ძიება
  • რეგისტრაცია
  • შესვლა

Qwelly

ძიების შედეგები - ძებნა

თემა: დედოფალა
ჯი ხილივითაა, ხეზე უნდა მოწყვიტო; როგორიცაა ხეხილი, ისეთია მისი ხილი. ვერ წარმომიდგენია მშვენიერება, რომელიც აქაც არის, იქაც დადის, ყველას უღიმის, ყველას უცინის და ვით კახპა-როსკიპი პატივს იმას სცემს, ვინც რომ მეტს მისცემს. ასეთი ტურფა გზაჯვარედინების ვენერაა. ხელოვნება ჩვენთვის მშობლიური რამ არის, ოჯახის გენიაა, მეგობარია, ამხანაგია. ის ჩვენზე უკეთ გამოხატავს ჩვენს გრძნობებს; ხელოვნება ერთია, ჩვენი ოჯახის ღმერთია, რომ გაიცნო, მის ბინას უნდა ეწვიო. ღმერთი შექმნილია ადამიანებისათვის, ხელოვნების ქმნილება კი იმ გარემოსათვის, რომელსაც იფერებს და აგვირგვინებს. ლამაზი ის არის, რასაც ადგილი მოიხდენს. ასე რომ, ადგილის სანახავად გავემართე, ადგილისა, სადაც შევძლებდი ჩემი ავეჯი დამემყნო; ნახევარი დღე იქ გავატარე, სადილიც იქ გეახელით. გიყვარდეს სული, მაგრამ, სხეულიც არ დაივიწყო. ორივე დავაპურე თუ არა, იქით წავედი, საიდანაც მოვედი. შინ კარგ გუნებაზე ვბრუნდებოდი. გზაჯვარედინს მივადექ უკვე. კარგად ვიცოდი, რომელ გზას უნდა დავდგომოდი. მაგრამ მაინც მეორეზე მეჭირა თვალი; იმაზე, რომელიც მინდვრებში ბრწყინავდა, ლამაზი, კოხტა, ყვავილებში ჩამჯდარი. ჩემს თავს ვეუბნებოდი: „აჰ! რა კარგი იქნება, ეს ოხერტიალი, იმ მხარეში ყიალი. ეშმაკსაც წაუღია ეს შარაგზა, დღე გრძელი და კარგია, მეგობარო, ნუ გავრბივარ აპოლონზე სწრაფად. რა მეჩქარება, ლოდინისაგან დედაბერი არ დაკარგავს ლაილაის მადას... ღმერთო დიდებულო! რა საამო სანახავია ეს პატარა, თეთრად მორთული ქლიავი! მივიდეთ მასთან. მანძილი? დიდი არაფერია, - ხუთი თუ ექვსი ნაბიჯი. ნიავი მის პატარა ბუმბულებს ჰაერში დააფრიალებს: გეგონება, თოვლი მოდისო. აუ, რამდენი მოჭიკჭიკე ჩიტია! რა ნეტარება!.. ეს ნაკადულიც დუდუნით ბალახებში რომ მისრიალებს, თითქოს კატის კნუტი ხალიჩაზე მატყლის გორგალს ეთამაშებაო... მოდი და მივყვეთ. აი, ხეების მწკრივი გზას უღობავს. ვაიმე, ვაიმე, გამოიჭერენ საბრალოს... არა, გაექცა. ნეტავ, სად გაძვრა ეგ სალახანა?.. აქ არის, აი აქ, ბებერ და თავმოჭრილ თელას დასიებულ, ნეკრესიან და დაკოჟრილ ფესვებში. ერთი ამას დამიხედეთ!.. მაინც სად ჯანდაბაში მივყევარ ამ გზას?..“    ასეთი ბაასით ფეხდაფეხ მივდევდი ჩემს ლაზღანდარა აჩრდილს; თავს ვიკატუნებდი, თითქოს არ ვიცოდი ფარისეველმა, სად მივყავდი ამ მაცდურ ბილიკს. ჰა, კოლაჯან, რა კარგად ცრუობ. ოდისევსზე უფრო საზრიანი ხარ და თავს იკატუნებ, თავს იგდებ; შე სულძაღლო შენა, მშვენივრად იცი, სადაც მიდიხარ! ქვეშქვეშავ, მაშინაც იცოდი, როცა ანუას ციხე-დარბაზიდან გამოდიოდი. აქედან ერთი საათის სავალზე ჩვენი ყოფილი ტრფიალის, სელინას, ფერმაა. მივალთ, უეცრად თავს წავადგებით, გავაკვირვებთ... მაგრამ ვინ უფრო გაკვირვებული დარჩება, მე თუ ის? რამდენი წელია არ მინახავს! ნეტავი რა დარჩა ჩემი დედოფალას მშვენიერი სახისგან, ტურფა ლამაზმანისგან? ახლა ხომ თამამად შემიძლია პირისპირ შევეყარო, არ მეშინია, თუ თავისი გალესილი კბილებით დამიღრღნის გულს. ჩემი გული ხომ ბებერი ვაზის რქასავით გახმა. ნეტავ, კბილები თუ შერჩა? ეჰ, დედოფალავ, დედოფალავ, სიცილის დროსაც როგორ იკბინებოდნენ ეგ შენი კიჭები, როგორ აპამპულე საბრალო ბრონიონი! ბზრიალასავით ახტუნავე და ატრიალე. რა ვუყოთ, ეს თუ გართობდა, ღმერთმა შეგარგოს, ჩემო გოგონი, ღმერთო ჩემო, რა ტუტრუცანა ვიყავი.    მაგონდება ჩემი თავი ახალგაზრდა, მთელ ამ მხარეში სახელგანთქმულ მოქანდაკე მედარ დანიოს შეგირდად რომ ვედექი. რაგვზე იდაყვებით დაყრდნობილი ვარ და პირდაღებული მეზობლის ბოსტანში ვიცქირები. იქ სალათების, მარწყვების, მწვანე კიტრების, ვარდისფერი ბოლოკებისა და ოქროსფერი ნესვების მარგებში ლამაზი და მარდი გოგონა დადის. დადის ფეხშიშველა, მკლავტიტველა, მკერდგაღეღილი, ქერა ნაწნავები აქვს, უხეში ტილოს ხალათი მკვრივ ძუძუებს ამოუბურცავს და მოკლე კაბა მუხლებამდე ძლივს სწვდება. მზისაგან დამწვარი ხელებით ორ სავსე სარწყულს მცენარეების თავზე ხრის, იმათაც პატარა ნისკარტები დაუფჩენიათ და წყალს დასწაფებია... და მეც, მოჯადოებულ კოლას, უკეთ რომ დამენახა, არც თუ ისე პატარა ხახა დამიფჩენია. მიდი-მოდის ლამაზი, ცლის სარწყულებს, მერე ისევ წყალსაცავისაკენ მიდის, ავსებს ორივეს, ლერწამივით წელში იმართება, უკან ბრუნდება, ვიწრო ბილიკებზე, დასველებულ მიწაზე ფრთხილად ადგამს თავის გრძელთითებიან ფეხებს, სიარულისას მწიფე ხენდროებსა და მარწყვებს რომ ეალერსებიან. ჭაბუკივით მრგვალი და მაგარი მუხლები აქვს. თვალებით ვჭამ. თითქოს ვერ ამჩნევს, რომ ვუყურებ და თავის ჟუჟუნა წვიმის პკურებით სულ ახლო და ახლო მოიწევს; მომიახლოვდა, თვალთ ისარი მესროლა... ვაიმე! ამ ისარმა შიგ გულში დამკოდა. ვიგრძენ, მახეში გავები. რა კარგი ნათქვამია: „რა ქალის თვალი, რა დედაზარდლი“. წამოვეგე თუ არა მის ანკესზე, ბორგვა დავიწყე... გვიანღა იყო! დავრჩი ჩემს რაგვზე მიჯაჭვული... თითქოს მივავიწყდი, ყურადღებასაც არ მაქცევს, ჩაცუცქულა და კომბოსტოს რგავს; მხოლოდ დროდადრო გადმომხედავს. თვალს შემავლებს. ამოწმებს ვერაგი ნადირი, ნადავლი ხომ არ გამექცაო. ვხედავ, როგორ იცინის, ამაოდ ვეუბნები ჩემს თავს: საბრალო ძმაკაცო, მოუსვი აქედან, ხომ ხედავ, მასხარად გიგდებს-მეთქი. მაგრამ მის სიცილზე მეც ვიკრიჭები. უთუოდ გამოთაყვანებულის სიფათი მაქვს!.. და აი უეცრად განზე გახტა: ერთ, მეორე, მესამე მარგს გადაევლო, გარბის, ხტის, იჭერს ბაბუაწვერას მფრინავ ბუსუსებს, რომლებიც ნებივრად მიცურავენ ჰაერის ტალღებზე, ხელს მიქნევს, მიყურებს და მიყვირის: - გაბმულხარ, ჩიტო, მახეში!..     და ამის თქმაზე ღია მკერდში, ორ კოკორს შუა, ჰაერში მოცურავე ფაფუკ ნავსა დებს. მართალია, ბრიყვი ვარ, მაგრამ სატრფიალო საქმეებში არც ისე არიფი. ვეუბნები: მეც იქ ჩამდევი-მეთქი. გაიცინა ლამაზმა, დოინჯი შემოიყარა, ფეხები გაშალა და მომახალა: - ერთი ამ მსუნაგს დამიხედეთ; დაგიდგება თვალები, შენთვის როდი მწიფდება ჩემი ქორფა ვაშლები.     ასე გავიცანი აგვისტოს მიწურულის ერთ საღამოს დედოფალა მალხაზი, ის მებაღე ლამაზი. დედოფალას იმიტომ ეძახდნენ, რომ იმ წვრილდრუნჩა ქალბატონს ჰგავდა: გრძელი ტანი რომ ჰქონდა, პატარა თავი, პიკარდული ეშმაკუნა ცხვირი, წინ წამოწეული და ფართო პირი, რომ ეცინა და ეღრღნა გულები და კაკლები. მაგრამ ავდრის მომასწავებელი მზიანი დარის ნისლში მობანავე მისი მუქი ლურჯი თვალებიდან და დამცინავად მომღიმარე ბაგეების კუთხეებიდან, ტყის კეკლუც ფერიას რომ მიუგავდა, იშლებოდა ძაფი, რომლითაც ქერა ობობა ადამიანების ირგვლივ თავის აბლაბუდას ქსოვდა.    ამის შემდეგ მუშაობას ვუკელი და პირდაფჩენილი რაგვზე მანამდე ვიჯექი, სანამ დუნდულოებში უსტა მედარის ჯიგრიანი პანღური სინამდვილეს არ მომაგონებდა. ზოგჯერ დედოფალაც გაბრაზებით დამიყვირებდა: - ხომ კარგად შემათვალიერე წინიდანაც, უკნიდანაც; სანახავი მეტი რა დაგრჩენია? კარგად უნდა მიცნობდე, მგონია. მე კი თვალს ეშმაკურად ჩავუკრავდი და ვეტყოდი: - ქალი და ნესვი ძნელი შესაცნობია.    რომ იცოდეთ, რა სიამოვნებით მოვჭრიდი ერთ ნაჭერს!.. არა, შეიძლება სხვა ხილზედაც არ მეთქვა უარი, ჭაბუკი ვიყავ, მქონდა მჩქეფარე, მდუღარე სისხლი, მგზნებარე გული, ათას ქალწულზე ვიყავ შეყვარებული; განა ეს მიყვარდა? ცხოვრებაში არის წუთები, როდესაც კაბაჩაცმული თხაც შეიძლება შეგიყვარდეს. არა, ბრონიონ, მკრეხელობ, სულ ტყუილია, რასაც ამბობ. პირველად ვინც გიყვარს, ის არის ნამდვილი საყვარელი, სანეტარო, საამური და სწორედ ის უნდა გიყვარდეს კუბოს კარამდე. ჩვენი წყურვილის მოსაკლავად გაუჩენია მნათობებს და უთუოდ მუდამჟამს იმიტომ მწყურია, რომ ის არ დამილევია. და ალბათ მთელი სიცოცხლე მეწყურება.    როგორ ვიყავით შეხმატკბილებული! ერთმანეთის თრევაში ვაღამებდით და ვათენებდით. ორივეს კარგად გვქონდა გალესილი ენა. ლანძღვა-გინებით მამკობდა, არც მე ვრჩებოდი ვალში. ერთმანეთს თვალებით ვჭამდით და კბილი საკბენად გვქონდა გამზადებული. ხან ავი სიტყვის შემდეგ, უფრო გულიანად რომ ეცინა, მიწაზე დაეშვებოდა, კრუხივით ჩაცუცქდებოდა, თითქოს თალგამების და ხახვის გამოჩეკა უნდაო. საღამოთი ჩვენს ღობესთან სამუსაიფოდ მოდიოდა, მაგინებდა. ერთ დღეს გაბედულად თვალში თვალი გამიყარა, ჩემ გულში სუსტ ადგილს ეძებდა, სურდა მისი აკვნესება. ეხლაც ვხედავ ხელებაწეულს; ალუბლის წითელი ნაყოფით დახუნძლულ ტოტს თავისკენ ეწევა, ქერა თმებს ტოტი ყვავილწნულად ეხვევა, კისერდაგრძელებული ნაყოფს ტოტზევე კენკავს, კურკებს კი ხეზევე ტოვებს. სურათი წუთიერი, მარადიული და მშვენიერია, ეს სიჭაბუკეა, ციურ ცურებს დაწაფებული გაუმაძღარი ჭაბუკი! მერე ავეჯის პანოებზე რამდენჯერ ამომიკვეთავს აყვავებულ თელას ქვეშ მისი მშვენიერი მკლავების, კისრის, ძუძუების, გაუმაძღარი პირის და უკან გადახრილი თავის მოხატულობა... ვერ მოვითმინე, კედელზე გადავიხარე, ტოტი გამოვგლიჯე, ტოტი, რომელიც ხელში ეჭირა, ვწვდი პირით და სველ კურკებს ხარბად დავუწყე წუწნა. კვირაობით სეირნობაზე ან ბოჟის მარანთან ვხვდებოდით ერთმანეთს. ერთად ვცეკვავდით; ლარტყასავით მოქნილი და კოხტა ვიყავი. სიყვარული ფრთებს მასხამდა, ამბობენ, ტრფობა ვირსაც ააცეკვებსო. ვცეკვავდით, მაგრამ კინკლაობას ერთი წუთითაც არ ვწყვეტდით... ღმერთო! რა ჭირვეული რამ იყო! რა არ უთქვამს ჩემს დაღრანჯულ გრძელ ცხვირზე, დაფჩენილ დიდ პირზე; შიგ ნამცხვრის გამოცხობა შეიძლებაო. გამუდმებით დასცინოდა ჩემს მეჯღანის წვერსა და სიფათს, რომელიც, თუ ჩვენს მოძღვარს დავუჯერებთ, ჩემი გამჩენი უფლის ნაღდი ასლია (რამდენს ვიცინებთ, ერთმანეთს რომ შევხვდებით). ერთი წუთითაც არ მაძლევდა მოსვენებას. არც მე ვიყავი ენაბლუ ან ცალხელა... რაც უფრო გრძელდებოდა ეს თამაში, ცეცხლი მით უფრო გვედებოდა... კოლაჯან, უსტა მედარ ლანიოს რთველი თუ გახსოვს! დედოფალაც მოეწვიათ. კვლებში ერთმანეთის გვერდით ვიყავით დახრილი. თავებით თითქმის ვეხებოდით ერთმანეთს. ზოგჯერ, კრეფის დროს, ჩემი ხელი შეცდომით მის კანჭს ან დუმას ხვდებოდა, მაშინვე სახე წამოენთებოდა, ნორჩი ფაშატივით ტლინკებს მესროდა ან ყურძნის წვენით მითხუპნიდა ცხვირს, მე კი შავი მტევნით ვუსრესდი მზით დამწვარ ოქროსფერ ყელს... თავს ალქაჯივით იცავდა. ბევრი ვუარე, ბევრი ვდიე, მაგრამ ვერ იქნა და ვერ გამოვიჭირე. ერთმანეთს ვუთვალთვალებდით. ის ცეცხლს აღვივებდა, ენას მიყოფდა და მიყურებდა, როგორ ვიწვოდი. - ვერ გამომიჭერ, კოლა... მე კი იმ ჩასუქებულ კატას ვემსგავსებოდი, ღობეზე რომ მოიკალათებს, თვალებს მილულავს, მალულად უჭვრეტს მოცეკვავე წრუწუნას და წინდაწინ ილოკავს ტუჩებს: - იცინე, იცინე, ვნახოთ ბოლოს ვინ გაიცინებს.    და აი, ერთხელ, ნაშუადღევს (ეს იყო იმავე თვეს), მაისის მიწურულს (მაგრამ უფრო ცხელოდა, ვიდრე დღეს), როცა სულშემხუთავი პაპანაქება იდგა, თეთრი ცა თონის პირივით თავის მგზნებარე ალმურში გვხვევდა. და ამ ბუდეში უკვე ერთი კვირა ჩასაფრებული გრიგალი კრუხივით თავის კვერცხებს ამაოდ აჯდა. ადამიანი სიცხისაგან დნებოდა; სველი იყო შალაშინი, ხელზე მეწებებოდა ბურღი და აღარ მესმოდა დედოფალას ხმა, წეღან რომ მღეროდა. თვალებით ძებნა დავუწყე, ბაღში არავინ იყო... უეცრად კარვის ჩრდილში ჩამომჯდარი დავინახე, პირი დაეღო, თავი გადაეხარა და კარის ზღურბლზე მიწოლილს ეძინა... ერთი ხელი სარწყულზე ჩამოედო. ძილს ერთბაშად მოეცელა. ჩემს წინ იყო, ვით დანაე მცხუნვარე ცის ქვეშ, ტანაყრილი, ნახევრად შიშველი და მიბნედილი, ვიფიქრე, იუპიტერი ვარ-მეთქი. ღობეს გადავევლე, გზად კომბოსტო და სალათა გავთელე, გულში ჩავიკარ, ხარბად დავკოცნე: შიშველი იყო, ცხელი და მთლად გაოფლილი, ნახევრად მძინარე და ვნებააშლილი მორჩილად მნებდებოდა. თვალმინაბული, ტუჩებით ჩემს ტუჩებს დაეძებდა. კოცნაზე კოცნით მიპასუხებდა და ... რა მოხდა, რა მომივიდა, რა ტუტუცურად მოვიქეც. ვნების ჩანჩქერი მიჩუხჩუხებდა კანქვეშ: მთვრალი ვიყავი, გულში მყავდა ჩაკრული სიყვარულს მოწყურებული სხეული; სანატრელი დავლა, მოხრაკული ტოროლა ხახაში მივარდებოდა... და მე გამოთაყვანებულმა ვერ გავბედე ამეღო. ვერ გეტყვით, რა უგუნურმა რიდმა დამიპყრო, მაგრამ ფიქრი იმისა, რომ ძილი ბოჭავდა, რომ ხელში მისი სხეული მეკავა და არა სული, რომ ჩემს ამაყ მებაღე ასულს მხოლოდ ღალატით დავეუფლებოდი, მეტად მიმძიმდა. და გავეცალე ბედნიერებას, ხელი გავუშვი, ტუჩი ტუჩს მოვაცილე, დავშალე ბორკილები რომელიც გვბოჭავდა. ეჰ! ეს ადვილი როდი იყო: მამაკაცი ცეცხლია, ქალი კი ფარტენა, ასე რომ, ორივე ვიწვოდით, ალი გვედებოდა, ვკანკალებდი და ვხვნეშოდი ისე, როგორც ის გამოთაყვანებული, რომელმაც ანტიოპე დაიმორჩილა. გავიმარჯვე, არ წავიქეცი, ესე იგი, გავიქეცი. უჰ! ცუღლუტი სიჭაბუკე!.. მაგრამ რა საამოა იმის მოგონება, რომ სულელი იყავი, როგორ აჭაბუკებს ეს გულს!.. ამ დღიდან დედოფალა ჩემთვის ნამდვილ ალქაჯად იქცა. სამას მოუსვენარ თხაზე უფრო ახირებული, ზმანებაზე უფრო ცვალებადი, ერთ დღეს შეურაცხმყოფელი ზიზღით მგესლავდა, ან თითქოს ვერ მამჩნევდა; მეორე დღეს მიბნედილი თვალებით გადმომხედავდა, მომხიბლავად გამიცინებდა, ანდა ხეს ამოფარებული მუხანათურად მუჭა მიწას მიმიზნებდა და, თუ ზურგი შექცეული მქონდა, შიგ კისერში მაყრიდა, ან კიდევ, თუ ცხვირს ავწევდი, თხლაშ, და ზედ ხორთუმზე ქლიავის კურკა მხვდებოდა. სეირნობისას კი კაკანებდა, ლიკლიკებდა, ჭიკჭიკებდა, ხან ერთს, ხან მეორეს თავს აწონებდა.    და რომ უფრო გავემწარებინე, განიზრახა მახეში მეორე ჩემისთანა შაშვიც გაება და საამისოდ ჩემი რჩეული ძმაკაცი კირიას პინიონი აირჩია. მე და პინიონი ერთი ხელის ორი თითივით ვიყავით, ორესტისა და პილადესავით. არ ყოფილა ჩხუბი, ქორწილი თუ არიფანა, სადაც ერთი ყოფილიყო და მეორე არა, ყველგან ერთად დავდიოდით და ერთგულად ვიქნევდით ღრანჭსა თუ ხელებს. პინიონი ჯმუხი, ჩაფსკვნილი, მხარბეჭიანი, გონებამახვილი, ენაწყლიანი და მოჩხუბარი იყო. მზად იყო მოეკლა ყველა, ვინც კი აყალმაყალის ატეხვას გამიბედავდა. ჩემს გასამწარებლად სელინამ სწორედ ის აირჩია. მის გამოსაჭერად დიდი ჯაფა არ დასდგომია. ერთი-ორჯერ გაეკეკლუცა, თვალი ჩაუკრა, თავი უცოდველად მოაჩვენა, მიბნედილი მზერა ესროლა, მის წინ ცბიერად ახითხითდა... ეჩურჩულებოდა, ეპრანჭებოდა, თვალებს ნაზად ახამხამებდა, კბილებს უკრეჭდა, ტუჩებს იკბენდა, თეძოებს არხევდა, ბოლოქანქარასავით კურტუმოს აქნევდა. აბა, ერთი მითხარით, რომელი ძე ადამისა არ გაებმებოდა იმ ხრიკების ქსელში, რომელსაც ქსოვდა ეს თავგასული გველის ასული. პინიონმა, რაც გონება ჰქონდა, ისიც დაკარგა და იმ დღიდან ორივენი ჩვენს ღობეზე მოვიკალათებდით და გაოგნებული და ათრთოლებული დედოფალას ვუთვალთვალებდით. თან კრიჭაშეკრულნი ერთმანეთს თვალებს ვუბრიალებდით. ის კი ცეცხლს აღვივებდა და, რომ უფრო გავემწარებინეთ, დროდადრო ცივ წყალს გვაპკურებდა. მიუხედავად იმისა, რომ განაწყენებული ვიყავი ამ ღვართქაფზე, მაინც ვხარხარებდი. პინიონი კი ეზოში ჩლიქებს სცემდა, ბრაზისაგან ხვიხვინებდა, იგინებოდა, ილანძღებოდა, იმუქრებოდა და ბობოქრობდა. სხვისი ხუმრობა არ ესმოდა (თავის ოხუნჯობაზე კი მხოლოდ თვითონ ეცინებოდა, მაგრამ თვითონ სამის მაგივრად იცინოდა), პირიმზე კი ნეტარებდა, როგორც ბუზი თაფლზე და შარბათივით მიირთმევდა ამ სამიჯნურო ძაგებას. თუმცა პინიონი უხეშად იქცეოდა და ლამაზი, ხითხითა და ანცი გალის ასული ჩემთან უფრო ახლოს იყო, ვიდრე იმ ხვიხვინა, გაქირ, ტლინკია და კუანა ცხოველთან, მაინც სიახლის სიყვარულით, ჩემი გულის მოსაკლავად, მხოლოდ მისთვის ჰქონდა შემონახული იმედის მიმცემი გადმოხედვა და დაპირებით აღსავსე მომხიბლავი ღიმილი. მაგრამ, როცა საქმე დაპირების ასრულებაზე მიდგებოდა, ტურფა ჩემს მეგობარს პირში შესციცინებდა და დარცხვენილი დატოვებდა. რა თქმა უნდა, მეც ვიცინოდი. ბოღმამორეული პინიონი ბრაზით მომვარდებოდა. ასე ეგონა, ლამაზმანს ვპარავდი. და აი, ერთ დღეს პირდაპირ მთხოვა, გუდანაბადი აიკარ და ადგილი დამიცალეო. ძმობილო, მეც ეს მინდოდა შენთვის მეთხოვა-მეთქი, მშვიდად ვუპასუხე. - მაშ ერთმანეთს კისერი უნდა დავუზილოთ, - მომიგო მან. - მეც ასე მგონია, მაგრამ, მართალი გითხრა, მეტად მეძნელება. - ჩემზე ნაკლებად, უთუოდ. ბრონიონ, გეთაყვა, გამეცალე. გაყრაა ჩვენი წამალი. ერთ საქათმეს რად უნდა ორი მამალი. - შენს პირს შაქარი, - ვუთხარი მე, - მაშ, გამეცალე აქედან, მზად ვარ გაგიღო კარი, რადგან ჩემია ვარია. - როგორ თუ შენი! - იყვირა მან, - შე დოყლაპია, რეგვენო გაგრია, მაწვნისყლაპია, ტყუი, ჩემია, ჩემს მეტი იმას ვერავინ იგემებს. ვუპასუხე: - საბრალო ძმაო, ერთი შენს სიფათს დახედე! ოვერნელო ფხალიყლაპიავ, ეს კერძი ჩემია, შენ სხვაგან ეძებე! ვერც ეს ტკბილი ბურგუნდული ნამცხვარი მოგართვი. საშენო აქ არაფერია, წადი და ფხალი მოკრიფე.    მუქარით დავიწყეთ და მუშტიკრივზე გადავედით. მეტად ვწუხდი, რადგან ერთმანეთი გვიყვარდა. - მისმინე, ბრონიონ, - მითხრა მან, - დამითმე ქალი, ხომ ხედავ, მე ვუნდივარ. - აპა, პა, პა, პა, შენ კი არა, მე ვუყვარვარ. - მაშ, თვითონ ვკითხოთ. ვისაც აირჩევს, დარჩება, მეორე კი წავა აქედან. - ყაბულსა ვარ, დაჰკარ ხელი. მან აირჩიოს! კი, მაგრამ, მიბრძანდით და სთხოვეთ ქალს, რომ ამოირჩიოს! მას უსაზღვროდ სიამოვნებს მოლოდინის გახანგრძლივება, შეუძლია ოცნებაში ერთიც ჰყავდეს და მეორეც, მერე კი ორივე მშრალზე დატოვოს, შამფურზე ააგოს და დადაგოს თავისი მოტრფიალენი. შეუძლებელია მისი დაჭერა. არჩევანი რომ მოვთხოვეთ კანკალით, დედოფალამ გვიპასუხა კისკისით და ხარხარით.    სახელოსნოში დავბრუნდით. ქურთუკები გავიხადეთ. - სხვა გზა არ არის, ერთი ჩვენგანი უნდა ჩაძაღლდეს. ის იყო ერთმანეთს უნდა ვცემოდით, რომ პინიონმა მითხრა: - მაკოცე. ორჯერ ჩავეკარით ერთმანეთს. - აბა, ახლა კი დავიწყოთ. და დაიწყო ფერხული. ერთმანეთს ჯიგრიანად ვეცით. პინიონი ისე მირტყამდა, რომ, მეგონა, თავის ქალა თვალებზე ჩამომეფხატა. მეც მუხლებით ვუბეგვავდი მუცელს. შეუბრალებელნი არიან მეგობრები, თუკი ერთმანეთს გადაემტერნენ. წამიც და ორივე სისხლში ვცურავდით. ძველ ბურგუნდულ ღვინოსავით მოჩუხჩუხებდა წითელი ნაკადულები ჩვენი ცხვირებიდან. ვერ გეტყვით, რით დასრულდებოდა ყოველივე ეს, ან ვინ ვის მოუგრეხდა კისერს, რომ, ჩვენდა საბედნიეროდ, აღელვებულ მეზობლებსა და უსტა მედარ ლანიოს, რომელიც სწორედ ამ დროს დაბრუნდა სახლში, არ გავეზავებინეთ. ადვილი საქმე როდი იყო, ნაგაზებივით ვუღრენდით ერთმანეთს. ერთი-ორჯერ სახრეც გადმოგვიჭირეს, ერთმანეთისთვის ხელი რომ შეგვეშვა. უსტა მედარი ძალზე გაბრაზდა, შოლტი გადმოგვიჭირა, გაგვწკეპლა, სილაც არ დაგვაკლო და მერე ლაზათიანად შეგვახურა. ბურგუნდელი ცემა-ტყეპის შემდეგ მოდის ჭკუაზე. ნაცემ-ნაგვემი ფილოსოფი ხდები, უფრო ადვილად გესმის გონიერი სიტყვა. ერთმანეთს რომ ვუყურებდით, სირცხვილი გვწვავდა; სწორედ ამ დროს შემოძვრა მესამე ბაცაცა.    ეს გასიებული მეწისქვილე, გაპარსული, წითური, მრგვალი ღორისთავი ჟან-ჟიფლარი გახლდათ, პატარა ჩაცვენილი თვალები და დაბერილი ლოყები ჰქონდა, ასე გეგონებოდათ, ბუკს უკრავსო. - რა ყვინჩილებივით დარევიხართ ერთმანეთს! - ხარხარით თქვა მან. - ბევრს კი მოიგებთ, როცა მაგ ვარიისათვის ერთმანეთს დააგლეჯთ ბუმბულსა და ბიბილოს! დოყლაპიებო! ნუთუ ვერ ხვდებით, რა ნეტარებით იფხორება, როდესაც თქვენ იბღვირებით და ერთმანეთსა ჭამთ. რა თქმა უნდა, ყოველ დედალს უხარია კალთაზე გამოიბას შეყვარებული ხროვა, რომელიც მის ტყავს შებღავის... გინდათ, გონიერი რჩევა მოგცეთ? მუქთად ვიძლევი. შერიგდით. ქალს ქედმაღლურად გასცილდით, ხომ ხედავთ, დაგცინით. ზურგი აქციეთ, ორივენი წადით. დაღონდება, მოენატრებით, თავის გრძნობებში გაერკვევა და მაშინ ვნახოთ, რომელს აგირჩევთ. აბა, მოუსვით, ჩქარა! ნუ აყოვნებთ! უცბად გადავჭრათ, მხნედ! ხალხნო კეთილნო, დამიჯერეთ! და სანამ თქვენ საფრანგეთის შარაგზებზე გაცვეთდეთ თქვენს მტვრიან წაღებს, მე აქ დავრჩები, რომ გემსახუროთ. მზეთუნახავს მე ვუთვალთვალებ, გაცნობებთ, ვით იწუწუნებს და როდესაც ერთს აირჩევს, მეორეს კი დაიწუნებს, გამარჯვებულს შევატყობინებ. დამარცხებული წავიდეს და სახრჩობელა ეძებოს... მოდით, ამით გავათავოთ, წავიდეთ და დავლიოთ! გადაკრავ, დალევ, დაახრჩობ ხსოვნას, წყურვილსა და სიყვარულს.    დარდი ისე კარგად ჩავახრჩვეთ (ქვევრებივით დავლიეთ), რომ იმავე საღამოს, სამიკიტნოდან გამოსვლისთანავე, ავიკარით გუდა-ნაბადი, ხელში კომბალი ავიღეთ და კეთილი ჟიფლარის მადლიერი ორი სულელი უმთვარო ღამით თავმომწონედ გზას გავუდექით. ჟიფლარი კი სიამოვნებისგან იბერებოდა, ღორივით გასიებული სახე გაბადროდა და მსუქან ქუთუთოებქვეშ პატარა თვალები უციმციმებდა. მეორე დილით უკვე ისე აღარ მოგვწონდა თავი, მაგრამ ამაში არ ვტყდებოდით, იხტიბარსაც არ ვიტეხდით; ვფიქრობდით, თავს ვიმტვრევდით, არ გვესმოდა ეს სამხედრო მანევრი: ციხე-სიმაგრე უნდა აგვეღო და ჩვენ კი თავაწყვეტილი გავრბოდით. რაც უფრო მაღლა ადიოდა მზე ცის კამარაზე, მით უფრო ვგრძნობდით ჩვენს სისულელეს. საღამო ხანს ერთმანეთს უკვე თვალთვალი დავუწყეთ. მართალია, გარეგნულად არაფერს ვიმჩნევდით და უდარდელად ვსაუბრობდით დარსა და ავდარზე, მაგრამ გულში ვფიქრობდით: „მეგობარო, რა კარგად ჭიკჭიკებ! ვხედავ, გაპარვა გინდა, მაგრამ ვერ მოგართვი, თვალს ვერ ამიხვევ, თავზე მეტად მიყვარხარ, ძმობილო, მარტო როგორ დაგტოვო. თუ სადმე წაბრძანდები (ვიცი, ვიცი, გაიძვერავ), მეც ფეხდაფეხ მოგყვები“.    რა ხერხს არ მივმართეთ, ერთმანეთს რომ გავპარვოდით (უკვე საშარდავადაც ერთად დავდიოდით), ღამით ვხვრინავდით, თავს ვამძინარებდით, მაგრამ ჩალაზე დაყრილებს რწყილები და სიყვარული გვჭამდა; ბოლოს, პინიონმა ვერ მოითმინა, წამოხტა და იყვირა: - ჯანაბა და დოზანა, ვიწვი, დავიდაგე, მეტი არ შემიძლია! ვბრუნდები. - დავბრუნდეთ. - ვუთხარი მე.    გზას მთელი დღე მოვუნდით. მზე ჩადიოდა და დაღამებამდე მარშეს ტყეს შევაფარეთ თავი. არ გვინდოდა, ჩვენი დაბრუნება გაეგოთ. მასხრად აგვიგდებდნენ. თანაც გვსურდა მოულოდნელად წავდგომოდით მოწყენილ, თვალცრემლიან, მიტოვებულ, თავის თავის მოსაყვედურე დედოფალას: „ვაი, ვაი, საყვარელო, რად წახვედი, რად დამტოვე?“ ეჭვი არ გვეპარებოდა, რომ თითებს იკვნეტდა და იმდუღრებოდა, მაგრამ ვინ იყო საყვარელი? ორივენი ვამბობდით: - მე!    და აი, მის ბაღს ჩუმად მივუახლოვდით (გული უცნაურად გვეკუმშებოდა) და მთვარის შუქით განათებული ღია ფანჯრის ქვეშ, ვაშლის ტოტზე დავინახეთ... იცით რა? ვაშლი? არა... მეწისქვილის გაფქვილული ქუდი!... გიამბოთ დანარჩენიც? ძალიან გაიხარებთ, მეგობრებო. ცუღლუტებო, კარგად ვხედავ, სახე გინათდებათ. კაცს ისე არაფერი ახარებს, როგორც მეზობლის უბედურება. რქოსნებს მუდამ უხარიათ სათვისტომოს გამრავლება...    კირიასი გაქანდა, ირემივით გადახტა (ირმის რქები ხომ ჰქონდა), ნაყოფდაფქვილულ ვაშლის ხესთან მიიჭრა, კედელზე აცოცდა და ოთახში შეიჭრა. გაისმა ყვირილი და წკავწკავი, ხბოს ბღავილი, გინება... - ჯანაბა და დოზანა, არამზადავ, ღვთის რისხვა! მიშველეთ, მკლავენ! რქოსანო, წუპაკო, წუწკო, კახპა, ჩათლახო, ორპირო, ბაყაყო, მუტრუკო, ყურებს დაგაჭრი, შიგანს დაგაყრევინებ, აგიჭრელებ დუნდულებს, ჰა, მიირთვი, ოყნის თავო!...    ატყდა ცემა-ტყეპა, ტყაპატყუპი... ტყლაშ! ტყლუშ! თხლაშ! თხლუშ! ჭურჭელი დაიმსხვრა. მიწაზე გორაობენ, ისმის ქალის წივილი, უნამუსოთა ბღავილი... ამ ჯოჯოხეთურ მუსიკაზე (შენ დაუკარ!), რა გასაკვირია, მთელი უბანი ფეხზე დადგა.    მეც არ დავაყოვნე, ისიც კმაროდა, რაც ვიხილე, და საიდანაც მოვედი, იქით გავეშურე, ცალი თვალით ვიცინოდი, მეორეთი კი ვტიროდი, ყურებჩამოყრილი, ცხვირაწეული მივდიოდი და ჩემს თავს ვეუბნებოდი: - ხომ ხედავ, ჩემო კოლა, კარგად გადარჩი, მე და ჩემმა ღმერთმა! გულის სიღრმეში კი წუხდა კოლა, რომ არ გაება ამ მახეში. ბაქიობდა, ხუმრობდა, აჯავრებდა ხან ერთს, ხან მეორეს, დასცინოდა მეწისქვილეს, მზეთუნახავს და ვირს. სული კი წუხდა, გოდებდა და ტიროდა. - იფ, რა კარგია! გული მიწუხს! ვაიმე! მოვკვდები სიცილისაგან... არა, ტირილისაგან. ცოტა კიდევ და თვალთმაქცი ამკიდებდა ქორწინების კურტანს! ნეტავ რად არ ამკიდა! ან რქები რატომ არ დამადგა! ის ხომ მეყოლებოდა. განა ცუდი საქმეა, გყავდეს შეყვარებული კურტნად აკიდებული!.. დალილა! დალილა, ტრადერიდერა.    ორი კვირა ორ ცეცხლშუა ვიყავი: არ ვიცოდი, მეტირა თუ მეცინა. ჩემს დაღრანჯულ სიფათზე მეწერა მთელი ანტიკური სიბრძნე. ხან მტირალა ჰერაკლიტე ვიყავი, ხან კი ხითხითა დემოკრიტე. ხალხი პირში დამცინოდა. ზოგჯერ, ჩემს გულისვარდზე რომ ვფიქრობდი, მზად ვიყავი თავი მომეკლა, მაგრამ ასეთი სურვილი ხანმოკლე იყო. საბედნიეროდ... სიყვარული საამურია, მაგრამ ღმერთმანი, ტრფობისათვის არ ღირს თავის მოკვლა. ეს ამადისებს და გალაორებს შეჰფერით! ჩვენ კი, ბურგუნდელები, რომანების გმირები როდი ვართ. ჩვენ ვცოცხლობთ, ვცხოვრობთ. როდესაც გვაჩენდნენ, არავის უკითხავს, გინდათ სიცოცხლე თუ არაო; მაგრამ რაკი გავჩნდით და მოვევლინეთ ამ ქვეყანას, დასწყევლოს ეშმაკმა, აქვე ვრჩებით, არსად გვეჩქარება, ქვეყანას ვჭირდებით... შეიძლება, ჩვენ გვჭირდება. კარგია თუ ცუდი, ეს ქვეყანა, ჩვენი ნებით არ დავტოვებთ, ძალით უნდა გაგვაბრძანონ აქედან. ქვევრს თუ თავი მოჰხადე, უნდა დასცალო კიდეც ბოლომდე. ღვინო თუ დაილია, ახალი ჩავასხათ ჩვენი მადლიანი ფერდობებიდან. ბურგუნდელ კაცს სიკვდილისათვის სად სცალია. ტყუილად ნუ ტრაბახობთ, ჩვენც ვიტანჯებით და ამ ტანჯვა-ვაებას თქვენზე ნაკლებ როდი ვართმევთ თავს. ოთხი თუ ხუთი თვე ძაღლივით ვეტანჯე, მაგრამ დრო ყველაზე მკურნალია, ცხოვრების მდინარეზე გადავყავართ და ჩვენს მწუხარებას მეორე ნაპირზე ტოვებს. ახლა ჩემს თავს ვეუბნები: ვითომც მყოლია-მეთქი ჩემი დედოფალა...    ეჰ! დედოფალა, დედოფალა!.. სადედოფლო ქალი იყავ და ის გაბერილი ძეხვი ჟიფლარი, ფქვილის ტომარა, გოგრის სიფათი კი დაგეპატრონა. და უკვე ოცდახუთი წელია, რაც გეალერსება და გეაზიზება!.. უთუოდ გაძღა კიდეც, ასე მითხრეს, ქორწინების მეორე დღესვე მადა დაეკარგაო. ღორმუცელა მსუნაგებისთვის, მეგობარო ჩემო, გადაყლაპულ ლუკმას ეკარგება გემო. თუ ის ალიაქოთი არა, რომლის გამოც ლოგინში, არა ბოდიში, ბუდეში წაასწრეს გუგულს (ეხ! ეგ ღრიალა პინიონი), მუქთახორა ჯამილოკია თავის სქელ თითს არ გაყოფდა ვიწრო ნიშნობის ბეჭედში... ოჰ, ჰიმენ, ჰიმენე! თქმა არ უნდა, კარგად გაება! მაგრამ დედოფალას უფრო მაგრად მოხვდა. უკმაყოფილო მეწისქვილე ჯავრს იყრის მასზე. მაშ, გავიცინოთ, ბრონიონ-ჯან, (სასაცილო ბევრია) ვიცინოთ ჟიფლარზე, ლამაზზე და საკუთარ თავზე... *    და აი, სიცილში რომ ვიყავ, ოც ნაბიჯზე, ხეივნის მოსახვევთან (მამა ზეციერო! ნუთუ მთელი ორი საათი ვყბედობ), წითელსახურავიანი, მწვანედარაბებიანი სახლი შევნიშნე; გველივით დაკლაკნილი ვაზი თავისი მორცხვი ფოთლებით მოსავდა მის თეთრ მუცელს. ღია კარის წინ, კაკლის ჩრდილში, ქვის გეჯიდან, სადაც ანკარა წყალი მოჩუხჩუხებდა, თავდახრილი ქალი წყალს იღებდა. დავინახე და მყისვე ვიცანი (თუმცა წლების მანძილზე არ მენახა), მუხლები მომეკვეთა... ცოტა დამაკლდა, არ გავიქეცი, მაგრამ თვალი შემასწრო, დამაცქერდა და აი, მივხვდი, რომ მანაც მიცნო... არა, არაფერი დაიტყო, მეტად ამაყი იყო; მხოლოდ თასლი დაუცურდა გეჯაში და წყნარად მითხრა: - დახე, ვაჟბატონი, რომელსაც ბევრი თავისუფალი დრო აქვს... რა გეჩქარებოდა? - როგორ, მიცდიდი? - ვკითხე მე. - მეტი საქმე არა მქონდა, შენზე ფიქრში ჩამოვდნი! - ჩემსავით ყოფილხარ, - ვუთხარი, - მაგრამ მაინც მახარებს შენი ნახვა. - არც შენ მიშლი ხელს. პირისპირ ვიდექით, ის მკლავებდასველებული, მე - პერანგის ამარა. ორივე ვტოკავდით, ვუმზერდით ერთმანეთს და ძალა არ შეგვწევდა ერთმანეთი დაგვენახა. წყალსატევში სათლი მიცურავდა. - დრო ხომ გაქვს? შემოდი რაღა, - მითხრა ქალმა. - მხოლოდ ორი წუთით, ცოტა მეჩქარება. - არ გეტყობა. რამ მოგიყვანა? - მე? არაფერმა, - ვუთხარი უტიფრად, - ისე, ვსეირნობდი. - მაშ, მდიდარი ყოფილხარ. - ფანტაზია მაქვს მდიდარი, ქისა კი - არა. - არ გამოცვლილხარ, ისევ ის გიჟლარა ხარ. ვუპასუხე: - ვის უნახავს გიჟად დაბადებული, ერთ დღეს განკურნებული. ეზოში შევედით; ჭიშკარი მოიხურა. მარტონი ვიყავით. გარს მოკრიახე ქათმები გვეხვია. ფერმის ხალხი მინდვრად იყო გასული. მღელვარება რომ დაეძლია და თანაც ჩვეულებისათვის არ ეღალატა, საჭიროდ მიიჩნია დაეხურა თუ გაეღო (ზუსტად აღარ მახსოვს) ფარდულის კარი; გზად მედორს გაუწყრა. მე არ მინდოდა ჩემი დარცხვენა შეემჩნია. ლაპარაკი გავუბი სახლზე, ქათმებზე, იხვებზე, მტრედებზე, ძაღლზე, ღორზე, კატაზე და მამალზე. რომ მივეშვი, ნოეს კიდობანივით ყველა ცხოველს ჩამოვუთვლიდი! მაგრამ მოულოდნელად მითხრა: - ბრონიონ! სუნთქვა შემეკრა. ისევ დამიძახა: - ბრონიონ! უსიტყვოდ შევცქეროდით ერთმანეთს. - მაკოცე, - მითხრა ქალმა.    თავი არ გავიპატიჟე. როდესაც ხნიერი ხარ, კოცნა თუ საამო არ არის, ვნებაც არავისთვის მოაქვს (ჩვენს შორის დარჩეს და, კოცნა ყოველთვის საამოა) და როდესაც ჩემს ბებერ და ხორკლიან ლოყებზე მისი დაჭმუჭნილი ლოყები ვიგრძენი, ტირილი მომერია. მაგრამ არ მიტირია, ტუტუცი როდი ვარ. იჩხვლიტებიო, მითხრა. - გეფიცები, ამ დილით რომ ვინმეს ეთქვა, მაკოცნინებდი, გავიპარსავდი. ამ ოცდახუთი წლის წინ უფრო რბილი წვერი მქონდა, მაშინ მე მსურდა და შენ კი არა, ჩემო გოგონავ, წვერით გავხახუნებოდი შენს ფუნჩულა ლოყებს. - განა დღემდე ფიქრობ ამაზე? - მკითხა მან. - მე? არა, არასოდეს. სიცილით თვალი თვალში გავუყარეთ ერთმანეთს და ველოდით, პირველი ვინ დახრიდა თავს. - ჯორის თავო, როგორ მგავდი - ჩემსავით ამაყი და ჯიუტი იყავი! ჭაღარა ვირიკელავ, დაბერება არ გინდა. ერთი მაინც უდავოა, სულ არ დამშვენებულხარ, სახე დაგღარვია, თვალს ნაოჭი გარტყია, ცხვირი გაგბრტყელებია; შენს დღეში ლამაზი არ ყოფილხარ, დასაკარგავიც არაფერი გქონია და არც დაგიკარგავს. ერთი ღერი თმაც არ ჩამოგვარდნია, ეგოისტო! მხოლოდ ჭაღარა შეგპარვია. სულელ კაცს რა გაათეთრებს-მეთქი, ვუპასუხე. - არამზადები ხართ მამაკაცები, თავს არაფერზე იწუხებთ და დროსაც მხიარულად ატარებთ. ჩვენ კი, ვბერდებით, ვბერდებით ჩვენსა და თქვენს მაგივრად. ერთი ბეხრეკს მომხედე. ვაი! ვაი! ნეტავ, სად არის ნაზი, მოქნილი სხეული, სამზერად საამო და საალერსოდ კიდევ უფრო ტკბილი? სად არის ის ყელი, ფეხი, კოკრები, წელი და ხორცი, ქორფა ხილივით მკვრივი და გემრიელი. ვაი, სად დავკარგე? სად დავიღუპე? ბაზარში რომ გენახე, მიცნობდი, განა? - თვალდახუჭული გიცნობდი. - თვალდახუჭული კი, მაგრამ თვალახელილი? ერთი შეხედე ჩემს ჩაცვენილ ლოყებს, უკბილო პირს, დანის პირივით წაწვეტებულ ცხვირს, დაწითლებულ თვალებსა და დამჭკნარ მკერდს, თონთლო ტიკს, ამ დამახინჯებული მუცელს... ვუთხარი (კარგად ვხედავდი ყველაფერს, რასაც ამბობდა): - პატარა აზმანი ყოველთვის ჩანს ლამაზმანი. - როგორ, ვერაფერს ხედავ? რამ დაგაბრმავა? - კარგი თვალები მაქვს, დედოფალავ. - ვაი, სად გაქრა შენი დედოფალა, შენი დედოფალა? ვუპასუხე: - „აქეთ გამოიარა ლამაზმა სინდიოფალამ“. მემალება, გამირბის, გადაიმალა. მე მაინც ვხედავ, ვხედავ მის მოხდენილ ცხვირს და ეშმაკურ თვალებს, რომ მზვერავენ და სოროში მეპატიჟებიან. - სოროში ვეღარ შეეტევი, ბებერო მელავ, ღიპი როგორ გაგიშვია! ჩანს, სატრფოს დარდმა არ დაგამჭლევა. - ბევრს მოვიგებდი. მწუხარებასაც ხომ უნდა დაპურება? - მაშ, შემოდი და ერთად დავაპუროთ ყმაწვილი. შევედით, მაგიდას მივუსხედით, აღარც კი მახსოვს, რა ვჭამე, რა დავლიე. სული გართული იყო, მაგრამ ყბები და ყრონტი ჩინებულად მუშაობდა. დედოფალას იდაყვები დაეყრდნო მაგიდაზე და მიყურებდა, მერე დაცინვით მკითხა: - ახლა ხომ ნაკლებად ხარ შეწუხებული? - როგორც სიმღერაშია, - ვუპასუხე მე, - „სხეული დამშეული, სული შეწუხებული, სხეული დაპურებული, სულიც დამშვიდებული“. დუმდა დედოფალას დიდი, თხელი და დამცინავი პირი. მე კი ვბაქიობდი და არც მახსოვს, რა სისულელეებს ვროშავდი, ერთმანეთს ვუყურებდით და წარსულზე ვფიქრობდით. უეცრად: - ბრონიონ! - მითხრა მან, - იცი? არასოდეს მითქვამს, ახლა კი, როდესაც აზრი აღარა აქვს, გეტყვი. მე შენ მიყვარდი. ვუპასუხე: - მე ეს ვიცოდი. - იცოდი, სალახანავ! მაშ, რატომ არაფერი მითხარი? - შენი უკუღმართი ხასიათის გამო. საკმარისი იყო გამემხილა, რომ იმ წამსვე უარს მეტყოდი. - მერედა, რა გენაღვლებოდა, თუკი ფიქრით შენ გეტრფოდი. რას კოცნიან, ბაგეებს თუ მათ ნათქვამებს? - კი, მაგრამ შენი პირი მარტო თქმით როდი დაკმაყოფილდა? მე გავიგე ეს იმ ღამეს, როცა შემოვაღე კარი და თონეში მეწისქვილეს წავუსწარი. - შენი ბრალია, თონე მისთვის როდი თბებოდა. მაგრამ ბრალი მეც მიმიძღვის და კარგადაც დავისაჯე. შენ ყველაფერი გცოდნია, კოლა, მაგრამ ის არ იცი, რომ შენი წასვლით განაწყენებულმა მივეცი თანხმობა მეწისქვილეს. რომ იცოდე, შენზე როგორ ვბრაზობდი! ვბრაზობდი იმ საღამოდან (გახსოვს), როდესაც არად ჩამაგდე. - მე? - დიახ, შენ, შე სათოკე შენა, ერთ საღამოს ბაღში რომ მოხველ ჩემს მოსაწყვეტად და იქ მიპოვე ჩაძინებული... გაიქეცი და ხეზე დამტოვე დაკიდებული. დავიწყე ყვირილი, თავის მართლება. მითხრა: - კარგად მიგიხვდი. ასე ნუ ცდილობ, თავს ნუ იწუხებ! სულელო! დარწმუნებული ვარ, რომ შეიძლებოდეს წარსულის მობრუნება... ვთქვი: - იმასვე ვიზამდი. - ბრიყვო! სწორედ ამისათვის მიყვარდი და რომ დამესაჯე, გტანჯავდი, ამით ვერთობოდი. მაგრამ არ მეგონა, თუ იმდენად ჩერჩეტი იქნებოდი, რომ გაექცეოდი ჩემს ანკესს (რა ლაჩრები ხართ მამაკაცები), იმის ნაცვლად, რომ გადაგეყლაპა. - დიდი მადლობა! ლიფსიტას უყვარს ჭიაყელა, მაგრამ საკუთარ კუჭმაჭსაც უფრთხილდება.    გაიღიმა, მაგრამ ნირი არ შეუცვლია: - როცა გავიგე, რომ ჩხუბობდი იმ მეორესთან, მეორე ვირთან (მისი სახელი არ მაგონდება), მდინარეზე თეთრეულს ვრეცხავდი. მითხრეს, რომ გკლავდა. ჩემს ქობინს მყისვე შევეშვი, წყალსაც წაუღიხარ-მეთქი. სარეცხი ფეხით გავქელე, მივყარ-მოვყარე ჭორიკანა დედაკაცები, ფეხშიშველა გამოვიქეცი, სუნთქვა მეკვროდა, მინდოდა მეყვირა: „ბრონიონ! ხომ არ გაგიჟდი? ნუთუ ვერ ხედავ, როგორ მიყვარხარ? ბევრ რამეს მოიგებ, როდესაც ეგ მგელი სხეულის ერთ-ერთ საუკეთესო ნაჭერს მოგაგლეჯს. არ მინდა დასახიჩრებული, ხეიბარი ქმარი, საღ-სალამათი მინდა მყავდეს!..“ ეჰ! დელი-დელა, დელი-დელა, და სანამ ამ ვაიუშველებელში ვიყავი და ვწუწუნებდი, ეს ჩიტირეკია ქარაფშუტა მგელთან ერთად სამიკიტნოში იყლაპებოდა, უკვე დავიწყებოდა, რისთვის ჩხუბობდა და იმ მგელთან ერთად არ გაიქცა? (ლაჩარი! ლაჩარი!) გაექცა და მერე ვის? პატარა აზმანს!.. ბრონიონ, რომ იცოდე, როგორ შემძულდი!.. შეიძლება, დღეს, როდესაც გხედავ, როდესაც კვლავ ერთადა ვართ, ეს სასაცილოდ მეჩვენება; მაგრამ მაშინ, მეგობარო, ნეტარებით გაგატყავებდი, ცოცხლად შეგწვავდი, მაგრამ შენი დასჯა რომ არ შემეძლო... და რადგანაც მიყვარდი, თავი დავისაჯე. გადამეყარა მეწისქვილე, ბრაზისგან მასში გაგცვალე, ეს ვირი რომ არა, სხვა სახედარს ავიკიდებდი. ჩემთვის სულ ერთი იყო, გუგული იქნებოდა თუ ბულბული. აჰ! ჯავრს როგორ ვიყრიდი. მხოლოდ შენზე ვფიქრობდი, როდესაც ის... - მესმის! - და როდესაც ჩემს მაგიერ ჯავრს ის იყრიდა, ვფიქრობდი: ერთი ახლა დაბრუნდეს-მეთქი... მაგრამ ვაი, რომ უფრო ადრე დაბრუნდი, ვიდრე მე მსურდა... დანარჩენი შენ თვითონაც იცი, სამუდამოდ ამ ბრიყვს მივეჯაჭვე... ვირი (არ ვიცი, ის თუ მე?) წისქვილში დარჩა. გაჩუმდა. აქ კარგად მაინც თუ ხარ-მეთქი, ვკითხე. მხრები აიჩეჩა და მითხრა: - მასავით კარგად. - დასწყევლოს ეშმაკმა, - ვუთხარი მე, - ეს სახლი სამოთხე უნდა იყოს. მართალს ბრძანებო, სიცილით მითხრა. სხვა რამეზე ჩამოვაგდეთ საუბარი. მინდვრებზე, ჯალაბზე, ცხოველებზე და ბავშვებზე, მაგრამ რამდენსაც არ ვცდილობდით, მაინც სინანულით წარსულს ვუბრუნდებოდით. ვიფიქრე, გაუხარდება ჩემიანების, ჩემი ოჯახის, ჩემი ცხოვრების გაგება-მეთქი; მაგრამ დავრწმუნდი, (ოჰ! დედაკაცურო ცნობისმოყვარეობავ!), რომ ჩემზე უკეთ იცოდა ყველაფერი და გავაბით მუსაიფი ნემსიდან ძაფზე, ღობეზე, ყორეზე, ამაზე, იმაზე, მთაზე და ბარზე, ლაყბობით ვერთობოდით, არ ვიცოდით საით მივემართებოდით. ორივე ვოხუნჯობდით. ერთმანეთს ოხუნჯობაში ვეჯიბრებოდით. წამოვიდა მოსწრებულ სიტყვათა თქეში, სუნთქვა შეგვეკრა, უმალვე ვხვდებოდით გადაკრულ ნათქვამს, ბაგეს მოსწყდებოდა თუ არა, არ ვაკარებდით მიწას, ვიჭერდით იმ წამს. სიცილისაგან ცრემლი მდიოდა. უეცრად სამრეკლოზე ექვსმა საათმა ჩამოჰკრა. - მამა ზეციერო, უნდა წავიდე! - რა გეჩქარება, მოესწრები. - შენი ქმარი დაბრუნდება. მისი ნახვა კი არაფრად მეპიტნავება. - ერთი მე მკითხე, - მითხრა მან. ფანჯრიდან ჩანდა ველი, რომელსაც საღამოსათვის მორთვა-მოკაზმვა დაეწყო. ჩამავალი მზის სხივები ოქროს მტვრად ეფინებოდა ბალახების მოკანკალე წვერებს. კრიალა ნაკადული მიხტოდა. ერთი ძროხა ტირიფის ტოტს ლოკავდა. ორ უძრავად მდგარ ცხენს - ერთს შავსა და შუბლზე თეთრვარსკვლავიანს და მეორე ჟღალს - ბალახობის შემდეგ ერთმანეთის გავაზე დაედოთ თავი და საღამოს მყუდროებაში ოცნებას მისცემოდნენ. გრილ სახლში მზის, იასამნის, თბილი ბალახისა და ოქროსფერი ფუნის სუნი შემოდიოდა, ოთახის უკუნში, სადაც ონდავ ობის სუნი ტრიალებდა, თიხის ფიალიდან, ხელში რომ მეკავა, ბურგუნდული შავი მოცხარის ნაყენის სურნელება იფრქვეოდა. - რა ნეტარებაა აქ! - და ასე იქნება მთელი სიცოცხლე. ხელი ხელში ჩამავლო. ვუთხარი (მწყინდა, რომ მის სანახავად მოსულს გული ვატკინე): - ეჰ! იცი რა, ჩემო დედოფალავ, საბოლოო ანგარიშში შეიძლება ასეც სჯობდეს, სჯობდეს, ისე, როგორც არის! შენ არაფერი დაგიკარგავს. ერთ დღეს კიდევ რა უშავს, მაგრამ მთელ სიცოცხლეს! მიცნობ, გიცნობ, მალე მოგბეზრდებოდი. შენ კიდევ არ იცი, რა ცუდი კაცი ვარ, არამზადა, უქნარა და ლაზღანდარა, ქარაფშუტა, ჯიუტი, ღორმუცელა, მზაკვარი, მოჩხუბარი, ფუჭი მეოცნებე, ბრაზიანი, უცნაური და ქოსატყუილა. ჩემო გოგონა, უბედურზე უბედური იქნებოდი და ჯავრს იყრიდი. ამას რომ გავიფიქრებ, თმა ყალყზე მიდგება. იკურთხოს მადლი ყოვლის მცოდნე უფლისა, რომ ასე მოაწყო ჩვენი ცხოვრება.    სერიოზული და მზაკვრული თვალებით მომჩერებოდა. მისმენდა, მერე ცხვირი ასწია და მითხრა: - მართალს ამბობ, საყვარელო. ვიცი, დიდი არამზადა ხარ (რასაკვირველია, ამას არ ფიქრობდა), ისიც ვიცი, რომ მცემდი; მე კი გიღალატებდი, მაგრამ რა გაეწყობა? უნდა მოხდეს, რაც მოსახდენია, უნდა იყოს ნაცემიც და რქიანიც (ბედის წიგნში ასე დაუწერიათ), განა უკეთესი არ იქნება, ყოველივე ეს ერთმანეთისგან გვრგებოდა? - რა თქმა უნდა; - ვუთხარი მე, - რაღა თქმა უნდა. - მეთანხმები და, თითქოს, არც გჯერა. - როგორ არა, როგორ არა, მაგრამ სჯობს ასეთ ორმაგ ბედნიერებას კაცმა თავი აარიდო. წამოვდექი და ასე დავასკვენი: - ნუ ინანებ, საყვარელო დედოფალავ! ასე თუ ისე, ბოლო ერთი იქნებოდა. გვიყვარს ერთმანეთი თუ არა, ამჟამად, როდესაც ცხოვრების გზა უკვე განვლიეთ, ყველაფერი ეს წარსულს ჩაბარდა, თითქოს არც კი ყოფილა. მითხრა: - მატყუარა. (მართალს ამბობდა). *    ვაკოცე და წამოვედი. ზღურბლზე, კარის წირთხლს მიყრდნობილმა თვალებით გამომაცილა. ჩვენს წინ დიდი კაკლის ჩრდილი გაწოლილიყო. მხოლოდ მაშინ მოვბრუნდი, როცა გზაზე მოვუხვიე და დავრწმუნდი, ვერაფერს დავინახავდი. შევდექ, სული რომ მომეთქვა. ჰაერი ერთმანეთზე გადაწნული გლიცინიის ტოტების სურნელებით იყო გაჟღენთილი. შორს მინდვრებში თეთრი ხარები ბღაოდნენ.    გზა განვაგრძე, დიდი შარა განზე დავტოვე, მოკლედ მოვჭერი, ვენახები გადავსერე, ფერდობი გადავიარე და ტყეში შევედი. განა იმიტომ, რომ შინ მალე მივსულიყავი? არა, ნახევარი საათის შემდეგ ტყისპირა დიდი მუხის გაფოთლილი ტოტების ქვეშ პირდაღებული უძრავად ვიდექი. არ ვიცი, რას ვაკეთებდი, ვფიქრობდი, ვფიქრობდი. წითელი ცა ქრებოდა. ვუყურებდი, როგორ კვდებოდა მისი ანარეკლი ბურგუნდული ვაზის კრიალა, პრიალა, ღვინისფერ, პატარა და ქორფა ფოთლებზე. სტვენდა ბულბული... გალობით მწყალობდა, ჩემი მეხსიერების შორეთში, ჩემს დამწუხრებულ გულში კი მეორე ბულბული გალობდა; ერთ ასეთ საღამოს სატრფოსთან ერთად ვაზით დაბურულ ფერდობზე ავდიოდი, მაშინ ჯეელი ვიყავი, მხიარული, ხითხითა; ვხუმრობდით და ვლაზღანდარობდით; უეცრად ჰაერში რაღაცამ ჩაიქროლა, ზუსტად არ ვიცი რა იყო, მწუხრის ზარების გუგუნი, დედამიწის საღამოს სუნთქვა, რომელიც იზმორება და მეუბნება, ჩემთან მოდიო, თუ მთვარეს მომწყდარი ნაზი კაეშანი... ორივენი გავჩუმდით, სმენაგადარაჯებულებმა ერთმანეთს ხელი ხელს ჩავავლეთ. ერთმანეთისათვის არც კი შეგვიხედავს, ადგილზე გავქვავდით. მაშინ, ვენახიდან, გაზაფხულის მწუხრი რომ დასწოლოდა, გაისმა ბულბულის გალობა. ვაზზე, რომლის მუხანათი პწკალები გრძელდებოდნენ, გრძელდებოდნენ, გრძელდებოდნენ და ცდილობდნენ მის პატარა ფეხებს შემოხვეოდნენ, თავის ძველსა და სევდიან სიმღერას სულმოუთქმელად გალობდა ტრფობით დამწვარი ბულბული: „გაიზარდე ვაზის პწკალო, გაიზარდე და გვაამე, ჩემზე ნუღარ შეწუხდები, არც დღე მძინავს და არც ღამე“... და დედოფალას ხელი ვიგრძენი, რომელიც მეუბნებოდა: „დაგიჭირე, შენც დამიჭირე, ვაზო იდიდე, ვაზო იზარდე და ჩვენ შეგვყარე“. ბორცვიდან ჩამოვედით. შინ მისვლის წინ ერთმანეთს ხელები გავუშვით და მას შემდეგ ერთმანეთისთვის ხელი აღარ მიგვიცია. აუ! ბულბულო, შენ კიდევ გალობ? ვისთვისღა მღერი? ვაზო, შენც იზრდები? სიყვარულო, ვისთვის გინდა ეგ ბორკილები?    ჩამოწვა ღამე, დუნდულოთი ხელებზე, ხელებით კომბალზე დაყრდნობილი, ვით კოდალა თავის კუდზე, ცისკენ ცხვირაშვერილი ვუყურებდი ხის კენწეროს, საიდანაც ბადრი მთვარე იცქირებოდა. ვცდილობდი თავი დამეღწია ჯადოსათვის, რომელიც მბოჭავდა. ვერ მოვახერხე. უთუოდ ხე თავისი ჯადოქრული ჩრდილით მატყვევებდა, ჩრდილით, რომელიც ადამიანს გზას ააცდენს და მისი პოვნის სურვილს უკარგავს. ერთხელ, ორჯერ, სამჯერ, კიდევ და კიდევ შემოვუარე ხეს და იმ ადგილს მაინც ვერ მოვცილდი.    რა უნდა მექნა, ბედს დავემორჩილე. ბალახზე წამოვწექი და ღამე ღია ცის ქვეშ გავატარე. ამ სასტუმროში დიდხანს არ მიძინია. სევდიანად ვიგონებდი ჩემს ცხოვრებას. ვფიქრობდი, რას მიქადდა ბედი და რა შემრჩა ხელში. ვფიქრობდი ჩემს დამსხვრეულ ოცნებებზე. ღმერთო! რამდენ მწუხარებას პოულობს კაცი თავისი წარსულის სიღრმეში, შუაღამისას, როცა სული მილეულია! როგორი ღატაკი და შიშველი გეჩვენება თავი, როდესაც გულგატეხილი სიბერის წინაშე აღიმართება იმედმოსილი სიჭაბუკის სურათი!.. გადავითვალე მოგება და ზარალი, ქონება, შემოსავალი: ცოლი უშნო და უხასიათო მყავს, ვაჟები შორს არიან ჩემგან და სულ სხვანაირად ფიქრობენ, ჩემი მხოლოდ გარეგნობა აქვთ; გავიხსენე მეგობართა ღალატი, ადამიანთა სიშლეგე, მომაკვდინებელი სარწმუნოებანი და სამოქალაქო ომები; ჩემი დარბეული საფრანგეთი; ჩემი სულის ოცნებანი, ჩემი ხელოვნების გაძარცვული ქმნილებანი; აბა, რა არის ჩემი ცხოვრება, ერთი მუჭა ნაცარი და სიკვდილის ქარიშხალი, რომელიც ამოვარდნას ლამობს. მწარედ ავქვითინდი, მივეკარი მუხის ფესვებს, ვით მამის მკლავებს, ჩავეკარი, ჩემი სევდა გავანდე. ვიცი, რომ მისმენდა. მერე თვითონაც მითხრა ორიოდ სიტყვა, მანუგეშა; როდესაც რამდენიმე საათის შემდეგ გამომეღვიძა მიწაში ცხვირჩარგულს, ნატკენ გულში სევდა გამქრალიყო, მსუბუქ დაღლასა და კანჭის კუნთებში კრუნჩხვასღა ვგრძნობდი.    მზე ამოდიოდა. მღეროდა ჩიტებშესეული მუხა. გალობა ისე წვეთავდა, როგორც ყურძნის წვენი, როცა მტევანს ხელს უჭერენ. ყველანი აქ იყვნენ: სკვინჩა გიომე, ბოლოქანქარა მარი გოდრე, ხეკაკუნა ლეგა სილვია, ტიტინა კიოტა და ჩემი ძმობილი, მუდამ უდარდელი, მოხითხითე ნამგალა, ვისაც არც სიცივე აწუხებს, არც წვიმა, არც ქარი და ავდარი, ყოველთვის იცინის, კარგ ხასიათზეა, განთიადზე პირველი იწყებს გალობას, უკანასკნელი ჩუმდება და სწორედ ამიტომ ჩემსავით ღაჟღაჟა ცხვირი აქვს. აჰ! ეს პატარა ყოჩაღი ბიჭები რა გულიანად გასძახოდნენ. ღამის საშინელებისათვის თავი დაუღწევიათ. ხიფათით სავსე ღამისათვის, რომელიც ყოველ საღამოს ბადესავით ეშვება მათ თავზე. სულშემხუთავი წყვდიადია... ვისი დაღუპვის ჯერია... ფარი, ფარირა!.. განთიადის მკრთალი ღიმილი გააცხოველებს გაყინულ სახეს და გაფითრებულ ბაგეებს... უაი ტი, უაი ტი, ლა ლაი, ლა ლაი, ლადერი... ჭიკჭიკით, ჟივილით, მეგობრებო, აღტაცებითა და სიყვარულით ზეიმობენ და ეგებებიან განთიადს! გადატანილი ტანჯვა, მოსალოდნელი საფრთხე, მუნჯი შიში, ფხიზელი ძილი, ერთი სიტყვით, ღამე, საშინელი ღამე, ყველაფერი ეს დავიწყებას მიეცა. ყველაფერი ფრრ, გაქრა, გაფრინდა. აუ, დღეო! დღეო ახალო! ჩემო გუგულო, მასწავლე შენი საიდუმლოება ყოველ განთიადზე მკვდრეთით აღდგომისა.    გუგული სტვენას განაგრძობდა. მისი ძლიერი ირონია მეც მამხნევებდა, მიწაზე ჩაცუცქულმა მეც დავსტვინე მასავით. გუგული... „გუგული თეთრი, გუგული შავი, რუხი ნევერელი გუგული“, მგოსანი, ფრთოსანი, ტყის გულში კუკუ-მალიას თამაშობდა. „გუგულო, გაჩუმდი, გაჩუმდი, ნუ მღერი, ეშმაკმა მოგტეხოს კისერი“. ავხტი, გადავკოტრიალდი, კურდღელმაც მომბაძა; იცინოდა, იმდენი ეცინა, რომ პირი გაპობოდა. გზას გავუდექი, გულიანად ვმღეროდი. - ყველაფერი კარგია, ყველაფერი კარგია! მეგობრებო, დედამიწა მრგვალია... ვინც ცურვა არ იცის, ფსკერისაკენ მიდის. ჩემი ხუთი გრძნობის ფართოდ გაღებულ ფანჯრებში შემოიჭერ, ქვეყნიერებავ, იჩუხჩუხე ჩემს სისხლში! რაო! ბრიყვი ხომ არა ვარ, ცხოვრებას გავებუტო იმიტომ, რომ არ მომცა, რასაც ველოდი. ნდომას რომ გზა მისცე, „ეს რომ მქონდეს... ის რომ მექნება...“ სად წახვალ... სურვილებს რა გამოლევს, კაცის გულს რა გააძღებს. მუდამ ის უნდა, რაც არა აქვს, რაც აქვს, არად აგდებს. თვით ბატონიშვილი დე ნევერი, ან მეფე, ან მამა უფალი. ყველას თავისი საზღვრები, თავისი სფერო აქვს. განა იმისთვის უნდა ვიღელვო და ვიწუწუნო, რომ ამ სფეროდან გამოსვლა არ შემიძლია? ვითომ სხვაგან უკეთ ვიქნები? შინა ვარ და აქვე დავრჩები, ეშმაკმაც დალახვროს, დავრჩები, სანამ შემეძლება. რად უნდა ვიწუწუნო? ბოლოს და ბოლოს, ჩემი მოვალე არავინაა! ხომ შეიძლებოდა, რომ არც კი მეცხოვრა... ღმერთო! ამის გაფიქრებაც კი შიშის ზარსა მცემს. როგორ! რა იქნებოდა ეს პატარა, მშვენიერი, მშვენიერი სამყარო, ეს ცხოვრება უბრონიონოდ! ანდა ბრონიონი უსიცოცხლოდ! რა სევდიანი სამყარო იქნებოდა, მეგობრებო!... ყველაფერი მშვენიერია ისე, როგორც არის. ეშმაკსაც წაუღია ის, რაც არა მაქვს! რაც მაქვს, ხომ ჩემია... *    კლამსიში ერთი დღის დაგვიანებით დავბრუნდი. თუ როგორ დამიხვდნენ, ამის წარმოდგენა თქვენთვის მიმინდვია, მაგრამ ამას დიდად არ შევუწუხებივარ; როგორც ხედავთ, სხვენზე ამოვედი, ჩემს თავთან ლაპარაკით გული ვიჯერე და ცხვირის ქნევით, ენაგამოყოფილმა ჩავწერე ჩემი დარდი და სიამე, სიამე ჩემი დარდებისა... რაც გტანჯავდა მანამდე, რამაც წინათ ჩაგქოლა, რა კარგია შემდეგში მოგონება, მოყოლა. *გარძელება*…
დაამატა Kakha to ლიტერატურა at 8:09pm on მაისი 9, 2016
თემა: თვისებრივი მონაცემების ანალიზის მიდგომები
აღწერენ სიტუაციას, მოიხსენიებენ ტენდენციებს, თემებს, კატეგორიებსა და წესებს. წინამდებარე თავში თვისებრივი მონაცემების ანალიზის რამდენიმე ფორმას განვიხილავთ, ხოლო 23-ე თავი უფრო კონკრეტულად კონტენტ ანალიზსა და დაფუძნებულ თეორიას ეთმობა. ამ თავში თვისებრივი მონაცემების ანალიზისადმი რამდენიმე განსხვავებულ მიდგომას გაგაცნობთ.       არ არსებობს თვისებრივი მონაცემების ანალიზისა და წარდგენის ერთადერთი სწორი გზა და თუ როგორ გაართმევს თავს ამ საკითხს მკვლევარი, მიზნისადმი შესატყვისობაზეა დამოკიდებული. ამასთან, როგორც ვნახავთ, ხშირად საკმაოდ ძნელია თვისებრივი მონაცემების ინტერპრეტაცია, მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ ხშირად თვისებრივი მონაცემების სხვადასხვაგვარად ინტერპრეტაციაც შესაძლებელია, რაც მათი ღირსებაა, ხოლო მკვლევრისთვის თავის ტკივილი! მიზნისთვის შესატყვისობის პრინციპის დაცვისას, მკვლევარმა ზუსტად უნდა იცოდეს, რისი მიღება სურს მონაცემების ანალიზით, ვინაიდან ეს განსაზღვრავს ანალიზის კონკრეტული სახის არჩევას. მკვლევარს, მაგალითად, შეიძლება უნდოდეს: აღწერა; წარმოდგენა; შეჯამება; ინტერპრეტაცია; ტენდენციების გამოვლენა; თემების გენერირება/ჩამოყალიბება; ინდივიდებისა და იდეოგრაფიული მახასიათებლების გამოვლენა; ჯგუფებისა და ნომოთეტური მახასიათებლების გაგება (მაგალითად, სიხშირეების, ნორმების, პატერნების, „კანონების“); საკითხების დასმა; დასაბუთება და ახსნა; მიზეზ-შედეგობრიობის ახსნა და ძიება; გამოკვლევა; შემოწმება მსგავსებების, განსხვავებების და საერთო მახასიათებლების გამოვლენა; ერთი და იგივე საკითხის სხვადასხვა სიტუაციაში შემოწმებისა და გამოყენების შესწავლა.       მიზნის შესახებ გადაწყვეტილების მიღება იმიტომაა მნიშვნელოვანი, რომ მასზეა დამოკიდებული, თუ მონაცემების დამუშავების რომელ ფორმას ავირჩევთ. ეს, თავის მხრივ, გავლენას მოახდენს ანალიზის წერილობით გაფორმებაზე. მონაცემების ანალიზზე განხორციელებული თვისებრივი კვლევის სახეობაც მოახდენს გავლენას. მაგალითად, ბიოგრაფიისა და შემთხვევის შესწავლის წერილობითი სახით გაფორმება აღწერითი, ხშირად ქრონოლოგიურად დალაგებული, ნარატივის სახით იქნება ყველაზე მართებული, რომელშიც საკითხის დასმა თანდათანობით ხდება. ეთნოგრაფია შეიძლება ნარატივის, ანუ, მონათხრობის სახით დაიწეროს, სადაც საკითხები კი იქნება დასმული, თუმცა არაა აუცილებელი, რომ მოვლენები ქრონოლოგიურად იყოს დალაგებული. ასეთი ანგარიში ჯგუფის ან კულტურის არსებითი მახასიათებლების აღწერას, ანალიზს, ინტერპრეტაციასა და ახსნას მოიცავს. დაფუძნეული თეორია და კონტენტ ანალიზი მონაცემების სისტემატური მიდგომით დამუშავდებაა, რომელიც კოდირებას, და კატეგორიზებას მოიცავს; ეს გრძელდება მანამ, სანამ ის თეორია არ ჩამოყალიბდება, რომელიც საკვლევ ფენომენებს ხსნის, ან მიზნების წინასწარმეტყველებისთ შესაძლებლობას მოგვცემს.       ანალიზზე მონაცემების რაოდენობაც იმოქმედებს. თვისებრივი მონაცემები ხშირად უფრო მცირე რაოდენობის ადამიანებზე გროვდება, ვიდრე - რაოდენობრივი მონაცემები, თუმცა, მონაცემები მაინც დეტალიზებული და მრავალფეროვანია. მკვლევრებმა უნდა გადაწყვიტონ, მაგალითად, მონაცემები ცალკეული ინდივიდების მიხედვით დაამუშავონ და შემდეგ, თუ საჭირო იქნება, გააერთიანონ მათთვის საერთო საკითხები, თუ საკითხების წინასწარ განსაზღვრული ანალიტიკური ჩარჩოს ფარგლებში იმუშაონ, რომლებიც საკვლევ ინდივიდებს ერთმანეთთან აკავშირებს. ზოგიერთი თვისებრივი კვლევა (მაგალითად, Bალლ 1990; 1994ა; Bოწე et al. 1992) მიზანმიმართულად ფოკუსირდება ინდივიდებსა და კონკრეტულ სცენარში მონაწილეების რეაქციებზე და საბოლოო ანგარიშში ხშირად მოჰყავთ ციტატები მათი გამონათქვამებიდან. ზოგ კვლევაში შეჯამებულ საკითხებს წარმოადგენენ და არ ასახელებენ, კონკრეტული მონაცემები კონკრეტულად რომელი მონაწილისგან მიიღეს. მოგვიანებით განვიხილავთ მეთოდებს, რომლებიც როგორც ინდივიდების, ისე საკითხების მიმართ გამოიყენება.       ზოგ კვლევაში ბევრი სიტყვა-სიტყვით გადმოცემული საუბარია გამოყენებული, ზოგ მათგანში - ნაკლები. ზოგ მკვლევარს მიაჩნია, რომ ორიგინალური მონაცემების „სურნელის“ შენარჩუნება მნიშვნელოვანია, ამიტომ, პირდაპირ მოაქვთ ფრაზები და წინადადებები და არა მარტო იმიტომ, რომ ისინი ხშირად უკეთ წარმოაჩნენ საკითხს, ვიდრე მკვლევრის სიტყვები, არამედ იმიტომაც, რომ თვლიან, რომ სამართლიანობა უნდა გამოიჩინონ მონაწილის გამონათქვამების მიმართ და ზუსტად გადმოსცენ ისინი. მართლაც, როგორც ქვემოთ განხილულ მაგალითში ვნახავთ, პირდაპირი საუბრები ძალიან მდიდარ მასალას და ბევრ დეტალს უნდა იძლეოდეს. ბელი (1990) და ბოუი და მისი კოლეგები (1992) ბევრ სიტყვა-სიტყვით გადმოცემულ ნათქვამს იყენებენ, ძირითადად, იმიტომ, რომ მათი კვლევის მონაწილეები ძალაუფლების მქონე ადამიანები იყვნენ და სამართლიანობა მოითხოვდა, რომ ზუსტად მათი სიტყვებით ყოფილიყო გადმოცემული მათი სათქმელი. ამის საპირისპიროდ, უილფორდი (2001: 92) „ტრანსკრიპტების გაფეტიშებაზე“ საუბრისას აღნიშნავს, რომ მას „იშვიათად გაუკეთებია ინტერვიუს სრული ტრანკრიპტი და ისიც მხოლოდ [მისი] რამდენიმე ინტერვიუს შემთხვევაში“ და ამის მიზეზებს შორის არც ისე უმნიშვნელო იყო დრო, რომელსაც ტრანსკრიპტის წერა მოითხოვს (უოლფორდი ასახელებს შეფარდებას ხუთი ერთთან, ანუ, ერთსაათიანი ინტერვიუს ტრანსკრიპტის გაკეთებას ხუთი საათი სჭირდება, თუმცა რეალურად ამ პროცესს უფრო მეტი დრო მიაქვს).       პრაქტიკულ დონეზე, თვისებრივ კვლევაში მონაცემები სწრაფად გროვდება და ადრეულ ეტაპებზე დაწყებული ანალიზი და მნიშვნელოვანი მახასიათებლების გამოყოფა ამცირებს მოზღვავებული მონაცემების პრობლემას. მაილსისა და ჰაბერმანის (1984) აზრით, მონაცემების სწორად და ზუსტად წარმოდგენა მათი შემცირების შესაძლებლობას იძლევა. პარლეტისა და ჰამილტონის (1976) მიხედვით, „პროგრესული ფოკუსირებისას“ მონაცემების მოგროვებას განსხვავებულად უდგებიან და შემდეგ მოგროვილი მონაცემების გაცხრილვით, დახარისხებით, გადათვალიერებითა და გააზრებით ხდება სიტუაციის არსებითი მახასიათებლების გამოკვეთა. ასე მიღებული მონაცემები შემდგომი ანალიზის დასაგეგმად გამოიყენება. ეს ზოგადიდან კერძოსკენ დავიწროვების პროცესს ჰგავს.       თეორიულ დონეზე, თვისებრივი კვლევის ძირითადი მახასიათებელი ის არის, რომ ანალიზი ხშირად მონაცემების მოგროვების ეტაპზევე იწყება, რაც თეორიის ჩამოყალიბების შესაძლებლობას იძლევა (LeCompte and Preissle 1993: 238). მკვლევრებმა საკვლევი ფენომენების ზოგადი მონახაზი უნდა გააკეთონ. შემდეგ უნდა სცადონ მონაცემების დაჯგუფება, ბლოკებად გაერთიანება და თანმიმდევრული მთლიანის შექმნა (მაგალითად, აღმოჩენილის შეჯამების დაწერით). ამის შემდეგ, მათ გულმოდგინედ უნდა დაანაწევრონ თავიანთი საველე ჩანაწერები და შეადარონ, დაუპირისპირონ, გააერთიანონ, შეუსატყვისონ ერთმანეთს და მოაწესრიგონ ისინი. ამ პროცესის მიზანი აღწერიდან ახსნისკენ და თეორიის ჩამოყალიბებისკენ გადანაცვლებაა (LeCompte and Preissle 1993: 237 – 53). მონაცემების წარმოდგენა ცხრილების სახით       წინამდებარე და შემდგომ თავებში მონაცემების ანალიზისა და წარდგენის რამდენიმე მაგალითს შემოგთავაზებთ. პირველი ასეთი მაგალითი მარტივ შეჯამებას, მონაცემების გასაგებად, ცხრილის სახით წარმოდგენასა და კომენტარებს შეეხება. მოცემული მაგალითი სადოქტორო დისერტაციიდან არის აღებული. ჩინელი ბავშვები სწავლობენ ინგლისურს: ინტერვიუს მონაცემების ანალიზი და გაფორმება       ინტერვიუს მონაცამები კითხვების მიხედვითაა განხილული. ერთი ასაკობრივი ჯგუფის რესპონდენტების მსგავსი მონაცემები, ანუ, მათი პასუხები სტრიქონებშია დაჯგუფებული, ხოლო განსხვავებული პასუხები ცალ-ცალკეა მოცემული. თითოეული ცხრილის მარცხენა სვეტი რესპონდენტების რაოდენობას (1-12) და მათი სწავლების დონეს (მაგალითად, P1, F3 და ა. შ.) გვიჩვენებს. ასე მაგალითად, „1-3: P1“ ნიშნავს 1-3 რესპონდენტების პასუხებს, რომლებიც P1 კლასებს ასწავლიან. მარჯვენა სვეტში პასუხებია მოცემული. ბევრგან შეგვიძლია ვნახოთ, რომ ყველა რესპონდენტმა მსგავსი პასუხი გასცა დასახელებულ დებულებებსა და თემებს. ყოველ ცხრილს მოკლე შემაჯამებელი კომენტარი ახლავს თან.       ეს მონაცემები ამოღებულია სადოქტორო დისერტაციიდან, რომელიც ჩინეთში სასკოლო ასაკის ბავშვების ინგლისური ენის სწავლის პრობლემებს შეეხება. მონაცემები არასრულადაა წარმოდგენილი და მხოლოდ ილუსტრაციის მიზნით იქნა შერჩეული. ყურადღება მიაქციეთ, რომ მონაცემები არ არის სიტყვა-სიტყვით გადმოცემული, არამედ უკვე შეჯამებულია მკვლევრის მიერ, ანუ, ის, რაც აქაა წარმოდგენილი, არ არის მონაცემების ანალიზის პირველი ეტაპი, ვინაიდან პირველი ეტაპი ტრანსკრიპტის გაკეთება იქნებოდა.       გამოყენებულია შემდეგი კოდირება:       P1-P6 = დაწყებითი კლასები (1-6), P1 = სწავლების პირველი წელი, P2 = სწავლების მეორე წელი და ა.შ.       F1-F5 = საშუალო კლასები (1-5), F1 = პირველი კლასი (საშუალო სკოლის პირველი წელი), F2 = მეორე კლასი და ა.შ. (საშუალო სკოლის მეორე წელი და ა. შ.).       მარცხენა სვეტში ასოს წინ დაწერილი რიცხვები მასწავლებლისთვის მინიჭებულ კოდის შეესაბამება (ჩანართი 22.1). ინტერვიუში სულ 12 მასწავლებელი მონაწილეობდა, აქედან 6 - დაწყებითი კლასების, 6 - საშუალო კლასების. ------------------- ჩანართი 22. 1. ინგლისური ენის სწავლების ეფექტიანობა -------------------       სკოლაში ინგლისურის სწავლებამ და სწავლამ რეალურად ვერ მიაღწია დასახულ მიზნებს. მოსწავლეებს ცუდად ესმით წერილობითი ან ზეპირი ინგლისური, უჭირთ ლაპარაკი, კითხვა, მოსმენილის გაგება და წერა, რითიც იზღუდება მათი შესაძლებლობები, განურჩევლად იმისა, თუ რამდენ წელს სწავლობდნენ ისინი ენას. დაბალი დონის დამახსოვრების მოდელს ზედაპირულ ცოდნამდე მივყავართ. სწავლება და სწავლა უხარისხოა. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან დაბალია მათი სტანდარტი, ისინი მაინც ახერხებენ უნივერსიტეტში მოხვედრას, ვინაიდან ძალიან ბევრი უნივერსიტეტი აცხადებს მიღებას. მათ არც სამსახურის შოვნისას სჭირდებათ ინგლისური ენის ცოდნა.       კომენტარი: დაწყებითი კლასების ინგლისური ენის მასწავლებლების მოსაზრებების დიაპაზონი უფრო ფართო იყო, ვიდრე - უფრო მაღალი კლასების მასწავლებლების. დაწყებითი კლასების მასწავლებლებში უფრო მეტი ერთსულოვნება შეინიშნებოდა, ვიდრე - უფროსი კლასების მასწავლებლებთან. საშუალო სკოლის მესამე კლასის ყველა მასწავლებელმა მსგავსი კომენტარები გააკეთა, ხოლო საშუალო სკოლის მეხუთე კლასის მასწავლებლებს ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებული მოსაზრებები ჰქონდათ.       ჩანართი 22. 2. გვიჩვენებს, რომ ინგლისური ენის სწავლების ძლიერი მხარეები ის იყო, რომ მოსწავლეები ძალიან ადრეულ ასაკში იწყებდნენ ენის შესწავლას და სკოლებს სრულიად დამოუკიდებლად შეეძლოთ თავიათი სასწავლო პროგრამის შედგენა. ინგლისური ენის სწავლების სისუსტეები კი ის გახლდათ, რომ მასალის გაგებაზე არასაკმარისი აქცენტი კეთდებოდა. მოსწავლეები ძალიან პატარები იყვნენ ენის შესწავლისთვის ხოლო პროგრამები არ შეესაბამებოდა მათ მოთხოვნებს, პროგრამაში დიდი მოცულობის მასალა იყო შეტანილი, რაც მასწავლებლებისთვის კარგი წინაპირობა აღმოჩნდა „მოსწალეებისათვის დაღეჭილი მასალის პირში ჩასადებად“. ამასთან ერთად, მასწავლებლებსა და მათ მოსწავლეებზე მეტისმეტი ზეწოლა ხდებოდა, ვინაიდან პროგრამისა და ენის მოთხოვნებიდან გამომდინარე, ინგლისურ ენას სასწავლო პროგრამაში ადგილის დასაკავებლად სხვა ენებთან კონკურენცია უწევდა. სწორედ ამიტომ, არ იცოდნენ მოსწავლეებმა კარგად ენა, მიუხედავად იმისა, რომ მის შესწავლაზე წლებს ხარჯავდნენ. ------------------- ჩანართი 22. 2. ინგლისური ენის სწავლების ძლიერი და სუსტი მხარეები -------------------       კომენტარი: დაწყებითი სკოლის ერთი მასწავლებლის გარდა, დანარჩენმა (დაწყებითი და საშუალო სკოლების) 11 მასწავლებელმა ერთნაირი კომენტარები გააკეთა.       გასაგები იყო, რომ დიდი მოცულობის კლასი (30-50 მოსწავლე) და ინტენსიური პროგრამა მნიშვნელოვან გავლენას ახდენდა სწავლების მეთოდებსა და საკლასო აქტივობების შეზღუდვაზე, რაც უშუალოდ უკავშირდებოდა კონტროლის საკითხსაც (ჩანართი 22. 3). ამ გავლენის შედეგად მასწავლებლები, ძირითადად, დიდაქტიკულ და გრამატიკა-თარგმანის მეთოდებს იყენებდნენ და მხოლოდ მცირე დროს უთმობდნენ - ენის პრაქტიკულ გამოყენებას ან ინგლისურად „აზროვნებას“. სწავლებისას გარკვეული ჯგუფური აქტივობებიც გამოიყენებოდა, მაგრამ ძალზე შეზღუდულად. მასწავლებელი ინგლისურის ასახსნელად ჩინურს იყენებდნენ. ------------------- ჩანართი 22. 3. სწავლების მეთოდები -------------------       კომენტარი: კომენტირებისას ყველა მასწავლებელი ერთსულოვანი იყო, რომელთა მოსაზრებები ორად დაჯგუფდა.       მოსწავლეებს მნიშვნელოვანი წვლილი შეჰქონდათ ინგლისური ენის წარმატებულ თუ წარუმატებელ შესწავლაში (ჩანართი 22. 4). ისინი მორცხვობდნენ, ეშინოდათ შეცდომების დაშვების და სახელის გატეხვის და, საერთოდ, ნაკლებად იყვნენ დაინტერესებულები სწავლით, რადგან სხვა საგნებით იყვნენ გადატვირთულები. ვითარებას ისიც ამწვავებდა, რომ მოსწავლეები ვერ ახერხებდნენ დროის დაგეგმვას. ნეგატიურად უყურებდნენ ინგლისური ენის სახელმძღვანელოებით შესწავლას და თვლიდნენ, რომ ეს საგანი არანაირად არ შეესატყვისებოდა სხვა საგნებს. გარდა ამისა, ძალიან ბევრი სხვა ხელის შემშლელი ფაქტორი არსებობდა და ენის შესწავლის ძალზე მწირი უნარებით ხასიათდებოდნენ; ნაკლებად მოტივირებულები იყვნენ მასალის სწრაფად ათვისებისებით, რადგან იცოდნენ, რომ მათ იგივე კურსის განმეორებით გავლა შეეძლოთ, ინგლისური არ იყო პრიორიტეტული, ამ ენის სწავლისთვის მწირი საფუძველი და უმნიშვნელო მოტივაცია ან დადებითი დამოკიდებულება ჰქონდათ. მოსწავლეებს სწავლის პერიოდში ნაკლებად აძლევდნენ მითითებებს და წახალისებებს, ენის საფუძვლიანად შესწავლის მიმართულებით, რადგან უნივერსიტეტები მხოლოდ ინგლისურის დაბალ სტანდარტს ითხოვნდნენ. ------------------- ჩანართი 22. 4. მოსწავლეებთან დაკავშირებული ფაქტორები -------------------       კომენტარი: ამ შემთხვევაში ძალიან მრავალფეროვანმა კომენტარებმა იჩინა თავი. აქ გარკვეულწილად ეთანხმებოდნენ ერთმანეთს დაწყებითი სკოლის დაბალი კლასის მასწავლებლები. ასევე, თანხმობა იყო დაწყებითი სკოლის მაღალი კლასის მასწავლებლებს შორის. საშუალო სკოლის მაღალი კლასის მასწავლებლებს შორისაც მიღწეულ იქნა შეთანხმება. საშუალო სკოლის დაბალი კლასის მასწავლებლებმა ერთმანეთისგან განსხვავებული მოსაზრებები გამოთქვეს, თუმცა, მასწავლებლების ოთხი ჯგუფი (დაწყებითის დაბალი, დაწყებითის მაღალი, საშუალოს დაბალი და საშუალოს მაღალი კლასები) ერთმანეთისგან განსხვავებულ პოზიციებზე იდგნენ. ინტერვიუს მონაცემების შეჯამება       ინტერვიუს მონაცემებირამდენიმე თვალსაზრისით იყო გასაოცარი. რესპონდენტები მონაცემებს ერთსულოვნად ეთანხმებოდნენ, მაგალითად: აბსოლუტური ერთსულოვნება იყო მე-9 და მე-12 კითხვებზე მიღებულ პასუხებში; საინტერესო და ძალიან საყურადღებო იყო ერთსულოვნება, თუმცა არა აბსოლუტური, მე-11 კითხვაზე; უკვე აღნიშნულთან ერთად, დამატებითი თანხმობა იყო მიღწეული დაწყებითი კლასების მასწავლებლებს შორის მე-11 კითხვაზე; უკვე აღნიშნულის გარდა, ერთსულოვანი, თუმცა არა აბსოლუტურად ერთსულოვანი, იყო დაწყებითი კლასების მასწავლებლების პასუხები მე-6 კითხვაზე.       ასეთი ერთსულოვნება მიღებულ შედეგებს მნიშვნელოვან წონას მატებს, თუმცა, გამოყენებული შერჩევიდან გამომდინარე, მაინც ვერ ვიტყვით, რომ ეს შედეგები ფართო პოპულაციის რეპრეზენტაციულია. მიუხედავად ამისა, თემასთან დაკავშირებული ძირითადი საკითხების კომპეტენტურად მიმოხილვისთვის შეგნებულად შეირჩა გამოცდილი მასწავლებლები. უნდა შეგახსენოთ, რომ მართალია ერთსულოვნება სასარგებლოა, ინტერვიუს მონაცემების მთავარი მიზანი ძირიდი საკითხების გამოვლენა იყო, განურჩევლად იმისა, ყველა იზიარებდა მათ. ის, რომ რესპონდენტები მსგავს თემებზე საუბრობდნენ, შესაძლოა ამ თემების მნიშვნელოვნებაზე მიუთითებდნენ.       გარდა ამისა, თავად დასახელებული საკითხები უამრავ სხვადასხვა სფეროში შეიძლება შეგვხვდეს. ასე რომ, არ არსებობს პრობლემების ან გადაწყვეტილებების ერთი ან მარტივი ნაკრები. აქედან გამომდინარე, ერთსულოვნებას ემატება კონსენსუსი, რომელიც პრობლემების მასშტაბურობის განსაზღვრისას იქნა მიღწეული, თუმცა პრობლემების დიაპაზონი საკმაოდ ფართოა. ცალკე თუ ერთად, კომპლექსურია მაკაოზე (ნახევარკუნძული სამხრეთდასავლეთ ჩინეთში, სადაც კვლევა ჩატარდა) ინგლისური ენის სწავლების, სწავლისა და ამ მიმართულებით მიღწეული წარმატების საკითხები. მეხუთე კლასის მოსწავლეებთან და მათთვის ინგლისურის სწავლება-სწავლასთან დაკავშირებით ყველაფერი ნათელია. პირველი, მოსწავლეები ინგლისურის ყველა ასპექტში ძალიან სუსტები არიან, იქნება, ეს კითხვა, წერა, ლაპარაკი თუ მოსმენა-გაგება, მაგრამ განსაკუთრებით სუსტები არიან ლაპარაკსა და წერაში. მეორე, ინგლისური ენის სწავლაზე ადგილობრივი კულტურული ფაქტორები ახდენენ გავლენას: მოსწავლეებს არ სურთ საზოგადოების წინაშე სახელის გატეხვა (ხოლო ჩინურ კულტურაში მკვეთრად აქცენტირებულია სახელის დამკვირვება და შენარჩუნება); მოსწავლეები მორცხვები არიან და შეცდომების დაშვების ეშინიათ; გამოცდაზე წარმატების მიღწევაზე ზეწოლა უნივერსალური და ძლიერია; ადგილობრივი კულტურა არ არის ინგლისური კულტურა. ის ჩინურია და, სხვა დანარჩენ თანაბარ პირობებში, პორტუგალიური უფროა, ვიდრე ინგლისური, თუმცა ეს უკანასკნელი ძალზე შეზღუდულია. ამჟამად,       ადამიანებს თითქმის არ უწევთ ინგლისურად ლაპარაკი ან მისი გამოყენება.       ზოგ წრეებში ინგლისური კულტურის ცოდნა ინგლისური ენის სწავლის მნიშვნელოვან ელემენტად მიიჩნევა, რაც ამ შერჩევის მასწავლებლებმა უარყვეს. მესამე მნიშვნელოვანი მიგნება ის არის, რომ ინგლისური ენა ინსტრუმენტურად განიხილება, თუმცა, ეს საკითხი შესაფასებელია, რადგან მოსწავლეები სამსახურსაც შოულობდნენ და უნივერსიტეტებშიც აბარებდნენ ინგლისურის ძალიან მწირი ცოდნით. ის ფაქტი, რომ ინგლისური საერთაშორისო ენაა, დიდად არ მოქმედებდა მოსწავლეების მოტივაციასა თუ მიღწევაზე.       და ბოლოს, უხარისხო სწავლება და სწავლა მოსწავლეების სუსტ შესრულებას განაპირობებს: ძირითადი აქცენტი უსასრულო მექანიკურ გამეორებაზე და დამახსოვრებაზე კეთდება; პასიური სწავლება დომინირებს და არა - აქტიური. სწავლება ფაქტების მიწოდებაა და არა - დასწავლისა და გაგების წახალისება და ხელშეწყობა; გამოიყენება ტრადიციული დიდაქტიკური მეთოდები; ეყრდნობიან სწავლებისა და სწავლის ძალიან შეზღუდულ სტილს; ინგლისური ენის მასწავლებლების მხრიდან საგნისა და პედაგოგიური მეთოდოლოგიების შეზღუდული ცოდნა, რასაც მასწავლებლებისთვის ადეკვატური პირველადი და შემდგომი განათლების არარსებობა ართულებს; ხშირად არ არსებობს ინგლისური ენის სწავლებისა და სწავლის უკვე არსებულ საბაზისო ცოდნაზე დაფუძნების პრაქტიკა; მოსწავლეები ინგლისური ენის გაკვეთილებზე იმდენად ხშირად იყნებენ ჩინურს, რომ მათ თითქმის არ აქვთ ინგლისურად აზროვნების შესაძლებლობა: ისინი თარგმნიან ინგლისურად აზროვნების ნაცვლად.       ინტერვიუს მონაცემებიდან შეგვიძლია ვნახოთ, რომ ინგლისური ენის სწავლებისა და სწავლის წინაშე დიდი პრობლემები და საკამათო საკითხები დგას. ამ მაგალითში ცხრილები გულდასმითაა შედგენილი, რათა მსგავსი პასუხები ერთად ყოფილიყო დაჯგუფებული. ეს ცხრილები საშუალებას გაძლევთ, ერთი შეხედვით დაინახოთ, რითი ჰგავს და განსხვდება ერთმანეთისგან რესპონდენტთა ორი ჯგუფი. ყურადღება მიაქციეთ იმასაც, რომ ყოველი ცხირილის შემდეგ შეჯამებულია ძირითადი საკითხები, რომლებზეც მკლევარს მკითხველის ყურადღების მიპყრობა სურს და ეს შეჯამება მოიცავს როგორც კონკრეტული თემის შესახებ კომენტარებს, ისე - ზოგად შენიშნვებს (მაგალითად, მოცემულ მომენტში განსახილველი თემისა და რესპონდენტების ჯგუფებს შორის მსგავსებებისა და განსხვავებების შესახებ). და ბოლოს, ყურადღება მიაქციეთ, რომ „ძირითადი შეტყობინებების“ საბოლოო შეჯამება ყველა ცხრილისა და კომენტარის შემდეგაა წარმოდგენილი. ეს ძალიან შემოკლებული მაგალითია და სრულად არაა წარმოდგენილი ორიგინალურ ნაშრომში მკვლევრის მიერ გამოყენებული მონაცემები. მიუხედავად ამისა, გასაგებად გადმოგეცით და გაჩვენეთ, რომ მონაცემების ცხრილების სახით შეჯამებითა და წარმოდგენით თვისებრივი კვლევის ორი ურთიერთდაკავშირებული საკითხი გადაწყდება: მონაცემების ზუსტად და გულდასმით წარმოდგენით მონაცემების შემცირება და კომენტირება. მონაცემების ანალიზის ორგანიზებისა და წარმოდგენის ხუთი მეთოდი       მონაცემების ანალიზისა და წარდგენის ხუთ მეთოდს გთავაზობთ. მათგან ორი მეთოდი მონაცემების ინდივიდების მიხედვით დალაგებაა, შემდეგი ორი - საკითხების, მეხუთე კი - ინსტრუმენტის მიხედვით.       მაკაოზე ინგლისური ენის სწავლების მაგალითში შეგვიძლია ვნახოთ, რომ მონაცემები, კონკრეტულ კითხვებზე პასუხების სახით, რესპონდენტების მიხედვით იყო დალაგებული და განხილული. ფაქტობრივად, როდესაც რესპონდენტები ერთი და იგივეს ამბობდნენ, მათი პასუხები რესპონდენტების ჯგუფების მიხედვით ორგანიზდებოდა. სტრატიფიცირებულ შერჩევაში რესპონდენტები სხვადასხვა სტრატასადმი მიკუთვნებულობის მიხედვითაც დააჯგუფეს: დაწყებითი სკოლის დაბალი კლასების, დაწყებითი სკოლის მაღალი კლასების, საშუალო სკოლის დაბალი კლასებისა და საშუალო სკოლის მაღალი კლასების მასწავლებლები. ეს თვისებრივი მონაცემების ანალიზის მხოლოდ ერთი გზა - ჯგუფების მიხედვით დალაგებაა. ამ მეთოდის უპირატესობა ისაა, რომ მონაცემები ავტომატურად ჯგუფდება და თემების, ტენდეციების და ა. შ. ერთი შეხედვით დანახვის საშუალებას იძლევა. მართალია, ასეთი მეთოდი მსგავსი პასუხების შეჯამების სასარგებლო მეთოდია, მაგრამ ცალკეული მონაწილის პასუხები სხვადასხვა კატეგორიებსა და ადამიანთა ჯგუფებში ერთიანდება და ასეთი შეჯამებისას იკარგება პასუხების მთლიანობა და თანმიმდევრულობა. გარდა ამისა, ეს მეთოდი ხშირად ერთი ინსტრუმენტით კვლევისას გამოიყენება, წინააღმდეგ შემთხვევაში უზარმაზარი მოცულობის იქნებოდა (მაგალითად, თვისებრივი კითხვარებით, ინტერვიუებითა და დაკვირვებით მიღებული მონაცემების გაერთიანება მძიმე შრომა იქნებოდა). ამიტომ, მკვლევრებს შეიძლება უფრო მეტად გამოადგეთ ამგვარად მონაცემების არა ჯგუფების, არამედ ინსტრუმენტების მიხედვით დალაგება. ეს იყო პირველი მეთოდი.        მონაცემების ანალიზის მეორე მეთოდი ინდივიდების მიხედვით ანალიზია. აქ მოცემული ჯერ ერთი რესპონდენტის პასუხები, შემდეგ მეორის და ა. შ. ამით დაცულია ინდივიდის პასუხების თანმიმდევრულობა და მთლიანობა და პიროვნების ერთიანი სურათის დანახვის საშუალებას იძლევა, რაც შეიძლება მნიშვნელოვანი იყოს მკვლევრისთვის. თუმცა ამ მიდგომას თავისი საფასური აქვს იმ თვალსაზრისით, რომ თუ მკვლევარს მხოლოდ ინდივიდუალური პასუხები არ აინტერესებს, მაშინ მას მოუწევს სხვადასხვა ინდივიდთან წამოჭრილი საკითხების გაერთიანება (ანალიზის მეორე დონე), რათა მოიძიოს ერთნაირი პასუხები, რეაქციების ტენდენციები, შეთანხმება და შეუთანხმებლობა, ერთმანეთს შეადაროს ინდივიდები და მათი პასუხები ანუ შეაჯამოს მონაცემები.       იმ მიდგომებისგან განსხვავებით, რომლებიც ცდილობენ სამართლიანობა გამოიჩინონ კვლევაში ჩართული ადამიანების წინაშე და არ დაარღვიონ ინდივიდების ან ჯგუფების მონაცემების სისრულე, სხვა მიდგომებით ჩატარებული კვლევები, სადაც არ გამოიყენება შემთხვევის შესწავლა, როგორც წესი, მეორე რიგის ანალიზს საჭიროებენ. ეს მონაცემების ადამიანების მიერ წამოჭრილი საკითხების მიხედვით დალაგებას მოიაზრებს და ქვემოთ სწორედ ამ საკითხს განვიხილავთ.       მონაცემების ანალიზის მესამე მეთოდია კონკრეტული საკითხისთვის რელევანტური მონაცემის ერთად წარდგენა. სწორედ ეს მეთოდი გამოიყენეს ინგლისური ენის შესწავლის მაგალითში. მართალია ეს ეკონომიური მეთოდია და რესპონდენტების ურთიერთშედარების საშუალებას იძლევა (მონაცემების ზედმიწევნით და ზუსტად ჩვენებით მონაცემების შემცირების საკითხი, რომელიც ზემოთ განვიხილეთ), აქაც არის ცალკეული რესპონდენტის მთლიანობის, თანმიმდევრულობისა და ინტეგრირებულობის დაკარგვის რისკი.       შეგროვილი მონაცემებიდან საკითხის გამოკვეთას დაზუსტება სჭირდება. მაგალითად, შეიძლება ისე მოხდეს, რომ საკითხი წინასწარ, მონაცემების მოგროვების დაწყებამდე იყოს განსაზღვრული. ამ შემთხვევაში ამ საკითხისთვის შესატყვისი ყველა მონაცემი უბრალოდ ერთ კალათში - მოცემულ საკითხში - მოიყრის თავს. მონაცემების დამუშავების, შეჯამების და გაფორმების ასეთი მიდგომა ეკონომიურია, მაგრამ სამ ძირითად პრობლემას უკავშირდება: შეიძლება დაიკარგოს ინდივიდების ინტეგრირებულობა და მთლიანობა იმდენად, რომ თითქმის შეუძლებელი გახდეს ცალკეული ინდივიდების ერთმანეთთან შედარება. მონაცემები, შესაძლოა, კონტექსტიდან ამოვარდეს (დეკონტექსტუალიზაცია). ეს ორგვარად შეიძლება მოხდეს: პირველი, ამოვარდეს ინტერვიუს ან კითხვარის ბუნებრივი თანმიმდევრობიდან და შინაარსიდან (მაგალითად, ზოგიერთი მონაცემის გასაგებად შეიძლება საჭირო იყოს მისი წინმსწრები კონკრეტული კომენტარის ან კომენტარების ცოდნა) და, მეორე, ამოვარდეს ერთიანი სურათიდან და აღარ ჩანდეს მთლიან ვითარებასთან მისი კავშირი, რადგან ამ მიდგომაში მონაცემები შეიძლება დაიყოს და ამით, მათი ურთიერთკავშირი დაიკარგოს. ვინაიდან ინტერესის სფეროები და სამუშაო ჩარჩო წინასწარაა განსაზღვრული, ანალიზში შეიძლება ვერ გაითვალისწინონ დამატებითი ფაქტორები, რომლებიც მონაცემების საპასუხოდ შეიძლება წარმოიქმნას. ეს მონაცემებთან მაგნიტის მიტანას ჰგავს: მაგნიტი მოცემული საკითხისთვის რელევანტურ მონაცემებს მიიზიდავს, ხოლო დანარჩენს, რასაც არარელევანტურად მიიჩნევს, დაკარგვის საფრთხე ემუქრება. იმ საკითხების გამოკვეთის მიზნით, რომლებიც წინასწარი შერჩევისას გაუთვალისწინებელი დარჩა და მკვლევრისთვის მნიშვნელოვანი და საინტერესოა, გადარჩევის შემდეგ დარჩენილი მონაცემები უნდა გადასინჯოს.       ამრიგად, მკვლევარს არა მარტო წინასწარი კატეგორიზაციის ძლიერი და სუსტი მხარეები უნდა ახსოვდეს (და, შედეგად, დაამატოს კატეგორიები), არამედ ისიც უნდა გადაწყვიტოს, არის თუ არა მნიშვნელოვანი ყველა მონაცების განხილვა, ანუ გადაწყვიტოს, თუ რის მიხედვით აანალიზებს იგი მონაცემებს: ადამიანების/რესპონდენტების თუ საკითხების მიხედვით.       ანალიზის მეოთხე მეთოდია კვლევის შეკითხვების მიხედვით დალაგება. ეს მონაცემების ორგანიზების ძალიან საჭირი მეთოდია, რადგან ის მკვლევრისთვის საინტერესო საკითხის შესახებ ყველა მონაცემს ერთად ალაგებს და მასალის თანმიმდევრულობას ინარჩუნებს. ის მკითხველს კვლევის წამყვან პრობლემებთან აბრუნებს და ამით კვლევის კითხვებთან „კრავს წრეს“, რომლებიც როგორც წესი, კვლევის დასაწყისში ისმება. ამ მიდგომაში მონაცემების სხვადასხვა წყაროდან მიღებული (ინტერვიუები, დაკვირვებები, კითხვარები და ა. შ.) მონაცემები ერთიანდება, რათა კვლევის კითხვას გაერთიანებული პასუხი გაეცეს. როგორც წესი, ეს პროცესი სისტემატიზაციის გარკვეული ხარისხით ხასიათდება, მაგალითად, კვლევის შეკითხვისთვის ჯერ მისთვის განკუთვნილი რიცხობრივი მონაცემები მიეთითება, შემდეგ მათ მოჰყვება თვისებრივი მონაცემები ან პირიქით. ეს სხვადასხვა ტიპის მონაცემებში მოდელების, ურთიერთმიმართებების, შედარებებისა და დასაბუთებების ზუსტად შესწავლის საშუალებას იძლევა.       მონაცემების ორგანიზების მეხუთე მეთოდი მონაცემების ინსტრუმენტის მიხედვით დალაგებაა. ეს მეთოდი, როგორც წესი, სხვა მიდგომასთან ერთად გამოიყენება, მაგალითად, საკითხების ან რესპონდენტების მიხედვით დალაგებასთან ერთად. ამ შემთხვევაში წარმოდგენილია თითოეული ინსტრუმენტით მიღებული შედეგები, მაგალითად, მოცემულია ინტერვიუთი მიღებული ყველა მონაცემი, შემდეგ განხილული არის კითხვარებით მოპოვებული მონაცემები, შემდეგ - დოკუმენტებიდან ამოღებული მონაცემები და საველე ჩანაწერები და ა. შ. მართალია ეს მიდგომა მკითხველს იმის ნათლად დანახვის საშუალებას აძლევს, თუ რომელი ინსტრუმენტით იქნა მიღებული ესა თუ ის მონაცემი, ისიც უნდა გვახსოვდეს, რომ ინსტრუმენტი ხშირად მხოლოდ მიზნის მიღწევის საშუალებაა და მონაცემების შემდგომი დამუშავება პასუხების შინაარსის (საკითხებისა და ადამიანების მიხედვით) ანალიზს საჭიროებს. მაშასადამე, თუ კონკრეტული მონაცემის მიღების ამა თუ იმ კონკრეტული ინსტრუმენტის ცოდნა მნიშვნელოვანია, მაშინ ეს ღირებული მეთოდია; თუმცა, თუ ეს უმნიშვნელოა, მაშინ ეს მონაცემებისთვის ანალიზის უსარგებლო დონის დამატება იქნება. ამასთან, თუ მონაცემები ინსტრუმენტების მიხედვითაა განხილული და არა - შეჯამებულად, მათ შორის შეიძლება კავშირი დაიკარგოს.       თვისებრივი მონაცემების ანალიზისას ძირითადი სირთულე ანალიზის კონტრასტული - ჰოლისტური და ატომისტური ( ფრაგმენტული) - მიდგომების გამოყენებას შეიძლება დაუკავშირდეს. მაკაუზე ინგლისური ენის სწავლება აშკარად ატომისტური ანალიზის მაგალითია, რომელშიც მასალა მცირე ზომის ერთეულებად ნაწევრდება. შეგვიძლია ვამტკიცოთ, რომ ამით ირღვევა რესპონდენტების მოსაზრებების მთლიანობა და ამაში ნამდვილად არის სიმართლის მარცვალი, თუმცა, ისიც უნდა ვიკითხოთ, პრობლემაა ეს თუ არა. სექციებად დაყოფისა და ფრაგმენტაციის შედეგად ანალიზი უფრო მარტივი წასაკითხი ხდება. მეორე მხრივ, თვისებრივი მონაცემების ჰოლისტური მიდგომებს ინდივიდებისა და ჯგუფების მთლიანობის ასახვა ენდომებათ, რამაც უფრო ნარატიული ფორმის, ანგარიშამდე შეიძლება მიგვიყვანოს, სადაც, ნარატივის მსგავსად, ძირითადი საკითხები თანდათანობით იკვეთება! არც ერთი მიდგომა არ არის მეორეზე უკეთესი. მკვლევრებმა თავიანთი მიზნებისა და სავარაუდო აუდიტორიის გათვალისწინებით უნდა გადაწყვიტონ, თუ როგორ დაამუშაონ მონაცემები. მონაცემების ანალიზისადმი სისტემური მიდგომა       მონაცემების ანალიზი შეიძლება ძალიან სისტემატური იყოს. ბეკერი და გირი (Becker and Geer 1960) აღწერენ, თუ როგორ უნდა განხორციელდეს ასეთი სისტემატურობა: სხვადასხვა ჯგუფების ერთმანეთთან ერთდროულად და დროში შედარება; ინტერვიუში მოცემული პასუხების დაკვირვებად ქცევასთან შედარება; დევიაციური და ნეგატიური შემთხვევების ანალიზი; ხდომილობებისა და პასუხების სიხშირეების დათვლა; საკმარისი მონაცემების თავმოყრა და მიწოდება, რაც ერთმანეთისგან მიჯნავს ნედლ მონაცემებს და ანალიზს.       თვისებრივი მონაცემების ანალიზი აქ პრაქტიკულად გარდაუვლად ინტერპრეტაციულია, ამიტომ ის ზუსტი რეპრეზენტაცია კი არაა (როგორც რაოდენობრივ, პოზიტივისტურ ტრადიციაში), არამედ უფრო რეფლექსიური, რეაქტიული ინტერაქციაა მკვლევარსა და კონტექსტიდან მოწყვეტილ მონაცემების შორის, რომლებიც, თავისთავად, უკვე სოციალური ურთიერთობის ინტერპრეტაციებია. ფაქტობრივად, რეფლექსიურობა თვისებრივი მონაცემების ანალიზის მნიშვნელოვანი მახასიათებელია, რომელზეც ცალკე ვისაუბრეთ (თავი 7). აქ საქმე ისაა, რომ მკვლევარს მონაცემებში შეაქვს საკუთარი წინასწარი განწყობები, ინტერესები, მიკერძოებები, პრიორიტეტები, ბიოგრაფია, გამოცდილება და გეგმები. როგორც უოლფორდი (2001: 98) წერს: „ყველა კვლევა საკუთარი თავის კვლევაა“. პრაქტიკული თვალსაზრისით ეს ნიშნავს, რომ მკვლევარი შეიძლება სელექციური იყოს ფოკუსის არჩევისას, ან კვლევაზე შეიძლება გავლენა მოახდინოს მკვლევრის სუბიექტურმა მახასიათებლებმა. რობსონი (1993: 374 – 5) და ლინკოლნი და გუბა (1985: 354 - 5) მიუთითებენ, რომ ამაში შეიძლება შედიოდეს: მონაცემებით გადატვირთვა (ადამიანებმა შეიძლება ვერ შეძლონ დიდი რაოდენობის მონაცემების დამუშავება); პირველი შთაბეჭდილებები (მონაცემების ადრეულმა ანალიზმა შეიძლება იმოქმედოს შემდგომში მონაცემების შეგროვებასა და ანალიზზე); ადამიანების ხელმისაწვდომობა (მაგალითად, რამდენად რეპრეზენტაციულები არიან ისინი და როგორ გავიგოთ, მნიშვნელოვანია თუ არა ის ადამიანები ან მონაცემები, რომლებიც გვაკლია); ინფორმაციის ხელმისაწვდომობა (იოლად ხელმისაწვდომ ინფორმაციას შეიძლება მეტი ყურადღება მიექცეს, ვიდრე - ძნელად მოსაპოვებელს); პოზიტიური მაგალითები (მკვლევარმა შეიძლება გადაჭარბებულად გამოკვეთოს დამადასტურებელი და დააკნინოს საპირისპირო მონაცემები); შინაგანი შეთანხმებულობა (უჩვეულო, მოულოდნელ ან ახალ მონაცემებს შეიძლება არასაკმარისი ყურადღება მიიქციონ); არათანაბარი სანდოობა (მკვლევარს შეიძლება მხედველობიდან გამორჩეს ის ფაქტი, რომ ზოგიერთი წყარო უფრო სანდოა, ვიდრე - სხვები); გამოტოვებული მონაცემები (საკითხები, რომელთათვისაც არ აქვთ სრული მონაცემები, შეიძლება უყურადღებოდ დარჩეს ან უარყოფილ იქნას); ჰიპოთეზების გადასინჯვა (მკვლევარმა შეიძლება ზედმეტი ან, პირიქით, არასაკმარისი ყურადღება გამოიჩინოს ახალი მონაცემების მიმართ); შეფასებებში დარწმუნებულობა (მკვლევრები შეიძლება უფრო მეტად იყვნენ დარწმუნებულები თავიანთ საბოლოო შეფასებებში, ვიდრე - გამართლებულია); მოვლენების ერთდროულად განხორციელებამ შეიძლება შეცდომაში შეიყვანოს მკვლევარი და ეს მათ შორის ასოციაციად მიიჩნიოს; არაკონსისტენტობა (იგივე მონაცემების შემდგომმა ანალიზმა შეიძლება სხვა შედეგები მოგვცეს). ამის ნათელი მაგალითის ნახვა შეიძლება ბენეტთან (Bennett 1976) და აიტკინთან და მის კოლეგებთან (Aitkin et al. 1981).       აქ მნიშვნელოვანია, რომ მკვლევარმა დიდი სიფრთხილე და წინდახედულება შეიძლება გამოიჩინოს თვისებრივი მონაცემების ანალიზისას, ვინაიდან ანალიზი და მიღებული შედეგები მკვლევარზე უფრო მეტს ამბობდეს, ვიდრე მონაცემებზე. მაგალითად, მკვლევარი ადგენს კოდებსა და ანალიზის კატეგორიებს, იქნება ეს წინასწარ დაგეგმილი თუ რეაქციური კვლევა (ანუ, მკვლევარი კოდებსა და ანალიზის კატეგორიებს კვლევის დაწყებამდე განსაზღვრავს თუ მიღებული მონაცემების ანალიზის შედეგად). სწორედ მკვლევრის გეგმა მართავს კვლევას და მკვლევრი ირჩევს მეთოდოლოგიას.       