ძიება
  • რეგისტრაცია
  • შესვლა

Qwelly

ძიების შედეგები - ფსიქოლოგიური

თემა: შესავალი პიროვნების ფსიქოლოგიაში
რომლებიც აღწერენ და ახსნიან ფსიქოლოგიურ ინდივიდუალობებს. შესაბამისად, კონსტრუქტების ვალიდაცია პიროვნების კვლევის ძირითადი ამოცანაა. პიროვნების  ფსიქოლოგების  მიერ  შემოთავაზებული  მრავალი  კონსტრუქტი  სამ  ფართო  ჯგუფში  შეგვიძლია გავაერთიანოთ, ესენია: დისპოზიციური ნიშნები, დამახასიათებელი ადაპტაციები და ინტეგრაციული ცხოვრებისეული ისტორიები. რას იკვლევენ პიროვნების ფსიქოლოგები პიროვნების ფსიქოლოგიაში არსებული ლიტერატურის მიმოხილვამ აჩვენა, რომ ეს სფერო ფსიქოლოგიის სხვა მიმართულებებისგან იმით განსხვავდება, რომ თეორეტიზაციასა და კვლევაში აქცენტს პიროვნების სამ განსხვავებულ ასპექტზე აკეთებს, ესენია: ინდივიდუალური განსხვავებები, მოტივაცია და ჰოლიზმი. ინდივიდუალური განსხვავებები         პიროვნების ფსიქოლოგებისთვის უპირველესი და, ალბათ, უმნიშვნელოვანესია ადამიანთა შორის ინდივიდუალური განსხვავებები. იქნება ეს ფროიდის ორალური და ანალური ხასიათის ტიპები, აიზენკისეული ინტროვერსია და ექსტრავერსია, თუ CPI-ის1 თვითანგარიშის კითხვარის სკალები, სწორედ ადამიანების რეაქციებს შორის განსხვავებების ასახვაზეა საუბარი. თუ პიროვნების ფსიქოლოგიაში უკვე კანონიკურად წოდებული მარეისეული ფრაზის2 პირველი ნაწილი ადამიანის ბუნების ზოგად თავისებურებებს შეეხება, მეორე და მესამე ნაწილი ასახავს იმას, თუ რითი განსხვავდებიან ადამიანები ერთმანეთისგან, კერძოდ, საუბარია იმ განზომილებებზე, რომლებიც ადამიანთა შორის რეკურენტულ და მდგრად განსხვავებებს ქმნიან. ბერნროიტერის მრავალნიშნიანი კითხვარიდან მოყოლებული, პიროვნების ფსიქოლოგებმა თვითანგარიშის ასობით კითხვარი შექმნეს, რომლებიც ისეთი განზომილებების მიხედვით ცდილობენ ინდივიდუალური განსხვავებების შესწავლას, როგორიცაა, მაგალითად, დომინანტობა, თვითკმარობა, სოციალურობა და ნეიროტიციზმი. პიროვნებებს . 2 ”ყოველი ადამიანი გარკვეული ასპექტებით (ა) ჰგავს ყველა სხვა ადამიანს, (ბ) ზოგიერთ სხვა ადამიანს და (გ) არ ჰგავს არც ერთ სხვა ადამიანს” .ლილი ხეჩუაშვილი პიროვნების კვლევა   შორის თანდაყოლილ ვარიაციებზე კონცეპტუალურ აქცენტს, ტრადიციულად, კორელაციურ მეთოდამდე მივყავართ. ეს არის ინდივიდუალური განსხვავებების შესწავლაზე განსაკუთრებით მორგებული კვლევითი სტრატეგია. კორელაციურ მეთოდში პიროვნების ბაზისურ განზომილებებში არსებულ, სავარაუდოდ, სტაბილურ და კონსისტენტურ ინდივიდუალურ განსხვავებებს უკავშირებენ მნიშვნელოვან ქცევით შედეგებში გამოვლენილ განსხვავებებს. მოტივაცია  პიროვნების ფსიქოლოგიის მეორე ტრადიციული აქცენტი მოტივაციაზე კეთდება. სოციალური მეცნიერებების სფეროში პიროვნების ფსიქოლოგიას ყველაზე მეტად აინტერესებს ადამიანის ქცევისა და გამოცდილების შინაგანი მამოძრავებლები. ეს ორიენტაცია ოლპორტამდე (1937) გამოცემულ წიგნებშიც ძალზე თვალსაჩინოდაა გამოკვეთილი. მაგალითად, გარნეტი, ციტირებულია წყაროში წერს, რომ პიროვნების პრობლემის გასაღები სხვაგან სად უნდა ვეძიოთ, თუ არა მისი ქცევის სათავეებთან. ფროიდისეული ლტოლვებიდან და მარეისეული მოთხოვნილებებიდან დაწყებული და როჯერსის თვითაქტუალიზაციის ტენდენციით დამთავრებული, პიროვნების ყველაზე გავლენიანი თეორიები იმ შინაგანი ფაქტორების იდენტიფიცირებას ცდილობდნენ, რომლებიც ენერგიით აღავსებდნენ და წარმართავდნენ ადამიანის ქცევას. მოტივაციური მიდგომები მოქმედების დინამიკაზე ფოკუსირდებიან; ძალებზე, რომლებიც წარმართავენ ადამიანებს იმის საკეთებლად, რასაც რეალურად აკეთებენ ისინი, იქნება ეს ბიოლოგიური აღმძვრელები, ტვინის მოდულები, კოგნიტური სქემები თუ ემოციური სკრიპტები. ადამიანის მოტივაციით დაინტერესებული პიროვნების ფსიქოლოგები კვლევისას ხშირად უპირატესობას ექსპერიმენტულ მეთოდს ანიჭებენ. მოტივაციური მდგომარეობების გამოწვევა ან აქტივაცია სრულიად შესაძლებელია გაკონტროლებულ ლაბორატორიულ პირობებში; ასევე, შესაძლებელია მნიშვნელოვან დამოკიდებულ ცვლადებზე (განზომილებებზე) მათი ზემოქმედების აღწერა (მაგალითისთვის იხ.. მართალია, ექსპერიმენტები ემპირიული ფსიქოლოგიის სხვა მრავალ მიმართულებაშიც გამოიყენება და ბევრი სხვადასხვა მიმდინარეობის წარმომადგენელი პიროვნების ფსიქოლოგიც იყენებს, ტრადიციულად, ექსპერიმენტებს პიროვნების ის მკვლევრები ანიჭებენ უპირატესობას, რომლებიც ადამიანის ქცევისთვის ენერგიისა და მიმართულების მიცემაზე პასუხისმგებელი შინაგანი ძალების კვლევით არიან დაკავებულნი. ჰოლიზმი:ერთიანი ერთიანი პიროვნება        პიროვნების ფსიქოლოგებს, ბევრი სხვა ფსიქოლოგისგან განსხვავებით, აინტერესებთ მთლიანი, ერთიანი პიროვნება. ეს ინტერესი ორგვარად ვლინდება. პიროვნების ფსიქოლოგები ცდილობენ მოიცვან ფაქტორთა ფართო სპექტრი, რომლებიც მრავალ სხვადასხვა დონეზე   ლილი ხეჩუაშვილი პიროვნების კვლევა ოპერირებენ და ამ მცდელობის მიზანს ცალკეული ინდივიდის ცხოვრების კომპლექსურობის დასაბუთება წარმოადგენს პიროვნების მრავალი თეორია ხასიათდება ისეთი ინტეგრაციული ცნებებისადმი კეთილგანწყობით, როგორიცაა, მაგალითად, ოლპორტის პროპრიუმი და ერიკსონის ეგო-იდენტურობა. ეს ცნებები მოწოდებულია იმის ასახსნელად, თუ როგორ პოულობენ ან აგებენ თავად პიროვნებები საკუთარ მთლიანობას; როგორ ხდება, რომ კონკრეტული ცხოვრებები გარკვეული ხარისხის ერთიანობით, მიზანმიმართულობითა და ინტეგრაციულობით ხასიათდებიან. შტერნი (1924) ამტკიცებდა, რომ პიროვნება მრავალფორმიანი დინამიკური არსებაა. მარეის  მიაჩნდა, რომ მრავალ ცხოვრებას ახასიათებს ერთიანობის თემა. შედარებით მოგვიანებით, დეკიმ და რიანმა   აღწერეს ავტონომიის, კომპეტენტურობისა და დაკავშირებულობის ორგანიზმული მოთხოვნილებები, რომელთაგან თითოეული, მე-ს აუთენტური მთლიანობის გამოხატვისას, ინტეგრაციულ ფუნქციას ასრულებს. ჰოლიზმსა და ინტეგრაციაში ამ კონცეპტუალურმა შენატანმა ინდივიდუალური ცხოვრების შესწავლას ანუ შემთხვევის შესწავლას გაუღო მეთოდოლოგიური კარი. კორელაციური და ექსპერიმენტული კვლევა პიროვნების ფსიქოლოგიაში ნომოთეტურ ტრადიციას ქმნიან ანუ ტრადიციას, რომელიც ისეთი თვისებების შესწავლითაა დაკავებული, რომლებიც, ზოგადად, პიროვნებებს ან პიროვნებათა ზოგიერთ სპეციფიკურ ჯგუფებს ახასიათებთ. ამის საპირისპიროდ, შემთხვევის შესწავლა კვლევა-ძიების იდეოგრაფიულ ტრადიციას განეკუთვნება ანუ ტრადიციას, რომელიც კონკრეტული პიროვნებების შესწავლითაა დაინტერესებული. ზოგი ავტორი ამტკიცებს  რომ მხოლოდ ერთი კონკრეტული შემთხვევის ინტენსიური შესწავლით არის შესაძლებელი პიროვნების ჰოლისტური და ინტეგრაციული ბუნების სრულად დანახვა და დაფასება. სწორედ ამ სამ ძირითად მიდგომას —კორელაციურ კვლევას, ექსპერიმენტსა და შემთხვევის შესწავლას — განვიხილავთ მოგვიანებით. პიროვნების თეორია და კვლევა         როგორც პირველ ცხრილშია (ცხრილი 1) წარმოდგენილი, პიროვნების ფსიქოლოგები ქმნიან თეორიებს და ატარებენ კვლევებს, რომლებიც მიზნად ისახავენ ინდივიდუალური განსხვავებების, ადამიანის მოტივაციისა და მთლიანი პიროვნების შესწავლას. პიროვნების ფსიქოლოგები შეისწავლიან პიროვნების ფსიქოლოგიური წყობის იმ ფართო და სოციალური შედეგის მქონე მახასიათებლებს, რომლებითაც აიხსნება მისი ინდივიდუალობა. გარდა ამისა, ვინაიდან ადამიანები მიზნით მართული არსებები არიან, შეუძლებელია ყურადღების მიღმა დარჩეს მოტივაციის საკითხები. შესაბამისად, პიროვნების ფსიქოლოგების ყურადღების ველში ხვდება მთლიანი პიროვნებების აგენტური (agential, მიზანზე მიმართული) ინდივიდუალობა. ისინი ცდილობენ, ინდივიდუალური პიროვნებები განიხილონ, როგორც ინტეგრირებული და ინტენციური აგენტები (ანუ მოქმედების სუბიექტები), რომლებიც რთულ/კომპლექსურ სოციალურ სამყაროში ცხოვრობენ, ლილი ხეჩუაშვილი პიროვნების კვლევა. აქედან გამომდინარე, პიროვნების თეორიები და კვლევა ფსიქოლოგიური ინდივიდუალობის სოციალურად ყველაზე გავლენიანი შედეგების შესახებ ყველაზე მეტად დამაინტრიგებელ კითხვებზე ეძებენ პასუხებს, როგორიცაა: რა განასხვავებს ყოველ ცალკეულ პიროვნებას დანარჩენებისგან? რატომ აკეთებს ეს კონკრეტული პიროვნება იმას, რასაც აკეთებს (ან თავს იკავებს იმის გაკეთებისგან, რისი გაკეთებაც არ სურს)? რატომ ცხოვრობს ეს პიროვნება ისე, როგორც ცხოვრობს? ფსიქოლოგიური ტერმინებით რომ ვთქვათ, რაზეა საუბარი, როდესაც ამ კონკრეტულ პიროვნებაზე და, საერთოდ, ნებისმიერ პიროვნებაზე ვსაუბრობთ?        XX საუკუნის დასაწყისში პიროვნების ფსიქოლოგებმა ბევრი დიდი თეორია შექმნეს მთლიანი პიროვნების აგენტური3 ინდივიდუალობის აღსაწერად და ასახსნელად . ფროიდი, იუნგი, ადლერი, ოლპორტი, მარეი, ანგიალი, გოლდშტეინი, მერფი, ჰორნი, ფრომი, ერიკსონი, სალივანი, როჯერსი, მასლოუ, კელი და კიდევ რამდენიმე სხვა ავტორი პიროვნების შესახებ თავიანთ ზოგად თეორიებს შემთხვევის შესწავლაზე, კლინიკურ გამოცდილებაზე, ფილოსოფიასა და ლიტერატურაზე, საღ აზრსა და საკუთარ პირად ისტორიებზე დაყრდნობით აგებდნენ. მილერი და დოლარდი, როტერი, კეტელი და აიზენკი უფრო მეტად განიცდიდნენ ლაბორატორიული მეცნიერების გავლენას და ამიტომ მათი შთაგონება, უპირატესად, კვლევის 3 Agential, agency – სოციალურ მეცნიერებებში ფართოდ გამოყენებული ტერმინი, რომელიც აღნიშნავს მოქმედ სუბიექტს, რომელიც თავად არის საკუთარი ქცევის განმსაზღვრელი და აქტიურად მონაწილეობს გარემოსთან ინტერაქციაში.   ლილი ხეჩუაშვილი პიროვნების კვლევა   არსებულ შედეგებში და/ან გასული საუკუნის შუა წლებში არსებული ბიჰევიორიზმის ზოგად პრინციპებში იღებდა სათავეს  II მსოფლიო ომის შემდეგ პიროვნების მკვლევრები მნიშვნელოვან შეზღუდვებს წააწყდნენ რამდენიმე წლით ადრე შექმნილ დიდ თეორიებში. პირველ რიგში, ფროიდის, იუნგისა და მთელი რიგი სხვა თეორეტიკოსების მიერ წამოყენებული მრავალი მოსაზრება ძალზე ზოგადი ან ძალზე ბუნდოვანი იყო, რათა შესაძლებელი ყოფილიყო მათი ემპირიულად შემოწმება. როგორ უნდა გაეზომათ ფროიდის ოიდიპოსის კომპლექსი? როგორ უნდა შეეფასებინათ იუნგის დებულება, რომ ყველა პიროვნებას საერთო, საზიარო კოლექტიური არაცნობიერი აქვს? სხვა შემთხვევებში, მკვლევრებმა შეძლეს ამ თეორიებიდან წარმოებული ზოგიერთი კონკრეტული ჰიპოთეზის შემოწმება და მათი დამადასტურებელი მონაცემები ძალზე მწირი აღმოჩნდა. თუმცა, მიუხედავად ყველაფრისა, დიდმა თეორიებმა დასაბამი მისცეს და სიცოცხლისუნარიანი გახადეს მრავალი გამორჩეული კვლევითი პროგრამა, რომლებიც პიროვნების კონკრეტულ მკვლევრებს, მათ სტუდენტებსა და ლაბორატორიებს ეკუთვნით. მაგალითად, მარეის პერსონოლოგიურმა თეორიამ სათავე დაუდო მაკლელანდისა (1961) და უინტერის (1973) უფრო მეტად ფოკუსირებულ კვლევას, რომელიც მიზნად ისახავდა მიღწევისა და ძალაუფლების მოთხოვნილებების შესწავლას, რამაც გარდაუვლად მიგვიყვანა პიროვნული მისწრაფებების, მიზნებისა და გეგმების კვლევამდე. პიროვნების ფსიქოლოგების მიერ უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში შექმნილი თეორიები უფრო მეტად ფოკუსირდებიან ადამიანის ინდივიდუალობის ვიწრო სფეროებზე და მეტად იყენებენ სისტემატურ ემპირიულ დაკვირვებას, ვიდრე — კლასიკური დიდი თეორიების უმრავლესობა. ასეთ თეორიებს შორის ყველაზე გავლენიანია მიჯაჭვულობის თეორია (Bowlby, J., 1969), სოციოანალიტური თეორია, თვითდეტერმინაციის თეორია, თვითრეგულაციის სხვადასხვა თეორია, კოგნიტურ-აფექტური სისტემების თეორია, ლოვინგერის ეგოს განვითარების თეორია, ბლოკის ეგოს კონტროლისა და მოქნილობის თეორია, ტომკინსის სკრიპტის თეორია, იდენტობის ცხოვრებისეული ისტორიის მოდელი და (სახელისდა მიუხედავად) დიდი ხუთეულის ნიშნების ტაქსონომია. მიუხედავად იმისა, რომ ყველა ეს თეორია პიროვნების ინდივიდუალობის საკმაოდ ფართო ხედვას გვთავაზობს, ისინი არ აკეთებენ გადაუმოწმებელ განცხადებებს, რაც ასე სჩვეოდათ გასული საუკუნის პირველი ნახევრის დიდ თეორიებს.       ლილი ხეჩუაშვილი პიროვნების კვლევა        კონტრუქტების ფორმულირება: ანალიზის დონეები როგორც უკვე აღინიშნა, პიროვნების თეორიების ძირითადი ფუნქცია ინდივიდუალური ცვალებადობის გაზომვადი მახასიათებლების შეთავაზებაა. ამ მახასიათებლებს ხშირად კონსტრუქტებს უწოდებენ ხოლო მნიშვნელოვან პროცესს, რომელიც მიზნად ისახავს ამ მახასიათებლების სათანადო საზომების შექმნასა და მათი მნიშვნელობის (აზრის) შესწავლას, კონსტრუქტის ვალიდაცია ჰქვია კონსტრუქტები მოსახერხებელი ფიქციაა, რომლებიც იმის აღწერასა და ახსნაში გვეხმარება, რასაც უშუალოდ, პირდაპირ ვერ შევაფასებთ. არავის არასოდეს უნახავს, გაუგონია, უყნოსია, შეხებია ან დაუგემოვნებია ექსტრავერსიის ან მიღწევის მოთხოვნილების კონსტრუქტი. ამის ნაცვლად, ქცევათმეცნიერთა გავლენიანმა საზოგადოებამ მიაღწია შეთანხმებას, რომ ფსიქოლოგიური ინდივიდუალობის შესახებ ისეთი კონსტრუქტების ტერმინებით ისაუბრონ, როგორიცაა ექსტრავერსია და მიღწევის მოთხოვნილება. მიუხედავად იმისა, რომ კონსტრუქტები სოციალური შედეგების მქონე ფიქციებია, აღმოჩნდა, რომ ზოგიერთი კონსტრუქტი უკიდურესად სასარგებლოა რეალობის აღწერისა და ახსნისთვის კვლევა აჩვენებს, რომ პიროვნების მრავალი კონსტრუქტი მეტ-ნაკლები ხარისხით მუშაობს და ზოგიერთი უკეთ მუშაობს, ვიდრე სხვები. კონსტრუქტები ასახავენ იმას, რასაც კრონბახი და მიჰლი კვლევის შედეგების ნომოლოგიკურ ქსელს უწოდებდნენ. მაშასადამე, თავად კონსტრუქტის სარგებლიანობა და ვალიდობა ნომოლოგიკური ქსელის სიმდიდრისა და დიაპაზონის ფუნქციაა. ის ეუბნება სამეცნიერო საზოგადოებას, ‖ამჟამად რა ვიცით კონსტრუქტის შესახებ. ფაქტობრივად, კონსტრუქტის ყოველ შემდგომ ცალკეულ კვლევას თავისი მცირე წვლილი შეაქვს იმ ცოდნაში, რომელიც უკვე არსებობს მოცემული კონსტრუქტის შესახებ და ნომოლოგიკური ქსელის შემდომ გაფართოვებას გვთავაზობს.ამიტომ ნომოლოგიკური ქსელი მუდმივი განვითარების პროცესში იმყოფება დღესდღეობით არ არსებობს ფართო თეორია ან კონცეპტუალური სისტემა, რომელიც ელეგანტურად მოიცავდა პიროვნების თეორეტიკოსებისა და მკვლევრების მიერ ფორმულირებულ პიროვნების ყველა სასარგებლო და ვალიდურ კონსტრუქტს, თუმცა, კონსტრუქტთა უმრავლესობა შეიძლება სამ ფართო კონცეპტუალურ სფეროდ ანუ დონედ გაერთიანდეს როგორც წარმოდგენილია მეორე ცხრილში, I დონე მოიცავს დისპოზიციურ ნიშნებს, რომლებიც პოპულარული დიდი ხუთეულის ჩარჩოს ფარგლებშია ორგანიზებული. დისპოზიციური ნიშნები ხსნიან ქცევის ტენდენციებში არსებულ ფართო/ზოგად ინდივიდუალურ განსხვავებებს სხვადასხვა სიტუაციასა და დროს. ნიშნები, როგორც წესი, თვითანგარიშის კითხვარებით ფასდება და წარმოდგენას გვიქმნის ფსიქოლოგიური ინდივიდუალობის კონტურის, მონახაზის შესახებ.ლილი ხეჩუაშვილი პიროვნების კვლევა II დონე დამახასიათებელი ადაპტაციების ფართო სპექტრს უყრის ერთად თავს, როგორიცაა მოტივები,მიზნები, ინტერესები, ღირებულებები, სტრატეგიები და განვითარების საკითხები. დროის, ადგილის ან სოციალური როლის კონკრეტულ კონტექსტში მოცემული დამახასიათებელი ადაპტაციები შეეხება იმას, თუ რა სურთ ადამიანებს ცხოვრებაში და რას ერიდებიან, ანუ რა არ სურთ განვითარების კონკრეტულ პერიოდებში, კონკრეტულ სიტუაციებსა და კონტექსტებში და კონკრეტულ სოციალურ როლებთან მიმართებით. დამახასიათებელი ადაპტაციები მრავალ დეტალს მატებენ ფსიქოლოგიურ ინდივიდუალობას.        III დონე მოიცავს ინდივიდის ინტეგრაციულ ცხოვრებისეულ ისტორიას რომელიც პიროვნების ინტერნალიზირებული და განვითარების (ჩამოყალიბების) პროცესში მყოფი თვითნარატივ(ებ)ისგან შედგება და მიზნად ისახავს წარსულის რეკონსტრუქციასა და მომავლის იმგვარად წარმოსახვას, რომ ცხოვრებას საზრისი, ერთიანობა და მიზანი შესძინოს. ცხოვრებისეული ისტორიები უშუალოდ საუბრობენ იმაზე, თუ რას ნიშნავს მოცემუ დროსა და საზოგადოებაში ლოკალიზებული მთლიანი/ერთიანი ცხოვრება და როგორ მეორე ცხრილში წარმოდგენილი კონსტრუქტების თითოეულმა ჯგუფმა ბოლო რამდენიმე ათწლეულისგანმავლობაში პიროვნების ფსიქოლოგიაში განხორციელებულ მრავალ აქტიურ და სკრუპულოზულად დაგეგმილ კვლევით პროექტს დაუდო სათავე. …
დაამატა Kakha to ფსიქოლოგია at 10:17pm on იანვარი 20, 2015
კომენტარს: თემა 'თანასწორობა!'
ებული ნიჭი... წესით ყველა თანასწორია, თუმცა რეალურად ჩვენთვის ისინი განსხვავებულები არიან.  LsHისა_მ თქვა: ნუ მე მასე არ ვიტყოდი რომ იბოდიალე, ნებისმიერი მოსაზრება მნიშვნელოვანია. უბრალოდ ვერ მიგიხვდი კარგად :( საქმეც ისაა ვინ რას მიიჩნევს თოჯინად, ვინ რას ბურთად და ა.შ. :( ცნობიერება, აზროვნება, შემეცნება, და შემდგომში თავისუფლება, თანასწორობა, სამართლიანობა ხომ მარტივი ელემენტების შემეცნებიდან იწყება :| merab CH._მ თქვა: ეგ კი შესამჩნევია, თუ რა სათამაშოებიც აქვთ იმის მიხედვით.. ბიჭების შემთხვევაში არცა გასაკვირი ალბათ ყავთ ვინმე შესაბამისი სფეროდან.. გოგოები კი ძირითადად თოჯინებით თამაშობენ... ისინი ვისაც 1–2 სათამაშო აქვთ ისინი უბრალოდ გართობის მიზნითაა,რომელიც რაიმე საორიენტაციოს არ გამოხატავს.. ვიბოდიალე რა :))  LsHისა_მ თქვა: ნუ ამ ფოტოების აზრი იყო ბავშვები არჩევანი და შემდგომი პროფესიის განსაზღვრის ფსიქოლოგიური ასპექტების შესწავლა მერაბ, ეს უბრალოდ აღარ დავწერე ზემოთ. მე სხვა რამ მაინტერესებდა... სად გადის ზღვარი თანასწორობაში? :( ვინ განსაზღვრავს Chiwa_ს სათამაშოს და Cun Zi Yi_ს გასართობს? მათ სამომავლო აზროვნებას რომელიც სწორედ სათამაშოდან ყალიბდება? merab CH._მ თქვა: ყველა ხომ მაინც ბავშვია იმათ ვისაც 1 სათამაშო აქვთ უფრო უხარიათ ეგ სათამაშო და უფრო იციან მისი ფასი, ვიდრე იმათ ვისაც ბევრი აქვს... ძაან მაგარი ფოტო კოლაჟია, თუმცა დარწუნებული ვარ ამაათზე უკეტესად საინტერესო და გამოსაჩენი ფოტოებიც ექნებოდა,რომელიც უფრო კარგად დაგვანახებდა მთავარს..  …
დაამატა merab CH. to ეს საინტერესოა at 1:34am on აპრილი 5, 2013
თემა: საკუთარი თავის ღალატი უფლის ღალატის ტოლფასია
ში, არის რამდენიმე წიგნის ავტორი.       ბატონი დავითი სწავლობს ქართულ რეალობაში ნარკომანიის პრობლემას, მას საგანგებო გამოკვლევაც მიუძღვნა და გამოსცა სათაურით „ნარკომანიის მორევი“.       მკითხველისთვის უაღრესად საინტერესო და საყურადღებო იქნება მისი მოსაზრებები სხვა საკითხებთან დაკავშრებითაც.   - ბატონო დავით, თქვენ უწმიდესისა და უნეტარესის ილია II-ის ლოცვა-კურთხევით დაარსებულ ნარკომანთა რეაბილიტაციის ცენტრში ამ უმძიმესი სენით შეპყრობილ ადამიანებთან გიწევთ ურთიერთობა. გვიამბეთ ცენტრის დაფუძნებისა და მისი საქმიანობის შესახებ   - ერთ-ერთი სოციოლოგიური კვლევის შედეგად უმუშევრობა და ნარკომანია ქვეყანაში უპირველეს პრობლემებად დასახელდა. შეიძლება ითქვას, რომ საქართველოში ეპიდემიაა და განსაკუთრებით ახალგაზრდა თაობა ეძალება ამ დამღუპველ საშუალებებს. ჩვენი ცენტრი მოწოდებულია, რომ ადამიანს მოუხსნას ნარკოტიკზე ფსიქოლოგიური დამოკიდებულება - ეს ყველაზე მნიშვნელოვანი მომენტია ჩვენს საქმიანობაში. თუმცა ამის მისაღწევად გარკვეული საფეხურებია გასავლელი: პირველ ეტაპზე ხდება ფიზიკური დამოკიდებულების, ე.წ. „ლომკის“ მოხსნა. ცნობილია, რომ ყველა ნარკომანი ცხოვრებაში ერთხელ მაინც გადალახავს ფიზიკურ დამოკიდებულებას ნარკოტიკის მიმართ, თუმცა საბოლოოდ მაინც არ ხდება მისი სრული გათავისუფლება ამგვარი მიდრეკილებისაგან. ეს იმიტომ ხდება, რომ ადამიანი ფსიქოლოგიურად არის დამოკიდებული ნარკოტიკულ საშუალებებზე: არსებობს მოსაზრება, თითქოს პიროვნება ამ გზით ახდენს საკუთარი თავის რეალიზაციას, ნარკოტიკის საშუალებით ის უფრო გაბედული, თამამი ხდება. პარალელს სუფრასთან გავავლებ: რამდენიმე სადღეგრძელოს დალევის შემდეგ ჩვენ გვიადვილდება საკუთარი თავის წარმოჩენა, დავძლევთ სიმორცხვეს, ვღებულობთ სიამოვნებას, გარკვეულწილად გავრბივართ სინამდვილიდან ან გვიადვილდება ამ მდგომარეობაში ყოფნა. ნარკოტიკის შემთხვევაში კი ეს ფაქტორი უფრო თვალსაჩინოა და ეფექტური.       ყველაზე მთავარი კი ის არის, რომ ნარკოტიკის საშუალებით ადამიანი გაურბის ყოველდღიურობის სიმძიმეს, ათასგვარ განსაცდელს, რაც უფლისგანაა დაშვებული ჩვენს გასაძლიერებლად. ბევრი ამსოფლიურ წნეხს ვერ უძლებს და ნარკოტიკში პოულობს „შვებას“. ჩვენი ცენტრის მიზანია, რომ ადამიანის ნარკოტიკისკენ გაქცევის სწრაფვა მოვთოკოთ, ვასწავლოთ ნარკომანს სენთან ბრძოლის ხერხები. ნარკოტიკზე უარის თქმის შემთხვევაში მასზე დამოკიდებული ადამიანები კრიტიკულ მდგომარეობაში ვარდებიან, გარკვეული პერიოდის შემდეგ კი თავქუდმოგლეჯილები მიისწრაფვიან ჭაობისკენ. ჩვენ მათთან ერთად ვებრძვით ამ სასიკვდილო სენს.   - რამდენად ხშირად იგებთ ამ ბრძოლას?   - ამ ჭიდილში ხშირად ვმარცხდებით... თითქოს ნარკოტიკისთვის თავის დანებება ყველას უნდა, თითქოს უნდათ თავი დაიხსნან ამ დამოკიდებულებისგან, მაგრამ გადამწყვეტ დროს მათგან ძალიან ცოტა იჩენს სათანადო ძალისხმევას. პრობლემა პიროვნებასა და მის ნებისყოფაშია. ჩვენ ვცდილობთ, ყველა პირობა შევუქმნათ ამ უმნიშვნელოვანესი ნაბიჯის გადასადგმელად, დანარჩენი უკვე მათზეა დამოკიდებული - რეაბილიტაციის ცენტრში ადამიანებს ვეუბნებით, რომ ღმერთს შეუძლია მათი წუთის მეათედში შეცვლა, ნარკოტიკებზე დამოკიდებულების მოხსნა, მაგრამ არ აკეთებს: უფალი ელოდება, თუ როდის გადადგამს ადამიანი ნაბიჯს მისკენ, საკუთარი თავისუფალი ნების საფუძველზე როდის იტყვის უარს თვითმკვლელობაზე.   - ბატონო დავით, თანამედროვე მსოფლიო ნარკომანიას სხვადასხვა გზით ებრძვის: სენზე დამოკიდებულ ადამიანებს მედიკამენტური, ფსიქოლოგიური, სარეაბილიტაციო და სხვა საშუალებებით მკურნალობენ. საქართველოში ალბათ გაცილებით ადვილია ადამიანი გამოიხსნათ ნარკომანიისგან, რადგან დედაეკლესია და მისი სწავლება გეხმარებათ...   - გეთანხმებით... საბედნიეროდ, ათეისტური ეპოქა ისტორიას ჩაბარდა. პრიმიტივიზმია, თანამედროვე ადამიანს არ სჯეროდეს უფლის. ვიცით, რომ ჭეშმარიტ ნათელთან ერთად ჩვენს წუთისოფელზე ბოროტი ძალაც მოქმედებს. ნარკომანს სწორედ უფლის საწინააღმდეგო ძალა მოუწოდებს უკეთურების ჩასადენად. დამერწმუნეთ, ამ სულიერ ჭიდილში მარტო მედიკამენტებით, მხოლოდ ფსიქოლოგის ჩარევით ვერ გავხდებით ვერაფერს. აქ უმთავრესია მადლი, რომელიც ეკლესიის წიაღშია. ამიტომაც ჩვენი საყრდენი არის ეკლესია. ვცდილობთ, რომ ცენტრში მოსული ადამიანი ტაძარში სულიერ მოძღვართან მივიყვანოთ. დამეთანხმებით, რომ ყველა ვერ გამოდგება ნარკომანიით შეპყრობილი ადამიანის მოძღვრად: ეკლესიური ცხოვრება ცოდნისა და გამოცდილების გარეშე ქმედითი ვერ იქნება. აუცილებელია, რომ ულევი ეკლესიური ცოდნიდან და გამოცდილებიდან მოძღვარმა ამოკრიფოს ის აუცილებელი, რაც გადაარჩენს ნარკომანს - ისიც უნდა ითქვას, რომ ყველა მოძღვარი ამ მიმართულებით ვერ იჩენს სათანადო სიმარჯვეს.   - საკანონმდებლო ორგანოში აქტიურად მუშაობენ კანონპროექტზე ნარკომანიის შესახებ. ცხადია, რომ სახელმწიფო პოლიტიკა მომხმარებელი ნარკომანების მიმართ იცვლება - ნარკომანი არა თუ დამნაშავე, არამედ ავადმყოფია. თქვენი მოსაზრებები აღნიშნულ კანონპროექტთან დაკავშირებით.   - გარკვეული ხნის მანძილზე ვმუშაობდი ნარკოპოლიტიკის შემმუშავებელ ჯგუფში. ეს ჯგუფი შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ინიციატივით შეიქმნა. ჯგუფის ფარგლებში მუშაობისას ყოველთვის ვაცხადებდი ჩემს მოსაზრებას: არა თუ ნარკოტიკის გამავრცელებელი, არამედ მომხმარებელიც უნდა დასჯილიყო რაღაც ფორმით - ჯარიმა იქნებოდა თუ სხვა სანქცია. საზოგადოებაში აუცილებლად უნდა იყოს შიშის ან დასჯის ფაქტორი ნარკოტიკების მოხმარებასთან დაკავშირებით. თუ არ მოვთოკეთ ყოველგვარი საქმის გარეშე ქუჩაში მდგარი ახალგაზრდების მიდრეკილება ნარკომანიისკენ, შედეგი სავალალო იქნება. ამასთან, კანონპროექტში მოცემული გზა - ჯარიმის თანხით ნარკომანის მკურნალობისა მისაღებია.   - ბატონო დავით, დედაეკლესიის როლზე საუბრისას მიზანშეწონილი იქნება აღვნიშნოთ, თუ როგორ აგებინებენ ადამიანები ერთამენთს საკუთარ მოსაზრებებს ამა თუ იმ საჭირბოროტო საკითხებზე, განსაკუთრებით, როცა საქმე სულიერ და ეროვნულ თემებს ეხება...   - ჩვენთვის მთავარი ის ეკლესიური სწავლებანი და მოძღვრებანია, რომლებიც ზომიერებით გამოირჩევიან, გვასწავლიან ადამიანებთან სიყვარულით ურთიერთობას და ჭეშმარიტებას ქადაგებენ. შესაბამისად, მაგალითიც იმ ადამიანებისგან უნდა ავიღოთ, ვინც ამ სიყვარულითა და ზომიერებით ცხოვრობენ. მისი უწმიდესობის თითოეული ქადაგება, ნაბიჯი ხომ ამ მოძღვრების გამოხატულებაა?! ამიტომაც, ის ერის უპირველესი ავტორიტეტია.   - ბატონო დავით, ზემოაღნიშნული და სხვა მტკივნეულ თემაზე მსჯელობისას ალბათ არც ის უნდა დაგვავიწყდეს, რომ ქართველ ერს თითქმის სამი საუკუნის განვავლობაში საკუთარი სახელმწიფო არ ჰქონია. ისტორიული ბედუკუღმართობის გამო „ცარიზზმა“, შემდგომ ტოტალიტარულმა რეჟიმმა ქართველებს ამოუშანთა ქვეყნის მართვის და გაძღოლის უნარი...   - გეთანხმებით. ორ ათეულ წელზე ოდნავ მეტია გასული მას შემდეგ, რაც ავად თუ კარგად საკუთარი თავი გვეკუთვნის. ახლად ფეხადგმულ ბავშვს ვგავართ, რომელსაც ეჩქარება ყველაფრის სწავლა: ხშირად ეცემა, შეცდომებს უშვებს. ქართული სახელმწიფო კიდევ ბევრ სირთულეს გადააწყდება, სანამ საკუთარ თავს დაიმკვიდრებს თანამდეროვე სამყაროში. ქართველები ასე ვთქვათ, მაქსიმალისტები ვართ - სხვებისგან განსხვავებით, ისტორიის ამა თუ იმ მონაკვეთს მეტი სიმძაფრით, სისწრაფით გავდივართ, რაც ერთის მხრივ, კარგია, მაგრამ ამავე დროს მტკივნეულიცაა. მიუხედავად ბევრი სირთულისა და განსაცდელისა, მაინც ოპტიმისტად ვრჩები: მჯერა ქართული გონის, სულის, ინტუიციის, მიზანსწრაფვისა და ენერგიის. რაც მთავარია, საქართველო უფლისა და დედაღვთისმშობლისგან უზარმაზარი მადლითაა დაჯილდოებული. მალხაზ ჭკადუა …
დაამატა mariami to ფსიქოლოგია at 1:06am on დეკემბერი 14, 2013
თემა: ბავშვზე ძალადობის შედეგები
თელობას, განვითარებასა და სოციალიზაციას, ზოგჯერ კი საფრთხეს უქმნის მის სიცოცხლეს.       მთელ მსოფლიოში დაავადებების საერთო რაოდენობის მნიშვნელოვან ნაწილს ბავშვობაში გადატანილი ძალადობის შედეგად გამოწვეული ჯანმრთელობის პრობლემები შეადგენს.       ძალადობის ჯანმრთელობაზე გავლენის ზოგიერთი შედეგი დიდი ხანია გამოკვლეულია, ზოგიერთ შედეგს – ფსიქიკურ დარღვევებსა და სუიციდური ქცევებს - მხოლოდ ახლა დაეთმო მნიშვნელოვანი ყურადღება. ამჟამად არსებობს მტკიცებულებები, რომ უფროსებში გამოვლენილი მრავალი დაავადება – გულის იშემიური დაავადებები, სიმსივნე, ფილტვების ქრონიკული დაავადებები, გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომი და ფიბრომიალგია – ბავშვობაში გადატანილ ძალადობასთანაა დაკავშირებული. ამის ახსნა შესაძლებელია – ბავშვებს, რომელებიც ძალადობის მსხვერპლნი იყვნენ, ხშირად აღენიშნებათ ქცევითი რისკფაქტორები, ისეთი როგორიცაა სიგარეტის მოწევა, ალკოჰოლისადმი მიდრეკილება, ცუდი კვება, მოძრაობითი აქტივობების ნაკლებობა და სხვა. კვლევებმა ასევე გამოავლინა, რომ სერიოზული შედეგები შეიძლება გამოვლინდეს ძალდობის გადატანისთანავე, მოკლე დროში, და ასევე ხანგრძლივი პერიოდის შემდეგ (შორეული შედეგები).       მყისიერ შედეგებს მიეკუთვნება: ფიზიკური ტრავმები, დაზიანებები, ასევე ღებინება, თავის ტკივილები და ტვინის შერყევისათვის დამახასიათბელი სხვა სიმპტომები; ასევე მწვავე ფსიქიკური დარღვევები, რომელიც შეიძლება გამოვლინდეს აგზნების ან დათრგუნვის სახით. შედარებით მოზრდილ ბავშვებში ხშირად ვითარდება ძლერი დეპრესია საკუთრი უუნარობისა და არასრულფასოვნების განცდით. შორეული შედეგებიდან გამოყოფენ ფიზიკურ და ფსიქიკურ დაღვევებს, სხვადასხვა სომატურ დაავადებებს, პიროვნულ და ემოციურ დარღვევებს, სოციალურ შედეგებს. ფიზიკური და ფსიქიკური განვითარების დარღვევა       ბავშვების უმეტესობას, რომლებიც ცხოვრობენ ოჯახებში, სადაც ფიზიკური დასჯა და შეურცხყოფა აღზრდის მეთოდია ან ცხოვრობენ ოჯახებში, სადაც სითბოსა და ყურადღების ნაკლებობაა, აღენიშნებათ ფიზიკური და ფსიქიკური განვითარების შეფერხება. ბავშვები, რომლებიც ძალდობას განიცდიან, ხშირად ჩამორჩებიან თანატოლებს სიმაღლით, წონით ან ორივე მაჩვენებლით ერთდროულად. ისინი უფრო გვიან იწყებენ სიარულს, ლაპარაკს, იშვიათად იცინიან, ცუდად სწავლობენ სკოლაში. ასეთ ბავშვებს ხშირად აღენიშნებათ მავნე ჩვევები: თითების წოვა, ფრჩხილების კვნეტა, რწევა. ასევე ეს ბავშვები გარეგნულადაც განსხვავდებიან თავიანთი თანატოლებისაგან: მკრთალი სახით, შეშუპებული, მძინარე თვალებით, მოუწესრიგებელი და არაჰიგიენური ჩაცმულობითა და გარეგნობით – ხშირად აღენიშნებათ პედიკულოზი, სხვადასხვა სახის გამონაყარი.       დაავადებების სპეციფიკური ხასიათი ძალადობის ფორმაზეა დამოკიდებული:       ფიზიკური ძალადობის დროს ბავშვებს აღენიშნებათ სხეულის შინაგანი ორგანოებისა და გარეგანი დაზიანება: მოტეხილობა, დამწვრობა, სისხლჩაქცევები.       სექსუალური ძალადობის დროს ხშირად ვითარდება სასქესო გზებით გადამდები დაავადებები: სასქესო ორგანოების ინფექციურ-ანთებითი დაავადებები: სიფილისი, გონორეა, შიდსი, შარდ-სასქესო გზების მწვავე და ქრონიკული დაავადებები, სისხლდენა სასქესო ორგანოებიდან და სწორი ნაწლავიდან, საშოსა და სწორი ნაწლავის ჩახევა და სხვა.       ძალადობის ნებისმიერი ფორმის დროს ბავშვებს ფსიქომოტორული დარღვევები აღინიშნებათ: სიმსუქნე ან წონის მკვეთრი დაკარგვა, რაც განპირობებულია უმადობით. ემოციური ძალადობის დროს ბავშვებს ხშირად აღენიშნებათ ალერგიული დაავადებები, კუჭის წყლული; სექსუალური ძალადობისას - გაურკვეველი წარმოშობის ტკივილები მუცლის არეში. ხშირად ვითარდება ნერვულ-ფსიქიკური დაავადებები: უნებლიე მოძრაობები, მეტყველების დარღვევები, ენურეზი (შარდის შეუკავებლობა), ენკოპრეზი (ნაწლავთა მოქმედების შეუკავებლობა), ბავშვები ხშირად განმეორებით ხვდებიან სტაციონარში მოწამვლის, მოტეხილობების გამო.       ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, ბავშვებზე ძალადობის უარყოფითი შედეგები ერთნაირია სხვადასხვა კულტურულ და გეოგრაფიულ გარემოში. სხვადასხვა ქვეყანაში ჩატარებული გამოკვლევის შედეგად გამოვლინდა, რომ ბავშვებს, რომლებიც ძალადობრივ გარემოში ცხოვრობენ (ოჯახებში, სადაც დედები აცხადებენ, რომ ისინი ქმრებისგან განიცდიან ფიზიკურ ძალადობას), უფრო ხშირად აღენიშნებათ ქცევითი პრობლემები, როგორიცაა: ძილში შარდის შეუკავებლობა, ღამის კოშმარები და გადამეტებული აგრესიულობა ან სიმორცხვე, ვიდრე იმ ბავშვებში, რომლებიც არაძალადობრივ გარემოში ცხოვრობენ. ბავშვზე ძალადობა და თავის ტვინის განვითარების შეფერხება       ბოლო წლებში გაიზარდა მეცნიერული კვლევები თავის ტვინის ადრეული განვითარების შესწავლისათვის, ასევე იმის შესასწავლად, თუ რა გავლენას ახდენს ძალადობა ადრეული ბავშვობისა და მოზრდილობის ასაკში თავის ტვინის განვითარებაზე. მტკიცებულებათა მზარდი რაოდენობა ცხადყოფს, რომ ძალადობის ან ტრავმის ზემოქმედება გავლენას ახდენს განვითარების პროცესში მყოფ ბავშვის ტვინზე და ხელს უშლის ნორმალური განვითარების პროცესებს.       კვლევები ნათლად აჩვენებს, რომ ადრეულ ასაკში, განსაკუთრებით 3 წლის ასაკამდე, ხანგრძლივი ძალადობა და უგულებელყოფა მნიშვნელოვან ფიზიოლოგიურ ცვლილებებს იწვევს თავის ტვინის განვითარებაში. თავის ტვინის განვითარების ეს ცვლილებები, თავის მხრივ, მნიშვნელოვან უარყოფით გავლენას ახდენს ბავშვის ფიზიკურ, შემეცნებით, ემოციურ და სოციალურ ზრდაზე.       თავის ტვინის ცალკეული ნაწილები ვითარდება გარემოდან მიღებული სტიმულაციის შედეგად. ბავშვის თავის ტვინი იზრდება და ვითარდება აქტიურად და აღწევს ზომის 90% 3 წლის ასაკში. ამ პერიოდში მშობლებიMთუ ბავშვს იშვიათად ეხებიან და ცუდად კვებავენ, არ ზრუნავენ მასზე, ასეთ შემთხვევაში ბავშვის თავის ტვინის განვითარებას მნიშვნელოვანი ზიანი ადგება, რადგან ტვინი ეგუება გარემო პირობებს, იგი შეეგუება უარყოფით გარემო პირობებს ისევე, როგორც შეეგუებოდა დადებით გარემოს.       ქრონიკული სტრესი განსაკუთრებით მგრძნობიარეს ხდის ნერვულ რეცეპტორებს და თავის ტვინის იმ უბნებს ავითარებს, რომლებიც პასუხისმგებელი არიან მოუსვენრობაზე, შფოთვასა და შიშზე. ამას კი მოსდევს სხვა ნერვული გზებისა და თავის ტვინის უბნების ნაკლები განვითარება. იმ ბავშვების თავის ტვინი, რომლებიც ხშირად განიცდიან სტრესს, ფიზიკური, სექსუალური ძალადობის ან ხანგრძლივი უგულებელყოფის სახით, მთელ თავიანთ რესურსებს გარემოში არსებული საფრთხის დაძლევასა და გადარჩენაზე ხარჯავენ. ტვინის ასეთი ქრონიკული სტიმულაცია იწვევს თავის ტვინის სპეციფიკური უბნების განსაკუთრებით გააქტიურებას. შესაბამისად ეს უბნები უფრო მეტად არის განვითარებული თავის ტვინის ნაკლებად გააქტიურებული უბნების ხარჯზე(მაგ., რთული აზროვნების უბანი). საბოლოო შედეგი კი ისაა, რომ თავის ტვინის ის ნაწილი, რომელსაც სწავლის ფუნქცია აქვს, მაგრამ საფრთხესა და შიშზე რეაგირებაში არ მონაწილეობს ნაკლებად აქტიურია. სწავლის უნარზე, იმავდროულად, მოგვიანებით ქცევასა და ჯანმრთელობის მდგომარეობაზე დიდ გავლენას ახდენს თავის ტვინის განვითარება ადრეულ ასაკში. გამოცდილება, გარემო, მათ შორის მშობლების აქტიური მონაწილეობა, მეტად მნიშვნელოვანია ბავშვის ადრეული განვითარებისას. როდესაც ადრეული გამოცდილება, ძირითადად, უარყოფითია (ბავშვი იზრდება გულგრილ ან ძალდადობრივ გარემოში) ბავშვებს აღენიშნებათ ემოციური, ქცევითი და სწავლის პრობლემები. იმისათვის რომ, ბავშვმა ისწავლოს და აითვისოს ახალი ინფორმაცია მისი თავის ტვინი მზრუნველ და მშვიდ გარემოში უნდა იმყოფებოდეს, რასაც იშვიათად აღწევს ტრავმირებული ბავშვი. ასეთ ბავშვებს, არ უყალიბდებათ მიჯაჭვულობა მშობლების ან აღმზრდელების მიმართ, რის გამოც არ აქვთ ან შეზღუდული აქვთ თანაგრძნობის უნარი. ბავშვის ადრეულ გამოცდილებაზეა დამოკიდებული თანაგრძნობის და სინანულის განცდის უნარი. თუ იგი არ ჩამოუყალიბდა ბავშვს ადრეულ ასაკში, მას სინანულის გრძნობა დანაშაულის ან მკვლელობის ჩადენის დროსაც კი არ ექნება. თავის ტვინის განვითარების კრიტიკულ პერიოდებში წარმოშობილი ზოგიერთი დარღვევა შეიძლება "ანაზღაურდეს", თუ დროულად და ინტენსიურად ჩავერევით, თუმცა ტვინის სრული პოტენციალის აღდგენა შეუძლებელია. ბავშვებმა, რომლებიც მძიმე ოჯახურ გარემოში იმყოფებოდნენ და მოგვიანებით, კვლავ ბავშვობისას, სანაცვლო მშობლების ან ბებია-ბაბუის მხარდაჭერა იპოვეს, უკვე მოზრდილ ასაკში სიტუაციების მართვის უნარი გამოავლინეს და მატერიალურ უზრუნველყოფასა და კეთილდღეობას მიაღწიეს. მხარდაჭერა ცხოვრების გვიან პერიოდებში ადრეული ბავშვობის ბევრი პრობლემის დაძლევას ეხმარება, თუ საქმე არ ეხება ადრეულ ასაკში განცდილ ძალადობასა და უგულებელყოფას. ძალადობის მსხვერპლი ბავშვების ფსიქოლოგიური თავისებურებები       ფსიქოლოგიური ტრავმა პრაქტიკულად, ძალადობის მსხვერპლ ყველა ბავშვს აქვს გადატანილი, რის შედეგადაც ისინი შემდგომ ვითარდებიან განსაზღვრული პიროვნული, ემოციური და ქცევითი თავისებურებებით, რომლებიც უარყოფით გავლენას ახდენენ მათ შემდგომ ცხოვრებაზე. ძალადობის მსხვერპლი ბავშვები ხშირად მრისხანებენ და ეს განცდა ხშირად მათზე უფრო სუსტ ბავშვებზე ან ცხოველებზე გადააქვთ. მათი აგრესიულობა ყოველგვარი მიზეზის გარეშე ვლინდება თამაშის დროს. ზოგიერთი მათგანი პირიქით განსაკუთრებულ პასიურობას ავლენს. ორივე შემთხვევაში დარღვეულია კონტაქტი, ურთიერთობა თანატოლებთან. უგულებელყოფილი ბავშვები ცდილობენ ნებისმიერი გზით მიიპყრონ უფროსებისა და თანატოლების ყურადღება, რის გამოც ისინი ხშირად გამომწვევად და აგრესიულად იქცევიან.       სექსუალური ძალადობის მსხვერპლი ბავშვები გამოირჩევიან სექსუალური ურთიერთობის დეტალების ცოდნით და სექსუალური ქცევით, რაც ამ ასაკისათვის შეუფერებელია. იგი ვლინდება სხვა ბავშვებთან თამაშის დროს ან სათამაშოებით თამაშისას. ძალიან ხშირად სექსუალური ძალადობის მსხვერპლი ბავშვები მოზრდილ ასაკში თავად ხდებიან აღვირახსნილი მოქმედების ინიციატორები ან მოძალადეები.       ძალადობის ნებისმიერი ფორმის დროს ყველაზე ხშირი და მძიმე რეაქციაა დაბალი თვითშეფასება, რომელიც ხელს უწყობს იმ ფსიქოლოგიური დარღვევების შენარჩუნებას, რომელიც ძალადობასთანაა დაკავშირებული. პიროვნება დაბალი თვითშეფასებით მუდმივად განიცდის სირცხვილს, დამნაშაულის გრძნობას. ის დარწმუნებულია საკუთარ არასრულფასოვნებაში, იმაში, რომ "ის ყველაზე ცუდია". ამის გამო ასეთ ბავშვებს გარშემომყოფთა პატივისცემის მოპოვება, მათთან ურთიერთობა და წარმატების მიღწევა უჭირთ.       ძალადობის მსხვერპლ ბავშვებს ზრდასრულ ასაკშიც კი აღენიშნებათ დეპრესია. იგი გამოიხატება მარტოობის განცდით, მოუსვენრობით, ძილის დარღვევით. მოზარდებში ხშირია სუიციდის მცდელობები და თვითმკვლელობა.       მსოფლიო მასშტაბით მიღებული მონაცემების შედარება გვაჩვენებს, რომ ზრდასრულ ადამიანებში ფსიქიკური აშლილობის მნიშვნელოვანი ნაწილი დაკავშირებულია ბავშვობაში გადატანილ სექსუალურ ძალადობასთან. ბავშვზე სექსუალური ძალადობით გამოწვეული ფსიქიკური აშლილობა მსოფლიო მასშტაბით ბავშვზე ძალადობის მწვავე და შორეული შედეგები ფიზიკური ჯანმრთელობის დაზიანება: მუცლის ღრუს/გულ-მკერდის დაზიანება, ცენტრალური ნერვული სისტემის დაზიანება, ტვინის დაზიანება, ჭრილობები და იარები, დაჟეჟილობა, დამწვრობა, მოტეხილობები, თვალების დაზიანება, ხეიბრობა. სქესობრივი და რეპროდუქციული დაზიანებები: რეპროდუქციული ჯანმრთელობის პრობლემები, სქესობრივი ფუნქციის მოშლა, დაავადებები, რომლებიც სქესობრივი გზით გადაეცემა, მათ შორის, ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსი/შიდსი, არასასურველი ფეხმძიმობა. ფსიქოლოგიური შედეგები: ალკოჰოლიზმი და ნარკომანია, შემეცნებითი უნარის გაუარესება, კრიმინალური, ძალადობრივი და სხვა სახის სახიფათო ქცევა, დეპრესია და წუხილი, განვითარების შეფერხება, უმადობა და ძილის მოშლა, სირცხვილისა და დანაშაულის გრძნობა, ჰიპერაქტიურობა, ურთიერთობის პრობლემები, ცუდად სწავლა სკოლაში, საკუთარ თავზე დაბალი წარმოდგენა, ტრავმის შედეგად გამოწვეული სტრესი და დარღვევები, ფსიქოსომატური დარღვევები, სუიციდური ქცევა და საკუთარი თავის დაზიანება. სხვა შორეული შედეგები: კიბო, ფილტვების ქრონიკული დაავადება, კუჭ-ნაწლავის დაავადებები, გულის იშემიური დაავადებები, ღვიძლის დაავადებები, რეპროდუქციული ჯანმრთელობის პრობლემები, მაგალითად, უშვილობა. სოციალური და ეკონომიკური შედეგები       სოციალურ შედეგებში ერთდროულად ორი ასპექტის გამოყოფაა შესაძლებელი: ბავშვზე ძალადობა უარყოფით ზეგავლენას ახდენს, როგორც ბავშვის ჯანმრთელობასა და განვითარებაზე, ასევე ოჯახებსა და საზოგადოებაზე.       ძალადობაგადატანილ ბავშვებს სირთულეები აღენიშნებათ სოციალიზაციაში: დარღვეული აქვთ კავშირი უფროსებთან, არ აქვთ თანატოლებთან ურთიერთობის უნარი, მწირი ცოდნისა და ერუდიციის გამო ვერ ახერხებენ ავტორიტეტის მოპოვებას სკოლაში და საზოგადოებაში. პრობლემების გადაჭრას კრიმინალურ და ასოციალურ გარემოში პოულობენ, ხშირად იწყებენ ქურდობას ან ჩართული არიან კანონმდებლობით დასჯად საქმიანობაში, აღენიშნებათ ალკოჰოლისა და ნარკოტიკების მიმართ ლტოლვა. გოგონები ხშირად ერთვებიან პროსტიტუციაში, ბიჭებს შესაძლებელია აღენიშნოთ სექსუალური ორიენტაციის შეცვლა. ამის შედეგად ზრდასრულ ასაკში სერიოზული სირთულეები აქვთ ოჯახის შექმნისას. ძალდობის ნებისმიერი ფორმა ბავშვებში და მოზარდებში აყალიბებს პიროვნულ და ქცევით თვისებებს, რომლებიც მათ საზოგადოებისთვის ნაკლებადმომხიბვლელ და სახიფათო პიროვნებებად აყალიბებს. სხვადასხვა კვლევიდან გამომდინარე, ზრდასრული კრიმინალების 70% ბავშვობაში ძალადობაგანცდილი და უგულვებელყოფილია.       ბავშვზე ძალადობა ეკონომიკურ ზეგავლენას ახდენს ოჯახებსა და საზოგადოებაზე. აქ იგულისხმება პირდაპირი ხარჯები, როგორიცაა მსხვერპლისათვის სამედიცინო დახმარების აღმოჩენა, იურიდიული მომსახურება და სოციალური დაცვა, აგრეთვე მსხვერპლი ბავშვის სპეციალური დაწესებულებების მზრუნველობის ქვეშ გადაცემა. არაპირდაპირ ხარჯებში შედის შესაძლო დაზიანება, რომელიც ხანგრძლივ მკურნალობას საჭიროებს ან დაინვალიდება, ფსიქოლოგიური ტრავმა, ასევე განათლების შეწყვეტა, მომავალში ბავშვის ან ახალგაზრდის მიერ საკუთარი შესაძლებლობების გამოვლენის საშუალების დაკარგვა ბავშვზე ძალადობასთან და მის უგულებელყოფასთან დაკავშირებულმა ფინანსურმა ხარჯებმა, მათ შორის, მომავალში დაკარგულმა შემოსავლებმა და ფსიქიკური ჯანმრთელობის აღდგენის ხარჯებმა, მიახლოებითი გამოანგარიშებით 2001 წელს აშშ-ში 94 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა, ხოლო გაერთიანებულ სამეფოში მხოლოდ გადაუდებელი სოციალური დახმარების და იურიდიული მომსახურების ხარჯებმა წელიწადში 1,2 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა. ოჯახში ძალადობის შედეგები რას განიცდის ბავშვი?       ოჯახში ძალადობის მსხვერპლ ბავშვს თან სდევს სირცხვილის, ბრაზის, სასოწარკვეთის, ხშირად - სიძულვილისა და შურისძიების გრძნობები. ბავშვი გაორებულია: მას უყვარს მშობლები და ამასთანავე მათი დამოკიდებულებით გამოწვეული უარყოფითი ემოციები აწუხებს. ამგვარი გაორება შინაგან დაძაბულობას კიდევ უფრო ზრდის, ბავშვის დაბნეულობასა და ეჭვს იწვევს. ამდენად, ის მუდმივი სტრესის მდგომარეობაში იმყოფება. ძალადობასთან გამკლავებას სხვადასხვა ბავშვი სხვადასხვა გზით ცდილობს:       ბავშვი საკუთარ თავს მოძალადესთან, აგრესორთან აიგივებს და თვითონაც აგრესიულ, შემტევ როლს ირჩევს. ის ხომ ძალადობას, ისევე როგორც ბევრ სხვა რამეს, მიბაძვისა და მაგალითის ძალით სწავლობს. ადვილი შესაძლებელია, რომ ძალმომრეობა მისთვის სამყაროსთან ურთიერთობის ერთადერთ ფორმად იქცეს. ყალიბდება მოძალადის როლი. აგრესორის ნიღბის უკან კი შეშინებული ბავშვი იქნება დამალული, რომელმაც ეს ნიღაბი მშობლისაგან თავის დასაცავად მოირგო და შეისისხლხორცა.       ბავშვი უმწეო, უსუსურ პოზიციას ირჩევს. ეს კი მასში დანაშაულისა და ბრალეულობის განცდებს ბადებს და განამტკიცებს. ყალიბდება მსხვერპლის როლი, რაც გულისხმობს სირცხვილის გრძნობას გაუბედაობას, პასიურობას, ხშირად საკუთარი უმწეობითა და დაჩაგრულობით მანიპულირებას.       მნიშვნელობა არა აქვს იმას, ბავშვი ოჯახში ძალადობის უშუალო მსხვერპლია (მას სცემენ, ავიწროებენ, შეურაცხყოფას აყენებენ) თუ მოწმე (ოჯახის სხვა წევრებზე ძალადობის მოწმეა). ნებისმიერ შემთხვევაში ძალადობრივ ოჯახში მცხოვრები ბავშვი ძალადობის მსხვერპლია!       მშობელმა უნდა შეიგნოს, რომ მისი ქცევის სტილი შვილებს გადაეცემა, რომლებიც, თავის მხრივ, საკუთარ შვილებზე ზემოქმედებენ და, ამგვარად, ძალადობის ტალღა თაობიდან თაობაზე გადადის. თუნდაც ამიტომ არ არის ოჯახში ბავშვზე ძალადობის პრობლემა მხოლოდ ერთეულების ან მხოლოდ მისი ოჯახის საქმე. აქედან გამომდინარე, ოჯახში ძალადობის ფაქტების დამალვით საფრთხე ექმნება ოჯახის ყველა წევრის (განსაკუთრებით ბავშვების) ფიზიკურ და ფსიქიკურ მდგომარეობას, მათ შემდგომ ცხოვრებას. პირველ რიგში, აუცილებელია პრობლემის გაზიარება ახლობლებისათვის. ხოლო თუ პრობლემა არ მოწესრიგდა, კომპეტენტური დახმარების გაწევა შეუძლიათ ბავშვთა და მოზრდილთა ძალადობისაგან დაცვის სფეროში მომუშავე სპეციალისტებს: ფსიქოლოგებს, ექიმებს, იურისტებს. სასკოლო ტერორის (Bulling) შედეგები ძალადობაგანცდილი მსხვერპლი შეიძლება ხანგრძლივი დროის განმავლობაში განიცდიდეს შიშს, შფოთვას, თავს დამცირებულად ან დათრგუნულად გრძნობდეს. ასეთი ბავშვები თავს არიდებენ სკოლაში ჩატარებულ ღონისძიებებში მონაწილეობას, კარგავენ მეგობრებს თანაკლასელთა შორის. ზოგჯერ ბულინგი სერიოზული ფიზიკური ტრავმებით ან ლეტალურადაც მთავრდება. სასკოლო ტერორში ჩართული ბავშვები ხშირად აგრესიის გამოვლენის კრიმინალურ ფორმებს მიმართავენ. სასკოლო ტერორის ინიციატორი ბავშვები თავიანთი აგრესიულობის დემონსტრირებას მოზრდილობის ასაკშიც აგრძელებენ და ხშირად ცხოვრების კრიმინალურ გზას ირჩევენ. ფსიქიკური ტრავმა შეიძლება იმ ბავშვებმაც მიიღონ, რომლებიც ძალადობის უშუალო მსხვერპლი არ არიან, მაგრამ არიან ტერორის ფაქტის შემსწრენი. "დღეს ეს სკოლაში მას დაემართა, ხომ შეიძლება, რომ ხვალ მე შემემთხვეს? ესე იგი, სკოლა ის ადგილია, სადაც თავს უსაფრთხოდ ვერ იგრძნობ", - ასეთია "დამკვირვებელ ბავშვთა" დასკვნა. ასეთ ბავშვებს ეშინიათ, თვითონაც არ გახდნენ აგრესიის მსხვერპლი. სასკოლო ტერორის შედეგად მიღებულმა ძლიერმა ემოციურმა ტრავმამ შეიძლება ბავშვი სუიციდამდე მიიყვანოს. ავტორები: ქ. დავითიშვილი, ე. თავართქილაძე, ი. შარაბიძე გამოყენებული ლიტერატურა: Child Welfare Information Gateway –Social and Economic Consequences of Child Abuse and Neglect; retrieved on March 2009. Center for Disease Control and Prevention (2006). Adverse Childhood Experiences Study. Atlanta, GA, National Centers for Injury Prevention and Control; retrieved on March 2009. Perry, B.D. (2001). The Neurodevelopmental Impact of Violence in Childhood. In: Schetky D, Benedek EP (Eds). Textbook of Child and Adolescent Forensic Psychiatry. Washington DC, American Psychiatric Press, pp 221–238 Pinheiro, P.S. (2006) World Report on Violence against Children -United Nations SecretaryGeneral’s Study; retrieved on February 2009. Shonkoff, J.P, Phillips, D.A. (Eds) (2000). From Neurons to Neighbourhoods: The Science of Early Childhood Development. Washington DC, National Academy Press Krug, E.G. et al., eds. (2002) World report on violence and health. Geneva, World Health Organization; retrieved on February 2009, Understanding the Effects of Maltreatment on Brain Development (2009)-Child Welfare Information Gateway; retrieved on March 2009. …
დაამატა ლაშა to ფსიქოლოგია at 4:43pm on იანვარი 3, 2017
პოსტი: უმუშევრობის პრობლემა საქართველოში

