ყოველთვის მიყვარდა ბუნება და ცხოველები. გულგრილად ვერასოდეს ჩავუვლიდი ხოლმე ძაღლს, კატას თუ ლამაზ ფრინველს. რომ იტყვიან, თვალს მიხარებდა მათი ყურება. ვოცნებობდი სახლში ოთხფეხა მეგობარი მყოლოდა.

      სამწუხაროდ, ბავშვობაში ცხოველის შინ მიყვანა კატეგორიულად აკრძალული მქონდა. ჩემებს არ სძულდათ ცხოველები, მაგრამ არც იმდენად უყვარდათ, მათთვის ეპატრონათ. ვინმესთან სტუმრად, სულაც სკვერში ან ქუჩაში ვეფერებოდი და ვეთამაშებოდი ხოლმე ოთხფეხა არსებებს. ისინიც გრძნობდნენ ჩემს განწყობას და იოლად მეჩვეოდნენ ხოლმე.

      ცნობილია, რომ ძაღლი ადამიანისთვის ყველაზე თავდადებული და ერთგული ცხოველია. გეთანხმებით, ამაში ბადალი არ ჰყავს, მაგრამ შინაურ ცხოველებზე დაკვირვებით დასკვნა გავაკეთე, რომ ადამიანის შეყვარება ყველა სულიერს შეუძლია. თუ ადამიანმა მოიშინაურა, უპატრონა, ყველა თავისებურად გამოხატავს თავის სიყვარულს, მიჩვევას და გნებავთ, მადლიერებას. ეს ძაღლი იქნება, კატა, ცხენი, გოჭი თუ სხვა ოთხფეხი.

      ბავშვობაში ბებიასგან მსმენია ხალხური გამოთქმა: "ძაღლი ნატრობს, ღმერთო, პატრონი გამიმდიდრე, თითო ლუკმას ყველა გადმომიგდებსო; კატა ნატრობს, ღმერთო, პატრონი დააბრმავე, უფრო კარგად მოვიპარავო." სხვისი რა მოგახსენოთ და მე განსხვავებული აზრი მაქვს ამის თაობაზე. კატა ცნობილია თავისი ეგოიზმით, მაგრამ როგორც ზემოთ აღვნიშნე, ყველა ცხოველს თავისებურად უყვარს პატრონი და არც კატა გახლავთ გამონაკლისი. მართლაც რომ თავისებურად, ეგოისტურად უყვარს ადამიანი. რამდენჯერ შევსწრებივარ სცენას, პატრონი რომ სხვა ცხოველს ეფერება ან სხვა ვინმეზე ან რამეზე გადააქვს ყურადღება, ამ დროს კატა როგორ იბუტება ან აგრესიას გამოხატავს, განერვიულებული კნავის, ყველა, ყველაფერი სძულს გარშემო და მითუმეტეს ის არსება, რომლისკენაც პატრონის ყურადღებაა მიპყრობილი.

      ბევრი რომ არ გამიგრძელდეს, ერთ ამბავს მოგითხრობთ. როცა უკვე ზრდასრული, დაცოლშვილებული ადამიანი გახლდით და ვერავინ დამიშლიდა სახლში ცხოველის მოყვანას, (ცოლიც კი, რადგან ამ ამბავში კარგად მიგებდა) ბევრი ვიფიქრე, ვიმსჯელე, ბოლოს ძაღლს კატა ვამჯობინე და მოვიყვანეთ ცელქი, შავ - თეთრად მოხატული ცისფერთვალა კნუტი. გაიხარა ოჯახმა ახალი წევრის შემატებით. სახელიც მალე შევურჩიეთ, ჯერ ფისო - ფისო ვეძახეთ, მერე სოფოდ გადავაკეთეთ. კარგი გასართობი გაგვიჩნდა, განსაკუთრებით პატარა ნინიკოს. ხანდახან ზედმეტიც მოსდიოდა, აწვალებდა, სათამაშოსავით ექცეოდა ხოლმე.

