გაცოცხლებული ქარაგმა (გაგრძელება)

      ჩემს პაწია მზეს ძალიან სიამოვნებს, როდესაც ჰამაკში ვარწევ ხოლმე, მაშინვე თვალებს მილულავს და ტკბილად იძინებს. ასეთ დროს მახსენდება, რომ მეც ძალიან მსიამოვნებდა ჰამაკში ჩაძინება, მთელი სამოთხის ბაღი ნელნელა ირწეოდა ჩემს ჰამაკთან ერთად, ირგვლივ ყოველივე მშვიდი ნეტარებით სუნთქავდა.

      კიდევ ბევრ რამეს ვხედავ ჩემთვის კარგად ნაცნობს, როცა ამ პაწია სხეულს შევყურებ; არ მოსწონს, თუკი რაიმემ შეაწუხა, მაშინვე ხმამაღლა ჩხავილს მორთავს ხოლმე. ადამმა ერთხელ შემთხვევით ფრჩხილით გაუკაწრა კანი. ო, რამდენი იჩხავლა, ცრემლების წამდვილი ტბა დააყენა. როცა არაფერი აწუხებს, თბილად და მყუდროდ წევს კარგად დაპურებული, თავს ძალიან ბედნიერად გრძნობს, სწორედ ისე, როგორც მე თვითონ.

      ოღონდ ერთი უცხო ნიშანი მაინც შევამჩნიე ჩემს პაწია მზეს: ის-ის იყო ჩაიძინა, თვალები უკვე დახუჭული ჰქონდა... და უცბად გაიღიმა, ძილში გაიღიმა. თვალგაუხლელად. ამ ღიმილის დანახვამ მე გამაოგნა...

      ხომ მზესავით აფრქვევს შუქს ჩემი პაწია, არაფრით ჩამოუვარდება ცის ლურჯ თაღზე მსუფევ მნათობს..... ის ღიმილი რაღაცით უფრო მეტი იყო, სხვა ნათელი გაკრთა მასში. სულ ერთი წამით იელვა, მაგრამ ბრწყინვალება, რაც მან დააფრქვია, თვით მზეს ბევრად აღემატებოდა.

      - ვის გაუღიმე, ჩემო პაწია მზეო? - ვკითხე ჩუმად, რათა არ გამეღვიძებინა, - ვის ეკუთვნის ეს უნათლესი შუქი, შენს ქორფა ბაგეს რომ დაეფრქვა?

      ვერაფერს მეუბნება ჩემი პაწია მზე. გულიანად სძინავს და სიზმრად ხედავს სამოთხის ბაღს, რომელიც ორი წვეთი წყალივით ჰგავს ნამდვილ სამოთხის ბაღს.

      კიდევ ბევრჯერ შევამჩნიე ჩემი პაწიას სახეზე ის უნათლესი ღიმილი, უთვალავი მზის ელვარება ერთად რომ ამოაფრქვია. ადამსაც ვუთხარი ამის შესახებ, ყურადღებით მომისმინა და ჩუმად დაფიქრდა თავისთვის, თითქოს რაღაცის გახსენებას ცდილობსო. მეც დავფიქრდი, ვცდილობ გავიხსენო... ასეთი ღიმილი ალბათ მეც მეხატა სახეზე, მაგრამ ვის ეკუთვნოდა იგი? ვის სახეს შევხაროდი მაშინ? ვინ მაფრქვევდა ასეთ საოცარ ნათელს, თვით მზის ბრწყინვალებას რომ ესოდენ აღემატება...

      ეს ღიმილი მანიშნებს, რომ კიდევ დამავიწყდა რაღაც, თან ეს რაღაც მეტად სანუკვარი და ძვირფასია.

      აი კიდევ ერთი ქარაგმა. მე ამ ქარაგმას სინათლის ქარაგმას დავარქმევდი.

გამოუცნობი მზერა

      მკლავზე მიზის ჩემი პაწია მზე. სამოთხის ბაღის ყველა მკვიდრი შემოგვხარის და შემოგვციცინებს, ეს იმიტომ რომ ყველას უხარია ჩვენი დანახვა.

      აი, შვლის ნუკრი შემოგვეფეთა. უყურა, უყურა ჩემს პაწიას თავისი ნამიანი თვალებით, მერე ხალებით მოფენილი ზურგი მოგვიბრუნა და მწვანე ბუჩქებში გაუჩინარდა. ვიცი, საითაც მიეჩქარება; მთელ სამოთხის ბაღს უნდა ამცნოს ახალშობილი მზის გამოჩენა.

      წითელი ციყვი ჩვენი დანახვისას ჯერ ხის ტოტზე გაირინდა, რაც კი შეიძლებოდა ფართოდ გააღო თვალები, მერე ჩვეულებისამებრ მოევლო ხის კენწეროს. ცხადია, ჩემს პაწიას ეპატიჟება სათამაშოდ, მაგრამ ცოტა ნაადრევად მოუვიდა.

