ბალღივით არის ლიდელთ ბათილაი. რასაც ეტყვი, ყველაფერი სჯერა. გუდამაყრელები დევთა მაჯერებელას ეძახიან. ჩობოლაურთ ადამმა ხო სული გაუწვრილა ტყუილებით. ერთი თვე სულ ერთ ფეხზე ხტუნვით ატარა, ატყუებდა, მეორე ფეხი მოჭრილი გაქვსო. მერე უთხრა, ისივ მოგებაო. მერე კიდე:

- ბათილავ!

- რაო, ჩემო თავისავ!

- მოეცალე დევსა!

- უი, სად არის?

- აგე, შენკე გამორბის, უნდა დაგეჯახოს.

      ბათილაი ხან იქით გარბის და ხან აქეთ, იმასა ჰგონია, რომ მართლა მოსდევს დევი.

- მოეცა, ბათილავ, მოეცა! - იცინიან მწყემსები.

- გადი, შე წყეულო, გადი! - ჯოხს იქნევს თავის გარშემო ბათილაი და თან კითხულობს:

- არ მომშორდა, ის წყეული, ბიჭებო?

- არა, არა, ჯერ ისევ მოგდევს, გაიქეც, ბათილავ! - და ბათილაიც გარბის, რაც ძალი და ღონე შესწევს. მანამდე ირბენს, სანამ რომელიმე მწყემსი არ წამოეწევა და დაამშვიდებს.

- გაჩერდი, ბათილავ, მოგშორდა დევი.

- უუჰ, - ამოისუნთქავს ბათილა და დაღლილი უღონოდ მიიქცევა მიწაზე.

- ჰა! ჰა! მიწაზე ნუ წვები, თორე შიგ ჩავარდები! - არ ასვენებს მწყემსი.

      შეშინებული ბათილაი ფეხზე წამოხტება. მერე მწყემსს შეეცოდება, ცხენის გავაზე შემოისვამს და ბინაში მიჰყავს.

      მწყემსებს საკიდელზე ხორციანი ქვაბი აქვთ ჩამოკიდებული.

      ბათილას ისე შია, ნერწყვსღა ყლაპავს.

      როგორც იქნა, მოიხარშა ხორცი. წვენი ცალკე გადაწურეს, ხორცი ცალკე ამოიღეს ხონჩაზე. დაამლულივით ეცა ბათილა და ძვლიანი ხორცი გაგლიჯა.

- აკი დევის ხორც არა ვჭამო, ბათილავ? - ეუბნება ადამი.

      ამის გაგონებაზე ბათილაი ხორცს შორად მოისვრის და მთელი სხეული უკანკალებს.

      საღამოზე პირიმზე ფუძის ანგელოზმა უნდა ჩამოიაროს აქ, - ამბობს ადამი და პირჯვარს იწერს.

- მერე? - კითხულობს ბათილაი.

- მერე ის, რო ხელსაყრელი დრო გაქვს.

- რა ვიღონო?

- პირიმზე ბანზე გადმოდგება და იაზმის წყალს გადმოასხამს. ვინც იმ წყლის ერთ წვეთს მაინც დალევს პირდაღებული, იმას დევ-ეშმაკები ვერაფერს უზამენ.

- მართლა იძახი, ბიძაშვილო?

- მართლა.

      ბათილაი ქოხიდან გარეთ გამოვიდა, იქვე კედელთან დაიჩოქა და ბანისაკენ თავაპყრობილმა პირიმზეს დაუწყო ლოდინი. შუაღამემდე ასე პირდაღებულმა ელოდინა. შუაღამისას შეეცოდა ადამს და გადმოასხა ბანიდან წყალი.

      სვამს ბათილაი და თან მწყემსებს შესძახის ქოხში.

- გამოდით, ხალხნო, თითო წვეთი მაინც დალიეთ, განა ამაღამ სუ ესე იდენს, ეს დალოცვილი, ესა.

      ადამმა ბათილას „იაზმის წყალი“ შეუწყვიტა და მიიმალა. ბათილამ პირჯვარის წერითა და ლოცვით გაათენა ის ღამე.