მონაცემების ანალიზის პროცესში მკვლევარს მოუწევს მონაცემებთან დაკავშირებით ჰქოდეს იდეები, ახალი მიგნებები, კომენტარები და რეფლექსიები. ეს ყველაფერი შეიძლება ჩაიწეროს, მონიშვნა? და, ფაქტობრივად, რეფლექსიის პროცესში თავად იქცეს მონაცემებად (თუმცა, ეს მონაცემები უნდა გამიჯნოს მონაწილეებისგან მიღებული პირველადი მონაცემებისგან). გლასერისა (1978) და რობსონის (1993: 387) მტკიცებით, ასეთი ჩანიშვნები მონაცემები არ არის, მაგრამ მონაცემების ანალიზის პროცესში დამხმარე ფუნქციას ასრულებენ. ეს საკამათოა: თუ რეფლექსიურობა მონაცემთა ანალიზის პროცესის ნაწილია, მაშინ, მკვლევრის ჩანიშვნები მონაცემთა ანალიზის ან მიმოხილვის ლეგიტიმური მეორადი მონაცემები შეიძლება იყოს. თვისებრივი მონაცემების ანალიზისთვის (განხილულია ქვემოთ) განკუთვნილი ბევრი პროგრამული პაკეტი არა მარტო მკვლევრის მიერ ასეთი ჩანიშვნების გაკეთების, არამედ - ამ ჩანიშვნის კონკრეტულ მონაცემთან დაკავშირების საშუალებასაც იძლევა. მკვლევრის ჩანიშვნების ერთი უნივერსალური სწორი ფორმატი არ არსებობს. მასში შეიძლება შედიოდეს მონაცემების შესახებ სუბიექტური მოსაზრებები, იდეები, თეორიები, რეფლექსიები, კომენტარები, მოსაზრებები, პიროვნული რეაქციები, მოსაზრებები სამომავლო და ახალი მიმართულებით კვლევისთვის, მოგონებები, დაკვირვებები, შეფასებები, მსჯელობები, კრიტიკა, დასკვნები, ახსნები, განხილვები, შედეგები, სპეკულაციები, პროგნოზები, ვარაუდები, კავშირები, მიმართებები კოდებსა და კატეგორიებს შორის, ახალი მიგნებები და ა. შ. ასეთი ჩანიშვნებით წარსულის, აწმყოსა და მომავლის ასახავა შეიძლება და, აქედან გამომდინარე, შეიძლება მიზეზ-შედეგობრიობის გამოკვლევის დასაწყისი იყოს. არ არსებობს მოთხოვნილი მინიმალური ან მაქსიმალური სიგრძე, თუმცა სამახსოვროების დათარიღება აუცილებელია არა მარტო იმიტომ, რომ ადვილად მისათითებელი იყოს, არამედ იმიტომაც, რომ როგორც მკვლევრის, ისე - კვლევის დინამიკა აღინუსხოს და დაფიქსირდეს.       ჩანიშვნები მონაცემებზე რეფლექსიის მნიშვნელოვანი ნაწილია და მონაცემების მოგროვებისთვის, ანალიზისთვის და თეორეტიზირების პროცესებისთვის საკმაოდ მრავლისმთქმელი შეიძლება იყოს. ისინი მაშინ უნდა ჩაიწეროს, როდესაც მკვლევარი მათ მნიშვნელოვნად მიიჩნევს - ანალიზის დროს ან მისი დასრულების შემდეგ. მათი დაწერა ნებისმიერ დროს შეიძლება. ფაქტობრივად, ზოგ მკვლევარს შეგნებულად ყველგან დააქვს თან უბის წიგნაკი და კალამი და იდეების გაჩენის შემთხვევაში, მაშინვე შეუძლია ჩაიწეროს, სანამ დაავიწყდება.       მონაცემების ანალიზისას ძირითადი სირთულე თავს იჩენს მონაცემების - ტექსტის ჰოლისტურობის განცდის შენარჩუნებასა და ანალიზისთვის მონაცემების ატომიზაციისა და ფრაგმენტაციის - მათ შემადგენელ ელემენტებად დაშლის და ამით მთლიანის სინერგიის დაკარგვის - ტენდენციას შორის და ხშირად მთლიანი უფრო მეტია, ვიდრე მისი შემადგენელი ელემენტების მექანიკური ჯამი. ანალიზში რამდენიმე ეტაპი გამოიყოფა, მაგალითად: მნიშვნელობის ბუნებრივი ერთეულების გენერირება; მნიშვნელობის ამ ერთეულების კლასიფიცირება, კატეგორიზება და მოწესრიგება; შინაარსის აღსაწერად მონათხრობების სტრუქტურირება; მონაცემების ინტერპრეტაცია.       ეს შედარებით გამსხვილებული ეტაპებია. მაილსი და ჰაბერმანი (1994) ტრანსკრიპტის მონაცემებიდან მნიშვნელობის ჩამოყალიბების თორმეტ ტაქტიკას გვთავაზობენ, ესენია: ხდომილობის სიხშირეების დათვლა (მაგალითად, იდეების, თემების, მონაცემთა ნაწილების, სიტყვების); ტენდენციების და თემების (გეშტალტების) აღმოჩენა, რომლებიც შეიძლება გამეორებული თემებიდან და მიზეზებიდან, ან ახსნებიდან მომდინარეობდეს; დამაჯერებლობის დანახვა: მონაცემებისთვის მართებული მნიშვნელობის მინიჭება, დასკვნის გამოსატანად ინფორმაციაზე დაფუძნებული ინტუიციის გამოყენება; კლასტერებად გაერთიანება: დებულებების კატეგორიებში, ტიპებში, ქცევებსა და კლასიფიკაციებში გაერთიანება; მეტაფორები: ფიგურალური და კონოტაციური მეტყველების გამოყენება და არა - პირდაპირი და დენოტაციურის, მონაცემებისთვის სიცოცხლის შთაბერვა და, ამგვარად, მონაცემების შემცირება, ტენდენციების გამოკვეთა და მონაცემების თეორიასთან დაკავშირება; იდეების დასამუშავებლად, ერთმანეთისგან გასამიჯნად და „გასახსნელად“ ცვლადების დანაწევრება, ესე იგი, მონაცემების ინტეგრაციისა და ერთმანეთში აღრევის საწინააღმდეგოდ ქმედება; კერძოს ზოგადისთვის დაქვემდებარება გლასერის „მუდმივი შედარების“ (1978) ცნების მსგავსად; (იხ. თავი 23) - ძირითადი ცნებების დაზუსტებაზე გადასვლა; ფაქტორების გამოყოფა: დიდი რაოდენობის ცვლადების უფრო მცირე რაოდენობის, (ხშირად) არადაკვირვებად ჰიპოთეტურ ცვლადებში გაერთიანება; ცვლადებს შორის მიმართებების გამოვლენა და აღნიშვნა; შუალედური ცვლადების აღმოჩენა: სხვა ცვლადების ძებნა, რომლებიც, როგორც ჩანს, „გზაზე ეღობებიან“, „ხელს უშლიან“ მკვლევრის მოლოდინით, ცვლადებს შორის არსებული კავშირის ახსნას; ემპირიული მტკიცებულების ლოგიკური ჯაჭვის აგება: მიზეზ-შედეგობრობის აღნიშვნა და დასკვნების გაკეთება; კონცეპტუალური (თეორიული) თანმიმდევრულობის უზრუნველოყოფდა: მეტაფორებიდან კონსტრუქტებზე, ფენომენების ამხსნელ თეორიებზე გადანაცვლება.       ამ პროცესს, მართალია, პოზიტივისტური ელფერი აქვს, მაგრამ მონაცემების ანალიზისას კერძოდან ზოგადზე გადასვლის ეფექტუერი გზაა. მაილსისა და ჰაბერმანის (1994) შემოთავაზებები მონაცემთა კოდირებას უკავშირდება, რაც (კოდირება) თავის მხრივ, ნაწილობრივ თვისებრივი მონაცემებისთვის დამახასიათებელი ჭარბი მონაცემების შემცირების საშუალებას წარმოადგენს. მაილსი და ჰაბერმანი (1994) თვლიან, რომ კოდირების მეშვეობით ანალიზი ორივეგან - სფეროს ფარგლებში და სფეროებს შორის - შეიძლება განხორციელდეს და შესაძლებელი გახადოს მიზეზ-შედეგობრივი კავშირების, ქსელებისა და მატრიცების დადგენა. ავტორები ამ ყველაფერს იმ საკითხის გადაჭრად მიიჩნევენ, რასაც ჭარბი მონაცემების შემცირება წარმოადგენს.       კონტენტ ანალიზი კითხვასა და განსჯას მოიცავს. ბრენერი და მისი კოლეგები (1985) ღია კითხვებით შეგროვილი მონაცემების კონტენტ ანალიზის რამდენიმე ეტაპს გამოყოფენ: ბრიფინგი: პრობლემისა და მისი კონტექსტის დეტალურად გაგება-გააზრება; შერჩევა: ადამიანების შერჩევა, საჭირო შერჩევის ტიპის ჩათვლით (იხ. თავი 4); დაკავშირება: სხვა უკვე შესრულებულ კვლევასთან დაკავშირება; ჰიპოთეზის ჩამოყალიბება; ჰიპოთეზის შემოწმება; ჩაღრმავება: შეგროვილ მონაცემებში ჩაღრმავება ყველა მინიშნების მოსაკრებად: კატეგორიზირება: კატეგორიები და მათი დასახელებები კვლევის მიზნებს უნდა ასახავდნენ, ისინი ამომწურავი და ურთიერთგამომრიცხავი უნდა იყვნენ; ინკუბაცია: მაგალითად, მონაცემების გააზრება და ინტერპრეტაციებისა და მნიშვნელობების ჩამოყალიბება; სინთეზი: კოდირების ლოგიკური საფუძვლების მიმოხილვა და გამოკვეთილი ტენდენციებისა და თემების იდენტიფიცირება; დახარისხება: მონაცემების შემჭიდროვება, ამოკლება და ხელახალი ინტერპრეტაციაც კი ისე, რომ შესაძლებელი იყოს მათი ნათლად და გასაგებად დაწერა; ინტერპრეტაცია: მონაცემებისთვის აზრის მინიჭება; დაწერა: ხდომილობის ნათლად ახსნა; გრძნობების მიმართულებასა და ინტენციებზე მითითება; გაცნობიერება იმისა, თუ რა ითქვა და რა არა - დუმილის ეპიზოდები; დუმილის შემთხვევებზე მითითება (მკითხველებისთვის და რესპონდენტებისთვის). ხელახალი გააზრება.       კონტენტ ანალიზი 23-ე თავში უფრო სრულადაა განხილული. ბრენერისა და მისი კოლეგების (1985: 144) აზრით, ამ პროცესის დროს რამდენიმე ფაქტორის გათვალისწინებაა საჭირო. ეს ფაქტორებია: კვლევის შეჯამების სრულად გააზრება; კვლევის პროექტთან შესატყვისობის შეფასება; მკვლევრის პირადი გამოცდილების კვლევის პრობლემასთან დაკავშირება, მანიშნებლების საკუთარ წარსულ გამოცდილებაში მოძიება; შემოწმებადი ჰიპოთეზების ფორმირება, რომელიც კონტენტ ანალიზის საფუძველს შექმნის (ბრენერი და მისი კოლეგები (1985) ამას „ცნებების რვეულს“ უწოდებენ); ჰიპოთეზების შემოწმება ინტერვიუს ჩატარებითა და ანალიზით; მთელი კვლევის განმავლობაში მონაცემების ფარგლებში დარჩენა; „ცნებების რვეულში“ მონაცემების კატეგორიზება, სახელწოდებებისა და კოდების შექმნა; მონაცემების გაფორმებამდე მონაცემების გააზრება; „ცნებების რვეულში“ მონაცემების სინთეზია და ცნებების მოძიება; მონაცემების შემჭიდროვება: სელექციურობა მნიშვნელოვანია, ვინაიდან ყველაფრის დაწერა მომხდარის შესახებ შეუძლებელია; მონაცემების ინტერპრეტაცია, მათი მნიშვნელობებისა და შედეგების იდენტიფიცირება; ანგარიშის დაწერა; ხელახალი გააზრება და დაწერა: მიღწეულია თუ არა კვლევის მიზნები?       ჰიჩნერი (1985) გვთავაზობს პროცედურას, რომელიც ინტერვიუს მონაცემების ფენომენოლოგიური ანალიზისას შეგვიძლია გამოვიყენოთ. პირველ თავში ვნახეთ, რომ ფენომენოლოგისტები უშუალო გამოცდილების შესწავლის მომხრენი არიან და ქცევას გამოცდილებით განპირობებულად მიიჩნევენ და არა - გარეგანი, ობიექტური და ფიზიკურად აღწერილი რეალობით. ჰიჩნერი (1985) მიუთითებს, რომ ფენომენოლოგისტებს ზედმეტი კონკრეტიკის ეშინიათ და ამიტომ, თავს არიდებენ კვლევის მეთოდის ეტაპებზე გადაჭარბებულ ფოკუსირებას. თუმცა, უნდა ითქვას, რომ ჰიჩნერი მონაცემების ანალიზის ისეთ ეტაპებს გვთავაზობს, რომელიც ამცირებს ამ შიშს. როგორც იგი თავად ხსნის, მისი მითითებები „ფსიქოლოგიის სპეციალობის მაგისტრატურის სტუდენტებისთვის ფენომენოლოგიური კვლევის სწავლების წლების მანძილზე დაგროვილ გამოცდილებას ემყარება და ცდილობს, ზუსტი იყოს ინტერვიუს მონაცემებთან და ამავდროულად კონკრეტულ მითითებებსაც იძლეოდეს“ (Hycner 1985). საბოლოო ჯამში, ჰიჩნერისეული მითითებები ასეთია: ტრანსკრიპტის მომზადება: ინტერვიუს ჩანაწერის ტრანსკრიპტის მომზადება; არა მარტო პირდაპირ, ღია ნათქვამებზე, არამედ, არავერბალურ და პარალინგვისტურ კომუნიკაციაზე რეაგირება. ფრჩხილებში ჩასმა და ფენომენოლოგიური შემცირება: ეს ნიშნავს „შეძლებისდაგვარად ბევრი მკვლევრისეული მნიშვნელობისა და ინტერპრეტაციის შეჩერებას (ფრჩხილებში ჩასმას) და უნიკალური რესპონდენტის სამყაროში შესვლას“ (Hycner 1985). ამგვარად, მკვლევარი თავად რესპონდენტის მიერ ნათქვამის გაგებას ცდილობს და არა იმის, რის თქმასაც იგი თავად მოელის ამ ადამიანისგან. ინტერვიუს მოსმენა მთლიანობის განცდის შესაქმნელად: აქ მთელი ჩანაწერის რამდენჯერმე მოსმენა და ტრანსკრიპტის რამდენჯერმე გადაკითხვა მოიაზრება, რაც შემდგომში, მნიშვნელობების კონკრეტული ერთეულებისა და თემების გამოვლენისთვის შექმნის კონტექსტს. ზოგადი მნიშვნელობის ერთეულების აღწერა: აქ მოიაზრება მონაწილის მიერ ნაგულისხმევი მნიშვნელობის გასაგებად ვერბალური და არავერბალური ჟესტების ზედმიწევნით შესწავლა. „ეს მონაწილის ნათქვამის კრისტალიზაცია და განხილვაა და ამ დროს ისევ, რაც შეიძლება, ბევრ სიტყვა-სიტყვით ნათქვამს ვიყენებთ“ (Hycner 1985). კვლევის კითხვის შესატყვისი მნიშვნელობის ერთეულების აღწერა: ზოგადი მნიშვნელობის ერთეულების გამოკვეთის შემდეგ, ხდება მათი დაყვანა კვლევის კითხვისთვის შესატყვისი მნიშვნელობის ერთეულებზე. შესატყვისი მნიშვნელობის ერთეულების შესამოწმებლად დამოუკიდებელი შემფასებლების გამოყენება: მიღებული შედეგები სხვა მკვლევრების გამოყენებით შეიძლება შემოწმდეს, რომლებიც ზემოთ აღწერილ პროცედურას განხორცილებენ. ამ ტიპის კვლევაში კარგად გავარჯიშებულ მაგისტრანტებთან მუშაობის ჰიჩნერის პირადი გამოცდილება აჩვენებს, რომ ასეთ შედეგებს შორის იშვიათად არის ხოლმე მნიშვნელოვანი განსხვავება. ზედმეტი მასალის ამოკლება: ამ ეტაპზე მკვლევარი ამოწმებს შესატყვისი მნიშვნელობების ნუსხეას და ამოშლის იმ პუნქტებს, რომლებიც აშკარად ზედმეტია სხვების ნუსხებთან შედარებით. შესატყვისი მნიშვნელობების მქონე ერთეულების კლასტერებად დაჯგუფება: ამ ეტაპზე მკვლევარი ცდილობს განსაზღვროს, შესატყვისი მნიშვნელობის რომელიმე ერთეულები ბუნებრივად თუ ჯგუფდება ერთად. არის თუ არა ეს საერთო თემა, რომელიც შესატყვისი მნიშვნელობის რამდენიმე ერთეულს აერთიანებს. მნიშვნელობის კლასტერებიდან თემების დადგენა: მკვლევარი შეისწავლის მნიშვნელობის ყველა კლასტერს და ცდილობს, გაარკვიოს, არსებობს თუ არა ერთი (ან მეტი) ცენტრალური თემა (თემები), რომელიც ამ კლასტერების არსს ასახავს. ყოველი ინტერვიუს შეჯამების დაწერა: ჰიჩნერი თვლის, რომ ამ ეტაპზე სასარგებლოა ინტერვიუს ტრანსკრიპტთან მიბრუნება და ინტერვიუს შეჯამების დაწერა, რომელშიც მონაცემებიდან ამოღებული თემები იქნება ჩართული. განმეორებითი შეხვედრა მონაწილესთან, შეჯამებისა და თემების გაცნობა - მეორე ინტერვიუს ჩატარება: გადამოწმება იმისა, თუ რამდენად სწორად ჩაწვდა მკვლევარი პირველი ინტერვიუს არსს. თემებისა და შეჯამების მოდიფიცირება: მეორე ინტერვიუს დროს მიღებული ახალი მონაცემების გათვალისწინებით, მკვლევარი მთლიანობაში უყურებს მონაცემებს და, საჭიროების შემთხვევაში, ცვლის ან ამატებს თემებს. ყველა ინტერვიუსთვის ზოგადი და უნიკალური თემების იდენტიფიცირება: ახლა მკველვარი ყველა, ან თითქმის ყველა ინტერვიუსთვის საერთო თემებს და ინდივიდუალურ ვარიაციებს ეძებს. ამ პროცესში პირველი ნაბიჯია ყველა, ან თითქმის ყველა ინტერვიუსთვის საერთო თემების გამოვლენა. მეორე ნაბიჯია იმის ნახვა, თუ როდის ხვდება თემები მხოლოდ ერთ ინტერვიუში ან ინტერვიუების უმცირესობაში. თემების კონტექსტუალიზაცია: აქ სასარგებლოა თემების იმ ზოგად კონტექსტში და არეში დაბრუნება, საიდანაც წარმოიქმნა ისინი; ერთიანი შეჯამება: ჰიჩნერი (1985) სასარგებლოდ მიიჩნევს ყველა ინტერვიუს ერთიანი შეჯამების დაწერას, რომელშიც ზედმიწევნით იქნება გადმოცემული საკვლევი ფენომენის არსი. „ასეთი ერთიანი შეჯამება აღწერს ზოგადად „სამყაროს“ ისე, როგორც მას მონაწილეები ხედავენ. ასეთი შეჯამების დასასრულს მკვლევარმა, შესაძლოა, მნიშვნელოვანი ინდივიდუალური განსხვავებების აღნიშვნაც მოისურვოს“ (Hycner 1985). თვისებრივი მონაცემების ანალიზის მეთოდოლოგიური ინსტრუმენტები       თვისებრივი მონაცემების ანალიზის რამდენიმე პროცედურული ინსტრუმენტი არსებობს. ლეკომტი და პრეისლი (1993: 253) ანალიტიკურ ინდუქციას, მუდმივ შედარებას, ტიპოლოგიურ ანალიზსა და დათვლას იმ ღირებულ ტექნიკებად მიიჩნევენ, რომლებიც თვისებრივმა მკვლევარმა მონაცემების ანალიზისა და თეორიის ჩამოყალიბებისათვის შეიძლება გამოიყენოს. ანალიტიკური ინდუქცია       ანალიტიკური ინდუქცია არის ტერმინი და პროცესი, რომელიც ზნანიეცკიმ (Znaniecki 1934) მონაცემების ანალიზის სტატისტიკური მეთოდების საწინაღმდეგოდ შექმნა. ლეკომტისა და პრეისლის (1993: 254) აზრით, ეს პროცესი ზემოთ წარმოდგენილ რამდენიმე ეტაპს წააგავს იმით, რომ მასშიც ხდება ფენომენების კატეგორიების შესაქმნელად მონაცემების ყურადღებით განხილვა, ამ კატეგორიებს შორის მიმართებების ძიება და ტიპოლოგიების შემუშავება. შეჯამება კი შესწავლილი მონაცემების საფუძველზე იწერება. მიღებული შედეგი შემდეგ იხვეწება შემთხვევებისა და ანალიზის დამატებით, მიზანმიმართულად ხდება უარყოფითი და განსხვავებული შემთხვევების მოძიება საწყისი მოსაზრების ან თეორიის შეცვლის, გაფართოების ან შეზღუდვის მიზნით. დენზინი (1970ბ: 192) ტერმინს „ანალიტიკური ინდუქცია“ დაკვირვების ფართო სტრატეგიის აღსაწერად იყენებს, რომელიც შემდეგნაირად წარმოებს: ასახსნელი ფენომენის ზოგადი შტრიხებით განსაზღვრა; ასახსნელი ფენომენის ჰიპოთეტური ახსნა; ჰიპოთეზის ჭრილში შეისწავლება ერთი შემთხვევა, რაც მიზნად ისახავს იმის განსაზღვრას, თუ რამდენად ერგება ჰიპოთეზა ამ შემთხვევაში მოცემულ ფაქტებს; თუ ჰიპოთეზა არ შეესაბამება ფაქტებს, მაშინ ან ჰიპოთეზის ხელახლა ფორმულირება ხდება, ან შესასწავლი ფენომენი ხელახლა განისაზღვრება ისე, რომ მათ შორის შეუსაბამობა გამოირიცხოს; პრაქტიკული დასაბუთება მცირე რაოდენობის შემთხვევების შესწავლითაა შესაძლებელი, თუმცა უარყოფითი შემთხვევების აღმოჩენა უარყოფს ახსნას და ისევ ხელახლა ფორმულირებას მოითხოვს; შემთხვევების შესწავლის, ფენომენის ხელახლა განსაზღვრის და ჰიპოთეზის ხელახლა ჩამოყალიბების ეს პროცესი მანამდე გრძელდება, ვიდრე უნივარსალური ურთიერთმიმართება არ დადგინდება. ასევე, საჭიროა თითოეული ნეგატიური შემთხვევის ხელახალა ფორმულირების ხელახლა განმარტება.       ბოგდანი და ბიკლენი (1992: 72) საწინაღმდეგო, განსხვავებული შემთხვევების უფრო მეტად მიზანმიმართულად ძიებას ემხრობიან და ანალიტიკური ინდუქციის ხუთ ძირითად ელემენტს გამოყოფენ: კვლევის ადრეულ ეტაპებზე კონკრეტული ფენომენის სქემატური განსაზღვრება და ახსნა; ეს განსაზღვრება და ახსნა კვლევის პროცესში მოგროვილი მონაცემების ჭრილშია შესწავლილი; საჭიროების შემთხვევაში, ახალი მონაცემების ფონზე (მაგალითად, თუ მონაცემები არ ერგება ახსნას ან განსაზღვრებას), ფორმულირებული განსაზღვრების და/ან ახსნის ცვლილება; ისეთი შემთხვევების შეგნებულად აღმოჩენა, რომლებიც შეიძლება ახსნას ან განსაზღვრებას არ შეესაბამებოდეს; ხელახალი განსაზღვრებისა და ხელახლა ფორმულირების პროცესის გამეორება, მანადმე, ვიდრე ისეთი ახსნა არ მიიღება, რომელიც ყველა მონაცემს მოიცავს და მანამდე, ვიდრე განზოგადებული ურთიერთიმიმართება არ დადგინდება, რომელიც ნეგატიურ შემთხვევებსაც მოიცავს. მუდმივი შედარება       მუდმივი შედარებისას მკვლევარი ახლად მიღებულ მონაცემებს უკვე არსებულ მონაცემებს და შექმნილ, განვითარებად კატეგორიებსა და თეორიებს ადარებს, რათა ისინი იდეალურად მოარგოს ერთმანეთს. ლოგიკურია, რომ ნეგატიურ შემთხვევებს ან მონაცემებს, რომლებიც ეჭვქვეშ აყენებენ არსებულ კატეგორიებსა და თეორიებს, მათი ცვლილება მოჰყვება და ეს მანამდე გაგრძელდება, ვიდრე ყველა მონაცემს სრულად არ მოიცავენ. ამ ტექნიკაზე უფრო სრულად 23-ე თავში ვისაუბრებთ, ვინაიდან ეს თვისებრივი ანალიზის ძირითად მახასიათებელს წარმოადგენს. ტიპოლოგიური ანალიზი       ტიპოლოგიური ანალიზი, თავისი არსით, კლასიფიკაციის პროცესია (LeCompte and Preissle 1993: 257), როდესაც მონაცემები გარკვეული ზუსტი კრიტერიუმის საფუძველზე (მაგალითად, აქტები, ქცევა, მნიშვნელობები, მონაწილეობის ბუნება, ურთიერთობები, გარემოები, აქტივობები) ჯგუფებად, ქვესიმრავლეებად ან კატეგორიებად ერთიანდება. ეს მეორადი კოდირების პროცესია (Miles and Huberman 1984), როდესაც აღწერითი კოდები ქვესიმრავლეებში ერთიანდება. ტიპოლოგიები ფენომენების ერთობლიობაა, რომლებშიც უფრო ზოგადი ერთობლიობის ან კატეგორიის ქვეერთობლიობებია წარმოდგენილი (Lofland 1970). ლაზარფელდისა და ბარტონის (1951) მოსაზრებით, ტიპოლოგიის შექმნა შესაძლებელია ძირითადი განზომილების, ანუ, ძირითადი მახასიათებლის მიხედვით. ლოუფლენდი (1970) თვლის, რომ ტიპოლოგიების შექმნისას მკვლევარმა მიზანმიმართულად უნდა გააერთიანოს ყველა ის მონაცემი, რომელიც მონაწილის მიერ კონკრეტული საკითხის განხილვას ასახავს, ანუ, დააფიქსიროს რა სახის სტრატეგიებს იყენებს; ერთმანეთისგან გამოყოს და გამიჯნოს განსხვავებული სტრატეგიები; მოახდინოს მათი ერთობლიობებად და ქვეერთობლიობებად კლასიფიკაცია და მკითხველს მოწესრიგებული, სახელდებული და გადანომრილი სახით წარუდგინოს. დათვლა       დათვლის პროცესში ხდება კატეგორიებისა და კოდების სიხშირეების, ანალიზის ერთეულების, ტერმინების, სიტყვების ან იდეების დათვლა. ეს სიხშირეების სტატისტიკური ანალიზის საშუალებას იძლევა (მაგალითად, Monge and Contractor 2003). ამ მეთოდს ტრადიციულ კონტენტ ანალიზში იყენებენ და მას 23-ე თავში განვიხილავთ.       წინამდებარე თავში თვისებრივი მონაცემების ანალიზისა და გაფორმების რამდენიმე მიდგომა შემოგთავაზეთ. ეს თემები 23-ე თავში მოცემულ მასალასთან ერთად უნდა წაიკითხოთ, რადგან ეს ორი თავი ავსებს ერთმანეთს. ◄ წინა თავი მომდევნო თავი ► …
დაამატა ლაშა to სოციოლოგია at 3:41pm on ნოემბერი 22, 2017
თემა: თანამოაზრე
ნუ მოძრაობთ, გაჩერდით! (ხელზე დაჰკრავს) აი, ასე. დამემორჩილეთ! ასეთი ძლიერი მამაკაცი როგორ ცახცახებთ! (მხრებს მოუსინჯავს) ასეთი ძლიერი მხრების პატრონი! ჟანი (აფრთხილებს) ფრეკენ ჟული! (ამასობაში კრისტინი დგება და ნახევრად მძინარე გადის ოთახიდან) ფრეკენი დიახ, მესიე ჟან. ჟანი Attention! Je ne suis qu’un homme! ფრეკენი ნუ მოძრაობთ-მეთქი! აი, ასე. მორჩა, აღარა გაქვთ. ახლა ხელზე მაკოცეთ და მადლობა გადამიხადეთ! ჟანი (დგება) ფრეკენ ჟული, მომისმინეთ! კრისტინმა დაიძინა. გთხოვთ, მომისმინეთ! ფრეკენი ჯერ ხელზე მაკოცეთ! ჟანი მომისმინეთ-მეთქი! ფრეკენი ჯერ ხელზე მაკოცეთ! ჟანი კეთილი, ოღონდ, საკუთარ თავს დააბრალეთ! ფრეკენი რა დავაბრალო? ჟანი ვერ ხვდებით, არა? 25 წლის ასაკშიც ბავშვი ხართ? არ იცით, რომ ცეცხლთან თამაში სახიფათოა? ფრეკენი ჩემთვის არა; მე დაზღვეული ვარ. ჟანი (გამბედავად) არა, არა ხართ! და რომც იყოთ, იცოდეთ, რომ თქვენ სიახლოვეს ცეცხლსაშიში ნივთიერებაა! ფრეკენი საკუთარ თავს გულისხმობთ, ალბათ... ჟანი დიახ! და არა იმდენად ჩემს თავს, არამედ იმას, რომ ახალგაზრდა მამაკაცი ვარ. ფრეკენი მომხიბლავი გარეგნობით - რა გაუგონარი თავდაჯერებულობაა! იქნებ დონ ჟუანიც ბრძანდებით? ან, იოსები?! თავს დავდებ, რომ ნამდვილად იოსები ხართ. ჟანი თქვენ ასე გგონიათ? ფრეკენი ლამისაა შემეშინდეს! (ჟანი თამამად წამოიწევს წინ. ცდილობს, წელზე ხელი მოხვიოს და აკოცოს) ფრეკენი (სილას გააწნავს) თავხედო! ჟანი ხუმრობთ თუ სერიოზულად დამარტყით? ფრეკენი სერიოზულად! ჟანი ანუ ამასწინათაც სერიოზულად აკეთებდით ყველაფერს! მეტისმეტად სერიოზულად თამაშობთ, რაც ძალიან საშიშია! მომბეზრდა ეს თამაში. თქვენი ნებართვით, სამუშაოს დავუბრუნდები. გრაფს დროულად უნდა მივართვა ჩექმები, რახანია უკვე შუაღამეს გადასცდა. ფრეკენი მოაშორეთ ეგ ჩექმები! ჟანი არა. ეს ჩემი სამსახურია. ვალდებული ვარ, შევასრულო, მაგრამ არავინ მავალდებულებს, თქვენი თამაშების მონაწილე ვიყო და არც არასოდეს ვიქნები! ამისთვის მეტისმეტად კარგი ვარ. ფრეკენი და ამაყიც. ჟანი ხან ვარ, ხან - არა. ფრეკენი ოდესმე შეყვარებული ყოფილხართ? ჟანი ჩვენ ამ სიტყვას არ ვამბობთ, თუმცა ბევრი გოგო მომწონებია. ერთხელ ავადაც გავხდი, იმიტომ, რომ ერთი გოგო ჩემი ვერ გახდებოდა. ავად გავხდი, როგორც შეყვარებული უფლისწულები „ათას ერთ ღამეში“; სიყვარულით დაავადებულები საჭმელს რომ არ ეკარებიან. ფრეკენი ვინ იყო ის გოგო? (ჟანი დუმს) ფრეკენი ვინ იყო ის გოგო? ჟანი ამის თქმას ვერ მაიძულებთ. ფრეკენი და თუ გთხოვთ, როგორც თანასწორს, გთხოვთ, როგორც... მეგობარს? ვინ იყო?! ჟანი თქვენ! ფრეკენი (ჯდება) ძვირფასი ამბავია!.. ჟანი თქვენი ნებაა, როგორც გინდათ, ისე მიიღეთ. სულელურად გამოვიდა! სულ ცოტა ხნის წინ ამ ამბის მოყოლას არ ვაპირებდი, მაგრამ ახლა მოგიყვებით. იცით, ქვემოდან როგორ ჩანს სამყარო? არა, საიდან გეცოდინებათ! მტაცებელ ფრინველებს ჰგავს: ქორებს, შევარდნებს, რომელთა ზურგებსაც ვერასოდეს ვხედავთ, იმიტომ, რომ ყოველთვის მაღლა დაფრინავენ. მუშის ფარდულში ვცხოვრობდი შვიდ და-ძმასთან ერთად, ჭუჭყიან ეზოში ერთი გოჭი დარბოდა. არც ერთი ხე იქ არ იდგა! მაგრამ ფანჯრიდან გრაფის ბაღის გალავანს ვხედავდი, გარეთ გადმოხრილი ვაშლის ხეებით. ეს სამოთხის ბაღი იყო; იქაურობას ბოროტი ანგელოზები იცავდნენ ცეცხლოვანი მახვილებით. მაგრამ, მიუხედავად ამისა, მე და სხვა ბიჭებმა მაინც მოვახერხეთ ცნობადის ხესთან მისასვლელი საიდუმლო გზის პოვნა. თქვენ ალბათ შეგზიზღდით, არა? ფრეკენი აჰ! ვაშლებს ყველა პატარა ბიჭი იპარავს. ჟანი ახლა ასე ამბობთ, მაგრამ მაინც გეზიზღებით! რა გაეწყობა. ერთ დღეს მე და დედაჩემი სამოთხის ბაღში ხახვის ნარგავების გასამარგლავად შემოგვიშვეს. ბაღის ბოლოში თურქული პავილიონი იდგა, ჟასმინის ჩრდილში, ცხრატყავას ყვავილებში ჩაფლული. არ ვიცოდი, რისთვის იყო საჭირო, მაგრამ მსგავსი სილამაზის ნაგებობა მანამდე არასოდეს მენახა. ხალხი შედიოდა და გამოდიოდა და ერთხელაც კარი ღია დარჩათ. ჩუმად შევიპარე და მეფეებისა და კეისრების პორტრეტებით მორთული კედლები დავინახე, ფანჯრებს ფოჩებიანი წითელი ფარდები ფარავდა. ახლა ხომ ხვდებით, რასაც ვგულისხმობ? მე... (იასამნის ტოტს ერთ ყვავილს მოატეხს და ფრეკენს ცხვირთან ახლოს მიუტანს) მე სასახლეში არასოდეს ვყოფილვარ, ეკლესიის გარდა არაფერი მენახა, მაგრამ ეს უფრო ლამაზი იყო. რაზეც უნდა დამეწყო ფიქრი, აზრები სულ აქეთ მოიწევდა. დაუძლეველი სურვილი გამიჩნდა, სრულად შემეგრძნო მთელი სიამოვნება და როგორც იქნა, შევიპარე და აღფრთოვანებულმა დავათვალიერე იქაურობა. უცებ ნაბიჯების ხმა შემომესმა. ბატონებისთვის ერთადერთი გამოსასვლელი არსებობდა, მაგრამ ჩემთვის კიდევ ერთი იყო და სხვა გზა არ მქონდა, უნდა მესარგებლა. (ფრეკენ ჟულის, რომელმაც ამასობაში იასამანი გამოართვა, ყვავილი მაგიდაზე უვარდება) მერე გავიქეცი, ფეხქვეშ ჟოლოს ბუჩქები მედებოდა, მარწყვის ნარგავები გადავთელე და ბოლოს ვარდების ბაღში აღმოვჩნდი. აქ ვარდისფერი კაბა და თეთრი წინდები დავინახე. ეს თქვენ იყავით. მაშინვე სარეველებში ჩავიმალე. წარმოიდგინეთ, მკბენარებით სავსე ბალახში ჩავწექი, სველ, აქოთებულ მიწაზე. გაკვირდებოდით, როგორ დასეირნობდით ვარდის ბუჩქებში და ვფიქრობდი: თუ სიმართლეა, რომ ყაჩაღს შეუძლია სასუფეველში მოხვდეს და ანგელოზებთან იცხოვროს, რატომ არ შეიძლება, რომ აქ, ღმერთის მიერ შექმნილ მიწაზე, გლეხის შვილი სასახლის ბაღში გრაფის ქალიშვილთან თამაშობდეს? ფრეკენი (გრძნობამორეული) როგორ გგონიათ, ყველა ღარიბი ბავშვი ასე იფიქრებდა თქვენ ადგილას? ჟანი (თავიდან ყოყმანით, შემდეგ დაბეჯითებით) ყველა ბავშვი? ჰო, რა თქმა უნდა! რა თქმა უნდა! ფრეკენი სიღარიბე ალბათ უდიდესი უბედურებაა. ჟანი (ღრმა ტკივილით, ძლიერ ემოციურად) ო, ფრეკენ ჟული! ო! ძაღლსაც კი აქვს უფლება, გრაფის ასულის ტახტზე იკოტრიალოს. ცხენსაც კი ეფერება პატარა ფრეკენის ნაზი ხელები, მაგრამ მსახურ ბიჭს - (ტონს იცვლის) ჰო, შიგადაშიგ ისეთებიც გამოერევიან, ვისაც მარიფათი აღმოაჩნდება, საზოგადოებაში მაღლა გადაინაცვლოს, მაგრამ განა ხშირად ხდება ასე? ამასობაში, რომ იცოდეთ, რა გავაკეთე! - წისქვილის წყაროში შევხტი ტანსაცმლიანად, მაგრამ გამომათრიეს და კარგად მიმტყიპეს. მომდევნო კვირადღეს, როცა მამაჩემი და ოჯახის ყველა წევრი ბებიასთან გაემგზავრა, იმდენი მოვახერხე, რომ სახლში დავრჩი. საპნითა და თბილი წყლით ვიბანავე, საუკეთესო ტანსაცმელი ჩავიცვი და ეკლესიაში წავედი, თქვენ რომ მენახეთ. დაგინახეთ და სახლში დავბრუნდი, მტკიცედ მქონდა გადაწყვეტილი, რომ მოვკვდებოდი; თუმცა, ლამაზი და სასიამოვნო სიკვდილი მინდოდა, უმტკივნეულო. მაშინ გამახსენდა, რომ ანწლის ბუჩქის ქვეშ ძილი საშიში იყო. ერთი დიდი ბუჩქი იქვე გვედგა, თანაც სწორედ იმ დროს ყვაოდა. სულ დავამტვრიე ყველა ტოტი და შვრიით სავსე სკივრში საწოლი მოვიწყვე. შეგიმჩნევიათ, როგორი პრიალაა შვრია? ადამიანის კანივით ნაზია!.. მოკლედ, კარი გადავიკეტე და თვალები დავხუჭე; ჩამეძინა და როცა გამომეღვიძა, მართლაც ავად ვიყავი. მაგრამ, როგორც ხედავთ, არ მოვმკვდარვარ. არ ვიცი, რა მინდოდა! რა თქმა უნდა, თქვენი გულის მოგების არავითარი იმედი არ არსებობდა - თქვენ იყავით იმის განსახიერება, თუ რამდენად უიმედოდ მეჩვენებოდა იმ წრიდან გამოღწევა, სადაც დავიბადე. ფრეკენი როგორ მომხიბლავად ჰყვებით, რომ იცოდეთ! სკოლაში გივლიათ? ჟანი ცოტა ხანს. მაგრამ ბევრი რომანი მაქვს წაკითხული და თეატრშიც დავდიოდი. ამას გარდა, კეთილშობილი ხალხის ლაპარაკს ყურს ვუგდებ და სწორედ მათგან ვისწავლე ბევრი რამ. ფრეკენი დგახართ და გვისმენთ, რას ვლაპარაკობთ. ჟანი რა თქმა უნდა. საკმაოდ ბევრი მომისმენია. მეეტლის კოფოზე ან ნავში, როცა ნიჩბებს ვუსვამდი. ერთხელ გავიგონე, ფრეკენ ჟული როგორ ეუბნებოდა თავის მეგობარ ქალს... ფრეკენი ოჰ! მაინც რა გაიგონეთ? ჟანი არა, ამის გამეორება მერიდება. თუმცა, გაკვირვებული კი დავრჩი, ვაღიარებ, და ვერ მივხვდი, ასეთი სიტყვები სად ისწავლეთ. ეტყობა, არც ისე დიდია სხვაობა კეთილშობილ და უბრალო ხალხს შორის, როგორც ყველას ჰგონია! ფრეკენი გრცხვენოდეთ! ჩვენს წრეში დანიშნული ადამიანები ასე არ იქცევიან. ჟანი (მიაჩერდება) მართლა ასეა? ფრეკენ, ჩემთან არაა საჭირო უცოდველის თამაში... ფრეკენი მე იმ ნაძირალას ჩემი სიყვარული ვაჩუქე. ჟანი ყოველთვის ასე ამბობთ, როცა ყველაფერი მთავრდება. ფრეკენი ყოველთვის? ჟანი ჰო, ყოველთვის, იმიტომ, რომ ეგ სიტყვები სხვებისგანაც გამიგონია მსგავს შემთხვევებში. ფრეკენი რა შემთხვევებში? ჟანი რაზეც ახლა ვლაპარაკობთ. ბოლოს, როცა... ფრეკენი (წამოდგება) გაჩუმდით! აღარ მინდა ამის მოსმენა! ჟანი არც იმას უნდოდა. რა უცნაურია. კეთილი, ახლა თქვენი ნებართვით, წავალ, დავიძინებ. ფრეკენი (ნაზად) ზაფხულის ღამის დღესასწაულზე წახვალთ და დაიძინებთ? ჟანი დიახ! იმ ხალხთან ერთად ცეკვა სულ არ მეხალისება. ფრეკენი გასაღები აიღეთ და ნავით ტბაზე გამიყვანეთ, მზის ამოსვლა მინდა ვნახო! ჟანი რამდენად გონივრულად გეჩვენებათ ეს? ფრეკენი გეგონება, საკუთარ რეპუტაციას უფრთხილდებით! ჟანი რატომაც არა? სულ არ მინდა, დასაცინი გავხდე ან სარეკომენდაციო წერილის გარეშე გამაძევონ, ახლა, როცა საზოგადოებაში ადგილს ვიმკვიდრებ. თანაც, მგონი, კრისტინის მიმართაც რაღაც ვალდებულებები მაქვს. ფრეკენი აჰა, ახლა კრისტინის ბრალი ყოფილა... ჟანი და თქვენიც. დამიჯერეთ, წადით და დაიძინეთ! ფრეკენი თქვენ უნდა დაგიჯეროთ? ჟანი ამ ერთხელ; თქვენთვისვე აჯობებს! გევედრებით. გვიანია უკვე, გეძინებათ, სასმელი მოგეკიდათ და თავი გიხურთ. წადით, დაიძინეთ! თანაც, თუ სმენა არ მღალატობს, ხალხი მოდის აქეთ, ალბათ, მე მეძებენ. თუ აქ წაგვასწრეს, დაიღუპებით. (შორიდან ისმის გუნდის სიმღერა) ტყიდან მოდის ორი ქალი, ტრიდირიდი-რალა ტრიდირიდი-ლა... დაუსველდათ ფეხი ცალი. ტრიდირიდი-რალა-ლა... ცხოვრებში ფული ელით, ტრიდირიდი-რალა ტრიდირიდი-ლა... ჯიბეები - ცარიელი ტრიდირიდი-რალა-ლა.. და ამ გვირგვინს ჩემი ხელით ტრიდირიდი-რალა ტრიდირიდი-ლა... თურმე სულ სხვა ქალი ელის. ტრიდირიდი-რალა-ლა... ფრეკენი მე ვიცნობ ხალხს, მიყვარს ხალხი და მათაც ვუყვარვარ. შემოვიდნენ და თავად დარწმუნდებით! ჟანი არა, ფრეკენ ჟული, მათ თქვენ არ უყვარხართ. ისინი პურს თქვენი ხელიდან ჭამენ და მერე იფურთხებიან. დამიჯერეთ! უსმინეთ, უსმინეთ, რას მღერიან! ანდა, არა, ნუ მოუსმენთ. ფრეკენი (ყურს უგდებს) რას მღერიან? ჟანი უხამსი სიმღერაა, თქვენზე და ჩემზე. ფრეკენი რა სიმდაბლეა! რა საშინელებაა! ჟანი ბრბო ყოველთვის მხდალია! ამ ბრძოლიდან გაქცევით უნდა უშველო თავს. ფრეკენი გაქცევით? საით? გარეთ ხომ ვერ გავალთ?! კრისტინთანაც ვერ შევაფარებთ თავს. ჟანი იქნებ ჩემს ოთახში? გაჭირვებამ წესები არ იცის. შეგიძლიათ მენდოთ - მე თქვენდამი პატივისცემით სავსე, თქვენი ნამდვილი, ერთგული მეგობარი ვარ. ფრეკენი და მერე? მერე თქვენს ოთახში რომ დაგიწყონ ძებნა? ჟანი კარს ურდულით გადავკეტავ, თუ ვინმე შემომტვრევას გაბედავს, ვესვრი! წავიდეთ! (მუხლებზე დგება) წავიდეთ! ფრეკენი (მნიშვნელოვნად) მპირდებით?.. ჟანი გეფიცებით! (ფრეკენი სწრაფი ნაბიჯით გადის მარჯვნივ. ჟანი სწრაფად მიჰყვება) * ბალეტი შემოდიან საზეიმო ტანსაცმელში გამოწყობილი გლეხები, ქუდებში ჩაწნილი ყვავილებით. წინ მევიოლინე მოუძღვით. მაგიდაზე აწყობენ ლუდის პატარა კასრს და ფოთლებით მორთულ არყით სავსე მათარას. ჭიქები გამოაქვთ. სვამენ. მერე წრიულად დგებიან, მღერიან, ცეკვავენ და თამაშობენ ფერხულ-თამაშს „ტყიდან მოდის ორი ქალი“. როცა ფერხულს მორჩებიან, სიმღერ-სიმღერით გადიან. * (ფრეკენი მარტო შემოდის. ხედავს გადაჯეგილ სამზარეულოს; ხელებს შეატყუპებს; შემდეგ იღებს ფერუმარილს და სახეზე ისვამს) ჟანი (შემოდის აღელვებული) აი, ხომ ხედავთ! ხომ გაიგონეთ? მაინც გგონიათ, რომ აქ დარჩენა შეიძლება? ფრეკენი არა, არ მგონია. მაგრამ რა უნდა ვქნათ? ჟანი გავიქცეთ, გავემგზავროთ აქედან შორს! ფრეკენი გავემგზავროთ? საით? ჟანი შვეიცარიაში, იტალიურ ტბებზე. თქვენ ხომ იქ არასოდეს ყოფილხართ? ფრეკენი არა. ლამაზია იქაურობა? ჟანი იქ სულ ზაფხულია, ფორთოხალი და დაფნა ხარობს! ფრეკენი მერედა, იქ რა უნდა ვაკეთოთ? ჟანი სასტუმროს გავხსნი უმაღლესი კლასის მომსახურებით უმაღლესი კლასის კლიენტებისთვის. ფრეკენი სასტუმროს? ჟანი დამიჯერეთ, ესაა ნამდვილი ცხოვრება - გამუდმებით ახალი სახეები, ახალი ენები. როცა არა გაქვს არც ერთი თავისუფალი წუთი განცდისა და ნერვიულობისათვის; არ ფიქრობ, ნეტავ ახლა რა საქმე გავაკეთოო, როცა საქმე ყოველთვის გაქვს; დღედაღამ რეკავს ზარი, უსტვენენ მატარებლები, ომნიბუსები მიდი-მოდიან; და ჩვენს სალაროში ოქროს ნაკადი უწყვეტად მოედინება. აი, ესაა ცხოვრება! ფრეკენი ჰო, ალბათ ესაა ცხოვრება, მაგრამ მე? ჟანი სახლის ქალბატონი, ჩვენი ფირმის მშვენება. თქვენი გარეგნობით... და თქვენი მანერებით... როგორ გითხრათ, წარმატება გარდაუვალია! თქვენ დედოფალივით დაბრძანდებით კაბინეტში და ელექტროღილაკზე თითის ერთი დაჭერით აამუშავებთ მონებს. სტუმრები თქვენს ტახტთან ჩამოივლიან და მოკრძალებით დატოვებენ შემოსაწირს მაგიდაზე. ვერ დაიჯერებთ, როგორ კანკალებენ ადამიანები, როცა მათ გადასახდელ ანგარიშს აწვდი. მე პილპილს არ მოვაკლებ და გვარიანად გავამწარებ, თქვენ კიდევ თქვენი უმშვენიერესი ღიმილით დაატკბობთ სტუმრებს. აჰ! მოდით, გავეცალოთ აქაურობას (ჯიბიდან ტრანსპორტის განრიგს ამოიღებს)! ახლავე, პირველივე მატარებლით! - შვიდის ნახევარზე უკვე მალმიოში ვიქნებით; ცხრას რომ ოცი დააკლდება, დილით ადრე, უკვე ჰამბურგამდე ჩავაღწევთ; ფრანკფურტი-ბაზელი - ერთი დღე; გოტჰარის გზით კომომდე კი, ერთი წამით... ჰო, სამი დღე! სამი დღე! ფრეკენი ეს ყველაფერი ძალიან კარგი, მაგრამ, ჟან, შენ უნდა გამამხნევო. მითხარი, რომ გიყვარვარ! მოდი, მომეხვიე! ჟანი (ყოყმანით) მინდა, მაგრამ ვერ ვბედავ! არა, ამ სახლში აღარ გვინდა! მე თქვენ მიყვარხართ. ამაში ეჭვი არ მეპარება. თქვენ? ნუთუ თქვენ გეპარებათ ეჭვი? ფრეკენი (მორცხვად, ნამდვილი ქალურობით) „თქვენ“! - შენობით მომმართე. ჩვენ შორის ბარიერები აღარ არსებობს. შენობით მომმართე. ჟანი (ტანჯვით) არ შემიძლია! სანამ ამ სახლში ვრჩებით, ჩვენ შორის ბარიერები მაინც არსებობს. არსებობს წარსული, არსებობს გრაფი - ცხოვრებაში არასოდეს შემხვედრია ადამიანი, ვისაც მასზე მეტ პატივს ვცემდი. საკმარისია, სკამზე მიყრილი მისი ხელთათმანები დავინახო, რომ თავი პატარა მგონია. საკმარისია, ზარი დარეკოს, დაფეთებული ცხენივით გავრბივარ. და როცა ახლა მის ჩექმებს ვუყურებ, მის მაღალ და ძლევამოსილ ჩექმებს - ჟრუანტელი მივლის. (ჩექმებს ფეხს ჰკრავს) ეს ცრურწმენები და აკვიატებები, რითაც ბავშვობაში თავი გამოგვიტენეს! ამათაც ადვილად დავივიწყებთ! საკმარისია, სხვა ქვეყანაში ჩავიდე, ოღონდ კი რესპუბლიკა იყოს, რომ ხალხი ჩემს პორტიეს დაუხრის თავს, თავს დაუხრის-მეთქი, აი, ნახავთ! მაგრამ მე თვითონ ასე არ მოვიქცევი! მე იმისთვის არ დავბადებულვარ, ვინმეს თავი დავუხარო, მე მაქვს ძალა და ნებისყოფა. საკმარისია, პირველ ტოტს მოვეჭიდო, რომ ნახავთ, როგორ სწრაფად ავძვრები მაღლა! დღეს მსახური ვარ, მაგრამ მომავალ წელს საკუთარი ქონება მექნება; რომელსაც ათ წელიწადში გავაქირავებ და მერე რუმინეთში წავალ, რაიმე ტიტულს ვიყიდი და შემიძლია, - კარგად დააკვირდით, მე ვამბობ „შემიძლია-მეთქი“ - სულაც გრაფი გავხდე! ფრეკენი კარგია, კარგი! ჟანი აჰ, რუმინეთში გრაფის ტიტულის ყიდვა შესაძლებელია, თქვენ კიდევ ისევ გრაფის ქალი იქნებით! ჩემი მეუღლე! ფრეკენი ეს არ მადარდებს, ამ ყველაფერს უკანმოუხედავად ვტოვებ. მითხარი, რომ გიყვარვარ. თუ არ მეტყვი... თუ არ მეტყვი, მე ვინ გამოვდივარ? ჟანი გეტყვით, ათასჯერ გეტყვით, მაგრამ სხვა დროს. ოღონდ, აქ არა! და თანაც, არ გვინდა გრძნობები, თორემ ყველაფერს გავაფუჭებთ! საქმეს ცივად უნდა მივუდგეთ, როგორც გონიერი ადამიანები. (იღებს სიგარას, აჭრის ბოლოს და უკიდებს) აი, იქ დაჯექით. მე აქ დავჯდები და ისე ვილაპარაკოთ, თითქოს არც არაფერი მომხდარა. ფრეკენი (სასოწარკვეთით) ღმერთო ჩემო! თქვენ რა, გრძნობები არა გაქვთ? ჟანი მე? ჩემსავით მგრძნობიარე ადამიანი მეორე არ არსებობს! მაგრამ გრძნობების გაკონტროლება შემიძლია. ფრეკენი სულ ცოტა ხნის წინ მზად იყავით, ჩემი ფეხსაცმელები დაგეკოცნათ და ახლა... ჟანი (უხეშად) ეს მაშინ იყო! ახლა სხვა საფიქრალი გვაქვს. ფრეკენი ასე უხეშად ნუ მელაპარაკებით! ჟანი არა, უბრალოდ, აზრს ვატან სიტყვებს! ერთი სიგიჟე საკმარისია, მეტს ნუღარ ჩავიდენთ! გრაფი ნებისმიერ წუთს შეიძლება დაბრუნდეს, მანამდე ჩვენი ბედი უნდა გადაწყდეს. რას ფიქრობთ ჩემს სამომავლო გეგმებზე? მოგეწონათ? ფრეკენი საკმაოდ დამაჯერებლად მომეჩვენა, მაგრამ ერთი კითხვა მაქვს: ამხელა წამოწყება დიდ კაპიტალს მოითხოვს.გაქვთ ეს კაპიტალი? ჟანი (სიგარას ღეჭავს) მე... თავისთავად! ჩემი პროფესიული უნარები მაქვს, წარმოუდგენლად დიდი გამოცდილება, ენების ცოდნა. საკმარისი კაპიტალია, მე ვიტყოდი. ფრეკენი მაგრამ მაგ კაპიტალით მატარებლის ბილეთსაც კი ვერ იყიდით. ჟანი მართალს ბრძანებთ, ვაღიარებ. სწორედ ამიტომაც ვეძებ კომპანიონს, ვინც თანხებს მომიძიებს. ფრეკენი და ასეთ სიჩქარეში სად გეგულებათ? ჟანი თქვენ მეგულებით, თუ ინებებთ, ჩემი კომპანიონი გახდეთ! ფრეკენი მე ეს არ შემიძლია. თანაც, საკუთარი ქონება არა მაქვს. (პაუზა) ჟანი მაშინ ყველაფერი ჩაიშლება... ფრეკენი ანუ.... ჟანი ისევე დარჩება, როგორც ახლაა! ფრეკენი თქვენ გგონიათ, ამ სახლში დავრჩები და თქვენი საყვარელი გავხდები? გგონიათ, მინდა თითით საჩვენებელი გავხდე. გგონიათ, შევძლებ ამ ყველაფრის შემდეგ მამაჩემს თვალი გავუსწორო? არა! წამიყვანეთ აქედან, მომაშორეთ დამცირებასა და სირცხვილს! ო, ღმერთო, რა ჩავიდინე, ღმერთო! (ტირის) ჟანი აჰა, დაიწყო ნაცნობი სიმღერა! რა ჩაიდინეთ? ისეთი არაფერი, რაც თქვენამდე ბევრს არ ჩაუდენია! ფრეკენი (კივის) და ახლა თქვენც გეზიზღებით! როგორ დავეცი, როგორ დავეცი! ჟანი არა უშავს, მე წამოგაყენებთ. ფრეკენი რა ძალა მიზიდავდა თქვენკენ? სუსტს ძლიერისკენ, დაცემულს აღზევებულისკენ! ან იქნებ ეს სიყვარული იყო? სიყვარული იყო? თქვენ იცით, რა არის სიყვარული? ჟანი მე? ვიცი რომელია! თქვენი აზრით, აქამდე სხვასთან არ ვყოფილვარ? ფრეკენი რა საშინელი აზრები მოგდით და რა საშინელებებს ამბობთ! ჟანი ასე მასწავლეს და აი, ასეთი ვარ! ნუღარ განიცდით და შეწყვიტეთ კეთილშობილი ქალბატონის როლის თამაში, იმიტომ, რომ ახლა მე და თქვენ ერთ ნავში ვსხედვართ. დაწყნარდი, ჩემო პატარა გოგო, მოდი, ერთ ჭიქას დაგალევინებ. (აღებს მაგიდის უჯრას და იღებს ღვინის ბოთლს; ორ გაურეცხავ ჭიქაში ჩამოასხამს) ფრეკენი ეს ღვინო საიდან გაქვთ? ჟანი სარდაფიდან. ფრეკენი მამაჩემის ბურგუნდიული ღვინო! ჟანი მერე, სიძეს არ გამოადგება თუ? ფრეკენი და მე ლუდს ვსვამ! მე! ჟანი ეს მხოლოდ იმაზე მეტყველებს, რომ ჩემზე უარესი გემოვნება გაქვთ. ფრეკენი ქურდო! ჟანი ენას მიუტანთ? ფრეკენი ო, ღმერთო! ქურდბაცაცას თანამოაზრე! ნუთუ დავთვერი? იქნებ სიზმარში ვარ? ზაფხულის ღამის დღესასწაულია! უმანკო თამაშების ღამე... ჟანი უმანკო? ჰმ! ფრეკენი (ბოლთას სცემს) ჩემზე უბედური ნეტავ არის ვინმე ამ წუთას მთელ დედამიწაზე? ჟანი რამ გაგაუბედურათ? ასეთი გამარჯვების შემდეგ! აბა, კრისტინი გაიხსენეთ. როგორ ფიქრობთ, მას გრძნობები არა აქვს? ფრეკენი სულ ცოტა ხნის წინ მჯეროდა ამის, მაგრამ ახლა აღარ მჯერა. მსახური მსახურია და.... ჟანი და ბოზი ბოზია! ფრეკენი (მუხლებზე ეცემა, ხელებს შეატყუპებს) ღმერთო, მაღალო, ბოლო მოუღე ჩემს უბედურ ცხოვრებას! მომაშორე ამ სიბინძურეს, რომელშიც ვიძირები! გადამარჩინე! მიხსენი! ჟანი სიმართლე გითხრათ, მეცოდებით. მაშინ, ხახვის კვლებში რომ ვიწექი, ვარდების ბაღში რომ დაგინახეთ... ახლა უნდა ვაღიარო... ისეთივე ბინძური აზრები მომდიოდა თავში, რაც ყველა დანარჩენ ბიჭს. ფრეკენი თქვენ ხომ ჩემ გამო თავს იკლავდით! ჟანი შვრიის სკივრში? ეს ისე, უბრალოდ მოვყევი. ფრეკენი ანუ მომატყუეთ? ჟანი (ძილი ერევა) დაახლოებით! გაზეთში წავიკითხე ერთი ბუხრის მწმენდავის ამბავი, რომელიც ხის ყუთში ჩაწვა და იასამნები დაიწყო ზედ, იმიტომ, რომ ალიმენტის გადახდა დააკისრა სასამართლომ... ფრეკენი აი, თურმე როგორი ყოფილხართ... ჟანი ჰო, აბა რა უნდა მექნა? ქალები გიჟდებიან ეგეთ ლამაზ-ლამაზ ამბებზე! ფრეკენი ღორო! ჟანი Merde! ფრეკენი გამოდის, რომ ქორის ზურგი იხილეთ.... ჟანი მთლად ზურგი არა... ფრეკენი და მე თქვენი პირველი ტოტი უნდა ვყოფილიყავი... ჟანი ჰო, მაგრამ ტოტი დამპალი აღმოჩნდა... ფრეკენი თქვენი სასტუმროს აბრა უნდა გავმხდარიყავი... ჟანი ჰო, და მე სასტუმრო... ფრეკენი დახლს უკან დავჯდებოდი, მივიზიდავდი თქვენს კლიენტებს, გავაყალბებდი თქვენს ანგარიშებს... ჟანი მაგას მე თვითონ ვიზამდი... ფრეკენი თურმე ადამიანის სული ასეთი ბინძურიც შეიძლება იყოს! ჟანი მოდი მერე, გამრეცხე! ფრეკენი ლაქია! მსახურო! ფეხზე წამოდექი, როცა გელაპარაკები! ჟანი მსახურის ბოზო, ლაქიას საყვარელო, ენა ჩაიგდე და აქედან გაეთრიე! როგორ ბედავ და მე მეძახი უწესოს? ჩემნაირებიდან არავინ ასე უწესოდ არ მოქცეულა, როგორც შენ იქცეოდი ამ საღამოს. გგონია, რომ ნებისმიერი მსახური გოგო ეგრე გაბედავს კაცთან მოქცევას? სადმე გინახავს, ჩემი წრის გოგოები ასე ურცხვად სთავაზობდნენ კაცს თავიანთ თავს? ასე მხოლოდ ცხოველები და ზნედაცემული ქალები იქცევიან! ფრეკენი (განადგურებული) მართალია. დამარტყი, გამთელე! უკეთესის ღირსი არა ვარ. საძაგელი ცხოველი ვარ, მაგრამ დამეხმარე! თუ რაიმე გზა არსებობს, დამეხმარე, რომ ამ ყველაფერს თავი დავაღწიო! ჟანი (ნაკლებად მკაცრად) არ უარვყოფ, რომ მქონდა პატივი, ჩემი მოკრძალებული წვლილი შემეტანა თქვენს ცდუნებაში; თუმცა, როგორ ფიქრობთ, ჩემი წრის კაცი თქვენთვის თვალის გასწორებას მაინც თუ გაბედავდა, თქვენგანვე რომ არ ეგრძნო გამოწვევა?! ჯერ კიდევ გაოგნებული ვარ... ფრეკენი და ამაყი... ჟანი რატომაც არა? თუმცა კი ვაღიარებ, გამარჯვება მეტისმეტად იოლად მერგო, საიმისოდ, რომ მისით ტკბობამ დამათროს. ფრეკენი კიდევ დამარტყით! ჟანი (დგება) არა! ბოდიშს გიხდით ყველაფრისთვის, რაც ვთქვი! წაქცეულს არ ვურტყამ და მით უმეტეს, ქალს. თუმცა, ვერ უარვყოფ, რომ ერთი მხრივ მახარებს, როცა ვხვდები, თურმე ქვემოთ მყოფებს რაც ბრწყინვალედ გვეჩვენებოდა, ოქრო სულაც არ ყოფილა; და რომ ქორს ზურგზეც ნაცრისფერი ბუმბული აქვს; რომ მშვენიერ ღაწვებს თურმე ფერუმარილი უსვია; რომ გაპრიალებულ ფრჩხილებქვეშაც შეიძლება ჭუჭყის ზოლი იპოვო, რომ ცხვირსახოცი დასვრილი იყო, თუმცა კი ასდიოდა სუნამოს სუნი!.. მეორე მხრივ, გული მწყდება, რომ ის, რასაც ვესწრაფოდი, უფრო ამაღლებული და ღირსეული არ აღმოჩნდა. ვწუხვარ, როცა ვხედავ, ისე როგორ დაეცით, რომ თქვენი მზარეულიც კი თქვენზე მაღლა დგას. თითქოს შემოდგომის წვიმამ ყვავილები გაანადგურა და ტალახად აქცია. ფრეკენი ისე ლაპარაკობთ, თითქოს უკვე რამეთი აღმემატებოდეთ! ჟანი ასეცაა! აბა, დააკვირდით: მე შემეძლო გრაფის მეუღლედ მექციეთ, თქვენ კი ვერასოდეს მაქცევდით გრაფად. ფრეკენი მე გრაფის შვილი ვარ, რასაც თქვენ ვერასოდეს მიაღწევთ! ჟანი მართალია, მაგრამ ჩემი შვილები ხომ მიაღწევენ... თუ... ფრეკენი თქვენ ქურდი ხართ; მე კი არა. ჟანი ქურდობა სულაც არაა უარესი დანაშაული! ბევრად ცუდიც არსებობს! და სხვათა შორის, თუ ვინმეს სახლში ვმსახურობ, თავს ოჯახის წევრად მივიჩნევ, თითქოს მეც ბავშვი ვარ, რომელსაც ქურდობად არ ეთვლება, თუ გადახუნძლული ბუჩქიდან ცოტა კენკრას მოიპარავს. (ისევ ერევა ვნება) ფრეკენ ჟული, თქვენ შესანიშნავი ქალი ხართ, ჩემნაირი კაცისთვის მეტისმეტად კარგი! სიმთვრალის მსხვერპლი გახდით და ახლა შეცდომის დასაფარად თავს ირწმუნებთ, რომ გიყვარვართ. ეს ტყუილია, თუმცა შესაძლოა, ჩემმა გარეგნობამ მოგხიბლათ. ამ შემთხვევაში თქვენი სიყვარული ჩემსას არაფრით სჯობს. მაგრამ მე არასოდეს დავჯერდები თქვენი შინაური ცხოველის როლს, თქვენი ნამდვილი სიყვარულის მოპოვებას კი ვერასოდეს შევძლებ. ფრეკენი დარწმუნებული ხართ? ჟანი გინდათ მითხრათ, რომ ეს შესაძლებელია? რა თქმა უნდა, მე შემიძლია შეგიყვაროთ! თქვენ მშვენიერი ხართ, დახვეწილი (უახლოვდება, ხელზე ეხება) განათლებული და მომხიბლავი, როცა ინდომებთ; და თუ ერთხელ მამაკაცის გულში ცეცხლი დაანთეთ, ის არასოდეს ჩაქრება. (წელზე მოხვევს ხელს) მძაფრი, სურნელოვანი სანელებლებით შეზავებულ ღვინოს ჰგავხართ და თქვენი ერთი კოცნა... (ცდილობს, ოთახიდან გაიყვანოს, მაგრამ ქალი ნელა გამოეხსნება) ფრეკენი თავი დამანებეთ! ჩემს გულს ასე ვერ მოიგებთ! ჟანი აბა, როგორ? ასე ვერაო! მოფერებით და ტკბილი სიტყვებით ვერა; სამომავლო გეგმებზე ფიქრით ვერა; დამცირებისგან გადარჩენით - ვერა! აბა, როგორ? ფრეკენი როგორ? როგორ? არ ვიცი... საერთოდ არაფერი არ ვიცი! მეზიზღებით, როგორც ვირთხა, მაგრამ თქვენგან გაქცევა არ შემიძლია! ჟანი ერთად გავიქცეთ. ფრეკენი (გასწორდება) გავიქცეთ? ჰო, უნდა გავიქცეთ. მაგრამ ძალა აღარა მაქვს! ერთი ჭიქა ღვინო დამისხით. (ჟანი უსხამს ღვინოს, ფრეკენ ჟული საათს გახედავს) ფრეკენი ოღონდ, ჯერ უნდა დავილაპარაკოთ, ცოტა დრო კიდევ გვაქვს. (ჭიქას გამოცლის და ცარიელს ჟანს გაუწვდის, კიდევ დამისხიო) ჟანი იმდენს ნუ დალევთ, რომ დათვრეთ. ფრეკენი მერე რა? ჟანი როგორ თუ რა? სიმთვრალე პლებეურია! აბა, რა უნდა გეთქვათ ჩემთვის? ფრეკენი ჩვენ აუცილებლად გავიქცევით. ოღონდ, ჯერ უნდა დავილაპარაკოთ, ანუ მე უნდა ვილაპარაკო, იმიტომ, რომ აქამდე მხოლოდ თქვენ ლაპარაკობდით, თქვენს ცხოვრებაზე მიამბობდით, ახლა მე მინდა, ჩემსაზე მოგიყვეთ, რომ კარგად გავიცნოთ ერთმანეთი, სანამ ერთად გავემგზავრებით. ჟანი ერთი წამით! მაპატიეთ, მაგრამ დარწმუნებული ხართ, რომ არ ინანებთ, თქვენი ცხოვრების საიდუმლოებებს როცა გამანდობთ? ფრეკენი განა თქვენ ჩემი მეგობარი არა ხართ? ჟანი ჰო, შეიძლება ითქვას... მაგრამ მაინც ნუ მენდობით. ფრეკენი ტყუილად ლაპარაკობთ. თანაც, ჩემი საიდუმლოებები ისედაც ყველამ იცის. იცით, დედაჩემი უბრალო წარმოშობისა იყო. თავისი დროის შესაბამისად, თანასწორობის იდეით გაზარდეს, ასწავლიდნენ, რომ ქალი თავისუფალია და ა.შ. ამიტომაც ქორწინებისადმი თავიდანვე ზიზღით იყო განწყობილი. ამიტომაც, როცა მამაჩემმა მისი ხელი ითხოვა, დედამ უპასუხა, თქვენი ცოლი არასოდეს გავხდები, მაგრამ თუ გინდა, ჩემი საყვარელი იყავიო. მამამ უთხრა, არ მინდა ჩემს საყვარელ ქალს ჩემზე ნაკლები პატივით ეპყრობოდნენო. მაგრამ ვნებით მოცულმა მამაჩემმა დაიჯერა, რომ დედას მართლა არ ადარდებდა, რას იტყოდნენ სხვები და ბოლოს მის პირობებს დათანხმდა. თუმცა, ამის გამო თავისმა წრემ მოიკვეთა და იძულებული გახდა, სახლში ჩაკეტილიყო, რითიც ვეღარ კმაყოფილდებოდა. ამასობაში მე გამაჩინეს - როგორც ვხვდები, დედაჩემის სურვილის საწინააღმდეგოდ. დედაჩემმა ჩემი ბუნების შვილად აღზრდა გადაწყვიტა, უფრო მეტიც, ყველაფერს მასწავლიდნენ, რასაც ბიჭები სწავლობდნენ, მე უნდა ვყოფილიყავი მაგალითი იმის დასამტკიცებლად, რომ ქალი ისეთივეა, როგორიც მამაკაცი. ბიჭის ტანსაცმელს ვიცვამდი, ცხენების მოვლა ვისწავლე, აი, ბოსელში კი არ მიშვებდნენ... ვწმენდდი და ვვარცხნიდი ცხენებს, სანადიროდაც დავდიოდი და უფრო მეტიც - მიწის დამუშავებასა და ცხოველების დაკვლასაც მასწავლიდნენ. რა საშინელება იყო! ჩვენს მამულში კაცები ქალების საქმეს აკეთებდნენ და ქალები - კაცებისას, რის გამოც ყველაფერი უკან-უკან მიდიოდა და ყველამ სასაცილოდ აგვიგდო. საბოლოოდ მამაჩემი თითქოს გამოფხიზლდა მოჯადოებული მდგომარეობიდან, აჯანყება მოაწყო და ახლა ყველაფერი მისი ნება-სურვილის მიხედვით კეთდებოდა. დედაჩემი დაავადდა - არ ვიცი, რა სჭირდა, - ხშირად ჰქონდა შეტევები, სხვენში ან ბაღში იმალებოდა, ზოგჯერ სულაც მთელ ღამეს გარეთ ატარებდა. მერე ის დიდი ხანძარი გაჩნდა, რომელის შესახებაც ალბათ გსმენიათ. ჩვენი სახლი, ყველა თავლა და ბეღელი დაიწვა ძალიან უცნაურ გარემოებაში და ეჭვი გაჩნდა, რომ ვიღაცამ ხანძარი განზრახ გააჩინა, რადგან უბედური შემთხვევა სწორედ კვარტალური დაზღვევის ვადის გასვლიდან მეორე დღეს მოხდა, თანაც მამაჩემის მიერ გაგზავნილი გადასახადი, შიკრიკის უპასუხისმგებლობის გამო, დაგვიანებული აღმოჩნდა და დანიშნულების ადგილამდე დროულად ვერ ჩააღწია. (ღვინოს ისხამს და სვამს) ჟანი მეტს ნუღარ დალევთ. ფრეკენი დიდი ამბავი! სრულიად უფულოდ დავრჩით, ეტლებში გვეძინა. მამაჩემმა აღარ იცოდა, საიდან ეშოვა სახლის ასაშენებელი ფული, რადგან ძველ მეგობრებთან კავშირი უკვე აღარ ჰქონდა. მაშინ დედამ ურჩია, მისი ახალგაზრდობის მეგობრის, აგურის ქარხნის მფლობელისგან ესესხა, რომელიც იქვე, მეზობლად ცხოვრობდა. მამამ ფული ისესხა, მაგრამ იმ კაცს პროცენტი არ მოუთხოვია, რაც მამას ძალიან გაუკვირდა. ასე რომ, ჩვენი კარ-მიდამო ხელახლა ააშენეს! (კიდევ სვამს) იცით, ვინ დაწვა სახლი? ჟანი დედათქვენმა. ფრეკენი იცით, ის ქარხნის მფლობელი ვინ იყო? ჟანი დედათქვენის საყვარელი? ფრეკენი იცით, ვისი იყო ფული? ჟანი ცოტა ჩუმად... არა, ეგ არ ვიცი. ფრეკენი დედაჩემის! ჟანი ანუ, წესით ეგ ფული გრაფსაც ეკუთვნოდა, თუ საქორწინო კონტრაქტი გააფორმეს? ფრეკენი არა, კონტრაქტი არ გაუფორმებიათ. დედაჩემს ცოტა ქონება ჰქონდა და არ უნდოდა, მამაჩემისთვის მიეცა მისი განკარგვის უფლება, ამიტომ მიაბარა ეს ფული... მეგობარს. ჟანი რომელმაც ფული დაატრიალა! გაგრძელება → …
დაამატა Kakha to ლიტერატურა at 8:21pm on სექტემბერი 9, 2018
თემა: ედგარ ალან პო - მარი როჟეს საიდუმლოება
ა ვთქვათ ჩვენი მთავარი ჩანაფიქრის შესახებ. ნიუ-იორკის ახლოს მოუკლავთ ერთი ქალიშვილი, მარი სესილ როჯერსი; და თუმცა ამ მკვლელობის გამო დიდი და გაუთავებელი მითქმა-მოთქმა ატყდა, მისი საიდუმლოება მაინც ამოუხსნელი დარჩა იმ დროისთვის, როდესაც ეს ამბავი დაიწერა და გამოქვეყნდა (1842 წლის ნოემბერი). თითქოსდა პარიზელი გრიზეტი ქალის საბედისწერო ამბავს რომ მოგვითხრობდა, ავტორი გამოწვლილვით გვამცნობდა არსებით ფაქტებს მარი როჯერსის ნამდვილი მკვლელობისას, შეცვლილი იყო მხოლოდ მეორეხარისხოვანი გარემოებანი. ამრიგად, ყველა მოსაზრება, რომელიც გამოითქვა ამ მოთხრობაში, სინამდვილესაც მიესადაგება; ჭეშმარიტების დადგენა გახლდათ ამ თხზულების საგანი. „მარი როჟეს საიდუმლოება“ იქმნებოდა შორს იმ ადგილიდან, სადაც ეს უბედურება დატრიალდა და მისი საფუძველი გახდა მხოლოდ ის მონაცემები, რომლის ამოკითხვაც გაზეთებშიღა შეიძლებოდა. ამიტომ მწერალმა ვერ შეძლო იმის გათვალისწინება, რასაც ადგილზე და იმ მიდამოს დათვალიერებისას ნახავდა და ჩახვდებოდა. და მაინც, თავხედობაში ნუ ჩამომართმევთ, თუ აღვნიშნავ, ორი პირის ჩვენებამ (იმათთაგან ერთი ამ მოთხრობაში მადამ დელუკის სახელითაა გამოყვანილი), რომელიც სხვადასხვა დროს იქნა მოპოვებული კარგა ხნის მერე ამ ნაწარმოების დაწერის დღიდან, მთლიანად დაგვიმტკიცა არა მარტო ჩვენი საერთო დასკვნების სისწორე, არამედ ამ თხზულებით წარმოჩენილი ყველა სავარაუდო დეტალის შეუმცდარობაც.       მთლად გულმშვიდ მოაზროვნეთაგან სულ რამდენიმე თუ ყოფილა ისეთი, ვისაც შიშით მოცულსა და თავდაკარგულს სანახევროდ მაინც დაუჯერებია ზებუნებრივი ძალების არსებობა თითქოსდა გასაოცარი ამბების თანხვედრის მაცქერალს, რადგან ასეთი თანხვედრა მართლაც წარმოუდგენელია. ხსენებული განწყობილების დაძლევა შეუძლებელი ხდება ჩვეულებრივი განსჯის მეშვეობით, როდესაც არ მოვიშველიებთ მეცნიერებას შემთხვევებზე, ანუ უფრო ზუსტად, იმის შემწეობით, რასაც ალბათობათა გამოთვლას ეძახიან. ამ გამოთვლის არსი წმინდა მათემატიკურია; და აქ შეგვიძლია დავინახოთ უცნაური თვისება ამ უზუსტესი მეცნიერებისა, რომელიც გამოგვადგება სულის ბუნდოვან, მერყევ და მოუხელთებელ გამოვლინებათა მისაკვლევად. ყოველი ის უმნიშვნელოვანესი გარემოება, რომელიც უნდა გაგაცნოთ, გარკვეულწილად ხორცს შეისხამს, გარკვეულწილად თანამიმდევრულობას შეიძენს და ბოლოს წარმოგვიდგება პირველი რიგის ოდნავ გასაგებ თანხვედრათა ჯგუფად, ხოლო მეორე რიგისას, ანუ საბოლოო დასკვნებს მკითხველი ჩახვდება ნიუ-იორკში მარი სესილ როჯერსის მკვლელობის ამბის გაცნობისას. როდესაც მე რამდენიმე წლის წინათ ვწერდი მოთხრობას „მკვლელობა მორგის ქუჩაზე“, ვცდილობდი წარმომეჩინა ჩემი მეგობრის, შევალიე შ. ოგიუსტ დიუპენის აზროვნების მნიშვნელოვანი თავისებურებანი და რას ვიფიქრებდი, თუ კიდევ მომიხდებოდა ამ საგანთან დაბრუნება. სწორედ ამ აზროვნების თავისებურებათა წარმოჩენა გახლდათ ჩემი სურვილი და ეს სურვილი სრულად განხორციელდა კიდეც, რაკი ძალიან დაგვჭირდა დიუპენის ჭკუა და გონება. მაგალითებს რამდენსაც გინდათ, იმდენს მოგიყვანთ, მაგრამ რაღა საჭიროა. თუმცა ამ უკანასკნელი ამბებისდა კვალად ისეთი რაღაც გამომზეურდა, რომ უთუოდ უნდა მოგითხროთ და უფრო კარგადაც შეიცნობთ ამ კაცს. რა არ მოვისმინე ამ ბოლო ხანს და მართლაც უცნაური იქნებოდა, დავდუმებულიყავი და აღარაფერი მეთქვა იმაზე, რაც თავად მინახავს და გამიგონია ამ რამდენიმე ხნის წინ. მადამ ლესპანიესა და მისი ქალიშვილის ტრაგიკული სიკვდილის ამბავი რომ გაარკვია, შევალიეს იმწუთას გადაავიწყდა ეს საქმე და თავის ჩვეულებრივ სევდიან ფიქრებს მიეცა. თავად მეც სულ ასეთი გახლდით და აღარც გამჭირვებია ამ კაცის მიბაძვა; სენ-ჟერმენის გარეუბნის იმ სახლში ჩავიკეტეთ და მომავალი აღარ გვადარდებდა, მშვიდი თვლემით გაგვყავდა აწმყო, ზმანებათა ბადით შემოვზღუდეთ ჩვენი სამყარო. მაგრამ ზოგჯერ შეგვიმუსრავდნენ ხოლმე ამ ზმანებათა ბადეს. ასეც უნდა ყოფილიყო. ჩემი მეგობრის ღვაწლს იმ დრამის გასრულებაში, მორგის ქუჩაზე რომ მოხდა, პარიზის პოლიციაზე დიდი შთაბეჭდილება მოუხდენია. საარაკო შექმნილიყო აქაურ გამომძიებელთათვის დიუპენის სახელი. უბრალოება იმ დასკვნებისა, რომლითაც მან საიდუმლოება ამოხსნა, არც არასდროს ყოფილა ნათელი პრეფექტისთვისაც კი და ჩემ გარდა არც არავისთვის, თქმა არ უნდა. რაღა გასაკვირი იყო, რომ მას შეჰყურებდნენ როგორც ჯადოქარს, ხოლო შევალიეს ანალიტიკური უნარი ინტუიციისთვის მიეწერათ. ყოველ კითხვაზე გულახდილად რომ გაეცა იმ კაცს პასუხი, იმათ ეს შეცდომა აღარ მოუვიდოდათ, მაგრამ ერთი სიზარმაცე სჭირდა და არ უნდოდა დაბრუნებოდა იმ საგანს, რომელიც უკვე კარგა ხანია არ იყო მისი ყურადღების არეში. ასეც მოხდა, მისანი გამხდარიყო იგი პოლიციელთა თვალში და პრეფექტურას ბევრჯერ მიუმართავს მისთვის დასახმარებლად. სწორედ ერთ-ერთი ასეთი მნიშვნელოვანი გამოდგა ქალიშვილის, ვინმე მარი როჟეს მკვლელობის საქმე.        მორგის ქუჩაზე დატრიალებული უბედურების შემდეგ ორი წელიწადი იყო გასული. მარი, რომლის სახელი და გვარი ასე მოგვაგონებს იმ ბედშავ „მეთამბაქოე გოგოს“, გახლდათ ერთადერთი ასული ქვრივ ესტელ როჟესი. სულ ჩვილი იყო, როდესაც მამა მოუკვდა და მას მერე დედა და შვილი ცხოვრობდნენ პავე სენ ანდრეს ქუჩაზე, მკვლელობამდე თვრამეტი თვით ადრე კი რაღაც სიახლე მომხდარიყო იმათ ცხოვრებაში. მადამ როჟეს პანსიონი ჰქონდა, მარი კი ეხმარებოდა მას. ცუდად არ ყოფილან, ვიდრე მარი ოცდაერთი წლის არ გახდა და მისი სილამაზე და მოხდენილობა შენიშნა ერთმა პარფიუმერმა, ვისაც პალე როიალის ახლოს ჰქონდა დუქანი და რომლის კლიენტები, ძირითადად, გახლდნენ ის ნაძირალა შარახვეტიები, იმ მიდამოში რომ დადიოდნენ დღენიადაგ. მესიე ლე ბლანმა დაინახა თუ არა ეს გოგო, იმწუთასვე მიხვდა, მიიყვანდა თუ არა თავის საპარფიუმერიოში მშვენიერ მარის, მომსვლელი ხალხის რაოდენობა გაცილებით გაიზრდებოდა; კარგი გასამრჯელო რომ შესთავაზეს, გოგო სიამოვნებით დაეთანხმა, თუმცა კი დედამისს მაინცდამაინც არ გახარებია ეს ამბავი. მედუქნე არც შემცდარა, მისი დაწესებულება მალე ცნობილი გახდა იმ მომხიბვლელი და ყოჩაღი გრიზეტი გოგოს მეშვეობით. ერთი წელიწადი დაყო მან იქ და მერე უეცრად სადღაც გაქრა, მისი თაყვანისმცემელი ლე ბლანი დიდად გაოცებული დარჩა და ვერც აეხსნა ვერაფერი, ხოლო მადამ როჟე შიშით აღარ იყო; გაზეთებს არ გამორჩენიათ ეს ამბავი და პოლიციასაც გამოძიებისთვის უნდა მოეკიდა ხელი, რომ ერთ მშვენიერ დილას, ერთი კვირის შემდეგ, მარი საღ-სალამათი დაბრუნდა, თუმცა კი დამწუხრებული ჩანდა; მოვიდა თუ არა, იმწუთასვე საპარიკმახეროს დახლს მიაშურა. ისე, სხვათა შორის, რაღაცები გამოკითხეს და, რაღა თქმა უნდა, ყოველგვარი გამოძიება შეწყდა. მესიე ლე ბლანმა იგივე გაიმეორა, არაფერი ვიციო. მარი და დედამისი კი სულ ამას იძახოდნენ, რომ ის ერთი კვირით სოფელში, ნათესავებთან იყო წასული. საქმე უმალ შეწყდა და მერე აღარც არავის ახსოვდა რამე. სულ მალე ის გოგო პარფიუმერს საბოლოოდ დაეთხოვა, ცნობისმოყვარე ხალხი მოსვენებას აღარ მაძლევსო და დედამისთან დაბრუნდა პავე სენ ანდრეს ქუჩაზე. სამი წელი არ იყო გასული ამის შემდეგ, რომ ამ გოგოს მეგობრებმა განგაში ატეხეს, უკვე მეორედ ისევ ისე უეცრად გამქრალიყო. სამი დღე გავიდა და მისი ასავალ-დასავალი ვერ გაიგეს. მეოთხე დღეს მისი გვამიღა იპოვეს სენაში, სწორედ სენ ანდრეს ქუჩის პირდაპირ ერთ მივარდნილ ადგილას, დე რულის კარიბჭის სიახლოვეს.        მხეცურმა მკვლელობამ (ერთი შეხედვითაც ჩანდა, რომ ეს მკვლელობა იყო), მსხვერპლის სიყმაწვილემ და მშვენიერებამ, ყველაზე მეტად კი იმ გარემოებამ, პირზე რომ ეკერათ მისი სახელი, დიდად იმოქმედა მგრძნობიარე პარიზელებზე. არც მახსოვს, ასეთი დავიდარაბა და შეხლა-შემოხლა გამოეწვიოს რამე შემთხვევას. რამდენიმე კვირა არ შეწყვეტილა მითქმა-მოთქმა ამ საგანზე და პოლიტიკაც კი აღარ ახსოვდათ იმხანად. პრეფექტს მოსვენება დაეკარგა და, რაღა თქმა უნდა, პარიზის მთელი პოლიცია ფეხზე დადგა. გვამი რომ ნახეს, პირველად ვერც კი იფიქრებდნენ, რომ მკვლელს ვერ მიაკვლევდნენ, რადგან ძიებას დაუყოვნებლივ შეუდგნენ. მაგრამ ერთი კვირა გავიდა და რომ ვეღარაფერს გახდნენ, მშველელს ჯილდო დაუდგინეს. ათასი ფრანკი იყო ეს ჯილდო. ამავე დროს მთელი ძალით მიმდინარეობდა გამოძიება, თუმცა ვერ ვიტყვით, უნაკლოდო. მრავალი პირი დაკითხეს, მაგრამ უშედეგოდ; საიდუმლოს გასაღები ვერ მოუძებნეს და ხალხი საყოველთაო აღშფოთებამ მოიცვა. ათი დღის შემდეგ რაღას იზამდნენ, ჯილდო გააორმაგეს, დაბოლოს, მეორე კვირაც რომ გავიდა და მაინც ვერაფერს მიაკვლიეს და რადგან პარიზის პოლიციის მადლიერნი არც არასდროს ყოფილან, რამდენიმე მნიშვნელოვანი აყალმაყალი მოხდა. მაშინ კი პრეფექტმა განაცხადა, ოცი ათას ფრანკს მივცემთ იმას, ვინც „მკვლელს დაგვისახელებსო“, ან, თუ რამდენიმე კაცი იქნებოდა დამნაშავე, მაშინ იმას, ვინც „რომელიმე მათგანს დაგვისახელებსო“. ეს განცხადება გვამცნობდა ჯილდოს შესახებ და აქვე იყო აღნიშნული, რომ სრულ პატიებას მიანიჭებდნენ იმას, ვინც თანამზრახველებს გათქვამდა. განცხადებას დართული ჰქონდა ცალკეულ პირთა მიმართვა, რომ პრეფექტურის მიერ დაწესებულ თანხას დაემატებოდა ათი ათასი ფრანკი. საბოლოოდ მთელი ჯილდო იქნებოდა ოცდაათი ათასი ფრანკი. მართლაც ძალზე დიდი იყო ეს გასამრჯელო, თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ გოგო მდაბიო წარმოშობის გახლდათ და მსგავსი მხეცობა ჩვეულებრივი ამბავია ხალხმრავალ ქალაქებში. ახლა უკვე აღარავის ეპარებოდა ეჭვი, რომ მალე ნათელი მოეფინებოდა მკვლელობის საიდუმლოს. ორჯერ თუ სამჯერ კი დააპატიმრეს ვიღაცები და იმედი გაჩნდა, გაიგებდნენ ყველაფერს, მაგრამ ვერაფერს გახდნენ, ხელმოსაჭიდი ვერაფერი ნახეს და დაჭერილნი მაშინვე გაათავისუფლეს. კი არის უცნაური, მაგრამ სამი კვირაც გავიდა გვამის აღმოჩენის დღიდან და ოდნავადაც ვერ წაიწიეს წინ, ხალხში ერთი მითქმა-მოთქმა იყო ატეხილი და დიუპენს და მე არც არაფერი გაგვიგია ამის შესახებ. რაღაცას ვიკვლევდით იმხანად და მთელი ჩვენი გონება იმით იყო დაკავებული, თითქმის ერთი თვე იქნებოდა, რაც სახლიდან ფეხი არ გამოგვიდგამს და არც ვინმე მოსულა ჩვენსას, ყოველდღიურ გაზეთებში კი მხოლოდ მთავარ პოლიტიკურ მოვლენებს გადავხედავდით ხოლმე. პირველი ცნობა მკვლელობის შესახებ მოგვიტანა თავად გ.-მ. ჯერ კიდევ შუადღით გვესტუმრა და გვიან ღამემდე დარჩა. ბევრი იწვალა, ვერაფერს გახდა და შეურაცხყოფილი გახლდათ ამ მარცხით, მკვლელობის ასავალ-დასავალს ვერ მიაკვლია. ჩემი კარგი სახელი, პარიზელების ჩვეულებისამებრ, მაღალფარდოვნად წარმოთქვა მან, სასწორზე არის შეგდებულიო. მისი ღირსებაც კი იყო შებღალული. მთელი ხალხი მას შეჰყურებს და ამ საიდუმლოს ამოსახსნელად მზადაა ყოველგვარი მსხვერპლი გაიღოს. დაბოლოს, ეს თავისი სასაცილო სიტყვა ასეთი ქათინაურით გაასრულა, სიამოვნებით გეუბნებით, დიუპენის „ტაქტს“ ვენდობიო; და აქვე დაუფარავად კარგი წინადადება შესთავაზა; უფლება არ მაქვს ზუსტად გადმოგცეთ მისი ნათქვამი, თუმცა ეს არც უნდა იყოს ჩვენი მოთხრობის საგანი. ჩემმა მეგობარმა ეს მისი ქათინაური თავაზიანად უარყო, ხოლო ის წინადადება მაშინვე მიიღო, მაგრამ თუ რა შედეგი ექნებოდა ამას, ახლა ვინ რას გაიგებდა. შეთანხმდნენ თუ არა, პრეფექტმა მაშინვე გაგვაცნო თავისი მოსაზრებები, შიგადაშიგ ფაქტობრივი მონაცემების ვრცელ კომენტარებს ჩაურთავდა ხოლმე; ამ მონაცემების შესახებ ჩვენ არაფერი ვიცოდით. საქმის ცოდნით გვიამბობდა ყველაფერს, რაღა თქმა უნდა, მაგრამ რომ აღარ დაამთავრა, გავბედე და გადავუკარი, გვიან არის-მეთქი; სადაცაა ღამე გაილეოდა. ჩვეულებისამებრ თავის სავარძელში იჯდა დიუპენი, წელგამართული მთლად ყურადღებას განასახიერებდა. მთელი ეს ხანი სათვალე არ მოუცილებია და ერთხელ შემთხვევით შევიჭვრიტე სათვალის მინების ქვეშ, სძინებია თურმე ეს შვიდი თუ რვა შემაღონებელი საათი პრეფექტის წასვლამდე. დილით პრეფექტურაში მივედი და რაც მასალა ჰქონდათ, ყველაფერი წამოვიღე, რედაქციებიც დავიარე და იქ ვიშოვე ყველა გაზეთი, სადაც კი რამე იყო დაბეჭდილი ამ უბედური ამბის შესახებ. თუ ამ ცნობებს გავცხრილავდით, ზღვა ინფორმაციაში მნიშვნელოვანი იყო შემდეგი: მარი როჟე პავე სენ ანდრეს ქუჩაზე მდებარე დედამისის სახლიდან წასულა კვირა დილით, დაახლოებით ცხრა საათზე, 22 ივნისს 18... წელს. წასვლის ხანს უთქვამს მესიე ჟაკ სენტ ესტაშისთვის, მეტი არავისთვის, დეიდასთან მივდივარო მთელი დღით დე დრომის ქუჩაზე. პატარა და ვიწროა დე დრომის ქუჩა, მაგრამ საკმაოდ ხალხმრავალია, ახლოა მდინარის სანაპიროსთან. მოკლეზე თუ ვივლით, ორი მილითაა დაცილებული მადამ როჟეს პანსიონს. სენტ ესტაში მარის თაყვანისმცემელი გახლდათ, ბინა და საჭმელი აქვე, პანსიონში ჰქონდა. შებინდებისას ამ ყმაწვილკაცს თავისი გულის სწორისთვის უნდა გამოევლო და შინ გამოეცილებინა, მაგრამ ნაშუადღევს თავსხმა წვიმა წამოვიდა და ასე უვარაუდებია, დეიდასთან დარჩება ღამის გასათევადო (სწორედ ასე შვრებოდა ეს გოგო მსგავს შემთხვევაში) და ამიტომ აღარც შეუსრულებია დანაპირები. დაღამდა და მადამ როჟეს (სამოცდაათი წლის მოხუცსა და დაუძლურებულ ქალს) შიში გამოუთქვამს, „ვეღარც ვერასდროს ვნახავო მარის“, მაგრამ ამისთვის არც მიუქცევიათ ყურადღება.        ორშაბათს გაიგეს, რომ გოგო არც ყოფილა დე დრომის ქუჩაზე, დღე გავიდა და არც საღამოს გამოჩენილა, მაშინ კი დაუწყეს ძებნა ქალაქსა და მის შემოგარენში. მხოლოდ მეოთხე დღეს გაიგეს, რა მოსვლოდა. იმ დღეს (ოთხშაბათს, 25 ივნისს) მესიე ბოვეს, მეგობართან ერთად რომ ეძებდა მარის დე რულის კარიბჭესთან, მდინარის სანაპიროზე, პავე სენ ანდრეს ქუჩის პირდაპირ, ვიღაცამ დაუყვირა, მეთევზეებს მდინარეში გვამი უპოვიათ და ნაპირზე გამოაქვთო. დახედა თუ არა იმ გვამს მესიე ბოვემ, იმწუთასვე იცნო საპარფიუმერიოში მომუშავე გოგო. ხოლო მის მეგობარს ოდნავაც არ შეჰპარვია ეჭვი. სახეზე შავად შესდედებოდა სისხლი, რომელიც პირიდანაც წასკდომოდა. ქაფი არსად ჩანდა, როგორც ეს წყალში დამხრჩვალებს აღმოაჩნდებათ ხოლმე. კანს ფერი არ დაეკარგა. სისხლის ჩაქცევისა და თითების ნაკვალევი დასტყობოდა ყელზე. ხელები მკერდზე ჰქონდა დაწყობილი და გაშეშებოდა. მარჯვენა ხელი მოემუჭა, მარცხენა ოდნავ გაეშალა. მარცხენა მაჯას ორი ნაჭდევი ემჩნეოდა, როგორც ჩანს, თოკისგან თუ თოკებისგან, რომელიც ორ ხაზად შემოვლებოდა. მარჯვენა მაჯა ზოგიერთ ადგილას და, მთელი ზურგი, განსაკუთრებით ბეჭებზე, გადატყავებული ჰქონდა. ნაპირზე რომ გამოჰქონდათ გვამი, მეთევზეებს მისთვის თოკი შემოუხვევიათ, მაგრამ ის გადატყავებული ადგილები ამისი ბრალი არ უნდა ყოფილიყო. მაგრად გამობერვოდა ყელი. დანის ნაჭრილობევი ან ნაცემი ადგილები გვამზე არ უნახავთ. ღვედის ნაჭერი ისე ძლიერ ჰქონდა შემოჭერილი კისერზე და ისე ღრმადაც ჩასჯდომოდა, რომ ძლივსღა შეუმჩნევიათ, თითქოსდა სულ ამოეჭამა ამ ღვედს ხორცი და მარცხენა ყურთან მკვიდრად ჩაემარყუჟებინათ. მარტო ესეც კმაროდა ადამიანის მოსაკლავად. სამედიცინო ექსპერტიზამ დაადგინა, რომ დაღუპული მხეცურად იყო გაუპატიურებული. გვამი რომ იპოვეს, მეგობრებმა სულ ადვილად იცნეს მოკლული. კაბა შემოგლეჯილ-შემოძარცვული ჰქონდა. კიდიდან წელამდე ერთი ფუტით აეხიათ ნაწილი, მაგრამ არ მოუგლეჯიათ, სამჯერ შემოუხვევიათ წელის გარშემო და როგორღაც ზურგზე შეუკრავთ. პერანგი მშვენიერი მუსლინის ჰქონდა და აქედან თვრამეტდიუმიანი ნაჭერი მოუხვევიათ, მოუხვევიათ ძალიან სწრაფად და დიდი სიფრთხილითაც. სწორედ იგი შემოხვეოდა ყელზე თავისუფლად, და მაგრადაც გაენასკვათ. მუსლინისა და ღვედის ზემოთ შლაპა შეუკრავთ ორი ზონრით. ქალის ხელით არ უნდა ყოფილიყო შეკრული ამ შლაპის ზონრები, რადგან მკვიდრად იყო ჩანასკვული მეზღვაურული მარყუჟით.        გვამი იცნეს თუ არა, მორგში კი არ წაუღიათ (ზედმეტად მიუჩნევიათ ასეთი ფორმალობა), არამედ იქვე ახლოს დაუკრძალავთ, მდინარის სანაპიროზე, სადაც გამოუტანიათ. ბოვეს იმდენი მოუხერხებია, რომ ეს საქმე მიუფუჩეჩებიათ, მაგრამ რამდენიმე დღის შემდეგ ხალხის აღშფოთებას უშედეგოდ არ ჩაუვლია. დაბოლოს, ერთმა ყოველკვირეულმა გაზეთმა მოჰკიდა ამ საქმეს ხელი, გვამი ამოთხარეს და კიდევ ერთხელ გასინჯეს, მაგრამ ადრე მიკვლეულს ახალი ვეღარაფერი დაუმატეს. მხოლოდ ამჯერად მისი ტანსაცმელი უჩვენეს დედასა და დაღუპულის მეგობრებს, ყველამ ერთხმად თქვა, სწორედ ასე ეცვა სახლიდან წასვლისასო. ამ დროს ყოველ საათს მატულობდა საყოველთაო აღშფოთება, ვიღაცები დააპატიმრეს და გამოუშვეს. განსაკუთრებით სენტ ესტაშით დაეჭვდნენ; პირველად იმან ვერც ის თქვა ზუსტად, სად იმყოფებოდა იმ კვირადღეს, როდესაც მარი სახლიდან წავიდა. მაგრამ მერე კი მესიე გ.-ს წარუდგინა ფიცით დამტკიცებული ბარათი, სადაც აღნიშნული იყო მისი ყოველი ნაბიჯი იმ დღეს. დრო გადიოდა და ვერაფერს მიაკვლიეს, ერთმანეთის სრულიად საპირისპირო ათასი ხმა დაირხა და ჟურნალისტებმა ხელი მიჰყვეს ვარაუდების წარმოჩენას. მათ შორის ყველაზე საყურადღებო იყო ერთი შენიშვნა, რომლის მიხედვითაც მარი დღესაც ცოცხალი გახლდათ, ხოლო სენაში ნაპოვნი გვამი ვიღაც სხვა უბედურის იყო; ჯობს თავად მკითხველმა ნახოს რამდენიმე ამონაწერი იმ წერილიდან, რომელშიც ასეთი ვარაუდი გამოითქვა. ქვემოთ მოყვანილი პასაჟები სიტყვა-სიტყვითაა თარგმნილი L’Etoile-დან, საერთოდ კი ოსტატის ხელი ეტყობა ამ გაზეთს: „მადემუაზელ როჟე გამოვიდა დედის სახლიდან კვირა დილით, 18... წლის ივნისის 22-ში, ვითომცდა დეიდამისის თუ სხვა ახლობლის სანახავად მიდიოდა დრომის ქუჩაზე. მას მერე არავის უნახავს იგი. იმის ასავალ-დასავალი არ იციან, თითქოს მიწამ ჩაყლაპაო... არც გამოჩენილა ვინმე, მოსულიყო და ეთქვა, ვნახე იმ დღეს, როდესაც დედის სახლიდან წამოვიდაო... და თუმცა ჩვენ რამე საბუთი არ გვაქვს, რომ მარი როჟე ცოცხალი დარჩენილა ივნისის თვის 22-ის, კვირადღის, ცხრა საათის შემდეგ, მაგრამ დარწმუნებული ვართ, ამ საათის დადგომამდე ის ცოცხალი გახლდათ, ხუთშაბათს კი, შუადღით, 12 საათისთვის ქალის გვამი უნახავთ დე რულის ახლოს სანაპიროსთან. თუკი ვივარაუდებთ, რომ მარი როჟე მდინარეში ჩაუგდიათ სამი საათის მერე, რაც დედამისის სახლიდან წამოვიდა, მაშინ სამი დღე და ერთი საათი უნდა ყოფილიყო გასული მას შემდეგ. მაგრამ სისულელეა იმის ვარაუდი, რომ მკვლელობა, თუკი მოკლული იყო ის გოგო, ასე ადრე მომხდარიყო, მაშინ მკვლელები გვამს შუადღის დადგომამდე თუ გადააგდებდნენ მდინარეში. ვინც ასეთ შემზარავ დანაშაულს დააპირებს, სიბნელეს არჩევს და არა სინათლეს... გამომდინარე აქედან, თუკი ის გვამი მარი როჟესი იყო, მაშინ ის წყალში უნდა ყოფილიყო ორ-ნახევარი ან სამი დღე მაინც. ხოლო ცნობილია, რომ წყალწაღებულის სხეულს ან იმის სხეულს, ვინც მოუკლავთ და იმავე წამს წყალში გადაუგდიათ, ექვსი-ათი დღე სჭირდება, ვიდრე ხრწნა მოეკიდებოდეს და მხოლოდ ამის მერე ამოტივტივდება წყალზე. თუნდაც რომ ზარბაზანი გავისროლოთ იმ ადგილას, სადაც ხუთ-ექვს დღესაა ჩაძირული გვამი, ის ამოტივტივდება და ვეღარ მივუსწრებთ, ისევ ჩაიძირება. ჰოდა, საკითხავი აი ეს არის, რად არ მოხდა ასე ამ შემთხვევაშიც, ნუთუ ბუნებასაც სჩვევია ასეთი გამონაკლისი?... თუკი ეს დასახიჩრებული სხეული ნაპირზე დარჩა სამშაბათ ღამით, მაშინ უთუოდ ნახავდნენ მკვლელობის რამე ნაკვალევს სანაპიროზე. საეჭვოა ისიც, რომ ასე მალე ამოტივტივებულიყო მკვლელობიდან ორი დღის შემდეგ გადაგდებული გვამი. და კიდევ, ძნელი წარმოსადგენია, ის არამზადები, რომლებმაც ასეთი მკვლელობა გაბედეს, წყალში ისე მოისროდნენ სხეულს, რომ არ მიაბამდნენ რამე სიმძიმეს ჩასაძირავად, ასე წინდახედულად მოქცევა სულ ადვილი იყო მათთვის“. მერე კი რედაქტორი იმის მტკიცებას მოჰყოლია, რომ სხეულმა წყალში უნდა დაყოს „არა რაღაც სამი დღე, არამედ, სულ ცოტა ხუთჯერ სამი დღე“, თუკი იმდენად გახრწნილი იყო გვამი, რომ ბოვემ ძლივსღა იცნო, მაგრამ ეს უკანასკნელი მოსაზრება სრულიად იქნა უარყოფილი. ვაგრძელებ ამ თარგმანს: „და მაინც როგორია ის ფაქტები, რამაც საბოლოოდ დაარწმუნა მ. ბოვე, რომ ის მარი როჟე იყო? კაბის სახელოები აუტრიალებია მისთვის და განუცხადებია, ნიშნები ემთხვევა, სრული მსგავსება არისო. ხალხის ვარაუდით, ეს ნიშნები უნდა ყოფილიყო რაღაც მნიშვნელოვანი ნაიარევი, მაგრამ თურმე იმ კაცმა ხელი გამოიწვდინა და მკლავზე რაღაც თმა უპოვა, ჩვენი აზრით, ამ ნიშნით გვამის გამოცნობა იგივეა, რაც სახელოში ხელის პოვნა. მესიე ბოვე იმ ოთხშაბათ ღამით არ დაბრუნებულა შინ, მაგრამ შვიდი საათისთვის უცნობებია მადამ როჟესთვის, გამოძიება ჯერ კიდევ მიმდინარეობს და ზუსტად არ იციან, თქვენი ქალიშვილია ის თუ არაო. თუკი მადამ როჟეს, მოხუცსა და ავადმყოფ ქალს, არ შეეძლო მისვლა (რაც სულაც არ არის გასაკვირი), ხომ უნდა ჰყოლოდა ვინმე, ვინც იფიქრებდა, ვაითუ ის მართლაც მარის გვამია, წავალ და გამოძიებას მივეხმარებიო. ასეთი არავინ გამოჩენილა. არც არავის უთქვამს და გაუგონია, რომ პავე სენ ანდრეს ქუჩაზე ამ საქმის გამო ვინმე მისულიყოს. სენტ ესტაშიც კი, მარის შეყვარებული და მომავალი ქმარი, რომელიც ამ გოგოს დედის სახლში ცხოვრობდა, ამტკიცებს, პირველად გვამის პოვნის შესახებ მხოლოდ მეორე დილას მაცნობესო, როდესაც მესიე ბოვე მივიდა მისას და მოუთხრო ეს ამბავი. კი ვართ გაოცებულნი, რომ ახალ ამბავს საკმაოდ ცივად შეხვდნენ“. ასე უნდოდა იმ გაზეთს შთაბეჭდილების შექმნა მარის ნათესავების უსულგულობის შესახებ, რათა დაემკვიდრებინათ თავიანთი ვარაუდი, რომ ის გვამი სხვისი იყო. ამ ინსიუნაციებით ასეთი დასკვნა გამოჰყავდათ: მარი მეგობრების დახმარებით ქალაქიდან გარბის, რადგან არ უნდა გახმაურდეს მისი შებღალული უბიწოების ამბავი, ჰოდა, აი, მისი მეგობრები, სენაში გვამს რომ აღმოაჩენდნენ, ვითომცდა იცნობდნენ იმ გოგოს და ხმას დაყრიან კიდევაც ხალხში მკვლელობის შესახებ, ესახებ, მაგრამ ამჯერად L’Etoile-ს მეტისმეტი მოსვლია. ნათლად იყო დამტკიცებული, რომ ეს სუყველაფერი გაზეთს მოუჭორავს. სინამდვილეში ის მოხუცი ქალი დაუძლურებულა, დარდით აღარ იყო და აღარაფრის თავი არ ჰქონია; იმ სენტ ესტაშს ის ცნობა გულგრილად კი არ მოუსმენია, არამედ თავზარი დასცემია და თავის ჭკუაზე აღარ ყოფილა, მესიე ბოვემ დაუძახა ერთ მის მეგობარს, ერთ ნათესავს და უთხრა, თვალი არ მოაცილოთო; იმ გოგოს გვამს კი ახლოსაც არ გააკარა ექსჰუმაციისა და ხელმეორედ შემოწმების ხანს. უფრო მეტიც, თუმცა L’Etoile-ს უნდოდა ხმა დაეყარა, რომ გვამი ხელმეორედ დაასაფლავეს მთავრობის ხარჯზე და თითქოს წინადადება დაღუპულის სახლიდან გამოსვენების თაობაზე ოჯახმა უარყო, დაბოლოს, თურმე არც ერთი მისი ახლობელი არ მოსულა დაკრძალვაზე... თუმცა L’Etoile ყოველნაირად ცდილობდა ამ ამბის გავრცელებას, არც არავის დაუჯერებია ეს ამბავი. შემდეგ გაზეთს თავად ბოვეც არ დაჰვიწყებია და წყლის შეყენება მოუნდომებია მისთვის. რედაქტორის აზრით: „ახლა კი მოხდა რაღაც ცვლილება. ჩვენ შეგვატყობინეს, რომ ვიღაც მადამ ბ. შემთხვევით მოხვედრილა მადამ როჟეს სახლში, სწორედ იმ წუთას მესიე ბოვე გამოდიოდა იქიდან და ასე უთქვამს იმ ქალისთვის, სადაცაა ჟანდარმი უნდა მოვიდესო და გაუფრთხილებია, ჩემს დაბრუნებამდე იმ ჟანდარმთან კრინტი არ დაძრა, ყველაფერს მე მოვაგვარებო... საქმე ისეა, რომ, ჩვენი აზრით, მესიე ბოვეს გარეშე ვერაფერს გავხდებით, მესიე ბოვეს ჩაურევლად ერთ ნაბიჯსაც ვერ გადავდგამთ, სადაც არ მიდგებით, ყველგან ის კაცი დაგხვდებათ... რად ფიქრობს ასე, უჩემოდ თითსაც ვერავინ გაანძრევსო, იმ ოჯახის ყველა ახლობელი მამაკაცი მისი წყალობით განზე გამდგარა; სწორედ ასეც უთქვამთ იმათ, ძალიან უცნაურად მოქცეულაო ის კაცი. თითქოსდა, რატომღაც, ძლიერ სურდა, იმ გოგოს ნათესავები გვამს ახლოსაც არ გაჰკარებოდნენ“. შემდეგ მოყვანილი იყო ისეთი ფაქტი, რომელსაც შეეძლო გარკვეული ეჭვის აღძვრა ბოვეს წინააღმდეგ. ვიღაც მისულა მასთან სამსახურში იმ გოგოს დაკარგვამდე რამდენიმე დღით ადრე და იქ არავინ დახვედრია, სწორედ მაშინ დაუნახავს გასაღების ღრიჭოში გაჩრილი ვარდი და იქვე ახლოს დაკიდებული მუყაო წარწერითურთ – „მარი“. საერთოდ კი გაზეთებში ასეთი აზრი იყო დამკვიდრებული, რომ მარი რომელიღაც თავზე ხელაღებულთა ჯგუფის მსხვერპლი შექმნილა, მდინარის იქით გადაუყვანიათ, გაუუპატიურებიათ და მოუკლავთ. დიდი გავლენის მქონე გამოცემა Le Gommerciel-ი ძალზე მტრულად მოეკიდა ამ გავრცელებულ აზრს. მომყავს ორიოდე ამონაწერი ამ გაზეთიდან: „ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ იმთავითვე არასწორად წარიმართა კვლევა, დე რულის კარიბჭესთან რა უნდოდათ. იმ ყმაწვილ ქალს ხომ ბევრი იცნობდა და როგორღა შეეძლო სამი უბანი გაევლო და არავის დაენახა იგი; ვინმეს თვალი რომ მოეკრა მისთვის, არც დაავიწყდებოდა, რადგან ყველა მიაქცევდა ყურადღებას, ვინც კი იცნობდა მას; სახლიდან რომ გამოვიდა, ქუჩები ხალხით იყო სავსე... დე რულის კარიბჭესთან ან დე დრომის ქუჩასთან როგორ მივიდოდა ისე, რომ ერთ დუჟინს მაინც არ ეცნო; მაგრამ დედამისის სახლიდან გამოსული არც არავის დაუნახავს, ხელთ რაიმე დამამტკიცებელი საბუთიც არა გვაქვს გარდა იმისა, რომ მას განზრახული ჰქონდა სადღაც წასვლა. მისთვის ტანსაცმელი შემოუხევიათ და მერე გარშემო შემოუხვევიათ, მერე შეუკრავთ, ამის შემდეგ ფუთასავით შეიძლებოდა სხეულის წაღება. მკვლელობა რულის კარიბჭესთან რომ მომხდარიყო, მაშინ აღარც იქნებოდა საჭირო ასეთი სახელურის გაკეთება. სხეული კარიბჭის ახლოს, მდინარეში რომ უნახავთ, სულაც არ გვიჩვენებს მისი წყალში გადაგდების ადგილს... ორი ფუტი სიგრძის და ერთი ფუტი სიგანის ნაჭერი, ნაგლეჯი იმ უბედური გოგოს კაბისა, ნიკაპს ქვემოთ ყელზე დაუხვევიათ და კეფაზე გაუნასკვავთ ყვირილის დასახშობად. ასე იციან იმ ვაჟბატონებმა, რომლებსაც ცხვირსახოცი არც სჭირდებათ“. ერთი თუ ორი დღით ადრე, სანამ პრეფექტი ჩვენსას მოვიდოდა, პოლიციას მოუპოვებია რამდენიმე მნიშვნელოვანი ცნობა, რომლებსაც უარუყვია კიდევაც Le Gommerciel-ის ძირითადი მოსაზრებანი. ქალბატონ დელუკის ორ ბიჭუნას, რომლებიც დე რულის კარიბჭესთან ახლოს ტევრში დაეხეტებოდნენ და შემთხვევით დაბურულ ბუჩქნარში შესულან, აქ სამი თუ ოთხი ვეებერთელა ქვა დაუნახავთ, სკამივით რომ იყო მოწყობილი, საზურგეც ჰქონდა და ფეხის დასადგმელიც, ზედა ქვაზე თეთრი ქვედაკაბა შეეგდოთ, ხოლო იმის ქვემოთ აბრეშუმის შარფი. იქვე ეგდო ქოლგა, ხელთათმანები და პატარა ცხვირსახოცი, რომელზეც სახელი იყო დაქარგული – „მარი როჟე“. მაყვლის ბუჩქებზე კაბის ნაგლეჯებიც უნახავთ. მიწა გადატკეპნილი იყო, ბუჩქის ტოტები გადამტვრეული და ნათლად ჩანდა, რომ აქ უბრძოლიათ. მოაჯირი ბუჩქნარსა და მდინარეს შორის მოერღვიათ და მიწაზე იმის ნაკვალევი ეტყობოდა, რომ აქ რაღაც მძიმე საგანი გადაუთრევიათ.        ყოველკვირეულმა გაზეთმა, Le Soleil-მა შემდეგი აზრი გამოთქვა, პარიზული პრესის საერთო აზრის გამოძახილი გახლდათ ეს გამონათქვამი: „ცხადია, რომ ეს საგნები სამი თუ ოთხი კვირა ეყარა იქ; წვიმისაგან დალპობილან და ხავსიც მოჰკიდებიათ. აღარც კი ჩანდნენ ამოსულ ბალახში, აბრეშუმის ქოლგა შედარებით გამძლე გამოდგა, მაგრამ ისიც გარღვეულიყო აქა-იქ. მისი ზედა ნაწილი, სადაც იკეცებოდა და იკვრებოდა, იმდენად დახავსებულიყო და დამპალიყო, რომ გახსნეს თუ არა, მაშინვე გაიხა... ბუჩქებს კაბა გაეგლიჯათ და ამოხეულიყო, ასე, სამი დუიმი სიგანის და ექვსი დუიმი სიგრძის ნაჭერი. სამოსლის ერთი ნაწილი ნაკემსი ჩანდა, მეორეც იყო, მაგრამ ყოველგვარი ნაკემსის გარეშე, თითქოსდა ღვედებად დაეხიათ და ბუჩქებს ასე წამოსდებოდა მიწიდან დაახლოებით ერთი ფუტის სიმაღლეზე... ვისღა შეეპარება ეჭვი, რომ ადგილი შემზარავი დანაშაულისა ცნობილია“. კიდევ ახალი ფაქტები დაერთო ამ აღმოჩენას. მადამ დელუკმა ასეთი ჩვენება მისცა, სწორედ დე რულის კარიბჭის პირდაპირ, მდინარის ახლოს, გზისპირას სასტუმროს ვფლობო. მიყრუებულია ეს მიდამო, თითქმის უკაცური. კვირაობით კი აქ ვის არ ნახავთ ქალაქიდან მოსულს, რაკიღა ამ ადგილიდან უნდა გადავიდნენ ნავებით მეორე ნაპირზე. დაახლოებით დღის სამი საათი იქნებოდა, როდესაც იმ კვირას გოგო შესულა სასტუმროში შავგვრემანი ყმაწვილი კაცის თანხლებით. რამდენიმე ხანი დარჩენილან ის ორნი. მერე კი იქვე ახლომდებარე ტყისკენ წასულან. მადამ დელუკს იმ გოგოს კაბისთვის მიუქცევია ყურადღება, რადგან სწორედ ასეთს იცვამდა მისი ერთი გარდაცვლილი ნათესავი ქალი. განსაკუთრებით ის შარფი დაუმახსოვრებია. ის წყვილი წავიდა და მალე ვიღაც არამზადების ბრბო მოვიდა, იღრიალეს, სვეს და ჭამეს, ფული არ გადაუხდიათ და იქით გასწიეს, სადაც ის გოგო და ბიჭი უნდა ყოფილიყვნენ, დაღამებას აღარაფერი უკლდა, როდესაც ისინი მობრუნდნენ და საჩქაროდ მდინარის მეორე მხარეს გადავიდნენ. უკვე კარგა დაღამებულიყო, რომ მადამ დელუკმა და იმისმა უფროსმა ვაჟმა ქალის კივილი გაიგონეს სასტუმროს ახლოს. ერთი გულშემზარავი შეკივლება მოესმათ, მაშინვე მიწყდა ეს ხმა. მადამ დელუკმა არა მარტო ბუჩქებში ნაპოვნი შარფი იცნო, გვამზე ნანახ კაბაზეც თქვა, ეს იმ გოგოსი არისო. ვიღაც ვალანსმა, ომნიბუსის მძღოლმა ჩვენება მისცა, რომ მას დაუნახავს მარი როჟე სწორედ იმ კვირადღეს, ბორანით გადადიოდა სენაზე ვიღაც მზემოკიდებულ ყმაწვილკაცთან ერთად. იგი, ვალანსი, იცნობდა მარის და ნამდვილად არ შეეშლებოდა. ბუჩქებში ნანახი საგნები სწორედ მარისი უნდა ყოფილიყო, ასე თქვეს მისმა ნათესავებმა. დიუპენის თხოვნით გაზეთებიდან ჩემ მიერ ამოკრებილი ფაქტები და ცნობები კიდევ ერთი გარემოებით სრულდებოდა. დიდმნიშვნელოვანი იყო ეს გარემოება. თურმე მაშინვე, ზემოაღნიშნული საგნები რომ იპოვეს, იმ ადგილას, სადაც, როგორც ვარაუდობდნენ ის უბედურება დატრიალდა, უნახავთ გაციებული ან თითქმის გაციებული სხეული სენტ ესტაშისა, მარის გულის სწორისა. იმის გვერდით ეგდო „ლაუდანუმის“ ცარიელი, პატარა ბოთლი. საწამლავის სუნი ამოსდიოდა პირიდან. ისე მოკვდა, ვეღარაფერი თქვა. მისი ბარათიც უპოვიათ, მოკლედ წერდა, მე მარი მიყვარდა და თავს ვიკლავო. – რაღა უნდა გითხრა, – თქვა დიუპენმა, როდესაც ჩემი შენიშვნების კითხვა გაასრულა, – ეს შემთხვევა უფრო აბურდულია, ვიდრე ის, მორგის ქუჩაზე რომ მოხდა და იმისგან ძალიანაც განსხვავდება. ეს არის ჩვეულებრივი, თუმცა მხეცური დანაშაული. არაფერ განსაკუთრებულს ვერ ვხედავ. შენც შეამჩნევდი ალბათ, ამ საიდუმლოს ამოხსნა სულ ადვილი რომ ჰგონებიათ, სწორედ ამის გამო გაჭირდა საქმე, ვერაფერს გახდნენ. მიზეზი ის უნდა ყოფილიყო, რომ პირველად ჯილდო არ დაუდგენიათ. გ.-ს მირმიდონელებს ჭკუა ეყოთ, რომ მიმხვდარიყვნენ, როგორ და რატომ უნდა მომხდარიყო ასეთი მხეცობა, მათ შეეძლოთ წარმოედგინათ ხერხი, მრავალი ხერხი, მოტივი, ამ დანაშაულისა და რაკიღა, მათი აზრით, ამ უამრავი ხერხიდან და მოტივებიდან ერთ-ერთი სავსებით შესაძლებელი იყო, იმედი ჰქონდათ, რომ ბოლომდე მიიყვანდნენ საქმეს. მე უკვე გითხარით, სულ ჩვეულებრივ ამბებზე ამაღლებას რომ ცდილობ და ჭეშმარიტებას რომ ეძებ, სწორი არ უნდა იყოს ამ შემთხვევაში ასეთი კითხვის დასმა: „და მაინც, რა მოხდა?“, არამედ სჯობს: „ისეთი რა უნდა მომხდარიყო, რაც აქამდე არ მომხდარა?“. მადამ ლესპანიეს ბინას რომ ჩხრეკდნენ, გ.-ს ხალხს თავგზა აბნევიათ და სულით დაცემულან მომხდარი უბედურების უჩვეულობით, ეს გარემოება კი საკმაოდ მოწესრიგებული ინტელექტისთვის წარმატების საწინდარი გახდებოდა და სწორედ ეს ინტელექტი სასოწარკვეთილებას მიეცემოდა, როდესაც ნახავდა, მეპარფიუმერე გოგოსთან დაკავშირებულ რა უბრალო შემთხვევას გადავყრივარო; ამ უბრალოებამ კი პრეფექტურის წარმომადგენლები იმთავითვე საზეიმო ხასიათზე დააყენა. მადამ ლესპანიეს და მისი ქალიშვილის შემთხვევაში მაშინვე მიხვდნენ, რომ, რაღა თქმა უნდა, დედა და შვილი ვიღაცას დაუხოცავს: თვითმკვლელობის ვარაუდი თავიდანვე იყო გამორიცხული. ჩვენ აქ შეგვიძლია მტკიცედ ვთქვათ, თვითმკვლელობა არ მომხდარა. დე რულის კარიბჭესთან ნაპოვნ გვამს ისე კარგად ეტყობოდა ძალის ნაკვალევი, რომ ის მნიშვნელოვანი ვარაუდი მაშინვე იქნა უარყოფილი. მაგრამ გვამი რომ ნახეს, ეჭვიც გამოითქვა, შეიძლება, ის არც იყოსო მარი როჟესი, რომლის მკვლელის თუ მკვლელთა გამოსავლინებლად ჯილდო იყო დადგენილი. ჩვენც ხომ სწორედ ამ გოგოს თაობაზე ვიყავით შეთანხმებული პრეფექტთან. ჩვენ კი ორივენი კარგად ვიცნობთ ამ ჯენტლმენს. ამ კაცის შემხედვარე ფონს ვერ გახვალ. თუკი ჩვენს ძიებას გვამით დავიწყებთ და ბოლოს მკვლელს მივაკვლევთ და ამასთან ერთად იმასაც აღმოვაჩენთ, რომ მოკლული მარი კი არა, ვიღაც სხვა ყოფილა ან თუ მარი ცოცხალია და ჩვენ მას ვიპოვით და ვიპოვით მრთელსა და საღ-სალამათს, ორივე შემთხვევაში დავზარალდებით, რადგან ჩვენ ამ კაცს, გ.