      კნუტი რისი კნუტია, თუ კატის ინსტიქტები თავიდანვე არ აქვს. სოფოც მალევე მიხვდა, ყველას რომ გვიყვარდა, ამიტომ საკუთარი ღირსების დაცვით მიიღო ფერება, თამაში თუ წვალება. ადგილი მივუჩინეთ, მაგრამ მერე თვითონ შეარჩია სხვაგან, მიიყუჟა და თათი აღარ მოიცვალა იქიდან. დღის განრიგიც შეადგინა: ჭამა, სეირნობა, ძილი, თამაში, ჭამა, ძილი. არც არასოდეს არღვევდა. სტუმრები დიდად არ ეხატებოდა გულზე. თუ მათ გულგრილობას შეამჩნევდა ხომ, საერთოდ: მრგვალდებოდა შეურაცხყოფილი გამომეტყველებით, თავისთვის განმარტოვდებოდა ხოლმე. თუ ამჩნევდა, რომ ყურადღებას იჩენდნენ, პატივს სდებდა სამაგიერო ყურადღებით.

      რაც იზრდებოდა, მით უფრო ეგოისტდებოდა. სტუმრებს საერთოდ აღარ ეკარებოდა. ერთადერთხელ მოხდა გამონაკლისი: ნათესავი ქალი იყო მოსული, პოეტი, კატისებრთა დიდი მოყვარული. სოფომ ჯერ ეჭვის თვალით შეხედა. ქალი შორიდან მიეფერა: რა ხატულა ხარ, მოდი ჩემთან. სოფო რამდენიმე წამით პაუზას აკეთებს, მერე ერთ თათს დგამს, შემდეგ მეორეს, - მოდი, მოდი, - ხელს იწოდებს ქალი მისკენ. რა ჰქვია? - გვეკითხება. - სოფო! - ვახარებთ.

      - მოდი, სოფო, მოდი, - აგრძელებს. სოფო საკუთარი ღირსების შეგრძნებით და მედიდურობით მიდის მასთან. სტუმარი თავზე ხელს უსვამს, ისიც ხტება და მის კალთაში იკალათებს. თვალები ისევ ნახევრად მოჭუტული აქვს და იტრუნება. "პატივი დაგდე და მოვედი" - ამბობს მთელი მისი არსება.

      წიგნი, ტელევიზორი და კომპიუტერი როგორ სძულდა არ იკითხავთ? ერთხანს მშვიდად იტანდა იმ ფაქტს, რომ ჩვენი ყურადღება რაღაც სხვისკენ იყო მიპყრობილი, მერე იცოცხლე, ჩამოგვივლიდა ხოლმე. ან თათს გაგვარტყამდა, ან დაგვახტებოდა ან უაზრო კნავილს ატეხდა. ერთხელ ნინიკო დიდხანს მეცადინეობდა, ჯერ მაგიდაზე აუხტა, იმან არ მიაქცია ყურადღება, მხოლოდ ხელი გაიწოდა, ეგ რა არისო და რვეულებზე გადაიარა, იმდენი ქნა, აურია ყველაფერი. მერე მე კომპიუტერის კლავიატურზე დამიხტა, მანდ ჩემზე უკეთესს რას მისჩერებიხარო. მსუბუქი დაცაცხანებით გადარჩა.

      ასე მიდიოდა ცხოვრება სოფოსთან ერთად. ვისაც კატა ჰყოლია, კარგად გამიგებს, რა დროსტარებაში ვიქნებოდით. მოვიდა დრო და მეორე ნახევარიც მოინდომა. ეზოში ვუშვებდით, კარგა ხნით იკარგებოდა. გასაგებია, დროს ატარებდა კავალრებთან ერთად. ჩვენს კარებთანაც მოაკითხეს. პირველ სართულზე ვცხოვრობთ და კატებს მისვლა - მოსვლა ძალიან ეადვილებოდათ.

      შედეგმაც არ დააყოვნა. დამრგვალდა ჩვენი სოფო, ვხედავდით, წამოწოლილს კნუტები მუცელში როგორ უხტუნავდნენ. ბოლოს კი არ დადიოდა, დაგორავდა, ძალიან სასაცილო იყო.

      სამი კნუტი ეყოლა. ერთი წითური, მეორე შავ-ყვითლად მოხატული, მესამე ზუსტად თავის ფერებში: შავ - თეთრი. ორს მალევე გამოუჩნდნენ პატრონები, ერთი თვისანიც არ იყვნენ, რომ წაიყვანეს, შავ - თეთრი დაგვრჩა. ვტკბებოდით ერთნაირად მოხატული დედა - შვილის ყურებით, მათი თამაში და ანცობა ძალიან გვართობდა.

