ქცევათმეცნიერება - ბიჰევიორიზმი არის ფსიქოლოგიის ერთ-ერთი მიმარულება, თუმცა ამ სფეროში მიღწეული შედეგები ვრცელდება ყველა სფეროზე, სადაც ინტერესის ქვეშ ხვდება ადამიანი და მისი ქცევა.
ყოველდღიურობაში ადამიანებს ცნობისმოყვარეობა უბიძგებს დასვას გარკვეული შეკითხვები და მასზე პასუხის მოსაპოვებლად გამოიყენოს თავისი დაკვირვებულობა. საზოგადოებაში ცხოვრებისას განსაკუთრებით საინტერესო ხდება და პირველი რანგის მნიშვნელობის მქონედ გვევლინება ადამიანების დაინტერესება ერთმანეთის ქცევით.
ამ ინტერესის დაკმაყოფილების მიზნით ამერიკელი ქცევათმეცნიერი ბ. ფ. სკინერი, სვამს რადენიმე პრაქტიკული შეკითხვას:
როგორ შეიძლება ვიწინასწარმეტყველოთ მეორე ადამიანის ქმედება?
რაც სხვანაირი ფორმულირებით ასე ჟღერს:
როგორ შეიძლება მოვემზადოთ იმისათვის, თუ რას მოიმოქმედებს მეორე ადამიანი?
ამ შეკითხვას სხვანაირად პრაქტიკული დატვირთვაც მოეძებნება:
როგორ მივიყვანოთ ადამიანი რომ მოიქცეს განსაზღვრული სახით (ისე როგორც ჩვენ გვინდა)?
სკინერისათვის ამ ძირეულ შეკითხვებზე საბოლოო პასუხები ქცევის გაგებისა და ახსნიდან გამომდინარეობს, ხოლო ზოგადად ქცევის გაგება და ახსნა დაიყვანება შეკითხვებზე კონკრეტული ქცევის მიზეზების შესახებ (სკინერი, 1974).
ქცევის გაგება, ახსნა, მისი განმსაზღვრელი და წარმართველი მიზეზებისა და ცვლადების მეცნიერული შესწავლა დაისახა მიზნად ქცევათმეცნიერება – ბიჰევიორიზმმა.
ამგვარად ქცევათმეცნიერების შესწავლის მთავარი ობიექტი არის ადამიანის ქცევა.
ი. პ. პავლოვი (1849-1936)
პავლოვმა აღმოაჩინა პირობითი განპირობებულობა.
მან თავისი ექსპერიმენტებით აჩვენა რეფლექსური რეაქციების გამოვლენა ნეიტრალურ სტიმულზე. პავლოვი ძაღლს ერთდროულად წარუდგენდა მეტრონომის ხმასა და საკვებს. ექსპერიმენტის გამეორების შედეგად ძაღლს მეტრონომის ხმაზე გამოეყოფოდა ნერწყვი, რომელსაც პავლოვი ლოყაში ჩამონტაჟებული ფისტულის საშუალებით აკვირდებოდა. პავლოვმა ამას პირობითი რეფლექსი უწოდა (1927წ.).
ჯ. ბ. ვუოტსონი (1878-1958)
უოტსონმა დაიწყო ფსიქოლოგიაში ბიჰევიორისტული მიმართულება.
თავის ნაშრომში `ფსიქოლოგია – ისე როგორც მას განიხილავენ ბიჰევიორისტები~- 1913 წ. ხაზს უსვამდა, რომ ფსიქოლოგის შესწავლის ძირითად სუბიექტს წარმოადგენს დაკვირვებადი ქცევა, რომელიც კონტროლირდება გარემოში მიმდინარე მოვლენებით. უოტსონს ეკუთვნის სტიმული - რეაქციის მოდელი, რომლის თანახმადაც გარემო მოვლენები იწვევენ საპასუხო რეაქციებს.
ი. ლ. თორნდაიკი (1874-1949)
თორნდაიკი არის ე.წ. ეფექტის კანონის ავტორი.
ამ კანონის თანახმად, თუ ქცევა იწვევს სასურველ შედეგს, ან ახდენს სასურველ ზემოქმედებას გარემოზე, მომავალში ეს ზრდის ამ ქცევის გამოვლენის ალბათობას. თორნდაიკი თავის ექსპერიმენტებში კატას ათავსებდა გალიაში და გარეთ უდებდა საკვებს. კატა გალიაში მოძრაობისას ბერკეტზე თათის დარტყმით აღებდა კარს. თორნდაიკმა წარმოადგინა, რომ კატას შეუძლია ისწავლოს დაარტყას თათი ბერკეტს კარების გაღებისათვის და მეტიც, იგი ყოველ შემდეგ ჯერზე უფრო სწრაფად ახერხებდა სასურველი შედეგის – საკვების მიღებას' რაც არის ეფექტის კანონის ილუსტრაცია.
