კოლოქვიუმი
ნიკოლოზ (ნიკო) ფიროსმანაშვილი
ქეთევან პოპიაშვილი
ჯგუფი 1
ნიკო ფიროსმანაშვილის მხატვრული მეთოდი
კურსის ხელმძღვანელი: გიორგი ხოშტარია
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი
თბილისი 2023
ნიკოლოზ ფიროსმანაშვილი, ქართველი თვითნასწავლი მხატვარი დაიბადა კახეთში, სოფელ მირზაანში 1862 წლის 5 (ან 17) მაისს. ფიროსმანს განსაკუთრებულს ხდის მისი უნიკალური ხელწერა მხატვრობაში, რაშიც იგულისხმება მხოლოდ მისთვის დამახასიათებელი, ინდივიდუალური ფერთა პალიტრა, სივრცის–სიბრტყის გაგება და მის ნამუშევრებში არსებული „გრავიტაციის“ ფაქტორი. გარდა ამისა საყურადღებოა მისი გადმოცემის ლაკონურობა, ნახატები გამოირჩევა მინიმალიზმით, როგორც ფერების ასევე დეტალების მხრივ. ამის მიუხედავად, ფიროსმანი იდეალურად გვაჩვენებს მე–19 და მე–20 საუკუნეების საქართველოსთვის, მისი სხვადასხვა მხარისათვის დამახასიათებელ „ტიპაჟებს“ ზედმეტი დეტალური გადატვირთვის გარეშე, მინიმალური სახის ნაქვთების თუ ტანისსამოსის დამუშავებით. ფიროსმანის იმ ნახატებში, რომელზეც ქართული სუფრა, ლხინია ასახული კარგად ჩანს მისთვის დამახასიათებელი სიბრტყის და სივრცის აღქმა. მაგალითად სუფრა, ისევე როგორც მის გარშემო შემოკრებილი „მოქეიფეები“ სიბრტყულად არიან გამოხატული, თუმცა ფონში არსებული ბუნება ძალიან სივრცულია. ასევე გამორჩეულია ფიროსმანის მიერ შესრულებული სარეკლამო აბრები, რომელზეც ასახულია რესტორნის „დუქნის“ მენიუში არსებული, ქართული სამზარეულოსთვის დამახასიათებელი კერძები. ამ ტიპის ნამუშევრებში არ ჩანს მაგიდა ან კედელი, თუმცა აშკარა შესამჩნევი და საგრძნობია, რომ კერძების ნაწილი დევს ხოლო ნაწილი ჩამოკიდებულია. ბოლოს აუცილებლად უნდა გავამახვილოთ ყურადღება იმაზე, როგორ მიგვანიშნებს ფიროსმანი თუ რა არის მნიშვნელოვანი ამა თუ იმ ნახატში, ვინ ან რა წარმოადგენს „მთავარი გმირს“. ამას მხატვარი სხვადასხვა ხერხით მიაღწევს, მაგალითად ზოგ შემთხვევებში „მთავარი გმირი“ ზომით განსხვავდება სხვა, მეორეხარისხოვანი მონაწილეებისგან, ზოგჯერ კი დეტალებისმხრივ უფრო დახვეწილია. ნამუშევარში სადაც ღვინის ბოთლს ან დოქს ავტორი მეტი გულდასმით ამუშავებს, იქნება ეს ფერების, ზომის თუ შუქჩრდილების საშუალებით, ცხადია, რომ მთავარ როლს სწორედ ეს საგანი თამაშობს. რადგან სხვა ნახატში იგივე ბოთლი, შესაძლოა მხოლოდ გაფერადებული კონტურის სახით იყოს მოწოდებული, რაც მის მეორეხარისხოვნებაზე მიუთითებს.