      ჩვენი ქვეყანა ამ უახლოეს პერიოდშიი ისე განვითარდა , რომ სამსახურის მაძიებელთა ვებ გვერდებიც კი ერთი ათადდ არის გაზრდილი ადრე მხოლოდ…

დაამატა vako at 9:34pm on იანვარი 27, 2018
თემა: ხელოვნების ფსიქოლოგია (მეშვიდე ნაწილი)
დამაარსებლის იდეებისა და შეხედულებების შემდგომი განვითარებისა და ემპირიულ-ექსპერიმენტული განმტკიცების მიმართულებით[61,62,63,64].       დ. უზნაძე საკუთარ შეხედულებას ხელოვნებისა და მხატვრული შემოქმედების საკითხებთან დაკავშირებით აყალიბებს ნაშრომშიც "ბავშვის ფსიქოლოგია", რომელსაც ქცევის ფორმებისა და ე.წ. ფუნქციონალური მოთხოვნილების მოძღვრებასთან მიმართებაში წარმოადგენს.       ქცევის მრავალფეროვან ფორმებს განწყობის ფსიქოლოგიის ავტორი ორ ძირითად კატეგორიად, ექსტეროგენურ და ინტროგენურ ქცევის ფორმებად, აჯგუფებს.       ექსტეროგენური ქცევა გარეგან სტიმულზე ან ობიექტზეა მიმართული. ის კონკრეტული საგნობრივი მოთხოვნილებით აღიძვრის და მოთხოვნილებისადმი რელევანტური, შესაბამისი ობიექტისადმი (ობიექტებისადმი) მიიმართება. ექსტეროგენურ ქცევას საფუძვლად ედება მოთხოვნილება, რომლის რეალიზება-დაკმაყოფილება გარკვეულ ობიექტთან (ობიექტებთან) კავშირდება. ასეთი კატეგორიის ქცევა მოთხოვნილების დაკმაყოფილებისთანავე ან რელევანტური ობიექტის მოპოვებისთანავე წყდება. მაგალითად, შიმშილით აღძრული ქცევა ექსტროგენურია, საკვების მოპოვება-მიღებასა და შიმშილის დაკმაყოფილებაზეა მიმართული. აღნიშნული ქცევა აღნიშნული მოთხოვნილების რეალიზების შემდეგ წყდება და სრულდება.       დ. უზნაძის კლასიფიკაციის მიხედვით, ექსტეროგენურ ქცევებს მიეკუთვნება: ა.მოხმარება - ქცევა, რომელიც აქტუალური მოთხოვნილების დაკმაყოფილებას ითვალისწინებს. მაგალითად, საკვების მიღება შიმშილის დროს. ბ. მოვლა და მომსახურება (საკუთარი თავის თუ სხვა ადამიანის) - ქცევა, რომელიც არაპირდაპირი სახით აქტუალური მოთხოვნილების დაკმაყოფილებას ემსახურება. მაგალითად, საკვები პროდუქტების ჰიგიენური დამუშავება კვების მოთხოვნილების არაპირდაპირ დაკმაყოფილებას ემსახურება. გ. შრომა და საქმე (ფიზიკური და გონებრივი) - სუბიექტის სიტუაციური, აქტუალური მოთხოვნილების გარეშე მიმდინარეობს. შესაბამისად, შრომის პროდუქტი სცილდება სუბიექტური ღირებულების ფარგლებს და "ობიექტურ მნიშვნელობას" იძენს. შრომა, როგორც ქცევის წმინდა ადამიანური ფორმა მოთხოვნილების იდეასთან ან სამომავლო, პერსპექტულ მოთხოვნილებასთან (და არა აქტუალურ, სიტუაციურ მოთხოვნილებასთან) კავშირდება.       ინტროგენური ქცევის ფენომენში რამდენიმე ძირითადი ნიშანი გამოირჩევა. უპირველეს ყოვლისა, ინტროგენური ქცევა აქტუალურ საგნობრივ მოთხოვნილებისა და კონკრეტულ ობიექტზე ცალსახა ინტენცია - მიმართულების ფარგლებს სცილდება. ის "შინაგანპიროვნული" წარმომავლობის ქცევაა და კავშირდება არა საგნობრივ მოთხოვნილებასთან, არამედ უნივერსალურ ფუნქციონალურ ტენდენციასთან. ინტროგენური ქცევის სტიმულირებას ფუნქციონალური ტენდენცია ან აქტივობის, ფუნქციონირების მოთხოვნილება ახდენს.       ყველაზე სრულად ფუნქციონალური ტენდენცია თავს თამაშის დროს ავლენს. საგულისხმოა, რომ ფუნქციონალური ტენდენციის თეორიას დ. უზნაძე თამაშის თეორიების კრიტიკული ანალიზისა და საკუთარი თამაშის თეორიის კონტექსტში აყალიბებს. თამაშს, როგორც ადამიანის ძალთა სპონტანურ, თავისუფალ მოქმედებას ("უსარგებლო" და "უაზრო" მოქმედებას) ინტროგენურ ქცევათა ჩამონათვალში განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება; აღნიშნული კატეგორიის ქცევების სპეციფიკას თამაში განსაკუთრებით ნათლად და მკაფიოდ ასახავს. "თამაშის პროცესში ადამიანის შინაგანი ძალები რაიმე შინაარსეული მოთხოვნილების აქტუალური ზეგავლენით როდი აღიძვრიან სამოქმედოდ, არამედ საკუთარი შინაგანი იმპულსით." (გვ.430). დ. უზნაძის თამაშის თეორიის მიხედვით, თამაში ბიოლოგიურად არა აქტუალური შესაძლებლობების ფუნქციონალური ტენდენციის იმპულსით გამოწვეული აქტივაციაა.       ამავე დროს, თამაში ქცევის ყველაზე გენერალური, ზოგადი სახეა; მასში ქცევის ყველა შესაძლო ფორმის ინტერფუნქციონალური კომპლექსები ჩაერთვის. თამაშის სახით ქცევის ყველა სხვა დანარჩენმა ფორმამ (მოხმარება, მომსახურება, მოვლა შრომა) შეიძლება იჩინოს თავი; ქცევის ნებისმიერი ფორმა "თამაშდება". მაგალითად, ბავშვმა შეიძლება ესა თუ ის პროფესიული საქმიანობა (ექიმის, მძღოლის, პედაგოგის და სხვ.) გაითამაშოს.       თამაში, როგორც ქცევის სპეციფიკური ფორმა, მხოლოდ ბავშვობის პერიოდთან როდი კავშირდება. ქცევის ინტროგენური ფორმები ადამიანის განვითარების ნებისმიერი ეტაპისთვის არის დამახასიათებელი. "მარტო ექსტროგენური აქტივობის ამარა ადამიანის ძალთა განვითარება უფრო ცალმხრივად წარიმართებოდა: ძალთა თავისუფალი თამაში აბსოლუტურად აუცილებელია ადამიანისათვის". აქტუალური საგნობრივი მოთხოვნილებებისაგან თავისუფალ ზრდასრულ ადამიანს "ძალთა თავისუფალი გამოვლენა" მხოლოდ თამაშის სახით არ ეძლევა. თუმცა, ფუნქციონალური ტენდენციის მიერ სტიმულირებულ ნებისმიერ ინტროგენურ ქცევას პირობითად თამაში შეიძლება ეწოდოს. ძირითად ინტროგენურ ქცევებს შორის გამოიყოფა: თამაში, მხატვრული შემოქმედება, ესთეტიკური ტკბობა, სპორტი, გართობა. უზნაძის შეხედულებიდან გამომდინარე, ინტროგენური ქცევის ნებისმიერ სახეს, მათ შორის მხატვრულ შემოქმედებასა და ესთეტიკურ ტკბობას, თამაში შეიძლება ეწოდოს.       დ. უზნაძე ადიფერენცირებს და აანალიზებს თამაშის განსხვავებულ სახეებსა და ფორმებს. განწყობის ფსიქოლოგიის ავტორის მიხედვით, "ნამდვილი თამაში" ყოველთვის ილუზიის თამაშია და ფანტაზია-წარმოსახვასთან არის დაკავშირებული. შესაბამისად, თამაში თავისით, ბუნებრივად გადადის მხატვრულ შემოქმედებაში. ილუზიის თამაში აღსანიშნ - აღმნიშვნელის კომპლექსსა და სიმბოლოს ფენომენს ეფუძნება. აქ სიმბოლოდ იქცევა არა მხოლოდ ობიექტები, არამედ მოქმედი პირები და თავად მოქმედებაც. მაგალითად, "მანქანობანას" დროს სკამი - ავტომობილია, ბურთი - საჭე, სათამაშო დათვი - მგზავრი და სხვა. ილუზიის თამაშის ფორმებისგან დ. უზნაძე ადიფერენცირებს ე.წ. როლურ თამაშს, რომელშიც მთავარი ყურადღება მე-ს ცვლილებებზეა მიმართული; მოთამაშე სხვადასხვა (დედის, შვილის, ამხანაგის, მეზობლის დას ხვ) როლებს ასრულებს. თამაშის განსხვავებული სახეებისადმი მიმართვით ბავშვი აქტიურად ავითარებს საკუთარ ფსიქო-ფიზიკურ რესურსებსა და შესაძლებლობებს. ბავშვობის ასაკში თამაშის განსაკუთრებული მნიშვნელობისა და ადგილის გამო უზნაძე თამაშის განწყობის ფენომენზე მიუთითებს, რომელსაც სინამდვილის (რეალობის) განწყობას უპირისპირებს. იგი აღნიშნავს, რომ ასაკის მატებასთან ერთად თამაშის განწყობის სინამდვილის განწყობით ჩანაცვლება ხდება.       მიუხედავად იმისა, რომ მხატვრული შემოქმედების პროდუქტი ობიექტური ღირებულებისაა, აღნიშნული ქცევის სტიმულს უზნაძე მაინც პიროვნების ფსიქოლოგიურ მახასიათებლებში და კერძოდ, ფუნქციონალურ ტენდენციაში ხედავს. ხელოვნება არა ობიექტურად არსებული რეალობის ადექვატურ გამოსახვას ემსახურება, არამედ თავად ხელოვანის პიროვნულ განწყობათა გამოხატვის მიზანს. "ხელოვნება შინაგანის განსახიერების ფორმაა"(438). ხელოვნება არ იძლევა სინამდვილის ფოტოგრაფიულ სურათს და ეს არც წარმოადგენს მის ამოცანას. ხელოვნება სინამდვილის ახალ ფორმებს ქმნის, როგორც ხელოვანის განწყობათა ობიექტივაციას. მხატვრული შემოქმედების იმპულსი ხელოვანის განწყობათა განსახიერებისადმი, მათ დასრულებასა და რეალიზაციისადმი მისწრაფებაში უნდა ვეძიოთ. "შემოქმედება მხატვრის განწყობათა ადექვატური განსახიერებისათვის ბრძოლაში მდგომარეობს"(438).       მხატვრული შემოქმედება სხვა ინტროგენური ქცევებისაგან რიგი ნიშნებით განსხვავდება, რომელთა შორისაც განსაკუთრებულ მნიშვნელობას მხატვრული პროდუქტის მნიშვნელობა იძენს. ხელოვანის ფუნქციონალური ტენდენციის რეალიზება სწორედ მხატვრული პროდუქტის თვისობრივ მახასიათებლებთან და მათ სუბიექტურ ასახვასთან კავშირდება. კერძოდ, იმასთან, თუ როგორ აღიქმება და ფასდება მხატვრული პროდუქტი და თავად შემოქმედებითი პროცესი შემოქმედის მიერ.       ადრეულ, ფილოსოფიურ შრომებში დ. უზნაძე ესთეტიკის საკითხებს არაერთგზის მიმართავს[62]. დ. უზნაძის მიხედვით, ფილოსოფიასა და ხელოვნებას საფუძვლად საერთო დეტერმინანტი ედება, რომელსაც ავტორი ადამიანისა და სამყაროს ამოცანის ან სამყაროს პრობლემის იდუმალებას (რომელიც წმინდა ეკზისტენციალური პრობლემაა, ადამიანის რაობასთან, სამყაროში მის ადგილთან დაკავშირებული) უწოდებს. ფილოსოფია და ხელოვნება აღნიშნული პრობლემითაა "დაავადებული", რაც უნივერსალური ამოცანა-პრობლემის გამძაფრებულ შეგრძნებასა და მისი გადაწყვეტისკენ სწრაფვას გულისხმობს. თუკი ფილოსოფია ამ მიზნით ლოგიკურ აზროვნებას მიმართავს, ხელოვნების იარაღად თვალსაჩინო ხატები და წარმოდგენები იქცევა.       დ. უზნაძე მიიჩნევს, რომ მხატვრული შემოქმედების შეფასებისას უნდა გათვალისწინებულ იქნეს მასში "მსოფლიო ფარული ამოცანის" (ან მსოფლიო საზრისის, სამყაროს უნივერსალური აზრის) განცდის სიძლიერე; ადამიანს პოეტად სწორედ ეს უნიკალური განცდა აქცევს.       როგორც ფილოსოფია, ასევე ხელოვნებაც არ შემოიფარგლება სამყაროს მხოლოდ თვალსაჩინო, გარეგანი ასპექტით და მის წიაღში არსებული, ფარული აზრის გახსნისადმია მიმართული. ორივე მათგანი სამყაროს შემეცნებას (მსოფლიო ამოცანის ამოხსნას) მხოლოდ მათთვის დამახასიათებელი და უნიკალური ხერხითა თუ მეთოდებით ახდენს; ხელოვანი "მსოფლიო ფარულ არსს" წვდება ლოგიკის დაუხმარებლად, უშუალო წვდომის, ინტუიციისა და განცდის დახმარებით. შესაბამისად, მხატვრულ ქმნილებაში უნდა ვეძიოთ ხელოვანის გარკვეული მსოფლშეგრძნება, როგორც ამ ქმნილების შინაარსი, გამოვლენილი გარკვეული მხატვრული ფორმის დახმარებით.       ნარკვევში "ბარათაშვილის ლირის მოტივები" დ. უზნაძე ადამიანში არსებულ ორ,ერთმანეთისადმი ანტიპოდურ საწყისზე წერს. პირველი აქტიური ბუნებისაა, გონებასა და ნებელობასთან დაკავშირებული ქმედითი ძალაა, რომელიც ადამიანის არსებით თავისებურებას წარმოადგენს და მას მკვეთრად მიჯნავს ცხოველთა სამყაროსგან. მეორე საწყისი პასიურია და საერთო ბიოლოგიურ გრძნობიერებას (ხორციელებას) და შესაბამისად, შეზღუდულობას, უძლურებასა და დროულობას უკავშირდება. ორ ძალას (გონით-სულიერსა და ბიოლოგიურ საწყისებს) შორის მუდმივი ბრძოლაა და შეპირისპირება, რაც ადამიანის ფსიქოლოგიური ბუნების არსებითსა და დრამატულ თავისებურებას ასახავს. ადამიანში აქტიურ (შემოქმედებით) და პასიურ (მატერიალურ) ძალთა დაპირისპირება მსოფლიო ისტორიული განვითარების საფუძვლად იქცევა. აღნიშნული დაპირისპირება განსაკუთრებულ სიმძაფრეს გენიალური ადამიანის ფსიქიკაში იძენს და ვლინდება, როგორც არარაობის გრძნობისა და მარადისობისკენ ლტოლვის ანტაგონიზმი[62,67]. (შეადარე. ფროიდის გაგებით, გენიოსის ფსიქიკაში ერთმანეთს ცნობიერი და არაცნობიერი ძალები, ინსტინქტი და ინტელექტი უპირისპირდება).       ტრადიციული შეხედულება, რომ "გმირი - სულის მაქსიმუმია!" შეიძლება მიეწეროს შემოქმედ, ხელოვან ადამიანსაც, რადგანაც სწორედ მის ფსიქიკაში იძენს განსაკუთრებულ ინტენსივობასა და ძალას საერთო საკაცობრიო განცდები თუ იდეები. ბარათაშვილის "მერანს" უზნაძეს "გრძნეულ გრძნობათა" ან მიწიერი (ბიოლოგიური) საწყისის ძლევის სახით წარმოგვიდგენს; მერნის ჭენება ადამიანის შემოქმედებითი, აქტიური საწყისის განთავისუფლების სიმბოლოა! ("შენს ჭენებას არა აქვს სამძღვარი"). ლექსში "შემოღამება მთაწმინდაზე" ხორციელი ამაოების დათრგუნვა არა მისგან აქტიური გაქცევით და არა შემოქმედებით, არამედ ესთეტიკური ტკბობით მიიღწევა. ("ვინ მოგიხილოს, რომელ მყისვე თვისთა ფიქრთა შვება არა იპოვნოს და არ დახსნას გულსა ვაება".)       ესთეტიკური ტკბობა განწყობის ფსიქოლოგიის ავტორს წუთისოფელზე, ყოფაზე, ამაოებაზე ამაღლებისა და განუსაზღვრელთან (უნივერსუმთან) ზიარების სახით წარმოუდგება. ესთეტიკური ტკბობა თავისი არსით შემოქმედებაა და ესთეტიკური აღქმა კრეატულია; შემოქმედების პროცესში აქტიურადაა ჩართული არა მხოლოდ კრეატორი, არამედ მისი აღმქმელი - რეცი პიენტიც. უზნაძე ესთეტიკური ტკბობის პლატონისეულ განმარტებას გვთავაზობს და აღნიშნავს, რომ ის, უწინარესად, "გრძნეულ გრძნობათაგან" ან ბიოლოგიურ ვნებათაგან (ხორციელისგან) განთავისუფლებაში მდგომარეობს[62].       დ. უზნაძე იხილავს შემოქმედებით ძალთა სტიმულირების საკითხსაც. მისი აზრით, შემოქმედების იმპულსი და შემოქმედებითი ენერგიის წყარო ხელოვნების ნაწარმოებისა და მხატვრული სიმბოლოს ორმაგ ბუნებაში უნდა ვეძიოთ. ეს უკანასკნელი კონკრეტულიცაა და აბსტრაქტულიც (ზოგადიც). მაგალითად, ილია ჭავჭავაძის განდეგილი (როგორც მხატვრული სახე) არა იმდენად კონკრეტული ადამიანია, რამდენადაც აბსტრაქტულ-ზოგადი და სიმბოლური. საზოგადოდ, მხატვრული ნაწარმოები ერთიანი სიმბოლოა, გარკვეული შინაგანი აზრისა და მნიშვნელობის მატარებელია და სწორედ ამიტომაც იწვევს შემოქმედებით ძალთა აქტივირებას; სიმბოლო - შემოქმედების იმპულსად, მის ძრავად იქცევა!       უზნაძის მოსაზრებით, მხატვრულ ნაწარმოებთან დაკავშირებული ესთეტიკური ემოცია, თავისი აქტიური ბუნებიდან გამომდინარე, იმთავითვე შეიცავს აქტიურად კრეატულ, შემოქმედებით ასპექტებს და მხატვრული მოქმედების იმპულსად იქცევა; რეციპიენტი ერთიან შემოქმედებით პროცესში ჩაერთვის და მის მონაწილედ იქცევა [68].       როგორც ვხედავთ, უზნაძის მოსაზრება იუნგის ფსიქოლოგიური სკოლის შეხედულებათა ანალოგიურია; როგორც კრეაციისა და აქტიური შემოქმედების, ასევე რეცეპციის, მხატვრული აღქმის შემთხვევაშიც სიმბოლოს აქტიური, მასტიმულირებელი ძალა ენიჭება! უფრო მეტიც, უზნაძის განმარტებით, მხატვრული აღქმა შემოქმედების აქტიურ პროცესებთან უნდა იქნეს დაკავშირებული, როგორც ამ უკანასკნელთა თავისებური სახე და ფორმა.       უზნაძე ერთმანეთისგან გამოყოფს ხელოვნების ესთეტიკურსა და ფილოსოფიურ კრიტიკას. თუკი ესთეტიკური კრიტიკა ხელოვნების ნაწარმოებში მახვილს კონკრეტულსა და ფორმალურ მხარეებზე (მხატვრული ფორმისა და მეთოდების საკითხებზე) აკეთებს, ფილოსოფიური კრიტიკა ხელოვნების აბსტრაქტული ან მსოფლმხედველობითი პრობლემებითაა დაინტერესებული.       განწყობის თეორიის ავტორი იხილავს ი. ჭავჭავაძის "განდეგილის" მთავარ მოტივს - ადამიანის ხორციელ და სულიერ საწყისთა შეპირისპირებას. თუკი სულის არსებითი ნიშანი აქტივობაა, სხეულს პასიურობის ნიშანი გამოარჩევს, წერს უზნაძე. ადამიანის სულის არსი ნების ფენომენში, როგორც აქტიურ, ქმედით საწყისში ვლინდება. ნებას კავშირი არა აქვს ადამიანის ფიზიკურსა და პასიურ (ან დროულსა და შეზღუდულ) მხარესთან და აზროვნებისა და ჭეშმარიტებისკენ სწრაფვის იმპულსს შეადგენს.       უზნაძე აღნიშნავს, რომ ადამიანის ნებას ესთეტიკური, ეთიკური და ინტელექტუალური (როგორიცაა: მშვენიერება, მორალი და ჭეშმარიტება) ღირებულებებისადმი ლტოლვა გამოარჩევს. შესაბამისად, ადამიანის ნება (ნებელობა) ესთეტიკურ, ინტელექტუალურსა და სამართლის (ზნეობის) სფეროებში ვლინდება. ამავე დროს უზნაძე მიუთითებს, რომ ღირებულება (ან იდეა) მხოლოდ შეგრძნებათა და გრძნობათა ერთგვარი სინთეზია. "მაგალითად, სიკეთე ჩვენი გრძნობების ერთგვარი განწყობილებაა და მეტი არაფერი." ხოლო გრძნობა პასიურია, - დასძენს უზნაძე. მასალის (მაღალ ღირებულებათა) ეს პასიურობა ბოჭავს ნების აქტივობას და მას მკაცრ ჩარჩოებშო მოაქცევს. სწორედ ამიტომაც ნება თავისი აბსოლუტური აქტივობით დამთავრებულ სრულყოფილებას ვერ წვდება, რაც ადამიანის არსებაში ძირითადი წანააღმდეგობის აღმოცენების პირობად იქცევა.       დ. უზნაძეს ესთეტიკის პრობლემები საკუთრივ განწყობის თეორიის პრიზმიდან არ უკვლევია. მაგრამ, ამ მხრივ განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს უზნაძის ნაშრომი "ძილი და სიზმარი", რომელშიც ავტორი ფანტაზიისა და წარმოსახვის ფენომენთა გაშუქებას გვთავაზობს.       სიზმრის ბუნების ანალიზისას უზნაძე გამორჩეულ მნიშვნელობას მის სუბიექტურსა და ემოციონალურ შინაარს ანიჭებს. "ჩვენ გვძინავს, მაგრამ ეს ხელს არ გვიშლის, ნამდვილი და არა მხოლოდ წარმოსახული ემოციური განცდები გვქონდეს. ... გრძნობა, ემოცია აქტუალური განცდის სახით შედის სიზმრის შინაარსში" [64. გვ. 39-40].       უზნაძის განმარტებით, სიზმარში ემოცია იმთავითვეა კავშირში ფანტაზიასთან. უფრო მეტიც, სიზმარი ფსიქიკური ფუნქციებიდან მხოლოდ წარმოსახვისა და ემოციის მუშაობას გულისხმობს. სიზმრისას ფანტაზიისა და ემოციის დომინანტის მთავარი მიზეზი შემდგომშია: დანარჩენი (შემეცნებითი) ფსიქიკური ფუნქციები გარე სინამდვილესთან, რეალობასთან კონტაქტს გულისხმობენ; აღქმა და აზროვნება რეალურსა და ობიექტურ სინამდვილეზეა დამოკიდებული. მათი დანიშნულება ობიექტური რეალობის ადექვატური ასახვაა.       ფანტაზია განსაკუთრებული ინტენსივობით ადამიანის გარემოსთან კონტაქტის გაწყვეტის შემთხვევაში მოქმედებს. შესაბამისად, ძილი "თვალსაჩინოდ აცხოველებს" ფანტაზიის მოქმედებას. უზნაძის შეხედულებით, ემოცია კი არ განსაზღვრავს წარმოდგენასა და წარმოსახვით ხატებს, არამედ, პირიქით, ფანტაზიის წარმოდგენები ემოციათა აღმოცენების მიზეზად იქცევა. შესაბამისად უნდა ვიგულისხმოთ, რომ მხატვრული შემოქმედების ფუნდამენტს ფანტაზიისა და ემოციათა სფეროს აქტივირება და კოგნიტური, შემეცნებითი პროცესების (აზროვნებისა და აღქმის) როლის შესუსტება აგებს და აყალიბებს! შესაბამისად, შემოქმედება არა მხოლოდ უკავშირდება არაცნობიერ ფენომენებს, არამედ სწორედ აღნიშნული ფენომენებით აიხსნება!       უზნაძე ერთმანეთს უპირისპირებს ცხადსა და სიზმარს და აღნიშნავს, რომ ცხადში ადამიანი გარე, ობიექტური რეალობისადმი მიიმართება, ხოლო ძილში ფსიქიკა თავადვე ქმნის სუბიექტურ რეალობას. ძილში ფსიქიკა უმოქმედო მდგომარეობაში არ რჩება და "თავისით" იწყებს მოქმედებას; თვითონ "აგებს" თავის საგანს, ემორჩილება რა ე.წ. ფუნქციონალური ტენდენციის ზეგავლენას. "სიზმარი ფსიქიკისთვის აუცილიბელი საგნის საკუთარი ძალებით შემოქმედებისა და ფსიქიკურ შესაძლებლობათა თავისუფალი რეალიზაციის პროცესია" [64. გვ. 59].       დ. უზნაძის "განწყობის თეორიაში" მნიშვნელოვანი ადგილი განეკუთვნება ფუნქციონალური (ან აქტივობის) ტენდენციის ფენომენს, რომელიც ადამიანში არსებული თანდაყოლილი, იმანენტური და თვითგამოვლენისადმი მიმართული ძალის სახით მოიაზრება[63,64,69]. ფუნქციობის ტენდენციის მიზეზით ადამიანი მოქმედებასა და აქტივობას გარეგანი სტიმულირებისა და შინაგანი მოთხოვნილების გარეშეც იწყებს. ასე მაგალითად, თამაშის იმპულსი უზნაძის თეორიაში სწორედ ფუნქციობის ტენდენციით იხსნება; თამაშს სხვა, გარეშე მოთხოვნილება არ უკავშირდება; ადამიანი თამაშობს თამაშისთვის! თამაშს საფუძვლად ფსიქიკისთვის დამახასიათებელი თვით გამოვლენისა და თვით აქტივაციის უნარის მქონე ფუნქციონალური ტენდენცია ედება; თამაში ფსიქიკის თავისუფალი (და არა იძულებითი, გარეგანი თუ შინაგანი საჭიროებით სტიმულირებული) თვით გამოვლენის ფორმაა[63,64].       დ. უზნაძე მიუთითებს, რომ ფუნქციონალური ტენდენცის ამოქმედებას არარეალიზებული (გამოვლენის გარეშე დარჩენილი) ფსიქიკური ფუნქციების არსებობა განსაზღვრავს. (შეადარე. "ფსიქოანალიზში" სიზმრისა და მხატვრული შემოქმედების არარეალიზებულ მოთხოვნილებებთან დაკავშირება).       სიზმრისა და ფუნქციობის ტენდენციას შორის კავშირისა და მიმართების იდეა შესაძლებელია დავუკავშიროთ მხატვრულ შემოქმედებასა და ხელოვნებასაც; ფუნქციობის ტენდენცია შეიძლება მოვიაზროთ მხატვრული შემოქმედებისა და ხელოვნების ფუნდამენტშიც და მასში ვცნოთ ადამიანის მხატვრული მოქმედების ფსიქოლოგიური საფუძველი.       უზნაძის შეხედულებით, სიზმრის განმსაზღვრელი არაცნობიერი შინაარსები (ფუნქციობის ან აქტივობის ტენდენციები) არსებობენ არა როგორც განცდები, აზრები, სურვილები ან აფექტები, არამედ როგორც ამ უკანასკნელთა აქტივაციის, მათი ამოქმედების მზაობები და განწყობები. ფუნქციობის ტენდენციაში გარკვეული მიმართულებით აქტივობისა და გარკვეული განცდისადმი მიდრეკილება (განწყობა ან მზაობა) იგულისხმება. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ტერმინი "ფუნქციობის ტენდენცია" განწყობის ფსიქოლოგიაში მხოლობით რიცხვში გამოიყენება, როგორც ფსიქიკისთვის დამახასიათებელი იმ ზოგადი ტენდენციის ამსახველი ტერმინი, რომელსაც აკონკრეტებს და გარკვეულ მიმართულებას ესა თუ ის კონკრეტული განწყობა ანიჭებს.       "ძილში ფსიქიკა თავად ქმნის თავის საგანს, მაგრამ როგორს და რა მიმართულებით, ამას ჩვენი სუბიექტური განწყობა განსაზღვრავს. სიზმრის შინაარსი ჩვენი სუბიექტური განწყობის პირდაპირი ფუნქციაა. და ეს იმიტომ, რომ თუ რა ფსიქიკურ ძალებს ესაჭიროება საგანი, ე.ი. რა ძალები განიცდიან ფუნქციონალური ტენდენციის განსაკუთრებით ცხოველ გავლენას, აქტუალიზაციის მოთხოვნილებას, ეს ჩვენს ცხადში გამოუვლინებელ განწყობებზეა დამოკიდებული" [64. გვ. 61].       დ. უზნაძე აკონკრეტებს, თუ რა მიზეზით მიუთითებს სწორედ განწყობებზე და არა, თანამედროვე ფსიქოლოგიური ლიტერატურის შესაბამისად, არაცნობიერ სურვილებზე, აფექტებსა თუ კომპლექსებზე. უზნაძის აზრით, არაცნობიერი სურვილი, არაცნობიერი აფექტი თუ კომპლექსი (ფროიდის ტერმინები) უაღრესად ჰიპოთეტური ცნებებია, რომლებიც "განცდის ნიშანს მოკლებულ განცდებს" ასახავენ. მათგან განსხვავებით განწყობა იმ არაცნობიერ ფენომენს ასახვს, რომელიც სრულიად განსხვავდება ცნობიერი განცდებისაგან; ის არც სურვილია, არც აფექტი და არც კომპლექსი. განწყობა ან მზაობა ის მთლიანპიროვნული მდგომარეობაა, რომელიც წინ უსწრებს ცნობიერი ფსიქიკის, ცალკეული ფსიქიკური ფუნქციების (გრძნობების, აღქმისა და აზროვნების) მუშაობას ან განცდათა ცხოვრებას და ფსიქიკის ფუნქციონალური ტენდენციის რეალიზაციას გარკვეულ მიმართულებას ანიჭებს.       შესაბამისად, სიზმრის შინაარსიც სწორედ განწყობის ნიადაგზე უნდა იქნეს გაგებული. სიზმარში ფსიქიკა იმ საგნებს ქმნის, რომლებიც ადამიანის ფსიქიკაში არსებული (და ჯერაც გამოუვლენელი, რეალიზების გარეშე დარჩენილი) განწყობის არსიდან გამომდინარე, ფსიქიკურ ფუნქციებს ესაჭიროებათ. შესაბამისად, მხატვრული შემოქმედებისა და ხელოვნების ფუნდამენტში არაცნობიერი განწყობის მიერ გარკვეული მიმართულებით წარმართული ფუნქციობის ტენდენცია იგულისხმება!       თითოეულ პიროვნებას თავისი განსაკუთრებული შინაარსის სიზმრები ახასიათებს. პიროვნების სპეციფიკური ფსიქოფიზიკური სტრუქტურა თავისებურ პიროვნულ ან ძირითად განწყობას (პიროვნებისათვის ზოგად და ძირითად განწყობას) განსაზღვრავს. სიზმრებიც ამ ძირითადი განწყობის გამოვლენაა. საკუთარი შეხედულების საილუსტრაციოდ უზნაძეს დე სანქტისის სიტყვები მოჰყავს: "მიამბე შენი სიზმრები და მე გეტყვი, ვინა ხარ შენ!"       