ბ. ფ. სკინერი (1904-1990)
სკინერმა გააფართოვა უოტსონისეული ბიჰევიორიზმის სფერო და წარმოაჩინა განსხვავება პირობით განპირობებულობასა და ოპერატიულ განპირობებულობას შორის, ანუ დააზუსტა პავლოვი - უოტსონის პირობითი განპირობებულობა და თორნდაიკის ეფექტის კანონი. სკინერმა თავისი ლაბორატორიული ექსპერიმენტებით აღმოჩენილი ქცევის კანონები ადამიანებზეც განაზოგადა. მან დაწერა მრავალი წიგნი ადამიანთა ქცევითი ანალიზის შესახებ და საფუძველი ჩაუყარა ქცევის მოდიფიკაციას - შეცვლას (1938-1953).
ლაბორატორიაში ცხოველებზე ოპერანტული განპირობებულობის ექსპერიმენტის განხორციელება ცნობილია, როგორც ქცევის ექსპერიმენტული ანალიზი (ქეა). ქცევის შესახებ ასეთი კვლევებით მოპოვებული ცოდნა გამოიყენება ადამიანის ქცევის შესახებ ცოდნის გასაუმჯობესებლად.
ქცევის ექსერიმენტულმა ანალიზმა (ქეა) აჩვენა, რომ ქცევათა უმრავლესობა იმართება გარემო მოვლენების ზემოქმედებით. როგორც ჩანს ეს განპირობებულია იმით, რომ გარემოში მიმდინარე ცვლილებების მიმართ, ყველა ცოცხალ ორგანიზმს შეუძლია გარკვეული პასუხის განხორციელება, რაც თავის მხრივ აუცილებელია ამ ორგანიზმის გადარჩენისათვის.
ის ფაქტი, რომ ჩვენ ვიბადებით რთული გრძნობათა ორგანოებით, აღქმის სისტემით და რეაგირების მექანიზმებით, რომელთა საშუალებით ვახერხებთ გარემო ინფორმაციის მიღებას, ანალიზს და მასზე რეაგირებას, მეტყველებს ქეა-ს დასკვნების სასარგებლოდ.
ქეა-ს სისტემატურმა კვლევებმა დაადასტურა, რომ გარემოს ცვლადები, ცხოველთა სხვადასხვა სახეობათა მსგავსად, ადამიანებშიც აკონტროლებს ქცევას.
ქცევის გამოყენებითი ანალიზი (ქგა) არის ბ. ფ. სკინერის ოპერანტული განპირობებულობის სისტემატური დანერგვა ადამიანის ქცევაზე, რაც ემსახურება ორ ძირითად მიზანს: თავად ინდივიდის ქცევის გაუმჯობესებას და ადამიანის ქცევის შესახებ ცოდნის გაფართოვებას. თავის მხრივ ქგა-ს ადამიანზე ჩატარებული კვლევები ადასტურებს ქეა-ს ცხოველებზე განხორციელებული შედეგების ადამიანზე განზოგადოების შესაძლებლობას.
ქეა-საგან ლაბორატორიული ექსპერიმენტებისაგან განსხვავებით, ქგა-ს გამოყენებითი კვლევა მიმართულია ადამიანზე. იგი მიმდინარეობს უფრო ნაკლებად კონტროლირებად გარემოში და იღებს თერაპიისა თუ ტრენინგის ფორმას. შესაბამისად მისი პროცედურებიც მორგებულია კლინიკის, საკლასო ოთახისა თუ სახლის პირობებზე და გამიზნულია ადამიანის ყოველდღიურ გარემოში გამოსაყენებლად.
ქცევის სისტემატური დაკვირვების, ჩაწერის და ერთი სუბიექტის კვლევის დიზაინის (გეგმარების) გამოყენებით, ქგა ჩამოყალიბდა მნიშვნელოვან მეცნიერულ მიმართულებად, რომელიც ერთის მხრივ აფართოებს ცოდნას ქცევის შესახებ, მეორეს მხრივ კი, ეხმარება ადამიანებს სურვილისა და საჭიროების შესაბამისად შეცვალონ ქცევა პოზიტიური ხერხებით.
პოპულარული სტატია "Some Current dimensions of Applied Behavior Analysis" - „ქცევის გამოყენებითი ანალიზის რამდენიმე თანამედროვე განზომილება“, რომელიც შეიქმნა 1968 Baer, Wolf და Risley-ს მიერ, წარმოაჩენს ქგა-ს შვიდ ძირეულ პარამეტრ- განზომილებას:
ბეარის, ვულფის და რისლის ანალიზი გვეუბნება, რომ ქგა უფრო მეტია, ვიდრე ქცევის შესაცვლელად გამოყენებული “ხრიკების ტომარა”. ქგა წარმოადგენს ერთიან სამეცნიერო დისციპლინას, რომელიც ახორციელებს სისტემატურ კვლევას და პიროვნების საკეთილდღეოდ მნიშვნელოვანი ცვლილებები შეაქვს სოციალურ ქცევაში, რითაც ემსახურება სამეცნიერო ცოდნის გაფართოებას.
იმისათვის რომ შევძლოთ ქცევის გაგება, შესწავლა და შეცვლა უშუალოდ ქცევისათვის გამოყოფენ მის მახასიათებელ ნიშნებს:
ქცევა არის ხილული და ფარული. ხილულ ქცევას შეიძლება დააკვირდეს და ჩაიწეროს გარეშე პირმა. გარეშე პირი ნიშნავს იმ ადამიანს, რომელიც უშუალოდ თვითონ არ ანხორციელებს ამ ქცევას (გარეშეპირი (ადამიანი) შეიძლება შეიცვალოს რაიმე აღმრიცხველი მოწყობილობით, მაგალითად ვიდეო კამერა, დიქტოფონი).
