ლუიჯი პირანდელო

განსვენებული მატია პასკალი

I. წანამძღვარი

       ცოდნით ბევრი არაფერი ვიცოდი, მაგრამ ერთი რამ კარგად მქონდა შეგნებული: მე მქვია მატია პასკალი და ამით კიდეც ვსარგებლობდი. თუ ნაცნობ-მეგობართაგანი ვინმე იმდენად ბრიყვი აღმოჩნდებოდა, რომ რჩევა-დარიგებისთვის მე მომმართავდა, მხრებს ავიჩეჩდი, თვალებს მოვჭუტავდი და ვუპასუხებდი:

- მე მქვია მატია პასკალი.

- გმადლობთ, ძვირფასო, ეს ხომ მეც ვიცი.

- მერედა, გეცოტავებათ?

       მართალი რომ ვთქვა, ეს მე თვითონაც მეცოტავებოდა, მაგრამ მაშინ ჯერ კიდევ ვერ გავიგებდი იმ კაცის მდგომარეობას, რომელმაც ეს ცოტაც არ იცოდა და საჭირო შემთხვევაში არ შეეძლო ეპასუხა:

- მე მქვია მატია პასკალი.

       მავანნი იქნებ თანაგრძნობითაც მომეკიდებოდნენ (ეს ხომ ძალიან ადვილია!), როცა წარმოიდგენდნენ ბედუკუღმართი კაცის საშინელ ხვედრს, რომელიც უეცრად გაიგებს, რომ... ერთი სიტყვით, გაიგებს, რომ ამქვეყნად არავინ ჰყოლია, არც მამა, არც დედა და აქამდე ისიც არ სცოდნია, არსებობდა თუ არა თვითონ. რასაკვირველია, ეს ადამიანები აღშფოთდებოდნენ (ეს ხომ კიდევ უფრო ადვილია!), რომ ამ ჩვენი მძიმე დროების უზნეობა და მანკიერება სრულიად უდანაშაულო კაცს ამისთანა სატანჯველში აგდებს.

       ერთი სიტყვით, ყური მომაპყარით! მაინც მინდა წინასწარ გაგაფრთხილოთ, რომ მთავარი ეს არ არის. ჩემი ოჯახის წარმომავლობის გასაცნობად შემეძლო გვარტომობის შტოც წარმომედგინა, ისიც დამემტკიცებინა, რომ ჩემს მშობლებსაც კარგად ვიცნობდი და ჩემს წინაპრებსაც და მათი არცთუ ყოველთვის მოსაწონი საქმენიც კარგად მომეხსენებოდა, თუმცა მას შემდეგ ბევრმა წყალმა ჩაიარა.

       შემდეგ რა მოხდა? აი რა: ძალზე უცნაური და სრულიად დაუჯერებელი რამ გადამხდა თავს, იმდენად დაუჯერებელი და იმდენად უცნაური, რომ გადავწყვიტე, თქვენც მოგითხროთ. თითქმის ორი წელიწადი ზედიზედ გახლდით წიგნების მცველი, უფრო სწორად კი, ვირთხებზე მონადირე იმ ბიბლიოთეკაში, რომელიც ჩვენს ქალაქს ვინმე მონსინიორ ბოკამაცამ უანდერძა 1803 წელს რომ გარდაცვლილიყო. ეჭვი არ არის, ამ მონსინიორს თავის თანამოქალაქეთა ჩვევებისა და ხასიათისა არაფერი გაეგებოდა, თორემ იმის იმედი როგორ ექნებოდა, ჩემი საჩუქარი დროთა განმავლობაში მათ სულებში ცოდნის წყურვილს გააღვიძებსო. შემიძლია დაბეჯითებით გითხრათ, რომ ამ სიყვარულს დღემდე არ გაუღვიძია მათში და ამას უფრო ჩემს თანამოქალაქეთა სასახელოდ ვამბობ. რამდენად მადლიერი იყო ეს პატარა ქალაქი ბოკამაცას საჩუქრისა იქიდანაც ჩანს, რომ აზრადაც არავის მოსვლია ერთი პატარა ძეგლი მაინც დაედგათ მისთვის, ხოლო რაც შეეხება მის წიგნებს, ერთ დიდ ნესტიან სარდაფში დაახვავეს და ასე ეყარა რამდენიმე წელიწადი. მერე იქიდანაც გამოიტანეს, – ძნელი წარმოსადგენი არ არის, რა დღეში იქნებოდა, – და გადაიტანეს კარგა მოშორებით სანტა მარია ლიბერალეს სამლოცველოში, სადაც, არ ვიცი, რა მოსაზრებით, წირვა-ლოცვა აკრძალული იყო. აქ ეს წიგნები, როგორც ბენეფიციუმი, ანდა სინეკურა, ყოველგვარი ინსტრუქციების გარეშე მიანდეს ერთ უსაქმურს, რომელსაც კარგი მფარველი ჰყავდა; იგი დღეში ორი ლირის საფასურად რამდენიმე საათი უნდა მჯდარიყო ბიბლიოთეკაში, თვალი დაეჭირა ან არც დაეჭირა წიგნებზე და მტვრისა და ობის სუნი ეყნოსა.

