ამბობდა ჩემი მასპინძელი, ვიდრე მე ტანთ ვიცვამდი. - უკვე რვა საათია, თქვენ კი ჯერაც გძინავთ. ექვს საათზე ავდექი; სამჯერ ამოვედი თქვენთან, ფეხაკრეფით მოვუახლოვდი კარს, მაგრამ ჩამიჩუმი არ ისმოდა. თქვენს ასაკში ამდენი ძილი მავნებელია. ჩვენი ვენერა კი გელოდებათ, იგი ხომ ჯერაც არ გინახავთ. მიირთვით ბასკონური შოკოლადი; ნამდვილი კონტრაბანდაა. ასეთს პარიზში ვერ იშოვით. მოიკრიბეთ ძალ- ღონე; თორემ ვენერას რომ დაინახავთ, ძეხორციელი ვერ მოგაშორებთ მას. ხუთ წუთში მზად ვიყავი. უფრო სწორად, ნახევრად გაპარსული, ღილებშეუბნეველი და მდუღარე შოკოლადისაგან პირდათუთქული ჩავედი ბაღში და სულ მალე დიდებული ქანდაკების წინაშე აღმოვჩნდი. საუცხოო სილამაზის ვენერა იყო, წელს ზემოთ შიშველი; მარჯვენა ხელი მკერდის სიმაღლეზე ჰქონდა აწეული; ცერი და ორი მომდევნო თითი გაეშლა, ხოლო დანარჩენი მსუბუქად მოეხარა. მეორე ხელი - ქსოვილი რომ ეჭირა - წელზე ჰქონდა შემოდებული და ქვედა ტანს იფარავდა. ისეთ პოზაში იდგა, თითქოს „მურის მოთამაშე“ ყოფილიყოს, გერმანიკს რომ უწოდებენ რატომღაც; თუმცა შეიძლება სწორად „მურის მოთამაშე“ ღმერთქალი გამოსახა მოქანდაკემ. ამაზე უკეთეს ტანს, ამაზე უფრო საამო და მომხიბლავ ნაკვთებს ვერ წარმოიდგენდა ადამიანი! ამ სამოსზე უფრო მოხდენილი და ძვირფასი არაფერი შეიძლებოდა ყოფილიყო. და, ჩემს წინ კი იდგა ანტიკური ხანის შედევრი. ყველაზე უფრო განმაცვიფრა ქანდაკების ნაკვთების საოცარმა ბუნებრიობამ; ნატურიდან გამოძერწილი ჩანდა, თუკი ბუნებას შეეძლო შეექმნა ესოდენ სრულყოფილი მოდელი.    თმა უკან ჰქონდა გადავარცხნილი და აშკარად ეტყობოდა ოდესღაც ოქროსფერი რომ უნდა ყოფილიყო. პატარა თავი - როგორც ყველა ბერძნულ ქანდაკებას - ოდნავ წინ გადმოეხარა. სახეზე კი, ამის აღწერასაც ალბათ ვერასოდეს შევძლებ, აღბეჭდოდა რაღაც უცნაური გამომეტყველება. იგი არ ჰგავდა არც ერთ ანტიკურ ძეგლს, რაც ოდესმე მინახავს. ეს არ იყო მშვიდი და მკაცრი სილამაზე. ბერძნულ ქანდაკებებს რომ ახასიათებს - მათ სახეზე მუდამ თვითკმაყოფილი იერი გადაჰკრავთ ხოლმე. შევცქეროდი ამ ქანდაკებას, ხელოვანს ეტყობა სურდა მის სახეზე ცბიერება და ბოროტება გამოეხატა. ყოველი ნაკვთი - დახრილი თვალები, ოდნავ გახსნილი პირი, დაბერილი ნესტოები ფაქიზად იყო შესრულებული მოქანდაკის მიერ. ზიზღი, ირონია, ულმობლობა, აი, რა იკითხებოდა ამ არაჩვეულებრივად ლამაზ სახეზე. რაც უფრო დიდხანს უყურებდი ამ ქანდაკებას, მით უფრო გაწვალებდა იმის შეგრძნება, როგორ იყო შეხამებული ესოდენ გულცივობა ასეთ სრულყოფილ სილამაზესთან. - თუ ასეთი მოდელი ოდესმე არსებობდა, - მივმართე ბატონ დე პეირორადს. - თუმცა არ მჯერა, ზეცას ასეთი ქმნილება შეექმნას, მაშინ ნამდვილად მებრალებიან ქალღმერთის თაყვანისმცემლები. მას ალბათ სიამოვნებდა, უიმედო სიყვარულით შეპყრობილნი თავს რომ იკლავდნენ მისი გულისთვის, რაღაცნაირი სისასტიკე ჩანს ქალღმერთის გამოხედვაში, არადა უნდა ვაღიარო, ჯერ არ მინახავს ამგვარი სილამაზე. - „ვენერა თავსაც იწამებს და სხვასაც აწამებს!“ - წამოიძახა ჩემი ენთუზიაზმით კმაყოფილმა ბატონმა პეირორადმა. ამ საშინელ ირონიულ გამოხედვას შესაძლოა ამძაფრებდა მის ვერცხლისფერ თვალებში მოკიდებული მუქი- მწვანე ფერი, დროთა განმავლობაში ძეგლი მთლიანად რომ დაეფარა. გაბრწყინებული თვალები სინამდვილის, სიცოცხლის რაღაც განსაკუთრებულ ილუზიას ქმნიდა. მომაგონდა ჩემი მეგზურის სიტყვები: კერპს თვალს ვერ გაუსწორებ. მართლაც ასე იყო და მე გავბრაზდი კიდეც ჩემს თავზე ამ უცნაური მორიდების გამო, კერპის მიმართ რომ ვგრძნობდი. - ახლა კი, როცა თითქმის ყველაფერი დაათვალიერეთ, ჩემო ანტიკვარო კოლეგავ, თუ შეიძლება ნება მიბოძეთ გავმართოთ მეცნიერული საუბარი, - მითხრა მასპინძელმა. - აბა, რას იტყვით ამ წარწერაზე, ჯერაც რომ არ შეგიმჩნევიათ? მან ქანდაკების კვარცხლბეკზე მიმითითა, სადაც ამოვიკითხე: CAVE AMANTEM - ვნახოთ, შევთანხმდებით თუ არა ამ Cave amantem“ -ის მნიშვნელობაზე, - ხელები მოიფშვნიტა მან. - იგი ორნაირად შეიძლება ითარგმნოს, - ვთქვი მე. - პირველი: „უფრთხილდი მას, ვისაც უყვარხარ; ნუ ენდობი საყვარლებს“. მაგრამ არა მგონია ეს აზრი სწორი ლათინური წყობით იყოს გადმოცემული. ქალის ვერაგულ გამოხედვას რომ ვუყურებ, ასე მგონია მოქანდაკეს ეწადა გაეფრთხილებინა მნახველი ამ საშინელი სილამაზის გამო. მაშინ ასე უნდა ითარგმნოს: „იყავი ფრთხილად, თუ იგი შეგიყვარებს“. - ჰმ.. შესანიშნავი აზრია, - თქვა ბატონმა დე პეირორადმა. - მაგრამ არ გეწყინოთ და მე პირველი თარგმანი უფრო მომწონს. თქვენ თუ იცით, ვინ იყო ვენერას საყვარელი? - საყვარელი ბევრი ჰყავდა. - მართალია, მაგრამ პირველი მაინც ვულკანი იყო. იქნებ მოქანდაკეს უნდოდა ეთქვა ვენერასთვის: „შენი სილამაზისა და ვერაგული გამოხედვის მიუხედავად საყვარლად გეყოლება საზიზღარი, კოჭლი მჭედელი!“ კარგი გაკვეთილი იქნებოდა მე და ჩემმა ღმერთმა, მაცდური ქალებისათვის. მისი განმარტება ისე ყურით მოთრეული მეჩვენა, რომ სიცილი ვერ შევიკავე. - საშინელი ენაა ლათინური, მოკლე გამოთქმები აქვს, - შევნიშნე მე და შევეცადე შემეწყვიტა ჩვენს ანტიკვართან კამათი. რამდენიმე ნაბიჯით უკან დავიხიე. უკეთ რომ შემეთვალიერებინა ქანდაკება. - ერთი წუთით კოლეგავ, - შემაჩერა ბატონმა დე პეირორადმა და ხელი მომკიდა, - ჯერ ხომ ყველაფერი არ გინახავთ, არის კიდევ ერთი წარწერა. აბრძანდით კვარცხლბეკზე და დახედეთ მარჯვენა ხელს, - მითხრა მან და თან მკლავი შემაშველა. მეც ყოველგვარი მორიდების გარეშე ხელი მოვხვიე ვენერას კისერზე. ერთი წუთით ქვემოდან ავხედე მის სახეს. ამჯერად უფრო ბოროტი და უფრო ლამაზი მეჩვენა. მარჯვენა მკლავზე მართლაც აღმოჩნდა ძველი, ჩემის აზრით, ანტიკური დროის, გაკრული ხელით ნაწერი. ენის ბორძიკით, გაჭირვებით შევუდექი მის ამოკითხვას. ბატონი დე პეირორადი ჩემივე ხმით და მანერით იმეორებდა წარმოთქმულ სიტყვებს. VENERA TVRBVL… EVTYCHES MYRO IMPERIO FECIT სიტყვა „tvrbvl“ -ის შემდეგ, რომელიც პირველ ხაზზე ეწერა, მომეჩვენა, რომ რამდენიმე ასო წაშლილი იყო, მაგრამ თვით „tvrbvl“ კარგად იკითხებოდა. - რას უნდა ნიშნავდეს? - მკითხა ეშმაკური ღიმილით სახეგაბრწყინებულმა მასპინძელმა. იგი რატომღაც დარწმუნებული იყო, რომ არც თუ ისე ადვილად გავართმევდი თავს ამ tvrbvl“ - ს. - აქ მხოლოდ ერთი სიტყვაა, რომლის აზრი ვერ გამიგია, ხოლო რაც შეეხება დანარჩენებს, ყველაფერი ნათელია. „ეტიშ მირონმა მიართვა ეს ძღვენი ვენერას, მისივე ბრძანებით“ - შესანიშნავია, მაგრამ რას ნიშნავს „ tvrbvl“- ი? - სწორედ ეგ „ tvrbvl“ - ია თავსატეხი; ამიტომაც არის, რომ ვენერას ცნობილ ეპითეტთა შორის ვეძებ ისეთს, რომელიც გამომადგება. აბა, ვნახოთ რას იტყვით „tvrbvlenta“ - ს შესახებ. ვენერა მშფოთვარე, მღელვარე... თქვენ თუ ამჩნევთ, რომ მე ისევე მისი გამოხედვით ვარ დაინტერესებული, „tvrbvlenta“ კი არ უნდა იყოს ურიგო ეპითეტი ასეთი ვენერასათვის... - დავუმატე მოკრძალებით, ვინაიდან თავადაც არ ვიყავი მაინცდამაინც კმაყოფილი ჩემი განმარტებით. - მოუსვენარი ვენერა! შფოთიანი ვენერა! როგორ, ნუთუ თქვენი აზრით ჩემი ვენერა კაბარეებისათვის არის განკუთვნილი?.. როგორ გეკადრებათ, ბატონო. ეს რჩეული საზოგადოების ვენერაა. ნება მიბოძეთ აგიხსნათ რას ნიშნავს ეს „tvrbvl“ - ი...მხოლოდ სიტყვა მომეცით, რომ არ გაახმაურებთ, სანამ ჩემი შრომა არ დაიბეჭდება. საქმე ისაა, რომ ვამაყობ ამ აღმოჩენით... თქვენ კი, თუ შეიძლება, ნარჩენი თავთავების მოგროვების საშუალება მოგვეცით ჩვენ, საწყალ პროვინციელებს. თქვენ, პარიზელი სწავლულები, ისედაც მდიდრები ხართ! კვარცხლბეკზე მდგომმა საზეიმოდ შევფიცე, არასოდეს არ მივითვისებ თქვენს აღმოჩენას-მეთქი. - „TVRBVL- ი, ბატონო ჩემო, უნდა წაიკითხოთ, როგორც „tvrblnerae“, თქვა მან დაბალი ხმით. თითქოს ეშინოდა, ჩემს მეტს არავის გაეგო. - არ მესმის. - კარგად დამიგდეთ ყური. აქედან ერთი ლიეს დაშორებით, მთის ძირას, არის ერთი სოფელი, რომელსაც ბულტერნერი ჰქვია. ეს გახლავთ დამახინჯებული ლათინური სიტყვა TVRBVLNERA. ბულტერნერი, ბატონო ჩემო, რომაული ქალაქი იყო, ამაში ყოველთვის ვიყავი დარწმუნებული, მაგრამ დამამტკიცებელი საბუთები არ გამაჩნდა. ახლა კი ეს დამამტკიცებელი საბუთი ხელთა მაქვს. ეს ვენერა აქაური ქალაქის - ბულტერნერის ღვთაება იყო, - ხოლო თვით ეს სიტყვა - ბულტერნერი, რომელსაც ანტიკურად მივიჩნევ, ადასტურებს ერთ კურიოზულ ფაქტს. სახელდობრ, აი რას: ბულტერნერი სანამ რომაული გახდებოდა, ფინიკიური ქალაქი იყო! დიახ!    იგი წუთით შეჩერდა, რათა სული მოეთქვა და ჩემი გაკვირვებით დამტკბარიყო. მე კი მოძალებული სიცილისაგან თავი ძლივს შევიკავე. - აქედან გამომდინარე, - განაგრძო მან. - „tvrblnera“, არის ნამდვილი ფინიკიური სახელი. „TVR“ - ს თუ გამოვთქვამთ, როგორც „tour“ - ს, ერთი და იგივეა, ასე არაა? „Sour“ რომ ფინიკიური სახელია, რომელიც „Tyr“- იდან წარმოიშვა, ჩემის აზრით, ამას დამტკიცება არ სჭირდება. „Bvl“ არის „Baal“; „Bal“, „Bel“ „Bul“ -ის გამოთქმის განსხვავებული ვარიანტი. ხოლო რაც შეეხება ,nera“ - ს, მან ცოტა არ იყოს შემაფიქრიანა. მისი შესაფერისი ფინიკიური სიტყვის უქონლობის გამო, მზად ვარ ვივარაუდო, რომ „nera“ წარმოშობილია ბერძნული სიტყვა „neros“ - იდან, ე. ი. ნესტიანი, ჭაობიანი. გამოდის, რომ ბულტერნერი ნაჯვარი სახელია და მართლაც, ჩვენს მხარეში შემიძლია გიჩვენოთ მთის ნაკადულების მიერ შექმნილი, დამპალი ჭაობი. მეორე მხრივ კი, შეიძლება დაბოლოება „nera“ ბევრად უფრო მოგვიანებით იყოს მიმატებული, პივეზუვიას, ტეტრიკუსის მეუღლის საპატივცემულოდ, რომელმაც ალბათ რაიმე სასიკეთო უყო ბულტერნერის მოსახლეობას. - ბურნუთი შეისუნთქა. - მაგრამ შევეშვათ ფინიკიელებს და ჩვენს წარწერას დავუბრუნდეთ. მე მას ასე ვთარგმნიდი: „ბულტერნერელ ვენერას მირონმა უძღვნა ეს ქანდაკება, თავისი ნამუშევარი“. ჩემი გამჭრიახობა რომ დამემტკიცებინა, შევუდექი მისი ეტიმოლოგიის კრიტიკას. - მოითმინეთ, ბატონო. - ვუთხარი მე, - აშკარაა, მირონმა ვენერას მართლაც უძღვნა რაღაც, მაგრამ რაიმე დამამტკიცებელ საბუთს ვერ ვხედავ, სახელდობრ ამ ძეგლზე რომ იყოს ლაპარაკი. - როგორ! - წამოიძახა მასპინძელმა. - მირონი გამოჩენილი ბერძენი მოქანდაკე არ იყო? ტალანტი კი შეუწყვეტლად გრძელდებოდა მის გვარში. ეს ძეგლი ერთ-ერთმა მისმა ნაშიერთაგანმა შექმნა. მე ვფიქრობ, ამას მტკიცება არ სჭირდება. - კი მაგრამ, - შევეპასუხე მე, - მაჯაზე პატარა ნახვრეტს ვხედავ, რაც მგონი, რაღაცის დასამაგრებლად არის განკუთვნილი, მაგალითად, სამაჯურის; შესაძლებელია იგი სწორედ მირონმა უძღვნა ვენერას, რაიმე ცოდვის მოსანანიებლად, ბედკრული მიჯნური მირონი შეეცადა განრისხებული ვენერას გულის მონადირებას და ოქროს სამაჯური მიუძღვნა. თქვენ თუ შეამჩნიეთ, რომ „fecit“ ხშირად „conservati“ -ის მაგივრად იხმარება? ეს ხომ სინონიმური ტერმინია. ახლა ხელთ გრუტერი ან ორელიუსი რომ მქონდეს, უფრო ბევრი მაგალითის მოტანას შევძლებდი. აქედან დასკვნა, რომ შეყვარებულმა მირონმა სიზმარში ნახა ვენერა, რომელმაც უბრძანა, მისი ქანდაკებისათვის მიერთმია ოქროს სამაჯური, მირონმა მართლა შეასრულა ეს ბრძaნება... შემდეგ კი გამოჩნდნენ ბარბაროსები, ან თუნდაც ქურდები და... - როგორ გეტყობათ, რომანებს რომ წერთ! - წამოიძახა ჩემმა მასპინძელმა და ხელი შემიშალა, რომ ჩამოვსულიყავი კვარცხლბეკიდან. - არა, ბატონო, ეს ნამუშევარი ნამდვილად მირონის სკოლას ეკუთვნის. კარგად შეხედეთ ქანდაკებას და თვითონ დარწმუნდებით.    საერთოდ არ მჩვევია ვეკამათო ჯიუტ ანტიკვარებს, ამიტომ თავი დავუქნიე და დარწმუნებით ვუთხარი: - შესანიშნავი ნამუშევარია. - ღმერთო ჩემო! - იყვირა ბატონმა დე პეირორადმა. - ვანდალიზმის კიდევ ერთი კვალი! ვიღაცას ჩემი ქანდაკებისთვის ქვა უსვრია. მან ვენერას მკერდს ზემოთ თეთრი ანაბეჭდი შეამჩნია. ასეთივე ანაბეჭდი აჩნდა მარჯვენა ხელის თითებზე. ქვას თავისი კვალი დაეტოვებინა. ჩემს მასპინძელს მოვუყევი, რა მოხდა წინაღამეს ჩემი თანდასწრებით და როგორ დაისაჯა ამის ჩამდენი. მან დიდხანს იცინა, შემდეგ ზეინკლის შეგირდს უსურვა გაეზიარებინა დიომედეს ხვედრი, რათა ბერძენი გმირებივით ენახა, როგორ გადაიქცა ყველა მისი თანამონაწილე თეთრ ფრინველად.    საუზმის მაუწყებელმა ზარმა შეგვაწყვეტინა კლასიკურ თემაზე საუბარი და ახლაც, როგორც წუხელის, იძულებული ვიყავი ოთხი კაცის ულუფა მარტო მე მეჭამა. შემდეგ მოვიდნენ ბატონი დე პეირორადის ფერმერები და სანამ ბატონი პეირორადი აუდიენციით იყო გართული, მისმა ვაჟმა ეტლის დასათვალიერებლად წამიყვანა. ეტლი ტულუზაში ეყიდა თავისი საცოლისათვის. უხმოდ დავათვალიერე იგი. შემდეგ საჯინიბოში შემიყვანა და თავისი ცხენების ქებას ნახევარი საათი მოანდომა; მერე სათითაოდ დამიხასიათა ისინი, ამიხსნა დეპარტამენტის სრბოლებზე რომელმა რა პრიზი დაიმსახურა და ბოლოს ნაცრისფერ ფაშატზე რომ მიდგა საქმე, ლაპარაკი საცოლეზე გადაიტანა: - დღეს ვნახავთ, - თქვა მან. - არ ვიცი, რამდენად ლამაზი მოგეჩვენებათ; პარიზელები ხომ თავისებური ხალხი ხართ. მაგრამ აქ პერპინიანში იგი ყველას ხიბლავს. რაც მთავარია, ის მდიდარია, მისმა პრადიდელმა მამიდამ მთელი ქონება უანდერძა. ოჰ, რა ბედნიერი ვიქნები! დიდად ვიყავი გაკვირვებული, ახალგაზრდა მამაკაცი თავისი საცოლის ლამაზი თვალების ნაცვლად მისი მზითვით რომ იყო აღტაცებული. - განძეულობაში თუ ერკვევით? - განაგრძო ბატონმა ალფონსმა. - როგორ მოგწონთ ეს ბეჭედი? ხვალ უნდა მივართვათ მას.    ამ ლაპარაკში ნეკიდან ძვირფასი ბრილიანტებით მოჭედილი ბეჭედი მოიძრო. ბეჭედს ორი გადახლართული ხელის ფორმა ჰქონდა, ძლიერ პოეტური მეჩვენა. ძველებური ნამუშევარი იყო, მაგრამ შემიძლია დავიფიცო, რომ ბრილიანტების დასამაგრებლად ვიღაცას უცოდვილია. ბეჭდის შიგნიდან გოთური წარწერა „Sempr’ ab ti“ იკითხებოდა, რაც ნიშნავს „მარად შენთან ვარ“. - ლამაზი ბეჭედია, - ვთქვი მე, - მაგრამ ამ ბრილიანტებმა ცოტა ნირი შეუცვალა. - ასე ბევრად უფრო ლამაზია! - ღიმილით შემესიტყვა იგი. - ათას ორასი ფრანკი ღირს ეს ბრილიანტი: დედაჩემმა მაჩუქა. საგვარეულო ბეჭედია, ძველისძველი... რაინდობის დროინდელი. დედაჩემზე უწინ ბებიას უტარებია, ბებიამ კი დედაჩემს უსახსოვრა თურმე, ღმერთმა უწყის, როდის არის გაკეთებული. - პარიზში ასეთი ჩვეულებაა, - ვუთხარი მე, - საცოლეს უბრალო, სადა ბეჭედს მიართმევენ ხოლმე, იგი ორი განსხვავებული ლითონის - ოქროსა და პლატინისაგან არის დამზადებული: აი მეორე ბეჭედი, თითზე რომ გიკეთიათ, ბევრად უკეთესია ასეთი შემთხვევისათვის. ეს ბეჭედი კი თავისი ბრილიანტებითა და გადახლართული ხელებით ისეთი დიდია, რომ ხელთათმანის ჩაცმა გაუჭირდება. - ეს უკვე ჩემი მეუღლის, ქალბატონ ალფონსას საქმეა. როგორც უნდა, ისე მოუაროს. ჩემის აზრით, მოხარული იქნება ატაროს ასეთი ბეჭედი 1.200 ფრანკი თითზე წამოცმული! ხუმრობა ხომ არ არის! ეს პატარა ბეჭედი კი ერთმა ქალმა მაჩუქა პარიზში, კარნავალზე. ოჰ, რა ბედნიერი ვიყავი პარიზში. რა დროს ვატარებდი! ორი წლის უკან გახლდით.. აი, სად შეიძლება ნამდვილად გაერთო, - სინანულით ამოიოხრა მან. იმ დღეს პუიგარიგში საპატარძლოს მშობლებთან უნდა გვესადილა. ჩავსხედით ეტლში და გავემგზავრეთ სასახლისაკენ, ილიდან ლიენახევრის დაშორებით რომ იდგა. საპატარძლოს ოჯახში ისე წარმადგინეს და მიმიღეს, როგორც ძველი მეგობარი. არ მოვყვები სადილისა და სადილზე გამართული საუბრის აღწერას, რადგან საუბარში თითქმის არ მიმიღია მონაწილეობა. ბატონი ალფონსი საპატარძლოს გვერდით იჯდა და ყოველ თხუთმეტ წუთში რაღაცას ეჩურჩულებოდა. თვალებდახრილი პატარძალი წითლდებოდა ხოლმე, მაგრამ თამამად კი უპასუხებდა.    მადმუაზელ დე პუიგარიგი 18 წლისა იყო, მისი თხელი და მოქნილი ტანი სრულ კონტრასტს ქმნიდა საქმროს ახოვან აგებულებასთან. იგი არა მარტო ლამაზი იყო, მომხიბლავიც გახლდათ. აღტაცებული ვიყავი მისი სრულყოფილი, ბუნებრივი სიტყვა- პასუხით, აგრამ სიკეთის გამომეტყველებას მის სახეზე დაჰკრავდა ოდნავ ეშმაკური იერი, რაც უნებურად ჩემი მასპინძლის ვენერას მაგონებდა. როცა გონებაში ვუდარებდი მადმუაზელ პუიგარიგს ვენერას, ერთბაშად დამებადა კითხვა: ქანდაკების თავისებურ სილამაზეს ხომ არ განაპირობებს-მეთქი მისი ძუ ვეფხვთან მიმსგავსება, რადგან ცნობილია, ენერგია, რანაირ ფერებშიც არ უნდა გამოვლინდეს, ყოველთვის იწვევს გაოცებას და ერთგვარ აღტაცებას. „საწყენია, - გავიფიქრე გუნებაში, პუიგარიგს რომ ვტოვებდით. - ასეთი მშვენიერი ქალიშვილი მდიდარი იყოს და მხოლოდ სიმდიდრის გამო ითხოვოს ისეთმა მამაკაცმა, სრულიად რომ არ არის მისი შესაფერისი“. ილში დაბრუნებულმა აღარ ვიცოდი, რა მეთქვა ქალბატონ დე პეირორადისათვის და ბოლოს, ზრდილობისთვის მხოლოდ ესღა მოვახერხე: - თქვენ, რუსილიონელები, მართლაც რომ თავისუფალი მოაზროვნეები ხართ! ვის გაუგონია, პარასკევ დღეს ქორწილი? პარიზში უფრო ცრუმორწმუნეები არიან. აბა, ვინ გაბედავს ასეთ დღეს ცოლის მოყვანას! - ღმერთო ჩემო, ამაზე ნუ მელაპარაკებით! - მითხრა მან. - ჩემზე რომ ყოფილიყო დამოკიდებული, რომელიმე სხვა დღეს ავირჩევდი. მაგრამ პეირორადმა ასე მოისურვა და ჩვენც იძულებულები ვიყავით, დავყოლოდით. რაიმე უბედურება რომ მოხდეს? მაშასადამე, უსაფუძვლო არ არის ხალხის შიში პარასკევი დღის მიმართ. აბა, ასე რატომ ეშინიათ ამ დღისა? - პარასკევი? - წამოიძახა მისმა ქმარმა. - პარასკევი ხომ ვენერას დღეა! ქორწილისათვის კარგი დღეა! ხომ ხედავთ, ჩემო კოლეგავ, მე მხოლოდ და მხოლოდ ვენერაზე ვფიქრობ. საბედნიეროდ, სწორედ მისი ბრალია, პარასკევი დღე რომ ავირჩიე. ხვალ თუ გნებათ, ქორწილამდის პატარა მსხვერპლიც შევწიროთ - ორი გარეული მტრედი და თუ შევძელი საკმევლის შოვნა... - რას ლაპარაკობ, პიერორად, - შეაწყვეტინა მოთმინებიდან გამოსულმა მეუღლემ. - საკმეველი დავუკმიო კერპს? საძაგლობაა! რას იტყვის ხალხი ჩვენზე? - მაშინ, - თქვა ბატონმა დე პეირორადმა, - იმის ნება მაინც მომეცი, თავზე ვარდისა და შროშანის გვირგვინი დავადგა. - ხედავთ, ბატონო? - მომიბრუნდა მერე მე, - კონსტიტუცია მხოლოდ ცარიელი სიტყვებია. უფლება არა გვაქვს ვიწამოთ ის, რაც ნამდვილად გვწამს.    