ხილული ქცევის მაგალითებია: ცეკვა, ლაპარაკი, საჭმლის მიღება
ფარული ქცევა არის სხვების დაკვირვებისათვის მოსაწვდომი, მას შესაძლოა მხოლოდ თავად ის პიროვნება დააკვირდეს, რომელიც ამ ქმედებას ანხორციელებს. მაგალითი: ფიქრი, შიში.
ქცევის შესწავლისას იყენებენ მის განზომილებებს, რომლებიც ექვემდებარება აღნუსხვას (გაზომვას, დათვლას). ასეთ განზომილებებს წარმოადგენს სიხშირე, ხანგრძლივობა და ინტენსივობა.
სიხშირე - ქცევის სიხშირის დასადგენად ჩვენ ვითვლით თუ რამდენჯერ ვლინდება ჩვენთვის საინტერესო ქცევა.
მაგალითი: მაკა იკვნეტს ფრჩხილებს.
რამდენჯერ მოიკვნიტა მან ფრჩხილი?
გაკვეთილის მსვლელობისას მან 15-ჯერ მოიკვნიტა ფრჩხილი.
ხანგრძლივობა - ქცევის ხანგრძლივობის დასადგენად ჩვენ ვითვლით თუ რამდენ ხანს (დროის რა მონაკვეთში) ვლინდება ჩვენთვის საინტერესო ქცევა.
მაგალითი: გიორგი გაკვეთილის მსვლელობისას აკაკუნებს გასაღებს მაგიდაზე. რამდენ ხანს აკაკუნებს გიორგი გასაღებს მაგიდაზე?
გაკვეთილის მსვლელობისას 5 წუთის განმალობაში.
ინტენსივობა - ქცევის ხანგრძლივობის დასადგენად ჩვენ ვითვლით თუ რამდენად ძლიერ (როგორი ძალით, როგორ) ვლინდება ჩვენთვის საინტერესო ქცევა.
მაგალითი: სანდრო ხმამაღლა ტირის მამრობითი სქესის სტუმრის დანახვაზე. ხმამაღლა - არის ქცევის ინტენსიობის მახასიათებელი, რომელიც შეიძლება გაიზომოს ხმაურის ფიზიკურ საზომ ერთეულში, მაგალითად; დეციბელებში.
ABC არის ქცევის გამოყენებითი ანალიზის აქსიომების ასახსნელი ფორმულა, რომელიც ეფუძნება ოპერანტული განპირობებულობის ცნებას.
ა) განმასხვავებელი სტიმული (წინაპირობა)
ქცევა კონტროლირდება სტიმულებით, რომლებიც წინ უსწრებს და თან სდევს მას. სტიმული არის ობიექტი ან მოვლენა, რომელიც წარმოადგენს პიროვნებაზე პოტენციური ზემოქმედების წყაროს. იგი შეიძლება იყოს გარემოს ფიზიკური მახასიათებელი, ან სოციალური გარემოს ელემენტი (სხვა ადამიანის ქცევა).
განსხვავებით რეფლექსური რეაქციებისა, რომლებიც ყალიბდება პავლოვის პირობითი განპირობებულობით, ოპერანტული განპირობებულობის შემთხვევაში პასუხები ნებაყოფლობითია და ისინი მაკონტროლებელი სტიმულების არსებობისას ყოველთვის არ იჩენენ თავს.
ქეა-ში და ქგა-ში სტიმულს, რომელიც წინ უსწრებს ქცევას (ე.ი. წარმოადგენს რეაქციის წინაპირობას) და ზრდის თანმდევი ქცევის გამოვლენის ალბათობას, უწოდებენ განმასხვავებელ სტიმულს.
A-ში მოიაზრება ე.წ. განმასხვავებელი სტიმული, რომელიც წარმოადგენს გარემოში არსებულ საგანსა თუ მოვლანას, რაც გარკვეული ასოციაციების საფუძველზე უკავშირდება ამა თუ იმ ქცევას. მას შეემდეგ რაც ეს ასოციაციური კავშირი აღმოცენდება და არსებული სტიმულის საპასუხოდ გამოვლინდება კონკრეტული ქცევა, შეგვიძლია ვისაუბროთ სტიმულით კონტროლის შესახებ.
მაგალითად: სამარშრუტო ტაქსის ნომერი წარმოადგენს განმასხვავებელ სტიმულს მათთვის, ვინც მიემგზავრება ამ ტრანსპორტის მიმართულებით. პოტენციური მგზავრი როცა ხედავს ნომერს, ხელს უქნევს სამარშრუტო ტაქსს, რათა მძღოლმა გააჩეროს. პოტენციური მგზავრის ხელის დაქნევა განმასხვავებელი სტიმულია მძღოლისთვის, რომ გააჩეროს ტაქსი.
