ძიება
  • რეგისტრაცია
  • შესვლა

Qwelly

ძიების შედეგები - ბრწყინვალე+გონება

თემა: საუბარი მუმიასთან
ვივახშმებდი და მაშინვე დავიძინებდი. ვახშმად ბევრს არ ვჭამდი, რაღა თქმა უნდა. ჩემი უსაყვარლესი კერძია ყველიანი გრენკები. მაგრამ, იქნებ, ყოველთვის ვეღარ შეჭამო უცებ ერთ ფუნტზე მეტი. თუმცა ორიც რა სათქმელია. და რახან ასეა, გინდ ორი იყოს და გინდ სამი. ერთხელ კი გავბედე და მეოთხეც გადმოვიღე. ჩემი ცოლი კი მეუბნებოდა, მეხუთე იყოო; მაგრამ, როგორც ჩანს, ერთიმეორეში არევია რაღაც-რაღაცეები. თავადაც არ უარვყოფ ხუთიანს, ოღონდ კი უნდა დავაზუსტო, ეს იყო რაოდენობა იმ ბოთლებისა, რომლებშიც წითელი ღვინო ესხა და ურომლისოდაც ყველიანი გრენკები ყელში არც გადავა. მცირეოდენი საჭმლის მერე დავიხურე ჩემი საღამური ჩაჩი, შუადღემდე თვალს მოვატყუებ-მეთქი; ბალიში გავისწორე და სრულიად საღსალამათი სინდისით ტკბილ ზმანებებს მივეცი თავი.    მაგრამ იმედი ვის გამართლებია? ჯერ კიდევ მესამედაც ვერ წავიხვრინე, რომ სადარბაზოს კარზე ბრახაბრუხი ატეხეს. იმწუთსავე გამომეღვიძა. ერთი წუთი გავიდა და კარგად არ მქონდა თვალი გახელილი, ჩემი ცოლი შემოვიდა და ბარათი შემომაჩეჩა ხელში, ჩემს ძველ მეგობარს დოქტორ პონონიერს რომ გამოეგზავნა. აი რას მწერდა: „მიიღებ თუ არა ამ ბარათს, ჩემსას უნდა მოხვიდე უთუოდ, ჩემო კარგო მეგობარო. მოდი და გაიხარე ჩვენთან ერთად. ხანგრძლივი დიპლომატიური მოლაპარაკების შემდეგ საქალაქო მუზეუმის დირექციამ ნება დამრთო, უკვე შემიძლია იმ მუმიის გამოკვლევა, შენ იცი, რომელიცაა. სახვევს მოვაცილებ და თუ საჭირო იქნება, გავჭრი კიდევაც. ეს ამბავი, შენც იქნები იმათ შორის, თქმა არ უნდა, მუმია ახლა აქ, ჩემს სახლშია და ამაღამ, თერთმეტ საათზე მის შემოხსნას დავიწყებთ. სამარადისოდ, შენი პონონიერი“.    ამოვიკითხე თუ არა ეს „პონონიერი“, საბოლოოდ გამომეღვიძა, მე მიხმობდნენ, მე ვჭირდებოდი იმათ. სიხარულით გადმოვხტი ლოგინიდან, გზად ყველაფერი ამოვატრიალე, გასაოცარი სისწრაფით ჩავიცვი და რაც ძალი და ღონე მქონდა დოქტორისას გავიქეცი. ყველანი მოსულიყვნენ და მე მელოდებოდნენ მოუთმენლად; მუმია სასადილო მაგიდაზე დაეწვინათ. შევედი თუ არა, იმწუთას დავიწყეთ გამოკვლევა. ეს იყო ერთი იმ ორიდან, რამდენიმე წლის წინათ რომ ჩამოიტანა. პონინიერის დეიდაშვილმა კაპიტანმა არტურ სერბეტაშმა ელეითიასის ახლორე ნანახი სამაროვანიდან, ლიბანის მთებში რომ არის და მდებარეობს საკმაოდ შორს თებედან, ნილოსის სათავისაკენ. ხსენებულ არემიდამოში მღვიმეები ისეთი დიდებული არ არის, როგორც თებეს აკლდამებია, მაგრამ კი არიან დიდად საყურადღებონი, რაკიღა იქ მრავალი სურათისათვის მიუკვლევიათ, ძველეგვიპტელთა ყოფაცხოვრებას რომ გადმოგვცემენ. საკანი, საიდანაც ჩვენ წინ მდებარე გვამი ამოეღოთ, ხვავხრიელად იყო მოხატული, მისი კედლები მოფენილიყო ფრესკებითა და ბარელიეფებით, ქათქათა თეთრი ქანდაკებებით, ლარნაკებით, მშვენიერი მოზაიკები გვიჩვენებდა გარდაცვლილის დიდ სიმდიდრეს.    სწორედ ისე გადასცა ეს განძი ჩვენს მუზეუმს, როგორც უპოვია კაპიტან სებრეტაშს, სარკოფაგი ხელუხლებელი იყო. რვა წელიწადი ხალხს მხოლოდ მისი გარეთა მხარის მოთვალიერება შეეძლო. ამჟამად კი ჩვენ ხელთ გვქონდა შეუხებელი მუმია, და ვინც იცის, თუ რა იშვიათად მოუღწევია ჩვენს სანაპიროზე დაუზიანებელ სიძველეებს, იმისთვის მაშინვე ცხადი იქნება, დიახაც უნდა ვყოფილიყავი ბედის მადლიერი. მაგიდას რომ მივუახლოვდი, დავინახე დიდი ყუთი თუ სკივრი, დაახლოებით შვიდი ფუტის სიგრძის, სამი ფუტი სიგანის და ორნახევარი ფუტი სიმაღლისა. მოგრძო იყო, თუმცა არა კუბოს ფორმისა. ჭადრის (platanus) გვეგონა პირველად მისი მასალა, მაგრამ რომ ჩავჭერით მუყაო, ანუ, უფრო სწორად, პაპირუსისაგან დამზადებული papier-mach ვიხილეთ. მთლად მოეხატათ დაკრძალვის სცენებით - და სხვა ამდაგვარი სევდის მომგვრელ სურათებით - რომლებზეც, სადაც კი შეიძლებოდა, ყველგან ნახავდით გარკვეული სახის იეროგლიფებს, რომელიც, თქმა არ უნდა, მიცვალებულის სახელს გვამცნობდა. საბედნიეროდ, ბ-ნი გლიდონი იმყოფებოდა ჩვენ შორის და ამოკითხვა აღარც გაგვძნელებია, უბრალო ფონეტიკური ნაწერი გვაუწყებდა ამ სიტყვას: „ჰეიჰოი“. დაუზიანებლად უნდა გაგვეხსნა ეს ყუთი და ჯერ გაგვიჭირდა, მაგრამ ბოლოს კარგადაც მოვახერხეთ და გამოვაჩინეთ მეორე, ახლა კი კუბოს მსგავსი და იმ პირველთან შედარებით სულ პატარა, მაგრამ სხვა მხრივ თითქოსდა მისი ზუსტი ასლი იყო, იმათი შუა სივრცე გამოევსოთ ფისით, რასავ გარკვეულწილად შიდა ყუთი გაეფუჭებინა.    გავხსენით იგი (სულ ადვილად), მესამე დავინახეთ ასევე კუბოს დარი და მეორესაგან მხოლოდ მასალით განსხვავდებოდა, ამჯერად კედარი ეხმარათ და ამ ხეს თავისებური სურნელება დაეყენებინა. მეორე და მესამე ზარდახშებს შუა უკვე აღარ იყო სივრცე და ერთიმეორეს მჭიდროდ მიკვროდა. ის მესამე ყუთი ამოვიღეთ და სწორედ იქ იყო მიცვალებული, გვეგონა ჩვეულებისამებრ, მაგრად იქნებოდა გახვეული, ანუ ქსოვილით შეფუთული; მაგრამ ამის მაგივრად თურმე რაღაც ბუდის მსგავსი გაუკეთებიათ პაპირუსისაგან, სქლად ლაქი წაესვათ, მთლად მოეოქროებინათ და მოეხატათ. სურათებში გვამცნობდნენ მრავალნაირ გვემას სულისას და შეხვედრას სხვადასხვა ღმერთთან, მრავალჯერ მეორდებოდა ერთი და იგივე ადამიანის გამოსახულებანი, შესაძლებელია ეს იყო ბალზამირებულთა პორტრეტები. ამ ლუსკუმას თავიდან ბოლომდე გასდევდა სვეტები ანუ პერპენდიკულარული მწკრივები ფონეტიკური იეროგლიფებისა, კვლავ რომ გვაუწყებდა გარდაცვლილის სახელსა და ტიტულებს, აგრეთვე, მისი ნათესავების სახელებსა და ტუტულებს. ყელზე ფარღული ჰქონდა შემოხვეული ნაირფეროვანი მძივებით, თითოეული ცილინდრისებური ფორმისა იყო, სხვადასხვა ღმერთების, სკარაბეებისა და ფრთოსანი ბუშტების გამოსახულებებითაც. სხვა ამისი მსგავსი ქამარი მისი წვრილი წელისათვის შემოერტყათ.    შემოვახიეთ პაპირუსი, სხეული სრულიად დაცული ვნახეთ, არც არავითარი სუნი ასდიოდა, მოწითალო ფერის კანი ჰქონდა, პრიალა, მკვრივი და ნათელი. კარგად შენარჩუნებოდა კბილები და თმა. თვალები (როგორც ჩანს) მისთვის ამოეღოთ და იმის მაგივრად შუშისა ჩაესვათ მშვენიერი ნახელავი და ბუნებრივს საოცრად დამსგავსებული, ოღონდ მეტისმეტად მკაცრი გამოხედვა ჰქონდა ამ ნაოსტატარს, თითები და ფრჩხილები სრულიად მოოქრულები. ბ-ნ გლიდონის აზრით, ეპიდერმისის სიწითლე მოწმობდა, რომ ბალზამირება მოუხდენიათ მხოლოდ ასფალტის ფისებით; მაგრამ რაღაც ცოტაოდენი რომ მოაცილეს სხეულს ფოლადის საფხეკით და ცეცხლში ჩაყარეს, დაადგინეს, ეს ნივთიერება ქაფურს და სხვა სურნელოვან მასალას შეიცავდა. გულდასმით მოვათვალიერეთ გვამი, ხომ უნდა გვენახა ჭრილობა, საიდანაც შიგნეულობა უნდა გამოეღოთ; ჩვენდა გასაოცრად ვერც ვერაფერი ვნახეთ. ყველა ჩვენთაგანი ვინც იქ ვიყავით, იმხანად არ ვიცოდით, რომ მთელი ანუ გაუხსნელი მუმიები არცთუ ისე იშვიათი მოვლენა ყოფილა. ჩვეულებრივ, ტვინს ნესტოების მეშვეობით გამოწმენდნენ, ხოლო შიგნეულის ამოსართმევად გვერდს გაუჭრიდნენ, მერე გვამს გაპარსავდნენ, დაბანდნენ და დაამარილებდნენ, რამდენიმე კვირა ასე გააჩერებდნენ და მხოლოდ ამის შემდეგ იწყებოდა ბალზამირება.    ჭრილობის ნაკვალევს რომ ვერსად მიავაგენით, დოქტორმა პონონიერმა გასაკვეთად ხელსაწყოები მოამზადა, მაგრამ მე მაშინ საათს დავხედე და წამოვიძახე, რაღა დროსაა, უკვე სამი დაიწყო-მეთქი. შინაგანი გამოკვლევა ხვალინდელი საღამოსათვის გადავდეთ, დავადგინეთ ასე, და ვიღაცამ თქვა, ვოლტის ბატარეით რამდენიმე ცდა ჩავატაროთო. სამი თუ ოთხი ათასი წლის მუმიაზე ელექსტოდენით ზემოქმედება არ იყო ბრძნული აზრი, მაგრამ საკმაოდ ორიგინალობით კი გამოირჩეოდა. იმწუთსავე ყველამ დასტური მივეცით. ერთი მეათედი წილი იმედითა და ცხრა მეათედი წილი ხუმრობით შევიტანეთ ბატარეა დოქტორის კაბინეტში და იქვე გადავიტანეთ ის ეგვიპტელი. ძლივსღა შევძელით მცირეოდენი ნაწილი საფეთქლის კუნთის გაშიშვლება, ნაკლებად გაქვავებულიყო ეს ადგილი სხვასთან შედარებით, მაგრამ, რაღა თქმა უნდა, ჩვენ არც არაფერს მოველოდით, გალვანური გრძნობელობის რაიმე ნიშანწყალი არც დასტყობია იმას მავთულის შეხებისას. მართლაცდა საკმარისი უნდა ყოფილიყო ეს ჩვენი პირველი ცდა; ჩვენივე სისულელეზე გულიანად გაგვეცინა, ძილინებისაო, ვთქვით, და უცებ, რომ გავხედე მუმიას, გავშეშდი გაოცებისაგან. მზერა მივაპყარი თუ არა, იმწუთასვე შევნიშნე, იმისი თვალის კაკლები, ჩვენ რომ შუშის გვეგონა სუყველას, თავდაპირველად მკაცრი გამოხედვის მქონე, ახლა ქუთუთოებდაფარული აღმოჩნდა და გამოჩენილიყო მცირეოდენი ნაწილი tunica albuginea.    დავიყვირე, იმათ მოვუხმე, ერთი შეხედეთ-მეთქი, მაშინვე მოირბინეს, დამიდასტურეს ეს ამბავი. ვერ ვიტყვი, შევშფოთდი-მეთქი, რადგან ეს სიტყვა „შეშფოთება“ ზუსტად ვერ გამოხატავს ჩემს მდგომარეობას. ის წითელი ღვინო რომ მქონოდა დალეული, ცოტათი ფერი მეცვალა. ხოლო დანარჩენებს შიშმა დარია ხელი და არც ცდილან ამის დამალვას. სწორედ რომ შეგეცოდებოდათ დოქტორი პონონიერი. სადღაც გაუჩინარდა ბ-ნი გლიდონი. ბ-ნი სილკ ბაკინგემი, მე მგონია, ვერც გაბედავს ამის უარყოფას, ოთხზე დამდგარი მაგიდის ქვეშ შეძვრა. მაგრამ ამ პირველმა ელდამ რომ გაგვიარა, უკან აღარ დაგვიხევია, თქმა არ უნდა, ექსპერიმენტი უნდა გაგვეგრძელებინა. ჩვენ ახლა მარჯვენა ფეხის შუათითს მივმართეთ საოპერაციოდ. ჩავჭრით გარეთა მხარე os sesamodeurn policis pedis. და ასე გამოვაჩინეთ ფესვი abductor კუნთისა. კვლავ დავაყენეთ ბატარეა და დენი მივუშვით გაშიშვლებულ ნერვს და ვითარცა ცოცხალმა, მუმიამ, ისე მოღუნა მარჯვენა მუხლი, რომ თითქოს მუცელთან მიიტანა იმისი თავი, მერე კი გამართა, მთელი ძალით გამოიქნია ფეხი და დოქტორ პონონიერს მოახვედრა, თითქოს კატაპულტით გამოსროლილი ისარი ეკრათ, ისე გავარდა ეს ჩვენი ჯენტლმენი ფანჯრიდან ქუჩაში. მაშინვე en masse გავცვივდით გარეთ, რათა ამოგვეტანა ნეშტი ამ დასახიჩრებული კაცისა, მაგრამ საბედნიეროდ თავად იმას შევხვდით კიბეზე, თავქუდმოგლეჯილი ამორბოდა ფილოსოფიური მღელვარებით წამონთებული, აწ უკვე ვერავითარი ძალა ვერ შეაცვლევინებდა იმ აზრს, რომ ცდები უნდა გაგრძელებულიყო ახლა უფრო დიდი მონდომებითა და გულმოდგინებით.    ამ კაცის რჩევითა და მითითებით, ღრმად ჩავჭერით ცხვირი მუმიისა და თავად დოქტორმა სტაცა იმას ხელი და მავთულისკენ გამოსწია. მორალურად და ფიზიკურადაც - გინდ პირდაპირი მნიშვნელობით ითქვას და გინდ არა - ელექტროეფექტები ვიხილეთ. ჯერ ერთი, გვამმა თვალი გაახილა და ისე მალიმალ მოჰყვა წამწამების ხამხამს რამდენსამე წუთს ვითარც ბ-ნი ბარნესი პანტომიმაში, მეორე ის იყო, რომ დააცემინა; მესამე - ყუთის კიდეზე ჩამოჯდა; მეოთხე - დოქტორ პონონიერს ცხვირთან მუშტი დაუტრიალა; მეხუთე - წმინდა ეგვიპტურით ასე მიმართა ბატონებს გლიდონსა და ბაკინგემს. კი უნდა გითხრათ, ჯენტლმენებო, დიდად გაოცებული და შეურაცხყოფილი ვარ ამ თქვენი საქციელით. დოქტორ პონონიერისაგან რაიმე სასიკეთოს არც მოველოდი, სასიკეთო რა უნდა იცოდეს ამ საწყალმა, ჩასუქებულმა და სულელმა კაცმა. მებრალება და კიდევაც მიპატიებია მისთვის. მაგრამ თქვენ, ბ-ნო გლიდონ და თქვენც, სილკ, ვისაც ამდენი გიმოგზაურიათ და გიცხოვრიათ ეგვიპტეში, თითქმის იქ დაბადებულხართ და გაზრდილხართ და ის არის, მე გეუბნებით თქვენ, ვინც ამდენი ხანი დაჰყავით ჩვენ შორის და ასე კარგად დაგისწავლიათ ეგვიპტური ენა, მგონია, მშობლიურის მსგავსად უნდა წერდეთ ამ ენაზე, თქვენ-მეთქი, ვინც, ჩემი აზრით, სულ მუდამ იყავით დიდი მეგობრები მუმიებისა; ნამდვილად, მეტი ჯენტლმენობა გმართებდათ თქვენ. რას ვიფიქრებდი, წყნარად დამდგარხართ და უმზერთ ჩემს ასე აბუჩად აგდებას? გულშიაც კი ვერ გავივლებდი, რომ თქვენ ნებას მისცემდით ვიღაც ვიგინდარებს, ჰა, ტომ, დიკ, ჰარი, მოდით, გადაამტვრიეთ თავზე კუბოები, გახადეთ ტანზე, მერე და ასე არ ყინავდეს მაინც? ისიც ხომ ნათელია (რაკიღა სიტყვამ მოიტანა), კარგს თქვენზე როგორ ვიტყვი, თქვენ ეხმარებით და აგულიანებთ ამ საცოდავ გაიძვერას, დოქტორ პონონიერს, ჰოდა, ისიც ადგა და ამ ჩემს ცხვირს არ დაეტაკა? რაღა თქმა უნდა, სავარაუდებელი იყო, რომ ასეთი ვითარებისას სიტყვის მოსმენა და გარეთ გავარდნა ერთი უნდა ყოფილიყო ან სუყველას საშინელი ისტერიკა უნდა მოგვსვლოდა, ან გრძნობა უნდა დაგვეკარგა. სწორედ ასე უნდა მომხდარიყო, ამ სამიდან ერთი რომელიმე უთუოდ უნდა დაგვმართნოდა. მართლაცდა, ძალზე დიდი იყო ასე მოქცევის ალბათობა. და გეფიცებით, ვერ მივმხვდარვარ, არ ვიცი, რად მოხდა ასე და არა ისე, როგორც მოსალოდნელი იყო. შეიძლება ჭეშმარიტი მიზეზი ჩვენი დროების სულშია საძიებელი, როდესაც სუყველაფერი პირიქით უნდა მოხდეს და კიდევაც ამ გარემოებით ხსნიან პარადოქსულ და შეუძლებელ ამბებს. ან, იქნებ, სულაც საქმე ის იყო, რომ მუმიამ სრულიად ბუნებრივად და ჩვეულებრივად წარმოთქვა ის თავისი სიტყვა, და ამიტომ აღარც აღგვიქვამს შიშის ზარით. ასე იყო თუ ისე, ცხადია, ჩვენთაგან არც ერთი არ აკანკალებულა, ანუ თითქოსდა ასეც უნდა მომხდარიყო, ისე შევხვდით ამ ამბავს. ჩემდა თავად მე წარბიც არ შემიხრია და წყნარად განზე მივდექი, მოვცილდი ამ ეგვიპტელის მუშტს. დოქტორმა პონონიერმა ხელები შარვლის ჯიბეში ჩაიწყო, მთლად წამოწითლდა და თვალი აღარ მოუცილებია მუმიისათვის. ბ-ნმა გლიდონმა ბაკენბარდებზე ხელი ჩამოისვა და საყელო გაისწორა. ბ-ნმა ბაკინგემმა თავი ჩაქინდრა და მარჯვენა ხელის შუათითი პირის მარცხენა კუთხეში ჩაიდო.    ეგვიპტელმა მკაცრად გამოხედა მას, დაბოლოს რამდენიმე წუთი დუღილის შემდეგ ასე უთხრა დამცინავი ღიმილით: - რატომ არ მეუბნებით რამეს, ბატონო ბაკინგემ? გესმით თუ არა, რასაც გეკითხებიან? პირიდან ხელი გამოიღეთ! ბატონი ბაკინგემი შეკრთა, პირის მარცხენა კუთხიდან გამოიღო მარჯვენა ხელის შუა თითი, მაგრამ სამაგიეროდ რაღაცა ხომ უნდა ექნა და მარცხენა ხელის შუათითი ზემოთ ხსენებული ხვრელის მარჯვენა კუთხეში ჩაიდო. ბ-ნი ბ. რაღას უპასუხებდა, ხოდა, იმან ახლა ბ-ნ გლიდონს მიმართა გულზვიადად, ახსნა-განმარტება მოითხოვა. დიდხანს უხსნიდა ბ-ნი გლიდონი რაღაცას იმის ენაზე; ამერიკულ სამბეჭდაოებში იეროგლიფების შრიფტი არ იშოვნება, თორემ კარგი იქნებოდა ამ უშესანიშნავესი სიტყვის ორიგინალზე მოყვანა. ისიც უნდა ვთქვათ, შემდგომი ლაპარაკი მუმიასთან მიმდინარეობდა ჩვეულებრივ ეგვიპტურ ენაზე მეშვეობით (იქ ხომ ჩვენც ვიყავით, მე და კიდევ რამდენიმე სხვა, ვისაც არც უმოგზაურია არსად)... მეშვეობით-მეთქი ბ-ნ გლიდონისა და ბ-ნ ბაკინგემისა, ესენი თარჯიმნობდნენ. ეს ჯენტლმენები დიდებულად საუბრობდნენ მუმიის მშობლიურ ენაზე, მაგრამ ეს იყო (თანამედროვე ცნებების მოშველიებისას, რაც რაღა თქმა უნდა, გაუგებარი იქნებოდა ამ უცხოელისათვის), ეს ორი მოგზაური იძულებული გახდა რაიმე მნიშვნელობის გადმოცემის ხანს საგნობრივ ახსნაზე გადასულიყო. ბ-ნ გლიდონს, ასე, მაგალითად, დიდად გაუჭირდა და ვერ გააგებინა ეგვიპტელს ტერმინი „პოლიტიკოსი“ მანამ, სანამ ნახშირის ნატეხი არ აიღო და კედელზე არ დახატა პატარა, ცხვირწამოწითლებული, იდაყვებზე სახელოებგამოხეული, კუნძზე მდგარი ჯენტლმენი, მარცხენა ფეხი უკან, მუშტად შეკრული მარჯვენა ხელი წინ აშვერილი და ზეცისკენ თვალებატრიალებული და ორმოცდაათი გრადუსით პირდაღებული. სწორედ ასევე ბ-ნ ბაკინგემს გაუჭირდა გადმოცემა სრულიად ახალი ცხენებისა „ვიგები“, ვიდრე (დოქტორი პონონიერის რჩევისამებრ). სახეგადაფითრებულმა საიდანღაც ჭუჭყიანი ჩვარი არ გამოაძვრინა.    ცხადია, რომ ბ-ნმა გლიდონის საუბრის ძირითადი თემა იყო გახსნილ-გამოშიგნული მუმიათა სარგებლობაზე მეცნიერებისათვის; ისიც თქვა, სამწუხაროა, რომ ასეთი მიმძლავრება გარკვეულწილად შეაშფოთებდა მას, კერძოდ, ამ მუმიას, რომლის სახელია ჰეიჰოი; დაბოლოს ასე გადმოგვიკრა (მეტი არც არაფერი უთქვამს) რაკიღა ასე თუ ისე ნათელია ეს ამბავი, კარგი იქნებოდა გამოკვლევის გაგრძელება. დოქტორი პონონიერი მაშინვე შეუდგა ხელსაწყოების მომზადებას. სიტყვით გამოსულს ამ უკანასკნელ შენიშვნაზე ჰეიჰოიმ გარკვეული ეჭვი გამოთქვა, ზუსტად ვერ ჩავხვდი იმის მნიშვნელობას; მაგრამ ამ ბოდიშის მოხდამ კი დააშოშმინა, გადმოვიდა მაგიდიდან და სუყველას ხელი ჩამოგვართვა.    ამ ცერემონიის გასრულების შემდეგ დაუყოვნებლივ უნდა მოგვევლო იმისთვის, რაც ჩვენმა სკალპელმა დაუზიანა. ჭრილობა შევუხვიეთ საფეთქელზე, ფეხზე ბანდი შემოვუჭირეთ, სქლად წავცხეთ ცხვირზე შავი ფერის მალამო. მერე კი შევნიშნეთ, რომ გრაფი (ასეთი წოდებისა გახლდათ თურმე ჰეიჰოი) თრთოდა, უთუოდ სციოდა. დოქტორი იმწუთსავე გავიდა და მალე დაბრუნდა, თავისი გარდერობიდან წამოეღო შავი ფერის ფრაკი, სულ ახლახან შეეკერა ჩვენს ცნობილ ჯენინგთან, ერთი წყვილი უჯრედებიანი ცისფერი შარვალი, ვარდისფერი ზოლებიანი chmise, ფაშფაშა ფარჩის ჟილეტი, ტომრისებრ შეკერილი თეთრი პალტო, კაუჭიანი ხელჯოხი, ქვაბუნა ქუდი, საუკეთესო ტყავის ჩექმები, მშვენიერი ჩალისფერი ხელთათმანები, მონოკლი, მისაბმევი ბაკენბარდები, დიდებული ჰალსტუხი. მაგრამ სხვადასხვა ზომის ტანისანი იყვნენ გრაფი და დოქტორი (შეფარდება, ასე, ორი ერთზე უნდა ყოფილიყო) და ამიტომ ცოტა კი იყო ძნელი ამ ტანისამოსის მორგება ეგვიპტელისათვის; მაგრამ ბოლოს ასე თუ ისე ჩავაცვით და უკვე ვეღარ იტყოდით, შიშველიაო. ბ-ნმა გლიდონმა მკლავზე ხელი მოკიდა; ბუხართან მიიყვანა, კეთილნახელავ სავარძელში ჩასვა, დოქტორმა ზარი დარეკა და კიდევ მოატანინა სიგარები და ღვინო. სულ მალე გამოცოცხლდა საუბარი. მართლაცდა კი იყო დიდად გასაოცარი ამბავი, თქმა არ უნდა, ყველანი განცვიფრებულები ვიყავით იმ მნიშნელოვანი ფაქტით, სული რომ ედგა ჰეიჰოის. - მე მგონია, - თქვა ბ-ნმა ბაინგჰემმა, - თქვენ ახლა კარგა ხნის მკვდარი უნდა იყოთო. - რას ბრძანებთ, - მიუგო მეტად გაოცებულმა გრაფმა, - მე უკვე შვიდ საუკუნეს გადავაბიჯე! მამაჩემი კი ათასის ყოფილა, და სულაც არ გახლდათ მიხრწნილი, რომ გარდაიცვალა. მერე კი სულ აღარ მოვათქმევინეთ, ბევრი რამ ვკითხეთ და რომ გამოვითვალეთ, ცხადი გახდა, შედარებით მცირე ასაკისა გვეგონა მუმია. ხუთი ათასი და ორმოცდაათი წლის, კიდევ რამდენიმე თვისა იქნებოდა იგი, ამდენი ხანი იყო გასული მისი ელეითიასის კატაკომბებში მოთავსების შემდეგ. - მე იმის თქმა კი არ მინდოდა, - აუხსნა ბ-ნმა ბაკინგემმა, - რომ თქვენ სწორედ ამდენი ხნის იყავით დაკრძალვის ჟამს (თქვენ ჯერ კიდევ ყმაწვილი კაცი ხართ, უნდა ვაღიარო), მე იმას ვგულისხმობ, რომ უდიდესი დრო გავიდა მას შემდეგ, თქვენი თქმისა არ იყოს, რაც ამ ასფალტში დაჰყავთ. - რაო, რაშიო? - იკითხა გრაფმა. - ასფალტში-მეთქი, - გაუმეორა ბ-ნმა ბაკინგემმა. ჰო, დიახ, მგონი კი ვიცი რასაც ამბობთ, კი შეიძლებ ამ ნივთიერების მოხმარება, მაგრამ ჩემს დროს ამისათვის ჰქონდათ ვერცხლისწყლის ბიქლორიდი. - და მაინც ჩვენთვის კი არის გაუგებარი, - თქვა დოქტორმა პონონიერმა, - როგორ მოხდა, თქვენ მიიცვალეთ და დაკრძალული იყავით ეგვიპტეში ხუთი ათასი წლის წინათ, დღეს კი დიდებულად გამოიყურებით საღსალამათი კაცი. - მე რომ მართლა, როგორც თქვენ ბრძანეთ, მიცვალებული ვყოფილიყავი, - მიუგო გრაფმა, - რაღა თქმა უნდა კიდევაც ვიქნებოდი მიცვალებული; მაგრამ ვხედავ რომ ბავშვის შეხედულება გქონიათ გალვანიზმზე და არ გცოდნიათ, რაც ჩვეულებრივი ამბავი იყო თუ იმ ჩვენს ძველ ხანაში, კატალეფსური ძილით გონწართმეული კაცი ჩემს უახლოეს მეგობრებს მკვდარი ვეგონე ან ასე უფიქრიათ, სადაცაა მოკვდებაო; ხოდა, აღარ დაუხანებიათ, ბალზამირება გამიკეთეს... მე მგონია თქვენ კი უნდა იცოდეთ ბალზამირების მთავარი პრინციპები.   ცოტა, ისე, მთლად არა. - ჰო, მესმის, რა სავალალო უვიცობაა! ახლა კი შემიძლია გამოწვლილვით ჩავუღრმავდე ამ საკითხს, მაგრამ ის კი უნდა გითხრათ, რომ ბალზამირება (ძირითადად) ეგვიპტეში იყო რაღაც ვადით მთელი სასიცოცხლო პროცესების შეჩერება, „სასიცოცხლო-მეთქი“, გეუბნებით მე და ამ სიტყვაში ბევრ რამეს ვგულისხმობ, მათ შორის ფიზიკურზე უფრო სულიერს და ვიტალურ ყოფას. გიმეორებთ, რომ ჩვენში ბალზამირების მთავარი პრინციპი იყო დაუყოვნებლივ შეჩერება ყველა სასიცოცხლო ფუნქციისა დიდი დროის მანძილზე; მოკლედ რომ ვთქვათ, როგორიცაა კაცი ბალზამირების ხანს, ასეთივე რჩება მას მერეც. ჩემდა ბედად მე სკარაბეების სისხლისა ვარ და ცოცხალსავე გამიკეთეს ბალზამირება. თქვენც ხედავთ ამას. - სკარაბეების სისხლისო! - გაუკვირდა დოქტორ პონონიერს. - დიახ. სკარაბეი ნიშანი თუ გერბი იყო ჩვენი სახელოვანი იშვიათი დიდებული მოდგმისა. „სკარაბეების სისხლისაო“ რომ ვამბობ, გარკვეულ გვარს ვგულისხმობ, მისი ნიშანია სკარაბეი. ხატოვნად გეუბნებით ამას. - და, იქნებ, ამიტომაც ხართ ცოცხალი? - დიახ, ეგვიპტეში, ჩვეულებისამებრ, ბალზამირების წინ გვამს შიგნეულობასა და ტვინს გამოაცლიდნენ. მაგრამ სკარაბეებმა ასე არ იცოდნენ, მასე რომ არ ყოფილიყო, მაშინ მე უშიგნეულოდ და უტვინოდ დავრჩებოდი. უამათოდ კი გაუძნელდება სიცოცხლე კაცს. - ახლა კი მივხვდი, - თქვა ბ-ნმა ბაკინგემმა, - ჩვენ ხელთ მოხვედრილი მრთელი მუმიები, როგორც ჩანს, სკარაბეების გვარისა გახლდნენ. - თქმა არ უნდა. - მე მგონი, - მოწიწებით დასძინა ბ-ნმა გლიდონმა, - ეგვიპტური ღმერთთაგან ერთ-ერთი სკარაბეი გახლდათ. - ეგვიპტური, რაო? - შეჰყვირა მუმიამ, ზე წამოიჭრა. - ღმერთთაგან ერთ-ერთი, - გაუმეორა მოგზაურმა. - ბ-ნო გლიდონ, გასაოცარ რასმეს მეუბნებით, - თქვა გრაფმა, ისევ რომ დაჯდა სავარძელში, - მთელ დედამიწის ზურგზე არც ერთ ერს არა ჰყოლია ღვთაება გარდა ერთისა. სკარაბეი, იბისი და ა. შ. ჩვენთვის იყვნენ (ვითარცა მსგავსი არსებანი სხვათათვის) სიმბოლოები ან media, რომლებსაც ჩვენ მივმართავთ ხოლმე შემოქმედის თაყვანისცემის ხანს, მისი თვალმიუწვდომელი სიდიადე ხომ გიკრძალავს მასთან უშუალოდ მიახლოებას. ყველანი გავჩუმდით. დაბოლოს დოქტორმა პონონიერმა განაგრძო საუბარი. - თქვენი სიტყვები თუ გვემახსოვრება, შეუძლებელი არ უნდა იყოს, მგონია, - თქვა მან, - ნილოსის ახლოს, კატაკომბებში სხვა მუმიებიც უნდა იყვნენ სკარაბეების მოდგმისა ვიტალურ მდგომარეობაში? - რაღა თქმა უნდა, - უპასუხა გრაფმა, - შემთხვევით ცოცხლად დაბალზამირებული ყველა სკარაბეი ახლაც ცოცხალია. შეიძლება სამაროვანში მოიძებნოს ისინი, ანდერძის აღმასრულებელთა დაუდევრობით დარჩენილნი იქ, იმათ შორის, ვისაც განგებ გაუკეთეს ბალზამირება. - ხომ ვერ აგვიხსნით, - ვუთხარი მე, - რას უნდა ნიშნავდეს ეს „განგებ გაუკეთეს ბალზამირება“? - დიდი სიამოვნებით, - მიპასუხა მუმიამ, დინჯად რომ მომათვალიერა მონოკლიდან, რადგან აქამდე ჩუმად ვიყავი და პირველად მივმართე შეკითხვით. - დიდი სიამოვნებით, - თქვა მან, - ჩემს დროს ადამიანის სიცოცხლის ხანგრძლივობა რვაასი წელიწადი იყო დაახლოებით. მართალია, ზოგჯერ იყო და ექვსასამდეც ვერ მიატანდნენ, ზოგი კი ათასსაც კი გადააბიჯებდა, მაგრამ მეტწილად რვა საუკუნეს ცხოვრობდნენ. ბალზამირების პრინციპის აღმოჩენის შემდეგ, მე რომ უკვე აღგიწერეთ, ჩვენს ფილოსოფოსებს ერთი ასეთი აზრი მოსვლიათ თავში, უნდა დავაკმაყოფილოთ ხალხის აგრე რიგად საქებური ცნობისმოყვარეობა და ამავე დროს მეცნიერების წიაღსვლას უნდა შევუწყოთ ხელი, ხოდა, ასე დაადგინეს, ნაწილ-ნაწილ უნდა გაელია ადამიანს თავისი სიცოცხლე. მართლაცდა, ისტორიისათვის ხსენებული ცდები, როგორც დავინახეთ სრულიად აუცილებელი აღმოჩნდა. ასე, მაგალითად, მიატანს ისტორიკოსი ხუთას წელიწადს, დიდი რუდუნებით დაწერს წიგნს, მერე გულდასმით დააბალზამირებინებს თავს და დაუტოვებს თავის protem, ანდერძი აღმასრულებლებს მითითებას გაცოცხლების თაობაზე, გარკვეული ხნის შემდგომ, ვთქვათ, ხუთი-ექვსი საუკუნის შემდეგ. გაივლის ეს დრო და გაცოცხლდება და უსათუოდ ნახავს, ის მისი დიდი შრომა რაღაც შემთხვევით ამოკრებილ კრებულად ქცეულა, ანუ, შეიძლება ვთქვათ, გამხდარა ლიტერატურული სარბიელი, სადაც ბრძოლა გაუმართავთ ურთიერთსაპირისპირო ბუნდოვან აზრებს და მისი მეშვეობით ერთმანეთს აწიოკებენ მთელი ხროვა გაანჩხლებული კომენტატორებისა. მთელი ეს ვარაუდი და ა.შ., რომლებისთვისაც შეურქმევიათ შენიშვნები ან გასწორებანი - იმდენად შერყვნის ტექსტს, რომ ავტორმა ფარანი უნდა დაიკავოს ხელში და ისე ეძებოს თავისი წიგნი. იპოვოს და მიხვდება, რომ ტყუილუბრალოდ შეუწუხებია თავი. თავიდან უნდა დაწეროს თავისი წიგნი და ამავე დროს მისი, ისტორიკოსი კაცის ვალია დაუყონებლივ გაასწოროს მის შემდგომ გაუკუღმართებულად წარმოჩენილი ამბები იმ ეპოქისა, რომელშიაც თავად უცხოვრია და მშვენივრად იცის მაშინდელი განათლების დონე, გამოცდილება და გადმოცემები. ასე, მრავალი, დროდადრო ხელახლა რომ წერს თავის შრომას და პირდაპირ ასწორებს შეცდომებს, ჩვენი ისტორია აღარ გადაგვარებულა და არც დამსგავსებია არაკების კრებულს. - მაპატიეთ და, - უთხრა დოქტორმა პონონიერმა და ეგვიპტელს ფრთხილად მოკიდა მკლავზე ხელი, - მაპატიეთ, ჩემო ბატონო, ერთი წამით უნდა შეგაწყვეტინოთ თქვენი სიტყვა.    ბრძანეთ, ჩემო ბატონო, - მიუგო გრაფმა და ხელი იქით გასწია. - მხოლოდ ის მინდა გკითხოთ, - თქვა დოქტორმა, - თქვენ ახლა ახსენეთ ის ამბავი, რომ ისტორიკოსი პირადად ასწორებს მისი ეპოქის გადმოცემას. თუ შეიძლება, ჩემო ბატონო, იქნებ, აგვიხსნათ, რა სიმართლე შეიძლება მოვიძიოთ ამ აბდაუბდაში? - ამ აბდაუბდაში, როგორც თქვენ სწორედ ბრძანეთ, ჩვეულებრივ შეგიძლიათ ნახოთ იმდენივე ჭეშმარიტება, რამდენიც იმ ისტორიულ თხზულებაში, თავიდან დაწერას რომ მოითხოვს; ანუ, შეიძლება ვთქვათ, არც ერთსა და არც მეორეში არ მოიპოვება იოტისოდენა ცნობა, სრულიად და საფუძველშივე მცდარი რომ არ იყოს. - მაგრამ ის ხომაა ნათელი, - თქვა დოქტორმა, - თქვენი დაკრძალვის დღიდან ხუთი ათასი წელიწადია გასული და გამომდინარე აქედან თქვენი ხანის ისტორიაში, თქვენ დროინდელ გადმოცემაში საკმაო სიზუსტით იქნებოდა მოყვანილი ამბავი სამყაროს შექმნის შესახებ, რასაც დღესაც საყოველთაო ინტერესით ეკიდებიან, და ეს ამბავი უნდა მომხდარიყო, მგონია, როგორც თქვენ იცით, თქვენამდე ათი საუკუნით ადრე. - რას მეუბნებით, ჩემო ბატონო? - ჰკითხა გრაფმა ჰეიჰოიმ. დოქტორმა გაიმეორე თავისი ნათქვამი, მაგრამ კი დასჭირდა ახლა ბევრი დამატებითი ცნობების მოყვანა, ვიდრე უცხოელი არ გაიგებდა რაღაც-რაღაცეებს. დაბოლოს იმან გამოთქვა თავისი აზრი, კი მერყეობდა ამ დროს. - ის იდეები, თქვენ რომ აგვიწერეთ, უნდა ვაღიარო, სრულიად ახალია ჩემთვის. ჩემს დროს მე არც მინახავს ვინმე, ვისაც ასეთი გასაოცარი აზრი მოსვლია თავში ქვეყნიერების (ანუ სამყაროს, როგორც თქვენ გნებავდეთ) დასაწყისის თაობაზე. ერთხელ კი მახსოვს, ოღონდ ეს მხოლოდ ერთხელ იყო, მოვისმინე უძველესი გადმოცემა, რაღაც უთქვამს ჩემთვის ბრძენთა უბრძენეს კაცს ადამიანის წარმოშობაზე. ხოდა, სწორედ ეს სიტყვები ახსენა - ადამი ( ანუ წითელი მიწა ) როგორც თქვენ ამბობთ. თუმცა ეს სიტყვა განზოგადებული მნიშვნელობით მოუშველიებია იმის გამო, რომ თავისთავად აღმოცენებულა ნიადაგში (როგორც სხვა ათასი დაბალი სახეობა აღმოცენებულა ადრევე), - თავისთავად აღმოცენებულა-მეთქი ხუთი უდიდესი ურდო კაცთა მოდგმისა ერთდროულად დედამიწის ხუთი სხვადასხვა და დაახლოებით ერთნაირი ფართობის ნაწილზე. თქვა ეს და სუყველამ მხრები ავიჩეჩეთ, ჩვენთაგან ერთმა თუ ორმა მალულად შუბლზე დაიკრა ხელი. ბ-ნი სილკ ბაკინგემი უცებ დააცქერდა ანაგობას ჰეიჰოის თავისას და ახლა ამან განაგრძო საუბარი: - თქვენს დროს ადამიანის სიცოცხლის დიდი ხანგრძლივობა და, ამასთან ერთად, ნაწილ-ნაწილად ცხოვრების პრაქტიკა, როგორც თქვენ აგვიხსენით, მართლაცდა მეტად შეუწყობდა ხელს ცოდნის ამაღლებას და მის საფუძვლიან აღნუსხვას. გამომდინარე აქედან, ძველეგვიპტელთა გარკვეულწილად დაბალი დონე თანამედროვე ადამიანის, სახელდობრ იანკების განვითარების დონესთან შედარებით, განსაკუთრებით ეს უნდა ითქვას მეცნიერებათა მიღწევების გათვალისწინებით, უნდა მოწმობდეს იმას, რომ ეგვიპტელის თავის ქალა მეტისმეტად სქელი უნდა ყოფილიყო. - კვლავ უნდა ვაღიარო, - დიდი თავაზიანობით მიუგო გრაფმა, - რას ამბობთ არ მესმის, იქნებ, მითხრათ, განსაკუთრებით რომელ მეცნიერებას გულისხმობთ?    ჩვენ აქ ერთხმად მოვყევით დიდხანს და დაწვრილებით ფრენეოლოგიის საკითხებისა და ცხოველური მაგნეტიზმის სასწაულების გადმოცემას. ბოლომდე რომ მოგვისმინა გრაფმა, რამდენიმე ანეკდოტი გვიამბო, თურმე გალისა და შპურცჰაიმის პროტოტიპები ეგვიპტეშიაც არსებობდნენ, დიდად სახელგანთქმულნიც ყოფილან და კარგა ხნის წინათაც დავიწყებიათ, ხოლო ამ ჩვენი მესმერის მანიპულაციები უსუსური ტრიუკებია თებელ savants ნამდვილ სასწაულებთან შედარებით, იმათ შეეძლოთ ტილების და სხვა ამდაგვარ არსებათა გამოყვანა. მაშინ მე ვკითხე გრაფს, თქვენ დროს დაბნელებათა გამოანგარიშება თუ შეეძლოთ-მეთქი. შემომხედა იმან დამცინავი ღიმილით და თქვა, შეეძლოთ. ცოტათი კი დამაბნია ამან და კვლავ ვკითხე რაღაც-რაღაცეები ასტრონომიაზე, მაშინ კი ჩვენთაგან ერთმა, ვისაც ამ საღამოს კრინტიც არ დაუძრავს, ჩამჩურჩულა ყურში, ამ ინფორმაციისათვის სჯობს პტოლომეს (ვინ არის ეს პტოლომე) მიმართეო, და კიდევ ვიღაც პლუტარქს de facie lunac.    მერე მე ვკითხე მუმიას ცეცხლის ამნთებ შუშებისა და ლინზების და, საერთოდ, მინის წარმოების შესახებ; მაგრამ ჯერ კიდევ სიტყვაც არ მქონდა გასრულებული, რომ ჩვენი ჯგუფის იმ მდუმარე წევრმა ჩუმად მომკიდა ხელი იდაყვზე და მითხრა, ღვთის გულისთვის, იქნებ, დიოდორე სიცილიელის ნაწერებს გადაავლო თვალი. ხოლო გრაფმა ასე მიპასუხა, თქვენს თანამედროვეებს თუ აქვთო ისეთი მიკროსკოპები, რომლის მეშვეობითაც შეგიძლიათ გამოჭრათო ეგვიპტურის დარი კამეები. სანამ ვფიქრობდი თუ რა მეთქვა, საუბარში ჩაგვერია ჩია ტანის დოქტორი პონონიერი, თავი ვეღარ მოეთოკა ამ კაცს. - აბა ერთი ჩვენი არქიტექტურა ნახეთ! - შეჰყვირა მან, დიდად კი შეაწუხა ამ გამოხდომამ ჩვენი ორივე მგზავრი, ანიშნებდნენ ხელიც წაჰკრეს, მაგრამ ამაოდ დაშვრნენ. - ნახეთ-მეთქი - ისევ შესძახა აღფრთოვანებით, - აი ეს ჩვენი შადრევანი ნიუ-იორკში, ბოულინგ-გრინზე! ანდა თუ იგი შეუდარებელია, მაშინ კაპიტოლის შენობა გავიხსენოთ, ვაშინგტონშიკოლუმბიის ოლქში!-აქ ჩვენმა პატარა მკურნალმა დაწვრილებით, დეტალურად აგვიწერა ამ ნაგებობის ანაგობა და პროპორციები. მხოლოდ იმის კარიბჭეს ამშვენებსო ოცდაოთხი სვეტი, თითოეული ხუთი ფუტი დიამეტრისა და ერთიმეორეს ათი ფუტითაა დაცილებული. გრაფმა უპასუხა, რომ სამწუხაროდ ახლა ზუსტად ვერ გვეტყოდა, სიდიდეს იმ მთავარი შენობებისას, ქალაქ აზნაკში რომ იყო, უხსოვარ ხანაში ჩაუყრიათ მათი საძირკველი, ღამისნაირ წკვარამშია დანთქმული ის დრო, მაგრამ მათი ნანგრევები იმ ეპოქაში, როდესაც ის დაუკრძალავთ, ჯერ კიდევ იყო შემორჩენილი ქვიშოვან უდაბნოში, თებეს დასავლეთით. მაგრამ იმის გახსენება კი შეუძლია (კარიბჭეს გულისხმობდა), მცირე სასახლე ყოფილა ერთი ქალაქის გარეუბანში, რომელსაც კარნაკს ეძახდნენ; ას ორმოცდაოთხი სვეტით იყო გაწყობილი ის კარიბჭე, თითოეული ოცდაჩვიდმეტი ფუტის სიმრგვალისა, ერთმანეთს ოცდახუთი ფუტით დაცილებულნი. ნილოსის მხრიდან ამ კარიბჭესთან მოსასვლელი ორი მილის სიგრძისა იყო, გაწყობილი სფინქსებით, ქანდაკებებით. თავად სასახლე (რამდენადაც ახსოვს) ორი მილის სიგრძისა იყო ერთი მიმართულებით და დაახლოებით შვიდი მილის გავლა მოგიხდებოდათ, მის გარშემო რომ შემოგევლოთ. მისი კედლები, შიგნითაც და გარეთაც ხვავრიელად იყო მოხატული იეროგლიფებით. ამას ვერ დაიჟინებდა რომ ზუსტად ასე იქნებოდა და იმის კედლებში დაეტეოდა ორმოცდაათი თუ სამოცი ისეთი შენობა, დოქტორის კაპიტოლი რომ არის, მაგრამ კი შეიძლება ითქვას, თუკი უწესრიგოდ ყველგან დადგამდით, მაშინ, იქნებ, ორასსა და სამასამდე ასულიყო ეს რიცხვი. კარნაკის ეს სასახლე უმნიშვნელო, მცირე უნდა ყოფილიყო სხვებთან შედარებით. ამავე დროს, იგი (გრაფი) აღტაცებულია იმ დიდებული, ბრწყინვალე და საარაკო ბროუდინგ-გრინის შადრევნებით, ისე კარგად რომ აღუწერია დოქტორს. მსგავსი ამისა, კი უნდა აღიაროს, არც ეგვიპტეში აუგიათ და არც კიდევ სხვაგან სადმე. მაშინ მე ვკითხე გრაფს, რკინიგზაზე რას იტყვით-მეთქი. - ისეთს ვერაფერს, - მიპასუხა მან, - საკმაოდ გამძლე, საკმაოდ კარგი გამოგონება ვერ არის და ვერც სწორადააო დაწყობილი, ასე დასძინა. რაღა თქმა უნდა, როგორ შეედრებოდა ამას ფართო, ლარივით პირდაპირ გადაჭიმული რკინის ჯებირებიანი გზა, რომელზეც ეგვიპტელებს გადაჰქონდათ მთელი ტაძრები, ვეებერთელა ობელისკები ას ორმოცდაათი ფუტი სიმაღლისა.    ჩვენი გიგანტური მექანიკური ძრავები ვუხსენე. კი დამეთანხმა, ამის შესახებ არაფერი ვიციო, მაგრამ მკითხა, თუ როგორ შეიძლებოდა თაღების დადგმა თუნდაც იმ მცირე სასახლის მშენებლობის ხანს, კარნაკში. ვითომცდა არ გამიგონია ეს შეკითხვა; ვუთხარი, არტეზიული ჭები თუ იცით-მეთქი; ზე აწკიპა წარბები, ბ-ნმა გლიდონმა რამდენჯერმე მკაცრად თვალი მიყო და ჩამჩურჩულა, სწორედ ამ ბოლო ხანს აღმოვაჩინეთო ისინი, როდესაც წყალს ვეძებდით დიდი ოაზიისათვის. მაშინ მე ფოლადი ვუხსენე, ამ უცხოელმა ცხვირი აიბზუა და მკითხა, თუ შეიძლება მაგ თქვენი ფოლადით ქვის ჭრა ისე, ობელისკებს რომ ამუშავებდნენ ჩვენში ბრინჯაოს საჭრელებით. სულ დაგვაკარგვინა ამან თავგზა და ახლა იერიში მეტაფიზიკურ საკითხებზე გადავიტანეთ. წიგნი მოვიტანეთ, „დაიელი“ იყო მისი სახელწოდება და იქიდან ერთი თუ ორი თავი წავუკითხეთ, ნათელი იყოო, ამას ვერ იტყოდით, მაგრამ ბოსტონელებს ამისათვის „დიადი თაოსნობა“, ანუ „პროგრესი“ შეურქმევიათ. გრაფმა უბრალოდ გვიპასუხა, თითქმის ყოველდღიურად ხდებოდა მის დროს დიადი თაოსნობა, ხოლო პროგრესს თუ გავიხსენებთ, ერთ ხანს გული გვქონდა გაწყალებული იმით, მაგრამ პროგრესული ვერც ვერაფერი ვიხილეთ საბოლოოდ.    მერე ჩვენ სიტყვა ჩამოვუგდეთ დემოკრატიის დიდებულებასა და მნიშვნელობაზე და გვინდოდა გრაფისთვის ჩაგვეგონებინა, თუ რაოდენ დიდი უპირატესობა გვქონდა ჩვენ, რადგან შეგვეძლო არჩევნების მოწყობა ad libitum, და მეფე არ გვყავდა. ყურადღებით მოგვისმინა და კარგადაც გაერთო. მერე გვითხრა, დიდი ხნის წინათ ჩვენთანაც იყო რაღაც სრულად ამისი მსგავსი. ცამეტ ეგვიპტურ პროვინციას უეცრად დაუდგენიათ თავისუფლების მოპოვება, რაც ბრწყინვალე მაგალითი უნდა ყოფილიყო დანარჩენი კაცობრიობისათვის. ბრძენკაცთა ყრილობა მოუწვევიათ და დაუწერიათ საუკეთესო კონსტიტუცია, უკეთესს ვერ მოიგონებდა კაცი. ყველაფერი კარგად მოგვარებულა გარკვეული ხნით, მაგრამ გაუთავებელი ბაქი-ბუქი ჩვეულებად გადაქცევიათ. დაბოლოს იმით გასრულდა ეს ამბავი, რომ ის ცამეტი მხარე სხვა დანარჩენ თხუთმეტთან თუ ოცთან შეერთებულა და ისეთი ბილწი და საძულველი დესპოტია დაუმყარებიათ, რომ ჯერ არავის სმენია დედამიწის ზურგზე. მე ვკითხე, იმ ტირან-უზურპატორს რა ერქვა-მეთქი. რამდენადაც მახსოვსო, ბრბო. რაღა უნდა მეთქვა, ჯერ სიტყვა ვერ დავძარი, მერე მივაძახე, ძალიან ვწუხვარ, რომ ეგვიპტელებმა ორთქლის გამოყენება არ იცოდნენ. დიდად გაოცებულმა გრაფმა შემომხედა და აღარაფერი უთქვამს. იმ მდუმარე ჯენტლმენმა კარგა მაგრად ჩამკრა იდაყვი ნეკნებში და მითხრა, უკვე კარგად ისახელე თავი, ნუთუ იმდენად გამოსულელებულხარ და არ იცი, თანამედროვე ორთქლის მანქანები ჰერონის გამოგონების საფუძველზე შეიქმნა და სოლომონ დე კოს უნდა ვუმადლოდეთ ამ ცნობის მოშველიებასო. სრული დამარცხების პირას ვიყავით მისული, მაგრამ საბედნიეროდ ისევ დოქტორმა მოიკრიბა ძალ-ღონე და გადაგვარჩინა, ასე ჰკითხა, თუ შეძლებდნენო ეგვიპტელები რამდენადმე მაინც გამკლავებას ჩვენს თანამედროვეებთან ისეთ დიდმნიშვნელოვან დარგში, როგორიცაა ტანსაცმლის კერვა. გრაფმა თავისი შარვლის კიდეებს დახედა და მერე ფრაკის ბოლოს დაავლო ხელი, თვალთან მიიტანა და ასე ათვალიერებდა რამდენსამე წუთს. მერე დაუშვა და ნელ-ნელა გამოაჩინა პირის ნახევი ერთი ყურიდან მეორემდე. მაგრამ, მგონია, არაფერი უპასუხნია.    აქ კი გული მოგვეცა და მზვაობარი სახით რომ მიუახლოვდა მუმიას, დოქტორმა მოითხოვა, ჯენტლმენი ხართ და ერთი ეს მითხარით გულწრფელად და ღირსეულად, თუ იცოდნენ იმხანად ეგვიპტელებმა პონონიერის წამლისა და ბრანდრეტის აბების დამზადებაო. დიდად შეშფოთებულნი ვუმზერდით, რას გვეტყვისო, მაგრამ ამაოდ ველოდით პასუხს, აღარაფერი უთქვამს. ეგვიპტელი წამოჭარხლდა და თავი დახარა. ასეთი ტრიუმფი ჯერ არ გვინახავს. მთლად დაბეჩავებული გამოიყურებოდა დამარცხებული. მართლაცდა, გული მეტკინა ასე გასაცოდავებული მუმიის დანახვისას. ქუდი მოვუხადე, თავი დავუკარი და წამოვედი. ხუთი საათი იყო, სახლში რომ მივედი და მაშინვე დავწექი. ახლა დილის ათი საათია. შვიდ საათს მერე ფეხზე ვდგავარ და ვწერ ამ ამბავს ჩემი ოჯახისა და კაცობრიობის საკეთილდღეოდ. პირველს აწი ვეღარასოდეს ვნახავ. ყიამყრალა ცოლი მყავს, მართალი თუ გნებავთ, მომძულებია ასეთი ცხოვრება და საერთოდ მეცხრამეტე საუკუნეც. კარგს არაფერს მოველი. ამავე დროს, ერთი სული მაქვს გავიგო, თუ ვინ იქნება პრეზიდენტად 2045 წელს. ხოდა, წვერს გავიპარსავ, დავლევ ერთ ჭიქა ყავას, პონონიერისას გავიქცევი და ვთხოვ, ბალზამირება გამიკეთოს ორასი წლით. …
დაამატა Kakha to ლიტერატურა at 7:13pm on ნოემბერი 4, 2015
თემა: ხარებისათჳს წმიდისა ღმრთის-მშობელისა
თა გამოგჳბრწყინდა ჩუენ და მორწმუნეთა გონებანი განანათლნა. დღეს ადამ განახლდების და იხარებს, ანგელოზთა თანა ზეცად აღფრინდების, ამისთჳს რამეთუ სულისა წმიდისა მოსლვაჲ იქმნა. დღეს ღმრთეებისა მადლი, უხილავთა სასოჲ, განანათლებს გონებითა უფროჲსღა მათ დიდებათა, რამეთუ სულისა წმიდისა მოსლვაჲ იქმნა. დღეს ღმრთეებისა მადლი, უხილავთა სასოჲ, განანათლებს გონებითა უფროჲსღა მათ დიდებათა, რამეთუ საუკუნითგან დაფარული იგი საიდუმლოჲ განცხადებულად გუაუწყა ჩუენ. დღეს სათნოებისა გამოუთქუმელისა გჳრგჳნნი იქმნებიან ღირსთა და მორჩილთაჲ დღესასწაულის მოყუარეთაჲ: ჰნებავს ღმერთსა გჳრგჳნოსან ყოფაჲ ტრფიალთაჲ მათ უქცეველისა სარწმუნოებისათაჲ, ვითარცა ჩინებულთა და მკჳდრთა მოუწოდა, და ზეცათა სასუფეველი მწრაფლ მოუწესს ზეცისა მობაძავთა შეერთებად ღმრთის მსახურებ(ისა) ანგელოზთა კრებულსა. დღეს ღმრთისა მიერი (იგი) აღესრულების თ(ქუმულ)ი, Page of ms.: v რომელსა იტყჳს: იხარებდით ცანი და იშუებდინ ქუეყანაჲ. მთანი იხარებენ პირისაგან უფლისა, რამეთუ მოვალს. და იხარებდენ ყოველნი ძელნი მაღნარისანი პირისაგან უფლისა, რამეთუ მოვალს()*, და დავით სამე ძელად იტყჳს, ხოლო უფლისა წინამორბედმან ხედ ნაყოფის გამომღებელად ღირსად მოსლვისთჳს უფლისა უწოდა. ხოლო უფალმან ჩუენმან იესუ სიახარული იგი გამოუთქუმელი ყოველთა მისა მიმართ მორწმუნეთა აღუთქუა, რამეთუ ჰრქუა: გიხილნე თქუენ და გიხაროდის და სიხარული თქუენი არავინ მიგიღოს თქუენგან()*. დღეს ყოველთა სასმე(ნე)ლი იგი და გამოუთქუმელი საიდუმლოჲ, რომელთა სასოებაჲ ქრისტჱს მიმართ გუაქუს ღირსად აღბეჭდულთა ქრისტიანეთა, განცხადებულად მოგუეთხრობის ჩუენ. თავი: დღეს გაბრიელ, ღმრთისა წინაშე მდგომელი, ქალწულისა წმიდისა მოვიდა და ესრჱთ ახარა მას: გიხაროდენ, მიმადლებულო! ხოლო იგი განიზრახვიდა: ვითარ-მე იყოს მოკითხვაჲ ესე? ხოლო ანგელოზმან მან მეყსეულად მიაგება და ჰრქუა: უფალი შენ თანა! ნუ გეშინინ, მარიამ, რამეთუ ჰპოვე მადლი ღმრთისაგან. ამისთჳს მუცლად-იღო და შვე ძჱ და უწოდო სახელი მისი იესუ. ესე იყოს დიდ და ძე მაღლის ეწოდოს, და მოსცეს მას უფალმან საყდარი დავითის, მამისა თჳსისაჲ, და მეუფებდეს სახლსა ზედა ისრაელისასა უკუნისამდე და სუფევისა მისისაჲ არა Page of ms.: r იყოს დასასრულ. ჰრქუა მარიამ ანგელოზსა მას: ვითარ-მე იყოს ესე ჩემდა, რამეთუ მე მამაკაცი არა* ვიცი?()* და-ღა-მე-ვადგრეა მერმე ქალწულად, ანუ მიმეღოს ქალწულებისა იგი პატივი? ამას რაჲ განიზრახვიდა წმიდაჲ ქალწული, მეყსეულად მთავარანგელოზმან* მან შეწირა მისა სიტყჳსა მის კუალად-გებაჲ და ჰრქუა: სული წმიდაჲ მოვიდეს შენ ზედა და ძალი მაღლისაჲ გფარვიდეს შენ. ამისთჳსცა შობილსა მას წმიდასა სახელი ეწოდოს ძე ღმრთის()*. რამეთუ რომელი-იგი არს, გარნაღა ეწოდოს. შემსგავსებულად წმიდაჲ მარიამ ყოველთაგან ნათესავთა მხოლოჲ მადლმან მან გამოირჩია, რამეთუ ჭეშმარიტად ყოვლითავე ბძენი* იყო. არავინ მსგავს მისა ყოველთაგან ნათესვთა სადამე იპოვა. არა ვითარ პირველი იგი ქალწული ევა მარტოჲ სამოთხესა შინა იქცეოდა, უსუსური გონებითა, და განუზრახველად ბოროტთ მტავრისაჲ მის გულის-სიტყუაჲ იგი შეიწყნარა და ესრჱთ გულისა მისისა ზრახვაჲ* განჴრწნა და მის მიერ მზაკუვარმან მან გესლი იგი თჳსი დასთხია და სიკუდილი განზავა და ყოველსა სოფელსა მოაწია, ამისთჳსცა ყოველი შრომაჲ წმიდათა შეამთხჳა,_არამედ მხოლოჲსაგან წმიდისა ქალწულისა მისი იგი შეცოდებაჲ განიკურნების და არა პირველად წმიდამან მან ნიჭი იგი დაითმინა Page of ms.: v შეწყნარებად, ვიდრემდე ისწავა მოძღუნებული და რჴაჲ არს ნიჭი იგი, და ვინ არს მომღებელი. ამას თავით თჳსით განიზრახვიდა წმიდაჲ იგი ქალწული და რეცა თუ ანგელოზსა* მას ეტყოდა: ვინაჲ ესრე სახედ კურთხევაჲ ესე მოგართუ* ჩუენ? რომელთა საუნჯეთაგან მარგალიტი ესე სიტყუაჲ ჩუენდა მოივლინა? ვინაჲ აქუს ჩუენდა მომართ ნიჭსა მაგას დასაბამი? ზეცით მოსრულ ხარ და კაცისა ხატად აჩუენებ და სანთელ ნათლის ელვარე ხარ. ამას თავით თჳსით განიზრახვიდა წმიდაჲ იგი. ხოლო ესევითარითა სიტყჳთა მთავარანგელოზთმან ორგულებაჲ იგი დაჰჴსნა და ჰრქუა: სული წმიდაჲ მოვიდეს შენ ზედა და ძალი მაღლისაჲ გფარვიდეს შენ. ამისთჳსცა შობილსა შენსა წმიდას ეწოდოს, ძე ღმრთის()*. ნუ გეშინინ, მარიამ, რამეთუ არა საშინელებით მოვედ შეძრწუნებას შენდა, არამედ რაჲთა განსდევნო შიშისა იგი მიზეზი. თავი: ნუ გეშინინ, მარიამ*, რამეტუ ჰპოვე მადლი წინაშე ღმრთისა. მადლსა მას ნუ განიკითხავ ბუნებით, რამეთუ შჯულითა ბუნებისათა დამორჩილებად მადლმან არა თავს-იდვას. გულისხმა-ყავ*, ჵ მარიამ, რომელნი მამათ-მთავართა* და წინაწარმეტყუელთა შესცილდეს; ისწავენ, რომელნი მოაქამომდე ანგელოზთაგანცა დაფარულ იყვნეს. გესმა ესევითარი, რომელსა ვე\რსადა Page of ms.: r კრებული იგი ღმრთის შემოსილთაჲ ღირს იქმნა. მოსე, დავით, ესაია და ყოველნი წინაწარმეტყუელნი წინავე ქადაგებდეს, არამედ ვითარ სახედ იყო, ვერ იცოდეს. შენ ხოლო მხოლომან, ჵ წმიდაო, წმიდაო ქალწულო, რომლისა საიდუმლოსა ყოველნი უმეცარ არიან, შეიწყნარე და ისწავე, რამეთუ სადა სული წმიდაჲ, მუნ ყოველივე განმზადებულად წარმართებულ არს. სული წმიდაჲ მოვიდეს შენ ზედა და ძალი მაღლისაჲ გფარვიდეს შენ. ამისთჳსცა შობილსა მას წმიდა ეწოდოს, ძე ღმრთისა.()* უკუეთუ ძე ღმრთის, ღმერთცა თანა-მსგავს ხატად მამისა და თანა-მფლობელ საუკუნეთა, რომელსა შინა აქუს მამასა ყოველივე გამოცხადებაჲ, ხატი პირსა შინა და ბრწყინვალებისაგან დიდებაჲ იგი განათლდების. და ვითარცა დაუწყუედელისაგან წყაროჲსა მდინარენი გამოვლენედ, ეგრეცა ამის დაუწყუედელისა და მარადის ცხოველისა წყაროჲსაგან გამოვიდა ნათელი იგი გამოუთქუმელი. და რამეთუ ამისთჳს წინაწარმეტყუელნი ღაღადებდეს და იტყოდეს: სლვანი მდინარეთანი ახარებენ ქალაქსა ღმრთისასა()*; არა ხოლო თუ ერთსა ქალაქსა, არამედ ყოველთა, რამეთუ ვითარცა ერთსა ქალაქსა ახარებს, ეგრეცა ყოველსა სოფელსა შემსგავსებულად. მთავარანგელოზმან წმიდასა მარიამს უპირადჱს აუწყა ესრჱთ და ჰრქუა: "გიხაროდენ, მიმადლებულო,()* Page of ms.: v რამეთუ შენ თანა ყოველი საფასჱ მადლისაჲ დაკრებულ იყო, რამეთუ ყოველთა შორის ნათესავთა ესე ხოლო მარტოჲ ქალწული წმიდაჲ ჴორცითა და სულითა იპოვა. ამან მარტომან იტჳრთა, რომელსა უტჳრთვან ყოველნი სიტყჳთა()* და არა ხოლო სიკეთჱ წმიდისაჲ ამის საკჳრველ არს, არამედ სულ[ის]აჲცა* სათნოჲ სახჱ. რომლისათჳსცა ანგელოზმან მან პირველად ღაღატ-ყო მისა მიმართ და ჰრქუა: "გიხაროდენ, მიმადლებულო! უფალი შენ თანა"! და არა ქუეყანისა სიძჱ, არამედ იგი თავადი სიწმიდისა უფალი შენ თანა, სიწმიდისა იგი მამაჲ და უჴრწნელებისა შემოქმედი და უკუდავებისა მომცემელი, აზნაურებისა იგი მოღუაწჱ ჭეშმარიტი*, მშჳდობისა საუნჯისა მომცემელი, რომელმან ქალწულისაგან ქუეყანისა დაჰბადა კაცი იგი და გუერდისაგან მისისა ევაჲ გამოიყვანა. იგი თავადი უფალი შენ თანა და მერმე კუალდ შენგან. მოვედით უკუე აწ, საყუარელნო, ანგელოზებრსა ქებასა თანა-შევერთნეთ და მსგავსად ძალისა თანა-ნადები იგი გონიერად შევწიროთ და ვიტყოდით: გიხაროდენ, მიმადლებულო! უფალი შენ თანა! რამეთუ შენი არს სიხარული თავი: ჭეშმარიტად, ამისთჳს რამეთუ შენ თანა მადლმან ღმრთეებისამან, ვიტარცა უწყის, დაიმკჳდრა, მჴევლისა თანა მეუფემან, შუენიერისა Page of ms.: r * თანა შუენიერმან სიკეთითა უფროჲს ძეთა კაცთასა()*, შეუგინებელისა თანა _ რომელი განსწმედს ყოველთა ადგილთა. შენ თანა ღმერთი და შენგან ღმერთი. რომელიცა სრული კაცი, რომელსა შინა დამკჳდრებულ არს ყოველივე სავსებაჲ ღმრთეებისაჲ. გიხაროდენ, მიმადლებულო, წყაროთა ნათლისაო, რომელი განანათლებ ყოველთა მისა მიმართ მორწმუნეთა. გიხაროდენ, საცნაურისა მის მზისა აღმოსავალო და ცხორებისა შეუგინებელო ყუავილო. გიხაროდენ, მარიამ მიმადლებულო, ვენაჴო მარადის შუენიერო, რომელი ახარებს სულთა, რომელნი შენ გადიდებენ, დაუთესველო, ნაყოფ-შუენიერო ყანაო, გონებით ჩუენდა მიმსგავსებისათჳს და ჟამთა შობისა აღვსებისათჳს, ხოლო უფროჲს ბუნებად ზეცით მოსრულისა მისთჳს, რომელმან მუცელსა შენსა ადამი განაახლა და რამეთუ მიდგომილებისა თესლი წმიდასა ქალწულსა სულმან წმიდამან მისცა, რამეთუ ჭეშმარიტებაჲ გუემისაჲ გამოჴდა გუამისაგან. და ვითარცა-იგი მარგალიტი ორტაგან ბუნებათა: ელვისაგან და წყლისა _ უჩინოთა ამათგან სასწაულთა ზღჳსაგან _ გამოვალს, ეგრეცა უფალი ჩუენი იესუ შეუშფოთებელად და უქცეველად უბიწოჲსაგან და შეუგინებელისა ყოვლად წმიდისა ქალწულისაგან მარიამისა გამოვიდა ღმრთეებითა სრული და კაცებითა სრული. მრავალთა წმიდათა მამ\ათაგანთა Page of ms.: v და მამათ-მთავართა და წინაწარმეტყუელთა გულმან უთქუა ხილვად პირისპირ და ვერ ღირს იქმნნეს()*. და რომელთამე ჩუენებით სახედ იგავად იხილეს, რომელნიმე სუეტითა ღრუბლისაჲთა ღმრთეებისა ჴმასა ღირს იქმნეს* სმენად, და რომელნიმე წმიდათა ანგელოზთა გამოცხადებასა ღირს იქმნნეს. მარტოჲსა ხოლო წმიდისა მარიამისა გაბრიელ მთავარანგელოზი ბრწყინვალედ მოვიდა და ახარა მას: "გიხაროდენ, მიმადლებულო"! და ესრჱთ სიტყუაჲ იგი შეიწყნარა და ჟამსა მას ჴორციელებრ აღვსებისა მისისასა მრავალ-სასყიდლისა იგი მარგალიტი გამოიღო. მოვედით უკუე აწ, საყუარელნო, და დავითის მიერსა მას ღმრთის სულსა საგალობელსა, რომელი ჩუენ ვისწავეთ, უგალობდეთ და ვიტყოდით: აღდეგ, უფალო, განსასუენებლად შენდა, შენ და კიდობანი სიწმიდისა შენისაჲ()* რამეთუ ჭეშმარიტად კიდობანი არს წმიდაჲ ქალწული შინაგან და გარეშე განრჩუნვილი ოქროჲთა, რომელმან-იგი თავადი საფასჱ სიწმიდისაჲ დაიტია. აღდეგ, უფალო, წიაღთაგან მამისათა, რაჲთა აღადგინო დაცემული ნათესავი _ პირველ შექმნული ადამი. ამას დავით ევედრებოდა, რომელი-იგი მისგან აღმოცჱნებად იყო კუერთხი და ნაყოფ-შუენიერი ყუავილი, რომლისათჳს წინაწარმეტყუელებდა თავი: Page of ms.: r და იტყოდა: ისმინე, ასულო, და იხილე, მოყავ ყური შენი, დაივიწყე ერი შენი და სახლი მამისა შენისაჲ. გულმან უტქუა მეუფესა სიკეთჱ შენი, რამეთუ უგუ თავადი არს უფალი ღმერთი შენი და თაყუანის-სცე* მას()*. ისმინე, ასულო, რომელნი პირველითგან შენთჳს წინაწარმეტყუელებით ითქუნეს, რაჲთა აწ მეცნიერებისაცა თუალითა იხილნე საქმენი; ისმინე ჩემი, შენდა მიმართ მაუწყებელისაჲ, და მთავარანგელოზისაჲ, რომელი ჭეშმარიტთა საიდუმლოთა ჴმა-მაღლად გითხრობ შენ. მოვედით უკუე აწ, საყუარელნო, და ჩუენცა წარსწრობილთასა მას მოსაჴსენებელსა მოვისსწრაფოდით და რომელი-იგი იჱსჱს ძირისაგან კუერთხი ესრჱთ დიდებულად აღმოსცჱნდა, ვადიდებდეთ, უგალობდეთ და ვჰნატრიდეთ და ვაქებდეთ. რამეთუ არა იოსებს, არამედ ღმრთის-მშობელსაცა ეწამების ლუკა სახარებასა შინა და მოასწავებს მისა მიმართ დავითისსა მას ნათესობასა და იტყჳს, ვითარმედ: აღმოვიდა იოსებ გალილეაჲთ ქალაქად ჰურიასტანისა, რომელსა ჰრქჳან ბეთლემ, აღწერად მარიამის თანა, რომელიიგი თხოვილ იყო მისა. და იყო იგი მიდგომილ, რამეთუ იყვნეს იგი(ნი) სახლისაგან და ტომისა დავითისა()*. და აღივსნეს დღენი იგი შობისა მისისანი* და შვა ძჱ იგი მისი პირმშოჲ უპირადჱსი ყოველთა დაბადებულთაჲ, და შეხჳა იგი სახუეველითა Page of ms.: v და მიაწვინა ბაგასა()*; შეხჳა იგი, რომელმან ყოველი დაბადებული შექმნა; შეხჳა, რომელმან შეიმოსა ნათელი ვითარცა სამოსელი()*. მიაწვინა ბაგასა ქერობინთა ზედა მჯდომარჱ და ბევრეულთა მიერ ანგელოზთა დიდებულ; პირუტყუთა* ბაგასა სიტყუამან ღმრთისამან განისუენა, რაჲთა ნანდჳლვე რომელნი ნებით თჳსით პირუტყუათასა დაეგო ზეცისა იგი პური, რაჲთა პირუტყუთ-სახეთა* კაცთა საიდუმლოჲსა მის საზრდელისაჲ მისცეს მისაღებელი. და არცაღა ადგილ მათა სავანესა მას. ადგილი არა აქუნდა, რომელმან ცაჲ და ქუეყანაჲ შეჰმზადა და დაამყარა! ამისთჳს რამეთუ მდიდარი იყო და ჩუენთჳს დაგლახაკნა()* და სიმდაბლჱ დაუსრულებელი ინება ცხორებისათჳს ბუნებისა ჩუენისა... ზეცას წიაღთა შინა მამისათა, და ქუაბსა შინა მკლავთა ზედა დედისათა განისუენა. ბაგასა ზედა ანგელოზთა კრებული გარემოადგს, ზეცას დიდებასა და ქუეყანასა ზედა მშჳდობასა ახარებდეს. ზეცას მარჯუენით მამისა დაჯდა და ბაგასა შინა ვითარცა ქერობინთა ზედა განისუენებდა. საყდარი იყო ჭეშმარიტად ესეცა ქერობინებრი, საყდარი სამეუფოჲ, წმიდაჲ წმიდათაჲ ქუეყანასა ზედა მხოლოჲ, რომელსა შინა განისუენა ქრისტემან ღმერთმან ჩუენმან. რამეთუ მისა შუენის ყოველი  დიდებაჲ მამისა თანა და სულისა წმიდისა უკუნითი უკუნისამდე. ამენ. თქუმული წმიდისა გრიგოლი ნეოკესარიელ ეპისკოპოსისა…
დაამატა George to წმინდა წერილი at 9:46pm on ოქტომბერი 27, 2013
თემა: იაპონელი ქალები
ან მას, სულ ცოტა, ასეთი ინტერესით გამსჭვალულ პიროვნებად იცნობდნენ. "ჯაპანი" წარმოადგენს ლათინურ, პორტუგალიურ, ესპანურ, იტალიურ, ფრანგულ, ჰოლანდიურ, ინგლისურ და სხვა ენებზე დაწერილ, ბევრ წიგნზე დაყრდნობით გადმოცემულ მონათხრობთა უამრავი მონათხრობის კრებულს. ეს წიგნები 1560-1850 წლებში ქვეყნდებოდა. ავტორს ასეთი თემა ანუ იაპონიისადმი ინტერესი საინ ტენდანტო სამსახურის მთავარი ინსპექტორის ჯეიმს, დრამანდის წყალობით გაუჩნდა. ეს სწორედ ის ინგლისელი დრამანდია, რომელიც ახალგაზრდობაში კომერსანტობისას ჰოლანდიელის სახელით წლების მანძილზე იაპონიაში ცხოვრობდა. წიგნის ავტორი მაკფერეინი ბრაიტონში შეხვდა დრამანდს, რომელმაც მას იაპონიის შესახებ შექმნილი წიგნების კოლექცია უჩვენა. მან მაკფერეინს არა მარტო ეს წიგნები მისცა, არამედ ბევრი რამ აუწყა იმაზე, თუ რას წარმოადგენდა იაპონია. ავტორმა ისარგებლა ამ წიგნებით და საუბრებით და დაწერა წიგნი "ჯაპან". ისიც უნდა აღინიშნოს, რომ დრამანდი დაქორწინებული იყო ცნობილი მწერლის სმოლეტის ძმისწულის ქალი შვილზე, რომელსაც წიგნები ძალიან უყვარდა. მაკფერეინის ეს წიგნი ყველა ამ გარემოების დამთხვევის შედეგად შეიქმნა, და ამიტომ ის იაპონიის მიწაზე სამოგზაუროდ ნამყოფი პიროვნების ჩანაწერებივით უტყუარი და სანდო არ არის. მართლაც, ოფორტები, რომლებიც წიგნის ილუსტრაცი ების ფუნქციას ასრულებენ, კორეულ ჩვეუ ლებებს იაპონურ ჩვეულებებად წარმო სახავენ. და მაინც, ეს წიგნები ჩვენ, დღევან დელებს, გარკვეულ ინტერესს აღგვიძრავს. მაგალითად, მასში სავსებით სერიოზულადაა მოთხრობილი იმაზე, რომ იმპერატორს უამრავი მოსაწევი ჩიბუხი აქვს და ყოველდღე იცვლის მათ, რაც უზარმაზარ ხიბლს უქმნის. ამ წიგნში არის თავი, რომელშიც ავტორი იაპონელ ქალებს გვაცნობს და მათზე მსჯელობს, მინდა მოკლედ გაგაცნოთ ეს თავი. მაკფერეინის თანახმად, ის მდგომარეობა, ქალებს საზოგადოებაში რომ უკავიათ, ცივილიზაციის ნამდვილი დონის მაჩვენებელია, სოციალური თვალსაზრისით კი იაპონელი ქალები შორეული აღმოსავლეთის ნებისმიერი ქვეყნის ქალებზე გაცილებით მაღლა დგანან. იაპონელი ქალები, შორეული აღმოსავლეთის ქვეყნების ქალთაგან განსხვავებით, არ აწყდებიან ისეთ ვაებას, როგორიც ციხეში სასჯელის მოხდაა. ისინი არა მხოლოდ უზრუნველყოფილნი არიან საზოგადოების ლოიალური დამოკიდებულებით, არამედ შეუძლიათ მამებისა და ქმრების ზრუნვის იმედიც იქონიონ. ცოლის ერთგულება და ქალიშვილის უმანკოება სრულად შედის მათ ღირსებათა ცნებაში და, შეიძლება ითქვას, რომ იაპონიაში არ არსებობს ქალი, რომელიც გათხოვებამდე უმანკო არ იყო. რამდენადაც, როგორც ცნობილია, უმანკოების დამკარგველი ქალწული დაუყოვნებლივ სიკვდილით ისჯებოდა, ქალები ამ მხრივ თავს ძალიან მკაცრად უვლიდნენ ეს ფაქტია. იაპონიაში, ყველა იმათით დაწყებული, ვისაც ყველაზე მაღალი საზოგადოებრივი მდგომარეობა უჭირავს, და მათით დამთავ რებული, რომლებიც საზოგადოებრივი კიბის ყველაზე დაბალ საფეხურზე დგანან, აუცილებლად იღებენ სასკოლო განათლებას. ჩვენს ხელთ არსებული მონაცემებით, იაპონიაში გაცილებით მეტი სკოლაა, ვიდრე მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაში. მეტიც, გლეხებსაც და ღატაკებსაც კი ძალუძთ კითხვა. ამგვარად, იაპონიაში ქალები აბსოლუტურად ისეთსავე განათლებას იღებენ, როგორც მამაკაცები. მაგალითად, აქ ყველაზე ცნობილ პოეტთა, ისტორიკოსთა და ლიტერატურის სფეროებში მოღვაწეთა შორის ძალიან ბევრი ქალია. მდიდარი და არისტოკრატი მამაკაცები ისე წმინდად არ იცავენ უმანკოებას, უმწიკვ ლოებას, როგორც მდიდარი და არისტოკრატი ქალები. იაპონელ ქალებს ყველაზე მეტად სახელის გატეხა ერცხვინებათ. ვინ იცის, რამდენმა შერცხვენილმა ქალმა მოიკლა თავი. ვფიქრობ, ამას ჩინებულად ადასტურებს ის, რასაც ახლა მოგიყვებით. ერთი დიდგვაროვანი მამაკაცი სამოგ ზაუროდ გაემართა. როცა ის შორს იყო, სხვა არისტოკრატმა სცადა შეეცდინა მისი ცოლი, რომელიც არა მარტო ცთუნებას არ აჰყვა, არამედ ამ კაცს შეურაცხყოფაც კი მიაყენა. მაგრამ ამ არისტოკრატმა, ნებით იყო ეს თუ ეშმაკობით, მაინც ნამუსი ახადა ქალს და აი, ქმარი ბრუნდება. ცოლი მას, ჩვეულებრივ, ალერსიანად შეხვდა. მაგრამ მის საქციელში ჩანდა რაღაც ისეთი შებოჭილობა, თითქოს ის ქმრის ძალადობას უწევს წინააღმდეგობასო. ცოლის საქციელი ქმარს ეუცნაურა, და მას რაღაც ჰკითხა იმის გამოსარკვევად, თუ რა ხდებოდა, მაგრამ ცოლმა, გაუგებარია რატომ, ასე უპასუხა: ხვალამდე ნურაფერს მკითხავ. ხვალ ჩემებს და ჩვენი ქალაქის საპატივცემულო ადამიანებს მოვიწვევთ, და მათი თანდასწრებით მოვყვები ყველაფერს, რაც მოხდა. მეორე დღეს მათ სახლში სტუმრებმა თავი მოიყარეს. მათ შორის ამ ქალის ნამუსის ამხდელი არისტოკრატიც იყო. მოწვეულთ სახლის ბრტყელ სახურავზე მასპინძლობდნენ. როცა ყველა დაპურდა, დიასახლისი წამოდგა და ხალხს აუწყა, თუ როგორ მოეჭრა თავი, მეტიც, ქმარს გულმხურვალედ განუც ხადა: მე თქვენი ცოლობის უფლება დავკარგე. გთხოვთ მომკლათ. ქმარი და იქ მყოფი სტუმრები ამშვიდებდნენ ქალს, ეუბნებოდნენ, რომ მისი ბრალი არაფერია, რომ ის უბრალოდ იმ არისტო კრატის მსხვერპლი გახდა. ქალმა ყველას დიდი მადლობა მოახსენა, რის შემდეგაც ქმრის მხარზე თავჩამოდებული გულის გამგმირავად აქვითინდა. მაგრამ უცებ აკოცა ქმარს და მაშინვე ჯერ ხელი დაუქნია მას, მერე კი სახურავის კიდესთან მიირბინა და გადახტა. ამ ქალის ხელყოფის ფაქტი ყველა იქ მყოფმა გაიგო, მაგრამ მისი ხელმყოფელის ვინაობა არ იცოდნენ. ვიდრე მისი ქმარი და სტუმრები ფორიაქობდნენ, ქალის ხელმყოფელი არის ტოკრატი ტერასიდან ჩუმად დაეშვა კიბეზე. ამის შემდეგ მან თვითმკვლელი ქალის სხეუ ლის გვერდით, სამურაების წესისამებრ, ღირ სების გრძნობით ხარაკირი გაიკეთა (ხარა კირი თვითმკვლელობის ნაციონალური ხერხია იაპონიაში, რაც მუცლის ჯვარედინად გაფატვრის შედეგად სიკვდილს გულისხმობს).       "ჯაპანის" ავტორი მაკფერეინი ამტკი ცებს, რომ ეს ეპიზოდი ლანდორის მოგონებებ შია ჩართული. არ ვიცი, იაპონიაში ასეთი მოთხრობა ნამდვილად არსებობს თუ არა, მაგრამ მცირე დაფიქრების შემდეგ დავას კვენი, რომ ასეთი ეპიზოდი ტოკუგავას ეპოქის მოთხრობებსა და დრამებში არ შემხვედრია, თუმცა, შესაძლოა, ლანდორს ასეთი რამ კიუსიუს კუნძულის რომელიმე სოფელში მოესმინა და მაინც, სახლის სახურავზე სტუმრების მიღებისას კოცნა, რომლითაც ცოლმა იაპონელი სამურაი, თავისი ქმარი, დააჯილდოვა, თავშესაქცევი, საინტერესო, მაგრამ მეტისმეტად ევროპული ქმედებაა. იგულისხმება იმის თქმა, რომ ეს თავშესაქ ცევი ამბავია და გაცინება ძალიან იოლი რამ იქნებოდა, მაგრამ, იმასაც თუ გავიხსენებთ, რომ ძველად დასავლეთის შესახებ იაპონელ თა მონათხრობებიც არცთუ იშვიათად მცდარი იყო, ჩვენ ამას უდარდელად არ უნდა მოვეკიდოთ, აქაოდა, სიცილს ევროპელებიც ვერ შეიკავებდნენო. ჩვენს მეზობელ ჩინეთზე მონათხრობებში შეცდომები წარამარა გვხვდება. საკმარისია წავიკითხოთ, მაგა ლითად, ტიკამაცუ მონძაემონის პიესა "კოკუსიგის ბრძოლები", რომელშიც მოქმედპირთა და პეიზაჟების აღწერილობები ფრიად უცნაურია, და ძნელია იმის გაგება, თუ სად ხდება მოქმედება, იაპონიაში თუ ჩინეთში. მაკფერეინი ჰყვება ერთ ამბავს, რომელიც გვიჩვენებს, თუ როგორი დიდი პიროვნებები იყვნენ იაპონელი ქალები. ბრწყინვალე სამურაიმ, ტიუიამ, თავის მეგობარ ძიოსიცუსთან ერთად იმპერატორის წინააღმდეგ შეთქმულების მოწყობა განიზრახა. ტიუიას ცოლი გონიერებითა და სილამაზით გამოირჩეოდა. ეს შეთქმულება ჩუმად მზადდებოდა ხუთიათი წლის მანძილზე, მაგრამ ტიუიამ წინდაუხედაობა გამოიჩინა, შეთქმულება გამოაშკარავდა და მთავრობამ ტიუიასა და ძიოსიცუს დაპა ტიმრების განკარგულება გასცა. ქვეყანაში შექმნილი ვითარება მთავრობას აიძულებდა ტიუია ცოცხლად შეეპყრო. ამისთვის აუ ცილებელი იყო მას მოულოდნელად დასცე მოდნენ თავს. პოლიციელები ტიუიას სახლის ალაყაფს მიადგნენ და აყვირდნენ: `ხანძარია! ხანძარი!~ ტიუიას ხანძარი საკუთარი თვა ლით რომ დაენახა, სახლიდან გამოიჭრა. პოლიციელები მას თავს დაესხნენ. ტიუია მამაცურად იბრძოდა და ორი პოლიციელი აკუწა, მაგრამ ერთმანეთს არათანაბარი ძალები ერკინებოდნენ და პოლიციელებმა ის, ბოლოს და ბოლოს, დააპატიმრეს. ტიუიას ცოლმა, როგორც კი შეტაკების ხმაური გაიგონა, მაშინვე გაითვალისწინა, რომ პოლიციელები სახლში შემოიჭრებოდნენ, და ქმრის მნიშვნელოვანი დოკუმენტები ცეცხლ ში შეყარა. მასში შეთქმულებაში მონაწილე არისტოკრატების გვარები და სახელები იყო ჩამოწერილი. ტიუიას ცოლის ასეთი გამჭრი ახობა ახლაც აღტაცებას იწვევს. როცა ქალის საზრიანობის, მიხვედრილობის შექება უნდათ, მას ეუბნებიან: "შენ ტიუიას ცოლის ასლი ხარ". ტიუია, რომელზეც ვლაპარაკობდით, რასაკვირველია, მარუმასი ტიუიაა1, ძიოსიცუ კი იუი ძიოსეცუ2. მაკფერეინის თქმით, ეს ლანდორის მოგონებებში მოქცეული ამბავია. იაპონელი ქალები, რომლებსაც მაკფერეინი თავის "ჯაპანში" ხატავს, უტოპიური ქალები არიან. შეუძლებელია იმის დაჯერება, რომ 1860იანი წლების იაპონელი ქალებიც კი ქალიშვილებიცა და ცოლებიც ასე სწირავდნენ თავს. უმწიკვლობის, უმანკოების შესანარჩუ ნებლად შეიძლება მხოლოდ გაგვაცინოს მაკფერეინის სისულელემდე მისულმა პატიოსნებამ, მაგრამ საზღვარგარეთელ ადამიანებსა და წესჩვეულებებებზე იაპო ნელთა მონათხრობებში ახლაც კი შეიძლება ბევრი კომიკური რაღაცის პოვნა და ამ ფაქტს ვერსად წაუხვალ. ამასწინათ, რომე ლიღაც გაზეთში, რომელიღაც ქალბატონმა ამერიკელი სტუდენტი გოგოების ცხოვრება ანგელოზურ ცხოვრებად შერაცხა, მაგრამ ამ სტატიას ნახევარი საუკუნის შემდგომ დროინდელი ამერიკელების თვალით თუ შევხედავთ, ეს, მაკფერეინის "ჯაპან" რომ იწვევს, ისეთივე სიცილს გამოიწვევს. სერ რუტერფორდ ოლქოქის "სამი წელი იაპონიაში" იაპონიის ნამდვილ სახეს გაცი ლებით უფრო სწორად წარმოსახავს, ვიდრე მაკფერეინის "ჯაპან". ეს ორტომეული ნიუიორკში 1863 წელს დაბეჭდა გამომცემლობა "ჰარვარდმა". მასში ბევრი ილუსტრაცია და ასევე კეისაის ჟან რული ნახატების ბევრი რეპროდუქციაა. ჯერ ერთი, სერ რუტერფორდ ოლქოქი იაპონიას საწერ მაგიდასთან მჯდარი თავისი წარმოსახვით არ ასახავდა, როგორც ამას მაკფერეინი აკეთებდა. მეორეც, სერ რუტერფორდ ოლქოქი მაკფერეინივით უვიცი არ იყო. მას სერიო ზული განათლება ჰქონდა მიღებული: იცნობ და მილის ფილოსოფიას, რომელიც იმ დროს ფრიად მოდური რამ იყო. ამის გამოისობით იაპონიაში ყველა იმ მოვლენაზე, რისი მოწმეც ის იყო, მას საკუთარი თვალსაზრისი უყალიბ დებოდა. ზოგჯერ მისი ესა თუ ის თვალსაზრისი ახლა ღიმილს იწვევს, ზოგი რამ ჩვენს ყურადღებას იქცევს. ესაა მისი წიგნის განსა კუთრებული თავისებურება, რასაც მაკფერე ინის წიგნზე ვერ ვიტყვით. სერ ოლქოქი იაპონიაში ტოკუგავას სიოგუნატის უკანასკნელ წლებში აკრედიტირებული ინგლისის განსაკუთრებული და სრულუფლე ბიანი ელჩი იყო, მისი აკრედიტაციის პერი ოდში იაპონიის უხუცესთა საბჭოს წევრი სა კურადამონის ალაყაფის კარებთან მკვლელმა გამოასალმა სიცოცხლეს. რონინებმა ასევე რამდენიმე ევროპელიც მოკლეს. ოლქოქი არ დაშავებულა, მაგრამ რონინები შეიჭრნენ ტოძენძის ტაძარში, რომელიც არის სინაგავას რაიონში, სადაც ის ცხოვრობდა იაპონიაში ტოკოგავას სიოგუნატის მმართვე ლობის ბოლო წლებში. თუმცა ის ქვეყანაში მიმდინარე საშინაო და საგარეო მოვლენებში იყო ჩართული, ეოში ყოფნით მაინც არ იფარგლებოდა, ყველგან უხდებოდა ყოფნა, ამიტომაც სერ ოლქოქის "მგზავრის წერი ლები" დიდად საინტერესოა. რასაკვირველია, სერ ოლქოქის ეს წერილები მხატვრულად ლოტის ან კიპლინგის წერილებივით შთამბეჭდავი არაა. მაგალითად, ასაკუსას აღწერისას, მკითხველის წინაშე არ ჩნდება გაყვითლებულფოთლე ბიანი გინგკო ან წითელი ტაძარი, როგორც ლოტის "იაპონური გაზაფხულის" ასაკუსა შია. მაგრამ, მე როგორც უკვე ვთქვი, მისი თვალსაზრისი ამა თუ იმ მოვლენაზე, რომლის მოწმეც ის იყო, სერიოზულ ინტერესს იწვევს. მაგრამ სერ ოლქოქი, როცა ხედავს, გლეხის სახლის ღია გალერეაში ბებია ბავშვს მოწვით როგორ მკურნალობს, ასეთ დასკვნამდე მიდის: "ჩვენ, ადამიანებს, წარსულში თუ დღეს, აღმოსავლეთში თუ დასავლეთში, გვიყვარდა და გვიყვარს ეფემერული ბედნი ერებისთვის ჩვენი სხეულის წამება".       მთაზე გადასვლისას მან ლელიანის ბეღუ რას გალობა მოისმინა და გესლიანად თქვა: "ლელიანის ბეღურას გალობა ბულბულის რაკრაკს ჰგავს. იაპონურ თქმულებებში ნათქვამია, რომ ლელიანის ბეღურებს იაპონე ლებმა ასწავლეს გალობა. გასაოცარია, რომ ეს ნამდვილად ასეა. თვითონ იაპონელებს ხომ მუსიკის არაფერი გაეგებათ". ამგვარი აზრები მხოლოდ ღიმილს იწვევს, მაგრამ, ამავე დროს, მისი მსჯელობები საკურადამონის ალაყაფის კარებთან დაღუ პული მათი ნათესავებისა და მეგობრების გამო შურისძიების უფლებაზე, მსჯელობები უბრალო ხალხზე პიესა "ამბავი ერთგუ ლებისას" გავლენის თაობაზე, ძალიან საინტერესოა. ამ თემაზე საუბარი მეტისმეტად დიდ დროს წაგვართმევს, ამიტომ მას ოდნავ გვიან შევეხები. მაგრამ მანამდე, იმისთვის, რომ ძალზე ზოგადად მაინც გაგაცნოთ წიგნი "სამი წელი იაპონიაში", მოვიტან ერთ ნაწყვეტს ნაგა საკის პირველად მონახულებისას მიღებული შთაბეჭდილებებიდან: "ხომალდი პორტ ნაგასაკში ივნისის (1859 წლის) წვიმიან დღეს შევიდა. ეს პორტი უკვე აღწერეს იაპონიაში არაერთგზის ნამყოფმა მოგზაურებმა. მან მოღრუბლული ცის ქვეშაც ოდნავადაც კი არ დაკარგა თავისი სიმშვე ნიერე. ხომალდის პორტში შესვლის შესაბამი სად სულ ახალი და ახალი კუნძულები ჩნდე ბოდა. ამ კუნძულებზე, ისე როგორც სურათზე, ბევრი მშვენიერება იყო. როცა ხომალდი ყურეში შევიდა, გამოჩნდა ზღვის ნაპირს გაყოლებული ნაგასაკის ქუჩე ბი. ბევრი მათგანი პატარა გორაკების ძირში გადიოდა. შემდეგ ისინი ხშირი ტყით დაფარულ ამ გორაკებზე ადიოდა. მარჯვნივ კუნ ძული დეძიმი ჩანდა. კუნძული დეძიმი დაბლობს წარმოადგენს. მარაოს სახელური მატე რიკისკენაა მიქცეული, თვითონ მარაო კი ზღვისკენ. კუნძულს კვეთს ერთი ერთად ერთი გრძელი ფართო გზა, რომლის ორივე მხარეზე ორსართულიანი ევროპული ტიპის სახლები იდგა. ისინი მაინცდამაინც დიდებად არ გამოიყურებოდა... ყურე პირველი შთაბეჭდილებით ძალიან ჰგავს ნორვეგიულ ფიორდს. ის განსაკუთრებით, ნორვეგიის დედაქალაქ ქრისტიანიასთან ფიორდში შესა სვლელს მოგვაგონებს. თუმცა, ეს ფიორდი ნაგასაკის ყურეზე უფრო ლამაზია. როცა ნაგასაკის ყურეს უყურებ, ხედავ, რომ გორაკები აქაც ზედ წყლის ნაპირებზეა ამართული და მათზეც ხშირად ხარობს მელანქოლიური ფიჭვები, მაგრამ, როცა ნაპირზე ჩახვალ, რწმუნდები, რომ აქ მცენარეულობა, ნორვეგიულისგან განსხვა ვებით, ტროპიკულად გამოიყურება. აქ ბროწეულიცაა, ხურმაცაა, ქოქოსის პალმა ცაა, ბამბუკიცაა, მაგრამ ხშირად ხარობს გარდენიებიცა და კამელიებიც. კედელზე ველური ყურძენია დახვეული. ქუჩების გზისპირები სუმთლად ღიჭებითაა დაფარული. (ქრისტიანია ოსლოს ძველი სახელ წოდება.)       მთელი წიგნი ამგვარი სტილითაა დაწე რილი. სერ ოლქოქის აზრით, იაპონელი ქალე ბის სოციალური მდგომარეობა და მამა კაცებთან მათი ურთიერთობის ხასიათიც ძველთაგანვე აღმაფრთოვანებელია. სინამ დვილეში დიდად საეჭვოა, იმსახურებენ თუ არა ისინი აღტაცებას. "მე (სერ ოლქოქი) არ ვაპირებ აქ შევეხო იმ საკითხს, იაპონელები, როგორც ხალხი, სხვა ხალხებზე უფრო ამორალურნი არიან თუ არა, მაგრამ იაპონიაში კანონი არ სჯის იმის გამო, რომ მამა ქალიშვილს მეძავად ყიდის ან მოახ ლედ აყენებს. მეტიც, ამის ნებას აძლევს. მას ამის გამო უახლოესი მეზობლებიც კი არ კილავენ. მე ასეთ ქვეყანაში ჯანსაღი მორალური პრინციპების არსებობა არ მჯერა. იაპონიაში მონობა ნამდვილად არ არსებობს. იქ ყმაგლეხებს საქონელსავით არ ყიდიან და არ ყიდულობენ. (თუმცა, როცა არს ვამბობ, ნახევარსიმართლით ვიფარგ ლები. საქმე ისაა, რომ კანონით დადგენილია, რომ, როცა ქალიშვილი გარკვეულ ასაკს მიაღწევს, მისი გაყიდვაც შეიძლება და ყიდვაც. (ეტყობა, შეიძლება მამაკაცებისა და მოზარდების გაყიდვაც და ყიდვაც), მაგრამ რაკი მოახლეობის ინსტიტუტი არ არსებობს, ოჯახის, კერის სიწმინდის დაუცველობას ბევრი თავისთავად ნაგულისხმევ რამედ მიიჩნევს.       ჯერ არავის არ შეუძლია ამ ნაციონალური დანაშაულებრივი ბოროტების შემსუბუქების ხერხის პოვნა, მაგრამ ამ ბოროტების შემსუ ბუქების საშუალება არსებობს დედის ავტო რიტეტი ბავშვების თვალში ძალიან დიდი უნდა იყოს, როგორც ამას ჩინეთში ვხედავთ. იაპონელ ქალს პირუტყვსავით ექცევიან, მისი ნება და უფლებები იგნორირებულია. ქმარს, როცა კი მოეგუნებება, მაშინ შეუძლია მისი გაყიდვა. ვიდრე მისი ქმარი ცოცხალია, მას ექცევიან როგორც მხოლოდ პირუტყვს ან მონას. მაგრამ ბავშვებზე გადამეტებული, ჭარბი გავლენა იაპონელ ქალებს სოციალური კიბის, მამაკაცები რომ დგანან, იმაზე უფრო მაღალ საფეხურზე დააყენებს, რაც გამოიწვევს იმ ბოროტების რამდენადმე შერბილებას, რომელზეც ზემოთ იყო ლაპარაკი. ამის ერთ ერთი ნიშანი ის იქნება, რომ გამორიცხული არაა ქალი მიკადოს დონემდე ამაღლდეს. (მაკადოიაპონიის იმპერატორის ტიტული.) სინამდვილეში კი ყველა დროში იმის ბევრი შემთხვევა იყო, როცა ქალი მიკადო ხდებოდა. მართლაც, იმ მდგომარეობას, რომელიც უჭირავთ იაპონელ ქალებს, თუმცა მათ პირუტყვივით ან მონასავით ყიდიან და ყიდულობენ, ახლავს ისეთი თავისებურებები, რომელიც მას ამის მტკიცედ გაძლების, ატანის საშუალებას აძლევს. მაგრამ თუ შევეცდებით ამ თავისებურებების სხვადა სხვაგვარად გამოკვლევას, იმის განსაზღვრა, თუ რას წარმოადგენენ ისინი, შეუძლებელია. ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, რომ მშობლებსა და შვილებს შორის სიყვარული სუფევს. იაპონელების სხეულში უდაოდ ბავშვებისადმი სიყვარულის რაღაც ორგანო იწყებს გაჩენას". სერ ოლქოქი იაპონელ ქალებს მაკფერე ინზე გაცილებით უფრო ზუსტად წარმო სახავს. იაპონიაში სერ ოლქოქის ყოფნის პერიოდში, ანუ კაეის წლებში, იაპონელი ქალების მდგომარეობა განსაკუთრებით პროგრესირდებოდა. საქმე ისაა, რომ იაპონიაში სერ ოლქოქამდე ნამყოფი ევროპელები იაპონელ ქალებს გადა მეტებულად ასხამდნენ ხოტბას, როცა ია პონელ ქალებს თავიანთ ხასად ხდიდნენ, უზარმაზარი მადლიერების გრძნობით იმსჭვალებოდნენ მათი მიმართ იმის გამო, რომ ისინი მათი ასე ერთგული რჩებოდნენ. ის, რასაც ახლა მე მოვყვები, ტოკუგავას სიოგუნატის მმართველობის პირველ წლებში მოხდა: იმ დროს, როცა ინგლისელებმა პრო ვინცია ხიძენში პორტი ხირატო დატოვეს, ისინიც უნუგეშონი იყვნენ, როცა თავიანთ იაპონელ ცოლებს ეთხოვებოდნენ. სწორედ ამიტომ სერ ოლქოქს ხასა თუ ჰყავდა, მას არ შეეძლო აგდებულად მოკიდებოდა იაპონელ ქალებს. მაგრამ უნდა ითქვას, რომ, საბედ ნიეროდ, მომავალი თაობების მკითხველები მისი წიგნის წყალობით უფრო ობიექტური თვალსაზრისის გაცნობას შესძლებენ. რამდენიმე წლის წინათ, ჩინეთში მოგზა ურობისას, ხომალდით იანძის აღმა მივუყ ვებოდი. ერთ ნორვეგიელს შევხვდი. ის აღშფოთებული იყო იმით, რომ ქალებს ჩინეთში ძალიან დაბალი სოციალური მდგომარეობა უჭირავთ. მისი ნაამბობით თუ განვსჯით, ჩასილისა და უენანის მომცველი საშინელი შიმშილის დროს ჩინელებმა, სანამ პირუტყვის გაყიდვას შეუდგებოდნენ, თავიანთი ცოლები დაყიდეს. და მაინც, ეს ნორვეგიელი ქებადიდებას ასხამდა ჩინელ და იაპონელ ქალებს, როგორც ცოლებს. ამის თაობაზე ის გაცხარებით შეეკამათა კიდეც თავის ამერიკელ ცოლს. ეტყო ბა, ამ მამაკაცს, იმის მიუხედავად, თუ როგო რი იყო მისი რეზონები (რეზონირისიმე გონი ვრული საფუძველი, აზრი.) არ შეეძლო არ გამოეხატა ჩინელი და იაპონელი ქალებით, როგორც ცოლებით, მაგრამ სერ ოლქოქის სიტყვებს თუ გამოვიყენებთ, როგორც პირუტყვებითა და მონებით, თავისი დაუოკებელი აღტაცება. სწორედ ამიტომ სჭირდება ქალთა მოძრაობას სწორედ თვითონ ქალების აქტიურობასხვაგვარად. ამ მოძრაობას წარმატების მიღწევის პერსპექტივა არა აქვს. რიუნოსკე აკუტაგავა …