ახლა კი ფიროსმანის ერთ ერთი ნამუშევარის „კრწანისის“ განხილვაზე გადავალ, რომელიც რეფერატის ძირითად საკითხს წარმოადგენს. ნახატზე ასახულია ღია სივრცეში, ბუნებაში გაშლილი ქართული სუფრა, მასზე განლაგებულია მოქეიფეთა სიმეტრიული რაოდენობის ღვინის ბოთლები, ლავაში, თევზი და სხვა ქართული სამზარეულოსთვის დამახასიათებელი კერძები. სუფრის წინ ბალახზე განთავსებულია „ტიკი“ და დოქი. დიდი რაოდენობით წარმოდგენილი სასმელის, ღვინის ჭურჭელი მიგვითითებს, რომ ეს ქართული სუფრისთვის ერთერთი უმნიშვნელოვანესი ატრიბუტია. სუფრის გარშემო ვხედავთ მოქეიფეებს, ფეხზე წამომდგარ თამადას, რომელიც ასევე მთავარ გმირად წარმოგვიდგება მისი ზომიდან გამომდინარე, რასაც საუკეთესოდ უსვამს ხაზს მის გვერდით მიმავალი „მიმტანი“ ახალგაზრდის ბევრად მომცრო აგებულება. ასეთი კონტრასტი გამოსახულების ზომებში გვაძლევს საშუალებას ვიმსჯელოთ, რა სურდა მხატვარს, რომ ყურადღების ცენტრში ყოფილიყო. სუფრის გვერდით, ოდნავ უკან სამი დამკვრელი დგას ფეხზე, რომლებიც სიმაღლით თითქმის უთანაბრდებიან მაგიდის გარშმო მსხდომებს. აქედან გამომდინარე შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ მხატვარს ან მოქეიფეთა მნიშვნელობის გაზრდა სურდა ამ ხერხით ან უბრალოდ ნახატის კანონზომიერებისთვის და ჰარმონიული განლაგებისთვის ასე უკეთესად ჩათვალა. უნდა აღინიშნოს, რომ ფიროსმანი ლოგიკურ ზომებს, ფორმებს თუ განლაგებებს ნაკლებ პრიორიტეტს ანიჭებს და მისთვის უფრო მნიშვნელოვანი სწორედ ნახატში არსებული ჰარმონიაა, მინიმალური გადაფარვებით, რომ არ მოხდეს რაიმეს დაჩრდილვა ან პირიქით გადამეტებულად წინ წამოწევა. მოქეიფეები, სუფრა, მიმტანი და მუსიკოსები სიმეტრულად ავსებენ ნახატის ყველაზე წინა ნაწილს. შედარებით უფრო სიღრმეში, ვხედავთ მეორე მაგიდას, რომელზეც არაა გაშლილი თეთრი სუფრა, წინა მაგიდისგან განსხვავებით. ალბათ სწორი იქნება თუ ამას მინიშნებად მივიღებთ და ჩავთვლით, რომ ნახატში წინა მაგიდაა მნიშვნელოვანი, ხოლო უკან განთავსებული უბრალოდ ფონის ნაწილია მასთან მსხდომ მოქეიფეებთან ერთად, რომლებსაც არ ჩანს თუ უჭირავთ სასმისი. მაშინ, როცა წინა სუფრასთან მსხდომები ღვინოს ყანწიდან მიირთმევენ, განსაკუთრებით მკაფიო გამოსახულებით ყანწი თამადას, მის გვერდით და მაგიდის ბოლო კიდეში მჯდომებს უჭირავთ.
რაც შეეხება უფრო სიღმეში არსებულ ფონს, იქ ვხედავთ ეკლესიას, ცხენთან ჩაბმულ, ვიწრო გზაზე მიმავალ ეტლს მგზავრებით და მდინარეს, რომელიც უკიდურეს სიღრმეში გვერდითა კიდეებიდან ცენტრისკენ მიმავალ ტყეს უერთდება და მასში იკარგება. შეიძლება ითქვას, რომ გზაც, მდინარეც და ტყეც, რომელსაც მკვეთრ მწვანე ფერთან ერთად ოქროსფერი ერევა უსასრულობისკენ, უსასრულოდ გრძელდება. მიუხედავად იმისა, რომ ნახატში დღის პერიოდია, უკიდურეს ზედა ნაწილში გამოსახულია ღამის ცა, მთვარით და ღრუბლებით, რაც შეიძლება ნიშნავდეს, რომ ლხინი გრძელდება დაღამებამდე ან გათენებამდე.. სუფრასთან მსხდომ მოქეიფეებს ერთმანეთისგან მინიმალურად განსხვავებული სახის ნაქვთები აქვთ, თუმცა ყოველ მათგანში ინდივიდუალური ხასიათი იკითხება. განსხვავებული, თუმცა აუცილებლად ქართული ხასიათი. ვფიქრობ ფიროსმანის ეს ნამუშევარი საუკეთესოდ ასახავს, როგორც ქართულ ბუნებას ასევე ქართველი კაცის, ადამიანის ბუნებასაც...
Welcome to
Qwelly
გამოაქვეყნა Ketevan_მ.
თარიღი: ივლისი 18, 2025.
საათი: 8:13pm
0 კომენტარი
0 მოწონება
გამოაქვეყნა Ketevan_მ.
თარიღი: ივლისი 18, 2025.
საათი: 7:00pm
0 კომენტარი
0 მოწონება
გამოაქვეყნა Ketevan_მ.
თარიღი: ივლისი 18, 2025.
საათი: 7:00pm
0 კომენტარი
1 Like
© 2025 George.
•
თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!
Qwelly_ზე რეგისტრაცია