მარიამი ცხოვრობს ბავშვთა სახლში. მან ისწავლა, რომ სტუმრები ბავშვებს ურიგებენ კანფეტებს და როცა მარიამი ხედავს სტუმარს მირბის მასთან, უღიმის და ხელს უწვდის. სტუმრის მოსვლ განმასხვავებელი სტიმულია მარიამის ამ ქცევისათვის.
ნომრები, სამხრეები, მაღაზიის აბრები, ქუჩის სახელები, სიმბოლოები, სუნი საცხობიდან, ჩვენი სახელის გაგება, მეგობრისაგან ხელის დაქნევა, საჭადრაკო ფიგურები დაფაზე თამაშისას, საყვარელი ტონალობა, სიტყვები ამ გვერდზე ან აფეთქება წარმოადგენენ განმასხვავებელი სტიმულების მაგალითებს, რომელთაც აქვთ მაკონტროლებელი ზემოქმედება ჩვენს ქცევაზე.
ბ) შედეგი (მოვლენათა თანხვედრა)
ცნება “შედეგი” (მოვლენათა თანხვედრა) აერთიანებს იმ მოვლენებს, რომლებიც მოსდევს ქცევას, ანუ ვლინდება, როგორც ქცევის შედეგი. მათ აქვთ გავლენა ქცევის გამოვლენის ალბათობაზე. შედეგს შეუძლია გაზარდოს ქცევის გამოვლენის ალბათობა ან შეამციროს.
C-ში მოიაზრება ყველაფერი ის, რაც უშუალოდ თან სდევს ქცევას და ზრდის ან ამცირებს ქცევის მომავალში გამოვლენის ალბათობას.
ქცევათმეცნიერების ფარგლებში ქცევა ასე განიმარტება:
ჩვენ როცა გვინდა ვასწავლოთ ახლი ქცევა ან შევცვალოთ არსებული, მნიშვნელოვანია ამ ქცევის სისტემატური დაკვირვება და ჩაწერა.
როცა პირველად ვხედავთ საჭიროებას, რომ ვასწავლოთ სასურველი ქცევა, ან ვმართოთ არსებული, მნიშვნელოვანია დავიწყოთ სისტემატური დაკვირვება და ჩაწერა.
არაპირდაპირი დაკვირვების მაგალითებია: ინტერვიუირება, კითხვარების შევსება, შეფასების სხვადასხვა სკალები, რომლებიც გვეხმარება სამიზნე ქცევის შესახებ ინფორმაციის მოპოვებაში სხვადასხვა წყაროებიდან: დედისგან, მასწავლებლებისგან, მომვლელებისაგან და სხვა.
პირდაპირი დაკვირვების დროს ხდება ქცევის დაფიქსირება და ჩაწერა უშუალოდ ქცევის განხორციელებისას. დამკვირვებელი ესწრება ქცევის გამოვლენის პროცესს, რომელიც მოქცეულია მისი მხედველობის არეში.
პირდაპირი დაკვირვება არის უფრო ზუსტი და იძლევა შესაძლებლობას, დაფიქსირდეს ქცევა მისი უშუალო გამოვლენისას. არაპირდაპირი დაკვირვებისას მოწოდებული ინფორმაცია ეფუძნება ე.წ. რესპოდენტის მეხსიერებას. ამ შემთხვევაში რესპოდენტი შეიძლება გვაწვდიდეს არასაკმარის და ნაკლებად ზუსტ ინფორმაციას, რადგან იგი არ არის გაწვრთნილი დამკვირვებელი.
რას ვაკეთებთ პირდაპირი დაკვირვებისას?
ქცევის გამოყენებით ანალიზში დაკვირვების პროცესის წარმოება გულისხმობს გარკვეული ქმედებების ერთიანობას, კერძოდ, თავდაპირველად
პირდაპირი დაკვირვების ობიექტურობის უზრუნველყოფის მიზნით ქცევის გამოყენებით ანალიზში მასში მონაწილეობას იღებს ორი პირი. დაკვირვების განხორციელებამდე ისინი წინასწარ შეიმუშავებენ და თანხმდებიან სამიზნე ქცევის განმარტებაზე, ანუ თითოეულმა ზუსტად იცის, თუ რას აკვირდება მოცემულ დროსა და სივრცეში.
დაკვირვება შეიძლება განხორციელდეს ბუნებრივ და ხელოვნურ გარემოში.
ბუნებრივი გარემოა, სადაც ჩვეულებრივ ქცევას აქვს ადგილი, მაგალითად, ქუჩაში შუქნიშანზე გადასვლა; სამზარეულოში საჭმლის გაკეთება; აეროპორტში თვითმფრინავში ჩაჯდომა.
ხელოვნურ გარემოდ შეიძლება მივიჩნიოთ ექსპერიმენტული ან კლინიკური პირობები. მაგალითად, შევდივართ ყელ-ყურის ექიმთან და იგი გვთხოვს დავჯდეთ სკამზე და გავაღოთ პირი. შევდივართ ფსიქოლოგის ექსპერიმენტულ ოთახში და იგი გვთხოვს დავხუჭოთ თვალები; გვაწვდის ორივე ხელში ბურთს და გვავალებს განვსაზღვროთ ამ ბურთების ზომა. ფსიქოთერაპევტი გვიხსნის ფრენის შიშს და თვითმფრინავის მოდულში გვსვამს.