დაამატა Kakha to ლიტერატურა at 12:34pm on მარტი 20, 2014
თემა: მითი როგორც კულტურის ელემენტი
მიანი ყოველდღიურობაში მოკლებულია და ამიტომ მის მიერ შექმნილ იდეალურ სინამდვილეში ეძებს. მითი სოციალური ფენომენია, რომლის დანიშნულებაა სოციალური ერთობების ყოფიერების გამართლება, მათი ინტერესებისა და მისწრაფებების, ზოგჯერ, მოქმედებების იდეოლოგიური სამსახური. მითი პროზაული რეალობიდან სასურველ პოეზიის სამყაროში გადაყვანას ემსახურება, ოცნებას რეალურად წარმოსახავს, თავისებურ ვირტუალურ სინამდვილეს ქმნის და ამით კმაყოფილების, სიამაყისა და თვითდამტკიცების მოთხოვნილებებს აკმაყოფილებს. მითი რელიგიასთან ერთგანზომილებიანია, საფუძვლად ედება რელიგიურ თეორიებს სამყაროს შექმნის, შემოქმედის შესახებ, მასთან სოციალური ჯგუფების კავშირისა და მათ მოქმედებათა ზეციური ძალებით გამართლებას ემსახურება. მითი არაა მხოლოდ პირველყოფილი კულტურებისათვის დამახასიათებელი. ის ახალი ძალით იჩენს თავს მაღალ კულტურებშიც, როდესაც ამ კულტურათა გასაზრისიანებას, მასების მობილიზაციასა და უტოპიური მიზნების განხორციელებას ქადაგებს.       სოციალური მითი, როგორც თავისებური მესიანისტური ძალა, თანამედროვეობაში მრავალი ფორმით არსებობს. ლეგენდები, რომლებიც პირველყოფილ კულტურებში გულუბრყვილო ფორმით ვლინდება, თანამედროვე კულტურებში რაციონალიზებას განიცდის და მეტი დამარწმუნებლობით ხასიათდება. სიტყვა "მითი" ლათინურია,... მითოსიდან წარმოდგება და ნიშნავს ლეგენდას. ცნებობრივად ისაა "ფანტასტიკური, სიმბოლური წარმოდგენები ღმერთებსა და ლეგენდარულ გმირებზე, ზებუნებრივ ძალებზე, რომელნიც აგვიხსნიან სამყაროს წარმოშობასა და არსებას, ადამიანის დანიშნულებას. მითი არქაული კულტურის ცენტრალური ელემენტი და მაკავშირებელი ქსოვილია. პირველყოფილ საზოგადოებათა და ინდივიდთა ცხოვრებაში, ფსიქოლოგიურ განვითარებაში გადამწყვეტ როლს ასრულებს. გვიანდელ საფეხურზე მითი რელიგიად ტრანსფორმირდება".       მითის საფუძვლიანი ანალიზი მოცემულია კასირერის, ლოსევისა და სხვა მოაზროვნეთა შრომებში. ლოსევს ამ თემისადმი მრავალი შრომა აქვს მიძღვნილი. მათგან აღსანიშნავია "მითის დიალექტიკა". ლოსევი მითის კვლევის საღვთისმეტყველო, ეთნოგრაფიულ და მეცნიერულ მეთოდებსაც იწუნებს, მოითხოვს მითის დიალექტიკურ-ფენომენოლოგიური მეთოდით შემეცნებას: "მითს იღებს ისე, როგორც ის არის" და ცდილობს დააფიქსიროს "რა არის მითი თავისთავად და როგორ იაზრებს თავის ზღაპრულ და სასწაულებრივ ბუნებას. ეს მითის დიალექტიკაა, რომელიც მითის სოციოლოგიის გარეშე შეუძლებელია". ლოსევის მტკიცებით, მისი ნაშრომი "მითის დიალექტიკა" მიზნად ისახავს მითის სოციოლოგიურ ანალიზს, მაგრამ "მითის დიალექტიკა" მითის სოციოლოგიის მხოლოდ შესავალია, მითის სოციოლოგია კი სხვა შრომაშია მოცემული. მთავარია, რომ "მითის დიალექტიკაში" უკვე ჩანს მითის განუზომლად დიდი როლი "კულტურული პროცესის სხვადასხვა ფენაში". ავტორის მტკიცებით, "მითის ის თეორია, რომელიც კულტურას არ მოიცავს, მისი სოციალური ძირების ჩათვლით, ძალიან ცუდი თეორიაა". ცხადია, ლოსევი მითს განიხილავს სოციოლოგიისა და კულტურის, ე. ი. კულტურის სოციოლოგიის განზომილებაში. მისი ამოსავალი პრინციპია - მითი გავიგოთ როგორც მითი, სხვა ფენომენებზე ყოველგვარი დაყვანის გარეშე. მხოლოდ ამ გზით მივწვდებით მითის ჭეშმარიტ ბუნებას. ეს ნიშნავს: მითი უნდა აიხსნას მითოლოგიის თვალსაზრისით და არა მეცნიერების, მეტაფიზიკის, ფსიქოლოგიისა თუ სხვა კუთხით.       მითის ზემოთმოტანილი განსაზღვრება ერთადერთი როდია. მითის ასეთი განსაზღვრებაც არსებობს: "მითი ადრეულ საფეხურზე აღმოცენებული თხრობაა, რომელშიც ბუნებისა თუ კულტურის მოვლენები გასულიერებული და პიროვნული ფორმით წარმოგვიდგება. გვიანდელ პრაქტიკაში მითი საზოგადოებრივი ცნობიერების ისტორიულად გაპირობებული ნაირსახეობაა. მითს ხშირად აფასებენ, როგორც სამყაროს შეგრძნების უნივერსალურ წესს".       მითის ლოსევისეული ანალიზი იწყება იმის ჩვენებით, რაც არ არის მითი. პირველ რიგში ეს ეხება მითის ამა თუ იმ მომენტით მითის მთლიანობის გაგების ცდას. მითში არის შენათხზი, ფიქცია, ფანტასტიკა, მაგრამ იგი არც ერთ მათგანზე არ დაიყვანება. მითის მეცნიერული ანალიზი კი მას სწორედ ფანტაზიად აცხადებს, ამიტომ, ლოსევი მოითხოვს: "მითი განხილულ უნდა იქნეს არა რომელიმე მეცნიერული, რელიგიური, მხატვრული, სზოგადოებრივი და ა. შ. მსოფლმხედველობით, არამედ, მხოლოდდამხოლოდ მითის თვალსაზრისით, მითური თვალებით". ამ თვალსაზრისით კი, მითი არაა ფანტაზიის თამაში, ანუ ფიქცია. მითით და მითებში მცხოვრებისათვის, მითი ყველა რეალობაზე უფრო რეალურია. ის უაღრესად კონკრეტული რეალობაა, რომელიც ადამიანებს ამოქმედებს და მათი ყოფიერების წესს განსაზღვრავს. მითოლოგიურ ცნობიერებას შეუძლია მითის არსების წვდომა და იმის ჩვენება, რომ მითი არასოდეს არაა რეალობას მოკლებული. ლოსევის აზრით, მითი არც იდეალური ყოფიერებაა. ის არაა ფენომენი, რომლითაც არსებულის გასაზრისიანება და ახსნა ხდება: "მითი არც იდეალური ცნებაა, არც იდეაა. იგი ცხოვრებაა მითური სუბიექტისათვის, _ ნამდვილი სიცოცხლეა. მითი არაა იდეალური ყოფიერება, არამედ _ სიცოცხლისეულად შეგრძნებადი, შემოქმედი ნივთიერი რეალობა და სხეულებრივი სინამდვილე".       ლოსევის მტკიცებით, მითი არაა მეცნიერება და მეცნიერებაც არაა ის ძალა, რომელიც მითს დაძლევს. მითი მეცნიერებას არ ემყარება, მაგრამ პირიქით კია. დეკარტის, კანტის, ფიხტეს, ნიუტონის ნააზრევი, გარკვეულწილად მითს ემყარება. მტკიცებას, რომ ცალკეულ ეპოქას თავისთავად საზრისი არა აქვს და მხოლოდ როგორც შემდგომი ეპოქის გამნაყოფიერებელი საზრისიანდება, ისე, როგორც შემდგომსაც არა აქვს თავისთავად საზრისი და შემდგომის შემდგომით საზრისიანდება, ლოსევი "სოციალური ნიჰილიზმის მითოლოგიას" უწოდებს. ლოსევის დასკვნა ასეთია: "მეცნიერება მითისაგან არ წარმოიშობა, მაგრამ მითის გარეშე არ არსებობს. მითი კი არამეცნიერულია და არ ემყარება არავითარ მეცნიერულ გამოცდილებას". ლოსევი გამორიცხავს მითის მეტაფიზიკურობას, სქემატურობას, მის კავშირს ალეგორიასა და პოეზიასთან და მითს ცხოვრებისა და ყოფიერების აუცილებლობად თვლის. მითი სიმბოლოა. იგი ყოველთვის პერსონალიზებულია, პიროვნების თვითდამტკიცებაა. მითი სასწაულია, რომელიც აიძულებს საზოგადოებას იცხოვროს მისი კანონებით. მითი ფაქტებსა და ყოფიერებას ემყარება დოგმატურად და არა _ ჰიპოთეზურად. ასეთია ლოსევის პოზიცია მითის მიმართ.       მითის ერთ-ერთი ძირითადი ნიშანია ღმერთებსა და ადამიანებს შორის საზღვრის წაშლა. მითში ადამიანები ღმერთებს ან ემორჩილებიან, ან ეურჩებიან (პრომეთე, იაკობი, სიზიფე, ამირანი თუ სხვა). მითში არა მარტო ადამიანებია ღმერთების გვერდით გამოყვანილი, არამედ ღმერთებიც ადამიანურ პერიპეტიებში წარმოიდგინება, ადამიანებთან ერთად ღმერთებიც თამაშობენ სიყვარულობანას. სიძულვილი, ღალატი, შურისძიება და ყველა ადამიანური ბიწიერება ღმერთებსაც მიეწერება. რელიგია, რომელიც მითების ნიადაგზე წარმოიშობა, ღმერთებსა და ადამიანებს შორის ზღვარს ავლებს _ არც ღმერთებს ახასიათებს ადამიანური თვისებებით და არც ადამიანებს აძლევს ღმერთებისადმი გატოლების საშუალებას. რელიგია ადამიანისაგან ღვთის მორჩილებას მოითხოვს. ღმერთთან მისასვლელი გზები დაშიფრულია და მათი გაშიფვრა ადამიანებს არ ძალუძთ. მითი ხშირად გარკვეული ხალხის ცხოვრების წესსა თუ ღირებულებით ორიენტაციებს გამოხატავს. მითი იქმნება როგორც მოქმედების გამართლების ან სოციალური მისიისა თუ დანიშნულების გამომხატველი იმ ხალხისათვის, რომელიც მას ქმნის. მითი მოწოდებულია გარკვეული იდეოლოგიური საფუძველი შეუქმნას სოციალური ჯგუფების იმ მოქმედებებს, რომლებიც სხვა ჯგუფების შევიწროებას ითვალისწინებს. ასეთი მითები ყველა ეპოქაში არსებობდა და არსებობს. მეოცე საუკუნეში მათი სახეობები იყო ტოტალიტარიზმის გამართლება საყოველთაო ბედნიერების სამეფოს, კომუნიზმის მშენებლობის მოტივით. ანალოგიური იყო ფაშისტური მითი არიული რასის უპირატესობაზე. ასეთ მითთა რიცხვს მიეკუთვნება მოსკოვის, როგორც მესამე რომის მითი, რაც, ფაქტობრივად, ამართლებდა რუსეთის ექსპანსიონისტურ პოლიტიკას. საილუსტრაციოდ განვიხილოთ ამ მითის წარმოშობა.       ცნობილია, რომ რუსეთი და დასავლეთის ცივილიზაცია ერთმანეთს უპირისპირდებოდა ქრისტიანობის შიგნით მართლმადიდებლობისა და კათოლიკობის დაპირისპირების ნიადაგზე. რუსეთმა ისურვა ყოფილიყო ბიზანტიის მემკვიდრე, რომელსაც მეორე რომს უწოდებდნენ. ახალი ერის მეოთხე საუკუნეში რომის იმპერატორმა კონსტანტინემ ბიზანტიაში ძველი ბერძნული ქალაქის ადგილას დააარსა "ახალი რომი" _ კონსტანტინეპოლი, რომელიც კვლავ ლათინური უნდა გამხდარიყო, მაგრამ ორი საუკუნის შემდეგ ის კვლავ ბერძნული ქალაქი ხდება. 1453 წელს კონსტანტინეპოლის დაცემის შემდეგ, რუსეთმა თავის თავზე აიღო ბიზანტიის მისიის შესრულება და შექმნა ტოტალიტარული სახელმწიფო. 1547 წელს, ივანე მრისხანემ აღმოსავლეთ რომის იმპერატორის გვირგვინი დაიდგა. 1589 წელს კი, მოსკოვში ჩამოსულ კონსტანტინეპოლის პატრიარქს მოსკოვის მიტროპოლიტის სტატუსი აამაღლებინეს დამოუკიდებელი პატრიარქის დონემდე. მეთექვსმეტე საუკუნეში ფსკოვის ბერმა თეოფილემ წერილი მიწერა მოსკოვის დიდ თავადს ვასილ მესამეს. ამ წერილმა განსაზღვრა რუსეთის მისიის მითის წარმოშობა. წერილში ნათქვამი იყო: "ძველი რომის ეკლესია დაეცა ერესის გამო. მეორე რომის _ კონსტანტინეპოლის კარები ურწმუნო თურქთა ნაჯახებმა შეანგრია, მაგრამ მოსკოვი და ახალი რომის _ მოსკოვის ეკლესია უფრო მეტად ბრწყინავს, ვიდრე _ მზე. ორი რომი დაეცა, მაგრამ მესამე მყარად დგას, ხოლო მეოთხე არ იქნება".       რუსეთმა ირწმუნა მესამე რომის მისია და გააგრძელა დასავლეთთან დაპირისპირება. ტოინბის მტკიცებით, გარკვეული ხალხის მსოფლიო მისიის შესახებ მითი ფრანკებიდან წამოვიდა, შემდეგ იგი ბიზანტიამ აიტაცა: "მითის ბიზანტიური ვერსია ამბობს, რომ ფრანკები კი არა, ჩვენ ბიზანტიელები ვართY აღთქმულის მემკვიდრე რჩეული ხალხი. ცხადია, რომ ეს ორთოდოქსულობა და ბედის რწმენა, რომელიც რუსებმა ბიზანტიიდან მიიღეს, ისევე ახასიათებს კომუნისტურ რეჟიმს, როგორც წინა მართლმადიდებელ სლავიანოფილთა მმართველობასაც. მარქსიზმი, რასაკვირველია, დასავლური მსოფლმხედველობაა, მაგრამ სწორედ დასავლური მსოფლმხედველობა ანგრევს დასავლურ ცივილიზაციას, ამიტომაა, რომ XX საუკუნის რუსი, რომლის მამა XIX საუკუნის სლავოფილი იყო, ხოლო ბაბუა ჭეშმარიტი მართლმადიდებელი ქრისტიანი, იოლად გახდა მართლმორწმუნე მარქსისტი".       რუსი ხალხის განსაკუთრებულობისა და ისტორიული მისიის გრძნობა გაიშინაგანა რუსეთმა. ბერდიაევის აზრით, "რუსულმა თვითმყოფადმა აზრმა ისტორიოსოფიულ პრობლემაზე გამოიღვიძა, ის ღრმად დაფიქრდა იმაზე, რა განიზრახა შემოქმედმა რუსეთზე, რა არის რუსეთი და როგორია მისი ბედი. რუს ხალხს დიდი ხნიდან ჰქონდა გრძნობა, უფრო გრძნობა, ვიდრე ცნობიერება, რომ რუსეთს განსაკუთრებული ბედი აქვს, რომ რუსი ხალხი განსაკუთრებული ხალხია". ეს გრძნობა სლავიანოფილებმა დანერგეს და გადაედო რუსეთის ბევრ ცნობილ ინტელიგენტს. ასე, მაგალითად, დოსტოევსკი, 1876 წელს, ნარკვევში "ისტორიის უტოპისტური გაგება" მსჯელობს რუსეთის განსაკუთრებულ დანიშნულებაზე. რუსი ხალხის მიერ ნამდვილი ქრისტიანული ჭეშმარიტების დაუფლებაზე, რაც არც ერთ სხვა ხალხსა და არც ერთ სხვა რწმენას არა აქვს. მისი აზრით, რუსეთისათვის ცხადია, რომ "თავის თავში ატარებს განძს, რომელიც სხვაგან არსად არ არის. მართლმადიდებლობას, რომ ის ქრისტეს ჭეშმარიტების შემნახავია, მაგრამ უკვე ჭეშმარიტი ჭეშმარიტების, ქრისტეს ნამდვილი სახის, რომელიც დაბნელებული იყო ყველა სხვა რწმენასა და ხალხებში". მისი მტკიცებით, პეტრეს რეფორმებმა გააფართოვა ძველი რუსული იდეა და ამ გზით "ჩვენ გავიგეთ ჩვენი მსოფლიო დანიშნულება, ჩვენი პიროვნულობა და როლი კაცობრიობაში და არ შეგვეძლო არ გაგვეცნობიერებინა, რომ ეს დანიშნულება და როლი არ ჰგავს სხვა ხალხებისას, რადგან იქ ყოველი ხალხის პიროვნება ცხოვრობს მხოლოდ და მხოლოდ თავისთვის და თავისში, ჩვენ კი ვიწყებთ ამჟამად, როცა დადგა დრო, სწორედ იქიდან, რომ გავხდებით ყველას მსახური საყოველთაო შერიგებისათვის".       დოსტოევსკის აზრით, ამ გზით მივალთ კაცობრიობის ერთიანობასთან და მასთან მიგვიყვანს სწორედ რუსი ხალხი. ამოცანაა "მთელი სლავიანელობის გაერთიანება რუსეთის ფრთებქვეშ". ეს "ყველა ხალხს საშუალებას მისცემს დაისვენოს საუკუნეობრივი წამების შემდეგ და თავიანთი წვლილი შეიტანონ კაცობრიობის გაერთიანებაში". დოსტოევსკი ამ მიზნით აყენებს მოთხოვნას "კონსტანტინეპოლი ადრე თუ გვიან უნდა იყოს ჩვენი... დიახ, ოქროს რქა და კონსტანტინეპოლი, ყველაფერი ეს ჩვენი იქნება, მაგრამ არა დაპყრობისა და ძალადობისათვის... ეს ბუნებრივი გამოსავალია, ეს ასე ვთქვათ, თვით ბუნების სიტყვაა. თუ ეს უფრო ადრე არ მოხდა, მხოლოდ იმიტომ, რომ დრო ჯერ კიდევ არ იყო მომწიფებული". დოსტოევსკის მიაჩნია, რომ არც ძლიერ გერმანელებს, არც ინტელექტუალურ ბერძნებს არ შეუძლიათ იმ მისიის შესრულება, რაც რუსეთს აკისრია. ის სვამს კითხვას: "რა ზნეობრივი უფლებით შეუძლია რუსეთს ეძებდეს კონსტანტინეპოლს? რა უმაღლეს მიზნებზე დამყარებით შეუძლია მოითხოვოს ის ევროპისაგან?" და უპასუხებს: "სახელდობრ როგორც სლავიანელობის წინამძღოლმა, როგორც მისმა მფარველმა და შემნახავმა". მართალია, დოსტოევსკის აზრით, ეს არ უნდა მოხდეს სხვა ხალხების დაპყრობის მიზნით. რუსეთმა უნდა შეასრულოს თავისი დანიშნულება სხვა მართლმადიდებელი ხალხების მიმართ: "იქნებიან ესენი ბერძნები, სლავები თუ სხვა სულერთია, ის მათი მფარველია და შეიძლება წინამძღოლიც, მაგრამ არა დამპყრობელი, მათი დედაა და არა ბატონი. და თუ მათი ხელმწიფე იქნება, მხოლოდ მათივე არჩევით, იმის შენარჩუნებით, რაც განსაზღვრავდა მათ დამოუკიდებლობას". ასე რომ, დოსტოევსკის აზრით, ასეთ კავშირში შეიძლება გაერთიანდნენ არამართლმადიდებლებიც. ამას წერდა დოსტოევსკი 1876 წლის ივნისში.       1877 წლის მარტში ის ისევ დაუბრუნდა ამ საკითხს და სათაურით "ერთხელ კიდევ იმის შესახებ, რომ ადრე თუ გვიან კონსტანტინეპოლი უნდა იყოს ჩვენი", წერდა: "გასულ წელს მე ვთქვი, რომ კონსტანტინეპოლი ადრე თუ გვიან უნდა იყოს ჩვენი. თუმცა, მე მაშინ ჩემ სტატიას ვუწოდე "ისტორიის უტოპიური გაგება", მაგრამ მე თვითონ მტკიცედ მწამდა ჩემი სიტყვები და არ ვთვლი მათ უტოპიად, ახლაც მზად ვარ ისინი ზუსტად დავადასტურო". დოსტოევსკი მრავალ არგუმენტს მიმართავს ამ იდეის განსამტკიცებლად. მისი აზრით, "კონსტანტინეპოლი უნდა იყოს ჩვენი, არა მხოლოდ ცნობილი პორტის თვალსაზრისით, სრუტისა, რომელიც "სამყაროს საკვანძო პუნქტია", "დედამიწის ჭიპია", არა დიდი ხნიდან გაცნობიერებული აუცილებლობის თვალსაზრისით, რომ ისეთ გოლიათს, როგორიც რუსეთია, უნდა ჰქონდეს ჩაკეტილი ოთახიდან გასასვლელი, რომელშიც ის უკვე ჭერამდე გაიზარდა, გავიდეს სივრცეში და ისუნთქოს ზღვათა და ოკეანეთა თავისუფალი ჰაერი".       დოსტოევსკი აყენებს კიდევ ერთ მოსაზრებას: სარწმუნოებრივი ერთიანობის აუცილებლობას და კვლავ მხოლოდ რუსეთის ხელმძღვანელობას. "ამიტომ აღმოსავლეთმა მიმართა რუსეთს, მასში დაინახა გადამრჩენი და გამაერთიანებელი ცენტრი. რუსეთმაც იკისრა ხალხების დაღუპვისაგან ხსნის ტვირთი". დოსტოევსკის აზრით, რუსეთმა უნდა იკისროს აღმოსავლეთის წინამძღოლობა, არ დაუთმოს იგი ევროპის რომელიმე სახელმწიფოს, არ დაუშვას კონსტანტინეპოლის საერთაშორისო ქალაქად გამოცხადება. მისი თქმით, "რუსეთის ხმალი უკვე მრავალგზის ბრწყინავდა აღმოსავლეთში მის დასაცავად". აღმოსავლეთიც რუსეთის მეფეში საკუთარ მეფეს ხედავს. ამიტომ: "კონსტანტინეპოლი ადრე თუ გვიან უნდა იყოს ჩვენი. თუნდაც მხოლოდ მომავალ საუკუნეში. ეს ყველა რუსს ყოველთვის უნდა ახსოვდეს". ასეთია რუსეთის ექსპანსიონისტური სახე მსოფლიო აზროვნების ერთ-ერთი ბრწყინვალე წარმომადგენლის, დოსტოევსკის ნააზრევში. ამოსაბეჭდი ვერსია: • მითი როგორც კულტურის ელემენტი • წიგნიდან: "კულტურის სოციოლოგია" ← წინა ნაწილი გაგრძელება → …
დაამატა ლაშა to სოციოლოგია at 2:18pm on ივნისი 22, 2015
თემა: აკმე
, როცა პირველად გავიცანი. ამ დროისთვის უკვე თხუთმეტიოდე წიგნის ავტორი გახლდათ, რომლებმაც ერთ მუჭა მცოდნეთა წრეში „გენიოსის“ სახელი დაუმკვიდრეს. იგი ადელფის უბანში ცხოვრობდა იორკის ქუჩაზე, სახლში, რომელიც უფრო იმით იყო ღირსშესანიშნავი, რომ მისი სადარბაზო შესასვლელი არასოდეს იკეტებოდა. ორი ოთახი ეკავა ბოლო სართულზე, სადაც მორყეულ კიბეს ავყავდით. დარწმუნებული ვარ, ასეთ მეორე მწერალს ვერსად იპოვიდით. იგი სულაც არ დაგიდევდათ, რას ფიქრობდა მასზე ხალხი და სავსებით უგულებელყოფდა პრესის აზრს. მაგრამ ეს არ ჰგავდა იმ მწერლის დამოკიდებულებას პრესისადმი, რომელიც აღმოცენდება ხოლმე საკუთარ თხზულებებზე კრიტიკის კითხვის შედეგად – კრიტიკულ წერილებს იგი სულაც არ კითხულობდა. სინამდვილეში, ეს უფრო მოხეტიალე სულისა და ჩვენს ცივილიზაციაში უცხოდ მოხვედრილი ახირებული კაცის უგულებელყოფას წააგავდა, თვეობით ხეტიალის ეშხით რომ მზად იყო, სხვენის სართული მიეტოვებინა და შინ მხოლოდ გამოსაზამთრებლად და წიგნის დასაწერად დაბრუნებულიყო. ბრუსი თხელ-თხელი, ტანმაღალი კაცი გახლდათ, სახით ოდნავ მარკ ტვენს ჰგავდა: ზევით აზიდული შავი, დაფანჩული წარბები; ჭაღარა, ძირს დაშვებული მეჩხერი ულვაში და ჭაღარავე აჩეჩილი თმა ჰქონდა. თვალები კი – მუქი თაფლისფერი, სულში ჩამწვდენი და სევდიანი – ჭოტს მიუგავდა და მის დაღარულ სახეს რაღაც უჩვეულო გამომეტყველებას ანიჭებდა, თითქოს მწერლის სული სრულიად უცხოა მისი დამატყვევებელი სხეულისთვისო. ჩემი მეგობარი უცოლოდ შემორჩენილიყო და, ჩანდა, კიდეც გაურბოდა ქალებს. მგონია, ყოველთვის წარმატება ჰქონდა ქალებში და ბოლოს, ეტყობა, „ჭკუა ისწავლა“.    იმ წელიწადს, როცა ეს ამბავი მოხდა, ჩემი მეგობარი საშინელ გაჭირვებაში ცხოვრობდა. ან რა გასაკვირია? ჩვენს საუკუნეს სულაც არ ადარდებდა ის საკითხები, რომელთა მიმართაც ბრუსი გულგრილობას ვერ იჩენდა. მისი უკანასკნელი წიგნი სავსებით ჩაფლავდა. ამას ზედ დაერთო ოპერაცია, რაც ძვირად დაუჯდა და ძალზეც მიასავათა. ოქტომბრის ერთ დღეს მის სანახავად რომ მივედი, ერთმანეთზე მიდგმულ ორ სავარძელში ჩასვენებულიყო და ბრაზილიურ სიგარეტს აბოლებდა, რომელიც ძალიან მოსწონდა, ჩემზე კი ძალიან ცუდად მოქმედებდა – სიმინდის მოყვითალო ფურცელში გახვეული სიგარეტები ძალიან შავი და მაგარი იყო. ბრუსს მუხლებზე ბლოკნოტი ედო, გარშემო კი ქაღალდის ფურცლები ეყარა. ოთახს უბადრუკი იერი დაჰკრავდა. წელიწადზე მეტი არ მენახა მეგობარი, მან კი ისე შემომხედა, თითქოს მხოლოდ წინა ღამით დავშორდით ერთმანეთს. – გამარჯობა! – მომესალმა იგი, – წუხელ კინოა თუ რაღაც ეშმაკები იქ გახლდით. ოდესმე ყოფილხართ კინოში? – როგორ თუ ვყოფილვარ? იცით, რომელი წლიდან არსებობს კინო? დაახლოებით ათას ცხრაასიდან. – ნუთუ? დიდი სასეირო რამეა! მინდა გუშინდელი სურათი გავამასხარაო. – როგორ თუ გაამასხარავო? – უბრალოდ: პაროდია უნდა დავწერო. ეს იქნება ყველაზე დიდი მონაჩმახი, რაც კი ოდესმე წაგიკითხავთ. იგი ძირს დაგდებულ ფურცელს დასწვდა, გადაათვალიერა და ჩაიხითხითა. – ჩემი პაროდიის გმირი ქალი, – დაიწყო მან, – ოქტორუნია. მას ვნებით მიბნედილი თვალები აქვს და ტურფა მკერდი უღელავს. ყველა მის დასაკუთრებას ესწრაფვის, მაგრამ – ამაოდ! მისი კდემამოსილება ენით აუწერელია. ქალის ცხოვრება უამრავი ფათერაკითაა აღსავსე. ეპიზოდები, როცა იგი ბეწვზე უსხლტება სიკვდილს, შიშით ძარღვებში სისხლს გაგიყინავთ და თმას ყალყზე დაგიყენებთ. ქალს ერთი ავარა, თავზეხელაღებული ძმა ჰყავს, რომელმაც დის რაღაც საშინელი საიდუმლო იცის. მას უნდა ამით ისარგებლოს და საკუთარი და ერთ მილიონერს მიჰყიდოს, რომელიც, თავის მხრივ, ასევე საშინელ საიდუმლოებას ფარავს. ერთი სიტყვით, პაროდიაში სულ ოთხი ბნელით მოსილი საიდუმლოა. პირდაპირ შემაძრწუნებელი ამბებია! – რა ტყუილუბრალოდ ფლანგავთ დროს, – შევნიშნე მე. – დროს? – გაჯავრებით წამოიძახა მან. – რა თავში ვიხლი ნეტავ ამ დროს, სულ ერთია, ჩემს წიგნებს მაინც არავინ ყიდულობს. – ვინ გივლით ახლა თქვენ? – ექიმები! მათ მარტო ფულის დაცინცვლა იციან და მეტი არაფერი. მე კი სულ ჯიბეგამოფხეკილი ვარ. მაგრამ ამაზე არ ღირს ლაპარაკი, – თქვა მან, იატაკიდან კიდევ ერთი ფურცელი აიღო და ისევ ჩაიხითხითა. – წუხელ იქ უჩვენებდნენ (ღმერთო დიდებულო, რას არ მოიგონებენ!), როგორ ეჯიბრებოდნენ ერთმანეთს მატარებელი და ავტომობილი. ჰოდა, მეც ერთმანეთს ავტომობილი, აეროპლანი და ცხენი გავაჯიბრე. ყურები ვცქვიტე. შეიძლება, თქვენს პაროდიას გადავხედო, როცა დაამთავრებთ? – ვკითხე მე. – უკვე მოვრჩი, ორიოდე საათში დავწერე. ნუთუ ფიქრობთ, ასეთ სისულელეს რამდენიმე დღეს მოვანდომებდი? – მან ფურცლები ერთად შეკრიბა და გამომიწოდა. – აი, ინებეთ. ცოტა გული გადავაყოლე ამის წერას. იცით, გმირი ქალის საიდუმლოება ისაა, რომ მის ძარღვებში ზანგის წვეთი სისხლიც არ ურევია. იგი აღმოჩნდება ქ-ნი დელა კასე – წმინდა სისხლის სამხრეთელი კრეოლი, ხოლო ის არამზადა სულაც არაა მისი ძმა. მილიონერიც ნამდვილი მილიონერი არ გამოდგება. ბოლოს გამოირკვევა, რომ ნამდვილი მილიონერი ყოფილა ქალის ადრინდელი სატრფო, რომელიც მანამდე ყველას ჯიბეგაფხეკილი ეგონა. უნდა მოგახსენოთ, სწორედ დიდებულია! – გმადლობ, – მივუგე მშრალად და ხელნაწერი ჩამოვართვი. გულდამძიმებული დავშორდი მეგობარს. მაფიქრებდა მისი ავადმყოფობა, უფრო კი მისი ფულადი გაჭირვება, რადგან ვერ წარმომედგინა, როგორ უნდა დაეღწია თავი ამ მძიმე მდგომარეობიდან.    იმ საღამოს, სადილობის შემდეგ, უხალისოდ შევუდექი პაროდიის კითხვას. ოცდათხუთმეტგვერდიანი ხელნაწერის ორი ფურცელიც არ მექნებოდა გადაკითხული, რომ აღელვებისგან ზეზე წამოვიჭერი, მერე ისევ დავჯექი და სულმოუთქმელად ჩავიკითხე. პაროდიაო? ღმერთო ჩემო! ჩემ წინ სრულყოფილი სცენარი იდო, ანუ, უფრო სწორად, უბრალო პროფესიული გაშალაშინების შემდეგ სრულქმნილი გახდებოდა. აღფრთოვანებამ შემიპყრო. ეს პაროდია ნამდვილ ოქროს ზოდს წარმოადგენდა, თუ ჭკვიანურად გამოვიყენებდით. დარწმუნებული ვიყავი, არც ერთი განთქმული კინოკომპანია ასეთ ლუკმას ხელიდან არ გაუშვებდა. დიახ! დარწმუნებული ვიყავი, მაგრამ როგორ შევდგომოდი საქმეს, რა მეღონა? ბრუსი ერთი ახირებული ვინმე გახლდათ, უნდო და ველური – ყველაფერს ეჭვის თვალით უყურებდა. აბა, მარტო ის რად ღირდა, რომ კინო ახლახან აღმოაჩინა! რომ მეთქვა, თქვენი პაროდიიდან შესანიშნავი ფილმი გამოიჭრება-მეთქი, ვიცი, წამოიძახებდა: ღმერთო ჩემო, რა სისულელეაო, და რა ძვირფასიც უნდა ყოფილიყო, ბუხარში შეუძახებდა. მაგრამ, მეორე მხრივ, ავტორის თანხმობის გარეშე, როგორ გამეყიდა სცენარი, თუ ბრუსს ჩემს განზრახვას არ გავუმჟღავნებდი მე კი სულითა და გულით მეწადა, დავხმარებოდი, ცოტაოდენი ფული მაინც ეშოვა. თუ ვიყოჩაღებდით, ამ სცენარს შეეძლო ბრუსი კარგა ხნით უზრუნველეყო. ისეთი შეგრძნება მქონდა, თითქოს ფასდაუდებელი სამუზეუმო რამ ნივთი მჭეროდეს ხელში და ახლა ფეხის წაბორძიკება კმაროდა, რომ იგი ნამსხვრევებად ქცეულიყო. უცებ გამახსენდა, რა კილოთი ლაპარაკობდა ბრუსი კინოზე: – დიდი სასეირო რამეაო! – ფულის საკითხშიც მუდამ უშნო ამპარტავნობას იჩენდა ხოლმე. ჰოდა, განა შემეძლო მის დაუკითხავად გამეყიდა სცენარი? მართალია, ვიცოდი, გაზეთებს არასოდეს კითხულობდა, მაგრამ ეს გარემოება მაინც ვერ გაამართლებდა ჩემს ნაბიჯს. გამეყიდა სცენარი და დამედგა ფილმი ისე, რომ ამის თაობაზე ხმა-კრინტი არ დამეძრა მასთან? რამდენიმე საათი ვუტრიალე ამ საკითხს, მაგრამ ვერაფერი მოვუხერხე და მეორე დღეს ისევ ვეწვიე ბრუსს. იგი რაღაცას კითხულობდა. – ა, ისევ თქვენა ხართ? გამარჯობა. მართლა, რას ფიქრობთ თეორიაზე, თითქოს ეგვიპტის კულტურა საჰარის ძველი ცივილიზაციის ნამსხვრევიაო? – არაფერსაც არ ვფიქრობ, – მივუგე მე. – მტკნარი სისულელეა. ეს ვაჟბატონი ვარაუდობს... მე შევაწყვეტინე. – დაგიბრუნოთ პაროდია, თუ ნებას მომცემთ დავიტოვო? – პაროდია? რა პაროდია? – აი, გუშინ რომ მომეცით. – ოჰ, ისა? შეგიძლიათ ბუხარს შეუკეთოთ. დიახ. იმას გეუბნებოდით, ეს ვაჟბატონი-მეთქი... – კეთილი, ცეცხლში შევუძახებ, – ვთქვი მე. – ვხედავ, არა გცალიათ. – ოჰ, სრულებითაც არა! არაფერი საქმე არა მაქვს, – მომიგო მან. – რა გამოდის წერით! ყოველი ახალი წიგნი სულ უფრო და უფრო ნაკლებ შემოსავალს მაძლევს. ლამის სიღატაკეში ამომხდეს სული. – იმიტომ, რომ ხალხის გემოვნებას აინუნშიც არ აგდებთ. – რა ვქნა, როცა არ ვიცი, ხალხს რა მოსწონს. – თქვენ არც გსურთ, გაიგოთ. მე გასწავლიდით, რა გზით შეიძლება ხალხის გულის მონადირება და ფულის შოვნა, მაგრამ ვიცი, კინწისკვრით გამაგდებთ.    უცებ, კინაღამ წამომცდა: აი, მაგალითად, ჯიბეში უკვე მიდევს თქვენი ოქროს ზოდი-მეთქი, მაგრამ ენას კბილი დავაჭირე. ამჟამად რისკის გაწევა არ ღირს, – გავივლე გუნებაში, – მთავარია, რომ სცენარი ხელთა მაქვს Carte blanche - cartes serrees!.     ოქროს ზოდი ისევ შინ წავიღე, ჩავუჯექი და მალე სცენარად ვაქციე. ამას იოლად გავართვი თავი, რადგან მოთხრობა თითქმის არ გადამიკეთებია. ნამდვილი თავსატეხი მერე გამომიჩნდა: წამეწერა თუ არა მისი გვარი? საქმე ისაა, რომ თუ კინოკომპანიას ხელმოუწერელ სცენარს წარვუდგენდი, უავტორო ნაწარმოებისთვის გაცილებით ნაკლები ჰონორარი გვერგებოდა. ხოლო თუ ბრუსის გვარს დავაწერდი, მცირე ვაჭრობის შემდეგ, ორჯერ მეტ ფულს დავცინცლავდი. კინოს ხალხს, რა თქმა უნდა, ბრუსის სახელი არც ექნებოდათ გაგონილი, მაგრამ ვიწრო ლიტერატურულ წრეში კი, უდავოა, იცნობდნენ და, მოგეხსენებათ, რა შთაბეჭდილებას ახდენს დროულად ჩართული ფრაზა: „გენიოსის კალამს ეკუთვნის“. მაგრამ ასეთი ნაბიჯი სახიფათო გახლდათ, ამიტომ საშუალო გზა გამოვნახე. გადავწყვიტე კინოკომპანიისთვის მიმეტანა ხელმოუწერელი სცენარი, მაგრამ ლაპარაკში დავძენდი, – ერთი გენიოსი მწერლისაა-მეთქი, და თანაც დავარწმუნებდი, რომ ასეთი ინკოგნიტო, პირიქით, უფრო მეტი მოგების საწინდარი იქნებოდა. კარგად ვიცოდი, კინოს მუშაკები ერთი თვალის გადავლებით მიხვდებოდნენ, მართლაც ნიჭიერ სცენართან რომ ჰქონდათ საქმე.    მეორე დღესვე ერთ ცნობილ კინოკომპანიას მივუტანე ხელნაწერი პატარა ბარათითურთ: „ავტორს, ცნობილ ნიჭიერ მწერალს, გარკვეული მიზეზების გამო არ სურს თავისი ვინაობის გამომჟღავნება“. კომპანია ორი კვირის განმავლობაში ყალყზე იდგა, მაგრამ ბოლოს მაინც მოვახრევინე ქედი. სხვა გზა არ ჰქონდათ: სცენარი თავისთავად უნაკლო რამ იყო. ახლა მთელი კვირა ჰონორარზე ვვაჭრობდით. ორჯერ წავუყენე ულტიმატუმი და ორჯერვე მოვდრიკე: კარგად უწყოდნენ, რა ლუკმაც ჩაუვარდათ ხელში. შემეძლო ხელშეკრულება ორი ათას გირვანქა სტერლინგზე დამედო, რასაც ვადის დასრულების შემდეგ კიდევ ორი ათასი გირვანქა დაემატებოდა, მაგრამ ამჯერად მე დავთმე და ნაღდ სამი ათას გირვანქა სტერლინგზე შევუთანხმდი იმ ანგარიშით, რომ ბრუსს ეს უფრო ხელს მისცემდა. უნდა ითქვას, რომ ხელშეკრულების პირობები იოტისოდენადაც არ შეეფერებოდა ასეთ სრულქმნილ, სრულყოფილ სცენარს, მე რომ ხელფეხშეკრული არ ვყოფილიყავი, საქმეს, უდავოა, უკეთ გავარიგებდი. მოკლედ, ასე თუ ისე, ხელშეკრულებას ხელი მოვაწერე, სცენარი გადავეცი და ჰონორარის ჩეკი მივიღე.    წარმატებამ ფრთები შემასხა, თუმცა ვგრძნობდი, ნამდვილი გასაჭირი სწორედ ახლა იწყებოდა. რა ეშმაკობა უნდა მომეგონებინა, რომ ბრუსი დამეყოლიებინა, ფული აეღო, როცა წინასწარ ვიცოდი მისი შეხედულება კინოზე? ჯერ ვიფიქრე, მის თხზულებათა გამომცემლებთან მივსულიყავი და მეთხოვა, დროდადრო ფული გადაეგზავნათ ბრუსისთვის ვითომდა დარჩენილი ჰონორარის ანგარიშში. მაგრამ ეს ნიშნავდა, რომ გამომცემლებისთვის საიდუმლო გამენდო. თანაც ბრუსი თავის წიგნებში უმნიშვნელო გასამრჯელოს მიღებას მიეჩვია და ახლა დიდი თანხა ეჭვს აღუძრავდა, მიიკითხ-მოიკითხავდა და ბოლოს ყველაფერი გამოაშკარავდებოდა. მერე გადავწყვიტე, ვინმე ვექილს გამოვძებნი, რომელიც ხელდახელ გახდის ბრუსს ამ ფულების მემკვიდრედ-მეთქი. მაგრამ ასეთ შემთხვევაში, ვექილიც რომ დათანხმებულიყო, დასასრული აღარ ექნებოდა ტყუილებისა და არაკების ჩმახვას. ერთხანს ვფიქრობდი, ფულს ბანკნოტების სახით გადავგზავნი და ასეთ ბარათსაც დავურთავ: „მარად თქვენი ნიჭის თაყვანისმცემელი“. მაგრამ შემეშინდა, ვაითუ ბრუსმა აქ რაიმე ფანდი, ან მოპარული ფულების საშიშროება დაინახოს და პოლიციას მიმართოს საქმის გამოძიების მიზნით-მეთქი. ბოლოს იმ აზრზე დავდექი, რომ ყველაფერს აჯობებდა, თუ პირდაპირ მივდიოდი, მაგიდაზე ჩეკს დავუდებდი და გულახდილად გავუმჟღავნებდი ყველაფერს.    ეს საქმე საშინლად მტანჯავდა, რასაც აღრმავებდა იმის შეგნება, რომ უფლება არ მქონდა საერთო ნაცნობები ჩამერია და მათთვის რჩევა მეკითხა. ერთი სიტყვით, ისეთი ამბავი გახლდათ, რომ ადრე თუ გვიან სიმართლე მაინც გაირკვეოდა. გარდა ამისა, არც ფულის აღება მინდოდა გამეჭიანურებინა, რადგან ფილმის გადაღებას უკვე შესდგომოდნენ. კინო იმ ხანებში კრიზისს განიცდიდა, ეკრანებზე კარგი ფილმები იშვიათად გამოდიოდა, რის გამოც ბრუსის სცენარის მიხედვით სურათის გადაღება ფაცაფუცით დაიწყეს. მაგრამ მე უფრო ბრუსის ბედი მადარდებდა: საშინლად ხელმოკლედ ცხოვრობდა, უფულობის გამო ფეხი ვერსად გაედგა, თანაც ავადმყოფობა და გაურკვეველი მომავალი გულს უღრღნიდა. და, მიუხედავად ამისა, იგი მაინც ისე განსხვავდებოდა სხვებისგან, ისე უცხო და ზეამაღლებული ჩანდა ჩვენი ცივილიზაციის წინაშე, ვერ წარმომედგინა, როგორ უნდა მივსულიყავი მასთან და მეთქვა: „აი, ინებეთ თქვენი სცენარის ფული“. ამაზე ფიქრიც კი ჟრუანტელს მგვრიდა. თითქოს მესმოდა კიდეც მისი ხმა: „რაო? ეს მე დავწერე კინოსთვის? რას ბრძანებთ, როგორ გეკადრებათ?“    ყველაფერი რომ კარგად ავწონ-დავწონე, დავრწმუნდი, ზედმეტი თავისუფლება გამოვიჩინე, როცა ბრუსის დაუკითხავად მისი ხელნაწერი გავყიდე. ვგრძნობდი, არასოდეს მაპატიებდა ამას. მე კი გულწრფელად მიყვარდა იგი, თითქმის მოწიწებით ვეპყრობოდი და ამიტომ შიშით ვფიქრობდი, ყველაფერს რომ გაიგებს, ნამდვილად ზურგს შემაქცევს-მეთქი. ბოლოს ისეთი გზა ავირჩიე, რომელსაც უნდა გაემართლებინა ჩემი საქციელი: ვითომდა ყველაფერი პირადი გამორჩენის მიზნთი გავაკეთე. ამიტომ ჩეკი გავანაღდე, ფული ჩემს ბანკში შევიტანე, მერე მთელი თანხის – სამი ათასი გირვანქა სტერლინგის – ჩეკი გამოვაწერინე და ხელშეკრულებიანად შინ მივადექი მეგობარს.    ბრუსი ჩვეულებისამებრ ორ ერთმანეთზე მიდგმულ სავარძელში იწვა, თავის საყვარელ ბრაზილიურ სიგარეტს აბოლებდა და მასთან შეხიზნულ უპატრონო კატას ეალერსებოდა. იმ დღეს ბრუსი უფრო მოტეხილი მეჩვენა. საუბარი შორიდან დავიწყე, ჯანმრთელობის ამბავი გამოვკითხე, რაღაცებს მივედ-მოვედე და ბოლოს საქმეს შევუდექი. – ბრუს, ცოდვა უნდა მომიტევოთ. – ცოდვა? – გაიკვირვა მან. – რა ცოდვა? – გახსოვთ, ამ ექვსიოდე კვირის წინ პაროდია რომ დაწერეთ კინოზე და მერე მე მომეცით? – არა. – როგორ არ გაგონდებათ? აი, ოქტორუნის თავგადასავალს რომ ჰყვებოდით? – ოჰ, ისა? ჰო, გამახსენდა, – თქვა ბრუსმა და ჩაიცინა. მე სული ამოვითქვი და განვაგრძე: – იცით, ის ხელნაწერი გავყიდე. ფული კი, რა თქმა უნდა, თქვენია და უნდა აიღოთ. – რაო? ვინ ბეჭდავს მაგ აბდაუბდას? – კი არ ბეჭდავენ, ფილმს იღებენ, და თანაც, მათივე სიტყვებით რომ ვთქვათ, ზეფილმს!    ხელი, კატას რომ უალერსებდა, წამით შეჩერდა და ბრუსმა თვალი თვალში გამიყარა. მე აჩქარებით განვაგრძე: – რა თქმა უნდა, მოვალე ვიყავი მეთქვა თქვენთვის, რასაც ვაპირებდი, მაგრამ ახირებული და ყველაფერზე საოცრად ამაღლებული აზრების კაცი ხართ, ბრუს. დარწმუნებული ვარ, რომ მეთქვა, თავს უშნოდ გამოიდებდით და შეიძლება, საქმე უფრო წაგეხდინათ. ისე კი უნდა გამოგიტყდეთ, პაროდიიდან ბრწყინვალე სცენარი გამოვიდა. აი, ხელშეკრულება და სამი ათასი გირვანქა სტერლინგის ჩეკიც, ჩემი ბანკის სახელზე. საქმის გარიგებისთვის, თქვენ თუ ყაბულსა ხართ, სამასი გირვანქა მერგება. მართალია ფულის მიღების იმედი არა მაქვს, მაგრამ თუ გაიმეტებთ, სიამოვნებით ავიღებ, თქვენნაირად არ მეჩოთირება. – ღმერთო ჩემო, – აღმოხდა ბრუსს. – დიახ, მე მესმის თქვენი, ბრუს. მაგრამ მერწმუნეთ, სისულელეა. ვიცი, მთელი სიცოცხლე სინდისის ქენჯნა გაგტანჯავთ. იტყვით, შემოსავლის უღირსი, ჭუჭყიანი წყაროაო. ასე თუ მიდგა საქმე, რაღაა ღირსეული და შეუბღალავი ჩვენს დროში? კინო სწორედ რომ კარგად ასახავს ჩვენი ცივილიზაციის არსს. იგი ჩვენი საუკუნის ბუნებრივი გამოვლენაა. კინო ართობს ადამიანებს, სიამოვნებას ანიჭებს. შეიძლება, ეს სიამოვნება ვულგარული და იაფფასიანია, მაგრამ ჩვენ თვითონაც ვულგარული და იაფფასიანი არა ვართ? რა საჭიროა თვალთმაქცობა, თითქოს სინამდვილეში მართლა ასეთები არ ვიყოთ! რა თქმა უნდა, მე თქვენ არ გგულისხმობთ, ბრუს, არამედ, საერთოდ ადამიანებს. ვულგარული საუკუნე ვულგარულ გართობას მოითხოვს. ხოლო, თუ ჩვენ შეგვიძლია მივცეთ ხალხს ასეთი გართობა, ვალდებული ვართ ასეც მოვიქცეთ. რას იზამთ, ცხოვრება ვერაფერი საამურია!    ბრუსი თვალს არ მაშორებდა. ამ მზერამ თითქოს დამბლა დამცაო, მაგრამ მაინც ენის ბორძიკით განვაგრძობდი: – ამქვეყნად განდეგილივით ცხოვრობთ, ბრუს, და არც კი იცით, რა სურს, რა სწადია უბრალო ხალხს. მას კი თავისი ბანალური, ერთფეროვნული ცხოვრების შესაფერადებლად სურს იხილოს სისხლის ღვრა, ყოველი ჯურის გამაღიზიანებელი, შემაძრწუნებელი ამბები. მართალია, თქვენ აზრადაც არ მოგსვლიათ მაყურებლის ეს სურვილები დაგეკმაყოფილებინათ, მაგრამ თქვენდა უნებურად მათი მადლი მოისხით. ამიტომაც ეს ფული თქვენ გეკუთვნით და უყოყმანოდ უნდა აიღოთ.    დაფეთებული კატა უცებ ძირს გადმოხტა. მე ქარიშხლის ამოვარდნას ველოდი, ამიტომ საპასუხოდ განვაგრძე: – ვიცი, თქვენ გძულთ და გეზიზღებათ კინო...    უცბად გრგვინვასავით გაისმა მისი ხმა: – რას ჩმახავთ, რას ლაპარაკობთ! კინო? თითქმის ყოველ საღამოს კინოში დავდივარ! ახლა უკვე ჩემი რიგი დადგა და წამოვიძახე: – ღმერთო ჩემო!    მერე ხელშეკრულება და ბანკის ჩეკი ხელში მივაჩეჩე და თავქუდმოგლეჯილი გავვარდი ოთახიდან. დაფეთებული კატაც ფეხდაფეხ ამედევნა. 1923 წ. აკმე - სრულყოფილების მწვერვალი, უმაღლესი ხარისხი, აყვავების ხანა (ბერძნ). …
დაამატა Kakha to ლიტერატურა at 10:17pm on ივლისი 14, 2016
თემა: თეატრი
სი. ლამაზები, კარგები, მონდომებულები, საყვარლები. ნამდვილი ქართველი მსახიობები, მათგან ნასროლი სიტყვა, იმედისა და ერთობისა, პატიოსნებისა, სიყვარულისა. ეს საოცრება იყო. არა იმიტომ, რომ ისინი დიდი მსახიობები იყვნენ, არამედ იმიტომ, რომ საკუთრივ თეატრი ნიშნავდა საქართველოსთვის ერთ ახალ გზას, ერთ ახალ ამოსუნთქვას, დიდსა და უსასრულოს. იყო ასეთი დრო, რომ საქართველოში ყოველ შესახვევში თეატრი იყო. ის, რაც ადრე ხასიათში ჰქონდა ქართველობას, წარმოდგენის უნარი და სურვილი, ახლა გამხდარიყო საყოველთაო. მაგრამ იქამდე იყო ის პირველი პროფესიული დასი. ის შეიქმნა იმ დროებაში, როცა „დროება“ წერდა დასაწერს, როცა დასრულდა რუსეთ-თურქეთის მორიგი ომი, როცა საქალაქო რეფორმამ მისცა ხალხს ამოსუნთქვა.    ჰოდა, მხოლოდ თბილისით ნუ შემოვსაზღვრავთ. ეს საქართველოს დასი იყო. პირველი ქართული თეატრალური დასის პირველი გასტროლები იყო განუმეორებელი ამბავი. ნამდვილი ჩვენებური გულის ამბავი. დასმა პირველი წარმოდგენები გაზაფხულზე გამართა თბილისში, ზაფხული კი საგასტროლოდ აირჩია. მარშრუტი გრძელი გამოდიოდა და ლამის მთელ ზაფხულს დაიჭერდა: გორი, ქუთაისი, ფოთი, ბათუმი და მერე უკანა გზაზე ისევ ფოთი, ისევ ქუთაისი და ასარჩევად, ან ბორჯომი, ანდა ახალციხე. ეს თეატრალური დასი ისედაც დიდი არ იყო და გასტროლებისთვის სულ ცხრა მსახიობი იყო მზად - ხუთი კაცი და ოთხი ქალი. გასტროლების წინ კი ისეთი ვითარება შეიქნა, რომ რეჟისორმა და დასის საძირკვლის ჩამყრელმა გიორგი თუმანიშვილმა წაყოლა ვერ შეიძლო. კაცები და ქალები-მეთქი, კი ვთქვი, მაგრამ ჩვენში ბიჭებს და გოგოებს უფრო ეძახიან ამ ასაკის ხალხს. დასის უფროსი წევრი 27 წლისა იყო, დანარჩენები ოცი-ოცდაორისანი იქნებოდნენ. მოკლედ, საგასტროლო გუნდში შედიოდნენ ვასო აბაშიძე, ასიკო ცაგარელი, ზაალ მაჩაბელი, ნოდარ ჯორჯაძე, კოტე ყიფიანი, ბაბო კორინთელი, მაშო ყიფიანი, ნატო გაბუნია და მაკო საფაროვა. ეს ცხრა ადამიანი თამაშობდა სპექტაკლებს და, თუ საჭირო შეიქნებოდა, შეიძლებოდა გზადაგზა ვიღაცეების დამატება, ეს იოლი იყო ხოლმე მაშინ. მაგალითად, ქუთაისში კოტე მესხი დაემატებოდა ხოლმე და ასე. სცენის მოყვარეებს რა დალევდა საქართველოში, სცენაზე გაგოგმანების მსურველიც ბევრი იყო. დასს თან ახლდა სუფლიორი - გიგო ყიფშიძე, ცნობილი ქართველი ჟურნალისტი და მთარგმნელი, კარგი მთარგმნელი, სხვათა შორის, იმიტომ, რომ მაშინ ყველა თარგმნიდა, კარგი კი სულ ერთი-ორი იყო. გიგო ყიფშიძე „ივერიაში“ ილიას მარჯვენა ხელი იყო წლების მანძილზე, ძალიან კარგი კაცი და სცენით აღტაცებული.    როგორც ყველა ნამდვილ დასს, ამ დასსაც ჰყავდა თავისი ადმინისტრატორი, ეს იყო ადამ ჩუბინაშვილი; და, რაც მთავარია, დასს ჰყავდა პარიკმახერი. დღევანდელ ენაზე რომ ვთქვათ, გრიმიორი და ვიზაჟისტი. ეს იყო დავით ამირეჯიბი. მოკლედ, იმნაირი გვარ-სახელის ხალხი შეყრილიყო ამ დასში, რომ მათით თავად-აზნაურთა საკრებულოს დაკომპლექტება შეიძლებოდა. ეს იყო ღარიბი, თუმცა ძალიან კარგი და მხიარული დასი. აშკარა იყო, რომ მოგზაურობა იქნებოდა ძალიან მხიარული და სასიამოვნო. ეს იყო საექსკურსიო-შემეცნებითი სულის მატარებელი გასტროლი, იმიტომ, რომ ბევრი რამ თვითონ დასის წევრებისთვისაც აღმოჩნდა მოულოდნელი და სასიამოვნო და ძალიან გააფართოვა ამ ახალგაზრდების თვალსაწიერი. ასე იყო მაშინ საქართველოში. როგორღაც ისე გამოდგა, რომ ზღვა არც ერთს არ ჰქონდა ნანახი. მათ მთავარ ბარგს შეადგენდა ორი დიდი ზანდუკი. იქ ეწყო რეკვიზიტი და მერე გიორგი თუმანიშვილი ატანდა მატარებელს, თუკი რამ კიდევ დასჭირდებოდათ. პირველი გაჩერება იყო გორი, თბილისელებისთვის ყველაზე ახლო ქალაქი და ნატო გაბუნია საერთოდაც გორელი იყო და ძალიან ბევრი ამხანაგი ჰყავდათ მსახიობებს ამ ქალაქში.    ერთი დელიკატური მომენტი ის იყო, რომ უბირი ხალხი და არაუბირი ტრადიციონალისტები ამბობდნენ, ქალის სცენაზე გამოსვლა არ შეიძლებაო, და ეს გოგოები ამ მხრივ ნამდვილი გმირები იყვნენ. გორი, საერთოდ, ერთ-ერთი აკვანია ქართული თეატრისა. ჰოდა, პირველი პროფესიული დასის პირველი ჩამოსვლა ამ ქალაქში გადაიქცა ნამდვილ საქალაქო ფესტივალად. ძალიან ბევრი მეგობარი დახვდათ სადგურზევე, რაც სრულიად არ იყო მოულოდნელი. მგონი, იმპერატორი რომ ჩამოსულიყო გორში, ამდენი ხალხი მაინც არ გამოვიდოდა სადგურზე, და იქვე დაიწყო ქართული გაწევ-გამოწევა, შენ ჩემთან დარჩი, შენ ჩემთან წამოდი და მთელი ამბავი. დასისთვის ბინა-ბინა დაყოფა არ შეიძლებოდა. ვითარება ისეთი იყო, რომ ამ მასპინძლობაში ერთმანეთს დაკარგავდნენ. საცხოვრებლად სამი ოთახი შეურჩიეს ზუბიაშვილების სახლში, რომელიც მერე მირზოევის ხელში გადავიდა. ასე ნაწილდებოდნენ: გოგოები ცალკე, ბიჭები ცალკე. რაღაც ძალიან ახალგაზრდული ამბავი იყო. სამი ოთახი საკმარისი იყო, ერთ ათ დღეს რჩებოდნენ გორში. თანაც, გამოსადეგი დარბაზი იყო საძებარი. მაშინ თეატრალური დარბაზები ქალაქებში არ იყო. ამ გასტროლების დროის დარბაზები და სცენები ძალიან შორსა დგას ნამდვილი თეატრალური დარბაზებისგან. მიმსგავსებულიც კი არ არის. საწარმოდგენოდ შესაძლოა რესტორანიც გამომდგარიყო, ან სკოლის დარბაზი. იპოვეს სათამაშო ადგილი გორის ძველ ხიდთან, როტონდა ერქვა და იქ მართავდნენ წარმოდგენებს ღია ცის ქვეშ.    მოგეხსენებათ, საქართველოში როგორი დახვედრა და მასპინძლობა იციან და მით უმეტეს, ასეთი პირველი და თავისებურად უნიკალური მოვლენისა როგორი იქნებოდა. გორში მაშინ დრამატურგებიც კი ცხოვრობდნენ, დღეს დავიწყებულნი. მაგალითად, აღალო თუთაშვილი, რომელმაც, პირდაპირი მნიშვნელობით, ტყავი გაიძრო. ასიკო ცაგარელი იგონებს: ძალიან უცნაური გასტროლი იყო, ფული არაფერში არ გვეხარჯებოდა, თუ ჩვენთვის რამეს არ ვიყიდდით ჩუმად, ვთქვათ, კეპს ან ჟილეტს, თორემ გვერდზე ვინ გაგვახედებდაო. ბილეთებზე იყო ნამდვილი წყვეტა. ისინი თამაშობდნენ ყოველდღე. მოუწიათ. შემოსავალი რჩებოდა დასს და ნაწილდებოდა, ხოლო ჭამა და ღამის გასათევი გამოდიოდა უფასო. ვინ იკადრებდა, გადაეხდევინებინა. იმხელა სიხარული იყო.    ადამიანები მიდიოდნენ ამ წარმოდგენებზე, როგორც ჯადოსნობაზე. აღალო უმართავდა ყოველდღე სადილებს, უკვე ეუხერხულებოდათ, ისე იხარჯებოდა. მთელი გორი ფეხზე იდგა - აბა, რა გჭირდებათ, აბა, როგორ გინდათ, აბა, სცენის ამბავი - ფარდა, მე მოვიტან ფარდას, შევკერავ. ასეთი ვითარება იყო. თეატრი ქმნიდა რაღაც ერთობას, მთელ ქალაქებს აერთიანებდა ხოლმე ძალიან უბრალო და ხალისიანი წარმოდგენების გარშემო. ნიკო დიასამიძე იყო ცნობილი გორელი მემამულე. ივანე მაჩაბლისა და აკაკის მეგობარი და ცნობილი თავისი სიფიცხით. მგონი, აკაკის სახუმარო ლექსიცა აქვს მის სიფიცხეზე. ფიცხი და პირდაპირ მთქმელი კაცი, რომელთან ლაპარაკიც ყველას უჭირდა. ჰოდა, ეს კაცი, როგორც მოსამსახურე, აყუდებული იყო ყოველდღე თავის მოურავთან ერთად ზუბიაშვილების სახლის წინ და როგორც კი ფანჯარაში გამოჩნდებოდა რომელიმე მსახიობი, ეძახდა: რა გავაკეთო თქვენთვის, მითხარით, ნუ გერიდებათო.    გორით დაიწყო და აბა, ლიხს იქით როგორია. კოტე ყიფიანის გარდა, ყველანი პირველად ხედავდნენ იქეთა საქართველოს და თან მატარებლის ფანჯრიდან. ქუთაისისკენ სვლა, იმერეთის ბუნება და გორული ძღვენით გამოტენილი კუპეები. გორელებმა ხომ უხვად იციან ხოლმე. შეიძლება მრავალფეროვანი არ იყოს, მაგრამ რაც არის, ძალიან უხვი და ბარაქიანია. მგზავრობას თან ახლდა გადასარევი ქართლური ღვინოებიც და, მოკლედ, ეს იყო ერთი სიამოვნება. თანაც, იქ რომანები იყო გაბმული, ვასოს და მაკო საფაროვას ერთმანეთი უყვარდათ. მაგრამ ესე ყოველი დაავიწყდათ, როცა იხილეს ქუთაისის სადგური. იქ იყო კივილი და თაიგულების ყრა. კოტე მესხი სადგურში მივიდა მატარებლის ჩამოსვლამდე სამი საათით ადრე და მთელი ეს დრო ხალხის მწყობრად დაყენებას შეალია. მოწაფეები, ბარიშნები, აზნაურიშვილები, აფიცრები, ვაჭრები და დღესასწაული.    იმ დროის ქუთაისი იყო სრულიად განსაკუთრებული ქალაქი და ყველაზე მოწინავეც მაშინდელ საქართველოში; საკმაოდ შეძლებულიც და მშვენივრად აწყობილი ქალაქი. იქ ცხოვრობდა ინტელიგენცია და ბურჟუაზია. სასტუმრო საუკეთესო, რაღა თქმა უნდა, სართული გადაკეტილი. ეს იყო ბულვარის კიდეზე, და მგონი სასტუმროს ერქვა „ივერია.“ მერე იმ ადგილას იყო ხარაზოვის ცნობილი თეატრი. და ქუთაისშიც არ აღმოჩნდა ისეთი დარბაზი, რომ თეატრს ოდნავ მაინც მგვანებოდა. მაგრამ აღმოჩნდა ცირკის შენობა. ცირკის ფიცრული, უფრო სწორად რომ ვთქვათ. ხისგან შეკრული დროებითი ნაგებობა, რომელიც თუნუქით დაეხურათ და ხომ იყო ზაფხული და ძალიან ცხელოდა და ეს თუნუქი ხურდა და მთლად ხელს უთავებდა. ჰოდა, იყო შტოფებით წყლის ჩადგმა, სველი ხელბანდების მოტანა და მთელი ამბავი.    ქუთაისში რომ „პეპოს“ თამაშობდნენ, ქალაქი ცარიელი იყო. ვინც შიგნით იყო, იყო, ვინც არა და ბულვარში იდგა და უსმენდა ცირკიდან გამომავალ სიცილ-ხარხარს. დახვედრა, რა თქმა უნდა, იყო ინტელიგენტურ-ბურჟუაზიული და აქაც პირველი, რაც გაგვიკვირდა და, გაგვიკვირდა საჭმელების გემოო. სხვანაირი გემო ჰქონდა აღმოსავლეთთან შედარებითო. იმატებდა და იმატებდა მასპინძლობის რაღაცა გიჟური სურვილი. დილიდანვე ჩამწკრივებული გიმნაზიელები, გოგოები, ბიჭები, ყველანი - რა გავაკეთოთ თქვენთვისო? ცირკში მთელი რემონტი შეიქნა საჭირო, რომელსაც კოტე ყიფიანმა უხელმძღვანელა და მუშაობდნენ სულ მოხალისეები. სცენის მხარე უნდა გარემონტებულიყო, რომ იქ წარმოდგენა გათამაშებულიყო, შპალერის მოტანა, სახლში ჭაღების მოხსნა და იქ ჩამოკიდება. ვინ დაინანებდა? უხაროდა ყველას, იმიტომ რომ ეს მოვლენა იყო. პირველი იყო. უხაროდათ, რომ ხედავდნენ ამ ახალგაზრდა, ლამაზ ხალხს. უკეთესი რა უნდა ენახათ! ერთხელ მოვიდნენ ქუთაისელი ქალები და მოუტანეს მსახიობებს ცხრა ერთნაირი პერანგი, ხელით ნაკერი. შეუკერეს ლურჯი ნაჭრისგან - მეზღვაურებისას ჰგავდაო, ასიკო იგონებს, და მოვერცხლილი ახალციხური ღილებით და თეთრი კანტებით იყო დამშვენებულიო. ამათ ჩაიცვეს, როგორც ფორმა და ასე დადიოდნენ ქუთაისში. სრული აღტყინება და ბედნიერება და ვის რა ეჩუქებინა, აღარ იცოდა. საჩუქრები იყო ისეთიც, რომ მთელი სიცოცხლე გამოჰყვათ ქალებს.    გზა იდო ბათუმისკენ თუ ფოთისკენ, მაგრამ ბათუმისკენ პირდაპირ ვერ წახვიდოდი: სულ წელიწადი, ცოტა მეტი იქნებოდა, რაც ბათუმი რუსეთის იმპერიას დარჩა თურქეთთან ბოლო ომის შემდეგ და ამიტომ იქით ჯერ რკინიგზა კი არა, კარგი გზაც არ იყო. ბათუმში წასასვლელად ჯერ ფოთში უნდა ჩასულიყავით, იქ დამჯდარიყავით გემზე და ზღვით მიგეღწიათ. ბათუმისა არ იყოს, ფოთიც სწრაფად მშენებარე ქალაქი იყო. მოკლედ, წინ ბევრი საქმე იყო, იმის მიუხედავად, რომ ქუთაისური მასპინძლობის შემხედვარე ამ ქალაქიდან წასვლა ძალიან ჭირდა, მაგრამ რას იზამდი. ჰო, ქუთაისში იქორწინეს ვასომ და მაკომ, იქავე, სასტუმროში. ეს იყო დასის პირველი წყვილი. მეორე წყვილი კი იყო ასიკო ცაგარელი და ნატო გაბუნია. ასე რომ, ყველაფერი მიდიოდა ძალიან მხიარულად და ისე, როგორც მიდის ხოლმე ახალგაზრდებში. ძალიან დასიცხულები მოდიოდნენ ქუთაისიდან, დასიცხულები და დაღლილები. მივიდნენ ფოთში და ფოთმა გააოცა ისინი, იმიტომ, რომ მოხვდნენ იქ, სადაც რიონი უერთდება ზღვას. ჰოდა, გოგოები ძალიან აღელდნენ, თავიდან რიონი ეგონათ ზღვა, იმიტომ რომ ძალიან ფართოვდებოდა იმ ადგილას, სადაც ზღვას უერთდებოდა. ორ კორტოხს არ ვიყავით გაცილებული იქითო და აქეთ კიდევ მოხვდნენ ზღვასთან. ფოთი იყო დახაზული ქალაქი. თბილისს მიჩვეულ ხალხს ფოთი აოცებდა. პატარა კი იყო, მაგრამ სწორი ქუჩებით. ასევე იყო ბათუმიც, რომელიც მერე ნახეს და ნეტა თბილისს ჰქონდეს ასეთი ქუჩები და პარკიო, ამბობდნენ. ამდენი ევროპელი კი, ფოთში რომ ირეოდა, ერთად არასდროს გვენახაო. ძალიან შთამბეჭდავი იყო ეს ყველაფერი და მოულოდნელი. თან ზღვა, თან გემები. ბათუმისკენ მავალი გემი სულ სამი იყო. ერთს ერქვა „ბაბუშკა“, მეორეს - „დედუშკა“ და მესამეს - „რიონი“. პატარა გემები იყო და მოძრაობდა როგორც ტრანსპორტი ხალხისათვის ბათუმამდე. ფოთში იშოვეს სკოლის დარბაზი.    ქალაქში ორი მაგარი სასტუმრო იყო, ერთი ფრანგებისა - „შარკო“ და მეორე - „ალაინი“, სადაც ესენი დაბინავდნენ. და გამოჩნდა მასპინძელიც, ჯამბაკურ გურიელი, ბრწყინვალე თავადი. ფოთის გასტრონომიამ საერთოდ გადარია გოგო-ბიჭები, იმიტომ რომ აქ უკვე გამოჩნდა მეგრული და გურული ამბები. მაინც ოსმალურიც ერია ჩვენს საკვებში, მაგრამ რაოდენობამ საერთოდ წაგვლეკაო. საუზმეზე მოჰქონდათ ოთხი თავი საჭმელი და სადილზე - რვა. ეს ჩვეულებრივ დღეებში, როცა წარმოდგენა იყო და მათ დროსტარება და ქეიფი არ შეეძლოთ. ჯამბაკურ გურიელს ჰყავდა ცოლი, ელეონორა, რომელიც სულ თან დაჰყვებოდა და ეკითხებოდა, „ჩვენო ლამაზებო, ჩვენო კარგებო, ჩვენო ლამაზებო, ჩვენო კარგებო, რა გაგიკეთოთ?“ - ასე ხვდებოდა საქართველო თავის პირველ დასს თავის ქალაქებში. ერთ დღესაც ჯამბაკურმა გაშალა უგრძესი სუფრა ფოთის პარკში. დაიწყეს და დააღამდათ ამ სუფრაზე და როცა ეგონათ, რომ ყველაფერი დამთავრდა, ჯამბაკურმა - აბა, ახლა მოვიდა შამპანურის და სხვანაირი დროსტარების ჟამიო და დაიწყეს ნავების ერთმანეთზე გადაბმა და ტივების შეკვრა და აბა, შევცურეთ პალიასტომშიო. ასეთი ქეიფიც მოუწყო ამათ შუა წყალში. ეს იყო მართლა შთამბეჭდავი მსახიობებისთვის, იმიტომ, რომ მსგავს რამეებს აქამდე არასდროს გადაჰყროდნენ.    ეს იყო პირველი მართლა პოპულარული ხალხი საქართველოში. ესენი იყვნენ პირველები. დამხვდურები სახეზეც არ იცნობდნენ მათ, მაგრამ რახან ყველაფერი ხდებოდა ბუნებრივად და რახან ეს იყო თეატრი და ხელოვნება, ყველა მოვალედ რაცხდა თავს, მათთვის იმაზე მეტი მიეცა, რაც შეეძლო. იქ იყო ნომრებში პალიასტომის ლოქოს შემოყრა და რაღაც სიგიჟეები. ასე ხვდებოდნენ ღარიბ მოგზაურ არტისტებს საქართველოში. ისევ პირადი საჩუქრები ჯამბაკურ გურიელისგან და, რა თქმა უნდა, გემი „ბაბუშკა“ და ბათუმი. ხოლო ბათუმი არის სულ სხვა ქალაქი. დიდი ნავსადგური, რუსული ადმინისტრაცია, „ვაენნი გარადოკი“, სადაც არის კარგი ქართული ოფიცრობა. აქ არიან ქართველები, უამრავი უცხოელი და აქ არიან ადგილობრივი მუსლიმი ქართველებიც, რომლებიც სულ ცოტა ხანია, რაც საზღვარს აქეთ მოხვდნენ. ყველაფერთან ერთად ბათუმი არის „პორტო-ფრანკო“, ანუ თავისუფალი ნავსადგური, სადაც არ არის გადასახადი და სადაც ყველაფერი არის წარმოუდგენლად იაფი. უბრალოდ, ჯერ არის ძალიან პატარა და მშენებარე. ცაგარელი იგონებს, ოცი წლის თავზე რომ ჩავედი ბათუმში, ამ ბათუმსა და იმ ბათუმს შორის, მე რომ პირველად ვიყავი, ისეთივე განსხვავება იყო, როგორიც თბილისსა და მცხეთას შორისო. სწრაფად გაიზარდა ეს ქალაქი და „პორტო-ფრანკოც“ ძალიან უწყობდა ამას ხელს იმ საწყის წლებში.    ასიკო ცაგარელს თავისი ჯავრი ჰქონდა და განსაკუთრებით აღნიშნავს თავის მემუარებში, რომ ფრანგული ბოთლი კონიაკი ერთი მანეთი და 50 კაპიკი ღირდა, როცა თბილისში - ცხრა მანეთი და 50 კაპიკიაო. აი, ასეთი სხვაობა იყო ფასებში. მთელმა დასმა წლობით მოიშორა გარდერობის პრობლემა. ყველამ იყიდა ხუთ-ხუთი ხელი, ქალებმა კი ლამის ათ-ათი ხელი ტანსაცმელი ჩალის ფასად. აი, ასეთი ვითარება იყო. მაინც სამხედრო ქალაქი იყო ჯერჯერობით. ქალაქის თავი, გრადანაჩალნიკი იყო, პოლკოვნიკი ბერსი და ჰყავდა ქართველი ცოლი, ფატი და მათთან ყოფილა უდახვეწილესი საუზმეები. ძალიან კულტურული კაცი იყო ეს პოლკოვნიკი ბერსი. მაგრამ მთავარი ვინმეები მაინც გამოდგნენ პოლიცმეისტერი დურმიშხან ჟურული და მისი ცოლი ქეთევანი. როდესაც გემი მიადგა ნავსადგურს და მსახიობები ნაპირზე გადმოვიდნენ, იქ მდგომმა ჟურულმა უთხრა: მე ვარ ამ ქალაქის პოლიცმეისტერი და მე ვარ თქვენს განკარგულებაში! დურმიშხან ჟურულს ჰყავდა ვაჟი, გიორგი ჟურული, მერე საკმაოდ ცნობილი ქართველი პუბლიცისტი და ქართული ნაწერების ცენზორი. გიორგი ჟურული მაშინ იყო მოწაფე, აღტაცებული დასით და ისე მიწებებული ამ დასს, რომ ვერაფრით ვერ ააგლიჯეს იმ ათი დღის განმავლობაში. ბიჭი იყო და დასში კი ოთხივე გოგო კარგი იყო.    ამ დროს ის უნდა გვახსოვდეს, რომ ფოთიდან ვასო აბაშიძე თბილისში გაბრუნდა, იმიტომ, რომ მამის ავადმყოფობის ამბავი შეატყობინეს. მისი როლები გიგო ყიფშიძემ დაიჭირა, სუფლიორად კი ხან ვის დაიმატებდნენ და ხან ვის და მოხალისე ბათუმშიც ბევრი იყო, იმათ შორის - გიორგი ჟურულიც. და უყურებდა, როგორ ასაჩუქრებდა მთელი ქალაქის ოფიცრობა და ბურჟუაზია ამათ ქალებს და მოუნდა, თვითონაც ეჩუქებინა რაღაც, მაგრამ გიმნაზიელს ჯიბეში იმდენი ფული არ ექნებოდა, რომ რაღაც ფასეული ეჩუქებინა და სახლში გამხელაც არ უნდოდა. ვის უნდა? ჰოდა, მოიგონა, მივიდა საყვავილეში და უთხრა, მამაჩემმა დამაბარა, ძალიან დიდი ყვავილების თაიგული გააკეთონ და გამოგატანონო. ფასი მარტო ყვავილს კი არ ჰქონდა იმ დროში, არამედ ლენტსაც, რომელიც თაიგულს ეხვია და რატომღაც ულენტოდ წამოიღო. თაიგული დამალა, მივიდა ნატო გაბუნიასთან და უთხრა, რომ დედამ გთხოვაო, დღეს ქართული კაბით უნდა მოვიდე სპექტაკლზე და, სცენაზე რომ ვარდისფერი სარტყელი გეკეთა, ის მათხოვეო. ნატომ, რა თქმა უნდა, გაატანა. კი გაუკვირდა, მაგრამ გაატანა. მიჭრა-მოჭრა ეს სარტყელი გიორგიმ და გაუკეთა ლენტად თაიგულს. მაინც ბიჭი იყო, სულელი. მაინც ბავშვურად შეხედა და ეს თაიგული აჩუქა ნატოსვე. ნატო მოსწონდა, ესე იგი. კი გაუკვირდა ამას, თავისი სარტყელი იცნო. ამასობაში გაბედა მეყვავილემაც და 25 მანეთის ანგარიში, რაც კარგი ფულია, როცა ფრანგული კონიაკი მანეთ-ნახევარი ღირს, წარუდგინა პოლიცმეისტერს.    გიორგი ჟურული მერე ცოტათი გამსახიობდა კიდეც. ბათუმში სტამბა არ იყო და მსახიობებიც ხო ჰაიჰარა ხალხია, არ უფიქრიათ და ფოთიდან დაბეჭდილი აფიშები აღარ წამოუღიათ. ამიტომ აფიშები ვერ გააკრეს. გამოსავალი ისევ პოლიცმეისტერმა ჟურულმა იპოვა. თბილისის არ იყოს, ბათუმშიც დადიოდნენ წყლის დამტარებლები, ოღონდ თულუხჩები არ ერქვათ. ესენი ოსმალოები იყვნენ და სწორედ ამათ ასწავლეს მსახიობი ქალების გვარები და სპექტაკლების სათაურები. დადიოდნენ მთელ ქალაქში და დამტვრეული ქართულით ყვიროდნენ: საფაროვა, ყიფიანი, კორინთელი და გოგოებს სახუმარო ჩხუბი მოსდიოდათ, პირველად რომლის სახელი შესძახაო, იმიტომ რომ პირველი დაძახება უფრო ხმამაღალი იყო. დაინახავდნენ ამ წყლის დამტარებლებს და გავარდებოდნენ ხოლმე, ჩუქნიდნენ აბაზიანს, ჯერ ჩემი სახელი თქვიო და ასე აჯავრებდნენ ერთმანეთს. ქართველი ოფიცრობა სჩადიოდა საოცრებებს. როდესაც ქუთაისიდან მოაცილებდნენ დასს, იქ ბევრი მატარებელში შემოხტა და რიონამდე გამოჰყვა. ეს, საერთოდ, ქუთაისური ტრადიციაა, რიონამდე გამოყოლა ბოთლებით, მაგრამ იქ, ვინც მატარებელში ვერ შემოეტია, გამოჰყვნენ ეტლებით რიონამდე და გზადაგზა მოსძახოდნენ კუპეების ფანჯრებში. აი, ასეთი ამბავი იყო იქა. და ახლა ქართველმა ოფიცრობამ რა ქნა ბათუმში: იყო ასეთი კაპიტანი სიმონ აბდუშელიშვილი, ვაჩნაძეები იყვნენ ძმები და კიდევ ერთი იყო - კორინთელი. ქალები ქალაქში მარტო ვერ გადიოდნენ, იმიტომ, რომ ესენი საპატიო ბადრაგად დაჰყვებოდნენ ცხენდაცხენ. პატივისცემის გარდა, იქ, ცხადია, არშიყობაც იყო და თუ ქუთაისლები მატარებელს შემოახტნენ, ესენი ნავებით გამოუდგნენ გემს, როცა დასი უკვე მოდიოდა ბათუმიდან და იყო იქ თაიგულების შეყრა და სხვა ასეთი სიგიჟეები. ეს ყველაფერი იყო ძალიან კარგი და ლამაზი. ბათუმშივე ნახეს მსახიობებმა ქართველი ბეგები, ქართველი მუსლიმები, ქართველი თავადები - თავდგირიძეები, აბაშიძეები, ხიმშიაშვილები. ჰოდა, შეაქეს. მათ მიიღეს ეს წარმოდგენა, მიუხედავად რელიგიური სიმკაცრისა, ოღონდ კი ღვინოს არა სვამდნენ და გადასარევ ყავაზე გვპატიჟებდნენ ხოლმეო, ძალიან დამახასიათებლად ეცვათ და ძალიან წვრილად და ბრძნულად გვეკითხებოდნენ ყველაფერს აქეთა საქართველოს შესახებ, რომელშიც უკვე თვითონაც ცხოვრობდნენ, მაგრამ ცოტა კი იცოდნენო.    ერთ ხნიერ და თეთრწვერა ბეგს კი უთქვამს, კარგი ბიჭები ხართ, მაგრამ ეგ თქვენი ქუდები არ მომწონსო, ღორის დრუნჩსა ჰგავსო. მაშინ მოდური კარტუზები ეხურათ. ღორი მუსლიმისთვის, მოგეხსენებათ. მე გაჩუქებთ კარგ ქუდებსო და აჩუქა ოსმალური ფესკები და უთხრა, ამის მოხდა არ შეიძლებაო, ხელი უნდა მიიდო და ისე მიესალმო ყველასო და გვეხურა ჩვენც ეს ქუდები და დავდიოდით ქალაქში და გვეცვა ქუთაისელების შეკერილი ბლუზები და ვიყავით ბედნიერებიო. რა ჯობია ასეთ ბედნიერებას, მაგრამ ბედნიერება წამია და ტანჯვისაც უნდა ითქვას, იმ დროის ერთ-ერთი ტანჯვისაც. …