* * *

      გავიდა ცოტა ხანი და ოჯახში მეორე ბავშვის გაჩენის საკითხი დადგა. მეუღლე დაორსულდა. პირველივე ხანებში რატომღაც ალერგია დაეწყო. ქავილი, ცემინება, რამდენჯერმე თვალებიც ჩაუწითლდა. შეგვაშფოთა ამ ამბავმა. ვიკვლიეთ, ვარჩიეთ, ალერგო - გინეკოლოგები მოვიარეთ. დადგინდა, კატაზე ჰქონდა ალერგია. ძალიან გაგვიკვირდა, რადგან მსგავს პრობლემას აქამდე თავი არ უჩენია. როგორც ექიმებმა მოგვახსენეს, ორსულობის ფონმა გააღიზიანა, ასეთი რამ არაერთხელ მომხდარა, კატა აუცილებლად უნდა გაუშვათო.

      ამ საკითხთან შეგუება არც ისე იოლი გახლდათ. სოფოსა და მისი კნუტის გარეშე ცხოვრება ვერ წარმოგვედგინა, მაგრამ მდგომარეობა გამოუვალი შეიქმნა. გადაწყდა, შევლეოდით სოფოს და მეზობელ ქუჩაზე, კერძო სახლებში მცხოვრებთაგან რომელიმესთვის მიგვეცა.

      ვთქვით და მსურველებიც მალე გამოჩნდნენ. ბავშვებმა მოგვაკითხეს იმ ქუჩიდან, უკვე გავიგეთ, ვისაც უნდა, წავიყვანთ, დავაბინავებთო. გაგვიხარდა, გარეთ გასაგდებად ნამდვილად არ გვემეტებოდა. იქვე ვინმესთვის რომ მიგვეცა, მაინც ჩვეულ ადგილს მოაკითხავდა. ასე რომ, ბავშვები მეორე დილისთვის დავიბარეთ გასატანებლად.

      იმ საღამოს ყველამ მოვიწყინეთ. ანუ, ხვალიდან აღარ გვეყოლებიან ჩვენი შავ - თეთრი ბურთები, აღარ ჩაგვიხტებიან კალთაში, ხელს აღარ შეგვიშლიან სწავლა - მუშაობაში . . . ვცდილობდით შევგუებოდით ამ აზრს. ეს, რაც შეგვეხება ჩვენ, მაგრამ სოფო?

      ჯერ ბავშვების მოსვლისთანავე მაგიდის ქვეშ შეძვრა თავის კნუტთან ერთად. მოწყენილი იერითა და დაცქვეტილი ყურებით დამრგვალდა. თითქოს ცდილობდა, ერთი სიტყვაც არ გამოპარვოდა. მათი წასვლის მერე ხომ საერთოდ! . . .

      მთელი საღამო თავისთვის იჯდა, კნუტსაც კი არ ეთამაშებოდა. გულმა არ გამიძლო, მივედი, ელდა მეცა! ამდენი სევდა მხოლოდ ადამიანის თვალებში თუ მინახავს, მაგრამ კატის?! ვერც წარმომედგინა. გუნება გამიფუჭდა, გავეცალე.

      მოგვიანებით გარეთ გასვლა მოინდომა. ერთი - ორი საათის მერე მესმის კნავილი. კარს ვაღებ, რას ვხედავ: ზის სოფო კარის წინ, იქვე ზღურბლთან კი ორი მკვდარი თაგვი გდია.

      დავხედე თაგვებს, მერე სოფოს. ზის მეტყველი სახით, თვალებით მეუბნება: რადგან ვისკასს ვჭამდი, გეგონათ თაგვის დაჭერა არ შემეძლო? კატა არა ვარო? ამიტომ არ გამაჩუქოთ, თქვენთან მინდაო.

      კიდევ უფრო წამიხდა ხასიათი. შემოვბრუნდი, მოვუყევი ოჯახის წევრებს, ნინიკოს გული აუჩუყდა, ტირილი დაიწყო.

      ვეღარაფერს გავაწყობდი. ერთი სული მქონდა, როდის გათენდებოდა. სოფო იჯდა კნუტთან ერთად, რომელიც აზრზე არ იყო, რა ხდებოდა. ხანდახან თამაშს იწყებდა, მაგრამ დედა არ აჰყვა. დილით ზუსტად იმავე ფორმა - პოზაში დაგვხვდა.