დაკვირვება არის ქცევის შეფასების ერთ-ერთი ფორმა. დაკვირვების გამოყენებით ქცევის შეფასებისას ვადგენთ მოცემულ დროსა და სივრცეში სამიზნე ქცევის გამოვლენას ჩარევის განხორციელებამდე, მსვლელობისას და შემდეგ.
რისთვის გვჭირდება ქცევის შეფასება?
ჩვეულებრივ ჩვენ ვიწყებთ ანალიზს სამიზნე ქცევის დაკვირვებით და ამ დროს მიმდინარე ჩანაწერის განხორციელებით, რომელიც წარმოადგენს იმის წერილობით აღწერას, თუ რას ვხედავთ ჩვენ. Eეს გვაძლევს შესაძლებლობას, რომ შევიქმნათ სურათი, თუ რა უნდა ვასწავლოთ, ასევე მნიშვნელოვანია, რომ ჩავინიშნოთ მოვლენები ან სხვათა ქმედებები, რაც უსწრებს ან ახლავს ამ ქცევას და ამ დროს ზემოქმედებას ახდენს მასზე. M
მაგალითად; თუ ბავშვი აწყობს „ისტერიკას“ და ყვირის, რა იყო ის წინაპირობა, რითი დაიწყო ეს? მას უფროსმა სთხოვა რაღაცის გაკეთება, ან პირიქით – სთხოვა რაღაცის შეწყვეტა, თუ მას უნდოდა რაღაცა და უფროსმა უთხრა – „არა“, თუ მას სხვა ბავშვმა გამოართვა სათამაშო. რა არის ამ ისტერიკის და ყვირილის შედეგი? უფროსი სოსოს აძლევს სასურველ ნივთს-ართმევს სათამაშოს სხვა ბავშვს და უბრუნებს სოსოს უკან?
მას შემდეგ, რაც ჩვენ გვიჩნდება წარმოდგენა, თუ რა არის სამიზნე ქცევა, ჩვენ შეგვიძლა მისთვის დავწეროთ ზუსტი “ქცევითი" განმარტება.
მაგალითად; სოსოს ისტერიკა მოიცავს ქცევებს: ყვირილს, ფეხების ქნევას, სხვათა კბენას, იატაკზე გაწოლას. ყვირილს და ქუსლების იატაკზე რტყმას. ყვირილს და მთელი ძალით საგნების სროლას.
როგორ განვმარტავთ ქცევას?
ქცევის განმარტება არის სამიზნე ქცევის აღწერა მარტივი სიტყვებით, რომელიც არ შეიცავს შეფასებით სიტყვებს, მაგალითად, როგორიცაა: ცუდი, კარგი, ძალიან.
ქცევის განმარტება არ ახდენს ქცევის გაერთიანებას რაიმე კატეგორიაში, ვთქვათ - სულელური, ჭკვიანური, აგრესიული, შესანიშნავი.
განვიხილოთ ერთი მაგალითი: თქვენ გითხრეს რომ, აკა მეცადინეობს; – რას გვეუბნება ეს წინადადება?
უფრო ადვილი წარმოსადგენი იქნება თუ რას აკეთებს აკა, ასეთი განმარტების გამოყენებისას: აკა კითხულობს გვერდებს სახელმძღვანელოდან; აღნიშნავს წინადადებებს ტექსტში; აკეთებს მათემატიკის და ფიზიკის სავარჯიშოებს; წერს დასკვნებს წაკითხული თავების შესახებ.
თქვენ ასევე შეგიძლიათ დააზუსტოდ წინაპირობა, როგორც ამ ქცევის განმარტების ნაწილი იმ შემთხვევაში, თუ არსებობს შემთხვევები, როცა ეს ქცევა ვლინდება სხვადასხა პირობებში.
მაგალითად; „ისტერიკის“ შესწავლისას, გვაინტერესებს ბავშვის ყვირილი და წიხლების რტყმა. მაგრამ ბავშვის ყვირილი და წიხლების დარტყმა ვლინდება სხვა დროსაც, თუნდაც თამაშისას და არ მიიჩნევა ისტერიკად.Mჩვენ შეგვიძლია განვსაზღვროთ „ისტერიკა“, როგორც პასუხი სათამაშოს ან საკვების არ მიცემაზე, რაიმე აქტივობის გაკეთებისას ხელის შეშლაზე ან უფროსის მოთხოვნაზე.
თქვენ დაგჭირდებათ ჩაიწეროთ ეს განმარტება და კიდევ ერთხელ დააკვირდეთ ამ ქცევას იმისთვის, რომ დარწმუნდეთ, რომ ქცევა, რომელსაც თქვენ ხედავთ, ერგება ამ განმარტებას. თქვენი დეფინიცია უნდა იყოს რაც შეიძლება ზუსტი. ბუნდოვანი აღწერა ან ზოგადი იარლიყი, როგორიცაა აგრესიული ქცევა არ წარმოადგენს ქცევით განმარტებას. აგრესიული ქცევა შეიძლება მოიცავდეს მუშტის დარტყმას, ფეხის ამოკვრას, ხელის დარტყმას, ამოცხებას, გინებას, ნივთების მტვრევას, ასე რომ შეუძლებელია ზუსტად განსაზღვროთ, თუ რას აკეთებს თქვენი დაკვირვების ობიექტი, მაშინ როცა მისი აღწერისათვის თქვენ იყენებთ ძალიან ზოგად, არასპეციფიურ იარლიყს.