დაამატა Kakha to ლიტერატურა at 4:10pm on დეკემბერი 14, 2016
თემა: წმიდა კეთილმსახური მეფე თამარი (ოქროს საუკუნე )
წინაშე, რომლისთვისაც განგებას ებოძებინა მძიმე ჯვარი ერის წინამძღოლობისა.       მამა-შვილი ხუთი წლის მანძილზე განაგებდა სამეფოს. 1184 წელს მეფე გიოორგი გარდაიცვალა და საქართველოს ერთადერთ მბრძანებლად და პატრონად 18 წლის თამარი იქცა. ქვეყანამაც ერთგულად და სიყვარულით მიიღო "მზე მზეთა და ნათელი ნათელთა". სახელმწიფოს კარის გარიგების დაცვით ღირსმა და მადლმოსილმა მეუფემ, ქუთათელმა მთავარეპისკოპოსმა ანტონ საღირის ძემ და რაჭისა და თაკვერის ერისთავმა კახაბერ კახაბერის ძემ სამეფო გვირგვინი დაადგეს, ვარდანისძეებმა, საღირისძეებმა და ამანელისძეებმა კი ხმალი შემოარტყეს წელზე. განიხარა სრულიად საქართველომ. "ჰკრეს ბუკთა, ქოსთა და წინწილათა და იყო ზარი და ზაჰმი ქალაქსა შინა, სიხარული, შუება და იმედი უიმედოქმნილთა". დაიწყო დიდებით და გამარჯვებებით, აღმშენებლობით და მოღვაწეობით, უძილო ღამეებით და ცრემლიანი ლოცვებით აღსავსე გზა მონარქთა შორის გამორჩეულის, "მზეთა მზის და დედოფალთა დედოფლის, შარავანდედთა შორის უმეტეს აღმობრწყინებული" თამარის მეფობისა.       ხელისუფლების სათავეში მოსვლა თამარმა საღმრთო საქმით აღნიშნა: მოიწვია საეკლესიო კრება, რომელზეც შეკრებილ მღვდელმთავართა და მამათა სიმრავლეს მან ბრწყინვალე სიტყვით მდაბლად მიმართა. მეფის თანადგომით გამხნევებულმა კრებამ უღირსი ეპისკოპოსები გადააყენა, მათ ნაცვლად "საღმრთონი კაცნი დაადგინა" და "სხუანი საეკლესიონი წესნი განმართნეს უდებთა მიერ დახსნილნი".       კეთილ ნაყოფში ღვარძლი გაერია. სწორედ თამარის კურთხევის წელს, მეჭურჭლეთუხუცესმა ყუთლუ-არსლანმა, რომელიც ამირსპასალარობას მიელტვოდა, ისანში კარვის დადგმა მოითხოვა, სადაც, მისი გეგმით, ყველა საშინაო და საგარეო საქმე უნდა განხილულიყო და შედეგი მეფისათვის ეცნობებინა. ისნის კარავს ხელში უნდა აეღო მეფის ძირითადი უფლებები. ამით არა მარტო სამეფო ტახტი შესუსტდებოდა, არამედ ქვეყნის ერთიანობასაც საფრთხე დაემუქრებოდა.       თამარის ბრძანებით ყუთლუ-არსლანი შეიპყრეს, მაგრამ მისმა თანამოაზრეებმა იარაღით ხელში მოითხოვეს მისი გათავისუფლება. ქვეყანა ძმათა შორის ომის საშიშროების წინაშე აღმოჩნდა. მეფემ ყველაზე კეთილშობილურ ხერხს მიმართა: შეთქმულთა ბანაკში გაგზავნა ორი წარჩინებული და პატივდებული მანდილოსანი ხუშაქი ცოქალი, დედა ქართლის ერისთავის რატისა და კრავაი ჯაყელი. პატიოსანთა დედათა მოციქულობამ ისე იმოქმედა მეამბოხეებზე, რომ "მოჰყვეს ბრძანებასა პატიოსნისასა და წინაშე მოსრულთა დავრდომით თაყუანის-სცეს, აღიღეს ფიცი პატრონისაგან და მისცეს მათ პირი ერთგულებისა და ნებისმყოფელობისა მათისა".       ქვეყანამ იგრძნო მეფის ძლიერი ხელი. თამარმა სახელმწიფო თანამდებობაზე თავისი მომხრეები დანიშნა.       სამღვდელოებამ და დიდებულებმა თამარს მოსთხოვეს დაქორწინებულიყო და სასიძოდ შეარჩიეს რუსი უფლისწული, სუზდალის მთავრის, ანდრია ბოგოლიუბსკის ძე გიორგი. მეფემ წინააღმდეგობის გაწევა სცადა: "ვითარ ღირს არ შეტყუებული ესე ქმნად? არა ვიცით კაცისა ამის უცხოსა ქცევა და საქმე, არცა მხედრობისა, არცა ბუნებისა, და არცა ქცევისა. მაცალეთ, ვიდრემდის განიცადონ ყოველთა სიკეთე, გინა სიდრკუე მისი".       ქვეშევრდომებმა არ შეისმინეს მეფის სიტყვა და მალე დიდვაჭარმა ზანქან ზორობაბელმა საქართველოში ჩამოიყვანა "მოყმე სახეკეკლუცი, სრული ანაგებითა და მჭვრეტელთაგან საჩენი გუარისშვილად".       პირმშვენიერ გიორგი რუსს არც ვაჟკაცობა და სიმამაცე აკლდა. მისი წინამძღოლობით ქართველთა ლაშქარი მუდამ გამარჯვებული ბრუნდებოდა.       საუბედუროდ, გიორგიმ მალე გამოამჟღავნა თავისი ავი ზნე. "სკვითურნი, ვითარ ნაღებთა ბუნებითნი სიმთრვალეთა შინა საძაგელთა უწესობად იწყო მრავალთა". ორწელიწადნახევარი ითმენდა თამარი ქმრის უმსგავსო საქციელს, ბოლოს უხმო კათოლიკოსს, ეპისკოპოსთ, დიდებულთ და ბრძანა: "დაღათუ საღმრთოსა სჯულსა მიერ სწავლულ ვარ მე "არგანშორებად პირველსა საწოლსა", არამედ რომელმან არა დაიცვას საწოლი თვისი წმიდად, არა ჯერ არს მის თანა დათმენა, რამეთუ შემაგინებელი არს ტაძრისა ღმრთისა და მე არა მიძლავს აჩრდილისა მრუდისა ხისასა განმართვად და უბრალოდ განვიყრი მტუერსაცა, რომელი აღმეკრა მე შენ მიერ".       გიორგი რუსს ურიცხვი განძი უბოძეს და კონსტანტინეპოლს გაისტუმრეს.       მეზობელ სახელმწიფოთაგან მრავალი მეფე იყო თამარის მშვენიერებით მოხიბლული და მისი მეუღლეობის მსურველი. ქართველთა ხელმწიფეს ქორწინება აღარ უნდოდა, მაგრამ დარბაზის ერი "წინააღუდგებოდეს, უშვილობასა მოახსენებდეს, სახლისა მისისა უნაყოფობასა დრტვინვიდეს". ამიტომ თამარმა ყორად-იღო მამიდის, რუსუდანის რჩევა და ჯვარი დაიწერა ოვსთა მეფის ძეზე, ბაგრატიონთა, კერძოდ, გიორგი I შთამომავალზე დავით სოსლანზე. "ფერ-ნაკუთად კარგი, ბეჭ-ბრტყელი, პირად ტურფა და ტანად ზომიერი, ორთავე კერძოთა გუართაგან სახელმწიფო" დავითი, რუსუდანის გაზრდილი იყო.       გიორგი რუსი ვერ შეურიგდა თამარისა და საქართველოს დაკარგვას, შემოვიდა კარნუ-ქალაქში, მხარში ამოიყენა კლარჯთა ერისთავი გუზანი, სამცხის სპასალარი ბოცო, მესხი დიდებულები, იმერ-სვანნი და ქუთაისში თავი მეფეს გამოაცხადა. "ჰოი ღაღადი დიდი და განსაკვირვებელი კაცთა ცნობისა! ვინა ანუ ვისღა მოსაყდრე საყდარსა დაჯდა დავითიანსა?" თამარის ერგულმა სპამ სამაგიერო გადაუხადა ორგულებს.       1193 წელს თამარს და დავითს შეეძინათ ვაჟი, "ყოვლითურთ მსგავსი პაპისა და დაარქვეს სახელი გიორგი" და რადგანაც ძალზე ლამაზი იყო, მეტსახელად უწოდეს ლაშა (ნათელი, ქვეყნის მანათობელი).       1193 წლის მიწურულს გიორგი რუსი კვლავ დაბრუნდა კონსტანტინეპოლიდან და სპარსეთის ათაბაგის დახმარებით აიღო რანი და მოაოხრა კამბეჩოვანი. პირველად ხორნაბუჯელმა საღირ მახატლის ძემ შეიტყო რუსის მოსვლა, მცირე რაზმი შეკრიბა და მხნედ ეკვეთა მომხდურს. თამარის სიმართლემ გაამარჯვებინა ქართველებს. მათ მთლიანად მოსრეს მტერი და მათი ნაალაფარი უკანვე დაიბრუნეს. გიორგი რუსმა ძლივს გაასწრო ორ მონასთან ერთად.       მომდევნო, 1194 წელს ასული შეეძინა თამარს და დავითს. ქართველთა გამარჯვებით შეძრწუნებულმა თურქებმა 1195 წელს მუსლიმთა დიდი კოალიციური ლაშქრობა მოაწყვეს ადარბადაგანის ათაბაგ აბუბაქარის სარდლობით.       თამარმა სასწრაფოდ ბრძანა ქუდზე კაცის შეყრა, თანაც ანტონ ჭყონდიდელს დაავალა: "ისწრაფედ დაწერად და მიმოდადევით ბრძანება, რათა მსწრაფლ შემოკრბეს მხედრობა და კუალად მიეცენით ყოველთა ეკლესიათა და მონასტერთა, რათა დაუცადებელნი ღამისთევანი და ლიტანიობანი აღესრულებოდიან ყოველსა ადგილსა და წარგზავნეთ ფრიად საფასე და სახმარი გლახაკთათვის, რათა მოიცალონ ლოცვად და მოწყალე ყონ ღმერთი. ნუ სადა თქუან წარმართთა: სადა არს ღმერთი იგი მათი".       ათ დღეში შეყარა "ლაშქარნი იმერით და ამერით". ბრძოლის წინ თამარმა სიტყვით მიმართა სპას: "ძმანო ჩემნო, ყოვლად ნუ შეძრწუნდებიან გულნი თქუნნი სიმრავლისა მათისათვის და სიმცირისა თქუენისა, რამეთუ ღმერთი ჩუენ თანა არს. გასმია გედეონისათვის სამსონი და სიმრავლე ურიცხვი მადიამელთა მათ მიერ მოწყუედილთა, კუალად ასურასტანელთა ბანაკი ლოცვითა ეზეკიელისათა წამსა შინა ანგელოზისა მიერ დაცემულნი? მხოლოდ ღმერთსა ოდენ მიენდვენით და გულნი თქუენნი სიმართლით იპყრენით წინაშე მისსა და სასოება ყოველი ჯუარისა მიმართ ქრისტესისა იყავნ. შეისწრაფეთ ქუეყანად მათდა შეწევნითა ყოვლად წმიდისა ღვთისმშობელისათა და ძალითა უძლეველისა ჯუარისათა წარემართენით".       შემდეგ მეფეთ-მეფემ დალოცა ლაშქარი, ღმერთს შეავედრა ქრისტესთვის თავდადებული მხედრობა, "წარუძღუანა ძელი ცხოვრებისა და თანა წარატანა ანტონი ჭყონდიდელი". თვითონ ფეხსაცმელი გაიხადა და "შიშულითა ფერხითა მიიწია ტაძარსა ღმრთისმშობლისასა მეტეხთა და წინაშე ხატსა მას წმიდასა მდებარე არა დასცხრებოდა ცრემლითა ვედრებად".       უფალმა მოწყალე თვალით გადმოხედა ღვთისმოყვარე მეფესა და ღვთისმშობლის წილხვედრ საქართველოს. უთანასწორო ბრძოლა ციხე-ქალაქ შამქორთან, სადაც თურქნი ბევრად აღემატებოდნენ ქართველთა ლაშქარს, ქრისტიანთა გამარჯვებით დამთავრდა. წმიდა შალვა ახალციხელმა (ხს. 17 ივლისს) სეფე დროშა მოსტაცა აგარიანებს, შემდგომ თამარმა ეს დროშა ძვირფას მანიაკთან ერთად ხახულის ღვთისმშობელს შესწირა.       ამ გამარჯვების აღსანიშნავად და ღვთის სადიდებლად წმიდა მეფემ იამბიკო დაწერა: "შენგან, ქალწულო, რომელსა შენთვის დავით როკვიდა, ძისა ღმრთისა შენისა ყოფად, მე, თამარ, მიწა შენი და მიერვე, ცხებულობასა ღირს მყავ და თვისობასა. ედემს, ღადირთად, სამხრით და ჩრდილოეთით შუამფლობელი იავარს შენდა ვმრთელობ, ხალიფას დროშა თანავე მანიაკსა შევრთე, ცრუ სჯულთა მოძღურისა ღაზოდ მძღუანი, ვინ დავით, ძეებ ეფრემის მოისარმან მოირთხნა, მოსრნა სულტნითა, ათაბაგით..."       თამარის დროს ერთი ფრიად მნიშვნელოვანი სარწმუნოებრივი კამათი მოხდა ქართველთა და სომეხთა შორის. თამარის უპირველესი კარისკაცები, ზაქარია და იოანე მხარგრძელები გასომხებული ქურთები იყვნენ და გრიგორიანულ სარწმუნოებას მისდევდნენ. ერთხელ, საღამოს ლიტურღიის შემდეგ, ზაქარიამ სეფისკვერის მიღება ისურვა, მაგრამ კათოლიკოსმა იოანემ ნება არ დართო.       გაბრაზებულმა ამირსპასალარმა სომეხთა კათოლიკოსი მოიყვანა. "მე მოლაშქრე ვარ, სჯული არ ვიცი, ამას ეკამათეო". კამათმა დიდხანს გასტანა. ბოლოს იოანე კათოლიკოსმა ბრძანა, საქმით გამოვაჩინოთ ჩვენი სიმართლეო. სამი დღე ვაშიმშილოთ ძაღლები. მესამე დღეს უსისხლო მსხვერპლშეწირვა აღვასრულოთ და ტარიგი ძაღლებს დავუგოთ. რომლის ტარიგსაც ძაღლი შესჭამს, მისი სარწმუნოება მცდარი იქნებაო. ამის გამგონე მეფეს და ერს თავზარი დაეცა. წმიდა თამარმა კათოლიკოსს შეჰკადრა: "რა ვთქუ, ვინ შემძლებელ არს მისდა ქმნად, მოგონებად და სმენად, რამეთუ განსაკვირვებელ არს?" კათოლიკოსმა წყნარად მიუგო: "საქმე ესე არა მინდობითა თავისა ჩემისათა ვყავ, არამედ ვყოფ ამას სასოებითა ქრისტეს ღმრთისათა, რათა აჩუენოს მორწმუნეთა მართალი მორწმუნეობა თუ ვისი არს და ვინ არიან მართლაღმსარებელნი და ვისითა მღდელ-მოქმედებითა შეიწირავს უსისხლოსა მსხვერპლსა და ვისთა ხელთა მისცემს ტარიგი ღმრთისა დაკლვად თავსა თვისსა".       კვირის საღმრთო ლიტურგიაზე მწირველმა იოანე კათოლიკოსმა ხელთ იტვირთა მართლმადიდებლურად შეწირული ტარიგი. მეფე და ერი შეძრწუნებული უმზერდა საოცარ სახილველს. კათოლიკოსმა ილოცა: "ქრისტე მეუფეო, ხსნისათვის კაცთასა განკაცებულო, ჯვარცმულო ჩვენთვის, დაფლულო და აღდგომილო და ზეცად მამისა ამაღლებულო, რომელმან მოგუეც ხორცი შენი, რათა მოსახსენებლად შენდა ვჰყოფდეთ; შენ, მეუფეო, გთნავს სარწმუნოება ქართველთა, გთნავს სარწმუნოება ესე ჩვენი. შეუხებელად და მიუახლებელად დაიცევ ზარისა ასახდელი ხორცი ესე შენი, ჩვენ მიერ მღვდელმოქმედებული; შენ უკვე შეიწირე შეუძრველი ეგე და აჩუენე ერსა ამას გზა ჭეშმარიტი და მოხედე მსხვერპლსა ამას და სირცხვილეულ ჰყვენ წინააღმდგომნი ჩვენნი". სამი დღის ნაშიმშილარი ძაღლი, როგორც კი მიუახლოვდა წმიდა ძღვენს, შეშინებული წკავწკავით განერიდა იქაურობას, სომეხთა მღვდელმოქმედებული კი მსწრაფლ შთანთქა. ამ საოცრების მხილველი ერი განადიდებდა უფალს: "დიდ ხარ შენ, უფალო, და საკვირველ არიან საქმენი შენნი".       სომეხი სჯულისმეცნიერნი სირცხვილეულნი დაბრუნდნენ უკან. იოანე ხარგრძელმა მაშინვე აღიარა მართლმადიდებლობა და ნათელ-იღო იოანე კათოლიკოსის მიერ, ზაქარიამ კი თქვა: "მრთელ სჯული არს ქართველთა", მაგრამ მაინც გრიგორიანობა შეინარჩუნა.       ქართველები ზედიზედ ამარცხებდნენ თურქებს ადარბადაგანში და სომხეთში, ხლათში და არზრუმში. ასე რომ, XII-XIII საუკუნეების მიჯნაზე საქართველო ევროპისა და აზიის გასაყარზე გადაჭიმული უზარმაზარი სახელმწიფო იყო, რომელსაც ანგარიშს უწევდა ქრისტიანული დასავლეთი და მაჰმადიანური აღმოსავლეთი.       საქართველოს გაძლიერებამ შიშის ზარი დასცა თურქებს. ამჟამად რუმ-იკონიის სულთანმა რუქნადინმა იკისრა საქრისტიანოზე გამოლაშქრება. იგი ზაკვით სიყვარულს ეფიცებოდა თამარ მეფეს, საჩუქრებს უძღვნიდა, მალულად კი ჯარს აგროვებდა. უზარმაზარ ლაშქარს მოუყარა თავი, "შეკრიბა ორმეოცი ბევრი, რომელ არს ოთხასი ათასი". ბასილი ეზოსმოძღვარი წერს, რომ რუქნადინმა 800000-იანი ლაშქარი გამოიყვანაო. თავის უზარმაზარ სამფლობელოში "არა დაუტევა თვინიერ დედაკაცის სოფელთა შინა მათთა, არამედ ყოველნი აამხედრნა". არც ოქრო-ვერცხლი დაზოგა მოკავშირეთა მისამხრობად და საომარ ხარჯად.       მთელი თურქობა შეიყარა საქაღთველოს წინააღმდეგ. რუქნადინმა ჯარი ბასიანის ახლომახლო დააბანაკა, თამარს კი მოციქული გაუგზავნა და ჯარის სიმრავლით გათავხედებულმა სჯულის გამოცვლის საფასურად ცოლობა შესთავაზა, ხოლო თუ თამარი ქრისტიანად დარჩებოდა, მაშინ სულთანი მას ხარჭად დასმით დაემუქრა. ამ მკრეხელური სიტყვების გამგონე ზაქარია მხარგრძელმა ისეთი სილა გააწნა სულთანი მოციქულს, რომ გონდაკარგული დასცა მიწაზე.       ნიკოფსიიდან დარუბანდამდე შეიკრიბა სრულიად საქართველო: "ცოტათა შინა დღეთა შემოკრბეს ვითარცა ვეფხნი სიკისკასითა და ვითარცა ლომნი გულითა".       თამარის ბრძანებით რუქნადინის მოგზავნილი ელჩი უხვად დაასაჩუქრეს და ქართველ მოციქულთან ერთად წერილი გაატანეს სულთანთან. "...შენ ოქროსა შეკრებულთა სიმრავლითა მევირეთა მინდობილი ხარ უმეცარი მსჯავრთა ღმრთისასა. ხოლო მე არც სიმდიდრეთა, არცა სპათა ჩემთა სიმრავლესა, არცა რას სხუასა კაცობრივსა საქმესა მინდობილ ვარ, არამედ ძალსა ღმრთისასა ყოვლისა მპყრობელისასა და შეწევნასა ქრისტეს ჯუარისასა, რომელსა შენ ჰგმობ..." იყანვ ნება ღმრთისა და ნუ შენი! სამართალი მისი და ნუ შენი! ხოლო მე უწყი დახსნილობა მსახურთა შენთა. ამისთვის წარმომივლენიეს მსახური ჩემი, რათა წიგნისა შენისა პასუხი ადრე მოგართუას და განგაკრძალოს, რამეთუ ჩემ მიერ წარმოვლენილთა სპათა ფერხნი აჰა ესერა კართა შენთა ზედა დგანან", - წერდა წმიდა მეფე ბილწ სულთანს.       თამარმა ვარძიის ღვთისმშობელს შეავედრა ქართველთა მხედრობა, შემდეგ ფეხშიშველი წარუძღვა ლაშქარს წინ და ქალაქის კარამდე მიაცილა. "მერმე თვით მიიქუა პატიოსანი... ჯუარი ხელთა თვისთა და ამხედრებულთა ზედა ყოველსა მხარსა ნიში ჯუარისა გამოსახა სამგზის, დალოცა და ეგრეთ წარემართნეს მინდობილნი ღმრთისანი და თამარის ცრემლთანი".       შეისმინა ღმერთმა წმიდა მეფისა და საზეპურო ერის მხურვალე ლოცვა, ქართველებმა ბასიანთან სასტიკად დაამარცხეს მტერი. ამ ომში ქართველთა გამარჯვებას უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა არა მარტო საქართველოსათვის, არამედ სრულიად საქრისტიანოსთვის.       ამგვარმა გამარჯვებებმა მეფეთ-მეფე კიდევ უფრო ღვთისმოსავი გახადა. დღისით იგი, სამეფო ბრწყინვალებით მოსილი, ბრძნულად განაგებდა საქვეყნო საქმეებს, ღამე კი, მუხლმოდრეკილი ლოცულობდა, ცრემლმდინარე ევედრებოდა უფალს საქრისტიანოს გაძლიერებას, ქსოვდა, ქარგავდა, კერავდა და თავის ნამუშაკევს გლახაკებს უნაწილებდა.       ერთხელ ლოცვით და ხელსაქმით დაღლილ თამარს ჩათვლიმა და ჩვენება იხილა: ლამაზ და კეთილადნაგებ სახლში შევიდა, თვალ-მარგალიტით შემკული ოქროს ტახტი ნახა, იფიქრა: "მეფე ვარ მპყრობელი და ჩემი არს უზენაესი და უპატიოსნესი ესე საჯდომი". გაემართა, რათა დამჯდარიყო. უცებ ნათლით მოსილმა კაცმა შეაჩერა და უთხრა: "შენი არა არს საჯდომი ისი, რამეთუ ვერ შემძლებელ ხარ დაპყრობად მისა". გაოცებულმა თამარმა იკითხა: "ვინ უპატიოსნეს არს ჩემსა, რომელმან დაიპყრას უპატიოსნეს საჯდომი?" მან უპასუხა: "საყდარი ისი შენისა მოჯალაბისა არს, ამისთვის რომელ ათორმეტთა მღვდელთა მისთა ხელთა შესთული ჰმოსიეს, რაჟამს წარდგენ შესაძრწუნებელსა და საშინელსა ტრაპეზსა შეწირვად უსისხლოსა და პატიოსნის მსხუერპლისა. ამისთვის იგი უზეშთაეს შენსა არს, დაღაცათუ შენ მეფე ხარ, კმა არს შენდა დიდება ესე, დაღათუ საყოფელი შენი აქვე არს" და უჩვენა სხვა ადგილი.       გამოღვიძებულმა თამარმა საკუთარი ხელით დაიწყო რთვა და ქსოვა და თორმეტი მღვდელი შემოსა.       გლახაკთა და ღატაკთა უზომოდ განმკითხველი მეფე თავისი დიდი წინაპრის, კეთილმსახური მეფის, დავით აღმაშენებლის (ხს. 26 იანვარს) მსგავსად თავისი ნამუშაკევით გასცემდა მოწყალებას.       ისტორიამ შემოგვინახა ამაღელვებელი ამბავი წმიდა მეფის ცხოვრებიდან. ერთხელ, თურმე, თამარ მეფე სადღესასწაულო წირვაზე აპირებდა წასვლას გელათში და ლალებს იმაგრებდა სამეფო შემოსაკრავზე, როცა მოვიდნენ და უთხრეს, მონასტრის კოშკთან მდგომი მათხოვარი ითხოვს წყალობასო. მეფემ ბრძანა, დაეცადა მათხოვარს. როცა პალატიდან გავიდა და წყალობის გაცემა ინება, მათხოვარი ვეღარ იპოვა. შეცბუნებული მეფე საკუთარ თავს საყვედურობდა, რომ ამ ღარიბ-ღატაკი დედაკაცის სახით უარი უთხრა თვით უფალ იესოს, მოიხსნა ის, რამაც დააბრკოლა - სამეფო შემოსაკრავი - და ღვთისმშობლის ხატს შესწირა.       არც თვით უქმობდა თამარი და არც სხვებს აუქმებდა. თამარის დროს აშენდა კლდეში ნაკვეთი ქალაქი ვარძია, რომლის მონასტერშიც დიდმარხვას ატარებდა ღმერთშემოსილი მეფე. ამ დროს აშენდა ფიტარეთი, ქვაბთახევი, ბეთანია... წმიდა მეფემ არა მარტო საქართველოს ეკლესია-მონასტრები გაამდიდრა, არამედ უხვად შეამკო ლავრები და სავანეები პალესტინაში, კვიპროსზე, სინას მთაზე, საბერძნეთში, ათონის მთაზე, პეტრიწონში, მაკედონიაში, თრაკიაში, რუმინეთში, ისავრიაში, კონსტანტინეპოლში.       ერთხელ მეფემ უზომო განძი უძღვნა სათხოვნელად მოსულ შავმთელ მონაზვნებს და მშვიდობით გაისტუმრა. კონსტანტინეპოლს მისული ბერები ძმის მკვლელმა კეისარმა ალექსი ანგარმა შეიპყრო და ყველაფერი წაართვა. ეს რომ თამარმა გაიგო, მონაზვნებს წინანდელზე მეტი ოქრო მისცა და "ამით უმეტეს არცხვინა ეშმაკი", ხოლო კეისარს თავისი სპა გაუგზავნა და წაართვა: ლაზია, ტრაპიზონი, ლიმონი, სამსონი, კერასუნდი, კიტიორა, ამასტრია, ირაკლია, პაფლაგონია და ადგილნი პონტოსნი. შემდგომ ეს ადგილნი, რომელსაც ტრაპიზონის სამეფო უწოდა, ქართველთა ნათესავს ალექსი კომნინს ჩააბარა.       ღვთისმოყვარე მეფემ სამეფო კარისათვის აუცილებელი წესი დაადგინა: თვითონაც პალესტინის მონასტერთა ტიპიკონით ლოცულობდა და სხვებისაგანაც იმავეს მოითხოვდა. "დარბაზის კარს მყოფი წირვად ვერავინ დააკლდებოდა: მწუხრი, დილეული, სამხარ, ვითარცა თქმულ არს".       მოწყალე, კეთილი, ბრძენი მსაჯულის სამფლობელოში არავინ იყო მომძლავრებული, მტაცებელი, მეკობრე და მპარავი. თვითონ იტყოდა ხოლმე: "მე ვარ მამა ობოლთა და მსაჯული ქურივთა". დინჯმა და ღვთივგაბრწყინებულმა მეფემ სასტიკად აკრძალა სიკვდილით დასჯა და სხეულის დასახიჩრება. გამუდმებულმა მარხვამ, ფეხშიშველა ლიტანიობამ მონასტრის ქვის სარეცელზე წოლამ ჯანმრთელობა შეურყია სათაყვანებელ მეფეს. დიდხანს მალავდა მეფე ავადმყოფობას, სხვის შეწუხებას ერიდებოდა, დღითიდღე დაუმძიმდა ჭირი და როცა ტკვილი გაუსაძლისი გახდა, მხოლოდ "მაშინღა განაცხადა".       ნაჭარმაგევიდან თბილისს ჩამოყვანეს მეფე. შემდეგ ქალაქგარეთ გაიყვანეს - იქნებ ტყის სიმშვიდემ და მშვენიერებამ არგოსო, მაგრამ "დიდად გაძნელდა სენი იგი უწყალო". ისევ თბილისს დააბრუნეს სულთმობრძავი.       ლოცვად დადგა სრულიად საქართველო, ლიტანიობდა, ღამეს ათევდა, ცრემლით გამოსთხოვდა უფალს მზისდარი გვირგვინოსანის განკურნებას, მთავარნი პირთა იცემდნენ, გლახაკნი თავთა იტყებდეს, თითოეული ქართველი საკუთარ თავს და შვილებს მიუპყრობდა უფალს და ევედრებოდა: "რათა მარტო ეს დარჩეს და ჩუენ ყველანი მოგუსრენ".       სიკვდილ-სიცოცხლის ზღვარზე მდგარმა მეფემ დარბაზის ერი იხმო და მიმართა: "ძმანო ჩემნო და შვილნო! მე ესერა მივიწოდები მსაჯულისაგან საშინელისა, უსაშინლესისა უფროს მეფეთა ქუეყანისათა, რომელმან მიიხუნეს სულნი მთავართანი.       თქუენ ყოველნი თვით მოწამე ხართ, რამეთუ თავისა ჩემისა თანა მაქუნდა სიყუარული თქუენი და სარგებელსა და სათნოსა თქუენსა არა დავაკლე თვითოეულისამებრ არზანგისა, ვიდრემდის განგებითა ღმრთისათა ვიყავ თქუენ ზედა მეფედ. აწ მეცა წარვალ მამათა ჩუენთა გზასა ჩემგან უცხოსა, ბრძანებითა საშინელითა და განყოფითა საკვირველითა. გევედრები ყოველთა, რათა მარადის კეთილსა შინა იყვნეთ მახსენებელ ჩემდა. აჰა, ესერა მკვიდრად სახლისა ჩემისა დაგიტევებ, რომელნი მომცნა ღმერთმან შვილნი ჩემნი, გიორგი და რუსუდან. ეგენი მიიხუენით ჩემ წილ და მაგათ აღმოგივსონ დაკებული ჩემი".       შემდეგ მაცხოვრის ხატს და ცხოველმყოფელ ჯვარს შეავედრა საქართველო მეფეთ მეფემ, მშვიდობა უსურვა ირგვლივ მყოფთ, უკანასკნელად შეავლო თვალი ერთგულ ქვეშევრდომებს, უკანასკნელად გადაისახა პირჯვარი, უკანასკნელად თქვა: "ქრისტე, ღმერთო ჩემო მხოლოო, დაუსრულებელო მეუფეო ცათა და ქუეყანისაო! შენ შეგვედრებ სამეფოსა ამას, რომელი შენ მიერ მერწმუნა და ერსა ამას, პატიოსნითა სისხლითა შენითა მოსყიდულთა და შვილთა ამათ ჩემთა, რომელნი შენ მომცენ, და მერმე სულსა ჩემსა".       დღემდე საიდუმლოებითაა მოცული თამარ მეფის საფლავის ადგილსამყოფელი. ზოგიერთი ისტორიული წყარო თამარ მეფის საძვალედ გელათს ასახელებს, ზოგიც - იერუსალიმის ჯვრის მონასტერს. ერიც ლეგენდებით ამკობს თავისი უდიდესი მონარქის მონატრებას და ამით გამოხატავს ოცნებით კავშირს წმინდა გვირგვინოსან მეფესთან და იმდროინდელ საქართველოსთან. იხილეთ: თამარ მეფის ხატები …
დაამატა tamo to საქართველოს ისტორია at 8:47pm on თებერვალი 23, 2013
თემა: ფილოსოფოსის ბუნება მართვაში
და მოგვაჩნდეს ფილოსოფოსებად და ვინ არა. – ასეა, – თქვა მან, – მოკლე ხანში შეუძლებელი იქნებოდა ამის გარკვევა. – ეტყობა; – მივუგე მე, – ეგეც არ იყოს, მე მგონია, ჩვენი მტკიცება უფრო საფუძვლიანი იქნებოდა, მხოლოდ ეს რომ გვქონოდა გასარკვევი და არა ბევრი სხვა საკითხიც იმის განხილვისას, თუ რითი განსხვავდება სამართლიანი ცხოვრება უსამართლოსგან. – ამის შემდეგ რაღა დაგვრჩა განსახილველი? – იკითხა მან. – რა და, შემდეგი: თუ ფილოსოფოსები ის ხალხია, ვისაც იმისი წვდომის უნარი შესწევს, რაც მარად უცვლელია და თვითიგივეობრივი, სხვებს კი ამის თავი არა აქვთ და საგანთა სიმრავლესა თუ ცვალებადობაში დაბორიალობენ, – საკითხავია, ამ ორთაგან ვინ უნდა ედგეს სახელმწიფოს სათავეში? – რა უნდა ვთქვათ, რომ სათანადო პასუხი გამოგვივიდეს? – ვისაც იმისი ძალა შესწევს, რომ კანონებსა და ქვეყნის ადათ-წესებს იცავდნენ, სწორედ მათ დავადგენთ მცველებად. – სწორია, – თქვა მან. – ხომ ცხადია, – მივუგე მე, – რომ მცველი ბრმა კი არა, მახვილი მზერის პატრონი უნდა იყოს. – რა საკითხავია? – კი მაგრამ, რა განასხვავებს ბრმას იმისაგან, ვისთვისაც მთლიანად დაფარულია საგანთა არსი, და ვის სულშიაც ვერავინ ჰპოვებს მათ მკაფიო ხატებს? მხატვრებისა არ იყოს, არც მას შეუძლია უზენაესი ჭეშმარიტების ჭვრეტა, თუმცა წამითაც არ უნდა წყვეტდეს თვალს და ცდილობდეს შესაძლო სიზუსტით წარმოიდგინოს იგი, რათა მშვენიერების, სამართლიანობისა და სიკეთის კანონები დაადგინოს ამ ქვეყნად, თუკი საჭირო შეიქნა მათი დადგენა, ანდა ფხიზლად იცავდეს მათ, თუ ისინი უკვე არსებობენ. – ვფიცავ ზევსს, დიდად როდი განსხვავდება ბრმისაგან. – მერედა, ვის დავადგენთ მცველებად, ბრმებს თუ იმათ, ვისთვისაც ცნობილია ყოველი საგნის არსი და, ამასთან, არც გამოცდილებით ჩამოუვარდება მათ და არც ნებისმიერი სიქველით? – უგუნურება იქნებოდა სხვების დადგენა, თუკი ისინი ტოლს არ უდებენ და სიქველითაც აშკარად ჩრდილავენ მათ. – ხომ არ გვეჩვენებინა, რანაირად შეიძლება ერთმანეთს უხამებდნენ ისინი გამოცდილებას და უზენაესი სიკეთის ჭვრეტას? – ცხადია, უნდა გვეჩვენებინა. – როგორც ჩვენი მსჯელობის დასაწყისში ითქვა, თავდაპირველად გვმართებს გავარკვიოთ მათი ბუნება და, ვფიქრობ, თუ ამ საკითხში საკმარის თანხმობას მივაღწევთ, მაშინ იმასაც ვაღიარებთ, რომ ისინი შეიძლება თანაბრად ფლობდნენ ორივე ამ უპირატესობას, და სახელმწიფოს სხვებს კი არა, სწორედ მათ უნდა ვუყენებდეთ სათავეში. – როგორ? – ფილოსოფოსთა ბუნებასთან დაკავშირებით უნდა შევთანხმდეთ, რომ ისინი ვნებიანად მიელტვიან ცოდნას, რაც მათ უმჟღავნებს მარადიულ არსს, რომელიც არ ექვემდებარება წარმოშობითა თუ ხრწნილებით გამოწვეულ ცვალებადობას. – დიახ, უნდა შევთანხმდეთ. – უნდა ითქვას, რომ ისინი ესწრაფვიან მთელ არსებობას და ცდილობენ უყურადღებოდ არ დატოვონ მისი არცერთი ნაწილი, არც დიდი და არც მცირე, არც მეტად თუ ნაკლებად ფასეული, მოკლედ, ისე იქცევიან, როგორც პატივმოყვარენი და შეყვარებულნი, რომლებზედაც ზემოთ ვლაპარაკობდით. – მართალს ბრძანებ. – ახლა კი დაუკვირდი, აუცილებელია თუ არა, რომ ის ხალხი, რომელიც ისეთი უნდა იყოს, როგორც ჩვენ ვამბობთ, შემდეგ თვისებასაც ფლობდეს... – რა თვისებას? – გულწრფელობას, სიცრუის გადაჭრით უარყოფას, მისდამი სიძულვილს და სიყვარულს ჭეშმარიტების მიმართ. – რა თქმა უნდა. – ეს არა მარტო ბუნებრივია, ჩემო მეგობარო, არამედ აუცილებელიც იმისთვის, ვინც, თავისი ბუნებისამებრ, სიყვარულით მიელტვის და პატივს სცემს ყველაფერს, რაც მისი სიყვარულის საგნის ახლობელია და მონათესავე. – სწორია, – თქვა მან. – კი მაგრამ, თუ გეგულება რამე, სიბრძნესთან უფრო ახლოს რომ იდგეს, ვიდრე ჭეშმარიტება? – არაფერი. – განა შეიძლება ერთსა და იმავე კაცს სიბრძნეც უყვარდეს და სიცრუეც? – არა, არ შეიძლება. – მაშასადამე, ჭეშმარიტი სიბრძნისმოყვარე სიყრმითგანვე მთელი არსებით უნდა ესწრაფვოდეს ჭეშმარიტებას. – დიახ, მთელი არსებით. – მაგრამ როცა ადამიანს მისი სურვილები ძალით მიაქცევენ ერთი რომელიმე საგნისაკენ, ჩვენ ვიცით, რომ მათი სწრაფვა მეტისმეტად სუსტდება ყოველივე დანარჩენის მიმართ, როგორც კალაპოტიდან გადაგდებული ნაკადი. – მერედა რა? – როცა ადამიანის სურვილი ცოდნის შეძენისა თუ სხვა მისთანათა მიმართ მიაქცევს მას, ჩემის აზრით, ეს სიამოვნებას ანიჭებს მის სულს, ხორციელი განცხრომისაკენ სწრაფვა კი ქრება, თუ, რა თქმა უნდა, ის თავს კი არ გვაჩვენებს სიბრძნის მოყვარედ, არამედ მართლა უყვარს სიბრძნე. – უცილობლად. – ამნაირი ადამიანი კეთილგონიერია და არამც და არამც – ვერცხლისმოყვარე; რადგანაც მხოლოდ ფულზე გეჭიროს თვალი, ვისაც გინდა, იმას შეჰფერის, მაგრამ არა მას. – ეგრეა. – ერთსაც უნდა მიაქციო ყურადღება, თუ გსურს ერთმანეთისაგან არჩევდე, ვინაა ბუნებით ფილოსოფოსი და ვინ არა. – მაინც რას? – რასა და იმას, რომ სიფრთხილე გმართებს, რათა არ გამოგეპაროს მისი რაიმე სიმდაბლე, რადგანაც სულმოკლეობა დაუძინებელი მტერია სულისა, რომლის დანიშნულებაც ისაა, რომ გამუდმებით მიელტვოდეს ყოველივე ღვთაებრივს თუ ადამიანურს. – მართალს ბრძანებ. – მაგრამ თუ ადამიანი დიდსულოვანია და შეუძლია ერთობლივად მოიცვას მზერით მთელი დრო და მთელი ყოფიერება, როგორ გგონია, განა მას შეუძლია დიდ რამედ მიაჩნდეს ჩვენი ცხოვრება? – არა, ეს შეუძლებელია, – თქვა მან. – ასე რომ, ის არც სიკვდილს მიიჩნევს საშინელებად? – არამც და არამც. – როგორც ჩანს, მხდალი და მდაბალი ბუნებისათვის მიუწვდომელია ფილოსოფია. – ასე მგონია. – ხოლო თუ კაცი წესიერია, უანგარო, არა მდაბალი, არა თავგასული და არა მხდალი, განა შეიძლება ის უხიაგი ან უსამართლო გახდეს? – არა, არ შეიძლება. – ასე რომ, როცა გსურს განიხილო, ფილოსოფიურია თუ არა სული, დაუკვირდი და სიყმაწვილეშივე შეატყობ, სამართლიანია და თვინიერი თუ უხიაგი და ველური. – რა თქმა უნდა. – მე მგონია, არც ეს გამოეპარება შენს თვალს... – რა? – შესწევს თუ არა სწავლის უნარი. განა შეიძლება იმედი გქონდეს, რომ დროთა განმავლობაში გულს დაუდებს იმას, რასაც წამებად მიიჩნევს და რის ვაივაგლახით ართმევს თავს? – ნამდვილად არ შეიძლება. – ხოლო თუ ვერაფერს იმახსოვრებს, რასაც ასწავლიან, და ყველაფერი ავიწყდება, განა შეიძლება თავცარიელი არ იყოს? – რასაკვირველია, არა. – როგორ გგონია, ასე ამაოდ მაშვრალი, განა, ბოლოს და ბოლოს, თავსაც არ შეიძულებს და ამნაირ სწავლა-განათლებასაც? – რა თქმა უნდა. – მაშასადამე, იმას, ვინც ვერაფერს იმახსოვრებს, ნამდვილად ვერ მივაკუთვნებთ ფილოსოფოსთა რიცხვს და კარგი მეხსიერების პატრონს უნდა დავუწყოთ ძებნა. – უცილობლად. – მაგრამ განა შეიძლება ვამტკიცოთ, რომ სულის უხამსობასა და გაუთლელობას შედეგად არ მოსდევს ის, რასაც ზომის უქონლობა ჰქვია? – არა, არ შეიძლება. – კი მაგრამ, ჭეშმარიტება, შენი აზრით, ზომიერებას უკავშირდება თუ ზომის უქონლობას? – ზომიერებას. – მაშასადამე, ბევრი სხვა რამის გარდა, უნდა ვეძებოთ ზომიერება, უშუალოდ რომ ერწყმის გონების ბუნებრივ დახვეწილობას, რათა ამ თანდაყოლილმა თვისებებმა თავისუფლად წარმართონ სული ყოველი საგნის იდეისაკენ. – რა თქმა უნდა. – ან იქნებ გგონია, რომ ჩვენს მიერ ჩამოთვლილი და ერთიმეორის მომდევნო ყველა ეს თვისება სულაც არ არის აუცილებელი სულისათვის, რათა მან საკმარისად და სრულყოფილად შეიცნოს არსი? – ყოვლად აუცილებელია. – მერედა, ნუთუ შეგიძლია იმ საქმიანობის გმობა, რომელსაც ვერავინ ვერ მისდევს ისე, როგორც წესი და რიგია, თუკი ბუნებამ მეხსიერება, სწავლის უნარი, დიდსულოვნება და დახვეწილობა არ უბოძა, ან ჭეშმარიტების, სამართლიანობის, სიმამაცისა და დახვეწილობის მოყვარე თუ მონათესავე არ არის? – თვით მომოსიც კი ვერ უპოვიდა რაიმე საგმობს. – მაგრამ ნუთუ შენ მხოლოდ ამნაირ – მოწიფულსა და ზედმიწევნით განსწავლულ ხალხს მიანდობდი სახელმწიფოს მართვას? აქ საუბარში ჩაერია ადიმანტე: – ვინ გაბედავს, სოკრატე, რაიმე დაუპირისპიროს შენს მოსაზრებებს? მაგრამ თუ იცი, რას განიცდიან შენი მსმენელები, როცა საკუთარ აზრს გამოთქვამ? რაკი არც კითხვების დასმა შეუძლიათ და არც პასუხის გაცემა, ასე ჰგონიათ, რომ შენი მსჯელობა ყოველი კერძო საკითხის ირგვლივ მეტად თუ არა, ოდნავ მაინც აშორებთ ჭეშმარიტებას; მაგრამ როცა ერთ «ოდნავს» მეორე ემატება, მეორეს – მესამე და ასე შემდეგ; მათი ჯამი ერთ უხეშ შეცდომად იქცევა, მკვეთრად რომ უპირისპირდება შენი მსმენელების თავდაპირველ განწყობას. როგორც ძლიერი მოშაშე სუსტს, ბოლოს და ბოლოს, სვლის გაკეთების საშუალებას აღარ უტოვებს, შენი მსმენელებიც, ადრე თუ გვიან, ჩიხში ემწყვდევიან და კრინტის დაძვრასაც ვეღარ ახერხებენ იმ თავისებურ თამაშში, სადაც კოჭების მაგივრად სიტყვებს იყენებენ. მაგრამ, კაცმა რომ თქვას, ეს როდი წყვეტს საქმეს. მე აქ ჩვენს შემთხვევას ვგულისხმობ: ყველას შეეძლო ეღიარებინა, რომ ვერაფერს დაუპირისპირებს შენს მსჯელობას ვერცერთ აქ წამოჭრილ საკითხზე, თუმცა ამ მხრივაც უნდა განგვეხილა საქმე: ვინც ფილოსოფიას ეწაფება, მაგრამ ახალგაზრდობაში გარკვეული განათლების შესაძენად კი არა, არამედ თითქმის მთელ სიცოცხლეს სწირავს მას, უმეტესწილად უცნაურზე უცნაურია, რომ არა ვთქვა – უქნარა და უმაქნისი-მეთქი, და თვით ისიც კი, ვინც ყველაზე გონიერი ჩანს, სხვას ვერაფერს იძენს ფილოსოფიის შესწავლით, რასაც შენ ასე აქებ და ადიდებ, გარდა იმისა, რომ სრულიად უსარგებლო ხდება სახელმწიფოსთვის. ადიმანტეს რომ მოვუსმინე, მე ვთქვი: – როგორ გგონია, ვინც ამას ამბობს, ცდება? – არ ვიცი, – თქვა ადიმანტემ, – მაგრამ სიამოვნებით კი მოვისმენდი შენს აზრს. – მაშ, მოისმინე: მე თუ მკითხავ, მართალს ამბობს. – კი მაგრამ, როგორღა ეთანხმება ეს იმ მტკიცებას, რომ სახელმწიფოები მანამდე ვერ დააღწევენ თავს უბედურებას, ვიდრე მათ სათავეში არ ჩაუდგებიან ფილოსოფოსები, რომლებიც შენ ეს-ესაა უმაქნისებად დასახე? – შენ ისეთ კითხვებს მისვამ, რომ მხოლოდ შედარებებით თუ შემიძლია ვუპასუხო. – მაგრამ, შენ ხომ შედარებებით ლაპარაკი არა გჩვევია. – რაც არის, არის, – ვთქვი მე, – თავსამტვრევ განსჯაში ჩამითრიე და დამცინი კიდეც?! მაშ, მოისმინე ჩემი შედარება, რათა დარწმუნდე, რარიგ ძნელია ეს ჩემთვის: სახელმწიფო ისე სასტიკად ეპყრობა ბრძენკაცთ, რომ უარესი აღარ იქნება. ამიტომ მათ დასაცავად სხვადასხვა საგანს მოვიშველიებ, რათა ერთმანეთს მივუსადაგო ეს სხვადასხვაობა, როგორც იქცევიან მხატვრები ვაცირმის თუ სხვა მისთანათა ხატვისას, ერთმანეთს რომ უხამებენ ნაირგვარ ნაკვთებს. მაშ, წარმოიდგინე ხომალდისა თუ ხომალდთა მთელი ქარავნის პატრონი, ახოვანებითა და ძალ-ღონითაც რომ აღემატება დანარჩენ ზღვაოსნებს, მხოლოდ ეგაა, ყურს აკლია, არც თვალი უჭრის და საზღვაო საქმისაც ბევრი არა გაეგება რა, ზღვაოსნები კი საჭის ხელში ჩასაგდებად თავ-პირს ამტვრევენ ერთმანეთს: ყველას ჰგონია, რომ სწორედ მან უნდა მართოს ხომალდი, თუმცა არსად უსწავლია მესაჭეობა, ასე რომ, ვერ გეტყვით, ვინ ასწავლა ან როდის ისწავლა ეს ხელობა. მათი თავგასულობა იქამდისაც კი მიდის, რომ ხმამაღლა გაჰყვირიან, ამას რა სწავლა უნდაო, და მზად არიან ნაკუწებად აქციონ ყველა, ვინც ამტკიცებს, რომ მესაჭეობა დიახაც მოითხოვს სწავლას. პატრონის ირგვლივ შემოჯარულნი თავს აბეზრებენ ვედრებით, თხოვნითა და ხვეწნა-მუდარით, არა ჩვენ მოგვანდე ეს საქმე და არა ჩვენო. თუ დაიყოლიეს და საწადელს ეწიენ, დანარჩენებს კი ხელი მოეცარათ, გაშმაგებულნი დაერევიან და მუსრს ავლებენ ერთმანეთს, ცხედრებს კი პირდაპირ ზღვაში ისვრიან. ხომალდის კეთილშობილ პატრონს კი მანდრაგორათი, ღვინითა თუ სხვა რამ მათრობელა სითხით აბრუებენ და ხელთ იგდებენ ხომალდს. მაშინ დაერევიან ყველაფერს, რაც ხომალდზეა, იწყება გაუთავებელი სმა-ჭამა და ღრეობა, ხომალდი კი, რაღა თქმა უნდა, ისე მიჰყავთ, როგორც ამნაირ მეხომალდეებს შეჰფერით. თანაც ქება-დიდებას არ აკლებენ, ნამდვილ ზღვაოსანს, უებრო მესაჭეს და საზღვაო საქმის უბადლო მცოდნეს უწოდებენ ყველას, ვინც შესძლო პატრონის დაყოლიებითა თუ ძალადობით ჩაეგდო ხელში ძალაუფლება, მაშინ როდესაც დასცინიან და აბუჩად იგდებენ მათ, ვინც ეს ვერ შესძლო. ამ ხალხს წარმოდგენაც არა აქვს ნამდვილ მესაჭეზე, რომელიც უნდა ითვალისწინებდეს წელიწადის დროს, თვალს ადევნებდეს ცას, ვარსკვლავებს თუ ქარის ქროლას, მოკლედ, ყველაფერს, რაც მის ხელობას უკავშირდება, თუ სურს მარჯვედ მართავდეს ხომალდს, მიუხედავად იმისა, შეესაბამება თუ არა ეს ვისიმე ნება-სურვილს. მათ ჰგონიათ, რომ შეუძლებელია სწავლით შეიძინო ამის უნარი, გამოცდილება და თვით მესაჭის ხელობა. ხოლო თუ ეს ხდება ხომალდზე, როგორ გგონია, განა ამნაირ ვითარებაში მეზღვაურები მაღალფარდოვან ყბედად, უბადრუკად და უმაქნისად არ მიიჩნევენ ნამდვილ მესაჭეს? – რა თქმა უნდა, – მომიგო ადიმანტემ. – არა მგონია, ამ სურათის შემყურეს რაიმე ახსნა-განმარტება დაგჭირდეს იმის დასადგენად, თუ რითი ჰგავს ეს სურათი ფილოსოფოსების მდგომარეობას სახელმწიფოში; ხომ გესმის, რასაც ვამბობ? – ძალიან კარგად. – მაშ, უწინარეს ყოვლისა, შენ თვითონ განუმარტე ეს შედარება იმას, ვისაც უკვირს, რატომ არ სცემენ პატივს ფილოსოფოსებს სახელმწიფოში, და ეცადე დაარწმუნო, რომ უფრო საკვირველი ის იქნებოდა, პატივი რომ მიეგოთ მათთვის. – ასეც ვიზამ. – ისიც უთხარი, რომ მართალს ამბობს, როცა ამტკიცებს, რაოდენ უსარგებლოა სახელმწიფოსათვის ის ხალხი, ფილოსოფოსებად რომ მოაქვთ თავი, მაგრამ კეთილ ინებოს და ამ უსარგებლობაში მათ დასდოს ბრალი, ვისაც ვერანაირ საქმეში ვერ გამოუყენებია ისინი, და არა თვით ამ ბრძენკაცებს. განა ბუნებრივია, რომ მესაჭე მორჩილებას სთხოვდეს მეზღვაურებს, ბრძენკაცნი კი კარს უტალახებდნენ მდიდრებს? ცდებოდა, ვინც ასე იხუმრა. სიმართლე კი, თუ გნებავთ, ის არის, რომ მდიდარია კაცი თუ ღარიბი, ავად რომ გახდება, ექიმს უნდა მიაკითხოს; ხოლო ვისაც ქვეშევრდომობა სურს, იმას მიმართოს, ვისაც ქვეშევრდომთა მართვის უნარი შესწევს. სად გაგონილა, მმართველი სთხოვდეს ქვეშევრდომთ, გემუდარებით, მოდით და მიქვეშევრდომეთო, თუკი მართლა ვარგა მმართველად? ამიტომაც არ შეცდები, თუ დღევანდელ სახელმწიფო მოღვაწეებს იმ ზღვაოსნებთან გააიგივებ, რომლებზედაც წეღან ვლაპარაკობდით, ხოლო ვისაც ეს ზღვაოსნები უქნარებად და მაღალფარდოვან ყბედებად თვლიან, – ჭეშმარიტ მესაჭესთან. – მართალს ამბობ. – ამის გამო და ამნაირ ვითარებაში ადვილი როდია ყველაზე უკეთეს ხელოვნებას პატივს მიაგებდეს ის ხალხი, ვინც სრულიად საპირისპირო ხელობას მისდევს. ყველაზე მძიმე და ყველაზე საშინელ ბრალდებას კი სწორედ ისინი უყენებენ ფილოსოფოსებს, ვისაც ჰგონია, რომ ფილოსოფოსობა მათი საქმეა. შენს მიერ ხსენებული ფილოსოფიის მგმობელის სიტყვით, ფილოსოფოსთა უმრავლესობა ყველაზე უკეთური ხალხია, ხოლო ბრძენკაცნი უსარგებლონი და უმაქნისნი არიან, და მეც დაგეთანხმე, მართალი ხარ-მეთქი; ასეა, არა? – დიახ, ასეა. – მაგრამ ჩვენ ხომ ვნახეთ, რატომ არიან ნამდვილი ფილოსოფოსები უსარგებლონი? – რა თქმა უნდა. – ხომ არ გსურს ახლა ისიც ვნახოთ, რა არის უმრავლესობის უკეთურობის მიზეზი და შეძლებისდაგვარად ვცადოთ იმის დამტკიცებაც, რომ ამაში ფილოსოფიას როდი მიუძღვის ბრალი? – ცხადია, მსურს. – მაშ, განვაგრძოთ ჩვენი კითხვა-პასუხი და გავიხსენოთ, რა ბუნებრივი თვისებებია საჭირო იმისთვის, რომ ადამიანი ღირსეული და კეთილი იყოს? თუ გახსოვს, პირველი იყო ჭეშმარიტების სიყვარული, რომელსაც თავის წინამძღვრად უნდა სახავდეს და ყველგან და ყოველთვის უყოყმანოდ მიჰყვებოდეს, რადგანაც მკვეხარა და უკეთური ვერასოდეს ეზიარება ჭეშმარიტ ფილოსოფიას. – დიახ, სწორედ ამას ვამტკიცებდით. – კი მაგრამ, განა ამ მხრივ მკვეთრად არ ვუპირისპირდებით დღესდღეობით საყოველთაოდ გაბატონებულ აზრს? – მკვეთრად და უფრო მეტადაც. – განა მართებული არ იქნებოდა ჩვენი მოსაზრების დასაცავად გვეთქვა, რომ ცოდნის მოყვარე კაცი ბუნებრივად მიელტვის ჭეშმარიტ არსს და საგანთა სიმრავლეზე კი არ ჩერდება, რომელთა არსებობაც მხოლოდ მოჩვენებითია, არამედ განუხრელად მიიწევს წინ და მისი ვნება მანამდის არ დაცხრება, სანამ არ ჩასწვდება თვით საგანთა არსს თავისი სულის იმ ნაწილით, რომლის დანიშნულებაც სწორედ ამ არსის წვდომაა და რომელიც ამავე არსს ენათესავება, ხოლო მისი მეშვეობით რომ მიეახლება და შეერწყმის კიდეც ჭეშმარიტ არსს, რათა შვას გონება და ჭეშმარიტება, შემდეგ უკვე (და არა მანამ) ჭეშმარიტი სიცოცხლით ცოცხლობს, ჭეშმარიტებით საზრდოობს და თავს აღწევს მშობიარობის ტკივილებს. – ეს იქნებოდა სავსებით მართებული დაცვა. – განა ამ კაცს შეიძლება უყვარდეს სიცრუე? თუ, პირიქით, უნდა სძულდეს იგი? – უნდა სძულდეს. – რაკი მას წინ უძღვის ჭეშმარიტება, ალბათ ვერ ვიტყვით, რომ ბიწიერების მთელი ქორო მიჰყვება უკან. – რა სათქმელია? – არამედ ვიტყვით, რომ მას ახლავს ზნეთა სიწმინდე და სიწრფელე, მათ კვალდაკვალ კი – გონიერება. – რა თქმა უნდა. – მაგრამ დანარჩენ თვისებათა ქოროზე რაღას ვიტყვით, რომლებიც ნიშნეულნი არიან ფილოსოფოსის ბუნებისათვის? რა საჭიროა ხელახლა ჩამოვთვალოთ? ხომ გახსოვს, რომ მათ რიცხვში შედის სიმამაცე, დიდსულოვნება, ცოდნის ადვილად შეთვისების უნარი, მეხსიერება. მაშინ შენ პასუხად მითხარი, რომ უეჭველად ყველა დაეთანხმებოდა ჩვენს სიტყვებს, მაგრამ უნდა შეგვეწყვიტა მსჯელობა და ყურადღება გადაგვეტანა მხოლოდ მათზე, ვისზედაც ვლაპარაკობდით; იმასაც იტყოდნენ, რომ მათ შორის ბევრია უსარგებლო და უმრავლესობა – სრულიად უმაქნისი. მას აქეთ ვიძიებთ ამ ბრალდების მიზეზს და ახლა იმ კითხვას მივადექით, თუ რატომაა მათ შორის ამდენი უმაქნისი. ამიტომაც კვლავ შევუდექით ჭეშმარიტ ფილოსოფოსთა ბუნებრივი თვისებების კვლევას და იძულებულნი გავხდით კვლავ განგვესაზღვრა ისინი. – ასეა, – თქვა მან. – ახლა კი გვმართებს განვიხილოთ, რა იწვევს ამნაირი ბუნების გადაგვარებას, რატომ იხრწნება ის უმრავლესობაში, ან რატომაა, რომ მხოლოდ ცოტანი თუ აღწევენ თავს ამ ხრწნილებას, და ისინი უკეთურებად თუ არა, უმაქნისებად მაინც არიან მიჩნეულნი. შემდეგ კი განვიხილავთ მათ მიმბაძველთა თვისებებს, მათსავე თანამოსაქმეებად რომ მოაქვთ თავი. ამ ხალხის ურიცხვი შეცდომა თუ მარცხი იმის შედეგია, რომ ფილოსოფოსობის ღირსნი არ არიან და არც ამისი უნარი შესწევთ. სწორედ ისინი უტეხენ სახელს ფილოსოფიას, რაზედაც შენ ლაპარაკობდი. – კი მაგრამ, მაინც რა იწვევს შენს მიერ ხსენებულ გადაგვარებას? – ვეცდები შეძლებისდაგვარად აგიხსნა. მე მგონია, ყველა დაგვეთანხმება, რომ იმნაირ ადამიანებს, ვისი სულიც აერთიანებს ყველა თვისებას, რაც, ჩვენი აზრით, უნდა ახასიათებდეს ჭეშმარიტ ფილოსოფოსს, იშვიათად ბადებს ბუნება. თუ შენ სხვაგვარად ფიქრობ? – არა, სავსებით გეთანხმები. – ამნაირი ხალხი ცოტაა, მაგრამ ნახე, რამდენი რამ უწყობს ხელს მათ გადაგვარებას. – მაინც? – ყველას ძალიან გააკვირვებს იმის გაგება, რომ ნებისმიერი თვისება, რაც ჩვენ ამ ხალხში მოვიწონეთ, დიახ, სწორედ ნებისმიერი ეს თვისება განაპირობებს მისი მფლობელი სულის გადაგვარებას და ფილოსოფიისაგან მის ჩამოშორებას. მე ვგულისხმობ სიმამაცეს, გონიერებას და, საერთოდ, ყველაფერს, რაც ზემოთ მიმოვიხილეთ. – მართლაც რომ საკვირველია. – ასევე ხრწნის და ფილოსოფიას აშორებს სულს ყოველივე ის, რაც სიკეთედ მიაჩნია ბრბოს: სილამაზე, სიმდიდრე, გავლენიანი ნათესაობა და სხვა მისთანანი. ალბათ გესმის, რასაც ვგულისხმობ. – ცხადია, მესმის, მაგრამ უფრო მეამებოდა, თუ დაწვრილებით ამიხსნიდი შენს აზრს. – თუ ყველაფერს მთლიანად და მართებულად მოიცავ აზრით, შენთვის სავსებით ცხადი გახდება და აღარ გეუცნაურება ის, რაც ამის თაობაზე ზემოთ ითქვა. – კი მაგრამ, მაინც რას მიბრძანებ, როგორ მოვიქცე? – როგორც მოგეხსენება, ყოველგვარი თესლი თუ ჩანასახი, ცხოველისა იქნება თუ მცენარისა, თუკი სათანადო საზრდოობას, ჰავას ან ნიადაგს მოკლებულია, მით უფრო მეტად კარგავს თავის თვისებებს, რაც უფრო ძლიერია თავად: რადგანაც ცუდი უფრო მკვეთრად უპირისპირდება კარგს, ვიდრე არა კარგს. – რა თქმა უნდა. – ხომ სრული უფლება გვაქვს ვამტკიცოთ, რომ უკეთესი ბუნება, მისთვის შეუფერებელი საზრდოობისას, გაცილებით მეტს კარგავს, ვიდრე უარესი? – ცხადია, გვაქვს. – კი მაგრამ, ადიმანტე, – ვუთხარი მე, – განა მაღალნიჭიერი სულიც ცუდი აღზრდისას უფრო მეტად არ უარესდება? ან იქნებ გგონია, რომ საზარელი დანაშაული თუ ბოროტმოქმედება სულის უნიჭობისაგან იღებს დასაბამს და არა მძლავრი ბუნებისაგან, რომელიც ბავშვობაში სათანადოდ ვერ აღზარდეს? სუსტი ბუნება კი ვერც დიდი სიკეთის მიზეზი გახდება და ვერც დიდი ბოროტებისა. – ვერა, – თქვა მან, – მეც ასე ვფიქრობ. – თუ ფილოსოფოსის ჩვენს მიერ განსაზღვრულ ბუნებას სათანადოდ აღზრდიან, მაშინ ის, თანდათანობითი განვითარების გზით, აუცილებლად მიაღწევს ნებისმიერ სიქველეს; მაგრამ თუ ის არასათანადო ნიადაგზე დაინერგა და აღიზარდა, მაშინ სრულიად საპირისპირო შედეგს მივიღებთ, თუკი მას რომელიმე ღმერთთაგანი არ შეეწია. ან იქნებ შენც ბრბოსავით ფიქრობ, რომ სოფისტების მიერ გარყვნილ ჭაბუკთა რიცხვი უმნიშვნელოა, ეს გამრყვნელნი კი კერძო პირები არიან და ამიტომ მხოლოდ მათზე თუ შეიძლება ვილაპარაკოთ? მაგრამ ის ხალხი, რომელიც ამას ამტკიცებს, თვითონვეა ყველაზე დიდი სოფისტი, რომელსაც შეუძლია თავის ნებაზე აღზარდოს და თავისებურად ჩამოაყალიბოს ახალგაზრდაც და ხნიერიც, ქალიც და კაციც. – კი მაგრამ, როდისღა ასწრებენ ამას? – როცა ისინი მოფუთფუთე ბრბოებად სხედან სახალხო თავყრილობებზე, სამსჯავროებში, თეატრებში, სამხედრო ბანაკებსა თუ საჯარო თავშეყრის სხვა ადგილებში და ყურთასმენის წამღები ყაყანით იწონებენ ან იწუნებენ ვისიმე გამოსვლას თუ მოქმედებას და თანაც ორსავე შემთხვევაში ყოველგვარი ზომიერების ზღვარს გადადიან; კლდეებიდან არეკლილი მათი გნიასი, გაშმაგებული ტაშისცემა, მოწონებისა თუ გმობის ყიჟინი მგრგვინავ ექოდ უბრუნდება მათივე თავშეყრის ადგილს და ორმაგად მძლავრობს ღრიალი. როგორ გგონია, რას უნდა განიცდიდეს ამნაირ ვითარებაში ყმაწვილი კაცის გული? რომელი კერძო მასწავლებლის გაკვეთილებს შეუძლია წინ აღუდგეს ყოველივე ამას? განა ყველაფერს არ წაშლის და წალეკავს ლანძღვა-გინებისა თუ ქება-დიდების ეს ბობოქარი ნაკადი? განა ყმაწვილი კაცი ამასვე არ მიიჩნევს სასახელოდ თუ სათაკილოდ? და, ბოლოს, განა ასეთივე არ გახდება თავადაც? – აუცილებლად, სოკრატე, – თქვა მან. – მაგრამ ჩვენ ჯერ არც გვიხსენებია ყველაზე დიდი აუცილებლობა. – მაინც რომელი? – აუცილებლობა, რომლის წყალობითაც ყოველივე ამას საქმესაც ზედ ურთავენ ეს აღმზრდელები და სოფისტები, როცა სიტყვით ვერ ახერხებენ ვისიმე დარწმუნებას. ნუთუ არ იცი, რომ ურჩს სამოქალაქო უფლებების ჩამორთმევით, ფულადი ჯარიმით და სიკვდილითაც კი სჯიან? – როგორ არ ვიცი. – კი მაგრამ, ვის, რომელ სხვა სოფისტს ან რომელ კერძო სწავლა-განათლებას შეუძლია წინ აღუდგეს ამნაირ აღზრდას? – მე მგონია, არცერთს. – რა თქმა უნდა; თვით ამნაირი მცდელობაც კი დიდი უგუნურება იქნებოდა; რადგანაც შეუძლებელია, შეუძლებელი იყო და კვლავაც შეუძლებელი იქნება, რომ სიქველის გაკვეთილები ცვლიდნენ უმრავლესობის მიერ ჩამოყალიბებულ ბუნებას; მე ადამიანურ აღზრდას ვგულისხმობ, ჩემო ძვირფასო, თორემ ღვთაებრივისათვის, ანდაზისა არ იყოს, გამონაკლისი უნდა დაგვეშვა. ისიც იცოდე, რომ თუ ამნაირი სახელმწიფოებრივი წყობილების პირობებში რაღაცა მაინც ასრულებს თავის დანიშნულებას და ის არის, რაც უნდა იყოს, ამას ღვთის წყალობას უნდა ვუმადლოდეთ მხოლოდ და მხოლოდ; შენ შეგიძლია ისე ამტკიცო ეს, რომ შეცდომის შიში არ გქონდეს. – მეც ასე ვფიქრობ, – თქვა ადიმანტემ. – ერთშიაც უნდა მერწმუნო. – რაში? – თქვა ადიმანტემ. – ყველა ეს კერძო მოვაჭრე, რომლებსაც სოფისტებს უწოდებს და თავის მეტოქეებად მიიჩნევს ხალხი, სხვა რამეს როდი ასწავლის თავის შეგირდებს, გარდა იმ აზრებისა თუ შეხედულებებისა, რასაც თავყრილობებზე გამოთქვამს უმრავლესობა, – და სწორედ ამას ასაღებს სიბრძნედ. ხომ არ გაგონებს ეს იმ კაცს, გულმოდგინედ რომ უვლის უზარმაზარსა და ძლიერ მხეცს, ბეჯითად სწავლობს მის ბუნებას, ჟინსა თუ ზნეს და იცის, საიდან მოუაროს, რა მხრივ მიუდგეს, როდის და რატომ მძვინვარებს ან მშვიდდება და ცხრება, რის გამო ღმუის, ან რისი გაგონება აღაგზნებს თუ ათვინიერებს. ყოველივე ამას რომ შეისწავლის ხანგრძლივი მოვლა-პატრონობის და დაკვირვების შედეგად, თავის გამოცდილებას ცოდნად მიიჩნევს, სახელმძღვანელოდ სახავს მას და ამის მიხედვით წვრთნის შეგირდებსაც; თუმცა წარმოდგენაც არა აქვს, რა არის ამ მხეცის ქცევაში კარგი ან ცუდი, საქები ან საძრახისი, მოსაწონი ან დასაწუნი, სამართლიანი ან უსამართლო, არამედ ყველაფერს მისი ქცევისა და ზნე-ჩვეულების მიხედვით აფასებს: რაც მხეცისთვის სასიამოვნოა, სიკეთედ სახავს, უსიამოვნოს კი ბოროტებად, თუმცა სინამდვილეში არც ერთის და არც მეორის არა გაეგება რა; ამიტომაცაა, რომ ერთმანეთში ურევს, ერთის მხრივ, სამართლიანობასა და მშვენიერებას, მეორეს მხრივ კი – აუცილებლობას. მაგრამ რაკი აუცილებლობის ბუნება არსებითად განსხვავდება სიკეთის ბუნებისაგან, ვერც თვითონ ხედავს და ვერც სხვას უჩვენებს ამას. ახლა კი, ზევსის გულისათვის, მითხარი, განა უცნაურად არ გეჩვენება ამნაირი აღმზრდელი? – რა თქმა უნდა. – კი მაგრამ, რა განსხვავებაა ამ კაცსა და იმას შორის, ვინც სიბრძნეს აიგივებს იმის ცოდნასთან, თუ რა მოსწონს ან რა არ მოსწონს ერთად თავშეყრილი ნაირგვარი ხალხის უმრავლესობას? – მხატვრობა იქნება ეს, მუსიკა თუ თვით პოლიტიკა? ვინც ბრბოს გასაცნობად წარუდგენს თავის პოემას, ხელოვნების ქმნილებას ან სახელმწიფო მოღვაწეობის გეგმას, ამ ბრბოს უფრო მეტად აქცევს თავის მბრძანებლად, ვიდრე აუცილებლობა მოითხოვს ამას; და მაშინ, «დიომედესის გასაჭირისა» არ იყოს, იძულებულია აღასრულოს ის, რაც აკმაყოფილებს ბრბოის გემოვნებას. მაგრამ სინამდვილეში კარგია ეს თუ ცუდი, ერთხელ მაინც თუ გსმენია, რომ ვინმეს თავისთვის მაინც ეცადა ამის გარკვევა და სასაცილო არ გამხდარიყო ხალხის თვალში? – არა, – თქვა მან, – არცა მსმენია და ვერც ვერასდროს მოვისმენ. – მაშ, ახლა, ყოველივე ამის გათვალისწინებით, ერთხელაც შეგახსენებ: შეიძლება თუ არა, ბრბომ შეიგნოს და აღიაროს, რომ არსებობს მშვენიერება თავისთავად, განსხვავებით მშვენიერი საგნებისაგან, და არსებობს ბევრი სხვა არსიც თავისთავად, განსხვავებით ცალკეულ საგანთა სიმრავლისაგან? – არასდიდებით, – თქვა მან. – მაშასადამე, შეუძლებელია ბრბოის ფილოსოფოსობა. – დიახ, შეუძლებელია. – ესე იგი, ვინც ფილოსოფოსობს, აუცილებლად იგმობა ბრბოის მიერ? – აუცილებლად. – და იმ კერძო პირთა მიერაც, ბრბოს რომ შერევიან და ცდილობენ თავი მოაწონონ მას? – ცხადია. – აქედან გამომდინარე, რა გესახება ფილოსოფიური ბუნების ხსნად? რანაირად შეუძლია მას კვლავ მისდიოს თავის საქმეს და, ამრიგად, მიაღწიოს თავის მიზანსაც? იმის მიხედვით განსაჯე, რაც ზემოთ ითქვა: აკი შევთანხმდით, რომ ამნაირი ბუნებისათვის ნიშნეულია შემდეგი თვისებები – ცოდნის ადვილად შეთვისების უნარი, სიმამაცე და დიდსულოვნება. – დიახ. – ამნაირი ადამიანი პირველი იქნება ტოლ-სწორთა შორის, მით უმეტეს, თუ ხორცითაც ისევე სრულქმნილია, როგორც სულით. – რა თქმა უნდა. – ახლობლები და თანამოქალაქენი, ალბათ, მოინდომებენ რაიმე საქმე მიანდონ, როცა მოიწიფება, არა? – რასაკვირველია. – მაშასადამე, ფეხქვეშ ჩაუვარდებიან მავედრებელნი და თაყვანს სცემენ, რათა თავი მოუქონონ მლიქვნელობით და, ამრიგად, წინასწარვე მოიპოვონ მისი კეთილგანწყობილება. – ხშირად ასე ხდება. – მერედა, რას იზამს ეს კაცი ამნაირ ხალხში, მით უმეტეს, თუ ბედმა დიდი სახელმწიფოს მოქალაქეობა, სიმდიდრე, კეთილშობილური წარმომავლობა, სილამაზე და წარმოსადეგობა არგუნა წილად? ხომ არ წარმოიდგენს, შლეგური იმედებით თავბრუდასხმული და გაყოყოჩებული, რომ მხოლოდ ის უნდა განაგებდეს ბერძენთა და ბარბაროსთა საქმეებს? ცამდე ხომ არ ააღერინებს თავს ფუჭი პატივმოყვარეობა და ყურს აღარ ათხოვებს გონების ხმას? – უეჭველად. – ასე თავგასულს მშვიდად რომ მიახლოებოდა ვინმე და სიმართლე ეთქვა – ჭკუა გაკლია და ნამდვილად არ გაწყენდა მისი შეძენა, მაგრამ ამას დიდი ძალისხმევა სჭირდებაო, – როგორ გგონია, ამდენი უკეთური გრძნობით თავბრუდახვეულს გაუადვილდებოდა მისი სიტყვების მოსმენა? – არამც და არამც. – და მაინც, თუ ბუნებით თანდაყოლილი თვისებებისა და კეთილშობილების წყალობით, ეს სიტყვები სათანადო გამოძახილს ჰპოვებენ მის სულში, რასაც შეუძლია დაარწმუნოს და ფილოსოფიის მიმართ მიაქციოს იგი, შენი აზრით, როგორ მოიქცევიან ამ შემთხვევაში მისი მაამებელნი, რაკიღა დაინახავენ, რომ ხელიდან ეცლებათ თავიანთი მფარველი და ის წყალობაც, მისგან რომ მოელოდნენ? განა ყოველნაირად, სიტყვით თუ საქმით, არ ეცდებიან გადაარწმუნონ და, იმავდროულად, გააქარწყლონ მისი კეთილისმყოფელი მრჩევლის სიტყვებიც? მრჩევლისა, რომელსაც ან მალულად დაუგებენ მახეს, ან სამსჯავროში უჩივლებენ, რათა საჯაროდ აგებინონ პასუხი. – ეს გარდუვალია. – მერედა, რამდენად შესაძლებელია, რომ ამ კაცმა ფილოსოფიას მიუძღვნას თავი? – ნაკლებად. – ხომ ხედავ, რომ არ შევმცდარვართ, როცა ვთქვით, რომ ფილოსოფიური ბუნების განმსაზღვრელი თვისებები, როცა მათ სათანადო აღზრდა აკლიათ, თვითონვე ხდებიან იმის მიზეზი, რომ ადამიანი ღალატობს თავის მოწოდებას, და ამაში ყოველივე იმასაც მიუძღვის ბრალი, რაც სიკეთედ მიაჩნია ბრბოს: ვთქვათ, სიმდიდრეს და სხვა მისთანათ. – არა, – თქვა მან, – არ შევმცდარვართ; პირიქით, მართალნი ვიყავით. – აი, როგორ ხდება, ჩემო საოცარო, ყველაზე უკეთეს ბუნებათა გადაგვარება, რომელთა დანიშნულებაც უკეთილშობილურესი საქმის სამსახური იყო. ამნაირი ბუნების ხალხი, ჩვენი მტკიცებით, ცოტაა. სწორედ მათი წრიდან გამოსულნი აყენებენ ყველაზე დიდ ზიანს სახელმწიფოებსაც და კერძო პირთაც, და ამავე წრეს ეკუთვნიან ყველაზე დიდი კეთილისმყოფელნიც, როცა თავიანთ დანიშნულებას არ ღალატობენ. უმწეო ბუნება კი ვერასოდეს აღასრულებს რაიმე დიადს. ვერც კერძო პირისა და ვერც სახელმწიფოს საკეთილდღეოდ. – მართალს ბრძანებ, – თქვა მან. – როცა ფილოსოფიას ზურგს აქცევენ ისინი, ვისაც ყველაზე მეტად მართებდა მისი სამსახური, ის ეულად და უნაყოფოდ რჩება, ზურგის მქცეველნი კი მათი საკუთარი ბუნებისა და ჭეშმარიტებისათვის უკადრისი ცხოვრებით ცხოვრობენ. დაობლებულსა და თვისტომთაგან განწირულ ფილოსოფიას კი უღირსნი ეპატრონებიან, სახელს რომ უტეხენ, პატივს ხდიან და, შენი თქმისა არ იყოს, ბღალავენ მას. ამ უღირსთა შორის ზოგი მართლაც რომ უბადრუკია, უმრავლესობა კი – ყველაზე უარესი ხვედრის ღირსი. – ასე ამბობენ. – და მართალსაც ამბობენ. როდესაც უბადრუკი კაცუნები დაინახავენ, რომ დიდებული სახელებითა და მოჩვენებითი ბრწყინვალებით სავსე ადგილი გათავისუფლდა, პატიმრებისა არ იყოს, თავიანთი საპატიმროებიდან გამოქცეულნი ტაძრებს რომ აფარებენ თავს, გახარებულნი ხელს იღებენ თავიანთ ხელობაზე და ფილოსოფიას აწყდებიან; მეტადრე ისინი, ვინც უფრო მარჯვედ და უნარიანად უძღვება თავის პატარა საქმეს. რადგანაც ფილოსოფია, თავისი მიგდებულობის მიუხედავად, მაინც უფრო დიდი პატივით სარგებლობს, ვიდრე რომელიც გნებავთ ხელობა თუ ხელოვნება, რაც ესოდენ დაუოკებელი ძალით იზიდავს მისკენ უღირსსა და უბადრუკ, მძიმე შრომით ხორციელად დამახინჯებულსა და სულიერად დასახიჩრებულ ხალხს; განა შეიძლება სხვაგვარად იყოს? – არამც და არამც. – კაცმა რომ თქვას, რითი განსხვავდებიან ისინი თავმოტვლეპილი და ჯუჯა მჭედლისაგან, ცოტა ხნის წინათ რომ გამოვიდა საპატიმროდან, იბანავა, ახალი მოსასხამი მოისხა, სასიძოსავით მოიკაზმა და თავისი გაღატაკებული ბატონის ქალიშვილზე აპირებს დაქორწინებას? – არაფრით. – რა უნდა დაიბადოს ამნაირი ქორწინებისგან, უკანონო და უვარგისი შთამომავლობის გარდა? – სხვა არაფერი. – მერედა, როცა უღირსი და უვიცი ხალხი ფილოსოფიას უშინაურდება და, თავისი უღირსობის მიუხედავად, ურთიერთობას ამყარებს მასთან, რა აზრები და შეხედულებები შეიძლება იშვან ამნაირი ურთიერთობისაგან? თუ მათ შესაფერის სახელს დავარქმევთ, – მხოლოდ სოფიზმები, და არა კანონიერი, არა ჭეშმარიტი სიბრძნე. – უცილობლად. – ძალიან ცოტაა იმ ხალხის რიცხვი, ადიმანტე, ვისაც შეუძლია ღირსეული ურთიერთობა დაამყაროს ფილოსოფიასთან: ან ის, ვინც საუცხოო აღზრდის წყალობით ბოლომდე შეინარჩუნა კეთილშობილება, და ვისაც მხსნელად მოევლინა თვით სამშობლოდან განდევნა, რის შედეგადაც თავი დააღწია უკეთური სინამდვილის დამღუპველ ზემოქმედებას და ზურგი არ აქცია ფილოსოფიას; ან ორიოდე დიდსულოვანი კაცი, რომელსაც ბედმა პატარა სახელმწიფოს მოქალაქეობა არგუნა წილად და დაუფარავი ზიზღით უყურებს ყოველგვარ თანამდებობას თუ საზოგადოებრივ მოღვაწეობას; ან თითო-ოროლა მაღალი ნიჭით ცხებული სული, ფილოსოფიის გულისთვის რომ ღალატობს თავის საკუთარ ხელობას, რომელიც სავსებით სამართლიანად მიაჩნია უფრო მდარედ; ზოგს შეიძლება ლაგამი ამოსდოს და განდგომის ნება არ მისცეს მისმავე საკუთარმა მდგომარეობამ, როგორც, მაგალითად, ჩვენს მეგობარ თეაგეს, რომელსაც ყველა მონაცემი ჰქონდა საიმისოდ, რომ განდგომოდა ფილოსოფიას, მაგრამ ჯანმრთელობაზე მუდმივი ზრუნვა აიძულებს უარი თქვას პოლიტიკაზე. აღარაფერს ვიტყვი ჩემს დემონიურ ნიშანზე, რადგანაც საეჭვოა წარსულში თუნდაც ერთი ამნაირი მაგალითი მოიძებნებოდეს. ვინც ამ მცირერიცხოვან რჩეულთა წრეს ეკუთვნის და პირადად განუცდია ფილოსოფიით მონიჭებული სიამოვნება და ნეტარება, ვინც არაერთხელ ყოფილა ბრბოის სიშლეგის მოწმე, ვისაც არ ახსოვს თუნდაც ერთი პოლიტიკოსის გონივრული საქმე, ვინც იცის, რომ ერთ მოკავშირესაც ვერ ჰპოვებს, ვისთან ერთადაც შეიძლება ისე შეეწიოს სამართლიანობას, რომ ეს სიცოცხლის ფასად არ დაუჯდეს, – თავს ისე გრძნობს, როგორც ველური მხეცების ხროვაში, რომელთა სისხლიან თარეშში მონაწილეობას ხელაღებით უარყოფს, თუმცა იმისი ძალი კი არ შესწევს, რომ მარტოდმარტო აღუდგეს წინ მათ მძვინვარებას, რადგანაც იცის, რომ მანამდე წააგებს თავს, ვიდრე რამეში წაადგებოდეს სახელმწიფოს ან თავის მეგობრებს, ვერც თავს არგებს რასმე და ვერც სხვებს დაიხსნის გაჭირვებისგან. ამაში ღრმად დარწმუნებული სიმშვიდეს არჩევს და აუმღვრევლად აკეთებს თავის საქმეს. როგორც მგზავრი თავსხმასა თუ გრიგალში დაეძებს თავშესაფარს, ისიც თავისი სიმყუდროვიდან აკვირდება უკანონობის თავაწყვეტილ პარპაშს და ბედნიერია იმის შეგნებით, რომ უსამართლობასა და უწმინდურობას გარიდებული მშვიდად გალევს ამ წუთისოფელს, მერე კი, უკეთესი ხვედრის მოლოდინში, უდრტვინველად გაეცლება მას. – მაშასადამე, ისე როდი წავა აქედან, რომ დიდი საქმეები არ აღასრულოს. – მაგრამ არა ყველაფერი, რისი უნარიც ჰქონდა, სახელმწიფო წყობილება მისი შესაფერისი რომ ყოფილიყო. სათანადო წყობილების პირობებში კი არა მარტო მეტს მიაღწევდა, არამედ იმასაც შეძლებდა, რომ პირად ბედნიერებასთან ერთად საზოგადო კეთილდღეობაც უზრუნველეყო. ამრიგად, ფილოსოფიისადმი წაყენებული ბრალდებისა და ამ ბრალდების უსაფუძვლობის შესახებ, ჩემი აზრით, საკმარისად ვილაპარაკეთ; თუ, რა თქმა უნდა, შენი მხრივ არაფერს დაუმატებ ამას. – არა, – თქვა მან, – არაფერი მაქვს სათქმელი. მაგრამ დღევანდელ სახელმწიფო წყობილებათა შორის მაინც რომელს მიიჩნევ ფილოსოფიისათვის შესაფერისად? – ვერცერთს, – მივუგე მე, – ჩემი დრტვინვის მიზეზიც ისაა, რომ ვერცერთს ვერა ვცნობ ფილოსოფიური ბუნების ღირსად, მათი წყალობით რომ იბღალება და იერს იცვლის. როგორც ახალ ნიადაგზე გადანერგილი თესლი იცვლის ბუნებას და ადგილობრივ მცენარეთა თვისებებს იძენს, ფილოსოფიური ბუნებაც დღევანდელ პირობებში ვერ ახერხებს თავისი ძალმოსილების შენარჩუნებას და თითქმის მთლიანად იცვლის სახეს. მაგრამ თუ სახელმწიფო წყობილება, თავისი სრულყოფილებით, მის ბუნებას ესატყვისება, მაშინ კი ნახავთ, რომ ის ჭეშმარიტად ღვთაებრივია, ყოველივე დანარჩენს კი, ბუნებასაც და საქმიანობასაც, მხოლოდ ადამიანური თუ შეიძლება ეწოდოს. ამის შემდეგ შენ, ალბათ, მკითხავ, ეს რა სახელმწიფო წყობილებააო? – ცდები, – თქვა მან, – ეგ კი არა, აი, რა მინდოდა მეკითხა: სხვა წყობილებას გულისხმობ თუ იმას, რომლის გეგმაც უკვე მოვხაზეთ ჩვენი სახელმწიფოს დაფუძნებისას? – ამ უკანასკნელს. ხომ უკვე ითქვა, რომ სახელმწიფოში უნდა იყოს გარკვეული საწყისი, ისევე რომ განმარტავდა საქმის არსს, როგორც შენ, კანონმდებელი, კანონთა დადგენისას? – დიახ, უკვე ითქვა. – მაგრამ ჩვენ საკმარისად არ განგვიმარტავს ეს საკითხი, იმისი შიშით, რომ უთუოდ დაგვიპირისპირდებოდით და ერთხმად დაიწყებდით მტკიცებას, მაგის განმარტება დიდ დროს მოითხოვს და თანაც ძალიან ძნელი საქმეაო; მით უმეტეს, რომ არც დანარჩენია ადვილი. – მაინც რა? – რანაირად უნდა იყენებდეს სახელმწიფო ფილოსოფიას, რომ არ დაიღუპოს. ყოველივე დიადი ხომ არამყარია, ყოველივე მშვენიერი კი, როგორც მართებულად ამბობენ, – ძნელი. – მაგრამ ბარემ ბოლომდე მიიყვანე შენი მტკიცება და ესეც განმარტე. – თუ ვერ განვმარტე, ამის მიზეზი ის კი არ იქნება, რომ არ მინდა, არამედ ის, რომ არ შემიძლია. ახლავე დაგანახებ ჩემს გულმოდგინებას. მაშ, დაუკვირდი, რა თამამად და წარბშეუხრელად ვიწყებ იმის მტკიცებას, რომ სახელმწიფო სულ სხვანაირად უნდა უდგებოდეს ამ საკითხს, ვიდრე ამჟამად. – მაინც როგორ? – დღესდღეობით, ბავშვობის ასაკიდან ახლად გამოსულ ყმაწვილკაცთა გარდა ახლოსაც არვინ ეკარება ფილოსოფიას, მაგრამ როგორც კი მიაღწევენ მის ყველაზე ძნელ ნაწილს, დაოჯახებულნი საქმეს ჰკიდებენ ხელს და საბოლოოდ ემშვიდობებიან მას, თუმცა დიდ ფილოსოფოსებად კი მოაქვთ თავი. ხოლო ფილოსოფიის ყველაზე ძნელ ნაწილს მე ვუწოდებ დიალექტიკას. შემდგომში ისიც დიდ საქმედ მიაჩნიათ, თუ კეთილ-ინებეს და ვისიმე რჩევით დაესწრნენ ფილოსოფიურ საუბრებს. რადგანაც სწამთ, რომ ეს საქმე ისე, სასხვათაშორისოდ უნდა აკეთო. სიბერეში კი, იშვიათ გამონაკლისთა გარდა, უფრო მალე ქრებიან, ვიდრე ჰერაკლიტეს მზე, რომელიც აღარასოდეს აღარ ანათებს. – მაშ, როგორ უნდა მისდევდე ფილოსოფიას? – სულ სხვანაირად. სიყრმესა და სიყმაწვილეში ბავშვებს მათი ასაკის გათვალისწინებით უნდა ასწავლიდნენ ფილოსოფიას და განსაკუთრებულ მზრუნველობას