ოქროს მაძიებლის ნაკვალევზე (გაგრძელება)

      ალბათ გემახსოვრებათ, ვარსკვლავების სიმაღლე მეც ვახსენე, როდესაც წყალი და სული დავაწყვილე.

      მიწიერი ოკეანე, ეს დიდი სარკეა, რომელშიც ვარსკვლავები იყურებიან და მასში თავიანთ ჭეშმარიტ სახეს ხედავენ. ზღვიდან ამომავალ მხეცს სწორედ ამ სიმაღლიდან დავყურებთ. მან უკვე ამოჰყო თავი ზღვიდან, რქებიც გამოაჩინა. ვნახოთ, კიდევ რა ნიშნებს გაამჟღავნებს.

      წმინდა წერილი ღაღადებს, რომ ზღვიდან ამომავალი მხეცი ავაზას ჰგავდა... აქ ეს სიტყვა, „ჰგავდა“, მხოლობით რიცხვშია წარმოდგენილი. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ მხეცს ერთი თავი აქვს, ოღონდ შვიდმაგი წიაღით, როგორც მზის ნიღაბმა გაგვიმჟღავნა. წინააღმდეგ შემთხვევაში რაიმე დამატებითი მინიშნებაც იქნებოდა. მარტივი ხედვაა; შვიდი თავის შესახებ არ ითქმის „ჰგავდა“. უფრო უპრიანი იქნებოდა „ჰგავდნენ“.

      აქედანვე შეიძლება ითქვას: როგორც ერთმა თავმა დაიტია სამყაროს შექმნის შვიდმაგი სურათხატება უსასრულობამდე განფენილი მეხსიერების წყალობით, ასევე ამ ერთმა სიტყვამ, ავაზასთან მსგავსებამ, ძალიან ბევრი რამ უნდა დაიტიოს თავის წიაღში.

      ჩვენ დიდხანს ვისაუბრეთ ზღვიდან ამომავალი მხეცის შესახებ, მის ძიებაში თაობათა მთელი ნიაღვრები გადავჩხრიკეთ, რომელთაც ჩვენი ყოფიერება შობდა, მაგრამ ამან არავითარი შედეგი არ მოგვცა, მხეცი ჯიუტად გვემალებოდა თაობათა მდინარების სიღრმეში.

      უწინარეს ყოვლისა, ზემოხსენებული მსგავსების ცალკეული შტრიხები უნდა მოვიძიოთ, თაობათა ნიაღვრებში რომ ჩაკარგულან და მიმოფანტულან. როგორმე უნდა შევძლოთ, სიღრმიდან ზევით ამოვიხმოთ ეს ცალკეული შტრიხები, მერე კი ერთმანეთს მივუსადაგოთ ისინი. თუ ამას შევძლებთ, მთლიანი სურათის დანახვაც არ გაგვიჭირდება. ეს იქნება მსგავსება, განფენილი დრო-სივრცის უფართოეს არეალზე.

      ასე რომ, ვეძიოთ მხეცი, ავაზის მსგავსი... როგორი ბუნების უნდა იყოს იგი? რა ხასიათი ექნება?

      მიაქციეთ ყურადღება, მე ვამბობ, „ხასიათი“. ჩემი აზრით, სწორედ ესაა უმთავრესი. სულაც არაა აუცილებელი, ავაზა დახატოს თაობათა სიღრმიდან ამოსულმა შტრიხებმა. ჰოდა, ყოველივე ცხადია, თვალის ერთი გადავლებითაც კი; მხეცს არა აქვს ავაზას სხეული, იგი სხეულით ადამიანია, მაგრამ მას მაინც შეიძლება ვუწოდოთ ავაზა. რატომ? იმიტომ რომ იგი ავაზას ჰგავს ბუნებით, ინსტიქტებით, ხასიათით; სისხლისმსმელია, ვერაგი, დაუნდობელი, როგორც ნამდვილი ავაზა.

      აი რა მივიღეთ, როდესაც თაობათა სიღრმეებში მიმოფანტული შტრიხები შევაერთეთ; შესახედაობით ანუ სხეულით ადამიანი, შინაგანად ავაზა! ზღვიდან ამომავალი მხეცის ნიშანიც სწორედ ამას გულისხმობს.

      ეს არის სახე, თაობათა მრავალსახეობამ რომ დახატა. გვინდა თუ არ გვინდა, თვალი უნდა გავუსწოროთ მას, ვარსკვლავების სიმაღლემ იგი ასეთნაირად წარმოაჩინა.

* * *

      ორსახა ნიღაბი გაჩუმდა, აუზისკენ გადაიხარა, წყლის სარკეში ჩაიხედა. სხვა ნიღბებმაც იგივე გაიმეორეს, ყველამ ჩაიხედა წყლის სარკეში. ნეტავი რას ეძიებდნენ იქ? საკუთარი ნიღბის გარდა ხომ ვერაფერს დაინახავდნენ... მაინც დიდი მოწადინება იგრძნობოდა მათ საქციელში, ჩემდა გასაკვირად.

