ცოტა რამ საფლავზე გასვლასთან დაკავშირებით

      ეს ცოტა რამ, არ ვიცი რამდენად ცოტა გამომივა, მაგრამ შევეცდები ყურადღება გავამახვილო მნიშვნელოვან დეტალებზე. პოსტი განკუთვნილია მრევლისთვის.

Qwelly, blog, easter, აღდგომა, ქრისტეს აღდგომა, მორწმუნე მრევლი, ტრადიცია, სასაფლაო, მიცვალებული, საფლავები, აღდგომა სასაფლაოზე

      დავიწყებ იმით, რომ პოსტს ვაქვეყნებ დღეს, ბრწყინვალე შვიდეულის სამშაბათს, მაშინ როდესაც საფლავზე გასვლის ორი ძირითად ტრადიცია (ზოგიერთ კუთხეში თვით აღდგომის დღეს, ზოგიერთში კი აღდგომის მეორე დღეს გადიან და ორივე ტრადიციას თავისი მიმდევარ-აპოლოგეტები ჰყავს) დასრულებული გვაქვს და ახლა მხოლოდ ისინიღა მიდიან, ვინც აღდგომას ან ბრწყინვალე ორშაბათს ვერ გავიდნენ სხვადასხვა მიზეზების გამო. საუკეთესონი ალბათ პირველ კვირაში საერთოდ არ გაეკარებიან საფლავებს.

      ვაქვეყნებ დღეს, როდესაც ყველა მძაფრი ემოცია უკვე მინავლებულია და მრავალთა მსგავსად, ჩემს ოჯახსაც მოთავებული აქვს ამ ტრადიციის შესრულება და ახლა უკვე შეგვიძლია დაფიქრება და ამ მგრძნობიარე თემაზე ღია მსჯელობა.

      გუშინ, როდესაც ამ საკითხთან დაკავშირებით რაღაც ახალ იდეას ვარკვევდი, გულწრფელად მკითხეს - "და რისთვის გადიან საფლავზე?"

      როგორც წესი, არ არსებობს კითხვა, რომელსაც არ ვპასუხობ. ვიცი თუ არა პასუხი, რამეს მაინც მოვიგონებ და ვუპასუხებ ხოლმე, ამ შემთხვევაშიც ასე მოვიქეცი, მაგრამ რეალობა გახლავთ ის, რომ პასუხი არ მაქვს - არ ვიცი რატომ გავდივართ აღდგომას ან ნააღდგომევს საფლავზე.

      ვცდილობდი ამ ტრადიციის საწყისებზე ან დადებით მხარეზე მეფიქრა. მაგალითად, შეიძლება საბჭოთა კავშირის დროს, მაშინ როდესაც ენდროიან ხელებს უმოწმებდნენ სკოლაში, აღდგომა ხომ არ იზეიმეს ბავშვებმა, მაშინ დაიწყო ხალხმა საფლავებზე სიარული, რადგან იქ იმდროინდელი უშიშროების თანამშრომლებსაც კი ჰქონდათ ლმობიერი გული და არ სჯიდნენ ადამიანებს იმის გამო რომ საფლავზე გადიან, ხალხი კი როცა სხვა გზა არ ჰქონდა, სწორედ საფლავებზეღა ახერხებდა აღდგომის აღნიშვნას. რა თქმა უნდა ეს მხოლოდ ჩემი მოფიქრებულია და ძალიან მეეჭვება რეალური იყოს, რადგან აღდგომა არის დღე, რომელიც პრინციპულად არღვევას ათეიზმის ყველა გამოვლინებას და არამცდაარამც სწორედ ამ დღისადმი არ იქნებოდა მცირედი კომპრომისიც კი.

      მომაგონდა ისიც, რომ უწინ, პირველი ქრისტიანები საფლავებზე იკრიბებოდნენ და ტაძრები ხშირად სწორედ სასაფლაოებზე დგას დღესაც, ამიტომ ლოგიკურია ტაძრიდან გამოსულს მიცვალებული მოგაგონდეს ახარო - ქრისტე აღდგა! მაგრამ სპეციალური სამზადისი ამისთვის? თან ისიც სათუოა რამდენად გადმოვიღეთ საფლავზე შეკრების ადრექრისტიანული ტრადიცია.