-ს გადავყრივართ. ჰოდა, ასე უნდა იყოს საჭირო, სამართლისთვის კი არა, ჩვენთვის უპირველეს ყოვლისა, რომ დავადგინოთ, ის გვამი სწორედ დაკარგული მარი როჟესია. L’Etoile-ს მოსაზრებებს მკითხველებზე დიდი ზეგავლენა მოუხდენია; თავად ეს გამოცემა ამ თავის მოსაზრებებს დიდ მნიშვნელობას ანიჭებს, ერთი შეხედე, როგორ იწყებს თავის კიდევ ერთ წერილს ამ საგანზე – „რამდენიმე დღევანდელი დილის გაზეთი“, – გვამცნობს იგი, – დამაჯერებლად თვლის ჩვენს სტატიას ორშაბათის L’Etoile-ში“. მე თუ მკითხავ, მეტისმეტ სიბეჯითეს ამჟღავნებს ამ წერილის შემთხზველი და მეტს არაფერს. ისიც უნდა გვახსოვდეს, რომ ჩვენი გაზეთების მიზანი სენსაციები და მკითხველთა მოპოვებაა და არა ჭეშმარიტების დადგენა. ჭეშმარიტებას აქ მკითხველთა თვალით ზომავენ. ის ორგანო, რომელიც მოარული აზრის (რაც უნდა მართებული იყოს ეს აზრი) გავრცელებას მოისურვებს, ბრბოს გულს ვერ მოიგებს. ხალხის ყურადღება იმას შეუძლია მოიპოვოს, ვინც უხეშად უარყოფს საყოველთაო აზრს. ვითომცდა საღად ვმსჯელობთო და ისევე, როგორც ლიტერატურაში, ამ შემთხვევაში ჩმახვას ძალუძს მაშინვე მოახდინოს დიდი ზეგავლენა ყველაზე. გინდ ისე იყოს და გინდ ასე, რაღა ფასი აქვს ასეთ მსჯელობას. მე იმისი თქმა მინდა, რომ L’Etoile-ს ჩმახვასა და, თუ გნებავთ, აზრის უბრალოებას, მარი როჟე ცოცხალი უნდა იყოსო, დიდად მიუპყრია ხალხის ყურადღება. მოდით და წვრილად ჩავუღრმავდეთ ამ გაზეთის მსჯელობას, ოღონდ ისე, რომ გვახსოვდეს, არ გავებათ წერილის უთავბოლო ლაბირინთებში. უპირველეს ყოვლისა, იმის დამწერს სურს გვიჩვენოს, რომ მარის დაკარგვის საათიდან მცირე დრო იყო გასული, გვამი არ ამოტივტივდებოდა და ვეღარც იპოვიდნენ, ესე იგი, მოკლული მარი არ უნდა ყოფილიყო. გამომდინარე აქედან, რაც შეიძლება უნდა შეამცირონ ზემოთ ხსენებული დროის ხანგრძლივობა, რადგან სწორედ ეს არის იმ ჩვენი მოაზროვნის მიზანი. ჰოდა, რა არ წამოუროშავს ამ მიზნის მისაღწევად. „სულელიღა თუ იფიქრებდა, – წერს იგი, – რომ მარი მოუკლავთ და თუკი დაღუპული სწორედ ის გოგო იყო, მაშინ ეს უნდა მომხდარიყო ისე ადრე, რომ მკვლელებს ჯერ კიდევ შუაღამემდე მოესწროთ მდინარეში გვამის გადაგდება“. ჩვენ აქ, რასაკვირველია, ასეთი კითხვა უნდა დავსვათ: „რატომ?“ რატომ უნდა მოგვივიდეს თავში ასეთი სულელური აზრი, რომ მკვლელს დანაშაული ჩაუდენია იმ გოგოს სახლიდან გაპარვისთანავე, ხუთი წუთის შემდეგ? რატომ უნდა მოგვივიდეს თავში ასეთი სულელური აზრი, რომ მკვლელობა მოხდა მაინცდამაინც იმ დღეს? კაცისკვლა შეიძლება ყოველ წუთს მოხდეს. მაგრამ რა დროსაც უნდა მომხდარიყო მკვლელობა, კვირადღის დილის ცხრა საათიდან ღამის თორმეტ საათამდე, კი მოახერხებდნენ „გვამის მდინარეში გადაგდებას შუაღამემდე“. ხსენებული აზრი, სხვათა შორის, იმასც გვამცნობს, რომ კვირადღეს ის გოგო ჯერ კიდევ ცოცხალი იყო და თუ ჩვენ L’Etoile-ს ასეთ დასკვნას გავაკეთებინებთ, მაშინ მსჯელობას სრულ თავისუფლებასაც მივანიჭებთ. ის საგაზეთო წერილი ასე იწყება: „სისულელეა იმის თქმა, რომ ის მოუკლავთ და ა.შ.“ როგორც ჩანს, L’Etoile-ს მიხედვით შეგვიძლია წარმოვიდგინოთ იმ წერილის შემთხზველის აზრის მიმდინარეობა – სულელიღა თუ იტყვის, ეს მკვლელობა იყოო, თუკი მოკლული მართლაც ის გოგოა, მაშინ მკვლელებს უნდა მოესწროთ მისი გვამის მდინარეში გადაგდება შუაღამის დადგომამდე; ჩვენი აზრით, სისულელეა ასეთი ვარაუდის გამოთქმა იმ დროს (ჩვენ უკვე კიდევაც დავეთანხმეთ ამ ვარაუდს), როდესაც არსებობს შეხედულება, „გვამს მხოლოდ შუაღამის მერე გადააგდებენო“ – თავისთავად ეს აზრი თანამიმდევრულობით არ გამოირჩევა, მაგრამ არც ისეთი აზრმოკლებული ჩანს, როგორც ამ გაზეთში დაიბეჭდა. – ჩემი მიზანი რომ, – განაგრძო დიუპენმა, – L’Etoile-ს არგუმენტების უარყოფა იყოს, მე არც კი მოვყვებოდი ამის მტკიცებას. L’Etoile-ს რას ვაქნევთ, ჩვენთვის ჭეშმარიტებაა მთავარი. ამ გაზეთებიდან მოყვანილი სიტყვების მნიშვნელობა ნათელია, მაგრამ საკითხავი ის არის, რა იმალება ამ სიტყვების მიღმა, როგორ შეიძლება მათი ახსნა. იმ ჟურნალისტს იმისი თქმა უნდოდა, რომ იმ კვირას, გინდ დღისით და გინდ ღამითაც, რა დროსაც უნდა მომხდარიყო მკვლელობა, შეუძლებელი იყო მკვლელებს შუაღამემდე გადაეტანათ გვამი მდინარესთან. ნამდვილად არ შემიძლია ამ შეხედულების გაზიარება. მისი აზრით, მკვლელობა მოხდა ისეთ ადგილას და ისეთ გარემოებაში, რომ შეუძლებელი იყო გვამი მდინარესთან არ გადაეთრიათ. მაგრამ ხომ შეიძლება მკვლელობა სწორედ მდინარის პირას ან სულაც მდინარეში მომხდარიყო; გვამის წყალში გადაგდება შეეძლოთ დღისითაც და ღამითაც, ამაზე ადვილი რაღა იქნებოდა. მინდა სწორად გაიგოთ ჩემი ნათქვამი, მე არ ვამბობ, რომ მაინცდამაინც მასე მოხდა, ანუ ჩემი აზრი შეუვალია. ამჯერად არც მსურს ფაქტების გამოწვლილვით განხილვა. მინდა ყურადღება მიაქციოთ L’Etoile-ს მსჯელობის მანერას, მისი ყოველი სიტყვა მიკერძოებული ჩანს. ჰოდა, მკვლელობის დრო როგორც სურდათ, ისე შეზღუდეს და დასკვნაც ამის შესაბამისად გაუკეთებიათ – თუ მოკლული ნამდვილად მარი იყო, მაშინ გვამი სულ ცოტა ხნით იქნებოდა წყალში მოხვედრილი, გაზეთი ასე განაგრძობს: „გამოცდილებით ვიცით, რომ დამხრჩვალნი თუ მკვლელობისთანავე წყალში გადაგდებულნი, გამოჩნდებიან ზედაპირზე მხოლოდ ექვსი-ათი დღე-ღამის შემდეგ, ამ დროისთვის უკვე იმდენად გაიხრწნებიან, რომ შეუძლიათ ზედაპირზე ამოტივტივება. თუ იმ მიდამოში ზარბაზანს გაისვრიან სხეული ხუთ-ექვს დღე-ღამეზე ცოტათი ადრე ამოვა ზედაპირზე და მაშინვე უნდა მიუსწროთ, თორემ ჩაიძირება“. Le Moniteur-ის გარდა მაშინვე გაუზიარებია ეს აზრი ყველა პარიზულ გაზეთს. ხსენებული გამოცემა შეეცადა ეჭვი გამოეთქვა „ჩაძირულ სხეულთა“ თვისებების გამო, სხვა აღარაფერი გაუხდიათ სადავო. ცნობილია ხუთი თუ ექვსი შემთხვევა, როდესაც გვამები ამოტივტივებულან იმ ვადაზე უფრო ადრე, L’Etoile-ს რომ განუსაზღვრავსო. მაგრამ Le Mrniteur-ის მსჯელობა რაღაც ფილოსოფიური ნიშნით იყო აღბეჭდილი და L’Etoile-ს წინააღმდეგ ვეღარაფერს გახდებოდა ამ ორიოდე მაგალითის მოშველიებით. თუნდაც ხუთი მაგალითის ნაცვლად ორმოცდაათიც მოეყვანა, როდესაც სხეული ამოტივტივებულა ორი ან სამი დღის შემდეგ, ეს ორმოცდაათი მაგალითი მაინც გამონაკლისი იქნებოდა, რადგან L’Etoile-ს მიხედვით ასე იყო დადგენილი და მისი შეხედულების უარყოფა თავად კანონზომიერების უარყოფას ნიშნავდა. საერთოდ კი იზიარებდნენ ამ კანონზომიერებას (Le Mrniteur-იც არ უარყოფდა ამას, მხოლოდ რამდენიმე გამონაკლისი მოჰყავდა მაგალითად) და L’Etoile-ს მტკიცება შეუვალი ჩანდა; ჰოდა, ამ ვარაუდის გამოთქმაღა უნდოდათ, ხომ შეიძლება ისე მოხდეს, რომ სხეული სამ დღეზე უფრო ადრე ამოტივტივდეს ზედაპირზე; ხსენებული შეიძლება L’Etoile-ს მტკიცებას სულაც ვერ შეარყევდა, მაგრამ ამ ბავშვური თამაშის დროს გამონაკლისების რაოდენობა იმდენად გაიზრდებოდა, რომ იმ პირველ კანონზომიერებას უარყოფდა და ახალს დაამკვიდრებდა კიდეც. თქვენც უკვე ხედავთ, რომ ისე ვერაფერს გავხდებით, თუ იმ პირველი კანონზომიერების წინააღმდეგ არ გავილაშქრებთ. ამიტომ კიდევ უნდა შევამოწმოთ მისი რაციონალურობის საკითხი. საერთოდ კი ადამიანის სხეული არც ძალიან მძიმე და არც ძალიან მსუბუქია სენის წყალზე; ერთი სიტყვით, ნორმალურ პირობებში წყალში მოხვედრილი ადამიანის სხეულის ხვედრითი წონა დაახლოებით ტოლია მტკნარი წყლის ხვედრითი წონისა. მსუქანი და მოსული კაცის ძვალწვრილი სხეული და, რაღა თქმა უნდა, ქალებისაც უფრო მსუბუქია, ვიდრე გამხდარი ძვალმსხვილი ადამიანებისა; ისიც უნდა გვახსოვდეს, მდინარის წყლის ხვედრით წონაზე გარკვეული ზეგავლენა აქვს ზღვის წყალს, შესართავიდან რომ შემოიჭრება ხოლმე. მაგრამ მოდით და სულაც ნუ გავითვალისწინებთ ამ გარემოებას და მაინც შეიძლება ვთქვათ, მტკნარ წყალშიც ცოტანი იძირებიან თავისით. ყველას, ვინც კი მდინარეში მოხვდება, შეუძლია წყლის ზედაპირზე გაჩერება, თუკი მოახერხებს თავისი სხეულით გამოდევნილ წყლის ხვედრით წონას საკუთარი წონა შეუფარდოს; ანუ სხვანაირად რომ ვთქვათ, თუ იგი სათანადო დონემდე დაუშვებს თავის სხეულს წყალში. იმათთვის, ვინც ცურვა არ იცის, საუკეთესო პოზიციაა, თავი უკან გადააგდოს, მხოლოდ პირი და ცხვირი გამოაჩინოს, სხეულით კი გასწორდეს, თითქოს მიწაზე მიდიოდეს. კარგადაც დაინახავთ, ასეთ მდგომარეობაში მყოფს შეუძლია წყლის ზედაპირზე გაჩერება. თუმცა კი ცხადია, ასეთი წონასწორობა სხეულისა და წყლის მასისა არ არის მტკიცე და ყოველ წუთს შეიძლება დაირღვეს. წყლიდან წამითაც რომ ამოსწიოს ხელი და ასე შეირყიოს მდგრადობა, მისი წონა საკმარისი იქნება, რომ თავი მთლიანად დაეძიროს და ამ დროს რომ ხის პატარა ნაჭერი მოხვდეს ხელში, შეუძლია თავი წამოსწიოს და ირგვლივ მიმოიხედოს. ის კი, ვინც ცურვა არ იცის, მკლავებს წყლიდან ამოიშვერს და უთავბოლოდ მოჰყვება ქნევას, ცდილობს როგორმე თავი ჩვეულებრივ, პირდაპირ დაიჭიროს, ამის შედეგად ცხვირ-პირით წყალში მოხვდება და ასე აფართხალებულს წყალი ფილტვებში ჩაუვა. მუცელი წყლით გაევსება და სულ სხვა წონის გაუხდება სხეული, რადგან იქ, სადაც ჰაერი იყო, ახლა წყალია. ეს განსხვავება კი საკმარისი აღმოჩნდება სხეულის ჩასაძირავად, ასეც უნდა მოხდეს; მაგრამ ძვალწვრილ და ქონმოკიდებულ ადამიანებზე ამას ვერ ვიტყვით. დახრჩობის მერეც ისინი წყლის ზედაპირზე ტივტივებენ.        მდინარის ფსკერზე დაშვებული გვამი მანამდე იქნება იქ, სანამ ამა თუ იმ მიზეზის გამო მისი ხვედრითი წონა წყლის მასის ხვედრით წონაზე ნაკლები არ გახდება. შეიძლება უკვე გაიხრწნა და იმიტომ, შეიძლება მიზეზი სხვა რამეც იყოს. შედეგად ამ გახრწნისა წარმოიშობა აირი, გაუჯდება უჯრედებს და მოიცავს ყოველ ღრუს სხეულისას, რომელიც გაფუვდება და შემზარავი სანახავი ხდება. თუკი გვამი ისე გადიდდება, რომ მისი მასა და წონა არ მოიმატებს, მაშინ სხეულის ხვედრითი წონა წყლის ხვედრით წონაზე უფრო მსუბუქი გახდება და მდინარის ზედაპირზე ამოვა. მაგრამ გახრწნის მიზეზი შეიძლება უამრავი იყოს – ზოგჯერ ეს პროცესი ნელა მიმდინარეობს, ზოგჯერ კი ჩქარა, მიზეზი ამისა უამრავია-მეთქი; მაგალითად, შეიძლება ან ციოდეს, ან ცხელოდეს, შეიძლება წყალი მინერალური ნივთიერებებით იყოს გაჯერებული ან შედარებით სუფთა იყოს, შეიძლება წყალი ღრმა ან თავთხელი იყოს, შეიძლება მორევი იყოს ან არა, სხეულის ტემპერატურასაც აქვს მნიშვნელობა, ისიცაა გასათვალისწინებელი, წყალში დამხრჩვალი დაავადებული იყო თუ არა სიკვდილის წინ. გამომდინარე აქედან, ცხადია, ძნელია იმის თქმა, ზუსტად როდის ამოტივტივდება გვამი. გარკვეულ პირობებში შეიძლება ეს ერთი საათის განმავლობაში მოხდეს, შეიძლება ისეც მოხდეს, რომ სულაც აღარ გამოჩნდეს. ცნობილია ქიმიური ნივთიერებები, რომლებსაც შეუძლიათ სულ გაუხრწნავი შეინახონ ცხოველური ქსოვილები, ვთქვათ, ორქლორიანმა ვერცხლისწყალმა. მაგრამ გახრწნის გარეშეც მცენარეული მასის დუღილის შედეგად მუცელში ხდება (ან სხეულის სხვა ღრუებში სხვა მიზეზების გამო) აირის დაგროვება და სხეული იმდენად ფართოვდება, რომ წყლის ზედაპირზე ამოდის. ზარბაზნის გასროლას ვიბრირება მოჰყვება ხოლმე. სხეული შეიძლება ლამში იყოს გახვეული ან ლაფში ჩაფლული და ამოტივტივდეს იმიტომ, რომ უკვე შეუძლია ამოტივტივება, ანდა შეიძლება გაგლიჯოს გარკვეული ნაწილი შემპალი ქსოვილისა, რის შედეგადაც აირი შეიჭრება სხეულის ღრუებში და გააფართოებს მას. ჩვენ უკვე ჩავხვდით ამ საგნის მთელ ფილოსოფიას, რომლის მეშვეობითაც შეგვიძლია შევამოწმოთ L’Etoile-ს მტკიცებათა სისწორე. ამ გაზეთის აზრით, „წარსულის მთელი გამოცდილება გვიჩვენებს, დამხრჩვალთა ან წყალში იმწამსვე გადაგდებულ მოკლულთა სხეულები ექვს-ათ დღეში ამოტივტივდებიან ზედაპირზე, როდესაც საკმაოდ გაიხრწნებიან. ზარბაზნის გასროლით ხუთ-ექვს დღეზე ადრეც რომ ამოტივტივდეს სხეული, მაშინვე ჩაიძირება, თუ ვერ მიუსწრებენ“. ყურით მოთრეულ შეუსაბამობათა ნარევი ჩანს ახლა მთელი ეს აბზაცი. მთელი ჩვენი გამოცდილება სულაც არ გვიჩვენებს, რომ „გადაგდებულ სხეულებს“ სჭირდებათ ექვსი-ათი დღე გასახრწნელად და ამოსატივტივებლად წყლის ზედაპირზე. მეცნიერებაცა და გამოცდილებაც, ორივე ერთად ამას გვიჩვენებს, ზუსტად ვერ ვიტყვით, როდის შეიძლება ეს მოხდეს. ხოლო თუ სხეული ამოტივტივდება ზარბაზნის გასროლის შემდეგ, ისევ არ „ჩაიძირება, თუ ვერ მიუსწრებენ“, რადგან ის უკვე კარგა მაგრადაა გახრწნილი და გვამში აირის მოცულობა მომატებულია. მაგრამ მე მინდა ერთ რამეს მიაქციოთ ყურადღება, ჩვენ აქ განსხვავებას ვხედავთ „დამხრჩვალთა სხეულებს“ და „წყალში იმწამსვე გადაგდებულ მოკლულთა სხეულებს“ შორის. და თუმცა წერილის ავტორი აღნიშნავს ამ განსხვავებას, მისთვის მაინც ყველა სხეული ერთნაირია. მე უკვე გითხარით, რომ სწორედ იმ ადამიანის ხვედრითი წონა მატულობს, ვინც არ დაიხრჩობოდა, ფართხალს, წყლიდან ხელების ამოყოფას რომ არ მოჰყოლოდა და ჰაერის მაგივრად წყალი არ ეყლაპა და არ გაბერილიყო. მაგრამ ფართხალს არ მოჰყვებოდა და სულიც არ შეეხუთებოდა „წყალში იმწამსვე გადაგდებულ მოკლულთა სხეულებს“. გამომდინარე აქედან, გვამი, ჩვეულებრივ, არც იძირება ხოლმე – ეს ფაქტი L’Etoile-სთვის უცნობი აღმოჩნდა. და მხოლოდ მაშინ დაინთქმება გვამი, როდესაც საბოლოოდ გაიხრწნება და ჩონჩხიღა დარჩება, დაღუპულის ასავალ-დასავალს ვეღარც გავიგებთ. რა ვუყოთ იმ მტკიცებას, რომ თითქოს ის ნაპოვნი გვამი მარი როჟესი არ იყო, სამი დღე გავიდა იმ გოგოს დაკარგვის დღიდან და აქამდე როგორ არ ჩაიძირებოდაო? დამხრჩვალი ქალი იყო და შეიძლებოდა სულაც არ ჩაძირულიყო; ან თუ ჩაიძირებოდა, ისევ ამოტივტივდებოდა არა უგვიანეს ოცდახუთი საათისა. მაგრამ არავის უთქვამს, ის გოგო დაიხრჩოო; ამიტომ, რახან მოკლეს და მერე მდინარეში გადააგდეს, მთელი ეს ხანი არც ჩაძირულა, ისე მიჰქონდა წყალს. „მაგრამ, – განაგრძობს L’Etoile-ს, – თუკი აგრე დასახიჩრებული გვამი ოთხშაბათ დილამდე გააჩერეს, მკვლელების რაღაც ნაკვალევი დარჩებოდა სანაპიროზე“. უცებ ვერც კი მიხვდები, რისი თქმა უნდა იმ წერილის ავტორს. ვაითუ ჩემი მოსაზრება უარყონო და თავსი იზღვევს, მართლაცდა შეიძლება უთხრან, ნაპირზე დაგდებული გვამი ორ დღეში უფრო მალე გაიხრწნებოდა, ვიდრე მაშინ, წყალში რომ გადაეგდოთო. ასეთ ვარაუდსაც გამოთქვამს, შეიძლება ასე მომხდარიყო, რომ იმ დღესვე გამოჩენილიყო წყლის ზედაპირზე, ასე ფიქრობს და რახან ასეა, კი უნდა გამოჩენილიყო ნამდვილად. ამიტომ, ჩქარობს, უნდა დაამტკიცოს, ნაპირზე აღარ გაუჩერებიათო, რადგან მაშინ „მკვლელების რაღაც ნაკვალევი დარჩებოდა სანაპიროზე“. მგონია თქვენი ღიმილის მიზეზი ასეთი დასკვნა უნდა იყოს. თქვენ ვერ მიმხვდარხართ, მართალია სანაპიროზე გვამი ამდენ ხანს ეგდო, მაგრამ ამას როგორღა უნდა გაემრავლებინა მკვლელთა ნაკვალევი. მეც ვერ ვხვდები. „მერედა ის როგორღა დავიჯეროთ, – ასე განაგრძობს ჩვენი გაზეთი, – იმ მკვლელებმა და ავაზაკებმა, ასეთი, როგორც ვარაუდობენ, დანაშაული რომ ჩაიდინეს, გვამი წყალში გადააგდეს და რამე სიმძიმე არ მიაბეს სიფრთხილისთვის“. ერთი ნახეთ, რა სასაცილოდ აბურდული აზრები აქვთ! არც ერთი – L’Etoile-ც კი – არ უარყოფს, რომ ის ნაპოვნი გვამი მოკლულისა იყო. მეტად ცხადლივ ჩანს სასტიკი მკვლელობის ნაკვალევი. ჩვენს ჭკუის კოლოფს უნდა გვიჩვენოს, რომ ის გვამი მარის არ იყო. მას უნდა დაგვიმტკიცოს, მარი არ მოუკლავთო და არა ის, რომ ქალის გვამი არ უნახავთ. სწორედ მეორეს ეფუძნება მისი პირველი მოსაზრება. გვამი სიმძიმემიუბმელი იყოო, გაიძახიან. სიმძიმემიუბმელად მკვლელები არ მოისროდნენო გვამს წყალში. მეტს ვეღარაფერს ამტკიცებენ, თუკი ამტკიცებენ საერთოდ რამეს. მოკლულის ვინაობას არც შეხებიან და აქ L’Etoile იმდენს ცდილობს და მსჯელობს, რომ კიდევაც უარყოფს ზემოთ მოყვანილ თავისივე მტკიცებას – „მოკლული ქალი იყოო ნამდვილად“. მსჯელობის ამ ნაწილშიც ჩვენი ჭკუის კოლოფი თავისდაუნებურად მრავალგზის უარყოფს თავისივე მოსაზრებებს. ყოველი ღონით ცდილობს, როგორც უკვე გითხარით, დაამტკიცოს და დაასაბუთოს, მარის დაკარგვიდან გვამის პოვნის დღემდე სულ ცოტა დრო იყო გასულიო. იმის დამტკიცებაც უნდა, რომ დედის სახლიდან გამოსული გოგო არავის დაუნახავს. „ჩვენ ვერ ვიტყვით, – ასე განაგრძობს, – რომ მარი როჟე ცოცხლებში ეწერა კვირა დილის 9 საათის შემდეგ, 22 ივნისს“, ცხადი მიკერძოება ეტყობა ამ მის მოსაზრებას, მისთვის ჯობდა, სულაც არ ეხსენებინა ეს გარემოება, რადგან შიშობს, ვაითუ გაიგოს, რომ მარი ვინმეს უნახავს, ვთქვათ, ორშაბათს ან სამშაბათს, მაშინ ის მისი ხსენებული დაკარგვის დრო კიდევ უფრო მცირე გამოჩნდებოდა. გამომდინარე აქედან, მისი საკუთარი მსჯელობის შედეგად, კარგა მაგრა შეუდგებოდა წყალი მისსავე ვარაუდს, რომ ის გვამი იმ გრიზეტი ქალისა იყო. ერთი სიტყვით, ასე იყო თუ ისე, მართლაც გესიამოვნება, რა ბეჯითად და თავდაჯერებით ლამობს L’Etoile ამ თავისი ძირითადი მოსაზრების განმტკიცებასა და დასაბუთებას. ახლა კი წერილის ის ადგილი ნახეთ, ბოვემ გვამი რომ იცნო. სულ მთლად დაბნეული ჩანს ის ჩვენი ჭკუის კოლოფი, როდესაც მკლავზე ნანახ ბეწვებს აღნიშნავს. მესიე ბოვე არც ისეთი იდიოტი იყო, რომ მოკლულის ვინაობის დადგენისას ძირითად საბუთად მკლავზე ნანახი ბეწვები მოეყვანა. ჯერ არავის უნახავს მკლავი უბეწვებოდ. L’Etoile-ს განყენებული მსჯელობა სულაც უკუღმართად წარმოგვიჩენს მოწმის მსჯელობას. იმ კაცს უსათუოდ უნდა აღენიშნა ბეწვის ფერი, სიხშირე, სიგრძე ან განლაგება; „იმ გოგოს, – წერს გაზეთი, – პატარა ფეხი ჰქონდა, მეტწილ ქალებს სწორედ ასეთი ფეხი აქვთ. იმ გოგოს შესაკრავი, ისევე როგორც ფეხსაცმელი, ვერც ვერაფერს დაგვიმტკიცებს, ასეთი შესაკრავი და ფეხსაცმელი ყველგან იყიდება. შეიძლება იგივე ვთქვათ იმ გოგოს ყვავილებზეც, რომლითაც მას ქუდი ჰქონდა მორთული. მეტად კი აქვს დაჩემებული მესიე ბოვეს ის გარემოება, რომ იმ შესაკრავის საკეტი უკან იყო გადაწეული. მერედა რა მნიშვნელობა აქვს ამას; ყოველ ქალს შესაკრავი სახლში მიაქვს და მერე მოირგებს ხოლმე, ასე ურჩევნია, ვიდრე ყიდვისას დაიწყოს მოზომვა“. აქ კი ვერ ვიტყვით, რომ იმ ჭკუის კოლოფს თავად სჯერა თავისი ნათქვამის. თუკი მესიე ბოვე მარის გვამს ეძებდა, ნახავდა, რომ დაღუპულის სიმაღლე და გარეგნობა ჰგავს მარისას, საფუძველი ექნებოდა (ტანისამოსს სულაც არ დააკვირდებოდა, ისე) ეფიქრა, რასაც ვეძებდი, ის ვიპოვეო. უფრო მეტიც, საერთო მსგავსებისა და მოყვანილობის გარდა, მკლავზე იმ ბეწვებს აღმოუჩენდა, მარის სიცოცხლეში რომ ჰქონდა ნანახი, მისი ვარაუდი კიდევ უფრო განმტკიცდებოდა: განმტკიცდებოდა-მეთქი, რადგან იმ ბეწვების თავისებურება გახლდათ განსაკუთრებული, ანუ, თუ გნებავთ, ამ შემთხვევაში არაჩვეულებრივი ნიშანი. თუკი მარის პატარა ფეხი ჰქონდა და იმ გვამსაც ასევე, მაშინ ალბათობა იმისა, რომ დაღუპული მარი გახლდათ, არითმეტიკული კი არა, გეომეტრიული პროგრესიით გაიზრდებოდა. ყველაფერ ამას თუ ფეხსაცმელსაც დავუმატებთ, იმ საბედისწერო დღეს რომ ეცვა, მიუხედავად იმისა, რომ ასეთები „აუარება გაყიდულა“, მაშინ თქვენ იმ ალბათობას თითქმის მთლად შეუვალს გახდით. ის გარემოებანი, რომელიც ცხად საბუთად არ გამოდგება, გარკვეული თანხვედრის შედეგად უეჭველად წარმოგვიჩენს ფაქტებს. ის ყვავილებიც არ უნდა დაგვავიწყდეს, იმ დაკარგულ გოგოს რომ ჰქონდა დაბნეული ქუდზე და მისაკვლევი აღარაფერი დაგვრჩება. ამისთვის ერთი ყვავილიც იქნებოდა საკმარისი, მაგრამ ის ყვავილი თუ ორი, სამი და უფრო მეტიც იყო? იმათთაგან ყოველი ხომ ამრავლებს ამ ფაქტის ჭეშმარიტებას, საბუთს უბრალოდ კი არ უმატებს საბუთს, არამედ ასგზის და ათასგზისაც ამრავლებს მის უეჭველობას. მოდით და ახლა ის შესაკრავიც აღვნიშნოთ, დაღუპული გოგო რომ ატარებდა, ამის მერე შემდეგი ძიება სისულელე იქნება და მეტი არაფერი. და კიდევ, იმ შესაკრავის მისაბნევი თავად მარის გადაუადგილებია ცოტა ხნით ადრე, სანამ სახლიდან გამოვიდოდა. ჰოდა, ახლა შერეკილი ან ორპირი კაცი თუ გამოთქვამს ეჭვს. L’Etoile-ს რომ დაუჟინია, მისაბმელი თავისითაც ადვილად გადაადგილდებოდაო, ეს უკვე იმას გვიჩვენებს – არა და არ უნდათ თავიანთი შეცდომის აღიარება. ის შესაკრავი ელასტიკური იყო და სულ ჩვეულებრივად შეიძლებოდა მასზე მისაბმელის გადაადგილება. თუ საგანს თავად შეუძლია დამოკლება, პატრონსაც ძალუძს იმისი დამოკლება საჭიროებისამებრ. მარიც ასე მოქცეულა და კაცმა რომ თქვას, მეტ საბუთს ვეღარც ვინატრებთ, იმ გვამზე უნახავთ იმ დაკარგული გოგოს არა მარტო შესაკრავი, ფეხსაცმელი, მისი ქუდი და ყვავილები ამ ქუდზე, ისეთივე ფეხებიც და რაღაც ისეთივე ნიშანი მკლავზე, ისეთივე გარეგნობისა და აღნაგობისა ყოფილა, უფრო მეტიც, ყველაფერი ეს ერთად უნახავთ თურმე. თუ იმ L’Etoile-ს რედაქტორს მაინც შეეპარებოდა ეჭვი ამდენი საბუთის გაცნობის შემდეგ, მაშინ აღარ დაგვჭირდებოდა ამ შემთხვევაში გონებრივ შესაძლებლობათა საკვლევი კომისიის მოწვევა. ადვოკატივით მოჰყოლია წილადობილას. მეტი წილი ადვოკატების თვალსაწიერი კი სასამართლოს კედლებში გაბატონებულ ფეხმოკლე მსჯელობითღა შემოისაზღვრება. აქ ისიც უნდა აღვნიშნოთ, ბევრ აშკარა საბუთს რომ უარყოფს სასამართლო, ინტელექტუალური კაცისთვის ეს საბუთი საუკეთესოა ჭეშმარიტების დასადგენად. რადგან სასამართლოს საერთო პრინციპები აქვს მომარჯვებული საბუთების ძიებაში, ერთხელ და სამუდამოდ ჩამოყალიბებული პრინციპებით იკვლევს გზას, უარყოფს ყოველი შემთხვევის განსაკუთრებულობას. ასე მტკიცედ რომ იცავენ ამ თავის პრინციპებს და მათთვის რამე გამონაკლისი არ არსებობს, ამგვარი წესით კიდევაც აღწევენ მაქსიმუმს ჭეშმარიტების მიკვლევაში ხანგრძლივი დროის განმავლობაში. ცხოვრებაში, ძირითადად, ეს წესი გამართლებულია, მაგრამ ზოგიერთ შემთხვევაში მძიმე შეცდომის საფუძველი ხდება. ბოვეს სულ ტყუილუბრალოდ დასწამეს ცილი და შეგვიძლია ამ წუთსავე გავაცამტვეროთ. თქვენ უკვე ჩახვდით ამ კარგი ჯენტლმენის ჭეშმარიტ ბუნებას. მოუსვენარი, რომანტიკული ბუნების კაცია და მაინცდამაინც დიდ ჭკუას ვერც მოვთხოვთ. შეიძლება შემთხვევამ მოიტანოს და ისეთ ფაციფუცს მოჰყვეს, რომ დააეჭვოს კიდეც ურწმუნო ან მისადმი მტრულად განწყობილი ხალხი. მესიე ბოვეს (როგორც თქვენს შენიშვნებში ჩანს) პირადად უსაუბრია L’Etoile-ს რედაქტორთან და გაუბედავს იმ მოსაზრების გამოთქმა, რომ რედაქტორის თეორიის მიუხედავად, თუკი ფაქტებს საღად შევხედავთ, ის გვამი მარისა არისო. „იმ კაცს დაუჩემებია, – წერს გაზეთი, – მარის გვამი ვნახეო, მაგრამ ვერ ამტკიცებს ამ გარემოებას, ვერაფერს გვეუბნება ახალს, ხოლო იმ ძველის შესახებ უკვე ვთქვით და აღარაფერს ვიტყვით, ყველასთვის ისედაც ნათელია ყველაფერი“. არც იმაზე ვიტყვით რამეს, რამდენად შეიძლება იყოს „ყველასთვის ისედაც ნათელი ყველაფერი“, ასე იშვიათად ხდება, ისღა უნდა დავსძინოთ, რომ შეიძლება ადამიანს ბოლომდე სჯეროდეს რაღაცის, მაგრამ დამაჯერებელი საბუთი არ აქვს და აღარც ძალუძს სხვები დაარწმუნოს. ყოველთვის ძნელი იყო წარმოჩენა იმ შთაბეჭდილებისა, რომლის მიხედვითაც თქვენ იცნობთ ადრე ნანახ ამა თუ იმ პიროვნებას. ყველა ცნობს თავის მეზობელს, მაგრამ ათასში ერთი თუ იტყვის უცებ, იგი ასე და ასე ვიცანიო. L’Etoile-ს რედაქტორი მართალი იყო, როდესაც ეჭვით მოჰკიდებია მესიე ბოვეს თავდაჯერებულ საუბარს. მართალი კი იყო, მაგრამ ეჭვობდა, მესიე ბოვეს რაღაც უნდა ადარდებდესო. აჯობებდა იმას ჩემი ვარაუდი გაეზიარებია, მოუსვენარი, რომანტიკული კაცია იგი და მეტი არაფერი. ჰოდა, კეთილმოსურნის თვალით თუ შევხედავთ მას, ძნელი აღარ იქნება ავხსნათ გასაღების ხვრელში გაჩრილი ვარდი, დაფაზე მიწერილი სახელი „მარი“; ის გარემოება, რომ „იმ ოჯახის ყველა მამაკაცი მისი წყალობით განზე გამდგარა“, და „თითქოსდა რატომღაც ძალიან უნდოდა, იმ გოგოს ნათესავები გვამს ახლოსაც არ გაჰკარებოდნენ“. მადამ ბ.-სადმი მიმართული მისი გამარფთხილებელი სიტყვები – „ჩემს (ბოვეს) დაბრუნებამდე იმ ჟანდარმთან კრინტი არ დაძრაო“; დაბოლოს, რად იყო დარწმუნებული, რომ „უჩემოდ თითსაც ვერავინ გაანძრევსო „. ჩემი აზრით, ბოვე მარის თაყვანისმცემელი გახლდათ; ის გოგოც ელაციცებოდა მას და სჯეროდა კიდეც, გულითა და სულით მენდობაო. აღარაფერს ვიტყვი ამ საგანზე; და რაკიღა ცხადია, რომ L’Etoile-ს არ იყო სწორი, როდესაც იმ გოგოს დედისა და ნათესავების გულგრილობაზე წერდა, ხსენებული გულგრილობა კი ეჭვს იწვევდა, ნამდვილად იყო ის გვამი მეპარფიუმერიე გოგოსი თუ არა – ჩვენი მსჯელობის საფუძველი ახლა ის იქნება, რომ მოკლული სწორედ ის გოგო გახლდათ. – რას იტყვით, – ვკითხე მე, – Le Gommerciel-ის აზრის შესახებ? – ამ საქმის სულს თუ ვიგულისხმებთ, მათი მოსაზრებები უფრო საყურადღებოა, ვიდრე სხვა გამოცემისა. მათი გარკვეულ წანამძღვრებს დაფუძნებული დასკვნები უფრო ფილოსოფიური და გონებამახვილური ჩანს, მაგრამ იმ წანამძღვრებს, სულ ცოტა, ორ შემთხვევაში მაინც არასწორი დაკვირვებები უდევს საფუძვლად. Le Gommerciel-ს უნდა ხალხს ჩააგონოს, რომ მარის დეიდამისის სახლის სიახლოვეს ვიღაც არამზადებმა სტაცეს ხელი. „შეუძლებელია, – ამტკიცებს იგი, – ისე გაევლო ადამიანს სამი უბანი, რომ არავის დაენახა, იმ ყმაწვილ გოგოს ხომ ყველა კარგად იცნობდა“. ეს აზრი შეეძლო გამოეთქვა პარიზის დიდი ხნის მცხოვრებს, საზოგადოებისთვის ცნობილ პიროვნებას, ვისაც ქალაქის სულ ერთი და იგივე ქუჩებით, სხვადასხვა დაწესებულებებს შორის უხდება მიმოსვლა. მან იცის, რომ იშვიათად თუ გაუვლია თორმეტიოდე უბანი თავისი დაწესებულებიდან და ვინმე ნაცნობს არ შეხვედრია. და რაკიღა იცის, მე ხომ ბევრნი მიცნობენ და მეც ბევრს ვიცნობო, თავისი მდგომარეობა იმ მეპარფიუმერიე გოგოსას შეუდარებია, დიდ განსხვავებას ვერ ხედავს და აქედან გამომდინარე ფიქრობს, სახლიდან გამოსული ის გოგო ჩემსავით მრავალ ნაცნობს გადაეყრებოდაო; შეიძლებოდა მართლაც ასე მომხდარიყო, იმ გოგოს რომ იმასავით სულ მუდამ, აუჩქარებლად ერთი და იმავე გზით ევლო. ის კაცი კი მიდის და მოდის ერთსა და იმავე დროს, დადის გარკვეული გზით და ხვდება იმათ, რომელთა საქმიანობა მისას ჰგავს. მარი კი, როგორც ჩანს, მეტწილად სხვადასხვა გზით დადიოდა. იმ დღეს შეიძლება სულაც იქით წასულიყო, სადაც იშვიათად თუ გაუვლია. ჩვენ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ Le Gommerciel-ის რედაქტორს ასეთი პარალელის გავლება მოაფიქრდა, ორმა ადამიანმა ერთმანეთის შესახვედრად მთელი ქალაქი უნდა გამოიაროსო. ვთქვათ და ამ პირებს ერთნაირი რაოდენობის ნაცნობი ჰყავთ, მაშინ დაახლოებით ერთსა და იმავე რაოდენობის ნაცნობს შეხვდებიან გზაზე. მე თუ მკითხავთ, არა მარტო შესაძლებელი იყო, არამედ ისეც უნდა მომხდარიყო, რომ შინიდან წამოსული მარი ყოველთვის სხვადასხვა გზით მიდიოდა დეიდამისთან და ვერც ნახულობდა ვინმე ნაცნობს ან იმას, ვისაც ეცოდინებოდა მისი ვინაობა. ამ საკითხის განხილვისას ყველაფერი ცხადი და ნათელი რომ იყოს, უნდა გვახსოვდეს, პარიზში რაც უნდა ცნობილი პიროვნება ცხოვრობდეს, ამ ქალაქის მოსახლეობა იმდენად დიდია, რომ მისი ნაცნობები ზღვაში წვეთი იქნება მაინც. Le Gommerciel-ის მოსაზრებას წყალი მაშინაც შეუდგება, თუ გავითვალისწინებთ იმ გოგოს სახლიდან გამოსვლის საათს. „იმ დროს ქუჩა ხალხით ყოფილა სავსე“, – წერს Le Gommerciel-ი. მაგრამ ეს არ არის სწორი. დილის ცხრა საათი იყო. მართლაც, დილის ცხრა საათზე ქალაქის ქუჩები ყოველთვის ხალხმრავალია, გარდა კვირადღისა. კვირაობით დილის ცხრა საათზე ხალხი ჯერ კიდევ სახლშია და ეკლესიაში წასასვლელად ემზადება. ოდნავ დაკვირვებული კაციც კი შენიშნავს, რომ უჩვეულოდ უკაცრიელია ქალაქი უქმე დღის დილის რვიდან ათ საათამდე. ათიდან თერთმეტამდე ხალხი ქუჩებში გამოეფინება, მაგრამ ისე ადრე არა, როგორც ამ გაზეთში არის ნათქვამი. კიდევ ერთი საკითხი არის, თითქოსდა აქაც შემცდარა და კარგად არ დაჰკვირვებია Le Gommerciel-ი. „იმ უბედური გოგოს კაბის ერთ-ერთი ნახევი, – წერენ ისინი, – ორი ფუტი სიგრძისა და ერთი ფუტი სიგანის, ნიკაპს ქვემოთ და კეფაზე ჰქონდა შემოხვეული, იქნებ იმიტომ, რომ ვეღარ დაეყვირა. ამის მოქმედი ის ვაჟბატონები არიან, რომელთაც ცხვირსახოცი თან არ დააქვთ“. რამდენად სწორია, ანუ რამდენად საფუძვლიანია ეს აზრი, ჩვენ კიდევ ვიმსჯელებთ ამის შესახებ, მაგრამ, როგორც ჩანს, რედაქტორი იმ ვაჟბატონებში, „რომელთაც ცხვირსახოცი თან არ დააქვთ“, ნაძირალებს გულისხმობს. ჩვენ კი ვიცით, რომ ამგვარი ჯურის ხალხს შეიძლება პერანგი არ ეცვათ, მაგრამ უცხვირსახოცოდ ვერ ნახავთ. ალბათ, თქვენც შენიშნავდით, ამ ბოლო დროს მთლად წყალწაღებულ კაცსაც მუდამ თან დააქვს ცხვირსახოცი. – იმ Le Soleil-ის წერილზე რაღა უნდა ვიფიქროთ? – ვკითხე მე. – სამწუხაროა, რომ იმისი დამწერი თუთიყუშად არ დაბადებულა – დიდი ვინმე კი იქნებოდა თუთიყუშთა მოდგმისთვის. ნახავენ რამე წერილს და დღენიადაგ იმეორებენ იქ მოყვანილ ფაქტებს, არც ერთი გამოცემა არ დაუტოვებიათ უყურადღებოდ. „ცხადზე ცხადია, – წერენ ისინი, – რომ სულ ცოტა სამი თუ ოთხი კვირა იყო ის საგნები იქ და მერე უნახავთ, იმ საშინელი მკვლელობის ადგილი უკვე ცნობილია“. Le Soleil-ის მიერ გამეორებული ფაქტები, რაღა თქმა უნდა, სარწმუნო არ არის ჩვენთვის; ამ საკითხს მე კიდევ მივუბრუნდები, როდესაც ამ ამბის სხვა გარემოებათა გამო მომიხდება საუბარი.        ახლა კი სხვა რამე უნდა გამოვარკვიოთ. ალბათ გახსოვთ, რა უგულისყუროდ და უდიერად მოუხდენიათ გვამის შემოწმება. მართალია, მალე დაუდგენიათ მოკლულის ვინაობა, ეს ძნელი არ იყო, მაგრამ სხვა ვეღარაფრისთვის მიუკვლევიათ. გაძარცვული თუ იყო გვამი? სახლიდან გამოსულ იმ გოგოს თუ ჰქონდა რამე ძვირფასეულობა? და თუ ჰქონდა, იმ გვამთან ერთად იპოვეს? ძიების დროს ეს უმნიშვნელოვანესი გარემოებანი უგულებელყოფილია; კიდევ სხვა, ასეთივე მნიშვნელოვანი საკითხები დაუტოვებიათ უყურადღებოდ. ხსენებულ გარემოებათა მიკვლევას პირადად ჩვენ უნდა მოვკიდოთ ხელი. სულაც არ არის დამთავრებული სენტ ესტაშის ამბავი. იმ კაცზე მე ვერავითარ ეჭვს ვერ მივიტან, მაგრამ მოდით თანმიმდევრულად მივყვეთ ჩვენს მსჯელობას. საკითხავია, რამდენად სწორია მისი წერილობითი ჩვენება, იმ კვირას აქა და აქ ვიყავიო. სულ ადვილად შეიძლება ყალბი გამოდგეს ასეთი სახის ჩვენება. თუკი ასე არ არის, მაშინ სენტ ესტაშის ხსენება აღარც დაგვჭირდება. იმ ყმაწვილკაცის თვითმკვლელობის ამბავი შეიძლება სულაც საეჭვო გამხდარიყო, თუკი მისი ჩვენების სიყალბეში დავრწმუნდებოდით, მაგრამ თუ ის ჩვენება მართალია, მის თვითმკვლელობას სულ ადვილად ავხსნით, და ჩვენც ჩვეულებრივად შეგვიძლია ხელი მივყოთ კვლევა-ძიებას. – მოდით და ახლა უშუალოდ იმ ტრაგედიას თავი დავანებოთ და მეორეხარისხოვან საკითხებს ჩავუღრმავდეთ. ჩვეულებრივ, ასეთი სახის ძიების დროს ის შეცდომა მოსდით, რომ მხოლოდ დანაშაულის ირგვლივ ტრიალებენ და სრულიად გამორჩებათ საქმის თანამდევი წვრილმანები. სასამართლოს ნაკლი ის არის, რომ მისთვის მთავარია იმ მოწმის ჩვენება და დაკითხვა, ვინც უშუალოდ ტრაგედიასთანაა დაკავშირებული. მაგრამ გამოცდილება და ნამდვილი ფილოსოფია მუდამ გვიჩვენებს, დიდი წილი ჭეშმარიტებისა სწორედ იმ მეორეხარისხოვან გარემოებათა მეშვეობით გამომზეურდება ხოლმე. აუცილებელი არაა გამოწვლილვით მივდიოთ ამ დებულებას, უნდა გვახსოვდეს მთავარი, რომლის მიხედვითაც თანამედროვე მეცნიერება იძულებულია განჭვრიტოს გაუთვალისწინებელი გარემოებანი. შეიძლება სწორად ვერ გაიგოთ ჩემი ნათქვამი. კაცობრიობის ცოდნის მთელი ისტორია ყოველთვის იმას გვიჩვენებდა, რომ ამ მეორეხარისხოვან, ანაზდეულ, გაუთვალისწინებელ გარემოებებს უნდა ვუმადლოდეთ აუარება და უმნიშვნელოვანეს აღმოჩენებს. დაბოლოს, სამომავლოდ აუცილებელია გვახსოვდეს, ადამიანის დიდი, უფრო მეტიც, უდიდესი აღმოჩენები შემთხვევის ძალით მოხდება იმ სფეროში, სადაც არ მოელიან. ფილოსოფიური აზრი ადრინდელივით ვეღარ დაეყრდნობა იმას, რაც მომხდარა. შემთხვევითობა ხდება ყოვლის საფუძველი. სრული სიზუსტითაც ვისწავლეთ მისი გამოთვლა. სასკოლო მათემატიკის ფორმულას დავუმორჩილეთ გაუთვალისწინებელი და შეუცნობელი. – ვიმეორებ, რომ ცხადზე ცხადია, ჭეშმარიტებათა მეტი ნაწილი მეორეხარისხოვანი გარემოებების მეშვეობით იქნა მიკვლეული; ჰოდა, ხსენებული დებულების სულისა და გულის შესაბამისად, ამჯერად უნდა უარვყოთ ამ დანაშაულის აგრე გადატკეპნილი და მწირი გარემოებანი და ამ ამბის თანამდევ წვრილმანებს უნდა ჩავუღრმავდეთ. თქვენ იმ გოგოს გულის სწორის წერილობით ჩვენებას მიუბრუნდით, მე კი იმ გაზეთებს გადავხედავ, მაგრამ თქვენსავით არა, ცოტა სხვანაირად. ჯერჯერობით ჩვენ მხოლოდ დავზვერეთ იდუმალი ველი და მართლაც უცნაური იქნებოდა, რომ ბეჭდვითი სიტყვის გამოცემის სათანადო მოჩხრეკის შემდეგ, რასაც მე ვაპირებ, არ ვიხილოთ მეორეხარისხოვან გარემოებათა გორგალი, მეკვლე ჩვენი ძირითადი მიმართულებისა. დიუპენის დავალება შევასრულე და გულდასმით შევამოწმე მარის საქმროს ჩვენება. დავრწმუნდი იმის სისწორეში და გამომდინარე აქედან სენტ ესტაშის სიმართლეც უდავო გახდა. ამ დროს კი ჩემი მეგობარი საგულდაგულოდ ჩაღრმავებოდა, ჩემი აზრით, იმ უამრავ აბდაუბდა წერილს. კვირის ბოლოს კი შემდეგი ამონაწერები მაჩვენა: „სამწლინახევრის წინ სწორედ ასეთივე დავიდარაბა იყო ატეხილი, მესიე ლე ბლანის პალე როიალის უბანში მდებარე საპარფიუმერიოში მომუშავე მარი როჟე მაშინაც ასე დაკარგულიყო. მაგრამ კვირის მიწურულს ისევ თავის დახლთან იდგა, თუმცა კი ცოტა ფერმკრთალი. მესიე ლე ბლანს და დედამისს უთქვამთ, სოფელში იყო სტუმრადო, ერთ თავის მეგობართან; სულ მალე მიუფუჩეჩებიათ ეს საქმე. ჩვენი აზრით, ამგვარივეა იმ გოგოს ახლანდელი დაკარგვაც და გაივლის ერთი კვირა ან ერთი თვე და ისევ ჩვენ შორის ვიხილავთ მას. – „საღამოს გაზეთი“, ორშაბათი, 23 ივნისი“. „გუშინდელ საღამოს გაზეთს უხსენებია მადმუაზელ როჟეს საიდუმლოებით მოცული წინანდელი დაკარგვის ამბავი. კარგადაა ცნობილი, რომ იმ კვირას, როდესაც ის არ იყო ლე ბლანის საპარფიუმერიოში, ერთ ყმაწვილ საზღვაო ოფიცერთან იმყოფებოდა, ბევრჯერ უნახავთ ის კაცი გარყვნილების მორევში. როგორც ჩანს, მათ უჩხუბიათ და ამიტომაც დაბრუნებულა ის გოგო სახლში. ჩვენ ვიცით პარიზში მცხოვრები იმ ლოტარიოს სახელი; რაღა თქმა უნდა, გარკვეულ გარემოებათა გამო არ გვინდა გავაცნოთ იგი საზოგადოებას. -„ლა მერკური“, 24 ივნისი, სამშაბათი, დილა“. „მხეცური, ენით უთქმელი დანაშაული მომხდარა გუშინწინ ქალაქის ახლოს. საღამო ხანი იყო, ერთი ჯენტლმენი, რომელსაც ცოლი და ქალიშვილი ხლებია, მდინარის მეორე მხარეს გადაყვანაზე მოლაპარაკებია ექვს ახალგაზრდა კაცს, უსაქმურად რომ დაეხეტებოდნენ ნავით სენაში, წინ და უკან, ნაპირის სიახლოვეს. მეორე მხარეს რომ მისდგომიან, მგზავრები გადასულან, ნავი უკვე აღარც ჩანდა, როდესაც იმ ჯენტლმენის ქალიშვილს ნავში დარჩენილი ქოლგა გახსენებია. იმის წამოსაღებად რომ მიტრიალებულა, იმ არამზადებმა ხელი სტაცეს, მდინარის შუაგულში გაიყვანეს, პირში ჩვარი ჩასჩარეს, პირუტყვულად მოექცნენ, გააუპატიურეს, დაბოლოს, ნაპირზე გაიყვანეს, სწორედ იმ ადგილის ახლოს, სადაც პირველად ჩაჯდა იმ ნავში თავის მშობლებთან ერთად. იმ ხანად კი მიიმალნენ ის გარეწრები, მაგრამ პოლიციამ მათ კვალს მიაგნო და მალე რომელიმე მათგანს დაიჭერენ კიდეც. – „დილის გაზეთი“, 25 ივნისი“. „ჩვენ გამოგვიგზავნეს რამდენიმე ცნობა. იმ ცნობების თანახმად, ის მხეცური დანაშაული ჩაუდენია ვიღაც მენისს, მაგრამ ოფიციალური გამოძიების შემდეგ დაადგინეს იმ ჯენტლმენის სრული უდანაშაულობა; ის საბუთები, რომლითაც ჩვენ მოგვმართეს, უფრო იმათ გულმოდგინებას მოწმობს, ვიდრე ჭეშმარიტებას, ამიტომ არცაა სასურველი იმ ცნობების გამოქვეყნება.– „დილის გაზეთი“, 28 ივნისი“. „ჩვენ გამოგვიგზავნეს რამდენიმე ცნობა, როგორც ჩანს, სულ სხვადასხვა პირი გვამცნობს, და დარწმუნებული არიან კიდევაც ამაში, რომ ის იმსხვერპლა ერთ-ერთმა ჯგუფმა, აუარება რომ დაძრწის ჩვენს ქალაქში კვირაობით. ჩვენ სავსებით ვეთანხმებით ხსენებულ აზრს და შევეცდებით დავასაბუთოთ ამ მოსაზრების სისწორე. – „საღამოს გაზეთი“, სამშაბათი, 31 ივნისი“. წავიკითხე ეს ამონაწერები და გავიფიქრე, ეს რა მოსაყვანი იყო და ამ საქმეს რაღას უშველის-მეთქი. დავიცადე, იქნებ, დიუპენს აეხსნა რამე. – მე ჯერ არ მინდა, – თქვა მან, – იმ პირველსა და მეორე ამონაწერს ჩავუღრმავდე. უპირველეს ყოვლისა, იმიტომ ამოვკრიბე ისინი, რომ მეჩვენებინა თქვენთვის ჩვენი პოლიციის ბედოვლათობის ამბავი; რამდენადაც თავად პრეფექტისგან ვიცი, იმათ არც გაუგიათ იმ მეზღვაურის ასავალ-დასავალი. მხოლოდ სულელი ვერ შენიშნავდა კავშირს მარის პირველ და მეორე დაკარგვას შორის და ვერც გაითვალისწინებდა ამას. ვთქვათ და მართლაც, მაშინ, შეყვარებულებმა პირველად იჩხუბეს და ის გოგო შინ იმედგაცრუებული დაბრუნდა. გამომდინარე აქედან, ჩვენ უფრო ის უნდა ვივარაუდოთ, რომ მეორე გაქცევა (თუკი ნამდვილად მეორედაც გაქცეულა ის გოგო სახლიდან) შედეგი იყო იმავე მაცდუნებლის რაღაც დაპირებებისა, ვიდრე ვიღაც ახალგაცნობილი ყმაწვილკაცის გამოჩენისა იმ გოგოს ცხოვრებაში – ძველი სიყვარულის „განახლების“ ამბავი უფრო სარწმუნოა, ვიდრე ახლის დაწყება. ათი ვარაუდი ერთის წინააღმდეგ, ასეთი შეფარდება შეიძლება მოვიყვანოთ იმის დასტურად, რომ ის, ვისაც ადრე შეუთავაზებია მარისთვის, ჩემთან წამოდიო, კიდევ შეეცდებოდა თავისას, საფიქრებელი უფრო ეს არის. და კიდევ ერთ გარემოებას უნდა მიაქციოთ ყურადღება, დრო იმ პირველ გაქცევასა და მეორე, სავარაუდო გაქცევას შორის რამდენიმე თვით აღემატება იმ ვადას, რაც შორეულ ნაოსნობაში გამგზავრებულ ჩვენს მეზღვაურებს სჭირდებათ. იქნებ გემზე დაბრუნებამ შეუშალა ხელი ტრფიალების მოყვარულ კაცს და პირველად ვეღარ აისრულა თავისი ბოროტი განზრახვა, ჰოდა, ადრე რომ მოეცარა ხელი, ახლა, უკვე დაბრუნებულმა გადაწყვიტა უფრო ყოჩაღად მოქცეულიყო – დაემტკიცებინა თავისი ვაჟკაცობა! ამის შესახებ ჩვენ არაფერი ვიცით. თქვენ შეიძლება თქვათ, მეორედ ის გოგო აღარ გაქცეულა და ყველაფერი ეს მოგონილიაო. გარკვეულად ვერაფერს ვიტყვით, მაგრამ ვერც იმას დავამტკიცებთ, გაქცევა არ სურდაო. სენტ ესტაშისა და იქნებ, იმ ბოვეს გარდა თუ ჰყავდა იმ გოგოს თაყვანისმცემლები, ჩვენ არ ვიცით. არც არავის უთქვამს ამის შესახებ. ვინ იყო ის იდუმალი სატრფო, იმ გოგოს ნათესავებმა (ყოველ შემთხვევაში მათგან უმეტესობამ) არაფერი იციან, მარი კი შეხვდება მას იმ კვირა დილით და ისე ენდობა კიდეც, რომ უშიშრად რჩება იმ კაცთან, ვიდრე საღამო ხანის ჩრდილები არ მოეფინება იმ უკაცრიელ ხეივანს დე რულის კარიბჭესთან? ვინ იყო ის მისი იდუმალი სატრფო, გეკითხებით მე, ვის შესახებაც ნათესავების უმეტესობამ არაფერი იცოდა? და რას ნიშნავდა მადამ როჟეს ის უცნაური წინასწარმეტყველება, მარის წასვლის მერე რომ წამოსცდენია იმ დილით? – ვაითუ აწი ვეღარასოდეს ვიხილავ მარის“. მაგრამ თუ ჩვენ ვერ წარმოგვიდგენია, რომ მადამ როჟემ იცოდა თავისი გოგოს განზრახვის შესახებ, რატომ არ შეიძლება ვივარაუდოთ, რომ მარის მართლაც ჰქონდა ასეთი განზრახვა? სახლიდან მიმავალს უთქვამს, დეიდასთან მივდივარ სტუმრად დე დრომის ქუჩაზე და სენტ ესტაშს სთხოვა, საღამოს გამომიარეო. მართლაცდა, ერთი შეხედვით, ეს გარემოება სრულიად უარყოფს ჩემს ვარაუდს, მაგრამ მოდით და ასე ვიმსჯელოთ: ვიღაცას რომ შეხვდა და იმასთან ერთად მდინარეზე გადავიდა, სამ საათზე რომ უკვე დე რულის კარიბჭესთან იმყოფებოდნენ, ეს ცნობილია. მაგრამ იმ კაცთან ერთად რომ მიდიოდა (სულერთია, იცოდა თუ არა დედამისმა ამის შესახებ), ხომ უნდა ეფიქრა სახლიდან გამოსულს, როგორ გაუკვირდება და დაეჭვდება ჩემი საქმრო და თაყვანისმცემელი სენტ ესტაში, როდესაც დანიშნულ საათზე დე დრომის ქუჩაზე გამომივლის და გაიგებს, რომ იქ არ ვყოფილვარ და როდესაც პანსიონში მოსული, ვერც იქ მნახავს და კარგადაც დამაგვიანდება, იმ კაცს თავზარი დაეცემაო. მე გეუბნებით, რომ ყველაფერი ეს უნდა ეფიქრა იმ გოგოს. ისიც ეცოდინებოდა, როგორ ეწყინებოდა სენტ ესტაშს, როგორ დაეჭვდებოდნენ ყველანი. იმასაც გაითვალისწინებდა, რომ რაღაც უნდა ეთქვა იმ ეჭვის გასაფანტავად; მაგრამ ამ ეჭვის დარდი არც ექნებოდა, თუ შინ დაბრუნებას აღარ აპირებდა. შეგვიძლია წარმოვიდგინოთ, რას იფიქრებდა იგი – „მე ერთ კაცს უნდა შევხვდე, ვისთან ერთადაც გაქცევა მინდა ან რაღაც სხვა მიზეზი მაქვს. ხელი ვერავინ ვერ უნდა შეგვიშალოს, იმდენი დრო გვინდა, რომ ვერ წამოგვეწიონ, ამიტომ ვიტყვი, სტუმრად მივდივარ დეიდასთან დე დრომის ქუჩაზე და იქ მთელი დღე დავრჩები-მეთქი, სენტ ესტაშს კი ვთხოვ, საღამო ხანს გამომიარე-მეთქი, ასე დროც მეყოფა და არც არავინ დაეჭვდება, არც შეშინდება, ჯობს ასე მოვიქცე, ვიდრე სხვანაირად, ასე უფრო მეტი დრო მექნება. თუკი სენტ ესტაშს ვეტყვი, დაღამებამდე არ გამომიარო-მეთქი, რაღა თქმა უნდა, ის ასეც იზამს, მაგრამ თუკი იმას აღარაფერს ვეტყვი, მაშინ დროც აღარ დამრჩება, რადგან იფიქრებენ, რატომ იგვიანებს და უკან არ ბრუნდებაო, ჰოდა, კიდეც შეეშინდებათ. თუკი სახლში დაბრუნებას ვაპირებ იმ კაცთან დროსტარების შემდეგ, მაშინ რატომ ვეტყვი სენტ ესტაშს, გამომიარე-მეთქი; რადგან ასე რომ ვუთხრა, იგი მიხვდება, მატყუებსო; და ვეღარაფერს გაიგებს, თუკი სახლიდან ჩუმად წავალ და ჯერ კიდევ დაღამებამდე უკან დაბრუნებული განვაცხადებ, დეიდასთან ვიყავი-მეთქი სტუმრად დე დრომის ქუჩაზე. მაგრამ თუ მე მსურს სამუდამოდ ან რამდენიმე კვირით წასვლა, ან მანამდე, სანამ ჩემს ადგილსამყოფელს გაიგებენ, მაშინ მთავარია, იმდენი დრო მქონდეს, რამდენიც მჭირდება“. თქვენ დაინახავდით იმ ამოკრებილ შენიშვნებში, რომ იმთავითვე ასეთი აზრი გავრცელდა, ის გოგო ვიღაც არამზადების მსხვერპლი შეიქნაო. გარკვეული ვითარებისდა კვალად საყოველთო აზრის გათვალისწინება საჭიროა მაშინ, როდესაც ეს აზრი თავისთავად, ბუნებრივად წარმოიშვება. ამ შემთხვევაში მგონია, ხალხის აზრი ავაზაკების ბრბოს თაობაზე შეიქმნა ერთი უმნიშვნელო გარემოების გამო, რომლის შესახებაც გამოწვლილვით ჩემს მესამე ამონაწერში ვნახავთ. მთელი პარიზი ააღელვა მარის, მშვენიერი, ნორჩი და საკმაოდ ცნობილი გოგოს გვამის პოვნამ. ძალადობის კვალი ეტყობოდა მდინარეში ნაპოვნ გვამს. სწორედ მაშინ, ანუ იმავე ხანს, როდესაც ის გოგო მოკლეს, მსგავსი დანაშაული კიდევ მომხდარა, მსგავსი-მეთქი, რადგან იმ შემთხვევაში არავინ მოუკლავთ; ეს დანაშაული ჩაუდენია ვიღაც გარეწარი ყმაწვილკაცების ბრბოს. ხომ გახსოვთ ის გოგო, ქოლგა რომ დარჩა ნავში. რაღა გასაკვირია, რომ იმ ცნობილ მხეცობას ზეგავლენა მოუხდენია ხალხის აზრზე და ამის გამო გარკვეული მიკერძოებით აღუქვამთ მეორე, გაცილებით მძიმე დანაშაულის ამბავი? ხალხს რაღაც უნდა ენახა გზის მეკვლედ და ნახეს კიდევაც! მარი ხომ მდინარეში უპოვიათ, სწორედ იმ მდინარეში, სადაც ის ცნობილი მხეცობა ჩაუდენიათ თითქმის გოგოს მშობლების თვალწინ. აშკარა კავშირია სავარაუდებელი ამ ორ შემთხვევას შორის და ნამდვილად საკვირველი იქნებოდა, რომ ხალხს უყურადღებოდ დაეტოვებინა. მაგრამ სიმართლე თუ გნებავთ, ერთი მხეცობა რომ ცნობილი ხდება, ნათლად გვიჩვენებს, იმავე ხანს მომხდარი მეორე დანაშაული უფრო სხვაგვარად უნდა ახსნილიყო. მართლაცდა, განა სასწაული არ არის, რომ ავაზაკების ერთი ბრბო განსაზღვრულ ადგილას სჩადიოდეს დანაშაულს სხვა მსგავსი არამზადების მსგავსად, იმავე ქალაქში, თითქმის ზუსტად იმავე ხერხითა და თითქმის ზუსტად იმავე ხანს! ჰოდა, სხვაგვარი როგორი იქნებოდა ხალხის აზრი ასეთი საკვირველი თანხვედრის დროს? ვიდრე სხვა საკითხებზე გადავიდოდეთ, მკვლელობის სავარაუდო ადგილის, დე რულის კარიბჭის ახლომდებარე ბუჩქნარის გამო ვთქვათ ორიოდე სიტყვა. ხსენებული ბუჩქნარი თუმცა ხშირია, მაგრამ გზის პირასაა. სწორედ იქ უნახავთ სამი თუ ოთხი ვეებერთელა ქვა, საჯდომს, საზურგესა და ფეხის დასადგმელს რომ დამსგავსებოდა. ზედა ქვაზე უპოვიათ თეთრი ქვედაკაბა, მეორეზე კი აბრეშუმის ყელსაბურავი. იქვე იყო ქოლგა, ხელთათმანი და ცხვირსახოცი ნაქარგით: „მარი როჟე“. კაბის ნაგლეჯები იქვე ბუჩქებს წამოსდებოდა. მიწა გადატკეპნილი იყო, ბუჩქები გადათელილი, ყველაფერი ეს ცხადლივ გვიჩვენებდა ბრძოლის ნაკვალევს.        ბუჩქნარში ნანახის გამო გაზეთებმა ერთი ამბავი ატეხეს, ერთხმად დაუდგენიათ, უკვე ცნობილიაო ის ადგილი, სადაც მხეცური დანაშაული მომხდარა, მაგრამ უნდა ვთქვათ, რომ აქ ბევრი რამაა საეჭვო. სწორედ იქ რომ დატრიალდა უბედურება, მე შემიძლია დავიჯერო ან არა, მაგრამ ჩემს ეჭვსაც აშკარა საფუძველი აქვს. Le Gommerciel-ის თანახმად, დანაშაული მართლაც რომ მომხდარიყო პავე სენტ ანდრეს ქუჩის სიახლოვეს, დამნაშავენი, თუკი ისინი პარიზს დარჩებოდნენ, თავზარდაცემული იქნებოდნენ, რაღა თქმა უნდა, რაკიღა ხალხის ფიქრს სწორი მიმართულება მიეცემოდა; გარკვეული ჯურის ადამიანები კიდევაც შეეცდებოდნენ რამე ეღონათ, რათა ხალხს სხვაგვარად დაეწყო ფიქრი. გამომდინარე აქედან, რადგან დე რულის კარიბჭესთან მდებარე ბუჩქნარი უკვე საეჭვო ადგილად დაესახელებინათ, ცხადია, უნდა მიმხვდარიყვნენ, კარგი იქნება, თუ იმ საგნებს იქ დავყრითო; სადაც მერე უპოვიათ კიდეც. სულაც არ უნდა იყოს სწორი, თუმცა კი Le Soleil-ი ამტკიცებს იმას, რომ ის საგნები რამდენიმე დღეზე მეტი ყოფილა იმ ბუჩქნარში დაყრილი; თუ მრავალ წვრილმან გარემოებას გავითვალისწინებთ, ფრიად საეჭვოა, ოცი დღე როგორ უნდა ყოფილიყო იმ ადგილას ისე, რომ არავის ეპოვა, სწორედ ამდენი ხანი იყო გასული იმ საბედისწერო კვირადღიდან იმ დღემდე, როდესაც ბიჭებმა ის საგნები იპოვეს. „წვიმისგან დალპობილან და ხავსიც მოჰკიდებიათ, – წერს Le Soleil-ი, თავის წინამორბედთა აზრს რომ იმეორებს, – ხავსი მოსდებოდა იქაურობას. ბალახიც იმდენი ამოსულიყო, რომ ირგვლივ აღარაფერი ჩანდა. აბრეშუმის ქოლგა შედარებით გამძლე გამოდგა, მაგრამ ისიც გარღვეულიყო აქა-იქ. მისი ზედა ნაწილი, სადაც იკეცებოდა და იკვრებოდა, იმდენად დახავსებულიყო და დამპალიყო, გახსნეს თუ არა, მაშინვე გაიხა“. იმ ბალახის შესახებ, „იმდენი“ რომ „ამოსულიყო, ირგვლივ აღარაფერი ჩანდა“, აღუნიშნავთ ორი პატარა ბიჭის სიტყვის მიხედვით, იმ ბავშვების მეხსიერებას დაყრდნობიან. ბავშვებმა მოკრიფეს ის საგნები და შინ წაიღეს, ამ დროს იქ მათ გარდა არავინ ყოფილა. მაგრამ ბალახი ხომ, განსაკუთრებით კი თბილ და ნესტიან ამინდში (სწორედ ასეთი დარი იყო მკვლელობის ხანს), სამი-ოთხი დუიმით მაინც იზრდება ერთი დღის განმავლობაში. იმ რბილ მიწაზე დაგდებულ ქოლგას ერთ კვირაში ისე მოედება ბალახი, რომ ვინღა იპოვის. La Soleil-ის რედაქტორს იმდენად მოსწონებია სიტყვა ხავსი, რომ ამ პატარა აბზაცში სამჯერ ახსენებს მას, მაგრამ ასე როგორ დაჰვიწყებია ხავსის ბუნება? ნუთუ უნდა ავუხსნათ, რომ ის სოკოვანთა ოჯახს ეკუთვნის და მისი ძირითადი თვისებაა ოცდაოთხ საათში გაიზარდოს და გაქრეს კიდეც? როგორც ვხედავთ, სულ ადვილად შეიძლება ასე ზარ-ზეიმით გამოცხადებული აზრის უარყოფა, „სულ ცოტა სამი-ოთხი კვირა მაინც იქნებოდა“ იმ ბუჩქნარში, თავად გარემოებანი გვიმტკიცებენ ამ აზრის აბსურდულობას. მეორე მხრივ, ძნელია დავიჯეროთ, რომ ის საგნები ერთ კვირაზე მეტ ხანს ყოფილიყო იმ ბუჩქნარში, ანუ იმ კვირადღიდან მეორე კვირის ორშაბათამდე თუ სამშაბათამდე. ვინც პარიზის გარეუბნებს იცნობს, კარგად იცის, რა ძნელია აქ მყუდრო კუთხე-კუნჭულის მონახვა, მხოლოდ სადღაც შორს, ქალაქგარეთ თუ მიაკვლევს კაცი ასეთ ადგილს. მართლაც წარმოუდგენელია პარიზის გარეუბნების ტყეებსა და ხეივნებში ისეთი კუთხე-კუნჭული, სადაც არავინ დადის, ანუ სადაც ხშირად არ დადიან. და ისიც კი, ვისაც სულითა და გულით უყვარს ბუნების წიაღში ყოფნა და დღენიადაგ საქმეების გამო ამ ვეებერთელა დედაქალაქის სიცხესა და მტვერში გაჩერება უხდება, ისიც კი, ძალიანაც რომ ეცადოს, თუნდაც სამუშაო დღეებში ვერ დაიმარტოხელებს თავს ბუნების მშვენიერებით მოხიბლული. სადაც წავა, ყველგან გაქრება მისი ნეტარება, რაკიღა ვიღაც გარეწარი ან სულაც არამზადების ბრბო შემოიჭრება ღრიანცელით. გაეცლება იქაურობას, თავს მისცემს ხშირ ტყეს, საწადელს კი ვერ მიაღწევს. სწორედ ასეთ ადგილებს ეტანებიან ნაძირალები და წაბილწავენ კიდეც ბუნების ტაძარს. ჰოდა, ის ჩვენი მოხეტიალე კაცი, ისევ დაუბრუნდება მყრალ პარიზს და უკვე ვეღარც აღიქვამს იმ სიმყრალეს. სამუშაო დღეებშიც აუარება ხალხი დაძრწის ქალაქის შემოგარენში, უქმე დღეს ხომ გადაჭედილი იქნება იქაურობა! და სწორედ მაშინ, შრომის ხუნდებისგან თავისუფალი ან რაკი, ჩვეულებისამებრ, დანაშაულს ვეღარ ჩაიდენენ ამა თუ იმ მიზეზის გამო, ქალაქელი ნაძირალები გასწევენ მის შემოგარენში, სოფლის სიყვარული კი არ უხმობს მათ, გულში აქაურობის სიძულვილიც კი აქვთ ჩახვეული, უფრო ის მოუსურვებიათ, საზოგადოებრივ არტახებსა და შეზღუდვას დაუსხლტნენ. სუფთა ჰაერი და მწვანეში ჩაფლული მიდამოს ხილვა კი არ უნდათ, ამ ქვეყნის აღვირაწყვეტილ სიამეთ მიელტვიან. ჰოდა, აქ, გზისპირა ფუნდუკში ან ხის გრილოში, ხალხის თვალს მოფარებულნი, თანამეინახეთა გვერდით მიეცემიან შლეგურ დროსტარებას, ბიწიერების ბადით დაბმულნი ტკბებიან არყითა და თავისუფლებით. აქ ისღა მინდა დავძინო, რომ ყოველი, ვინც მიკერძოებული არ იქნება, მიხვდება, ის საგნები არ დარჩებოდა შეუმჩნეველი მთელი ერთი კვირა, პარიზის გარეუბანში რაც უნდა ხშირი ბუჩქნარი იყოს, ვიღაცას რომ არ ენახა ისინი, სასწაული იქნებოდა. კიდევ ბევრი შეიძლება ითქვას იმის თაობაზე, რომ ის საგნები იმ ბუჩქებში მოუტანიათ და დაუყრიათ, ასე უცდიათ თვალი აეხვიათ ხალხისთვის და დანაშაულის ნამდვილი ადგილი დაემალათ. უპირველეს ყოვლისა, იმ საგნების პოვნის თარიღის გამო უნდა გითხრათ ორიოდე სიტყვა. მოდით ეს თარიღი ჩემს მეხუთე ამონაწერში მოყვანილ რიცხვს შევუდაროთ და რას ნახავთ! ის საგნები მაშინვე, საღამოს გაზეთში უტყუარი ცნობების მისვლისთანავე უნახავთ. ხსენებული ცნობები სხვადასხვანაირია, სხვადასხვა ადგილებიდანაა გამოგზავნილი, მაგრამ ერთსა და იმავე აზრს შეიცავენ, ის მხეცური დანაშაული ჩაუდენია გარეწართა რომელიღაც ჯგუფს დე რულის კარიბჭის სიახლოვეს. თქმა არ უნდა, უეჭველია, რომ იმ ბიჭებს ცნობების მოსვლის, ანუ დანაშაულის ადგილის მითითების მერე არ უნახავთ ის საგნები; უეჭველია ისიც, რომ უფრო ადრე ვერც ნახავდნენ, რადგან იმ ბუჩქნარში არც არაფერი ყოფილა; ისინი მხოლოდ მაშინ ან ცოტა ხნის შემდეგ დაუყრიათ იქ, როცა ის ცნობები გაზეთის რედაქციაში გაუგზავნიათ თავად დამნაშავეებს. ხსენებული ბუჩქნარი ისეთ ადგილასაა, მსგავსს რომ ვერ ნახავთ ვერსად. მთლად გადაბურულია იქაურობა. ბუნებრივად გარეშემოზღუდული ადგილის შუაგულში ნახავთ იმ სამ ვეებერთელა ქვას, რომელთა განლაგება მოგვაგონებს საჯდომს, საზურგესა და ფეხის დასადგმელს. ეს არაჩვეულებრივი ბუჩქნარი მდებარეობს იქვე, ორმოციოდე ნაბიჯზე მადამ დელუკის სახლიდან, ამ ქალის ბავშვები დღენიადაგ დაძრწიან ამ ბუჩქებში. ნაძლევს ჩამოვალ, ათასი ჩემი იყოს, ერთი სხვისი, რომ ის ბიჭები თითქმის ყოველდღე შეირბენენ ჩრდილებით მოცულ სამყოფელში და მეფურად წამოსკუპდებიან თავად ბუნების მიერ შექმნილ ტახტზე? ვისაც გაუჭირდება ასეთი სანაძლეოს ჩამოსვლა, იმას კარგად არ გაუტარებია თავისი ბიჭობის ხანა, ანუ სრულიად დავიწყებული უნდა ჰქონდეს ბავშვის ბუნება. ვიმეორებ, წარმოუდგენელია და ვერც მივმხვდარვარ, როგორ დარჩებოდა ის საგნები ბუჩქნარში უნახავი თუნდაც ერთი ან ორი დღე: როგორც ვხედავთ, ჩვენი ეჭვი საფუძვლიანია, რაც აგრე ბრიყვულად ვერ შეუნიშნავს Le Soleil-ს, ასე რომ, ის საგნები დაუყრიათ თუ არა იქ, მაშინვე უპოვიათ კიდეც. მაგრამ არის კიდევ სხვა, უფრო აშკარა საფუძველი ჩვენი მოსაზრების სისწორის დამადასტურებელი, ვიდრე ის, ზემოთ რომ მოვიხსენიეთ. და ნება მიბოძეთ გითხრათ, ძალზე ხელოვნურად ჩანს იმ საგნების განლაგება. ზედა ქვაზე იდო თეთრი ქვედაკაბა; მეორეზე აბრეშუმის ყელსაბურავი, იქვე გარშემო ეყარა ქოლგა, ხელთათმანი და ცხვირსახოცი, რომელზედაც დაქარგული იყო: „მარი როჟე“. სწორედ ასე ბუნებრივად განალაგებდა მათ ის, ვინც დიდად ჭკვიანი არ უნდა ყოფილიყო და მოისურვებდა ბუნებრივად გამოეჩინა საგნები. მაგრამ, რაღა თქმა უნდა, ბუნებრივ განლაგებას ამას ვერ დავარქმევდით. მე უფრო ასე მაქვს წარმოდგენილი, ყველაფერი მიწაზეა დაყრილი და ფეხებით გადათელილი. იმ სივიწროვეში კაბა და ყელსაბურავი როგორღა დარჩებოდა იმ ქვებზე, უთუოდ ჩამოცვივდებოდა, როდესაც რამდენიმე ადამიანი ერთმანეთს დაეტაკებოდა. „ჩანდა, რომ, – ასე გვამცნობენ ჩვენ, – აქ უბრძოლიათ. მიწა გადატკეპნილი იყო, ბუჩქის ტოტები გადამტვრეული“, – მაგრამ ის კაბა და ყელსაბურავი თითქოს თაროებზეაო, ისე იყო შემოწყობილი. „ბუჩქებს კაბა გაეგლიჯათ და, ასე, ამოხეულიყო სამი დუიმის სიგანის და ექვსი დუიმის სიგრძის ნაჭერი. სამოსლის ერთი ნაწილი შემოკერილი ჩანდა. თითქოსდა ღვედებად დაეხიათ“. აქ არის ერთი ფრიად საეჭვო ფრაზა, რომლისთვისაც Le Soleil-ს ყურადღება არ მიუქცევია. ის ნაჭრები, ასეა აღწერილი, „თითქოსდა ღვედებად დაეხიათ“, მაგრამ ასე ნაჭრების ამოხევა შეიძლება განზრახ და ხელებით. მართლაცდა იშვიათად თუ მოხდება, რომ ეკლებს ასე ნაჭრებად „დაეხიათ“ ის საკმაოდ მაგარი ქსოვილი. თავად ის ქსოვილი ისეთია, რომ ეკალს ან ლურსმანს მისი გახევა მხოლოდ პირდაპირი კუთხით შეუძლია – ნახევი სწორად მიდის და დასაწყისში, სადაც ეკალია მოხვედრილი, ასეთივე სწორი კუთხეა შექმნილი, ერთი სიტყვით, სრულიად წარმოუდგენელია, რომ ის ღვედებად „დაეხიათ“. პირველად მესმის ასეთი რამ, და თქვენც ასევე თანაბარ ზოლად რომ გახიოთ ასეთი სახის ქსოვილი, საჭიროა ორნი ჩაეჭიდოთ მას და ერთმანეთის საპირისპირო მიმართულებით გასწიოთ, სხვანაირად შეუძლებელია. თქვენ შეგიძლიათ რაიმე ნაჭერი, ვთქვათ, ცხვირსახოცი, თანაბარ ნაწილებად გახიოთ, თუ ორ კუთხეში ჩასჭიდებთ ხელს და გასწევთ, ამას ერთი ადამიანიც კარგად მოახერხებს, მაგრამ ჩვენ ვიცით, რომ კაბები ერთკიდიანია. განა რას შეუძლია ამ კაბის შუაგულიდან თანაბარი ნაწილების ამოხევა, სად ნახავთ ასეთ სასწაულებრივ ეკალს, არც არავითარ ეკალს არ ძალუძს ამის მოხდენა. მაგრამ თუნდაც კიდე ჰქონოდა იმ კაბას, მაშინ საჭირო იქნებოდა ორი ეკალი ერთი მხრივ და კიდევ ერთი მეორე მხრივ. ოღონდ ამ შემთხვევაში კაბის კიდე გაკერილი არ უნდა იყოს. ხოლო თუ გაკერილია, ლაპარაკიც ზედმეტია. ჩვენ ვხედავთ, ბევრი და დიდი დაბრკოლება იქნებოდა გადასალახავი იმისთვის, რომ „ეკალს“ ასე „დაეხია“ კაბა, უფრო მეტიც, ჩვენ გვაიძულებენ დავიჯეროთ, ასეთი ნაჭერი მრავალი ყოფილაო. „სამოსლის ერთი ნაწილი“ თურმე „შემოკერილი ჩანდა“! მეორე ნაწილიც ყოფილა – „მაგრამ შემოუკერელი“, ანუ, სხვანაირად რომ ვთქვათ, მთლიანად იქნა ამოგლეჯილი ეკლების მეშვეობით კაბის შუაგულიდან, სადაც კიდე არ არის! დიახ, გეუბნებით, აქ გვესმის ისეთი რაღაცები, რომლის ვერდაჯერება გვეპატიება; და კიდევ, ამ საქმის სხვადასხვა გარემოებამ შეიძლება ნაკლებად დაგვაეჭვოს, ვიდრე იმან, როგორ დატოვეს მკვლელებმა ის საგნები იმ ბუჩქნარში, როდესაც იმდენი სიფრთხილე გამოიჩინეს და გვამი იქაურობას მოაცილეს. თქვენ სწორად ვერ გამიგებთ, თუ გგონიათ, ეს კაცი დანაშაულის ადგილს, იმ ბუჩქნარს უარყოფსო. უბედურება შეიძლება აქ დატრიალებულიყო. ან, უფრო სავარაუდოა, მადამ დელუკისას, მაგრამ თავად ამ გარემოებას დიდი მნიშვნელობა არ აქვს. დანაშაულის ადგილის მიკვლევა რად გვინდა, მთავარია მკვლელები ვიპოვოთ. ამდენი მსჯელობა იმიტომ დამჭირდა, იმიტომ იყო საჭირო სხვადასხვა გარემოებათა გულდასმით განხილვა, რომ, ჯერ ერთი, დამემტკიცებინა Le Soleil-ის სიბრიყვე და კიდევ, რაც უფრო მნიშვნელოვანია, ძალდაუტანებლად, ბუნებრივად მიმეყვანეთ ამ საკითხთან, ჯგუფური იყო თუ არა მკვლელობა. ისიც უნდა დავძინოთ, რა ცუდად ჩაუტარებიათ სამედიცინო გამოკვლევა. საკმარისია ვთქვათ, იმ ექიმის დასკვნა – რამდენიმე გარეწარი უნდა ყოფილიყოო – იმდენად დაუჯერებელი და დაუსაბუთებელი ჩანდა, რომ პარიზის ცნობილ ანატომებს გასცინებიათ. თავად ამ დასკვნის საწინააღმდეგო რა უნდა ჰქონოდათ, გარდა იმისა, რომ ეს დასკვნა უსაფუძვლო იყო; გამომდინარე აქედან ჩვენ ხომ შეგვიძლია სხვანაირი ვარაუდი გამოვთქვათ? „ბრძოლის ნაკვალევის“ გამოც უნდა ვთქვათ ორიოდე სიტყვა, ნება მიბოძეთ გკითხოთ, რას უნდა მოწმობდეს ეს ნაკვალევი. გარეწართა ჯგუფს. მაგრამ, იქნებ, ხსენებული ნაკვალევი სწორედ იმას მოწმობს, რომ არც ყოფილა გარეწართა ჯგუფი? როგორ უნდა ებრძოლათ – როგორ უნდა ებრძოლათ-მეთქი ისეთი გააფთრებითა და მძვინვარებით, რომ თითქმის ყველგან დარჩენილიყო „ნაკვალევი“, ერთი მხრივ, იქ ხომ ნაზი და უღონო გოგო იყო და, მეორე მხრივ, გარეწართა მთელი ჯგუფი? წამის უმალესად, ჩუმად მოაშთობდა იმას რამდენიმე კუნთმაგარი ხელი და ამით გათავდებოდა ყველაფერი. ხმის ამოღებასაც ვერ მოასწრებდა იმათი მსხვერპლი. თქვენ, ალბათ, გახსოვთ, ზოგიერთის აზრით, დანაშაულის ადგილი ის ბუჩქნარი არ უნდა ყოფილიყო და ამის საბუთად ის მოჰყავდათ, რომ აქ ერთის მეტი ვერ დაეტეოდა. ხოლო თუ ჩვენ ვიტყვით, მოძალადე ერთი იყოო, მაშინ, მხოლოდ მაშინ შეგვიძლია ისიც ვთქვათ, იმდენად გააფთრებულებსა და გამძვინვარებულებს უბრძოლიათ, რომ კიდევაც დარჩენილა „ნაკვალევი“. და კიდევ. მე უკვე გითხარით, იმთავითვე საეჭვო უნდა გამხდარიყო ის გარემოება, რომ ყველა ის საგანი ადგილზე დაუტოვებიათ. შეუძლებელი ჩანს, ასეთი უეჭველი სამხილი როგორ უნდა დარჩენოდათ შემთხვევით იქ, სადაც იპოვეს. იმათ ხომ იმდენი გამბედაობა ეყოთ (ასეა სავარაუდებელი), რომ გვამი წაეღოთ; ამ დროს გვამზე უფრო (რამდენიმე ხნის შემდეგ ვინღა იცნობდა გახრწნილ სხეულს) ნათელი სამხილი დარჩენიათ ეჭვის აღმძვრელ ბრძოლის ველზე, მე ვგულისხმობ, დაღუპულის სახელით დაქარგულ ცხვირსახოცს. თუ ეს შემთხვევით მომხდარა, მაშინ გარეწართა ჯგუფს ვეღარ ვივარაუდებთ. ამ დროს ერთი ადამიანი უფროა სავარაუდებელი. მოდით განვსაჯოთ. მკვლელი მარტოდ დარჩენილა იმასთან, ვინც ცოცხლებში აღარ წერია. ფერწასული დასცქერის უძრავ სხეულს. მძვინვარებამ გაუარა და თავისი ნამოქმედარის გამო ბუნებრივი შიში იბუდებს მის გულში. სხვათა, თავის მსგავსთა თვალწინ ასე არ დაეცემოდა თავზარი. ის მარტოა თავისი ნამოქმედარის წინარე. კანკალებს, თავის ჭკუაზე აღარ არის. გვამის აქ დატოვება არ შეიძლება. მდინარისკენ მიათრევს, დანაშაულის სხვა სამხილს ადგილზე ტოვებს; სხვა რა გზა აქვს, ყველას ერთად ხომ ვერ მოხვევს ხელს, ჯობს უკან მობრუნდეს და მერე წაიღოს, მაგრამ ეს შემაძრწუნებელი სვლა მდინარისკენ მთლად დააფეთებს და გააოგნებს. საიდანღაც სიცოცხლის ჟრიამული მოისმის. მრავალგზის ესმის თუ ეჩვენებინა ვიღაცის ფეხის ხმა. ქალაქის სინათლეების ციმციმიც კი ჭკუას აკარგვინებს. დაბოლოს, დიდი ხნის ხეტიალის შემდეგ, სვენებ-სვენებით მიაღწევს მდინარის სანაპიროს და მოიცილებს თავის შემზარავ ტვირთს, შეიძლება ნავის მეშვეობითაც. მაგრამ ახლა, თუნდაც მთელი ქვეყნის ოქრო უბოძოთ, თუნდაც დაემუქროთ, ტანჯვა-წამებით ამოგხდიანო სულს, რაღა ძალა დააბრუნებს უკან ეულ მკვლელს იმ საშიში და მომქანცველი ბილიკით იმ ბუჩქნარში, გულის მომკვლელ მოგონებებს რომ წამოუშლის. აღარც დაბრუნდება, მოსახდენი მოხდესო. თუნდაც მოინდომოს, მაინც ვერ დაბრუნდება. ერთი სული აქვს გაიქცეს, არც არასდროს მოვა ამ გულშემზარავ ბუჩქნარში, მირბის, თითქოსდა სადაცაა სწვდებიან და დაიჭერენ. მაგრამ იმ გარეწართა ჯგუფს რა ვუყოთ? ბევრნი არიან და თავდაჯერებულად მოქმედებენ კიდეც; მართლაცდა, ასეთი ჯურის უბოროტესი ავისმქმნელებისგან იქმნება ჯგუფი. ბევრნი არიან და არც შეშფოთდებიან და არც თავზარი დაეცემათ. მარტოდმყოფს კი, კარგად ვიცით, ასე მოუვა ნამდვილად. პირველმა, მეორემ, მესამემ რომ რაღაც ვერ შენიშნოს, მეოთხეს შეუძლია მათი შეცდომის გამოსწორება. არც არაფერი დარჩებოდათ იმათ, ბევრნი არიან და სუყველანი წაიღებდნენ ყველაფერს. აღარც უკან დაბრუნება დასჭირდებოდათ. ახლა ისიც უნდა გავიხსენოთ, გვამის კაბაზე „კიდიდან წელამდე ერთი ფუტით აეხიათ ნაწილი, მაგრამ მთლად არ მოუგლეჯიათ, სამჯერ შემოუხევიათ წელის გარშემო და როგორღაც ზურგზე შეუკრავთ“. ცხადია, ასე იმიტომ გაუკეთებიათ, რომ უფრო იოლად, ხელით გადაეტანათ გვამი. მაგრამ ბევრნი რომ ყოფილიყვნენ, ასეთი რამ რატომ მოაფიქრდებოდათ? სამნი ან ოთხნი რომ ყოფილიყვნენ, გვამის კიდურებს ჩასჭიდებდნენ ხელს და სულ ადვილად წაიღებდნენ. მხოლოდ მარტომყოფს უნდა ეფიქრა, რაღაც უნდა ვიღონოო, და უკვე ნათელი ხდება, რატომ „მოერღვიათ“ „მოაჯირი ბუჩქნარსა და მდინარეს შორის... მიწაზე იმისი ნაკვალევი ეტყობოდა, რომ აქ რაღაც მძიმე საგანი გადაუთრევიათ“. ბევრს კი რაღად დასჭირდებოდა გვამის ისე გადათრევა, რომ მიწაზე ცხადლივ დარჩენილიყო ნაკვალევი? ახლა კი Le Gommerciel-ში დაბეჭდილ შენიშვნას მივუბრუნდეთ; „ნაგლეჯი იმ უბედური გოგოს კაბისა, – ნათქვამია ამ გამოცემაში, – ნიკაპს ქვემოთ ყელზე დაუხვევიათ და კეფაზე გაუნასკვავთ ყვირილის დასახშობად. ასე იციან იმ ვაჟბატონებმა, რომლებსაც ცხვირსახოცი არც სჭირდებათ“. ჩვენი გარეწრები ისეთი ხალხია, რომ თავის პატივისცემა უყვართ და ვერც ვერასდროს ნახავთ უცხვირსახოცოდ, მაგრამ მე აქ სხვა რამე უნდა აღვიშნო. იმ მიზნისთვის, Le Gommerciel-ი რომ მიუთითებს, ცხვირსახოცი არც გამოადგებოდათ, ცხვირსახოცი ბუჩქებში იყო დაგდებული და ეს საგანი არც დასჭირდებოდათ „ყვირილის დასახშობად“, რაღა აჯობებდა ამ შემთხვევაში კაბის ნაგლეჯს. დასკვნაში ნათლად იყო ნათქვამი, რომ ის ნაგლეჯი შემოხვეოდა ყელზე თავისუფლად, და მაგრადაც გაუნასკვავთ“. საკმაოდ ბუნდადაა აღწერილი, მაგრამ მაინც განსხვავდება იმისგან, Le Gommerciel-ს რომ აქვს მოყვანილი. თვრამეტდუიმიანი სიგრძის ნაგლეჯი მართალია მუსლინისა იყო, მაგრამ რამდენიმეჯერ რომ გადაგვეკეცა, მკვიდრი ღვედი გვექნებოდა ხელთ. სწორედ ასეთი ღვედი უნახავთ. სწორედ ასე ვფიქრობ, მე. ის მკვლელი მარტოდ ყოფილა და გარკვეულ მანძილზე (ბუჩქნარიდან თუ საიდანღაც კიდევ) გვამის გადასატანად იმ ღვედს სხეულს შუაში შემოახვევდა და ისე წაიღებდა, ოღონდ გაუჭირდებოდა. მერე კი იფიქრებდა, სჯობს გადავათრიოო, ასეც მომხდარა, ამას გვიჩვენებს ნაკვალევი მიწაზე. მოაფიქრდა თუ არა ეს ხერხი, რაღაც თოკისმაგვარი უნდა მოეძებნა, სხვანაირად ვერაფერს გახდებოდა. ყელზე უნდა შემოეხვია უსათუოდ, რომ არ მოსხლეტილიყო. და ახლა, რაღა თქმა უნდა, მკვლელს წელზე შემოხვეული ნაჭერი მოაგონდებოდა. კიდეც მოინდომებდა გვამზე შემოხვეული ნაჭრის მოხსნას, მაგრამ უცებ ვერ იზამდა, თანაც ის ნაგლეჯი მთლად არ იყო „მოგლეჯილი“ კაბიდან. სულაც აჯობებდა ახალი ნაჭერი მოეხია. ჰოდა, ამოხევს კიდევაც, ყელზე შემოახვევს და მდინარის სანაპიროსკენ მიათრევს თავის მსხვერპლს. ამ „ღვედის“ გამოყენება რომ დასჭირვებია, რასაც უცებ და ადვილად ვერ გააკეთებდა, ამასთან ერთად არც ისეთი მოხერხებული იყო ამ მიზნისთვის და მაინც მოუშველიებია. ნათელია, რაღაცამ აიძულა აჩქარებულიყო და არც ცხვირსახოცი ჰქონია იქვე, ყველაფერი ეს მაშინ მოხდა, ჩვენი აზრით, როდესაც ბუჩქნარიდან (თუკი საერთოდ იყვნენ იმ ბუჩქნარში) წამოსულა, და უკვე გზაზე იმყოფებოდა იმ ბუჩქნარსა და მდინარეს შორის.        მაგრამ ხომ ცნობილი იყოო, შეგიძლიათ მითხრათ თქვენ, მადამ დელუკის (!) ჩვენების თანახმად, იმ ბუჩქნარის სიახლოვეს, დაახლოებით იმ დროს, როდესაც მკვლელობა მოხდა, ვიღაც გარეწრების ჯგუფი დაძრწოდა. შეიძლება მასეც ყოფილიყო. რაღა თქმა უნდა, არამზადები იმ ტრაგედიის ხანსაც მრავლად იქნებოდნენ დე რულის კარიბჭის სიახლოვეს, მაგრამ არამზადების ის ჯგუფი, რომელთა გამოც მადამ დელუკის წყალობით ნაგვიანევი ეჭვი გამოთქვეს, ის ჯგუფი გახლდათ, ამ პატიოსანი და ფაქიზი მოხუცი ქალბატონის გულისწყრომა რომ დაუმსახურებია, რაკიღა მისი ნამცხვარი ჭამეს, მისი არაყი დალიეს და ისე წასულან, ფული არ გადაუხდიათ. აბა, არ განრისხდებოდა?  მაგრამ ზუსტად როგორია მადამ დელუკის ჩვენება? „მალე ვიღაც არამზადების ბრბო მოვიდა, იღრიალეს, სვეს და ჭამეს, ფული არ გადაუხდიათ და იქით გასწიეს, სადაც ის გოგო და ბიჭი უნდა ყოფილიყვნენ. დაღამებას აღარაფერი უკლდა, როდესაც ისინი მობრუნდნენ და საჩქაროდ გადავიდნენ მდინარის მეორე მხარეს“. ხსენებული „საჩქაროდ გადავიდნენ“ საჩქარო ჩანდა მადამ დელუკის თვალში, რადგან ის ჯერ კიდევ მისტიროდა იმ თავის ნამცხვარსა და ლუდს, იმ თავის ნამცხვარსა და ლუდს-მეთქი, რადგან, იქნებ, მცირე იმედი ჰქონდა, გადამიხდიანო იმის საფასურს, მაშინ რაღატომ დაამახსოვრდებოდა მათი სიჩქარე იმ დროს, როდესაც დაღამებას აღარაფერი უკლდა? რა გასაკვირია, რომ არამზადების ჯგუფი იჩქარებდა შინ წასვლას, იმათ ხომ მდინარე პატარა ნავით უნდა გადაეცურათ, თანაც ქარიშხალი და ღამე მოახლოებულიყო. გუბნებით, მოახლოებულიყო-მეთქი, რადგან ღამე ჯერ კიდევ არ დამდგარიყო. მხოლოდ დაღამებას აღარაფერი უკლდა და იმ „არამზადების“ თავხედურმა სიჩქარემ შეურაცხყო გულდინჯი მადამ დელუკი. მაგრამ ჩვენ ვიცით, რომ სწორედ იმ საღამოს მადამ დელუკმა და მისმა უფროსმა ვაჟიშვილმა „ქალის კივილი გაიგონეს სასტუმროს ახლოს“. და რას უნდა გულისხმობდეს მადამ დელუკის სიტყვები, საღამოს რა ხანი იყო, როდესაც იმათ კივილი გაუგონიათ? „უკვე კარგა დაღამებულიყოო“, უთქვამს მას. მაგრამ „უკვე კარგა დაღამებულიყო“, რაც უნდა იყოს, მაინც ღამეა; ხოლო „დაღამებას აღარაფერი უკლდა“ ჯერ კიდევ დღეა. გამომდინარე აქედან, ცხადი უნდა იყოს, ის ჯგუფი წასულა უფრო ადრე, ვიდრე მადამ დელუკი კივილს (?) გაიგონებდა. მრავალ გაზეთს სიტყვასიტყვით მოჰყავს ის პასაჟები, მე რომ თქვენთან საუბრისას ვახსენე, ვერავითარ განსხვავებას ვერ ნახავთ, არც ერთ გამომცემელს, არც იმ ჩვენ მირმიდონელებს პოლიციიდან არ შეჰპარვიათ ეჭვი ამ სიტყვებში.        კიდევ ერთ საბუთს მოვიყვან და ამით უარყოფილი იქნება დამნაშავეთა ჯგუფის ამბავი; ერთს-მეთქი, მაგრამ, ჩემი აზრით, სრულიად შეუვალს. ჩვენ გვახსოვს ის დიდი ჯილდო და სრული პატიება რომ აღუთქვეს სახელმწიფოს სახელით, ვინც გათქვამდა დამნაშავეს, ჰოდა, იმ ნაძირალებსა და გარეწრებში ნუთუ არ აღმოჩნდებოდა ვინმე, ვინც მაშინვე არ გასცემდა თავის თანამზრახველებს? ასეთ ჯგუფებში ყოველი იმდენად ჯილდოს მიღებას ან გაქცევას კი არ ესწრაფვის, არამედ იმის შიში აქვს, ვაითუ სხვამ დამასწროს და გამცესო. და რაკი ეს საიდუმლო საიდუმლოდვე რჩება, ეს შემზარავი, ბნელით მოცული ამბავი იცის მხოლოდ ერთმა ან ორმა სულიერმა, და კიდევ ღმერთმა. მოდით და ახლა შევაჯამოთ მცირეოდენი, თუმცა უკვე გარკვეული შედეგები ჩვენი ვრცელი ანალიზისა. ჩვენ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ეს საბედისწერო შემთხვევა იყო და ის მოხდა მადამ დელუკის ჭერქვეშ ან ის გოგო დე რულის კარიბჭის სიახლოვეს, იმ ბუჩქნარში მოკლეს; მკვლელი უნდა ყოფილიყო საყვარელი ან ვიღაც ახლობელი, იდუმალი ნაცნობი დაღუპულისა. ის ნაცნობი კაცი მზისგან გარუჯული გახლდათ. ჰოდა, ეს გარეგნობა, ის გარემოება, რომ ქუდის ზონარი „მეზღვაურის მარყუჟით“ იყო შეკრული, ვიღაც მეზღვაურზე მიგვანიშნებს. ამ კაცის სანდომ-საამური გამხდარა ის გულმხიარული, თუმცა კი უკარება გოგო, რაც იმას მოწმობს, უბრალო მეზღვაური არ უნდა ყოფილიყო იგი. წერა კარგი სცოდნია, ისიც იცის, როგორ მიუდგეს იმ გაზეთებს, ყველაფერი ეს გვამცნობს ჩვენი ვარაუდის სისწორეს. Le Gommerciel-ში გამოქვეყნებული წერილი გვატყობინებს იმ პირველი გაქცევის ამბავს და გამომდინარე აქედან შეგვიძლია ვიფიქროთ, სწორედ ის მეზღვაური ყოფილა „საზღვაო ოფიცერი“, რომელმაც ის უბედური გოგო იმთავითვე დაღუპვის გზაზე დააყენა. ჩვენი ვარაუდი იმითაც მტკიცდება, რომ ის შავტუხა კაცი აღარსად ჩანს. მინდა ისიც აღვნიშნო, ის შავტუხა იყო და მზისაგან გარუჯულიც, მისი შავგვრემანი სახე კარგადაც დაგამახსოვრდებოდათ, რადგან ხსენებული ნიშანი ერთადერთი იყო, რაც დაჰვიწყებია ორივეს, ვალანსსაც და მადამ დელუკსაც. მაგრამ რატომაა ის კაცი დაკარგული? იმ ავაზაკების ჯგუფს ხომ არ მოუკლავს? თუ მასეა, რატომ ნახეს მხოლოდ იმ მოკლული გოგოს ნაკვალევი? ბუნებრივია, რომ ამ ორი ადამიანის მკვლელობა ერთსა და იმავე ადგილას უნდა მომხდარიყო. იმ კაცის გვამი კი სადღაა? მკვლელები, რაღა თქმა უნდა, ორივე სხეულს მოიცილებდნენ. შეიძლება ვიფიქროთ, რომ ის კაცი ცოცხალია და ჩუმადაა, შიშობს, ვაითუ მკვლელობა მე დამბრალდესო. ამ ვარაუდის გამოთქმა ახლა შეიძლება, ამ ბოლო ხანს, მოწმეები რომ გამოჩნდნენ, ვისაც ის და მარი ერთად უნახავთ; ხოლო მაშინ, პირველ ხანებში, ვინ რას იტყოდა. უდანაშაულო კაცი იმწუთას ასე იფიქრებს, წავალ, სადაც ჯერ არს განვაცხადებ ამ უბედურების ამბავს და არამზადების დაჭერაშიც მივეშველებიო. სწორედ ასე უნდა მოქცეულიყო. ის იმ გოგოსთან ერთად უნახავთ. ღია ბორნით მასთან ერთად გადასულა მდინარეზე. მკვლელების გამოაკშარავების აუცილებლობას იდიოტიც კი მიხვდებოდა, მხოლოდ ასე შეძლებდა დაემტკიცებინა თავისი უდანაშაულობა. ჩვენ არამც და არამც არ შეგვიძლია ვიფიქროთ, რომ იმ საბედისწერო კვირადღის ღამეს მას არც არავინ მოუკლავს და არც არაფერი სცოდნია ამ მკვლელობის შესახებ. ხოლო თუ ვიტყვით, სწორედ მასე იყოო, შეიძლება ავხსნათ მისი, საღსალამათი ადამიანის დუმილის მიზეზი.        ჩვენ კი რაღა გვინდა ჭეშმარიტების მისაკვლევად? კიდევ ვიმსჯელოთ და უფრო მეტი გვეცოდინება და უფრო გამომზეურდება ეს საიდუმლო. მოდით ჯერ იმ პირველი გაქცევის ამბავს ჩავუღრმავდეთ. ჯერ იმ „ოფიცრის“ ასავალ-დასავალი გამოვარკვიოთ, სად არის ახლა და სად იყო მაშინ, მკვლელობის დროს. მოდით გამოწვლილვით შევუდაროთ ერთიმეორეს ის ცნობები, საღამოს გაზეთში რომ გამოუგზავნიათ და სადაც ბრალს სდებდნენ გარეწართა ჯგუფს. ხოლო ამის შემდეგ ერთმანეთს შევუდაროთ სტილიცა და ხელნაწერიც, იმ ცნობების სტილსა და ხელნაწერს, დილის გაზეთში რომ გამოუგზავნიათ უფრო ადრე; მაშინ კი სწორედ იმ მენისს ადანაშაულებდნენ ასე უღმერთოდ. დაბოლოს, მოდით ეს მრავალრიცხოვანი ცნობები შევუდაროთ იმ ოფიცრის რომელიმე ბარათის სტილსა და ხელნაწერს. იმასაც ნუ დავივიწყებთ, რომ უნდა მოვკრიბოთ კიდევ სხვა დამატებითი ცნობები იმ „შავტუხა კაცის“ გარეგნობისა და მიხრა-მოხრის შესახებ, ამიტომ უნდა მოვიწვიოთ მადამ დელუკი, მისი ბიჭები და ის ვალანსიც, ომნიბუსის მძღოლი. გულდასმითა და გონივრული გამოკითხვის შემდეგ უსათუოდ მოვიპოვებთ ცნობებს ამ საკითხზე (და სხვაზეც), ცნობებს-მეთქი, რომლებსაც ისინი მოგვაწვდიან და თავად კი ვერ ხვდებიან, თუ იციან რამე ამის თაობაზე. და მოდით ამჟამად ნავის ასავალ-დასავალი გავიგოთ, მებორნემ რომ ნავსაყუდელში მიაბა ორშაბათ დილით, ოცდასამ ივნისს, და ჩუმად რომ წაიყვანეს, საბაჟოს უფროსისთვის არ შეუტყობინებიათ, საჭეც არ მოუკითხავთ, ისე, ეს ამბავი ჯერ კიდევ გვამის აღმოჩენამდე მომხდარა. ფრთხილი და ბეჯითი თუ ვიქნებით, ჩვენ შეგვიძლია იმ ნავის კვალს მივაგნოთ; მებორნეც კარგად იცნობს იმას და საჭეც ხომ ჩვენს ხელთაა. იალქნიანი ნავის საჭეს კი არავინ მიაგდებს ისე იოლად. ჰოდა, აქ, ნება მიბოძეთ, კიდევ ერთი კითხვა დავსვა. იმ ნავის პოვნის შესახებ არ გამოუცხადებიათ, ჩუმად მიუყვანიათ ნავსაყუდელში და ჩუმადვე წაუყვანიათ იქიდან. მაგრამ იმ ნავის მფლობელმა თუ იმან, ვისაც ქირით ჰყავდა წამოყვანილი, უკვე სამშაბათ დილით ადრე როგორ გაიგო, ორშაბათს ნაპოვნი ნავის ადგილსამყოფელი, ამის შესახებ ხომ განცხადება არ გამოუქვეყნებიათ; უნდა ვიფიქროთ, რომ იმას რაღაც კავშირი და ურთიერთობა ჰქონდა საზღვაო სამსახურთან და იქნებ, ყველაფერს იგებდა კიდეც ამ კავშირისა და ურთიერთობის მეშვეობით, სულ წვრილმან ამბებსაც კი? მარტოდმყოფ მკვლელზე გიამბეთ, სანაპიროსკენ რომ მიათრევდა თავის ტვირთს; მაშინ ისიც გითხარით, შეიძლება იმან ნავი მოიშველია-მეთქი. ახლა კი ცხადია, მარი როჟე ნავიდან იყო გადაგდებული. სწორედ ასე უნდა მომხდარიყო. გვამს არ დააგდებდა იქვე, სანაპიროს თავთხელ წყალში. უცნაური ნაჭრილობევი რომ ეტყობოდა მსხვერპლს ზურგსა და მხრებზე, ნავის ძირზე დატანებული საიალქნო კაუჭებისგან უნდა ყოფილიყო. გვამს სიმძიმე არ ჰქონდა მიბმული, ნავის არსებობას ესეც მოწმობს. ნაპირიდან რომ გადაეგდოთ მოკლული, სიმძიმის მიბმა არ დაავიწყდებოდათ. ჩვენ შეგვიძლია ასე ავხსნათ ეს გარემოება, ნავზე ასვლისას მკვლელი ჩქარობდა და არც გახსენებია რაიმე სიმძიმის წაღება, გვამის გადაგდების ხანს კი მიხვდებოდა უთუოდ ამ თავის შეცდომას, მაგრამ რაღა დროს. ყველაფერზე მზად იყო, ოღონდ იმ დაწყევლილ სანაპიროზე აღარ დაბრუნებულიყო. თავისი შემზარავი ხელბარგი რომ მოიცილა, მკვლელმა საჩქაროდ ქალაქს მიაშურა, რომელიღაც ჩაბნელებულ ნავსაყუდარს მიაკვლია და ნაპირზე გადახტა. მაგრამ ნავს რაღა უნდა უყოს, მიაბას თუ არა? ნავის დარდი აღარ ჰქონდა, ძალზე ჩქარობდა და იმიტომ. ნაპირზე გადასული იმასაც მიხვდებოდა, ნავი აქ რომ გავაჩერო, ხომ დავიღუპეო. ბუნებრივია, შეძლებისდაგვარად ყველაფერს მოიცილებდა, რაც კი მის დანაშაულთან იყო დაკავშირებული. სასწრაფოდ გაიქცეოდა იმ ნავსაყუდარიდან, რაღა თქმა უნდა, ის ნავიც აღარ დაავიწყდებოდა. დინებას გაატანა. მოდით და კიდევ წარმოვიდგინოთ ამ ამბის გარემოებანი – განთიადზე იმ არამზადას გული გადაუქანდება, გაიგებს, რომ ის ნავი უპოვიათ და სწორედ იმ ადგილას მიუყვანიათ, სადაც მას ყოველდღე უხდება ყოფნა, იმ ადგილას-მეთქი, სადაც, იქნებ თავისი სამსახურის გამო უნდა იაროს დღენიადაგ და ამავე ღამეს წაიყვანს იმ ნავს, საჭის თხოვნას როგორღა გაბედავს, ისე. სადღა უნდა იყოს ახლა ის უსაჭო ნავჭურჭელი? მოდით უპირველეს ყოვლისა იმისი ძებნა დავიწყოთ. სწორედ ამ ძიების შედეგად უნდა ვიხილოთ პირველი გაელვება ნათლისა, ჩვენი წარმატების დილა თენდება. კი გაგვაოცებს ნამდვილად, ისე მალე გვაზიარებს ის ნავი საიდუმლოს და გავიგებთ, ვინ იმყოფებოდა მასში იმ საბედისწერო უქმე დღეს. სამხილი სამხილს დაემატება და მკვლელსაც მივაგნებთ. მინდა სწორად გამიგოთ, თანხვედრათა შესახებ გესაუბრებით მხოლოდ. საკმარისი უნდა იყოს, რაც ზემოთ გითხარით ამ საგანზე. ზებუნებრივის რწმენა გულშიაც კი არ გამივლია. მოაზროვნე ადამიანთაგან ვერავინ უარყოფს ორი რამის, ბუნებისა და ღვთაების არსებობას. მეორე ქმნის პირველს და შეუძლია, თუკი ინებებს, მისი მართვა და განახლება, ესეც უდავოა. მე ვამბობ, თუკი ინებებს-მეთქი, მისი ნებაა აქ საკითხავი და არა ძალა, როგორც ამას გვასწავლის სიშლეგესთან წილნაყარი ლოგიკა. საფიქრებელი ის კი არ არის, რომ უზენაესს არ ძალუძს თავისი კანონების განახლება, არამედ თავად ჩვენ შევურაცხყოფთ მას, რაკიღა სულ გავიძახით მისი განახლების აუცილებლობას. ეს კანონები იმთავითვე მოწოდებული იყო მოეცვა ყოველივე ის, რაც შეიძლებოდა მომავალში მომხდარიყო – ღმერთისთვის აწმყო მუდამ წარუვალია.        ვიმეორებ, ყველაფერი, რაც გიამბეთ, თანხვედრათა წარმოჩენა იყო. და კიდევ: ჩემი ნაამბობისდა კვალად, იმ უბედური მარი სესილ როჯერსის ბედს, რამდენადაც ჩვენთვისაა ცნობილი, და მარი როჟეს ბედს შორის, მისი სიცოცხლის გარკვეულ მონაკვეთში, შეიძლება რაღაც პარალელის გავლება, რომლის გასაოცარი სიზუსტის განჭვრეტა დაძაბავს ჩვენს გონებას. გარწმუნებთ, ყოველივე ეს ცხადლივ ჩანს, მაგრამ ერთი წუთითაც არ უნდა გავივლოთ გულში, რომ ზემოთ აწ უკვე დასმული წერტილის შემდეგ მარიზე სევდის მომგვრელი მოთხრობის განგრძობა და მისი საიდუმლოს კვანძის გახსნისას გადმომეკრა ამ პარალელის შემდგომი განვრცობის საჭიროება ან თუნდაც ის, რომ ჩამეგონებინა თქვენთვის, პარიზში ჩატარებული ძიება იმ გრიზეტი გოგოს მკვლელობის თაობაზე ან ის ძიება, რომლის საფუძველიც მსგავსი წანამძღვრები იქნება, რაღაც მსგავს შედეგს მოგვცემს. ეს ჩვენი უკანასკნელი ვარაუდები თუ გვემახსოვრება, ნათელი იქნება, რომ მცირეოდენი განსხვავება ორ ფაქტს შორის გახდება უდიდესი შეუსაბამობის საფუძველი, ერთმანეთისგან დაშორიშორდება მათი ორი დინება და იმიტომ; სწორედ ასეა არითმეტიკაშიც, რაღაც შეცდომა შეიძლება თავისთავად სულაც უმნიშვნელო იყოს, მაგრამ ბოლოს, გამრავლების შედეგად დიდზე დიდი შეიქნება. ჩემი გაფრთხილებაც უნდა გვახსოვდეს, ზემოთ მოყვანილ ალბათობათა გამოთვლა უარყოფს პარალელების შემდგომი განვრცობის აზრს, უარყოფს მტკიცედ და ცხადლივ იმდენად, რამდენადაც მატულობს ამ პარალელის გავლების სივრცეები და რამდენადაც ზუსტი აღმოჩნდება იგი. ეს ერთ-ერთი იმ ანალოგიათაგანია, რომელიც თითქოსდა მათემატიკისგან შორს მდგარმა კაცმა უნდა ახსნას, მაგრამ ასე არ არის, სწორედ მათემატიკოსს ძალუძს მისი სრულყოფილად წარმოჩენა. მაგალითად, ძნელზე ძნელია ჩვეულებრივ მკითხველს დავუმტკიცოთ ის გარემოება, რომ კამათლის მოთამაშეს თუ ორგზის დაუჯდა ექვსიანები, შეიძლება მესამედაც გაუმართლოს. და ამ აზრის მქონე უდიდეს ფსონს ჩამოვა კიდეც. საღ გონებას უჭირს ამ ამბის გათავისება. კამათლის ის ორი გაგორება ხომ უკვე წარსულს ჩაჰბარდა და როგორ შეიძლება იმოქმედოს მესამეზე, მომავალში რომ უნდა მოხდეს. მესამედაც ექვსიანების დაჯდომა მისთვის ზუსტად ისევეა შესაძლებელი, როგორც სხვა დროსაც, ანუ იმაზეა დამოკიდებული, რამდენად მოხერხებულია მოთამაშე. და ეს თავისი მოსაზრება ისე სჯერა, რომ ვერც გაუწევთ წინააღ…
დაამატა Kakha to ლიტერატურა at 7:53pm on თებერვალი 12, 2015
თემა: მეტაფიზიკა (წიგნი მეოთხე)