      ფარშევანგმაც, დაგვინახა თუ არა, მაშინვე მარაოსავით გაშალა თავისი გრძელი კუდი. თვითონ ხომ უყურა და უყურა ჩემს პაწიას, და არა მარტო თვითონ... მის ნაირფერ კუდზე აღბეჭდილი ფერადოვანი თვალებიც კი აღფრთოვანებით შეჰყურებდნენ ჩემს პაწია მზეს.

      ცისფერი ჩხიკვი ხომ მუდამ თავზე დაგვტრიალებს, ღუღუნში და ჭყლოპინში აჯავრებს ჩემს პაწიას, მართლაც კარგად გამოსდის.

      მზეც კი არასდროს მინახავს ასე გაბრყწინებული. შეხედა თუ არა, გულიანად შესცინა ჩემს პაწიას, ოქროსფერი სხივების მთელი ნიაღვრები დააფრქვია.

      ახლა ვარსკვლავებმა როგორ გამოაჭყიტეს თვალები... შესციცინებენ ჩემს პაწიას, მისი ცქერით ვეღარ ძღებიან. თითქოს არაფერს ამბობენ, ყოველ შემთხვევაში მათი ხმა არ მესმის, მაგრამ ნამდვილად ვიცი, ერთმანეთს ჩუმად უზიარებენ შთაბეჭდილებებს, მსგავსი სილამაზე ჯერაც არ გვინახავსო.

      მერე კიდევ მთვარე? ღამეული სახემკრთალი მნათობი... განა მთვარე სხვებს ჩამორჩებოდა? ცხადია, მანაც შეამჩნია ჩემი პაწია მზე, მეტად სევდიანი სახით შეგვათვალიერა (მას ხომ ვერაფრით ვერ გააცინებ). ჩრდილებით ნახატი თვალები მიაპყრო ჩემს პაწიას და აღარც მოაშორა. იმდენ ხანს უყურა, სანამ თვალები მთლად არ ჩაუმუქდა. მართლაც მეტად იდუმალი, გამოუცნობი მნათობია მთვარე.

აბელი

      მეორე მზეც დაიბადა, მანაც ტკივილი აირჩია მეგზურად, ცრემლებთან ერთად მოევლინა სამზეოს.

      უკვე ვიცი, მალე სიცილად იქცევა ეს ცრემლები, ველოდები ამ წამს. ახლაც ვიხილე ადამის შეჭმუხნული სახე, რომელიც მაშინვე გაიხსნა, მე და პაწიამ ერთად რომ გავიღიმეთ. ს ს ხივმოსილება არც ჩემს მეორე მზეს აკლია, როდი ჩამოუვარდება ცის ლურჯ თაღზე მსუფევ მზეს. კიდევ კარგი, მთვარემ მისი ბრწყინვალებაც მოალმობიერა თავის ჩრდილოვანი მზერით, თორემ ვიცი ვერ გავუძლებდი, აუცილებლად დამაბრმავებდა...

      და ამ საოცარი სხივმოსილებით გაოცებულმა მასაც ვკითხე, ჩუმად, სულ ჩუმად, რათა მშვიდი ძილი არ დავუფრთხო: რად აირჩიე ტკივილიანი გზა ჩემთან მოსასვლელად, რატომ მაგემე ამდენი ტანჯვა და ვაება. განა უამისოდ შენს ნათელს ვერ დავინახავდი?

      მეორე ახალშობილ მზესაც ადამმა შეურჩია სახელი, აბელი დაარქვა. მე მგონი, არც ამ სახელს აქვს რაიმე დასაწუნი, ერქვას აბელი. რაც მთავარია, ის ჯერ მზე იქნება ჩემთვის და მერე აბელი.

      ჩემი მეორე მზეც უღიმის ძილში ვიღაცას, და ამ დროს მასაც ეფრქვევა ის საოცარი ნათელი, რაც უკვე ვიხილე კაენის ჩვილობისას. ახლაც სულ ერთი წამით იელვა ამ ნათელმა, მაგრამ ბრწყინვალება, რომელიც ამ დროს დაიფრქვა, ცის თაღზე მსუფევი მზის ბრწყინვალებას ბევრჯერ აღემატებოდა.

      უკვე მეორედ ვიხილე ეს საოცარი ქარაგმა, რომელსაც სინათლის ქარაგმა ვუწოდე.

      ასე რომ, ორმა მზემ ერთად დაიბუდა ჩემთან. ერთი უკვე მოღონიერებულია შედარებით, მეორე სრულიად უმწეოა ჯერ. ადამი არც მას აკლებს მზრუნველობას, ჰამაკში თვითონვე ჩააწვინა და ფრთხილად დაარწია., ძალიან გამოადგა ადამს თავისი მოუსვენარი და ჩხირკედელა ხასიათი. რას აღარ გამოიგონებს ხოლმე, რომ პაწიებმა თავი კარგად იგრძნონ. ხანდახან ტყეში იკარგება და მერე ნაირნაირი სათამაშოებით დატვირთული ბრუნდება, რომლებსაც ხისგან თვითონვე თლის და მერე აფერადებს მცენარეების ფესვებიდან გამოწურული წვენით. ნამდვილად ვიცი, ადამიც ხედავს იმ საოცარ ნათელს, ჩვენი პაწია მზეები რომ აფრქვევენ.