      მერე ვიფიქრე, შეიძლება ეს ტრადიცია, სიმბოლურად გამოხატავდა მენელსაცხებლე დედების სვლას საფლავისკენ და მათ მოულოდნელ სიხარულს, ამიტომაც ადამიანები გარბიან საფლავებზე რადგან სურთ თავიანთი მიცვალებულები აღმდგარნი იხილონ - მაგრამ ყველა მოზროვნე დამეთანხმება, რომ ეს თითიდან გამწოვილი ისტორიაა, იმიტომ რომ ასე ძალიან შეცვლილიყოს ფორმა და მიზეზი მენელსაცხებლე დედების საფლავთან მისვლასა და თანამედროვე საფლავზე გასვლას შორის, წარმოუდგენელი მეჩვენება.

      მეოთხე რაც მოვიფიქრე, ესაა მეორედ მოსვლის და საყოველთაო აღდგომის მოლოდინი, სადღაც ქვეცნობიერში დალექილი, რომელიც უკავშირდება ყოველ აღდგომის დღესასწაულს, ამიტომ ადამიანები მიდიან საფლავებზე, რადგან სწამთ რომ აი, ახლა აღდგება მათი მიცვალებული. ესეც ვერ უძლებს ვერანაირ კრიტიკას, რადგან მეორედ მოსვლა არ იქნება საძებნელი და სადმე წასასვლელი, ეს იქნება საყოველთაო სიცხადე.

      მერე მომაგონდა, რომ შეიძლება პატრიარქს ქადაგებაში უთქვამს, რომ ორშაბათს გადით საფლავზეო. ალბათ, როგორც ხშირად ხდება ხოლმე, ამჯერადაც ცდილობდა აღდგომის კვირა მაინც გაეტარებინა მრევლს მართლმადიდებლურად და მერე ისევ გაეგრძელებინა ტრადიციებით ცხოვრება და ამიტომ თქვა. პირადად მე არ მომისმენია მსგავსი ქადაგება/კურთხევა, ამიტომ ვერაფერს ვიტყვი.

      მოკლედ, თავადაც ხვდებით, რომ ეს გამოგონილი ისტორიები რეალობისგან შორს არის, ტრადიციის გამამართლებელი ვერსიებიც დამელია და ამჟამინდელი რეალობა კი სულ სხვაა.

      თავად დაუკვრიდით:

  • ერთ მხარეს: სასაფლაო - ადგილი სადაც სიკვდილი მეუფებსს, სადაც სიკვდილი ყველაზე კარგად არის წარმოჩენილი, განსაკუთრებით ქართული საფლავები, შავი, მარმარილოს ქვებით და შავი მიწით, მაღალი, წვეტიანი ან ჯვრებიანი გისოსებით.
  • მეორე მხარეს: ქრისტე, აღდგომა, სიცოცხლე, სიკვდილის გაქრობა, სითეთრე, ბრწყინვალება.

      ვერ ვხვდები რატომ დაკავშირდნენ ესენი ერთმანეთთან, როცა სრულიად საპირისპირო მხარეს დგანან და მეტიც, ქრისტე, ვისი მიმდევრებიც ჩვენ ვართ (ასე ვამბობთ), "იბრძვის" და ამარცხებს სიკვდილს?! გამოდის სიკვდილი ჩვენი მტერია "მტერია".

  • ერთ მხარეს: სასაფლაოზე ადამიანის ბუნებრივი ემოციაა ტირილი, გარდაცვლილი ადამიანის მოგონების ტკივილი, ბუნებრივია ცრემლიც და გულისკენაც, წუხილი, სევდა, მონატრება, ეს ყოველივე ადამიანის ბუნებრივი მდგომარეობაა და არა დასაძრახი.
  • მეორე მხარეს: აღდგომის ბუნებრივი ემოციაა სიხარული, აღტაცება, ბედნიერება, სიცილი, მხიარულება, სიმღერა, გალობა, შვება.

      იგივეს ვიკითხავ - რატომ დაკავშირდნენ ესენი ერთმანეთთან, როცა სრულიად საპირისპირო მხარეს დგანან?

      ეს პოსტი არ გაიგოთ იმის კრიტიკად, იქ გასულები როგორ ვიქცევით - მოხსენიება, ლოცვა-ვედრება, საფლავისთვის, გარდაცვლილი ახლობებისთვის აღდგომის მილოცვა, ჭამა-სმა, ზოგჯერ ტირილიც და თვით ამათ შორის შედარება რომელი უკეთესია - ის, ვინც იქ გაილეშა და სიმღერა წამოიწყო თუ ის, ვინც უბრალოდ ავიდა, კვერცხი გადააგორა საფლავზე, 1 ჭიქით შესანდობარი დალია, მოიხსენია და წამოვიდა. შემდეგ არის ამის კრიტიკა, რომ როგორ იქცევიან იქ, თვრებიან და ოღრაშობენ. არც კი ვიცი რა უკეთესია, თრობა აღდგომის სიხარულით თუ მწუხარება, მაგრამ კვლავ ვიტყვი, ეს პოსტი ამ თემის განხილვას არ ემსახურება!