მომავალი დღე ასე დაიგეგმა; ათი საათისათვის საზეიმო ტანსაცმელში გამოწყობილი ყველანი მზად უნდა ვყოფილიყავით. დილის შოკოლადის მიღების მერე ეკიპაჟებით პუიგარიგში გავემგზავრებოდით. სამოქალაქო ჯვრისწერა სოფლის მერიაში მოხდებოდა, ხოლო რელიგიური ცერემონია - სასახლის ეკლესიაში. იქიდან დაბრუნების მერე გაიმართებოდა საუზმე. ამის შემდეგ შვიდ საათამდე დროს შეძლებისდაგვარად გავატარებდით. შვიდ საათზე დავბრუნდებოდით ილში, ბატონ დე პეირორადთან, სადაც ორივე ოჯახი ერთად ისადილებდა. დანარჩენი ყველაფერი ნათელი იყო: ვინაიდან ცეკვა არ შეიძლებოდა, ჭამას უნდა გადავყოლოდით.    დილის რვა საათიდან ვიდექი ვენერას წინ ფანქრით ხელში და აგერ უკვე მეოცეჯერ ვიწყებდი მისი თავის ხატვას. არა და არ გამომდიოდა. ბატონი დე პეირორადი ჩემს გარშემო ტრიალებდა, რჩევებს მაძლევდა და მიმეორებდა თავის ფინიკიურ ეტიმოლოგიას, შემდეგ ქანდაკების კვარცხლბეკზე დაწყო ბენგალური ვარდები და ტრაგი- კომიკური კილოთი საუკეთესო სურვილები შესთხოვა ქანდაკებას იმ წყვილისათვის, მომავალში მის ჭერქვეშ რომ უნდა ეცხოვრა. ცხრა საათისათვის შინ შევიდა, რომ გამოწყობილიყო. სწორედ ამ დროს ბატონი ალფონსი გამოჩნდა. თვალში გეცემოდათ მისი თეთრი ხელთათმანი, ლაქის ფეხსაცმელები, ლითონის ღილები, ღილის კილოში კი ვარდი დაებნია. - დახატავთ ჩემს მეუღლეს? - მკითხა მან და ჩემს ნახატზე გადმოიხარა, -ისიც ხომ ლამაზია. სწორედ ამ დროს, ჩემს მიერ ზემოთ ნახსენებ ჩოგბურთის მოედანზე, დაიწყეს თამაში, რამაც ბატონი ალფონსის ყურადღება მიიპყრო. მეც დაღლილი და იმედდაკარგული, რომ ოდესმე შევძლებდი ამ ცბიერი სახის დახატვას, მივანებე თავი მუშაობას და მოთამაშეების საცქერლად გავეშურე. მათ შორის იყო რამდენიმე არაკონელი და ნავარიელი ესპანელი, რომლებიც წინა ღამეს ჩამოსულიყვნენ. თითქმის ყველა გამოირჩეოდა არაჩვეულებრივი მოხერხებულობით. მიუხედავად იმისა, რომ ილელ მოთამაშეებს ამხნევებდა ბატონი ალფონსის თანდასწრება და რჩევა, ილელები მაინც დამარცხდნენ. მაყურებლები დაიბოღმნენ. ბატონმა ალფონსმა საათს დახედა. ჯერ მხოლოდ ათის ნახევარი იყო. დედამისს კიდევ არ დაემთავრებინა თმის ვარცხნილობა და ალფონსმაც ამით ისარგებლა. ფრაკი გაიხადა, ვიღაცას პიჯაკი გამოართვა და ესპანელები სათამაშოდ გამოიწვია. ღიმილით და ცოტა არ იყოს გაკვირვებითაც შეცქეროდნენ. - ქალაქის ღირსების დაცვაა საჭირო! - მითხრა მან. თამაშის ჟინით შეპყრობილი ახლა იგი მართლაც ლამაზი მეჩვენა. ტანსაცმელს, აქამდე ასე მჭიდროდ რომ შემოტმასნოდა ტანზე, ახლა მისთვის მნიშვნელობა ჰქონდა დაკარგული. რამდენიმე წუთის წინ იმის შიშში იყო ჰალსტუხი არ მოღრეცოდა, ახლა კი იგი სრულებითაც აღარ ფიქრობდა თავის დახვეულ თმაზე და თუნდაც ასე სათუთად დაუთოვებულ ნაოჭიან საყელოზე. საცოლეზე? ... ფიქრობდა კი მასზე? ჩემის აზრით, საჭირო რომ გამხდარიყო ქორწინების გადადება, აუცილებლად გადადებდა. დავინახე, რა სწრაფად იცვამდა სანდლებს, როგორ გადაიკეცა სახელოები და დაჯერებული იერით დამარცხებულ თანამოქალაქეებს ჩაუდგა სათავეში. ასე ალბათ კეისარი თუ უმეთაურებდა თავის ჯარისკაცებს დირახიუმის ბრძოლის წინ. სასწრაფოდ ვიცვალე ადგილი და რკინის ხის ჩრდილს შევეფარე, რათა უკეთესად დამენახა ორივე ბანაკი.    საერთო დაძაბულობის ვითარებაში ბატონმა ალფონსმა პირველი ბურთი ააცდინა. თუმცა მართალი უნდა ითქვას - ბურთი დაბლა მოდიოდა და ესეც რომ არ ყოფილიყო, ისეთი ძალით დაარტყა ერთმა არაგონელმა, რომ მართლაც ძნელი იყო მისი აღება.    არაგონელი ორმოციოდე წლის გამხდარი და ნერვიული მამაკაცი იყო, ექვსიოდე ფუტის სიმაღლისა. მის მოყვითალო კანს ისეთივე ფერი გადაჰკრავდა, როგორიც ბრინჯაოს ვენერას. არაგონელი ორმოციოდე წლის გამხდარი და ნერვიული მამაკაცი იყო, ექვსიოდე ფუტის სიმაღლისა. მის მოყვითალო კანს ისეთივე ფერი გადაჰკრავდა, როგორც ბრინჯაოს ვენერას. აღშფოთებული ბატონმა ალფონსმა გადააგდო თავის ჩოგანი. - სულ ამ დაწყევლილი ბეჭდის ბრალია, - წამოიძახა მან: -ისე მიჭერს თითზე, რომ ნაღდი ბურთი ავაცდინე! გაჭირვებით მოიძრო თითიდან ბრილიანტიანი ბეჭედი; მისკენ გავეშურე ბეჭდის გამოსართმევად, მაგრამ მან ზედაც არ შემომხედა, ვენერასთან მივიდა და უსახელო თითზე წამოაცვა. შემდეგ დაბრუნდა და კვლავ სათავეში ჩაუდგა ილელთა გუნდს.    ალფონსი ფერწასული იყო, თუმცა გარეგნულად მშვიდი და დინჯიც ჩანდა. ამის შემდეგ მას ერთი შეცდომა აღარ დაუშვია და ესპანელებიც სასტიკად დაამარცხეს. სასიამოვნო სანახავი იყვნენ გულშემატკივრები; ზოგიერთი სიხარულიტ ყვიროდა და ჰაერში ისროდა ქუდს, ზოგი კი მას ხელს ართმევდა და ქალაქის ღირსების დამცველს უწოდებდა. ალფონსი სიხარულს არ მალავდა და ამან კიდევ უფრო დაამწუხრა დამარხცებულნი. - ჩვენ კვლავაც ვითამაშებთ, ჩემო კარგო. - დამაჯერებლი კილოთი უთხრა მან არაგონელს, - მხოლოდ იცოდეთ, წინასწარ რამდენიმე ქულას მოგცემთ. რატომღაც მეგონა, ბატონი ალფონსი უფრო თავშეკავებული იქნებოდა, მაგრამ გავვოცდი, როდესაც დავინახე, როგორ გაანადგურა თავისი მოწინააღმდეგე. გიგანტმა ესპანელმა ეს სიტყვები შეურაცხყოფად მიიღო. ხორბლიფერი სახე გაუფითრდა, კბილები გააღჭრიალა, სახე მოქუფრულმა დახედა თავის ჩოგანს და ყრუ ხმით ჩაილაპარაკა: „Me lo pagaras“.    ბატონ დე პეირორადოს ხმამ ბატონ ალფონსის მხიარული განწყობილება შეანელა. ჩემი მასპინძელი დიდად გაკვირდა, თავისი შვილი ეზოში, ახალ ეტლთან რომ ვერ იპოვა და კიდევ უფრო განცვიფრდა, როდესაც იგი, მთლად ოფლში გაღვრილი ჩოგნით ხელში დაინახა. ბატონი ალფონსი სახლში შევარდა, ხელ- პირი დაიბანა, ისევ თავის ახალ ტანსაცმელში გამოეწყო, ლაქის ფეხსაცმელები ჩაიცვა და მალე პუიგარგის გზაზე მივქროდით. მთელი ქალაქის ჩოგბურთის მოთამაშენი და გულშემატკივარნი მხიარული შეძახილებით მოგვდევდნენ. ღონიერ ცხენებს ძლიერ გაუჭირდათ მამაცი კატალონელებისაგან თავის დაღწევა.    ჩვენი კორტეჟი ის იყო პუიგარგში შევიდა და მერიასკენ გაეშურა, რომ ბატონმა ალფონსმა ხელი თავში შემოირტყა და ჩუმად მითხრა: - აი უბედურება! ის ბეჭედი დამავიწყდა! იგი ხომ ვენერას თითზე ჩამოვაცვი. ეშმაკმა წაიღოს! .. დედაჩემს ნუ ეტყვით, იქნება ვერც შეამჩნიოს. - ხომ შეგიძლიათ ვინმე გააგზავნოთ? - ვუთხარი მე. - ოჰ! ჩემი მოსამსახურე ილში დარჩა. სხვებს კი ვერ ვენდობი. ბრილიანტი ათას ორასი ფრანკი ღირს: ამან კი შეიძლება ვინმე აცთუნოს. რას იტყვიან ჩემს გულმავიწყობაზე! ნამდვილად მასხარად ამიგდებენ. ქანდაკების ქმარს შემარქმევენ... ჯანდაბას, ოღონდ ნურავინ მომპარავს და! კიდევ კარგი, ქანდაკების ეშინიათ ჩვენს ქალაქელ უქნარებს; ასე რომ, არა მგონია, გაბედონ და მის მკლავს მიეკარონ. ეჰ!.. თუმცა, არა უშავს, მეორე ბეჭედი ხომ თან მაქვს. ორივე ცერემონია - სამოქალაქო და რელიგიური დიდი ზეიმით ჩატარდა. მადმუაზელ დე პიუგარიგმა მიიღო პარიზული მკერავი ქალის ბეჭედი და არც გაუგია, ეს ბეჭედი მისმა საქმრომ სხვა ქალთან სიყვარულის საფასურად რომ შეიძინა. შემდეგ მაგიდას შემოვუსხედით და შევუდექით ჭამა- სმას და ვიმღერეთ კიდევაც. ყოველივე ეს დიდხანს გაგრძელდა. ამ გადამეტებული მხიარულის გამო დედოფლის მაგივრად ვწუხდი, თუმცა იმაზე უკეთესად ეჭირა თავი, ვიდრე მოველოდი. მისი მორცხვობა სრულიადაც არ იყო გამოწვეული მოუქნელობით ანდა მოჩვენებით. თუმცა სიმხნევე ადამიანს ხომ სწრორედ ძნელი სიტუაცების დროს ემატება. ოთხი საათი იყო, ღვთის წყალობით, სადილობას რომ მოვრჩით. მამაკაცები შესანიშნავ პარკში ჩავიდნენ სასეირნოდ, ზოგიც იქვე გაზონზე, საზეიმო ტანსაცმელში გამოწყობილნი, პუიგარგიელთა ცეკვებს შესცქეროდნენ. რამდენიმე ხანს ასე ვერთობოდით. ამ დროს ქალები დედოფალს შემოხვეოდნენ; იგი მათ თავის საქორწილო საჩუქრებს უჩვენებდა. მერე ტანსაცმელი გამოიცვალა, თავსაბური და ფრთებით გამოწყობილი ქუდი დაიხურა და თავისი მშვენიერი თმა დამალა; უნდა ითქვას, ქალებს ყოველთვის ეჩქარებათ ჩაიცვან ან დაიხურონ, ის რაც მათ ქალიშვილობაში ეკრძალებოდათ.    რვა საათი იყო, ილში დასაბრუნებლად რომ გავემზადეთ. მანამდე კი მოხდა ერთი გულისამაჩუყებელი ამბავი. მადმუაზელ დე პუიგარიგის მოხუც და ღვთისმოშიშ მამიდას, რომელიც დედის მაგივრობას უწევდა, წესის მიხედვით, არ ჰქონდა უფლება ჩვენთან ერთად ქალაქში წამოსულიყო. გამომგზავრების წინ მან რჩევა- დარიგება მისცა ძმისწულს და აუხსნა, რა შეადგენდა მის მოვალეობას. რჩევა- დარიგებას ცრემლის ნაკადულები მოჰყვა, ასეთი განშორება ბატონმა დე პეირორადმა საბინების მოტაცებას შეადარა. დავიძარით, გზაში ყოველი ჩვენთაგანი ცდილობდა გაემხიარულებინა დედოფალი, როგორმე გაეცინებინა იგი, მაგრამ ამაოდ, ქალი კრიჭაშეკრული იჯდა.    ილში ვახშამი გველოდა და მერე როგორი ვახშამი! თუ დილის უხეშმა მხიარულებამ თავზარი დამცა, ახლა კიდევ უფრო მოსაწყენი მეჩვენა ის ორაზროვანი ხუმრობა და მოსწრებული სიტყვები, ნეფე- დედოფლის მიმართ რომ იყო გამიზნული. ნეფე, მაგიდასთან დაჯდომამდე რამდენიმე ხნით რომ გაუჩინარდა, ახლა გაფითრებული და საშინლად დაღვრემილი იჯდა. წამდაუწუმ კოლიურის იმ ძველ ღინოს ეტანებოდა, სიმგრით რომ არაფრით ჩამოუვარდებოდა. გვერდით ვიჯექი და ჩემს მოვალეობად ჩავთვალე, გამეფრთხილებინა. - ჭკუით იყავით! ამბობენ, რომ ეს ღვინო.. - და, რა და რა სისულელეები არ ვუთხარი, ოღონდაც სმისაგან თავი შეეკავებინა. მან მუხლი გამკრა და ჩამჩურჩულა. - მაგიდიდან რომ ავდგებით... რაღაც მინდა გითხრათ. მისმა ხმამ გამაკვირვა. უფრო ყურადღებით შევხედე და სახეზე რაღაც განსაკუთრებული ცვლილება შევამჩნიე. - ცუდად ხომ არა ხართ? - ვკითხე. - არა. - და კვლავ სმას მიჰყო ხელი.    ამ დროს, ღრიანცელსა და ტაშის კვრაში, ასე თერთმეტიოდე წლის ბავშვი, მაგიდის ქვეშ შემძვრალიყო და მექორწინეთ ლამაზ, თეთრმოვარდისფრო ზონარს უჩვენებდა, დედოფლისათვის კოჭიდან რომ მოეხსნა. მას წვივსაკრავს უწოდებენ. იგი მაშინვე დაჭრეს და დაურიგეს ახალგაზრდებს, მათ კი, ტრადიციის თანახმად, ჯერ კიდევ რომ არის შემორჩენილი ზოგიერთ პატრიარქალურ ოჯახში, ღილკილოში დაიბნიეს იგი. ამაზე დედოფალი ყურებამდე გაწითლდა. მაგრამ მალე ბატონმა დე პერიორადმა დაამშვიდა ქალი. ფეხზე წამომდგარმა სიწყნარე მოითხოვა, მერე დედოფალს რამდენიმე თავისი შეთხზული კატალონური ექსპრომტი უმღერა; მათი შინაარსი დაახლოებით ასეთი იყო: „რა ამბავია, მეგობრებო? ნუთუ ღვინის ბრალია, საგნები რომ ორად მეჩვენება. აქ ორ ვენერას ვხედავ“... - შეშფოთებულმა ნეფემ უცბად მოაბრუნა თავი, რამაც საერთო სიცილი გამოიწვია. „დიახ, - განაგრძო ბატონმა დე პეირორადმა, - ჩემს ჭერქვეშ ორი ვენერაა. ერთი, სოკოსავით მიწაში ჩაფლული რომ ვიპოვე, მეორე კი, ციდან ჩამოსული, თავისი ქამარი რომ გაგვინაწილა“. მას წვივსაკრავი უნდოდა ეთქვა და მოერიდა. - შვილო ჩემო, რომაელი და კატალონელი ვენერიდან აირჩიე რომელიც გინდა-მეთქი, ვუთხარი. იმ ცუღლუტმაც კატალონელი აირჩია და მისი არჩევანიც ცხადია, უკეთესია. რომაელი შავია, კატალონელი კი თეთრი. რომაელი ცივია, კატალონელი კი ყველას სწვავს, ვინც მიეკარება. ამ უკანასკნელმა სიტყვებმა დიდი მოწონება დაიმსახურა. ისეთი ტაში და სიცილ- ღრიანცელი ატყდა, რომ შემეშინდა, ჭერი თავზე არ ჩამოგვექცეს-მეთქი. მაგიდას ირგვლივ მხოლოდ სამი სერიოზული კაცი უჯდა: ნეფე- დედოფალი და მე. საშინლად მტკიოდა თავი. არ ვიცი, რატომ, მაგრამ ქორწილი ყოველთვის მომაწყენს ხოლმე. ამ ქორწილმა კი ჩემზე რაღაც უსიამოდ იმოქმედა.    უკანასკნელი მისამღერი მერიის თანაშემწემ დაასრულა და უნდა ვაღიარო, ფრიად იმარჯვა. მერე სასტუმრო ოთახში გადავინაცვლეთ; აქ კი დედოფალი საძინებელ ოთახში წასაყვანად უნდა მოემზადებინათ, რადგანაც შუაღამე უკვე მოტანებული იყო.    ბატონმა ალფონსმა ფანჯარასთან მიმიყვანა და თვალებაცეცებულმა მითხრა: - ალბათ მასხრად ამიგდებთ... მაგრამ არ ვიცი, რა მომდის... მოჯადოებული ვარ! ეშმაკმა წამიღოს!    გუნებაში გავიფიქრე, ალბათ იმ საფრთხის ეშინია, რაზედაც მოგვითხრობენ მონტენი და მადამ დე სევინიე: „სიყვარულით სავსე მსოფლიო სავსეა აგრეთვე ტრაგიკული ამბებითაც და ა.შ.“ „რატომღაც ყოველთვის მეგონა, ასეთი რამ მხოლოდ და მხოლოდ გონებადატვირთულ ადამიანებს ემართებათ-მეთქი“, - ვთქვი ჩემს გუნებაში. - თქვენ ბევრი დალიეთ კოლიურული ღვინო, - ვუთხარი მე. - აკი გაგაფრთხილეთ. - დიახ, ალბათ... მაგრამ იცით, უფრო საშიში რაღაც მჭირს. ყრუ ხმა ჰქონდა და გავიფიქრე , სასტიკად დამთვრალა-მეთქი. - ხომ გახსოვთ ჩემი ბეჭედი? - მცირე სიჩუმის შემდეგ მკითხა მან. - როგორ არა! მოიპარეს? - არა. - თქვენთან არის? - არა..მე.. ვერ შევძელი მისი მოძრობა იმ ცბიერი ვენერას თითიდან. - აი, თურმე რა ყოფილა. ალბათ ძალა არ დაატანეთ მოსაძრობად. - კი, ყველაფერი ვცადე, მაგრამ ვენერამ..- მან თითი მოხარა. დაბნეული შემომცქეროდა და რომ არ დაცემულიყო, ფანჯარას მიეყრდნო. - ზღაპარია! - ვთქვი მე. - ალბათ ბეჭედი ღრმად ჩამოაცვით თითზე. ხვალ მარწუხით მოხსნით, მხოლოდ ფრთხილად იყავით, ქანდაკება არ დააზიანოთ. - ვერ გამიგეთ, რასაც გეუბნებით, ვენერამ თითი მოხარა, იგი ხელს უჭერს ბეჭდს, გესმით? .. გამოდის, რომ ჩემი ცოლია.. რაკი თითზე ჩამოვაცვი.. ბეჭდის დაბრუნება აღარ უნდა.    ერთბაშად შემაჟრჟოლა, მაგრამ იმწამსვე ალფონსმა ღრმად ამოისუნთქა და ღვინის სუნი მეცა, რამაც გონს მომიყვანა. „საწყალი, რა მაგრად დამთვრალა“, - გავიფიქრე. - თქვენ, ბატონო ჩემო, ანტიკვარი ბრძანდებით, - განაგრძო მომჩივნის კილოთი, - კარგად იცნობთ ამ ძეგლებს.. იქნებ რაიმე ზამბარიანი, ან რაღაც საიდუმლოებაა, რაზეც მე წარმოდგენა არა მაქვს.. იქნებ გენახათ? - სიამოვნებით, - ვუთხარი, - ერთად წავიდეთ. - არა, ისა სჯობს, მარტო წახვიდეთ. სასტუმრო დარბაზიდან გავედი.    სანამ ჩვენ ვვახშმობდით, ამინდი გამოცვლილიყო და ახლა კოკისპირულად წვიმდა. ქოლგის სათხოვრად რომ გავემართე, უცებ ერთმა აზრმა შემაჩერა: „სისულელე არ არის, დავუჯერო მთვრალი კაცის ნაბოდვარს? ან ხომ შეიძლება ჩემი გამასხარავება უნდოდეს, რომ შემდეგ თავისი პატივცემული თანამემამულენი აცინოს. სხვა რომ არა იყოს რა, თავით- ფეხებამდე დავსველდები და ერთი კარგდაც გავცივდები“. ღია კარიდან ქანდაკებას გავხედე, წვიმა თქიშინით ეღვრებოდა ტანზე. სასტუმრო დარბაზში შეუსვლელად, პირდაპირ ჩემი ოთახისკენ გავწიე. დავწექი, მაგრამ ძილი რატომღაც არ მეკარებოდა, ჩემს თვალწინ დღევანდელი დღის თითქმის ყოველი სცენა გაცოცხლდა. ვფიქრობდი ლამაზ ქალიშვილზე, ასე უმოწყალოდ რომ მიაგდეს ამ უხეშ ლოთს. „რა საზიზღრობაა, - გავიფიქრე ჩემთვის, - ანგარიშიანი ქორწილი! მერი სამფეროვან ლენტზე ოცნებობს, მღვდელი - ოლარზე და ყველაზე ღირსეული ქალიშვილი კი მონოტავრმა დაისაკუთრა. როგორ უნდა იცხოვროს ერთად ორმა არსებამ, თუ სიყვარული არ აკავშირებთ: რა უნდა უთხრან ერთმანეთს ასეთ დროს? ნუთუ ქალს შეუძლია შეიყვაროს მამაკაცი, ვინც ერთ დროს მის მიმართ უხეში იყო? პირველი შთაბეჭდილება არასოდეს წარიშლება და დარწმუნებული ვარ, ბატონი ალფონსი საკუთარი ცოლის სიძულვილს დაიმსახურებს“...    ამ მონოლოგის დროს ერთბაშად სახლში ძლიერი ხმაური ატყდა. იღებოდა და იკეტებოდა კარები, ისმოდა ეტლების რახარუხი, შემდეგ მომესმა კიბეზე ამომავალი ქალის ფეხის ხმა, მათ დერეფნის ბოლოში, ჩემი ოთახის საწინააღმდეგო მიმართულებით გაუხვიეს. ალბათ პატარძლის ამალა იყო, საწოლში თუ მიაცილებდნენ დედოფალს. შემდეგ ისინი კიბეზე დაეშვნენ და ქალბატონი დე პეირორადის ოთახის კარი დაიკეტა. „რა დღეში იქნება ახლა საწყალი გოგონა, რა ცუდად იგრძნობს ალბათ თავს...„ - გავივლე გულში. საზიზღარ გუნებაზე დავდექი, საწოლში ვტრიალებდი წარამარა. რა სასაცილო მდგომარეობაშია უცოლშვილო კაცი ისეთ სახლში, სადაც ქორწია გაჩაღებული.    რამდენიმე ხნით სახლში სიჩუმე გამეფდა, მაგრამ უცბად იგი კიბეზე ამომავალმა ძლიერმა ფეხის ხმამ დაარღვია. ხის საფეხურები საზარლად აჭრიალდა. - აი დათვი! - წამოვიძახე გუნებაში. - ვიღაცა, კისერს მოიმტვრევს ამ კიბეზე. კვლავ სიჩუმე ჩამოვარდა. წიგნი ავიღე, რომ სხვა რამეზე მეფიქრა. წიგნი დეპარტამენტის სტატისტიკური ანგარიში აღმოჩნდა, სადაც მოთავსებული იყო ბატონ დე პეირორადის სტატია პრადის ოლქის ძეგლებზე. მესამე გვერდზე ჩამეძინა.    ცუდად მეძინა და რამდენჯერმე გამომეღვიძა. დილის ხუთი საათი თუ იქნებოდა, მამალმა რომ დაიყივლა. ამ დროისათვის უკვე ოცი წუთის გაღვიძებული ვიყავი. თენდებოდა, და აი კვლავ გავიგონე იგივე ფხის ხმა, იგივე კიბის ჭრიალი, დაძინებამდე რომ მომესმა. ვამთქნარებდი და ვცდილობდი გამომეცნო, რისთვის ადგა ბატონი დე პეირორადი ასე ადრე: მაგრამ ვერაფერი მოვიფიქრე. ის იყო თვალის დახუჭვა დავაპირე, რომ ჩემი ყურადღება უცნაურმა ხმაურმა მიიპყრო, სულ მალე ზარების რეკვა და კარის ჯახუნი ატყდა. ბოლოს, რაღაც გულის გამგმირავი ზრიალი გაისმა. „ჩვენმა ლოთმა ნეფემ ნამდვილად ხანძარი გააჩინა! - გავიფიქრე და საწოლიდან გადმოვხტი.    საასწრაფოდ ჩავიცვი და დერეფანში გავვარდი. დერეფნის მეორე მხრიდან შემზარავი ყვირილი და ტირილი- გოდება მოისმოდა: - ჩემი შვილი! ჩემი შვილი!    