       მეც იგივე მხვდა წილად; პირველივე დღიდან ისე ავითვალწუნე წიგნი, სულერთია, დაბეჭდილი იყო თუ ხელნაწერი (როგორც, მაგალითად, ჩვენი ბიბლიოთეკის რამდენიმე ძველი ეტრატი), რომ არც მაშინ და არც ახლა არაფრის გულისთვის კალამს ხელს არ მოვკიდებდი, მაგრამ, ზემოთ უკვე მოგახსენეთ, რომ ჩემი ამბავი მართლაც უცნაურად და ცნობისმოყვარე მკითხველისთვის ჭკუის სასწავლებლად მიმაჩნია, თუკი იგი განსვენებულ მონსინიორ ბოკამაცას დიდი ხნის იმედს გაამართლებს და ამ ბიბლიოთეკაში შემოეხეტება, სადაც ჩემი ხელნაწერებიც დარჩება, თუმცაღა, ეს ხელნაწერი წასაკითხად შეიძლება გაიცეს არა უადრეს ორმოცდაათი წლისა, ჩემი მესამე, უკანასკნელი და საბოლოო სიკვდილის შემდეგ.

       ამჟამად ხომ (ღმერთია მოწამე, ძალზე მიმძიმს ამის თქმა) მე მკვდარი ვარ. დიახ, მე უკვე ორჯერ მივიცვალე – პირველად შეცდომით, მეორედ კი... თუმცა, ყური დამიგდეთ.

II. მეორე წანამძღვარი

(ფილოსოფიური) ბოდიშის მაგიერ

       წერა დავიწყე ჩემი პატივცემული მეგობრის, ბოკამაცას წიგნების ახლანდელი მცველის დონ ელიჯო პელეგრინოტოს რჩევით, ეს აზრი მან მიკარნახა და მასვე გადავცემ ჩემს ხელნაწერსაც როგორც კი დავასრულებ, თუკი ოდესმე ეღირსა დასრულება.ამ ამბავს ვწერ გაუქმებულ სამლოცველოში, გუმბათიდან ჩამოკიდებული ფარნის შუქზე, ბილიოთეკარისთვის განკუთვნილ აბსიდაში, რომელსაც დარბაზიდან აცალკევებს ხის დაბალი, პატარა პილასტრებიანი ცხაური; ამასობაში დონ ელიჯო ხვნეშა-ხვნეშით, მაგრამ შეუპოვრად ასრულებს ნებაყოფლობით ნაკისრ ვალდებულებას – ცდილობს ცოტა მაინც მოაწესრიგოს ეს მართლაცდა წიგნიერი ბაბილონი. მე კი შიშით ვფიქრობ, რომ იგი ამ საქმეს თავს ვერ გაართმევს. არც ერთ წინანდელ ბიბლიოთეკარს არ უცდია, თუნდაც ყუის მიხედვით გამოერკვია, მაინც რა წიგნები უანდერძა ქალაქს ამ მონსინიორმა; ყველა ფიქრობდა, რელიგიური ხასიათის თხზულებების მეტი არაფერი იქნებაო. რარიგად გაიხარა პელეგრინოტომ, როცა მონსინიორის ბიბლიოთეკაში სრულიად სხვადასხვა შინაარსის წიგნები აღმოაჩინა; მაგრამ ამდენ გადატანა-გადმოტანაში და უთავბოლოდ მიყრა-მოყრაში წარმოუდგენელი დომხალი დატრიალდა, გვერდიგვერდ მოხვედრილი წიგნები ერთმანეთს შეეწება და გასაოცარი კომბინაციები წარმოიქმნა: მაგალითად, დონ ელიჯომ მიამბო, თუ რა შრომა გასწია იმისთვის, რომ როგორმე გაეცალკევებინა ანტონ მუციო პოროს მიერ 1571 წელს დაწერილი საკმაოდ უხამსი სამტომიანი ტრაქტატი „ქალის სიყვარულის ხელოვნება“ 1625 წელს მანტუაში გამოცემული ბიოგრაფიისაგან „ცხოვრება და სიკვდილი პოლირონელი ბენედიქტელის ფაუსტინო მატერუჩისა, რომელსაც მავანნი და მავანნი ნეტარს უხმობდნენ“. ამ ორი წიგნის ყდა ნესტს ძმასავით შეეტყუპებინა. სხვათა შორის, ამ უხამსი ტრაქტატის მეორე წიგნში დაწვრილებითაა აღწერილი ბერების ცხოვრება და თავგადასავალი.