იჩენდნენ მათი სხეულის მიმართ, ვიდრე ის იზრდება და ვითარდება, რათა ფილოსოფიის სამსახურად მოამზადონ ისინი. ხოლო მოწიფულობის ჟამს, როცა საბოლოოდ ყალიბდება სული, შესაბამისად უნდა გაართულონ და გაახანგრძლივონ მისი წვრთნა. და ბოლოს, როცა ადამიანს ძალა აკლდება, ასე რომ, აღარც სახელმწიფო მოღვაწეობის თავი აქვს და აღარც სამხედრო სამსახურისა, მაშინ კი თავის ნებაზე უნდა მიუშვან, რათა მხოლოდ ფილოსოფიას მიუძღვნას თავი, ვისაც სურს ნეტართა სიცოცხლით იცოცხლოს, სიკვდილის შემდეგ კი ღირსეული სიცოცხლის საკადრისი სანაცვლო მიეგოს იმ ქვეყნად. – მართალი გითხრა, დიდი გზნებით კი ლაპარაკობ, სოკრატე. მაგრამ, მე თუ მკითხავ, შენი მსმენელები, თრასიმაქედან მოყოლებულნი, სულაც არ იზიარებენ შენს მგზნებარებას, რაკიღა ისინი ვერაფერშიც ვერ დაარწმუნე. – თრასიმაქეს მაინც ნუ გადამკიდებ; ეს-ესაა დავმეგობრდით, თუმცა არც უწინ ვყოფილვართ მტრები. ყოველნაირად ვეცდები დავარწმუნო ისიც და დანარჩენებიც, ან რაღაცა მაინც ვარგო მომავალ ცხოვრებაში, როცა ხელახლა შობილნი კვლავ დადგებიან ამნაირ საკითხთა წინაშე. – არც ისე შორეულ დროზე ლაპარაკობ. – რა არის ეს დრო მარადისობასთან შედარებით? ხოლო ის, რომ ხალხს სხვისი სიტყვებისა არ სჯერა, სულაც არ არის საკვირველი. მას ხომ არასოდეს უნახავს ის, რაზედაც ახლა ვმსჯელობთ? მისთვის ეს მხოლოდ სიტყვებია, ერთმანეთს გარკვეული მიზნით მისადაგებულნი, და არა ერთიმეორისაგან თავისთავად გამომდინარე აზრები. იმნაირი კაცისთვის კი, სიტყვით თუ საქმით სიქველის განსახიერებად რომ გვევლინება და ბრძნულად მართავს ჩვენს მიერ დაარსებულ სახელმწიფოს, რაც მართალია, მართალია, ერთხელაც არ მოუკრავს თვალი, არც ერთისთვის და არც ბევრისთვის. – არცერთხელ. – ერთხელაც არ დასწრებია, ჩემო ნეტარო, იმ მომხიბლავსა და კეთილშობილურ საუბრებს, სადაც ასე გულმოდგინედ და ათასგვარი საშუალებით დაეძებენ ჭეშმარიტებას მხოლოდ და მხოლოდ შემეცნების მიზნით; საუბრებს, რომლებსაც საერთო არა აქვთ რა დიდების მაძიებელთა ყალბ ენამჭევრობასთან, სამსჯავროებში მოპირისპირე მხარეთა დავასა თუ კერძო პირთა ცილობასთან. – მართლაც. – აი, რატომაა, რომ თუმცა წინასწარ ვგრძნობდით და ვუფრთხოდით კიდეც ამას, – ჭეშმარიტების კარნახით იძულებულნი ვამტკიცებდით, რომ ვერც სახელმწიფო და ვერც კერძო პირი ვერასოდეს მიაღწევს სრულყოფილებას, თუკი აუცილებლობა არ აიძულებს ფილოსოფოსთა ამ მცირერიცხოვან ჯგუფს, რომელთაც უკეთურებად თუ არა, უმაქნისებად მაინც თვლიან, თავს იდოს სახელმწიფოზე ზრუნვა, თვით სახელმწიფოს კი მოუწევს დაემორჩილოს მათ მმართველობას; ან თუ ღვთაებრივი ზეშთაგონება ფილოსოფიის მიმართ გულმხურვალე სიყვარულს არ ჩაუნერგავს დღევანდელ მეფეებს და მბრძანებლებს, ან მათ მემკვიდრეებს. იმის მტკიცება, რომ ამ ორი შესაძლებლობიდან ერთ-ერთი ან ორივე განუხორციელებელია, მე გაუმართლებლად მიმაჩნია. წინააღმდეგ შემთხვევაში სავსებით სამართლიანად აგვიგდებდნენ საცინლად – საქმე გამოგლევიათ და წყალს ნაყავთო; ასეა, არა? – დიახ. – თუკი გარდასულ საუკუნეთა განმავლობაში ოდესმე მაინც მომხდარა, რომ სახელოვან ფილოსოფოსებს აუცილებლობის კარნახით თავს ედვათ სახელმწიფოს მმართველობა, ან ახლა ხდება ჩვენი თვალისათვის მიუწვდომელ ამა თუ იმ ბარბაროსულ ქვეყანაში, ანდა მომავალში მოხდება, ჩვენ მზად ვართ დაჟინებით ვამტკიცოთ, რომ ამნაირი სახელმწიფო არსებობდა, არსებობს და კვლავაც იარსებებს, თუკი მის მბრძანებლად ფილოსოფიის მუზა გვევლინება. ამნაირი სახელმწიფოებრივი წყობილების დამყარება დიახაც შესაძლებელია, ასე რომ, ჩვენ შეუძლებელზე როდი ვლაპარაკობთ, თუმცა იმას კი ვაღიარებთ, რომ ეს ძალიან ძნელი საქმეა. – მეც ასე ვფიქრობ, – თქვა მან. – მაშინ, ჩემო ნეტარო, ნურც ასე მკაცრად დაადანაშაულებ უმრავლესობას. ის ნამდვილად შეიცვლის აზრს, თუკი მისი ლანძღვის ნაცვლად ეცდები მშვიდად უარყო ფილოსოფიისათვის წაყენებული ყველა ბრალდება და უჩვენო, ვინ არიან ფილოსოფოსები, როგორია მათი ბუნება და საქმიანობა, რათა ბრბომ არ იფიქროს, თითქოს იმათზე ელაპარაკები, ვისაც თვითონვე მიიჩნევს ფილოსოფოსებად. ამ თვალით რომ დაანახებ საქმის არსს, თავად დარწმუნდები, რომ მას უკვე განსხვავებული აზრი შეექმნა და სულ სხვანაირად ლაპარაკობს მათზე. იქნებ გგონია, რომ ბრბოს შეიძლება აღიზიანებდეს ის, ვინც თვითონვე არ ღიზიანდება, ანდა შურით უყურებდეს მას, ვინც თვითონ არ არის მოშურნე? დაგასწრებ და ბარემ ახლავე გეტყვი, რომ ამნაირ უჟმურს იშვიათად თუ შეხვდები ხალხში, უმრავლესობისათვის კი უცხოა ეს უხიაგობა. – სავსებით ვიზიარებ შენს აზრს. – იმასაც თუ იზიარებ, რომ ფილოსოფიისადმი უმრავლესობის უარყოფით დამოკიდებულებაში ბრალი მიუძღვის გარეშე ხალხს, ღრიანცელით რომ იჭრება იქ, სადაც აშკარად არ არის მისი ადგილი, ლანძღვა-გინებით იკლებს და შეურაცხყოფას აყენებს არა მარტო სხვებს, არამედ საკუთარ თავსაც, ერთი სიტყვით, ისე იქცევა, ყველაზე ნაკლებ რომ შეჰფერის ფილოსოფიას. – აქაც გეთანხმები. – მართლაცდა, ადიმანტე, ვისაც თავის მოწოდებად ჭეშმარიტების ჭვრეტა დაუსახავს, საიმისოდ სადა სცალია, რომ, ზეცას კი არა, თვალდახრილი უმზერდეს კაცთა ფუჭ ფუსფუსს და მათი უკეთურების წინააღმდეგ აღძრული მათივე შუღლითა და შურით ივსებოდეს? არა, წარუვალ არსთა მწყობრი წესრიგის და უცვლელობის, სამყაროული ჰარმონიისა და გონების მჭვრეტი სწორედ მათ ბაძავს და, შეძლებისდაგვარად, მათვე ემსგავსება. ან იქნებ გგონია რომ შეიძლება არ ბაძავდე იმას, რასაც აღტაცების გარეშე ვერ უახლოვდები? – არა, ეს შეუძლებელია, – თქვა მან. – ამ ღვთაებრივად მოწესრიგებულ სამყაროს რომ უახლოვდება, ადამიანის სულსაც ეუფლება ეს ღვთაებრიობა, რამდენადაც მისი ტვირთვა შეუძლია მოკვდავ ბუნებას. გმობით კი შეიძლება ყველაფერი ჰგმო ამ ქვეყნად. – რა თქმა უნდა. – ხოლო თუ აუცილებლობა აიძულებს კაცთა კერძო თუ საზოგადო ყოფაში დანერგოს ის, რასაც ზეციურ სამყაროში ჭვრეტს, როგორ გგონია, განა ცუდი დამნერგავი იქნება ზომიერების, სამართლიანობისა თუ სხვა სამოქალაქო სიქველისა? – არამც და არამც. – მაგრამ თუ ხალხი შეიგნებს, რომ სიმართლეს ვეუბნებით ფილოსოფოსებზე, განა კვლავ აღშფოთებული აღიძვრის მათ წინააღმდეგ და უნდობლად მოეკიდება ჩვენს სიტყვებს, რომელთა თანახმადაც სახელმწიფო ვერასოდეს ვერ მიაღწევს კეთილდღეობას, თუკი ჭეშმარიტ ხელოვანთა მიერ ღვთაებრივი ნიმუშის მიხედვით შედგენილი გეგმა არ უდევს საფუძვლად? – თუ შეიგნო, აღარც აღშფოთდება; მაგრამ როგორ შეადგენენ ამ გეგმას? – როგორ და, ფიცარივით აიღებენ სახელმწიფოს თუ ხალხის ზნეობას და, უწინარეს ყოვლისა, გულმოდგინედ გაწმენდენ, რაც სულაც არ არის ადვილი. როგორც თავად მოგეხსენება, სხვებისგან იმითაც განსხვავდებიან, რომ არც სახელმწიფოს გადაკეთებას მიჰყოფენ ხელს, არც კერძო პირისას და არც კანონებს შექმნიან სახელმწიფოსათვის, ვიდრე გაწმენდილს არ ჩაიბარებენ, ან თვითონვე არ გაწმენდენ მას. – მართალს ბრძანებ. – და მხოლოდ ამის შემდეგ მოხაზავენ სახელმწიფო წყობილების გეგმას. – რა თქმა უნდა. – შემდეგ კი, ამ ნახაზის დასრულებისას, უპირატესად ორ რამეს მიაქცევენ ყურადღებას: ერთის მხრივ, იმას, რაც თავისი არსით სამართლიანია, მშვენიერი და გონიერი, მეორეს მხრივ კი – იმას, რაც ასეთივეა ადამიანებში. ხოლო შემდეგ ამ თვისებათა შერწყმა-შერევით – ადამიანის პირველსახეს, იმის მიხედვით, რასაც ჰომეროსი ადამიანებში ღვთაებრივსა და ღვთისდარს უწოდებს. – ეს იქნებოდა უმშვენიერესი სურათი. – კეთილი და პატიოსანი, – ვუთხარი მე, – ნუთუ ახლაც ვერ დავარწმუნეთ ის ხალხი, მწყობრად დარაზმული რომ მოიწევდა ჩვენზე, და ვერ დავანახეთ, რომ ამნაირი სახელმწიფოს მხატვარი სწორედ ის კაცია, რომელსაც წეღან ვაქებდით, ჩვენი მოწინააღმდეგენი კი გააფთრებით გვიტევდნენ, ვის ანდობთ სახელმწიფოს მმართველობასო? ეს რომ მოესმინათ, ნუთუ ოდნავ მაინც არ დაცხრებოდნენ? – რა თქმა უნდა, თუ ჭკუის ნატამალი მაინც შერჩათ. – ან რას იტყოდნენ საპასუხოდ? იქნებ იმას, ფილოსოფოსები გატაცებით არ მიელტვიან არსსა და ჭეშმარიტებასო? – მაგრამ ეს ხომ სისულელე იქნებოდა. – ან იქნებ იმას, რომ ჩვენს მიერ დახატული ფილოსოფიური ბუნება არ ენათესავება სიკეთეს? – არც ეს იქნებოდა ნაკლები სისულელე. – კი მაგრამ, ეს თუ არა, სხვა რა იქნებოდა ფილოსოფიურ ბუნებაზე უფრო ბრძენი და უფრო ქველი, ამ უკანასკნელს სათანადო გამოყენება რომ ეპოვა? იქნებ ჩვენს მიერ უარყოფილი ესა თუ ის ბუნება? – რა თქმა უნდა, არა. – კვლავაც გაცოფდებოდნენ, თუ ვიტყოდით, რომ არც სახელმწიფოს და არც მის მოქალაქეებს არ დაადგებათ საშველი, ვიდრე სახელმწიფოს ფილოსოფოსთა მოდგმა არ ჩაუდგება სათავეში, ან იმნაირი წყობილება არ დამყარდება, ჩვენ რომ დავხატეთ? – ალბათ ეს ნაკლებ გააცოფებდათ. – მოდი, საერთოდ მოვეშვათ ამ «ნაკლებს» და პირდაპირ ვთქვათ, რომ ისინი სავსებით დაცხრებოდნენ და დაწყნარდებოდნენ, სხვაზე რომ აღარაფერი ვთქვათ, სირცხვილის გამო მაინც. – ბატონი ბრძანდები. – მაშ, შევთანხმდეთ, რომ ამ მხრივ უკვე დავარწმუნეთ ისინი; მაგრამ ვინ შემოგვედავება იმაში, რომ მეფეებისა თუ მბრძანებლების მემკვიდრეთა შორისაც შეიძლება გამოერიონ ბუნებით ფილოსოფოსნი? – ვერავინ. – და რაკი შეიძლება გამოერიონ, ვითომ რა აუცილებელია, რომ ხრწნილებას დაექვემდებარონ ისინი? თავისთავადობის შენარჩუნება რომ ძნელია მათთვის, ამას თვითონაც ვაღიარებთ, მაგრამ ვის შეუძლია ამტკიცოს, რომ დროთა განმავლობაში ერთიც ვერ იხსნის თავს? – ვერავინაც ვერ გაბედავს მაგის მტკიცებას. – მაგრამ ერთი ამნაირი კაციც კი, რომელსაც მთელი სახელმწიფო ემორჩილება, სავსებით საკმარისია, რათა აღასრულოს ყოველივე ის, რაც დღეს შეუძლებელი ეჩვენებათ. – დიახ, სავსებით საკმარისია. – რადგან თუ ეს მბრძანებელი იმნაირ კანონებსა და ადათ-წესებს დანერგავს, ჩვენ რომ აღვწერეთ, გამორიცხული არ არის, რომ მოქალაქენი სიამოვნებით აღასრულებენ მათ. – სულაც არ არის გამორიცხული. – მაგრამ ის კი გამორიცხულია და შეუძლებელი, რომ იმას, რაც ჩვენ მოვიწონეთ, სხვებიც იწონებდნენ? – მე თუ მკითხავ, არა. – ჩვენ კი, მე მგონია, საკმაოდ დამაჯერებლად დავამტკიცეთ, რომ ჩვენი გეგმა ყველაზე უმჯობესია, თუკი შესაძლებელია მისი ხორცშესხმა. – დიახ, საკმაოდ დამაჯერებლად. – მაშ, ახლა, როგორც ჩანს, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ ჩვენი საკანონმდებლო გეგმა ყველაზე უკეთესი უნდა იყოს, თუკი შესაძლებელია ხორცი შევასხათ მას, და, მართალია, ეს ძალზე ძნელია, მაგრამ არა შეუძლებელი. – რა თქმა უნდა, შეგვიძლია. – რაკი ეს საკითხი, ასე თუ ისე, უკვე მოგვარდა, ახლა სხვასაც უნდა მივხედოთ: რა გზით, რომელი მეცნიერების მეშვეობით ან რანაირი წვრთნით უნდა აღვზარდოთ და ჩამოვაყალიბოთ სახელმწიფოს მხსნელნი, ან რა ასაკში უნდა მივანდოთ ესა თუ ის საქმე. – დიახ, ესეც მისახედია. – ჩემი სიმარჯვე არაფერშიც არ გამომადგა, – ვთქვი მე, – რაკიღა დუმილით ავუარე გვერდი ცოლების შერთვის, ბავშვების კეთებისა თუ სახელმწიფო თანამდებობებზე ხალხის გამწესების საკითხს, რადგანაც ვიცოდი, რომ მართლის მთქმელს ცხენი შეკაზმული უნდა ჰყავდეს, მაგრამ ახლა კი ირკვევა, რომ სიმართლის თქმა აუცილებელია. მართალია, ცოლებისა და შვილების საკითხი უკვე გადავწყვიტეთ, მაგრამ რაც შეეხება სახელმწიფოს მმართველთა საკითხს, ამის გარკვევა თავიდან უნდა დავიწყოთ. თუ გახსოვს, ჩვენ ვამტკიცებდით, რომ მათ, ლხინშიაც და ჭირშიაც, თავდავიწყებით უნდა უყვარდეთ სამშობლო, ასე რომ, ვერც განსაცდელი, ვერც გასაჭირი თუ ბედის უკუღმა ტრიალი ვერ უნდა ახშობდეს ამ გრძნობას მათში. ვინც ამ მხრივ სისუსტეს გამოიჩენს, ხელაღებით უნდა უარვყოთ, ხოლო ვინც ისე წმინდად გამოვა ამ გამოცდიდან, როგორც ოქრო – ცეცხლიდან, თანამდებობაზე გავამწესოთ და სიცოცხლეშიც და სიკვდილის შემდეგაც სათანადო პატივი არ მოვაკლოთ. აი, რა ითქვა დაახლოებით ამ საკითხის განხილვისას, მაგრამ ნართაულად და მიკიბულ-მოკიბულად, რადგანაც გვეშინოდა იმ დავიდარაბისა, რის წინაშეც ამჟამად ვდგავართ. – სრული სიმართლეა, – თქვა მან, – მშვენივრად მახსოვს. – მაშინ, ჩემო მეგობარო, ვერ გავბედე იმისი თქმა, რასაც ამჟამად ვბედავ. მაშ, გავკადნიერდეთ და პირდაპირ განვაცხადოთ, რომ სახელმწიფოს ყველაზე ღირსეულ მცველებად ფილოსოფოსებს უნდა ვამწესებდეთ. – სათქმელი უნდა ითქვას. – მაგრამ იმასაც დაუფიქრდი, რა ცოტანი შეგრჩებიან ხელთ: რადგანაც იმ თვისებებს, რაც, ჩვენი აზრით, ნიშნეული უნდა იყოს მათი ბუნებისათვის, ერთად თავმოყრილს იშვიათად თუ ჰპოვებ ვისიმე სულში; ისინი, უმეტესწილად, მიმოფანტულნი არიან და ცალ-ცალკე თუ იჩენენ თავს. – რას გულისხმობ? – ცოდნის ადვილად შეთვისების უნარი, მეხსიერება, მახვილგონიერება, გამჭრიახობა და სხვა მისთანანი, როგორც თავად მოგეხსენება, ერთად როდი იყრიან თავს; ჭაბუკურად ფიცხნი და მაღალნიჭიერნი კი ნაკლებად ეგუებიან მოწესრიგებულ, მშვიდსა და უშფოთველ ყოფას. პირიქით, თავიანთი დაუდგრომლობის გამო გამუდმებით ბორგავენ, წრიალებენ, აქეთ-იქით აწყდებიან და ხელიდან ეცლებათ ყოველივე ურყევი და მყარი. – მართალს ბრძანებ, – თქვა მან. – მეორეს მხრივ, გაწონასწორებული, ურყევი და მტკიცე ხასიათის ხალხი უფრო სანდოა, ბრძოლის ველზე საიმედო და საფრთხის წინაშე წარბშეუხრელი. მაგრამ იგივე თვისებები სწავლაში სხვანაირად ავლენენ თავს; უგერგილონი, ზანტნი და ზარმაცნი ისე გახევებულან, თითქოს ტვინის განძრევა უჭირთო, მთქნარება უტყდებათ და ძილი ერევათ, როცა სწავლაზე მიდგება საქმე. – ასეა. – ჩვენ კი ვამბობდით, რომ მცველებში ერთმანეთს უნდა ერწყმოდეს გონების სიმკვირცხლე და ხასიათის სიმტკიცე, რის გარეშეც არც ასე გულმოდგინედ უნდა გვეწვრთნა და აღგვეზარდა, არც ძალაუფლება მიგვენდო და არც პატივი მიგვეგო მათთვის. – მერედა, განა სწორნი არ ვიქნებოდით? – როგორ გგონია, ამ საპირისპირო თვისებათა ურთიერთშერწყმა იშვიათია? – რა თქმა უნდა. – ამიტომ, როგორც ზემოთ ითქვა, მარტო შრომაში კი არა, ლხინშიც და ჭირშიც უნდა გამოვცადოთ ისინი. აქვე იმასაც დავძენ, რაც მაშინ გამომრჩა: აუცილებლად უნდა იწვრთნიდნენ თავს მეცნიერების სხვადასხვა დარგში, რათა საშუალება გვქონდეს დავუკვირდეთ, მიაღწევენ ცოდნის მწვერვალს თუ, როგორც სხვა ასპარეზობისას, შიშით დაიხევენ უკან. – რასაკვირველია, უნდა დავუკვირდეთ. მაგრამ რას უწოდებ შენ ცოდნის მწვერვალს? – ალბათ გემახსოვრება: მას შემდეგ, რაც განვიხილეთ სულის სამი სხვადასხვა სახე, ჩვენ ვისარგებლეთ ამ განსხვავებით, რათა აგვეხსნა, რა არის სამართლიანობა, გონიერება, სიმამაცე და სიბრძნე. – ეგ რომ არ მახსოვდეს, არც იმის მოსმენის ღირსი ვიქნებოდი, რაც აწი უნდა ითქვას. – ისიც თუ გახსოვს, რაც მანამდე ვთქვით? – რა? – რა და, ის რომ ამ სიქველეთა უკეთ შესაცნობად სხვა – უფრო, გრძელი და შემოვლითი გზა უნდა აგვერჩია, რომელიც უფრო ნათლად წარმოგვიჩენდა მათ; თუმცა ზემოთქმულიდანაც შეიძლებოდა სათანადო დასკვნები გამოგვეტანა. თქვენ თქვით, რომ ეს საკმარისი იყო, მაგრამ შემდგომ მსჯელობას, ჩემი აზრით, სიზუსტე აკლდა. და მაინც, თუ გაკმაყოფილებთ, თქვენ თვითონ უნდა მითხრათ. – პირადად მე სავსებით მაკმაყოფილებს, და ამავე აზრისა არიან სხვებიც. – კი მაგრამ, ჩემო ძვირფასო, თუ ეგზომ მნიშვნელოვან საგანთა საზომი ოდნავ მაინც განსხვავდება სინამდვილისგან, ჩვენი მტკიცება უკვე აღარ იქნება საკმარისად დასაბუთებული; რადგან ის, რაც არასრულყოფილია, არაფრის საზომად არ გამოდგება. თუმცა ზოგს ესეც დამაკმაყოფილებლად ეჩვენება, შემდგომი კვლევა-ძიება კი – ზედმეტად. – დიახ, – თქვა მან, – ზოგი მართლაც ასე ფიქრობს თავისი დაუდევრობის გამო. – მაგრამ ასე ყველაზე ნაკლებ უნდა ფიქრობდეს სახელმწიფოსა და კანონების მცველი. – რა თქმა უნდა. – ასე რომ, მან უფრო გრძელი გზა უნდა აირჩიოს, ჩემო მეგობარო, და სულის წვრთნას არანაკლები ძალა მოახმაროს, ვიდრე სხეულისას; თორემ, როგორც უკვე ითქვა, სრულყოფილად ვერასოდეს დაეუფლება იმას, რაც მისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი და არსებითია. – კი მაგრამ, განა ეს ყველაზე არსებითი უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე სამართლიანობა და ყველა სხვა სიქველე, ზემოთ რომ მიმოვიხილეთ? – დიახ, არსებობს რაღაც უფრო მნიშვნელოვანი, და ეს არა მარტო ზოგადად უნდა მიმოვიხილოთ, როგორც ვიქცევით ახლა, არამედ არაფერი არ უნდა გამოგვრჩეს, რათა მთელი სურათი უფრო სრულად წარმოვიდგინოთ. განა სასაცილო არ არის, რომ ამოდენა ძალას ალევენ გაცილებით უფრო უმნიშვნელო საგანს, რათა ზედმიწევნით სრულყონ და დახვეწონ იგი, ყველაზე მნიშვნელოვანს კი სულაც არ სცნობენ იმის ღირსად, რომ თავდაუზოგავად ეცადონ მისი სიდიადის წარმოჩენას? – რა თქმა უნდა, საუცხოო აზრია. მაგრამ ნუთუ გგონია, რომ აღარ გვკითხავენ, მაინც რა არის, შენი სიტყვებით რომ ვთქვათ, ეს უმნიშვნელოვანესი ცოდნა, ან რას ეხება იგი? – სულაც არა, – მივუგე მე, – თუ გნებავს, თვითონაც მკითხე. თუმცა ეს არაერთხელ გსმენია ჩემგან, მაგრამ, ეტყობა, აღარ გახსოვს, ან გინდა გული გამიწყალო მაგ შენი გამოხდომებით; ალბათ, ეს უფრო სავარაუდოა, რადგან ვინ მოსთვლის, რამდენჯერ გაგიგონია, რომ სიკეთის იდეაა ყველაზე მნიშვნელოვანი. სამართლიანობაცა და ყველა სხვა სიქველეც სწორედ მისი წყალობითაა სასარგებლო და ვარგისი. შენ, ალბათ, ისიც გეცოდინებოდა, რასაც დავძენდი: სიკეთის იდეას კარგად არ ვიცნობთ-მეთქი. და რაკი არ ვიცნობთ, ამიტომ ყოველივე დანარჩენი კარგადაც რომ ვიცოდეთ, მერწმუნე, ეს ცოდნა არას გვარგია. ეს იმას ჰგავს, რაიმე ნივთს იძენდე და არ კი იცოდე, რაში გამოგადგება იგი. თუ, შენი აზრით, საკმარისია, რაც შეიძლება მეტი შეიძინო, მაგრამ წარმოდგენაც არ გქონდეს, სასიკეთოა თუ არა ეს შენთვის, ან იქნებ ყველაფერი უნდა იცოდე, გარდა იმისა, რაც მშვენიერია და კეთილი? – არა, ვფიცავ ზევსს, – თქვა მან. – მაგრამ ის ხომ მაინც იცი, რომ სიკეთე, ბრბოის აზრით, განცხრომაა, უფრო დახვეწილთა აზრით კი – ცოდნა. – რა თქმა უნდა. – და რომ ვინც ამ აზრისაა, ჩემო ძვირფასო, ვერც კი გვეტყვის, რას ნიშნავს ეს ცოდნა, თუმცა, ბოლოს და ბოლოს, იძულებულია განგვიმარტოს, რომ აქ სიკეთის ცოდნა იგულისხმება. – ღმერთმანი, სასაცილოა. – რა თქმა უნდა, სასაცილოა, რაკიღა გვსაყვედურობენ, სიკეთეზე წარმოდგენაც არა გაქვთო, შემდეგ კი ისე გველაპარაკებიან, თითქოს დიდი მცოდნენი ვიყოთ. ისე ხშირად ატრიალებენ ამ «სიკეთის ცოდნას», თითქოს «სიკეთის» წარმოთქმისთანავე უნდა ვხვდებოდეთ, რა არის ეს. – სწორია, – თქვა მან. – მაგრამ განა ისინი, ვისი აზრითაც სიკეთე განცხრომაა, ნაკლებ ცდებიან? განა ისინიც იძულებულნი არ არიან აღიარონ, რომ არსებობს უკეთური განცხრომაც? – უკეთურზე უკეთურიც. – მაშასადამე, თვითონვე უნდა აღიარონ, რომ ერთი და იგივე რამ შეიძლება კეთილიც იყოს და უკეთურიც; ასეა, არა? – უცილობლად. – მერედა, განა ასევე ცხადი არ არის, რომ უმრავლესობა იმას მიიჩნევს მშვენიერად და სამართლიანად, რაც მშვენიერი და სამართლიანი ჰგონია, თუნდაც სინამდვილეში არც ერთი იყოს და არც მეორე, და ამის მიხედვით მოქმედებს, იძენს და ფიქრობს; ხოლო რაც შეეხება სიკეთეს, აქ არავინ არ სჯერდება მოჩვენებითის ფლობას, არამედ ყველა ჭეშმარიტ სიკეთეს მიელტვის და არაფრად აგდებს მოჩვენებითს. – ასეა, – თქვა მან. – დიახ, სიკეთეს მიელტვის ყოველი სული და მისი გულისთვისვე აკეთებს ყველაფერს; გუმანით გრძნობს, რომ არსებობს რაღაც ამგვარი, თუმცა დანამდვილებით კი ვერ მიმხვდარა, რა არის ეს. ასე რომ, მტკიცედ ვერ ეყრდნობა თავის ვარაუდს, როგორც ყველა სხვა შემთხვევაში ემყარება თავის ღრმა რწმენას. ამიტომაც ხელი აღარ მიუწვდება ამ დანარჩენზეც და ვეღარ იღებს მისგან იმას, რაც შეიძლებოდა სასარგებლო ყოფილიყო მისთვის. მერედა, ნუთუ ამ ფასდაუდებელ სიკეთეს ასევე ბუნდოვნად უნდა ჭვრეტდნენ სახელმწიფოს უკეთესი მოქალაქენი, რომელთაც მზადა ვართ ყველაფერი მივანდოთ? – არამც და არამც. – მე თუ მკითხავ, შეუძლებელია სამართლიანობისა და მშვენიერების ღირსეული მცველი იყოს ის, ვინც არ იცის, რა აკავშირებს ან ერთსა და ან მეორეს სიკეთესთან. დიახ, მე ამთავითვე ვგრძნობ, რომ ამ კავშირის გარეშე ვერავინ ვერ შეიცნობს მათ. – და არც გატყუებს ეგ შენი გრძნობა. – ასე რომ, ჩვენი სახელმწიფო წყობილება სრულყოფილი იქნება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მას მცველად მივუჩენთ კაცს, რომელმაც იცის ყოველივე ეს. – უცილობლად. მაგრამ შენ თვითონ, სოკრატე, რად მიგაჩნია სიკეთე – ცოდნად, განცხრომად თუ რაღაც მესამედ? – რა კაცი ხარ! კაი ხანია ვიცოდი და გატყობდი კიდეც, რომ ნამდვილად არ დასჯერდებოდი სხვების აზრს ამის თაობაზე. – ეს იმიტომ, სოკრატე, – თქვა მან, – რომ სამართლიანად არ მეჩვენება, როცა მხოლოდ სხვების აზრს გადმოგვცემენ და არა საკუთარს, თუმცა რა ხანია ჩაჰკირკიტებდნენ ამ საკითხს. – როგორ? მაშ, შენ სამართლიანი გგონია, რომ კაცი ლაპარაკობდეს იმაზე, რაც არ იცის და მცოდნედ ასაღებდეს თავს? – არა, მცოდნედ კი არა, მაგრამ კეთილ ინებოს და თავისი საკუთარი აზრები გაგვიზიაროს. – კი მაგრამ, ნუთუ არ შეგინიშნავს, რა უბადრუკია ყველა აზრი, რომელიც ცოდნას არ ემყარება? როგორ გგონია, ვითომ რა განასხვავებს უვიცის თუნდაც მართალ აზრს უსინათლოსგან, რომელიც თავისი თვალდავსილობის მიუხედავად მაინც სწორად მიიკვლევს გზას? – არაფერი. – მერედა, შენ გირჩევნია აკვირდებოდე უსახურს, უსინათლოსა და უგვანს, თუმცაღა შეგიძლია სხვების მეოხებით ჭვრეტდე მშვენიერსა და ნათელს? – თუ ღმერთი გწამს, სოკრატე, – წამოიძახა გლავკონმა, – თავს ნუ არიდებ სათქმელს, თითქოს უკვე დაგემთავრებინოს სიტყვა. ჩვენ იმასაც დავჯერდებით, თუ ისე განგვიმარტავ სიკეთის ბუნებას, როგორც სამართლიანობის, გონიერებისა და სხვა სიქველეთა ბუნება განგვიმარტე. – განა მე კი არ დავჯერდებოდი, ჩემო ძვირფასო? მაგრამ მეშინია, ვაითუ ჩავფლავდე და ჩემი უგერგილობის გამო თქვენი დასაცინი შევიქნე. მოდი, ასე ვქნათ, ჩემო ნეტარნო, ჯერჯერობით თავი ვანებოთ სიკეთის ჭეშმარიტ ბუნებას, რადგან ის, ჩემი წარმოდგენით, მეტისმეტად მაღალია საიმისოდ, რომ ჩვენი ძალისხმევით მივწვდეთ. სამაგიეროდ, თუ გნებავთ, ორიოდე სიტყვას გეტყვით სიკეთის ნაშიერზე, ზედმიწევნით რომ ჩამოჰგავს მშობელს, თუ არა და, მოვეშვათ ამას. – არა, – თქვა მან, – შვილზე მაინც გველაპარაკე, მშობლის ამბავს კი მერე გათქმევინებთ. – ნეტავი მთლიანად დამაბრუნებინა თქვენი ვალი და არა მარტო ვახში, როგორც ამჟამად. მაშ, ჯერჯერობით დასჯერდით ამ ვახშს, ჭეშმარიტი სიკეთის ნაშიერს. მაგრამ ფრთხილად იყავით, რათა, ჩემდა უნებურად, ანგარიშში არ მოგატყუოთ. – რამდენადაც შეგვიძლია, ფრთხილად ვიქნებით; ოღონდ განაგრძე. – ნება თქვენია, მაგრამ ჯერ იმაზე უნდა შევთანხმდეთ, რომ შეგახსენოთ, რაც ზემოთ ითქვა და სხვაგანაც არაერთხელ გვიხსენებია. – მაინც რა? – რამდენი რამაა მშვენიერი, კეთილი და სხვა მისთანანი, რომელთა არსებობასაც ვამტკიცებთ და განვსაზღვრავთ ენის მეშვეობით. – დიახ, ასეა. – იმასაც ვამბობთ, რომ არსებობს მშვენიერი თავისთავად, კეთილი თავისთავად, და ასე შემდეგ, ზემოთ ჩამოთვლილ საგანთა სიმრავლესთან მიმართებით; ხოლო ამ საგანთაგან თვითეულს მისი საკუთარი იდეა შეესაბამება, რომელსაც ერთადერთად და ამ საგნის არსად ვსახავთ. – მართალს ბრძანებ. – და ჩვენ ვამტკიცებთ, რომ ყველა ეს საგანი მზერით აღიქმება, მაგრამ არა აზრით, იდეები კი, პირიქით, აზრით აღიქმებიან და არა მზერით. – დიახ. – ესე იგი, რისი მეშვეობით აღვიქვამთ ხილულ საგნებს? – მზერის მეშვეობით. – ისევე, როგორც სმენის მეშვეობით აღვიქვამთ ყველაფერს, რაც გვესმის, და დანარჩენი გრძნობებით შევიგრძნობთ ყველაფერს, რასაც შევიგრძნობთ? – რა თქმა უნდა. – თუ დაჰკვირვებიხარ, რაოდენ ძვირფასია იმის უნარი, რომ ხედავდე ან გხედავდნენ? უნარს, რომელიც დემიურგოსმა გვიბოძა ჩვენ. – მართალი გითხრა, არც ისე გულმოდგინედ. – მაშ, ამ თვალსაზრისით დაუკვირდი: სმენას რომ ესმოდეს, ბგერა კი ისმოდეს, თუ არის საჭირო რაღაც მესამე, რომლის გარეშეც შეუძლებელია რაიმე გვესმოდეს ან ისმოდეს? – არავითარი მესამე არა გვჭირდება. – ჩემი აზრით, იგივე ითქმის ზოგი სხვა, მაგრამ არა ყველა შეგრძნების მიმართ. ან იქნებ არ მეთანხმები? – რას ჰქვია არ გეთანხმები? – ხომ არ შეგიმჩნევია, სჭირდება თუ არა რაღაც მესამე მზერას, ან ყოველივე იმას, რაც შეიძლება მზერით აღქმულ იქნეს? – როგორ? – რაგინდ გამჭრიახი თვალიც არ უნდა ჰქონდეს კაცს, რაგინდ მკაფიოდაც არ უნდა აღიქვამდეს ფერებს, ალბათ დამეთანხმები, რომ ვერაფერსაც ვერ დაინახავს ამ რაღაც მესამის გარეშე, რომელიც თითქოს საგანგებოდ მზერისათვის არის შექმნილი. – რას გულისხმობ? – რასაც სინათლეს უწოდებ შენ. – მართალს ბრძანებ. – ასე რომ, უმნიშვნელო საწყისი როდი აერთებს მზერას და იმას, რაც შეიძლება მზერით აღქმულ იქნეს. ისინი ყველა სხვა კავშირზე უფრო ფასეული კავშირით ერწყმიან ერთმანეთს, რადგან მართლაც რომ ფასდაუდებელია სინათლე. – რა თქმა უნდა. – მერედა, ზეციურ ღმერთთაგან რომელს მიიჩნევ ამ კავშირის უფლად, ან ვისი ნათელი ანიჭებს მზერას იმის უნარს, რომ ხედავდეს, საგნებს კი – იმისას, რომ მზერით აღქმულ იქნენ? – იმავე ღმერთს, ვისაც გულისხმობ შენც და დანარჩენი მოკვდავნიც. რადგანაც ხომ ცხადია, რომ მზეზე მეკითხები. – მერედა, განა მზერა ბუნებით, გარკვეულწილად არ ეთანაფარდება მზეს? – როგორ? – მზერა არც თავისთავად და არც იმაში, რაშიც იბადება (ჩვენ მას ვუწოდებთ თვალს), არ არის მზე. – ცხადია, არა. – მაგრამ, ჩვენს გრძნობებს შორის ყველაზე მზისდარი კია. – დიახ. – და ის უნარი, რასაც ფლობს მზერა, სწორედ მზისგან ეძლევა მას, როგორც ერთგვარი გამონაშუქი. – რა თქმა უნდა. – ასე რომ, თავის მხრივ, არც მზეა მზერა; და თუმცა მზერის მიზეზი კია, მაგრამ მზერა ვერ ხედავს მას. – რასაკვირველია. – ჰოდა, ამასვე ვამტკიცებ მე იმის თაობაზედაც, რასაც თავის მსგავსებად ბადებს სიკეთე. რასაც ნიშნავს სიკეთე აზრობრივ ადგილას, გონებისა და გონით საწვდომთა მიმართ, იმასვე ნიშნავს მზეც ხილულ ადგილას, მზერისა და მზერით საწვდომთა მიმართ. – როგორ? – იკითხა მან, – თუ შეიძლება უფრო დაწვრილებით ამიხსენი. – ხომ მოგეხსენება, – ვუთხარი მე, – როცა იმ საგნებისკენ მიმართავენ მზერას, რომლებსაც დღის სინათლე კი არ ანათებს, არამედ ღამეულ ვარსკვლავთა მკრთალი ციმციმი, თვალი იძაბება და ბრმას ემსგავსება, თითქოს ხედვის უნარი აღარ შეწევსო. – დიახ. – თუმცა იგივე თვალი მკაფიოდ ხედავს მზით განათებულ საგნებს, რაც იმას ნიშნავს, რომ მხედველობა კვლავაც კარგია. – რა თქმა უნდა. – იგივე ითქმის სულზედაც: როცა იქითკენ მიმართავს მზერას, სადაც ჭეშმარიტება ელვარებს და არსი ბრწყინავს, კიდევაც შეიცნობს მათ, რაც მის გონიერებას მოწმობს, ხოლო როცა იმის მიმართ მიიქცევა, რასაც სიბნელე ერწყმის, რაც იბადება და კვდება, მზერადაბინდული და საკუთარი წარმოდგენების სათამაშოდ ქცეული ხან ერთს აწყდება და ხანაც მეორეს, ხან ალთასაა, ხან ბალთას და ისე წრიალებს, ცნობამიხდილი გეგონება. – მართლაც. – ასე რომ, რაც ჭეშმარიტებას ანიჭებს შეცნობად საგნებს, ადამიანს კი – შეცნობის უნარს, სწორედ ის მიიჩნიე სიკეთის იდეად – ცოდნისა და ჭეშმარიტების მიზეზად. რაგინდ მშვენიერიც არ უნდა იყოს ერთიცა და მეორეც – ცოდნაც და ჭეშმარიტებაც, არ შეცდები, თუ მათზე მშვენიერად აღიარებ სიკეთის იდეას. რამდენადაც მართებული იყო ხილულ სამყაროში სინათლისა და მზერის მიჩნევა მზისდარად, მზედ მიჩნევა კი – უმართებულო, ისე აქაც, გონით საწვდომ სამყაროშიც, მართებულია სიკეთისდარად მივიჩნევდეთ ცოდნასა და ჭეშმარიტებას, თვით სიკეთედ მათი მიჩნევა კი – უმართებულოა, რადგანაც სიკეთის იდეას გაცილებით უფრო მაღლა უნდა ვაყენებდეთ. – უჩვეულო მშვენიერებას კი ანიჭებს მას, რაკიღა თურმე ის ბადებს ცოდნასა და ჭეშმარიტებას და გაცილებით უფრო მშვენიერია მათზე; მაშასადამე, განცხრომად არ უნდა მიგაჩნდეს. – ღმერთმა დამიფაროს! უმჯობესია ამ მხრივ დაუკვირდე მის ხატებას... – რა მხრივ? – მზე არა მარტო იმის უნარს ანიჭებას საგნებს, რომ მზერით აღქმულ იქნენ, არამედ კიდევაც ბადებს, ზრდის და ასაზრდოებს მათ, თუმცა თვითონვე როდია დაბადება და ქმნადობა. – როგორ? – ისიც უნდა აღიარო, რომ გონით საწვდომი საგნების წვდომაც მხოლოდ სიკეთის მეშვეობით თუ შეიძლება; სიკეთის წყალობითვე ეზიარებიან ისინი თავიანთ არსებასაც და არსებობასაც, თუმცა თვით სიკეთე არსებობა კი არ არის, არსებობის მიღმურია, რომელსაც თავისი ღირსებით და ძალმოსილებით აღემატება. მაშინ გლავკონმა მასხარასავით წამოიძახა: – ოო, აპოლონ! რა თავბრუდამხვევი სიმაღლეა! – შენს თავს დააბრალე: ვინ მაიძულა სიკეთის თაობაზე ჩემი აზრი გამომეთქვა? – ჰოდა, შუა გზაზე ნუ შეჩერდები, კვლავაც განაგრძე ეგ შედარება მზესთან და ეცადე არაფერი გამოგრჩეს. – აქამდეც ბევრი რამე გამომრჩა. – აწი მაინც ეცადე უმნიშვნელო წვრილმანიც კი არ გამოტოვო. – ვშიშობ, რომ ბევრი რამის გამოტოვება მომიწევს. თუმცა ახლა მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ ვეცდები განზრახ მაინც არაფერი გამომრჩეს. – აუცილებლად ეცადე. – მაშ, იცოდე, ჩემო ძვირფასო, რომ არის ორი მეუფე: ერთი გონით საწვდომი სამყაროს ყველა გვარსა და მთელ საუფლოზე მბრძანებლობს, მეორე კი – ყოველივე ხილულზე; არ მინდა ამას ცა ვუწოდო, რადგანაც მეშინია, ვაითუ მოგეჩვენოს, რომ მე სიტყვებით ვთამაშობ. თუ გაიაზრე ეს ორი სახე – ხილული და გონით საწვდომი? – დიახ. – ახლა აიღე სწორი ხაზი და ორ თანაბარ მონაკვეთად გაყავი. ერთი ხილულ სამყაროს აღნიშნავს, მეორე კი – გონით საწვდომს. თვითეული მონაკვეთი, თავის მხრივ, იმავე თანაფარდობით გაყავი ორად; თანაც, ხილული სამყაროს აღმნიშვნელი ამ ორი მონაკვეთიდან ერთი მკაფიო უნდა იყოს, მეორე კი – მქრქალი. პირველი მონაკვეთი ხატებათა შემცველი იქნება, ხოლო ხატებებს მე ვუწოდებ, უწინარეს ყოვლისა, ლანდებს, შემდეგ კი – ანარეკლებს წყალში ან მკვრივი, გლუვი თუ პრიალა საგნების ზედაპირზე, და სხვა მისთანათ. ხომ გესმის ჩემი? – დიახ. – მეორე მონაკვეთზე კი ადგილს მიუჩენ ამ ლანდების შესატყვის საგნებს – ყველა ცოცხალ არსს, ყველა მცენარეს თუ ხელთქმნილ საგანს. – მეც ავდგები და მივუჩენ. – ეთანხმები თუ არა იმ აზრს, რომ, ჭეშმარიტისა და არაჭეშმარიტის თვალსაზრისით, ხილული სამყაროს დაყოფა, შემდეგნაირად განხორციელდა: ხატი ისე ეთანაფარდება მის შესაბამის საგანს, როგორც წარმოდგენა – ცოდნას? – სავსებით. – ახლა კი დაუკვირდი, როგორ უნდა დაიყოს გონით საწვდომი სამყაროს შესაბამისი მონაკვეთი. – როგორ? – სული იძულებულია ამ მონაკვეთის ერთ-ერთი განაყოფი წანამძღვრებისა თუ ჰიპოთეზების მეშვეობით ეძიოს, ისე, რომ ხატებად იყენებდეს ხილულ სამყაროში ნიმუშებად მიჩნეულ საგნებს და, ამრიგად, საწყისს კი არ მიელტვოდეს, არამედ – დასასრულს. მაშინ როდესაც მეორე მონაკვეთის მისაკვლევად, რომელსაც აგვირგვინებს უწანამძღვრო საწყისი, სული, წანამძღვრებიდან გამომდინარე, პირველ შემთხვევაში გამოყენებულ ხატებზე კი არა, მხოლოდ თავისთავად იდეებზე დაყრდნობით უნდა წარმართავდეს თავის ძიებას. – კარგად ვერ გავიგე შენი სიტყვები. – ახლავე გაგიადვილებ, – ვუთხარი მე, – რასაც ახლა გეტყვი, უფრო გასაგები უნდა იყოს: შენ, ალბათ, იცი, რომ გეომეტრიის, არითმეტიკისა და სხვა ამნაირ მეცნიერებათა მიმდევრები თავიანთი კვლევა-ძიებისას ვარაუდობენ, თითქოს იციან, რა არის ლუწი და რა არის კენტი, გეომეტრიული ფიგურები, კუთხეების სამი სახე და სხვა მისთანანი, რასაც ისინი ამოსავალ დებულებებად თვლიან და საჭიროდ აღარ მიიჩნევენ თავიანთ თავსა თუ სხვებს განუმარტონ ის, რაც, მათი აზრით, ყველასთვის ცხადი უნდა იყოს. სწორედ აქედან გამომდინარე გამოჰყავთ ყოველივე დანარჩენი და ერთიმეორის მიყოლებით ბოლომდე ასაბუთებენ ყველაფერს, რაც თავიანთი ძიების საგნად დაუსახავთ. – ეს, რა თქმა უნდა, ვიცი. – მაშინ ისიც გეცოდინება, რომ ისინი იყენებენ ხილულ ფიგურებს, ანუ ნახაზებს, და მათი მიხედვით მსჯელობენ, თუმცა თვით ამ ნახაზებზე კი არ ფიქრობენ, არამედ – იმაზე, რასაც ისინი თავიანთი მსგავსებით გამოსახავენ. ასე მაგალითად, ისინი ფიქრობენ თავისთავად ოთხკუთხედზე, თავისთავად დიაგონალზე და არა იმაზე, რასაც თვითონვე ხაზავენ. იგივე ითქმის ფერწერულსა თუ სკულპტურულ ქმნილებებზედაც, რომლებიც შეიძლება ჩრდილს აფენდნენ ან წყალში ირეკლებოდნენ, მაგრამ თვით ეს ქმნილებები მხოლოდ ხატოვანი გამოსახულებები არიან იმისა, რისი ხილვაც მარტოოდენ გონების თვალით თუ შეიძლება. – მართალს ბრძანებ. – აი, სწორედ ამ გონით საწვდომ საგნებს ვგულისხმობდი წეღან: მათკენ სწრაფვისას სული იძულებულია წანამძღვრებსა თუ ჰიპოთეზებს დაეყრდნოს და ამიტომაც ვერ აღწევს მათ საწყისს, რადგანაც არ შეუძლია ვარაუდის ფარგლებს გასცდეს; სწორედ ამით აიხსნება, რომ მხოლოდ ხატებად იყენებს ხილული სამყაროს საგნებს, რომლებსაც თავიანთი ასლები შეესაბამებიან ხილული სამყაროს ქვედა ნაწილში და რომლებიც სწორედ ამ ასლებთან შედარებით უფრო მკაფიო ხატებად არიან მიჩნეულნი. – გასაგებია: შენ ლაპარაკობ იმაზე, რასაც გეომეტრიისა და სხვა მისთანათა მეშვეობით სწავლობენ. – მაშინ ისიც გასაგები უნდა იყოს, რომ გონით საწვდომი სამყაროს მეორე განაყოფს მე ვუწოდებ იმას, რასაც ჩვენი გონება აღწევს დიალექტიკური უნარის წყალობით. თავის ჰიპოთეზებს ის საწყისებად კი არ ასაღებს, არამედ ვარაუდებად, ანუ საფეხურებად თუ საყრდენ წერტილებად აღიქვამს მათ, რომელთა მეშვეობითაც ყოვლის უპირობო და უწანამძღვრო საწყისამდე მაღლდება. მას შემდეგ, რაც ამ საწყისს მიაღწევს და ჩაეჭიდება ყველაფერს, რაც ზემოხსენებულ საწყისზეა დამოკიდებული, სული დაღმასვლისას მიდის საბოლოო დასკვნამდე, რისთვისაც რაიმე გრძნობად მონაცემებს კი არ ეყრდნობა, არამედ მხოლოდ იდეებს, რომლებითაც იწყება და ვითარდება მისი ძიება, რათა იდეითვე დამთავრდეს. – მესმის, – თქვა მან, – მაგრამ ბოლომდე კი არა. მე მგონია, ძალიან ძნელ საგნებზე მელაპარაკები. და მაინც, როგორც ჩანს, შენ გინდა დაადგინო, რომ ჭეშმარიტ არსსაც და გონით საწვდომ ყველა საგანსაც დიალექტიკის მეშვეობით შეიძლება გაცილებით უფრო ნათლად ჭვრეტდე, ვიდრე ეგრეთწოდებულ ხელოვნებათა წყალობით, რომელთა საწყისებადაც ჰიპოთეზები გვევლინებიან. თუმცა ისინიც იძულებულნი არიან გონივრული განსჯით ჭვრეტდნენ გონით საწვდომ სამყაროს და არა გრძნობებით. მაგრამ რაკი თავიანთ ჰიპოთეზებზე დაყრდნობით იკვლევენ მას და ამიტომაც ვერ აღწევენ პირველსაწყისს, შენი აზრით, არ შეუძლიათ გონებით მისწვდნენ ამ სამყაროს, თუმცა ის სავსებით გონმისაწვდომია, თუკი ჩავწვდებით მის პირველსაწყისს. გონივრულ განსჯად კი, მე მგონია, შენ მიიჩნევ იმ უნარს, რაც ნიშნეულია გეომეტრებისა და სხვა მათნაირ სწავლულთათვის. მაგრამ ეს ჯერ კიდევ არ არის გონება, რადგანაც გონივრულ განსჯას შუალედური ადგილი უჭირავს წარმოდგენასა და გონებას შორის. – საკმარისზე მეტადაც გესმის, – ვუთხარი მე; – ახლა ადექი და ზემოხსენებულ ოთხ დანაყოფს მიუსადაგე სულის ქმედითობის ოთხი უნარი: ყველაზე მაღლა დააყენე გონება, შემდეგ – გონივრული განსჯა, მესამე ადგილზე – რწმენა, ბოლოს კი – წარმოსახვა, და ეცადე სიცხადის ხარისხის მიხედვით განალაგო ისინი: ისე, რომ, რაც უფრო მეტი წილი უდევთ თვითეული მათგანის საგნებს ჭეშმარიტებაში, მით უფრო ცხადნი იყვნენ ისინი. – გასაგებია; – თქვა მან, – გეთანხმები და მისაღებად მიმაჩნია შენს მიერ შემოთავაზებული წესრიგი. ◄ წინა ნაწილი გაგრძელება ► შენიშვნა: პოსტის სათაური არ შეესაბამება პლატონის ამ დიალოგის (სახელწმიფო) მეექვსე წიგნის ავტორისეულ სათაურს. პოსტის სათაური არის პოსტის ავტორის მიერ თემატურად შერჩეული სათაური. …
დაამატა ლაშა to ფილოსოფია at 1:23pm on ნოემბერი 25, 2016
თემა: ფსიქოლოგია ემპირიასა და რაციოში
VIII საუკუნეში ჩამოყალიბდა. ის ცარიელ ადგილას არ წარმოქმნილა, წინა საუკუნეში იგი სპინოზამ, ჰობსმა და ლოკმა შეამზადეს. ამ უკანასკნელმა შემოიტანა ტერმინი “ასოციაცია”, ე.წ. ასოციაციის კანონები კი ჯერ კიდევ არისტოტელეს მიერ იყო დამუშავებული. სწორედ ასოციაციონიზმის განვითარებამ მოამზადა ნიადაგი იმისთვის, რომ ფსიქოლოგიას ფილოსოფიური ორიენტაცია თანდათან კვლევითმეცნიერულით შეეცვალა და XIX საუკუნის მეორე ნახევრიდან სრულფასოვანი დამოუკიდებელი დისციპლინის სახით დამკვიდრებულიყო. XVIII საუკუნის ბრიტანული ასოციაციური ფსიქოლოგიის ჩამოყალიბებაში ყველაზე დიდი წვლილი შეიტანა ჰიუმმა და, განსაკუთრებით, ჰერტლიმ. ხოლო იმ დროის ერთ-ერთმა უდიდესმა ბრიტანელმა ფილოსოფოსმა ბერკლიმ, მართალია ნაკლები გავლენა მოახდინა ემპირიული ფსიქოლოგიის ასოციაციურ მოძღვრებაზე, მაგრამ აღქმის ფსიქოლოგიის ზოგიერთი საკითხის დასმასა და გააზრებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა.       ჯორჯ ბერკლი (1685-1753) დაიბადა ირლანდიაში, იქვე მიიღო განათლება. მან ბევრი იმოგზაურა, იყო საკმაოდ გავლენიანი ფილოსოფოსი და რელიგიური მოღვაწე (ეპისკოპოსი). ახალგაზრდობაშივე დაწერა ორი ნაშრომი, რომლებიც საინტერესოა ფსიქოლოგიური თვალსაზრისით, ესენია: “ესსე მხედველობის ახალ თეორიაში” (1709) და “ტრაქტატი ადამიანური შემეცნების პრინციპების შესახებ” (1710).       ბერკლის ფილოსოფია სუბიექტური იდეალიზმია. დეკარტედან მომდინარე დუალისტურ თვალსაზრისს ორი განცალკევებული სამყაროს შესახებ, ბერკლიმ დაუპირისპირა “ახალი პრინციპი”, რომლის თანხმად, სუბიექტისაგან დამოუკიდებლად არსებული საგნების სამყაროზე ლაპარაკი აზრს მოკლებულია: საგანთა არსებობა (ყოფიერება) არის მათი აღქმა, აღქმულობა (სსე ესტ პერციპი).       მატერიის ცნება, როგორც სუბსტანციისა, საგანთა მიღმა მყოფი არსისა, უაზრობაა. იგი შემეცნებისთვის არ გამოდგება, ვინაიდან არაფერს მატებს საგანთა თვისებებს იმაზე მეტს, რაც შეიძლება მოგვცეს გრძნობადმა აღქმამ. მატერია უზოგადესი ცნებაა, რომელიც ინდივიდუალურ საგნებში არ არსებობს. ცოდნა ინდივიდუალური საგნებზე უნაშთოდ იშლება მის გრძნობად თვისებებად (ის მათი ჯამია). აქ მატერიისთვის, როგორც დამატებით მოცემული სუბსტანციისთვის, ადგილი არ რჩება, ის არც აღიქმება და არც მოიაზრება. ბერკლი ნომინალისტია - იგი ზოგადის რეალურ არსებობას უარყოფს, ხოლო თუ არ არსებობს ზოგადი, მაშინ არც მატერია არსებობს.       რეალურად არსებობს მხოლოდ იდეები. წარმოშობის თვალსაზრისით ისინი ოთხ ჯგუფად იყოფა: 1) შეგრძნებებით მიღებული იდეები; 2) იდეები, რომლებიც სულის მოქმედების ან მდგომარეობის საფუძველზე აღმოცენდება (განცდები); 3) წარმოსახვის საფუძველზე შექმნილი იდეები და 4) იდეები, რომლებიც ზემოთ დასახელებული იდეების შეერთების შედეგად წარმოიქმნება. ამგვარად, გონებას შეადგენენ შეგრძნებები, სულიერი განცდები და მათ საფუძველზე შექმნილი წარმოდგენები.       ამოსავალი ყველა იდეისთვის არის შეგრძნება, გრძნობადი აღქმა. ბერკლი სენსუალისტია, რაც თავისთავად ბუნებრივია იმ მოაზროვნისთვის, რომელიც საგანთა არსებობას მათ აღქმადობასთან აიგივებს. ერთადერთი, რისი მოცემულობის შესახებაც ადამიანმა ნამდვილად იცის, მისი შინაგანი გამოცდილებაა, პირველ ყოვლისა, შეგრძნებით მიღებული იდეებია. ადამიანი დარწმუნებით ვერაფერს იტყვის საგნებისა და მათი თვისებების ობიექტური, სუბიექტისაგან დამოუკიდებელი არსებობის თაობაზე. “მაგიდა, რომელზეც მე ვწერ, არსებობს. ეს იმას ნიშნავს, რომ მე მას ვხედავ, მე მას ვეხები. მე რომ ჩემს სამუშაო ოთახში არ ვყოფილიყავი, ვიტყოდი: მაგიდა არსებობს ოთახში და ვიგულისხმებდი, რომ ოთახში რომ ვყოფილიყავი, მე მას აღვიქვამდი ან რომელიმე სხვა სული აღიქვამდა მას”. თუ ავტორის ამ მაგალითს გავყვებით, შეიძლება ვთქვათ, რომ მაგიდას, პრინციპში, შეუძლია აღძრას ფორმის, მოცულობის, სიმკვრივის, ფერის, სუნის, ტემპერატურისა და სხვა შეგრძნებები მათი შესაბამისი იდეებით. ლოკის მიხედვით, ზოგი მათგანი ამ საგნის ობიექტურ თვისებას ასახავს ანუ თვით ობიექტის კუთვნილებაა (პირველადი თვისება), ზოგიც მხოლოდ სუბიექტის, დამკვირვებლის, მისი გონებისა თუ სენსორული აპარატის უნარებს გამოხატავს (მეორადი თვისება).       ავითარებს რა ლოკის აზრს, ბერკლი ფიქრობს, რომ პირველადი და მეორადი თვისებების განცალკევება არ შეიძლება; პირველადი თვისებები დაკავშირებულია მეორადთან (მაგ., შეუძლებელია ფიგურას არ ჰქონდეს რაიმე ფერი, თუნდაც თეთრი ან შავი). ამიტომ თუ მეორადი თვისებები გონებაშია (გონების პროდუქტია), რა საფუძველი გვაქვს ვიფიქროთ, რომ პირველადი თვისებებიც არაა ასეთი წარმოშობისა? მით უფრო, რომ შეხედულება პირველად თვისებებზე ეყრდნობა რწმენას განფენილი მატერიალური სუბსტანციის არსებობის შესახებ (საგანთა პირველადი თვისებები განფენილობიდანაა წარმოებული); ამ რწმენის უსაფუძვლობაში კი ბერკლის ეჭვი არ ეპარება.       რამდენადაც საგნების თვისებების დამადასტურებელი შეგრძნებები გონებაშია, თვით საგნებიც სხვა არაფერია, თუ არა ამ შეგრძნებათა შესატყვისი იდეების კრებადობა. ისინი, როგორც წესი, მყარ კომბინაციებს ქმნიან, მათ ერთ სახელს ვუწოდებთ და, ამიტომ, ერთ საგნად მივიჩნევთ. მაგალითად, აღვიქვამთ რაიმე ფერს, გემოს, სუნს, ფორმას, კონსისტენციას, რაც ერთდროულადაა მოცემული და ამას ვუწოდებთ “ვაშლს”. იდეათა სხვა კრებული არის ქვა, ხე, წიგნი, სახლი და ა.შ. შეგრძნებათა ეს ერთიანობები იწვევენ სიხარულს ან მწუხარებას იმის მიხედვით, სასიამოვნოა ისინი ჩვენთვის თუ უსიამოვნო. თითოეული შეგრძნებიდან მომდინარე იდეა სხვა იდეებისაგან გამიჯნული და განსხვავებულია, მაგრამ, ვინაიდან ისინი ყოველთვის ერთდროულად გვეძლევა, ერთი საგნის იდეად ერთიანდებიან. ამ იდეათა შეკავშირების მექანიზმი, არსებითად, ასოციაციურია (მეზობლობის ასოციაცია), თუმცა იგი ბერკლისთან ჯერ კიდევ არ არის სათანადოდ გააზრებული და ფორმულირებული.       ბერკლის მოძღვრების მთავარი პრინციპი გულისხმობს საგნის არსებობის დაყვანას მის აღქმადობაზე. აქედან გასაგებია, რომ აღქმის, პირველ ყოვლისა, მხედველობითი აღქმის საკითხს იგი საგანგებო ყურადღებას აქცევს. მისი ერთ-ერთი მთავარი თხზულება მხედველობითი აღქმის ახალი თეორიის აგების მცდელობაა. მასში მართლაც არის მრავალი სიახლე, განსაკუთრებით, სივრცის აღქმის გააზრების თვალსაზრისით. მანამდე თვლიდნენ, რომ საგნების სივრცით თვისებებს - სიდიდეს, დაშორებულობას, ფორმას, ადგილმდებარეობას და სხვას - ჩვენ უშუალოდ ვხედავთ, ისევე როგორც ფერებს. ბერკლის მართებულად მიაჩნია, რომ ასეთი გაგება არ არის ადეკვატური. თავის მტკიცებებში ბერკლი ძირითადად ეყდნობა თვითდაკვირვებას, რამდენადაც “ყოველი თვითონ არის საუკეთესო მსაჯული იმისა, რას აღიქვამს და რას არა”. ბერკლი არ კმაყოფილდება თვითდაკვირვებით და, ლოგიკურ მსჯელობასთან ერთად, იყენებს არსებულ დაკვირვებებს დაბადებიდან ბრმა ადამიანებზე, რომელთაც თვალი აეხილათ. ეს მის არგუმენტაციას უფრო დამარწმუნებელს ხდის. ჯერ ერთი, მანძილი არ აღიქმება უშუალოდ თვალით თუნდაც იმიტომ, რომ მანძილი რაიმე ობიექტამდე არის თვალის მიმართ პერპერდიკულარული ხაზი, რომელიც პროექციაში იძლევა მხოლოდ წერტილს. აქ მნიშვნელობა არა აქვს, თუ რა მანძილია ობიექტამდე. მეორეც, ის უსინათლოები, ვისაც მხედველობა დაუბრუნდა, უშუალოდ სივრცეს ვერ ხედავენ და მხოლოდ თანდათან ეჩვევიან ამას. ეს განსაკუთრებით მესამე განზომილების აღქმას ეხება.       მაშასადამე, განფენილი სხეულები სამ განზომილებაში მხოლოდ მხედველობით არ აღიქმება. ამაში უდიდეს როლს ასრულებს შეხებითი და თვალის მოძრაობასთან დაკავშირებული კუნთური შეგრძნებები, რომლებიც უკავშირდებიან მხედველობით შეგრძნებებს. მათ შესაბამის იდეებს შორის ასოციაციური კავშირი გამეორებათა სიხშირის გამო მყარი ხდება. ამრიგად, ის, რასაც ჩვენ სივრცის მხედველობით აღქმას ვუწოდებთ, სინამდვილეში წარმოადგენს მხედველობის, შეხებისა და კუნთური შეგრძნებების კომბინაციას. როგორც ვხედავთ, მინიშნება აქაც ასოციაციის მექანიზმზე კეთდება.       ბერკლი გამოყოფს და განიხილავს რამდენიმე ფაქტორს, რომლებიც განაპირობებენ სივრცის აღქმის სიზუსტეს. მათ შორის გადამწყვეტია ე.წ. “მანძილი გუგებს შორის”, რომელიც ცვალებადობს ობიექტის დაშორების შესაბამისად (დღევანდელი ტერმინოლოგიით, ეს არის კონვერგენცია ანუ თვალების ღერძების კოორდინირებული შებრუნება შიგნით) და ე.წ. “თვალის დაძაბვა” (დღევანდელი ტერმინოლოგიით, ეს არის აკომოდაცია ანუ ბროლის ჩაზნექა და ამოზნექა საგნის დაშორების შესაბამისად). თანამედროვე შეხედულების მიხედვითაც, მხედველობითი აპარატის ამ მოძრაობებთან დაკავშირებული კუნთური შეგრძნებები, საკუთრივ ოპტიკურ შთაბეჭდილებასთან ერთად, უდიდესწილად განსაზღვრავენ სივრცის (განსაკუთრებით, რელიეფის, სიღრმის) აღქმას, ამიტომ მათ პირველად ფაქტორებს უწოდებენ. გამოიყოფა, აგრეთვე, ე.წ. მეორადი ფაქტორები. უნდა აღინიშნოს, რომ ბერკლი იყო პირველი, ვინც ზოგიერთ მათგანზე მიუთითა. მაგალითად, მან აღნიშნა, რომ მანძილის შეფასების სიზუსტე მატულობს, თუ აღმქმელსა და საგანს შორის სხვა ობიექტებიც არის განლაგებული (დღეს ამას სივრცის შევსებულობა ჰქვია); ბერკლიმ იმასაც მიაქცია ყურადღება, რომ მანძილის მატებასთან ერთად ობიექტის გამოსახულება ბუნდოვანი ხდება და ადამიანი ამ გამოცდილებას მანძილის შეფასებისას ითვალისწინებს (დღეს ამას ჰაერის პერსპექტივის ფაქტორის ზემოქმედებით ხსნიან). ერთი სიტყვით, ბერკლიმ სავსებით მართებულად მიუთითა სივრცის აღქმის ფაქტორებზე, თუმცა, ცხადია, არ ესმოდა აქ მოქმედი ფიზიკური, ფიზიოლოგიური და ფსიქიკური მექანიზმების ბუნება. ეს მხოლოდ მომდევნო საუკუნეებში გაირკვა. ბერკლი სწორად მიხვდა იმასაც, რომ სივრცის აღქმა უპირატესად შეძენილი უნარია (ამას შემდგომში გენეტიზმი ეწოდა). მან ასევე, მართებულად მიანიშნა, რომ სივრცის აღქმა რამდენიმე შეგრძნების გაერთიანებული მოქმედების შედეგია, ანუ ინტერმოდალური ხასიათისაა. ბერკლის ხაზი მეცხრამეტე საუკუნის ასოციაციონიზმში განაგრძო ა. ბეინმა, რომელიც სპეციალურად აღნიშნავდა კუნთური შეგრძნების როლს სივრცის აღქმაში.       შემდეგი ბრიტანელი, რომელმაც ფსიქოლოგიაზე კიდევ უფრო მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა, ვიდრე ბერკლიმ, იყო დევიდ ჰიუმი (17111766). ჰიუმი დაიბადა ედინბურგში. ერთხანს სწავლობდა იქვე უნივერსიტეტში, შემდეგ კი განათლების მიღება განაგრძო საფრანგეთში. ინგლისში დაბრუნების შემდეგ თავი მრავალ სფეროში გამოსცადა: მუშაობდა ბიბლოთეკარად, ადვოკატად, დიპლომატად, ბავშვის მასწავლებლად მდიდარ ოჯახში. დაწერა არაერთი პუბლიცისტური ესსე და ინგლისის რვატომიანი ისტორია. ჰიუმის მთავარი ფილოსოფიური და ფსიქოლოგიური თხზულებებია “ტრაქტატი ადამიანის ბუნების შესახებ” (1739) და “გამოკვლევა ადამიანის შემეცნების შესახებ” (1748).       ჰიუმის ფილოსოფიაში ფსიქოლოგიურ პრობლემატიკას დიდი ადგილი უკავია. ეს გასაგებიცაა. როგორც თანმიმდევრული სუბიექტური იდეალისტი, იგი სრულებით უარს ამბობს ობიექტური სამყაროს შესახებ მსჯელობაზე და მთლიანად სუბიექტური სინამდვილის ანალიზით იფარგლება. ჰიუმი, ლოკის მსგავსად, ადასტურებს მარტივი და რთული იდეების არსებობას და ამ უკანასკნელთა წარმოქმნის ასოციაციურ პრინციპს უფრო ჩამოყალიბებულ სახეს აძლევს. ასევე, მეტი ადეკვატურობით გამოირჩევა ცნობიერების შინაარსების ჰიუმისეული ანალიზიც. მთელ შინაგან გამოცდილებას, ცნობიერების მდგომარეობათა ერთობლიობას მან პერცეფცია უწოდა და ორ კლასად დაყო: შთაბეჭდილებებად და იდეებად. “შთაბეჭდილებებში” იგულისხმება შეგრძნებები, გრძნობები და ვნებები. “იდეები” კი არის შთაბეჭდილებათა მკრთალი სურათები ან ასლები ჩვენს გონებაში. ამგვარ გამიჯვნას პრინციპული მნიშვნელობა ჰქონდა. მისი წყალობით, როგორც თვითონ ავტორი აღნიშნვს, სიტყვა “იდეამ” თავდაპირველი მნიშვნელობა დაიბრუნა, რომელიც მას ლოკმა დაუკარგა, ვინაიდან შეგრძნებებსაც იდეებს უწოდებდა. იდეა არის ისეთი განცდა, რომელიც არსებობს მისი შესაბამისი საგნის სუბიექტზე უშუალო ზემოქმედების გარეშე. ფსიქოლოგიის თვალსაზრისით ის იგივეა, რაც წარმოდგენა. ეს ტერმინი დღესაც ამ მნიშვნელობით იხმარება, რასაც ვერ ვიტყვით ტერმინ “შთაბეჭდილების” ჰიუმისეულ გაგებაზე.       შთაბეჭდილება და იდეა განცდის ორი სახესხვაობაა. მათი გამიჯვნის ძირითადი კრიტერიუმი არის განცდის სიცხოველე: შთაბეჭდილებები უფრო ძლიერი, გამოკვეთილი და ცხადია. ეს განსხვავება მართლაც ადვილად გამოიკვეთება შინაგან გამოცდილებაში. მაგრამ მთავარი ის არის, თუ როგორია ამ განსხვავების საფუძველი, მხოლოდ რაოდენობრივი, როგორც ჰიუმს მიაჩნდა, თუ თვისებრივიც. ალბათ ძნელია იმის უარყოფა, რომ ზოგიერთი იდეა უფრო ძლიერი და მკაფიოა, ვიდრე რაიმე სუსტი შთაბეჭდილება. ქუხილის იდეა, მაგალითად, აშკარად უფრო ინტენსიურია, ვიდრე საათის ტიკტიკის ოდნავ შესამჩნევი შეგრძნება. ისეთი მახვილი თვითდაკვირვების უნარის მქონე მკვლევარს, როგორიც ჰიუმი იყო, არ შეიძლებოდა ეს არ შეემჩნია. იგი პირდაპირ მიუთითებს ისეთ მდგომარეობებზე (სიზმარი, ტრანსი და ა.შ.), როდესაც იდეის ინტენსიობა უტოლდება ან აჭარბებს კიდეც შთაბეჭდილების ძალას. მიუხედავად ამისა, ავტორს არ უჩნდება კითხვა, თუ რატომ უნდა ვუწოდოთ მაშინ ასეთ სუსტ ფსიქიკურ შინაარსს შთაბეჭდილება, ხოლო უფრო ძლიერს - იდეა. აქ საქმე მხოლოდ ინტენსიობაში არ უნდა იყოს. შთაბეჭდილებასა და იდეას შორის განსხვავება ჰიუმმა ემპირიულად დაადგინა. უშუალო გამოცდილების ფარგლებში ეს იმდენად აშკარაა, რომ აღნიშნული სირთულის მიუხედავად, მეცნიერებამ იგი მაინც მიიღო. მაგრამ, ამ განსხვავების სიცხადე მათ შორის არსებულ უფრო მნიშვნელოვან განსხვავებაზე მიანიშნებს; იგი მხოლოდ განცდების ძალითა და სიცხოველით კი არ ამოიწურება, არამედ თვისებრივ, რომელობით განსხვავებას ეხება. ფაქტია, რომ გრძნობადი აღქმა იმდენად თვალსაჩინოდ განსხვავდება მეხსიერების ან წარმოსახვის განცდებისაგან, რომ იშვიათად ხდება მათი აღრევა (მაშინაც კი, როცა მათი ინტენსივობა, სიცხოველე თანაბარია). ეს ფსიქიკურ მასალაში პირველადი, რომელობითი განსხვავების არსებობაზე მიუთითებს. აქ იმის მსგავსი განსხვავებაა, რომელიც არსებობს, ვთქვათ, ფერისა და გემოს განცდებს შორის.       შთაბეჭდილებები იყოფა შეგრძნების შთაბეჭდილებებად (ანუ უბრალოდ შეგრძნებებად) და რეფლექსიის შთაბეჭდილებებად. ეს უკანასკნელნი იდეის მიერ აღძრული შთაბეჭდილებებია და, ფაქტობრივად, ვნებებსა და ემოციებს აღნიშნავენ. მათი წარმოქმნა შემდეგნაირად ხდება: ჩვენ განვიცდით სიცივეს, შიმშილს, ტკივილს და სხვა შეგრძნებებს, ისინი იწვევენ სათანადო იდეებს, ამ იდეებს კი შეუძლიათ ახალ შთაბეჭდილებათა გამოწვევა, მაგალითად, მისწრაფების, იმედის, შიშის, ზიზღის და სხვა. მათი პირველადი საფუძველი ამ შემთხვევაშიც შეგრძნებებია.       რაც შეეხება იდეებს, მათში გამოიყოფა მეხსიერებისა და წარმოსახვის იდეები. მეხსიერების იდეები უფრო შთაბეჭდილებებს გვანან და მეტი სიმკვეთრით და სიცხოველით ხასიათდებიან. უნდა აღინიშნოს, რომ ექსპერიმენტული ფსიქოლოგიის მონაცემები არ ადასტურებენ ჰიუმის ამ მოსაზრების მართებულობას. ჰიუმის მიხედვით, შთაბეჭდილებები, ისევე როგორც იდეები, შეიძლება იყოს მარტივი ან რთული. მარტივი იდეა უთუოდ ჰგავს მარტივ შთაბეჭდილებას, მაგალითად, წითელი ფერის იდეა - ანალოგიური შინაარსის შეგრძნებას. მარტივ შთაბეჭდილებებსა და იდეებს არა აქვთ ნაწილები, ხოლო რთული იდეები განსხვავებული ნაწილების ან თვისებების ერთობლიობას წარმოადგენენ. მაგალითად, ვაშლის აღქმაში ან იდეაში განვასხვავებთ ფორმას, ფერს, გემოს და ა.შ. რთული იდეები შინაარსის მხრივ ასევე შეესაბამებიან რთულ შთაბეჭდილებებს (აღქმებს), მაგრამ, არსებობენ ისეთი რთული იდეებიც, რომლებიც არ გვანან არავითარ აღქმით შთაბეჭდილებას და მარტივი იდეების ახლებური შეერთებით წარმოიქმნებიან.       როგორც ზემოთ ითქვა, რთული (ზოგადი) იდეების წარმოქმნა, ლოკის მიხედვით, უპირატესად, გონებრივ მოქმედებათა (შედარება, განყენება, შეერთება და სხვა) საშუალებით ხორციელდება. ამ საკითხის განხილვისას ჰიუმი ბევრად უფრო თამამად საუბრობს ასოციაციის მექანიზმზე, ვიდრე მისი წინამორბედნი, თუმცა ამ ტერმინს თავადაც არ ხმარობს დარწმუნებით. იგი ასე მსჯელობს: პრინციპში ყველა მარტივი იდეა შეიძლება განცალკევდეს სხვა იდეებისაგან და ნებისმიერად, წარმოსახვის უნარის გამოყენებით ყოველნაირი კომბინაციით ხელახლა დაუკავშირდეს სხვადასხვა იდეებს. ჩვენ შეგვიძლია დავუკავშიროთ ერთმანეთს ცხენის ტანი ადამიანის თავს და ასე შევქმნათ კენტავრის იდეა. მაგრამ ეს კავშირი ბუნებრივი არ არის. ამიტომ უნდა არსებობდეს მუდმივი დამაკავშირებელი უნივერსალური პრინციპი, რომელიც ყველგან და ყოველთვის მოქმედებს. იგი საშუალებას იძლევა, მარტივი იდეები გაერთიანდნენ რეალურად ერთსა და იმავე კომპლექსებში ისე, რომ ერთმა იდეამ ბუნებრივად გამოიწვიოს მეორე, როგორც ეს ჩვეულებრივ ხდება ხოლმე. ასეთი პრინციპია ასოციაცია. ასოციაცია გაგებულია, როგორც მიზიდულობა იდეებს შორის, მათი დამაკავშირებელი ძალა. ასოციაცია არ არის რაღაც აუცილებელი კანონი, რომლითაც იდეები ერთმანეთს უკავშირდება. როგორც ითქვა, წარმოსახვის საშუალებით იდეების ყოველგვარი დაკავშირებაა შესაძლებელი. ასოციაცია ის მუდმივმოქმედი პრინციპია, რომელიც ქმნის უფრო ხშირ, “როგორც წესი” არსებულ კავშირებს. ჩვეულებრივი ობიექტების ან მიმართებების შესახებ ჩვენში მოცემული რთული იდეები სწორედ ასოციაციის მექანიზმის მოქმედების შედეგადაა აღმოცენებული.       თავდაპირველად ჰიუმმა გამოყო ასოციაციის სამი კანონი: მსგავსების, მეზობლობის (დროსა ან სივრცეში) და მიზეზ-შედეგის. შემდგომში, ეს უკანასკნელი, ფაქტობრივად, მეზობლობაზე იქნა დაყვანილი. ჰიუმი არჩევდა ერთდროულ (სიმულტანურ) და თანმიმდევრულ (სუქცესიურ) ასოციაციებს. იგი მიუთითებდა აგრეთვე ე.წ. გაშუალებულ ასოციაციებზე, როდესაც ორი ობიექტი ერთმანეთს უკავშირდება არა იმის გამო, რომ ისინი ერთმანეთის მსგავსია ან ერთმანეთის მეზობლად მდებარეობს, არამედ იმიტომ, რომ მათ შორის მოთავსებულია მესამე ობიექტი, რომელიც თითოეულ მათგანთან ერთერთი ამ მიმართებით არის დაკავშირებული.       ასოციაციის ყველა ეს ვარიანტი თუ კანონი გვხვდება როგორც ყოველდღიურ ცხოვრებაში, ისე მეცნიერულ აზროვნებაში. ეს განსაკუთრებით მკაფიოდ კაუზალური მიმართების ჰიუმისეულ ანალიზში ჩანს. იდეა იმის შესახებ, რომ რაიმე მოვლენას (მიზეზს) აუცილებლად მოჰყვება სხვა მოვლენა (შედეგი), ე.ი. რომ ერთი იწვევს მეორეს, არის ილუზია. აქ ყველაფერი მოვლენათა, უფრო ზუსტად კი, შთაბეჭდილებათა და შესაბამის იდეათა მეზობლობაზე დაიყვანება. სინამდვილეში ერთ იდეას, როგორც წესი, მოჰყვება მეორე. ასეთი თანხვედრის სიხშირის გამო ჩვენ გვიჩნდება რწმენა, რომ ერთი მეორის მიზეზია. მაგრამ ის, რომ მოვლენები ერთმანეთიდან გამომდინარეობს, აღქმაში არ გვეძლევა, ამის შესაბამისი შთაბეჭდილება არ არსებობს. ჩვენ განვიცდით მხოლოდ მოვლენათა (შთაბეჭდილებათა) თანმიმდევრობას. მაგალითად, ელვას ქუხილი მოსდევს, მაგრამ თანმიმდევრობიდან მიზეზობრიობაზე დასკვნის გამოტანა ლოგიკური შეცდომაა: პოსტ ჰოს, ერგო პოპტერ ჰოს (ამის შემდეგ, მაშასადამე ამის გამო). თუკი მიზეზობრიობა, როგორც რეალური მიმართება არ აღიქმება, მაშინ არც შესაბამისი იდეა შეიძლება არსებობდეს, ვინაიდან იდეაში უნდა იყოს მხოლოდ ის, რაც შთაბეჭდილებაში იყო მოცემული. მაშასადამე, მიზეზობრიობის იდეა, რომელიც კაუზალურ კავშირს, როგორც რეალობას სახავს, დროში მოსაზღვრეობის ასოციაციის გზით ყალიბდება და სინამდვილეში მხოლოდ ჩვეულებას ან სუბიექტურ რწმენაზე დაფუძნებულ ილუზიას (ჰიუმის გამოთქმით, ქიმერას) წარმოადგენს.       ამრიგად, ჩვენ ვერაფერს ვამბობთ ობიექტური სამყაროსა და იქ მოქმედი კაუზალური კავშირების რეალურ არსებობაზე. რეალურად არსებობს მხოლოდ შთაბეჭდილებათა და იდეათა ჩვევად ქცეული კომპლექსები. მათ, მოსახერხებლობის გამო, ერთ სახელს ვუწოდებთ და რეალური არსებობის რწმენით ვაჯილდოვებთ. მაგრამ, იმავე ლოგიკით, თუ არ არსებობს რეალური ობიექტი, არ არსებობს რეალური სუბიექტიც. სუბიექტის, “მე”-ს ცნება ზუსტად ასევეა კონსტრუირებული ჩვენ მიერ. “მე” არის ჩვენი ცნობიერების შინაარსების კავშირი, კომპლექსი: “როცა საკუთარ მე-ში ვღრმავდები, ყოველთვის ვაწყდები ამა თუ იმ ერთეულ პერცეფციას - სიყვარულს ან სიძულვილს, ტანჯვას ან სიამოვნებას, და ვერასოდეს ვიჭერ ჩემს “მე”-ს, პერცეფციისაგან დამოუკიდებლად”. ცნობიერების ამ მდგომარეობათა კრებადობას მხოლოდ ჩვეულების გამო ვუწოდებთ “მე”-ს, მაგრამ ამ კომპლექსის რეალური არსებობის შესახებ დანამდვილებით არაფრის თქმა არ შეგვიძლია. პიროვნება, “მე”, როგორც ასეთი, დაკვირვებას არ ექვემდებარება და, ამდენად, ფსიქოლოგიურ ილუზიად, ქიმერად უნდა ჩაითვალოს. თუმცა, ჰიუმი აქვე აღიარებს, რომ კარგად არ ესმის, თუ რა შემადგენლობისაა “მე”-ს იდეა და როგორ არის კონსტრუირებული. სამაგიეროდ, ზუსტად განმარტავს კიდევ ერთი “ქიმერული იდეის”, სახელდობრ, ღმერთის იდეის სტრუქტურას, რომელიც, მისი აზრით, ყოვლისმცოდნეობის, ყოვლისშემძლეობისა და მშობლიური სიყვარულის იდეათა გაერთიანებაა.       იქიდან, რაც “მე”-ს შესახებ ითქვა, შეიძლება დავასკვნათ, რომ სწორედ ჰიუმის “დამსახურებით” დარჩა ფსიქოლოგია კარგა ხანს, ასე ვთქვათ, უსუბიექტო მდგომარეობაში. სულიერი ცხოვრების ანალიზში “მე”-ს, პიროვნების კატეგორიები არ ფიგურირებდა. ფსიქიკა გაგებული იყო, როგორც სცენა, რომელზეც ცნობიერების სხვადასხვა შინაარსი ჩნდება, ცოცხლობს და ქრება. ჰიუმი პირდაპირ ამბობს: “სული თეატრს ჰგავს, რომელშიც ერთმანეთის მიყოლებით გამოდიან სხვადასხვა პერცეფციები”. სხვათა შორის, თეატრთან შედარებას დეკარტეს ფსიქოლოგიურ შეხედულებათა მიმართაც ხშირად იყენებდნენ. მათ “კარტეზიანულ თეატრს” უწოდებდნენ და გულისხმობდნენ, რომ სული სხეულის შიგნით ზის და უყურებს თეატრალურ სცენას, რომელზეც გარე და შინაგანი სამყაროს ამსახველი იდეები გამოდიან. ფსიქოლოგიის ერთ-ერთი ისტორიკოსის ზუსტი შეფასებით, ჰიუმმა გამორიცხა სული (ანუ “მე”, სუბიექტი) კარტეზიანული თეატრიდან და ფსიქოლოგიური რეალობის სახით მხოლოდ მისი სცენა დატოვა (თ. ლიხი).       ასეთია ჰიუმის ფსიქოლოგიური წარმოდგენები, რომლებიც უკიდურესი ემპირიზმის ნიშანს ატარებს: მხედველობაში უნდა მივიღოთ მხოლოდ ის, რაც გამოცდილებაშია (ცნობიერებაშია) მოცემული. ამ გამოცდილების პირველადი მასალა კი შეგრძნებებიდან მიიღება. ამიტომ მეცნიერებამ შეიძლება მხოლოდ დაკვირვებად მოვლენებზე იმსჯელოს. ეს პოზიცია მომდევნო საუკუნეში გაგრძელდება და განვითარდება პოზიტივისტურ ფილოსოფიაში და საკმაოდ დიდ გავლენას მოახდენს ფსიქოლოგიური აზროვნების ფორმირებაზე. მიუხედავად თავისი უკიდურესობისა და ცალმხრივობისა, განვითარების სწორედ ეს ვექტორი მიიყვანს ფსიქოლოგიას ექსპერიმენტამდე და, საბოლოოდ, ფილოსოფიისაგან დამოუკიდებელი ემპირიული მეცნიერების დამკვიდრებამდე.       ჰიუმის ფილოსოფია ყველაზე უფრო ფსიქოლოგიზირებული მოძღვრებაა. მასში პირდაპირ არ არის ნათქვამი, მაგრამ საკმაოდ ნათლად არის მინიშნებული, რომ ფსიქოლოგიურ ცოდნას გამორჩეული მნიშვნელობა აქვს მეცნიერებათა მთელი სისტემის დაფუძნების თვალსაზრისით. “ყველა მეცნიერება, ამბობს იგი, ადამიანის ბუნებას ენათესავება და ერთადერთი საძირკველი, რომელსაც ისინი შეიძლება ეყრდნობოდნენ, ესაა მეცნიერება ადამიანის ბუნების შესახებ”. ამასთან მასალა, რომლის გათვალისწინებითაც შესაძლებელია ადამიანის ბუნების შესწავლა, პერცეფციებით ანუ ფსიქიკური შინაარსებით ამოიწურება. მაშასადამე, სუბიექტური სინამდვილის შესახებ ცოდნის სისტემა ყოველგვარი ცოდნის საფუძველია. ტერმინი “ფსიქოლოგია” იმ ხანად კიდევ ეს-ესაა იკიდებდა ფეხს სამეცნიერო ლექსიკონში. ამიტომ, მართალია ამ კონტექსტში ფსიქოლოგია ჰიუმის მიერ არაა ნახსენები, მაგრამ ის დანამდვილებით არის ნაგულისხმევი.       დევიდ ჰერტლი (1705-1757) არაა ისეთი მასშტაბის მოაზროვნე, როგორსაც მისი თანამედროვე და თანამემამულე ბერკლი ან ჰიუმი არიან, მაგრამ მან უდავოდ უფრო დიდი როლი ითამაშა იმდროინდელ ფსიქოლოგიაში, ვინაიდან შექმნა პირველი, დასრულებული სახის ასოციაციონისტური სისტემა. მოსაზრება იმის თაობაზე, რომ მეხსიერებაში წარმოდგენათა შორის კავშირის დამყარების პროცესი გარკვეულ კანონებს ემორჩილება, ჯერ კიდევ არისტოტელემ გამოთქვა. იდეებს შორის კავშირებზე (ასოციაციებზე) აგრეთვე მიუთითებდნენ სპინოზა, ჰობსი, ლოკი. უფრო თამამად საუბრობდა ასოციაციის პრინციპზე ბერკლი, ჰიუმმა კი ის ფსიქიკური შინაარსების გაერთიანების ყველაზე გავრცელებულ პრინციპად მიიჩნია. ჰერტლი კიდევ უფრო შორს წავიდა. მან ასოციაცია ცნობიერების მუშაობის არა უბრალოდ ყველაზე გავრცელებულ, არამედ ერთადერთ პრინციპად გამოაცხადა. ჰერტლიმ გამოიყენა წინამორბედთა იდეები, დაუმატა საკუთარი მოსაზრებები, გააერთიანა ისინი და ჩამოაყალიბა ერთი მთლიანი ფსიქოლოგიური კონცეფცია. ჰერტლისთან მთელი ფსიქიკური ცხოვრება ასოციაციის პრინციპის საფუძველზეა გააზრებული.       