ცხადში სუბიექტური განწყობა ობიექტური ვითარებით იზღუდება და თავისუფალი გამოვლენის შესაძლებლობას კარგავს, ხოლო ძილში დაბრკოლება მოხსნილია და სიზმრის შინაარსი არა თუ ეწინააღმდეგება სუბიექტურ განწყობას, არამედ ისეა შერჩეული, რომ მის სუბიექტურ ტენდენციებს მაქსიმალურად შეესაბამებოდეს. "სიზმარი ხომ სწორედ ამ მიზნისთვისაა შექმნილი!" - დასძენს ავტორი (იქვე. გვ.62).       უზნაძე აღნიშნავს, რომ სიზმარი სუბიექტის ისტორიას, მის ბედს გვიხატავს. სუბიექტი სიზმართან არსებით კავშირში იმყოფება; სიზმრის სამყარო უკიდურესად სუბიექტური, შინაგანი, ინტერპიროვნული სამყაროა. ცხადში კი ადამიანის ფსიქიკა ობიექტურ, მისგან გარეთ ან მის გარეშე არსებულ ვითარებასაც ასახავს. ძილის პროცესში ფსიქიკა ფუნქციონალური ტენდენციის იმპულსით სუბიექტის რომელიმე აქტუალური განწყობის მიმართულებით იწყებს მუშაობას. სიზმარი სუბიექტის აქტუალური განწყობის ნიადაგზე აღმოცენდება და ფსიქიკის სპონტანური ამოქმედების შედეგს წარმოადგენს. შესაბამისად, სიზმრის დანიშნულება ფსიქიკის ფუნქციონალური ტენდენციის დაძაბულობის მოხსნა ან განელებაა. ამ თვალსაზრისით, მიუთითებს უზნაძე, სიზმარს აქვს ფსიქიკის მარეგულირებელი ანდა "კათარტული" მნიშვნელობა.       ადამიანის ფსიქიკაზე "კათარტული" ან მაკათარზისებელი ზემოქმედება მხოლოდ სიზმრის თავისებურებას არ შეადგენს. შემთხვევითი არ უნდა იყოს უზნაძის მიერ სიზმრის კონტექსტში ტერმინ "კათარზისის" გამოყენება, რომელიც ტრადიციულად ხელოვნების სფეროსთან ასოცირდება; სიზმარსა და მხატვრულ შემოქმედებას არაერთი საერთო ნიშანი გამოარჩევს, რომელთა ხაზგასმაც ნიშანდობლივია არა მხოლოდ "ფსიქოანალიზისთვის", არამედ "განწყობის ფსიქოლოგიისთვისაც".       არაცნობიერის ფსიქოლოგია, რომელსაც როგორც "ფსიქოანალიზი", ასევე "განწყობის ფსიქოლოგიაც" მიეკუთვნება, ერთმანეთს უკავშირებს სიზმარსა და მხატვრულ შემოქმედებას. ამ შეკავშირების ძირითადი მიზეზი სიზმრისა და მხატვრული შემოქმედების პირდაპირი მიმართებაა ფანტაზიასთან, გრძნობათა სფეროსა და არაცნობიერ ფენომენებთან.       უზნაძის ადრეულ ნაშრომში "ძილი და სიზმარი" გარკვეულ ფროიდიანულ იდეათა მიღება და გაზიარებაც კი აისახა. მაგრამ თხზულებაში ასევე გამოიკვეთა ავტორის საკუთარი, განსხვავებული პოზიციაც; სიზმარს საფუძვლად არარეალიზებული განწყობები და ფუნქციობის ტენდენცია ედება. შესაბამისად, მხატვრული შემოქმედებისა და ხელოვნების ფსიქოლოგიურ ფუნდამენტშიც აღნიშნული ფენომენები უნდა დასახელდეს!       განწყობის ფსიქოლოგიის პოზიციიდან მხატვრული შემოქმედებისა და ხელოვნების კვლევის მაგალითს წარმოადგენს რევაზ ნათაძის ნაშრომი "სასცენო გარდასახვის ფსიქოლოგიური პრობლემა", რომელიც კონკრეტულად ერთ საკითხს, სასცენო გარდასახვის პრობლემას უკავშირდება. ავტორმა საკითხი არა მხოლოდ თეორიულად, არამედ ექსპერიმენტულადაც იკვლია[65].       რ. ნათაძე აყალიბებს კვლევის საკითხს და მიუთებს, რომ ისტორიულად იგი ყოველთვის ღიად რჩებოდა; იგულისხმება სასცენო გარდასახვის პრობლემა, რომელიც "მსახიობის დუალური, ორმაგი ბუნების" ანდა "მსახიობის პარადოქსის" გამოვლენად მიიჩნეოდა.       მსახიობის სასცენო მოქმედებასთან დაკავშირებით არსებობს ორი ტრადიციული და ერთმანეთის საპირისპირო პოზიცია: "ემოციონალისტური თეორია" და "ინტელექტუალისტური (იმიტაციის) თეორია". ემოციონალისტური თეორია მიიჩნევს, რომ სასცენო გარდასახვას საფუძვლად როლის შესაბამის ემოციურ განცდათა გამოწვევა ედება. მაგალითად, თუკი მსახიობი შექსპირის ოტელოს განასახიერებს, მან ოტელოს ემოციები უნდა გააცოცხლოს საკუთარ ფსიქიკაში. "სხვისი ანთება მხოლოდ მას შეუძლია, ვინც თვითონ სულის სიღრმეში არა არის ცივი" (ფრანცისკ ლანგი).       ინტელექტუალისტური (იმიტაციის) თეორიის მიხედვით, სასცენო გარდასახვა მსახიობის გონების "ცივ" მუშაობასა და პროფესიულ ოსტატობას უკავშირდება. "მსახიობის ცრემლები მისი ტვინიდან მომდინარეობენ" (დენი დიდრო).       აღნიშნული თეორიების შესაბამისად, ტრადიციულად არსებობს ორი განსხვავებული ორიენტაციისა და "მსოფლმხედველობის" თეატრი: განცდისა და წარმოდგენის თეატრები. ორივე ტიპის თეატრს თავისი წარმომადგენლები და თაყვანისმცემლები ჰყავს, რომელთა შორის დავა და კამათიც ჩვეულ ამბადაა ქცეული.       ნათაძის მიხედვით, სასცენო გარდასახვასა და მოქმედებას არა ჩვეულებრივი გრძნობები, არამედ სრულიად განსხვავებული ბუნების განცდები უკავშირდება. ამ თავისებურ განცდებს ავტორი "მფრინავ" ან "არასერიოზულ" გრძნობებს უწოდებს. "მფრინავი" გრძნობა გარკვეული რელური მოქმედების გამოწვევის უნარს მოკლებულია და მხოლოდ სასცენო მოქმედების სივრცეში არსებობს. მსახიობი არა მხოლოდ "განიცდის" სასცენო გმირის გრძნობებს (ოტელოს ეჭვებს), არამედ არ კარგავს რეალობის განცდასაც. მსახიობი მხოლოდ უკიდურეს და პათოლოგიურ შემთხვევბში შეიძლება სრულად გაიგივდეს თავის გმირთან და რეალობის მიმართ არა ადექვატური გახდეს. თეატრის ისტორიას მოეპოვება ასეთ შემთხვევათა რამდენიმე მაგალითი, მაგრამ ეს მხოლოდ ერთეული მაგალითებია.       ნათაძის შეხედულების მიხედვით, მსახიობის "მფრინავი" გრძნობები გარკვეულ განწყობას უკავშირდება და მისგან მომდინარეობს. ავტორი იხილავს განწყობის ფენომენს, როგორც ქცევის უშუალო საფუძველსა და მექანიზმს. იმისათვის, რათა მსახიობი გარდაისახოს, ცვლილება უნდა მოხდეს თვით მისი პიროვნების მთლიან შინაგან მდგომარეობაში; პიროვნება უნდა "აეწყოს", "მოიმართოს" სხვაგვარად. ამ მობოლიზაციის მდგომარეობას განწყობას უწოდებენ, - დასძენს ავტორი.       ნათაძე აღნიშნავს, რომ განწყობა შეიძლება აღმოცენდეს როგორც უნებლიედ, იმპულსურად, არაცნობიერი მექანიზმების საფუძველზე, ასევე ნებისმიერედაც, ადამიანის აქტიური, ცნობიერი ჩარევის გზითაც. მაგრამ უკვე ჩამოყალიბებული განწყობა ქცევისა და ფსიქიკის არაცნობიერ ფუნდამენტად იქცევა და არაცნობიერად ახდენს ცნობიერების შინაარსებისა და ქცევის წარმართვას.       მსახიობი მომავალი, ჯერ მხოლოდ წარმოსახული ან გააზრებული სიტუაციის შესატყვის განწყობას იმუშავებს. ესაა განწყობის შეგნებულად, ნებისმიერად (და არა თავისით, იმპულსურად, არაცნობიერად) შემუშავების ფორმა, რომელიც მსახიობის სასცენო მოქმედებისა და გარდასახვის ფსიქოლოგიურ მექანიზმად იქცევა. სასცენო როლის შესაბამისი განწყობის შემუშავებას თეატრალური რეპეტიციები, სასცენო გმირის ჰაბიტუსზე, მის ექსპრისიაზე, "სხეულის ენასა" თუ განცდებზე მუშაობა ემსახურება. ნათაძემ ერთმანეთს დაუკავშირა განწყობის თეორია და როლზე მუშაობის სტანისლავსკისეული სისტემა; როლზე მუშაობის ძირითად ამოცანად როლის შესაბამისი განწყობის ჩამოყალიბება იქნა აღიარებული.       საკუთარი შეხედულების დასაბუთების მიზნით რ. ნათაძემ ჩაატარა ექსპერიმენტების სერია, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს პროფესიონალმა მსახიობებმა, თეატრალური ინსტიტუტის სტუდენტებმა და თეატრისაგან გარეშე პირებმა. ნათაძემ ეგრეთ წოდებულ "საგანწყობო ექსპერიმენტს" მიმართა, თუმცა ერთი მნიშვნელოვანი ცვლილებით: ცდისპირი განწყობას არა რეალური ობიექტების (დიდი-პატარა ბურთების) საშუალებით შეიმუშავებდა, არამედ ამ რეალურ ობიექტთა მხოლოდ წარმოსახვით [66].       კლასიკურ საგანწყობო ცდაში ცდისპირს განწყობას ობიექტთა (დიდი-პატარა ბურთების) მრავალგზისი მიწოდებით უმუშავებენ; ერთ ხელში აწვდიან დიდ, ხოლო მეორეში - პატარა ბურთს. განსხვავებული სიდიდის ობიექტთა მრავალჯერადი მიწოდების შედეგად, ცდისპირს განწყობა (ობიექტთა სიდიდესთან დაკავშირებული განწყობა, არატოლ საგანთა აღქმის განწყობა) უმუშავდება, რის გამოც და რის საფუძველზეც იგი ტოლი სიდიდის ობიექტებს (ბურთებს) არატოლად აღიქვამს. არატოლი ობიექტების მრავალგზისი მიწოდება ტოლი ობიექტების არატოლად აღქმას განაპირობებს; ტოლი ბურთები ადამიანს უტოლოდ "ეჩვენება".       რ. ნათაძის ექსპერიმენტმა აჩვენა, რომ განწყობა შემუშავდება (ფიქსირდება) იმ შემთხვევაშიც, როდესაც ცდისპირს არა რეალური ობიექტები (დიდი და პატარა ზომის ბურთები) მიეწოდება, არამედ მაშინაც, როდესაც მას განსხვავებული სიდიდის ობიექტების წარმოდგენა (ამ ობიექტთა საკუთარ ფსიქიკაში "გაცოცხლება") ევალება! [65].       როგორც ექსპერიმენტებმა ცხადყო, პროფესიონალ მსახიობებს აღნიშნული უნარი (წარმოსახვით განწყობის ფიქსირების უნარი) უფრო მეტად და გამორჩეულად ახასიათებთ განსხვავებული პროფესიის ადამიანებთან შედარებით. ასევე დადგინდა, რომ წარმოსახვის ან ფანტაზიის საფუძველზე განწყობის შემუშავება განსაკუთრებულად იოლდება გამორჩეული სასცენო უნარებისა და ტალანტის შემთხვევაში. ნათაძის ცდისპირთა შორის იყვნენ ქართული სასცენო ხელოვნების კორიფეებიც: ვერიკო ანჯაფარიძე და სესილია თაყაიშვილი, რომლებმაც წარმოსახვით განწყობის შემუშავების განსაკუთრებული ძალა და უნარი გამოავლინეს.       ექპერიმენტულმა შედეგებმა რ. ნათაძეს მისცა საფუძველი, რათა სასცენო გარდასახვის საფუძვლად მსახიობის მიერ წარმოსახვით, ფანტაზიით შემუშავებული განწყობა ეღიარებინა. მსახიობი ახდენს სასცენო მოქმედების შესაბამისი განწყობის წარმოსახვით პლანში (სასცენო მოქმედების სიტუაციის შესაბამისად) შემუშავებას. სასცენო გარდასახვისა და სცენურ სახეთა შექმნის ფუნდამენტს წარმოსახვით შემუშავებული განწყობები ქმნიან. ხოლო მსახიობის ნიჭიერებას კი წარმოსახვით განწყობათა შემუშავების უნარი უკავშირდება. რუსუდან მირცხულავა გამომცემლობა "კენტავრი", თბილისი, 2010 ← წინა ნაწილი გაგრძელება → [61] დ. უზნაძე "შრომები", ტ.VI, თბ., 1977. [62] დ. უზნაძე "ფილოსოფიური შრომები", თბ.,1984. [63] დ. უზნაძე "შრომები", ტ.V, თბ., 1975 [64] დ. უზნაძე "ძილი და სიზმარი", თბ., 2004. [65] რ. ნათაძე "სასცენო გარდასახვის ფსიქოლოგიური პრობლემა", თბ., 1970. [66] რ. ნათაძის ექსპერიმენტის ინსტრუქციით, ცდისპირს ერთ ხელში დიდი ზომის, ხოლო მეორეში _ პატარა ზომის ობიექტთა (ბურთების) წარმოდგენა (რაც შეიძლება ცხადად და მრავალგზის წარმოდგენა) ევალებოდა.Aამის შემდეგ ცდისპირს რეალურ ტოლ ობიექტებს (ბურთებს) აწვდიდნენ. როგორც აღმოჩნდა, წარმოსახვის ზეგავლენით (არატოლი ობიექტების არა აღქმის, არამედ წარმოდგენის ზეგავლენით) რეალური ტოლი ბურთები არატოლად აღიქმებოდა. [67] ადამიანის დუალური, ორმაგი (ცხოველური და საკუთრივ ადამიანური) ბუნება არაერთი თანამედროვე ფსიქოლოგიური (და რა თქმა უნდა, ფილოსოფიური) თეორიის მიერაა გაშუქებული. ასე მაგალითად, ნეოფროიდიანელი ავტორის, ერიჰ ფრომის "ჰუმანისტურ ფსიქოლოგიაში" ადამიანის უნიკალობა სწორედ დუალობითა (ორმაგობითა) და შინაგანი კონფლიქტით აიხსნება. [68] აღნიშნული შეხედულება ეხმიანება მხატვრული პერცეპციისადმი თანამედროვე მიდგომას, რომელიც ესთეტიკურ ტკბობას ერთიანი კრეატული პროცესის შემადგენელი რგოლის სახით მოიაზრებს. [69] დ. უზნაძე "ბავშვის ფსიქოლოგია", თბ., 1947, გვ. 128. წიგნიდან: "ხელოვნების ფსიქოლოგია" …
დაამატა ლაშა to ფსიქოლოგია at 3:34pm on ნოემბერი 7, 2015
თემა: რა არის შიში და როგორ ვუმკურნალოთ მას
ო როცა ღამით ბავშვებთან ერთად ეზოში თამაშისას რაღაც მოელანდა . როცა გაიზარდა უნდოდა ამოეხსნა ეს თუ რაში მდგომარეობდა ეს მოვლენა, მაგრამ ამაოდ ის გარდაიცვალა 67 წლისა და ამ ხნის განმავლობაში ვერ ამოხსნა ეს მოვლენა. ამერიკელი მეცნიერები ამტკიცებენ რომ არ შეიძლება ბავშვის რაიმეთი შეშინება რადგან ის მოქმედებს მისი ტვინის უჯრედებზე და იწვევს მათ შევიწროებას რის შემდეგაც ეს იწვევს ჰალუცინაციებს მაგალითად ძალიან ბევრია რომელთაც ეშინიათ სიბნელის იმის გამო რომ მათ აქვთ ნანახი რაიმე საშინელებათა ფილმი, მათ აწუხებთ უძილობა და რაიმეს გაშრიალებაზე ისინი ოფლისგან იღვრებიან ერთ-ერთი ინგლისელი მეცნიერი “ჯონ ჰალკბერი” ამტიკიცებდა რომ ადამიანს ეშინია საკუთარი თავის, მას ეშინია შეიხოდეს საწოლის ქვეშ რადგან მას გონია რომ მისი საწოლის ქვეშ რაიმე მონსტრი იმალება, ეს არის “ავადმყოფობა” რომელსას სახელი არ აქვს მას უწოდებენ უბრალოდ შიშს, ძალიან ბევრია ადამიანი რომელსაც ეშიანი ღამით მეორე ოთხში გასვლის რადგან მას ჰგონია რომ მეორე ოთახში ვიღაცის აჩრდილი დაძრწის, არადა მას საერთოდ არ ჰყავს თვალით ნანახი არანაირი ზებუნებრივი არსება მაგრამ მაინც ეშინია . არადა ყველაფერი ამაოა და ბლეფი, სრულიად უსაფუძვლოა დაემყარო შიშს რომელიც თვალით არ გაქვს ნანახი ვერ ხედავ და მის მიმართ განიცდი “ავადმყოფობას” რომელსაც შიში ქვია გაჩნდა აზრი როგორ შეიძლება დავამარცხოთ ეს შიში, მაგრამ ამაზე პასუხი არ ჩანს რადგან ყველა ადამიანში ის გამჯდარია როგორც ნებისმიერი ორგანო. ეს უბრალოდ გარდაუვალია.   პირველი პირისგან თითოეულ ჩვენთაგანს ცხოვრებაში ერთხელ მაინც გამოუცდია შფოთვის ან შიშის გრძნობა. უმეტეს შემთხვევაში ეს უსიამოვნო შეგრძნებები უკვალოდ ქრებიან, მაგრამ ხანდახან იზრდებიან, ძლიერდებიან და შეუძლიათ ცხოვრებაში ძლიერ შეგვიშალონ ხელი. როგორ გავუმკლავდეთ ფობიებს და ნევროზის სხვა გამოვლინებებს? საჭიროა თუ არა ამისათვის მივმართოთ ექიმს?   ცხოვრებისეული შემთხვევა ბავშვობიდან ჩვენ ყველას გვასწავლიდნენ, რომ ჭამის წინ ხელები დაგვებანა. ერთი ჩემი ნაცნობისათვის ეს ჩვევა აკვიატებულ მოქმედებად იქცა. თავიდან ყველა აღფრთოვანებული იყო მისი სისუფთავით, მაგრამ შემდგომ მისი ეს თვისება, დაებანა ხელები ნებისმიერ ნივთთან ყოველი შეხების შემდეგ, ყოველგვარ საზღვრებს გასცდა. რამდენჯერ იბანდა ხელებს დღეში, არავის შეეძლო დაეთვალა, თვით მასაც კი; მას შემდეგ კი, რაც გოგონა საათზე მეტ ხანს იჯდა საპირფარეშოში, იმის გამო, რომ მან კარი არ გააღო ხელების დასვრის შიშით, ჩემი მეგობრის ნათესავები მიხვდნენ, რომ უკვე რამე უნდა ეღონათ. მრავალი უშედეგო ცდის შემდეგ, გამკლავებოდნენ ამ აკვიატებულ თვისებას, მიმართეს ექიმ-ფსიქოთერაპევტს. საბედნიეროდ, მათ დასახმარებლად დროულად მიმართეს ექიმს და ამიტომ მკურნალობა ხანმოკლე და შედეგიანი აღმოჩნდა. რამოდენიმე კვირიანი ფსიქოთერაპიის ფონზე მიღებული მედიკამენტების შემდეგ გოგონამ შეძლო კვლავ დაბრუნებოდა ნორმალურ ცხოვრებას.   როგორ ჩნდება შიშები თქვენ იტყვით-ეს უკიდურესი შემთხვევაა და არცთუ ხშირად ხდებაო. ეს ნამდვილად ასეა, თუმცა ბედის ირონიით, ნაკლებად გამოხატული შიშები ძალზე ხშირია. სტატისტიკის მიხედვით – მთელს მსოფლიოში სხვადასხვა ფობიებით იტანჯება ადამიანთა 4-დან 12%-მდე, ანუ ყოველ მე-10ზე მეტი! შთამბეჭდავია არა? სამწუხაროდ, ადამიანების დიდი ნაწილი, სხვადასხვა მიზეზით, საკუთარ შიშებს მალავს და არ მიმართავენ ექიმ-ფსიქოლოგებს, მათ შორის იმიტომაც, რომ კვლავ ეშინიათ. როგორ ჩნდება შიში და რატომ რცხვენიათ ადამიანებს მიმართონ სპეციალისტებს? ამის მიზეზი, როგორც წესი, სხვადასხვაა. ჩვენი ცხოვრების გიჟური რიტმი და ინფორმაციის მასიურობა უკანასკნელ წლებში მუდმივად აფართოებს „ნორმალური” ადამიანის მდგომარეობის საზღვრებს. იმისათვის რომ ყველაფერი მოვასწროთ, გვიწევს დავაჩქაროთ ჩვენი ცხოვრების რიტმი. ეს ყოველთვის არ რგებს ჩვენს ჯანმრთელობას და შიში კი „ვერ მოვასწრებ” უფრო ართულებს სიტუაციას. შედეგად გვიძნელდება სიმტკიცისა და თვითდაჯერებულობის შენარჩუნება კრიტიკულ სიტუაციებში. როცა თვითშეფასება ეცემა, გარშემო ბევრი რამ გაუგებარი და სახიფათო გვეჩვენება, ეს კი საუკეთესო გარემოს ქმნის შიშების წარმოსაქმნელად. კონკრეტულად როგორ შეიძლება წარმოიშვას შიშები და ფობიები? განსაზღვრულ სიტუაციაში, მაგ. ხალხით გადავსებულ მეტროს ვაგონში- ადამიანს უჩნდება უჰაერობით გაგუდვის ან ჭკუიდან შეშლის შიში. შიში თავისთავად მძაფრდება და ადამიანს შეიძლება გაუჩნდეს შეგრძნება, რომ იგი ვერ გაუმკლავდა შიშს და ამ გრძნობამ დაიწყოს „დამოუკიდებლად არსებობა”, ადამიანის კონტროლის გარეშე. ამის შემდეგ შეიძლება განვითარდეს იმის შიში, რომ ეს უსიამოვნო შეგრძნებები გაჩნდება იმავე ადგილას, იმავე სიტუაციაში, მეტროში, პიკის საათებში. ამ პერსპექტივით შეშინებული გაურბის მეტროთი მგზავრობას, ხალხმრავლობას სხვა მსგავს სიტუაციებს. ეს მნიშვნელოვნად ამცირებს ცხოვრების ხარისხს: რადგან შიშით შეპყრობილი ადამიანისთვის ფსიქოლოგიურად რთულია მეტროთი მგზავრობა, ის გაცილებით მეტ დროს დახარჯავს მიწისზედა ტრანსპორტით გადაადგილებაზე.   ახლა რა ვქნათ? გასაგებია, რომ ასეთ სიტუაციაში მთავარია შენარჩუნებულ იქნეს სიმშვიდე და თვითდაჯერებულობა. ნებისმიერი შიშისგან შეიძლება განთავისუფლება, თუ არ ჩაიკეტებით საკუთარ თავში, იმოქმედებთ და დახმარებისთვის მიმართავთ როგორც საკუთარი თავის, ასევე გარშემომყოფებს, მათ, ვისაც შეგიძლიათ პრობლემები და განცდები გაუზიაროთ. ასწიეთ თქვენი თვითშეფასება, ისწავლეთ ყოველდღე დაძლიოთ შიში, იკითხეთ წიგნები და უყურეთ ფილმებს, რომლებიც შიშისგან განთავისუფლებაში დაგეხმარებათ. თუ ზემოთ ჩამოთვლილი საშუალებები არ გშველით, მიმართეთ სპეციალისტს -ფსიქოთერაპევტს. როცა ფობიები, აკვიატებული და სხვა შფოთვის გამომწვევი დარღვევები იმდენად გამოხატულია, რომ ხელს გიშლით ცხოვრებაში, ასეთ დროს ექიმ-ფსიქოლოგთან მისვლა დაგეხმარებათ გათავისუფლდეთ მათგან და დაიწყოთ ცხოვრება სრული რიტმით. ფსიქოთერაპევტი – ვინა არის ის? ფსიქოთერაპევტი – ესაა სპეციალისტი, რომელიც მუშაობს სხვადასხვა ფსიქოლოგიურ და სამედიცინო პრობლემებთან. ხალხის ნაწილს აქ უჩნდება კითხვა” „ამ სპეციალისტმა მე რა უნდა გამიკეთოს?” „ფსიქოტროპული წამლებით უნდა მკვებოს?” სინამდვილეში ფსიქოთერაპევტი – ისეთივე ექიმია, როგორც ყველა სხვა დანარჩენი, მაგრამ თუ გასტროენტეროლოგი მკურნალობს გასტრიტს ან ნაღვლის ბუშტში არსებული კენჭებისგან გათავისუფლებაში გეხმარებათ, ფსიქოთერაპევტი გეხმარებათ განიკურნოთ შიშებისა და სხვა პრობლემებისაგან. განსხვავება იმდენად დიდი არაა, რომ უარი ვთქვათ ამ დახმარებაზე და ველოდოთ, შიში როდის გამძაფრდება და შთანთქავს ადამიანის ძალებსა და ენერგიას. თუ თქვენ მოიტეხეთ ფეხი, მიდიხართ ტრავმატოლოგთან და გიკეთებენ თაბაშირს, რათა ძვალი სწორად შეხორცდეს. ჩვენი ფსიქოლოგიური მდგომარეობაც შეიძლება გატყდეს: ეს არ იქნება ისეთი შესამჩნევი, როგორც ფეხის მოტეხვა, მაგრამ შედეგი შეიძლება უფრო სამწუხარო აღმოჩნდეს. სამწუხაროდ ჩვენთან ყოველთვის მიღებული იყო, ყურადღება არ მიგვექცია ისეთი „წვრილმანებისათვის” როგორიც ფსიქოლოგიური პრობლემებია: თუ გსურს ამოთქვა- გაუზიარე მეგობარს. მამაკაცებში კი ამაზე ლაპარაკი საერთოდ მიუღებელია. არადა ეს ძალზე მნიშვნელოვანი საკითხია. სულიერი ჯანმრთელობა შეიძლება დაიკარგოს შეუმჩნევლად: ამასთანავე არ გტკივა მუცელი ან წელი და მარტო გრძნობები: მწუხარება, შიში, შფოთვა – გვაგრძნობინებენ, რომ ყველაფერი წესრიგში არაა. ამიტომ საჭიროა ყურადღებით მოვეკიდოთ საკუთარ ფსიქოლოგიურ მოთხოვნილებებს. არის სიტუაციები, როცა გულახდილი საუბარი მეგობართან არაა საკმარისი პრობლემის გადასაწყვეტად. ამ შემთხვევაში უნდა მიმართოთ ექიმ-ფსიქოთერაპევტს და მკურნალობა იქნება აზრიანი, ყურადღებიანი და პროფესიონალური.   როგორ იკურნება შიშები თავიდან ექიმი-ფსიქოთერაპევტი ყურადღებით მოუსმენს პაციენტს და შეაგროვებს ინფორმაციას იმაზე, თუ რამდენი ხანია აწუხებს ეს შიში, რაში გამოიხატება და რა პირობებში იჩენს თავს. შემდეგ, საჭიროების შემთხვევაში პაციენტს უტარდება დამატებითი გამოკვლევა. საქმე იმაშია, რომ ხანდახან შიშები, ფობიები და სხვა ნევროზული გამოვლინებები გამოწვეულია არა მარტო ფსიქოლოგიური პრობლემებით, არამედ ნერვული სისტემის დისფუნქციით და შინაგანი ორგანოების დაავადებებითაც კი, მაგ. გამოწვეული ტვინის ჟანგბადით მოაარაგების დეფიციტით ჯერ კიდევ მშობიარობის დროს. ასეთ შემთხვევაში დამატებითი გამოკვლევა დაეხმარება ექიმს მკურნალობის სწორი ტაქტიკის არჩევაში. როცა დიაგნოზი აშკარაა, იწყება თერაპია. ზოგიერთ შემთხვევაში პაციენტს შეიძლება დაენიშნოს პრეპარატები, რომლებიც შეამცირებენ შფოთვის შეგრძნებას, გააუმჯობესებენ თავის ტვინის კვებას და განამტკიცებენ ნერვულ სისტემას. მიზანი მათი დანიშვნისა არის ორგანიზმის მედიკამენტოზური მხარდაჭერა, იმ ცვლილებების კორექცია, რომლებიც აღმოჩენილ იქნა. წამლების პარალელურად ან მათ გარეშეც კი, ტარდება ფსიქოთერაპიული მკურნალობა ფსიქოთერაპევტის მკურნალობის მეთოდი- ფსიქოთერაპიაა. ადამიანის დახმარების ასეთი მეთოდი- არა „მხოლოდ საუბარია”, როგორც ხანდახან შეიძლება მოგეჩვენოთ. ეს საუბარი აგებულია განსაზღვრული სახით და მისი დახმარებით პაციენტს შესაძლებლობა ეძლევა დაინახოს ის, რაც დაეხმარება შიშის დაძლევაში. რიგ შემთხვევებში შეიძლება სამკურნალო ეფექტი პაციენტის გაუცნობიერებლადაც მოხდეს. როგორც წესი ფსიქოთერაპევტი ფლობს ფსიქოთერაპიის რამოდენიმე მეთოდს. პაციენტთან საუბრისას სპეციალისტი საზღვრავს, რომელი მეთოდია უკეთესი ამ ადამიანისათვის და იწყებს ფსიქოთერაპიულ მკურნალობას, საჭიროების შემთხევაში სხვა ფსიქოთერაპიულ მეთოდებთან კომბინირებით. ამ მუშაობის შედეგად პაციენტს შესაძლებლობა ეძლევა გაუმკლავდეს შიშს, შფოთვას, აცნობიერებს შიშის წარმოშობის მიზეზებს და სწავლობს მის წარმატებულად დაძლევას. ეს საშუალებას აძლევს მას დაიწყოს სრულფასოვანი ცხოვრება შიშისა და შფოთვის გარეშე.…
დაამატა ani gelashvili to ფსიქოლოგია at 1:55am on დეკემბერი 9, 2012
თემა: შესავალი პიროვნების ფსიქოლოგიაში - იღუმენი ევმენი (პერისტი)
ბის თანახმად განეხილა იმ თანამედროვე ადამიანის ფსიქოლოგიური პრობლემები და ფიქიკური აშილილობები, რომელიც შვებას ეკლესიის წიაღში ეძებს და თავს მართლმადიდებელი ეკლესიის მრევლად აღიარებს.        იღუმენ ევნემის ნაწერები მართლმადიდებლურ ფსიქოლოგიასა და ფსიქიატრიაში განსაკუთრებით საინტერესოა მართლმადიდებელ მოძღვართათვის, რომელთაც გამუდმებით და უშუალოდ უწევთ შეხება სხვადასხვა პრობლემის მქონე ადამიანებთან, სამწუხაროდ, თანდათან რომ მომრავლდნენ მრევლში.        იღუმენ ევნემის წიგნი, რომელსაც ეწოდება “მოძღვრული დახმარება სულიერად დასნეულებული ადამიანებისათვის” ქართულ ენაზე თარგმნა თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის პედაგაგომა, ფსიქოლოგიის მაგისტრმა სოფიკო გოგოჩაშვილმა. წიგნი განკუთვნილია მართლმადიდებლური ფსიქოლოგიის ფაკულტეტის სტუდენტებისთვის, მართლმადიდებელი მოძღვრებისა და მრევლისთვის. ზურაბ ეკალაძე ავტორი: იღუმენი ევმენი (პერისტი); თარგმნა: სოფო გოგოჩაშვილმა; რედაქტორი: ზურაბ ეკალაძე; გამომცემლობა "ალილო" თბილისი 2013       წიგნიდან ამოკრებილი ელექტრონული ვერსიები: • მოძღვრის ამოცანები და ფსიქოთერაპევტის ამოცანები; • არსებობს თუ არა ნორმალურობის კრიტერიუმები; • როგორ გავარჩიოთ პროფესიონალი ფსიქოთერაპევტი შარლატანისგან; …
დაამატა ლაშა to ელ. წიგნები at 3:04pm on ნოემბერი 29, 2013
პოსტი: უნივერსიტეტის არჩევა მაგისტრატურისთვის