იმისათვის, რომ დამატებით შეამოწმოთ თქვენი განმარტება, მაშინ, როცა უკვე მზად ხართ სისტემატური დაკვირვებისათვის, სთხოვეთ კოლეგას თქვენს მიერ შექმნილი განმარტების გამოყენებით ამ ქცევაზე თქვენთან ერთად დაკვირვება;
დაკვირვების წარმართვისას დარწმუნდით, რომ თქვენ (დამკვირვებლები) დგახართ ან სხედხართ საკმარისად შორს ერთმანეთისაგან, რომ დამოუკიდებლად დააკვირდეთ. განაწილდით ისე, რომ არ გქონდეთ ერთმანეთის ჩანაწერების დანახვის საშუალება. თუ თქვენ ვერ იღებთ მაღალი დონის შეთანხმებას სამიზნე ქცევის გამოვლენაზე (ანუ თქვენი ჩანაწერები ქცევის გამოვლენაზე ემთხვევა ერთმანეთს) (იხ. სანდოობა), დააზუსტეთ თქვენი განმარტება და გააკეთეთ ამ ქცევის გამოვლენის ჩაწერის კიდევ ერთი დამოუკიდებელი შემოწმება.
წინაპირობა - წ, ქცევა - ქ და შედეგი - შ. შეადგენს ქცევითი ანალიზის ანბანს. მას შემდეგ, რაც თქვენ იწყებთ ქცევის სისტემატურ დაკვირვებას, თქვენ შეგიძლიათ გააკეთოთ თქვენი ჩანაწერების ფურცელზე სამი სვეტი და ისინი დაასათაუროთ, როგორც წ,ქ,შ.
რამდენჯერმე დააკვირდით და შეეცადეთ წარმოდგენა შეიქმნათ, თუ რა შეიძლება აკონტროლებდეს თქვენს სამიზნე ქცევას. ეს მნიშვნელოვანი იქნება თქვენი სასწავლო პროგრამის შექმნისას ქგა–ში, რადგან წინაპირობები ქმნიან ქცევის გამოვლენის საფუძველს და ხშირად მიუნიშნებენ, თუ რა შედეგები მოყვება ამ ქცევას.
მაგალითად; შუქნიშნის წითელი სინათლიდან ყვითელზე გადასვლა ნიშნავს, რომ მალე აინთება მწვანე. ამ დროს ძალიან ბევრი მძღოლი იწყებს მოძრაობას ყვითელ სინათლეზე, შედეგად ისინი რამდენიმე წამით ადრე ხვდებიან დანიშნულების ადგილას, ვიდრე იმ შემთხვევაში მწვანე სინათლეს რომ დალოდებოდნენ. რაც, როგორც ჩანს, წარმოადგენს განმტკიცებას ბევრი მძღოლისათვის. შესაბამისად შუქნიშნის სინათლის ცვლილება წითლიდან ყვითელზე წარმოადგენს განმასხვავებელ სტიმულს იმისა, რომ მწვანე სინათლე აინთება (როცა დაძვრა განმტკიცებულია), ამის ალტერნატივაა ყვითელი ფერი, რომელსაც თან ახლავს წითელი სინათლე. ეს დამსჯელია და ნიშნავს მოლოდინს. შესაბამისად ძალიან ხშირად ის წარმოადგენს განმასხვავებელ სტიმულს მძღოლისათვის, რომ გაზარდოს სიჩქარე და არ შეჩერდეს, ამ შემთხვევაში აჩქარება მტკიცდება იმითი, რომ მძღოლი ირიდებს შეყოვნებას.
ქცევას შეიძლება დავაკვირდეთ და ჩავწეროთ სიხშირის (რამდენად ხშირად ვლინდება), ხანგრძლივობის (რამდენად ხანგრძლივია) ლატენტურობის (რამდენი ხანია ქცევებს შორის შუალედი) და ინტენსივობის (რამდენად ხმამაღალია, რთულია, ძლიერია ქცევა) მიხედვით.
ჩვეულებრივად ქგა-ში ჩვენ ვიწერთ სიხშირეს და ხანგძრლივობას, ინტენსიურობის ჩასაწერად შესაძლოა დაგვჭირდეს სპეციალური გასაზომი ხელსაწყოები, თუმცა აუცილებლობის შემთხვევაში ჩვენ შეგვიძლია ზეპირად განვსაჯოთ. მაგალითად; ხმის ინტენსივობა განისაზღვრება-ისმის 5 მეტრის დაშორებით.
არსებობს სისტემატური დაკვირვების მრავალი ფორმა, რომლის შერჩევაც დამოკიდებულია მკვლევარის ამოცანებსა და ქცევის თავისებურებაზე.