მივხვდი, რომ ბატონ ალფონსს რაღაც უბედურება შეემთხვა. სირბილით შევვარდი ახალ დაქორწინებულთა საწოლ ოთახში. იგი ხალხით იყო სავსე. პირველი, რაც თვალში მომხვდა, ნახევრად შიშველი ახალგაზრდა კაცი იყო, იგი დამტვრეულ ხის საწოლზე გარდიგარდმო ეგდო: გაფითრებული, უძრავად გაშეშებულიყო. დედამისი ტიროდა და მოთქვამდა მის გვერდით. ბატონი დე პეირორადი დაჩოქილიყო, ოდეკოლონით საფეთქლებს უზელდა და ცხვირქვეშ მარილს ადებდა შვილს, მაგრამ ვაი რომ მისი შვილი დიდი ხნის მკვდარი იყო! ოთახის მეორე ბოლოს, დივანზე იწვა პატარძალი, იგი არაადამიანური ხმით ყვიროდა. ორი მსახური ქალი ძლივს აკავებდა! - ღმერთო ჩემო! - წამოვიძახე, - რა მოხდა, - საწოლს მივუახლოვდი და ახალგაზრდა კაცის ცხედარი ავწიე. იგი უკვე გაცივებული იყო. დაკრეჭილი კბილები და გაშავებული სახე უდიდეს ტანჯვას გამოხატავდა. ეტყობოდა, მკვლელის ხელით იყო დაღუპული და წამებით ამოხდომოდა სული. ტანსაცმელს სისხლის პატარა ლაქაც კი აჩნდა. პერანგი გადავუხსენი და მკერდზე ზოლი შევამჩნიე, იგი გვერდებსა და ზურგზეც გასდევდა. გეგონებოდა, რკინის რგოლით არის მოგუდულიო. ფეხი ხალიჩაზე დაგდებულ რაღაც მაგარ საგანს დავადგი. დავიხარე და ხელში ბრილიანტებით მოჭედილი ბეჭედი შემრჩა.    ბატონი დე პეირორადი და მისი მეუღლე თავიანთ ოთახში გავიყვანე, შემდეგ პატარძალიც მოვაცილე იქაურობას. - თქვენ ქალიშვილი გყავთ კიდევ, ასე რომ, მას თქვენი მზრუნველობა სჭირდება, - ვუთხარი ცოლ-ქმარს და მარტო დავტოვე ისინი. რატომღაც არ მეგონა, რომ ბატონი ალფონსი მკვლელების მიერ მოკლული ყოფილიყო, როლებმაც ხელსაყრელი მომენტიდან ღამით, პატარძლის ოთახი აირჩიეს. იარამ, მთელ ზურგზე რომ გასდევდა, საგონებელში ჩამაგდო, არ შეიძლებოდა იგი ჯოხით ან რაიმე რკინით მიეყენებინათ. უცბად მომაგონდა, რომ ყვებოდნენ, ვალენსიაში მკვლელები ფულის გულისთვის ქვიშით სავსე ტყავის გრძელ ტომრებს ხმარობენო. იმავე წამში მომაგონდა არაგონელი მეჯორე და მისი მუქარა. თუმცა ამავე დროს ძნელი წარმოსადგენი იყო, მას ასე სატიკად გადაეხადა სამაგიერო ბატონი ალფონსისათვის რაღაც უმნიშვნელო გახუმრებისათვის. მთელი სახლი მოვიარე, ეგება მკვლელების რაიმე კვალი აღმოვაჩინო-მეთქი, მაგრამ ამაოდ. ბაღშიც ჩავედი, მკვლელებმა ეს მახრე ხომ არ გამოიყენეს-მეთქი. აქაც ვერაფერს წავაწყდი. წუხანდელმა წვიმამ ისე გადარეცხა მიწა რომ ყოვლად შეუძლებელი იყო რაიმე კვალი დარჩენილიყო. უცბად მიწაში ღრმად ჩამჯდარი ფეხის ნაკვალევი შევამჩნიე, იგი ცოცხალი ღობის კუთხიდან იწყებოდა და სახლის ზღურბლთან წყდებოდა. ეს ნამდვილად ბატონი ალფონსის ნაკვალევი უნდა ყოფილიყო, როცა იგი ბეჭდის მოსახსნელად ქანდაკებისკენ გაემართა. ცოცხალი ღობის ერთი მხარე საკმაოდ დაბალი იყო, შესაძლებელია, გავიფიქრე, მკველებმა სწორეს ეს ადგილი გამოიყენეს გადასასვლელად-მეთქი. როცა ქანდაკების გარშემო ვტრიალებდი, ერთი წუთით შევჩერდი. მინდოდა, ერთხელ კიდევ თვალი შემევლო მისთვის. უნდა ვაღიარო, შემაცბუნა ქანდაკებამ: ბოროტი ირონია აღბეჭდოდა საზეზე. ჩემს წინ იდგა ბოროტი ღვთაება, რომელსაც უზომოდ უხაროდა ის უბედურება, რაც ამ სახლში ტრიალებდა. ჩემს ოთახში დავბრუნდი და ნაშუადღევამდის გარეთ არ გამოვსულვარ. ნაშუადღევს ჩემი მასპინძლები მოვიკითხე. ისინი ცოტად თუ ბევრად დამშვიდებულიყვნენ; მადმუაზელ დე პუიგარგი, უფრო სწორად ბატონ ალფონსის ქვრივი, გრძნობაზე მოსულიყო და კიდევაც ელაპარაკა თურმე პერპინიანის მეფის პროკურორს, - იგი ილში შემთხვევით აღმოჩნდა. ხელისუფლების წარმომაგდენლისათვის მას თავის ჩვენება მიუცია. პროკურორმა მეც მომთხოვა ჩვენება. ავდექი და მოვუყევი ყველაფერი, რაც ვიცოდი. ჩემი ეჭვებიც არ დამიმალავს მეჯორე არაგონელზე. პროკურორმა მისი დაპატიმრება ბრძანა. - ქალბატონი ალფონსიასგან თუ შეიტყვეთ რამე? - შევეკითხე პროკურორს, როდესაც ჩვენება დავწერე და ხელიც მოვაწერე. - საწყალი ახალგაზრდა ქალი! ნამდვილად გაგიჟდა! - მითხრა მან და სიბრალულით გაიღიმა. - ნამდვილად შეიშალა, ნამდვილად! არ რა მომიყვა: - რამდენიმე წუთის დაწოლილი ყოფილა (საწოლის ფარდები ჰქონია ჩამოფარებული), როდესაც მისი ოთახის კარი ვიღაცას გაუღია და შემოსულა. ქალბატონი ალფონსი საწოლის კიდეზე იწვა, კედლისაკენ გადაბრუნებული, იგი არც განძრეულა თურმე, ვინაიდან დარწმუნებული იყო, ქმარი შემოვიდაო. უცბად საწოლი საშინლად აჭრიალდა თურმე, თითქოს ლოგინს უზარმაზრი სიმძიმე დააწვაო. ქალბატონი ალფონსი შეშინებულა, მაგრამ გადმობრუნება ვერ გაუბედავს. ხუთი წუთი, ალბათ ათი წუთი... მას ვერ მოუგონია, რამდენი დრო გავიდა ასე. შემდეგ ქალი უნებურად გაინძრა თურმე, ან შეიძლება იმ ვიღაცამ გვერდი მოინაცვლა; ყოველ შემთხვევაში, მისი სიტყვებით რომ ვთქვათ, ქალი ყინულივით ცივ საგანს შეეხო. რამდენიმე ხნის შემდეგ კვლავ გაიღო კარი, ვიღაც შემოვიდა და თქვა: „საღამო მშვიდობისა, ჩემო პატარა მეუღლევ“ - ცოტა ხანიც და ფარდები გასწიეს. უცებ ქალს შემზარავი ყვირილი მოესმა, ის, ვინც მის გვერდით, საწოლში იწვა, წამოჯდა თურმე და ხელები წინ გაიშვირა. მაშინ ქალმა თავი მოაბრუნა... და დაინახა: მისი ქმარი მუხლებზე იყო დამხობილი, თავი ბალიშის სიმაღლეზე ჰქონდა და მომწვანო გიგანტის მკლავებში ფართხალებდა. საწყალმა ქალმა მითხრა და ორჯერ გამიმეორა, რომ ვიცანიო.. აბა, თუ მიხვდებით, ვინ იცნო? ვინა და, ბრინჯაოს ვენერა, ბატონი დე პეირორადის ქანდაკება!.. რაც ის ქანდაკება აქ არის, მთელი ქვეყანა შეიშალა სწორედ. მაგრამ სჯობს განვაგრძო საწყალი, შეშლილი ქალის ნაამბობი.    ამის დანახვაზე ქალს გონება დაუკარგავს, თუმცა ამ დროისათვის იგი აღარც იქნებოდა სრულ გონებაზე. ვერაფერს ვერ იგონებს, რამდენ ხანს იყო გრძნობადაკარგული. როდესაც გონს მოვიდა, დაინახ, რომ ურჩხულს, ან როგორც თვითონ ამბობს, ქანდაკებას, წელს ქვემოთ საბანი ეხურა, ხოლო მკლავები წინ ჰქონდა გაშვერილი და მისი უმოძრაო ქმარი ეჭირა. ამ დროს მამალმა დაიყივლა. ქანდაკება მაშინვე ლოგინიდან ადგა, ხელი უშვა ცხედარს და გავიდა. ქალბატონ ალფონსი ზარს მივარდნია, ხოლო დანარჩენი თქვენც კარგად მოგეხსენებათ.    მოიყვანეს ესპანელი. იგი მშვიდად გამოიყურებოდა, თავს გულგრილად და დიდის ღირსებით იცავდა, წონასწორობას არ კარგავდა. მას არ უარყვია ის მუქარა, თამაშის დამთავრების დროს რომ წარმოთქვა: მინდოდა მეორე დღეს, დასვენებული შევხვედროდი ჩემს მეტოქეს და მაშინ მას ნამდვილად მოვუგებდიო, - განმარტა მან და მერე დაუმატა: - როდესაც არაგონელი შეურაცხყოფილია, არასოდეს დაელოდება მომავალ დღეს, შური რომ იძიოს. ბატონი ალფონსის სიტყვები შეურაცხყოფად რომ მიმეღო, იქვე ჩავცემდი დანას მუცელში.    მის ფეხსაცმელები ბაღში აღმოჩენილ ნაკვალევს შეადარეს, მაგრამ ნაკვალევი ბევრად უფრო დიდი არმოჩნდა. და ბოლოს სასტუმროს პატრონმა, ვისთანაც ესპანელმა ღამე გაათენა, განაცხადა, არაგონელმა მთელი ღამე ერთი ავადმყოფი ჯორის მოვლასა და მკურნალობაში გაატარეო.    სხვა რომ არაფერი ყოფილიყო, არაგონელი დიდი ავტორიტეტით სარგებლობდა და მას კარგად იცნობდნენ ილში, სადაც ყოველ წელიწადს სავაჭროდ დადიოდა თურმე. იძულებული ვიყავით არაგონელი გაგვეშვა და ბოდიშები გვეხადა.    ჰო, მართლა, სულ მავიწყდებოდა ერთი მოსამსახურის ჩვენება, რომელსაც სუ ბოლოს უნახავს ბატონი ალფონსი. ეს ის დრო იყო, მეუღლესთან ასვლას რომ აპირებდა. მას მსახური გამოუძახია და აშკარად შეშფოთებულს უკითხავს, ხომ არ იცი, სად არის ჩვენი სტუმარიო. მოსამსახურეს უპასუხნია, არ ვიციო. მაშინ ბატონ ალფონსს ამოუოხრავს და მცირე ხნის დუმილის შემდეგ უთქვამს: ნეტავი ისიც ეშმაკმა ხომ არ წაიღოო. მსახურს ვკითხე, ბატონ ალფონსს თუ ჰქონდა ხელზე ბრილიანტის ბეჭედი-მეთქი. იგი მცირე ხანს დაფიქრდა, შემდეგ მიპასუხა, მგონი არ ჰქონდა, თუმცა ამისათვის ყურადღება არ მიმიქცევია. - მას რომ თითზე ბეჭედი ჰქონოდა, - დაუმატა მან, - აუცილებლად შევამჩნევდი, ის ბეჭედი ხომ მეუღლეს მიართვა და ხელზე რომ ჰქონოდა, უთუოდ ყურადღებას მივაქცევდი. მსახურის დაკითხვის დროს რატომღაც ერთგვარი შიში ვიგრძენი, ის უცნაური შიში, რაც ამ სახლში სუფევდა საერთოდ. ქალბატონი ალფონსის ჩვენების შემდეგ მეფის პროკურორი ღიმილით მიყურებდა და მეც თავი შევიკავე შემდგომი შეკითხვებისაგან.    ბატონი ალფონსის დასაფლავებიდან რამდენიმე საათის შემდეგ გასამგზავრებლად მოვემზადე. ბატონ დე პეირორადის ეტლს პერპინიანში უნდა მივეყვანე. საწყალმა მოხუცმა, - თუმც შეუძლოდ იყო, - გადაწყვიტა, ბაღის ჭიშკრამდე გავეცილებინე. ხმის ამოუღებლივ გავიარეთ ბაღი, მოხუცი ჩემს მკლავზე იყო ჩამოკიდებული და ძლივს მიათრევდა ფეხს. განშორების ჟამს უკანასკნელად შევავლე თვალი ვენერას. ვიგრძენი, ჩემი მასპინძელი სრულიადაც არ იზიარებდა იმ შიშსა და ზიზღს, რასაც ქანდაკების მიმართ განიცდიდნენ მისი ოჯახის წევრები. ამისდა მიუხედავად, მეგონა, იგი თავიდან მოიშორებდა იმ საგანს, მხოლდ და მხოლოდ უბედურებას რომ აგონებდა. მეც გავიფიქრე, მოდი ვურჩევ რომელიმე მუზეუმს მისცეს-მეთქი ქანდაკება, მაგრამ არ ვიცოდი, საიდან დამეწყო ლაპარაკი. ამ დროს ბატონ დე პეირორადმა უანგარიშოდ მიაბრუნა თავი იმ მხრისაკენ, საითაც ასე დაჟინებით ვიყურებოდი. ქანდაკება რომ დაინახა, ცრემლები წასკდა. უსიტყვოდ გადავკოცნე იგი და ეტლში ჩავჯექი.    ჩემი წასვლის შემდეგ ახალი არაფერი შემიტყვია იმ იდუმალ ამბებზე. ბატონი დე პეირორადი თავის ვაჟის გარდაცვალებიდან რამდენიმე თვის შემდეგ მოკვდა. ანდერძად თავისი ხელნაწერები დამიტოვა, რომელთაც ალბათ ოდესმე დაბეჭდავდა. მათ შორის ვერ აღმოვაჩინე ვენერაზე ამოკითხული წარწერების განმარტება.    P.S. ჩემმა მეგობარმა ბატონმა დე პ- მ პერპინიანიდან მაცნობა, ქანდაკება აღარ არსებობსო, ქმრის სიკვდილის შემდეგ ქალბატონ დე პეირორადს იგი ზარად გადაუდნია და ეკლესიის სამრეკლოზე დაუკიდია, მაგრამ როგორც ჩანს.. - უმატებს ბატონი დე პ., - ავი ბედისწერა სდევნის იმას, ვინც ამ ბრინჯაოს დაეუფლება. მას შემდეგ, რაც ეს ზარი ილში რეკავს, ვაზი უკვე ორჯერ გაიყინა. წაიკითხეთ სხვა ავტორებიც შტეფან ცვაიგი მარკ ტვენი ედგარ პო ერნესტ ჰემინგუეი მიხაილ ბულგაკოვი ანტონ ჩეხოვი ჯონ გოლზუორთი ფრანც კაფკა ავტორთა საძიებელი …
დაამატა Kakha to ლიტერატურა at 8:44pm on მარტი 28, 2015
თემა: სამართლის ღვთაებრივი ბუნება
დამჭირდებოდა, მაგრამ სულ მალე დავრწმუნდი, რომ ეს თურმე მხოლოდ ერთგვარი შესავალი იყო. გლავკონმა, რომელსაც არასდროს არაფრის წინაშე არ სჩვევია უკან დახევა, ვერც ამჯერად მოითმინა, რომ თრასიმაქემ პაექრობის გაგრძელება აღარ ისურვა, და ამ სიტყვებით მომმართა: - რა გირჩევნია, სოკრატე: გეგონოს, რომ გადაგვარწმუნე, თუ მართლაც დაგვარწმუნო იმაში, რომ სამართლიანობა ყოველთვის უსამართლობაზე უმჯობესია? - ჩემზე რომ იყოს დამოკიდებული, – ვუთხარი მე, – რა თქმა უნდა, მერჩია მართლაც დამერწმუნებინეთ. - მართლა რომ გერჩიოს, ეგრე აღარ მოიქცეოდი. აბა, მითხარი: არსებობს თუ არა, შენის აზრით, ერთგვარი სიკეთე, რასაც ჩვენ ვისურვებდით, მაგრამ იმის გამო კი არა, რაც მას შედეგად მოსდევს, არამედ იმიტომ, რომ თავისთავადაა სასურველი, როგორც, მაგალითად, სიხარული, ან უწყინარი გართობა, რასაც არავითარი სხვა შედეგი არ მოსდევს, გარდა იმისა, რომ გულს გვიხალისებს? - ჩემის აზრით, ამნაირი სიკეთე მართლაც არსებობს. - კი მაგრამ, არსებობს თუ არა სხვანაირი სიკეთეც, რასაც ჩვენ ვისურვებდით როგორც თვით მისი გულისთვის, ისე მისივე შედეგის გამოც? ასე მაგალითად, მიგაჩნია თუ არა შენ, რომ კეთილგონიერება, მხედველობა ან ჯანმრთელობა ორმაგად სასურველია ჩვენთვის? - დიახ, – მივუგე მე. - და ბოლოს, ნუთუ ვერ ხედავ, რომ არსებობს მესამენაირი სიკეთეც, – თქვა გლავკონმა, – რომელსაც მიეკუთვნება სხეულის წვრთნა, ავადმყოფთა მოვლა-პატრონობა, მკურნალობა და ზოგიერთი სხვა სარფიანი ხელობა? ამნაირ სიკეთეზე შეიძლება ითქვას, რომ ის სამძიმოა, მაგრამ სასარგებლოც, და ამიტომ თავისთავად კი არაა სასურველი ჩვენთვის, არამედ მხოლოდ მისი სარფიანობისა და სხვა უპირატესობათა გამო, რასაც მისი ფლობა გვანიჭებს. - არსებობს მაგნაირი სიკეთეც; მერედა, რა? - რა და ის, რომ მაინც რომელს მიაკუთვნებ სამართლიანობას? - მე თუ მკითხავ, ყველაზე მშვენიერს, რომელიც თავისთავად საამოა და თავისი შედეგებითაც სასურველია ყოველი ჩვენგანისათვის, ვინც მიელტვის ბედნიერებას. - მაგრამ უმრავლესობა სიკეთის ყველაზე სამძიმო სახეობას აკუთვნებს სამართლიანობას, რომელიც სასურველია მხოლოდ და მხოლოდ საზღაურის, სახელისა თუ დიდების გამო, თავისთავად კი იმდენად მძიმე ტვირთია, რომ ყველა თავს არიდებს მას. - ჩემთვის ცნობილია ეს აზრი; – ვუთხარი მე, – აკი თრასიმაქეც ამდენი ხანია ჰგმობს და აგინებს სამართლიანობას, სამაგიეროდ ქება-დიდებას ასხამს უსამართლობას; მაგრამ მე, ალბათ, ბრიყვი ვარ, ბრიყვი. - მოიცა, ახლა მეც მომისმინე, – გამაწყვეტინა გლავკონმა, – ვინ იცის, იქნებ დამეთანხმო კიდეც. ჩემის აზრით, თრასიმაქე ძალიან დაგნებდა და მონუსხული გველივით ნებას დაჰყვა შენს გრძნეულებას. მე კი არც სამართლიანობის შენეული განხილვა მაკმაყოფილებს და არც უსამართლობისა. ამიტომაც კეთილ-ინებე და ამიხსენი, რანაირია როგორც ერთის, ისე მეორის ბუნება, ან რანაირ ზემოქმედებას ახდენენ სულზე, თავიანთ სამყოფლად რომ აურჩევიათ. ხოლო ყოველგვარი შედეგი, სახელი თუ საზღაური განზე გადავდოთ. თუ ნებას მიბოძებ, აი, რას ვიზამ: კვლავ მივუბრუნდები თრასიმაქეს მსჯელობას და, ჯერ ერთი, ვიტყვი, რა არის, ხალხის აზრით, სამართლიანობა, ან საიდან იღებს დასაბამს; მეორეც, გიჩვენებ, რომ სამართლიანობის ყველა მიმდევარი იძულებით იქცევა ასე, თითქოს ის აუცილებლობა იყოს და არა სიკეთე; მესამეც, მოგახსენებ, რომ ამნაირი ქცევა მართებულია, ვინაიდან, როგორც ამბობენ, უსამართლო კაცის ცხოვრება გაცილებით უმჯობესია სამართლიანი კაცის ცხოვრებაზე. პირადად მე ყოველივე ეს სულ სხვანაირად მესახება, სოკრატე, მაგრამ საგონებელში ვარ ჩავარდილი, ვინაიდან ყურები გამომიჭედეს თრასიმაქემ და ათასობით მისნაირმა. სამწუხაროდ, არავისგან მსმენია ის, რაც მე მჭირდება: სამართლიანობის საფუძვლიანი დაცვა და უსამართლობის წინაშე მისი უპირატესობის მტკიცება. მე მინდა მოვისმინო ქება სამართლიანობისა თავისთავად, და, უწინარეს ყოვლისა, შენგან მოველი ამას. ამიტომაც განზრახ მოვყვები უსამართლო ცხოვრების ქებას, რათა მიგახვედრო, თუ რარიგად მსურს ამის საპირისპიროდ მოვისმინო შენგან უსამართლობის გმობა და სამართლიანობის ქება-დიდება. მაგრამ მითხარი, იზიარებ თუ არა ჩემს აზრს? - რა თქმა უნდა, – ვუთხარი მე, გონიერი კაცისთვის რა უნდა იყოს იმაზე სასიამოვნო, რომ ხშირად მიეცეს ამ საკითხზე საუბრის საშუალება? - კეთილი და პატიოსანი, – თქვა გლავკონმა, – მაშ, მოისმინე ის, რაც ყველაზე უმალ შემოგთავაზე განსახილველად: კერძოდ, რა არის სამართლიანობა, და საიდან იღებს დასაბამს.       როგორც ამბობენ, ბუნების თანახმად, უსამართლობის ჩადენა კარგია, მისი ატანა კი – ცუდი; მაგრამ უსამართლობის ატანა გაცილებით უფრო ცუდია, ვიდრე მისი ჩადენაა კარგი. ამიტომ მას შემდეგ, რაც ადამიანებმა გემო გაუგეს ერთს და იწვნიეს მეორე, ესე იგი მიხვდნენ, რასაც ნიშნავდა უსამართლობის ჩადენაც და მისი ატანაც, – რაკიღა შეუძლებელი შეიქმნა ცხოვრების წესად ექციათ მხოლოდ ერთი და თავიდან აეცილებინათ მეორე, უფრო ხელსაყრელად მიიჩნიეს შეთანხმებოდნენ ერთმანეთს, რათა აღარ ჩაედინათ უსამართლობა და აღარ ვნებულიყვნენ მისი ატანით. აქედან იღებს დასაბამს კანონმდებლობაც და ორმხრივი ხელშეკრულებაც. სწორედ კანონისეულ დადგენილებებს ეწოდა კანონიერებაც და სამართლიანობაც. ასეთია სამართლიანობის დასაბამიც და არსიც, სამართლიანობისა, რომელსაც საშუალო ადგილი უჭირავს უდიდეს სიკეთესა და უდიდეს ბოროტებას შორის: რადგანაც უსამართლობის ჩადენა ისე, რომ დაუსჯელი დარჩე, ყველაზე დიდი სიკეთეა, ხოლო უსამართლობის ატნა, როცა სამაგიეროს მიგება არ შეგიძლია, – ყველაზე დიდი ბოროტება. ამ ორ უკიდურესობას შორის მდებარე სამართლიანობა სასურველია არა როგორც სიკეთე, არამედ პატივდებულია მხოლოდ მათ მიერ, ვისაც უსამართლობის ჩადენის თავი არა აქვს. რადგანაც ვისაც უსამართლობის ჩადენის უნარი შესწევს (მე ვგულისხმობ ნამდვილ მამაკაცს), აზრადაც არ მოუვა – თუკი, რა თქმა უნდა, სრულ ჭკუაზეა, – ხელშეკრულების დადება იმის თაობაზე, რომ დაუშვებელია უსამართლობის ჩადენა ან მისი ატანა. აი, რანაირია, სოკრატე, სამართლიანობის ბუნება და მისი დასაბამი, მავანთა მსჯელობის თანახმად.       სამართლიანობის მიმდევრები მხოლოდ თავისდა უნებურად და იმის გამო მისდევენ მას, რომ უსამართლობის ჩადენის ძალი არ შესწევთ. რაშიაც თვალნათლივ დავრწმუნდებით, თუ წარმოვიდგენთ შემდეგს: მოდი, მივცეთ თანაბარი უფლება როგორც სამართლიან, ისე უსამართლო კაცსაც, ჩაიდინონ ყველაფერი, რაც მათ მოეპრიანებათ, შემდეგ კი თვალი გავადევნოთ საით წაიყვანენ თვითეულ მათგანს მისი საკუთარი ვნებები, ზრახვები თუ მისწრაფებები. ჩვენ ვნახავთ, რომ სამართლიანი კაცი იმავე გზას დაადგება, რომელსაც მისდევს უსამართლო, ხოლო ამის მიზეზია სიხარბე, ანგარება, მომხვეჭელობა, რასაც ისე მიელტვის ნებისმიერი ბუნება, როგორც სიკეთესა და მხოლოდ კანონის ძალა თუ აიძულებს, ერთგვარი ზომიერება შეინარჩუნოს.       