ოქროს მაძიებლის ნაკვალევზე (გაგრძელება)

      უწინარეს ყოვლისა, მზის ნიღაბს შევეხმიანები (ასე დაიწყო ოქროს ნიღაბმა თავისი სიტყვა), ჩემთვის მეტად მახლობელია მისი მიგნება, რომ მხეცს ერთი თავი აქვს, ოღონდ შვიდმაგი წიაღით. ასედაც უნდა იყოს, ზღვიდან ამომავალი მხეცი სხვა სახით ვეღარც წარმომიდგენია. მე იგი მეშვიდე პერიოდის მძიმე მეტალს მაგონებს, რომელმაც ელექტრონების შვიდი ორბიტა დაიტია თავის წიაღში.

      „...ერთი მისი თავთაგან თითქოს სასიკვდილოდ იყო განგმირული, მაგრამ ეს სასიკვდილო ჭრილობა განიკურნა...“ ყველაზე დიდ საიდუმლოებად სწორედ ეს სიტყვები მეჩვენება წმინდა წერილიდან. სასიკვდილო ჭრილობა უეჭველ სიკვდილს უნდა ნიშნავდეს, შემთხვევითი არც ეს სიტყვა იქნება, მკვდრები კი არ ცოცხლდებიან, ასეთია ჩვენი წუთისოფლის უცვლელი კანონი. სიკვდილსა და სიცოცხლეს შორის სრულიად გარდაუვალი, ყრუ კედელია აღმართული, რომელსაც ვერავინ ვერაფერი დააკლო. სიკვდილი დღემდე რჩება ჩვენი საწუთროს ყველაზე შეუცნობელ, ყველაზე უდიდეს საიდუმლოდ. ო, როგორ უმძიმს, როგორ უმძიმს, ზღვიდან ამომავალ მხეცს (ადამიანს...), თვალი გაუსწოროს ამ უდიდეს საიდუმლოს. ის ამას ვერასდროს ახერხებს, ანდა თითქმის ვერასდროს. თუ ეს ვინმემ შეძლო, მაშინვე გმირად შეირაცხება... სწორიც იქნება, უფრო მეტიც, ღმერთს უტოლდება ასეთი ადამიანი. მხოლოდ ღმერთს არ ეშინია სიკვდილის. ღმერთი ხომ თვით უკვდავებაა.

      რაც უფრო მეტს ვფიქრობთ, მით უფრო გვაოცებს ეს სიტყვები: „...სასიკვდილო ჭრილობა განეკურნა...“ ბურუსს ბურუსი ემატება. თუმცა ვფიქრობ, რაღაც კვალი უკვე მოვნიშნეთ; ამ სიტყვებმა როგორღაც ერთმანეთთან უნდა შეარიგონ სიკვდილი და სიცოცხლე, უნდა შეარღვიონ მათ შორის აღმართული ყრუ კედელი.

      მივყვეთ იმ გზას, რომელიც ზღვიდან ამომავალმა მხეცმა გაიარა ჩვენს თვალწინ; მან ჯერ თავი ამოჰყო ზღვიდან, მერე მთლიანად დაგვენახვა, ხასიათი და თვისებები გაგვიმხილა. ისიც ვნახეთ, რომ მხეცს შვიდი თავი კი არა, ერთი თავი აქვს, ოღონდ შვიდმაგი წიაღით, რომელშიც მოექცა სამყაროს შექმნის სრული სურათხატება. ცხადია, ადამიანი, როგორც მოაზროვნე არსება, უმაღლესი წერიტილი გახლავთ სამყაროს მთლიანი სურათისა, რომელიც ზღვიდან ამომავალ მხეცში განსხეულდა.

      „...სასიკვდილო ჭრილობა...“ ისევ მივუბრუნდეთ ამ სიტყვებს. ვიმეორებ; წმინდა წერილში არაფერია შემთხვევითი... აშკარაა, რომ რაღაცა მოკვდა ზღვიდან ამომავალ მხეცში, წმინდა წერილის სიტყვები აშკარად მიუთითებენ ამაზე.

      ჰოდა, რა არის ეს „რაღაცა“, რომელმაც სასიკვდილო ჭრილობა მიიღო?

      აი, აქ გვმართებს დაფიქრება.

      ჩემს აზრს მოგახსენებთ, მერე კი თვითონვე განსაჯეთ: ზღვიდან ამომავალ მხეცში სასიკვდილო ჭრილობა ადამიანმა მიიღო.

      ეს რა გამოდისო, ალბათ იკითხავთ. ზღვიდან ამომავალი მხეცი ადამიანია (ზოგადი ბუნებით), ეს უკვე ვიცით. ესე იგი, ადამიანში კვდება ადამიანი, ეს რაღაც შეუსაბამობაა.