      ესაა კრიტიკა ან მკაცრი შეკითხვა - საერთოდ რატომ გავდივართ იქ? ანდა რატომ ვემზადებით იქ გასასვლელად? ჯერ კიდევ აღდგომის ღამისთევაზე ხალხი უკვე ფიქრობდა და ემზადებოდა, რომ აღდგომას საყვარელი ადამიანის საფლავთან მისულიყო. რატომ?! რისთვის?! ჰკითხეთ თქვენს თავებს და თუ სხვა პასუხიც გექნებათ, გარდა იმისა, რომ ჩვენი ტრადიციაა, მეც გამაგებინეთ. ტრადიციების დაცვის მომხრე ვარ და ტრადიციულ გარემოში გავიზარდე, მაგრამ არის ტრადიციები რომლებიც არაფერს აფუჭებენ და მათი დაცვა გვევალება კიდეც, რადგან წინაპრები იმსახურებენ პატივისცემას თუნდაც ამ სახით, მაგრამ არის ტრადიციები, რომლებიც ჩვენი სულისთვის საზიანოა და მათი წინააღმდეგი ვარ.

      რატომაა სულისთვის საზიანო და რატომ ჩავეციკლე ახლა ამას? ვეცდები ჯეროვნად აგიხსნათ. იმ დროს, როდესაც ჩვენ სასაფლაოზე გავდივართ, ის საფლავი ცარიელია მეგობრებო. იქ არავინ არ წევს... და თუ არ გვწამს, რომ ქრისტე აღსდგა, რომ სიკვდილი პრინციპულად არარსია და გაქრა, მაშ მიბრძანდით ბატონო, მაგრამ კვლავ იგივე პრობლემაა - რისთვის მივდივართ იქ თუკი ქრისტე არ არსებობს და მას არ გაუმარჯვია სიკვდილზე? მიცვალებულის პატივისცემას რაღა აზრი აქვს? ის ხომ ხორცის გაქრობასთან ერთად გაქრებოდა და ვის ველაპარაკებით იქ, მიწას?! და თუ გვწამს ქრისტეს აღდგომის, მაშინ ჩვენი მიცვალებულების სულებს, იმ დროს საერთოდ არ ესმით ჩვენი მწუხარების, რადგან აღდგომას ზეიმობენ და უფალთან, სასუფეველში მხიარულობენ! განა ჩვენ არ ვამბობთ, ბრწყინვალე შვიდეულში გარდაცვლილი სამოთხეში ხვდებაო. როგორ, თუკი ამის გვწამს, მაშ უკვე გარდაცვლილი სულები, რომ ამავე შვიდეულში მხიარულობდნენ უფალში და არ ეცალოთ ადამიანთა ემოციებისთვის, განა ძნელი სარწმუნოა? ანდა, რას შევთხოვთ უფალს მიცვალებულებზე აცხოვნეო, როცა მან ესესაა სიკვდილი განაქარვა და სამყარო აცხოვნა? რატომაა, რომ ბრწყინვალე შვიდეულში, ეკლესიაში პანაშვიდის გადახდა არ ხდება?

      საეკლესიო ტრადიცია და საღმრთისმსახურო ტიბიკონი გვაუწყებს, რომ ბრწყინვალე შვიდეულში არ იკითხება ფსალმუნები, პარაკლისები, დაუჯდომელი ლოცვები! ანუ, არაფერი რაც სხვა დროს განკუთვნილია ჩვენი სულების საოხად! და ჩვენ მივდივართ სასაფლაოზე მიცვალებულებთან? ჩვენ, რომლებიც ხორცში ვართ და მდოგვის მარცვლის ოდენა რწმენაც არ გვაქვს, ჩვენ უარს ვამბობთ ამ კვირაში ყველა იმ საშუალებაზე, რაც გვეხმარება ბოროტთან გასამკლავებლად და უარს ვამბობთ რადგან აღდგომის გვწამს! და მეორე მხრივ, ამის საპირწონედ, მიცვალებულთა სულების მოსაგონებლად საფლავებთან გავდივართ ანდა მათთვის იმის სახარებლად რომ ქრისტე აღსდგა! ანუ იმ სულებთან, რომლებსაც კი არ სწამთ, არამედ უკვე იხილეს და სჯერათ, რომ უფალი არსებობს, და რომ ის აღსდგა და რომ ახლა სიკვდილი გამქრალია და ისინი ზეიმობენ და ხარობენ აღდგომას.