ადამიანებს მხოლოდ მაშინ მიეცემოდათ ყველაფრის ჩადენის შესაძლებლობა, რაზედაც ზემოთ მოგახსენებდით, – იგივე უნარი რომ ჰქონოდათ, რაც გადმოცემით ჰქონია ლიდოსის პირმშოს გიგესს. გიგესი მწყემსი იყო და ლიდიის მაშინდელ მეფეს ემსახურებოდა. ერთხელ, საშინელი თავსხმისას, რასაც მიწისძვრაც მოჰყვა, დედამიწის ქერქი სწორედ იმ ადგილას გაიპო, სადაც გიგესი ფარას მწყემსავდა. ამ სანახაობით განცვიფრებული გიგესი ნაპრალში ჩაძვრა და მიწის ქვეშ, როგორც გადმოგვცემენ, მრავალ სხვა საოცრებას შორის სპილენძის ცხენიც იხილა, რომლის ფუღურო მუცელსაც ორსაგდულიანი კარი ჰქონდა დატანებული. გიგესმა შიგ შეიხედა და მიცვალებული დაინახა; ეტყობოდა, სიცოცხლეში მოსული კაცი უნდა ყოფილიყო. მიცვალებული შიშველი იყო, მხოლოდ ცალ თითზე ოქროს ბეჭედი ეკეთა. გიგესმა ბეჭედი წააძრო და ჯურღმულიდან ამოცოცდა. ყოველი თვის დამლევს მწყემსები ერთად იყრიდნენ თავს, რათა მეფისთვის თავიანთი სამწყსოს ამბავი მოეხსენებინათ. მალე ამ დრომაც მოაწია. თავყრილობაზე სხვებთან ერთად გიგესიც გამოცხადდა, მწყემსებს შორის მჯდომარემ შემთხვევით ისე შეატრიალა ბეჭედი, რომ თვალი ხელის გულისკენ მოექცა. ბეჭდის შეტრიალებაც იყო და გიგესი უხილავი გახდა. დანარჩენები ისე ლაპარაკობდნენ გაუჩინარებულზე, თითქოს მათ გვერდით კი არა, არამედ სადღაც შორს ყოფილიყოს, რამაც დიდად გააოცა იგი. ხელახლა შემოაბრუნა ბეჭედი, ისე რომ თვალი ზევით უყო, და კვლავ ხილული შეიქნა. ამის შემდეგ რამდენჯერმე კიდევ მოსინჯა, მართლა ასეთი ძალა ჰქონდა თუ არა ბეჭედს, და ყოველთვის, როცა ბეჭდის თვალს ხელის გულისკენ შეაბრუნებდა, გიგესი უხილავი ხდებოდა, ხოლო როგორც კი ზევითკენ შემოატრიალებდა, – ხილული. ამაში დარწმუნებულმა ისე მოაწყო საქმე, რომ სხვებთან ერთად მეფის კარზე მაცნედ წარგზავნეს. სასახლეში რომ შეაღწია, გიგესმა აცთუნა დედოფალი, მასთან ერთად თავს დაესხა მეფეს, მოკლა და ხელში ჩაიგდო ძალაუფლება.       დავუშვათ ახლა, რომ არსებობს ორი ამნაირი ბეჭედი, რომელთაგანაც ერთი სამართლიან კაცს უკეთია, მეორე კი – უსამართლოს. ალბათ, ერთ კაცსაც ვერ ვპოვებდით იმდენად უდრეკს და მტკიცეს, რომ სამართლიანობის ერთგული დარჩენილიყო და არ აჰყოლოდა ცთუნებას, ესე იგი, არ მიეთვისებინა სხვისი ავლადიდება, ხელიც კი არ ეხლო მისთვის, თუმცაღა საშუალება ექნებოდა საბაზრო მოედნებზე დაუსჯელად აეწაპნა ყველაფერი, რაც კი მოეპრიანებოდა, უჩუმრად შეეღწია სახლებში, დაუფლებოდა ყველა ქალს, ვინც თვალში მოუვიდოდა, მუსრი გაევლო ხალხისთვის, ან დილეგიდან დაეხსნა დამნაშავენი, მოკლედ, ისე მოქცეულიყო კაცთა შორის, თითქოს ყოვლისმძლე ღმერთი ყოფილიყოს. ამ მხრივ ბეჭდის ყველა მფლობელი წყლის ორი წვეთივით ემგვანებოდა ერთმანეთს, სამართლიანი კაცი ისევე მოიქცეოდა, როგორც უსამართლო. აი, უტყუარი საბუთი იმისა, რომ ადამიანი თავისი ნებით კი არ ირჩევს სამართლიანობას, არამედ იძულებით, რადგანაც საკუთრივ სამართლიანობა არავის მიაჩნია სიკეთედ, და თუ უსამართლობის ჩადენის საშუალება მიეცა, ხელიდან არ გაუშვებს ამ შესაძლებლობას. ეს იმიტომ, რომ უსამართლობა ყველას უფრო ხელსაყრელი, უფრო სასარგებლო ჰგონია, ვიდრე სამართლიანობა; და მართებულადაც ჰგონიაო, იტყვის ამ თვალსაზრისის მომხრე. თუ ამნაირი ძალაუფლების მფლობელი კაცი ერთხელ მაინც არ მოიქცევა უსამართლოდ და ხელს არ ახლებს სხვის ავლადიდებას, ყველაზე უბადრუკად და უგუნურად შერაცხავს ხალხი, თუმცა ხმამაღლა პირფერულად მოჰყვებიან მის ქება-დიდებას, მაგრამ მხოლოდ იმისი შიშით, რომ თვითონ მათ არა ევნოთ რა. აი, ასეა საქმე.       რაც შეეხება იმათ ცხოვრებას, ვისზედაც აქ ვლაპარაკობთ, ჩვენ მხოლოდ იმ შემთხვევაში შევძლებთ მართებულად ვიმსჯელოთ ამის თაობაზე, თუ ერთმანეთს შევუპირისპირებთ ყველაზე სამართლიანი და ყველაზე უსამართლო კაცის ცხოვრებას, არა და, კოვზი ნაცარში ჩაგვივარდება. მაგრამ მაინც რანაირად შეიძლება ერთმანეთს შევუპირისპიროთ ისინი? აი, ასე: უსამართლო კაცს ქრთილის მარცვლის ოდენა უსამართლობასაც ნუ ჩამოვაცილებთ, სამართლიანს კი – სამართლიანობის ნატამალს, ასე რომ სრულყოფილი სახით წარმოვიდგინოთ ორივე მათგანის ბუნება. დაე, უსამართლო კაცმა, უწინარე ყოვლისა, თავის საქმეში გაწაფული ოსტატივით იმოქმედოს: გამოცდილმა მესაჭემ თუ ექიმმა იცის, რა არის მის საქმეში შესაძლებელი და რა – შეუძლებელი; ამიტომ ერთს თუ მოჰკიდებს ხელს, მეორეს განზე მიაგდებს. ამასთანავე, მას შეუძლია თავისი შემთხვევითი მარცხის გამოსწორებაც. ეგეც არ იყოს, უსამართლო კაცი, თუ მას სურს მართლაც უსამართლო კაცის სახელი ერქვას, მარჯვედ და მალულად უნდა იკვარახჭინებდეს თავის უსამართლო საქმეს. თუ ამხილეს, მაშასადამე, არ ვარგებულა. რადგანაც უსამართლობის უკიდურესი ზღვარი ისაა, რომ სამართლიანობად ჩანდეს, თუმცა სინამდვილეში სამართლიანობისა არა სცხია რა. მაშ, სრული უსამართლობით შევმოსოთ უსამართლო კაცი, ისე, რომ უსამართლობის ნატამალიც კი არ დავაკლოთ, რათა უდიდესი უსამართლობის მოქმედმა ყველაზე სამართლიანი კაცის სახელი მოიხვეჭოს ხალხის თვალში. თუ ღმერთი გაუწყრა და სადმე წაიფორხილა, მაშინვე ფეხზე დადგომა და წელში გამართვა უნდა შეძლოს. ამასთანავე, სიტყვაც კარგად უნდა უჭრიდეს, რათა თუ მისი უსამართლობის ამბავი გამჟღავნდა, მტერს გზა-კვალი აუბნიოს და თვალში ნაცარი შეაყაროს. სადაც საჭიროა, არც ძალმომრეობას უნდა ერიდებოდეს, რადგანაც არც სიმამაცე უნდა აკლდეს, არც ძალმოსილება, არც მეგობრები და არც სიმდიდრე.       აი, ამნაირ ბოროტმოქმედს დავუპირისპიროთ ჩვენი მსჯელობით სამართლიანი, უბრალო და კეთილშობილი კაცი, რომელსაც სურს, ესქილეს სიტყვებით რომ ვთქვათ, კი არ ჩანდეს, არამედ მართლაც კეთილი იყოს. მაშ, შორს მისგან ყოველგვარი მოჩვენებითობა. რადგან თუ მხოლოდ ხალხს ეჩვენება სამართლიანად, მაშინ ისე მიაგებენ პატივს და საჩუქრებითაც აავსებენ, როგორც სამართლიან კაცს, და ვეღარავინ მიხვდება, რის გამოა სამართლიანი: საჩუქრებისა და პატივისა თუ საკუთრივ სამართლიანობის გულისთვის. ამიტომაც უნდა ჩამოვაცილოთ ყველაფერი, სამართლიანობის გარდა, და ამ სახით დავუპირისპიროთ უსამართლო კაცს. დაე, უსამართლობით შესვრილი კაცის სახელი გაუვარდეს ხალხში, ისე, რომ არავითარი წილი არ ედოს უსამართლობასა და ბოროტებაში, რათა მისი სამართლიანობა სასტიკი გამოცდის წინაშე დადგეს და ყველასათვის ცხადი შეიქნეს, რომ ვერც ავსიტყვაობა აკლებს რასმე და ვერც ის, რაც შედეგად მოსდევს ავსიტყვაობას. დაე, განუხრელად მისდიოს თავის გზას უკანასკნელ ამოსუნთქვამდე; დაე, სამართლიანს მთელი სიცოცხლის მანძილზე უსამართლო კაცად იცნობდეს ყველა. და როცა ერთი – სამართლიანობის, მეორე კი უსამართლობის უკიდურეს ზღვარს მიაღწევს, მაშინღა შეიძლება ვიკითხოთ, რომელია უფრო ბედნიერი. - ღმერთო დიდებულო! – აღმომხდა მე, – ეს რა ოსტატურად გამოაქანდაკე, გლავკონ, როგორც ერთი, ისე მეორე, ამ ჩვენს სამსჯავროზე წარმოსადგენად?! - ცდა არ დამიკლია, – მითხრა გლავკონმა, – და რახან ამნაირნი არიან, ვფიქრობ, აღარ გაგვიჭირდება, ვიმსჯელოთ და ვნახოთ, რა ბედი ელის თვითეულ მათგანს. რაც სათქმელია, უნდა ითქვას, ხოლო თუ ჩემი სიტყვა გემწვავა, ისე იგულე, სოკრატე, თითქოს მე კი არ ვლაპარაკობდე, არამედ ისინი, სამართლიანობის მაგივრად უსამართლობას რომ ასხამენ ხოტბას. მათ თუ ვერწმუნებით, ჩემს მიერ ამნაირად წარმოსახული კაცი საიმისოდაა განწირული, რომ გაამათრახონ, აწამონ, გახურებული შანთით ამოსწვან თვალები და, ბოლოს, ძელზე გასვან, რათა, ამრიგად, მიხვდეს, რომ სამართლიანობას კი არ უნდა მიელტვოდეს, არამედ მხოლოდ იმას, რომ სამართლიანი ეგონოს ხალხს. ასე რომ, ესქილეს ამონათქვამიც გაცილებით უფრო მართებულად მიესადაგება უსამართლოს. რადგანაც ეს უკანასკნელი, უსამართლობის მეხოტბეთა სიტყვით, რაღაც მოჩვენებითს კი არა, ნამდვილს ესწრაფის; იმას კი არ ცდილობს, რომ ხალხს უსამართლო კაცად მოაჩვენოს თავი, არამედ იმას, რომ მართლა უსამართლო იყოს: «ღრმად დაუხნავს და დაუკვალავს თვისი გონება, რომ ჯეჯილივით აღმოცენდნენ ბრძნული აზრები».       სამართლიანობის ნიღაბს ამოფარებული, უწინარეს ყოვლისა, ხელთ იგდებს სახელმწიფო მართვის სადავეს, ვისაც უნდა, იმას მოიყვანს ცოლად, ვისაც უნდა, იმას გაათხოვებს, ვისაც უნდა, იმას დაუკავშირდება და, თანაც, ყოველივე ამას თავისდა სასარგებლოდ და ხელის მოსათბობლად გამოიყენებს, ვინაიდან სულაც არ ეთაკილება უსამართლობა. სულერთია, გინდ კერძო და გინდ საზოგადო საქმისთვის რომ შეექნას დავა, აუცილებლად სძლევს თავის მოცილეთ; რაკიღა სძლევს, თვითონაც გამდიდრდება და მეგობრებსაც გააბედნიერებს, თავბედს აწყევლინებს მტრებს, მსხვერპლშეწირვას არ მოაკლებს და ულევი ძღვნითაც მოიმადლიერებს ღმერთებს, ასე რომ, უკვდავთაც და მოკვდავთაც მეტ პატივს მიაგებს და ღმერთებისთვისაც უფრო სასურველი იქნება, ვიდრე სამართლიანი კაცი. აი, რას ემყარება, სოკრატე, მტკიცება, რომლის თანახმადაც, უსამართლოს უკვდავნიც და მოკვდავნიც უფრო სწყალობენ, ვიდრე სამართლიანს.       როდესაც გლავკონმა სიტყვა დაასრულა, საპასუხოდ გავემზადე, მაგრამ მისმა ძმამ ადიმანტემ დამასწრო და მითხრა: - ხომ არ გგონია, სოკრატე, რომ ამით ამოიწურა ყველაფერი? - რატომაც არა? - კი მაგრამ, მთავარი რომ უთქმელი დარჩა? - მაშინ, ანდაზისა არ იყოს – «ძმა ძმისთვისაო», – თუ გლავკონს რამე გამორჩა, შენ დაუმატე. ჩემთვის მისი ნათქვამიც საკმარისია, რათა დამარცხების ნიშნად თითი მოვკაკვო და სამართლიანობის დაცვის თავი აღარა მქონდეს. - თავს ნუ იკატუნებ! – შემომიტია ადიმანტემ, – აბა, ერთი ესეც მოისმინე: ჩვენ გვმართებს განვიხილოთ იმის საწინააღმდეგო მოსაზრებაც, რასაც ამტკიცებდა გლავკონი, ვისი მოპირისპირენიც ქება-დიდებას ასხამენ სამართლიანობას, უსამართლობას კი გმობენ. მაშინ, ჩემი აზრით, უფრო გასაგები გახდება, თუ რას იზრახავდა გლავკონი. აკი მამები გამუდმებით ურჩევენ და შეაგონებენ შვილებს, სამართლიანნი იყავითო, და ასევე იქცევა ყველა, ვინც სხვებზე ზრუნავს. მაგრამ სამართლიანობას თვით მისი გულისთვის კი არ აქებენ, არამედ იმ სახელის გამო, რასაც მისი წყალობით ვიხვეჭთ. სწორედ სამართლიანობის მეოხებით ცდილობენ ხელთ იგდონ მაღალი თანამდებობა, სარფიანად იქორწინონ და მიაღწიონ ყველა იმ უპირატესობას, წეღან რომ ახსენებდა გლავკონი იმ უსამართლო კაცზე მსჯელობისას, რომელიც სამართლიანი ჰგონია ხალხს. მაგრამ სამართლიანობის მომხრენი ამასაც არ სჯერდებიან და ზემოთ ჩამოთვლილთ ზოგიერთ სხვა უპირატესობასაც უმატებენ, რასაც სახელისა და დიდების წყალობით იძენს კაცი: ისინი იმოწმებენ ღმერთის წყალობას და ჩამოთვლიან იმ ურიცხვ სიკეთეს, რასაც უკვდავნი, მათი აზრით, მიაგებენ ღვთისმოსავთ. ამას ამტკიცებს ისეთი დიდებული პოეტი, როგორიცაა ჰესიოდე, და მას კვერს უკრავს თვით ჰომეროსიც. ჰესიოდეს მიხედვით, ღმერთებმა სამართლიან კაცთათვის შექმნეს მუხები, რათა «რკოს სთავაზობდნენ მათ რტოებით და ტკბილი თაფლით მათსავ სალხენად ივსებდნენ ფუღურო ღეროს; წელში წყდებოდნენ მათთვის ცხვრებიც მატყლის სიმძიმით».       ვინ მოსთვლის, კიდევ რამდენი სიკეთე შექმნეს ღმერთებმა მართალთათვის. დაახლოებით ამასვე ამბობს ჰომეროსიც: «შენ ემგვანები იმ ყრმამრავალ ხელმწიფეს სვიანს, მართლად გამრიგეს და ღვთისმოშიშს, ვის მამულშიაც ზღვად სკდება ხორბლის მოსავალი და თვით მიწამდე იზნიქებიან დახუნძლულნი ნაყოფით ხენი, იალაღებზე ურიცხვი ცხვრის ფარა დაუდის და მფრთონავ ზღვაში ულევია თევზის სიმრავლე».       მუსეოსისა და მისი ძის მიხედვით, ღმერთები კიდევ უფრო დიდ სიკეთეს აღუთქვამენ მართალთ, რომელთაც ჰადესში ჩასვლის შემდეგ ინახად სხამენ, გვირგვინებით უმკობენ შუბლს და დიდებულ ლხინსაც უმართავენ მათი ღვთისმოსაობის სანაცვლოდ, ასე რომ, ისინი მთელ თავიანთ დროს თრობაში ატარებენ, თითქოს სიქველის საუკეთესო საზღაური მარადიული სიმთვრალე იყოს.       სხვების მტკიცებით, ღმერთების წყალობა მარტოოდენ მართალთ კი არა, მათ შთამომავალთაც უწევთ: ღვთისმოშიში და ფიცის ერთგული კაცის სიცოცხლე მის შვილებში, შვილიშვილებში და მომდევნო თაობებში გრძელდება. აი, რისთვის, და ბევრი სხვა რამისთვისაც აქებენ და ადიდებენ ისინი სამართლიანობას, უსამართლო და უკეთურ სულთა სამყოფლად კი ჰადესის ჭანჭრობს სახავენ და აიძულებენ ტანჯულთ, ცხრილით ხაპავდნენ წყალს; თუმცა არც სიცოცხლეში ათავისუფლებენ მათ ტანჯვისაგან, და ყველა ის სასჯელი, რაც გლავკონს იმ სამართლიან კაცთა ხვედრად მიაჩნდა, უსამართლონი რომ ჩანან ხალხის თვალში, მათი მტკიცებით, სწორედ ნამდვილ უსამართლოთ ატყდება თავს. ესაა და ეს; ასეთნაირად ადიდებენ ისინი სამართლიანობას, უსამართლობას კი გმობენ.       გარდა ამისა, სოკრატე, განსახილველად მინდა შემოგთავაზო სამართლიანობისა და უსამართლობის სხვანაირი გაგებაც, ერთავად პირზე რომ აკერია პოეტებსაც და უბრალო ხალხსაც. ისინი ერთხმად ამტკიცებენ, რომ კეთილგონიერება და სამართლიანობა მშვენიერია, თუმცა, იმავდროულად, სამძიმოცაა და ძნელიც, მაშინ როდესაც თავაშვებულება და უსამართლობა სასიამოვნოა და ადვილი; მხოლოდ საყოველთაო აზრი და კანონიერება თუ მიიჩნევს მათ სამარცხვინოდ. ისინი გაიძახიან, უსამართლობა სამართლიანობაზე უფრო სასარგებლოაო. უმრავლესობა, როგორც კერძო, ისე საზოგადო ცხოვრებაშიაც ბედნიერად მიიჩნევს და პატივსა სცემს არამზადებს, თუკი ისინი მდიდარნი და გავლენიანნი არიან, იმავდროულად კი ქედმაღლური ზიზღით უყურებს და აგდებულად ეპყრობა ღირსეულ, მაგრამ ღარიბ-ღატაკ ადამიანებს, თუნდაც ისინი მდიდრებზე უფრო კეთილშობილ ხალხად მიაჩნდეს.       მაგრამ ყველაზე უცნაური მაინც ისაა, რასაც ზოგიერთნი ამბობენ ღმერთებსა და სიქველეზე: თითქო უკვდავნი კეთილ ხალხს წილად არგუნებდნენ უბედურებასა და უბადრუკ ცხოვრებას, უკეთურთ კი საპირისპირო ხვედრს უმზადებდნენ. თავიანთი მხრივ, მოწყალების მთხოვნელი მისნები კარს უტალახებენ და არწმუნებენ მდიდრებს, ღმერთების მიერ მომადლებულ ნიჭსა ვფლობთო, და თუ ან თქვენ, ან თქვენს წინაპრებს რაიმე ცოდვა მოგიძღვით, შეგვიძლია მსხვერპლშეწირვით ან შელოცვით მოგიტევოთო; თანაც, ეს ისე იოლი და სასიამოვნო იქნება თქვენთვის, თითქოს სადღესასწაულო სანახაობით ტკბებოდეთო. თუ ვინმეს სურს მტერს ავნოს რამე, ისინი მზად არიან, სულ მცირე საზღაურის ფასად, გაჩენის დღე აწყევლინონ მას, სულერთია, გინდ კეთილი იყოს და გინდ უკეთური. ამასთან, ირწმუნებიან, რომ გრძნეულებისა და ჯადოქრული კვანძების მეოხებით, შეუძლიათ თვით ღმერთებიც კი დამქაშებად გაიხადონ. ყოველივე ამის დასტურად პოეტებს იმოწმებენ, რომელთა აზრითაც ბოროტებასა თუ ბიწიერებაზე ადვილი არა არის რა: «ბიწიერება ურიცხვია, რომელიც გნებავს ამოირჩიე, გზაც მოკლეა მისკენ სავალი, სიქველის ბჭეს კი მხოლოდ ოფლის ღვრით და წამებით თუ შეიძლება რომ მიეახლო».       თანაც, სიქველისაკენ მიმავალი გზა გრძელია და ნარეკლიანი. ზოგიერთის მტკიცებით კი ადამიანებს შეუძლიათ თვით ღმერთებზედაც მოახდინონ ზემოქმედება, რის დასტურადაც ჰომეროსს იმოწმებენ, რომელიც ამბობს: «თვით ღმერთებსაც კი გულს მოულბობს შემცოდე კაცი, რის მსხვერპლშეწირვით, ზედაშის ღვრით, ლოცვა-ვედრებით, ქედმოდრეკილი შეწყალებას მოითხოვს მათგან».       ზოგსაც ხელთ უპყრია მუსეოსისა და ორფევსის – როგორც ამბობენ, სელენესა და მუზების შთამომავალთა – წიგნების გროვა; ამ წიგნების მიხედვით ასრულებენ ისინი თავიანთ საღვთისმსახურო წესებს და არწმუნებენ არა მარტო ცალკეულ პირებს, არამედ მთელ ხალხებსაც, რომ მსხვერპლშეწირვითა და თავშესაქცევი თამაშებით შეუძლიათ დაიხსნან და ცოდვებისაგან გაწმინდონ როგორც ცოცხლები, ისე მკვდრებიც. ამ საღვთისმოსაო წეს-ჩვეულებათა აღსრულებას ისინი მისტერიებისეულ ზიარებად მიიჩნევენ, რაც თითქოს იმ ქვეყნად წამებისაგან ათავისუფლებს სულებს, ხოლო ვინც უგულებელყოფს სხვერპლშეწირვას, ჰადესში მარადიული ურვისთვისაა განწირული.       ყოველივე ამას და, ვინ მოსთვლის, კიდევ რაღას არ ამბობენ, ჩემო ძვირფასო სოკრატე, სიქველესა თუ ბიწზე; იქვე დასძენენ, თუ რანაირი თვალით უყურებენ ერთსაც და მეორესაც ადამიანებიც და ღმერთებიც. ახლა მითხარი, რანაირ შთაბეჭდილებას მოახდენენ ეს სიტყვები უზადო ბუნებრივი მონაცემებით დაჯილდოებულ ჭაბუკთა სულზე, ხარბად რომ აცხრებიან ამ სატყუარს და საიმისო უნარიც შესწევთ, რომ სათანადო დასკვნა გამოიტანონ აქედან: როგორი უნდა იყოს ადამიანი, ან რა გზა უნდა აირჩიოს, რომ ღირსეულად გალიოს ეს წუთისოფელი. როგორც ჩანს, მათ წინაშე იგივე კითხვა დაისმის, რომლითაც მოგვმართავს პინდარე: «როგორ მივუდგე ამ მიუდგომელ ციხე-კოშკს, ან ვით მოვექცე თხემზე? ჭეშმარიტების თუ სიყალბის გზით?»       როგორც ამბობენ, მე თუ სამართლიანი ვარ, მაგრამ ხალხის თვალში უსამართლო ვჩანვარ, ვერავითარ სარგებელს ვერ ვეღირსები აქედან, პირიქით, სიმძიმილისა და ზარალის გარდა სხვა არაფერი მელის. ხოლო უსამართლო კაცს, რომელმაც იმდენი მოახერხა, რომ სამართლიანის სახელი მოიხვეჭა ხალხში, ბედი უღიმის და ღმერთივით უზრუნველად ცხოვრობს. და რაკი მოჩვენებითობა, ბრძენკაცთა სიტყვით ჭეშმარიტებაზე ძლიერია და კეთილდღეობის პირობად გვევლინება, მთელი ჩემი არსება უპირატესად მისკენ უნდა იყოს მიქცეული. ამიტომ მე მმართებს მოსაჩვენებლად, როგორც კარიბჭის სამკაული, ჩემს ირგვლივ მოვხაზო სიქველის მაცთური ხატება, რათა ხალხს თვალში ნაცარი შევაყარო და ასე შევნიღბო ბრძენთა-ბრძენი არქილოქეს ცბიერი და გაქნილი მელა. კი მაგრამ, მეტყვიან ალბათ, როდემდე შეიძლება შენიღბო შენი უსამართლობა? დიდ საქმეს გარჯა დიდი სჭირდება-მეთქი ვიტყოდი მათ საპასუხოდ. მაგრამ თუ ჩვენ ვესწრაფით კეთილდღეობას, სხვა რა დაგვრჩენია: იმ გზას უნდა დავადგეთ, რაც ამნაირი სიტყვებით გვაქვს მონიშნული. ჩვენი უსამართლობის შესანიღბავად სხვადასხვა ფარულ საზოგადოებებსა თუ ამხანაგობებს ვაარსებთ ეგეც არ იყოს, შეგონებისა თუ დარწმუნების ხელოვნებაში გაწაფული ოსტატებიც ბლომადა გვყვანან, რომელთაც შეიძლება დავესესხოთ მსაჯულთა ყბადაღებულ სიბრძნეს თუ ენაგატლეკილ ვექილთა ლაქლაქს; ასე რომ, ხან დარწმუნების ხერხს მოვიშველიებთ, ხან კი ძალადობას მივმართავთ, რათა ყველა საქმეში გამარჯვებული გამოვიდეთ და სასჯელი თავიდან ავიცილოთ.       