2010 წელი იყო სკოლა რომ…

დაამატა ლაშა at 3:59pm on აგვისტო 7, 2014
თემა: სამედიცინო ფსიქოლოგია
ბის, ფსიქოპათოლოგიისა და ფსიქოთერაპიის განვითარების ისტორია უძველესი დროიდან გასულის საუკუნის დასაწყისამდე, როდესაც ამ დისციპლინის თანამედროვე სახის ჩამოყალიბება დაიწყო. დავიწყოთ ფსიქოპათოლოგიის ისტორიით.       კაცობრიობის სულიერ ცხოვრებას ყოველთვის ახლდა ფსიქიკური დარღვევები. რამდენადაც ცნობილია, ყველა დასავლურ თუ აღმოსავლურ დიდ კულტურას ერთი და იგივე ფსიქოპათოლოგიური ფენომენები ახასიათებს. მათი გამოვლენის ფორმები და შინაარსი ცვალებადობდა ეპოქის სულისკვეთების, სოციალური გარემოსა და იდეოლოგიის თავისებურებათა შესაბამისად, მაგრამ, წმინდა სამედიცინო თვალსაზრისით, ავადმყოფობა არსებითად იგივე რჩებოდა. ისტორიულ პლანში, ფორმისა და შინაარსის ცვალებადობის თვალსაზრისით, გამორჩეულია ნევროზები; მაგალითად, ისტერიის იმ დრამატულ გამოვლინებებს, რომელთა შესწავლითაც ფაქტობრივად დაიწყო ნევროზების კვლევა, დღეს უკვე იშვიათად ვხვდებით. შეიცვალა ფსიქოზების შინაარსიც. საკუთარი თავის ცხოველებად წარმოდგენის, ალქაჯების ან დემონების ბრძანებებისადმი დაქვემდებარების ნაცვლად, ბოდვის შინაარსი უკავშირდება ტექნიკური ცივილიზაციის ელემენტებს, უცხოპლანეტელებს თუ პარაფსიქოლოგიურ მოვლენებს.       ისტორიულად ცვალებადობდა საზოგადოების დამოკიდებულებაც სულით დაავადებულთა მიმართ. საფიქრებელია, რომ დედამიწის პრეისტორიული მოსახლეობა ისევე ეპყრობოდა სულით ავადმყოფებს, როგორც დღევანდელი პრიმიტიული ხალხები: აგრესიული და სახიფათო ავადმყოფები ითვლებოდნენ ავი სულების მიერ შეპყრობილებად, მათ ძალიან მკაცრად ექცეოდნენ, სცემდნენ და აგდებდნენ. უწყინარი და მშვიდი ავადმყოფები ზოგჯერ ღმერთების მიერ მონიშნულებადაც ითვლებოდნენ, მათ უვლიდნენ და ხშირად ეთაყვანებოდნენ კიდეც. უკვე უძველესი დროიდან სულიერ დაავადებებს შორის ყველაზე დიდ შთაბეჭდილებას ეპილეფსია ახდენდა. უეცარი გულყრა, ყვირილი, კონვულსიები, დუჟი, ჰალუცინაციები და ხილვები კარგად ესადაგებოდა ზებუნებრივ ახსნას: მრისხანე ძალა, ღვთაება ძირს აგდებს ადამიანს და თან აჯილდოებს გამოცხადებისა და წინასწარმეტყველების უნარით. ამ „წმინდა დაავადებით„ შეპყრობილნი გამორჩეულ ადამიანებად მიაჩნდათ. პრიმიტიულ ხალხებში მათ ანდობდნენ ბელადის, შამანის, ჯადოქარ-ექიმბაშის უმნიშვნელოვანეს ფუნქციას. სულით ავადმყოფები სხვადასხვა კულტურაში არც თუ იშვიათად იწვევდნენ ერთგვარ თრთოლვას, მათ ქედს უხრიდნენ როგორც წმინდანებს, რომელთა პირითაც ლაპარაკობენ ღმერთები. მაგრამ, უმეტეს შემთხვევაში, წარსულში სულით დაავადებულთა განსაკუთრებულობა უარყოფითი ნიშნით ხასიათდებოდა და მათი მდგომარეობა ორმაგად მძიმე იყო: ისინი ავადმყოფობითაც და სოციალური მიუღებლობითაც იტანჯებოდნენ.       სულიერი აშლილობების შესახებ უძველესი დროიდან იყო ცნობილი. ბიბლიური გადმოცემის თანახმად, ძვ.წ. 2000 წ. მცხოვრები ისრაელის მეფე საული იმდენად ღრმა სევდის შეტევებით იტანჯებოდა, რომ თავის მსახურს სთხოვდა მოეკლა იგი (სუიციდონალური დეპრესია). ბაბილონის მეფე ნაბუქოდონოსორის ბოდვა იმით გამოიხატებოდა, რომ მას თავი მგლად წარმოედგინა და ოთხზე დადიოდა. პრეტას მეფის გონებადაბინდული ქალიშვილები ტყე-ღრე დახეტიალობდნენ, ბალხს ძოვდნენ და თავი ძროხებად მოჰქონდათ. ბერძენი გმირი აიაქსი თავს დაესხა ცხვრის ფარას, ვინაიდან მტრებად მოეჩვენა. ასეთი მაგალითები მრავლადაა. ჩვენთვის საინტერესოა, თუ როგორ ხსნიდნენ ჩვენი შორეული წინაპრები ამ არანორმალურ გამოვლინებებს და როგორ ცდილობდნენ მათ გამოსწორებას.       ფსიქოპათოლოგიის ისტორია ამ კუთხით სამი სახის მიდგომას იცნობს: 1. მაგიური თვალსაზრისი ყოველგვარ დარღვევას ბუნებაში და ადამიანში, რისი უშუალო მიზეზიც არ ჩანს, იდუმალი ზებუნებრივი ძალების მოქმედების შედეგად მიიჩნევს; 2. ორგანული თვალსაზრისი ჯანმრთელობას და ავადმყოფობას ფიზიკურ-სხეულებრივ ტერმინებში ხსნის და 3. ფსიქოლოგიური თვალსაზრისი ფსიქიკური დაავადების მიზეზებს ფსიქიკაშივე ეძებს. ფსიქიატრიული თუ ფსიქოპათოლოგიური აზრის პროგრესი აისახებოდა პირველ თვალსაზრისზე თანდათანობით უარის თქმასა და დანარჩენი ორის გაძლიერებასა და დაახლოებაში.       ფსიქიკური დაავადების ბუნებისა და მისი მკურნალობის პრინციპების გააზრების ისტორიულად საწყისი ფორმა მაგიური თვალსაზრისია. შინაგანი სნეულება და გონებააშლილობა ავი სულების, დემონური ძალების მოქმედების შედეგია. ეს ბოროტი ჯადოქრები (მაგია - ბერძნულად ჯადოქრობაა) სხეულიდან სულს განდევნიან, მასში თვითონ სახლდებიან ან ავადმყოფობას ათავსებენ. ავადმყოფობა მაშინ გაივლის, როცა ბოროტი ძალები თავის მავნე ზემოქმედებას შეწყვეტენ. ძველი დროის მედიცინა ამისთვის სხვადასხვა ხერხს მიმართავს. შეიძლება დემონებს უბრალოდ გზა გავუხსნათ ორგანიზმიდან გამოსასვლელად (ანთროპოლოგიური მონაცემებით, ქვის ხანის ადამიანები თავიანთი ტომის წევრებს ზოგჯერ სპეციალურ ხვრელებს უკეთებდნენ თავის ქალაში). მაგრამ დემონების კეთილ ნებაზე დანდობა არ შეიძლება, ამიტომ აუცილებელი ხდება ხვეწნა, მუდარა, მოთაფვლა, თაყვანისცემა, დამუქრება, დაშინება, დასჯა - ერთი სიტყვით, ყველაფერი ის, რაც სულიერზე ზემოქმედებისთვის გამოიყენება. ამას ემსახურება, პრინციპში, შამანებისა თუ ქურუმების რიტუალები, შელოცვები, მსხვერპლშეწირვები და ა.შ. ამ ზომებს ზოგჯერ მართლა მოჰქონდა შვება, რაც მათი ფსიქოთერაპიული ეფექტურობით აიხსნება. ამაზე ქვემოთ ვისაუბრებთ.       ასეთი მაგიურ-რელიგიური მიდგომა დამახასიათებელია, როგორც პრეისტორიული ხანისთვის, ისე უძველესი ცივილიზაციებისთვის (ეგვიპტე, მესოპოტამია, ინდოეთი, ჩინეთი, სპარსეთი, იუდეა და სხვა). აქ არა მხოლოდ იცნობენ სხვადასხვა სულიერ აშლილობას, არამედ სპეციფიკურადაც უდგებიან მათ. მაგალითად, ასირიელი მეფის ხამურაპის კანონების კოდექსი შეიცავს მკაფიო მითითებებს ეპილეფსიის ნიშნებზე, ხოლო ბაბილონის დემონების პანთეონში ამ დაავადებას თავის სპეციფიკური დემონი ჰყავს - სიგიჟის დემონი სახელად იდტა. ძველ ეგვიპტეში გამოავლინეს ემოციონალური დარღვევის ის ტიპი, რომელსაც მოგვიანებით ბერძნებმა ისტერია უწოდეს. მას ქალურ დაავადებად თვლიდნენ და მის სამკურნალოდ, ისევე როგორც შემდგომდროინდელი დიდი ექიმები ჰიპოკრატე და გალენი, საშვილოსნოს შეპკურებას მიმართავდნენ. ამას აკეთებდნენ საგანგებო სპეციალიზაციის მქონე ქურუმი-მედიკოსები. არსებული წყარობიდან ირკვევა, რომ ასეთი სპეციალიზაცია ძველ ინდოეთშიც არსებობდა - რვა სახის დაავადებაზე საგანგებოდ დახელოვნებულ მკურნალთა შორის იყვნენ სულით ავადმყოფობათა სპეციალისტებიც.       ის გარემოება, რომ ძველ ეგვიპტეში ისტერიას საშვილოსნოს გადაადგილებით ხსნიდნენ და მკურნალობასაც მას უკავშირებდნენ, მიუთითებს იმაზე, რომ ნერვულ-ფსიქიკური აშლილობებისადმი დემონური თვალსაზრისის ფარგლებშიც თავს იჩენდა სხვა მიდგომები, კერძოდ ორგანული. განსაკუთრებით ეს ითქმის ძველ საბერძნეთზე, სადაც ქურუმების გავლენა არ იყო იმდენად დიდი, როგორც სხვა ცივილიზაციებში; რელიგია ისე არ დომინირებდა, როგორც ეგვიპტესა თუ ბაბილონში. აქ გაბატონებული პოზიცია მეცნიერულმა და ფილოსოფიურმა აზრმა დაიკავა. კლასიკურ ბერძნულ ეპოქაში ნორმად გადაიქცა მოვლენების არა მითოლოგიური, არამედ რაციონალური და მატერიალისტური ახსნა. ეს, ცხადია, სულიერი აშლილობების გააზრებაზეც აისახა. „ისტორიის მამა„ ჰეროდოტე არა ერთხელ შეხებია სულიერი დაავადებების თემას, მაგრამ თითქმის არასდროს მიუმართავს ტელეოლოგიური ახსნისთვის. მაგალითად, იგი აღწერს სპარტას მეფის კლეომენის სიგიჟეს, რომელიც ხალხს სახეში ჯოხებს ესროდა. ამისთვის მას ბორკილები დაადეს, მაგრამ კლეომენმა მოახერხა მუქარის გზით გამოერთმია მცველისთვის მახვილი, რომლითაც მუცელი დაისერა და მოკვდა. კლეომენის უბედურების მიზეზი, აღნიშნავს ჰეროდოტე, გაუზავებელი ღვინის უზომო სმა იყო. მაშასადამე, სულიერი სნეულება მატერიალური ფაქტორით არის ახსნილი. ჰეროდოტე პირდაპირ ამბობს: „სულს არ შეუძლია იყოს ჯანმრთელი, თუ სხეული ავადაა„. იგივეს იმეორებს ქსენოფონტე: „ყველაფერს - გულმავიწყობას, სულმოკლეობას, უკმაყოფილებას, შეშლილობას შეიძლება სხეულის სისუსტე იწვევდეს„.       დაისვა საკითხი იმის შესახებაც, თუ სხეულის რომელი ნაწილია განსაკუთრებით დაკავშირებული სულიერ აშლილობასთან. ეს საკითხი, ცხადია, სულის სხეულებრივი ლოკალიზაციის ზოგადი პრობლემის კონტექსტში განიხილებოდა, რაზეც ზემოთ ვისაუბრეთ. უძველესი შეხედულება ფსიქიკურ თვისებებს დიაფრაგმას უკავშირებდა. მაგრამ, დიაფრაგმით აზროვნების იდეა, როგორც ჩანს არ გამოდგა დამაჯერებელი და მის ნაცვლად ბერძენმა ექიმებმა და ფილოსოფოსებმა შემოგვთავაზეს ორგანიზმის სხვა ნაწილები, კერძოდ გული და ტვინი. პირველი, ვინც ტვინისმიერი მიდგომა გაახმოვანა, ალბათ პითაგორა იყო. მისი მოწაფე ალკმეონ კროტონელი (VI ძვ. წ.), რომელიც ჰიპოკრატემდე ძველი საბერძნეთის ყველაზე განთქმული ექიმი იყო, შეეცადა ამ იდეის ანატომიური დასაბუთებისთვის მიეკვლია. იგი ეძებდა „არხებს„ (ნერვებს), რომელთა საშუალებითაც სმენითი ან მხედველობითი შთაბეჭდილება ტვინამდე მიდის. ტვინი გამოყოფს აზრებს ისევე, როგორც საცრემლე ჯირკვალი ცრემლს. საერთოდ კი, შინაგანი სეკრეციის შესწავლამ იგი ჰუმორალურ ჰიპოთეზამდე მიიყვანა, რომლის მიხედვით, ავადმყოფობა (როგორც ჩანს სულიერიც) ორგანიზმის შემადგენელი სითხეების ურთიერთქმედების შედეგად წარმოიქმნება.       ეს მოსაზრებები საფუძვლად დაედო „მედიცინის მამის“, ჰიპოკრატეს (460-377 ძვ.წ.) სწავლებას. მან ჩამოყალიბებული სახე მისცა ჰუმორალურ თეორიას. ორგანიზმში ოთხი ძირითადი სითხე არსებობს: სისხლი, ლორწო, ნაღველი, შავი ნაღველი. ისინი ორგანიზმის მდგომარეობას ისევე განსაზღვრავენ, როგორც მათი შესაბამისი სტიქიები (ცეცხლი, მიწა, ჰაერი, წყალი) ბუნებისას. როცა სტიქიები წონასწორობაში იმყოფებიან, ბუნებაში ყველაფერი რიგზეა. ასევე, როდესაც ორგანიზმის სითხეები სწორი თანაფარდოფით არიან შერეული, რასაც კრაზა ეწოდება, ადამიანი ჯანმრთელია; სითხეთა არასწორი თანაფარდობა კი (ე.წ. დისკრაზია) ავადმყოფობის მიზეზი ხდება. გამოჯანმრთელება დისკრაზიის კრაზად გადაქცევის გზით ხორციელდება. ამისთვის გამოიყენება წამლები და პროცედურები, რომლებიც ორგანიზმის სითხეების სისტემას აბალანსებენ: სისხლის გამოშვება, სასაქმებელი, პირღებინება. სულიერი აშლილობებისას ხშირად გამოიყენებოდა შხამას ნაყენი.       სულიერი მდგომარეობების გამომწვევი ორგანო არის ტვინი. „უნდა ვიცოდეთ, რომ ტვინიდან და მხოლოდ ტვინიდან აღმოცენდება როგორც ნეტარება, სიხარული, სიცილი, ხუმრობა, ასევე ტანჯვა, ნაღველი, ტკივილი, ტირილი ... მისგან ვგიჟდებით, გვაბოდებს, გვიპყრობს შფოთვა და შიში, ღამითაც და დღისითაც„. ამრიგად, ფსიქიკური დაავადებები ტვინს უკავშირდება, უფრო ზუსტად, მისი მოქმედების აშლილობას. მიზეზი, როგორც ყველა სხვა დაავადების შემთხვევაში, სითხეების დისბალანსია. ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული, თუ რომელი სითხითაა გაჟღენთილი ტვინი და, შესაბამისად, როგორ მდგომარეობაშია ის - ცივი, ცხელი, მშრალი თუ სველი. ამ უკანასკნელ შემთხვევაში, მაგალითად, ვიღებთ წყნარი გონებააშლილობის სურათს; ტვინის ზომაზე მეტი სიმშრალე კი იწვევს აგზნებულ დ აგრესიულ ქცევას. პირველს მელანქოლია ეწოდება, მეორეს - მანია. თუმცა, ტერმინი „მელანქოლია„ ჰიპოკრატეს სკოლაში აღნიშნავს არა მხოლოდ ფსიქიკური დარღვევის გარკვეულ სახეს (დეპრესიული განცდები, შიში, შფოთვა, დათრგუნულობა, უკონტაქტობა და ა.შ.), არამედ ჰუმორალური კონსტიტუციის, ანუ ტემპერამენტის გარკვეულ ტიპსაც (იხ. თავი 7.2). გარდა ამისა, ჰიპოკრატე კარგად იცნობდა ეპილეფსიას, რომელსაც სპეციალური ტრაქტატი მიუძღვნა და ფსიქოპათიებს, მოსაზღვრე მდგომარეობებს (გაუწონასწორებულობა, გულჩათხრობილობა და ა.შ), რომლებიც, მისივე გაგებით, არ უნდა ჩაითვალოს გამოკვეთილ სულიერ დაავადებად. მანვე შემოიტანა ხმარებაში ტერმინი ისტერია.       ამრიგად, ჰიპოკრატეს სკოლაში წარმოდგენილია ფსიქიკური დაავადებების ცერებრალურ-ჰუმორალური თვალსაზრისი. ფსიქოზების ეტიოლოგიაზე უფრო სრულ წარმოდგენას გვიქმნის ჰიპოკრატეს მოსაზრებები იმის შესახებ, თუ როგორ ზემოქმედებს გარემო (კლიმატი, წლის დრო, წყლის შემადგენლობა და ა.შ.) სომატურ (ჰუმორალური ბალანსი) და ფსიქიკურ (ტემპერამენტი) კონსტიტუციაზე, საბოლოო ანგარიშით კი ჯანმრთელობაზე. გავრცელებული შეფასებით, ჰიპოკრატეს სწავლება კონცენტრირებულია სხეულებრივ და ფსიქიკურ დაავადებათა გარეგანი ეტიოლოგიური ფაქტორების გამოვლენაზე. ეს მართალაც ასეა, მაგრამ ჰიპოკრატეს და მის მიმდევრებს შეუმჩნეველი არ დარჩენიათ არც მემკვიდრეობის ფაქტორი, თუმცა მას ისეთ მნიშვნელობას არ ანიჭებდნენ, როგორც ეს ამჟამად ხდება. ტრაქტატში „წმინდა დაავადების შესახებ„ ჰიპოკრატე პირდაპირ ამბობს, რომ თუ ფლეგმატიკისაგან მართლაც ფლეგმატიკი იბადება, ნაღვლიანისაგან - ნაღვლიანი, ჭლექიანისაგან - ჭლექიანი და ა.შ, მაშინ რა გვაძლევს საფუძველს ვიფიქროთ, რომ ეპილეფსიაც არ გადავა მამიდან ან დედიდან რომელიმე შვილზე. უფრო ადრე პითაგორამ თქვა, რომ „ჩვენ მიდრეკილნი ვართ სათნოებისკენ და ბიწიერებისკენ, ისევე, როგორც ჯანმრთელობისკენ და ავადმყოფობისკენ, და ეს უფრო დამოკიდებულია ჩვენს მშობლებზე და ჩვენი სხეულის შემადგენლობაზე, ვიდრე ჩვენ საკუთარ თავზე„.       პირველი ფსიქიატრიული ტრაქტატი, რომელშიც სისტემატიზირებული სახით არის მოცემული ცნობები სულიერი დაავადების სახეებისა და მათი მკურნალობის ხერხების შესახებ ეკუთვნის სწავლულს ძველი რომიდან ავლუს კორნელიუს ცელსს (1 ს. ჩვ.წ.). იგი არ იყო პრაქტიკოსი ექიმი, მაგრამ ფლობდა ენციკლოპედიურ ცოდნას ყველა დარგში, მათ შორის მედიცინაში. მთავარი მის მოძღვრებაში არის სულით ავადმყოფების მკაფიო დაყოფა მშვიდ და აგზნებულ, ძალადობისკენ მიდრეკილ ავადმყოფებად. ასევე, მითითება ამ უკანასკნელთა მიმართ მკაცრი ზომების გატარების შესახებ. ისინი ჯაჭვებით უნდა გვყავდეს დაბმული, სრულიად ბნელ, იზოლირებულ ოთახში, ნახევრად მშიერ მდგომარეობაში - „ასეთია გიჟის ხვედრი„.       ცელსის თანამედროვე რომაელი ექიმი არეტეი უშუალოდ მკურნალობდა და შეისწავლიდა სულით ავადმყოფებს. მან გაარკვია, რომ მელანქოლიური და მანიაკალური მდგომარეობები მეორდება და ერთმანეთს ენაცვლება, ხოლო ამ ავადმყოფურ პერიოდებს შორის არსებობს ნათელი შუალედები. არეტეიმ პირველად აღწერა პიროვნების სრული დაშლის შემთხვევა და დაადგინა, რომ ინტელექტის დაქვეითება ყველა სულით ავადმყოფს არ აღენიშნება. არეტეი ფსიქიკური დაავადების წარმოქმნის ჰუმორალურ კონცეფციას უჭერდა მხარს, მაგრამ სომატური გენეზისის გარდა განიხილავდა წმინდა ფსიქოლოგიურ ეტიოლოგიასაც. იგი მიუთითებდა, რომ მელანქოლია, ანუ სულის დათრგუნული მდგომარეობა, რომელიც რაიმე აზრზეა (ბოდვით იდეაზე) კონცენტრირებული, შეიძლება მატერიალური ან სხეულებრივი მიზეზით კი არ იყოს გამოწვეული, არამედ რაიმე სულიერი მღელვარებით. მოკლედ, არეტეისთან წარმოდგენილია ფსიქოლოგიური თვალსაზრისის ელემენტიც, თუმცა, როგორც მთელ ბერძნულ-რომაულ ფსიქიატრიასა და ფსიქოპათოლოგიაში, აქაც დომინირებს ორგანული პარადიგმა.       ამ მხრივ გამონაკლისს მარკუს ტულიუს ციცერონი (106-43 ძვ.წ.) წარმოადგენს. მან მედიცინის საკითხებზე არა ერთი საინტერესო მოსაზრება გამოთქვა და ყურადღება გაამახვილა ფსიქიკური მდგომარეობის როლზე სხეულებრივი და, განსაკუთრებით, სულიერი დაავადებების აღმოცენებაში (ამიტომ ზოგჯერ მას პირველ ფსიქოსომატოლოგადაც მოიხსენიებენ). სულიერ დარღვევებზე. ციცერონი არ ეთანხმება ჰიპოკრატეს იმაში, რომ მელანქოლიის მიზეზი მხოლოდ შავი ნაღველის მოჭარბებაა. უფრო დიდი მნიშვნელობა, მისი აზრით, წმინდა ფსიქიკურ, ემოციურ ფაქტორებს აქვს, ისეთებს როგორიცაა დარდი, რისხვა, შიში და სხვა.       თავისი დროის ყველზე განათლებული რომაელი ექიმი სორანი (93-138 ჩვ.წ.) ჰიპოკრატეს ხაზს მიყვებოდა და კატეგორიულად ეწინააღმდეგებოდა სულით ავადმყოფთა მიმართ მკაცრი მეთოდების გამოყენებას. სიბნელე, ამბობდა იგი, აღიზიანებს ადამიანს და უფრო მეტად აბინდებს გონებას, რომელსაც სწორედ განათება ესაჭიროება; რაც შეეხება შიმშილს, იგი ავადმყოფს სასიკვდილო საშიშროების წინაშე აყენებს და ხელს უშლის სხვა მეთოდების, მაგალითად ფიზიკური ვარჯიშების გამოყენებას. ვინც სულით დაავადებულს გარეულ ცხოველს ადარებს და უნდა სული ამოხადოს შიმშილითა და წყურვილით, თავად არის გიჟი. ჯაჭვები ასახიჩრებენ ავადმყოფებს, ამიტომ მიზანშეწონილია ხელით დავაკავოთ ისინი. სორანი მომხრე იყო ფიზიკური და ფარმაკოლოგიური მეთოდების მინიმიზაციისა და უპირატესობას ანიჭებდა მოწესრიგებულ რეჟიმს, სასიამოვნო საქმიანობას, მეგობრულ, თბილ ატმოსფეროს. ერთი სიტყვით, პრაქტიკული ფსიქიატრიის თვალსაზრისით, სორანი თავისი რბილი მიდგომით დაუპირისპირდა ცელსის მკაცრ მიდგომას.       ეს ორი მიდგომა თანაარსებობდა მომდევნო ისტორიულ ეპოქებში. ადრეულ შუა საუკუნეებში, განსაკუთრებით არაბულ კულტურაში, ვხვდებით ფსიქიკური დარღვევებისადმი ჰუმანური მიდგომის მაგალითებს. არაბებმა ვIII-IX საუკუნეებში გახსნეს პირველი თავშესაფრები სულით დაავადებულთათვის (ფესო, ბაღდადი, ქაირო, დამასკო). რამდენადაც არაბები თვლიდნენ, რომ ფსიქიკური აშლილობა ღვთიური გავლენის გამოძახილია და არა ეშმაკისეული ხრიკებისა, ამდენად ამ ჰოსპიტლებში პაციენტებისადმი კეთილმოსურნე და მზრუნველი დამოკიდებულება იყო გავრცელებული. შესაძლოა, იგივე ხდებოდა პირველ ქრისტიანულ სამონასტრო ჰოსპიტლებში, მაგალითად ბენედიქტელებთან, სადაც ქრისტიანული გულმოწყალების ატმოსფერო სუფევდა. შემდგომ პერიოდში, დემონური თვალსაზრისის აღორძინებასთან ერთად, ფსიქიკური აშლილობა ეშმაკის ცდუნებასთან გააიგივეს და, შესაბამისად, მკურნალობაც ბნელი ძალების განდევნით (ე.წ. ეკზარცისი) შემოიფარგლა. ამ ძალებთან ურთიერთობისას კი დელიკატურობა არ იყო რეკომენდებული. ისჯებოდა არა ავადმყოფი, არამედ მასში ჩასახლებული უწმინდური არსება, რომლისთვისაც მაქსიმალური დისკომფორტი უნდა შეექმნათ, რათა მას ადამიანი დაეტოვებინა.       ასეთმა დამოკიდებულებამ თავის აპოთეოზს „კუდიანებზე ნადირობის„ ავად სახსენებელ პერიოდში მიაღწია (XIV-XVI ს.). მთელ დასავლეთ ევროპაში გიზგიზებდა კოცონები, სადაც დაიწვა ასობით ათასი სატანით შეპყრობილი ქალი და ბავშვი. იყო სოფლები, სადაც არ დარჩა არც ერთი ქალი. უბედურები უმეტეს წილად აღიარებდნენ თავის კავშირს (ძალიან ხშირად ეროტიული ხასიათის) ეშმაკთან, ნაწილობრივ, „დაკითხვის„ ულმობელი ხერხების გამო, რომელსაც ინკვიზიცია მიმართავდა, ნაწილობრივ კი იმიტომ, რომ თავად სჯეროდათ ამისა. ეს მათ ფსიქიკურ აშლილობაზე მეტყველებს. აქ იყვნენ ისტერიული ქალები, საკუთარი თავის დადანაშაულების ტენდენციის მქონე დეპრესიული ავადმყოფები, დევნის ბოდვით შეპყრობილი ფსიქოტიკები და სხვა. უდავოა, რომ აქ მოქმედებდა მასობრივი შთაგონების მექანიზმები, რამაც გზა გაუხსნა სადო-მაზოხისტური ხასიათის „ფსიქიკურ ეპიდემიას„.       მიუხედავად ამ კოშმარისა, სწორედ მოცემულ პერიოდში იხსნება პირველი სპეციალური დაწესებულებები, სადაც ათავსებენ სულით ავადმყოფებს. ისინი ჯერ ვალენსიაში გაიხსნა (1409), ხოლო შემდეგ ესპანეთის სხვა ქალაქებში. XVI საუკუნეში ასეთი დაწესებულებები ფუნქციონირებას იწყებს გერმანიაში, შვეიცარიაში, შვედეთში, საფრანგეთში. ცოტა უფრო ადრე ლონდონში ამოქმედდა ჰოსპიტალი ბედლამი, რომელიც საზარელი ადგილის სიმბოლო გახდა. ეს თავშესაფრები სამკურნალო ფუნქციას არ ასრულებდნენ. ისინი მხოლოდ ავადმყოფების იზოლაციას ემსახურებოდა და ნამდვილ საპყრობილეებს წარმოადგენდა. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ დამნაშავე პატიმრებს ასე არაადამიანურად ალბათ იშვიათად ეპყრობოდნენ. და მაინც, ასეთი დაწესებულებების გახსნა წინ გადაგმულ ნაბიჯს წარმოადგენდა ჯერ ერთი იმიტომ, რომ მათი ალტერნატივა ხშირად წამება და დაწვა იყო, მეორეც იმიტომ, რომ მათი რეორგანიზაცია გზას უხსნიდა ნამდვილ ფსიქიატრიას. ამისთვის სულიერი აშლილობებისადმი მიდგომის ძირეული რეფორმირება იყო საჭირო. რადიკალური ნაბიჯები ამ მიმართულებით მხოლოდ XVIII საუკუნეში გადაიდგა. მანამდე არც ფსიქიკურ დაავადებათა ბუნების გარკვევის, არც მათი კლასიფიკაციისა თუ მკურნალობის კუთხით ბევრი არაფერი გაკეთებულა.       ფსიქოტიკების მიჩნევა ავადმყოფებად, რომელთაც ესაჭიროებათ სათანადო მოპყრობა და მკურნალობა, რეფორმატორული მოძრაობის არსს გამოხატავს. ეს პროცესი პრაქტიკულად ერთდროულად დაიწყო რამდენიმე მოწინავე ქვეყანაში და განმანათლებლობის ინტელექტუალური კლიმატის გამოხატულებას წარმოადგენდა. იტალიაში რეფორმები წამოიწყო ვინჩენცო ჩიორუჯიმ (1759-1820), გერმანიაში იოჰან გოთფრიდ ლარგენმანმა (1768-1832), ინგლისში უილიამ ტიუკმა (1732-1822), ამერიკაში ბენჟამენ რაშმა (1745-1813).       ყველაზე ცნობილ რეფორმატორად ითვლება ფრანგი ექიმი ფილიპე პინელი (1745-1826). იგი სტუდენტობიდანვე ეზიარა თავისი ეპოქის მოწინავე ფილოსოფიურ და სოციალურ იდეებს. 1792 წელს პინელი დიდი ენთუზიაზმით ჩაუდგა სათავეში სამთავრობო კომისიას, რომელსაც უნდა შეექმნა სამედიცინო ხასიათის ფსიქიატრიული დაწესებულებები. მან მოხსნა ჯაჭვები ავადმყოფებს, გააუმჯობესა გარემო, დააწესა რეჟიმური და სამკურნალო პროცედურები. გარდა იმისა, რომ ყოველივე ეს დადებითად აისახა ავადმყოფების მდგომარეობაზე, გაჩნდა შესაძლებლობა ფსიქოზების ნამდვილ სურათზე დაკვირვებისა, რომელიც არ იყო სახეშეცვლილი არაადამიანური მოპყრობით გამოწვეული გაბოროტებითა თუ შიშით.       ეს დაკვირვებები საფუძვლად დაედო ფსიქიკური დაავადებების პინელისეულ კლასიფიკაციას. მან გამოყო დაავადებათა ხუთი ჯგუფი: მანია, მანია ბოდვის გარეშე, მელანქოლია, ჭკუასუსტობა, იდიოტიზმი. ამ კლასიფიკაციის პრინციპი პათოფსიქოლოგიურია, ვინაიდან ავადმყოფობებს ერთმანეთისაგან განასხვავებს დარღვეული ფსიქიკური ფუნქციების რაგვარობა (ყურადღება, მეხსიერება, აზროვნება, ემოციური და ნებელობითი სფერო) და დარღვევის მოცულობა. მაგალითად, მანია მელანქოლიისაგან აზრითი კომპონენტის თავისებურებით განსხვავდება - ერთის ბოდვა გავრცელებულია მთელ გარემოცვაზე, მეორისა შეზღუდულია რაიმე საგნით ან საგანთა ჯგუფით. ორივე ამ დაავადებას აქვს სპეციფიკური ემოციურნებელობითი ნიშანი. ეს ნიშანი გადამწყვეტ მნიშვნელობას იძენს, მაგალითად მანიების შემთხვევაში, რომელთაც შეიძლება ჰქონდეთ ან არ ჰქონდეთ აზრითი კომპონენტი (ბოდვა), მაგრამ მაინც მანიად რჩებოდეს. თავის მხრივ, ჭკუასუსტობა და იდიოტიზმი სწორედ ინტელექტუალური ელემენტის მოცულობით განისაზღვრება. ამ დარღვევათა მიზეზები ორი სახისაა: განმაწყობელი და მწარმოებელი. პირველთა შორის მოიაზრება მემკვიდრეობა და არასწორი აღზრდა. მეორეთა შორის კი ისეთი ფაქტორები, როგორიცაა თავის ტრავმა, ციება, მენსტრუალური ციკლის უცაბედი დარღვევა, ლოთობა და ა.შ. მაგრამ ფსიქიკური აშლილობის ყველაზე ხშირი მიზეზი მორალური ტრავმაა. ეს მოსაზრებები გადმოცემულია პინელის ყველაზე მნიშვნელოვან ნაწარმოებში: „ტრაქტატი სულით დაავადებულთა შესახებ„ (1801).       რეფორმატორ ფილიპე პინელის ყველაზე გამოჩენილი მოწაფემ ჟანეტიენ-დომენიკ ესკიროლმა (1772-1840) თავისი მასწავლებელი შეცვალა სალპეტრიერის ცნობილ კლინიკაში, რომელიც მალე ნერვულ-ფსიქიკური დაავადებების მკურნალობისა და შესწავლის ევროპული მნიშვნელობის ცენტრი გახდა. მან გააგრძელა პინელის ხაზი, როგორც თვალსაჩინო პრაქტიკოსმა და ფსიქიატრიული საქმის ორგანიზატორმა და როგორც თეორეტიკოსმა. მან ოდნავ გააფართოვა და დააზუსტა პინელის კლასიფიკაცია. მოგვცა იდიოტიზმის პირველი მკაფიო აღწერა. ამასთან აღნიშნა, რომ ყოველგვარი გონებრივი ჩამორჩენა არ უნდა ჩაითვალოს იდიოტიზმად, ვინაიდან ინტელექტის დაქვეითება ზოგჯერ ინდივიდის თავის თავში მეტისმეტი ჩაღრმავებულობითაა გამოწვეული, რის გამოც იგი ვერ ახერხებს ადეკვატურად გაიაზროს მოცემული საკითხი. ესკიროლმა პირველმა გამიჯნა ერთმენეთისაგან ჰალუცინაცია (ეს ტერმინი მას ეკუთვნის) და ილუზია. ერთ შემთხვევაში ადამიანს ეჩვენება, რომ აღიქვამს ისეთ რამეს, რაც სინამდვილეში ამჟამად მასზე არ ზემოქმედებს, ხოლო მეორეში შემცდარად აღიქვამს იმას, რაც რელურად ზემოქმედებს მის გრძნობის ორგანოზე. ესკიროლმა შემოიტანა აგრეთვე რემისიის და ინტერმისიის ცნებები, დაადგინა სომატური სიმპტომების მნიშვნელობა ფსიქოზების დროს; მან დაუდო საფუძველი პროგრესული დამბლის შესწავლას. ყოველივე ეს გადმოცემულია ესკიროლის ორტომიან კლასიკურ თხზულებაში „სულიერი დაავადებები„ (1838), რომელიც ნახევარი საუკუნის განმავლობაში სამაგიდო წიგნად იქცა ყველასთვის ვისაც ფსიქიკური აშლილობები აინტერესებდა.       