ჰერტლის ოჯახი მაღალ საზოგადოებას მიეკუთვნებოდა. მამამისი მინისტრი იყო. ჰერტლის თავდაპირველად უნდოდა, სასულიერო პირი გამხდარიყო, მაგრამ შემდგომში გეგმები შეცვალა და თეოლოგიურ განათლებას სამედიცინოც დაუმატა. იგი დიდად ერუდირებული ექიმი იყო, რაც აისახა მის მთავარ თხზულებაში: “ფიქრები ადამიანზე, მის აგებულებაზე, მოვალეობებსა და იმედებზე” (1749). მის შექმნაზე ჰერტლი 18 წელს მუშაობდა. “ფიქრები”, პირველ ყოვლისა, ადამიანის სულიერ სამყაროზეა მიმართული. ჰერტლი ფსიქოლოგიის სისტემას ქმნის, მაგრამ ისეთი ფსიქოლოგიისა, რომელსაც მედიკოსისთვის დამახასიათებელი მატერიალისტურ-სხეულებრივი საფუძველი აქვს. სულზე საუბრისას იგი არასდროს ივიწყებს სხეულს. ჰერტლის მთავარი საფიქრალი სწორედ მათი ურთიერთობის გარკვევაა.       ამ საკითხის გააზრებისას ჰერტლი ცდილობს, ერთმანეთს დაუკავშიროს ლოკის და მისი მიმდევრების იდეათა ასოციაციის მოძღვრება და ნიუტონის ე.წ. ვიბრაციების თეორია. ჰერტლის აზრით, ის კანონზომიერებანი, რომლებსაც ემორჩილება სულის იდეები და სხეულის ვიბრაციები, ძალიან ჰგავს ერთმანეთს, მაგრამ ისინი მხოლოდ პარალელურია და არა იდენტური. სხეული და სული სხვადასხვა რეალობას, სუბსტანციას მიეკუთვნება. ამრიგად, ჰერტლი დუალისტია და პარალელისტი. მისი პარალელიზმი ფსიქოფიზიოლოგიურია, იგი სხეულისა და სულის ურთიერთმიმართებაზე ფიქრობს. ჰერტლი მკაფიოდ გამოყოფს სხეულის იმ ნაწილებს, რომლებთანაც სულია დაკავშირებული, ანუ “სულის ადგილსამყოფელია”. ასეთი ნაწილი, პირველ რიგში, თავის ტვინია, აგრეთვე, ზურგის ტვინი და მათგან გამომავალი ნერვები. ნერვული სისტემის ფუნქციონირებას, ჰერტლის აზრით, ნერვული სუბსტრატის უმცირესი ნაწილაკების ვიბრაციული მოქმედება განაპირობებს. ეს შეხედულება უპირისპირდება ნერვული მექანიზმის დეკარტესეულ გაგებას, რომელიც გულისხმობს ნერვებში “ცხოველური სულების” გადაადგილებას. ჰერტლის თანახმად, ნერვები მილაკები კი არა, შევსებული სტრუქტურებია და მათში ვიბრაციული პროცესი მიმდინარეობს. მაგრამ ვინაიდან მისი სტიმულირება ეთერის ვიბრაციით ხდება, ეს პროცესი გრძნობის ორგანოებში და კუნთებშიც მიმდინარეობს. ამრიგად, ჰერტლი ვიბრაციის ტერმინებში ახასიათებს რეფლექტორულ რკალს, რომელიც პირველად დეკარტემ აღწერა: გარემოდან მიღებული ვიბრაცია გრძნობის ორგანოს გადაეცემა და, ტვინის გავლით, ნერვების საშუალებით აღწევს სამოძრაო აპარატამდე.       სხეულში განვითარებული ვიბრაციული პროცესები ერთმანეთისაგან ოთხი ნიშნით განსხვავდება: ხარისხით, რაგვარობით, ადგილმდებარეობით და მიმართებით. ხარისხი რხევის ამპლიტუდას ანუ ძალას ნიშნავს, რაგვარობა - რხევის სიხშირეს, ადგილმდებარეობა ლოკალიზაციაზე მიუთითებს, ხოლო მიმართებას განსაზღვრავს ის, რომ ვიბრაციები სხვადასხვა ნერვებით გადაეცემა ტვინს. ხარისხის, ანუ ძალის მიხედვით, ვიბრაციების ორი სახეობა გამოიყოფა: ჩვეულებრივი, ანუ გრძნობადი ვიბრაციები, რომლებიც შეგრძნებებს შეესაბამება და ამ უკანასკნელთა განმეორებით გამოწვეული კიდევ უფრო მცირე ვიბრაციები ტვინში. მათ ვიბრაციუნკულები ან მინიატურები ეწოდება და ისინი იდეებს შეესაბამებიან.       უნდა აღინიშნოს, რომ ჰერტლის ვიბრაციულ-ფიზიოლოგიური წარმოდგენები საკმაოდ შორს იყო ჭეშმარიტებისაგან. ისინი გამოხატავდნენ XVIII საუკუნის ცოდნას, უფრო ზუსტად, რეალური ფიზიოლოგიური პროცესების შესახებ ცოდნის არარსებობას. მაგრამ, როგორც ფსიქოლოგიის ისტორიკოსები მუთითებენ, მათში მაინც აისახა მკვლევარის პროგრესული ბუნებისმეტყველური სწრაფვა, გამოევლინა ფსიქიკური პროცესების ობიექტური დინამიკა ისე, რომ არ მიემართა სულისთვის, როგორც ამხსნელი ცნებისთვის.       სულიერი სამყაროს აგებულებაში, ჰერტლის მიერ გამოიყოფა სამი უმარტივესი ელემენტი: შეგრძნებები (სენსეციები), იდეაციები (შეგრძნების იდეები ანუ გამეორება საგნის რეალური მოცემულობის გარეშე) და აფექტაციები (სიამოვნება-უსიამოვნება). ეს არის ის მასალა, რომლისაგანაც ასოციაციის მექანიზმის მეშვეობით მთელი ფსიქიკური ცხოვრება შენდება. ამასთან, სხეულებრივი (ნერვული) და ფსიქიკური პროცესები სრულ შესაბამისობაშია, ამიტომ, არსებითად, ასოციაციის ორი მექანიზმისა და, შესაბამისად, ორი პროცესის შესახებ უნდა ვისაუბროთ. მათგან ერთი სხეულში ხორციელდება, მეორე - სულში.       სულში მოქმედ ასოციაციის კანონზე ჰერტლი წერს: “თუ გარკვეული შეგრძნებები (A,B,ჩ და სხვა) საკმარისად ხშირად დაუკავშირდება ერთმანეთს, ისეთ ძალას შეიძენენ შესატყვის იდეებზე (ა,ბ,ც და სხვა), რომ რომელიმე მათგანი (A) განცალკევებული მოქმედებისას სულში დანარჩენ შეგრძნებათა იდეებს (ბ,ც და სხვა) აღძრავს”. სხეულში პარალელურად მიმდინარე ასოციაციური პროცესის ფორმულირება აღწერილის ანალოგიურია იმ განსხვავებით, რომ შეგრძნების ნაცვლად ლაპარაკია გრძნობად ვიბრაციაზე, ხოლო იდეის ნაცვლად - მინიატურულ ვიბრაციაზე. ეს არის კანონი, რომლის საფუძველზეც მყარდება ასოციაცია შეგრძნებასა და იდეას შორის. რაც შეეხება იდეებს შორის ასოციაციას, მისი შესაბამისი პროცესი ტვინში ასე აღიწერება: როცა ორი მინიატურული ვიბრაცია ტვინში ერთდროულად მიმდინარეობს, შესატყვისი ზონებიდან აგზნების პროცესი ყველა მიმართულებით ვრცელდება და ისინი ერთმანეთზე ზემოქმედებენ; ზონებს შორის მით უფრო მჭიდრო კავშირი მყარდება, რაც უფრო ხშირად ხდება ეს. ამიტომ, როდესაც შემდგომში ერთი ვიბრაცია აღმოცენდება, ის გამოიწვევს მეორეს. ეს შეესაბამება ერთი იდეის მიერ მეორის გამოწვევის პროცესს.       ასოციაცია შეიძლება დამყარდეს შეგრძნებებს, იდეებსა და მოძრაობებს შორის. მოძრაობის შემოტანა აქ მეტად მნიშვნელოვანია, ვინაიდან ეს საშუალებას იძლევა ასოციაციის მექანიზმი გავრცელდეს მოტორული მოქმედების სფეროზე, რაც თითქმის ორი საუკუნის შემდეგ განხორციელდა ბიჰევიორიზმში. თვით ჰერტლი მოძრაობათა ორ ჯგუფს გამოყოფს: ავტომატიზმებს და ნებისმიერ მოძრაობებს. ავტომატიზმები სხეულებრივი მექანიზმებიდან მომდინარეობს და გრძნობად გამღიზიანებელზე უშუალო რეაქციას წარმოადგენს. ადამიანი იბადება ე.წ. პირველადი ავტომატიზმების გარკვეული მარაგით. ნებელობითი მოძრაობები ამ ავტომატიზმების სხვადასხვა ფსიქიკურ მიზეზებთან (იდეები, აფექტები, ვნებები) ასოციაციური დაკავშირების გზით ყალიბდება. მაგალითად, ახალშობილი ბავშვის ხელისგულზე შეხება იწვევს თითების უნებლიე შეკუმშვას, ანუ ტაცების პირველად ავტომატიზმს. ეს მოძრაობა შეიძლება დაუკავშირდეს სხვადასხვა შეგრძნებებსა თუ იდეებს, ვთქვათ, საყვარელი სათამაშოს დანახვას, რომლის ტაცებას და დაჭერას ბავშვი თანდათან სწავლობს ასოციაციის კანონების შესაბამისად. ამავე ლოგიკით, სიტყვები: აიღე, დაიჭირე, რომლებიც ბავშვს ესმის უფროსებისაგან, უკავშირდება სათანადო მოძრაობებს და მას სამოქმედოდ აღძრავს. ეს უკვე ნახევრად ნებელობითი მოძრაობაა. მოძრაობა მთლიანად ნებელობითი გახდება მაშინ, როდესაც “ის იდეა ან სულის მდგომარეობა, რომელსაც ჩვენ შეგვიძლია ვუწოდოთ ტაცების სურვილი და რომელსაც, გარკვეულად, შინაგანი ბრძანების ხასიათი აქვს, ისე ძლიერად დაუკავშირდება სათანადო მოძრაობას, რომ ეს უკანასკნელი პირველის გაჩენისთანავე აღმოცენდება”. ნებელობა სწორედ “სულის მდგომარეობაა”, რომელიც წინ უსწრებს ჩვენ მიერვე გამოწვეულ სულიერ (მოგონება, წარმოსახვა) თუ სხეულებრივ (მოძრაობა) აქტებს. ხშირი გამეორების, ვარჯიშის შედეგად ნებელობითი მოძრაობები შეიძლება გადაიქცეს ე.წ. მეორად ავტომატიზმებად, ანუ ჩვევებად და ჩვეულებებად. ისინი ნებელობად წოდებული “სულის მდგომარეობით” აღარ არიან გაშუალებული, თითქოს თავისთავად აღიძვრებიან და მიმდინარეობენ. მაშასადამე, პირველადი ავტომატიზმებიდან ასოციაციის მექანიზმის საშუალებით წარმოიქმნება ნახევრად ნებელობითი, ნებელობითი აქტები და მეორადი ავტომატიზმები.       აღზრდის პროცესში ასოციაციის ასეთივე მექანიზმით ყალიბდება აფექტები და ვნებები (თავისი წინამორბედების მსგავსად, ჰერტლიც ვერ განასხვავებს დაბეჯითებით ემოციურ და მოტივაციურ სფეროებს; მაგ., ძლიერ აფექტს იგი სურვილს უწოდებს). ვნება წარმოიქმნება საგნის წარმოდგენის ანუ იდეაციის და აფექტაციის დაკავშირების გზით. თავიდან ბავშვისთვის უცხოა შიში. მას რაღაც უნდა დაუშავდეს, რაიმე ზიანი მიადგეს, რის შემდეგაც მეხსიერებაში შემორჩენილი ამ უარყოფითი ემოციის იდეა ასოცირდება იმ პირობების იდეასთან, რომლებმაც გამოიწვიეს ზიანი და შესაბამისი ემოცია.       თვით ასოციაციის პრინციპის გააზრებაში ჰერტლის ბევრი ახალი და საყურადღებო ნიუანსი შემოაქვს. ასოციაციის პირობებიდან თუ ფაქტორებიდან იგი მსგავსებას გამორიცხავს, ტოვებს მეზობლობას და უმატებს გამეორებას. ეს ხდება იმის გათვალისწინებით, რომ ფსიქიკურ ასოციაციას საფუძვლად უდევს ფიზიოლოგიური (ვიბრაციული) ასოციაცია. ამიტომ ასოციაციური კავშირის შექმნა არ შეიძლება იყოს დამოკიდებული სუბიექტურ და სუბიექტიდან გამომდინარე წინაპირობებზე (მსგავსება, მაგალითად, ასეთი ფაქტორია, ვინაიდან მსგავსია თუ არა საგნები და მოვლენები - სუბიექტი ადგენს). ამდენად ჰერტლი აგრძელებს ჰიუმისეული უსუბიექტო მექანიცისტური ფსიქოლოგიის ხაზს. პოზიტიური აქ ის არის, რომ ჰერტლი ასოციაციის ფაქტორებს დაბეჯითებით უმატებს გამეორებას. “შეგრძნებები, იდეები და მოძრაობები საკმაოდ ხშირად უნდა დაუკავშირდნენ ერთმანეთს”, ამბობს იგი და ამით ხაზს უსვამს გამეორების ფაქტორს. მისი უდიდესი მნიშვნელობა მხოლოდ XIX და XX საუკუნეების მიჯნაზე გახდა ნათელი (ებინჰაუსი, თორნდაიკი და სხვა) და ის დასწავლის ერთ-ერთ ძირითად პრინციპად იქცა.       ფსიქოლოგიის შემდგომი განვითარების თვალსაზრისით ჰერტლის ასოციაციური მოძღვრების სხვა მხარეებიც საინტერესოა. მან საგანგებო მსჯელობის საგნად აქცია სიმულტანური და სუქცესიური ასოციაციების არსებობის ფაქტი (რომელზეც ჰიუმმა მხოლოდ მიანიშნა) და ამით მკვეთრად გააფართოვა ასოციაციის გამოყენების არე. ის ვარგისიანი გახდა როგორც თანმიმდევრული პროცესების (მეხსიერება, აზროვნება), ისე მარტივი იდეების კომპლექსებად შერწყმის ასახსნელად (აღქმა). სიმულტანური ასოციაციების დაშვება ნაბიჯია ჯ.ს. მილის “სულის ქიმიისკენ”, ანუ ცნობიერების რთულ წარმონაქმნებში ისეთი კავშირების გააზრებისკენ, სადაც შემადგენელი ელემენტები ახალ თვისობრიობას ქმნიან (იხ. თავი 4.3). ასოციაციონისტური მოძღვრების განვითარებას, როგორც შემდგომში დავრწმუნდებით, ლოგიკურად მივყავართ ცნობიერების მოვლენების ასეთ ანალიზამდე. ამის ნიშნები უკვე ჰერტლისთან არის მოცემული, რასაც ადასტურებს თუნდაც შემდეგი გამონათქვამი: “შეგრძნების მარტივი იდეები უნდა ერთიანდებოდნენ ჯგუფებად და კომბინაციებად. ასოციაციების მეშვეობით თითოეული მათგანი მრავალი შემადგენელი ნაწილის დაახლოებისა და შერწყმის გზით ერთ დიდ რთულ იდეად შეიზრდება. დაკვირვება იმასაც გვიჩვენებს, რომ მრავალი ინტელექტუალური იდეა, როგორიცაა მშვენიერების, ღირსების, ზნეობრივი თვისებებისა და სხვა, ფაქტობრივად არიან ისეთი ნაწილებისაგან შემდგარი იდეები, რომლებიც თანდათან შეიზარდნენ ერთ რთულ იდეად”.       ყველა რთული სულიერი მოვლენა მარტივი ფსიქიკური მასალიდან აიგება ასოციაციის მეშვეობით. აფექტები და ვნებები, როგორც ითქვა, შეგრძნებების, სიამოვნება-უსიამოვნების ან მათი იდეების ასოციაციური გაერთიანებაა. აღქმები მიიღება საგნის გრძნობადი თვისებების ამსახველ შეგრძნებათა შეერთების გზით. მეხსიერება ასოციაციურად დაკავშირებული იდეების აღდგენაა იმ თანმიმდევრობითა და მიმართებით, როგორც შეგრძნებაში იყო მოცემული. წარმოსახვაც იდეების დაკავშირებაა, ოღონდ თავდაპირველი წესისა და თანმიმდევრობის გარეშე (მაგ., სიზმარი). აზროვნებაზე ჰერტლი პირდაპირ არ ლაპარაკობს; იგი მხოლოდ სიტყვით გამოთქმული შინაარსის გაგების პროცესს განიხილავს. სიტყვა ბგერათა ჯამია, მნიშვნელობა კი გრძნობადი თვისებების კომპლექსი, რომლითაც საგნები ერთმანეთს გვანან. მაგალითად, სიტყვა “სითეთრის” მნიშვნელობა მრავალი საგნის (თოვლი, ქაღალდი, რძე და ა.შ.) მუდმივი გრძნობადი თვისების გამოყოფის შედეგად მიიღება. აღზრდისა და სწავლის პროცესში ხდება ასოციაციური კავშირის დამყარება სათანადო ბგერით კომპლექსსა და საგნის გრძნობად თვისებათა ერთობლიობას შორის. სიტყვის მნიშვნელობის გაგებაც ამას ნიშნავს. პირინციპში, ასეთივე გზით მიმდინარეობს ცნების ფორმირება - აქ ჰერტლი, ფაქტობრივად, ლოკის მოსაზრებებს ეყრდნობა.       ჰერტლის შრომამ საგრძნობი ზეგავლენა არა მარტო ფსიქოლოგიაზე, არამედ სხვა დარგებზეც მოახდინა; მაგალითად, ეთიკაზე, ლოგიკაზე, პედაგოგიკაზე. ჰერტლის იდეების პოპულარიზაციაში განსაკუთრებული წვლილი შეიტანა მისმა მოწაფემ, ლონდონის სამეფო საზოგადოების, პარიზისა და სანკტ-პეტერბურგის მეცნიერებათა აკადემიების წევრმა ჯოზეფ პრისტლიმ (1733-1804). იგი ახერხებდა წარმატებით შეეთავსებინა ერთმანეთთან თეოლოგიური (იყო მღვდელი) და ბუნებისმეტყველური (იყო ქიმიკოსი, ჟანგბადის აღმომჩენი) ინტერესები. როგორც გავლენიანი ფილოსოფოსი, იგი სწორედ ბუნებისმეტყველების პოზიციიდან განიხილავდა ფსიქიკურ სინამდვილეს. ფსიქიკური პროცესები ფიზიოლოგიური პროცესებით აიხსნება, შესაბამისად, მეცნიერება სულიერი ცხოვრების შესახებ (ფსიქოლოგია) არის “ნერვული სისტემის ფიზიკა”. მოკლედ, პრისტლიმ მოხსნა ჰერტლისთვის დამახასიათებელი ორაზროვნება სხეულებრივი და სულიერი პროცესების ურთიერთმიმართებასთან დაკავშირებით. ყველა ფსიქიკური პროცესი ასოციაციური წარმოშობისაა, მაგრამ ასოციაციის მექანიზმის ბუნება ნერვულ სუბსტრატში უნდა ვეძებოთ.       ემპირიული ფსიქოლოგიის განვითარება მიმდინარეობდა საფრანგეთშიც, თუმცა მისი გავლენა შემდგომი დროის ფსიქოლოგიაზე ნაკლები იყო, ვიდრე ინგლისური ასოციაციონიზმისა. XVIII საუკუნის ფრანგული ფილოსოფიური და ფსიქოლოგიური აზროვნება ძირითადად ემპირიზმის განვითარებისა და რაციონალიზმის კრიტიკის ნიშნით ხასიათდება. ფრანგული ემპირიული ფსიქოლოგიის წარმომადგენლები ემყარებოდნენ ლოკის სენსუალისტურ თეზისს გრძნობადი (შეგრძნებითი) გამოცდილების პრიორიტეტის შესახებ და ფსიქიკის განვითარებაში მთავარ ძალად გარემოს მიიჩნევდნენ. ცნობიერების ფორმირება სოციალურ გარემოში მიმდინარეობს, სადაც გადამწყვეტ როლს აღზრდა-განათლება ასრულებს. ამიტომ განათლების პროცესის სწორი ორგანიზაცია პირველი რიგის ამოცანაა. ამ მიზნით, დიდროს თაოსნობით, გამოიცა ენციკლოპედია, რომელშიც თავმოყრილი იყო განათლებული ადამიანისთვის აუცილებელი ცოდნა. ამიტომ, ამ ეპოქის ფრანგი სწავლულების დიდ ნაწილს განმანათლებლებს და ენციკლოპედისტებს უწოდებენ. ფრანგული ემპირიული ფსიქოლოგიის კიდევ ერთი განმასხვავებელი ნიშანი არის ის, რომ შემეცნებით და ემოციურ პროცესებთან ერთად, მასში წარმოდგენილია მოტივაციური სფეროს, კერძოდ, მოთხოვნილებათა საყურადღებო დახასიათება.       ეტიენ ბონო დე კონდილიაკი (1715-1780) საფრანგეთის აკადემიის წევრი, დიდროსთან დაახლოებული ენციკლოპედისტი, ცდილობს კიდევ უფრო გააძლიეროს ლოკის ემპირიზმი. ეს უკანასკნელი გამოცდილების შეძენის ორ წყაროს უშვებდა: შეგრძნებებს და რეფლექსიას. ის, რაც ლოკთან რეფლექსიიდან, ხოლო დეკარტესთან სულის ოპერაციებიდან და თანდაყოლილი იდეებიდან მომდინარეობდა (ანუ ფსიქიკური მოქმედება), კონდილიაკს სურს ახსნას შეგრძნებების საშუალებით. კონდილიაკი, თანმიმდევრული სენსუალისტი, თავის მთავარ ნაშრომში “ტრაქტატი შეგრძნებების შესახებ” (1754), ცდილობს ყველა ფსიქიკური უნარი და პროცესი შეგრძნებიდან გამოიყვანოს. თუ ძირითადი ფსიქიკური უნარების - მეხსიერების, აზროვნების, ფანტაზიის, ნებისყოფის და ა.შ. ჯამს გონებას ვუწოდებთ, შეიძლება ითქვას, რომ კონდილიაკის მიხედვით, ადამიანი თავდაპირველად მოკლებულია გონებას. “ტრაქტატის” მიზანია გვიჩვენოს, თუ როგორ შეიქმნა ადამიანური შეგრძნებებიდან გონება.       აქ ავტორი მიმართავს ე.წ. მარმარილოს ქანდაკების მოდელს, რომელიც გარეგნულად ადამიანის მსგავსია. დავუშვათ, ეს ქანდაკება ცოცხალია, სულიერია, მაგრამ არც ცოდნა და არც სხვა ფსიქიკური თვისება, შეგრძნების გარდა, არ გააჩნია. მისი სულიერება, ფაქტობრივად, შეგრძნების უნარში მდგომარეობს. კონდილიაკი გვთავაზობს ჩავატაროთ ასეთი გონებაჭვრეტითი ექსპერიმენტი: მივანიჭოთ ქანდაკებას ყნოსვის შეგრძნების უნარი და ამ დაშვებიდან გამოვიყვანოთ ყველა იდეა თუ სულის თვისება. ყნოსვის შეგრძნება შემთხვევით არ არის შერჩეული; ავტორი თვლის, რომ ის ყველაზე დაბალი რანგის შეგრძნებაა. შეგრძნებათა რანგები, საზოგადოდ, კლასიფიცირებულია მათი შემეცნებითი ღირებულების მიხედვით და ასეთი რიგით არიან განლაგებული: 1. შეხება, 2. მხედველობა, 3. გემო, 4.სმენა, 5. ყნოსვა. შეხების შეგრძნება ყველაზე მეტად უწყობს ხელს შემეცნებას და, რაც მთავარია, იგი ერთადერთია, რომელიც ქანდაკებას უქმნის რწმენას ობიექტური სამყაროს არსებობის შესახებ. ამასთან, შეხება ყველაზე ინტენსიურ ემოციას აღძრავს ქანდაკებაში.       საზოგადოდ, ყოველ შეგრძნებას, მათ შორის ყნოსვის შეგრძნებას, რომელიც ქანდაკებას მივანიჭეთ, აუცილებლად ახლავს ერთგვარი გრძნობითი ტონი, სიამოვნების ან უსიამოვნების განცდა. სიამოვნება-უსიამოვნება, კონდილიაკის თანახმად, შეგრძნების ერთ-ერთი დახასიათებაა, მისი იმანენტური ნიშანია. შეგრძნების მეტ-ნაკლები ინტენსივობა თანმხლები გრძნობითი ტონის განსხვავებული სიძლიერით გამოიხატება. შეგრძნების მეორე თანმდევი განცდა ყურადღების განცდაა. ყურადღება ყოველგვარი განცდის აუცილებელი პირობაა, ფონია, რომელზეც ფსიქიკური მოვლენები (ე.ი. შეგრძნებებიც) გამოისახება. ამრიგად, ქანდაკებამ, რომელსაც სუნის შეგრძნების უნარი გაუჩნდა, იმავდროულად შეიძინა მგრძნობელობისა და ყურადღების თვისებებიც. დანარჩენი ფსიქიკური ფუნქციები ამ უნართვისებების ამოქმედებისა და გარდაქმნის შედეგად წარმოიქმნება. პირველი მათ შორის მეხსიერებაა. ის ყურადღების ფუნქციონირებას მოჰყვება. ქანდაკების მიერ განცდილი სუნი არ ისპობა გამღიზიანებლის ზემოქმედების შეწყვეტასთან ერთად. ყურადღება, რომელიც ქანდაკებამ სუნს მიაპყრო, კიდევ ერთ ხანს ინახავს მას, ტოვებს სულში გარკვეული შთაბეჭდილების სახით. ამიტომ სუნის გამეორებისას ქანდაკება მას იცნობს. ესაა მეხსიერება. ორი შეგრძნების ერთდროული არსებობა, ან აწმყოში მოცემული სუნის წარსული სუნის იდეასთან შედარება მსჯელობას გვაძლევს, ვინაიდან, ავტორის მტკიცებით, მსჯელობა ორ შესადარებელ მოვლენას შორის მიმართების აღქმაა. ასე იძენს ქანდაკება აზროვნების, შემეცნების უნარს. მოთხოვნილება აქტივობისა და განვითარების პირობაა, მაგრამ ის ვერ გაჩნდებოდა გრძნობებისა და მეხსიერების გარეშე. შეგრძნებას სიამოვნებაუსიამოვნების ნიშანი რომ არ ჰქონოდა, ქანდაკება ვერ განვითარდებოდა და ლეთარგიული ძილის მდგომარეობაში აღმოჩნდებოდა, რადგან ის არ იქნებოდა დაინტერესებული, მიეღო ერთი ან განრიდებოდა მეორეს, ანუ არ ექნებოდა სათანადო სურვილი. ამავე დროს, მოთხოვნილება მეხსიერებასაც გულისხმობს, ვინაიდან ის არის სწრაფვა უკეთესი (სასიამოვნო) წარსული მდგომარეობისკენ. მოთხოვნილების ნიადაგზე აღმოცენდება წარმოსახვა, როგორც ტენდენცია სასურველი ხატის აღდგენისა. წარმოსახვა მომავლის გათვალისწინების უნარს იძლევა, ხოლო მისი გაერთიანება შეფასების აზროვნებით უნართან და მოთხოვნილებასთან წარმოქმნის იმას, რასაც ნებისყოფა ეწოდება.       ამრიგად, ჩვენი ქანდაკება ყველა ძირითადი ფსიქიკური ფუნქციით აღიჭურვა. ახლა, თუ შევიტანთ სხვა შეგრძნებებს - სმენას, გემოს, მხედველობას, არსებითად არაფერი შეიცვლება. მდგომარეობას პრინციპულად ცვლის მხოლოდ შეხებითი შეგრძნება, რომელიც გვაძლევს სხვა სხეულის სიმკვრივის, წინააღმდეგობისა და, აქედან გამომდინარე, მისი არსებობის განცდას. ამ მომენტამდე ჩვენი შეგრძნებები განიცდებოდა მხოლოდ შინაგან მდგომარეობებად, ახლა ისინი იქცევიან საგნის თვისებებად, საგნისა, რომელიც სუბიექტისაგან დამოუკიდებლად არსებობს. ამდენად, ობიექტის განცდასთან ერთად და მასთან დაპირისპირებაში ჩნდება თავად სუბიექტის განცდაც, “მე”-ს ცნობიერებაც. ერთი სიტყვით, მთელი შინაგანი სამყარო სრული სახით გამოიყვანება შეგრძნებებიდან. თანამედროვე მეცნიერების თვალსაზრისით, მთელი ეს თეორია უსაფუძვლო ხელოვნური კონსტრუქციაა.       ჟიულ ოფრე დე ლამეტრიც (1709-1751) სენსუალისტია, მაგრამ მისი ყურადღების ცენტრში სხვა საკითხი, სახელდობრ, სხეულისა და სულის მიმართების საკითხი იყო. ლამერტიმ სამედიცინო განათლება პარიზში მიიღო და სტაჟირება ჰოლანდიაში, ცნობილ მკურნალ ბურხავესთან გაიარა. სამხედრო ექიმად მუშაობისას იგი დააკვირდა იმ ვითარებას, რომ ავადმყოფობა (ვთქვათ ციება) არა მარტო ფიზიკურად ასუსტებს ადამიანს, არამედ მის გონებრივ შესაძლებლობებსაც აქვეითებს. აქედან ლამეტრი მივიდა დასკვნამდე, რომ სულიერი მოქმედება გაპირობებულია სხეულებრივი ორგანიზაციით. ამ იდეით შეპყრობილმა მან ზედიზედ დაწერა ორი ნაშრომი “სულის ბუნებრივი ისტორია” (1745) და “ადამიანი მანქანა” (1748), რომლებიც დაწვეს, როგორც ერეტიკული ტრაქტატები. ამ ნაწარმოებებმა მის ავტორს სკანდალური პოპულარობა მოუტანა და მისი სიცოცხლე საფრთხის ქვეშ ჩააგდო, რის გამოც იგი იძულებული გახდა სიცოცხლის ბოლო წლები ბერლინში გაეტარებინა, სადაც განთლებული მონარქის, პრუსიის მეფის, ფრიდრიხ II-ის მიწვევით ჩავიდა.       ლამეტრიმ უარყო დეკარტეს დუალიზმი: არსებობს მხოლოდ ერთი მატერიალური სუბსტანცია, რომელსაც, სხვა დანარჩენი თვისებების გარდა, შეგრძნებისა და აზროვნების უნარიც გააჩნია. ეს მატერიის (ტვინის) გარკვეული ორგანიზაციის შედეგია. ორგანიზაციის კატეგორია წამყვანია ლამეტრის მსჯელობაში. ადამიანი ბუნების ნაწილია. მცენარე, ცხოველი, ადამიანი - უწყვეტი კიბის საფეხურებია. მათ შორის განსხვავება სხეულის სხვადასხვა ორგანიზაციით არის გაპირობებული. აქ ლამეტრიმ წინასწარ განჭვრიტა უფრო გვიანდელი ევოლუციონისტების იდეები. ეპოქაში, როცა მეცნიერება დარწმუნებული იყო მცენარეებისა და ცხოველების სახეობათა უცვლელობაში, ლამეტრიმ გაბედა გამოეთქვა მკრეხელური აზრი იმის თაობაზე, რომ ცოცხალი სხეულების, მათ შორის ადამიანის ორგანიზაცია, არის სახეობათა ხანგრძლივი ევოლუციის პროდუქტი. სიცოცხლის სხვადასხვა ფორმა ერთმანეთისაგან ორგანიზაციის სირთულით განსხვავდება. ცხოველის მსგავსად, ადამიანიც კარგად აწყობილი, თვითმართვადი მანქანაა. “თუ სულის ყველა უნარი იმდენადაა დამოკიდებული ტვინისა და მთელი სხეულის ორგანიზაციაზე, რომ ისინი არსებითად, სხვა არაფერია ამ ორგანიზაციის შედეგის გარდა, მაშინ ადამიანი შეიძლება ჩაითვალოს ფრიად განსწავლულ მანქანად”. ცხადია, სიტყვა “მანქანა” აქ პირდაპირი მნიშვნელობით არ იხმარება. ის მხოლოდ მეტაფორის სახით გამოიყენება და გულისხმობს მატერიალურად დეტერმინირებულ სისტემას. მისი დახმარებით ავტორი ცდილობს ბუნებისმეტყველების პოზიციებიდან ახსნას ადამიანის ყველა ურთულესი უნარის, მათ შორის ცნობიერების ფუნქციონირება და განვითარება. ადამიანის, როგორც “განსწავლული მანქანის” უპირატესობას სწავლებისა და აღზრდის პროცესები უზრუნველყოფს.       სულიერი ცხოვრების სპეციფიკის დახასიათებისას ლამეტრიმ ხაზი გაუსვა მოთხოვნილებათა მნიშვნელობას. მოთხოვნილება ორგანული, სასიცოცხლო პროცესებიდან გამოიყვანება, მაგრამ სულიერი ცხოვრების დეტერმინაციაში იმდენად დიდ როლს თამაშობს, რომ გარკვეულად გონებასაც უთანაბრდება. არსებები, რომლებიც მოკლებული არიან მოთხოვნილებებს, მოკლებული არიან გონებასაც. ასეთებია, მაგალითად მცენარეები. ცხოველი შეიძლება ჩაითვალოს მოძრავ მცენარედ, მაგრამ ის უკვე სრულიად სხვაგვარი არსებაა, ვინაიდან გადაადგილების უნართან ერთად აქვს მოთხოვნილებები და, შესაბამისად, შეგრძნების, გრძნობისა და აზროვნების უნარი. რაც მეტი მოთხოვნილება აქვს ორგანიზებულ სხეულს, მით მეტი საშუალებები აქვს ბუნებისაგან ბოძებული მათ დასაკმაყოფილებლად. ეს საშუალებები გონიერების სხვადასხვა ხარისხთან არის დაკავშირებული და ცხოველებთან ინსტინქტის, ხოლო ადამიანთან სულის სახით ვლინდება. რაც ნაკლები მოთხოვნილება აქვს ორგანიზმს, მით უფრო ადვილია მისი გამოკვება და გაზრდა, მით ნაკლებად არის მასში განვითარებული გონებრივი უნარები.       როგორც ვხედავთ, ლამეტრიმ მოქმედების მანქანური (მექანიკური) პრინციპი სხეულიდან (დეკარტეს “სხეული - მანქანა”) სულზეც, ფსიქიკურ ცხოვრებაზეც გაავრცელა და ამით ადამიანის ქმედების სხვადასხვაგვარი მექანიცისტური (თუნდაც ბიჰევიორისტული) ინტერპრეტაციისთვის ერთგვარი ინტელექტუალური ფონი შექმნა.       ცნობილი ფრანგი ფილოსოფოსის კლოდ ადრიან ჰელვეციუსის (1715-1771) ინტერესის მთავარ საგანს შეადგენდა ადამიანების ფსიქიკური წყობის, კერძოდ კი გონებრივ შესაძლებლობათა, ნიჭიერების განსხვავებულობის საკითხი. თავისი მოსაზრებები ამასთან დაკავშირებით მან გადმოსცა ორ მთავარ თხზულებაში: “გონების შესახებ” (1758) და “ადამიანის შესახებ” (1769), რომლებიც, ერეტიკულობის ბრალდებით, ოფიციალურად აკრძალეს.       ჰელვეციუსიც სენსუალისტია. იგი მიჰყვება კონდილიაკს და თვლის, რომ დაბადებიდან ადამიანს აქვს შეგრძნება და მისი შემონახვის უნარი - მეხსიერება. მეხსიერება “ხანგრძლიობის მქონე, მაგრამ შესუსტებული შეგრძნებაა”. აზროვნებაც შეგრძნებებს უკავშირდება და მათი კომბინირების უნარად არის წარმოდგენილი. მაგრამ ადამიანთა ინტელექტუალურ უთანაბრობას არც შეგრძნებები განსაზღვრავს და არც მათგან წარმოებული ფსიქიკური უნარები. თითქმის ყველა ადამიანს აქვს საკმარისი შეგრძნებათა სიმახვილე და მეხსიერება, რომ გააკეთოს დიდი აღმოჩენა. ამაში არავითარ როლს არ თამაშობს გეოგრაფია, რასა, კვება, ტემპერამენტი თუ სხვა ფაქტორები. ჰელვეციუსი საბოლოოდ ორ მიზეზს აღნიშნავს, ეს არის სხვადასხვა მდგომარეობები და ვითარებები, რომლებშიც შემთხვევითობის წყალობით ხვდება ესა თუ ის ადამიანი, და, აგრეთვე, დიდებისკენ მისწრაფების მეტ-ნაკლებობა. ჰელვეციუსი საჭიროდ თვლის შევისწავლოთ ყველა ფაქტორი, რომლებმაც ხელი შეუწყო დიდ აღმოჩენებს, რათა მათი გათვალისწინებით მიზანდასახულად აღვზარდოთ თვალსაჩინო პიროვნებები. ჰელვეციუსი დარწმუნებულია აღზრდის გადამწყვეტ როლში: “ჭკუის უთანაბრობა შეიძლება აღზრდით აიხსნას”, “აღზრდა გვაქცევს ჩვენ იმად, რაც ვართ”, თუმცა, იმასაც აღნიშნავს, რომ აღზრდა ვერ აქცევს საზოგადოების ყველა წევრს გამოჩენილად. საქმე ისაა, რომ ყველა ერთნაირ აღზრდას ვერ მიიღებს, ვინაიდან თითოეული ინდივიდის აღმზრდელად გვევლინება როგორც მმართველობის ფორმა, რომელშიც იგი ცხოვრობს, ისე მეგობრები, საყვარელი ადამიანები, გარშემომყოფი ხალხი, წაკითხული წიგნები, დაბოლოს შემთხვევა, ანუ ის უამრავი მოვლენა, რომელთა მიზეზებსა და კავშირებს ჩვენ ვერ მივუთითებთ. მიუხედავად ამისა, აღზრდას ძალუძს გაზარდოს გენიალური ადამიანები, ხოლო დანარჩენები აქციოს გონიერებად და ჭკვიანებად.       შემოქმედების მოტივაციასთან დაკავშირებით, ჰელვეციუსი აღნიშნავს, რომ გონება შეიძლება განვიხილოთ როგორც მანქანა, რომელიც არ მოქმედებს, სანამ ვნებები არ აამუშავებს მას. ვნების ძალა და ხასიათი ყველასთან განსხვავებულია, მაგრამ ეს არ არის თანდაყოლილი თვისება, ვინაიდან ადამიანები იბადებიან არა მხოლოდ იდეების, არამედ ვნებების გარეშეც. გონების მსგავსად, ვნებებიც უნდა აღვზარდოთ. ამისთვის დიდებასთან და სახელთან დაკავშირებული ვნებები უნდა დავუკავშიროთ სხვადასხვაგვარ სხეულებრივ სიამოვნებას, რომლებიც ყოველგვარი მაღალი მისწრაფების ფორმირების პირობას წარმოადგენენ. დიდება და მისგან გამომდინარე მატერიალური უზრუნველყოფა ჰედონისტური განცდების მიღების საშუალებაა. დიდების წყურვილი მხოლოდ სხეულებრივ სიამოვნებათა მიღების შენიღბული სურვილია. მოტივაციის გაგებაში ჰელვეციუსი, ლამეტრის მსგავსად, ბიოლოგისტურ პოზიციაზე დგას.       ჰელვეციუსის ფსიქოლოგიური წარმოდგენები ამართლებს მის მსოფლმხედველობრივ პოზიციას ადამიანთა საყოველთაო თანასწორობის შესახებ - უთანაბრობა და ინდივიდუალური განსხვავებები მთლიანად ინდივიდების სოციალური მდგომარეობისა და აღზრდის განსხვავებულობით აიხსნება. ჰელვეციუსის ინტერპრეტატორები აღნიშნავენ, რომ ასეთ მიდგომას ფატალიზმამდე მივყავართ. ეს ერთი შეხედვით უცნაურია, ვინაიდან ფატალიზმს, როგორც წესი, უკავშირებენ საწინააღმდეგო შეხედულებას, რომლის თანახმად ადამიანის ფსიქიკური წყობა დამოკიდებულია თანდაყოლილ შინაგან ფაქტორებზე. ისინი ფატალურად განსაზღვრავენ მის უნარ-თვისებებს და, საბოლოოდ, ცხოვრების გზასაც. მაგრამ ჰელვეციუსის თვალსაზრისითაც ფატალიზმამდე მივდივართ: ადამიანი ბედის სათამაშოდ, შემთხვევითობის მსხვერპლად წარმოგვიდგება, რომელიც, მოათავსებს რა მას ამა თუ იმ გარემოში, განსაზღვრავს მის სოციალურ მდგომარეობას, სწავლა-აღზრდის პირობებს და, მაშასადამე, მისი ცხოვრების სცენარსაც. თანდაყოლილ თავისებურებათა უარყოფასთან ერთად ჰელვეციუსი უარყოფს ადამიანის პასუხისმგებლობას საკუთარი უნარ-თვისებების, ცოდნა-ჩვევების ჩამოყალიბებისა და, საბოლოოდ, ცხოვრების სტილისა და შინაარსის წინაშე.       ასეთ მიდგომას არ იზიარებდა იმდროინდელი საფრანგეთის ერთ-ერთი უდიდესი სწავლული, ფრანგული ენციკლოპედიის მთავარი რედაქტორი დენი დიდრო (1713-1784). მან დაწერა სპეციალური ნაშრომი: “თანმიმდევრული უარყოფა ჰელვეციუსის წიგნისა “ადამიანის შესახებ”. როგორც ემპირისტი და მატერიალისტი, დიდრო გარემოს წამყვან როლს აღიარებს, მაგრამ, მისი აზრით, გარემოს მნიშვნელობა განსხვავებულია ინდივიდისთვის და საზოგადოებისთვის. ამ უკანასკნელის გონებრივ მდგომარეობას მთლიანად განაპირობებს სოციალური და პოლიტიკური სიტუაცია. კანონები, წეს-წყობილება, განათლების სისტემა და ა.შ. განსაზღვრავს განსხვავებებს ხალხებს შორის. საზოგადოებრივ განათლებას შეუძლია გაათანაბროს მხოლოდ ადამიანთა დიდი მასები, მაგრამ არა ერთეული ინდივიდები. დიდრო ასე უსვამს საკითხს ჰელვეციუსს: წარმოიდგინეთ, რომ მოინდომოთ ხუთასი ახალშობილის აღზრდა თქვენი შეხედულებისამებრ. რამდენ მათგანს აქცევდით გენიოსად? რატომ ხუთასივეს არა? დაფიქრდით და დარწმუნდებით, რომ საბოლოოდ ბავშვების შინაგანი, ბუნებრივი ორგანიზაციის განსხვავებულობამდე მიხვალთ. ის არის სიზარმაცის, ქარაფშუტობის, სიჯიუტისა და სხვა მანკიერებათა პირველწყარო, მაგრამ, ის თანდაყოლილი ნიჭებისა და უნარების წყაროცაა.       ვინაიდან არსებობს ინდივიდუალური, თანდაყოლილი გონებრივი უნარები, ყველაფრის გადაბრალება გარემოებებსა და შემთხვევითობაზე არაა მართებული. გენიოსობა, ამბობდა ჰელვეციუსი, არის შემთხვევითობის პროდუქტი. სწორედ შემთხვევა ათავსებს ჩვენს თვალწინ გარკვეულ საგნებს, რითაც განსაკუთრებით საინტერესო აზრებს იწვევს და ზოგჯერ დიდ აღმოჩენებამდე მივყავართ. ამაზე დიდრო კითხულობს: ნუთუ გგონიათ, რომ შემთხვევამ მიიყვანა ნიუტონი ჩამოვარდნილი ვაშლიდან მთვარის მოძრაობამდე, მთვარის მოძრაობიდან კი მთელი სამყაროს სისტემამდე? თვითონ ნიუტონი სხვაგვარად ფიქრობდა. როცა ეკითხებოდნენ, როგორ მივიდა აღმოჩენამდე, იგი პასუხობდა: “ფიქრის გზით”. ამიტომ მართებული იქნება თუ ვიტყვით, რომ შემთხვევა მხოლოდ პირობებს ქმნის კონკრეტული ადამიანის განვითარებისთვის, მაგრამ შეძლებს თუ არა იგი ამ შემთხვევის გამოყენებას, და როგორ - ეს მის ინდივიდუალურ უნარებზეა დამოკიდებული. მაშასადამე, პიროვნება არ თავისუფლდება პასუხისმგებლობისაგან, ვინაიდან ის თვითონ წყვეტს, რა გამოიყენოს გარემოებათა შემოთავაზებებიდან და რა - არა.       ასევეა დიდებისკენ მისწრაფების შემთხვევაშიც. ეს მისწრაფება ტალანტებს ქმნისო, წერდა ჰელვეციუსი. დიდრო აღიარებს ამ მოტივაციის მნიშვნელობას, მაგრამ თვლის, რომ თავისთავად სურვილი ან მისწრაფება ვერ შექმნის ნიჭიერებას იქ, სადაც ის არ არის. არსებობს უამრავი რამ, რაც იმდენად აღემატება ჩემს ძალებსა და შესაძლებლობებს, რომ ვერაფერი მაიძულებს მათკენ ვისწრაფოდე, არც სამეფო ტახტის მიღების იმედი და არც საკუთარი სოცოცხლის გადარჩენის სურვილი. აქედან შეიძლება დავასკვნათ, რომ შეჯიბრი, დიდებისკენ მისწრაფება თუ სხვა მოტივაცია ნიჭიერების გამოვლენის შესაძლებლობას ქმნის და არა თვით ნიჭიერებას.       დიდროს ნატივისტური პოზიცია არ შეიძლება ტიპურად ჩაითვალოს XVIII საუკუნის ფრანგული ფილოსოფიურ-ფსიქოლოგიური აზროვნებისთვის. როგორც ითქვა, აქ გაბატონებულია ემპირიზმი და მისი უკიდურესი გამოვლინება - სენსუალიზმი, რომლის თანახმად ყოველგვარი სულიერი შინაარსის, მდგომარეობისა თუ პროცესის პირველწყარო არის შეგრძნებების მიერ მიღებული გამოცდილება. ყველაფერი, რაც სულშია მოთავსებული, ამ გზით არის შეძენილი. სულიერი მოვლენების ქმნადობის ყველაზე გააზრებული მექანიზმი ინგლისურმა ემპირიულმა ფსიქოლოგიამ ასოციაციის მექანიზმის სახით შემოგვთავაზა. ასოციაციური კავშირები მექანიკურად მყარდება შეგრძნებებისა თუ წარმოდგენების მეზობლობის, მსგავსების, გამეორების ან სხვა პირობების არსებობის შემთხვევაში.       სულიერი სინამდვილის განხილვის ასეთი წესი XVIII საუკუნეში ყველაზე გავრცელებული იყო, მაგრამ არა ერთადერთი. მას უპირისპირდებოდა ნაკლებ გავრცელებული და ნაკლებ გავლენიანი მიმართულება, რომლის სათავეები ემპირიზმის ფილოსოფიურ ანტაგონისტში, სახელდობრ, რაციონალიზმში ძევს და მას ნიჭთა ფსიქოლოგია ეწოდება. ის ჩაისახა გერმანიაში, სადაც იმხანად ემპირიზმმა ფეხი ვერ მოიკიდა. აქ პირველ რიგში უნდა დავასახელოთ ქრისტიან ვოლფი.       ქრისტიან ვოლფი (1673-1754) ლაიფციგის, მარბურგისა და ჰალეს უნივრსისტეტების მეტად ავტორიტეტული ფილოსოფიის პროფესორი იყო. ვოლფი ლაიბნიცის დიდ გავლენას განიცდიდა და მისი შემოქმედების თვალსაჩინო სისტემატიკოსად და პოპულარიზატორად ითვლებოდა. ცხადია, ისიც პარალელიზმის პოზიციაზე იდგა, მაგრამ, ლაიბნიცისაგან განსხვავებით, იმდენად მატერიისა და სულის მიმართება კი არ აინტერესებდა, რამდენადაც მიმართება სხეულსა და ფსიქიკას შორის. შესაბამისად, მისი პარალელიზმი, ჰერტლის მსგავსად, ფსიქოფიზიოლოგიურია.       ვოლფი არ უგულებელყოფდა არც ემპირიულ და არც რაციონალურ ფსიქოლოგიას. ამაზე მეტყველებს ის, რომ ამ სახელწოდებებით, 1732 და 1734 წლებში, მან გამოსცა ორი წიგნი, რის შემდეგაც სიტყვა “ფსიქოლოგია” ევროპაში საყოველთაოდ მიღებული გახდა. ფსიქოლოგიის ამ ორი სახეობის ურთიერთმიმართებაზე მსჯეობისას ვოლფი აღნიშნავდა, რომ ყოველი მოვლენა, მათ შორის სულიერი, შეიძლება შეიმეცნო როგორც გამოცდილების, ისე გონების საშუალებით და განიხილო როგორც გარეგანი თვისებების, ისე არსის მხრივ. პირველ შემთხვევაში საქმე გვაქვს ემპირიულ ფსიქოლოგიასთან. ის, გარკვეული აზრით, საფუძვლად ედება რაციონალურ ფსიქოლოგიას, რომელიც ამოსავალ პუნქტად იღებს რაიმე ცდისეულ მოცემულობას, მაგალითად, სხეულებრივ და სულიერ ცვლილებათა თანხვედრის ფაქტს, ხოლო შემდეგ ცდილობს მის ახსნას. ეს ახსნა ჰიპოთეტურ ხასიათს ატარებს, რაც სავსებით ბუნებრივია ისეთი ჭეშმარიტად ფილოსოფიური, მეტაფიზიკური დისციპლინისთვის, როგორიც რაციონალური ფსიქოლოგიაა. ემპირიული ფსიქოლოგია პრაქტიკულადაც სასარგებლოა, ვინაიდან “ლოგიკის კანონები” და “მორალის წესები” საჭიროებს დაფუძნებას რაიმე ისეთზე, რაც თავისთავად ცხადია. ასეთი კი შეიძლება იყოს მხოლოდ ცდისეული ცოდნა სულის შესახებ. მიუხედავად ამ განცხადებებისა, ვოლფის ემპირიულმა ფსიქოლოგიამ, რომელიც ცნობიერების მოვლენების აღწერას შეიცავდა, ახალი ვერაფერი შესძინა მეცნიერებას სულის შესახებ (გარდა ზოგიერთი ფრთხილად გამოთქმული მოსაზრებებისა ფსიქიკური მოვლენების გაზომვის შესაძლებლობასთან დაკავშირებით). სამაგიეროდ, რაციონალური ფსიქოლოგია, გარდა აბსტრაქტული მსჯელობებისა სულის არსზე, ადგილმდებარეობაზე, თავისუფლებასა თუ უკვდავებაზე, შეიცავდა თეორიულად საინტერესო მოსაზრებებს სულის ბუნების შესახებ.       სულიერი მოვლენების ამხსნელ ფაქტორად ნიჭის ცნება დასახელდა. ამასთან ერთად, განვითარდა ლაიბნიციდან მომდინარე იდეა სულის სპონტანური აქტივობის შესახებ. ეს სპონტანური, ყოველგვარი გარეშე ზემოქმედებისაგან დამოუკიდებელი აქტივობა, სულის მთავარი მახასიათებელი გახდა. ეს აქტივობა აქცევს ქმედითად ფსიქიკურ პროცესებს, პირველ რიგში, შემეცნებითს. სწორედ ამიტომ, სულს როგორც გრძნობადი, ისე გონებრივი შემეცნების შემთხვევაში, შეუძლია მასში ჩანერგილი წარმოდგენები საგნების შესახებ გააძლიეროს და განავითაროს. სულში ორი სახის ნიჭი (პროცესები) არსებობს - შემეცნებითი (წარმოდგენები) და ლტოლვითი (მისწრაფებები). აქტიური ბუნების გამო წარმოდგენები არ არის სტატიკური. რომელიმე ობიექტის ან მოვლენის წარმოდგენას უკავშირდება მისგან მომდინარე სიამოვნება და აზრი მის ღირსებათა შესახებ, რასაც მოჰყვება მისკენ სწრაფვა ან, როგორც ვოლფი იტყოდა - აპეტიტი.       პოსტულატი ჩანერგილი უნარების, პრინციპებისა თუ ნიჭების შესახებ, რომლებიც სულის საკუთარ, სპონტანურ აქტივობას გამოხატავენ, ამოსავალია ნიჭთა ფსიქოლოგიის სხვადასხვა განშტოებისთვის. ერთ-ერთი ასეთი ვარიანტია ბრიტანული ფილოსოფიისა და ფსიქოლოგიის მიმართულება, რომელიც შოტლანდიელი პროფესორების მიერ შეიქმნა და ამიტომაც შოტლანდიური სკოლა ეწოდება. ამ სკოლის ფუძემდებელია თომას რიდი (1710-1796) აბერდინის უნივერსიტეტიდან, ხოლო ერთ-ერთი თვალსაჩინო წარმომადგენლია დიუგალტ სტიუარტი (1753-1828) ედინბურგის უნივერსიტეტიდან. შოტლანდიური სკოლა ინგლისურ ემპირიზმსა და ასოციაციონიზმს (ბერკლი, ჰიუმი, ჰერტლი) ე.წ. საღი აზრის თეორიის პოზიციდან ეწინააღმდეგება. “საღ აზრში” იგულისხმება როგორც გონების განსაკუთრებული ინტუიციური უნარი ან ძალა, ისე პირველადი და ამოსავალი პრინციპებისა და დებულებების ერთობლიობა. ისინი ადამიანთა გონებაში ღმერთის მიერ არიან ჩანერგილი და “ადამიანური ბუნების” ნაწილს წარმოადგენენ. მათი საშუალებით ჩვენ ზუსტად შევიმეცნებთ სამყაროს და ვმოქმედებთ ზნეობრივი პრინციპების შესაბამისად. ეს პრინციპები წინ აღუდგებიან შემეცნებით სკეპტიციზმსა და ცხოვრებისეულ ნიჰილიზმს, განსაზღვრავენ საღად აზროვნებასა და საღად მოქმედებას. ნაშრომში “ნარკვევები ადამიანის ინტელექტუალური უნარების შესახებ” (1785) რიდი თორმეტ ასეთ პრინციპს ჩამოთვლის, მათ შორისაა ღმერთისა და გარე სამყაროს არსებობის რწმენა, დებულება ჭეშმარიტისა და მცდარის გარჩევის შესაძლებლობის შესახებ, მიზეზობრიობისა და ინდუქციის პრინციპები, პირადი იდენტობის ცნება და ა.შ.       რიდმა პირველმა განაცალკევა ტერმინოლოგიურად შეგრძნება და აღქმა. შეგრძნება უბრალო მგრძნობელობაა, სუბიექტში მოცემული მდგომარეობაა; აღქმა გარე ობიექტის ხატია, ის საგნობრივია და მასში მოცემულია რწმენა ამ ობიექტის ჩვენგან დამოუკიდებელი, რეალური არსებობის შესახებ. ეს რწმენა ერთ-ერთი იმ თანდაყოლილი ნიჭის (პრინციპის) გამოვლინებაა, რომლებზეც რიდი საუბრობს. პერცეფცია სამი ელემენტისაგან შედგება: აღმქმელი სუბიექტი, აღქმის აქტი და რეალური ობიექტი. აღქმის აქტი პირდაპირ კონტაქტშია საგანთან და არა მასთან დაკავშირებულ იდეასთან. ამ პუნქტში რიდი უპირისპირდება ბერკლისა და ჰიუმის სკეპტიციზმამდე მიმყვან “იდეიზმს”, რომლის მიხედვით სამყარო უშუალოდ არ შეიცნობა; გამოცდილებას და შემეცნებას საქმე აქვს მხოლოდ საგნების ხატებთან, იდეებთან. ამის საპირისპიროდ, რიდი ამტკიცებს, რომ ჩვენ პირდაპირ, გაშუალების გარეშე შევიცნობთ საგნებს. ჩვენი პერცეფცია იმთავითვე საგნობრივია, საგნობრივი მნიშვნელობის მქონეა. ამიტომ მისით მოპოვებული გამოცდილება საგნობრივი სინამდვილის ამსახველია. იდეები იმის მენტალური რეპრეზენტაციაა, რაც რეალურად არსებობს.       აღქმის საგნობრიობის ხაზგასმით შოტლანდიური სკოლა ებრძვის არა მხოლოდ სკეპტიციზმს, არამედ სენსუალიზმსაც. გამოცდილება არ არის მარტივი შეგრძნებების უბრალო კომბინაცია. პირველადი გამოცდილება რთული, “კომპლექსური შთაბეჭდილებაა”. ის შეიძლება ანალიზის გზით დაყვანილ იქნეს მარტივ, ერთეულ შეგრძნებებამდე, მაგრამ, საგნობრივი მნიშვნელობის მქონე კომპლექსის წარმოქმნა არ ხდება შეგრძნებითი ელემენტების მექანიკური ასოციაციური დაკავშირებით. როგორც მოგვიანებით მთლიანობის ფსიქოლოგია იტყვის, სამკუთხედი სამი ხაზისაგან შედგება, მაგრამ ჩვენს გამოცდილებაში ის ყოველთვის წარმოდგენილია, როგორც ორგანიზებული, საგნობრივი მნიშვნელობის მქონე მთელი - სამკუთხედი (და არა როგორც სამი ხაზის ნაერთი). ამდენად, პერცეპტული კომპლექსის დაყვანა ერთეულ შეგრძნებებზე შეუძლებელია. წინააღმდეგ შემთხვევაში მას ეკარგება მისთვის ძირეული რამე - საგნობრივი მნიშვნელობა. აშკარაა, რომ ამ მსჯელობით შოტლანდიურმა სკოლამ ბევრად გაუსწრო იმ ეპოქაში გავრცელებულ ელემენტარისტულ-სენსუალისტურ წარმოდგენებს. მან პირველმა გამოხატა ნათლად მთლიანობის ფსიქოლოგიის სულისკვეთება, რომელმაც დასრულებული სახე მხოლოდ მეოცე საუკუნის დასაწყისში, გეშტალტფსიქოლოგიაში მიიღო (იხ. თავი 10.1.).       ნიჭთა ფსიქოლოგიის ტრადიცია გერმანიაში გააგრძელა იოჰან ნიკოლას ტეტენსმა (1736-1807). მან პირველმა მკაფიოდ გამოთქვა მოსაზრება სულის ტრიქოტომიის შესახებ (ცნობიერების მოვლენათა დაყოფა სამ კლასად - შემეცნებითად, ემოციურად და ნებელობითად), რაც ფსიქოლოგიის კლასიკად იქცა და დღესაც არ დაუკარგავს მნიშვნელობა. ტეტენსი უაღრესად განსწავლული, მათემატიკის, ფიზიკისა და ფილოსოფიის პროფესორი იყო. იგი კარგად იცნობდა წინა საუკუნის კლასიკურ სისტემებს, მაგრამ, რაც მთავარია, ზედმიწევნით კარგად იყო ინფორმირებული მისი თანამედროვე ბრიტანული (ბერკლი, ჰიუმი, რიდი, სტიუარტი, ჰერტლი, პრისტლი), ფრანგული (კონდილიაკი, ჰელვეციუსი, რუსო, ბიუფონი) და გერმანული (ვოლფი და მისი სკოლა) მენტალური ფილოსოფიისა და ფსიქოლოგიის შესახებ. უფრო მეტიც, იგი ცდილობდა ამ განსხვავებულ შეხედულებათა ერთგვარი სინთეზი მოეხდინა. ეს ნიშნავდა ემპირიული და რაციონალური ფსიქოლოგიის სისტემურ დაკავშირებას. ნიჭების (ფსიქიკური პროცესების) დახასიათებისას, ტეტენსი დაკვირვებას, უფრო ზუსტად, თვითდაკვირვებას ეყრდნობოდა, მაგრამ, ამავე დროს, მიიჩნევდა, რომ ეს ემპირიული მონაცემები სრულყოფილი ანალიზისთვის საკმრისი არ არის. ამისთვის აუცილებელია სულის სუბსტანციონალობასთან დაკავშირებული მეტაფიზიკური დაშვებები. ტეტენსმა არ შექმნა სკოლა და მისი გავლენა არ იყო დიდი, თუმცა ამ მეცნიერის კაპიტალურ ნაშრომს “ფილოსოფიური ცდები ადამიანის ბუნებასა და განვითარებაზე” (1777) მაღალ შეფასებას აძლევდნენ გერმანელი სწავლულები, კერძოდ, კანტი. სხვათა შორის, ფსიქოლოგიის ზოგიერთი ისტორიკოსი სწორედ კანტის გავლენას მიაწერს იმას, რომ ტეტენსმა ვერ მოიპოვა აღიარება. კანტის “კრიტიკული პერიოდის” პირველ ნაშრომს ტეტენსის ტრაქტატის გამოქვეყნებიდან სულ ოთხი წელი აშორებს. გერმანიის მთავარი ინტელექტუალური ძალები მის განხილვაზე წარიმართა, ამიტომაც ტეტენსის ნაშრომი სათანადო ყურადღების გარეშე დარჩა.       XVII და XVIII საუკუნეების ფსიქოლოგიის განვითარების ზოგადი ტენდენციების რეზიუმირება ძალზე სქემატურად ფსიქოლოგიის ერთ-ერთი ისტორიკოსის შემდეგი სიტყვებით შეიძლება: “დეკარტედან მოყოლებული, მსჯელობა ფსიქიკური ცხოვრების შესახებ ორი მიმართულებით ვითარდებოდა, თუმცა ეს მიმართულებები უკვე ანტიკური ფილოსოფიის დროიდან გახდა კლასიკური. ერთი მათგანი, რომელიც ეხებოდა ჩვენს წარმოდგენებს და მათი შეერთების კანონებს, აქცენტს აკეთებდა ემპირიულ გენეზისზე და ასოციაციებზე, რომელთა ძირითადი ფაქტორები იყო მეზობლობა და გამეორება; მეორე მიმართულება წინა პლანზე აყენებდა ცნობიერების აქტივობის პრინციპს” (პ. ფრესი). მაგრამ ეს განხილვა სრული არ იქნება, თუ მოკლედ მაინც არ შევეხებით ი. კანტის სისტემას, რომლის ერთმნიშვნელოვანი კვალიფიკაცია მოცემული სქემის საფუძველზე საკმაოდ რთულია, ვინაიდან მისი მოძღვრება, არსებითად, ანტიფსიქოლოგიური ხასიათისაა. მიუხედავად ამისა, თუ გავითვალისწინებთ იმ გავლენას, რომელიც კანტზე ვოლფმა და ტეტენსმა მოახდინეს, აგრეთვე თვით კანტის სისტემის თავისებურებებს, შესაძლებელია ვისაუბროთ მის კავშირებსა თუ მიმართებებზე აქტივობისა და ნიჭთა ფსიქოლოგიასთან.       იმანუელ კანტის (1724-1804) მოძღვრების შეფასება ფსიქოლოგიის ისტორიის თვალსაზრისით არც ისე იოლია. ფსიქოლოგიის ისტორიის ზოგიერთი მკვლევარი ხაზგასმით აღნიშნავს კანტის როლს ფსიქოლოგიაში, ზოგი კი, ფაქტობრივად, უგულვებელყოფს მას. ალბათ ორივე პოზიციის გამართლება შეიძლება. კანტის გიგანტური ფიგურა ისეთი მასშტაბისაა, რომ მას უბრალოდ არ შეეძლო ზეგავლენა არ მოეხდინა შემდგომი დროის იმ მოაზროვნეებზე, რომლებიც სულიერ სამყაროზე ფიქრობდნენ. ეს განსაკუთრებით ითქმის გერმანელ მკვლევარებზე. ამავე დროს, კანტის აშკარა ანტიფსიქოლოგიზმი გასაგებს ხდის იმათ პოზიციასაც, ვინც დიდ ყურადღებას არ უთმობს შეხედულებას, რომლის მიხედვითაც ფსიქოლოგიას, საზოგადოდ არ ძალუძს რამდენადმე სარწმუნო მეცნიერული ცოდნის მოცემა. კანტი კი სწორედ ასე ფიქრობდა. იგი საგანგებოდ და სერიოზულად მუშაობდა როგორც ემპირიული, ისე რაციონალური ფსიქოლოგიის კრიტიკის მიმართულებით.       აუცილებელია აღინიშნოს, რომ ასეთი პოზიცია დამახასიათებელია კანტის ფილოსოფიური მოღვაწეობის მეორე, ე.წ. “კრიტიკული პერიოდისთვის”. ამ პერიოდის ნაშრომებში ჩამოყალიბდა მისი ცნობილი ფილოსოფიური სისტემა, “ტრანსცენდენტული” ან “კრიტიკული” იდეალიზმი. “წინაკრიტიკულ” პერიოდში კანტი ლოიალურად იყო განწყობილი ფსიქოლოგიის მიმართ. იგი წლების განმავლობაში კითხულობდა ლექციების კურსს ფსიქოლოგიაში, რომლის შინაარსი ცნობილია. ამ კურსს ვოლფის ფსიქოლოგიის სერიოზული გავლენა ეტყობა. ვოლფის მსგავსად, კანტი ასხვავებს ემპირიულ და რაციონალურ ფსიქოლოგიას. პირველი, თავისი ემპირიზმის გამო, არ არის მეტაფიზიკური დისციპლინა. მისი მთავარი მიზანია სულის “ნიჭების” (სულიერი მოვლენების) დახასიათება და კლასიფიკაცია. ამ მონაცემების საფუძველზე რაციონალური ფსიქოლოგია იწყებს სულის არსის აპრიორულ გამოკვლევას.       კანტი იმასაც ცდილობდა, რომ გაერკვია ფსიქოლოგიის ადგილი მეცნიერებათა სისტემაში. ფსიქოლოგია მოთავსებულია ფიზიოლოგიაში, როგორც ბუნების შესახებ კრებით სწავლებაში. შესაბამისად, ფიზიოლოგია კონკრეტდება, ერთი მხრივ ფიზიკად, ანუ მეცნიერებად იმ საგნების შესახებ, რომლებიც გარეგან გრძნობაშია მოცემული, და, მეორე მხრივ, ფსიქოლოგიად, რომელიც შეისწავლის იმას, რაზეც შინაგანი გრძნობაა მიმართული, ანუ სულს. ამ მეცნიერებათაგან თითოეული, თავის მხრივ, შეიძლება იყოს რაციონალური ან ემპირიული. კანტთან სხვა სქემასაც ვხვდებით: თეოლოგია - მეცნიერება საგნების პირველსაწყისის შესახებ, კოსმოლოგია - მათი ამჟამინდელი მდგომარეობის შესახებ და ფსიქოლოგია - მომავლის, ან, უფრო ზუსტად, სულის მომავლის შესახებ. აქედან გამომდინარეობს ამ უკანასკნელის ძირითადი თემაც - სულის უკვდავება. ადვილი შესამჩნევია, რომ ეს სქემა ფსიქოლოგიის მთელ შინაარსს ვერ ფარავს, ვინაიდან სულის უკვდავება რაციონალური ფსიქოლოგიის ექსკლუზიური საკითხია და ემპირიული ფსიქოლოგია ამ სისტემაში ვერ მოიაზრება.       “კრიტიკულ პერიოდში” კანტის პოზიცია შეიცვალა. ჩამოყალიბდა უაღრესად სკეპტიკური განწყობა ემპირიული ფსიქოლოგიის შესაძლებლობების მიმართ. კანტი აკრიტიკებდა ვოლფს, უარყოფდა მათემატიკის გამოყენების შესაძლებლობას სულის ემპირიული შესწავლის პროცესში და ამით, თავისთავად, უარყოფდა სულიერი მოვლენების გაზომვის იდეას. კანტის უნდობლობას ემპირიული ფსიქოლოგიის მონაცემების მიმართ ისიც აძლიერებდა, რომ ამ უკანასკნელს არ შეუძლია ბუნებისმეტყველების მთავარი იარაღის, ექსპერიმენტის გამოყენება. საქმე ისაა, რომ ვერც საკუთარი თავის და ვერც სხვების შემთხვევაში, ჩვენ ვერ ვენდობით დაკვირვებას, მეცნიერული კვლევის რომელ ფორმაშიც უნდა მიმდინარეობდეს იგი. განუყოფელი და ერთიანი სულის დანაწევრება, მისი ნაწილების შენახვა და შემდეგ შეერთება შეუძლებელია. ამის გარეშე კი სულიერი მოვლენების ექსპერიმენტული შესწავლა, პრინციპში, ვერ განხორციელდება; თავის მხრივ, ინტროსპექციის სირთულე ის არის, რომ შინაგანი დაკვირვება, როგორც ფსიქიკური მოვლენა, ზედ ედება დასაკვირვებელ სულიერ მდგომარეობას და ცვლის მას. ბუნებრიობა ეკარგება სხვა ინდივიდის ქცევასაც, როცა მას აკვირდებიან.       მიუხედავად იმისა, რომ ემპირიული ფსიქოლოგია, კანტის აზრით, ძალზე არასანდოა და შეზღუდული, ის მაინც შეიძლება განვიხილოთ, როგორც “ისტორიული მოძღვრება” სულის მოვლენების შესახებ, რომელიც ვერ ადის ნამდვილი ბუნებისმეტყველების დონემდე. სხვაგვარად რომ ვთქვათ, ემპირიული ფსიქოლოგია არის აღწერითი და არა ახსნითი დისციპლინა. ის თავს უყრის და აწესრიგებს გარკვეულ დაკვირვებებს ფსიქიკურ მოვლენებზე, მაგრამ ვერ გვითვალისწინებს მათი წარმოშობისა თუ ფუნქციონირების კანონზომიერებებს.       ფსიქოლოგიის ასეთი სახე წარმოადგინა კანტმა თავის “ანთროპოლოგიაში” (1798), რომელშიც ზოგი რამ შევიდა წინაკრიტიკული პერიოდის ლექციებიდან ემპირიულ ფსიქოლოგიაში. ეს ნაწარმოები ეხება ადამიანს საზოგადოდ და არა მხოლოდ მის ფსიქიკას, თუმცა ფსიქოლოგია მის საკმაო ნაწილს იკავებს. თანაც, დახასიათებულია არა მხოლოდ ინდივიდის ფსიქიკური წყობა, არამედ ადამიანთა დიდ გაერთიანებათა სხვადასხვა თავისებურებანი, მათ შორის ფსიქიკურიც. ლაპარაკია სქესის, ერისა და რასის დახასიათებაზე. აქ კანტი იშველიებს მრავალი წყაროდან მომდინარე მონაცემებს (ისტორია, ლიტერატურა, მოგზაურთა ჩანაწერები და სხვა).       რაც შეეხება ინდივიდის ფსიქოლოგიას, აქ მოცემულია არაერთი ზუსტი დაკვირვება და სერიოზული განზოგადება. მათ შორის უნდა აღინიშნოს ზემოთ ნახსენები “სულის ტრიქოტომია”, რომელიც სწორედ კანტის გავლენით გადაიქცა საყოველთაოდ მიღებულ კლასიფიკაციად. კანტი საგანგებოდ განასხვავებს სულის შემეცნებით უნარს მგრძნობელობითი და მისწრაფებითი უნარებისაგან. ფსიქიკური ფენომენი, რომლითაც შემეცნებითი პროცესები ოპერირებენ, წარმოდგენებია. წარმოდგენების ცნობიერებაში შეკავება ყურადღების ფუნქციას უკავშირდება, მაგრამ კანტი არ შემოსაზღვრავს სულიერ სფეროს მხოლოდ ცნობიერი მოვლენებით. წარმოდგენა შეიძლება იყოს იმდენად სუსტი და მკრთალი, რომ, ფაქტობრივად, შეუმჩნეველი დარჩეს სუბიექტისთვის. მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ არაცნობიერი განცდები ზეგავლენას არ ახდენენ ჩვენზე: “საკმაოდ ხშირად ბუნდოვანი წარმოდგენები ჩვენით თამაშობენ”. მათი გავლენით ხან მოუფიქრებლად ვმოქმედებით, ხან რაიმეს განვსჯით. ამ კონტექსტში კანტი ერთ პრაგამტულ რჩევას აძლევს მწერლებს: თქვენი იდეები ცოტა ბუნდოვნად წარმოადგინეთ; როცა მკითხველი მათში გაერკვევა და სინათლეს შეიტანს, მას თავისი თავი უფრო ჭკვიანად მოეჩვენება. საზოგადოდ, თუ ჩავუკვირდებით იმას, რაც ვიცით, აღმოვაჩენთ, რომ ბუნდოვანი წარმოდგენები ნათელზე მეტია. კანტის სიტყვებით, ჩვენი გონება უზარმაზარ რუკას ჰგავს, სადაც მხოლოდ რამდენიმე ადგილია განათებული. უნდა აღინიშნოს, რომ კანტის მიერ არაცნობიერის დაშვება, თუნდაც ბუნდოვანი წარმოდგენის სახით, ლაიბნიცის ხაზის გაგრძელებაა. ლოკიდან წამოსული ემპირიული ფსიქოლოგიისთვის ეს ცნება სრულიად მიუღებელი იყო. ამ მხრივ გერმანული ფსიქოლოგია, როგორც ისტორიამ აჩვენა, თავიდანვე უფრო სწორი მიმართულებით ვითარდებოდა.       მიუხედავად ამისა, ნამდვილი ადამიანური აქტივობა შემეცნებისა თუ პრაქტიკის სფეროში, ცნობიერებას და გონიერებას უკავშირდება. ამიტომ კანტი საგანგებოდ გამოკვეთს ყველა იმ ფაქტორს, რომელიც ხელს უშლის თავისუფალ და გააზრებულ ქცევას. ასეთებს შორის უმნიშვნელოვანესია აფექტები და ვნებები. კანტი ამ მოვლენების თავისებურ კლასიფიკაციას გვთავაზობს იმის მიხედვით, თუ რამდენად აფერხებენ ისინი გადაწყვეტილების მიღებას და განხორციელებას. ამ მხრივ ვნებები უფრო დიდ საფრთხეს შეიცავს. “აფექტისაგან ადამიანს მხოლოდ დროებით ეკარგება თავისუფლება და საკუთარი თავის ფლობის უნარი, ვნება კი სრულიად უარს ამბობს მათზე; იგი თავის სიამოვნებასა და დაკმაყოფილებას მონურ სულში პოულობს”.       ზოგადად მისწრაფებით უნარები კი მოიცავენ სურვილებს, რომელთა სათავე სიამოვნების ობიექტის წარმოდგენაში უნდა ვეძებოთ; მაგრამ სულში, ასეთ სურვილებთან ერთად, არსებობენ აუცილებელი ზნეობრივი მოთხოვნები. ისინი მორალური კანონის გამოვლინებებია. ეს კანონი აპრიორულ ფორმაში მოცემული უპირობო ბრძანებაა, ე.წ. კატეგორიული იმპერატივია, რომელიც ადგენს ყოველგვარი ქცევის ზნეობრივ ქმედებად შეფასების კრიტერიუმს. ნებისყოფა (პრაქტიკული გონება) მორალური კანონის შესრულების უნარს განასახიერებს. ასეთი ნებისყოფა თავისუფალია ყოველგვარი ემპირიული განსაზღვრულობისაგან, რაც პრაქტიკულად შეუძლებელს ხდის მის დახასიათებას რეალურ ფსიქიკურ პროცესად. ნებისყოფისა და თავისუფლების ცნებები იმდენად მჭიდროდ უკავშირდება კანტის მორალურ შეხედულებას (“პრაქტიკული გონების კრიტიკა”), რომ მათ ერთმანეთისაგან ვერ დააშორებ. მხოლოდ თავისუფალ არსებას შეუძლია არ დაექვემდებაროს ბუნებაში მოქმედ მიზეზობრიობის კანონს და, საკუთარი ნებით, იხელმძღვანელოს ზნეობრივი კანონით. აქედან გამომდინარე, ნებისყოფა დეტერმინაციის გარეშე მყოფ ფუნქციად გვევლინება, რომლის შესწავლა მეცნიერების, კერძოდ - ემპირიული ფსიქოლოგიის ფარგლებში შეუძლებელია.       კანტი ახასიათებს თითქმის ყველა შემეცნებით ფსიქიკური პროცესს. იგი არ ასხვავებს აღქმასა და შეგრძნებას და იფარგლება არისტოტესეული ხუთი შეგრძნების გარჩევით. აქ უფრო საინტერესოა მსჯელობა ზოგადად მგრძნობელობის უნარზე მოქმედ ფაქტორებზე. ზოგი ფაქტორი ამ უნარს აძლიერებს (კონტრასტი, სიახლე, ცვალებადობა), ზოგიც ასუსტებს ან საერთოდ თრგუნავს (სიმთვრალე, ძილი, გულყრა, ასფიქსია). მეხსიერება და წარმოსახვა წარმოდგენის, როგორც საგნის უშუალო ზემოქმედების გარეშე ცნობიერებაში აღმოცენების უნარის გამოვლინებებია. წარმოდგენების დაყოფა ტემპორალური ნიშნით შეიძლება - ზოგი წარმოდგენის შინაარსი წარსულს უკავშირდება, ზოგის - აწმყოს, ზოგისაც - მომავალს. აქ რამდენადმე მნიშვნელოვან სიახლეს ვერ ვხვდებით. მხოლოდ იმის აღნიშვნა შეიძლება, რომ კანტმა შედარებით მკაფიოდ გამიჯნა წარმოსახვის ფუნქციის ორი გამოვლინება. პირველია უნებლიე, რეპროდუქტიული წარმოსახვა, რომელსაც ფანტაზიას უწოდებს (მაგ., სიზმარი) და მეორე - ნებელობითი, პროდუქტიული წარმოსახვა, რაც შემოქმედების უნართან არის დაკავშირებული. იგი აგრეთვე მსჯელობს ფანტაზიის მასტიმულირებელ ფიზიკურ ზემოქმედებებზე, სახელდობრ, ნარკოტიკულ საშუალებებზე და ფანტაზიის კონტექსტში განიხილავს იმას, რასაც დღეს ფსიქოლოგიაში ცნობიერების შეცვლილ მდგომარეობებს უწოდებენ. ეს, პირველ ყოვლისა, სიზმრებს ეხება. ყურადღებას იმსახურებს კანტის მოსაზრება სიზმრის აუცილებლობისა და სარგებლიანობის შესახებ, თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ ამ მოსაზრების დასაბუთებისას იგი საკმაოდ გულუბრყვილო ფიზიოლოგიური არგუმენტაციით იფარგლება.       რადგან ცნობიერების შეცვლილი მდგომარეობები ვახსენეთ, ისიც უნდა ითქვას, რომ “ანთროპოლოგიაში” საკმაოდ ვრცელი მასალაა წარმოდგენილი სულიერი აშლილობების შესახებ. ამ თემის სერიოზული დამუშავება სათანადო კლინიკური პრაქტიკის გარეშე ძალზე რთულია. კანტი კაბინეტური მეცნიერი იყო, ამიტომ მისი “ანთროპოლოგიური” მოსაზრებები ფსიქიკური დარღვევების შესახებ ფსიქიატრიისა და ფსიქოპათოლოგიის შემდგომ წინსვლაზე არ აისახა. იგივეს ვერ ვიტყვით ამავე ნაწარმოებში მოცემულ მსჯელობებზე ინდივიდუალური ხასიათის პრობლემატიკასთან დაკავშირებით. ეს შეიძლება ნაშრომის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო და ღირებული ნაწილი იყოს. კანტის გავლენა ქარაქტეროლოგიის განვითარებაზე უეჭველია. განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ სწორედ კანტმა მისცა დასრულებული ფორმა ტემპერამენტის კლასიკურ ტიპოლოგიას (იხ. თავი 7.2).       ასეთია ძალიან მოკლედ კანტის მოსაზრებები ემპირიული ფსიქოლოგიის შესახებ, რომელსაც იგი არასრულყოფილ, მაგრამ მაინც რეალურ მეცნიერებად თვლის. სამაგიეროდ, ე.წ. რაციონალურ ფსიქოლოგიას კანტი მთლიანად უარყოფს. ამ უკანასკნელში მას ესმის მეცნიერება სულის (ცნობიერების) არსისა და უზოგადესი პრინციპების შესახებ, რომელიც დაფუძნებულია კარტეზიანულ დებულებაზე - ვაზროვნებ, ესე იგი ვარსებობ, - აქედან გამომდინარე ყველა მტკიცებით. ეს მტკიცებები ეხება სულის სუბსტანციურობას, სიმარტივეს, დაუნაწევრებადობას, არამატერიალურობას. კანტის თანახმად, ისინი ლოგიკურ შეცდომებია (ე.წ. პარალოგიზმებია), ვინაიდან არასწორი საფუძვლიდან გამომდინარეობენ. საქმე ისაა, რომ სული (ცნობიერება, ცოგიტო) ზღვრული ცნება და ყოვლეგვარი შემეცნების პირობაა. როგორც ასეთი, ის ემპირიული გამოცდილების მიღმა, ტრანსცედენტალურად არსებობს და ვერ გადაიქცევა მეცნიერული აზროვნების საგნად, რადგანაც ეს უკანასკნელი თვით მას ეფუძნება. “მე ვაზროვნებ” არის რაციონალური ფსიქოლოგიის ერთადერთი დებულება, რომლიდანაც მან უნდა გამოიყვანოს მთელი თავისი სიბრძნე, ამბობს კანტი. მაგრამ, როგორც კი მეცნიერული შემეცნების ეს ლოგიკური პირობა თვით გახდება მეცნიერების საგანი, დაგვჭირდება ამ პირობის ახლიდან მონახვა, რათა შემეცნება შესაძლებელი შეიქმნას. სულიერი ცხოვრების წვდომა შესაძლებელია მხოლოდ ემპირიული დაკვირვების გზით, იმ სირთულეების გათვალისწინებით, რასაც ეს დაკვირვება შეიცავს. დაუკვირვებადზე, ტრანსცენდენტურზე მეცნიერება ვერ იმსჯელებს. სულის სუბსტანციურობა, არამატერიალურობა და სხვა, რაციონალური ფსიქოლოგიის, როგორც კონკრეტული მეცნიერების საქმე არ არის. მის ფარგლებში ეს დებულებები ვერც დამტკიცდება და ვერც მათი უარყოფა მოხდება. ამიტომ, კანტის დასკვნით, რაციონალური ფსიქოლოგია მთელი თავისი შინაარსით უნდა შევიდეს ფილოსოფიაში, სახელდობრ, შემეცნების თეორიაში (“გონების კრიტიკა”), რომელიც ეხება საზოგადოდ ცოდნის წინაპირობებს, ცნობიერების აპრიორულ ფორმებს. ისინი წინ უსწრებენ ყოველგვარ გამოცდილებას, მისგან არ გამომდინარეობენ და მასზე არ დაიყვანებიან.       თეორიული ფსიქოლოგიის თვალსაზრისით, კანტის სისტემაში ყველაზე საინტერესოა მოძღვრება ცნობიერების აპრიორულ ფორმებზე. აპრიორული ფორმები ჩვენი სულის იმთავითვე მოცემული უნარებია. ისინი უნდა განვასხვავოთ, ერთი მხრივ, ე.წ. ნოუმენებისაგან, ანუ ცნობიერების მიღმა ობიექტურად არსებული საგნებისაგან (ნივთები თავისთავად) და, მეორე მხრივ, ჩვენი ცნობიერების წარმოდგენებისა თუ განცდებისაგან, რომლებსაც კანტი მოვლენებს უწოდებს. ნოუმენები, რომელთა ობიექტური არსებობის სახე ჩვენთვის ყოველთვის დაფარული დარჩება, მოქმედებს მგრძნობელობაზე და იწვევს შეგრძნებებს. ეს მასალა თავიდანვე გადამუშავდება ცნობიერების აპრიორული ფორმების მიერ და მთელი ჩვენი ცოდნა ამ უნარების მოქმედების შედეგად მიიღება. რამდენადაც შემეცნება აღქმიდან იწყება და აზროვნებით გრძელდება, აპრიორული ფორმები ორივეგან უნდა ვიგულისხმოთ. აღქმის (მგრძნობელობის) აპრიორული ფორმებია სივრცე და დრო. პირველი მხოლოდ გარე მგრძნობელობას ეხება, მეორე - გარესაც და შინაგანსაც (ლოკის მსგავსად, კანტიც ე.წ. შინაგან აღქმაზე ლაპარაკობს, რომელიც მიმართულია ჩვენს საკუთარ სულიერ მდგომარეობებსა და ქცევებზე). ის, რაც არსებობს სივრცეში, არსებობს დროშიც, მაგრამ არა პირიქით. სულიერ მოვლენებს სივრცული მახასიათებლები არ გააჩნია. ამიტომ დრო ყველაფრის, ხოლო სივრცე მხოლოდ ბუნების მოვლენების ჭვრეტის აპრიორული ფორმაა. აქ იგულისხმება სწორედ ჭვრეტის ფორმა, სქემა, “აპრიორული წარმოდგენა” და არა ემპირიულად მოპოვებული წარმოდგენა ან ცნება. ჭვრეტის ამ ფორმების აპრიორულობა იმით მტკიცდება, რომ ისინი ლოგიკურად წინ უსწრებენ მოვლენების წარმოდგენას. შეუძლებელია წარმოვიდგინოთ, რომ არავითარი სივრცე და დრო არ არსებობს, თუმცა სავსებით შესაძლებელია სივრცისა და დროის მოაზრება მათში საგნების არსებობის გარეშე. ამდენად, ისინი გამოცდილების პირველადი და აუცილებელი პირობებია. მაგალითად, ჩვენი ცნობიერება თავიდანვე ისე აწესრიგებს სივრცულ გამოცდილებას, რომ სამყარო სამგანზომილებიანი წარმოგვიდგება. მაგრამ, როგორც თანამედროვე კოგნიტური ფსიქოლოგია იტყოდა, ეს მხოლოდ ინფორმაციის ორგანიზაციისა და გადამუშავების პირველი ეტაპია.       ჭვრეტის აპრიორულ ფორმებში დალაგებული მონაცემების ურთიერთდაკავშირება, კანონზომიერი, აუცილებელი და საყოველთაო კავშირების დადგენა გონების (აზროვნების) მეშვეობით ხდება. ამისთვის გამოიყენება ე.წ. განსჯის აპრიორული ფორმები ან კატეგორიები. ჩვენი გონების მიერ მოვლენები ფასდება, როგორც მიზეზი და შედეგი, ერთიანობა და სიმრავლე, არსებული, შესაძლებელი, აუცილებელი და სხვა. მაგალითად, ადამიანის ცნობიერების წინასწარ მოცემული წყობა სამყაროს ისე წარმოგვიდგენს, რომ ყოველ მოვლენას აუცილებლად უნდა ჰქონდეს თავისი მიზეზი. განსჯის კატეგორიები აწესრიგებენ გამოცდილებას, ახორციელებენ ემპირიულად მიღებული მრავალფეროვანი მასალის, ქაოტური წარმოდგენების სინთეზს. მათი საშუალებით გადამუშავებული მონაცემები იძენენ სტრუქტურას და მნიშვნელობას, ხოლო მეცნიერული ცოდნა - საყოველთაო და აუცილებელ ხასიათს.       ეს, ცხადია, არ ნიშნავს, რომ თვით განსჯის ფორმები ან კატეგორიები თანდაყოლილი იდეებია, მზამზარეულ ცოდნაა. კანტის სისტემის ფსიქოლოგიური ანალიზისთვის არსებითი მნიშვნელობა აქვს იმას, რომ განსჯის - აპრიორულ კატეგორიებში რაიმე ცნებები, შინაარსი კი არ იგულისხმება, არამედ, საზოგადოდ, ადამიანის ცნობიერების მოწყობისა და ფუნქციონირების ფორმა, ცოდნის ორგანიზაციის ხერხი, გონების მასინთეზირებელი მოქმედება. სწორედ ამ აქტივობას უწოდებს კანტი აპერცეფციას. აპერცეფცია ორი სახისაა იმის მიხედვით, თუ რაზეა ის მიმართული - თვითცნობიერებაზე (განაპირობებს ცნობიერების ერთიანობას, რის გარეშე შემეცნება ვერ განხორციელდება), თუ ობიექტზე (განაპირობებს სხვადასხვაგვარი შთაბეჭდილების ერთ ობიექტად გაერთიანებას).       ფილოსოფიური რეფლექსია აღმოაჩენს, რომ ადამიანის ცნობიერებას გარკვეული სტრუქტურა აქვს და, ასევე, გარკვეული ორგანიზაციით ხასიათდება. სივრცის, დროის, მიზეზობრიობის და სხვა კატეგორიები ჩაშენებულია ფსიქიკის სტრუქტურაში და ისეთნაირად აწესრიგებს მთელს გამოცდილებას, რომ სამყარო მხოლოდ ამ კატეგორიების პრიზმაში გარდატეხილად წარმოგვიდგება. ფსიქოლოგიისთვის პრინციპული მნიშვნელობისაა საკითხი ფსიქიკის ამ სტრუქტურული ფორმების არსებობის წესისა და ბუნების შესახებ. ისინი არ იქმნებიან ფსიქიკური ცხოვრების შედეგად და, როგორც სულის თანდაყოლილი უნარ-თვისებები, შეადგენენ ყოველგვარი გამოცდილების პირობას. კანტის თქმით, მათ ახასიათებთ “ემპირიული რეალობა”, ანუ ისინი ნამდვილად არსებობენ შემმეცნებელ სუბიექტში სხვა წარმოდგენებისა თუ განცდების მსგავსად, თუმცა, ცხადია, არ ცნობიერდებიან და ფსიქიკის სიღრმივ სტრუქტურას ქმნიან. მაგრამ თუ სულიერი განცდები ასე თუ ისე ექვემდებარება მეცნიერულ შესწავლას ემპირიული ფსიქოლოგიის ჩარჩოებში, სულის აპრიორული ფორმების შესახებ მეცნიერება ვერ იარსებებს. ამიტომ რაციონალური ფსიქოლოგია, როგორც კონკრეტული მეცნიერება, შეუძლებელია, თუმცა მისი შინაარსი ძალზე მნიშვნელოვანია და უნდა დამუშავდეს ფილოსოფიის ფარგლებში.       უკვე აღინიშნა, რომ კანტის როლი ფსიქოლოგიის განვითარებაში ცალსახად და ერთმნიშვნელოვნად არ არის განსაზღვრული. კანტს ეშლებოდა, როცა ემპირიულ ფსიქოლოგიას მეთოდური იმპოტენციის დიაგნოზი დაუსვა. კანტის გარდაცვალებიდან რამდენიმე ათეულ წელიწადში, ფსიქოფიზიკისა და ფსიქომეტრიის განვითარებამ დამაჯერებლად აჩვენა, რომ მისი შეფასებები არ იყო მართებული (იხ. თავი 5.2. 5.3. 7.1.). ფსიქოლოგია წარმატებით დაეუფლა ექსპერიმენტსაც, გაზომვასაც და, საზოგადოდ, კვლევის საბუნებისმეტყველო ტექნოლოგიას. კანტის მიერ რაციონალური ფსიქოლოგიის კრიტიკის მართებულობასაც არ მიიჩნევენ სარწმუნოდ. ამასთან დაკავშირებით სპეციალისტები აღნიშნავენ, რომ “კანტმა სულის ცნებას ის ფუნქციაც წაართვა, რაც აქვს სამყაროს იდეას ბუნების შემეცნების პროცესში. არ არის ნაჩვენები, თუ რატომ არ შეიძლება სულმა ზღვრული ცნების როლი შეასრულოს და სულიერი მოვლენების შეუჩერებელ შემეცნებას საფუძვლად დაედოს” (ა. ბოჭორიშვილი). ასე რომ, ფსიქოლოგიის კანტისეულ კრიტიკას ფსიქოლოგიის სისტემის შენებისთვის პოზიტიური არაფერი გაუკეთებია.       მეორე მხრივ, ფსიქოლოგიის ისტორიკოსები აღნიშნავენ, რომ კანტის მოძღვრება საფუძვლად უდევს მთელ რიგ სერიოზულ ფსიქოლოგიურ კონცეფციას (აღწერითი და გაგებითი ფსიქოლოგია, ვუნდტის სისტემა, ვიურცბურგის სკოლა, გეშტალტფსიქოლოგია). ამის თაობაზე უნდა ითქვას, რომ ამ შემთხვევაში მხოლოდ გარკვეულ გავლენებზე შეიძლება იყოს საუბარი და ისიც არაპირდაპირზე, ვინაიდან აღნიშნული კონცეფციები სინამდვილეში ზოგადფსიქოლოგიური კვლევის სისტემებია, ანუ ის, რასაც კანტი ფაქტობრივად უარყოფდა.       ამავე დროს, კანტმა პირდაპირი გავლენაც მოახდინა ფსიქოლოგიურ და ფსიქოფიზიოლოგიურ კვლევაზე აღქმის სფეროში (ი. მიულერი. ე. ჰერინგი და სხვა). სივრცის აღქმის მიმართ ე.წ. ნატივისტური თვალსაზრისი მჭიდროდ უკავშირდება კანტის მოსაზრებებს აღქმის აპრიორული (თანდაყოლილი) ფორმების შესახებ. იოჰანეს მიულერმა ამ ფორმების ფიზიოლოგიზაცია მოახდინა, და სივრცის კონსტრუირების უნარი თვალის ბადურას მიაწერა (იხ. თავი 5.1). ნატივიზმი, როგორც ცნობილია, სივრცის აღქმას თანდაყოლილ თვისებად მიიჩნევს. ამდენად, იგი შეესაბამება კანტის შეხედულებას. მაგრამ იმავეს ვერ ვიტყვით თანამედროვე ფსიქოლოგიის წარმოდგენებზე სივრცის აღქმის შესახებ. დღეს უკვე ემპირიულად დამტკიცებულად ითვლება, რომ სივრცის აღქმის უნარი ნაწილობრივ თანდაყოლილია და ნაწილობრივ შეძენილი. ორგანზომილებიან სივრცეს, ანუ განფენილობას ადამიანი დაბადებიდან აღიქვამს, ხოლო მესამე განზომილების ანუ სიღრმის აღქმის უნარი თანდათანობით, გამოცდილების კვალდაკვალ ვითარდება. ამრიგად, სამგანზომილებიანი სივრცის აღქმა არ არის აღქმის აპრიორული ფორმა კანტისეული გაგებით, ე.ი. ცნობიერების თანდაყოლილი, გამოცდილებამდელი და უცვლელი სტრუქტურა.       იგივე ითქმის განსჯის აპრიორული ფორმების ან კატეგორიების მიმართაც. თანამედროვე კოგნიტური ფსიქოლოგიის მონაცემების მიხედვით, ყოველგვარ გამოცდილებას და ქცევას კოგნიტური სქემები და სტრუქტურები აშუალებს. ამიტომ, არ არის გასაკვირი, რომ თავის წინამორბედებზე ლაპარაკისას კოგნიტივისტები კანტის სახელს საკმაოდ ხშირად ახსენებენ. თითქმის უდავო ფაქტად არის მიჩნეული, რომ გონებრივი სტრუქტურები აქტიურად გარდაქმნიან გრძნობად გამოცდილებას და იმასაც განსაზღვრავენ, თუ როგორ წარიმართება გარემოსთან ურთიერთობა, ადაპტაციური მოქმედება. ამ აზრით, კოგნიტური სქემები ასტრუქტურებენ მთელ ჩვენს ცოდნას სამყაროს შესახებ. მაგრამ ეს სტრუქტურები აპრიორულ მოცემულობას არ წარმოადგენს, ისინი ცვალებადობენ და ვითარდებიან ასაკისა და გამოცდილების მატებასთან ერთად. გონებრივი განვითარება სულ უფრო სრულყოფილი ინტელექტუალური სქემების თანმიმდევრული ცვალებადობაა. ეს პროცესი დაწვრილებით შეისწავლა ერთ-ერთმა უდიდესმა ფსიქოლოგმა, გენეტიკური ეპისტემოლოგიის ფუძემდებელმა, ჟან პიაჟემ. პიაჟეს მიხედვით, შემეცნებითი სტრუქტურების გენეზისი ონტოგენეზში ოთხ სტადიას გაივლის. თითოეულ სტადიაზე ინტელექტი თვისებრივად სხვადასხვაგვარია, ანუ განსხვავებულია ბავშვის გონებრივი წყობა და, შესაბამისად, მის მიერ შექმნილი სამყაროს სურათიც (იხ. თავი 12.2.). მაშასადამე, ლაპარაკი გონებრივ სტრუქტურებზე, როგორც თანდაყოლილზე (აპრიორულზე) და უცვლელზე, უსაფუძვლოა.       კანტი გენეზისის საკითხს საერთოდ არ განიხილავდა და განვითარების ფაქტს მხედველობაში არ იღებდა. იგი ამოდიოდა უკვე არსებული მეცნიერული ცოდნიდან და ცდილობდა მისი საფუძვლებისა და წინაპირობების დადგენას. მეცნიერული ცოდნის განვითარებამ გარკვეული ეჭვები წარმოქმნა იმასთან დაკავშირებით, თუ რამდენად უნივერსალურია ეს წინაპირობები (ცნობიერების აპრიორული ფორმები). მაგალითად, რა აპრიორული ფორმებით ხელმძღვანელობენ თანამედროვე ქვანტურ ფიზიკაში ან არაევკლიდურ გეომეტრიაში, სადაც სულ სხვა წარმოდგენებია დროზე, სივრცეზე, მიზეზობრიობაზე და ა.შ. ეს საკითხი კანტის შეხედულებათა დღევანდელი მეცნიერების მონაცემებთან შესაბამისობის პრობლემაა და მოცემული ანალიზის ფარგლებს სცილდება, მაგრამ ერთი რამ უდავოა: თუ კანტის მიერ დახასიათებული ჭვრეტისა და განსჯის აპრიორული ფორმები “ემპირიული რეალობის” მქონე “სულის თვისებებია”, მათი ანალიზი გენეტიკური მიდგომის გარეშე დამარწმუნებელი ვერ იქნება.       საზოგადოდ კი შეიძლება ითქვას, რომ ფსიქოლოგიამ, ერთგვარად, “სამაგიერო” გადაუხადა კანტს მისი ანტიფსიქოლოგისტური პოზიციისთვის. ფსიქოლოგია არა მხოლოდ შედგა, როგორც სრულყოფილი მეცნიერება, არამედ მან წარმატებით, ემპირიულად იკვლია სწორედ ის სფერო, რომლის დახასიათების ექსკლუზიური უფლება კენიგსბერგელმა სწავლულმა თავის შემეცნების თეორიას და, შესაბამისად, გონებაჭვრეტას მიანიჭა. გარდა ამისა, განა ნიშანდობლივი არ არის, რომ კანტი, ერთ-ერთი უდიდესი ანტიფსიქოლოგისტი, ძალზე საფუძვლიანად გაება ფსიქოლოგიზმის ბადეში. მართლაც, შემეცნების წინაპირობები - ჭვრეტისა და განსჯის აპრიორული ფორმები - ხომ არსებითად ფსიქიკის სტრუქტურებია, სულის უნარებია. აპერცეფციაც, როგორც სულის მასინთეზირებელი უნარი, “არის ადამიანის ფსიქიკის კანონზომიერება, ხოლო ფსიქიკური კანონზომიერებით შემეცნების პროცესის ახსნა ისევ ფსიქოლოგიზმსა და, რადგან ეს კანონზომიერება ადამიანურის კანონზომიერებაა, ანთროპოლოგიზმს წარმოადგენს” (კ. ბაქრაძე). ირაკლი იმედაძე წიგნიდან: ფსიქოლოგიის ისტორია « წინა ნაწილი | გაგრძელება » P.S. სტატიის სათაური არ არის წიგნის ავტორისეული სათაური. სტატიის სათაური პოსტის ავტორის მიერ თემატურად შერჩეული სათაურია…