ჩაწერის ინსტრუმენტი არის ის საშუალებები, რომელსაც იყენებს დამკვირვებელი, რომ მოახდინოს ქცევის გამოვლენის რეგისტრირება. ფურცელი და საწერკალამი არის ყველაზე ხშირად გამოყენებადი ინსტრუმენტები. მარტივად რომ ვთქვათ, დამკვირვებელი უბრალოდ შეიძლება აკეთებდეს ჩანაწერებს ქცევის გამოვლენის შესახებ.
იმისთვის, რომ ეფექტურად ჩავიწეროთ ქცევა, ჩვეულებრივ, დამკვირვებელი იყენებს წინასწარ მომზადებულ დაკვირვების ბლანკს. დაკვირვების ბლანკი გვეხმარება დაკვირვების პროცესის ორგანიზებაში და ქცევის თვალნათლივ ჩაწერაში. დაკვირვების ბლანკის შერჩევამდე დამკვირვებელი ირჩევს ქცევის აღნუსხვის სტრატეგიას და მეთოდს.
უწყვეტი ჩაწერა არის აღნუსხვის ფორმა, როდესაც ხდება ქცევის თითოეული გამოვლენის დაფიქსირება დაკვირვების მთელი პერიოდის განმავლობაში. ეს მეთოდი გვაძლევს შესაძლებლობას დავაკვირდეთ ქცევის დაწყებას და დამთავრებას. მისი საშუალებით შესაძლებელია ქცევის ყველა მახასიათებლის დაფიქსირება, ანუ სიხშირის, ხანგრძლივობის და ინტესივობის. მაგალითად, ეკა ზის გაკვეთილზე და იფურთხება. ჩვენ ვესწრებით გაკვეთილს. ოცი წუთის შემდეგ ეკა პირველად აღებს პირს და პირის ღრუში არსებულ სითხეს უშვებს ნიკაპზე. ეს პროცესი გრძელდება გაკვეთილის დასრულებამდე. ჩვენ ვითვლით ამ ქცევის გამოვლენის სიხშირეს, რაც პირობითად შეიძლება იყოს 500.
რეალური დროის ჩაწერა არის აღნუსხვის ფორმა, როცა ფიქსირდება ქცევის გამოვლენის სრული დრო, ზუსტი დასაწყისი და დასარული. ეკას მაგალითის შემთხვევაში ეს იქნება ოცი წუთის ხანგრძლივობის დაკვირვება, რომელიც დაიწყო გაკვეტილის 12 წუთზე და დასრულდა 32-ზე.
პროდუქტის ჩაწერა არის აღნუსხვის ფორმა, რომელიც აფიქსირებს ქცევის მყარ, მუდმივ პროდუქტებს. მაგალითად, შემფუთავ ქარხანაში კონვეირის ზედამხედველი აფიქსირებს შეფუთული პროდუქციის რაოდენობას. ტესტის შევსებისას მასწავლებელი აფიქსირებს სწორი და მცდარი პასუხების რაოდენობას. ჩაწერის ამ ფორმის გამოყენებისას არ არის აუცილებელი დამკვირვებლის უშუალო დასწრება ქცევის განხორციელებისას.
ინტერვალის ჩაწერა შეფასების პროცესისას დამკვირვებელი სამუშაო დროს ანაწილებს თანმიმდევრულ პერიოდებად - ინტერვალებად და აკვირდება გამოვლინდება თუ არა სამიზნე ქცევა ამ კონკრეტული ინტერვალის განმავლობაში. მაგალითად, მე ვატარებ გაკვეთილს და ბავშვებისთვის სამუშაო დავალების მიცემისას, რომელიც ხდება, გაკვეთილის დაწყებიდან 15 წუთის შემდეგ, ვუყურებ გიორგის და ვინიშნავ ასრულებს თუ არა იგი ჩემს მიერ მიცემულ სამუშაოს, მისთვის ყოველგვარი დამატებითი მითითების გარეშე.
ინტერვალის ჩაწერის ორი მაგალითი არსებობს: ნაწილობრივი ინტერვალის და მთლიანი ინტერვალის ჩაწერა. ნაწილობრივი ინტერვალის ჩაწერისას ჩვენ ვინიშნავთ ქცევის გამოვლენას მხოლოდ ამ პერიოდში. ჩვეულებრივ ასეთი ინტერვალები 6-10 წამისგან შედგება. მთლიანი ინტერვალის ჩაწერის მაგალითია გაკვეთილის ვიდეო ან აუდიო ფირზე დაფიქსირება. ამ შემთხვევაში ჩვენ აღვნუსხავთ მთელი ქცევის მიმდინარეობას.
ყველაზე ფართოდ გავრცელებული ჩაწერის ფორმას წარმოადგენს ცხრილის დანაწევრება ერთ წუთიან ინტერვალებად. შესაბამისად მივიღებთ 6 ათწამიან მწკრივს და 15 თუ 20 რიგს წუთების მიხედვით.
ნიმუშისათვის წარმოდგენილია ოთხწუთიანი დაკვირვების ცხრილი
დაკვირვების ბლანკის შერჩევას განსაზღვრავს თავად სამიზნე ქცევის თავისებურება. ბლანკს ვირჩევთ იმის მიხედვით, თუ ქცევის რა განზომილების დაკვირვება გვაქვს დასახული მიზნად.