ესკიროლი, ცხადია, გვერდს ვერ აუქცევდა ფსიქოზების ეტიოლოგიის პრობლემას. აქ მისი მიდგომა უფრო ფსიქოლოგიურია. სალპეტრიერში შესწავლილი შემთხვევების დიდ ნაწილში სულიერი დარღვევის მიზეზად იგი ფსიქო-ემოციურ ფაქტორს მიიჩნევს (ოჯახური უსიამოვნებანი, წარუმატებელი სიყვარული, შიში, ეჭვიანობა და ა.შ.). შედარებით მცირე წილი მოდის მემკვიდრეობასა და წმინდა სომატურ მიზეზებზე (მეან-გინეკოლოგიური პროცესები, ციება, სიფილისი და ა.შ.). ფსიქოლოგიური მიდგომა კიდევ უფრო გამოკვეთილ ხასიათს იღებს XIX საუკუნის პირველი ნახევრის სხვა მკვლევარებთან, ე.წ. „ფსიქიკოსებთან„. მათ დაუპირისპირდნენ ისინი, ვინც ფსიქოზების აღმოცენებაში სომატოგენურ ფაქტორებს ანიჭებდნენ უპირატესობას. მეცნიერების ისტორიაში ეს კოლიზია „ფსიქიკოსებისა და სომატიკოსების ბრძოლის„ სახელით შევიდა.       ფსიქიკოსებში საგანგებოდ უნდა აღინიშნოს რამდენიმე სახელი. ქრონოლოგიურად პირველი, ალბათ, გერმანელი ექიმი იოჰან ქრისტიან რაილია (1759-1813). იგი აბსოლუტურად დარწმუნებული იყო, რომ სულიერი აშლილობა თავისი არსით ფსიქოლოგიური მოვლენაა და, ამიტომაც, ფსიქოლოგიური ზემოქმედების გზით უნდა განიკურნოს. რაილმა შეიმუშავა ფსიქოლოგიური მკურნალობის გარკვეული მეთოდები და სისტემატური სახით გადმოსცა ისინი სპეციალურ შრომაში (1803). ეს, ალბათ ერთ-ერთი პირველი ტრაქტატია ფსიქოთერაპიაში.       ახალი ნაბიჯი ფსიქოლოგიის მიმართულებით გადადგა თავისი ეპოქის ერთ-ერთმა ყველაზე ორიგინალურმა მკვლევარმა, ესკიროლის მოწაფემ ჟაკ-ჟოზე მორო დე ტურმა (1804-1884). მას მიაჩნდა, რომ ფსიქიკური დაავადება ინდივიდის ერთი ორგანოს (ტვინი) ან სისტემის (ნერვული სისტემა) დაზიანების შედეგი კი არ არის, არამედ მთელი პიროვნების დაშლის გამოვლინებაა. იგი ცდილობდა გაეგო მთლიანი პიროვნების სატკივარი, გამოეაშკარავებინა სულიერი აშლილობის უხილავი ფსიქოლოგიური სურათი. ვინაიდან იმდროინდელი ემპირიული ფსიქოლოგია სულიერებაში შეღწევის ერთადერთ გზად თვითდაკვირვებას ცნობდა, ამიტომ მოროც კოლეგებს ამ მეთოდის გამოყენებისკენ მოუწოდებდა. იმისთვის, რომ გაიგო რა არის ტკივილი, უნდა თვითონ განიცადო იგი; ასევე საჭიროა, რამდენადაც ეს შესაძლებელია, იქონიო იტროსპექტული ცნობები ბოდვის, დეპრესიის თუ ცნობიერების სხვა ფსიქოტური მდგომარეობის შესახებ. ამ უჩვეულო მდგომარეობების გამოსაწვევად მან მიმართა ჰაშიშს. „ხელოვნური სიგიჟის„ ამ მეთოდის გამოყენებით რაილმა კლინიკური ფსიქოფარმაკოლოგიის ერთერთი ფუძემდებლის სახელი მოიპოვა და გზა გაუხსნა კვლევის იმ მიმართულებას, რომელიც ცნობიერების შეცვლილი მდგომარეობების შესასწავლად ნარკოტიკებს იყენებს.       იდეას, რომ ცნობიერების ყველა შეცვლილი მდგომარეობა ნათესაური ბუნებისაა მისი გამომწვევი მიზეზის მიუხედავად, თავისთავად მივყავართ დასკვნამდე, რომ ფსიქიკურ დაავადებასა და ჯანმრთელობას შორის არ არის პრინციპული განსხვავება (დღევანდელი ე.წ. ანტიფსიქიატრიის მთავარი თეზისი). ამიტომ ბუნებრივია, რომ მორომ ერთ-ერთმა პირველმა დაიწყო წერა მოსაზღვრე მდგომარეობების შესახებ. მოროს ზოგადად აინტერესებდა, თუ როგორაა მოცემული ირაციონალური ყოველდღიური რაციონალობის ფარგლებში. ამიტომ, ისიც ბუნებრივია, რომ მან თავისი ყურადღება სიზმრებისკენ მიმართა.       მორო, ალბათ, პირველი იყო ვინც პირდაპირ მიუთითა, რომ სიზმრებში შეიძლება ფსიქიკური დარღვევების გაგების გასაღები მოინახოს. სიზმრები, არსებითად, ჰალუცინაციებია, ბოდვის ანალოგებია, ამიტომ ისინი შეიძლება განვიხილოთ, როგორც შემაკავშირებელი რგოლი ნორმალურ და არანორმალურ მდგომარეობებს შორის. სიზმარი არის ნორმალური ადამიანის დროებითი და ხანმოკლე ფსიქოპათოლოგია, გიჟი კი ცხადში ხედავს სიზმრებს. სიზმრებში, როდესაც ადამიანი გამორთულია გარემოსთან აქტიური ურთიერთობის პროცესიდან, თავისუფალ გამოხატულებას ჰპოულობს შინაგანი, სუბიექტური, ირაციონალური ძალები. ადამიანი ფსიქოზებშიც მოწყვეტილია რეალობას და თავის შინაგან სამყაროშია ჩაკეტილი. იგი ხედავს და წარმოიდგენს იმას, რაც თავად სურს და არა იმას, რაც სინამდვილეშია. ძნელი შესამჩნევი არ არის, რომ ამ შეხედულების ზოგიერთი მომენტი საკმაოდ წააგავს ფსიქოანალიტიკურ კონცეფციას.       მკვლევარისთვის, რომელიც ასე აახლოვებს ნორმალური ფსიქიკის შეცვლილ მდგომარეობას პათოლოგიურთან, ბუნებრივი უნდა ყოფილიყო გარკვეული მიმართებების დამყარება გენიალობასა და სიგიჟეს შორის. ამგვარი მიმართულების მოსაზრებები ფსიქოპათოლოგიის ისტორიაში იშვიათობას არ წარმოადგენს. მოროს მიხედვით, ფსიქიკის ამ ორი სტატუსის მსგავსება განპირობებულია აზროვნების პროცესის უაღრესად დიდი ინტენსივობით. ამან შეიძლება გენიალობამდე მიგვიყვანოს, მაგრამ, თუ ინტელექტუალური ფუნქცია დარღვეულია, მისი ჰიპერაქტიურობა სიგიჟის სურათს მოგვცემს.       გერმანულ ფსიქოპათოლოგიაში და ფსიქიატრიაში ფსიქოლოგიურმა მიდგომამ მორალურ-რელიგიური მოძრაობის ხასიათი მიიღო. მისი სულისჩამდგმელი იყო გამოჩენილი ფსიქიატრი იოჰან ქრისტიან ჰაინროტი (1773-1843). სულიერი დაავადება მას ცოდვის გამოვლინებად მიაჩნდა, რომლის საუკეთესო თერაპია სუფთა სინდისია. ჰაინროტმა ფსიქიკური მოვლენების სამი დონე გამოყო. დაბალ დონეს ინსტინქტური ძალები და გრძნობები შეადგენენ; მათი მიზანი სიამოვნებაა. მეორე დონე - „ეგო„, ინტელექტის გამოყენებით ფუნქციონირებს. „ეგო„ მხოლოდ საკუთარი თავით არის დაკავებული. მისი ძირითადი მიზანია გარე სამყაროსაგან დაცვა. უმაღლესი დონე, ანუ, ჰაინროტის ტერმინოლოგიით, „ზე ჩვენ„, ეგოდან ვითარდება. ის უპირისპირდება საკუთარ თავზე მიმართული ეგოს მისწრაფებებს. გამოხატავს რა სინდისს ადამიანში, „ზე ჩვენ„ ყველასთან არ არის სათანადოდ განვითარებული. სინდისის ხმა ზოგან ძლიერია, ზოგან სუსტი; ის ეგოიზმისა და გონიერების მუდმივი კონფლიქტის გამოძახილია. ფსიქიკური ავადმყოფობის წყარო ეგოს სინდისთან კონფლიქტია. შესაბამისად, განკურნების გზა ამ კონფლიქტის მინიმიზაციაა.       ადვილი დასანახია, რომ ჰაინროტის მიერ მოცემული ფსიქიკის დონეების დახასიათება, მათი ურთიერთმიმართება და სახელწოდებებიც კი დიდად წააგავს პიროვნების სტრუქტურის მოდელს (იდი, ეგო, სუპერ ეგო), რომელიც ერთი საუკუნის შემდეგ ჩამოაყალიბა ფროიდმა (იხ. თავი 8.1.). თუ გავითვალისწინებთ ფსიქოანალიზის გავლენას ფსიქოპათოლოგიასა და ფსიქიატრიაზე, გასაგები გახდება ინტერესი ჰაინროტის ფიგურის მიმართ. ამგვარ ინტერესს ამყარებს ის გარემოება, რომ ჰაინროტი თანამედროვე ფსიქოსომატური მედიცინის სათავეებთან დგას. მას ეკუთვნის ტერმინი ფსიქოსომატიკა და მკაფიოდ გამოხატული თვალსაზრისი ფსიქიკური ფაქტორის მნიშვნელობის შესახებ სხეულებრივი დარღვევების პათოგენეზში. ჰაინროტი ამ შემთხვევაშიც იქიდან ამოდის, რომ ადამიანი არის „ნებაზე მიშვებული არსება„, დაჯილდოებული მოქმედების თვისუფლების უნარით, რომელმაც შეიძლება წაიყვანოს იგი როგორც თვითშენახვისკენ, ისე თვითგანადგურებისკენ. კეთილსა და ბოროტს შორის მოქცეულ ადამიანს უძნელდება არჩევანის გაკეთება და იტანჯება სინდისის ქენჯნით. ვინაიდან სული და სხეული ერთი არსის ორ ასპექტს წარმოადგენს, სულიერი კონფლიქტი არ შეიძლება არ აისახოს სხეულზე. ჰაინროტი ხატოვნად აღწერს ამ ვითარებას: „მუცლის ღრუს ორგანოებს თავისი ტანჯვის ისტორიის გადმოცემა რომ შეეძლოთ, გაგვაკვირვებდა იმის გაგება, თუ რა ძალით შეუძლია სულს მისი კუთვნილი სხეულის განადგურება. წყობიდან საბოლოოდ გამოსული საჭმლის მომნელებელი სისტემის ისტორიაში, ისევე როგორც ღვიძლისა და ელენთის დარღვეულ ქსოვილებში, საუღლე ვენის, ან დაავადებული საშვილოსნოსა და საკვერცხეების ავადმყოფობის ისტორიებში ჩვენ აღმოვაჩენთ ხანგძლივი, მანკიერი ცხოვრების დამადასტურებელ ნიშნებს, რომლებიც წარუშლელ ასოებად აღიბეჭდნენ ადამიანისთვის აუცილებელი უმნიშვნელოვანესი ორგანოების სტრუქტურაში„.       ჰაინროტი დიდი პატივისცემით სარგებლობდა მეცნიერთა შორის. მის მოსაზრებებს იმის თაობაზე, რომ სულიერი კონფლიქტი იწვევს სომატურ დაავადებებს, ზრდილობიანი ინტერესით უსმენდნენ, მაგრამ, როცა ცდილობდა დაემტკიცებინა ყველა დაავადების ცოდვილი ცხოვრებიდან წარმომავლობა, საზოგადოება ამას, რბილად რომ ვთქვათ, ეჭვით აღიქვამდა. ისე გამოდიოდა, რომ ვისაც სინდისი სუფთა ჰქონდა შეეძლო წყნარად ეძინა და არ ენაღვლა თავის ჯანმრთელობაზე. ჰაინროტს უყურებდნენ, როგორც რელიგიურ მორალისტს, რომელსაც დაავიწყდა, თუ რა დროში ცხოვრობს. მაგრამ, ჰაინროტის იდეების ფსიქონალიზთან კავშირსაც რომ თავი დავანებოთ, დღეს უკვე ეჭვს აღარ იწვევს, რომ სწორედ ჰაინროტმა შემოიტანა მედიცინაში ის პრინციპები, რომლებიც ფსიქოსომატიკის არსებით მხარეს გამოხატავენ. საჭირო იყო ამ პრინციპების დანახვა რელიგიურ-მორალისტური ბურუსის მიღმა და მათი დაკონკრეტება რეალური მექანიზმების დონეზე. აქამდე მეცნიერება საკმაოდ გვიან მივიდა, თუმცა სხვა „ფსიქიკოსებმა„ გარკვეული ნაბიჯები გადადგეს ამ მიმართულებით. მათ შორის ყველაზე ცნობილია კარლ ვილჰელმ იდელერი (1795-1860) და ფრიდრიხ ედუარდ ბენეკე (1798-1858).       როგორც ვხედავთ, ფსიქოლოგიური თვალსაზრისის ლოგიკამ მკვლევარები ფსიქოსომატიკამდე მიიყვანა (ანუ იმის მტკიცებამდე, რომ ფსიქიკური ფაქტორი განაპირობებს არა მხოლოდ სულიერ, არამედ სხეულებრივ პათოლოგიებსაც). ორგანული თვალსაზრისიც, თავის უკიდურეს გამოხატულებაში, იმ დაშვებამდე მივიდა, რომ ორგანიზმის სხვადასხვა ფუნქციონალური სისტემის დაზიანება შეიძლება ფსიქიკური აშლილობის მიზეზი გახდეს. ასე ფიქრობდა „სომატიკოსების„ ბანაკის ერთ-ერთი ყველაზე თვალსაჩინო წარმომადგენელი მაქსიმილიან იაკობი (1775-1858). იგი ამტკიცებდა, რომ ფსიქოზური სიმპტომატიკა მხოლოდ ტვინთან არ არის დაკავშირებული, ის შეიძლება გამოიწვიოს ნერვული სისტემის სხვა რგოლების, სისხლძარღვების, ძვლოვან-კუნთური, საჭმლის მომნელებელი, გამრავლებისა თუ სხვა სისტემის პათოლოგიამ. იაკობის პოზიციას სრულად გამოხატავს აფორიზმი: „სულიერი დაავადებები არსებითად მთელი ორგანიზმის დაავადებებია„. ნათელია, რომ ეს პოზიცია აზვიადებს შინაგანი ორგანოების დაზიანების მნიშვნელობას და აკნინებს თავის ტვინის როლს ფსიქიკური დაავადებების წარმოქმნაში.       ამ მიდგომას დაუპირისპირდნენ ნეიროფსიქიატრიული მიმართულების მკვლევარები, მათ შორის ცნობილი გერმანელი მკვლევარი ალბერტ ცელერი (1804-1877), რომელიც ნორმალურ და არანორმალურ ფსიქიკურ ფუნქციონირებას ცალსახად უკავშირებდა ტვინს და აუცილებლად თვლიდა სულით ავადმყოფთა ტვინის პათანატომიურ შესწავლას. განსაკუთრებული წვლილი ამ თვალსაზრისის დამკვიდრებაში მიუძღვის გამოჩენილ მკვლევარსა და მკურნალს ვილჰელმ გრიზინგერს (1817-1868). მისი ეპოქალური თხზულება „ფსიქიკურ დაავადებათა პათოლოგია და თერაპია„ (1845) ევროპის თითქმის ყველა ენაზე ითარგმნა. გრიზინგერი ამტკიცებდა, რომ სულიერი დაავადებების შესწავლა უნდა იწყებოდეს იმ კონკრეტული ორგანოს დადგენიდან, რომლის დაზიანებაც განაპირობებს აღნიშნულ დაავადებებს. ფიზიოლოგიური და პათოლოგიური გამოკვლევები უჩვენებს, რომ ასეთი მხოლოდ ტვინი შეიძლება იყოს. „ფსიქიატრია ფსიქოლოგიის გარეშე„ უნდა ეყრდნობოდეს ტვინის სტრუქტურებისა და იქ მიმდინარე პროცესების ცოდნას. ამ პროცესებს კი, იმდროინდელი ფიზიოლოგიის მონაცემებით, რეფლექსური მექანიზმი უდევს საფუძვლად (იხ. თავი 5.1.).       გრიზინგერმა დასრულებული სახე მისცა „ერთიანი ენდოგენური ფსიქოზის„ კონცეფციას, რომლის ძირითადი დებულებები მისმა მასწავლებელმა ცელერმა გამოთქვა. ამ შეხედულების თანახმად, ყოველი ფსიქოზი წარმოადგენს ერთიან ავადმყოფურ პროცესს, რომელიც იწყება აფექტური სფეროს აშლილობით (პირველადი პროცესები) და სრულდება ნებელობითი და ინტელექტუალური ფუნქციების დარღვევით (მეორადი პროცესები). მანია, მელანქოლია, ბოდვა და ჭკუასუსტობა ერთი დაავადების განვითარების სხვადასხვა ეტაპებად განიხილება. გრიზინგერს მიაჩნდა, რომ მის ხელთ არსებული პათანატომიური მონაცემები ამ თვალსაზრისს ამტკიცებდა. პირველი ჯგუფის ფსიქოტური მდგომარეობების დროს ტვინში იშვიათად აღინიშნება სუსტი და შექცევადი ხასიათის მქონე პათოლოგიური ცვლილებები. მეორე ჯგუფის მდგომარეობების შემთხვევაში, განსაკუთრებით ავადმყოფობის დამასრულებელ სტადიაზე, პათოლოგიური ცვლილებები ღრმა და შეუქცევად ხასიათს იღებს. შესაბამისად, გამოთქმულია მოსაზრება, რომ სულიერი დაავადების ბოლომდე განკურნება მხოლოდ მაშინ შეიძლება, როცა ის პირველადი ანომალური პროცესების დონეზე მიმდინარეობს (იპოქონდრია, მელანქოლია, მანიაკალური მდგომარეობა და ა.შ.). მეორადი პროცესები გამოიხატება ბოდვის, მთლიანი დეზორიენტაციის, იდიოტიზმისა და კრეტინიზმის სახით და სრულდება საერთო დამბლით.       XIX საუკუნის მეორე ნახევარში ტვინის ანატომიურმა, ფიზიოლოგიურმა, ჰისტოლოგიურმა და ა.შ. კვლევამ ახალი მონაცემებით გაამდიდრა ფსიქოზების ეტიოლოგიის ორგანული თვალსაზრისი, უფრო ზუსტად, მისი ნეიროფსიქიატრიული მიმართულება. თავისი დროის წამყვანი ნევროლოგი და ჰისტოპათოლოგი თეოდორ მაინერტი (1833-1892) სულიერი აშლილობების მიზეზს ტვინის პათოლოგიაში ხედავდა. იგი დარწმუნებული იყო, რომ ტვინის სისხლმომარაგების ნაკლებობა აგზნების მდგომარეობას იწვევს, ხოლო მისი სიჭარბე - დეპრესიას. ფსიქიკური ფუნქციების ცენტრების აღმოჩენა და მთლიანად ლოკალიზაციონისტური თვალსაზრისი ასევე ამყარებდა ფსიქოზების ეტიოლოგიის ცერებრალურ მოდელს (იხ. თავი 5.1.). მაინერტის მოწაფემ კარლ ვერნიკემ (1848-1905) სახელი გაითქვა მეტყველების ცენტრის აღმოჩენით, თუმცა ფსიქოპათოლოგიის თვალსაზრისით, არანაკლებ მნიშვნელოვანია მისი სხვა აღმოჩენებიც, სახელდობრ ის, რომ თავის ტვინის ორგანული დაზიანება იწვევს არა მთლიანად მეხსიერების ფუნქციის მოშლას, არამედ მისი ერთ-ერთი ფორმის - ხანმოკლე მეხსიერების დაკარგვას. ასე გახდა შესაძლებელი ტვინის ორგანულ დაზიანებასთან დაკავშირებული ფსიქოზების გამიჯვნა ფუნქციონალურისაგან. დიდია ვერნიკეს დამსახურება ისეთი მენტალური დარღვევების შესწავლაში, როგორიცაა ტვინის ქსოვილების დაბერების შედეგად გამოწვეული (სენილური) აშლილობები და ტოქსიკური (კერძოდ ალკოჰოლური) ფსიქოზი.       ეს უკანასკნელი, თავისი გავრცელებულობის გამო, ადრეც იწვევდა ინტერესს. ის გარმოება, რომ ქიმიური ნივთიერებები აზიანებს ნერვულ სუბსტრატს და სულიერი აშლილობის მიზეზი ხდება, ორგანული თვალსაზრისისთვის მნიშვნელოვან ფაქტობრივ მონაცემს შეადგენს. ეს მონაცემი კიდევ უფრო გაამყარა ბენედიქტ ავგუსტ მორელმა (1807-1872), როცა ის განიხილა თავისი ცნობილი დეგენერაციის ან მემკვიდრეობითი გადაშენების კონცეფციის კუთხით. საინტერესოა, რომ თუ დარვინი მემკვიდრეობას ევოლუციის ანუ პროგრესის სამსახურში აყენებდა, მორელი მას დეგენერაციის ანუ რეგრესის მექანიზმად მოიაზრებდა. მორელს მიაჩნდა, რომ სხვადასხვა ბიოსოციალურმა ფაქტორმა (ალკოჰოლი, ნარკოტიკები, ინფექციური დაავადებები, მავნე პროფესიული გარემო და ა.შ.) შეიძლება გამოიწვიოს ინდივიდის ფიზიკური და ფსიქიკური დეგენერაცია, რომელიც თაობიდან თაობაში გადადის და ძლიერდება. პირველ თაობაში ეს შეიძლება აისახოს მხოლოდ ნერვულ ტემპერამენტზე (გაღიზიანებადობა, ჭირვეულობა, თავდაუჭერელი ხასიათი და სხვა); მეორე თაობაში ეს ნიშნები ძლიერდება, აღინიშნება სისხლის ჩაქცევისა და ნევროზების (ეპილეფსია, ისტერია, იპოქონდრია) შემთხვევები; მესამე თაობაში სულიერი დაავადებებისადმი თანდაყოლილი მიდრეკილება გამოკვეთილ ხასიათს იღებს; მეოთხე თაობა უკვე სრულიად დეგენერირდება, როგორც მორალურად და ინტელექტუალურად, ისე ფიზიკურად. შემდგომ თაობებში დემენტურობა (ჭკუასუსტობა) ისეთ ხარისხს აღწევს, რომ ოჯახი არსებობას წყვეტს. მორელმა აღწერა გადაშენების გზაზე მყოფი ინდივიდები და აჩვენა, რომ თანდაყოლილი დეგენერაციის ნიშნები ვლინდებოდა საკმაოდ ადრე, პუბერტატში. ამ დაავადებას მან უწოდა ნაადრევი ჭკუასოსტობა (დემენცე პრეცოცე) და დაამკვიდრა ცნება, რომელიც შემდგომში ნოზოლოგიის საფუძველი გახდა.       თავის ტვინის პათოლოგია შეიძლება ინფექციური წარმოშობისაც იყოს. ორგანული თვალსაზრისის დიდ წარმატებად ითვლება პროგრესული დამბლის გამომწვევი მიზეზის დადგენა. პროგრესული დამბლა ერთ-ერთ ყველაზე გავრცელებულ სნეულებად ითვლებოდა (ფსიქიატრიული პაციენტების დაახლოებით 10%). ის მჟღავნდებოდა სერიოზულ მოტორულ და ფსიქიკურ დარღვევებში (შესამჩნევი ჭკუასუსტობა, ბოდვა ან მძიმე იპოქონდრიული დეპრესია), რაც რამდენიმე წელიწადში პაციენტის სიკვდილით მთავრდებოდა. ამ დაავადებას მთელი საუკუნე ებრძოდნენ და სწავლობდნენ. XIX საუკუნის მეორე ნახევარში გამოითქვა ვარაუდი, რომ ის სიფილისთან არის დაკავშირებული. საუკუნის მიწურულს ეს ვარაუდი ექსპერიმენტულად დადასტურდა ცნობილი ვენელი ფსიქიატრისა და ნერვოპათოლოგის რიხარდ ფონ კრაფტ-ებინგის (1840-1902) მიერ (პროგრესული დამბლით დაავადებულებს შეუყვანეს სიფილიტური წყლულიდან აღებული ჩირქი, მაგრამ მათ არ განუვითარდათ მეორადი სიფილისის ნიშნები, რაც იმაზე მეტყველებდა, რომ ისინი უკვე იყვნენ ინფიცირებულნი). შემდგომში ავადმყოფების ტვინში აღმოაჩინეს მკრთალი სპიროქეტა და მალე იპოვეს ინფექციასთან ბრძოლის მეთოდიც (ციება და მაღალი სიცხე კლავს სპიროქეტას, ამიტომ ავადმყოფებს ასნეულებდნენ მალარიით, რასაც მდგომარეობის შესამჩნევი გაუმჯობესება ან სრული გამოჯანმრთელება მოსდევდა). ახლა ინფექციასთან ბრძოლის ბევრად ეფექტური საშუალებები არსებობს (მაგ., ანტიბიოტიკები), მაგრამ მალარიით მკურნალობა ისტორიაში შევიდა, როგორც მედიცინის მიერ ფსიქიკურ დაავადებაზე თვალსაჩინო გამარჯვების ფაქტი.       არსებითად ორგანულ თვალსაზრისზე იდგა ერთ-ერთი უმთავრესი ფიგურა ფსიქოპათოლოგიისა და ფსიქიატრიის ისტორიაში ემილ კრეპელინი (1856-1926). იგი სწავლობდა ვიურცბურგსა და ლაიფციგში, სადაც ვუნდტის მიერ დაირწა ექსპერიმენტული ფსიქოლოგიის აკვანი. თავისი სამეცნიერო მოღვაწეობის პირველ ეტაპზე (ჰაიდლბერგში) კრეპელინიც გატაცებული იყო ფსიქიკური პროცესების ექსპერიმენტული შესწავლით, მაგრამ ვუნდტისაგან განსხვავებით, მას თავიდანვე აინტერესებდა ნორმიდან გადახრის შემთხვევები და მათ გამოსაწვევად ექსპერიმენტებში იყენებდა სხვადასხვა სახის ფსიქოაქტიურ ნივთიერებებს. ასეთი გზით იკვლევდა იგი გონებრივ მოქმედებას, მეხსიერებას, ყურადღებას. მათი ფუნქციონირების ნაყოფიერების დასადგენად კრეპელინმა შექმნა ფსიქოლოგიური ტესტების ერთ-ერთი პირველი ვერსია იგი პარალელურად შეისწვლიდა ტოქსიკური მდგომარეობების ნეიროფიზიოლოგიურ ასპექტებს. შემდგომში, ვუნდტის რჩევით, მან მთელი ყურადღება კლინიკურ ფსიქიატრიულ კვლევაზე გადაიტანა, რაც გულისხმობდა ფსიქოპათოლოგიური ფენომენების დინამიკის შესწავლას, სხვადასხვა სიმპტომების გარკვეულ ფსიქიკურ დაავადებასთან (ნოზოლოგიასთან) დაკავშირებას და ამ დაავადებათა კლასიფიკაციას. მიუნხენში, სადაც კრეპელინი კვლევით ინსტიტუტს ხელმძღვანელობდა, კოლოსალური სამუშაო ჩატარდა ამ მიმართულებით. მისი შედეგია კრეპელინის საყოველთაოდ ცნობილი ფსიქიკური დარღვევების კლასიფიკაცია, რომელმაც ეპოქა შექმნა მეცნიერებაში და საფუძვლად დაედო იმ კლასიფიკაციას, რომელიც დღეს არის მიღებული. კრეპელინმა ერთ ჯგუფში გააერთიანა სხვადასხვაგვარი აშლილობები, რომელთაც მორელის მიერ შერჩეული სახელწოდება „ნაადრევი ჭკუასუსტობა„ მიაკუთვნა. ფაქტობრივად, აქ შედიოდა ფსიქიკური დარღვევების ის ფორმები, რომელთა უმეტესობაც ამჟამად შიზოფრენიის ტერმინის ქვეშ ერთიანდება. მათგან გაიმიჯნა ე.წ. მანიაკალურ-დეპრესიული ფსიქოზი. ამ უკანასკნელისთვის დამახასიათებელია ღრმა დეპრესიის, უკიდურესად აგზნებული და სრულიად წყნარი მდგომარეობის პერიოდული მონაცვლეობა. მთავარი ის არის, რომ ამ შემთხვევაში არ ვითარდება სპეციფიკური ჭკუასუსტობა და შესაბამისი მკურნალობით მდგომარეობა შეიძლება მთლიანად გამოსწორდეს. პირველი ჯგუფის დაავადებათა შემთხვევაში პროგნოზი ფატალურია. კლასიფიკაცია მოიცავს სხვა სახის ფსიქიკურ დარღვევებსაც (მაგ., ეპილეფსია, ისტერია, ფსიქოპათია, ინფექციური ფსიქოზები, სიბერით თუ თავის ტვინის სხვადასხვა ტრავმით გამოწვეული აშლილობები და სხვა). მათზე აქ, ცხადია, ვერ შევჩერდებით. მთავარია წარმოვადგინოთ პრინციპი, რომელიც კლასიფიკაციას უდევს საფუძვლად და კრეპელინის კონცეფციის მთელ იდეოლოგიას გამოხატავს: „სულიერი დაავადება არის კანონზომიერი ბიოლოგიური პროცესი, რომელიც დაყოფილია რამდენიმე სახეობად. თითოეულ მათგანს აქვს კონკრეტული ეტიოლოგია, დამახასიათებელი ფიზიკური და ფსიქიკური ნიშნები, ტიპური მიმდინარეობა, პათოანატომიური საფუძველი და თვით ამ პროცესის არსთან მჭიდროდ დაკავშირებული წინასწარ განსაზღვრული გამოსავალი„.       კრეპელინის კლასიფიკაცია არ იყო უნაკლო და ბუნებრივია, რომ თავიდანვე ბევრი კრიტიკოსი გამოუჩნდა. ამ კრიტიკის შედეგად მან გარკვეული ცვლილებები განიცადა, და საბოლოოდ, ახალ, თანამედროვე კლასიფიკაციაში გადაიზარდა. კრეპალინის კლასიფიაკაციის ისტორიული როლი       უდიდესია. ფსიქოპათოლოგიაში ფსიქიკურ დარღვევათა ფორმების კლასიფიცირების ამოცანა უძველესი დროიდან იდგა. კლასიფიკაცია, თავისთავად, ემპირიული მასალის მოწესრიგებაზე მიმართული ანალიტიკური პროცესია, მაგრამ მას, თეორიულთან ერთად, უზარმაზარი პრაქტიკული მნიშვნელობა აქვს. თუ ტაქსონომია სწორია, მაშინ ერთად დაჯგუფებულ პათოფსიქოლოგიურ მდგომარეობებს მსგავსი მიზეზები ექნებათ, ასევე ერთნაირი იქნება მათი პროგნოზი და მკურნალობა. რაც უფრო კარგია კლასიფიკაცია, მით უფრო ზუსტია დიაგნოსტიკა და ეფექტურია მკურნალობა. კრეპელინის კლასიფიკაცია ეპოქალური მნიშვნელობის სისტემა იყო, რომელმაც უზარმაზარი გავლენა მოახდინა მთელ ფსიქოპათოლოგიასა და ფსიქიატრიაზე.       მიუხედავად ამისა, კრეპელინის სწავლებას, ზოგადად, არაერთგვაროვნად აფასებენ, რაც განპირობებულია მკვლევართა პოზიციით. ისინი, ვინც უკიდურეს ორგანულ, ნევროლოგიურ თვალსაზრისს იზიარებენ (მაგ., მაინერტის და ვერნიკეს სკოლები), კრეპელინს იმას საყვედურობენ, რომ მისი ფსიქოპათოლოგია არის „უტვინო„, ტვინის გარეშე, ვინაიდან მთელი აქცენტი გადატანილი აქვს კლინიკურ ფაქტებზე და ნაკლებ ყურადღებას უთმობს პათანატომიურ მონაცემებს. კრეპელინი მართლაც ერიდებოდა გამოეთქვა დაუსაბუთებელი ჰიპოთეზები ფსიქიკური დაავადებების ნერვულ სუბსტრატთან დაკავშირებით, მაგრამ აბსოლუტურად დარწმუნებული იყო ამ დაავადებათა პათოგენეზის ორგანულ ბუნებაში. ეს საფუძველს აძლევს ფსიქოლოგიურ თვალსაზრისზე მდგომ ანალიტიკოსებს შეაფასონ კრეპელინის მოღვაწეობა, როგორც ანტიფსიქოლოგიური, ნეიროფიზიოლოგიური მიდგომის კულმინაცია (ფ. ალექსანდერი).       გამოჩენილმა შვეიცარელმა ფსიქიატრმა ეუგენიო ბლოილერმა (18591939) ფსიქოზის დახასიათებაში სწორედ ფსიქოლოგიურ მომენტებს გაუსვა ხაზი. მან არსებითად გადაახალისა შეხედულება იმ სულიერ დარღვევებზე, რომლებიც კრეპელინის მიერ „ნაადრევი ჭკუასუსტობის„ ჯგუფში იყო გაერთიანებული. ბლოილერმა მათ „შიზოფრენიული ჯგუფის დაავადებანი„ უწოდა. შიზოფრენია ბერძნულად გათიშულობას ნიშნავს და მიუთითებს ამ დაავადების ძირეულ ნიშანზე – ფსიქიკურ ფუნქციათა სფეროებს შორის გახლეჩაზე, დისოციაციაზე და ამით გამოწვეულ პირვნების მთლიანობის დარღვევაზე. შიზოფრენიის სხვა სპეციფიკურ ნიშნებს შორის დასახელებულია ასოციაციური კავშირების დარღვევით გამოწვეული აზროვნების თავისებური აშლა, აფექტური სფეროს დარღვევა მის სრულ გაფხვიერებამდე; აგრეთვე, გარე სამყაროსთან კონტაქტის დაკარგვა, შინაგანი განცდების სამყაროში ჩაკეტვა და მათზე ფოკუსირება, რასაც აუტიზმი ეწოდა (სხვათა შორის ბლოილერი ფსიქოლოგიისთვის მნიშვნელოვანი სხვა ტერმინების ავტორიცაა, მაგ., ამბივალენტობა). ე.წ. მეორეულ (არასპეციფიკურ) სიმპტომებს მიეკუთვნება ბოდვა, ჰალუცინაცია, კატატონია და თვით დემენციაც. ამრიგად, ჭკუასუსტობა აღარაა მიჩნეული ამ ჯგუფის დაავადებათა აუცილებელ შედეგად.       