მაგრამ ღმერთებს ვერც დაემალები და ვერც ძალას იხმარ მათ მიმართ. ხოლო თუ ისინი არ არსებობენ, ან ამქვეყნიურ საქმეებში არ ერევიან, ჩვენ რაღად უნდა ვცილობდეთ, რომ მათ დავემალოთ? მაგრამ თუ ღმერთები არსებობენ და ზრუნავენ კიდეც ჩვენზე, საკითხავია, რა ვიცით მათ არსებობაზე, გარდა იმისა, რასაც გვაუწყებენ თქმულებები ან პოეტები, მათი გვარტომობის ამბებს რომ გადმოგვცემენ? იგივე პოეტები გვამცნობენ, რომ შეიძლება აზრი შევაცლევინოთ ღმერთებს და მსხვერპლშეწირვით, მდიდრული ძღვენითა თუ ლოცვა-ვედრებით მათი გული მოვინადიროთ. იძულებული ხარ, ერთიც ირწმუნო და მეორეც, ან საერთოდ ურწმუნო გახდე. თუ გწამს, ჯერ უსამართლობის გზას უნდა დაადგე, მერე კი იმ სიმდიდრიდან, რაც უსამართლობით შეიძინე, მსხვერპლი შესწირო ღმერთებს. თუ სამართლიანნი ვართ, არ უნდა გვეშინოდეს იმისა, რომ ღმერთები შეგვაჩვენებენ, მაგრამ იმ სიმდიდრეს კი უნდა გამოვეთხოვოთ, რაც შეიძლებოდა უსამართლობით შეგვეძინა. ასე რომ, უსამართლობა დიახაც სასარგებლოა ჩვენთვის, ხოლო რაც შეეხება ჩვენს შეცდომებს თუ შეცოდებებს, გულმხურვალე ლოცვა-ვედრებით აზრს შევაცვლევინებთ ღმერთებს და, ამრიგად, თავიდან ავიცილებთ მათ რისხვას. კი მაგრამ ჰადესში ჩვენცა და ჩვენს შვილებსა თუ შვილიშვილებსაც ხომ საშინელი სასჯელი გველის ამ ქვეყნად ჩვენი უსამართლობის სანაცვლოდ? მართალია, მაგრამ სწორედ აქ იჩენს თავს მისტერიებისეულ ზიარებათა და მხსნელი ღმერთების დიადი ძალა, თუ ვერწმუნებით ძლევამოსილ სახელმწიფოებსა და ღმერთების ნაშიერთ, პოეტებად თუ ღვთაებრივ წინასწარმეტყველებად რომ მოგვვლენიან ამ ქვეყნად: მათი მტკიცებით, სწორედ ასეა საქმე.       მაშ, რის საფუძველზე შეიძლებოდა აგვერჩია სამართლიანობა უკიდურესი უსამართლობის სანაცვლოდ, თუკი სავსებით საკმარისია წესიერების მოჩვენებითი და მაცთური გარსით შევნიღბოთ უსამართლობა, რათა ჩვენი ქცევა გონივრული და სამართლიანი ჩანდეს, როგორც მოკვდავთა, ისე უკვდავთა თვალშიც, – არა მარტო ჩვენს სიცოცხლეში, არამედ სიკვდილის შემდეგაც? ასეთია როგორც ბრბოს, ისე ამა ქვეყნის ძლიერთა აზრიც. ყოველივე ამის შემდეგ განა შეიძლება, სოკრატე, რომ სულიერი თუ სხეულებრივი ძალმოსილებით შემკული, შეძლებული და წარჩინებული კაცი პატივს სცემდეს სამართლიანობას და დამცინავად არ ქირქილებდეს, როდესაც ესმის, როგორ აქებენ და ადიდებენ მას? თვით ისიც კი, ვისაც შეუძლია ცხადყოს იმისი სიყალბე, რაც ეს-ესაა მოგახსენეთ, ვინც დარწმუნებულია, რომ სამართლიანობას ვერაფერი შეედრება ამ ქვეყნად, – დიახ, თვით ისიც კი შემწყნარებელია უსამართლოთა მიმართ და ურისხველად იტანს მათ თავგასულობას, რადგანაც იცის, რომ უსამართლობა მხოლოდ იმას თუ აღაშფოთებს, ვის ბუნებაშიაც ღვთაებრიობის ნაპერწკალი ღვივის, ან კიდევ იმას, ვინც თავს იკავებს უსამართლობისაგან, რადგანაც მისი სული ცოდნის სინათლითაა გაბრწყინვებული; საერთოდ კი, ნებაყოფილობით არავინ ემსახურება სამართლიანობას: უსამართლობის მგმობელნი მხოლოდ თავიანთი სიმხდალის, სიბერის ან სხვა რაიმე სისუსტის, მოკლედ, იმის გამო თუ ჰგმობენ მას, რომ უსამართლობის ჩადენა არ შეუძლიათ, რასაც თვალნათლივ გვიმოწმებს შემდეგი გარემოება: პირველივე უმწეო კაცი, რომელიც ძალას მოიცემს, დაუყოვნებლივ ჩაიდენს უსამართლობას, რამდენადაც ამის უნარი შესწევს.       ამის მიზეზი კი სხვა არა არის რა, თუ არა ის, რამაც მთელი ეს მსჯელობა გამოიწვია, და, აი, ახლა რას გეტყოდით მე გლავკონი: ო, ჩვენო საოცარო სოკრატე! რამდენიც არ უნდა იყოთ სამართლიანობის თაყვანისმცემელნი, ძველი გმირებიდან მოყოლებული, რომელთა გამონათქვამებიც დღევანდელ დღემდე შემოგვრჩა, და ჩვენი თანამედროვეებით დამთავრებული, – არცერთ თქვენგანს არასოდეს უგმია უსამართლობა და არც სამართლიანობა უდიდებია სხვა რამ მიზეზის და არა მათგან გამომდინარე სახელის, პატივისა თუ სარგებლის გამო. საკუთრივ სამართლიანობა და უსამართლობა კი, მთელი თავიანთი ძალმოსილებითურთ, რითაც ისინი არსებობენ სულში, ჯერ კიდევ არავის განუხილავს სათანადოდ, არც პოეტური და არც პროზაული სიტყვით; არც ის უთქვამს ვინმეს, რომ უსამართლობა უდიდესი ბოროტებაა, რასაც, საერთოდ, შეიძლება შეიცავდეს ადამიანის სული, სამართლიანობა კი – უდიდესი სიკეთე. ყველას რომ თავიდანვე ასე ემსჯელა და ჩვენც სიყრმითგანვე დავეწმუნებინეთ, იძულებულნი აღარ ვიქნებოდით ფხიზლად გვჭეროდა თვალი, რათა ერთმანეთისთვის აღგვეკვეთა უსამართლო ნაბიჯის გადადგმა, და ყოველი ჩვენგანი თვითონვე იქნებოდა საკუთარი თავის მეთვალყურე, იმისი შიშით, ვაითუ უსამართლობა შემომეპაროს სულში და, ამრიგად, უდიდესი ბოროტების მოქმედი შევიქნეო.       აი, რას იტყოდა თრასიმაქე, და ზოგი სხვა ვინმეც, სამართლიანობისა თუ უსამართლობის თაობაზე, რითაც, ჩემის აზრით, უხეშად აურევდა ერთმანეთში მათ მნიშვნელობას და, ალბათ, ამასაც არ დასჯერდებოდა, სოკრატე. მე კი, რაღა დაგიმალო, მიტომაც არ დამიზოგავს თავი, რომ მინდა შენგან ამის საპირისპირო მტკიცება მოვისმინო. მაშ, გვიპასუხე და გვიჩვენე არა მარტო ის, რომ სამართლიანობა უსამართლობაზე უმჯობესია, არამედ ისიც, თუ რანაირ ზემოქმედებას ახდენენ ისინი სულზე, და შეიძლება ითქვას თუ არა რომ ერთი ბოროტებაა, მეორე კი სიკეთე. ხოლო იმაზე, თუ ვინ რა სახელს იხვეჭს სამართლიანობით ან უსამართლობით, ნურაფერს იტყვი, როგორც გირჩია გლავკონმა. რადგან თუ ორსავე შემთხვევაში ჭეშმარიტ სახელს უწევ ანგარიშს და მას ყალბ სახელსაც უმატებ, ჩვენ ვიტყვით, რომ ნამდვილს კი არა, მოჩვენებით სამართლიანობას აქებ, და გმობითაც ნამდვილის ნაცვლად მოჩვენებით უსამართლობას გმობ; რომ გვირჩევ დავმალოთ ჩვენი უსამართლობა, და ამრიგად ეთანხმები თრასიმაქეს, ვისი აზრითაც სამართლიანობა თავისთავად როდია სასარგებლო, არამედ სასარგებლოა მხოლოდ ძლიერისათვის, მაშინ როდესაც უსამართლობა თავისთავადაა სასარგებლოც და ხელსაყრელიც, თუმცა სუსტსა და უმწეოს კი ვნებს. რაკიღა აღიარე, რომ სამართლიანობა უდიდეს სიკეთეთა რიცხვს მიეკუთვნება, რომელთა ფლობაც სასურველია მათგან გამომდინარე შედეგების გულისთვის და, უწინარეს ყოვლისა, თვით მათივე გამო, ხოლო ამნაირ სიკეთეთა შორისაა მზერა, სმენა, გონიერება, ჯანმრთელობა და სხვა მისთანანი, რომელნიც ჭეშმარიტნი არიან მათივე საკუთარი ბუნებით და არა იმის მიხედვით, თუ ვინ რა აზრისაა მათზე, – ადექი და სამართლიანობას სწორედ იმ მხრივ შეასხი ქება, რა მხრივაც ის თავისთავადაა სასარგებლო სამართლიანი კაცისთვის, უსამართლობაში კი დაჰგმე ის, რაც თავისთავად მავნეა. რაც შეეხება სამართლიანობის ჯილდოს – სახელსა თუ საზღაურს, სხვებს მიანდე მათი ქება. როცა მავანნი სწორედ სახელისა თუ საზღაურის გამო აქებენ სამართლიანობას, ან უსამართლობას გმობენ, მართალია, გაჭირვებით, მაგრამ მაინც შემიძლია ამის ატანა, მაგრამ შენც რომ მათსავით მოიქცე, ამას კი ვეღარ ავიტან, თუ, რა თქმა უნდა, საგანგებოდ არ მიბრძანებ ესეც ავიტანო, – რადგანაც მთელი შენი დღე და მოსწრება სხვა რა გიკვლევია, ამის გარდა? მაშ კეთილ-ინებე და შენი პასუხით დაგვარწმუნე არა მარტო იმაში, რომ სამართლიანობა უსამართლობაზე უმჯობესია, არამედ ისიც გვიჩვენე, თუ რანაირ ზემოქმედებას ახდენს თავისთავად როგორც ერთი, ისე მეორე ადამიანის სულზე, ან რატომაა ერთი ბოროტება, ხოლო მეორე – სიკეთე.       მე ყოველთვის აღტაცებულ ვიყავი გლავკონისა და ადიმანტეს გამჭრიახობით და ახლაც განსაკუთრებით მეამა მათი სიტყვები. - მართლაც რომ ღირსეული შვილები ხართ სახელოვანი მამისა; – ვთქვი მე, – მშვენიერია იმ ელეგიის დასაწყისი, რომელიც მოგიძღვნათ გლავკონის მეგობარმა, როცა მეგარის ბრძოლაში გამოიჩინეთ თავი: «სახელოვანი არისტონის ღვთიური მოდგმა – მისი ვაჟები...»       ნამდვილად თქვენი საკადრისია, ჩემო მეგობრებო. ალბათ თქვენში მართლაც არის რაღაც ღვთიური, რადგანაც თქვენივე სიტყვებიდან ირკვევა, რომ არ იზიარებთ იმ აზრს, თითქოს უსამართლობა სამართლიანობაზე უმჯობესი იყოს. მე მგონია, მართლაც არა გწამთ ეს. მთელი თქვენი ქცევა მიმოწმებს ამას, თორემ მარტოოდენ სიტყვებით ვერ დამარწმუნებდით. მაგრამ რაც უფრო მეტად გენდობით, მით უფრო გამოუვალია ჩემი მდგომარეობა, რადგანაც ნამდვილად არ ვიცი, რა ვიღონო, რით დაგეხმაროთ, ასე რომ, იძულებული ვარ ჩემი უმწეობა ვაღიარო. აი, რა მიდასტურებს ამას: ერთის მხრივ, მე მგონია, საფუძვლიანად დავუსაბუთე თრასიმაქეს, რომ სამართლიანობა უსამართლობაზე უმჯობესია, მაგრამ თქვენ არ დაგაკმაყოფილათ ჩემმა მტკიცებამ. მეორეს მხრივ კი, განა მკრეხელობაში არ ჩამომერთმევა, ვხედავდე, როგორ უტევენ სამართლიანობას, მაგრამ თითსაც არ ვანძრევდე მისდა საშველად, თუმცა ჯერ კიდევ პირში სული მიდგას და საიმისო ძალიც შემწევს, რომ მის დასაცავად ხმა ავიმაღლო? ამიტომ ყველაზე უმჯობესი იქნება, როგორც შემიძლია, ისე გამოვესარჩლო მას.       მაშინ გლავკონმა და დანარჩენებმაც მთხოვეს, არაფერი დამეშურებინა სამართლიანობის დასაცავად და გამეგრძელებინა ჩვენი მსჯელობა, კვლავინდებურად მეკვლია, რა არის სამართლიანობა თუ უსამართლობა და რამდენად ჭეშმარიტია ის სარგებლობა, რომელსაც მათგან მოველით. ანაზდეულად ერთმა აზრმა გამიელვა თავში და მათ ვუთხარი: რასაც ჩვენ ვიკვლევთ და ვეძებთ, ხუმრობა საქმე ნუ გგონიათ, მის არსში წვდომას მხოლოდ ბასრი და გამჭრიახი მზერის პატრონი თუ მოახერხებს, მაგრამ რაკი ჩვენ სწორედ ეს გამჭრიახობა გვაკლია, აი, როგორ უნდა განვაგრძოთ ჩვენი ძიება: ბეცს რომ შორიდან დაანახო წვრილი ასოებით აჭრელებული ფურცელი და მათი წაკითხვა სთხოვო, ხოლო მას უეცრად გაახსენდეს, რომ სადღაც უნახავს ზუსტად იგივე, მხოლოდ უფრო მსხვილი ასოებით შევსებული და გაცილებით უფრო დიდი ფურცელი, ამ გზით ყველაზე უკეთ შესძლებს თავდაპირველად წაიკითხოს მსხვილი ასოები და მათი მიხედვით ჩასწვდეს წვრილი ასოებით აჭრელებული ნაწერის აზრსაც, რათა დარწმუნდეს, ორივე ფურცელი ერთი და იმავე შინაარსის შემცველია თუ არა. - რა თქმა უნდა, – თქვა ადიმანტემ, – მაგრამ სად ეგ და სად სამართლიანობის კვლევა-ძიება? - მოგახსენებთ, – მივუგე მე, – ჩვენ ვამბობთ, რომ სამართლიანობა ნიშნეულია ამა თუ იმ კაცისთვის, მაგრამ ვაღიარებთ თუ არა, რომ ის მთელ სახელმწიფოსაც ახასიათებს? - რასაკვირველია, ვაღიარებთ. - კი მაგრამ, სახელმწიფო ხომ კაცზე დიდია? - დიახ. - მერედა, განა იმაში, რაც უფრო დიდია, სამართლიანობაც უფრო დიდი არ იქნება და ადვილად ამოსაცნობი? ამიტომ, თუ გნებავთ, თავდაპირველად ვნახოთ, რანაირია სამართლიანობის ბუნება სახელმწიფოში, შემდეგ კი საკუთრივ ადამიანის სულში განვიხილოთ იგი, და ამრიგად, დიდთან მსგავსების მიხედვით შევიცნოთ მცირე. - მომწონს ეგ შენ სიტყვა, – თქვა ადიმანტემ. - თუ წარმოსახვით წარმოვიდგენთ სახელმწიფოს დასაბამს, განა იქვე არ ვიხილავთ სამართლიანობისა თუ უსამართლობის ჩანასახსაც? - ცხადია. - მაშ შეიძლება თუ არა იმედი ვიქონიოთ, რომ ასე უფრო ადვილად მივაკვლევთ იმას, რასაც ვეძებთ? - რა თქმა უნდა. - ამიტომ, მე მგონია, ყოველნაირად უნდა ვეცადოთ ამას. ჩემის აზრით, ხუმრობა საქმე როდია. თუმცა თქვენ თვითონ გადაწყვიტეთ. - გადავწყვიტეთ და ეგაა, – თქვა ადიმანტემ, – მაშ, საქმეს შეუდექ. - მე მგონია, სახელმწიფოს მაშინ ეძლევა დასაბამი, როცა არცერთ ადამიანს აღარ შეუძლია დაიკმაყოფილოს თავისი თავი, რადგანაც ათასი რამ სჭირდება. თუ, შენის აზრით, სახელმწიფოს დასაბამს სხვა რამე განაპირობებს? - არა, სხვა არაფერი. - ამიტომ ყოველი კაცი ხან ვის მიმართავს და ხან ვის თავისი მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად. ათასნაირ გაჭირვებას რომ განიცდის, ათასობით კაცი ერთიანდება, რათა ერთად იცხოვრონ და შეეწიონ კიდეც ერთმანეთს. სწორედ ამ თანაცხოვრებას ვუწოდებთ ჩვენ სახელმწიფოს; ასეა, არა? - რა თქმა უნდა. - ამრიგად, ისინი რაღაცას იღებენ ერთმანეთისაგან და სანაცვლოდ გასცემენ კიდეც, რადგანაც ყველას ჰგონია, რომ ეს უფრო უმჯობესია მისთვის. - დიახ. - მაშ, მოდი, ვცადოთ, – ვთქვი მე, – აზრით ჩავუყაროთ საფუძველი სახელმწიფოს; ხოლო ამ საფუძვლად, როგორც ჩანს, ჩვენი მოთხოვნილებანი უნდა მიგვაჩნდეს. - უეჭველად. - უპირველესი და უდიდესი მოთხოვნილება კი საზრდოსა და საარსებო საშუალებათა მოპოვებაა. - რა თქმა უნდა. - მეორე მოთხოვნილება ისაა, რომ საკუთარი ჭერი გეფაროს თავზე, მესამე – ის, რომ ტანსაცმელი გქონდეს, და ასე შემდეგ. - მართალს ბრძანებ. - მაშინ ისიც უნდა ვიკითხოთ, – ვუთხარი მე, – რანაირად გაართმევს თავს სახელმწიფო ყოველივე ამას. იქნებ, ისე, რომ ერთი მიწის მუშა იქნება, მეორე – ხურო, მესამე – ფეიქარი და ასე შემდეგ? ხომ არ მივუმატოთ ამათ ხარაზი და ბევრი სხვა ხელოსანიც, ვინც ჩვენი ხორციელი მოთხოვნილებების დაკმაყოფილებას ემსახურება? - ცხადია, უნდა მივუმატოთ. - მაშასადამე, საზოგადოება ოთხი თუ ხუთი კაცისგან მაინც უნდა შედგებოდეს? - როგორც ჩანს. - კი მაგრამ, ყოველი მათგანი თავის საკუთარ საქმეს უნდა ასრულებდეს, იმ ანგარიშით, რომ მთელი საზოგადოებისთვისაც შრომობდეს? ასე მაგალითად, მიწის მუშას, მიუხედავად იმისა, რომ ერთია, ოთხი სულის სამყოფი პური უნდა მოჰყავდეს, ოთხჯერ მეტ დროს ხარჯავდეს და ოთხჯერ უფრო მეტ ოფლსაც ღვრიდეს, რათა სხვებსაც უწილადოს თავისი ნაშრომ-ნაჯაფი, თუ არას დაგიდევს დანარჩენებს, მხოლოდ თავის სამყოფ მოსავალს იწევდეს, ოთხჯერ უფრო ნაკლებ დროს ხარჯავდეს, დროის დანარჩენ სამ მეოთხედს კი სახლის ასაშენებლად, ტანსაცმლის მოსაქსოვად თუ ფეხსაცმელების შესაკერად იყენებდეს, ასე რომ, სხვებისთვის კი არა, მხოლოდ თავისთვის წვალობდეს და თავისსავე საქმეს იგვარებდეს? - პირველი უფრო იოლია, სოკრატე, ვიდრე მეორე, – თქვა ადიმანტემ. - ამაში, ვფიცავ ზევსს, არაფერია უჩვეულო; – ვუთხარი მე, – შენი პასუხი მაფიქრებინებს, რომ ადამიანები დაბადებითვე განსხვავდებიან ერთმანეთისაგან იმის მიხედვით, თუ ვის რა საქმის კეთების ნიჭი დაჰყვება თან, და არც თავიანთი ბუნებით ჰგვანან ერთმანეთს; განა შენც ამას არ გულისხმობ? - დიახ, მაგას. - მერედა, ვინ უკეთ ასრულებს თავის საქმეს – ვინც მრავალ ხელობაში გაწაფულია, თუ ვინც მხოლოდ ერთი ხელობა იცის? - ვინც ერთი ხელობა იცის. - ჩემის აზრით, ისიც აშკარაა, რომ თუ ხელიდან გავუშვებთ რაიმე საქმის კეთებისთვის ხელსაყრელ დროს, არაფერიც არ გამოგვივა. - რა თქმა უნდა. - რადგანაც, მე მგონია, არავითარი საქმე არ დაუწყებს ლოდინს ხელოსანს, აბა, როდის მოიცლის ჩემთვისაო; პირიქით, ხელოსანი ვერასოდეს ვერ უნდა იცლიდეს სხვა რამისათვის, გარდა საკუთარი საქმისა. - ჭეშმარიტად. - ამიტომ შეიძლება ყველაფერი უფრო უკეთ, უფრო სწრაფად და ადვილად აკეთო, როცა მხოლოდ ერთ საქმეს ასრულებ, შენი ბუნებრივი ნიჭისა თუ უნარის შესაბამისად, და, თანაც, დროულად ასრულებ, ისე, რომ სხვა რამისთვის აღარ გცალია. - უცილობლად. - ჰოდა, აი, რას გეტყვი, ადიმანტე: ყოველივე იმას, რაზედაც წეღან ვლაპარაკობდი, სახელმწიფოს ოთხი წევრი ნამდვილად ვერ გაართმევს თავს; რადგანაც მიწის მუშა, რომელსაც მჭრელი სახნისი სჭირდება, თვითონვე როდი დაამზადებს მას, ან თოხსა თუ სხვა სამიწათმოქმედო იარაღს. ხუროსაც, თავის მხრივ, ვინ მოსთვლის, რამდენი რამე სჭირდება, და იგივე ითქმის ხარაზსა თუ ფეიქარზედაც. - მართალს ბრძანებ.       თუ ამ ჩვენს პაწაწინა სახელმწიფოში მჭედლებს, ხუროებს და სხვა ხელოსნებსაც ჩავრთავთ, ისინი ხალხმრავალ ქვეყნად აქცევენ მას. - რა თქმა უნდა. - მაგრამ ის მაინც არ გახდება ვეება სახელმწიფო, თვით მაშინაც კი, თუ ზემოთ ჩამოთვლილთ მეჯოგეებს, მეცხვარეებს და სხვა მწყემსებსაც მივუმატებთ, რათა მიწის მუშებს ხარები ჰყავდეთ სახნავად, ხუროებს, ისევე, როგორც მიწის მუშებს, – საუღლე საქონელი ტვირთის საზიდად, და არც ხარაზებს ან ფეიქრებს მოაკლდეთ ტყავი თუ მატყლი. - ვეება თუ არა, პატარა მაინც არ იქნება სახელმწიფო, რომელიც ამდენ ხალხს აერთიანებს, – თქვა ადიმანტემ. - ეგეც არ იყოს, – გავაწყვეტინე მე, – სად მოძებნი იმნაირ ადგილს სახელმწიფოს დასაარსებლად, რომ მის მოქალაქეებს არაფრის შემოტანა არ დასჭირდეთ? - ვერსად. - მაშასადამე, სახელმწიფოსათვის აუცილებელი იქნება სხვა ხელობის ხალხიც უცხო ქვეყნებიდან საჭირო საქონლის შემოსატანად. - დიახ. - ესე იგი, სახელმწიფომ უნდა აწარმოოს არა მარტო ის, რაც საჭიროა მისი მოქალაქეების მოთხოვნილებათა დასაკმაყოფილებლად, - არამედ ისიც, რაც სხვებს სჭირდება. - აუცილებლად. - მაშასადამე, რაც შეიძლება მეტი მიწის მუშა და სხვა ხელოსანი უნდა გვყავდეს. - დიახ, რაც შეიძლება მეტი. - ასევე ის ხალხიც, საქონლის გაცვლა-გამოცვლისთვის რომ გვჭირდება; ხოლო ეს ხალხი ვაჭრებია, არა? - დიახ. - ასე რომ, არც ვაჭრები უნდა გვაკლდნენ. - რა თქმა უნდა. - მაგრამ თუ საზღვაო ვაჭრობას ეხება საქმე, ვაჭრების გარდა ზღვაოსნებიც ხომ დაგვჭირდება? - დაგვჭირდება და ბლომადაც დაგვჭირდება. - კი მაგრამ, თვით ქვეყნის შიგნით როგორღა იქნება საქმე? რანაირად მოხერხდება ნაწარმის გაცვლა-გამოცვლა ხელოსნებს შორის? აკი ჩვენც, უწინარეს ყოვლისა სწორედ ამ მიზნით დავაარსეთ სახელმწიფო. - ცხადია, აღებ-მიცემობის გზით. - მაშასადამე, უნდა შეიქმნას ბაზარი და დაწესდეს ღირებულების აღმნიშვნელი ნიშანი – ფული. - რა თქმა უნდა. - მერედა, თუ მიწის მუშა ან რომელიმე სხვა ხელოსანი ბაზრობაზე გამოიტანს თავის ნაწარმს, მისი მუშტარი კი დაიგვიანებს, ნუთუ ის გულხელდაკრეფილი დაელოდება ბაზარში და ასე უქმად გააცდენს საქმისათვის საჭირო დროს? - არამც და არამც, – თქვა ადიმანტემ, – განა ცოტაა ისეთი ხალხი, თავის სამსახურს რომ შესთავაზებს მას? კეთილმოწყობილ სახელმწიფოებში ესენი არიან ყველაზე ძაბუნნი და ყოველგვარი სხვა საქმისათვის უვარგისნი: ერთავად ბაზარში ყრიან და ცდილობენ იაფად შეიძინონ სავაჭროდ გამოტანილი საქონელი, რათა შემდეგ სხვებს მიჰყიდონ იგი. - სწორედ ამ მოთხოვნილების გამო ჩნდებიან ჩვენში ქორვაჭრები; – შევნიშნე მე, – განა ასე არ ვუწოდებთ შუაკაცებს მყიდველებსა და გამყიდველებს შორის, ბაზარში რომ ათენებენ და აღამებენ? ხოლო იმ ხალხს, ერთი სახელმწიფოდან მეორეში რომ დაეხეტება საქონლის გასასაღებლად, ვაჭრებს ვეძახით, არა? - დიახ. - მე თუ მკითხავთ, სხვაც ბევრია საჭირო კაცი; მართალია, მწირი გონების გამო ეს ხალხი ნაკლებად იმსახურებენ იმას, რომ მათთან რაიმე ურთიერთობა ვიქონიოთ, მაგრამ საკმაო ძალი კი შესწევთ მძიმე სამუშაოს შესასრულებლად. ისინი ფულზე ჰყიდიან თავიანთ ძალას, და რაკი ამ ფულს ქირას უწოდებენ, მე მგონია, სწორედ ამიტომ მოქირავეებად უხმობენ მათ. - რა თქმა უნდა. - სახელმწიფოს სისრულისათვის, როგორც ჩანს, მოქირავენიც სჭირდება. - ეგრე მგონია. - რას იტყვი, ადიმანტე, იმდენად ხომ არ გაიზარდა ეს ჩვენი სახელმწიფო, რომ უკვე შეიძლება დასრულებულად მიგვაჩნდეს? - ალბათ შეიძლება. - კი მაგრამ, სადღაა სამართლიანობა და უსამართლობა? რამდენი რამ განვიხილეთ, მაგრამ მაინც საიდან იღებენ ისინი დასაბამს?       