       დონ ელიჯო პელეგრინოტომ ბევრი თავშესაქცევი და საამო თხზულება აღმოაჩინა ბიბლიოთეკის კარადებში. ჩამოჯდებოდა კიბეზე, მეფარნეს რომ გამოართვა, და მთელი დღე ქექავდა და ქექავდა. ზოგჯერ რაიმე საინტერესოს რომ წააწყდებოდა, მარჯვედ გადმოისროდა სამლოცველოს შუაგულში მდგარ მაგიდაზე; ყრუდ გაისმოდა დაცემის ხმა, მტვრის ღრუბელი ავარდებოდა და დამფრთხალი ობობები გამოცვივდებოდნენ ხოლმე. მეც აბსიდიდან გამოვვარდებოდი, ცხაურს გადავევლებოდი და ჯერ იმავე წიგნით მიმოვფანტავდი ობობებს მტვრიანი მაგიდიდან, მერე გადავშლიდი და თვალიერებას დავიწყებდი.

       ასე და ამგვარად, ნელ-ნელა შემიყოლია წიგნმა. დონ ელიჯო მეუბნებოდა, შენი თხზულება სწორედ იმ წიგნების დარად უნდა დაიწეროს, მე რომ ვპოულობ ხოლმე და ისეთივე თავისებური სურნელი უნდა დაჰკრავდესო. მე მხრებს ავიჩეჩდი და ვუპასუხებდი, ეს საჩემო საქმე არ არის-მეთქი. ამის გარდა, კიდევ სხვა რაღაცაც მაჩერებდა. ერთიანად გახვითქული და მტვერში ამოგანგლული დონ ელიჯო კიბიდან ჩამოვიდოდა და მაშინვე აბსიდის უკან თავისივე გაშენებულ, წნელითა და სარებით შემოღობილ ბოსტანს მიაშურებდა სუფთა ჰაერის ჩასაყლაპად.

- ეჰ, ჩემო პატივცემულო მეგობარო, – ვუთხარი ერთხელ დონ ელიჯოს, როცა ჯოხის ბუნიკზე ნიკაპდაყრდნობილი, ბაღის დაბალ ღობეზე ვიჯექი, ის კი ღორის ქადას ძირებს უთოხნიდა, – მე რომ მკითხო, ახლა იმის დროც არ არის, რომ კაცმა, თუნდაც გასართობად, წიგნები წეროს. ლიტერატურაზე და სხვა ამისთანა რამეებზე მე ჩემი საყვარელი გამოთქმა უნდა გავიმეორო: „წყეულიმც იყავ, კოპერნიკო!“

- ოჰ, ოჰ, ოჰ, კოპერნიკი რაღა შუაშია? – წამოიძახა დონ ელიჯომ, წელში გაიმართა და ჩალის ქუდით დარჩდილული, მუშაობისგან შეჭარხლებული სახე ასწია.

- იმ შუაშია, დონ ელიჯო, რომ მაშინ, როცა დედამიწა არ ბრუნავდა...

- რას ბრძანებთ! ყოველთვის ბრუნავდა!

- ტყუილია, კაცმა ამის შესახებ არაფერი იცოდა და, მაშასადამე, მისთვის არც ბრუნავდა. ბევრისთვის არც ახლა ბრუნავს. ამას წინათ, ერთ მოხუც გლეხს ვუთხარი ეს და, იცით, რა მიპასუხა? ლოთებისთვს თავის მართლების ამაზე მარჯვე საბაბი არც მოიძებნებაო. მაპატიეთ ამას რომ გეუბნებით, მაგრამ არც თქვენ გაქვთ, ბოლოს და ბოლოს, უფლება ეჭვი შეიტანოთ იმაში, რომ ისუ ნავინმა მზე გააჩერა. მაგრამ კმარა ამაზე ლაპარაკი. მე იმას ვამბობ, რომ მაშინ, როცა დედამიწა არ ბრუნავდა, ბერძნულ ან რომაულ ყაიდაზე გამოწყობილი კაცი საკმაოდ დიდებულად გამოიყურებოდა, თავსაც ასევე დიდებულად გრძნობდა და საკუთარი ღირსების შეგრძნებით ტკბებოდა. ამიტომაც ეხერხებოდა ასე დაწვრილებით წერა, სრულიად უსარგებლო წვრილმანებზე მსჯელობა. თქვენგანვე გამიგონია, კვინტილიანეს უთქვამს, ისტორია იმისთვის არსებობს, რომ დაწერონ და არა იმისთვის, რომ განიცადონო. ასეა თუ არა?

