ანგელოზი ჩამოფრინდა მიწაზე, დაუტევა თეთრი ფთილა ღრუბელი, საიდანაც შეფარვით უჭვრეტდა ადამიანთა საქმიანობას თავისი სევდიანი თვალებით. მაშინვე ცნობისმოყვართა მთელი ბრბო შემოეხვია ირგვლივ, ყველას აინტერესებდა მისი ახლოდან ნახვა. მათში ჟურნალისტებიც მრავლად ერივნენ. ცხადია, მაშინვე იერიშზე გადავიდნენ, უნდოდათ ექსკლუზიური ინტერვიუ აეღოთ ეგზომ იშვიათი ციური სტუმრისგან. ყველას აჯობა ერთმა ყოჩაღმა ბიზნესმენმა, ღონიერი მკლავებით მისწი-მოსწია ხალხი, გზა გაიკვლია ანგელოზისკენ და ამ უკანასკნელმა თვითონაც ვერ გაიგო, ისე აღმოჩნდა უშველებელი სარეკლამო სტენდის წინ, სადაც უამრავი ნივთი იყო გამოფენილი და მათი ჭრელა – ჭრულა რეკლამა თვალს სჭრიდა გამვლელ-გამომვლელს.

  - აბა, ჩემო ანგელოზო, - მიმართა ბიზნესმენმა, თან ხელებს კმაყოფილებით იფშვნეტდა, - უნდა დაამშვენო ჩვენი სარეკლამო სტენდი. ვიცი, უარს არ მეტყვი, შენი ანგელოზური გულისხმიერების იმედი მაქვს. იქ, ზედა კუთხეში, ვენტილატორსა და ხორცსაკეპ მანქანას შორის ადგილია დარჩენილი...

      ბიზნესმენმა მიზანში მოარტყა, როცა სიტყვა ანგელოზურ გულისხმიერებაზე გადაუკრა. ამის შემდეგ ანგელოზს უარის თქმა არაფრით არ შეეძლო. ფრთები გაშალა, მიწას მსუბუქად მოსწყდა და გამგონედ დაიკავა ადგილი ზუსტად იქ, სადაც მიუთითეს.

  - მშვენიერია! - აცქმუტდა ბიზნესმენი, - ეს მართლაც კარგი მოვიფიქრეთ, ჩემო ანგელოზო, მაგრამ ერთი რამ მტკენს გულს: ფრთები უნდა აკეცო, თორემ ეს რასა ჰგავს, გაშლილმა ფრთებმა ლამის მთელი სტენდი დაფარა. მე ამით ძალიან დავზარალდები, რასაც შენი ანგელოზური ბუნება ვერაფრით აიტანს.

      ანგელოზმა მაშინვე დაკეცა ფრთები, ხელები გულზე დაიჭდო და სევდიანი თვალები მოლოდინით მიაპყრო „ბიზნესმენს“, აბა კიდევ რას მეტყვისო. გუმანმა არ უმტყუნა...

  - გადასარევია! პირდაპირ აღარ ვიცი, რა სიტყვებით შეგაქო, ჩემო ანგელოზო! - ისევ აცქმუტდა ბიზნესმენი, - მაგრამ უნაკლო არც ესაა. მაინც მეტისმეტად დიდი ადგილი გიჭირავს; აღარც ვენტილატორი ჩანს და აღარც ხორცისსაკეპი მანქანა. თვითონაც უნდა შეიკუმშო. ვიცი, ვარს არ მეტყვი, შენ ხომ ანგელოზის გული გაქვს...

      ანგელოზს სახვა რაღა დარჩენოდა, თვითონაც შეიკუმშა, დაპატარავდა. რაც იყო, იმის ნახევარი დარჩა.

  - კარგია, კარგი! - მოწონებით შესძახა ბიზნესმენმა, შენი იმედი ტყუილად როდი მქონდა.

      თითქოს ამით ყოველივე მოგვარდა, სადაო აღარაფერი ჩანდა, მაგრამ მოულოდნელად რომელიღაც ფირმის წარმომადგენელი მოვარდა თავქუდმოგლეჯილი და თავისი ნიმუშის გამოფენა მოითხოვა. რა ნივთი იყო, აღარ მახსოვს... ბიზნესმენი მაშინვე დაფაცურდა, ჩამოურბინა სარეკლამო სტენდს, ნემსისოდენა ადგილიც კი არსად იყო დარჩენილი.

  - ისევ შენ უნდა მიშველო, ჩემო ანგელოზო, - შეევედრა ბიზნესმენი, - კიდევ უნდა შეიკუმშო როგორმე, თორემ ვიღუპები და ესაა...

      ანგელოზიც ისევ შეიკუმშა, დაპატარავდა, რაც იყო, მისი ნახევრის ნახევარი დარჩა. Gგანა შეიძლებოდა ვინმე მის გამო დაღუპულიყო?

      ცოტა ხანიც და...ისევ მოიჭრა რომელიღაცა ფირმის სხვა წარმომადგენელი გამოსაფენად გამზადებული ნიმუშით. ანგელოზით დამშვენებულ სარეკლამო სტენდს მთელს ქალაქში გაეთქვა სახელი. ანგელოზს ისევ დასჭირდა შეკუმშვა - შევიწროება, ცხადია, თავისი ანგელოზური ბუნებიდან გამომდინარე.