ვერ გეტყვი, სოკრატე; იქნებ, საერთო საქმიანობაში თვით ადამიანთა ურთიერთდამოკიდებულებიდან? - შეიძლება მართალიც იყო; – ვუთხარი მე, – მაშ, განვაგრძოთ კვლევა-ძიება და განუხრელად მივსდიოთ ჩვენს მიერ დასახულ მიზანს. უწინარეს ყოვლისა, განვიხილოთ ამნაირად დახელოვნებულ კაცთა ცხოვრების წესი. ისინი მოიწევენ ხორბლისა თუ ყურძნის მოსავალს, ხელს მიჰყოფენ ტანსაცმლის თუ ფეხსაცმლის კერვას და სახლების მშენებლობას; ზაფხულის ხვატში წელზემოთ გატიტვლებულნი და ფეხშიშველანი იმუშავებენ, ზამთარში კი საგულდაგულოდ ჩაფუთნულ-ჩათბუნებულნი თავის სარჩენად ქერს დაღერღავენ და ხორბალს დაფქვავენ, ღერღილისაგან ფაფას მოხარშავენ, ფქვილს კი მოზელენ და ცომისაგან დაბრაწულ პურებსა და ფუნთუშებს დააცხობენ, რომლებსაც მადის აღმძვრელად ჩაამწკრივებენ ლერწმის ჭილობსა თუ ქორფა ფოთლებზე. მურტისა და ურთხელის ყლორტებით მოფენილ სარეცლებზე შვილებთან ერთად მხართეძოზე წამოწოლილნი და გვირგვინებით შუბლშემკულნი ნებიერად შეექცევიან ღვინოს, საგალობლებით ქებას შეასხამენ ღმერთებს და მხიარულ მუსაიფში გაატარებენ დროს; შვილებს კი, შიმშილობისა და ომიანობის შიშით, მხოლოდ იმდენს იყოლიებენ, რამდენის ყოლის ნებასაც მისცემთ მათი ავლადიდება. - რაო?! – გამაწყვეტინა გლავკონმა, – ხმელა პურსა და თითო ფიალა ღვინოზე უპირებ ამ ხალხს გადატარებას? - მართალი ხარ, – მივუგე მე, – კინაღამ დამავიწყდა, რომ მათ ნაირ-ნაირი სასმელ-საჭმელიც დასჭირდებათ. ცხადია, მარილიც უნდა ჰქონდეთ, ზეთისხილიც, ყველიც, პრასიცა და სხვა ბოსტნეულიც; ასე მოათუხთუხებენ სოფლურ შეჭამანდს. მაგრამ ვერც პირის ჩასაკოკლოზინებელს მოვაკლებთ: ლეღვს, მუხუდოს, ცერცვს, ან მურტის ნაყოფს თუ რკოს, რომლებსაც ცეცხლზე მოხალავენ და წრუპვა-წრუპვით მიაყოლებენ ღვინოს. ასე, სიამტკბილობით გაატარებენ მთელ სიცოცხლეს, უზრუნველნი და საღსალამათნი, მერე კი ღრმად მოხუცებულნი სამუდამოდ მიიძინებენ და ასეთსავე ცხოვრებას უანდერძებენ თავიანთ შთამომავალთ. - ღორებით რომ დაგესახლებინა ეგ შენი სახელმწიფო, სოკრატე, ალბათ, ვერც მათ შესთავაზებდი სხვანაირ სალაფავს, – წამოიძახა გლავკონმა. - მაშ, რას მიბრძანებ, რა შევთავაზო? – ვკითხე მე. - რასაც ჩვეულნი არიან: ინახად სხდომა, ხორაგით სავსე ტაბლები, ნუგბარ-ნუგბარი კერძები და ტკბილეული, მოკლედ, ყველაფერი, რაც თავზე საყრელადა აქვთ ჩვენს თანამედროვეებს, – თუ გინდა, რომ შიმშილით არ ეწვოდეთ კუჭი. - კეთილი და პატიოსანი, – ვუთხარი მე, – როგორც ჩანს, ჩვენ განვიხილავთ არა მარტო იმ სახელმწიფოს, რომელიც ეს-ესაა იბადება, არამედ კეთილდღეობით გალაღებულსაც. ვინ იცის, იქნებ ასედაც სჯობდეს. რადგანაც შეიძლება თვით ამ უკანასკნელის განხილვამაც დაგვანახოს, რანაირად იჩენენ თავს სახელმწიფოში სამართლიანობა და უსამართლობა. ჩვენს მიერ წარმოსახული სახელმწიფო მე ჯანსაღ სახელმწიფოდ მეჩვენება; მაგრამ თუ გნებავთ, არაფერი არ გვიშლის ხელს, იმ სახელმწიფოსაც დავუკვირდეთ, რომელსაც თითქოს ციებ-ცხელება შეჰყრია. როგორც ჩანს, ზოგიერთს მართლაც არ დააკმაყოფილებს ყოველივე ეს, არც ესოდენ მარტივი ცხოვრების წესი; არა, კეთილ-ინებე და სასწრაფოდ მიართვი მათ სარეცლები, ტაბლები, ნაირ-ნაირი ჭურჭელი თუ დგამ-ავეჯი, მადის აღმძვრელი ნაზუქები, საკმეველი, ნელსაცხებლები, აგრეთვე ჰეტერები თუ ნუგბარ-ნუგბარი კერძები, და, თანაც, ყოველივე ეს – რაც შეიძლება ბლომად. ეტყობა, აუცილებელი მარტოოდენ ის კი არ არის, რაც ზემოთ მოგახსენეთ, – სახლი, ტანსაცმელი თუ ფეხსაცმელი, – არა, მოიტათ სურათებიც, სამკაულებიც, ოქრო-ვერცხლისა თუ სპილოს ძვლის ნაკეთობებიც; ასეა, არა? - დიახ. - კი მაგრამ, ხომ არ მოგვიწევს გავაფართოვოთ ჩვენი სახელმწიფოს ფარგლები? რადგანაც ის პირველი – ჯანსაღი სახელმწიფო უკვე აღარ არის საკმარისი, არამედ იმნაირი ხალხით უნდა ავავსოთ, რომლის ყოფნაც სახელმწიფოში სულაც არ არის აუცილებლობით გამოწვეული: მე ვგულისხმობ ათასი ჯურის მონადირეებს და მიმბაძველებს, ფერებს, ბგერებს თუ სახეებს რომ იყენებენ მიბაძვისას, ესე იგი, პოეტებსა და მათთან განუყრელად დაკავშირებულ რაფსოდებს, მსახიობებს, ქორევტებს, თეატრის მენარდეებს, მეავეჯეებს და სასალუქო საგნების, მეტადრე, ქალების სამშვენისთა თუ სამკაულთა ოსტატებს. წარმოუდგენლად გაიზრდება მსახურთა რიცხვიც: ვინ მოსთვლის, რამდენი აღმზრდელი, ძიძა, ლალა, მოახლე, დალაქი, მზარეული თუ ყასაბი დაგვჭირდება. ახლა მეღორეებს აღარ იკითხავ? ესენი არ გვყოლია ჩვენს პირველ სახელმწიფოში; არც გვჭირდებოდნენ. აქ კი ესენიც საჭირონი არიან და ათასნაირი პირუტყვიც და საქონელიც, რაკიღა უპირატესად ხორცით ვსაზრდოობთ; რას იტყვი, განა სწორი არა ვარ? - რა თქმა უნდა. - ამნაირი ცხოვრების შედეგად გაცილებით უფრო მეტი ექიმი იქნება საჭირო, ვიდრე უწინ. - დიახ, გაცილებით მეტი. - ეგეც არ იყოს, ქვეყანა, ოდესღაც საკმაოდ ვრცელი საიმისოდ, რომ თავისი მოსახლეობა გამოეკვება, ახლა უკვე დაპატარავდება. ასეა, არა? - მართლაც ასეა. - მაშასადამე, იძულებულნი ვიქნებით კაი მოზრდილი ნაწილი ჩამოვაჭრათ მეზობელ სახელმწიფოს, თუ გვინდა სამყოფი საძოვარი და სახნავ-სათესი გვქონდეს, ხოლო მეზობელი სახელმწიფო, თავის მხრივ, მოინდომებს ჩვენი ქვეყნის ნაწილი მიიტაცოს. თუკი თვითონაც დაუსრულებელი მომხვეჭელობის გზას დაადგება და, ამრიგად, გადავა იმის ზღვარს, რაც აუცილებელია საარსებოდ. - ყოველ მიზეზს გარეშე, ეგრეც მოხდება, სოკრატე. - მაშ, ომში უნდა ჩავებათ, გლავკონ? - დიახ, უნდა ჩავებათ. - ჯერჯერობით არაფერს ვიტყვით იმის თაობაზე, თუ რა მოსდევს შედეგად ომს – სიკეთე თუ ბოროტება; შევნიშნავთ მხოლოდ, რომ უკვე მივაკვლიეთ ომების წყაროს, ხოლო ომი უდიდესი უბედურების სათავეა როგორც კერძო პირის, ისე მთელი საზოგადოებისთვისაც, როცა ისინი იძულებულნი არიან იომონ. - რა თქმა უნდა. - ამასთანავე, მოგვიწევს მცირედით კი არა, მთელი ლაშქარით გავზარდოთ სახელმწიფო, ჩემო ძვირფასო: ლაშქრით, რომელიც დაიცავს ჩვენს სამფლობელოებს და, ზემოთქმულისა არ იყოს, სხვის მიწა-წყალსაც შემოგვიმტკიცებს. - როგორ, განა ჩვენ თვითონ კი ვერ შევძლებთ ამას? - ვერა, ვერ შევძლებთ, თუკი სწორად გადავწყვიტეთ ეს საკითხი ჩვენი წარმოსახული სახელმწიფოს დაარსებისას. თუ გახსოვს, იმთავითვე შევთანხმდით, რომ შეუძლებელია ერთი კაცი სრულყოფილად ფლობდეს მრავალ ხელობას. - მართალს ბრძანებ. - მერედა, მეომრის ხელობა ხელობად არ მიგაჩნია? - რა საკითხავია? - კი მაგრამ, ნუთუ მეწაღის ხელობაზე უფრო მეტს უნდა ვზრუნავდეთ, ვიდრე მეომრისაზე? - როგორ გეკადრება. - იმ მიზნით, რომ ჩვენში უკეთ ვითარდებოდეს მეწაღეობა, ხომ ავუკრძალეთ მეწაღეს, მიწის მუშის, ფეიქრისა თუ ხუროს საქმისათვის მიეყო ხელი; ზუსტად ასევე, ყველა სხვა ხელოსანსაც მხოლოდ ერთი საქმე მივანდეთ, რასაც ის წარმატებით გაართმევს თავს, თავისი ბუნებრივი მონაცემების წყალობით; მთელი სიცოცხლის მანძილზე სწორედ ეს იქნება მისი ერთადერთი საქმე, ასე რომ, სხვა რამისთვის ვეღარ მოიცლის, და წარმატებასაც მიაღწევს, თუკი ფუჭად არ გაფლანგავს დროს. კი მაგრამ, განა საომარი ხელოვნება ნაკლებ ყურადღებასა და გულმოდგინებას მოითხოვს? ან, იქნებ, ის იმდენად ადვილია, რომ მიწის მუშას, მეწაღესა თუ ნებისმიერ ხვა ხელოსანსაც თავისუფლად შეუძლია, იმავდროულად, მეომარიც იყოს? კოჭის თამაში რომ კოჭის თამაშია, იმასაც კი ვერ აუღებ ალღოს, თუ ბავშვობიდანვე არ გაგიწაფავს ხელი, არამედ ისე, სასხვათაშორისოდ გითამაშნია. მერედა, ნუთუ საკმარისია ფარით ან სხვა საომარი საჭურვლით აღიჭურვო, ანდა აბჯარი აისხა, რომ მაშინვე ძლევამოსილ მეომრად იქცე და ჰოპლიტების მხარდამხარ ბრძოლაც შეიძლო და სხვა მეომართა დასშიაც? მაშინ როდესაც სხვა რომელიმე ხელოსნის იარაღი რომ აიღო ხელში, ამის წყალობით ვერც ხელოსანი გახდები ერთბაშად და ვერც ათლეტი, თუ საგანგებოდ არ შეგისწავლია სათანადო ხელობა, და არც ამ იარაღის ხმარება შეგიძლია. - ეგრე რომ არა, მაშინ ყოველგვარი იარაღი მართლაც რომ ფასდაუდებელი იქნებოდა. - მაშასადამე, რაც უფრო მნიშვნელოვანია მცველების საქმე, მით უფრო შეუთავსებელია იგი სხვა საქმიანობასთან, რადგანაც უდიდეს ოსტატობასა და გულმოდგინებას მოითხოვს. - მეც ეგრე მგონია. - აუცილებელია სათანადო ბუნებრივი მონაცემები, რათა თავი გაართვა მას. - რა თქმა უნდა. - ასე რომ, თუკი ძალი შეგწევს, ჩვენი საქმეა იმათი გულმოდგინე შერჩევა, ვინც თავისი ბუნებრივი მონაცემებით შეიძლება სახელმწიფოს მცველად გამოდგეს. - დიახ, სწორედ ჩვენი საქმეა. - ვფიცავ ზევსს, ძნელ საქმეს მივყავით ხელი! მაგრამ შევინარჩუნოთ სიმხნევე და შეძლებისდაგვარად აღვასრულოთ ჩვენი ვალი. - ვცადოთ. - როგორ გგონია, როცა დაცვას ეხება საქმე, არის თუ არა რაიმე განსხვავება ჯიშიანი ლეკვისა და კეთილშობილი ჭაბუკის ბუნებრივ თვისებებს შორის? - მაინც რა თვისებებს გულისხმობ? - რასა და იმას, რომ ერთსაც და მეორესაც უტყუარი ალღო უნდა ჰქონდეს, ორივე ერთნაირად სწრაფი უნდა იყოს და უჩვეულო ძალის პატრონიც, რათა უმალვე შეიგრძნონ მტრის სიახლოვე, სწრაფად წამოეწიონ მომხდურს და თავიანთი ძალითა სძლიონ. - მართალს ბრძანებ. - მაგრამ მტერთან შებმა ხომ სიმამაცეს მოითხოვს? - რასაკვირველია. - მერედა, რა სიმამაცე უნდა მოსთხოვო ძაღლს, ცხენსა თუ ნებისმიერ სხვა ცხოველს, ვის არსებაშიც არ ბობოქრობს სიფიცხის მბორგავი სული? ნუთუ არ შეგიმჩნევია სიფიცხის შეუპოვარი და უძლეველი ძალა? ასე რომ, სული, რომელშიაც ძალუმად ბორგავს სიფიცხე, არაფერს შეუდრკება და არც არავის წინაშე დაიხევს უკან. - შემიმჩნევია. - ახლა ხომ ხედავ, რანაირი თვისებები უნდა ამკობდნენ სახელმწიფოს მცველის სხეულს? - ვხედავ. - აგრეთვე სულსაც: ეს გახლავს სიფიცხე. - დიახ. - კი მაგრამ, თუ ყველა მცველი ამნაირია, გლავკონ, განა ისინი დაუნდობელნი არ იქნებიან, როგორც ერთურთის, ისე დანარჩენ თანამოქალაქეთა მიმართაც? - ვფიცავ ზევსს, ძნელი კითხვაა. - მაგრამ ისინი ლმობიერნი უნდა იყვნენ თავისიანებისადმი და ულმობელნი – მტრების მიმართ, თორემ გადამთიელთა ლოდინი აღარ დასჭირდებათ: თვითონვე გაავლებენ მუსრს ერთი-მეორეს. - ჭეშმარიტად. - მაშ, რა ვქნათ? სად ვპოვოთ ზნე ლმობიერი და, იმავდროულად, ულმობელიც? ლმობიერება ხომ უპირისპირდება სულის სიფიცხეს? - ცხადია. - ხოლო თუ კაცი არც ლმობიერია და არც ულმობელი, ნამდვილი მცველიც ვეღარ იქნება. როგორც ჩანს, ეს პირობა განუხორციელებელია და, ამრიგად, შეიძლება დავასკვნათ, რომ ჭეშმარიტ მცველსაც ვერსად ვიპოვით. - ვაი რომ ეგრეა, – თქვა გლავკონმა. - ერთხანს ვყოყმანობდი და ვცდილობდი გამეხსენებინა ყველაფერი, რაც ზემოთ ითქვა. - ეჰ, ჩემო ძვირფასო, – ვუთხარი ბოლოს გლავკონს, – ამ გამოუვალ მდგომარეობაში მიტომაც ჩავცვივდით, რომ თვითონვე დავივიწყეთ ის, რაც სანიმუშოდ მოვიხმეთ. - რას გულისხმობ? - არც კი დავფიქრებულვართ იმაზე, რომ არსებობენ ისეთი ზნენი, ამ ურთიერთ საპირისპირო თვისებებს რომ ითავსებენ. - მაინც? - ეს უფრო ნათლად ჩანს ცხოველების, უწინარეს ყოვლისა კი იმის მაგალითზე, რაც წეღან მცველს შევადარეთ. ხომ მოგეხსენება ჯიშიანი ძაღლების ბუნება: რა ალერსიანნი არიან შინაურებისა თუ პატრონის ნაცნობ-მეგობრების მიმართ და, პირიქით, რა გააფთრებით უტევენ უცნობთ. - რა საკითხავია. - მაშასადამე, ეს შესაძლებელია და მცველში ამნაირ ზნეს რომ ვეძებთ, სულაც არ ვუპირისპირდებით ბუნებას. - როგორც ჩანს, არა. - რას იტყვი, ამ ჩვენს მომავალ მცველს ერთი რამ მაინც ხომ არ აკლია? – მარტო სიფიცხე არ კმარა: თავისი ბუნებით, სიბრძნესაც უნდა მიელტვოდეს. - როგორ? აი, ეგ კი არ მესმის. - ეს შეიძლება თვით ძაღლებშიაც შენიშნო; მართლაც რომ საოცარი თვისებაა ცხოველებისა. - მაინც რა თვისებას გულისხმობ. - უცნობის დანახვაზე ძაღლი ავდება, თუმცა ამ უცხო კაცს არაფერი დაუშავებია მისთვის, ნაცნობის დანახვაზე კი კუდის ქიცინით ეგება ფეხქვეშ, თუმცა არავითარი სიკეთე არ ახსოვს მისგან. არასოდეს განუცვიფრებიხარ ამას? - მართალი გითხრა, დღემდე არც კი დავფიქრებულვარ ამაზე, მაგრამ ცხადია, რომ ძაღლი მართლაც ეგრე იქცევა. - მისი ბუნების ეს თავისებურება მართლაც რომ საოცარია და, ასე განსაჯე, ჭეშმარიტად ბრძნულიც. - როგორ? - როგორ და ისე, რომ მტერ-მოყვარეს მხოლოდ იმის მიხედვით განასხვავებს ერთმანეთისგან, ნაცნობია ის თუ უცნობი. მერედა, რა არის ეს, თუ არა სწრაფვა შემეცნებისკენ, როცა უცხოსა თუ შინაურის განსაზღვრის ცნობა, ან, პირიქით, არცნობა უდევს საფუძვლად? - ვერავინ უარყოფს მაგას. - კი მაგრამ, სწრაფვა შემეცნებისკენ ხომ იგივეა, რაც სიბრძნისკენ სწრაფვა? - დიახ. - ამიტომ თამამად შეგვიძლია დავუშვათ, რომ თუ ადამიანიც შინაურებისა და ნაცნობ-მეგობრების მიმართ ლმობიერია და ალერსიანი, მაშასადამე, მისთვის ბუნებით ნიშნეულია სიბრძნისა და შემეცნებისაკენ სწრაფვა. - დავუშვათ. - ასე რომ, სახელმწიფოს უზადო მცველისთვის ნიშნეული იქნება არა მარტო სიფიცხე, სისწრაფე და ძალა, არამედ სულიერი სრულყოფილებაც. - ჭეშმარიტად. - აი, რანაირი იქნება ჩვენი მცველი. მაგრამ როგორ უნდა ვწვრთნათ იმის მიკვლევაში, რასაც ვეძებთ, ესე იგი, ბოლოს მაინც თუ მივხვდებით, რანაირად იჩენენ თავს სახელმწიფოში სამართლიანობა და უსამართლობა. ნუ დავივიწყებთ ჩვენი საუბრის ამ ძირითად მიზანს, რათა სიტყვა მეტისმეტად არ გაგვიგრძელდეს.       მაშინ გლავკონის ძმამ ჩაურთო: - მე თუ მკითხავთ, ამ საკითხის განხილვა ძალზე სასარგებლო იქნება ჩვენთვის. - ვფიცავ ზევსს, ჩემო ძვირფასო ადიმანტე, – ვუთხარი მე, – თავადაც მაგ აზრისა ვარ; ხელს ნუ ავიღებთ ამაზე, თუნდაც უსაშველოდ გაგვიჭიანურდეს ძიება. - სწორი გადაწყვეტილებაა. - მაშ, მოდი, მოცლილი მეზღაპრეებივით დინჯად და აუჩქარებლად, საქმით თუ არა სიტყვით მაინც შევუდგეთ ჩვენი მცველების აღზრდას. - ჩვენი ვალიც სწორედ ეგ არის. - კი მაგრამ, რანაირად აღვზარდოთ ისინი? თუმცა ძნელია მივაკვლიოთ იმაზე უკეთეს საშუალებას, რაც უძველესი დროიდანვეა ცნობილი. სხეულისათვის ეს გახლავთ გიმნასტიკური აღზრდა, სულისათვის კი – მუსიკური. - ეგრეა. - ხოლო მუსიკური აღზრდა წინ უნდა უსწრებდეს გიმნასტიკურს. - რა თქმა უნდა. - მუსიკური აღზრდაო, რომ ვამბობთ განა მასში სიტყვიერებასაც არ ვგულისხმობთ? - ცხადია, ვგულისხმობთ. - მაგრამ სიტყვიერება ორგვარია – ჭეშმარიტი და ყალბი. - დიახ. - აღზრდისთვის ორივე გვჭირდება, მაგრამ ყალბით უნდა დავიწყოთ. - არ მესმის, რას ამბობ, თქვა ადიმანტემ. - რა არ გესმის? – ვუთხარი მე, – ის, რომ პატარა ბავშვებს ყველაზე უმალ თქმულებები უნდა ვუამბოთ? თქმულება კი, არსებითად, ყალბია, თუმცა ის ჭეშმარიტებასაც შეიცავს. ბავშვების აღსაზრდელად ჩვენ უმალ თქმულებებს მივმართავთ, ვიდრე გიმნასტიკას. - მართალს ბრძანებ. - ამიტომაც მოგახსენე, მუსიკური ხელოვნებით უნდა დავიწყოთ და მხოლოდ შემდეგ გადავიდეთ გიმნასტიკურზე-მეთქი. - სწორია. - მერედა, ნუთუ არ იცი, რომ ყველა საქმეში მთავარია დასაწყისი, მით უმეტეს, როცა საქმე ეხება ნორჩსა და სათუთ არსებას რადგანაც სწორედ ამ ასაკში ყალიბდება და სულში თანდათანობით ფესვს იდგამს ის თვისებები, რომლებიც გვინდა მოზარდში განვავითაროთ. - სრული სიმართლეა. - განა შეიძლება დავუშვათ, რომ ბავშვები ვისგანაც გნებავთ, იმისაგან ისმენდნენ ღმერთმა იცის რანაირ თქმულებებს, რომლებიც უმეტესწილად უპირისპირდებიან ყოველივე იმას, რაც ჩვენ გვსურს ჩავუნერგოთ და ცხოვრების გზაზეც ვუსაგზლოთ მათ? - ვერა, ვერ დავუშვებთ. - უწინარეს ყოვლისა, თვალყური უნდა ვადევნოთ თქმულებათა მთხზველებს: თუ მათი ქმნილება ფასეულია, ჩვენც მოვიწონებთ, თუ არა და, უარვყოფთ მას. დედებსა და აღმზრდელებს ვთხოვთ, მხოლოდ ჩვენს მიერ მოწონებული თქმულებები უამბონ თავიანთ პატარებს, რათა მათი მეშვეობით უფრო უმალ ჩამოქნან და ჩამოაყალიბონ ნორჩების სული, ვიდრე მათი სხეული – ხელებით. იმ თქმულებების უმრავლესობა კი, რომლებსაც დღეს უამბობენ ბავშვებს, უნდა უარყონ. - მაინც რა თქმულებებს გულისხმობ? - ჩვენ შეგვიძლია უფრო ვრცელი თქმულებების მიხედვით შევაფასოთ უფრო მცირენი, რადგანაც ყველა თქმულება, ვრცელიც