საზოგადოდ კი, შიზოფრენიას ცვალებადი და არაერთგვაროვანი კლინიკური სურათი აქვს: ნორმიდან მცირე გადახვევით დაწყებული და დამთავრებული აზროვნებისა და პიროვნების სრული დაშლით. შიზოფრენიის ძირეული სიმპტომები გამოწვეულია ჯერ კიდევ უცნობი ორგანული მიზეზებით, მაგრამ მეორეული სიმპტომები, უპირატესად, ფსიქოგენური ფაქტორებითაა პირობადებული, მათ შორის ადამიანის ფსიქოკონსტიტუციური თვისებებით, ფსიქოსექსუალური კომპლექსებით და ა. შ. ამიტომ, ბლოილერს მიაჩნდა, რომ სიმპტომატოლოგიური მკურნალობის თვალსაზრისით ყველაზე ეფექტური საშუალება ფსიქოანალიზია. ფსიქიატრიის ისტორიკოსები აღნიშნავენ, რომ ბლოილერის მიერ შიზოფრენიის ამგვარი გააზრება შეესაბამებოდა ეპოქის მოთხოვნებს. „XX საუკუნის დასაწყისისთვის ფსიქიური აშლილობანი უკვე განისაზღვრა დაავადებებად, რომელთაც სჭირდებოდა სამედიცინო და სოციალური მეთოდებით მკურნალობა. ცივილიზებულ სამყაროში იგი გამოვიდა თავშესაფრებიდან, ბედლამებიდან და საჭირო გახდა „მცირე ფსიქიატრიის„ სახით ყოველდღიური ცხოვრების სფეროში შესვლა, როგორც ეს ხდებოდა ჩვეულებრივ სომატური დაავადებების შემთხვევაში„ (შ. და ა. გამყრელიძე). ფსიქოთერაპიის მნიშვნელობა ამ კონტექსტში უდავოა. ***       ახლა მოკლედ ფსიქოთერაპიის ისტორიაზე შევჩერდეთ. როგორც ცნობილია, ფსიქოლოგიური ცოდნის განვითარების იმ ეტაპს, როცა ფსიქიკად მიჩნეული იყო მეტაფიზიკური რეალობა _ სული, მეტაფიზიკური ფსიქოლოგია ეწოდება. ფსიქოლოგიის ისტორიკოსები ამ ეტაპს ხშირად აღწერენ, როგორც არამეცნიერული ცნობიერების მრავალსაუკუნოვან შეცდომას, მაგრამ ფსიქოთერაპიისთვის ამ პერიოდის ასეთი ცალსახა შეფასება მართებული არაა.       მეტაფიზიკურ ფსიქოლოგიას თავისი ფსიქოთერაპიული პრაქტიკა ჰქონდა და აქვს დღესაც – სხვადასხვა სახის შემლოცველები, ნათელმხილველები თუ სექტები, რომლებსაც ადამიანის გამოჯანმრთელების პრეტენზია აქვთ, მეტაფიზიკური ფსიქოლოგიის მოდელებს ეყრდნობიან. მეტაფიზიკური „თეორიის“ მოხსნის შემდეგ ფსიქოლოგიური ტექნიკები, რომლებიც მეტაფიზიკურ პარადიგმაში აღმოცენდა ათეული საუკუნეების წინ, საკმაოდ პროდუქტიულია ხოლმე თანამედროვე ფსიქოთერაპიისთვის, მათი პოტენციალი ბოლომდე გახსნილი არც არის.       პირველყოფილ კულტურებში და დღესაც სულის გაგებას ყველგან ერთი საერთო აქვს - სული მიჩნეულია სხეულისა და ყველაფერ სხეულებრივისაგან დამოუკიდებელ რეალობად, სადაც არ მოქმედებს ბუნების (ბერძნ. - პჰისის) კანონები - სივრცის, დროის, ენერგიის, კაუზალობის, სიცოცხლისა და სიკვდილის. შესაბამისად, ამ რეალობას მეტაფიზიკურს უწოდებენ (ბერძნ. მეტა ტა პჰისის – ფიზიკის, ბუნების იქითა, ზედა).       რელიგიის ისტორიის პირველი სტადიის აღსანიშნად ტერმინი „ანიმიზმი“ (ლათ. ანიმა, ანიმუს-იდან, რაც სამშვინველს და სულს ნიშნავს) მეცნიერებაში ედუარდ ბერნეტ ტეილორმა (1832-1917) დაამკვიდრა. იგი ანიმიზმს, ანუ სულთა არსებობის რწმენას თვლიდა „რელიგიურობის მინიმუმად“. ანიმიზმი გულისხმობს, რომ გასულიერებულია ყველაფერი, განსაკუთრებით ის, რასაც ცვლილების უნარი აქვს - ადამიანი, მისი სხეულის ნაწილები, ცხოველები, მცენარეები, გეოგრაფიული ადგილები, ბუნების ძალები თუ ციური სხეულები.       საყურადღებო სურათს ქმნის სხვადასხვა ენაში არსებული „სულის“ ომონიმები (ერთი სიტყვით, სხვადასხვა მნიშვნელობის აღნიშვნა). ბევრგან სული და ჩრდილი ერთი სიტყვით აღინიშნება, რადგან ითვლება, რომ ადამიანის სული მის ჩრდილშიცაა (მაგ., ამერიკელი ინდიელების ბასუტუს ტომში მიაჩნიათ, რომ თუ ნიანგმა კბილები ჩაასო მდინარის პირას მიმავალი ადამიანის ჩრდილს, იგი ადამიანსაც ჩაითრევს). ამ წარმოდგენების ფონზე დამღუპველად ითვლება ჩრდილის დაკარგვა. ცნობილია ევროპულ და აღმოსავლურ ენებში დაფიქსირებული კავშირი (მათ შორის, ომონიმია) სულსა და სუნთქვას შორის (შეადარეთ სულის და სუნთქვის აღმნიშვნელი სიტყვები ინგლისურ და რუსულ ენებში; ასევე - ქართულშიც, სადაც „სუნთქვის“ სინონიმებია „სულის კვეთა“ და „სულთქმა“). სუნთქვასთან სულის დაკავშირება ბუნებრივია, რამდენადაც სუნთქვა სიცოცხლის, ანუ სულიერობის ნიშანია.       ყველა ტიპის რელიგიური კულტურა მიიჩნევს, რომ სხეულში სულის ჩასახლება აძლევს სხეულს სიცოცხლეს. შესაბამისად, მიაჩნდათ, რომ სიკვდილი სხეულისაგან სულის სამუდამო წასვლაა. სულის დროებით წასვლად ითვლება ავადმყოფობა. ავადმყოფობის ეს ზოგადი დიაგნოზი მდგომარეობის გართულებისას დაკონკრეტებას მოითხოვს - უნდა დადგინდეს ჯერ ის, თუ რომელმა სულმა მიატოვა სხეული და შემდეგ ის, თუ სად არის ამჟამად იგი (ფართოდ არის გავრცელებული რწმენა, რომ ერთ არსებაში სხვადასხვა სულია – სიცოცხლის, საფლავის თავზე მოტრიალე, ჩრდილის, ანარეკლის და ა.შ.). ავადმყოფობასთან და მის დიაგნოზთან კავშირშია სიზმარი და მისი გააზრება. სიზმარს, ავადმყოფობას და სიკვდილს ერთი მიზეზი აქვს – სულის წასვლა სხეულიდან. სიზმარს თითქმის ყველა არქაული კულტურა მიიჩნევს სხეულიდან სულის დროებით გასვლად. თუ დიდხანს არ დაბრუნდა ძილის დროს წასული სული, ადამიანი შეიძლება დაავადდეს ან დაიღუპოს.       სხეულს სული ტოვებს ტრანსის მდგომარეობაშიც, რაც ანიმისტური აზროვნებისთვის არსებითად არ განსხვავდება ძილისაგან. ტრანსში სხეულიდან გამოსული სულის მოგზაურობის თემა ხშირად გვხვდება სხვადასხვა ხალხის მითოლოგიასა და ფოლკლორში, რაც მიუთითებს ამ წარმოდგენის არქაულობაზე. მოსაზრებიდან, რომ სულებს სიზმრის ან მოჩვენების სახით ხედავს ადამიანი, ლოგიკურად გამომდინარეობდა, რომ სულს აქვს იერი. ანიმისტურ კულტურაში ითვლება, რომ სხეულისაგან გათავისუფლებული სული ისევ სხეულის იერს იღებს და სწორედ ამის წყალობით არის ცნობადი. ამდენად, სული ამქვეყნიური გარეგნული ნიშნების მატარებელი არის იმ ქვეყნად.       სული არამარტო ამქვეყნიური ფიზიკური თვისებებით ხასიათდება, არამედ ურთიერთობებითაც. იმქვეყნად ამქვეყნიური ურთიერთობების გაგრძელების იდეა უდევს საფუძვლად ჩვეულებას, რომ მიცვალებულს საფლავში ჩაატანონ საგნები, რომელსაც იგი ამქვეყნად ხმარობდა. მიცვალებულისთვის სხვა ადამიანების მსხვერპლად შეწირვაც დაკავშირებულია რწმენასთან, რომ შეწირულთა სულები მიცვალებულთან ისეთივე ურთიერთობას გააგრძელებენ, რაც ამქვეყნად ჰქონდათ. ამიტომ, მსხვერპლად იწირებოდნენ მიცვალებულის მსახურები, მონები, ცოლები. ანიმისტური ცნობიერება ცხოველზე ხშირად ისევე მსჯელობს, როგორც ადამიანზე, რისი რადიკალური გამოვლენაც არის ტოტემიზმი. ხშირად ისევე, როგორც ცნობილ ადამიანს მიეწერება ხოლმე გვარის დაწყება, წინაპრად მოიაზრება ცხოველი, უფრო ზუსტად - ცხოველის სული. ეს ტოტემისტური დამოკიდებულება შემდეგ ცხოველის გაღმერთების საფუძველი ხდება, რისი ელემენტიც არის თითქმის ყველა რელიგიაში.       განხილულ მასალაში ყველაზე უფრო საინტერესო არის ის, რითაც განსხვავდება სულის ცნება ანიმისტურ კულტურაში გვიანდელთან შედარებით. ერთ-ერთ ამგვარ განსხვავებად შეიძლება მივიჩნიოთ ის, რომ ანიმისტური ცნობიერებისთვის სული ისევე არის მოცემული ემპირიულ გამოცდილებაში, როგორც ნებისმიერი სხვა რეალობა, იგი დაკვირვებადია, კერძოდ - მას ხედავენ სიზმრებში და ჰალუცინაციებში. ამიტომ სულს მიეწერება ის ნიშნები, რითაც ხასიათდება სიზმრისეული რეალობა – მოვლენების განვითარება ზებუნებრივი წესით. ზოგიერთი მკვლევარი (ე. ტეილორი) ამ საერთო ფსიქოლოგიური საფუძვლით ხსნის იმას, რომ სულის შესახებ წარმოდგენები არსებთად ერთნაირია ერთმანეთისაგან იზოლირებულ განსხვავებულ კულტურებში.       ანიმისტური მსოფლმხედველობიდან ლოგიკურად გამომდინარეობდა ცხოვრების სტრატეგია - სხეულთა სამყაროსთან დაკავშირებული პრაქტიკული პრობლემების გადაჭრისთვის ადამიანს უნდა მოეხდინა გავლენა სულთა სამყაროზე, რომელიც შემდეგ შეცვლიდა ფიზიკურ სინამდვილეს. ამ გზით ცდილობდა ადამიანი მიეღო მისთვის სასურველი ამინდი, ნაყოფიერი ნადირობა ან მოსავალი. ამავე გზით ებრძოდა იგი დაავადებებს და სიკვდილსაც კი. მეტაფიზიკური სინამდვილის ასეთი დაკავშირება პრაქტიკულ პრობლემებთან უკვე გულისხმობდა, რომ უნდა შექმნილიყო სულთა სამყაროსთან ურთიერთობის „ტექნოლოგია“ და მისი შემსრულებლის სოციალური ინსტიტუტი. ამგვარი ინსტიტუტი შეიქმნა. სხვადასხვა კულტურაში მას სხვადასხვა სახელი ჰქონდა - ჯადოქარი, მაგი, შამანი, მკურნალი და ა.შ. მსჯელობის გაადვილებისთვის მას შამანი ვუწოდოთ, რადგან ამ პრაქტიკის სახელად დღეს დამკვიდრებულია ტერმინი „შამანიზმი“ (გვიანდელ კულტურებში მეტაფიზიკურ სამყაროსთან ურთიერთობა ღვთისმსახურების ფუნქცია გახდა).       შამანიზმი მოიცავს ექსტაზის არქაულ ტექნიკას, ამასთანავე - მისტიკას, მაგიას და რელიგიურ მითოლოგიას (თუმცა, რომელიმე კონკრეტულ რელიგიას შამანიზმი არ განეკუთვნება). შამანი მაგიც არის და ექიმბაშიც. იგი მკურნალობს, როგორც ექიმბაში, და, ამავ დროს, ფაკირისეულ სასწაულებსაც უჩვენებს. ფსიქოთერაპიის თვალით თუ შევხედავთ, სავარაუდოა, რომ შემთხვევითი არ უნდა იყოს სასწაულმოქმედის და მკურნალის ერთ პიროვნებაში გაერთიანება - სასწაული აჩენს რწმენას, რომელიც სჭირდება ფსიქოთერაპიულ მკურნალობას. შამანი ქარიზმატული პიროვნებაა, რომელსაც აქვს ტრანსში გადასვლის, ავადმყოფთა განკურნების, ბუნების ძალების მართვის, ცხოველებსა და ფრინველებთან ურთიერთობის, თუ მიცვალებულთა სამყაროსთან კონტაქტის უნარი. შამანის ერთ-ერთი ძირითადი ფუნქცია - მკურნალობა, წარმოდგენილია, როგორც შამანის ან მისი დამხმარე სულების ბრძოლა ავადმყოფობის სულთან. ავადმყოფობის სულს შამანი ედავება, ეჩხუბება, აშინებს, შეულოცავს და ა.შ. ითვლება, რომ ამ გზით შამანი ადამიანის სულს ართმევს ავადმყოფობის სულებს („ბატონებს“) და უბრუნებს პატრონს, რაც ამ უკანასკნელის გამოჯანმრთელებას იწვევს. ასე თვლის შამანიც და პაციენტიც. ამ თვალსაზრისს ორივე მათგანში აყალიბებდა მითოლოგია. მითოლოგიის ერთიანობის მიუხედავად შამანსა და პაციენტს შორის არის განსხვავება - შამანის მონათხრობიდან გამომდინარე ავადმყოფი გულისხმობს, რომ შამანი იბრძვის მისი სულისთვის, ხოლო ტრანსში მყოფი შამანი უშუალოდ ხედავს და განიცდის ამ „ბრძოლას“.       ყველა ექიმბაში, ან ყველა მაგი შამანი არაა. შამანს თავის სპეციალიზაცია აქვს. „შამანი არის სპეციალისტი ტრანსისა, რომლის დროსაც მისი სული, როგორც ითვლება, ტოვებს სხეულს იმისთვის, რომ ავიდეს ზეცაში ან ჩაეშვას ჯოჯოხეთში“ (ელიადე). შამანიზმი უფრო მისტიკური ფენომენია, ვიდრე რელიგიური, რომელიც ბევრ რელიგიაშია მოცემული ექსტატური კულტურის სახით. შამანურ საზოგადოებაში ეპილეფსიური ან ისტერიული შეტევა ღმერთებთან შეხვედრად არის მიჩნეული. ბევრგან ადამიანი შამანად ხდება მეხის დაცემის შემდეგ. ექსტატური გამოცდილების ქვეშ იგულისხმება შთამბეჭდავი სიზმრების, ტრანსის, ჰალიცუნაციების და სხვა ამგვარის გამოცდლება. შამანად გახდომის კანდიდატი ავადმყოფური ახალგაზრდაა, მაგრამ შამანად გახდომის შემდეგ ავადმყოფურობა ქრება. როგორც წესი, შამანური პრაქტიკა ხელს უწყობს თვით შამანის გამოჯანმრთელებას (ანუ - შამანის პაციენტი თვით შამანიცაა, რასაც ასე ხშირად ვხვდებით ფსიქოთერაპიის ისტორიაში). შამანები ჰყვებიან, რომ შამანობის დაწყების შემდეგ ისინი უკეთესად გრძნობენ თავს. როცა რაიმე მიზეზით მათ ამ პრაქტიკის საშუალება არა აქვთ, ჯანმრთელობის მდგომარეობა უუარესდებათ.       თავისებურია შამანის ღმერთებთან ურთიერთობა. დღევანდელი შამანიც კი საკუთარ თავს ღმერთის ტოლად განიცდის. შამანის „სითამამე“ ღმერთებთან, ალბათ, იმ იდეით იხსნება, რომ შამანურ მითოლოგიაში შამანობა ღმერთისაგან იღებს სათავეს.       სულთა სამყაროში მოგზაურობა შამანური პრაქტიკის ზოგადი ელემენტია. არის მკურნალობის კონკრეტული ფორმებიც. ესკიმოსებთან სულის დაკარგვასთან ერთად ავადმყოფობის მიზეზად მიჩნეულია ტაბუს (აბორტის გაკეთება, მოხარშული ხორცის ჭამა და ა.შ.) დარღვევა. ამიტომ სულის ძებნასთან ერთად შამანის სამკურნალო პროცედურებში შედის ჯგუფური აღსარება (რაც ასე პოპულარულია გვიანდელ რელიგიებსა და ფსიქოთერაპიაში). „დიაგნოზს“, რომლიდანაც შემდეგ გამომდინარეობს მკურნალობა, სვამს შამანი. იგი სპეციალური ბალახების, ცეკვის და სხვა ტექნოლოგიების გამოყებენით ვარდება ტრანსში და აღმოცენებული ხილვა მას ჰკარნახობს ავადმყოფობის „მიზეზს“.       მკურნალობა შამანურ კულტურაში უშუალოდ გამომდინარეობს ავადმყოფობის გაგებიდან. ავადმყოფობის, ისევე როგორც სიკვდილის მიზეზი, სულიერი ბუნებისაა. მტრის, მეტოქის ან ცხოველის სულმა შეიძლება გამოიწვიოს ადამიანის დაავადება. ადამიანის სულის მატარებლად ითვლება მისი გამოსახულება, ჩრდილი, თმის კულული და ა.შ. ყოველივე ეს შამანის ინსტრუმენტად შეიძლება გადაიქცეს იმ პროცედურებში, რომელიც წააგავს იმ პროცედურებს, რასაც დღეს ჰიპნოზის ტექნიკას ვეძახით.       ნარკოჰიპნოზს გვახსენებს ის, რომ შამანიზმის პრაქტიკაში დიდ ადგილს იკავებს ტრანსის ინტოქსიკაციით გამოწვევა. ყოველ შემთხვევაში, ირანი იცნობდა კანაფის კვამლით ექსტაზში შესვლის პრაქტიკას. ასევე ცნობილი იყო მათთვის ექსტაზი ღვინით თრობისაგან. ექსტაზის მიღწევის უძველესი საშუალებები იყო მარხვა, ყურადღების კონცენტრაცია, ცეკვა დაცემამდე და სხვა ამგვარი.       შორეული აღმოსავლეთის ფსიქოფიზიკური ვარჯიშების უამრავი სისტემა არსებობს. მათ ბევრი რამ აქვთ საერთო, თუმცა განსხვავებებიც ბევრია. რამდენიმე რელიგიამ მსოფლიო რელიგიის მასშტაბს მიაღწია, ხოლო მათში ჩართული ფსიქოფიზიკურ ვარჯიშთა სისტემები მსოფლიო კულტურის საკუთრებად იქცა (რამაც განაპირობა მათი ელემენტების გაჩენა ფსიქოთერაპიის პრაქტიკაში).       ფართოდ არის გავრცელებული სიტყვა „დაოს“ გამოყენება მეთოდის, საშუალების და გზის აღსანიშნავად. ამ საშუალების მიზანს წარმოადგენდა არამარტო სულის, არამედ სხეულის უკვდავება. უკვდავების მაძიებელთა მიმართ ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა იყო ვეგეტარიანელობა. დაოსისტებისთვის უკვდავების მეორე მნიშვნელოვანი პირობა იყო სულის განმტკიცება, რაც მიიღწევა ჰაერის შერწყმით ესენციასთან „ცზინ“. ამის მიღწევის საშუალებაა სუნთქვის ვარჯიშები, მოძრაობითი ვარჯიშები და, ხანდახან, წამლები და მასაჟები. დაოსიზმიდან იღებს სათავეს სიგუნის პრაქტიკა.       „ცი“-ს („ჩი“-ს) ყველასთვის მისაღები განმარტება არ არსებობს. ზოგი ელექტრულ ენერგიად მიიჩნევს, ზოგი - მაგნიტურად, ზოგი-სითბოსად. ვიწროა ციგუნის გაგება, როგორც ჯანმრთელობის გასაუმჯობესებელი ვარჯიშების ან მედიტაციის სისტემისა. ადამიანის ენერგია ზეცის და მიწის ენერგიის გავლენის ქვეშაა, ამიტომ ბუნებრივი გზების, ანუ „დაოს“ ცოდნა აუცილებელია. ადამიანური „ცი“-ს ცირკულაციის ნორმალიზაციას ემსახურება აკუპუნქტურა, აკუპრესურა, მედიტაცია, ციგუნის ვარჯიშები და ბალახებით მკურნალობა. ამავე მიზანს ემსახურება საბრძოლო ხელოვნების დაუფლება (რის მაგალითსაც იძლევა შაოლინის მონასტერი).       III საუკუნიდან ჩინელებმა აღმოაჩინეს მოძრაობების თერაპიული ეფექტი. დაახლოებით ჩვ.წ. 60-იანი წლებიდან ჩინელებმა გაიცნეს ინდური ბუდიზმი. ინდური ვარიანტი უფრო რელიგიური იყო და შემეცნების და წვდომის, ანუ ბუდას მდგომარეობის შექმნის მიზნებს ისახავდა. ინდუიზმი ინდოეთის ხალხების სულიერი ცხოვრების სისტემაა, რომლის საფუძველია სანსკრიტული კულტურა, და მოიცავს მეცნიერულ, ფილოსოფიურ, რელიგიურ-მითოლოგიურ, ესთეტიკურ, სოციოლოგიურ, სამართლებრივ თუ ეთიკურ ცოდნას და ნორმებს. ვედები (რაც მეცნიერებებს ნიშნავს) ძველინდური ლიტერატურის ძეგლია, რომელიც ძვ.წ. II ათასწლეულის ბოლოსა და I ათასწლეულის დასაწყისში შეიქმნა არიულ ტომებში. მითოლოგიურ-ფსიქოლოგიური პარალელების შემცველ ნაწილებს უპანიშადები ეწოდება. უპანიშადებს ეფუძნება ინდოეთის ფსიქოლოგიური პრაქტიკა. ინდუიზმი ძვ.წ. I ათასწლეულის ბოლოს შეცვალა ვედურმა ბრაჰმანიზმმა. ინდუიზმი აღორძინდა ახალ დროში და გააერთიანა სხვადასხვა ინდური რელიგიური წარმოდგენები. ადრეული ეტაპი ინდუისტური მითოლოგიის ასახულია „მაჰაბჰარატასა“ და „რამაიანაში“.       ინდუისტურ მითოლოგიაში წამყვანი მოტივია მაგიური ძალა, რომელიც ასკეტიზმით მიიღწევა. სხეულის „მოკვდინება“ (ტაპასი) ყველა სურვილის შესრულების, ქვეყნის შექმნისა თუ დანგრევის საშუალებას იძლევა. ჭეშმარიტება ინდური ფილოსოფიისთვის იმდენადაა ფასეული, რამდენადაც ფასეულია გათავისუფლება, დამოუკიდებლობა ჭეშმარიტების წვდომის შედეგად. გათავისუფლება გულისხმობს ფსიქოლოგიურ სიკვდილს ამქვეყნიური ცხოვრებისთვის და უპირობო არსებობის ფორმით ყოფნას. პიროვნება არაა საბოლოო ელემენტი, ის მხოლოდ განცდების სინთეზია, რომელიც წაიშლება გასხივოსნებისას. თავისუფლების მიღწევის შემდეგ პიროვნების საჭიროება მოხსნილია. თავისუფლების მიღწევაში დიდი როლი აქვს იოგას ტექნიკას.       ითვლება, რომ ტერმინ „იოგა“-ს ეტიმოლოგია წარმოდგება ზმნა „იუჯ“ის ძირიდან, რაც ნიშნავს „ერთად შეკვრას“, „მარხვას“, „შეერთებას“. ზოგადად „იოგათი“ აღინიშნება ნებისმიერი ასკეტური ტექნიკა და მედიტაციის მეთოდი. იოგას სხვადასხვა სკოლები სხვადასხვა მეთოდებს ანიჭებენ უპირატესობას. მათ შორის „კლასიკურად“ ითვლება პატანჯალის „იოგასუტრა“. ასევე არსებობს არასისტემური მეთოდები, არაბრაჰმანული (ბუდისტური, ჯანაისტური) იოგა და ა.შ. ინდოეთის ფილოსოფიური სისტემები განსხვავდება ევროპულისაგან - ისინი, ძირითადად, ადამიანის სულიერ გამოცდილებას აღწერენ. ამ ფილოსოფიურ სისტემებში უხვადაა რჩევები ასკეტიზმის და ჭვრეტის ტექნიკაზე.       როგორც ფსიქოტექნიკა, ასევე ფილოსოფია ინდოეთისთვის ღირებულია მხოლოდ იმდენად, რამდენადაც შეუძლიათ ადამიანის ფსიქიკის განთავისუფლება ტანჯვისაგან. ნებისმიერი ადამიანური გამოცდილება ტანჯვითაა განპირობებული (ტანჯვა ინდური ტექსტებში ყველა უარყოფით ემოციას გულისხმობს). „სხეული ტანჯვაა, რადგან იგი ტანჯვის ჭურჭელია; გრძნობის ორგანოები, გრძნობის ობიექტები, შეგრძნებები - ტანჯვაა, რადგან წარმოადგენენ გზას ტანჯვისკენ; თვით სიამოვნებაც კი ტანჯვაა, რადგან მას ტანჯვა მოსდევს“ - ნათქვამია „სანკჰია-სუტრები“-ს კომენტარებში. ტანჯულია ყველაფერი, რაც დროში არსებობს - ღმერთიდან მწერამდე. ადამიანს, განსხვავებით ღმერთებისა და სხვა ცოცხალი არსებებისაგან, შეუძლია დაძლიოს თავის მდგომარეობა, დაძლიოს კარმა და მოსპოს ტანჯვა - ეს, ინდოეთის ყველა ფილოსოფიური და მისტიკური მიმდინარეობისთვის საერთო რწმენა გამორიცხავს პესიმიზმს და სასოწარკვეთას. სკოლები ერთმანეთისაგან განსხვავდებიან მხოლოდ არჩეული გზით - ტანჯვისაგან გათავისუფლება ზოგჯერ მიიღწევა ცოდნის შეძენით (მაგ., ვედანტის და სანკჰიას მოძღვრებებში), ზოგჯერ - ფსიქოტექნიკური საშუალებებით (იოგასა და ბუდისტურ სკოლათა უმრავლესობაში).       იოგა ძირითადად ვითარდებოდა ინდუიზმისა და ბუდიზმის ფარგლებში, თუმცა თვით არ წარმოადგენდა რელიგიურ სისტემას. მისი მიზანია დაიმორჩილოს ცნობიერების ხუთივე მდგომარეობა - სწორი და მცდარი შემეცნება, ძილი, ქვეცნობიერი, წარმოსახვა და მეხსერება. პატანჯალის იოგას 8 საფეხურიანი სისტემა მოწოდებულია შეაჩეროს ცნობიერების ყველა ფორმის მუშაობა და მოახდინოს უმაღლესი ფსიქოფიზიკური ინტეგრაცია. სწორი პოზის და სხეულის წონასწორობა, კუნთების, შინაგანი ორგანოების და სუნთქვის კონტროლი შევიდა ჰათჰა იოგაში. იოგას ბოლო საფეხურს, „სამეფო იოგას“ ეწოდება რაჯა-იოგა და მიზნად ისახავს ყურადღების, წარმოსახვის და სხვა ცნობიერების ფუნქციების ჩამოშორებას გარე საგნებიდან და საკუთარ თავზე კონცენტრაციას.       ბუდიზმი - რელიგიური და ფილოსოფიური მოძღვრებაა, ერთ-ერთი (დროში – იუდაიზმის პარალელურად აღმოცენებული) მსოფლიო რელიგიაა, რომელმაც გავლენა იქონია უფრო გვიანდელ ქრისტიანობასა და ისლამზე. ბუდიზმი ყალიბდება ძვ.წ. 6-7 საუკუნეში. მისი დამფუძნებელი არის ინდოელი - პრინცი სიდჰარტა გაუტამა. ეს რეალური პიროვნება ცხოვრობდა ჩრდილოეთ ინდოეთში.       სიდჰართჰასთან ძირითადია მოძღვრება გარდასახვის, ნირვანას და მისი მიღწევის გზების შესახებ. პირველივე ასწლეულებში ბუდიზმი 18 სკოლად დაიყო. I საუკუნის ბოლოს ყალიბდება ორი ძირითადი სკოლა: ჰანაიანა („მცირე წრე“) და მაჰაიანა („დიდი წრე“). ჰანაიანა გადარჩენის ინდივიდუალური გზაა, მაჰაიანა - სხვების სამსახური. ბუდიზმი აგებულია „ოთხ უმაღლეს ჭეშმარიტებაზე“ - არსებობს ტანჯვა, მისი მიზეზი, განთავისუფლება და მისი მიღწევის გზა. ტანჯვა მოიცავს ყველა უსიამოვნო ემოციას, რაც სურვილების არსებობითაა განპირობებული. განთავისულება, იგივე ნირვანა, გარე სამყაროსთან პიროვნების ურთიერთობის გაწყვეტაა. არსებობს მისი მიღწევის „რვა გზა“: სწორი 1) აზროვნება, 2) მეტყველება, 3) მოქმედება, 4)შემეცნება, 5) ცხოვრება, 6) შრომა, 7) გახსენება და თვითდისციპლინა, 8)კონცენტრაცია. ამ გზების მიღწევას უზრუნველყოფს ეთიკური ნორმების და ფსიქოფიზიკური ვარჯიშების სისტემა. ამ უკანასკნელში ერთიანდება ინდური იოგას, ჩინური დაოსიზმის და ძველი მაგიური რიტუალების ელემენტები. ნირვანა („ჩაქრობა“) ბუდიზმში და ჯანაიზმში სულის განსაკუთრებული მდგომარეობაა, როცა დაძლეულია მიწიერი სურვილები და ვნებები, სრული სიმშვიდეა არსებობისა და დროის გარეშე. იგი არის ტანჯვების მიღმა გასვლა, სანსარასეული (სანსარა - პიროვნებისა და სულის გარდაქმნების ტანჯვის მომგვრელი უსასრულო პროცესი) გარდაქმნების შეწყვეტა. იგი ცნობიერების უმაღლესი ფორმაა, სანსარას საწინააღმდეგო, ბუდად ქცევის პირობა, რაც მარტო ადამიანს შეუძლია. მასზე რაიმე განსაზღვრულის თქმა შეუძლებელია, გარდა იმისა, რომ ეს არის თავისუფლების, სიმშვიდის და ნეტარების მდგომარეობა. ბუდიზმი თვლის, რომ ნირვანა შეიძლება სიცოცხლეშიც იყოს მიღწეული, რადგან ზემოხსენებული პირობების დაცვით შეიძლება ცოცხალი ადამიანის სულიც გათავისუფლდეს სანსარასაგან (ანუ განცდათა მონაცვლეობისაგან და სამყაროს ცვალებადობის განცდისაგან).       ბუდიზმი გასცილდა ინდოეთის საზღვრებს. ჩინეთში ბუდიზმი შეერწყა ლაო-ცზის მოძღვრებას (დაოსიზმს) და ჩამოყალიბდა ჩან-ბუდიზმად. იაპონიაში _ ჩინეთიდან გადავიდა და მიიღო ძენ-ბუდიზმის სახე. როგორც ერთ, ისე მეორე შემთხვევაში ბუდიზმი, განსაკუთრებით - მისი ფსიქოტექნიკა მნიშვნელოვან ცვლილებებს განიცდის. ძენში სატორის (ნირვანას) მდგომარეობის შექმნის ძირითადი ფსიქოტექნიკური ინსტრუმენტია კოანი (იაპონურად - გამოცანა; ჩინურში „გუნან“-ი). წერილობით დადასტურებულია 2 000-მდე კოანი. კოანში ისმის პარადოქსული კითხვა, რომლის ლოგიკური გადაჭრა შეუძლებელია. კლასიკური მაგალითი: „ორი ხელის ხმა არის ტაში; რა არის ერთი ხელის ხმა?“. მოწაფის კითხვა: „რა არის ძენი?“. მასწავლებლის პასუხი: „ცეცხლზე დადგმული მდუღარე ზეთი“. მოწაფის კითხვა: „არსებობს თუ არა დებულება, რომელიც არც ჭეშმარიტია და არც მცდარი?“. მოძღვრის პასუხი: „თეთრ ღრუბელში სიმახინჯის ნასახი არაა“ და ა.შ. ძენის მოძღვარი ყველგან ცდილობს მოსწავლეს აგრძნობინოს კითხვის აბსურდულობა პასუხის აბსურდით. ცნობიერების ლოგიკით ეს პასუხი გაუგებარია. დროთა განმავლობაში, როცა მოწაფე უკუაგდებს ლოგიკას, იგი შეიძლება დაეუფლოს კოანის გაგებას, ცნობიერების გასხივოსნების მძაფრ განცდას ანალიტიკური ლოგიკის გარეშე. ეს განცდა არის სატორი (იაპონურად - გაღვიძება, გასხივოსნება), რომელშიც მოხსნილია ნებისმიერი დაპირისპირება, მათ შორის - ადამიანსა და სამყაროს შორის.       ანიმისტურ და შორეული აღმოსავლეთის ფსიქოტექნიკურ კულტურებს ადრეც ჰქონდათ და ამჟამადაც აქვთ გავლენა ფსიქოთერაპიული მეთოდების არსენალის ჩამოყალიბებაზე. შამანური ტრანსი დღეს გაგებულია როგორც ჰიპნოზური მდგომარეობა, ინდური იოგა – როგორც აუტოჰიპნოზი. ამ ლოგიკით სუგესტიის, ბიჰევიორიზმის, გეშტალტ-თერაპიის თუ ნეიროლინგვისტური პროგრამირების მეთოდებში სხვადასხვა სახით გაჩნდა არქაული ტექნიკის ელემენტები. ჩინურ-იაპონური ვარჯიშების ელემენტები ჭარბადაა ფსიქოლოგიური ტრენინგების სხვადასხვა ვარიანტში. თეორიულ კონსტრუქციებშიც ჩანს ზემოხსენებული პრაქტიკების პირდაპირი თუ ირიბი კვალი. ჰიპნოზის ტექნიკამ ემპირიული საფუძველი ჩაუყარა არაცნობიერი ფსიქიკურის ფსიქოანალიტიკურ თეორიებს. სულის გათავისუფლების აღმოსავლური იდეის გავლენის ნიშნებს ატარებს პიროვნების სპონტანურობისა და თვითრეალიზაციის იდეა ჰუმანისტურ ფსიქოთერაპიაში. ძველი პრაქტიკის ევროპაში შემოსვლის გზა სუგესტიაზე (შთაგონებაზე) გადიოდა.       შთაგონებას ფხიზელ თუ ჰიპნოზურ მდგომარეობაში ყოველთვის იყენებდნენ არამარტო შამანები და ქურუმები, არამედ ბელადები, მხედართმთავრები, მკურნალები თუ მისტიფიკატორები. იყენებდნენ სხვადასხვა მიზნით, მათ შორის - ავადმყოფის გამოჯანმრთელებისთვისაც.       