      ერთი-ორი დღე დააცადეს, აღარა მოუტყუებიათ რა.

- მეშველა, ხალხნოო, - უხაროდა ბათილას.

      ორი დღის მერე დამწუხრებული მივიდა ადამი და ქუდმოხდილმა უთხრა:

- როგორ დაგემართა, შე უბედურო?!

- რა, ჩემო თავისავ?

- ვიზიარებ შენ მწუხარებას.

- ავაჰმე, რა მოხდა?

- რა და, ცოცხალი აღარა ხარ.

- ვაიმე, მართლაა?! - შეშინებულმა ბათილამ საკუთარი სხეული აათვალიერა.

- ჰო, გუშინს აქეთ მკვდარი ხარ.

      ბათილაი ხან რომელ მწყემსს უყურებდა, ხან - რომელს. ისენი სათითაოდ მიდიოდნენ მასთან, ხელს ართმევდნენ და თან ეუბნებოდნენ:

- ვიზიარებ შენს მწუხარებას!

- ვიზიარებ შენს მწუხარებას!

- ნათესავებს არ გააგებინეთა? - იკითხა ბათილამ.

- ჯერ არა.

- როდის უნდა დამმარხოთ?

- ცოტა ხანს დაგაცდით, ჯერ მარხვა არის.

      დაჯდა ბათილაი და დაიწყო ტირილი.

- რა გატირებს! - გაუჯავრდა ადამი.

- ჩემს თავსა ვტირი.

- სად გაგონილა მკვდარმა თავის თავი იტიროს.

      ბათილაი უცებ გაჩერდა.

- კი მაგრამ, რო ვლაპარაკობ?

- წესით არც უნდა ლაპარაკობდე.

      ბათილაი გაჩუმდა. მერე უნდოდა ეკითხნა - თვალებს ვახილებ და რო ვსუნთქავო?.. მაგრამ, რაკი უთხრეს, ლაპარაკი არ შეიძლებაო, ხმა არ ამოუღია.

      რამდენიმე დრე გულჩათხრობილმა იარა ბათილამ. სუ ერთთავად იმაზე ფიქრობდა; - თუ მოვკვდი, ან მზე-ქვეყანას როგორ ვხედავ, ან იმ ხალხს რა უნდა ჩემთანო. დუმილი ვეღარ მოითმინა და იკითხა ერთ დღეს:

- ადამო!

- რა გინდა, ბათილავ?

- ეს სააქაოა, თუ საიქიო?!

- ჩვენთვის სააქაოა.

- ჩვენ ეხლა ისევ იქა ვართ?

- სად იქ?

- საცა ვიყავით.

- არა, ხო გითხარი, მოკვდი-მეთქი.

- მე უფრო ადრე მოვკვდი, თუ შენ?

- ჰოო, ეგ აღარც მე მახსოვს კარგად.

- საწყლები, ვინც იქ იყვნენ, სუ არ დახოცილანა, სუ აქ არიან: მამუკაი, ბუთულაი, ლეგიაი, მახარაი, მაშუაი, ჩემი ცოლ-შვილიც აქ არის, მგონი.

- ჰო, სულ აქ არიან.

- განა მახსოვს, როგორ ჩამოვედით აქა.

- მე მახსოვს, - თქვა ადამმა.

- როგორა, ჩემო ადამო?!

- საიქიოდან სააქაომდე დიდი სანთლები გვეჭირა და ბნელ ორმოში მოვექანებოდით.

- ისე, როგორ ძალიან ჰგავს სააქაო საიქიოს.

- ჰო, ძალიან ჰგვანან.

- ი წყეული ეშმაკები აქაც იქნებიან ნეტარ.

- ყოფილან, აქაც ყოფილან.

- ღმერთი?! ხო იძახოდნენ, ღმერთი იქ არისო.

- ღმერთი დაკარგულა.

- როგორ თუ დაკარგულა.