      აღდგომის საკითხავებში მღვდელი ამბობს: "ესე არს დღე უფლისაჲ, რომელ ქმნა უფალმან; ვიხარებდეთ და ვიშუებდეთ ამას შინა" (ფს. 117, 24). და როგორ გგონიათ, მაშინ, როდესაც ეს სიტყვები იწერებოდა ვინმემ იფიქრა რომ ეს სიხარული და შვება აუცილებლად საფლავზე უნდა განგვეცადა? არამგონია მეგობრებო, ეს შეიძლება ქართული ტრადიციაა (მართლა არ ვიცი საიდან მოდის), მაგრამ ქრიტიანობასთან კავშირი მხოლოდ იმდენად აქვს, რამდენადაც სხვა ბევრ ტრადიციას ქრისტიანობის სახელს ამოფარებულს.

წმინდა იოანე ოქროპირის ქადაგებიდან:

      "დღევანდელი დღესასწაული არა მხოლოდ მიწის ბინადართა დღესასწაულია, მას ზეცაშიც ზეიმობენ, სიხარულია დედამიწაზე! სიხარულია ზეცაშიც! და თუ ერთი ცოდვილის ღვთისკენ მოქცევას უდიდესი სიხარული ახლავს ჩვენშიც და ზეცაშიც, მით უფრო მეტია სიხარული დღეს, როდესაც მთელმა სამყარომ დააღწია თავი ეშმაკის კლანჭებს. დღეს ზეიმობენ ანგელოზნი, დღეს ხარობენ მთავარანგელოზნი, ზეიმი აქვთ ქერუბიმებსა და სერაბიმებს.

      მათ არ არცხვინებათ ჩვენთან ერთად აღნიშვნა ამ დღისა! და არა მხოლოდ ანგელოზებს, თვით უფალს არ ერცხვინება თავის შვილებთან ერთად ზეიმი. "სურვილი მაქვს, პასექისა ამის ჭამად თქუენთანა" (ლკ. 22, 15).

      მაშ, როგორ ხარობენ ანგელოზები და მთავარანგელოზები, როდესაც ყოვლის შემოქმედი და მეუფე დღესასწაულობს ჩვენთან ერთად, რაღა საბაბი უნდა დაგვრჩეს მწუხარებისათვის?"

წმინდა გრიგოლ ნოსელი:

      თუკი მიწიერის მეფის დაბადების დღეს გახსნიან ჯურღმულებს, მაშ განა ქრისტეს სიკვდილზე გამარჯვების დღეს არ ანუგეშებენ მწუხარეთ?!

      შეჯამებისთვის. გამოდის ის, რომ

  • ან მიცვალებულთან ტყუილად მივდივართ, რადგან აღდგომის სიხარული არ გვაძლევს საშუალებას მიცვალებულზე ვიტიროთ და ვილოცოთ, ანუ თავს ვიტყუებთ.
  • ან აღდგომა ჩვენთვის არ მომხდარა, რადგან მიცვალებულის საფლავზე მაინც დავტირით მის სიკვდილსა და გარდაცვალებას, ანუ ისევ თავს ვიტყუებთ.

      ორივე შემთხვევაში სავალალო შედეგია, რადგან ხშირად მიკიჟინებენ, და ეს ნამდვილად ასეა, რომ ფუჭი, ერთმნიშნელოვნად ბოროტისაა და მათ შორის ყალბი მოქმედება და დროის ფუჭი კარგვა მითუმეტეს ბოროტისაა.