- ასეა, – კვერი დამიკრა დონ ელიჯომ, – მაგრამ არც ისაა სიმართლეს მოკლებული, რომ მანამდე არასოდეს დაუწერიათ ისეთი დაწვრილმანებული წიგნები, არასდროს ჩასძიებიან იმისთანა უმნიშვნელო ამბებს, სანამ, თქვენი თქმისა არ იყოს, დედამიწამ ბრუნვა არ დაიწყო.

- მაშ კარგი! „ბატონი გრაფი ადრე დგებოდა, ზუსტად ცხრის ნახევარზე... ქალბატონმა გრაფის მეუღლემ ჩაიცვა გულისპირზე საუცხოო მაქმანშემოვლებული იასამნისფერი კაბა... ტერეზინა შიმშილით კვდებოდა... ლუკრეცია სიყვარულისგან ილეოდა...“ ოჰ, ღმერთო დიდებულო, აბა, რა აზრი აქვს ამას ჩემთვის! განა ჩვენ ყველანი მზით ალანძულ უხილავ ბზრიალაზე არ ვიმყოფებით, ქვიშის შლეგ ნამცეცზე, რომელიც ბრუნავს და ბრუნავს და თავადაც არ იცის რატომ ბრუნავს, ბრუნავს სრულიად უმიზნოდ, გეგონებათ, მოსწონს და იმიტომ ბრუნავსო, რომ ხან ცოტა დაგვთბეს და ხან ცოტა შეგვცივდეს, მერე კი, სამოცი თუ სამოცდაათი შემობრუნების შემდეგ, ვიხოცებით, თანაც ხშირად იმ შეგნებით, რომ ცხოვრება წვრილმან და სულელურ საქციელთა ერთი გაბმული მწკრივია მხოლოდ და მხოლოდ. ჩემო დონ ელიჯო, კოპერნიკმა, კოპერნიკმა დაღუპა კაცობრიობა სამუდამოდ. ჩვენ თანდათან შევეგუეთ ჩვენი უსაზღვრო პატარაობის ახალ კონცეფციას, იმ აზრს, რომ ჩვენ, მთელი ჩვენი შესანიშნავი გამოგონებებისა და აღმოჩენების მიუხედავად, ამ სამყაროში უფრო მცირე მნიშვნელობა გვაქვს, ვიდრე არარას; მაშ, რაღა ფასი უნდა ჰქონდეს თუნდაც საყოველთაო უბედურების აღწერას, რომ აღარაფერი ვთქვათ პირად გასაჭირზე. ეს ხომ ჭიაღუათა ისტორია იქნება მხოლოდ და მხოლოდ. ანტილის კუნძულებზე მომხდარი პატარა კატასტროფის ამბავი თუ წაიკითხეთ? არა? პოლონელი კანონიკოსის ნებაზე უაზრო ბრუნვით დაღლილ საბრალო დედამიწას მოთმინება გამოელია და ცოტაოდენი ცეცხლი ამოანთხია თავისი ერთ-ერთი პირიდან; ვინ იცის, რა იყო ამ ბოღმის ამონთხევის მიზეზი. იქნებ, ადამიანთა სისულელე? ისინი ხომ ასეთი აბეზრები არასოდეს ყოფილან. მერე რა? რამდენიმე ათასი მატლი შეიბრაწა. ცხოვრება გრძელდება. ვინ გაიხსენებს მათ?

       დონ ელიჯო პელეგრინოტომ მაინც მიმითითა, რაგინდ მკაცრად არ უნდა ვეცადოთ შევმუსროთ და მოვსპოთ ილუზიები, ჩვენივე სასიკეთოდ რომ შეგვიქმნა მზრუნველმა ბუნებამ, მაინც ვერ შევძლებთო: ადამიანი, საბედნიეროდ, გულმავიწყიაო. ეს მართალია, ხანდახან, როცა კალენდარი ღამეს უჩვენებს, ჩვენი მუნიციპალიტეტი ფარნებს არ ანთებს და, ხშირად, ნისლიან ამინდშიც ბნელში გვამყოფებს ხოლმე.