ძვ.წ. XVI საუკუნით დათარიღებულ ებერსის პაპირუსში 900-მდე სამკურნალო საშუალებაა აღწერილი. მათ შორის დიდი ადგილი უკავია შელოცვებს, „რომლებიც უნდა წარმოითქვას მკაფიოდ და, რაც შეიძლება, ხშირად დაავადებულ ადგილზე წამლის დადებასთან ერთად“. ტექსტში ხაზგასმულია, რომ ყველა მკურნალობას თან უნდა ახლდეს შელოცვები. მიდგომა, რომ წამალთან ერთად სიტყვაც საჭიროა, ძველი მედიცინის საერთო პრინციპია. ბერძნულ ტაძარში, რომელიც აგებული იყო მკურნალი ღმერთის ასკლეპიუსის პატივსაცემად, იყო სპეციალური ოთახი - აბატონი. რელიგიური რიტუალების შემდეგ ადამიანები შედიოდნენ აბატონში, ხელოვნური ძილით, ე.წ. ინკუბაციით (ჰიპნოზით) იძინებდნენ და ძილში ესმოდათ „ასკლეპიუსის ხმა“, რაც განკურნებას იწვევდა. ტრანსის გამოყენებას სამკურნალო მიზნით ხშირად ვხვდებით შამანურ, ანტიკურ და ევროპულ წარმართულ კულტურებში. ტრანსის გარეშე, ფხიზელ მდგომარეობაში შთაგონებით განკურნება კიდევ უფრო ხშირია (მაგ., სვეტონიუსის და ტაციტის გადმოცემით, მეფე პიროსი და იმპერატორი ვესპასიანე მკურნალობდნენ მარჯვენა ფეხის დიდი თითის შეხებით). შთაგონების ანუ სუგესტიის („სუგესტიო“ - ლათინურად შთაგონებაა) ტექნოლოგია უხსოვარი დროიდან არსებობს. ევროპელების მიერ შთაგონების გაცნობიერება და მასში ბუნებრივი კანონების ძიება უკავშირდება მესმერის სახელს.       მესმერიზმის საფუძვლების შემზადება დაიწყო უკვე მაშინ, როცა აღორძინების ეპოქაში ევროპაში გაძლიერდა ინტერესი ალქიმიისა და ასტროლოგიის მიმართ. ორი საუკუნის გასვლის შემდეგ ავსტრიაში დაიბადა ფრანც ანტონ მესმერი (1734-1815). ახალგაზრდობაში ძალზე მორიდებულმა ადამიანმა, მდიდარი ცოლის შერთვის შემდეგ, ხელგაშლილი და მრავალფეროვანი ცხოვრება დაიწყო. იგი გატაცებული იყო მუსიკით, მეცნიერებებით, მედიცინით. ენციკლოპედიურ განათლებასთან ერთად სამი დიპლომი ჰქონდა - მედიცინის, სამართლის და ფილოსოფიის დოქტორის. 1766 წელს გახდა ვენის უნივერსიტეტის დოქტორი დისერტაციისთვის „ვარსკვლავებისა და პლანეტების, როგორც მკურნალი ძალების გავლენის შესახებ“.       მესმერი პრაქტიკოსი ექიმიც იყო. ისევე, როგორც პარაცელსი, იგი მკურნალობისთვის იყენებდა მაგნიტს. მესმერი სხეულის გასწვრივ უტარებდა მაგნიტს პაციენტებს. შედეგად, მათ ისტერიული შეტევა ეწყებოდათ, რაც ძილით მთავრდებოდა. ძილის შემდეგ პაციენტები განკურნებული იღვიძებდნენ. მოგვიანებით მესმერმა შეამჩნია, რომ მაგნიტის ანალოგიურ შედეგს იძლეოდა მხოლოდ მისი ხელის რამოდენიმეჯერ გატარება სხეულის გასწვრივ („პასები“). მესმერის მეთოდი პოპულარული გახდა მთელ ევროპაში, მისკენ დაიძრნენ პაციენტები სხვადასხვა ქვეყნიდან.       მესმერის მეთოდიკაში მხოლოდ არავერბალური ხერხები იყო - პასები, მუხლებით პაციენტის მუხლების შებოჭვა, შუშის ჯოხით შეხება (ამგვარ შეხებებს მესმერმა რაპორტი უწოდა; მოგვინებით ჰიპნოტიზმში ეს ცნება შემოვიდა ფსიქიკური კავშირის აღსანიშნავად), პაციენტების წინ დადგმული „ბაკე“ (ჭურჭელი რომელშიც იყო წყალი, შუშის ნაჭრები, ქვები, რკინის ნახერხი და მავთულები) ცხოველურ მაგნეტიზმით – იქიდან მაგნეტიზმი მავთულებით გადაეცემოდა ბაკეს გარშემო შემომსხდარ პაციენტებს, რომლებსაც მავთულების ბოლოები ეკავათ ხელში; ამასთანავე მესმერისტები „დამაგნიტებულ“ წყალს ბოთლებით აგზავნიდნენ ევროპის სხვადასხვა ადგილას მცხოვრებ პაციენტებთან. ყველა ამ ხერხით მკურნალობის შედეგი ისეთივე იყო, როგორც მესმერთან უშაულო კონტაქტის დროს - ავადმყოფი იკურნებოდა.       მესმერის თავბრუდამხვევი წარმატების მქონე პრაქტიკა ეფუძნებოდა მესმერის იდეას, რომ მაგნიტურ ძალას ფლობს მისი სხეული. მესმერი მიიჩნევდა, რომ ავადმყოფობა არის პაციენტის სხეულში ფლუიდების არათანაბარი გადანაწილების შედეგი, რაც უნდა გააწონასწოროს მკურნალობამ, კერძოდ _ ცხოველური მაგნეტიზმის დიდი კონცენტრაციის მქონე მაგნეტიზიორმა პასებით უნდა მოახდინოს პაციენტის სხეულში მაგნიტური ფლუიდების იმგვარი ჰარმონიული გადანაწილება, როგორიც არის მთელ სამყაროში.       მესმერმა თავის კონცეფცია 1774 წელს წარუდგინა საფრანგეთის აკადემიის და სამეფო სამედიცინო საზოგადოების გაერთიანებულ კომისიას, რომელშიც მონაწილეობდნენ ლავუაზიე, ფრანკლინი, ბაილი და იმ დროის სხვა ცნობილი მეცნიერები. კომისიამ იმდროინდელი აპარატურით ეძება მაგნეტიზმი მესმერში და როცა მისი კვალიც კი ვერ იპოვა, მესმერი გამოაცხადა შარლატანად, ხოლო მიღებული თერაპიული შედეგები მიაწერა მხოლოდ... პაციენტის წარმოსახვას. ეს, ფაქტობრივად, იყო ფსიქოთერაპიული ეფექტის პირველი ფსიქოლოგიური ახსნა. კომისიის მკაცრმა კრიტიკამ მოგვიანებით გავლენა მოახდინა საზოგადოებაზეც, რომელმაც გარიყა მესმერი. იგი შვეიცარიაში მარტოობასა და სიღარიბეში გარდაიცვალა.       მესმერის შემდეგ მესმერიზმს აგრძელებდა მის მიმდევართა მცირე ჯგუფი. ერთ-ერთი მათგანი იყო შოსტენიე დე პიუნსეგიური, რომელმაც 1818 წელს აღმოაჩინა მესმერული ტრანსის ღრმა, კერძოდ, სომნამბულური სტადია. მანვე აღმოაჩინა, რომ ტრანსს იწვევს არამარტო შეხება, არამედ სიტყვაც, შთაგონებაც, რაც უკვე ვეღარ თავსდებოდა მესმერიზმის თეორიაში.       მესმერის მიმდევრებს შორის იყო შარლ ლაფონტენიც, ცნობილი მეიგავეს შვილი. ის ხშირად მართავდა მაგნიტურ სეანსებს ელიტარული საზოგადოების სალონურ შეკრებებზე (ეს სეანსები, რომლის მიზანი იყო შეუცნობელის შემეცნება, ექსპერიმენტული ჰიპნოზის ჩანასახად შეიძლება მივიჩნიოთ). ერთ-ერთ ამგვარ სეანსს დაესწრო ინგლისელი ქირურგი ბრეიდი.       ტკივილგამაყუჩებლები ჯერ არ იყო აღმოჩენილი, რაც სერიოზულ პრობლემებს უქმნიდა ქირურგიას. ამ ფონზე დაინტერესდა ჯეიმს ბრეიდი (1795-1860) მესმერული ტრანსით, მისი ანესთეზიური და თერაპიული ეფექტებით. 1843 წელს ბრეიდმა გამოსცა წიგნი „ნეიროჰიპნოლოგია“. მესმერული ტრანსის აღსანიშნად ბრეიდმა შემოიტანა ცნება ჰიპნოზი, რაც ბერძნულად ძილს ნიშნავს. ტერმინი უკვე მიგვითითებს, რომ ბრეიდი ჰიპნოზს ძილის ფორმად განიხილავდა. მის არსებით ნიშნად მიაჩნდა, რომ ამ მდგომარეობაში ადამიანს ახასიათებს „მონოიდეიზმი“ – მის ცნობიერებაში მხოლოდ ერთი იდეაა. ბრეიდი ჰიპნოზს იყენებდა ისტერიული დამბლის თუ გულყრის პირობებშიც. კონცეფციის გარდა ბრეიდმა სიახლე შემოიტანა ჰიპნოტიზაციის მეთოდშიც - პაციენტებს აძინებდა თვალის ფიქსაციით რაიმე ბრჭყვიალა წერტილზე. ბრეიდმა ერთ-ერთმა პირველმა შეამჩნია, რომ ადამიანები განსხვავდებიან მგრძნობელობით ჰიპნოტიზაციის მიმართ - ჰიპნობელურობით; შეამჩნია ისიც, რომ ჰიპნოზის სიღრმე სხვადასხვანაირია როგორც სხვადასხვა ადამიანთან, ასევე - ერთ ადამიანთან ერთი სეანსის განმავლობაში და ა.შ.       XIX საუკუნის 70-იანი წლებში ცნობილი ნევროპათოლოგი და ფსიქიატრი ჟან მარტენ შარკო (1825-1893) შეიყვანეს კომისიაში, რომელსაც უნდა შეემოწმებინა მეტალოთერაპიის ეფექტურობა ტრანსის პირობებში. კომისიაში მუშაობის დროს შარკო დაინტერესდა ჰიპნოზის ფენომენით, რადგან ნახა, რომ ისტერიის მრავალი სიმპტომის პროვოცირებაც და მოხსნაც შეიძლება ჰიპნოზში. ამის გამო შარკოს მიაჩნდა, რომ ჰიპნოზი ხელოვნურად გამოწვეული ისტერიული ნევროზია. „მსგავსის მსგავსით“ დაძლევის პრინციპით პარიზის სალპეტრიერის კლინიკაში შარკომ დაიწყო ისტერიით დაავადებულებთან ჰიპნოზის გამოყენება.       შარკომ თავისი დიდი ავტორიტეტით ავტორიტეტი მოუპოვა ჰიპნოზის მეთოდს. მისი გავლენით ჰიპნოზს იყენებდნენ ისეთი მეცნიერები, როგორიც იყვნენ პოლ რიჟე, ჟილ დე ლა ტურეტი, პიერ ჟანე, შარლ ფერე, ალფრედ ბინე, ჟოზეფ ბაბინსკი და სხვები. შარკომ ბევრი მეთოდიკური სიახლე შეიტანა ჰიპნოტიზაციის ტექნიკაში (მაგ., შოკური მეთოდი), გამოჰყო ჰიპნოტიზაციის სტადიები (კატალეფსია, ლეთარგია, სომნამბულიზმი), ფაქტობრივად, საფუძველი ჩაუყარა ექსპერიმენტულ ჰიპნოზს, რომელმაც მნიშვნელოვანი როლი შეასრულა არაცნობიერის ცნებისა და ფსიქოანალიზის ჩამოყალიბებაში. ასევე, შარკოს ავტორიტეტმა განაპირობა დამოკიდებულება ჰიპნოზის, როგორც პათოლოგიური მდგომარეობის მიმართ.       პარიზის კლინიკაში ჰიპნოზით შარკოს დაინტერესების პარალელურად ჰიპნოზის მიმართ ინტერესი ჩნდება საფრანგეთის მეორე ქალაქში – ნანსიში, სადაც სამოციან წლებში ჰიპნოზის კვლევა დაიწყო ექიმმა ა. ლიებომ (18231904). იგი სიტყვიერი შთაგონების ტექნიკას იყენებდა. ოთხმოციანი წლებიდან ამ მიმართულებით კვლევას სათავეში ჩაუდგა ნანსის უნივერსიტეტის თერაპიული კლინიკის ხელმძღვანელი იპოლიტ ბერნჰეიმი (1837-1919). მას მიაჩნდა, რომ ჰიპნოზი არის პაციენტის მიერ ჰიპნოტიზიორის შთაგონების უკრიტიკოდ მიღების შედეგი. ნანსელების ფორმულა იყო: „ჰიპნოზი არ არსებობს, არსებობს მხოლოდ შთაგონება“. ამ პოზიციიდან გამომდინარეობდა, რომ ჰიპნოზი ადამიანის ნორმალური ფსიქიკური მექანიზმების მოქმედების შედეგია და არ არის მართებული მისი განხილვა ხელოვნურ ნევროზად. ბერნჰეიმის (ნანსის სკოლის) თვალსაზრისი ფსიქოლოგიურად ითვლებოდა, ხოლო შარკოსი (სალპეტრიერის სკოლის) _ ფიზიოლოგიურად. ამ მოსაზრებებთან დაკავშირებით დისკუსია გაიმართა ფიზიოლოგიური ფსიქოლოგიის პირველ საერთაშორისო კონგრესზე პარიზში 1889 წელს. მასში მონაწილეობდნენ აგრეთვე ლიებო, დეჟერინი, ჟანე, ფორელი, ფროიდი, ბეხტერევი და სხვა გამოჩენილი მეცნიერები. კონგრესზე დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა ნანსის სკოლამ, ანუ ჰიპნოზის გაიგივებამ შთაგონებასთან.       აღნიშნულმა პროცესებმა ინგლისსა და საფრანგეთის გარდა ჰიპნოზის მიმართ სხვა ქვეყნებშიც გააღვივა ინტერესი. შვედმა ოტო ვეტერსტრანდმა გამოაქვეყნა წიგნი „ჰიპნოტიზმი და მისი გამოყენება მედიცინაში“, სადაც განხილულია სომატურ დაავადებათა (გულის და კუჭის დაავადებები, ასტმა) ჰიპნოზით მკურნალობის საკითხები და პირველად არის განხილული ქრონიკული ალკოჰოლოზმის მკურნალობის პერსპექტივა. დიდი წვლილი შეიტანეს ჰიპნოტიზმის განვითარებაში გერმანელმა ექიმებმა ლევენფელდმა და მოლმა. ხარკოვის უნივერსიტეტის ფიზიოლოგმა ვ. დანილევსკიმ მრავალრიცხოვან ექსპერიმენტებით იკვლია ჰიპნოზი ცხოველებთან და ეცადა დაესაბუთებინა მისი მსგავსება ადამიანის ჰიპნოზურ მდგომარეობასთან, რაც ეჭვქვეშ აყენებდა როგორც სალპეტრიერის, ისე ნანსის კონცეფციებს, რადგან ცხოველებს, სავარაუდოა, რომ არც ისტერია აქვთ და არც შთამაგონებელი სიტყვა ესმით. ჰიპნოზის შესწავლასა და გამოყენებაში დიდი წვლილი შეიტანეს რუსმა ფიზიოლოგებმა ვ. ბეხტერევმა (1857-1927) და ი. პავლოვმა (1849-1936).       სალპეტრიერისა და ნანსის კლინიკებში ჰიპნოზს დაეუფლა ისტერიით დაინტერესებული ფროიდი, ვინაიდან იმ დროისთვის ჰიპნოზი იყო ნევროზების მკურნალობის გავრცელებული მეთოდი. მოგვიანებით ფროიდმა ნევროზების მკურნალობის საკუთარი სისტემა შექმნა და მისი მეთოდის წინამორბედი _ ჰიპნოზი კატეგორიულად უარყო (იხ. თავი 8.1.). ფსიქოანალიზის დიდ პოპულარობასთან ერთად მისი ფუძემდებლის განწყობილება გადაედო მსოფლიოს მეცნიერებს და მეოცე საუკუნის 50-იან წლებამდე აკადემიურ წრეებში ჰიპნოზი დავიწყებას მიეცა. მხოლოდ საბჭოთა კავშირში, ფსიქოანალიზის იდეოლოგიურად მიუღებლობის გამო, ძირითად ფსიქოთერაპიულ მეთოდად ისევ ჰიპნოსუგესტია რჩებოდა.       1955 წელს ბრიტანეთის სამედიცინო ასოციაციის გადაწყვეტილებით ინგლისში მოხდა ჰიპნოზის სრული რეაბილიტაცია. ამავე წელს საფრანგეთში გამოიცა მედიკო-ქირურგიული ენციკლოპედია, სადაც ჰიპნოზს ცალკე თავი მიეძღვნა. 1958 წელს ამერიკის სამედიცინო ასოციაციამ ოფიციალურად ჩართო ჰიპნოზი სამედიცინო თერაპიაში. 1965 წელს პარიზში ჩატარდა ჰიპნოზის III საერთაშორისო კონგრესი. მიუხედავად ამ ნაბიჯებისა, სამედიცინო პრაქტიკაში დღეს ჰიპნოზს მაინც გაცილებით იშვიათად იყენებენ, ვიდრე იყენებდნენ მის „ოქროს ხანაში“ - შარკოსა და ბერნჰეიმის დროს.       ჰიპნოზმა და ნანსის სკოლაში მის თაობაზე წამოყენებულმა კონცეფციამ მეცნიერთა და პრაქტიკოსთა ყურადღება გადაიტანა შთაგონებასა და მის ეფექტებზე. შთაგონების ქვეშ იგულისხმება ადამიანზე ვერბალური და არავერბალური ინფორმაციით ზემოქმედება, რომლის გაზიარებას ლოგიკური აუცილებლობით მოსდევს გარკვეული ცვლილებები ამ ადამიანის ფსიქიკაში, კერძოდ - მისი კოგნიციის, მოტივაციის, ემოციური მდგომარეობის ან ქცევის შეცვლა. შთაგონების სპეციფიკა მდგომარეობს იმაში, რომ შთამაგონებელი ინფორმაცია აღიქმება კრიტიკის გარეშე. განასხვავებენ შთაგონებას ბუნებრივ ძილში, ჰიპნოტურ მდგომარეობაში, მედიტაციაში (თვითშთაგონება), ჯგუფურ და მედიასთან ურთიერთობებში (კონფორმულობა, რეკლამა) და ა.შ.       განსაკუთრებული ყურადღება მიიქცია პოსტჰიპნოზური შთაგონების ფენომენმა. პოსტჰიპნოზური შთაგონება გახდა, ზოგადად, არაცნობიერი ფსიქიკურის და, განსაკუთრებით _ არაცნობიერი მოტივის არსებობის ემპირიული დასაბუთება. ჰიპნოზის იმ ფენომენებიდან, რომელიც შთაგონებით მიიღება, ფართოდ ცნობილია ფაქტები, რომელშიც თვალსაჩინოდ მტკიცდება ფსიქოსომატური კავშირის არსებობა. ცნობილია ჰიპნოტური შთაგონებით ადამიანის პულსის, გულისცემის, სუნთქვის, ჯირკვლების სეკრეციის თუ სხვა სომატური პროცესების რეგულაციის ფაქტები. ყველა მათგანი მიუთითებს, რომ სომატური პროცესები დაკავშირებული არის ფსიქიკასთან (თანაც, არაცნობიერ ფსიქიკასთან) და იმართება მის მიერ.       ფსიქოთერაპიის სხვა მეთოდებისაგან განსხვავებით ნარკოფსიქოთერაპიაში ნარკოტიკული ნივთიერებები, უმეტესწილად, ბარბიტურატები გამოიყენება. თუმცა ნარკოფსიქოთერაპიის ისტორია არაა დაკავშირებული სუგესტიასთან, ავტორების დიდი ნაწილი ნარკოფსიქოთერაპიას მიიჩნევეს ნარკოტიკულ ძილში წარმოებულ შთაგონებად. 1922 წელს შილდერმა და შემდეგ სხვა ფსიქოანალიტიკოსებმა ნარკოტიკული ნივთიერებები გამოიყენეს ფსიქოანალიტიკური მკურნალობის გაადვილებისთვის, ვინაიდან ადამიანი ნარკოტიკული ზემოქმედების ქვეშ კარგავს საკუთარი თავის კონტროლს და გულახდილია. 1936 წელს ჰორსლიმ შემოიტანა ტერმინი „ნარკოანალიზი“ და იგი ანალიტიკური ფსიქოთერაპიის მოდიფიკაციად განიხილა. ჰორსლი თვლიდა, რომ ნარკოანალიზი ამცირებს ფსიქოანალიტიკურ თერაპიაზე დახარჯულ დროს.       ყველაზე ფართო გამოყენება ნარკოფსიქოთერპიამ ჰპოვა მეორე მსოფლიო ომის პერიოდში. ნარკოანალიზი გამოიყენებოდა ამერიკელ და ინგლისელ ჯარისკაცებთან ისტერიული დარღვევების, შიშისა და შფოთვის შემცირებისთვის. კონტაქტისა და ემოციების გამონთავისუფლების გამო პრაქტიკაში განსაკუთრებით ხშირად გამოიყენებოდა ნარკოკატარსისი _ ემოციური განმუხტვა ნარკოტიკული ტრანსის პირობებში. მოგვიანებით დასავლეთში გახშირდა ნარკოანალიზი, ნარკოსინთეზი, „ამითალის ინტერვიუ“, როგორც ექსპრეს-ფსიქოანალიზის მეთოდები.       ნანსელი აფთიაქარი ემილ კუე (1857-1926) დაკვირვებული კაცი იყო. შეამჩნია, რომ წამლის მოქმედება მხოლოდ ფარმაკოლოგიურ თვისებებზე არაა დამოკიდებული, რომ იმასაც აქვს მნიშვნელობა, ამ წამლით გამოჯანმრთელების სჯერა თუ არა ადამიანს. დაკვირვებების საფუძველზე კუემ შექმნა ფსიქოთერაპიული დახმარების სისტემა, რომელსაც უწოდა „ცნობიერი თვითშთაგონების გზით საკუთარი თავის ფლობის სკოლა“. 1910 წლიდან იგი ხსნის ფსიქოთერაპიულ კლინიკას, რომელსაც სიცოცხლის ბოლომდე ხელმძღვანელობს.       უნდა აღინიშნოს, რომ სამკურნალო თვითშთაგონების მეთოდის შემუშავებაში მონაწილეობდნენ სხვა მკვლევარებიც, მათ შორის ცნობილი ქართველი ფიზიოლოგი ივანე თარხნიშვილი (თარხანოვი). ამ მეთოდს ყველაზე ინტენსიურად იყენებდნენ 20-იან წლებში, მაგრამ დროთა განმავლობაში მის მიმართ ინტერესი შესუსტდა. კუეს მეთოდმა უფრო დიდი გავლენა იქონია ფსიქოთერაპიის ისტორიაზე, ვიდრე პაციენტებზე. არათუ აუტოსუგესტიის მეთოდებზე, არამედ ჰეტეროსუგესტიაზეც და ბიჰევიორისტულ ფსიქოთერაპიაზეც კი მოახდინა გავლენა კუეს მემკვიდრეობამ.       კუეს მიაჩნდა, რომ დაავადების ძირითადი მიზეზი არის ავადმყოფური წარმოსახვა, რომელშიც ვლინდება არაცნობიერი „იდ“-ი. წარმოსახვის ძალა კუემ მთის მდინარეს შეადარა, რომელიც ყველაფერს ანგრევს. წარმოსახვის სტიქია აჩენს ავადმყოფობასაც. გამოჯანმრთელების პირობად კუე მიიჩნევდასულიერ წონასწორობას, რაც სწორი წარმოდგენებით მიიღწევა. სწორი, ჯანმრთელობისთვის საჭირო წარმოდგენების გამომუშავება, კუეს თვალსაზრისით, შესაძლებელია ბეჯითი ვარჯიშით (სწორედ ეს იდეა იყო მისაღები ბიჰევიორიზმისთვის). კუეს კონცეფციაში ჩანს ფროიდის მოძღვრების ძლიერი გავლენა მიუხედავად იმისა, რომ მისი მეთოდიკა არ გულისხმობს ანალიტიკურ პროცედურას.       სამკურნალო წარმოდგენები, რომლებსაც კუემ უწოდა თვითშეფასების ფორმულები, თავისი ფორმით ფაქტის კონსტატაციას წარმოადგენს. ფორმულა უნდა იყოს მარტივი და არ უნდა ჰქონდეს იძულებითი ხასიათი. მაგალითად, სწორი ფორმულაა „მე კარგად ვარ“ და არა - „მე უნდა/მინდა ვიყო კარგად“. რაც უფრო უბრალო, ხატოვანი იქნება ფორმულა, მით უფრო მაღალი იქნება მისი სამკურნალო ეფექტი. თვითშთაგონებას არ უნდა ახლდეს ნებისყოფის ძალისხმევა და ამ ძალისხმევის განცდა.       ჩიკაგოელმა ექიმმა ედმუნდ ჯეკობსონმა თავისი მეთოდი წარუდგინა სამედიცინო საზოგადოებას 1908 წელს, ანუ დაახლოებით 10 წლის შემდეგ კუეს მეთოდის გაჩენის შემდეგ და 10 წლით ადრე, შულცის მეთოდის გაჩენამდე.       ჯეკობსონი ამოდიოდა იმ ცნობილი ფაქტიდან, რომ ემოციურ დაძაბულობას თან ახლავს განივზოლიანი კუნთების დაძაბულობა, დამშვიდებას - მათი რელაქსაცია. მან შეამჩნია, რომ სხვადასხვა ტიპის ემოციურ დაძაბულობას შეესაბამება გარკვეული ტიპის კუნთების დაძაბვა. მაგალითად, დეპრესიას თან სდევს სასუნთქი მუსკულატურის დაძაბულობა, შიშს - არტიკულაციის და ფონაციის კუნთების დაძაბულობა და ა.შ.       ჯეკობსონს მიაჩნდა, რომ თუ მიზანმიმართული თვითშთაგონებით ადამიანი მოადუნებს კუნთების გარკვეულ ჯგუფს („დიფერენცირებული რელაქსაცია“), შესაძლებელია შერჩევით მოხდეს უარყოფითი ემოციების რეგულაცია. ჯეკობსონი თვლიდა, რომ ტვინის ყოველი ნაწილი ფუნქციონირებს პერიფერიულ ნეირომუსკულატურ აპარატთან კავშირში. იქმნება ცერებრონეირომუსკულარული წრე. მიზანმიმართული რელაქსაცია მოქმედებს როგორც პერიფერიაზე, ისე ცენტრზე. რელაქსაციის ქვეშ ჯეკობსონი გულისხმობდა არამარტო კუნთურ რელაქსაციას, არამედ ყველაფერს, რაც დაძაბულობას უპირისპირდება. აქაც მკურნალობა იწყება საუბრით, სადაც პაციენტს განემარტება რელაქსაციის მექანიზმები და ფსიქოლოგიური შედეგები. შემდეგ, მოდის პროცედურები, რომელშიც პირობითად სამი ეტაპი გამოიყოფა.       აუტოგენური ვარჯიში არის თვითშთაგონება რელაქსაციის მდგომარეობაში (პირველი საფეხური) ან აუტოჰიპნოზში. იგი თვითშთაგონების მეთოდების ყველაზე უფრო გავრცელებული ვარიანტია. მას თვითონ აქვს ვარიანტების დიდი რაოდენობა. ამ მეთოდის ავტორია იოჰან ჰენრიჰ შულცი (1884 -1970), ტერმინი „აუტოგენური ვარჯიში“-ც მას ეკუთვნის. შულცი სწავლობდა პოზნანში, გიოტინგენში და ბრესლაუში. ფრანკფურტში ფსიქოლოგიის ინსტიტუტში იგი კითხულობდა ლექციებს ფსიქოთერაპიაში, თუმცა თვითონ პროფესიით დერმატოლოგი იყო. ცოტა ხნის შემდეგ მან მიიღო ნევროპათოლოგის დიპლომი და გახდა დრეზდენის მახლობლად არსებული სანატორიუმის მთავარი ექიმი. 1924 წლიდან შულცი ბერლინში გადავიდა, სადაც შექმნა თავისი 400-ზე მეტი შრომა, მათ შორის - ძირითადია მონოგრაფია „აუტოგენური ვარჯიში - ყურადღებიანი თვითმოდუნება“ (1932). განსაკუთრებით ფართო გავრცელება ამ მეთოდმა ჰპოვა გერმანიაში, აშშ-ში და კანადაში. ორიგინალური კონცეფტუალური ბაზა შულცის მეთოდს არა აქვს. იგი ეყრდნობა ემოციების ნერვული და კუნთური კომპონენტების კვლევას, კუესა და ჯეკობსონის იდეებს და პრაქტიკას, ნანსის სკოლის ჰიპნოთერაპევტების და რაციონალური ფსიქოთერაპიის პრაქტიკას. მის სისტემაზე ყველაზე დიდი გავლენა მოახდინა იოგამ, რომელსაც შულცმა ჩამოაცილა მისტიკური ინტერპრეტაცია და ევროპული კულტურისთვის მისაღებ (მეცნიერულ) ფორმაში ჩამოაყალიბა, რაც მის ყველაზე დიდ დამსახურებად ითვლება.       სუგესტური ფსიქოთერაპიის პარალელურად დაიბადა მისი ანტიპოდი – რაციონალური ფსიქოთერაპია. წიგნი, სადაც გადმოცემული იყო რაციონალური ფსიქოთერაპიის პრინციპები – „ფსიქონევროზები და მათი მკურნალობა“ – გამოქვეყნდა 1912 წელს. მისი ავტორი იყო შვეიცარიელი ნევროპათოლოგი, ფსიქიატრი და გამოჩენილი ფსიქოთერაპევტი პოლ დიუბუა (1848-1918), რომელსაც მიაჩნდა, რომ ფსიქიკური დარღვევების მიზეზია რაციონალიზმის დეფიციტი. ამიტომ მკურნალობა მდგომარეობდა კრიტიკულობის, ანალიზის, მსჯელობისა და დასკვნის ლოგიკური ჩვევების გამომუშავებაში. შემოტანილი იქნა ცნება „დაავადების შინაგანი სურათი“. დიუბუა მიზნად ისახავდა პაციენტში ამ სურათის ჩამოყალიბებას ლოგიკური კანონების საფუძველზე. ლოგიკური კანონების პაციენტში „გადატანისთვის“ დიუბუა, ძირითადად, იყენებდა დირექტიულ სტილს და მიმართავდა რჩევას, დარწმუნებას, განმარტებას, ასევე სოკრატესეულ დიალოგსაც. მოგვიანებით სტილისტური ცვლილებები შეიტანეს პროცედურაში, რამაც პროცესი მიუახლოვა სწავლებას და გაჩნდა ტერმინი ფსიქოგოგიკა (კრონფელდი), რომელიც პაციენტს ასწავლის დაავადების რაციონალური სურათის ჩამოყალიბებას. რაციონალური ფსიქოთერაპია შეიძლება ჩატარდეს ინდივიდუალურადაც და ჯგუფურადაც. ამ უკანასკნელში რაციონალურ მეთოდებს ჯგუფური ფსიქოთერაპიის მეთოდები ემატება. რაციონალურმა ფსიქოთერაპიამ, როგორც დამოუკიდებელმა სკოლამ, ვერ მოიპოვა მნიშვნელოვანი ადგილი ფსიქოთერაპიაში, მაგრამ რაციონალური ელემენტი მეტ-ნაკლები ხარისხით თითქმის ყველა იმ მეთოდში შევიდა, სადაც თერაპიის წამყვანი ფორმა არის საუბარი (გვიანდელი ფსიქოანალიზი და ბიჰევიორალური ფსიქოთერაპია, ჰუმანისტური ფსიქოთერაპია და ა.შ.). საზოგადოდ კი, რაციონალური ფსიქოთერაპია მის საფუძვლადმდებარე პრინციპების მიხედვით ფსიქოთერაპიის კოგნიტურ მიმართულებას მიეკუთვნება და მის ერთ-ერთ მთავარ წინამორბედად უნდა ჩაითვალოს.       დიუბუას დაუპირისპირდა მისი მეგობარი და კოლეგა, სალპეტრიერის კლინიკის პროფესორი ჟოზეფ დეჟერინი (1849-1917). მისთვის მიუღებელი იყო დიუბუას უკიდურესი რაციონალიზმი. გარკვეული ცოდნის მიცემასა და ჭკუის სწავლებაზე დაყვანილი სულიერი თერაპია არაეფექტურია. მსჯელობასა და დარწმუნებას ნევროტიკის სულიერი მდგომარეობის შეცვლა რომ შეეძლოს, მას ფსიქოთერაპია არც დასჭირდებოდა, ვინაიდან ამ ყველაფერს მორალისტების, სულიერი მოძღვრებისა თუ ფილოსოფოსების თხზულებებში მონახავდა. მსჯელობა და იდეა, თავისთავად, არ არის სამკურნალო საშუალება. იგი ასეთად იქცევა მხოლოდ მაშინ, თუ ამ იდეის მისაღებად საჭირო ემოციურ ძვრას იწვევს. „მსჯელობასა და პაციენტის მიერ ამ მსჯელობის აღქმას შორის არის ელემენტი ... ესაა გრძნობა, განწყობილება. სწორედ გრძნობა ქმნის ნდობის ატმოსფეროს, რომლის გარეშე ... ყოველგვარი ფსიქოთერაპია შეუძლებელია“. თუ ასეთი ემოციური ფონი არსებობს, მაშინ თერაპევტის მიერ პაციენტის უბრალო მოსმენასაც სამკურნალო ეფექტი ექნება. საზოგადოდ კი, ფსიქოთერაპიაში მთავარია პაციენტის ექიმისადმი ნდობა და მათი ემოციური ურთიერთქმედება. თბილი, ნდობის გამომწვევი ატმოსფეროს შექნა აუცილებელ პირობად მიაჩნდა თავისი „სამყაროსხედვითი“ თერაპიისთვის გერმანელ ექიმს მარცინოვსკისაც (1909). იგი ცდილობდა პაციენტში ჩამოეყალიბებინა სამყაროს ისეთი ხედვა, როდესაც პიროვნება იგრძნობდა თავს სამყაროს ნაწილად, და გააცნობიერებდა თავის ინდივიდუალობასა და თვითღირებულებას ზოგადსაკაცობრიო ფასეულობებთან მიმართებაში. დეჟერინისა და მარცინოვსკის ფსიქოთერაპიულ მეთოდებში შეიძლება ბევრი საერთოს მონახვა ჰუმანისტურ და ეგზისტენციალურ ფსიქოთერაპიასთან.       ამრიგად, თუ გავითვალისწინებთ, რომ სუგესტიურმა ფსიქოთერაპიამ ფსიქოანალიზის ფორმირებაზეც მოახდინა გავლენა, შეგვიძლია ვთქვათ, რომ XIX და XX საუკუნეების გასაყარზე გამოიკვეთა განსხვავებული ფსიქოთერაპიული მიდგომები, რომლებიც შესაბამის ფსიქოლოგიურ თეორიებს დაეფუძნენ და უმთავრეს ფსიქოთერაპიულ სისტემებად ჩამოყალიბდნენ (იხ. თავი 7, 8, 10, 11). ირაკლი იმედაძე წიგნიდან: ფსიქოლოგიის ისტორია « წინა ნაწილი | გაგრძელება » P.S. სტატიის სათაური არ არის წიგნის ავტორისეული სათაური. სტატიის სათაური პოსტის ავტორის მიერ თემატურად შერჩეული სათაურია [1] ქვეთავი დაწერილია რ. საყვარელიძესთან ერთად.…
დაამატა ლაშა to ფსიქოლოგია at 11:24am on მაისი 14, 2018
  • 1
  • ...
  • 6
  • 7
  • 8
  • 9
  • 10
  • 11
  • 12
  • ...
  • 30