დაამატა ლაშა to ფსიქოლოგია at 10:59am on აპრილი 28, 2018
თემა: იუდას მეფეები
ბოამმა, ისრაელიანთა ტომები შექემში შეკრიბა. ჩრდილოურმა ტომებმა სარდალი იერობოამი მიაგზავნეს ახალგაზრდა მეფესთან იმის სათქმელად, რომ სოლომონის მიერ დაწესებულ დიდ გადასახადებს აღარ გადაიხდიდნენ. „ხომ დაგადგათ მამაჩემმა მძიმე უღელი, მე კიდევ უფრო დაგიმძიმებთ უღელს! ხომ გსჯიდათ შოლტებით მამაჩემი, მე მორიელებით დაგსჯით!“ - მკვახედ უპასუხა საჩივარს რობოამმა. ათი ჩრდილოური ტომი მის წინააღმდეგ აჯანყდა და ისრაელის ახალი სეპარატისტული სამეფოს მეფედ იერობოამი აირჩიეს. რობოამი იუდას მიწის მეფედ დარჩა; ის დავითის შვილიშვილი იყო და იერუსალიმის ტაძარს, იაჰვეს სახლს, ფლობდა. მაგრამ მასზე გამოცდილი იერობოამი, რომელმაც ტახტი შექემში დაიდგა, ამით უკმაყოფილო იყო: „თუ ამ ხალხმა მსხვერპლის შესაწირად უფლის სახლში, იერუსალიმში, დაიწყო სიარული, გული მოუბრუნდება ამ ხალხს თავისი ბატონის, რობოამისკენ, იუდას მეფისკენ და მე მომკლავენ“. ამიტომაც ააგო მან ბეთელსა და დანში ორი პატარა ტაძარი, ტრადიციული ქანაანური სალოცავების მსგავსი. იერობოამი ხანგრძლივად და წარმატებულად მეფობდა, მაგრამ მისი ქალაქი რობოამის იერუსალიმს მაინც ვერ შეედრებოდა. ისრაელიანთა ორი სამეფო ხან ერთმანეთს ეომებოდა, ხან ერთმანეთის მოკავშირე იყო. ძვ. წ. დაახლოებით 900 წლიდან მოყოლებული ოთხი საუკუნის განმავლობაში, იუდას, სამეფო ტაძრის ქალაქ იერუსალიმის გარშემო მდებარე მცირე მიწას, დავითის დინასტია მართავდა, ხოლო ისრაელის უფრო მდიდარი და ვრცელი მიწები ჩრდილოეთში დომინანტ სამხედრო ძალად იქცა და მის სათავეში ხელისუფლებაში გადატრიალებების გზით მოსული სისხლიანი მხედართმთავრები იდგნენ. ერთ-ერთმა ასეთმა უზურპატორმა იმდენი სამეფო გვარის წარმომადგენელი მოკლა, რომ „არავინ დაუტოვებია კედელთან მშარდავი“. „მეფეთა“ და „ნეშტთა წიგნების“ ავტორები, ორი საუკუნის შემდეგ, სულაც არ იყვნენ პირადი დეტალებით ან ზუსტი ქრონოლოგიით დაინტერესებულები, ისინი მეფეებსა და მმართველებს ისრაელის ღმერთის მიმართ ერთგულებით აფასებდნენ. საბედნიეროდ, ამასობაში ისტორიის ბნელი ხანა დასრულდა: ეგვიპტური და ერაყული იმპერიების წარწერები ნათელს ჰფენს - და ხშირად ადასტურებს - მკაცრად სამართლიან ბიბლიურ მოსაზრებებს. სოლომონის სიკვდილიდან ცხრა წელიწადში იერუსალიმში ეგვიპტე და ისტორია დაბრუნდა. ფარაონმა შეშონქმა, რომელმაც ისრაელის სამეფოს ორად გახლეჩას ხელი შეუწყო, ზღვის სანაპირო ზოლი დალაშქრა და იერუსალიმისკენ გადაუხვია. იერუსალიმის მდიდარი ტაძარი ხომ მაცდური საკბილო იყო. მეფე რობოამმა შეშონქის მოქრთამვა ტაძრის განძით, სოლომონის ოქროთი, შეძლო. ფარაონმა ისრაელიანთა ორივე სამეფო დალაშქრა და ქალაქი მეგიდო მიწასთან გაასწორა. იქვე აღმართა სტელა, რომელზეც თავისი წარმატებული ლაშქრობით ტრაბახობს. მცირე ფრაგმენტი დღემდე შემორჩენილია. შინ დაბრუნებულმა ფარაონმა კარნაკში ამონის ტაძარში ღმერთებს მადლობა გადაუხადა. ფარაონის სატახტო ქალაქ ბუბასტისის იეროგლიფური ტექსტით ირკვევა, რომ მალე შეშონქის მემკვიდრე ოსორკონმა 383 ტონა ოქრო, სავარაუდოდ, იერუსალიმური ალაფი, შესწირა ეგვიპტურ ტაძრებს. შეშონქის ლაშქრობა პირველი ბიბლიური ამბავია, რომელიც არქეოლოგიური აღმოჩენებით დასტურდება. ორმოცდაათწლიანი უთანხმოების შემდეგ ისრაელიანთა ორმა სამეფომ ზავი დადო. ისრაელის მეფე ახაბმა იქორწინა ფინიკიელ მეფის ასულზე, რომელიც ბიბლიაში ურჩხულად, მექრთამე ტირანად და ბაალისა და სხვა კერპების თაყვანისმცემლად გვევლინება. მეფის ასულს იზებელი ერქვა და მისი გვარის მმართველობამ ისრაელის სამეფოსა და ქალაქ იერუსალიმს სისხლი და უბედურება მოუტანა. იზებელი და მისი ქალიშვილი, იერუსალიმის დედოფალი იზებელსა და ახაბს ქალიშვილი ჰყავდათ, სახელად ათალია (მართლმადიდებლურ თარგმანში, ღოთოლია), რომელიც იუდას მეფე იეჰორამს (მართლმადიდებლურ თარგმანში იორამი) მიათხოვეს. ათალია აყვავებულ იერუსალიმში ჩავიდა: ქალაქის სირიულ უბნებში სირიელი ვაჭრები ბაზრობებს მართავდნენ, იუდაელთა ფლოტი წითელ ზღვაში დაცურავდა, ხოლო სოლომონის ტაძარი ქანაანური კერპებისგან გაეწმინდათ. იზებელის ასულმა ქალაქში მხოლოდ უბედობა და უიღბლობა ჩაიტანა. ისრაელიანები მაშინ გაძლიერდნენ, როცა იმპერიული გარე ძალები დროებით დასუსტებული იყო. მაგრამ ძვ. წ. 854 წელს, თანამედროვე ერაყის ტერიტორიაზე, ნინევიის ნანგრევებზე ასურეთი აღმოცენდა. როცა ასურეთის მეფე სალმანასარ III-მ სირიული სამეფოების დაპყრობა დაიწყო, იუდა, ისრაელი და სირია მის წინააღმდეგ შეიკრნენ. კარკარის ბრძოლაში მეფე ახაბმა 2000 ეტლი და 10 000 ქვეითი ჯარისკაცი გამოიყვანა, მას იუდაელები და სირიელებიც ამოუდგნენ მხარში და ასურელთა წინსვლა შეაჩერეს. მაგრამ მალე კავშირი დაირღვა. იუდაელები და ისრაელიანები სირიელებს დაუპირისპირდნენ; მათი მოხარკე სამეფოები აჯანყდნენ. ისრაელის მეფე ახაბი ისრით მოკლეს და „მის სისხლს ძაღლები ლოკავდნენ“. ისრაელში სარდალი იეჰუ აჯანყდა, მთელი სამეფო ოჯახი ამოწყვიტა - ახაბის სამოცდაათი ვაჟის მოკვეთილი თავი სამარიის კარიბჭესთან დაახვავა და არა მხოლოდ ისრაელის ახალი მეფე, არამედ სტუმრად მყოფი იუდას მეფეც მოაკვლევინა. ხოლო დედოფალი იზებელი ფანჯრიდან გადააგდო და მისი გვამი ეტლებით გადათელეს.[16] იზებელის გვამი ძაღლებს მიუგდეს საჭმელად ისრაელში, მაგრამ ძვ. წ. 841 წელს, იზებელის ასულმა, ათალიამ, იერუსალიმში ძალაუფლება ხელში ჩაიგდო და დავითის გვარის ყველა უფლისწული (მათ შორის, საკუთარი შვილიშვილები) დახოცა, ვინც კი იპოვა. მხოლოდ ერთი უფლისწული, ჩვილი იეჰოაში (მართლმადიდებლურ თარგმანში იოაში), გადაურჩა სიკვდილს. „მეფეთა მეორე წიგნი“ (მართლმადიდებლურ თარგმანში „მეფეთა მეოთხე წიგნი“) და უახლესი არქეოლოგიური აღმოჩენები იერუსალიმის იმდროინდელ ყოფაზე პირველ ცნობებს გვაწვდის. ყრმა უფლისწულს უფლის ტაძარში მალავდნენ, ხოლო იზებელის ნახევრად ფინიკიელმა, ნახევრად ისრაელიანმა ქალიშვილმა მთაზე გაშენებული თავისი პატარა სატახტო ქალაქი ვაჭრობისა და ბაალის თაყვანისცემის ადგილად აქცია. სპილოს ძვლისგან დამზადებული ორსანტიმეტრიანი ლამაზი ორნამენტი - ბროწეულზე შემომჯდარი მტრედი, რომელიც იერუსალიმში აღმოაჩინეს, ალბათ იერუსალიმის მდიდრულ სასახლეში რომელიმე ავეჯს ამშვენებდა. ფინიკიური თიხის ბეჭდები, ანუ „ბულაები“, იმდროინდელი საფოსტო ქაღალდები ზედ გამოსახული ფინიკიური ხომალდებით, ტახტს ზემოთ გაბრწყინებული მზის ფორმის წმინდა ტოტემები და სავარაუდოდ, იმავე ნაოსნების მიერ ხმელთაშუა ზღვიდან იმპორტირებული ათი ათასი თევზის ფხა, დავითის ქალაქის ქვემოთ, აუზთან ახლოს იპოვეს. თუმცა, ათალია მალე იზებელივით შეიძულეს. მისმა კერპთაყვანისმცემელმა ქურუმებმა ბაალისა და სხვა ღმერთების კერპები აღმართეს იერუსალიმის ტაძარში. ექვსი წლის შემდეგ ტაძრის მღვდელმსახურმა საიდუმლოდ შეკრიბა იერუსალიმელი დიდებულები და პატარა უფლისწულის, იეჰოაშის არსებობა გაუმხილა. დიდებულებმა მაშინვე ერთგულება შეჰფიცეს იეჰოაშს. მღვდელმა დავითის დროინდელი შუბები და ფარები, ჯერაც ტაძარში რომ ინახებოდა, ასისთავებს დაურიგა და უფლისწულს საჯაროდ მირონი სცხო ტაშისკვრითა და ძახილით: „ღმერთო, შენ დაიფარე მეფე!“ დედოფალმა გაიგონა ხალხის ჩოჩქოლი და სასახლიდან იქვე ახლოს მდგარ ტაძარში შეირბინა. ტაძარი ხალხით ავსებულიყო. „ღალატია! ღალატია!“ - აყვირდა ათალია, მაგრამ ასისთავებმა შეიპყრეს, წმინდა მთიდან ჩაათრიეს და კარიბჭესთან მოკლეს. ბაალის ქურუმები დახოცეს, ხოლო კერპები დალეწეს. მეფე იეჰოაში ორმოცი წელი მეფობდა, სანამ ძვ. წ. 801 წელს სირიის მეფე მას დაამარცხებდა, იერუსალიმის წინააღმდეგ გალაშქრებას განიზრახავდა და „მთელი ოქროულობის, რაც კი მეფის სახლის საგანძურებში იპოვებოდა“, გადახდას არ აიძულებდა. იეჰოაში მოკლეს. ოცდაათი წლის შემდეგ ისრაელის მეფემ იერუსალიმი დაარბია და ტაძარი გაძარცვა. ამ დროიდან მოყოლებული ტაძრის მუდმივად მზარდი სიმდიდრე ყველასთვის მაცდური ჯილდო გახდა.თუმცა, იერუსალიმის სიმდიდრე ახალი მეფის მმართველობით გამოცოცხლებული ასურეთისას ვერ შეედრებოდა: ეს მტაცებელი იმპერია ისევ ამოქმედდა. ისრაელისა და სირიის მეფეებმა კოალიციის შექმნა სცადეს, მაგრამ როცა იუდას მეფე ახაზმა მათთან შეკვრაზე უარი განაცხადა, ისრაელიანებმა და სირიელებმა იერუსალიმს ალყა შემოარტყეს. მომხვდურებმა ახლად შეკეთებული კედლები ვერ გაარღვიეს, თუმცა მეფე ახაზმა ტაძრის საგანძურიდან მათ მაინც გადაუხადა ოქრო და ასურეთის მეფე ტიგლათფალასარ III-ის წინააღმდეგ ბრძოლაში დახმარება აღუთქვა. ძვ. წ. 732 წელს ასურელებმა სირია დაიპყრეს და ისრაელი ააოხრეს. იერუსალიმში შეშინებული მეფე ახაზი ორჭოფობდა, ასურეთს შებრძოლებოდა თუ დანებებოდა. ესაია: იერუსალიმი - მზეთუნახავი და მეძავი მეფეს მოცდას ურჩევდა ესაია - მთავარი, მღვდელი და პოლიტიკური მრჩეველი - და აიმედებდა, იერუსალიმს იაჰვე დაიფარავსო. ესაია ამბობდა, მეფეს შვილი შეეძინებაო, იმანუელი, რაც ნიშნავს „ ჩვენთან არს ღმერთი“. „რადგან შეგვეძინა შვილი, რომელიც იქნება... ღმერთი ძლიერი, მარადისობის მამა და მშვიდობის მთავარი.“ შვილი, რომელიც მარადიულ მშვიდობას მოიტანდა. „ესაიას წიგნს“, სულ ცოტა, ორი ავტორი მაინც ჰყავდა - ერთ-ერთი მათგანი ორასი წლის შემდეგ ცხოვრობდა - მაგრამ ეს პირველი ესაია არა მხოლოდ წინასწარმეტყველი, არამედ დიდი წარმოსახვის მქონე პოეტიც იყო, რომელმაც საძულველი ასურული აგრესიის ხანაში პირველად წარმოიდგინა სიცოცხლე ტაძარდანგრეულ, მისტიკურ იერუსალიმში. „ვიხილე უფალი, მჯდარი ამაღლებულ, ზეაღმართულ ტახტზე, და მისი კალთები ავსებდა ტაძარს... და კვამლით აივსო სახლი“. ესაიას უყვარდა „წმინდა მთა“ და მზეთუნახავს უწოდებდა ზოგჯერ სამართლიანი და ზოგჯერ მეძავი „სიონის ასულის მთას, იერუსალიმის ბორცვს“. იერუსალიმის ფლობა არაფრად ღირდა ღვთისმოსაობისა და მოწიწების გარეშე. მაგრამ თუ იერუსალიმი დაინგრეოდა, ყველასთვის ახალი, მისტიკური იერუსალიმი გაჩნდებოდა „ყოველ ადგილზე“ და სიყვარულსა და სიკეთეზე იქადაგებდა: „სიკეთის ქმნა ისწავლეთ, ეძიეთ სამართალი, შეეწიეთ ჩაგრულს, განიკითხეთ ობოლი, ქვრივს გამოესარჩლეთ“. ესაიამ წინასწარ იხილა უჩვეულო ფენომენი: „უფლის სახლის მთა მთათა სათავეში დადგინდება... და ყოველი ერი მისკენ დაიწყებს დენას“. რჯული, ღირებულებები და ისტორია ამ შორეული და შესაძლოა, დაქცეული მთის ქალაქისა ისევ აღორძინდება: „დაიძრება უთვალავი ხალხი და იტყვის: მოდი, ავიდეთ უფლის მთაზე, იაკობის სახლში; გვასწავლის თავის გზებს... რჯული სიონიდან გამოვა და უფლის სიტყვა - იერუსალიმიდან. სამართალს განიკითხავს იგი ერებს შორის.“ ესაიამ მისტიკური განკითხვის დღის დადგომა იწინასწარმეტყველა, როცა ცხებული მეფე, მესია მოვა: „მახვილებისგან სახნისებს გამოჭედავენ და შუბებისგან - ნამგლებს... აღარავინ ისწავლის ომს“. მკვდრები აღდგებიან. „დადგება მგელი ცხვართან ერთად და ჯიქი დაბინავდება ციკანთან ერთად“. ამ მგზნებარე ლექსებში პირველად გაიჟღერა აპოკალიფსურმა ნაღველმა, რომელიც იერუსალიმის ისტორიას დღემდე თან სდევს. ესაიამ შესძინა ფორმა არა მხოლოდ იუდაიზმს, არამედ - ქრისტიანობასაც. იესო ქრისტემ ესაია კარგად შეისწავლა. ქრისტეს ქადაგებები - დაწყებული ტაძრის დანგრევით და დამთავრებული მისი იდეით უნივერსალური, სულიერი იერუსალიმის შექმნით სუსტთა და უპოვართა ასამაღლებლად - სწორედ ესაიას პოეტურ ხედვებზე დაყრდნობით შეიქმნა. ბევრისთვის კი იესო სწორედ ესაიას ნაწინასწარმეტყველები იმანუელია. მეფე ახაზი დამასკოში ტიგლათფალასარს ეახლა და მორჩილების ფიცი დადო, უკან კი ტაძარში დასადგმელი, ასურული სტილის სამსხვერპლოთი დაბრუნდა. როცა ასურელი დამპყრობელი მოკვდა ძვ. წ. 727 წელს, ისრაელი აჯანყდა, მაგრამ ასურეთის ახალმა მეფემ ისრაელის სამეფოს დედაქალაქ სამარიას ალყა შემოარტყა და სამ წელიწადში ისრაელის სამეფო მთლიანად შთანთქა. 27 000 მცხოვრები ასურეთში გადაასახლეს. ისრაელის თორმეტი ტომიდან ათი თითქმის მთლიანად გაქრა ისტორიიდან. თანამედროვე ებრაელები იმ ორი ტომის შთამომავლები არიან, რომლებიც, იუდას სამეფოსთან ერთად, ნგრევასა და უბედურებას გადაურჩა. ჩვილი, რომელსაც ესაია იმანუელად იხმობდა, იყო მეფე ხიზკია. ის მესია ნამდვილად არ ყოფილა, მაგრამ ყველაზე საჭირო პოლიტიკურ უნარს - იღბალს - ფლობდა. მისი იერუსალიმის კვალი დღემდე შემორჩენილია. სინაქერიბი: ცხვრებში გარეული მგელი ხიზკია ოცი წელი ელოდა ასურეთის წინააღმდეგ ასაჯანყებლად ხელსაყრელ დროს: მან ჯერ კერპები გაანადგურა, ტაძარში მდგარი ბრინჯაოს გველი დაამსხვრია, შემდეგ პასექის (ან მისი მაშინდელი ვერსიის) საზეიმოდ ხალხი შეკრიბა იერუსალიმში, რომელიც კიდევ უფრო გაფართოებულიყო და უკვე დასავლეთ ბორცვამდე გადაჭიმულიყო. ქალაქი სავსე იყო დაცემული ჩრდილოეთ სამეფოდან დევნილებით და მათ ალბათ ძველი ისრაელის სამეფოს ფილებზე ჩაწერილი მრავალი ლეგენდა და ისტორია მოიტანეს თან. იერუსალიმელმა სწავლულებმა იუდაური და ჩრდილოური ტრადიციების აღრევა დაიწყეს: დროთა განმავლობაში ზუსტად ბერძენი ჰომეროსის „ილიადას“ სტილში დაწერილი ეს ხელნაწერები ბიბლიას დაედო საფუძვლად. როცა სარგონ II ძვ. წ. 705 წელს ბრძოლაში მოკლეს, იერუსალიმელებს და თვით ესაიას იმედი მიეცათ, რომ ასურელთა ბოროტების იმპერია დაემხობოდა. ეგვიპტე იერუსალიმს მხარდაჭერას ჰპირდებოდა; ქალაქი ბაბილონი აჯანყდა და ელჩები გამოუგზავნა ხიზკიას, რომელმაც ხელსაყრელი დროის დადგომა იგრძნო: ის ასურეთის წინააღმდეგ შექმნილ ახალ კოალიციას შეუერთდა და ომისთვის მოემზადა. მაგრამ, იუდაელთა სამწუხაროდ, ასურეთის ახალი დიდი მეფე ენერგიული და თავდაჯერებული მხედართმთავარი აღმოჩნდა. მას სინაქერიბი ერქვა. სინაქერიბი თავს „სამყაროს მეფეს, ასურეთის მეფეს“ უწოდებდა და იმ დროს ეს ორი ტიტული სინონიმი იყო. ასურეთი სპარსეთის ყურიდან კვიპროსამდე მბრძანებლობდა. იმპერიის შუაგული დღევანდელი ერაყის ტერიტორიაზე ჩრდილოეთიდან მთებით, ხოლო დასავლეთიდან ევფრატით იყო დაცული და მხოლოდ სამხრეთით და აღმოსავლეთით იყო გახსნილი. ასურეთი მოგაგონებდათ ზვიგენს, რომელსაც მხოლოდ მუდმივი მტაცებლობით შეუძლია არსებობა. ასურელებისთვის დაპყრობები რელიგიური მოვალეობა იყო. ტახტზე ასვლისას ყოველი მეფე ფიცს დებდა, რომ გააფართოვებდა, როგორც თავად უწოდებდნენ, „აშურის მიწას“ - ქვეყანას, რომელსაც მისი მფარველი ღმერთის სახელი ერქვა. მეფეები ერთდროულად უმაღლესი ქურუმებიც იყვნენ და მთავარსარდლებიც, რომლებიც 200 000-იან ძლიერ ლაშქარს პირადად მიუძღვებოდნენ; და თანამედროვე ტირანებისგან განსხვავებით, არა მხოლოდ ტერორით იმორჩილებდნენ ქვეშევრდომებს, არამედ ხალხის დიდი ჯგუფის იმპერიის ერთი ბოლოდან მეორეში გადასახლებით.სინაქერიბის მამის ცხედარი ბრძოლის ველზე ვერ იპოვეს, რაც ღმერთების არაკეთილგანწყობის საზარელი ნიშანი იყო და იმპერიამ რღვევა დაიწყო. მაგრამ სინაქერიბმა ყველა აჯანყება ჩაახშო და, როცა ბაბილონი აიღო, მთელი ქალაქი მიწასთან გაასწორა. წესრიგის აღდგენისთანავე, მეფემ ქვეყნის კონსოლიდაცია ნინევიის, ომისა და ვნების ქალღმერთ იშთარის სახელობის ქალაქის, შეკეთებითა და მდიდრულად მორთვით სცადა. ვერაფერი შეედრებოდა წყალუხვი არხებით დაღარულ ნინევიურ წალკოტებსა და მის დიდ სასახლეს. ასურელი მეფეები ნამდვილი პროპაგანდისტები იყვნენ - მათი სასახლეების კედლების ტრიუმფალური დეკორაციები ასურელთა გამარჯვებებსა და მისი მტრების საზარელ სიკვდილზე - მასობრივ ხოცვა-ჟლეტაზე, ცოცხლად გატყავებასა და თავების მოჭრაზე - იუწყებოდა. დაპყრობილი ქალაქების დიდებულებს მათი მეფეების მოკვეთილ თავებს მკერდზე ჩამოკიდებულს დაატარებინებდნენ ნინევიის ქუჩებში. თუმცა ასეთი საშინელი ნადავლით მხოლოდ ასურელებს არ უყვარდათ თავის მოწონება. მაგალითად, ეგვიპტელები თავიანთი მტრების მოჭრილ ხელებსა და პენისებს აგროვებდნენ. ბედის ირონიით, ასურეთის სისასტიკის ხანას უკვე ჩაევლო. თუკი შესაძლებელი იყო, სინაქერიბი უპირველესად მოლაპარაკებებს მართავდა ხოლმე. სინაქერიბმა ჩანაწერები თავის მიღწევათა შესახებ სასახლეების საძირკველში ჩამარხა. ერაყში არქეოლოგებმა ნინევიის ნანგრევები აღმოაჩინეს და დღის სინათლე მოჰფინეს განვითარების უმაღლეს მწვერვალზე მდგარ, დაპყრობებითა და სოფლის მეურნეობით გამდიდრებულ ასურეთს, რომელსაც ადმინისტრირებას მრავალი მწერალი-მდივანი უწევდა. მათი ხელნაწერები სამეფო არქივებშია დაცული. ბიბლიოთეკებში ინახებოდა სამეფო გადაწყვეტილებების მისაღებად მოსაშველიებელი ომენებისა და ღმერთების გულის მოსაგები შელოცვების, რიტუალებისა და ჰიმნების კოლექცია, აგრეთვე ლიტერატურული კლასიკის თიხის ფირფიტები - „გილგამეშის ეპოსი“. გარდა იმისა, რომ მრავალ ღმერთს სწირავდნენ მსხვერპლს, თაყვანს სცემდნენ მაგიურ ქანდაკებებს, სულებსა და ღვთიურ ძალებს იძახებდნენ, ასურელები მედიცინასაც სწავლობდნენ: თიხის ფირფიტებზე ჩხაპნიდნენ: „თუ ადამიანს ესა და ეს აწუხებს, მაშინ... მიიღოს ესა და ეს წამლები...“ ისრაელიანი ტყვეები, რომლებიც სამშობლოსგან შორს ასურეთის ზიქურათებიან, შეღებილსასახლეებიან კაშკაშა, ბრჭყვიალა ქალაქებში მონურ შრომას ეწეოდნენ, იქაურობას „სისხლიან ქალაქს... სიცრუით გატენილს, ძალადობით სავსეს და მტაცებელს“ უწოდებდნენ. წინასწარმეტყველმა ნაუმმა აღწერა „შოლტის ხმა და ბორბლების გრიალი, ცხენების ჭიხვინი და ეტლების დგანდგარი“. ამ რვაწვეტიანი ეტლებით უზარმაზარი ლაშქარი სინაქერიბის მეთაურობით ახლა იერუსალიმისკენ მიემართებოდა, მიქროდა „არწივივით, მსხვერპლს რომ უნდა დააცხრეს“. ხიზკიას გვირაბი ხიზკიამ იცოდა, რა საშინელი ბედი ეწია ბაბილონს; მან საჩქაროდ გაამაგრებინა იერუსალიმის ახალი უბნები. დღეს დაახლოებით რვა მეტრი სისქის „მისი განიერი კედლის“ მხოლოდ რამდენიმე მონაკვეთია შემორჩენილი; ყველაზე შთამბეჭდავი ებრაულ კვარტალშია. ხიზკია ალყისთვის ემზადებოდა, ამიტომ ხელოსანთა ორ ჯგუფს ქალაქგარეთ კლდეში 500 მეტრის სიგრძის გვირაბის გაყვანა დაავალა, რათა გიხონის წყარო დაეკავშირებინათ დავითის ქალაქის ქვემოთ, ტაძრის მთის სამხრეთით მდებარე სილოამის აუზთან, რომელიც ახალი კედლების აგების შემდეგ, დღეს გალავნის შიგნითაა მოქცეული. როცა ხელოსანთა ორი ჯგუფი კლდის შუაგულში შეხვდა ერთმანეთს, თავიანთი მიღწევის აღსანიშნავად კლდეზე წარწერა ამოკვეთეს: „[როცა გვირაბი] გაიყვანეს. ის ამ გზით გაჰყავდათ. როცა [ისინი] ჯერ კიდევ წერაქვებით [თხრიდნენ], ყოველი კაცი მეორისკენ მიდიოდა და სანამ კიდევ სამი წყრთა რჩებოდა გასაკვეთი, [მათ გაიგონეს] როგორ ეძახდა კაცი თავის ამხანაგებს, რადგან კლდეში მარჯვენა მხარეს [და მარცხენა მხარეს] ნაპრალი იყო. და როცა გვირაბი გაიყვანეს, ქვისმჭრელებმა გაჭრეს [კლდე], ყოველმა კაცმა მეორე კაცამდე; წერაქვს იქნევდნენ ორივე მხრიდან; და წყაროდან წყალი წამოვიდა წყალსატევისკენ, 1200 წყრთა იყო გვირაბის სიგრძე, ხოლო კლდის სიმაღლე ქვისმჭრელების თავზემოთ იყო 100 წყრთა“. ტაძრის მთის ჩრდილოეთით ხიზკიამ ხეობა გადახერგა, რათა ბეთეზდის აუზში წყალი დაეგუბებინა და ქალაქისთვის წყლის საკმარისი მარაგი ჰქონოდა. როგორც ჩანს, ხიზკიამ მოიმარაგა საკვებიც - ზეთი, ღვინო, ხორბალი - თავისი ჯარისკაცებისთვის, რათა ომისა და ალყისთვის მზად ყოფილიყვნენ. იუდას მიწაზე მრავალ ადგილას აღმოაჩინეს ქოთნის ყურები, რომლებსაც „ლმლკ“ - „მეფისათვის განკუთვნილი“ - დამღა აზის და მეფისვე ემბლემით, ოთხფრთიანი ხოჭოთია დაბეჭდილი. „ასურელთა მეფე ისრაელის ძეებს, როგორც მგელი ცხვრებს, ისე გამოერიაო“, - წერს ბაირონი. სინაქერიბი და მისი უზარმაზარი ლაშქარი იერუსალიმთან უკვე ახლოს იყო. როგორც სხვა ასურელი მეფეები, სინაქერიბიც ალბათ მგზავრობდა ეტლით, რომელშიც ბრწყინვალედ შეკაზმული, ციმციმა ქოჩრით შემკული სამი ბუმბერაზი ცხენი იყო შებმული. ასურელ მეფეს ალბათ გრძელი მანტია ესხა, ბრტყელი, წვეტიანი ქუდი ეხურა, ოთხკუთხად შეკრეჭილი, გრძელი, დაწნული წვერი ჰქონდა, ეკეთა ვარდისორნამენტიანი სამაჯური, ხელთ ეპყრა მშვილდი და ლომებით მორთულ ქარქაშში ხმალი ჰქონდა ჩაგებული. სინაქერიბი თავს ლომად უფრო მიიჩნევდა, ვიდრე ბიბლიურ არწივად ან ბაირონისეულ მგლად. ასურელი მეფეები იშთარის ტაძარში გამართულ გამარჯვებისადმი მიძღვნილ ზეიმებში ლომის ტყავს იცვამდნენ, სასახლეებს ლომ-სფინქსებით რთავდნენ და დაუნდობლად ნადირობდნენ ლომებზე, რადგან ეს დიდ მეფეთა შესაფერის გასართობად მიაჩნდათ. სინაქერიბმა იერუსალიმს გვერდით ჩაუარა და ხიზკიას მეორე ციხე-ქალაქს, სამხრეთით მდებარე ლაქიშს შემოარტყა ალყა. ასურეთის მეფის ნინევიური სასახლის ბარელიეფიდან ვიცით, როგორ გამოიყურებოდა მისი (და იუდაელთა) ლაშქარი: ასურელებს, იმპერიის პოლიგლოტ ჯარისკაცებს, თმა დაწნული ჰქონდათ, ტუნიკები და ჯაჭვის პერანგები ეცვათ, წვეტიანი ჩაჩქანები ეხურათ, მეეტლეებად, შუბოსნებად, მშვილდოსნებად და მეშურდულეებად იყვნენ დაყოფილები. მათ საალყე მიწაყრილები ააგეს, მესანგრეებმა კედლებს ძირი გამოუთხარეს, საზარელი საალყე მანქანებით მტკიცე სიმაგრეები დაანგრიეს. მშვილდოსნები და მეშურდულეები ქალაქს მწველ ხანძარში ხვევდნენ, ლაშქრის ქვეითები კი კიბეებით ქალაქის გალავანზე გადადიოდნენ. არქეოლოგებმა 1500 დახოცილი და გატყავებული კაცის, ქალისა და ბავშვის საერთო საფლავი ამოთხარეს. ზუსტად იგივე სცენაა გამოსახული ნინევიის სასახლის ბარელიეფზე. ქალაქის მოსახლეობის დიდი ნაწილი ხოცვა-ჟლეტას გაექცა. იერუსალიმმა შეიტყო, წინ რა ელოდა. სინაქერიბმა მალე დაამარცხა ხიზკიას დასახმარებლად მოსული ეგვიპტური არმია, იუდა ააოხრა და იერუსალიმს ჩრდილოეთიდან შემოერტყა. ასურეთის მეფე ზუსტად იმ ადგილას დაბანაკდა, სადაც ტიტუსი - ხუთასი წლის შემდეგ. ხიზკიამ იერუსალიმს გარეთ ყველა წყარო მოაწამვლინა. ქალაქის ახალ გალავანზე გამაგრებულ მის ჯარისკაცებს თავზე გრძელ ყურსაცმიანი დოლბანდები ჰქონდათ წაკრული, საბარკულები ეკეთათ, მოკლე კილტები და ჩექმები ეცვათ. ქალაქში ალბათ პანიკა ატყდა, როცა მტერი გამოჩნდა. სინაქერიბმა თავისი სარდლები გაგზავნა მოსალაპარაკებლად, ასე შეუთვალა იერუსალიმს, წინააღმდეგობის გაწევას აზრი არ აქვსო. წინასწარმეტყველმა მიქამ სიონის განადგურება განჭვრიტა. თუმცა, მოხუცმა ესაიამ მოთმინების გამოჩენა ურჩია მეფეს, იაჰვე დაგვეხმარებაო. ხიზკიამ ტაძარში ილოცა. სინაქერიბი ტრაბახობდა, იერუსალიმი ჩიტივით გალიაში გამოვამწყვდიეო. მაგრამ ესაია მართალი გამოდგა: ღმერთი ჩაერია. მენაშე: ჯოჯოხეთის ველზე შეწირული ბავშვი „გავიდა უფლის ანგელოზი და მუსრი გაავლო ას ოთხმოცდახუთი ათას კაცს ასურელთა ბანაკში... ადგა ხალხი დილით ადრე და აჰა, მკვდარი იყო ყველა“. ასურელთა ბანაკი უეცრად დაიშალა. სავარაუდოდ, ისინი აღმოსავლეთში ატეხილი აჯანყების ჩასახშობად გაეშურნენ. „ასე აიყარა სინაქერიბი, ასურეთის მეფე“. იაჰვემ უთხრა სინაქერიბს: „შენ უკან თავს აქნევს იერუსალიმის ასული“ - ასეთია ამ ამბის იერუსალიმური ვერსია. მაგრამ სინაქერიბის მემატიანეები ხიზკიას შთამბეჭდავ ხარკს ახსენებენ, რომელიც 30 ტალანტი ოქროსა და 800 ტალანტი ვერცხლისგან შედგებოდა. როგორც ჩანს, ხიზკიამ ასურელები მოქრთამა, რათა წასულიყვნენ. თუმცა, სინაქერიბმა იუდას სამეფო იმდენად შეამცირა, რომ მისგან ლამის მხოლოდ იერუსალიმი დარჩა. ასურეთის მეფე იმასაც ტრაბახობს, 200150 ადამიანი გადავასახლეო. ალყის მოხსნიდან მალევე ხიზკია გარდაიცვალა და მისი ვაჟი მენაშე ასურეთის ერთგულ ვასალად იქცა. მან უმოწყალოდ გაანადგურა ყველა მისი მოწინააღმდეგე იერუსალიმში, არაბ მეფის ასულზე დაქორწინდა, მამამისის მიერ გატარებულ რეფორმებზე უარი თქვა, ტაძარში წმინდა რიტუალებისთვის მამაკაცი მეძავები შეუშვა და ბაალისა და აშერას კერპები აღმართა. რაც ყველაზე საშინელია, მან ჰინომის ველზე, თოფეთზე, ბავშვების დასაწვავ მსხვერპლად შეწირვის რიტუალი აღადგინა და მის ხშირად ჩატარებას ხელს უწყობდა. მან თავისი ვაჟიც არ დაინდო და „გაატარა ცეცხლში“... როგორც ამბობენ, მღვდლებს დოლების ბრაგაბრუგის თანხლებით მიჰყავდათ მსხვერპლი იქამდე, რათა მშობლებს საკუთარი შვილების კივილი არ გაეგონათ. მენაშეს წყალობით, ჰინომის ველი არა მხოლოდ სიკვდილის ველად იქცა, არამედ, გეენად, „ჯოჯოხეთად“ ებრაელებისთვის, მოგვიანებით კი ქრისტიანებისა და მუსლიმებისთვისაც. თუკი ტაძრის მთა იერუსალიმის პირადი სამოთხეა, გეენა მის ჰადესად შეგვიძლია მივიჩნიოთ. ძვ. წ. 626 წელს ნაბოპოლასარმა, ქალდეველმა სარდალმა, ბაბილონში ძალაუფლება იგდო ხელთ და ასურეთის იმპერიის ნგრევა დაიწყო, ხოლო თავისი გმირობები ბაბილონურ ქრონიკებში აღწერა. ძვ. წ. 612 წელს ბაბილონელთა და მიდიელთა ალიანსმა ნინევია აიღო. ხოლო ძვ. წ. 609 წელს მენაშეს მემკვიდრე, ჯერ კიდევ რვა წლის ასაკში მენაშესთან ერთად გამეფებული იოშია, მესიის მმართველობის ოქროს ხანის მაცნედ იქცა. 5. ბაბილონელი მეძავი ძვ. წ. 586-539 იოშია: რევოლუციონერი მხსნელი ნამდვილი სასწაული მოხდა: ასურეთის ბოროტების იმპერია დაიშალა და იუდას სამეფო გათავისუფლდა. იოშიამ თავისი სამეფოს საზღვრები ჩრდილოეთით ისრაელის ყოფილ მიწებამდე გააფართოვა, სამხრეთით - წითელ ზღვამდე, ხოლო აღმოსავლეთით - ხმელთაშუა ზღვამდე. მისი მეფობის მეთვრამეტე წელს მღვდელმთავარმა ხილკიამ ტაძრის პალატებში დავიწყებული ხელნაწერები იპოვა. იოშიამ სათანადოდ შეაფასა ამ დოკუმენტის ძალა: „რჯულის წიგნის“ ეს ადრეული ვერსია, ალბათ, ისრაელის სამეფოს დაცემის შემდეგ დევნილმა ებრაელებმა ჩაიტანეს იერუსალიმში და წარმართ მენაშეს ტაძარში გადაუმალეს. იოშიამ იუდაელები უფლის სახლში შეკრიბა, თვითონ ტოტემურ სიმბოლოსთან, სამეფო სვეტთან დადგა და აღთქმა დადო იაჰვესთან, რომ მის რჯულს დაიცავდა. მეფემ სწავლულებს უბრძანა, უძველეს იუდაელთა ისტორია ჩაეწერათ და მითიური პატრიარქების, წმინდა მეფეების - დავითისა და სოლომონის და იერუსალიმის ამბები ერთმანეთთან დაეკავშირებინათ, რათა ამით აწმყოსთვის ნათელი მოეფინათ. ეს ბიბლიის შექმნისკენ გადადგმული მორიგი ნაბიჯი იყო. ხშირად „რჯულის წიგნს“ შეცდომით ათარიღებენ და მის ავტორად მოსეს მიიჩნევენ, მაგრამ სოლომონის ტაძრის ბიბლიური აღწერილობა აშკარად ირეკლავს ნამდვილ, მაგრამ გაცილებით გვიანდელ, იოშიას - ახალი დავითის - დროინდელ იერუსალიმს. ამგვარად, წმინდა მთა არც მეტი, არც ნაკლები, „ჰა-მაკომად“ - „ადგილად“ იქცა. მეფემ კედრონის ხევში კერპები დაამსხვრევინა და ტაძრიდან მამაკაცი მეძავები გააყრევინა. ჯოჯოხეთის ველზე ბავშვთა შესაწირავები გაანადგურა, ხოლო კერპთაყვანისმცემელი ქურუმები დახოცა და მათი მტვრად ქცეული ძვლები მათსავე სამსხვერპლოებზე მიმოყარა. ერთი შეხედვით, იოშიას რეფორმები სასტიკი, მკაცრი და პურიტანული მოგეჩვენებათ. მან პასექის დღესასწაულიც იზეიმა. „არ ყოფილა მანამდე მისი მსგავსი მეფე“. თუმცა იოშია სახიფათო თამაშს თამაშობდა. როცა ნექო, ეგვიპტის ფარაონი, საბრძოლველად გამოვიდა, იოშიამ, რომელსაც არ სურდა, ასურეთი ეგვიპტის გავლენის ქვეშ მოქცეულიყო, მისი შეჩერება სცადა. ძვ. წ. 609 წელს ფარაონმა იუდაელთა ლაშქარი გაანადგურა და მეგიდოში იოშიაც მოკლა. იოშია დამარცხდა, მაგრამ აღსანიშნავია, რომ დავითიდან იესომდე ისრაელიანებს ასეთი ოპტიმისტი და რეფორმატორი მმართველი არ ჰყოლიათ. დამოუკიდებლობის მოპოვების იმედი მეგიდოში გადაიწურა. ხოლო სახელი „მეგიდო“ კატასტროფის სინონიმად, „არმაგედონად“ იქცა. ფარაონი იერუსალიმისკენ გაემართა და იუდას ტახტზე იოშიას ძმა, იეჰოიაკიმი აიყვანა. მაგრამ ეგვიპტემ ახალი ახლოაღმოსავლური იმპერიის შექმნას ხელი ვერ შეუშალა. ძვ. წ. 605 წელს ბაბილონის მეფის ძემ, ნაბუქოდონოსორმა, ეგვიპტელები ქარხემიშის ბრძოლაში შემუსრა. ასურეთმა არსებობა შეწყვიტა და იუდას მიწა ბაბილონს ერგო მემკვიდრეობით. ძვ. წ. 597 წელს იეჰოიაკიმმა იმ არასტაბილურ ვითარებაში იუდას სამეფოს უცხოური უღლიდან გათავისუფლება მოინდომა და ღვთის კეთილგანწყობის მოსაპოვებლად საყოველთაო მარხვა გამოაცხადა. მრჩეველმა და წინასწარმეტყველმა იერემიამ თავისი პირველი იერემიადით გააფრთხილა მეფე, უფალი იერუსალიმს გაანადგურებსო; მაგრამ მეფე იეჰოაკიმმა საჯაროდ დაწვა იერემიას ხელნაწერები. მან ეგვიპტესთან დადო სამხედრო კავშირი, მაგრამ როცა იერუსალიმისკენ ახალი დამპყრობელი დაიძრა, ეგვიპტელები დასახმარებლად არ მოსულან. ნაბუქოდონოსორი „ქისლევის მეშვიდე თვეს, - წერს ნაბუქოდონოსორის მემატიანე დღემდე შემონახულ თიხის ფირფიტაზე, - ბაბილონის მეფემ ხატების [სირიის] მიწაზე გაილაშქრა, იუდას ქალაქს [იერუსალიმს] ალყა შემოარტყა, ადარის თვის მეორე დღეს [ძვ. წ. 697 წლის 16 მარტს] ქალაქი აიღო და მეფე შეიპყრო“. ნაბუქოდონოსორმა ტაძარი გაძარცვა და მეფე, 10 000 დიდებული, ხელოსანი და ახალგაზრდა ბაბილონში გადაასახლა. იქ იეჰოიაკიმი დამპყრობლის სასახლის კარზე ცხოვრობდა. ნაბუქოდონოსორი უზურპატორის შვილი იყო, მაგრამ იმპერიის ეს ენერგიული მშენებელი თავს დედამიწაზე ბაბილონის მფარველი ღმერთის ბელ-მარდუქის მოადგილედ მიიჩნევდა. მან ასურელებისგან სასტიკი რეპრესიების სტილი შეითვისა, იმავდროულად, თავს ღვთისმოსავ და სათნო პიროვნებად წარმოაჩენდა. შინ „ძლიერი სუსტს ჩაგრავდა და ძარცვავდა“, მაგრამ ნაბუქოდონოსორი „დღე და ღამეს ასწორებდა და ბევრს ფიქრობდა“, რომ ყველასთვის სამართლიანი განაჩენი გამოეტანა. თუმცა, იუდაელი ტყვეებისთვის ის ალბათ სულაც არ ყოფილა ეგრეთ წოდებული „სამართლიანი მეფე“. სამშობლოდან გადასახლებული იუდაელები აღმოჩნდნენ ქალაქში, რომელთან შედარებითაც სიონი პატარა სოფლად მოგეჩვენებოდათ. იერუსალიმში სულ რამდენიმე ათასი ადამიანი ცხოვრობდა, ხოლო ბაბილონი მეოთხედი მილიონი მაცხოვრებლით იმდროინდელი მსოფლიოს უდიდეს და უმდიდრეს მეტროპოლისად ითვლებოდა; როგორც ამბობდნენ, მის ქუჩებში სიყვარულისა და ომის ქალღმერთი იშთარი ფეხაკრეფით დაიპარებოდა და ფუნდუკებსა და ხეივნებში კოცნიდა თავის საყვარლებს. ნაბუქუდონოსორმა ბაბილონი საკუთარი გემოვნებით მოაწყო: გრანდიოზული, ცისფრად შეღებილი (ცისფერი მეფის საყვარელი ფერი იყო) ნაგებობები ირეკლებოდა კიდეგანიერი ევფრატის არხებში; იშთარის კარიბჭის ოთხი კოშკი ლურჯად მოჭიქული აგურებით იყო ნაგები და ყვითელი დრაკონებითა და ხარებით მოხატული. კარიბჭე შედიოდა ქალაქის ტრიუმფალურ ბულვარზე - საპროცესიო გზაზე. ხოლო სასახლე, მეფისვე სიტყვებით „სანახავად მოსაწონი, ბრწყინვალე ტაძარი და სამეფო სამყოფელი“, ბუმბერაზი ლომებით იყო მორთული. დაკიდებული ბაღები მეფის საზაფხულო რეზიდენციას ამშვენებდა. ბაბილონის მფარველი ღმერთის, მარდუქის პატივსაცემად ნაბუქოდონოსორმა ზიქურათი - შვიდიარუსიანი, ბრტყელთავიანი პირამიდა - აღმართა. სწორედ ეს „ცისა და მიწის საძირკველი“ იყო ალბათ ბაბილონის გოდოლი; და არც მრავალენოვნება იყო ახლო აღმოსავლეთის ყველაზე კოსმოპოლიტური ქალაქისთვის უცხო. იერუსალიმში ნაბუქოდონოსორმა გადასახლებული მეფის ბიძა, ციდკია გაამეფა. ძვ. წ. 594 წელს ციდკია ბაბილონს ეწვია, რათა ნაბუქოდონოსორისთვის მორჩილების ფიცი მიეცა, მაგრამ უკან დაბრუნებულმა ციდკიამ, წინასწარმეტყველ იერემიას სიტყვებს - ბაბილონელები ქალაქს გაანადგურებენო, - ყური არ უგდო და აჯანყება დაიწყო. ნაბუქოდონოსორი აჯანყების ჩასახშობად სამხრეთში გაემართა. ციდკიამ ეგვიპტელებს სთხოვა დახმარება, მაგრამ მათ მიერ გამოგზავნილი მცირერიცხოვანი ჯარი ბაბილონელებმა სწრაფად დაამარცხეს. იერემიამ იერუსალიმში გამეფებულ პარანოიას გარიდება სცადა, მაგრამ კარიბჭესთან დააპატიმრეს. მეფემ, რომელსაც თან რჩევები სჭირდებოდა, მაგრამ ღალატსაც ვერ ჰპატიობდა იერემიას, ის სამეფო სასახლის ქვეშ, დილეგში ჩააგდებინა. ნაბუქოდონოსორი თვრამეტი თვის განმავლობაში ძარცვავდა და აოხრებდა იუდას მიწას, ხოლო იერუსალიმი ბოლოსთვის მოიტოვა. ძვ. წ. 587 წელს ნაბუქოდონოსორმა იერუსალიმი მიწაყრილებისა და გალავნის ალყაში მოაქცია. „შიმშილი გაძლიერდა ქალაქში“, - წერს იერემია. ბავშვებს „გული წაუვიდათ, ყოველი ქუჩის თავში ყრიან“. როგორც ჩანს, ქალაქს კანიბალიზმიც მოედო: „ჩემი ერის ასული გულქვა ხდება... საცოდავი ქალები საკუთარი ხელით ხარშავდნენ თავიანთ შვილებს: საზრდოდ რომ ჰქონოდათ ჩემი ერის ასულის დაღუპვის ჟამს“. მალე მდიდრებიც კი სასოწარკვეთილებაში ჩაცვივდნენო, წერს „მოთქმა-გოდების“ ავტორი: „ძოწეულში ნახვევნი ნაკელში ყრიან“. არქეოლოგებმა ალყის დროინდელი საკანალიზაციო მილი იპოვეს: იუდაელები ძირითადად ოსპით, ხორბლითა და ქერით საზრდოობდნენ, მაგრამ ამ მილის გამოკვლევით დადგინდა, რომ ალყის დროს ქალაქელები მხოლოდ ბალახეულით იკვებებოდნენ და კუჭ-ნაწლავის დაავადებებით გარდაცვლილან. ებრაული აბის თვის მეცხრე დღეს, ძვ. წ. 586 წლის აგვისტოში, თვრამეტთვიანი იერიშების შემდეგ, ნაბუქოდონოსორი ცეცხლმოკიდებულ ქალაქში შეიჭრა. ეტყობა, ხანძარი აალებულმა ჩირაღდნებმა და ისრებმა გამოიწვია (დღევანდელ ებრაულ კვარტალში ნაცრისა და ნახშირის ფენაში ისრის ბუნიკები აღმოაჩინეს). ცეცხლმა, რომელმაც ქალაქში სახლები გადაწვა, ისე ძლიერ გაამაგრა ბიუროკრატიული ბეჭდები - „ბულაები“, რომ ისინი დამწვარ სახლებს შორის ჩვენს დრომდე შემოინახა. დამპყრობლებმა როგორც სხვა დაცემული ქალაქები, იერუსალიმიც პირწმინდად გაძარცვეს. დახოცილებს უფრო გაუმართლათ, რადგან შიმშილობას გადარჩნენ: „თონესავით გვიხურს კანი შიმშილისგან. ქალებს ნამუსს ხდიან სიონში; ხელებით კიდებენ მთავრებს“. სამხრეთიდან ედომელები შემოიჭრნენ ქალაქში ძარცვა-გლეჯაში მონაწილეობის მისაღებად. „იხარე და იმხიარულე, ედომის ასულო... შენთანაც ჩამოივლის თასი: დათვრები და გაშიშვლდები!“ ედომელები, 137-ე ფსალმუნის მიხედვით, ბაბილონელებს აქეზებდნენ: „დაანგრიეთ, დაანგრიეთ ძირისძირამდე. ნეტარია, რომელმაც შეიპყროს და მიახეთქოს ჩვილნი შენნი კლდეს“. სანამ ბაბილონელები იერუსალიმს აპარტახებდნენ, იერემია დილეგში იყო გამომწყვდეული. ნაბუქოდონოსორი: განადგურებული ქალაქი ციდკია სილოამის აუზთან გამოიჭრა კედლიდან და იერიქონისკენ გაქცევა სცადა, მაგრამ ბაბილონელებმა მეფე შეიპყრეს და ნაბუქოდონოსორს მიჰგვარეს, „რათა მას განაჩენი გამოეტანა მისთვის... თვალწინ დაუხოცეს ვაჟები ციდკიას. ციდკია დააბრმავეს, სპილენძის ბორკილები დაადეს და ბაბილონში წაიყვანეს“. როგორც ჩანს, ბაბილონელებმა სასახლის დილეგში იერემია იპოვეს და მიჰგვარეს ნაბუქოდონოსორს, რომელმაც ჯერ დაჰკითხა ის და ბოლოს იერუსალმის გამგებლად დატოვებულ მცველთა უფროსს, ნებუზარადინს გადასცა. ნაბუქოდონოსორმა 20 000 იუდაელი გადაასახლა ბაბილონში, თუმცა, იერემიას თქმით, მდაბიონი და ღატაკნი იუდას მიწაზე დატოვა. ერთი თვის შემდეგ ნაბუქოდონოსორმა თავის სარდალს უბრძანა, ქალაქი მიწასთან გაესწორებინა. ნებუზარადინმა „გადაწვა უფლის სახლი, მეფის სასახლე და ყველა სახლი იერუსალიმში“, აგრეთვე „დაანგრია იერუსალიმის მთელი გალავანი“. ტაძარი განადგურდა, ოქროსა და ვერცხლის ჭურჭელი გაზიდეს, ხოლო აღთქმის კიდობანი სამუდამოდ დაიკარგა. „შენი საწმინდარი ცეცხლს მისცეს“, ღაღადებს 74-ე ფსალმუნი. ნაბუქოდონოსორის წინაშე მღვდლებიც დახოცეს. როგორც ტიტუსის დროს, ახ. წ. 70 წელს, ტაძრისა და სასახლის ნანგრევები ალბათ ქვემოთ, ხეობაში ჩაიშალა. „როგორ კარგავს ბზინვარებას მბზინავი ოქრო, ხალასი ოქრო! როგორ მიმოიფანტა ყოველი ქუჩის თავში ტაძრის წმინდა ქვები!“ ქუჩები დაცარიელდა: „ო, როგორ მარტოდმარტო ზის ერთ დროს ხალხით სავსე ქალაქი!“ შეძლებულები გაღარიბდნენ: „ნუგბარის მჭამელები ქუჩაში ეყარნენ“. გაპარტახებულ სიონის მთაზე მელიები დაძრწოდნენ. იუდაელები თავიანთ იერუსალიმს მოტირალ ქალს ადარებდნენ: „გულამოსკვნილი ტირის ღამით და ცრემლები ჩამოდის ლოყებზე. არავინ ჰყავს მანუგეშებელი თავის მოყვარულთაგან“. ტაძრის განადგურება არა მხოლოდ ქალაქის, არამედ მთელი ერის სიკვდილს მოასწავებდა. „გლოვობენ სიონის გზები, რადგან არავინ მიდის დღესასწაულებზე. განადგურდა ყველა მისი კარიბჭე: ოხრავენ მისი მღვდლები... ტოვებს სიონის ასულს მთელი მისი ბრწყინვალება. გვირგვინი ჩამოგვივარდა თავიდან“. იუდაელთათვის თითქოს სამყაროს აღსასრული დადგა, ანუ, როგორც „დანიელის წიგნი“ უწოდებს -„გატიალების სიბილწე“. წესით, იუდაელებიც უნდა გადაშენებულიყვნენ, როგორც მფარველი ღმერთისგან მიტოვებული სხვა ერები გადაშენდნენ, მაგრამ ებრაელებმა როგორღაც მოახერხეს ამ კატასტროფის ჭკუის სასწავლებელ გამოცდილებად გარდაქმნა, ამით კიდევ უფრო გაძლიერდა იერუსალიმის სიწმინდის ცნება და შეიქმნა განკითხვის დღის პროტოტიპი. ამ ჯოჯოხეთურმა ნგრევამ იერუსალიმი სამივე რელიგიისთვის ბოლო ჟამისა და ცათა სასუფევლის დამყარების ადგილად აქცია. ეს იყო აპოკალიფსი, ანუ „გამოცხადება“ ბერძნულად. სწორედ ასეთ საზარელ დღეებს წინასწარმეტყველებდა იესო ქრისტე. ამ ნგრევამ განსაზღვრა ქრისტიანობის არსი და მარადიული არსებობის იმედი, ხოლო მუჰამადმა ნაბუქოდონოსორის სისასტიკეში ღვთის მიერ ებრაელებისთვის ღვთიური მადლის წართმევა და მუსლიმებისთვის გზის გახსნა დაინახა. ბაბილონურ გადასახლებაში მყოფი იუდაელების ნაწილი თავის ღმერთსა და სიონს მაინც ერთგულებდა. იმ დროს, როცა ჰომეროსის პოემები ბერძნების ეროვნულ ეპოსად იქცა, იუდაელებმა ბიბლიური ტექსტების შეთხზვითა და მშობლიურ ქალაქზე დარდით საკუთარი ეროვნული იდენტობის ჩამოყალიბება დაიწყეს: „ბაბილონის მდინარეებთან ვისხედით და ვტიროდით, ოდეს გიგონებდით შენ, სიონო. ძეწნათა შორის ჩამოვკიდეთ ჩვენი ქნარები“. როგორც 137-ე ფსალმუნიდან ჩანს, თვით ბაბილონელებსაც კი მოსწონდათ იუდაელთა სიმღერები: „ჩვენი დამატყვევებლები სიმღერას გვთხოვდნენ და ჩვენი მჩაგვრელები - მხიარულებას: გვიმღერეთო სიონის რომელიმე სიმღერა. როგორ ვიმღეროთ უფლის სიმღერა უცხო მიწაზე?“ მაგრამ სწორედ ბაბილონში დაიწყო ბიბლიის შექმნა. სანამ დანიელის მსგავსი ახალგაზრდა იერუსალიმელები ბაბილონის სამეფო კარზე განათლებას იღებდნენ, ხოლო პრაგმატული ებრაელები ბაბილონელებად იქცნენ, იუდაელებმა „ახალი რჯული“ შექმნეს იმის ხაზგასასმელად, რომ ისინი შორეული და განსაკუთრებული ერის შვილები იყვნენ. ისინი იცავდნენ შაბათის წესს, შვილებს წინადაცვეთდნენ, მარხულობდნენ და ბავშვებს ებრაულ სახელებს არქმევდნენ, რადგან იერუსალიმის დანგრევამ ყველას უჩვენა, რა მოჰყვებოდა ღვთის რჯულის დარღვევას. იუდას მიწიდან გადასახლებული იუდაელები იუდეველებად, ებრაელებად იქცნენ.[26] გადასახლებულებმა ბაბილონი უკვდავყვეს წოდებით „მშობელი მეძავთა და დედამიწის სისაძაგლეთა“. თუმცა, ბაბილონის იმპერია ყვაოდა, ნაბუქოდონოსორის მეფობა ორმოც წელზე მეტხანს გაგრძელდა. წინასწარმეტყველი დანიელი ამტკიცებს, ბოლოს მეფე ჭკუიდან შეიშალაო: „გააძევეს ადამიანებისგან. ხარივით ჭამდა ბალახს... მისი ფრჩხილები დაემსგავსა ფრინველის კლანჭებს“ - შესაფერისი სასჯელია მისი დანაშაულებისთვის (და შთაგონების წყარო უილიამ ბლეიკის ნახატებისთვის). გადასახლებულ იუდაელთა გასაკვირად და გასახარად, ამ სასჯელს ისიც დაემატა, რომ ნაბუქოდონოსორის ვაჟი, ამელ-მარდუქი, იმდენად უვარგისი აღმოჩნდა, რომ მასზე იმედგაცრუებულმა მამამ დილეგში ჩააგდებინა. პატიმრობაში ამელ-მარდუქი იუდას მეფეს, იეჰოიაქინს დაუმეგობრდა. ბელშაცარის ნადიმი ბაბილონის სამეფო ტახტზე ასვლის შემდეგ ამელ-მარდუქმა სამეფო სისხლის იუდაელი მეგობარი გაათავისუფლა. მაგრამ ძვ. წ. 556 წელს ამელ-მარდუქის დინასტია დაამხეს. ახალმა მეფემ, ნაბონიდუსმა, ბაბილონის მფარველი ღმერთი ბელ-მარდუქი უარყო, მთვარის ღმერთს, სინს სცა თაყვანი და შორს, არაბეთის უდაბნოში, თემაში გადასახლდა. მალე ნაბონიდუსს უცხო სნეულება შეეყარა, შეიშალა და სწორედ მას (და არა, ნაბუქოდონოსორს, როგორც დანიელი ამტკიცებდა) „აჭმევდნენ ბალახს, როგორც ხარს“. ბიბლიის მიხედვით, მეფის არყოფნაში მისმა ძემ, რეგენტმა ბელშაცარმა დიდი ლხინი გამართა, რომელზეც იერუსალიმის ტაძრიდან წამოღებულ ოქრო-ვერცხლის ჭურჭელს იყენებდნენ. და უცებ კედელზე ღვთის სიტყვები დაიწერა: „მენე, მენე, თეკელ უფარსინ“. წარწერა გაშიფრეს და ის გამაფრთხილებელი სიტყვები აღმოჩნდა. ბელშაცარს შიშით გააცახცახა. იმპერიის დღეები დათვლილი იყო. ბაბილონელი მეძავის ბედი გადაწყდა. ძვ. წ. 539 წელს ბაბილონი სპარსელებმა აიღეს. ებრაელები ბევრჯერ სასწაულებრივად გადარჩენილან განადგურებას, მაგრამ ეს ყველაზე დრამატული შემთხვევა იყო მათ ისტორიაში. ბაბილონის მდინარეების ნაპირებთან გატარებული ორმოცდაშვიდი წლის შემდეგ ერთი ადამიანის გადაწყვეტილებამ ისეთივე მნიშვნელოვანი როლი შეასრულა სიონის აღდგენაში, როგორიც დავითისამ. 6. სპარსელები ძვ. წ. 539-336 კიროს დიდი ასტიაგეს, მიდიელ მეფეს, რომელიც დასავლეთ სპარსეთში ზეობდა, ესიზმრა, რომ მისი ქალიშვილი ოქროს მდინარეს შარდავდა და შარდი მთელ სამეფოს ესხმებოდა. მაგებმა (მოგვებმა), სპარსელმა ქურუმებმა, მეფეს სიზმარი ასე აუხსნეს: რომელიმე შენი შვილიშვილი მმართველობაში შეგეცილებაო. ასტიაგემ ქალიშვილი სუსტსა და უსაფრთხო მეზობელს, ანშანის მეფეს მიათხოვა. ამ ქორწინებისგან იშვა კუროშ, ანუ კიროს დიდი. მალე ასტიაგეს ისიც ესიზმრა, რომ მისი ქალიშვილის საშოდან ვაზი იზრდებოდა და თვითონ მის ჩრდილში ექცეოდა - ეს „ჯეკისა და ლობიოს ღეროს“ სექსუალურ-პოლიტიკური ვერსიაა. ასტიაგემ თავის სარდალს, ჰარპაგოსს, პატარა კიროსის მოკვლა უბრძანა, მაგრამ ბიჭი მწყემსმა გადამალა. როცა ასტიაგემ შეიტყო, რომ კიროსი გადარჩა, ჰარპაგოსის ძე დააკვლევინა და მისი შემწვარი ხორცი მამამისს შეაჭმევინა. ჰარპაგოსს ეს სადილი არ დავიწყებია და არც უპატიებია. ძვ. წ. 559 წელს, მამის სიკვდილის შემდეგ, კიროსი დაბრუნდა და თავისი სამეფო დაიპყრო. ასტიაგეს, რომელსაც, როგორც ბერძენი ისტორიკოსი, ჰეროდოტე ამბობს, სწამდა, რომ სპარსეთში ყოველი საქმის გადასაწყვეტად სქესობრივი თუ შარდით მკითხაობა იყო საჭირო, საშინელი სიზმრები აუხდა. კიროსმა ჰარპაგოსის დახმარებით ჯერ პაპამისი დაამარცხა და შემდეგ მიდიელები და სპარსელები გააერთიანა. სანამ კიროსი სამხრეთში ბელშაცარის ბაბილონს დაესხმოდა თავს, დასავლეთ თურქეთში ლიდიის მდიდარ მეფეს, კრესოსს დაუპირისპირდა. კიროსმა აქლემების კავალერიით გააკვირვა კრესოსი მისსავე დედაქალაქში. ლიდიური ცხენები მაშინვე დაფრთხნენ, როგორც კი აქლემების სუნი ეცათ. ამ გამარჯვების შემდეგ კიროსი ბაბილონისკენ შეტრიალდა. ნაბუქოდონოსორის ცისფრად შეღებილმა მეტროპოლისმა ფართოდ გაუღო კარები კიროსს, რომელმაც დიდი სიბრძნე გამოიჩინა და თაყვანი სცა ბელ-მარდუქს, ბაბილონის უარყოფილ მფარველ ღმერთს. ბაბილონის დაცემამ გადასახლებული ებრაელები ძალიან გაახარა: „უფალმა მოიმოქმედა ეს! იყიჟინეთ... სიხარულით იხმიანეთ, მთებო, ტყეო და ყოველო ხეო, რომელიც მასში ხარ, რადგან უფალმა გამოისყიდა იაკობი და ისრაელში განდიდდა“. კიროსმა ბაბილონი დაიპყრო და შესაბამისად, იერუსალიმიც მისი სამფლობელო გახდა: „დედამიწის ყოველმა მეფემ, - ამბობს კიროსი, - დიდძალი ხარკი მომართვა და ფეხები დამიკოცნა, როცა ბაბილონის ტახტზე ვიჯექი“. კიროსს იმპერიის მომავალზე განსხვავებული შეხედულება ჰქონდა. განსხვავებით ასურელებისა და ბაბილონელებისგან, რომელთა იმპერიებიც ხოცვა-ჟლეტასა და გადასახლებებზე იყო დაფუძნებული, კიროსი რელიგიურ ტოლერანტობას იჩენდა „ხალხის ერთ იმპერიაში გასაერთიანებლად“ საჭირო პოლიტიკური ძალაუფლებისთვის. მალე სპარსეთის მეფემ გამოსცა ბრძანებულება, რომელმაც ებრაელები ძლიერ გააოცა: „ქვეყნიერების ყველა სამეფო მომცა მე უფალმა ღმერთმა და მანვე მიბრძანა, ავუშენო მას სახლი იერუსალიმში. ვინ არის თქვენ შორის ამ ხალხიდან? წავიდეს იერუსალიმში და აუშენოს სახლი უფალს, ისრაელის ღმერთს!“ კიროსი იუდაელებს არა მხოლოდ სახლში აბრუნებდა და მათი უფლებებისა და რჯულის დაცვის გარანტადაც გამოდიოდა (რაც მანამდე არც ერთ უცხოელ მეფესა თუ მმართველს არ გაეკეთებინა), არამედ იერუსალიმის მათ მფლობელობაში დაბრუნებას და ტაძრის აღდგენასაც ჰპირდებოდა. კიროსმა იერუსალიმის მმართველად იუდას ბოლო მეფის ძე, შეშბაცარი დანიშნა და ტაძრის ჭურჭელიც დაუბრუნა. რა გასაკვირია, რომ იუდეველმა წინასწარმეტყველმა კიროსი მესიად შერაცხა. „ჩემი მწყემსია და ყოველ სურვილს შემისრულებს! და ეუბნება იერუსალიმს: აშენდები! და სასახლეს: ჩაიყრება შენი საძირკველი!“ შეშბაცარი 42 360 გადასახლებულს იერუსალიმში შეუძღვა, იეჰუდას ანუ იუდას პროვინციაში. ბრწყინვალე ბაბილონთან შედარებით, იერუსალიმი ნამდვილ უდაბნოს ჰგავდა; ესაია წერს: „გაიღვიძე, გაიღვიძე, შეიმოსე ძალი შენი, სიონო! შეიმოსე შენი დიდების სამოსელი, იერუსალიმო, წმინდა ქალაქო... ჩამოიფერთხე მტვერი, აღდექ... დატყვევებულო სიონის ასულო!“ თუმცა, მეფე კიროსსა და გადასახლებიდან დაბრუნებულებს გეგმები იუდეაში დარჩენილებმა, კერძოდ, სამარიელებმა, აურდაურიეს. გადასახლებიდან დაბრუნებიდან ცხრა წელიწადში დიდების მწვერვალზე მყოფი კიროსი ცენტრალურ აზიაში ბრძოლისას დაიღუპა. როგორც ამბობდნენ, გამარჯვებულმა მეტოქემ მოკლული მეფის თავი სისხლით სავსე ღვინის ტიკში ჩააგდო, რათა სხვათა მიწებისადმი მისი დაუოკებელი წყურვილი ასე დაეცხრო. კიროსის მემკვიდრემ მამის ცხედარი დაიბრუნა და ფასარგადში (სამხრეთ ირანში), ოქროს სარკოფაგში ჩაასვენა. კიროსის აკლდამა დღესაც არსებობს. „ის ყველა მონარქს აღემატებოდა, წინამორბედებსაც და მის შემდგომებსაც“, - წერს ბერძენი ჯარისკაცი ქსენოფონტი. იერუსალიმმა მფარველი დაკარგა. დარიოსი და ზერუბაბელი: ახალი ტაძარი მანამდე არსებულთაგან ყველა იმპერიაზე უდიდესის, კიროსის იმპერიის ბედი იერუსალიმთან ახლოს გადაწყდა. კიროსის ძე, კამბის II - იგივე კამბუჯია - ტახტზე ავიდა და ძვ. წ. 525 წელს ღაზა დალაშქრა, საიდანაც, სინაის გავლით, ეგვიპტეში შეიჭრა. მაგრამ ამასობაში სპარსეთში საკუთარი ძმა აუჯანყდა. აჯანყების ჩასახშობად და ტახტის შესანარჩუნებლად უკან დაბრუნებული კამბის II ღაზასთან იდუმალ ვითარებაში დაიღუპა. იქვე შვიდმა დიდებულმა პირი შეკრა და იმპერიის ხელში ჩასაგდებად საიდუმლოდ შეხვდა ერთმანეთს; ვინაიდან სამეფო ტახტზე ასაყვანი კანდიდატურა ვერ შეარჩიეს, ასე შეთანხმდნენ, პირველად ვისი ცხენიც შეეგებება განთიადს ჭიხვინით, ტახტიც მისი იყოსო. პირველად დარიოსის ცხენმა დაიჭიხვინა. დარიოსი დიდებულთა გვარის ახალგაზრდა წარმომადგენელი, კამბისის ლაშქრის შუბოსანი იყო. ჰეროდოტე ამტკიცებს, დარიოსმა ითაღლითა, თავის მეჯინიბეს უბრძანა, ფაშატის საშოში თითები შეეყოო. მეჯინიბე ასეც მოქცეულა და გადამწყვეტ მომენტში ცხენისთვის ყურშიც ჩაუბერავს. ამგვარად, ჰეროდოტე აღმოსავლელი დესპოტის აღზევებას დამცინავად მიაწერს ვენერიულ ოინს. ექვს თანამზრახველთან ერთად დარიოსმა აღმოსავლეთისკენ გააჭენა ცხენი, ყოველ პროვინციაში ჩაახშო ამბოხი და სპარსეთის იმპერია ისევ გააერთიანა. თუმცა, სამოქალაქო ომის გამო „შეწყვეტილი იყო ღვთის სახლის შენება იერუსალიმში სპარსეთის მეფის, დარიოსის მეფობის მეორე წლამდე“. ძვ. წ. დაახლოებით 520 წელს იუდას ბოლო მეფის შვილიშვილმა - უფლისწულმა ზერუბაბელმა და მისმა მღვდელმა იეშუამ, ძველი ტაძრის ბოლო მღვდელმთავრის ვაჟმა, ბაბილონი დატოვეს და იერუსალიმის გადასარჩენად წავიდნენ. ზერუბაბელმა ტაძრის მთაზე საზეიმოდ ააგო ახალი სამსხვერპლო, ხელოსნები დაიქირავა და ფინიკიური კედრის ხის მასალა შეიძინა. ამ მშენებლობისა და სპარსეთის იმპერიაში ქაოსის შემხედვარე გახარებულმა ებრაელებმა ახალ სამეფოზე მესიანური ოცნება დაიწყეს. „იმ დღეს, ამბობს ლაშქართა უფალი, წაგიყვან ზერუბაბელ, ჩემო მსახურო... ჩემს ბეჭდად გაქცევ“, - წერს წინასწარმეტყველი ანგია და ზერუბაბელის პაპის დაკარგულ დავითის ბეჭედზე ამოწმებს. ებრაელი წინამძღოლები ბაბილონიდან ოქრო-ვერცხლით ჩამოვიდნენ და ზერუბაბელს (რაც „ბაბილონის თესლს“ ნიშნავს) უწოდეს „ყლორტი“, რომელიც „დაჯდება თავის ტახტზე და იხელმწიფებს“. ქალაქის ირგვლივ მცხოვრებლებმა და სამარიელებმა ამ წმინდა საქმეში მონაწილეობა მოინდომეს და ზერუბაბელს დახმარება შესთავაზეს, მაგრამ გადასახლებიდან დაბრუნებულები ახლებურ იუდაიზმს ქადაგებდნენ. მათ ადგილობრივები ნახევრად წარმართებად მიაჩნდათ და ზიზღით „ამ ჰაარეცს“ უწოდებდნენ, რაც სიტყვასიტყვით „ამ მიწის ხალხს“ ნიშნავს, გადატანითი მნიშვნელობით კი - „მდაბიოს“. დაპირისპირების სისხლისღვრაში გადაზრდის შიშით, თუ ადგილობრივთა ქრთამის წყალობით, სპარსმა გამგებელმა მშენებლობის შეწყვეტის ბრძანება გასცა. სამ წელში დარიოსმა ყველა წინააღმდეგობა დაძლია და ძველი მსოფლიოს ერთ-ერთ უდიდეს მმართველად იქცა. მისი ტოლერანტული იმპერია იყო პირველი, რომელიც თრაკიიდან ეგვიპტემდე და ეგვიპტიდან ჰინდუქუშამდე, სამ კონტინენტზე გადაიჭიმა. ახალი მეფე დამპყრობლისა და ადმინისტრატორის იშვიათი ნაზავი აღმოჩნდა. გამარჯვების უკვდავსაყოფად ქვაზე ამოკვეთილი მისი გამოსახულება დარიოსს (დარაიავაუშს) წარმოგვიდგენს 1,8 მ სიმაღლის კლასიკურ არიელად, რომელსაც მაღალი შუბლი და სწორი ცხვირი აქვს, ოვალური თვლებით მოოჭვილი ოქროს საომარი გვირგვინითაა თავდამშვენებული, გვირგვინს ქვემოდან კულულები ჩამოუშვია, ულვაშები დაუგრეხია და ოთხკუთხა წვერი ოთხ ზოლად დაუწნავს. თავის სიძლიერის ჟამს დარიოსს შარვალსა და ფეხსაცმლებზე მანტია ჰქონდა შემოსხმული, ხელთ კი იხვისთავიანი მშვილდი ეპყრა. ამ დიდებულ მმართველს მიმართა ზერუბაბელმა და კიროსის ბრძანებულება გაახსენა. დარიოსმა სამეფო ნაწერები შეამოწმებინა, კიროსის ბრძანებულება იპოვა და ბრძანა: „ააშენოს იუდას გამგებელმა ღვთის სახლი. მე, დარიოსი, ვიძლევი განკარგულებას: დაუყოვნებლივ შესრულდეს!“ ძვ. წ. 518 წელს დარიოსმა ეგვიპტეში წესრიგის დასამყარებლად დასავლეთში გაილაშქრა. როგორც ჩანს, ზედმეტად აღტაცებული იერუსალიმელი ებრაელების დასაშოშმინებლად გზად იუდეაშიც გაიარა და ალბათ ზერუბაბელიც სიკვდილით დასაჯა, რადგან დავითის გვარის ეს უკანასკნელი წარმომადგენელი ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე ქრება ისტორიის ასპარეზიდან. ძვ. წ. 515 წლის მარტში სიხარულით აღნიშნეს მღვდლების მიერ მეორე ტაძრის სატფურება (კურთხევა) და მსხვერპლად შესწირეს 100 ხარი, 200 ვერძი, 400 კრავი და 12 თხა (ისრაელის თორმეტი ტომის ცოდვათა გამოსასყიდად). ასე იზეიმეს გადასახლებიდან დაბრუნებულმა იუდაელებმა პირველი პასექი. მაგრამ მოხუცებს, რომლებსაც ძველი ტაძარი ახსოვდათ, ცრემლები სდიოდათ, რადგან ახლა ქალაქი პატარა და ნახევრად ცარიელი იყო. თითქმის ორმოცდაათი წლის შემდეგ დარიოსის შვილიშვილის, მეფე ართაქსერქსე I-ის მერიქიფე იყო ებრაელი, სახელად ნეემია. მას იერუსალიმელებმა დახმარება სთხოვეს: „იქ დარჩენილნი დიდ უბედურებასა და დამცირებაში არიან. დანგრეულია იერუსალიმის კედელი“. ნეემიას გული დასწყდა. „დავჯექი, ავტირდი და ვგლოვობდი“. როცა შუშანში (სუსაში), სპარსეთის დედაქალაქში, ართაქსერქსეს ემსახურებოდა, მეფემ ნეემიას ჰკითხა: „რად გაქვს მწუხარე სახე?“ მერიქიფემ უპასუხა: „საუკუნოდ იცოცხლე, მეფევ! აბა, როგორ არ მექნება მწუხარე სახე, როცა ის ქალაქი, სადაც ჩემი მამა-პაპის საფლავები მეგულება, დაქცეულია? ...თუ ინებებს მეფე... გამიშვი იუდაში... და ავაშენებ მას.“ ნეემია შიშით ელოდა მეფის პასუხს. ნეემია: სპარსელთა დაღმასვლა დიდმა მეფემ ნეემია გამგებლად დანიშნა, ჯარისკაცთა რაზმიც გააყოლა და ფინანსურადაც გაუმართა ხელი. მაგრამ იერუსალიმის ჩრდილოეთით მცხოვრებ სამარიელებს საკუთარი მთავარი ჰყავდათ, სანბალატი, რომელსაც შორეული შუშანიდან (სუსადან) მოსული ეს ჩუმჩუმელა კარისკაცი და გადასახლებიდან დაბრუნებული იუდეველების გეგმები არ მოსწონდა. ნეემიამ იმის შიშით, მკვლელები არ დამადევნონო, ღამით დაათვალიერა იერუსალიმის დანგრეული გალავანი და დამწვარი კარიბჭე. მისი მოგონებები, ერთადერთი პოლიტიკური ავტობიოგრაფია ბიბლიაში, გვიამბობს, როგორ დასცინა სანბალატმა, ნეემიამ მას გალავნის აღდგენის გეგმა რომ გაუმხილა. თუმცა სანბალატს გუნება უმალ წაუხდა, როცა შეიტყო, რომ ნეემია გამგებლად დაენიშნათ. მიწათმფლობელებსა და მღვდლებს გალავნის სხვადასხვა მონაკვეთის აღდგენა დაევალათ. როცა მშენებლებს სანბალატმა და მისმა ავაზაკებმა შეუტიეს, ნეემიამ მცველები დააყენა და „ორმოცდათორმეტ დღეში დასრულდა კედელი“ დავითის ქალაქისა და ტაძრის მთის გარშემო; ხოლო ტაძრიდან ჩრდილოეთით დაბალი ციხე ააშენეს. ნეემიას თქმით, იერუსალიმი უკვე „დიდი და ფართო იყო, მაგრამ ხალხი ცოტა იყო მასში“. ნეემიამ იერუსალიმს გარეთ მცხოვრები ებრაელები დაარწმუნა, კენჭი ეყარათ და ყოველი მეათე იერუსალიმში დაასახლა. თორმეტი წლის შემდეგ ნეემია სპარსეთში მეფეს ეახლა. იქიდან კვლავ შინ დაბრუნებულმა აღმოაჩინა, რომ სანბალატის დამქაშებს ტაძრის მართვა სარფიან საქმედ ექციათ, ხოლო ებრაელები უცხოტომელ ქალებზე ქორწინდებოდნენ. ნეემიამ ვაჭრები ქალაქიდან გააყრევინა, შერეული ქორწინებები აკრძალა და ახალი, წმინდა იუდაიზმის გავრცელება დაიწყო. თანდათან სპარსეთმა თავის პროვინციებზე კონტროლი დაკარგა და ებრაელებმა თავიანთი, ნახევრად დამოუკიდებელი იეჰუდის მინისახელმწიფო შექმნეს. ტაძრის გარშემო დაფუძნებული იეჰუდის ძირითად შემოსავალს პილიგრიმების (რომელთა რიცხვი უფრო და უფრო იზრდებოდა) შეწირულობა წარმოადგენდა, ხოლო სამეფოს თორას მეშვეობით მართავდნენ მღვდელმთავრები, სავარაუდოდ, მეფე დავითის მღვდლის, ცადოკის, შთამომავლები. ტაძრის განძი კიდევ ერთხელ იქცა სანუკვარ ჯილდოდ. ერთ-ერთი მღვდელმთავარი ტაძარში მისმავე ხარბმა ძმამ, იესომ (იეშუამ) მოკლა; ეს მკრეხელობა იყო, რაც სპარსელმა გამგებელმა იერუსალიმზე თავდასხმისა და ტაძრის გაძარცვის საბაბად გამოიყენა. სანამ სპარსეთის სამეფოს კარისკაცები სასიკვდილო შიდა ინტრიგებით იყვნენ გართულები, მეფე ფილიპე II მაკედონელმა ძლიერი ლაშქარი გაწვრთნა, ბერძნული ქალაქ-სახელმწიფოები დაიპყრო და სპარსეთის წინააღმდეგ წმინდა ომისთვის მზადება დაიწყო, რათა დარიოსისა და ქსერქსეს შემოსევებისთვის შური ეძია. თუმცა ფილიპე მალე მოკლეს და ტახტს მისი ოცდაერთი წლის ვაჟი, ალექსანდრე დაეპატრონა. სწორედ მან შეუტია სპარსეთს და ასე მოხვდნენ ბერძნები იერუსალიმში. 