რადგან არც ერთი მათგანი არ სწავლობს ზოგადად არსებულს, როგორც არსებულს, არამედ გამოჰყოფს მის რომელიმე ნაწილს და იკვლევს მის შემთხვევით ნიშნებს, როგორც, მაგალითად, მათემატიკური მეცნიერებანი. რადგან საწყისებსა და უკანასკნელ მიზეზებს ვეძებთ, ცხადია, რომ ისინი რაღაც თავისთავად ბუნებას უნდა წარმოადგენდნენ. ამრიგად, ვინც არსებულთა ელემენტებს ეძებს, ის აუცილებლად ისეთ საწყისებს ეძებს, რაც არაა შემთხვევით, არამედ ჭეშმარიტად არსებული საგნების ელემენტებია. ასევე ვეძებთ ჩვენც არსებულის, როგორც არსებულის, პირველ მიზეზებს. თავი 2       არსებულს მრავალი მნიშვნელობა აქვს, მაგრამ ის ყოველთვის ერთსა და იმავე ბუნებას ნიშნავს და არა ჰომონიმებს, როგორც მაგალითად, ყოველი მსჯელობა ჯანმრთელობაზე ეხება ჯანმრთელობას თავისთავად: ან ჯანმრთელობის დაცვას, ან მის აღდგენას, ან მის გამოვლენასა და ადამიანის გამოჯანმრთელების უნარს. ასეთსავე მიმართებაშია მსჯელობა მკურნალობის შესახებ მკურნალობის ხელოვნებასთან. ერთ შემთხვევაში ის ეხება მკურნალობის ხელოვნებას, როგორც ასეთს, მეორე შემთხვევაში მისადმი მიდრეკილებას, მესამე შემთხვევაში ამ ხელოვნების შედეგებს. ასევე ყველა სხვა ამგვარ შემთხვევაში.       არსებულზე მრავალი მნიშვნელობით შეიძლება ვილაპარაკოთ, მაგრამ ყოველთვის ერთი საწყისი გვაქვს მხედველობაში. ის შეიძლება ნიშნავდეს სუბსტანციას, მის მდგომარეობას, მისკენ მისასვლელს, მის მოსპობას, მის რაიმე ნაკლს, თვით სუბსტანციის შემქმნელს და წარმომშობს, მასთან დამოკიდებულებაში მყოფს, სუბსტანციის რაიმე თვისების ან თვით სუბსტანციის უარყოფას. ასევე არარსებულის შესახებ ვამბობთ, რომ ის არსებობს, როგორც არარსებული. ისე როგორც ყოველივე, რაც ჯანმრთელობას შეეხება, ერთი მეცნიერების საგანია, ასევეა ყველა სხვა შემთხვევაშიაც. რაგან ერთი მეცნიერების შესწავლის ობიექტია არა მხოლოდ თავისთავად ერთი, არამედ ისიც, რაც ამ ერთის ბუნებას ეხება და ყოველივე ზემოთქმულიც ხომ როგორღაც ერთს ეხებოდა. ცხადია, რომ არსებული როგორც არსებული, ერთი მეცნიერების საგანია. მეცნიერება კი ყოველთვის პირველს ეხება, უმთავრესად იმას, საიდანაც გამომდინარეობს ყოველივე სხვა და რომელზედაც ითქმიან ისინი. და თუ ეს სუბსტანციაა, მაშინ ფილოსოფოსმა უნდა იცოდეს სუბსტანციათა საწყისები და მიზეზები.       ერთი გვარის ყველა მოვლენას ეხება ერთი შეგრძნების ორგანო და ერთი მეცნიერება. მაგალითად, გრამატიკა ერთია, მაგრამ ყველა ბგერას სწავლობს. ამიტომ ასრსებულის, როგორც არსებულის, სახეებს ერთი მეცნიერება უნდა სწავლობდეს, არსებულის სახეებს კი ამ მეცნიერების - სახეები. არსებული და ერთი ერთი და იმავე ბუნებისა არიან, რადგან ერთიმეორეს მისდევენ, როგრც საწყისი და მიზეზი და არა როგორც მხოლოდ ერთი და იმავე სახელწოდების მქონენი. არავითარი მნიშვნელობა არა აქვს იმას, თუ ჩვენ მათ ასეთად არ ჩავთვლით. პირიქით, ეს ჩვენთვის უფრო მეტად ხელსაყრელია, რადგან სულ ერთია, ვიტყვით ჩვენ „ერთ ადამიანს“ და „ადამიანს“, თუ „არსებულ ადამანს“ და „ადამიანს“. ასევე „ერთი ადამიანის“ გაორმაგებული გამოთქმა „ერთი არსებული ადამიანი“ სხვას არას ნიშნავს, თუ არა იმასვე. ცხადია, იგივე უნდა ითქვას არსებულის წარმოშობისა და დაღუპვის შემთხვევაში და „ერთის“ მიმართაც. ამრიგად, ცხადია, ასეთ შემთხვევებში სიტყვა „არსებულის“ მიმატება მნიშვნელობას არ სცვლის და „ერთი“, „არსებულის“ გარდა, სხვა არა არის რა. ასევე თითოეული სუბსტანცია შემთხვევით არაა არც „ერთი“ და არც „არსებული“. ასე რომ, რამდენი გვარიცა აქვს ერთს, იმდენივე არსებულს. არსებულის გვარებს კი მაგალითად, იგივეობას, მსგავსებას და სხვა ამდაგვარს ერთი მეცნიერება სწავლობს, თითქმის ყველა სახის წინააღმდეგობაც იმავე საწყისებზე დაიყვანება - ეს მე დადგენილი მაქვს ჩემს „წინააღმდეგობათა მიმოხილვაში“ და ფილოსოფიასაც იმდენივე ნაწილები აქვს, რამდენიც სუბსტანციებია. ასე რომ, მათ აუცილებლად უნდა ჰქონდეთ რაღაც პირველი და მომდევნო. რადგან არსებული და ერთი იყოფიან გვარებად, ამიტომ არსებობენ მათი შესატყვისი მეცნიერებანიც. ფილოსოფიაზე იგივე ითქმის, რაც მათემატიკაზე, მათემატიკასაც აქვს ნაწილები: პირველი, მეორე და ასე შემდეგ.       რადგან ერთი და იგივე მეცნიერება სწავლობს მოპირდაპირე მოვლენებს, ერთს კი სიმრავლე უპირისპირდება, ამიტომ როგორც უარყოფას, ისე ნაკლს ერთი მეცნიერება ეხება, რადგან ორივე შემთხვევაში განსახილველია ერთი, რომელსაც ეხება უარყოფაცა და ნაკლიც. ჩვენ ან მარტივად ვამბობთ, რომ არ არსებობს ის, ან რომელიმე გვარის მიხედვით, სადაც ერთს ახასიათებს რაიმე სახესხვაობა. ეს მას უარყოფასთან ერთად აქვს. არქონება ხომ უარყოფაა. ხოლო თვისების დაკარგვისას კი რჩება რაღაც სუბსტრატი - ბუნება, რომელზეც ვამბობთ, რომ თვისება დაკარგა. ერთს კი ბევრი რამ უპირისპირდება. ამრიგად, ზემოთქმულის საწინააღმდეგო ცნებებიც: სხვა, არამსგავსი, არატოლი და ყოველივე სხვა, რაც ან ამავე საწყისებს, ან ერთსა და მრავალს ეხება, არის ზემოდასახელებული მეცნიერების საგანი. იგულისხმება აგრეთვე დაპირისპირება. დაპირისპირება კი რაღაც განსხვავებაა. განსხვავება კი სხვად ყოფნას ნიშნავს. ამრიგად, როდესაც ვამბობთ, რომ ერთს მრავალი მნიშვნელობა აქვს, ის მრავალნაირადაც გამოითქმის. მაგრამ ყველაფერს ამას ერთი მეცნიერება სწავლობს. ის მაშინ კი არ არის მრავალი მეცნიერების ობიექტი, როდესაც მას მრავალი მნიშვნელობა აქვს, არამედ მაშინ, როდესაც მსჯელობა არ ეხება „ერთს“ ან „ერთზე“ არ დაიყვანება. მაგრამ რადგანაც ყოველივე პირველზე დაიყვანება, მაგალითად, რაც ერთზე ითქმის, დაიყვანება პირველ ერთზე, ამიტომ იგივე უნდა ვთქვათ ერთსა და იმავეზე, სხვაზე და საწინააღმდეგოზე. ამრიგად, განვიხილავთ რა, თუ რამდენი მნიშვნელობა აქვს თითოეულ ამათგანს, უნდა განვსაზღვროთ, თუ რა დამოკიდებულებაშია ერთი თითოეულ ამ კატეგორიასთან და რა მნიშვნელობით იხმარებიან ისინი მასზე. ისინი გამოხატავენ ან მის ქონებას, ან მოქმედებას, ასევე სხვა შემთხვევაშიც.       ცხადია, როგორც ეს უკვე ნათქვამი იყო „პრობლემებში“, რომ როგორც ამას, ისევე სუბსტანციებსაც ერთი მეცნიერება სწავლობს. ეს განხილულია „პრობლემებში“. ყოველივე ამის შესწავლის უნარი უნდა ჰქონდეს ფილოსოფოსს. მაგრამ თუ ეს ფილოსოფოსის საქმე არაა, მაშინ ვინ უნდა იკვლიოს, რომ „მჯდარი სოკრატე“ და „სოკრატე“ ერთი და იგივეა, თუ ერთმანეთისადმი დაპირისპირებული? ან ის, თუ რაა დაპირისპირება და რამდენი მნიშვნელობა აქვს მას? ასევე ყველა სხვა ამდაგვარი მოვლენები. თუ ყველა ისინი არიან თვისებები თავისთავად ერთისა და არსებულის, როგორც ასეთის და არა რამდენადაც ის ან რიცხვებია, ან ხაზებია, ან ცეცხლი, ცხადია, რომ ზემოთქმულ მეცნიერებას ეხება როგორც არსების, ისე მისი თვისებების შესწავლა. ისინი, ვინც ამას იკვლევდნენ, იმაში კი არ სცდებოდნენ, რომ ისინი მათ არ იკვლევდნენ, როგორც ფილოსოფოსნი, არამედ იმაში, რომ პირველ სუბსტანციას არ აქცევდნენ ყურადღებას, მაშინ როდესაც რიცხვს, როგორც რიცხვს, აქვს მხოლოდ მისთვის დამახასიათებელი თვისებები: სიკენტე - სილუწე, ფარდობითობა, ტოლობა-მეტ-ნაკლებობა. ეს თვისებები ახასიათებთ რიცხვებს, როგორც თავისთავად, ისე ერთმანეთთან მიმართებაში. ასევე სხეულს, როგორც უძრავს, ისე მოძრავს, როგორც უწონადს, ისე წონის მქონეს სხვა თავისებურებებიც აქვს. არსებულსაც, როგორც არსებულს, აქვს რაღაც თავისებურებები და სწორედ ესაა ის, რის შესახებაც უნდა დაადგინოს ჭეშმარიტება ფილოსოფოსმა. ამას ამტკიცებს ის, რომ როგორც დიალექტიკოსები, ისე სოფისტები ფილოსოფოსის ნიღაბს ატარებენ, მაგრამ სოფისტიკა მხოლოდ მოჩვენებითი სიბრძნეა, დიალექტიკოსები კი ყველაფერზე მსჯელობენ, ყველაფრისათვის კი საერთოა არესბობა და მასზე იმიტომ მსჯელობენ, რომ ეს ფილოსოფიისათვის სპეციფიკური ობიექტია. დიალექტიკა და სოფისტიკა იმავე სფეროს ეხებიან, რასაც ფილოსოფია, მაგრამ ფილოსოფია განსხვავდება დიალექტიკისაგან კვლევის მეთოდით, სოფისტიკისაგან ცხოვრების პრინციპების შერჩევით. დიალექტიკა ცდებს აკეთებს იმ ობიექტებზე, რასაც ფილოსოფია შეიცნობს, სოფისტიკა კი მოჩვენებითი და არა ნამდვილი მეცნიერებაა.       შემდეგ, ერთმანეთისადმი დაპირისპირებულ წყვილთა ერთ-ერთი მხარეა „ნაკლი“, მაგრამ ყველა ისინი დაიყვანებიან არსებულსა და არარსებულზე, ერთსა და მრავალზე; მაგალითად, უძრაობა - ერთზე, მოძრაობა - მრავალზე. ყველა დაახლოებით ერთი აზრისაა იმის შესახებ, რომ არსებული და არსება ყოველთვის დაპირისპირებულ ელემენტთაგან შესდგება. ყოველ შემთხვევაში, ყველა აღიარებს ასეთ დაპირისპირებულ საწყისებს: ზოგი - კენტსა და ლუწს, ზოგი - თბილსა და ცივს, ზოგი - საზღვარსა და უსაზღვროს, ზოგი - მეგობარსა და მტრობას. ყველა სხვა საწყისებიც, როგორც ჩანს, ერთსა და მრავალზე დაიყვანებიან. მე მხედველობაში მაქვს ჩემს მიერ მიკვლეული დაყვანა. ის საწყისებიც, რომლებიც სხვებმა დაუშვეს, მთლიანად ამ გვარში ექცევა. აქედან ცხადია, რომ არსებულს, როგორც არსებულს, ერთი მეცნიერება სწავლობს, რადგან ყველაფერი არის ან წინააღმდეგობა, ან წინააღმდეგობისაგან შესდგება. წინააღმდეგობის საწყისები კი ერთი და სიმრავლეა, რაც ერთი მეცნიერების ობიექტია, სულ ერთია, აქვს მას ერთი მნიშვნელობა, თუ არა, რასაც სინამდვილეშიც აქვს ადგილი. მაგრამ თუ ერთს მრავალი მნიშვნელობა აქვს, ყოველივე, თვით ერთმანეთის საწინააღმდეგო ცნებებიც კი ითქმის მასზე, როგორც პირველზე. ამიტომ, თუ არ არსებობს ზოგადი და ერთი, მოცემული საგნებში ან მათგან დამოუკიდებლად, მაშინაც ზოგი რამ მაინც ერთს ეხება, ზოგი კი მისგან გამომდინარეობს. ამიტომაც გეომეტრი არ იკვლევს იმას, თუ რა არის დაპირისიპრება, დასრულებული ერთი არსებული, იგივეობრივი და განსხვავებული და თუ განიხილავს, განიხილავს პირობითად.       ამრიგად, ერთი მეცნიერების საქმეა არსებულის, როგორც არსებულის და მისი, როგორც არსებულის, თვისებების შესწავლა. ისიც ცხადია, რომ ის არა მხოლოდ სუბსტანციებს სწავლობს, არამედ მის თვისებებსაც. როგორც ზემოთქმულთ, ისე წინამორბედთა და მომდევნოთ, გვარებსა და სახეებს, მთელსა და ნაწილებს და ყოველივე სხვა ამდაგვარს. თავი 3       ახლა უნდა შევეხოთ საკითხს იმის შესახებ, რომ ერთი და იგივე, თუ სხვადასხვა მეცნიერების საგანია ე.წ. მათემატიკური აქსიომები და მათემატიკური ხასიათის მოვლენები. ცხადია, რომ მათი განხილვა არის ერთი მეცნიერების საგანი, კერძოდ, იმ მეცნიერებისა, რომელიც ფილოსოფოსს ეკუთვნის და სწორედ ამის განხილვაა საჭირო. ეს აქსიომები ახასიათებს ყველა სახის სუბსტანციას და არა სხვებისაგან დამოუკიდებლად არსებულ რაღაც განსაკუთრებულ გვარს. ყველა იყენებს მათ, რადგან ისინი ახასიათებენ არსებულს, როგორც არსებულს. ყოველი გვარი კი არსებულია, და იყენებენ მათ იმდენად, რამდენადაც ეს საკმარისია მათთვის იმ გვარის ფარგლებში, სადაც მტკიცებას მიმართავენ. ამრიგად, ცხადია, რომ რადგან არსებობა ყველას ახასიათებს, ამიტომ ის ყველასათვის საერთო უნდა იყოს და ამიტომ ვინც სწავლობს არსებულს, როგორც არსებულს, მან ეს აქსიომებიც უნდა შეისწავლოს. ამიტომაც არც ერთი სპეციალური მეცნიერების წარმომადგენელი, ვერც გეომეტრი, ვერც მათემატიკოსი, გარდა ზოგიერთი ფიზიკოსისა, ვერ ბედავს იმის თქმას, ჭეშმარიტნი არიან თუ არა ისინი. და ეს სრულიად მართებულია, რადგან მათ ეგონათ რომ დაკვირვებას აწარმოებდნენ მთელს ბუნებასა და არსებულზე. მაგრამ არსებობს ფიზიკაზე მაღლა მდგომი რაღაც მეცნიერება (რადგან ბუნება არსებულის ერთ-ერთი სახეა), ზოგადი და პირველი სუბსტანციის შემსწავლელი, რომელიც აქსიომებსაც იკვლევს. ფიზიკა კი, თუმცა რაღაც სიბრძნეა, მაგრამ არა პირველი. ისინი კი, რომლებიც ცდილობდნენ დაედგინათ, თუ როგორ ვიღებთ ჭეშმარიტებას, არ ითვალისწინებდნენ „ანალიტიკებს“. საჭირო კია, რომ მათ ხელი მოჰკიდონ ამას „ანალიტიკების“ წინასწარი შესწავლის შემდეგ და არ აწარმოებდნენ კვლევას მხოლოდ მის შესახებ განაგონით. რომ ფილოსოფოსის საქმეა, როგორც ყოველგვარი სუბსტანციის ბუნების შესწავლა, ისე სილოგიზმის საფუძვლების კვლევა, ეს ცხადია, რადგან ყველაზე უკეთ მცოდნეს შეჰფერის, როგორც ყველა სხვა გვარის, ისე არსებულის, როგორც არსებულის, ყველაზე მყარი საწყისების კვლევა. ასეთი კი ფილოსოფოსია. ყოველივეს ურყევი საწყისები კი ისინია, რომელთა შესახებ შეცდომა შეუძლებელია. ისინი ყველაზე უკეთ შეცნობადნი (რადგან ყველა სცდება იმაში, რასაც ვერ შეიცნობს) და უპირობო არიან. რომ ამ საწყისების ცოდნა აუცილებელია იმისათვის, ვისაც ნებისმიერი არსებულის შეცნობა სურს, ჰიპოთეზა არაა. მაგრამ, თუ რის ცოდნაა საჭირო მისთვის, ვინც რაიმეს სწავლობს, ეს მას თავიდანვე უნდა ჰქონდეს აუცილებლად გარკვეული რომ ყველაფრის საწყისი ყველაზე უფრო მეტად მყარია, ეს ნათელია. მაგრამ, თუ რას წარმოადგენს ის, ამის შესახებ ახლა ვიმსჯელებთ.       ერთი და იგივე ერთსა და იმავე დროს ერთსა და იმავე მიმართებაში ერთსა და იმავე საგანს არ შეიძლება ახასიათებდეს და არც ახასიათებდეს. რა განსაზღვრებებიც უნდა დამატებოდა ამ დებულებას ლოგიკური სიძნელეების თავიდან აცილების მიზნით, წინასწარ უკვე დავუმატეთ, ის ყველაზე ურყევი საფუძველია, რადგან ზემომოტანილი განსაზღვრება მას უდგება. მართლაც, რომელი საგანიც არ უნდა ავიღოთ, შეუძლებელია რომ ის არსებობდეს და არც არსებობდეს, როგორც ზოგიერთის აზრით, ამტკიცებენ ჰერაკლიტეს მიმდევრები. არაა აუცილებელი, რომ დავიჯეროთ ყველაფერი, ვინც კი რამეს იტყვის, რადგან შეუძლებელია, რომ ერთსა და იმავე მოვლენას საწინააღმდეგო თვისებები ახასიათებდეს. ამით ერთხელ კიდევ მტკიცდება ის, რაც ჩვენ წინასწარ ვარაუდით უკვე დავუშვით. მართალია, წინააღმდეგობის ერთი მხარე მეორეს უპირისპირდება, მაგრამ, ცხადია, შეუძლებელია დავუშვათ, რომ ერთი და იგივე არსებობს და არც არსებობს ერთსა და იმავე დროს, რადგან ვინც სცდება, მას ერთდროულად ორი ერთმანეთის საწინააღმდეგო აზრი აქვს. ამიტომ ყველა, ვინც რაიმეს ამტკიცებს, ამ უკიდურეს დებულებას ემყარება, რომელიც ბუნებრივად ყველა სხვა აქსიომების საფუძველია. თავი 4       არსებობენ ისეთი მოაზროვნენიც, რომლებიც როგორცა ვთქვით, ამბობენ, რომ ერთი და იგივე არის და არც არის და სჯერათ კიდევაც ეს[1]. ამ შეხედულებას ბევრი ბუნებისმეტყველიც იზიარებს. ჩვენ კი ახლახანს მივიღეთ, რომ არ შეიძლება არსებული ერთდროულად იყოს და არც იყოს, და ამიტომაც ეს დებულება საწყისთა შორის ყველაზე ურყევად მივიჩნიეთ. ზოგი კი უცოდინარობის გამო მოითხოვს ამ დებულების მტკიცებასაც. მართლაც, უვიცობაა არცოდნა იმისა, თუ რის მტკიცებაა საჭირო და რის არა. საერთოდ, ყველაფრის მტკიცება შეუძლებელია, რადგან ეს უსასრულობაში წაგვიყვანდა[2] და დასაბუთება მაინც არ გვექნებოდა. მაგრამ თუ ზოგი რამის მტკიცება არაა საჭირო, ისინი ვერ გვეტყვიან, რომელია ყველაზე უფრო მეტად ასეთი საწყისი. მოკამათის ნათქვამში, თუ მას რაიმე გარკვეული აზრი აქვს, იმის მხილება, რომ ეს შეუძლებელია, არის არაპირდაპირი დასაბუთება. მაგრამ თუ ის არაფერს ამბობს, სასაცილოა აზრი ვეძებოთ იმაში, რაშიც, როგორც ასეთში, არავითარი აზრი არაა. ასეთი ადამიანი მცენარეს ჰგავს. არაპირდაპირსა და ჩვეულებრივ დასაბუთებას შორის ის განსხვავებაა, რომ ვინც ამ უკანასკნელს მიმართავს, როგორც ჩანს, დასაწყისიდანვე მტკიცებას იყენებს. პირველი კი ამავე მდგომარეობაში მიმართავს არა მტკიცებას, არამეც მხილებას[3]. ყველა ასეთ შემთხვევაში უნდა დავიწყოთ არა იმის მოთხოვნით, რომ მოწინააღმდეგემ თქვას რაიმეზე, რომ ის არსებობს, ან არ არსებობს (ეს თავიდანვე იმის მიღება იქნებოდა, რასაც დასაბუთება სჭირდება), არამედ იმის მოთხოვნით, რომ ის როგორც თავისთვის, ისე სხვისთვის რაღაც გარკვეულზე მსჯელობდეს. ეს კი აუცილებელია, თუ მას რაიმეს თქმა სურს. წინააღმდეგ შემთხვევაში ის ვერც თავისთვის და ვერც სხვისთვის ვერაფერს გარკვევით ვერ იტყვის. ასეთ შემთხვევაში შესაძლებელი იქნებოდა მტკიცებაც, რადგან მას რაღაც განსაზღვრული ექნებოდა მხედველობაში. მიზეზი ამისა ის კი არაა, ვინც ამტკიცებს, არამედ მოწინააღმდეგე, რომელიც იმ დებულებას იყენებს, რომელსაც უარყოფს. გარდა ამისა, ვინც ამას უშვებს, იმასაც უშვებს, რომ არსებობს რაღაც ჭეშმარიტება დასაბუთების გარეშე. მაგალითად, დებულება იმის შესახებ, რომ შეუძლებელია ყოველივე ასე იყოს და არც იყოს[4].       უპირველესად ყოვლისა, ცხადია, ჭეშმარიტია ის, რომ გამოთქმა „არსებობს“ ან „არ არსებობს“ რაღაცას ნიშნავს და არ შეიძლება, რომ ყოველივე ასე იყოს და არც იყოს. შემდეგ, თუ „ადამიანს“ ერთი მნიშვნელობა აქვს, ის შესაძლებელია, „ორფეხა ცხოველს“ ნიშნავდეს. ერთ მნიშვნელობაში შემდეგს ვგულისხმობ: თუ ის ნიშნავს „ადამიანს“, როგორც ადამიანს, ამ შემთხვევაში ეს „ადამიანად ყოფნა“ იქნება. მდგომარეობას არ სცვლის ის, თუ მას ბევრი მნიშვნელობა აღმოაჩნდება, მთავარია, რომ ამ მნიშვნელობათა რიცხვი განსაზღვრული იყოს, რადგან ყოველ მნიშვნელობას განსხვავებულ სახელს დავარქმევდით. მე იმის თქმა მინდა, რომ თუ ვინმე ამბობს, რომ „ადამიანს“ აქვს არა ერთი, არამედ მრავალი მნიშვნელობა, რომელთაგან ერთი „ორფეხა ცხოველია“ და ამას გარდა, კიდევ სხვა მრავალი მნიშვნელობები, ოღონდ რიცხვით განსაზღვრული, მაშინ საჭირო იქნებოდა თითოეული მნიშვნელობისათვის ცალკე სახელწოდების გამონახვა. ასე რომ არ მოვქცეულიყავით, არამედ დაგვეშვა, რომ ცნებებს განუსაზღვრელი მნიშვნელობა აქვთ, ცხადია, რომ ურთიერთგაგება შეუძლებელი იქნებიდა. რადგან ერთი მნიშვნელობის არქონება არც ერთი მნიშვნელობის არქონებას ნიშნავს. ხოლო თუ სიტყვებს არავითარი მნიშვნელობა არა აქვთ, ისპობა ერთმანეთის და კიდევ მეტი, თავის თავის ჭეშმარიტი გაგების შესაძლებლობაც კი, რადგან აზროვნება შეუძლებელია რაღაც იგივეობრივის მოაზრების გარეშე. და თუ ეს ასეა, მაშინ ყოველ ცალკე აღებულ საგანს ცალკე სახელიც უნდა დაერქვას.       ამრიგად, როგორც თავიდანვე ვთქვით, თუ სიტყვას რაიმე მნიშვნელობა აქვს, ეს მნიშვნელობა ერთია და შეუძლებელია, რომ „ადამიანის არსებობა“ „ადამიანის არარსებობას“ ნიშნავდეს, თუ „ადამიანი“ არა მხოლოდ ერთთან მიმართებას გამოხატავს, არამედ ერთ აზრსაც. მაგრამ ერთი არაა იგივე, რაც ერთთან მიმართებაში ყოფნა, წინააღმდეგ შემთხვევაში, როგორც „განათლებულს“, ისე „თეთრსა“ და „ადამიანს“ ერთი და იგივე მნიშვნელობა ექნებოდათ. და ამრიგად, ყველაფერი ერთი იქნებოდა, როგორც სინონიმები. არსებობა და არარსებობა, ერთი და იგივე არაა, არამედ ისინი მხოლოდ ომონიმები შეიძლება იყვნენ. მაგალითად, იმისთვის, რასაც ჩვენ „ადამიანს“ ვუწოდებთ, სხვებს შეიძლება „არაადამიანი“ ეწოდებინათ. მაგრამ სადაო ეს კი არაა, რომ ერთსა და იმავე მოვლენას შეიძლება თუ არა ვუწოდოთ ერთი და იგივე სახელი ადამიანისა, არამედ საგანი თვითონ. მაგრამ თუ „ადამიანს“ და „არაადამიანს“ სხვადასხვა მნიშვნელობა არა აქვთ, ცხადია, სხვადასხვა არ იქნებოდა „ადამიანად ყოფნა“ და „ადამიანად არყოფნა“. ასე რომ, „ადამიანად ყოფნა“ იგივე იქნებოდა, რაც „არყოფნა ადამიანად“, რადგან ობიექტი ერთი იქნებოდა. ერთად ყოფნა კი იმასვე ნიშნავს, რასაც ტანისამოსი და ქსოვილი, თუ ცნება ერთია. თუ ეს ერთი და იგივეა, მაშინ ერთი და იგივე მნიშვნელობა ექნებათ „ადამიანად ყოფნას“ და „არყოფნას ადამიანად“. მაგრამ ჩვენ დავამტკიცეთ, რომ ეს სხვადასხვას ნიშნავს. თუმცა თუ გამოთქმა „ის ადამიანია“ ჭეშმარიტია, აუცილებელია „ის“ „ორფეხა ცხოველიც იყოს“. რადგან ეს „ადამიანის“ მნიშვნელობაში შედის. მაგრამ თუ ეს აუცილებელია, შეუძლებელია, რომ ადამიანი ამავე დროს „ორფეხა ცხოველიც“ არ იყოს. „აუცილებლად ყოფნა“ „ადამიანად არყოფნის“ შეუძლებლობას ნიშნავს. ამრიგად, შეუძლებელია, რომ ერთდროულად ჭეშმარიტი იყოს იმის თქმა, რომ ერთი და იგივე „არის ადამიანი“ და „არც არის ადამიანი“. იგივე უნდა ითქვას „ადამიანად არყოფნაზე“. რადგან „ადამიანად ყოფნა“ და „არყოფნა ადამიანად“ სხვადასხა აზრს გამოხატავენ ისევე, როგორც სხვადასხვაა „თეთრად ყოფნა“ და „ადამიანად ყოფნა“, ოღონდ პირველ შემთხვევაში საგნები ერთიმეორეს უფრო მეტად უპირისპირდებიან ისე, რომ სხვადასხვას ნიშნავენ. მაგრამ თუ „თეთრი“ და „ადამიანი“ ერთსა და იმავე აზრს ატარებს, მაშინ იგივე შეიძლება ვთქვათ, რაც ადრევე იყო ნათქვამი, რომ ყოველივე ერთი იქნებოდა და არა მარტო დაპირისპირებული. და თუ ეს შეუძლებელია, მაშინ იმავე შედეგს მივიღებთ, რაც უკვე ვთქვით, თუ მოწინააღმდეგე მხოლოდ იმაზე პასუხობს, რასაც ეკითხებიან. მაგრამ თუ ის პასუხს კიდევ სხვა რამეს უმატებს, ის შეკითხვაზე პირდაპირ პასუხს არ იძლევა. და არაფერი არ უშლის ხელს იმას, რომ ერთი და იგივე იყოს, როგორც „ადამიანი“, ისე „თეთრი“ და სხვა ათასი რამ. მაგრამ მიუხედავად ამისა, კითხვაზე - „რომელია სწორი, რომ ის ადამიანია, თუ არა?“ ვპასუხობთ რაღაც ერთს და არ ვუმატებთ, რომ ის თეთრიცაა და დიდიც, რადგან შეუძლებელიცაა დაუსრულებელი რაოდენობის შემთხვევითი ნიშნების ჩამოთვლა, არამედ საჭიროა ან ყველა ნიშნის ჩამოთვლა, ან არც ერთისა. ასევე ერთი და იგივე თუნდა ათასჯერაც იყოს და არ იყოს ადამიანი, მოპასუხე კითხვაზე იმის შესახებ, არის ეს ადამიანი? - არ უმატებს, რომ ის ამავე დროს ადამიანი არაა, წინააღმდეგ შემთხვევაში მან უნდა ჩამოთვალოს ყველა სხვა შემთხვევითი ნიშანი, რაც აქვს, თუ არა აქვს ადამიანს. და თუ ის ასე არ მოიქცევა, შეუძლებელს გახდის საუბარს.       საერთოდ, ვინც ასე მსჯელობს, სპობს, როგორც სუბსტანციას, ისე მის არსებას. რადგან ყველაფერს თვისებად აცხადებს და უარყოფს თვით „ადამიანად ყოფნას“ ან „ცხოველად ყოფნას“ [5]. მაგრამ თუ არსებობს რაიმე, რაც „ადამიანად ყოფნას“ ნიშნავს, მაშინ ის არ იქნება იმავე მნიშვნელობისა, რაც „არაადამიანად ყოფნა“, ანდა „არყოფნა ადამიანად“, რადგან ესენი პირველის უარყოფაა. ამრიგად, ამ გამოთქმას ერთი მნიშვნელობა უნდა ჰქონდეს და რაიმეს არსებას უნდა გამოხატავდეს. არსება კი იმას ნიშნავს, რომ ის არ შეიძლება სხვა რამ იყოს. მაგრამ თუ ერთი და იგივეა, როგორც „ადამიანად ყოფნა“, ისე „არაადამიანად ყოფნა“ და სხვა, მაშინ აუცილებელია ითქვას, რომ არც ერთი მათგანი არ გამოხატავს ცნებას, არამედ შემთხვევით ნიშნებს. არსება და შემთხვევითი ნიშნები შემდეგნაირად განსხვავდებიან: „თეთრი“ არის „ადამიანის“ შემთხვევითი ნიშანი, რადგან „ადამიანი“ თეთრია მხოლოდ თავისი ნიშნით და არა თავისი არსებით. მაგრამ, თუ ყოველივეზე ვილაპარაკეთ, როგორც შემთხვევითზე, მაშინ თავისთავად პირველი არაფერი არ იქნება, რომელზეც ითქმის ყველაფერი. შემთხვევითი ნიშანი ხომ ყოველთვის რაღაც სუბსტრატზე ითქმის. ამ შემთხვევაში აუცილებელი იქნება სვლა უსასრულობაში, რაც შეუძლებელია, რადგან ორზე მეტი შემთხვევითი ნიშანი არ უკავშირდება ერთმანეთს. შემთხვევითი ნიშანი არ შეიძლება შემთხვევითის შემთხვევითი ნიშანი იყოს, თუ ორივე რაღაც მესამის შემთხვევითი ნიშნები არ არიან. მაგრალითად, „განათლებული თეთრიც“ „თეთრია“, „თეთრი“ კი „განათლებული“, რადგან ორივე „ადამიანის“ შემთხვევითი ნიშნებია. „სოკრატე განათლებულია“ იმას კი არ ნიშნავს, რომ ორივე ეს რაღაც სხვის შემთხვევითი ნიშანი იყოს. შემთხვევითი ნიშნები არ შეიძლება ვიხმაროთ, როგორც ამ, ისე იმ აზრით, როგორც ვმსჯელობდით „სოკრატეს სითეთრის“ შესახებ, მაგრამ შეუძლებელია უსაზღვროთ ზევით სვლა ისე, რომ „სოკრატეს სითეთრეს“ სხვა შემთხვევითი ნიშანი აღმოაჩნდეს. რადგან ყველა ამათგან რაღაც ერთიანი არ მიიღება. და არც „თეთრს“ შეიძლება რაიმე სხვა შემთხვევითი ნიშანი ჰქონდეს, მაგალითად, „განათლებული“. ეს უკანასკნელი არ შეიძლება იყოს უფრო მეტად იმის შემთხვევითი ნიშანი, ან ის ამისა. ამავე დროს დავადგინეთ, რომ ზოგჯერ ასეთი ხასიათის შემთხვევითი ნიშნები გვაქვს, ზოგჯერ კი ისეთი, როგორც „სოკრატე განათლებულია“. თუ ეს ასეა, შემთხვევითი ნიშანი შემთხვევითი ნიშნის შემთხვევითი ნიშანი ვერ იქნება და მაშასადამე, როგორც ვთქვით, არ შეიძლება ყოველივეზე მსჯელობა როგორც შემთხვევითზე, არამედ, უნდა არსებობდეს რაღაც, რაც არსებას ნიშნავს. და თუ ეს ასეა, მაშინ დამტკიცდა, რომ შეუძლებელია ერთდროულად ორი ერთმანეთის საწინააღმდეგო დებულებათა გამოთქმა.       გარდა ამისა, თუ ერთი და იგივე მოვლენის შესახებ ერთსა და იმავე მიმართებაში ყველა საწინააღმდეგო მსჯელობა ჭეშმარიტია, ცხადია, რომ მაშინ ყველაფერი ერთი იქნებოდა: ტრიერაც[6], კედელიც და ადამიანიც. ე.ი. იმ შემთხვევაში, თუ შესაძლებელია ყოველივეზე ყველაფრის მტკიცებაც და უარყოფაც, რაც აუცილებელია პროტაგორას მოძღვრების მიმდევართა აზრით. თუ საწინააღმდეგო მსჯელობები ჭეშმარიტია, მაშინ მისთვის, ვისაც ჰგონია, რომ ადამიანი არ არის ტრიერა, ცხადია, რომ ის არის და არც არის ტრიერა. მაშინ შედეგად მივღებთ იმას, რასაც ანაქასაგორა ასწავლიდა, რომ ყველა საგანი ერთია. ასე რომ, ჭეშმარიტად არაფერი აღარ იარსებებდა.       როგორც ჩანს, განუსაზღვრელს უნდა გულისხმობდნენ ისინი, რომლებიც არარსებულზე მსჯელობისას ფიქრობენ, რომ არსებულზე მსჯელობენ, რადგან შესაძლებლობაში და არა სინამდვილეშია არსებული განუსაზღვრელი. მათი აზრით, ყველაფრის შესახებ შეიძლება ყველაფრის მტკიცება და უარყოფა. მაგრამ შეუსაბამობაა, რომ რასაც უარვყოფთ საგნის შესახებ, ის არსებობდეს და რასაც მივაწერთ, ის არ არსებობდეს. მე მხედველობაში მაქვს ის, რომ თუ ჭეშმარიტია ადამიანზე ვთქვათ, რომ „არაა ადამიანი“, ცხადია, რომ ასევე შეიძლებოდა გვეთქვა, რომ ის „არის“ ან „არ არის ტრიერა“. და თუ მის მიმართ შესაძლებელია მტკიცება, მაშინ მისი უარყოფა უფრო მეტად იქნებოდა შესაძლებელი, ვიდრე თვით საგნისა. და თუ მისი უარყოფა შესაძლებელია, შესაძლებელი იქნება ტრიერის უარყოფაც. და თუ ეს შესაძლებელია, შესაძლებელი იქნებოდა მტკიცებაც.       ამ შედეგებამდე მიდიან ამ მოძღვრების მომხრენი და აგრეთვე ისინი, რომლებიც არ თვლიან აუცილებლად ან მხოლოდ მტკიცებას, ან მხოლოდ უარყოფას. რადგან, თუ შეშმარიტია, რომ ერთი და იგივე „არის“ და „არც არის ადამიანი“, ცხადია, რომ ის არც „ადამიანი“ იქნებოდა და არც „არაადამიანი“. რადგან ორ მტკიცებას ორი უარყოფა უპირისპირდება.       შემდეგ, ან ყოველივეს შესახებ შეიძლება ითქვას, რომ „თეთრია“ და „არაცაა თეთრი“, „არსებობს“ და „არც არსებობს“ და ასევე ყველა სხვა მტკიცებისა და უარყოფის შემთხვევაში, ან ზოგიერთის მიმართ ეს ასეა, ზოგიერთის მიმართ კი არა. რომ ეს ყველგან შეუძლებელია, ჩვენ ამას დავეთანხმებით, მაგრამ თუ ეს ყველგან შესაძლებელია, მაშინ ის, რაც მტკიცდება, შეიძლება უარყოფილ იქნას კიდეც და პირიქით, რაც უარიყოფა, დამტკიცდეს, და სადაც მტკიცებაა, ის შეიძლება უარყოფილ იქნას კიდეც. მაგრამ სინამდვილეში სადაც მტკიცებაა, იქ ყველგან უარყოფა არაა. თუ ეს ასე არაა, მაშინ არ იარსებებდა რაიმე მყარი, მყარი შეხედულებაც კი და თუ არ არსებობს რაიმე მყარი და გასაგები, მაშინ ყველაზე მეტად გასაგები იქნებოდა ამის საწინააღმდეგო დებულება. ასევე ისინი, რომლებიც შესაძლებლად თვლიდნენ ყოველი მტკიცების უარყოფას, ან ჭეშმარიტებას ამბობდნენ[7], როცა ამტკიცებდნენ, რომ ეს საგანი „თეთრია“ და „არცაა თეთრი“, ანდა არ ამბობდნენ შეჭმარიტებას. მაგრამ თუ ჭეშმარიტებას არ ამბობენ ისინი, ვინც ერთმანეთს აშორებს მტკიცებას და უარყოფას, მაშინ ის ვერც ამას იტყოდა და არც არაფერი იარსებებდა. არარსებული კი როგორ ილაპარაკებდა, ან როგორც ივლიდა; მაშინ, როგორც ზემოთაც ვთქვით, ყველაფერი ერთი იქნებოდა, ადამიანიც, ღმერთიც, ტრიერაც და მათი საწინააღმდეგოც. თუ ესა ასე იქნებოდა ყველგან, მაშინ საგნები ერთმანეთისაგან არაფრით არ იქნებოდნენ განსხვავებულნი და თუ განსხვავდებოდნენ, მაშინ ეს იქნებოდა, როგორც ჭეშმარიტი, ისე საგნისათვის დამახასიათებელი. ამრიგად, თუ საწინააღმდეგო დებულებათა ერთს მიმართებაში გამოთქმა დასაშვებია, აქედან გამომდინარეობს ის, რაც ითქვა, რომ ყველანი ან ჭეშმატირებას ამბობენ ან სცდებიან. ასევე ასეთ ადამიანს საკუთარი მსჯელობა შეცდომად უნდა გამოეცხადებინა. ამავე დროს, ცხადია, რომ ასეთ ადამიანთან არაფრის შესახებ არ შეიძლებოდა კამათი, რადგან ის ვერაფერს ვერ იტყოდა[8], ვერც იმას, რომ ეს ასეა და ვერც იმას, რომ ეს ასე არ არის, არამედ იტყოდა, რომ ასეცაა და არცაა ასე და ამავე დროს ორთავეს უარყოფდა, რომ ეს არც ასეა და არც არაა ასე. წინააღმდეგ შემთხვევაში ის რაღაც განსაზღვრულს დაუშვებდა.       ამას გარდა, როდესაც მტკიცება ჭეშმარიტია, უარყოფა მცდარი, ანდა თუ ეს უკანასკნელი ჭეშმარიტია, მტკიცება - მცდარი; მტკიცებაცა და უარყოფაც ერთდროულად ჭეშმარიტი ვერ იქნება. ეს კი ის დებულებაა, რომელიც ჩვენ თავდაპირველად წამოვაყენებთ.       შემდეგ, განა ის სცდება, ვინც ან მხოლოდ ამტკიცებს, ან მხოლოდ უარყოფს, ხოლო ვინც წინააღმდეგობის ორივე მხარეს იღებს, ის ჭეშმარიტებას ამბობს? თუ ეს უკანასკნელი ჭეშმარიტებას ამბობს, რა აზრი ექნებოდა ნათქვამს, რომ ასეთია არსებულ საგანთა ბუნება? და თუ არ ამბობს ჭეშმარიტებას, მაგრამ მაინც უფრო მეტ ჭეშმარიტებას, ვიდრე პირველი, მაშინ არსებულ საგნებს გარკვეული თვისებები ექნებოდათ, მისი ნათქვამი კი ჭეშმარიტიც იქნებოდა და არც იქნებოდა ჭეშმარიტი. მაგრამ თუ ყველანი ერთნაირად სცდებიან და ჭეშმარიტებას ამბობენ, ვერც ბგერას გაიღებენ და ვერ იტყვიან რაიმეზე, რომ ის არსებობს, რადგან ისინი ერთდროულად ამბობენ რამეს და არც ამბობენ. მაგრამ თუ ისინი არაფერს არ ამტკიცებენ, არამედ ასეც ჰგონიათ და არცა ჰგონიათ, რით იქნებიან ისინი მცენარეებისაგან განსხვავებული? აქედან ყველაზე მეტად ცხადია ის, რომ ამ მდგომარეობაში არავინ არ ყოფილა, არც სხვა ვინმე და არც ამ მოძღვრების მიმდევარი.       რატომ ხდება, მეგარაში მიდის და არ ისვენებს ის, ვინც ფიქრობს, რომ წასვლა საჭიროა? ან დილითვე არ ვარდება, სადაც მოხვდება, ან ჭაში, ან ხრამში, არამედ როგორც ჩანს, ფრთხილობს, ფიქრობს რა, რომ არ უნდა იყოს ერთნაირად კარგი, ან ცუდი იქ ჩავარდნა. ცხადია, რომ ის ერთს კარგად თვლის, მეორეს კი არა. თუ ეს ასეა, მაშინ აუცილებელია, რომ ერთი მიაჩნდეს ადამიანად, მეორე არა, ერთი - ტკბილად, მეორე - არა. მართლაც, ის ყოველივეს ერთნაირად არ ეძებს და არ იღებს. მაგალითად, როდესაც ფიქრობს, რომ უკეთესია წყლის დალევა, ანდა ადამიანის ნახვა და შემდეგ ეძებს მათ. მაგრამ ის ერთნაირად უნდა მოქცეულიყო იმ შემთხვევაში, თუ ყველაფერი ერთი და იგივე იქნებოდა, ადამიანიც და არაადამიანიც. მაგრამ, როგორც უკვე ვთქვით, არავინ არაა ისეთი, რომელიც ერთს უფრთხოდეს და მეორეს არა. ასე რომ, როგორც ჩანს, ყველას ერთი მარტივი შეხედულება აქვს, თუ ყველაფერზე არა, უკეთესსა და უარესზე მაინც. და თუ ეს არის არა მათი ცოდნა, არამედ წარმოდგენა, მით უფრო მეტად საჭიროა ფიქრი ჭეშმარიტებაზე, როგორც ავადმყოფი, უფრო მეტად უნდა ზრუნავდეს ჯანმრთელობაზე, ვიდრე ჯანმრთელი. ასევე წარმოდგენის მქონე არაა ისეთსავე დამოკიდებულებაში ჭეშმარიტებასთან, როგორც მცოდნე. ამას გარდა, დაე ყველაფერი იყოს და არც იყოს ასე, მაგრამ არსებულის ბუნებას მეტ-ნაკლებობა ახასიათებს, რადგან არ შეიძლება ერთნაირად ვუწოდოთ ლუწი ორსა და სამს. ასევე ერთნაირად არ სცდებიან ისინი, ვისაც ჰგონია, რომ ოთხი არის ხუთი, და ვისაც ის ათასი ჰგონია. და თუ ერთნაირად არ სცდებიან, ცხადია, რომ ერთი ნაკლებ სცდება და უფრო მეტ ჭეშმარიტებას ამბობს. თუ არსებობს ჭეშმარიტებასთან უფრო მეტად ახლოს მყოფი საგნები, მაშინ უნდა იყოს რაიმე ჭეშმარიტიც, რომელთან ახლო მყოფი უფრო მეტად ჭეშმარიტი იქნება. და თუ ის არ არსებობს, მაგრამ არსებობს რაღაც უფრო მეტად ურყევი და უფრო მეტად ჭეშმარიტი, მაშინ განვთავისუფლდებოდით იმ უკიდურესი მოძღვრებიდან, რომელიც ხელს უშლის აზროვნებას რაიმეს დადგენაში. თავი 5       ამავე შეხედულებიდან[9] გამომდინარეობს აგრეთვე პროტაგორას მოძღვრება და აუცილებელია, რომ ან ორივე მიღებულ იქნას, ან არც ერთი მათგანი. თუ ჭეშმარიტია ყველა შეხედულება და მოვლენა, აუცილებელია რომ ყველაფერი ერთსა და იმავე დროს იყოს, როგორც ჭეშმარიტი, ისე მცდარი. რადგან ბევრს ერთიმეორის საწინააღმდეგო შეხედულება აქვს, რომელთაგან ერთი მხარე ფიქრობს, რომ სცდება მეორე, რომელიც მის შეხედულებას არ იზიარებს. ასე რომ, აუცილებელია, ერთი და იგივე იყოს და არც იყოს. და თუ ეს ასეა, მაშინ აუცილებელია, რომ ყველა შეხედულება ჭეშმარიტი იყოს, რადგან ერთიმეორის საწინააღმდეგო შეხედულება აქვთ იმათ, რომელთაგან ერთნი სცდებიან და მეორენი კი ჭეშმარიტებას ამბობენ. და თუ სინამდვილეშიც ასეა, მაშინ ყველას ჭეშმარიტება უთქვამს. რომ ორივე თვალსაზრისი ერთი და იმავე შეხედულებიდან გამომდინარეობს, ეს ცხადია, მაგრამ ყველას მიმართ მიდგომის მეთოდი ერთი და იგივე არ შეიძლება იყოს, რადგან ზოგს დარწმუნება სჭირდება, ზოგს იძულება[10]. უცოდინარობა იმათი, რომლებიც კვლევა-ძიებამ მიიყვანა აქამდე, ადვილი სამკურნალოა, რადგან აქ საქმე ეხება მათს მოძღვრებას და არა მხოლოდ სიტყვიერ მსჯელობას. იმათი მამხილებელი საშუალება კი, რომლებიც ლაპარაკობენ ლაპარაკის გულისათვის, არის სიტყვიერი ურთიერთობა და ცნებების დაზუსტება. მკვლევარებს შეხედულება საწინააღმდეგო აზრთა და საგანთა ერთდროული არსებობის შესახებ გაუჩნდათ შეგრძნებებიდან, სადაც საწინააღმდეგო შეხედულებანი და დაპირისპირებანი ერთდროულად არსებობენ და ერთი და იმავედან წარმოიშობიან. არარსებული არ შეიძლება წარმოიშვას. მაშინ საგანს წინასწარ უნდა ეარსება ორივე სახით, როგორც ამტკიცებს კიდეც ანაქსაგორა, რომ ყოველივე ყოველივეში იყო შერეულიო. და როგორც ასწავლის დემოკრიტე: ცარიელიცა და სავსეც, რომელთაც სამყაროს ნებისმიერ ადგილებში ვხვდებით, ერთნაირად არსებობენ, ეს უკანასკნელნი, როგორც არსებული და პირველი როგორც არარსებული.       ამ შეხედულებების მომხრეთ უნდა ვუპასუხოთ, რომ ისინი ნაწილობრივ სწორად მსჯელობენ, ნაწილობრივ კი სცდებიან, რადგან არსებულზე ორი აზრით შეიძლება მსჯელობა: ერთი მხრივ, მისი წარმოშობა როგორღაც შესაძლებელია არარსებულიდან, მეორე მხრივ, ეს შეუძლებელია. ერთი და იგივე არის არსებულიცა და არარსებულიც, ოღონდ არა ერთსა და იმავე მიმართებაში. შესაძლებლობაში ერთი და იგივე შეიძლება დაპირისპირებულ მოვლენებს წარმოადგენდეს, სინამდვილეში კი არა. გარდა ამისა, საჭიროა მათ დაუშვან არსებულთა რაღაც არსება, რომელსაც არ ექნება სრულებით არც მოძრაობის, არც დაღუპვის და არც წარმოშობის თვისება[11].       ასევე ზოგს შეხედულება მოვლენების[12] ჭეშმარიტების შესახებ შეგრძნებადი საგნებიდან გამოუმუშავდებათ. მათი აზრით, ჭეშმარიტება ვერ დადგინდება შეგრძნებათა სიმრავლეზე ან სიმცირეზე დაყრდნობით[13], რადგან ერთი და იგივე ზოგს ტკბილად ეჩვენება, ზოგს კი მწარედ. ამიტომ ყველა რომ ავად გამხდარიყო ან ჭკუაზე შეშლილიყო და ორი-სამი კაციღა დარჩენილიყო ჯანმრთელი და ჭკუამყოფელი, მაშინ ამათ ჩათვლიდნენ ავადმყოფებად და გიჟებად და არა სხვებს. ამას გარდა მრავალ ცხოველსა და ჩვენ ერთი და იგივე საწინააღმდეგოდ ეჩვენება. და ერთსა და იმავე ადამიანსაც ერთი და იგივე საგანი შეგრძნებებში ერთნაირად არ ეჩვენება. რომელი მათგანია მცდარი ან ჭეშმარიტი, არაა ნათელი. იმიტომ, რომ ერთი მათგანი უფრო ჭეშმარიტი არაა, ვიდრე მეორე, არამედ ორივე ერთნაირად ჭეშმარიტნი არიან. ამიტომ ამბობდა დემოკრიტე, რომ ჭეშმარიტი არაფერია, ან ჩვენთვის დაფარულიაო[14]. გამომდინარენი, ერთი მხრივ, აზრისა და შეგრძნებების იგივეობიდან და მეორე მხრივ, ორივეს ცვალებადობასთან იგივეობის დებულებიდან, ამტკიცებდნენ, რომ რაც შეგრძნებებში გვევლინება, აუცილებლად ჭეშმარიტიაო[15]. გადმოცემის მიხედვით, ემპედოკლე, დემოკრიტე და სხვები, ამ შეხედულებას იზიარებდნენ. კერძოდ, ემპედოკლეს უმტკიცებია, რომ ადამიანის ფიზიკური მდგომარეობის ცვალებადობა აზროვნების ცვალებადობის მომასწავებელიაო, რადგან „ფიზიკური მდგომარეობის შეცვლასთან ერთად ძლიერდება მისი აზროვნების უნარიო“. მეორე ადგილას კი ამბობს, რომ „რამდენადაც იცვლება ადამიანის ბუნება, იმენად იცვლება მისი აზროვნებაც“. ასევე აცხადებს პარმენიდეც: „როგორ ნაერთსაც წარმოადგენს ადამიანის სხეულის მოქნილი ნაწილები, ისეთივეა მისი აზროვნებაც. აზროვნების ორგანოს და სხეულის ნაწილების ბუნება ყველგან და ყველასათვის იგივეობრივია და რაც ჭარბობს, ის არის აზრი“.       ანაქსაგორას შეხედულებების მიხედვით, რომელიც მისმა რომელიღაც მიმდევრებმა შემოგვინახეს, ადამიანებისათვის საგნები ისეთია, როგორც აღიქვამენ. როგორც ამბობენ, ჩანს, რომ ამ აზრისა იყო ჰომეროსიც, როდესაც ჰექტორის შესახებ ამბობდა, რომ „მან დარტყმისაგან გონება დაკარგა და იწვა შეცვლილი აზრებით“. გულისმობს რა, რომ ჭკუას გადასულნიც აზროვნებენ, ოღონდ არა ისე, როგორც ჭკუათმყოფელნი. ცხადია, რომ თუ ორივე აზროვნებაა, რომელიც შეიძლება იყოს და არც იყოს ასეთი, აქედან უაღრესად ცუდი შედეგები გამომდინარეობს, რომ ყველაზე უკეთ ჭშმარიტების განჭვრეტა იმათ შეუძლიათ, რომლებიც ყველაზე მეტად ეძებენ მას, და ყველაზე უფრო უყვართ ის. თუ მათ ასეთი შეხედულებები აქვთ და ასე მსჯელობენ ჭეშმარიტებაზე, მაშინ რატომ არ კარგავენ ფილოსოფიისადმი რწმენას ისინი, ვინც ფილოსოფიაში მუშაობას აპირებენ, რადგან ამ შემთხვევაში ჭეშმარიტების ძებნა წყლის ნაყვა იქნებოდა[16].       ასეთი შეხედულებები გამოიწვია იმან, რომ იკვლევდნენ რა ჭშმარიტებას არსებულის შესახებ, არსებულად მხოლოდ შეგრძნებები მიაჩნდათ, შეგრძნებებს კი უაღრესად განუსაზღვრელი ბუნება აქვთ და ისე არსებობენ, როგორც ჩვენ ვთქვით. ეს მოაზროვნენი გონივრულად მსჯელობენ, მაგრამ მათი მსჯელობა არაა ჭეშმარიტი[17]. თუმცა ასეთი მსჯელობა უფრო შესაფერია, ვიდრე ქსენოფენეს წინააღმდეგ მიმართული მსჯელობა ეპიხარმესი. შემდეგ, ხედავდნენ რა, რომ მთელი ბუნება მოძრაობაშია და რომ ცვალებად მოვლენებში არაფერია ჭეშმარიტი, დაასკვნეს, რომ ყოველმხრივ ცვალებადის მიგნება შეუძლებელიაო. ასეთი წარმოდგენიდან გამომდინარეობდა უკვე გამოთქმულ შეხედულებათა შორის ყველაზე უკიდურესი შეხედულება ჰერაკლიტეს მიმდევრებისა, და კრატილოსისა, რომელიც გადაჭრით არაფერს არ ამბობდა, არამედ მხოლოდ თითს ამოძრავებდა და ჰკიცხავდა ჰერაკლიტეს, რომელიც ამტკიცებდა, რომ შეუძლებელია ერთსა და იმავე მდინარეში ორჯერ ჩასვლაო. თვითონ კი ფიქრობდა, რომ ეს შეუძლებელია ერთხელაც კი. ამ მოძღვრების მიმდევრების აზრით, ცვალებადი საგანი, სანამ ის ცვალებადობაშია, არ არსებობს. მაგრამ ეს სადავოა, რადგან საგანი, რომელიც რაიმე თვისებას კარგავს, აქედან რაღაც ნაწილს ინარჩუნებს და იქიდანაც, რასაც იძენს, ნაწილი აუცილებლად უნდა ჰქონდეს წინასწარ. საერთოდ, როდესაც რაიმე ისპობა, მისი რაღაც ნაწილი რჩება და როდესაც რაიმე იბადება, აუცილებლად არსებობს წინასწარ ის, რისგანაც და რის საშუალებითაც წარმოიშობა. თუმცა ეს პროცესი არ შეიძლება უსასრულო იყოს.       მაგრამ დავანებოთ ამას თავი და შევეხოთ იმ თვალსაზრისს, რომლის მიხედვით რაოდენობრივი ცვალებადობა იგივე არაა, რაც თვისობრივი, რომ რაოდენობის მიხედვით უცვლელი არაფერი არ არის, ამიტომ ყველაფერს ფორმით შევიცნობთ. ამ შეხედულების მომხრენი გაკიცხვის ღირსნი არიან, რადგან ისინი აწარმოებენ დაკვირვებას შეგრძნებადი მოვლენების მცირე რაოდენობაზე და მათი ანალოგიით მსჯელობენ მთელ სამყაროზე. მხოლოდ ჩვენს გარემოში არსებული შეგრძნებადი სამყარო განუწყვეტლივ ისპობა და იშობა, რაც მთელი კოსმოსის უმცირესი ნაწილია. ასე რომ, უფრო სამართლიანი იქნებოდა ამათი[18] საშუალებით ისინი[19] გაგვემართლებინა, ვიდრე მათი საშუალებით ესენი დაგვედანაშაულებინა.       შემდეგ, ცხადია, რომ ჩვენ მათ მიმართ უნდა მოვიქცეთ ისე, როგორც ადრე ვთქვით; საჭიროა დავუმტკიცოთ მათ და დავარწმუნოთ იმაში, რომ არსებობს რაღაც უძრავი ბუნება. იმათი სიტყვებიდანაც, რომლებიც ამტკიცებენ, რომ ერთი და იგივე საგანი ერთსა და იმავე მიმართებაში არსებობს და არც არსებობს, გამომდინარეობს, რომ ყველაფერი არ იმყოფება უფრო მეტად უძრავ მდგომარეობაში, ვიდრე მოძრავში. და არ არსებობს რა ის, რაშიც ცვალებადობა ხდება, ამიტომაც ყველას ყველა თვისება ახასიათებს.       ხოლო, რაც შეეხება იმ ჭეშმარიტებას, რომ ყველა შეგრძნება ჭეშმარიტი არაა, უნდა ითქვას: პირველი, ყოველი ინდივიდუალური შეგრძნება მცდარი არ არის და მეორე, ფანტაზია და შეგრძნება იგივე არაა. შემდეგ, გაკვირვებას იწვევს დავა იმის შესახებ, რომ სიდიდე და ფერი ისეთია, როგორც შორიდან ჩანს, თუ როგორც ახლო მანძილიდან? როგორც ჯანმრთელებს ეჩვენებათ, თუ როგორც ავადმყოფებს? სიმძიმე ისეთია, როგორც სუსტებს ეჩვენებათ, თუ როგორც ძლიერებს? და ჭეშმარიტება ისეთია, როგორც მძინარეთ ეჩვენებათ, თუ როგორც ფხიზელთ? რომ ისინი ამ საკითხებზე არ ფიქრობენ, ეს ცხადია, რადგან არც ერთი ლიბიაში მყოფი, რომელსაც დაესიზმრა, რომ ათენში იმყოფება, არ წასულა ოდეონში[20]. როგორც პლატონი ამბობს, ერთნაირი ძალა არა აქვს ექიმისა და უვიცის შეხედულებას იმის შესახებ, გამოჯანმრთელდება, თუ არა ეს ადამიანი. ისევე, როგორც ერთნაირი ძალა არა აქვს სხვისა და საკუთარ შეგრძნებებს, რომლებიც მიღებული არიან სპეციალურად ამ ობიექტისათვის განკუთვნილი გრძნობის ორგანოთი, ან ამ ორგანოს მონათესავით. ფერებისათვის განკუთვნილია მხედველობის ორგანო და არა გემოვნებისა, გემოვნებისათვის გემოვნების ორგანო და არა მხედველობისა. ამათგან არც ერთი შეგრძნება არ გვიჩვენებს ერთსა და იმავე საგანს ერთსა და იმავე დროს ასეთად და არც ასეთად. არც სხვადასხა დროს არის სადავო საგნის თვისება, არამედ ის, რასაც ეს თვისება თან სდევს. მაგალითად, ღვინო შეიძლება მოგვეჩვენოს ხან ტკბილად, ხან კი არა, იმის გამო, რომ ან თვით ღვინო შეიცვალა ან იმიტომ, რომ შეიცვალა შემგრძნები სხეული. მაგრამ თვით სიტკბოება, სანამ არსებობს, არ იცვლება, არამედ ისეთივე რჩება, როგორიც არის და ასეთვიე იქნება მომავალშიც. მის შესახებ შეგრძნებაც ყოველთვის ჭეშმარიტია. მაგრამ ყოველივე ამას ეწინააღმდეგება ის მოძღვრება, რომელიც უარყოფს ურყევ არსებას და ყოველგვარ აუცილებლობას. აუცილებლობა კი არ შეიძლება სხვადასხვანაირად არსებოდეს, რადგან რაც აუცილებლად არსებობს, ის არ შეიძლება ასეთი იყოს და არც იყოს ასეთი[21].       საერთოდ, თუ მხოლოდ შეგრძნებადი საგნები იქნებოდნენ და არ იარსებებდა არავითარი სულიერი არსება, მაშინ არც შეგრძნებას ექნებოდა ადგილი. მაშინ ჭშმარიტი იქნებოდა აზრი იმის შესახებ, რომ არ იქნებოდა არც შეგრნებადი საგნები და არც შეგრძნებები, რადგან შეგრძნებები შემგრძნების მდგომარეობას წარმოადგენენ. მაგრამ არ შეიძლება, რომ არ არსებობდეს სუბსტრატი, რომელიც შეგრძნებებს იწვევს და რომ მას შეგრძნებები არ ჰქონდეს, რადგან შეგრძნება თავის თავის შეგრძნება კი არაა, არამედ შეგრძნებების გარდა არსებობს რაღაც სხვა, რაც აუცილებლად წინ უსწრებს შეგრძნებებს[22]. ისევე, როგორც მამოძრავებელი თავისი ბუნებით წინ უსწრებს მოძრავს, მიუხედავად იმისა, რომ ისინი ერთიმეორეზე დამოკიდებულნი არიან. თავი 6       სიძნელეებს აწყდებიან, როგორც ის მოაზროვნენი, რომლებსაც სწამთ ყოველივე ეს, ისე ისინი, რომლებიც მხოლოდ გამოსთქვამენ ამ თვალსაზრისს. ისინი ეძებენ ვინმეს, ვისაც შეუძლია განსაჯოს, თუ რაა ჯანმრთელობა და საერთოდ, ვისაც აქვს ყოველივეს სწორი განსჯის უნარი. ეს ჰგავს კითხვას იმის შესახებ, გვძინავს ჩვენ ახლა, თუ ვფხიზლობთ, რადგან ყველა ამ კითხვებს ერთნაირი ძალა აქვთ. ამ შეხედულების მომხრენი ეძებენ საწყისს და ის მიაჩნიათ დასაბუთებად. მაგრამ რომ ისინი არ არიან დარწმუნებული ამაში, ეს საქმიდან ჩანს. როგორც აღვნიშნეთ, ამ მოაზროვნეთა თავისებურება მდგომარეობს იმაში, რომ ისინი ეძებენ იმ საფუძველს, რასაც საფუძველი არა აქვს. რადგან დასაბუთების საფუძველი არ შეიძლება დასაბუთდეს. მათი დარწმუნება ამაში ადვილია, რადგან ამის გაგება ძნელი არაა. ისინი კი, რომლებიც იძულებას მხოლოდ მსჯელობაში ეძებენ, ეძებენ შეუძლებელს: დასაშვებად მიაჩნიათ რა ერთმანეთის საწინააღმდეგო შეხედულებების გამოთქმა, თვითაც გამოთქვამდნენ მათ. მაგრამ თუ ყოველივე მიმართება არაა, არამედ არის ზოგი რამ თავისთავადიც, მაშინ ყველა მოვლენა ჭეშმარიტი არ იქნება. მოვლენა კი ყოველთვის ვიღაცას ევლინება. ამრიგად, ვინც ამბობს, რომ ყველა მოვლენა ჭეშმარიტია, ყოველ არსებულ საგანს მიმართებად აქცევს.       ყურადღება უნდა მივაქციოთ იმათაც, რომლებიც მსჯელობაში იძულებას ეძებენ და ამავე დროს საჭიროდ თვლიან დაიცვან დებულება იმის შესახებ, რომ არსებობს არა მოვლენა საერთოდ, არამედ მოვლენა, რომელიც გარკვეულ დროს, გარკვეული სახით და გარკვეულ პირობებში ვიღაცას ევლინება. თუ ისინი იცავენ ამ შეხედულებას, მაგრამ არა ამგვარად, მაშინ ისინი წინააღმდეგობაში მოექცევიან თავისსავე თავთან. ერთი და იგივე საგანი შესაძლებელია ადამიანმა მხედველობით თაფლად ჩათვალოს, გემოვნებით კი არა. ხოლო ვისაც განსხვავებული მხედველობის მქონე თვალები აქვს, საგანი სხვადასხვა თვალში სხვადასხვანაირად მოეჩვენება. ზემოდასახელებული მიზეზის გამო მათ ყველა მოვლენები ჭეშმარიტად მიაჩნიათ და ამიტომ ყველა შეხედულება - ერთნაირად მცდარად და ჭეშმარიტად. მაგრამ არც ყველას და არც ერთსა და იმავეს ყოველთვის ერთი და იგივე არ ეჩვენება, არამედ ხშირად ერთსა და იმავე დროს ერთი და იგივე ხშირად საწინააღმდეგოდაც კი ეჩვენებათ. მაგალითად, შეხების შეგრძნებას ორი გადაჯვარედინებული თითით საგანი ორად ეჩვენება, მხედველობას კი ერთად. ასე რომ, ჭეშმარიტი იქნება დებულება იმის შესახებ, რომ შეუძლებელია საგანი ერთი და იმავე შეგრძნებით ერთსა და იმავე პირობებსა და დროში ერთსა და იმავედ ეჩვენოს ადამიანს. ამიტომაც: ასევე აუცილებელია უთხრათ იმათ, რომლებსაც ალაპარაკებთ არა სიძნელეების დაძლევის, არამედ ლაპარაკისავე მიზანი, რომ ეს დებულება მხოლოდ მათთვის არის ჭეშმარიტი და არა საერთოდ. და როგორც ზევითაც იყო თქმული, მათთის აუცილებელია ყოველივეს მიმართებად ქცევა და შეხედულებებსა და შეგრძნებებზე დაყვანა. ასე რომ, მათი აზრით, არაფერი არც წარმოიშობა და არც იარსებებს ისე, თუ ის ვინმემ წინასწარ არ წარმოიდგინა. მაგრამ თუ რაიმე წარმოიშვა ან შეიძლება წარმოიშვას, მაშინ ცხადია, რომ ყველაფერი შეხედულებაზე არ ყოფილა დამოკიდებული. თუ არსებობს რაიმე ერთი, ის დამოკიდებულებაშია ერთთანვე, ანდა ერთთა განსაზღვრულ რიცხვთან. და თუ ერთი და იგივეა „ნახევარი“ და „ტოლი“, ის ორმაგის ტოლი ყოველ შემთხვევაში არ იქნება. თუ აღმქმელისათვის „ადამიანი“ და „წარმოდგენის ობიექტი“ ერთი და იგივეა, მაშინ მისთვის „ადამიანი“ იქნება არა ის, რომელიც წარმოიდგენს, არამედ რომელსაც „წარმოიდგენენ“. და თუ ყოველივე დამოკიდებულია აღმქმელისაგან, მაშინ აღმქმელი უსაზღვრო სახის საგნებთან იქნება მიმართებაში.       აი, ყველაფერი ის, რაც შეიძლება ითქვას იმ ყველაზე უფრო ურყევი დებულების შესახებ, რომ არ შეიძლება ერთმანეთის საწინააღმდეგო ორი მტკიცება ერთდროულად ჭეშმარიტი იყოს. აგრეთვე აქედან გამომდინარე შედეგებისა და იმის შესახებ, თუ რატომ ამტკიცებენ ისინი ამას. თუ შეუძლებელია ერთი და იმავეს შესახებ ერთდროულად გამოთქმული საწინააღმდეგო შეხედულებები ჭეშმარიტი იყოს, ცხადია, რომ ერთსა და იმავე ვითარებაში არ შეიძლება ორი დაპირისპირებული თვისება ახასიათებდეს ერთსა და იმავეს. რადგან დაპირისპირების ერთ-ერთი მხარე ნაკლია, რომელიც არსებულზე არა ნაკლებ არსებობს, რადგანაც არსებაა. ხოლო „ნაკლი“ რაღაც განსაზღვრული გვარის უარყოფაა: თუ შეუძლებელია ერთდროულად მტკიცებაცა და უარყოფაც ჭეშმარიტი იყოს, შეუძლებელია აგრეთვე ერთდროულად საწინააღმდეგო მოვლენების არსებობაც. ამიტომ ან ორივე განსაზღვრულ პირობებში უნდა არსებობდნენ, ან ერთ-ერთი მათგანი განსაზღვრულ პირობებში, მეორე კი - განუსაზღვრელში. თავი 7       ორ მოპირდაპირე მსჯელობას შორის შეუძლებელია რაიმე საშუალოს არსებობა, არამედ თითოეულ მათგანზე ცალკე აუცილებლად რამე ან მტკიცდება, ან უარიყოფა. ეს თავიდანვე ნათელი გახდება ჭეშმარიტებისა და სიცრუის ცნების განსაზღვრებისას. თქმა იმისა, რომ არსებული არ არსებობს და არარსებული კი არსებობს, სიცრუეა. ხოლო რომ არსებული არსებობს და არარსებული კი არ არსებობს - ჭეშმარიტია. ასე რომ, ვინც ამბობს, რომ რაიმე არსებობს ან არ არსებობს, ან ჭეშმარიტებას ამბობს, ან სცდება. მაგრამ არც არსებულზე შეიძლება ითქვას, რომ ის არ არსებობს და არ არსებობს და არც არარსებულზე. ამას გარდა, მოპირისპირე მსჯელობებს შორის ან არის რაღაც შუა, როგორც ნაცრისფერი შავსა და თეთრს შორის, ანდა არაფერი, როგორც ადამიანსა და ცხენს შორის. მაგრამ ეს რომ ასე ყოფილიყო, მაშინ ცვალებადობა არ იქნებოდა, რადგან ცვლილება ხდება არაკეთილიდან კეთილისკენ, ანდა პირიქით. ჩვენ კი ყოველთვის ვამჩნევთ, რომ ცვლილება მოპირისპირე მხარეებს შორის ისე არ შეიძლება იყოს, თუ არა შუალედი საფეხურების გავლით. თუ დავუშვებთ შუალედ საფეხურებს, ამ შემთხვევაში ცვლილება მოხდებოდა თეთრიდან და არა არათეთრიდან, რაც არსად არ შეინიშნება. შემდეგ, ყოველივე ის, რასაც აზროვნება მოიაზრებს ან განსჯის, ის ან ამტკიცებს, ან უარყოფს, როგორც ჭეშმარიტების, ისე შეცდომის შემთხვევაში. რაც ნათელი გახდა ზემომოტანილი განსაზღვრებებიდან: როდესაც ის ასე აკავშირებს, სულ ერთია, ამტკიცებს თუ უარყოფს, ამბობს ჭეშმარიტებას, თუ არა და სცდება.       გარდა ამისა, ყველა დაპირისპირებულს შორის უნდა არსებობდეს შუა საფეხური, თუ მსჯელობა არ წარმოებს მსჯელობისავე გულისთვის, წინააღმდეგ შემთხვევაში, ადამიანი ვერ იტყოდა ჭეშმარიტებას და ვერც არაჭეშმარიტებას. ამრიგად, არსებულსა და არარსებულს შორის კიდევ რაღაც, როგორც წარმოშობადსა და დაღუპვადს შორის - რაღაც ცვალებადობა. შემდეგ, სადაც უარყოფა საწინააღმდეგო მოვლენას იწვევს, შუალედი საფეხური აქაც იარსებებდა, როგორც რიცხვებში უნდა არსებობდეს რიცხვი, რომელიც არც კენტია და არც არაკენტი. მაგრამ ეს შეუძლებელია, რაც ნათელია ცნებათა განსაზღვრებიდან. ამ შემთხვევაში პროცესი განუსაზღვრელი იქნებოდა და არსებულის რიცხვი გაიზრდებოდა არა მხოლოდ ერთ ნახევარჯერ, არამედ მეტჯერაც.       შემდეგ, შესაძლებელი იქნებოდა უარყოფა, როგორც მტკიცებისა, ისე უარყოფის. ესეც ხომ რაღაც არსებული იქნებოდა, რადგან მას რაღაც სხვა არსება ექნებოდა. შემდეგ, როდესაც მოპასუხე უარყოფს თეთრის არსებობას, ის სხვას არაფერს არ უარყოფს, გარდა არსებობისა, რადგან უარყოფა არსებობას გულისხმობს … ზოგი ამ, და ზოგი სხვა პარადოქსებამდე მივიდნენ ერთი და იმავე გზით. ისინი, როდესაც ვერ სწყვეტდნენ სადაო საკითხებს, თავს ანებებდნენ მას და ჭეშმარიტად მიიჩნევდნენ იმას, რასაც სილოგიზმით იღებდნენ. ზოგი ამ მიზეზით მსჯელობდა, ზოგი კი იმიტომ, რომ ყოველივეს დასაბუთებას ეძებდა. ყველა ამ წამოწყებათა წინააღმდეგ ცნებათა განსაზღვრებით უნდა დავიწყოთ. განსაზღვრება კი მიიღება აუცილებლის აღნიშვნით. ის სიტყვებში გამოხატული ცნებაა. როგორც ჩანს, ჰერაკლიტეს დებულება იმის შესახებ, რომ ყოველივე არსებობს და არც არსებობს, ყველაფერს ჭეშმარიტებად აქცევდა. ანაქსაგორასი კი, რომელიც უშვებდა საწინააღმდეგო მსჯელობათა შორის რაღაც შუალედს, ყოველივეს შეცდომად აქცევდა, რადგან მისი აზრით, როდესაც ყოველივე შერეული იყო, ნარევი არ წარმოადგენდა არც სიკეთეს, არ არასიკეთეს. ასე რომ, ვერავინ ვერ იტყოდა ჭეშმარიტებას. თავი 8       დავადგინეთ რა ეს, ცხადი გახდა, რომ შეუძლებელია, როგორც ერთ ცალკეულ შემთხვევაში, ისე საერთოდ, სწორი იყოს ზოგიერთის შეხედულება იმის შესახებ, რომ არაფერი არაა ჭეშმარიტი (მათი აზრით, არაფერი არ უშლის ხელს, ყველგან ისეთი მდგომარეობა იყოს, როგორც კვადრატის გვერდებისა და დიაგონალის თანაფარდობის შემთხვევაში), ან შეხედულება იმის შესახებ, რომ ყოველივე ჭეშმარიტია, ეს შეხედულებები უახლოვდება ჰერაკლიტეს თვალსაზრისს იმის შესახებ, რომ ყოველივე ჭეშმარიტიცაა და მცდარიც. ის თითოეულ ამ დებულებას ცალ-ცალკე ამტკიცებდა. ასე რომ, თუ პირველი შეუძლებელია, მაშინ მეორეც შეუძლებელი იქნებოდა. გარდა ამისა, საწინააღმდეგო დებულებები არ შეიძლება ერთდროულად ჭეშმარიტიც იყვნენ და მცდარიც. მაგრამ, მიუხედავად ამისა, ზემომოტანილი შეხედულებებიდან გამომდინარეობს, რომ თითქოს ეს შესაძლებელია. ყველა ამ შეხედულებების მომხრეებს უნდა მოვთხოვოთ რაც ზემოთაც უკვე აღვნიშნეთ, რომ არ შეიძლება რაიმე არსებობდეს და არც არსებობდეს, არამედ ყოველივეს რაღაც გარკვეული მნიშვნელობა უნდა ჰქონდეს. ამიტომ მსჯელობა უნდა დავიწყოთ იმის განსაზღვრებით, თუ რას ნიშნავს ჭეშმარიტება და შეცდომა. თუ ჭეშმარიტება სხვა არა არის რა, გარდა შეცდომის უარყოფისა, შეუძლებელია ყოველივე შეცდომა იყოს და აუცილებელია დაპირისპირებულთაგან ერთ-ერთი მხარის ჭეშმარიტება. გარდა ამისა, თუ აუცილებელია ყოველივეს მტკიცება ან უარყოფა, არ შეიძლება ორივე მხარე შეცდომა იყოს. რადგან წინააღმდეგობის მხოლოდ ერთ-ერთი მხარეა ყოველთვის მცდარი.       ყველა ამგვარი შეხედულებებიდან გამომდინარეობს ერთი შედეგი: ისინი თავის თავს უარყოფენ. რადგან ის, ვინც ყოველივეს ჭეშმარიტებას ამტკიცებს, ჭეშმარიტად აცხადებს ამის საწინააღმდეგო დებულებასაც. ასე რომ, ამავე დროს თავისი დებულების არაჭეშმარიტებასაც ამტკიცებს. რადგან საწინააღმდეგო დებულება მის დებულებას არ ამართლებს. ხოლო ვინც ყოველივეს შეცდომად აცხადებს, ის ამტკიცებს როგორც საკუთარი დებულების არაჭეშმარიტებას, ისე იმ შეხედულებათა, რომლებიც მხოლოდ საწინააღმდეგო დებულების არაჭეშმარიტებას და საკუთარის ჭეშმარიტებას ამტკიცებენ. მას დაუსრულებლად ბევრი ჭეშმარიტი და მცდარი დებულებების დაშვება დასჭირდება, რადგან ჭეშმარიტია ჭეშმარიტი დებულების შესახებ ნათქვამი, რომ ის ჭეშმარიტია, რაც უსასრულობაში მიდის.       ცხადია, აგრეთვე, რომ ჭეშმარიტებას არ ამბობენ არც ისინი, რომლებიც ამტკიცებენ, რომ ყოველივე უძრავიაო და არც ისინი, რომლებიც ყოველივეს მოძრავად აცხადებენ. თუ ყოველივე უძრავ მდგომარეობაშია, ყოველთვის ერთი და იგივე იქნება ჭეშმარიტიცა და მცდარიც. მაგრამ, როგორც ჩანს, ესეც იცვლება, რადგან მოლაპარაკე ოდესღაც არ იყო და არც მომავალში იქნება. და თუ ყოველივე მოძრაობს, ჭეშმარიტი არაფერი არ იქნება, არამედ ყველაფერი შეცდომა იქნება. მაგრამ დამტკიცდა, რომ ეს შეუძლებელია. ამას გადა, აუცილებელია, რომ არსებული იცვლებოდეს. ცვალებადობა კი წარმოებს რაიმედან რაიმეში და არ შეიძლება, რომ ოდესმე ყველაფერი ან მხოლოდ უძრავი იყოს ან მხოლოდ მოძრავი და არც მუდმივია რაიმე, რადგან არსებობს რაღაც, რაც მოძრავს მუდმივად ამოძრავებს და თვით კი, როგორც პირველი მამოძრავებელი, უძრავია. « წიგნი მესამე წიგნი მეხუთე » ---------------------------------- შენიშვნები: [1] აქ არისტოტელე კვლავ ჰერაკლიტეს მიმდევრებსა და სოფისტებს გულისხმობს. [2] არისტოტელესათვის მიუღებელია მტკიცების უსასრულობა და მისთვის საზღვრის დადებას მოითხოვს. [3] აქ არისტოტელე ერთმანეთისაგან ასხვავებს ჩვეულებრივ დასაბუთებას არაპირდაპირისაგან. არაპირდაპირი დასაბუთებისას საჭიროა მოწინააღმდეგის დებულების უარყოფა მისგან გამომდინარე შეუსაბამო შედეგების ჩვენებით. [4] არისტოტელე მოითხოვს როგორც ცნებათა შინაარსის, ისე საერთოდ, მსჯელოის შინაარსის გარკვეულობას. [5] ἀ ν θ ρ ώ π ῳ ε ἶ ν α ι, ζ ῴῳ ε ἶ ν α ι ნიშნავს, როგორც საგნის არსებას, ისე მის ცნებას, ე.ი. არ ნიშნავს მხოლოდ ცნებას, როგორც თარგმნის ხოლმე, ჩვეულებრივად, ანალოგიურ გამოთქმებს გოლკე. [6] ძველ საბერძნეთში ნიშნავდა გემს სამ იარუსიანი იალქნებით. [7] ἀ λ η θ ὲ ς λ έ γ ε ι ν უნდა ითარგმნოს, „ამბობენ ჭეშმარიტებას“ და არა „მსჯელობენ სწორად“, როგორც თარგმნიან გოკლე და კუბიცკი, რადგან არისტოტელე კარგად არჩევს ერთმანეთისაგან მსჯელობის სისწორესა და ჭეშმარიტებას. [8] მთელი ეს მსჯელობა მიმართულია სოფისტების წინააღმდეგ, რომლებიც ამტკიცებენ ერთს მიმართბაში საწინააღმდეგო დებულებათა გამოთქმის შესაძლებლობას, და აყალიბებს ლოგიკისათვის უაღრესად მნიშვნელოვან იგივეობის თეზას. [9] იგულისხმება ჰერაკლიტელთა მოძღვრება. [10] β ί α ς იძულება. არისტოტელესთან არაა დაზუსტებული, თუ რომელი იძულებაა ნაგულისხმევი. კუბიცკი კი აზუსტებს მას „ლოგიკურ იძულებად“. [11] განხილული მოძღვრების წინააღმდეგ არისტოტელე აყენებს შემდეგ მოსაზრებებს: 1. წინააღმდეგობა შეიძლება არსებობდეს სხვადასხვა მიმართებაში, 2. შესაძლებლობაში, 3. ყოველგვარ ცვალებადობისა და მოძრაობის იქით უნდა დაშვებულ იქნას უცვლელი სუბსტარატი. [12] τ ὰ ϕ α ι ν ό μ ε ν α მოვლენები, კუბიცკის თარგმნილი აქვს წარმოდგენად (что представляется), მაგრამ ეს ტერმინი არ ნიშნავს მხოლოდ წარმოდგენაში მოცემულს. ის უფრო ფართო ცნებაა და გულისხმობს ყოველივეს, რაც გრძნობებში გვეძლევა გარესამყაროს ზემოქმედების შედეგად. [13] არისტოტელეს აზრით, ცდის კოლექტიურობა არ გამოდგება ჭეშმარიტების კრიტერიუმად. თუმცა არისტოტელე არ შეჩერებულა ამაზე და მაინც მივიდა ჭეშმარიტების კრიტერიუმად ჩვენი შეხედულებების სინამდვილესთან შედარების აუცილებლობის აღიარებამდე. [14] ἄ δ η λ ο ν კუბიცკისთან და გლკესთან თარგმნილია როგორც „უცნობი“. ამ ტერმინს, ჩვენი აზრით, უფრო ზუსტად გადმოსცემს „დაფარული“. [15] აქ არისტოტელე აკრიტიკებს ჰერაკლიტეს მიმდევრების და სოფისტების თვალსაზრისს შეგრძნებებისა და აზროვნების იგივეობის და ყოველი შეგრძნების ჭეშმარიტების შესახებ, რაც, მისი აზრით, შემდეგში დემოკრიტემ და ემპედოკლემ გაიზიარეს. [16] τ ὰ π ε τ ό μ ε ν α δ ι ώ κ ε ι ν სიტყვა-სიტყვით ნიშნავს იმის დევნას, რის დაჭერა შეუძლებელია. [17] ο ὐ κ ἀ λ η θ ῆ δ ὲ λ έ γ ο υ σ ι ν კუბიცკისთან გადმოცემულია კვლავ, როგორც „არასწორი მსჯელობა“, დედანში კი ისევ მსჯელობის არაჭეშმარიტებაა ნაგულისხმევი. [18] მიწიერი მოვლენები. [19] კოსმიური მოვლენები. [20] τ ὸ ᾠ δ ε ῖ ο ν ოდეონი, პერიკლეს დროს ათენში აგებული შენობა მუსკალური შეჯიბრებებისათვის, შემდეგში კი მას სხვა მიზნებისათვის იყენებდნენ. [21] იგულისხმება, რომ ეს შეუძლებელია ერთსა და იმავე დროს, ერთსა და იმავე მიმართებაში. [22] არისტოტელე აქ გადმოგვცემს თავის მატერიალისტურ თვალსაზრისს იმის შესახებ, რომ შეგრძნებებს წინ უსწრებენ და მათგან დამოუკიდებლად არსებობენ მათი გამომწვევი საგნები.…
დაამატა ლაშა to ფილოსოფია at 5:26pm on აპრილი 6, 2020
თემა: ერთ მთლიან საქართველოს (პოემა)
რი მხედარი, ოქროს აბჯარით აღჭურვილი მთლად,სახით პირ-ბადრი, მზისა სადარი.და ვითომც მეც ამ ლაშქარს ვერიე,ვიყავ ამ ლაშქრის მეომარი, ჩემს მარჯვენასაც ხმალი შვენოდა და წელზე მერტყა ოქროს ქამარი.ვითომც ჩვენს თავზე შავი ღრუბელიმზის სხივს გაეპო, გვედგა მეგზურად.წინამძღვრის თავზე გვირგვინსა ჰკრავდადა უნათებდა სამოსს მეფურად.ლაშქრის გუგუნს და ცხენთა ფეხთ თქარუნსშიში აღეძრა ყოველ შემხვედრში,დამფრთხალი სახით მუხლზე დგებოდნენდა მორჩილებით გვჭვრეტდნენ თვალებში.და როცა მცხეთას მივუახლოვდით,იქ, სადაც მტკვარსა ერთვის არაგვი,„სვეტიცხოველმა” და მცხეთის „ჯვარმა”ზარების რეკვით იწყეს ღაღადი,ვითომც სად იყო?! „გელათიც” გაჩნდადა წმინდა სახეც მეფე თამარის,გაბრწყინებული სახით ვიხილემეფე გიორგიც და ფარნავაზიც.- „ღმერთმა დაგლოცოთ!” - ქუხდნენ ზარები,- „უკუნისიდან აწ და მარადის,კურთხეულ იყოს თქვენი მარჯვენა, ჩამომშორებლად დარდთა ვარამის”.ზეციდან ვითომ ხმალი დაეშვა,ხმალი დავითის, აღმაშენებლის,თეთრი დროშებიც აფრიალდა ცად,სიმბოლოდ, ქვეყნის საზღვართ აღდგენის.იქვე გორგასლის რაშმაც ისკუპა,ჰაერში ფრენით შეკრა კამარადა მუზარადი გმირი პატრონისლაშქარს დაადგა ბრძოლისთვის მყარად."მამა:"-  კარგი სიზმარი გინახავს, შვილო,ცოტა არ იყოს, თუმც უცნაური...ქვეყნის ტკივილი გიხილავს წუხელ,იმედი, ოცნებებად ქცეული.მაგრამ, რაც ნახე, მე ვერ დავარქმევვერც სიზმარს და ვერც რაიმე ნაბოდვს,შენ საქართველო დაგსიზმრებია,მისი წარსული თითქოს გენახოს.მისი ტკივილიც სიზმრად გიხილავს,მისი იმედიც, მომავლის, ხვალის,რაც მრავალს წლობით ვერ დაუნახავს,შენ წუთში შეძელ შევლება თვალის."თორნიკე:"- ნეტავ, რა არის აქ საოცარი,განა რა ვნახე, მამავ, ისეთი?ან ეგრე შუბლი რატომ შეკარი,რამ დაგაფიქრა, მითხარი ერთი?!"მამა: "-  მაშ, ყური მიგდე, ჩემო ვაჟკაცო,მომავლის არის ჩვენი სამშობლო,და მინდა მიტომ მტკიცედ გახსოვდეს შენ აფხაზეთი და სამაჩაბლო!ის ჩვენი ქვეყნის არის ნაწილი,ჩვენი სამშობლოს მკვიდრი სახსრები,იქ განისვენებს დღეს ჩვენი გულიდა წინაპრების წმინდანი ძვლები."თორნიკე:"- მაშ, რაღა მოხდა, იქნებ ამიხსნა,რატომ დავკარგეთ დღეს ჩვენ ისინი?"მამა:                                                                                                                                    "- რადგან მტრის სიტყვას ყური დავუგდეთდა ჩავიბეჭდეთ მისი სისინი."  თორნიკე: "- იქნება, უფრო ნათლად ამიხსნა,მინდა ვიცოდე ყველა წვრილმანი,მინდა ღრმად ჩავწვდე სამშობლოს ტკივილს,მის გულის ძგერას, მამავ, ღმერთმანი!"მამა: " -  მადლობა უფალს, რომ ასე გითრევს,ჩემო თორნიკევ, ქვეყნის წარსული,ისეთი სახით იძლევი კითხვებს,თითქოსდა იყო უკვე ზრდასრული.მე კი გიამბობ, ყური მომაპყარ,საქართველოზე, მის დუხჭირ ბედზე,მრავალჯერ ნათრევ, სისხლში გავლებულ,დაცემულზე და კვლავ აღმდგარზე.თავი IIდაცემული საქართველომამა:"-  ერთი დრო იყო, ისე როგორც დღეს(იქნება მეტიც, თუ არ ვამეტებ)საქართველო მთლად დაკნინებული,(თუმც სასიკვდილოდ მე ვერ ვიმეტებ,მაგრამ) კვდებოდა, სულსა ღაფავდა,თურქთა თარეშით, თუ - სტიქიებით,ყველა გოდებდა, ყველა გლოვობდა,ჩუმი ოხვრით თუ დატირებით.მაშინ მეფობდა მეფე გიორგი,გიორგი მეორედ წოდებული,შვილი ბაგრატის, მამა - დავითის,აღმაშენებლად წოდებულის.მისი მეფობა არ იყო მტკიცე,თუმც მეომარი იყო უბადლო,მშვილდის მიშვერა ტახტზე ერჩივნა,ვიდრე ქვეყნისთვის ზრუნვა უნაკლო.სწორედ ამ დროში კახეთ-ჰერეთი,განკვეთილიყვნენ საქართველოდან,უდარდელ მეფეს კი ურჩევნია,ნადირი ზვეროს სათვალთვალოდან.თბილისს კი ისევ არაბნი ფლობდნენ,დროს ატარებდნენ ქართულ ალაფით,თბილისში ქრისტეს ტირილი იდგა, მოლა აღვიძებს ქალაქს "ალაჰით".თურქთ შემოტევაც მაშინ დაიწყოაჰმად ამირას მთავარსარდლობით,დარტყმისგან დასცა ჩვენი სამეფო,ჩვენივე თავის დაუდევრობით.მაგრამ მომდევნო შემოტევა კი,რომელიც მოხდა ერთი წლისთავზე,ათას ოთხმოცსაწელს აღინიშნამომაკვდინებლად საქართველოზე.თურქთა ლაშქარი კვლავ შემოიჭრა,ქვეყანა მოსრა, იყო გნიასი,დაუნდობელმა ცეცხლით გადაწვაარტანუჯი და ქუთათისი.ის შეიძლება ჩავთვალოთ ასე, ვით ტრაგედია, ვით გენოციდი,ქვეყანა, როგორც მკვდარი დაეცადა აღარა აქვს რამის იმედი.ამ პერიოდში ჩვენს სასიკეთოდ,მხოლოდ ორი რამ მოხდა ქვეყნისთვის,ერთი - დავითის დაბადება დამეორე - მეფედ კურთხევა მისი."თორნიკე:" - საინტერესოდ ჰყვები, მამიკო,მითხარი კიდევ, კიდევ, რა მოხდა?"მამა: "-  თითქოს ღვთის რისხვაც დაგვატყდა თავზე,დიდი მიწისძვრით კვნესა აღმოხდა."თორნიკე:" - მართლაც მძვინვარე დღეები მდგარა,თითქოს იმედი მართლაც არა ჩანს,მას შემდეგ როგორღა დადგა ფეხზე,როგორღა აღდგა, როგორ გადარჩა?"მამა:" - წეღან ვახსენე მეფე დავითი,გიორგის ვაჟი, რომელიც იშვა,მისმა მეფობამ გვიხსნა, თორნიკევ,ვერ შეაჩერა ის მტრების შიშმა."თორნიკე:" - ვაჰ, ბარაქალა მაგის მეფობას,გმირი ყოფილა მართლაც ეგ მეფე;გთხოვ, დაწვრილებით მიამბე მასზე,მიამბე, მამავ! გთხოვ, ვეღარ ვითმენ."                                      თავი IIIმეფე დავით IV"-  ათას ოთხმოცდაცხრა წელი,მისი გამეფების წელი,ქართველთ აღმავლობის წელი,აღშენების საძირკველი.* * *მამა:"-თექვსმეტი წლისა გამეფდა დავით,მაგრამ ბრძენ-კაცის ჰქონდა გონება,ტანით ბრგეს, ვაჟკაცს, ერის ნამდვილ შვილს,თვალს არ უბნელებს ფუჭი ქონება.გვირგვინის ნაცვლად მუზარადს ირჩევს,და ტახტის ნაცვლად მხედრულ უნაგირს,გუთანის ერქვანს მიწას უბიძგებს,ნიმუში ხდება ის მთელი ერის.შემოიკრიბა ნაღდი ქართველნი,ვისაც სიმართლით უძგერდა გული,ვისაც უყვარდა წრფელად სამშობლოდა ვინც არ იყო ქვეყნის ორგული.ააგუგუნეს სამჭედლოები,საჭურველისთვის, ფიცხელ ბრძოლისთვის,თვითონ დავითი იყო მჭედელად,უპირველესად სხვისი გულისთვის.თავადვე წვრთნიდა თავის მებრძოლებს,და იწვრთნებოდა მათთან თვითონაც,ნიმუშს აძლევდა ყველას გაწრთობის,არ მომხდარიყოს არა ვითომაც.ხმალში, ჯირითში, ისრის სროლაში,მუშტის ძგერაში, შუბის ტყორცნაში,ბადალი არ ჰყავს მეფეს არავინ,თუნდ სირბილში და თუ გინდ სროლაში,ვერც უძილობა აკლებდა რამეს,ვერც შიმშილობა და ვერც წყურვილი,სიცხე და ყინვაც ვერას ავნებდა,ვერ გაუნელა ბრძოლის სურვილი.და რა იხილეს ის ქართველებმა,რომ თავად მეფე იბრძოდა კაჟად,მეფეს ეახლნენ რაზმში მსახურადდა მცირე რაზმი გადიქცა ლაშქრად."თავი IV              ორი ერთგულიგანთიადია, დილის ცისკარი,მეფე ლოცვებად არის მიმწყდარი,უფალს ავედრებს ქვეყნის ჭირ-ვარამს,საქართველოსთვის ის გულდამწვარი.ტირის და მოსთქვამს ამაყი მეფე,სამშობლოსათვის მუხლზე დამდგარი;მეფე: " -  უფალო, ჩემს სამშობლოს გავედრებ,გთხოვ, არ გამიშვა შინ ნირწამხდარი.გთხოვ, შეისმინო ჩემი ლოცვებიდა ჩემს ქვეყანას უბოძო ძალა,შენი წყალობით მტრისაგან გვიხსნადა მტრის მახვილი არ დაგვრჩეს ვალად”.ამ ლოცვებშია, რომ მის მახვილ ყურსხმა შემოესმა, ხმა - შორინდელი,ბნელში თვალები დააკვესა და მან შეამჩნია იქ ჭყონდიდელი.მეფე: -  გიორგი, შენა?..გიორგი: - დიახ, მეფეო, შენი მონა ვარ, შენი გამზრდელი.მეფე: -  აქ რას აკეთებ?გიორგი: - ლოცვად ვარ შენთან, და ამ ლოცვებში თანამზრახველი,მეფე:  -  გმადლობ, გამზრდელო, რომ არსად მტოვებ,უყურადღებოდ გვერდს რომ არ მივლი...გიორგი:- ეგ რა თქმა არის, ჩემო ხელმწიფევ,ჩემი მეფეც ხარ, მამაც და შვილიც.მეფე: -  რა კარგად გესმის, ჩემო გიორგი,მჭმუნვარე კაცის ოხვრა ყოველი,მე მიხარია, რომ გვერდში მყავხარ,და შენგან მხოლოდ კეთილს მოველი.გიორგი:- „რა ბრძანებაა, მეფევ ბატონო?!მაშ, რად ვარგივარ მე ჭყონდიდელი,თუკი ჩემს მეფეს თან არ ვახლდები,ნუღარ ვყოფილვარ მაშინ ქართველი.მაგრამ გაგიმხელ ერთ საიდუმლოს,ჩემო მეფეო, ღვთით დადგენილო,ათასჯერ მეტად მიყვარხარ კიდევ,ასე რომ გიყვარს შენ საქართველო. ასე ბეჯითად რომ არ ზრუნავდეშენს სამშობლოზე, ჩვენს დუხჭირ ბედზე,მაშინ შენს ახლოს ვერ მიხილავდი,თვალს ვერ მომკრავდი სასახლის კარზე”.მეფე დავითი ფეხზე წამოდგა,მიუახლოვდა მდუმარედ აღმზრდელს,ერთხანს უყურა მას სიყვარულით,მხარზე ამბორით პატივს სცემს გამზრდელს.მეფე:" - მეც მიხარია, რომ ეგრე ფიქრობ,ჩემო გიორგი, ჩემო გამზრდელო,ჯერ სამშობლოა, შემდეგ კი მეფე,თანმიმდევრული გვაქვს სადღეგრძელო.გიორგი:- მაპატიე, თუ გული გატკინე,მაგრამ სიმართლეს ვერ გაექცევი;მეფე: -  არა, რას ბრძანებ, ვხარობ უზომოდ,რომ ჩვენს სამშობლოს არ ჰყავს წამქცევი.გიორგი: - რომ ვერ მიგიხვდი მაგ ქარაგმულ თქმასმითხარ, რას ნიშნავს, მეფევ, ეგ სიტყვა?მეფე: -  ეს ქარაგმები შენგან ვისწავლე,რაო, გამზრდელო, შენ დაგავიწყდა?ორი ერთგული თუ ჰყავს ქვეყანას,მას ვერ დასცემენ, ვერვინ გაწყვეტავს!გიორგი: - ახლა მიგიხვდი, ჩემო მეფეო, გთხოვ, მაპატიო უგუნურობა,ერის შვილი ხარ, ბრძენი ხელმწიფე,ღმერთს მოუცია შენთვის ეს გონება.მეფე: -  ახლა კი საქმეზე გადავიდეთ!გიორგი:- კანონი არის მეფის ბრძანება!მეფე: -  დღეს მოვუძახოთ სუყველა ვაზირს,რომ გაიმართოს დარბაზობა!გიორგი:- მესმის, მეფეო, სხვას რას ინებებ,იქნება კიდევ გაქვთ რამ წადილი?მეფე: -  თუ პატივს დაგვდებ მე და დედოფალს,გთხოვ, ვიზიაროთ ერთი სადილი.გიორგი: - მადლობის მეტი რა მეთქმის, მეფევ,იდიდოს შენმა სახელმა ლხენით,მტერი მოგესპოს, ქვეყანა გეხსნას,თავქუდმოგლეჯით გაბრუნდნენ, ღრენით...თავი V                ვაზირობა (მეფე მორჭმული, გამგებიანი)დარბაზობაა. შვიდივ ვაზირიგამოეცხადა უკლებლივ მეფეს,რადგან გაეგოთ მეფის წადილირომ გეგმიურად შებმოდნენ მათ მტერს,გამოეკვლიათ ქვეყნის წუხილი, ბოლოს რომ არა წყევლიდნენ თავ-ბედს დაბნელი ჟამი ნათლად გაევლოთ, შეწევნას სთხოვდნენ მაღალ მამაღმერთს.დაბრძანებულა მეფე მის ტახტზე,ძლიერი კვერთხით, ბასრი მახვილით.ლამაზ თავს მეფის გვირგვინი შვენისხმა კი გუგუნებს ლომის ძახილით.გვერდით კი გურანდუხტ-დედოფალიმოუსვამს მეფეს და იმშვენებს გვერდს,მზისა სადარი ყივჩაყთ ასულიმეფის გულს ერთვის და იყოფს მის ბედს.ვაზირნიც თანმიმდევრულად ზიან,რადგან წესია იგი სასახლის,პატივისცემის ნიშნის სიმბოლო,მორიდების და უფროსის კრძალვის.ჯერ მწიგნობართა უხუცესიაპირველ-ვაზირი, მეფის მარჯვენა,სავაზიროში სიტყვა არ წყდებადა მის გარეშე რამის დადგენა.შემდეგ კი მანდატურთუხუცესი;მას ევალება წესრიგი ქვეყნად,საპოლიციო სამსახური დასამშობლოს მტრების მსტოვრებით ძებნა.მას შემდეგ ამირსპასალარია -სამხედრო საქმის მცოდნე ვაზირთა,ჯარის სარდალი და წინამძღოლი,თავადი სრულად მეფის ლაშქართა.მას მოსდევს ფინანსთ გამგე ვაზირი,იმის ხელშია ქვეყნის  ბალანსი,მეფისა სალაროს განმგებელი,წოდებით - მეჭურჭლეთუხუცესი.შემდეგში მსახურთუხუცესია,მეფის სასახლის წესრიგის მცველი,შინამსახურთა განრიგის დამდედა თადარიგის განმწესებელი.მეექვსე ამილახვარი არის, ამირსპასალარის პირველი შემწე,იგივე მეჯინიბეთუხუცესი,სათათბირო ხმით: ვაზირი მცირე.ბოლოს ჩუხჩარხი, მეფის სპასპეტი,იგივე მეაბჯრეთუხუცესი,მეფის „მონა სპის” („გვარდიის”) "თავი,"სათათბირო ხმით: ვაზირ-უმცროსი.რა მოიკრიბა ვაზირნი მეფემ,წამოდგა თვითონ თათბირად სიტყვის,გურანდუხტ დედოფალს გადახედა,მისი თვალები მრავალსა იტყვის.შემდეგ მწიგნობართუხუცესისკენშემოიბრუნა თვალები ბრძენი,ცოტა ხანს ისე უხმოდ უყურა,შემდეგ კი ჰკითხა კითხვა არც გრძელი:მეფე:რას ფიქრობ მწიგნობართუხუცესო,კიდევ ვუხადოთ ოსმალოს ხარკი?მწიგნობართუხუცესი:დაფიქრებაა, მეფევ, საჭირო,იქნება, ვერც კი დაგვაკლოს არკი,მაგრამ გავთვალოთ, ავწონ-დავწონოთ,რომ არ შევიქმნათ კერპთა ზვარაკი.მეფე:მეც გეთანხმები, ახლა სხვებს ვკითხოთ,რასა ჰფიქრობენ დღეს ხარკის ხდაზე?აბა! მანდატურთუხუცესო,შენი სიტყვა თქვი, მოგვყევ განსჯაზე!მთხრობელი(მამა):ღრმად დაფიქრებულმა მანდატურმაჭკვიანი შუბლი თითით მოქექა,შემდეგ თვალები მიაპყრო მეფესდა წრფელი გულით ეს ამოხეთქა:მანდატურთუხუცესი:მიგიხვდით, მეფევ, რაცა გწადიან...ჩვენი ოცნებაც ეგ არის მუდამ,ხარკის შეწყვეტა განგიზრახავს შენ,მაგრამ ფიქრი და განჭვრეტა უნდა.რახან მე მკითხეთ, მეც გიპასუხებთ,დღეს ოსმალეთი არის სუსტადა,ჯვაროსნულ ომში ბევრი დაკარგა,იერუსალიმი მაქვს ხედვადა.შინა ქიშპობაც არის ცნობილი,არეულობის არის დასტური,ჩვენი მსტოვრები გვატყობინებენ,მათგან მოსული ჩვენი უსტარით.ამირსპასალარი:თუ დამრთავთ ნებას, მეც ვიტყვი სიტყვას,დიდო მეფეო თქვენთან თათბირში,დღეს ჩვენი ჯარი რომ ძლიერიავთვლი არ ჩამითვლით ამას ტრაბახში.ქართულ ლაშქარმა შენის წყალობით,მიიღო დიდი გამოცდილება,ვთვლი, რომ  მის ძალას, მტრისგან ზეწოლას უწინდებურად ვერ აღუდგება.თუ განგიზრახავ ხარკის შეწყვეტა,იმედი გქონდეს, მოვკვდები თქვენთვის,თავს არ დავზოგავთ სამშობლოსთვის დასწორუპოვარი ჩვენი მეფისთვის.მეჭურჭლეთუხუცესი:ოქროც, ასე თუ ისე, მოგვდგამს,ბრძოლაში გამცვლელ ჩვენი ლაშქრისთვის,შენის ბრძანებით რომ შევაგროვეთ,ნატვრად ქცეული სამშობლოს ხსნისთვის.მეფე:ხელს რაღა გვიშლის?.. მაშ, შევუთვალოთპირმურდალ სულთანს ხარკის შეწყვეტა.მანდატურთუხუცესი:მხოლოდ ერთი რამ, დიდო მეფეო,მოღალატეთა ფეხის აღკვეთა...მეფე:ისევ ღალატი?! წყეულიმც იყოს!ვფიცავ მაღალ ღმერთს, არვის დავინდობ!ამ ჩემ ხელებით ამოვთხრი თვალებსდა გამღვალ რკინას პირში ჩავადნობ!ათი დღის ვადას გაძლევთ სუყველას,შებოჭეთ, ჰგვემეთ ყველა გამცემი!ღალატისათვის დილეგში ჩასვით,ენა მოჰგლიჯეთ, ჰყავით ნაცემი!თუ შეგებრძოლონ, გაანადგურეთ!მათთვის დანდობას არ აქვს ადგილი!თუგინდ ძმა იყოს, ჩემი ძუძუმტე,ან გინდაც, უსაყვარლესი შვილი!თავი VIმეფე ბრძენი და ლომგულიმეფე:ასეთი იყო, შვილო, დავითი,მოსიყვარულეც, მკაცრიც და ბრძენიც,ერთგული ყმისთვის თანდაყოლილი,მოღალატისთვის კი - შხამის წვენი.არ შეუნდობდა არავის ღალატს,მკაცრი სასჯელით ჰკვეთდა ერიდან,ქვეყანა მეფის მსტოვრით აივსო,შიშით ვერ ძრავდნენ აუგს პირიდან.სამიდან ორი მსტოვარი იყო,თვითონ ჯაშუშნი ერთურთს ვერ ცნობდნენ,თუ ვინმეს ავი თქმა დასცდებოდა,მეფემ იცოდა, მას აცნობებდნენ.და ასე შიშით დათესა ხალხში,განსაკუთრებით მაღალ ფენებში,შიშმა შეიპყრო ფეოდალებიდა იჩოქებდნენ მეფის ფეხებში.ის არ არჩევდა ღარიბს და მდიდარს,გვერდში იკრებდა მხოლოდ ერთგულებს,ჭკვიან ღარიბებს ჩინებს აძლევდა,თავს ლაფს ასხამდა მდიდარ ორგულებს.თორნიკე:მერთლაც ძლიერი მეფე ყოფილა,და საოცარი ქვეყნის ხელმწიფე,მაგრამ ამ შიშით რას მიაღწია,ნუთუ მიიღო ნაყოფი მწიფე?მამა:ამ გზებით, შვილო, ორგული მოსპო,ღალატს მოუსპო საყრდენი მყიფე,ერის შვილები შემოიკრიბა,ქვეყნის ერთგულნი – ფოლადზე მტკიცე.როცა შეიგრძნო, რომ მყარად იდგამჭრელი მახვილი მიმართა მტრისკენ,ჩვენი სამშობლო რომ აღედგინა,მიზნად: ერთ მთლიან საქართველოსკენ!ასეც მოიქცა... ის ამოქმედდა,სურდა დაეხსნა კახეთ-ჰერეთი,ჯერ ერწუხს, შემდეგ სამშვილდოს დაჰკრა,და უკან დაბრუნდა სიმღერებით.კვლავაც მრავალჯერ გავიდა ბრძოლად;და დაიბრუნა რუსთავი, გიში,მრავალჯერ ატყდა დავითის ხმლის ქვეშაკნავებული მტრის ვაი-ვიში.დღითიდღე სახელს იხვეჭს დავითი,შიშის ზარსა სცემს თურქთა ურდოებს,მცირე ლაშქრით მრავალს ამარცხებს,მახვილით უპობს მომხვდურ მტერს გულებს.შემდეგ ყივჩაღნიც ჩამოისახლა,მის მუდმივ ლაშქრად მტერთან ბრძოლაში,გააძლიერა ქვეყნის ლაშქარი,ის არის საქართველოს ნუგეში.ხარკზე ხომ სიტყვაც კი ზედმეტია,გაფიქრებაც კი არ ღირს ამაზე,ქვეყანამ იწყო ფეხზე დადგომა,გაძლიერება დიდ მეფის გზაზე.ზღაპრებში ნათქვამ მზეჭაბუკს ჰგავდაეს საოცნებო მეფე-ბატონი,თითქოს განგებამ გამოგვიგზავნაამ დუხჭირ დროში მოგვცა პატრონი.შუძლებელი შეძლო ხელმწიფემ,ორთავა ურჩხულს მოჰკვეთა თავი,პირველი თავი შინამტერია,მეორე თავი კი - გარე არი.მაგრამ ორივე მოსპო დავითმადა მოაწონა მსოფლიოს თავი,გვირგვინი მყარად მოირგო თავზე,მტკიცედ გაშალა მეფური მკლავი.მაგრამ არ მინდა არ გავიხსენო, დიდგორის ბრძოლა - მართლაც ზღაპარი,ოთხასი ათას თურქს დააჩოქებსმეფის სამოცი ათასი ჯარი.* * *მაშ ასე, ვიწყებ, ყური დამიგდე:თურქეთის მხრიდან მოჰქრის ლაშქარი,მათი სიმძიმით მიწა ირყევა,შიში ცახცახებს ირგვლივ მთა-ბარი.ოთხასი ათასი მეომარიმოათქარუნებს ქართლისკენ ცხენებს,ერთხელ და სამუდამოდ წახდენაგადაუწყვეტიათ თურქთა ურდოებს.ქართველთ მსტოვარი სასახლის კარზედაუზოგავად მიაგდებს შავ ცხენს,ავი ამბავი მოაქვს მეფისთვის,ოფლად დაღვრილი კიბეს აირბენს.იმ ერთს მეორე მოჰყვა ფეხებში,ისიც რბენისგან ნაგვემი გზაში,რომ მეფეს მტრის გამოჩენა ამცნოს,შემდეგ კი თუნდაც დაბრმავდეს თვალში.* * *მეფემ იმწამსვე იხმო ლაშქარი,განაწყო ბრძოლად, მიმართა სიტყვით:  მეფე:- „ან სიკვდილი და ან გამარჯვება!მტერს შევეგებოთ ბასრი მახვილით!დღეს გადაწყდება ბედი ქვეყნისა,გახსოვდეთ, ძმებო, ვინა ვართ რჯულით!თუ თავგანწირვით მტერს ვეკვეთებით,თვითონ ეშმაკსაც ვაბღავლებთ გულით.მაშ, აღვავლინოთ ლოცვა ღმერთისა,ვილოცოთ ღვთისთვის და სამშობლოსთვის!ქრისტეს შეწევნით მტერს შევუტიოთ,სამშობლო ვიხსნათ უფალ ქრისტესთვის!შერცხვენილ იყოს, ვინაც მტერს ზურგი,თუ შეაქციოს უკუსაქცევად!არამი  იყოს მისთვის დედის რძე,ხმალს თუ არ დასცემს მტერს წასაქცევად!"მთხრობელი(მამა):ამის მომსმენმა ლაშქარმა მყისვეომახიანად შესძახა მეფეს:ჯარი:- „დიდება მეფეს, ჩვენდა ნუგეშად!ჩვენს დიდ ხელმწიფეს, მეფეთა მეფეს!"თავი VIIმეფეთა მეფე დავით აღმაშენებელიათას ას ოცდაერთი წლისზაფხულია, აგვისტოს თვე,თურქ-სელჩუკნი მანგლისს, დიდგორს,შემორტყმიან, როგორც სალტე.სწორედ აქედან სურს სულთანსშეაღწიოს შიდა ქართლში,„ცხვირიდან ძმარი ადინოს„ურჩ” ქართველებს მკაცრ ბრძოლაში.მაგრამ მეფე, გმირი--დავით,რის ბრძენია, რის სარდალი,თუ მტერი ვერ მოატყუადა თუ მისცა გასაქანი.დავით მეფე მის ლაშქარშიამოარჩევს ორას ვაჟკაცს,მტრის ბანაკში შეაგზავნის,ვით „გაქცეულთ”, „ქვეყნის ლაჩარს”,ლაშქარი კი ორად გაყო,ხეობაში ღრმად ჩამალა,ნაწილს თვითონ უწინამძღვრა,ნაწილს დემეტრე უსარდლა.„ორასნი” კი ვით „ჯაბანნი”,„მიეკედლნენ” მტრების ბანაკს.მტრის ჯარს გულში შეაღწიეს,სიამაყით გეტყვით არაკს;ორასივემ ბასრი ხმალი მტრის ორას კაცს ჩასცა გულში,მომხვდურს თავგზა აუბნიესთავგანწირვით სიყვარულში.აირია მტრის ბანაკი,ვეღარ ცნობენ ერთურთს თითქმის,ვიწრო ხეობას მიაწყდნენუთავბოლოდ, ასე თითქმის,იქ კი ქართველთა ლაშქარი,მათი მეფის, დავით დიდის,თაოსნობით თავს დაესხნენ,მტერი ამოჟუჟეს თითქმის.გაიმარჯვეს ქართველებმა,მეფე თავს ისწორებს გვირგვინს,ნაღდი მეფის ნაღდი კვერთხითსამშობლოს მტრებს მიჰგვრის ქვითინს.თვით დაჭრილმა თურქ სარდალმაძლივს გაასწრო მოსულ სიკვდილს,თუმცა ეს ჭრილობა იქცასიკვდილის მიზეზად მისთვის.* * *მეფის ძალით საქართველომ მოიშორა ყველა მტერი,მეფის გარჯით და ღვთის რწმენით,ფეხზე დადგა ჩვენი ერი.თექვსმეტი წლის ნორჩი მეფეიქცა მეფედ უძლევალთა,რაც მეფეა, ის ერია,სახელმწიფო მძლეთამძლეთა.სადაც ფეხს დგამს გმირი მეფე,იქ ია და ვარდი ჰყვავის,საქართველო ბაღად იქცა,თვითონ დაემსგავსა ყვავილს.ხალხი წელში გამართულიხოტბას ასხამს მეფეს ლხენით:- „შენ მეფე ხარ, მეფეთ მეფე!დავით აღმაშენებელი!”თავი VIII  ლოცვამამა:რატომ დაფიქრდი, ჩემო თორნიკევ,შუბლი ფიქრებმა რად გაგისერა?იქნებ მოგწყინდა ამ ამბის თხრობადა სურვილი გაქვს, რომ დაგესვენა?თორნიკე:პირიქით, მამავ, მეამა ძლიერაღმაშენებლის ამბის გაგება,მაგრამ?! დაფიქრდი, იქნება დღესაცკვლავ დაგვეხმაროს უფლის განგება?!დავით მეფის დროს ვით დავიბრუნეთქართლს განკვეთილი კახეთ-ჰერეთი,იქნება დღესაც ღმერთმა მოგვხედოს და დავიბრუნოთ ჩვენ აფხაზეთი.მამა:მათ დავიბრუნებთ, თუკი მუდამდღეგვემახსოვრება განკვეთილთა მზე,თუკი ვიბრძოლებთ მათ აღსადგენად,ვფიცავ მაღალ დღეს, დადგება ის დღე!გახსოვს, ჭყონდიდელს რა უთხრა მეფემ?მე მის სიტყვის წინ კრძალვით დავხრი თავს,- „ორი ერთგული თუ ჰყავს სამშობლოს,მას ვერ დასცემენ! ვერვინ გაწყვიტავს!თორნიკე:განა ერთგული ცოტაა ქვეყნად?განა სამშობლოს არ ჰყავს ერთგული?ნუთუ ქვეყანა ისე დაეცა,გული გაუხდა ყველას ორგული?მამა:ერთგული განა ის არის, შვილო,რომ ტრაბახით თქვას: „მე უფრო მიყვარს?!”ორი ერთგული ნიშნავს: ორ ერთ კაცს!ვისაც ქვეყანა ლხენისკენ მიჰყავს!ახლა კი დროა ადგე, ჩაიცვა,დედამ საუზმე უკვე გაგიწყო,უფალს მოუხმე, გულით ილოცე!და ეგ სიზმარიც არ დაივიწყო!წამოხტა ბიჭი, მყისვე ჩაიცვა,სახეზე წყალი შეისხა პეშვით,თანაც ფიქრებში ფრთები შესხმია,გულში ამაყობს ქართველთა მეფით.ლოცვაში ჩადგა, მოუხმო უფალს,ეტყვის:(თორნიკე:)„უფალო, იესო ქრისტევ!შენი მონა ვარ შენს წინ მოსული,გავედრებ ჩემს სამშობლოს და იხსენ!შენს ხელში არის მთელი სამყარო.შენ გაქვს მეფობა დასცე ბნელეთი,გთხოვ, მოგვცე ძალა, რომ დავიბრუნოთჩვენ სამაჩაბლო და აფხაზეთი.უფალო გვიხსენ! გთხოვ, შეგვიბრალე,გამოაჩინე ჩვენში ერთგულნი,წრფელი ცრემლებით შეგთხოვ ვედრებას,გვიხსენ მტრის ყბიდან, ცოდვად ბედკრულნი.შენ ბატონი ხარ და განმგებელი,მეფეთა-მეფე ყოველი მეფის!მამა ღმერთი ხარ მქმნელი ქვეყნისა!სულიწმიდაც და ძეც თვითონ ღმერთის!და ამ დიდებულ „სამებას” შეგთხოვ,ისმინო ჩემი ლოცვა, ვედრება,უფალო ჩემო, იესო ქრისტევ,გთხოვ, რომ გაიღო შენ მოწყალება!”ასეთი ლოცვით თხოვდა უფალ ღმერთს,რომ შემოესმა ჩუმი ჩურჩული,მიხედა... ნახა, მისი მამიკოცუფლის წინაშე დგას მუხლმოყრილი.ორი ერთგული ღმერთთან წარმდგარი,დგას ერთი თხოვნით, ვითარცა ერთი;და წრფელი ცრემლით სთხოვს დაგვიბრუნდესჩვენ სამაჩაბლო და აფხაზეთი. …
დაამატა პაატა ტეტუნაშვილი to პოეზია at 9:16am on დეკემბერი 21, 2013
თემა: გაიუს სვეტონიუს ტრანკვილუსი - ღვთაებრივი კლავდიუსი