Welcome to
Qwelly

რეგისტრაცია
ან შესვლა

ღონისძიებები

  • დაამატე ღონისძიება

ბლოგ პოსტები

Cities and Memory - Remixing the World

გამოაქვეყნა Malinda Heng_მ.
თარიღი: სექტემბერი 4, 2025.
საათი: 6:00am 0 კომენტარი 0 მოწონება

Certain memories stay with us forever Shot of happy senior woman listening to music with headphones at a retirement home memory stock pictures, royalty-free photos & images Cities and remixes the world, one sound at a time - a world collaboration between artists and sound recordists all around the world. The venture presents an amazingly-various array of area recordings from everywhere in the world, but in addition reimagined, recomposed versions of those recordings as we go on a mission to remix the world. What you'll hear in the podcast are our newest sounds - either a area recording from someplace on this planet, or a remixed new composition based…

გაგრძელება

Why Does Memory Assessment Matter?

გამოაქვეყნა Malinda Heng_მ.
თარიღი: სექტემბერი 1, 2025.
საათი: 11:30am 0 კომენტარი 0 მოწონება

Faulty Memory - For use in my blog on July 23, 2012. denniss… - Flickr Learning is essential for human improvement. From kindergarten via college, students should be taught and remember an unimaginable quantity of knowledge and abilities. Although studying extends beyond the school years, the amount and Memory Wave intensity of learning that kids, adolescents, and younger adults are uncovered is rarely equaled later in life. Studying is critical to growth. Yet many kids wrestle with learning and memory issues. This can be a priority when a child is…

გაგრძელება

Can a Lifeless CMOS Battery Have an Effect.

გამოაქვეყნა Malinda Heng_მ.
თარიღი: სექტემბერი 1, 2025.
საათი: 2:00am 0 კომენტარი 0 მოწონება

woman in white top holding a camera All personal computers have a small battery on the motherboard that provides power to the Complementary Steel Oxide Semiconductor (CMOS) chip, hence the identify CMOS battery. This CMOS battery powers the chip, holding info about the system's configuration, such as the onerous disk, date and time, and so forth. It supplies energy even when the computer is off and…

გაგრძელება

Is your Memory at Risk?

გამოაქვეყნა Malinda Heng_მ.
თარიღი: აგვისტო 31, 2025.
საათი: 7:30am 0 კომენტარი 0 მოწონება

Is Your Memory at risk? Memory is probably the most cherished faculties of the human brain, essential for day by day functioning and preserving our id. Nonetheless, Alzheimer’s disease poses a severe threat to memory, progressively eroding it and altering lives irrevocably. Understanding how Alzheimer’s affects memory can empower people to acknowledge early indicators and take proactive steps. Alzheimer’s illness is a progressive neurological disorder characterized by the…

გაგრძელება
  • დამატება დღიურში
  • ყველა

Qwelly World

free counters

© 2025   George.   • Ning - platform for social network creation and community website building

პანაღია  |  პრობლემის აღმოჩენისას!  |  Terms of Service

საუბრის დაწყება!