ძმები

      წამოიზარდნენ ჩემი პაწია მზეები, ძალა მოიცეს, ფეხიც აიდგეს. ძალიან სასაცილოები არიან, როდესაც ერთად დაბაჯბაჯებენ. კაენს უფრო გამართული ნაბიჯი აქვს, უფრო ღონიერიცაა და წინ მიიწევს. აბელი ვერ ეწევა, ხანდახან წაიბორძიკებს ხოლმე.

      - ხელი წააშველე შენს ძმას, - შევუძახებ კაენს ასეთ დროს, - ის შენზე პატარა და უღონოა.

      კაენი შეჩერდება, გაახსენდება, რომ აბელი მასზე პატარაა და ჯერ უძნელდება სიარული. ერთხანს ფეხაწყობით მიაბიჯებენ, მერე კაენს ავიწყდება ჩემი გაფრთხილება და ისევ წინ გაიწევს. ყველაფერი თავიდან იწყება.

      ცისფერი ჩხიკვი ჩვენი ხშირი სტუმარია, თავზე დაგვტრიალებს. მე ხომ ათასნაირ ამბებს მიყვება (სანახევროდ ვუსმენ, მთელი გულისყური ჩემი პაწიებისკენ მაქვს), ჩემს პაწიებსაც ლამის ცხვირწინ უფათქუნებს თავის ლამაზ ჭრელ ფრთებს. ლაპარაკში ბაძავს, ენამოჩლექით გამოაჯავრებს ხოლმე. ჰოდა, მუსაიფობენ ერთად ჩემი პაწია მზეები და ცისფერი ჩხიკვი. არაფერი სჯობს მათ მოსმენას, როცა ერთმანეთს ეჭიკჭიკებიან.

      აი ასეთი ყოფით დავსეირნობთ სამოთხის ბაღში, ადამი ჩვენთან ერთად თითქმის არასოდეს არაა, და საერთოდ სულ უფრო იშვიათად ვხედავ ხოლმე. გამუდმებით დაეხეტება, ისეთი ადგილები მოიარა, მე რომ თვალითაც არ მენახა. არ დაუტოვებია ბაღის ყველაზე უშორესი კუნჭულებიც კი... არც მიკვირს მისი საქციელი, ამდენს რომ არ დაეხეტებოდეს, ნაირნაირი ნუგბარით ხელებავსებული ვეღარ დაგვიბრუნდებოდა საღამოობით.

ნახვა: 1431

ტეგები: Qwelly, ბიბლია, ბლოგი, გველი, მოთხრობა, სამოთხე, ქადაგიძე, ღიმილი

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ბლოგ პოსტები

Global Hydrogen Cyanide (HCN) Market

გამოაქვეყნა Violet VSM_მ.
თარიღი: ნოემბერი 24, 2025.
საათი: 11:30am 0 კომენტარი

According to a new comprehensive market analysis report by Reed Intelligence, the global Hydrogen Cyanide (HCN) market is projected to grow steadily from 2023 to 2031 at a compound annual growth rate (CAGR) of approximately 2.2 %. This growth is underpinned by strong demand in sodium and potassium cyanide…

გაგრძელება

Global Azimuth Thrusters Market to Surge

გამოაქვეყნა Violet VSM_მ.
თარიღი: ნოემბერი 24, 2025.
საათი: 11:00am 0 კომენტარი

According to the latest report by Reed Intelligence, the global azimuth thrusters market is projected to witness robust expansion over the forecast period.

Market Size – Base Year & Forecast Year

In the base year 2023, the global  is valued and is forecast to grow through 2031 at an approximate compound annual growth rate (CAGR) of 8%.

Key…

გაგრძელება

Global Electric Fencing Market Set to Grow Strongly Through 2031

გამოაქვეყნა Violet VSM_მ.
თარიღი: ნოემბერი 24, 2025.
საათი: 10:30am 0 კომენტარი

A new comprehensive report by Reed Intelligence reveals that the global electric fencing market is projected to expand at a compound annual growth rate (CAGR) of approximately 5.5% between 2023 (base…

გაგრძელება

Mastering the Viridian Amber Medallion

გამოაქვეყნა Karmasaylor_მ.
თარიღი: ნოემბერი 20, 2025.
საათი: 10:00am 0 კომენტარი

In , stamina is the silent engine behind every action—whether you're dodging an overhead slam, sprinting into battle, or chaining attacks together. The Viridian Amber Medallion +3 dramatically increases your maximum stamina, making it a top-tier talisman for a wide range of builds. However, simply equipping it isn't enough. To unlock its full potential, you need to integrate it strategically into your build and combat approach.

Here's how to get the most out of this potent…

გაგრძელება

Qwelly World

free counters