      პასუხად შეგახსენებთ (არც კი ვიცი, მერამდენედ); ზღვიდან ამომავალ მხეცს ერთი თავი აქვს შვიდმაგი წიაღით, სამყაროს შექმნის სრული სურათი რომ დაიტია. ღმერთმა ადამიანი სულ ბოლოს შექმნა, როგორც ბუნების გვირგვინი. ამ გვირგვინს ცოტათი განსხვავებული სახელი ვუწოდოთ: „ადამიანურობა“.

      გამოდის, რომ დანარჩენი ექვსი ნაწილი შვიდმაგი წიაღისა, (გნებავთ, შვიდი თავისა), დაეთმო სტიქიურ, ცხოველურ საწყისს, რომელიც მხეცისთვის სიცოცხლის წყაროა, მხეცი მათი წყალობით ცხოველმყოფლობს.

      რაც შეეხება „ადამიანურობის“ ცნებას (მეშვიდე თავს), იგი მხეცს ვერ მატებს ცხოველმყოფლობას. ადამიანურობა არსებობს ადამიანში, როგორც ღმერთის უძვირფასესი საჩუქარი, მაგრამ ამავე დროს, თითქოს სადღაც სხვაგანაა. ვერაფრით ვერ თავსდება იმ ზნეჩვეულებათა ჩარჩოებში, რომლებიც ზღვიდან ამომავალ მხეცს ახასიათებენ, .რაც მხეცისთვის ბუნებრივია და მახლობელი.

      ჩვენი საწუთროს ორომტრიალს თუ გადავხედავთ, დავინახავთ, რომ „ადამიანურობა“ თითქოს მკვდარია მისთვის. წმინდა წერილის სიტყვები, რომ ერთერთი თავი მხეცისა „თითქოს სასიკვდილოდ იყო განგმირული“, სწორედ ამას ნიშნავს.

      თუ მოკლედ მოვჭრით, ადამიანში ადამიანურობამ მიიღო სასიკვდილო ჭრილობა.

      როგორც ხედავთ, აქ არანაირ შეუსაბამობას არ აქვს ადგილი, ადამიანურობის ცნებამ სიცხადის ახალი ნიშანი შემოიტანა. ზღვიდან ამომავალი მხეცის იერსახე კიდევ ერთი შტრიხით შეივსო. იმაზე აღარაფერს ვამბობ, რომ ეს შტრიხი დრო-სივრცის უფართოეს რეალზეა განფენილი, ეს თავისთავად იგულისხმება.

      თუმცა აქვე ახალი კითხვებიც ჩნდება.

      გამოდის, რომ მეშვიდე თავი (ადამიანურობის ცნება) სრულიად უსარგებლოა. ასე ვთქვათ, ზედმეტი ბარგია, საიდანაც ვერანაირ ხეირს ვერ ნახავ. ჰოდა, რიღასთვის სჭირდება იგი ზღვიდან ამომავალ მხეცს, რატომ არ გადააგდებს, როგორც საერთოდ ზედმეტ ბარგს გადააგდებენ ხოლმე.

      გადააგდებსო? არა, ზღვიდან ამომავალი მხეცი არასდიდებით არ გადააგდებს ამ, ერთი შეხედვით, სრულიად უსარგებლო, ზედმეტ ტვირთს, ადამიანურობის ცნებას. რატომ? იმიტომ რომ ძალიან კარგად იცის; თუ ადამიანურობა (მეშვიდე თავი) გადააგდო და გაწირა, ამით გაწირავს ყველაზე უძვირფასეს, ღირებულ საჩუქარს, რომელიც უფლის ხელიდან ებოძა; გაწირავს უაღრესად მაღალგანვითარებულ, დახვეწილ გონებას, რომელმაც თავის თავში მთელი სამყაროს სურათხატება დაიტია, იმ დასაბამიერი, უშორესი წერტილის ჩათვლით, უფალმა რომ ბრძანა; „იქმენინ ნათელი“. ადამიანურობის ცნება სწორედ იმ ნათელის ნაწილია, ზღვიდან ამომავალ მხეცში დავანებული, და იგი საპირწონეა მისი ზეაღმატებული გონებისა, რომლის წყალობით ზღვიდან ამომავალი მხეცი აგრერიგად აღემატება დედამიწის დანარჩენ ბინადრებს (ცხოველებს, ფრინველებს და ა.შ.), მიუხედავად იმისა, რომ ყველანი ერთნაირად არიან თიხისგან მოზელილები.