7. მაკედონელები ძვ. წ. 336-166 ალექსანდრე დიდი ძვ. წ. 336 წელს, მამის მკვლელობიდან სამ წელიწადში, ალექსანდრემ ორჯერ დაამარცხა სპარსეთის მეფე დარიოს III, რომელმაც აღმოსავლეთისკენ დაიხია. ალექსანდრე პირდაპირ არ დასდევნებია მას, ჯერ სანაპიროს დაუყვა ეგვიპტემდე და იერუსალიმს მისი ლაშქრისთვის საგზლის გამზადება დაავალა. იერუსალიმის მღვდელმთავარმა თავიდან უარი უთხრა ალექსანდრეს, მაგრამ მალევე შედრკა: ტვიროსს, რომელმაც წინააღმდეგობის გაწევა სცადა, ალექსანდრემ ალყა შემოარტყა, აიღო და დაცემული ქალაქის მაცხოვრებლები ჯვარს აცვა. როგორც რამდენიმე ასეული წლის შემდეგ ებრაელმა ისტორიკოსმა, იოსებ ფლავიუსმა დაწერა, ალექსანდრე „საჩქაროდ იერუსალიმისკენ გაემართა“, სადაც მეწამულ მოსასხამში გახვეული მღვდელმთავარი და თეთრ სამოსში გამოწყობილი იერუსალიმელები კარიბჭესთან შეეგებნენ. ისინი ალექსანდრეს ტაძარში შეუძღვნენ და ებრაელთა ღმერთისთვის მსხვერპლი შეაწირვინეს. ეს ისტორია სასურველის რეალობად გასაღებას ჰგავს. სავარაუდოდ კი, მღვდელმთავრები და ნახევრად ებრაელი სამარიელების წინამძღოლები ალექსანდრეს როშ-ჰა-აინში, მდინარის პირას შეხვდნენ. ალექსანდრემ კიროსს მიჰბაძა და ებრაელებს თავიანთი რჯულის მიხედვით ცხოვრების უფლება მისცა. შემდეგ ალექსანდრემ ეგვიპტე დაიპყრო, იქ ქალაქი ალექსანდრია დააარსა და შორეული აღმოსავლეთისკენ გაემართა, საიდანაც სამშობლოში აღარ დაბრუნებულა. სპარსეთის იმპერიის საბოლოოდ განადგურებისა და თავისი ჰეგემონიის პაკისტანამდე გავრცელების შემდეგ ალექსანდრემ უდიდესი პროექტი წამოიწყო: სპარსელებისა და მაკედონელების ერთ ელიტად შერწყმა, რომელსაც მისი იმპერია უნდა ემართა. ვერ ვიტყვით, რომ ალექსანდრემ დაწყებულის ბოლომდე წარმატებით მიყვანა შეძლო, მაგრამ ისტორიას არ ახსოვს სხვა დამპყრობელი, რომელმაც მსოფლიო ასე შეცვალა ელინიზაციის - ბერძნული კულტურის, ენის, პოეზიის, რელიგიის, სპორტისა და ჰომეროსისეული მმართველობის სტილის გავრცელებით ლიბიის უდაბნოებიდან ავღანეთის მთებამდე. ბერძნული ცხოვრების სტილი ისეთსავე უნივერსალურად იქცა, როგორც ბრიტანული ცხოვრების წესი იყო მეცხრამეტე საუკუნეში, ან ამერიკულია ჩვენს დროში. მისი დროიდან მოყოლებული ბერძნული ფილოსოფიური და პოლითეისტური კულტურის მონოთეისტი ებრაელი მტრებიც კი ელინიზმის ჭრილიდან აფასებდნენ სამყაროს. ძვ. წ. 323 წლის 13 ივნისს, იმ დროისთვის ცნობილი მსოფლიოს დაპყრობიდან რვა წლის შემდეგ, ციებ-ცხელებით შეპყრობილი თუ მოწამლული ალექსანდრე ბაბილონში ოცდათორმეტი წლის ასაკში მომაკვდავი იწვა სარეცელზე. საწოლთან შეგროვილ მის ერთგულ ჯარისკაცებს ცრემლები ღაპაღუპით სდიოდათ. როცა ალექსანდრეს ჰკითხეს, სამეფოს ვის უტოვებო, მან უპასუხა: „უძლიერესს!“ პტოლემაიოსი: შაბათის ძარცვა-გლეჯა უძლიერესის გამოსავლენად ალექსანდრეს მთავარსარდლებს შორის ოცდაერთწლიანი ომი მიმდინარეობდა. იერუსალიმი „ქვეყანაზე ავის გამამრავლებელი“ მაკედონელი სარდლების ხელიდან ხელში გადადიოდა. ორი უმთავრესი პრეტენდენტის დუელი დიდხანს გაგრძელდა და იერუსალიმმა ექვსჯერ გამოიცვალა მმართველი. თხუთმეტი წლის განმავლობაში ქალაქს ცალთვალა ანტიგონე მართავდა, სანამ ძვ. წ. 301 წელს ის ბრძოლაში არ მოკლეს და იერუსალიმს გამარჯვებული - პტოლემაიოსი - არ მოადგა დასაპატრონებლად. პტოლემაიოსი ალექსანდრეს ნათესავი იყო, გამოცდილი მხედართმთავარი, რომელიც საბერძნეთიდან პაკისტანამდე სარდლობდა ლაშქარს და მდინარე ინდიზე მაკედონურ ფლოტსაც წინამძღოლობდა. ალექსანდრეს სიკვდილის შემდეგ მას ეგვიპტე ერგო. როცა პტოლემაიოსმა შეიტყო, რომ ალექსანდრეს ამალა საბერძნეთში ბრუნდებოდა, პალესტინაში წამოეწია მას და დედაქალაქ ალექსანდრიისკენ შეაბრუნა, უდიდესი ბერძნული თილისმის, ალექსანდრეს ცხედრის, მცველი და მისი ცეცხლოვანი სულის პატრონიც გახდა. პტოლემაიოსი მხოლოდ მთავარსარდალი არ იყო: მონეტებზე გამოსახული ჯარისკაცის გამოკვეთილი ყბა და მსხვილი ცხვირი მცდარ წარმოდგენას შეგიქმნით მის ცბიერებასა და გონებამახვილობაზე. პტოლემაიოსმა იერუსალიმელებს განუცხადა, შაბათს ქალაქში შემოსვლა მინდა, რათა ებრაელთა ღმერთს მსხვერპლი შევწიროო. ებრაელები მოტყუვდნენ: უქმე დღეს პტოლემაიოსმა ქალაქი აიღო, ხოლო ებრაელებმა თავიანთი უმოქმედობით კიდევ ერთხელ დაამტკიცეს ფანატიკური მორჩილება რჯულისადმი. თუმცა, როგორც კი შაბათს მზე ჩავიდა, იერუსალიმელებმა წინააღმდეგობის გაწევა სცადეს. მაშინ პტოლემაიოსის ლაშქარი იერუსალიმს შეესია. „სახლები გაძარცვეს, ქალებს აუპატიურებდნენ; ნახევარი ქალაქი ტყვედ აიყვანეს“. სავარაუდოდ, პტოლემაიოსმა ნეემიას მიერ ტაძრის ჩრდილოეთით აგებულ ბარისის ციხესიმაგრეში ჩააყენა გარნიზონი, ხოლო ათასობით ებრაელი ეგვიპტეში გადაასახლა. სწორედ მათ შექმნეს ბერძნულენოვანი ებრაელების თემი პტოლემაიოსის ბრწყინვალე დედაქალაქ ალექსანდრიაში. ეგვიპტეში პტოლემაიოსი და მისი მემკვიდრეები ფარაონებად იქცნენ; ალექსანდრიასა და ხმელთაშუაზღვისპირეთში კი ისინი ბერძენი მეფეები იყვნენ. პტოლემაიოს სოტერი - „მხსნელი“, როგორც მას ეგვიპტეში უწოდებდნენ, - ადგილობრივ ღმერთებს, ისისსა (ისიდას) და ოსირისს სცემდა თაყვანს, მმართველობის ეგვიპტური ტრადიციები შეითვისა და თავისი დინასტია ერთდროულად ეგვიპტელ მეფე-ღმერთებად და ნახევრად ღვთაებრივი წარმოშობის ბერძენ მონარქებად გამოაცხადა. მან და მისმა მემკვიდრეებმა ჯერ კვიპროსი და კირენაიკა, მოგვიანებით კი ანატოლიის ველები და ბერძნული კუნძულებიც დაიპყრეს. პტოლემაიოსი ხვდებოდა, რომ მას სიდიადესა და ლეგიტიმურობას არა მხოლოდ საომარი გამარჯვებები, არამედ კულტურაც მიანიჭებდა. სწორედ მან აქცია ალექსანდრია ყველაზე განვითარებულ და მდიდარ ბერძნულ ქალაქად, დააარსა მუზეუმი და ბიბლიოთეკა, მოიწვია ბერძენი სწავლულები და ააშენა მსოფლიოს ერთ-ერთი საოცრება, ალექსანდრიის შუქურა. მისმა იმპერიამ სამი საუკუნე გვარის უკანასკნელ წარმომადგენლამდე - კლეოპატრამდე - იარსება. პტოლემაიოსმა ოთხმოც წელზე მეტი იცოცხლა და ალექსანდრე დიდის ისტორია დაწერა. პტოლემაიოს II ფილადელფოსი ებრაელებისადმი კეთილგანწყობილი იყო; მან 120 000 ებრაელი მონობიდან გაათავისუფლა და მათი ტაძრის შესამკობად ოქროც გაგზავნა. ის სილამაზისა და სანახაობის ძალას აღიარებდა. ძვ. წ. 275 წელს განსაკუთრებული სტუმრების მცირერიცხოვანი ჯგუფისთვის სიუხვისა და ღვინის ღმერთის, დიონისეს სახელზე აღლუმი მოაწყო, რომელზეც ჯიქის ტყავისგან შეკერილი უშველებელი ტიკით 200 000 გალონი ღვინო და 55 მეტრი სიგრძისა და 3 მეტრი სისქის ფალოსი გამოიტანეს, სპილოები და იმპერიის ყველა კუთხიდან ჩასული ქვეშევრდომები ჩაატარეს. პტოლემაიოს II წიგნების კოლექციონერიც იყო. როცა იერუსალიმის მღვდელმთავარმა ებრაული თანახის ოცამდე წიგნი ალექსანდრიაში გაგზავნა, პტოლემაიოსმა ტექსტის დაუყოვნებლივ ბერძნულად თარგმნის განკარგულება გასცა. ის პატივს სცემდა ალექსანდრიაში მცხოვრებ ებრაელ სწავლულებს და თარგმანის შესაფასებლად ხშირად იწვევდა მათ: „თქვენებური წესის მიხედვით ვისადილებთ, - ჰპირდებოდა მათ მეფე, - ჩემთვის ცალკე მოამზადებენ სადილს“. როგორც ამბობენ, სამოცდაათ დღეში სამოცდაათმა მთარგმნელმა სამოცდაათი იდენტური თარგმანი წარუდგინა პტოლემაიოსს. სეპტუაგინტამ იერუსალიმის ისტორია შეცვალა და მოგვიანებით ქრისტიანობის გავრცელებასაც შეუწყო ხელი. ალექსანდრე დიდის წყალობით, ბერძნული საერთაშორისო ენად იყო ქცეული. პირველად ისტორიის მანძილზე ბიბლიის წაკითხვა თითქმის ყველასთვის შესაძლებელი გახდა. იოსებ ტობიანი პტოლემაიოსის იმპერიის შემადგენლობაში იერუსალიმი ნახევრად დამოუკიდებელი მინისახელმწიფოს სტატუსით შედიოდა. იუდა საკუთარ მონეტებს ჭრიდა, რომელზეც „იეჰუდი“ ეწერა. იერუსალიმი მხოლოდ პოლიტიკური ერთეული კი არ იყო, არამედ - ღვთის კუთვნილი ქალაქი, რომელსაც მღვდელმთავრები მართავდნენ. ონიანების ამ შტოს, რომელიც ბიბლიური მღვდლის, ცადოკის შთამომავლობას იჩემებდა, პტოლემეინებისთვის გადასახდელ ხარკს კრებდა და დიდძალი სიმდიდრე და ძალაუფლება მოეხვეჭა. ძვ. წ. 240 წელს მღვდელმთავარმა ონია II-მ პტოლემაიოს III ევერგეტესს 20 ტალანტი ვერცხლის ვალი არ დაუბრუნა. ამან შესაძლებლობა მისცა საჭირო კავშირების მქონე ერთ ახალგაზრდა ებრაელს, მღვდელმთავარ ონია II-ს, არა მხოლოდ იერუსალიმის, არამედ მთელი მიწის მმართველობაში შესცილებოდა. ეს ავანტიურისტი იყო თავად მღვდელმთავრის დისწული იოსები, რომელიც ალექსანდრიაში წავიდა, სადაც მეფე აუქციონს მართავდა: მონაწილეები დიდძალ ხარკს სთავაზობდნენ პტოლემაიოს III-ს თავიანთი მიწების მართვისა და იქ გადასახადების აკრეფის უფლების სანაცვლოდ. სირიელმა დიდებულებმა დასცინეს ახალგაზრდა იოსებს, მაგრამ მან ყველას ჭკუით აჯობა. იოსებმა მეფესთან შეხვედრა პირველმა მოახერხა და მას თავი მოაწონა. როცა პტოლემაიოს III-მ აუქციონი დაიწყო, თავდაჯერებულმა იოსებმა მეტოქეებს ერთბაშად კოილეს-სირიის, ფინიკიის, იუდასა და სამარიის მმართველობის უფლება წაართვა. მეფემ იოსებს მძევლის დატოვება მოსთხოვა, რათა ხარკის გადახდის გარანტია ჰქონოდა. „ვერავის დაგიტოვებთ, მეფეო, - უპასუხა ცბიერმა იერუსალიმელმა, - გარდა თქვენი თავისა და ცოლისა“. ამ კადნიერებისთვის იოსები შეიძლებოდა დაესაჯათ კიდეც, მაგრამ პტოლემაიოსმა მხოლოდ გაიცინა და თანხმობა განაცხადა. იოსები იერუსალიმში 2000 ეგვიპტელი ჯარისკაცის თანხლებით დაბრუნდა. დასამტკიცებელი მას ბევრი ჰქონდა. როცა აშკელონმა გადასახადების გადახდაზე უარი თქვა, იოსებმა მისი 20 რჩეული მოქალაქე სიკვდილით დაასჯევინა. აშკელონმა გადაიხადა. იოსებმა, როგორც მისმა სეხნიამ „დაბადების წიგნიდან“, ეგვიპტეში უმაღლეს დონეზე ითამაშა და გაიმარჯვა. ალექსანდრიაში მეფის ნადიმზე იოსებს ერთი მსახიობი მოეწონა და მისი ცდუნება მოინდომა, მაგრამ საკუთარმა ძმამ ის მსახიობი საკუთარი ქალიშვილით შეუცვალა. მთვრალმა იოსებმა ღამით ვერაფერი შეამჩნია, ხოლო გამოფხიზლებულს საკუთარი ძმისწული შეუყვარდა. მათმა ქორწილმა გვარის სიძლიერე უფრო განამტკიცა. მათი ვაჟი, ჰირკანი, იოსებივით გაიძვერა გაიზარდა. იოსები ფუფუნებაში ცხოვრობდა, მკაცრი მმართველი იყო და მაღალი გადასახადები დააწესა, მაგრამ იოსებ ფლავიუსის თქმით, „სულგრძელი ადამიანი იყო, მას პატივს სცემდნენ მისი სიდარბაისლისთვის, სიბრძნისა და სამართლიანობისთვის. მან ებრაელები სიღარიბიდან გამოიყვანა და გააკეთილშობილა“. იოსებ ტობიანი ეგვიპტის მეფეებისთვის მნიშვნელოვანი პიროვნება იყო, რადგან ისინი ახლო აღმოსავლეთზე კონტროლის დასამყარებლად სელევკიდების მტრულ მაკედონურ დინასტიასთან განუწყვეტელ ომში იყვნენ ჩაბმულნი. ძვ. წ. დაახლოებით 241 წელს, მტრებზე გამარჯვების შემდეგ, პტოლემაიოს III მადლობის ნიშნად იერუსალიმს ეწვია და ტაძარში მსხვერპლი შესწირა. რასაკვირველია, იქ იოსებმა უმასპინძლა. როცა პტოლემაიოს III მოკვდა, ეგვიპტელები უსაზღვრო ამბიციის მქონე ახალგაზრდა სელევკიდი მეფის პირისპირ აღმოჩნდნენ. ანტიოქე დიდი: სპილოების ბრძოლა ეს ახალგაზრდა მეფე იყო აზიის მაკედონელი მეფე ანტიოქე III. ძვ. წ. 223 წელს ამ პერიპატეტიკოსმა თვრამეტი წლის ბიჭმა მემკვიდრეობით გრანდიოზული ტიტული და დაშლის პირას მყოფი იმპერია მიიღო. თუმცა, ანტიოქე საკმარისად ნიჭიერი გამოდგა და იმპერია სიკვდილისგან იხსნა. ანტიოქე თავს ალექსანდრეს მემკვიდრედ მიიჩნევდა და სხვა ბერძენი მეფეების მსგავსად აპოლონს, ჰერაკლეს, აქილევსსა და, რაც მთავარია, ზევსს, ედრებოდა. თავბრუდამხვევი საომარი კამპანიების შედეგად ანტიოქემ ალექსანდრეს აღმოსავლეთ იმპერიის ყველა სამფლობელო დაიბრუნა ინდოეთამდე და ტიტული „დიდი“ მოიხვეჭა. ის გამუდმებით ესხმოდა თავს პალესტინას, მაგრამ პტოლემეიანები მის მოგერიებას ახერხებდნენ და მოხუცი იოსებ ტობიანი იერუსალიმის გამგებლობას აგრძელებდა. მაგრამ მას ვაჟიშვილმა ჰირკანმა უღალატა და ქალაქს შეუტია. სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე იოსებმა დაამარცხა ვაჟიშვილი, რომელიც გაიქცა და დღევანდელი იორდანიის ტერიტორიაზე საკუთარი სამთავრო დააარსა. ძვ. წ. 201 წელს უკვე ორმოცს გადაცილებული ანტიოქე აღმოსავლეთის დიდი ლაშქრობებიდან ტრიუმფით დაბრუნდა. იერუსალიმი „ორპირ ქარში მოქცეული გემივით ირყეოდა“. ანტიოქემ ეგვიპტის დამარცხება ბოლოს მაინც შეძლო და იერუსალიმიც ახალ ბატონს მიესალმა. „როცა ქალაქში შევედით, ებრაელებმა ბრწყინვალე დახვედრა მოგვიწყვეს, მათი საბჭოც შეგვხვდა, - აცხადებს ანტიოქე, - და ეგვიპტური გარნიზონის გაყრაშიც დაგვეხმარნენ“. სელევკიდი მეფე და მისი არმია შთამბეჭდავი სანახავი იყო. ანტიოქეს ალბათ თავზე სამეფო დიადემა ედგა, ოქროთი მოქარგული თასმებიანი წითელი წაღები ეცვა, ფართოფარფლიანი ქუდი ეხურა, ოქროსფერი ვარსკვლავებით მოწინწკლული და წითელი საკინძით ყელთან შეკრული მუქი ლურჯი მოსასხამი ჰქონდა შემოსხმული. იერუსალიმელებმა საგზალი მოუმარაგეს ანტიოქეს მრავალეროვან არმიას, რომლის შემადგენლობაში შედიოდნენ სარისებით შეიარაღებული მაკედონური ფალანგები, კრეტელი მთის მებრძოლები, კილიკიელი ქვეითები, თრაკიელი მეშურდულეები, მიდიელი მშვილდოსნები, ლიდიელი ხელშუბოსნები, სპარსი მშვილდოსნები, ქურთი ქვეითები, საომარ ცხენებზე ამხედრებული მძიმედ აღჭურვილი ირანელი კატაფრაქტები და რაც ყველაზე პრესტიჟული იყო, სპილოები - სავარაუდოდ, ეს ცხოველები იერუსალიმში მაშინ პირველად იხილეს.[35] ანტიოქემ ებრაელებს აღუთქვა, რომ ტაძარსა და ქალაქის კედლებს აღადგენდა და ქალაქს დაასახლებდა. მან ებრაელებს უფლება მისცა, „მამა-პაპათა რჯულის მიხედვით ეცხოვრათ“. მეფემ აგრეთვე აკრძალა ტაძარში უცხოელების შესვლა და „ქალაქში ცხენის, ჯორის, გარეული თუ შინაური ვირის, ჯიქის, მელიისა და კურდღლის ხორცის შეტანა“. მღვდელმთავარმა სიმონმა, რასაკვირველია, მხარი დაუჭირა ანტიოქეს - იერუსალიმს ხომ მანამდე არასდროს ჰყოლოდა ასეთი გულუხვი დამპყრობელი. იერუსალიმელები ამ პერიოდს ოქროს ხანად მიიჩნევენ: ქალაქს იდეალური მღვდელმთავარი მართავდა, რომელსაც „ღრუბლებს შორის გამონათებულ ცისკრის ვარსკვლავს“ უწოდებდნენ. სიმონ მართალი: ცისკრის ვარსკვლავი როცა გამოსყიდვის დღეს წმიდათა წმიდადან გამოვიდა, მღვდელმთავარი სიმონი[36] „დიდებით იყო შემოსილი; ასე ავიდა წმინდა სამსხვერპლომდე“. სიმონი იყო ნიმუში სრულყოფილი მღვდელმთავრისა, რომელიც იუდას მირონცხებული მთავარივით მართავდა; ის მონარქის, პაპისა და აიათოლას ნაზავი იყო: მოოქრული მანტია ემოსა, ბზინვარე სამკერდული ეკეთა, გვირგვინის ფორმის ჩალმა ეხურა, რომელიც იუდას მეფეების თავსაბურავის რელიკვიით, სიცოცხლისა და ხსნის სიმბოლოთი, ოქროს ყვავილით, ნეცერით, ჰქონდა მორთული. იესო ბენ სირა, „ეკლესიასტეს“ ავტორი და პირველი მწერალი, რომელიც აყვავებული ქალაქის წმინდა დრამას აღწერს, სიმონს „ცას მიწვდენილ კვიპაროსის ხეს“ უწოდებს. იერუსალიმში თეოკრატიული მმართველობა დამყარდა. სიტყვა „თეოკრატია“ იოსებ ფლავიუსმა გამოიგონა „მთლიანად ღმერთს მიბარებული და მისი მორჩილი“ მინისახელმწიფოს შესაფასებლად. ყოველი ცხოვრებისეული დეტალი მკაცრი წესებით რეგულირდებოდა, რადგან პოლიტიკა და რელიგია ერთმანეთისგან გამოყოფილი არ იყო. იერუსალიმში ქანდაკებებს ან ქვაზე ამოტვიფრულ გამოსახულებებს ვერსად ნახავდით. შაბათის წესს მანიაკალურად იცავდნენ. რელიგიური დანაშაული სიკვდილით ისჯებოდა. არსებობდა სიკვდილით დასჯის ოთხი გზა: ქვებით ჩაქოლვა, კოცონზე დაწვა, თავის მოკვეთა და ჩამოხრჩობა. მრუშებს ქვებით ქოლავდნენ. ჩაქოლვაში ყველა მონაწილეობდა (თუმცა, დამნაშავეს ჯერ კლდიდან ძირს გადააგდებდნენ ხოლმე, ამიტომ სასჯელის აღსრულებისას უმეტესად ყოველთვის უგონოდ იყო). მამაზე ხელის ამწევ ვაჟს ახრჩობდნენ. კაცს, რომელიც ქალთან და მის ქალიშვილთან იმრუშებდა, კოცონზე წვავდნენ. ებრაული ცხოვრების ცენტრი ტაძარი იყო: მღვდელმთავარი და მისი საბჭო, სინედრიონი, იქ იკრიბებოდა. ყოველ დილით საყვირების ხმის თანხლებით პირველი ლოცვის დაწყებას აცხადებდნენ, როგორც ამას მუსლიმი მუეძინი აკეთებს. დღეში ოთხჯერ შვიდი ვერცხლის საყვირის ახმიანებით ამცნობდნენ მლოცველებს, ტაძარში მიწაზე გართხმულიყვნენ. დღეში ორჯერ, დილით და საღამოს, ჯანმრთელი ვერძის, ძროხისა და მტრედის შეწირვა ტაძრის სამსხვერპლოსაე და საკურთხეველზე გუნდრუკის კმევა ებრაული თაყვანისცემის უმთავრესი რიტუალი იყო. სიტყვა „ჰოლოკოსტი“ ებრაული „ოლაჰ“ -იდანაა (რაც „ზემოთ ასვლას“ ნიშნავს) წარმოშობილი და ასე უწოდებდნენ დასაწვავ სამსხვერპლოზე შეწირულ ცხოველს, რომლის კვამლიც „მაღლა,“ ღმერთთან „ადიოდა“. ქალაქი ალბათ ტაძრის სამსხვერპლოს სუნით იყო გაჟღენთილი: დარიჩინისა და კასიის საკმევლების სურნელი შემწვარი ხორცის კვამლს ერწყმოდა. რა გასაკვირია, რომ იერუსალიმელები მურს, ბალზამსა და ნარდს იყენებდნენ სუნამოებად. დღესასწაულებზე იერუსალიმში პილიგრიმები ჩამოდიოდნენ. ტაძრიდან ჩრდილოეთით, ცხვრის ჭიშკართან, ცხვრებსა და ნახირს უვლიდნენ და შესაწირად ამზადებდნენ. პასექზე 200 000 კრავს კლავდნენ. თუმცა, ყველაზე წმინდა და უხვი კვირა იერუსალიმში „კარვების დღესასწაული“ იყო, როცა თეთრ ტანისამოსში გამოწყობილი კაცები და გოგონები ტაძრის ეზოში ცეკვავდნენ, მღეროდნენ, ანთებულ ჩირაღდნებს იქნევდნენ და ნადიმობდნენ; პალმისა და სხვა ხის ტოტებით თავიანთი სახლების სახურავებზე და ტაძრის ეზოში ქოხებს აგებდნენ.[37] თუმცა, თვით სამართლიანი სიმონის მმართველობის დროსაც კი მოიძებნებოდნენ მოხერხებული და გამოცდილი ებრაელები, რომლებიც მდიდარ ბერძნებს ჰგავდნენ, ბორცვის დასავლეთ კალთაზე, ზედა ქალაქის ბერძნულ სასახლეებში ცხოვრობდნენ. ის, რასაც ფანატიკოსი ებრაელი კონსერვატორები „წარმართულ სიბინძურეს“ უწოდებდნენ, ამათთვის ცივილიზაცია იყო. ასე დაიწყო იერუსალიმში დაყოფა: რაც უფრო წმინდა ხდებოდა ქალაქი, მით უფრო უცხოვდებოდა ხალხი ერთმანეთისგან. ერთმანეთის მეზობლად სასიკვდილოდ გადამტერებული, განსხვავებული ცხოვრების წესის მიმდევარი ოჯახები ცხოვრობდნენ. მალე ქალაქის და თვით ებრაელების არსებობას ნაბუქოდონოსორის შემდეგ ყველაზე უსინდისო ურჩხული დაემუქრა. ანტიოქე ეპიფანე: შეშლილი ღმერთი იერუსალიმის მფარველი ანტიოქე დიდი ვერ ისვენებდა: მცირე აზიისა და საბერძნეთის დაპყრობა მოინდომა. მაგრამ აზიის თავდაჯერებულმა მეფემ სათანადოდ ვერ შეაფასა ძალა აღმავლობის გზაზე მყოფი რომის რესპუბლიკისა, რომელსაც ჰანიბალი და კართაგენი დაემარცხებინა დასავლეთ ხმელთაშუაზღვისპირეთზე გასაბატონებლად გამართულ ომებში. რომმა ანტიოქეს საბერძნეთზე თავდასხმა მოიგერია და აზიის მეფე აიძულა, ფლოტი და საომარი სპილოები დაეთმო, ხოლო ვაჟიშვილი მძევლად დაეტოვებინა რომში. ანტიოქე აღმოსავლეთში გაემართა ხაზინის შესავსებად, მაგრამ სპარსული ტაძრის ძარცვისას იგი მოკლეს. იერუსალიმის ტაძარს უკვე ბაბილონიდან ალექსანდრიამდე მცხოვრები ყოველი ებრაელი უხდიდა გადასახადს. იქ დაგროვილი სიმდიდრე სულ უფრო ხშირად ხდებოდა ებრაელ წინამძღოლებს შორის კამათის საგანი და მალე ფულნაკლული მაკედონელი მეფეების ყურადღებაც მიიპყრო. მამამისივით ანტიოქედ წოდებული აზიის ახალი მეფე სასწრაფოდ დედაქალაქ ანტიოქიაში გაეშურა და ტახტის სხვა პრეტენდენტი ნათესავები დახოცა. რომსა და ათენში აღზრდილ ანტიოქე IV-ს მამისგან შეუდარებელი გონიერება და ნიჭი გამოჰყვა, მაგრამ ავხორცული ყოყლოჩინობითა და მანიაკალური თავმომწონეობით შეშლილ ეგზიბიციონისტ ნერონსა და კალიგულას უფრო ჰგავდა. დამცირებული აზიის მეფის ძეს ბევრი რამ უნდა დაემტკიცებინა. თავაშვებულ, ლამაზ ანტიოქეს მოსწონდა სასახლის კარის რიტუალები, მაგრამ აწუხებდა იქაური შეზღუდვები და მიაჩნდა, რომ ყველასთვის მოულოდნელი რამეების ჩადენის სრული უფლება ჰქონდა. ანტიოქიაში ახალგაზრდა მეფე მთავარ მოედანზე დათვრა, იბანავა და ძვირფასი საცხებით საჯაროდ დაიზილა ტანი, ხოლო აბანოში კარისკაცებსა და მსახურებს დაუამხანაგდა. როცა ამ სეირის ერთ-ერთმა მაყურებელმა დაიწუწუნა, ძვირფას მურს დაუნანებლად როგორ ხარჯავსო, ანტიოქემ ბრძანება გასცა, ქოთანი იმ კაცის თავზე გადაემტვრიათ. ატყდა ერთი აურზაური, რადგან ბრბომ ძვირფასი ლოსიონის გადარჩენა სცადა, ხოლო მეფე ყველაფერს ისტერიკული სიცილით უყურებდა. ანტიოქეს, კოხტად ჩაცმულს, ოქრომკედით მოქარგული მოსასხამითა და ვარდის გვირგვინით თავდამშვენებულს მოსწონდა ქუჩაში გავლა, მაგრამ თუკი რომელიმე გამვლელი მიაშტერდებოდა, ქვებს დაუშენდა ხოლმე. ღამღამობით ანტიოქიის ჩიხებისა და გარეუბნების საროსკიპოებში გადაცმული დაიპარებოდა. უცნობებს ადვილად უმეგობრდებოდა, მაგრამ მისი ალერსი ჯიქისას ჰგავდა, რადგან ამ იმპულსურ პიროვნებას უეცრად შეეძლო საძაგელ და სასტიკ არსებად ქცევა. ელინური ხანის მონარქები, როგორც წესი, ჰერაკლეს ან სხვა ღმერთების შთამომავლებად მიიჩნევდნენ თავს, მაგრამ ანტიოქე უფრო წინ წავიდა. მან საკუთარ თავს ეპიფანე - „განკაცებული ღმერთი“ - უწოდა, მაგრამ ქვეშევრდომებმა ეს სახელი ეპიმანედ - „შეშლილად“ გადააკეთეს. თუმცა ამ თავისი სიგიჟით ანტიოქეს იმპერიის ერთი მეფისა და რელიგიის გარშემო თანდათანობით გაერთიანების იმედი ჰქონდა. ის თავისი ქვეშევრდომებისგან მოითხოვდა, ადგილობრივი ღმერთები ბერძნულ პანთეონთან შეერწყათ და მისთვისაც ღმერთივით თაყვანი ეცათ. მაგრამ ებრაელებს განსხვავებული დამოკიდებულება ჰქონდათ ბერძნული კულტურისადმი: თან ეზიზღებოდათ, თან მოსწონდათ იგი. ისინი აღიარებდნენ ბერძნული ცივილიზაციის აღმატებულებას, მაგრამ აღაშფოთებდათ მისი დომინანტობა. იოსებ ფლავიუსის თქმით, ებრაელები ბერძნებს უსარგებლო, უწესო, დროსაყოლოლ ქარაფშუტებად მიიჩნევდნენ. თუმცა, მრავალი ებრაელი უარს არ ამბობდა მდიდრული ცხოვრების წესზე და ებრაულთან ერთად, ბერძნულ სახელებსაც ირქმევდა იმის საჩვენებლად, რომ შეეძლოთ, ბერძნებისნაირიც ყოფილიყო. აი, კონსერვატორ ებრაელებს კი ბერძნები ეზიზღებოდათ: მათთვის ბერძნები კერპთაყვანისმცემლები იყვნენ, სძულდათ მათი შიშველი ათლეტიზმიც. თავიდან ებრაელი დიდებულები ანტიოქიაში ჩასვლას ერთმანეთს ასწრებდნენ, რათა იერუსალიმის მართვის უფლება მიეღოთ. კრიზისი ოჯახებს შორის ფულისა და ძალაუფლების მოსაპოვებლად ატეხილმა დაპირისპირებამ გამოიწვია. მღვდელმთავარ ონია III-ის ძმამ, იასონმა ,ანტიოქე დამატებით ოთხმოცი ტალანტი ვერცხლის შეთავაზებით მოქრთამა. იასონი უკან მღვდელმთავრის ტიტულითა და იერუსალიმის ბერძნულ „პოლისად“ გადაქცევის პროგრამით დაბრუნდა: მეფის პატივსაცემად ქალაქს ანტიოქ-ჰიერუსალიმა („ანტიოქია იერუსალიმში“) უწოდა, თორას სწავლებები დააკნინა და, სავარაუდოდ, ბორცვის დასავლეთ კალთაზე ტაძრისკენ მიმართული ბერძნული გიმნასიონი ააშენა. იასონის რეფორმებმა საკმაო პოპულარობა მოიპოვა. ახალგაზრდა ებრაელები გიმნასიონში მოდურად ჩაცმულები დადიოდნენ და იქ შიშვლები ვარჯიშობდნენ, თავზე მხოლოდ ბერძნული ქუდი ეხურათ. როგორღაც იმასაც ახერხებდნენ, რომ წინადაცვეთილ ასოს, ღმერთთან დადებული აღთქმის ნიშანს, ფარავდნენ. აშკარად ჩანს, რომ მოდურობის გამო კომფორტზეც უარს ამბობდნენ. თუმცა, თავად იასონიც გააცურეს. მან თავისი მომხრე მენელაოსი გაგზავნა ანტიოქიაში ხარკის გადასახდელად, მაგრამ ვერაგმა მენელაოსმა ტაძრის სიმდიდრე მიითვისა, იერუსალიმის მართვის უფლება იასონს ჩამოართვა და მღვდლობის უფლებაც იყიდა, მიუხედავად იმისა, რომ ცადოკის გვარისა არ იყო. მენელაოსმა იერუსალიმი აიღო. როცა იერუსალიმელებმა პროტესტის ნიშნად მეფესთან ელჩები გაგზავნეს, ანტიოქემ ისინი სიკვდილით დაასჯევინა და მენელაოსს იმის უფლებაც კი მისცა, რომ ყოფილი მღვდელმთავარი, ონია მოეკლა. ანტიოქე თავისი იმპერიის აღსადგენი ბრძოლებისთვის ფულადი სახსრების მოძიებას ცდილობდა. იგი წარმოუდგენელ გადატრიალებას გეგმავდა: პტოლემეიანებისა და სელევკიდების დინასტიები უნდა გაეერთიანებინა. ძვ. წ. 170 წელს ანტიოქემ ეგვიპტე დაიპყრო, მაგრამ იერუსალიმელებმა გამარჯვება ჩაუშხამეს: განდევნილი იასონი დაბრუნდა და ქალაქი ააჯანყა. „შეშლილი“ ანტიოქე სინას ნახევარკუნძულის გავლით იერუსალიმში შეიჭრა, ქალაქი დაარბია და 10 000 ებრაელი გადაასახლა.[38] მენელაოსის თანხლებით ანტიოქე წმიდათა წმიდაში შევიდა, მიუტევებელი მკრეხელობა ჩაიდინა და ფასდაუდებელი არტეფაქტები - ოქროს სამსხვერპლო, შანდალი და საკურთხი პურის ტაბლა მოიპარა. უფრო უარესი, ანტიოქემ ებრაელებს მოსთხოვა, მისთვის ეცათ თაყვანი, როგორც „განკაცებული ღმერთისთვის“. მას სურდა გამოეცადა, რამდენად ერთგულნი იყვნენ ებრაელები მისი და ბერძნული კულტურის მიმართ. იერუსალიმში აჯანყების ჩახშობის შემდეგ მან ტაძრიდან ოქრო გაზიდა და ეგვიპტეში დაბრუნდა იქაურთა წინააღმდეგობის გასატეხად. ანტიოქეს რომაელების მიბაძვა უყვარდა. ტოგაშემოსხმული დადიოდა და ანტიოქიაში მოჩვენებით არჩევნებსაც ატარებდა, უჩუმრად კი აკრძალულ ფლოტს აშენებდა და საომარი სპილოების რაზმს ქმნიდა. თუმცა, რომაელებს უკვე აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვისპირეთზე გაბატონებაც განეზრახათ და ანტიოქეს მიერ იმპერიის აღდგენას ვერ მოითმენდნენ. როცა რომაელი დესპანი, პოპილიუს ლაენასი, ანტიოქეს ალექსანდრიაში შეხვდა, მის გარშემო, ქვიშაზე რკალი შემოხაზა და მოითხოვა, სანამ რკალს გადმოაბიჯებ, ეგვიპტიდან გასვლაზე თანხმობა უნდა განაცხადოო. სწორედ აქედან მოდის გამონათქვამი: „ზღვარის გავლება“. ანტიოქემ მწუხარებით ამოიოხრა და რომის ძლევამოსილების წინაშე თავი ჩაქინდრა. ამასობაში ებრაელები ანტიოქეს ღმერთად აღიარებასა და მის თაყვანისცემაზე უარს ამბობდნენ. სანამ იერუსალიმი მესამედ აჯანყდებოდა, „შეშლილმა“ ანტიოქემ გადაწყვიტა, ებრაული რელიგია საერთოდ ამოეძირკვა. ანტიოქე ეპიფანე: კიდევ ერთი „გატიალების სიბილწე“ ძვ. წ. 167 წელს ანტიოქემ ვერაგულად, შაბათ დღეს აიღო იერუსალიმი, ათასობით ადამიანი დახოცა, ქალაქის კედლები დაანგრია და ახალი ციტადელი, აკრა, ააშენა. მან ქალაქის მმართველობა ბერძენ გამგებელსა და კოლაბორაციონისტს, მენელაოსს გადასცა. შემდეგ ანტიოქემ ტაძარში მსხვერპლშეწირვა და მღვდელმსახურება აკრძალა, ბრძანა, სიკვდილით დაესაჯათ ყველა, ვინც შაბათის წმინდა დღეს აღნიშნავდა, მოსეს რჯულს დაიცავდა და წინადაიცვეთდა, ხოლო ტაძარში ღორის ხორცი დააყრევინა. 6 დეკემბერს ტაძარს სამეფოს მთავარი ღმერთის, ოლიმპიელი ზევსის სახელი უწოდეს, რაც „გატიალების სიბილწის“ ტოლფასი იყო. მეფე-ღმერთ ანტიოქეს (სავარაუდოდ, მისი თანდასწრებით), წმიდათა წმიდის გარეთ, სამსხვერპლოზე მსხვერპლი შესწირეს. „აღივსო ტაძარი აღვირახსნილობითა და წარმართთა უზნეობით, რომლებიც უზრუნველად ატარებდნენ დროს მეძავებთან, ტაძრის უწმინდეს ადგილებში მრუშობდნენ ქალებთან“. მენელაოსი თანახმა იყო, ტაძარში შეეშვა მლოცველები, ოღონდ სუროს გვირგვინებით თავდამშვენებულები უნდა ყოფილიყვნენ. ლოცვის შემდეგ მღვდლებიც კი გიმნასიონში მიდიოდნენ შიშველი ათლეტების შეჯიბრებების საყურებლად. შაბათის დღის აღმნიშვნელებს კოცონზე წვავდნენ ან საზარელი ბერძნული წესით, ჯვარცმით, სჯიდნენ. ერთმა მოხუცმა ებრაელმა ღორის ხორცის შეჭმას სიკვდილი არჩია. ქალები, რომლებმაც შვილები წინადაცვითეს, შვილებთან ერთად იერუსალიმის კედლებიდან გადაჩეხეს. თორას ფლეთდნენ და საჯაროდ წვავდნენ. ვისაც ხელნაწერების ასლს უპოვიდნენ, სიკვდილით სჯიდნენ. თუმცა, ტაძრის მსგავსად, თორაც სიცოცხლეზე ძვირფასი იყო. ამ ხოცვა-ჟლეტამ წამებულთა კულტი და აპოკალიფსის დიდი მოლოდინი გააჩინა. „მრავალი მიწაში მიძინებული გამოიღვიძებს... საუკუნო სიცოცხლისთვის“ იერუსალიმში; ხალხს სჯეროდა, რომ ბოროტება დამარცხდებოდა და სიკეთე გაიმარჯვებდა მესიის, მარადიული დიდებით შემოსილი ძე კაცის გამოჩენისას.[39] ანტიოქე ანტიოქიაში დაბრუნდა და იქ თავისი მარცხნარევი გამარჯვებები იზეიმა. ოქროსსაჭურვლიანი სკვითი მხედრები, ინდური სპილოები, გლადიატორები და ოქროსაღვირიანი ნისაეური ცხენები დედაქალაქის ქუჩებში ჩაატარეს; მათ უკან მოჰყვებოდნენ მოოქრული გვირგვინებით თავდამშვენებული ახალგაზრდა ათლეტები, ათასი მსხვერპლად შესაწირი ხარი, ფორნები, რომლებზეც ქანდაკებები იდგა და ქალები, რომლებიც მაყურებლებს სუნამოებს აპკურებდნენ. ცირკის არენებზე გლადიატორები იბრძოდნენ, წითელი ღვინის მდინარეები მოედინებოდა, ხოლო მეფე თავის სასახლეში ართობდა სტუმრებს. ყველაფერს „შეშლილი“ ხელმძღვანელობდა, აქეთ-იქით დადიოდა, სტუმრებს ეგებებოდა, მასხარებს ეხუმრებოდა. ბანკეტის ბოლოს მასხარებმა ქსოვილში გახვეული ფიგურა შემოიყვანეს და მიწაზე დასვეს. მუსიკის პირველივე ნოტის გაჟღერებაზე მან ქსოვილი შემოიხია და ხალხის წინ ცეკვა-ცეკვით შიშველი მეფე გამოხტა. ამ გიჟური დებოშისგან სამხრეთით ანტიოქეს გენერლები სადამსჯელო საქმიანობებს ხელმძღვანელობდნენ. იერუსალიმთან ახლოს სოფელ მოდინში მოხუც მღვდელ მატათიას, ხუთი ვაჟის მამას, უბრძანეს ანტიოქეს სახელზე მსხვერპლი შეეწირა, რათა დაემტკიცებინა, რომ ებრაელი აღარ იყო. მაგრამ მატათიამ მეფის წარგზავნილებს ასეთი პასუხი გასცა: „მეფის სამეფო სახლის ყველა ხალხიც რომ დაემორჩილოს მას, მე მაინც დავრჩები მამა-პაპის აღთქმაში ჩემს ვაჟებთან ერთად“. როცა ერთი ებრაელი წინ გამოვიდა მსხვერპლის შესაწირად, მატათია „შურით აღინთო და გული აემღვრა“. მან ხმალი იშიშვლა და ჯერ მოღალატე მოკლა, მერე - ანტიოქეს გენერალი. შემდეგ სამსხვერპლოდან ჩამოვიდა და ხალხს მოუწოდა: „რჯულისა და მცნებებისთვის ყველა მოშურნე გამომყვეს მე“. ბერიკაცი და მისი ხუთი ვაჟი მთებში გაიქცნენ. მათ ხასიდების, „სამართლისა და რჯულის მოშურნეთა“ სახელით ცნობილი მრავალი ღვთისმოშიში ებრაელი გაჰყვა. ისინი იმდენად ღვთისმოშიშები იყვნენ, რომ შაბათ დღეს ბრძოლაზეც უარს ამბობდნენ, ამიტომ ბერძნები ბრძოლის გამართვას ყოველთვის შაბათობით ცდილობდნენ. მატათია ამ შემთხვევიდან მალევე მოკვდა, მაგრამ მისი მესამე ვაჟი, იუდა, იერუსალიმის შემოგარენში გახიზნულ ებრაელებს სათავეში ჩაუდგა და ზედიზედ სამი სირიული ლაშქრის დამარცხება შეძლო. ანტიოქეს ებრაელთა ამბოხი სერიოზულად არ მიუღია. თვითონ ერაყისა და სპარსეთის დასაპყრობად გაემართა, ხოლო ამბოხის ჩახშობა მეფისნაცვალ ლისიას დაავალა. იუდამ ლისიაც დაამარცხა. სპარსეთის ლაშქრობაში მყოფი ანტიოქეც კი მიხვდა, რომ იუდას გამარჯვებები იმპერიას რღვევით ემუქრებოდა, ამიტომ რელიგიური ტერორი შეწყვიტა. სინედრიონის პრობერძნულ წევრებს მისწერა, ებრაელებს შეუძლიათ, საკუთარი რჯულისამებრ იცხოვრონ და იკვებონო, მაგრამ უკვე გვიანი იყო. მალე ანტიოქე ეპიფანეს ეპილეფსიური შეტევა დაემართა და ეტლიდან მკვდარი გადმოვარდა. იუდას კი უკვე მოეხვეჭა გმირული მეტსახელი, რომელიც მისი დინასტიის სახელად იქცა - „ჩაქუჩი“. 8. მაკაბელები ძვ. წ. 164-66 იუდა „ჩაქუჩი“ ძვ. წ. 164 წლის ზამთარში იუდა „ჩაქუჩმა“ მთელი იუდეა დაიპყრო, გარდა ანტიოქეს მიერ ახლად აშენებული აკრას ციხესიმაგრისა. როცა იუდამ მიტოვებული და მოუვლელი ტაძარი დაინახა, მოთქმა დაიწყო. მან საკმეველი აკმია, წმიდათა წმიდა აკურთხა და მსხვერპლშეწირვა განაახლა. გაძარცულ ქალაქში საკმარისი ზეთი არ იყო, მაგრამ რაღაც სასწაულით ტაძარში ანთებული სანთლები არ ქრებოდა. ტაძრის გათავისუფლებას და ხელახლა კურთხევას დღესაც აღნიშნავენ ებრაელები ხანუქას, ანუ „სატფურების“ დღესასწაულზე. იუდა „ჩაქუჩმა“ - არამეულად მაქაბამ[40] - იორდანია დალაშქრა, ხოლო გალილეველი ებრაელების გასათავისუფლებლად თავისი ძმა, სიმონი გაგზავნა. იუდას გარეშე ებრაელები დამარცხდნენ. მაკაბელებმა საპასუხოდ შეუტიეს, ხებრონი და ედომი აიღეს და, სანამ იერუსალიმში აკრას ციხესიმაგრეს ალყას შემოარტყამდნენ, აშდოდში წარმართული სამლოცველო დაანგრიეს. სელევკიდმა რეგენტმა ბეთლემის სამხრეთით, ბეთ-ზაქარიაში მაკაბელები დაამარცხა და იერუსალიმი ალყაში მოაქცია, მაგრამ მალე ალყის მოხსნა მოუწია, რადგან ანტიოქიაში ამბოხი დაიწყო. მან ებრაელებს ნება დართო, თავიანთი რჯულის მიხედვით ეცხოვრათ და ტაძარში მსხვერპლი შეეწირათ. ნაბუქოდონოსორის დროიდან ოთხი საუკუნის შემდეგ ებრაელთა დამოუკიდებლობა აღდგა. მაგრამ ებრაელები კვლავაც საფრთხეში იყვნენ. სამოქალაქო ომებით დასუსტებულ, შემცირებულ, მაგრამ ჯერაც საკმაო ძალის მქონე სელევკიდების დინასტიას ებრაელების მთლიანად გაჟლეტა და პალესტინის შენარჩუნება ჰქონდა განზრახული. ყველაფრის დეტალურად მოყოლა შორს წაგვიყვანს და სელევკიდი ტახტის მემკვიდრეების ერთი და იგივე სახელები დაგვაბნევს, მაგრამ მოკლედ შეგვიძლია აღვნიშნოთ, რომ ამ ბრძოლების პერიოდში რამდენჯერმე დადგა მომენტი, როცა მაკაბელები განადგურების წინაშე აღმოჩნდნენ. თუმცა, ეს დაუღალავი, მრავალრიცხოვანი და გონიერი ოჯახი გადარჩენასა და საპასუხო დარტყმის განხორციელებას ყოველთვის ახერხებდა. აკრას ციხესიმაგრე, რომელიც ტაძარს გადაჰყურებდა, იერუსალიმს ორად ყოფდა და ტანჯავდა. როცა საყვირების ხმაზე მღვდლები მსხვერპლშეწირისთვის გაემზადებოდნენ, აკრას ციხესიმაგრეში გამაგრებული წარმართი მეომრები და რენეგატი ებრაელები „მოულოდნელად გამოცვივდებოდნენ, - წერს იოსებ ფლავიუსი, - და ტაძრისკენ მიმავლებს ხოცავდნენ“. ებრაელებმა მღვდელმთავარი მენელაოსი, „მიზეზი ყოველ სიავეთა“, სიკვდილით დასაჯეს და მის ნაცვლად სხვა აირჩიეს.[41] მაგრამ სელევკიდები ისევ გაერთიანდნენ. მათმა სარდალმა, ნიკანორმა, იერუსალიმი დაიპყრო. ბერძენმა სარდალმა სამსხვერპლოსკენ მიუთითა და დაიმუქრა: „თუკი ახლავე არ ჩამაბარებთ იუდას და მის ლაშქარს, გადავწვავ ამ სახლს.“ თავის გადასარჩენად მებრძოლმა იუდამ ბერძნული სამეფოების უპირველეს მტერს, რომს თხოვნით მიმართა და რომმაც ებრაელთა სუვერენიტეტი აღიარა. ძვ. წ. 161 წელს იუდა მაკაბელმა ნიკანორი დაამარცხა და მისი მოკვეთილი თავი და ხელი იერუსალიმში მიიტანა. ეს სისხლიანი ალაფი - მარჯვენა ხელი და ამოგლეჯილი ენა, რომელიც ტაძრის დანგრევით დაიმუქრა - ფრინველების საჯიჯგნად გამოკიდეს, ხოლო თავი ციხესიმაგრის გალავანზე სარზე წამოაგეს. ებრაელებმა ამ დღეს ნიკანორის დღე უწოდეს და გათავისუფლებას ყოველ წელს ზეიმობდნენ. შემდეგ სელევკიდებმა თავად იუდა მაკაბელი მოკლეს; იერუსალიმი კვლავ დაეცა. იუდა მოდინში დამარხეს. თითქოს მარცხი გარდაუვალი ჩანდა, მაგრამ იუდას ძმები ჯერ კიდევ ცოცხლები იყვნენ. სიმონ დიდი: მაკაბელების ტრიუმფი ორწლიანი მალვის შემდეგ იუდას ძმა, იონათანი, უდაბნოდან გამოიჭრა და სელევკიდებს შეუტია. ის მიხმასში დაბანაკდა, ბერძნების მფლობელობაში მყოფი იერუსალიმიდან ჩრდილოეთით. იონათანი დიპლომატიურობით გამოირჩეოდა და, იერუსალიმზე კონტროლის დასამყარებლად, სირიის და ეგვიპტის მეფეებს ერთმანეთის წინააღმდეგ აქეზებდა. მან იერუსალიმის კედლები აღადგინა, ტაძარი აკურთხა და იმდენი მოახერხა, რომ ძვ. წ. 153 წელს სელევკიდ მეფეს ოქროს გვირგვინი და „მეფის მეგობრის“ წოდება გამოსტყუა. ის მღვდელმთავრად დანიშნეს. იონათან მაკაბელს მირონი სცხეს, სამეფო ყვავილით დაამშვენეს და მღვდლის შესამოსელით შემოსეს ყველაზე ხმაურიან, კარვების დღესასწაულზე. მაგრამ იონათანი პროვინციელი მღვდლის შთამომავალი იყო და ცადოკის გვართან არანაირი კავშირი არ ჰქონდა, ამიტომ, მიუხედავად მისი მიღწევებისა, ერთ-ერთმა ებრაულმა სექტამ ის „უკეთურ მღვდლად“ შერაცხა. თავიდან იონათანს მხარს ეგვიპტის მეფე პტოლემაიოს VI ფილომეტერი უჭერდა. მეფე იაფოში (უახლოესი პორტი იერუსალიმთან, იგივე იაფა) დაბანაკდა და იონათანი თავისთან იხმო. ფარაონისა და მღვდელმთავრის დიდებით შეხვდნენ ისინი ერთმანეთს. პტოლემაისში (დღევანდელ აკოში) პტოლემაიოსმა ალექსანდრე მაკედონელის შემდეგ ყოველი ბერძენი მეფის ოცნება აისრულა: ის აზიისა და ეგვიპტის მეფედ აკურთხეს, მაგრამ ამ ტრიუმფის ჟამს მისი ცხენი სელევკიდების სპილოს დანახვაზე დაფრთხა, მეფე ძირს გადმოვარდა და მოკვდა.[42] სანამ სელევკიდები ტახტისთვის ერთმანეთს ებრძოდნენ, დიპლომატი იონათანი გამუდმებით იცვლიდა მხარეებს. ტახტის ერთ-ერთმა სელევკიდმა პრეტენდენტმა, რომელიც ანტიოქიაში ალყაში მოაქციეს, იონათანს მიშველების სანაცვლოდ ებრაელთათვის სრული დამოუკიდებლობის მინიჭების პირობა მისცა. იონათანმა 2000 მეომრით გაიარა დღევანდელი ისრაელის, ლიბანისა და სირიის ტერიტორია და ანტიოქიაში მივიდა. ებრაელმა ჯარისკაცებმა, რომლებიც სასახლიდან ცეცხლმოკიდებულ ისრებს ისროდნენ და სახურავიდან სახურავზე ხტებოდნენ, მეფე გადაარჩინეს და ისევ ტახტზე აიყვანეს. იუდეაში (აქ იუდას მიწა უკვე იუდეად მოიხსენიება, როგორც ბიბლიურ ტექსტებში - მთარგმ. შენ.) დაბრუნებულმა იონათანმა აშკელონი, ღაზა და ბეთ-ცური დაიპყრო და იერუსალიმში აკრას ციხესიმაგრეს ალყა შემოარტყა, მაგრამ იონათანი პტოლემაისში პირადი მცველების გარეშე გაიტყუეს, სადაც ბერძენმა მოკავშირემ ღალატით შეიპყრო და იერუსალიმს თავად შეუტია. მაკაბელთა გვარს ძალა ჯერ არ გამოლეოდა. კიდევ ერთი ძმა იყო დარჩენილი: სიმონი. მან იერუსალიმი გაამაგრა და ლაშქარი შეკრიბა. უეცრად მოსულმა დიდმა თოვლმა ბერძნები უფრო მეტად დააფრთხო და უკან დაიხიეს, თუმცა მოღალატე ბერძენმა შური მაინც იძია და სიმონის ძმა იონათანი სიკვდილით დასაჯა. ძვ. წ. 141 წელს სიმონმა აკრა დაანგრია[43] და მთის კალთაც, რომელზეც ის იდგა, მიწასთან გაასწორა. იერუსალიმში ეს დღე „ქება-დიდებით, პალმის ტოტებით, ქნარებით, წინწილებით, საგალობლებითა და სადიდებლებით“ აღნიშნეს. „წარმართის უღელი მოეხსნა ისრაელს“. დიდმა კრებამ სიმონი კანონიერ მმართველად გამოაცხადა, ოქროს ბალთა გაუკეთა და სამეფო ძოწეულით შემოსა. გვარით არა, მაგრამ სხვა ყველაფრით, სიმონი ნამდვილი მეფე გახდა. „ხალხმა ასე დაიწყო წერა სიგელებსა და ხელშეკრულებებში: სიმონის, დიდი მღვდელმთავრის, მთავარსარდლისა და ებრაელთა წინამძღოლის პირველ წელსო“. იოანე ჰირკანი: იმპერიის მშენებელი სიმონ დიდი პოპულარობის ზენიტში იყო, როცა ძვ. წ. 134 წელს სიძემ სადილად მიიწვია. იქ მაკაბელთა გვარის კიდევ ერთი წარმომადგენელი მოკლეს. სიძემ სიმონის ცოლი და მისი ორი ვაჟიშვილი დაატყვევა. მკვლელებმა სიმონის კიდევ ერთი ვაჟის, იოანეს (ებრაულად იეჰოანანის) შეპყრობაც სცადეს, მაგრამ ის გაიქცა და იერუსალიმში გამაგრდა. იოანეს ყოველი მხრიდან უბედურება დაატყდა თავს. მან შეთქმულებს მათსავე ციხესიმაგრეში შეუტია, მაგრამ დედამისი და ძმები მის თვალწინ შუაზე გაგლიჯეს. იოანე სიმონის მესამე ძე იყო და მის გამეფებას არავინ ელოდა, მაგრამ მას გვარისთვის დამახასიათებელი ყველა უნარი გააჩნდა იმისთვის, რომ„ქარიზმატული, მესიანური თვისებებით“ იდეალური ებრაელი მმართველი გამხდარიყო. როგორც იოსებ ფლავიუსი წერს, ღმერთმა იოანე „სამი უდიდესი პრივილეგიით დააჯილდოვა: ერისმთავრობით, მღვდელმთავრობითა და წინასწარმეტყველების ნიჭით“. სელევკიდმა მეფე ანტიოქე VII სიდეტმა ებრაელთა სამოქალაქო ომი პალესტინის დასაბრუნებლად და იერუსალიმისთვის ალყის შემოსარტყმელად გამოიყენა. იერუსალიმელები შიმშილის ზღვარზე იყვნენ, როცა სიდეტმა კეთილი ნება გამოიჩინა და კარვების დღესასწაულზე მოოქრულრქებიანი შესაწირი ხარების გაგზავნით მოლაპარაკების სურვილი გამოთქვა. იოანე მას დაუზავდა, იუდეის საზღვრებს გარეთ მაკაბელთა მიერ დაპყრობილი ყველა მიწა დათმო და 500 ტალანტი ვერცხლის გადახდისა და იერუსალიმის კედლების დანგრევის პირობა დადო. იოანე ასევე უნდა დახმარებოდა ახალ ბატონს ირანსა და ერაყში წარმოშობილი ახალი ძალის, პართიელების წინააღმდეგ ბრძოლაში. ლაშქრობა ბერძენთათვის კატასტროფული აღმოჩნდა. შესაძლოა, იოანე წინასწარ საიდუმლოდ მოელაპარაკა პართიელთა მეფეს, რომელსაც მრავალი ებრაელი ქვეშევრდომი ჰყავდა. ბერძენი მეფე მოკლეს, ხოლო იოანე როგორღაც მშრალად ამოძვრა ამ ჭაობიდან და სამეფოს დამოუკიდებლობა მოუპოვა.[44] გარეშე იმპერიული ძალები შიდა ინტრიგებით იყვნენ გართულები, ამიტომ იოანემ მეფე დავითის დროიდან პირველად მასშტაბური დაპყრობები დაიწყო. ბედის ირონიით, ამისთვის ფინანსური სახსრები იოანემ სწორედ დავითის აკლდამის გაძარცვით იშოვა. სავარაუდოდ, აკლდამა დავითის ძველ ქალაქში იყო. იოანემ მდინარე იორდანეს გადაღმა მადაბა დაიპყრო, სამხრეთში ედომელები (რომლებსაც მას შემდეგ იდუმეველებად იხსენიებდნენ) იძულებით მოაქცია იუდაიზმზე და სანამ გალილეას აიღებდა, სამარიელები დაამარცხა. გაფართოებულ იერუსალიმში[45] იოანემ ე. წ. პირველი კედელი ააშენა. მისი სამეფო რეგიონში მთავარ ძალად იქცა, ხოლო იერუსალიმის ტაძარი ებრაელთა ცხოვრების ცენტრი იყო, მიუხედავად იმისა, რომ ხმელთაშუაზღვისპირეთში მზარდი ებრაული სათვისტომოები ადგილობრივ სინაგოგებში აღავლენდნენ ყოველდღიურ ლოცვებს. სავარაუდოდ, სწორედ ამ სტაბილურ ხანაში შესწორდა და შეთანხმდა ოცდაოთხი წმინდა წიგნის ტექსტი და ებრაულმა ძველმა აღთქმამ ჩამოყალიბებული სახე მიიღო. იოანეს სიკვდილის შემდეგ მისმა ძემ, არისტობულოსმა, თავი იუდეის მეფედ გამოაცხადა და იერუსალიმი მონარქის სატახტო ქალაქად 586 წლის შემდეგ პირველად იქცა. არისტობულოსმა დღევანდელი ისრაელის ჩრდილოეთში მდებარე იტურეა და სამხრეთ ლიბანი დაიპყრო. თუმცა, მაკაბელები თავიანთი მტრების მსგავსად, თვითონაც ბერძნებს დაემსგავსნენ: ებრაულთან ერთად ბერძნულ სახელებს ირქმევდნენ, ბერძენი ტირანებივით სასტიკი მმართველები გახდნენ. არისტობულოსმა დედამისი დაატყვევა, ხოლო თავისზე პოპულარული ძმა მოკლა. საბოლოოდ, დანაშაულის გრძნობამ ჭკუიდან შეშალა. სიკვდილის პირას მყოფი არისტობულოსი სისხლს აღებინებდა და შიშობდა, რომ მისი მეორე, ქედმაღალი ძმა, ალექსანდრე იანაი, ნამდვილი ურჩხული იყო, რომელიც მაკაბელების დინასტიას ბოლოს მოუღებდა. ალექსანდრე თრაკიელი: მრისხანე ახალგაზრდა ლომი როგორც კი მეფე ალექსანდრემ (იანაი ებრაული იეჰონათანის (იონათანის) ბერძნული ვარიანტია) იერუსალიმში პოზიციები გაიმაგრა, თავისი ძმის ქვრივზე იქორწინა და ებრაული იმპერიის გასაფართოებლად დაპყრობები დაიწყო. ალექსანდრე უსინდისო და უსულგულო იყო, ებრაელებმა მალე შეიზიზღეს ეს გარყვნილი სადისტი, რომელიც სიხარულით აჩაღებდა ომს მეზობლებთან. დასუსტებული ბერძნული სამეფოები მაშინ ნგრევის პირას იმყოფებოდა, ხოლო რომაელები ჯერ კიდევ არ გამოჩენილიყვნენ. ალექსანდრე ხშირად დამარცხებულა, მაგრამ მუდამ ბედი სწყალობდა[46] და მეტოქეს სასტიკად უსწორდებოდა: ებრაელებმა მას „თრაკიელი“ უწოდეს მისი ბარბაროსული ქცევისა და ლაშქარში ბერძენი ჯარისკაცების ყოლის გამო. ალექსანდრემ ეგვიპტის საზღვრებთან ღაზა და რაფაჰი, ხოლო ჩრდილოეთში გოლანი დაიპყრო. მოაბში მას ნაბატეველი არაბები ჩაუსაფრდნენ და ალექსანდრეს იერუსალიმში გაქცევა მოუწია. კარვების დღესასწაულზე მღვდელმთავრის მოვალეობის შესრულებისას ბრბომ მას ხილი დაუშინა. ფარისეველთა სექტის მიერ (რომლებიც ზეპირსიტყვიერი ტრადიციების დამცველებიც იყვნენ და თორასიც) შეგულიანებულმა ბრბომ მეფეს დასცინა, რახან დედაშენი დატყვევებული იყო, მღვდელმთავრობის უფლება არ გაქვსო. პასუხად ალექსანდრემ ბრბოს ბერძენი ჯარისკაცები მიუსია და ქუჩებში 6000 ადამიანი დაახოცვინა. სელევკიდებმა ეს ამბოხი იუდეაზე თავდასხმის საბაბად გამოიყენეს. ალექსანდრე მთებში გაიქცა. და იქ იცდიდა, სანამ შურის საძიებლად ხელსაყრელ შემთხვევას გამონახავდა. როცა მეფე იერუსალიმში ხელახლა შევიდა, 50 000 ქვეშევრდომი გაჟლიტა. ალექსანდრემ გამარჯვება დიდი ნადიმით აღნიშნა, ხარჭებთან ერთად ხტუნავდა და ცეკვავდა, თან თვალს ადევნებდა, როგორ აცვეს 800 ამბოხებული ჯვარს, ჯვარცმულების თვალწინ კი მათ ცოლებსა და შვილებს გამოსჭრეს ყელი. „მრისხანე ახალგაზრდა ლომი“, როგორც მას მტრები უწოდებდნენ, ლოთობამ იმსხვერპლა და ცოლს, სალომე ალექსანდრას დაუტოვა ებრაული იმპერია, რომელიც დღევანდელი ისრაელის, პალესტინის, იორდანიის, სირიისა და ლიბანის ნაწილს მოიცავდა. სიკვდილის წინ მეფემ ცოლს დაუბარა, მისი სიკვდილის შესახებ ჯარისკაცებისთვის მხოლოდ მაშინ გაემხილა, როცა იერუსალიმში პოზიციებს გაიმყარებდა და შემდეგ ფარისეველთა დახმარებით ემართა ქალაქი. ახალი დედოფალი იზებელის ასულის შემდეგ იერუსალიმის პირველი ქალი მმართველი იყო. მაგრამ მაკაბელთა დინასტია უკვე გამოფიტულიყო. ორი მეფის ქვრივი, სალომე ალექსანდრა (სალომე ბერძნული ვარიანტია შალომსიონისა - „მშვიდობიანი სიონისა“), პატარა იმპერიას ფარისევლების დახმარებით სამოც წლამდე მართავდა, მაგრამ თავისი ორი ძის კონტროლი ძალიან უჭირდა. უფროსი ძმა, მღვდელმთავარი იოანე ჰირკან II არასაკმარისად ენერგიული იყო, ხოლო უმცროსი ძმა არისტობულოსი - ზედმეტად ენერგიული. ჩრდილოეთში რომი ხმელთაშუაზღვისპირეთს თანდათან იპყრობდა. რომმა ჯერ საბერძნეთი ჩაყლაპა, შემდეგ კი ბერძენი მეფე მითრიდატეს (მითრიდატე VI ევპატორის) წინააღმდეგობა დაძლია და დღევანდელი თურქეთის ტერიტორიაზე არსებული პონტოს სამეფო დაიპყრო. ძვ. წ. 66 წელს, მითრიდატეს დამარცხების შემდეგ, რომაელი გენერალი პომპეუსი ვაკუუმის შესავსებად სამხრეთისკენ დაიძრა. რომი იერუსალიმს უახლოვდებოდა. 9. რომაელების გამოჩენა ძვ. წ. 66-40 პომპეუსი წმიდათა წმიდაში სალომე დედოფლის სიკვდილის შემდეგ მისი ვაჟები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ. ჰირკან II იერიქონში არისტობულოს II-მ დაამარცხა. ძმები დაზავდნენ და იერუსალიმის ტაძარში ხალხის წინ ერთმანეთს გადაეხვივნენ. არისტობულოსი მეფე გახდა. ჰირკანი გადადგა, მაგრამ მას მრჩევლად ჰყავდა ცბიერი უცხოელი, ანტიპატრი, რომელიც მასზე დიდ ზეგავლენას ახდენდა. ეს იდუმეველი დიდებული იუდეის მომავალი იყო. მისი ძე, ჰეროდე, მეფე გახდა. ეს ნიჭიერი, მაგრამ გარყვნილი ოჯახი იერუსალიმის ბედს მომდევნო საუკუნის განმავლობაში განსაზღვრავდა; სწორედ მათ მისცეს ტაძრის მთას და დასავლეთ კედელს დღევანდელი ფორმა. ანტიპატრმა ჰირკანი ნაბატეველი არაბების დედაქალაქში, „დროსავით ძველსა და ვარდისფერ“ პეტრაში გააქცია. ინდური სუნელებით ვაჭრობით ზღაპრულად გამდიდრებული ანტიპატრის არაბი ცოლის ნათესავი, მეფე არეტა (არაბულად ჰარიტი) მათ მეფე არისტობულოსის დამარცხებაში დაეხმარა. არისტობულოსი იერუსალიმში გაიქცა, არაბი მეფე უკან დაედევნა და ტაძრის მთაში გამაგრებულ არისტობულოსს ალყა შემოარტყა. თუმცა, ეს ხმაური და მძვინვარება სულ ამაო იყო, რადგან ჩრდილოეთით, დამასკოში, პომპეუსი დაბანაკდა. რომის ყველაზე გავლენიანი ადამიანი გნეუს პომპეუსი დამოუკიდებელი სარდალი იყო, რომელმაც პირადი ლაშქრით რომის სამოქალაქო ომებში იტალიაში, სიცილიაზე და აფრიკაში გამარჯვებები მოიპოვა. მას უკვე ორი ტრიუმფი ეზეიმა და დიდძალი ქონება დაეგროვებინა. ამ ფრთხილ გენერალს ანგელოზური სახე ჰქონდა - „პომპეუსის ლოყებზე ულამაზესს ვერაფერს ნახავდით“ - მაგრამ სწორედ ეს ატყუებდა ბევრს: ისტორიკოს სალუსტიუსის თქმით, პომპეუსი „სახით მშვენიერი, გულით კი უსირცხვილო“ იყო. სამოქალაქო ომებში გამოვლენილმა სადიზმმა და სიხარბემ მას მეტსახელი „ახალგაზრდა ყასაბი“ მოუხვეჭა. ბრძოლების შემდეგ ის რომში დასახლდა, მაგრამ დაფნის გვირგვინოსნებს გავლენის შესანარჩუნებლად მუდმივი წარმატებები სჭირდებოდათ. მისი მეორე მეტსახელი მაგნუსი - „დიდი“ - ნახევრად სარკასტული იყო. ბავშვობაში პომპეუსი აღმერთებდა ალექსანდრე დიდს და მისი ჰომეროსისეული, გმირული ლაშქრობებით შექმნილი სამეფოს ფლობა აღმოსავლეთის სხვა დაუპყრობელ პროვინციებთან ერთად, ყოველი რომაელი ოლიგარქისთვის სანუკვარი ოცნება იყო. ძვ. წ. 64 წელს პომპეუსმა სელევკიდების სამეფო გაანადგურა, სირია დაიპყრო და სიამოვნებით დათანხმდა, დაპირისპირებულ ებრაელებს შორის შუამავალი გამხდარიყო. პომპეუსს იერუსალიმიდან არა მხოლოდ ერთმანეთს გადამტერებული ძმების, არამედ ფარისევლების დელეგაციაც ეწვია. ფარისევლები მას მაკაბელების თავიდან მოშორებას სთხოვდნენ. პომპეუსმა ორივე ძმას ურჩია, დაეცადათ, სანამ სამართლიან განაჩენს გამოიტანდა. მაგრამ არისტობულოსმა, რომელიც რომის სიძლიერეს ჯეროვნად ვერ აფასებდა, ვერ მოითმინა და პომპეუსი მოატყუა. პომპეუსი იერუსალიმში შეიჭრა, მაგრამ მაკაბელები ტაძრის მთაში გამაგრდნენ და ზედა ქალაქთან დამაკავშირებელი ხიდი დაანგრიეს. პომპეუსი ბეთეზდას აუზის ჩრდილოეთით დაბანაკდა და სამი თვის განმავლობაში კატაპულტებით ბომბავდა ალყაშემორტყმულ ტაძარს. ებრაელების ღვთისმოშიშობით რომაელებმაც ისარგებლეს - შაბათის უქმე დღეს ჩრდილოეთიდან შეიჭრნენ ტაძარში და სამსხვერპლოს მცველ მღვდლებს ყელი გამოსჭრეს. ებრაელებმა საკუთარ სახლებს ცეცხლი წაუკიდეს, ზოგი გალავნიდან გადახტა და თავი მოიკლა. სულ ოცი ათასი ადამიანი დაიღუპა. პომპეუსმა დამცავი კედლები დაანგრია, მონარქია გააუქმა, მაკაბელთა სამეფოს უდიდესი ნაწილი ჩამოაჭრა და იუდეის მღვდელმთავრად ჰირკანი დანიშნა, ჰირკანის მრჩეველ მინისტრად კი - ანტიპატრი. პომპეუსმა წმიდათა წმიდის ხილვის ცდუნებას ვერ გაუძლო. რომაელებს ძალიან აინტერესებდათ აღმოსავლური წეს-ჩვეულებები, მაგრამ საკუთარი მრავალღმერთიანობით ამაყობდნენ და ებრაელი მონოთეისტების ცრუმორწმუნოებრივი პრიმიტივიზმი აღიზიანებდათ. ბერძნები ღვარძლიანად დასცინოდნენ ებრაელებს, საიდუმლოდ ვირის თავს სცემენ თაყვანს, მსხვერპლად შესაწირად კი სპეციალურად ასუქებენ ადამიანებს და მერე მათ ხორცს ჭამენო. პომპეუსი და მისი ამალა წმიდათა წმიდაში შევიდა; მან მიუტევებელი მკრეხელობა ჩაიდინა, რადგან თვით მღვდელმთავარიც წელიწადში მხოლოდ ერთხელ შედიოდა იქ. რომაელი გენერალი, სავარაუდოდ, მეორე წარმართი იყო ანტიოქე IV-ის შემდეგ, რომელიც წმინდა ოთახში შევიდა. პომპეუსმა მოწიწებით დაათვალიერა იქაურობა, დარწმუნდა, რომ იქ მხოლოდ სიწმინდე სუფევდა და ოქროს მაგიდისა და წმინდა სასანთლის გარდა არაფერი, არანაირი ღმერთის ოქროს თავი არ იდგა. მას არაფერი მოუპარავს. პომპეუსი რომში დაბრუნდა, აზიური გამარჯვებები ტრიუმფით რომ აღენიშნა. ჰირკანს მეამბოხე არისტობულოსი და მისი ძეები არ ასვენებდნენ, მაგრამ რეალურმა მმართველმა ანტიპატრმა იმდროინდელი მსოფლიოს ყველაზე ძლიერ ძალად ქცეულ რომში მხარდაჭერის მოპოვება მოახერხა, მიუხედავად იმისა, რომ რომაული პოლიტიკის უეცარი ცვლილებები თვით ყველაზე ცბიერ პოლიტიკოსებსაც კი რთულ ვითარებაში აგდებდა. პომპეუსს ძალაუფლების სხვა ორ გენერალთან გაყოფა მოუწია. ეს გენერლები იყვნენ ტრიუმვირატის წევრები - კრასუსი და კეისარი. მალე კეისარმა გალიის დაპყრობით სახელი დიდად გაითქვა. ხოლო ძვ. წ. 55 წელს აღმოსავლეთში დიდების მაძიებელი კიდევ ერთი რომაელი ოლიგარქი სირიაში გამოჩნდა, რათა მეტოქეთა თანასწორი გამარჯვებები მოეპოვებინა. კლეოპატრამ რომის მბრძანებელთან საიდუმლო შეხვედრა მოითხოვა. სექსუალურ-პოლიტიკური პანტომიმის ეს გამოცდილი იმპრესარიო კეისრის ოთახში თეთრეულის კალათში ჩამალული შეიყვანეს (და არა ხალიჩაში გახვეული); შესაძლოა, კლეოპატრა წინასწარ მიხვდა, რომ კეისარს ასეთი თეატრალური დადგმა მოხიბლავდა. ბრძოლებით გადაქანცული, გაჭაღარავებული და ნახევრად გამელოტებული, ორმოცდათორმეტი წლის გაიუს იულიუს კეისარი კვლავაც ინარჩუნებდა გასაოცარ ახალგაზრდულ ძალას, ბრძოლის, წერისა და პოლიტიკური ინტრიგების ხლართვის ნიჭს. გარდა ამისა, ის სექსუალური ავანტიურისტიც იყო, რომელიც კრასუსის და პომპეუსის ცოლებთანაც წოლილა. კლეოპატრა მასთან შეხვედრისას ოცდაერთი წლის იყო. ვერ იტყოდით, რომ შეუდარებლად ლამაზი იყო, მაგრამ მისი მიმზიდველობა, შარმი და ხიბლი, რომელსაც გარშემო ასხივებდა, ყველას ნუსხავდა; თუმცა კი, როგორც მონეტებიდან და ქანდაკებებიდან ჩანს, კლეოპატრას წინაპრების კეხიანი ცხვირი და გამოშვერილი ნიკაპი ჰქონდა. კლეოპატრას სამეფოს დაბრუნება და თავისი შეუდარებელი საგვარეულოს სიდიადის დამტკიცება სურდა. კეისარიც და კლეოპატრაც ავანტიურისტული პოლიტიკის მიმდევრები იყვნენ. ისინი საყვარლები გახდნენ. კლეოპატრამ კეისარს ვაჟი გაუჩინა, კესარიონი. რაც მთავარია, კეისარი მისი მხარდამჭერი და ერთგული გახდა. მალე კლეოპატრასა და მისი რომაელი მფარველის წინააღმდეგ აჯანყებულმა ეგვიპტელებმა კეისარი ალექსანდრიაში ალყაში მოიქციეს. იერუსალიმში პომპეუსის მომხრე ანტიპატრმა იფიქრა, რომ კეისრის წინაშე ცოდვების გამოსყიდვისთვის ხელსაყრელი დრო დადგა. ის 3000 ებრაელი ჯარისკაცით ეგვიპტეში ჩავიდა, ეგვიპტელი ებრაელები მიიმხრო და კეისრის მოწინააღმდეგეებს შეუტია. კეისარმა გაიმარჯვა და კლეოპატრა ხელისუფლების სათავეში დააბრუნა. რომში დაბრუნებამდე მადლიერმა კეისარმა ჰირკანი ისევ დააბრუნა მღვდელმთავრისა და ეთნარქის, ანუ ერისმთავრის, თანამდებობაზე და იერუსალიმის კედლების აღდგენის ნებაც დართო. მაგრამ მთელი ძალაუფლება მან ანტიპატრს ჩააბარა, როგორც იუდეის პროკურატორს, ხოლო მისი ძეები ადგილობრივ ტეტრარქებად დანიშნა. უფროსი ძე, ფასაელი, იერუსალიმს მართავდა, უმცროსი ჰეროდე კი - გალილეას. თხუთმეტი წლის ჰეროდემ ხასიათის სიმტკიცე მაშინ გამოაჩინა, როცა რელიგიური ფანატიკოსი ებრაელების დაჯგუფება გაანადგურა. იერუსალიმში სინედრიონი ჰეროდეს არასანქცირებულმა ხოცვა-ჟლეტამ გაანაწყენა და ის სასამართლოში დაიბარეს. თუმცა, რომაელებს ანტიპატრი და მისი ვაჟები მოსწონდათ და ამ მოუსვენარი ხალხის გამგებლებად ისინი შეეგულებინათ. სირიის რომაელმა გუბერნატორმა ჰეროდეს გამართლება მოითხოვა და მას უფრო მეტი ძალაუფლება მიანიჭა. ჰეროდე უკვე გამოირჩეოდა. იოსებ ფლავიუსის თქმით, ის „გონებრივი, გარეგნული და ფიზიკური სილამაზით დაჯილდოებული“ იყო. გმირული სულის გარდა, განსწავლულობითაც გამოირჩეოდა და ეპოქის სახელოვან რომაელებზე დიდ შთაბეჭდილებას ახდენდა. დაუოკებელი სექსუალური მადა ჰქონდა (იოსებ ფლავიუსი „ვნებათა ტყვეს“ უწოდებდა), მაგრამ უხეში არ ყოფილა. არქიტექტურაში ერკვეოდა, ბერძნულ, ლათინურ და ებრაულ კულტურას კარგად იცნობდა და, როცა პოლიტიკური საქმეებისგან გათავისუფლდებოდა და გართობაც მობეზრდებოდა, ისტორიულ და ფილოსოფიურ საკითხებზე კამათი უყვარდა. თუმცა, ძალაუფლება ყოველთვის უმნიშვნელოვანესი იყო მის ცხოვრებაში და ეს პირად ურთიერთობებს უწამლავდა. მეორე თაობის იუდაიზმზე მოქცეული იდუმევლისა და არაბი ქალის (ამიტომ ერქვა მის უფროს ძმას ფასაელი, ანუ ფაისალი) შვილი, ჰეროდე, ნამდვილი კოსმოპოლიტი იყო, რომელსაც შეეძლო, ებრაელადაც მოეჩვენებინა თავი, ბერძენადაც და რომაელადაც. მაგრამ ებრაელებმა ბოლომდე მაინც არ აპატიეს მას შერეულსისხლიანობა. მდიდარ, მაგრამ ფხიზელ და სასტიკ ოჯახში გაზრდილ ჰეროდეს არაერთხელ უნახავს უახლოესი ნათესავების განადგურება და დარწმუნდა, რომ ძალაუფლების შესანარჩუნებლად უპირველესად ტერორი იყო საჭირო. ის სიკვდილს პოლიტიკურ იარაღად იყენებდა: ეს პარანოიკი და ზედმეტად ემოციური, ულმობელი, მაგრამ იმავდროულად მგრძნობიარე ყმაწვილი ნებისმიერ ფასად ცდილობდა გადარჩენასა და სხვებზე გაბატონებას. ძვ. წ. 44 წელს კეისარი მოკლეს და მისი ერთ-ერთი მკვლელი, კასიუსი, სირიის სამართავად ჩამოვიდა. ჰეროდეს მამა, ანტიპატრი ახლა კასიუსის მხარეს გადავიდა, მაგრამ საბოლოოდ თავისსავე გაბმულ ინტრიგებში გაიხლართა. ერთ-ერთმა მეტოქემ ანტიპატრი მოწამლა და იერუსალიმიც დაიკავა. ჰეროდემ მამის მკვლელი მოაკვლევინა. მალე კასიუსი და მისი ამხანაგი, ბრუტუსი ფილიპისთან, მაკედონიაში დაამარცხეს. გამარჯვებულები იყვნენ კეისრის დისწული, კეისრის შვილობილი - ოქტავიანე და ჩხუბისთავი გენერალი მარკუს ანტონიუსი. სამეულმა იმპერია გაიყო. ანტონიუსმა აღმოსავლეთი მიიღო. სირიაში ჩასულ ანტონიუსთან შესახვედრად ორი რადიკალურად განსხვავებული ინტერესის მქონე მმართველი მიიჩქაროდა: ერთ-ერთს ებრაული სამეფოს დამოუკიდებლობის აღდგენა სურდა, მეორეს - თავისი წინაპრების იმპერიის. ანტონიუსი და კლეოპატრა კლეოპატრა ანტონიუსთან ქარიზმატულ დედოფლად, იმდროინდელი მსოფლიოს ყველაზე სახელგანთქმული დინასტიის, პტოლემეიანთა, შთამომავლად წარდგა, როგორც ისიდა-აფროდიტე მივიდა თავის დიონისესთან, რათა ამ უკანასკნელს მისთვის წინაპართა მიწები ებოძებინა. შეხვედრა ორივესთვის საბედისწერო გამოდგა. ანტონიუსი კლეოპატრაზე თოთხმეტი წლით უფროსი, მაგრამ ძალების გაფურჩქვნის ასაკში იყო: სქელკისერა, ყბაგამოშვერილ და მხარბეჭიან, დაკუნთულფეხებიან, ამაყ ანტონიუსს ბევრი სმა უყვარდა. მას კლეოპატრამ თავბრუ დაახვია და რომაელი გენერალი მაშინვე ბერძნული კულტურისა და აღმოსავლური ფუფუნების მოტრფიალე გახდა - თავი ალექსანდრე მაკედონელის მემკვიდრედ და ჰერაკლეს (და, რასაკვირველია, დიონისეს) შთამომავლად წარმოიდგინა. თუმცა, ანტონიუსმა ეგვიპტელებისგან პართიული ლაშქრობისთვის ფული და საგზალი მაინც მოითხოვა. ერთი სიტყვით, კლეოპატრასა და ანტონიუსს ერთმანეთი სჭირდებოდათ, ხოლო საჭიროება ხშირად სიყვარულის მშობელია. ანტონიუსმა და კლეოპატრამ თავიანთი საქმიანი და სასიყვარულო კავშირი კლეოპატრას დის მკვლელობით აღნიშნეს (კლეოპატრას უკვე მოეკლა თავისი ძმა). ანტონიუსს ჰეროდეც საჩქაროდ ეწვია. გენერალი ანტონიუსი ახალგაზრდობაში ეგვიპტეში მხედარმთავრად მსახურობისას ჰეროდეს მამას გამოეწრთო, ამიტომ ანტონიუსმა ჰეროდე და მისი ძმები იუდეის მმართველებად გაამწესა, მღვდელმთავარ ჰირკანს კი რეალური ძალაუფლება არ გააჩნდა. ჰეროდემ იერარქიული აღმასვლა სამეფო ნიშნობით აღნიშნა. მისი საცოლე მარიამი, მაკაბელი მეფის ასული, ერთდროულად ორი მეფის შვილიშვილი იყო. როგორც იოსებ ფლავიუსი წერს, მარიამის სხეული მის სახესავით მშვენიერი იყო. როგორც მომავალში გამოჩნდა, ეს ვნებიანი ურთიერთობა მათთვის დამღუპველი აღმოჩნდა. ანტონიუსი მის ტყუპებზე ფეხმძიმედ მყოფ კლეოპატრას ეგვიპტის დედაქალაქ ალექსანდრიაში გაჰყვა. როგორც კი ჰეროდემ კარიერული აღმასვლა დაიწყო, პართიელები სირიაში შეიჭრნენ. ჰირკანის ძმისწული ანტიგონე, მაკაბელი უფლისწული, პართიელებს 1000 ტალანტს და ხუთასგოგოიან ჰარამხანას შეჰპირდა იერუსალიმის სანაცვლოდ. პაკორი: პართიელი ჩუბინი ებრაული ქალაქი რომაელთა მარიონეტ ჰეროდეს და მის ძმას, ფასაელს აუჯანყდა. ტაძრის პირდაპირ მდგარ სასახლეში გამაგრებულმა ძმებმა აჯანყების ჩახშობა მოახერხეს, მაგრამ პართიელების დამარცხება სულ სხვა საქმე იყო. იერუსალიმი მაშინ პილიგრიმებით იყო სავსე - კვირეულის ზეიმი იმართებოდა - როცა მაკაბელთა მომხრეებმა ქალაქის კარიბჭე გააღეს და შემოუშვეს პართიელი უფლისწული პაკორი[48] და მისი პროტეჟე ანტიგონე. იერუსალიმი მაკაბელთა დაბრუნებას სიხარულით შეხვდა. პართიელებმა თავი ისე მოაჩვენეს, თითქოს ჰეროდესა და ანტიგონეს შორის პატიოსან შუამავლობას აპირებდნენ. ამის ნაცვლად, მათ ფასაელი მახეში გააბეს. ჰეროდეს სიკვდილით დასჯა ემუქრებოდა; პართიელებმა იერუსალიმი გაძარცვეს და ანტიგონე იუდეის მეფედ და მღვდელმთავრად დანიშნეს.[49] ანტიგონემ ბიძამისი ჰირკანი დაასახიჩრა, ყურები დააჭრა და მღვდელმთავრის თანამდებობიდან ჩამოაქვეითა, ხოლო ფასაელი ან მოკლეს, ან თავი მოიკლა. ჰეროდემ იერუსალიმი და ძმა დაკარგა. ის რომაელებს ემხრობოდა, მაგრამ ახლო აღმოსავლეთი პართიელებმა დაიპყრეს. ჰეროდე მერყევი და ხანდახან დეპრესიულიც კი იყო, მაგრამ მისი ძალაუფლებისადმი ლტოლვა, მახვილი გონება, სიცოცხლის წყურვილი და თვითგადარჩენის ინსტინქტი უფრო ძლიერი აღმოჩნდა. მან მაინც შეძლო თავის ხელში აყვანა და ემოციების მოთოკვა, შემდეგ ამალა შეკრიბა, რათა ღამით გაქცეულიყო და დახმარება ეთხოვა. ჰეროდე: კლეოპატრასთან გაქცევა ჰეროდე და მისი ამალა - ხუთასი ხარჭა, დედამისი, და და, რაც მთავარია, მაკაბელი საცოლე მარიამი - იერუსალიმიდან ცხენებზე ამხედრებული გაიჭრნენ და იუდეის მთა-გორაკებს შეაფარეს თავი. მეფე ანტიგონე ძალიან გააბრაზა ჰეროდეს გაქცევამ (როგორც ჩანს, მის ჰარამხანას პართიელებს იყო შეპირებული) და უკან ცხენოსნები დაადევნა. მთებში ჰეროდეს კიდევ ერთხელ სძლია სისუსტემ და კინაღამ თავი მოიკლა, მაგრამ მცველებმა დროზე წაჰგლიჯეს ხმალი, რომელსაც უნდა დაჰგებოდა. მალე ანტიგონეს ცხენოსნები მის ქარავანს დაეწივნენ, მაგრამ ჰეროდემ მხნეობა მოიკრიბა და ისინი დაამარცხა. შემდეგ თავისი მხლებლები მასადის აუღებელ მთის ციხესიმაგრეში დააბინავა, თვითონ კი ეგვიპტეში გაიქცა. ანტონიუსი უკვე რომში წასულიყო, მაგრამ ჰეროდე კლეოპატრამ მიიღო. დედოფალმა ჰეროდეს ალექსანდრიაში დასატოვებლად სამსახური შესთავაზა, მაგრამ ჰეროდემ რომისკენ გაცურა. თან თავისი საცოლის უმცროსი ძმა, იონათანი მიჰყავდა, რომელსაც იუდეის ტახტზე ასაყვანად ამზადებდა. ანტონიუსი, რომელიც თავად პართიელთა წინააღმდეგ ომისთვის ემზადებოდა, მიხვდა, რომ პატარა ბიჭი ამ საქმისთვის ვერ ივარგებდა; მას ჰეროდეს სისასტიკე და გამოცდილება სჭირდებოდა. სარჩევი ← …
დაამატა Kakha to მსოფლიო ისტორია at 10:39am on ივნისი 5, 2015
  • 1
  • ...
  • 54
  • 55
  • 56
  • 57
  • 58
  • 59
  • 60
  • ...
  • 79