- რა ვიცი, ამდგარა და სანამ ჩვენ აქ მოვდიოდით, სადღაც წასულა.

- ვაა, ბედი არ უნდა კაცსა! რა გვეშველება ეხლა?

- რა და, თუ შენ იპოვი, სხვა ვერავინა. თუ ვერ ნახავ, ხო იცი, ისევ დაგესევიან ავი სულები.

- ჰო, განა სტყუი, უნდა ვიპოვო.

      იმ დღეს მერე ღმერთის ძებნით შეწუხდა ბათილაი. ვისაც კი შეხვდებოდა, ყველას ეკითხებოდა:

- ჩემო თავისავ, ღმერთი ხომ არცა შეგხვედრია?

      სულ უსმელ-უჭმელი დადიოდა. ერთ დღეს ადამი უცხო ტანსაცმლით შეიმოსა და ისე მოევლინა ბათილას.

- ჩემო თავისავ, ღმერთი ხომ არცა შეგხვედრია? - ეკითხება ბათილაი.

- კი, შემხვდა.

- სადა, ჩემო თავისავ?

- აქ იყო ადრე.

- მერე?

- რა მერე!

- სად წავიდა, არ იცი?

- სად წავიდა და იქ, საიდანაც შენ მოხვედი.

- როგორ, იქ მითხრეს, ღმერთი იქ არისო?!

- ეხლა იქ წავიდა.

- უკან არ დაბრუნდება?

- არა, ლიდელთ ბათილაის სანახავად წავიდა.

- მენა ვარ ლიდელთ ბათილაი.

- რა გინდა მერე აქ?

- რა ვიცი, ჩვენებურები სუყველანი აქ არიან.

- იქიდან რატო წამოხვედი?

- რა ვიცი, ვერ გავიგე.

- გზა თუ იცი?

- რომელი გზა?

- იქ დასაბრუნებელი.

- არა, არ ვიცი.

- აი, იმ მთას ხომ ხედავ!

- ვხედავ.

- მაგ მთის ძირში წყარო გამოდის.

- ვიცი, იქაც ეგეთი მთა იყო.

- ჰოი, ამის მეორე მხარეა და იმიტომ ჰგავს ამას.

- ხო, მეც გამიკვირდა, ადამს ვეუბნებოდი, სააქაო საიქიოს როგორ ძალიან ჰგავს მეთქი.

- ეხლა როგორ გადასწყვეტ?

- რას როგორ გადავწყვეტ?

- სააქაოს დარჩები, თუ საიქიოს წახვალ, ხო იცი, ღმერთი იქ დაგიწყებს ძებნს.

- გზა რო არ ვიცი!

- მთის ძირ რო წყაროა, იმ წყაროდან უნდა გასთხარო მთა და მეორე მხარეზე გახვიდე.

- დანამდვილებით იცი, რომ ღმერთი იქ დამხვდება?

- დანამდვილებით. - თქვა ადამმა და ბათილას დაემშვიდობა.

* * *

- გაანებე, შე უბედურო, ამ მთის თხრას თავი, - ემუდარება ცოლი.

- საიქიოს ღმერთი მეძებს, თავი როგორ გავანებო.

- გატყუებენ, შე უბედურო!

- რას მატყუებენ, ნუ ხარ ურწმუნო!

- ჩემო ადამო, უთხარ რამა ი კაცშავასა! გაანახევრა მთა.

* * *

      მთის ძირიდან, შრომისაგან სანთელივით ჩამოღვენთილი და ძალაგამოცლილი, საკაცით ჩამოასვენეს. სახლში ცოტა მოგონდა და ხალხს შეევედრა:

- რომ მოვკვდები, მიწაში ნუ ჩამასვენებთ

- რატო, შე უბედურო?!

- ძალიამ ბნელი ყოფილა მიწა.

- მაშ, ზეზეურ ხო არ დაგაგდებთ.

- ჩემი სახლის წინ რომ მსხალია, იმაზე ჩამომკიდეთ და ფიცრები ამაფარეთ... თვალებთან ამომიჭერით, რომ სინათლე დავინახო.