      შეკითხვაზე - აბა როდის უნდა გავიდეთ საფლავზე, გიპასუხებთ - მაშინ როდესაც იქ საქმეა (ბალახი გასაკრეჭი) მაშინ როდესაც განმარტოება დაგჭირდებათ (საფლავზე კარგი ადგილი განმარტოებისთვის არ მეგულება); მაშინ, როდესაც განსაკუთრებით მოგენატრებათ თქვენი ახლობელი, რომელიც თქვენს გვედით არ არის, მიხვალთ ტაძარში და სთხოვთ მამაოს, წამოდი მამაო, ჩემი მიცვალებული ერთად შევავედროთ უფალს და პანაშვიდი გადავიხადოთ; მაშინ, იმ დღეებში, რომლებიც ეკლესიამ მიცვალებულთა მოხსენიების დღეებად განაწესა (მათ შორის აღდგომიდან მეორე კვირის ანუ თომას კვირის სამშაბათი)! და კიდევ ბევრ სხვა დროს. გარდაცვლილი ადამიანებისადმი სიყვარული, ზრუნვა, მისი სულისთვის ლოცვა, მოხსენიება ერთმნიშვნელოვნად სიკეთეა მეგობრებო, და ყოველი(!) სიკეთის სათავე მხოლოდ უფალია, მაგრამ უფალზე კეთილებიც ნუ გავხდებით.

      გულწრფელად, შენდობას ვითხოვ პირდაპირობისთვის.

კიდევ ერთხელ, ქრისტე აღსდგა! გილოცავთ.

     

აუცილებლად წაიკითხეთ:

 • აღდგომა (წმინდა მიტროპოლიტი ანტონ სუროჟელი)

 • აღდგომისათვის (წმინდა იოანე ოქროპირი)

 • როგორ აღნიშნავდნენ აღდგომას?! (წმინდა გრიგოლ ნოსელი)

ნახვა: 1193

ტეგები: Qwelly, აღდგომა, მიცვალებული, მრევლი, სასაფლაო, ტრადიცია, ქველი

ლაშა: აპრილი 15, 2020||10:48pm

ეჰ, კორონა სად იყო, მე რომ საფლავებზე გასვლას ვაპროტესტებდი. თან რამხელა ტექსტი დამიწერია, რა ძალი მედგა, დავლოდებოდი #COVID19-ს. 

ლაშა: მაისი 4, 2021||11:06am

მოიპარონ ბატონო, მოიპარონ. მთავარია, სიკეთეში მოიხმარონ ))

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

Keto Cocktails and Keto Mocktails

გამოაქვეყნა Lan Marie_მ.
თარიღი: აგვისტო 3, 2025.
საათი: 1:00pm 0 კომენტარი

Looking for some of the best keto cocktails on the web? This page will be updated frequently with sugar free, keto cocktails you can make at home and stay in ketosis. There are several keto friendly, zero sugar alcohols like vodka, gin, rum and whiskey. It’s what you mix with the alcohol that tends to be a problem for keto. Fortunately, keto cocktails are simple to make by making a few simple substitutions like keto simple syrup and other sugar free options that allow you to still enjoy a…

გაგრძელება

ო'ჰენრი ხელოვნური ინტელექტში

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აგვისტო 2, 2025.
საათი: 3:59pm 0 კომენტარი

      სალამი სევერუს (ასე დავარქვი ჩემს ChatGPT-ს) ძილის წინ საკითხავი, ძალიან პატარა ნოველა, ო'ჰენრის სტილში, შეგიძლია დამიწერო? ჩემთვის მინდა.

„ძველი საათის ოსტატი“

(პატარა ნოველა ძილის წინ, ო’ჰენრის სტილში)

      ძველი თბილისური ქუჩის ბოლოს, იქ, სადაც საფეხმავლო ბილიკი ხის…

გაგრძელება

ქალთა უფლებები, პრეზენტაცია

გამოაქვეყნა Ketevan_მ.
თარიღი: ივლისი 18, 2025.
საათი: 8:00pm 0 კომენტარი

ქალთა უფლებები

ქეთევან პოპიაშვილი

პრეზენტაცია

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

გზები, რომელთა გავლაც ქალებს დასჭირდათ საკუთარი უფლებების დასაცავად და შედეგები, რომლებსაც მათ მიაღწიეს…

გაგრძელება

ფიროსმანი, კრწანისი

გამოაქვეყნა Ketevan_მ.
თარიღი: ივლისი 18, 2025.
საათი: 7:00pm 0 კომენტარი

კოლოქვიუმი

ნიკოლოზ (ნიკო) ფიროსმანაშვილი

ქეთევან პოპიაშვილი

ჯგუფი 1

 ნიკო ფიროსმანაშვილის მხატვრული მეთოდი

კურსის ხელმძღვანელი: გიორგი ხოშტარია

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი…

გაგრძელება

Qwelly World

free counters