       ეს კი იმას ადასტურებს, რომ სულის სიღრმეში ჩვენ ახლაც გვჯერა, ცაში მთვარე მარტო იმიტომ ბრწყინავს, რომ ღამით გაგვინათოს, როგორც მზე ანათებს დღისით, ვარსკვლავებმა კი საუცხოო სანახაობით დაგვატკბონ; სწორედ ასეა. ძალიან ხშირად გვავიწყდება, რომ ჩვენ მხოლოდ უმნიშვნელო ატომები ვართ და, არა გვაქვს ერთმანეთის პატივისცემისა და დაფასების საფუძველი, რაკი შეგვიძლია მიწის პატარა ნაგლეჯისთვის ერთმანეთს წავეკიდოთ და ისეთმა რამემ დაგვამწუხროს, რაც უსაზღვრო წვრილმანად მოგვეჩვენებოდა, ნამდვილად რომ გავმსჭვალულიყავით იმის შეგნებით, თუ რას წარმოვადგენთ.

       ამ შესავლის მიუხედავად, მე მაინც მოგითხრობთ ჩემს ამბავს, რადგან იგი მართლაც რომ დაუჯერებელი და არაჩვეულებრივია, მაგრამ მოგითხრობთ რაც შეიძლება მოკლედ, მხოლოდ იმას გამცნობთ, რასაც საჭიროდ მივიჩნევ. ზოგი რამ ამ მონათხრობიდან, რასაკვირველია, არცთუ მომგებიანი იქნება ჩემთვის, მაგრამ ახლა იმისთანა განსაკუთრებულ პირობებში ვიმყოფები, რომ შემიძლია ვთქვა, რაღაცნაირად ცხოვრების მიღმა ვდგავარ-მეთქი, ეს კი იმას ნიშნავს, რომ ყოველგვარი ვალდებულებისა და თავაზიანობისგან თავისუფალი გახლავართ.

       მაშ, დავიწყოთ.

*გაგრძელება*

ტეგები: Qwelly, ლიტერატურა, მოთხრობები, ნოველა, პირანდელო

ნახვა: 455

ბლოგ პოსტები

ოსკარის 2026 წლის დაჯილდოება - გამარჯვებულები და ნომინირებულები

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: მარტი 16, 2026.
საათი: 11:30pm 0 კომენტარი

ოსკარი 2026 სრული სია

      ისევ დამიგვიანდა! ეტყობა, მართლა დავბერდი და უკვე აღარც კი…

გაგრძელება

2026 Guide to the Best AI Voice Generation for Creators and Businesses

გამოაქვეყნა supprity_მ.
თარიღი: მარტი 13, 2026.
საათი: 6:30pm 0 კომენტარი

As we step further into 2026, the landscape of content creation is being transformed by AI-powered technologies. Among these innovations, voice generation stands out as one of the most impactful tools for creators, businesses, and educators.…

გაგრძელება

Gallium Market to Reach $860 million by 2033

გამოაქვეყნა Heden Brock_მ.
თარიღი: მარტი 9, 2026.
საათი: 10:00am 0 კომენტარი

According to our latest research, the Global Gallium market size was valued at $430 million in 2024 and is projected to reach $860 million by 2033, expanding at…

გაგრძელება

How Minidumperfactory Electric Garden Loader Manufacturer Adapts to Energy Trends

გამოაქვეყნა Minidumperfactory00_მ.
თარიღი: მარტი 2, 2026.
საათი: 6:30am 0 კომენტარი

Electric Garden Loader Manufacturerstrategies are increasingly centered on advanced battery systems as demand grows for efficient and low-emission landscaping equipment. Energy storage technology now plays a defining role in how electric compact…

გაგრძელება

How Can A Ball Valve Factory Enhance Long Term System Comfort And Stability

გამოაქვეყნა Naishi Valve_მ.
თარიღი: თებერვალი 9, 2026.
საათი: 9:30am 0 კომენტარი

Choosing a reliable partner often begins with understanding how a  shapes ideas into practical solutions. Behind every smooth operation, there is a place where attention, patience, and process quietly work together. Valves may seem ordinary at…

გაგრძელება

The Final Barrier Between the World and Ruin

გამოაქვეყნა Karmasaylor_მ.
თარიღი: იანვარი 22, 2026.
საათი: 10:30am 0 კომენტარი

ARC Raiders Items takes place in a retro-futuristic science-fiction world where humanity has been pushed to the brink by an unrelenting mechanical force known as the ARC. These machines descend from orbit, tear apart settlements, and hunt…

გაგრძელება

Qwelly World

free counters