      მეც გადავიხედე წყალში, მათი მიბაძვით. აბა, რა უნდა დამენახა, დომინოს სულელური ნიღბის გარდა. მაგრამ რატომღაც მომეტებული ყურადღებით მივაშტერდი საკუთარ ორეულს, თითქოს ვცდილობდი, ავაზასთან მსგავსების რომელიმე შტრიხი დამენახა და ამომეცნო მასში.

      რამდენიმე წამს ყველანი ამით ვიყავით გართულნი, ხმას არავინ იღებდა. აუზის ირგვლივ რაღაცნაირი, მძიმე სიჩუემე ჩამოწვა.

      კიდევ კარგი, ორსახა ნიღაბმა გააგრძელა ლაპარაკი, ყველამ შვებით ამოვისუნთქეთ, თვალი მოვწყვიტეთ საკუთარ ორეულებს: საძიებელი ჯერ კიდევ ბევრი იყო...

* * *

      ესეც ასე, თანდათან ვეცნობით ზღვიდან ამომავალ მხეცს, სხეულით ადამიანს, ბუნებით ავაზას. ისევ მივყვეთ წმინდა წერილის სიტყვებს:

      „...მიეცა მას ლომის ხახა...“

      ეს კიდევ უფრო გაუგებარი ჩანს, წინანდელთან შედარებით. სრული შეუსაბამობაა; სად ლომის ხახა და სად ავაზა... ლომის ხახა რომ მოვარგოთ ავაზას ცხვირპირს, სრულიად დაფარავს ამ უკანასკნელს, ისე როგორც მთვარის დისკო დაფარავს მზეს, როდესაც მზის დაბნელებას ვუჭვრეტთ.

      ჰოდა, სწორედ ამაშია საქმე; ლომის ხახა აქ სულ სხვა აზრითაა მოხმობილი, იგი უსაზღვრო სიხარბეს ნიშნავს, ანუ იმას გაუნელებელ წყურვილს, რომ მუდამ ლომის წილი მიითალოს თავისკენ. მერედა, ვისა აქვს ლომის ხახა? ზღვიდან ამომავალ მხეცს, რომელსაც მიეცა ადამიანის სხეული და ავაზას ბუნება. სრული სურათხატებაც ჩვენს წინაშეა... ჩვენი მხეცი მუდამ ლომის წილს უსაფრდება, მისი გულისთვის თავგამოდებით იბრძვის (ყველგან და ყოველთვის), ნაკლებს არ დაჯერდება, არ შეურიგდება... ძალზე გულნაკლული რჩება, თუ ნაკლები არგუნეს, ბრძოლას ამ მიმართებით არასდროს წყვეტს. განა ასე არაა? საითაც არ უნდა გაიხედო, ყველგან ეს ისმის: ვის ეკუთვნის ლომის წილი? (ვთქვათ, აქციების პაკეტი. და ა.შ. აქ ბევრი რამის თქმა შეიძლება, თუმცა ვფიქრობ, მათი გამოდევნება არ ღირს). დიახ, ლომის ხახა სიხარბეს ნიშნავს, და იგი იმდენად უზომოა, რომ ზღვიდან ამომავალი მხეცი აღარც კი ჩანს მის მიღმა, თუ ამ უკანასკნელს სიხარბის თვალსაზრისით განვსჯით და შევხედავთ. ზუსტად ისე, როგორც ლომის ხახა დაფარავს ავაზას ცხვირპირს, თუკი ერთმანეთზე მათ მორგებას ვეცდებით. აი ამას გვამცნობენ ციური მანათობები, ამაოდ არ აგვირჩევია ვარსკვლავების სიმაღლე, ყოველივე თანმიმდევრულად ლაგდება ჩვენს თვალწინ.

      „...მისი ფეხები, როგორც დათვისა“...

      წმინდა წერილის ეს სიტყვები არანაკლებ დამაბნეველია წინანდელებთან შედარებით. თითქოს ვერაფერს ვპოულობთ ხელჩასაჭიდს. ერთი შეხედვით სრულიად გაუგებარია, რას უნდა ნიშნავდეს აქ დათვის ფეხები... მაინც ვცადოთ, იქნებ როგორმე შევათავსოთ ჩვენს მხეცთან.

      ასე რომ, დათვის ფეხები... კიდევ ერთხელ დავხედოთ თაობათა ნიაღვრებს ვარსკვლავების სიმაღლიდან. რას ვხედავთ? ვხედავთ, რომ ეს ნიაღვრები გამუდმებით მიმოიქცევიან ხან აქეთ, ხან იქით... მიმოიქცევიან მოუხეშავად, მოუქნელად. ხანდახან ნაკადებად იყოფიან, რომლებიც იმავე მოუხეშაობას ამჟღავნებენ. სულ პატარა ნაკადიც კი უცვლელად იმეორებს დიდი ნიაღვრის ხსენებულ მოუხეშავობას, ამ მხრივ ყველანი ზუსტად ერთნაირნი არიან.