      აი რას ღაღადებს წმინდა წერილი ყოველივე ამასთან დაკავშირებით: „...და განცვიფრდა მთელი დედამიწა და უკან გაედევნა მხეცს...“ დედამიწის დანარჩენი ბინადრები (ცხოველები... და ა.შ.) გრძნობენ ზღვიდან ამომავალი მხეცის უპირატესობას. მათთან შედარებით, ეს უპირატესობა კი, როგორც უკვე ითქვა, სწორედ ზედმეტი ბარგის, „ადამიანურობის“ არსებობით არის განსაზღვრული. მასზე უარის თქმით (ადამიანურობას ვგულისხმობ) მაშინვე ცხოველთა რიგებში ამოჰყოფს თავს ზღვიდან ამომავალი მხეცი. ისინი ინადირებენ მასზე და არა პირიქით, როგორც ეს დღეისდღეობით ხდება.

      სწორედ ამიტომ, მიუხედავად ასეთი უსარგებლობისა, მეშვიდე თავს (ადამიანურობის ცნებას) სრულიად შეუვალი, გამორჩეული ადგილი უჭირავს ზღვიდან ამომავალი მხეცის არსებაში, ვაგლახად ვერავინ გაეკარება. ამავე დროს მბრძანებელიცაა ეს სიმაღლე... ისეთი მბრძანებელი, რომლის ნებაც მუდამ ურყევია. აჰა, ნახეთ ამ მბრძანებლობის შედეგი: ყველგან და ყოველთვის, რასაც არ უნდა აკეთებდეს ლომისხახიანი ავაზა (ზღვიდან ამომავალი მხეცის ცხოველური საწყისი), მუდამ მის მიმართ (ადამიანურობის მიმართ) ახდენს სწორებას. სამიზნეს ირჩევს?

      ცდილობს თავი აარიდოს მეშვიდე თავის (ადამიანურობის) მზერას. ნახტომს აკეთებს მსხვერპლისკენ? ყოველნაირად ცდილობს ზემოთ ხსენებულ სიმაღლეს აუქციოს გვერდი. თუ სხვა საშველი არაა, ნიღბად მოირგებს მეშვიდე თავის იერსახეს (უმწეობისა და სიმშვიდის გამომხატველს) და ისე მიიწევს ამორჩეული მიზნისკენ. მსგავსი ძალისხმევა კი ხანდახან მეტისმეტად შემაწუხებელია ლომისხახიანი ავაზისთვის. არის შემთხვევები, რომ გაუსაძლისიც კი ხდება. ამდენად, საჭიროა ახალი გამოსავლის ძიება, თანაც გამუდმებით, დაუსრულებლად... ასე და ამგვარად, მეშვიდე თავის (ადამიანურობის) მზერას ვერანაირად ვერ ემალება ლომისხახიანი ავაზა, თუმცა კი ბევრს ეცადა (ვიყოთ გულახდილნი).

      ...და რაც მთავარია, ზღვიდან ამომავალი მხეცი ვერ გადააგდებს ამ უსარგებლო ტვირთს, ადამიანურობას, რადგან დრო მოკვდება მისთვის.

      იკითხავთ, რომელ დროზეა ლაპარაკიო, ეს რაღაც გამოცანას ჰგავსო.

      პასუხად შეგახსენებთ წმინდა წერილის სიტყვებს: მეშვიდე თავს „განეკურნა სასიკვდილო ჭრილობა“. ეს იმას ნიშნავს, რომ მას მკვდრეთით აღდგენის უნარი აქვს, ანუ მარადისობის მკვიდრია, ხოლო მარადისობა იგივე უსასრულო დროა, ასედაც შეიძლება ითქვას...

      რაც შეეხება ზღვიდან ამომავალ მხეცს, მისი სასიცოცხლო დრო მეტად ვიწროა, ანუ წუთისოფელია და სიკვდილის ყრუ კედლითაა დასაზღვრული. ლომისხახიან ავაზას კი (ადამიანის ცხოველურ საწყისს) ძალიან, ძალიან ეშინია სიკვდილის. მკვდრეთით აღდგენის უნარი სრულიად მიუწვდომელია მისთვის.

      ხსენებული ამოცანის გასაღებიც აქაა; ზღვიდან ამომავალმა მხეცმა იცის, რომ მეშვიდე თავი (ადამიანურობა) ერთადერთი ბეწვის ხიდია, უსასრულო დროს (მარადისობას) რომ ესაზღვრება. ო, როგორ ცდილობს, როგორ ცდილობს ლომისხახიანი ავაზა, თუნდაც ერთი ბრჭყალით მოებღაუჭოს ამ ბეწვის ხიდს. თვითონ დღემოკლეს, მუდამ მარადისობის უფართოეს ბილიკებზე უჭირავს თვალი. ჰოდა, ვერ მოკლავს უსასრულო დროს (ანუ მარადისობას) ზღვიდან ამომავალი მხეცი, ანუ გადასაგდებად ვერ გაიმეტებს თითქოსდა უსარგებლო, ზედმეტ ბარგს, მეშვიდე თავს (ადამიანურობას), არასოდეს არ ექნება საამისო ძალა, სიკვდილის შიშის გადამკიდეს...