და მცირეც, ერთნაირ მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდეს და ზემოქმედებითაც ერთნაირ ზემოქმედებას ახდენდეს სულზე; რას იტყვი, ასე არაა? - დიახ, ასეა, მაგრამ არ მესმის, ვრცელ თქმულებებად მაინც რომელი თქმულებები იგულისხმება? - თქმულებები, რომლებსაც ჰესიოდე, ჰომეროსი და სხვა პოეტები გადმოგვცემენ; რადგანაც სწორედ მათი მონაჩმახია ის ყალბი ლათაიები, რომლებიც, ვინ მოსთვლის, რამდენისთვის უამბნიათ და დღესაც უამბობენ. - არა, მაინც რას აყვედრი მათ? - რასაც უწინარეს ყოვლისა და უპირატესად აყვედრიან ხოლმე უკეთური სიცრუისა და სიყალბის მთხზველებს. - როგორ? - როცა უგვანი სიტყვით უარყოფითად წარმოგვიჩენენ ღმერთებს თუ გმირებს, ეს იგივეა, რომ მხატვარმა თავისი ნახატი ვერაფრით ვერ მიამგვანოს იმას, რისი დახატვაც სურდა. - თუ ასეა, შენი ყვედრება გამართლებულია, მაგრამ რამდენად იმსახურებენ პოეტები ამას? - ჯერ ერთი, თავისი უდიერებით უდიდესი სიცრუე შეთხზა და ცილი დასწამა დიად ღმერთებს, ვინაც მოჩმახა, თითქოს ურანოსს ჩაედინოს მთელი ის საშინელება, რასაც მას მიაწერს ჰესიოდე, კრონოსს კი შური ეძიოს მასზე. იგივე ითქმის კრონოსის სისასტიკესა და იმ საზარელ სანაცვლოზედაც, გადმოცემით, ზევსმა რომ მიაგო მას. ყოველივე ეს მართალიც რომ იყოს, ჩემის აზრით, მაინც არავისთვის უნდა მიგვეცა იმისი ნება, რომ ასე წინდაუხედავად ეამბნათ ამდენი უკუღმართობა ჯერ კიდევ უნდილი და უგუნური ბალღებისათვის. აჯობებდა კრინტიც არ დაგვეძრა ამაზე, ანდა, თუ იძულებულნი ვიქნებოდით, ვიღაცისთვის მაინც გაგვენდო ეს, რაც შეიძლება ნაკლები მსმენელი გვყოლოდა, ხოლო ამ მიზნით ღმერთებისათვის გოჭი კი არა, უძვირფასესი და უიშვიათესი მსხვერპლი უნდა შეგვეწირა, რათა ორიოდე სანდო კაცის გარდა არავის მოესმინა ჩვენი სიტყვები. - ეს თქმულებები მართლაც რომ საეჭვონი ჩანან. - ამიტომაც ჩვენს სახელმწიფოში საერთოდ უნდა ავკრძალოთ ისინი, ადიმანტე. რად უნდა ჩავაგონოთ უმწიფარ მსმენელს, რომ შეიძლება საშინელი დანაშაულიც ჩაიდინოს, შეიძლება სასტიკად აწამოს თუნდაც უსამართლობის მოქმედი მამა, მაგრამ ამაში არაფერი იქნება უჩვეულო და არნახული, რაკიღა ისევე იქცევა, როგორც იქცევიან თვით უპირველესი და უდიდესი ღვთაებანი. - ვფიცავ ზევსს, მეც მეჩვენება, რომ უმჯობესია კრინტიც არ დავძრათ ამაზე. - და არც იმაზე, თუ როგორ ომობენ ღმერთები, მახეს უგებენ და ერკინებიან ერთმანეთს (ვაი სირცხვილო!), თუ გვინდა ჩვენს მომავალ მცველებს სათაკილოდ მიაჩნდეთ ის ამბავი, რომ შეიძლება ასე ადვილად წაეკიდონ ერთიმეორეს. რაც შეეხება გიგანტთა ბრძოლებსა თუ გაუთავებელ შუღლსა და მტრობას, ერთის მხრივ, უკვდავ ღმერთებს და გმირებს, ხოლო მეორეს მხრივ, მათ ნათესავებსა და ახლობლებს შორის, – სასტიკად უნდა ავუკრძალოთ ყველას მთელი ამ სისაძაგლის აღწერა და თავიანთი აღწერილობის ზიზილ-პიპილებით შემკობა; პირიქით, თუ გვინდა ჩავაგონოთ მსმენელს, რომ ჩვენი თანამოქალაქენი, არასოდეს აშლიან ერთიმეორეს, და რომ ეს იქნებოდა ნამდვილი ღვთისმგმობლობა, – დედაბრებიც და ბერიკაცებიც ხშირ-ხშირად უნდა უამბობდნენ თავიანთ პატარა შვილიშვილებს წინაპრების სასახელო საქმეთა ამბავს, თუმცა არც დავაჟკაცებულთ აწყენდა ამის გამეორება, მაგრამ აქ საქმეში უნდა ჩავრთოთ პოეტები და ვაიძულოთ ისინი, ნაბიჯითაც არ გადასცდნენ ჩვენს მიერ მონიშნულ გზას. ხოლო როდესაც გადმოგვცემენ, თუ რანაირად გაკოჭა ჰერა მისმა ძემ, ან ზევსმა როგორ მოისროლა ოლიმპოდან ჰეფესტოსი, რომელსაც სურდა გამოსარჩლებოდა დედას და გაცოფებული მეუღლის მუშტებისგან დაეხსნა იგი, ან კიდევ რა გააფთრებით ებრძვიან ღმერთები ერთმანეთს ჰომეროსის წარმოსახვით, – ამას ნამდვილად ვერ მოვითმენთ ჩვენს მიერ დაარსებულ სახელმწიფოში, მთელი ეს მონაჩმახი წმინდა წყლის ალეგორიაც რომ იყოს. რანაირად გაარჩიოს უნდილმა ბალღმა, სადაა ალეგორია და სად არა? ამ ასაკში მიღებული შთაბეჭდილებანი კი უცვლელად და წარუშლელად აღიბეჭდებიან მის სულში. აი, რატომ ვანიჭებთ ესოდენ დიდ მნიშვნელობას იმას, რომ ყველა თქმულება, რომელსაც სულ პირველად ისმენენ ბავშვები, ხელს უწყობდეს მათ სულში სიქველის აღზრდას. - შენი მსჯელობა საფუძველს მოკლებული როდია; – თქვა ადიმანტემ, – მაგრამ ვინმეს რომ ეკითხა ჩვენთვის, მაინც რომელი თქმულებები იგულისხმებაო, რას მივუგებდით პასუხად? - ეჰ, ჩემო ადიმანტე, – ვუთხარი მე, – ჩვენ ახლა პოეტები კი არა ვართ, არამედ სახელმწიფოს დამფუძნებლები; თქმულებების თხზვა კი ფუძემდებელთა საქმე როდია: მათთვის სავსებით საკმარისია იმისი ცოდნა, თუ რანაირ ნიმუშთა მიხედვით უნდა თხზავდნენ პოეტები თავიანთ თქმულებებს, რათა ამ ნიმუშთა დამახინჯების საშუალება არ მისცენ მათ. - მართალს ბრძანებ, – თქვა ადიმანტემ, – მაგრამ მაინც რა ნიმუშებს უნდა მივსდევდეთ ღმერთებზე მსჯელობისას? - თუნდაც ამას: რანაირიცაა ღმერთი, იმნაირადვე უნდა იქნეს გამოყვანილი პოეზიის ნებისმიერ სახეობაში, სულერთია, ეპიური პოეზია იქნება ეს, ლირიკული თუ ტრაგიკული. - ალბათ. - კი მაგრამ, განა ღმერთი კეთილი არაა თავისთავად, და განა ასევე არ უნდა იქნეს წარმოდგენილი? - რა თქმა უნდა. - სიკეთე კი არ შეიძლება მავნე იყოს; ასეა, არა? - ცხადია. - ხოლო ის, რაც მავნე არ არის, შეუძლებელია ვინმეს ვნებდეს. - რასაკვირველია. - მაგრამ ის, რაც არავის ვნებს, რანაირად შეიძლება რაიმე ბოროტებას სჩადიოდეს? - არასდიდებით არ შეიძლება. - ხოლო ის, რაც არავითარ ბოროტებას არ სჩადის, შეუძლებელია რაიმე ბოროტების მიზეზი იყოს. - რა თქმა უნდა. - მაშასადამე, სიკეთე სასარგებლოა? - დიახ. - ესე იგი, კეთილი საქმის მიზეზიც? - დიახ. - ასე რომ, ყველაფრის მიზეზი კი არ არის, არამედ მხოლოდ კეთილი საქმისა, და არა ბოროტის. - ჭეშმარიტად. - მაშასადამე, რაკიღა ღმერთი კეთილია, ის ყველაფრის მიზეზი კი არ არის, როგორც ჰგონია ბევრ ჩვენგანს, არამედ მხოლოდ მცირედის მიზეზია კაცთათვის, მრავალი რამის მიზეზად კი ვერ ვიტყვით მას: აკი ჩვენს ცხოვრებაში კარგი გაცილებით ნაკლებია, ვიდრე ცუდი. სიკეთის მიზეზად მხოლოდ ღმერთი თუ შეიძლება მიგვაჩნდეს, ბოროტებას კი სხვა მიზეზი უნდა გამოვუძებნოთ. - ჩემის აზრით, ცამდე მართალი ხარ. - ასე რომ, ჩვენ ვერ გავიზიარებთ ვერც ჰომეროსისა და ვერც რომელიმე სხვა პოეტის მცდარ წარმოდგენას ღმერთებზე, როგორც, მაგალითად, აი, ამნაირ უაზრობას: «ორი ვეება თიხის ხალამი დაუდგამთ ზევსის სასახლის ზღურბლზე, სვესვიანობით სავსეა ერთი, ხოლო მეორე – სვედავსილობით,»       და ვისაც ზევსი ორივეს ნაზავს სთავაზობს, «მის სიცოცხლეში რიგრიგობით ენაცვლებიან ერთიმეორეს სიხარული და მწუხარება.»       ანდა ამაზე რაღას იტყვით? – «ზევსია, მოკვდავთ რომ უნაწილებს სიკეთესაც და ბოროტებასაც»       ვერც იმას მოვუწონებთ საქციელს, ვინც ამტკიცებს, რომ პანდაროსს ათენამ და ზევსმა გაატეხინეს ფიცი და დაარღვევინეს საზავო ხელშეკრულება. იგივე ითქმის ზევსისა და თემიდას მიერ გამოწვეულ ღმერთების შუღლსა და მათ ბრძოლებზედაც. ვერც იმის ნებას დავრთავთ ვინმეს, რომ ჭაბუკ მსმენელებს გააცნონ ესქილეს ლექსი: «ღმერთი მიზეზს არ დაულევს მოკდავთ, როცა სურს მოსრას, მოაოხროს ვისიმე სახლი».       თუ რომელიმე ნაწარმოებში გამოერევა ამნაირი იამბიკური ლექსები, სადაც აღწერილი იქნება ნიობესა თუ პელიპიდების ტანჯვა-ვაება, ტროას ომის ამბები და სხვა მისთანანი, პოეტმა ვერ უნდა გაბედოს იმისი თქმა, რომ მთელი ეს უბედურება ღმერთმა მოუვლინა მის გმირებს, ანდა, თუ მაინც გაბედავს, დაახლოებით იგივე აზრი უნდა გამოუძებნოს ყოველივე ამას, რასაც ჩვენ ამჟამად ვიკვლევთ; გამოუძებნოს და გვაუწყოს, რომ ღმერთი მხოლოდ სიმართლისა და სიკეთის მოქმედია, ხოლო სასჯელი, ამ ადამიანებს რომ დაატყდა თავზე, თვით მათთვისვეა სასარგებლო. მაგრამ არავის უნდა ჰქონდს იმის თქმის ნება, რომ ღვთის მიერ დასჯილი მოკვდავნი უბედურები არიან, და სწორედ ღმერთია მათი უბედურების მიზეზი. ხოლო თუ პოეტი, პირიქით, იტყვის, რომ ბოროტმოქმედნი უბედურები არიან და ამიტომ სასჯელი საჭიროა მათთვის, რადგანაც უბედურებას უმსუბუქებთ და ამის გამო ლამის ღვთის წყალობად ევლინებათ, – ეს შეიძლება დასაშვებად მიგვაჩნდეს. მაგრამ როდესაც ამტკიცებენ, რომ ღმერთი, რომელიც კეთილია თავისი არსით, ვიღაცისათვის შეიძლება ბოროტების მიზეზი იყოს, ამას ყოველნაირად უნდა აღვუდგეთ წინ, რათა არავის წამოსცდეს და არცერთი მოქალაქის – არც ყმაწვილი კაცისა და არც მოწიფულის ყურს არ მისწვდეს ეს ღვთისმგმობლობა, სულერთია, გინდ პოეტური სიტყვით იყოს გადმოცემული და გინდ პროზაულით, თუკი გულწრფელად ვესწრაფით ჩვენს მიერ დაარსებულ სახელმწიფოში კანონიერების სუფევას, რადგანაც ამნაირი მტკიცება მკრეხელურია, მოქალაქეთათვის აშკარად მავნე და შინაგანი წინააღმდეგობის შემცველი. - შენთან ერთად ხმას ვაძლევ ამ კანონს: ძალიან მომწონს. - ეს იქნება პირველი კანონი, რომელიც ეძღვნება ღმერთებს, და პირველი ნიმუში, რომლის თანახმადაც პოეზიაშიც და სიტყვიერების ყველა სხვა დარგშიაც უნდა ვამტკიცოთ, რომ ღმერთი ყველაფრის მიზეზი კი არ არის, არამედ მხოლოდ სიკეთისა. - სავსებით საკმარისია. - მაშინ გადავიდეთ მეორე კანონზე. როგორ გგონია, ნუთუ ღმერთი ჯადოქარია და, თითქოს განზრახ, ხან ერთი სახით გვევლინება და ხან მეორით: ზოგჯერ თვითონვე იცვლება და თავისი საკუთარი იერის ნაცვლად ურიცხვ სხვადასხვა სახეს იღებს, ზოგჯერ კი გვაცთუნებს და გვაიძულებს ხან რად წარმოვიდგინოთ და ხან რად? თუ ღმერთი რაღაც მარტივია და ყველაზე ნაკლებ შესწევს იმის უნარი, რომ თავისი საკუთარი რაობიდან გამოვიდეს? - ასე სახელდახელოდ გამიჭირდება მაგ კითხვაზე პასუხი გაგცე. - მაგრამ იქნებ ამაზე მაინც მიპასუხო: როცა რაიმე თავისი საკუთარი რაობიდან გამოდის, აუცილებელია თუ არა, რომ ან თავისით იცვლებოდეს, ან რაღაცის ზემოქმედებით? - დიახ, უცილებელია. - მაგრამ ის, რაც ყველაზე სრულყოფილია, ყველაზე ნაკლებ განიცდის ცვალებადობას სხვა რამის ზეგავლენით. ასე მაგალითად, განა ჯანსაღი და ძლიერი სხეული ყველაზე ნაკლებ არ იცვლება სმა-ჭამისა თუ გარჯის შედეგად? ან ნებისმიერი მცენარე – მზის სითბოს, ქარისა თუ სხვა მისთანათა ზემოქმედებით? - რა თქმა უნდა. - მერედა, განა მტკიცე და გონიერებით მოსილი სულიც ყველაზე ნაკლებ არ იცვლება და იმღვრევა გარეშე საგანთა ზემოქმედებით? - დიახ. - იმავე მიზეზის ძალით, ყველა რთულ საგანსაც – დგამ-ავეჯს, ნაგებობას ანდა ტანსაცმელს, თუკი ის კარგი ნახელავია და სათანადოდ მოვლილი, – ყველაზე ნაკლებ ცვლის დროისა და სხვათა და სხვათა ზემოქმედება. - სწორია. - კი მაგრამ, განა ღმერთი, ისევე, როგორც ყოველივე ღვთაებრივი თუ ღვთაებისეული, ყოველმხრივ სრულქმნილი არ არის? - რა თქმა უნდა. - ამიტომ ღმერთი ყველაზე ნაკლებ უნდა იღებდეს სხვადასხვა სახეს. - ჭეშმარიტად. - თუკი თვითონვე არ იცვლება და გარდაიქმნება. - რა თქმა უნდა, თუკი საერთოდ იცვლება. - მერედა, რად გარდაიქმნება: იმად, რაც უფრო უკეთესია და მშვენიერი, თუ იმად, რაც უარესია და მახინჯი? - რასაკვირველია, იმად, რაც უარესია, თუკი ის საერთოდ გარდაიქმნება. მართლაცდა, ხომ ვერ ვიტყვით, თითქოს ღმერთს მშვენიერება ან სიკეთე აკლდეს? - ცამდე მართალი ხარ, – ვუთხარი მე, – და რაკი ასეა, როგორ გგონია, ადიმანტე, გინდ ღმერთი და გინდ კაცი თავისი ნებით შეიცვლიდა თავს და, ამა თუ იმ თვალსაზრისით, უფრო უარესი გახდებოდა, ვიდრე თვითონაა სინამდვილეში? - შეუძლებელია, – თქვა ადიმანტემ. - მაშასადამე, შეუძლებელია ისიც, რომ ღმერთს თავისი თავის შეცვლა სურდეს. ყოველი ღმერთი, უმშვენიერესი და უსრულქმნილესი, ყოველთვის მარტივია და თავისი საკუთარი სახით არსებობს. - მე მგონია, ეგ უდავოა და უცილობელი. - მაშ, დაე, ნურცერთი პოეტი ნუ გაბედავს იმის თქმას თითქოს «ღმერთები ხშირად უცხო კაცთა სახეს იღებენ, და ამნაირად ფერნაცვალებნი დაწანწალებენ კარითი-კარად.»       ნურც ნურავინ მოგვახვევს თავს ათასნაირ სისულელეს პროტევსისა თუ თეტიდას თაობაზე; ნურც ტრაგედიებსა თუ სხვა ქმნილებებში გამოიყვანენ ქურუმ ქალად გარდაქმნილ ჰერას, მოწყალებას რომ თხოულობს «ინახოსის, არგოსელთა დიდი მდინარის, კეთილმოწყალე შვილებისათვის.»       და საერთოდაც, მოეშვან ამ აბდაუბდას. თავიანთი მხრივ, აღარც დედები უნდა ენდონ ამნაირ თქმულებათა მთხზველებს და აღარ დააშინონ შვილები მათი უკეთური გამონაგონით, თითქოს ღმერთები უცხოელთა სახეს იღებდნენ და ათასნაირად იერშეცვლილნი ღამღამობით დაწანწალებდნენ კარდაკარ, – რათა ღვთისმგმობლობაც აიცილონ თავიდან და თავიანთი პატარებიც დაიხსნან შიშისაგან. - მართალს ბრძანებ. - ამრიგად, ღმერთები არ იცვლებიან, მაგრამ, იქნებ, ჯადოქრობით თუ თვალთმაქცობით გვაცთუნებენ და იმნაირ წარმოდგენას გვიქმნიან, თითქოს სხვადასხვა სახით გვევლინებოდნენ? - შესაძლოა. - კი მაგრამ, – ვუთხარი მე, – განა ღმერთი ინებებს სიტყვით თუ საქმით იცრუოს და აჩრდილად წარმოგვიჩინოს თავი? - რა მოგახსენო. - ნუთუ არ იცი, რომ ნამდვილი სიცრუე, თუ შეიძლება ასე ითქვას, თანაბრად საძულველია ღმერთთა და კაცთათვისაც? - როგორ? - როგორ და ისე, რომ არავინ ნებაყოფლობით არ ისურვებს სიცრუის თქმას იმის თაობაზე, რაც ყველაზე არსებითია თვით მასში და არანაკლებ არსებითია საერთოდაც, რადგანაც არაფერი ისე არ აშინებს კაცს, როგორც ამნაირი სიცრუე. - რა ვქნა, არ მესმის. - შენ გგონია, რაღაც უჩვეულოს ვამტკიცებ? არა, მხოლოდ იმას ვამბობ, რომ ყველაზე ძნელი ასატანია გაცრუებული დარჩე საგანთა არსში წვდომისას, თავიდან ვერ აიცილო უმეცრება და სიყალბე; ამ მხრივ, სიცრუეზე უფრო საძულველი მართლაც რომ არა არის რა. - რა თქმა უნდა. - ჰოდა, ჩემს წეღანდელ გამოთქმას რომ მივუბრუნდეთ, სრული უფლება გვაქვს ვამტკიცოთ, რომ ნამდვილი სიცრუე სხვა არა არის რა, თუ არა შემცდარი კაცის სულში ღრმად ფესვგადგმული უმეცრება, რადგანაც სიტყვით გამოხატული სიცრუე მხოლოდ მის ერთგვარ მიბაძვად, მის ანარეკლად გვევლინება, ეს კი აღარ იქნება წმინდა და შეურევნელი სიცრუე; ასეა, არა? - რასაკვირველია. - ნამდვილი სიცრუე საძულველია არა მარტო ღმერთებისათვის, არამედ კაცთათვისაც. - მეც ეგრე მგონია. - კი მაგრამ, სიტყვიერი სიცრუე ხანდახან მაინც თუა სასარგებლო, როცა მას საძულველად ვეღარ მივიჩნევთ? ასე მაგალითად, ჩვენს მტრებსა თუ ეგრეთწოდებულ მეგობრებს სიშმაგემ ან სიშლეგემ რომ დარიოს ხელი და რაღაც საშინელების ჩადენა დააპირონ, განა სიცრუე სასარგებლო არ იქნება, თუკი მისი წყალობით შეიძლება ლაგამი ამოვდოთ მათ მძვინვარებას და ამ საბედისწერო ნაბიჯის გადადგმის საშუალება არ მივცეთ? ანდა ავიღოთ თუნდაც ის თქმულებები, რომლებზედაც წეღან ვლაპარაკობდით: განა აქაც სიცრუეს სასარგებლოდ არ ვაქცევთ, როცა ვცდილობთ შეძლებისდაგვარად მივუახლოვოთ და მივამგვანოთ იგი სიმართლეს, რაკიღა არ ვიცით, რანაირი იყო საქმის ვითარება უხსოვარ დროში? - მართალს ბრძანებ. - მერედა, ამ თვალსაზრისით, მაინც როდის შეიძლება სიცრუე სასარგებლო იყოს ღმერთისთვის? იქნებ წარსულის ამბები არ იცის და ამიტომაც ცდილობს სიმართლეს მიამგვანოს სიცრუე? - სასაცილო იქნებოდა, ეგრე გვეფიქრა. - მაშასადამე, ღმერთისთვის უცხოა ცრუ პოეტი. - რა თქმა უნდა. - იქნებ, ღმერთს მტრების ეშინია და ეს აიძულებს იცრუოს? - შეუძლებელია. - ან, იქნებ, ღვთისმოყვარეთა სიშმაგე და სიშლეგეა ამის მიზეზი? - შმაგთა და შლეგთა შორის არ არიან ღვთისმოყვარენი. - მაშასადამე, არ არსებობს არავითარი მიზეზი, რაც ღმერთს აიძულებდა ეცრუა. - არავითარი. - ესე იგი, ნებისმიერი დემონიური თუ ღვთაებრივი ბუნებისათვის სრულიად უცხოა სიცრუე. - დიახ, სრულიად უცხოა. - ასე რომ, ღმერთი რაღაც მარტივია და მართალი, როგორც სიტყვით, ისე საქმითაც; არც თვითონ იცვლება და არც სხვებს აცთუნებს სიცრუით, არც სიტყვებით და არც მოჩვენებებით, არც ცხადში და არც სიზმარში. - შენ რომ გისმენ მეც ეგრე მგონია. - მაშასადამე, შენ აღიარებ, რომ მსჯელობასაც და პოეტურ შემოქმედებასაც, რომელთა საგანიც ღმერთია, სწორედ ეს მეორე ნიმუში უნდა ედოს საფუძვლად: ღმერთები თვალთმაქცნი ან ჯადოქრები როდი არიან, რომ სახე იცვალონ და სიტყვით თუ საქმით გვაცთუნონ. - დიახ, ვაღიარებ. - ასე რომ, შეიძლება უთვალავი ღირსების გამო ქებას ვასხამდეთ ჰომეროსს, მაგრამ ვერ მოვუწონებთ იმ სიზმარეულ ჩვენებას, ზევსმა რომ მოუვლინა აგამემნონს; ვერც ესქილეს ჩავუთვლით მიღწევად იმ ადგილს, სადაც თეტიდა ამბობს, თვით აპოლონი მღეროდა ჩემს ქორწილშიო: «და აღმითქვამდა, ბედნიერი დედობა გელის, შენს ნაშიერთ კი – სიჯანსაღე და დღეგრძელობა, ო, გიხაროდეს, გმფარველობენ თვითონ ღმერთები! ასე მღეროდა, და სიამით მიძგერდა გული, რადგანაც მწამდა, რომ სიცრუე არ დასცდებოდა ღვთაების ბაგეს, მაგრამ ვაი რომ ვინც აღმითქვა ეს ნეტარება, მუხანათი თვითონვე გახდა ჩემი ძის მკვლელი...»       ვინც ამას იტყვის ღმერთებზე, ჩვენს აღშფოთებას გამოიწვევს; ამიტომ არც ქოროს მივცემთ მას და არც იმის ნებას დავრთავთ აღმზრდელებს, რომ ახალგაზრდობის აღზრდისას ამნაირ ქმნილებებს იყენებდნენ, რადგანაც ჩვენი მცველები ისეთი ღვთისმოსავნი და ღვთისდარნი უნდა იყვნენ, როგორიც საერთოდ შეიძლება იყოს ადამიანი. - სავსებით ვეთანხმები ამ წესებს და მზადა ვარ კანონებად ვაღიარო ისინი. ◄ წინა ნაწილი გაგრძელება ► შენიშვნა: პოსტის სათაური არ შეესაბამება პლატონის ამ დიალოგის (სახელწმიფო) მეორე წიგნის ავტორისეულ სათაურს. პოსტის სათაური არის პოსტის ავტორის მიერ თემატურად შერჩეული სათაური. …
დაამატა ლაშა to ფილოსოფია at 2:15pm on ოქტომბერი 28, 2016
  • 1
  • ...
  • 70
  • 71
  • 72
  • 73
  • 74
  • 75
  • 76
  • 77
  • 78
  • 79