ვა ცოლად და სამ თვეში გააჩინა კიდეც კლავდიუსი, - ამიტომ გაჩნდა ეჭვი, რომ ეს ბავშვი ჩაისახა ლივიასა და მის მამინაცვალს შორის არსებული, გაუმართლებელი კავშირით. ყოველ შემთხვევაში, ამაზე მაშინვე გაჩნდა ლექსი: სამ თვეში აჩენს, ვისაც უმართლებს. ეს დრუზუსი კვესტორისა და პრეტორის თანამდებობით მხედართმთავარი იყო რეტიას და მერე გერმანიის ომებში; რომაელი სარდლებიდან პირველმა განახორციელა ცურვა ჩრდილოეთის ოკეანეში, და რაინს იქით ახალი არხები გაჭრა ხომალდებისთვის - უშველებელი ნაგებობა, აქამდე რომ მის სახელს ატარებს. მტერი მრავალ ბრძოლაში დაამარცხა, შორეულ და მიყრუებულ ალაგებამდე სდია და მხოლოდ მაშინ შეწყვიტა დევნა, როცა ბარბაროსი ქალის აჩრდილი გამოეცხადა, ჩვეულებრივ ადამიანზე ცოტა მაღალი იყო და კარგად გამართული ლათინურით აუკრძალა თავისი გამარჯვების ასე შორს წამოღება. თავისი გმირობებისთვის მიენიჭა ოვაცია და ტრიუმფალური რეგალიები. ხოლო პრეტურის შემდეგ მაშინვე მიიღო კონსულობა და ომიც განაახლა; მაგრამ აქ გარდაიცვლა ავადმყოფობით ზაფხულის ბანაკში, რომელსაც მას შემდეგ „წყეული“ ეწოდება. მისი გვამი რომში მოჰქონდათ მუნიციპიების და კოლონიების უცნობილეს მოქალაქეებს, მერე იმათგან გვამი მიიღეს შესახვედრად გამოსულმა მწერლებმა და დაკრძალეს მარსის მინდორზე. ჯარმა მის საპატივცემოდ ყორღანი დადგა, რომლის გარშემო ყოველ წელიწადს ჯარიკაცები აწყობდნენ დასაკრძალავ რბენებს, და რომლის წინაშეც გალების თემები აწყობდნენ სახალხო ლოცვებს; ხოლო სენატმა, სხვა მრავალ პატივთან ერთად, დაადგინა, რომ აპიანეს გზაზე აღმართულიყო მარმარილოს თაღი ტროფეებით და, თავადაც და მის შთამომავლებსაც მინიჭებოდათ სახელი „გერმანიკუსი“. ამბობენ, რომ თანაბრად უყვარდა სამხედრო დიდებაც და სამოქალაქო თავისუფლებაც; მტერზე არაერთი გამარჯვებისას სახელოვან ალაფს მოიპოვებდა უდიდეს საფრთხეში თავის ჩაგდებით გერმანელი ბელადების დევნისას ბრძოლის ველის გადაღმა, მიყრუებულ ადგილებში, და ყოველთვის ღიად ლაპარაკობდა თავის ჩანაფიქრზე, აღედგინა წინანდელი სახელმწიფო წყობა. ამიტომ იყო, როგორც მე მგონია, და ზოგიერთიც ამას ადასტურებს, თითქოს ავგუსტუსმა ეჭვი მიიტანა და პროვინციიდან უკან დაბრუნება უბრძანა და რაკი ამას აყოვნებდა, მოწამლა. მაგრამ ამ ჭორს მე ვახსენებ მხოლოდ იმიტომ, რომ რამე არ გამომრჩეს და არა იმიტომ, რომ ჭეშმარიტად და მართებულად ვთვლი; ავგუსტუსს სიცოცხლეში ისე უყვარდა დრუზუსი, რომ ყოველთვის ნიშნავდა შვილების თანამემკვიდრედ, რაზედაც ერთხელ სენატშიც განაცხადა, ხოლო სიკვდილის შემდეგ ხალხის წინაშე ღმერთებს ევედრებოდა, რომ ახალგაზრდა კეისრები სულ მისი მსგავსები ყოფილიყვნენ, და თავადაც ისე ღირსეულად მომკვდარიყო, როგორც დრუზუსი. და არც ამ ქებით დაკმაყოფილდა, მისი საფლავი თავისი თხზულებიდან ამორჩეული სტრიქონებით შეამკო, ხოლო მის ცხოვრებაზე პროზად დაწერა მოგონებები. ანტონია უმცროსისგან ბევრი შვილი ჰყავდა, მაგრამ მხოლოდ სამმა იცოცხლა იმაზე მეტხანს: გერმანიკუსმა, ლივილამ და კლავდიუსმა. კლავდიუსი დაიბადა იულუს ანტონიუსის და ფაბიუს აფრიკანუსის კონსულობისას, აგვისტოს კალენდებში, ლუგდუნუმში, სწორედ იმ დღეს, როცა იქ ავგუსტუსის სამხსვერპლო აკურთხეს. დაარქვეს ტიბერიუს კლავდიუს დრუზუსი; მოგვიანებით, როცა მისი უფროსი ძმა იულიუსების ოჯახმა იშვილა, მიიღო მეტსახელი „გერმანიკუსი“. ყრმობისას მამა დაკარგა. პატარაობაში და ახალგაზრდობაში გრძელი და გაწელილი ავადმყოფობებით იტანჯებოდა, რომლებისგანაც ისე დასუსტდა გონებით და სხეულით, რომ სრულწლოვანობისას ვერც საზოგადოებრივი და ვერც კერძო საქმეების გამკეთებლად ჩაითვლებოდა. იმის შემდეგაც კი, რაც მეურვეობიდან გამოვიდა, კიდევ დიდხანს რჩებოდა სხვის ძალაუფლებაში და ბიძამისის ზედამხედველობაში. და მერე ჩიოდა ერთ წიგნში, რომ ბიძის სახით საგანგებოდ მიუჩინეს ბარბაროსი, ყოფილი მეჯინიბე, რათა სასტიკად დაესაჯა ხოლმე ნებისმიერი მიზეზით. ჯანმრთელობის მიზეზითვე გლადიატორების თამაშებზე, რომელსაც ძმასთან ერთად მართავდა მამის სახსოვრად, გამრიგის ადგილას ქუდით იჯდა, რაც არასოდეს მომხდარა; ხოლო სრულწლოვანების დღეს კაპიტოლიუმზე ტახტრევანით აიყვანეს, შუაღამისას, და თანაც ყოველგვარი ზარ-ზეიმის გარეშე. მართალია, რომ კეთილშობილ ხელოვნებებში ახალგაზრდობიდან ამჟღავნებდა დიდ გულმოდგინებას და არაერთხელ გამოუცია თავისი ცდები ამა თუ იმ დარგში, მაგრამ ამით ვერც პატივიცემა მოიპოვა და ვერ იმედი თავის უკეთეს მომავალზე. დედამისი ანტონია ამბობდა, რომ მახინჯია ადამიანებს შორის, ბუნებამ დაიწყო და აღარ დააბოლოვა, და ვინმეს გონებაჩლუნგობის გამოხატვა რომ უნდოდა, ამბობდა: „ჩემს კლავდიუსზე უფრო ყეყეჩია“. ბებიამისი ავგუსტა უღრმესი სიძულვილით ექცეოდა, იშვიათად ელაპარაკებოდა, შენიშვნებსაც წერილობით აძლევდა, მოკლედ და მკვეთრად, ანდა მონის პირით. მისმა დამ, ლივილამ რომ გაიგო, კლავდიუსი კეისარი უნდა გამხდარიყო, ხმამაღლა და ყველას გასაგონად წყევლიდა რომაელი ხალხის ამ ბედკრულ და საშინელ ხვედრს. ხოლო რა კარგსა თუ ცუდს პოულობდა მის ხასიათში ავგუსტუსი, მისი შვილად ამყვანი ძია, ამაზე სიცხადისათვის ნაწყვეტებს დავიმოწმებ იმისი წერილებიდან. „შენი თხოვნით, ძვირფასო ლივია, მე ველაპარაკე ტიბერიუსს იმის თაობაზე, რა ვუყოთ შენს შვილიშვილ ტიბერიუსს მარსის თამაშებზე. და ორივე შევთანხმდით, რომ საჭიროა, ერთხელ და სამუდამოდ დავადგინოთ, როგორი დამოკიდებულება გვქონდეს მის მიმართ. თუ ის, ასე ვთქვათ, სრულფასოვანი ადამიანია და ყველაფერი თავის ადგილზე აქვს, რატომ ნაბიჯ-ნაბიჯ არ უნდა გამოიაროს იგივე გზა, რაც მისმა ძმამ? თუკი ჩვენ ვგრძნობთ, რომ დაშავებულია სხეულითაც და სულითაც, მაშინ არც იმაზე და არც ჩვენზე დაცინვის საბაბი არ უნდა მივცეთ იმ ადამიანებს, ვინც მიჩვეულები არიან ამგვარ საგნებზე ქირქილსა და დამუნათებას. ჩვენ მოგვიწევს მუდმივი თავის მტვრევა, თუკი ვიფიქრებთ მის თითოეულ ნაბიჯზე ცალ-ცალკე და წინდაწინვე არ გადავწყვეტთ, დავუშვათ თანამდებობებზე თუ არა. მოცემულ შემთხვევაში, - შენს შეკითხვას ვპასუხობ, - მე წინააღმდეგი არა ვარ, რომ მარსის თამაშებზე ქურუმების გამასპინძლება მოაწყოს, ოღონდ, თუკი დაგვეთანხმება, ყური დაუგდოს სილვანუსის შვილს, თავის ნათესავს, რათა არაფრით მიიქციოს ყურადღება და დაცინვები არ გამოიწვიოს. მაგრამ რად უნდა დოღების ცქერა წმინდა ლოჟიდან - ყველაზე წინ რომ იჯდება, ყველას ყურადღებას მიიქცევს. არც ალბანეთის გორაკზე წასვლა არგია, და, საერთოდ, არც რომში დარჩენა ლათინურ თამაშებზე, - თუკი ძმის გაყოლა შეუძლია გორაკზე, მაშინ რომის პრეფექტიც რატომ არ უნდა იყოს? აი, ჩემი აზრი, ძვირფასო ლივია. ჩვენ ამაზე ერთხელ და სამუდამოდ უნდა მივიღოთ გადაწყვეტილება, რათა გამუდმებით არ ვკანკალებდეთ იმედსა და შიშს შუა. თუ გსურს, წერილის ეს ნაწილი, შეგიძლია, ჩვენს ანტონიას წაუკითხო“. და სხვა წერილში:  „ახალგაზრდა ტიბერიუსს, ვიდრე შენ არ იქნები, ყოველ დღე დავუძახებ სადილად, რათა მარტომ არ ისადილოს იმ თავის სულპიციუსთან და ათენოდორუსთან. რა თქმა უნდა, ვისურვებდი, უფრო მეტი სიფხიზლით და გაცილებით ნაკლები სიმსუბუქით ამოერჩია ვინმე, ვისაც მოძრაობებში, დამოკიდებულებეში და სიარულში მიბაძავდა. არ უმართლებს ამ საწყალს; სადამდეც ჭკუა გაუწვდება, მისი ხასიათის კეთილშობილება საკმაოდ ცხადია...“და მესამე წერილში:  „ეშმაკმაც წამიღოს, ძვირფასო ლივია, თუ გაკვირვებული არ ვიყო, რომ შენი შვილიშვილის, ტიბერიუსის დეკლამაცია მომეწონა. ვერაფრით გამიგია, წაკითხვისას როგორ შეძლო, რომ ყველაფერი ეთქვა, რაც საჭირო იყო და ასე აზრიანად, როცა, ჩვეულებრივ, უაზროდ ლაპარაკობს ხოლმე“.  ამ ყველაფრის მერე ავგუსტუსის გადაწყვეტილებაში დაეჭვება აღარ მოგვიწევს. სწორედ მან ჩამოაშორა ყველა თანამდებობას, ავგურობის გარდა; და მემკვიდრედაც მხოლოდ მესამე რიგი დაუთმო, სულ გარეშე ხალხში, და მხოლოდ მეექვსედი ნაწილი; ხოლო ქონება, რომელიც დაუტოვა, რვაასი ათას სესტერცზე მეტი არ იყო. ხოლო ტიბერიუსმა, ბიძამისმა, თანამდებობაზე მისი თხოვნის პასუხად, მხოლოდ კონსულის ღისების ნიშნები მისცა; და როცა გაჯიუტდა, ნამდვილ თანამდებობას მოითხოვდა, ტიბერიუსმა მოკლედ მისწერა, რომ სატურნალიებისთვის და სიგილარიებისთვის უკვე გაუგზავნა ორმოცი ოქრო. მხოლოდ მაშინღა დაეხსნა დაწინაურებაზე ყოველგვარ იმედს და ყველა საქმეს თავი დაანება, ხან ქალაქგარეთა სახლის ბაღებში იმალებოდა, ხანაც კამპანიის ვილაში; და ასე ცხოვრობდა ყველაზე მდაბიო ხალხის საზოგადოებაში და თავისი ყეყეჩობის სირცხვილს მოთამაშის და ლოთის სახელით უფრო აღრმავებდა თუმცა, ამის მიუხედავად, არც ადამიანები ეუბნეოდნენ უარს ყურადღების ნიშნებზე და არც სახელმწიფო - პატივისცემაზე. მხედართა ფენამ ორჯერ აირჩია კონსულებთან ელჩობის მეთაურად. ერთხელ, როცა ითხოვდნენ, ავგუსტუსის ცხედარი თავიანთი მხრებით წაეღოთ რომში; და მეორედ, - სეიანუსის დამხობის მილოცვა რომ მიჰქონდათ; ხოლო როცა თეატრში შედიოდა, მხედრები ფეხზე დგებოდნენ და ქუდებს უხდიდნენ. ხოლო სენატმა, თავის მხრივ, უანგარიშოდ მიათვალა კენჭისყრით არჩეულ ავგუსტუსის ქურუმებს, მერე კი დაადგინა, სახელმწიფოს ხარჯზე აღედგინათ ხანძრისას დამწვარი მისი სახლი; და მისცეს უფლება, კონსულარების რიცხვში მიეცა ხმა. სხვათა შორის, ტიბერიუსმა შეცვალა ბოლო დადგენილება, კლავდიუსის სისუსტის მომიზეზებით და დაპირდა, ზარალი აენაზღაურებინა საკუთარი ანგარიშიდან. და მაინც, როცა ტიბერიუსი მოკვდა, მესამე რიგის მემკვიდრედ დანიშნა და მესამედი ნაწილისა, თუმცა მემკვიდრეობად მისცა დაახლოებით ორი მილიონი სესტერცი და, ამას გარდა, თავისი ნათესავების ჩამოთვლისას, რეკომენდაცია გაუწია ჯარებთანაც, სენატთანაც და რომაელ ხალხთანაც. მხოლოდ გაიუსის, მისი ნათესავის მმართველობისას, როცა ის ხელისუფლებაში მოსვლისას ყველანაირად ცდილობდა კარგი სახელი მოეპოვებინა, დაუშვეს მაღალ თანამდებობებზე და ორი თვე ინაწილებდა მასთან ერთად კონსულობას; და ისე მოხდა, რომ როცა პირველად გამოვიდა ფორუმზე კონსულის ფასკებით, მარჯვენა მხარზე მახლობლად მოტრიალე არწივი დააჯდა. მეორე კონსულობაც დაუნიშნეს, კენჭისყრით, სამი წლის შემდეგ. რამდენჯერმე შეცვალა გაიუსი, სანახაობებს განაგებდა და ხალხი ესალმებოდა შეძახილით: „გაუმარჯოს იმპერატორის ძიას!“ და „გაუმარჯოს გერმანიკუსის ძმას!“ მაგრამ ესეც ვერ იცავდა შეურაცხყოფისგან. თუკი დანიშნულ საათზე ვერ მივიდოდა სადილზე, ადგილს მაშინვე ვერ პოულობდა, სანამ მთელ პალატას არ მოივლიდა. ხოლო როცა უკვე ნაჭამი, თვლემას დაიწყებდა, - ეს კი ხშირად მოსდიოდა, - მაშინ ვიღაც ტაკიმასხარები ფინიკის და ზეთისხილის კურკებს ესროდნენ; სხვა დროს, ვითომდა ხუმრობით, შოლტებით ანდა წკეპლებით აღვიძებდნენ; სანამ ხვრინავდა, ხელებზე სანდლებს აცმევდნენ, რომ უცაბედად გაღვიძებულს, იმ სანდლებით გაეწმინდა სახე - ამის გაკეთებაც უყვარდათ. ვერც ნამდვილ საფრთხეებს აუარა გვერდი. უპირველეს ყოვლისა, თავისი კონსულობისას კინაღამ დაკარგა თანამდებობა იმის გამო, რომ საკმაოდ სწრაფად ვერ ბრძანა, მოემზადებინათ და დაედგათ კეისრის ძმების, ნერონის და დრუზუსის ქანდაკებები. მერე მოსვენებას არ აძლევდნენ სხვადასხვა დასმენები, თან მარტო უცხოებისგან კი არა, საკუთარი მონებისგანაც. ხოლო როცა გერმანიკუსის შეთქმულების გახსნის მერე, სხვა გაგზავნილებთან ერთად გერმანიაში წავიდა, რათა იმპერატორისთვის მიელოცა, კინაღამ მოკვდა, - გაიუსი ისე ძალიან გაბრაზდა და გამძვინვარდა, სულ ცოფებს ჰყრიდა, რაკი საგანგებოდ გაუგზავნეს თავისი ბიძა, თითქოს პატარა ბიჭის სამეურვეოდ; და ზოგიერთი იმასაც აცხადებს, რომ თავისი სამგზავრო ტანსაცმლიანად კლავდიუსი მდინარეში გადააგდესო. და მას შემდეგ სენატში ყოველთვის ბოლოს აძლევდა ხმას კონსულარებიდან, რადგან დამცირების ნიშნად ყველაზე ბოლოს ეკითხებოდნენ. ერთი ისეთი ანდერძიც მიიღეს გაყალბებაზე საჩივრით, რომელზეც მისი ხელმოწერაც იყო. ბოლოს, იძულებული გახადეს, რვა მილიონი სესტერცი გადაეხადა ქურუმის ახალ თანამდებობაში, და ამან ისეთ მდგომარეობაში ჩააგდო, რომ სახელმწიფო ხაზინას ვალს ვეღარ უბრუნებდა და პრეფექტების ბრძანებულებით, მისი ქონება შეთავაზებული იყო გასაყიდად, ულაპარაკოდ, თანახმად გადასახადებზე კანონისა. ასეთ და მსგავს გარემოებებში გაატარა ცხოვრების დიდი ნაწილი და უცებ, ჭეშმარიტად, გასაკვირი შემთხვევის წყალობით იმპერატორის ხელისუფლებას მიაღწია. როცა გაიუსზე თავდასასხმელად ემზადებოდნენ, შეთქმულებმა მას ბრბო მოსწყვიტეს, თითქოს იმპერატორს მარტო დარჩენა უნდოდა და კლავდიუსიც სხვებთან ერთად შევიდა ოთახში, რომელსაც ჰერმესისა ერქვა; იქიდან, როგორც კი მკვლელობაზე შემოესმა, დაზაფრული გამოვარდა მეზობელ მზის გალერეაში და კართან ჩამოკიდებული ფარდების მიღმა დაიმალა. რომელიღაც ჯარისკაცმა, ახლოს რომ ჩაურბინა, მისი ფეხები დაინახა, მობრუნდა შესამოწმებლად, ვინ იმალებოდა ფარდის მიღმა, გამოათრია და იცნო კიდეც, და როცა გულგახეთქილი კლავდიუსი ფეხებში ჩაუვარდა, ჯარისკაცი მიესალმა როგორც იმპერატორს და თავის ამხანაგებთან მიიყვანა, რომლებმაც აღარ იცოდნენ, როგორ მოქცეულიყვნენ და უმიზნოდ შფოთავდნენ. ჯარისკაცებმა ტახტრევანზე დასვეს კლავდიუსი და რაკი მეტახტრევნეები გაიქცნენ, თავად, ერთიმეორის ჩანაცვლებით მიიყვანეს შიშისაგან აკნკალებული თავიანთ ბანაკში, ხოლო გზად შემხვედრი ბრბო იბრალებდა, თითქოს ეს უდანაშაულოდ მიჰყავდათ დასასჯელად.  ღამე ბანაკის მიწაყრილს გადაღმა გაატარა, დაცვით გარშემორტყმულმა, თავის სიცოცხლეზე დამშვიდებულმა, მაგრამ მომავლით შეწუხებულმა. კონსულებმა, სენატმა და ქალაქის კოჰორტებმა ფორუმი და კაპიტოლიუმი დაიკავეს მტკიცე გადაწყვეტილებით, გამოეცხადებინათ საყოველთაო თავისუფლება. ისიც მიიპატიჟეს სახალხო ტრიბუნების პირით კურიაში, რათა საბჭოში მიეღო მონაწილეობა, მაგრამ უპასუხა, რომ აკავებს ძალა და იძულება. თუმცა მეორე დღეს, როცა უკვე უთანხმოებით გადაღლილი სენატი თავისი ჩანაფიქრის განხორციელებას აყოვნებდა, გარშემო კი ბრბო შეკრებილიყო და ერთ ხელისუფალს მოითხოვდა და უკვე გაიძახოდა მის სახელსაც, - მაშინ შეიარაღებულ შეკრებაზე მეომრებისგან მიიღო ფიცი და თითოეულს თხუთმეტი ათას სესტერცს დაჰპირდა - პირველი კეისრებს შორის, ვინც ჯარის ერთგულება ფულით იყიდა. ძალაუფლებაში რომ განმტკიცდა, სხვა ყველაფერზე უწინ იზრუნა მეხსიერებიდან ამოეშალა ის ორი დღე, როცა სახელმწიფო მოწყობის სიმტკიცეში ეჭვი ეპარებოდათ. ამიტომ, დაადგინა, რომ ის ყველაფერი, რაც ითქვა და გაკეთდა ამ დროში, ნაპატიები და დავიწყებული ყოფილიყო; და ეს დადგენილება შეასრულა, სიკვდილით დაისაჯა რამდენიმე ტრიბუნი და ცენტურიონი გაიუსის წინააღმდეგ შეთქმულებიდან - როგორც მაგალითისათვის, ასევე იმიტომაც, რომ ისინი, როგორც გაირკვა, მის მოკვლასაც ითხოვდნენ. შემდეგ პატივისცემის ვალი დაუბრუნა ნათესავებს. ავგუსტუსის სახელი შეიქმნა მისთვის ყველაზე წმინდა და ყველაზე საყვარელი დასაფიცარი. თავის ბებია ლივიას ღვთიური პატივი არგუნა და ეტლი საცირკო პროცესიაში, რომელშიც შებმული იყო ოთხი სპილო, როგორც ავგუსტისათვის. მშობლებს დაუნიშნა საყოველთაო მოსახსენიებელი მსხვერპლი და დამატებით დედისათვის - ეტლი ცირკში და სახელი ავგუსტასი, სიცოცხლისას მისგან უარყოფილი. ძმის ხსოვნას პატივს მიაგებდა ყოველ ხელსაყრელ შემთხვევაში, ხოლო ნეაპოლის შეჯიბრებებზე მის პატივსაცემად ბერძნული კომედია დადგა და სასამართლოს გადაწყვეტილებით, თავადვე დააჯილდოვა ძმის მაგივრად გვირგვინით. მარკუს ანტონიუსსაც არ აუარა გვერდი პატივისცემის და აღიარების გარეშე; ერთხელ, ედიქტში მოიხსენია, რომ მამამის დრუზუსის დაბადების დღე კიდევ იმიტომაც უნდა აღნიშნოს ზეიმით, რომ ეს დღე პაპამის ანტონიუსის დაბადების დღეც არის. ტიბერიუსს მიუძღვნა მარმარილოს არკა პომპეუსის თეატრის მახლობლად, რომლის აგებაც ერთხელ დაადგინა სენატმა, მაგრამ არ ააშენა. და თუმცა გაიუსის ყველა დადგენილება გააუქმა, მაინც აკრძალა ზეიმად გამოეცხადებინათ კალიგულას სიკვდილის და თავისი ხელისუფლებაში მოსვლის დღე. თავად ამ ზეასვლაში მოკრძალებულად ეჭირა თავი, უბრალო მოქალაქესავით. იმპერატორის სახელი უარყო, უზომო პატივისცემაზე უარი თქვა, ქალიშვილის ნიშნობა და შვილიშვილის დაბადება წესებით იზეიმა, უხმაუროდ, ოჯახურ წრეში. არც ერთი გადასახლებული არ დაუბრუნებია სენატის თანხმობის გარეშე. იმის შესახებ, რომ მისთვის სასარგებლო იყო, კურიაში შეეყვანა პრეტორიელების პრეფექტები ანდა ჯარის ტრიბუნები, და რომ დამტკიცებულიყო მისი პროკურატორების სასამართლო გადაწყვეტილება, - მოწყალებასავით ითხოვდა. საკუთარ სამფლობელოში ბაზრის გასახსნელად ნებართვას კონსულებს სთხოვდა. თანამდებობის პირების გვერდით სასამართლოებზე უბრალო მრჩევლად იჯდა; იმათ მოწყობილ სანახაობებზე მთელ ბრბოსთან ერთად დგებოდა და ტაშის დაკვრით და შეძახილით ესალმებოდა. როცა ერთხელ სახალხო ტრიბუნები მივიდნენ მასთან, ბოდიში მოუხადა, სივიწროვის გამო რომ ვერ დასხამდა და ისე ვერ მოუსმენდა. ამ ყველაფრით მოკლე დროში მოიპოვა ხალხის დიდი სიყვარული და ერთგულება. როცა ოსტიაში მისი მოგზაურობის დროს გავრცელდა ცნობა, რომ თითქოს ჩასაფრებაში მოხვდა და მოკლეს, ხალხი შეძრწუნებული იყო და საშინლად სწყევლიდა მეომრებსაც, თითქოს როგორც მოღალატეებს, და სენატორებსაც, თითქოს როგორც მამისკვლელებს; ვიდრე, ბოლოს, მაგისტრატებმა ტრიბუნაზე არ გამოიყვანეს ჯერ ერთი მაცნე, მერე - მეორე, შემდეგ - ბევრიც, რომლებმაც დაადასტურეს, რომ კლავდიუსი ცოცხალია, არაფერი მოსვლია და უკვე უახლოვდება რომს. ამის მიუხედავად, თავდასხმების სრულად არიდება მაინც ვერ შეძლო. ემუქრებოდნენ ცალკეული ბოროტმოქმედებიც, შეთქმულებებიც, სამოქალაქო ომიც. ერთი კაცი პლებეებიდან მის საძინებელთან შუაღამისას დაიჭირეს ხანჯლით ხელში, ორი კიდევ მხედრების ფენიდან - ქუჩაში, ერთს ხანჯალი ჰქონდა ჯოხში, მეორეს - სანადირო დანა; პირველი თეატრის გამოსასვლელთან ელოდა, მეორეს მსხვერპლისშეწირვის დროს უნდოდა თავდასხმა მარისის ტაძრის წინ. ორატორების - პოლიონისა და მესალას შვილიშვილებმა, აზინიუს გალუსმა და სტატილიუს კორვინუსმა იმპერატორის გააზატებულთა და მონების მეტიწილი მონაწილეობით დაგეგმეს შეთქმულება სახელმწიფო გადატრიალების მიზნით. სამოქალაქო ომს იწყებდა ფურიუს კამილუს სკრიბონიანუსი, დალმატიის ლეგატი, მაგრამ ოთხი დღის შემდეგ ლეგიონერებმა მოკლეს, რომლებიც რაღაც სასწაულმა აიძულა, მოენანიებინათ ფიცის დარღვევა - ან შემთხვევით, ანდა ღვთაებრივი ნებით, როცა ნაბრძანები იყო, გამოსულიყვნენ ახალი იმპერატორის დასახმარებლად, ვერაფრით შეძლეს ვერც თავიანთი არწივების დაგვირგვინება, ვერც მიწიდან ამოძრობა და ვერც თავიანთი ნიშნების ადგილიდან დაძვრა. თუ წინებს არ ჩავთვლით, კონსულად ოთხჯერ იყო, ჯერ ორი წელი ზედიზედ და მერე ყოველ ოთხ წელიწადში; ბოლოს - ნახევარი წლის განმავლობაში, დანარჩენში - ორ-ორი თვით, თანაც მესამედ სცვლიდა ამ თანამდებობაზე გარდაცვლილ წინამორბედს, რაც ადრე არც ერთ მმართველს არ უქნია. სასამართლოს კონსულობისასა და კონსულობის გარეშეც დიდი გულმოდგინებით მართავდა, ოჯახური ზეიმების დღეებშიც კი, ზოგჯერ კი ძველ დღესასწაულებზეც და აკრძალულ დღეებშიც. კანონს ძირისძირობამდე არ მიჰყვებოდა ყოველთვის და ხშირად საქმიდან შთაბეჭდილების მიხედვით აწონასწორებდა იმათ სიმკაცრეს და აჩქარებულობას მოწყალედ და სამართლიანად. თუკი ვინმე სამოქალაქო სასამართლოში წააგებდა საქმეს მეტისმეტი მოთხოვნების გამო, იმათ საშუალებას აძლევდა, ხელახლა შეეტანათ საჩივარი; თუ ვინმე უმძიმეს დანაშაულში იყო გამოაშკარავებული, იმათ, - კანონიერი სასჯელის გადაჭარბებით, - გარეულ მხეცებში ჩააგდებინებდა ხოლმე. როცა თავად არჩევდა და გადაწყვეტილებებს ღებულობდა საქმეებზე, საკვირველი არათანაბრობით ირჯებოდა, - ხან წინდახედულად და გონივრულად მოიქცეოდა, ხან განუსჯელად და ნაჩქარევად, ზოგჯერ კი უგუნურებამდე სულელურად. მოსამართლეების სიებს რომ ამოწმებდა, მოდავეობის მიდრეკილების გამო გაათავისუფლა კაცი, რომელსაც როგორც ოჯახის მამას, შეიძლებოდა, შვებულება მიეღო და ამაზე გაჩუმდა. სხვა მოსამართლეს, რომელიც მის წინაშე იყო ბრალდებული კერძო საქმეზე და ჩიოდა, რომ ეს საქმე საიმპერატორო კი არა, უბრალო სასამართლოს უნდა განეხილა, - უბრძანა იქვე, მის წინაშე დაეცვა თავი, რათა თავისი ქცევით საკუთარ საქმეში ეჩვენებინა, კარგად განსჯიდა თუ არა უცხო საქმეებს.        ერთი ქალი არ აღიარებდა თავის ბიჭს შვილად, მაგრამ ვერც ერთმა შეძლო დამაჯერებელი მტკიცებულებების წარმოდგენა. კლავდიუსმა ქალს შესთავაზა, ცოლად გაჰყოლოდა იმ ახალგაზრდას და ამით გამოტეხა ის ქალი. როცა ერთი მხარე არ მოვიდოდა სასამართლოზე, უყოყმანოდ აცხადებდა იმათ წაგებულად, არ გაარჩევდა, არყოფნის მიზეზი საპატიო იყო თუ არა. ერთხელ ლაპარაკი იყო ანდერძის გადაკეთებაზე, ვიღაცამ იყვირა, რომ ამისათვის ხელები უნდა მოაჭრაო, იმან კიდევ მაშინვე უბრძანა, ჯალათი მოეყვანათ, ნაჯახითა და კუნძით. სხვა დროს ლაპარაკი იყო მოქალაქეობის უფლებაზე და დამცველებმა გააბეს უაზრო კამათი, მოპასუხე მანტიით უნდა გამოსულიყო თუ ტოგით; ხოლო იმან, თითქოს წახალისებულმა თავისი მიუმხრობლობით, მოპასუხეს უბრძანა, ტანსაცმელი გამოეცვალა ხოლმე იმის მიხედვით, ბრალმდებელი ლაპარაკობდა თუ დამცველი. ამბობენ, ერთ საქმეზე გამოაცხადა, და წერილობითაც კი: „მე მხარს ვუჭერ იმათ, ვინც სიმართლეს ლაპარაკობდა“ ამ ყველაფრით ისე წაიხდინა პატივისცემა, რომ დაუფარავი დაცინვით ექცეოდნენ. ვიღაცამ ბოდიში მოუხადა, რომ გამოძახებაზე მოწმე არ ჩამოვიდა პროვინციიდან, დიდხანს ლაპარაკობდა, რომ არაფრით შეეძლო ჩამოსვლა, მაგრამ არ ამბობდა, რატომ არ შეეძლო; და მხოლოდ გრძელი გამოკითხვის შემდეგ წარმოთქვა: „საპატიო მიზეზი აქვს, - მოკვდა“. სხვამ, დიდი მონდომებით რომ ემადლიერებოდა, რაკი მოპასუხეს საშუალება მისცა, თავი დაეცვა, დასძინა: „სხვათა შორის, სულ ასე ხდება!“ მე მოხუცებისგან მსმენია, რომ თითქოს დავის მოყვარულები ისე ბოროტად სარგებლობდნენ მისი მოთმინებით, რომ როცა მოსამართლის სკამიდან ჩამოსვლა უნდოდა, მარტო უკან დაბრუნებას კი არ მოუწოდებდნენ, არამედ ტოგის განაკიდეზე ანდა ფეხებში ჩაჭიდებულები იჭერდნენ კიდეც. და ეს აღარც გვაოცებს, რადგან ვიღაცა ბერძენმაც კი სასამართლო პაექრობაზე დაუყვირა: „შენ კიდევ ბებერიც ხარ და სულელიც!“ ერთმა რომაელმა მხედარმა, როგორც ცნობილია, მტრების ლაპარაკზე უსაფუძვლოდ ბრალდებულმა ქალებთან შეუფერებელ მოქცევაში, დაინახა, რომ მის წინააღმდეგ მოწმეებად იძახებენ და მოჰყავთ ყველაზე ნაკლებად სასურველი, გონჯი ქალები, და კლავდიუსს თავს დაატყდა სისულელის და დაუნდობლობის გამო ლანძღვით და სახეში ისეთი ძალით ესროლა სტილოსი და დაფა, რომ ძალიან დაუშავა ლოყა. იყო ცენზორიც - თანამდებობა, რომელიც არავის დაუკავებია დიდხანს, პლანკუსის და პავლუსის ცენზორობის ხანიდან. აქაც გამოამჟღავნა მერყეობა და ცვალებადობა, როგორც განზრახვებში, ასევე საქციელებში. მხედრების დათვალიერების დროს გაუკიცხავად გაუშვა ერთი ახალგაზრდა, გარეული ყველა მანკიერებაში, რაკი მამამისი არწმუნებდა, რომ შვილით მეტისმეტად კმაყოფილია; „მაგას ჰყავს თავისი ცენზორი“, - ასე თქვა. მეორე ახალგაზრდას, ჩამოყალიბებულ მაცდურსა და გარყვნილს, ურჩია, თავის ნამოქმედარში უფრო თავშეკავებული, ანდა ფრთხილი მაინც ყოფილიყო: „რაში მაინტერესებს, ვინ არის შენი საყვარელი?“ - ასე დასძინა. მეგობრების თხოვნით ვიღაცის სახელის გასწვრივ შენიშვნა რომ წაშალა, თქვა: „დაე, კვალი მაინც დარჩეს“.გამოჩენილი მოღვაწე, პირველი მთელი საბერძნეთის პროვინციაში, მოსამართლეების სიიდან ამოშალა და რომის მოქალაქეობაც ჩამოართვა ლათინური ენის უცოდინარობისათვის, რადგან საკუთარ ცხოვრებაზე ანგარიშის ჩაბარების უფლებას მხოლოდ თავისი სიტყვების თქმით იძლეოდა, დამცველის დაუხმარებლად. გაკიცხვა ბევრს გამოუცხადა, ხანდახან მოულოდნელად და არარსებული მიზეზებით. ზოგიერთს იმაზე, რომ მისი შეტყობინების და ნებართვის გარეშე გაემგზავრნენ იტალიიდან; ერთს იმაზე, რომ მეფეს აცილებდა პროვინციაში, ამასთან ისიც მოაგონა, რომ წინაპართა ხანაში რაბირუის პოსტუმუსიც კი ბრალდებული იყო რომაელი ხალხის დიდებულების შეურაცხყოფაში იმისათვის, რომ ალექსანდრიაში მეფე პტოლემეოსს აცილებდა, რათა მისგან ვალი მიეღო.ცდილობდა კიდევ მეტი სასჯელი დაედო, მაგრამ გამოძიების დაუდევრობით და მისდა სასირცხვილოდ თითქმის ყველა ეჭვმიტანილი უდანაშაულო აღმოჩნდა, - ვისაც უცოლობაში, უშვილობაში, სიღარიბეში სდებდა ბრალს, მათ დაამტკიცეს, რომ ცოლიანებიც არიან, მამებიც და მდიდრებიც; ხოლო იმან, ვისზეც ამბობდა, რომ მახვილით აპირებდა თავის მოკვლას, ტანსაცმელი გაიძრო და აჩვენა სხეული ჭრილობების გარეშე. მისი ცენზორობა კიდევ იმითაც იყო შესანიშნავი, რომ მდიდრულ ნამუშევარ ვერცხლის ეტლზე, რომელიც გასაყიდად იყო გამოტანილი სიგილარიაში, ბრძანა, ეყიდათ და მის თვალწინ დაეჭრათ; იმითაც, რომ ერთსა და იმავე დღეს ოცი ედიქტი გამოსცა, მათ შორის ორი, რომელთაგან ერთით წინადადებას იძლეოდა, კუპრი უკეთესად მოევლოთ კასრებისთვის, უდანაკარგოდ რომ აეღოთ ყურძნის მოსავალი; მეორეში კი აცხადებდა, რომ გველის ნაკბენის სამკურნალოდ იმაზე უკეთესი წამალი არ არსებობს, ვიდრე ურთხელის წვენია. მხოლოდ ერთხელ და ისიც უმნიშვნელოდ ილაშქრა. სენატმა აჩუქა ტრიუმფალური რეგალიები, მაგრამ ისინი თავის ღისებაზე მცირედად ჩათვალა, უღირსად იმპერატორის დიდებულებისთვის და დაიწყო ნამდვილი ტრიუმფის მიზეზის ძებნა. თავისი არჩევანი ბრიტანეთზე შეაჩერა, რომლის ხელყოფა იულიუს კეისრის შემდეგ არავის გაუბედავს და რომელიც ამ დროს ღელავდა, რაკი რომაელებიდან თავის გამომქცევებს უკან ვერ ღებულობდა. იქითკენ ოსტიადან გაცურა, ჩრდილო-დასავლეთის გრიგალური ქარების გამო კინაღამ ორჯერ ჩაიძირა, - ერთხელ ლიგურიის ნაპირებთან, მეორედ - სტოიჰადის კუნძულების შორიახლოს. ამიტომ მასილიადან გესორიაკუმამდე ფეხით მიდიოდა. მერე კი გადასვლა განახორციელა და რამდენიმე დღეში დაიმორჩილა კუნძულის ნაწილი უომრად და უსისხლოდ, წასვლიდან რამდენიმე თვის შემდეგ დაბრუნდა რომში და დიდი ზარზეიმით გადაიხადა ტრიუმფი. ამ სანახაობის საცქერად მარტო პროვინციების ნაცვლები კი არა, ზოგიერთი განდევნილიც მოიწვია. თავისი პალატინის სასახლის სახურავზე მტრის სხვა ალაფის გვერდით ზღვის გვირგვინიც გადმოჰკიდა, სამოქალაქოსთან ერთად - ნიშნად იმისა, რომ გადაკვეთა და თითქოს დაიმორჩილა ოკეანე. მის ეტლს მოჰყვებოდა მისი ცოლი მესალინა გადახურული ორთვალათი, მოჰყვებოდნენ ისინიც, ვინც ამ ომში მიიღო ტრიუმფალური სამკაულები, ყველა ფეხით და სენატორების ტოგები ეცვათ, მარტოდენ მარკუს კრასუს ფრუგი, რომელსაც უკვე ორჯერ მიეღო ეს ჯილდო, მოდიოდა აღკაზმული ცხენით და ისეთი ტუნიკა ემოსა, რომელზედაც პალმები გახლდათ გამოხატული. ქალაქის კეთილმოწყობა და მომარაგება მისთვის ყოველთვის დიდი ზრუნვის საგანი იყო. როცა ემილიანაში დიდი ხანძარი იყო, ზედიზედ ორ ღამეს ათევდა დირიბიტორიუმში; და რაკი არც ჯარისკაცები ყოფნიდათ და არც მონები, მან მამასახლისების დახმარებით ყველა ქუჩიდან გამოიძახა ხალხი, წინ ფულით სავსე ტომრები დაიდგა და იქვე აჯილდოებდა ყველას, დამსახურების მიხედვით. ხოლო როცა მომარაგებაში დაიწყო სირთულეები შეუწყვეტელი მოუსავლიანობის გამო, და ერთხელ თავად მას შუა ფორუმზე ბრბომ ლანძღვა დაუწყო და პურის ნარჩენები დაუშინა, - ასე რომ, ძლივს მოასწრო საიდუმლო გვირაბით სასახლემდე მიღწევა, - მას შემდეგ არაფრის წინაშე იხევდა უკან, რომ ზამთრის დროსაც კი არ შეჩერებულიყო ხორბლის შემოტანა. ვაჭრები მტკიცე მოგებით უზრუნველჰყო, დაპირდა, რომ ვინც ქარიშხლისგან იზარალებდა, იმათ ზარალს საკუთარ თავზე აიღებდა; ხოლო სავაჭრო ხომალდების აგებისათვის დიდი მოგებები დანიშნა ნებისმიერი ფენის პირებისათვის: . მოქალაქეებს - თავისუფლება პაპიას და პოპეას კანონიდან, ლათინებს - სამოქალქო უფლება, ქალებს - ოთხი შვილის უფლება. ეს დადგენილებები დღესაც ძალაშია. მშენებლობები იმდენად ბევრი არ დაუწყია, რამდენადაც მნიშვნელოვნები და აუცილებლები. მათგან მთავარი - წყალგაყვანილობა, დაწყებული გაიუსის მიერ, მერე კი წყალსადინარი ფუციუსის ტბიდან და ნავმისადგომი ოსტიაში; თუმცა იცოდა, რომ ამ ღონისძიებებიდან პირველი უარყოფილი იქნა ავგუსტუსის მიერ მარსიანელების დაუღალავი თხოვნებით, ხოლო მეორე არაერთხელ მოუფიქრებია ღვთაებრივ იულიუსს, მაგრამ შეჩერდებოდა ხოლმე სირთულეების გამო. კლავდიუსის აკვედუკით მან ქალაქში გამოიყვანა წყალი ტევადი და ახალი წყაროებიდან - ცერულეუსისა, კურციუსისა და ალბუდიგნუსისა, ხოლო ახალ ქვის არკებზე - მდინარე ანიოდან, და გაანაწილა მრავალ ლამაზად მოორნამენტებულ წყალსაცავში. ფუცინის ტბას ხელი მოჰკიდა არა მარტო სახელისათვის, არამედ მოგებისთვისაც, რაკიღა იყო ხალხი, ვინც ამოშრობის ხარჯებს საკუთარ თავზე აიღებდა, რათა მერე იმ ადგილზე დამშრალი მინდვრები მიეღოთ. ალაგ გადათხარა, ალაგ მთები გაჭრა, და თერთმეტ წელიწადში ააგო სამი მილის სიგრძის წყალსადენი, თუმცა ოცდაათი ათასი მუშა შეუსვენებლივ მუშაობდა ამ საქმეზე. ნავმისადგომი ოსტიაში ისე ააგო, რომ ზღვაში მიწაყრილები გააკეთა მარჯვნივ და მარცხნივ, ხოლო შესასვლელში, ღრმა ადგილში ტალღათმჭრელი დააყენა, - და რომ გაემაგრებინა, ამ ადგილას ის ხომალდი ჩაძირა, რომლითაც ეგვიპტიდან უზარმაზარი ობელისკი მოიტანეს, მრავალრიცხოვანი ხიმინჯებით გაამაგრა და მათზე აღმართა მაღალი კოშკი ალექსანდრიის ფაროსივით, რათა ღამღამობით მის შუქზე დაეჭირათ ხომალდებს გეზი. საჩუქრების გულუხვ დარიგებას ხშირად მოუწყობდა ხოლმე ხალხს. დიდ და მრავალრიცხოვან სანახაობებს აჩვენებდა, და მხოლოდ ჩვეულებრივებს და ჩვეულებრივ ადგილებზე კი არა, ახლებსაც იგონებდა, აღადგენდა ძველებს და წარმოადგენდა იქ, სადაც მანამდე არავინ. პომპეუსის თეატრის კურთხევაზე, რომელიც მან აღადგინა ხანძრის შემდეგ, თამაშები შუა ორქესტრაზე დადგმული ტრიბუნიდან გახსნა, სადაც ზედა ტაძარში ლოცვების შემდეგ დაეშვა უხმოდ მჯდომ მაყურებელთა რიგებს შორის. იზეიმა ასწლიანი თამაშებიც იმ მიზეზით, რომ თითქოს ავგუსტუსს დროზე ადრე გაემართოს და დადგენილ ვადას არ დალოდებოდეს, - თუმცა თავის „ისტორიაში“ აცხადებს, რომ ავგუსტუსმა, დიდი ხნის შესვენების შემდეგ, დაკვირვებით გამოითვალა ჩავლილი წლები და ზუსტ დროს აღადგინა ეს ზეიმი. ამიტომ ბევრი იცინოდა იმაზე, გამომცდებელი საზეიმო ჩვეულების მიხედვით როგორ ეპატიჟებოდა ყველას დღესასწაულზე, რომელიც არავის უნახავს და ვერც ნახავს, - ჯერ კიდევ ცოცხლები იყვნენ ამ ზეიმის მნახველები; და ზოგიერთი აქტიორი, რომელიც მაშინ გამოდიოდა, ამჯერადაც მონაწილეობდა სანახაობებში. საცირკო სანახაობებს ხშირად აწყობდა ვატიკანზეც, და ხანდახან ყოველი ხუთი რბოლის შემდეგ აჩვენებდა ცხოველებთან ბრძოლას. დიდ ცირკში მარმარილოს გადაღობილები დადგა და მოოქროვილი მოსახვევი ძელები, - ადრე ერთიც და მეორეც ტუფის და ხისა იყო, - და გამოყო განსაკუთრებული ადგილი სენატორებისათვის, რომლებიც ადრე სხვებთან ერთად ისხდნენ. აქ ეტლების შეჯიბრებების გარდა, წარმოადგენდა ტროას თამაშებს და აფრიკულ ცხოველებთან ბრძოლას პრეტორიანელი მხედრების მონაწილეობით და, ტრიბუნებისა და თავად პრეფექტების მეთაურობით, ასევე გამოჰყავდა თესალიის მხედრები ველური ხარებით, რომლებსაც ისინი დასდევენ მთელ ცირკში, მერე დაღლილებს ზურგზე შემოახტებიან და რქებში ხელების ჩავლებით ძირს დასცემენ ხოლმე. გლადიატორთა ბრძოლებს ბევრჯერ და მრავალ ადგილზე აჩვენებდა; თავისი მმართველობის ერთი წლის თავზე პრეტორიანელთა ბანაკში გამართა, მაგრამ ველური ცხოველების და მდიდრული მორთულობის გარეშე, და სეპტაში - მთლიანად და ჩვეულებრივი სახით. იქვე გაიმართა რიგგარეშე წარმოდგენა, მოკლე და ცოტამაყურებლიანი, რომელსაც მან „კალათა“ დაარქვა, რადგან იმის შესახებ პირველად რომ აცხადებდა, ასეთი ედიქტით მიიწვია ხალხი: „ეს არის, როგორც იმპროვიზირებული საჭმელი, სახელდახელოდ მომზადებული“. ამგვარ თამაშებზე ყოველთვის უბრალოდ და თავისუფლად ეჭირა თავი. როცა გამარჯვებულებს ჩაუთვლიდნენ ოქროს მონეტებს, მარცხენა ხელს გამოსწევდა და მაყურებელთან ერთად, ხმამაღლა, თითებზე დათვლით უსწორებდა ანგარიშს. ბევრჯერ მოუწოდებდა მაყურებელს სამხიარულოდ, „მასპინძლებს“ ეძახდა და, უკბილო და გრძელ ხუმრობებს მოაყოლებდა ხოლმე. მაგალითად, როცა გლადიატორ პალუმბუსის განთავისუფლებას ითხოვდნენ, თქვა, რომ მიცემს, „თუკი ნებას მისცემენ“; სხვათა შორის, ერთხელ საკმაოდ დროულად და კარგად მოიქცა, - ერთ მრბოლელ გლადიატორს საპატიო გადადგომა უბოძა იმისი ოთხი შვილის თხოვნით და მაყურებლის ხმაურიანი მხარდაჭერით, მერე იქვე გამოჰკიდა განცხდება, სადაც ხალხს მიუთითებდა, რა კარგია შვილების ყოლა, თუკი გლადიატორიც კი, როგორც დაინახეთ, იმათში დამცველებსა და მხარდამჭერებს პოულობს. მარისის მინდორზე სამხედრო წარმოდგენა გამართა, რომელიც გამოხატავდა ქალაქის აღებას და გაძარცვას, მერე კი ბრიტანელი მეფეების ქედის მოხრას, და თავად იქვე იჯდა მხედართმთავრის ლაბადით და ისე მეთაურობდა. სანამ ფუცინუსის ტბიდან წყალს გაუშვებდა, შიგ საზღვაო ბრძოლა მოაწყო. მაგრამ როცა მეომრებმა იყვირეს: „სალამი, იმპერატორო, სიკვდილისთვის მზადმყოფნი მოგესალმებით!“ ხოლო იმან მიუგო: „ან ჰო და ან - არა!“ და რაკი ამ სიტყვებში შეწყალება დაინახეს, ყველამ უარი თქვა ბრძოლაზე. კლავდიუსი დიდხანს ყოყმანობდა, ცეცხლით და მახვილით ხომ არ გასწორებოდა, მაგრამ მერე თავისი ტახტიდან ჩამოხტა, თავისი სასაცილოდ მოყანყალე სიარულით გაუყვა ტბის ნაპირს და ნაწილობრივ მუქარით, ნაწილობრივ დაპირებებით აიძულა, ბრძოლაში გასულიყვნენ. ამ ბრძოლაში მონაწილეობდა სიცილიის და როდოსის ფლოტები, თითოეულს თორმეტ-თორმეტი ტრირემი ჰქონდა, ხოლო ბრძოლის დაწყების ნიშანს აძლევდა ვერცხლის ტრიტონი, რომელიც მექანიკური მოწყობილობის მეშვეობით ამოდიოდა წყლიდან. საღვთო ჩვეულებებში, სამოქალაქო და სამხედრო წესებში, ყველა ფენასთან დამოკიდებულებაში, როგორც რომში, ისე პროვინციაში, ბევრი რამ შეცვალა, აღადგინა დავიწყებული და ახალიც შემოიღო. ქურუმების კოლეგიებში ახალი წევრების მიღებას რომ სთავაზობდა, ყველას სახელთან დაუყოვნებლივ წარმოთქვამდა ფიცს; ფხიზლად ადევნებდა თვალს, რომ ოდნავ მიწისძვრაზეც კი რომში პრეტორს კრება მოეწვია და საქმეები შეეჩერებინა, ხოლო თუკი კაპიტოლიუმის თავზე ავისმომასწავებელი ფრინველი გამოჩნდებოდა, ლოცვები ეწყობოდა, და ისიც ღმერთების მსახურებსა თუ მონებს გაუშვებდა წინასწარ და ამ ღონისძიებას თავად ხელმძღვანელობდა როსტალური ტრიბუნიდან დიადი პონტიფიკოსის უფლებით. ხომალდების წარმოება, ადრე ზაფხულის და ზამთრის პერიოდებად დაყოფილი, უწყვეტი გახადა. სასიკვდილო რწმუნებების საქმეები, რომლებიც თანამდებობის პირებს ეძლეოდათ ყოველი წლისათვის და მხოლოდ რომში, მან დიდი ხნით გასცა და პროვინციის ხელისუფლებასაც. პაპიას და პოპეას კანონში გააუქმა ტიბერიუსის დამატებული სტატია იმის თაობაზე, რომ სამოცი წლის კაცს უკვე აღარ შეუძლია შთამომავლობის გაჩენა. დააგინა, რომ მეურვეები ობლებს დანიშნოდათ რიგგარეშე და კონსულების მიერ; და რომ პირები, გასახლებულები პროვინციების მაგისტრატების მიერ, არ დაშვებულიყვნენ იტალიაში და რომში. ასევე შემოიღო გადასახლების ახალი სახეობა, - ზოგიერთ პირს აუკრძალა ქალაქიდან გასვლა სამ მილზე შორს. სენატში, როცა განსაკუთრებული მნიშვნელობის საქმეებზე აპირებდა მოხსენებას, ორ კონსულს შორის ჯდებოდა ანდა სახალხო ტრიბუნების სკამზე. შვებულების ნებართვების გაცემა, რისთვისაც ადრე სენატს მიმართავდნენ, თავისი შეხედულებისამებრ დაიწყო.კონსულის სამშვენისებს მეორე თანრიგის პროვინციის ნაცვლებსაც ანიჭებდა. იმათ, ვინც უარს იტყოდა სენატორის ღირსებაზე, ართმევდა მხედრისასაც. მიუხედავად იმისა, რომ თავიდან პირობა დადო, რომ სენატში მხოლოდ ისინი აერჩიათ, ვისი წინაპრებიც მეხუთე მუხლამდე რომის მოქალაქეები იყვნენ, ერთხელ სენატორის ღისება მიანიჭა აზატის შვილსაც კი, - მართალია, იმ პირობით, რომ მანამდე ნაშვილები ყოფილიყო რომაელი მხედრის მიერ. საყვედურების თავიდან ასარიდებლად გამოაცხადა, რომ ცენზორი აპიუს ბრუციანი, მისი გვარის მამამთავარი ირჩევდა სენატში აზატებს, - ის ვერ ხვდებოდა, რომ აპიუსის ხანაში და მერეც აზატები ერქვათ არა იმათ, ვინც თავად მიიღებდა განთავისუფლებას, არამედ მათ შვილებს, რომლებიც უკვე თავისუფლებად იბადებოდნენ. კვესტორების კოლეგიას გზების მოკირწყვლის ნაცვლად გლადიატორების თამაშების მოწყობა დაავალა; და კვესტორები გაათავისუფლა თავიანთი მოვალეობებისგან გალიასა და ოსტიაში, და სატურნის ტაძრის ხაზინის ზედამხედველობა დაუბრუნა, რაც მანამდე პრეტორებს, ან როგორც ახლაა, ყოფილ პრეტორებს ეკუთვნოდათ. სილანუსს, თავისი ქალიშვილის საქმროს ტრიუმფალური სამშვენისები ჯერ კიდევ მაშინ დაუნიშნა, როცა ის მოზარდი იყო, ხოლო მოზრდილებს ისე ფართოდ და ადვილად ურიგებდა, რომ დადიოდა წერილი ყველა ლეგიონის სახელით და თხოვნით, რომ კონსულის წოდების ლეგატებს, ჯარს რომ ჩაიბარებდნენ, მაშინვე მიეღოთ ტრიუმფალური სამშვენისები და არ ეძებნათ ნებისმიერი მიზეზი ომის წამოსაწყებად. ავლუს პლავტიუსს ოვაცია დაუნიშნა, ხოლო როცა ის რომში შემოვიდა, შესახვედრად გამოვიდა და მიაცილებდა კაპიტოლიუმზე და კაპიტოლიუმიდან, მარცხენა მხარეზე მიჰყვებოდა. ხოლო გაბინიუს სეკუნდუსს, რომელმაც გერმანული ტომი კავხები დაამარცხა, უფლება მიანიჭა მეტსახელად კავხუსი მიეღო.მხედრებისთვის სამხედრო სამსახურის გავლის ასეთი რიგი დააწესა, რომ დასაწყისისთვის ჯერ კოჰორტას მიიღებდნენ, მერე ცხენოსან რაზმს და, ბოლოს, ლეგიონს; დაუნიშნა მათ ჯამაგირი და შემოიღო პირობითი სამსახური, რომელსაც ერქვა „არასაწესდებო“, რომელიც შეიძლებოდა ემსახურათ დაუსწრებლად და მხოლოდ სახელით. სენატის ბრძანებულებით, ჯარისკაცებს აუკრძალა სენატორების სახლში შესვლა მისასალმებლად. აზატებს, რომაელ მხედრებად რომ ასაღებდნენ თავს, ქონება ჩამოართვა, ხოლო ისინი, ვისზედაც პატრონები ჩიოდნენ უმადურობის გამო, ისევ მონობაში დააბრუნა, ხოლო იმათ გამომსარჩლებლებს გამოუცხადა, რომ აღარ მიეცათ თხოვნები აზატებზე. და რაკი ზოგიერთს არ სურდა, თანხა დაეხარჯა ავადმყოფი და გამოფიტული მონების სამკურნალოდ, მათ აგდებდა ესკულაპეს კუნძულზე; ეს გადაგდებული მონები მან თავისუფლებად გამოაცხადა; თუ გამოჯანმრთელდებოდნენ, არ უნდა დაბრუნებოდნენ პატრონებს, ხოლო თუ პატრონი კუნძულზე გადაგდებას, თავისი მონის მოკვლას არჩევდა, მაშინ მკვლელობაში დაედებოდა ბრალი. მოგზაურებს ედიქტით აუკრძალა სხვანაირად გაევლოთ იტალიის ქალაქები, თუ არა ფეხით, სარწეველათი და ტახტრევნით. პუტეოლაში და ოსტიაში თითო-თითო კოჰორტა ჩააყენა ხანძრების აღსაკვეთად. უცხოური წარმოშობის პირებს აუკრძალა მიეღოთ რომაული სახელები, - საგვარეულო მაინც. ვინც ტყუილად ასაღებდა თავს რომის მოქალაქედ, იმათ ესკვილინის მინდორზე ჰკვეთდნენ თავებს. პროვინციები აქაია და მაკედონია, რომლებიც ტიბერიუსმა თავი მმართველობაში აიღო, სენატს დაუბრუნა. ლიკიელებს დამღუპველი სამოქალაქო ომებისთვის თავისუფლება ჩამოართვა; როდოსელებს, რომლებმაც მოინანიეს ადრინდელი ცოდვები, თავისუფლება დაუბრუნა. ილიუმის მცხოვრებლები, როგორც რომაელი ხალხის წინაპრები, სამუდამოდ გაათავისუფლა ხარკისგან, გაახმაურა ბერძნულ ენაზე დაწერილი წერილი, რომელშიც სენატი და რომაელი ხალხი მეფე სელევკუსს მეგობრობას სთავაზობდა მხოლოდ იმიტომ, რომ თავიანთი თანატომელი ილიუმელები გაეთავისფლებინა ყოველგვარი მოსაკრებლებისგან. იუდევლები, სულ აღელვებულნი ქრისტუმის გამო, რომიდან გარეკა. გერმანელ ელჩებს ნება დართო, მსხდარიყვნენ ორქესტრაში, რაკი იმათი უბრალოება და სიმტკიცე მოეწონა - ისინი ხალხში დასვეს, მაგრამ იმათ, რაკი შეამჩნიეს, რომ პართელები და სომხები სენატორებთან ერთად სხედან, თავისით გადასხდნენ იქ და გამოაცხადეს, რომ არაფრით ნაკლები არ არიან იმათზე, არც მდგომარეობით და არც სიმამაცით. გალი დრუიდების მსახურება, არაადამიანურად საშინელი და რომაელ მოქალაქეთათვის აკრძალული ჯერ კიდევ ავგუსტუსის დროს, სულ გაანადგურა. და პირიქით, ელევსინის სიწმინდეების გადმოტანას ატიკიდან რომში ცდილობდა, ხოლო ვენერა ერიკინას ტაძარი სიცილიაში, სიძველისაგან დანგრეული, მისი წინადადებით, აღადგინეს რომის სახელმწიფო ხაზინის ხარჯზე. მეფეებთან ხეშეკრულებებს ფორუმზე დადებდა ხოლმე, მსხვერპლად ღორი მოჰყავდა და ამბობდა ფეციალების ძველ წართქმას. თუმცა ესეც, და სხვაც, და მთელი მისი მმართველობა ნაკარნახევი იყო არა იმისგან, არამედ იმისი ცოლების და აზატების მიერ; და ისიც თითქმის ყოველთვის და ყველაფერში ისე იქცეოდა, როგორც იმათთვის იქნებოდა სასურველი და სასარგებლო. ჯერ კიდევ ახალგაზრდობაში ორჯერ იყო დანიშნული, ჯერ ემილია ლეპიდასთან, ავგუსტუსის შვილთაშვილთან, მერე ლივია მედულინასთან, მაშინ რომ კამილას სახელს ატარებდა და წარმომავლობით იყო დიქტატორ კამილუსის უძველესი საგვარეულოდან. პირველი ჯერ კიდევ გოგო იყო, როცა უარყო, რაკი მისი მშობლები ავგუსტუსის მტრები იყვნენ; მეორე ავადმყოფობისგან იმ დღეს გარდაიცვალა, როცა ქორწილი იყო დანიშნული. მერე ცოლად მოიყვანა პლავტია ურგულანილა, ტრიუმფატორის შვილი; მერე - ელია პეტინა, კონსულარის ქალიშვილი. ორივეს გაშორდა, პეტინას - წვრილმან ჩხუბზე, ხოლო ურგულანილას - სკანდალური და თავხედური ღალატისა და მკვლელობაში მონაწილეობაზე ეჭვისათვის. ამათ მერე ცოლად მოიყვანა ვალერია მესალინა, თავისი ბიძაშვილის, მესალა ბარბატუსის ქალიშვილი. მაგრამ როცა გაიგო, რომ სხვა სამარცხვინო და ბოროტი საქმეების გარდა, ეს ქალი გაიუს სილიუსს გაჰყოლია ცოლად და მოწმეების თანდასწრებით მოუწერია ხელშეკრულებისთვის ხელი, სიკვდილით დასაჯა ეს ქალი და თავის პრეტორიელ დაცვასთან დაიფიცა, რომ რაკი მისი ცოლების მოყვანა წარუმატებლად დამთავრდა, ამიერიდან ქვრივი იქნება, და თუკი თავს ვერ შეიკავებს, დაე, თავიანთი ხელით აჩეხონ. და მაინც თავი ვერ შეიკავა ახალი ქორწინებებისგან - ხან პეტინასთან, რომელიც თავადვე გააგდო ოდესღაც, ხან ლოლია პავლინასთან, რომელის გათხოვილი იყო გაიუს კეისარზე. თუმცა, აგრიპინას ცბიერების მახეში გაბმულმა, რომელიც მისი ძმის, გერმანიკუსის ქალიშვილი იყო და, კოცნისა და ნათესაური მოფერების უფლებით სარგებლობდა, მოძებნა ადამიანები, რომლებმაც უახლოეს სხდომაზე შესთავაზეს სენატს, დაევალდებულებინა კლავდიუსი, რომ ცოლად მოეყვანა აგრიპინა, თითქოსდა სახელმწიფოს კეთილდღეობისთვის და ამნაირი ქორწინებების უფლება ყველასთვის მიეცათ, თუმცა მანამდე სისხლის აღრევად ითვლებოდა. და ერთი დღის მერე ქორწილიც გადაიხადა; მაგრამ იმის მაგალითს არავინ მიბაძა, ერთი აზატისა და ერთი ბებერი ცენტურიონის გარდა, რომლის ქორწილსაც პატივი მიაგო თავისი და აგრიპინას დასწრებით. შვილები თავისი სამი ცოლიდან ჰყავდა: ურგულანილადან - დრუზუსი და კლავდიუსი; პეტინადან - ანტონიუსი; მესალინადან - ქალიშვილი ოქტავია და ბიჭი, რომელსაც ჯერ გერმანიკუსი დაარქვეს, მერე - ბრიტანიკუსი. დრუზუსი დევნილობის ამოწურვისას გარდაეცვალა, - მსხლის მაღლა აგდებაობას თამაშობდა და პირით რომ დაიჭირა, დაიხრჩო. მანამდე რამდენიმე დღით ადრე, კლავდიუსი დაინიშნა სეიანუსის ქალიშვილზე და ამიტომ უცნაურად მეჩვენება, რომ ზოგიერთი განცხადების თანახმად, ეს ბავშვი ვერაგულად მოკლა სეიანუსმა. კლავდია გაჩნდა მისი აზატის, ბოტერისგან; და თუმცა ის დაიბადა გაშორებიდან ხუთი თვის შემდეგ და უკვე აჭმევდნენ კიდეც, მან ბრძანა, დედის კართან დაეტოვათ შიშველი. ანტონია ცოლად გაატანა გნეუს პომპეუს მაგნუსს, მერე ფავსტუს სულას, ორ დიდგვაროვან ახალგაზრდას; ხოლო ოქტავია - თავის ნაშვილებ ნერონს, თუმცა ის უკვე დანიშნული იყო სილანუსზე. ბრიტანიკუსი დაიბადა მისი მმართველობის მეოცე დღეს, თავის მეორე კონსულობაში. კლავდიუსმა ის არაერთხელ წარუდგინა ხალხსა და ჯარისკაცებს, შეკრებებზე ხელში აყვანილი გამოჰყავდა, სანახაობებზე მუხლებზე ეჯდა ან მაღლა აყვანილი ეჭირა და ბედნიერ მომავალს უსურვებდა მაყურებლის ტაშის გრიალში. თავისი სიძეებიდან ნერონი იშვილა, პომპეუსი და სილანუსი არა თუ მოიშორა, არამედ დასაჯა. აზატებიდან განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევდა საჭურის პოსიდეს, რომელსაც ბრიტანეთის ტრიუმფისას საპატიო შუბი უწყალობა, როგორც მეომარს; არანაკლებ უყვარდა ფელიქსიც, რომელიც კოჰორტების და ცხენოსნების მეთაურად დანიშნა იუდეაში, და რომელიც გახდა სამი დედოფლის მეუღლე; და გარპოკრატე, რომელსაც მისცა უფლება რომში ტახტრევნით ევლო და სახალხო სანახაობები მოეწყო. და კიდევ უფრო მეტად - პოლიბიუსი, თავისი მრჩეველი სამეცნიერო საკითხებში, რომელსაც სეირნობისასაც კი ორივე მხრიდან კონსულები მიჰყვებოდნენ; მაგრამ ყველაზე წინ აყენებდა ნარცისსუსს, მრჩეველს შეწყალების საქმეებში და პალანტს, მრჩეველს ფულის საკითხებში. სენატს სიამოვნებით აძლევდა საშუალებას, რომ ესენი დაეჯილდოებინათ არა მხოლოდ დიდი ფულით, არამედ კვესტორის და პრეტორის ღირსების ნიშნებითაც, ხოლო თავად ამათი ისეთ ქურდობები და დატაცებები გამორჩებოდა ხოლმე, რომ ერთხელ, როცა ხაზინაში უფულობაზე ჩიოდა, მახვილგონივრულად უთხრეს, რომ ფული იმდენი ექნება, ვერც კი დაითვლის, მხოლოდ წილში უნდა შევიდეს თავის აზატებთან. და აი, როგორც მე ვთქვი, ამ ადამიანების და თავისი ცოლების ისეთ მორჩილებაში იყო, რომ მმართველივით კი არ იქცეოდა, არამედ მსახურივით, - ამათგან ნებისმიერის სარგებლისთვის, სურვილებისთვის, ახირებებისთვის გულუხვად გასცემდა თანამდებობებს, მხედართმთავრობას, შეწყალებებს, სასჯელებს, და თავად, როგორც წესი, არაფერი უწყოდა ამაზე. საჭირო არც არის წვრილმანების ჩამოთვლა - ჯილდოების შეჩერება, შეცვლილი განაჩენები, საიდუმლოდ ჩასწორებული ანდა დაუფარავად ყალბი დანიშვნების ბრძანებები. მაგრამ თვით აპიუს სილანუსი, თავისი სიძე, ორი იულიაც კი, დრუზუსისა და გერმანიკუსის ქალიშვილები სასიკვდილოდ გაუშვა, ბრალდების დაუმტკიცებლად და თავის მართლების მოუსმენლად, ხოლო იმათ კვალს გნეუს პომპეუსი, თავისი უფროსი ქალიშვილის ქმარი და ლუციუს სილანუსი, უმცროსი ქალიშვილის საქმროც გაუყენა. ამათგან პომპეუსი საყვარელ ბიჭთან ხვევნა-კოცნისას აჩეხეს, სილანუსი აიძულეს პრეტორის თანამდებობიდან გადამდგარიყო იანვრის კალენდებამდე ოთხი დღით ადრე და თავი მოეკლა ზუსტად ახალ წელს, როცა კლავდიუსი და აგრიპინა ქორწილს იხდიდნენ. ოცდათხუთმეტი სენატორი და სამასზე მეტი რომაელი მხედარი ამოწყვიტეს იშვიათი გულგრილობით და როცა ერთმა ცენტურიონმა, რომელიც მოახსენებდა ერთი კონსულის დასჯაზე, დასძინა, რომ ბრძანება შესრულებულია, კლავდიუსმა მოულოდნელად განაცხადა, რომ არავითარი ბრძანება არ გაუცია; თუმცა ჩადენილი გაამართლა, რადგან აზატებმა დაარწმუნეს, რომ ჯარისკაცებმა აღასრულეს თავისი ვალი, რათა შური ეძიათ იმპერატორისთვის ინსტრუქციების გარეშე. და უკვე ყველანაირ დამაჯერებლობას სცილდება ის, რომ მესალინასა და მისი საყვარლის, სილიუსის ქორწილში თავად იყო მოწმეებში, ვინც ხელი მოაწერეს საქორწილო ხელშეკრულებას, - ის დაარწმუნეს, თითქოს ეს საგანგებოდ არის გათამაშებული, რათა მოიგერიონ და სხვაზე გადაიტანონ მოსალოდნელი ხიფათი, რომელიც რომელიღაც ნიშნებით ეცნობა. მისი გარეგნობა მოკლებული არ იყო დიდებულებას და ღირსებას, მაგრამ მხოლოდ მაშინ, როცა იდგა, იჯდა ან, განსაკუთრებით, იწვა; მაღალი იყო, სხეულით მკვრივი, სახე და ჭაღარა თმა ლამაზი, კისერი მსხვილი. მაგრამ როცა დადიოდა, სუსტი მუხლები ღალატობდა, ხოლო როცა რამეს აკეთებდა, ისვენებდა ან კითხულობდა, ბევრი რამე აგონჯებდა, - სიცილი უსიამოვნო ჰქონდა, მრისხანება - საზიზღარი, ტუჩებზე ქაფი მოადგებოდა, ცხვირიდან მოსდიოდა, ენა ებმოდა, თავი შეუჩერებლად უცახცახებდა, პატარა მოძრაობაზე - განსაკუთრებით. მისი ჯანმრთელობა, თუმცა კი ოდესღაც სუსტი იყო, მმართველობის მთელი დროის განმავლობაში შესანიშნავი ჰქონდა, თუ არ ჩავთვლით ტკივილებს მუცელში, რომლებიც, მისი თქმით, ისეთი მტანჯველი იყო, იძულებულს ხდიდნენ, თვითმკვლელობაზე ეფიქრა. მდიდრულ ქეიფებს აწყობდა და ხშირადაც. ასე რომ, ყველაზე ფართო პალატებში იშვიათი არ იყო მაგიდათან დამჯდარი ექვსასი კაცი. ქეიფობდა ფუცნის ტბის წყალსადენზეც და კინაღამ დაიხრჩო, როცა მოვარდნილი წყალი ნაპირებიდან გადმოვიდა. ყველა სადილზე თავის ბავშვებსაც დაპატიჟებდა ხოლმე ბიჭებით და გოგონებით დიდგვაროვანთა ოჯახებიდან, - ძველი ჩვეულებით, ისინი საკმების წინ ისხდნენ და ყველასთან ერთად ჭამდნენ. ერთხელ იეჭვა, რომ ერთმა სტუმარმა მოიპარა ოქროს კოვზი - მომდევნო დღეს ამ სტუმრის წინ თიხის ფინჯანი დადგეს. ამბობენ, რომ აპირებდა განსაკუთრებული ედიქტით დაეშვა ქეიფისას ქარების გამოშვება, რაკი შეიტყო, ვიღაც როგორ ცუდად გახდა იმის გამო, რომ რცხვენოდა და თავს იკავებდა. ყოველთვის და ყველგან საჭმელად და დასალევად მიისწრაფოდა. ერთხელ, ავგუსტუსის ფორუმზე რომ თავმჯდომარეობდა სასამართლოს, მოიხიბლა იმ კერძის სურნელით, რომელიც მეზობლად, მარსის ტაძარში, სალიის ქურუმებისთვის მზადდებოდა, ჩამოვიდა მოსამართლის ტახტიდან, ავიდა ტაძარში და ქურუმებთან ერთად წამოუწვა ტრაპეზს. მაგიდიდან მანამ არ ადგებოდა, სანამ არ დამძიმდებოდა და არ გაიბერებოდა, და მაშინვე წვებოდა გულაღმა, რათა ძილამდე შეემსუბუქებინათ მუცელი ბუმბულის ჩადებით დაღებულ პირში.        ეძინა ცოტა და შუაღამემდე არ იძინებდა, სამაგიეროდ ხანდახან შუადღისას წასთვლემდა, სასამართლოზე და ორატორები, საგანგებოდ რომ იმაღლებდნენ ხმას, ძლივს აღვიძებდნენ. ქალებისკენ ლტოლვა უსაზღვრო ჰქონდა, სამაგიეროდ კაცების მიმართ საერთოდ გულგრილი იყო. კამათლის თამაშის დიდი მოყვარული იყო და ამაზე წიგნიც გამოუშვა. თამაშობდა მოგზაურობებში, დაფას ისე მოუხდენდა ეტლს, რომ კამათლებს არ ეხტუნავა. მისი ბუნებრივი მძვინვარება და სისხლისმოყვარეობა ჩანდა როგორც დიდ, ასევე პატარა ამბებში. დაკითხვებზე წამებას და მამისმკვლელთა დასჯას დაუყოვნებლივ აიძულებდა თავის თვალწინ. ერთხელ, ტიბურში მოისურვა სიკვდილით დასჯა ძველი ჩვეულებით, დამნაშავეები უკვე მიბმულები იყვნენ ძელებზე, მაგრამ ჯალათი ვერ იპოვეს; მაშინ რომიდან გამოიძახა ჯალათი და მოთმინებით ელოდა საღამომდე. გლადიატორთა თამაშებზე, თავისებს თუ სხვებისას, ყოველთვის უბრძანებდა, მოეკლათ ისიც, ვინც შემთხვევით წაიქცეოდა, განსაკუთრებით რეტიარიები, თანაც ისე, რომ მომაკვდავთა სახეები დაენახა. როცა ორმა გლადიატორმა სასიკვდილოდ დაჭრა ერთმანეთი, მაშინვე ბრძანა, ორივეს მახვილებიდან მისთვის პატარა დანები გაეკეთებინათ. ცხოველებთან ბრძოლა და შუადღის ხოცვა-ჟლეტა ისე იტაცებდა, რომ სანახაობაზე დილაადრიან მიდიოდა და მაშინაც იქ რჩებოდა, როცა სხვები სადილზე გადიოდნენ. გარდა ადრევე დანიშნული მებრძოლებისა, არენაზე აგზავნიდა ხალხს უბრალო და შემთხვევითი მიზეზებით - მაგალითად, მუშებს, მოსამსახურეებს და მათ მსგავსებს, თუკი ცუდად მუშაობდა მანქანა, ამწევი ან რამე სხვა. ერთხელ თავისი მონა-მოსახელეც კი აიძულა, ეომა როგორც იყო, ტოგაში. მაგრამ ყველაზე მეტად უნდობლობა და ლაჩრობა სჭირდა. მმართველობის პირველ დღეებშიც კი, როცა ცდილობდა უბრალოდ და ყველასთვის ხელმისაწვდომად ეჩვენებინა თავი, ქეიფზე მსახურების ნაცვლად მხოლოდ შუბოსნების და კარისკაცების დაცვით გამოდიოდა, ხოლო ავადმყოფები რომ უნდა მოენახულებინა, ყოველთვის ბრძანებდა, წინდაწინ გაეჩხრიკათ საძინებელი, შეემოწმებინათ ლეიბები და ზეწრები. შემდეგში იმათაც კი, ვინც მისასალმებლად მიდიოდა, უმკაცრესად ჩხრეკდნენ. დიდი წვალებით და მოგვიანებით დაეთანხმა, ხელების ფათურისაგან ეხსნა ქალები, ბიჭები და გოგონები; და რომ არ ჩამოერთვათ მომყოლებისათვის და მწერლებისთვის კალმები და სტილოსები, წვეტიანი რკინის ჩხირები საწერად. კამილუსმა რომ ამბოხება დაიწყო, დარწმუნებული იყო, რომ კლავდიუსს უომრადაც დააშინებდა და, შეურაცხყოფებით და მუქარით აღსავსე წერილი გაუგზავნა გადადგომისა და კერძო პირად წყნარი ცხოვრების მოთხოვნით, რაზედაც კლავდიუსმა შეკრიბა სახელმწიფოს პირველი პირნი და ეკითხებოდა, რომ, მართლაც, ხომ არ დაეჯერებინა კამილუსისთვის. ხოლო ცრუ ჭორმა რაღაც შეთქმულებაზე ისე დაზაფრა, რომ ხელისუფლებიდან ჩამოშორება გადაწყვიტა. ხოლო, როგორც უკვე გიამბეთ, მსხვერპლის შეწირვის დროს მის მახლობლად რომ ხანჯლიანი კაცი შეიპყრეს, მაშინ სასწრაფოდ, გამომცხადებლების პირით, გამოიძახა სენატი, ცრემლებითა და კვნესით ჩიოდა თავის მწარე ხვედრზე, ყოველი მხრიდან მოსალოდნელ საფრთხეზე და მერე დიდხანს არ ენახვებოდა ხალხს. მესალინას დიდი სიყვარული გაუქრო არა იმდენად ცოლის საქციელით დამცირების სირცხვილმა, რამდენადაც საფრთხის წინაშე შიშმა, რაკი იფიქრა, რომ მესლინას ხელისუფლების ჩაგდება უნდა ხელში თავისი საყვარლის, სილიუსისათვის; და შესაბრალისი კანკალით გარბოდა ბანაკში და მთელი გზა იმას კითხულობდა, ხომ ისევ ძლიერი იყო მისი ხელისუფლება. არ არსებობდა დასმენა, არ მოიძებნებოდა ვინმე, სულ არარაობა დამსმენი, რომ კლავდიუსს სულ მცირე ეჭვზეც კი თავდაცვაზე და შურისძიებაზე არ დაეწყო ზრუნვა. მოდავეებიდან ერთმა, მისასალმებლად რომ მივიდა, ცალკე გაიყვანა და უთხრა, რომ სიზმარი ნახა, თითქოს იმპერატორი ვიღაცამ მოკლა; და ცოტა ხნის შემდეგ, თითქოს მკვლელი იცნოო, თავის მოწინააღმდეგეზე მიუთითა, რომელსაც შუამდგომლობა მოჰქონდა. და მაშინვე, დანაშაულზე წასწრებულივით, სიკვდილით დასასჯელად წაათრიეს. ამბობენ, რომ ამგვარი მიზეზითვე დაიღუპა აპიუს სილანუსი. მის განადგურებაზე მესალინამ და ნარცისუსმა მოილაპარაკეს და როლებიც გაიყვეს; ნარცისუსი დილაუთენია შევარდა პატრონის საძინებელში და არწმუნებდა, რომ სიზმარში ნახა, როგორ დაესხა თავს აპიუსი. მესალინამ ყალბი განცვიფრებით დაიწყო მოყოლა, რომ რამდენიმე ღამე ზედიზედ ესიზმრება იგივე სიზმარი; და როცა იქვე მოახსენეს, რომ აპიუსს სასწრაფოდ უნდა შემოსვლა, - არადა, წინა დღეს ბრძანება მიუვიდა, რომ სწორედ ამ დროს უნდა გამოცხადებულიყო იმპერატორთან, - ეს იმდენად ცხადი დადასტურება იყო იმ სიზმრებისა, რომ მაშინვე გაიცა ბრძანება, ხელი ეტაცათ და სიკვდილით დაესაჯათ. და მეორე დღეს კლავდიუსს არ მორიდებია, მოეყოლა სენატისთვის, თუ რა მოხდა, თანაც ემადლიერებოდა თავის აზატს, რომელიც სიზმარშიც კი სდარაჯობდა მის უსაფრთხოებას. მრისხანებას და სიფიცხეს თავადაც აღიარებდა, მაგრამ ედიქტში ამართლებდა და ერთსაც განიხილავდა და მეორესაც; პირობას დებდა, რომ მისი გაცხარებები მოკლე და უწყინარი იქნებოდა, ხოლო მრისხანება - სამართლიანი. როცა ოსტიადან ნავები არ გამოუგზავნეს, რათა ტიბრის შესასვლელში შეხვედროდნენ, მაშინ თავს დაესხა ოსტიელებს ისეთი მრისხანებით, თითქოს იმათ, როგორც თავად ამბობდა, ჯარისკაცად ჩამოექვეითებინოთ, მერე კი, მოულოდნელად, ყველას შეუნდო და ლამის ბოდიში მოუხადა სათითაოდ. იმათ, ვინც უდროოდ მიუახლოვდებოდა ხალხში ყოფნისას, ხელს ჰკრავდა. ერთი მწერალი ხაზინიდან, მერე კი ერთი პრეტორის წოდების სენატორი - უდანაშაულოდ, თავიც არ ამართლებინა, ორივე გადაასახლა იმიტომ, რომ პირველი მეტისმეტად თავგამოდებულად გამოდიოდა მის წინააღმდეგ სასამართლოში, როცა ჯერ კიდევ კერძო პირი იყო, მეორემ კი თავისი ედილობისას მისი მამულის მოიჯარეები დასაჯა შემწვარი საჭმლის გაყიდვისათვის და იმათ დასაცავად გამოსულ მამასახლისს სცემა. ამის გამო ედილებს დუქნების ზედამხედველობა ჩამოართვა.არც თავის სისულელეებს მალავდა; მართალია, რამდენიმე მოკლე სიტყვაში ირწმუნებოდა, რომ საგანგებოდ იქცეოდა სულელივით გაიუსის დროს, რადგან სხვანაირად ცოცხალი ვერ გადარჩებოდა და თავის მდგომარეობას ვერ მიაღწევდა, თუმცა ამით ვერავინ დაარწმუნა, რაკი ცოტა ხნის შემდეგ გამოჩნდა წიგნი, სათაურით „სულელების ამაღლება“, სადაც ნათქვამი იყო, რომ მოჩვენებითი სულელები არ არსებობენ. ამ ყველაფრის გარდა, ადამიანებს აოცებდა მისი გულმავიწყობა და დაუფიქრებლობა, ის, რასაც ბერძნები დაბნეულობასა და დაუნახაობას ეძახიან. მაგალითად, მესალინა რომ სიკვდილით დასაჯა, სუფრასთან დაჯდომისას იკითხა, რატომ არ მოდის მაგიდასთან იმპერატრესა? და სხვა მრავალსაც, სიკვდილით დასჯილებს, მეორე დღესვე ეძახდა საბჭოზე ანდა კამათლის სათამაშოდ, ხოლო რაკი ისინი არ მოდიოდნენ, შიკრიკებით უხმობდა იმ მძინარებს. აგრიპინას მოყვანას რომ აპირებდა ჩვეულების საწინააღმდეგოდ, ყველანაირ საუბარში თავის ქალიშვილს და აღსაზრდელს ეძახდა, რომელიც მის ხელში იყო დაბადებული და გაზრდილი. ხოლო ნერონის შვილად აყვანას რომ აპირებდა, - თითქოს ცოტა ამუნათებდა იმისათვის, რომ უკვე ასაკიანი შვილი ჰყავდა და კიდევ გერი უნდა გაეჩინა, - ბევრჯერ უთქვამს ყველას გასაგონად, რომ კლავდიუსების საგვარეულოში ჯერ არავინ შესულა შვილად აყვანით. სიტყვებში და საქციელში ხშირად ისეთ დაუფიქრებლობას ამჟღავნებდა, რომ ეჩვენებოდათ, რომ არ იცის და არ ესმის, ვინ არის, ვისთან, სად და როდის ლაპარკობს. ერთხელ, როცა ლაპარაკი იყო ყასბებზე და ღვინის ვაჭრებზე, მან სენატში შესძახა: „აბა, კარგად ჩათუშული ხორცის გარეშე როგორ უნდა ვიცხოვროთ, მე თქვენ გეკითხებით?“ და ჩამოთვლას შეუდგა, რამდენი სიკეთე იყო ძველ დროში იმ ტავერნებიდან, რომლებიდანაც თავად ოდესღაც იღებდა ღვინოს. ერთ კანდიდატს კვესტორის თანამდებობაზე დაუჭირა მხარი და ეს იმით დაასაბუთა, რომ ამ კაცის მამამ ერთხელ ცივი წყალი მიუტანა, როცა ის ავად იყო და იწვა. ერთ სენატში გამოძახებულ მოწმე ქალზე განაცხადა: „ეს დედაჩემის გააზატებულია, მოსამსახურეებიდან, მაგრამ მე ყოველთვის პატივს მცემდა, როგორც პატონს, - ამას იმიტომ ვამბობ, რომ ჩემს სახლში სხვები პატონად არ მაღიარებენ“ და სასამართლოშიც კი, როცა ოსტიას მცხოვრებნი რაღაც წყალობას ითხოვდნენ, ამან პირდაპირ ტრიბუნიდანვე უყვირა, რომ სულ ტყუილად ელოდებიან მისგან სამსახურს და, რასაკვირველია, თავის საქციელის ჩადენისას არავისზე ნაკლებად თავისუფალი არ არის. ყოველ დღე და ლამის ყოველ წამს სულ ენაზე ადგა შესიტყვება: „შენ როგორ გგონია, ტელეგენიუსი ვარ?!“, „მაგინონ, მაგრამ თითი არ დამაკარონ!“ და მრავალი ამგვარი, უჩვეულო უბრალო ადამიანისთვისაც, მმართველზე რომ აღარაფერი ვთქვათ. არადა, არც სწავლა აკლდა, არც მჭევრმეტყველება და ყოველთვის გულმოდგინედ მეცადინეობდა კეთილშობილ ხელოვნებებში. ისტორიის შეთხზვა ჯერ კიდევ ახალგაზრდობაში დაიწყო, ტიტუს ლივიუსის რჩევით და სულპიციუს ფლავუსის დახმარებით. მაგრამ როცა პირველად გამოვიდა ამ თხზულებით დიდი შეკრებილობის წინაშე, გაჭირვებით ჩაიკითხა ბოლომდე, და თავად იყო დამნაშავე, რომ ცივად შეხვდნენ. კითხვის დასაწყისში უცებ რამდენიმე სკამი ჩაუტყდა ვიღაც სქელ კაცს, რამაც საერთო ხარხარი გამოიწვია; ხმაურის ჩაწყნარება კი მოხერხდა, მაგრამ ამის შემდეგ კლავდიუსს ეს რომ გაახსენდებოდა, თავს ვერ იკავებდა და ჩაიქირქილებდა ხოლმე. თავისი მმართველობის ხანაში ისევ ბევრს წერდა და დაწერილს ახმოვანებდა წამკითხველის პირით. თავისი ისტორია დიქტატორი კეისრის მკვლელობით დაიწყო, მაგრამ მერე გვიანდელ დროებაზე გადავიდა და დასაწყისად აიღო სამოქალაქო მშვიდობის დამყარება. ხედავდა, რომ უფრო ადრინდელ მოვლენებზე მართალი და თავისუფალი მოყოლა უკვე შეუძლებელი იყო, რაკი სწორედ ამაზე ტუქსავდნენ დედა და ბებია; და წინა დროებაზე ორი წიგნი დატოვა, მომდევნოზე - ორმოცდაერთი. თავის ცხოვრებაზე შეთხზა რვა წიგნი, რომლებიც იმდენად უგემოვნოდ არ არის დაწერილი, რამდენადაც უნიჭოდ; ასევე „ციცერონის დასაცავად აზინიუს გალუსის დაწერილის საწინააღმდეგოდ“, საკმაოდ წარმატებული ნაწარმოები. სამი ახალი ასოც კი მოიგონა, რაკი აუცილებლად თვლიდა, რომ ისინი ძველებისთვის დაემატებინა. კერძო კაცად ყოფნისას ამაზე წიგნი გამოსცა, ხოლო ხელისუფალი რომ გახდა, უწვალებლად მიაღწია ამ ასოების მიღებას საყოველთაოდ გამოსაყენებლად. მათი ნიშნები შემოინახა ბევრ წიგნში, ცნობებში და ნაგებობების წარწერებზე.ბერძნულ სიტყვიერებას არანაკლები მონდომებით სწავლობდა, ყოველ ხელსაყრელ ვითარებაში გამოხატავდა თავის სიყვარულს და პატივისცემას ამ ენის მიმართ. ერთ ბარბაროსს, რომელიც ბერძნულადაც ლაპარაკობდა და ლათინურადაც, ასეთი სიტყვებით მიმართა: „რაკი შენ ფლობ ჩემს ორივე ენას...“ სენატორთა ყურადღებას რომ მიაპყრობდა პროვინცია აქაიასკენ, ამბობდა, რომ ეს მხარე ძვირფასია მისთვის სამეცნიერო კავშირებით. ხოლო ბერძენ ელჩებს სენატში ხშირად პასუხობდა მთელი გამოსვლებით. სასამართლოშიც კი უყვარდა ჰომეროსის ლექსების გახსენება. ხოლო როცა მტრის ან ავისმზრახველის დასჯა უწევდა, მცველების მეთაურის ჩვეულებრივ შეკითხვას ყოველთვის პასუხობდა შემდეგი პაროლით: იმ კაცს დაჰკარი, ვინც პირველი დაგესხმის თავზე. ბერძნულადაც წერდა ისტორიებს. ეტრუსკულს - ოც წიგნად და კართაგენისას - რვად. ამ მიზეზით ალექსანდრიის ძველ მუსეუმს შეუერთა ახალიც, რომელსაც მისი სახელი ერქვა, და ბრძანა, რომ წლიდან წლამდე, დადგენილ დღეებში წამკითხვლებს ერთ შენობაში ეტრუსკების ისტორია წაეკითხათ ხმამაღლა და მორიგეობით, მეორეში - კართაგენისა: წიგნი წიგნზე, თავიდან ბოლომდე, როგორც ღია წაკითხვებზე. სიცოცხლის ბოლოს დაიწყო სინანულის ცხადი ნიშნების გამოვლენა, - აგრიპინასთან ქორწინებასა და ნერონის შვილად აყვანას ნანობდა. ერთხელ, როცა აზატები ქებით იხსენებდნენ, წინა დღეს როგორ გადაუწყვიტა დასჯა მრუშობაში ბრალდებულ ქალს, შესძახა, რომ ბედისწერით მისი ყველა ცოლიც უზნეო იყო, მაგრამ დაუსჯელები არ დარჩენილან; მერე კი, ბრიტანიკუსი რომ დაინახა, გადაეხვია, გაზრდა უსურვა, რომ მამისგან პასუხი მიეღო ყველა საქმეზე, და ბერძნულად დასძინა: „დაჭრილი მორჩება!“. და ჯერაც უწვერულ, თუმცა კი უკვე მაღალ ბრიტანიკუსს სრულწლოვანის ტოგას რომ აცმევდა, თქვა: „ბოლოს და ბოლოს, რომაელ ხალხს ნამდვილი კეისარი ეყოლება!“. ამის მერე მალევე შეადგინა ანდერძი და ყველა თანამდებობის პირის ბეჭდებით დაადასტურა. უფრო შორსაც წავიდოდა, მაგრამ ამით შეშფოთებულმა აგრიპინამ, რომელსაც არათუ საკუთარი სინდისი, არამედ მრავალრიცხოვანი დამსმენები ამხელდნენ მრავალ დანაშაულში, დაასწრო. მოკვდა საწამლავისგან, როგორც ყველა აღიარებს; მაგრამ ვინ და სად მისცა საწამლავი, ამას სხვასხვანაირად ამბობენ. ერთნი აცხადებენ, რომ ეს საჭურისმა ჰალოტუსმა გააკეთა, რომელმაც კაპიტოლიუმზე მის საჭმელებს ამოწმებდა ქურუმების ტრაპეზზე; სხვები აცხადებენ, რომ თავად აგრიპინამ შინაურ სადილზე თეთრ სოკოებში გაურია შხამი, მის საყვარელ ნუგბარში. მერე რა მოხდა, იმასაც სხვადასხვანაირად ჰყვებიან. უმეტესობა აცხადებს, რომ მოწამვლისთანავე ენა წაერთვა და მთელი ღამის ტანჯვის შემდეგ, ალიონზე გარდაიცვალა. ზოგიერთი კი გადმოგვცემს, რომ მეხსიერება დაკარგა, მერე მუცლის სისავსისგან ყველაფერი ნაჭამი წამოაზიდა და საწამლავი ხელახლა მისცეს, - შეიძლება, ფაფაში გაურიეს, იმის მომიზეზებით, რომ თითქოს შემაგრება სჭირდებოდა ღებინების მერე, ანდა გამორეცხვით შეუყვანეს, რათა ვითომდა ამით გაეთავისუფლებინათ მუცლის სიმძიმისაგან. მის სიკვდილს მალავდნენ, სანამ ყველაფერი არ უზრუნველყვეს მისი მემკვიდრისათვის. აღთქმების სამსხვერპლო მიჰქონდათ მისი ჯანმრთელობისათვის, თითქოს ავად იყო; სასახლეში კომედიანტები მოჰყავდათ, თითქოს გართობა სურდა. აღესრულა მესამე დღეს ოქტომბრის კალენდებამდე, აზინიუს მარცელუსის და აცილიუს ავიოლას კონსულობისას, ცხოვრების სამოცდამეოთხე წელს და ხელისუფლების მეთოთხმეტე წელს. დაკრძალეს მეფური დიდებულებით და მიეთვალა ღმერთებს; ეს პატივი შემდეგში გააუქმა ნერონმა და მერე ისევ აღადგინა ვესპასიანემ. მისი სიკვდილის წინასწარმეტყველება მნიშვნელოვანი ნიშნები იყო. ცაზე გამოჩნდა კუდიანი ვარსკვლავი, ეგრეთ წოდებული კომეტა; მეხი დაეცა მამამისის, დრუზუსის საფლავს; ბევრი თანამდებობის პირი, დიდიც და პატარაც, მოკვდა იმავე წელს. თავადაც, როგორც ჩანს, იცოდა და არც მალავდა თავისი აღსასრული მოახლოებას. ეს იქიდან ჩანს, რომ კონსულები დანიშნა მხოლოდ თავისი სიკვდილის თვემდე; სენატში საბოლოო ყოფნისას, ყველანაირად მოუწოდებდა შვილებს, ერთმანეთში თანხმობით ეცხოვრათ და სენატორებს ემუდარებოდა, ეზრუნათ მათ ახალგაზრდობაზე; ხოლო ბოლოჯერ რომ ესწრებოდა სასამართლოს, წარმოთქვა, რომ ახლოა მისი ცხოვრების აღსასრული და, მიუხედავად საერთო აღშფოთებისა, ეს გაიმეორა კიდევ და კიდევ.  …
დაამატა Kakha to მსოფლიო ისტორია at 10:15pm on აპრილი 11, 2014
თემა: სასწაული - ჯემალ ქარჩხაძე
და მოსალოდნელ განსაცდელს მხნედ შეხვედროდა. მოსალოდნელი განსაცდელის სათავე კი, დაჭმუჭნილ შარვალ-ხალათში გამოწყობილი ბერიკაცი, სკამზე ნებივრად გადაწოლილიყო, ფეხი ფეხზე შემოედო და ფეხსაცმლის წვერს ნერვებისმომშლელად აქნევდა. იდაყვში მოხრილი მარცხენა ხელი სკამის ზურგისათვის ჩამოეყრდნო, ხოლო მარჯვენაში თავისი სახელგანთქმული უბის წიგნაკი ეჭირა და მაგიდაზე აკაკუნებდა. მაშ ასე, მოწინააღმდეგეთა სახეები თვალნათლივ მოწმობდა, რომ ბრძოლა უთანასწორო იყო. ამ უთანასწორობას ყველაზე უკეთ თვითონ გია ბარბაქაძე გრძნობდა და დიდრონ, თაფლისფერ თვალებში შესაფერისი შიშიც ეხატებოდა, მაგრამ მისი ასაკისათვის დამახასიათებელი სიჯიუტის გამო საკუთარ თავსაც არ უმხელდა სიმართლეს. იგი ცამეტი წლის ბიჭი იყო და ცამეტი წლის განმავლობაში უქმად კი არ დაეხეტებოდა ამ ცოდვილ მიწაზე! ცხოვრებამ ბევრი რამ ასწავლა და დიახაც მტკიცედ ჰქონდა შეთვისებული ფასდაუდებელი მცნება, რომ, როდესაც ყველა გზა მოჭრილია, როდესაც უბედურების აცილება სრულიად უიმედო საქმეა, უნდა შეინარჩუნო სიმშვიდე და გულგრილობა და მორალურად მაინც გაიმარჯვო მოწინააღმდეგეზე. ასეთ ფიქრებს მისცემოდა უსამართლობის საბრალო მსხვერპლი, და ეს ფიქრები, უნდა ითქვას, მთლად თავისუფალი არ ყოფილა მოჭარბებული პათეტიკისაგან. ორთაბრძოლა მიმდინარეობდა რაჟდენ კაპანაძის ბინაზე, პატარა ოთახში. მხარმაცხნივ რკინის საწოლი იდგა, პირდაპირ - პატარა კარადა, კარადის მახლობლად - ტელეფონი, მხარმარჯვნივ კი შავი ქაღალდი იყო გაკრული, რომელიც მარტო თავისი ფერით კი არ ამძიმებდა ატმოსფეროს, არამედ იმითაც, რომ დაფის მოვალეობას ასრულებდა და ამ იმპროვიზებულ დაფაზე მალე სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლა უნდა გამართულიყო გია ბარბაქაძესა და გეომეტრიულ ამოცანებს შორის. გარდა ამ ნაკლებ საინტერესო საგნებისა, საწოლის თავზე იყო კიდევ ერთი, შედარებით მნიშვნელოვანი რამ, კერძოდ, ფანჯარა, საიდანაც დაკარგული თავისუფლება მოჩანდა. ფანჯრის იქით ათი იმათგანი, ვინც თავის ტანჯულ სიცოცხლეს მესამე სკოლის მერხებზე აღამებდა, მალე ჩაიცვამდა ცისფერ მაისურებს (ზედ რომ ოქროსმარჯვენიანი, მაგრამ მაინც მეტიჩარა გოგოს, ნათია გოგიაშვილის ხელით ლამაზად იყო ამოქარგული ნომრები), ხოლო მეთერთმეტე, ცენტრალური თავდამსხმელი, მთავარი ბომბარდირი და გუნდის კაპიტანი ამ მძიმე ჟამს, როდესაც პირველობის საკითხი უნდა გადაწყვეტილიყო, უსახელოდ იღუპებოდა გეომეტრიის ბასრ მარწუხებში. გუშინ, გაკვეთილების დამთავრებისას, მან შეიტყო თავისი მძიმე ხვედრი, შეიტყო, რომ დღევანდელი დღე, ერთადერთი თავისუფალი დღე კვირაში, დაკარგული ჰქონდა და, როგორც სასიკვდილოდ დაჭრილ მთავარსარდალს შეეფერება, თანამებრძოლებს უკანასკნელი დარიგება მისცა: კაპიტნის მაგივრად ენუქიძე გამოვიდოდა მოედანზე და მარჯვენა ფრთაზე ითამაშებდა, ხოლო მამალაძე ცენტრში გადაინაცვლებდა. ამასობაში იქნებ თვითონაც მიესწრო. ასეთი იყო საბოლოო დარიგება, თუმცა ეს უკანასკნელი ფრაზა, ცოტა არ იყოს, ცალყბად მიაყოლა მიმავალ მეგობრებს, რადგან კარგად იცოდა, რომ მას განხორციელება არ ეწერა. როგორც ზემოთაც ვთქვით, მისთვის უქმად არ ჩაუვლია ცამეტ წელს: ცხოვრებამ დიდი გამოცდილება შესძინა და საბოლოოდ დარწმუნდა, რომ სასწაულები არც ისე ხშირად ხდება, როგორც ზღაპრებში წერია, უფრო მეტიც, შეიძლება ითქვას, სულაც არ ხდება. პატარაობისას ასე არ ფიქრობდა, პატარაობისას ყოველდღე სასწაულს ელოდა და ეჭვიც კი არ ეპარებოდა, რომ დღეს-ხვალ ყველაფერი შეიცვლებოდა: ან გადაბრუნდებოდა ქვეყანა, ან გადმობრუნდებოდა, ან სხვა რამე მოხდებოდა არანაკლებ მნიშვნელოვანი. სინამდვილეში კი ყოველი პირველი დღე გაჭრილი ვაშლივით ჰგავდა მეორეს. რაჟდენ კაპანაძე არ იქნებოდა, პარმენ კვინიკაძე იყო. შუა გაკვეთილამდე ყველა ძველ მასალას კითხულობდა, შუა გაკვეთილის შემდეგ ყველა ახალ მასალას ხსნიდა. ყველას ეჭირა უბის წიგნაკი ხელში და ყველამ იცოდა ორიანების წერა. მართალია, რაჟდენ კაპანაძის უბის წიგნაკი გაცილებით უფრო სქელი იყო, ვიდრე ყველა დანარჩენისა ერთად, მაგრამ, სამაგიეროდ, რაჟდენ კაპანაძეს ამ ერთი უბის წიგნაკში ჰქონდა მოქცეული ყველა ორიანი, რაც კი თავის სიცოცხლეში დაეწერა. ასე მიღოღავდა დღეები. არავითარი ცვლილება, არავითარი მრავალფეროვნება. დირექტორი რა არის, დირექტორიც კი არ შეცვლილა, რაც გია ბარბაქაძე მესამე სკოლაში სწავლობდა. ცხადია, ყოველივე ამან მალე დაარწმუნა ჩვენი გმირი, რომ თუ ცხოვრებაში, საერთოდ, ხდება სასწაული, ხდება ძალიან იშვიათად, საუკუნეში ერთხელ. ახლა წინ მხოლოდ გეომეტრია იყო, მრავალკუთხედები, პარალელეპიპედები, სამკუთხედები თავისი ბისექტრისებით, მახვილი და ბლაგვი კუთხეებით და ღმერთმა იცის, კიდევ რით, - ამდენი რომ სცოდნოდა, ახლა აქ არ იქნებოდა გია ბარბაქაძე, ცისფერი მაისურა ეცმებოდა, ზედ რომ იმ მეტიჩარა ნათიამ ლამაზად ამოქარგა ცხრიანი, და, რა ღმერთი გაუწყრებოდა, მეშვიდეკლასელების კარში ერთი ბურთი არ გაეტანა. გია ბარბაქაძე ერთბაშად გამოერკვა ფიქრებიდან და მთელი ყურადღება მასწავლებლის მარჯვენა ხელზე გადაიტანა. საქმე ისაა, რომ რაჟდენ კაპანაძემ თავისი უბის წიგნაკი უფრო მაღლა ასწია მაგიდიდან, ვიდრე დაკაკუნებისათვის იყო საჭირო. მაგრამ შიში ნაადრევი გამოდგა: მასწავლებელმა უბის წიგნაკი მარცხენა ხელში გადაინაცვლა. მარჯვენათი ცხვირსახოცი ამოიღო და მელოტ თავზე ოფლი მოიწმინდა. მერე ცხვირსახოცი თავის ადგილას ჩადო, უბის წიგნაკი კვლავ მარჯვენა ხელში ჩაბღუჯა და ნერვებმომშლელი კაკუნი განაგრძო: ამ გადანაცვლება-გადმონაცვლებაში გია ბარბაქაძემ იდროვა და საათს შეხედა. ორი საათი იყო: მაშასადამე, პირველი სკოლის მოედანზე მალე გაჩაღდებოდა ცხარე ბრძოლა. გია ბარბაქაძე კი... ამ დროს მასწავლებელმა კვლავ აღმართა მსახვრალი მარჯვენა, ფეხის ქნევა შეწყვიტა და ცოდვებით დამძიმებული უბის წიგნაკი იმ ადგილას გადაშალა, სადაც უკანასკნელი ორიანი ეწერა. მერე თეთრი, დაფანჩული წარბები ასწია, თვალები მოჭუტა და გია ბარბაქაძეს ქვემოდან ახედა.  - მდაა... აბა, გიორგი ნიკიფოროვიჩ!       გია ბარბაქაძეს იმის გამო კი არ სძულდა ეს კაცი, რომ უზომოდ სქელი უბის წიგნაკი ჰქონდა და ორიანების წერისადმი განსაკუთრებულ მიდრეკილებას იჩენდა. არა, ღმერთმანი. ორიანების წერა ვის ეზარება! ასეთი მასწავლებელი, ალბათ, არც არსებობს და თუ არსებობს, საუკუნეში ერთხელ იბადება. ორიანების წერისათვის როგორ შეიძლება კაცის შეძულება! რაჟდენ კაპანაძე სწორედ ამ "გიორგი ნიკიფოროვიჩით" იმსახურებდა სიძულვილს. როდესაც მეექვსეკლასელებმა გაიგეს, გეომეტრიის მასწავლებლად რაჟდენ კაპანაძეს გვინიშნავენო, აუწერელი ჟრიამული შეექნათ: ყველას აინტერესებდა ახალი მასწავლებლის ნახვა. და აი, დირექტორმა შემოიყვანა იგი, დაჭმუჭნილ შარვალ-ხალათში გამოწყობილი ჩია მოხუცი, გამოაცხადა, დღეის ამას იქით გეომეტრიას პატივცემული რაჟდენი გასწავლითო და შეატოვა ხელში ცნობისმოყვარეობით ანთებულ ბავშვებს. ახალმა მასწავლებელმა ჯიბიდან ცხვირსახოცი ამოიღო, ოფლი მოიწმინდა და ხელახლა წარუდგა თავის მომავალ სამწყსოს, რადგან, როგორც ეტყობა, დირექტორის წარდგენა საკმარისად არ ჩათვალა. მე გახლავართ რაჟდენ კაპანაძეო - ისეთი ხმით გამოაცხადა, თითქოს ეს "რაჟდენ კაპანაძე" სულ ცოტა, ნაპოლეონ ბონაპარტეს მაინც ნიშნავდა. მაშინ მესამე მწკრივის ბოლოსწინა მერხიდან წამოდგა გია ბარბაქაძე, მძიმედ დაუკრა თავი მასწავლებელს და მშვიდად და მკაფიოდ ჩაუმარცვლა: "გიორგი ნიკიფოროვიჩი, პატ მასწ." - მერე დიდი ღირსებით დაჯდა თავის ადგილას.  - გიორგი ნიკიფოროვიჩ, - აუღელვებლად უთხრა მასწავლებელმა, - თუ საწინააღმდეგო არაფერი გექნებათ, გთხოვთ კუთხეში დადგეთ და ფეხი არ მოიცვალოთ იქიდან გაკვეთილის დამთავრებამდე. ახალ მასწავლებელს ლაპარაკის დროს ტუჩის კუთხეები ქვემოთ ეწეოდა, სიტყვებს რაღაც უცნაურად, ჭადივით აბრტყელებდა და პირიდან ნაწილ-ნაწილ ამოჰქონდა, როგორც ილუზიონისტს ამოაქვს ხოლმე ფერადი ლენტი. "გიორგი ნიკიფოროვიჩ, ლოგინი ხომ არ გაგიშალოთ?" - ჰკითხა მასწავლებელმა ცოტა ხნის შემდეგ, როდესაც კუთხეში ატუზულ ბიჭს საბოლოოდ მობეზრდა მარტო ყოფნა და ერთი ლაზათიანად დაამთქნარა. მაშინ ეს "გიორგი ნიკიფოროვიჩი" მოსწავლეებმა ოხუნჯობად მიიღეს, მაგრამ რვა თვე რომ გავიდა და რაჟდენ კაპანაძე კი დაუღალავად იმეორებდა - "გიორგი ნიკიფოროვიჩ" და "გიორგი ნიკიფოროვიჩო", ყველა მიხვდა, რომ გეომეტრიის მასწავლებელი არავითარ ზომას და საზღვარს არ ცნობდა. თან მხედველობაში იქონიეთ - თვითონ მუდამ ნებივრადაა გადაწოლილი სკამზე, ფეხი ფეხზე შემოუდვია, ნერვებისმომშლელად აქნევს ფეხსაცმლის წვერს, ხელში თავისი ურჩხული-უბის წიგნაკი უჭირავს და, ძებნა რომ არ დასჭირდეს, საჩვენებელი თითი იმ ადგილას აქვს ჩადებული, სადაც უკანასკნელი ორიანი წერია. თუ ბიჭი ხარ, შეიყვარე ასეთი მასწავლებელი! გია ბარბაქაძემ ერთი პირობა გადაწყვიტა, გენერალური ბრძოლა გაემართა ბოროტ ძალასთან და პრინციპულად არ ესწავლა გეომეტრია, მაგრამ აქედან არაფერი გამოვიდა, გარდა იმისა, რომ უბის წიგნაკში კატასტროფულად მომრავლდა ორიანები. რას იზამ, ბრძოლა თავიდანვე უთანასწორო იყო. მაშინ პატარა ოპოზიციონერი წვრილ-წვრილ კენწლაობაზე და პარტიზანულ ბრძოლაზე გადავიდა. მან წინასწარვე იცოდა, რომ დამარცხება არ ასცდებოდა და ცდილობდა, ამ დამარცხების საფასურად, რაც შეიძლება მეტი უსიამოვნება მიეყენებინა უფლებამოსილი მოწინააღმდეგისათვის, ენამახვილობაზე ერთობ თავისებური წარმოდგენა რომ ჰქონდა. მაგალითად, ერთ დღეს (მაშინ მასწავლებელი ახალი დანიშნული იყო და თავის სამწყსოს ჯერ კიდევ კარგად არ იცნობდა) ასეთი ამბავი მოხდა: რაჟდენ კაპანაძე სიას კითხულობდა. როდესაც მისი გვარი დაასახელა, გია წამოდგა, მასწავლებელს უწყინარი თვალებით შეხედა და სრულიად მშვიდად, ისე რომ სახეზე ერთი ძარღვიც არ შეტოკებია, უთხრა: "არ არის, მასწ." მასწავლებელი შეცბა, ფერმაც გადაჰკრა, ეტყობა, რაღაცას მიხვდა, მაგრამ ხმა არ ამოუღია. მეორე დღეს კი, როდესაც თავისი ეჭვების სიმართლეში დარწმუნდა, გიას კლასში შემოსვლისთანავე დაეტაკა და ყოველგვარი მიკიბვ-მოკიბვის გარეშე, ავისმომასწავებლად გაბრტყელებული ხმით ჰკითხა: "გია ბარბაქაძე, რა გვარი ხარ?" როგორც ჩანს მასწავლებელი ძალიან გაბრაზებული იყო, რაკი ჩვეულ აბლანდულ-ჩაბლანდულ სტილს უღალატა. "ბარბაქაძე ვარ, მასწ." - მშვიდად უპასუხა გიამ. "გუშინ რა გვარი იყავი?", "გუშინაც ბარბაქაძე ვიყავი", - მოწაფემ ხმაში ოდნავ გამომწვევი კილო შეაპარა. "აბა, თუ გუშინაც ბარბაქაძე იყავი, ხვალ მშობელი მოიყვანე და ისე მოდი. უტყუარი საბუთებით მინდა დავრწმუნდე, მართლა ბარბაქაძე ხარ თუ არა". მაშინ გია ბარბაქაძემ თავი ჩაქინდრა და ხმადაბლა, დანაშაულში დაჭერილი კაცივით წაიბუტბუტა: "მშობლები არა მყავს, მასწ." მასწავლებელს ღიმილი სახეზე შეაცივდა. ერთხანს არ განძრეულა და არც ხმა ამოუღია, ოღონდ ეს იყო, რომ ოდნავ შესამჩნევად თვითონაც ჩაქინდრა თავი. მერე რამდენჯერმე უხერხულად ჩაახველა, ნელა მიადგა ფანჯარას და კლასის სრულ დუმილში ხუთიოდე წუთი დაჰყო იქ. ბოლოს გია ბარბაქაძეს ხელით ანიშნა, დაჯექიო, ისე რომ მისკენ არ მიუხედავს, და ძლივძლიობით განაგრძო გაკვეთილი. ცოტა ხნის შემდეგ გიას გვერდით მჯდომი ბიჭი გამოიძახა დაფასთან, თვითონ კი მის ადგილას ჩამოჯდა და აკანკალებული ხელი კარგა ხანს ედო ობოლი ბიჭის თავზე. თქმით არაფერი უთქვამს. იმ გაკვეთილზე, საერთოდ, ძალიან ცოტა ილაპარაკა და არც ერთი ორიანი არ დაუწერია.       სამაგიეროდ მისი ცოფების ყრას საზღვარი არა ჰქონდა, როდესაც შეიტყო, რომ "ამ თითის სიგრძე ღლაპმა" ასეთი ოინი უყო. ღმერთმა იცის, რა უფრო აწიწმატებდა - რომ გააცურეს, თუ ამდენი სენტიმენტალობა რომ წყალში ჩაეყარა. ასე იყო თუ ისე, ამ კომედიას უშუალოდ მოჰყვა ორიანი პირველ მეოთხედში და ძალიან აღელვებული საუბარი გია ბარბაქაძის მამასთან (ამ საუბარს გია თვითონაც ესწრებოდა და, უნდა ითქვას, არც ერთი სულიერი მის ადგილას ყოფნას არ ინატრებდა მაშინ). სამწუხაროდ, ასეთი ოინები ერთობ ძვირი ჯდებოდა. გიას მამას რომ არაჩვეულებრივად მწარე ხელი ჰქონდა, ვინ არ იცის, მაგრამ ამას როგორმე აიტანდა კაცი. ბოლოს და ბოლოს ერთს მიგტყეპავდა და ამით ყოველგვარ ანგარიშს გაასწორებდა, ისე რომ გულში არავითარი ხინჯი აღარ რჩებოდა. მეორე წუთს უკვე დამშვიდებული სინდისით შეგეძლო მისულიყავი და კინოს ფული გეთხოვა. სულ სხვა იყო დედის ლექციები მორალის საკითხებზე. ნერვების მოშლის თვალსაზრისით ეს არაფრით არ ჩამოუვარდებოდა რაჟდენ კაპანაძის ოხუნჯობას. მერე განა დამშვიდდებოდა, ერთხელ რომ იყრიდა ჯავრს და გულს მოიოხებდა? თქვენც არ მომიკვდეთ! პაწაწკინტელა ცოდვას მთელი თვისათვის ანაწილებდა და წამალივით აძლევდა საწყალ ბიჭს დღეში თითო ლექციას. ხანდახან საქმე იქამდე მიდიოდა, სინდისს გეფიცებით, გია ბარბაქაძე თავს მოიკლავდა, ცხოვრება რომ მხოლოდ გეომეტრიის გაკვეთილისა და მორალისაგან ყოფილიყო შედგენილი. კიდევ კარგი, გამოჩნდნენ ღვთისნიერი ინგლისელები და ფეხბურთი მოიგონეს. უბედურება ისაა, ხანდახან ფეხბურთის თამაშსაც არ გაცლიან. მაგალითად, სადმე პირველი სკოლის მოედანზე ჩემპიონობის საკითხი წყდება, ამ დროს კი ერთ-ერთი გუნდის ცენტრალური თავდამსხმელი, რომელსაც ისე რა ღმერთი გაუწყრებოდა, ერთი-ორი ბურთი არ გაეტანა მოწინააღმდეგის კარში, დგას აბუზული ვიღაც გადაყრუებული ბერიკაცის წინ და არ იცის, გადარჩება თუ არა საშემოდგომო გამოცდას. ვინც ეს ცხოვრება ასე მოაწყო, გემოვნების ნასახი არ ჰქონია, ფეხბურთის ცოდნაზე ხომ ზედმეტია ლაპარაკი. ჩვენ შევეცადეთ შეძლებისდაგვარად დაგველაგებინა გია ბარბაქაძის აბურდული ფიქრები. ამასობაში კი რაჟდენ კაპანაძემ ჯიბიდან კალმისტარი ამოიღო, ისე მოიმარჯვა, თითქოს წინასწარ აპირებს ორიანის დაწერასო, და თქვა: - მაშ ასე, იმედია, თავს არ ვიტყუებ, როდესაც მჯერა, რომ გიორგი ნიკიფოროვიჩს სხვა უამრავ ღირსებებთან ერთად სახაზავისა და ცარცის ხმარებაც ეხერხება. გია ბარბაქაძეს ხელის გულები საშინლად გაუოფლიანდა. ეჭვიც კი არ ეპარებოდა, რომ მასწავლებელი გუნებაში უკვე ხატავდა ლამაზ ორიანს და იმაზეღა ფიქრობდა - სადა კუდი გაეკეთებინა თუ მოკვარახჭინებული.  - რაღას უდგახარ, აიღე სახაზავი, დაიჭირე თოფივით, ცარცი ხელყუმბარასავით მოიმარჯვე და მტკიცე ნაბიჯით გასწი დაფისკენ. აბა, ე რ თ, ო რ, ს ა მ! საკუთარი ენამახვილობით მოხიბლულ მასწავლებელს სახეზე ბედნიერების ღიმილი ეფინა. მოსწონდა თუ არა სხვასაც მისი ოხუნჯობა, ეს ნაკლებად აწუხებდა. გიამ აიღო ცარცი და სახაზავი და ფეხაკრეფით მიუახლოვდა დაფას.  - რაკი ეს ოპერაცია ასე თუ ისე წარმატებით დამთავრდა, ახლა შემდეგი ნაბიჯი გადავდგათ: გავავლოთ ორი ერთმანეთის პარალელური ხაზი. გიამ სახაზავი დაფას მიადო და აკანკალებული ხელით ჯერ ერთი ხაზი გაავლო, მერე მეორე. ხაზები მაინცდამაინც ვერ დაიტრაბახებდნენ პარალელობას, მაგრამ შეშინებული ბიჭი ვეღარც იმას ბედავდა, რომ ერთი მათგანი წაეშალა და ახალი გაევლო.  - მოვიშველიოთ ფანტაზია და წარმოვიდგინოთ, ვითომ ეს ხაზები პარალელურია. ახლა გაავლე მეორე ხაზის პარალელური. გიამ მორჩილად გაავლო ქვემოთ კიდევ ერთი ხაზი, ამჯერად ცოტა უკეთესი.  - დიდებულია! პირველი ორი ხაზის ფონზე პირდაპირ ფანტასტიკურია! მოდი ახლა, რაკი საქმე მაინც არაფერი გვაქვს, ასეთი თეორემა დავამტკიცოთ: თუ ორი სხვადასხვა ხაზი მესამის პარალელურია, მაშინ ისინი ერთმანეთის პარალელურიც იქნებიან. მე მგონია, არ გაგვიჭირდება. აი, შენი სამი ხაზი. პირველი და მეორე ურთიერთპარალელურია. ურთიერთპარალელურია მეორე და მესამეც. დავამტკიცოთ, რომ პირველი და მესამეც ურთიერთპარალელურები იქნებიან. აბა, დაიწყე. საკანკალო აქ არაფერია. კალმისტარი მზადა მაქვს ხუთიანის დასაწერად. გიამ კარგად იცოდა, რის დასაწერად ჰქონდა მზად კალმისტარი რაჟდენ კაპანაძეს, მაგრამ რა ექნა. ცხადია, დღევანდელი ფეხბურთი უიმისოდ უნდა ჩატარებულიყო (მერედა, ვინ იცის, როგორ სჭირდებოდათ ბიჭებს ერთი გოლი). სამაგიეროდ, ჯერ კიდევ ჰქონდა პატარა შანსი, რომ საშემოდგომო გამოცდას გადაურჩებოდა და ამიტომ მთელი თავისი ვაჟკაცობა და მოხერხებულობა ახლა უნდა გამოეჩინა. თუმცა ვაჟკაცობა და მოხერხებულობა ფრიად საეჭვო მშველელია თეორემების მტკიცების დროს. მხოლოდ უნარი და ცოდნა! მაგრამ, ღმერთო, სად იყო ან ერთი ან მეორე?.. სამი ხაზი გვაქვს. პირველი მეორის პარალელურია, მეორე მესამის, მაშინ... უეცრად გია ბარბაქაძეს საშინელმა ეჭვმა გაჰკრა გულში. ვაითუ მასხრად იგდებს... აბა, ეს რა თეორემაა და რა დამტკიცება უნდა! თუ ერთი მეორის პარალელურია და მეორე კიდევ მესამის, მაგას რაღა ლაპარაკი უნდა, რომ პირველი და მესამეც ერთმანეთის პარალელურები იქნებიან. კაი კვანტის გამოდება კი იქნება... ამტვრევინებს თავს, ამტვრევინებს, მერე ეტყვის, უბრალო აქსიომა არ გცოდნიაო და მიაკრავს შუბლში "ჯვრის ორიანს", როგორც თვითონ იტყვის ხოლმე. გია ბარბაქაძე გამოუვალ მდგომარეობაში ჩავარდა. არადა არც ბევრი დაყოვნება ვარგოდა, რადგან, თუ ამოცანა მართლა ძალიან მარტივი იყო, ბევრი ფიქრი უკვე თავის გაცემას ნიშნავდა. არა, ამას დამტკიცება მართლა არ უნდა სჭირდებოდეს. კაი, დავანებოთ თავი ხაზებს, სხვა რამე ავიღოთ. მეექვსეკლასელების გუნდში, იმდენი სათადარიგო მოთამაშეა, რამდენიც მე-71 კლასელების გუნდში, ხოლო მე-71 კლასელების გუნდში იმდენი, რამდენიც მე-72 კლასის გუნდში. რა დიდი ფილოსოფია უნდა იმას, რომ მეექვსეკლასელებსა და მე-72კლასელებს თანაბარი რაოდენობით ეყოლებათ სათადარიგო მოთამაშეები! ასე ღრმააზროვნად მსჯელობდა გია. მაგრამ, სამწუხაროდ, მეტისმეტად შეზღუდული რეგლამენტი ჰქონდა: დროზე უნდა ეთქვა რაღაცა, ან აქეთ, ან იქით, თორემ მერე შეიძლება გვიანღა ყოფილიყო. თანაც რამოდენა გამბედაობა გინდოდა. ერთიც ვნახოთ და სრულიად ჩვეულებრივი თეორემა გამომდგარიყო, დამტკიცება რომ ესაჭიროება და ამ თვისების გამო, ვინ იცის, არა ერთი და ორი გიასთანა ბიჭისათვის გაუმწარებია სიცოცხლე! საბოლოოდ გიამ მაინც გადაწყვიტა ეცადა ბედი.  - თუ ორი ხაზი ცალ-ცალკე მესამის პარალელურია, მაშინ ცხადია, ერთმანეთის პარალელურიც იქნებიან.  - სრული ჭეშმარიტებაა, - უთხრა მასწავლებელმა, - მაგრამ დავუშვათ, ჩემი გონება ვერ წვდება მაგ ჭეშმარიტებას და საჭირო ხდება დასაბუთება. მაშინ რაღა ვქნათ? ამგვარად, აქსიომის ჰიპოთეზა ერთი დაკვრით გაცამტვერდა. გია ბარბაქაძემ საშემოდგომო გამოცდის სუნი იკრა და გადაწყვიტა, ხავსს მოჭიდებოდა.  - თუკი ეს ხაზი ამის პარალელურია და ეს ხაზი კიდევ ამის, მაშინ ესენიც პარალელური იქნებიან. აბა, რა იქნებიან!  - არ გედავები, წეღანაც მოგახსენე, არ გედავები, და საერთოდ, ძალიან ვწუხვარ, რომ მიუხედავად ასეთი თვალნათლივობისა, თეორემას მაინც დამტკიცება უნდა.  - აი, მასწ., მაგალითად, თუ ორი უბის წიგნაკი ცალ-ცალკე იმავე გვერდზეა გადაშლილი, რომელზედაც მესამე, ცხადია, ისინი ერთსა და იმავე გვერდებზე იქნებიან გადაშლილი.  - ეს იმას მოწმობს, რომ ფიქრი გეხერხება და, თუ მოინდომებ, შეიძლება არც ისე წყალწაღებული ბიჭი იყო, როგორც ერთი შეხედვით ჩანხარ. - მასწავლებელმა კალმისტარი მაგიდაზე დადო, ჯიბიდან ცხვირსახოცი ამოიღო და მელოტ თავზე ოფლი მოიწმინდა (ბიჭიც გაოფლიანებული იყო, მაგრამ ცხვირსახოცის ამოღებას ვერ ბედავდა), მერე კალმისტარი მოიმარჯვა და განაგრძო. - თუმცა, შენი უბის წიგნაკის მაგივრად, მოდი, სხვა მაგალითი ავიღოთ: აბა, გაავლე ორი ხაზი, რომლებიც ცალ-ცალკე მესამის პერპენდიკულარული არიან, და ნახე, ერთმანეთის პერპენდიკულარული აღმოჩნდებიან თუ არა. გია უძრავად იდგა, რადგან არ იცოდა, ეს ისე, სიტყვას მოჰყვა, თუ მართლა უნდა გაევლო ასეთი ხაზები.  - გაავლე, გაავლე! - წააქეზა მასწავლებელმა. გიამ გაავლო ერთი და იმავე ხაზის პერპენდიკულარული ორი ხაზი და თავისდა გასაოცრად და სამარცხვინოდ დაინახა, რომ ეს ორი ხაზი ერთმანეთის პარალელური აღმოჩნდა. რაღა თქმა უნდა, ახლა უკვე ყველაფერი გათავებული იყო: ჩემპიონობაც იკარგებოდა და საშემოდგომო გამოცდაც თითქმის ჯიბეში ედო. ან კი რამ აფიქრებინა, გადავრჩები და იმ ენაჭარტალა ნათიას ყბაში არ ჩავვადებიო. გატრიალდეს მაინც და წავიდეს, სანამ გვიან არ არის! პირველი სკოლა ხომ აქვეა, ორ ნაბიჯზე. მაგრამ ვაი, რომ არც ამდენი გამბედაობა ჰქონდა. ასეა: კაცი ან მართლა ზოგიერთებივით უნდა სწავლობდე, თითები რომ მუდან ანტენებივით აქვთ აშვერილი და ყოველი გაკვეთილი ზეპირად იციან, ან არადა, ცოტა მეტი ვაჟკაცობა უნდა გამოიჩინო. აბა, ეს რას ჰგავს: არც აქეთ ხარ და არც იქით, ნახევარი სწავლა და ნახევარი გამბედაობა, თანაც ისე, რომ სამიანი არც ერთში გეკუთვნის და არც მეორეში. მაგრამ საკუთარი ბუნების გარდაქმნა და ისიც ასე ერთბაშად, არავის ძალუძს. ამიტომ გია ბარბაქაძე დაფასთან უძრავად ატუზულიყო და შუბლი დილის ბალახივით ჰქონდა დაცვარული. მასწავლებელი შეინძრა. გიამ შიშით გამოიხედა. არა, არაფერი, რაჟდენ კაპანაძემ ახლა მარცხენა ფეხი გადაადო მარჯვენას და აუღელვებლად გააქან-გამოაქანა.  - მაშინ ასე ვქნათ, თუ ნებას მომცემ, - თქვა მან, - გაავლე ხაზი. ახლა ეს ხაზი ირიბი ხაზით გადაკვეთე. ჩინებულია. ზედა მარცხენა კუთხე უდრის 120 გრადუსს, გამოვიანგარიშოთ დანარჩენი კუთხეები. გია ბარბაქაძე კარგა ხანს ხვნეშოდა დაფასთან და საბოლოოდ მისმა ნახაზმა ასეთი სახე მიიღო: როდესაც 120o დაწერა, უეცრად (ალბათ, ციფრების ასოციაციით) საათი გაახსენდა და ცალი თვალით მალულად გახედა მასწავლებლის მარცხენა მაჯას, მაგრამ იქ მხოლოდ ვეებერთელა უბის წიგნაკი დაინახა. გიამ იმ შემზარავ სანახაობას სწრაფად აარიდა თვალი და ისევ ნახაზს მიუბრუნდა. მაშასადამე, < AOC = 120o და ღმერთმა იცის, რას უდრის დანარჩენი კუთხეები. გიამ გადაწყვიტა, ფეხბურთი თავიდან ამოეგდო და ღრმად ჩაფიქრებულიყო. აკი ერთი წუთის წინ მასწავლებელმა უთხრა, ფიქრი გეხერხებაო. "გვაქვს < AOC, რომელიც 120 გრადუსს უდრის. მის გაყოლებაზე არის მეორე კუთხე COB, ეს კუთხე უნდა უდრიდეს... AOB რომ კუთხე იყოს, მაშინ COB იქნებოდა - AO... ბიჭო! დაიცა, რა ჯანდაბა ჰქვია?.. ჰო, გაშლილი კუთხე, გაშლილი კუთხე ვაშაა! გაუმარჯოს გაშლილ კუთხეს!" გიამ სიხარულისაგან კინაღამ კუნტრუში დაიწყო. AOB-ს რომ გაშლილი კუთხე ერქვა, ეს უდიდესი აღმოჩენა იყო. ასეთი აღმოჩენა კოლუმბსაც კი დაამშვენებდა. მართალია, ბიჭის სიხარულში პატარა შხამიც ერია, რადგან ეს ჭეშმარიტება მეტიჩარა ნათიასგან ჰქონდა გაგონილი, მაგრამ ახლა ისეთ დღეში იყო, როდესაც გაჭირვება კაცს თავმოყვარეობის გრძნობას უჩლუნგებს. მაშინ ნათიამ გაშლილი კუთხის სახელთან ერთად ისიც უთხრა, თუ რას უდრის გაშლილი კუთხე. ეს იყო ერთადერთი შემთხვევა, გიამ რომ ვაჟკაცისათვის შეუფერებელი სისუსტე გამოიჩინა, მასწავლებელს დაუჯერა და ნათიასთან იმეცადინა. ეს ამბავი შავ ლაქად დარჩა მის ცხოვრებაში. მაგრამ ახლა ყველაფერზე თანახმა იყო, ოღონდ კი გაეხსენებინა ეს გაშლილი კუთხე. არადა, მის აღმოჩენას ისეთივე ფასი ექნებოდა, როგორც კოლუმბის აღმოჩენას, ამერიკა რომ ისევ დაკარგულიყო. აბურდულ ფიქრებში შორეული ნათურებივით ციმციმებდა ორი ციფრი: 180 და 360. ეს იყო ორი ცნობილი ციფრი, რომლებსაც მჭიდრო ურთიერთობა უნდა ჰქონოდათ გეომეტრიასთან. ცოტა ხნის ფიქრის შემდეგ გია საბოლოოდ დარწმუნდა, რომ ერთ-ერთი მათგანი სწორედ გაშლილი კუთხის სიდიდეს აღნიშნავდა. მაგრამ რომელი? თავისი სულელური მარჩიელობით ერთი ნაბიჯი უკვე გადადგა საშემოდგომო გამოცდისაკენ. მეორე ნაბიჯი საბოლოო ნაბიჯიც იქნებოდა, მერე კი... მერე ყველაფერი ნათელი იყო: მამის დაკოჟრილი ხელი, დედის ლექციები, მოშხამული არდადეგები...       მაშ, რა ვქნათ?.. გაშლილი კუთხე ან 180-ს უდრიდა, ან 360-ს.       "მაგრამ რომელს? - ფიქრობდა გია. - რომელი ვთქვა? რომელიც პირველად მომადგება ენაზე? ორივე რომ ერთად მადგას! გამოვითვალო?! მოდი, მართლა გამოვითვლი, რომელიც მეათე იქნება, ის იყოს გაშლილი კუთხე. სულ ერთია, თუ არაფერი ვთქვი, საშემოდგომოს მაინც ვერ გადავურჩები, რაც არის, არის. 360 ერთი, 180 ორი, 360 სამი, 180 ოთხი, 360 ხუთი, 180 ექვსი, 360 შვიდი, 180 რვა, 360 ცხრა, 180 ათი". - < COB = 180o - 120o = 60o გიას ერთბაშად სისხლი სახეზე მოაწვა და ისე გაწითლდა, თითქოს ამაზე უფრო სამარცხვინო თავის დღეში არაფერი ეთქვას. მისი ბედი ბეწვზე ეკიდა. რაჟდენ კაპანაძემ კვლავ შეცვალა ფეხები, კალმისტარი მაგიდაზე დადო, ცხვირსახოცი ამოიღო და მელოტი თავი მოიწმინდა. მერე ცხვირსახოცი ისევ ჯიბეში ჩაიდო, კალმისტარი მოიმარჯვა და ღიმილით უთხრა წმიდა მოწამეს: - მე ყოველთვის ვამბობდი, ერთხელაც იქნება, გიორგი ნიკიფოროვიჩი ქვეყანას განაცვიფრებს-მეთქი. და აი, ეს დღეც დადგა. სწორია. ყოჩაღ, ვაშა! გიას გულზე მოეშვა. ახლაღა იგრძნო მთელი სისრულით, რომ ეს 180o ას ოთხმოცი ფუთივით აწვა გამხდარ მხრებზე.  - ყოჩაღ, ყოჩაღ და კიდევ ერთხელ ყოჩაღ! - თქვა მასწავლებელმა, - მაშ, გადავიდეთ შემდეგ კუთხეზე. დიახ, სამწუხაროდ, საჭირო იყო შემდეგ კუთხეზე გადასვლა. გიამ დიდი მოაზროვნის სახე მიიღო და ნახაზს დააკვირდა. აქ უკვე თავდებოდა ნათიას მიწოდებული ინფორმაცია, საკუთარ თავზე დაყრდნობა კი, რასაკვირველია, წყლის ნაყვა იყო. "მაშ, 360o-ს თურმე ორი გაშლილი კუთხე უდრის. გამოსარკვევი დაგვრჩა AOD და BOD კუთხეები. აქედან AOD უდრის 180o - BOD, მაგრამ BOD რას უდრის? ორივე ერთად 180o-ია. ერთი უნდა იყოს 180-ის რაღაც ნაწილი, მეორე 180-ის... არა, ასე არაფერი გამოვა". ამაოდ ხვნეშოდა გია, ამაოდ წვალობდა: AOD და BOD კუთხეები საიდუმლოებით იყო მოცული. მაშინ იფიქრა, ბოლოს და ბოლოს ერთი საშემოდგომო გამოცდა ამდენ წვალებად არც ღირს და მთავარია არა ეს, არამედ ჩემპიონობაო. და გადაწყვიტა, სულიერი სიმშვიდის მოსაპოვებლად თავი ამ ჭეშმარიტებისათვის შეეფარებინა. მაგრამ, როგორც მოსალოდნელი იყო, ცდამ უნაყოფოდ ჩაუარა. აშკარად ჩანდა, გია არ იყო იმდენად ვაჟკაცი, რომ გეომეტრიაზე გადაჭრით ეთქვა უარი და ანგარიში არ გაეწია მამის დაკოჟრილი ხელისათვის, დედის ლექციებისათვის და მოშხამული არდადეგებისათვის, რომლის განმავლობაში, გინდა თუ არა, თავში მაინც საშემოდგომო გამოცდა უნდა გიტრიალებდეს. ჩიხში მომწყვეული ბიჭი AOD და BOD კუთხეებზე უკვე აღარ ფიქრობდა, რადგან დარწმუნდა, რომ ეს სრულიად უნაყოფო შრომა იყო. მაგრამ, მიუხედავად ამისა, ნახაზის წინ მაინც ღრმააზროვანი სახით იდგა და დროს შეუგნებლად აჭიანურებდა, რაც იმის მომასწავებელი იყო, რომ სულ მალე მეხი გავარდებოდა.       მეხი მართლაც გავარდა, ოღონდ ცოტა მოგვიანებით. ხოლო მანამ, სანამ მეხი გავარდებოდა, რაჟდენ კაპანაძე მძიმედ წამოდგა და თავისი მსხვერპლისაკენ ნელი ნაბიჯით გაემართა. დაფასთან შეჩერდა, უბის წიგნაკი კალმისტართან ერთად მარჯვენა ხელში გადაინაცვლა. მარცხენა ხელის ცერი და საჩვენებელი თითი რკალად მოხარა და ნახაზს დაადო ისე, რომ საჩვენებელი თითი AOC კუთხეში აღმოჩნდა, იქ სადაც 120o ეწერა, ცერი კი - BOD კუთხეში.  - თუ გქონია როდისმე რაიმე ურთიერთობა ჯვარედინ კუთხეებთან?       გია ბარბაქაძე თავჩაღუნული იდგა და დუმდა. არა, ჯვარედინ კუთხეებთან მას არავითარი ურთიერთობა არა ჰქონია. ამიტომ ყველაფერი გათავებული იყო: ჯვარედინ კუთხეებსაც, მთელ გეომეტრიასაც და მთელ არდაგეგებსაც ჯვარი ჰქონდა დასმული.  - სამწუხაროდ, არავითარი, - დაასკვნა მასწავლებელმა და უცებ გაშმაგებით დაიწყო ბოლთის ცემა. მართალია, ხმა არ აუმაღლებია, მართალია, ბრტყელ-ბრტყელ სიტყვებს ძველებურად ნაწილ-ნაწილ ისროდა, მაგრამ კალაპოტიდან მაინც ამოვარდნილი იყო, რასაც თუნდაც ის ფაქტიც მოწმობდა, რომ სრულიად დაავიწყდა, უბის წიგნაკი ისევ მარცხენა ხელში დაეჭირა.  - ჯვარედინი კუთხეები, ჩემო კარგო, - თქვა მან, - როცა სირბილით გული იჯერა, - ტოლია. შენთვის ახლა ჯვრის ორიანი სრულიად დამსახურებული ჯილდო იქნება, მაგრამ კიდევ ერთხელ მოგცემ გადარჩენის საშუალებას. გიამ კარგად იცოდა, რა "გადარჩენის საშუალებაც" აუტყდა რაჟდენ კაპანაძეს. მას გიას წამება უნდოდა და არა გადარჩენა. გადარჩენის საშუალებას მისცემს! გადარჩენა თუ უნდოდა, მისი ნება არ იყო? დაეწერა სამიანი, არც თვითონ გაიღვრებოდა ოფლად და არც საწყალ ბიჭს ამოხდიდა სულს. რა ბიჭია, გადარჩენის საშუალება მისცეს! გია ბარბაქაძე მეტისმეტად აღელვებული იყო და საკუთარი უბედურების მეტს ვერაფერს ამჩნევდა. ამ დროს კი მასწავლებლის დანაოჭებულ სახეზე ფრიად უცნაური და ამიტომ ფრიად საინტერესო ცვლილებები მიმდინარეობდა. ჯერ იყო და ეს სახე ოდნავ გათეთრდა, მერე სიყვითლე შეეპარა, ბოლოს კი აშკარად გამწვანდა. მასწავლებელმა მხოლოდ მაშინ მიიქცია გაწამებული შეგირდის ყურადღება, როცა უეცრად, მკვეთრი მოძრაობით, უბის წიგნაკი და კალმისტარი გულში ჩაიხუტა და სკამზე მოწყვეტით დაეშვა. გია ბარბაქაძე შეკრთა, შეშინებულმა მოიხედა და თვალწინ ისეთი შემზარავი სანახაობა წარმოუდგა, რომ ადგილზე გაშეშდა. მასწავლებელი შეკუმშულიყო, თითქოს ნახტომისათვის ემზადებაო, ბეჭებში მოხრილიყო, უბის წიგნაკი და კალმისტარი გულში მაგრად ჩაეკრა და მძიმედ სუნთქავდა. სახე ისეთი ჰქონდა, როგორც ხასხასა მოლი აპრილის თვეში. ასე გავარდა მეხი. და გია ბარბაქაძე იდგა კიდეც მეხდაცემულივით. სახეზე დიდი შიში და გაკვირვება აღბეჭდვოდა. მასწავლებელს თვალებდაჭყეტილი მისჩერებოდა. მან პირველად ახლა იგრძნო თვალნათლივ, რომ მასწავლებელი არაფერი ყოვლისშემძლე არსება არ ყოფილა და რომ მასაც ჰყოლია მისი სულთამხუთავი. ეს აღმოჩენა იყო. გიას შეგნებული ჰქონდა, რომ ხდებოდა რაღაც ფრიად უჩვეულო, რაც არაფერს არ უწევს ანგარიშს, - არც გეომეტრიას, არც საშემოდგომო გამოცდას, არც ფეხბურთს. სრულიად არაფერს. გია მასწავლებელს მისჩერებოდა და ვერ მიმხვდარიყო, რას მოითხოვდა მისგან შექმნილი ვითარება: განეგრძო თავის მოკატუნება და თეორემაში ჩაფლული მოსწავლის როლი, თუ გაშლილი კუთხის პრობლემა მოხსნილი იყო დღის წესრიგიდან და აღარ ღირდა მისთვის ყურადღების მიქცევა? იქნებ რამე უნდა ეთქვა? მაგრამ მან არ იცოდა, ამბობენ თუ არა რამეს ასეთ დროს. ერთ ხანს გრძელდებოდა უცნაური მდგომარეობა. მოსწავლეს ზურგი შეექცია გაშლილი კუთხისათვის და მასწავლებელს გაფართოებული თვალებით შესცქეროდა. რაჟდენ კაპანაძე ქშინავდა და საშიში ღიმილით იღიმებოდა. ბოლოს ისევ მასწავლებელმა ამოიღო ხმა: - ეს არის გენერალური შეტევა, თუ ნებას მომცემთ აგიხსნათ, ახლა დაიწყება ცრემლის ღვრა, - თქვა მან და ისეთი უცნაური ქშენა დაიწყო, რომ მის გვერდით გაჩერება უკვე გარკვეულ სიძნელეებთან იყო დაკავშირებული. გიამ ვერ გაიგო მასწავლებლის ნათქვამი. სამაგიეროდ უეცრად სულ სხვა რამ გაიგო. უეცრად გაერკვა შექმნილ სიტუაციაში და დაინახა, რომ, რაც მის ირგვლივ ხდებოდა, იყო სასწაული. მართალია ქვეყანა არ გადაბრუნებულა, არც გადმობრუნებულა, არც სწავლის გაუქმება იყო მოსალოდნელი, მაგრამ ეს მაინც სასწაული იყო და ეს სასწაული თავისი მასშტაბით დირექტორის გამოცვლას არ ჩამოუვარდებოდა. სამწუხაროდ, ამ აღმოჩენას იქვე მოჰყვა მეორე, არასასიამოვნო აღმოჩენა: სასწაულთან პირისპირ შეხვედრა არც ისე სასიამოვნო ყოფილა, როგორც ადრე ეგონა გიას. გაგონილი სასწაული, თურმე, ათასწილად ჯობია საკუთარი თვალით ნანახ სასწაულს. ყოველ შემთხვევაში, ერთი რამ აშკარაა: გია თანახმა იყო შემოდგომაზე ჩაებარებინა გეომეტრია, ოღონდ ახლა ამ სანახაობას გარიდებოდა.  - რამდენი წლისა ხარ?  - ცამეტის, მასწ... - ჩაილაპარაკა გიამ.  - მთელი სიცოცხლით უფროსი ვარ შენზე. აბა, ახლო მოდი!       რაჟდენ კაპანაძემ პირი გააღო, რამდენჯერმე მძიმედ ამოისუნთქა და სახეზე შეეტყო, რომ ცოტა შვება იგრძნო: ერთ-ორი ნაოჭი გაშალა და კბილებში მოქცეული ქვედა ტუჩი გაითავისუფლა. გიამ წინ ორი ნაბიჯი გადადგა და შეჩერდა. უფრო ახლო მისვლა ვერ გაბედა. ეგონა, მასწავლებელი კვდებაო. ასეთი ჰიპოთეზის საბუთს, მისი აზრით, იძლეოდა არა ნაოჭები და მწვანე ფერი, არამედ საქციელი.  - კარგი, კარგი, ნუ მოხვალ, - ხმადაბლა თქვა მასწავლებელმა და მცირე დუმილის შემდეგ რაღაცნაირი ნაღვლიანი კილოთი, გია ბარბაქაძისათვის სრულიად გაუგებარი კილოთი დაუმატა, - მინდოდა თავზე დამედო ხელი. არ ვიცით, რა მოხდა, მაგრამ გიას სრულიად მოულოდნელად გულში სიამაყემ გაჰკრა: რაჟდენ კაპანაძე თავზე ხელის დადებას უპირებდა. ღმერთმა იცის, რამდენად საამაყო ამბავია. თუმცა, ამასთან ერთად, ცოტა არ იყოს, სინდისმაც შეაწუხა, გაახსენდა, ერთხელ რომ მასწავლებელმა რეზო დაფასთან გამოიძახა, თვითონ მის ადგილას დაჯდა გიას გვერდით და საბრალო "ობოლს" უხერხულად დაადო თავზე ხელი. იმ გაკვეთილის შემდეგ გია ყოველ შემხვდურს აჩერებდა და ეუბნებოდა, პირდაპირ ვიგუდებოდი, სიცილს ძლივს ვიკავებდიო. სინამდვილეში კი მთლად ასე არ ყოფილა საქმე. იმ მომენტამდე, სანამ მასწავლებელი ხელს დაადებდა, გია თავისი ოინით აღფრთოვანებული იყო. მაგრამ, როდესაც რაჟდენ კაპანაძეს გული აუჩუყდა, პატარა მატყუარას რაღაც ძალიან უცნაური და ძალიან უსიამოვნო გრძნობა გაუჩნდა. და ახლა, როდესაც მასწავლებელს კიდევ მოუნდა მისთვის თავზე ხელი დაედო, გია ბარბაქაძეს სინდისმა ქენჯნა დაუწყო. მერე გაბედულად გადადგა კიდევ ორი ნაბიჯი და ქერა თმა მორჩილად მიუშვირა რაჟდენ კაპანაძეს. მასწავლებელმა უბის წიგნაკი და კალმისტარი მარცხენა ხელში გადაინაცვლა, მარჯვენა კი გიას დაადო თავზე. ბიჭი დამნაშავესავით იდგა გაყუჩებული და გრძნობდა, როგორ უკანკალებდა ხელი მასწავლებელს.       გამოცდამ ერთობ უცნაური სახე მიიღო.  - გეჯავრება? - ჰკითხა მასწავლებელმა და თვალით უბის წიგნაკი უჩვენა.       გიამ ახლაღა იგრძნო, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში უბის წიგნაკს მისჩერებოდა. ასე ახლო არასოდეს ენახა ეს შემაძრწუნებელი ნივთი, მაგრამ საოცარია, ძველებურად აღარ ეშინოდა მისი. იქნებ იმიტომ, რომ გამოცდამ უცნაური სახე მიიღო? ძლივს ეტეოდა მასწავლებლის ხელში სქელი, ორიანებით სავსე უბის წიგნაკი. ვერ ვიტყვით, რომ რაჟდენ კაპანაძე კარგ ნიშნებს (და მათ შორის ხუთიანებსაც კი) არ წერდა. წერდა, როგორ არა, მაგრამ უბის წიგნაკში იშვიათად შეჰქონდა. სამაგიეროდ, ორიანს, არასოდეს გამოტოვებდა: აღნიშნავდა საკლასო ჟურნალში და იმწამსვე უბის წიგნაკში ფაქიზად ჩაწერდა ხოლმე. ამიტომ სძულდათ, ალბათ, ასე მოსწავლეებს იგი, თუმცა ისიც უნდა შევნიშნოთ, რომ ოთხოსნები და ხუთოსნები ამ სიძულვილს "ჩამორჩენილების" ხათრით იზიარებდნენ, თორემ თვითონ არავითარი საბაბი არა ჰქონდათ: მათი ნიშნები მხოლოდ ჟურნალში იწერებოდა (ამაზე ბიჭები ხუმრობდნენ, რაჟდენ კაპანაძე უბის წიგნაკის წაბილწვას ერიდება და იმიტომ არ შეაქვს კარგი ნიშნებიო). გია ვერ მიხვდა, მასწავლებელს რაში დასჭირდა უბის წიგნაკის ხსენება და ისიც აუგად. იდგა თავჩაქინდრული და გრძნობდა, როგორ უკანკალებდა ხელი რაჟდენ კაპანაძეს.  - ძალიან გეჯავრება? - გაუმეორა მასწავლებელმა და თავს ძალა დაატანა, რომ გაეღიმა.  - არა, მასწ... - უპასუხა გიამ და კიდევ რაღაც წაილუღლუღა, მაგრამ ამას მასწავლებელი, ალბათ, ვერ გაიგონებდა. გიას უნდოდა ეთქვა, არ მეჯავრება თქვენი უბის წიგნაკიო, მაგრამ, ბოლოს და ბოლოს, არც ისე უსინდისო ბიჭი იყო, რომ ასეთ დროს ენა არ დაბმოდა.  - ნუ ცრუობ, ახლა არაა ეგ საჭირო.       ადვილი სათქმელია, "ნუ ცრუობ!" აბა, ერთი თვითონ ყოფილიყო გიას ადგილას, მაგასაც ვნახავდით, როგორ ეტყოდა პირში მრისხანე მასწავლებელს: დიახ, მასწ., ყველაზე უფრო თქვენი უბის წიგნაკი მეჯავრებაო.  - თუ საწინააღმდეგო არაფერი გაქვს, წამოვწვები, - უთხრა რაჟდენ კაპანაძემ,- ისე გამიცვითა წლებმა ორგანიზმი, რომ აღარაფრის აღარ რცხვენია, სტუმრის თანდასწრებითაც კი უტიფრად მოითხოვს დასვენებას. ეს "სტუმარი" პირდაპირ მალამოდ მოეცხო გიას გაწამებულ გულს და რაკი იგი, საწყალი "ჩამორჩენილი" ერთბაშად სტუმარი გახდა, გათამამებულმა ესეც კი გაიფიქრა: "რას ავბუზულვარ გაწუმპულ წიწილასავით. ბოლოს და ბოლოს, მეც ადამიანი ვარ".  - გიორგი ნიკიფოროვიჩ, - უთხრა მასწავლებელმა ისე, რომ თვალი არ გაუხელია, - როგორც ჩანს, მაშველი ძალა დამჭირდება. აბა ერთი, ტელეფონის ყურმილი აიღე!       გიამ აიღო ყურმილი და ახალი დავალების მოლოდინში მასწავლებელს შეხედა.  - აკრიფე, 1-58-69, -სვენებ-სვენებით განაგრძო მასწავლებელმა, - იკითხე არჩილ ფერაძე და, თუ შინაა, უთხარი, რაჟდენ კაპანაძესთან მოდი ცოტა ხნით-თქო. უქეიფოდაა-თქო, უთხარი.       გიამ ნომერი აკრიფა. ტელეფონში მამაკაცის ბოხი ხმა გაისმა: - გისმენთ!  - არჩილ ფერაძეს სთხოვეთ, თუ შეიძლება.  - მე ვარ!       გია შებორძიკდა. აქამდე არასოდეს დასჭირვებია მასწავლებლის თანდასწრებით მისივე სახელი და გვარი ეხსენებინა. ახლა დაინახა, რომ ეს არცთუ ისე ადვილი ყოფილა.  - ისა... მასწ... რაჟდენ მასწავლებელთან მობრძანდით, თუ შეიძლება; ცოტა უქეიფოდაა.  - ახლავე მოვალ! - თქვა მამაკაცმა ბოხი ხმით და დაკიდა ყურმილი.  - ახლავე მოვალო, მასწ.       მასწავლებელმა გაიღიმა.  - უღრმესი მადლობა, მაგრამ ეგ რომ არჩილ ფერაძე არ ყოფილიყო, ძალიან კი მიხვდებოდა, ვინ არის შენი რაჟდენ მასწავლებელი!       მასწავლებელი გაჩუმდა და გია ბარბაქაძის ცხოვრებაში ისეთი ჟამი დადგა, რომ უარესი თუ იყო, თორემ არაფრით ჩამოუვარდებოდა გეომეტრიის გამოცდას: დუმილი და ლოდინი. თანაც გაურკვეველი მდგომარეობა. ის მაინც რომ სცოდნოდა დანამდვილებით, დამთავრდა თუ არა პარალელური ხაზებისა და გაშლილი კუთხეების ეპოქა, შედარებით დამშვიდდებოდა. მაგრამ, სამწუხაროდ, ეს არ იცოდა და ერთხანს ვერც გაიგებდა. მასწავლებელი თვალდახუჭული იწვა და მალე, ალბათ, ხვრინვასაც ამოუშვებდა. ერთი საუკუნის შემდეგ გამოჩნდებოდა ვიღაც არანაკლებ ბებერი კაცი და თან მოიტანდა ფონოსკოპს. ერთ საათს გასინჯვას მოუნდებოდა, მერე იმუსაიფებდნენ, ცხადია, ძველ დროს მოიგონებდნენ, წაიტრაბახებდნენ თავიანთი წარსულით და ამასობაში გიას შემოაღამდებოდა კიდეც. ფეხბურთიც გვერდზე დარჩებოდა და ყველაფერი. იმისთვისაც მადლობა უნდა ეთქვა, თუ ყოველივე ამის შემდეგ კიდევ გამოცდა არ გაგრძელდებოდა. ერთი პირობა გადაწყვიტა გაპარულიყო: ამ ოხერ ლოდინსაც გადარჩებოდა, გამოცდის გაგრძელებასაც და ერთ-ორ გოლსაც შეაწევდა თავის გუნდს. მაგრამ შეეშინდა: წინასწარ რას მიხვდები, რაოდენ სასტიკი იქნება რაჟდენ კაპანაძის შურისძიება. გარდა ამისა, ცოტა ლაჩრობაც იყო ავადმყოფი კაცის მიტოვება. ღმერთმა ნუ ქნას და, ვინიცობაა, რამე დამართოდა, რას იტყოდა ქვეყანა! ხომ იტყოდნენ, განზრახ გააკეთა, სამაგიერო უნდოდა გადაეხადაო. კაცმა რომ თქვას, მართალიც იქნებოდა. აბა, რაჟდენ კაპანაძის ადგილას ვინმე ამხაგანი ყოფილიყო! - წასვლას გულშიაც არ გაივლებდა. ასეთ მსჯელობას თავისი ბუნებრივი შედეგი მოჰყვა: გია ბარბაქაძე იდგა (დაჯდომასაც ვერ ახერხებდა) და თავით ფეხებამდე ოფლში იწურებოდა (რადგან ლოდინმა ოფლიც იცის). მართალია, ცდილობდა დროის მოსაკლავად რამე დაეთვალიერებინა, თავი რამეთი შეექცია, მაგრამ ამ ოთახში დასათვალიერებელი და მით უმეტეს, თავშესაქცევი არაფერი იყო. ბოლოს, როგორც იქნა, დაადგა საშველი და მოვიდა ის კაცი, რომელსაც ამ ერთი საუკუნის წინ ტელეფონით ელაპარაკა გია ბარბაქაძე. ოღონდ მოხუცი არ იყო. ორმოციოდე წლის იქნებოდა. მაღალი, წარმოსადეგი, ოდნავ ჭაღარაშერთული. მკვირცხლი მოძრაობა და ცოცხალი, მხიარული თვალები ჰქონდა. მოგრძო სახეზე გულკეთილი ღიმილი დასთამაშებდა.  - გამარჯობათ, გამარჯობათ! - მიესალმა იგი დამხვდურთ ისე, რომ ერთი გამარჯობა მასწავლებელს არგუნა, მეორე - მოსწავლეს, რითაც გია ბარბაქაძე დიდად ასიამოვნა. მართალია, ცოტა ხნის წინ იგი "სტუმარი" გახდა, მაგრამ ეს მაინც მოჩვენებითი წარმატება იყო და ამ წარმატებას განმტკიცება ესაჭიროებოდა.  - აბა, რაშია საქმე, ბატონო რაჟდენ? ისევ გული, არა? ახლავე შეგილოცავთ და დავუფრთხობ ანგელოზებს ყოველგვარ ავადმყოფობას. მართალს არ ვამბობ? - მიუბრუნდა იგი გიას. გიამ გაიღიმა და გაწითლდა. ახლა თავისუფლად გაძლებდა აქ კიდევ ცოტა ხანს. ასეთი კაცის გვერდით გეომეტრიაც კი არაა საშიში.  - მე მგონია, ეგრერიგად აღარ დაფრთხება, სახიფათოდ მოიცა გული, - უპასუხა რაჟდენ კაპანაძემ.  - მედიცინა ფრიად ოპტიმისტური მეცნიერებაა, - მხიარულად თქვა ექიმმა, - და, ვფიქრობ, არც მათემატიკოსებს გადაუწურავთ იმედი, რომ ერთ მშვენიერ დღეს ზუსტად განსაზღვრავენ წრეხაზის სიგრძეს. გიას არ ესიამოვნა მათემატიკისა და წრეხაზის ხსენება. უფრო კი ის მოხვდა გულში, რომ მხიარულმა ექიმმა გეომეტრიის ცოდნა გამოამჟღავნა. გიას გასაოცრად, ექიმს არც ფონოსკოპი მოუტანია. რაღაც ძალიან ზერელედ გასინჯა ავადმყოფი. ხან აქ ჰკრა წკიპურტი, ხან იქ, გადააბრუნ-გადმოაბრუნა, ერთი-ორჯერ ყური დაადო მკერდსა და ბეჭებზე, მაჯისცემა გაუზომა და ამით დამთავრდა ყველაფერი.  - კიდევ გგონია, მიაგნებენ მათემატიკოსები წრეხაზის სიგრძეს? - სუსტი ღიმილით ჰკითხა რაჟდენ კაპანაძემ, როცა ექიმი კაკუნსა და გადაბრუნ-გადმობრუნებას მორჩა.  - წრეხაზი რა არის! დადგება დრო, ოთხგანზომილებიან სამყაროს დახაზავენ. შენ რას იტყვი? - გიას მიუბრუნდა ექიმი. გიამ კვლავ მორცხვად გაიღიმა და გაწითლდა. ოღონდ ამჯერად ამ ღიმილში, ცოტა არ იყოს, შიშიც ერია, რადგან, თუ გუმანი არ ატყუებდა, საქმე ისევ გეომეტრიას ეხებოდა. შემკრთალმა ბიჭმა მასწავლებლისკენ გააპარა თვალი, შეეშინდა, არ გამთქვასო. ამიტომ გასაგებია მისი სიხარული, როცა ექიმმა ლაპარაკი განაგრძო: - მთავარია სიმშვიდე.  - მართლა? - იკითხა მასწავლებელმა, - მე კი შემეშინდა. ხომ იცი, ბებრებს როგორ გვიყვარს სიცოცხლე. ვიფიქრე, ეს უკანასკნელი შეტევა ციხესიმაგრის აღებით დაგვირგვინდება-მეთქი. და, ცოტა არ იყოს, ავღელდი. თუმცა ეს ჩემი აღელვება გიორგი ნიკიფოროვიჩს ალბათ სიცილადაც არ ეყო. არა, გიორგი ნიკიფოროვიჩ? გიორგი ნიკიფოროვიჩს კვლავ სიწითლემ გადაჰკრა სახეზე, მაგრამ მასწავლებელი, როგორც ჩანს, პასუხს არ მოითხოვდა. იგი ექიმს მიუბრუნდა: - მაშ, ჯერჯერობით საშიში არ არის?  - არა, საშიში არ არის. მაგრამ სიმშვიდე გესაჭიროებათ, სრული სიმშვიდე.  - ამის ხელში? - ჰკითხა რაჟდენ კაპანაძემ და რაღაც ეშმაკურ-დამცინავი თვალით გადმოხედა გიას.       ექიმმაც მოიხედა.  - არა, უამისოდ. გია პირდაღებული იდგა და არ იცოდა, შიშის მიზეზს უფრო იძლეოდა ეს საუბარი თუ სირცხვილის მიზეზს.  - როგორ! - ხმას აუმაღლა რაჟდენ კაპანაძემ.       ექიმმა გაიღიმა.  - სწორედ ასე, - უთხრა მან, - დღეიდანვე.  - იქნებ მოწყალება მოიღოთ და ნება დამრთოთ გკითხოთ, - ისეთი კილოთი დაიწყო რაჟდენ კაპანაძემ, როგორითაც ოროსნებთან იცოდა ხოლმე ლაპარაკი, - ამას თქვენ სიმშვიდეს ეძახით?       ექიმმა კიდევ უფრო გულკეთილად გაიღიმა.  - თქვენი უკმაყოფილო კილო და მიმართვის ფორმა იოტისოდენადაც არ შეცვლილა ამ ოცდაათ წელიწადში.       გიამ ვერაფერი გაიგო, მაგრამ მიხვდა, რომ ეს რაღაც მოფერებისმაგვარი იყო. და რაც ყველაზე უფრო საოცარია, მოეჩვენა, თითქოს მასწავლებელი მართლაც ღირსი იყო ამ მოფერების.  - მე მაინც მირჩევნია, პატივი მცეთ და შეკითხვაზე მიპასუხოთ.  - რასაკვირველია, სიმშვიდეს ვეძახი. მართალია, პირველ ხანებში გაგიჭირდებათ, მაგრამ მერე მიეჩვევით. ექიმი გაჩუმდა. არც მასწავლებელი იღებდა ხმას, მაგრამ მისი დუმილის უკან რაღაც ხიფათი იმალებოდა. თვალი გაახილა და ექიმს მკაცრად შეხედა. მერე დახუჭა. ცოტა ხნის შემდეგ ისევ გაახილა და ისევ შეხედა, თუმცა ახლა მის სახეზე სიმკაცრე რაღაც უმწეო და შესაბრალისი გამომეტყველებით შეცვლილიყო. ექიმმა მშვიდი, გულკეთილი ღიმილით გაუსწორა თვალი. ერთ ხანს ასე იყვნენ. მერე, უეცრად, მასწავლებელმა მზერა გიაზე გადაიტანა და ოროსანი მოსწავლე კინაღამ შეხტა შიშისა და გაკვირვებისაგან: მეექვსეკლასელების რისხვა, რომელსაც ორიანებით გატენილი ვეება უბის წიგნაკი ჰქონდა, საცოდავად ატუზულ შეგირდს გამოსარჩლებას სთხოვდა. ეს უკვე საკმაოდ დიდი მასშტაბის სასწაული იყო. ამხანაგები, ალბათ, არ დაიჯერებდნენ. არც გია დაიჯერებდა, ვინმეს რომ ეთქვა, რაჟდენ კაპანაძემ, შესაბრალისი თვალებით გადმომხედა, მაგრამ რა მექნა, მე რა შემეძლოო. გიას რა შეეძლო! რაც შეეძლო კიდეც გააკეთა: სასწრაფოდ აარიდა თვალი მასწავლებელს და მის მაგივრად თვითონ გაწითლდა. მასწავლებელი, რაკი დახმარების ხელი არავინ გამოუწოდა, გულაღმა გადაბრუნდა და ჭერს მიაჩერდა. კარგა ხანს იყო ასე გარინდებული. ბოლოს ექიმისკენ მკვეთრი მოძრაობით გადმობრუნდა და თითქმის ყვირილით უთხრა (თუმცა ამ ყვირილს აშკარად აკლდა უფლებამოსილება).  - ასი მაინც არ შევასრულო?!  - ეს მერამდენეა? - ღიმილით ჰკითხა ექიმმა და ბეჭზე მოუთათუნა ხელი გიას. გია ვერ მიხვდა, რაზე იყო ლაპარაკი. მართალია, გულმა რაღაც ცუდი უგრძნო, მაგრამ ექიმის მეგობრულმა ჟესტმა დაამშვიდა.  - ეგაა მეასე!  - მართლა? - თითქოს გაუხარდა ექიმს და მთელი ტანით შემობრუნდა გიასაკენ. გიას კვლავ ოფლმა დაასხა, რაკი რაღაც მნიშვნელოვანი საუბრის თემად იქცა. თუმცა შიშით მაინცდამაინც აღარ ეშინოდა, სანამ ექიმი აქ ეგულებოდა. კაცმა რომ თქვას, ექიმი არაფერ შუაში არ უნდა ყოფილიყო, მაგრამ გია სხვანაირად ფიქრობდა. კი არ ფიქრობდა, გრძნობდა. რაღაც უცნაურ სიახლოვესა და სიმპათიას გრძნობდა. ამ რამდენიმე წუთის განმავლობაში ეს მხიარული, წარმოსადეგი ექიმი ცხოვრების იდეალად ექცა. გია ბარბაქაძე, ალბათ, იმან მოხიბლა, რომ ექიმს რაჟდენ კაპანაძესთან ისე ეჭირა თავი, როგორც ტოლს ტოლთან. შეშინებული ოროსანი ადვილად გააღმერთებდა კაცს მარტო ამ ღირსებისათვის. ასეა თუ ისე, ამჟამად გიას ექიმზე უფრო დიდი კაცი დედამიწის ზურგზე არ ეგულებოდა. მას უცებ საშინლად მოუნდა ექიმი გამოსულიყო და რაჟდენ კაპანაძის სამკურნალოდ მიეწვიათ. ჰო, რას იყრიდა ძველ ჯავრს!.. თუმცა არა, ჯავრს არ იყრიდა, ხომ იცი... პირიქით, ღამეებს გაუთევდა, რამე ახალ წამალსაც გამოიგონებდა საგანგებოდ მისთვის და სიკვდილს ხელიდან გამოგლეჯდა. ყოფილ მასწავლებელს არ ეცოდინებოდა მისი ვინაობა და ბოლოს, როცა გონს მოვიდოდა და იკითხავდა, მაჩვენეთ ერთი, ვინ არის ჩემი მხსნელიო, გია მშვიდად მიუახლოვდებოდა და უბრალოდ ეტყოდა, მე გია ბარბაქაძე ვარო. აი, მაშინ გაახსენდებოდა, რამდენჯერ გაუწამებია გია, გაახსენდებოდა საშემოდგომო გამოცდის ამბავი და შერცხვებოდა. მაგრამ გია დიდსულოვნად აპატიებდა.  - მაშ, ეს არის მეასე და ბოლო? - ღიმილით იკითხა ექიმმა და გია მკრეხელური ოცნებისაგან გამოაფხიზლა. - ძალიან ჯიუტობს?  - უსაშველოდ, - მიუგო მასწავლებელმა, - საქმე ისაა, რომ პრინციპულად არ ცნობს გეომეტრიას შესწავლის ღირსად. თანაც ჩემი პირადი მტერია, ეგრე კი ნუ გგონია საქმე. გია ოფლში ცურავდა. ასეთ დღეში ჩავარდნას ათასწილად ერჩივნა სულაც არ გაჩენილიყო ამ ცოდვილ ქვეყანაზე. ამ კაცთან შერცხვენას სიკვდილი ჯობდა. პირადი მტერიაო, მაინც რამ ათქმევინა! ღმერთმანი, თავის დღეში არ უფიქრია გია ბარბაქაძეს მისი მტრობა. პირიქით, ოღონდ კი ამ ავადმყოფობას გადარჩენოდა და საშემოდგომო გამოცდასაც ჩააბარებდა და არც ჩემპიონობის დაკარგვას ინაღვლებდა მაინცდამაინც. და ასეთ გულკეთილ კაცს პირად მტერს ეძახის.  - საერთოდ, კარგი ბიჭია... - განაგრძო მასწავლებელმა.  - ეგ ხომ თქვენი ურყევი რწმენაა, ბატონო რაჟდენ, - სიტყვა ჩამოართვა ექიმმა, - საერთოდ, ყველა ბიჭი და ყველა გოგო კარგია. ყველა კეთილი და საყვარელია. მთავარია, ეს სიკეთე განვუვითაროთ, რომ ცხოვრების მთელ გზაზე გაჰყვეთ. სწორად მახსოვს?  - სწორად გახსოვს. თუმცა ამჯერად ეგ არ მქონდა მხედველობაში. იმის თქმა მინდოდა, ნიჭიერი ბიჭია-მეთქი. მაგრამ ჰო-ჰო-ჰო!.. ერთხელ ისეთი საქმე მიყო, პირდაპირ აღარ ვიცოდი, რა მექნა. ეშმაკის ფეხია და მშობელი მოიყვანე-მეთქი, ვუთხარი, მინდოდა მოვლაპარაკებოდი. უცებ ჩაქინდრა თავი და გულსაკლავად მითხრა: - "მშობლები არა მყავს, მასწ." - ისეთი ხმა ჰქონდა, გეგონებოდა, ცრემლები ახრჩობს ბავშვს და თავს ძლივს იკავებსო. წარმოგიდგენია, ალბათ, რა დამემართებოდა. ადგილზე გავშეშდი. რაღა არ გავაკეთე მერე, იქნება როგორმე აშლილი დარდი შევუმსუბუქო-მეთქი. აი, შე არამზადა შენა! - მიუბრუნდა უცებ მასწავლებელი გიას და ღიმილიც ერთბაშად რისხვით შეცვალა.       ექიმი ახარხარდა. გია მოიკუნტა და აღარ იცოდა, სად გაპარულიყო.  - იმედი თუ გაქვთ? - ხარხარით იკითხა ექიმმა. თან ცრემლს იწმენდდა.  - იმედი როგორ არა მაქვს! ოთხმოცდაცხრამეტმა გამოიარა ჩემს ხელში და წყალგადაწურული არც ერთი არ ყოფილა. ეგ რა, ციდან კი არ ჩამოფრენილა.  - უთქვენოდ?  - უჩემოდ? რა ვიცი. გააჩნია, ვინ შემცვლის.  - გინდ ასე თქვით, გინდ ისე, საკითხი გადაწყვეტილია. თქვენი პედაგოგიური მოღვაწეობა დამთავრდა. მეასეს ვინმე მოუვლის. ბოლოს და ბოლოს, ყველა მოსწავლემ თქვენს ხელში ხომ არ უნდა გამოიაროს.  - ჩემი დაწყებული მევე დამემთავრებინა! - თქვა მასწავლებელმა და ისე გაიბუტა, როგორც ნათია გოგიაშვილმა იცოდა ხოლმე. "მეასე" თავჩაქინდრული იდგა და ოფლში იწურებოდა. საუბრის დინებისდა მიხედვით, ხან იმედი მიეცემოდა, რომ ამ კაცივით მხიარული და წარმოსადეგი, საუკეთესო ექიმი გამოვიდოდა, ხანაც ყოველგვარი იმედი გადაუწყდებოდა და თავისი ოცნება უდიდეს თავხედობად მიაჩნდა.  - ისე, პატარას თუ მოინდომებს, მეტი კი არაფერი უნდა, - განაგრძო მასწავლებელმა, - ვინმესთან რომ იმეცადინოს... აი, მაგალითად, ერთი მეგობარი ჰყავს, ნათია გოგიაშვილი, იმასთან... გია ჭარხალივით გაწითლდა. ეს მართლაც მეტისმეტი იყო! ნეტა მიწა გახეთქოდა და თან ჩაეტანა! მეტიჩარა ნათიას მეგობრადაც კი მონათლეს და ისიც ასეთი კაცის თანდასწრებით. სადამდე შეიძლება ადამიანის დამცირება! ნათიას მეგობარი! მეტი კი არ უნდათ ბიჭებს. მართალია, ნათია არავის ხელწამოსაკრავი არაა, ეგ კი არადა, ბევრ ბიჭსაც ჯობია, მაგრამ რა გინდა ქნა, - მაინც გოგოა და მისი მეგობრობა თავმოყვარე კაცისათვის შეურაცხყოფაა. გია ბარბაქაძეს სირცხვილად ისიც ეყოფა, რომ ხანდახან ყოყმანობს, ფეხბურთის სათამაშოდ წავიდეს თუ ნათიასთან გაატაროს კვირადღე. ანდა ექსკურსიის დროს, როცა ბიჭები, ჩვეულებრივ, ცალკე გუნდად მიდიან და მეტიჩრებს ახლო არ იკარებენ, რაღაც სულელური აზრი შეუჩნდება და ძლივს იკავებს თავს, რომ ციცაბო აღმართზე ასვლაში არ მიეხმაროს. მაგრამ ასეთ ცოდვებს თავის გულში, თავის ფიქრებში სჩადის და თავის გულშივე ინანიებს. ეს კი საქვეყნოდ გაიძახის, - მეგობარიო.  - რა საეჭვოდ გაწითლდი! - გაუღიმა ექიმმა და კვლავ მოუთათუნა მხარზე ხელი.       ამ სიტყვებმა საბოლოოდ დაასამარა გია ბარბაქაძის სიამაყე და თავმოყვარეობა.  - მაშ, მოდი ასე ვქნათ, - თქვა მასწავლებელმა, - რახან პედაგოგიური მოღვაწეობა დავასრულე, ამით დასრულდა ჩემი სახელგანთქმული უბის წიგნაკის მისიაც. მე მინდა ეს უბის წიგნაკი აქვე, შენი თანდასწრებით, ჩემო არჩილ, გადავცე გამოუსწორებელ მეასეს. თუმცა შეიძლება უარი თქვას, ისე სძულს. გინდა გაჩუქო ჩემი უბის წიგნაკი, გიორგი ნიკიფოროვიჩ? იმიტომ კი არა, თითქოს ვინმეს სჯობიხარ, არა. მხოლოდ იმიტომ, რომ ჩემი უკანასკნელი მოსწავლე ხარ და კიდევ იმიტომ, რომ გამოუსწორებელს გტოვებ. რას იტყვი, არჩილ?  - კარგი იქნება. დაე, გადაშალოს და, რასაც იქ ნახავს, სახელმძღვანელოდ გამოიყენოს. გიას ჯერ ეგონა, დამცინიანო, მაგრამ მხიარული ექიმი ამჯერად ისეთი სერიოზული კილოთი ლაპარაკობდა, რომ ამ მოსაზრებაზე მაშინვე აიღო ხელი. არადა, რა გამოადგება სახელმძღვანელოდ, რას ნახავს ასეთს ამ უბის წიგნაკში? ორიანები გამოადგება სახელმძღვანელოდ? ამასობაში მასწავლებელმა უბის წიგნაკი აიღო და წამოწევაც კი დააპირა, მაგრამ ექიმმა არ დაანება. სამაგიეროდ გია მოიხმო: - მოდი ახლოს! გია საწოლს გაუბედავი ნაბიჯით მიუახლოვდა.  - გია ბარბაქაძე, - საზეიმო კილოთი დაიწყო მასწავლებელმა. - აი, უბის წიგნაკი. იცოდე: ეს არის მთელი ჩემი სინდისი (გიას გააჟრჟოლა) და ოცდაათი წლის ნამოღვაწარი. ვინძლო, გაუფრთხილდე. როცა გაიზრდები და დაკვირვებული თვალითY ჩაიხედავ ამაში, დაინახავ, რომ რაჟდენ კაპანაძეს მოსწავლეების გასაწამებლად არ შეუძენია ესოდენ სქელი უბის წიგნაკი. აბა, აწი შენ იცი და შენმა ვაჟკაცობამ! ამ სიტყვებით მან ბიჭს უბის წიგნაკი გაუწოდა. გია ბარბაქაძე აკანკალებული ხელით შეეხო ნივთს, ამდენი ხნის განმავლობაში რომ შიშის ზარს სცემდა მოსწავლეებს.  - ახლა კი გაიქეცი, - უთხრა მასწავლებელმა, - სამი საათი ხდება. სადაცაა, დაიწყება შენი ფეხბურთი. - მერე ექიმს მიუბრუნდა, - დღეს გამოცდის გარდა ფეხბურთიც ჰქონდა და სულ იმის ფიქრში იყო, მიუსწრებდა თუ არა. გაიქეცი, რაღას უდგახარ. საშემოდგომო გამოცდა მიპატიებია. ბებერ კაცს არ დაეძრახება ეს ერთი სისუსტე. გია იდგა და ყოყმანობდა. თან იმაზე ფიქრობდა, საიდან იცის გეომეტრიის მასწავლებელმა, დღეს რომ ფეხბურთი მაქვსო. ბოლოს ნელა დაიძრა კარისკენ. მაგრამ შუა გზაზე შემობრუნდა და აღელვებული ხმით წაიბუტბუტა: - მასწ., კარგად ბრძანდებოდეთ!       მასწავლებელს და ექიმს გაეცინათ.  - რა ამბით მემშვიდობები, ბიჭო, კი არ ვკვდები! თუ, რახან მასწავლებლობას თავს ვანებებ, შენ და შენი ამხანაგები მოვალედ აღარ თვლით თავს, შემოიაროთ და მინახულოთ? ჰა, რას გაჩუმებულხარ?!  - შემოვივლით, მასწ... - წაიბუტბუტა გიამ და გამოსცდა კარს. გამოვიდა თუ არა, მაშინვე უბის წიგნაკს დახედა, მთელი ამ ხნის განმავლობაში შანთივით რომ წვავდა ხელს. ახლოდან არც ისე საშიში ჩანდა. კანი, განსაკუთრებით ნაპირებთან, სულ ერთიანად გასცრეცოდა. გიას მოეჩვენა, რომ ეს ბებერი წიგნაკი რაღაცით ძალიან ჰგავდა თავის ბებერ პატრონს. თუმცა იგი აღარ იყო პატრონი. გიამ ქურდივით მიიხედ-მოიხედა და მაგრად ჩაბღუჯა იშვიათი ნადავლი. ამ ნივთის ხელში ჩაგდება მეექვსეკლასელთა აუხდენელი ოცნება იყო. ბიჭმა აკანკალებული ხელით გადასწია გარეკანი. პირველი ფურცელი ჭუჭყიანი და ყვითელი იყო. გიას ძველი გაზეთები უნახავს ასეთი ყვითელი და ჭუჭყიანი. პირველ გვერდზე, შუა ადგილას, უცნაურად დაგრეხილი ასოებით ეწერა: "რაჟდენ იასონის ძე კაპანაძე", ხოლო ქვემოთ, იმ ადგილას, სადაც წიგნებს "თბილისი, 19... " რაღაც წელი აწერია ხოლმე, იმავე ხელით ეწერა: "თბილისი, 1922 წელი". გია პირდაღებული დასცქეროდა ამ "1922 წელს". ეს მის წარმოდგენაში უხსოვარ დროდ ითვლებოდა და უფრო მეტი პატივისცემა იგრძნო იმ კაცისადმი, რომელმაც, ეჰეი, როდის - 1922 წელს უბის წიგნაკში საკუთარი ხელით ჩაწერა: "1922 წელი". მერე სატიტულო ფურცელიც გადაშალა. გია მოელოდა, რომ ცალ მხარეს გვარები იქნებოდა ჩამოწერილი და მეორე მხარეს ორიანები, მაგრამ შეცდა. უბის წიგნაკში თითო გვერდზე ორ-ორი გვარი ეწერა, თავში და შუაში, გვარების შემდეგ მოდიოდა ორიანები და, საერთოდ, ნიშნები, რომლებიც, მეორე, მესამე და ხშირად მეოთხე ხაზზეც გადადიოდა. მაგრამ თუ გგონიათ, ამის გამო იდგა გია ასე თვალებდაჭყეტილი, გაფითრებული და პირდაღებული, სასტიკად ცდებით. არა, აქ მთავარი სხვა რამე იყო, და აი, რა: პირველ გვერდზე პირველი სახელი და გვარი ეწერა - "არჩილ ფერაძე". ამიტომ იდგა გია ასე თვალებდაჭყეტილი, გაფითრებული და პირდაღებული. "არჩილ ფერაძის" გასწვრივ პირველ ხაზზე სულ ორიანები ეწერა, ორიანები ეწერა აგრეთვე მეორე ხაზზე და მესამე ხაზის შუამდე. მესამე ხაზის შუიდან მეოთხე ხაზის შუამდე სამიანები ეწერა, ხოლო აქედან უკვე ოთხიანები და მეოთხე ხაზის დასასრულს - ერთი, ერთადერთი, ობოლი ხუთიანი. ქვემოთ უკვე ახალი გვარი იყო. და რა თავისუფლად ლაპარაკობდა მასწავლებელთან! თითქოს ტოლი ყოფილოს! გიას არ გახარებია ეს ამბავი. არც თავისუფლად ამოუსუნთქავს იმის გამო, რომ სახელგანთქმული კაცი ამხანაგად ერგებოდა. პირიქით, ისეთი გრძნობა გაუჩნდა, თითქოს ეს უცხო ორიანები საკუთარ ცოდვასთან ერთად დააწვა და ორმაგად დაამძიმა. ისე გია, მასწავლებლისა არ იყოს, პატარას თუ მოინდომებდა... კაცმა რომ თქვას ნათია გოგიაშვილი გოგო თუა, იმიტომ ვერ ჯობია ბარე ორ ბიჭს! ბოლოს და ბოლოს, ის ერთადერთი სწორი პასუხი, გიაც და გეომეტრიის მასწავლებელიც რომ ასე გაახარა, ნათიას წყალობა არ იყო? დაიქცა ქვეყანა, თუ ღამით ტყეში წასვლის ეშინია! ადრე არც ცურვა იცოდა, მაგრამ ბოლოს ისწავლა და ახლა ბიჭებსაც კი არ ჩამორჩება... ნუგზარ მამალაძეც, ჩვენში დარჩეს და, მშვენიერი ცენტრალური თავდამსხმელია, ისე რა ღმერთი გაუწყრება, ერთი-ორი ბურთი არ გაიტანოს მეშვიდეკლასელების კარში. ასე ფიქრობდა გია ბარბაქაძე, პატარა ბიჭი, ცამეტი წელი სასწაულს რომ ელოდა და ბოლოს მართლა გადაურჩა საშემოდგომო გამოცდას. ასე ფიქრობდა... ან კი რა ექნა: ცამეტი წლის ბიჭი იქით უნდა წავიდეს, საითაც გული მიუწევს. გული კი ნათია გოგიაშვილისაკენ მიუწევდა, მეტიჩარა გოგოსკენ, რომელსაც თვალები გაუბრწყინდებოდა ხოლმე, გია რომ მასთან მივიდოდა. გიამ ამ დღეს მრავალი რამ გამოსცადა: სიმწარეც და სიტკბოც. და ყოველივე ამას მხოლოდ ნათიას თუ ეტყოდა, რადგან სხვები ამ ამბის ვერც სიმწარეს დაინახავდნენ და ვერც სიტკბოს. ასე იყო საქმე. და გია ბარბაქაძე, თავის გუნებაში რომ ცამდე მართალ ბიჭებს ედავებოდა, საკუთარი ბიჭობისდა სამარცხვინოდ, პირდაპირ მეტიჩარა ნათიას სახლისაკენ მიაბიჯებდა, თუმცა პირველი სკოლის ეზო გაცილებით უფრო ახლოს* იყო. *ჯემალ ქარჩხაძე - ქარავანი* *ჯემალ ქარჩხაძე - განზომილება* *ჯემალ ქარჩხაძე - შემოქმედების კანონი* …
დაამატა Kakha to ლიტერატურა at 10:44pm on აპრილი 6, 2014
თემა: ისტორიის პერიოდიზაცია
ასარკვევი: როგორ ვითარდებოდა ამ მიმართულებით ისტორიული აზრი, ანუ ძველი, თუ ახალი ხანის ისტორიკოსები რას უდებდნენ საფუძვლად ისტორიის ცალკეულ პერიოდებად დაყოფას, და როგორია მსოფლიო ისტორიის პერიოდიზაციის ყველაზე უფრო გავრცელებული თეორიები?       დღეისათვის მსოფლიო ისტორიის მრავალი პერიოდიზაცია არსებობს. სხვადასხვა ქვეყნის, ეპოქის თუ ისტორიის სხვადასხვა დარგის სპეციალისტები, კაცობრიობის განვლილი გზის პერიოდიზაციის განსხვავებულ პრინციპებს გვთავაზობდნენ და გვთავაზობენ.       მართლაც, კაცობრიობის წარსული ცხოვრების პერიოდიზაცია, სულ სხვადასხვა მახასიათებლებითაა შესაძლებელი. მაგალითად, ისტორია შეიძლება დავყოთ საზოგადოებაში სხვადასხვა დროს გავრცელებული, კვების პროდუქტების, ტანსაცმლის, საბრძოლო და სამეურნეო იარაღის, საკულტო და საცხოვრებელ ნაგებობათა არქიტექტურის განვითარების მიხედვით; აგრეთვე იმ ძირითადი მასალის (მაგალითად ქვა, ლითონი და ა.შ.) მიხედვით, რომელსაც ადამიანები თავიანთი სამეურნეო და საბრძოლო იარაღის შესაქმნელად იყენებდნენ (არქეოლოგების მიერ შეთავაზებული პერიოდიზაცია) და სხვ.       ყველა მსგავსი პერიოდიზაცია წარმოდგენას გვიქმნის, ან შეგვიქმნის კაცობრიობის ისტორიული განვითარების ცალკეულ მხარეებზე, თუმცა სრულად ვერ ასახავს მისი განვითარების მაგისტრალურ ხაზს. ამ პრობლემისადმი გამართლებულია უფრო ზოგადისტორიული მიდგომა: საჭიროა მსოფლიო ხალხების ისტორიიდან ისეთი უმთავრესი, ძირეული მომენტების გამოყოფა, რომლებიც ერთგვარ წყალგამყოფს წარმოადგენს კაცობრიობის ისტორიაში.       ისტორიის ასეთი ძირეული მომენტების გამოყოფა, უმთავრესი ნიშნულების დასმა, რომლის მიხედვითაც წინაპართა მიერ განვლილი გზა პერიოდებად დაიყოფოდა, ადამიანთა საზოგადოებამ, როგორც ჩანს, ძალზე შორეულ წარსულში დაიწყო. ამას ისტორიის სტიქიური, ანუ თავისთავადი, მეცნიერული ანალიზის გარეშე აღმოცენებული პერიოდიზაცია უნდა ეწოდოს. სტიქიურ პერიოდიზაციას საფუძვლად ის მოვლენები დაედო, რომლებიც ადამიანს კაცობრიობის ისტორიის გარიჟრაჟზე ყველაზე მეტად აღელვებდა. მაგალითად, როდის, როგორ და რა თანმიმდევრობით შექმნეს ღმერთებმა ან ღმერთმა სამყარო, დედამიწა, ცოცხალი ბუნება და ადამიანი? ასე წარმოიშვა სტიქიური პერიოდიზაციის ყველაზე ადრეული სქემა: სამყარო ღმერთის მიერ ადამიანის შექმნამდე და ადამიანის შექმნის შემდეგ.       საინტერესოა, რომ ყველა ამ ტიპის პერიოდიზაციაში პირველი პერიოდი, ანუ სამყარო ღმერთის მიერ ადამიანის შექმნამდე, აგრეთვე იყოფა ქვეპერიოდებად: ღმერთის (ან ღმერთების) მიერ წყლისა და ხმელეთის შექმნა, ღმერთის მიერ მცენარეული საფარის, ცხოველებისა და ფრინველების გაჩენა და ა.შ. ამ პერიოდების თანმიმდევრობა სხვადასხვა რელიგიურ სისტემებში ერთმანეთისაგან განსხვავებულია.       უძველესი ადამიანი მდინარეების, ტბებისა და ზღვების ნაპირას ცხოვრობდა, ამიტომ დიდი წყალდიდობა მისთვის ნამდვილი კატასტროფა იყო.       ასეთ პირობებში დედამიწის სულ სხვადასხვა კუთხეში მცხოვრებ ხალხებში გაჩნდა გადმოცემები საყოველთაო წყალდიდობის — წარღვნის შესახებ, რომლის შემდეგ ადამიანთა საზოგადოების ისტორია ხელახლა დაიწყო. ასე წარმოიშვა კაცობრიობის ისტორიის სტიქიური პერიოდიზაციის დამატებითი ათვლის წერტილი: წარღვნამდელი და წარღვნის შემდგომი ხანა.       ცეცხლის დამორჩილება კაცობრიობის ისტორიაში უდიდესი ნახტომი იყო. მართლაც, ცეცხლის დამორჩილება სხვადასხვა სახით მრავალი ხალხის მითოლოგიაში აისახა. ზოგიერთმა მითმა იმ ლეგენდარული გმირების სახელებიც კი შემოგვინახა, რომლებმაც ადამიანებს ცეცხლი აჩუქეს. ძველბერძნულ თქმულებებში ასეთად პრომეთე გვევლინება. ძველი ჩინელებისთვისაც ცეცხლის დაუფლება და ცეცხლზე საჭმლის მომზადება, სახლის აგებასთან ერთად, სახელმწიფობამდელი ისტორიის ის უმთავრესი მიღწევა იყო, რომელიც საზოგადოების მეხსიერებას მითების სახით შემორჩა. ამიტომაც ცეცხლის დაუფლება სტიქიური პერიოდიზაციის კიდევ ერთ ნიშნულად შეიძლება მივიჩნიოთ: ადამიანები ცეცხლის დამორჩილებამდე და ადამიანები ღმერთებისაგან ცეცხლის მოტაცების შემდეგ (ბერძნული ვერსია), ანდა ვინმე ბრძენკაცის მიერ ცეცხლის დამორჩილებისა და თანატომელებისათვის ამის სწავლების შემდეგ (ჩინური ვერსია).       თანამედროვე ადამიანიც კი, ძირითადად, წინაპართა ორ: მშობლების, და ბებია-პაპების თაობას იცნობს. ძველი ადამიანისთვის ამ თაობებზე ადრე მცხოვრები წინაპრები მხოლოდ გადმოცემებში არსებობდნენ. რაც უფრო დაშორებული იყვნენ წინაპრები მის ეპოქას, ძველი ადამიანის თვალში ისინი სულ უფრო გმირულ სამოსელში იმოსებოდნენ და ნახევარღმერთებად იქცეოდნენ. განვლილი ცხოვრების თაობებად დაყოფა სტიქიური პერიოდიზაციის კიდევ ერთი და საყოველთაოდ გავრცელებული ფორმაა.       თანდათანობით ისტორიის თაობების მიხედვით დაყოფის პრინციპი ადამიანებმა ღმერთებზეც გაავრცელეს. ღმერთების თაობებით პერიოდიზაციის კლასიკური მოდელი ძველბერძნულ წარმართულ პანთეონში გვხვდება, სადაც ურანისა და გეას თაობა და უზენაესი მმართველობა მათი შვილების: კრონოსის და რეას და შვილიშვილების — ზევსისა და ჰერას და მათი მრავალრიცხოვანი და-ძმებისა და შვილების თაობამ და უზენაესმა მმართველობამ შეცვალა.       ადამიანს ზოგადად წარსულის იდეალიზაცია ახასიათებს. ამ მხრივ, გამონაკლისი არც უძველესი ადამიანი იყო. მასაც, დღევანდელი ადამიანების უმეტესობის მსგავსად, ეჭვი არ ეპარებოდა, რომ მისი შორეული წინაპრები ბევრად უკეთესები იყვნენ და უკეთესად ცხოვრობდნენ, ვიდრე მისი თაობა. კითხვაზე, თუ რატომ მოხდა ასე? — არსებობდა მარტივი პასუხი: თავდაპირველად ადამიანები ღმერთებს (ან ღმერთს) უჯერებდნენ, შემდეგ კი რაღაც შესცოდეს. ასე გაჩნდა ისტორიის სტიქიური პერიოდიზაციის კიდევ ერთი ათვლის წერტილი: ადამიანის ღმერთებთან (ან ღმერთთან) ჰარმონიული ცხოვრების ხანა და ადამინის მიერ ღმერთების განაწყენების შემდგომი პერიოდი.       თაობების ცვლისა და ღმერთების განაწყენების პრინციპზე აგებული კაცობრიობის განვლილი გზის ერთერთი უადრესი პერიოდიზაცია ძველბერძენ სწავლულ ჰესიოდესთან გვხვდება. ჰესიოდემ ისტორია 5 თაობად დაჰყო, რომლებიც ერთმანეთის მონაცვლე ოთხ: ოქროს, ვერცხლის, სპილენძისა და რკინის ხანაში გაანაწილა. ოქროს ხანაში ადამიანები ღმერთებთან თანხმობით ცხოვრობდნენ, ამიტომ მათ არც გაჭირვება იცოდნენ და არც ავადმყოფობა. თანდათანობით ადამიანთა თაობები ღმერთებს დაშორდნენ და არ უჯერებდნენ. ამის გამო ღმერთებმა მათი ცხოვრება ავადმყოფობებითა და ომებით სულ უფრო და უფრო დაამძიმეს. ამ მხრივ, ყველაზე მძიმე, ჰესიოდეს აზრით, მისი ეპოქა — რკინის ხანა იყო.       ღმერთისა და ადამიანის დამოკიდებულების მიხედვით, კაცობრიობის ისტორიის უძველეს ხანას ბიბლია სამ დიდ პერიოდად ყოფს: 1. ადამ და ევას ღმერთისადმი ყურისგდების, სამოთხეში ცხოვრების ხანა, 2. ღმერთის განაწყენების გამო ადამიანთა მოდგმის სამოთხიდან გაძევება და 3. ადამიანთა ცოდვების გამო ღმერთის განრისხება და კაცობრიობისათვის წარღვნის მოვლენა.       ქრისტიანობამ "ახალი აღთქმის" სახით, კაცობრიობის ისტორიის ამ ნიშნით დაყოფას კიდევ ერთი პერიოდი დაუმატა: ღვთის მიერ საკუთარი ძის დედამიწაზე მოვლინებისა და მისი ჯვარცმით კაცობრიობის ცოდვების გამოსყიდვის შემდგომი ეპოქა.       სახელმწიფოების წარმოშობის შემდეგ, ისტორიის ათვლა თავდაპირველად მეფეთა ზეობის ხანით ხდებოდა, რაც თაობებად პერიოდიზაციის თავისებურ სახეცვლილებას წარმოადგენს. ისტორიული დროის გარკვეულ მონაკვეთში სახელმწიფოს ერთი საგვარეულო, ანუ სამეფო დინასტია მართავდა, რომელსაც შემდგომში სხვა დინასტია ცვლიდა. ერთგვარი გამოცდილების დაგროვების შემდეგ, ძველმა სწავლულებმა ყურადღება მიაქციეს იმას, რომ ყოველი ახალი დინასტიის მმართველობა ძველი დინასტიის მმართველობისაგან განსხვავდებოდა (საშინაო და საგარეო პოლიტიკა, რეფორმები და ა.შ.). ასე ჩაეყარა საფუძველი ისტორიის პერიოდიზაციას უკვე მმართველი დინასტიების მიხედვით, სადაც ისტორიული ეპოქები დინასტიების მიხედვითაა გამოყოფილი, ხოლო თაობების ცვლა ამა თუ იმ დინასტიის მეფეთა რიგის მიხედვითაა მოცემული.       ისტორიის მმართველი დინასტიების მიხედვით დაყოფა შეიძლება ისტორიის პირველ მეცნიერულ პერიოდიზაციადაც მივიჩნიოთ, ვინაიდან ეპოქების მმართველი დინასტიების მიხედვით დაყოფა, განსწავლულობას, ისტორიულ წყაროებზე მუშაობის გარკვეულ უნარს, რაც მთავარია, წარსულის თავისებურ მეცნიერულ სისტემატიზაციას მოითხოვდა.       დინასტიების მიხედვით ისტორიის დაყოფის დღემდე ცნობილ უძველეს ნიმუშს ძველი ეგვიპტური პერიოდიზაცია წარმოადგენს, სადაც ღმერთებისა და ნახევრადღმერთების დინასტიების შემდეგ ეგვიპტის ფარაონთა 31 დინასტიის მეფეების რიგია მოცემული.       ისტორიის პერიოდიზაციის სტიქიური და დინასტიური პრინციპების შერწყმის პირველი ცდა წიგნთაწიგნში—ბიბლიაში გვხვდება. ბიბლიაში სტიქიური პერიოდიზაციისათვის ყველაზე უფრო დამახასიათებელი ნიშნულები: სამყარო ადამიანის შექმნამდე და ღმერთის მიერ ადამიანის შექმნის შემდეგ; ადამიანის ღმერთთან ჰარმონიული თანაცხოვრების ხანა და ღმერთის განაწყენების შემდგომი პერიოდი; წარღვნამდე და წარღვნის შემდგომი ხანა, ისევე როგორც ეთნარქების თაობათა მიხედვით პერიოდიზაცია, შერწყმულია დინასტიების მიხედვით პერიოდიზაციასთან.       ბიბლიამ, უფრო ზუსტად ძველმა აღთქმამ სამყაროს ისტორია ორ დიდ პერიოდად დაყო: სამყარო ადამიანის შექმნამდე და ადამიანის შექმნის შემდეგ. რაც შეეხება, კაცობრიობის ისტორიას, ის ხუთ პერიოდად დაიყო: ადამიანთა სამოთხეში ცხოვრების ხანა, ადამიანის სამოთხიდან გამოძევებიდან წარღვნამდე პერიოდი, წარღვნა, წარღვნის შემდგომი პერიოდი, რომელშიც ბაბილონის გოდოლის შენების დაწყებაც მოიაზრება და ბაბილონის გოდოლის დარღვევის შემდგომი პერიოდი, როდესაც ბიბლიის მიხედვით იქამდე ერთენოვანი კაცობრიობა, ერთმანეთისაგან განსხვავებული ენების ხალხებად დაიშალა. თითოეული ამ პერიოდის შიგნით მოცემულია ეთნარქების თაობათა მონაცვლეობა, რასაც შემდგომ ებრაელი ხალხის მსაჯულებისა და მეფეების მონაცვლეობა მოსდევს.       ისტორიის მეცნიერული პერიოდიზაციის ახალ ეტაპს ბერძნული წარმოშობის რომაელმა სწავლულმა კლავდიუს პტოლემაიოსმა დაუდო სათავე, რომელმაც კაცობრიობის განვლილი გზა პირველმა, პოლიტიკური ნიშნულით ოთხი წამყვანი სამეფოს, ანუ მონარქიის მონაცვლეობის მიხედვით, ოთხ დიდ ისტორიულ პერიოდად დაყო: ასურეთ-ბაბილონის, მიდია-სპარსეთის [იგულისხმება აქემენიანთა იმპერია], საბერძნეთ-მაკედონიისა და რომის იმპერიის.       ისტორიის თითოეულ ამ პერიოდში არაერთი სხვა სახელმწიფოც იყო და მათ შესახებ კლავდიუს პტოლემაიოსმა, უეჭველად, იცოდა, მაგრამ ის მხოლოდ იმ სახელმწიფოებს გამოყოფს, რომლებიც, ისტორიის აღნიშნულ პერიოდებში, მისთვის ცნობილ სამყაროში მოწინავეობდნენ. კლავდიუს პტოლემაიოსისათვის, მსოფლიო სამეფოები რომის იმპერიის წარმოქმნამდე ერთმანეთს ენაცვლებოდნენ, რომის იმპერიას კი მუდმივად უნდა ეარსება. ამის მიზეზი იოლი მისახვედრია: ის რომის იმპერიის სიძლიერის ხანაში ცხოვრობდა და იმპერიის დაცემა ვერ წარმოედგინა.       კაცობრიობის ისტორიის ოთხ მსოფლიო მონარქიად დაყოფისა და რომის სახელმწიფოს მუდმივობის პრინციპი III-IV სს-ის მიჯნაზე მიიღო და დააკანონა ქრისტიანულმა ეკლესიამ. ასე მიეცა საბოლოო სახე რომის, როგორც იმპერიის უკვდავობის იდეას, რამაც დიდი გავლენა იქონია XV საუკუნემდელი ევროპის ისტორიულ აზროვნებაზე.       ისტორიული პროცესის ასეთი გააზრების გამო, დასავლეთ რომის იმპერიის დაცემა (476 წ.) თანამედროვეებმა ამ იმპერიის დასასრულად ვერ აღიქვეს და ევროპელ ხელმწიფეებში ყველაზე სანუკვარ პატივად კვლავაც რომის იმპერატორის გვირგვინი რჩებოდა. ამიტომაც იყო, რომ ფრანკთა ხელმწიფე კარლოს დიდი, დასავლეთ რომის იმპერიის დაცემიდან 300 წელზე მეტი ხნის შემდეგ, 800 წ. რომის იმპერატორად ეკურთხა. ხოლო დასავლეთ რომის იმპერიის დაცემიდან თითქმის 500 წლის შემდეგ შეიქმნა გერმანელი ერის საღვთო რომის იმპერია, რომელმაც ფორმალურად 1806 წლამდე იარსება.       აღმოსავლეთ რომის იმპერიამ — ბიზანტიამ არსებობა 1453 წ. შეწყვიტა. თითქმის ერთი საუკუნის შემდეგ, "მესამე რომად" თავი მოსკოვის დიდმა სამთავრომ გამოაცხადა, რომლის მთავარმა ივანე IV მრისხანემ რომის კეისრის (იმპერატორის), იგივე ცეზარის — რუსული გამოთქმით ცარის ტიტული მიიღო.       ბევრად უფრო ადრე, XV ს-ის დასასრულს, როდესაც ბიზანტიამ აღმოსავლეთში თავისი ტერიტორიების უდიდესი ნაწილი დაკარგა, რომის მემკვიდრეობაზე პრეტენზია ქართველებმაც გამოაცხადეს. ამიტომაც იყო, რომ საქართველოს მეფემ გიორგი II-მ თავის ტიტულატურას "ყოვლისა აღმოსავლისა და დასავლისა კესაროსის" ტიტულიც დაუმატა.       IV-VII სს-ში ადგილი ჰქონდა "ხალხთა დიდ გადასახლებას", რაც მსოფლიო ისტორიის ასპარეზზე ახალი ხალხების გამოსვლით აღინიშნა. განვითარების უფრო დაბალ საფეხურზე მყოფი, ხალხების ამოძრავებამ მთლიანად წალეკა ძველი ანუ ანტიკური სამყარო, მანამდე არსებული ცხოვრების წესი და არა მარტო შეცვალა მსოფლიოს პოლიტიკური რუკა, არამედ მსოფლიოს დიდ ნაწილში მკვეთრად დასწია ცოდნის და კულტურის დონე. ყოველივე ამის გამო, მომდევნო, სულ ცოტა ხუთ საუკუნეს ევროპისათვის ცოდნისა და კულტურის განვითარების თვალსაზრისით, პირობითად, "უმეცრების ხანაც" ეწოდება. XI ს-ის მიწურულიდან მსოფლიო ისტორიაში ადგილი ჰქონდა ისეთ მოვლენას, რომელიც ჯვაროსნული ლაშქრობებითაა ცნობილი. ამ ლაშქრობების დროს ათიათასობით ევროპელი რაინდი გაეცნო ბიზანტიას და მახლობელ აღმოსავლეთს და მათი მეშვეობით ბერძნულ-რომაულ კულტურას ეზიარა, რომელმაც თავი სწორედ მსოფლიოს ამ რეგიონში შემოინახა.       ევროპელების მიერ ანტიკურ კულტურასთან ხელახლა ზიარებამ XII-XIII სს-ისათვის საფუძველი მოუმზადა კულტურის ისტორიის ახალ ეპოქას, რომელიც რენესანსის (აღორძინების) სახელითაა ცნობილი. ამ კულტურის შემოქმედებს ჰუმანისტებსაც უწოდებენ. ჰუმანისტები პირველები იყვნენ, რომლებმაც ანტიკურ ეპოქასა და მათ თანამედროვე ეპოქას შორის საუკუნეებს კაცობრიობის კულტურის უკანსვლის, სიბნელისა და უმეცრების ხანა უწოდეს. ამგვარად, მათ კაცობრიობის ისტორია სამ პერიოდად დაყვეს: ძველი, იგივე ანტიკური, შუა საუკუნეები, ანუ კაცობრიობის ისტორიის "შავბნელი ხანა" და ანტიკური კულტურული ტრადიციების აღორძინება-აღდგენის, იგივე რენესანსის, ანუ მათი თანამედროვე ეპოქა.       ამგვარად, XV საუკუნისათვის, თანდათანობით, დამკვიდრდა კაცობრიობის ისტორიის ახალი პერიოდიზაცია, რომლის უპირატესობა მსოფლიო ისტორიის პერიოდიზაციის მანამდე არსებულ სისტემებთან იმაში მდგომარეობდა, რომ ის ისტორიის პერიოდებად დაყოფას საზოგადოების ცხოვრების ერთ-ერთი ზოგადი მახასიათებლით — კულტურით შეეცადა. კაცობრიობის ისტორიის ასეთ დაყოფას სამწევროვან დაყოფასაც უწოდებენ.       აქვე უნდა გავითვალისწინოთ, რომ სიტყვა "ანტიკური, ანუ ძველი" ჰუმანისტებისათვის მხოლოდ ძველი საბერძნეთისა და რომის ისტორიასა და კულტურას ნიშნავდა. ვინაიდან იმ დროს ჯერ კიდევ ცნობილი არ იყო არც სხვა ძველი ქვეყნებისა და რეგიონების ისტორია და არც კაცობრიობის ისტორიის ის ყველაზე ხანგრძლივი ეპოქა, რომელიც სახელმწიფოს წარმოქმნამდე არსებობდა და რომელსაც თანამედროვე მეცნიერები პირობითად წინარეისტორიულ ან სახელმწიფოებამდელ ხანას უწოდებენ.       სამწევროვანი პერიოდიზაციის აღიარებისთანავე არაერთი სირთულე იჩენს თავს. მაგალითად, ბუნებრივად ისმის კითხვა: რა ავიღოთ მიჯნად ანტიკურ ხანასა და შუა საუკუნეებს შორის? ან რომელი ისტორიული მოვლენა თუ მოვლენები მივიჩნიოთ შუა საუკუნეების დასასრულად და მსოფლიო ისტორიის ახალი ხანის დასაწყისად? ვინაიდან ისტორიის ანტიკური პერიოდის ბოლო ოთხ საუკუნეზე მეტხანს ამ სამყაროს დიდ ნაწილს რომის იმპერია აერთიანებდა, ამიტომ ბუნებრივია, რომ ანტიკური, ანუ ძველი ხანის დასასრული მსოფლიო ისტორიის სამწვეროვანი პერიოდიზაციის მიმდევრებმა ქალაქი რომის დაცემას დაუკავშირეს.       ამგვარად, პირველი თარიღი, რომელიც ისტორიის ძველ და შუა პერიოდებს შორის მიჯნად დასახელდა, გერმანელი ალარიხის მიერ ქ. რომის აღების თარიღი იყო — 410 წ.       მოგვიანებით ანტიკურობის დასასრულის თარიღმა ერთი საუკუნით გადაიწია — 313 წ. ეს თარიღი რომის იმპერიაში ქრისტიანობის ნებადართულ რელიგიად გამოცხადებას უკავშირდება. ეს უკვე ახალი ნიშნულის შემოტანას ნიშნავდა. ამავე ხანებში შუასაუკუნეებსა და ახალ ისტორიას შორის მიჯნად 1453 წ. ოსმალების მიერ კონსტანტინოპოლის აღებისა და ბიზანტიის, ანუ აღმოსავლეთ რომის იმპერიის დაცემის თარიღი იქნა შეთავაზებული.       ორივე ეს თარიღი მსოფლიო ისტორიის უეჭველად მნიშვნელოვანი წყალგამყოფია. მართლაც, 313 წ. რომის იმპერიაში ქრისტიანობის ნებადართულ რელიგიად გამოცხადება, ანტიკური სამყაროს ამ მოწინავე რეგიონში წარმართობის, როგორც ანტიკური პერიოდის იდეოლოგიის, დასასრულს მოასწავებდა. ქრისტიანობამ მთლიანად შეცვალა როგორც ანტიკური, ანუ წარმართული საზოგადოების აზროვნების მოდელი, ისე მისი ყოველდღიური ცხოვრების წესი.       რაც შეეხება ათასწლოვანი ბიზანტიის დაცემას, ეს მოვლენა ქრისტიანულმა სამყარომ, მათ შორის, საქართველომაც უდიდეს ტრაგედიად აღიქვა. მით უფრო, რომ თურქ-ოსმანები საბოლოოდ გაბატონდნენ დასავლეთ ევროპის აღმოსავლეთთან (ინდოეთი, ჩინეთი) დამაკავშირებელ მაგისტრალებზე. ამან დასავლეთ ევროპას ახალი გზების ძიებისაკენ უბიძგა, რასაც შედეგად დიდი გეოგრაფიული აღმოჩენები მოჰყვა.       მესამე თარიღი, რომელიც სამწვეროვანი პერიოდიზაციის მიმდევრებმა ანტიკური პერიოდისა და შუა საუკუნეების მიჯნად დაასახელეს, გერმანული წარმოშობის რომაელი სარდლის ოდოაკრის მიერ რომის ბოლო იმპერატორის ტახტიდან ჩამოგდების და რომის, როგორც სახელმწიფოს ფუნქციონირების საბოლოოდ შეწყვეტის წელია — 476 წ. დღეს ეს თარიღი აღნიშნული პერიოდიზაციის მომხრეთა შორის ყველაზე უფრო გაზიარებულია.       ბევრად უფრო რთული შუა საუკუნეებისა და ახალი ისტორიის გამიჯვნა აღმოჩნდა, ვინაიდან კონსტანტინოპოლის დაცემის შემდეგ შუა საუკუნეებისა და ახალი ისტორიის გასაყარზე არაერთი უმნიშვნელოვანესი მოვლენა მოხდა. ერთ-ერთი ზემოთ უკვე ნახსენები "დიდი გეოგრაფიული აღმოჩენებია", რომელმაც დედამიწის შესახებ ახალ ცოდნას და კაცობრიობის გამთლიანებას დაუდო საფუძველი.       მსოფლიო ისტორიაში ეს იმდენად მნიშვნელოვანი წყალგამყოფია, რომ XVIII ს-იდან ისტორიკოსთა ერთმა ნაწილმა ის შუა საუკუნეების დასასრულად და ახალი ხანის დასაწყისად მიიჩნია.       ვინც ,,დიდ გეოგრაფიულ აღმოჩენებს” შუა საუკუნეებსა და ახალ ისტორიას შორის მიჯნად იღებს, ისტორიული პერიოდების გამიჯვნა-დახასიათებისათვის უპირატესობას პოლიტიკურ-ეკონომიკურ მახასიათებელს ანიჭებს. დიდი გეოგრაფიული აღმოჩენები პოლიტიკურ-ეკონომიკურ მახასიათებლად იმიტომ უნდა მივიჩნიოთ, რომ მან საფუძველი დაუდო კოლონიალური იმპერიების შექმნას და მსოფლიოს ახალი ეკონომიკური სისტემის თანდათანობით ჩამოყალიბებას.       XVI ს-ის დასაწყისში (1517 წ.) ევროპაში დაიწყო რეფორმისტული მოძრაობა, რომელიც კათოლიკური ეკლესიის რეფორმას ისახავდა მიზნად. ეს შუასაუკუნეობრივი ევროპის სულიერი ცხოვრების საფუძვლის, კათოლიკური ეკლესიისათვის იმდენად ძლიერი დარტყმა იყო, რომ ისტორიკოსთა ნაწილმა რეფორმაციის დასაწყისი შუა საუკუნეებსა და ახალ ისტორიას შორის მიჯნად მიიჩნია.       როგორც ვხედავთ, ისტორიის ძველი, შუა და ახალი პერიოდების გამმიჯნავ თარიღებს შორის განსხვავება დიდად არის დამოკიდებული იმაზე, თუ, რა მახასიათებლებს მივანიჭებთ უპირატესობას. მაგალითად, თუ ჰუმანისტების მსგავსად, ძირითად მახასიათებლად კულტურას ავიღებთ, აღმოჩნდება, რომ სხვა თარიღებს უნდა მივანიჭოთ უპირატესობა, თუ მახასიათებლად რელიგია-იდეოლოგიას ავიღებთ — სხვას, თუ გეოგრაფიულ-ეკონომიკურ ფაქტორს (გეოგრაფიული აღმოჩენები, საზოგადოებაში დოვლათის დაგროვება და ა.შ.) — სხვას და თუ პოლიტიკურს (ქალაქის, ან ქვეყნის აღება-დანგრევა, ან პირიქით, აშენება-დაარსება, ქვეყნის გამთლიანება-დაშლა) — სხვას, მაგრამ იმისათვის, რომ აქ ჩამოთვლილი მახასიათებლებიდან რომელიმეს ან რამდენიმეს ერთად მივანიჭოთ უპირატესობა, უპირველეს ყოვლისა, უნდა შევთანხმდეთ, რომელი მათგანია უფრო მნიშვნელოვანი. ამას ძირითადი მახასიათებლის განსაზღვრა ჰქვია.       თუ ამ კუთხით ანტიკური ხანის სახელმწიფოებს გადავხედავთ, დავრწმუნდებით, რომ, მიუხედავად ანტიკური სახელმწიფოების გეოგრაფიულ-რეგიონალურ-ეთნიკური მრავალფეროვნებისა, რამაც, ბუნებრივია, პოლიტიკური წყობის განსხვავებული ვარიაციები მოგვცა, მაინც იკვეთება ის ძირეული საერთო ნიშნები, რომელიც მოჭარბებულად მხოლოდ ისტორიის ამ პერიოდის სოციალურეკონომიკურ სისტემას და კულტურას ახასიათებს და, რაც მას სხვა ისტორიული პერიოდებისაგან განასხვავებს.       ამის უკეთ გასაგებად, აუცილებელია კაცობრიობის ისტორიის ანტიკური პერიოდის მოკლე დახასიათება. მართლაც, რა წესები თუ კანონები განაპირობებდა ამ საზოგადოების ცხოვრებას? როგორი იყო მისი ტექნიკისა თუ ეკონომიკის, სოციალურ-პოლიტიკური ინსტიტუტების განვითარების დონე? მისი ფილოსოფიური თუ რელიგიური წარმოდგენები?       ანტიკური ხანა კაცობრიობის ისტორიის ის პერიოდია, როდესაც საზოგადოებამ წინარეისტორიული, ანუ სახელმწიფოებამდელი მდგომარეობიდან ისტორიულ, ანუ სახელმწიფოებრივ ხანაში შეაბიჯა. ეს იმას ნიშნავდა, რომ ის საზოგადოებრივი ცხოვრების ორგანიზების სრულიად ახალ საფეხურზე ავიდა, რაც სახელმწიფოს შექმნაში გამოიხატა.       ანტიკურ საზოგადოებაში ადამიანები ორ დიდ კატეგორიად იყოფოდნენ: საზოგადოების წევრებად, ანუ თავისუფალ და საზოგადოების მიღმა მყოფ, არათავისუფალ ადამიანებად, ანუ მონებად. თავისუფლებიც უფლებებით ერთმანეთისაგან განსხვავდებოდნენ. სრულუფლებიან საზოგადოების წევრს მკვიდრი, მოქალაქე წარმოადგენდა. შეზღუდული უფლებების "თავისუფალს" არამკვიდრები და სხვადასხვა დროს მოსული ადამიანები ქმნიდნენ, რომლებიც, უმეტესად, ეთნიკურ-რელიგიურ თემებად ცხოვრობდნენ. ამ კატეგორიას განთავისუფლებული მონებიც ავსებდნენ.       კაცობრიობის ისტორიის ანტიკური პერიოდი, მისი მომდევნო შუა საუკუნეებისაგან განსხვავებით, მოქალაქეებს, ანუ ქვეყნის მკვიდრ მოსახლეობას წოდებრივი ნიშნით არ ყოფდა. ბუნებრივია, ანტიკურ საზოგადოებაშიც, წარმომავლობა ადამიანებს შორის განსხვავებას ქმნიდა, მაგრამ ეს ძირითადად არა წოდებრივ პრივილეგიებში, არამედ წინაპრების მიერ მემკვიდრეობით მიღებულ სიმდიდრესა და გავლენაში გამოიხატებოდა, ამიტომაც გამოჩენილი და სახელოვანი წინაპრები ანტიკური პერიოდის ადამიანისათვის უდიდესი სიამაყისა და თავმოწონების საგანი იყო. მან ზეპირად იცოდა თავისი წინაპრების ხანდახან ათეული თაობის წარმომადგენელთა სახელები და თითოეული მათგანის მიერ ჩადენილი გმირობისა და დიადი საქმეების შესახებ, დაწვრილებითა და სიამაყის გრძნობით აღვსილი, მოუთხრობდა ნაცნობებსა თუ უცნობებს.       სიმდიდრე-სიღარიბისა თუ თანამდებობრივ-იერარქიული კიბის სხვადასხვა საფეხურზე ყოფნის მიუხედავად, ანტიკური საზოგადოების მოქალაქეები კანონის წინაშე თანაბარნი იყვნენ. ამით ეს საზოგადოება საოცრად წააგავს თანამედროვეს, ოღონდ ერთი უმნიშვნელოვანესი განსხვავებით — მას ახასიათებდა ტექნიკისა და ტექნოლოგიების განვითარების უდაბლესი დონე.       იმავდროულად, არათავისუფალი, ანუ მონა ანტიკური საზოგადოებისათვის ადამიანად არ განიხილებოდა, ის ანტიკური საზოგადოების მიღმა იდგა, მას არავითარი უფლებები არ ჰქონდა და კანონის მხოლოდ ობიექტი იყო. მონები ასრულებდნენ ყველა სახის სამუშაოს, რასაც მათ უბრძანებდნენ.       ანტიკური ცივილიზაციის წამყვან ქვეყნებში: ბერძნულ ქალაქ-სახელმწიფოებში — პოლისებში და რომის სახელმწიფოში მონების რიცხვი იმდენად დიდი იყო, რომ ისინი დოვლათის ძირითად მწარმოებლებადაც კი იქცნენ.       იმჟამად არსებული სოციალური ინსტიტუტებით, უფრო ზუსტად, მათი აღმნიშვნელი ტერმინებით თუ ვეცდებით მსოფლიო ისტორიის ანტიკური პერიოდისათვის სახელის შერქმევას, მას უფალ-მონობის ხანა შეიძლება ვუწოდოთ.       ანტიკური პერიოდი, ძირითადად, კაცობრიობის წარმართობის ხანა იყო, როდესაც ადამიანები მრავალ ღმერთს ეთაყვანებოდნენ.       ისტორიის ანტიკური პერიოდი ქალაქური ცივილიზაციის ხანა იყო, რაც იმას ნიშნავს, რომ ანტიკური საზოგადოების ცხოვრების ცენტრი ქალაქი იყო, განვითარებული ხელოსნობით, ვაჭრობითა და ფულის მიმოქცევით.       უნდა აღვნიშნოთ, რომ სწორედ ქალაქური ცხოვრებისა და ვაჭარ-ხელოსნობის განვითარების შედარებით მაღალი დონე, ეკონომიკის ბაზარზე ორიენტირებულობა, და განსაკუთრებით გაცხოველებული საგარეო ვაჭრობა, ისევე, როგორც ამის თანმდევი ფულის ინტენსიური ბრუნვა, არის ის უმთავრესი ნიშანი, რაც გამოარჩევს კაცობრიობის ისტორიის აღნიშნულ პერიოდს შემდგომი, შუა საუკუნეების ეპოქისაგან, განსაკუთრებით, შუა საუკენეების ადრეული ეტაპისაგან და რაც ანტიკურ სამყაროს კვლავაც თანამედროვე ეპოქას ამსგავსებს.       სხვადასხვა რეგიონებში, განსხვავებული პოლიტიკური წყობილების, თუ სხვა თავისებურების მიუხედავად, ანტიკური ქვეყნები ერთიან, შეკრულ სამყაროს ქმნიდნენ, რომელსაც მყარი პოლიტიკური, სავაჭრო და კულტურული ურთიერთობები აერთიანებდა.       ანტიკურ სახელმწიფოებს ჰქონდათ მეტ-ნაკლებად მსგავსი სოციალურ-ეკონომიკური, მეცნიერულ-ტექნოლოგიური საფუძველი და რელიგიურ-ფილოსოფიური შეხედულებები.       რამ განაპირობა ისტორიის ანტიკური პერიოდის დასასრული?       ზოგი ამას გარეშე ძალას უკავშირებს, რომელშიც ხალხთა დიდი გადასახლება იგულისხმება.       ამ შემთხვევაში ჩნდება კითხვა: მართლაც განვითარების უფრო დაბალ საფეხურზე მდგომი ხალხების ამოძრავება გახდა მთავარი მიზეზი ძველი ცივილიზაციის დაღუპვის, თუ ეს მიზეზი უფრო ღრმად, თვით ამ საზოგადოების განვითარების თავისებურებებშია საძიებელი?       ახალი ხალხების ისტორიის ასპარეზზე გამოჩენამ ანტიკურ სამყაროს მართლაც დიდი დარტყმა მიაყენა. განვითარების შედარებით დაბალ საფეხურზე მდგომი, სახელმწიფოებრიობის ჯერ არმქონე ხალხების ამოძრავებამ და ამის შედეგად ძველი მსოფლიოს უდიდეს ნაწილში გამეფებულმა განუკითხაობამ, მსოფლიოს უმთავრეს სავაჭრო-საქარავნო გზებზე უსაფრთხოება მოშალა, რამაც ამ სავაჭრო გზებს კარგა ხნით მათი მნიშვნელობა დააკარგვინა. მსოფლიო ვაჭრობის მოშლამ ანტიკური სამყაროს ეკონომიკური უკანსვლის უკვე დაწყებული პროცესი უფრო დააჩქარა. ეკონომიკურ უკანსვლაში პირველ რიგში ვაჭრობის, ხელოსნობის და ფულის მიმოქცევის მნიშვნელოვნად შემცირება იგულისხმება, რასაც ანტიკური ქალაქების დაკნინება, სოფლებად გადაქცევა ან სულაც გაქრობა მოჰყვა.       მიუხედავად ყოველივე ზემოთქმულისა, ანტიკური საზოგადოების სოციალურ-ეკონომიკური სისტემის ნგრევის მთავარი მიზეზი, რა თქმა უნდა, თვით ამ საზოგადოებაში უნდა ვეძებოთ. საქმე ისაა, რომ ანტიკური საზოგადოების დაქვეითება ახ. წ. III ს-დან დაიწყო, ხალხთა დიდი გადასახლება კი IV ს-დან. ასე რომ, ეს მოვლენა მხოლოდ დაქვეითების პროცესის დამაჩქარებლად და დამასრულებლად შეიძლება მივიჩნიოთ და არა მიზეზად. მიზეზი კი შემდეგში მდგომარეობდა: ანტიკურ სამყაროში მოსახლეობისა და საზოგადოების მოთხოვნების ზრდა შეუსაბამობაში აღმოჩნდა იმჟამინდელი ტექნიკისა და ტექნოლოგიების შესაძლებლობებთან, რომლებიც, თავიანთი განვითარების ფრიად დაბალი დონის გამო, ამ მოთხოვნებს ვეღარ აკმაყოფილებდნენ.       რომის სახელმწიფოს შემოსავალი ვაჭრობიდან, წარმოებიდან და სოფლის მეურნეობიდან, ანუ ის გადასახადები, რასაც რომის მოქალაქეები თუ დაქვემდებარებაში მყოფი რეგიონები სახელმწიფოს უხდიდნენ, ვერ ფარავდა სახელმწიფოს სულ უფრო მზარდ ხარჯებს. მოკლედ რომ ვთქვათ, სახელმწიფოს ხარჯები ბევრად უფრო სწრაფად იზრდებოდა, ვიდრე შემოსავლები. ტექნიკის დაბალი დონე, მონური შრომის, ანუ წარმოების გაუმჯობესების ინტერესის არმქონე მწარმოებლის ფონზე, წარმოების განვითარებისა და ინტენსიფიკაციის გზით, შემოსავლების გაზრდის საშუალებას არ იძლეოდა. ასეთ შემთხვევაში შემოსავლების გაზრდის ორი გზა რჩებოდა: დაპყრობითი ომები ან მოსახლეობისათვის გადასახადების დამძიმება.       დაპყრობითი და, საერთოდ, ომები დიდ ხარჯებს და დიდ ადამიანურ რესურსებს მოითხოვდა. უნდა ითქვას, აგრეთვე, რომ რომის იმპერიამ ახ. წ. II საუკუნეში თავის მაქსიმალურ საზღვრებს მიაღწია. ახალი სამხედრო წარმატებები თვისობრივად ახალი ტიპის შეიარაღებას და ჯარს მოითხოვდა. ეს კი ანტიკური ცივილიზაციის შესაძლებლობებს აღემატებოდა. გადასახადების ზრდაც, რომელიც მეურნეობისა და ზოგადად ქვეყნის ეკონომიკის აღმავლობიდან კი არ გამომდინარეობდა, არამედ სახელმწიფოს მხრივ თვითნებურად მოქალაქეებისაგან წინა წლებთან შედარებით უფრო მეტი თანხის ამოღებას ისახავდა მიზნად, მხოლოდ დროებით ეფექტს იძლეოდა. ასე უსაფუძვლოდ გაზრდილი გადასახადები ერთი-ორი წლით სახელმწიფო შემოსავალს კი ზრდიდა, მაგრამ მწარმოებელს აჩანაგებდა და შესაბამისად, მომავალში მისგან გადასახადის აკრეფას შეუძლებელს ხდიდა. ბუნებრივია, ყოველივე ეს მყისიერად არ მომხდარა, მაგრამ კრიზისი უკვე, როგორც აღვნიშნეთ, ახ. წ. III საუკუნეში დადგა, რაც, უპირველეს ყოვლისა, იმპერიის ქალაქებში ვაჭრობა-ხელოსნობის თანდათანობით შემცირებასა და მოსახლეობის გაღარიბებაში გამოიხატა.       ასეთ ვითარებაში ქალაქის მოსახლეობამ თავის რჩენის მიზნით, ნელ-ნელა სოფელს მიაშურა, სადაც მსხვილი მიწათმფლობელების ლატიფუნდიებში — დიდ და ვრცელ მამულებში დასახლდა, მათ სამსახურში შევიდა და მიწათმოქმედებას მიჰყო ხელი.       ყოველივე ზემოთქმული, წარმოდგენას გვიქმნის ანტიკური ეკონომიკური წყობის ნგრევის მიზეზებზე, მაგრამ იმისათვის, რომ ვუპასუხოთ კითხვას, როდის დაიწყო შუა საუკუნეები, ზოგადად უნდა გავერკვეთ, თუ რას ვგულისხმობთ ამ ტერმინში, ანუ რა არის შუა საუკუნეების, როგორც კაცობრიობის ისტორიის ერთ-ერთი ხანგრძლივი და მნიშვნელოვანი მონაკვეთის მთავარი სოციალურ-ეკონომიკური მახასიათებლები.       ეკონომიკურმა კრიზისმა, რომელმაც ძველი მსოფლიო მოიცვა, არსებული ანტიკური სოციალურეკონომიკური სისტემა თანდათანობით ახალი, შუა საუკუნეებისათვის დამახასიათებელი სოციალურ-ეკონომიკური სისტემით შეცვალა. მართლაც ძველი, ანტიკური იმპერიების განადგურებამ და უზარმაზარ სივრცეზე ბარბაროსული სახელმწიფოების წარმოქმნა-გაბატონებამ, არა მარტო მკვეთრად დასცა კულტურისა და ცოდნის დონე, არამედ ჯერ კიდევ ანტიკურ იმპერიებში დაწყებული ეკონომიკური კრიზისი, რომელიც ქალაქების დაკნინებასა და ფულის მიმოქცევის შემცირებაში გამოიხატა, საყოველთაო და შეუქცევადი გახადა. თუ ანტიკური იმპერიები ორ ეკონომიკურ ბოძს — სოფლის მეურნეობასა და ვაჭრობას ეყრდნობოდნენ, შეიძლება ითქვას, ერთი ბოძი ჩამოიქცა. ფულის სიმცირემ და ქალაქში თავის შენახვის შეუძლებლობამ, ქალაქის მოსახლეობას მასიურად სოფლისაკენ უბიძგა.       ამგვარად, თუ ანტიკური ცივილიზაციის ეკონომიკური ცენტრი ქალაქი იყო, შუა საუკუნეების გარიჟრაჟზე, ეკონომიკური ცხოვრების მთავარი საყრდენი სოფელი გახდა. ხოლო რომაელ არისტოკრატთა ლატიფუნდიები, სადაც სასოფლო-სამეურნეო პროდუქტი, უპირველეს ყოვლისა, საბაზროდ, ანუ გასაყიდად მოჰყავდათ და ამით ამერიკაში, არცთუ ისე დიდი ხნის წინ, მონის შრომაზე დამყარებულ პლანტაციებს მოგვაგონებდნენ, შეცვლილ ისტორიულ ვითარებაში თანდათანობით თვითკმარ, კარჩაკეტილ ნატურალურ მეურნეობებად გარდაიქმნენ.       რას ვგულისხმობთ გამოთქმაში: ნატურალური მეურნეობა?       ნატურალური მეურნეობა ბაზარსა და ყიდვაგაყიდვაზე ნაკლებად ორიენტირებული მეურნეობაა. მისი უმთავრესი მიზანი მიწის მუშაკისა და მიწის მეპატრონის გამოკვებაა. ასეთი მეურნეობა, ზოგადად, განუვითარებელ, ბარბაროსულ საზოგადოებებს ახასიათებთ, როგორიც იყვნენ კიდეც ისტორიის ასპარეზზე გამოსული ახალი ხალხები.       ასეთივე მეურნეობა შეიძლება მეტ-ნაკლებად განვითარებულ საზოგადოებაშიც წარმოიშვას, მანამდე არსებული საბაზრო ურთიერთობების მძიმე ეკონომიკური კრიზისის შედეგად ნგრევის გამო, რასაც, როგორც ზემოთ შევეცადეთ გვეჩვენებინა, ადგილი ჰქონდა ჩვენ მიერ მაგალითად აღებულ რომის ანტიკურ იმპერიაში.       ეკონომიკური ცხოვრების უკანსვლისა და ნგრევის მასშტაბებს მით უკეთ გავიაზრებთ, თუ დავაკვირდებით, რომ ანტიკურობისა და შუა საუკუნეების გასაყარზე ზემოთ განხილული ორივე შემთხვევის თანხვედრა მოხდა.       ვინაიდან ფული საზოგადოებაში ფრიად მცირე იყო და მისი შოვნა წარჩინებულებსაც კი უჭირდათ, ამიტომ ადამიანები აღებ-მიცემობას უმრავლეს შემთხვევაში პროდუქტის პროდუქტზე გაცვლით, ანუ ნატურით აწარმოებდნენ. მაგალითად, ხელოსანი გლეხს უმზადებდა მისთვის საჭირო იარაღს, ვთქვათ — თოხს, მისგან კი, ფულის ნაცვლად, თოხის დამზადების საფასურს ხორბლით, ან სხვა პროდუქტით იღებდა, თანაც იმ რაოდენობით, რაზედაც წინასწარ ჰქონდათ შეთანხმება.       ადრეშუასაუკუნეები ევროპისა და აზიის დიდ ნაწილში სწორედ ნატურალური მეურნეობის გაბატონებით დაიწყო. ნატურალური მეურნეობის ხასიათიდან და მიზნებიდან მისი კარჩაკეტილობა და თვითკმარობა თავისთავად გამომდინარეობს.       ბუნებრივია, კარჩაკეტილია ეკონომიკა, რომელიც ბაზარზე და, შესაბამისად, გარე სამყაროზე ნაკლებადაა ორიენტირებული. მართლაც, ხშირი შემოსევებისა და რბევა აწიოკების კვალდაკვალ დიდი მამულები გამაგრებულ ჯუჯა სახელმწიფოებს დაემსგავსნენ საკუთარი ლაშქრითა და მმართველობით. მსხვილი მემამულეების სასახლეები და რომაული ტიპის ვილები კი ციხე-დარბაზებად იქცნენ. თითოეული მამული, ძირითადად, თვითონ აწარმოებდა ცხოვრებისათვის საჭირო პროდუქტებს თუ ნივთებს, ამიტომ ქვეყნის სხვა მხარეებზე ნაკლებად იყო დამოკიდებული. სწორედ ამას ვგულისხმობთ, როდესაც მეურნეობის თვითკმარობაზე ვსაუბრობთ.       ბარბაროსთა შემოსევებმა ამგვარ სისტემას, რომის იმპერიის საზღვრებში, სახე ძირითადად იმით უცვალა, რომ ძველი რომაული არისტოკრატიის ნაცვლად ახლა გერმანელ ტომთა ბელადები და მეომრები აქცია მმართველ კლასად და მსხვილი მამულების ბატონ-პატრონად. ასეთ მამულებში ახალი წარჩინებულები თავიანთი დიდი ოჯახებითა და მთელი სახლეულით: მსახურებით, მოლაშქრეებით და ა.შ. სახლდებოდნენ.       სახლეულის ერთიან აღმნიშვნელ ძველ ქართულ ტერმინად ტაძრეული იქცა, რაც ბატონის, მთავრის, მეფის სასახლეში მცხოვრებს, ბატონის მოლაშქრე-მხლებელს აღნიშნავდა. კიდევ უფრო ნიშანდობლივია რუსული ტერმინი დვორიანე, რომელიც თავდაპირველად "დვორ"-ში, ანუ ეზო-სასახლეში მცხოვრებს გულისხმობდა, შემდგომ კი, ზოგადად, ფეოდალური კლასის, ანუ თავადაზნაურობის აღმნიშვნელი გახდა.       მართლაც, ფულის მიმოქცევის შემცირების ფონზე ხელისუფლებისათვის (მთავარი, მეფე და ა.შ.) ძნელი ხდებოდა ტაძრეულისათვის — სამოხელეო აპარატისა და ლაშქრისათვის — ხელფასის გაცემა, რის გამოც, ხელფასის ნაცვლად მათ გამოსაკვებად დროებით სარგებლობაში მიწას: სოფელს ან სოფლებს აძლევდა.       მიწით დაჯილდოებული პირი თავის სამფლობელოში მთელი თავისი ოჯახითა და მსახურებით სახლდებოდა, ხოლო იქ მის მისვლამდე მცხოვრები მიწის მუშაკი ახლად მოვლენილი მიწის მესაკუთრის განკარგულებაში გადადიოდა. ამის შემდეგ მიწის მუშაკისა და მიწის მესაკუთრის ურთიერთობა შემდეგნაირად ეწყობოდა: მიწის მუშაკი მესაკუთრის მიწით სარგებლობის გამო ვალდებული იყო საკუთარი შრომით მოყვანილი მოსავლის ნაწილი მესაკუთრისათვის ეწილადა, ანუ ისიც ერჩინა.       თავდაპირველად, ევროპასა და საქართველოში ფეოდალებს სამსახურის პირობით მიცემული მიწები დროებით სარგებლობაში ჰქონდათ, მაგრამ მოგვიანებით, სამეფო ხელისუფლების შესუსტებისა და ზოგ შემთხვევაში საერთოდ გაქრობის შედეგად — მემკვიდრეობით მფლობელობაში დარჩათ.       ასე ჩაეყარა საფუძველი დასავლეთ ევროპაში ფეოდალურ სისტემას. სახელწოდება ლათინური სიტყვა "ფეოდიდან" მოდის. ასე, მემკვიდრეობით გადაცემის უფლებამინიჭებულ ბენეფიციუმს უწოდებდნენ. ფეოდიდან ტერმინი ფეოდალიზმი შეიქმნა, რაც ზოგადად შუა საუკუნეების ნატურალურ-კარჩაკეტილი და თვითკმარი სოციალურ-ეკონომიკური სისტემების აღსანიშნავადაც გამოიყენება.       ფეოდალური საზოგადოება წოდებრივი საზოგადოება იყო. ის, რეგიონალური თავისებურებებისდა მიუხედავად, ყველგან რამდენიმე სოციალურ წოდებად იყოფოდა და ყოველ წოდებას გამოკვეთილი უფლება-მოვალეობები ჰქონდა, რომელიც ქვეყნის კანონმდებლობით ან ადათჩვევებით იყო განმტკიცებული. საკუთრივ ფეოდალები, როგორც სამხედრო-სამოხელეო ფენა, ქვეყნის მართვას და კანონიერების დაცვას უზრუნველყოფდნენ, სამღვდელოება საზოგადოების სულიერ კეთილდღეობაზე ზრუნავდა, გლეხობა კი ამ ორ მაღალ წოდებას ემსახურებოდა. ძველი ხატოვანი გამოთქმა რომ გამოვიყენოთ, არისტოკრატია ხმალს იქნევდა, სამღვდელოება ლოცულობდა, გლეხობა კი მათ გამოსაკვებად ოფლს ღვრიდა.       ნიშანდობლივია, რომ ამ გამონათქვამში ქალაქის მოსახლეობა საერთოდ არ იხსენიება, ვინაიდან ფეოდალური ეპოქის გარიჟრაჟზე ქალაქის მოსახლეობა, ანუ ვაჭარ-ხელოსნობა ქვეყნის ცხოვრებაში უმნიშვნელო როლს ასრულებდა.       შუა საუკუნეების მიწის მუშაკი — გლეხი, თავდაპირველად, თავისუფალი ადამიანი იყო და ფეოდალისაგან სხვაგან წასვლა შეეძლო. მისი მოვალეობებიც — ბეგარაგადასახადი, თუ მემამულის ყანაში გაწეული სამუშაო, იმ მიწით სარგებლობით იყო განპირობებული, რომლის უზენაეს მესაკუთრედ მემამულე მიიჩნეოდა.       ბუნებრივია, გლეხს სხვაგან წასვლისა და მემამულის მიწის მიტოვების შემთხვევაში, მიწის მეპატრონის მიმართ მოვალეობებიც ეხსნებოდა. მოგვიანებით, მუშახელისა და მიწის მუშაკის მიერ შესატანი ბეგარა-გადასახადების დაკარგვის თავიდან აცილების მიზნით, ფეოდალებმა გლეხების ერთი ბატონისაგან მეორესთან, თუ საერთოდ სხვაგან (მაგალითად, ქალაქში) წასვლა, შეზღუდეს. ასეთ შეზღუდვებს მეფეები დროდადრო კანონის სახეს აძლევდნენ. საბოლოოდ გლეხს ბატონისაგან წასვლა აეკრძალა, გაქცევის შემთხვევაში კი, მისი ძებნა დაწესდა. ამას მიწის მუშაკის დაყმევება ჰქვია.       სხვადასხვა რეგიონებში თუ ქვეყნებში გაქცეული გლეხის ძებნისა და უკან დაბრუნების სხვადასხვა ვადები არსებობდა. რუსეთში გლეხს გაქცევის შემთხვევაში მუდმივად ეძებდნენ და მის შვილებსა და შვილიშვილებსაც კი ძველ პატრონს უბრუნებდნენ. საქართველოში გლეხს ყველაზე უმეტეს ოცდაათი წელი ეძებდნენ.       გლეხის, ანუ ქვეყნის მკვიდრი მიწის მუშაკის დაყმევებით, შუა საუკუნეები მნიშვნელოვნად განსხვავდება ანტიკური ხანისაგან, სადაც მკვიდრი მიწის მუშაკი, თავისუფალი მოქალაქე იყო. რაც შეეხება მონას, ის როგორც გვახსოვს, ანტიკურ სამყაროში არა თუ მოქალაქედ, არამედ ადამიანადაც არ მოიაზრებოდა. ამ ნიშნით შუა საუკუნეები მნიშვნელოვნად განსხვავდება ახალი ისტორიისაგანაც, როდესაც მიწის მუშაკი კვლავ ყმობისაგან განთავისუფლებული ფერმერი ხდება.       გლეხის დაყმევებისა და იძულების ფორმები ყველგან ერთგვაროვანი არ იყო და ეს განსხვავება მხოლოდ გაქცეული გლეხის ძებნის ვადებით როდი ამოიწურებოდა.       ქართველი გლეხი, ევროპელი მიწის მუშაკის მსგავსად, საგლეხო მამულს — ფუძეს იყო მიმაგრებული, რომელიც მას მუდმივ მემკვიდრეობით მფლობელობაში წასვლისა და გაყიდვის უფლების გარეშე ჰქონდა. მიწის უზენაეს პატრონად ფეოდალი განიხილებოდა, მაგრამ გლეხი, შეიძლება ითქვას, მუდმივი მოიჯარე იყო. გლეხის გაყიდვა-გასხვისება მხოლოდ მის მთლიან სამეურნეო ერთეულთან — მამულთან ერთად იყო შესაძლებელი. ასე რომ, გაყიდვის შემთხვევაში გლეხი უბრალოდ პატრონს იცვლიდა და ახალი პატრონის მიმართ ძველი ბეგარასამსახურის შესრულებას აგრძელებდა. რაც შეეხება მის მიწამეურნეობას — ის კვლავ მის მემკვიდრეობით მფლობელობაში რჩებოდა. გლეხის ოჯახის წევრების ცალ-ცალკე და უმიწოდ გაყიდვას საქართველოში კანონი კრძალავდა. იგივე წესით ხდებოდა ყმა გლეხის გაჩუქება, მზითვში მიცემა.       გლეხის დაყმევების უფრო მსუბუქი ფორმა მუსლიმურ ქვეყნებში შემუშავდა, სადაც, მაგალითად, ოსმალეთში გლეხი — რაია გადასახადს იყო მიმაგრებული და არა მიწას. შესაბამისად, მას სხვაგან წასვლა არ ეზღუდებოდა. გადასახადი რაიას — გლეხს მეპატრონისათვის უნდა გადაეხადა, ოღონდ ამას სოფელში ყოფნით მოახერხებდა თუ სხვაგან წასვლით, მისი საქმე იყო. თუმცა, უნდა ითქვას, რომ დაფანტულ და გაქცეულ რაიებს — გლეხებს ხელისუფლების წარმომადგენლები ეძებდნენ და პოვნის შემთხვევაში მათ კვლავაც უკან, სოფელში აბრუნებდნენ. ყველაზე უფრო მძიმე, თითქმის მონის მსგავს მდგომარეობაში რუსი გლეხი "კრესტიანინი" იმყოფებოდა. ის უშუალოდ არა მამულს, არამედ ბატონს და საცხოვრებელ ადგილს — თემს იყო მიმაგრებული.       გადასახადიც რუსეთში გლეხს და მის მამულს კი არა, თემს ჰქონდა შეწერილი. მაგალითად, თუ თემში ათი გლეხი ცხოვრობდა და თემის გადასახადი 10 რუბლი იყო, შესაბამისად, თითოეულ გლეხზე 1 რუბლი მოდიოდა. მაგრამ გლეხის გაქცევის შემთხვევაშიც თემის გადასახადი კვლავ 10 რუბლი რჩებოდა. ეს იმას ნიშნავდა, რომ ახლა თითოეულ გლეხზე უკვე 1,11 რუბლი მოვიდოდა. ამიტომ თანამეთემეები ერთმანეთს უთვალთვალებდნენ, რომ შემთხვევით ვინმე არ გაქცეულიყო. ყველაზე მძიმე რუსი კრესტიანინის მდგომარეობაში, რაც მას უფლებრივად ანტიკური პერიოდის მონასთან აახლოვებდა, მიწის ნაკვეთზე მუდმივი მფლობელობის უფლების არქონა იყო. მართლაც, მიწის ნაკვეთი "კრესტიანინს" მუდმივ სარგებლობაში როდი ჰქონდა. თემი სამ-ხუთ წელიწადში ერთხელ მიწების ხელახალ გადანაწილებას ახდენდა და ერთი გლეხის მინდორი ახლა მეორის ხელში გადადიოდა. ამიტომ გლეხის გაყიდვის შემთხვევაში მებატონე მას, ბუნებრივია, მიწისა და მამულის გარეშე ჰყიდდა. ასე რომ, გლეხის ოჯახის დანგრევა და ცოლ-ქმრის ან შვილებისა და მშობლების ცალ-ცალკე გაყიდვა ჩვეულებრივი რამ იყო. ახალ მებატონეს ნაყიდი გლეხი საკუთარ მამულში მიჰყავდა, რომელიც შესაძლოა ქვეყნის სულ სხვა ბოლოში ყოფილიყო და გაყიდულ გლეხს თავის სიცოცხლეში ცოლ-შვილი ვეღარც ენახა.       საეკლესიო-სამონასტრო მეურნეობაც ფეოდალური ურთიერთობის საფუძველზე გაფორმდა. ეკლესია-მონასტრები მრავალ სოფელს და მამულს ფლობდნენ, რომლებიც მათ, ძირითადად, მეფე-მთავართაგან შეწირულობის გზით ჰქონდათ მიღებული.       ხშირად მთავრები ბერებს სამონასტროდ ისეთ მიწებს უბოძებდნენ, რომელზედაც ჯერ კიდევ თავისუფალი მიწის მუშაკი სახლობდა. მონასტრის აგების შემდეგ ასეთი მიწის მუშაკი მონასტრის ყმა-გლეხად იქცეოდა. ეკლესია-მონასტრებისათვის მთელი სოფლების იქ მცხოვრები ყმა-გლეხებით შეწირვაც ხომ ფეოდალური საზოგადოების ჩვეულებრივი ცხოვრების წესი იყო. მართლაც, სოფლებსა და გლეხებს ფეოდალები სწირავდნენ სულის მოსახსენებლად, პარაკლისის გადასახდელად და ა. შ.       ასე თანდათან წარმოიქმნა საზოგადოება, რომლის ქვაკუთხედს მსხვილი მიწათმფლობელი და მასზე დაქვემდებარებული, მიწის ნაკვეთს, პატრონს ან გადასახადს მიმაგრებული, არათავისუფალი წვრილი მიწათმოქმედი წარმოადგენდა.       ვინაიდან ფეოდალური საზოგადოება, უპირველეს ყოვლისა, სამხედრო სამსახურის პრინციპზე იყო მოწყობილი, ამიტომ მისი ცხოვრების წესი ხშირი ომიანობა, თავდასხმები, ურთიერთქიშპი იყო. ასეთ ვითარებაში მცირე მამულის მფლობელი აზნაურები მთავრებში დამცველ ძალას ხედავდნენ და მათ მფარველობაში შედიოდნენ. მფარველობაში შესვლა მფარველის მიერ მიწის წყალობასაც გულისხმობდა. მფარველს ევროპაში სენიორი, სიუზერენი, ქართულად კი უფალი, პატრონი, მოგვიანებით — ბატონი ეწოდებოდა. მფარველობაში შესულს ევროპაში ვასალი, საქართველოში კი ყმა ერქვა. ასეთ ყმას, როგორც წესი, თვითონაც ჰყავდა საკუთარი ყმები — მსახურები, რომლებისთვისაც ის, თავის მხრივ, უფალი-პატრონი იყო. ამიტომ კლასიკური გაგებით ფეოდალური საზოგადოება იერარქიული კიბის პრინციპზე იყო აგებული.       ამ კიბის სათავეში მეფე იდგა, მის ქვემოთ მთავრები, ანუ ჰერცოგები, უფრო ქვემოთ გრაფები, საქართელოში დიდებული აზნაურები, ხოლო XV ს-დან თავადები; კიდევ უფრო ქვემოთ ბარონები, და რაინდები; საქართველოში — აზნაურები და მსახურები იყვნენ.       ამგვარად, როგორც ვხედავთ, ევროპაში და, მათ შორის, საქართველოშიც, რომელიც შუა საუკუნეებში სოციალ-ეკონომიკური სტრუქტურის თვალსაზრისით, ტიპოლოგიურად ყველაზე დიდ სიახლოვეს სწორედ დასავლეთ ევროპასთან ავლენს, თვით ფეოდალური საზოგადოება თავის შიგნით კიდევ წოდებებად იყოფოდა.       სოციალური კიბის ცალკეულ საფეხურზე მდგომ პირს თავისი სიუზერენი და, იმავდროულად, ვასალი ჰყავდა.       ყველა წოდებას თავისი პრივილეგია ჰქონდა, რაც სამართლით იყო დაკანონებული. ამ წოდებების თითოეული წარმომადგენლის მოკვლის თუ ფიზიკური დაზიანების შემთხვევაში დაწესებული სასჯელი ძალზედ განსხვავებული იყო. საზოგადოების ასეთი დანაწილება, უპირველეს ყოვლისა, კანონთა კრებულებში — სამართლის წიგნებში და სასჯელის განსხვავებულ ნორმაში — სისხლის ფასში იყო ასახული. ევროპულ სამართალში მას ვერგელდი ეწოდებოდა.       ხშირად ფეოდალურ საზოგადოებად მხოლოდ შუა საუკუნეების ისეთ საზოგადოებებსა და რეგიონებს მიიჩნევენ, სადაც სწორედ ასეთი მრავალსაფეხურიანი ვასალური სტრუქტურა ჩამოყალიბდა.       თუმცა შუა საუკუნეების მთავარი თავისებურება ანტიკურ ხანასთან შედარებით ნატურალურ-კარჩაკეტილი და თვითკმარი ეკონომიკაა, რაც შეეხება ვასალურ-სენიორალური სტრუქტურის ჩამოყალიბებას, ეს ამ ტიპის ეკონომიკის ერთ-ერთ, მაგრამ სრულებით არასავალდებულო პირობად უნდა მივიჩნიოთ.       ვასალურ-სენიორალური სტრუქტურა მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში არ წარმოქმნილა და მხოლოდ ცალკეული ქვეყნებისა და რეგიონების თავისებურებად დარჩა. მსოფლიოს უდიდეს ნაწილში სამხედრო-სამოხელეო არისტოკრატიული ფენა ერთიან პრივილეგირებულ წოდებად ჩამოყალიბდა. მსოფლიო ისტორიამ ისეთი ქვეყნებიც იცის, მაგალითად, რუსეთი, სადაც, თავდაპირველად, ვასალურ-სენიორალური სტრუქტურა წარმოიშვა, მაგრამ შემდგომ მან ამ სახით არსებობა შეწყვიტა და სამხედრო-სამოხელეო არისტოკრატიული ფენა ერთ წოდებად გაფორმდა.       ზოგადად შეიძლება ითქვას, რომ ისტორიის ანტიკური პერიოდის არ იყოს, შუა საუკუნეებიც მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში მნიშვნელოვანი თავისებურებებით ხასიათდებოდა.       სქემატურად ეს ტიპოლოგიური განსხვავებები შემდეგნაირად შეიძლება დაჯგუფდეს: მიწა-მამულის ფლობის, ძირითადად კერძო საკუთრებაზე დამყარებული სისტემები და შერეული სისტემები.       მიწა-მამულის ფლობის კერძო სისტემა ქვეყნის მმართველი სამხედრო არისტოკრატიის მიერ მამულის კერძო საკუთრებაში ქონას გულისხმობს, მისი თითქმის სრული განკარგვის, გაყიდვის, გაჩუქების და სხვ. ჩათვლით. ასეთი სისტემა ძირითადად ევროპაში და საქართველოში განვითარდა. ესაა კლასიკური გაგებით ფეოდალური სისტემა.       შუა საუკუნეების ამ ვერსიის საფუძველი, როგორც ჩანს, ფეოდალური ურთიერთობების განვითარების ადრეულ საფეხურზე მეფის თუ მთავრის ხელისუფლების დასუსტებასა და, ზოგ შემთხვევაში (მაგალითად, საფრანგეთში, საქართველოში) ფაქტობრივ გაქრობაშია საძიებელი. მიწის ფლობის სახელმწიფო საკუთრებაზე დამყარებულ სისტემას, ვინაიდან ის მნიშვნელოვანწილად აღმოსავლეთში განვითარდა, აღმოსავლური შუა საუკუნეები შეიძლება ვუწოდოთ.       აღმოსავლური შუა საუკუნეების თავისებურება ისაა, რომ აქ, ლენის — ბენეფიციუმის (იგივე იკტის) ევროპის მსგავსად გარდაქმნა ფეოდად და შემდგომ კერძო საკუთრებაში მყოფ მამულად, შეფერხდა. მაგალითად, ოსმალთა იმპერიაში გარკვეული პერიოდიდან ზიამეთის და თიმარის მემკვიდრეობით გადაცემის უფლება კი მიიღეს, მაგრამ აქაც მნიშვნელოვანი შეზღუდვები იყო. მაგალითად, მამული მამიდან შვილზე გადაიცემოდა, შვილიშვილზე კი არა. თანაც მამიდან შვილზე გადაცემის შემთხვევაშიც სულთნის მხრივ, თუმცა, ფორმალური, მაგრამ მაინც თანხმობა იყო საჭირო სამხედრო არისტოკრატიას მამულების გაყიდვა და გასხვისებაც ეკრძალებოდა.       