      ბავშვები დათქმულ დროს მოვიდნენ. პატარა ჩანთა მქონდა გამზადებული, ჩავსვი სოფო თავის პატარასთან ერთად, მივაწოდე ბავშვებს და გამოვბრუნდი.

      მართლაც ძალიან გაგვიჭირდა სოფოს გარეშე. ის ხომ ოჯახის ერთ - ერთი სრულუფლებიანი წევრი გახლდათ. (აბა, კატას სხვანაირად როგორ ეკადრება) იმ ქუჩაზე, სადაც დააბინავეს, საერთოდ არ დავდივარ, არც ვიცნობ პატრონს. სოფოს მუდარით აღსავსე მზერა რომ მახსენდება, სევდა მერევა, გუნება მიფუჭდება.

      გავიდა დრო. სოფოს მეხსიერებას ალბათ აღარც შემორჩა ძველი პატრონების სახეები, მაგრამ ჩვენ სულ გვახსოვს. მიედინება ცხოვრება და თუ ვინმე მაწყენინებს ან გარშემომყოფთაგან ისეთი პიროვნება გამიცრუებს იმედს, ყოველმხრივ დადებითი და უღალატო რომ მეგონა, მაშინვე სოფო მახსენდება. მეხსიერებაში მისი სევდიანი მზერა ამოტივტივდება ხოლმე, როცა კართან იჯდა ნანადირევით, ან მაგიდის ქვეშ იწვა მოწყენილი. ვხვდები, რომ სოფოს გამო ვისჯები, რადგან გული ვატკინე. დიახ, ნუ იცინით, გული ვატკინე მისთვის საყვარელმა, სანდო პატრონმა.

ნახვა: 340

ტეგები: Qwelly, ბლოგი, თამუნა_ქადაგიძე, მოთხრობა, სოფო, ქველი

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

How They Operate, And Why They Subject for Employers

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: აპრილი 26, 2025.
საათი: 2:30pm 0 კომენტარი







In the present earth, history checks are getting to be a regular part of the selecting method, tenant screening, and in some cases volunteer variety. From verifying work historical past to examining felony information, qualifications check providers give vital insights into somebody's heritage. In the following paragraphs, we’ll include the kinds of track record checks, how they perform, and why They are really critical for each companies and people.



What exactly…

გაგრძელება

შემოქმედი მხატვარი

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 22, 2025.
საათი: 11:23pm 0 კომენტარი

თვალებს ძლივს ახელდა დასაძინებლად რომ წავედით, მაგრამ მაინც მოვახერხეთ ძილისწინა საუბრები. ამჯერად, თემა ნათესავები და ნათესაური კავშირები იყო და ცოტა ვერ მიხვდა რა სხვაობა შვილიშვილსა და შვილთაშვილს შორის. ის კი გაიგო, რომ პირველი - მესამე თაობას ნიშნავდა, ხოლო მეორე - მეოთხეს, მაგრამ თვითონ ეს სიტყვები - შვილი-შვილი და შვილთა-შვილი რატომ…

გაგრძელება

სააღდგომო ეპისტოლე 2025

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 20, 2025.
საათი: 2:00am 0 კომენტარი

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, ილია II-ის სააღდგომო ეპისტოლე

საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის წევრთ, მკვიდრთ ივერიისა და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებ თანამემამულეთ:

ქრისტე აღდგა!

Qwelly, qwellynews, აღდგომა, ბლოგი, ეპისტოლე, პატრიარქი, სააღდგომო ეპისტოლე, 2024

აღდგეს ღმერთი, მიმოიფანტონ…

გაგრძელება

Fresh New Stories

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: აპრილი 9, 2025.
საათი: 5:30am 0 კომენტარი







The 12 months 2025 has brought a wave of innovation and creativeness to Bangla natok, redefining the storytelling landscape for audiences worldwide. With refreshing narratives, groundbreaking themes, and Outstanding performances, The brand new natoks of 2025 continue to elevate the art of Bengali drama.



What to anticipate from New Natoks in 2025



Daring Narratives: The most up-to-date natoks are exploring uncharted territories, delving into social…

გაგრძელება

Qwelly World

free counters