Welcome to
Qwelly

რეგისტრაცია
ან შესვლა

ღონისძიებები

  • დაამატე ღონისძიება

ბლოგ პოსტები

ოსკარის 2026 წლის დაჯილდოება - გამარჯვებულები და ნომინირებულები

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: მარტი 16, 2026.
საათი: 11:30pm 0 კომენტარი 1 Like

ოსკარი 2026 სრული სია

      ისევ დამიგვიანდა! ეტყობა, მართლა დავბერდი და უკვე აღარც კი…

გაგრძელება

2026 Guide to the Best AI Voice Generation for Creators and Businesses

გამოაქვეყნა supprity_მ.
თარიღი: მარტი 13, 2026.
საათი: 6:30pm 0 კომენტარი 0 მოწონება

As we step further into 2026, the landscape of content creation is being transformed by AI-powered technologies. Among these innovations, voice generation stands out as one of the most impactful tools for creators, businesses, and educators.…

გაგრძელება

Gallium Market to Reach $860 million by 2033

გამოაქვეყნა Heden Brock_მ.
თარიღი: მარტი 9, 2026.
საათი: 10:00am 0 კომენტარი 0 მოწონება

According to our latest research, the Global Gallium market size was valued at $430 million in 2024 and is projected to reach $860 million by 2033, expanding at…

გაგრძელება

How Minidumperfactory Electric Garden Loader Manufacturer Adapts to Energy Trends

გამოაქვეყნა Minidumperfactory00_მ.
თარიღი: მარტი 2, 2026.
საათი: 6:30am 0 კომენტარი 0 მოწონება

Electric Garden Loader Manufacturerstrategies are increasingly centered on advanced battery systems as demand grows for efficient and low-emission landscaping equipment. Energy storage technology now plays a defining role in how electric compact…

გაგრძელება

How Can A Ball Valve Factory Enhance Long Term System Comfort And Stability

გამოაქვეყნა Naishi Valve_მ.
თარიღი: თებერვალი 9, 2026.
საათი: 9:30am 0 კომენტარი 0 მოწონება

Choosing a reliable partner often begins with understanding how a  shapes ideas into practical solutions. Behind every smooth operation, there is a place where attention, patience, and process quietly work together. Valves may seem ordinary at…

გაგრძელება

The Final Barrier Between the World and Ruin

გამოაქვეყნა Karmasaylor_მ.
თარიღი: იანვარი 22, 2026.
საათი: 10:30am 0 კომენტარი 1 Like

ARC Raiders Items takes place in a retro-futuristic science-fiction world where humanity has been pushed to the brink by an unrelenting mechanical force known as the ARC. These machines descend from orbit, tear apart settlements, and hunt…

გაგრძელება
  • დამატება დღიურში
  • ყველა

Qwelly World

free counters

© 2026   George.   • Ning - platform for social network creation and community website building

პანაღია  |  პრობლემის აღმოჩენისას!  |  Terms of Service

საუბრის დაწყება!