      ეგ იყო იმის ბოლო სათხოვარი.

- ეგრე გიზამთ, შეგისრულებთ მაგ თხოვნასაო, - უნდოდა დაემშვიდებინა ადამს, მაგრამ ვეღარ მოიბრუნა ენა. სიკვდილის წინ ტყუილისათვის ვეღარ გაიქჩერა ბათილაი. ერთი მწარედ ამოიქვითინა და გარეთ გამოვარდა.

      გათხარეს მიწა.

      ჩაასვენეს.

      და მძიმე ლოდზე დააწერეს:

- აქ განისვენებს!

გოდერძი ჩოხელი

ტეგები: Qwelly, გარდაცვალება, ლიტერატურა, მოთხრობები, ტყუილი, ჩოხელი

ნახვა: 513

გამოხმაურებები!

ოომ (((( ძალიან ♥♥♥

რწმენიის ძალააა... მმ ((( და კიდეევ სიინათლეს მოწყუურებუული და კიდევ ადამიანი (

მეც ძალიან! ძალიან! და კიდევ ძალიან ბავშვური, ალალი და მეამიტი, და კიდევ ძალიან მოწყურებული. მე ვფიქრობ, რომ გ ა ნ ი ს ვ ე ნ ე ბ ს!

ცისია_მ თქვა:

რწმენიის ძალააა... მმ ((( და კიდეევ სიინათლეს მოწყუურებუული და კიდევ ადამიანი (

RSS

ბლოგ პოსტები

The Final Barrier Between the World and Ruin

გამოაქვეყნა Karmasaylor_მ.
თარიღი: იანვარი 22, 2026.
საათი: 10:30am 0 კომენტარი

ARC Raiders Items takes place in a retro-futuristic science-fiction world where humanity has been pushed to the brink by an unrelenting mechanical force known as the ARC. These machines descend from orbit, tear apart settlements, and hunt anything that resembles human activity. The remnants of civilization have become scattered refugee camps, salvaged outposts, and improvised hideaways full of survivors doing whatever they can to scrape by. Against this overwhelming threat, a small…

გაგრძელება

პატრიარქი საშობაო ეპისტოლე 2026

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: იანვარი 7, 2026.
საათი: 3:17am 0 კომენტარი

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა თბილისის მთავარეპისკოპოსის და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტ ილია II-ის

საშობაო ეპისტოლე

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა თბილისის მთავარეპისკოპოსის და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტ ილია II-ის საშობაო ეპისტოლე 2026

      საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის წევრთ, მკვიდრთ ივერიისა და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებ თანამემამულეთ:

      „ისმინე, ცაო, და ყურად-იღე, ქუეყანაო,

      რამეთუ აჰა ესერა, ძე…

გაგრძელება

The Legacy of Legend of YMIR

გამოაქვეყნა Karmasaylor_მ.
თარიღი: იანვარი 6, 2026.
საათი: 10:00am 0 კომენტარი

Legend of YMIR Diamonds represents a reinvention of the classic Legend of Mir franchise, merging Nordic mythological tones with the modern architectural power of Unreal Engine 5. It blends cosmic lore, MMO systems, faction-driven storytelling, and blockchain-enhanced progression into a cohesive universe shaped by divine tragedy and player ambition. To understand the game strategy and mechanics, players should first grasp the dramatic lore and structural pillars that define YMIR…

გაგრძელება

Proven Ways to Collect Uncut Soul Gems

გამოაქვეყნა Karmasaylor_მ.
თარიღი: დეკემბერი 29, 2025.
საათი: 11:00am 0 კომენტარი

In , building a powerful character hinges on more than just gear and skills—your Max Spirit is a crucial resource that fuels many of the game most potent abilities. To increase your Max Spirit, you'll need Uncut Soul Gems, rare and valuable items that unlock your true potential. Whether you're min-maxing a Spirit-heavy build or just looking to unlock stronger abilities, gathering these gems efficiently is a must.

This guide covers the best…

გაგრძელება

Qwelly World

free counters