სიხშირის დაკვირვების ბლანკის საშუალებით დამკვირვებელს შეუძლია უჯრაში X-ის ან V-ს ჩასმით აღნიშნოს მოცემულ დღეს სამიზნე ქცევის გამოვლენის სიხშირე. ამ დღეს აღნიშნული უჯრების რაოდენობა ემთხვევა ქცევის საერთო დღიური გამოვლენის სიხშირეს.
ხანგრძლივობის დაკვირვების ბლანკი გვეხმარება ჩავიწეროთ სამიზნე ქცევის ხანგრძლივობა ყოველდღიურად. ამისთვის ჩვენ ავღნიშნავთ სამიზნე ქცევის დასაწყისს და დასასრულს. ამით ჩვენ ვგებულობთ ქცევის საერთო ხანგრძლივობას და სიხშირეს.
ინტერვალებში დაკვირვების ბლანკის გამოყენებისას, როგორც უკვე აღვნიშნეთ გვჭირდება რაიმე დამხმარე მოწყობილობა, რომელიც გვანიშნებს თითოეული ინტერვალის დასაწყისს. მაგალითად, საათი, რომელიც ყოველი ათი წამის გასვლის შემდეგ გამოსცემს ხმას. ინტერვალებში დაკვირვების ბლანკის შევსებისას ჩვენ ვსვამთ X-ს, 0 , /, ან V-ს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დაკვირვების დროს სამიზნე ქცევა გამოვლინდა.
არსებობს ქცევის დაკვირვების სხვა მეთოდებიც, მაგალითად, ქცევის თითოეული გამოვლენის ჩაწერა: დედა ყოველ ღამე აღნიშნავს ლოგინის დასველების სიხშირეს; მწეველი აღნიშნავს თითოეულ მოწეულ ღერს.
ქცევის ჩაწერის სხვა მაგალითებია: მაჯის საათის მსგავსი მოწყობილობა, რომელზეც ღილაკის დაჭერით ახდენთ სამიზნე ქცევის გამოვლენის დაფიქსირებას. ასევე შეიძლება გამოვიყენოთ ჯიბეში ჩაყრილი ლობიოს მარცვლები და დავითვალოთ რამდენი მარცვალი მოხვდება ერთი ჯიბიდან მეორეში. არსებობს კიდევ ე.წ. ნაბიჯმზომი, რომელიც თავისთავდ აღრიცხავს გადადგმული ნაბიჯების რაოდენობას, რაც მსგავსია სპიდომეტრის, რომელიც ასევე შეიძლება იქნას გამოყენებული ადამიანსა და მანქანაზე.
წიგნი შედგენილია Parsonson B.შ.-ის დამხმარე სახელმძღვანელოს საფუძველზე. წიგნის ზოგიერთი თეორიული ნაწილი გავრცობილია Miltenberger R.G სახელმძღვანელოს მასალებით.
შემდეგენელი: ნინო გოგიჩაძე
ტეგები: Qwelly, ანალიზი, დაკვირვება, ფსიქოლოგია, ქცევა
Welcome to
Qwelly
გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: აპრილი 26, 2025.
საათი: 2:30pm
0 კომენტარი
0 მოწონება
In the present earth, history checks are getting to be a regular part of the selecting method, tenant screening, and in some cases volunteer variety. From verifying work historical past to examining felony information, qualifications check providers give vital insights into somebody's heritage. In the following paragraphs, we’ll include the kinds of track record checks, how they perform, and why They are really critical for each companies and people.
What exactly…
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 22, 2025.
საათი: 11:23pm
0 კომენტარი
1 Like
თვალებს ძლივს ახელდა დასაძინებლად რომ წავედით, მაგრამ მაინც მოვახერხეთ ძილისწინა საუბრები. ამჯერად, თემა ნათესავები და ნათესაური კავშირები იყო და ცოტა ვერ მიხვდა რა სხვაობა შვილიშვილსა და შვილთაშვილს შორის. ის კი გაიგო, რომ პირველი - მესამე თაობას ნიშნავდა, ხოლო მეორე - მეოთხეს, მაგრამ თვითონ ეს სიტყვები - შვილი-შვილი და შვილთა-შვილი რატომ…
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 20, 2025.
საათი: 2:00am
0 კომენტარი
2 მოწონება
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, ილია II-ის სააღდგომო ეპისტოლე
საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის წევრთ, მკვიდრთ ივერიისა და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებ თანამემამულეთ:
ქრისტე აღდგა!
აღდგეს ღმერთი, მიმოიფანტონ…
გამოაქვეყნა BennieJeansg_მ.
თარიღი: აპრილი 17, 2025.
საათი: 5:00am
0 კომენტარი
1 Like
In Amazon's massively multiplayer online role-playing game (MMORPG) New World, the mystical land of Aeternum is full of danger, intrigue, and opportunity. Players are tasked with surviving in a world rich in history, politics, and player-driven conflict. One of the key elements of gameplay in is choosing a faction. This decision has significant implications for your gameplay experience, as it influences your alliances, PvP (Player vs. Player) interactions, and the overall progression of your…
გაგრძელება
© 2025 George.
•