      აი სულ ეს არის, რისი თქმაც მინდოდა სასიკვდილოდ დაჭრილი მეშვიდე თავის (ადამიანურობის) შესახებ. მე იგი მეშვიდე ინერტულ აირს მაგონებს... გემახსოვრებათ, მის შესახებ წინა შეხვედრისას ვილაპარაკე... ლოგიკური ჯაჭვი თითქოს ეჭვმიუტანლად მიუთითებს მეშვიდე ინერტული აირის არსებობის შესახებ, მაგრამ თვითონ ეს ვერაფრით ვერ აღმოაჩინეს. თითქოს არის, მაგრამ არც არის. უფრო სწორად, არის, ოღონდ სადღაც სხვაგან. მაგრამ სად?

      აქაც მსგავსი სურათი გვაქვს, ვერავინ ვერაფერი გაუგო სასიკვდილოდ დაჭრილ მეშვიდე თავს (ადამიანურობას), ვერავინ შეძლო თვალებში ჩაეხედა მისთვის. ერთი ისღა ვიცით, რომ არასდროს კვდება, მიუხედავად სასიკვდილო ჭრილობისა, გამუდმებით რომ აყენებს ჩვენი წუთისოფელი... ანუ, იგი უხანოა წუთისოფლისთვის, ამავე დროს კი უხნესია თვით დედამიწაზე, როგორც მარადისობის დასაბამიერი მკვიდრი...

ნახვა: 157

ტეგები: Qwelly, ბლოგი, მოთხრობა, ოქრო, ქადაგიძე, ძიება

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ბლოგ პოსტები

პატრიარქი საშობაო ეპისტოლე 2026

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: იანვარი 7, 2026.
საათი: 3:17am 0 კომენტარი

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა თბილისის მთავარეპისკოპოსის და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტ ილია II-ის

საშობაო ეპისტოლე

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა თბილისის მთავარეპისკოპოსის და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტ ილია II-ის საშობაო ეპისტოლე 2026

      საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის წევრთ, მკვიდრთ ივერიისა და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებ თანამემამულეთ:

      „ისმინე, ცაო, და ყურად-იღე, ქუეყანაო,

      რამეთუ აჰა ესერა, ძე…

გაგრძელება

The Legacy of Legend of YMIR

გამოაქვეყნა Karmasaylor_მ.
თარიღი: იანვარი 6, 2026.
საათი: 10:00am 0 კომენტარი

Legend of YMIR Diamonds represents a reinvention of the classic Legend of Mir franchise, merging Nordic mythological tones with the modern architectural power of Unreal Engine 5. It blends cosmic lore, MMO systems, faction-driven storytelling, and blockchain-enhanced progression into a cohesive universe shaped by divine tragedy and player ambition. To understand the game strategy and mechanics, players should first grasp the dramatic lore and structural pillars that define YMIR…

გაგრძელება

Proven Ways to Collect Uncut Soul Gems

გამოაქვეყნა Karmasaylor_მ.
თარიღი: დეკემბერი 29, 2025.
საათი: 11:00am 0 კომენტარი

In , building a powerful character hinges on more than just gear and skills—your Max Spirit is a crucial resource that fuels many of the game most potent abilities. To increase your Max Spirit, you'll need Uncut Soul Gems, rare and valuable items that unlock your true potential. Whether you're min-maxing a Spirit-heavy build or just looking to unlock stronger abilities, gathering these gems efficiently is a must.

This guide covers the best…

გაგრძელება

💜

გამოაქვეყნა nino bubulashvili_მ.
თარიღი: დეკემბერი 29, 2025.
საათი: 12:14am 0 კომენტარი

გამარჯობა💜ბოდიში შეწუხებისთვის,ამ ერთხელაც გთხოვთ გვერდში რომ დამიდგეთ💜მცირედით თუნდაც და იქნებ ამ ახალ წელს შემიმსუბუქდეს მდგომარეობა,ჩემი სამი შვილის გამო რომ ლამაზი ახალი წელი ქონდეთ.ნუ განმსჯით,ცუდ მდგომარეობაში რომ არ ვიყო,არ შეგაწუხებდით😔

18001060169

ეს არის პირადი ნომერი მეუღლის,უშანგი ჭუმბურიძე…

გაგრძელება

Qwelly World

free counters