  - განა შენი ანგელოზური ბუნება აიტანს, მე რომ დავიღუპო? - ისე გულმდუღარედ შეჰღაღადა ბიზნესმენმა, ანგელოზს კი არა, ეშმაკსაც მოულბობდა გულს.

      იმ სხვა ფირმის წარმომადგენელს კიდევ სხვა მოჰყვა, ანგელოზიც სულ პატარავდებოდა და პატარავდებოდა. - არ მინდოდა, შემეწუხებინე, მაგრამ სხვა გამოსავალი არაა, შენი იმედითღა ვსულდგმულობ, გულზე მჯიღს იცემდა ბიზნესმენი.

      ბოლოს კი ანგელოზი ისე დაპატარავდა, მისგან ერთი პაწია, თეთრი ბუმბული დარჩა. ვენტილატორსა და ხორცსაკეპ მანქანას შორის იდო ის ბუმბული და საოცრება ის გახლდათ, მაინც დიდ შუქსა და სილამაზეს რომ ასხივებდა.

          ამჯერად თითქოს საბოლოოდ მოგვარდა ყოველივე, ყველაფერმა იპოვა თავისი კუთვნილი ადგილი, მაგრამ რაღაც ეშმაკად, ვიღაცამ ვენტილატორი ჩართო, ალბათ უნდოდა მნახველისთვის ეჩვენებინა, როგორ მუშაობდა, დაუბერა ვენტილატორისგან აღძრულმა ქარმა თეთრ ბუმბულს, ჰაერში აიტაცა. იქ უკვე ნიავი წაეხმარა, ბუმბული სულ ფრენა-ფრენით წაიღო.

     ... და როცა ბიზნესმენი სარეკლამო სტენდისკენ მიტრიალდა, (ცხადია, მაშინ, როცა ისევ დასჭირდა ანგელოზური გულისხმიერება) პირზე შეაცივდა სიტყვები: „ნუ გამწირავ, ჩემო ანგელოზო“...

      მის ნაცვლად:

  - სად გაქრა ანგელოზი? - ესღა აღმოხდა.

      ანგელოზი მართლაც გამქრალიყო, აღარსად ჩანდა. პაწია თეთრი ბუმბული უკვე შორს მიჰქონდა ნიავს, იმ თეთრი, ფთილა ღრუბლისკენ მიაფრენდა, საიდანაც ანგელოზს ასე უყვარდა ადამიანთა საქმიანობის ჭვრეტა თავისი სევდიანი თვალებით.

ნახვა: 267

ტეგები: Qwelly, ანგელოზი, ბლოგი, ჩანახატი

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ბლოგ პოსტები

Aion Gladiator

გამოაქვეყნა Benniehench03_მ.
თარიღი: ივლისი 20, 2026.
საათი: 10:30am 0 კომენტარი

Aion 2 is shaping up to be a more deliberate MMO experience, where character power is tied not only to level but also to preparation. For players watching the market around , the important question is not simply what to collect, but…

გაგრძელება

How CNC Router Bits Influence Machining Accuracy, Efficiency, and Final Product Quality

გამოაქვეყნა CarbixTools_მ.
თარიღი: ივლისი 13, 2026.
საათი: 7:00am 0 კომენტარი

When discussing CNC machining performance, conversations often focus on machine power, software systems, or automation features. However, the cutting tool is the component that directly interacts with the material and determines the quality of…

გაგრძელება

An Indispensable Tool for Full-Body Skin Hygiene and Healthy Exfoliation Daily bathing is the most fundamental part of personal hygiene and body skin care

გამოაქვეყნა BurtPMotz_მ.
თარიღი: ივნისი 22, 2026.
საათი: 11:00am 0 კომენტარი

An Indispensable Tool for Full-Body Skin Hygiene and Healthy Exfoliation Daily bathing is the most fundamental part of personal hygiene and body skin care. Most people rely solely on bath towels, body wash, and hands to clean their bodies during…

გაგრძელება

სააღდგომო ეპისტოლე 2026

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 13, 2026.
საათი: 12:00am 0 კომენტარი

საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტის,

შიოს, სააღდგომო ეპისტოლე

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის…

გაგრძელება

არცაღა ერთი მკუდართაგანიღა არს საფლავსა შინა

გამოაქვეყნა აკაკი ლიპარტია_მ.
თარიღი: აპრილი 12, 2026.
საათი: 3:36am 0 კომენტარი

ქრისტე აღსდგა მკვდრეთით

სიკვდილითა სიკვდილისა დამთრგუნველი

და საფლავების შინათა ცხოვრების მიმნიჭებელი!…

გაგრძელება

ოსკარის 2026 წლის დაჯილდოება - გამარჯვებულები და ნომინირებულები

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: მარტი 16, 2026.
საათი: 11:30pm 0 კომენტარი

ოსკარი 2026 სრული სია

      ისევ დამიგვიანდა! ეტყობა, მართლა დავბერდი და უკვე აღარც კი…

გაგრძელება

Qwelly World

free counters