Welcome to
Qwelly

რეგისტრაცია
ან შესვლა

ღონისძიებები

  • დაამატე ღონისძიება

ბლოგ პოსტები

How They Operate, And Why They Subject for Employers

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: აპრილი 26, 2025.
საათი: 2:30pm 0 კომენტარი 0 მოწონება







In the present earth, history checks are getting to be a regular part of the selecting method, tenant screening, and in some cases volunteer variety. From verifying work historical past to examining felony information, qualifications check providers give vital insights into somebody's heritage. In the following paragraphs, we’ll include the kinds of track record checks, how they perform, and why They are really critical for each companies and people.



What exactly…

გაგრძელება

შემოქმედი მხატვარი

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 22, 2025.
საათი: 11:23pm 0 კომენტარი 2 მოწონება

თვალებს ძლივს ახელდა დასაძინებლად რომ წავედით, მაგრამ მაინც მოვახერხეთ ძილისწინა საუბრები. ამჯერად, თემა ნათესავები და ნათესაური კავშირები იყო და ცოტა ვერ მიხვდა რა სხვაობა შვილიშვილსა და შვილთაშვილს შორის. ის კი გაიგო, რომ პირველი - მესამე თაობას ნიშნავდა, ხოლო მეორე - მეოთხეს, მაგრამ თვითონ ეს სიტყვები - შვილი-შვილი და შვილთა-შვილი რატომ…

გაგრძელება

სააღდგომო ეპისტოლე 2025

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 20, 2025.
საათი: 2:00am 0 კომენტარი 2 მოწონება

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, ილია II-ის სააღდგომო ეპისტოლე

საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის წევრთ, მკვიდრთ ივერიისა და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებ თანამემამულეთ:

ქრისტე აღდგა!

Qwelly, qwellynews, აღდგომა, ბლოგი, ეპისტოლე, პატრიარქი, სააღდგომო ეპისტოლე, 2024

აღდგეს ღმერთი, მიმოიფანტონ…

გაგრძელება

Fresh New Stories

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: აპრილი 9, 2025.
საათი: 5:30am 0 კომენტარი 0 მოწონება







The 12 months 2025 has brought a wave of innovation and creativeness to Bangla natok, redefining the storytelling landscape for audiences worldwide. With refreshing narratives, groundbreaking themes, and Outstanding performances, The brand new natoks of 2025 continue to elevate the art of Bengali drama.



What to anticipate from New Natoks in 2025



Daring Narratives: The most up-to-date natoks are exploring uncharted territories, delving into social…

გაგრძელება
  • დამატება დღიურში
  • ყველა

Qwelly World

free counters

© 2025   George.   • Ning - platform for social network creation and community website building

პანაღია  |  პრობლემის აღმოჩენისას!  |  Terms of Service

საუბრის დაწყება!