ევროპული შუა საუკუნეებისაგან განსხვავებით აღმოსავლური შუა საუკუნეების თავისებურების საფუძველი, ალბათ, იმაშია საძიებელი, რომ აქ, აზიის უზარმაზარ კონტინენტზე მესაქონლე-მომთაბარეთა მკვიდრ ცხოვრებაზე გადასვლის პროცესი დროში ფრიად გაწელილად და მიწათმოქმედი რეგიონებისთვის ფრიად მტკივნეულად მიმდინარეობდა. ერთი მომთაბარე ხალხი დამკვიდრებას და მამულების დასაკუთრებას ვერ ასწრებდა, რომ მას მეორე ცვლიდა. ასე რომ, ძველი სამხედრო არისტოკრატიის მნიშვნელოვანწილად ამოწყვეტა და ახლის, მოსულის მიერ მიწის პერიოდული გადანაწილება მიწის კერძო ფეოდალური მფლობელობის განვითარებას ხელს, ბუნებრივია, არ უწყობდა. მიწის ყოველი გადანაწილების შემდეგ, მიწის მნიშვნელოვანი ნაწილი სახელმწიფოს მფლობელობაში რჩებოდა. სახელმწიფო მიწები კი სამხედრო-სამოხელეო არისტოკრატიაზე სახელმწიფოს მიერ სამოხელეო სამსახურის შესრულებისა და მოლაშქრეობის სანაცვლოდ გაიცემოდა, ამიტომ მიწის მფლობელობის ამ აღმოსავლურ სისტემას აღმოსავლურ, სამოხელეო ან კიდევ სახელმწიფო ფეოდალიზმსაც ეძახიან.       თუმცა, აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ აღმოსავლური შუა საუკუნეებისთვისაც უცხო როდი იყო მიწა-მამულზე კერძო საკუთრება. თვით ოსმალთა იმპერიაში ოჯახკლიკებად, ანუ სრული კერძო საკუთრების უფლებით არაერთი მამული იყო გაცემული, ვაკუფებიც — მუსლიმური სასულიერო წოდებისა და მუსლიმური ტაძრების — მეჩეთების მამულებიც სასულიერო წოდების უპირობო კერძო საკუთრებაში იყო.       გარდა ამისა, აზიის უკიდურეს აღმოსავლეთშიც — იაპონიაში მიწა-მამულის, ძირითადად, კერძო საკუთრებაზე დამყარებული, ევროპული ფეოდალური სისტემის მსგავსი სოციალურ-ეკონომიკური წყობა განვითარდა. იაპონია ხომ კუნძული იყო და მომთაბარე დამპყრობლების შემოსევებისაგან მნიშვნელოვნად დაცული. ამიტომ იქ, დანარჩენი აზიისაგან განსხვავებით, მიწების ხშირ გადანაწილებას არ ჰქონია ადგილი.       მესამე, შერეული სისტემის მაგალითად რუსეთი შეიძლება მოვიყვანოთ, სადაც კარგა ხანი ეს ორი სისტემა ერთგვარად თანაარსებობდა. მართლაც, ვოტჩინების, ანუ კერძო საკუთრებაში მყოფი მამულების გვერდით, რუსეთში მიწების დიდი ნაწილი სამხედრო-სამოხელეო არისტოკრატიაზე პომესტიებად იყო გაცემული.       პომესტიები მემამულე-მფლობელთა კერძო საკუთრებად არ მიიჩნეოდა. მათი გათანაბრება ვოტჩინებთან ანუ კერძო საკუთრებაში მყოფ მამულებთან საბოლოოდ მხოლოდ XVIII ს-ის მეორე ნახევარში მოხდა.       ყოველივე ზემოთქმულის შემდეგ, შეიძლება ჩამოვთვალოთ შუა საუკუნეების ძირითადი მახასიათებლები: ეკონომიკის ნატურალურ-თვითკმარი ხასიათი და ბაზარზე ნაკლებად ორიენტირებულობა; ქვეყნის მკვიდრი მიწის მუშაკის დაყმევება, ანუ მისთვის პირადი თავისუფლების შეზღუდვა; საზოგადოების წოდებრივი სტრუქტურა, როდესაც ერთ წოდებას, თუ ფენას კანონით, ან პრაქტიკით განმტკიცებული ადათით, მეორესთან შედარებით მეტი ან ნაკლები უფლებები და პრივილეგიები აქვს. ყველა ამ მახასიათებელს ერთდროულად არ უჩენია თავი. უპირველესი და მთავარი, როგორც ეს არაერთხელ აღვნიშნეთ, ბაზარზე ორიენტირებული ანტიკური ეკონომიკის ნატურალურ-თვითკმარ ეკონომიკად გარდაქმნა და ქალაქიდან ცხოვრების ეკონომიკური ცენტრის პროვინციასა და სოფელში გადანაცვლება გახდა.       ასე რომ, 476 წელი, ანუ გერმანელი ოდოაკრის მიერ დასავლეთ რომის უკანასკნელი იმპერატორის გადაყენების თარიღი, ისტორიის ძველი, ანუ ანტიკური პერიოდისა და შუა საუკუნეების გასაყარზე, რომის იმპერიის ვრცელ ტერიტორიაზე ეკონომიკური ცხოვრების წესში მიმდინარე საუკუნეებზე გაწელილი თვისობრივი ცვლილების გამოხატვის სიმბოლურ თარიღად შეიძლება მივიჩნიოთ.       შუა საუკუნეებს ძირითადად სამ: ადრე, განვითარებულ და გვიან პერიოდებად ყოფენ. თუმცა ამ პერიოდების დაწყება-დასრულების მხრივ მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონები დიდ განსხვავებას გვიჩვენებენ.       ადრეშუასაუკუნეებად VI-IX სს-ებს მიიჩნევენ. ეს, ძირითადად მიწის მუშაკის დაყმევებისა და საზოგადოების წოდებრივი სტრუქტურის ჩამოყალიბების ხანაა. განვითარებულ შუა საუკუნეებად მსოფლიოს მოწინავე რეგიონებისათვის X-XIII სს. განიხილება, როდესაც ფეოდალური შუა საუკუნეები, როგორც სოციალურ-ეკონომიკური სისტემა, თავისი გაფურჩქვნისა და აყვავების მწვერვალს აღწევს. ხოლო XIV ს-დან კი შუა საუკუნეების გვიან ეტაპს გამოყოფენ, როდესაც ახალი ისტორიისათვის დამახასიათებელი კაპიტალისტური ეკონომიკური ურთიერთობების ჩანასახები იწყებს განვითარებას.       შუა საუკუნეების დასასრულისა და ახალი ისტორიის დასაწყისი თარიღის დადგენა, არანაკლებად რთულია. მართლაც, რითი განსხვავდება ისტორიის ახალი პერიოდი, შუა საუკუნეებისაგან და რა მოვლენებმა განაპირობა შუა საუკუნეების სოციალურ-ეკონომიკური სისტემისა და წარმოების წესის დასასრული?       როგორც უკვე ვნახეთ, შუა საუკუნეები ნატურალური, თვითკმარი მეურნეობის საფუძველზე წარმოიშვა და, ბუნებრივია, ამ ტიპის ეკონომიკის კრიზისმავე იმსხვერპლა. ახალი ისტორია ქალაქების ზრდაზე, ფულის მიმოქცევისა და ვაჭრობის მკვეთრად გაძლიერებაზე, ბაზარზე ორიენტირებული მეურნეობის წარმოქმნაზე აღმოცენდა. ამით ის შუა საუკუნეების საპირისპირო და იმავდროულად, ერთი შეხედვით, ანტიკური ეპოქის მსგავსია, თუმცა ტექნიკის, ცოდნისა და უნარ-ჩვევების განვითარებით ანტიკურ ხანას ძალზე აღემატება.       შუა საუკუნეებისა და ახალი ისტორიის გასაყარზე ბაზარზე ორიენტირებული მეურნეობის ქვეშ, უპირველეს ყოვლისა, მანუფაქტურული წარმოების აღმოცენება იგულისხმება. მანუფაქტურა, როგორც საწარმო, შუა საუკუნეების სახელოსნოსაგან განვითარდა და ასევე ხელით შრომას ეფუძნებოდა, თუმცა შუა საუკუნეების სახელოსნოსაგან განსხვავებით, ბევრად მეტ მუშახელს იყენებდა. მანუფაქტურის სიახლე იმაში მდგომარეობდა, რომ ნაწარმს თავიდან ბოლომდე ერთი პირი კი არ ამზადებდა, როგორც ეს შუა საუკუნეების სახელოსნოსათვის იყო ძირითადად დამახასიათებელი, არამედ ეს პროცესი მუშებს შორის დანაწილებული იყო. თანამედროვე ტერმინოლოგიით, მანუფაქტურა ხელით შრომაზე დაფუძნებული კონვეირული ხაზი იყო, რამაც საზოგადოებას, ისტორიაში პირველად, საშუალება მისცა ბევრად უფრო სწრაფად და ბევრად უფრო მეტი პროდუქცია დაემზადებინა. მანუფაქტურებში ძირითადად თავისუფალი ადამიანები მუშაობდნენ, რომლებიც გაწეულ შრომაში ფულად ანაზღაურებას იღებდნენ.       თანდათანობით ევროპის საზოგადოებაში "ახალი მდიდრები" მომრავლდნენ, რომლებიც თავიანთი წარმოშობით ფეოდალთა პრივილეგირებულ წოდებას არ მიეკუთვნებოდნენ. ისინი უმეტეს შემთხვევაში მოქალაქეების, იგივე ვაჭარ-ხელოსნების და ზოგჯერ თავისუფლებანაყიდი გლეხების წრიდან გამოდიოდნენ. ქალაქს ფრანგულად — ბურჟი ერქვა, ამიტომ საზოგადოების ამ გამდიდრებულ, მაგრამ ფეოდალური წოდებებისა და პრივილეგიების არმქონე ფენის უნივერსალურ სახელწოდებად ბურჟუაზია იქცა. ბუნებრივია, ბურჟუაზია იმთავითვე წოდებების მოწინააღმდეგე და კანონის წინაშე ადამიანთა გათანაბრების მოსურნე იყო. გამდიდრებულ ბურჟუაზიას უფლებებში ძველ არისტოკრატიასთან გათანაბრება სურდა, ამისათვის კი წოდებების გაუქმება იყო საჭირო. ახალ ეპოქაში, ცხოვრების საჭიროებებიდან გამომდინარე, ფულზე, უფრო ზუსტად, ძვირფას ლითონებზე — ოქროსა და ვერცხლზე მოთხოვნილება ძალიან გაიზარდა.       მეტი ფულის ძიება მეწარმეს წარმოების გაზრდისაკენ უბიძგებდა, ამისათვის კი მეტი მუშახელი და ნედლეული იყო საჭირო. მუშახელისადმი მოთხოვნას ბატონყმური ქვეყანა, მიწას მიმაგრებული გლეხით, ბუნებრივია, ვერ უზრუნველყოფდა. ამან ევროპის მოწინავე ქვეყნებს გლეხების ბატონყმობისაგან განთავისუფლებისაკენ უბიძგა. ეს კი ფეოდალური შუა საუკუნეებისათვის დამახასიათებელ წარმოების წესს საფუძველს აცლიდა და ისტორიის ახალი პერიოდისათვის დამახასიათებელ ფულადსასაქონლო ურთიერთობებზე და თავისუფალ მუშახელზე დამყარებულ სოციალურ-ეკონომიკურ წყობას ამკვიდრებდა.       წარმოების ახალი წესის შემოქმედები იყვნენ: ერთი მხრივ, წარმოებისათვის საჭირო ფულისა და ზოგადად წარმოების საშუალებების, ანუ კაპიტალის მფლობელი პირი, რომლის სახელად მოგვიანებით კაპიტალისტი (კაპიტალის მქონე) დამკვიდრდა და, მეორე მხრივ, თავისუფალი მწარმოებელი — მუშა, რომელიც წარმოების საშუალების არქონის გამო, თვისი თავის და ოჯახის სარჩენად, იძულებული იყო, კაპიტალისტს მიქირავებოდა და მის საწარმოში ხელფასისათვის ემუშავა.       ანტიკური და ფეოდალურ-შუასაუკუნეებრივი წესისაგან განსხვავებით, წარმოების ამ ახალ წესს კაპიტალისტური ეწოდება. წარმოების კაპიტალისტურმა წესმა თანდათანობით მთლიანად შეცვალა შუასაუკუნეობრივი ადამიანის ცხოვრება და აზროვნება.       ნედლეულის მოცულობის თვისობრივი გაზრდა მხოლოდ ნედლეულის ახალი წყაროების ხელში ჩაგდებით შეიძლებოდა. შორეული ქვეყნების ათვისების სურვილის რეალობად ქცევას კი ახალი სანაოსნო ტექნიკა უზრუნველყოფდა, რომელიც შორეული ზღვაოსნობის შესაძლებლობას იძლეოდა. ამას უკვე ზემოთ ნახსენები დიდი გეოგრაფიული აღმოჩენები დაემთხვა, რომელიც თურქ-ოსმანთა იმპერიის მიერ კონსტანტინოპოლის აღებისა და დასავლეთ ევროპის აღმოსავლეთ აზიასთან დამაკავშირებელი სახმელეთო გზების თურქ-ოსმალთა კონტროლქვეშ მოქცევაზე არანაკლებ, დასავლეთ ევროპის საზოგადოების ნედლეულზე მზარდმა მოთხოვნილებამ განაპირობა. ასე რომ, დიდი გეოგრაფიული აღმოჩენები, როგორც მოვლენა ისტორიის ახალი პერიოდის დადგომის შედეგი უფრო იყო, ვიდრე მისი გამომწვევი მიზეზი.       ბურჟუაზია, თავიდანვე, შრომისმოყვარეობით, მომჭირნე, სადა და მოზომილი ცხოვრებით გამოირჩეოდა. მისთვის გაუგებარი და აღმაშფოთებელი იყო ფეოდალური საზოგადოების მფლანგველობა. კათოლიკური ეკლესიის წოდებრიობაზე დამყარებული იერარქია, გადამეტებული ფუფუნება და მრავალრიცხოვანი საეკლესიო დღესასწაულები, რომელიც ბურჟუაზიის თვალში დიდი ნაკლით გამოირჩეოდა — მის წარმოებაში დასაქმებულ მუშებს სამუშაო პროცესიდან წყვეტდა. ამან, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ევროპაში კათოლიკური ეკლესიის რეფორმირების მომხრეთა მოძრაობას ჩაუყარა საფუძველი. 1517 წელს გერმანელმა თეოლოგმა მარტინ ლუთერმა თავისი ცნობილი თეზისები გამოაქვეყნა. ლუთერის მიმდევრები პროტესტს უცხადებდნენ კათოლიკური ეკლესიის წოდებრივ-იერარქიულ მოწყობას და მოითხოვდნენ საეკლესიო მღვდელ-მსახურების გამარტივებას. ამიტომ ამ მოძრაობას პროტესტანტიზმი, იგივე რეფორმაცია ეწოდა.       ყოველივე ზემოთქმულს თუ დავაჯამებთ, უნდა აღვნიშნოთ, რომ ფეოდალური შუა საუკუნეების კვდომა და ისტორიის ახალი პერიოდის დაბადება, ისევე როგორც წინაისტორიული ეპოქების შენაცვლება, დროში გაწელილი პროცესი იყო. შუა საუკუნეებიდან ახალ ეპოქაში გადასვლა მანუფაქტურების წარმოქმნასთან ერთად, უკვე XIII ს-ში დაიწყო და თითქმის სამი საუკუნე გრძელდებოდა.       დიდი გეოგრაფიული აღმოჩენების შედეგად ახალი მიწების აღმოჩენამ და დედამიწის გამთლიანებამ ისევე, როგორც დედამიწის მანამდე იზოლირებულ რეგიონებში მცხოვრები ხალხების მსოფლიო ისტორიის ფერხულში ჩაბმამ, უკვე მიმდინარე ისტორიულ პროცესს დამატებითი მუხტი შესძინა.       რაც შეეხება რეფორმაციას, ის პირველი, ბურჟუაზიული სულისკვეთებით გამსჭვალული მოძრაობა იყო, რომელიც ახალი ისტორიის მამოძრავებელი სოციალური ფენის, ბურჟუაზიის მისწრაფებებს გამოხატავდა. ამდენად, უფრო სწორი იქნება, თუ ახალი ეპოქის დადგომის სიმბოლურ თარიღად სწორედ პროტესტანტული მოძრაობის დასაწყისს — 1517 წელს მივიჩნევთ.       XVI-XVIII სს. გეოგრაფიულმა აღმოჩენებმა ევროპას ახალი კონტინენტები, განვითარების დაბალ საფეხურზე მყოფი ხალხები გააცნო. ევროპელ მოგზაურებს მეცნიერები მიჰყვნენ, რომლებსაც უნიკალური შესაძლებლობა მიეცათ კაცობრიობის პირველყოფილი პერიოდი ამ ხალხების მაგალითზე ცოცხლად შეესწავლათ. ცოდნის ასეთმა გაფართოებამ მსოფლიო ისტორიის პერიოდიზაციაში კაცობრიობის ისტორიის სრულიად ახალი პერიოდი და ახალი მახასიათებლებიც შემოიტანა. ეს ლუის მორგანის დამსახურებაა.       ლუის მორგანმა კაცობრიობის ისტორია ორ დიდ პერიოდად დაყო — 1. გვაროვნული საზოგადოების ხანა, რომელიც საზოგადო, თემურ საკუთრებას ეფუძნება და 2. პოლიტიკური საზოგადოების ხანა, რომელიც კერძო საკუთრებას, ტერიტორიას და სახელმწიფოებრივ მოწყობას ეფუძნება.       ამგვარად, ლუის მორგანი პირველი იყო, რომელმაც კაცობრიობის ისტორიის პირველყოფილი-თემური წყობილების ხანა აღმოაჩინა და მისი დახასიათება მოგვცა.       მორგანმა ამ პერიოდის ერთ-ერთ მთავარ დამახასიათებელ ნიშნად გვარი, ანუ გვაროვნული წყობილება მიიჩნია. ასე რომ, მან ისტორიული პერიოდების გამიჯვნადახასიათებისათვის ახალი: სოციალური (გვაროვნული წყობილება) და ეკონომიკური (საკუთრების ქონა/არქონა) ფაქტორი წამოწია.       მორგანის მოღვაწეობით, ისტორიის სამწვეროვან დაყოფას კიდევ ერთი, წინარეისტორიული ხანა მიემატა, თუმცა ძველი სახელი "სამწვეროვანი" ამ პერიოდიზაციას მაინც დარჩა.       XIX ს-ის მეორე ნახევარში გერმანელმა მეცნიერებმა კარლ მარქსმა და ფრიდრიხ ენგელსმა მორგანის შრომების გათვალისწინებით შექმნეს საზოგადოების განვითარების შესახებ ახალი მოძღვრება. მათ მოძღვრებას მარქსიზმი, ამ მოძღვრების მიმდევრებს კი მარქსისტები ეწოდებათ.       კაცობრიობის ცალკეული ისტორიული პერიოდების დახასიათებისას, ძირითად, განმასხვავებელ ნიშნებად მარქსმა და ენგელსმა წარმოების, ანუ შრომის ორგანიზაციის სხვადასხვა წესი მიიჩნიეს, რომელიც საწარმოო ძალების განვითარების დონესა და წარმოების საშუალებებზე საკუთრების ფორმას ეფუძნება. მათი აზრით, როგორიც იყო საწარმოო ძალების განვითარების დონე, ისეთი იყო მათზე საკუთრების ფორმები და შრომის ორგანიზაციის წესიც.       ამგვარად, პირველად კაცობრიობის ისტორიის პერიოდებად დაყოფისას ისტორიული ეპოქის მთავარ მახასიათებლად, საწარმოო ძალების განვითარების დონე და წარმოების ორგანიზაციის წესი გამოცხადდა, რასაც, როგორც ისტორიული ეპოქისათვის მთავარ და განმსაზღვრელ ფაქტორს, მარქსმა და ენგელსმა ბაზისი, ანუ საძირკველი უწოდეს, პოლიტიკური მოწყობის წესს, ისევე როგორც კანონმდებლობას, კულტურას, მეცნიერებას, იდეოლოგიას — კი ბაზისთან მიმართებაში ზედნაშენი, რომელიც ბაზისს ეფუძნება და, შესაბამისად, ბაზისის ცვლასთან ერთად იცვლება.       ბაზისის და ზედნაშენის ერთობლიობის, ანუ ცალკეული ისტორიული პერიოდების აღსანიშნავად მათ ტერმინი ფორმაცია შემოიღეს და კაცობრიობის ისტორია ხუთ — ოთხ არსებულ და მეხუთე სამომავლო — ფორმაციად დაჰყვეს: პირველყოფილ-თემური, მონათმფლობელური, ფეოდალური, კაპიტალისტური და კომუნისტური.       აქედან პირველყოფილ-თემური ფორმაცია, იგივე მორგანისეული გვაროვნული საზოგადოებაა, სადაც წარმოების საშუალებები თემურ, ანუ საზოგადო საკუთრებაშია, რაც გამორიცხავს საზოგადოების ერთი ნაწილის მიერ მეორის ექსპლოატაციას.       მონათმფლობელურ, ფეოდალურ და კაპიტალისტურ ფორმაციებში კი წარმოების წესი წარმოების საშუალებებზე კერძო საკუთრებას ემყარება. შესაბამისად, საზოგადოების ის ნაწილი, რომელიც წარმოების საშუალებებს ფლობს, წარმოების საშუალებების არმქონე ნაწილს უწევს ექსპლოატაციას. კომუნისტური ფორმაცია, მარქსიზმის მიხედვით, სამომავლო ფორმაციაა, რომელიც პირველყოფილ-თემური წყობილების მსგავსად, კვლავაც საწარმოო საშუალებებზე საზოგადო საკუთრებას დაეფუძნება.       მარქსიზმმა უდიდესი გავლენა მოახდინა XIX ს-ის II ნახევრისა და XX ს-ის მსოფლიოს ეკონომიკურ, ისტორიულ და პოლიტიკურ აზროვნებაზე. ის ოფიციალურ მოძღვრებად იქცა საბჭოთა კავშირსა და ჩინეთში, აგრეთვე, ევროპის, აზიის და ამერიკის რიგ ქვეყნებში.       წარმოების საშუალებების ფლობა-არფლობის მიხედვით, პირველყოფილ-თემური და სამომავლო კომუნისტური ფორმაციის გამოკლებით, დანარჩენ სამ ფორმაციაში ანუ ისტორიულ პერიოდში, მარქსისტები განასხვავებენ საზოგადოებაში ორ დაპირისპირებულ, ანტაგონისტურ კლასს. მაგალითად, ანტიკურ პერიოდში: მონათ-მფლობელი და მონა; შუა საუკუნეებში — ფეოდალი და ყმა-გლეხი, ისტორიის ახალ პერიოდში — კაპიტალისტი და მუშა. ხოლო კაცობრიობის ისტორიის მამოძრავებელ ძალად ამ დაპირისპირებულ კლასებს შორის ბრძოლას მიიჩნევენ.       მარქსისტების მიხედვით, ბოლო კომუნისტური ფორმაცია პირველყოფილი-თემურ წყობილებას იმით დაემსგავსება, რომ იმ შორეული დროისათვის გაქრება კერძო საკუთრება წარმოების საშუალებებზე და ეს საშუალებები ისევ მთელი საზოგადოების ერთიან კოლექტიურ მფლობელობაში გადავა. შესაბამისად, გაქრება დაპირისპირებული კლასებიც და მოისპობა ერთი ადამიანის მიერ მეორის ექსპლოატაცია. იმ საოცნებო ხანაში ყველა იშრომებს შესაძლებლობის მიხედვით, ანაზღაურებას კი მიიღებს მოთხოვნილების შესაბამისად.       მარქსისა და ენგელსის უტოპიური იდეების ცხოვრებაში გატარება 1917 წლის რევოლუციების შედეგად შექმნილმა რუსეთის მოდერნიზებულმა იმპერიამ — საბჭოთა კავშირმა სცადა.       მეორე მსოფლიო ომის შემდეგ საბჭოთა კავშირის გავლენით სახელმწიფო და საზოგადო საკუთრებაზე დაფუძნებული ეკონომიკური სისტემა დაინერგა აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში, ჩინეთსა და მის მომიჯნავე ქვეყნების ნაწილში. კერძო საკუთრების გაუქმებამ აღნიშნული ქვეყნების ეკონომიკა საბოლოოდ კატასტროფამდე მიიყვანა. ამას საბჭოთა კავშირის დაშლა და ე. წ. სოციალისტურ ქვეყნებში კერძო საკუთრებისა და კაპიტალისტური ეკონიმიკის აღდგენა მოჰყვა.       XX ს-ში უკვე განხილულ ოთხ ისტორიულ პერიოდს: პირველყოფილ-თემური (ანუ გვაროვნული), ანტიკური, შუა საუკუნეები და ახალი, კიდევ ერთი, მეხუთე — უახლესი პერიოდი დაემატა.       მართლაც, ისტორიკოსებმა შენიშნეს, რომ მათი თანამედროვე საზოგადოება მნიშვნელოვნად განსხვავდებოდა ისტორიის წინა, ახალი პერიოდის საზოგადოებისაგან, ამიტომ პერიოდს XIX ს. 60-70-იან წლებიდან დღემდე ისტორიის უახლესი პერიოდი უწოდეს.       ამ შედარებით ხანმოკლე, საუკუნენახევრიან ეპოქაში უახლესი ისტორიის სპეციალისტები სამ ქვეპერიოდს გამოყოფენ: მსოფლიო ისტორია XIX ს. 60-70-იან წლებიდან 1945 წლამდე, ანუ II მსოფლიო ომის დასასრულამდე; მსოფლიო ისტორია 1946 წლიდან 1991 წლამდე — ცივი ომის პერიოდი და 1991 წლიდან დღემდე — ცივი ომის შემდგომი ხანა.       უახლესი ისტორიის დასაწყისი მსოფლიოს სხვადასხვა კონტინენტის მრავალ ქვეყანაში უმნიშვნელოვანესი პოლიტიკური მოვლენებითა და რეფორმებით აღინიშნა. მათ შორის, ბატონყმობა გადავარდა და ბურჟუაზიული რეფორმები გატარდა რუსეთის იმპერიაში, რეფორმების გზით კაპიტალისტური განვითარების გზას დაადგა იაპონია, რეფორმები დაიწყო და I კონსტიტუცია მიიღო ოსმალეთის იმპერიამ, სამოქალაქო ომის შედეგად მონობა გაუქმდა აშშ-ში, ინგლისში გატარდა მნიშვნელოვანი საარჩევნო რეფორმა და სხვ.       მეორე მსოფლიო ომის შემდეგ მსოფლიოში მიმდინარე პროცესებმა საბჭოთა კავშირის დაშლა გამოიწვია, რაც ოფიციალურად 1991 წლის დეკემბერში გაფორმდა. ეს ისტორიის უახლესი პერიოდის უმნიშვნელოვანესი მოვლენა გახდა.       მსოფლიო ისტორიის ზემოთ განხილული პერიოდიზაციების გარდა, ისტორიის სხვადასხვა დარგების სპეციალისტები კაცობრიობის მიერ განვლილი გზის არაერთ განსხვავებულ პერიოდიზაციას გვთავაზობენ, მათ ერთ ნაწილს ისტორიის შესაბამისი დარგების გაცნობისას განვიხილავთ. აქ კი მხოლოდ აღვნიშნავთ, რომ სამწვეროვანი პერიოდიზაცია, რომელიც, როგორც ვნახეთ, ამასობაში ხუთწევროვანადაც იქცა, დღესდღეობით ისტორიკოსებში ყველაზე უფრო მიღებულია. წიგნიდან: შესავალი მსოფლიო ისტორიაში წიგნი I თბილისი 2013…
დაამატა ლაშა to მსოფლიო ისტორია at 11:46am on ოქტომბერი 4, 2016
თემა: სულეთის კიდობანი (დასასრული)
ასევე ფრინველთათვის და ცხოველთათვის. არც ყოველი ხე უნდა მოიჭრას, რომელიც ნაყოფს არ გამოიღებს, რათა არ წახდეს და არ გამოიფიტოს ჰაერი, მაგრამ ნაყოფის გამომღებ ხეს დიდი ვალდებულება აქვს ღვთის წინაშე. ძველთაგანვე აკრძალული იყო ნაყოფის მომცემი ხის მოჭრა.და იყო ერთხელ ომი ქართველებსა და შემოსეულ მტერს შორის.       ქართველების ციხე მიუვალ კლდეზე იდგა. მტერი გარს ერტყა ციხეს. ციხის ძირში გვირაბი გადიოდა და გვირაბით აჰქონდათ იქიდან ქართველებს წყალი. ციხის გარშემო უფსკრული იყო, ამიტომ მრავალრიცხოვანი მტერი პირდაპირ შეტევაზე ვერ გადადიოდა. უფსკრულის ქვებით და მიწაყრილებით ამოვსება ბრძანა მტრის მთავარსარდალმა. დაიწყეს უფსკრულის ამოვსება. ციხის ზემოთ ცაში აშოლტილი მსხლის ხე იდგა. გაზაფხული იყო და ისე ლამაზად ჰყვაოდა მსხლის ხე, უმთვარო ღამეშიც კი მთვარესავით ანათებდა მისი თეთრად გადაპენტილი ყვავილები. ამ მსხლის ნათელში უთვალთვალებდნენ ერთიმეორეს მტერი და მოყვარე. თანდათან ივსებოდა მიწაყრილით ქართველების ციხის გარშემო უფსკრული, და       უცებ, ცაზე მეხის გავარდნის ხმასავით გაისმა ჭახანი.       ამ ხმაზე კარვიდან გამოვარდა მტრის მთავარსარდალი. იმან თვალი მოჰკრა, როგორ მოწყვეტით დაეცა მიწაყრილის მხარეს მოჭრილი მსხლის ხე, რომელსაც აფეთქებული ყვავილები სცვიოდა და ჰაერში თეთრი ყვავილების კორიანტელი და სურნელი იდგა.       სახე მოეღუშა მტრის მთავარსარდალს. ათასისთავი იხმო და მკაცრად იკითხა: – ვისი ბრძანებით მოიჭრა ეს მსხლის ხე?   -ჩემი ბრძანებით, დიდო მბრძანებელო.       ჯალათს უხმო მთავარსარდალმა და უბრძანა: – როგორც ის ნაყოფისგამომღები მსხლის ხე დაეცა მიწაზე, ისე დაეცეს ამავე წუთში ამისი ტანი!       ჯალათის ხმალმა ჰაერში გაიშხუილა და ათასისთავის სხეული მთავარსარდლის ფეხებთან დავარდა, ხოლო თავი მიგორავდა და ბოლოს ჯერ კიდევ ამოუვსებ უფსკრულში ჩაეხეთქა.   -ცხენი! – ბრძანა მტრის მთავარსარდალმა.       იმისთანა ცხენი მოჰგვარეს, გასაფრენად გამზადებულ ანგელოსს ჰგავდა.   -გახსოვდეთ, როცა გეწინააღმდეგებათ მტერი, საკუთარი სიკვიდილიც არ უნდა დაიშუროთ მის შესამუსრად, ხოლო როცა სიცოცხლეს უსწრაფებთ ნაყოფის გამომღებ ხეს, რომელსაც ერთნაირად მოაქვს სურნელი და ნაყოფი თქვენთვის და თქვენი მოწინააღმდეგისათვის, ღირსი არა ხართ მოწინააღმდეგეზე გამარჯვებისა. ასეთია ღმერთის სამართალი და ვინც ამას დაარღვევს, ისევე ჩაგორდება უფსკრულში იმისი თავი, როგორც ათასისთავი ჩაგორდა დღეს.       მოხსენით ალყა!   -მოხსენით ალყა! – ათასისთავებმა გასძახეს ერთ-ურთს.       მხოლოდ წასვლისას დააკარა მტრის მთავარსარდლის მერანმა მიწას ფეხი, მერე გაფრინდა და გაჰყვა ციხესშემოწყობილი ლაშქარი.       ქართველებმა იმ წაქცეული მსხლის ხისაგან გუთანი გამოთალეს, თავიანთ ხმალ-ხანჯლები გადაადნეს და მჭედელს იმ გუთნისთვის სახნისი და საკვეთელი გამოაჭედინეს. იმ გუთნით კი საუკუნეების მანძილზე მარტო იმ ციხის შემოგარენს ხნავდნენ, იქ მოჰყავდათ ქერი, რომლის მარცვლებსაც სალოცავ ხატში აფორებდნენ, იმისაგან ლუდსა და არაყს ხდიდნენ და იმათ შესანდობარს სვამდნენ, ვინც მამულისათვის ბრძოლაში დაეცა. ამავე ეკლესიაში ინახებოდა თასი, რომლითაც იმ მტრის მთავარსარდლის შესანდობარს სვამდნენ, რომელმაც ღვთის წინაშე სამართლიანად დაიცვა ნაყოფის გამომღები ხე.       ძვირფასო, მელია!       აი, ყველაფერი ის, რისი შეტყობაც შევიტყვე ამ ჩვენს მუზეუმში მიყუდებული გუთნის შესახებ. მომიტევეთ, მაგრამ არა მგონია ამ გუთანმა საჩვენოდ გაიმეტოს მომავალ არჩევნებში ხმა.       მარად თქვენი ერთგული და სადაც მიბრძანებთ       იქ შემრჭობი – სადგისი! საქმე №14. ზარფუში       (საიდუმლო ინფორმაცია ზარფუშზე) ბატონო პრეზიდენტო!       მე დიდი გულისყურით ვათვალიერებ სამუზეუმო საგნებს, რომელთაც შემდეგ, როგორც თქვენ ბრძანეთ, ასეთი სახელწოდებით უნდა მიიღონ მომავალ არჩევნებში მონაწილეობა: მემუზეუმელთა კავშირი. ამ კავშირს დიდი გამოცდილებაცა აქვს და ბევრი მტერიცა ჰყავს დანარჩენ სამუზეუმო ექსპონატებში, რომლებიც ყოველმხრივ შეეცდებიან სახელი გაუტეხონ მემუზეუმეთა კავშირს და ეს რომ არ მოხდეს, ისევ და ისევ თქვენი დავალებით შერჩეული მყავს ისეთი სამუზეუმო ექსპონატი, რომელიც არჩევნების დროს, ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარედ უნდა დავნიშნოთ.ეს ექსპონატი არის ზარფუში. მე არ ვიცი ზარფუში ქართული სიტყვაა თუ სხვა ენიდან შემოპარული ქართულში და ამის გამო შეიძლება ზარფუშის კანდიდატურამ წინააღმდეგობა გამოიწვიოს ჩვენს მოწინააღმდეგე პარტიებში, დაგვაბრალებენ არაეროვნულობას, რომ მუზეუმი სავსეა ისეთი ექსპონატებით, რაც აშკარად არაქართულია და რომ ეროვნული საგნები კიდობანში გვყავს გამოკეტილი (სხვათაშორის მაგ კიდობნის შესახებ მალე შევადგენ საქმეს და მოგაწვდით ინფორმაციას) ერთი სიტყვით, ზარფუში, ჩემი აზრით, შეუცვლელი კანდიდატურაა ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარედ დასანიშნად. მოგახსენებთ: ზარფუში არის ის საგანი, რომელიც ეხურება საარაყე ქვაბს და იქ დატრიალებული ორთქლი ზარფუშის მილიდან გამოდის. იმ მილს ცივ წყალს ასხამენ და მილის ბოლოს პატრუქია დატანებული, საიდანაც არაყი ჩამოდის. ბევრ შეშას შეუკეთებ საარაყე ქვაბს, შიგნით მეტი ორთქლი დატრიალდება და მილიდანაც მეტი არაყი გამოიხდება. თუ უფრო მეტ შეშას შეუკეთებ, ქვაბში უფრო წამოდუღდება საარაყე მასალა და შეიძლება ისე მოხდეს რომ არაყის მაგიერ მთხლე გამოვიდეს მილიდან. მოკლედ, ზარფუშზეა დამოკიდებული ორთქლის გამოშვება. რამდენსაც გვინდა იმდენ ორთქლს გამოვაშვებინებთ მილიდან და არაყსაც იმდენს გამოვხდით, რამდენიც საჭიროა. უნთოს მერე ოპოზიციამ საარაყე ქვაბს ცეცხლი და ადინოს ზარფუშის მილიდან მთხლე და ალაო. მთავარია ჩვენ გამოვადინოთ წინწანაქარი.       რადაც არ უნდა დაგვიჯდეს, ზარფუში უნდა ავირჩიოთ ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარედ.       მარად თქვენი წვერწამახული – სადგისი!       ბრძანება!       დაევალოს სამუზეუმო ექსპონატების კავშირს, უახლოეს სხდომაზე მომავალი სამუზეუმო არჩევნების ცენტრალური სარევიზიო კომისიის თავმჯდომარედ აირჩიოს ზარფუში.       გუდამაყრის მუზეუმის პრეზიდენტი – მელია.   -მამავ, მამავ! – კარი შემოაღო შუღლიანთ სებაის ნაბოლარა ბიჭმა.   -რა იყო მამა გენაცვალოს?   -მე მგონი მდინარემ სხვა მხარეს გაჭრა თხრილი და ჩვენ სახლს ვეღარ მოგვტაცებს. აი, კიდევ ცივი წყალი მოგიტანე და დედიკომ დაგიბარა, ხინკალს ვაკეთებ და ცოტა ხანში სახლში გადმოდიო. გადმოხვალ ხო, მამავ?   -გადმოვალ, მამა გენაცვალოს.   -მანამდე ჩემი დის ამბავი მომიყევი, კარგი მამავ?   -მოგიყვები, – ნაღვლიანად თქვა შუღლინთ სებამ.   -რატომ წაიყვანეს ღმერთთან ბატონებმა?   -რა ვიცი, მამა გენაცვალოს, ალბათ ღმერსაც ლამაზები უყვარს. შენი და, ნინო, კი მართლა ისეთი ლამაზი იყო, ყვავილებში რომ გაივლიდა, მინდორში მოსიარულე ველის შროშანი გეგონებოდა. ყაყაჩოები უყვარდა ყველაზე მეტად. ერთხელ იმ გორაზე წავიყვანე, სადაც ყაყაჩოები იზრდება და გადაირია სიხარულით. იმდენი ყაყაჩო ერთად არასოდეს ენახა. რამდენიმე ცალი მოწყვიტა და გახარებული ყვირილით გამოიქცა       ჩემსკენ.   -მამიკო, მამიკო, ნახე რა ლამაზი ყაყაჩოები მაქვს!       რომ მირბოდა, ქარმა ყაყაჩოების სუსტი ფოთლები გააყრევინა და ცარიელი ღეროები შერჩა ნინოს ხელში.       დაჯდა და ტირილი დაიწყო.       მე დაწყნარება დავუწყე: რა გატირებს, ხომ ხედავ გარშემო რამდენი ყაყაჩოებია-მეთქი.   -არა, არა, ეტყობა მე არ ვუყვარვარ ყაყაჩოებს, თორემ ფოთლებს არ ჩამოიყრევინებდნენო! – უფრო მოუმატა ტირილს.       მერე ბატონები შეხვდა და ღმერთთან წაიყვანეს.   -ღმერთთან ახლა ალბათ ყაყაჩოების ბაღში დასეირნობს ჩემი დაიკო, ხო მამავ?   -ხო, შვილო, მამა გენაცვალოს!   -დედამ თქვა დღეს შენი დის დაბადების დღეა და მთელი ოჯახი ერთად შევხვდებითო. ხინკალსაც იმიტომ ხარშავს, შენდობა უნდა ვუთხრათ ჩემ დაიკოს. წავიდეთ მამავ?   -წამო შვილო, წამო, შენი მამა გენაცვალოს შენ!       ხელი მოხვია შუღლიანთ სებამ და თავისი უკვე გაღარიბებული მუზეუმიდან გარეთ გავიდა. საქმე №15. კერია       (ანუ საიდუმლო ინფორმაცია კერიაზე დაგდებულ თავმომწვარ ხეზე) კერა სახლის საფუძველია.       კერა სახლის საძირკველია.       კერა სახლის სალოცავია.       კერაზე ენთება ცეცხლი.       კერაზე ცხვება ხატში შესაწირი ქადა.       კერაზე ხდება სანთლის ჩამოქნა.       კერაზე ჰკიდია საკიდელი, რომლის გარშემოც შემოატარებდნენ ხოლმე ნეფე-პატარძალს და მათ მაყრიონს. მაყრები საკიდელს ხანჯლებს სცემდნენ და თან იძახდნენ: ღმერთმა გაგვიმრავლოს ჩვენი ნეფე-დედოფალი.       კერასთან წყდებოდა ოჯახის საქმეები.       კერასთან უყვებოდნენ უფროსები ბალღებს საგმირო ზღაპრებს.       კერასთან საპატიო ადგილზე სვამდნენ სტუმარს.       კერასთან მღეროდნენ ზამთრის გრძელ ღამეებში ფანდურზე საგმირო ლექსებს.       კერის პირას უწმინდური ქალი ვერ დაჯდებოდა.       კერაში ღამ-ღამობით ახვევდნენ ღადარს, რომ დილით გაეღვივებინათ და ამაში იყო რაღაც დროის უწყვეტობა, რაც პრომეთემ ღმერთებს ცეცხლი მოსტაცა და ადამიანებს ჩამოუტანა მიწაზე, ადამიანი კი დღესაც გულმოდგინედ ახვევს ღადარს, რომ ხვალ კიდევ გააღვივოს ცეცხლი.       კერაზე ხვდებოდნენ ახალწელს.       აი, იმ გრძელ მორზე, რომელიც გუდამაყრის კერიის მუზეუმში ახლაც დევს, ოდესღაც, ახალი წლის ღამეს, მთელი ოჯახი გადასხდებოდა ამ მორზე, რომელსაც თავში ცეცხლი ეკიდა, ოჯახის უფროსი იმ ცეცხლს აბურჯღლებდა ჯოხის ცემით და თან იძახდა: – ბებერაი მიბრძანდება! – ურტყამდა ჯოხს და აბურჯღლებდა ცეცხლწაკიდებულ მორს, ამით ძველ წელს მიაცილებდნენ და ბებერაიც მას ერქვა.       მერე საზეიმოდ დაიძახებდა: – ახალი წელი მობრძანდება!   -რასა ბრძანებს? – ეკითხებოდნენ ოჯახის წევრები.   -ბედსა, ბედნიერობასა, პურსა, პურიანობასა, ვაჟსა, ვაჟიანობასა, წულსა, წულიანობასა, ოჯახის ბარაქიანობასა!       მერე ოჯახის უფროსი გარეთ გავიდოდა და სპეციალურად ამ დღისათვის გამომცხვარ ბედისკვერს შემოაგორებდა სახლში. თუ ბედისკვერი წაღმა დაეცემოდა, დიდი სიხარულის მომტანი იყო ეს წელი, თუ გულაღმა დაეცემოდა ავის ნიშანი იყო, ვიღაცა გულაღმა გავიდოდა იმ წელიწადს ამ ოჯახიდან.       ქართველისათვის ყველაზე დიდი წყევლა იყო, შენ გაგიცივდეს კერაო.   -ხო ახდა? – ნიშნისმოგებით იკითხა მელიამ.   -რა? – უცებ ვერ მიუხვდა სადგისი.   -კერის გაცივება. ეს მორი აქედან უნდა გავათრევინოთ, თორემ ეს შუღლიანთ სება ისეთი ჯიუტი ჩანს, შეიძლება საახალწლოდ კერაც გაგვიღვივოს აქ და თუ ამათ კერიების გაჩაღება დაიწყეს, ჩაგვეშლება ის დიდი საქმე, რაც ბოლომდე უნდა მივიყვანოთ.       ამაღამვე მივუსევ გაწვრთნილ ჩრჩილებს მაგ საახალწლო ხეს და პირობას გაძლევ ერთ კვირაში ნამცეცს არ დატოვებენ.   -რაც შეიძლება ეცადე ბევრი ჩრჩილები გაწვრთნა სხვადასხვა საქმეებისთვის – დაარიგა მელიამ სადგისი და კუდი თავქვეშ ამოიდო. * * *       ის ღამე თავის ცოლ-შვილთან გაათენა შუღლიანთ სებამ. დილით რომ მუზეუმში დაბრუნდა ელდა ეცა – იმ ადგილზე სადაც ფარდაგზე ვახტანგ მეფის ანდერძი იყო ამოქარგული ჩრჩილებს ისეთნაირათ ამოეჭამათ ანდერძი რომ ზოგი სიტყვა მთლიანად გამქრალი იყო ანდერძიდან და სულ სხვა მნიშვნელობას იძენდა ამის გამო ეს დიდებული ანდერძი. ახლა ასე გამოდიოდა ამ ანდერძის შინაარსი: ანდერძი       (ამის წინ ამოჭმული იყო სიტყვა ვახტანგის) (მტკიცედა) ამოჭმული იყო და დარჩენილი იყო შემდეგი: სდექით სარწმუნოებასა ზედა და ეძიებდეთ სიკვდილსა       ამოჭმული იყო სიტყვა ქრისტესათვის და საერთოდ აღარ იყო სიტყვები: რათა მარადიული დიდება მოიგოთ!   -ვაი, ჩემს თვალებს, ეს რა უქნიათ ჩრჩილებს! – აღმოხდა შუღლიანთ სებას.   -რა უქნიათ და ისეთი სიტყვები ამოუჭამიათ, რითიც ის ანდერძი იყო სასიქადულო.   -მაინც რა სიტყვა არის ისეთი შეჭმული, რომ ეგრე დაგწყდა გული? – ჰკითხა მელიამ.   -აქ იყო, რომ ეძიებდით ქრისტესათვის სიკვდილსა, ეხლა კი ქრისტესათვის ამოჭმულია და გამოდის რომ ისე უნდა ვეძიებდეთ სიკვდილს, ურწმუნოდ, არაფრისათვის.   -მაგაზე ზედმეტ ალიაქოთს ნუ ატეხავ, ანდერძებს ქვეყნის მბრძანებლები წერენ და თუ ამ მუზეუმში ვინმეს რამე ეკითხება, მე მგონი მომავალ არჩევნებამდე სამუზეუმო საგნებს ჩემი სჯერათ და რახან ეს ფარდაგიც სამუზეუმო ექსპონატია, ვიფიქრებთ და შემდეგი არჩევნებისთვის უკეთეს ანდერძს ამოვაქარგვინებთ ზედ. ისე, ჩემი აზრით ვიწრო გუდამაყრულ ჩარჩოებში არ უნდა ჩავიკეტოთ და ყველა რელიგიას თავის გასაქანი უნდა მივცეთ, თუ გვინდა რომ საერთაშორისო დემოკრატიულმა მუზეუმებმა თავის ოჯახში მიგვიღონ. ჩვენ ამ მუზეუმის ექსპონატებს არ უნდა მოვახვიოთ თავს მხოლოდ და მხოლოდ ქრისტიანობა, ჩვენ უპირველესად დემოკრატიული მუზეუმი ვართ და ვერავის ვერ ავუკრძალავთ იწამოს ის, რაც მას სურს. აი, მაგალითად ზარფუშს, შეიძლება სულაც არ უნდა ქრისტიანობის სახელით გამოუშვას ის ორთქლი, რაც საარაყე ქვაბში დაგროვდა. ჩვენ უფრო სხვა მასშტაბებით უნდა შევხედოთ სინამდვილეს, დღევანდელი მუზეუმები სხვა პრინციპებს ემყარებიან და ჩვენ ცალკე ვერ ვიქნებით. თოფები და ხმლები, და ათასხუთასი წლის წინანდელი ანდერძი რომ გვიკიდია მუზეუმში ეს უპირველესად ჩრდილს აყენებს ჩვენს მუზეუმს. ჩვენ უნდა ვისწავლოთ, ჩვენ უნდა შევეგუოთ ახალ აზროვნებას, სხვანაირად დემოკრატიულ ფერხულში ვერ ჩავდგებით. ეროვნულობის ყვირილმა რაც მოგვიტანა, კარგად მოგეხსენება. დღეს მსოფლიო მუზეუმები დემოკრატიის, ახალი აზროვნების პრინციპებით ერთიანდებიან და სირცხვილია იმაზე ტირილი, საქართველოს რუკაზე ათასხუთასი წლის წინათ დაწერილ ასოს თუ ამოსჭამს ჩრჩილი.   -ეს მუზეუმი იმისათვის შევქმენი რომ მამა-პაპათა აზროვნება და რწმენა შემენახა მომავალი თაობებისათვის, თუკი ყველაფერს კიდობანში გამოვკეტავთ და ანდერძსაც ჩრჩილებს შევაჭმევინებთ, უარს ვიტყვით იმ სარწმუნოებაზე, რომლის ძალითაც დღემდე მოვედით, რაღას ჰქვია ახალი აზროვნება?   -ახალი აზროვნება იმასა ჰქვია რაც წინა არჩევნების მერე, ჩვენი მუზეუმის უდიდესმა მოაზროვნე ნაწილმა, სამუზეუმო ექსპონატთა კავშირმა რომ წამოიწყო და ეს საქმე ბოლომდე უნდა მივიყვანოთ. ჩვენ შუა გზაზე საქმის მიტოვება არა გვჩვევია და ზოგიერთებს მინდა შევახსენო, რომ ჩვენ ბრძოლის ყველა ხერხს გამოვიყენებთ ჩვენი დაწყებული საქმის ბოლომდე მისაყვანად.   -ეს მუზეუმი სულ სხვა მისიით გავხსენი ბატონო მელია, სოფელ-სოფელ ვაგროვებდი ძველებურ ნივთებს, რაც ჩვენ წინაპრებს უტარებიათ, რითიც დღემდე მოვედით და მეჩვენება, რომ ის ნივთები ერთმანეთს წაეკიდნენ და თავს დამნაშავედ ვგრძნობ. ხალხი მეკითხება, რა მუზეუმია, ხმალი შენ არ გიკიდია შიგნით და ხანჯალიო, მაპატიეთ და მარტო თქვენი ფიტულის გამოსაჩენად არ გამიხსნია ეს მუზეუმი. თავიდან არც კი გაგვხსენებიხართ, არაფერი ხეირი არ გვახსოვდა თქვენგან და რამოდენიმე ექსპონატის მოთხოვნით მოგიყვანეთ რუსული ბასტიონიდან აქ. ვიფიქრეთ, მტრის ბუჩქში სად რომელი კურდღელი იმალება ის ეცოდინება და იმის მაგივრად რომ ეს გვითხრათ, მარჩიელობთ, ყველაფერზე იმას იძახით, მომატყუეს თორემ მე დანამდვილებით ვიცოდი რომელ ბუჩქში რომელი კურდღელი იჯდაო. სიმართლე გითხრათ მეშინია, როცა ერდოებიდან შემოსულ აჩრდილებს საიდუმლოდ ელაპარაკებით. არასოდეს ასეთ ლაპარაკს ჩვენი მუზეუმისთვის სასიკეთო არაფერი არ მოჰყოლია, პირიქით, ხან თოფები ჩამაკეტინეთ კიდობანში ამის მერე, ხან ხმლები და ხან ფარები. ყველაფერს სხვას აბრალებთ და ისე დადიხართ ამ მუზეუმში, ერთი ფეხის დანადგამ ნაკვალევს არ ტოვებთ თქვენსას, მიითრევთ კუდს და შლით თქვენს ნაკვალევს. მე მთელი ცხოვრება ამ მუზეუმის შექმნას შევალიე, ლამის არის ცოლ-შვილი შიმშილით გამიწყდეს და ღმერთმა ნუ ქნას, თუ კიდევ ძოღანდელივით ადიდდა მდინარე, სახლსაც გამტაცებს.   -ამაზე არჩევნების მერე ვილაპარაკოთ, ეხლა კი დიდი სურვილი მაქვს გავარკვიო, რა კიდობანია და რა წარსული აქვს იმ კიდობანს, სადაც ის შენი სანაქებო ეროვნული ხმალ-ხანჯლებია ჩაკეტილი. იქნება შეთქმულებაც კი მზადდება არჩევნების წინ მაგ კიდობანის შიგნით.       მომახსენეთ!   -ამ წუთას, კიდობნის საქმეს დაგიდებთ, ჩემო ბატონო! – მელიის წინ გამოგორდა ავადწვერწამახული სადგისი. საქმე №16. ქალამნები       ბატონო მელია! მანამ ცოდვის კიდობანზე, რომელიც თურმე ასეთ სახელს ატარებდა სოფელში, სრულ ინფორმაციას შევაგროვებდე, ნება მომეცით წვრილ-წვრილი საქმეებით დავაკავო თქვენი ყურადღება. ამ შემთხვევაში საქმე ეხება ქალამნებს, რომლებიც მუზეუმის ჩრდილოეთ კედელზე ჰკიდია სხვა ტანსაცმელთან ერთად. ჩემი აზრით ზუსტად ეს ქალამნები გამოგვადგება ჩვენ არჩევნებში, იმიტომ რომ როგორც შევიტყვე მაგ ქალამნების წყალობით სასამართლოში საქმე მოიგო იმ კაცმა, ვისაც ეგ ქალამნები ეცვა. ორი გლეხი ედავებოდა ერთ-ურთს მამულს. ადრე რომ მამულები პაპიდან შვილიშვილზე გადაეცემოდა და ერთი გოჯი მიწა რომ მოეხნა სხვის მამულში ვინმეს, აუცილებლად სისხლი დაიღვრებოდა.       ამ ქალამნების პატრონმა მთლიანად მოხნა სხვისი მამული. პატრონი უწყინარი კაცი იყო და რა თქმა უნდა მიწის გულისთვის არც ხმალი უშიშვლია და არც ხანჯალი. წავიდა და თემის კაცებს შესჩივლა თავისი გასაჭირი.       მაშინ რუსები კი იყვნენ უკვე შემოსული, მაგრამ სოფლის თავკაცების სამართალი მაინცა სჭრიდა.       მამულის პატრონი ამტკიცებს ჩემია მიწაო.       ქალამნების პატრონი იძახის ჩემი მამა–პაპის დანატოვარიაო.       ვერ შველდებიან.       ბოლოს დაინიშნა სასამართლო.       დაისწრეს რუსი ბოქაული.       სოფლის მღვდელმა ბიბლია მოიტანა.       ქალამნების პატრონმა ღამით თავისი კუთვნილი მამულის მიწა ჩაიყარა ქალამნებში და როცა ბიბლიას ხელი დაადო, ასე დაიფიცა: – მაღალი ღმერთის ძალი და ამ წმინდა ბიბლიის მადლი გამიწყრეს, თუ რაიმე მოვიტყუო, ის მიწა რომელზედაც ახლა ფეხისგულები მიდგა ჩემს მამა- პაპას ეკუთვნოდა და ასევე მეკუთვნის მეც.       მისი სიტყვა და ფიცი ისეთი დამაჯერებელი იყო, ხმა ვეღარავინ გასცა, ნამდვილმა პატრონმაც კი ვეღარ თქვა ვეღარაფერი და ხალხი ამტყუვნებდა კიდეც, ამდენ ხანს სხვისი მამული უხნია, როგორც იქნა სამართალმა იზეიმა და მიწა ნამდვილ პატრონს დაუბრუნდაო.       აი, ეს ქალამნები ჰკიდია ჩვენს მუზეუმში და თუკი ვინმეს მომხრობა გვინდა, ზარფუშთან ერთად, მე მგონი, ეგ ქალამნებიც დიდ საქმეს გაგვიწევენ.       მარად თქვენი ერთგული და სადაც მიბრძანებთ       დაუყოვნებლივ იქ შემრჭობი – სადგისი! საქმე №17. საფლავის ქვა       დიდო მელია, საფლავის ქვას რა უნდა მუზეუმში?       შუღლიანთ სებას რომ ვკითხე, მითხრა, ეგ საფლავის ქვა მდინარის პირას ვიპოვე, არ ვიცოდი ხატიდან წამოიღო წყალმა, ან ვის საფლავს ეკუთვნოდა და მუზეუმში იმიტომ მოვიტანეო.   -რას გვიშლის მერე საფლავის ქვა, იყოს, ვინ იცის როგორ გამოგვადგება საარჩევნოდ.   -ჩვენ რომ არ მოგვცეს ხმა?   -რატომ ფიქრობ?   -ზედ უცნაური წარწერა აწერია.   -რა აწერია?   -სოფლისა თავსა მჯდომარე       სოფლისა ბოლოს ესვენა, „ცრუ არის ესე სოფელი“       საფლავის ქვაზე ეწერა.   -მშვენიერი წარწერა არის, – თქვა მელიამ.   -ის რომ წერია, სოფლისა თავსა მჯდომარე, სოფლისა ბოლოს ესვენაო, ცუდად ხომ არ გენიშნებათ ეს.   -ჰო, ეს ვერ დაუწერიათ მთლად კარგად, მე თუ მკითხავენ, ყოველი სოფლისა თავსა მჯდომარე, სიკვდილის მერეც სოფლის თავს უნდა ესვენოს, მაგრამ გვყვანან მუზეუმის თავში დასაჯდომად გამზადებული საგნები და სწორედ იმათ დავადებთ ზემოდან მაგ ქვას.   -დიდებული აზრია.   -მანამდე შენ მაგ საფლავის ქვასთან იმუშავე და იქნებ წამოაცდენინო, საიდან წამოიღო წყალმა, ვის საფლავს ეკუთვნის და ჩააწვეთე, რომ მე დიდად ვაფასებ მაგ ქვის ჩვენ მუზეუმში არსებობას.   -ყველაფერს შევიტყობ და საჩვენო აზრზე დავაყენებ, – ჩაუჩურჩულა მელიის ფიტულს სადგისმა და მუზეუმის კუთხეში დაგდებულ საფლავის ქვისაკენ გაგორდა.       მდუმარე ლაშქარი   -მამავ, მამავ, რა კარგი იყო გუშინ ღამით ყველას ერთად რომ გვეძინა სახლში, იქნებ ამაღამაც სახლში წამოხვიდე დასაძინებლად, – სთხოვა შუღლიანთ სებას ნაბოლარა შვილმა.   -ვერა შვილო, მამა გენაცვალოს, ვერ წამოვალ.   -რატომ მამავ, დედა ხომ კარგად გექცევა და აღარა გსაყვედურობს, სახლისთვის არაფერს აკეთებო.   -ხო შვილო, მაგრამ მუზეუმს ვეღარ დავტოვებ უმეთვალყურეოდ, აქ ისეთი ამბები ხდება...   -არაფერიც არ ხდება მამავ, თავისთვის არიან საგნები, ამათ რა ყარაულობა უნდა, თუ გინდა გარედან დავკეტოთ ბოქლომით კარი, რომ ღამით ქურდებმა რამე არ მოიპარონ.   -არა შვილო, მამა გენაცვალოს, ჩრჩილები შესევიან საქართველოს ფარდაგს, ვახტანგ მეფის ნახევარი ანდერძი უკვე შეუჭამიათ, რაღაცა უნდა ვიღონო, რომ მოვსპო ეგ ჩრჩილები, თორემ მთელ ფარდაგს ნაფლეთებად აქცევენ.   -მეც მოგეხმარები მამავ, მაგათ კვერცხები ექნებათ ფარდაგში დადებული და, მოდი მზეზე გავიტანოთ, დედაჩემი მზეზე ფენს ხოლმე როცა რამეს ჩრჩილები გაუჩნდება.       მამამ და შვილმა ფარდაგზე ჩამოკიდებული საგნები ჩამოხსნეს, ტახტზე დაალაგეს, მერე ფარდაგი გარეთ გაიტანეს, მზეზე გაფინეს და ტანსაცმლის ჯაგრისით გაასუფთავეს, მტვრისა და ჩრჩილების კვერცხებისაგან.       საღამოს, მზე რომ ჩაიწვერა, ისევ მუზეუმში შეიტანეს ფარდაგი, ჩამოკიდეს აღმოსავლეთ კედელზე და ტახტზე დაწყობილი ნივთები ჩამოაკონწიალეს ზედ.   -ეხლა ხომ დაიძინებ ჩვენთან მამავ?   -ვერა შვილო, მამა გენაცვალოს, მაინც სჯობია აქაურობას ვუყარაულო.   -წავალ, წყაროს წყალს მაინც მოგიტან, – დოქს წამოავლო ბიჭმა ხელი და წყაროსაკენ მოკურცხლა.   -შენ გენაცვალოს შენი მამა, შენა, აი! – კი არ უთქვია, ისე გაივლო ეს სიტყვები გულში სებამ და კიდობანში ჩაიხედა, სადაც თოფები და ხმალ-ხანჯლები ჰქონდა ჩაწყობილი.   -დაახურე თავსახური და დაკეტე თუ არ გინდა რომ ისე შეგერჭო, სული გაგაფრთხობინო, – მოესმა სადგისის ხმა სებას.       დაახურა კიდობანს თავსახური და კლიტით ჩაკეტა.   -მოიტა ეგ გასაღები და ჩამაბარე, – უბრძანა მელიამ.       შუღლიანთ სებამ ყელზე ჩამოჰკიდა მელიის ფიტულს კიდობნის გასაღები.       ბიჭმა წყაროს წყალი მოარბენინა დოქით.   -გინდა მამავ, მეც შენთან ერთად დავიძინებ ამაღამ მუზეუმში, – თქვა ბიჭმა.   -დედა რომ გაგიბრაზდეს?   -დედას უკვე ვუთხარი.   -კარგი ჩემო ბიჭო, ამ ერთ ღამეს დაიძინე, აი, რა კარგი ტახტი გვაქვს, ისეთი ბედნიერი ოჯახის ნაქონი ტახტი ყოფილა ეს, ამაზე ძილს რა სჯობია.   -ჩემი დის ამბავს და ზღაპრებსაც ხომ მომიყვები მამავ.   -მოგიყვები, მამა გენაცვალოს, მოგიყვები.       ბიჭი გულაღმა წამოწვა ტახტზე და მუთაქა ამოიდო თავქვეშ. მამა გვერდით მიუწვა.   -ერთ სოფელში, – დაიწყო ზღაპრის მოყოლა სებამ, – შაბათ დილით წირვაზე წასულა მთელი სოფელი. შევიდნენ ეკლესიაში და დაიწყო მღვდელმა წირვა. ამ დროს საიდანღაც მოცურდა უშველებელი გველეშაპი და ეკლესიას შემოეხვია გარშემო, ისე რომ კუდი და თავი შესასვლელთან დადო და ისე ჩაკეტა, ვეღარავინ ბედავდა გარეთ გამოსვლას. ფანჯრებს დიდი რკინის გისოსები ჰქონდა დატანებული, მაგრამ ისე იყო ხალხი შეშინებული, გისოსებიც რომ არ ყოფილიყო, მაინც ვერ გაბედავდნენ გარეთ გამოსვლას.       გველეშაპი ეკლესიაში ვერ შედიოდა წმინდა გიორგის შიშით, ხალხი გველეშაპის შიშით ვერ გამოდიოდა გარეთ და იყვნენ ასე.       გავიდა ერთი დღე. ორი. სამი. ლოცულობდა ხალხი რომ მოეშორებინა იქაურობისათვის გველეშაპი, მაგრამ იმდენი ცოდვა ჰქონდათ ჩადენილი, არ შეისმინა ღმერთმა მათი ლოცვა.   -არც მღვდლისა, მამავ?   -ხო, არც მღვდლისა შვილო, ეტყობა იმასაც ცოდვა ჰქონდა ჩადენილი. გველეშაპი კი იყო ეკლესიის გარშემო შემოწოლილი და ელოდებოდა როდის გამოვიდოდნენ რომ ყველა ჩაეყლაპა. არა და ხალხს მოშივდა, წყალიც მოსწყურდათ, ღმერთი კი არ ისმენდა მათ ლოცვას.   -მერე მამავ?   -იმ ხალხში ერია ერთი შენხელა ბიჭი, რომელსაც ძალიან სწამდა ღმერთი და რასაცა სთხოვდა, ღმერთიც უსრულებდა, მაგრამ ისე უყვარდა ამ ბიჭს ღმერთი, არ აწუხებდა თხოვნით.   -რას აკეთებდა ხოლმე ღმერთის შეწევნით ის ბიჭი მამავ?   -ერთხელ შუა ზაფხულში, ძალიან დაცხა, ლამის ქვეყანა გადახმა, იმ ბიჭმა ღმერთს სთხოვა და თოვლი მოიყვანა.   -კიდევ მამავ?   -ერთხელ, შუა ზამთარში პატარა და გაუხდა ავად, ისე ავად რომ გადარჩენის პირი აღარ ჰქონდა. სიკვდილის წინ დამ ძმას სთხოვა, ვაშლი მინდაო. მოირბინეს მთელი სოფელი, მაგრამ არავის არ აღმოაჩნდა ვაშლი. მაშინ ბიჭმა ღმერთს სთხოვა, ღმერთმა ვაშლის ხე ააყვავა, იმავე დღეს გამოისხა ნაყოფი და დამწიფდა კიდეც.       ბიჭმა დიდი გობით მიართვა თავის დაიკოს თურაშაული ვაშლები.   -და გველეშაპი რომ მოეშორებინა ეკლესიისათვის, ის არ სთხოვა ღმერთს იმ ბიჭმა, მამავ?   -სთხოვა, მამა გენაცვალოს და ისე უყვარდა ღმერთს ის ბიჭი შეუსრულა თხოვნა.   -მოკლა გველეშაპი?   -არა, მთელი ეკლესია, თავის ხალხიანად ცაში აფრინდა და ღმერთის საუფლოში დაეფუძნა. დარჩა წითელი გველეშაპი პირდაღებული დედამიწაზე.   -რა კარგია მამავ, ნეტავ მეც ეგრე ვუყვარდე ღმერთს, თხოვნით არც მე შევაწუხებდი, უბრალოდ ვთხოვდი მდინარე რომ ადიდდება დიდი წვიმების დროს, არ მოგვტაცოს ჩვენი სახლი და კიდევ ვთხოვდი, რომ არ გეჩხუბოს დედიკომ და ღამ-ღამობით მთელმა ოჯახმა ერთად დავიძინოთ ხოლმე. კიდევ ვთხოვდი, რომ ერთი დღით გამიცოცხლოს ჩემი დაიკო, მაჩვენოს როგორია და მერე ისევ თავისთან წაიყვანოს ყაყაჩოების ბაღში.  მთვარე ამოვიდა და ერდოებიდან შემოიჭრა მისი მკრთალი სხივები. ყურდაცქვეტილი მელიას ფიტული რაღაცას გაჰყურებდა ერდოდან. მთვარის შუქზე კარგად ჩანდა მთაზე გაჭრილი გორგასლის ნაგზევი, რომელზეც უცნაური სანახაობა ხდებოდა ამ დროს – ძველ ნაგზევზე მოდიოდა მდუმარე ლაშქარი, რომელსაც წინ თეთრ ცხენზე ამხედრებული ახალგაზრდა მეფე მოუძღვებოდა. მეფეს მოჰყვებოდნენ მხლებლები და რაინდები მოასვენებდნენ ვახტანგ მეფის მასწავლებელს. მეფე იყო დაღვრემილი. მთვარის შუქზე ელვარებდა ჯვრიანი ქართული დროშები.       შეშინებული ბიჭი მამას ეკვროდა და ძველ ნაგზევზე მიმავალ მდუმარე ლაშქარს გაჰყურებდა.       უთვალავ ლაშაქარს ბოლო არ უჩანდა.       მთვარე ღრუბლებში მიიმალა და ლაშქარიც გაქრა.   -ეს რა იყო მამავ?! – ჰკითხა ჯერ კიდევ შიშით აკანკალებულმა ბიჭმა მამას.   -ნუ გეშინია ჩემო ბიჭო, ღმერთს უყვარხარ კეთილი რომ ხარ და იმიტომ დაგანახვა ამ გზაზე ათასხუთასი წლის წინათ მიმავალი ვახტანგ მეფის ლაშქარი. თუ უფრო მეტი გულით შეიყვარებ ღმერთს და უფრო კეთილი იქნები, მე რომ მოგიყევი, იმ ბიჭივით ყველაფერს შეგისრულებს.       ბიჭი მამას გულში ჩაეხუტა.       ცოტა ხანში ჩაეძინათ კიდეც.       მელიამ სადგისს უხმო და წაუჩურჩულა: დილით უბრძანე, ეგ ერდოები ამოქოლოს რომ მეტად აღარ გამოჩნდეს ძველი ნაგზევი.   -არ ამოქოლავს და ისე შევერჭობი რო?! – დაამშვიდა მელია სადგისმა.       ტკბილად ეძინა მამა-შვილს ბედნიერი ოჯახის ნაქონ ტახტზე.       დილით მზის სხივი შემოიჭრა ერდოდან და უცნაურად გაანათა კიდობანი, რომელსაც ეჭვის თვალით უყურებდა მელიას ფიტული. ყელზე სამკაულივით ეკიდა იმ კიდობნის ბოქლომის გასაღები. საქმე №18. ცოდვის კიდობანი        (საიდუმლო ინფორმაცია კიდობანზე, რომელიც ახლა გუდამაყრის მუზეუმში დგას, შიგ თოფ- იარაღი, ვეფხისტყაოსანი და კიდევ სხვა ნივთები აწყვია, რომელთაც შეიძლება ხელი შეუშალონ ახალ აზროვნებას, რომელი აზროვნებაც წარმართავს ცივილიზებული მსოფლიოს სხვადასხვა მუზეუმებს) როგორც მითხრეს არსებობს მშვიდი, ღვთითკურთხეული სიკვდილი. ასეთი სიკვდილით მიიცვალა !)!. წლის შემოდგომაზე ათონის ივერთა მონასტრის ბერი ბენიამინი. მწუხარებამ მოიცვა ქართველი ბერები. ტაძარში დაასვენეს ბენიამინის ცხედარი და უთენებენ ღამეს. ათონის მთაზე არც ისე იშვიათად მომხდარა სასწაულები, რის მოწმენიც ეს ბერებიც გამხდარან ღვთის განგებით, მაგრამ რაც იმ ღამეს მოხდა, ეს ნამდვილად ენით აუწერელი სასწაული იყო. ჯერ მიცვალებულის სახე განათდა უცნაური ღვთიური შუქით. ბერებს ეგონათ, რომ მიცვალებული ცოცხლდებოდა და ხმამაღალი ლოცვით შეჰღაღადეს ღმერთს. მიცვალებულის სახეზე დაფენილი ღვთიური შუქი თანდათან ძლიერდებოდა და ბოლოს ისე გაძლიერდა, რომ მთელი ტაძარი განათდა ამ შუქით. აღმოსავლეთის კედელზე კი უცნაური სანახაობა წარმოჩინდა: როგორც კინოეკრანზე, ისე გამოჩნდა ბენიამინის ბავშვობა, ყრმობა, ყოველი საქმე რაც ბენიამინს სიცოცხლეში უკეთებია. ბერები ბენიამინის საქმეების ამსახველ ნათებაში ხედავდნენ თავის თავს. იმათ შორის იყო ბერი ზოსიმეც, რომელიც გუდამაყრის ხეობიდან წამოიყვანა გზადმიმავალმა ბენიამინმა და მას მერე შვილივით ზრდიდა. მანვე მოიყვანა ათონის წმინდა მთაზე და აი, ახლა, ტირილით ეთხოვება თადეოზი თავის სულიერ მამას. ბოლოს აღმოსავლეთის კედელი თვალისმომჭრელი შუქით განათდა, იმ სინათლიდან გამოვიდა მაცხოვარი, ბენიამინი გულზე მიიყრდნო და უთხრა: – წამო შვილო, წამო!  სინათლე უფრო გაძლიერდა და მაცხოვართან ერთად გაქრა ბენიამინის გამოსახულება ტაძრის კედელზე. მიცვალებულის სახეზე ნათება ჩაქრა. ისე იყვნენ ნანახი სასწაულით აღფრთოვანებული ბერები, ვეღარცკი აღიქვამდნენ ბენიამინის ცხედარს მიცვალებულად. მათ ხომ ეს-ეს არის თავის თვალით ნახეს, როგორ შეიყვანა მაცხოვარმა მათი წინამძღვარი დიდ საუფლოში.       ათონის მთაზე, შემაღლებულ ადგილზე არის საძვალე, სადაც ყველა ქართველი ბერის თავის ქალაა მოთავსებული. ეს საძვალე უფრო ტაძარია, ვიდრე საძვალე. პირველ სართულზე მიცვალებულთა ძვლებია თავისი აღმნიშვნელი ნომრებით, თუ ვის კუთვნილებას წარმოადგენს ესა თუ ის თავის ქალა, ხოლო მეორე სართულზე ტაძარია.       სამ წელიწადს მიწაში მარხავენ მიცვალებულს, შემდეგ საფლავს თხრიან და საძვალეში გადააქვთ მისი თავის ქალა.       ბენიამინის ცხედარიც, მესამე დღეზე მიწას მიაბარეს ქართველმა ბერებმა. თადეოზი აირჩიეს წინამძღვრად, რადგან იგი სიწმინდითაც იყო განთქმული და ბენიამინის უსაყვარლესი მოწაფეც იყო. მწუხარე იყო თადეოზის გული. თუმცა თავისი თვალით იხილა, როგორ შეიყვანა დიდ საუფლოში მაცხოვარმა მისი გამზრდელი და მოძღვარი, მაგრამ სიხარულთან ერთად სევდის მძიმე ლოდი ეწვა გულზე. ამ ლოდს, ადამიანთა ენაზე, ამ ქვეყანაზე ობლად დარჩენის ლოდი ჰქვია. პირველად ადრეულ ბავშვობაში განიცადა ობლობა თადეოზმა. ახლაც ცხადად ახსოვს ის დღე, როცა რუსის ჯარისაგან დაბეგრილი სოფელი ერთ საწყალ მაჩვზე იყრიდა მთელი რუსეთის ჯავრს. როგორც გითხარით, ისე ჰყავდა შევიწროვებული რუსის ჯარს მთელი გუდამაყრის ხეობა, სახლიდან „სტრაჟნიკის“ დაუკითხავად არცკი შეეძლოთ სოფლიდან შორს წასვლა – რა იცი როდის გზის გასაწმენდად დაგიძახებდნენ და როდის კიდევ სხვა სამუშაოზე. ქალებს ტვირთებით თივას აზიდვინებდნენ ცხენებისათვის. როცა უნდოდათ მაშინ შედიოდნენ „ სტრაჟნიკები“ გუდამაყრელთა სახლებში და თუკი რაიმე სანოვაგეს ნახავდნენ, უბოდიშოდ და მადიანად შეექცეოდნენ. ყოველ გუდამაყრელს ისინი დაცინვით „კაცოს“ ეძახოდნენ. ახლაც ყურში უწივის „სტრაჟნიკების“ მიერ ნათქვამი ეს კაცო თადეოზს. მწირია გუდამაყარი და ერთადერთი კარტოფილი ხარობს, იმით გაჰქონდათ ზამთრობით თავი. კარტოფილით და ქერის პურით, თუმცა ქერის პური დიდი სიამოვნება იყო, ქერში სვილსაც ურევდნენ და ამას ქერ-სვილაის პურს ეძახდნენ.       მაჩვი შეეჩვია კარტოფილებს. ღამ-ღამობით უსაფრდებოდნენ, მაგრამ ვერა და ვერ მოიგდეს ხელში. ვიღაცამ ხაფანგი დაუგო. მაჩვი ხაფანგში გაება და როგორც ჩანს იმდენი იწვალა, ხაფანგის სამაგრი მოგლიჯა და თან წაითრია ხაფანგი. სისხლის კვალს გაჰყვნენ სოფლელები და ამით მიაგნეს მაჩვის სოროს, რომელიც ლოდებით გამაგრებულ ადგილას იყო ღრმად ჩათხრილი. უფროსებმა სოფელში გააგზავნეს ბალღები და ბარები და ქარჩები მოატანინეს სოროს გამოსათხრელად. გამოთხარეს და რას ხედვენ, მაჩვს გულში თავისი ლეკვი ჰყავს ჩაკრული და ქშუტუნით ცდილობს თავდაცვას, ეტყობა ჰგონია ამით ხალხს შეაშინებს, მაგრამ ხალხს შურისძიება სწყურია, ისინი ისე არიან „სტრაჟნიკების“ თავხედობით შეწუხებული, თვითონაც სურვილი აქვთ ვიღაცაზე იყარონ ჯავრი. რა თქმა უნდა, ყველა მათგანს რუსებისაგან ჩამორთმეული აქვს თოფები, რომ ბუნტი არ მოაწყონ, მაგრამ ჩუმ-ჩუმად ხანჯლები აქვთ ჩოხის კალთებს შიგნით გადამალული. ამ შურისძიებამოწყურებულ ხალხის წინ დგას ლეგაფერის სქელბეწვიანი მაჩვი, რომელსაც შუბლისა და ცხვირის გაყოლებაზე თეთრი ზოლი ჩამოსდევს. შეშინებულ მაჩვს ჯაგარი ეკლებივითა აქვს წამოშლილი. ვიღაცამ კეტი მოუქნია და სწორედ იქ დაარტყა, სადაც თეთრი ზოლი ჩამოსდევდა ტუჩცხვირის გასწვრივ. სისხლმა შეღება ეს თეთრი ზოლი. მერე მეორემ დაარტყა კეტი. მაჩვი ქშუტუნებდა და ლეკვს უფრო მაგრად იკრავდა გულში. ვიღაცამ ხანჯალი იშიშვლა და ტუჩი წააჭრა. მაჩვს ლეკვი გაუვარდა, გამწარებულმა საშინლად ამოიქშუტუნა. ვიღაცამ ხაფანგის ჯაჭვს ჩაავლო ხელი და სოფლისაკენ წამოათრიეს მაჩვი, რომ იქ სხვებისვთისაც ეჩვენებინათ როგორ უნდა მათი ბარაქის გამნიავებლის წვალება. ორი-სამი კაცი ძლივს მოათრევდა, შვილისაკენ იწევდა, არ უნდოდა მისი მიტოვება, ბასრი ბრჭყალებით ფორჩხნიდა ღორღიან მიწას. ძალით მოათრევდნენ და ლეკვიც თან მოჰყვებოდა, ის როგორღაც ახერხებდა, ლეკვის მხარეს წაფორთხდებოდა და გულში იკრავდა. ხალხი ჯოხებით აშორებდა შვილს და მაჩვი ამ დროს საშინლად ღმუოდა. დასცხეს კეტები და მდინარეში გადააგდეს. არც იქ დაიხრჩო, ნაპირზე გამოცურა და ისევ გულში ჩაიკრა თავისი შვილი. ახლა კი გამეტებით დასცხეს კეტები და ექსტაზმიცემულმა ხალხმა ქვასა და ღორღში აურიეს მაჩვი და მისი ასევე შუბლსაღარა ლეკვი. სწორედ ამ დროს თოფების სროლა გაისმა და სოფლის მოედანზე „სტრაჟნიკები“ შემოცვივდნენ ცხენებით.   -რა ამბავია, რაშია საქმე?! – დაიყვირა უფროსმა, რომელსაც როგორც ჩანს საშინლად არ მოეწონა კეტებით შეიარაღებული ერთადშეყრილი ხალხი.   -მაჩვი მოვკალით უფროსო, ამისაგან მოსვენება აღარა გვქონდა, გაგვინადგურა მოსავალი – ქუდის მოხდით მოიბოდიშა სოფლის მამასახლისმა.   -ვი შტო, ეტა ბუნტ?! – უფრო დაიყვირა „სტრაჟნიკების“ უფროსმა და მრისხანედ გადახედა ხალხს, რომლებიც ისე შეშინდნენ, კეტები და ქარჩები შორს მოისროლეს.   -მაჩვისაგან კი არა, ამათგან არა გვაქვს მოსვენება! – დაიძახა თადეოზის მამამ და სტრაჟნიკებზე მიუშვირა ხალხს ხელი.   -შტო, შტო?! – აენთო უფროსი.   -რას ამბობ, კაცო, გაგიჟდი?! – წამოაძახეს აქეთ-იქიდან თანასოფლელებმა თადეოზის მამას.   -დასცხეთ კონდახები მაგ მამაძაღლს! – ბრძანა უფროსმა და „სტრაჟნიკებსაც“ მეტი რა უნდოდათ, თოფის კონდახებით ჩაჩეხეს თადეოზის მამა. თანასოფლელებიდან არავინ გამოჰქომაგებია, ნიშნსაც კი უგებდნენ და ერთ-ურთს ეჩურჩულებოდნენ: – ახია, ახი! ჩვენი წაქეზებაც უნდოდა, არ იცოდა რომ რუსებს ვერ მოვერევით.   -ეგდოს აქ, სანამ სული არ ამოსძვრება, არავინ გაბედოთ მიხმარება, თორემ ვაი თქვენი ბრალი! – დაემუქრა დამტვრეული ქართულით უფროსი და ხალხს უბრძანა გზის გასაწმენდად გაჰყოლოდნენ ბეგარაზე.  თადეოზის მამა ცოცხალ-მკვდარი ეგდო მოედანზე. სახლიდან ტირილით გამოვარდა მოხუცი დედამისი. თადეოზის დედა არ იყო ამ დროს სახლში, დღე-დღეზე უნდა ემშობიარა და რაკი სოფლის წესი ჰკრძალავდა „მირეული“ ქალის სოფელში ყოფნას, მდინარის გადაღმა ჰქონდა სოფელს სამშობიარო სოფელი და მშობიარობიდან მხოლოდ ორმოცი დღის მერე შეეძლო მელოგინე ქალს სოფელში დაბრუნება. სალოცავის მოედნად და წმინდა ადგილად ითვლებოდა ეს სოფელი და წესს ვერავინ დაარღვევდა. ამიტომ იყო თადეოზის დედა ამ დროს მდინარის გადაღმა აშენებულ სამშობიარო ბოსელში. თადეოზმა და მისმა ბებიამ ძლივს წაათრიეს კონდახებით ჩამსხვრეული თადეოზის მამა სახლში, მარტო ორი მოხუცი ქალი მიეხმარა სოფლიდან, დანარჩენები ისე იყვნენ „სტრაჟნიკებისაგან“ შეშინებულნი, სახლებში შეიკეტნენ.       ახლა ახსენდება თადეოზს, როგორ ესვენა სახლის შუაგულში მდგარ ტახტზე მომაკვდავი მამა და სულის გაყრას ებრძოდა. მამამისსაც რაღაც უცნაური შუქით ჰქონდა სახე განათებული. ბიჭმა ისიც შეამჩნია, რომ სახლში ადამიანები შემოვიდნენ, შემოვიდნენ და მომაკვდავის აქა- იქა დადგნენ. ჯერ თანასოფლელები ეგონა მოსულები ბიჭს, მაგრამ მერე მიხვდა რომ ისინი ჩვეულებრივი ადამიანები არ იყვნენ.   -ბებო, ბებო, ვინ არიან ეს კაცები? – ჩუმად ჩაუჩურჩულა თადეოზმა მტირალ ბებიას.   -ეგენი სულეთის კაცები არიან, ჩემო ბიჭო, ჩემი საწყალი შვილის წასაყვანად არიან მოსულნი.   -სად უნდა წაიყვანონ?   -სულეთის ქვეყანაში! – ამოიქვითინა მოხუცმა.       მომაკვდავმა თვალები გაახილა და ჯერ სულეთის კაცებს შეხედა, მერე თადეოზს, მერე დედის ხელი აიღო და გულზე დაიდო.       ბიჭმა დაინახა, რომ სულეთის კაცებს დაენანათ დედა-შვილის ასეთი ყოფა და მზერა აარიდა. ჩანართი       (ანუ სულ-ხორცის გაყრა და დედის დალოცვა სულეთის ქვეყანაში მიმავალი შვილისა) მოხუცმა ცრემლები მოიწმინდა. კარადიდან თაფლის სანთელი ამოიღო და აანთო.       შვილმა დედას შეხედა. დედამ კი ასე დაითხოვა შვილი: – დამითხოვიხარ, ნუღა შემომტირი, გამშორდი დედაშვილობით (ქალი სულეთის კაცებს მიუბრუნდა: წაიყვანეთ, ნუ დაგენანებათ, ოღონდ მშვიდობის გზებით ატარეთ). წადი, დედაო, გაჰყევი, ნურცარა შეგაშინებს, ნუმც დამიღონდები, მალედამც შაეყრები შენ სწორთ. უდედობით ნუ იტირებ. გაჰყევი შვილო , მაინც არ გწირავენ; მე დამითხოვიხარ, ჩამიბარებიხარ სულეთის კაცთათვის. გიყვარდა ყველაი, მაგრამ ეხლა უნდა გასწირო . თუ რამეში შესცდი: ხელით, ენით, თვალით სუ ყველაფერიმც გეპატიოს, ცოდვად ნუ გადაგხდების. წადი, ჯვარი გეწეროს. ალალიმც არის შენზე ჩემი ამაგი. მე დამითხოვიხარ, უნდა გავიყაროთ დედა-შვილობით; სულეთის ღმერთიმც ჩაგიბარებს, ისიმც დაგაყენებს ნათელს. მშვიდობით, ჯვარი გეწეროს, ნათელშიმც იქნები! ქალმა სანთელი დაამაგრა საკაცის თავთან. სულეთის კაცებმა თვალები დაუხუჭეს თადეოზის მამას და მერე მის სულთან ერთად გავიდნენ კარიდან.       საღამო ხანი იყო. ტირილით გავარდა დედისაკენ თადეოზი. მდინარეზე ხის ერთი მორი იყო გადებული და ზედ ადიდებული მდინარე გადადიოდა ჩქერად.   -დედაა, დედაა, მამიკო მოჰკლეს! – გაჰყვიროდა დედას თადეოზი.       ქალი ბოსლიდან გარეთ გამოვიდა. ხელში ჩვრებში გამოხვეული პატარა ეჭირა.   -მამიკო მოჰკლეს, დედაა! - გასძახა თადეოზმა და ხიდზე გასვლა დააპირა.   -ხიდზე არ შემოდგე, გადავარდები! – დაუძახა ქალმა, პატარა ბოსელში დატოვა და თადეოზისაკენ გამოიქცა, რომ ხიდზე არ შემდგარიყო.   -მამიკო მოჰკლეს, დედაა! – ტიროდა ხიდისყურთან თადეოზი. ქალი ხის მორზე შემოდგა, მაგრამ შუამდე რომ მოვიდა, ხიდზე გადამავალმა მდინარის ჩქერმა დაჰკრა და მორიდან გადააგდო.   -დედაა! დედაა!– გაედევნა ტირილით მდინარის ნაპირს თადეოზი.       შავად მიქანავებდა მდინარე. ერთი-ორჯერ ამოატივტივა ქალის სხეული და მერე შიგ ჩაიხვია, წავიდა და წაშავდა, ჩამოწოლილმა ღამემაც ხელი შეუწყო სიშავეში.       თადეოზის ბებია გადასახლდა პატარას გასაზრდელად იმ სამშობიარო ბოსელში. სანამ ორმოცი დღე არ გახდებოდა, სახლში ვერ მოიყვანდა პატარას. ერთი თხა ჰყავდათ, ის წაიყვანა და იმის ძუძუთი ზრდიდა უდედოდ დარჩენილ ბიჭს. მაგრამ კაცს რომ ერთხელ დაატყდება უბედურება, თურმე ეგრე ადვილად აღარ ანებებს თავს. იმ სამშობიარო სახლშიც ის ავადსახსენებელი „სტრაჟნიკები“ მივიდნენ და მიუხედავად მოხუცის ხვეწნისა, მაინც დაკლეს ბიჭის დედისმაგიერი თხა, კოცონიც დაანთეს და მწვადებიც შეწვეს.       თოფის კონდახიც ჩაარტყეს ქალს თავში და როცა მოხუცი გრძნობაზე მოვიდა, აღარც „სტრაჟნიკები“ იყვნენ იქ და პატარაც ტირილით გაგუდულიყო.       შავად დაბრუნდა შავი ბებერი სახლში.       შავად ჩამოჯდა შავი კერიის პირას.   -ბებო, პატარა ბიჭიც სულეთის კაცებმა წაიყვანეს?– ჰკითხა თადეოზმა.   -ჰო, შვილო, სულეთის ქვეყანაში წაიყვანეს.   -დედა რომ სხვაგან წაიღო მდინარემ, ვაი თუ სხვაგან წასულმა ვერ ნახოს მამაჩემი და ჩემი ძმა! – შეშინებული თვალები შეანათა შავ ბებერს ბიჭმა.   -ნუ გეშინია, შვილო, სულეთის ქვეყანა ერთია, ნახავენ, აუცილებლად ნახავენ ერთ-ურთს.   -სად არის სულეთის ქვეყანა ბებო?   -ხმელეთი რომ გათავდება, ცის ნაპირი რომ გათავდება, იქ არის სულეთი. ცის ნაპირის იქით ხორციელი ვერ მიდის, თორემ რამდენი წავიდოდა თავისიანების სანახავად.   -ჯერ არავის გაუცურნია ცის ნაპირამდე ბებო?   -რა ვიცი შვილო, ამბობენ წმინდა ნოეს გაუცურნია კიდობნით დიდი წარღვნის დროს და მერე ისევ დაბრუნებულა.   -კიდობნით?   -ასე გამიგონია შვილო – შავად ამოიოხრა შავმა ბებერმა.       იმ ღამეს ქუხდა და ელავდა. გათენების პირზე ჩაეძინა დაღლილ ბებერს.       მზის ამოსვლისას გამოეღვიძა. თადეოზს დაუწყო ძებნა. მთელი სოფელი შემოიარა, მაგრამ ვერსად ვერ იპოვა. ბოლოს საფლავებთან მიაგნო . მარტოკა სთხრიდა ბიჭი მამის საფლავს. „ სტრაჟნიკების“ შიშით არავინ არ ეხმარებოდა. ასევე მარტოკამ შეაბა ხარები მარხილში, ბებიის დახმარებით მამა მარხილზე დაასვენა, საფლავთან აიტანა და რაკი ქალის მისვლაც არ შეიძლებოდა აქაური წესით საფლავთან, მარტოკამ მიაყარა თადეოზმა მამას მიწა. პატარა ბიჭი, რაკი ჯერ ორმოცი დღისა არ იყო, სასაფლაოზე არ დაამარხვინეს და იქვე, მდინარის გაღმა, სამშობიარო სოფელთან გაუთხარა პატარა საფლავი თავის პატარა ძმას, სამ დღეში დაკაცებულმა თადეოზმა. ამის მერე შავი მოხუცი იშვიათადღა იღებდა ხმას. ერთ დილით კი მისმა ტირილმა გააღვიძა სოფელი: – თადეოზ, შვილო, თადეოზ,სადა ხარ?– მწარედ გაჰკიოდა მოხუცი. ვერსად ვერ იპოვეს თადეოზი. სამი დღე ეძებდნენ, მაგრამ მნახველიც კი ვერავინ ნახეს. ბოლოს ვიღაცამ იმათი სახლის კალოში დადგმულ კიდობანს ახადა სახურავი და იქ ნახეს გულაღმა მწოლიარე თადეოზი. ამ კიდობანში პურის მარცვალს ინახავდნენ და იმ მარცვლებზე იწვა ბიჭი, რომელსაც სიცოცხლის ნიშანწყალი არ ეტყობოდა. კიდობნიდან ამოასვენეს და სახლის დერეფანში დაასვენეს ტახტზე. მკვდარი იყო, მაგრამ არც მკვდარი ეთქმოდა, სახეზე სულ ბედნიერების ალმური გადასდიოდა. სამი დღე ესვენა ასე, არც სუნთქავდა, არც რაიმე სხვა სიცოცხლის ნიშანი ეტყობოდა, მარტო სახე ჰქონდა ჩვეულებრივი მკვდრისაგან განსხვავებით ბედნიერად განათებული, იმდენად ბედნიერად, რომ ჯერ სიცოცხლეში არავის ენახა ასეთი ბედნიერი გამომეტყველების მქონე ადამიანი. ამ სოფელში სამი დღის მერე წესად ჰქონდათ მიცვალებულის დამარხვა და გადაწყვიტეს კიდეც საფლავის გაჭრა, რომ უცებ მიცვალებულის თავს ზემოთ მტრედის ფართქალის მაგვარი ხმა გაისმა და ამის მერე ბიჭიც შეტოკდა, სულეთის ქვეყანაში წასული სული მოფრინდა და ჩაიბუდა მის სულში.   -ბებო , ბებო, რა გახარო ბებო! – ეხვეოდა ბიჭი ბებიას. მართლა გასცურა ცის ნაპირამდე ჩვენმა კიდობანმა, ღმერთს ვთხოვე, რომ სულეთის ქვეყანა ეჩვენებინა და იმიტომ ჩავწექი კიდობანში, ჩავწექი და გავცურე კიდეც.       იცი რა ლამაზია სულეთის ქვეყანა, იცი რა კარგად არიან ჩვენები, დედაც ვნახე, მამაც, ჩემი პატარა ძმაც, პაპაჩემიც; აღარ მინდოდა იქიდან წამოსვლა, მაგრამ ბოლოს თასით წყალი მოიტანეს, ჩემ წინ დაღვარეს და მიბრძანეს: წადი და სანამ შენი აქ მოსვლის ჟამი არ მოვა, ქვეყანას ემსახურეო. ნეტავ გენახა რა დიდებულია სულეთის ქვეყანა და რა ბედნიერები არიან ყველანი, ასე ხომ აღარ იტირებდი ბებო.   -კარგი, ოღონდ შენ ნუ დამიღონდები და აღარ ვიტირებ ჩემო ბიჭო, აღარა, – ჩამომჭკნარი ხელით ცრემლები მოიწმინდა მოხუცმა.       გაზაფხული იყო და ხალხი მამულებს ხნავდა. თადეოზს მოწნული ჯინით ნაკელი გაჰქონდა თავის მამულში რომ გაენოყიერებინა. გზად სხვის მამულზე უნდა გაევლო. იმ მამულის პატრონს მგელიკა ერქვა. მართლა მგელივით დაუნდობელი და ავადმზირალი კაცი იყო.       გაატარა ერთხელ თავის მამულისკენ თადეოზმა ხარები და ჯინი, დაუხვდა მგელიკა წინ, გადმოუბრუნდა ჯინი და თავის მამულში გაშალა ნაკელი.   -რას შვრები ძია მგელიკავ, სხვა გზა საით მაქვს, დღემდე ესე დაგვქონდა სასუქი და ახლა რა დაგიშავე რო გზას არ მაძლევ - შემცბარმა ჰკითხა თადეოზმა მგელიკას.       თადეოზმა ხმა არ გასცა, მამულის ხვნა გააგრძელა. წამოვიდა თადეოზი, ისევ გაივსო სასუქით ჯინი და წაიღო თავის მამულისაკენ. ისევ დაუხვდა წინ მგელიკა და თავის მამულში წამოუქცია ჯინი.       სახლში ატირებული მივიდა თადეოზი.   -ხმა არ გასცე, ბებო გენაცვალოს, თორემ ეგ ისეთი გულქვაა, ვაი თუ რამე დაგიშაოს. უსასუქოდ მოვხნათ მამული.   -უსასუქოდ რა ყანა უნდა მოგვივიდეს, ბებო?   -ხო იცი მამასახლისია და რუსები მაგის მხარეს დაიჭერენ, დავალებული აქვს ალბათ იმათგან ჩვენი გამწარება.       თადეოზმა კიდევ გაავსო ჯინი სასუქით და თავისი მამულისაკენ გაუძღვა ჯინში შებმულ მხარეს.   -რამდენჯერ უნდა გამაიარო ამ გზაზე შე მკვდარციციანო, შენა! – შემოუქნია მგელიკამ შოლტი და ნახნავ მიწაზე დააგდო თადეოზი. მერე მართლა მგელივით მიეჭრა და ნახნავ მიწაში ცოცხლად დაუწყო ჩამარხვა. ბელტს ბელტზე ადებდა და თან ლანძღავდა: – შე მკვდარციციანო! შე ბუნტავშიკის შვილო! რუსეთი არ გინდათ და ხარები კი გინდა ატარო ჩემ მამულზე არა! ჩამარხა ცოცხლად. თადეოზის ბებია მიეჭრა და შვილს დაუწყო თხრა.   -არ ამოსთხარო, თორე! – დაიღრიალა მგელიკამ და ქარჩით თავი გაუხეთქა მოხუცს.       გაღმა მამულში აპარეკაი ხნავდა მამულს. ჯერ ყველაფერს უყურებდა და როგორღაც ითმენდა. როცა მგელიკამ ბალღი ცოცხლად ჩამარხა ნახნავ ბელტებში და მოხუცს სული გააფრთხობინა, მიატოვა ხარ-გუთანი, ჩოხის კალთის შიგნით ჩამალული ხანჯალი იშიშვლა და შიგ გულში გაუყარა მგელიკას. ამოთხარა ბიჭი ბელტებიდან და მომაკვდავ მგელიკას მიაძახა: – დალიე ეხლა ეგ ძაღლური სული, შე მართლა მკვდარციციანო შენა!       საიდანღაც გამოცვივდნენ „სტრაჟნიკები“, მაგრამ აპარეკამ მოასწრო გორის გადავლა და ტყეს შეერია.       დარჩა თადეოზი მიწისა და ცის ამარა, მაგრამ მიწასა და ზეცას ჰყავს თავისი გამრიგე და არ დატოვა არსთაგამრიგემ უპატრონოდ თადეოზი, რომელმაც ერთხელ უკვე ნახა სულეთის ქვეყანა და იქიდან ამ სიტყვებით გამოუშვეს უკან: წადი, ემსახურე ქვეყანას და სანამ შენი დრო არ მოვა, აქ აღარ მოხვიდე. ამიტომ აღარ ჩაწვა თადეოზი იმ კიდობანში, რომლითაც ერთხელ უკვე გასცურა სულეთის ქვეყნამდე. დაასაფლავა ბებია და მართალია უკვე იცოდა, რომ სულეთის ქვეყანაში ბედნიერად იქნებოდა ბებიამისი და ერთხელ სთხოვა კიდევაც, სულეთის ქვეყნის მკვიდრთ ბედზე არ ეტირა, თვითონ მაინც იტირა, როცა ბებიას ბღუჯით მიწა მიაყარა. რაკი გუდამაყარზე იყო ძველად გზა, აქ ჩამოიარა წმინდა ბერმა ბენიამინმა და თან წაიყვანა თადეოზი. ახლა სწორედ სამი წელი სრულდებოდა მას მერე, რაც ბენიამინი ათონის მთის მიწას მიაბარეს ქართველმა ბერებმა და წესის მიხედვით მონასტრის საძვალეში უნდა გადაესვენებინათ მისი ძვლები.       აღასრულეს წესი.       ბენიამინის თავის ქალას ნომერი დაუსვეს.       გადაიხადეს პარაკლისი იმ ეკლესიაში, სადაც თავის დროზე ექვთიმე ათონელი ლოცულობდა. ეს არის მოგრძო ეკლესია და სწორედ ამ ეკლესიაში იყვნენ ბოლო ქართველი ბერები ათონის მთაზე, რომელიც ოდესღაც ქართველთა სიმრავლით და მათ მიერ ჩადენილი სასწაულებით იყო განთქმული. მაგრამ როგორც ილეოდა ძველი დიდება, ოდესღაც ზღვიდან – ზღვამდე განფენილი და ჟამთასიავის გამო მრავალმტერმორეული საქართველოსი, ასევე ილეოდა ბერ-მონაზონთა რიცხვი, როგორც საქართველოში, ასევე მსოფლიოს წმინდა ადგილებზე და მათ შორის ათონის მთაზეც, სადაც ბოლო დროს ძალიან შევიწროებას განიცდიდნენ ქართველი ბერები და საქმე იქამდეც კი მივიდა, რომ მათი წმინდა მთაზე ყოფნა-არყოფნის ჟამი დადგა. ათონის მთაზე, ივერიის მთავარ ტაძარში, აღსავლის კარის წინ ჰკიდია ქართველი დიდებულების მიერ შეწირული კანდელი, რომელიც ჟამით-ჟამს იწყებს ხოლმე რხევებს, წრიულს, ან ჰორიზონტალურს. დროთაგანმავლობაში აკვირდებოდნენ ბერები ამ რხევებს და აღმოაჩინეს, რომ თუ კანდელი წრიულად ირხევა, ეს სასიხარულო ამბის ნიშანია, ხოლო თუ მარჯვნიდან მარცხნივ ირხევა ჰორიზონტალურად, ეს სამწუხარო ამბის მაუწყებელია. ეს მონასტერი დააარსეს იოანე, ექვთიმე და გიორგი ათონელებმა, რომელთა წმინდა ძვლებიც განისვენებენ იმ საძვალეში, სადაც სულ ახლახან ბენიამინის წმინდა ძვლები გადაასვენეს სამარხიდან უკანასკნელმა ქართველმა ბერებმა. უკანასკნელმა იმიტომ, რომ საქართველოს კიდევ ერთხელ წაუჭერს ყელში ლახვარს სატანა, კიდევ მორიგე მტრის უღელს დაადგამენ საკუთარი შვილები და ივერონის აღსავლის კართან დაკიდებული კანდელიც სამწუხაროდ რხევებს დაიწყებს. ამას მოჰყვება ქართველი ბერების იძულებით წამოსვლა საქართველოში, სადაც რუსეთს უკვე შემოტანილი აქვს წითელი უღელი. ბერები ეთხოვებიან ათონის მთას და იქ ტოვებენ ერთადერთ ბერს, იმ იმედით რომ მალე დაბრუნდებიან საქართველოდან და თავიანთ მამა-პაპათა ნაშენებ ტაძრებში ისევ შეასრულებენ ქართულ წირვა-ლოცვას.       მწუხარე არის ეს დღე.       საძვალიდან წინაპართა ძვლების წმინდა ნაწილებს იღებენ და საქართველოში მოაქვთ.       ყველაზე მეტად უჭირს მამებთან განშორება იქ დარჩენილ ერთადერთ ბერს.       ივერონის მონასტრის კართან ისევ სამწუხაროდ ირხევა კანდელი.       მოდიან ბერები. გზა არის შორი და დამღლელი. იმათ ჯერ კიდევ არ იციან როგორი საქართველო ელოდებათ. არ იციან რომ სათითაოდ ყველას დახოცავენ. ერთ ბერს არმაზში აკუწავენ და გვიანღა ნახავს ხალხი. მეორე ბერს შიო მღვიმში მოკლავენ. ერთი ბერი რევოლუციონერმა ქართველებმა ხიშტზე წამოაგეს, გამორჩათ, მაგრამ მაინც მოკლეს ბეთანიაში.       მანამ ეს მოხდებოდა, ასე შეეგება წითელუღელდადგმული ბედნიერი საქართველო სამშობლო მონატრებულ ბერებს.       ისინი ბაზარში შევიდნენ და ასეთ სურათს წააწყდნენ. შუა ბაზარში დიდი დათვის ტყავი იყო გაშლილი. ზედ ორი პატარა ბელი იჯდა და ხალხისაგან დამფრთხალები ერთ-ურთს ეკვროდნენ. ტყავის გარშემო ამაყად დაალაჯუნებდა უზარმაზარი მთიული და ხალხს სთავაზობდა: – იყიდეთ, იყიდეთ, მთიულური დათვის ტყავი, თავისივე ბელებით. ასე შეეგება ათონის მთიდან იძულებით წამოსულ ბერებს მშობლიური საქართველო. მათ ჯერ კიდევ არ იცოდნენ რა ელოდათ წინ.       არც თადეოზმა იცოდა.       იგი მატარებელს მიჰყვებოდა. მატარებელი გორთან გააჩერეს და თადეოზმა დაინახა, რომ ქვედა საწოლიდან ვიღაც გაათრიეს. იმას სხვა ვაგონიდანაც მიაყოლეს მეორე. თადეოზი ჩუმად ჩამოვიდა მატარებლიდან და დაღმართს დაუყვა, მტკვრის პირას დაიმალა. ჩამალულმა ბინდ-ბუნდში, გაარჩია როგორ მოჰყავდათ ჩეკისტებს ხალხი, როგორ გაათხრევინეს სამარე, მერე იმ სამარის პირას ჩაამწკრიეს და თოფები მიუშვირეს.   -რას შვრებით, ღმერთი აღარა გწამთ? – სამალავიდან წამოხტა ხმამაღალი ყვირილით თადეოზი. ეცნენ და ისიც სხვებთან ერთად დააყენეს სამარის პირას.       ერთდროულად იჭექა რამდენიმე თოფმა და ფერდის არეში იგრძნო თადეოზმა ტკივილი, როცა სხვებთან ერთად ჩაეხეთქა გათხრილ სამარეში.       ზემოდან თხლად მიაყარეს მიწა. ეტყობა ხვალაც აპირებდნენ აქ ხალხის მოყვანას. განთიადისას მოახერხა სამარიდან ამოძრომა თადეოზმა.   -ეე, მღვდელი გაიქცა სამარიდან, მღვდელი! – იყვირა ვიღაცამ. ეტყობა იმ ადგილას ყარაულად ჰყავდათ დაყენებული.       ისევ მტკვრის პირას ჩაიმალა თადეოზი და დაღამებას დაელოდა. გადაწყვეტილი ჰქონდა როგორმე გუდამაყარში წასულიყო და იმ კიდობანში ჩაწოლილიყო, რომლითაც ერთხელ უკვე იმგზავრა სულეთის ქვეყანაში. ჭრილობა ანაფორის ნახევებით შეიხვია მჭიდროდ. ტყე- ტყე მიდიოდა ღამღამობით. როგორც იქნა მიაღწია თავის სოფელს, მივიდა თავის სახლთან, დააკაკუნა, ბიძაშვილმა გაუღო კარები. თავიდან ვერ იცნო.   -თადეოზი ვარ, თადეოზი! – გადაეხვია ბიძაშვილს თადეოზი, რომელსაც აშკარა უკმაყოფილება შეეტყო სახეზე.       დასხდნენ. გამართეს საუბარი. თადეოზმა თავს გადახდილი მოუყვა. ბიძაშვილმა თავისი უამბო.   -კიდობანი ისევა დგას კალოში? – ჰკითხა თადეოზმა.   -კი, ისევ იქ არის.   -იქ მინდა ამაღამ ჩაწოლა.   -რატომ, მდევრებისა გეშინია?   -არა, იმ კიდობანში ჩაწოლა მომენატრა.   -სირცხვილი არ არის, დაჭრილი კაცი კიდობანში როგორ ჩაგაწვინო, შენი სახლია და დროებით ვცხოვრობ აქ, აბა სხვას ხომ არ შემოვუშვებდი, მე მგონი არ გწყენია, თორემ კიდობანში დაძინება რა საკადრისია.   -არა, ნუ გეწყინება, იმ კიდობანში მინდა ჩაწოლა.   -ნება შენია, – თქვა ბიძაშვილმა და კალოსკენ წაუძღვა თადეოზს.       კიდობანში აღარ ეყარა ხორბალი. ნაბადი ჩაუფინა ბიძაშვილმა და ისე ჩაწვა თადეოზი.   -სოფელში რომ შემოხვედი, ხომ არავის დაუნახიხარ? – ჰკითხა ბიძაშვილმა.   -ძეხორციელი არ შემხვედრია.   -ძალიან კარგი, თორემ ხო იცი, რა დროა.   -ზემოდან სახურავი დამახურე – უთხრა თადეოზმა.       ბიძაშვილმა ზემოდან კიდობანს სახურავი დაახურა და დიდხანს ფიქრობდა ერთ ადგილას დაყუდებული. მერე სადღაც წავიდა.       მზისამოსვლისას ახადეს კიდობანს სახურავი ჩეკისტებმა. თადეოზს ხმაურზე არ გაუღვიძნია, რაღაცნაირად ბედნიერი სახე ჰქონდა, ისეთი, ბავშვობისას რომ ამოიყვანეს კიდობანიდან.   -სძინავს? – იკითხა ჩეკისტმა.   -ეტყობა – თქვა თადეოზის ბიძაშვილმა.       რამდენიმე მაუზერმა ერთდროულად იქუხა კიდობნის შიგნით. რომ ამოიღეს, ისევ ისეთი ბედნიერი გამომეტყველება ჰქონდა თადეოზს სახეზე, როგორც ჩვეულებრივ მკვდარს არა აქვს ხოლმე და ცოცხლებსაც კი იშვიათად შეამჩნევ ასეთ ბედნიერების ნიშანს.       მამამისის გვერდით დამარხეს თადეოზი.       ის კიდობანი კი მანამდე იდგა იმ კალოში, მანამ შუღლიანთ სებამ გუდამაყრის მუზეუმი არ ააშენა და ერთი ძროხა არ მისცა კიდობნის ახალ პატრონს იმის შესყიდვაში. როცა კიდობანს სისხლისაგან ასუფთავებდა, მაშინ იპოვა სებამ ანაფორის ნახევში გამოკრული ათონელი ბერების ძვლების ნაწილები. კიდობნის კუთხეში შეენახა თადეოზს. ძვლები ისევ იმ კიდობანში დატოვა სებამ. ხალხმა კი ამ კიდობანს „ცოდვის კიდობანი“ შეარქვა და საყვედურობდნენ კიდეც, რაღა მაინცდამაინც ცოდვიანი კიდობანი შემოიტანე კიდობანშიო.       ბატონო მელია!       თუ მიბრძანებთ იმ ბერების ძვლებსაც მივუჩენ ჩრჩილებს. კიდობანზე არ ვიცი რა მოგახსენოთ, მაგისი გასაღები თქვენს ხელთაა და არა მგონია საარჩევნოდ ჩვენს წინააღმდეგ გაბედოს რამე. კიდობანის იქით რომ ჩოხა ჰკიდია, ისიც თადეოზის ნაქონი ჩოხაა და ეჭვიც არ მეპარება, რომ ჩვენ მოგვცემს ხმას. სებას უნდა კიდობანს სულეთის კიდობანი შეარქვას, მაგრამ რაკი ერთხელ უწოდა ცოდვის კიდობანი, არა მგონია სებას რამე გამოუვიდეს. თუ სულეთის კიდობანს შეარქმევენ, მაშინ შიგ გამომწყ ვდეულ ნივთებსაც ფასი და ხმა მოემატებათ. ჩვენ ყველანაირად უნდა ვეცადოთ, რომ კიდობანს „ცოდვის კიდობანი“ ერქვას. ასეთი სახელით უფრო იოლად დადგება ჩვენს მხარეზე.       მაპატიე, დიდო მბრძანებელო, შეიძლება ცოტა გრძელი ინფორმაცია გამომივიდა ამ კიდობანის შესახებ, ან იქნებ რაიმე ისეთი ინფორმაცია ვერ მოვიპოვე, რაც თქვენს ბრწყინვალებას უფრო საჭიროდ მიაჩნია, მაგრამ ერთი წუთით არ დავიშურებ ცდას და დამატებითი ამბების მოგროვებას.       როგორც ყოველთვის, ახლაც თქვენი ბრძანებით ყველგან შემრჭობი – სადგისი!       კიდობანს ეჭვით უყურებდა მელია და ყელზე შებმულ გასაღებს მარცხენა თათით აქეთ-იქით ათამაშებდა.   -ჩრჩილებს ნუ მიუსევ მაგ ბერების ძვლებს, მოვა დრო და მე თვითონ დამჭირდება გამოსახრელად და ისევე გამოვხრავ, როგორც ერთ დროს ქრისტეს მიმდევართა ძვლებს ვხრავდი და ვაკნატუნებდი – გააფრთხილა მელიამ სადგისი და ისევ მარცხენა თათით       გააქან-გამოაქანა აქეთ-იქით ყელზე ჩამოკიდებული კიდობანის ბოქლომის გასაღები. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .       ხანდახან ისე საშინლად დაიქუხებს ხოლმე გუდამაყარში, რომ შეუჩვეველ კაცს ეგონება, ეხლა ეს მაღალი ცა მთებს შორის ჩამოიმსხვრევა და ერთიანად ჩაიტანს არაგვის ვიწრო ხეობას. მაღალ მთებს შორის მოქცეული ხეობა კი მართლაც ვიწროა და რაკი აქ გამუდმებით შავი არაგვი მოედინება, ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, თითქოს სადღაც ამ მთებშია ჯოჯოხეთის შესასვლელი კარი და ეს კუპრივით შავი მდინარეც იქიდან მოდის. საკმარისია წვიმა წამოვიდეს რომ გახელდება, გადაირევა მდინარე, ერთი მთიდან მეორეს აწყდება, ტალღებს იქოჩრავს, ლოდებს მოაგორებს და რაღაცაზე გულამღვრეული მიიჩქარის ხეობის სიღრმისაკენ, თითქოს მართლა ჯოჯოხეთის გულში დგომით შეწუხებული იყოს და ახლა იქედან იმიტომ მიეჩქარება, რომ სამზეო მოიაროს, ქვეყანა მოისამოთხოს. მორბის და მოარბევს ისედაც ჩამორღვეულ მთების ნაპირებს. მეოთხედიც აღარ დატოვა პირიმზის სალოცავი მინდორი და ახლა აშკარად ისმის მუზეუმის ერდოებიდან შემოჭრილი მისი აღელვებული ხმა.   -მამავ, მამავ, შენ გენაცვალე მამავ, გვიშველე, ისევ წაიღო არაგვმა ჩვენი ბროლია, სახლშიც მოგვიხტა, ყველანი იქ არიან, ჯებირს ამაგრებენ, შენც წამოდი, გევედრები მამავ, შენც წამოდი – ტირილით შემოვარდა მუზეუმში შუღლიანთ სებას ნაბოლარა ბიჭი და სებაც თან გაჰყვა შეშინებულ ბიჭს. თქეშად მოდიოდა წვიმა. მდინარეს ნახევარ მინდორზე მეტი უკვე ჩაუქცია, თან წაეღო, სახლების კედლებს არღვევდნენ, რასაც ერეოდა შავი ტალღებით მიითრევდა და არავითარ ჯებირს აღარ ერიდებოდა. როგორც ჩანს გადაწყვეტილი ჰქონდა თან წაეღო მთელი პირიმზის მინდორი. ჩაარღვია და ჩააქცია ძველი რუსული ბასტიონის კედელი, მიუხტა გუდამაყარის მუზეუმს და მოარღვია კედლები. შუღლიანთ სებაი მუზეუმისკენ გაიქცა, მაგრამ ამ შემთხვევაში ისეთი უძლური აღმოჩნდა აბობოქრებულ მდინარესთან, როგორც ჭიანჭველა ბეჰემოტთან. მდინარის ტალღებში საცოდავად მიტივტივებდნენ ცხოველების ფიტულები. კიდობანი აღელვებულ კალთებზე ქანაობდა და ქვემოთ მიჰყვებოდა მდინარის დინებას. კიდობანზე შემოსკუპებულიყო მელიის ფიტული და ისე ცდილობდა ადევებული მდინარიდან თავის დაღწევას. სებამ მდინარის ტალღებში მოლივლივე საქართველოს ფარდაგს მოჰკრა თვალი და მის გადასარჩენად შევარდა წყალში.   -რას შვრები მამავ, ნუ მიდიხარ შიგნით, წაგიღებს წყალი! – ტირილით დაედევნა სებას ნაბოლარა ბიჭი. სებას არავისი ხმა აღარ ესმოდა, მდინარეში ყვინთავდა და ცდილობდა როგორმე ფარდაგი დაეჭირა.   -მაგას თავი ანებე და მე გადამარჩინე! - მოესმა კიდობანზე ატორტმანებულ მელიას განწირული ხმა.   -შენ ადრევ წასაღები იყავი! - მიაძახა სებამ.   -მაინც დავბრუნდები, ნახე თუ არ დავბრუნდე! – ნიშნისმოგებით გამოსძახა მელიამ და სწორედ ამ დროს ამოატრიალა კიდობანი აბობოქრებულმა მდინარის ტალღამ. მელია შავ ტალღებში ჩაინქთა, მაგრამ სებას მოეჩვენა, რომ რომელიღაც ტალღიდან თავი ამოყო და დაიძახა: – მაინც დავბრუნდები და ვაი, თქვენ დღეს მერე!       არა, ეს სებას მოეჩვენა, მელია აღარ ჩანდა კუპრივით შავ მდინარეში. შუღლიანთ სება ფარდაგის კალთას მისწვდა და ნაპირისაკენ დაითრია. მდინარე ფეხქვეშ უცლიდა მიწას და უჭირდა ფარდაგის გამოთრევა. ბიჭმა გაბედა, წყალში შევარდა და მამას მიეხმარა ფარდაგის გამოთრევაში. არ ცხრებოდა მდინარე. მიდი-მოდიოდა პირიმზის სალოცავის მინდორზე და ერთიანად მიჰქონდა ყველაფერი; წაიღო რუსული ბასტიონი, წაიღო კვარცხლბეკი, სადაც ერთ დროს ხან ნიკოლოზის ძეგლი იდგა, ხან სტალინის და ხან ლენინის. სხვათა შორის, ისე მიტივტივებდა მდინარის ტალღებში ლენინის ბიუსტი, თითქოს დიდი ხანია ელოდა ამ დღეს და ასეც უნდა ყოფილიყო. მარცხენა, თუ მარჯვენა ხელი ტალღებიდან ზემოთ ჰქონდა ამოშვერილი და ისე მიაქანავებდა მდინარეში, კაცი იფიქრებდა, მდინარის პირას გამოფენილ ხალხს ემშვიდობებაო. წყალმა წარეცხა ყოველივე პირიმზის სალოცავის მოედანზე. მამა-შვილი სალოცავისკენ მიათრევდა აღმა წყლით გაჟღენთილ ძველებურ ფარდაგს, რომელზეც უხსოვარი დროის იქით, ვიღაცას საქართველოს დროშა ამოექარგა. უცებ, მდინარის ტალღებისაგან მოტივტივე საფლავის ქვას მოჰკრა სებამ თვალი და დააკვირდა წარწერას.   -რა აწერია, მამავ? - ჰკითხა შვილმა.   -რისთვის ბადებ უბედურსა, რისთვის შაჰყრი მთვარე-მზესა, - წაუკითხა მამამ.   -ვისია, მამავ?   -არ ვიცი, შვილო, ალბათ ვიღაც უბედურის, თავის სიცოცხლეში ვერაფერი სასიხარულო რომ ვერ ნახა ამ მზისა და მთვარის ქვეშ, წავიდა და მიწას ამოეფარა.   -ჩვენც უბედურები ვართ მამავ?   -რატო შვილო?   -ყველაფერი გაგვტაცა მდინარემ, სახლიც და საქონელიც. ბროლიაც, შენი მუზეუმიც.   -ნუ გეშინია შვილო, მთავარია რომ ეს ფარდაგი არ გავატანეთ მდინარეს. სახლსაც ავაშენებთ, მუზეუმსაც უფრო საიმედო ადგილას და ძველებურ ნივთებსაც კიდევ შევაგროვებთ.   -კიდობანი ზღვაში წაიღო მამა?   -სულეთის ზღვაში წაიღო, მამა გენაცვალოს.   -მერედა სად არის სულეთის ზღვა.   -ხმელეთი რომ გათავდება, ცის ნაპირი რომ გათავდება, აი იქ არის სულეთის ზღვა.   -მერე კიდობანი როგორ მივა იქ?   -მივა შვილო, მივა, ღვთის ნებით მივა, მოდი მომეხმარე ფარდაგი ბალახებზე გავფინოთ, რომ შლამი წვიმამ გარეცხოს.       მამა-შვილმა ფართოდ გაშალეს პირიმზის სალოცავის გვერდზე მობიბინე მოლზე ფარდაგი.       გადაიქუხა, გადაიქუხა და ცოტა ხანში მზემაც ამოანათა. მზის სხივებში აელვარდა პირიმზის ეკლესია, რომლის თავზეც ცისარტყელა გამოისახა, რომელიც მთლიან რკალად წვდებოდა გუდამაყრის ვიწრო ხეობას, შუა რკალი ცის მოკრიალებულ გუმბათზე ჰქონდა მიბჯენილი, შვიდფერი სვეტის ერთი ბოლო აღმოსავლეთის მთაზე ჰქონდა დაბჯენილი, მეორეთი დასავლეთის მთას ეყრდნობოდა და პირიმზის ეკლესიის ეზოში დაფენილი წვიმით გარეცხილი ხალიჩა, რომელზეც საქართველო იყო ამოქარგული, ცისარტყელიდან ჩამომდგარი შუქით, უცნაურად გაბრწყინებულიყო. ხალიჩასთან დაჩოქილი მამა-შვილი თვალებში ჩამდგარი სევდიანი იმედით შეჰყურებდნენ ცისარტყელას. ხეობის ბოლოს, მდინარის შავ ტალღებზე, სულეთის ქვეყნისკენ მიტივტივებდა კიდობანი. გოდერძი ჩოხელი …
დაამატა ლაშა to ლიტერატურა at 1:12pm on მარტი 3, 2014
  • 1
  • ...
  • 4
  • 5
  • 6
  • 7
  • 8
  • 9
  • 10
  • 11
  • 12
  • 13