      ...და ეს ყველაფერი, ნიაღვრების და ნაკადების ერთობლიობა, მთლიანობაში ისე აღიქმება, როგორც უზარმაზარი, უფორმო ცხოველი. იგი კი არ დადის, დატორტმანებს, მოუქნელად და უთავბოლოდ. გამუდმებით აწყდება ერთი უკიდურესობიდან მეორემდე, მათ შორის სწორი გზის მონიშვნას ვერასგზით ვერ ახერხებს. ხან გაუბედაობა იგრძნობა მის ტორტმანში, ხან თავგაწირულებამდე მისული უგუნურება. ბრმა დათვს მოგვაგონებს, თუ ხედვის კუთხეს რაც შეიძლება ფართოდ გავშლით. დათვი ხომ ისედაც მოუხეშავია, ახლა ბრმა რაღა იქნება... ტორების უთავბოლო ქნევით აწყდება იგი აქეთ-იქით.

      ვფიქრობ, ყოველივე ცხადია: თაობათა ნიაღვრები (ანუ მთელი კაცობრიობა] ბრმა არის დროში. ხომ ცნობილი ჭეშმარიტებაა, ადამიანს დროის დანახვა არ შეუძლია. წმინდა წერილიც ღაღადებს: „ცის ნიშანს ხედავთ, დროის ნიშანს კი ვერა“... ჰოდა, კაცობრიობის ადგილმონაცვლეობა დროსა და სივრცეში ბრმა დათვის ტორტმანს ემსგავსება, როდესაც მას (თაობათა ნიაღვრებს) ვარსკვლავების სიმაღლიდან დავხედავთ. დათვის ფეხები აქ სწორედ ამას ნიშნავს.

      და აჰა, ლომისხახიან ავაზას დათვის ფეხებიც დაემატა. იგი არ ნიშნავს რომელიმე ცხოველს, თუნდაც დათვს... დათვის ფეხები აქ გვისურათხატებს ზღვიდან ამომავალი მხეცის ერთერთ თვისებას, სიბრმავეს დროში.

      აი რა საოცარი არსება ამოდის ზღვიდან: მხეცი, რომელსაც აქვს ადამიანის სხეული, ავაზას ბუნება, ლომის სიხარბე და დათვის მოუხეშაობა, ანუ სიბრმავე დროში.

ნახვა: 236

ტეგები: Qwelly, ბლოგი, მოთხრობა, ნიღაბი, ქადაგიძე

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

How They Operate, And Why They Subject for Employers

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: აპრილი 26, 2025.
საათი: 2:30pm 0 კომენტარი







In the present earth, history checks are getting to be a regular part of the selecting method, tenant screening, and in some cases volunteer variety. From verifying work historical past to examining felony information, qualifications check providers give vital insights into somebody's heritage. In the following paragraphs, we’ll include the kinds of track record checks, how they perform, and why They are really critical for each companies and people.



What exactly…

გაგრძელება

შემოქმედი მხატვარი

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 22, 2025.
საათი: 11:23pm 0 კომენტარი

თვალებს ძლივს ახელდა დასაძინებლად რომ წავედით, მაგრამ მაინც მოვახერხეთ ძილისწინა საუბრები. ამჯერად, თემა ნათესავები და ნათესაური კავშირები იყო და ცოტა ვერ მიხვდა რა სხვაობა შვილიშვილსა და შვილთაშვილს შორის. ის კი გაიგო, რომ პირველი - მესამე თაობას ნიშნავდა, ხოლო მეორე - მეოთხეს, მაგრამ თვითონ ეს სიტყვები - შვილი-შვილი და შვილთა-შვილი რატომ…

გაგრძელება

სააღდგომო ეპისტოლე 2025

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 20, 2025.
საათი: 2:00am 0 კომენტარი

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, ილია II-ის სააღდგომო ეპისტოლე

საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის წევრთ, მკვიდრთ ივერიისა და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებ თანამემამულეთ:

ქრისტე აღდგა!

Qwelly, qwellynews, აღდგომა, ბლოგი, ეპისტოლე, პატრიარქი, სააღდგომო ეპისტოლე, 2024

აღდგეს ღმერთი, მიმოიფანტონ…

გაგრძელება

Fresh New Stories

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: აპრილი 9, 2025.
საათი: 5:30am 0 კომენტარი







The 12 months 2025 has brought a wave of innovation and creativeness to Bangla natok, redefining the storytelling landscape for audiences worldwide. With refreshing narratives, groundbreaking themes, and Outstanding performances, The brand new natoks of 2025 continue to elevate the art of Bengali drama.



What to anticipate from New Natoks in 2025



Daring Narratives: The most up-to-date natoks are exploring uncharted territories, delving into social…

გაგრძელება

Qwelly World

free counters

TOP.GE