Welcome to
Qwelly

რეგისტრაცია
ან შესვლა

ღონისძიებები

  • დაამატე ღონისძიება

ბლოგ პოსტები

Why Gusu Chocolate Depositor Boosts Output?

გამოაქვეყნა jsszgusufood jssz_მ.
თარიღი: ივნისი 9, 2025.
საათი: 7:03am 0 კომენტარი 0 მოწონება

Precision and efficiency are the heartbeat of modern confectionery. For manufacturers seeking both, the Chocolate Depositor developed by Gusu and featured at gusumachinery.com delivers a seamless blend of speed, accuracy, and consistency. Built for professional food production environments, this intelligent depositing system enables high-output chocolate shaping with minimal waste and outstanding…

გაგრძელება

Lamine Yamal

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: ივნისი 6, 2025.
საათი: 3:30am 0 კომენტარი 0 მოწონება

In the world of soccer, wherever expertise frequently emerges within the unlikeliest of places, Lamine Yamal stands out for a beacon of prodigious talent and boundless opportunity. The young star has captured the imagination of enthusiasts and pundits alike, with performances that defy his many years. At just 16 a long time aged, Yamal is currently earning waves inside the sport—a testament to his incredible skill and devotion.



Early Lifetime and Background…



გაგრძელება

How They Operate, And Why They Subject for Employers

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: აპრილი 26, 2025.
საათი: 2:30pm 0 კომენტარი 0 მოწონება







In the present earth, history checks are getting to be a regular part of the selecting method, tenant screening, and in some cases volunteer variety. From verifying work historical past to examining felony information, qualifications check providers give vital insights into somebody's heritage. In the following paragraphs, we’ll include the kinds of track record checks, how they perform, and why They are really critical for each companies and people.



What exactly…

გაგრძელება

შემოქმედი მხატვარი

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 22, 2025.
საათი: 11:23pm 0 კომენტარი 3 მოწონება

თვალებს ძლივს ახელდა დასაძინებლად რომ წავედით, მაგრამ მაინც მოვახერხეთ ძილისწინა საუბრები. ამჯერად, თემა ნათესავები და ნათესაური კავშირები იყო და ცოტა ვერ მიხვდა რა სხვაობა შვილიშვილსა და შვილთაშვილს შორის. ის კი გაიგო, რომ პირველი - მესამე თაობას ნიშნავდა, ხოლო მეორე - მეოთხეს, მაგრამ თვითონ ეს სიტყვები - შვილი-შვილი და შვილთა-შვილი რატომ…

გაგრძელება
  • დამატება დღიურში
  • ყველა

Qwelly World

free counters

© 2025   George.   • Ning - platform for social network creation and community website building

პანაღია  |  პრობლემის აღმოჩენისას!  |  Terms of Service

საუბრის დაწყება!